The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტარიელისაგან თავის ამბვის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო

ტარიელისაგან თავის ამბვის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო




1 ტარიელისაგან თავის ამბვის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო

▲ზევით დაბრუნება


315
„ისმენდი, მიეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა;
საუბართა და საქმეთა ვისთა ძლივ ვათქმევ ენასა,
იგი, ვინ ხელ-მქმნის, მოველი მისგან აროდეს ლხენასა,
ვისგან შევუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა.

316
„ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი:
ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი,
უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი,
ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი.

317
მამა-ჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი,
სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი;
ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი;
ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი.

318
ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები.
თქვა: „წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები,
ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები“;
ბრძანა: „წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები“;

319
ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა,
შესთვალა: „შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა;
აწ მე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა,
სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა“.

320
ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან.
შესთვალა: „ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან,
რათგან ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მპყრობელმან.
აწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა მამამან მშობელმან“.

321
ერთი სამეფო საკარგვად, უბოძა ამირბარობა.
თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა.
მეფე რა დაჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმწვდარობა;
სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.

322
თვით მეფემან მამა-ჩემი დაიჭირა სწორად თავსა.
თქვა: „ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისმცა ჰყავსა!“
ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა.
მას არა ვჰგავ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა.

323
ძე არ ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა,
ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა.
ვა, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა!
მეფემ ბრძანა: „შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა“.

324
მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად,
საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად,
ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა-ქმნათად;
მოვიწიფე, დავემსგავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად.

325
ასმათ, მითხრობდი, რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა.
ხუთისა წლისა შევიქმენ მსგავსი ვარდისა შლილისა;
ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა, მართ ვითა სილისა;
არა ჰგაოდის ფარსადანს ყოლა არა-სმა შვილისა.

326
მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი“.
ესე რა თქვა, ყმამან სულთქვნა, ცრემლით ბრძანა: „შობა ქალი“.
დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი;
თქვა: „მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი!

327
წიგნი წიგნსა ეცემოდა, დედოფალი ოდეს შობდა,
მოციქული - მოციქულსა, ინდოეთი სრულად სცნობდა;
მზე და მთვარე განსცხრებოდეს, სიხარულით ცა ნათობდა;
ყოვლი არსად შემოსრული მხიარული თამაშობდა.

328
ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა.
ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა;
ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ-გვარითა.
საჭურჭლე გასცეს, აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა.

329
საშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა.
მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა.
ვუყვარდით და სწორად ვუჩნდით მეფესა და დედოფალსა.
აწ ვახსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა!“

330
ყმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა;
ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა;
ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი დააპკურა.
თქვა: „ისმენდი, მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ-ა.

331
მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი.
შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი,
მთვარისა მსგავსი, შვენებით მზისაგან ვერ-შეფრობილი;
მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წრთობილი!

332
იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა;
მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა,
მამასავე ხელთა მიმცეს, რა შევიქმენ ამა ზომსა;
ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა.

333
ასმათ, შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერ-მიხდილისა,
მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა;
იტყოდეს ჩემნი მნახავნი: „მსგავსია ედემს ზრდილისა“.
აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა.

334
მეფემან სახლი ააგო, შიგან საყოფი ქალისა:
ქვად ფაზარი სხდა, კუბო დგა იაგუნდისა თვალისა,
პირსა ბაღჩა და საბანლად სარაჯი ვარდის წყალისა;
იგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა!

335
დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი;
ზოგჯერ კოშკს ჯდის, ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი.
დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი,
მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.

336
სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა;
ვერვინ ვხედევდით, შეიქმნა პირითა მინა-ვარდითა;
ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან, იმღერდის ნარდითა;
მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.

337
თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა;
დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა;
ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვჰგვანდი ედემს ზრდილსა,
სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა.

338
მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემგან სრეულმან;
მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან;
შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან;
აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბადახშეულმან!

339
მამა მომიკვდა, მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა;
ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა;
მათ გაეხარნეს, ვის ზარი დაჰლევდის მისგან შიშისა;
ერთგულთა შექმნეს ვაება, მტერთა - ხსენება იშისა.

340
მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთრო-გაცუდებული,
დღისით და ღამით ვვაებდი, ვერვისგან სულ-დაღებული;
გაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული,
და ებრძანა: „შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული.

341
ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა“.
ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა,
ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა:
„შენ გქონდეს ამირბარობა, ქმნა მისვე საურავისა“.
342
ავენთი, დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრობელთა;
უკანის გამომიყვანეს ხასთა მათ წინა-მდგომელთა;
გამოსლვისათვის ზეიმი შექმნეს ინდოეთს მფლობელთა,
შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა.

343
მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივს მცემდეს ძისა დარად,
მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად;
ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად;
არ მომეშვნეს, დავჰმორჩილდი, თაყვანის-ვეც ამირბარად.

344
თავადობა ინდოთა და მრავალთაცა მქონდა სხვათა,
ვნაპირობდი, თუ ვინ იყვის მავნებელად ჩემთა სპათა,
ხალვად ვჯდი და ვიხარებდი, ზამი შევქმნი მღერა-სმათა,
სპათა ვმოსდი, ვნადირობდი, ქება თქვიან ჩემთა ქმნათა.

345
აღარა ვიცი, დამვიწყდეს, თუც არ დიადი წელია;
გიამბო ჩემი ამბავი, განა რაზომცა ძნელია!
ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია,
მისთა ნაკვესთა წინწალი დამეცეს ხანგრძლად მწველია“.

2 ტარიელისაგან თავის ამბვის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


გაჯიევა ჯამილა
0x01 graphic

ბარნაბიშვილი ნანა
0x01 graphic

არჩვაძე ანდრო
0x01 graphic

მამფორია თინათინ
0x01 graphic

ქასრაშვილი სერგი
0x01 graphic

ცხაკაია მარიამ
0x01 graphic

ქასრაშვილი მარიამ
0x01 graphic

არჩვაძე კატო
0x01 graphic

ხუციშვილი ნინო
0x01 graphic

ჯანგველაძე მაია
0x01 graphic

მიქაძე გიორგი
0x01 graphic

ჩიხაშვილი მადონა
0x01 graphic

ღონღაძე ნელი
0x01 graphic

შიუკაშვილი ირმა
0x01 graphic

ჯიბღაშვილი უშანგი
0x01 graphic

სპანდერაშვილი ირმა
0x01 graphic

დათუაშვილი სოფო
0x01 graphic

საზუაშვილი მანანა
0x01 graphic

ფანჩულიძე მარიკა
0x01 graphic

მათიკაშვილი მანანა
0x01 graphic

შარაშენიძე მარინე
0x01 graphic

ქენქაძე ლაურა
0x01 graphic

ჯიჯიაშვილი ზურა
0x01 graphic

მეგრელიშვილი გურამ
0x01 graphic

საყვარელიძე ლილი
0x01 graphic

ფროშაუერ სარა
0x01 graphic

გლურჯიძე მზია
0x01 graphic

ბითაძე ნაირა
0x01 graphic

იათაშვილი შოთა
0x01 graphic

ლორია ეფემია
0x01 graphic

გელუკაშვილი სოფიო
0x01 graphic