მოგონება
I
მახსოვს, პირველად სასწავლებელში
წასაყვანად რომ მე გამამზადეს.
მაშინ ანბანი მომცეს მე ხელში
და შინაურად მე გამომცადეს.
ჯერ “ანი” მკითხეს და მერე “ნარი”,
მაგრამ ყველაზე ვუთხარ უარი.
რა-კი დარწმუნდნენ არა ვიცოდი,
მაშინ-კი ჩუმად გამიღეს კარი
და მითხრეს: “რადგან აქ არ ისწავლე,
სასწავლებელში წადი, იწვალე,
იქ გაჩვენებენ შენს თვალის სეირს,
თუ ეს სიცელქე არ მოიშალე”.
II
ვხედავდი, მინდვრებს რომ ვშორდებოდი,
ნაჩვევ ბაღებსაც ვეთხოვებოდი, —
დაღონებული მწარედ ვსტიროდი,
მაგრამ არავის ვებრალებოდი...
მხოლოდ ეს მახსოვს, — გამომყვა დედა
და მითხრა: “შვილო, კმარა, ნუ სტირი,
ვინც სახლში დარჩა, რა გააკეთა,
ვინ მოიშორა თავიდან ჭირი?
გიყვარდეს სწავლა, გულმოდგინება, —
შრომა და ტანჯვა ნუ გეზარება,
თუ შენი შრომა და შენი ტანჯვა
სამშობლოს რადმე გამოადგება...
III
“ეცადე ძლიერ და გქონდეს სმენა, —
კარგია, შვილო, სწავლის შეძენა, —
მაგრამ ამას გთხოვ ყველაზე უფრო,
არ დაივიწყო სამშობლო ენა:
მერწმუნე, რომა გამოცდილია, —
თუ საძირკველი დანგრეულია,
მაშინ კედლების აშენებისთვის
ყოველი შრომა დაკარგულია!
გეზარებოდეს ყველასთან შური
და როცა შეგხვდეს კაცი უძლური,
იცოდე, რომ ის შენი ძმა არი, —
არ დაუკავო ღვინო და პური...
IV
“გიყვარდეს შენი მოძმე კეთილი
და მისთვის მუდამ გეწოდეს გული, —
შენს მოძმეთ შორის და შენს მიწაზე
გერჩიოს იყო შენ დამარხული:
ტანი უსულო და უგრძნობარე
თუ გინდ შინ იყოს და თუნდა გარე,
მაგრამ როგორღაც, დედაშვილობამ,
სანატრელია სამშობლო მხარე”.
V
ამ სიტყვებითა დედაც მომშორდა,
და ეს მას აქეთ დამამახსოვნდა, —
რომ ის ამ სიტყვებს გრძნობით ამბობდა,
თვალთაგან ცრემლებს ფრქვევა გაჰქონდა.