The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
გაზაფხული

გაზაფხული

დღეს მერცხალი შემოფრინდა, -

ჭიკჭიკითა გადმომძახა:

“გაზაფხული! გაზაფხული!

გულს იმედი დამესახა.

მივდექ სარკმელს, გადვიხედე,

არემარე მესხვაფერა! -

სასოებამ ფრთა გაშალა,

გულსა მკრა და ამიძგერა!

სუნი მეცა გაზაფხული,

უცნაური ვიგრძენ ძალი...

ვსთქვი, თუ: გულსა რაღად ვიტეხ?

ახლოს არის მომავალი!

მოვესწრები, რაც მინდოდა

ზამთრისაგან დაჩაგრულსა:

ვნახავ ქორწილს ბუნებისას,

გავიგონებ მის მაყრულსა.

დავყნოს ვარდსა გადაშლილსა,

ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას

და ბულბულიც გამაგონებს

მისებურად ტია, ტიას!”

1881 .