The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
მხედართა ძველი სიმღერა

მხედართა ძველი სიმღერა

მიტომ გაგვზარდა დედამა,

მისთვის გვეტყოდა ნანასა -

ტანზე აბჯარი ავისხათ,

მუდამ ვლესავდეთ დანასა,

რომ შიშს ვუგდებდეთ გულშია

მეზობელს მეტიჩარასა.

არ ვაქელინოთ სამშობლო

მეტოქეს ათას-გვარასა.

გამოვეთხოვეთ ნათესავთ,

ცოლ-შვილს და თავის ყანასა;

სიკვდილს სიცოცხლე აღვუთქვით

და პირი - სისხლით ბანასა.

ცოცხალის თავით ვერ მივცემთ

მტერს თავის მიწის ღალასა.

გაჰზრდის-ღა კიდევ მშობელი

ვაჟკაცებს ჩვენისთანასა?!

სამშობლოსათვის სიცოცხლეს

ისე ვწვავთ, როგორც ჩალასა,

ვწყდებით გულ-დამშვიდებულნი

და თანაც ვმღერით ამასა:

“მშობელი მოკვდეს, რა უშავ,

შვილები რჩება მამასა,

კიდევ ექნება ფრთეები

ამ წუთისოფლის ჯარასა.

კარგის მამის შვილს, წესია,

მტერიც უფრთხება კვალადა:

ხვალ და ზეგ ვერვინ გაჰბედავს

შინ შამოგვეჭრას ძალადა.

ყველას ისა სძლევს, სიცოცხლეს

ვინაც არ აგდებს ჩალადა.

ცოცხლები არვის დაუთმობთ

მშობელი მიწის ღალასა.

სიკვდილს აღუთქვით სიცოცხლე

და პირი - სისხლით ბანასა.

აბა თუ გაჰზრდის მშობელი

ვაჟკაცებს ჩვენისთანასა!”

სამშობლოს არვის წავართმევთ,

ჩვენს ნურვინ შაგვეცილება,

თორემ ისეთს დღეს დავაყრით,

მკვდარსაც კი გაეცინება.

არ მივცემთ სხვასა სამშობლოს

ჩვენის ცოცხალის თავითა,

უკან ვერ დაგვახეინებთ

მისთვის ნაძღვნევის შხამითა.

მტრისაკე მივიზიდებით,

რომ გავწყდეთ, როგორც ლომები.

ჩვენს ზურგს ვერ ჰნახავს მეტოქე,

რომ გვნახო, მოგეწონები!

შვილებს საზღაპროდ ექნება

ჩვენი ბრძოლა და ომები!

არ მივცემთ მტერსა სამშობლოს,

გულში დავიცემთ დანასა,

არ მივცემთ უცხო ტომისას

თავის მამულის ღალასა.

ესევ ასწავლონ დედებმა,

შვილთ როს ეტყვიან ნანასა!

გაჰზრდის-ღა კიდევ მშობელი

ვაჟკაცებს ჩვენისთანასა?

1904 წ.