A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ვა ვე ვი ვნ ვუ
ვალ ვარ ვატ ვაჰ

ვატიკანის II კრება

ოცდამეერთე მსოფლიო კრება (1962-1965) პაპმა იოანე XXIII-მ გამოაცხადა მოულოდნელად, 1959 წლის 25 იანვარს წმიდა პავლეს გალავანს მიღმა ბაზილიკაში. კრება რომში 1961 წლის 25 დეკემბერს იქნა მოწვეული, ხოლო 1962 წლის 11 ოქტომბერს ის პაპისა და 2540 კრების მამათა (მონაწილეობის უფლების მქონე 2908 წევრიდან) მონაწილეობით გაიხსნა. ხელმძღვანელ საბჭოს შეადგენდა ათი კარდინალი, პლენარულ სხდომათა ჩატარება, რომელთაც გენერალური კონგრეგაციები ეწოდა, პაპმა ხუთ მოდერატორ კარდინალს დაავალა. ათი მოსამზადებელი კომისიის მიერ შემუშავებული სამოცდაცამეტი პროექტიდან განსახილველად მხოლოდ ჩვიდმეტი იქნა წარდგენილი. კრება სარგებლობდა ორასზე მეტი თეოლოგის (ექსპერტის) კონსულტაციით. არაკათოლიკე ეკლესიათა თუ საკრებულოთა დამკვირვებლების რიცხვი თავდაპირველად 35 იყო, კრების დასასრულს კი – 93. კრების გახსნისას წარმოთქმულ სიტყვაში იოანე XXIII-მ საეკლესიო კრების ძირითადი მიზანი განსაზღვრა: ეკლესიის დროული და მთლიანი განახლება როგორც მოძღვრების, ისე მისი ცხოვრების თვალსაზრისით, დაგმობაზე უარისთქმა. კრება ოთხ მონაკვეთად ჩატარდა: I პერიოდი (1962 წლის 11 ოქტომბერი – 8 დეკემბერი; გენერალური კონგრეგაციები 1-36); პაპ იოანე XXIII-ის გარდაცვალების შემდეგ (1963 წლის 3 ივნისი) მისმა მემკვიდრემ, პავლე VI-მ, კრების მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო; II პერიოდი 1963 წლის 29 სექტემბრიდან 4 დეკემბრამდე გაგრძელდა (გენერალური კონგრეგაციები 37-79). კრების განახლებისას პავლე VI-მ ხაზი გაუსვა კრების სამწყსო ხასიათს და ეკლესიის არსის (და, კერძოდ, ეპისკოპოსთა მსახურების) საკითხზე მსჯელობის მნიშვნელობას. ხელმძღვანელი საბჭოს შემადგენლობა 12 კარდინალამდე გაიზარდა. 4 მათგანი (აღაჯანიანი, დეპფნერი, ლერკარო და სუენენსი) მოდერატორის ფუნქციით უძღვებოდნენ გენერალურ კონგრეგაციებს. პირველად მოხდა 11 საერო პირის დაშვება აუდიტორად, მოგვიანებით მათ რამდენიმე მოძღვარი და ქალი დაემატა. კიდევ ერთი სიახლე იყო კრების პრესცენტრის დაფუძნება; III პერიოდის განმავლობაში (1964 წლის 14 სექტემბერი – 21 ნოემბერი; გენერალური კონგრეგაციები 80-127) ფართო დისკუსია გამოიწვია დანართმა Nota explicativa praevita, რომელიც პაპის სურვილით დაემატა დოგმატურ კონსტიტუციას ეკლესიის შესახებ Lumen gentium; დანართით დადასტურდა და განმტკიცდა პაპის უპირატესი მდგომარეობა ეპისკოპოსთა კოლეგიაში. წინააღმდეგობრივი მოსაზრებები გამოითქვა ისეთ თემებზე, როგორებიცაა რელიგიური თავისუფლება და დამოკიდებულება ეკლესიასა და იუდაიზმს შორის; IV პერიოდი 1965 წლის 14 სექტემბერს დაიწყო და 8 დეკემბერს დასრულდა (გენერალური კონგრეგაციები 128-168). პავლე VI-მ ეპისკოპოსთა სინოდის დაარსების შესახებ გააკეთა განცხადება. 1965 წლის 8 დეკემბერს პავლე VI-მ დახურა კრება. ვატიკანის II კრებამ სხდომათა მსვლელობისას შემდეგი დოკუმენტები შეიმუშავა და დაამტკიცა: 1963 წლის 4 დეკემბერი: კონსტიტუცია წმიდა ლიტურგიის შესახებ – Sacrosanctum concilium; დეკრეტი საზოგადოებრივი კომუნიკაციის საშუალებათა შესახებ – Inter mirifica; 1964 წლის 21 ნოემბერი: დოგმატური კონსტიტუცია ეკლესიის შესახებ – Lumen gentium; დეკრეტი აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიათა შესახებ – Orientalium Ecclesiarum; დეკრეტი ეკუმენიზმის შესახებ – Unitatis redintegratio; 1965 წლის 28 ოქტომბერი: დეკრეტი ეკლესიაში ეპისკოპოსთა სამოძღვრო მოვალეობათა შესახებ – Cristus Dominus; დეკრეტი სამოწესეო ცხოვრების განახლების შესახებ – Perfectae caritatis; დეკრეტი მღვდელთა აღზრდის შესახებ – Optatam totius; დეკლარაცია ქრისტიანული აღზრდის შესახებ – Gravissimum educationis; დეკლარაცია ეკლესიის დამოკიდებულების შესახებ არაქრისტიანულ რელიგიათა მიმართ – Nostra aetate; 1965 წლის 18 ნოემბერი: დოგმატური კონსტიტუცია საღმრთო გამოცხადების შესახებ – Dei Verbum; დეკრეტი საეროთა მოციქულობის შესახებ – Apostolicam actuositatem; 1965 წლის 7 დეკემბერი: დეკლარაცია რელიგიური თავისუფლების შესახებ – Dignitatis humanae; დეკრეტი ეკლესიის სამისიონერო მოღვაწეობის შეხებ – Ad gentes; დეკრეტი მღვდელთა მსახურებისა და ცხოვრების შესახებ – Presbyterorum ordinis; სამოძღვრო კონსტიტუცია თანამედროვე სამყაროში ეკლესიის შესახებ – Gaudium et spes. საეკლესიო კრების, – უდავოდ, მეოცე საუკუნის ისტორიაში ეკლესიისათვის ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენის, – ეს დოკუმენტები მთელი ეკლესიისა და ყოველი მისი გამოხატულების განახლების საფუძველმდებ საშუალებებად იქცა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9