A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

შა შე შვ შთ ში შო შუ
შაბ შალ შამ შარ შაქ შაჰ

შაბათი

Etym. ებრ. shabbath „დასვენება“, შემდეგ – ბერძ. sàbbaton, ლათ. sabbatum
It. Sabato
შაბათი შვიდდღიანი ებრაული კვირის უკანასკნელი დღეა და მიჩნეულია შრომისაგან დასვენების, განწმედისა და ღმრთისადმი ადამიანის გახსნის დღედ. შაბათის დაცვის წესი ერთ-ერთია ათი მცნებიდან (გამ. 20:8-11; რჯლ. 5:12-16) და განპირობებულია, ერთი მხრივ, ჰუმანური მიზეზებით, ადამიანისა და ცხოველის მიმართ პატივისცემით, მეორე მხრივ კი – რელიგიური მიზეზებით, ანუ ღმრთის გახსენებით, რომელმაც თავისი შემოქმედების მეშვიდე დღეს დასვენება გადაწყვიტა (დაბ. 1-2:3), თავისი ხალხი ეგვიპტედან გამოიყვანა (რჯლ. 5:5) და მასთან დადო აღთქმა (გამ. 31:12-17). წინადაცვეთასთან ერთად, შაბათის დაცვა სხვა ხალხთა და რელიგიათაგან ებრაელობის განმასხვავებელი ნიშანია. შაბათის დაცვა, რასაც დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ამასთანავე, მოიცავს ამ დღეს ვაჭრობის აკრძალვის (ამ. 8:5) და მხოლოდ ქუჩის განსაზღვრულ მხარეს (გამ. 16:29) სიარულის წესს (შაბათის გზა, საქმ. 1:12). გარდა ამისა, შაბათს ნებადართული არაა ცეცხლის დანთება (გამ. 35:3), ღუმელში საკვების ხარშვა ან შეწვა (გამ. 16:23). საკვები წინა დღით უნდა მომზადდეს, ანუ, სამზადისის დღეს, პარასკევს (მათ. 27:62; იოან. 19:31.42). შაბათის პროფანაციის შიშს ფატალური შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა (1 მაკ. 2:32-41). შაბათი წინა საღამოს იწყება, შაბათის სინათლის დანთებით (ჰადლაკაჰ) კერძო სახლებში, მისი შეგებების რიტუალით სინაგოგაში (კაბალათ შაბათ), სადაც მომდევნო დღეს ლიტურგიული მსახურება აღსრულდება და კიდუშის წესით (ღვინის თასზე წარმოთქმული კურთხევა). შაბათის დასასრულს აღევლინება საღამოს ლოცვა და ჰაბდალაჰის („კვირის დანარჩენ დღეთა და შაბათის ერთმანეთისგან განცალკევება“) კურთხევა. იესოს – შაბათის უფლის (მათ. 12:8) – მხრიდან შაბათის კაზუისტიკის კრიტიკა შემდეგი სიტყვებით გამოიხატება: „შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის“ (მარკ. 2:27). ებრაელთაგან განსხვავებით, ქრისტიანები კვირის პირველ დღეს (კვირადღე) აღნიშნავენ, როგორც იესოს მკვდრეთით აღდგომის დღეს („უფლის დღე“).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9