The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
წარწერა წიგნზე “მანონ ლესკო”

წაწეა წიგნზე “მანონ ლესკო”

მარად ისმის: მარადისი

სიყვარული ძნელია.

ვის ისარი მოხვდა მისი,

მუდამ ცრემლის მღვრელია.

ვარდთა კონის, ბნედა გონის,

ტავერნების ნდომანი...

დე-გრიესა და მანონის

სევდიანი რომანი.

დღენი ევრის და პარიზის,

უდაბნოთა ჩვენება,

მწუხარება კიპარისის,

ყვავილთ შემოშენება.

ველად გაჭრას, ხელად რონინს

ცვლიან შემოდგომანი...

დე-გრიესა და მანონის

სევდიანი რომანი.

ყველაფერი იგი გაქრა

ვით სიზმარი გვიანი,

დრომ ახალი ძალით დაჰკრა:

სხვაა ადამიანი.

რუსოს ხანა, ოხვრა რონის,

ტრიანონის ცდომანი...

დე-გრიესა და მანონის

სევდიანი რომანი.

მაგრამ წიგნი მაინც დარჩა

ვაჟისა და ასულის,

როგორც სარკე, როგორც ფარჩა

დროის ფერგადასულის,

და იწონის წიგნის დონეს,

წიგნთა მრავალთ კვდომანი...

დე-გრიესა და მანონის

სევდიანი რომანი.