The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
რაც გინახავს, ვეღარ ნახავ

რაც გინახავს, ვეღარ ნახავ

კომედია 3 მოქმედებად

მოქმედნი პირნი

თ. დავით ჯამბარაშვილი კოხტაია - დავითის მსახური.

მებატონე, ვოენში ნამყოფი. საქუა - ტასიას საქმრო.

ორომსე - დეიდა დავითის

0x08 graphic
არტემ ივანიჩი - ამისი ქმარი. ავეტიქა

ზაქარია - დავითის მეგობარი. გიჟუა ქალაქის ბიჭები

ნიკო ყურაშვილი -დავითის ფიჩხულა

მოურავი სოსანა

0x08 graphic
კატინა - ქვრივი, დავითის ნაყმევი. ლიზა

ტასია - ამისი ძმისწული. მ ა გ დ ა ნ ა სოფლის გოგოები

ილუა - კატინას ვაჟი. პელუა

სტუმრები და მეზურნეები.

პირველი მოქმედება

სცენა. დარბაზი: მარცხნივ (სცენიდან) იატაკზე გაშლილია ხალიჩები, დაფენილია ლეიბებით და ზედ მუთაქები აწყვია; მარჯვნივ სდგას უბრალო ხის სტოლი და რამდენიმე უბრალო სკამი. კატინა ფუსფუსებს სახლში.

პირველი სანახავი

კატინა (მარტო)

რა უსამართლობაა, თქვენი ჭირიმეთ!.. რას ჩადის ე ჩვენი ბატონი!.. სად გაგონილა, მამას შვილი წაართონ!.. მგონი, დიდიხანია გამოცხადებულია, რომ ბატონყმობა გადავარდაო... მაშ ეს რაღა ამბები აქვს ჩვენს ბატონს! თავ-ბედისა არა გამეგება-რა... რა ვქნა, კიდევ დაგვიბრუნდა ის მწარე დრო!.. ორი დღე არ იქნება, ბატონს მოურავი გამოეგზავნა ჩემ ძმასთან და უთვლიდა, შენი ქალი გამომიგზავნე, მოახლეთ მინდაო!.. ჩვენ ყველას ელდა გვეცა: დღე-დღეზე ქორწილს ვაპირებთ და ის კი ითვლევინება, გინდათ თუ არა, გამომიგზავნეთო. წავიდა ჩემი ძმა, ბევრი ემუდარა, მაგრამ ბატონს კინაღამ ცემით მოეკლა და გამოეგდო! დილას შემოვარდა მოურავი, დაუჭირა ხელი ჩემს ძმისწულს და ძალით წაათრივა - ბატონმა მიბძანაო! სიტყვა გვაქვს მიცემული, დღეს ჩვენი სასიძო უნდა მოვიდეს თავის ამქრით და ჯვარი დაიწეროს, ქალი კი ბატონსა ჰყავს! რა ვიცი, რა უბედურება იქნება ჩვენს თავსა! ამისთანა დაბრიყვება კიდევ იქნება!... გაგონილა!.. სადაც რა მოეწონება: ცხვარი, ძროხა, ხარი თუ ადამიანი - წამოავლებს ხელს და მიარბევინებს!.. არ ვიცი, ღმერთმანი, მარტო ჩვენთვის არის ბატონყმობა, თუ სხვისთვისაც?! სადა ხარ, ერთო კარგო პატრონო, რომ სულ სისხლით არ ამოადენ ბატონს ჩვენს ამაგს!.. რაღა ვქნათ, ამოდენა ნამზადისმა რომ ტყუილად ჩაგვიაროს!.. (ჩაფიქრდება).

მეორე სანახავი

ილუა

(შემოვა, იღლიაში პურის ნატეხი უჭირავს და სჭამს).

დედა ჩემო! რას გამოჭიმულხარ ე მანდა? მახარობელი კიდეც მოვიდა, ნეფიანი მოდიანო და ძიაც ბატონთან წავიდა ტასიას მოსაყვანათა: ადე, აქაურობა დაალააგე...

კატინა (წამოდგება)

შვილო, და მერე რა პასუხს მოიტანს ჩემი ძმა ბატონისაგან? იქნება ქალი არც კი დაანებოს...

ილუა

რას ამბობ ერთი შენცა! არ დაანებოს რა, პაპას ბაღია! იმისი რა არის?.. ეხლა მოურავი შემხვდა და მითხრა, ბატონმა როდი იცოდაო, რო ტასია დანიშნული იყოვო!.. გაიგებს თუ არაო, რო ნეფიანი მოდიანო, მაშინვე გამოგზავნისო, იმას თქვენი ქალის ცოდო რათ უნდაო! მერე დღეს კაი ქეიფზედ არისო. ქალაქიდგან ტუმრები მოსვლია...

კატინა (გახარებული)

მართლა, გენაცვალე? შენ პირს შაქარი, შვილო! მაშ წადი, გენაცვალოს დედა, ჩამოუარე მეზობლებს, მობძანდნენ. უთხარი, კაცი მოგვივიდა-თქო. ტასიასი კი არა უთხრა-რა, სანამ ჩემი ძმაც მოიყვანს. განა, შვილო. ბატონს კი არ ეშინიან! ის უფრო დიდი მწავლული არ არის! განა არ იცის, რომ ქვეყანაა და სამართალი! ჯვარის დასაწერად გამზადებულ ქალს როგორ წაგვართმევს!.. წადი,გენაცვალოს დედა!..

ილუა (ილუკმება)

ეჰ, ამი ჯულიც დაიქცა! მოვკვდი ამტელი სიარულით... დღეს ერთი ტაქანი ღვინოც არ დამილევია.

კატინა (მიფერებით)

გაისარჯე, გენაცვალე, შენ ქორწილშიაც სხვა გაისჯება!

ილუა (მორცხვათ)

ეჰ, დამანებე თავი! ქორწილი კი არა... იმისმა ტიალობამა! მაიტა, პატარა ყველი მაინც მამე!

კატინა

წადი, შვილო, კიდობანშია, ტაბაკზედ აწყვია, აიღე და ჩქარა ჩამოუარე მეზობლებს. სახლს ხომ ვერ გავაციებთ, ნეფიანთ უნდა დახვდეს ვინმე, თუ არა? აბა მორჩი, მალე!

ილუა (ამთქნარებს)

ღმერთმანი, წუხელის თვალი არ მომიხუჭავს... (მიდის თავის ფხანით) ე რა ჭირი აიტეხეს!..

მესამე სანახავი

კატინა მერე ლიზა

კატინა (დაჯდება)

გენაცვალეთ, ქანცი გამომეცალა ამდენი ფუსფუსით; მაგრამ ჯანი გავარდეს, ვინა ჩივის ჩემ დაღალვას, ოღონდ საქმემ კეთილად ჩაგვიაროს და გამიბედნიერდეს ჩემი ტასია! (წუწუნით) სადა ხარ ეხლა,შე გაგლეჯილო და გაბრტყვნილო მაკრინე, რომ შენს ტასიას არ დალოცამ!.. ვაი შენი ბრალიცა, შე ჩაქოლვილო!.. ნეტა იმ დღის მომსწრეს, იტყოდა ხოლმე უბედური: ჩემი ტასიას ქორწილში სულ ბუქნას დაუვლიო!.. ვაი შენ ჩაქოლვას, დამწვარო დედავ!.. ეჰ, თვალიც დაგიდგება შენ, სიკვდილო! შენთვის არც ქორწილია და არც ნიშნობა! ვაი ჩვენი ბრალიცა! ამდენი უნდა ვეწვალოთ და ვიდაგოთ, ბოლოს კი მოვა მიქელ-გაბრიელი და სტაფილოსავით ამგვაძრობს სულსა! იჰ, თვალიც დაუდგება, როცა ანდა ამომაძრონ, ჩემთვის სულ ერთია. (მიდის კარებისაკენ) ჩემმა ძმამ რათ დაიგვიანა, ნეტავი ბატონმა რა უთხრა?.. (იხედება). აი სტუმრებიც მოდიან

მეოთხე სანახავი

იგივე და ლიზა

ლიზა(შემოდის)

მოგვილოცავს, კატინო, ტასიას ბედნიერება! ღმერთმა ისე გააბედნიეროს, როგორც თავის გული სთხოვდეს.

კატინა

შენც გაგაბედნიეროს, შვილო, მალე შენი ქორწილიც გვაჩვენოს...

ლიზა (მორცხვათ)

ქორწილი კი არა და... ჯერ არავინ არ მოსულა?

კატინა

კაცი მოგვივიდა, მოდიანო. თქვენ რაღა იქენით, შვილო, უცხოები ხომ არა ხართ, მეზობლები ხართ. დაირა მაინც დაუკარით და დროება გაატარეთ; ისინიც საცაა მოვლენ.

ლიზა

გოგოები ყველანი მოდიან, დაირაც მოაქვთ და ბუზიკაცა... მაგრამ პატარძალი სადა გყავთ?

კატინა

ტასია, შვილო, ე მანდ კატარინესთან შევიდა, ჩიქილას არშია უნდა მოუვლონ და ეხლავე მოვა, სანამ შენ ქალები მოიყვანე.

ლიზა

მაშ წავალ და დაუძახებ.

კატინა

აბა, გენაცვალე, მალე. ყველას უთხარი, მოვიდნენ.

ლიზა

კარგი, კატინავ, კარგი (გაირბენს გარეთ).

კატინა

სტუმრები კი მოდიან, მაგრამ... კარგი საქმე არ მოგვივა, რომ იმ სასიკვდილემ ი ქალი არ დაგვანებოს!.. რა ვქნა, სიძეს ყველაფერს ვუამბობ და რაც უნდათ, ის ჩაიდინონ! (მიდის კარებისაკენ) აი, ქალებიც მოდიან.

მეხუთე სანახავი

იგივე, ლიზა, მაგდანა, პელუა და სხვანი

ყველანი

მოგვილოცავს, კატინავ, ტასიას გაბედნიერება.

კატინა

გმადლობთ, გენაცვალეთ. აბა, ხალიჩაზედ ჩამომწკრივდით და გამხიარულდით. ლიზაჯან, შენ იცი, შვილო, როგორც შემიქცევ ქალებს. (დასხდებიან).

ლიზა

აბა, ქალებო, გამხიარულდით. დაუკარით დაირა, ნაღარა, ბუზიკას მე დაუკრამ... რა ბაბაყულებივითა სხედხართ! ადე, მაგდანო, სათამაშოთ მოემზადე.

მაგდანა

ნეტა რა ვქნა! უწინ შენ ითამაშო!..

ლიზა

რას ტუტუცობ. ქალო? სუყველა უნდა ვათამაშო. ადექი ჩქარა!

მაგდანა (ნაზობს)

არ ვიცი, ღმერთმანი!

ლიზა

ითამაშე, ქალო!

მაგდანა

რა ვქნა რომ არ ვიცი?

ლიზა

იმდენი შავი ჭირი გეცეს! როგორ არ იცი, შე სასიკვდილევ! მაშ ორუღელაანთ კალო ვისგან არის დატკეპნილი: გიჟი მოზვერივით რო დაფუნდრუკობ ხოლმე! დაუკარით დაირა. (ერთს) შენ ნაღარა, მე ბუზიკას დაუკრამ. (უკრავენ მაგდანა სოფლურათ თამაშობს).

ლიზა

(მაგდანას, თამაშობას რო გაათავებს)

აკი არ ვიციო? მიწამ კი გიყოს პირი!.. აბა, პელო, ახლა შენ...

პელუა

ვერა, გენაცვალე, ვერ ვითამაშებ.

ლიზა

რა ამბავიაო? ადე, ეეთრიე, თვალიც გამოგპრუწვია!

პელუა

დედ-მამა არ დამეხოცება, ვერ ვითამაშებ!

ლიზა

ნეტა რა ვქნა! რა მოგჩვენებია?

პელუა

ქალო! ხომ იცი, რომ გლოვიარეთა ვართ?

ლიზა

ვიზედ?

პელუა

ჩვენებიანთ პავლიაზედ.

ლიზა (ხელს დაუჭერს).

რა დროს პეტრე და პავლეა! ადე, ითამაშე, ქორწილია! სატირლად კი არ მოვსულვართ აქა!

ყველანი

ითამაშე, ქალო, არა უშავს რა.

პელუა

კარგია, დაუკარით (თამაშობს, ტაშს უკვრენ)

ლიზა

(თამაშობას რომ გაათავებს, პელუას)

აკი მგლოვიარეთ იყავი, კარგათ კუნტრუშობ...

მაგდანა (ლიზაზედ)

ახლა ეს სასიკვდილე ვათამაშოთ.

ლიზა

ჯერ დაიცადეთ, კატინა მინდა ვათამაშო. ითამაშე, კატინო!

კატინა

შენ კი გაიხარე! კუდი ვერ ამიწევია, შვილო, რა თამაშობისა მცხელა?

ლიზა

შენი თვალების ჭირიმე, კატინო, ითამაშე!

ყველანი

კატინო! ითამაშე, შენი ძმისწულის ქორწილია.

კატინა

კი არ დამცინოთ, გენაცვალეთ, დაუკარით! (თამაშობს და რომ გაათავებს) ქალებო! დრო გაატარეთ, მე მინდა სამზვარეულოს მივხედო. (გადის).

მაგდანა

აბა, ლიზავ, ახლა შინ ითამაშე!

ლიზა

ბუზიკას ვიღა დაუკრავს?

მაგდანა

აი, კატარინე.

ლიზა

დაუკარით! (უკვრენ, ის თამაშობს).

პელუა

ლიზაჯან, შენი თვალების ჭირიმე, კოჭლურათ რომ იცი, ისე ითამაშე, შენ გენაცვალე!

ლიზა

რაღა მიქნია!

მაგდანა

კარგია, ნუ იპრანჭები, ითამაშე.

ლიზა

ჯანი და სული წაგივიდეთ, დაუკარით! (თამაშობს).

პელუა

(ლიზას, თამაშობას რომ გაათავებს)

გოგოჯან, ერთი მარჩი დაუკარი!

ლიზა

ტაში კარგა ააყოლეთ! (უკრავს). ტაშ! ტაშ!

შორიდგან ისმის ზურნის ხმა «ქოროღლი»

მეექვსე სანახავი

იგინივე, კატინა და ნეფიაანი საქუა, ავეტიკა, გიჟუა, ფიჩხულა, სოსანა, მეზურნეები და კიდევ რამდენიმე სხვა სტუმარი ანთებულის წმინდა სანთლებით

კატინა (შემორბის)

გენაცვალეთ ქალებო, გამხიარულდით, აგერ ნეფიანიც მოდიან. (ისმის ზურნის ხმა და ღრიალი)

სტუმრები (შემოვლენ)

შვიდობა აქაურობას!

ფიჩხულა (მეზურნეებს)

აბა, ერთი ლოთიანი ბაღდადური!

ყველანი

ტაშ, ტაში! (სათითაოდ თამაშობენ).

ავეტიქა

ლეკური! ლეკური ჩქარა! განზედ! (თამაშობს).

გიჟუა

(თამაშობის დროს ღრიალებს)

ხალხნო! რომელი ხართ, ჩქარა ღვინო, თორემ დავიხრჩენით! ეეე!

სოსანა

ღვთის ცეცხლი, სანამ სხვა აგიტყდებოდეს რამე!.. (დასხდებიან, ზოგი მღერის, ზოგი ღრიალებს, ზოგი ერთმანეთს ელაპარაკება, ხმაურობა. ქალები ძირს ქეჩა-ხალიჩაზედ დასხდებიან და ქაღალდს თამაშობენ. ჩუმი ბაასი).

ილუა

(შემოაქვს ხონჩით საუზმე: ხორაგეული, ლავაშები, ჯამები და დიდი დოქით ღვინო)

აბა,თქვენი ჭირიმეთ, ქეიფი გასწიეთ. (სტოლზე დასდგამს და ჯამზედ ღვინოს დაუსხავს).

ფიჩხულა (ილუას)

ოჰ, მოყვარევ, როგორა ხარ? აბა, ერთი შენებურათ დაასხი ღვინო!

ილუა

ამ საათში. (ყველას დაუსხამს).

ფიჩხულა (მღერის)

«ჰაი, გაფრენილო. გიწამე... გიწამე და გაიგონე»...

გიჟუა (ჯამით ხელში ადგება)

ბიჭებო, შეითნებო! ეს ღმერთმა ადღეგრძელოს ამ ოჯახის კეთილი ანგელოზი! (სვამს,დაჯდება).

ყველანი

ადღეგრძელოს!

ფიჩხულა (აიღებს ჯამს)

ეს ღმერთმა აცხონოს ნოე, რომ ღვინით დათრობა მოიგონა... (სვამს).

სოსანა (აიღებს ჯამს)

ანგელოზებო! გენაცვალეთ მაგ სულის ყანყრატოში, თქვენი სადღეგრძელო იყოს! აბა, ავეტიქჯან!

ავეტიქა (პურზედ დააწვეთებს ღვინოსა)

ეს ღმერთმა აცხონოს ჩემი დედ-მამა: მიკიჩა და ოსანა! (სვამს).

ფიჩხულა (ავეტიქას)

წადი, შენი, ნეგადიცა... ეგ რასა სვამ?

ავეტიქა

ვა! დედ-მამაზე ახლო ვინა მყავს? (სხვები იცინიან).

გიჟუა

სმენა იყოს და გაგონება! ესეც ღმერთმა ადღეგრძელოს ჩვენი ძმა ბიჭი საქულა! კეთილი იყოს მაგის ფეხი ამ ოჯახში, ჩვენი ძმობა ნუ მოუშალოს. (სვამს)

ყველანი

ამიიინ!

სოსანა (ჯამით ხელში ადგება)

საქულიჯან! შენი ქრისტეს ჭირიმე! გენაცვალე, ძმაოჯან, მაგ კოკობ სულში! ღმერთმა ისე გაგაბედნიეროს და გიცოცხლოს შენი გვრიტი, როგორათაც დედიშენის წყვილი ძუძუ სთხოვდეს! (სვამს). ფიჩხული! ალავერდი შენთან, შე ვირის დათვო!

ფიჩხულა

იახშიოლ, სოსანჯან! (ადგება ჯამით) საქულიჯან, შენი სადღეგრძელო იყოს! ღმერთმა კეთილი ლუკმა გაჭამოს, ძმაოჯან! შენმა მზემ ისე გაგინათოს, რომ არც დაგცხეს და არც შეგცივდეს! (სვამს). დაცლაზეა! უსტა, ავეტიქ, ალავერდი!

ავეტიქა

შეგეწიოს. (იღებს ჯამს). მახლას, ამოტელა ღვინო რა ამბავიაო? სწორეთ შავი ზღვა არის! (სდგამს). ვერა, ძმავ, ვერ დავლევ, ისე დაგლოცამთ... ტიკივით გავიბერები, ხომ მოვკვდი? მე სულ რუმკებითა ვსომ...

ფიჩხულა

დალიე, თორემ ზედ თავზე დაგასხამ, გესმის თუ არა?

ავეტიქა (წყრომით)

არც კი მიკვირს შენი ჭკუისაგან! ბიჭო, ზოგჯერ რა ძალიან ტუტუცები ხართ ხოლმე? ეს რა ეშმაკებში ჩავვარდი.

გიჟუა (შეუტევს მუშტით)

დალიე, შენი დედმამის სულის... ჭირიმე-და! ჩქარა! გვწყურიან!

ავეტიქა (აიღებს ჯამს)

გაგხეთქოთ ღმერთმა! ეს ოხრები სწორეთ ღვინის ხორველები არიან!.. საქო, გაცოცხლოს, გიცოცხლოს შენი ნუგბარი. დაგაჭკვიანოს, თორემ ცოტა ჰოპოპების გაფრენა იცი ხოლმე! გახსომს ერთხელ აბანოში კინაღამ ჰაუზში დამახრჩე?! (ყველანი იცინიან). ღმერთმა მშვიდობა მოგცეს, ჯიბის ბარაქა და ყადრი! (სვამს).

გიჟუა და ყველანი (დუდუკზე მღერიან)

ეს ბაღი ტურფად შემკული,

შიგ ვარდი გაბრწყინებული;

ვინ მოჰკრებს მებაღის მეტი

გინდ იყოს ვაჟკაცთ კრებული?!

სანამ ცოცხალ ვარ, ასე ვიქ,

ვახარებ ჩემსა იასა;

მოვკვდები, გაუხარდება

სამარის კარსა ჭიასა!

დუშკაჯან! შენი ჭირიმე.

ლამაზო! შენთვის ვსტირი მე!..

გიჟუა (სიმღერის შემდეგ)

კარგია, მუდრეგებო, დაჩუმდით! ახლა დავლიოთ. (იღებს ჯამს). ეს ღმერთმა აცოცხლოს ის ხე, რა ხეც რომ წყლის პირასა დგას და უწყლოთ კი ხმება. (სვამს). აბა, პოლკოვნიკებო, მიირთვით.

ფიჩხულა

ეს ღმერთმა აცოცხლოს ის ფარანი, რომელიც რომა, ეხლა, ვთქვათ, ძალიან ბნელი ღამეა - და რომელიც რომა ბნელ ღამეში გაგვინათებს და გზას გვიჩვენებს, გვეუბნება რაღა: აქეთ წამოდით, არსად ჩავარდეთო!

სოსანა

ეს ღმერთმა აცოცხლოს ის ვარსკვლავი, რომელიც რომა მთვარეს დასდევს უკანა, სიყვარულით არა შორდება, უნდა სულ უყუროს და მთვარეს კი ეჯავრება! (სვამს).

ავეტიქა

ეს ღმერთმა აცოცხლოს ის ჭკვა, რომელიც თქვენისთანა ტუტუცებისთვის ღმერთს არ მიუცია, თორემ ქვეყანაზედ ღვინოს ფასი არ ექნებოდა! (სვამს, ყველანი იცინიან).

გიჟუა

წადი, შენი სულელი პატრონიცა... ერთი ლეკური გავახუროთ და (ქალებზე) ეს ანგელოზები ვათამაშოთ! დაჰკა! (ლეკური).

სოსანა

(ყველანი რომ ითამაშებენ, მეზურნეებს კარში გაიყვანს).

ავეტიქა

საქო! შენ რომ ამათ უყურო, წითელ პარასკებამდის არ აიშლებიან! რაღას უყურებ? უთხარ რაღა, ქალი მოიყვანონ; ხომ იცი გზა დიდი გვაქვს. (კატინა ადგება და ისა და საქუა სცენის უკანა პლანზედ ლაპარაკობენ).

გიჟუა (ქალებს გადახედავს)

ბიჭო! ბიჭო! ერთი შეხედეთ, ერთი შეხედეთ!.. ვაი! ვაი ვაი!.. აქეთ მხარეს რა კარგი გოგოები სცოდნია, და! უთუოთ მეც აქაურ ქალს წავიყვან...

ფიჩხულა

ბიჭო! წყნარათ იყავი, შენ შენი ღმერთი, თორემ ხომ იცი აქაურების ამბავი. კეტებით სულ თავპირს დაგვამტვრევენ!

გიჟუა

ვა, დაგვამტვრევენ რომელია? ცუდი რა მითქომს? მაშ სახლში ხომ არ დაობდებიან, არ უნდა დათხოვდნენ? (ლიზაზედ) ერთი შეხედეთ, ბიჭო, ერთი შეხედეთ, აი კელაპტარივით რო ურჭვია! შენი გულისა, შენი! რა ხოხობი ხარ!

ფიჩხულა

რა დროს ეგენია, მუდრეგო, მოჰყოლიხარ შენცა, ლამის მუცელში ხორველა გამიჩნდეს! დაასხი ღვინო!

ლიზა (გაწიწმატებული)

პირი კი გაგიშავდა, ვიღაც ოხერი გდიხარ! ჩუმათ ეგდე, თორემ, თუ ჩემს ძმას დაუძახე...

გიჟუა

დაუძახებ, მე ვიცი, ხელათ თავის და არ შემრთოს! რა იქნება?

ლიზა

თვალი შენც დაგიდგა და შენ შემრთავსაც!..

გიჟუა

თუ მე მწყევლი, დუშინკაჯან, შენ თავს რაღას ემართლები?! დამწყევლე, გენაცვა, დამწყევლე, შემაჩვენე, ჩამქოლე, მოდი, დამახჩე, - არ მეწყინება!. აააჰ!.. ერთი შენი თავი შამწვარი მამცა!..

ლიზა

(წამოიწევს, ქალები დასმენ)

არ დაჩუმდები, შე ოხერტიელო, ვიღაცა ხარ!...

ავეტიქა

ვა! ვა! ეს ვისი რა არის? რა მაგარ-მაგარს იძახის ფრანციცული თუთიყუშივით! გოგუცკიჯან, რა იყო?

ფიჩხულა (გიჟუას)

კაცო! რიგიანად მოიქეცი, რას ჩადი, შე მხეცის კოლოფო?

გიჟუა

ერთი ხელი აიღე, მამა გიცხონდა! რას ვაშავებ? ის მე ვიცი, როგორც მოვიქცევი...

ავეტიქა

ვა! როგორ არ გეცოდინება, გემნაზიაში სულ მაგას არ გასწავლიდნენ! (იცინის).

გიჟუა

დაიფანტე, შენი ოხერი... ეეე! მაიტათ ღვინო, დავლიოთ! აიღე, ფიჩხული! ისევ ისა სჯობიან, რომ დავლიოთ... საიქიოს რაც ანდრია დალაქმა წაიღო, იმას ჩვენ წავიღებთ! მეტს რას გამოვრჩებით ამ წუთი სოფელს!.. ვინ იცის, საიქიოსაც იქნება ღვინო, თუ არა?

ავეტიქა

ამბობენ, ძალიან ბევრი არისო. შენ იცი, რას იზამ?.. აქედამვე პატენტი წაიღე და იქ ტრახტირი გააღე! (იცინის).

გიჟუა

ერთი ამ ხორველის ანგელოზს უყურეთ და, რა ამბავშია!.. (აიღებს ჯამს). ეს ღმერთმა ადღეგრძელოს ის ორი მტრედი, რომელიც ხის კენწეროზედ სხედან და არ შეუძლიანთ ერთმანეთთან გადაფრენა, ელიან ქარს, აგება ამოვარდესო და ეს ტოტები ერთმანეთს მიახალოსო!..

ყველანი

ღმერთმა აცოცხლოს!

ფიჩხულა

ესეც ღმერთმა ადღეგრძელოს ის მზე, რომელიც ჩვენ დაგვათბობს და არ დაგვწვავს!..

საქუა (შეღრიალებს)

ერიჰააა!.. მართალს ამბობ?

ყველანი

რა იყო, საქო, რა ამბავია?

საქუა

ვა! რაღა რა ამბავია, ქალი ვიღასაც წაუყვანია!..

ავეტიქა

როგორ თუ წაუყვანია?

საქუა

რა ვიცი, (კატინაზე) აი ეს ამბობს... ვიღაც ოხერი ბატონი ჰყოლიათ, იმას წაურთმევია, მოახლეთ მინდაო...

ფიჩხულა

ვა! თუ წართმევაზედ იქნება, ბულვარზედ რომ ჩინონიკები დადიან ხოლმე თავის ლამაზი ქალებით, რომელიც მომეწონება, წამოვიკიდებ მგელივით ზურგზედ და გავაძუნძულებ! ეგ როგორ იქნება?!

ავეტიქა (კატინას)

ნათლიდედ, სწორეთ ამბობ?

კატინა

სწორეს როგორ არ ვამბობ, ჩემი ძმა ჯერ სამჯერ ყოფილა ბატონთან და არ ანებებს!

ავეტიქა

ვა! რო არ ანებებს, რომელი საბუთების ძალით არ ანებებს?

კატინა

რა მოგახსენო, შენი ჭირიმე, მოახლეთ მინდაო...

ავეტიქა

ვა! ეგ რა ზაკონია! მაშ რომელი ქალიც მომეწონება, წავავლებ ხელსა, მოახლეთ მინდიხარ მეთქი, ჰა?..

გიჟუა (ლიზას)

წამოდი, სულოჯან, მოახლეთ მინდიხარ!.

საქუა

კაცო, რა დროს ეგენია? რა დროს ეგენია? ვაიიი!

ფიჩხულა

(ხელს თვალებთან მიუტანს)

ეეე! მუდრეგ!

გიჟუა

ჰო, რა იყო? რას მომცვივდით, გიჟები არიან ოხრები! წავიდეთ რაღა! ერთი დავტრიალდე, როგორც ფირანას ჯორი!..

ფიჩხულა (საქუას)

ვაი, მე იმისი ფათრეთი... მერე რას ამბობს, ბიჭო?

საქუა

რას ამბობს... არ იძლევაო!

ფიჩხულა

როგორ თუ არ იძლევაო? ეეე! რას ამბობ? წავიდეთ, ბიჭებო, ერთი დავაკერო! რო ასტამით ვერ აფხიკოს!

სოსანა

ვაი, მე იმისი... სული კი დაიქცა! (იმკლავებს). ერთი ჩავაფარო რომ სამჯერ მიჭკამალაყი გადაიაროს!

გიჟუა

ვა! ერთი თვალით დამანახვეთ, რის კაცია! მოდით, წავიდეთ რაღა. (მიდიან).

ავეტიქა

მაიცა,. მაიცათ, ტუტუცები ნუ ხართ მეთქი! რო მიდიხართ! სად მიდიხართ? ჯერ ისა სჯობია, ერთი ვინმე გავგზავნოთ, იქნება ქალს იძლევა...

კატინა (გააწყვეტინებს)

დიახ, ნათლიჯან, მეც აგრე მგონია. იმ სასიკვდილე მოურავს რაღაც ენა მიუტანია ჩემ ძმაზედ და იქნება შესაშინებლად წაგვართვა ქალი. აბა, იმას რათ უნდა?

საქუა (გაცხარებული)

რის შესაშინებლათ, მამა გიცხონდა შენცა! მაშ საცა ვინმე კნიაზმა გიბრძანოთ, ყველას მიეცით ქალი, მერე მე უნდა წავიყვანო?! წადი, უთხარ, ეხლავე გამოგზავნოს და თუ შენ ძმასთან საქმე აქვს, იმას მოურიგდეს, ქალისა რა ბრალია?! ერთი ეს მითხარ, მართლა უმიზეზოთ წაიყვანა?

კატინა

უმიზეზოთ, უმიზეზოთ, ტასიას გაბედნიერებამ.

საქუა

მაშ წადი! მორჩა .. რაღასა დგეხარ?

გიჟუა

დედიჯან, ესე უთხარი იმ კნიაზს: შეითან ბაზრიდან პრისტავები მოსულან, შენი ნახვა უნდათ-თქო!

ფიჩხულა

თუ ქალი არ დაგანებოს, ღვდელს დაუძახოს და ეზიაროს! უთხარ, სულთამხუთავები შენ სანახავად მოსულან-თქო.

საქუა

კარგია, თუ ღმერთი გწამთ, რა დროს ეგენია! გაუშვით, წავიდეს. (კატინა გადის).

გიჟუა (საქუას)

რა ყურები ჩამოყარე უხეირო ჯორივითა, შენი პატრონიცა!.. რა მოხდა, რა არის? იმაზედ ხომ მეტი არ მოგვივა, ორთაჭალაში რო გვთელეს?! რა ძალიან ცოტა მოგხვედრია შენცა!.. ჩვენი ხორცი ისე გამაგრებულია, რომ სოლუა ყასბის მჭრელი ხანჯლითაც ვერას დააკლებ! წავიდეთ, ასე მიულეწო სახლ-კარი, ვინც შავიდეს, დაბახანა ეგონოს!..

ავეტიქა

ბიჭო! რა ძალიან ტუტუცები ხართ! მიულეწო რა! შენი აშენებულია?! ერთიც ჭკუა მოიგროვეთ მაგ ოხერ თავებშია და! ხომ იცით! ეხლა ქვეყანაზედ ზაკონები არის? ზაკონმა თუ გაამტყუნა, ციმბირს იქით რომ ქვეყანაა, იქაც გაგზავნიან!.. გესმით, რას გეუბნებით? იქნება ის კაცი მართლა ხუმრობს და თუნდ არცა ხუმრობდეს, მაინც კიდევ ტკბილი სიტყვა უნდა... და თუ კიდევ არა გახდა რა, მაშინ მე ვიცი, რა ზაკონებიც ვთქომ. სუდში!..

საქუა (ყვირის)

რას ამბობ, კაცო, რას? ცოლი წამართო, ცოლი!.. მე იმას ტკბილ სიტყვას ვეტყვი? დედაკაცი ვარ?! არა, მე უნდა წავიდე. (მიდის ჩქარა)

გიჟუა (ჩოხის კუდში წაავლებს)

მოიცა, საქულიჯან, მოიცა!.. სად მირბიხარ, რომ მირბიხარ? მე აქ ვიყო და შენ ადგილიდან ფეხი მოგაცვლევინო! რა გაჭირდა ისეთი? ერთი კაცი არ არის?! ოსმალოს ზარბაზანი ხომ არ არის?! თუ ჩხუბზედ იქნება... მოვიდეს, სპილოა, თუ რკინის კაცი, რომ დავარტყა!.. მაგრამ ეგრე არ იქნება, ჩემო ძმაო, ავეტიქა მართალს ამბობს: ჯერ წყნარათ ველაპარაკოთ და თუ არა გამოვა რა, მაშინ შენ მიყურე, რას ვშვრები! შემოხედე! (მუშტს უჩვენებს) ერთი დავადო თავში, რომ კამბეჩები დაინახოს, პირჯვარს იწერდეს!

სოსანა

ჰო საქულიჯან, ეგრე სჯობიან და თუ ვერაფერი გავხდით, ხომ იცი ჩემი ამბავი: იმ წამსვე ასლანას გიჟი ყოჩივით დავეტაკები!...

ფიჩხულა

მაშ მოდით, ვინმე გავგზავნოთ, ჯერ შენ ნუ წახვალ, საქული!

ავეტიქა

მე წავალ. მაგისთანა ტუტუცი კნიაზების დაჭკვიანება მე უფრო ვიცი: ერთი-ორი სმეშნოი რამე უთხარი და მერე, თუ გინდა, ბურთივით ისროლე! მე მითომ არაფერი არ ვიცი, ვთხოვ, რომ ქორწილში გვეწვიოს, ამიტომ რომ შარცხვება და იქნება ქალი მაშინვე ჩუმათ გამოაქციოს. ქორწილში ისიც კარგათ დავათროთ და (გიჟუას) მერე შენ იცი, ტუტუცების უსტაბაშო! - შენებურათ რამე შარი მოუდე და ასე დანაყე, რომ ძვალი და რბილი ჰარისასავით აერიოს!.. მაგრამ ჯერ კი გთხოვთ, თუ საქმე იყოს, სულ ტკბილი სიტყვა უთხარით, მაგითი ჩვენ არ წავაგებთ. თუ დაუყვირებთ, რა გამოვა, ის უარესათ დაგვიყვირებს, ამიტომ რომ იმას უფრო მსუქანი ჰოპოპები ეყოლება - კნიაზი არის!..

გიჟუა (უცბად ფანჯარისკენ)

ვა, ეს რა ამბავია, თავ-პირ დამტვრეული კაცი მორბის!

კატინა (შემოვარდება)

მიშველეთ, გენაცვალეთ, ჩემი ძმა მოჰკლეს!

ყველანი

(გაცვივდებიან ხმაურობით).

ფარდა

მეორე მოქმედება

სცენა წარმოადგენს დავითის კაბინეთს მორთულს, ფარდა აიხდება, სცენა ცარიელია. დავით და ზაქარია შემოდიან.

პირველი სანახავი

დავით და ზაქარია

ზაქარია (ლაპარაკით შემოდის)

ძალიან კარგათ მოგიწყვია ზვარი, მაგრამ ცოტა ფართო ხეივნები რომ დაგეტოვებინა, უფრო კარგი იქნებოდა.

დავით

არა, ზაქარ დავიდიჩ, ხეივანი ამაზედ ფართო აღარ შეიძლება; მაგრამ ამას თავი დავანებოთ... მე მინდოდა შენთვის რჩევა მეკითხა შესახებ მამულის შემუშავებისა ბოლონდელ ახალს სისტემაზედ...

ზაქარია

დიდის სიამოვნებით! მაგრამ კი არ გირჩევ, რომ ძველ ვაზებს ხელი ახლო ზვარში... ახალს თუ ჩაჰყრი, სულ სხვა არის, ამიტომ რომ...

დავით

რასაკვირველია! ძველებს ხელსაც არ ვახლებ. რაღა დროს იმათი წვალებაა, ადამის ჟამისა არიან!.. ერთხელაც ვცადე ახალი დარიგება და ხუთი ასეთი სააბის ვაზი გამიხმა, რომ მთელ ზვარს მერჩივნა...

მეორე სანახავი

იგინივე და კოხტაია

კოხტაია (შემოდის).

ბატონო! ვინცხა ქალაქის ხალხია და თქვენი ნახვა ქე უნდათ.

დავით

როგორ თუ ქალაქის ხალხი, ვინ არიან? როგორ აცვიათ?

კოხტაია

ასთე, ბატონო, შავი ჩოხები აცვიათ, მარა მთლა გაბრწყინებული, და ზოგს მისთანა ვუშველებელი ქუდი ხურავს, რომ ასთე მეგონა, მთელი ცხვარი დოუდვია თქო თავზე! მე მითხრეს, შენი ბატონი შინა ბრძანდება თუ არაო?

დავით

არა უთქვამთრა, რა გვინდაო?

კოხტაია

არაფერი, ბატონო, ისთე ვუნელებელი დამართებიათ, რაცხა ქეიფზედ არიან; ზოგი მისთანა კივა, რომე ყურები მთლა წეიღო! არა კაცი ჭკუაზედ არ არის... თითქო ჯამრობენ...

დავით

არ მესმის, ვინ იქმნებიან! წადი, ბიჭო, მოურავს დაუძახე და იმათ უთხარი მომიცადონ...(იქით) კოკა ამ ერთზედ კი არ გატყდეს!! ფიქრი არ არის!...

კოხტაია

ა, ბატონო, ახლავე გაახლებ. (გავა)

მესამე სანახავი

იგინივე, გარდა კოხტაიასი

დავით

არ ვიცი, რა ენდომებათ! (იქით) მე იმათ სიბრიყვეს არ დაუთმობ და მგონია, საქმე კარგათ არ წავიდეს. (ჩაფიქრდება).

ზაქარია

შენ, დათიკო, როგორღაც შეფიქრიანდი! იმისთანა ხომ არაფერი არ არის, რომ...

დავით (თავგამოდებით)

არაფერი! ისეთი რა უნდა იყოს! უთუოთ ამ შეჩვენებულ ჩემ ბიჭებთან ჩხუბი მოუვიდოდათ და საჩივლელად თუ მოვიდნენ ჩემთან...

მეოთხე სანახავი

იგინივე და მოურავი

მოურავი

დილა მშვიდობისათ, ბატონო! რას მიბძანებ, შენი ჭირიმე?

დავით

შენ, ნიკო, რატომ კარგათ არ ჩაგიცვამს, ვერა ხედავ, როგორი სტუმრები მოგვსვლია: კოხტაია ამბობს, მთლათ ბრწყინავენო! (ჩაიცინებს)

მოურავი

თუ არ დაგიშლიათ, ეგენი ნუ მომიკვდებიან, პონპოლიკის სერთუკს ჩავიცვამდი! ჩემი მორთვა ეს არის, შენი ჭირიმე, მტერსაც ამითი დაუხვდები და მოკეთესაც!..

დავით

ხუმრობა გაშვებით და მე იმიტომ დაგიძახე, შეიტყვე, ვინ არიან, ან რა უნდათ?

მოურავი

მე მგონი, შენი ჭირიმე, ჩვენი ფილიპეს სასიძოა თავის მაყრებით. არ ვიცი, სწორე მოგახსენო...

დავით (შემკრთალი)

ფილიპეს სასიძოვო!! (ფიქრობს) უთუოთ საქორწილოდ მოსულან! შენ წადი და ჰკითხე. რა უნდათ, ხომ არ გიკითხავს? სანამ მე ოთახში შევალ და ტანისამოს ჩავიცვამ. (დავითი თავის ოთახში და მოურავი შუა კარით გავლენ).

მეხუთე სანახავი

ზაქარია, მერე მოურავი

ზაქარია (დადის)

ჩემს მეგობარს, ცოტა არ იყოს, თმები აეშალა. აქ რაღაც ამბავია! ვნახოთ, რა იქნება. დათიკო როგორღაც გადაკვრით მელაპარაკებოდა, როგორღაც აღელვებული იყო!..

მოურავი (შემოდის)

აბა... ბატონი სადა ბძანდება შენი ჭირიმე?

ზაქარია

აქ არის ოთახში, რა ამბავია?

მოურავი

არაფერი, შენი ჭირიმე, იმისი ნახვა უნდათ.

ზაქარია

მოურაო! მე ვერა გავიგე რა, აქ, მგონია, რაღაც ამბავია! მითხარი, რა საქმე აქვთ? შენი ბატონი ძალიან შეფუცხუნდა...

მოურავი

აი, შენი ჭირიმე, რა არის: ბატონმა სახლში შემოიყვანა გოგოთ თავის ყმის ქალი; იქნება ნახეთ კიდეცა, კაი თვალჩინიანია, ღვთის წინაშე... თურმე ნუ ბძანებ, შენი ჭირიმე, ის გოგო დანიშნული არა ყოფილა ერთს ქალაქის ბიჭზედ! იმისმა მამამ გვითხრა, მაგრამ ბატონმა არ დაუჯერა... ეხლა საქმრო მოსულა ამქრით და ნამზადისით და ჯვარის წერას აპირებს, ქალი კი მაგასა ჰყავს! ნეტავი ეხლა მაინც დაანებოს! შენ გენაცვალე, შენ მაინც დაიყოლიე როგორმე; შენ ძაან უყვარხარ და გაგიგონებს კიდეც, თორემ ე ქალაქის ბიჭები ერთს რასმეს ნავნებს გვიზმენ.

ზაქარია (გაკვირვებით)

Вот человек! (დადის) კარგი ამბები ყოფილა!.. კიდევ ძველი რჯული მოიგონა?!

Читай ему нравственные уроки, კედელს ცერცვი შეაყარე, სულ ერთია!.. (მოურავს) აბა, მაგას იმტელი უფლება ვინ მისცა ეხლანდელს დროში, რომ ძალით მამას შვილი წაართვას და ნებაც არ მისცეს გათხოვებისა?! ის სულ სხვა დრო იყო, როდესაც გოგო-ბიჭებს ოცდახუთ მანეთად ჰყიდდნენ და ძაღლის მომყვანებს ჯილდოთ ურიგებდნენ!.. ეხლა ბატონობა აღარ არის! ეხლა ყველა თავის თავის ბატონია!

მოურავი

რა ვიცი, შენი ჭირიმე, მაგას ასე ჰგონია, კნიაზი რო ვარო, მტყუანიც რომ ვიყო, გამამართლებენო!

ზაქარია

უკაცრაოთ! სამართლის ქვეშ კნიაზი და გლეხი სულ ერთია... ამისთანა საქმეს სამართალი სასტიკ ყურადღებას აქცევს და, თუ შინაურულად არ მოვახერხეთ საქმე, კარგათ დაისჯება ჩემი მეგობარი!

მოურავი (თავის ქნევით)

ოხ-მე! რა გინდა, ძმაო, აუტკივარ თავს რაზედ იტკივებ ძალათი? ქვეყანა შენს ხელთ არის და ე მაგ უბრალო საქმეზედ კი უნდა შერცხვე კაცი! ვაი, შენ ჩემო თავო!..

ზაქარია

ეგრეა, ჩემო ძმავ!.. წადი, დავითს დამიძახე, მოველაპარაკო...

მოურავი

ეხლავე, შენი ჭირიმე. ეცადე, იქნება როგორმე დაიყოლიო. (მიდის).დახე, დახე, წელმოწყვეტილი ფილიპეს გოგო რა ოინებს შვრება... (გადის).

მეექვსე სანახავი

ზაქარია და მერე ავეტიქა

ზაქარია (დაჯდების)

ყოჩაღ, დათიკო! კარგი ამბები ჩაგიდენია! თითქო ხურმა იყოს, კაცს შვილი წაართვა!.. ძალიან კარგი! მერე ამ დროში, როდესაც ესეთი სასტიკობა არის სასამართლოში... Молодец, право, молодец! Я не понимаю, как человек может довести себя до такой низости!

ავეტიქა (შემოდის, ქუდი იღლიაში)

Драсти, господин, добри утра!

ზაქარია

გაგიმარჯოს.

ავეტიქა

Вы сами князь?

ზაქარია

არა, მე არა ვარ, კნიაზი მოვა ეხლა.

ავეტიქა

Очень спасибо! видна, ви роственикъ наши князу?

ზაქარია

ჰო, მე იმისი მეგობარი ვარ.

ავეტიქა

ძალიან კარგი! მე გახლავართ ავეტიქ გასპარიჩ სარქისოვი. (ხელს აძლევს). მე ეხლა იმიტომ მოვსულვარ, ერთი კარგი სლუჩი არის: ჩვენი საქუას ქორწილი ვშვრებით და თუ შეიძლება, ერთი გვეწვიეთ თქვენ და კნიაზი, რაზუმეიცა, თუ დასტოინი ვიქნებით!

ზაქარია

რატომ, შეიძლება.

ავეტიქა

ეს სლუჩის საქმეა. ახლა ჩვენი პატარძალი კნიაზის ყმის ქალი ყოფილა. ეს ჩვენი საქუაც ერთი კეთილი ვინმეა, ამბობს თუ, კნიაზიც დავპატიჟოთ ქორწილშიო, სირცხვილიაო...

ზაქარია

აი მოვა და უთხარით. (სიჩუმე).

ავეტიქა (ზაქარიას უყურებს)

Господин, скажи, пожолуста, ви какой служба чалкавек! я один время какой то места видал вас, ჰამა не помним! (იღიმება).

ზაქარია

Я служу по таможенной части.

ავეტიქა

ააა! დამოჟნი ჩასტ! Энт, катори на параходу? Знаим, знаим!...Помнишь ви, господин, когда я и мой сестра сын, Геурк, из Адеса товар принос ваши даможна, и когда ви смотрил и написал наш товар, я ფეშქაშ принос тебе три фунт чай, думил деньги не вазмош, ჰამა рублей взял! (იცინის).

ზაქარია (წყრომით)

ეგეთი წესდებულება არის, რომ ყველას უნდა გამოერთოს ფული! მე ჩემთვის არ გამოგართვით, ის ფული არის დამოჟნის კასისა...

ავეტიქა

ვიცი, ვიცი! ვა! 3ачим серчаишь? აბიჟაიტი რათა შვრები? ვნიმანიე აბრაშჩატიც არ უნდა ქნა! ვაიმე! ვაიმე! Я рази такой чалавек! так я гаваримь ვა Как же время праведом?

მეშვიდე სანახავი

იგივნივე და დავით, კაპიტნის მუნდირით

ავეტიქა (ზაქარიას დავითზე)

Это сами князь?

ზაქარია (თავს უქნევს)

ავეტიქა (დავითს)

დრასტი, ვაში სიატელსტვო!

დავით

გაგიმარჯოს, რა გნებავს? (დივანზე დაჯდება)

ავეტიქა

ვაში ზდაროვია! კაკ ჟივოშ, ნაშ კნიაზ?

დავით (ცივათ)

გახლავართ!

ავეტიქა (ღრეჭით)

ვეღარ მიცან, კნიაზ? მე ხომ ავეტიქა ვარ!

დავით

ეგ სულ ერთია. რა საქმე გაქვთ?

ავეტიქა

ეხლავე, ეხლავე მოგახსენებ. მე მოვსულვარ ერთი კარგი სლუჩის გამოისობით: უნდა ქორწილში წავიღოთ შენ და შენი ამხანაგი. ჩვენი ემიანთ საქუა არ არის, თქვენი ფილიპუას ქალი ირთამს...

დავით

მერე ქალი სად არის?

ავეტიქა

ფილიპუა ამბობს თუ, თქვენ ოჯახში არის!..

დავით

არის და იქვე იქნება.

ავეტიქა

ვაააა!

დავით

რა ვა?

ავეტიქა

ვა, საქუას, კნიაზ?

დავით

ვირის თავფეხი!

ავეტიქა

ვა, ეგ როგორ იქნება?

დავით

ისე იქნება... სხვა რას იტყვი?

ავეტიქა

ჯერ რასაც გეუბნები, იმისი რა პასუხი იძლევი რომ სხვაცა ვთქო?

დავით

იმ პასუხს ვიძლევი. რომ ბევრს ნუღარ ილაპარაკებთ: ის ქალი ჩემთან არის მოახლეთ, და აქვე დარჩება. თქვენ როგორც მოსულხართ, ისევ ისე წაბძანდით!

ავეტიქა

ვა, ეგ როგორი სიტყვა არის?.. ეჰ, რას ხუმრობ. კნიაზ, გული გამიხეთქე?

დავით

ტყუილათ გული ნუ გისკდება, მე მართალს გეუბნები!

ავეტიქა

მართლა არა ხუმრობ? (ღრეჭით) როგორ არა, ხუმრობ! აბა ერთი გაიცინე, კნიაზ! (ზაქარიას) ახლა სომეხი რომ ვარ, უნდა შემაშინოს!.. რა მასხარა ხარ. კნიაზ. მაგრამ კარგი გული კი გაქვს!..

დავით

Что ты толкуешь! რის ვმასხარაობ, მე მართალს გეუბნები!..

ავეტიქა (ვითომ გულმოსული)

Как можна такой дела что вы говоришь! Такой правизия принос, такой народ принос, теперь говоришь женчина не вазмошь, куда теперь пайдом?

დავით (მკაცრად)

ჯანდაბას იქით გზა გაქვს!

ავეტიქა

ჯანდაბას ავი კაცი წავიდეს, მე რა მინდა... я лучши знаим, куди пойдом! Теперь закон, знаишь? Атчего не даиош женчина, твой сын штоли? Когда их атец гаварит вазми, гаварит, мой сын, тебе какой дела?!

დავით

ხმა ჩაიწყვიტე, თორემ პანჩურით გაგაგდებ!

ავეტიქა (უკან დაიწევს)

ვა, შენ რომ არ გამაგდო, განა მე ვერ გავალ.

დავით

მაშ გეეთრიე, გესმის?

ავეტიქა

მე წავალ, მაგრამ სამართალს პასუხს მისცემ! ამისთანა ბუნტი შვრები, რა ამბავიაო! ნახამ! (იქით) შენ მგონი არ იცი, რომ შეითან ბაზრიდან მთელი ბატალიონი მამიყვანია! (მიდის). კნიაზია რაღა! ვაი, შენი ცარიელი თავის ბრალი! ერთი შენისთანა კნიაზები ხუთი რომ არ ვიყიდო, მაშ ავეტიქას სიყმე მოკვდეს...

დავით (შეუტევს)

დაჩუმდი, შე არამზადავ!

ავეტიქა (კარებიდან)

ერთი ეს მითხარ, კნიაზ: შენი თავი უფრო ცარიელია, თუ ჯიბე?- მგონია ორივე... დაიცა, შე კლაუზნო, დაიცა! Я тебе пакажим. (გავარდება).

მერვე სანახავი

იგინივე, გარდა ავეტიქასი

დავით (გაჯავრებული დადის)

სუდით მაშინებს! რო მემუქრება კიდეც!!

ზაქარია

მართალს ამბობს! არა, რა უფლება გაქვს შენ, როგორც მითხრეს, სხვის ქალი დაუჭირო? თუ გიჩივლებენ, ძალიან კარგათ მოიქცევიან, მერწმუნე!

დავით

მიჩივლებენ და რას წაიღებენ?

ზაქარია

საქმე იმაშია, რომ წაიღებენ, თორემ მე რა მაჭიჭინებს!

დავით

ღვთის გულისთვის მაგ ლაპარაკს თავი დაანებე! ჩემი საქმისა, მე თითონ ვიცი... ჩემი ნებაა და მე მინდა ქალი!

ზაქარია

მართლა, რომ ჯიუტი კაცი ხარ!.. აბა, ერთი მითხარი, უცოლშვილო კაცს მოახლე რათ გინდა, ცოტა ბიჭები გყავს? ისიც უბედურებაში სდგები, დანიშნულ ქალს ართმევ უღონო გლეხს, - ამაზედ უკანასკნელი, მგონია, არა იყოს რა!! არ ვიცი, რომელი კანონის ძალით იქცევი ეგრე? Удивляюсь, как человек не догадается!

დავით

აბა. რა გაჯავრებს? ჩემთან სასიამოვნოთ მოსულხარ და დროს გასატარებლად და არა საჩხუბრად... შენ ცოტა ხანს გაისეირნე ბაღში, მე მაგათ ეხლავე მოვიშორებ...

ზაქარია

როგორ არ მაჯავრებს, ყმაწვილო, აბა მაგას რას ჩადიხარ? მე როგორც მეგობარს, გული მეწვის, თორემ რა მენაღვლება. რაც გინდა, ისა ჰქენი, შენი ნება არის! მე კი გირჩევ, მისცე ქალი და ხიფათს თავი გადაარჩინო. (გავა).

დავით

ამ ყმაწვილმა უფრო ილაჯი წაიღო! საკვირველია, ღმერთმანი, იმდენი როგორ არ ესმის, რომ თუ ამათთანა ხალხს თავი არ ვაჩვენე, ძაღლათაც არავინ ჩამაგდებს!.. ვაი, შენ, ჩემო თავო! ზაკონები ვიციო! ის კი აღარ იცის, თუ მე რა ძალა მაქვს! (დაჯდება).

მეცხრე სანახავი

იგივე, გიჟუა და მერე ავეტიქა, საქუა, ზაქარია,

მოურავი და კოხტაია

გიჟუა

(შემოვა, ქუდს მოიხდის და ისევ დაიხურავს).

ბატონს გაუმარჯოს!

დავით

რა გნებავს?

გიჟუა

შენი სიცოცხლე, გენაცვა, რა უნდა მნებავდეს!

დავით (პაპიროზს უკიდებს)

არა, მაინც?

გიჟუა (იქით)

ჩემთან კი ცოტა წყნარათ იყავი, თორემ მე ცოტა ჰოპოპებიცა მყვანან: ასე გაგიწეწამ მაგ ბურტყლებს, ნაბუარი აგდიოდეს! (იმას) ცოტა საქმე გვაქვს შენთან, შენი ჭირიმე, კნიაზ!

დავით (ცივათ)

მითხარი, რა საქმე გაქვს?

გიჟუა

დღეს, შენი ჭირიმე, კნიაზოჯან, ჩემი ძმა-ბიჭის ბედნიერების დღეა... ერთი გაგვაპატიოსნე შენი მობრძანებით გენაცვალე, კნიაზ, ისეთ დროებას გაატარებ, როგორცა გსურს! რა ვქნათ, ერთი საწყალი ბიჭია, ნუ აწყენინებ...

დავით

რა ბედნიერების დღე? რა, ორდენები მიიღო?

გიჟუა (სიცილით)

ხუთი ერთად, შენი ჭირიმე!.. აი ოხრათაც დარჩეს, რაც ქვეყანაზედ ორდენებია... რათ გვინდა, რა თავში ვიხლით!.. (თითებზე სთვლის).ჩვენი ორდენი ეს არის: ნახევარი თუნგი წითელი ღვინო, შაურის წვანილი, ერთი ბაზრის პური, პატარა ახალი ყველიც... აი ყველა

ორდენს ეს მირჩევნია!

დავით

თუ გაქვს რამე სათქმელი, სთქვი და გაათავე, თუ არა და მე არა მცალიან, სტუმრები მყავს! ..

გიჟუა

ძალიან კარგი, გენაცვა, რაღა გაჯავრებს? მოგახსენებ, შენი ჭირიმე! დღეს ჩემი ძმა-ბიჭი ქორწილს აპირებს, ქალი თქვენთან არის. გთხოვთ, ქალი გვიბოძოთ, ჯვარს დავწერთ და კაი დროებაც გავატაროთ, მერე წავიყვანთ სახლში. აი, გენაცვა, ჩვენი საქმე.

დავით

მაშ მეტი არაფერი? მე დიდი ხანია პასუხი მივეცი შენს ამხანაგს, შენ რაღათ ირჯებოდი?

გიჟუა

ძმა ბიჭისთვის ციმბირშიაც წავალ. მითომ რატომაც არ გავირჯებოდი?

დავით

ჰოდა აკი გეუბნები, პასუხი მიცემულია!..

გიჟუა

რა პასუხი, გენაცვალე? ეს ხომ ისეთი საქმე არ არის, რომ სლუჩის საქმე იყოს; ეს საქმე ნეპრემენი საქმეა.

დავით

რას მიჰქარამ! მე შენი არაფერი მესმის!

გიჟუა

რას უნდა მივქარამდე, შენი ჭირიმე? მე მოგახსენებთ, რომ სულ მზათ გახლავართ და ჯვარის წერას ვაპირებთ, - ნეუჟელი არ გესმის?

დავით

აპირებთ და წადით და დასწერეთ ჯვარი! მე ხომ ღვდელი არა ვარ, ჩემთან რომ მორბიხართ!

გიჟუა

ვაი! ამისთანა ხათაც იქნება! რა ეშმაკზედ უნდა დავწეროთ, ქალი შენ სახლში არის.

დავით

რა ეშმაკზედაც გინდათ, დასწერეთ! მე წეღანვე უთხარ შენს ამხანაგს, რომ ის ქალი აქ უნდა იყოს, ჯერ კი მე მინდა და მერე არ ვიცი...

გიჟუა

როგორ, გენაცვა? რას ამბობ? სწორეთ შეგვატყობინო, შე დალოცვილო, იქნება რა საქმეა, მაშ არ ვიცოდეთ!..

დავით

შენ ნუ მომიკვდები, თუ არ დაგიშლია, ახლა დაწვრილებით მოგიყვები!.. მაგ ქალს ხელს ვერავინ ახლებს!

გიჟუა

რა მიზეზია?

დავით

რა მიზეზიც არის, ეგ მე ვიცი, არ გამეცლები?

გიჟუა

სად უნდა გაგეცალო? შე დალოცვილო, ქრისტიანულად მელაპარაკო! რო ჯავრობ, რას ჯავრობ?!

დავით

ბიჭო! მე შენ გთხოვ, გადი აქედგან! მე შენი თავი არა მაქვს.

გიჟუა (იქით)

გიჟია, ვირის თავი! ვაი! ერთი დამაფარებინა ამისთვინ ფათრეთში. (იმას) გადი რა, ძაღლი ვარ? თუ ქრისტიანი ხარ, ნუ გვაბანდებ! გაიგონე, რას მოგახსენებ და: ამოტელა ხარჯი გვიქნია, ამოტელა სტუმრობა მოგვირეკია: აქ ცალკე მოყვრებს ამოტელა ხარჯი აქვთ, ვამბობ, რა არის ერთი რიგიანი ქორწილი ვქნათო და შენ კი ქალს არ იძლევი, ნეტავი შენი რა არის? საწყალ ბიჭს ცოლს ართმევ, ღმერთი არ არის? აბა ეს როგორი საქმეა?

დავით

ვისი ცოლი, რას მიჰქარავ? როდის დაუწერია ჯვარი?

გიჟუა

კნიაააზ! თუ შენ ხუმრობ, ჩვენ სულ არ გვეხუმრება. ჯვარი რომ არ დაუწერია, მაშ ცოლი არ არის? დანიშნული ხომ იყო, ჯვარსაც ეხლა იწერს, ვსეროვნა არ არის? მაგ ქალს მაინც ვერავინ წაგვართმევს, გინდა ანტე ქრისტე მთლათ თავის ტარტაროზებით დაგვეხვიოს!.. მაშ რა გეგონა? წყნარათ რომ გელაპარაკები იმიტომ? ცხვარი - ცხვარია, თუ გაცხარდა ცხარეაო! მე ეხლავე დაგიმტკიცებ, რომ ჩვენი კაცი თავის დღეში თავის სიტყვას არ გადავა. (იქით) გიჟია ყურუმსაღი, ვაი!..

დავით

ნუ გადახვალ და აბა ვნახოთ, როგორ დასწერთ ჯვარსა!

გიჟუა (დოინჯს შემოიყრის)

მითომ რატომაო?

დავით

Убирайся к чорту! გადი, გამეცალე თავიდგან.

გიჟუა

კაკ უბირაის? ჩორტთან არა ვარ, სადღა უნდა წავიდე?

დავით

შენ ცოტა ენა დაიმოკლე, თორემ თრევით გაგიტან!

გიჟუა (დაცინვით)

ვისა? ვისა? მე? პირჯვარი დაიწერე, არა მოგელანდოს რა...

დავით (შეღრიალებს)

არ დაჩუმდები, შე ღორის შვილო?

გიჟუა (თითს უქნევს)

ჰა, ჰა! ფთხილათ! ფთხილათ, თორემ გავაფრინე...

დავით (ყვირის)

მე შენ გეუბნევი, იმ ქალს ვერ წაიყვან! არ გესმის?

გიჟუა

მითომ რა გაღრიალებს? ძალით კი არა, სამართლით წავიყვანთ.

დავით

ძალით შენ ნუ მომიკვდები, კისერი არ მომგლიჯო!

გიჟუა

ეგრეც რომ იყოს, მითომ რა ძალიან საკვირველი იქნება შენი კისრის მოგლეჯა!. რა ძალიან ჰყვირი? რა მინდაო? მითომ კნიაზი რომ ხარ, შემაშინებ? (გულზე ხელს იდებს). ოჰ, გული არ მიკანკალებს შიშით!.. ტეპერ კნიაზ ნეტუუ! ტეპერ ზაკონ, ზნაიშ? პრავდა, ნეპრავდა და ნა მეტეხუ პაშოლ... მაშ შენ რა გეგონა? ჩვენ ესენიც ვიცით, ვის ელაპარაკები, ვის: შენ ყარაჩუღელი გიჟუა გაგიგონია?!.თხუთმეტჯერ რომ ციხის საყდარში ტარასტათ იყო... შენ ესენი იცი? შენ ღმერთს მადლობა უთხარი, რომ მე სამართალი მახსოვს და არ მინდა საქმე გავაფუჭო, თორემ იცი, რას გიზამდი? (თვალებს დაუბრიალებს). ისე გაგაპტყელებდი, როგორც ჯვარი მამის ლავაში!

დავით

მე შენ გეუბნები, გარეთ გაეთრიე მეთქი, თორემ დაგახვემ ბიჭებსა და სულ ლუკმა-ლუკმა დაგაგლეჯინებ!

გიჟუა (დაცინვით)

ზოგი შენ ღმერთს აპატივე! . ხომ არ გინდათ, ხელათ ანდერძი აგიგოთ ბიჭიან-ბატონიანათ? რას მიყურებ, კარგი ბიჭი არა ვარ? წადი თუ გინდა მთელ ბატალიონს დაუძახე, მეშინიან?.. ზოგი ჩემ ფუთიანსაც შემოხედე და! (მუშტს უჩვენებს).

დავით ( წამოხტება და ყვირის)

ნიკო! მოურავო!

მოურავი (შემორბის)

ბატონო, შენი ჭირიმე?

დავით

გამაშორე ეს ვიღაცა ოხერია, თორემ მეტი არ შემიძლიან!

მოურავი (გიჟუას)

შენ, ეი, რას აწუხებ ბატონს? გამო, გამოეთრიე. თორემ ნახამ, თუ რა მოგივა!

გიჟუა

(ჯერ მოურავს დააცქერდება, მერე პუბლიკას)

ერთი შეხედეთ, თქვენი ჭირიმეთ: ხორველის ანგელოზს არა ჰგავს! (იცინის).

მოურავი (ხელს მოჰკიდებს)

შენ გეუბნებიან, არ გესმის, გამოდი მეთქი გარეთ!

გიჟუა (გვერდზე გადახედავს)

შენ, ეი! ელიზბარივით რომ დაგსიებია ეგ თავი, იქით დამეკარგე, თორემ ისეთს ჩაგაფარებ, იარმუკა კოჯორი გეგონოს! ხედამ ამას, ცხვრის თავს რომ ჰგავს! (მუშტს უჩვენებს)

მოურავი

ახლა საქმეს ნუ გააჭირებ, თორემ ისე გაგიხდი მა გაზებს, სულ ლეკური გათამაშო!

დავით

არ გადის? მოურავი, წადი, იმერელსაც დაუძახე, ასწიეთ და ისე გაიტანეთ!..

მოურავი (გარბის)

გიჟუა

ასწიეთ?! არა, ბარდახინს დაუძახეთ და იმითი გამიტანეთ!.. მერე მე მკვდარი ვარ? ხელები გაქირავებული მაქვს? (მოურავი და კოხტაია შემოვლენ).

მოურავი

ახლა კი დაიძარ, შვილო, თორემ მოვიდა შენი აღსასრულის საათი!

გიჟუა

იქით დაიკარგე, შე მაჯლაჯუნავ, თორემ სისხლი ყელში მოვიდა, ჰაა!

კოხტაია

უბედურს ეს რა ვუნელებელი დამართებია! რავა იჭყანება! რა თავს იგდებ, უბედურო? (ცხარეთ) რათ არ გინდა, შენის ნებით გახვიდე? გადი! არ გესმის? გადი!! არ გახვალ და აწი მიყურე, რას ვშობი! (იმკლავებს და მერე მკლავს დაუჭერს). გამო მეთქი, თვარა გაჩვენებ...

გიჟუა (იქით)

ერთი ამას უყურეთ, როგორ მეწევა და! (თვალებს გადაუბრიალებს), იქით დამეკარგე, თორემ ასეთს პანჩურს ამოგკრამ, თათრის მეიდანზე დაეცე!

კოხტაია (ხელს გაუშვებს),

შენ ძაან თავს იგდებ, უბედურო! გასწი, თვარა მთლა დაგაბდღვნი მა თავ-პირს!..

გიჟუა

მე თქვენთვის გამომიცხადებია, ჯერ წადით, ყველანი ეზიარენით, მერე ისე მელაპარაკეთ! (შეუტევს კოხტაიას, ის გადახტება). ერთი ამ ჯოჯოს უყურეთ, რა ამბავშია და!

დავით (ყვირის)

არ გადის? მაშ დამაცადე! წადი, ბიჭო, ხმალი გამომიტანე!..

კოხტაია (გარბის)

დავით

ისე აგკუწო, როგორც კატლეტი!..

გიჟუა

რომელი კათლეთი? რუბლინი? არა, ბიშტიკი არა გნებავს?

მეათე სანახავი

იგინივე, ზაქარია და კოხტაია, მერე ავეტიქა და საქუა

ზაქარია (შემოდის, უკან მოსდევს კოხტაია).

რა ამბავია, რა ამბავია? Что такое?

გიჟუა (დაცინვით)

Ничаво! Князь катлет хочит, да повар не принос!

დავით

ეს ვიღაც ოხერი კინტო არის! შემოვიდა და აღარ გადის! Чорт его знает!

გიჟუა

Чорт твой башка знаит, панимаишь?! ჩემი ცოცხალი თავით გავალ აქედან?! ან მე უნდა ვიყო ან შენ!.. ძმა ბიჭებს ჩემი იმედი ჰქონდეს და მე აქედან ცარიელი წავიდე?!

ზაქარია

მოიცა, ძმობილო, რა გაყვირებს?

გიჟუა

დალოცვილო! ტკბილი სიტყვა რომ არ გადის! მე რა ვქნა? ეგ რომ კნიაზია, დავუთმო? კნიაზიცა ვარ და პოლკოვნიკიცა! გაიგე თუ არა?

დავით (დაიღრიალებს)

შენ არ გესმის, გაჩუმდი მეთქი?! (იძრობს ხმალს, ზაქარია დაიჭერს; ბიჭები გიჟუას მისცვივიან, ის იმათ გაჰფანტავს).

გიჟუა (იმკლავებს)

გაუშვით! მაგის ფათრეთი კი დაიქცა! მე მაგის ხმლისა არ მეშინიან...(შემოდიან საქუა და ავეტიქა)

ავეტიქა (გიჟუას იჭერს)

ურის გნუმ, ტო? დადექ! თუ ქრისტე გწამს! მართლა რომ გაუშონ, ხომ თითო ხმალი გვატაკა!.. (ყვირის) კნიაზ! კნიაზ! ხმალი ნუ! თუ გინდა მუშტი იყოს! кулак! кулак!

საქუა (გიჟუას)

რას ამბობს?

გიჟუა

ილანძღება! რას ამბობს? გამიშვით! ერთი დავაკერო და თუ ლაყე საზამთროსავით არ გასკდეს, ჩემი სიყმე მოკვდეს!..

საქუა

კნიაზ! იქნება გგონიათ, რომ შენზედ ხელი გავისვაროთ და საქმე წავაგოთ? იქ ჩამოგიყვანთ! იქ! იქ!.. თუ შენ ამ კინტომ (გულზე უჩვენებს) რა გიყოს და ნახამ!.. საწყალი კაცის წვალება შაიძელი? შვილი წაგირთმევია! ბატის ჭუჭულია?! აბა, ეხლა ჩვენ რა გიყოთ: კარგა დაგბეჟოთ! შენთვის არაფერია! ერთ კვირაზედ დაგავიწყდება: მაგრამ სამართალს მისცემ პასუხს! ასეთს მახეში გაჰყო ფეხები, რომ სულ თავი და ბედი იწყევლო!

ავეტიქა

ჰო, კნიაზ! კარგა ხანია, ვირის აბანო ცარიელია! ძალიან ხალვათათ იქნები!..

დავით

გამიშვით! გამიშვით! როგორ ავკუწო! (იჭერენ).

გიჟუა

გაგიშვებენ, მე ვიცი! მაგრამ შენი იღბალი, რომ არ გიშვებენ! .. მოდი! მოდი შენი ჟანგიანი ხმლითა, ერთი დაგადო მაგ თავში, რომ თვალები დაგიბნელდეს!

დავით

ერთი გამიშვით და...

გიჟუა (მაღლა)

ეს იცოდე კნიაზობა აღარ არის! რაც გინახავს ვეღარ ნახავ, კნიაზჯან!..

საქუა (გიჟუას)

წამოდი, ძმაოჯან, წამოდი! ქვეყანაა და სამართალი! სირცხვილიც არის, ამოდელა ხალხმა მაგაზედ გავისვაროთ ხელი! (მიდიან).

ავეტიქა (დავითს მიუახლოვდება)

კნიაზჯან! თუ მაგის მეტი სვინდისი არა გქონდა, წინათვე მეტყოდი, სულ არ შემოვიდოდი შენს სახლში! (მიაფურთხებს). ფუ! შენ კაცობას! Ах, ты галанцкий скатин. (გაიქცევა).

დავით (გამოუდგება)

დაიჭით! ბიჭებო!..

ავეტიქა (მირბის)

მიშველეთ, ბიჭებო, მიშველეთ! მომკლეს!..

(ყველანი გაიქცევიან)

ფარდა

მესამე მოქმედება

სცენა: მორთული ზალა დავითის სახლში, სცენაზედ არის კოხტაია და ტილოთი სკამებს ასუფთავაბს.

პირველი სანახავი

კოხტაია

იმე! ეს რა ჭირში ჩავარდა ჩემი ბატონი! თქვენი მტერი წამხდარა, ის წახდა!.. ძალით რთავენ საწყალს მისს გოგოს! მერე ვინ, ქე აღარ იკითხავთ? ვინცხა პლუტი მაწანწალა ქალაქის პაჟარნები! «სამართალში გიჩივლებთ და პოსუდში გაგგზავნიანო». წოუხთა შენს მტერს საქციელი, იმას წოუხთა!.. გამოაცხადა ჯვარის წერის სურვილი. დღეს აპირობს ქორწილს!.. დედა რა გლახა ყოფილა ეს კაცი! იმე!! ფუ, შენ კნიაზობას და გვარისშვილობას! რიღასთვის ინახავს, მაინც ვიცოდე ნეტაი ამ დიდკაცობას? ბიჭო, მივიდეს და უთხრას სამართალს: ни хочит, да больши ничаво!! რაღას იზმენ? აღარ შერცხვებათ ქვეყნის? თავადი ვარო, იტყვის და გამოჩენილი, მუახლეს ქე ირთავს!.. მე რომ კოხტაიას მხედავთ, მისდღემჩი ამ საქმეს არ ვიზამდი...(გადააფურთხებს). ფუ! პადლეც, какой მშიშარა мой барин князь თურმე და მე კი არ ვიცოდი მარა მე რა მენაღვლება ყველას კისერი მოუტეხია ან ქე რაღა დროსია! რახან დეიჯინა, გვირგვინსაც იფსკვნის და ქორწილისთვისაც უნდა მოვემზადოთ...ეჰ, რა მიხარია მე უბედურს სხვისი ქორწილი. ჰაი ბეჩავსა! ჩემი ქორწილი უნდა იყოს, რომ ასე გამევიჭიმო სეკლეტარივით სკამზედ, მე გეტყვი ვერ დავემგვანები! (მეორე სკამზედ ხელით აჩვენებს) აქაც ერთი გვარიანი დუშინკა! რა მოგვიხდებოდა!.. ყოლიფერს უთავაზებდი! (ელაპარაკება სკამს) მიირთვი, ჩემო ანგელოზო, ქორწილი ჩვენია, რას მოგიწყენია, შენ შამოგებლე? Ну кушит, пожолуста,.мои душинка красавиц! აბა,что хочит: თებზი хочит? ხიზილალა хочит? დოში (ეკითხება) не хочит? как не хочит, ах, ты скатин!.. ღომი хочит? (გულმოსული) ი, აპა რა ეშმაკი хочит, შე ოჯახდაქცეულო?! (სიცილით და თითის ქნევით) აააა! ах ты разбоника, машеника... ხა-ჭა- პური хочит ხაჭაპური! (შეჩერდება) ვაი, დედა! რა მადიანათ ილუკმება! (ეშხით) დეეედა, რა მოწყალის თვალით გადმომხედა... (ადგება) აპა ახლა დოუაროთ ერთი! ადექი! ჰო! ნუ გრცხვენია, ადექი! ოხ, შენი ჭირიმე! (თამაშობს) მე გეტყვით, ვერ შემოპროწიალდება საწყალი ჩვენი კოხტაია! სიმღერა გინდა, შენი ჭირიმე? გიმღერო? თუ გინდა, ისეთს შემოვძახებ, რომ ყველა კაცი გავაშტერო! (მღერის) «ოსასაია, რირუშა, ჩაირამა»... (კარებს აბრახუნებენ) რავა გამაწყვეტიეს სიმღერა ამ კვტარძაღლებმა! ვინ უბედურებაა?! (მივა კარებთან) ვინ ხარ, ვინ? ამოგივარდა ოჯახი!..

კულისიდგან

კოხტო, შენ ხარ? გააღე კარები. (კოხტა გააღებს).

მეორე სანახავი

იგივე, არტემ ივანიჩი და ორომსე

არტ. ივ.

ბიჭო კოხტო! შენი ბატონი სად არის? (დაჯდება).

კოხტაია

თავის ოთახში, ტანისამოსს იცვამს და ემზადება...

არტ. ი ვ.

განა რა ამბავი გაქვთ?

კოხტაია

ბატონო! თქვენთან რომ გახლდით დილას, არ კი მოგახსენეთ: ბატონი ქორწილს აპირებს თქვა!..

არტ. ივ.

რას მიჰქარავ? მართალს ამბობ? მე კიდევ ხუმრობა მგონია...

ორომსე (ზის)

მაშ არა და, მაგისი მზემა, ჩემი დავითი უჩემოდ ქორწილი იქმოდა!

კოხტაია (ეცინება)

ბატონო, არ გჯერათ თქვენ თუ?

არტ. ივ.

რა გვჯერა. ყურუმსაღო! ქორწილი ფაფა ხომ არ არის. ხუთ მინუტში მოხარშო და სჭამო! ჩვენ აღარ შეგვატყობინებდა!

ორომსე

აღა, შენ რაღას ელაპარაკები მაგ ვირი? დავითის შტუკები არ იცი? კანპანია ექნება რამე და რომ იცოდა, არ მოვიდოდით, ქორწილი მოუგონია! ვერ ატყობ, ბიჭიც დარიგებული ჰყავს, როგორ ეცინება. რას იცინი, შე ეშმაკის ბღარტო? შენი ტოლი ვართ, რომ გვატყუებ?!

კოხტაია

ბატონო! მე მართალს მოგახსენებთ და თუ არ დაიჯერებთ, ეგ თქვენი ნება გახლავთ.

არტ. ივ.

ბიჭო, კოხტო. ხუმრობა ნუ იყოს და მართალი მითხარ შენ გაზდას!..

კოხტაია

არ მოუკვდე ჩემ თავს, მართალი გახლავთ!

ორომსე

სტყუი, ვირო! აღარა თქო ეგეთი ხუმრობა, თორემ ენა ძირიანათ ამოვიღებ!..

არტ. ივ. (შეუბღვერს)

დამაცა, ორომსე! (კოხტაიას) მახლას ვის ირთამს?

კოხტაია

ბატონო! მართალი სიტყვისათვის რაიზე მიწყრებით? ვის ირთავს და მის გოგოს - ტასიას.

არტ. ივ.

ვის გოგოს?

კოხტაია

მის, მის, ბატონის გოგოს.

არტ. ივ.

მის რომელია, შე პირძაღლო, სთქვი სწორეთ და!

ორომსე (კოხტაიას)

ვუი, ქუ აჩკინ! განა შენი ქალბატონი გოგო უნდა უთხრა?

არტ. ივ. (ცოლს)

შენ, რაღა ღმერთი გაგიწყრა, დაიცა ცოტა და! (კოხტაიას) მითხარი სწორეთ.

კოხტაია

არ კი გითხარით: ბატონს დავითს რომ გოგო ჰყავდა, მაგი შერთეს ძალით.

ორომსე

ვაი, შენ, ჩემო თავო! (სატირლად ემზადება).

არტ. ივ. (ცოლს შეუტევს)

ორომსე!

ორომსე (ტირილის ხმით)

რაები ლაპარაკობს!..

არტ . ივ.

დაჩუმდი მეთქი! (კოხტაიას) როგორ თუ ძალით შერთეს?

კოხტაია

ასთე, ბატონო, მის უნებურად.

არტ. ივ. (შეუტევს)

ეჰ, დაიკარგე იქითა! მე შენი არა მესმის რა.

მესამე სანახავი

იგინივე და მოურავი

მოურავი (შემოდის)

კოხტაიავ! ბატონი გიბრძანებს, ჩქარა... (იმათ დაინახავს. კოხტაია გავა). ოჰ, მობრძანებულხართ კიდევაც? ჩვენ ეხლა თქვენთან გვინდოდა ბიჭი გამოგვეგზავნა...

ორომსე (ტირილის ხმით)

მოურაოჯან! ერთი ახლო მოდი, რა გითხრა...

არტ. ივ. (მუჯლუგუნს წაჰკრავს)

კიდევ! უცხო კაცი რაებს ელაპარაკები?

ორომსე

ნეტავი შენა, რა დროს უცხოა, ჩემი გულში ცეცხლი აენთო...

არტ. ივ.

ორომსე! ვნახოთ, თუ მართლა არ მოგიკიდო ცეცხლი! (მოურავს) მართლა დავითი ქორწილს აპირებს?

მოურავი

დიახ, შენი ჭირიმე.

არტ. ივ.

მერე ვის ირთამს?

მოურავი (დაღონებული)

ჩვენებურ გლეხის ქალს.

ორომსე

ეხლაც ნუ დაიჯერებ...

არტ. ივ. (დაუღრიაღებს)

დაჩუმდი მეთქი, შე ტარტაროზების უსტაბაშო!. (მოურავს) ახარ, რათ ირთავს?

მოურავი

თითონ ბარე არ ირთავს, მაგრამ ძალათა რთამენ!..

არტ. ივ.

არა, თუ ღმერთი გწამს?

მოურავი

მამიჩემის ცხონებამ!

არტ. ივ.

აგრემც მამაშენს დაურჭე საფლავში სიონის ტოლა ნათელი, სწორე მითხარი.

მოურავი

სწორეს მოგახსენებთ, ვაჩნაძიანთ ღვთისშობლის მადლმა!

არტ. ივ.

(შუბლზე ხელს შემოიკრავს)

ვაი, შენ, ჩემო თავო. ქვეყანაში შერცხვენილო ყმაწვალო კაცო! ჩვენ მაინც შეგვატყობინებდა. კაცო, რაზედ იღუპებოდა?.. ერთ ადვაკატს მაინც უშოვნიდით! ეს რა უქნია! (ტაშს შამოჰკრავს).

მოურავი

არ ვიცი, შენი ჭირიმე მაშ წავალ, ვეტყვი მობრძანდნენ მეთქი. (გავა).

არტ. ივ (დადის)

ეს რა ნაირი ხალხი გახდა!

მეოთხე სანახავი

იგინივე და დავით

დავით (შემოდის)

კარგია, მოსულხართ? მიკვირს. (ხელს აძლევს).

ორომსე

შენი ჭირიმე, დავითიჯან, როგორა ხარ? როგორ მოხდა ეს საქმე?

დავით (უსიამოვნოთ)

ეჰ, როგორც იყო, იყო...

ორომსე

ახლა გენაცვალე, რომელიცა რომ...

არტ. ივ.

ორომსე! ახლა კიდევ დაიწყე?

დავით

რაღას უყურებთ, არ წამოხვალთ საყდარში?

ორომსე

შვილო, ახლა განა...

არტ. ივ (მაღლა)

ფიეეე! დასწყევლოს ჩემი იესო ქრისტემ! ახლა სიტყვას არ მათქმევინებ? (დავითს) რატომ, წავიდეთ. ხალხი გყავთ ვინმე?

დავით

შინაურები ვართ და ზაქარიაც აქ შემესწრო აბა. რა მექნა, საქმე უცბათ მოხდა; თქვენც ძლივს შეგატყობინეთ: რომ შემეთვალა ვისთვისმე, ხუმრობა ეგონებოდათ.

არტ. ივ.

ვა! ჩვენც აკი ეგრე გვეგონა! შენი დეიდა კინაღამ გადაირია...

ორომსე

რა ვქნა შვილოჯან, ძალიან გული მეწვის, ეგ რა საქმე ჩაგიდენია?..

დავით (გაჯავრებული)

დეიდა ჩემო! пожалуйста, ნუღარაფერს ნუ მეუბნებით... (იქით) ლამის კაცი გავგიჟდე და ეს უფრო მიმატებს! (ჩქარა- ჩქარა დადის)

არტ. ივ.

დედაკაცო! თუ გაგიჟდი, ის მითხარი, ეხლავე ნათლუხში ჩაგაძუნძულებ; თუ არა და იყავი შენთვის რაღა! ხომ ხედავ, შენი ლაპარაკი არ ესიამოვნება?!

ორომსე (დავითს უკან დასდევს)

შვილო! ძალით როგორ შეიძლება, რომ გოგო შეგრთონ?.

დავით (მოთმინებიდან გამოსული)

ოხ, ღმერთო, მომკალ! ეს რა ჭირში ჩავვარდი!.. ის ქალი ჩემთვის მინდა, თქვენთვის ხომ არა? რა გინდათ ჩემგან, ხომ ვერ მომკლავთ?! Чорт бы вас побрал совсем! (ჩქარა გადის).

არტ. ივ. (პირჯვარს იწერს)

რა დაემართა ეს ოჯახდაქცეული, დიდება შენთვინ, ღმერთო!.. დედაკაცო, შენ ჩემი აღარ გეშინიან?.. აბა, რა ვქნა სხვის სახლში, მერე ჩემი წკეპლებიც აქ არა მაქვს!.. ყელს ხომ ვერ გამოაჭრევინებ მაგ კაცსა, ხომ ხედავ. როგორა სწყინს? (იქით) ეს რა ბაიყუში ვინმეა! (პირჯვარს იწერს).

ორომსე (გულამომჯდარი)

მეც მაგას ვანბობ, მაგისთანა საქმე რად მოუვიდა...

არტ. ივ. (შეუტევს)

ორომსე მეთქი! ვნახოთ!.. რა ოინბაზი რამ გახდა. დასწყევლოს ღმერთმა!.. (პუბლიკისკენ) ეს წყეული, როცა კი ჩუმათ არის, რა კარგი სანახავია და! ერთი შემოხედეთ, თქვენი ჭირიმეთ: მამალი ინდაურივით არ გაფხვერილა...(იცინის) ადე, კარგი, წავიდეთ, სირცხვილია, და შენ ჯავრს, ქალბატონო, შინ ამოვიყრი!. Давай под руку! (ხელგაყრილნი გავლენ).

მეხუთე სანახავი

კოხტაია, მოურავი და მერე ზაქარია

კოხტაია (შემოდის ლაპარაკით)

ბოშო! გეუბნები, არ გავაკეთებ, რაც ჩემი საქმე არ არის!

მოურავი (კოხტაიას მოსდევს)

ბოშოს მოგცემ, ასეთსა წამოგისვამ მაგ თავში, რომ კუტალივით გაგორდე!

კოხტაია

ვის? ვის? ლოქოფაჩასავით დეგიღია პირი! იქით დეიკარგე, თვარა გაჩვენებ, რავარც უნდა წამოსმა!

მოურავი

ბიჭო, შვილო! ოთახებს არ დაასუფთავებ, საცაა მოვლენ, ან რაღაც ეშმაკი ჩაია, არ გაუკეთებ, ბატონმა რო გიბრძანა?

კოხტაია

სიტყვა კი გვარიანი გაქვს და ჩაის ვერ გააკეთებ, შე უბედურო?! აპა, მახოხს და ღოლო შეჭამანდს ხომ გააკეთებ?

მოურავი

არა, ვის უბედავ მაგეებს, შე ყურუმსაღო? დაგავიწყდა, მე ვინცა ვარ?

კოხტაია

ვინა ხარ, უბედურო. ვინ? მოურავი გინდა თქვა?! აი, დედა, ვუბედური!.. აქანა ჭკვაა საჭირო, ჭკვა! მოურავი რას მიქვია! ფულს რომ ბღუჯავ ვორის ხელით. საქმეც შენ გააკეთე.

მოურავი

დახედე ამ ჭინკის ბარტყს, რეებს ამბობს. (დამუქრებით) ჯერ ბატონი მობძანდეს!..

კოხტაია

ჭიმკაც ხარ და ჩერჩეტიც!.. რავა ბუსავით გამეიყურება!.. ძველი მელივით რო მეიკვდარუნებ ბატონთან თავს და ფულებს სტყუებ ხოლმე, არ გრცხვენია? რა კაცი ხარ შენ? ფუ, შენს კაცობას!

მოურავი (გაჯავრებული)

ხომ ეგენიც მითხარი და კარგათაც გამომლანძღე? ეგრე იყოს,ეგრე მე შენ დროს გიპოვი!. (გაჯავრებული) წადი, რაც ბატონმა გიბრძანა, ეხლავე გააკეთე!..

კოხტაია (კრესლოში ჩაჯდება)

ვის უბედავ მაგას, შე დურაკო?

მოურავი

ბიჭო! რათ იგინები, შვილო? ადე, წადი მეთქი ჩქარა!..

კოხტაია (თავისთვის მღერის)

მოურავი (უყვირის)

არ გესმის, ბიჭო?

კოხტაია (შეტევით)

გეიწი იქით! ახ, ტი, პადლეც! სიმღერა შემაშლევინე!

მოურავი

ნუ იგინები მეთქი, თორემ.

კოხტაია (შეტევით)

რა გინდა, კაცო, ჩემგან? ჯანი დეიგდებინე და ყველაფერი გააკეთე!

მოურავი (ყვირილით)

ამას რომ არაფერს ვეუბნები, მართლა თავს წავიდა! მე იმტელი ნებაცა მაქვს, რომ კარგები გირტყა!..

კოხტაია (წამოხტება და იმკლავებს)

აპა ჰო! მოდი, მოდი!...

მოურავი (წაეტანება)

ერთი ამას უყურეთ, ეეე!

კოხტაია

(ხან მივარდება და ხან გაუშვებს)

აი, შე გლახა! აპა ჰო!..

ზაქარია (ჩქარა შემოდის)

რა გაყვირებთ, რა ამბავია?

მოურავი

აი, შენი ჭირიმე. შემოვიდა და არაფერს არ აკეთებს...

კოხტაია

უმალ შენ გააკეთე, თუ გინდა!

ზაქარია

რა დროს ეგენია, რას ამბობთ? სირცხვილი არ არის, იმ კაცს თქვენი იმედი აქვს და თქვენ კი აქ რაღაც მუშტის კრივი გაგიმართავთ?. წადით ეხლავე, ყველაფერი დაალაგეთ, რაც გიბრძანათ, თორემ ხომ იცით იმის ამბავი...

მოურავი (კოხტაიას)

დაიძარ, ბიჭო, არ გესმის?

კოხტაია

გასწი წინ! (ჩხუბით და ბუტბუტით გადიან).

მეექვსე სანახავი

იგივე და არტემ ივანიჩი

არტ. ივ. (შემოდის)

ზაქარია დავიდიჩს ვახლავარ! (ხელს აძლევს).

ზაქარია

არტემ ივანიჩს გაუმარჯოს! (ხელს აძლევს).

არტ .ივ.

სხვა, ზაქარ დავიდიჩ, როგორ გიკითხოთ?

ზაქარია

გახლავართ, როგორც დროს შეეფერება. თქვენ, თქვენის სახლობით? (დასხდებიან).

არტ. ივ

გახლავართ, შენი ჭირიმე!.. ზაქარ დავიდიჩ, როგორ უყურებთ, თქვენ დავითის საქციელს?

ზაქარია

სინანულით, თქვენმა მზემ, სინანულით. მე დროზედ ვუთხარი და ბევრიც ვემუდარე, ამ ხიფათისთვის თავი გადაერჩინა, მაგრამ რომ არ გამიგონა რასაც ამოინიჟებს, ხომ იცით, კაცი ვერ გადაათქმევინებს...

არტ. ივ

მეც აკი მაგიტომ არაფერს არ ვეუბნები, რომ ჯიუტია! რას გამიგონებს! ნათქვამია: на стен гарох брасай - დადგება?!

მეშვიდე სანახავი

იგინივე, დავით, ორომსე და ტასია

დავით

(თავის ოთახიდგან გამოდიან)

აბა, წავიდეთ საყდარში, დრო არის. ვინც მოსასვლელია ქალაქიდგან, პირდაპირ ეკლესიაში მოვა.

არტ. ივ. (ადგება)

წავიდეთ. (ზაქარ დავიდიჩს) ბიჭო, ეს კარგი საკნატუნებელი გოგო ჩაუგდია! (ცოლს) შენც მოდიხარ?

ორომსე

ვა! მოვდივარ, მაშ!

არტ. ივ.

ბიჭო! შენ შენი ღმერთი აქ იყავი, ხატები არ დაგვიფთხო საყდარში!

ორომსე

შენ ეგენი ნუ იცი ხოლმე!..

არტ. ივ.

ვა! როგორ არ ვიცი, შე ოხერო, სულ წუწუნებ ავათა ვარო, დღეში ნახევარ თუნგი პიტნის კაპლი არა გყოფნის! რომ გაცივდე?

ორომსე

შენ დარდი ნუ გაქვს!

დავით

რაღასა სდგეხართ, წავიდეთ? (მიდიან)

მერვე სანახავი

იგინივე და გიჟუა

გიჟუა (შემოდის)

ბატონს გაუმარჯოს! სად მიბრძანდებით?

დავით (მკაცრად)

რა გნებავს?

გიჟუა

მე? არაფერი... კარგა ხანია აბანოში არა ვყოფილვარ, ცოტა დასაზელი ვარ! (იზმორება)

დავით

შენ რომ მიბძანდე და დაიძინო, ისა სჯობიან, გამოფხიზლდები!..

გიჟუა

დავიძინო?! რა კაი სიზმრებს ვნახამ, თუ შენ გამომეცხადე ძილში! (ჩაიცინებს)

დავით

კარგია, მიბძანდი, ჩვენ არა გვცალიან!

გიჟუა

ჯერ მაიცა, ნუ ჩქარობ. წვიმამ გადიღოს! რას მიყურებ? (დაბლა) ქალისას რას შვრები?

დავით

აი ეხლა მივდივარ ჯვარის დასაწერად!

გიჟუა

ჯერ მაიცა, ნუ ჩქარობ, წვიმამ გადიღოს! რას მიყურებ? (დაბლა) ქალისას რას შვრები?

დავით

აი ეხლა მივდივარ ჯვარის დასაწერად!

გიჟუა

აღარ იშლი რაღა? (იქით) შენი დრასტი დაიქცა შენი! (იმას) მაშ ჩვენ რა ვირის მუშები ვართ, რომ სამი დღე აქ გიცდით? აბა, ერთი სეროზნათ მელაპარაკეთ!

დავით

მე ლაპარაკისთვის არა მცალიან. მე ჯვარს ვიწერ: ეგ თქვენა და ეგ თქვენი სამართალი, წადით, იჩივლეთ!

გიჟუა (დაცინვით)

რა ჭკვიანურად ლაპარაკობ, აზირ! ჯერ ჯვარს დაიწერ. მერე გიჩივლოთ, ჰა? მოლა მოკვდა, თავზე ფლავი დააყარესო! ეს გამოვიდა რაღა? რა ვქნა, კნიაზ, მე რომ სხვაზედ ჩივილს არა ვარ დაჩვეული? სულ ჩემზე ჩივიან ხოლმე!.. საჩივლელათ მივედი ერთხელ სუდიასთან, ერთს ჩემი ფული ემართა; სუდიამ დამინახა თუ არა, თქო თუ, ჩქარა დაიჭირეთ და ერთი კვირით ჩასვითო, უთუოთ სცემდა ვისმეო. ამიღეს და უთქმელად ჩამაგდეს. რას დამიჯერებს ისიც! არა, მე დაჩვეული ვარ, რომ ჩემზე იჩივლონ ხოლმე. შენისთანებმა იციან ჩივილი, განა ჩემისთანებმა! (მუშტს აჩვენებს). აი ჩემი სამართალი, ჩემი ზაკონი, ჩემი პრავნელია, მაშ! ისევ შენ წადი საჩივლელად, მე რათ წავალ! შენი გაჩენის საათიცა და!..

დავით (შეღრიალებს)

გაეთრიე აქედგან, შე ვირო, ოხერო შენა!..

გიჟუა (შეღრიალებს)

გაიჭიმე შენი ოხერი პატრონიცა!.. ეეე!.. ბიჭებო! . (მივარდება დავითს, დივანზედ გადააქცევს და ზედ მუშტით დაჯდება).

შემოცვივიან საქუა, ფიჩხულა, სოსანა, მოურავი და კოხტაია.

ზურნა (უკრავს «ტუშს»)

(მოურავს ეკრიება და იფრენს კიდეც)

სოსანა (დაიფრენს კოხტაიას)

საქულა

(ქალს მოიტაცებს, ხელში აიყვანს და მიარბენინებს; ფიჩხულა და სოსანაც გაჰყვებიან. გიჟუა ისევ სცენაზეა. წივილ - კივილი).

ფარდა

1878წ.

1