The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
სიყვარული მაშ გაქვს ვისი

სიყვარული მაშ აქ ვისი?

თუ კაცი ხარ და ვაჟკაცი,

და თუ გინდა იქართველო,

ქართლი გიყვარს? იმერეთი?

კახეთი თუ სამეგრელო?

სიყვარული მაშ გაქვს ვისი?

ვისთან მიხვალ სადღეგრძელოს?

მესხეთს ეტყვი თუ გურიას,

კახაბერის მიმბაძველო!

აფხაზეთს თუ სვანეთს, ლეჩხუმს...

უდარაჯებ, საზღვრის მცველო,

რაჭის, ხევის თუ აჭარის

ტრფობა გულში დაიძველო?

ამ სიყვარულს ვით გავუძლო?

ათჯერ, ასჯერ აკი გითხარ

მიყვარს, მიყვარს, იცი, მიყვარს,

შე უღმერთო, რაღათ მკითხავ?

ანეთს, კლარჯეთს, ცრემლი სცვივა,

ვიცი, არ გსურს დაიცილო;

შეუმღერებ ფშავ-ხევსურეთს,

თუშეთსა და საინგილოს!

ერთ სუნთქვას და ერთ სიცოცხლეს

ჩემი კოცნა, ყველას, ყველას!

ერთგულს, ერთად მობრიალე

საქართველოს ცისარტყელას!

უიმისოდ მზეც წავიდეს,

შეჩერდეს და შეწყდეს სუნთქვაც,

ყველას, ყველას, ერთ დიდ კერას

მე სიყვარულს გამოვუთქვამ!

სამშობლოს მზის ყოველ სხივმა

გადამისხა ცეცხლი გულში;

ერთად, ერთხმად დავიძახოთ:

გამარჯვება ჩვენს მამულში!

გაძლიერდეს დიდ ძმობაში,

რომ ვერავინ გადათელოს,

აღმდგარი და მხარგაშლილი,

მზისთანდარი საქართეელო!