A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ბა ბე ბზ ბი ბო ბრ ბუ
ბაა ბაბ ბაგ ბაზ ბალ ბაპ ბარ ბას ბაჰ

ბაპტისტები

It. Battisti
ანგლოსაქსურ პროტესტანტიზმში აღმოცენებული ყველაზე დიდი თავისუფალი ევანგელიკური ეკლესიის წევრები. ამ ეკლესიის შემადგენელ სხვადასხვა ჯგუფთა უმთავრესი დამახასიათებელი ნიშანი მოზრდილთა ნათლობაა. XVII საუკუნის დასაწყისში ამსტერდამში ემიგრირებულმა ჯ. სმითმა და თ. ჰელვისმა, დარწმუნებულებმა, რომ ბავშვობაში მიღებული ნათლობა ძალადაკარგული იყო, ხელახლა მიიღეს ნათლობა და 1608 წელს ამსტერდამის პირველი ინგლისური ბაპტისტური ეკლესია დააარსეს. ჰელვისი 1611 წელს რამდენიმე მეგობართან ერთად ინგლისში დაბრუნდა და დააარსა ეგრეთ წოდებული პირველი ბაპტისტური ეკლესია ინგლისის ტერიტორიაზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბაპტიზმის დაფუძნება მქადაგებელ რ. უილიამსის (†1683) სახელს უკავშირდება. ამჟამად ბაპტისტთა დამოუკიდებელი საკრებულოები 1905 წლიდან გაერთიანებულია „ბაპტისტთა მსოფლიო ალიანსში“ (Baptist World Alliance), რომელიც ოცდაათ მილიონზე მეტ მომხრეს აერთიანებს (ამათგან 27 მილიონი ამერიკის შეერთებული შტატებში ცხოვრობს). ბაპტისტურ კავშირთა უმრავლესობა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მიეკუთვნება. სხვადასხვა ჯგუფები შეთანხმებულნი არიან მოძღვრებისა და კანონმდებლობის ძირითად საკითხებზე. ეს საკითხებია: სამოძღვრო თავისუფლება თეოლოგიაში; სავალდებულო მრწამსის არარსებობა; ბიბლია როგორც საყოველთაო ავტორიტეტი; საიდუმლოთა სიმბოლური კონცეფცია; მხოლოდ ზრდასრულთა ნათლობა (წყალში ჩასვლის გზით); ღმრთისმსახურთა ხელდასხმა საკრებულოს წევრების მიერ; ყოველგვარი რელიგიური ტრადიციისა და საეკლესიო ფორმის უარყოფა; ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთმანეთისაგან გამიჯვნა. ყველასთვის საერთოა აქტიური ქრისტიანობა და მისიონერული საქმიანობა წარმართულ მიწებზე.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9