The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ფანასკერტელს

ფანასკერტელს

. . . მშვიდობით ძველო ქართულო ენავ და

მშვიდობით სრულიად საქართველოს მდგომარეობაო!

ფანასკერტელი

მაშ გაჰქრა ქართლი, მისი ენაცა,

პირქვე დაემხო წმინდა ტაძარი?

გული დიდ სევდას ამოენაცრა,

მშვიდობით, გახდი მტრის ნატაცარი!

სხვა რაღა იყოს მწარე ამაზე,

რა შეედრება ასეთ ღაღადისს ?

შენს დედა ენას, მის სილამაზეს

გამოეთხოვო, უთხრა: ნახვამდის!

და მერე დადგე გაქვავებული,

უიმედობის დიდი იმედით,

რომ აღარ მოვა ქართლს გაზაფხული,

რომ სამუდამოდ გავიყინებით!

შენ დადიოდი შენს სამშობლოში

როგორც მწირი და ოხერმოხეტე,

ღამით მე შენი მინვა მსმენია,

ხმა ნამწარე: ღმერთო, მოხედე!

შენი აჩრდილი მომჩვენებია

ქარში, წვიმაში თმადაბურდული;

შენ გამიმწარე ყრმობის ყველა დღე,

შენ გულს მითხრიდი გესლით ქურდულით.

და ახლა, როცა ჩემს ხალხს, ჩენს ენას,

სიკვდილის ჭანგი ვეღარ ემტეროს,

როგორც განვლილი გრძელი სიზმარი,

შენ მაგონდები, ფანასკერტელო!

და შენ, მიწაში გამტვერებულო,

ჰა, სიტყვა გულის გასათაფლავი:

არა, ქართლს, არა!

შენ ფიქრს გასთხრია

სამარადისო, მკვიდრი საფლავი!