The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
მოგონება

მოგონება

I

მახსოვს, პირველად სასწავლებელში

წასაყვანად რომ მე გამამზადეს.

მაშინ ანბანი მომცეს მე ხელში

და შინაურად მე გამომცადეს.

ჯერ ანი მკითხეს და მერე ნარი,

მაგრამ ყველაზე ვუთხარ უარი.

რა-კი დარწმუნდნენ არა ვიცოდი,

მაშინ-კი ჩუმად გამიღეს კარი

და მითხრეს: რადგან აქ არ ისწავლე,

სასწავლებელში წადი, იწვალე,

იქ გაჩვენებენ შენს თვალის სეირს,

თუ ეს სიცელქე არ მოიშალე.

II

ვხედავდი, მინდვრებს რომ ვშორდებოდი,

ნაჩვევ ბაღებსაც ვეთხოვებოდი, —

დაღონებული მწარედ ვსტიროდი,

მაგრამ არავის ვებრალებოდი...

მხოლოდ ეს მახსოვს, — გამომყვა დედა

და მითხრა: შვილო, კმარა, ნუ სტირი,

ვინც სახლში დარჩა, რა გააკეთა,

ვინ მოიშორა თავიდან ჭირი?

გიყვარდეს სწავლა, გულმოდგინება, —

შრომა და ტანჯვა ნუ გეზარება,

თუ შენი შრომა და შენი ტანჯვა

სამშობლოს რადმე გამოადგება...

III

ეცადე ძლიერ და გქონდეს სმენა, —

კარგია, შვილო, სწავლის შეძენა, —

მაგრამ ამას გთხოვ ყველაზე უფრო,

არ დაივიწყო სამშობლო ენა:

მერწმუნე, რომა გამოცდილია, —

თუ საძირკველი დანგრეულია,

მაშინ კედლების აშენებისთვის

ყოველი შრომა დაკარგულია!

გეზარებოდეს ყველასთან შური

და როცა შეგხვდეს კაცი უძლური,

იცოდე, რომ ის შენი ძმა არი, —

არ დაუკავო ღვინო და პური...

IV

გიყვარდეს შენი მოძმე კეთილი

და მისთვის მუდამ გეწოდეს გული, —

შენს მოძმეთ შორის და შენს მიწაზე

გერჩიოს იყო შენ დამარხული:

ტანი უსულო და უგრძნობარე

თუ გინდ შინ იყოს და თუნდა გარე,

მაგრამ როგორღაც, დედაშვილობამ,

სანატრელია სამშობლო მხარე.

V

ამ სიტყვებითა დედაც მომშორდა,

და ეს მას აქეთ დამამახსოვნდა, —

რომ ის ამ სიტყვებს გრძნობით ამბობდა,

თვალთაგან ცრემლებს ფრქვევა გაჰქონდა.