The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ციხის ელეგია

ციხის ელეგია

ღამეა, ცაზე ვარსკვლავი ერთი

ღვიძებს გულში სხვანაირ იმედს.

ეს ჩემი სული - ლანდია ღმერთის,

ეს ჩემი გრძნობა - გრიგალი მძიმე.

მე მაშინ მოველ - მზე ანთებული,

როცა მოჰქროდნენ ხმები სხვა ზარის.

როცა საღამო დამშვიდებული

იდგა სივრცეში ურ ზღვასავით.

ჩემი ცხოვრების საგანი გახდა

გლოვა, დუმილი და გაწვალება.

და ვფიქრობ: სადღაც უხილავ ბაღთან

დღეს ჩაიარეს უცნობ ქალებმა.

აქაც, ჩემს ახლო, სხვები დადიან,

ვიღაცა მიჰყავს და გარბის ეტლი.

ახ სიცოცხლე ჩემთვის ლანდია,

რაღაც სხვა მინდა სიკვდილზე მეტი.

მორჩა, ქუჩაში ვერ გამოვჩნდები,

თბილისი დარჩა თვალების გარეთ.

სადღაც ყეფს ძაღლი დროგამოშვებით

და საცოდავად კიდია მთვარე.

რა ვქნა, ვერ ვუძლებ ამნაირ წამებს

და იმედისთვის არ მყოფნის ძალა.

და ვარსკვლავების მზიდველი ღამე

მძიმე ქვასავით ეცემა ქალაქს.

ის იღუპება, მას არ უვლიან,

ქვეყნის სიმძიმე მის გულს მოება.

და სიჩუმეში დაფარულია

ჩემი სიმართლე და სათნოება.

ქრიან ქარები ასე უსახო,

მოსჩანს ვარსკვლავი, როგორც ობობა.

ჩემს მწუხარებას ზრდის სატუსაღო

და ვგრძნობ საშინელ უმეგობრობას.

დრო ასეთია, ვღონდები ისევ,

დაბნელდა ჩემი ოცნების მხარე.

არყოფნის ღამევ! შენსკენ მოვიწევ,

არყოფნის ღამევ! შენ დამიფარე.