მერცხალი
I
მტკვრის გაღმა, ერთ დიდ სოფელში
გლეხკაცის დარბაზს ჭდეულსა,
მერცხლების ბუდით სავსესა,
მერცხლების ჭიკჭიკს ჩვეულსა,
თურმე ლამაზი მერცხლები
სიყრმითვე შემოსჩვეოდნენ,
მრავალჯერ გაფრენილიყვნენ,
მრავალჯერ ისევ სწვეოდნენ.
ყველაზე მეტად გვირგვინში
ისმოდა მათი ფრთხიალი,
ალერსი, ტკბილი ჭიკჭიკი,
აფრენ-ჩაფრენა, სრიალი...
ერთ გაზაფხულზე მერცხლებმა
ძალიან დაიგვიანეს;
ბალღებს ეწყინათ, დაღონდნენ,
დიდებმაც იეჭვიანეს:
ვაჰ, თუ რამეზე გაჯავრდნენ,
გაგვიწყრენ, გაგვებუტენო.
ჩვენთან აღარ სურთ მოფრენა
და ბუდეს სხვაგან იდგმენო!..
ამ დროს მერცხლები ერდოში
ჩამოსრიალდნენ წყვილადა,
დაიწყეს ფრენა გვირგვინში
და აჭიკჭიკდნენ ტკბილადა.
ოჯახში დიდი-პატარა
აავსეს სიხარულითა...
ბუდე კვლავ ჩადგეს, ჩაკვანწეს
ტალახით, ჩალაბულითა.
მალე დაჩეკეს ბარტყებიც,
დაზარდეს, დააფრთიანეს,
ასწავლეს ფრენა-ჭიკჭიკი
და ველი აახმიანეს.
როდესაც დედა-მერცხალი
შვილებთან იჯდა ბუდეში,
მამალი გარეთ დაჰქროდა
მინდვრად, ხან ცისა ზღუდეში.
სადაც ნახავდა მავნე მწერს,
მეხივით დაეცემოდა,
ზოგს თავად გადასანსლავდა,
ზოგს სახლში ეზიდებოდა.
II
სოფელში ერთ ბიჭს მეტსახელს
ეძახდნენ “დაუდგრომელსა”,
სულ გარეთ მოყიალესა,
ონავარს დაუცხრომელსა.
ამ მოუსვენარს სიცელქით
სად რა არ ჩაუდენია:
ჩიტების ჩამოუშლელი
ბუდე არ გადარჩენია.
რამდენჯერ უთხრა დედამა:
შე ცელქო, გლახაზნიანო,
ე მერცხლებს მაინც დაეხსენ,
თორემ შენც დაგწყევლიანო!
მაგრამ არ იქნა, სიცელქე
არც ამათ დაუგვიანა:
ქვა წამოუსვა ერთ ბარტყსა,
ცალი ფრთა დაუზიანა.
დაღონდა დედა-მერცხალი,
გული მოუკვდა მამალსა,
მინდვრად ეძებდნენ შვილისთვის
საშველად ათას წამალსა.
ხან ყვავილთ ცვარი მოჰკრიფეს,
ცის ნამიც დაალევინეს,
მაგრამ არ იქნა, საბრალოს
ფრთა ვეღარ გააშლევინეს.
დაკუტდა, დარჩა გვირგვინში,
ვეღარ გავიდა გარეთა,
ბუდეში დაფარფატებდა
უხმოდ და მგლოვიარეთა.
ჩუმად რომ იყო მერცხალი,
ბალღებსაც გული სწყდებოდათ,
ქვემოდან უალერსებდნენ
და მეტად ებრალებოდათ.
მინდვრად დასდევდნენ კალიებს
მიპარვით, მუხლზე ხოხვითა,
იჭერდნენ, მერცხალს აწვდიდნენ
ორკაპიანი ჯოხითა.
არც და-ძმას ავიწყდებოდათ
მათი დედ-მამის შობილი,
მოჰქონდათ ბუზი, პეპელა
ნისკარტში გამოწყობილი.
დედა წყალს ეზიდებოდა
შვილისთვის მუდამ პირითა,
მამაც გულს უხალისებდა
ათასნაირი ხილითა.
მაგრამ პაწია მერცხალი
მაინც ჯავრითა კვდებოდა,
მას თავისუფლად მინდორში
გაფრენა ენატრებოდა.
უნდოდა თავად ეშრომა,
ეცხოვრა თავის ოფლითა,
სურდა ყველაფრის შესწავლა,
დატკბობა წუთისოფლითა.
III
გავიდა მარიობისთვე,
მთლად გადაყვითლდა მთა-ველი,
აღარ ჩანს სათიბ-საცელი
აღარსად ერთი მტკაველი.
უნდა მიმართონ მერცხლებმა
ახალ თბილ ქვეყნის მხარესა,
გამოესალმონ დროებით
აქაურ არემარესა.
დაღონდა კუტი მერცხალი,
მთელი ოჯახი, კრებული,
უფრო კი მეტად დედ-მამა
დაფრენდა გაოგნებული.
შვილი არ უნდათ დასტოვონ
ცა-ქვეყნის ანაბარადა,
თან წასაყვანად ყველანი
გარს შემოერტყნენ ჯარადა.
მხრებში შეუსხდა დედ-მამა,
ერდომდის ააწიალეს
და რა ვერ შესძლო მან ფრენა,
უკანვე დაატრიალეს.
ჩამოსხდნენ ბუდის პირზედა
დაღონებულის სახითა,
დაუწყეს გამოთხოვება
ტირილითა და ვახითა.
დაჰკოცნეს, გამოესალმნენ,
შემდეგ დამწკრივდნენ განზედა,
გულამოსკვნილი ჭიკჭიკი
დაიწყეს დაბალ ხმაზედა.
უმღერდნენ ასე კარგა ხანს,
ნუგეშსა სცემდნენ მრავალსა,
შემდეგ აფრინდნენ, გაუდგნენ
უხმოდ გზას, შორად სავალსა.
IV
ამ სურათს მთელი ოჯახი
უმზერდა გაოცებული;
ებრალებოდათ მერცხალი,
ტირილით დაოსებული.
საბრალოს მეტი სლოკინით
გული მთლად ამოსჯდომოდა;
ან კი რა ექნა უბედურს
უმშობლოდ, უთვისტომოდა?!
ვინ მოუვლიდა მას ისე,
როგორც რომ დედა მშობელი,
მისი სულისდგმა, სიცოცხლის
შარბათით დამატკბობელი.
განა-კი დედა გულმკვდარი
არა ფიქრობდა ამასა?
მაგრამ სხვა თავის შვილები
მარტო ვერ ანდო მამასა.
V
დედას აუტყდნენ ბალღები:
დედილო, გენაცვლებითო,
რამე ვუშველოთ მერცხალსა,
თორემ ჯავრითა ვკვდებითო.
იქ რომ ის არის მარტოკა,
ჩვენ აქ გულები გვწყდებაო,
ამდენ ხანს ერთი ეულად
ან კი როგორა დგებაო.
სმა-ჭამის გარდა ბეჩავსა,
განა სხვა არა უნდა-რა?!
დედას იამა შვილების
ტკბილი ხვეწნა და მუდარა.
ჩამოიყვანეს მერცხალი,
ფრთა გაუსინჯეს, გაუხსნეს,
ერთ კვირას დაბლა ამყოფეს,
ბუდეში აღარ გაუშვეს.
ყოველ დილ-დილით მოტეხილ
ფრთას უსწორებდნენ ხელითა,
უვლიდნენ, ეფერებოდნენ,
საზრდოს აჭმევდნენ ხელითა.
მოშინაურდა მერცხალი,
გული კვლავ მისცა ლხენასა,
ფრთა გაუსწორდა, გაშალა,
აღარ უშლიდა ფრენასა.
დაიწყო ტკბილად ჭიკჭიკი
ხალისით, მხიარულადა,
დაუძმობილდა ბალღებსა
და მათ მიეცა სრულადა.
სადილობისას სუფრაზე
იმათთან ერთად ჯდებოდა,
შეექცეოდა ნამცეცებს,
არავის ერიდებოდა.
მას აღარ გახსენებია
საჭმელად ჭია, კალია;
მთელი ზამთარი ამ ყოფნით
გაათავა და გალია.
VI
ზამთრისგან შეწუხებულმა
ცამ ლურჯად მოიკრიალა;
მზე მიწას დაუახლოვდა
და სითბო დაატრიალა.
დამდნარა თოვლი, ყინული,
ბუნებას გაუღიმია,
ზვავს იბერტყავენ მხრებიდან,
სადაც-კი მთების ქიმია.
გაღვივდა მიწა, გაფუვდა,
გაივსო ძალით, ღონითა,
ველი ირთვება, იმკობა
ვარდ-ყვავილების კონითა.
შინ აღარ დგება მერცხალი,
მთელი დღე გარეთ სრიალებს,
მისი პაწია გულ-მკერდი
სიამოვნებით ფრთქიალებს.
პეპელებს აღარ ასვენებს,
ნავარდობს, დაფორიალებს,
ხის კენწეროზე დაჯდება,
ხან მზის სხივებში ცქრიალებს.
დედ-მამას ელის წამისწამ,
შორის გზით მომავალებსა,
სულ სამხრეთისკენ დაფრინავს,
აღარ ასვენებს თვალებსა.
VII
გამოჩნდა გუნდი მერცხლების,
ჭიკჭიკით მოიმღერიან,
სალამს აძლევენ ნაცნობ ველს
და მინდვრებს გადმოსცქერიან.
რა ამბავი აქვთ, რა ყოფა,
ნეტავ გაჩვენათ თვალითა!
სოფელს მოედვნენ გარშემო,
ჭყივიან მთელის ძალითა.
აგერა ერდო, დარბაზიც,
მათი გვირგვინი, ჭდეული,
აქ დარჩენილი მერცხალიც,
მთლად სიხარულად ქცეული,
შემოეხვივნენ, დაჰკოცნეს,
გადაეხვივნენ ფრთებითა,
შემდეგ შუაგულ ავრაზე
დამწკრივდნენ დალაგებითა.
დაუწყეს რაღაც ამბავი
მერცხალს თავიანთ ენითა;
დაღონდა, გაშრა საბრალო,
გული აევსო წყენითა.
ფრთები დაუშვა, ჭიკჭიკი
უცბად შეაწყდა ენაზე,
დაეცა უხმოდ, უსულოდ
გულაღმა დაბლა კერაზე.
არავინ იცის რა უთხრეს,
სუყველა გაკვირვებულა,
ეს კია - მისი დედ-მამა
წელს აღარ დაბრუნებულა.
1898 წ.