სა სე სვ სი სკ სლ სო სტ სუ სხ
საბ საგ სად საზ სათ საკ სამ სან სარ სას სატ საფ საღ საჩ საც საძ საწ სახ

საბაწმიდა

მონასტერი (ქც 4: 370,17).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 370,17), XV-XVII სს-ის ისტორიული საბუთები (საქ. სიძ. 1920: 8; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 179; ქართ. სამართ. ძეგ. 1985: 321), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 41).

ვახუშტი ბაგრატიონი საბაწმინდის შესახებ გადმოგვცემს: „ერედვის ჩდილოთ ... ქრცხილვანისაკენ, მონასტერი გუმბათიანი ... საბაწმიდა“ (ქც 4: 370,15-17).

მდებარეობს ცხინვალის მუნიც-ში, მდ. ლიახვის მარცხენა მხარეს, ცხინვალიდან 4 კმ-ის დაშორებით, სოფ. საბაწმინდაში.

საბაწმიდა XVI ს-ში სვეტიცხოვლის საკათალიკოსო სოფელია (საქ. სიძ. 1920: 8). XVIII ს-ის მეორე ნახევარში ის სამეფო-სახასო სოფელია (ბაგრატიონი 1986: 41).

საბაწმინდა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

საბაწმიდის ეკლესია მდებარეობს სოფ. საბაწმინდაში, შემაღლებულ ადგილას. ეკლესია დარბაზულია (6X12მ). ნაგებია დუღაბით. მოპირკეთებულია რუხი ფერის ქვათლილებით. გადახურულია ღარიანი კრამიტით. აქვს სარკმლები. სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან მინაშენებია. დასავლეთის მინაშენის კარის თავზე ორნამენტებული როზეტია ჩასმული. კარის ორივე მხარეზე მოთავსებულია მკრთალი ხუცური წარწერა. სამხრეთ ფასადზე თაღიანი ფანჯარაა. აქვეა ამოჭრილი გაურკვეველი წარწერა. ეკლესია აგებულია X ს-ში. აღდგენილია XIV ს-ში. ინტერიერი მოხატული ყოფილა. ამჟამად შემორჩენილია ეკლესიისა და გალავნის ნანგრევები (მაკალათია 1971: 38, 39).

საბაწმიდის სამონასტრო კომპლექსს ეკუთვნის მის სამხრეთით, ორსართულიანი, მრგვალი საცხოვრებელი კოშკი, რომელიც სოფ. ხეითში დგას და „ხეითის კოშკის“ სახელითაა ცნობილი. კოშკი ნაგებია სიპი და ფლეთილი ქვით. კედლის პირი შიგნიდან ნალესი ყოფილა. კოშკის კარი მეორე სართულზეა. კარის წინ ორ კოჭზე გამართული ბაქანია, სადაც მისადგმელი ან ასაზიდი კიბით ადიოდნენ. მეორე სართულის ოთახის, რვაგვერდა დარბაზის ირგვლივ მცირე სადგომები იყო განლაგებული. ოთახის ერთ-ერთ კედელში ბუხარია. მისი მარჯვენა და მარცხენა გვერდის მთელ სიგანეზე შეისრული თაღით გადახურული ღრმა ნიშებია. დარბაზს ოთხი სარკმელი აქვს. კამარით გადახურულ კოშკში გამართული იყო სათოფურები. მეორე სართული წარმოადგენდა საცხოვრებელ და სადარბაზო ოთახს. პირველი სართული – დამხმარე სადგომს, სადაც ოთახის შუაგულში 7 ქვევრი იყო და ერთ-ერთ მოზრდილ თახჩაში მონასტრიდან გამოყვანილი მილებით წყალი შემოდიოდა. თახჩების მაღლა, ოთახის კამარაში 4 სარკმელია. სადგომი სამეურნეო და იარაღის შესანახ ოთახს წარმოადგენდა (ცინცაძე 1955: 233-235). კოშკი XVII-XVIII სს-ის მიჯნაზეა აშენებული და მისი აგება ვახტანგ VI-ს (1716-1724) უკავშირდება (ცინცაძე 1955: 234). კოშკის აგებას ზაალ მაჩაბლის სახელსაც უკავშირებენ (მაკალათია 1971: 39).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 41; ბაქრაძე 1875: 125; მაკალათია 1971: 38, 39, 40; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 179; საქ. სიძ. 1920: 8; ქართ. სამართ. ძეგ. 1985: 321; ქც 4: 370,17; ცინცაძე 1955: 233-255.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9