პა პე პი
პალ პან პატ

პატარძეული


(ქც 4: 616,20). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 616,20), XIV ს-ის 90-იანი წლებისა და XVII-XIX სს-ის დასაწყისის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 197, 434, 453; 1967: 61, 598, 605; ქართლ-კახეთის ... 1903: 34, 63, 69, 73, 91, 95; საქ. სიძ. 1910: 208; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 294; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 331; 1953: 108; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 172; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 180, 689, 693; 1972: 371; 1977: 314; 1981: 128, 333; 1985: 538; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 49, 79, 110, 111), ომან ხერხეულიძის „მეფობა ირაკლი მეორისა“ (ხერხეულიძე 1913: 276), იესე ოსეს ძის „თავგადასავალი“ (თავგადასავალი ... 1913: 37), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 66), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით 1941: 43), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 51, 82), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 19, 261).

მდებარეობს საგარეჯოს მუნიც-ში, საგარეჯოდან 8 კმ-ის დაშორებით, გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ მთისწინეთში.

სოფელი პირველად იხსენიება 1392 წ. საკათალიკოსო მამულების გუჯარში (ქრონიკები 1897: 197). XVII ს-ის დასაწყისში კახეთის მეფე დავით I-მა, მისმა მეუღლემ ქეთევანმა, მათმა შვილებმა თეიმურაზმა და ვახტანგმა ნინოწმინდის მონასტერს პატარძეულში შესწირეს ოთხი კომლი გლეხი (ქრონიკები 1897: 453). 1716 წ. პატარძეულში გარდაცვლილა კახეთის მეფე ერეკლე I-ის (1688-1703) მეუღლე ანა ჩოლოყაშვილი (ქც 4: 616,19-21). 1744 წ. აქ გარდაიცვალა ერეკლე II-ის (1744-1798) პირველი მეუღლე ქეთევან ორბელიანი (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 79). 1756 წ. თეიმურაზ II (1744-1762) და ერეკლე II პატარძეულში იწყებენ ციხის მშენებლობას. 1758 წ. ციხის მშენებლობის დროს თეიმურაზ II-ს თავს დასხმიან ლეკები, რომლებიც ერეკლე II-ს დაუმარცხებია (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 110, 111). 1812 წ. კახეთის აჯანყების დროს რუსებმა აიღეს სოფელი პატარძეული (ბაგრატიონი 1983: 82).

1953 წ. ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის ისტორიულ-არქეოლოგიურმა დაზვერვითმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ნ. ბერძენიშვილი) სოფ. პატარძეულის განაპირას, აღმოსავლეთით, მიაკვლია ნამოსახლარ გორას, რომელსაც მოსახლეობა „მახარიკაანთ გორის“ ან „ბეჟიტაანთ გორის“ სახელით მოიხსენიებს (ბერძენიშვილი 1960: 152). ნამოსახლარი გორა წარმოადგენს ბუნებრივ ბორცვს, რომელსაც თხემი მოსწორებული აქვს და გარშემო შემოუყვება ხელოვნური ტერასა. გორანამოსახლარი გვიანი ბრინჯაო-ადრერკინის ხანით თარიღდება (ფიცხელაური 1965: 26). გორის სამხრეთით, რამდენიმე ასეულ მეტრზე „წითლობის გორაზე“ მდებარეობს ნამოსახლარი. მის დასავლეთ კალთაზე კი ნამოსახლარის თანადროული სამაროვანია (გიუნაშვილი 1985: 38).

1974 წ. ნარიმანიშვილების საკარმიდამო ნაკვეთში ჭის ამოღების დროს, მიწის ზედაპირიდან 2,2 მ სიღრმეზე თავი იჩინა თიხის ჭურჭელმა. ის სამარხიდან მომდინარეობდა (ნარიმანიშვილი 1999: 68).

1975 წ. პატარძეულის მიდამოებში, მიწის სამუშაოების დროს დაზიანდა გვერდიგვერდ მდებარე ორი სამარხი, რომლებშიც აღმოჩნდა: სარდიონის მძივი, ბრინჯაოს თხელი ფირფიტის ნატეხები, ყალიბში ჩამოსხმული ბრინჯაოს მხედარი; ცხენს აქვს მაღალი ფეხები, სწორი, ვიწრო წელი და მოკლე კუდი. ყელსა და მკერდს ჯავშანი უფარავს. მხედარს წელზე მარცხენა მხრიდან მსხვილი თასმით შემოკრული აქვს კაპარჭი ან ქარქაშიანი მახვილი. თასმაზე მოკლე სატევარი კიდია. ზურგზე გამოსახულია მშვილდის რკალი. მხედარს თავი მოტეხილი აქვს (ზომები: სიგრძე 3,8 სმ, სიმაღლე 4,8 სმ, სისქე 1, 3 სმ); ბრინჯაოს მთლიანადსხმული სატევარი პირზე ნაკაწრი ორნამენტით შემკული, ბრინჯაოს ხელშუბისპირი, მასრაზე სამანჭვლე ნახვრეტებით, რკინის მასრაგახსნილი მაღალქედიანი შუბისპირი, რკინის მახვილის ბრინჯაოს ქარქაშის წვერი, ბრინჯაოს დუგმა. აღნიშნული სამარხებიდან ჩრდილოეთით, 50-60 მ-ის დაშორებით, 1977 წ. დაზიანდა რამდენიმე სამარხი. ინვენტარის ნაწილი დაიკარგა. გადარჩენილი ნივთებიდან აღსანიშნავია: ბრინჯაოს მასრიანი შუბისპირები (3 ც). მასრა და ქედი შემკულია ნაკაწრი ორნამენტით; ბრინჯაოს მთლიანადსხმული მახვილი. პირი და ვადა შემკულია ნაკაწრი ორნამენტით. ბრინჯაოს ბრტყელი ფირფიტისაგან დამზადებული სამაჯური, ბრინჯაოს სამაჯური, რომლის ზედაპირი შემკულია ხუთი ამოღარული გრძივი ხაზით, ბრინჯაოს სარტყლის ფრაგმენტები, რომლის ზედაპირი შემკულია ნაკაწრი „თევზიფხური“ ორნამენტითა და ზოომორფული გამოსახულებებით, სარდიონის მძივები, თიხის ქილა, შემკული ნაკაწრი ორნამენტით, ქოთანი და ლანგარი.

პატარძეულის მიდამოებში, ე. წ. „წითლობის გორიდან“ სამხრეთ-დასავლეთით, 700-ოდე მ-ის დაშორებით მდებარეობს გვიანი ბრინჯაო-ადრერკინის ხანის ნამოსახლარი, რომლის სამაროვანიც მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით 300-ოდე მ-ის დაშორებით მდებარეობს. მოსახლეობა ამ ადგილს „ჭუკიაანთ გორად“ და „ჭუკიაანთ მიწებად“ მოიხსენიებს. 1975-1976 წწ. მიწის სამუშაოების დროს დაზიანდა ნამოსახლარი ფენები და სამარხები. ფენას ეტყობოდა ნახანძრალის კვალი. მასში გამოვლინდა: ბათქაშის ფრაგმენტები, თიხის ჭურჭლის ნატეხები, კაჟისა და ობსიდიანისაგან დამზადებული ნამგლის ჩასართები. იქვე აღმოჩნდა რიყის ქვისაგან დამზადებული პირწამახვილებული თოხი. იქვეა მოპოვებული: ბრინჯაოს მთლიანადსხმული მახვილი. პირი და ვადა შემკული აქვს ნაკაწრი ორნამენტით, ბრინჯაოს მახვილი, ბრინჯაოს მაღალქედიანი მახვილი, შემკული ნაკაწრი ორნამენტით; ბრინჯაოს სამაჯური.

„ჭუკაანთ გორიდან“ სამხრეთ-აღმოსავლეთით, „იფნიანის ხევის“ მარჯვენა ნაპირზე, ე. წ. „ყარადაღში“ მიწის სამუშაოების დროს დაზიანდა რამდენიმე სამარხი. ერთ-ერთში აღმოჩნდა ბრინჯაოს შედგენილტარიანი სატევარი. ქუდის ზედა მრგვალი ფანჯარა ტიხრით ორადაა გაყოფილი. პირი შემკულია ნაკაწრი ორნამენტით. „ყარადაღის“ სამაროვნისა და „წითლობის ფერდის“ სატევარი, აგრეთვე „წითლობის ფერდის“ სამაროვანზე გამოვლენილი შუბისა და ხელშუბისპირები თარიღდება ძვ. წ. XIII-XII სს-ით. ძვ. წ. XII-XI სს-ს მიეკუთვნება „წითლობის ფერდზე“ აღმოჩენილი ბრინჯაოს სარტყელის ფრაგმენტები. „ჭუკიაანთ მიწების“ სამაროვნისა და „წითლობის ფერდის“ სამაროვნის მახვილები XI-X სს-ით თარიღდება. „წითლობის ფერდის“ რკინის შუბისპირი ძვ. წ. VIII-VII სს-ს მიეკუთვნება. ძვ. წ. VIII-VI სს-ით თარიღდება თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს სამაჯურები, ქარქაშის ბოლო, დუგმა და სხვა (გიუნაშვილი 1985: 38-44).

1974 წ. ნარიმანიშვილების კარმიდამოში აღმოჩენილი სამარხი ეკუთვნოდა მიწაყრილიანი ორმოსამარხების ჯგუფს. მასში დაკრძალული იყო ერთი მიცვალებული, ძლიერ ხელფეხმოკეცილი, მარჯვენა გვერდზე, თავით ჩრდილო-აღმოსავლეთით. მიცვალებულის ზურგის მხარეს ელაგა თიხის ჭურჭელი, გულ-მკერდის არეში გამოვლინდა მძივები, ხელებზე ეკეთა ბრინჯაოსა და რკინის სამაჯურები. თიხის ჭურჭელი წარმოდგენილია 3 კოჭობით, ფიალითა და ხელადით. ამ უკანასკნელს ყურის ზედა ნაწილზე დასმული აქვს დამღა. სამაჯურებიდან სამი ბრინჯაოსია, ერთი რკინის. სასაფეთქლე რგოლებიდან ერთი ვერცხლისაა, მეორე ბრინჯაოსი. პასტის მძივებში გამოირჩევა: ცისფერი, მოყავისფრო, მწვანე, თეთრი, ლურჯი, ყვითელი ნიმუშები. იქვეა აღმოჩენილი ერთი მოზაიკური საკიდი. სამარხი თარიღდება ძვ. წ. I-ახ. წ. I სს-ით (ნარიმანიშვილი 1999: 68, 69). მასალა ინახება საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

გარდა აღნიშნული მასალებისა, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) ინახება პატარძეულსა და მის მიდამოებში შემთხვევით აღმოჩენილი ნივთები: ძვ. წ. VIII-VII სს-ით დათარიღებული რკინის სატევრის ბრინჯაოს ტარი (გიუნაშვილი 1985: 44), ბრინჯაოს საკიდი (უვაროვა, რადდე 1902: 97). 1930 წ. მუზეუმს შეუძენია პატარძეულიდან მომდინარე სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური ნივთები: ბრინჯაოს თხელი ფირფიტებისაგან დამზადებული ჭურჭელი, რკინის მახვილი, რკინის შუბისპირი, რკინის სანათური, ზედ ჩამოკიდული ძეწკვით. ამავე კოლექციაში შემავალი ბრინჯაოს ე. წ. „კახური ტიპის“ 2 სატევარი თარიღდება ძვ. წ. XIII-XII სს-ით (ფიცხელური 1959: 110). ბრინჯაოს ორთითი ძვ. წ. XI-X სს-ს მიეკუთვნება (გიუნაშვილი 1985: 43). თიხის ჭურჭელი ძვ. წ. IV-III სს-ით თარიღდება (რამიშვილი 1959: 44). 1932 წლიდან მუზეუმში დაცულია პატარძეულში აღმოჩენილი ბრინჯაოს ჯაჭვი. 1938 წ. მუზეუმს შეუძენია: ბრინჯაოს 2 მასრიანი, ქედიანი შუბისპირი, მასრაზე სამი სამანჭვლე ნახვრეტითა და ორი რელიეფური ხაზით, თიხის შავად გამომწვარი, წელში გამოყვანილი ტოლჩა და თიხის ჭურჭლის ნატეხები. მასალა აღმოჩენილია პატარძეულის მახლობლად, რკინიგზის სადგურ იორიდან 4 კმ-ის დაშორებით, შემთხვევით გამოვლენილ სამარხში. ნივთები თარიღდება გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანით. 1958 წ. მუზეუმში მოხვდა პატარძეულიდან მომდინარე რკინის შუბისპირის მასრის ნატეხები, სამანჭვლე ნახვრეტებით. 1970 წ. მუზეუმს შეუძენია სადგურ იორთან აღმოჩენილი ბრინჯაოს მთლიანადსახმული სატევარი, რომელსაც პირის მთელ სიგრძეზე გაუყვება ოთხი ჩაღარული ზოლი. სატევარი თარიღდება გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანით. მუზეუმში ინახება 1965 წ. პატარძეულში შემთხვევით აღმოჩენილი ჰოლანდიური ოქროს დუკატი. მონეტის შუბლზე გამოსახულია მარცხნივ მიმართული აბჯარასხმული მეომარი, რომელსაც მარჯვენა ხელში უჭირავს მხარზე გადებული მახვილი. წინ გაწვდილ მარცხენა ხელში კი – ბაფთით შეკრული ისრების კონა. გამოსახულების გვერდებზე თარიღია 1752. ირგვლივ ლათინური ზედწერილი: „თანხმობის მცირე საქმენი დიდდებიან, ჰოლანდია“. მონეტის ზურგზე ოთხკუთხედი კარტუშია, რომლის შიგნით ხუთსტრიქონიანი ლათინური ზედწერილია: „მოკავშირე პროვინციის ბელგიის მთავრობის მონეტა, იმპერიის კანონის თანახმად“. მონეტის ზომაა 23 მმ, წონა 3,45 გრ (ქებულაძე 1971: 40).

პატარძეულში შემორჩენილია XVIII ს-ის ორი ცილინდრული კოშკი, ერთი – სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. კოშკის ირგვლივ სხვადასხვა ნაგებობათა ნანგრევებია. ის ხუთსართულიანია. შესასვლელი აქვს მეორე სართულზე. პირველს ერთი სარკმელი ჰქონია. ზედა სართულებზე სათოფურებია. პირველი, მესამე და მეხუთე სართულების გეგმა წრიულია. მეორე სართული შვიდგვერდაა. მეოთხის გარდა, სართულებს გუმბათიანი გადახურვა აქვთ (ზაქარაია 1988: 175, 176). მეორე კოშკი სოფლის სამხრეთ-დასავლეთითაა. ისიც საბრძოლო-საცხოვრებელი დანიშნულებისაა. შესასვლელი მეორე სართულზეა. სოფლის ჩრდილოეთით, გორაკზე ციხის ნანგრევებია. სოფელში შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების ეკლესია.
 
ბიბლიოგრაფია: აბარმიშვილი 1957: ტაბ.I, №111; 1961: 370; ბაგრატიონი დავით 1941: 43; ბაგრატიონი 1983: 51, 82; ბაგრატიონი 1986: 66; ბერძენიშვილი 1960: 152; გიულდენშტედტი 1962: 19, 261; გიუნაშვილი 1985: 38-44; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 331; 1953: 108; ზაქარაია 1988: 175, 176; თავგადასავალი ... 1913: 37; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 294; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 172; მენაბდე 1988: 61-71; ნარიმანიშვილი 1999: 68, 69; ნიორაძე 1940: 36; რამიშვილი 1959: 44; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 49, 79, 110, 111; საქ. სიძ. 1910: 208; უვაროვა, რადე, 1902: 97; ფიცხელაური 1959: 110; 1965: 26; 1973: 25, 180; ქართლ-კახეთის ... 1903: 34, 63, 69, 73, 91, 95; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 180, 689, 693; 1972: 371; 1977: 314; 1981: 128, 333; 1985: 538; ქებულაძე 1971: 40; ქრონიკები 1897: 197, 434, 453; 1967: 61, 598, 605; ქც 4: 616,20; ხერხეულიძე 1913: 276, 283.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9