The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
მოგონება

მოგონება

ნუ მიწყენთ, მომაგონდება

ქალის ვაჟისთვის ნათქომი:

“თუ შენ არ გხედავ ცოცხალსა,

არც მე ვარ ცოცხლად დამჩომი!

ცოცხალი თან ჩამოგყვები,

საფლავში დაგეტანები;

შენ მკვდარს, შენთან მე ცოცხალსა

დაე დაგვიხშონ კარები!

მოვკვდები შენსა გულზედა,

ზევიდამ დაგეფარები:

მე შავსჭამ — მიწას არ ძალუძს,

რომ შეგიჭამოს თვალები.

მწადს, ერთად შაზელილიყოს

ჩემი და შენი ძვალები!”

ორმა დღემ ჩამაიარა,

ზარი აჩქამდა გლოვისა.

კუბოს ასველებს ცრემლები

მანდილოსანთა გროვისა.

სატრფო დასტირის ჭაბუკსა,

ცრემლი სდიოდა ღვარადა,

გულიც ხომ უწუხდებოდა,

წყალსაც ასხამდენ კვალადა.

გულ-დაბნედილსა დიაცსა

აბრუნებდიან ძალადა.

მოზარეები კუბოთი

მიდგნენ სამარის კარადა.

უცვლელი ბინა ყველასი

უცდის მკვდარს დასაფარადა.

კუბო ჩაუშვეს საფლავში,

ცვივა ქვიშა და ლოდები.

— რა უყავ ფიცი, გოგონავ,

ჩაჰყევ, ვის მეელოდები?

— სად გავყვე, ძმაო, რას ვარგებ,

მკვდარს რა უშველო იმითა!

არა, მე სიცოცხლე მინდა,

უნდა ვიცოცხლო ჭირითა.

ვიგონო ვარდი გულისა,

ვიტანჯო მოგონებითა.

რომ მოვკვდე, მაშინ ვიქნები

დარდების მოფონებითა!

დაე ვიცოცხლო ტანჯვითა,

ნაღვლით დავიწვა გულია,

დავიწვა, ვით კელაპტარი,

ხატის წინ ანთებულია...

ვიცოცხლო იმის მამგონეთ,

ვინც გულს მაჩნივა წყლულია...

ერთს წელს გოგონა მიჯნურის

საფლავზე იარებოდა,

უნთებდა წმინდა სანთელსა,

შინავე ტრიალდებოდა;

საფლავის პირზე დაერგო

ყვავილნი ტურფა ფერისა,

ცრემლით მოერწყო ვარდები,

თვალთაგან მონაწურისა.

ეს ერთი წელიც გავიდა,

იცვლება დრო და ჟამია:

გოგოს სწადიან იპოვნოს

პირველის მსგავსი გვამია;

მსგავსი პირველის მიჯნურის

თვალითა, ტანადობითა,

მოკეთეს ჰმოკეთეობდეს,

მტერს ექმნას ჯალათობითა.

ღმერთმა გიშველოს, სიკვდილო,

სიცოცხლე შვენობს შენითა,

და შენც, სიკვდილო, ფასი გძე

სიცოცხლის ნაწყენობითა.

სიცოცხლე სიყვარულითა

და სიყვარული სიცოცხლით,

უერთურთისოდ ვერც ერთსა

ვერ ვიცნობთ, ვერც როს ვიცნობდით.

ერთურთი სწყურან ორთავე,

ერთურთთან დაილევიან;

უერთურთისოდ ვერ სძლებენ,

მალედვე დაილევიან!

1890 წ.