The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

თენგიზ სიგუა (ოფიციალური დოკუმენტები, მიმართვები, ინტერვიუები)

თენგიზ სიგუა (ოფიციალური დოკუმენტები, მიმართვები, ინტერვიუები)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველოს სახელმწიფო მეთაურები|სიგუა თენგიზ
თარიღი: 2020
აღწერა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები ტომი XVII საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1990 წლის ნოემბერი – 1991 წლის აგვისტო), საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი (1992 წლის იანვარი-ნოემბერი), საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი (1992 წლის ნოემბერი – 1993 წლის აგვისტო) თბილისი 2020, ISS№ 1987-5576, ISB№ 978-9941-9653-6-4, UDC (უაკ) 342.518 (479.22) + 929 (479.22) ს-323 თ-46 © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა სერიის „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები“ იდეის ავტორები: ემზარ ჯგერენაია, დორის ფოგლი რედაქტორ-შემდგენლები: მზია ხოსიტაშვილი, ემზარ ჯგერენაია დაკაბადონება: შალვა პაპალაშვილი



1 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. დაინიშნოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ თენგიზ იპოლიტეს ძე სიგუა.

2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წინადადებანი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სტრუქტურისა და პერსონალური შემადგენლობის შესახებ.

3. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს შესაბამისმა მუდმივმა კომისიებმა წარმოუდგინონ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს დასკვნები საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურისა და პერსონალური შემადგენლობის შესახებ.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია

თბილისი. 1990 წლის 15 ნოემბერი.

დადგენილება: საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ // ახალი საქართველო. - 1990. - 16 ნოემბერი. - № 4 (21012). - 1 გვ.

2 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თენგიზ სიგუას ბიოგრაფია

▲ზევით დაბრუნება


თენგიზ იპოლიტეს ძე სიგუა დაიბადა 1934 წლის 9 ნოემბერს სოფელ ლენტეხში მოსამსახურის ოჯახში. 1952 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა, 1957 წელს - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მეტალურგის სპეციალობით. 1957-59 წლებში მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. 1959-62 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტია. მისი დამთავრების შემდეგ მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ლაბორატორიის გამგედ, დირექტორის მოადგილედ.

1989 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის დირექტორად.

1984 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1988 წელს - სადოქტორო დისერტაცია. არის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურეატი, მინიჭებული აქვს რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინრის წოდება.

ბოლო წლებში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. არის მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდის სათათბიროს წევრი. 1989 წელს აირჩიეს სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტად, 1990 წელს - ამავე საზოგადოების პრეზიდენტად. არის პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა ბლოკის „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ ექსპერტთა ჯგუფის წევრი.

ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თენგიზ სიგუას ბიოგრაფია // ახალი საქართველო. - 1990. - 16 ნოემბერი. - № 4 (21012). - 1 გვ.

3 თენგიზ სიგუას სიტყვა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე

▲ზევით დაბრუნება


1990 წლის 15 ნოემბერს

პატივცემულო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრებო!

ქალბატონებო და ბატონებო!

საქართველოს ბედისათვის ამ ჭეშმარიტად ისტორიულ ჟამს, დემოკრატიულად არჩეული მრავალპარტიული პარლამენტი ახლად ჩამოყალიბებულ მთავრობას აკისრებს განუზომლად დიდ პასუხისმგებლობას: საქართველოს სრული პოლიტიკური და ტერიტორიული უზრუნველყოფის მატერიალური საფუძველი უნდა შექმნას დამოუკიდებლად ფუნქციონირებადმა ეროვნულმა ეკონომიკამ. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეისათვის ამგვარი ეკონომიკა არ გვაქვს. ამასთან, მისი ჩამოყალიბების პროცესი, ეკონომიკის თავისებურებათა გამო, უფრო ხანგრძლივი იქნება, ვიდრე ახალი პოლიტიკური სტრუქტურების ფორმირებისას. ამიტომ, თუ ჩვენი პარლამენტის მუშაობის პირველმა დღემ გვაჩვენა, რომ, მიუხედავად ძალზე მტკივნეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების გავლისა, საქართველო მტკიცედ და თანამიმდევრულად უახლოვდება დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენის უზენაეს მიზანს, იმავდროულად საბჭოთა სისტემის შეუჩერებელი რღვევის პირობებში უკიდურესად მწვავდება ღრმა ეკონომიკური და სოციალური კრიზისი.

უკანასკნელ წლებში ე.წ. რადიკალური სამეურნეო რეფორმების უსისტემო გატარების პირობებში, ეროვნული ინტერესების უგულებელყოფისა და დირექტიულ მართვაზე აღმოცენებულმა ეკონომიკურმა ორგანიზმმა შინაგანად ვერ შეითვისა ლიბერალიზაციის ელემენტები და საბოლოოდ დაკარგა დინამიზმისა და თვითგანვითარების უნარი, მკვეთრად გამოიკვეთა წარმოების შეკვეცისა და შრომის ნაყოფიერების დაქვეითების საშიში ტენდენცია. შარშან მნიშვნელოვნად დაეცა სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ეროვნული შემოსავლის წარმოების დონე. ოფიციალური სტატისტიკით, წლეულს ეს კრიზისული მოვლენა კიდევ უფრო ღრმავდება. წლევანდელ ცხრა თვეში შარშანდელთან შედარებით ეროვნული შემოსავლის წარმოება თითქმის 5 პროცენტით და სამრეწველო პროდუქციის გამოშვება - 6 პროცენტით შემცირდა, ხოლო საზოგადოებრივი შრომის ნაყოფიერება - 3 პროცენტით დაეცა. აშკარად დაეტყო რეგრესი მეცხოველეობას, სადაც გრძელდება საქონლის და ფრინველის სულადობის შემცირება, მკვეთრად გაუარესდა ხორცისა და რძის პროდუქტებით, ბოსტნეულით, ხილით და კარტოფილით, სურსათის სხვა სახეობით მოსახლეობის უზრუნველყოფა. მოშლილია სამრეწველო საქონლის ბაზარიც. შეუჩერებლად იზრდება ფასები, მატულობს ინფლაციის ტემპი. არსებული შეფასებით, მოსახლეობის ხელთ არსებული ფულადი რესურსები თითქმის 3-4-ჯერ აღემატება რესპუბლიკის წლევანდელ სახელმწიფო ბიუჯეტს, 1,5-ჯერ და მეტად - წლიურ ეროვნულ შემოსავალს. გაკოტრების პირასაა მისული სამრეწველო და სამშენებლო, ეკონომიკის სხვა დარგების საწარმოთა და ორგანიზაციათა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთა ვადაგადაცილებულმა დავალიანებამ 3,2 მილიარდ მანეთს მიაღწია და შარშანდელ შესაბამის მაჩვენებელს დახლოებით 400 მილიონი მანეთით გადააჭარბა.

ეს პროცესები იმდენად საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დაძაბულობის შედეგი კი არ არის, რამდენადაც დღემდე არსებული საბჭოთა ეკონომიკური სისტემის შინაგანი უუნარობისა, რომელმაც თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციისა და უაღრესად მდიდარი ბუნებრივი და შრომითი რესურსების მიუხედავად, ვერ შეძლო მოეწყო ცივილიზებული საზოგადოებისათვის შესაფერისი წარმოების ორგანიზაცია და ცხოვრების წესი. გიგანტურმა და მოუქნელმა ეკონომიკურმა სტრუქტურამ, რომელსაც ერთიან სახალხო-სამეურნეო კომპლექსს უწოდებენ, მოკავშირე რესპუბლიკათა ეკონომიკის ავტონომიურად ფუნქციონირების უნარი მინიმუმამდე შეასუსტა.

ავიღოთ თუნდაც ჩვენი რესპუბლიკა, რომელსაც დღემდე არ გააჩნია მყარი საიმედო სათბობ-ენერგეტიკული ბაზა. ელექტროენერგიის საკუთარი წარმოება მოთხოვნილებაზე 3-4 მილიარდი კილოვატსაათით ნაკლებია. ეს იმ დროს, როცა ჩვენი დღევანდელი მოთხოვნილება წარმოებისა და ყოფა-ცხოვრების ტექნიკური აღჭურვილობის დაბალი დონის გამო, მნიშვნელოვნად ჩამორჩება მეტნაკლებად განვითარებული ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს. ამასთან, საკუთარი ნავთობისა და ქვანახშირის საბადოთა შეზღუდულობის თუ არასაკმაო შესწავლა-გამოვლენის გამო ჩვენი ენერგეტიკა შემოტანილ რესურსებს ემყარება.

სხვებთან შედარებით გაცილებით მეტი თავისთავადობით ხასიათდება საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსი, რომელიც ჩვენს საუცხოო ბუნებრივსა და ნიადაგობრივ-კლიმატურ პირობებს ემყარება. მაგრამ ისიც ყბადაღებული შრომის საერთო-საკავშირო დანაწილების ინტერესების გამო, ცალმხრივი სპეციალიზაციის შედეგად ძირითადად ისეთი პროდუქტების წარმოებაზეა დაპროფილებული, რომ დღეისათვის ამ პროდუქტების ხარისხის შესაბამისად, მათი გასაღების ბაზარი პრაქტიკულად საბჭოთა კავშირით შემოიფარგლება. ამასთან, ხსენებული დარგების უპირატესმა განვითარებამ მეტისმეტად შეავიწროვა და პრაქტიკულად გამოდევნა მარცვლეულისა და შესაბამისად მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება, რამაც ჩვენი სასურსათო მომარაგება დამოკიდებული გახადა სხვა რეგიონებზე.

ჩვენს სიძნელეებს მარტო ათწლეულებით მიზანდასახული მეურნეობის სტრუქტურის დეფორმირება როდი განაპირობებს; განუზომელია დანაკარგები, რომლებიც მსოფლიოს ბაზრისაგან მოწყვეტამ მოგვაყენა საკუთარი სანედლეულო რესურსების - მანგანუმისა თუ ფერადი ლითონების, საკურორტო-ტურისტული მეურნეობისათვის უნიკალური პირობების საბჭოთა კავშირის შიგნით არაეფექტიანად გამოყენების გამო. იგივე შეიძლება ითქვას შავი ზღვის ათვისების, ნაოსნობის რესპუბლიკის ინტერესების შესაბამისად განვითარების შესახებაც, ამგვარი ჩამონათვალი კვლავ შეიძლება გავაგრძელოთ. ერთი სიტყვით, ცხადია, რომ სანამ საქართველოს ეკონომიკა ამ სტრუქტურებიდან თავის დაღწევას ვერ შეძლებს, რუსეთისა და სხვა რესპუბლიკების ჩავარდნები, რასაც ამჟამად აქვს ადგილი, საქართველოს ეკონომიკას წინსვლის საშუალებას არ მისცემს. როცა ამ ამოცანას გადავჭრით, მაშინ ჩვენს უდავო პოლიტიკურ მიღწევებს საიმედო და მყარი ეკონომიკური ფუნდამენტი ექნება.

საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა უმრავლესობას, პოლიტიკური პარტიების და ორგანიზაციების ბლოკის „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლები შეადგენენ. ამ ბლოკს აქვს აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტის ვრცელი პლატფორმა, რომლის ხორცშესხმა რესპუბლიკის ახალი მთავრობის უპირველესი სისხლხორცეული ამოცანაა. ამასთან, უნდა ითქვას, რომ საქართველოში უკანასკნელი წლების მანძილზე აშკარად შეიმჩნევა ეკონომიკური აზროვნების აღორძინება, ვფიქრობთ, კონკრეტული ეკონომიკური ამოცანების გადასაწყვეტად სხვა პარტიათა პროგრამებიდან ბევრი რამის გამოყენებას შევძლებთ იმ მძიმე მემკვიდრეობის დასაძლევად, რომელსაც დღეს ჩვენი წინამორბედებისაგან ვიღებთ.

ამასთან, მხედველობაში გვაქვს, რომ საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის არსი იმით კი არ გამოიხატება, თუ როგორი შემოტანა-გატანის სალდო გვაქვს რუსეთთან თუ სხვა სახელმწიფოსთან, არამედ უფრო მეტად იმით, თუ რამდენად შეგვიძლია შევცვალოთ მათთან ჩამოყალიბებული სამეურნეო კავშირები ეკონომიკური თუ პოლიტიკური, გნებავთ მორალური ხასიათის ფაქტორებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის პირობებში, როცა ეკონომიკურ ცხოვრებას მსოფლიო ხასიათი აქვს, ჩაკეტილი მეურნეობის მქონე სახელმწიფოების, მით უმეტეს საქართველოს მასშტაბისა, არსებობა წარმოუდგენელია და ჩვენც, რა თქმა უნდა, არ შეიძლება აქეთ ვესწრაფოდეთ. მთავარია, გვქონდეს ეკონომიკური, ფინანსური შესაძლებლობები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს ერთი სანედლეულო წყარო შევცვალოთ მეორეთი, ერთი გასაღების ბაზრიდან გავიდეთ მეორეზე.

სამწუხაროდ, დღესდღეობით, ჩვენი ეკონომიკისათვის მეტად კრიზისულ ვითარებაში, ამგვარი მანევრირების საშუალება შეზღუდული გვაქვს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გასავლის ნაწილის მოთხოვნილება, შემოსავლების დღევანდელი წყაროებით სანახევროდაც კი არ კმაყოფილდება და დეფიციტი 4 მილიარდ მანეთს აჭარბებს. ამგვარი ვითარება მნიშვნელოვანწილად იმიტომ შეიქმნა, რომ სსრ კავშირის მთავრობამ ეკონომიკურ სიძნელეთა უმეტესი ნაწილის რესპუბლიკებისათვის გადაკისრება მოისურვა. მარცვლეულის, მეცხოველეობის პროდუქტების შესასყიდი ფასების გადიდებასთან ერთად ფასთა სხვაობის დაფარვა საკავშირო ბიუჯეტის ნაცვლად რესპუბლიკებზე იქნება გადატანილი. ასევე გაიზარდა ხარჯები პენსიების მომატებასთან დაკავშირებით და ა.შ. ამგვარი და სხვა ღონისძიებებით კიდევ უფრო გაძლიერდა დამოუკიდებლობისაკენ მსწრაფი რესპუბლიკის სიძნელეები.

ასეთ ვითარებაში საქართველოს ახალ მთავრობას პერსპექტიული და სტრატეგიული ეკონომიკური პლატფორმის ხორცშესხმისათვის მზადების ერთდროულად, მოუწევს საგანგებო ზომების გატარება გარდამავალ პერიოდში ეკონომიკის უწყვეტი ფუნქციონირების, მისი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების მიზნით, რაც უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს მოსახლეობის სასურსათო და სახალხო მეურნეობის რესურსებით, პირველ რიგში სათბობითა და ენერგიით, უზრუნველყოფას. ეს ცენტრალიზებული განაწილების მინიმუმამდე შეზღუდვისა და პირდაპირ კავშირებზე გადასვლის პერიოდში, როცა ინფლაციის სწრაფი ტემპის პირობებში საბჭოთა ფული დღითი დღე უფასურდება, ხოლო რესპუბლიკის სავალუტო ხარჯები მეტად უმნიშვნელოა, ძალზე რთული ამოცანაა.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი საქმე ხელიდან წასულია და ცენტრს შეუძლია შიმშილით და სიცივით გვაიძულოს უკან დავიხიოთ ჩვენი მიზნებისაგან. საქმე ის გახლავთ, რომ როგორც ჩვენ ვართ მიბმული რუსეთის ეკონომიკაზე, ისე რუსეთის ეკონომიკაც არის ჩვენზე დამოკიდებული. თუ იგი უარს გვეტყვის ენერგეტიკულ და სანედლეულო რესურსების მოწოდებაზე, თვითონაც იძულებული იქნება ეძებოს თავისი გადამმუშავებელი მრეწველობის, არცთუ ისე მაღალხარისხოვანი პროდუქციის გასაღების ბაზარი და გამოძებნოს სავალუტო რესურსები ჩვენი ღვინის, ჩაის, ხილ-ბოსტნეულის, ციტრუსის, კონსერვებისა და სხვათა ნაცვლად სხვაგან ამ პროდუქციის შეძენისათვის. ამიტომ ჩვენც და ისინიც იძულებულნი ვართ შევინარჩუნოთ არსებული სამეურნეო კავშირები, თუმცა საჭიროა ამ კავშირებს ალტერნატივები მოვუძებნოთ და რაც შეიძლება - სწრაფად.

ამგვარად, 1991 წლისათვის ჩვენ ცენტრთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც უნდა წავიდეთ. არ არის გამორიცხული, რომ ამ თანამშრომლობას ჰქონდეს ერთიანი გეგმის ან, რაც უფრო სასურველია, სამეურნეო შეთანხმების სახე.

ამავე დროს, მთავრობის საქმიანობის უმთავრესი მიმართულება იქნება ბლოკის „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ ეკონომიკური პლატფორმის თანამიმდევრული განხორციელება. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უნდა გადაიდგას საკუთრების, მიწათსარგებლობის, მეწარმეობის, საბანკო სისტემის და სხვათა შესახებ საკანონმდებლო აქტების მიღებით. უნდა შევიმუშაოთ და განვახორციელოთ სახელმწიფო საკუთრების დეცენტრალიზაციისა და პრივატიზაციის პროგრამა, მიზანსწრაფულად უნდა შევძლოთ ეკონომიკური ლიბერალიზაციის კურსის გატარება ისე, რომ მეწარმეობის თავისუფლება და კერძო ინიციატივის განვითარება ჩვენი ეკონომიკური ცხოვრების მთავარ წესად იქცეს, გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭოს საერთაშორისო ბაზარზე გასვლას და საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად უცხოური კაპიტალის მოზიდვას. ამასთანავე, მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი იქნება მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვება უაღრესად არახელსაყრელ სამეურნეო ვითარებაში გვიხდება. ამის გამო, სამწუხაროდ, გარდამავალ პერიოდში ვერ გავექცევით სიძნელეებს სოციალურ სფეროში. ფასების ლიბერალიზაცია კიდევ უფრო გააძნელებს მოსახლეობის ცალკეული ფენების არცთუ ისე დალხინებულ ცხოვრებას. ვერ გავექცევით უმუშევრობას. მაგრამ საქართველოს მთავრობა ყველა ღონეს იხმარს, რომ ეს პროცესები რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეული იყოს მოსახლეობისათვის. ამავე დროს, რაც უფრო მალე გავივლით ხსენებული სოციალური სიძნელეებით აღსავსე გარდამავალ პერიოდს, რაც, თავის მხრივ, ამგვარი პროცესების ფორსირებას მოითხოვს, მით უფრო მალე შევქმნით პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფუძვლებს ცხოვრების დასავლეთის სტანდარტების მისაღწევად.

მთავრობას თავის მოვალეობად მიაჩნია ეკონომიკური სისტემის შეცვლის პარალელურად და კვალობაზე შექმნას რაც შეიძლება ხელსაყრელი პირობები საქართველოს მეურნეობის სტრუქტურულ დეფორმაციათა აღმოსაფხვრელად, ისეთი დარგების უპირატესი განვითარების სტიმულირებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ საიმედო და გარანტირებულ სასურსათო და ენერგეტიკული ბაზის შექმნას, ჩვენი მთავარი სიმდიდრეების - უნიკალური ბუნებრივი რესურსების და მაღალინტელექტუალური შრომითი პოტენციალის რაც შეიძლება ეფექტიანად გამოყენებას. ამ თვალსაზრისით მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის, ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარება, მეცნიერებატევადი და მაღალკვალიფიციურ შრომით რესურსებზე მოთხოვნილების მქონე დარგების - ელექტრონული, რადიომრეწველობის და სხვათა სწრაფი განვითარება. საქართველოს მანქანათმშენებლობა უნდა შემოვაბრუნოთ უწინარეს ყოვლისა საკუთარი ეკონომიკის მოთხოვნილებათა შესაფერისი, პირველ რიგში აგროსამრეწველო კომპლექსის, განსაკუთრებით სამთო მიწათმოქმედებისათვის საჭირო მანქანა-იარაღის წარმოებაზე.

მეტალურგიული და ქიმიური მრეწველობა უნდა ვითარდებოდეს ადგილობრივი ნედლეულის მაქსიმალური ეფექტიანობით გამოყენებისა და საბოლოო პროდუქტების წარმოებაზე უპირატესი ორიენტაციით.

ჩვენი ღვთით მომადლებული ბუნების წყალობით საქართველოს ეკონომიკის საძირკველს სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა წარმოადგენს. აგრარული რეფორმის განხორციელება, რომელიც ქართველი ერის ტრადიციებს და ეკონომიკურ მიზანშეწონილობას უნდა დაემყაროს, ჩვენი სოფლის შენარჩუნება-აღორძინებასთან ერთად უზრუნველყოფს აგროსამრეწველო კომპლექსის ეკონომიკის განმტკიცებას და მის საერთაშორისო ბაზარზე გასვლას.

პერსპექტიულ ეკონომიკურ პრობლემათა შორის წინა პლანზე დგას აგრეთვე სატრანსპორტო სისტემის, კერძოდ, საავტომობილო გზების განვითარებისა და საქართველოს ჭეშმარიტად საზღვაო სახელმწიფოდ გადაქცევის პრობლემები. დიდი ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ მაღალრენტაბელურ საკურორტო-ტურისტული მეურნეობისა და სერვისის შექმნას.

მთავრობის სოციალური პოლიტიკა გარდამავალი პერიოდის სიძნელეთა მიუხედავად არ შეიძლება შემოიფარგლებოდეს ცხოვრების მიღწეული დონის მეტ-ნაკლებად შენარჩუნების ღონისძიებებით.

თანამიმდევრულად და განუხრელად უნდა განხორციელდეს კულტურის, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების განთავისუფლება დღემდე შემორჩენილი „სოციალისტური“ სტერეოტიპებისაგან.

ამ თვალსაზრისით, რაოდენ დიდი ფინანსური სიძნელეებიც უნდა გვქონდეს, უნდა შევძლოთ ამ საარსებო მნიშვნელობის სფეროებში ინვესტიციათა წყაროების გამონახვა. განსაკუთრებული მნიშვნელობის პრობლემად მიგვაჩნია თანამედროვე დასავლურ ტექნოლოგიასა და მენეჯმენტს დაუფლებული კადრების მასშტაბური მომზადება.

ამასთანავე, ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ ყოველ კონიუნქტურულ მიმდინარე თუ სტრატეგიულ ღონისძიებას უნდა წარმართავდეს გარემოს გაჯანსაღების პირველი რიგის ამოცანათა ინტერესები.

ეკოლოგიური მოთხოვნები ყველა სამეურნეო პრობლემას უნდა ფარგლავდეს და მათ დაუცველად რარიგ მაღალეფექტიანი პროექტებიც უნდა იყოს, მაინც არ უნდა განხორციელდეს.

ასეთია საქართველოს ახალი მთავრობის საქმიანობის ძირითადი ორიენტირები გარდამავალი პერიოდისათვის. მთავრობის შემადგენლობის ფორმირებისთანავე დაიწყება ხსენებულ პრობლემათა გადაწყვეტის კონკრეტული პროგრამების შემუშავება და შესაბამისად პარლამენტისათვის მეცნიერულად, ტექნიკურ-ეკონომიკურად დასაბუთებული საკანონმდებლო დოკუმენტების პროექტების წარმოდგენა.

თენგიზ სიგუას სიტყვა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე 1990 წლის 15 ნოემბერს // ახალი საქართველო. - 1990. - 16 ნოემბერი. - № 4 (21012). - 2 გვ.

თენგიზ სიგუას სიტყვა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე 1990 წლის 15 ნოემბერს // რესპუბლიკა. - 1990. - 20 ნოემბერი. - № 28 (90). - 1,2 გვ.

4 თენგიზ სიგუა - „თითოეულსა და ყველას მუხლჩაუხრელი შრომა გვმართებს...“

▲ზევით დაბრუნება


ყოველ ახალ წელს თითოეული ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ნებისმიერი სახელმწიფოს მთავრობის მეთაურისთვის უამრავი ახალი საფიქრალ-საზრუნავი მოაქვს. ეს განსაკუთრებით ითქმის საქართველოს რესპუბლიკის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრზე. განსაკუთრებითო, იმიტომ ვამბობთ, რომ იგი სულ ორიოდე თვის წინათ დაინიშნა მთავრობის მეთაურად, თანაც მთავრობისა, რომელიც საბოლოოდ და სრულად ჯერაც არ არის ჩამოყალიბებული. ამჟამინდელი ერთობ რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია კი, როგორც იტყვიან, ამოსუნთქვის საშუალებასა და იოტისოდენა შეღავათსაც არ იძლევა, პრობლემები სასწრაფოდ ითხოვს გადაჭრას. დროც ძალიან ძვირად ფასობს. მიუხედავად ამისა, მაინც ვთხოვეთ მოკლე საგაზეთო ინტერვიუ ბატონ თენგიზ სიგუას. ანგარიში გაგვიწია და საამისოდ რამდენიმე წუთი „მოიპარა“ ისედაც ძალზე შეზღუდული დროის მარაგიდან. ინტერვიუც სწორედ დროსთან დაკავშირებული შეკითხვით დავიწყეთ.

- ბატონო თენგიზ, რამდენად შეიცვალა თქვენი ცხოვრება, შემოქმედებითი საქმიანობა პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ? საბოლოოდ ხომ არ ჩამოსცილდით მეცნიერულ მუშაობას, რომელსაც რამდენიმე ათეული წელი მიუძღვენით, დაგრჩათ კი თავისუფალი დრო და როგორ იყენებთ მას?

- ჯერ თავისუფალ დროსთან დაკავშირებით მოგახსენებთ ორიოდ სიტყვას, რითაც, ვფიქრობ, მთელ კითხვას გაეცემა პასუხი. თავისუფლი დრო, როგორც ასეთი, ჯერჯერობით საერთოდ არა მაქვს, რადგან ჩემი სამუშაო დღე დილის რვა საათიდან ღამის 2-3 საათამდე გრძელდება.

ასეთი დატვირთვა უწინარესად სამოცდაათწლიანი მძიმე მემკვიდრეობით მიღებული უამრავი პრობლემისა და იმ გარდამავალი პერიოდის სიძნელეებით არის განპირობებული, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს პირველმა სესიამ გამოაცხადა.

ასე რომ, სამუშაო, გასაკეთებელ-მოსაგვარებელი და საფიქრალ-საზრუნავი, მართლაც ძალიან ბევრია.

დროის ასეთი დეფიციტის პირობებში, ცხადია, საგრძნობლად, შეიძლება ითქვას, ძირფესვიანადაც შეიცვალა ჩემთვის აქამდე ჩვეული ცხოვრების რიტმი. ჯერხნობით მეცნიერულ მუშაობაზე ფიქრიც ზედმეტია. ვიმედოვნებ, იმის კვალობაზე, თუ რამდენად სწორად და სწრაფად ვივლით ქართველი ხალხის მიერ არჩეულ დამოუკიდებლობისა და დაკარგული სახელმწიოფოებრიობის აღდგენის გზაზე, ცხოვრებაც, არა მარტო ჩემთვის, ჩვეულ კალაპოტში ჩადგება.

- როგორ შეაფასებდით ძალიან მოკლედ ჩვენი რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის ამჟამინდელ მდგომარეობას?

- სამწუხაროდ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის ამჟამინდელი მდგომარეობა უაღრესად კრიზისული, თითქმის კატასტროფულია, დღესდღეობით მის ვერც ერთ დარგში არსებულ ვითარებას ვერ ჩავთვლით დამაკმაყოფილებლად, თანამედროვეობის მოთხოვნათა შესატყვისად. მკვეთრად გამოიკვეთა წარმოების შეკვეცისა და შრომის ნაყოფიერების შემცირების საშიში ტენდენცია. შარშან მნიშვნელოვნად დაქვეითდა სამრეწველო და სასოფლო სამეურნეო პროდუქციის, ეროვნული შემოსავლის წარმოების დონე. წლეულს კი ეს კრიზისული მოვლენა კიდევ უფრო გაღრმავდა. ჩვენი ამჟამინდელი ასეთი არასახარბიელო მდგომარეობის გამომწვევი მიზეზები ძირითადად ყველასათვის კარგად არის ცნობილი. ამიტომაც მათზე ყურადღებას არ შევაჩერებ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ რაც უფრო მალე და ნაკლები დანაკარგებით გავივლით ამ ეკონომიკური და სოციალური სიძნელეებით აღსავსე გარდამავალ პერიოდს, რასაც თავისთავად დიდი ძალისხმევა და ამგვარი პროცესების ფორსირება დასჭირდება, მით უფრო მალე შევქმნით სათანადო საფუძვლებსა და წინამძღვრებს ჩვენი ყოფა-ცხოვრების ნორმალურად მოწყობისათვის.

- მაგრამ ამას, ბატონო თენგიზ, სულ ცოტა, რამდენიმე წელი მაინც დასჭირდება. რას გვეტყოდით უფრო ახლო, კერძოდ, მომავალი წლის პერსპექტივაზე, რომელიც ორიოდ დღეში შემოგვიღებს კარს? რას უნდა ველოდოთ მისგან?

- გეტყვით მხოლოდ იმას, რომ მომავალს, კერძოდ კი 1991 წელსაც, იმედიანად უნდა შევხედოთ, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი კაცისათვის ორგანულად დამახასიათებელი ოპტიმიზმი საერთოდ კარგი მეგზურია. ჩვენი ამჟამინდელი რთული მდგომარეობა ობიექტურად არ არის შეუქცევადი, არც არსებული პრობლემებია დაუძლეველი, შესაძლებლობებიც საკმაოდ გვაქვს.

ავიღოთ თუნდაც ერთი ფაქტი, რომელიც, სხვათა შორის, თქვენსავე გაზეთში დაიბეჭდა. კერძოდ ის, რომ საქართველოს რსფსრ-სთან სავაჭრო ურთიერთობებში დადებითი სალდო აქვს. ეს ძალიან ბევრისთვის მოულოდნელი იყო. თითქოსდა სად ჩვენ, და სად - თვალუწვდენი რუსეთი, რომელიც ჩვენთვის საჭირო ბევრი სტრატეგიული მასალისა და ნედლეულის - ნავთობი იქნება ეს, ხე-ტყე თუ სხვა - თითქმის მთლიან რაოდენობას გვაწვდის!

ასე რომ, არც მთლად ისე უიმედო და ხელიდან წასულია ჩვენი საქმე, ზოგ-ზოგებს რომ ჰგონიათ. ოღონდ ეს კია - ჩვენთვის სასურველ კალაპოტში ვითარების მოქცევისათვის თითოეულსა და ყველას, ჩინისა და რანგის განურჩევლად, მართლაც გულიანი და მუხლჩაუხრელი შრომა გვმართებს.

- როგორც იტყვიან, ღმერთიც გაგახარებთ იმედიანი სიტყვებისათვის. მაგრამ ზოგიერთების გულში საფუძვლიანად რომ ჩაბუდებულა მომავლისადმი ერთგვარი შიშნარევი ეჭვი? ბევრი „კეთილმოსურნეც“ ღვარძლიანად რომ ქირქილებს - ვნახოთ ერთი, რას მიაღწევთ თქვენი დამოუკიდებლობითო?

- ამ უკანასკნელთა საყურადღებოდ იმას ვიტყოდი, რომ საქართველო ასწლეულების წინათაც არსებობდა დამოუკიდებლად. თანაც თითქმის მთლიანად საკუთარი ნედლეულით და რესურსებით. ასეც არ იყოს, ჩვენ დამოუკიდებლობას ვესწრაფვით და არა თვითიზოლაციას, ამის დასტურია თუნდაც ამ ბოლო ორიოდე თვის მანძილზე ესტონეთთან, უკრაინასთან, მოლდავეთთან და აზერბაიჯანთან დადებული ხელშეკრულებები ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის შესახებ. მალე ანალოგიურ ხელშეკრულებას გავაფორმეთ რუსეთთან და სხვა რესპუბლიკებთანაც. ოღონდ მხოლოდ თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთხელსაყრელობის საფუძველზე.

ზოგიერთი „ურწმუნო თომას“ გასაგონად კი ერთ რამესაც ვიტყვი: საქართველოს რომ ჯეროვანი პოტენცია და ნებისმიერ სახელმწიფოსთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებისათვის საჭირო პირობები არ ჰქონდეს, დამერწმუნებით, მრავალი კაპიტალისტური ქვეყნის ბიზნესმენები და საქმიანი წრეების წარმომადგენლები, ფულს რომ ტყუილუბრალოდ არასოდეს ფანტავენ, არ ეცდებოდნენ ჩვენთან კავშირის დამყარებას.

- საქმე ისე მიდის, საბჭოთა მანეთი მალე შეიძლება აბაზად იყიდოს კაცმა. თუნდაც ამიტომ გვჭირდება საკუთარი ფულადი ერთეული. რას გვეტყოდით ამაზე?

- თუნდაც მხოლოდ ის ფაქტი, რომ ინფლაციის სწრაფი ტემპის პირობებში საბჭოთა მანეთი სულ უფრო უფასურდება, აიძულებს ადამიანს იფიქროს ამაზე. თუმცა ჩვენთვის ეს არ არის მთავარი და გადამწყვეტი საკითხი. სრული დამოუკიდებლობა და დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენა სხვისი ფულადი ერთეულით შეუძლებელია. ამიტომაც ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ.

სწორედ ამას ვითვალისწინებდით, მაგალითად, უკრაინასთან ხელშეკრულების დადებისას, რომლის მეხუთე მუხლში წერია, რომ თუ ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარე ეროვნულ ვალუტას შემოიღებს, მიწოდებული საქონლისა და გაწეული მომსახურებისათვის ანგარიშსწორება მხარეთა დამატებითი სპეციალური შეთანხმების საფუძველზე უნდა მოხდეს.

- როგორი იქნება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურა?

- ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა ნაადრევია, რადგან მთავრობა ჯერჯერობით სრულად და საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ გვაქვს. თუმცა ამ მხრივაც ჩვენი საბოლოო მიზანი და სამოქმედო პროგრამაც გამოკვეთილია. კერძოდ, ფაქტია, რომ საქსახაგრომრეწვმა ვერ გაამართლა თავისი დანიშნულება. ამიტომაც მისი ლიკვიდაციის ხარჯზე აღვადგენთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს. თანდათან შეიზღუდება სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის ფუნქციებიც, რადგან საბაზრო ეკნომიკას დაგეგმვა არ სჭირდება. რაც შეეხება მომარაგების სახელმწიფო კომიტეტს, მას შევინარჩუნებთ, რადგან ჯერჯერობით, ნაწილობრივ გეგმაზეც ვმუშაობთ. ამ კომიტეტს კი მყარი კავშირები აქვს დამყარებული რესპუბლიკაში ნედლეულის შემომტან საწარმოებთან.

- მთავრობის სტრუქტურა, როგორვ ვთქვი, ჯერჯერობით საბოლოოდ არ არის დამუშავებული. ისე კი, ალბათ, რესპუბლიკაში იქნება მაქსიმუმ 16-17 სამინისტრო, რაც სრულიად საკმარისია სახალხო მეურნეობის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

- როგორ შეაფასებდით სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს მიერ მიღწეულ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ძირითად მიმართულებებს. საბაზრო ურთიერთობების დანერგვის სხვა პროგრამებს? ბაზრისკენ მიმავალ რომელ გზას აირჩევს საქართველო? როგორია მისი სპეციფიკა?

- რაიმე კონკრეტული შეფასებისაგან თავს შევიკავებ. იმას კი ვიტყვი, რომ ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორიც არის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, ყველა რესპუბლიკაში არსებული კონკრეტული ვითარების, ადგილობრივი პირობების, ტრადიციებისა და ჩვეულებების გათვალისწინებით უნდა გადაიჭრებოდეს, ყოვლისმომცველმა გათანაბრებამ და ნიველირებამ სანამდეც მიგვიყვანა, ყველანი კარგად ვხედავთ.

საბაზრო ეკონომიკის დანერგვისას უთუოდ უნდა გავითვალისწინოთ და ადგილობრივ პირობებს შევუსაბამოთ მოწინავე ქვეყნების გამოცდილება, ყველა სახელმწიფოს სპეციფიკა, ძირითადი სტრატეგიული ნედლეული, მისი გასაღების ბაზარი. ჩემი აზრით, საჭიროა შევქმნათ უკვე მიღებული ორი ან სამი ეკონომიკური მოდელის სინთეზი.

ისე კი, ფაქტია, რომ ამჟამინდელი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა ადმინისტრაციულ-მბრძანებლურ მეთოდებსა და ცენტრალურ დაგეგმარებაზე დამყარებული სოციალისტური ეკონომიკური სისტემის დემონტაჟი და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე თანდათანობითი გადასვლა.

წარმოების საშუალებათა კერძო საკუთრება, კერძო ფინანსური ბაზრები, თავისუფალი შრომის ბაზარი... მას შემდეგ, რაც ეს ელემენტები ამოქმედდება, ხალხი მის მიერ არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით გადაწყვეტს, თუ როგორი ფორმით ჩამოყალიბდება საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობები. მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებთან რესურსებს უნდა ანაწილებდნენ საბაზრო ძალები და არა ბიუროკრატია. სახელმწიფოს კონტროლი კი ამ განაწილებისადმი, ისევე როგორც ფასების კონტროლი, არ უნდა ემყარებოდეს ადმინისტრირების დრომოჭმულ მეთოდს. საბაზრო ეკონომიკა უშუალოდ უნდა დაეყრდნოს კერძო სექტორს და ღია საერთაშორისო ვაჭრობას. ამავე დროს აუცილებელია პრივატიზაციის პროცესის დაჩქარება, განსაკუთრებით სოფლად. საჭიროა შემოღება მიწის კანონისა, რაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს საქართველოს მოქალაქის სტატუსის შემოღებას. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებს უნდა გადაეცეთ მიწა კერძო მფლობელობაში გასხვისების უფლების გარეშე, რაც უთუოდ შეუწყობს ხელს მოსახლეობის სოფლად დამკვიდრებას და გლეხური მეურნეობების განვითარებას საქართველოში. აუცილებელია აგრეთვე აღდგეს ტრადიციული ფორმები სოფლის მეურნეობისა. ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს მევენახეობაზე, მეცხოველეობისა და მარცვლეული კულტურების განვითარებაზე.

- სათქმელი, ბატონო თენგიზ, კიდევ ბევრია, მაგრამ, ვგრძნობთ, ისედაც გადაჭარბებით ვისარგებლეთ თქვენი ყურადღება-კეთილგანწყობით. ამიტომაც წინასწარ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ წარმატებებს თქვენს ერთობ მნიშვნელოვან და პასუხსაგებ საქმიანობაში საქართველოს საკეთილდღეოდ. ამასთანავე ვიმედოვნებთ, რომ თქვენის შეწევნითა და ნებართვით პერიოდულად კვლავაც შევხვდებით მკითხველებს „რესპუბლიკის“ ფურცლებზე. მთავარი საქმეები ხომ წინ არის...

- ვეცდები შეძლებისდაგვარად მუდამ შევასრულო გაზეთის თხოვნა. პირადს გარდა რესპუბლიკის მშრომელებთან გაზეთის მეშვეობით დამყარებული კონტაქტებიც ხომ აუცილებელია. მე აუცილებლად მიმაჩნია იმის ხაზგასმა, რომ სამთავრობო გაზეთის მთავარი თემა, - თუ თქვენსავე ჟურნალისტურ ტერმინს მივმართავ, - უნდა იყოს ეკონომიკა, ეკონომიკის პრობლემები. ზოგს ამ თემაზე წერა მოსაწყენი ჰგონია. ეს არაა ასე, მით უმეტეს ჩვენს პირობებში, როდესაც ეკონომიკა თვისობრივად სრულიად ახალ რელსებზე უნდა გადაეწყოს და მისდამი დაინტერესებაც საყოველთაოა და ბოლოს, გულითად მადლობას მოგახსენებთ მოლოცვისათვის, მე ვულოცავ სრულიად საქართველოს დამდეგ ახალ წელს და ვუსურვებ მას წარმატებებს თავისუფლების სანუკვარ გზაზე!

ესაუბრა
რუსლან რუსია.

ინტერვიუ: „თითოეულსა და ყველას მუხლჩაუხრელი შრომა გვმართებს... / სიგუა თ., [ჩაიწერა] რუსლან რუსიამ // რესპუბლიკა. - 1991. - 1 იანვარი. - № 1 (34). - 3 გვ.

5 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დადგენილება საქართველოს რესპუბლიკაში სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკის 1961 წლის ნიმუშის 50 და 100-მანეთიანი ფულის ნიშნების გამოცვლის მიმდინარეობის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


იმ მიზნით, რომ ეფექტიანად განხორციელდეს სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკის 1991 წლის ნიმუშის 50 და 100-მანეთიანი ფულის ნიშნების გამოცვლა, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ამ პროცესში მოსახლეობის ინტერესები, გაძლიერდეს უშრომელი შემოსავლის წინააღმდეგ ბრძოლა და მოხდეს ფულის მიმოქცევისა და სამომხმარებლო ბაზრის ნორმალიზაცია, აღნიშნული ფულის ნიშნების გამოცვლისას რესპუბლიკაში გატარდეს ერთიანი პოლიტიკა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 23 იანვრის დადგენილების თანახმად შექმნილი რესპუბლიკური სპეციალური სადეპუტატო კომისიის წინადადებით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო ადგენენ:

1. მიენიჭოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს და ფინანსთა სამინისტროს საგანგებო უფლებამოსილებანი იმისათვის, რომ კოორდინაცია გაუწიონ სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკის 1961 წლის ნიმუშის 50 და 100-მანეთიანი ფულის ნიშნების გამოცვლას და გაკონტროლონ, სწორად სრულდება თუ არა მიმოქცევიდან ამოღების ღონისძიებანი.

2. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტისა და ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობას (ო. ხატიაშვილი, გ. აბსანძე) მიენიჭოს უფლება, რომ თანამდებობიდან გადააყენონ საბანკო და საფოსტო დაწესებულებათა ხელმძღვანელი მუშაკები, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს დადგენილი წესის შესაბამისად სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკის 1961 წლის ნიმუშის 50 და 100-მანეთიანი ფულის ნიშნების გამოცვლისა და მიმოქცევიდან ამოღების ღონისძიებათა გატარება.

3. დადგენილება ძალაშია მიღებისთანავე და მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სპეციალურ განკარგულებამდე.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე
თ. სიგუა.
თბილისი. 1991 წლის 26 იანვარი.

დადგენილება: საქართველოს რესპუბლიკაში სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკის 1961 წლის ნიმუშის 50 და 100-მანეთიანი ფულის ნიშნების გამოცვლის მიმდინარეობის შესახებ / ზ. გამსახურდია ., თ. სიგუა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 29 იანვარი. - №19 (39). - 1 გვ.

6 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დადგენილება რესპუბლიკაში კოოპერატივებისა და ინდივიდუალურად მომუშავეთა საქმიანობის მოწესრიგების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო აღნიშნავს, რომ რესპუბლიკის სასურსათო საქონლის მწვავე დეფიციტის პირობებში, როდესაც მათი რეალიზაცია ძირითადად საბარათო წესით ხდება, მიზანშეუწონელია საბაზრო ფონდის რესურსებიდან პროდუქციის გაცემა კოოპერატივებისა და ინდივიდუალურად მომუშავეთათვის, ამასთანავე დადებითად უნდა შეფასდეს იმ კოოპერატივების საქმიანობა, რომლებსაც აქვთ გამოსაყენებელი რესურსების წარმოების საკუთარი ბაზა ან თავიანთ მოთხოვნებს რესპუბლიკის გარედან შემოტანილი რესურსებით იკმაყოფილებენ.

მოსახლეობის სასურსათო რესურსების უზრუნველყოფის გაუმჯობესებისა და რესპუბლიკაში მოქმედი ზოგიერთი სახეობის კოოპერატივის და ინდივიდუალურად მომუშავეთა საქმიანობის მოწესრიგების მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო ადგენს:

1. 1991 წლის 1 ივლისამდე აეკრძალოთ რესპუბლიკის საწარმოებს, სავაჭრო და სხვა ორგანიზაციებს (სახელმწიფო შეკვეთის გადამეტებით არსებული ნედლეულის ხარჯზე) მიჰყიდონ საზკვების, საკონდიტრო და სხვა კოოპერატივებს, აგრეთვე ინდივიდუალურად მომუშავეებს ხორცის, კარაქის, შაქრის, კვერცხის და შედედებული რძის პროდუქტები.

2. დაევალოთ სახალხო დეპუტატთა საქალაქო და რაიონული საბჭოების აღმასკომებს:

- მკაცრი კონტროლი გაუწიონ სახელმწიფო სავაჭრო და საწარმოო ორგანიზაციების, აგრეთვე კოოპერატივებისა და ინდივიდუალურად მომუშავეების მიერ ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულებას:

- საქართველოს წარმოებისა და მომსახურების სფეროს კოოპერატორთა კავშირთან, ასოციაციებთან და რაიონულ და საქალაქო გაერთიანებებთან ერთად მაქსიმალურად შეუწყონ ხელი კოოპერატივებს და ინდივიდუალურად მომუშავეებს საკუთარი რესურსების წარმოების განვითარებისა და რესპუბლიკის გარედან საქონლის შემოზიდვის საქმეში.

3. აღნიშნული დადგენილება ძალაშია მიღების დღიდან.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე
თ. სიგუა

დადგენილება: რესპუბლიკაში კოოპერატივებისა და ინდივიდუალურად მომუშავეთა საქმიანობის მოწესრიგების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 2 თებერვალი. - № 23 (43). - 2 გვ.

7 საქართველოს მთავრობის სტრუქტურის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ბატონ თენგიზ სიგუას მოხსენება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე

ბატონო თავმჯდომარე!

პატივცემულო დეპუტატებო!

თქვენ დაგირიგდათ სტრუქტურის ბლოკ-სქემა.

მინდა გაგიზიაროთ ჩვენი ზოგიერთი მოსაზრება იმ საკითხებზე, რომლებიც განაპირობებენ რესპუბლიკის მთავრობის მოქმედების ხასიათს გარდამავალ პერიოდში, განსაკუთრებით უახლოეს ერთ წელიწადში და რომლებიც საფუძვლად დაედო ახალი სტრუქტურის პროექტს.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო მართვის აღმასრულებელ ორგანოებს უფრო მეტად ექნებათ მაკოორდინირებელი და მარეგულირებელი ფუნქცია, მაგრამ საბაზრო ურიერთობებზე გადასვლის მოცემულ ეტაპზე მათ მოუწევთ ნაწილობრივ უშუალო სამეურნეო ხელმძღვანელობის განხორციელებაც. ეს დაკავშირებულია რესურსების მობილიზაციისა და მანევრირების პროცესში, აგრეთვე თვისებრივი გარდატეხის პერიოდში ოფიციალური წონასწორობის შენარჩუნებაში ცენტრალიზმის აუცილებელი ზომით გამოყენებასთან.

ცენტრალიზმის და ვერტიკალური მიმართულებების შენარჩუნება იმითაც არის განპირობებული, რომ ახალი ეკონომიკური სტრუქტურების განვითარების მასშტაბი მცირეა, ჰორიზონტალური კავშირების ხასიათი ჯერ კიდევ ვერ ჰქმნის თვითრეგულირების მეშვეობით სამეურნეო ბრუნვის სიმყარის სათანადო გარანტიებს; გასათვალისწინებელია ისიც, რომ არცთუ მცირე დრო დასჭირდება ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ორგანოების ჩამოყალიბებას, შესაბამისად ადგილობრივი მეურნეობისა და მუნიციპალური საკუთრების ფორმირებასაც.

1991 წლის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგნოზისა და ბიუჯეტის პროექტის განხილვამ წარმოაჩინა ის მრავალი სირთულე და წინააღმდეგობა, რომელთა დაძლევაც მოგვიწევს მიმდინარე წელს.

კავშირში მიმდინარე პროცესები, უკანასკნელი დღეების მოვლენები გვიჩვენებენ, რომ ჩვენი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისას სირთულეებმა შეიძლება მოიმატოს და წინააღმდეგობები გაღრმავდეს.

ასეთ პირობებში სამეურნეო და სოციალურ სფეროში მოგვიწევს თავდაცვის (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) ქმედითი ზომების განხორციელება, რაც ერთიან მიზანსწარფულობას და ერთიან ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომ შიდარესპუბლიკურ ბაზარზე მაქსიმალურ ლიბერალიზმთან, ახალი ეკონომიკური (კომერციული) სტრუქტურების განვითარების ყოველმხრივი პირობების შექმნასთან და მათ მხარდაჭერასთან ერთად მოგვიწევს სამეურნეო ცენტრალიზმისა და პროტექციონური პოლიტიკის განხორციელებაც.

ამრიგად, მთავრობის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა თვისობრივად ახალი ეკონომიკური ურთიერთობების, მეწარმეობის თავისუფლების დამკვიდრების ღონისძიებათა შეხამება რესურსების კონცენტრირებასთან საკავშირო ფონდში მოწოდების და რესპუბლიკებთან სამთავრობო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველყოფისათვის, რათა შევქმნათ ჩვენთვის აუცილებელი რესურსების მატერიალური, ფინანსური, (სავალუტო) მიღების საფუძველი. ჩვენის მხრივ ამგვარმა მიდგომამ, ვფიქრობ, საშუალება უნდა მოგვცეს უზრუნველვყოთ სამომხმარებლო ბაზრის შევსება, ეკონომიკის მეტნაკლებად სტაბილური ფუნქციონირება და სოციალური დაძაბულობის ზრდის პროცესის შენელება.

საბაზრო ურთიერთობების აუცილებელი წინამძღვარია შესაბამისი კომერციული სტრუქტურების ინტენსიური ჩამოყალიბება. ამჟამად ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესები ერთი შეხედვით საკუთრების ფორმების რეალური მრავალფეროვნების დამკვიდრების, დეცენტრალიზების, განსახელმწიფოებრიობის, მეურნე სუბიექტთა ნებაყოფლობითი გაერთიანების, უშუალო საგარეოეკონომიკური კავშირების გაფართოების და ცენტრზე დამოკიდებულების დაძლევის აღებული გეზის შესატყვისი არიან. მაგრამ თავი იჩინა ბევრმა მეტად არასასურველმა გამოვლინებამ. ეს სტრუქტურები ძირითადად მაინც ასრულებენ, ან ცდილობენ შეასრულონ მხოლოდ საშუამავლო ფუნქციები, საწარმო საქმიანობას ძალზე მცირე მასშტაბებით ეწევიან, ხშირია მეტად საეჭვო გარიგებები და ოპერაციები, სახელმწიფო სტრუქტურების გარდაქმნისას ზოგჯერ აზრის შეცვლით ცდილობენ მონოპოლიური მდგომარეობის შენარჩუნებას. ხშირად კომერციული პრინციპით შექმნილი ორგანიზაციები ცდილობენ მიიღონ სახელმწიფოსაგან გაუმართლებელი შეღავათები ფართობის, მანქანა-მოწყობილობების, მატერიალური და ფინანსური რესურსების სახით, ხოლო შემხვედრ პასუხისმგებლობას თავს არიდებენ. შეიმჩნევა ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მისწრაფება საწარმოებისა და ობიექტების ადგილობრივ დაქვემდებარებაში გადაცემისაკენ, თვით „დაქვემდებარების“ ინსტიტუტი ამოსაღებია ჩვენი პრაქტიკიდან. ამავე დროს გარკვევით უნდა ითქვას, რომ ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ადგილობრივი მეურნეობა და მუნიციპალური საკუთრება. მუნიციპალურმა საკუთრებამ უნდა მოიცვას, უპირველეს ყოვლისა, სოციალურ-კულტურული სფეროს ობიექტები, ხოლო ადგილობრივ მეურნეობაში იფუნქციონირებს საკუთრების სხვადასხვა ფორმის მეურნე სუბიექტები.

შეიმჩნევა კიდევ ერთი არც თუ მთლად სახარბიელო ტენდენცია, ზოგიერთი საწარმო და ორგანიზაცია ხელაღებით, სათანადო დასაბუთებისა და შემზადების გარეშე გამოდის საკავშირო სტრუქტურებიდან და კიდევ უფრო ართულებს რესპუბლიკაში რესურსული და ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემებს.

უკვე აშკარად გამოიკვეთა ფასების შესამჩნევი ზრდის ტენდენცია. საკავშირო გადაწყვეტილებების ბლოკირება სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს, სხვა რესპუბლიკებიც მიმართავენ ანალოგიურ ზომებს, ჩვენც იძულებული ვართ მივიღოთ და უკვე მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილებები ზოგიერთი პოზიციის მიხედვით, ამიტომ დასაჩქარებელია კომპენსაციების და ინდექსირების მეთოდური და ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში კომპენსაციებისათვის მნიშვნელოვანი თანხებია გათვალისწინებული.

რთული ვითარებაა სოფლად, მშრომელთა ნაწილმა საზოგადოებრივი მეურნეობების დაშლის და კერძო საკუთრებაში მიწის მიღების მოლოდინში საერთოდ მიატოვა მუშაობა. ბევრგან შემოდგომა-ზამთრის სამუშაოები ჩაშლილია, სპეციალურ თათბირზე რეგიონების წარმომადგენლებს მიეცათ სათანადო დავალებები, მიეთითათ პერსონალურ პასუხისმგებლობაზე ვითარების გამოსწორებისათვის.

ეკონომიკისა და სოციალურ სფეროში არსებული პრობლემების გადაწყვეტისათვის, აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედუნარიანობისათვის აუცილებელია დაჩქარდეს სამართლებრივი და ორგანიზაციული საკითხების მოგვარება. უნდა გადავწყვიტოთ გარდამავალი პერიოდისათვის ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირების სამართლებრივი გარემოს შემქმნელი უმნიშვნელოვანესი, ფუძემდებლური საკანონმდებლო აქტების მიღება. ფუძემდებლური კანონები საშუალებას მოგვცემს მივიღოთ გადაწყვეტილებები საკავშირო კანონების, ბრძანებულებების და განკარგულებების მოქმედების ხასიათისა და წესის თაობაზე მათი ცალკეული ნორმების ჩვენთვის მისაღები ფორმით ჩამოყალიბებით. ვიდრე ჩვენი კანონების სრული პაკეტი არ გვექნება, ეს გაგვიადვილებს საჭირო სამართლებრივი გარემოს შექმნის პროცესის დაჩქარებას და ამავე დროს მოგვცემს საშუალებას გარდამავალი პერიოდის სტრატეგიის შესაბამისად ცენტრთან ურთიერთობის რეგულირებისათვის. მისაღები იქნება დროებითი ხასიათის ნორმატიული აქტები, როგორც უზენაესი საბჭოს, ისე მთავრობის მიერ.

კანონპროექტის მომზადება აღმასრულებებლი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, მაგრამ ვინაიდან მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი, ბევრი რგოლი, ფაქტობრივად, ხელახლაა ჩამოსაყალიბებელი. ჩვენი თხოვნა იქნება, ამ ეტაპზე უზენაესი საბჭოს მუდმივმოქმედმა კომისიებმა კანონპროექტების და სხვა ნორმატიული აქტების მომზადების ორგანიზაციის ძირითადი დატვირთვა თავის თავზე აიღონ.

იუსტიციის სამინისტრო, სხვა არსებული და უკვე ჩამოყალიბებული სამინისტროები მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნულ საქმიანობაში, სხვა სტრუქტურები უფრო აქტიურად ჩაებმებიან პროცესში.

მთავრობის სტრუქტურებიდან ნაწილი შენარჩუნებულია, ზოგიერთი ახალი შეიქმნა, დგას სისტემის შეკვრის დაჩქარების ამოცანა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ მეტად რთული პრობლემის თაობაზე აზრთა დიდი სხვადასხვაობაა, მაგრამ გთხოვთ გაითვალისწინოთ შექმნილი ვითარება, აგრეთვე ისიც, რომ სტრუქტურის წარმოდგენილი პროექტი, სამინისტროების ფუნქციები გარდამავალი პერიოდისაა და თანდათან დაიხვეწება, უსათუოდ მოხდება გადაჯგუფება, საჭიროების მიხედვით ახალი რგოლების შექმნა, ან არსებულში ქვედანაყოფების გამოყოფა და შესაბამისი ფუნქციებით აღჭურვა.

პატივცემულო დეპუტატებო!

ნება მომეცით მოგახსენოთ ზოგიერთი განმარტება მთავრობის სტრუქტურის პროექტზე.

მინისტრთა საბჭოს არსებული აპარატის ბაზაზე ჩამოყალიბდება სახელმწიფო კანცელარია მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციის უზრუნველყოფისათვის.

წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებულია მთავრობის თავმჯდომარის ოთხი მოადგილის თანამდებობა, ეს განპირობებულია იმით, რომ გარდამავალ პერიოდში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებს მოუწევთ ნაწილობრივ უშუალო მართვის ფუნქციების შესრულება, აგრეთვე იმითაც, რომ სამართლებრივი ბაზის განუვითარებლობის პირობებში პრობლემათა საკმაოდ დიდი წრის გადაწყვეტის, სხვადასხვა უწყებათაშორისო საკითხების მოგვარების და ცალკეული სფეროების კოორდინაციისათვის სასურველია მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეთა ინსტიტუტის შენარჩუნება. ამასთან ჩვენ შევეცადეთ დატვირთვა მოადგილეებს შორის რაც შეიძლება თანაბარზომიერად განაწილებულიყო. მართალია, სამინისტროების დაჯგუფება ერთგვარი პირობითობით მოხდა, მაგრამ ვფიქრობთ, მათი განაწილება მაინც მოხდა ფუნქციონალური ურთიერთკავშირის და ერთგვაროვნების შესაძლო გათვალისწინებით.

რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკის გატარებაში რიგი უწყებების როლისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით ფინანსთა, შინაგან, საგარეო, უშიშროების, იუსტიციის, ეკოლოგიისა და ბუნებათსარგებლობის სამინისტროებს უშუალოდ ხელმძღვანელობას გაუწევს მთავრობის თავმჯდომარე.

ეკოლოგიის და ბუნებათსარგებლობის სამინისტროს ფუნქცია იქნება სათანადო ექსპერტიზების ჩატარება და დასკვნების მომზადება სხვადასხვა პროექტებზე, ეკოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის და აქტიური ბუნებათდამცავი ღონისძიებების გატარება. იგი შეიქმნება საქსახბუნების (სატყეო მეურნეობის გარდა), საქჰიდრომეტსამმართველოსა და გაერთიანება „საქნაპირდაცვის“ ბაზაზე.

მინისტრთა საბჭოს აპარატში გათვალისწინებულია შეიქმნას უწყებათაშორისო სტრუქტურული რგოლი - ეკონომიკური რეფორმისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სახელმწიფო კომისია. იგი განახორციელებს ეკონომიკური რეფორმის კონცეპტუალურ, პროგრამულ და ორგანიზაციულ მეთოდურ ხელმძღვანელობას, კანონპროექტების მომზადების კოორდინაციას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის კოორდინაციას. ეს რგოლიც მთავრობის თავმჯდომარის უშუალო ხელმძღვანელობით იმუშავებს. ეკონომიკური რეფორმის თანდათანობით და დინამიურად წარმართვისათვის ამავე კომისიას დაეკისრება სახელმწიფო ქონების განკარგვის, დეცენტრალიზაციის და პრივატიზაციის განხორციელების საერთო მეთოდური და ორგანიზაციული ხელმძღვანელობა, ანტიმონოპოლიური და ახალი ეკონომიკური სტრუქტურების მხარდაჭერის პოლიტიკის განხორციელება. შემდგომში ეს რგოლი ტრანსფორმაციას განიცდის, მისი ფუნქციების ნაწილი გადავა სახელმწიფო კანცელარიაზე, ხოლო ნაწილი დამოუკიდებელ ორგანიზაციულ-ეკონომიკურ სტრუქტურებზე - სახელმწიფო ქონების, ახალი ეკონომიკური სტრუქტურების მხარდაჭერის, ინოვაციური, ინვესტიციური ფონდები, ანტიმონოპოლიური კომიტეტი და სხვა.

მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე (ვიცე-პრემიერი) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას, მასთან ერთად საერთო ხელმძღვანელობას უწევს მთავრობის საქმიანობას, პასუხისმგებელია ეკონომიკის, მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების და სახელმწიფო რეზერვების, ვაჭრობის და მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროების საქმიანობაზე (მიზანშეწონილად ჩაითვალა ამ უკანასკნელის სახელწოდების დაზუსტება).

ერთიანი სახელმწიფო რეგულირებისა და საინვესტიციო და სტრუქტურული პოლიტიკის გატარებისათვის იქმნება ეკონომიკის სამინისტრო - საგეგმო კომიტეტის (ნაწილობრივ) და ფასების კომიტეტის ბაზაზე. მისი ძირითადი ფუნქციები იქნება ეკონომიკური და სოციალური განვითარების მაკრო პროპორციების ანალიზი, პერსპექტიული და მიმდინარე პროგნოზებისა და პროგრამების შემუშავება, სახელმწიფო შეკვეთების ფორმირება.

მატერიალური რესურსების სახელმწიფო საჭიროებისათვის მობილიზაციისა და რაციონალურად გამოყენებისათვის არსებული საქსახმომარაგების ბაზაზე იქმნება მატერიალური რესურსებისა და სახელმწიფო რეზერვების სამინისტრო, იგი გაუწევს ხელმძღვანელობას მატერიალური რეზერვების ამიერკავკასიის ტერიტორიულ სამმართველოს, მასვე გადაეცემა საბინაო-კომუნალური მეურნეობის და საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროს ფუნქციები შესაბამისი სფეროს მატერიალური უზრუნველყოფისათვის.

მასალების, ნედლეულისა და პროდუქციის გამტარებელი ქსელი, მომარაგება-გასაღების ორგანიზაციები უნდა გარდაიქმნან კომერციულ სტრუქტურებად, რომლებიც ხელშეკრულებებით იმუშავებენ (მათ შორის სახელმწიფო შეკვეთების მატერიალური უზრუნველყოფისათვის).

საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროს ობიექტები უნდა გადავიდნენ ნაწილობრივ კომუნალურ საკუთრებაში, ნაწილობრივ ჩამოყალიბდნენ კომერციული სტრუქტურების სახით, უპირატესად ადგილობრივი მეურნეობის ფარგლებში.

შესაძლებელია ვაჭრობის სამინისტროს დაევალოს საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროს მეთოდური ხელმძღვნელობა.

მთავრობის თავმჯდომარის ერთი მოადგილე უხელმძღვანელებს არქიტექტორის და მშენებლობის საქმეთა, მრეწველობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროებს და გეოდეზიის და კარტოგრაფიის დეპარტამენტს.

სახმშენის ბაზაზე ჩამოყალიბდება არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტრო, მას დაეკისრება მშენებლობის სფეროში ტექნიკური და სახუროთმოძღვრო პოლიტიკის გატარება, საბინაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის სფეროში ნორმატიული და სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, სამშენებლო ორგანიზაციების (საწარმოების), რეგიონთაშორისი კომუნალური ქსელების საქმიანობის კოორდინაცია.

რესპუბლიკის სამრეწველო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილის ხელმძღვანელობა დაეკისრება მრეწველობის სამინისტროს, რომელიც შეიქმნება მსუბუქი და ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროების ბაზაზე. ეს სამინისტრო პასუხისმგებელი იქნება წარმოების საშუალებებისა და არასასურსათო მოხმარების საგნების მწარმოებელი საწარმოების საქმიანობაზე, მათ შორის პოლიგრაფიული მრეწველობისა, ჯერჯერობით მასვე დაეკისრება სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის გაერთიანებებისა და საწარმოების მუშაობის კოორდინირება და ოპერატიული რეგულირება.

მთავრობის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოდგილე კურირებას გაუწევს ახლადშექმნილი სამინისტროების ჯგუფს სოფლისა და სატყეო მეურნეობის და კვების და გადამმუშავებელი მრეწველობის სამინისტროებს.

საქსახაგრომრეწვისა და ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის ბაზაზე შეიქმნება სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამინისტრო. მასში თავს მოიყრის უშუალოდ სოფლის მეურნეობისა და მისი მომსახურე სფეროების (დამზადება, რესურსული უზრუნველყოფა, მიწათმფლობელობა, მელიორაცია) და სატყეო მეურნეობის სახელმწიფოებრივი ხელმძღვანელობა. სამინისტროს ძირითადი ამოცანა იქნება აგრარული რეფორმის გატარების, სახელმწიფო საჭიროებისათვის უმნიშვნელოვანესი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მობილიზაციის, მიწის ნაყოფიერების ამაღლების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელთათვის სათანადო პირობების შექმნის უზრუნველყოფა.

ვითვალისწინებთ რა სასურსათო პრობლემის სიმწვავეს, აგრეთვე კვების მრეწველობის პროდუქციის სტარატეგიულ როლს რესპუბლიკის გარე ეკონომიკურ კავშირებში, განზრახულია კვებისა და გადამმუშავებელი მრეწველობის სამინისტროს შექმნა აგროსამრეწველო კომიტეტის მრეწველობის და პურპროდუქტების სამინისტროს ბაზაზე. სამინისტრო კოორდინაციას გაუწევს საქეთერზეთმრეწვს და შესაბამისი სფეროს საკავშირო დაქვემდებარების საწარმოებისა და ორგანიზაციების საქმიანობას.

სოციალურ-კულტურული სფეროს სახელმწიფოებრივი ხელმძღვანელობის ორგანოების საქმიანობაზეც იქნება პასუხისმგებელი მთავრობის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. ესენია: განათლების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის და სოცუზრუნველყოფის და შრომისა და დასაქმების სამინისტროები, აგრეთვე რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის დეპარტამენტი (შემოვდივართ წინადადებით კომიტეტის დეპარტამენტად გარდაქმნის შესახებ) და სპორტის დეპარტამენტი - (ყოფილი საქსპორტსახკომის ნაცვალდ მან შეიძლება კოორდინაცია გაუწიოს ტურიზმის ორგანიზაციების საქმიანობასაც).

მიზანშეწონილად მიგვაჩნია ბეჭვდსახკომის ფუნქციების ნაწილის გადაცემა კულტურის სამინისტროსადმი და საქმთავარძეგლდაცვის შეყვანა აღნიშნული სამინისტროს სტრუქტურაში.

ვფიქრობთ, შესაძლებელია, რომ საკურორტო მეურნეობის საერთო ხელმძღვანელობა ჯერჯერობით დაეკისროს ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს.

შრომისა და დასაქმების სამინისტროს დაეკისრება დასაქმების, უმუშევართა ფინანსური დახმარების, შრომის პირობების დაცვისა და გაუმჯობესების სახელმწიფო რეგულირება. მანვე უნდა უზრუნველყოს ფასების გადიდებისას მოსახლეობისათვის საკომპენსაციო და შემოსავლების ინდექსირების ღონისძიებათა შემუშავება (სხვა სამინისტროებთან ერთად) და განხორციელება, აგრეთვე პროფესიული გადამზადების ორგანიზაციული ხელმძღვანელობა.

ვფიქრობთ წარმოდგენილი სტრუქტურები შესძლებენ უზრუნველყონ ჩვენს წინაშე მდგომი ამოცანების გადაწყვეტა მოცემულ ეტაპზე. ცხოვრება გვიჩვენებს, თუ რა კორექტივები და ცვლილებები იქნება შესატანი მათში. დავამატებდი კიდევ ერთ საკითხს. ვფიქრობთ, რომ სამინისტროებს და დეპარტამენტებს უნდა დაეკისროთ ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია - დეცენტრალიზაციის პროცესის განხორციელება, მისი ორგანიზებული წარმართვა.

და ბოლოს, ვფიქრობთ, მიზანშეწონილი იქნება სტატსახკომი დარჩეს დამოუკიდებელი სტრუქტურის სახით და უშუალოდ დაექვემდებაროს უზენაეს საბჭოს.

გმადლობთ ყურადღებისათვის.

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ბატონ თენგიზ სიგუას მოხსენება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე // რესპუბლიკა. - 1991. - 5 თებერვალი. - № 5/38. - 3,4 გვ.

8 ბატონ თენგიზ სიგუას პასუხი მასობრივი ინფორმაციის ცენტრალურ საშუალებებს

▲ზევით დაბრუნება


როგორც ცნობილია, ამას წინათ ზოგიერთმა მასობრივი ინფორმაციის ცენტრალურმა საშულებამ გამოაქვეყნა, ცენტრალურმა ტელევიზიამ კი გადასცა საკდესის არხებით გავრცელებული ცნობა სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების „ტულის იარაღის ქარხნის“ გენერალური მდივნისათვის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თენგიზ სიგუას მიერ გაგზავნილი წერილის შესახებ და გაერთიანების დირექტორის ნ.დ. მასლენიკოვის პასუხი საკუთარი კომენტარებით, რომლებშიც აშკარად შეინიშნება ანტიქართული კამპანია.

ამ პუბლიკაციების პასუხად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ თენგიზ სიგუამ წერილი გაუგზავნა საკდესის გენერალურ დირექტორს, საკავშირო ტელერადიომაუწყებლობის კომპანიის (ყოფილი სსრ კავშირის სახტელერადიო) თავმჯდომარეს და გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდის“ მთავარ რედაქტორს.

წერილში, კერძოდ, ნათქვამია: სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების „ტულის იარაღის ქარხნის“ გენერალური დირექტორის ნ.დ. მასლენიკოვისათვის ჩემი ნაიძულევი მიმართვა ფართო გარჩევისა და თავდასხმების საგანი გახდა ცენტრალურ პრესაში, ცენტრალური ტელევიზიის გადაცემებში.

აღარ ვეხები საკითხის ეთიკურ მხარეს, როცა დარღვეულია ადამიანების ცივილიზებული ურთიერთობის ყველა ნორმა, უგულებელყოფილია წესიერება და ტაქტი და საკდესის მცდელობით საყოველთაო განხილვის საგანი ხდება კონკრეტული ოფიციალური პირისათვის გაგზავნილი ზედმიწევნით საქმიანი წერილი, რაც თავისთავად ვერაფერი სასიქადულოა ვერც ადრესატის, ვერც კომენტატორებისათვის, და თავს ნებას ვაძლევ თქვენი ყურადღება მივაპყრო შემდეგს.

ბოლო დროს საკავშირო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სისტემატურად იბეჭდება სხვადასხვა სახის ინსინუაციები, აშკარად ტენდენციური მასალები, რომელთა ავტორები საბჭოთა პერიოდული გამოცემების ზოგიერთი ხელმძღვანელის ლოცვა-კურთხევით გამიზნულად და მეთოდურად ცდილობენ მხოლოდ ნეგატიურად წარმოადგინონ სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის სრული აღდგენის გზაზე დამდგარ საქართველოში მიმდინარე პროცესები. ჩემს წერილთან დაკავშირებით განხორციელებულ აქციას ქართველი ხალხი აღიქვამს ანტიქართული კამპანიის ჯაჭვის ლოგიკურ რგოლად, რომელსაც აწყობენ აღორძინების გზაზე დამდგარი ტოტალიტარიზმის ანტიდემოკრატიული ძალები, ეს ერთი.

მეორე, მთლიანად დამახინჯებულია ჩემი წერილის აზრი და ცდილობენ იგი წარმოადგინონ მთავრობის მეთაურის წერილად, რომელიც მილიტარისტულ ამოცანებს ისახავს, სინამდვილეში კი მეტისმეტად შემაშფოთებელმა, ტრაგიკულმა მოვლენებმა მაიძულა ეს არაპოპულარული ნაბიჯი გადამედგა. რესპუბლიკაში უაღრესად რთული ოპერატიული სიტუაცია იქმნება. დამნაშავეობის, სხვადასხვა სამართალდარღვევის ზრდის დონით საქართველო უსწრებს სხვა რესპუბლიკებს. სამართალდაცვითი ორგანოები, უწინარეს ყოვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო უმწეო მდგომარეობაში ჩააყენეს, პრაქტიკულად განაიარაღეს, რაც მეტად უარყოფით გავლენას ახდენს დამნაშავეობასთან ბრძოლის მდგომარეობაზე.

კერძოდ, სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებით, გათვალისწინებული შეიარაღების სატაბელო ნორმის მიხედვით რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეგანაყოფებს აკლია 200 ავტომატი, 6778 პისტოლეტი და 12 ხელის ტყვიმფრქვევი.

ამავე დროს სსრ კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეუხებელი მარაგიდან 1990 წელს ამოღებულია: 4393 ავტომატი და 14 ტყვიამფრქვევი, უშუალოდ რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეგანაყოფებიდან კი 2005 ავტომატი, 129 ტყვიამფრქვევი და მათი ტყვია-წამალი.

სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ჩვენს არაერთგზის თხოვნას, დაებრუნებინა ამოღებული იარაღი, არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.

რესპუბლიკის მთავრობამ, გაითვალისწინა რა საზოგადოებრივი აზრი, შესაძლებლად მიიჩნია დროებით გაგვეჭირვებინა, რადგან მილიციის ქვეგანაყოფების შეიარაღების სხვა საშუალებები პრაქტიკულად არ არსებობს.

აი მოკლედ საკითხის არსი.

ვფიქრობ, ნათქვამია შემდეგ წერილში, საჭირო არ არის ხაზგასმა, თუ რა მწარე კვალი დატოვა ხმაურიანმა და საძრახისმა კამპანიამ, რომელიც ოპერატიულად გააჩაღეს ჩემს წინააღმდეგ საკავშირო პერიოდულმა გამოცემებმა.

ბატონი თენგიზ სიგუა სთხოვს სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუბრუნოს ამოღებული იარაღი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

(საქინფორმი)

ბატონ თენგიზ სიგუას პასუხი მასობრივი ინფორმაციის ცენტრალურ საშუალებებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 16 თებერვალი. - № 32 (52). - 1 გვ.

9 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს სისტემაში ეროვნული სახელმწიფო სახსრების განიავებისა და სხვა სერიოზული ფინანსური დარღვევა-დამახინჯებების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო აღნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს სისტემის ორგანიზაციებსა და საწარმოებში ჩატარებული დოკუმენტური რევიზიით გამოვლენილ იქნა სახელმწიფო სახსრების განიავების, უყაირათოდ, არადანიშნულებით და უმიზნოდ ხარჯვისა და სხვა სერიოზული ფინანსური და სამეურნეო ხასიათის დარღვევა-დამახინჯებათა ფაქტები, რომელთა ძირითადი მიზეზებია სამინისტროს ხელმძღვანელობის და პირადად მინისტრის ბატონ ი. მენაღარაშვილის სამეურნეო-ფინანსური საქმიანობისადმი არაკომპეტენტური მიდგომა და უკონტროლობა, სისტემის საწარმოებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ სახელმწიფო სახსრების უკანონო და არამიზნობრივი ხარჯვა, რაც იწვევდა დარგის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოშლას, რესპუბლიკაში მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვის მდგომარეობის გაუარესებას, მათ გასვლას რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ მკურნალობის მიზნით.

სამინისტროში საფინანსო დისციპლინის მოშლამ, უკონტროლობამ ხელმძღვანელობის მხრივ, განაპირობა ეკონომიკური სამსახურის მუშაკთა უპასუხისმგებლობა, რის შედეგად ცენტრალიზებული ღონისძიებების დაფინანსება იგეგმებოდა არსებული წესების უხეში დარღვევით, არ დგებოდა ხარჯთაღრიცხვები და შესაბამისად დასაბუთებული გაანგარიშებები, სახელმწიფო სახსრების ხარჯვაში გამეფებული იყო გაუპიროვნებლობა და თავაშვებულობა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფო მმართველობის ორგანოა და დარგის დაფინანსება მიმდინარეობს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ხარჯზე მკაცრი მიზნობრიობის დაცვით, ამ სახსრების დიდი ნაწილი სამინისტროს ხელმძღვანელთა მიერ უკანონოდ იხარჯებოდა. კერძოდ, კომერციული ბანკის „თამარიონი“ საწესდებო ფონდში გადარიცხულ იქნა 1,2 მლნ. მანეთი, ხოლო კომერციულ ბანკს „სანდრო“ საპაიო შენატანების სახით გადაერიცხა 300 ათასი მანეთი. სამეცნიერო-დიაგნოსტიკურმა ცენტრმა კაპიტალური რემონტისათვის გამოყოფილი სახსრები 1474 ათ. მანეთი დაუბრუნა სამინისტროს, რომელმაც თვალის ახვევის მიზნით ეს სახსრები კვლავ ცენტრს ჩაურიცხა, ამ უკანასკნელმა კი 1 მილიონი მანეთი საპაიო შენატანის სახით შეიტანა კომერციულ ბანკში „თამარიონი“.

სამინისტრომ სამედიცინო აპარატურის შესაძენად რესპუბლიკის საწარმოო გაერთიანებას „საქმედტექნიკა“ ჩაურიცხა 1,5 მილიონი მანეთის საბიუჯეტო ასიგნება, აპარატურა კი დღემდე

მიღებული არ არის.

სამინისტრომ 1990 წლის ივლისში 1247 ათას მანეთად შეიძინა მცხეთის პროფტექნიკური სასწავლებლის შენობა-ნაგებობანი და მოწყობილობანი, რაც აქამდე გამოუყენებელი აქვს. ამ ობიექტებით ისევ ძველი მფლობელი სარგებლობს.

საყურადღებოა ის, რომ სამინისტრო წლის ბოლოს აუთვისებელი თანხების გადამალვის მიზნით აწარმოებს მათ უკანონო გადარიცხვებს გეგმით გაუთვალისწინებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად. ასე, მაგალითად: სამინისტრომ რესპუბლიკის მოსახლეობის ჯანდაცვისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან რუსთაველის საზოგადოების კომერციულ ბანკს „ივერთბანკი“ საპაიო შენატანების სახით გამოუყო 150 ათ. მანეთი, ჯანდაცვის სამინისტროს ქალთა საფეხბურთო გუნდს „ივერიას“ - 50 ათ. მანეთი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვის განყოფილებასთან არსებულ კოოპერატიულ მეურნეობას - 380 ათ. მანეთი, ქუთაისის მეღორეობის ფერმას - 100 ათ. მანეთი, სამტრედიის საავადმყოფო-პოლიკლინიკურ გაერთიანებას საფუტკრე დამხმარე მეურნეობის შესაქმნელად - 100 ათ. მანეთი.

სამინისტრომ კომერციული ბანკის „თამარიონი“ ადმინისტრაციული სახლის დაპროექტებისა და მშენებლობისათვის კოოპერატივს „კომპლექსი-88“ უკანონოდ ჩაურიცხა 300,2 ათასი მანეთი საბიუჯეტო ასიგნებები, ხოლო 1990 წლის 27 დეკემბერს კომერციული სალონის „კენტავრი“ ანგრიშზე 5 ტელეფაქსისათვის ჩარიცხულ იქნა 19 ათასი მანეთი საბიუჯეტო სახსრები, რომელიც შემოწმების დღისათვის მიღებული არ ჰქონდათ.

სამინისტროში უკანონოდ იქნა შექმნილი ცენტრალიზებული სარეზერვო ფონდი, რომლის სახსრები (450 ათასი მანეთი) არამიზნობრივად არის გაცემული ხობის მეცხოველეობის სამეურნეობათშორისო საწარმოსა და ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის სამეურნეობათშორისო კოლმეურნეობა-კომპლექსის ფინანსური დახმარებისათვის.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო აღნიშნავს, რომ სამინისტროს ხელმძღვანელთა მიერ დაშვებულმა ფინანსურმა დარღვევებმა და უკონტროლობამ სტიმული მისცა სისტემის საწარმოთა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს, გაენიავებინათ ეროვნული სახელმწიფო სახსრები.

გაერთიანების „საქმედტექნიკა“ ხელმძღვანელობის (უფროსი ლ. ჯიბლაძე) უკანონო ქმედების შედეგად ქ. მოსკოვის სააქციო კომპანიამ „ელენიკი“ 1990 წლის თებერვალში „საქმედტექნიკის“ სარეალიზაციო ბაზას ჩამოაწერა ერთჯერადი შპრიცების ღირებულება 10 მილიონო მანეთი, მაგრამ საქონელი დღემდე არ არის შემოსავალში აღებული და 7,7 მილიონი მანეთი დებიტორულ დავალიანებად ირიცხება.

ასევე „საქმედტექნიკის“ სარეალიზაციო ბაზის მიერ 1989 წლის ნოემბერში ქ. მოსკოვის ფირმის „კომეკა“ წარმომადგენლის ვინმე ო. კუშვახას სახელზე მოსკოვის საგარეო-ეკონომიკურ ბანკში ჩარიცხულია 304 ათ. მანეთი სათვალის ჩარჩოების შესაძენად, მაგრამ საქონელი დღემდე მიღებული არ არის.

„საქმედტექნიკის“ გაერთიანებას 1990 წელს გაყიდული აქვს 18 სპეცსანიტარული და 2 „ვოლგის“ ტიპის მსუბუქი ავტომანქანა, რომელთგან 15 გაერთიანების მუშაკებს აქვთ შეძენილი.

მანქანები რეალიზებულია არსებული კანონმდებლობის უხეში დარღვევით არა ფაქტობრივი მდგომარეობის, არამედ ბუღალტრულად დარიცხული ცვეთის გათვალისწინებით. ყველა მანქანა ტექნიკურად გამართული და კაპიტალურად შეკეთებული იყო, ამასთან, 7 მათგანი 1988-1989 წლებშია გამოშვებული. ამ მანქანების ფასების არასწორი განსაზღვრის შედეგად გაერთიანებაზე მიყენებულია 19,1 ათასი მანეთის ზარალი, ხოლო რეალიზაცით მიღებული ზედმეტი ამონაგები 40 ათ. მანეთის ოდენობით არ ჩარიცხულა ბიუჯეტში.

გაერთიანებას „საქმედტექნიკა“ ჩატარებული აქვს საეჭვო ფინანსური ოპერაციებიც. ქ. მოსკოვის სააქციო კომპანიიდან „ელენიკი“ 1990 წლის ოქტომბერში მიღებული ბელგიური წარმოების ერთჯერადი შპრიცები იმავე დღეებში გაერთიანების მიერ გადატვირთულია ქ. რიგაში, სსრ კავშირ-იტალიის ფირმაზე „რომი“, რომელთა ღირებულებიდან დღემდე არ მიუღიათ 558 ათასი მანეთი, ამასთან ფირმას გადასახდელად წარუდგინეს 35,4 ათასი მანეთით ნაკლები ანგარიში.

სარეალიზაციო ბაზას 1989 წლის დეკემბერში ჩამოწერილი აქვს 854,8 ათასი მანეთის „ძნელად სარეალიზაციო ფასეულობანი“, რომელთა შორის 735,2 ათასი მანეთის საწარმოო გაერთიანების მიერ გამოშვებული სათვალეების ძეწკვის სამაგრია.

რევიზიით სერიოზული ფინანსური დარღვევა-დამახინჯებებია გამოვლენილი სსრკ-ინგლისის ერთობლივ საწარმოში „უნიფარმი“ (ხელმძღვანელები გ. ინაური და ი. ბერიშვილი).

რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ ერთობლივ საწარმოს 1989 წელს მედიკამენტების შესაძენად სესხად მისცა 150 ათ. მან. პირველი კატეგორიის კონვერტირებული ვალუტა 1990 წლის დეკემბერში მისი უკან დაბრუნების პირობით, მაგრამ ეს თანხები დღემდე არ არის დაბრუნებული საწარმოოს ხელმძღვანელობის მიერ მათი არამიზნობრივად გამოყენების გამო.

სამინისტროს მიერ 1990 წლის იანვარში აღნიშნული საწარმოს ანგარიშზე ფიქტიური დოკუმენტების გაფორმებით ჩარიცხულია 1600 ათასი მანეთი, თითქოსდა მიღებული მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნიკის ღირებულება, ფაქტობრივად სამინისტროსთვის მის მიერ მიყიდულ იქნა 25 ცალი კომპიუტერი, თითო 64 ათას მანეთად, მაშინ როდესაც ისინი შეძენილი იყო უცხოეთში ცალი 1741 დოლარად. საყურადღებოა, რომ ანალოგიური მარკის კომპიუტერები „უნიფარმს“ რესპუბლიკის გარეთ რეალიზებული აქვს 55,7 ათას მანეთად.

ერთობლივი საწარმოს „უნიფარმი“ მიერ 1990 წლის 18 იანვარსა დ 22 ივლისს ონის რაიონის კოოპერატივზე „ოქროყანა“ საეჭვო დოკუმენტების შედგენის გზით ჩარიცხულია 2,8 მილიონი მანეთი, აღნიშნულ დოკუმენტებში ასახული სამეურნეო ოპერაციები კი საერთოდ არ განხორციელებულა. ფაქტობრივად, აღნიშნული თანხით შეძენილია 694 ათასი დასავლეთ გერმანული მარკა, რომელიც კოოპერატივის „ოქროყანა“ დავალებით ქვეყნის გვერდის ავლით ჩარიცხულ იქნა დანიიდან ინგლისში „უნიფარმის“ კლიენტის ანგარიშზე, რითაც მიჩქმალულ იქნა კოოპერატივის „ოქროყანა“ სავალუტო შემოსავლები და სახელმწიფომ დაკარგა 402 ათასი მარკა.

ანალოგიური უკანონო ოპერაციებია განხორციელებული (75 ათასი მანეთის პირველი კატეგორიის ვალუტით) ტიუმენის ოლქის დაბა პიონერსკის ხე-ტყის მრეწველობის მეურნეობასთან.

რევიზიით სერიოზული დარღვევა-დამახინჯებანი გამოვლინდა ავტოსატრანსპორტო გაერთიანებაში „საქმედავტოტრანსი“ (უფროსი ჯ. მგალობლიშვილი).

გაერთიანების მიერ უკანონოდ, სისტემის გარეშე ორგანიზაცია-დაწესებულებაზე გაყიდული ან გაცვლილია 68 ახლადშეძენილი ავტომანქანა, მათ შორის 10 გაყიდულია საცალო ფასებით და ბიუჯეტში არ ჩაირიცხა 85 ათასი მანეთი, ხოლო 15 ავტომანქანა რეალიზებულია საბითუმო ფასებით და სახელმწიფოს დააკლდა 183 ათასი მანეთი.

1990 წელს გაერთიანებაში საექსპლოატაციოდ ვარგისი 438 ავტომანქანიდან მიეყიდა კოოპერატიულ ორგანიზაციებს 191, ხოლო კერძო პირებს 86, კოოპერატიულ ორგანიზაციებზე და კერძო პირებზე საცალო ფასებით გაყიდული ავტომანქანების ამონაგებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში არ ჩაირიცხა 359,9 ათასი მანეთი, ხოლო სახელმწიფო საწარმოებზე საბითუმო ფასებით გაყიდული 162 ავტომანქანიდან სახელმწიფოს აზარალეს 611,1 ათასი მანეთი.

სერიოზული დარღვევებით საქმიანობს სამინისტროსთან შექმნილი კომერციული ბანკი „თამარიონი“ (მმართველი ე. პაიჭაძე). საყურადღებოა, რომ ეს ბანკი შექმნილია ფაქტობრივად საბიუჯეტო სახსრებით (3112 ათასი მანეთი საპაიო შენატანებიდან 2264 ათასი მანეთი საბიუჯეტო ასიგნებებია).

საყურადღებოა, რომ ბანკი „თამარიონი“ საბიუჯეტო ასიგნებებიდან საეჭვო კომერციულ ოპერაციებს აწარმოებს სხვადასხვა ერთობლივ საწარმოებსა და კოოპერატივებთან („ფარმედტექნიკის“ გაერთიანება, სსრკ-გერმანიის ერთობლივი საწარმო „კავკავიტი“, მცირე საწარმო „ვერტიკალი“ კოოპერატივი „ავაზა“, კოოპერატივი „სოხუმი“, კოოპერატივი „საიმედო“ და სხვა).

სამედიცინო-დიაგნოსტიკურ ცენტრს (უფროსი რ. ყურაშვილი) დაშვებული აქვს სხვადასხვა ორგანიზაციებზე სახსრების უკანონოდ გადარიცხვის მრავალი ფაქტი (245 ათასი მანეთი). ინვენტარიზაციით გამოვლინდა 21,4 ათასი მანეთის მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი. ცენტრში ჩაშლილია ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება. რევიზიით სამინისტროს სამშენებლო-სარემონტო ტრესტში (უფროსი ზ. გონაძე) გამოვლინდა შესრულებულ სამუშაოებში 81 ათასი მანეთის მიწერები და 30 ათასი მანეთის ხელფასის უკანონოდ დარიცხვა.

ტრესტის იჯარის გაცემასთან დაკავშირებით შექმნილმა კომისიამ უკანონოდ ხელოვნურად შეამცირა საწესდებო ფონდი 1883 ათასი მანეთით და ამით ხელსაყრელი პირობები შეუქმნა მოიჯარეებს მატერიალურ ფასეულობათა გამოსასყიდად. აღნიშნული თანხა ექვემდებარება საწესდებო ფონდში აღდგენას. ტრესტში ჩაშლილია საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემის საწარმოებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ დაშვებული სერიოზული დარღვევა-დამახინჯებები განპირობებულია სამინისტროს კოლეგიის არადამაკმაყოფილებელი და უნიათო მუშაობით, რამაც ხელი შეუწყო ჯანმრთელობის დაცვისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განიავებას.

ჯანდაცვის სამინისტროში გამოვლენილი დარღვევა-დამახინჯებები იმის შედეგიცაა, რომ უკანასკნელ წლებში რესპუბლიკის მაკონტროლებელმა ორგანოებმა შეასუსტეს შემოწმებისა და კონტროლის ქმედითობა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს სისტემაში დარღვევა-დამახინჯებათა აღმოფხვრისა და საფინანსო დისციპლინის განმტკიცების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს კოლეგიის მუშაობა ჩაითვალოს არადამაკმაყოფილებლად.

2. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სისტემაში ფინანსური მეურნეობის მოშლის, ეროვნული სახელმწიფო სახსრების განიავების, უყაირათო და უმიზნო ხარჯების გაწევის გამო, რამაც გამოიწვია დარგის მატერიალურ-ტექნიკური განვითარების შეფერხება, დაისვას საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წინაშე მინისტრის ი. მენაღარიშვილის დაკავებული თანამდებობდან განთავისუფლების საკითხი.

3. გაერთიანება „საქმედტექნიკის“ სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ჩაშლის, ეროვნული სახელმწიფო სახსრების განიავების, მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისებისა და უკანონო საფინანსო ოპერაციების დაშვებისათვის გაერთიანების დირექტორი ლ. ჯიბლაძე დათხოვნილ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან.

4. სამინისტროში საფინანსო მექანიზმის მოშლის, უკანონო ფულადი ოპერაციების გაწევაში ხელის შეწყობისა და აქტიური მონაწილეობისათვის სამინისტროს საგეგმო-საფინანსო სამმართველოს უფროსი ზ. ჯინჯიხაძე და მთავარი ბუღალტერი გ. ქირია დათხოვნილ იქნენ დაკავებული თანამდებობიდან.

5. სატრანსპორტო გაერთიანებაში „საქმედავტოტრანსი“ დაშვებული სერიოზული დარღვევა-დამახინჯებებისათვის, რაც გამოიხატა სპეციალური და სამსახურებრივი ავტომანქანების უკანონოდ რეალიზაციასა და გამოყენებაში და, როგორც ამის შედეგი, სახელმწიფო სახსრების დიდი რაოდენობით განიავებაში, გაერთიანების თავმჯდომარე, ჯ. მგალობლიშვილი დათხოვნილ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან.

6. შესრულებულ სამუშაოებში დაშვებული მიწერების, ხელფასის უკანონოდ გაცემის და საწესდებო ფონდის ხელოვნურად შემცირებისათვის სამინისტროს სამშენებლო-სარემოტო ტრესტის მმართველი ზ. გონაძე დათხოვნილ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან.

7. სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკის საქართველოს რესპუბლიკური ბანკის გამგეობამ (ვ. პატეიშვილი) განიხილოს კომერციული ბანკის „თამარიონი“ საქმიანობა და გადაწყვიტოს მისი შემდგომი ფუნქციონირების მიზანშეწონილობის საკითხი.

8. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომმა (ი. ანდრიაძე) ერთი თვის ვადაში შეისწავლოს და გადაწყვიტოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსთან შექმნილი კოოპერატივების შემდგომი ფუნქციონირების მიზანშეწონილობის საკითხი.

9. ფულადი სახსრების არარაციონალურად და არამიზნობრივად გამოყენებისა და მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისის დაშვებისათვის სამინისტროს სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრის უფროსს რ. ყურაშვილს გამოეცხადოს სასტიკი საყვედური.

10. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ (გ. აბსანძე) 10 დღის ვადაში გადასცეს საგამომძიებლო ორგანოებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის სამინისტროს, საგეგმო-საფინანსო სამმართველოს, სამშენებლო-სარემონტო ტრესტის, გაერთიანება „საქმედტექნიკის“, გაერთიანება „საქმედავტოტრანსის“, სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრის სსრკ-ინგლისის ერთობლივი საწარმოს „უნიფარმის“, კოოპერატივების „ოქროყანა“ და სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებების დოკუმენტური რევიზიის მასალები დამნაშავე პირთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად.

ამოიღოს რესპუბლიკურ ბიუჯეტში რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მიერ უკანონოდ და არამიზნობრივად გამოყენებული საბიუჯეტო სახსრები და სისტემის ორგანიზაციების მიერ რეალიზებულ მატერიალურ ფასეულობათა ღირებულება, რაც ბიუჯეტში ამოღებას ექვემდებარება.

11. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს კოლეგიასთან ერთად ერთი თვის ვადაში შეიმუშაოს არსებული მდგომარეობის გამოსწორების ღონისძიებათა კომპლექსური გეგმა და წარმოადგინოს მინისტრთა საბჭოში დასამტკიცებლად.

საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე
თ. სიგუა

საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო კანცელარიის მმართველი.
გ. ბერიძე

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს სისტემაში ეროვნული სახელმწიფო სახსრების განიავებისა და სხვა სერიოზული ფინანსური დარღვევა-დამახინჯებების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 27 თებერვალი. - № 39 (59). - 2 გვ.

10 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დადგენილება საქართველოს ისტორიულ საგვარეულოთა წარმომადგენლებისა და მათ თანამდგომთა საკრებულოს წესდების რეგისტრაციის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო ადგენს:

რეგისტრირებულ იქნეს საქართველოს ისტორიულ საგვარეულოთა წარმომადგენლებისა და მათ თანამდგომთა საკრებულოს წესდება.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე
თ. სიგუა

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს
სახელმწიფო კანცელარიის მმართველი
გ. ბერიძე

დადგენილება : საქართველოს ისტორიულ საგვარეულოთა წარმომადგენლებისა და მათ თანამდგომთა საკრებულოს წესდების რეგისტრაციის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 16 მარტი. - № 52 (72). - 2 გვ.

11 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება საქართველოს და უცხოეთის ორგანიზაციების, ფირმებისა და მმართველობის ორგანოების მონაწილეობით საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილი ერთობლივი საწარმოების, საერთაშორისო გაერთიანებებისა და ორგანიზაციების რეგისტრაციის წესის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. დამტკიცდეს თანდართული დროებითი დებულება საქართველოს და უცხოეთის ორგანიზაციების, ფირმებისა და მმართველობის ორგანოების მონაწილეობით საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილი ერთობლივი საწარმოების საერთაშორისო გაერთიანებებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე მათი ფილიალების რეგისტრაციის წესის შესახებ.

2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს რეგისტრაციაში გაატაროს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილი ერთობლივი საწარმოები, საერთაშორისო გაერთიანებები და ორგანიზაციები. აგრეთვე მათი ფილიალები საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ განხილვის შემდეგ.

3. ერთობლივი საწარმოები, საერთაშორისო გაერთიანებები და ორგანიზაციები, აგრეთვე მათი ფილიალები რეგისტრაციაში გასატარებლად იხდიან 5000 მანეთს, ხოლო დამფუძნებელ საბუთებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანისათვის - რეგისტრაციაში გატარებისათვის დაწესებული თანხის 50 პროცენტს. აღნიშნული თანხები ჩაირიცხება საქართველოს რესპუბლიკურ ბიუჯეტში.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
თ. სიგუა

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველი
გ. ბერიძე

დადგენილება : საქართველოს და უცხოეთის ორგანიზაციების, ფირმებისა და მმართველობის ორგანოების მონაწილეობით საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილი ერთობლივი საწარმოების, საერთაშორისო გაერთიანებებისა და ორგანიზაციების რეგისტრაციის წესის შესახებ // რესპუბლიკა. - 1991. - 19 მარტი. - № 10/43. - 4 გვ.

12 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს განკარგულება № 21 გ.

▲ზევით დაბრუნება


მიღებულ იქნეს რესპუბლიკის რელიგიური, პოლიტიკური, სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სხვა ორგანიზაციების წინადადება და გადაეცეს სრულიად საქართველოს ჰუმანიტარულ ასოციაცია „კათარზისს“ ბალანსიდან ბალანსზე სათნოების რესპუბლიკური სახლის განსათავსებლად დავით აღმაშენებლის გამზირზე № 121 მდებარე ქ. თბილისის დიდუბის რაისაბჭოს აღმასკომის ბალანსზე მყოფი შენობა.

დაევალოს საქალაქო საბჭოს აღმასკომს ზემოაღნიშნულ შენობაში მდებარე ორგანიზაციების სათანადო ფართობით უზრუნველყოფა.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე
თ. სიგუა

განკარგულება : საქართველოს ჰუმანიტარულ ასოციაცია „კათარზისისთვის“ შენობის გადაცემის შესახებ // ახალგაზრდა ივერიელი. - 1991. - 28 მარტი. - № 36 (11669). - 6 გვ.

13 რა გამორჩა პროგრამა „ვრემიას“? საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თენგიზ სიგუას კომენტარი

▲ზევით დაბრუნება


სავსებით მართალი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ახლა ნომერი პირველი საკითხი ფასების მომატებაა. იგი ერთნაირად აღელვებს ყველას. ხუმრობა საქმე როდია: ცარიელია მაღაზიის დახლები, ბაზარს, რომ იტყვიან, „ცეცხლი ეკიდება“. საოჯახო ბიუჯეტი კი არც ისე მდიდარია, ზოგჯერ მწირიც კია. და აი, ასეთ ვითარებაში, ყოველ კაპიკს მნიშვნელობა აქვს და შეუძლებელია აუღელვებლად მივიღოთ ფასების სულ პატარა სხვაობაც კი. ხალხი გაღიზიანებულია, გრძნობს ცენტრის „გულწრფელ“ თანადგომას, მისი „დახმარების“ ხელს. ამას ისიც დაემატა, რომ პროგრამა „ვრემიამ“, რომელმაც ამ ბოლო ხანებში თავი გამოიჩინა საქართველოსადმი „ობიექტური“ დამოკიდებულებით და დიდი „სიმპათიებით“, არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და ცეცხლზე ნავთი გადაასხა - აუწყა მილიონობით მაყურებელს, რომ აი, ნახეთ ხორცის საერთო საკავშირო ფასი 9 მანეთია, საქართველოში კი კილოგრმ ხორცს 12 მანეთი დაადესო. ასევე რძესა და რძის პროდუქტებზეო.

ამ ცნობის კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ თენგიზ სიგუას:

- დიახ, ერთი კილოგრამი ხორცი ჩვენთან 12 მანეთად გაიყიდება. მაშინ როცა საკავშირო მასშტაბით იგი 9 მანეთი ეღირება. რატომაა ასეთი სხვაობა? რა თქმა უნდა, ძალიან გვიჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ, ნათქვამია, თავს ზევით ძალა არ არისო. განა ჩვენ არ გვინდოდა, რომ რესპუბლიკაში პროდუქტები უფრო იაფი ყოფილიყო? საქმე კი ის გახლავთ, რომ შევეცადეთ, ტაქტიკური სვლა გაგვეკეთებინა. მოდით, ვიყოთ გულახდილნი, რა ფასიც არ უნდა დავადოთ ხორცს, ის მაღაზიებში მაინც არ არის. ბაზარში კი დღის მონაცემებით მისმა ფასმა 35 მანეთს მიაღწია. საბაზრო ეკონომიკის კანონებიდან გამომდინარე, ცნობილია, რომ სადაც პროდუქტი ძვირია, იქ ხდება ამ პროდუქტის დინება. ჩვენ ვეცდებით, რომ რადგან ხორცს აქ უფრო მაღალი ფასი აქვს, ეს პროდუქტი სხვა რესპუბლიკებიდან შემოვიტანოთ. ამით ბაზარში ხორცის ფასი დაეცემა. სწორედ ეს პოლიტიკაა ჩადებული ამ გადაწყვეტილებაში, რომ ახლა ხორცს 12 მანეთი დავადევით და არა ის განმარტება, „ვრემიამ“ რომ მოგვცა. ხოლო მას შემდეგ, რაც შევისყიდით ხორცს საზღვარგარეთიდან, მოსახლეობას კილოგრამს 7-8 მანეთად მივყიდით. გაფორმებულია ხელშერულება ხორცის, კარაქის, მშრალი რძის შემოზიდვაზე გერმანიასთან, კენიასთან.

ასეთივე მდგომარეობაა რძეზეც, მხოლოდ რძის პროდუქტებზე მოსახლეობას მიეცემა სრული კომპენსაცია.

ახლა ჩვენი უმთავრესი პროგრამაა მოსახლეობის უზრუნველყოფა სურსათ-სანოვაგით. ევროპის მთელ რიგ ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საკვები პროდუქტების შემოზიდვაზე, მშრალი რძის შესყიდვაზე, თუმცა მისი მარაგი დღეს გვაქვს. მაგრამ ამან არ უნდა გვანუგეშოს - ცენტრი კარგა ხანია ეკონომიკურად არ გვეხმარება. კურსი უნდა ავიღოთ ახალ ალტერნატიულ ბაზრებზე.

ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო რესპუბლიკის მოსახლოებას, რომელმაც ესოდენ ჭირთათმენით გადაიტანა ეს ცივი და მშიერი ზამთარი. მოსახლეობა შეგნებულად შეხვდა წლევანდელ ენერგეტიკულ კრიზისსაც. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ყველაფერი იღონა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ჩვენი რესპუბლიკის მოსახლეობის თანადგომა და მხარდაჭერა გვიათკეცებს ენერგიას. ყოველ ღონეს ვიხმართ, რომ 1991 წლის შემოდგომასა და მომავალ წელს მნიშვნელოვნად შევამსუბუქოთ მდგომარეობა. ახლა მთავარია გაგვიმართლოს სოფლის მეურნეობამ. იყო ხმები, თესვა ჭიანურდება, ხალხი სოფლად არ მუშაობსო. გაიმართა გამსვლელი თათბირები თელავში, ბათუმში, მე თვითონ შვეულმფრენით შემოვიარე რესპუბლიკის რეგიონები. ხალხი მიწას ამუშავებს, ვენახები მოვლილია. მჯერა, წლეულს კარგ მოსავალს მოვიწევთ, რაც იმის ბაზისს შეგვიქმნის, რომ გაისად, წლის დამლევისათვის, ნამეტ პროდუქციასაც კი შევქმნით.

არ შეიძლება არ მიესალმო რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის ასეთ ოპტიმიზმს. ღმერთი იყოს მისი და მთლიანად ჩვენი შემწე.

რა გამორჩა პროგრამა „ვრემიას“? საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თენგიზ სიგუას კომენტარი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 6 აპრილი. - № 68 (88). - 2 გვ.

14 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება საცალო ფასების რეფორმისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. საცალო ფასების რეფორმისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის შესახებ “ სსრ კავშირის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 19 მარტის №105 დადგენილება (თან ერთვის) მიღებულ იქნეს სახელმძღვანელოდ და შესასრულებლად მის ძირითად ნაწილში.

2. ნაწილობრივ შეიცვალოს ზემოაღნიშნული დადგენილების მე-2 პუნქტი და ხორცსა და ხორცის პროდუქციაზე, რძისა და რძის ნაწარმზე, დოტაციის სრული ლიკვიდაციის მიზნით დამტკიცდეს და 1991 წლის 2 აპრილიდან სამოქმედოდ იქნეს შემოღებული ზღვრული სახელმწიფო საცალო ფასები №1 და №2 დანართების თანახმად. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს რესპუბლიკის კვებისა და გადამმუშავებელი მრეწველობის სამინისტროსთან ერთად ხორცის არსებული შესასყიდი ფასებისა და ახალი საცალო ფასებიდან გამომდინარე დაამტკიცოს ხორცის გადამმუშავებელი მრეწველობისათვის საფეშხო ხორცზე ახალი საცალო ფასები.

ნაწილობრივ შეიცვალოს ზემოაღნიშნული დადგენილების მე-5 პუნქტი და დამტკიცდეს ახალი საცალო ფასები არყისა და ლიქიორ-არყის ნაწარმზე. მათ ძირითად ნედლეულზე - სპირტზე ფასების გადიდების გათვალისწინებით №3 დანართის თანახმად.

ღვინო-არყის, ჩაისა და თამბაქოს ნაწარმზე შენარჩუნებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 25 დეკემბრის №795-11 დადგენილებით დამტკიცებული საცალო ფასები.

3. დამტკიცდეს და 1991 წლის 2 აპრილიდან სამოქმედოდ იქნეს შემოღებული:

- ახალი სახელმწიფო საცალო ფასები რესპუბლიკური ნომენკლატურის საქონელზე (პური და პურპროდუქტები, მაკარონის ნაწარმი, მარგარინის პროდუქცია და მაიონეზი, თევზის ნახევარფაბრიკატები, საოჯახო საპონი და კბილის პასტა) საკავშირო საპრეისკურანტო ფასებიდან გამომდინარე.

- საწარმოო გაერთიანება „საქენერგოსა“ და საბითუმო გამყიდველების ელექტრული ქსელებიდან გაცემული ელექტროენერგიის ტარიფი - 5,6 კაპიკი 1 კილოვატსაათზე ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის გარდა მოსახლეობისა; ელექტროენერგიის ერთიანი ტარიფი ქალაქისა და სოფლის მოსახლეობისათვის - 4 კაპიკი 1 კილოვატსაატზე მოქმედი შეღავათების გათვალისწინებით.

4. დაწესდეს 1991 წლის 2 აპრილიდან საქართველოს რესპუბლიკის საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებათა კავშირგაბმულობის საშუალებებით მომსახურების ტარიფების (პრეისკურანტი №125, დამტკიცებული 26.02.1989 წ.) გამადიდებელი კოეფიციენტი 2,0, გარდა №1 დანართში აღნიშნული მომსახურების სახეობებისა.

საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში ტელეფონის დადგმის ღირებულება განისაზღვროს სახელშეკრულებო ტარიფებით მშენებლობის თვითღირებულების გათვალისწინებით.

სსრ კავშირის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 19 მარტის №105 დადგენილების თანახმად საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის კავშირგაბმულობის საშუალებებით მომსახურების ტარიფები საშუალოდ გაიზარდოს 20 პროცენტით.

5. ამოღებულ იქნეს რეგულირებადი საცალო ფასებით მოსახლეობაზე სარეალიზაციო სახალხო მოხმარების საქონლის ნუსხიდან (სსრ კავშირის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 19 მარტის №105 დადგენილების №2 დანართი) ღვინოები (მათ შორის შამპანური), ორდინარული კონიაკები, ლიქიორ-არყის ნაწარმი და საპარფიუმერიო საქონელი.

დამატებით იქნეს შეტანილი სახელშეკრულებო (თავისუფალი) ფასებით სარეალიზაციო საქონლის ნუსხაში (სსრ კავშირის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 19 მარტის №105 დადგენილების №3 დანართი) საფარდე ტილოს ნაწარმი, ეროვნული ტანსაცმელი, ტყავ-ქურქის ნაწარმი, უჟანგავი ფოლადისაგან დამზადებული დანის ნაკეთობანი და სუფრის მოწყობილობა, მუშამბა, რეზინ-ტექნიკური ნაწარმი, ქეჩა და ქეჩის ნაწარმი, საპარფიუმერიო-კოსმეტიკური ნაწარმი (გარდა კბილის პასტისა და საბავშვო ნაწარმისა), აგრეთვე მაგრად შებოლილი და ნახევრად შებოლილი ძეხვეული, შაშხეული, თევზი და თევზის პროდუქტები, საკვები კონცენტრატები, სუნელები და საკმაზ-სანელებლები.

6. დაწესდეს 1991 წლის 2 აპრილიდან საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ მდებარე ღვინის ქარხნებისათვის გასაცემი ღვინომასალების ფასები მათში ბრუნვის გადასახადის გათვალისწინებით № 5 დანართის თანახმად.

7. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ:

- დაამუშაოს და გამოსცეს სათანადო პრეისკურანტები; დაამტკიცოს და ყველა დაინტერესებულ საწარმოსა და ორგანიზაციამდე დაიყვანოს რეგულირებადი ფასების ზღვრული დონეები, ან მათი ცვლილებათა სიდიდე საქონლის საპრეისკურანტო ფასების მიმართ;

- საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროსა და ცეკავშირის გამგეობასთან ერთად დაამუშაოს და დაამტკიცოს მისი კომპეტენციის ფარგლებში სახალხო მოხმარების საქონელზე სავაჭრო დათმობები, საჭიროების შემთხვევაში წარუდგინოს რესპუბლიკის მთავრობის იმ რაიონების, ორგანიზაციებისა და საწარმოების დაზუსტებული სიები, რომლებსაც მიეცემათ გაზრდილი სავაჭრო დათმობები საქონლის სახელმწიფო საცალო ფასებით მიწოდების დროს, აგრეთვე საზოგადოებრივი კვებისათვის დაწესებული ახალი ფასნამატების პროექტები საბითუმო და საცალო ფასებისა და ტარიფების, სოციალური დაზღვევის ანარიცხებისა და სავაჭრო დათმობების ზრდასთან დაკავშირებით.

- საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროსთან ერთად მოამზადოს და დაიყვანოს ყველა დაინტერესებულ უწყებასა და ორგანიზაციამდე სათანადო მითითებანი.

8. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა, რესპუბლიკის სამინისტროებმა და უწყებებმა:

- უზრუნველყონ ახალი საცალო ფასებისა და ტარიფების დაყვანა ყველა დაინტერესებულ საწარმომდე და ორგანიზაციამდე.

- გააძლიერონ ფასწარმოქმნის დადგენილი წესის შესრულების კონტროლი, დროულად გააუქმონ ის ფასები, რომელთა ფორმირებაც ხდება მოქმედი კანონდებლობის დარღვევით, უზრუნველყონ ეკონომიკური სანქციების გამოყენება, ფასების სახელმწიფო დისციპლინის დამრღვევი საწარმოებისა და ორგანიზაციების მიმართ.

9. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ცეკავშირის გამგეობას, სავაჭრო და საბითუმო გამსაღებელი ორგანიზაციების მქონე საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებსა და უწყებებს, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ საკავშირო დაქვემდებარების სავაჭრო ორგანიზაციებს უზრუნველყონ ახალი საცალო ფასების მოქმედებაში შეყვანის თარიღისათვის საქონლის აფასება არსებული წესის დაცვით და ამ აფასებით მიღებული თანხის ჩარიცხვა რესპუბლიკურ ბიუჯეტში.

10. დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებს, უწყებებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, საწარმოთა, გაერთიანებათა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა ხელმძღვანელებს უზრუნველყონ აპრილისათვის წინმსწრები საკომპენსაციო თანხის გაცემა სსრ კავშირის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 19 მარტის № 105 დადგენილების შესაბამისად ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან ორი კვირის ვადაში, შესაბამისი ბიუჯეტებისა და საკუთარი სახსრების ხარჯზე, რაც შემდგომ ანაზღაურებული იქნება დადგენილი წესით.

საქართველოს რესპუბლიკის ბანკების დაწესებულებებმა საჭიროების შემთხვევაში საწარმოთა, გაერთიანებათა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყონ მათთვის მოკლევადიანი სესხის გამოყოფა აპრილისათვის წინმსწრები საკომპენსაციო თანხის გასაცემად.

11. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაუგზავნონ მითითებანი საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებს, უწყებებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებს, ადგილობრივი ხელისუფლების მმართველობის ორგანოებს საცალო ფასების გადიდებასთან დაკავშირებით მოსახლეობისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ.

12. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინოს წინადადება ამ დადგენილებასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და გასავლის დაზუსტებისა და „საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
თ. სიგუა

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველი
გ. ბერიძე

დადგენილება : საცალო ფასების რეფორმისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის შესახებ // რესპუბლიკა. - 1991. - 9 აპრილი. - № 13/46. - 6 გვ.

15 თენგიზ სიგუა: თბილისი, 1991 წლის 9 აპრილი

▲ზევით დაბრუნება


ძვირფასო თანამემამულენო, საქართველოს სისხლით ნაწერ ისტორიაში დღეს კიდევ ერთი ბრწყინვალე ფურცელი ჩაიწერა, 1991 წლის 9 აპრილი საქართველოს თავისუფლების აღდგენის დღედ დარჩება ჩვენს ნაწვალებ ისტორიაში. მე მინდა ჩვენს ერს მივულოცო ეს ბრწყინვალე დღე. ნიშანდობლივია, რომ ეს შესანიშნავი აქტი 9 აპრილს შედგა. ორი წლის წინ სწორედ ამ დღეს, ამ მოედანზე დაიღვარა ქართველ მამულიშვილთა უმანკო სისხლი. იმ სისხლით არის დაწერილი დღევანდელი ისტორია ჩვენი.

თბილისი, 1991 წლის 9 აპრილი / სიგუა თ. // სამშობლო. - 1991. - 7-8 აპრილი. - № 7-8 (780-781). - 15 გვ.

ჩვენ გავიმარჯვებთ / სიგუა თ. // რესპუბლიკა. - 1991. - 16 აპრილი. - № 14 (47). - 9 გვ.

16 თენგიზ სიგუა: „ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს“

▲ზევით დაბრუნება


ტელეჟურნალისტ მერაბ ბერაძის ინტერვიუში, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თენგიზ სიგუას ჩამოართვა, აღძრულია ჩვენი რესპუბლიკის ეკონომიკისათვის აქტუალური საკითხები. გთავაზობთ ინტერვიუს სტენოგრამას.

მ. ბ. - იქნებ, ეს არც იყოს ზუსტი შედარება, მაგრამ ბევრი მიზეზის გამო, ვფიქრობ, რომ ჩვენი ეკონომიკა იმ ავადმყოფ ძუძუმწოვარა ბავშვს ჰგავს, რომელსაც ჯერ უნდა უმკურნალოთ, შემდეგ კი სიარული ასწავლოთ.

თ. ს. - დიახ, ვითარება სწორედ რომ ასეთია. უკანასკნელი წლების მანძილზე საბჭოთა ეკონომიკა, რომელიც 70 წლის განმავლობაში გეგმიან ცენტრალიზებულ სისტემას ეფუძნებოდა, მწვავე კრიზისს განიცდის. ჩვენც, როგორც ამ სისტემაში შემავალს, რა თქმა უნდა, გადმოგვედო ეს სენი. ამიტომ 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როცა დემოკრატიულმა ძალებმა გაიმარჯვეს, დღის წესრიგში პირველად დადგა სწორედ უაღრესად შემჭიდროებულ ვადებში არსებული სისტემის დემონტაჟისა და ახალი ეკონომიკური სისტემის მშენებლობის საკითხი. ვფიქრობ, ჩვენი თანამოქალაქენი შენიშნავდნენ, რომ პირველსავე პერიოდში დაიწყო რესპუბლიკებთან პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმება. ეს იყო პირველი ნაბიჯი. პირდაპირი ხელშეკრულებები გავაფორმეთ ესტონეთთან, უკრაინასთან, აზერბაიჯანთან, უზბეკეთთან, მოლდოვასთან. და ეს პროცესი გრძელდება. დღევანდელმა დღემ დაგავრწმუნა, რომ ეს სწორი ნაბიჯია იმიტომ, რომ ცენტრიდან რესპუბლიკა ფაქტობრივად აღარ მარაგდება. მაგალითად, იანვარ-თებერვლის განმავლობაში პრაქტიკულად არ მიგვიღია საკვები ხორბალი, საფურაჟე ნედლეული, მედიკამენტები. არ მიგვიღია რძის ნაწარმი, მათ შორის კარაქი. რესპუბლიკებთან დადებული ხელშეკრულებები კი ფაქტობრივად მუშაობენ და სწორედ ისინი დაგვეხმარნენ გადაგვეტანა წლევანდელი ზამთრის კრიზისი, მეორე მხრივ, ჩვენ უკვე უფრო აქტიურად უნდა დავიწყოთ ახალი ალტერნატიული ბაზრის ძებნა. ამ მხრივ უკანასკნელი ორი-სამი წლის მანძილზე მეტად დიდი მუშაობა გავწიეთ. ვაფორმებთ ხელშეკრულებებს ევროპის, აზიისა და აფრიკის მთელ რიგ ქვეყნებთან. უკვე დადებული გვაქვს წინასწარი შეთანხმებანი, რათა გერმანიიდან და კენიიდან მივიღოთ კვების პროდუქტები. ამჟამად ვაფორმებთ ხელშეკრულებას იტალიელებთან, რომელიც ითვალისწინებს ამ ქვეყნის ფირმების აქტიურ მონაწილეობას ჩვენი საავტომობილო გზების მშენებლობაში, აეროპორტებისა და საზღვაო ნავსადგურების გაფართოებისა და რეკონსტრუქციის სამუშაოთა განხორციელებაში. დღის წესრიგშია ჩვენი სოფლის მეურნეობის სრული მოდერნიზაციის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამმუშავებელი ახალი ავტომატური ხაზების შეძენისა და დამონტაჟების საკითხები. შემდეგ საჭირო იქნება უფრო ფართოდ მოვიზიდოთ დასავლეთის კაპიტალი ჩვენი ეკონომიკის ჩამოყალიბებისათვის.

მ. ბ. - ბატონო თენგიზ, კვლავ შევეხები ბაზარს, ჩვენი წუხილის საკითხს. ამას წინათ ერთმა მეცნიერმა თანამშრომელმა მითხრა: „როცა დილით ცოლი მეტყვის ხოლმე ბაზარში წადიო, თავი ოტელო მგონია და მზად ვარ დავახრჩოო...“ ასე რომ, კვლავ შევეხები ჩვენი წუხილის საგანს, ჩვენს გაძვირებულ ფასებს, ბაზარს, პროდუქტების მუდმივ დეფიციტს...

თ. ს. - თავიდანვე ვთქვი, საქმე ის არის, რომ ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ ჩვენი რესპუბლიკის ეკონომიკური საზღვრების დაცვა. ჯერჯერობით არა გვაქვს საკუთარი საბაჟოები, თუმცა ახლა აქტიურად მუშავდება კანონპროექტი ქართული საბაჟოს შექმნის შესახებ. ეს თავისთავად დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან, ამჟამად ჩვენ საბაჟოები გვაქვს მხოლოდ ბათუმში, ფოთსა და თბილისში. უნდა შევქმნათ საბაჟოების ფართო ქსელი, უნდა გადავკეტოთ ყველა გზა, როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო, საავიაციო, საზღვაო გზები. ვფიქრობ, რომ მიმდინარე წლის დამლევისათვის ეს სამუშაო ძირითადად შესრულდება და შევძლებთ დავიცვათ ჩვენი ეკონომიკური საზღვრები. მაშინ უკვე დამოკიდებული აღარ ვიქნებით საერთო-საკავშირო ბაზარზე.

რაც შეეხება ფასების ზრდას, განა შეგვეძლო ჩვენ, მხედველობაში მაქვს რესპუბლიკა, არ გადაგვედგა ეს ნაბიჯი? რა თქმა უნდა, არ შეგვეძლო. რა შეიძლებოდა მომხდარიყო? ის, რომ თუ ძველ ფასებს დავტოვებდით, ჩვენი ბაზარი ორ-სამ დღეში მთლიანად დაცარიელდებოდა. მეზობელი რესპუბლიკების მოსახლეობა, რადგან, ვიმეორებ, ჯერჯერობით არ შეგვიძლია საკუთარი ეკონომიკური საზღვრების დაცვა, მოაწყდებოდა ჩვენს ბაზრებს და გააჩანაგებდა მათ. ამიტომ იძულებული ვიყავით გადავსულიყავით გაზრდილ ფასებზე საერთო-საკავშირო დადგენილების შესაბამისად, უნდა ვაღიაროთ, რომ ჯერჯერობით მეტად მძიმე პირობებში ვართ იმიტომ, რომ ისეთი ძირითადი სასურსათო პროდუქტების მიხედვით, როგორიცაა საკვები და საფურაჟე მარცვლეული, დოტაციას ვიღებთ. ყოველწლიურად რესპუბლიკაში შემოგვაქვს 1.800.000 ტონა. გარდა ამისა, რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ვყიდულობთ 260 ათას ტონა შაქარს, რძეზე გაანგარიშებით 1.000.040 ტონა რძის პროდუქტებს, 80 ათას ტონა ხორცს, აგრეთვე სხვა პროდუქტებს.

მ. ბ. - გუშინ ხორცზე ვლაპარაკობდით. რა არის აქ დამაიმედებელი?

თ. ს. - საქმე ასეა, გავაფორმეთ ხელშეკრულებები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან და კენიასთან ხორცისა და კარაქის მოწოდების შესახებ. კენიაში უკვე გაემგზავრა ორი სარეფრიჯერატორო გემი, რათა ხორცისა და კარაქის პირველი პარტიები ჩამოიტანონ.

მ. ბ. - როდის ელით მათ ჩამოსვლას?

თ. ს. - 20 აპრილის შემდეგ ველით ამ პროდუქტების შემოტანას ფოთში, რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს იმ დაძაბულ ვითარებას, ჩვენს საშინაო ბაზარზე რომ შეიქმნა ამ პროდუქტებთან დაკავშირებით.

მ. ბ. - რამდენს მივიღებთ?

თ. ს. - კენიასთან ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, რესპუბლიკაში სულ უნდა შემოვიდეს 33 ათასი ტონა ხორცი და 22500 ტონა კარაქი. ეს მეტად არსებითი ფაქტია და იმედი გვაქვს, რომ უკვე მაისიდან შესაძლებლობა გვექნება დავაკმაყოფილოთ მოსახლეობის მოთხოვნილება კვების ამ ძირითად პროდუქტებზე.

მ. ბ. - ისევ ტალონები გვექნება, ბატონო თენგიზ?

თ. ს. - დიახ, როგორც ჩანს, პირველ ხანებში იძულებული ვიქნებით ვითარება ტალონებით მოვაწესრიგოთ. მოგეხსენებათ, რომ მთელი გასული 1990 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, სულ თვეში ერთხელ, გაიყიდა ხორცი ტალონებით, წელს კი ჩვენი არ გაგვიცია. მაგრამ, აი, მაისიდან მოყოლებული, უკვე გვექნება ასეთი შესაძლებლობა.

მ. ბ. - სამართლიანი განაწილების პრინციპით?

თ. ს. - უთუოდ, გარდა ამისა, ახლა ვაფორმებთ, უფრო სწორად უკვე გავაფორმეთ, როგორც ვთქვი, ხელშეკრულება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან ძირითადი საკვები პროდუქტების - კარაქის, მშრალი რძისა და ხორცის მოწოდების შესახებ.

მ. ბ. - ბელგიაზეც იყო ლაპარაკი...

თ. ს. - ბელგიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება კარაქისა და მშრალი რძის შესყიდვის შესახებ. მაგრამ, თუ პერსპექტივაზე ვიფიქრებთ, მიმაჩნია, რომ პრინციპულად ეს არასწორი გზაა. ჩვენ უნდა შევიძინოთ თანამედროვე ავტომატური ხაზები და დანადგარები, ჩვენსავე რესპუბლიკაში უნდა შევქმნათ ამ პროდუქციის წარმოების გაფართოების ბაზა. ახლახან მოლაპარაკება გვქონდა მალტის ორდენის წარმომადგენლებთან, ეს არის მსოფლიოში უძველესი საქველმოქმედო კომერციული ფირმა, მისი ხელშეწყობით ვაპირებთ დასავლეთის ბანკებში ავიღოთ ფრიად სოლიდური კრედიტი და მის საფუძველზე შევქმნათ რესპუბლიკის ინდუსტრიული ბაზა და უწინარეს ყოვლისა - სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების ბაზა სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ენერგოაღჭურვილობის გადიდების თვალსაზრისით. ბევრს ვერაფერს მივაღწევთ, თუ ყოველწლიურად რესპუბლიკაში შემოვიტანთ კვების ძირითად პროდუქტებს აღნიშნული მოცულობით. თავადვე უნდა შევქმნათ კვების პროდუქტების ასეთი ბაზა, რათა მინიმუმამდე შევამციროთ მათი შემოტანა რესპუბლიკის გარედან და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხარჯზე შევიძინოთ თანამედროვე მოწყობილობა.

მ. ბ. - ბატონო თენგიზ, თქვენგან გავიგე და ეს მაბედვინებს ესოდენ ვრცელი აუდიტორიის წინაშე ახლა განვაცხადო შემდეგი: როგორც კი საზღვარგარეთიდან დიდი მოცულობით შემოვა ხორცის მარაგი, იგი 12 მანეთის ნაცვლად გაცილებით უფრო იაფად გაიყიდება. მაგრამ დღეს ვდგავართ რამდენადმე უცნაური ფაქტის წინაშე - ხორცის გაყიდვის საკავშირო მაჩვენებლი 9 მანეთი იქნება. ჩვენში კი 12 მანეთი. როგორ ახსნით ამას?

თ. ს. - დიახ, ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს ჩვენს მოსახლეობას ხორცს გაცილებით ძვირად მივყიდით, ვიდრე ქვეყნის სხვა რესპუბლიკებში იყიდება, მაგრამ აქ სულ სხვა მიზანს ვითვალისწინებთ, რომელიც მინდა ერთხელ კიდევ განვმარტო. საქმე ის არის, რომ რა ფასიც უნდა დავადოთ დღეს ხორცს, იგი ფაქტობრივად არ არის. მაღაზიებში ხორცი არ ჩანს, იგი მხოლოდ ბაზრებში იყიდება და საკმაოდ ძვირადაც. სპეციალურად ვთხოვე დღეს დილით ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც მითხრეს, ბაზარში ხორცი უკვე 35 მანეთი ღირსო.

ახლა იმას გეტყვით, თუ რა იდეაა ჩადებული იმაში, რომ ხორცს 12 მანეთად ვაფასებთ, საბაზრო ეკონომიკის კანონებიდან გამომდინარე, იქ, სადაც პროდუქცია ძვირია, ხდება მისი მოდინება. ამიტომ ველით, რომ უახლოეს ხანში მანამდე, სანამ ხორცს საზღვარგარეთიდან შემოვიტანთ, ჩვენი ბაზრები ხორცს ქვეყნის სხვა რეგიონებიდან მიიღებენ.

მ. ბ. - ამის იმედი უნდა გვქონდეს?

თ. ს. - ეს საბაზრო ეკონომიკის მარტივი კანონია: სადაც დიდია ფასები, იმ ბაზარზე მიდის კიდეც პროდუქტები. სწორედ ამის ხარჯზე გვინდა დავწიოთ ხორცის ფასი, რათა იგი ღირდეს არა 35 მანეთი, არამედ დაახლოებით 20-25 მანეთი. მერე კი, როცა საზღვარგარეთ ხორცს შევისყიდით, რ თქმა უნდა, ეს ფასი შემცირდება. მოსახლეობას ხორცს მივყიდით ტალონებით. ალბათ, მაქსიმუმ 7-8 მანეთად, ამავე ფასად შევა იგი საბიუჯეტო ორგანიზაციებში - სკოლებში, საავადმყოფოებში, საბავშვო ბაღებსა და ა.შ.

მ. ბ. - რძეზე რაღას იტყვით?

თ. ს. - ასეთივე ვითარებაა რძესთან დაკავშირებითაც, მაგრამ მოსახლეობას რძის პროდუქტების სრულ კომპენსაციას მივცემთ.

მ. ბ. - ბატონო თენგიზ, არის თუ არა იმის გარანტია, რომ შემდგომ წლებშიც მომარაგდება მოსახლეობა ხორცით?

თ. ს. - რა თქმა უნდა, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენი პირველი პროგრამაა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ მოსახელობა სასურსათო პროდუქტებით. ამ პროგრამის ფარგლებში, გარდა იმისა, რაზეც უკვე ვილაპარაკე, ფორმდება ხელშეკრულება საზღვარგარეთ, კერძოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდძალი ბრინჯის შესყიდვის შესახებ. გარდა ამისა, მოლაპარაკება გვაქვს ევროპის მთელ რიგ ქვეყნებთან მშრალი რძის შესყიდვის შეახებ. თუმცა დღეისათვის მისი მარაგი საკმარისად გვაქვს მაგრამ, ამან არ უნდა დაგვაიმედოს იმიტომ, რომ, როგორც უკვე ვთვქი, ცენტრი, თანდათანობით შეწყვეტს ჩვენს მომარაგებას და ის ხელშეკრულება, რომელიც ცენტრთან გვაქვს დადებული, ფაქტობრივად არ შესრულდება, მომავალში, როგორც ჩანს, მოწოდება საერთოდ შეწყდება. ამიტომ ძირითადად ორიენტაცია უნდა ავიღოთ ახალ ალტერნატიულ ბაზრებზე და ესენი იქნება ევროპის ქვეყნები, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის სახელმწიფოები. ამ პრობლემის გადაწყვეტას, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება. ამიტომ ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას, რომელსაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ცივი და შიმშილიანი ზამთრის მიუხედავად, მინისტრთა საბჭოში არ შემოსულა არც ერთი საჩივარი. მართალი რომ გითხრათ, ამის თაობაზე ადამიანთა მწვავე რეაქციას ველოდი. მას შემდეგ, რაც ენერგეტიკულ კრიზისში აღმოვჩნდით, უკვე დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მოსახლეობა ასეთი მოთმინებით გადაიტანდა წლევანდელ ცივ ზამთარს. უზენაესი საბჭოსა და მთავრობის სახელით დიდ მადლობას მოვახსენებ მთელ ჩვენს მოსახლეობას მხარდაჭერისათვის, რადგან, ერთხელ კიდევ ვიმეორებ, წლევანდელი რთული ზამთრის დიდი სიძნელეების მიუხედავად, მინისტრთა საბჭოში არც ერთი საჩივარი არ მოსულა. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, გვიათკეცებს ენერგიას ის ფაქტი, რომ რესპუბლიკის მოსახლეობა ჩვენთან ერთად არის, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მომავალ და მომდევნო წლებშიც ადამიანებს ასეთ მდგომარეობაში ვამყოფებთ. ყველაფერს ვიღონებთ, ყველა ზომას მივიღებთ, რათა 1991 წლის შემოდგომიდან, 1992 წელს, მნიშვნელოვნად შევუმსუბუქოთ ჩვენს მოსახლეობას ეკონომიკური მდგომარეობა. და ეს ასეც იქნება. ახლა მთავარი პირობაა, სოფლის მეურნეობამ არ დაგვაღალატოს. იყო ამის საშიშროება. ჩვენამდე მოდიოდა ხმები, გლეხობა ფაქტობრივად არ მუშაობსო, მაგრამ ახლახან გავმართეთ გამსვლელი თათბირები თელავში - მთელი აღმოსავლეთი ზონისათვის, ბათუმში - დასავლეთ ზონისათვის. პირადად მე ვერტმფრენით შემოვუფრინე აღმოსავლეთ საქართველოს მთელ რიგ რეგიონებს, კერძოდ კახეთს, და, მართალი რომ გითხრათ, კმაყოფილი დავრჩი: ვენახები მოვლილია, ერთი მტკაველი მიწაც კი არ დარჩენილა დაუმუშავებელი, გლეხები თესლით უზრუნველყოფილი არიან, ამიტომ ველი, რომ 1991 წლის მოსავალი, თუკი, რა თქმა უნდა, კლიმატური პირობებიც ხელს შეგვიწყობს, ნორმალური იქნება. ეს შექმნის იმის ბაზისს, რომ 1992 წლიდან შევძლოთ იმ კატასტროფული შემცირების შეჩერება, რომელიც ჩვენი სოფლის მეურნეობაში შეიმჩნეოდა უკანასკნელი წლების მანძილზე. 1992 წლის დამლევიდან კი მივაღწიოთ კიდეც სოფლის მეურნეობის პროდუქციის მატებას. ერთხელ კიდევ მადლობას ვუხდი საქართველოს მოსახლეობას მხარდაჭერისათვის, რომელსაც მუდამ ვგრძნობდით.

მ. ბ. - ბატონო თენგიზ, ხომ არ გექმნებათ შთაბეჭდილება, როცა საქმე ეხებოდა საქართველოს, რატომღაც გვრცხვენოდა იმის აღირებისა, რომ იგი აგრარული მიმართულების ქვეყანა უნდა ყოფილიყო?

თ. ს. - არავითარ შემთხვევაში. ჩვენ, უწინარეს ყოვლისა, სწორედ რომ აგრარული ქვეყანა ვართ, ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციას წამყვანი ადგილი უკავია რესპუბლიკის საერთო ბალანსში. ამასთან, კვების მრეწველობის პროდუქცია - სწორედ ის ბაზაა, რომელმაც უახლოეს პერიოდში შესაბამის ეკონომიკურ დონეზე უნდა აგვიყვანოს. თუ ამას ვერ მოვახერხებთ, მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. ამიტომაც ძირითადად ის დასავლეთის ინვესტიციები, რომლებსაც მოვიზიდავთ, უწინარეს ყოვლისა, მოხმარდება ამ მიმართულებას. რაც შეეხება მეორე მიმართულებას, იმის მომხრე არ ვარ, რომ ჩვენში ვითარდებოდეს მძლავრი ინდუსტრიული ქარხნები, ლითონტევადი წარმოება. ეს სწორი გზა არ არის.

მ. ბ. - იმის მიუხედავად, რომ თქვენ მეტალურგი ბრძანდებით?

თ. ს. - დიახ, რა თქმა უნდა. ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ძირითადად გვინდა განვავითაროთ ზუსტი მანქანათმშენებლობა, ხელსაწყოთმშენებლობა. ამის ბაზა ჩვენში არის, გვყავს საკმაოდ კვალიფიციური კადრები, მაღალია მეცნიერული დონეც. ამის დასამტკიცებლად მოვიყვან დარიშხანის წარმოების განვითარების კონკრეტულ მაგალითს. ჩვენ დარიშხანის საკმაოდ მდიდარი საბადოები გვაქვს და მათი სწორი გამოყენება უნდა იყოს რესპუბლიკაში მეცნიერებატევადი ელექტრონიკისა და ოპტოელექტრონიკის წარმოების განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პირობა.

ეს და სხვა საბადოები წმინდა ვალუტაა. ღმერთმა არ მოგვაკლოს ასეთი სიმდიდრე. მისი გამოყენება ხელს შეუწყობს ჩვენი მომავალი ზუსტი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას.

მ. ბ. - ბატონო თენგიზ, გვინდა თუ არ გვინდა, ამ კითხვას ვერსად გავექცევით - რესპუბლიკას დღეს ძალიან სჭირდება ვალუტა. დღევანდელი საუბრიდან დამაინტერესა იმ 900 ათასმა დოლარმა, რომელიც რესპუბლიკამ შეიძლება მიიღოს სანტექნიკური მოწყობილობის ქარხანაში პროდუქციის ერთობლივი წარმოების ხარჯზე.

თ. ს. - ერთობლივ საწარმოთა შექმნა უფრო იმის პერსპექტიული გზაა, რომ შევძლოთ უაღრესად შემჭიდროებულ ვადებში ჩვენთან დავნერგოთ მაღალი ტექნოლოგია. იტალიის ფირმასთან შეხვედრა ამის სწორედ ერთ-ერთი მაგალითია. ცნობილია, რომ სანტექნიკური ნაწარმის ხარისხის დონე როგორც მთლიანად კავშირში, ისე ჩვენში, მეტად მდარეა. ამიტომ ესოდენ მაღალი ტექნოლოგიის დანერგვა და ერთობლივი სანტექნიკური აპარატურის შექმნა საჭიროა ჩვენთვისაც, აგრეთვე პერსპექტიულია საგარეო ბაზარზე მისი რეალიზაციის თვალსზრისითაც. იტალიის ფირმის მიერ წარმოდგენილი პროექტი დონით შეესაბამება მსოფლიო ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და, ეჭვი არ მეპარება, რომ მისი რეალიზაცია რესპუბლიკისათვის ფრიად ხელსაყრელი საქმე იქნება.

მ. ბ. - ვფიქრობ, იტალიის სანტექნიკას წყალი არ გაუვა?

თ. ს. - იტალიურ სანტექნიკას წყალი არ უნდა გაუვიდეს. სხვათა შორის წყლის შესახებ. მთელ მსოფლიოში ყაირათიანად ხარჯავენ წყალს. უნდა გავუფრთხილდეთ ამ სიმდიდრეს. უახლოეს ხანში წყალი, მხედველობაში მაქვს სასმელი, წყაროს წყალი და არა მინერალური, უდიდესი დეფიციტი იქნება. მსოფლიოს მთელ რიგ რეგიონებში, მაგალითად, ახლო აღმოსავლეთში, აზიაში, ინდუსტრიულად ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც იაპონიაა, ეს უმწვავესი პრობლემაა. თავად უფალმა გვიწყალობა ეს სიმდიდრე, ამიტომაც ყაირათიანად უნდა ვეკიდებოდეთ მას. უკვე გვაქვს მთელი რიგი ფირმების განაცხადები, სასმელი წყლის ჩამოსხმისა და რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ მისი რეალიზაციის შესახებ. უახლოეს პერიოდში ლიტრი წყალი იმდენივე ეღირება, რამდენიც ლიტრი ნავთობი. პერსპექტივაში იგი უაღრესად რაციონალურად უნდა ვხარჯოთ.

მ. ბ. - ბატონო თენგიზ, პრაქტიკულად როდის დავინახავთ ყოველივე ამის შედეგებს?

თ. ს. - ყოველივე ამის შედეგები, უფრო ზუსტად - პირველი შედეგები თავს იჩენენ მიმდინარე წლის დამლევისათვის. ნუ ვიქნებით ზედმეტად ოპტიმისტები. არ მინდა დავაიმედო ადამიანები და ვამტკიცო, რომ ამ ოთხ წელიწადში, ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის თანახმად, მივაღწევთ ევროპული ქვეყნების საშუალო დონეს. არა, ეს არ მოხდება. ჩვენ თანდათანობით უნდა განვლოთ ყველა ის ეტაპი, რომლებიც ევროპის ქვეყნებმა გაიარეს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის დროს. ჩემი ვარაუდით, ჩემს პირად აზრს მოგახსენებთ, დაგვჭირდება სამი-ოთხი წელიწადი, რათა მოვახდინოთ ეკონომიკის არსებული სისტემის დემონტაჟი და გადავიდეთ ახალ ეკონომიკურ საფუძვლებზე, შემდეგ თანდათანობით ამაღლდება რესპუბლიკის ეკონომიკის დონე. ვფიქრობ, რომ საშუალო ევროპული ქვეყნის დონის მიღწევისათვის სულ ცოტა ხუთი-შვიდი წელი დაგვჭირდება.

მ. ბ. - ბატონო თენგიზ, საქართველო ძნელ გზას დაადგა, და მოდით, იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალ და ზეგ მზიანი ამინდი გველის.

თ. ს. - უდავოდ, ოპტიმისტები უნდა ვიყოთ. ამის საფუძველი გვაქვს. ღმერთმა გვიბოძა, მართალია პატარა, მაგრამ საკმაოდ ნაყოფიერი მიწა, კლიმატური პირობები - შესანიშნავი წყლით, წყლის მარაგით მდიდარი მიწა. ღმერთმა მოგვამადლა ყველაფერი ეს და ახლა საჭიროა, რომ შრომისმოყვარე ერად ჩამოვყალიბდეთ. - აი ჯერჯერობით, ეს უბედურება გვჭირს. გადაგვაჩვიეს გარჯას, მთელი სამოცდაათი წლის მანძილზე ნორმალურად არ ვმუშაობდით.

მ. ბ. - მაგრამ, ბატონო თენგიზ, ვარძია, იყალთო, ნიკორწმინდა, ალავერდი კრემლის დაუხმარებლად ავაშენეთ...

თ. ს. - ეს გენები რომ არ გვქონდეს, მაშასადამე, მომავალიც არ გვექნებოდა. სწორედ რომ ქართველის გენშია ფესვგამჯდარი შრომა. მას უნდა ჰქონდეს ნორმალური ეკონომიკური პირობები. ამ შრომისათვის და როცა ზემოთ ოთხი-ხუთი წელი დავასახელე, სწორედ ეს დრო გვჭირდება იმისათვის, რომ ავაღორძინოთ შრომის სიყვარული, შრომის სიყვარულის რეალურ პირობებს კი ქმნის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა. კარგად ვიცით, შრომის ანაზღაურება ჩვენში უმდაბლეს დონეზე იყო. ესე იგი მუშაკი არ იყო დაინტერესებული ნორმალური მუშაობით. ერთობლივი საწარმოების შექმნას, წმინდა კომერციული გარდა, აქვს ზნეობრივი ასპექტებიც. როცა ჩვენი წარმოების მუშაკები კონტაქტებს დაამაყარებენ საწარმოებთან, - გერმანიის, იტალიის, იაპონიის ან თანამედროვე ცხოვრების პირობების მქონე სხვა ქვეყნების საწარმოებთან, ვფიქრობ, ამაღლდება ჩვენი შრომის კულტურის დონეც. ესე იგი ჩვენი უპირველესი მიზანი უნდა იყოს სპეციალისტთა აღზრდა და შრომის კულტურის ამაღლება. არადა, ქართველი რომ ამას შეძლებს თავისი ბუნებრივი ნიჭის წყალობით, ეჭვი არ მეპარება.

მ. ბ. - ერთხელ კიდევ ნება მიბოძეთ, მადლობა მოგახსენოთ, ბატონო თენგიზ, კეთილი იმედებით გეთხოვებით.

ინტერვიუ : „ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს“ / სიგუა თ. , [ჩაიწერა მერაბ ბერაძემ] // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 17 აპრილი. - № 74 (94). - 1 გვ.

ინტერვიუ : „ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს“ / სიგუა თ., [ჩაიწერა მერაბ ბერაძემ] // რესპუბლიკა. - 1991. - 16 აპრილი. - № 14 (47). - 5, 6 გვ.

ინტერვიუ : „ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს“ / სიგუა თ. , [ჩაიწერა მერაბ ბერაძემ] // აფხაზეთის ხმა. - 1991. - 19 აპრილი. - № 70 (13436). - 1 გვ.

17 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საწარმოს (სამეურნეო ამხანაგობისა და საზოგადოების), ფილიალის რეგისტრაციის წესის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. დამტკიცდეს თანდართული დროებითი დებულება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საწარმოს (სამეურნეო ამხანაგობისა და საზოგადოების), ფილიალის რეგისტრაციის წესის შესახებ.

2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს 10 დღის ვადაში დაადგინოს სახელმწიფო რეგისტრაციისა და რეესტრის საბუთების წარმოების წესი.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს 1991 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
თ. სიგუა

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველი
გ. ბერიძე

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საწარმოს (სამეურნეო ამხანაგობისა და საზოგადოების), ფილიალის რეგისტრაციის წესის შესახებ // რესპუბლიკა. - 1991. - 23 აპრილი. - № 15/48. - 4 გვ.

18 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება რესპუბლიკაში პირველადი მოთხოვნილების საქონლის ფასების მოწესრიგების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


„რესპუბლიკაში პირველადი მოთხოვნილების საქონლის ფასების მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის 20 აპრილის ბრძანებულების შესასრულებლად, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. „რესპუბლიკაში პირველადი მოთხოვნილების საქონლის ფასების მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის 20 აპრილის ბრძანებულება მიღებულ იქნეს სახელმძღვანელოდ და შესასრულებლად.

2. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროსთან, ცეკავშირის გამგეობასთან, რესპუბლიკის სამინისტროებთან და უწყებებთან, საწარმოებთან და ორგანიზაციებთან ერთად დააწესოს და 1991 წლის 2 მაისიდან შემოიღოს ერთიანი მტკიცე სახელმწიფო საცალო (ზღვრული) ფასები რესპუბლიკის ტერიტორიაზე სარეალიზაციო უალკოჰოლო სასმელებსა და მინერალურ წყლებზე, საკონდიტრო ნაწარმზე, თევზსა და თევზეულზე (ცოცხალი თევზის გარდა), ერბოშეზელილ პურფუნთუშეულსა და ბლითის ნაწარმზე, ორცხობილაზე, ხრამუნა პურზე, საკნატუნასა და ნამგალაზე, ნაყინზე, საბლინე და საალადე ფქვილზე, ნედლად შებოლილ, მაგრად შებოლილ და ნახევრად შებოლილ ძეხვეულზე, შაშხზე.

საქართველოს რესპუბლიკის კვებისა და გადამმუშავებელი მრეწველობის და მრეწველობის სამინისტროებმა პირველ რიგში უზრუნველყონ რესპუბლიკის სავაჭრო ორგანიზაციების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება აღნიშნულ პროდუქტებზე.

3. ამ დადგენილების მეორე პუნქტის შესაბამისად, „საცალო ფასების რეფორმისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 29 მარტის №240 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილებანი და დამატებანი:

ა) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:

„დამატებით იქნეს შეტანილი ერთიანი ფიქსირებული სახელმწიფო საცალო (ზღვრული) ფასებით სარეალიზაციო საქონლის ნუსხაში უალკოჰოლო სასმელები და მინერალური წყლები, საკონდიტრო ნაწარმი (მათ შორის კარამელი), ორცხობილა, ხრამუნა პური, საკნატუნა და ნამგალა, ნაყინი, საბლინე და საალადე ფქვილი, ნედლად შებოლოლი, მაგრად შებოლოლი და ნეხევრად შებოლილი ძეხვეული, შაშხეული“.

ამავე პუნქტის მეორე აბზაციდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „თევზი და თევზის პროდუქტები“.

ბ) №1 დანართში ნახევრად გამოშიგნული ქათმის, წიწილის, ციცრის მე-2 კატეგორიის ხორცის ზღვრული საცალო ფასი ნაცვლად 8 მანეთისა, განისაზღვროს 7 მანეთის ოდენობით.

4. დაუფასოებელი თევზის, თევზეულის, ზღვის პროდუქტებისა და ზღვის ძუძუმწოვრების (გარდა ცოცხალი თევზის, ზღვის პროდუქტებისა და კიბორჩხალისა) საცალო ფასი განისაზღვროს პროდუქციის საბითუმო ფასებზე (პრ. 33-01-1989 წ.) გამადიდებელი კოეფიციენტი 1,4-ის, საბითუმო დანამატის 6 პროცენტის და სავაჭრო დანამატის 9 პროცენტის გამოყენებით.

თევზის კონსერვების, ზღვის პროდუქტებისა და ზღვის ძუძუმწოვრების: ქილებში, პაკეტებსა და კოლოფებში დაფასოებული თევზეულისა და ზღვის პროდუქტების, ზღვის ძუძუმწოვართა პროდუქტების ყველა სახის თევზის ფილეს ყველანაირი გადამუშავების და სპეციალური დამუშავების (გამოშიგნული) თევზის (გაყინული, გაციებული, შებოლილი, დამარილებული); თევზის, ზღვის პროდუქტებისა და ზღვის ძუძუმწოვრების კულინარული ნაწარმის საცალო ფასი განისაზღვროს ამ პროდუქციის საბითუმო ფასზე (პრ. 33-0-1989 წ.) გამადიდებელი კოეფიციენტი 1,4-ის საბითუმო დანამატის 6 პროცენტის და სავაჭრო დანამატის 6,5 პროცენტის გამოყენებით.

ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქცია საცალო-სავაჭრო ორგანიზაციებს მიეყიდოთ სსრ კავშირის ფასების სახელმწიფო კომიტეტის 1991 წლის 8 თებერვლის №98 დადგენილებით გათვალისწინებული სავაჭრო დათმობების გამოყენებით.

5. გაუქმდეს გაყიდვის გადასახადი რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეალიზებულ საქონელსა და ზოგიერთი სახეობის მომსახურებაზე თანახმად დანართისა.

რესპუბლიკის სამინისტროებმა და უწყებებმა 1991 წლის 2 მაისიდან უზრუნველყონ საწარმოების, ორგანიზაციების, მომმარაგებელ-გამსაღებელი, საბითუმო და საცალო ვაჭრობის საწარმოების მიერ დანართში აღნიშნული საქონლის რეალიზაცია გაყიდვიდან გადასახადის გარეშე.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
თენგიზ სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველი
გურამ ბერიძე.

დადგენილება : რესპუბლიკაში პირველადი მოთხოვნილების საქონლის ფასების მოწესრიგების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 3 მაისი. - № 86 (106). - 1 გვ.

19 სსრ კავშირის პრეზიდენტს ბატონ მ. ს. გორბაჩოვს სსრ კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ბ. კ. პუგოს

▲ზევით დაბრუნება


ჯავაში, კვაისაში, თამარაშენში, ხეითში, აჩაბეთში და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სხვა დასახლებულ პუნქტებში მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციისა და დაზარალებულთათვის დახმარების გაწევის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა აპირებს გაგზავნოს იქ პროდუქტები, მედიკამენტები, საშენი მასალები და გაუწიოს სხვა ჰუმანიტარული დახმარება, მაგრამ ცხინვალში, ჯავასა და კვაისაში მომავალი გზა ჩაკეტილი აქვთ ოს ექსტრემისტებს, რომლებიც არ უშვებენ ავტოკოლონებს თბილისიდან. რაც იწვებს მათს თვითბლოკადას და ქართული სოფლების ბლოკადას. სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარები საკმარის ღონისძიებებს არ ახორციელებენ მდგომარეობის ნორმალიზაციისათვის.

მოვითხოვთ მიიღოთ სასწრაფო ღონისძიებანი დანიშნულებისამებრ ტვირთის მიტანის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზ. გამსახურდია.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
თ. სიგუა

თბილისი, 1991 წლის 2 მაისი.

მიმართვა : სსრ კავშირის პრეზიდენტს ბატონ მ. ს. გორბაჩოვს, სსრ კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ბ. კ. პუგოს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 3 მაისი. - № 86 (106). - 1 გვ.

მიმართვა : სსრ კავშირის პრეზიდენტს ბატონ მ. ს. გორბაჩოვს, სსრ კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ბ. კ. პუგოს // თბილისი. - 1991. - 2 მაისი. - № 83 (11396). - 1 გვ.

მიმართვა : სსრ კავშირის პრეზიდენტს ბატონ მ. ს. გორბაჩოვს, სსრ კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ბ. კ. პუგოს // რესპუბლიკა. - 1991. - 7 მაისი. - № 17/50. - 10 გვ.

მიმართვა : სსრ კავშირის პრეზიდენტს ბატონ მ. ს. გორბაჩოვს, სსრ კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ბ. კ. პუგოს // ახალგაზრდა ივერიელი. - 1991. - 4 მაისი. - № 51. (11684) - 10 გვ.

20 მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის კომისიისაგან

▲ზევით დაბრუნება


სრულიად საქართველო შეძრა სტიქიურმა უბედურებამ, რომელიც თავს დაგვატყდა 29 აპრილს. ჩვენი რესპუბლიკის საწარმოების, ორგანიზაციების, სასწავლო-სამეციერო დაწესებულებების კოლექტივები, ყველა მოქალაქე ერთსულოვნად დაუდგა მხარში დაზარალებულებს. მათ დახმარების ხელი გაუწოდეს და აქტიურად ჩაებნენ მაშველ და აღდგენითს სამუშაოებში, თითქმის ყველგან ქმნიან შტაბებს, ჯგუფებს, რაზმებს, მოსალოდნელია ამ მოძრაობის ინტენსიურობის ზრდა და მისი შემდგომიაღმავლობა.

დაზარალებულ რაიონებში პროფესიონალ მაშველ რაზმებთან, სამინისტროებიდან, უწყებებიდან მივლინებულ სპეციალისტთა ჯგუფებთან ერთად ადგილებზე უკვე ჩასულია სხვადასხვა თვითმოქმედი რაზმი, რომელთაც მაშველ სამუშაოთა გამოცდილება არ გააჩნიათ, ჩატანილია ტრანსპორტი, სამშენებლო ტექნიკა, მატერიალური რესურსები და სხვ. ასეთ სიტუაციებში იქმნება სერიოზული სირთულეები სამუშაოთა ორგანიზებულად წარმართვისათვის. მატერიალური რესურსების მიზანმიმართულად და შედეგიანად მანევრირებისათვის, მაქსიმალურად ეფექტიანი უკუგების მისაღწევად, ფერხდება საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტა, რასაც შექმნილ მდგომარეობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

სტიქიით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების ეფექტიანად და ოპერატიულად შესრულების, რესპუბლიკის მოსახლეობის საქველმოქმედო მოძრაობის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის კომისია საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ყველა საწარმოს, ორგანიზაციის, სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებათა კოლექტივებსა და მათ ხელმძღვანელებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს აცნობებს, რომ:

დაზარალებული რაიონების პრეფექტურებთან შექმნილია ოპერატიული შტაბები, რომელთა საქმიანობის კოორდინაციას განახორციელებს ქ. ქუთაისის პრეფექტურასთან შექმნილი საგანგებო შტაბი;

მთავრობის კომისიასთან შეიქმნა შემდეგი საკოორდინაციო ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ კომისიის ეფექტიან ფუნქციონირებას:

საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროსთან - მთავრობის კომისიის წევრის, მინისტრის თამაზ გუგუშვილის ხელმძღვანელობით. ეს ჯგუფი აფიქსირებს საწარმოების, ორგანიზაციების, სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებების და ცალკეული მოქალაქეების საქველმოქმედო ინიციატივას და ორგანიზებულად მიმართავს მას დაზარალებული რაიონების მოთხოვნილებების გათვალისწინებით, დემოგრაფიულად შეისწავლის დაზარალებულ ოჯახებს და ხელმძღვანელობს მათ დროებით განსახლებას. ამ ჯგუფის შუამდგომლობით ხორციელდება დაზარალებული ოჯახებისათვის ფულადი დახმარების გაცემა (მითითებულია ტელეფონები).

საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსთან - მთავრობის კომისიის წევრის, მინისტრის მანანა ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით. ეს ჯგუფი დაზარალებულ მოსახლეობას გაუწევს სამედიცინო დახმარებას, თავს მოუყრის და ანაწილებს საჭირო სამედიცინო პრეპარატებსა და ტექნიკას (მითითებულია ტელეფონები, ტელექსი, ტელეფაქსი);

საქართველოს რესპუბლიკის მატერიალური რესურსების სამინისტროსთან - მთავრობის კომისიის წევრის, მინისტრის იგორ ჩხეიძის ხელმძღვანელობით, ჯგუფის ფუნქციას წარმოადგენს დიდმასშტაბური მატერიალური რესურსების დაგროვება და მათი განაწილება (მითითებულია ტელეფონები, ტელექსი, ფოტონი, ტელეფაქსი);

საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროსთან - მთავრობის კომისიის წევრის, მინისტრის გურამ მირიანაშვილის ხელმძღვანელობით. ჯგუფი კოორდინაციას გაუწევს სამშენებლო-აღდგენით სამუშაოებს (მითითებულია ტელეფონები, ტელექსი, რიტმი);

საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროსთან - მინისტრის პირველი მოადგილის ავთანდილ წილოსანის ხელმძღვანელობით, ჯგუფის ფუნქციაა სახელმწიფო და კოოპერატიული ვაჭრობის ორგანიზაციების საშუალებით დაზარალებული რაიონების მოსახლეობის სურსათით, ფართო მოხმარების საქონლით მოსახლობის მომარაგების უზრუნველყოფა, სასიცოცხლოდ აუცილებელი სტრატეგიული პროდუქტების აკუმულაცია-განაწილება (მითითებულია ტელეფონები);

საქართველოს რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროსთან - მთავრობის კომისიის წევრის, მინისტრის ალექსანდრე ჩხეიძის ხელმძღვანელობით, ჯგუფი უზრუნველყოფს სტიქიური უბედურებების ზონაში მოსახლეობის მიმოსვლას, ყოველგვარი სახის გადაზიდვებს და დამხმარე ჯგუფების გადაყვანას შესაბამისი ტრანსპორტის სახეობით, მათი ოპერატიული და შეუფერხებელი მოძრაობის ორგანიზაციას (მითითებულია ტელეფონები, ტელექსი, რიონი);

მთავრობის კომისიის საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც თავს უყრის ყველა სახის ინფორმაციას, დარგობრივი ჯგუფების მეშვეობით წარმართავს და ანაწილებს მატერიალურ-ტექნიკურ რესურსებს, ჰუმანიტარულ დახმარებას, ახორციელებს ოპერატიულ კავშირს პრეფექტურებთან შექმნილ შტაბებთან, ინფორმაციას აწვდის რესპუბლიკის პრესას, ტელევიზიასა და რადიოს, სხვა ქვეყნების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს (მითითებულია ტელეფონები, ტელექსი, ტელეფაქსი);

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის კომისია მიმართავს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა ორგანიზაციის კოლექტივებს და მათ ხელმძღვანელებს, რომ ყველა სახის საქველმოქმედო საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ საკოორდინაციო ჯგუფთან შეთანხმებით და მასთან ურთიერთობით.

რესპუბლიკის საინფორმაციო საშუალებებმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების გაშუქების დროს მაქსიმალურად ისარგებლონ მთავრობის კომისიასთან არსებული საკოორდინაციო ჯგუფის კონსულტაციებითა და რჩევებით, მისგან მიღებული მასალებით.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე,
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარე
თენგიზ სიგუა.

მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის კომისიისაგან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 4 მაისი. - № 87 (107). - 1 გვ.

მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის კომისიისაგან // რესპუბლიკა. - 1991. - 7 მაისი. - № 17/50. - 5 გვ.

21 თანდათან ყველაფერი მოწესრიგდება

▲ზევით დაბრუნება


საუბარი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, მიწისძვრის შედეგების სალიკვდიდაციო მთავრობის კომისიის თავმჯდომარესთან თენგიზ სიგუასთან

- ერთი ხელის დაკვრით, სამწუხაროდ, ყველაფრის გაკეთება შეუძლებელია, ასე დაიწყო საუბარი ბატონმა თენგიზ სიგუამ საქინფორმის კორესპონდენტთან, რომელმაც გადასცა მას მიწისძვრის ადგილებიდან დაბრუნებული კორესპონდენტების შეშფოთება და დაზარალებულთა წუხილი იმის განო, რომ გამოყოფილი და გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება ადგილზე დროულად ვერ აღწევს.

- ეს შეშფოთება გასაგებია, თუმცა სრული ჭეშმარიტება არ არის, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ, - ახლა მთელი ჩვენი გულისყური მიპყრობილია დაზარალებული რეგიონებისაკენ და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ რაც შეიძლება გადაუდებლად აღმოიფხვრას მიწისძვრის შედეგები. მაქსიმალურად დავეხმაროთ ამ რეგიონის მცხოვრებლებს, დავუბრუნოთ მათ სიმშვიდე, შევუქმნათ ცოტა თუ ბევრად ნორმალური ცხოვრების პირობები.

ყველა დაზარალებულ რაიონში შექმნილია ადგილობრივი შტაბები, რომელთაც შესაბამისი რაიონების პრეფექტები ხელმძღვანელობენ. გარდა ამისა, ქუთაისში მოქმედებს შტაბი, რომელსაც ეკისრება მიიღოს, აღრიცხოს და გაანაწილოს დაზარალებული რაიონებისათვის განკუთვნილი ყველა სახეობის ტვირთი. ქუთაისშივე მოქმედებს 10 ათასი ტონა ტევადობის მაცივარი, სადაც თავს იყრის ყველა სახის საკვები პროდუქტი. სწორედ აქედან უნაწილდება იგი დაზარალებულ რაიონებს.

საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა, მატერიალური რესურსების, ტრანსპორტის, შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროებში შექმნილია შტაბები მინისტრების ხელმძღვანელობით. მთავრობის კომისის წევრებს, ამ შტაბებს ევალებათ დაზარალებული რაიონებისათვის შესაბამისი სამსახურების მიერ გაწეულ სამუშაოთა კოორდინაცია. კერძოდ, არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტრომ შექმნა 60 ბრიგადა, რომლის შემადგენლობაში არიან არქიტექტორები, სეისმოლოგები, სპეციალური კონსტრუქტორები. მათ ევალებათ 20 მაისამდე აღწერონ ყველა სოფელი და ყველა სახლი, შეადგინონ დეფექტური აქტები. მხოლოდ ამის შემდეგ დაზუსტდება სტიქიისაგან მიყენებული ზარალის ოდენობა, განისაზღვრება სამშენებლო მასალების - ხე-ტყის, ლითონის, ცემენტის, სამშენებლო მინის და სხვათა ზუსტი რაოდენობა. რესპუბლიკის მატერიალური მომარაგების კომიტეტთან შექმნილმა შტაბმა უნდა უზრუნველყოს სამშენებლო მასალების შემოზიდვა და მათი განაწილება დაზარალებული რაიონებისათვის.

უკვე დავიწყეთ მოლაპარაკება ლიტვის რესპუბლიკასთან ხის სახლების დამზადების თაობაზე. არის შეთანხმება, რომ თუ უზრუნველვყოფთ ლიტვის საწარმოებს ხე-ტყით, ისინი მოკლე დროში მოგვაწვდიან 1000-მდე ხის სახლს. ასევე ვფიქრობთ, მოველაპარაკოთ ესტონეთსაც. უნდა აღინიშნოს, რომ დახმარების ხელი გამოგვიწოდეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, მოლდავეთმა, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებმა, თითქმის ყველამ.

12 ივნისს არჩევნების შემდეგ, დაგეგმილი მაქვს შევხვდე რუსეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ბორის ელცინს, ასევე მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ივან სილაევს. მათთან გაიმართება მოლაპარაკება სამშენებლო მასალების, კერძოდ, ხე-ტყისა და ცემენტის მოწოდებაზე. საერთოდ კი, რუსეთის რესპუბლიკამ დიდი დახმარება აღმოგვიჩინა: საჩუქრად გადმოგვცა 1000 ტონა ლითონის ნაგლინი, 500 ტონა მილები, 3 ათასი კუბური მეტრი ხე-ტყე, 2 ათასი ტონა ცემენტი, 0,5 ათასი კვადრატული მეტრი ხის სახლები, 1000 ტონა პურის ფქვილი.

ნომერ პირველი პრობლემა კარვებია. ამჟამად რესპუბლიკაში არსებული კარვების მთელი რესურსები მობილიზებულია და მიეწოდება მოსახლეობას, მაგრამ, დასამალი როდია, რომ ეს რაოდენობა არასაკმარისია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სადღეისოდ ეს კარვები დაზარალებულთა მხოლოდ 30-35 პროცენტს ეყოფა. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ რესპუბლიკაში მაქსიმალურად შემოვზიდოთ დროებითი საცხოვრებელი - კარვების სახით.

განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებანი დაზარალებული რაიონებიდან მოსახლეობის გაყვანის მიზნით. მათ მიიღებენ საქართველოს კურორტებზე - სანატორიუმებში, დასასვენებელ სახლებში, პანსიონატებში. სადღეისოდ 9 ათასი კაცია გაყვანილი მიწისძვრის ადგილებიდან. ისინი ამჟამად ცხოვრობენ წყალტუბოს, ბორჯომის სანატორიუმებსა და პანსიონატებში, მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში.

ძალიან დიდი პრაქტიკული დახმარება გაგვიწიეს საზღვარგარეთის ქვეყნებმა. ჰუმანიტარული ტვირთი მივიღეთ თურქეთიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან. გარდა ამისა, ევროპის სახელმწიფოთა კავშირთან არსებულმა ორგანიზაციამ - დიდმაშტაბიანი უბედურების თანხმობის კომიტეტმა, რომელიც სტრასბურგში იმყოფება, გამართა ტელეკონფერენცია. მასში მონაწილე ევროპის ქვეყნებმა - საფრანგეთმა, ესპანეთმა, პორტუგალიამ, ლუქსემბურგმა, საბერძნეთმა, მალტამ და სხვებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსათვის აქტიური დახმარების აღმოჩენის თაობაზე.

ევროპის ამ ორგანიზაციამ უკვე გამოაგზავნა 2 ათასი ტონა მშრალი რძე, 1000 ტონა კონსერვი. ლუქსემბურგი და საბერძნეთი მოგვაწვდიან სასურსათო პროდუქტსა და მედიკამენტებს, სან-რემო და საფრანგეთი კი - მედიკამენტებს, მივიღეთ ცნობა იმის შესახებ, რომ ამერიკის ჯორჯიის შტატში გროვდება სახსრები დაზარალებულთათვის. იაპონიის მთავრობამ 2 მაისს მიიღო გადაწყვეტილება დახმარების თაობაზე. 7 მაისს იაპონიის საელჩოში საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს გიორგი ხოშტარიას და რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს გურამ აბსანძეს გადაეცა 300 ათასი ამერიკული დოლარის ჩეკი.

მაგრამ, მიმაჩნია, რომ მთავარი პრობლემა მაინც სამშენებლო მასალებთან დაკავშირებით გვექნება. წინასწარი მონაცემებით, ასაშენებელია 25 ათასი სახლი. პირველ რიგში კი დაიწყება ადგილობრივ მკვიდრთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა.

ორიოდე სიტყვით აღვნიშნავ შეფერხებებსა და გადაუჭრელ პრობლემებსაც. ეს არის დაზარალებული რაიონების მოსახლეობის წყალმომარაგება, რადგან მიწისძვრის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა წყალკანალსისტემა. ამ რაიონებში არ გვყოფნის წყალსაზიდი მანქანები, მაგალითად, ჭიათურას ესაჭიროება 8-10 წყალსაზიდი მანქანა, ჩვენ კი მხოლოდ 3 მანქანის გამოყოფა შევძელით. ქუთაისის შტაბს აკლდა სატრანსპორტო საშუალებები. ოპერატიულად გადაწყდა შტაბისათვის დამატებით ოთხი მანქანის გამოყოფის საკითხი. კარგად მესმის, რომ კარვები და, უპირველესად, კარვებია საჭირო, ვიმეორებ, ყველაფერს ვიღონებთ, რომ ღია ცის ქვეშ არ დარჩეს არცერთი დაზარალებული.

საქინფორმი.

თანდათან ყველაფერი მოწესრიგდება. საუბარი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, მიწისძვრის შედეგების სალიკვდიდაციო მთავრობის კომისიის თავმჯდომარესთან თენგიზ სიგუასთან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 10 მაისი. - № 91 (111). - 1 გვ.

22 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის განკარგულება

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკაში 1991 წლის 29 აპრილს მომხდარი მიწიძვრისაგან დაზარალებულ რაიონებში აღდგენითი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დროულად ჩატარების უზრუნველსაყოფად:

1. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს წინადადება და შეიქმნას საჩხერის, ჭიათურის, ამბროლაურის, ცაგერის, ტყიბულის, ონის, ჯავის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ხარაგაულის რაიონებში სამშენებლო კომპლექსები მშენებელ-მემონტაჟეთა, დამპროექტებელთა, გეოლოგთა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენელთა შემადგენლობით.

2. დაწესდეს, რომ სამშენებლო კომპლექსის ხელმძღვანელი უფლებამოსილია გადაწყვიტოს სამუშაოთა შეკვეთის, დაფინანსების, წინასწარი გამოკვლევის, დაპროექტების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის და მშენებლობის ყველა საკითხი. აღდგენით სამუშაოებში მონაწილე ყველა ორგანიზაცია ემორჩილება და ასრულებს კომპლექსის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას. ამავე დროს კომპლექსის ხელმძღვანელი პასუხს აგებს რესპუბლიკის მთავრობის წინაშე სამუშაოთა დროულად და ხარისხიანად შესრულებისათვის.

3. დაინიშნოს სამშენებლო კომპლექსების ხელმძღვანელებად:

საჩხერის რაიონში - ი. ქევხიშვილი, ასოციაცია „თბილისის“ თავმჯდომარე;

ჭიათურის რაიონში - ზ. კაპანაძე, გაერთიანება „საქმოქმრეწვმშენის“ № 1 ტრესტის მმართველი;

ამბროლაურის, ცაგერის, ტყიბულის რაიონებში - გ. გუჯეჯიანი, გაერთიანება „საქმოქმრეწვმშენის“ № 7 ტრესტის მმართველი;

ონის რაიონში - თ. ბერიკაშვილი, გაერთიანება „საქმოქმრეწვმშენის“ № 4 ტრესტის მმართველი;

ჯავის რაიონში - დ. რაზმაძე, გაერთიანება „საქმოქმრეწვმშენის“ № 9 ტრესტის მმართველი;

თერჯოლის, ზესტაფონისა და ხარაგაულის რაიონებში - ვ. ლომთაძე, კონცერნ „სოფმშენის“ № 14 ტრესტის მმართველი.

4. სამშენებლო კომპლექსების საერთო ხელმძღვანელობა, მათი მუშაობის კოორდინაცია, მიწისძვრის რაიონებში აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებული ყველა საკითხთა გადაწყვეტა დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თ. ვაშაძეს. მიეცეს მას უფლებამოსილება მიიღოს გადაწყვეტილება იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც არ შედიან სამინისტროს სისტემაში, მაგრამ დაკავშირებული არიან მიწისძვრის მიერ დაზარალებულ რაიონებში სამუშაოთა წარმოებასთან.

5. საქართველოს რესპუბლიკის ბანკებმა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებმა შეუფერხებლად აწარმოონ მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში აღდგენით სამუშაოთა საინვესტიციო პროცესები.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
თენგიზ სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის განკარგულება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 14 მაისი. - № 93 (113). - 1 გვ.

23 შეხვედრა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან

▲ზევით დაბრუნება


21 მაისს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თენგიზ სიგუა შეხვდა ბელგიის ვალონიის მხარის ოფიციალური დელეგაცის წევრებს.

გაიმართა დაინტერესებული საუბარი ამ ბოლო დროს გააქტიურებული და გაფართოებული ბელგია-საქართველოს კონტაქტების შესახებ.

ბატონმა თენგიზ სიგუამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმატებით ხორციელდება საქართველოს და ვალონიის მხარეს შორის დადებული თანამშრომლობის ოფიციალური ხელშეკრულება. იგი ითვალისწინებს კავშირურთიერთობას სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის სფეროებში. საქართველოს და ვალონიის მხარის დელეგაციების წინა შეხვედრების შედეგად გაფართოვდა თანამშრომლობის არეალი და დაისახა ამ ნაყოფიერი და ურთიერთსასარგებლო კონტაქტების ახალი მიმართულებანი. კერძოდ, განიხილეს სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები ბიოტექნოლოგიაში, გენურ ინჟინერიასა და ფერმენტების წარმოებაში. გაფორმდა საშუალო და მიკროელექტროსადგურების მშენებლობის, თევზის მრეწველობასა და ლითონდამუშავებაში თანამშრომლობის ხელშეკრულებები.

- დღევნდელი სტუმრობა, - აღნიშნა ბატონმა თენგიზ სიგუამ, - ამ ურთიერთობის გაგრძელებაა და, ამავე დროს, ჩვენი თანამშრომლობის ერთგვარი შეჯამებაც არის. ამჟამად ჩვენში რთული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებაა. შარშან ოქტომბერში გამართული პირველი მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ, რომელსაც ესწრებოდნენ საერთაშორისო მეთვალყურეები, მათ შორის ბელგიელებიც, ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ ახალი ძალები, ისინი მტკიცედ დაადგნენ საქართველოს თავისუფლების და აღორძინების გზას. ცხადია, ასეთ პოლიტიკურ ძვრებს მოჰყვა ეკონომიკური ძვრებიც, ე.წ. ცენტრის მიერ დაგეგმილი ეკონომიკის სრული დემონტაჟი. ჩვენ საკმაოდ რთული გზა გვაქვს გასავლელი. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი პარტნიორების გამოცდილებას, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მათთან შეხვედრებს.

- დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბელგიის პარლამენტის წევრმა ბატონმა ადლენ მატიემ აღნიშნა, რომ ამ ცოტა ხნის წინათ დაწყებული ურთიერთობა წარმატებით ვითარდება. ეს კი იმის საწინდარია, რომ ჩვენი ხალხები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს, რასაც უთუოდ შეუწყობს ხელს 1992 წლისათვის განზრახული ბელგიის კულტურის დღეების გამართვა საქართველოში. ვფიქრობთ, აქ მოვაწყოთ სპეციალური გამოფენები. ასევე ქალაქ ნამიურში გავმართოთ ქართული გამოფენა, განვავითაროთ ტურიზმი, გავცვალოთ მოსწავლეთა ჯგუფები და სხვა.

- შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ბელგიაში გაიმართოს ქართული ხატებისა და ფიროსმანის ნახატების გამოფენები. ეს ექსპოზიციები მოიზიდავს არა მხოლოდ ბელგიელებს, არამედ ათასობით დამთვალიერებელს სხვა ქვეყნებიდან.

დამშვიდობებისას ბატონმა ადლემ მატიემ განაცხადა, რომ 26 მაისს, როცა საქართველოში გაიმართება რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი საყოველთაო არჩევნები, დელეგაციის წევრები მოსკოვში იქნებიან და იქიდან აუცილებლად დარეკავენ, რომ გაიგონ, არჩევნების შედეგები. ჩვენთვის, აღნიშნა მან, საქართველო სრული დამოუკიდებელი რესპუბლიკა იყო 1990 წელსაც, როცა ჩვენთან მოეწყო საქართველოს დღეები და ფრიალებდა დამოუკიდებელი საქართველოს დროშა.

საქინფორმი.

შეხვედრა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 22 მაისი. - № 99-100 (120). - 1 გვ.

24 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება კოოპერატივთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა, სამეურნეო ამხანაგობათა და გაერთიანებათა უცხოეთის ტურიზმის საქმიანობის მოწესრიგების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


10 ივნისი, 1991 წელი
ქ. თბილისი

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნავს, რომ ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა კოოპერატივთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა, სამეურნეო ამხანაგობათა და გაერთიანებათა მიერ ორგანიზებული ტურისტული ჯგუფების გასვლა სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან, ვინაიდან ამ პუნქტისა და მისასვლელი საავტომობილო გზების გამტარუნარიანობა მცირეა, იქმნება მეტად რთული სანიტარიულ-ეპიდემიური და საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური ვითარება სარფში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასაზღვრო ზოლში.

შექმნილი მდგომარეობის მოწესრიგების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. დროებით აეკრძალოთ კოოპერატივებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სამეურნეო ამხანაგობებსა და გაერთიანებებს ტურისტული ჯგუფების გაყვანა საზღვარგარეთ სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან.

2. 1-ლ პუნქტში აღნიშნულმა ორგანიზაციებმა დაამთავრონ ანგარიშსწორება უცხოეთის ტურიზმთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებათა მიხედვით და მოშალონ ეს ხელშეკრულებანი დადგენილი წესით.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველი
გ. ბერიძე.

დადგენილება : კოოპერატივთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა, სამეურნეო ამხანაგობათა და გაერთიანებათა უცხოეთის ტურიზმის საქმიანობის მოწესრიგების შესახებ // რესპუბლიკა. - 1991. - 11 ივნისი. - № 21/54. - 2 გვ.

25 ქვესკნელის გრიგალის შემდეგ

▲ზევით დაბრუნება


გაზეთ „პრავდის“ კორესპონდენტის კითხვებს უპასუხებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თენგიზ სიგუა

ბუნების ძალების ასეთი შემოტევა, როგორიც ამ ბოლო წლებში შეიმჩნევა საქართველოში, არათუ მოხუცებს არ ახსოვთ, ძველ მატიანეებშიც კი არ მოიძებნა. რესპუბლიკას ზედიზედ დაატყდა თავს წყალდიდობანი, მეწყრები, კატასტროფული მიწისძვრები. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ორმა უკანასკნელმა მიწისქვეშა ბიძგმა, რომელიც 29 აპრილს და 15 ივნისს მოხდა, განსაკუთრებით პირველმა, (ეპიცენტრში მისი ძალა 7-8 ბალს აღწევდა), თავისი სიძლიერით სპიტაკის მიწისძვრასაც კი გადააჭარბა. ათასწლოვანმა ეკლესიებმა და ციხეებმაც კი ვერ გაუძლეს.

დღეს რესპუბლიკის ორგანოები უმთავრეს ყურადღებას უთმობენ დაზარალებული რაიონების დახმარებას, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოიშუშონ სტიქიით გამოწვეული ჭრილობები და ცხოვრების ნორმალური პირობები შეუქმნან ხალხს.

როგორც უკვე იუწყებოდა „პრავდა“ რესპუბლიკაში მთავრობის საგანგებო კომისია შეიქმნა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ და მას სათავეში ჩაუდგა მთავრობის თავმჯდომარე თენგიზ სიგუა. ჩვენმა კორესპონდენტმა რამდენიმე კითხვით მიმართა მას:

- ბატონო თენგიზ, როგორც შევიტყვეთ, კომისიამ ძირითადად დამთავრა მუშაობა ტრაგედიის მასშტაბისა და მატერიალური ზარალის დასადგენად. როგორია დასკვნები?

- რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტრომ შექმნა 60 ბრიგადა, რომელთა შემადგენლობაში შედიოდნენ არქიტექტორები, სეისმოლოგები და სპეციალისტ-კონსტრუქტორები. მათ ყველა დაზიანებული სახლი აღრიცხეს და დეფექტების აქტი შეადგინეს, ზარალი განსაზღვრეს. დადგინდა, რომ ასობით ადამიანი დაღუპულია, ათასობით - დაშავებული, 160 ათასი უსახლკაროდ დარჩენილი. შედეგები კიდევ უფრო უარესი იქნებოდა, ის გარემოება რომ არა, რომ მიწისძვრის ზონაში არ აღმოჩნდა მაღლივი შენობები, რომლებიც, რა დასამალია, დიდი სეისმომედგრობით არ გამოირჩევა.

განსაკუთრებით დაინგრა საჩხერე, ონი, კვაისი, ამბროლაური და ჯავა. სოფელი ხახიეთი მიწისძვრის შედეგად წარმოშობილმა მეწყერმა დამარხა. მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრეულია ასამდე სამრეწველო საწარმო, ასობით კულტურულ-საყოფაცხოვრებო დანიშულების, დასვენებისა და ტურიზმის ობიექტი. დაინგრა 800 კილომეტრამდე სააავტომობილო გზა. ბევრგან მოსალოდნელია მეწყერი, რის გამოც ორი ათასზე მეტი ოჯახი სხვაგან უნდა გადასახლდეს. სულ, წელს, სამი ათასამდე ინდივიდუალური სახლი (საერთო ღირებულება - 221 მილიონი მანეთი) და სოციალურ-კულტურული დანიშნულების ობიექტები (72 მილიონი მანეთისა) უნდა აშენდეს.

საერთო ზარალი, ჯერ დაუზუსტებელი მონაცემებით, დაახლოებით 7 მილიარდ მანეთს შეადგენს.

- დადგენილია თუ არა, თუნდაც საორიენტაციოდ, მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის ვადები?

- კომისიის წევრებმა რამდენიმე სამთავრობო დოკუმენტი მოამზადეს, თანაც მთავარი ყურადღება დაუთმეს სახალხო მეურნეობის დარგების დაუყოვნებლივ აღდგენას. ძირითადად ეს არის საგანგებო სიტუაციათა ჯგუფის მთელი საქმიანობის საგანი.

რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბრძანებულების შესაბამისად დაზარალებულთ მატერიალური დახმარება გაეწიათ. რაც შეეხება მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაცის ვადებს, ამას დაახლოებითი გაანგარიშებით, სამი-ოთხი წელი დასჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო მეურნეობაში კაპიტალური დაბანდება 70 პროცენტით და მეტად შევამცირეთ და გამოთავისუფლებული სახსრები აღდგენით სამუშაოებს უნდა მოვახმაროთ, მთელი ეს თანხა საჭირო სახსრების მხოლოდ 10-15 პროცენტს შეადგენს. ამიტომ სამუშაოთა დროული დამთავრება ძირითადად დამოკიდებულია იმ დახმარების ოდენობასა და მასშტაბზე, რომელსაც რესპუბლიკის ფარგლებს გარედან ვიღებთ.

- სხვათაშორის, ჩვენმა გაზეთმა გამოაქვეყნა როგორც მანეთებით, ისე ვალუტით საქართველოსთვის ფულადი სახსრების გადასარიცხი მიმდინარე ანგარიშების ნომრები...

- ჩვენ მადლობელი ვართ იმათი, ვინც ჩვენი უბედურება გაიზიარა, ჰუმანიტარულად, მატერიალურად თუ სხვაგვარად დაგვეხმარა. უწინარესად ეს ეხებათ სომხებს, აზერბაიჯანელებს, ბალტიისპირელებს, ჩეჩენ-ინგუშებს, აგრეთვე, მოსკოველებს, ლენინგრადელებს, ხარკოველებს, სუმელებს და სხვებს. არ შეიძლება მადლიერებით არ აღინიშნოს რუსეთის დახმარება. მან პირველსავე დღეებში უსასყიდლოდ გადმოგვცა 1000 ტონა ლითონის ნაგლინი, 500 ტონა მილები, სამი ათასი კუბური მეტრი ხე-ტყე, ორი ათასი ტონა ცემენტი, ხის სახლები, ათასი ტონა ფქვილი და ბევრი სხვა რამ.

დახმარება მივიღეთ საზღვარგარეთიდანაც - ისრაელიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, ჰოლანდიიდან, თურქეთიდან, ავსტრიიდან, იტალიიდან და სხვა სახელმწიფოებიდან. შემნახველი ბანკის საგანგებო ანგარიშზე გადმორიცხულია 64,3 მილიონი მანეთი, ხოლო საგარეო ეკონომიკური ბანკის ანგარიშზე - 500 ათასზე მეტი სავალუტო მანეთი, აქედან იაპონიის მთავრობამ გამოგვიგზავნა 300 ათასი დოლარი.

მაგრამ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს სრულიადაც არ კმარა. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და თქვენი გაზეთის მეშვეობით მივმართო შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებს, მოქალაქეებს, და ვთხოვო გააძლიერონ დახმარება. განსაკუთრებით გვაკლია ხე-ტყის მასალა, ცემენტი, ლითონი, სახურავი და საწვავ-საპოხი მასალა. დასახული პროგრამის რეალიზაციას ხომ დაახლოებით 1,2 მილიონი ტონა ცემენტი, 200 ათასი ტონა ლითონი, 800 ათასი კუბური მეტრი ხე-ტყის მასალა, 1,5 მილიონი კუბური მეტრი საკედლე მასალა, 2,8 მილიონი აზბესტცემენტის ფურცელი დასჭირდება. დიდად გვაკლია საშენი მანქანა-მექანიზმები. მარტო საგზაო მშენებლობას 190 ერთეული სპეცმექანიზმი, ბეტონის და ასფალტ-ბეტონის ნარევის გამოსაშვები მოწყობილობის 38 კომპლექტი, ხუთი მოძრავი ელექტროსადგურის კომპლექტი და ბევრი სხვა რამ სჭირდება.

განსაკუთრებით დიდი მოცულობის საპროექტო-საძიებო, სამშენებლო-სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოები გველის სამაჩაბლოს რაიონებში, აგრეთვე გორის ზონასა და ქარელის რაიონის სოფლებში. მტკიცედ გადავწყვიტეთ რესპუბლიკის სამშენებლო ორგანიზაციების ძალებით აღვადგინოთ თითქმის მთლიანად დანგრეული დაბა ჯავა.

ჩვენ საწარმოო გაერთიანება „კამაზის“ და „გაზის“ გენე100 რალურ დირექტორებს ვთხოვეთ ტექნიკური დახმარების სახით გამოგვიყოს ავტომობილები, თვითმცლელები, ბორტებიანი ავტომანქანები, საწევრები და მათი სათანადო ნაწილები. სსრ კავშირის მეტალურგიის სამინისტროს და სსრ კავშირის ქვანახშირის მრეწველობის სამინისტროს წინაშე აღვძარით საკითხი, რომ ფულადი სახსრები, მექანიზმი და მასალები გამოუყონ მათ დაქვემდებარებულ დაზარალებულ საწარმოებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზეა.

- ამ ბოლო დროს საქართველოს თავსდამტყდარმა სტიქიურმა უბედურებებმა მწვავედ დასვა მაშველი სამსახურების შექმნის საკითხი. როგორ აფასებთ მათ მუშაობას, როგორად წარმოგიდგენიათ ისინი მომავალში?

- როგორც პრაქტიკამ გვიჩვენა, „სწრაფი რეაგირების“ ადგილობრივი სამსახურები ფაქტობრივად არ არსებობს და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მაშველი რაზმები რომ არა, მსხვერპლი, პირდაპირ ვიტყვი, გაცილებით მეტი იქნებოდა...

ქართველები იტყვიან, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო. დღეს მუდმივმოქმედი კომისიის გარდა, მთავრობის აპარატში ფუნქციონირებს ამას წინათ შექმნილი საგანგებო სიტუაციათა ჯგუფი. მაგრამ, ჩვენი აზრით, ესეც არ კმარა. უნდა შეიქმნას სწრაფად მომქმედი საიმედო სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ სტიქიის დამანგრეველი მოქმედება და უსწრაფესად აღმოვფხვრათ მისი შედეგები. იმედი გვაქვს, რომ ამაში ეფექტიანად დაგვეხმარება სსრ კავშირის მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სიტუაციათა კომისია.

საუბარს უძღვებოდა
გ. ლებანიძე.

რედაქციისაგან. საჭიროდ მიგვაჩნია კვლავ შეგახსენოთ იმ სპეციალური ანგარიშების ნომრები, რომლებზეც შეგიძლიათ ფული გადარიცხოთ საქართველოში კატასტროფის შედეგების სალიკვიდაციოდ. საქსოცბანკის სააქციო-კომერციული ბანკის საოპერაციო სამმართველო, ანგარიშის ნომერი 001700272. სსრ კავშირის საგარეო ეკონომიკური ბანკის საქართველოს რესპუბლიკური ბანკის სავალუტო სპეციალური ანგარიშის ნომერი 7000028. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს თავს დამტყდარ უბედურებას ბევრი გამოეხმაურება, დახმარებას გააძლიერებენ შესაბამისი სამინისტროები და უწყებები. სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწარმოების კოლექტივები.

(„პრავდა“. 1991 წლის 19 ივნისი).

ქვესკნელის გრიგალის შემდეგ. გაზეთ „პრავდის“ კორესპონდენტის კითხვებს უპასუხებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თენგიზ სიგუა // რესპუბლიკა. - 1991. - 30 ივლისი. - № 27/60. - 4 გვ.

26 აღმართი ღირსეულად უნდა ავიაროთ

▲ზევით დაბრუნება


ამ დღეებში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ბატონმა თენგიზ სიგუამ ინტერვიუ მისცა საქართველოს ტელერადიოდეპარტამენტის კომენტატორს მერაბ ბერაძეს. გთავაზობთ ამ ინტერვიუს ჩანაწერს.

- ბატონო თენგიზ! ჩვენი საუბრის დასაწყისში, თქვენის ნებართვით, თქვენი ოჯახის ერთი რელიქვია მინდა მინდა გავანდო საზოგადოებას - სარწმუნო წყაროებიდან ვიცი, რომ თქვენი ოჯახი სრული შემადგენლობით დაესწრო ქართველი ერის საამაყო შვილის, ბატონ ექვთიმე თაყაიშვილის დაკრძალვას. ეს კი იმ ხანად დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ ერმა უნდა იცოდეს, ვინ, რომელი ოჯახის შვილი უდგას სათავეში რესპუბლიკის მთავრობას.

დიახ, ეს იყო 1947-48 წლები, როდესაც მამა, პროფესიით ექიმი მოვიდა სახლში და თქვა, დღეს საღამოს ჩვენთან ბატონი ექვთიმე მოვა, მას სმენა აქვს დაქვეითებული და მკურნალობა ესაჭიროებაო. ბატონი ექვთიმე ჩვენთვის ციდან ჩამოსული ღმერთი იყო და რაოდენ დიდი იყო ჩვენი გაოცება, როცა ეს ლეგენდარული ადამიანი გვეწვია და ბავშვებმა მის ძველ კოსტუმს შევავლეთ თვალი - მას პიჯაკის სახელოებიდან ძაფები მოუჩანდა. ეს ღრმად ჩაიბეჭდა ჩვენს მეხსიერებაში. შემდეგ ხშირად მოდიოდა ჩვენთან ბატონი ექვთიმე და და მისი მოსვლა ჩვენთვის ნამდვილი ზეიმი იყო. მე ვთვლი, რომ იგი ილია ჭავჭავაძისა და დიდი ივანე ჯავახიშვილის გვერდით უნდა დავაყენოთ. მეორე, რაც მე ძალიან კარგად მახსოვს, ეს მისი დაკრძალვა იყო. მამამ წინასწარ გაგვაფრთხილა, ყველანი მოვემზადეთ და წავედით ექვთიმე თაყაიშვილის ცხედართან გამოსამშვიდობებლად. ახლაც მახსოვს, დაკრძალვას დიდი-დიდი ორმოცი, ორმოცდაათი კაცი თუ ესწრებოდა და რაოდენ პარადოქსულია ის ფაქტი, რომ მერე მე მომეცა საშუალება დავსწრებოდი ბატონ ექვთიმეს მეუღლის ქალბატონ ნინო პალტარაცკაიას დაკრძალვასაც და ვნახე, რომ იგი ათასჯერ მეტმა ადამიანმა მიაცილა საფლავამდე.

- ეს მაშინ ბატონი რეზო თაბუკაშვილის დამსახურება გახლდათ...

- დიახ, ბატონ რეზოს ვუმადლით. მან გადმოასვენა ქალბატონი ნინოს ნეშთი და იგი ბატონ ექვთიმეს გვერდით დაკრძალეს. მაგრამ ვიმეორებ, ეს უზარმაზარი პარადოქსი იყო. თვით თაყაიშვილის დაკრძალვაზე თითზე ჩამოსათვლელი ხალხი დაესწრო, მისი მეუღლისას კი საოცრად ბევრი. აი, სწორედ ეს არის სავალალო და გულდასაწყვეტი.

- ბატონო თენგიზ, ჩემგან არ გესწავლებათ, თუკი ბოლომდე გულწრფელნი არ ვიქნებით, მაყურებელი სხვა არხზე გადართავს ტელევიზორს. ამ რამდენიმე ხნის წინათ სწორედ ამ კაბინეტიდან დავპირდით საზოგადოებას, რომ ცოტა ხანში ხორცი და კარაქი გამოჩნდებოდა მაღაზიებში. გავიდა დრო და ხორცი თვალით არ გვინახავს, ხოლო კარაქის ფასმა, შეიძლება ითქვას, მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 28-30 მანეთი... ამას ვამბობ, და იქვე ვამატებ, შესანიშნავად მესმის, რომ ძალიან ბევრი გვყავს ხელის შემშლელი და ძალიან ცოტა - ხელის შემშველებელი...

- სწორი ბრძანდებით! ჩვენ მართლა დავპირდით ხალხს ამ საკითხის მოგვარებას. მას შემდეგ კი სამი თვე გავიდა. უნდა გითხრათ, რომ ჩვენი ხელშეკრულება ძალაშია. ამ დღეებში მივიღე ტელექსი კენიიდან - ფირმის ხელმძღვანელი ბატონი კანიამა გვატყობინებს, რომ ექვსი ათასი ტონა ხორცი, სამი ათასი ტონა კარაქი და ათასი ტონა მშრალი რძე უკვე მზად არის გამოსაგზავნად. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ბიუროკრატიული მექანიზმი ისევ მუშაობს - ცენტრი ყოველნაირად ცდილობს კონტრაქტის ხელის შეშლას. ახლა იმას იმიზეზებს, რომ აკრძალულია ბარტერული გაცვლები. არა და ამ კოტრაქტში სწორედ ბარტერული გაცვლების იდეაა ჩადებული. მაგრამ მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს და ამ პროდუქტებს შემოვიტანთ. გარდა ამისა, უკვე გაფორმებულია ხელშეკრულებები სხვადასხვა სახელმწიფოებთან და ვიმედოვნებთ, რომ ამ შემოდგომისთვის მდგომარეობა თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც უნდა გამოსწორდეს.

- დავიიმედოთ თავი იმით, რომ ჩვენი შემდგომი შეხვედრის დროს ეს საკითხები აღარ შეგვაწუხებს?

- მაგის გარანტიას, ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად, ვერ მოგცემთ. მდგომარეობა ძალიან რთულია, როგორც იცით, ჩვენ ჯერჯერობით საბჭოთა კავშირის ერთიან ეკონომიკურ რგოლში ვართ გაერთიანებული და ამ კავშირების ერთბაშად გაწყვეტა წარმოუდგენელია. ამიტომ საკმაოდ დიდი სირთულეები გვექმნება, მაგრამ ვიმეორებ, ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ჩვენს ხალხს ეკონომიკური მდგომარეობა.

- ბატონო თენგიზ! თქვენ ამ ბოლო დროს ძალზე ბევრი მოწვევა გქონდათ უცხოეთში და ამათგან საფრანგეთი ამოირჩიეთ, კონკრეტულად კი სტრასბურგი, ევროპარლამენტის სხდომა. მოკლედ ხომ არ გვეტყვით, რა ორგანიზაციაა ეს და რა ფუნქციები გააჩნია?

- მოგახსენებთ. ევროპარლამენტი შეიქმნა ევროპის ექვსი სახელმწიფოს ბაზაზე. მასში თავიდან შევიდნენ: ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ლუქსემბურგი და ინგლისი. ამჟამად იგი აერთიანებს ევროპის თორმეტ სახელმწიფოს. მათ შორისაა: ჰოლანდია, დანია, საბერძნეთი, პორტუგალია, ესპანეთი. ამჯერად ეს გახლავთ მეტისმეტად ავტორიტეტული ორგანო, რომელშიც როგორც მოგეხსენებათ, ევროპის თითქმის ყველა ინდუსტრიალურად განვითარებული სახელმწიფოა თავმოყრილი. ევროპარლამენტს სხვადასხვა მიზნები აქვს: როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური. პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებებს ევროპის ქვეყნებში სხვადასხვა საკითხების მოსაგვარებლად. პარლამენტში თვრამეტი კომისია მუშაობს. ჩვენ მივიღეთ მოწვევა, რისთვისაც უღრმესი მადლობა უნდა მოვახსენო პარლამენტის დეპუტატს ბატონ ქრისტიან როკსტინგს, აგრეთვე ცნობილ მეცნიერს, მსოფლიოს ასტრონომთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს ბატონ რიხარდ ვესტს, რომლებიც დაგვეხმარნენ, რათა ევროპარლამენტს ფართოდ გაეღო კარები ჩვენთვის. ეს მიწვევა ფრიად საპატიო იყო და დელეგაცია სამი ადამიანის შემადგენლობით სტრასბურგს გაემგზავრა. დელეგაციაში ჩემს გარდა იყვნენ: მეცნიერებისა და ტექნიკის მინისტრის მოადგილე ბატონი მერაბ კლიმიაშვილი და ასოციაცია „ლილეს“ გენერალური დირექტორი ბატონი გიორგი თოფაძე. მეტად დატვირთული პროგრამა წინასწარ იყო შედგენილი. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი დღის განმავლობაში ჩვენ უნდა შევხვედროდით ევროპარლამენტის პრეზიდენტს ბატონ კრესპოს, ევროპარლამენტის ყოფილ პრეზიდენტს, კომისიების თავმჯდომარეებს და საბოლოოდ უნდა გამოვსულიყავით ერთ-ერთი დიდი დემოკრატიული კომისიის სესიაზე. დაგეგმილი იყო პრესკონფერენციები. მე პირადად დადებითად ვაფასებ ამ ვიზიტს - ჯერ ერთი, რომ პირველად მოგვეცა საშუალება, გამოვსულიყავით ევროპარლამენტის სესიაზე, სადაც ჩვენის მოთხოვნით, მოხსენება ქართულ ენაზე წავიკითხე და იგი სინქრონულად ითარგმნებოდა ინგლისურად. მე ვიგრძენი, რომ საკმაოდ კარგი და თბილი განწყობა სუფევდა ჩვენს მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტს კეთილი შედეგები უნდა მოჰყვეს ჩვენი რესპუბლიკისათვის. იქვე გადაწყდა, რომ ივლისის ბოლოს, ჩვენთან ჩამოვა ევროპარლამენტის დეპუტატი ბატონი როკსტინგი, რომელიც წინასწარ გაეცნობა ჩვენი რესპუბლიკის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, ხოლო ამის შემდეგ სექტემბერში ან ოქტომბერში ჩამოვა ჯგუფი დეპუტატებისა, რომლებიც უკვე ღრმად შეისწავლიან ჩვენში არსებულ ვითარებას. ვიმედოვნებთ, რომ ამ ვიზიტის შედეგად ევროპარლამენტი განიხილავს საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური დახმარების საკითხს. გარდა ამისა, ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ უახლოეს პერიოდში დაისვას საკითხი იმის თაობაზე, რომ საქართველოს მიეცეს უფლება, მეთვალყურის სტატუსით წარსდგეს ევროპარლამენტში.

ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა. ჩვენს დელეგაციაში, როგორც აღვნიშნე, გახლდათ ბატონი მერაბ კლიმიაშვილი და ალბათ საინტერესო იქნება მისი აზრი ამ ვიზიტის თაობაზე.

- ბატონო, მერაბ, გთხოვთ:

- ევროპარლამენტში ჩვენი ვიზიტის შესახებ მე მგონი საკმაო ინფორმაცია მოგაწოდათ ბატონმა თენგიზმა, მე მხოლოდ რამდენიმე მომენტს მინდა გავუსვა ხაზი - დემოკრატიული კომისია, რომელზეც ბატონი თენგიზი გამოვიდა, გახლდათ საკრებულო, რომელზეც ა.წ. მარტში მოხსენება გააკეთა ბატონმა ბორის ელცინმა, რუსეთის დღევანდელმა პრეზიდენტმა, ჩვენს წინ კი ბატონმა ვიტაუტას ლანდსბერგისმა. მინდა კვლავაც გავუსვა ხაზი ამ კომისიის დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას და გავლენას მთელს ევროპაში. აუცილებლად მიმაჩნია იმის აღნიშვნაც, რომ ევროპარლამენტის კომისიამ ტაშით გამოაცილა ჩვენი დელეგაცია. როგორც შემდეგ გვითხრეს აღმოსავლეთ ევროპის სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, ეს უპრეცედენტო შემთხვევა გახლდათ. საქართველოსათვის, ჩემის აზრით, ეს იყო ისტორიული დღე, რადგან საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე გამოვიდა ევროპის ქვეყნების ყველაზე უმაღლეს ფორუმში და გამოვიდ ქართულად.

- ბატონო თენგიზ! უცხოეთთან სავაჭრო ურთიერთობა რომ არის დამყარებული, მოსახლეობამ ჯერჯერობით იქიდან შემოტანილი ქილის ლუდით, საღეჭი რეზინით და უცხოური სიგარეტებით შეიტყო. ცოტა სხვა მხრიდან ხომ არ მივუდექით საქმეს?

- არა, ბატონო მერაბ, რაც თქვენ ბრძანეთ, ეს სახელმწიფო ვაჭრობას არ შემოუტანია. ეს ცალკეული კოოპერატივების, ასოციაციების ინიციატივითაა. სახელმწიფო სავაჭრო ორგანიზაციების ძირითადი საზრუნავი მოსახლეობის საკვები პროდუქტებთ მომარაგება გახლავთ. მაგრამ კვლავაც მიწევს გამეორება, რომ ამ მხრივ ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს. საქმე იმაშია, რომ დღეს, ჩვენ, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ძალიან გვიჭირს მოსახლეობისა და მრეწველობის უზრუნველყოფა ისეთი აუცილებელი პროდუქტით, როგორიც შაქარია. დღემდე, როგორც მოგეხსენებათ, შაქარს გვაწოდებდნენ ძირითადად უკრაინიდან. მაგრამ თვით უკრაინაც მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან ცენტრიდან მას უნდა მიეღო ორი მილიონ ორასი ათასი ტონა შაქრის ნედლეული, რომელიც თავის მხრივ კუბიდან უნდა შემოსულიყო. ფაქტობრივად უკრაინაში შემოიტანეს მხოლოდ 600 ათასი ტონა და დღეს იქ ქარხნები პრაქტიკულად გაჩერებულია. სამწუხაროდ, უახლოეს პერიოდში ვერც ვხედავთ რაიმე სასიკეთოს. ამიტომ ჩვენ აქტიურად ვეძებთ გზებს, რათა ეს პრობლემა სხვა გზებით გადავჭრათ. არის რამდენიმე პერსპექტიული მოლაპარაკება და დარწმუნებული ვარ, რომ შაქრის დიდ დეფიციტს როგორღაც მოვუღებთ ბოლოს.

- ამ რამდენიმე დღის წინათ ლენინგრადში გახლდით, მიმიღო ქალაქის მერმა ანატოლი სობჩაკმა და ინტერვიუც ჩამოვართვი მას. აქვე გაირკვა, რომ იგი ყოველ ორშაბათს ტელევიზიის ცოცხალი ეთერით გადის და მოსახლეობას როგორც გაკეთებულზე, ისე მომავლის გეგმებზეც ესაუბრება. მუშაობის ეს ფორმა, ვფიქრობ, ბევრ სარგებლობას მოუტანს ჩვენს ხალხსაც.

- ეს პრაქტიკა უთუოდ ჩვენთვისაც მისაღებია. კაბინეტის სხდომაზე გადავწყვიტეთ, რომ მინისტრებმა რეგულარულად მიიღონ მონაწილეობა ტელეგადაცემებში, რათა უფრო ახლო კონტაქტი დამყარდეს ჩვენს მოსახლეობასთან და უფრო მეტად იყოს იგი ინფორმირებული მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის შესახებ.

- ამ დღეებში საქართველოს ტელევიზიით გამოვიდა საქართველოს უზენაესი საბჭოს ეკონომიკური რეფორმების კომისიის თავმჯდომარე ბატონი გივი თაქთაქიშვილი და საკმაოდ ვრცლად ისაუბრა მეწარმეობის შესახებ. ფაქტია, რომ მეწარმეობის გარეშე ჩვენი რესპუბლიკა ფეხზე ვერ დადგება. რა ეტაპზეა ახლა ეს კანონი?

- აქ ცალსახად შეიძლება პასუხი - კანონი აუცილებლად იქნება მიღებული. ეს კი, რასაკვირველია, ფართოდ გაუხსნის კარებს მეწარმეობას, რაც ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალა იქნება ჩვენი ეკონომიკის გასაჯანსაღებლად.

- როცა ქართველ კაცზე საუბრობენ, უპირველესად მის ნიჭს და უნარს უსვამენ ხაზს. აქედან გამომდინარე, თითქოსდა არ უნდა გვიჭირდეს საკადრო პოლიტიკის სწორად გატარება. მაგრამ სავალალოდ როგორც სხვაგან, აქაც მრავალი მოუგვარებელი პრობლემაა. ზოგიერთმა ხელმძღვანელმა კი პირდაპირ ყელში დანა გამოგვისვა. ცხადია, რომ ასეთ შეცდომებს ის პირები სჩდიან, რომელთაც არა აქვთ სათანადო გამოცდილება, განათლება და მომზადება.

- დიახ, ბატონო მერაბ, აქ ძალიან ბევრი შეცდომებია დაშვებული. ზოგ შემთხვევაში შერჩეული კადრები ვერ პასუხობდნენ მოთხოვნებს. მხედველობაში მაქვს მათი კვალიფიკაცია. ამ ცოტა ხანში უკვე ხუთი მინისტრი შეიცვალა, უნდა გითხრათ, რომ როცა კადრების საკითხი დადგა დღის წესრიგში, მაშინ ბატონმა ზვიად გამსახურდიამ ბრძანა, რომ ისინი ყველა გამოსაცდელი ვადით ინიშნებოდნენ. მე, მაგალითად, არ მიკვირს, რომ ყველამ ვერ გაამართლა იმედები და ეს კანონზომიერად მიმაჩნია. უნდა გითხრათ, რომ ახლო ურთიერთობა მაქვს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდავეთის, ყაზახეთის, თუნდაც რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელებთან და იქაც ხშირია ასეთი კატაკლიზმები. გარდამავალ პერიოდში ძნელია ჩამოყალიბებული მთავრობის შექმნა.

- ბატონო თენგიზ, ისევ კადრების საკითხი. ცნობილი ჭეშმარიტებაა, როცა თქვენ თვითმფრინავში ხართ, პირველ ყოვლისა, ის გაინტერესებთ, თუ ვის ანდეთ თქვენი სიცოცხლე. ამ შემთხვევაში მფრინავზეა ლაპარაკი. აქედან გამომდინარე, დავასკვნით, რომ ხელმძღვანელს ძალიან ბევრი შეუძლია. სულ ცოტა ხნის წინათ, საქართველოს მრეწველობის მინისტრმა ბატონმა გივი აბდუშელიშვილმა შეძლებისდაგვარად ჩამახედა სამინისტროს საქმიანობაში და მომავლის გეგმებში. თუკი ჩემს ჟურნალისტურ ინტუიციას ენდობით, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ საქართველოს მრეწველობას საიმედო ლიდერი ჰყავს - ჭკვიანი, განათლებული და ძალზე ერუდირებული პიროვნება, რომელსაც ძალზე დიდი საქმეები ხელეწიფება. ერთი წუთითაც არ მინდა ჩრდილი მივაყენო სხვა მინისტრებს, მაგრამ ჯერჯერობით, მათთან საქმიანი შეხვედრა არ მქონია. რას გვეტყვით თქვენი სამართავი აპარატის შესახებ?

- აპარატი ძირითადად დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პიროვნებებით, რომლებმაც კარგად იციან თავისი საქმე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბევრს უჭირს. უჭირთ, იმიტომ, რომ როგორც თქვენ დააკვირდით, ძალიან ბევრი სამინისტრო გავაერთიანეთ. აი, თქვენ ბატონი გივი ახსენეთ, რომლის სამინისტროში შევიდა როგორც მძიმე, ისე მსუბუქი, ადგილობრივი, ხე-ტყის დამუშავების ადა ა.შ. სამინისტროები. ეს მძიმე ტვირთი ბატონ გივი აბდუშელიშვილს დააწვა მხრებზე. რაც შეეხება თქვენეულ დახასიათებას, უნდა გითხრათ, რომ თქვენი ინტუიციით მიგნებული სურათი ამ ადამიანისა სავსებით რეალურია. ეს არის მართლაც ძალზე ერუდირებული პიროვნება, რომელსაც შეუძლია მეტად მძიმე ტვირთის ზიდვა. სტრუქტურა, რომელიც მან შეადგინა, სავსებით პასუხობს დღევანდელი დღის მოთხოვნას, იქ ჩადებულია ის იდეა, რომ უახლოეს პერიოდში საწარმოები გადავიდნენ კერძო სექტორში, მოხდეს მათი პრივატიზაციაც და ეს პერიოდი სამ ეტაპად აქვს დაყოფილი. მცირე, საშუალო და დიდი პრივატიზაცია. ე.ი. პირველ რიგში მცირე, წამგებიანი საწარმოების კერძო პირთთვის გადაცემა, შემდეგ მეორე ეტაპი, უკვე საკმაოდ მსხვილი საწარმოებოს პრივატიზაცია და ბოლოს, დიდი საწარმოების ბედიც უნდა გადაწყდეს - როგორიც არის რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, გაერთიანება „აზოტი“, სამთო მომპოვებელი კომბინატები. ოღონდ ამას ეტაპობრივი გადასვლა სჭირდება. ძალიან მძიმე ტვირთი დააწვა აგრეთვე ჩვენი არქიტექტურისა და მშენებლობის მინისტრს ბატონ გურამ მირიანაშვილს, რომელსაც ახლა ფაქტობრივად ექვსი სამინისტროს ხელმძღვანელობა უწევს. აქ არის არქიტექტურის, მშენებლობის, საშენ მასალათა მოპოვების, კომუნალური მეურნეობის... ვფიქრობ, რომ ეს სავსებით სწორი გზაა, არ იყო საჭირო ორმოცი-ორმოცდათი სამინისტრო. დღეს ფაქტობრივად გვაქვს 18 სამინისტრო და სამი დეპარტამენტი. ვთვლით, რომ სტრუქტურა ოპტიმალურია და პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის გარდამავალ პერიოდს ეხება.

- სკეპტიკოსების საყურადღებოდ მინდა ვთქვა: არის მოსაზრება, რომ თუკი ჩვენ საბჭოთა კავშირიდან გავალთ, უფსკრულში გადავიჩეხებით. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასე არ მოხდება. ეს აზრი კიდევ უფრო განმიმტკიცა გაზეთ „სვობოდნაია გრუზიაში“ გამოქვეყნებულმა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კათედრის გამგის ბატონ ინგუშა მშვენიერაძის წერილმა, სადაც ავტორი, ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ცენტრის სახით საქმე გვაქვს აშკარა მძარცველთან. მისი ანგარიშით მოსკოვს უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ჩვენგან წაღებული აქვს დაახლოებით 81 მილიარდი მანეთი. ეს რაც დაანგარიშებული და აღრიცხულია, მაგრამ მე სხვა რამეც მაინტერესებს. ხომ არ მიჰქონდა ცენტრს ამას გარდა კიდევ, დავუშვათ სამხედრო კომპლექსში გამომუშავებული პროდუქტი, რომელიც არსად არ ჩანს, თუნდაც თბილისის 31-ე საავიაციო ქარხნიდან?

- რასაკვირველია. საერთოდ, რაც შეეხება თავდაცვის ხარჯებს, ის დღესაც კი, ვითომ დემოკრატიულ პირობებში, ჯერ კიდევ ბურუსით არის მოცული. ავიღოთ თუნდაც თბილისის 31-ე ქარხანა. დასამალი არ არის, რომ იგი ყოველწლიურად აწარმოებდა 120-140 თანამედროვე ტიპის რეაქტიულ თვითმფრინავს, რომელიც მთლიანად გადიოდა რესპუბლიკიდან. არც ის არის დასამალი, რომ მათი ნაწილი უცხოეთში იყიდებოდა, თავისუფალ კონვერტირებულ ვალუტაზე. ჩვენთან კი კაპიკი არ შემოდიოდა. დღესდღეობით ცენტრის მიდგომა ურჩი რესპუბლიკების მიმართ მეტისმეტად არაობიექტურია. შეიქმნა დოკუმენტი, რომლის თანახმად, საბჭოთა კავშირიდან გასვლის დროს, უნდა იყოს დაცული ცხრა პლუს ერთის ინტერესები. აქედან გამომდინარე, საკავშირო მნიშვნელობის ქარხნები ურჩმა რესპუბლიკებმა უნდა გამოისყიდონ. მაგრამ იმაზე არაფერია ნათქვამი, თუ ეგრეთწოდებული „განქორწინების“ დროს რა წილი ერგებათ რესპუბლიკებს. ეს, რა თქმა უნდა, არაობიექტური მიდგომაა. არსებობს ასეთი მცნება, საერთო საკავშირო ქონება, ანუ საკუთრება. რა არის ეს? ეს არის ყველა რესპუბლიკის მიერ შექმნილი ქონება. ეს იქნება „ბამი“, „კამაზი“, ალმასის ფონდი თუ ოქროს მარაგი. ვიმეორებ, ეს არის საერთო საკავშირო საკუთრება და ყველა რესპუბლიკას ამ საკუთრების შექმნაში, რასაკვირველია, თავისი წვლილი აქვს შეტანილი. თუმცა, რა თქმა უნდა, პროცენტულად განსხვავებული. ვთქვათ, რუსეთის 60 პროცენტი, უკრაინის 15 და ა.შ. ჩვენი წინასწარი გაანგარიშებით, საქართველოს წილი აქ 1,5-დან 1,7-მდე შეადგენს. ეს უზარმაზარი თანხაა. მე ახლა ზუსტად არ შემიძლია დავასახელო ციფრი, მაგრამ წინასწარი გაანგარიშებით ეს 30-35 მილიარდი მანეთია... ე.ი. ჩვენმა რესპუბლიკამ განქორწინების შედეგად ზუსტად ამდენი თანხა უნდა მიიღოს. ხოლო ვალი, რომელსაც კავშირი გვადებს, ალბათ დაახლოებით ცხრა მილიარდს შეადგენს. რასაკვირველია, თუკი ცენტრმა ჩვენი წილი დაგვიბრუნა, ჩვენც არ ვიტყვით უარს ვალის გადახდაზე.

- ბატონო თენგიზ! იქნებ ვცდები, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს რაღაც ექსპერიმენტისთვის ვართ განწირულები: ასეთ დატვირთვას, ალბათ, ვერც ერთი ქვეყანა ვერ აიტანდა: ფანტასტიკური ფასები, პროდუქციის მუდმივი დეფიციტი, ნერვიული სიტუაცია. ახლა კიდევ ერთი უბედურება გველოდება. კარს მოგვადგა უმუშევრობა და გვინდა თუ არა, იგი ჩვენს სახლებში უნდა შემოვუშვათ.

- მოდით, ასე ნუ გავაშუქებთ საკითხს. ვერც ერთი სახელმწიფო ამ პროცესს ვერ გადაურჩა. აი, თუნდაც პოლონეთი, თავის დროზე აქ თორმეტჯერ გაიზარდა ფასები. ასევე იყო უნგრეთშიაც. ჩვენ დღეს უზარმაზარი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით, რომლის გადალახვასაც, ალბათ, დასჭირდება დაახლოებით ერთი წელი. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვერ ავცდებით უმუშევრობას. მაგრამ იქ, ძალიან მაღალ დონეზე აქვთ გადაწყვეტილი სოციალური უზრუნველყოფის პრობლემა.

- იქმნება შთაბეჭდილება, რომ იქ სპეციალურად არის შექმნილი ეს რგოლი...

- სპეციალურად ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ერთ-ერთი ბერკეტია შრომის მაღალი კულტურისა და მწარმოებლობისა. ჩვენთან ამჟამად უკვე დამთავრდა კანონების შემუშავება უმუშევართა თაობაზე. აგრეთვე შექმნილია შრომის ბირჟაც.

- ბატონო თენგიზ, ჩვენ ძალიან ბევრი რეზერვი გვაქვს. აი, თუნდაც ერთი მაგალითი - მოსახლეობაში მრავლადაა მაკულატურა, ბოთლები, ჯართი. მაგრამ ეტყობა დაინტერესების პრინციპი არ მოქმედებს და ამიტომ არავინ არ აბარებს მას.

- აბსოლუტურად მართალი ხართ. მოსახლეობაში ძალიან დიდი რაოდენობითა მაკულატურა, ან მსუბუქი მრეწველობის უკვე გამოუსადეგარი ნაწარმი, რომელიც შესანიშნავ მეორად ნედლეულს წარმოადგენს და რომლის დროული შეგროვება და გადამუშავება რესპუბლიკისთვის ერთ-ერთი რეზერვი იქნებოდა. და აი, ამიტომ დგება საკითხი, რომ ეს მექანიზმი უნდა დაიხვეწოს. უდაოა, რომ უნდა გაიზარდოს მატერიალური დაინტერესება, სხვაგვარად ჩვენ საქმეს ვერ წარვმართვთ. ეს საკითხი უკვე დასმულია და უახლოეს პერიოდში აუცილებლად გადაწყდება. ეს კი დიდი სტიმული იქნება მეორადი ნედლეულის ჩაბარებისათვის.

- ახლა ბევრს ლაპარაკობენ ნაზარბაევის მიერ შემოთავაზებულ ჰორიზონტალურ კავშირებზე.

- მე პირადად შევხვდი ბატონ ნაზარბაევს და შევპირდი, რომ ჩვენი რესპუბლიკა აუცილებლად დაუჭერს მხარს ამ წინადადებას. ლაპარაკია 15 თანასწორუფლებიანი რესპუბლიკის ხელმძღვანელების შეხვედრაზე ცენტრის გარეშე. ეს იქნება პრაქტიკული ნაბიჯი ჰორიზონტალური კავშირების განსამტკიცებლად. საქმე იმაში გახლავთ, რომ ყველა რესპუბლიკას უჭირს საერთაშორისო ბაზარზე გასვლა, რადგან დღეს ძალიან ცოტა ნაწარმი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს... ამიტომ, რესპუბლიკებს შორის კავშირები აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. ვიმეორებ, ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ამ წინადადებას და მე შევთავაზე ბატონ ნაზარბაევს, თუკი მას უჭირს ამ შეხვედრის ორგანიზაცია ალმა-ათაში, ეს შეიძლება მოხდეს თბილისში. მე დარწმუნებული ვარ, რესპუბლიკების უმეტესობა მხარს დაუჭერს ბატონ ნაზარბაევის წინადადებას და ასეთი შეხვედრა შედგება.

- დავამთავროთ ამაზე დღეს ჩვენი საუბარი, ბატონო თენგიზ! რა თქმა უნდა, ყველა საკითხს ვერ შევეხეთ, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ შემდეგაც შევხვდებით ერთმანეთს. დიდი მადლობა!

- თქვენც დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ!

- გთხოვთ, ჰონორარი გადარიცხოთ მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში.

ინტერვიუ: აღმართი ღირსეულად უნდა ავიაროთ / სიგუა თ., [ჩაიწერა მ. ბერაძემ ] // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 31 ივლისი. - №149 (169). - 1 გვ.

27 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება

▲ზევით დაბრუნება


თ. ი. სიგუას საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ

გათავისუფლდეს თენგიზ იპოლიტეს ძე სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი. 1991 წლის 17 აგვისტო.

ბრძანებულება : თ. ი. სიგუას საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 21 აგვისტო. - №163 (183). - 1გვ.

ბრძანებულება : თ. ი. სიგუას საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ // რესპუბლიკა. - 1991. - 20 აგვისტო. - №29/62. - 1გვ.

28 თანამდებობიდან შემთხვევით არ მიდიან

▲ზევით დაბრუნება


ნებისმიერი ქვეყნის პრემიერის გადადგომა მყისვე აღმოჩნდება ხოლმე მსოფლიო საზოგადობრიობის ყურადღების ცენტრში. ამ უკანასკნელ ხანს საქართველოს მთავრობაში და თვით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში - უზენაეს საბჭოში ბევრი საკადრო ცვლილება მოხდა. გადადგნენ ან გადააყენეს უზენაესი საბჭოს კომისიების თავმჯდომარეები, მინისტრები... სამწუხაროდ, ფართო საზოგადოებრიობამ თითქმის არაფერი იცის ამ გადადგომა-გადაყენების ნამდვილი მიზეზების შესახებ. უფრო ზუსტად, იცის მხოლოდ ფაქტი - ერთი გადადგა, მეორე - დაინიშნა.

გადამდგართა შორის აღმოჩნდა ბატონი თენგიზ სიგუაც, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე. თავად ის ფაქტი, რომ შეიცვალა პრემიერი...

თენგიზ სიგუა

- პრემიერ-მინისტრობიდან ჩემი გადადგომა რამდენიმე მიზეზმა განაპირობა. მათგან უპირველესი საკადრო საკითხია. თვალნათლივ ვხედავდი, არაპროფესიონალ ხალხს აძლევდნენ რეკომენდაციებს. სამწუხაროა, როცა მთავრობის წევრები არიან ადამიანები, ვისაც არ გააჩნია აუცილებელი პროფესიული და საქმიანი თვისებები. ჩემს პროტესტებზე ბატონ პრეზიდენტს მუდამ ერთი პასუხი ჰქონდა - ეს ჩვენი ხალხია...

- ჩემი აზრით, ერთადერთი, რითაც ჩვენ შეგვიძლია უშურველად ვისარგებლოთ, გავცეთ ისე, რომ არ დავზარალდეთ, ჩვენი ხალხის ინტელექტია. ჩვენ ამას არ ვიყენებთ. ჯერ კიდევ მარტში დაიწყო შემოტევები, პრეტენზია წამოაყენეს, მთავრობაში მთელი აკადემია მოიყვანაო. განა ეს ცუდია? ვითომ უკეთესია, როცა იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ იურისპრუდენციაში ნაკლებად ჩაუხედავ პიროვნებას ვნიშნავთ, ვაჭრობის მინისტრად კი პროფტექნიკური განათლების ცენზის კაცს?

თავიდან მეგონა, ბრძოლით ჩემსას მაინც გავიტანდი. ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. მე ვერ შევძელი პრეზიდენტის მოთხოვნის მოგერიება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მინისტრის, ირაკლი მენაღარიშვილის გადაყენების შესახებ. ვიცი, რომ იგი უპატიოსნესი ადამიანია და არ იქნებოდა გარეული „მედტექნიკის“ მაქინაციებში. მაინც მაიძულეს გამეთავისუფლებინა თანამდებობიდან.

მე ვერ შევძელი დამერწმუნებინა პრეზიდენტი, რომ საქმე პროფესიონალმა უნდა აკეთოს; რომ არ შეიძლება მინისტრის მოადგილეობა უბოძო ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საჭირო პროფესიული ჩვევები. მეორე საკითხი, რაც ჩემთვის სრულიად გაუგებარი და მიუღებელია, გახლავთ პრეზიდენტის ბრძანებულებები. საფრანგეთიდან მობრუნებულმა გზაში გაზეთში წავიკითხე მებაღეობის წინააღმდეგ მიმართული პრეზიდენტის ბრძანებულება. ცხვარიჭამიას ისტორია გამახსენდა, ოღონდ აქცია ამჯერად გაცილებით მასშტაბურია: საბაღე კოოპერატივებს გადაუკეტეს წყალი, გამოურთეს ელექტროენერგია, გადაუთხარეს მისასვლელი გზები... ბეწვზე მივუსწარი უკვე გამზადებულ, შეიძლება ითქვას, „განკულაკების“ კანონს, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სუკს ევალებოდა მოსავლის აღების პერიოდში უკანასკნელ მარცვლამდე ჩამოერთვა გლეხისათვის მოსავალი. ორი დღე ვარბილეთ ეს კანონი, მაგრამ მაინც მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს.

ჩემთვის სრულიად გაუგებარია ასეთი ფაქტიც: პრესაში გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის მიმართვა ამერიკელი ხალხისადმი. მიმართვა დაიბეჭდა საქართველოს მთავრობის ბლანკზე და ისე გაიგზავნა ამერიკაში, რომ საქართველოს მთავრობამ არაფერი იცოდა. არადა, 1 სექტემბრისათვის დაგეგმილი იყო ჩემი ვიზიტი შეერთებულ შტატებში, სადაც უნდა შევხვდეროდი ბეიკერს და, შესაძლოა, პრეზიდენტ ბუშსაც. ასეთ დროს ამგვარი წერილის გაგზავნა პოლიტიკური შეცდომა იყო.

ასევე, გაუგებარი გახლდათ ჩემთვის აპრილის გაფიცვა, ეგრეთ წოდებული ბლოკადა, რომელმაც 400 მილიონი მანეთის ზარალი მიაყენა რესპუბლიკას, პოლიტიკურად კი არაფერი შეგვძინა...

შეიქმნა დახურული ზონები, სადაც ვერც ფინანსთა სამინისტრო და ვერც საგადასახადო ინსპექცია ვერ შედის. რა ხდებოდა იქ, არავინ იცოდა, მათ შორის არც მე, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ.

დღემდე არ დაწყებულა რეფორმები ეკონომიკაში. კვლავინდებურად ცენტრალიზაციის პრინციპი მოქმედებს. ათი თვეა, ახალი ხელისუფლება მოვიდა და საქართველოში, ფაქტობრივად, ისევ არსებობს კოლმეურნეობა. ლოზუნგი „მიწა გლეხს“! - მხოლოდ ლოზუნგად დარჩა.

კერძო საკუთრების გარეშე მომავალი არ არსებობს, ერთ-ერთი შეხვედრისას მოვუწოდე პრეფექტებს, არ დალოდებოდნენ მიწის კანონს, დაეშალათ კოლმეურნეობები, საბჭოთა (საზოგადოებრივი) მეურნეობები და მიწა გლეხებისთვის გადაეცათ. პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებდი, არაფერი გამოვიდა, არც გამოვიდოდა, რადგან ეკონომიკის მართვის არსებული წესი სრულიად მისაღები აღმოჩნდა „პრეფექტურული“ მმართველობისთვის.

პრეფექტი რაიონის მეფეა, რაიკომის მდივანი კანონიერების რაღაც ფარგლებში მაინც მოქმედებდა. პრეფექტს განსაზღვრული უფლებები აქვს. არა, კარგი პრეფექტებიც არიან, მაგრამ ეს მათი დამსახურებაა და არა „პრეფექტის შესახებ კანონისა“. ალბათ ბევრი ჩემსავით გაოცდა, როცა პრეზიდენტმა სესიაზე ერთერთ გამოსვლაში სოციალისტური წყობის ზოგიერთ დადებით მხარეზე და სოციალიზმის ელემენტების შემოტანაზე ისაუბრა. ამის ახსნაც შეიძლება: დღეს ბევრი ჭკვიანი ახალგაზრდა გამოჩნდა, ვისაც აქვს ცოდნა და ენერგია. მაგრამ მათ ჯერ ფინანსური ძალა არ გააჩნიათ. გუშინდელ „ქურდებს“ კი დიდი კაპიტალი აქვთ, გონება და ჭკუა - ნაკლებად. ამიტომ ეშინიათ ამ ახალგაზრდების, რომლებიც მათ 2-3 წელიწადში თავისი ცოდნით დაამარცხებენ. ჩამოყალიბდა კაპიტალის მქონე ხალხის კასტა, შეიქმნა ლობი. მათ, შესაძლოა, მოახერხეს პრეზიდენტზე ზეგავლენის მოხდენა. და, აი, შედეგიც - პრეზიდენტი გამოვიდა კოოპერატივების, ერთობლივი საწარმოების, ბირჟების წინააღმდეგ. გემახსოვრებათ, როცა სესიაზე ეკონომიკური რეფორმების კომისიამ გამოიტანა კანონი მეწარმეობის შესახებ, პრეზიდენტმა ეს კანონი გააცამტვერა. უნაკლო კანონი არ არსებობს. დღეს ტემპს აქვს მნიშვნელობა. დრო ისედაც ბევრი დავკარგეთ.

დასავლეთი დაეხმარება მხოლოდ იმ ქვეყანას, რომელსაც გეზი აქვს აღებული დემოკრატიისა და საბაზრო ურთიერთობისაკენ. უცხოეთში შეხვედრებისას კითხვების 90 პროცენტი სწორედ ამას ეხება - როდის გადახვალთ თავისუფალ ეკონომიკაზე?

რუსეთთან ურთიერთობა დაძაბა ხელშეკრულებამ თათარსტანთან, თებერვალში, საქართველოში ნავთობპროდუქტების კრიზისისას, მოსკოვში შევხვდი თათარსტანის ხელმძღვანელობას და დახმარება ვთხოვე. შევთანხმდით, რომ ისინი მოგვაწოდებდნენ 250 ათას ტონა ნავთობპროდუქტს და 200 „კამაზს“. ჩვენ მივაწოდებდით ჩაის, ხილს, ღვინოს, შამპანურს, ეს იყო ერთჯერადი შეთანხმება. შემდგომში თათარსტანმა უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე, ჩაატარა თავისი არჩევნები და გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ივლისში თათარსტანის პრემიერ-მინისტრმა ჩვენი დელეგაცია მიიწვია, ჩემი შეცდომაა, რომ დელეგაციის მეთაურად ჩემი მოადგილე, მურმან ომანიძე დავნიშნე. შეგახსენებთ, ომანიძეს ევალებოდა მოლაპარაკება ნავთობპროდუქტებზე, მეტი არაფერი. მან კი დაიწყო ლაპარაკი პოლიტიკურ ხელშეკრულებაზე, საქართველოსა და თათარსტანის პრეზიდენტების შეხვედრაზე და ასე შემდეგ. ეს იყო უდიდესი პოლიტიკური შეცდომა. ყაზბეგში შეხვედრაზე ელცინი დაგვპირდა: თქვენს შინაურ საქმეებში არ ვერევი. რამდენჯერმე მოვიდა ჩემთან არძინბა თავისი დელეგაციით და არ მივიღეო. ამდენად, პოლიტიკურ ხელშეკრულებაზე ლაპარაკი თათარსტანთან, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ რუსეთის ფედერაციაში შედის, დაახლოებით იგივეა, ხვალ ელცინმა და არძინბამ საქართველოსთან შეუთანხმებლად პოლიტიკურ ხელშეკრულებას მოაწერონ ხელი.

ყოველივე ეს გროვდებოდა. პირველი ხმამაღალი პროტესტი გამოვთქვი 22 ივნისს, მეორე - 16 ივლისს და მესამე 15 აგვისტოს. დავრწმუნდი, ჩემს გამოსვლებს აზრი არ ჰქონდა. რაც მთავარია, პრაქტიკულად მე ვერ შევძელი გამეკეთებინა ამის მესამედიც კი, რაც მთავრობის თავმჯდომარედ ჩემი დანიშვნისას შევპირდი ხალხს. არა აქვს მნიშვნელობა, რა მიზეზით. ამიტომ გადავდექი, არც ვნანობ.

მომავლის ჩემი პროგნოზი ასეთია: თუ საქართველოს უზენაესი ხელისუფლება რესპუბლიკას დღევანდელი კურსით წაიყვანს, ვშიშობ, მივიღებთ ალბანეთის „ქართულ ვარიანტს“: მსოფლიოსაგან იზოლირებული საკუთარ ნაჭუჭში ჩავიკეტებით და საკუთარ წვენში მოვიხარშებით. ანუ დემოკრატიული საზოგადოების შენების დაწყებას გვარიანად დავაგვიანებთ.

ინტერვიუ : თანამდებობიდან შემთხვევით არ მიდიან // დრონი. - 1991. - 30 აგვისტო. - № 33 (50). - 3 გვ.

29 ყველამ ჩვენ-ჩვენი საქმე ვაკეთოთ კეთილსინდისიერად და, მერწმუნეთ, ამით საქართველოს საქმეს გავაკეთებთ

▲ზევით დაბრუნება


ბატონ თენგიზ სიგუას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით 1992 წლის 6 იანვარს

თანამემამულენო, ქართველებო და საქართველოს მკვიდრნო!

დღეს, 6 იანვარს საქართველოში დაემხო კომუნისტური დიქტატურისაგან ნაშობი გამსახურდიას რეჟიმი.

დღეს, 6 იანვარს საქართველოში გაიმარჯვა საერთო-სახალხო აჯანყებამ, სწორედაც სახალხომ და საყოველთაომ, რადგანაც მასში მონაწილეობდა და მას თანაუგრძნობდა საზოგადოების ყველა ფენა, ახალგაზრდობა, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საქართველოს შეიარაღებული ძალები.

დიქტატურის დამარცხება, საუბედუროდ, ვერ მოხერხდა უსისხლოდ. მდაბლად ვხრი თავს თავისუფლებისათვის ამ ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის წინაშე განურჩევლად იმისა, სამართლიანი საქმისათვის დაიღუპნენ ისინი თუ სისხლმოწყურებული დიქტატორის ჟინს ემსხვერპლნენ.

ეს საერთო-სახალხო აჯანყება მიზნად ისახავს საქართველოს გაყვანას ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალ ეტაპზე, როდესაც ჩვენ უნდა რეალურად - და არა დეკლარაციულად - მოვიპოვოთ დამოუკიდებლობა.

ეს აჯანყება მიზნად ისახავს სოციალისტური სტრუქტურების რეალურ დემონტაჟს და პიროვნების თავისუფალ ნებაზე დაფუძნებული დემოკრატიული სისტემის შექმნას.

ჩვენი ეს მიზანი ამთავითვე გამორიცხავს შურისძიებას, სანაცვლოს მიზღვას თუნდაც დაშვებული შეცდომებისათვის. განსხვავებული პოზიციისა და აზროვნებისათვის, ცხადია, არავინ დაისჯება, სისხლის სამართლის დამნაშავეებს კი მთელი ერი გამოუტანს თავის ისტორიულ განაჩენს. ეს, პირველ ყოვლისა, ეხება კაცს, ვინც არის მთავარი მიზეზი შინააშლილობისა, დაღვრილი სისხლისა და ვინც ამ უკიდურესი განსაცდელის ჟამს პირადი უსაფრთხოების მიზნით განერიდა თავის სამშობლოს, თავის ხალხს და პასუხისმგებლობას.

თანამემამულენო! ნგრევა მუდამ შენებაზე ადვილი იყო. მოგიწოდებთ შენებისაკენ; ჩვენ უნდა დავაპუროთ, შევმოსოთ, გავათბოთ და, რაც მთავარია, თავისუფლების განცდა დავუბრუნოთ საქართველოს, მის ყოველ მკვიდრს. ყველაფერ ამას სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა.

ყველამ ჩვენ-ჩვენი საქმე გავაკეთოთ კეთილსინდისიერად და მერწმუნეთ, ამით საქართველოს საქმეს გავაკეთებთ.

დიდ დღესასწაულს, შობას, დაჭრილი საქართველო, საბედნიეროდ, - არასასიკვდილოდ დაჭრილი, თვალზე სინანულის ცრემლით და გულში იმედით ეგებება.

შევრიგდეთ, მოვინანიოთ, გავერთიანდეთ და - გავიმარჯვებთ.

ყველამ ჩვენ-ჩვენი საქმე ვაკეთოთ კეთილსინდისიერად და, მერწმუნეთ, ამით საქართველოს საქმეს გავაკეთებთ“. ბატონ თენგიზ სიგუას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით 1992 წლის 6 იანვარს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 8 იანვარი. - №1 (274). - 1 გვ.

30 ახალი მთავრობის ძველი პრემიერი

▲ზევით დაბრუნება


თენგიზ სიგუა კვლავ საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრია. მისი წარდგინებითა და სამხედრო საბჭოს თანხმობით იქმნება დროებითი მთავრობა, რომელიც ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე მართავს საქართველოს. ეს პირველი ინტერვიუა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ბატონმა თენგიზ სიგუამ მისცა რადიოსადგურ „სვობოდას“ და ჩვენს კორესპონდენტს.

- როგორ შეაფასებდით დღევანდელ ვითარებას?

- თბილისში დატრიალებული მოვლენები უდიდესი ტრაგედიაა, მაგრამ ვთვლი, რომ ტოტალიტარიზმი დამარცხდა და ახლავე უნდა შევუდგეთ დემოკრატიული სტრუქტურების მშენებლობას. ხალხი საშინელ მდგომარეობაშია. ეკონომიკამ სრული კრახი განიცადა, კვლავ პოლიტიკურ იზოლაციაში ვიმყოფებით, მაგრამ იმედი გვაქვს, როგორც კი ცივილიზებულ მსოფლიოს დავანახებთ, რომ დემოკრატიული წესების დამკვიდრებას შევუდექით, აღმოგვიჩენენ, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ დახმარებას.

- რა დრო დასჭირდება საქართველოს იმიჯის გამოსწორებას მსოფლიოს თვალში?

- ვფიქრობ, 2-3 თვე საკმარისი იქნება. საქმე ის გახლავთ, დასავლეთის ოფიციალურ წრეებს და პრესას ამომწურავი ინფორმაცია აქვთ, რა ხდებოდა საქართველოში. დასავლეთის პრესამ ობიექტურად შეაფასა თბილისის სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბრის მოვლენები და დახატა პრეზიდენტ გამსახურდიას პორტრეტი, რომელიც ტოტალიტარული სახელმწიფოს დამკვიდრებას ცდილობდა. ამის შესახებ არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გააკეთა ოფიციალური განცხადება. ასე რომ, ვფიქრობ, დასავლეთი გაუგებს საქართველოს ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც იძულებულნი შეიქნენ რადიკალური ზომებისთვის მიემართათ. ბოლოდროინდელი უცხოური პრესის ანალიზი ჩვენს ვარაუდს ამართლებს. მეტად სამწუხაროა, რომ ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უსისხლოდ არ დამთავრდა. ეს ეროვნული ტრაგედიაა. მაგრამ, ვფიქრობ, ისტორიკოსები, პოლიტოლოგები, სოციოლოგები და ფსიქოლოგები ღრმად შეისწავლიან იმ მიზეზებს, რამაც ამ ტრაგედიამდე მიგვიყვანა.

- უკვე შეუდექით დროებითი მთავრობის შედგენას?

- სამხედრო საბჭოს დავალებით დავიწყეთ დროებითი მთავრობის ფორმირება. სამხედრო საბჭომ თანამდებობიდან უკვე გაანთავისუფლა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გუგუშვილი და მისი მოადგილეები, შინაგან საქმეთა, ვაჭრობისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრები. ასევე, სამხედრო საბჭომ გაანთავისუფლა გენერალური პროკურორი. ნელ-ნელა ერთი კვირის მანძილზე ცვლილებები გაგრძელდება და შეიქმნება ახალი დროებითი მთავრობა. კანდიდატურების შერჩევისას ყურადღებას არ ვაქცევ პარტიულობას. ჩემთვის მთავარი კრიტერიუმი მაღალი პროფესიონალიზმია. დღეს ძალიან რთული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობაა. ახლა მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმი თუ გამოასწორებს საქმეს.

- თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ ძალებს შეუძლიათ თბილისში წესრიგის უზრუნველყოფა?

- მხოლოდ სამხედრო ფორმირებებს გაუჭირდებათ, მაგრამ მილიციის ორგანოებთან ერთად, რასაკვირველია, შეძლებენ წესრიგის დამყარებას. ამიტომაც გამოცხადდა საკომენდანტო საათი. ყველაზე საშიში ის გახლავთ, რომ მოსახლეობაში დიდძალი იარაღია, ქალაქის კომენდანტისა და მისი სამსახურის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა სწორედ მოსახლეობიდან იარაღის ამოღება იქნება. ბუნებრივია, ვერ დაგპირდებით, რომ ორ დღეში თბილისში სიმშვიდე იქნება და შეგვეძლება რესპუბლიკაში მოქმედი ბანდების ლიკვიდაცია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოებისა და შეიარაღებული ფორმირებების შეთანხმებული მუშაობით ეს პრობლემა მალე მთლიანად გადაწყდება.

- დადგება საქართველოში დრო, როდესაც კანონი იკანონებს?

- დეკემბრის რევოლუცია სწორედ იმიტომ მოხდა, რომ დამხობილიყო გამსახურდიას ტოტალიტარული რეჟიმი. როგორც კი სამხედრო საბჭო მოიხსნის თავის უფლებამოსილებას, საქართველოში დემოკრატიული რეჟიმი დამყარდება - ვგულისხმობ ადამიანის უფლებების დაცვას, პირველ რიგში, ჰელსინკის შემაჯამებელი დოკუმენტებითა და პარიზის ქარტიით გათვალისწინებული ყველა პუნქტის ზუსტ შესრულებას.

პირადად მე ყველაფერს ვიღონებ, რომ საქართველოში დემოკრატიამ იზეიმოს. ამისთვის იბრძოდა ხალხი და ჩვენ პირველივე დღეებიდან უნდა დავუმტკიცოთ მათ, რომ მათი იმედები მართლდება.

ესაუბრა
თამარ ჩიქოვანი

ინტერვიუ რადიოსადგურ „სვობოდას“ : ახალი მთავრობის ძველი პრემიერი / სიგუა თ., [ჩაიწერა თ. ჩიქოვანმა] // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 8 იანვარი. - №1 (274). - 1 გვ.

31 21 კითხვა თ. სიგუას

▲ზევით დაბრუნება


ეს დიალოგი ჟურნალისტთა ერთ ჯგუფსა და მაშინ ოპოზიციაში მყოფ ბატონ თენგიზ სიგუას შორის ოფიციალურ პრესაში, გასაგები მიზეზების გამო, არ გამოქვეყნებულა. სადღეისოდ საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ დოკუმენტი დაიმსახურებს მკითხველის ყურადღებას.

1. ბატონო თენგიზ, როდესაც პრემიერ-მინისტრად ინიშნებოდით, რა გეგმები და რისი იმედი გქონდათ?

- ნოემბერში, როდესაც მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ დავინიშნე, რაღა თქმა უნდა, რამდენიმე წინასწარი საუბარი მქონდა გამსახურდიასთან. მაშინ ყველას ამაღლებული განწყობილება გვქონდა, საქმეს მეც და კაბინეტის მთელი შემადგენლობაც დიდი ენერგიით შევეჭიდეთ, თუმცა უკვე მაშინ გამოჩნდა პირველი, მუშაობისათვის მეტად ხელისშემშლელი გარემოება, - როგორც წესი, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტი ან საკანონმდებლო ხელისუფლება ნიშნავენ პრემიერს, რომელიც თავად ადგენს კაბინეტს, ანუ გუნდს, რომელიც შლის მუშაობას მთელი ფრონტით. ასეთ გუნდში, კაბინეტში, როგორც წესი, ურთიერთპატივისცემა, მაღალი მორალი სუფევს, მისი წევრები კარგად იცნობენ ურთიერთს, ენდობიან, მოკლედ თანამოაზრეები და თანამებრძოლები არიან. არის მეორე მხარეც - კომპეტენტურობა. კომპეტენტურ, მაღალპროფესიონალ თანამებრძოლთა და თანამოაზრეთა გუნდი, - ეს უკვე საკმაოდ დიდი ძალაა, რა თქმა უნდა, პრემიერი თავის კანდიდატურებს ათანხმებს პრეზიდენტთან, ღებულობს მისგან კონსულტაციებს და ასე შემდეგ, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა გუნდის შექმნაში მაინც პრემიერისაა... ჩემს შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად მოხდა, ზოგიერთი მომავალი მინისტრი სულაც იმ დღეებში გავიცანი, ბევრნი სრულიად არაკომპეტენტურნი იყვნენ, მაგალითად, ბატონი დილარ ხაბულიანი თავისი პროფესიონალიზმის დონით ვერ შეესაბამება დაკავებულ პოსტს; ან ჯანდაცვის მინისტრი ავიღოთ, ქ-ნი მანანა ძოძუაშვილი. ასეთი ადამიანის დანიშვნა რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის მინისტრად სრულიად დაუშვებელი იყო. დღეს თითქმის ყველამ იცის, რომ ეს ორივე დანიშვნის შემთხვევაც და კიდევ სხვაც პრეზიდენტის მეუღლის ჩარევის შედეგად მოხდა. მსგავსმა ამბებმა დიდად შეუშალა ხელი კაბინეტის ნორმალურად ჩამოყალიბებას. ისინი მე, პირდაპირი მნიშვნელობით, დამინიშნეს, სათანადო კომპეტენცია კი უმრავლესობას არ ჰქონდა...

2. ბატონო თენგიზ, საკადრო პოლიტიკის თემას კიდევ დავუბრუნდებით, ახლა კი, თუ შეიძლება აგვიხსენით, რა პერსპექტივები გადაიშალა მთავრობის წინაშე, იყო იმედის მომცემი სურათი, თუ ეს სირთულეები, რომლებიც გვაქვს დღეს, მაშინაც შეიძლებოდა დაგვენახა. (აქ საუბარი ძირითადად ეკონომიკურ პოლიტიკაზეა, რეფორმებზე და ასე შემდეგ).

- რა პერსპექტივები გადაიშალა ჩვენ წინაშე? ალბათ, უფრო ზუსტი იქნებოდა, გვეკითხა, რა პრობლემები და რა მიმართულებები... უნდა გვემუშავა მიწის რეფორმაზე, პრივატიზაციაზე, ჩვენ მაშინ ასე ვხედავდით საქმეს, 1991 წელი კანონების შემუშავებასა და მათს ამოქმედებას დასჭირდებოდა, 92 წელს ეს ყოველივე საბოლოოდ განმტკიცდებოდა, როგორც უკვე ბუნებრივი მექანიზმი სამეურნეო საქმიანობისა და რესპუბლიკაში, 93-ში მნიშვნელოვანი შედეგებისათვის უნდა მიგვეღწია. უფრო დაწვრილებით? საერთო-იმპერიული ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალი იყო, ეს ყველამ კარგად იცოდა, ქვეყნის მოღონიერება კი სოფლის მეურნეობით იწყება - ეს დრო საკმარისი იყო საფუძველი ჩაგვეყარა სოფლის რეფორმის კანონმდებლობისათვის, წინ 91-ის გაზაფხული გვქონდა. პრიმიტიულად რომ ვთქვათ, თესვის დრო, გნებავთ, მოსავლის დაგეგმვის, დაპროგრამების, საფუძვლის ჩაყრის დრო, უნდა მომზადებულიყო მიწის კერძო მფლობელობაში გადაცემის კანონიც. გაკეთდა რამე? არაფერი. არც კანონი შეიქმნა, არც კოლმეურნეობები დაიშალა, არც მიწა გადაეცა კანონიერ პატრონს - სოფლის მუშაკს, გლეხს. სამაგიეროდ დღეს საქართველოში სოფ. მეურნეობების 93 პროცენტი ისევ საბჭოური სტრუქტურაა - რიღასთვის გავიმარჯვეთ, რისთვის ვიბრძოდით, რატომ დავირქვით „ეროვნული“?

ახლა ადვილია საერთო ეკონომიკურ კრიზისს გადაბრალო, მაგრამ რსფსრ დედამიწის 1/6-ს უდრის, ამხელა ტერიტორიაზე რეფორმაც გაცილებით ძნელი ჩასატარებელია და შედეგიც გაცილებით გვიან მოვა. მაგრამ საქართველოს 69000 კვ. კმ.-ზე, პატარა, ბუნებით მდიდარ, ნიჭიერი და მონდომებული ხალხით დასახლებულ საქართველოში, რომელიც ფაქტობრივად ერთ დიდ ოჯახს წარმოადგენს, რეფორმა გაცილებით მოკლე ვადას მოითხოვს და შედეგიც უფრო მალე მიიღწევა. ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო ზომები საერთო იმპერიული კრიზისიდან თავდასაცავად, მაგრამ ჩვენში ყველაფერი პირიქით გაკეთდა, დღეს საქართველო ეკონომიკურად სრულიად დაუცველი ქვეყანაა.

ახლა ადვილია ყველაფერი ოპოზიციას გადააბრალო, მაგრამ რას აკეთებდა ხელისუფლება აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისში, აგვისტოში?.. ნამდვილად ვერ დავარიგებდით მიწას სამაჩაბლოში, მაგრამ გურიასა და კახეთში რა გვიშლიდა ხელს? გავიდა მთელი წელი, და კანონიც კი არა გვაქვს, არადა ეს დაპირება შავით თეთრზე ეწერა მრგვალი მაგიდის საარჩევნო პროგრამაში, - მმართველმა კოალიციამ სიტყვა გატეხა, ხალხი მოატყუა, მოვტყუვდი მეც, გაზაფხულის მიწურულს კი ჩემთვის საბოლოოდ ნათელი გახდა, რომ გამსახურდია სრულებით არ აპირებდა გლეხებისათვის მიწის უსასყიდლო, სამუდამო სარგებლობაში გადაცემას.

საქართველომ დაკარგა 1991 წელი... საქართველო დამუხრუჭდა მთელი ერთი წლით, მთავარი მიზეზი? ერთი ადამიანის, სრული ძალაუფლებისაკენ მანიაკალური ლტოლვაა, თუმცა მიზეზები შეიძლება უფრო სერიოზულიც იყოს.

3. ბატონო თენგიზ, აქ ორი კითხვაა, რომლებიც, ვფიქრობთ, ურთიერთ კავშირშია - ბესარიონ გუგუშვილმა რამდენიმეჯერ ახსენა „სახელმწიფო კაპიტალიზმი“, პრეზიდენტმა „კონვერგენციის თეორია“, და მასთან ერთად სახელმწიფოს მოწყობის ფრანგული მოდელი დაჟინებით გვირჩია. როგორც წესი, ეკონომიკა და პოლიტიკა ურთიერთგადაჯაჭვულია, თუ შეიძლება გვიპასუხეთ, თქვენი დროის მინისტრთა კაბინეტი თუ საუბრობდა „სახელმწიფო კაპიტალიზმზე“ და ფრანგულ მოდელზე, და კიდევ, საპარლამენტო რესპუბლიკა - ეს ერთადერთი მისაღები სახელმწიფო მოწყობაა თქვენთვის, თუ საპრეზიდენტო რესპუბლიკაც მისაღებია გარკვეულ შემთხვევაში?

- იცით რა, ეს ის საკითხებია, რომლებშიც ნებისმიერი ზრდადასრულებული მოქალაქე უნდა ერკვეოდეს, ეს საკვანძო საკითხებია, ჩვენ უბრალოდ სათანადო განათლება არ მიგვიღია. ხალხი ანალიზს გადაეჩვია, სათანადო ცოდნა არა აქვს, არადა ეს ყველაფერი მარტივია და ამავე დროს მათი ცოდნა აუცილებელია, როდესაც ჩვენ ვგმობთ საპრეზიდენტო რესპუბლიკას და საპარლამენტოს ვქადაგებთ, ბევრ ადამიანს, ალბათ, ეს ჩვენი აკვიატებული მოსაზრება ჰგონია, არადა, აქ უზარმაზარი განსხვავებაა, რომელიც სწორედ ჩვენი მოქალაქისთვისაა მომგებიანი... გამსახურდია სარგებლობს მოსახლეობის გაუთვითცნობიერებლობით და ხშირად სასტიკად ტყუის, თანაც გასდის.

დავიწყებ იმით, რომ „სახელმწიფო კაპიტალიზმი“ პლუს „ფრანგული მოდელი“, - ეს იგივე სოციალიზმია, რომლიდანაც ამოღებულია სიტყვა „ლენინიზმი“, „რაიკომი“, „კომკავშირი“, სამაგიეროდ კი ზის „ეროვნული“, „პრეფექტი“, და ა.შ. მეტი სხვაობა არაფერია. ახლა კი ორთავეს ცალ-ცალკე განვმარტავ.

ჩემი მეთურობისას მინისტრთა კაბინეტს „სახელმწიფო კაპიტალიზმის“ მსგავსი არაფერი ჰქონია... რას ნიშნავს იგი? იმას, რომ მიწა და ქარხანა-ფაბრიკა კვლავ სახელმწიფოს ეკუთვნის, თანაც მექრთამე დირექტორის და თავმჯდომარის რგოლების გავლით. აქვე იგულისხმება მეურნეობის გეგმიანი მართვა, სოციალიზმიც სხვა არაფერია, ამიტომ ყველამ, ყველა მოქალაქემ უნდა გაიაზროს - როცა მთავრობა ლაპარაკობს „სახელმწიფო კაპიტალიზმზე“, იგი მისი, მოქალაქის, პიროვნების საწინააღმდეგო გზას ადგას, მისი დათრგუნვის, მატერიალური დამონების, შეზღუდვის გზას, ხოლო როცა ეს ხელისუფლება გამარჯვებამდე მას ჰპირდებოდა ეკონომიკურ რეფორმას, დღეს კი „სახელმწიფო კაპიტალიზმს“ და „კონვერგენციას“ სთავაზობს, ეს მატყუარა, უსინდისო და უზნეო ხელისუფლებაა, იგი მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს. რას გვიქადის სახელმწიფო კაპიტალიზმი? ნგრევის გაგრძელების მეტს არაფერს! რატომ? რაში აძლევს ეს ხელს ჩვენს მთავრობას? ეს ცალკე საკითხია, მეტად დამაფიქრებელი... დღევანდელი მთავრობა ადგას ანტიეროვნულ, ანტიდემოკრატიულ კურსს, რესპუბლიკაში კვლავინდებურად არის წარმატებანი, გაფლანგვები, ქრთამი, ჯიბეებს ისქელებენ სხვადასხვა ხელმძღვანელი პირები, მინისტრები... მათ უბრალოდ არც სჭირდებათ რეფორმები.

ნამდვილი დემოკრატიული რეფორმები გამსახურდიასაც არ მიაჩნია საჭიროდ, რადგან იგი ამით განუსაზღვრელ ძალაუფლებებს კარგავს, ამდენად ძველმა კომუნისტურმა მაფიამ და მან საერთო ენა გამონახეს, მათ ზუსტად ამოიცნეს რომ გამსახურდიას სრული, ავტორიტარული ხელისუფლება უნდა, თვითონ კი ფული და ფულიანი ადგილების შენარჩუნება, ისინი დაეხმარებიან გამსახურდიას ადგილის შენარჩუნებაში და ხელისუფლების განმტკიცებაში, ის კი გარანტი იქნება მათი კეთილდღეობისა. როგორია მათი მოქმედების გეგმა? მიწა არ უნდა დარიგდეს, არც ფაბრიკა-ქარხების აქციები არ უნდა განაწილდეს მუშებზე... მხოლოდ ერთი-ორგან, ტელევიზორში საჩვენებლად, რადიოში სალაპარაკოდ შეიძლება გააკეთონ, როგორც მაგალითად, მაღაზია „გოლიათ“-ის ან ფაბრიკა „ნარიყალა“-ს შემთხვევაში.

4. თქვენი აზრით და თქვენს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, რამდენი ხანი დაჭირდებოდა პრივატიზებას?

- მცირე და საშუალო პრივატიზებას - წელიწად-ნახევარი-ორი წელი, ყოველ შემთხვევაში ახლა შუა რეფორმის პერიოდში ვიქნებოდით. დიდი პრივატიზება, ანუ დიდი საწარმოების პრივატიზება, მაგალითად, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის, „ფეროს“ ან „აზოტისა“ უფრო შორეული პერსპექტივა იყო. პირველ ხანებში სრულიად საკმარისი იქნებოდა პირველი ორი ეტაპის პრივატიზაციის კარგად ჩატარება.

ბესარიონ გუგუშვილის გეგმა ითვალისწინებს ძირითადი ფონდების 25% 5 წლის განმავლობაში პრივატიზებას. ეს გეგმა ერთობ უეფექტო და ამავე დროს საეჭვოცაა, რადგან გამიზნულია, რომ ამ ქონების გაყიდვა მოხდეს ე.წ. „სანდო ან ჩვენ“ ხალხზე, იმავე პრინციპით, როგორც დღეს თანამდებობები ნაწილდება. ასე რომ, ეკონომიკა უზურპირებული იქნება, ოღონდ არაპირდაპირი მეთოდებით.

5. ბატონო თენგიზ, მოგეხსენებათ, რომ პრივატიზაციის დროს მოსალოდნელი იყო ძირითადი სახელმწიფო ფონდები კომპარტიის მემკვიდრე მაფიას ჩავარდნოდა ხელში. როგორ აპირებდით ამის თავიდან აცილებას?

- ამ საკითხს ასე მივუდგეთ, დღევანდელი საქართველოს საქმიან სამყაროში, გნებავთ ფარულ ეკონომიკაში გარდა კომუნისტი ფუნქციონერების და კლეპტოკრატების ჯგუფებისა არის მეორე ჯგუფიც საქმოსნებისა, რომელიც არაპარტიული გზითაა მოსული ბიზნესში. ეს უფრო ახალგაზრდა, ენერგიული ჯგუფია, პრივატიზება აუქციონის გზით მათ აძლევს თანაბარ შანსებს... მაგრამ რაც შეეხება მოსახლეობის ფართო ფენების ინტერესების დაცვას, ამისათვის რეფორმა უნდა ჩატარდეს არა აუქციონის პრინციპით, არამედ ისე, როგორც, მაგალითად, ეს მოხდა ადენაუერის დროს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, - მოსახლეობაზე ძირითადი ფონდების აქციების თანაბარი განაწილების გზით. როგორც მოგეხსენებათ, ამ რეფორმამ რამდენიმე წელიწადში ფეხზე დააყენა დანგრეული გერმანია. ამის მაგალითი გვაქვს და „სახელმწიფო კაპიტალიზმის“ თეორიის ძახილი თუ ყურით მოთრეული 25%-იანი პრივატიზება 5 წლის სიგრძეზე ან „გოლიათის“ პრივატიზების ტელეშოუ სრულიად ზედმეტია. ეს ყველაფერი ამაზრზენია, საუბედუროდ, ხალხი გაუთვითცნობიერებელია, თანაც დაღლილი, ზოგი შეეჩვია ასეთ ცხოვრებას, ხელი ჩაიქნია. ადრე მკითხეს, თუ რისი იმედი მქონდა, სწორედ ამის, ამ რეფორმის, ხალხისათვის რეალური საშუალებებისა და იმედების მინიჭების, საქართველოს აყვავების დაწყების...

6. „ფრანგულ მოდელზე“ და საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე რას იტყვით?

- ძალზე ბევრს და ძალზე მოკლედ. ძირითადად განსხვავებაზე. საფრანგეთში კაპიტალს მოსახლეობა ფლობს, საქართველოში მას არაპირდაპირ ფლობს და აკონტროლებს აღმასრულებელი ხელისუფლება, - მთავრობა. პრეზიდენტი მიტერანი ვერ მოხსნის რომელიმე ფაბრიკის დირექტორს, საქართველოში ეს პრეფექტსაც შეუძლია, რაიონში ყველა დასანიშნი ადგილი, „ფულიანი ადგილი“ პრეფექტის ხელშია. ესე იგი მის ხელშია ადამიანების ბედი და კეთილდღეობა, საფრანგეთში კი კერძო ფირმის საქმეში ვერც პრეფექტი და ვერც პრეზიდენტი ვერ ჩაერევა. საქართველოში პრეზიდენტს ორმაგი კონტროლი აქვს ნებისმიერ ადამიანზე. ერთი მინისტრთა კაბინეტისა და სამეურნეო ხელმძღვანელი მუშაკების მეშვეობით. მეორე პირდაპირი გზით, - პრეფექტურებით, სადაც კორუფცია და ქრთამი ისევე სუფევს, როგორც რაიკომებში, იქნებ არა? ყველამ ჩვენ ჩვენს გულში ჩვიხედოთ.

და ძირითადი: - როცა „ფრანგულ მოდელზე“ლაპარაკობს, გამსახურდია ცრუობს და ხალხს თვალში ნაცარს აყრის, რადგან პრეფექტურებზე თვით ფრანგებმა კარგა ხანია უარი თქვეს. პრეფექტურას დღეს აქვს მხოლოდ კანონდაცვის ფუნქცია.

7. ჩვენ, მე მგონი, საკადრო პოლიტიკას მივადექით?

- მივადექით, მაგრამ სხვა კუთხიდან. მოდით, ვნახოთ, რა კატეგორიის ხალხია საკანონმდებლო ხელისუფლებაში და რა ხალხი - აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ესე იგი, ვინ ხალხმა აირჩია და ვინ გამსახურდიამ დანიშნა, თანაც ნუ დაგვავიწყდება, ვიმეორებ, - საფრანგეთისაგან განსახვავებით საქართველოში სწორედ აღმასრულებელი ხელისუფლება ფლობს კაპიტალს, - ესე იგი, ადამიანის კეთილდღეობასა და რეალურ ძალაუფლებას.

მახსოვს, სესიის ერთ-ერთ სხდომაზე დეპუტატ ადამიას ძალზედ კატეგორიული ფორმით „გაუხსენეს“, რომ იგი კლინიკაში პარტკომი იყო თავის დროზე, მოდით, ახლა გავიხსენოთ, თუ ვინ არიან გამსახურდიას დღევანდელი „თანამებრძოლები“.

- მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ბაკურ გულუა, მუშაობდა გალის რაიკომის მდივნად, შემდეგ ფოთის ქალაქკომის მდივნად, იყო ცეკას წევრი, რასაც მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ხაზით მიაღწია.

- სამი მსხვილი სამინისტროს - სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის და სატყეო სამინისტროების გაერთიანებით შეიქმნა ფაქტობრივად კიდევ ერთი მოადგილის ტოლფასი პოსტი სამინისტროსი, რომელსაც ხელმძღვანელობს ნოდარ ჭითანავა, - ცეკას ბიუროს წევრი, აპრილის ცნობილი მოვლენების დროს ცეკას მდივანი და საბჭოთა პრემიერ-მინისტრი.

- უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეა მინდია უგრეხელიძე, ყოფილი ცეკას განყოფილების გამგის მოადგილე.

- ყოფილი გენერალური პროკურორის, ბ-ნ ვახტანგ რაზმაძის დასახელება ვფიქრობთ აღარ არის საჭირო, მივუბრუნდეთ ახლანდელს - ბ-ნ ვაჟა აბაკელიას, იგი მუშაობდა მარტვილის რაიკომის მდივნად.

- კიდევ ერთი, ამჯერად პირველი მოადგილე პრემიერ-მინისტრისა, მურმან ომანიძის პიროვნება ვერ უძლებს ვერავითარ კრიტიკას, საეჭვო რეპუტაცია, საეჭვო კავშირები, ადრეულ წლებში დაკითხვები სავალუტო მაქინაციებთან დაკავშირებით, არავითარი კომპეტენტურობა, არავითარი პროფესიონალიზმი.

- საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი მოსკოვში არის ბატონი პეტრე ჩხეიძე, ყოფილი ცეკას განყოფილების გამგე, ცეკას წევრი, ყოფილი თბილისის ქალაქკომის მდივანი.

- ვაჭრობის მინისტრის ბ-ნ კოპალიანის განათლების „აქტივში“ შედის ბათუმის ტექნიკუმის დიპლომი... მე ძლიერ შევეწინააღმდეგე მის დანიშვნას ამ ესოდენ მნიშვნელოვან პოსტზე, გამსახურდიამ დაჟინებით მოითხოვა. გამოვითხოვე კოპალიანის საბუთები, იგი თითქმის რვა (!) წელი სწავლობდა იმ ტექნიკუმში, მე პრეზიდენტს წინა მინისტრის, - გველესიანს შემთხვევა მოვაგონე, მაინც არაფერმა გაჭრა.

- თავდაცვის მინისტრია კომისარი (!) ფირცხალაიშვილი, ყველამ კარგად ვიცით რაცაა.

- უშიშროების ეროვნულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თამაზ ნინუა, სუკ-ის მე-7 განყოფილების, კონტრდაზვერვის უფროსი. მოგეხსენებათ ეს დაზვერვა სპეციალიზებული იყო, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში, ძირითადად მოსახლეობის დამუშავებაზე და სხვაგვარად მოაზროვნეთა დევნაზე. სწორედ ეს განყოფილება ავიწროვებდა ეროვნული მოძრაობის წევრებს კომუნისტური რეჟიმის წლებში... რა უნდა ვთქვათ ამ დანიშვნაზე?!

- ასლან აბაშიძე, რომლის აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას ყველანაირად შეუწყო ხელი ზ. გამსახურდიამ, საბჭოთა პერიოდში იყო კომუნალური მეურნეობის და საყოფაცხოვრებო მომსახურების კომუნისტურ სამინისტროში მინისტრის მოადგილედ... თუ რას იქმოდა წლების განმავლობაში ეს სამინისტრო, მშრომელ ხალხს კარგად მოეხსენება.

- პრეზიდენტის პირადი კანცელარიის გამგეა მერაბ კლიმიაშვილი, ყოფილი ცეკას სექტორის გამგე... ასე ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება, მით უმეტეს, თუ პრეფექტებს მივადგებით, რომელთაგან ბევრი რაიკომის მდივნად ან აღმასკომის თავმჯდომარედ მუშაობდა, თუ წარმოვიდგენთ იმ ადამიანების ფართო ქსელს, რომლებიც ამ პიროვნებების გვერდით, მათ ქვემო საფეხურებზე მუშაობდნენ წლების განმავლობაში, რომლებსაც მფარველობდნენ და იყენებდნენ ერთდროულად, მივიღებთ კიდეც კომუნისტური მაფიის მეტად ვრცელ, კორუფცირებულ ქსელს, რომელიც მშვენივრად გრძნობს თავს, რომელსაც კვლავ აქვს მშვენიერი „შემოსავალი“ და რომელიც ყოველგვარი რეფორმის მოწინააღმდეგეა.

გამსახურდიამ, ნელ-ნელა, ერთი წლის განმავლობაში, „აღადგინა“ ეს ხალხი სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე, სამაგიეროდ კი, ასევე ნელ-ნელა შეავიწროვა გუშინდელი თავდადებული თანამებრძოლნი, - თედო პაატაშვილი, ვაჟა ადამია, თენგიზ კიტოვანი, გელა ჩორგოლაშვილი, მერაბ ურიდია და სხვები, არადა სწორედ ამ უკანასკნელებმა შეუწყვეს ხელი მის გამარჯვებას, ძირითადად კი ეროვნული მოძრაობის სხვა დაჯგუფებებზე გამარჯვებას, რადგან კომპარტიის აღსასრული უკვე საყოველთაოდ ნათელი იყო. მისი ძალაუფლების გადარჩენას მოსკოვიც აღარ წამოპოტინებია, საფიქრებელია, რომ მაშინ მოსკოვი უკვე ეძებდა ეროვნული რადიკალიზმით შემოსილ პიროვნებას, რომელთან არაპირდაპირი შეთანხმების გზით შეინარჩუნებდა ფუნქციონერთა მაფიას საქართველოში. გავიხსენოთ, გამარჯვებამდე რამდენიმე ხნით ადრე ტრაგიკულად იღუპება მერაბ კოსტავა, ერთადერთი, ვისი ავტორიტეტიც შესაძლო მომენტში დაჩრდილავდა გამსახურდიას ავტორიტეტს და ვინც გაცილებით შეუვალი და უკომპრომისო იყო კომუნისტური მაფიისადმი.

ასე გაჩნდა ოპოზიცია თავად მრგვალ მაგიდაში, გაფართოვდა ოპოზიცია უზენაეს საბჭოშიც, რადგან გამსახურდიას მოქმედებაშეფასდა როგორც ფარული კონტრრევოლუცია, ფარული სახელმწიფო გადატრიალება...

8. ბატონო თენგიზ, გამსახურდიას შეუძლია გაამართლოს ეს დანიშვნები კადრების უყოლობით, როგორც იძულებითი ღონისძიება, ამაზე რას იტყვით?

- ასეთი გამართლება არ იქნება სამართლიანი, და აი, რატომ, ავიღოთ, ვთქვათ, იგივე ვაჭრობის მინისტრის პოსტი, სადაც მუშაობდა ჯერ ინჟინერ-მშენებელი გველესიანი, ახლა ტექნიკუმდამთავრებული კოპალიანი, რომლის უმაღლესი თანამდებობა სავაჭრო ფარდულის გამგეობაა (!), - გამსახურდიას მე ვთავაზობდი აქ დანიშნულიყო ხალხი მეცნიერებიდან, კერძოდ უნივერსიტეტში სავსებით შეიძლებოდა ალტერნატიული, თანაც საკმაოდ კომპეტენტური კანდიდატურების მოძებნა. არის კიდეც რამოდენიმე ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც ჩინებულად გაუძღვებოდა ამ საქმეს, ის, რომ თითქოს, ერთადერთ, ვიმეორებ, ერთადერთ კანდიდატურებს ცეკას და მისი ბიუროს წევრები ან მხოლოდ ქალაქკომების მდივნები წარმოადგენდნენ, აბსოლუტური სიცრუეა. ჩვენ კადრები უფრო ქვემო ადგილებზე გვიჭირს, სადაც საჭიროა ასობით ახალგაზრდა კვალიფიციური ინჟინერი, ეკონომისტი, მენეჯერი, ბროკერი, მაგრამ ერთადერთ ხსნად ცეკას წევრების და რაიკომის მდივნების (!) დასახელება, ვიმეორებ, აბსოლუტური სიცრუეა.

რაც შეეხება პატიოსან, მშრომელ ხალხს, მათ კარგად უნდა დაინახონ, რომ მრგვალი მაგიდის წინასაარჩევნო პროგრამიდან არც ერთი პუნქტი არ შესრულებულა, გარდა საქართველოს ოფიციალური სახელწოდების გადარქმევისა - დღეს „საქართველოს რესპუბლიკა“ გვქვია, სხვა არაფერი შეცვლილა - გარდა უარესობისა, ეს ხალხის აბუჩად აგდებაა, და თუმცა ემოციური, მეტად მღელვარე 88-90-იანი წლებიდან და პრეზიდენტის არჩევიდან ძალზე მცირე დროა გასული, მე მჯერა, რომ ხალხი ემოციებს სულ მალე უკუაგდებს და შემზარავ სინამდვილეს დაინახავს, მე მოვუწოდებდი მათ თუნდაც ერთი „წვრილმანი“ გაიხსენონ, - გამსახურდიამ გამარჯვებამდე კრიტიკისა და ლანძღვის ქარცეცხლში გაატარა მიწის იჯარით გაცემის ინსტიტუტი, ამბობდა, რომ ეს არის გლეხი კაცის მოტყუება, რომ მიწა უნდა დაუბრუნდეს კანონიერ პატრონს სამუდამო სარგებლობაში, ფაქტიურად სწორედ ამ რადიკალური მოთხოვნებით იყო, რომ გაიმარჯვა, ხოლო დღეს, გამოდის რა საკავშირო ტელევიზიაში ტელეხიდით, კითხვაზე, თუ როგორ მიდის მიწის პრივატიზება, ძალზედ მშვიდად აცხადებს, ეს პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ჩვენში, პრივატიზება ფაქტიურად თავისით ხდება, ფართოდაა გავრცელებული იჯარა, ხოლო მიწას იჯარით იღებს და ხელს არავინ უშლისო, და ასე შემდეგ...

9. ბატონო თენგიზ, თქვენი პრემიერ-მინისტრად მუშაობის პერიოდში როგორ ხედავდით მიწის პრივატიზების საკითხს საქართველოში?

- საქართველოს ეკონომიკაში ძირითადი ადგილი უკავია მრავალწლიანი ნარგავების პროდუქციას (ციტრუსი, ჩაი, ხილი, დაფნა, ვაზი). ეროვნულ შემოსავალში მისი ხვედრითი წილი თითქმის მესამედია.

სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის წარმოებაში მრავალწლიანი ნარგავების ხვედრითი წილი 50,2 პროცენტია, ხოლო მემცენარეობის პროდუქციაში 74 პროცენტი.

სოფლის მეურნეობის წარმოებაში კერძო სექტორის ხვედრითი წილი შეადგენს საშუალოდ წლების მანძილზე 46-48 პროცენტს.

ხეხილის ბაღების 57 პროცენტი კერძო სექტორშია მოქცეული; ციტრუსები 46 პროცენტი, ვენახის - 36 პროცენტი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კერძო მეურნეობაში ზემოაღნიშნული კულტურების საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 3-4 ჯერ აღემატება საზოგადოებრივი მეურნეობების ანალოგიურ მონაცემებს.

მოსახლეობის აზრით, საშუალოდ რესპუბლიკაში ოჯახზე გადასაცემი ნაკვეთის ფართობი შეადგენს 3,7 ჰექტარს, ხოლო ცალკეული რეგიონების მიხედვით იგი შეადგენს კახეთში - 3,6 ჰა; ქართლში - 4,3; ქვემო ქართლში - 3,2; იმერეთში - 1,97; სამეგრელოში - 2,8; აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - 2,4 ჰექტარს.

მრავალწლიანი ნარგავების უკანასკნელი აღწერით (1984) საზოგადოებრივ მეურნეობაში ხილის ბაღების განცალკევებული ნაკვეთების 85 პროცენტი 5 ჰექტარამდე ფართობია, ვენახების 79 პროცენტი ასევე 5 ჰექტარს არ აღემატება. ასევეა ციტრუსების პლანტაციებში. მაშასადამე, მრავალწლიანი ნარგავების განცალკევებული ნაკვეთების ფართობი და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით მიღებული შედეგი საშუალოდ ოჯახზე გასაცემი ნაკვეთების მოცულობის იდენტურია, თითქმის არც დაგვჭირდებოდა მიწის ნაკვეთებად ახლებური დაყოფა.

აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნდა ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობაში პრივატიზება დაწყებულიყო სწორედ მრავალწლიანი ნარგავებით, ხოლო დანარჩენი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაცემულიყო მსურველებზე იჯარული წესით, ესეც, როგორც ვთქვი, მეორე ეტაპზე სრულ პრივატიზებას ემორჩილებოდა.

აი, ასეთი იყო თავდაპირველი გეგმა.

10. თუ შეიძლება, რამდენიმე წინადადებით შეეხოთ სოფლის მეურნეობის რეფორმის თქვენეულ გეგმას.

- სიამოვნებით... ამისათვის ჯერ უნდა განვიხილოთ, რა რეალური სურათია საქართველოში. დღეისათვის საქართველო მოიხმარს 2 მილიონ სამას ათას ტონა მარცვლეულს, აქედან ჩვენით ვაწარმოებთ 0,5 მილიონ ტონას, 1,8 მილიონი ტონა შემოგვაქვს, აქედან 1,2 მლნ. ტონა სასაქონლოა და 0,6 - საფურაჟე. ეს არის დღეს მოხმარებადი რეალური ციფრი, მოთხოვნილება კი, განსაკუთრებით ფურაჟზე, მეცხოველეობის საკვებზე გაცილებით მეტია.

ხორცი შემოგვაქვს 75 000 ტონა, მოვიხმართ ჩვენთან დამზადებულის ჩათვლით 180 ათას ტონას, მოთხოვნილება კი 360 ათას ტონაზე მეტია, ჩვენი მოსახლეობა უკვე წლების განმავლობაში განიცდის ხორცისა და სხვა პროდუქტის დეფიციტს.

შაქარი შემოგვაქვს 90 პროცენტზე მეტი, - მიახლოებით 260 ათასი ტონა. იგი ნორმირებულად გაიცემა, რეალური მოთხოვნილება მასზე 400 ათასი ტონაა.

რძის პროდუქტი რძეზე გადათვლით შემოგვაქვს 1 მილიონ 50 ათასი ტონა, მცენარეული ზეთი შემოგვაქვს 80 ათასი ტონა.

როგორც ხედავთ, ძირითადად ყველაფერი შემოგვაქვს, არადა რესპუბლიკას შეუძლია თავისი ძალებით აწარმოოს მარცვლეულის საჭირო რაოდენობა - 1 მილიონ 800 ათასი ტონა. საქართველო ტრადიციულად თავისით აწარმოებდა მემარცვლეობის მისთვის საჭირო პროდუქციის სრულ რაოდენობას... მაგრამ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულიდან რუსეთის იმპერიამ თავს მოახვია ჩაისა და ციტრუსის წარმოება, გავხდით ამ არაპირველადი მოხმარების პროდუქტის მუქთი მწარმოებლები, უნაყოფიერესი მიწების ვრცელი ფართობები დაკავდა მათთვის, უზომოდ გაიზარდა ვენახის ფართობიც. ქვეყანას კი ჩაით, ციტრუსითა და ყურძნით ვერ დავაპურებთ... ჩვენ გვქონდა გეგმა აღგვედგინა ტრადიციული პურის ბეღელი, მარნეულის, გარდაბნის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს ზონაში... ის ენერგია, რომელიც უზენაესი საბჭოს წინ გამართულ მიტინგებზე იხარჯება, დიდად წაადგებოდა ამ სამამულო საქმეს... გავიდა წელიწადი, ნაბიჯიც არ გადაგვიდგია ამ მიმართულებით არც ნოემბერში, არც მარტის თვეში, არც ზაფხულში.

მევენახეობას ჩვენში ერთი ძირითადი ნაკლი აქვს, განვითარებულ ქვეყნებში ვენახის მეჩხერიანობა 2-3%-ია, საქართველოში 20-25%, მეჩხერიანობის შეზღუდვით თითქმის 1/5 განთავისუფლდებოდა ფაქტიურად დაკარგული მიწისა, - ესეც კიდევ ერთი რეზერვი სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებში გნებავთ მეპურეობისა თუ მეცხოველეობის განვითარებისათვის, გნებავთ საკარმიდამო ნაკვეთებისათვის. არც ამ მხრივ არც ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს, მეტიც, როგორც უკვე მოგახსენეთ, რაიმე რეფორმა საერთოდ არ დაწყებულა...

მეჩაიეობა და მეციტრუსეობა გარკვეული ზომით აუცილებლად მისცემს შემოსავალს საქართველოს, მაგრამ ის, რომ მთელი დასავლეთ საქართველო საბჭოთა პერიოდში ამ კულტურების პლანტაციებად გადაიქცა, დიდი დანაშაულია ქართველი ერის მიმართ, - ასე ჩვენ რიგი სასოფლო ნედლეულისა და პროდუქტის ბაზად გადავიქეცით, გარდა ამისა, განადგურდა მეცხოველეობის ბაზა, რადგან ამ ტერიტორიებზე არ მზადდებოდა პირუტყვის საკვები. რეფორმას ასე ვხედავდით: ჩაი და ციტრუსი უნდა დარჩეს მხოლოდ იქ, სადაც იგი მაღალხარისხოვანია, კერძო სექტორიც თავის მხრივ უზრუნველყოფდა მაღალ ხარისხს, ნელ-ნელა გამონთავისუფლებულ ტერიტორიაზე შემოვიდოდა მემარცვლეობა, ძირითადად სიმინდი, მაგრამ ჩვენ მაშინ ჩვენს გეგმებში ამერიკასა და დასავლეთ ევროპას „ვესესხეთ“. ამ ქვეყნებში გეზი აღებულია სოიაზე, რომლისგანაც 60-მდე (!) დასახელების ცილოვანი პროდუქტი მზადდება, სოიაა სწორედ მეცხოველეობის მძლავრი ბაზა... მაგრამ საუბედუროდ, მთელ რიგ ჩვენს კანონმდებლებს - დეპუტატებს, ალბათ თვალითაც არ უნახავთ სოია, არც ქართული მეპურეობა ანაღვლებთ, არადა ეს წელი რომ არ დაგვეკარგა (იგი აბსოლუტურად დაკარგულია (!), 93 წლისათვის საქართველოში გამოჩნდებოდა ქართული პური, ხორცი, რძის პროდუქტი. ფართობთა შემცირება, დარგებისათვის საუკეთესო ტერიტორიებზე განლაგებული პლანტაციებისათვის რიგიანი ყურადღების მიქცევა - ძირითადად კერძო სექტორისთვის გადაცემა, მოგვცემდა მაღალხარისხიან ჩაის, რომლის რაოდენობა როგორც რესპუბლიკის მოსახლეობას დააკმაყოფილებდა, ისე საზღვარგარეთაც გავიდოდა, იგივე ითქმის ციტრუსზე, ყურძენზე და ღვინოზე, გლეხსაც საშუალება მიეცემოდა ეს პროდუქტი, რომელიც არაა ძირითადი მოხმარებისა, გაეტანა, ვთქვათ, იგივე რუსეთში, სადაც ჩაიზე, პირველ რიგში ციტრუსზე და ღვინოზე ყოველთვის იქნება დიდი მოთხოვნილება, და არა მარტო ცალკე გლეხს, არამედ ოჯახურ კოოპერტივებს, სასოფლო ფირმებსა და კონცერნებს, რასაც იქიდან სხვა საქონლისა თუ ნედლეულის შემოტანა მოჰყვებოდა - ასეთია თავისუფალი ბაზრისა და თავისუფალი ბიზნესის კანონი.

დღეს კი რა ხდება: ციტრუსი ვერ გააქვთ, თუ გააქვთ და, გზად ავტოინსპექცია ყვლეფს, პური, ხორცი და რძის პროდუქტი არა გვაქვს და არც გვექნება თუ რეფორმის გზას არ დავადგებით.

ნუ დაგვავიწყდება, ხარისხისა და რაოდენობის ძირითადი ბერკეტი პირადი დაინტერესებაა მშრომელის მხრიდან, მისი საფუძველი კი მიწისა და საერთოდ ძირითადი ფონდების კერძო სექტორისათვის გადაცემაა. გამდიდრდებოდა მშრომელი და გამდიდრდებოდა ქვეყანაც, ამიტომ პირველ რიგში სწორედ ეს რეფორმა უნდა დაგვეწყო. ხელისუფლება, რომელიც ამას არ აკეთებს და მეურნეობის სოციალისტურ ფორმებს ინარჩუნებს, თუნდაც ისეთ „პერესტროიკულ“ ფორმას - როგორიცაა იჯარა, დანაშულს სჩადის ერის წინაშე.

11. ბატონო თენგიზ, როგორც ვხედავთ მარცვლეულის სამ მეოთხედზე მეტი, შაქრის მთელი რაოდენობა, ათასობით ტონა ხორცი, ზეთი, რძე და რძის პროდუქტი შემოგვაქვს. კიდევ ძირითადად რა საქონელი შემოდის საზღვარგარეთიდან?

- ორ სახეობას დავასახელებ, რაც გვიჩვენებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ვართ, ნავთი და საწვავ-საპოხი მასალები შემოგვაქვს 5 მლნ. ტონა, ბუნებრივი აირი კი 5,5-დან 6 მილიარდ კუბმეტრამდე. ამიტომ, როდესაც ასეთ მძიმე მდგომარეობაში ხარ, იმას, რაც შეგიძლია შენით აწარმოო, სასწრაფოდ უნდა მიაქციო ყურადღება, მთელი ენერგია უნდა გადაგვესროლა მემარცვლეობაზე, მესაქონლეობაზე, მეფრინველეობაზე. საუბედუროდ, მსგავსი არაფერი გაკეთებულა, და რუსეთს, რომელსაც შეუძლია უცბად დაგვტოვოს აბსოლუტურად მშიერი, როგორც იტყვიან, გამოჭერილი ჰყავხარ. თუმცა, რუსეთსაც აქვს თავისი პრობლემები. აი, მაგალითად, ჩაი საერთაშორისო ბაზარზე 22-24 დოლარი ღირს, ჩვენი ყველაზე უფრო ხარისხიანი ჩაის ფასი 5-6 დოლარს თუ მიაღწევს, და არც რუსეთს გააჩნია აზიაში ჩაის საყიდელი ვალუტა. სათქმელია საკითხის მეორე ასპექტიც, ეკონომიკური ხელშეკრულება ამ სახით მიუღებელია, მაგრამ არ შეიძლება რუსეთის ბაზრის დაკარგვა, ისიც იძულებული იქნება რიგ შემთხვევაში ჩვენთან ივაჭროს. ტონა ნავთობს რუსეთი 80 მანეთად გვაძლევს, სად შევიძენთ მას ასე იაფად? დასავლეთში ტონა ნავთობი 100-120 დოლარი ღირს! მოვიყვან ჩვეულებრივ პროპორციას, თუ მანდარინს ვყიდით, ვთქვათ, 6 მანეთად - 80 მანეთიანი ნავთობი რომ ვიყიდოთ, 1 ტონაზე გვჭირდება 13,5 კგ-ს გაყიდვა. დასავლეთში ჩვენი მანდარინის საუკეთესო ფასი 9-10 ცენტია (ბერძნული მაგალითად, ღირს 17-18 ცენტი). ნავთი კი 100-120 დოლარი. რომ ვიყიდოთ ტონა ნავთი, უნდა გავყიდოთ 1 000 კგ ხ 10 ცენტზე - 10 000 ცენტი ანუ 100 დოლარი, ე.ი. 1 ტონა მანდარინი. ახლა ნახეთ, სად ერთი ტონა, სად 13,5 კგ.

გამოსავალი ერთია, ვივაჭროთ რუსეთთან, რაზეც ისიც ერთხანს იძულებული იქნება, მაგრამ რუსეთი შეეცდება ნელ-ნელა თავისი პროდუქციის ხარისხი გაზარდოს, მიუახლოვოს საერთაშორისო ნორმებს, რის შედეგადაც მას იგივე საერთაშორისო ფასებით გაყიდის და ჩვენ ასე იაფად აღარ მოგვყიდის, საკითხი დასწრებაშიც დგას, ჩვენ უნდა ნელ-ნელა შევამციროთ, ვთქვათ, ჩაის პლანტაციები, რომელიც რუსეთს მალე სრულებითაც აღარ დასჭირდება. გამოთავისუფლებულ ფართობებზე შემოვიტანოთ მემარცვლეობა, გნებავთ პური, ქერი, სოია... მოკლედ, როგორც უკვე მოგახსენეთ, სავსებით შეგვიძლია ვაწარმოოთ საჭირო რაოდენობის მარცვლეული და ფურაჟი, საქონლის ხორცი, ფრინველი, კვერცხი, რძე და რძის პროდუქტის მეტი წილი... შეგვიძლია მივაღწიოთ მაღალი ხარისხის ჩაის, ღვინის, ციტრუსის, ხილის წარმოებას - თუკი მთელი სიმძლავრით ამუშავდება არამარტო კერძო მეწარმეობა, არამედ, რაც მისთვის მთავარია, თავისუფალი ვაჭრობა, შემოსატანი ძირითადად გვექნება მცენარეული ზეთი და შაქარი, ნავთობი და გაზი, რასაც ადვილად გავწვდებით არა მარტო ზემოაღნიშნულის ექსპორტით, არამედ ჩვენი სხვა ბუნებრივი სიმდიდრის, თიხების, საშენი ქვის, მარმარილოს, ძვირფასი ლითონების გადამუშავებით, არა ნახევარფაბრიკატული, არამედ სრული სასაქონლო კონდიციამდე მიყვანით, მაგალითად, ავიღოთ დარიშხანის საბადო, რომლიდანაც ახლაც გაედინება მადანი, ჩაედინება ნახევრადფაბრიკატების სახით, ეს უდიდესი დანაკლისია, ზარალია ჩვენთვის. მთავრობა ხომ ეროვნულია (!), მაშინ უნდა შეწყვიტოს საკუთარი თავის ძარცვა, დარიშხანისაგან ოქროზე ძვირადღირებული საუკეთესო ნახევარგამტარები მზადდება, რაც მთელ უახლეს ელექტრონიკას სჭირდება და ასე შემდეგ...

მაგრამ ხელისუფლებამ აირჩია „სახელმწიფო კაპიტალიზმის“ გზა, იჯარა, კომუნისტური მაფიის ფუნქციონერთა კადრები და ერთგული უვიცები. ხელისუფლება იმუქრება კომერციული მაღაზიების დახურვას, რაც კოოპერაციაზე შტურმის დაწყებისა და „ფარული, შენიღბული“ სოციალიზმის ნიშანია. რაც მთავარია, ხელისუფლებამ არ შეასრულა არც ერთი დაპირება და ამასთან ერთად აბსოლუტურად დაკარგა ერთი წელი, რითაც საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან საქართველო ეკონომიკურად დაუცველია ნებისმიერი ქვეყნის წინაშე... აი, სწორედ ეს განზრახ დაკარგული ერთი წელი იწვევს ეჭვსა და უნდობლობას.

ხალხს ვერ დააპურებ იმით, რომ 17 წლიდან დისიდენტურ მოღვაწეობას ეწევი. ან უნდა დაუჯერო და დაჰყვე რეფორმის გზას, ან გვერდზე გადგე, რაც სიკეთე გაგიკეთებია, ამისათვის ყველა მადლიერი იქნება.

ასეთი იყო ვითარება, ივლისში ჩემთვის ნათელი გახდა, პრეზიდენტი და მისი მორჩილი საპარლამენტო უმრავლესობა, აღმასრულებელი ხელისუფლებაც - პრეფექტურების ჩათვლით, რომელშიც ძველი კომუნისტი მაფიოზები დაგროვდნენ ან ტიპიური დილეტანტები, - რეფორმაზე არ წავიდოდა. მე ვერ მივიღებდი მონაწილეობას ამ დანაშაულებრივ პოლიტიკაში და გადავდექი.

12. ბატონო თენგიზ, თქვენი გადადგომის შემდეგ მთელს იმპერიაში მეტად მძაფრი პროცესები მოხდა, მოსკოვში - სამხედრო ამბოხების ცდა იყო. ზოგიერთები, რა თქმა უნდა, უმცირესობა, ამას სპექტაკლს ეძახიან. სხვები ამბობენ, რომ რუსეთში კონსერვატორები საბოლოოდ დამარცხდნენ, დემოკრატიულმა ძალებმა გაიმარჯვეს, ოპონენტები მოსძახებენ - ნუთუ სამ დღეში დამყარებული დემოკრატიის გჯერათო?

- რა თქმა უნდა, სამ დღეში არავითარი დემოკრატია არ დამყარდება - არსად. ისიც უნდა ითქვას, რომ სპექტაკლური მომენტებიც არაა გამორიცხული, რუსეთში დამარცხდნენ კონსერვატორები, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს იმპერიული კონსერვატიზმის სრული და საბოლოო დამარცხებაა. ამ დღეების მოვლენებიდან საგულისხმო სულ სხვა რამ არის, - იყო თუ არა რაიმე სპექტაკლი გათამაშებული კულისებში. ამისაგან რუსმა ხალხმა სრულიად მოწყვეტით სასტიკი უარი განაცხადა უკან, ავტორიტარიზმისაკენ დაბრუნებაზე. მან ქვეყანაში მიმდინარე ლიბერალიზაციის პროცესი და მომავალი რეფორმები მკერდით დაიცვა. ვერც ერთი ჭკუათმყოფელი ვერ იტყვის იმას, თითქოს ასობით ათასი ადამიანი სპექტაკლში მონაწილეობდა და მსახიობობდა, ეს აბსურდია... რაც შეეხება სამ დღეს, ყველამ კარგად იცის, ლიბერალიზაციისა და საერთოდ დემოკრატიისათვის ბრძოლის პროცესი უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, მეტიც, იგი დაიბადა ხალხში, გორბაჩოვის ხელისუფლებას დასჭირდა თამაში ხალხის მოსატყუებლად, იგი შეეცადა პროცესი მართვადი გაეხადა, იმპერიის მთავრობა ყოველთვის ტოტალიტარიზმისაკენ გადაიხრება, ხალხი დემოკრატიას მოსთხოვს, ეს კი ფაქტიურად საომარი სიტუაციაა... თუ რამ დათმო ტოტალიტარულმა ხელისუფლებამ რუსეთში, ეს ხალხის, მათი დემოკრატიისათვის ბრძოლის დამსახურებაა. ვფიქრობ, რომ არაა საჭირო ამ სამი დღის შესახებ ჭორიკნობა, მასხრობა და ლაზღანდარობა...

კონსერვატიზმზე კი ის უნდა ითქვას, რომ კონსერვატორთა ასე ვთქვათ, „მეორე ეშელონი“ ავტორიტარიზმს ნაწილობრივ უარყოფს და სოციალური რეფორმების მომხრეა, მაგრამ აგრეთვე ცდილობს იმპერიის შენარჩუნებას. შეიძლება უფრო შემჭიდროებული გეოგრაფიით, მაგრამ ყველა ღონეს ხმარობს, რომ მისგან თავდახსნილ ქვეყნებში ძლიერი პოლიტიკური და, რაც მთავარია, ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს. გავიხსენოთ, რომ თუ უწინ, „რუსეთი იყო იქ, სადამდისაც რუსი ჯარისკაცის ჩექმა მიაღწევდა“... ახლა მოქმედებს მეორე პრინციპი - „რისი შენარჩუნებაც ჯერ კიდევ შესაძლებელია, შევინარჩუნოთ ბოლომდე...“ ასე რომ, თავისით ისინი არასოდეს დაგვანებებენ თავს. ნებისმიერი ხელშეკრულება, იქნება ეს საერთო ეკონომიკური სივრცის თუ სუვერენული რესპუბლიკების ეკონომიური ხელშეკრულება, არსით პოლიტიკურია. იგი საქართველოს დაკაბალებას ითვალისწინებს და მათზე მტკიცე უარი უნდა ითქვას. მაგრამ არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც. ქვეყამა უნდა მოღონიერდეს, რუსეთისაგან მხოლოდ „ღონიერი“ ქვეყანა დაიძვრენს თავს. აგერ ერთი წელი გავიდა, რა გაკეთდა ამისათვის? გაკეთდა რაიმე რეფორმა? არაფერი! სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენი რესპუბლიკის დღევანდელი ხელისუფლება ეჭვსა და უნდობლობას იწვევს მთელ ეროვნულ მოძრაობაში.

მწერალი, ფილოლოგი შეიძლება შეფასდეს წარსული საქმიანობით, მაგრამ პოლიტიკოსს ყოველ მომავალ დღეს ახლიდან აძლევენ შეფასებას, პოლიტიკოსი აწმყოში ფასდება ან პოლიტიკური სარბიელიდან სრული წასვლის შემდგომ.

13. პუტჩის შემდეგ საქართველოშიც მეტად მძაფრი მოვლენები დატრიალდა. პირველ რიგში მხედველობაში გვაქვს ეროვნულ გვარდიასთნ დაკავშირებული ამბები. რას გვეტყვით მათ შესახებ?

- ხალხმა დღესაც არ იცის სიმართლე. პირველ რიგში ის უნდა ითქვას, რომ ეროვნული გვარდია არც „მხედრიონია“ და არც „ქართველ შევარდენთა ლეგიონი“, იმ მეტად მწირი პროფესიული სამხედრო კადრებიდან, რომლებიც რესპუბლიკას ჰყავდა ამ დროისათვის, დიდი უმრავლესობა ეროვნული გვარდიაში მოვიდა. დღეისათვის თბილისის ზღვაზე ძირითადად სწორედ ოფიცრები იმყოფებიან. ზოგიერთი მათგანი თავის დროზე პოლკს მეთაურობდა, ზოგი ასეულს, დივიზიონს, იცნობს საშტაბო მუშაობას და ასე შემდეგ. ამ ადამიანებით, როგორც უსულო საგნებით მანიპულირება არ შეიძლებოდა, რკონში ყოფნის დროს მათ სწორედ ეს იგრძნეს, და პირველი უნდობლობა სწორედ მაშინ გაჩნდა. მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა უნდობლობის ყინულის გალხობა, მაგრამ გამსახურდიამ ეს არ გააკეთა, სხვა ყველაფერს რომ გავანებოთ თავი, უდიდესი ზიანი მიადგა ეროვნული შეიარაღებული ძალების შენების საქმეს.

საქმის არსს უკეთ რომ ჩავწვდეთ, თანამიმდევრულად უნდა მოვყვეთ მოვლენების განვითარებას. სამხედრო-საწვრთნელი მანევრები ადრევე იყო დანიშნული. 19 აგვისტოს დილით მოსკოვში მომხდარი გადატრიალების გამოცხდებამ ბევრი რამ შეცვალა. ახლა დიდი დროა გასული, ყველაფერი კეთილად დამთავრდა და ლაპარაკიც ადვილია, მაგრამ მაშინ ჩვენი ქვეყნის თავს მოსალოდნელი დიდი უბედურების ღრუბელი მოადგა. თუ თავისუფლებისათვის იბრძვი, მართლაც უნდა იბრძოლო. გვარდიელებს შორის, დიდს უმრავლესობაში ბუნებრივად დაიბადა წინააღმდეგობის სურვილი, სამხედროს იარაღით ხელში ევალება სამშობლის დაცვა. ბალტიისპირეთში ეს ასეც მოხდა, თუმცა იქ რიცხვით შედარებით უმნიშვნელო „მხარის დაცვის რაზმები“ ჰყავდათ. მათ წინააღმდეგობა გაუწიეს იქ შესულ ჯარებს, ოპონენტები იძახიან, - ათიათასიანი გვარდია რუსულ არმიას რას გაუმკლავდებოდაო, - ერთი შეხედვით მართალია, მაგრამ პოლიტიკაში ჩახედული ნებისმიერი ადამიანი უნდა მიმხვდარიყო, რომ პუტჩისტები ეგრე ადვილად ვერ გაიმარჯვებდნენ, მათ წინააღმდეობას გაუწევდნენ, როგორც რესპუბლიკებში, ისე და რაც მთავარია, - თვით რსფსრ-ში, სამხედროების ნაწილი ელცინს დაემორჩილებოდა - ეს უნდა დაენახა პოლიტიკოსს, რუსეთში ფაქტობრივად რევოლუცია მიმდინარეობს, ჯარისკაციც რიგითი ადამიანია, სტალინის ეპოქა შორ წარსულშია მიმქრალი, ახლა სხვა დროა, სხვა ადამიანები, სხვა თაობა, - კარგ პოლიტიკოსს უნდა შესძლებოდა პროგნოზი. ასეც მოხდა - არმიის დიდმა ნაწილმა ელცინს და საზოგადოდ დემოკრატიისათვის მებრძოლ რუს ხალხს დაუჭირა მხარი. იბრძოლა რუსეთმა, იბრძოლა ბალტიისპირეთმა, - რომელმაც ამით მთელი დასავლეთი სამყაროს სიმპათიები მოიპოვა, საქართველომ კი მხოლოდ ანტიპათია დაიმსახურა.

კარგად გავიხსენოთ, 19-ში გამსახურდიამ ხალხს სიმშვიდის დაცვისა და სამსახურებში წასვლისაკენ მოუწოდა, ეს იგივე მოწოდებაა, რომლითაც გამოვიდა „გეკაჩეპე“ მოსკოვში. 20 რიცხვში, ე.ი. სამ დღიანი პუტჩის მეორე დღეს, როდესაც გამსახურდიას მაგიდაზე უკვე ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არმიის დიდი ნაწილი ელცინს უჭერს მხარს, რომ რსფსრ პრზიდენტის დაპატიმრებაც კი ვერ მოხერხდა და იგი აქტიურად ხელმძღვანელობს ოპოზიციას, გამსახურიამ რბილად დაგმო პუტჩი.

ახლა კი მივყვეთ გვარდიის პრობლემას. კიტოვანმა გვარდიის სხვა მაღალი რანგის ოფიცრებთან ერთად გადაწყვიტა გვარდიის რკონში გაყვანა. ეს სულაც არ იქნებოდა 10 000-იანი გვარდიის ბრძოლა მთელ რუსულ არმიასთან. როგორც ადრე ვთქვი, ნათელი იყო, რომ პუტჩისტებს შეებრძოლებოდა თვით რუსული არმიის ნაწილი, ხალხიც, წინააღმდეგობას გაუწვდნენ რესპუბლიკები. ასე რომ, ეს იქნებოდა საერთო ბრძოლის ეპიზოდი დემოკრატიის ჩანასახების დასაცავად აუცილებელი და გამართლებული და, რაც მთავარია, თავისუფლებისათვის ბრძოლა! რა ემუქრებოდა გვარდიას პუტჩის გამარჯვების შემთხვევაში? - სულ მცირე, დაატყვევებდნენ საქართველოს რაიონებში გაფანტულ 50 კაციან, 100 კაციან, 200 კაციან გარნიზონების პირად შემადგენლობას, ახალწვეულებს, როგორც დეზერტირებს, აგრეთვე ყოფილ კადრის ოფიცრებს, რომლებიც აგრეთვე დეზერტირებად ითვლებოდნენ. რა მოელოდათ მათ ამ შემთხვევაში, მგონი სავსებით ნათელია... გადაწყდა გვარდია ერთად ყოფილიყო და დაეცვა სმშობლოც, საკუთარი თავისუფლებაც და სიცოცხლეც. ასე რომ კიტოვანისათვის პროგრამა-მინიმუმს ახალწვეულების დაუცველი გარნიზონებიდან გაყვანა და ტყეში გახიზვნა წარმოადგენდა, პროგრამა-მაქსიმუმს, - პოზიციების გამაგრება და პარტიზანული ბრძოლა. მას ჰქონდა ამის საფუძველი, რადგანაც როგორც წეღან ვთქვით, პოლიტიკური პროგნოზის ლოგიკა მეტყველებდა, რომ იგი ამ ბრძოლაში არამცთუ მარტო არ იქნებოდა, არამედ მთელი იმპერიის ტერიტორიაზე გაიშლებოდა ასობით წინააღმდეგობის კერა და თუ საქმე ხელჩართულ ბრძოლამდე მივიდოდა, პუტჩისტთა მომხრე ჯარს არცთუ მცირე საზრუნავი ექნებოდა თვით რუსეთშიც.

ეხლა გამსახურდიას განცხადება გავიხსენოთ - მე გვარდია გადავარჩინეო, თქვა მან და ამაში სტატუსის შეცვლა იგულისხმა. გავხსნათ გვარდიის ოფიცერთა ძველი წიგნაკები, პირველსავე გვერდზე შავით თეთრზე სწერია, - „შინაგანი ჯარები - ეროვნული გვარდია“ - შინაგანი ჯარები დავარქვიო, ეს ტყუილია, უკვე ერქვა.

მოდით, სხვა რამეზე დავფიქრდეთ, ნუთუ ვინმეს ისე გულუბრყვილო ჰგონია რუსის გენერლები, რომ ორ სიტყვის - „ეროვნული გვარდიის“ ამოღებით მათ გვარდია ლიკვიდირებული ჰგონებოდათ? ამ შემთხვევის ანალიზი ცხადჰყოფს, იმას, რომ არსებობდა ფარული შეთანხმება პუტჩისტთა, „გეკაჩეპეს“ და გამსახურდიას შორის. „გეკაჩეპემ“ რამოდენიმე წინასწარი ულტიმატუმი გაუგზავნა გამსახურდიას და ისიც ასრულებდა მათ. შეთანხმების არსებობაზე ისიც მეტყველებდა, რომ ბალტიისპირეთისაგან განსხვავებით, საქართველოში საბჭოთა ჯარის ნაწილების სერიოზულ ამოძრავებას ადგილი არ ჰქონია. არის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის მომენტიც. რა გარანტია ჰქონდა მას, რომ სტოვებდა ახალგაწვეულ ბიჭებს რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაფანტულ მცირერიცხოვან, აბსოლუტურად დაუცველ გარნიზონებში? ან გულუბრყვილობა, რაც დაუშვებელია ხელისუფლებისათვის, ანდა მართლაც ჰქონდა გარანტია - ესე იგი, კვლავ ადგილი ჰქონდა ფარულ შეთანხმებას.

კიტოვანმა მოახსენა ოფიცრების გადაწყვეტილება, გამსახურდია აღშფოთდა, კიტოვანმა სთხოვა, კარგად ჩაკვირვებოდა საქმის არსს, გამსახურდია მოხსნით დაემუქრა, კიტოვანმა ამის პასუხად მხრები აიჩეჩა და კარიც მოიხურა. რამოდენიმე საათის შემდეგ მისი მოხსნის ბრძანება წამოეწია. წილი უკვე ნაყარი იყო, პასუხისმგებლობა კი მძიმე ტვირთად აწვა, და მაშინ, როდესაც გვარდიის სხვადასხვა ნაწილები რკონისაკენ მიემართებოდნენ, როდესაც ახალწვეულთა ნიჩბებით პირველი სანგრები ითხრებოდა, როდესაც ინაღმებოდა მისასვლელები და სხვადასხვა მიმართულებით ტყეებში ღრმად გახიზვნის გეგმა იხაზებოდა, თბილისში, რესტორან „მუხათუბანში“ შამპანურს მიირთმევდნენ პატრიკეევი და ხაბულიანი, შურავლიოვი და ომანიძე, იგორ ჩხეიძე და სიმონ ხელაშვილი... აი, ეს არის შეურბილებელი სიმართლე იმ პირველ დღეებზე.

14. ბატონო თენგიზ, პუტჩის დამარცხების შემდეგ ურთიერთობა გვარდიასა და პრეზიდენტს შორის უფრო დაიძაბა.

- წეღან რამოდენიმე გვარი ვახსენე. მეტად საგულისხმოა სწორედ ერთი მომენტი, გენერალმა პატრიკეევმა გვარდიას ოთხი დღე მისცა იარაღის ჩაბარებისათვის, ხოლო უკვე 21 რიცხვის შემდგომ, როდესაც პუტჩი დამარცხებული იყო, იაზოვი დაპატიმრებული, ტელევიზიით პროგრამა „მოამბეში“ გამოვიდა დილარ ხაბულიანი და გვარდიელებს 24 საათში განიარაღება მოთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სისხლის სამართლის საქმეთა აღძვრით დაემუქრა. ვინ უფრო „ლმობიერია“ - რუსი გენერალი თუ „საკუთარი“ მინისტრი? თანაც ეს იყო უკანონო მოთხოვნა, იგი პარლამენტს არ დაუმტკიცებია. ადრე ვთქვი და სწორედ ეს მომენტი, პუტჩის დამარცხების პირველი დღეები მიმაჩნდა უნდობლობის ყინულის გალხობისათვის შესაფერის მომენტად, მაგრამ ოფიციოზმა ყველა ზღვარს გადაჭარბა: 23-ში ავჭალის ტეკთან „ომონმა“ მანქანების ჩხეკვა დაიწყო, რამოდენიმე გვარდიელი, ვისაც იარაღი აღმოაჩნდა, დააპატიმრეს კიდეც. ოფიციოზმა უმთავრესი დაივიწყა - ადამიანური ფაქტორი, ზნეობა, მორალი... ოფიცრები საბოლოოდ აღშფოთდნენ, მათ კიტოვანს ნდობა გამოუცხადეს, ოფიციოზს კი სრული უნდობლობა. ხოლო მოვლენათა ანალიზის შედეგად ყველა ერთ დასკვნამდე მიდიოდა, გამსახურდია კავშირში იყო მოსკოველ პუტჩისტებთან. ის გააფთრებაც, რომელიც ხელისუფლებამ გამოიჩინა გვარდიელთა მიმართ, ამის შედეგი იყო. გამსახურდიას კარგად ესმოდა, რომ პოზიციები მაინც საკმაოდ მტკიცე აქვს, იგი კანონიერად არჩეული პრეზიდენტია რესპუბლიკისა, რომლის შინაგან საქმეებში ადვილად ვეღარავინ ჩაერევა, ვერც რუსი და ვერც ინგლისელი. პუტჩის ამსახველი მასალების შესწავლა და უმთავრეს დამნაშავეთა გამოძიება თვეებს გასტანს, მას კი არცთუ ბევრი მაკომპრომენტირებელი, მითუმეტეს დოკუმენტური მასალა არ დაუტოვებია, თუ რაიმე ჩვენებები აღმოჩნდება, მათ უმალ მისი პერსონის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ რუსულ სიყალბედ გამოაცხადებს და ა.შ.

შემდეგ მოვლენები ასე წარიმართა: - მისმა გააფთრებამ და იმ ატმოსფერომ, რომელიც შსს-ში იყო, განსაკუთრებით კი მიზანმიმართულმა პროპაგანდამ თავი იჩინა 2 სექტემბერს, როდესაც ეროვნულ-დემოკრატიული პარტია თავის ყოველკვირეულ მიტინგს ატარებდა, ორშაბათ დღეს. ილაპარაკებდა ეს პარტია თავის მიტინგზე ორიოდე საათს და დაიშლებოდა. არაფერი განსაკუთრებული იმაში არ იყო, რომ „მაინცდამაინც ორ სექტემბერს მოუნდათ მიტინგის ჩატარებაო“. შედეგად ომონის ხალხზე შეტევა და ოთხი დაჭრილი მივიღეთ. არც ერთი მათგანი ედპ-ს წევრი არაა, მთელმა მსოფლიომ, და გვარდიელებმაც ეს აღიქვეს, როგორც ხალხის წინააღმდეგ მიმართული პირველი დამსჯელობითი აქცია. ამის მოთმენა აღარ შეიძლებოდა... 5 სექტემბერს გვარდია, (როგორც ეს დაგეგმილი იყო ადრევე), თბილისში დაბრუნდა, ოღონდ შავნაბადაზე დაბანაკდა. კიტოვანმა ახალწვეულები სახლებში გაუშვა. დარჩნენ ძირითადად ოფიცრები. არც მაშინ დაიწყო დიალოგი, პირიქით, დაიწყო ლანძღვა და „მოღალატეების“ ძახილი. 16 სექტემბერს ოპოზიციის გაერთიანებულ მიტინგს უამრავი ხალხი დაესწრო. გამსახურდიამ მასების ამოძრავების მისთვის საშიში პრეცედენტი სწორედ შეაფასა, პირველ რიგში ტელერადიო კომუნიკაციების უზურპირება მოახდინა. როდესაც ორმოცამდე ედპ-ს წევრი უზენაეს საბჭოსთან ჩამოჯდა შიმშილობის მიზნით, ასტეხა ისტერია - პრეზიდენტს თავს ესხმიანო. რესპუბლიკის მოსახლეობამ, რომელიც მოკლებული იყო ინფორმაციას და ამიტომ მოვლენათა ანალიზის საშუალებასაც, ეს ადვილად დაიჯერა. მეორე ეტაპად დაიწყო გამსახურდიას უსიტყვოდ მორჩილი და ერთგული ხალხის ქალაქში ჩამოყვანა, შეიარაღება, ხალხის ინფორმაციული, ისტერიული დამუშავება, დაიწყო სუკის ოფიცერთა მობილიზება და პროვოცირებათა გეგმების შემუშავება (რომელთაგან ზოგიერთმა, კიდეც გასჭრა). ისტერიის დასაძაბავად რამდენადმე „ჩამცხრალ“, დატანჯულ სამაჩაბლოში ფარულად გაიგზავნა შეიარაღებული ჯგუფი, რომელმაც ერთი-ორი დარტყმა მიაყენა ოს ბანდიტებს და საბჭოთა შინაგან ჯარს. ოსეთში კვლავ მთელი სიმძაფრით გაჩაღდა შეიარაღებული კონფლიქტი, - ესეც ხალხის ყურადღების გადასართველად მოხდა, და ეს გაკეთდა იმის მაგივრად, რომ პოლიტიკური გზებით ეძიოს იქ მშვიდობის დამყარება. შემდეგ ყველა შეიარაღებული ადამიანი თბილისში გამოიძახა, რითაც სამაჩაბლოს ქართველობა სრულიად დაუცველი დასტოვა.

ცალკე უნდა შევჩერდეთ 22 სექტემბრის ღამით სედპ-ს აქციის დარბევაზე ეგზალტირებული და დეზინფორმირებული მასის მიერ, რომელსაც წინ მხედართმთავარივით მიუძღოდა ზოგიერთი დეპუტატი. სასტიკად იცემა ათეულობით ახალგაზრდა, - ამას ქუჩის ნაგვისგან გაწმენდა დაერქვა. მე აქ ერთიც მინდა ვთქვა, - შეიძლება ამ ახალგაზრდობას ვემდუროდეთ თავშეუკავებლობისთვის, ზოგიერთის უკულტურობისათვის და ა.შ. მაგრამ სწორედ სედპ, ედპ-ს წევრი ახალგაზრდები იყვნენ ძირითადად ნოემბრის ცნობილი შიმშილობის აქციის წამომწყებნი, ხოლო რამდენადაც მე ვიცი, მასში არ მონაწილეობდნენ, თუ არა პირიქით, ბ-ნი ჭითანავა, ბ-ნი ნინუა... ეს არც თუ უმნიშვნელო მომენტია, ხალხმა უნდა დაინახოს ეს. 23 რიცხვში გვარდია თბილისში ჩამოვიდა. ოპოზიციამ ტელევიზიის მიტოვებული შენობა დაიკავა, იქ კი ნათელი გახდა, რომ ეთერში ვერ გავიდოდით, რადგან ამისათვის აუცილებელი მოწყობილობების ნაწილი გატანილი ჰქონდათ. რამოდენიმე დღის შემდეგ მოხდა თელასის ცნობილი ეპიზოდი, ოფიციოზმა ეს 60 კაცის „თელასზე“ თავდასხმად მონათლა, ვითომც „ქალაქში დენის გამოთიშვის მიზნით, რათა შემდეგ თავიანთი ავაზაკური ზრახვები შეესრულებინათ“. სინამდვილეში კი წერეთლის გამზირზე ოზურგეთის ბატალიონის მეთაურის დაკავებისა და მისი „თელასის“ შენობაში (სადაც განლაგებული იყო „ომონის“ რაზმი), მიყვანის შემდეგ მის გასანთავისუფლებლად და მოსალაპარაკებლად მისულ ხუთ გვარდიელს (სხვათა შორის ეს სარდალთან შეუთანხმებლად, სპონტანურად მოხდა) გაუხსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა ოზურგეთელი გვარდიელი გოჩა სალუქვაძე, სროლაში დაიღუპა ორი მილიციელი, ერთი გვარდიელი დაიჭრა.

ჩაირთო პროპაგანდისტული მანქანა, ხალხის ნაწილმა დაუჯერა იმათ, ვინც ტელევიზიით და პრესით გამოდიოდა და არაობიექტურად აშუქებდა ამ შემთხვევას (სხვათაშორის „თელასიდან“ აბსოლუტურად შეუძლებელია ქალაქში დენის გამორთვა, მსგავსი პულტი იქ არ არსებობს, ეს მხოლოდ ქვესადგურებზე ხდება). ტელევიზიაში გვარდიის დგომის პერიოდი უნდა შეფასდეს, როგორც სპონტანური მოქმედების შედეგი და შეცდომა. ამის გამო ოპოზიციამ პირწმინდად წააგო ინფორმაციული, პროპაგანდისტული ომი, მას ხომ ტელევიზია და რადიო არ გააჩნდა და არც მრავალტირაჟიანი პრესა. აბსოლუტურად გაეხსნა ხელ-ფეხი გამსახურდიას პროპაგანდას, ცილისწამებებსა და დეზინფორმაციას. სუკის აგენტურის უზარმაზარი ქსელი, რომელიც ჩვენდა სავალალოდ ზოგიერთი ოფიცრის მონაცემებით რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს მოიცავს და რომელიც უმოქმედობდა 89-90 წლებში, რადგანაც მმართველი კომუნისტები უმოქმედობდნენ, ეხლა ეროვნული სამოსით შეიმოსა, ასევე შეიმოსნენ მათი ხელმძღვანელები და უზარმაზარი ჭორების, მითქმა-მოთქმის, ცილისწამების, ლანძღვის, ამავე დროს დასმენის, ჯაშუშობის მექანიზმიც მთელი სიმძლავრით ამუშავდა, მე მინდა ვუთხრა ახალგაზრდობას, რომლის წინაშეც ვართ ძირითადად პასუხისმგებელნი და რომელშიც ყველაზე ნაკლებად ან თითქმის არ ჩაუღწევია სუკ-ს, რომ მათ გაცილებით დიდი ბრძოლა მოელით, ვიდრე 88-ში ან 89 წელს.

ჩვენ წეღან „თელასის ეპიზოდი“ ვახსენეთ, ვთქვით დეზინფორმაციაც და სიმართლეც, ისინი კი გვაბრალებენ ვითომ მექორწილეების ატეხილ სროლას ვეძახდით მას, აი ეს არის კლასიკური ცილისწამება. ჩვენ დაგვაბრალეს, თითქოს მოსახლეობის ნაწილს „სუნიანებს“ ვეძახდით, და სხვებს კი „სუნამოიანებს“... ეხლა გვაბრალებენ მანქანის ნაწილებით ქურდობას, პირადად მე და სხვებს, ცნობილ პოეტებს, კინორეჟისორებს, თითქოს ჩვენ მანქანების მოპარულ საბურავებსა და მინას შეიძლება რომ ვყიდდეთ! სანამდე შეიძლება ადამიანი დაეცეს? ეს უკვე აღარც პოლიტიკაა და არც სუკი, ეს არანორმალური ვითარებაა...

3 ოქტომბერს კი გვარდიამ დატოვა ტელევიზია, ფრიად დაგვიანებით, ვთვლი მე, თუმცა ამაზე შეიძლება სხვა აზრიც იყოს. 4 ოქტომბერს დილით მას ალყა შემოარტყეს, ცეცხლი გაუხსნეს. შეტევა საკმაოდ ტოტალური იყო, სჩანდა ერთიანი განადგურება ჰქონდათ ჩაფიქრებული რამდენიმე ასეული ქართველი ახალგაზრდისა, მაგრამ პროფესიონალიზმი (!) არ ეყოთ. ამას ხალხის მასიური საპროტესტო მსვლელობა მოჰყვა, ხალხი სტიქიურად მიაწყდა უზენაეს საბჭოს. ძირითადად თბილისის მოსახლეობა, რომელსაც რაიონის ინფორმაციას მოკლებული მოსახლეობა დაუპირისპირეს. ტელევიზიამ გადასცა, თითქოს დილით ზღვაზე დაცემული ბანაკის თავს „ცნობისმოყვარე“ ვერტმფრენმა გადაუფრინა და გვარდიელებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. სიმართლე ასეთია, სამოქალაქო ვერტმფრენზე დამონტაჟებული მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევიდან ცეცხლს უშენდნენ ბანაკს, მაგრამ რაიონის ოთხმილიონიანმა მოსახლეობამ ეს არ იცოდა და არც იცის...

ხალხის მსვლელობისთვისაც მზად იყვნენ, მეავტომატეები სახურავებზე ჰყავდათ განლაგებული, ცეცხლი ჯერ იმათ გახსნეს, ვინც უზენაესი საბჭოს შენობამდე იყვნენ განლაგებულნი, ამით უზენაეს საბჭოსთან მყოფ ხალხს შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს „ოპოზიციამ გახსნა ცეცხლი“, შემდეგ თვითონ ატეხეს მასირებული სროლა, ისროდნენ ჰაერში, ესროდნენ კედლებს და ასფალტს, სისხლისღვრას შეუშინდნენ, მხოლოდ ისტერია სჭირდებოდათ, ისტერიული პროპაგანდისათვის აუცილებელი მასალა. ახალგაზრდობა გაიქცა. კვლავ მოვიდა, შემდეგ იძულებული იყო საბოლოოდ მიეტოვებინათ გამზირი... ისინი აცხადებენ, რომ აქვთ იმის დამამტკიცებელი ვიდეო მასალა, თითქოს ოპოზიციას გაეხსნა ცეცხლი, აგერ ორი თვე გავიდა, რატომ არ აჩვენეს? საფიქრებელია, რომ ამონტაჟებენ, ანდა ვერ ამონტაჟებენ მას სუკის ლაბორატორიებში. ჩვენ გვაქვს ნამდვილი ვიდეო მასალა, მაგრამ არა გვაქვს ტელევიზია, თუმცა ჩვენმა ლოკალურმა გადაცემამ, რასაც ვახერხებთ ზღვიდან, უჩვენა სიმართლე გლდანის, თემქის და რიგი სხვა რაიონების მოსახლეობას. ერთზეც გავამახვილებდი ყურადღებას, იქ დაიღუპა გამსახურდიას ახლო მეგობარი, წმინდა ილია მართლის წევრი გია ჩეჩელაშვილი. მთელი 5 ოქტომბერი ამას აცხადებდა ტელევიზია, თავად პრეზიდენტიც გამოვიდა რამდენიმეჯერ ტელევიზიით, მეორე დღეს კი გამოირკვა, რომ დაღუპულის გვარია ტეტელაშვილი, - შეიძლება არ იცოდე ახლო მეგობრის გვარი?! ხოლო 4-ში დილით გამქრალი 19 წლის მალხაზ ჯიბლაძის გვამი გვარდიელებმა მხოლოდ 5 რიცხვში იპოვეს ზღვის მიმდებარე ბორცვის ნაძვნარში, მას რამოდენიმე ტყვია ჰქონდა მკერდში მოხვედრილი, ტანისამოსზე ნამწვი ეტყობოდა ავტომატის ლულისგან, იგი მიბრჯნით დახვრეტილი იყო...

15. ისევ აგვისტოს დავუბრუნდეთ, გაზეთ „დრონისათვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვენ გააკრიტიკეთ გამსახურდიას გადაწყვეტილება პურის ფასის კვლავ შემცირების შესახებ, ბევრს კარგად ესმის, რაშიც იყო საქმე, მაგრამ როგორც სჩანს, მოსახლეობის ფართო ფენებისათვის აუცილებელია უფრო დაწვრილებით ახსნა.

- როგორც გახსოვთ, მაშინ პურის ფასმა 1 მან. 20 კაპ.-მდე აიწია, ასეცაა ყველა რესპუბლიკაში დღეისათვის, ხოლო გამსახურდიამ მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის ფართე ფენებისათვის იმის საჩვენებლად, თუ რაოდენ ზრუნავს მათზე, რაც მას საპრეზიდენტო კამპანიისათვის სჭირდებოდა, ფასი ძველ ზღვრამდე დააბრუნა, ისე რომ ეს საკითხი არც ერთ ეკონომისტს არ შეუთანხმა, ამას სამი შედეგი მოჰყვა:

1) დაიწყო მეზობელი რესპუბლიკების მიერ ჩვენი რესპუბლიკიდან პურის გატანა. ბევრს შეიძლება ეს წვრილმანად მოეჩვენოს, დაწვრილებით მაგალითს მოვუყვან, თუ ჩვენს ტერიტორიაზე ახლო რაიონებიდან ყოველდღიურად შემოდის და გადის ვთქვათ, ათასი მანქანა, თითოეულს კი სამი-ოთხი პური გააქვს, რაც არც ჩამორთმევას ექვემდებარება, არც ბაჟის გადახდას, ეს უკვე სამი-ოთხი ტონაა ყოველდღიურად, რომელიც გვაკლდება, მაგრამ ამ შემოსვლების რიცხვი ათჯერ და მეტჯერ სჭარბობს, 3-4-ის მაგივრად გააქვთ 10 და 20 პური და მეტი, ბევრგან ამას ორგანიზებული ხასიათი აქვს, საკმარისია შეუთანხმდე მეზობელი რაიონის მეპურეს, გადაუხადო ცოტა მეტი და მორჩა. ამ ქაოსური შემოსევის წინააღმდეგ მექანიზმი არ არის, ყველა გზაზე პურის ჩხრეკა-ძებნისათვის დასპეციალიზირებულ მილიციის თანამშრომლებს ხომ ვერ დაგიყენებთ?

2) გლეხს ფურაჟი არ გააჩნია, პური კვლავ ხელმისაწვდომად იაფია, მისით საქონლისა და ფრინველის გაზრდისას ხორცის ნამატი მას მაინც მოგებაში სტოვებს, ამიტომ ხალხიც პურს კვლავინდებურად საქონელს მისცემს.

3) დაიწყო უფაქტურო ოპერაციები: - მეპურე პურის ნაწილს არ აცხობს, (მაგრამ ყიდის ფქვილს უფრო ძვირად, ფაქტურას ავსებს, წერს, რომ პური გამოაცხო და გაყიდა, თანხას ფარავს და ფქვილის გაყიდვიდან დარჩენილ მოგებას ჯიბეში იდებს...

უწინ თბილისში დღეში 320 ტონა გვყოფნიდა, ახლა 500 ტონაც აღარ გვყოფნის. მთავრობას მოუწია დოტაციის გაზრდა 360 მლნ. მანეთით. ეს საგრძნობი დარტყმაა ჩვენი ბიუჯეტისათვის. მე შევთავაზე ეს თანხა განაწილებულიყო ხალხზე. კომპენსაციის სახით დამატებოდა იმ 60 მანეთს, მოქალაქე ამით არ დაზარალდებოდა, სამაგიეროდ პირველი, მეორე და მესამე პრობლემაც მოიხსნებოდა, და დღეს რომ არის პურის რიგები, მთელ რიგ რაიონებში სულზე დღეში 400 გრამ პურს იძლევიან, აბსოლუტურად გამსახურდიას პიროვნების დამსახურებაა. საარჩევნო კამპანიამ მისთვის წარმატებით ჩაიარა, იმისაც მიხვდა, რა გააკეთა პურის ფასის ხელოვნური შენარჩუნებით, მაგრამ ეხლა, როდესაც ათასობით ადამიანი დაეჭვდა მის კომპეტენტურობაში და უნდობლობას უცხადებს, იგი მიჯაჭვულია თავისსავე ნაბიჯს, ეშინია ასეულობით და ათეულობით იმ საქმოსნის გაღიზიანებისა, რომლებიც დღეს ფულს იჯიბავენ, ეშინია უკმაყოფილებისა იმ გლეხების მხრიდან, რომლებიც დღეს ახერხებენ, რომ პირუტყვს პური აჭამონ, დღეს პურზე ფასის აწევა მისთვის წამგებიანია, და აი ასე საქართველოს ეკონომიკა ეწირება გამსახურდიას პოლიტიკურ დივიდენდებს.

16. ბატონო თენგიზ, იმავე გაზეთში თქვენ ეკონომიკური და პოლიტიკური ავანტიურა უწოდეთ აპრილის თვის აქციას.

- დიახ, მისი შეფასება მხოლოდ ასე შეიძლება, - გავიხსენოთ, ძირითადი მოთხოვნა იყო სამაჩაბლოდან ჯარების გაყვანა, ეხლა გადავხედოთ იმას, თუ რა მოხდა - გაიყვანეს ჯარები? პირიქით დაამატეს, სამაგიეროდ თვითბლოკადა გამოგვივიდა, რესპუბლიკიდან არაფერი გადიოდა და არაფერი შემოდიოდა, ზარალმა 400 მლნ. მანეთი შეადგინა. ეხლა რას შვრება გამსახურდია, ვითომ კვლავაც ჯარების გაყვანა უნდა სამაჩაბლოდან, რაღაზე აგრძელებდა კომენდანტის საათს სამაჩაბლოში, ვისთვის? მილიცია ხომ იქიდან გამოყვანილია, გამოდის, რომ ამით იგი მხოლოდ უკანონებდა სამაჩაბლოში ყოფნას რუსის შინაგან ჯარებს. თუკი მსგავსი აქცია უშველის ამ ჯარის გამოყვანას, ეხლა რატომ არ აკეთებს, გააკეთოს სამთვიანი, ექვსთვიანი აქცია, საერთოდ აყაროს სამტრედიაში ლიანდაგები, დახუროს საზღვაო პორტები. უშველის ეს სამაჩაბლოს პრობლემებს? თავადაც კარგად იცის, რომ არა. რა იყო აქციის მიზანი? მოსახლეობისათვის იმის დანახვება, რომ ამას „მრგვალი მაგიდის“ ლიდერი გამსახურდია აკეთებს და არა რომელიმე სხვა პარტია, რომ იგია ნამდვილი ლიდერი, მებრძოლი და შეუპოვარი. ხმაური, დაძაბულობა, ისტერია, პოლიტიკური დივიდენდები, მეტი არაფერი, გარდა უზარმაზარი ზარალისა. რას შვრება გამსახურდია ზამთარში? იგი პირიქით სთხოვს იმპერიის მაშინდელ მინისტრს შინაგანი ჯარების დამატებით შეყვანას სამაჩაბლოში, ჩვენ გვაქვს ამის დამამტკიცებელი ფონოჩანაწერი, ამისი და სხვა მსგავსი ფაქტების ეშინია გამსახურდიას, იმიტომ არ აძლევს რადიოსა და ტელევიზიას ოპოზიციას...

17. ბატონო თენგიზ, როგორ ახსნიდით თქვენ გამსახურდიას ამ მოქმედების არსს, მის გეგმებსა და ნამდვილ მიზნებს?

- ეს ფრიად სადავო საკითხია, ზოგიერთები თვლიან, რომ ეს არის ცენტრის სცენარი, ეროვნული მოძრაობები რესპუბლიკებში გარდაუვალი იყო. იმპერიას, განსაკუთრებით გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, არ აწყობს საქართველოს დაკარგვა, იმპერია, მეტნაკლებად ყოველთვის იმპერია იქნება. ბევრნი თვლიან, რომ გამსახურდიაზე სუკს და პარტიულ მაფიას 87 წლისათვის დაუგროვდათ მაკომპრომენტირებელი მასალა, რითაც იგი გამოჭერილი ჰყავთ. ამ მასალების გამოქვეყნება მორალურად გაანადგურებდა პრეზიდენტ გამსახურდიას. მოხდა შეთანხმება, ჩამოაშორეს მერაბ კოსტავა, თითქმის უბრძოლველად ჩააბარეს ხელისუფლება. ხოლო ახლა გამსახურდიამ პირობისამებრ დააბრუნა ტოლფას თანამდებობებზე პარტმაფიისა და სუკის წევრები, ხოლო რეფორმასაც იმიტომ არ ატარებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს შიმშილისგან გაწამებული ხალხისგან მიიღოს დასტური პოლიტიკური სარჩულის მქონე რამენაირ ეკონომიკურ ხელშეკრულებაზე ხელმოწერისა...

პირადად ჩემი აზრი სხვაგვარია - გამსახურდია არ არის ის ადამიანი, ვინც მხოლოდ 5 წლით მოვიდა ხელისუფლების სათავეში. აგერ წელი გავიდა, დარჩა მხოლოდ ოთხი, შემდეგ შეიძლება დამარცხდეს, აღარ აირჩიონ, იგი 53 წლისაა და ხელისუფლებას სულ მცირე ათი-თხუთმეტი წლით „იგეგმავს“, ეს მისთვის თვითმიზანია, მისი პიროვნებისათვის აუცილებელი, მას სხვაგვარად არ წარმოუდგენია თავისი ცხოვრება, ეს მისი ერთადერთი ამპლუაა, თანაც დღეისათვის რეალური შანსები აქვს. ამისათვის მემკვიდრეობად მიღებული ავტორიტარული სტრუქტურა ბრწყინვალეა - ყველგან მისი ხალხი, რომლებიც თავიანთი კეთილდღეობით მიჯაჭვულნი არიან მის მიერ ნაჩუქარ თანამდებობებს, ხოლო ამ უკანასკნელით უკავშირდება მათ მიერ დანიშნული ხალხი, და მას შეუძლია ბრწყინვალედ შეამზადოს მომავალ არჩევნებში გამარჯვებაც, მით უმეტეს, რომ რადიო, ტელევიზია და მრავალტირაჟიანი პრესა მის ხელშია, რაიონებმა არ იციან, თუ რა ხდებოდა და რა ხდება ქალაქში. ეს მაშინ, როდესაც თავისუფალი მეწარმენი მასზე და მის ხალხზე ოდნავაც არ იქნებიან მიჯაჭვულნი, ისინი ხმას მხოლოდ უკეთეს რეფორმატორს აძლევენ, როგორც ეს ევროპაშია, მაგრამ ყოველთვის შეიძლება სხვამ უკეთესი რეფორმები შესთავაზოს ხალხს, და თანაც საკუთარი პიროვნების პროპაგანდის იარაღსაც კარგავ...

18. ბატონო თენგიზ, გამსახურდიამ თქვენ გაგაკრიტიკათ ტულაში გაგზავნილი წერილის გამო.

- მოგახსენებთ, ჩემთან მოვიდა მაშინდელი ვაჭრობის მინისტრი, ინჟინერი გველესიანი, რომელმაც მითხრა, რომ საქმე ჩაწყობილია, ტულის ქარხნიდან ვყიდულობთ 10 000 ცალ კარაბინს, მე დავუკავშირდი პრეზიდენტს, მან მითხრა, რომ ეს სიმართლეა და მთხოვა მთავრობისგან ოფიციალური წერილის მომზადება, მაშინ გამსახურდია ჯერ კიდევ არ იყო არჩეული პრეზიდენტად და რესპუბლიკის სახელით ოფიციალური წერილი მე უნდა გამეგზავნა. თანხის ნახევარი ქარხნისათვის ფულით უნდა გადაგვეხადა, ნახევარი პროდუქტით. გველესიანის პროექტი ჩაიფუშა, გამსახურდიას კი, როგორც ყოველთვის, შეუძლია ეს გადააბრალოს სხვას... სხვათა შორის, მინისტრ გველესიანის ფიგურა სხვა მხრითაც არის საინტერესო, ეს კაცი ოდესღაც წმ. ილია მართალში შეიარაღების საკითხებს განაგებდა, შემდეგ მოგეხსენებათ საქმე საციხოდ გაუხდა. საქმე შემდეგში იყო: სამინისტრომ და ცეკავშირმა ლენინგრადის ერთ-ერთი ფირმის საშუალებით ევროპაში დადეს ხელშეკრულება. პირველმა 110 მლნ. მანეთის, მეორემ 220 მლნ. მანეთის ოდენობით. ცეკავშირმა საშუამავლო ბანკისაგან აიღო გარანტია, რომ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში თანხა დაუბრუნდებოდა, ეს არის ჩვეულებრივი იურიდიული ნორმა ვაჭრობაში, ინჟინერ გველესიანს კი ამაზე წარმოდგენა არა ჰქონდა, შემდეგ ხელშეკრულება დაირღვა, ცეკავშირმა თავისი მიიღო, გველესიანის სამინისტრომ ვერაფერი, ხოლო მე მთელი ხმაურის ატეხვა დამჭირდა, შევქმენი კომისია ფინანსთა სამინისტროს და პროკურატურის მონაწილეობით, - ვუჩივლეთ იმ ფირმას, გავუყინეთ ავუარები, ჩემი თანამდებობიდან გადადგომის წინ 80 მლნ. მანეთამდე დაბრუნებული იყო.

და კიდევ, რაც წინა კითხვას შეეხება, მეც დავსვამ კითხვას, რა უფრო შესაძლებელია, 10 000 კარაბინის შეძენა იმ სახელმწიფოსგან, რომლის საწყობებში თავზე საყრელი იარაღი იჟანგება თუ პრეზიდენტის ამასწინანდელი აბსურდული ბრძანება, რომელიც ამბობს, რომ თურმე რესპუბლიკაში განლაგებული 200 000-იანი საბჭოთა არმიის კუთვნილი ტანკები, რაკეტები, თვითმფრინავები, ყოველგვარი სხვა ტექნიკა, იარაღი და აღჭურვილობა დღეიდან ჩვენი რესპუბლიკის საკუთრებაა?! ესეც ტყუილია, ესეც ხალხისათვის მოსაჩვენებლად კეთდება. აი, თურმე რა ბრძნულ ნაბიჯებს დგამს ჩვენი პრეზიდენტი. გამსახურდიასეული „რეფორმა“ ერთი წინადადებით განისაზღვრება, რომელიც ამ ორი კვირის უკან გადასცა ტელევიზიამ, რადიომ და პრესაშიც დაიწერა, კერძოდ - სახელმწიფო კონტროლის კომიტეტს დაერქვას კონტროლის სახელმწიფო კომიტეტი“ - აი, სულ ესაა და ხალხმაც უნდა დაინახოს ეს!

19. ბატონო თენგიზ, ორიოდე სიტყვა ოპოზიციის შესახებ. იგი სულაც არ არის ერთაზროვანი და ერთი მიმართულების მქონე, მაგრამ დღეს შეიძლება ითქვას, რომ ერთი აზრისაა გამსახურდიას პოლიტიკის შესახებ.

- რაღა თქმა უნდა, ოპოზიცია არაერთგვაროვანია, ჩვენ გვაქვს დაახლოებით სამი ძირითადი დაჯგუფება, რომელიც მიუხედავად დანარჩენი ორის მოქმედებისა, მათგან დამოუკიდებლად შეებრძოლება ყველა იმ უსამართლობას, უკანონობას და ტყუილს, რასაც ჩადის გამსახურდია, ეს ცალკე ვრცელი საუბრის თემაა, მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ოპოზიციაში არის რამოდენიმე პიროვნება, რომელთა სრულიად თავშეუკავებელი განცხადებები და უპასუხისმგებლო მოქმედებები ვნების მეტს არაფერს აყენებენ ოპოზიციას მთლიანობაში. კრიტიკას ვერ უძლებს ბატონ ირაკლი წერეთლის მოქმედებები და განსაკუთრებით განცხადებები სექტემბერ-ოქტომბრის ცნობილ პერიოდში...

20. ხომ ვერ გვეტყოდით, რა ინფორმაცია გაქვთ, როგორ მიმდინარეობს მოსკოვში გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორთა საქმიანობის გამოძიება?

- როგორც განაცხადა რსფსრ გენერალურმა პროკურორმა, ბატონმა სტეპანკოვმა, პირველი 14 დამნაშავის საქმეთა გამოძიება 10-15 დეკემბრისათვის დამთავრდება. რაც შეეხება საქართველოს, არის დამატებითი მასალები იმის შესახებ, რომ გამსახურდიას ჰქონდა ურთიერთობა პუტჩისტებთან მურმან ომანიძის მეშვეობით, ალბათ გახსოვთ ომანიძის ვრცელი საპროტესტო წერილი, - 18 რიცხვში სულ მინისტრთა საბჭოში ვიმყოფებოდიო. გამოჩნდა ახალი დამამტკიცებელი მასალები მისი კრემლში ყოფნისა: ავსტრიელმა ბიზნესმენმა ბატონმა ლეოპოლდ ბაუსბეკმა განაცხადა, რომ ომანიძემ 18 რიცხვში კრემლში შესასვლელად გამოიყენა მისი ფირმის „მარკო პოლოს“ კუთვნილი მანქანა „ბმვ“, არის კიდევ რამოდენიმე მოწმეც - ეს აღიარა ომანიძემაც 15 ნოემბერს „მზიურში“ გამართულ პრესკონფერენციის დროს: - „დავუშვათ და ვიყავი 18 აგვისტოს მოსკოვში იანაევთან, მაგრამ პუტჩის თაობაზე ხომ არაფერი ვიცოდიო“, რაზედაც ჟურნალისტებმა უპასუხეს: „თქვენ თუ არა, იანაევმა ხომ იცოდა?!“

21. რაიმეს დამატებას ხომ არ ისურვებდით?

- სათქმელი ძალზედ ბევრი მაქვს, შევეცდები, როგორმე მოკლედ გამოვთქვა: პრივატიზაცია, საერთაშორისო ბაზარში შესვლა, შინაგანი პრობლემების გადაჭრა, ეკონომიკის და მრეწველობის დონის მკვეთრი ამაღლება, ეთნიური დაძაბულობის წერტილების გაქრობა, ყოველივე ეს ის საკითხებია, რომლებიც მოითხოვენ ერის მთელი ინტელექტუალური და შრომითი პოტენციალის სრულ დაძაბვას, მის ამოქმედებას. ცხადია, ეს შეუძლებელია მოხდეს ტოტალიტარიზმის ან ავტორიტარიზმის პირობებში, ეს შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ მაქსიმალური შემოქმედებითი თავისუფლების უზრუნველყოფის პირობებში. ვთვლი, რომ ასევე წარმოუდგენელია, ასეთი მრავალპოლუსიანი კომპლექსური ამოცანა გადაიჭრას ერთმმართველობის პირობებში. მეორეს მხრივ, თუ არ ამოქმედდა მთელი ინტელექტუალურ-შრომითი პოტენციალი, ეს ამოცანები არ გადაიჭრება, არ გადაიჭრება იმიტომ, რომ თანამედროვე მსოფლიო, მიუხედავად პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების შემცირებისა, არის საოცრად დაძაბული ეკონომიკური კონკურენციის სამყარო, სადაც ჩვენზე გაცილებით დიდი გამოცდილების ქვეყნებს უჭირთ თავისი ადგილის დამკვიდრება. ჩვენს სამშობლოს, რომელსაც დღეს არ გააჩნია საერთაშორისო დონის სამრეწველო პოტენციალი და არც გამოცდილება საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვისა, ცხადია, სჭირდება მობილიზება და დაძაბვა მთელი ინტელექტუალური პოტენციალისა და მიუხედავად ამისა, თითქმის ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საგარეო დახმარების გარეშე ჩვენ ვერას გავხდებით, იმდენად დიდია ჩვენი ჩამორჩენა დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით. ხოლო თუ საგარეო დახმარებაზე ვილაპარაკებთ, მაშინ ევროპამ და მთელმა დასავლეთმა უნდა დაინახოს, რომ ჩვენ ვართ მათი ოჯახის პოტენციური წევრი, ესე იგი ჩვენ ვართ ის სახელმწიფო, რომელიც ახორციელებს თანამედროვე პროგრესულ, დემოკრატიულს პოლიტიკას, პოლიტიკას, მიმართულს გლობალური მშვიდობის განსამტკიცებლად, ერთიანი ევროპული სახლის იდეის განხორციელებისაკენ. ყოველივე ზემოთ თქმული საფუძველშივე გამორიცხავს ტოტალიტარული ან ავტორიტარული მმართველობის სისტემის არსებობას საქართველოში. რასაკვირველია, ხელისუფალთათვის გარკვეულ ხიბლს მოკლებული არ არის მმართველობის მოდელები, რომელთა მიხედვითაც მართავდნენ თავიანთ სახელმწიფოებს სტალინი, ჰიტლერი, თუ ფიდელ კასტრო. ასეთი მართვის სისტემები ბადებენ ილუზიას ყველა პროცესის ეფექტურად მართვისა ერთი ცენტრიდან. მაგრამ სწორედ ეს ქვეყნები გამოდგება მაგალითად იმის დასამტკიცებლად, რომ ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ერის ინტელექტუალურ პოტენციალს (სოციალურ-ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოს პირობებში, ხანმოკლე აღმავლობის შემდეგ) ერთგვარი დამბლა მოსდის. ჩვენ ეს დაღუპვამდე მიგვიყვანს.

მეორეს მხრივ ასეთი ფართო ფრონტიანი ინტელექტუალური და შრომითი აქტიურობის დროს, როდესაც უამრავი შემოქმედებითი ერთეული იქნება ჩართული სამშობლოს საკეთილდღეო საქმიანობაში, თითქმის წარმოუდგენელია რომელიმე პიროვნების გაკერპება, რადგან მართლაც არ შეიძლება არსებობდეს კაცი ვინც ფილოსოფოსს ასწავლის ფილოსოფიას, მეტალურგს ფოლადის დნობას, მეწაღეს ფეხსაცმლის კერვას და კომპოზიტორს კანტატის წერას. ევროპული და მთელი საკაცობრიო კულტურის და ცივილიზაციის განვითარების ისტორიამ ცხადყო ისიც, რომ არ არსებობს ერთიანი იდეოლოგიური ბაზისი მეცნიერების, ხელოვნების, კულტურის და ადამიანის მოღვაწეობის სხვა სფეროების განვითარებისათვის. თავისუფალი შემოქმედებითი აზრი ვერავითარ იდეოლოგიურ-დოგმატურ ჩარჩოებში ვერ ეტევა, ასე რომ გარდამავალი ეპოქის ხელისუფალთათვის უდიდესი გამოცდის ჟამი დგება.

ლოზუნგი „ჯერ დამოუკიდებლობა და მერე დემოკრატია“ ისევე უმართებულოა და დასაგმობი, როგორც ლოზუნგი „ჯერ დემოკრატია და შემდეგ დამოუკიდებლობა“, და თუ პირველს ხშირად ქადაგებენ „მრგვალი მაგიდის“ მომხრეები, მეორე, მადლობა ღმერთს, არავის გამოუთქვამს, თუმცა ამას წინასწარგანზრახულად ოპოზიციას აბრალებენ ხოლმე. დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს შენება ერთდროულად უნდა მოხდეს, სრულფასოვანი დამოუკიდებლობა აუცილებელ კავშირშია სრულფასოვან დემოკრატიასთან. პროცესი, რომელიც წელს დაიწყო საქართველოში, რომელიც ძირითადად ახალ თაობაზე დაიბადა და ზვავდება, სწორედ იმის მეტყველია, რომ ერმა დაიწყო ერთიანი ბრძოლა დამოუკიდებლობისა დ დემოკრატიისათვის, ეს მას უთუოდ მთელი მოწინავე სამყაროს მძლავრ მხარდაჭერას მოუპოვებს და თუ კი ჩვენ მოვახერხებთ ამდენი წლების მონობის შემდეგ სავსებით მოსალოდნელი ნაციონალური რადიკალიზმის გადალახვას ჩვენს ცნობიერებაში, თანაც ასე მოკლე ხანში, ეს დრო, ეს პერიოდი, ეს ბრძოლა ჩვენი მომავალი თაობების მიერ შერაცხული იქნება ჩვენი ერის ერთ-ერთ უდიდეს წარმატებად მთელს მის ისტორიაში, რადგან სწორედ იგი მოგვიპოვებს ჩვენ ევროპის ერთმორწმუნე განვითარებული ერების გვერდით მათ თანაბრად დგომის უფლებას.

21 კითხვა თ. სიგუას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 9 იანვარი. - №2 (275). - 2-3 გვ.

32 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის საბიუჯეტო დაწესებულებების მუშაკთა შრომის ანაზღაურების სრულყოფისა და უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების სტუდენტთა და მოსწავლეთა სტიპენდიების გადიდების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

საცალო ფასების რეფორმასთან დაკავშირებით რესპუბლიკის საბიუჯეტო დაწესებულებების მუშაკთა და უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების სტუდენტთა და მოსწავლეთა სოციალური დაცვისათვის:

1. გაუდიდდეთ კულტურის, განათლების, ჯანმრთელობისა და სხვა საბიუჯეტო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებსა და უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების ასპირანტებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს თანამდებობრივი განაკვეთები და სტიპენდიები 100 პროცენტით 1992 წლის 15 იანვრიდან.

2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს თანამდებობრივი განაკვეთებისა და სტიპენდიების გაზრდასთან დაკავშირებით შესაბამისი სამინისტროებიდან მიღებული გაანგარიშებების შემდეგ წარმოუდგინოს წინადადება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს შესანახი ხარჯების, მათ შორის შრომის ანაზღაურების ფონდის გასადიდებლად.

3. მიღებულ იქნეს მხედველობაში, რომ „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად სამეურნეო ანგარიშიანი საწარმოები და ორგანიზაციები შრომის ანაზღაურების ფორმებს, სისტემებს და ოდენობას, აგრეთვე შემოსავლების სხვა სახეებს განსაზღვრავენ დამოუკიდებლად. ამასთან შრომის ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა არ იზღუდება.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბერიძე
თბილისი, 1992 წლის 13 იანვარი.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის საბიუჯეტო დაწესებულებების მუშაკთა შრომის ანაზღაურების სრულყოფისა და უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების სტუდენტთა და მოსწავლეთა სტიპენდიების გადიდების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 14 იანვარი. - № 5 (278). - 1 გვ.

33 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება ფასების ლიბერალიზაციის პირობებში საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესების დამატებითი ღონისძიებების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკაში საპენსიო რეფორმის ეტაპობრივი განხორციელების და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში საქართველოს რესპუბლიკის საპენსიო უზრუნველყოფისა და საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტის შესახებ კანონების მიღებამდე მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. პენსიების დანიშვნა, გადაანგარიშება და გაცემა მოხდეს იმავე ნორმებითა და წესებით, რაც მოქმედებდა 1992 წლის 1 იანვრამდე.

2. 1992 წლის 15 იანვრიდან ყველა სახის პენსია და დახმარება გადიდდეს ასი პროცენტით.

3. ხელფასების, სტიპენდიების, პენსიების და დახმარებების ასი პროცენტით გადიდებასთან დაკავშირებით გაუქმდეს დღემდე მოქმედი ყველა სახის კომპენსაცია.

4. 1992 წლის 15 იანვრიდან დროებით განესაზღვროთ სახელმწიფო სოციალური დაზღვევის შენატანების ტარიფები:

საწარმოებს, დაწესებულებებს და სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, კოოპერატივებს, კოლმეურნეობებს, ყველა იურიდიული პირის უფლების მქონე სახელმწიფო სოციალური დაზღვევის შენატანების გადამხდელებს (დამზღვევებს). მეურნეობრიობისა და საკუთრების ფორმის მიუხედავად, დამქირავებლებს, (სამუშაოდ მოწვეულ ცალკე პირებზე), მოქალაქეებს, რომლებიც ინდივიდუალურ შრომით საქმიანობას ეწევიან, მათ შორის ინდივიდუალური (ჯგუფური) იჯარით ან კერძო გლეხურ მეურნეობაში მომუშავეებს - 37 პროცენტის ოდენობით:

ინდივიდთა და პენსიონერთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მათს საწარმოებს, დაწესებულებებს, გაერთიანებებსა და სასწავლებლებს - 10 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბერიძე
თბილისი, 1992 წლის 13 იანვარი.

დადგენილება : ფასების ლიბერალიზაციის პირობებში საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესების დამატებითი ღონისძიებების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 14 იანვარი. - № 5 (278). - 1 გვ.

34 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მიერ მასობრივი ინფორმაციის საშულებათა მონოპოლიზაციის აღკვეთისა და პრესის თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების კუთვნილი პრესის საშულებები გამოცხადდეს პრესის დამოუკიდებელ ორგანოებად.

2. „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 10 აგვისტოს კანონის შესაბამისად მოხდეს ამ დადგენილების 1-ლ პუნქტში აღნიშნული პრესის საშუალებების დაფუძნება და სათანადო ორგანოებში რეგისტრაცია.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბერიძე
თბილისი, 1992 წლის 14 იანვარი.

დადგენილება : სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 15 იანვარი. - № 6 (279). - 1 გვ.

35 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მოქმედების თაობაზე

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აღნიშნავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 10 აგვისტოს კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, რომელიც არეგულირებდა პოლიტიკური პარტიების შექმნისა და ფუნქციონირების საკითხებს და ქმნიდა პოლიტიკური პარტიების ორგანიზაციულ-სამართლებრივ გარანტიებს, უსაფუძვლოდ იქნა შეჩერებული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 1 ნოემბრის დადგენილებით.

იმისათვის, რომ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებებს შეექმნათ სათანადო პირობები თავიანთი პროგრამითა და წესდებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორცილებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში მონაწილებისათვის, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 1 ნოემბრის დადგენილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მოქმედების დროებით შეჩერების თაობაზე.

2. საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო შეუდგეს პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციას „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბერიძე
თბილისი, 1992 წლის 14 იანვარი.

დადგენილება : „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მოქმედების თაობაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 15 იანვარი. - № 6 (279). - 1 გვ.

36 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის შექმნის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


„საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესასრულებლად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის მთავარი სამმართველოს ბაზაზე საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტი.

2. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინოს წინადადება მიწის რესურსებისა და დაფინანსების შესახებ.

3. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო კანცელარიამ ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად გადაწყვიტოს მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის განთავსების საკითხი.

4. საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტმა მინისტრთა კაბინეტს უმოკლეს ვადაში წარმოუდგინოს დებულება ამ კომიტეტის შესახებ.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბერიძე

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 21 იანვარი. - № 9 (282). - 4 გვ.

37 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების ნორმის გაზრდისა და მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემით სოფლის მეურნეობაში საბაზრო ურთიერთობათა დამკვიდრების, სასურსათო პროდუქტების წარმოების მომატების, ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში არსებული მიწა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული სიმდიდრე და მისი კუთვნილებაა.

2. მიწა კერძო საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცემათ მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს. უცხოელ მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს მიწა გადაეცემათ დროებით სარგებლობაში.

3. მიწების ადრინდელ მესაკუთრეებს ან მათ მემკვიდრეებს მიწა საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში მიეცემათ საერთო საფუძველზე. ამასთან შესაძლებლობის შემთხვევაში მათ პირველ რიგში გამოეყოფათ ყოფილი მიწებიდან ნაკვეთი ნორმის ფარგლებში.

4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები თავისი დანიშნულებისა და შემდგომში მათზე საკუთრების სხვადახვა ფორმების გავრცელების გათვალისწინებით იყოფა სახელმწიფო მიწების ფონდად და მიწის რეფორმის ფონდად. სახელმწიფო მიწების ფონდს მიეკუთვნება:

- ექსპერიმენტულ მეურნეობებზე, საცდელ და საყრდენ სადგურებზე, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებზე, მეთესლეობის, სანერგე, სანაშენე-საჯიშე მეურნეობებზე, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის მსხვილ კომპლექსებსა და ფაბრიკებზე უვადო სარგებლობით მიმაგრებული და სასათბურე კომბინატებით დაკავებული მიწები;

- რეკრეაციული დანიშნულების მიწები;

- სტრატეგიული კულტურებით დაკავებული მსხვილი სამექანიზაციო ფართობები, აგრეთვე ნაკვეთები, რომლებზეც ფუნქციონირებენ მაღალსპეციალიზებული მეურნეობები;

- სტიქიური და სხვა ობიექტური მიზეზებით განპირობებული მოსახლეობის განსახლებისათვის სარეზერვო მიწები;

- პერსპექტივაში საბაღედ, სააგარაკოდ გამოსაყოფი მიწები;

- მსხვილი ქალაქების, სამრეწველო ცენტრების საგარეუბნო ზონებში განლაგებული მიწები (აგლომერაციის მიწები);

- მიწები, რომლებზეც ფუნქციონირებენ სახელმწიფო სახსრებით აშენებული მელიორაციული სისტემები და ნაგებობები;

- სახელმწიფო საზღვრის ზოლში განლაგებული, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული დანიშნულების მიწები;

- მიწის რეფორმის ფონდზე შესაძლებელია მოეწყოს ყველა ფორმის მეურნეობები მათთვის მიწების საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადაცემით, აღნიშნული მიწები გადაეცემა სოფლის მფლობელობაში.

5. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადის მათს კერძო საკუთრებაში.

ადგილობრივი ბუნებრივ-საწარმოო პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მიზანშეწონილად ჩაითვალოს საკარმიდამო ფართობის მომატება ბარში და ზეგანზე 0,75 ჰექტარამდე, ხოლო მთაში - 3 ჰექტარამდე.

ახალ ნორმამდე შესავსები ფართობი კომლს გადაეცემა უსასყიდლოდ კერძო საკუთრებაში მრავალწლიანი ნარგავების ღირებულების გადახდით.

6. ნასოფლარების აღდგენისას მიწების კერძო საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გამოყოფის უპირატესობით სარგებლობენ ამ სოფლის მკვიდრნი ან მათი მემკვიდრეები, აგრეთვე ის მოქალაქეები, რომლებიც გამოთქვამენ დასახლებისა და მიწაზე მუშაობის სურვილს.

7. სოფლის ყოფილ მკვიდრთ მიწები გამოეყოფათ კერძო საკუთრებაში, თუ მათ მემკვიდრეობით მიღებული აქვთ საცხოვრებელი სახლი ან სახლის ნაწილი. იგივე წესი ვრცელდება მოქალაქეებზე, რომელთაც კანონით დადგენილი სხვა წესით მიიღეს საცხოვრებელი სახლი.

8. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად მიწები გადაეცემათ:

- სოფლად მუდმივად მცხოვრებ და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მოქალაქეებს;

- სოფლად მუდმივად მცხოვრებ მეურნეობის სპეციალისტებს;

- სოფლად მუდმივად მცხოვრებ მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც დასაქმებული არ არიან სოფლის მეურნეობაში.

ქალაქად მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად და საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად მიწები გადაეცემათ დადგენილი ნორმის მიხედვით მას შემდეგ, როდესაც მოხდება სოფლად მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებზე მიწების გაცემა.

9. მიწაზე, საკუთრების ფორმის მიუხედავად, შეიძლება მოეწყოს ყველა ტიპის მეურნეობა: გლეხური (საკომლო) მეურნეობები, სასოფლო-სამეურნეო საწარმოო კოოპერატივები, სახელმწიფო მეურნეობები, აგროფირმები, მცირე საწარმოები, აქციონერული საზოგადოებები, ასოციაციები და სხვა.

10. მიწის რესურსების სრულყოფილად გამოყენებისა და მიწის რეფორმის განხორციელებისათვის შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტი.

11. მიწების გაცემას ახდენს სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო, შემდგომ ამტკიცებს რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სათანადო სახელმწიფო აქტით, რაც დასტურდება სანოტარო წესით და რეგისტრირდება მიწების აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში.

12. მიწაზე მესაკუთრის შეცვლის, აგრეთვე მიწასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს აწესრიგებს მიწის კანონთა კოდექსი და სპეციალური კანონმდებლობა.

13. საქართველოს რესპუბლიკაში მიწით სარგებლობა ფასიანია. სოფლის მეურნეობაში დღემდე არსებული ყველა გადასახადის ნაცვლად წესდება მიწაზე ყოველწლიურად გადასახადი, რომელსაც იხდის ყველა ტიპის მეურნეობა.

14. საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტმა, საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს აგრარულმა კავშირმა ერთი თვის ვადაში მოამზადონ საკანონმდებლო აქტები:

- საქართველოს რესპუბლიკის მიწის რეფორმის შესახებ;

- საქართველოს რესპუბლიკაში გლეხური (საკომლო) მეურნეობის შესახებ;

- საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო საწარმოო კოოპერატივის შესახებ;

- სახელმწიფოში სასოფლო-სამეურნეო საწარმოს შესახებ;

- სოფლის მეურნეობაში მიწისა და წარმოების სხვა საშუალებების იჯარით გაცემის შესახებ;

- ადმინისტრაციული რაიონების მიხედვით მიწების სახელმწიფო და აგრარული რეფორმის ფონდებში განაწილების შესახებ;

- ადმინისტრაციული რაიონების მიხედვით საკარმიდამო, საბაღე, სააგარაკო მიწის ფართობის ზღვრული ნორმების დადგენის შესახებ;

- ერთ კომლზე გასაცემი მიწის ზღვრული ნორმების შესახებ;

- საადგილმამულო ბანკის შექმნისა და ფუნქციონირების შესახებ;

- მიწის ფასისა და მიწაზე გადასახადის შესახებ;

15. ამ დადგენილების განხორციელებასთან დაკავშირებით წამოჭრილ დავას საბოლოოდ გადაწყვეტს სასამართლო.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბერიძე

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 21 იანვარი. - № 9 (282). - 4 გვ.

38 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება დროებითი პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, გაუწონასწორებელი მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატი, ხალხის ყოველდღიური საარსებო ინტერესები მოითხოვს სახელმწიფო მართვის მაღალ პროფესიულ და ინტელექტუალურ დონეზე აყვანას, მმართველობის დემოკრატიულ საწყისებზე გადასვლას, კვალიფიციურ ოპერატიულ გადაწყვეტილებათა მიღებას.

დღევანდელ პირობებში სახელმწიფოს მართვა შესაძლებელია მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური მრწამსის მქონე, სოციალურად აქტიური, კომპეტენტური ადამიანების მოსაზრებათა გაზიარებით.

ამ პრინციპების განხორციელების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან დროებითი პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭო და დროებითი მთავრობის მიერ მისაღები გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ საკითხებზე განხილულ იქნეს პოლიტიკურ საკონსულტაციო საბჭოსთან ერთად.

2. დროებითი პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში მოწვეულ იქნენ ბატონები ვაჟა ადამია, ლევან ალექსიძე, მერაბ ალექსიძე, აკაკი ასათიანი, ირაკლი ბათიაშვილი, აკაკი ბაქრაძე, დავით ბერძენიშვილი, კონსტანტინე გაბაშვილი, თამაზ გამყრელიძე, გურამ გეგეშიძე, არჩილ გოგელია, რომან გოცირიძე, გურამ თევზაძე, ჯაბა იოსელიანი, ალექსანდრე კავსაძე, თამაზ კვაჭანტირაძე, თენგიზ კიტოვანი, დავით კუპრეიშვილი, ნოდარ ლომოური, გიორგი მაისურაძე, ნოდარ ნათაძე, მიხეილ ნანეიშვილი, თედო ნინიძე, თედო პაატაშვილი, ზურაბ ჟვანია, თეიმურაზ ჟორჟოლიანი, თეიმურაზ ფიფია, რევაზ შავიშვილი, თეიმურაზ შაშიაშვილი, გიორგი შენგელაია, ელდარ შენგელაია, ქალბატონი თამარ ჩხეიძე, ბატონები ირაკლი წერეთელი, გიორგი ჭანტურია, გიორგი ხაინდრავა, ივლიანე ხაინდრავა და თამაზ ჯანელიძე.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბერიძე

დადგენილება : დროებითი პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 21 იანვარი. - № 9 (282). - 1 გვ.

39 თენგიზ სიგუა: „ყველაფერს გადაწყვეტს მოლაპარაკება“

▲ზევით დაბრუნება


ამუშავდა სამტრედიის რკინიგზის კვანძი. კვლავ დაიწყო მატარებლების მიმოსვლა ბათუმისა და თბილისის მიმართულებით. თანდათანობით გვარდება პოლიტიკური სიტუაცია რესპუბლიკის დედაქალაქში... ამ დამაიმედებელი ცნობებით დაიწყო თავისი მორიგი პრესკონფერენცია 20 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თენგიზ სიგუამ. ამასთან ხაზგასმით აღინიშნა, რომ მოვლენათა შემდგომი განვითარება ბევრად არის დამოკიდებული იმავე დღეს ზუგდიდში დაწყებულ მოლაპარაკებაზე დროებითი მთავრობისა და სამხედრო საბჭოს წარმომადგელებსა და ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კომიტეტს შორის, რომელსაც სათავეში უდგას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთი თანამებრძოლი, რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი ვალტერ შურღაია.

ერთ-ერთი მთავარი პირობა, რომელსაც ამ მოლაპარაკებაზე აყენებენ გამსახურდიას მომხრეები, არის ის, რომ ხელი შეუწყონ ექს-პრეზიდენტის დაუბრკოლებელ გამგზავრებას დასავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში. მაგრამ როგორც დროებითი მთავრობის მეთაურმა შენიშნა, ხელისუფალნი ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ მიიღებენ წერილობითს განცხადებას პირადად გამსახურდიასაგან. ჯერჯერობით კი ყოფილ პრეზიდენტსა და მის ოჯახს აქვთ მხოლოდ კერძო მოწვევა საფრანგეთში იქ მცხოვრები შალვა თაყაიშვილისგან, მაგრამ ეს შეთანხმებული არ არის ამ ქვეყნის მთავრობასთან და არ დადასტურებულა ოფიციალური დოკუმენტებით. ის ფაქტი, რომ გამსახურდიას ემისრები გვთხოვენ ხელი შევუწყოთ მის საზღვარგარეთ გამგზავრებას, მოწმობს, რომ მას არა აქვს არავითარი სხვა მიწვევა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის გარდა, სადაც, ალბათ, მას შეუძლია ნებისმიერ დროს გაემგზავროს.

რაც შეეხება ახალ ხელისუფლებას, ახლა იგი მთელ თავის ძალისხმევას უმთავრესად იმას ახმარს, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს კონფრონტაცია და ზუგდიდიდან გაიყვანონ ექს-პრეზიდენტის მომხრეთა შეიარაღებული ფორმირებანი, აღდგეს იქ რკინიგზის მუშაობა და მთელი ქალაქისა და რაიონის ნორმალური ცხოვრება. ამასთან, გარანტირებულია, რომ გამსახურდიას მომხრეთაგან არც ერთი კაცი, რომელსაც წილი არ უდევს არავითარ სისხლის სამართლის დანაშაულში, არ იქნება პასუხისგებაში მიცემული.

თენგიზ სიგუას აზრით, ზუგდიდში - ამჟამად ყველაზე „ცხელ“ წერტილში მოლაპარაკების წარმატებით დამთავრება დღის წესრიგიდან მოხსნის ფოთის საზღვაო ნავსადგურისა და სოხუმის აეროპორტის ბლოკადასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც, საშუალებას მოგვცემს ნორმალურ კალაპოტში ჩავაყენოთ რესპუბლიკაში შექმნილი ვითარება. სხვათა შორის, ფოთში, თქვა მან, სადაც უკვე რამდენიმე დღეა ვერ ტვირთავენ გემებს, რომლებმაც საქართველოში ჩამოიტანეს მოსახლეობისათვის ესოდენ საჭირო მარცვლეული, შეიძლება ბლოკადა უკვე დღეს მოიხსნას, მაგრამ დროებითი მთავრობა და სამხედრო საბჭო შეგნებულად არ მიმართავენ ძალას, რათა თავიდან აიცილონ შესაძლო სისხლისღვრა. ვიმედოვნებთ, თქვა მან, რომ ყველაფერს გადაწყვეტს მოლაპარაკება.

შეეხო რა რესპუბლიკის ეკონომიკის მდგომარეობას, დროებითი მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იგი კვლავინდებურად მძიმეა. იგრძნობა სასურსათო პროდუქტებისა და პირველი საჭიროების საქონლის მწვავე ნაკლებობა. რამდენადმე გაუმჯობესდა სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით უზრუნველყოფა. ხუთი მილიონი კუბური მეტრით გაიზარდა ბუნებრივი გაზის მოწოდება თურქმენეთიდან, სტაბილურად მუშაობენ ელექტროგადამცემი ხაზები. ყოველივე ეს საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მალე მრავალი საწარმო ამუშავდება.

გაჩნდა იმედი, რომ სოფელშიც გამოსწორდება საქმეები. თენგიზ სიგუამ განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტმა მიიღო დადგენილება რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ, რომლის თანახმად მიწა პირველად გადაეცემათ კერძო საკუთრებაში გლეხებს, თანაც უფასოდ. უკვე 25 იანვრიდან იწყება მიწის განსახელმწიფოებრიობა, რომელიც მთლიანად უნდა დამთავრდეს 15 მარტისთვის. როგორც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ახსნა, ესოდენ შემჭიდროებული ვადები იმით არის განპირობებული, რომ მოდის გაზაფხული და ამ დროისათვის მიწამ უნდა შეიძინოს თავისი ნამდვილი პატრონი. ამასთანავე, თქვა მან, არ შეექმნებათ არავითარი დაბრკოლება იმათაც, ვინც მოისურვებს შეინარჩუნოს კოლექტიური ან საზოგადოებრივი მეურნეობა. მაგრამ საეჭვოა გამოინახონ ადამიანები, რომლებსაც სურთ ყველაფერი დატოვონ უწინდებურად, რადგან განვლილი შვიდი ათწლეულის მანძილზე მეურნეობრიობის სოციალისტურმა სისტემამ თავისი სრული უსუსურობა დაამტკიცა.

ბატონმა თენგიზ სიგუამ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ საჭიროა გაუქმდეს ამჟამად მოქმედი კონსტიტუცია და აღდგეს 1921 წლის კონსტიტუცია, რომლის მოქმედება თავის დროზე ძალადურად შეჩერდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძირითადი კანონი პირდაპირ შეესაბამება ხალხის ახლანდელ მისწრაფებებს, რაც დაადასტურა ამ საკითხზე მეტ წილ პოლიტიკურ პარტიებთან გამართულმა კონსულტაციებმაც. ერთმნიშვნელოვანი იყო დროებითი მთავრობის მეთაურის განცხადებაც იმის შესახებ, რომ რესპუბლიკაში მცხოვრები ყველა მოქალაქისთვის გარანტირებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ თანაბარი უფლებები.

ფართო პერსპექტივები ისახება რესპუბლიკის წინაშე საერთაშორისო სარბიელზეც. ამ ბოლო დღეებში, კანადის, ინდოეთის, ეთიოპიისა და ბოლივიის შემდეგ, საქართველოს სუვერენიტეტი ცნეს ეგვიპტემ, იორდანიამ და ალჟირმა. საგარეო-პოლიტიკური კონტაქტების დამყარების მიზნით ჩვენი რესპუბლიკის სრულუფლებიანი დელეგაციები მიწვეული არიან ვატიკანში, აგრეთვე დანიასა და საფრანგეთში. საქართველოსადმი ცხოველ ინტერესს იჩენენ გერმანიაში, საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებში. სხვათა შორის, მრავალმა მათგანმა გამოთქვა სურვილი დაეხმარონ რესპუბლიკას უკანასკნელი ამბების შედეგად დანგრეული თბილისის ცენტრის აღდგენაში. 11 იანვარს საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე უკვე მოდის სახსრები როგორც სხვადასხვა ქვეყნის ორგანიზაციებისგან, ისე კერძო პირებისგანაც, მოდის ჰუმანიტარული დახმარებაც მედიკამენტების და სურსათის სახით.

ედუარდ ედიბერიძე.
საქინფორმის კორ.

ქალაქ ფოთიდან მიღებული ცნობის თანახმად ფოთის საზღვაო პორტმა ნაწილობრივ განაახლა მუშაობა. რეიდზე მდგარი, 70 ათასი ტონა ხორბლით დატვირთული ორი გემიდან დღეისთვის გადმოტვირთულია 2000 ტონაზე მეტი ხორბალი.

საქინფორმი.

„ყველაფერს გადაწყვეტს მოლაპარაკება“. სიგუა თენგიზ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 21 იანვარი. - № 10 (283). - 1 გვ.

40 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტატუსის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის სამეცნიერო კადრების ინტელექტუალური პოტენციალის სრულყოფილად გამოყენების, სასწავლო პროცესის დემოკრატიული მართვის, უმაღლესი სასწავლებლების თავისუფალი და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. მიენიჭოთ საქართველოს რესუბლიკის ყველა ტიპის სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს თვითმმართველი (ავტონომიური) ორგანიზაციების სტატუსი, იმ ვარაუდით, რომ მათ თავიანთი საქმიანობა განახორციელონ საკუთარი წესდების შესაბამისად.

2. გადაეცეს ავტონომიამინიჭებულ უმაღლეს სასწავლებლებს საკუთრებად მათ სარგებლობაში არსებული ძირითადი ფონდები და სხვა სახელმწიფო ქონება.

3. რჩევა მიეცეთ უმაღლესი სასწავლებლების სამეცნიერო საბჭოებს უმოკლეს ვადაში შეიმუშაონ და დაამტკიცონ რექტორის თანამდებობის დაკავების დებულება, რომლის საფუძველზეც აირჩევენ უმაღლესი სასწავლებლის რექტორს.

4. საქართველოს რეპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტრომ წარმოუდგინონ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების სახელმწიფო პროგრამის შემუშავებისთვის უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციის წესი, საქართველოს რეპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე დაფინანსების მოცულობანი, სოციალური და სამეცნიერო პროგრამების დაფინანსების პირობები.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის
შემსრულებელი გ. ბერიძე
თბილისი. 1992 წლის 17 იანვარი.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტატუსის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 25 იანვარი. - № 12 (285). - 2 გვ.

41 საქართველო რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დადგენილება საქართველოს რესპუბლიკაში პურის საცალო ფასების მოწესრიგების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აღნიშნავს, რომ ამ ბოლო ხანს გაჭირდა რესპუბლიკის გარედან მარცვლეულის შემოტანა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით მოსახლეობას მნიშვნელოვნად მეტ პურფუნთუშეულის ნაწარმს აწვდიან, მაინც ფერხდება პურით მოსახლეობის მომარაგება, რაც სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს.

აღნიშნული მდგომარეობა ძირითადად იმით არის გამოწვეული, რომ საქართველოში პურფუნთუშეულზე მეზობელ რესპუბლიკებთან შედარებით უფრო დაბალი ფასებია და პური დიდი რაოდენობით გადის საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ, ამასთან სულ უფრო მეტად იყენებენ პირუტყვის საკვებად, აღარ ზოგავენ მას. მდგომარეობას არსებითად ამწვავებს აგრეთვე შეფერხებები ელექტროენერგიით მომარაგებაში, შეუთანხმებლობა პურისმცხობელ საწარმოებსა და სავაჭრო ობიექტებს შორის პურის მიწოდების გრაფიკების დაცვის საქმეში.

რესპუბლიკის მოსახლეობის პურფუნთუშეულით მომარაგებაში შექმნილი მდგომარეობის მოწესრიგების და შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრომ (ნ. ჭითანავა), საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტრომ (ნ. შარაშენიძე) და ცეკავშირის გამგეობამ (რ. კონცელიძე), სხვა უწყებებმა და ორგანიზაციებმა, რომლებსაც აკისრიათ პურის ცხობისა და რეალიზაციის ფუნქციები, ზრუნველყონ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 7 სექტემბრის №746 განკარგულებით გათვალისწინებულ დავალებათა შესრულება.

2. რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა მაკონტროლებელ სამსახურებთან ერთად თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დააწესონ მკაცრი კონტროლი ზემოაღნიშნული განკარგულებით დამტკიცებული ფქვილის ხარჯვის, პურის ცხობისა და რეალიზაციის დროებითი წესების დაცვისადმი.

3. დამტკიცდეს და სამოქმედოდ იქნეს შემოღებული მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან პურის საცალო ფასები დანართის თანახმად. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ გამოსცეს პურის საცალო ფასების პრეისკურანტი.

საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტრომ უზრუნველყონ რესპუბლიკის მოსახლეობის პურის საცალო ფასების ზრდით გამოწვეული დამატებითი ხარჯების სრული კომპენსაცია მოხმარების ნორმის ფარგლებში - თვიურად 40 მანეთი ერთ სულზე გაანგარიშებით.

ამასთან დაწესდეს, რომ საკომპენსაციო თანხები გაიცემა:

სახელმწიფო ბიუჯეტიდან - საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ მუშაკებზე და მათ ბავშვებზე, სტუდენტებზე;

საპენსიო ფონდიდან - პენსიონერებზე და მათ კმაყოფაზე მყოფ ბავშვებზე, აგრეთვე ბავშვებზე, რომლებიც ღებულობენ დახმარებებს:

სამეურნეოანგარიშიანი საწარმოების, ორგანიზაციების სახსრებიდან - იქ დასაქმებულ მუშაკებზე და მათ ბავშვებზე;

დასაქმების ფონდიდან - უმუშევრებზე.

დიეტური პურის წარმოებით მიღებული ზარალი დაიფაროს სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს ფინანსური სახსრების ხარჯზე ამავე სამინისტროს მიერ შემუშავებული წესის მიხედვით.

4. აღინიშნოს, რომ პურზე ფასები გაანგარიშებულია ერთ კილოგრამ მარცვალზე 2 მანეთი და 50 კაპიკი ღირებულებიდან გამომდინარე დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე.

მარცვლის შესასყიდი ფასების, წარმოების სხვა ხარჯების არსებითი ცვლილებების შემთხვევაში მოხდეს პური საცალო ფასების ან დარგის საწარმოთა ფინანსური მდგომარეობის რეგულირება სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს, ცეკავშირის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტოს წინადადების საფუძველზე იმის გათვალისწინებით, რომ წარმოების რენტაბელობის ზღვრული დონეებია პურის ფქვილის წარმოებაში 15 პროცენტი, ხოლო პურის წარმოებაში - 10 პროცენტი.

5. საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტრომ (ბ. ჯუღელი) 1992 წლისათვის გაითვალისწინოს რესპუბლიკის პურის ცხობის საწარმოებისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების, პურის კონტეინერებისა და მარაგნაწილების დამზადება შემკვეთის მიერ წარმოდგენილი განაცხადისა და დოკუმენტაციის მიხედვით.

6. საქართველოს რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტრომ (გ. გოგავა), კონცერნმა „საქნავთობპროდუქტმა“ (გ. მეძმარიაშვილი) და გაზის სახელმწიფო კონცერნმა (ბ. ლობჟანიძე) უზრუნველყონ პურის ცხობის საწარმოებისათვის ელექტროენერგიის, ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი გაზის რიტმული მიწოდება.

7. საქართველოს რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტრომ (ა. ჩხეიძე) და საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტრომ (ნ. შარაშენიძე) პურის ცხობის მრეწველობასთნ შეთანხმებით უზრუნველყონ პურპროდუქტების შეუფერხებელი გადაზიდვა და რეალიზაცია, კონტეინერმზიდი ავტომანქანების შეძენა და საღამოს და ღამის საათებში პურფუნთუშეულის ნაწარმის მიღება.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბერიძე

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკაში პურის საცალო ფასების მოწესრიგების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 1 თებერვალი - № 18-19 (292). - 1გვ.

42 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა ბინის კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის დაჩქარების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის მოქალაქეთათვის საკუთრებაში გადაცემის, საბინაო ფონდის მოვლა-პატრონობისათვის მოქალაქეთა დაინტერესების გაზრდის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას.

2. პრივატიზაციის ობიექტი შეიძლება იყოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ფონდის საცხოვრებელი სახლი (ბინა), მათ შორის ავარიული, სარეკონსტრუქციო ან კაპიტალურად გასარემონტებელ სახლში შეუსახლებელი ბინა, აგრეთვე გამოთავისუფლებული ბინა.

ისტორიისა და კულტურის ძეგლებად მიჩნეულ სახლებში არსებული ბინის გაყიდვა დაიშვება ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ორგანოების თანხმობით.

მოქალაქეს მის მიერ დაკავებული სახლი (ბინა) საკუთრებად გადაეცემა მხოლოდ ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობით. საცხოვრებელი სახლი (ბინა) მათი სურვილისამებრ შეიძლება მიეყიდოთ მათ საერთო საკუთრებად.

ოჯახში მცხოვრებ სრულწლოვან წევრთა თანხმობა სავალდებულოა დამოწმებული იყოს სანოტარო წესით.

ბინა, რომელიც სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს რამდენიმე დამქირავებელს, მათ საკუთრებად გადაეცემათ ყველა დამქირავებლის თანხმობით.

3. პრივატიზაციას არ ექვემდებარება:

- სამსახურებრივი დანიშნულების ბინა;

- ბინა საერთო საცხოვრებელში;

4. საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, საწარმო-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ, რომელთა ბალანსზეც ირიცხება საცხოვრებელი სახლი (ბინა).

5. საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემა საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან.

მოქალაქენი, რომელთაც უსასყიდლოდ უნდა გადაეცეთ საცხოვრებელი სახლი (ბინა), განცხადებით მიმართავენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, საბინაო-საექსპლოატაციო ორგანიზაციებს, საწარმო-დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რომელთა ბალანსზეც ირიცხება საცხოვრებელი სახლი (ბინა).

6. ხელშეკრულება საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ფორმდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სახელით საბინაო-საექსპლოატაციო ორგანიზაციასა და მოქალაქეს შორის, რომელსაც ბინა უნდა გადაეცეს საკუთრებად, ხოლო საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემისას - ადმინისტრაციასა და მოქალაქეს შორის.

7. საცხოვრებლი სახლის (ბინის) მოქალაქეთათვის საკუთრებად გადაცემის ხელშეკრულება უნდა დადასტურდეს სანოტარო წესით და რეგისტრაციაში გატარდეს ადგილობრივი მმართველობის ორგანოში სამი თვის ვადაში სანოტარო წესით დადასტურების დღიდან. საცხოვრებელი სახლის (ბინის) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

8. საცხოვრებელი სახლის (ბინის) საკუთრებად გადაცემისას მოქალაქემ უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი, ბაჟი განისაზღვრება საცხოვრებელი სახლის (ბინის) ქირისა და კომუნალური მომსახურების გადასახადის ორი წლის ოდენობით 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით.

9. სახელმწიფო ბაჟის გადასახადისაგან თავისუფლდებიან 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის, 1991-1992 წლების პერიოდში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულ პირთა ოჯახები, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, ამ ომში დაღუპულ პირთა ოჯახის წევრები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები.

10. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრი, რომელმაც მთლიანად გადაიხადა საცხოვრებელი ბინის ღირებულება, ითვლება ბინის მესაკუთრედ, რის შესახებაც იდება ხელშეკრულება საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის მეპაიესა და გამგეობას შორის, რაც დასტურდება სანოტარო წესით და გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი 50 მანეთის ოდენობით. ბაჟის გადასახადისაგან თავისუფლდებიან ამ დადგენილების მე-9 პუნქტში აღნიშნული პირები.

11. საცხოვრებელი სახლის (ბინის) მოქალაქის საკუთრებად გადაცემასთან დაკავშირებული დავა განიხილება სასამართლო წესით.

12. საცხოვრებელი სახლის (ბინის) ექსპლუატაცია ხდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოს საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციასა და მესაკუთრეს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

13. შეძენილი ბინის მფლობელობის, სარგებლობის და განკარგვის უფლება ხორციელდება მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის მფლობელობის სარგებლობისა და განკარგვის ანალოგიურად.

14. საცხოვრებელი სახლის (სექციის, ბინის) ტექნიკურ მომსახურებას ეწევიან ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საბინაო-საექსპლოატაციო ორგანიზაციები მოქალაქეებთან დადებულ ხელშეკრულებათა საფუძველზე.

15. ბინის მესაკუთრენი დაკავებული ფართობის შესაბამისად მონაწილეობენ მთელი სახლის ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტთან. მათ შორის კაპიტალურ რემონტთან დაკავშირებულ საერთო ხარჯებში.

16. სახლების გათბობის, ელექტროენერგიის, გაზით, წყალმომარაგებითა და კანალიზაციით უზრუნველყოფის ხარჯებს ანაზღაურებენ ბინის მესაკუთრენი სახელმწიფო საბინაო ფონდისათვის დაწესებული ტარიფების მიხედვით.

17. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის საცხოვრებელ სახლში ბინის მესაკუთრენი სარგებლობენ საქართველოს რესპუბლიკაში საცხოვრებელი სადგომების სარგებლობის, საცხოვრებელი სახლისა და სახლისპირა ტერიტორიის მოვლა-პატრონობის წესების მიხედვით.

18. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა სამინისტროს ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს კონკრეტული წინადადებანი პრივატიზებული საბინაო ფონდის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ჩატარების ორგანიზაციისა და გაწეული დანახარჯების დაფარვის წესის შესახებ.

19. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს პროფკავშირთა რესპუბლიკური საბჭოს 1990 წლის 25 იანვრის № 35 დადგენილება „მოქალაქეთათვის საცხოვრებელი სახლებისა და ბინების პირად საკუთრებად მიყიდვის და მათი მოვლა-შენახვისა და რემონტის ხარჯების ანაზღაურების შესახებ“.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბერიძე
თბილისი. 1992 წლის 1 თებერვალი.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 4 თებერვალი. - № 20-21 (294). - 1 გვ.

43 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანოს შექმნის წესის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის სტაბილიზაციისა და მმართველობის დემოკრატიული ფორმების დანერგვის მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

რაიონებსა და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებში, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს - გამგეობის შემადგენლობის ასარჩევად (თავმჯდომარე, მოადგილე და, როგორც წესი, 3-5 წევრი) შესაძლებელია ჩატარდეს რაიონული და საქალაქო კრებები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ რაიონული, საქალაქო, სოფლის, თემის და რაიონული დაქვემდებარების ქალაქების საკრებულოების დეპუტატები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების თითო წევრი, რომლებსაც არ ჰყავთ საკრებულოში თავიანთი წარმომადგენელი, რაიონის და ქალაქის ადმინისტრაციული ორგანოების, საწარმოთა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელები და სხვა წარმომადგენლები.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბერიძე
თბილისი. 1992 წლის 5 თებერვალი.

დადგენილება : ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანოს შექმნის წესის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 6 თებერვალი. - № 23 (296). - 1 გვ.

44 საქართველოს დროებითი მთავრობის მეთაურის პრესკონფერენცია მოსკოვში

▲ზევით დაბრუნება


რის გაკეთება მოასწრო დროებითმა მთავრობამ ხელისუფლების სათავეში ყოფნის დროს? უპასუხა რა ამ კითხვას, თენგიზ სიგუამ, კერძოდ, აღნიშნა, რომ ყადაღა მოეხსნა პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციას, პრესას მიეცა სრული თავისუფლება, უმაღლეს სასწავლებლებს კი - სრული ავტონომია.

10 თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის მოსკოვის მუდმივ წარმომადგენლობაში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თენგიზ სიგუას პრესკონფერენცია. აქ შეკრებილი მრავალი ჟურნალისტის ინტერესი გამოიწვია რესპუბლიკაში შექმნილმა საშინაო ვითარებამ და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს შესვლის პერსპექტივის სხვა საკითხებმა.

როგორც დროებითი მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ეროვნული გვარდიის ძალების აფხაზეთში შესვლამ მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი სიტუაციის სტაბილიზაციას, მთლიანად მოეხსნა ბლოკადა სოხუმის რკინიგზის კვანძს, დაიწყო მატარებლების შეუფერხებელი მიმოსვლა მთელ ამიერკავკასიის რკინიგზაზე, გახსნილია რესპუბლიკის აეროპორტები. და თუმცა აქა-იქ გრძელდება მცირე ექსტრემისტული ჯგუფების ცალკეული გამოსვლები, მაგრამ მთლიანად ყოფილი პრეზიდენტის მომხრეთა დიდი მიტინგები და მანიფესტაციები აღარ იმართება. თენგიზ სიგუას პროგნოზით, ვითარება რესპუბლიკაში მარტის შუა რიცხვებისთვის მთლიანად ნორმალური იქნება.

საქართველო, ისევე, როგორც ყოფილი სსრ კავშირის ბევრი რესპუბლიკა, მძიმე ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, პრაქტიკულად არა აქვს კარაქის, შაქრის, სხვა უმნიშვნელოვანესი სასურსათო პროდუქტების მარაგი. რამდენადმე უკეთ არის მარცვლეულის საქმე. რესპუბლიკაში იგრძნობა ნავთობპროდუქტების უმწვავესი დეფიციტი, მაგრამ არის დამაიმედებელი მომენტებიც. ამას წინათ, მაგალითად, საქართველომ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმად რესპუბლიკა გარკვეულ კრედიტს მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციებიდან, რომლებიც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას ეგზავნება. იგი გამოყენებული იქნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სურსათის შესასყიდად. მზადდება უკრაინასთან, მოლდოვასთან, აზერბაიჯანთან და შუა აზიის რეპუბლიკებთან ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებათა პროექტები. არის აგრეთვე წინასწარი მორიგება რუსეთის ხელმძღვანელობასთან მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 1991 წლის შესაბამისი პერიოდის საერთო მოცულობის 70 პროცენტის ფარგლებში შეღავათიანი მოწოდების შესახებ. როგორც თენგიზ სიგუამ შენიშნა, ამ საკითხში საბოლოო სიცხადეს შეიტანს მისი მომავალი შეხვედრები და მოლაპარაკება ელცინთან, ბურბულისთან და ხასბულატოვთან.

შეეხო რა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს შესაძლო შესვლის საკითხს, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ რესპუბლიკის ახალმა მთავრობამ ფიზიკურად ვერ მოიცალა მინსკსა და ალმა-ათაში გამართულ თათბირებზე შემუშავებული დოკუმენტების პაკეტის საფუძვლიანად შესასწავლად. ექსპერტთა ჯგუფი ახლა სასწრაფოდ ამუშავებს ამ დოკუმენტებს. მაგრამ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს შესვლის მიზანშეწონილობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს რესპუბლიკის პარლამენტმა, რომლის არჩევნები დასახულია მიმდინარე წლის შემოდგომამდე. ამავე დროს დროებითი მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენლები, რომლებსაც ესმით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ასეთი ნაბიჯი, მზად არიან მონაწილეობა მიიღონ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წარმომადგენლების მინსკის მომავალ თათბირში როგორც მეთვალყურეებმა, თუ ოფიციალურად მიიწვევნ მათ.

ჟურნალისტთა კითხვების ერთი რიგი შეეხო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს. დროებითი მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ გამსახურდია ოჯახთან ერთად კვლავინდებურად გროზნოშია. მისი ალიანსი გენერალ დუდაევთან, თენგიზ სიგუას აზრით, აიხსნება მათი სულიერი ნათესაობით, ტოტალიტარიზმისა და ავტორიტარული ხელისუფლებისადმი ერთგულებით. მან უარყო ინფორმაცია, თითქოს დასახული ყოფილიყოს გამსახურდიასა და ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა მოლაპარაკება. მართლია, ექსპრეზიდენტის ემისრებმა დროებით მთავრობას ნამდვილად სთხოვეს ხელი შეეწყო მისი გამგზავრებისათვის დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, მაგრამ ამ თხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია ერთ უცილობელ პირობაზე: საჭიროა თავად გამსახურდიას წერილობითი მომართვა, რომელიც ჯერაც არ არის მიღებული.

დროებითი მთავრობის მეთაურმა დააკმაყოფილა ედუარდ შევარდნაძის სახელთან დაკავშირებით ჟურნალისტთა ინტერესიც. გარკვეულ ხანს, თქვა მან, რესპუბლიკაში მიმდინარეობდა აღვირახსნილი პროპაგანდა ამ გამოჩენილი პოლიტიკოსის წინააღმდეგ. ჩვენი პოზიცია კი ის არის, რომ გამოვიყენოთ უდიდესი ავტორიტეტი, რომელიც ედუარდ შევარდნაძეს აქვს საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. შეეხო რა საქართველოს ახალი ხელისუფლების პოზიციას მონარქისტული პარტიისა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მოიწვიონ მეფის დინასტიის წარმომადგენელი გიორგი ბაგრატიონი, თენგიზ სიგუამ თქვა: ეს მათი კერძო საქმეა და დროებით მთავრობას ამისთვის არავითარი მანდატი არ მიუცია.

პირადად მე, აღნიშნა მან, სიმპათიით ვეკიდები საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის დამყარებას, მაგრამ ეს სამომავლო საქმეა. სადღაც 1993 წელს ამ საკითხის გამოტანა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე შეიძლება.

რის გაკეთება მოასწრო დროებითმა მთავრობამ ხელისუფლების სათავეში ყოფნის დროს? უპასუხა რა ამ კითხვას, თენგიზ სიგუამ, კერძოდ, აღნიშნა, რომ ყადაღა მოეხსნა პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციას. პრესას მიეცა სრული თავისუფლება, უმაღლეს სასწავლებლებს კი - სრული ავტონომია.

მიღებულია გადაწყვეტილებანი და უკვე ხორციელდება მიწის რეფორმა, სავაჭრო ობიექტების, საყოფაცხოვრებო მომსახურებისა და მსუბუქი მრეწველობის საწარმოთა განსახელმწიფოებრიობა. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული დადგენილების თანახმად, მალე დაიწყება ბინების პრივატიზაცია.

საქართველოს დროებითი მთავრობის მეთაურის პრესკონფერენცია მოსკოვში / სიგუა თ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 13 თებერვალი. - № 29-30 (303). - 1 გვ.

45 პრესკონფერენცია მოსკოვში ვიზიტის შემდეგ

▲ზევით დაბრუნება


მიღწეულია მორიგება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ათ სახელმწიფოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. ამ ცნობით დაიწყო თავისი პრესკონფერენცია მოსკოვში ვიზიტის შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თენგიზ სიგუამ. სსრ კავშირის ყოფილ რესპუბლიკებთან ეკონომიკური ურთიერთობის მოგვარება რუსეთის დედაქალაქში საქართველოს დროებითი მთავრობის მეთაურის ვიზიტის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი იყო.

როგორც ბატონმა თენგიზ სიგუამ აღნიშნა, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების დადება რუსეთთან იმ მიზეზით, რომ ამ ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ შემოთავაზებული თავდაპირველი პუნქტით გათვალისწინებული იყო ეკონომიკური ურთიერთობის განხორციელება კლირინგის პრინციპებზე, ესე იგი მსოფლიო ბაზრის ფასებით. ამჟამად საქართველოს მხარემ წარადგინა თავისი ვარიანტი, რომლის თანახმად მიწოდება უნდა მოხდეს ნედლეულისა და საქონლის გაცვლის წესით.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა მოსკოვის შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მეთვალყურედ მონაწილეობდა, დაისვა საკითხი საქართველოსათვის იმ კრედიტის ნაწილის გამოყოფის შესახებ, რომელსაც აძლევს ამერიკის შეერთებული შტატები სახელმწიფოთა თანამეგობრობას. ამ წინადადებას მხარი დაუჭირა თანამეგობრობის ყველა წევრმა და საკითხი დადებითად გადაწყდა.

მოსკოვში ყოფნის დროს საქართველოს რესპუბლიკის დელეგაციას ჰქონდა შეხვედრები და საუბრები საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლობათა მაღალი თანამდებობის თანამშრომლებთან დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარების საკითხზე. როგორც თენგიზ სიგუამ თქვა, დღეისათვის უკვე 26 სახელმწიფომ ცნო საქართველოს სუვერენიტეტი. ზოგიერთმა მათგანმა, მაგალითად, ინდოეთმა, ბოლივიამ, განაცხადეს, რომ მზად არიან დაამყარონ ჩვენს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობა. მოსკოვში საქართველოს წარმომადგენლობას ეწვია ჩეხეთ-სლოვაკეთის ელჩი და გადასცა ნოტა საქართველოს ცნობის შესახებ და გამოთქვა დიპლომატიურ წარმომადგენლობათა გაცვლის სურვილი.

გაიმართა აგრეთვე შეხვედრები ქალაქ მოსკოვის მერიასა და მთავრობაში. საუბრების დროს შეეხნენ ქალაქ თბილისის დანგრეული ცენტრის აღდგენის საკითხსაც. რუსეთის დედაქალაქის ხელმძღვანელობამ თქვა, რომ მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში და თავიდან ააშენოს ერთ-ერთი დაზარალებული ობიექტი რუსთაველის პროსპექტზე: მოსკოველებმა იკისრეს პირველი საშუალო სკოლის შენობის აღდგენა, თანაც საკუთარი სახსრებით, საკუთარი საშენი მასალებით. ამ დღეებში ქალაქ თბილისის მერი ოთარ ლითანიშვილი მოსკოვს გაემგზავრება მომავალ სამუშაოთა პროგრამის დასაზუსტებლად. თენგიზ სიგუამ უპასუხა ჟურნალისტთა კითხვებს და თქვა, რომ ამას წინათ სტამბოლში საქართველოს წარმომადგენელმა ხელი მოაწერა შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დოკუმენტს. ამასთანავე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არსებითად ეკონომიკური შეთანხმებაა და არავითარ პოლიტიკურ მიზნებს არ ისახავს. დროებითი მთავრობის მეთაურმა პოზიტიურად შეაფასა ირანში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის შედეგებიც.

ჟურნალისტებს აინტერესებთ აგრეთვე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა შეხვედრაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობის პოლიტიკური ასპექტი. ამის პასუხად განმარტებული იყო, რომ ვიზიტი საერთოდ არ ისახავდა რაიმე პოლიტიკურ მიზნებს. დროებითი მთავრობის მეთაურმა კატეგორიულად უარყო ჭორები, თითქოს გათვალისწინებული ყოფილიყოს თანამეგობრობაში საქართველოს შესვლის საკითხის დაყენება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საკითხი არაფრით არ შედის დროებითი მთავრობის პრეროგატივაში, რომ ეს საქართველოს მომავალი პარლამენტის საქმეა.

თენგიზ სიგუამ განმარტა სსრ კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის ახლანდელი მოგზაურობა და თქვა, რომ ამჯერად ნაკლებად მოსალოდნელია, საპატიო ამერიკელი სტუმარი ეწვიოს საქართველოს, რამეთუ მისი მოგზაურობის მთავარი მიზანი თანამეგობრობის ქვეყნების მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციაა. ამავე დროს ბეიკერის ვიზიტის პროგრამა ჯერ კიდევ თვე-ნახევრის წინათ იყო შეთანხმებული და საქართველო ამ საქმეში არ შესულა.

დროებით მთავრობის მეთაური შეეხო შიდა ქართლში კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების პრობლემას და აღნიშნა, რომ მოსკოვში იგი შეხვდა რუსეთის პარლამენტის დეპუტატს გალინა სტაროვოიტოვას, რომელს ეროვნებათშორის ურთიერთობათა პრობლემებზე მუშაობს. გაიმართა კონსტრუქციული დიალოგი, რომლის დროს მან მიიღო ინფორმაცია, თუ რა ძალისხმევას მიმართვს საქართველოს დროებითი მთავრობა კონფლიქტის გადასაწყვეტად, ამასთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხშირად ამ პრობლემის გამო თვალსაზრისი ეფუძნება რუსეთის პარლამენტის ზოგიერთი დეპუტატისაგან მომდინარე დეზინფორმაციას.

სიტუაცია აფხაზეთში, თქვა თენგიზ სიგუამ, ამჟამად რამდენადმე გართულდა. როგორც ცნობილია, დროებითი მთავრობის ჯარებმა, რომლებიც ავტონომიურ რესპუბლიკაში მის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით შევიდნენ, უზრუნველყვეს სოხუმში აეროპორტისა და რკინიგზის კვანძის მუშაობის განახლება. ახლა დგება ამ ჯარების გამოყვანის საკითხი. ჩვენ ამაზე თანახმა ვართ. მხოლოდ გვჭირდება მტკიცე გარანტიები, რომ აქ კვლავ არ მოხდება ვითარების დესტაბილიზაცია. ასეთ გარანტიებს აფხაზეთის ხელმძღვანელობა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ გვაძლევს. ამავე დროს რკინიგზის კვანძისა და აეროპორტის ბლოკირებამ უკვე უდიდესი ზარალი მიაყენა როგორც თავად აფხაზეთს და მთელ საქართველოს, ასევე მეზობელ სომხეთსაც. სადაც ტვირთი ახლა პრაქტიკულად მხოლოდ ამ მაგისტრალით მიდის.

თენგიზ სიგუამ დაახასიათა საქართველოს ახლანდელი ეკონომიკური მდგომარეობა და აღნიშნა, რომ იგი კვლავ მძიმეა. თუმცა, თქვა მან, შევძელით რამდენადმე გაგვეუმჯობესებინა მარცვლეულით მომარაგება. უარესად არის შაქრის მოწოდების საქმე. რაც შეეხება რძესა და რძის პროდუქტებს, აქ დაისახა ერთგვარი წინსვლა. უაღრესად რთულია სათბობ-ენერგეტიკული რესურსების პრობლემა. სწორედ ამიტომ, შენიშნა თენგიზ სიგუამ, ძნელია გადაჭარბებით შევაფასოთ ირანთან შეთანხმების მნიშვნელობა, აგრეთვე ლიბიასთან დასახული მოლაპარაკება.

პრესკონფერენციაზე აღიძრა აგრეთვე საკითხები, რომლებიც შეეხება დროებითი მთავრობის საქმიანობას საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. ამასთან დაკავშირებით ითქვა, რომ საქართველო თანდათანობით გამოდის იზოლაციიდან, რომელშიც ამ ბოლო დრომდე იმყოფებოდა. კონსტრუქციული ღონისძიებანი ხორციელდება დასავლეთის პოლიტიკურ წრეებთან საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად. კერძოდ, საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მიწვეულია განიარაღების საერთაშორისო კომისიის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება ბრიუსელში.

ედუარდ ედიბერიძე.
თენგიზ გრიგალაშვილი.

პრესკონფერენცია მოსკოვში ვიზიტის შემდეგ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 14 თებერვალი. - № 31 (304). - 1 გვ.

46 ეს იყო სრული დეზინფორმაცია და მტკნარი სიცრუე

▲ზევით დაბრუნება


რუსეთის ტელევიზიის საინფორმაციო სააგენტოს მიერ 18 თებერვლის საღამოს გადმოცემული ერთი ინფორმაციის შეუსაბამობის გამო

როგორც იცით, ამ დღეებში ქალაქ მოსკოვში გაიმართა საქართველოს დროებითი მთავრობის მეთაურის ბატონ თენგიზ სიგუას შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ჯეიმს ბეიკერთან.

ამ მოვლენის ინტერპრეტაციას რუსეთის ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამაში დაჰკრავდა ერთგვარი გაურკვევლობის ელფერი, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა ჩვენი საზოგადოებრიობის ინტერესი ამ ფაქტისადმი.

გუშინ ამ საკითხის განმარტების მიზნით ბატონმა თენგიზ სიგუამ ინტერვიუ მისცა საქართველოს ტელევიზიას. გთავაზობთ ამ ინტერვიუს სრულ ტექსტს.

- ბატონო თენგიზ, თქვენმა შეხვედრამ ბატონ ჯეიმს ბეიკერთან უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა რესპუბლიკაში და ამიტომ ორი კითხვით უნდა მოგმართოთ. თქვენ ერთი თუ ორი დღის დაბრუნებული იყავით, რომ ისევ დაბრუნდით მოსკოვში ამერიკის სახელმწიფო მდივანთან შესახვედრად. მესმის, რომ ასეთი შეხვედრა მოულოდნელად არ ხდება. როგორ მზადდებოდა იგი და ვინ მონაწილეობდა მის მომზადებაში?

- ბატონ ჯეიმს ბეიკერის ვიზიტი ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკაში საკმაო ხანია მზადდებოდა. იმ სქემაში საქართველოს რესპუბლიკა არ იყო გათვალისწინებული. საქმე ის გახლავთ, რომ ბეიკერის ჩასვლა ყველა ამ რესპუბლიკის დედაქალაქში განპირობებული იყო ორი მიზნით: პირველი - პოლიტიკური სიტუაციის ადგილზე გაცნობით და მეორე - ჰუმანიტარული დახმარების ჩატანით. ამერიკის საჰაერო ძალების 56 თვითმფრინავი იყო გამოყოფილი ამ მიზნებისთვის და იქ, სადაც ბატონი ბეიკერი ჩაბრძანდებოდა, წინასწარ ჩადიოდა ამ დახმარების ორი ან ოთხი რეისი. რადგან საქართველო ამ სქემაში ასევე არ იყო გათვალისწინებული, ცხადია, ერთ ან ორ დღეში ამ საკმაოდ რთული ოპერაციის ჩატარება არ შიძლებოდა. ეს იყო ერთი მიზეზი იმისა, რომ ამ რესპუბლიკებში ჩასვლის პერიოდში ვერ მოხერხდა ამ საკითხის გადაჭრა, ჰუმანიტარული დახმარების ჩამოტანა და მეორე - როგორც თვითონ ბატონმა ბეიკერმა ჩვენი შეხვედრის კონფიდენციალურ ნაწილში აღნიშნა, მას არასწორი ინფორმაცია ჰქონდა იმაზე, რომ თითქოს საქართველოს აეროპორტები ჯერ კიდევ დანაღმული იყო და იქ ჩასვლა არ შეიძლება.

ფაქტობრივად ბატონ ბეიკერთან შეხვედრა მოსკოვში გადაწყდა 17 თებერვალს და ამ შეხვედრის მოწყობაში ყველაზე აქტიური მონაწილეობა მიიღეს მოსკოვს წარგზავნილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ბატონმა სტრაუსმა და ჩვენმა ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაოდ ცნობილმა დიპლომატმა დავით ჩიკვაიძემ, მათი მცდელობით მოხერხდა ამ შეხვედრის მოწყობა მოსკოვში.

- ბუნებრივია, რომ თქვენ, ბატონ ბეიკერთან საუბრის დროს, ბევრ საკითხს შეეხეთ. ამათგან საინტერესოა ორი: რა რაოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს საქართველოს ამერიკა და დამყარდება თუ არა საელჩოების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობა. რა პერსპექტივა დაისახა თქვენი შეხვედრის დროს ამ ორი ძირითადი მიმართულებით.

- ბატონმა ბეიკერმა საკმაოდ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღო იმ პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის შესახებ, რომელიც დღეს საქართველოშია. საქმე ის არის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, როგორც მოგეხსენებათ, უკვე ცნო საქართველოს სუვერენიტეტი, მაგრამ აქ ლაპარაკია მეორე ეტაპზე - დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებაზე.

დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება მოხდება მას შემდეგ, რაც ჩვენში აირჩევა ახალი პარლამენტი. მან დაწვრილებით გამომკითხა ჩვენი აზრი იმის შესახებ, თუ როდის არის შესაძლებელი პარლამენტის ახალი არჩევნების დანიშვნა. ვუთხარი, რომ მთავარი აზრია ამ არჩევნების ჩატარება ივნისის თვეში, თუმცა არის მთელი რიგი პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების მოსაზრებაც, რომ არჩევნები ჩატარდეს სექტემბერში, შემოდგომაზე. საბოლოოდ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის და ახლა პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭო განიხილავს ამ საკითხს. ამასთან, ამჟამად მზადდება საერთო სახალხო ეროვნული კრება, რომელიც უთუოდ განიხილავს ამ საკითხს. აქვე მოხდება საარჩევნო კანონპროექტის განხილვა და მიღება და არჩევნების თარიღის დადგენაც. ინფორმაცია ამის თაობაზე სრულად მიეწოდა ბატონ ბეიკერს.

მეორე - რაც შეეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, მან საუბრის დროს თავის თანაშემწეებს დაავალა, რომ მოკლე ვადაში განხილულ იქნეს საქართველოსათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საკითხი. მან მიიღო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს აეროპორტები მუშაობს, გახსნილია და არავითარი საშიშროება არ არსებობს აქ თვითმფრინავების მიღებისათვის. მე მგონია, რომ ეს საკითხი ერთი თვის მანძილზე დადებითად გადაწყდება.

- გუშინ საინფორმაციო გამოშვებაში მოსკოვიდან ცოტა ორაზროვნად იყო მოწოდებული თქვენი შეხვედრის დროს დასმული ერთი კითხვა, თითქოს იქ თქვენთვის შეხვედრის დროს ერთ-ერთ მონაწილეს ეკითხოს, არის თუ არა საქართველო მზად იმისათვის, რომ აღადგინოს უფლებებში ყოფილი პრეზიდენტი თუკი ამერიკის შეერთებული შტატები დაამყარებს ჩვენთან დიპლომატიურ ურთიერთობას. ასეთ, უკაცრავად პასუხია, ბრიყვულ კითხვას, დიპლომატი დიპლომატს რომ არ დაუსვამს, ეს ცხადია, მაგრამ მაინც საჭირო იქნება თქვენი განმარტება.

- ბატონი ბეიკერი, როგორც მოგეხსენებათ, ისეთი დონის დიპლომატია, რომ ასეთ ბრიყვულ კითხვას არ დასვამდა. საქმე ის არის, რომ ოფიციალური შეხვედრის დაწყებამდე ბატონ ბეიკერის წინადადებით მოკლე სამწუთიანი პრესკონფერენცია გაიმართა პრესისათვის. იქ ბატონმა ბეიკერმა გააკეთა მოკლე, დაახლოებით ერთწუთიანი განცხადება, რომლის შემდეგაც ერთ-ერთმა უცხოელმა კორესპონდენტმა დამისვა კითხვა: თუ პრეზიდენტ გამსახურდიას დააბრუნებთ საქართველოში და ამის საფასურად შეერთებული შტატები დაამყარებენ თქვენთან დიპლომტიურ ურთიერთობას, თქვენ განიხილავთ თუ არა ამ საკითხსო.

ამაზე მან პაუხად მიიღო, რომ ეს ჩვენი გადასაწყვეტი კი არა, ხალხის გადასაწყვეტი საკითხია და ახალი პარლამენტის არჩევნების შემდეგ მხოლოდ მას შეუძლია გადაწყვიტოს იგი.

- თვითონ ამერიკის მხრიდან როგორი დამოკიდებულება იყო ამ კითხვაზე?

- კითხვა რომ არაკორექტული იყო, ამას ყველა მიხვდა. ასეთი კითხვის დასმა სერიოზული ჟურნალისტისაგან არც იყო მოსალოდნელი, ხოლო ის, რაც გადმოსცა რუსეთის ტელევიზიამ, ეს იყო სრული დეზინფორმაცია, მტკნარი სიცრუე. ამის თაობაზე პროტესტი უკვე დაწერილია და გაგზავნილია რუსეთის ტელევიზიის ხელმძღვანელობის სახელზე.

ინტერვიუ : ეს იყო სრული დეზინფორმაცია და მტკნარი სიცრუე! / სიგუა თ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 20 თებერვალი. - № 34 (307). - 1 გვ.

47 დროებითი მთავრობის თავმჯდომარის პრესკონფერენცია

▲ზევით დაბრუნება


მე არ მივიღებ მონაწილეობას მომავალ პარლამენტის არჩევნებში, როგორც დეპუტატობის კანდიდატი, რადგან გადაწყვეტილი მაქვს დავუბრუნდე ჩემს სამეცნიერო საქმიანობას...

- შაბათს, 22 თებერვალს, თბილისში დაიწყება მოლაპარაკება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციასთან, რომელსაც უხელმძღვანელებს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ვლადისლავ არძინბა.

- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს ცნობილი დიპლომატი, ამჟამად რუსეთის ელჩი ნიდერლანდში ალექსანდრე ჩიკვაიძე.

- დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ პარლამენტის არჩევნებში ამომრჩევლები ნდობას გამოუცხადებენ საქართველოს დემოკრატიული პარტიის საპატიო წევრს ედუარდ შევარდნაძეს.

- გარდაქმნების პირველი ეტაპის წარმატებით განხორციელებისათვის საქართველოს დასჭირდება სულ ცოტა 300-350 მილიონი დოლარი ინვესტიციები.

განაცხადა საქართველოს დროებითი მთავრობის მეთაურმა ბატონმა თენგიზ სიგუამ 20 თებერვალს ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბატონმა თენგიზმა დაწვრილებით გაგვაცნო მოსკოვში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჯეიმს ბეიკერთან ამასწინანდელი შეხვედრის შედეგები, რაზეც ჩვენი გაზეთის წინა ნომერში ვუამბეთ მკითხველს. ამჯერად მან აღნიშნა, რომ ამერიკის მხარე დიდი ინტერესით და კეთილად გამოეხმაურა ჩვენს პრობლემებს და დაადასტურა, რომ მზად არის, რესპუბლიკის მოსახლეობას გაუწიოს ჰუმანიტარული დახმარება, რაც, ჩემი ვარაუდით, სულ რაღაც ერთი თვის მანძილზე მოხდება.

ჩემს კითხვაზე, რამდენად გამართლებულია, ან ნაადრევი ხომ არ იყო, აფხაზეთიდან საქართველოს გვარდიის ნაწილების გამოყვანა, საქართველოს დროებითი მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გვარდიამ დაკისრებული უპირველესი მოვალეობა წარმატებით შეასრულა. მისი მოქმედების შედეგად აღდგა მეტად სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სოხუმის აეროპორტისა და სარკინიგზო კვანძის მუშაობა, რამაც გზა გაუხსნა ადლერიდან რესპუბლიკაში მიმავალ ტვირთს. რაც შეეხება აფხაზეთში გვარდიის ყოფნის საკითხს, იგი შეთანხმებული იყო აფხაზეთის მთავრობასთან. მაგრამ ეს როდი ნიშნავს, თითქოს, თუ კვლავ მოხდება დესტაბილიზაცია, რესპუბლიკისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანსპორტო მაგისტრალების გადაკეტვა, გვარდია ვეღარ შევა აფხაზეთში. ვიტყვი იმასაც, აღნიშნა ბატონმა თენგიზმა, რომ მისი გამოსვლით უკვე ისარგებლეს დესტრუქციულმა ძალებმა, რომლებმაც სცადეს აეფეთქებინათ რკინიგზის ხიდი. იყო სხვა ექსცესებიც. ასე რომ, ჩვენ ამ საკითხზეც პრინციპული საუბარი გვექნება აფხაზეთის მთავრობის დელეგაციასთან, რომელსაც შეხვდებით თბილისში.

შემდეგ ბატონმა თენგიზ სიგუამ განაცხადა, რომ მთელმა რიგმა პოლიტიკურმა პარტიებმა წამოაყენეს წინადადება აღდგეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის მოქმედება. ჩვენ პრინციპულად არ ვართ ამის წინააღმდეგი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ახლად არჩეულმა პარლამენტმა უნდა მიიღოს. ამასთან მიმაჩნია, რომ, ვიდრე საბოლოო სიტყვას ვიტყოდეთ, ეს კონსტიტუცია უნდა შევუსაბამოთ მსოფლიოში არსებულ ახალ რეალიებს. ამისთვის უნდა მოვიწვიოთ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც მოგვცემენ კომპეტენტურ დასკვნებს.

ბატონმა თენგიზ სიგუამ დიდი კმაყოფილებით აღნიშნა ის პატრიოტული სულისკვეთება და პასუხისმგებლობა, რომლითაც ჩვენი ცნობილი დიპლომატი ალექსანდრე ჩიკვაიძე შეხვდა მის წინდადებას - დაიკავოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი. ღრმად ვართ დარწმუნებული, ბრძანა მან, რომ ბატონი ალექსანდრე ჩიკვაიძე თავისი უდიდესი გამოცდილებით ამ სარბიელზე ბევრ სიკეთეს მოუტანს საქართველოს.

დასასრულ ბატონმა თ. სიგუამ პასუხი გასცა ჟურნალისტთა შეკითხვებს.

გია ჭელიძე

დროებითი მთავრობის თავმჯდომარის პრესკონფერენცია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 22 თებერვალი. - № 35 (308). - 1 გვ.

48 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება პრივატიზაციის პროცესის უზრუნველყოფის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საკუთრებით ურთიერთობის მოწესრიგების, პრივატიზაციის პროცესის ნორმალურად წარმართვის, უკანონო ფარული გზით გასხვისებისაგან სახელმწიფო ქონების დაცვის, ძირეული ეკონომიკური რეფორმის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებმა, კომიტეტებმა, დეპარტამენტებმა, უწყებებმა, საწარმოებმა, ორგანიზაციებმა, დაწესებულებებმა ყველა სახის სახელმწიფო (მათ შორის - ყოფილი სსრკ შეიარაღებული ძალების) ქონების გასხვისება ან იჯარით გადაცემა გამოსყიდვის უფლებით განახორციელონ მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტის ნებართვის საფუძველზე.

2. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებმა და უწყებებმა ერთი თვის ვადაში წარუდგინონ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტს იჯარით ან სხვა ფორმით მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემული და გასხვისებული სახელმწიფო ქონების სრული ნუსხა.

3. ამ დადგენილების შესრულების კონტროლი დაეკისროს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტს.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბერიძე

დადგენილება : პრივატიზაციის პროცესის უზრუნველყოფის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 11 მარტი. - № 43 (316). - 1 გვ.

49 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის პირველი ეტაპის განხორციელების ღონისძიებებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 და 6 თებერვლის №128 დადგენილებებში ნაწილობრივ ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 და 6 თებერვლის №128 დადგენილებათა შესრულების პროცესში ადგილებზე წარმოიშვა გარკვეული სირთულეები, გამოითქვა სურვილები და წინადადებანი საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დაწესების ზღვრული ნორმების გაზრდის თაობაზე, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. შეიცვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 და 6 თებერვლის №128 დადგენილების მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები თავისი დანიშნულებისა და შემდგომში მათზე საკუთრების სხვადასხვა ფორმის გავრცელების გათვალისწინებით იყოფა საკუთრივ სახელმწიფო მიწების ფონდად და მიწის რეფორმის ფონდად. მიწის რეფორმის ფონდი იქმნება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ხარჯზე. მიწის რეფორმის ფონდში პირველ რიგში გამოიყოფა სოფლის მიმდებარე ნაკვეთები მრავალწლოვანი ნარგავების ფართობების ჩათვლით, აუცილებლობის შემთხვევაში კი - მარცვლეულის, კარტოფილისა და ბოსტნეულის კულტურების სამექანიზაციო ფართობები.

სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებზე, საცდელ სადგურებზე, ექსპერიმენტულ მეურნეობებზე, მეთესლეობის, სანერგე, სანაშენე-საჯიშე მეურნეობებზე, მეცხოველეობის კომპლექსებზე და სასათბურე კომბინატებზე უვადო სარგებლობით მიმაგრებული მიწებიდან მიწის რეფორმის ფონდში გამოიყოფა ის მიწები, რომლებიც არ ემსახურება მოცემული მეურნეობის ძირითადი საწარმოო პროგრამის შესრულებას.

მიწის რეფორმის ფონდში არ გამოიყოფა:

- საკურორტო (რეკრეაციული) დანიშნულების მიწები;

- სტიქიური და სხვა ობიექტური მიზეზებით განპირობებული მოსახლეობის განსახლებისათვის განკუთვნილი სარეზერვო მიწები:

- დიდი ქალაქების სამრეწველო ცენტრების აგლომერაციის მიწები;

- ნაკრძალების, ეროვნული პარკების აღკვეთილებისა და სხვა განსაკუთრებულად დაცული მიწები;

- ისტორიული და ბუნების ძეგლების, ეკლესია-მონატრებისა და სხვა დაცული ზონის მიწები;

- სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში საზღვრიდან 21 კილომეტრის სიღრმით სტრატეგიული კულტურებით დაკავებული მიწები, მსხვილი სამექანიზაციო ფართობები, აგრეთვე ნაკვეთები, რომლებზეც ფუნქციონირებენ მაღალსპეციალიზებული მეურნეობები, და მიწები, რომლებზეც აშენებულია მელიორაციული სისტემები და ნაგებობები. სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში მოქცეული დანარჩენი მიწებიდან იქ მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობის ფარგლებში გამოეყოფა სარგებლობის უფლებით დამატებითი საკარმიდამო ნაკვეთები სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსაყვანად მათზე კაპიტალური მშენებლობის უფლების გარეშე და მათ მიზნობრივ გამოყენებაზე მკაცრი კონტროლის დაწესებით;

- შავი ზღვის სანაპიროს სამკილომეტრიან ზოლში მდებარე ის მიწები, რომლებზეც პერსპექტივაში გათვალისწინებულია ახალი კურორტების აგება ან საკურორტო მეურნეობის განვითარებისათვის საჭირო კომუნიკაციების მოწყობა. არსებული კურორტების გენერალური გეგმით გათვალისწინებული მიწები, აგრეთვე ფართობები, რომელთაც ზღვის ნაპირდაცვითი მნიშვნელობა აქვთ და მოსახლეობისათვის მათი გადაცემა გარემოს დაცვის თვალსაზრისით გაუმართლებელია, ასევე ის მიწები, რომლებზეც მოწყობილია მელიორაციული სისტემები. შავი ზღვის სანაპიროს სამკილომეტრიან ზოლში მდებარე დანარჩენი მიწებიდან იქ მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობის ფარგლებში გამოეყოფა სარგებლობის უფლებით დამატებითი საკარმიდამო ნაკვეთები სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსაყვანად მათზე კაპიტალური მშენებლობის უფლების გარეშე და მათ მიზნობრივ გამოყენებაზე მკაცრი კონტროლის დაწესებით.

სახელმწიფო სასაზღვრო და შავი ზღვის სანაპიროს ზოლებში მოქცეული ამ დადგენილებით გათვალისწინებული მიწების კატეგორიების (რომლებიც არ უნდა გაიცეს სარგებლობის უფლებით) დადგენა დაევალოთ: სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში - საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (მოწვევა), საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტს, ხოლო შავი ზღვის სანაპიროს სამკილომეტრიან ზოლში - საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს (მოწვევა), საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტს, სახელმწიფო კონცერნ „საქკურორტს“.

ზემოაღნიშნულმა სამინისტროებმა და უწყებებმა აფხზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებთან და შესაბამისი რაიონების (ქალაქების) ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ერთად ადგილზე შეისწავლონ ზემოაღნიშნული საკითხები და ერთი თვის ვადაში წარმოადგინონ მასალები განსახილველად. სახელმწიფო სასაზღვრო და შავი ზღვის სანაპიროს ზოლებში საზოგადოებრივი მეურნეობების ფუნქციონირებისა და საკარმიდამო ფონდში ფართობების გამოყოფის საკითხს ყველა შემთხვევაში შესაბამისი რაიონის (ქალაქის) ადგილობრივი მმართველობის გამგეობის, საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის წარდგინებით იხილავს და ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი“.

2. არსებულ და ზღვრულ ნორმამდე საკუთრების უფლებით შევსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არ დაიშვება ერთზე მეტი საცხოვრებელი სახლის აშენება და ეს ნაკვეთი გაყოფას არ ექვემდებარება.

3. საკარმიდამო მიწის ნაკვეთების ზღვრულ ნორმამდე შევსების პროცესში გათვალისწინებულ იქნეს, რომ თითოეულ სოფელს შეუნარჩუნდეს პირუტყვის გასარეკები, საერთო სარგებლობის სათიბ-საძოვრები.

4. მეურნეობაში დასაქმებულ პირთა მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებლად ჩაითვალოს 1950 წლიდან დაწყებული სხვადასხვა დროს გამსხვილებულ კოლმეურნეობებსა და სახელმწიფო მეურნეობებში მოქცეული სოფლების ადრინდელ საზღვრებში აღდგენა და მათ ბაზაზე ბუნებრივ-საწარმოო და ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით სხვადასხვა ტიპის მეურნეობების ფორმირება.

5. მიწის რეფორმის ფონდიდან მოსახლეობისათვის გადაცემულ ფართობებზე არსებული მელიორაციული სისტემების ექსპლუატაციის პირობების გაუარესება, გაუქმება ან მათზე რაიმე ნაგებობის მშენებლობის არ დაშვება, რაზეც კონტროლს აწესებს რესპუბლიკური გაერთიანება „საქწყალმეურნეობა“.

6. შეიცვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილების 1-ლი პუნქტი და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით:

„დაწესდეს საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ზღვრული ნორმები ადგილობრივი ბუნებრივი პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსაყვანად და მათ მიზნობრივ გამოყენებაზე მკაცრი კონტროლის დაწესებით.

- სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისათვის და სოფლად მუდმივად მცხოვრები სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისათვის ბარისა და ზეგნის რაიონებში - 1 ჰექტარამდე, ხოლო იმ რაიონებში, სადაც ამის შესაძლებლობაა - 1,25 ჰექტარამდე, მთის რაიონებში - 5 ჰექტარამდე (მათ შორის დამუშავებაში არსებული მიწები - 1 ჰექტარამდე);

- სოფლად მუდმივად მცხოვრები სხვა სფეროს მუშა-მოსამსახურეებისათვის ბარისა და ზეგნის რაიონებში - 0,75 ჰექტარამდე, ხოლო მთის რაიონებში - 5 ჰექტარამდე (მათ შორის დამუშავებაში არსებული მიწები - 0,75 ჰექტარამდე);

- ქალაქად მცხოვრებთათვის, რომელთაც საკუთრების უფლებით მიღებული აქვთ საცხოვრებელი სახლი ან სახლის ნაწილი და ქალაქად მცხოვრები იმ მოქლაქეებისათვის, რომელთაც სურთ სოფლად მიიღონ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები საგარეუბნო ზონებში - 0,15 ჰექტარამდე, ბარისა და ზეგნის რაიონებში - 0,25 ჰექტარამდე, ხოლო მთის რაიონებში - 1 ჰექტარამდე (მათ შორის დამუშავებაში არსებული მიწები - 0,25 ჰექტარამდე);

- რაიონული დაქვემდებარების ქალაქებისა და დაბების დამტკიცებულ საზღვრებში მუდმივად მცხოვრებ და მომუშავე სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მოქალაქეთათვის - 0,75 ჰექტარამდე, ხოლო სხვა სფეროს მუშა-მოსამსახურეებისათვის (რომლებიც ცხოვრობენ სასოფლო-სამეურნეო საწარმოებზე მიმაგრებულ მიწებზე) - 0,5 ჰექტარამდე“.

7. კერძო საკუთრებაში გადაცემული მიწების ყიდვა-გაყიდვის უფლება მიწათმოსარგებლეებს მიეცეთ მიწის საკუთრებაში მიღებიდან ორი წლის შემდეგ საადგილმამულო ბანკის ხელშეწყობით.

8. ამ დადგენილების მოთხოვნების განხორციელების შედეგად საზოგადოებრივ მეურნეობათა ლიკვიდაციის აუცილებლობის შემთხვევაში გაუნაწილებლად დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების, ტექნიკის, შენობა-ნაგებობების, სხვა ძირითადი და საბრუნავი საშუალებების შემდგომი რაციონალური გამოყენების საკითხთა გადაწყვეტა დაევალოთ შესაბამისი რაიონისა და სოფლის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტთან, საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტთან შეთანხმებით.

ლიკვიდირებულ საზოგადოებრივ მეურნეობებზე რიცხული სახელმწიფო და მომწოდებელთა ვალების დაფარვის მექანიზმის შესახებ წინადადებათა წარმოდგენა 2 კვირის ვადაში დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს (მოწვევა), საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტსა და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს.

9. საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა, რაიონების (ქალაქების) ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა, საზოგადოებრივმა მეურნეობებმა უზრუნველყონ მოსახლეობის ტექნიკური მომსახურება მათთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების დამუშავების, ათვისებისა და ეფექტიანად გამოყენების მიზნით.

10. დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალურ საკითხთა და დემოგრაფიის სამინისტროს (მოწვევა), საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტს განსაზღვრონ რესპუბლიკაში სტიქიური და სხვა ობიექტური მიზეზებით განპირობებული მოსახლეობის განსახლებისათვის საჭირო ზონები, ამ მიზნით განკუთვნილი ფართობების ოდენობა (მათი ადგილმდებარეობის ჩვენებით) და ერთი თვის ვადაში წარმოუდგინონ სათანადო წინადადება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.

11. დაევალოთ ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებს, რაიონების (ქალაქების) ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს უზრუნველყონ საკარმიდამო მიწის ნაკვეთების ზღვრულ ნორმამდე შევსების, მისი საკუთრებასა და სარგებლობაში გადაცემის სამუშაოთა პრაქტიკული განხორციელება მიმდინარე წლის 1 მაისამდე.

12. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მე-5 პუნქტის მეორე აბზაცი.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბერიძე

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის პირველი ეტაპის განხორციელების ღონისძიებებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 და 6 თებერვლის №128 დადგენილებებში ნაწილობრივ ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 12 მარტი. - № 44 (317). - 1 გვ.

50 მის აღმატებულებას ბატონ თურქუთ ოზალს, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს

▲ზევით დაბრუნება


პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო!

ქართველი ხალხი გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ თქვენს ქვეყანაზე თავსდატეხილი უბედურების - მიწისძვრის გამო, რასაც მოჰყვა მსხვერპლი, ძლიერი ნგრევა.

გთხოვთ, გადასცეთ ჩვენი ღრმა სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებს.

ე. შევარდნაძე
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე

თ. სიგუა.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი

მიმართვა : მის აღმატებულებას ბატონ თურქუთ ოზალს, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს / სიგუა თ. შევარდნაძე ე. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 17 მარტი. - № 45 (319). - 1 გვ.

51 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება საქართველოს რეპუბლიკაში სამეურნეო საქმიანობის დემონოპოლიზაციის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აღნიშნავს, რომ სამეურნეო პრაქტიკაში ვერა და ვერ აღიკვეთა ადმინისტრაციული მმართველობის სისტემის შენარჩუნების ცდები, ცალკეულ დარგებში განხორციელდა რეორგანიზაცია, რომელიც ახალი ფორმით - კონცერნების, ასოციაციების, გაერთიანებების და ა.შ. სახით ფაქტობრივად ძველი შუალედური მმართველობითი რგოლების ფუნქციების მატარებლები არიან და კვლავ რჩებიან ამა თუ იმ პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაში მონოპოლიურ სტრუქტურებად. მიმოქცევის სფეროში კვლავ ფუნქციონირებენ ამგვარი სტრუქტურები. ყოველივე ეს ზღუდავს პირველადი სამეურნეო ერთეულების ეკონომიკურ თავისუფლებას, აფერხებს დამოუკიდებელ იურიდიულ პირებად მათ ჩამოყალიბებას და ეკონომიკის დემონოპოლიზაციის პროცესს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებმა, სახელმწიფო კომიტეტებმა, დეპარტამენტებმა და მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა;

- მკაცრად დაიცვან „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის 23-ე მუხლის მოთხოვნები;

- ერთი კვირის ვადაში განიხილონ და გადაწყვიტონ სახელმწიფო საწარმოების ბაზაზე შექმნილი კონცერნების, ასოციაციების და გაერთიანებების ფუნქციონირების მიზანშეწონილობის საკითხი და მიიღონ გადაწყვეტილებანი მათი დაშლის, დაწვრილერთეულების ან გაუქმების თაობაზე მეურნეობის დეცენტრალიზაციის, კონკურენტული გარემოს შექმნისა და სამეურნეო სუბიექტების საქმიანობის დემონოპოლიზაციის მოთხოვნათა გათვალისწინებით;

- უზრუნველყონ აღნიშნული სახის ასოციაციებიდან, კონცერნებიდან და გაერთიანებებიდან სახელმწიფო საწარმოთა თავისუფალი გასვლა და არ დაუშვან სხვადასხვა ტიპის გაერთიანებიდან საწარმოთა თავისუფალი გასვლის უფლების ხელოვნური შეზღუდვა.

2. სახელმწიფო საწარმოთა ბაზაზე კონცერნების, ასოციაციებისა და სხვა სამეურნეო გაერთიანებათა შექმნისას მკაცრად დაიცვან მათში საწარმოთა შესვლის ნებაყოფლობითი პრინციპი, ამგვარ გაერთიანებათა შექმნის ყველა პროექტი შეთანხმდეს საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსთან ანტიმონოპოლიური ექსპერტიზის მიზნით;

3. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ საწარმოებს და ორგანიზაციებს (მათ შორის ვაჭრობისა და მომსახურების სფეროთა ობიექტებს), რომლებიც არ არიან იურიდიული პირები, უფლება მიეცეთ კოლექტივების გადაწყვეტილების საფუძველზე ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ იურიდიულ პირებად და ნებაყოფლობით გავიდნენ სხვადასხვა ტიპის გაერთიანებათა (კონცერნი, ასოციაცია, სავაჭრო და სხვა გაერთიანება და ა. შ.)

შემადგენლობიდან.

სახელმწიფო ქონების ბაზაზე შექმნილი სამეურნეო ერთეულები გატარდნენ რეგისტრაციაში შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით - „სახელმწიფო საწარმო“.

4. ეს დადგენილება გამოქვეყნდეს პრესაში.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისმოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბერიძე
თბილისი. 1992 წლის 17 მარტი.

დადგენილება : საქართველოს რეპუბლიკაში სამეურნეო საქმიანობის დემონოპოლიზაციის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 26 მარტი. - № 50 (323). - 2 გვ.

52 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება საქართველოს რეპუბლიკის ეკონომიკური რეფორმის დროებითი შტაბის შექმნის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აღნიშნავს, რომ ძირეული ეკონომიკური რეფორმის განხორციელების აუცილებლობა მოითხოვს სამინისტროების, კომიტეტების, დეპარტამენტების, უწყებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოსახლეობის ფართო ფენების ძალისხმევათა კოორდინაციას. რესპუბლიკაში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთიანი სტრატეგიული კურსის ჩამოყალიბების, ეკონომიკური რეფორმის თანამიმდევრობის უზრუნველყოფისა და კრიზისული მდგომარეობის დაძლევის გადაუდებელ ღონისძიებათა შეთანხმებულად განხორციელების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური რეფორმის დროებითი შტაბი შემდეგი სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით:

- საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო:

- საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო;

- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტი;

- საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი;

- საქართველოს რესპუბლიკის შრომის, საოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტრო;

2. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებმა, კომიტეტებმა, დეპარტამენტებმა და უწყებებმა ეკონომიკური რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი შემოიტანონ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში განსახილველად, როგორც წესი, მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური რეფორმის დროებით შტაბში განხილვის შემდეგ.

3. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო კანცელარიამ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე შეტანილ იმ საკითხებზე მსჯელობისას, რომლებიც შეეხება ეკონომიკურ რეფორმას, უზრუნველყოს საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური რეფორმის დროებითი შტაბის შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.

4. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგინოს წინადადებანი საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის რეფორმის დროებითი შტაბის კომპეტენციის, ფუნქციების, საქმიანობის რეგლამენტისა და შესაბამისი მაკოორდინირებელი ჯგუფის სტრუქტურის შესახებ.

5. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკურ რეფორმის დროებით შტაბთან შეიქმნას სათათბირო, რომელშიც შევლენ მეცნიერები, სპეციალისტები, კერძო და სახელმწიფო სექტორის სამეურნეო მუშაკები, საზოგადოებრიობისა და პროფკავშირების წარმომადგენლები, დამტკიცდეს სათათბიროს პერსონალური შემადგენლობა.

6. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკურ რეფორმის დროებითი შტაბის საქმიანობის კოორდინაცია დაეკისროს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს ბატონ რომან გოცირიძეს.

7. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ, საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ, უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკური პროფილის კათედრებმა ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური რეფორმის დროებით შტაბს თავის საქმიანობაში, უზრუნველყონ საჭიროებისამებრ და მისი მითითებით მეცნიერული კვლევების ორგანიზაცია და შესრულება შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დაწესებულებების თემატურ და სხვა გეგმებში ცვლილებათა შეტანის ჩათვლით.

8. ამ დადგენილების შესრულების კონტროლი დაეკისროს საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბერიძე
თბილისი. 1992 წლის 26 მარტი.

დადგენილება : საქართველოს რეპუბლიკის ეკონომიკური რეფორმის დროებითი შტაბის შექმნის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 28 მარტი. - № 51 (324). - 1 გვ.

53 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება მსჯავრდებულ პირთა შეწყალების შუამდგომლობათა განხილვის წესის დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 15 ნოემბრის № 874 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

დამტკიცდეს თანდართული მსჯავრდებულ პირთა შეწყალების შუამდგომლობათა განხილვის წესის დროებითი დებულება.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბერიძე

დადგენილება : მსჯავრდებულ პირთა შეწყალების შუამდგომლობათა განხილვის წესის დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 2 აპრილი. - № 53 (326). - 1 გვ.

54 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება საერთაშორისო სავალუტო ფონდში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკში და მასში შემავალ ორგანიზაციებში საქართველოს რესპუბლიკის წევრად მიღების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ეთანხმება:

ა) საერთაშორისო სავალუტო ფონდის (შემდგომში „ფონდი“) შეთანხმების ხელშეკრულებას;

ბ) რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (შემდგომში „ბანკი“) შეთანხმების ხელშეკრულებას;

გ) საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (შემდგომში „კორპორაცია“) შეთანხმების ხელშეკრულებას;

დ) განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (შემდგომში „ასოციაცია“) შეთანხმების ხელშეკრულებას;

ე) კონვენციას, რომელიც აფუძნებს საინვესტიციო დავების რეგულირების საერთაშორისო ცენტრს (შემდგომში „ცენტრი“);

ვ) კონვენციას, რომელიც აფუძნებს მრავალმხრივი ინვესტიციების გარანტიების სააგენტოს (შემდგომში „სააგენტო“);

ზ) ფონდის, ბანკის, კორპორაციის, ასოციაციის და სააგენტოს წევრად საქართველოს რესპუბლიკის მიღების ვადებსა და პირობებს, რომლებიც განსაზღვრულია ამ ორგანიზაციების მმართველი საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციებით.

2. საქართველოს რესპუბლიკა იღებს ვალდებულებას შეასრულოს ფონდის, სპეციალური სესხის უფლებათა დეპარტამენტის წევრობის შედეგად დაკისრებული ყველა მოვალეობა.

3. საქართველოს რესპუბლიკა, როგორც ფონდის წევრი, ეთანხმება ფონდის მმართველობის № 45-3 რეზოლუციით დამტკიცებულ ყველა ცვლილებას.

4. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე ბ-ნ ო. ქვილითაია უფლებამოსილია ხელი მოაწეროს ფონდის, ბანკის, კორპორაციისა და და ასოციაციის ხელშეკრულებას, ასევე იმ კონვენციებს, რომლებიც აფუძნებენ სააგენტოს და ცენტრს, აგრეთვე სხვა დოკუმენტებს, რომლებიც აუცილებელია ამ დადგენილების 1-ლი, მე-2 პუნქტების მოთხოვნათა შესასრულებლად.

5. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე ბ-ნ ო. ქვილითაია და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი ბ-ნი ვ. ჯინჯიხაძე უფლებამოსილი არიან ისესხონ ან მოითხოვონ ფულადი სახსრები ფონდის, ბანკის, კორპორაციის, ასოციაციის, სააგენტოს და ცენტრისათვის გადასახდელად და ამ მიზნით გამოუშვან უბრუნვადი ფასიანი ქაღალდები და უპროცენტო ობლიგაციები.

მე-5 პუნქტის პირველ ნაწილში მითითებულ პირებს მიეცეთ ნებისმიერი ოდენობის კრედიტები, რომლებიც გადაეხდება ან გადაეცემა საქართველოს რესპუბლიკას ხელშეკრულების შესაბამისად და ფულადი ოპერაციებისა და ტრანსაქციების შესასრულებლად.

6. ა) ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს:

1. საფინანსო სააგენტოს ფონდთან ურთიერთობაში, ხელშეკრულების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად;

2. საფინანსო სააგენტოს ბანკთან ურთიერთობაში, ბანკის ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად;

3. კომუნიკაციის არხს კორპორაციასთან ურთიერთობაში, კორპორაციის ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად;

4. კომუნიკაციის არხს ასოციაციასთან ურთიერთობაში, ასოციაციის ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად;

5. კომუნიკაციის არხს სააგენტოსთან ურთიერთობაში, სააგენტოს კონვენციის 38-ე მუხლის თანახმად.

6. საქართველოს ეროვნული ბანკი იქნება რესპუბლიკაში არსებული ფულადი ნიშნების საცავი ფონდი, რომლითაც მოხდება ყველანაირი ანგარიშსწორება ფონდთან, ბანკთან, კორპორაციასთან, ასოციაციასთან და სააგენტოსთან.

7. საქართველოს რესპუბლიკის მმართველად ფონდში დაინიშნოს ბ-ნი ო. ქვილითაია, ხოლო ალტერნატიულ მმართველად ბ-ნი ვ. ჯინჯიხაძე.

საქართველოს რესპუბლიკის მმართველად ბანკში დაინიშნოს ბ-ნი ო. ქვილითაია, ხოლო ალტერნატიულ მმართველად ბ-ნი ნ. კაკულია.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბერიძე
თბილისი. 1992 წლის 31 მარტი.

დადგენილება : საერთაშორისო სავალუტო ფონდში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკში და მასში შემავალ ორგანიზაციებში საქართველოს რესპუბლიკის წევრად მიღების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 7 აპრილი. - № 55 (328). - 1 გვ.

55 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის მნიშვნელოვანი გაფართოებისა და კოორდინაციის საჭიროების გამო, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტი.

2. გადავიდეს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტის შემადგენლობაში საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ეკონომიკური სამსახურები და ორგანიზაციები.

3. გადაეცეს უწყებრივ დაქვემდებარებაში საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტს საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტი.

4. დაინიშნოს იოსებ ელიზბარის ძე ცისკარიშვილი საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ.

5. დაინიშნოს თეიმურაზ დავითის ძე მამაცაშვილი საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ - საქართველოს რესპუბლიკის მინისტრად.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის
- პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
კ. გელაშვილი
თბილისი. 1992 წლის 14 აპრილი.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 16 აპრილი. - № 62 (341). - 1 გვ.

56 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


1992 წლის 2 იანვრიდან საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მოიშალოს ამ აპარატისა და მის ნომენკლატურაში შემავალ ყველა მუშაკთან განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება.

2. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის გაუქმებასთან დაკავშირებით შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსის ჰ. ჭიპაშვილის თავმჯდომარეობით.

3. დაევალოს სალიკვიდაციო კომისიას გაუქმებული აპარატის მუშაკებთან საბოლოო ანგარიშსწორება განახორციელოს საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

4. სალიკვიდაციო კომისიამ მუშაობა დაამთავროს ორი თვის ვადაში დღიდან შექმნისა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბერიძე.
თბილისი. 1992 წლის 17 აპრილი.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 18 აპრილი. - № 64 (343). - 1 გვ.

57 ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნის გზაზე

▲ზევით დაბრუნება


საქართველო-საბერძნეთის ისტორიულ და კულტურულ ურთიერთობას, რომელსაც საუკუნეთა სიღრმეში აქვს ფესვი გადგმული, ახალი ერა დაუდგა. 1992 წლის 20 აპრილს ამ ორმა სახელმწიფომ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა.

სიმბოლურია, სულ რამდენიმე დღის წინათ სწორედ საბერძნეთში საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა თენგიზ სიგუამ წამოაყენა შავი ზღვის აუზისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების სუბრეგიონალური გაერთიანების ინიციატივა.

ორმოცდაორმა ქვეყანამ - სწორედ ამდენი ქვეყანა მონაწილეობდა საერთაშორისო ფორუმში „თანამედროვე ევროპა და ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის სანაპიროების ქვეყნები“ - მხარი დაუჭირა და მოიწონა ჩვენი რესპუბლიკის ინიციატივა.

სწორედ ამ მოვლენით დაიწყო ჩვენი საუბარი ბატონ თენგიზ სიგუასთან.

- საკუთარ ქვეყანაში რეფორმებს რომ ვახორციელებთ, - თქვა მან, ხშირად ხელახლა ვქმნით ველოსიპედს, ვიწყებთ ნულიდან, ვივიწყებთ, რომ მსოფლიო გაერთიანებას და ბევრ გაერთიანებულ ქვეყანას უკვე აქვთ სამართლებრივი სახელმწიფოს დემოკრატიულ სტრუქტურათა აგების გამოცდილება. ინიციატივის იდეა ის არის, რომ ხელი შეუწყოს როგორც შავი ზღვის აუზისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ეკონომიკის დაჩქარებულ განვითარებას, ისე იმას, რომ შეიქმნას პირობები ევროგაერთიანებაში მათი შესვლისათვის.

- ევროპის საბჭო. ვინ შედის მასში და როგორია მისი საქმიანობის მიზნები?

- ევროპის საბჭო, რომლის რეზიდენცია ბრიუსელშია, დაარსდა ჯერ კიდევ 1949 წელს, როგორც საკონსულტაციო ხასიათის სამთავრობათაშორისო პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც საერთო-ევროპული ერთიანობის ინტერესებისათვის მოქმედებს. საბჭოს შემადგენლობაში შედის დემოკრატიული და პლურალისტური რეჟიმების მქონე ევროპის 12 ქვეყანა. ზოგიერთ ქვეყანას, მაგალითად, პოლონეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, იუგოსლავიასა და სხვებს, უფლება აქვს გაგზავნოს იქ თავისი დელეგაციები პლენარულ სხდომებზე, მაგრამ არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მინისტრთა კაბინეტის - იმ ორგანოს მუშაობაში, რომელიც ფუძემდებელ გადაწყვეტილებებს იღებს.

რაც შეეხება ევროპის საბჭოს საქმიანობის მიზნებს, ისინი მკაფიოდ არის განსაზღვრული შემდეგი პარამეტრებით: დაიცვას ადამიანის უფლებები და განამტკიცოს დემოკრატიული პლურალისტული რეჟიმები, შეიმუშაოს საზოგადოებრივი ცხოვრების ზოგად პრობლემათა გადაჭრის ღონისძიებანი, შექმნას საერთო-ევროპული კულტურული ერთობა, უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის საბჭომ შეიმუშავა საინტერესო რეკომენდაციები იმ ქვეყნებში შინაგანი კანონმდებლობის შეცვლისათვის, რომლებიც ტოტალიტარიზმიდან დემოკრატიის გზას დაადგნენ. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ახლა არ გამოგვადგეს ასეთი გამოცდილება. საგულისხმოა, რომ ევროპის საბჭომ მოამზადა „დემოსთენეს პროგრამა“, რომელიც უნდა დაეხმაროს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს კონსტიტუციური, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული რეფორმების მომზადებაში. ევროპის საბჭოში შესვლა ხელს შეგვიწყობს მივუახლოვდეთ ევროპის მთავარ ეკონომიკურ სტრუქტურებს, - ისეთებს, როგორიცაა ევროპის ეკონომიკური გაერთიანება.

- რა შეუძლია კონკრეტულად გააკეთოს სუბრეგიონალურმა გაერთიანებამ?

- ჯერ ერთი, ამ ქვეყნებისათვის შექმნის უმეტესი ხელშეწყობის ვითარებას, მეორე, გადაწყვეტს ყველა ქვეყნისათვის საინტერესო გლობალურ პრობლემებს.

- ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე საქართველოსათვის ეს გაერთიანება საარსებო მნიშვნელობისაა, დამოუკიდებელი საქართველოს მომავალი მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ გლობალური და რეგიონალური პრობლემების გადაჭრასთან, რომლებიც უფრო სამართლიანი და დემოკრატიული „ახალი მსოფლიო წესრიგის“ შექმნის გზაზე დგას. ამიტომაც დემოკრატიული მსოფლიო გაერთიანებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს აღნიშნული დაპირისპირების საზღვარზე ისეთი სახელმწიფოს არსებობას, როგორიც საქართველოა, რომელიც ეკონომიკასა და სახელმწიფო პოლიტიკას წარმართავს ზოგადსაკაცობრიო დემოკრატიულ ღირებულებათა საფუძველზე.

მაგრამ განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ სტაბილურობის ხიდის როლს შეასრულებს საქართველო, რომელსაც თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობითა და ისტორიული გამოცდილებით აქვს კონტაქტები შავი ზღვის სანაპიროსა დ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან.

- იდეას მაშინვე დაუჭირეს მხარი და მოიწონეს?

- ყველას ესმის, რომ უშიშროებისა და ნდობის კლიმატის შექმნა შესაძლებლობას მისცემთ ითანამშრომლონ და ერთად გადაწყვიტონ ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა ამოცანები, უფრო სწრაფად შექმნან ევროპის გაერთიანებაში შესვლისათვის საჭირო პირობები. მოიწონა ეს იდეა ჩრდილოეთ აფრიკის ყველა ქვეყანამ - მაროკომ, ალჟირმა, ტუნისმა, ეგვიპტემ და სხვებმა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორმოცდაორივე ქვეყნის წარმომადგენლებს მოეწონათ ეს იდეა.

- სულ ახლახან განხორციელდა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის იდეა.

- ამა წლის თებერვალში სტამბოლში პარაფირებულ შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ კიდევ ერთი ღირსება აქვს: მან გახსნა მასში ახლომდებარე ქვეყნების, და უწინარეს ყოვლისა, ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნების ჩართვის გზა.

ჟურნალისტებმა იგი მაშინვე მონათლეს „შავიზღვისპირეთის საერთო ბაზრად“, არადა, თუ ჟურნალისტთა ძალისხმევით ეს ბაზარი გააფართოებს საზღვრებს ხმელთაშუა ზღვის ნაპირებამდე, სარგებელი უდავო იქნება.

- არის თუ არა კონკრეტული წინადადებანი ამ ინიციატივის შესახებ?

- რა თქმა უნდა. მონაწილეობის წილობრივ საწყისებზე ბუქარესტში იქმნება ერთობლივი ინსტიტუტი შავი ზღვის ეკოლოგიის საკითხებზე. თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის წყლების გადარჩენას, იმაზე ლაპარაკი ზედმეტი იქნება. ნაკლებ მნიშვნელოვანი როდია კომუნიკაციათა პრობლემა. დავასახელებ მის თუნდაც ერთ მხარეს. კომუნიკაციის მხოლოდ თანამედროვე საშუალებები მოგვცემს შესაძლებლობას განვავითაროთ ევროპული ტიპის საბანკო სისტემები. ამ მხრივ საქართველოს აქვს დადებითი გამოცდილება. ასეთია, მაგალითად, შავიზღვისპირა სანაპირო ზოლის დაცვა და საპლაჟო სივრცის ასობით ჰექტარის აღდგენა. უკვე აღარაფერს ვამბობ ყველა ქვეყნის გლობალური კოოპერაციის პრობლემებზე უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური საკითხების გადაჭრის, აგრეთვე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხისადმი მიდგომაში ძალთა გაერთიანების დროს, როგორიცაა კულტურულ ღირებულებათა დაცვა, შენარჩუნება, რესტავრაცია და აღდგენა.

- ცნობილია, რომ ფორუმზე თქვენ მეორე მოხსენებაც გააკეთეთ. რა საკითხებს მიეძღვნა იგი?

- ჩემი მოხსენების არსი ის არის, რომ საქართველო, რომელიც ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის სრულუფლებიანი წევრი გახდა, გამოთქვამს შეშფოთებას ამიერკავკასიის რეგიონში კონფლიქტის განვითარების გამო და მზად არის გაააქტიუროს ძალისხმევა სამართლიანი, ეფექტიანი, საიმედო გადაწყვეტილებების ძიებისათვის, აგრეთვე მხარს უჭერს კონფლიქტის ზონაში ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის მექანიზმის ამოქმედების იდეას. ავტორიტარული რეჟიმი რომ დავამხეთ, ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მთლიანად პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებს, აგრეთვე დემოკრატიული პრინციპებისა და კანონთა უზენაესობის საფუძველზე საზოგადოების განვითარებას. რჯულშემწყნარებლობა ქართველთა ეროვნული თვისებაა. ამის დადასტურებაა რესპუბლიკის ეკონომიკური რუკაც, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში დგებოდა, და სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის მისწრაფება საქართველოს მიწაზე ყველა ერის თავისუფალი განვითარების გარანტია. დღეს შევდივართ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ზონაში, და არ შეიძლება არ გვაწუხებდეს ცხელი წერტილები, რომლებიც რამდენიმეა ამ რეგიონში. ამიტომ მხარს ვუჭერთ ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის იმ იდეას, რომ შეიქმნას ახალი მექანიზმები, ამ რეგიონში მშვიდობის დამყარებისათვის.

- აქვს თუ არა სუბრეგიონალურ გაერთიანებას თავისი გაგრძელება?

- ეს უახლოესი მომავლის საკითხია. ფორუმის მონაწილეებმა გამოთქვეს აზრი დუნაი-რაინის მეშვეობით ცენტრალურ ევროპასთან და ბალტიის ზღვის ქვეყნებთან შავი ზღვის აუზისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ურთიერთობის პროექტის შესახებ.

- გრანდიოზული გეგმებია, მაგრამ, იქნებ დავუბრუნდეთ საბერძნეთს, სადაც მიმდინარეობდა ეს ღირსშესანიშნავი ფორუმი?

- სწორედ ამით დავიწყეთ. ახლა საბერძნეთთან ურთიერთობაში შექმნილია ნოყიერი ნიადაგი, რომელზეც იხარებს ეკონომიკის, ბიზნესის, მეცნიერებისა და კულტურის ხე, ნაყოფს რომ მოუტანს ორივე ქვეყანას, მაისში ველით საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის მიცოტაკისის ვიზიტს და უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი ურთიერთობა ახალ განვითარებას შეიძენს.

ესაუბრა გალინა ჩიქოვანი.

ინტერვიუ : ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნის გზაზე / სიგუა თ., [ჩაიწერა გ. ჩიქოვანმა] // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 23 აპრილი. - № 67 (346). - 1 გვ.

58 საქართველოს ტელერადიოდეპარტამენტის, საქინფორმისა და „საქართველოს რესპუბლიკის“ ჟურნალისტებმა შეკითხვით მიმართეს ბატონ თენგიზ სიგუას

▲ზევით დაბრუნება


- როგორ შეაფასებდით საქართველოს მთავრობის გამსვლელი სხდომის შედეგებს ქუთაისსა და წყალტუბოში?

- დადებითად. საქართველოს მთავრობა, შეიძლება ითქვას, პრობლემებთან უფრო ახლოს მივიდა. თბილისიდან ზოგადად, გლობალურად დანახული საკითხები, რაიონებისა და ცალკეულ საწარმოთა ჭრილში დაკონკრეტდა. მაშასადამე, მათი გადაწყვეტის გზებიც დაზუსტდა და გადასაჭრელადაც რეალური გახდა. ქუთაისში გამართულ სხდომას საქართველოს დროებითი მთავრობა ფაქტობრივად სრული შემადგენლობით ესწრებოდა.

- საქმე ის არის, რომ დღეს საქართველოში სრული ეკონომიკური დეპრესიაა. წლევანდელი პირველი სამი თვის მანძილზე პრაქტიკულად რესპუბლიკის საწარმოთა და დაწესებულებების ნახევარი გაჩერებული იყო, რაც საერთოდ განაპირობა მძიმე ენერგეტიკულმა კრიზისმა და დაძაბულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ, განსაკუთრებით - დასავლეთ საქართველოში. იყო სხვა მიზეზებიც.

უნდა გამოვიდეთ ამ მძიმე მდგომარეობიდან. როგორ, რა გზებით?

ამ თვალსაზრისით მთავრობის გამსვლელ სხდომას ჰქონდა არა მარტო გარკვეული თეორიული დონე, არამედ წმინდა პრაქტიკული მნიშვნელობაც.

ქუთაისი დასავლეთ საქართველოს ცენტრია. იგი არის, მე ვთვლი, ქართული კულტურისა და ქართული გენის გადამრჩენი ქალაქი და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ქუთაისში ჩატარებულიყო ეს შეკრება.

- არჩევანში არ შევმცდარვართ, რადგან გამსვლელებმა - ადგილობრივი თვითმმართველობის, საწარმოთა და დაწესებულებათა ხელმძღვანელებმა გამოთქვეს საყურადღებო მოსაზრებები თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ხვალ, როგორ უნდა წამოვაყენოთ ფეხზე ეკონომიკა.

- ენერგეტიკული კრიზისით გამოწვეული პრობლემები დაძლეულია, მაგრამ საწარმოები ნედლეულისა და დამხმარე მოწყობილობათა დიდ ნაკლებობას განიცდიან, გრძელდება სხვა კრიზისული მოვლენებიც. ახლა მთავარია, დროულად მოვასწროთ ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან პირდაპირი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება, აქტიურად ვეძებოთ ალტერნატიული ბაზრები საერთაშორისო ასპარეზზეც. მით უფრო, რომ აქ უკვე მოვიპოვეთ გარკვეული პოზიციები: საქართველო ოფიციალურად გახდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი, მსოფლიო ბანკის წევრი; უახლოეს დღეებში (დოკუმენტები უკვე წარვადგინეთ ლონდონში) ევროპის განვითარებისა და აღორძინების ბანკის წევრიც ვიქნებით. სამივე უდიდესი ფინანსური ორგანიზაციებია უმაღლესი ავტორიტეტით მსოფლიოში. ჩვენ უკვე შეგვეძლება უახლოეს პერიოდში (ეს ალბათ ამ ზაფხულში იქნება) სოლიდური კრედიტები მივიღოთ ამ ბანკებისგან. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წევრობა არის გარანტი იმისა, რომ კერძო ბანკები დასავლეთიდან აქტიურად დააბანდებენ კაპიტალს საქართველოში.

ქუთაისში შეკრებას ჰქონდა სხვა მნიშვნელობაც. აქ უკვე საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ საქართველოს გადარჩენა პოლიტიკური სტაბილიზაციის გარდა ბევრად არის დამოკიდებული ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებაზე. დაწვრილებით განვიხილეთ როგორც ჩვენი მრეწველობის, ასევე, განსაკუთრებით, აგროსექტორის მტკივნეული საკითხები. დღევანდელმა საუბრებმა ცხადყვეს, რომ მონდომება, რომელიც აქ გამჟღავნდა, საქმის კეთებისათვის მზადყოფნა, პრივატიზაციის ფონზე, რომელიც დასავლეთ საქართველოს მთელ რიგ რაიონებში ნორმალურად მიმდინარეობს, იმედის სრულ საფუძველს გვაძლევს. მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმეთ პრივატიზაციის პროცესების შემდგომ განვითარებას: 10 მაისისათვის დამთავრდება განკერძოების ძირითადი იურიდიული ბაზის შექმნა, 20 მაისისათვის კი აქტიურად დაიწყება მისი განხორციელება. პირველ რიგში იგი შეეხება ვაჭრობის, მომსახურების, მსუბუქი მრეწველობის ობიექტებს და ა.შ.

დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მოშლილი გვაქვს საფინანსო დისციპლინა: 3-4 თვის განმავლობაში ზოგან ხელფასებიც კი არ მიუღიათ. პენსიონერები უპენსიოდ დარჩნენ. რესპუბლიკაში ფულის ნიშნების დიდი ნაკლებობაა. ასეთია რეალობა, მაგრამ ამის კონსტატაცია არ კმარა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი ბანკების ხელმძღვანელთა ყურადღება მივაქციო ამ სფეროში არსებულ თავაშვებულობას. დღეს უმკაცრესად უნდა დავიცვათ საბანკო-საკრედიტო დისციპლინა, ფულის ნიშნები პირველ რიგში გავცეთ პენსიონერებისათვის, საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელფასებისათვის, და მხოლოდ შემდეგ - სხვა კრედიტებისათვის.

შეხვედრა გვქონდა წყალტუბოშიც. საქართველოს საკურორტო სისტემის ეს თვალსაჩინო უბანი დღეს პრაქტიკულად არ მუშაობს.

საქმე ის არის, რომ პოლიტიკური დესტაბილიზაცია, რომელიც საქართველოში ბოლო ორი წელიწადია არის, რასაკვირველია, ვერ ქმნის დამსვენებლის მოზიდვის პირობებს. არადა, წყალტუბო არა მარტო ყოფილი საბჭოთა კავშირის, არამედ მსოფლიო მნიშვნელობითაც გამორჩეული კურორტია. ჩვენ დღეს მოვილაპარაკეთ კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის გადაუდებელ საშუალებებზე, პირველი, ეს არის თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების აღდგენა, და, მეორე, - სასურსათო პროდუქტებით წყალტუბოს სანატორიუმების მომარაგება. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში აქ შეიძლება მოვიზიდოთ უცხოური ინვესტიციები, რომლებიც ადგილობრივ ინტელექტუალურ პოტენციალთან ურთიერთობაში შექმნის საკურორტო, სამედიცინო მომსახურების თანამედროვე სპექტრს.

კურორტის, ქალაქის ხელმძღვანელობა შეხვდა მინისტრთა კაბინეტის თითქმის ყველა წევრს, ყველა საჭირბოროტო საკითხი განხილულ იქნა. ჩვენ ამ მუშაობას თბილისშიც გავაგრძელებთ და უახლოეს მომავალში, ალბათ, მივიღებთ საგანგებო დადგენილებას ქალაქ-კურორტ წყალტუბოს განვითარებისა და პერსპექტივის თაობაზე.

გვიჭირს, ძალიან გვიჭრს - ეკონომიკურად... მაგრამ მე ბუნებით ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ის დიდი საგარეო-პოლიტიკური ძვრები, რომლებიც ჩვენი რესპუბლიკის მიმართ ხდება, კარგ ნაყოფს გამოიღებს. 60-ზე მეტმა სახელმწიფომ უკვე აღიარა საქართველოს სუვერენიტეტი, აქტიურად მიმდინარეობს პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. დღეისთვის ჩვენთან ასეთი ურთიერთობები დაამყარეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საბერძნეთმა, ნიდერლანდებმა, კუბამ. დაუსრულებლივ ვიღებთ ტელექსებსა და ტელეფაქსებს საზღვარგარეთის ქვეყნების მისიების ჩამოვლის თაობაზე, რომლებიც აპირებენ დაამყარონ ჩვენთან დიპლომატიური კავშირები. ეს იმის ნიშანია, რომ საქართველო უკვე აღიარებულია როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. უახლოეს მომავლში ამას მოჰყვება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებებიც.

არ მინდა ჩემი ხალხი დავამშვიდო განცხადებით, რომ 2-3 წელიწადში ყველაფერი რიგზე იქნება. არა, ალბათ 5-7 წელიწადი მაინც საჭიროა საიმისოდ, რომ საქართველომ ევროპის ქვეყნების ცხოვრების მინიმალურ დონეს მიაღწიოს. მაშინ საშუალება გვექნება დავაყენოთ საკითხი ევროსაბჭოში, ევროპის საერთო სახლში ჩვენი მიღების შესახებ.

ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიმართულების ვექტორი განსაზღვრულია, ჩვენ დასავლეთის ვექტორი ავირჩიეთ. ბოლო ორი საუკუნის მანძილზე, საქართველოს არ ჰქონია ამის საშუალება. დღეს გზაჯვარედინზე ვიმყოფებით და რამდენად სწორია ჩვენი არჩევანი, ამას ალბათ ჩვენი შთამომავლობა იტყვის. მე მგონი, რომ ჩვენ არ გვეშლება.

- ეკონომიკის, სოციალური სფეროს გაჯანსაღებაზე, მოსახლეობის მკურნალობაზე რომ საუბრობდით, თქვენ განკურნების კიდევ ერთი ასპექტი ახსენეთ...

- დიახ, ეს ჩვენი უბედურებაა და მე პირველ რიგში მსურს, რომ ჩვენი ერი სულიერად განიკურნოს. იმ იდეოლოგიურ პრესს, რომელსაც განვიცდით, არ შეიძლება ჩვენი შეგნების დეფორმაცია არ გამოეწვია, თავისი დაღი არ დაესვა ჩვენი საზოგადოებისთვის. პედაგოგებთან შეხვედრისას ერთ-ერთმა ქალბატონმა განმიცხადა, რომ უბედურები ვართ თურმე იმიტომ, რომ გამსახურდია გავაძევეთ საქართველოდან; რომ ეს იყო კაცი, რომელსაც დიდი სულიერი მისია ჰქონდა დაკისრებული და რომელიც მთელ მსოფლიოს ამ საუკუნის დამლევს ქართულ ენაზე აალაპარაკებდა; რომ ჩვენ განსაკუთრებული ერი ვართ, ინგლისელებზე, ავსტრიელებზე, გერმანელებზე, და ა.შ. მაღლა მდგომი. ეს არის მძვინვარე ნაციონალიზმი, რომელიც ჩვენი საზოგადოებისათვის აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია.

ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევა შედარებით მალე შეიძლება, მაგრამ ერის სულიერ განკურნებას დიდი პერიოდი ჭირდება.

ქართველი ერი გონიერია და, დარწმუნებული ვარ, ეს განკურნებაც მოხდება.

- მთავრობის გამსვლელი სხდომა გამონაკლისია თუ სისტემად ჩამოყალიბდება?

- ვფიქრობ, რომ ასეთი გამსვლელი სხდომები უნდა მოეწყოს საქართველოს უმეტეს რეგიონებში. ჩატარდება ასეთი სხდომა ქართლისა და კახეთის რეგიონებისთვისაც. იქ შედარებით სიმშვიდეა. ხალხი შრომობს. ქუთაისში რომ მივფრინავდით, ილუმინატორიდან ვაკვირდებოდი ჩვენს მინდვრებს, ვენახებს. მიწა დამუშავებულია, ერთია მთავარი. ჩვენ თუ მოსავლიანობა არ გავზარდეთ, საქართველო ფეხზე ვერასოდეს დადგება. არ გვექნება საშუალება ყოველწლიურად ვიყიდოთ ორი მილიონი ტონა ხორბალი, ორას სამოცი ტონა შაქარი, ოთხმოცი ათასი ტონა ხორცი და ხორცის პროდუქტები, მილიონ ტონაზე მეტი რძე და რძის ნაწარმი. ჩვენ მცირემიწიანი რესპუბლიკა ვართ, მაგრამ მიწა მადლიანია, წყლის რესურსები პრაქტიკულად განუსაზღვრელი გვაქვს და ყველაფერ ამას რაციონალურად უნდა გამოყენება. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ მიწის პროდუქტიულობის 2-3-ჯერ ამაღლებას. ამის წინაპირობაა მიწის განკერძოება, თუმცა მარტო ეს საკმარისი არ არის. ჩვენ გვჭირდება ენერგოაღჭურვილობის მნიშვნელოვანი ამაღლება. ჩამორჩენა სოფლის მეურნეობის ენერგო და მექანოაღჭურვილობაში კატასტროფულია - 10-15-ჯერ ჩემოვრჩებით აშშ და კანადას. მაგრამ გვაქვს მდგომარეობის გაუმჯობესების შესანიშნავი საშუალებანი. აი თუნდაც ქუთაისის მოტობლოკებისა და მცირეგაბარიტიანი ტრაქტორების ქარხანა. თუ ამ სიმძლავრეებს ავამოქმედებთ, უახლოეს 5 წელიწადში სოფელს მექანო და ენერგოაღჭურვილობით უზრუნველვყოფთ. ეს კი მიწის ნაყოფიერების ამაღლების განმსაზღვრელი ფაქტორია, შვეიცარიის და, განსაკუთრებით, ჰოლანდიის მაგალითი ამას გვიდასტურებს, მაგრამ თავაუღებელი შრომა დაგვჭირდება. თორემ ახლა რა მდგომარეობაა? გულახდილად გითხრათ, უცხოელ სპეციალისტებთნ შეხვედრების დროს მეუხერხულება კიდეც ჩვენი სოფლის მეურნეობის კონკრეტულ მაჩვენებლებზე საუბარი. როდესაც გაიგებენ, რომ ჩვენთან რძის საშუალო წველადობა 1200-1500 ლიტრია, ეღიმებათ ხოლმე. ჰოლანდიაში ძროხა თუ 6 ათას ლიტრზე ნაკლებს იწველის, მერძევედ არ თვლიან. კანადაში სულ ცოტა 50-60 ცენტნერია ხორბლის საჰექტარო მოსავლიანობა. ჩვენთან - 18-20 ცენტნერს არ აღემატება. ჩვენი შრომისუუნარობის ბრალია, მიწას ვერ დავაბრალებთ.

მაგრამ ქართველი კაცის გენში არის შრომის დიდი უნარი. ვინ ააგო ნიკორწმინდა, ვინ შექმნა ის უნიკალური ანსამბლები, ტაძრები, რომლებიც ყველასათვის ცნობილია? ეს ხომ ქართველი კაცის მარჯვენის და გონების მადლია. დღეს სტიმული უნდა მივცეთ. თავიდან უნდა გავარღვიოთ ეს ისტორიული უნარი.

და თუ ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ნავარაუდევი გვაქვს, დარწმუნებული ვარ, მალე დადგება პერიოდი, როცა საქართველო აყვავებული ქვეყანა იქნება და იგი იპოვის თავის ადგილს მსოფლიოს ერთა თანამეგობრობაში.

გ. ჩიქოვანი,
ა. ბალთიძე.

ინტერვიუ : საქართველოს ტელერადიოდეპარტამენტის, საქინფორმისა და „საქართველოს რესპუბლიკის“ ჟურნალისტებმა შეკითხვით მიმართეს ბატონ თენგიზ სიგუას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 29 აპრილი. - № 70 (349). - 2 გვ.

59 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება ვაჭრობის თავისუფლების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმის ორგანიზაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის, სამომხმარებლო ბაზრის განვითარების, კონკურენციის სტიმულირების, ვაჭრობის სფეროში მონოპოლიზმის გადალახვისა და ფასების ლიბერალიზაციის პირობებში სავაჭრო და საშუამავლო ქსელის დაჩქარებული განვითარების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. უფლება მიეცეთ საწარმოებს, განურჩევლად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა (სახელმწიფო შეკვეთების შესრულების შემდეგ), აგრეთვე მოქალაქეებს განახორციელონ შეუზღუდავად, სპეციალური ნებართვის გარეშე, სავაჭრო, საშუამავლო და შესყიდვის (მათ შორის ნაღდ ანგარიშზე) საქმიანობა, გარდა: იარაღისა, საბრძოლო მასალებისა, ასაფეთქებელი, მომწამვლელი, რადიაქტიური, ნარკოტიკული, სამკურნალწამლო საშუალებებისა და იმ საქონლისა (მათ შორის კვების პროდუქტებისა), რომლის წარმოება და რეალიზაცია აკრძალული ან შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით.

2. დაწესდეს, რომ მოქალაქეთა მიერ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოტანილი ან მათი მისამართით გადმოგზავნილი საქონელი საბაჟო გადასახადით დაბეგვრას არ ექვემდებარება.

3. დაწესდეს, რომ საწარმოებსა და მოქალაქეებს უფლება აქვთ ივაჭრონ (მათ შორის ხელიდან, არასტაციონალური დახლებიდან და ავტომანქანებიდან) მათთვის მოსახერხებელ ადგილზე, გარდა გზების სავალი ნაწილისა, მეტროპოლიტენის ვესტიბიულებისა და სახელმწიფო მმართველობისა და ხელისუფლების ორგანოთა განთავსების შენობების უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიებისა. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების გასწვრივ ბაზრობების მოწყობა დაიშვება ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ გამოყოფილ ტერიტორიებზე გაერთიანება „საქავტოგზასთან“ და სახავტოინსპექციასთან შეთანხმებით. ამასთან, ქ. თბილისის მერიას და ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს უფლება მიეცეთ ცალკეულ განსაკუთრებულ შემთხვევებში ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით მიიღონ გადაწყვეტილება ზოგიერთ სხვა ტერიტორიაზე ვაჭრობის შეზღუდვის შესახებ. პასუხისმგებლობა რეალიზებული საქონლის ხარისხისათვის ეკისრებათ გამყიდველებს (ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის პალატამ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციამ ორი კვირის ვადაში წარმოადგინონ წინადადება მათდამი რწმუნებული სამსახურების სამეურნეო სფეროში კომპეტენციის მკვეთრად გამიჯვნის შესახებ (მეურნე სუბიექტთა საქმიანობის შემოწმების, რევიზიის, კონტროლის და ა.შ.). კატეგორიულად აიკრძალოს სამართალდამცველი ორგანოების მიერ მეურნე სუბიექტთა მიმართ ისეთი ქმედება, რომელიც სცილდება შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებს.

შინაგან საქმეთა ორგანოებმა არ დაუშვან საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტვირთის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა. აიკრძალოს სატრანსპორტო და სხვა საშუალებებით გადაზიდული ნებისმიერი ტვირთისათვის რაიმე საბუთის მოთხოვნა (შეძენის ნებართვა, ლიცენზია, ზედდებული და ა.შ. ), გარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა:

- ხელი შეუწყონ საწარმოთა და მოქალაქეთა თავისუფალ ვაჭრობას, სავაჭრო ადგილისა და ტერიტორიის კეთილმოწყობას, ამ ადგილებზე საზოგადოებრივი წესრიგის, სანიტარული ნორმებისა და წესების დაცვას;

- მიიღონ ზომები ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში საბითუმო ბაზრების ორგანიზაციის და მათ განსათავსებლად შესაფერისი ტერიტორიების გამოყოფის თაობაზე, ამასთან გაითვალისწინონ სატრანსპორტო მისადგომი გზების, სასაწყობო მეურნეობისა და დაცვის სისტემის მოწყობის შესაძლებლობა.

6. საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტრომ და ცეკავშირმა 1992 წლის 10 მაისამდე წარმოადგინონ დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებული წინადადებანი საბითუმო ბაზრების მოწყობის შესახებ.

7. მოქალაქეთა მიერ არაორგანიზებული ერთჯერადი საცალო ვაჭრობიდან მიღებული ამონაგები გათავისუფლდეს სახელმწიფო გადასახადისაგან.

სავაჭრო ორგანიზაციების მიერ რეალიზებული პროდუქცია დაიბეგროს არსებული წესის მიხედვით.

8. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციამ ორი კვირის ვადაში წარმოადგინონ წინადადებანი სავაჭრო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისტემის სრულყოფის შესახებ ამ დადგენილების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

9. დაწესდეს, რომ გადაზიდულ ტვირთზე ლიცენზიის მოთხოვნის უფლება აქვთ მხოლოდ სახელმწიფო საბაჟო სამსახურს ან იმ ორგანოებს, რომელთაც დროებით ეკისრებათ საბაჟო კონტროლის განხორციელება. ლიცენზიის მოთხოვნა დაშვებულია მხოლოდ უშუალოდ საქართველოს რესპუბლიკის სასაზღვრო საგუშაგოებზე ტვირთის საზღვარზე გადატანის მომენტში.

10. ამ დადგენილების სრული ტექსტი გამოქვეყნდეს პრესაში და გადაიცეს რადიოტელევიზიით.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის პირველი მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელი
კ. გელაშვილი

დადგენილება : ვაჭრობის თავისუფლების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 5 მაისი. - № 74 (353). - 1-2 გვ.

60 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკაში ეკონომიკური რეფორმის ძირითად მიმართულებათა შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკაში ეკონომიკური რეფორმის თანამიმდევრული განხორციელების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს რესპუბლიკაში ეკონომიკური რეფორმის ძირითადი მიმართულებანი (პირველი ეტაპი), ეკონომიკურ სფეროში საკანონმდებლო აქტების მომზადებისა და დახვეწა-დაზუსტების სამუშაოთა პროგრამა და ეკონომიკური რეფორმის პირველი რიგის ღონისძიებათა განხორციელების პროგრამა.

2. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებმა და უწყებებმა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა თავიანთ საქმიანობაში გაითვალისწინონ ზემოაღნიშნულ დოკუმენტში ჩამოყალიბებული დებულებანი და უზრუნველყონ გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულება დადგენილ ვადებში.

3. საქართველოს რესპუბლიკაში ეკონომიკური რეფორმის ძირითადი მიმართულებანი (პირველი ეტაპი) გამოქვეყნდეს პრესაში და გადაიცეს ტელევიზიით.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის პირველი მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელი
კ. გელაშვილი.
თბილისი, 1992 წლის 4 მაისი.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკაში ეკონომიკური რეფორმის ძირითად მიმართულებათა შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 9 მაისი. - № 78 (357). - 1 გვ.

61 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება საბაჟო გადასახადების დროებითი სისტემის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფილი სსრ კავშირის ორგანოების მიერ დაწესებული ყველა სახის საბაჟო გადასახადები.

2. დაწესდეს ყველა სახის სასაქონლო საექსპორტო ოპერაციისთვის ერთიანი საბაჟო გადასახადი საკონტრაქტო ღირებულების 8 პროცენტის ოდენობით კონტრაქტით გათვალისწინებული ვალუტით ან მანეთებით, საზღვრის გადაკვეთის მომენტისათვის ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საბაზრო კურსით.

3. დაწესდეს ყველა სახის სასაქონლო საიმპორტო ოპერაციისათვის ერთიანი საბაჟო გადასახადი საკონტრაქტო ღირებულების 2 პროცენტის ოდენობით კონტრაქტით გათვალისწინებული ვალუტით ან მანეთებით, საზღვრის გადაკვეთის მომენტისათვის ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საბაზრო კურსით.

4. განთავისუფლდეს საიმპორტო საბაჟო გადასახადებისგან მედიკამენტები და სასურსათო პროდუქტები, თამბაქოს ნაწარმის და ალკოჰოლიანი სასმელების გარდა.

5. დაწესდეს საქონელგაცვლის (საბარტერო) ოპერაციებისთვის ერთიანი საბაჟო გადასახადი საკონტრაქტო ღირებულების 20 პროცენტის ოდენობით მანეთებით, საექსპორტო გადატვირთვის თარიღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საბაზრო კურსით. ამ საბაჟო გადასახადის გადახდა ხდება საექსპორტო გადატვირთვის განხორციელებიდან 1 თვის ვადაში.

6. ამ დადგენილებით გათვალისწინებული საბაჟო გადასახადები მოქმედებს ყველა საწარმოს, ორგანიზაციისა და დაწესებულებისთვის, საკუთრების ფორმის მიუხედავად.

7. დადგენილი საბაჟო გადასახადები არ ვრცელდება საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ტვირთნაკადებზე.

8. ძალადაკარგულად ჩაითვალოს 1992 წლის 1 მაისამდე დადგენილი საბაჟო გადასახადების შეღავათები.

9. საბაჟო გადასახადების გადახდის ვადა განისაზღვრება საბაჟოს მიერ დადგენილი წესით.

10. ეს დადგენილება გამოქვეყნდეს პრესაში.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბერიძე

დადგენილება : საბაჟო გადასახადების დროებითი სისტემის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 16 მაისი. - № 82-83 (361-62). - 2 გვ.

62 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკაში სავალუტო ფონდების ფორმირების დროებითი წესის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების უზრუნველსაყოფად, პირველი საჭიროების საგნების შესასყიდად და სახელმწიფოს ცენტრალიზებული სახსრების შესაქმნელად საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. დაწესდეს საწარმოების (საკუთრების ფორმის მიუხედავად), გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და მოქალაქეების (შემდგომში „საწარმოების“) მიერ საქონლის (სამუშაოების, მომსახურების), სამეცნიერო, მხატვრული თუ ხელოვნების ნაწარმოებებისა და ექსპონატების, სამრეწველო საკუთრების რეალიზაციიდან, აგრეთვე სპორტისა და კულტურის მუშაკთა კოლექტივების თუ ცალკეული პირების მიერ ჩატარებული სანახაობებისა და წარმოდგენებისაგან მიღებული კონვერტირებადი ვალუტის ამონაგებიდან ანარიცხის ნორმატივი. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სავალუტო ფონდში თორმეტი პროცენტის ოდენობით.

ეს საწარმოები, რომლებიც შემოსავალს მთლიანად კონვერტირებად ვალუტაში ღებულობენ, რესპუბლიკის სავალუტო ფონდში გადასახადებს იხდიან საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი განაკვეთებით.

2. სავალუტო ამონაგების ორი პროცენტი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სავალუტო ფონდში ანარიცხების ნორმატივებიდან ჩაირიცხება ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სავალუტო ფონდში. ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მმართველობის ორგანიზაციებისათვის ზემოაღნიშნული პროცენტი განაწილდება ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების შეხედულებისამებრ.

3. საწარმოთა ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის მიზნით სავალუტო ფონდებში გადარიცხული თანხები ჩაითვლება საწარმოთა მოგებიდან ბიუჯეტში გადასახადების ანგარიშში, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით.

4. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სავალუტო ფონდში ჩარიცხვის შემდეგ დარჩენილი ვალუტა გამოიყენება საწარმოთა სავალუტო ფონდების ფორმირებისათვის. საწარმოთა სავალუტო ფონდები შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმპორტის ოპერაციების განსახორციელებლად, საწარმოს მუშაკთა შრომის ასანაზღაურებლად, საბაზრო კურსით მანეთის შესასყიდად და სხვა მიზნებისათვის, რომლებიც აკრძალული არაა მოქმედი კანონმდებლობით.

5. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულმა ბანკმა დაადგინოს უცხოური ვალუტის მიმართ მანეთის სპეციალური და საბაზრო კურსი ან ერთიანი კურსი, და ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს პრესაში.

6. ნება დაერთოთ უცხოელ იურიდიულ პირებს, რომელთა მონაწილეობითაც რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილია საწარმოები, გახსნან ნებისმიერ ბანკში სამანეთო ანგარიშები საქართველოს რესპუბლიკაში ოპერაციების განხორციელების უფლებით.

7. საქონლის (სამუშაოების, მომსახურების) რეალიზაციიდან უცხოურ ვალუტაში ამონაგები აუცილებლად უნდა ჩაირიცხოს საწარმოთა სავალუტო ანგარიშებზე საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ იმ ბანკებში (შემდგომში „რწმუნებული ბანკები“), რომელთაც ეროვნული ბანკისაგან მიღებული აქვთ სავალუტო ოპერაციების წარმოების ნებართვა (ლიცენზია).

სავალუტო ამონაგების ჩარიცხვის ამ წესის დარღვევის შემთხვევაში საწარმო ჯარიმდება დამალული ამონაგები თანხის მთლიანი ოდენობით, რომელიც ჩაირიცხება რესპუბლიკის სახელმწიფო სავალუტო ფონდში.

იურიდიული პირები, რომელთაც ამ დადგენილების მომენტისათვის აქვთ სავალუტო სახსრები ანგარიშებზე საზღვარგარეთ, ვალდებული არიან დადგენილების გამოცემიდან ერთი თვის ვადაში ჩარიცხონ ისინი თავიანთ ანგარიშებზე რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ რწმუნებულ ბანკებში. სახსრები, რომლებიც დადგენილ ვადაში არ იქნება ჩარიცხული ანგარიშებზე რწმუნებულ ბანკებში, ცხადდება საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად და ჩაირიცხება რესპუბლიკის სახელმწიფო სავალუტო ფონდში.

იურიდიულ პირებს შეუძლიათ საზღვარგარეთ გახსნან ანგარიშები მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

8. საქონლის (სამუშაოების, მომსახურების) ექსპორტიორი საწარმოები ვალდებული არიან საბაჟო დეკლარაციაში უჩვენონ იმ რწმუნებული ბანკის რეკვიზიტები და სრული დასახელება, რომლის მეშვეობითაც ხდება საზღვარგარეთელ პარტნიორთან ანგარიშსწორება, აგრეთვე სავალუტო შემოსავლების მიღების ვადა. საბაჟო დეკლარაციასთან ერთად ექსპორტიორი საწარმოები ვალდებული არიან საბაჟო ორგანოებს წარუდგინონ საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნული რწმუნებული ბანკის დასტური.

საბაჟო ორგანოები რეგულარულად (თვეში ერთხელ) წარუდგენენ საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნულ რწმუნებულ ბანკებს და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს საბაჟო დეკლარაციების რეესტრს, რის საფუძველზეც იქნა გაშვებული საექსპორტო ტვირთი.

საგადასახადო დოკუმენტების ბანკში წარუდგენლობის ან დეკლარაციაში აღნიშნულ ვადაში სავალუტო ამონაგების მიუღებლობის შემთხვევაში რწმუნებული ბანკები ატყობინებენ ამის შესახებ რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას ექსპორტიორი საწარმოს შესამოწმებლად, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს.

9. დაწესდეს, რომ თუ საწარმოები, საბანკო ან სხვა საფინანსო ორგანოები დაარღვევენ ამ დადგენილებით, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებულ დებულებებს, მაკონტროლებელ ორგანოებს შეუძლიათ მათ მიმართ გამოიყენონ დადგენილი წესით შემდეგი ზომები:

- იშუამდგომლონ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის წინაშე რწმუნებული ბანკებისათვის სავალუტო ოპერაციების წარმოების ნებართვის ჩამორთმევის შესახებ;

- უდავო წესით გადაახდევინონ შესაბამისი სავალუტო ფონდების დავალიანებანი, ხოლო სათანადო სახსრების უქონლობის შემთხვევაში - დავალიანების თანხების ეკვივალენტი სახსრები მანეთებში, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მანეთის საბაზრო კურსის შესაბამისად;

- გადაახდევინონ ჯარიმა გადამალული თანხის ორმაგი ოდენობით;

10. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ რესპუბლიკის სახელმწიფო სავალუტო ფონდში შემოსული სახსრები შეიტანოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ფორმირების წყაროდ და გამოიყენოს ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების დასაფინანსებლად.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის პირველი მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელი
კ. გელაშვილი.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკაში სავალუტო ფონდების ფორმირების დროებითი წესის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 16 მაისი. - № 82-83 (361-62). - 2 გვ.

63 თენგიზ სიგუა: ყველა ქვეყანასთან გვინდა კეთილმეზობლური ურთიერთობა, ეფექტიანი და სასარგებლო კავშირი

▲ზევით დაბრუნება


ამას წინათ ტაშკენტიდან დაბრუნდა საქართველოს მთავრობის დელეგაცია. მეთვალყურის სტატუსით იგი მონაწილეობდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა შეხვედრაში. დელეგაციის მეთაურს, საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს თენგიზ სიგუას ვთხოვეთ გაეზიარებინა შთაბეჭდილებები.

- როგორი იყო ქართული დელეგაციის შემადგენლობა? ვინ მონაწილეობდა შეხვედრაში?

- ჩემთან ერთად ტაშკენტში გამოფრინდნენ ჩემი პირველი მოადგილე და თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი და სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი.

შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამას მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ მრავალრიცხოვანი საერთაშორისო მეთვალყურეები და ჟურნალისტები. ამასთან ყოფილი სსრ კავშირის ყოფილი თერთმეტი რესპუბლიკიდან ტაშკენტში არ ჩამოსულან უკრაინის, აზერბაიჯანის, მოლდოვას, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის სახელმწიფოთა მეთაურები. ამან დიდი შეშფოთება გამოიწვია, თუმცა მათი არყოფნის მიზეზები, ერთი შეხედვით, ობიექტური იყო. მაგალითად, უკრაინის პრეზიდენტი კიევში მასპინძლობდა ფინეთის პრეზიდენტს. აზერბაიჯანისა და ტაჯიკეთის სახელმწიფოთა მეთაურებმა პოლიტიკური ვითარების არასტაბილურობა მოიმიზეზეს. თავისი არყოფნა შეხვედრაზე მოლდოვის პრეზიდენტმა დნესტრისპირეთში პოლიტიკური და სამხედრო დაძაბულობით დაასაბუთა. ყირგიზეთის პრეზიდენტი კი, საერთოდ, ვიზიტად გაემგზავრა ჩინეთში. უნდა აღვნიშნო, რომ შეხვედრა წინასწარ, თვე-ნახევრის წინათ იყო დაგეგმილი და, როგორც ჩანს, ხუთი სახელმწიფოს მეთაურებს, სურვილი რომ ჰქონოდათ, ყველაფერი ისე უნდა დაეგეგმათ, რომ ტაშკენტში ყოფილიყვნენ, მაგრამ არაფრის გამოსწორება უკვე აღარ შეიძლებოდა და შეხვედრის დასაწყისი ლამის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღსასრული გამოდგა.

- დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას დამოკლეს მახვილივით ემუქრება დაშლის საფრთხე. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ ხუხულასავით დაიშალა ყოფილი სსრ კავშირი. თქვენ, საქართველოს მთავრობის მეთაური, როგორ აფასებთ ყოველივე ამას?

- ჩემი აზრით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას მომავალი არა აქვს. მისი დაშლა დროის საქმეა. დღეს საზოგადოებრივი აზრი ცდილობს უპასუხოს კითხვას: რატომ გართულდა ესოდენ კატასტროფულად სოციალურ-პოლიტიკური რეფორმის პროცესი, რომელსაც უზარმაზარი იმპერიის დაშლა მოჰყვა? არადა, ხომ ვარაუდობდნენ, რომ მისი რადიკალური გარდაქმნისათვის საჭირო იყო მხოლოდ გაეხსნათ დემოკრატიისა და საჯაროობის რაბები, მეტი ეკონომიკური დამოუკიდებლობა მიენიჭებინათ რეგიონებისთვის და საერთო კეთილდღეობა მაშინვე დადგებაო. სინამდვილეში კი კატასტროფულად დაქვეითდა საბჭოთა საზოგადოების მრავალტანჯული ადამიანის ისედაც დაბალი საარსებო დონე. სერიოზული ძვრები, როგორიცაა ვერტიკალური, ხელისუფლების ცენტრალიზებული მართვის ტრადიციული სტრუქტურების დარღვევა, დაშლის ერთ-ერთი მიზეზი იყო. ყველანი ჩვენი პოლიტიკური ტრადიციების, აზროვნების სახის, პოლიტიკური კულტურის მძევლები აღმოვჩნდით. დაშლა გარდაუვალი იყო. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა როდია ყველა უბედურების პანაცეა. საჭიროა დრო და ყველანი გარდუვალად მივალთ ერთ აზრამდე, რომ ნებისმიერმა სუვერენულმა სახელმწიფომ თავად უნდა აშენოს სამოქალაქო სამართლებრივი საზოგადოება, სადაც ურყევად იქნება დაცული პიროვნების სოციალურ-პოლიტიკური და დემოკრატიული უფლებები.

- თუ თქვენი აზრი დელაგაციის აზრია, მაშ როგორია მოგზაურობის მიზანი, თუნდაც ეს მეთვალყურის სტატუსით იყოს?

- მთავარი, რისთვისაც ტაშკენტში გავემგზავრეთ, ის იყო, რომ მონაწილეობა მიგვეღო ორი უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვაში, რომლებიც უშუალოდ საქართველოს ეხება. ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი როდი იყო უშუალოდ მიგვეღო ინფორმაცია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შინაპოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის შესახებ, რომელთანაც ამ ეტაპზე გვინდა ვიქონიოთ არა მარტო ნორმალური, არამედ ეფექტიანი და ურთიერთხელსაყრელი კავშირი. გვაინტერესებდა შეგვეტყო, თუ რა მიდგომები აქვთ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შემავალ რესპუბლიკებს ევროპისა და აზიის ქვეყნებისადმი. გვინდოდა მოგვესინჯა საქონელბრუნვის ზრდის, სამეურნეო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობანი. მაგრამ ჩვენ არავითარი ილუზია არა გვქონია, ყველა საკითხს ვუდგებოდით დღევანდელი რეალიების გათვალისწინებით.

- ყველას აინტერესებს, თუ რა საკითხები იხილებოდა შეხვედრაზე და რომელთა განხილვაში მონაწილეობდა ჩვენი რესპუბლიკა?

- ერთხელ კიდევ აღვნიშნავ, რომ საქართველო მონაწილეობდა შეხვედრაში როგორც მეთვალყურე, იხილებოდა თხუთმეტი საკითხი, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ორი საკითხის განხილვაში ვმონაწილეობდით. ერთ-ერთი გლობალური საკითხია ყოფილი საბჭოთა კავშირის აქტივებისა და პასივების განაწილება. მინდა დაწვრილებით შევეხო საქართველოსათვის ამ მნიშვნელოვან საკითხს.

აქტივებია აზიისა და აფრიკის განვითარებადი ქვეყნების, აგრეთვე ყოფილი სოციალისტური ბანაკის - პოლონეთის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთისა და სხვათა ვალები. აქტივებია დაშლამდე სსრ კავშირის კუთვნილი მთელი უძრავი ქონება. ესენია ყველა საელჩო საზღვარგარეთ, აეროფლოტის დაწესებულებანი, კულტურული წარმომადგენლობა და სხვები.

ყოფილი სსრ კავშირის ყველა აქტივიდან საქართველოს წილად მოდის მარტო აზიისა და აფრიკის განვითარებადი ქვეყნებიდან 740 მილიონ დოლარზე მეტი, ხოლო ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებიდან - 700 მილიონ დოლარზე მეტი, საზღვარგარეთის მთელი უძრავი ქონების შეფასების შემდეგ, ჩვენი რესპუბლიკის წილად მოვიდა სულ ცოტა 600-700 მილიონი დოლარი.

აქტივების განაწილებაში რომ მონაწილეობს, ბუნებრივია, საქართველო მონაწილეობს პასივების განაწილებაშიც. საქართველოს ვალი შეადგენს ყოფილი სსრ კავშირის საერთო ვალის 1,62 პროცენტს. დოლარებით იგი შეადგენს მილიარდ 312 მილიონს.

- ბრძანეთ, თუ შეიძლება, როგორია ყოფილი სსრ კავშირის ვალი? როგორ არის საერთაშორისო ხელშეკრულებების საქმე, რომლებსაც ქვეყანა წინათ დებდა?

- საერთო ვალი შეადგენს დაახლოებით 80 მილიარდ დოლარს. რაც შეეხება საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ახლა თითოეული სუვერენული რესპუბლიკა ამას თვითონ წყვეტს. ეს სწორედ ის მეორე საკითხია, რომლის განხილვაშიც ვმონაწილეობდით. სულ რამდენიმე დღის წინათ ვმასპინძლობდით ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის დელეგაციას. ჩვენ მკაფიოდ და ცხადად გამოვთქვით საკუთარი აზრი, რომ ხელშეკრულებას ევროპაში კოლექტიური უშიშროების შესახებ ხელს მოვაწერთ. ევროპის ერთიანობის პროცესის გადამწყვეტი წინამძღვარია დემოკრატიული სტრუქტურების, თავისუფალი სოციალური ეკონომიკური წესების დამკვიდრება, აგრეთვე ევროპაში თანამშრომლობისა და უშიშროების ახალი ფორმების შემუშავება. პარიზის ქარტიამ დასახა გადამწყვეტი ნიშანსვეტები. ვესწრაფვით უშიშროებას, რომელიც დაეფუძნება უპირატესად არა სამხედრო ძალას, არამედ სუვერენულ სახელმწიფოთა შინაგან დემოკრატიულ არსს, ნდობას, კარგახსნილობასა და თანამშრომლობას.

ჰელსინკში დაწყებულ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის პროცესი, რომლის პირველი ეტაპი ერთგვარად წინასწარ დაგვირგვინდა პარიზის ქარტიის ხელმოწერით, ახალ ხარისხს ანიჭებს ევროპის სახელმწიფოთა მრავალმხრივ ურთიერთობას. ყველა ძნელი პრობლემა უნდა გადაიჭრას პოლიტიკური გზით, რომლის არსია - მეტი დემოკრატია, მეტი სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა, მეტი თვითგამორკვევა და ავტონომია ცალკეულ ჯგუფებსა და ხალხებს.

ევროპის სახლი, რაზეც ასე ბევრს ლაპარაკობდნენ, უკვე მზად არის, უფრო სწორად, მზად არის მისი ჩონჩხი. ახლა საქმე ის არის, რომ ამ სახლის ბინები, რომლებიც საჭიროა ოჯახების შესახლებისათვის, დიზაინერთა სრულიად ევროპის გუნდმა ისეთნაირად გამართა, რომ იქ ყველას თავი მყუდროდ ეგრძნო. სახლის საჭირო წესი და რიგი უკვე ერთსულოვნად განსაზღვრა პარიზის ქარტიამ ახალი ევროპისთვის.

ჩვენ ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთმოქმედების ხიდი უნდა გავდოთ ევროპის ყველა ქყვეყანასთან. საქართველომ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელს მოაწერს ვენის ხელშეკრულებას ევროპაში ჩვეულებრივი იარაღის შემცირების შესახებ. ასეთივე გადაწყვეტილება გამოიტანეს ტაშკენტის შეხვედრის მონაწილე სხვა ქვეყნებმაც.

- იყო თუ არა კიდევ საკითხები, რომლებიც საქართველოს მხარეს აინტერესებდა?

- დიახ, იყო. ეს არის არქივების განაწილების საკითხი. ჩვენ საკითხი ასე დავსვით: ყველა არქივი - სპეციალური, ისტორიული, კულტურული, ლიტერატურული და სხვები - ხალხის ისტორიაა და მასვე უნდა ეკუთვნოდეს. არავის არა აქვს უფლება ამ არქივებზე, ხალხის გარდა, რომელსაც იგი ეკუთვნის.

- ჰქონდა თუ არა ჩვენს დელეგაციას შეხვედრები სხვა ქვეყნის ხელმძღვანელობასთან?

- რუსეთის ხელმძღვანელობასთან - ბატონებთან ბორის ელცინთან, გენადი ბურბულისთან და ეგორ გაიდართან განვიხილეთ სავაჭრო-ეკონომიკური ხელშეკრულების საკითხები. შევხვდით ყაზახეთის ხელმძღვანელობას. უკვე მომზადებულია სავაჭრო-ეკონომიკური შეთანხმებანი ამ სახელმწიფოებთან. ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა და ამ რესპუბლიკის პრემიერმა სერგეი ტერეშჩენკომ დიდი ინტერესი გამოიჩინეს და მალე ჩვენთან მთავრობის დელეგაცია ჩამოვა. ჩვენ გავუშვით პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის „სასინჯი ბურთი“ და დარწმუნებული ვართ, რომ იგი უფრო სწრაფად მოიკრებს სიმაღლეს.

გალინა ჩიქოვანი

ინტერვიუ : ყველა ქვეყანასთან გვინდა კეთილმეზობლური ურთიერთობა, ეფექტიანი და სასარგებლო კავშირი / სიგუა თ., [ჩაიწერა გ. ჩიქოვანმა] // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 20 მაისი. - № 85 (364). - 1 გვ.

64 თენგიზ სიგუა: ნდობა და კარგახსნილობა ყველა ქვეყანასთან

▲ზევით დაბრუნება


- ევროპაში ჩვეულებრივი იარაღის შემცირებისა და ყოველი ქვეყნის ჩვეულებრივი შეიარაღებისათვის კვოტის დაწესების შესახებ ხელშეკრულებას მივესალმებით და მხარს ვუჭერთ, - თქვა საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა თენგიზ სიგუამ, როცა მიიღო „ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის მისიის წევრები“.

- ჩვენ ვაპირებთ ყველა ურთულესი პრობლემა მხოლოდ პოლიტიკური გზით გადავწყვიტოთ, ხაზგასმით აღნიშნა მან. ეს ეხება სქართველოს როგორც საგარეო, ისე საშინაო პლიტიკას. დღეს რესპუბლიკის მთავრობის განსაკუთებული ზრუნვის საგანია ეროვნულ უმცირესობათა საკითხი და ადამიანის უფლებათა დაცვა. შიდა ქართლის მწვავე პრობლემა მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს. მიმდინარეობს მოლაპარაკება, სულ უფრო კლებულობს ექსტრემისტული ექსცესები, მხარეები სულ უფრო მეტად იჩენენ სურვილს გამართონ დიალოგი, კონფრონტაციამ ადგილი დაუთმო თანამშრომლობას: წყდება ლტოლვილების, მათი მოწყობის, სამედიცინო დახმარებისა და სურსათით, სათბობით, ელეტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხი. ეს პრობლემები ასევე აქტუალურია მთელი რეგიონის მოსახლეობისთვის.

მთავრობის მეთაურმა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის წარმომადგენლებს აუწყა, რომ რესპუბლიკისთვის უმნიშვნელოვანესი კამპანიაა პარლამენტის არჩევნების მომზადება და 11 ოქტომბერს მისი მოწყობა. საქართველოში მოწვეული იქნება 150 საერთაშორისო მეთვალყურე. მიღებულია საარჩევნო კანონი და იუსტიციის სამინისტრო აქტიურად ეწევა ყველა პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის რეგისტრაციას. საქართველო ადგას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში დემოკრატიული რეფორმების გზას. აღდგენილია 1921 წლის კონსტიტუცია, მაგრამ ამასთანავე შეიქმნა კომისია, რომელიც მუშაობს ახალ კონსტიტუციაზე. მას განიხილავს და მიიღებს საყოველთაო რეფერენდუმი, და შემდეგ დაამტკიცებს ახალი პარლამენტი.

აღინიშნა, რომ რესპუბლიკის მთავრობა ცდილობს დააჩქაროს მიწის, ბინების, ვაჭრობისა და სერვისის ობიექტების პრივატიზაციის ტემპი, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანას, საბაზრო ურთიერთობაზე გადასვლის კონცეფციის შექმნას.

ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბელგიის პარლამენტის წევრმა მარკ ეისკენსმა აღნიშნა, რომ ევროპის ერთიანობის პროცესის გადამწყვეტი წინამძღვარია დემოკრატიული სტრუქტურების, თავისუფალი სოციალური ეკონომიკურ წესის დამკვიდრება, აგრეთვე ევროპაში თანამშრომლობისა და უშიშროების ახალი ფორმების შემუშავება.

- ჩვენ ვესწრაფვით უშიშროებას, - თქვა ბატონმა ეისკენსმა, - რომელიც ეფუძნება უპირატესად არა სამხედრო ძალას, არამედ შესაბამის სახელმწიფოთა შინაგან დემოკრატიულ არსს, დაემყარება ნდობას, კარგახსნილობას და თანამშრომლობას.

კონსტრუქციულ საუბარში შეეხნენ ჩვენი რესპუბლიკისთვის დახმარების გაწევის საკითხებს. მაგალითად, ევროპის საბჭომ გამოყო 70 მილიონი ეკიუ. საქართველო შემდგომშიც მიიღებს ჰუმანიტარულ დახმარებას, განიხილება საერთაშორისო ფონდებიდან დახმარების პროექტები.

საუბარში ხაზგასმით აღინიშნა, რომ რეგულარული თათბირები და კონსულტაციები ხელს შეუწყობს ყველა საკითხში კონსენსუსის უფრო სწრაფად მიღწევას, რათა საქართველო ევროპის გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი გახდეს.

ნდობა და კარგახსნილობა ყველა ქვეყანასთან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 22 მაისი. - № 86 (365). - 2 გვ.

65 მნიშვნელოვანი მოვლენა ორი ქვეყნის ცხოვრებაში

▲ზევით დაბრუნება


თენგიზ სიგუა ესაუბრა თურქეთის მინისტრს

- საქართველოს და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება მნიშვნელოვანი მოვლენაა ორივე ქვეყნის ცხოვრებაში, მეგობრობისა და თანამშრომლობის ფართო ჰორიზონტებს სახავს, - თქვა საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა თენგიზ სიგუამ, რომელმაც მიიღო რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰიქმეთ ჩეთინი.

თენგიზ სიგუამ სტუმარს გააცნო საქართველოში დემოკრატიულ გარდაქმნათა მიმდინარეობა, აცნობა, რომ სახელმწიფო საბჭომ მიიღო საარჩევნო კანონი. 11 ოქტომბერს 169 დეპუტატი პარლამენტის წევრი გახდება. არჩევნებზე მოწვეულია ასზე მეტი საერთაშორისო მეთვალყურე მსოფლიოს ორმოცი ქვეყნიდან. აღნიშნა რა, რომ ამ დროისთვის თბილისში უკვე გახსნილი იქნება თურქეთის საელჩო, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წინადადება მისცა თურქეთის მხარეს გამოგზავნოს თავისი მეთვალყურენი.

როცა ქვეყნის საგარეო პოლიტიკას შეეხო, მინისტრთა კაბინეტის მეთაურმა თქვა, რომ 60-ზე მეტმა სახელმწიფომ ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ათზე მეტმა ქვეყანამ უკვე დაამყარა მასთან დიპლომატიური ურთიერთობა, ოცზე მეტმა ქვეყანამ კი აცნობა, რომ მზად არის ხელი მოაწეროს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის დოკუმენტებს.

- თურქეთი მუდამ ცდილობდა მეგობრულად ეცხოვრა თავის უახლოეს მეზობელთან - საქართველოსთან, - განაცხადა ბატონმა ჰიქმეთ ჩეთინმა. - ჩვენი ქვეყნის მთავრობა, ბიზნესმენები მზად არიან ყოველნაირად გააფართოონ მეგობრული და საქმიანი კონტაქტები. ჩვენი აზრით, საქართველომ ძირითადი როლი უნდა შეასრულოს ამიერკავკასიის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციაში, მტკიცე მშვიდობის დამყარებაში.

- საუბრის დროს განიხილეს ორივე მხარისათვის საინტერესო საკითხები. მაგალითად, შეთანხმდნენ, თურქეთიდან საქართველოში სამრეწველო საწარმოებისთვის ნედლეულის მოწოდებაზე. თავის მხრივ, საქართველო მეზობელს მიაწვდის საშენ არმატურას, გაზისა და ნავთობის მრეწველობისთვის საჭირო მილებსა და სხვა ნაწარმს.

22 მაისს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანკარაში გაემგზავრა.

მნიშვნელოვანი მოვლენა ორი ქვეყნის ცხოვრებაში. თენგიზ სიგუა ესაუბრა თურქეთის მინისტრს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 23 მაისი. - № 87 (366). - 1 გვ.

66 მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა ურთიერთგაგების საწინდარია

▲ზევით დაბრუნება


- ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ისრაელის სახელმწიფოს გამოცდილება, რომელმაც შეძლო თავისი არსებობის რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ეკონომიკური აყვავებისთვის მიეღწია, - განაცხადა საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თეგიზ სიგუამ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან არიე ლევინთან შეხვედრაზე.

- ჩვენს სახელმწიფოებს შორის დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობა, - განაგრძო მან, - თანამშრომლობის ახალ გზებს სახავს როგორც პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ასევე კულტურის, მეცნიერების და ტურიზმის დარგში. ქართველი და ებრაელი ხალხების ოცდაექვსსაუკუნოვანი მეგობრობის ისტორია შემდგომი მჭიდრო, მრავალპლანიანი კონტაქტების საწინდარია.

- ბატონმა სიგუამ აღნიშნა, რომ ისრაელის მიღწევებს, კერძოდ, კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებაში, ყურადღებით სწავლობენ საქართველოში. თავის მხრივ, მან შესთავაზა თანამშრომლობა რესპუბლიკისათვის პრიორიტეტული მრეწველობის მიმართულებებით - ოპტიკურ ელექტრონიკასა და ზუსტ მანქანათმშენებლობაში.

- ბატონმა არიე ლევინმა მადლობა გადაიხადა გულთბილი მიღებისთვის და აღნიშნა, რომ ორივე ხალხი ერთნაირად ესწრაფვის ერთმანეთის უფრო საფუძვლიანად გაცნობას.

- ჩვენ ვიცით, თქვა ელჩმა, - რომ საქართველო აშენებს დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოს, ცვლილებათა ნებისმიერ პროცესში გარდაუვალია უთანხმოებანი. ასეა ჩვენს რესპუბლიკაშიც. ჩემი აზრით, არ არის საჭირო მათი დრამატიზება, პირიქით, ეს უნდა აღვიქვათ, როგორც რაღაც გარდაუვალი ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის დროს. მან შემოგვთავაზა საქართველოში ისრაელიდან ექსპერტების გამოგზავნა უკვე ივლისში, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან საქმის ვითარებას და ქართველ კოლეგებთან ერთად განსაზღვრავენ ურთიერთსაინტერესო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებს.

გაიმართა კონტრუქციული, დაინტერესებული საუბარი საზოგადოებრივი მედიცინის დარგში, საოჯახო ფერმების შექმნაში, რძის პროდუქტების წარმოებაში, მეფრინველეობის განვითარებაში, ტურიზმის ინდუსტრიაში, კონტაქტების გაფართოების სფეროში ერთობლივი მოქმედების შესახებ. მხარეებმა განაცხადეს, რომ ერთნაირად არიან დაინტერესებული თბილისში ისრაელის საკონსულოს გახსნით და ორი სახელმწიფოს დედაქალაქებს შორის რეგულარული ავიარეისების დაწესებით.

საუბარში მონაწილეობდნენ რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე, თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი, პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჩიკვაიძე და სხვა ოფიციალური პირნი.

მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა ურთიერთგაგების საწინდარია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 3 ივნისი. - № 96 (375). - 1 გვ.

67 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მიღებასთან დაკავშირებით დებულებათა დამტკიცების თაობაზე

▲ზევით დაბრუნება


„საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 9 აგვისტოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

დამტკიცდეს დებულებანი - „სახელმწიფო ქონების აუქციონით გაყიდვის შესახებ“, „სახელმწიფო ქონების კონკურსით გაყიდვის შესახებ“ და „სახელმწიფო საწარმოთა ღია სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ“.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბერიძე

დადგენილება : „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ~ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მიღებასთან დაკავშირებით დებულებათა დამტკიცების თაობაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 11 ივნისი. - № 101-102 (380-381). - 1 გვ.

68 პირველი ოფიციალური ვიზიტი

▲ზევით დაბრუნება


პრესაში უკვე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დელეგაცია 14-დან 16 ივნისამდე ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. ამ დელეგაციას ბატონი თენგიზ სიგუა მეთაურობდა.

17 ივნისს მან საქართველოს მთავრობის პრეზიდიუმის სხდომის მუშაობას უხელმძღვანელა.

18 ივნისს შვეიცარიაში გაფრინდა. ასეთი დაძაბული გრაფიკის მიუხედავად მთავრობის თავმჯდომარემ მაინც გამონახა შესაძლებლობა და ინტერვიუ მისცა ჩვენი გაზეთის კორესპონდენტს.

- ბატონო თენგიზ, უწინარეს ყოვლისა მადლობა უნდა გითხრათ, რომ ასეთი შემჭიდროვებული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად შესაძლებლად მიიჩნიეთ ჩვენთან შეხვედრა.

- „საქართველოს რესპუბლიკის“ მკითხველებთან ურთიერთობა ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, მზად ვარ დავაკმაყოფილო მათი ინტერესი ჩემი კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში.

- ირანში თქვენი ვიზიტი იწვევს საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს.

- დიახ, ეს მართლაც მრავალმხრივ საინტერესო და მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო. მინდა მოგახსენოთ, რომ ეს გახლდათ დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი უცხოეთის სახელმწიფოში ორმხრივი მოლაპარაკების ჩასატარებლად და ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავლისათვის რიგი საინტერესო და აქტუალური პრობლემის გადასაწყვეტად.

სანამ მათ შესახებ ვისაუბრებდეთ, ჩვენი დელეგაციის შემადგენლობაზე მოგახსენებთ. იგი საკმაოდ სოლიდურად იყო წარმოდგენილი და მრავალრიცხოვანიც გახლდათ, რაც ირანის მხარესთან განსახილველი საკითხების ფართო სპექტრით იყო განპირობებული.

საქართველოს დელეგაციაში იყვნენ - მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჩიკვაიძე, მრეწველობის მინისტრი ბესარიონ ჯუღელი, ტრანსპორტის მინისტრი ალექსანდრე ჩხეიძე, სახელმწიფო საბჭოს წევრი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, საგარეო საქმეთა და ზოგი სხვა სამინისტროს პასუხისმგებელი თანამშრომლები, ექსპერტები.

ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანების უაღრესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბატონ ალექსანდრე ჩიკვაიძის წინადადებით საჭიროდ ჩავთვალეთ და გადავწყვიტეთ, რომ დელეგაციას სათავეში მთავრობის თავმჯდომარე ჩასდგომოდა.

საკმაოდ რთულ პირობებში მოგვიხდა მუშაობა თეირანში. ვგულისხმობ ორივე დღის ძალიან დაძაბულ გრაფიკს, ჩასატარებელ სამუშაოთა მოცულობას, შესათანხმებელი ორმხრივი დოკუმენტების მნიშვნელობას და, რასაკვირველია, იმ პასუხისმგებლობას, რაც საქართველოს წინაშე გვეკისრებოდა ამ მისიის წარმატებით ჩატარებისათვის.

ორივე მხარის, ჩვენი და ჩვენი მასპინძლების მონდომებისა და კეთილი ნების ერთობლიობით შესაძლებელი გახდა შვიდ დოკუმენტზე მოგვეწერა ხელი, რომლებიც საფუძვლად დაედება ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთსასარგებლო და ნაყოფიერ თანამშრომლობას.

დოკუმენტების რაოდენობა, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ გადამწყვეტი, ბუნებრივია, არ არის. მთავარი მათი არსებითი მხარეა და ეს უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროს ეხება. მე მგონი, ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, თუ რას ნიშნავს ახალი, პერსპექტიული ურთიერთობების დაწყება, ურთიერთკავშირების დამყარება კატასტროფულად დარღვეული ჩვენი ეკონომიკისათვის საერთოდ და, კერძოდ, ენერგეტიკისათვის.

„საქართველოს რესპუბლიკის“ მკითხველებმა, ცხადია, უკვე იციან, რომ ირანი მოგვაწვდის ბუნებრივ გაზს. ბევრის მანიშნებელია თეირანის ოფიციოზის, გაზეთ „ჯომპურიე ისლამის“ 16 ივნისის ნომრის პირველ გვერდზე გამოქვეყნებული წერილის სათაური: „ირანის რესპუბლიკა თანახმაა მიაწოდოს საქართველოს ბუნებრივი გაზი“. მეორე გაზეთმა „თეჰრან თაიმსმა“ იმავე დღეს განაცხადა: „პრეზიდენტმა ალი აქბარ ჰაშემი რაფსანჯანიმ დააკმაყოფილა საქართველოს თხოვნა ბუნებრივი გაზის მიწოდების თაობაზე დიდი გაზსადენის მეშვეობით, რომლითაც გაზი ევროპაში მიდის“.

წლეულს 400 მილიონ კუბურ მეტრს მივიღებთ, გაისად, - ორ მილიარდს. ამის თაობაზე ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას და, ვგონებ, გადადგმულია სერიოზული ნაბიჯი რესპუბლიკის ენერგეტიკული რესურსების შესავსებად. ამ პრობლემის გადაწყვეტას არა მარტო სასიცოცხლო ეკონომიკური მნიშვნელობა ენიჭება, არამედ არანაკლები, შეიძლება უფრო მეტადაც - პოლიტიკური მნიშვნელობა.

თქვენი გაზეთის მკითხველების ყურადღება ერთ ასპექტზე მინდა შევაჩერო. მართალია, ბუნებრივ გაზს გარკვეული შეღავათებით მოგვაწვდიან, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე მისი მაღალი ფასის გამო და იმიტომაც, რომ მასზე მოთხოვნა ყოველთვის სტაბილურად მაღალია, ჩვენთვის საჭირო რაოდენობის იმპორტირების უზრუნველსაყოფად მთელი ჩვენი ძალების მაქსიმალური მობილიზება, რესპუბლიკის სამრეწველო პოტენციალის სრული მოცულობით ამოქმედება მოგვიხდება.

სამადლოდ არავინ არაფერს მოგვცემს, მაგრამ არც არავინ დაგვამადლის, თუ ჩვენ თანაბარუფლებიანი პარტნიორები ვიქნებით ახალ ურთიერთობებში და არა „ღატაკი ნათესავები“.

მნიშვნელოვანი მოლაპარაკება გაიმართა საქართველოსა და ირანის სატრანსპორტო უწყებათა ხელმძღვანელებს შორის. პრინციპულად შეთანხმდნენ ორი ქვეყნის სატრანსპორტო მაგისტრალების - სპარსეთის ყურედან საქართველოს საზღვაო ნავსადგურებამდე ერთობლივად გამოყენების თაობაზე. წინასწარ იმაზეც მოილაპარაკეს, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებები მონაწილეობას მიიღებენ ახალი სარკინიგზო მაგისტრალების მშენებლობაში ირანის ტერიტორიაზე.

ურთიერთსაინტერესო პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე შეთანხმდნენ ჩვენი და ირანის მრეწველობის უწყებათა ხელმძღვანელები. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ირანს ჭარბად აქვს საქართველოს ქიმიური მრეწველობისათვის ისეთი საჭირო და დეფიციტური ნედლეული, როგორიც ფენოლია. მისგან ჩვენი ქიმიკოსები მიიღებენ კაპროლაქტამს, შემდგომ - კორდს, რომელსაც ირანსა და მესამე სახელმწიფოებში გავიტანთ. ამით უკვე ირანის მხარეა დაინტერესებული. მე მგონი, ირანელი სპეციალისტების საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, გადაწყდება ჩვენი მსუბუქი მრეწველობის მატყლით უზრუნველყოფის პრობლემა. ამ საკითხზეც მოითათბირეს ექსპერტებმა.

კვების მრეწველობის სპეციალისტების შეხვედრისას გაირკვა, რომ ირანელები საერთოდ დაინტერესებული არიან ქართული ჩაით, მაგრამ მისი ყიდვის შესაძლებლობა ამჟამად არ გააჩნიათ. გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე ისინი ჩვენგან ჩაის ახალი ჯიშის „კოლხეთის“ 20 ათას ნერგს შეიძენენ.

საქართველოსადმი, მისი ახალი კურსისადმი დაინტერესებული დამოკიდებულების გამომხატველი იყო ჩვენი დელეგაციის მიღება ირანის პრეზიდენტის ბატონ რაფსანჯანის მიერ. ამ შეხვედრაზე მან დიდი ყურადღება გამოიჩინა ჩვენდამი, გაგებითა და თანაგრძნობით მოეკიდა ჩვენი ქვეყნის პრობლემებს.

რამდენიმე რაუნდიანი, შედეგიანი მოლაპარაკებები გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრთან ალი აკბარ ველაიათისთან, პარალელურად მიმდინარეობდა შეხვედრები ტრანსპორტის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, სხვა უწყებებში. შედეგად ხელმოწერილია რიგი დოკუმენტებისა: საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო თანამშრომლობის განვითარებისა და ხელშეწყობის ოქმი; ერთობლივი კომუნიკე საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ირანის ისლამურ რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ; ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს რსპუბლიკასა და ირანის ისლამურ რსპუბლიკას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ; ურთიერთშეთანხმების ოქმი საქართველოსათვის ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ გაზის მიწოდების შესახებ; მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ტრანსპორტის განვითარების შესახებ; ოქმი სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის შესახებ და გაკეთდა საერთო კომუნიკე.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ დოკუმენტების ამოქმედება მართლაც ახალი ხანის დასაწყისი იქნება საქართველოსა და ირანის ურთიერთობაში.

ინტერვიუ : პირველი ოფიციალური ვიზიტი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 23 ივნისი. - № 111 (390). - 3 გვ.

69 თენგიზ სიგუა: ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების ცდა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მთავრობის რიგგარეშე სხდომიდან

25 ივნისს გაიმართა საქართველოს მთავრობის პრეზიდიუმის რიგგარეშე სხდომა, რომელიც მიეძღვნა რესპუბლიკის დედაქალაქში წინა დღით მომხდარი შეიარაღებული ამბოხების გარემოებათა განხილვას. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, რომლებმაც ეს ექსტრემისტული გამოხდომა დაახასიათეს, როგორც სახელმწიფო გადატრიალების ცდა შეიარაღებული ძალის გამოყენებით, არა მარტო მთელი პრინციპულობითა და მომთხოვნელობით გააანალიზეს მომხდარი ფაქტი, არამედ დასახეს კიდეც კონკრეტული ღონისძიებანი მომავლისათვის ასეთი აქციების თავიდან ასაცილებლად.

როგორც სხდომის გახსნისას თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თენგიზ სიგუამ, ის, რაც მოხდა, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ მოითხოვს ღრმა და ყოველმხრივ ანალიზს, მაგრამ ამას წინასწარი შეფასება უნდა მიეცეს უკვე ახლა და ეს აუცილებელიც კი არის, ჩვენ პირდაპირ და გულახდილად უნდა ვაღიაროთ, აღნიშნა მან, რომ ყოველივე ამისათვის თავისი წილი ბრალი და პასუხისმგებლობა უნდა იკისროს მთავრობამ, სამართალდამცველმა ორგანოებმა, დესტრუქციული, ანტიდემოკრატიული ძალების მიმართ ძალზე ლოიალური პოზიციისათვის, იმისათვის, რომ ვერ შევძელით თავიდან აგვეცილებინა ტოტალიტარული რეჟიმის მომხრეთა ისეთი თავხედური შეიარაღებული გამოსვლა, რომელიც, სხვათა შორის, იმავე დღეს მოხდა არა მარტო თბილისში, არამედ დასავლეთ საქართველოს მთელ რიგ რაიონებშიც. განსაკუთრებული პრეტენზიები გამოითქვა ამ ცოტა ხნის წინათ შექმნილი სპეციალური სამსახურის - საინფორმაციო-სადაზვერვო ბიუროს მიმართ, რომელმაც ვერ შეძლო დროულად დაეპროგნოზებინა ეს აქცია, თუმცა, როგორც გამოირკვა, იგი არა ერთი და ორი დღის განმავლობაში იგეგმებოდა და მზადდებოდა.

ამავე დროს, თენგიზ სიგუამ დიდი შეფასება მისცა მილიციის მუშაკების, ეროვნული გვარდიისა და „მხედრიონის“ მებრძოლების, აგრეთვე მათ დასახმარებლად მოსული თბილისელი მოხალისეების რაზმის ოპერატიულ და გამართულ მოქმედებას, რამაც საშუალება მოგვცა უკიდურესად მოკლე ვადაში და მინიმალური დანახარჯებით გაგვეხორციელებინა ბანდიტების მიერ დაკავებული ტელეანძისა და ტელერადიოდეპარტამენტის შენობის გათავისუფლების ოპერაცია. სხვათა შორის, დედაქალაქის დახმარებისათვის მზადყოფნა გამოთქვა აგრეთვე თბილისის მიმდებარე პრაქტიკულად ყველა რაიონისა და რესპუბლიკის მთელი რიგი სხვა რაიონების მოსახლეობამ, მაგრამ რადგან ამის საჭიროებას ვერ ვხედავდით, გადავწყვიტეთ უარი გვეთქვა ამ დახმარებაზე.

ამ ოპერაციის განხორციელება, მისი შედეგები სხდომას მოახსენეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა რომან გვენცაძემ, რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდალმა გელა ლანჩავამ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ვახტანგ რაზმაძემ.

ედუარდ ედიბერიძე.
საქინფორმის კორ.

ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების ცდა / სიგუა თენგიზ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 26 ივნისი. - № 115 (394). - 1 გვ.

70 უნდა მივიღოთ რადიკალური ზომები

▲ზევით დაბრუნება


მინისტრთა კაბინეტის 25 ივნისის სხდომის დამთავრებისთანავე საქართველოს რესპუბლიკის დროებითი მთავრობის თავმჯდომარემ თენგიზ სიგუამ ინტერვიუ მისცა საქართველოს ტელევიზიასა და ჩვენი გაზეთის კორესპონდენტებს.

- გუშინ საღამოთი საქართველოს მთავრობაში შევხვდით სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს, საკმაოდ პრინციპული სჯა-ბაასი გაიმართა 24 ივნისს თბილისში მომხდარი ავანტიურისტული გამოხდომის თაობაზე. საქმე ის გახლავთ, რომ რესპუბლიკის პროკურატურას უკვე ხელთა აქვს ნაწილი დოკუმენტებისა, რომლებიც აღმოაჩნდათ დაპატიმრებულებს და საიდანაც თვალნათლივ ჩანს, რომ ავანტიურისთვის მზადება კარგა ხნის წინ დაიწყო, რომ ეს იყო სავსებით გამიზნული და გათვლილი აქცია. ამ მასალებიდან ირკვევა, რომ ექსპრეზიდენტს თავისი რწმუნებულიც კი ყავდა დანიშნული რესპუბლიკაში; არის ორი მიმართვა ექსპრეზიდენტისა, მის ბლანკზე ხელით ნაწერი. ერთში იგი მოუწოდებს საქართველოში არსებულ შეიარაღებულ ძალებს გადავიდნენ მის მხარეზე, მეორეში კი საქართველოს ეკონომიკური წრეების წარმომადგენლებს, საქმოსნებს მოუწოდებს დადგნენ მის პოზიციაზე. ამას გარდა არის მთელი რიგი დოკუმენტებისა, რომლებიც უეჭველს ხდის, რომ ეს იყო სავსებით მომზადებული და გააზრებული აქცია.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის საგანგებო სხდომა 24 ივნისის ამბების ანალიზს მიეძღვნა. საერთო აზრით ეს იყო შეიარაღებული ძალების გამოყენებით არსებული ხელისუფლების შეცვლის ცდა.

„დაუმორჩილებლობის კომიტეტი“ კი დღენიადაგ აცხადებდა, რომ იგი მხოლოდ პოლიტიკური მეთოდებით აპირებს ბრძოლას, არცერთ შემთხვევაში არავითარ შეიარაღებულ ძალას არ გამოიყენებს და ა. შ. მაგრამ, როგორც გუშინ გაირკვა, ეს იყო ფარდა. სინამდვილეში იგი აქტიურად ემზადებოდა ასეთი ავანტიურის მოსაწყობად.

ანალიზმა ისიც გვიჩვენა, რომ ეს განზრახვა რეალურ ძალას არ ეყრდნობოდა: 300 ან 400 შეიარაღებული პირი ვერ მოახდენს დღეს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას, თუ არ ეყრდნობა ხალხის მასებს.

მოწოდებები, რომლებიც 24-ში გამთენიისას გაისმა რადიო სატრანსლაციო ქსელით, მიზნად ისახავდა მოსახლეობის ჩაბმას ამ ავანტიურაში. ჩვენი მონაცემებით ამ ავანტიურის ხელმძღვანელები იმედოვნებდნენ, რომ მათი მოწოდების შედეგად რესპუბლიკის ტელევიზიასთან შეგროვდებოდა სულ ცოტა 50-60 ათასი თბილისელი, რომლებიც აქტიურად დაუჭერდა მხარს მათ მიერ ჩატარებულ აქციას. შეიკრიბა კი სულ 800-მდე მოქალაქე, ძირითადად ქალბატონები, რასაკვირველია, მილიონნახევრიანი ქალაქისათვის ეს არ არის გადამწყვეტი ძალა და სწორედ ამან განაპირობა დაკავებული ობიექტების ძალიან სწრაფი ლოკალიზაცია.

არც იმას დაგიმალავთ, რომ 24-ში დილით, შტაბის სხდომაზე, რომელიც მთავრობის სახლში გაიმართ, ბატონმა თენგიზ კიტოვანმა, წარმოადგინა ამ ავანტიურის ლიკვიდაციის ორი გეგმა. ერთი გეგმა ერთსაათიანი იყო, მაგრამ მის განხორციელებას შეიძლება მოჰყოლოდა საკმაოდ დიდი სისხლისღვრა. მეორე გეგმა ხუთ საათზე იყო გათვლილი მინიმალური დანაკარგებით. საერთო შეთანხმებით მხარი დავუჭირეთ სწორედ მეორე გეგმის განხორციელებას, იგი ითვალისწინებდა ტელევიზიის მიმდებარე რაიონის მთლიან ლოკალიზაციას და ოპერაციის თანდათანობით, ეტაპობრივად განხორციელებას, პირველი ნაწილი ითვალისწინებდა სახელმწიფო საბჭოსა და მთავრობის ულტიმატუმის წარდგენას ტელერადიოდეპარტამენტის შენობაში შეჭრილი შეიარაღებული ადამიანების ჯგუფისადმი, რათა განიარაღებულიყვნენ ერთი საათის განმავლობაში. მათ სიცოცხლის შენარჩუნების გარანტია მიეცემოდათ. ამ წინადადებას ისინი არ დაეთანხმნენ და ერთი საათის შემდეგ თავად დაიწყეს სროლა ტელეცენტრის შენობიდან. ამის შემდგომ ძალაში შევიდა ოპერაციის მეორე ნაწილი. გაერთიანებულმა სამხედრო ძალებმა - ეროვნულმა გვარდიამ, „მხედრიონმა“, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანმა ჯარებმა, თბილისელმა მოქალაქეებმა, რომლებმაც იმავე დილით სასწრაფოდ შექმნეს მოხალისეთა რაზმები, განახორციელეს ოპერაციის დასკნითი ნაწილი და ფაქტობრივად ერთ საათში ყველაფერი დამთავრდა. დაპატიმრებულია ამ ავანტიურის მონაწილე 100-ზე მეტი პირი, ზოგმა შეძლო მიმალვა, თუმცა დაყარა იარაღი.

მთავარი მაინც ისაა, რომ ერთხელ და საბოლოოდ გამოჩნდა - მასები მხარს არ უჭერენ ექსპრეზიდენტის მომხრეებს.

შედეგები მაინც მძიმეა: ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მონაცემებით დაიღუპა 5 ადამიანი, დაჭრილია 30-მდე, მათ შორის 18 ჰოსპიტალიზებულია, დანარჩენები ამბულატორიულად იმკურნალებენ.

მე მგონი, ეს იყო დესტრუქციული ძალების ბოლო გაფართხალება და, ალბათ, ისინი თვითონ დარწმუნდნენ, რომ მოსახლეობის უმცირესი ნაწილიც კი მხარს არ უჭერს მათ.

აქცია ჩაფიქრებული იყო ისე, რომ ერთდროულად დაიწყო თბილისში და სამეგრელოს რაიონებში: სენაკში, აბაშაში, ხობში, ზუგდიდში. ესეც მოწმობს, რომ ყველაფერი წინასწარ იყო მომზადებული. მთელი პასუხისმგებლობა ამ აქციისათვის და იმ მსხვერპლისთვის, რომელიც მას მოჰყვა, რასაკვირველია, ექსპრეზიდენტ გამსახურდიას სინდისზეა. ბოლოს და ბოლოს იგი უნდა მიხვდეს, რომ პოლიტიკური ნეშტია და არა აქვს არავითარი უფლება ქართველი ხალხის სისხლი დაღვაროს. თვითონ თავი ჩეჩნეთს შეაფარა და აქ დასახოცად გაწირა ხალხი. მთლიანად მას ეკისრება უდიდესი, არა მარტო პოლიტიკური, არამედ მორალური და იურიდიული პასუხისმგებლობა. სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით ჩვენ მივმართავთ ჩეჩნეთის ხელმძღვანელობას იმის თაობაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტი გამსახურდია, როგორც დამნაშავე, გადმოეცეს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს. ამის თაობაზე გაკეთდება ოფიციალური განცხადება.

- აფხაზეთის ამბებზე რას იტყოდით?

- ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ესეც ამ მთლიანი მოვლენის ერთ-ერთი რგოლია. გუშინ ორჯერ ველაპარაკე პრინციპულად და მკაცრად არძინბას და პირდაპირ წავუყენე ბრალდება, რომ ის ამ ავანტიურის მონაწილეა. რადგან 24-ში დილით მისმა მომხრე ძალებმა აფხაზეთის გვარდიამ ალყა შემოარტყა აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფაქტობრივად დაატყვევა შინაგან საქმეთა მინისტრი გივი ლომინაძე, ფიზიკური ძალის გამოყენებით აიძულა იგი დაეტოვებინა სამინისტროს შენობა. ბატონ გივის ჯანმრთელობა საფრთხეშია, რადგან მას მძიმე ფიზიკური ტრავმა მიაყენეს და იგი სასწრაფოდ გადმოვიყვანეთ თბილისში, სადაც კლინიკაში მკურნალობენ.

მდგომარეობა აფხაზეთში საკმაოდ რთულია, რისთვისაც პირადად არძინბამ და მისმა მომხრეებმა პასუხი უნდა აგონ და აგებენ კიდეც.

ისევ თბილისის ამბებს დავუბრუნდები. მინდა ვთქვა, რომ ავანტიურის ჩაქრობაში განსაკუთრებული როლი თბილისელებს ენიჭებათ. 24-ში დილიდანვე, ქალაქი რომ შემოვიარე, მოქალაქეთა ჯგუფები მხვდებოდა - ახალგაზრდებიც, ხანდაზმულებიც, რომლებიც ხალხს ამ ბანდიტებთან საბრძოლველად მოუწოდებდნენ. დღის 12 საათი იქნებოდა დაახლოებით, როდესაც მე და ბატონი ედუარდ შევარდნაძე მივედით ტელევიზიის შენობასთან. უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. გულახდილად გითხრათ, არც ველოდი. იმდენად რადიკალურად იყვნენ განწყობილნი და მოგვთხოვეს სასწრაფოდ აღგვეკვეთა ეს ავანტიურა.

უღრმესი მადლობა მინდა მოვახსენო ჩემს თანამემამულეებს. ჩემს თანამოქალაქეებს, რომლებმაც გულთან ახლოს მიიტანეს ის, რაც გუშინ მოხდა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქართველ კაცს არ სურს ტოტალიტარული რეჟიმის აღდგენა, რომ იგი სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს ნამდვილი დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს აშენებისათვის.

არ შემიძლია განსაკუთრებით არ აღვნიშნო ჩვენი ჟურნალისტების მოქმედება, რომელსაც გმირობა შემიძლია ვუწოდო, როდესაც განუწყვეტელ სროლაში ცდილობდნენ ცოცხალი მასალის მოპოვებას. პრესის მასალები, რომლებიც დღეს გამოქვეყნდა, რადიოგადაცემები, გუშინდელი დღის მეორე ნახევარში ტელევიზიის გადაცემები მარწმუნებს, რომ მართლა თავდადებულად მუშაობდნენ ჩვენი ჟურნალისტები, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა მათ.

- დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მთავრობის სამსახურების მუშაობა თქვენ ძალიან კრიტიკულად გააანალიზეთ...

- არა მარტო მთავრობის სამსახურებისა, არამედ პირადად ჩემი როლიც. დავრწმუნდი, რომ ჩვენ არასწორ პოლიტიკას ვატარებდით, ვითომდა როგორც ბოლო დღემდე გვეგონა, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ. აღმოჩნდა, რომ ისინი არიან არა პოლიტიკური მოწინააღმდეგენი, არამედ შეგნებული მასა, რომელმაც არ იცის, რისთვის იბრძვის. მათ უბრალოდ სისხლისღვრა სწყურიათ და მონურად ემორჩილებიან გროზნოდან ექსპრეზიდენტისგან მიღებულ მითითებებსა და ბრძანებებს. გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში და მივხვდი, რომ ჩემი პოზიცია არასწორია და უკვე დადგა დრო, რომ ამ პიროვნებათა მიმართ რადიკალური ღონისძიებები უნდა გატარდეს.

მათ სურთ უკან, საუკუნეების სიღრმეში დასწიონ საქართველო. მახსენდება მათი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ლიდერებისა და იდეოლოგების ლოზუნგები, (ალბათ, თქვენც გახსოვთ) - რომ არავითარი საჭიროება არ არის ევროპასთან, შეერთებულ შტატებთან ასეთი აქტიური კავშირისა, რომ საქართველოს კულტურისათვის ბალეტი აბსოლუტურად მიუღებელია, ისვევე როგორც ბახი, ბეთჰოვენი...

მთავრობის სხდომაზე ყველა გამომსვლელმა აღნიშნა, სხვათაშორის თვითკრიტიკულად, რომ სწორად არ ვაფასებდით და არ ვაანალიზებდით ამ ფაქტებს. გუშინდელმა დღემ დაგავრწმუნა, რომ ამ მხრივ უნდა შევცვალოთ ჩვენი პოზიცია.

დასამალი არაფერი მაქვს და პირდაპირ განვუცხადე გუშინ სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს, რომ უნდა მივიღოთ რადიკალური ზომები იმ პირების მიმართ, რომლებსაც არ უხარიათ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს შექმნა.

დარწმუნებული ვარ, რომ დღეიდან ეს ღონისძიებები აქტიურად განხორციელდება.

- თქვენ ახლახან დაბრუნდით შვეიცარიის საკურორტო ქალაქ კრანსმონტანას საერთაშორისო ფორუმიდან, სადაც შავი ზღვის ქვეყნების რეგიონალური გაერთიანების და ხმელთაშუა ზღვის სახელმწიფოთა სუბრეგიონალური გაერთიანებების შექმნაზე წაიკითხეთ მოხსენება. როგორ გესახებათ ამ გაერთიანების შექმნის მექანიზმი და რა ფუნქცია უნდა დაეკისროს მას?

- ეს მოხსენება ფორუმამდე, ათენში ყოფნის დროსაც გავაკეთე, სადაც მან მოწონება დაიმსახურა და მთხოვეს მონტანაში უფრო ფართო მასშტაბით გამემახვილებინა ამ პრობლემაზე ყურადღება. მოხსენების და შემდეგ მის საფუძველზე შემუშავდა კიდეც სათანადო გეგმა მიმდინარე წლის ბოლომდე, ან მომავალი წლის პირველ კვარტალში ამ გაერთიანების შექმნის შესახებ.

ახლა რაც შეეხება მისი ჩამოყალიბების მექანიზმსა და მიზნებს.

ეს სუბრეგიონალური გაერთიანება, რომელიც ჩაფიქრებულია, როგორც ევროსაბჭოს პროტექტორატის ქვეშ მყოფი გაერთიანება, ცხადია, შეიქმნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ამ ზღვათა აუზების ქვეყნების სათანადო დაინტერესება-ინიციატივა. მიზანი კი ის გახლავთ, რომ მომავალ გაერთიანებაში შემავალი ქვეყნების ეკონომიკის დონე ამაღლდეს ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფოების, თუნდაც პორტუგალიის დონემდე (რომელიც მათში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია). წინააღმდეგ შემთხვევაში ევროგაერთიანების წევრობაზე ლაპარაკიც ზედმეტია, რადგან იქ ყოველი გასაწევრიანებელი ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილიზაციასთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მის ეკონომიკურ პოტენციალსაც. ჩვენი აზრით, მომავალი სუბრეგიონალური გაერთიანების შექმნამ წორედ მისი წევრების ეკონომიკური დონის ამაღლება-განმტკიცებას უნდაშეუწყოს ხელი.

- ფორუმზე ალბათ გქონდათ შეხვედრები საზღვარგარეთის დელეგაციათა ხელმძღვანელებთან...

- ცხადია, ჩვენ დაგეგმილი გვქონდა და მოხერხდა კიდეც შეხვედრები საფრანგეთის, ისრაელის, ბულგარეთის, რუმინეთის, ირანის, ბელგიის, შვეიცარიის და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების - ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, მოლდოვას, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის დელეგაციებთან.

- მოკლედ ხომ ვერ გაგვაცნობდით ამ შეხვედრათა ზოგიერთ კონკრეტულ შედეგს?

- მოგახსენებთ. მაგალითად, საფრანგეთის დელეგაციასთან შეხვედრისას გადაწყდა უმოკლეს დროში პარიზში შეიქმნას ფრანგულ-ქართული სავაჭრო პალატა. მოვილაპარაკეთ, რომ სასურველია ეს მოხდეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონ დიუმას საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად ჩამოსვლამდე ანუ ივლისის ბოლომდე.

საინტერესო მოლაპარაკება გვქონდა ისრაელის დელეგაციასთან, რომლის წარმომადგენლები საგანგებოდ ჩამოვიდნენ შვეიცარიაში ჩვენთან შესახვედრად. 5 ივლისის შემდეგ ჩვენთან ჩამოვა ისრაელ ექსპერტთა დაახლოებით 25-კაციანი დელეგაცია, მრეწველობის, ეკონომიკისა და ფინანსების დარგში უსასყიდლოდ გაგვიწევს კონსულტაციებს და სათანადო რეკომენდაციებსაც მოგვცემს. ამ დელეგაციასთან გვქონდა სხვა მოლაპარაკებებიც, რომლებზეც ერთობლივი შეთანხმებისამებრ საუბარი ჯერ სასურველი არ არის.

რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ნასტასესთან მოვილაპარაკეთ, რომ ივნისის დამლევამდე ან ჩვენ მოვიწვევთ მათს დელეგაციას, ან ჩვენ ჩავალთ მათთან. ამ შეხვედრებისას სხვა საკითხებთან ერთად საუბარი იქნება მოლდოვასა და კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში ამჟამად არსებულ მდგომარეობაზეც.

იმედია, ყველა ეს შეხვედრა და მოლაპარაკება სასიკეთოდ წაადგება ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებას.

ინტერვიუ : უნდა მივიღოთ რადიკალური ზომები / სიგუა თ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 27 ივნისი. - № 116 (395). - 1,2 გვ.

71 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება არასახელმწიფო სავაჭრო საწარმოების დროებითი საფირმო გადასახადის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


არასახელმწიფო სავაჭრო საწარმოების (მაღაზიების) შემოსავლების დადგენის საქმეში არსებული სიძნელეების გამო, რაც გამოწვეულია აღრიცხვა-ანგარიშგების მოუწესრიგებლობით, ტექნიკური აღჭურვილობის უქონლობით, სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის მუშაკთა მცირე რიცხოვნობით, აგრეთვე ამ სექტორში შემოწმებათა რაოდენობის შემცირების, მათი ჩატარების დროს სხვადასხვა ნეგატიური მოვლენების აღმოფხვრისა და ბიუჯეტის შემოსავლების სააღრიცხვო და საანგარიშსწორებო დისციპლინის განმტკიცებაში სავაჭრო ორგანიზაციების დაინტერესების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. არასახელმწიფო სავაჭრო საწარმოებისათვის მოგებიდან გადასახადის ნაცვლად შემოღებულ იქნეს საფირმო გადასახადი.

2. დაწესდეს 1992 წელს საფირმო გადასახადის წლიური თანხა სავაჭრო ობიექტის საერთო ფართობის მიხედვით შემდეგი ოდენობით:

- 10 კვადრატულ მეტრამდე ფართობის სავაჭრო ობიექტისათვის

- 10 ათასი მანეთი;

- 10-დან 20 კვადრატულ მეტრამდე ფართობის სავაჭრო ობიექტისათვის - ყოველ დამატებულ კვადრატულ მეტრზე 1000 მანეთი;

- 20 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის სავაჭრო ობიექტისათვის - ყოველ დამატებულ კვადრატულ მეტრზე 500 მანეთი.

3. გაიზარდოს საფირმო გადასახადის ოდენობა ქ. თბილისში 30 პროცენტით, რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებში - 20 პროცენტით.

4. არასახელმწიფო სავაჭრო საწარმოებისათვის, რომლებიც იბეგრებიან საფირმო გადასახადით, 1 პროცენტით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 7 მარტის № 286 დადგენილებით დამტკიცებული დამატებული ღირებულების გადასახადის დროებითი დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

5. საფირმო გადასახადი ჩაირიცხოს მოგებიდან გადასახადის სახით ყოველკვარტალურად თანაბარ წილად 15 თებერვალს, 15 მაისს, 15 აგვისტოსა და 15 ნოემბერს. 1 ივლისამდე ბიუჯეტში გადახდილი მოგებიდან გადასახადისა და დამატებული ღირებულების გადასახადის ჯამური ოდენობა (დამატებული ღირებულების გადასახადის 1 პროცენტის გამოკლებით) ჩაითვალოს საფირმო გადასახადში იმ ოდენობით, რაც გადახდილია დადგენილების მიღებამდე.

6. ეს დადგენილება ვრცელდება სახელმწიფო ვაჭრობისა და ცეკავშირის სისტემის პრივატიზებულ სავაჭრო ობიექტებზეც.

7. დადგენილება ძალაში შედის 1992 წლის 1 ივლისიდან.

8. ამ დადგენილების შინაარსი გამოქვეყნდეს პრესაში და გადაიცეს ტელევიზიით.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბერიძე

დადგენილება : არასახელმწიფო სავაჭრო საწარმოების დროებითი საფირმო გადასახადის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 30 ივნისი. - № 117 (396). - 1 გვ.

72 თანამშრომლობა ორივე ქვეყანას სიკეთეს მოუტანს

▲ზევით დაბრუნება


ტრადიციულად ჩვენ დიდი მეგობრობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს ვიეტნამის ხალხთან, - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თენგიზ სიგუამ, როდესაც მიიღო რუსეთის ფედერაციაში ვიეტნამის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ხო ხონ ნგიმი.

ბევრი ქართველი სპეციალისტი სხვადასხვა დროს მივლინებული იყო ვიეტნამში, რათა მეგობრული დახმარება აღმოეჩინა მრეწველობის და სოფლის მეურნეობის აღორძინებაში, - განაგრძო მან, - ბევრი ვიეტნამელი ჭაბუკი და ქალიშვილი დაეუფლა საქართველოში ხარატის, ზეინკლის, მეტალურგის, მქსოველის, მკერავის და სხვა წამყვან სპეციალობებს პროფტექნიკურ სასწავლებლებში. ახლაც კი ვიეტნამში იმყოფება საქართველოს დელეგაცია, რომელსაც დავალებული აქვს შეისწავლოს ერთობლივი წარმოებების შექმნის საკითხი როგორც აგროსექტორში, აგრეთვე მსუბუქ მრეწველობაში.

მაგრამ დღეს ჩვენი ტრადიციული მეგობრობა ახალი შინაარსით აივსო. დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება ნიშნავს, რომ მუდმივი მეგობრობა და თანამშრომლობა ორივე ქვეყანას სიკეთეს მოუტანს.

შემდეგ პრემიერ-მინისტრი ესაუბრა სტუმარს ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის შესახებ, გააცნო მას მიწის, ბინების, სავაჭრო ობიექტების პრივატიზაციის მიმდინარეობა საქართველოში.

თანამშრომლობა ორივე ქვეყანას სიკეთეს მოუტანს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 1 ივლისი. - № 118-119 (398). - 1 გვ.

73 საგადასახადო დისციპლინის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის განკარგულება

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნავს, რომ შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარებით, მატერიალურ-ტექნიკური და სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით მომარაგებაში არსებული სერიოზული შეფერხებებით განპირობებულმა საწარმოებისა და ორგანიზაციების მძიმე ფინანსურმა მდგომარეობამ პრაქტიკულად მოშალა დისციპლინა. წარმოების მოცულობისა და მოგების შემცირების ქრონიკულმა ტენდენციამ უარყოფითი გავლენა მოახდინა რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულებაზე. საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის პალატამ გამოავლინა და სახელმწიფო ბიუჯეტში აღადგინა დაახლოებით 35 მილიონი მანეთი, ხოლო სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის შემოწმებებით დადგენილია პროდუქციის თვითღირებულების უკანონოდ მომატების, მოგება-ზარალზე თანხების დაუსაბუთებელი ჩამოწერის, დამატებული ღირებულებისა და აქციზების უსწოროდ გაანგარიშების და ბიუჯეტში გადაურიცხველობის, ფასების თანხების ბიუჯეტში გადაუხდელობის ფაქტები, რის შედეგადაც ბიუჯეტის სასარგებლოდ გამოვლენილია 246 მილიონი მანეთი.

სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით:

1. საწარმოებმა და ორგანიზაციებმა ზუსტად დაიცვან საგადასახადო კანონმდებლობა, უზრუნველყონ საქართველოს რესპუბლიკისა და ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობით დაწესებული, აგრეთვე ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ დადგენილი გადასახადებისა და სხვა გადასახდელების სწორად გაანგარიშებისა და მათ შესაბამის ბიუჯეტებსა და არასაბიუჯეტო ფონდებში სრულად და თავისდროულად შეტანა;

განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ დამატებულ ღირებულებაზე გადასახადის, აქციზებისა და მოგებიდან გადასახადის დავალებათა შესრულებაში ჩამორჩენის დაძლევას.

2. სახელმწიფო საწარმოებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა გააძლიერონ პირადი პასუხისმგებლობა საგადასახადო კანონმდებლობის დაცვისთვის, მიიღონ ზომები საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი და მომჭირნე ხარჯვისთვის, კონტროლი დაუწესონ, რომ არ დაუშვან ბიუჯეტით და პროგნოზით გაუთვალისწინებელი კაპიტალური მშენებლობა, კაპიტალური რემონტი, ინვენტარ-მოწყობილობის შეძენა და სხვა ღონისძიებების განხორციელება, სანამ არ გამოინახება დაფინანსების რეალური წყაროები. საწარმოთა ხელმძღვანელების დაქირავების საკონტრაქტო წესზე გადასვლის დროს, კონტრაქტის გაფორმებისას, უწინარესად გაითვალისწინონ ის, თუ რამდენად იცავენ საფინანსო და საგადასახადო დისციპლინას.

3. სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციამ გაუძლიეროს კონტროლი საკუთრების ფორმებისა და უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად საწარმოებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე საქართველოს და უცხოელი იურიდიული პირებისა და მოქალაქეების მონაწილეობით შექმნილი ერთობლივი საწარმოების, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეების, უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვას, ყველაფერი იღონოს იმისთვის, რომ აღკვეთონ მათ მიერ შემოსავლის გადამალვისა და ბიუჯეტის კუთვნილი თანხების შემცირების ფაქტები.

4. საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის პალატამ ქმედითი კონტროლი გაუწიოს სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა და ხარჯვის, სახარჯთაღრიცხვო დისციპლინის დაცვის, სახელმწიფო სახსრების ხარჯვის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობას, აღრიცხვისა და ანგარიშგების უტყუარობას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრების დანიშნულებისამებრ გამოყენებას.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის
- პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თენგიზ სიგუა.

განკარგულება : საგადასახადო დისციპლინის შესახებ / სიგუა თ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 23 ივლისი. - № 135 (414). - 1 გვ.

74 რუსეთი - კარის მეზობელი, საქმიანი პარტნიორი

▲ზევით დაბრუნება


ხანმოკლე ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი თენგიზ სიგუა რუსეთში. მოსკოვიდან დაბრუნებისას მან მოგვცა ინტერვიუ:

- ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანი იყო, შეხვედრა მქონდა რუსეთის მთავრობის მთელ რიგ ხელმძღვანელებთან. კერძოდ, ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა რუსეთის განსაკუთრებული სიტუაციის კომიტეტის ხელმძღვანელებთან. ეს ის ხალხია, რომელიც ახლა აქტიურად მონაწილეობს ჩვენი რესპუბლიკის ხელმძღვანელებთან ერთად ცხინვალის რეგიონის საკითხის მშვიდობიან მოწესრიგებაში.

გაიმართა პრესკონფერენცია დასავლეთის პრესის წარმომადგენლებისთვის. გამოირკვა, რომ ყველა დიდ ინტერესს იჩენს ამ საკითხის მიმართ. ეს ფაქტობრივად ექსპერიმენტის თავისებური სახეა, რაც ახლა ცხინვალის რეგიონში ხდება და მართალი გითხრათ ამ ექსპერიმენტის გადატანა დაიწყო დნესტრისპირეთის რესპუბლიკის და მოლდოვას შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად.

საინტერესო შეხვედრები გაიმართა რუსეთის საბაჟოს ხელმძღვანელებთან. მოვილაპარაკეთ, რომ ისინი ჩამოვლენ საქართველოში უახლეს პერიოდში და გააფორმებენ ხელშეკრულებას რუსეთ-საქართველოს ორმხრივი საბაჟო ურთიერთობის თაობაზე. ცხადია, ეს ხელშეკრულება ორივე მხარისათვის ითვალისწინებს საქონლის გაცვლას საბაჟო ანარიცხების გარეშე.

მოვილაპარაკეთ აგრეთვე, რომ რუსეთი თავისი კვოტიდან მოგვაწვდის 76 ათას ტონა ხორბალს. ეს იქნება იმპორტული ხორბალი ან კანადიდან, ან ამერიკის შეერთებული შტატებიდან. გვქონდა საუბრები რუსეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან. ისინიც გვესტუმრებიან და დაამყარებენ საქმიან კავშირებს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორთან.

შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარესთან ბატონ ეგორ გაიდართან. დეტალურად მოვილაპარაკეთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის თაობაზე როგორც 1992 წლის, ასევე 1993 წლის პერსპექტივაზე. სულ მალე ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს.

- რას იტყვით რუსეთის პროგრამის „ვესტის“ ფალსიფიცირებულ ცნობაზე?

- ეს ტელეჟურნალისტების ჩვეულებრივი, მორიგი ჭორია ალბათ, სენსაციისთვის დასჭირდათ. მათ არც კი დაურეკიათ წარმომადგენლობაში, სადაც ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობდით. ეს შეიძლება გამიზნულიც იყო. ეს დაემთხვა ჩვენი სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ედუარდ შევარდნაძის გამგზავრებას დასავლეთ საქართველოში. შეიძლება მათ კიდევ ერთი არეულობის შეტანა უნდოდათ.

მაშინ, როცა გადაიცა ჩემი და გაიდარის მოლაპარაკების ცნობა, დიქტორმა განაცხადა, რომ ჩვენ ვილაპარაკეთ შავი ზღვის სანაპიროს საკითხებზე. თუმცა ეს საკითხი არც კი გვიხსენებია. ამიტომ, არ უნდა დაუჯეროთ ამგვარ ჭორებს.

- თურქეთში მიემგზავრებით, რა მიზნით?

- თურქეთის პრემიერის სულეიმან დემირელის მოწვევით მივიღებთ მონაწილეობას დიდი კაშხალის გახსნაში. ვიმედოვნებთ, რომ ამ კაშხალიდან ჩვენც მივიღებთ ენერგიას. თურქეთში აგრეთვე გაგრძელდება შავიზღვისპირა ქვეყნების ეკონომიკური კავშირის განხილვა. ასე რომ, იქაც მნიშვნელოვანი ვიზიტით მივემგზავრებით.

გალინა ჩიქოვანი.

ინტერვიუ : რუსეთი - კარის მეზობელი, საქმიანი პარტნიორი / სიგუა თ., [ჩაიწერა გ. ჩიქოვანმა] // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 25 ივლისი. - № 138 (417). - 1 გვ.

75 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საწარმოს (ქვესაწარმოს, ფილიალის, წარმომადგენლობის) სახელმწიფო რეგისტრაციის წესის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საწარმოს (ქვესაწარმოს, ფილიალის, წარმომადგენლობის) სახელმწიფო რეგისტრაციის წესების დებულება დანართის თანახმად.

2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს 20 დღის ვადაში შეიტანოს სათანადო ცვლილებები ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საწარმოს (ქვესაწარმოს, ფილიალის, წარმომადგენლობის) ერთიანი რეესტრის დოკუმენტთა წარმოების არსებულ წესში.

3. დაზუსტდეს (განმეორებითი სახელმწიფო რეგისტრაციის გზით) მიმდინარე წლის ბოლომდე იმ საწარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს რესპუბლიკის „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების“ კანონით გაუთვალისწინებელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. საწარმოები, რომლებიც განმეორებით ტარდებიან სახელმწიფო რეგისტრაციაში ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის დაზუსტების და კანონთან შესატყვისების მიზნით განთავისუფლდნენ სარეგისტრაციო გადასახადისაგან.

4. აიკრძალოს ახლადშექმნილ საწარმოთა რეგისტრაცია იმ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, რომელიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს რესპუბლიკის „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების“ კანონით.

5. გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკაში მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 28 ნოემბრის №900 დადგენილება „საქართველოს და უცხოეთის ორგანიზაციების, ფირმებისა და მმართველობის ორგანოების მონაწილეობით საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილი ერთობლივი საწარმოების, მათი ფილიალების რეგისტრაციის და დაბეგვრის წესის შესახებ“.

6. ეს დადგენილება ძალაში შედის 1992 წლის 30 ივლისიდან.

7. ეს დადგენილება და თანდართული დებულება გამოქვეყნდეს პრესაში.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბერიძე

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საწარმოს (ქვესაწარმოს, ფილიალის, წარმომადგენლობის) სახელმწიფო რეგისტრაციის წესის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 1 აგვისტო. - № 144 (423). - 2 გვ.

76 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან უცხოეთის ქვეყნებში მოქალაქეთა და სატრანსპორტო საშუალებათა გასვლისათვის ერთჯერადი გამოსაღების დაწესების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრისა და დამატებითი შემოსავლების წყაროს შექმნის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. დაწესდეს 1992 წლის 1 ივლისიდან საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან უცხოეთის ქვეყნებში მოქალაქეთა და სატრანსპორტო საშუალებების (სახელმწიფო, კომერციული და ინდივიდუალური) გასვლისათვის ერთჯერადი გამოსაღები შემდეგი ოდენობით:

- ინდივიდუალური მფლობელობის მსუბუქი ავტომანქანით, ყველა სახის ავტობუსებით, სხვადასხვა მოცულობის წყალწყვის გემებითა და თვითმფრინავებით გადაყვანილ პირადი მიწვევით გამსვლელ საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებსა და შემოსულ უცხოელ მოქალაქეებზე - 10 დოლარი, ხოლო იმ მოქალაქეებზე, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოში - 30 დოლარი;

- ნებისმიერი მარკის მსუბუქ ავტომანქანებზე - 100 მანეთი, ხოლო ავტობუსებსა და სატვირთო მანქანებზე - 300 მანეთი.

- დაბეგვრის ეს წესი არ ვრცელდება ოფიციალურ დელეგაციებზე.

მოქალაქეებს შეუძლიათ ზემოაღნიშნული თანხები შეიტანონ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მიერ უფლებამოსილ საბანკო დაწესებულებებში.

2. საბაჟოს ადგილმდებარეობის მიხედვით მანეთებით და უცხოური ვალუტით შემოსული თანხების 70 პროცენტი ჩაირიცხება საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სავალუტო ფონდში, ხოლო 30 პროცენტი - ადგილობრივ ბიუჯეტებსა და ადგილობრივი ორგანოების სავალუტო ფონდში.

თანხები, რომლებსაც მოქალაქეები შეიტანენ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მიერ უფლებამოსილ იმ ტერიტორიებზე, სადაც არ არის საბაჟო განყოფილება, მთლიანად ჩაირიცხება საქართველოს რესპუბლიკურ ბიუჯეტსა და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სავალუტო ფონდში.

3. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს:

- დაადგინოს იმ საბანკო დაწესებულებების ნუსხა, რომლებსაც დაევალებათ მოქალაქეებისაგან ერთჯერადი გამოსაღების მიღება;

მოახდინოს მიღებული თანხების გადარიცხვა შესაბამის სავალუტო ფონდებსა და ბიუჯეტში ამ დადგენილებით დაწესებული ოდენობით.

4. დაუწესდეს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს ერთჯერადი გამოსაღების თანხების მიღებისათვის საკომისიო გასამრჯელო შემოსული უცხოური ვალუტის 2 პროცენტისა და მანეთების - 3 პროცენტის ოდენობით.

5. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკონტროლონ ყველა საბაჟოში გამსვლელ-შემომსვლელ მოქალაქეთა და ტურისტთ მიერ ერთჯერადი გამოსაღების გადახდის მდგომარეობა, არ დაუშვან საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მიერ გაცემული შესაბამის ქვითრის გარეშე მოქალაქეთა და ტურისტთა გატარების ფაქტები. ასეთი ფაქტების დაშვების შემთხვევაში დამნაშავე პირები დაჯარიმდებიან 1000 მანეთით რესპუბლიკური ბიუჯეტის სასარგებლოდ.

6. კონტროლი ბიუჯეტსა და სავალუტო ფონდში თანხის სრული და დროული ჩარიცხვისადმი დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს.

7. ამ დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

- საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 30 აგვისტოს №706 დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან უცხოეთის ქვეყნებში მოქალაქეთა და სატრანსპორტო საშუალებთა გასვლისათვის ერთჯერადი გამოსაღების დაწესების შესახებ“;

- საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 31 აგვისტოს № 734 განკარგულება;

- საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 4 ნოემბრის №831 დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან უცხოეთის ქვეყნებში მოქალაქეთა და სატრანსპორტო საშუალებათა გასვლისათვის ერთჯერადი გამოსაღების დაწესების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 30 აგვისტოს № 706 დადგენილების შესრულების ღონისძიებათა თაობაზე“;

- საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 13 ნოემბრის №853 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან უცხოეთის ქვეყნებში მოქალაქეთა და სატრანსპორტო საშუალებათა გასვლისათვის ერთჯერადი გამოსაღების საბაჟო განაკვეთის დაწესების შესახებ“;

- საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 15 ნოემბრის № 878 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 30 აგვისტოს № 706 დადგენილების ნაწილობრივ ცვლილების შესახებ“.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბერიძე

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან უცხოეთის ქვეყნებში მოქალაქეთა და სატრანსპორტო საშუალებათა გასვლისათვის ერთჯერადი გამოსაღების დაწესების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 4 აგვისტო. - № 145-146 (425). - 7 გვ.

77 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის დროებით შეჩერების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


მაკონტროლებელი ორგანოების უეფექტო საქმიანობის გამო, რის შედეგადაც ვერ ხერხდება დიდი რაოდენობის შავი და ფერადი ლითონების, ჯართისა და ნარჩენების დატაცების, ქურდობისა და კონტრაბანდის ფაქტების აღკვეთა, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. შეჩერდეს დროებით, 1992 წლის 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტი, მათ შორის რეექსპორტის მიზნით შემოტანილისა.

ლიცენზიების გაცემა ზემოღნიშნული საქონლის ექსპორტსა და რეექსპორტზე შეწყდეს 1992 წლის 18 აგვისტოდან.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის პირველი მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელი
კ. გელაშვილი
თბილისი. 1992 წლის 7 აგვისტო.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის დროებით შეჩერების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 8 აგვისტო. - № 150 (429). - 1 გვ.

78 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებათა და მათი ნომრიანი აგრეგატების საკომისიო ვაჭრობისა და რეგისტრაციის მოწესრიგების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


სატრანსპორტო საშუალებათა და მათი ნომრიანი აგრეგატების საკომისიო ვაჭრობა ატარებს ფორმალურ ხასიათს. ფაქტობრივად ამ საშუალებათა მყიდველსა და გამყიდველს შორის გარიგება ხდება მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული მდგომარეობის საფუძველზე, ე.ი. მყიდველი და გამყიდველი თანხმდებიან ურთიერთხელსაყრელ ფასზე და ამ გარიგების გასაფორმებლად აკითხავენ ავტომანქანების საკომისიო მაღაზიებს. აღნიშნული მაღაზიები თავის მხრივ, ამ მანქანებს აფასებენ საპრეისკურანტო ფასიდან გამომდინარე, შესაბამისი ცვეთის დონის გამოკლებით. დაინტერესებული მხარე აწარმოებს არაოფიციალურ მოლაპარაკებას მაღაზიის თანამშრომელთან გასაყიდი საქონლის რაც შეიძლება იაფად შეფასების თაობაზე, რათა მყიდველმა ან გამყიდველმა მინიმალური ფასიდან გადაიხადოს დაწესებული საკომისიო გადასახადი. გარკვეული დაინტერესების საფასურად მხარეები თანხმდებიან და ამის გამო სახელმწიფო კარგავს კუთვნილ შემოსავალს.

არსებული მდგომარეობის გამოსწორების, ამ საქმეში ნეგატიური მოვლენების აღმოფხვრისა და მოსახლეობისათვის ავტომანქანებითა და მათი ნომრიანი აგრეგატებით საკომისიო ვაჭრობისა და რეგისტრაციის მოწესრიგების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. 1992 წლის 1 აგვისტოდან რესპუბლიკაში გაუქმდეს ავტომანქანებითა და მათი ნომრიანი აგრეგატებით ვაჭრობის წესი.

2. დაწესდეს, რომ მოსახლეობა ამ საშუალებათა ყიდვა-გაყიდვას აწარმოებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ყოველგვარი სახელმწიფო ან არასახელმწიფოებრივი ორგანიზაციის ჩაურევლად.

3. ავტომანქანებისა და მათი ნომრიანი აგრეგატების ხელახალი გადაფორმების რეგისტრაციის ფუნქცია დაეკისროს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს.

4. რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ განსაზღვროს და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დაამტკიცოს სატრანსპორტო საშუალებათა გადაფორმების ტარიფები ბიუჯეტთან ანგარიშსწორების გათვალისწინებით.

5. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაამტკიცოს სატრანსპორტო საშუალებათა ხელახალი რეგისტრაციის ხელშეკრულების ერთიანი ფორმა და წესი.

6. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 3 სექტემბრის №631 დადგენილების 5 პუნქტი; საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 29 ოქტომბრის № 623 დადგენილება და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 7 მარტის № 131 განკარგულების 2ა პუნქტი.

7. დადგენილება გამოქვეყნდეს პრესაში.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბერიძე.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებათა და მათი ნომრიანი აგრეგატების საკომისიო ვაჭრობისა და რეგისტრაციის მოწესრიგების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 8 აგვისტო. - № 150 (429). - 2 გვ.

79 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება სვანეთის რეგიონში სტიქიურ უბედურებათა შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების რეგულირების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნავს, რომ 1987 წლიდან დაწყებული, გარკვეული ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, დღემდე ვერ მოხერხდა მესტიისა და ლენტეხის რაიონებში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის განსახლებისა და ადგილებზე დამკვიდრების პრობლემის გადაწყვეტა. ამ კატეგორიის ოჯახებისთვის 3-4 წლის წინ ბარის რაიონებში აშენებული 300-ზე მეტი სახლი შეუსახლებელია და ნადგურდება (შესაბამისად არ მუშავდება მათთვის გამოყოფილი მიწის ფართობები). გეგმით ჩასახლებული 1000-მდე ოჯახისთვის ჯერ კიდევ არ დაწყებულა ან მშენებლობის შუა სტადიაშია საცხოვრებელი სახლები საქართველოს მთელ რიგ რაიონებში.

გარდა ამისა, სტიქიით დაზარალებული ოჯახების ნაწილი ცდილობს მათთვის აშენებული სახლების გასხვისებას. განსაკუთრებით იძაბება ვითარება უახლოეს პერიოდში მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემის პირობებში. ერთი მხრივ, თვით მესტიისა და ლენტეხის რაიონებში მიწის სიმცირის გამო და, მეორე მხრივ, იმ რაიონებში, სადაც გათვალისწინებულია სტიქიით დაზარალებული ოჯახების განსახლება.

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების საბოლოო გადაწყვეტის მიზნით რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. მესტიისა და ლენტეხის რაიონებში სტიქიით დაზარალებულ და გეგმით ჩასასახლებელ იმ ოჯახებს, რომლებიც დღემდე არ ჩასახლებულან მათთვის აშენებულ საცხოვრებელ სახლებში და სურთ ჩასახლდნენ, 1992 წლის 1 სექტემბრამდე ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებმა კანონით დადგენილი წესით გააუქმონ კომლები თავის საცხოვრებელ ადგილზე და იქ დროებით მცხოვრების სტატუსით დატოვონ მათი ჩასახლების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე. გაუქმებულ კომლებს ყოფილ საცხოვრებელ ადგილას დარჩეთ საცხოვრებელ სახლთან მიმდებარე მიწის ნაკვეთი (ეზო-კარ-მიდამო) არა უმეტეს 0,06 ჰექტარისა.

სვანეთში სტიქიურ უბედურებათა შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების საკითხთა რეგულირების სამთავრობო კომისიამ (შემდგომში „კომისია“) დაადგინოს იმ ოჯახების სია, რომლებიც არ ეპატრონებიან მათთვის, როგორც სტიქიით დაზარალებულთათვის, უკვე აშენებულ საცხოვრებელ სახლებს, გამოყოფილ კარ-მიდამოებს, და მიეცეთ მათ გაფრთხილება, რომ 1992 წლის 1 სექტემბრისთვის აუთვისებელი სახლები გადაუნაწილდებათ დღემდე უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს.

2. მესტიისა და ლენტეხის რაიონებთან სტიქიის გამო რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონში განსახლებული მოსახლეობისათვის აშენებულ ჯერ კიდევ შეუსახლებელ საცხოვრებელ სახლებში მათი მფლობელების 1992 წლის 1 სექტემბრიდან გამოუცხადებლობის შემთხვევაში ბათილად იქნეს ცნობილი ყოველი ასეთი ოჯახისთვის გაცემული სათანადო საბუთი. აღნიშნული სახლები გადაეცეთ მესტიისა და ლენტეხის რაიონების გამგეობებს კომისიასთან და საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროსთან ერთად იმ ოჯახებისთვის გადასანაწილებლად, რომლებიც დღეისათვის დარჩენილი არიან უსახლკაროდ, რადგან მათი სახლების მშენებლობა არ არის დამთავრებული, ან არც დაწყებულა.

3. დაევალოს კომისიას შეისწავლოს დაზარალებულთა მიერ მათთვის მიკუთვნებული სახლების გასხვისებისა და გაყიდვის ცდების ფაქტები და მათი დადასტურების შემთხვევაში შეიმუშაოს კონკრეტული წინადადებანი და წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

4. ამ დადგენილების შესრულების კონტროლი დაეკისროს კომისიას.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის პირველი მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელი
კ. გელაშვილი.
თბილისი. 7 აგვისტო.

დადგენილება : სვანეთის რეგიონში სტიქიურ უბედურებათა შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების რეგულირების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 8 აგვისტო. - № 150 (429). - 2 გვ.

80 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკაში სამეურნეო ამხანაგობათა შესახებ

▲ზევით დაბრუნება


დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს რესპუბლიკაში ეკონომიკური რეფორმის ძირითად მიმართულებათა შესახებ სამთავრობო პროგრამის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

დამტკიცდეს დებულება საქართველოს რესპუბლიკაში სამეურნეო ამხანაგობათა შესახებ.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის პირველი მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელი
კ. გელაშვილი
თბილისი. 7 აგვისტო, 1992 წელი.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკაში სამეურნეო ამხანაგობათა შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 14 აგვისტო. - № 154 (433). - 1 გვ.

81 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკაში პრივატიზებული საბინაო ფონდის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ჩატარების ორგანიზაციისა და დანახარჯების დროებითი დაფარვის დებულების დამტკიცების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მთავრობა ადგენს:

1. „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის კომუნალური მეურნეობის სახელმწიფო გაერთიანების მიერ შემუშავებული რესპუბლიკაში პრივატიზებული საბინაო ფონდის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ჩატარების ორანიზაციისა და დანახარჯების დაფარვის დროებითი დებულება (თან ერთვის).

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა, რესპუბლიკის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა, სამინისტროებმა, უწყებებმა, საწარმო-დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა, რომლებსაც თავიანთ ბალანსზე აქვთ საბინაო ფონდი:

- მტკიცედ იხელმძღვანელონ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 1 თებერვლის № 107 დადგენილებით და ამ დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულებით:

- ყოველმხრივ შეუწყონ ხელი მოქალაქეებისთვის სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის ბინების (საცხოვრებელი სახლების) უსასყიდლოდ გადაცემას, ამასთან ფართო ახსნა-განმარტებითი და სააგიტაციო მუშაობა გასწიონ ამ დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად.

3. უფლება მიეცეთ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, საწარმო-დაწესებულებებს და ორგანიზაციებს ამ დადგენილების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დებულების დამტკიცების შემდეგ საკუთრების უფლებით მიჰყიდონ მოქალაქეებს სახელმწიფო კაპიტალურ დაბანდებათა ხარჯზე ახლად აშენებული და საექსპლოატაციოდ გადაცემული საცხოვრებელი სახლების ბინების ნაწილი, აგრეთვე გამოთავისუფლებული ბინები, მათ შორის აუქციონის წესით.

უსასყიდლოდ ბინები მიეცემათ მხოლოდ სოციალურად დაუცველ პირებს, აგრეთვე იმ მოქალაქეებს, რომელთა საბინაო პირობების გაუმჯობესების საკითხი უკვე გადაწყვეტილი აქვთ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, საწარმო-დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს.

4. საქართველოს რესპუბლიკის კომუნალური მეურნეობის გაერთიანებამ დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად ორ თვეში შეიმუშაოს და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას დასამტკიცებლად წარმოუდგინოს მოქალაქეთა ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი ფართობის განაწილების დებულება.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის პირველი მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელი
კ. გელაშვილი
თბილისი. 1992 წლის 11 აგვისტო.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკაში პრივატიზებული საბინაო ფონდის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ჩატარების ორგანიზაციისა და დანახარჯების დროებითი დაფარვის დებულების დამტკიცების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 15 აგვისტო. - № 155 (434). - 2 გვ.

82 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო დაზღვევის გამგეობის რეორგანიზაციის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. გარდაიქმნას საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო დაზღვევის გამგეობა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო კომპანიად.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო კომპანია არის ფინანსთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო დაზღვევის გამგეობის უფლებამონაცვლე, მისი ქონების მემკვიდრე და პასუხისმგებელია გამგეობის მიერ ნაკისრი ვალდებულებებისთვის, მათ შორის დაზღვეულთა წინაშე.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო კომპანიას ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.

2. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო კომპანიამ:

- ორი კვირის ვადაში შეიმუშაოს დაინტერესებულ სამინისტროებთან ერთად კომპანიის წესდების პროექტი და წარუდგინოს დასამტკიცებლად საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას.

- შეიმუშაოს საქართველოს რესპუბლიკის დეკრეტის პროექტი „დაზღვევის შესახებ“, წარუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დასამტკიცებლად.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის პირველი მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელი
კ. გელაშვილი
თბილისი. 1992 წლის 7 აგვისტო.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო დაზღვევის გამგეობის რეორგანიზაციის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 18 აგვისტო. - № 156 (436). - 2 გვ.

83 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


„საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მოთხოვნების შესაბამისად, რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. მოწონებულ იქნეს და წარედგინოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დასამტკიცებლად საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამა დანართის თანახმად.

2. დადგენილების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სახელმწიფო კომიტეტს.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის პირველი მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელი
კ. გელაშვილი

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 18 აგვისტო. - № 156 (436). - 1 გვ.

84 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის - სამოქალაქო თავდაცვის უფროსის განკარგულება

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის ცალკეულ რეგიონში, სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გამწვავების გამო და სახელმწიფო საბჭოს მიერ მოსახლეობის დაცვისათვის მიღებული გადაწყვეტილების შესასრულებლად - ყველა დონის სამოქალაქო თავდაცვის უფროსებს გთავაზობთ:

1. მოქმედებისათვის სახელმძღვანელოდ დაზუსტდეს სამოქალაქო თავდაცვის გეგმები. ამასთან ძირითადი ყურადღება მიექცეს:

- კავშირის და შეტყობინების სისტემის მზადყოფნას;

- სტრატეგიული და საარსებო ობიექტების დაცვას;

- გაუსამხედროებული სამოქალაქო თავდაცვის ფორმირებათა დაკომპლექტებას, მათ აღჭურვას და სამოქმედოდ გამზადებას.

მეტი ყურადღება დაეთმოს სარეზერვო, სამედიცინო, ხანძარსაწინააღმდეგო და აღდგენითი ღონისძიებების ფორმირებებს;

- საშიში მომწამლავი ნივთიერებების გამოყენების და შენახვის წესების დაცვას;

- ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის საშუალებების და ნაგებობების მზადყოფნას;

- მოსალოდნელი საშიში ადგილებიდან მოსახლეობის საევაკუაციოდ ევაკოორგანოების მზადყოფნას;

2. ადგილებზე მმართველ ორგანოებში დაწესდეს სადღეღამისო მორიგეობა.

მოხსენებები ვითარების შესახებ ყოველდღიურად 8 საათზე, გართულების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაეცეს საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველოს ოპერატიულ მორიგეს (ტელეფონი: 72-11-63).

3. გათვალისწინებული ღონისძიებების შესასრულებლად ორგანიზებული იქნეს სამოქალაქო თავდაცვის ორგანოების საჯარისო, ეროვნული გვარდიის და მხედრიონის ნაწილებთან თანამოქმედება.

4. მასობრივი საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით მოსახლეობას გაეცნოს ექსტრემალურ პირობებში მათი მოქცევის და მოქმედების წესები.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი - სამოქალაქო თავდაცვის უფროსი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო თავდაცვის
მთავარი სამმართველოს უფროსი
რ. ნაფეტვარიძე
თბილისი. 1992 წლის 24 აგვისტო.

განკარგულება : საქართველოს რესპუბლიკის ცალკეულ რეგიონში, სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გამწვავების გამო და სახელმწიფო საბჭოს მიერ მოსახლეობის დაცვისათვის მიღებული გადაწყვეტილების შესასრულებლად - ყველა დონის სამოქალაქო თავდაცვის უფროსებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 26 აგვისტო. - № 162 (441). - 1 გვ.

85 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 17 მარტის 323 დადგენილების გამოყენების წესის თაობაზე

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნავს, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში სამეურნეო საქმიანობის დემონოპოლიზაციის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 17 მარტის 323 დადგენილების თანახმად, საწარმოებს მიეცათ სხვადასხვა სახის სახელმწიფო გაერთიანებებიდან (კონცერნი, ასოციაცია, ტრესტი და ა.შ.) თავისუფლად გასვლის უფლება.

მონოპოლიური გაერთიანებებიდან საწარმოთა თავისუფლად გასვლის პროცესის მოწესრიგებისა და გამარტივების, ზემოაღნიშნული დადგენილების სწორად გამოყენების მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „საქართველოს რესპუბლიკაში სამეურნეო საქმიანობის დემონოპოლიზაციის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 17 მარტის 323 დადგენილების გამოყენების წესის თაობაზე.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის
მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბერიძე.
თბილისი.1992 წლის 26 აგვისტო.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 17 მარტის 323 დადგენილების გამოყენების წესის თაობაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 28 აგვისტო. - № 164 (443). - 1 გვ.

86 დებულება „საქართველოს რესპუბლიკაში სამეურნეო საქმიანობის დემონოპოლიზაციის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 17 მარტის 323 დადგენილების გამოყენების წესის თაობაზე

▲ზევით დაბრუნება


1. სახელმწიფო გაერთიანებიდან ნებისმიერი საწარმოს ან სხვა სტრუქტურული ერთეულის (მათ შორის ვაჭრობის და მომსახურების სფეროთა ობიექტების) გასვლის საფუძველს წარმოადგენს მისი უშუალო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, რომელსაც მხარს უჭერს ამ საწარმოს ან სტრუქტურული ერთეულის მუშაკთა უბრალო უმრავლესობა.

2. საწარმოს ან სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება გაერთიანებიდან გასვლის შესახებ განსახილველად უნდა წარედგინოს იმ სამინისტროს, უწყებას ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, რომელსაც იგი ექვემდებარება. სამინისტრო (უწყება) ან ადგილობრივი მმართველობის ორგანო ვალდებულია საწარმოს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს ხუთი დღის ვადაში განიხილოს აღნიშნული საკითხი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება მასზე. ამ ვადის დარღვევის და საკითხის გადაწყვეტის უსაფუძვლოდ გაჭიანურების შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს მიმართოს სახელმწიფო ქონების მართვის სახელმწიფო კომიტეტს.

3. იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმოს სახელმწიფო გაერთიანებიდან გასვლისას, წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი (ფინანსური, ქონებრივი და ა.შ.) გადაწყდება დაინტერესებული მხარეების ურთიერთშეთანხმებით. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს საარბიტრაჟო სასამართლო.

4. იურიდიული პირის სტატუსის არმქონე სტრუქტურული ერთეულის გაერთიანებიდან გასვლისა და დამოუკიდებელ იურიდიულ პირად ჩამოყალიბებისას სამინისტრო, უწყება ან ადგილობრივი მმართველობის ორგანო გამოსცემს ბრძანებას სახელმწიფო საწარმოს შექმნის შესახებ, ამტკიცებს საწარმოს წესდებას სახელმწიფო ქონების მართვის სახელმწიფო კომიტეტთან შეთანხმების საფუძველზე და აღძრავს მარეგისტრირებელი ორგანოს წინაშე შუამდგომლობას ახლად შექმნილი საწარმოს რეგისტრაციის შესახებ. რეგისტრაცია ხდება მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციისათვის.

დამოუკიდებლ იურიდიულ პირად ჩამოყალიბებულ საწარმოს განკერძოებული ქონების განსაზღვრისას გადაეცემა მის სამეურნეო სარგებლობაში არსებული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები საბალანსო ღირებულებით. სხვა აქტივები და პასივები გაიყოფა მათში საწარმოს რეალური წილის პროპორციულად. თუ დაინტერესებული მხარეები აღნიშნულ საკითხზე ვერ შეთანხმდებიან, დავას გადაწყვეტს საარბიტრაჟო სასამართლო.

5. სახელმწიფო გაერთიანებიდან გასვლაზე სამინისტროს, უწყების ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოს უარის შემთხვევაში საწარმოს ან სხვა სტრუქტურულ ერთეულს უფლება აქვს მიმართოს სახელმწიფო ქონების მართვის სახელმწიფო კომიტეტს, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა.

დებულება : „საქართველოს რესპუბლიკაში სამეურნეო საქმიანობის დემონოპოლიზაციის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 17 მარტის 323 დადგენილების გამოყენების წესის თაობაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 28 აგვისტო. - № 164 (443). - 2 გვ.

87 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქონლის (სამუშაოთა, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტის კვოტირების და ლიცენზირების დროებითი წესების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სუვერენიტეტის საფუძვლების ჩამოყალიბების, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ლიბერალიზაციის, მისი რეგულირების ერთიანი მექანიზმის შექმნის, საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და სამთავრობათშორისო ხელშეკრულებების შესრულების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს ექსპორტის და იმპორტის კვოტირების და ლიცენზიების ერთიანი წესი.

ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება საქონლის ექსპორტსა და იმპორტზე საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობაში ნებისმიერ სახელმწიფოსთან, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობათშორისო შეთანხმებით.

ამ დადგენილებით შემოღებული საქონლის ექსპორტისა და იმპორტის ლიცენზირებისა და კვოტირების წესი ვრცელდება საქართველოს რესპუბლიკის სამეურნეო საქმიანობის ყველა სუბიექტზე მათი საკუთრების ფორმისა და რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად, გარდა ერთობლივი საწარმოებისა, თუ ისინი ახორციელებენ საკუთარი წარმოების პროდუქციის ექსპორტს.

2. დამტკიცდეს:

- დებულება საქართველოს რესპუბლიკის საქონლის (სამუშაოთა, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტის ლიცენზირებისა და კვოტირების წესის შესახებ;

- საქონლის ნუსხა, რომლის ექსპორტი საქართველოს რესპუბლიკიდან დროებით აკრძალულია;

- საქონლის ნუსხა, რომლის ექსპორტი დროებით ხორციელდება დადგენილი კვოტების ფარგლებში;

- საქონლის ნუსხა, რომლის იმპორტი დროებით ხორციელდება ლიცენზიებით.

3. იმ საქონლის ექსპორტისა და იმპორტის შეზღუდვა, რომელიც არ არის შეტანილი მოცემული დადგენილების დანართებში, ხდება მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის დროებითი მთავრობის დადგენილებებით.

4. დაწესდეს, რომ,

- კვოტებს, სქართველოს რესპუბლიკიდან უმნიშვნელოვანესი სახის პროდუქციის (სამუშაოთა, მომსახურების) გატანაზე ადგენს საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა;

- ლიცენზიებს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან საქონელგაცვლის უზრუნველსაყოფად დადგენილი კვოტების ფარგლებში გასცემენ შესაბამისი დარგობრივი სამინისტროები;

- ლიცენზიებს მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში ექსპორტსა და იმპორტზე დადგენილი კვოტების ფარგლებში გასცემს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტი.

5. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს 1992 წლის 1 აგვისტომდე წარმოუდგინოს საქართველოს რეპუბლიკის დროებით მთავრობას „სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტში ლიცენზიების წარდგენისა და შესრულების კონტროლის წესის დებულება“.

6. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტს აწარმოოს ლიცენზირებული საქონლის ექსპორტისა და იმპორტის მკაცრი აღრიცხვა და სტატისტიკური მასალები კვარტალში ერთხელ წარუდგინოს რესპუბლიკის მთავრობასა და სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტს.

აღნიშნული პუნქტი ძალაში შედის საბაჟოს მზადყოფნისა და სათანადო დოკუმენტის ფორმის შემუშავების შემდეგ, რაც დამატებით გამოცხადდება პრესაში და საინფორმაციო საშუალებებით.

7. ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან საექსპორტო-საიმპორტო ოპერაციების განხორციელებისას გავრცელდეს საბაჟო გაფორმებისა და დეკლარირების არსებული წესი, საექსპედიტორო-სატრანსპორტო საწარმოებს, ორგანიზაციებსა და კერძო პირებს სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს ეკრძალებათ საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გასატანი ტვირთების მიღება საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო ორგანოების ნებართვის გარეშე.

8. საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კანონმდებლობის სამოქმედოდ შემოღებამდე მოცემული დადგენილების დებულებების დარღვევაში დამნაშავე პირები პასუხს აგებენ ყოფილი სსრკ-ს საბაჟო კოდექსისა და საქართველოს რესპუბლიკის შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით.

9. იმ სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები, რომლებიც აწარმოებენ ტვირთის გადაზიდვას დადგენილი წესის დარღვევით, იხდიან ჯარიმას ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასაზიდი საქონლის საკონტრაქტო ღირებულების ოდენობით. ჯარიმის ზღვევინება დაევალოს საქართველოს რესპულიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის ორგანოებს საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის ორგანოების დადგენილებების საფუძველზე საბაჟო ორგანოების წარდგენით.

ზემოაღნიშნული ჯარიმა ნაწილდება შემდეგი წესით:

რესპუბლიკურ ბიუჯეტში - 60 პროცენტი.

ადგილობრივ ბიუჯეტში - 25 პროცენტი.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო ორგანოებს - 15 პროცენტი.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბერიძე.
თბილისი. 1992 წლის 26 აგვისტო.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქონლის (სამუშაოთა, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტის კვოტირების და ლიცენზირების დროებითი წესების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 29 აგვისტო. - № 165 (444). - 2 გვ.

88 ცეცხლი და სამხედრო კონფრონტაცია უნდა შეწყდეს

▲ზევით დაბრუნება


გუშინ სოხუმში ჩამოვიდა საქართველოს რესპუბლიკის დელეგაცია, რომელსაც ბატონი თენგიზ სიგუა ხელმძღვანელობს. დელეგაცია შეხვდება აფხაზეთის მხარეს 3 სექტემბერს მოსკოვში მიღწეულ შეთანხმებათა რეალიზაციის გზების დასასახავად.

შეხვედრის დაწყების წინ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ კორესპონდენტმა მოკლე ინტერვიუ სთხოვა ბატონ თენგიზ სიგუას.

- ეს ჩვენი მეორე შეხვედრაა, - თქვა ბატონმა თენგიზმა. - ექვს სექტემბერს, პირველი შეხვედრის დროს შევთანხმდით, რომ დღევანდელ შეხვედრაში პირველად მიეღო მონაწილეობა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს. ექვსშივე მოვილაპარაკეთ და გავაფორმეთ შესაბამისი დოკუმენტებიც ამის თაობაზე, რომ საღამოს 9 საათიდან შეწყვეტილიყო ცეცხლი და ყოველგვარი სამხედრო კონფრონტაცია. მაგრამ, სამწუხაროდ, ხელშეკრულების ეს ნაწილი ფაქტობრივად არ შესრულდა. იმავე ღამეს განახლდა და გუშინაც გრძელდებოდა სროლა. ასე იყო 7 სექტემბერსაც. ამიტომ პირველი საკითხი, რომელსაც დღევანდელ შეხვედრაზე დავაყენებთ, მიეძღვნება იმის გარკვევას, თუ ვინ დაიწყო სროლა და რა მიზეზით არ შესრულდა ექვსში გაფორმებული ხელშეკრულება. მეორე მნიშვნელოვანი და, ჩემი აზრით, ძირითადი საკითხი იქნება, ე.წ. მთიელ ხალხთა კონფედერაციის დაქირავებული მეომრების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან.

პირველ შეხვედრაზე აფხაზეთის მხარემ წამოაყენა წინადადება, რომ ეს ღონისძიება შვიდი დღის მანძილზე განხორციელებულიყო. ჩვენ კატეგორიულად წინააღმდეგ წავედით და ვფიქრობთ, რომ დღეიდან, სამი დღის ვადაში, ყველა შემოსული უცხოტომელი უნდა გავიდეს საქართველოს ტერიტორიიდან, ამისი ტექნიკური შესაძლებლობა არსებობს და დღეს ერთ-ერთ მთავარ საკითხად სწორედ ამას განვიხილავთ.

შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალების რაც შეიძლება მალე გახსნა, რათა ტრანსპორტმა უსაფრთხო მოძრაობა დაიწყოს, რისი გარანტიაც ორივე მხარემ უნდა მისცეს. ჩვენი საჯარისო ნაწილების ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობა იქნება ის, რომ საქართველოს საზღვრის უკიდურესი წერტილიდან - მდინარე ფსოუდან, ანუ ლესელიძიდან მოყოლებული სამტრედიამდე დაიცვან კომუნიკაციები და არ დაუშვან ხიდების, გვირაბების, ლიანდაგების აფეთქება. საქართველოში ყველამ იცის, რა უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა ჩვენი რესპუბლიკისა და სომხეთის ეკონომიკა ამ ბანდიტური აქციების გამო: ზარალმა 11 მილიარდ მანეთს გადააჭარბა. ამიტომ, ცხადია, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე აღდგეს ამ კომუნიკაციათა ნორმალური ფუნქციონირება.

და, ბოლოს, ერთი საგულისხმო ფაქტი. ჩვენ მივიღეთ ოფიციალური შეტყობინება იმის შესახებ, რომ აფხაზეთის მხარემ გამოყო დელეგაცია მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ იგი ჩავრთეთ საქართველოს დელეგაციაში, მაგრამ, როგორც ამ დილით შემატყობინეს, არძინბას დელეგაციის შემადგენლობა შეუცვლია. დღეს დაზუსტებით გვეცოდინება ამ შეცვლის მიზეზი და გავეცნობით დელეგაციის ახალ წევრებს.

არძინბა, როგორც ყოველთვის, თავს არიდებს ასეთ შეხვედრებში მონაწილეობას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის პოზიციას, იმას, რომ მას არ სურს, მშვიდობიანად დამთავრდეს ეს კონფლიქტი.

დანიშნული შეხვედრა გუშინ არ გამართულა, რადგან რუსეთის ფედერაციის კომისია უამინდობის მომიზეზებით სოხუმში ვერ ჩამოფრინდა. მაგრამ, როგორც წუხელ, გვიან ღამით გაირკვა, ეს კომისია ადლერიდან მაინც გამოფრინდა და სოხუმის ნაცვლად რატომღაც... გუდაუთაში ჩავიდა (?!) დღევანდელ შეხვედრაზე ალბათ გაირკვევა, რა იყო მარშრუტის ასეთი არაორიგინალური შეცვლის მიზეზი.

ინტერვიუ : ცეცხლი და სამხედრო კონფრონტაცია უნდა შეწყდეს / სიგუა თ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 9 სექტემბერი. - № 173 (452). - 1 გვ.

89 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

▲ზევით დაბრუნება


„ხელფასების, სტიპენდიების, პენსიების, დახმარებისა და უმუშევრობის შემწეობათა მომატების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 9 სექტემბრის დეკრეტის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. 1992 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე შრომის ანაზღაურების მინიმალური დონე (თანამდებობრივი სარგოები, განაკვეთები და სხვა) განისაზღვროს თვეში 850 მანეთით. შრომის ანაზღაურების მინიმალურ დონეში არ გაითვალისწინება დანამატები, წანამატები, პრემიები და სხვა წამახალისებელი გასაცემლები.

2. ბიუჯეტზე არსებულ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მინიმალური თანამდებობრივი სარგოებისა და განაკვეთების 850 მანეთამდე გაზრდასთან დაკავშირებით 1992 წლის 1 ოქტომბრიდან მოქმედი თანამდებობრივი სარგოები და განაკვეთები გაიზარდოს 30 პროცენტით. ამავე ოდენობით გაიზარდოს ეროვნული მეურნეობის ყველა დარგში დასაქმებულ მუშაკთა შრომის საათობრივი ანაზღაურების განაკვეთები სასწავლო მეცადინეობის ჩატარებისათვის.

დაწესდეს მინიმალური საათობრივი სატარიფო განაკვეთი:

ა) 41-საათიანი სამუშაო კვირის პირობებში - 4,91 მანეთი;

ბ) 36-საათიანი სამუშაო კვირის პირობებში - 5,58 მანეთი;

გ) 30-საათიანი სამუშაო კვირის პირობები - 6,70 მანეთი.

საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშაოს და საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსთან, საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროსთან, აგრეთვე სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან, უწყებებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან შეთანხმების შემდეგ წარმოადგინოს სათანადო წინადადებანი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების მუშაკთა შრომის ანაზღაურების ახალი პირობების შემოღების შესახებ.

3. დაწესდეს, რომ მუშათა, მოსამსახურეთა და დაბეგვრის მხრივ მათთან გათანაბრებულ მოქალაქეთა ხელფასი და სხვაგვარი შემოსავლები თვეში 850 მანეთამდე ოდენობით, რაც მიღებულია მათ ძირითად სამუშაო (სამსახურის, სწავლის) ადგილზე, არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით.

4. 1992 წლის 1 ოქტომბრიდან:

- განისაზღვროს სტუდენტთა და მოსწავლეთა სტიპენდიების ოდენობა თვეში თანამდებობრივი სარგოების (განაკვეთების მინიმალური დონის (850 მანეთი) მიმართ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში. ფრიადოსანი სტუდენტებისათვის - 80 პროცენტის, მხოლოდ კარგი ან კარგი და ფრიადი შეფასების მქონე სტუდენტებისათვის - 75 პროცენტის, ხოლო აკადემიური მოსწრების დანარჩენი სტუდენტებისათვის - 70 პროცენტის ოდენობით, შესაბამისად სახელმწიფო საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში - 70, 65 და 60 პროცენტი, ხოლო სახელმწიფო პროფსასწავლებლებში - 60, 55 და 50 პროცენტი;

- სტუდენტთა ყველა სხვა კატეგორიისა და ასპირანტთა სტიპენდიები გაიზარდოს 30 პროცენტით;

- დოქტორანტებს სახელმწიფო სტიპენდია ეძლევათ დოქტორანტურაში ჩარიცხვამდე დანიშნული თანამდებობრივი სარგოს (განაკვეთის) ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს უფროსი მეცნიერ მუშაკის თანამდებობრივი განაკვეთისა (სარგოსი).

5. მოხუცებულობის პენსიონერთა, I და II ჯგუფის ინვალიდთა (მათ შორის ბავშვობიდან I და II ჯგუფის ინვალიდთა). 16 წლამდე ინვალიდ ბავშვთა სოციალური პენსიები, წელთა ნამსახურობისა და ყოფილი პერსონალური პენსიები, მარჩენალის დაკარგვის გამო, ყველა სახის III ჯგუფის ინვალიდებისა და სოციალური პენსიები გაიზარდოს 165 მანეთით.

აღნიშნული პუნქტი ვრცელდება მხოლოდ არამომუშავე პენსიონერებზე.

6. ყველა მომუშავე (მათ შორის ვადიანი ხელშეკრულებით) პენსიონერს, თანამდებობის მიუხედავად, პენსია ხელფასთან (შემოსავალთან) ერთად მიეცეს სრულად. თუ ხელფასმა (შემოსავალმა) და პენსიამ არ გადააჭარბა 3400 მანეთს, თუ ხელფასი (შემოსავალი) და პენსია აღემატება აღნიშნულ თანხას (3400 მანეთს) პენსია შემცირდეს შესაბამისად. ეს წესი არ გავრცელდება ომის ინვალიდებზე, ომის მონაწილეებზე, მათთან გათანაბრებულ პირებსა და შეღავათიანი პირობებით საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული I სიით დანიშნული პენსიის მიმღებებზე.

ამასთან სამამულო ომის მონაწილეებზე პენსიისა და ხელფასის სრულად გაცემის წესი გავრცელდეს მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან.

7. დაწესდეს ბავშვიანი ოჯახებისთვის დახმარების შემდეგი ოდენობანი:

ა) ბავშვის დაბადებისას ერთდროული დახმარება - მინიმალური ხელფასის ოდენობით (850);

ბ) 1,5 წლამდე ბავშვის მოვლისათვის ყოველთვიური დახმარება - მინიმალური ხელფასის 60 პროცენტი (510 მანეთი);

გ) 1,5-დან 6 წლამდე ბავშვის მოვლისათვის ყოველთვიური დახმარება - მინიმალური ხელფასის 50 პროცენტი (425 მანეთი);

დ) მარტოხელა დედებისა და ალიმენტის ურჩი გადამხდელი მშობლების ბავშვებისთვის ყოველთვიური დახმარება - მინიმალური ხელფასის 50 პროცენტი (425 მანეთი);

8. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსთან არსებულ სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი რესპუბლიკური ფონდისა და საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროსთან არსებული დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის დირექციებს შეიტანონ შესაბამისი ცვლილებანი ფონდის შემოსავალსა და ხარჯებში.

9. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციამ გააძლიეროს მუშაობა და უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი სახსრების სრულად ამოღება.

10. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულმა საწარმოებმა, ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა (საკუთრების ფორმების მიუხედავად) შეუფერხებლად გადარიცხონ ბიუჯეტის, სოციალური უზრუნველყოფის და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი რესპუბლიკური ფონდისა და დასაქმების ფონდის კუთვნილი სახსრები.

11. ამ დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით 1992 წლის 1 ოქტომბრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 14 ივლისის №725 დადგენილება, გარდა მე-5 და მე-14 პუნქტებისა; მე-14 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: მე-6 და მე-7 პუნქტები“.

1992 წლის 17 აპრილის № 441 დდაგენილების მე-6 და მე-7 პუნქტების მოქმედება ძალაში შევიდეს 1 აგვისტოდან.

12. ამ დადგენილების შინაარსი გამოქვეყნდეს პრესაში და გადაიცეს რადიოტელევიზიით.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბერიძე.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 17 სექტემბერი. - № 181 (460). - 2 გვ.

90 იქნებ ახლა მაინც...

▲ზევით დაბრუნება


გუშინ გაუწყეთ, რომ სოხუმში, სინოპის დასასვენებელ სახლში მუშაობა დაიწყო1992 წლის 3 სექტემბერს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის აფხაზეთში კონფლიქტის შეწყვეტის თაობაზე დადებული ხელშეკრულების კონტროლისა და ინსპექციის კომისიამ.

ჩვენი მკითხველებისათვის ცნობილია, რომ კომისიის სხდომა შეწყდა გაგრაში მდგომარეობის გართულების გამო და საღამოს 19 საათზე ბატონი თენგიზ სიგუა რუსეთისა და აფხაზეთის მხარეთა წარმომადგენლებთან ერთად გუდაუთას გადაფრინდა.

კომისიამ მუშაობა გუდაუთაში განაგრძო.

გვიან ღამით თბილისში დაბრუნებისას ჩვენმა კორესპონდენტმა ინტერვიუ ჩამოართვა (ეს უკვე ტრადიციად იქცა) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის - პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს თენგიზ სიგუას.

- „საქართველოს რესპუბლიკის“ მკითხველებმა იციან, რომ ეს იყო ჩვენი კომისიის მესამე სხდომა, რომელშიც მე ვმონაწილეობდი. როგორც დღემდე ყოველთვის, ამ სხდომაზეც აფხაზეთის მხარე (ვგულისხმობ გუდაუთაში თავმოყრილთა წარმომადგენლებს) არაკორექტულად იქცეოდა, ძირითადად ცდილობდა, რევიზია გაეწია მოსკოვში ხელმოწერილი შეთანხმებისათვის, მაგრამ არც ჩვენ, არც რუსეთის მხარე ამას არ დავთანხმდით, ჩვენ პუნქტობრივად განვიხილეთ ამ ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობა, ანუ გავაკეთეთ სწორედ ის, რისთვისაც კონტროლის კომისიაა შექმნილი და რაც მისი ფუნქცია და მოვალეობაა.

პირველ რიგში განვიხილეთ გაგრაში არსებული სამხედრო კონფრონტაციის მშვიდობიანად მოწესრიგების საკითხი.

მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ 24 სექტემბერს, დილის 10 საათიდან დაიწყება ჯარების დაშორიშორება (24-ში ერთი კილომეტრით დაცილდებიან ერთმანეთს, შემდეგ ეს დისტანცია თანდათან გაიზრდება). იმავე საღამოსთვის დერეფანში, რომელიც ასეთი დაშორიშორებით შეიქმნება, დავაყენებთ ოთხ საკონტროლო პუნქტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ, უკვე ხელმოწერილი ოქმის პრაქტიკული განხორციელების შედეგად შეწყდება სისხლისღვრა.

სამხედრო ხელმძღვანელობა ხვალვე შეიკრიბება და განსაზღვრავს კოორდინატებს შემდეგი დაშორიშორებისათვის. ასეთივე ღონისძიება განხორციელდა სოხუმთან, გუმისთის ხეობაში, და დღეს ყველა ხედავს, რა დადებითი შედეგიც გამოიღო მან: აქ ცეცხლი შეწყვეტილია და კანტიკუნტად თუ ისვრიან.

მეორე ოქმი, რომელსაც აგრეთვე მოვაწერეთ ხელი, ითვალისწინებს 3 ოქტომბრისათვის სოხუმში ისეთი პირობების შექმნას, რომ აფხაზეთის პარლამენტმა მუშაობის დაწყება შეძლოს. აქ გათვალისწინებულია, რომ ამ დროისათვის სოხუმში რჩება ქართული ჯარის ის კონტინგენტი, რომელიც აუცილებელია სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალების, სხვა მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობათა - ხიდების, გვირაბების, აკვედუკების და ა.შ. დასაცავად.

ვთვლი, რომ ამ ორი ოქმის ხელმოწერით უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მოსკოვის შემაჯამებელი დოკუმენტის პრაქტიკულად განხორციელების საქმეში.

თქვენ იცით, რომ ჩვენ სოხუმიდან გუდაუთაში მოგვიწია გადაფრენა. იქ მოვილაპარაკეთ, რომ გუდაუთის სამხედრო აეროდრომზე 24-დან დადგება ქართველ მეთვალყურეთა პოსტი, რომელიც შეამოწმებს ყველა ასაფრენ თუ დაშვებულ თვითმფრინავს. ეს გამოწვეულია ჩვენი მხარის საფუძვლიანი ეჭვით, რომ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტით ამ აეროპორტში ჩამოაქვთ არა მარტო ჰუმანიტარული ტვირთი, არამედ იარაღი, სამხედრო აღჭურვილობა და ტყვია-წამალი. ამაზე დაგვთანხმდა რუსეთის მხარე. აფხაზეთის მხარის ხელმოწერა აქ საჭირო არც იყო, რადგან ეს გახლდათ რუსეთ-საქართველოს შეთანხმება. ამით ჩვენ გვეძლევა საშუალება კონტროლი დავაწესოთ გუდაუთის ბომბორის აეროდრომზე. ასე აღიკვეთება, ერთი მხრივ, ტყვია-წამლის და იარაღის შემოტანა საჰაერო გზით აფხაზეთში და მეორე მხრივ, აქ დისლოცირებული სამხედრო ნაწილის თვითნებობა, რაც გამოიხატებოდა ჩვენი მფრინავების მიერ თავიანთ საჰაერო სივრცეში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის ფაქტებში. ჩვენ ამის თაობაზე იმთავითვე პროტესტი გამოვთქვით, ახლა კი უკვე პრაქტიკულად განვახორციელებთ კონტროლს, თანაც ერთობლივი ძალებით.

ჩვენი მეთვალყურეები უკვე ხვალიდან საშუალებას არ მისცემენ არავის ტყვარჩელის თუ სხვა მიმართულებით გადაიტანონ იარაღი და ტყვია-წამალი.

სხვათა შორის, გაგვაჩნია ინფორმაცია (თუმც ჯერ დაუზუსტებელი), რომ ბომბორის აეროდრომზე რამდენიმეჯერ დაეშვა ჩეჩნეთის ვერტმფრენები და თვითმფრინავები. ესეც აღიკვეთება, დარწმუნებული ვარ.

გულახდილად გითხრათ, კმაყოფილი ვბრუნდები, რადგან სამივე შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია. ამას გარდა, წინასწარ მოვილაპარაკეთ იმის თაობაზე, რომ უმოკლეს პერიოდში განხორციელდეს ღონისძიებები რკინიგზისა და საავტომობილო მაგისტრალის მთლიანად ამოქმედებისათვის.

რაც შეეხება მთიელ ხალხთა კონფედერაციის ჯარებს, რომლებიც შემოსულნი არიან ჩვენს ტერიტორიაზე, ისინი 3-5 დღის განმავლობაში მთლიანად გაძევებულნი იქნებიან საქართველოდან.

- ბატონო თენგიზ! აუცილებელი იყო თქვენი წასვლა გუდაუთაში?

- მე ვთვლი, რომ აუცილებელი იყო. დღეს ძალიან დაიძაბა სიტუაცია გაგრაში, კომისიის წევრები დავარწმუნე და დავითანხმე, რომ გუდაუთიდან გაგრაში ჩავსულიყავით და ადგილზე გავცნობოდით შექმნილ მდგომარეობას.

- მაგრამ გაგრაში ინტენსიური ომი იყო.

- იყო, მაგრამ ომი ომია... სიტუაცია გაგრაში ამასობაში დაწყნარდა, ჩვენი ჩასვლა საჭირო აღარ გახდა. ამან კი საშუალება მოგცა იქვე, გუდაუთაში გაგვეგრძელებინა კომისიის სხდომა. სწორედ აქ მოაწერეს აფხაზებმა ხელი იმ ოქმს, რომელსაც სოხუმში კატეგორიულად არ აწერდნენ.

- ბატონი არძინბა თუ შემოგიერთდათ გუდაუთაში, თუ მიიღო მონაწილეობა კომისიის სხდომაში?

- არა, მანქანაც კი გაუგზავნეს, მაგრამ ვერ გაბედა მოსვლა, ძალიან მშიშარაა. და, საერთოდ, ეს კონფრონტაცია არ დაიწყებოდა, 14 აგვისტოს, პირველსაცე შეტაკების მერე სოხუმში რომ ჩამოსულიყო. მე იმ დღესვე ჩამოვფრინდი აქ და მოვითხოვე სასწრაფოდ არძინბას ჩამოსვლაც. არ ჩამოვიდა, შეშინდა, დელეგაცია გამოგზავნა, რომელსაც არავითარი უფლება-მოსილება არ გააჩნდა და, 14 აგვისტოს, პირველივე შე-ლი დოკუმენტებს, რომლებიც კონფლიქტს მშვიდობიანად მოაგვარებდა. [ინტერვიუს ტექსტი გაუკვეველია, დაუსრულებელი. (შემდგენლის შენიშვნა)] აი, ასე, მისმა ლაჩრულმა ბუნებამ ათეულობით ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა.

დღეს 25 სექტემბერია. იქნებ დღეს მაინც დადგეს მშვიდობა.

ცნობისათვის, მოსკოვის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ აფხაზი ექსტრემისტებისა და ჩრდილოეთკავკასიელი ტერორისტების გააქტიურებამ, მუხანათობამ და სადიზმმა მსხვერპლის რაოდენობა გააორმაგა. იქნებ, დღეს მაინც დაესვას წერტილი.

დღეს 25 სექტემბერია.

ა. ძალიძე.

ინტერვიუ : იქნებ ახლა მაინც ... / სიგუა თ., [ჩაიწერა: ა. ძალიძემ] // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 25 სექტემბერი. - № 191-192 (471). - 1გვ.

91 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება

▲ზევით დაბრუნება


გ. ხაინდრავას საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრად - აფხაზეთის რეგიონში საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის საგანგებო წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. დაინიშნოს გიორგი ლევანის ძე ხაინდრავა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრად - აფხაზეთის რეგიონში საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის საგანგებო წარმომადგენლად.

2. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრის - აფხაზეთის რეგიონში საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის საგანგებო წარმომადგენლის ძირითად ამოცანად განისაზღვროს აფხაზეთის რეგიონში ეთნიკური კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობიანი ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების შექმნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და შეთანხმებების შესრულების კონტროლი, სამინისტროებისა და უწყებების, ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების კოორდინაცია, აგრეთვე კონკრეტული ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება ამ რეგიონში სახელმწიფოებრივი ინტერესების, მოქალაქეთა და ეროვნებათა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.

3. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი - აფხაზეთის რეგიონში საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის საგანგებო წარმომადგენელი ხელმძღვანელობს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, და ანგარიშვალდებულია უშუალოდ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის წინაშე.

4. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრს - აფხაზეთის რეგიონში საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის საგანგებო წარმომადგენელს ორი კვირის ვადაში სახელმწიფო საბჭოს დასამტკიცებლად წარმოადგინოს დებულება თავისი სამსახურის შესახებ საშტატო სტრუქტურებისა და ხელფასის განაკვეთების გაანგარიშებით.

5. დაევალოთ სქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს საქმეთა მმართველს და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელს ამ დადგენილების შესაბამისად ხელი შეუწყონ სახელმწიფო მინისტრს - აფხაზეთის რეგიონში საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის საგანგებო წარმომადგენელს საკადრო, საფინანსო და სატრანსპორტო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფაში.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თვმჯდომარე
ე. შევარდნაძე.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.
თბილისი.1992 წლის 2 ოქტომბერი.

დადგენილება : გ. ხაინდრავას საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრად - აფხაზეთის რეგიონში საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის საგანგებო წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 3 ოქტომბერი. - № 201-202 (481). - 1 გვ.

92 საქართველო თავის ღირსეულ წვლილს შეიტანს საერთო-ევროპული სახლის მშენებლობაში

▲ზევით დაბრუნება


ჩვენმა მკითხველებმა იციან, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის - პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თენგიზ სიგუა მიწვეული იყო ევროპარლამენტის ქრისტიან-დემოკრატთა ფრაქციის შეხვედრაზე ქ. სტრასბურგში, სადაც 16 სექტემბერს სიტყვა წარმოთქვა. დღეს ვაქვეყნებთ მის გამოსვლას.

პატივცემულო თავმჯდომარევ!

ქალბატონებო და ბატონებო!

ჩემთვის დიდი პატივია ამ მაღალი საზოგადოების წინაშე გამოსვლა და მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ევროპულ სახალხო პარტიას ასეთი შესაძლებლობის მოცემისთვის.

მას შემდეგ, რაც პირველად მომეცა საშუალება თქვენთან შეხვედრისა, ბევრი რამ შეიცვალა მსოფლიოში. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ევროპის შემდგომი ინტეგრაციისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მე მხედველობაში მაქვს უწინარესად მაასტრიხტისა და ჰელსინკის უმაღლესი დონის შეხვედრების დოკუმენტები, ჰელსინკის ფორუმზე საქართველო ევროთათბირის წევრი გახდა და ამით მისი (საქართველოს) ევროპულ პროცესებში სრულმასშტაბიანი ჩართვის პროცესი დაიწყო. სულ ახლახან საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაშიც შევიდა. ერთი სიტყვით, სრულდება ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ხალხის საუკუნოვანი ოცნება - დაიკავოს კუთვნილი ადგილი თანასწორუფლებიან ერთიან თანამეგობრობაში. უნდა ითქვას, რომ გზა, რომელიც საქართველომ დღემდე გაიარა, არ იყო ადვილი, მოგეხსენაბათ, რომ მტკივნეული პროცესები წარიმართა ჩვენს ქვეყანაში ბოლო ხანს, მას შემდეგ, რაც გასული წლის მიწურულს და ამა წლის დამდეგს მომხდარი ცნობილი მოვლენების შედეგად საქართველოში დაემხო ავტორიტარული რეჟიმი, ახალმა ხელისუფლებამ საქვეყნოდ განაცხადა, რომ ამიერიდან უპირატესობა მიენიჭება იმ მორალურ, ზნეობრივ და მსოფლმხედველობრივ ფასეულობებს, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია ჭეშმარიტად დემოკრატიული სამოქალაქო სამართლებრივი საზოგადოების ფორმირება, სადაც დაცული იქნება მთელი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და სულიერი უფლებები, მიუხედავად იმისა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე მის გარეთ აღმოჩნდნენ ძალები, რომელთაც არ მოსწონთ საქართველოს მიერ არჩეული გზა და ყოველ ღონეს ხმარობენ წინ აღუდგნენ დასახულ ნათელ მიზნებს.

საყოველთაო ინტერესი გამოიწვია აფხაზეთის კრიზისმა. როგორც ცნობილია, აფხაზეთის ტერიტორიაზე გადის სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას გარე სამყაროსთან აკავშირებს და საიდანაც საქართველო და აგრეთვე სომხეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის ტვირთს იღებენ. აფხაზეთის ნაციონალისტურ-სეპარატისტული ხელმძღვანელობის (რომელის სათავეში მოვიდა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში) ხელშეწყობით, რომელმაც თავისი პოზიციების განმტკიცების მიზნით, გამსახურდიას ხელისუფლების მხარდაჭერით შეიმუშავა და მიიღო ანტიდემოკრატიული, დისკრიმინაციული საარჩევნო კანონი, აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიარაღებული ბანდები სისტემატურად ძარცვავდნენ აღნიშნულ ტვირთს, რის შედეგადაც ქვეყანამ 12 მილიარდი მანეთი იზარალა. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ბიუჯეტი 27 მილიარდია, დამეთანხმებით, რომ ეს ზარალი უაღრესად სერიოზულია. გარდა ამისა, აფხაზეთის ხელმძღვანელობამ ყოველგვარი სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევით, მოსახლეობის აზრის გაუთვალისწინებლად გამოაცხადა რა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, უხეშად ხელყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ამ ავანტიურის განსახორციელებლად მათ არალეგალურად შემოიყვანეს საქართველოს ტერიტორიაზე დაქირავებული შეიარაღებული ბანდები, რომლებიც ტერორისტულ აქტებს აწყობდნენ. ყოველივე ამის გამო საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა რეგიონში ჯარების გადაადგილება, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის ფარგლებში ჯარის გადაადგილება, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა ნებისმიერ სახელმწიფოში, გააზრებული პროვოკაციის შედეგად შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. კრიზისი გააღრმავა იმ ფაქტმა, რომ გამოჩნდა აშკარა ინტერვენციის ნიშნებიც ჩრდილოეთ კავკასიიდან. საჭირო გახდა კონფლიქტის შემდგომი გაღრმავების შეჩერება და კრიზისის პოლიტიკური გზებით მოგვარება. კმაყოფილების გრძნობით მინდა აღვნიშნო რუსეთის ხელმძღვანელობის უაღრესად კონსტრუქციული როლი მოცემული კრიზისის მოგვარების საქმეში. როგორც ცნობილია, 3 სექტემბერს მოსკოვში ხელმოწერილ დოკუმენტში აისახა საქართველოს სამართლიანი ინტერესები და ახლა მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა მიღწეული შეთანხმების სარეალიზაციოდ.

ამჟამად საქართველო არჩევნებისთვის ემზადება, დგება უაღრესად საპასუხისმგებლო ეტაპი, რომელიც ღირსეულად უნდა გავიაროთ. არჩევნების მაღალორგანიზებულ დონეზე მოსაწყობად მოწვეული გვყავს ესქპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან და ორგანიზაციიდან. იმედი გვაქვს ევროპარლამენტის დახმარებისაც.

უაღრესად პერსპექტიულად მეჩვენება ჩვენი მომავალი ხელსაყრელი თანამშრომლობა ევროპარლამენტთან. მე მხედველობაში მაქვს თანამშრომლობა როგორც საპარლამენტო დონეზე, ისე ცალკეულ პარტიებს შორის. ჩვენში პლურალისტული დემოკრატია ახლა იდგამს ფეხს და თქვენნაირი გამოცდილი პარტნიორისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია.

ეს აზრი გამოვთქვი ჩვენი პირველი შეხვედრის დროსაც. მაგრამ ცნობილი მიზეზების გამო შარშან ეს სრულფასოვნად ვერ განხორციელდა. ახლა საერთო ტენდენციები ამის დიდ იმედებს გვაძლევს. იმედია, თქვენი ფორუმი, თავის მხრივ, დაინტერესდება ჩვენთან ურთიერთობით, რამეთუ ევროპული ინტეგრაციის უაღრესად კეთილშობილური იდეა, რომელიც საბოლოო ჯამში, ერთიანი დიდი ევროპის შექმნას გულისხმობს, ამგვარი თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს.

საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა და შესაბამისი სტრუქტურების შექმნა წარმოუდგენელია ეკონომიკური სტაბილურობის გარეშე. თქვენ, ალბათ კარგად იცით, რა მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია ჩვენი ქვეყანა.

ჩვენ მტკიცედ დავადექით უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ღონისძიებების კურსს, რომლებიც შეარბილებენ კრიზისულ მოვლენებს და მკვიდრ საფუძველს შეუქმნიან საქართველოში საბაზრო ეკონომიკის დანერგვას.

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შემუშავებულ პროგრამასთან დაკავშირებით ხორციელდება მიწის რეფორმა, ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს პრივატიზაცია და სხვა ღონისძიებები, პრაქტიკულად დამთავრებულია საბინაო ფონდის პრივატიზაცია. მიღებულია მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტები საგარეო ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. ამერიკასა და ევროპის მთელ რიგ სახელმწიფოებთან ხელმოწერილია ხელშეკრულებები სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შესახებ.

სხვადასხვა პროექტები საქართველოს სამრეწველო ობიექტების, საზღვაო ნავსადგურების, სოფლის მეურნეობის სექტორის და მრავალი სხვა შესწავლის პროცესშია და ზოგიერთი მათგანი რეალიზაციის ეტაპზეა. ცხადია, რომ ყველა ამ პროექტის განხორციელება თითქმის შეუძლებელია ფართო საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე.

სულ ახლახან, მსოფლიოში, შავი ზღვისპირა ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის გაერთიანების სახით ახალი ორგანიზაცია შეიქმნა, მასში ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მყოფი ევროპისა და აზიის 11 ქვეყანაა გაერთიანებული. საქართველოს წევრობა ამ გაერთიანებაში, მისი ღრმა ინტეგრაცია მოწინავე ქვეყნების ეკონომიკაში, ფართო კოოპერაცია ყველა ქვეყანასთან, ჩვენს ახალ გეოპოლიტიკურ მდგომარეობასთან, უნიკალურ ბუნებრივ რესურსებთან და ინტელექტუალურ პოტენციალთან ერთად ეკონომიკური აღორძინების დიდ შესაძლებლობებს იძლევა.

დღეს მსოფლიოს ყველა პროგრესული ქვეყნის ძალისხმევა მიმართულია საერთაშორისო სტაბილურობისკენ. კოოპერაციის, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ფართო თანამშრომლობის საფუძველზე საქართველო თავის ღირსეულ წვლილს შეიტანს საერთო-ევროპული სახლის მშენებლობაში და საერთაშორისო სტაბილურობის განმტკიცების საქმეში.

გამოსვლა : საქართველო თავის ღირსეულ წვლილს შეიტანს საერთო-ევროპული სახლის მშენებლობაში / სიგუა თ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 3 ოქტომბერი. - № 201-202 (481). - 1,2 გვ.

93 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახების წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ.

2. იმ პენსიონერებს, რომლებიც არ იმყოფებიან სამსახურში საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში, საინფორმაციო-სადაზვერვო, შინაგან საქმეთა ორგანოების სისტემაში და ღებულობენ პენსიებს, პენსიების ოდენობა გადაუანგარიშდეთ და მიეცეთ ამ დროებითი დებულების შესაბამისად.

3. იმ პირებს, რომლებიც გადიან სამხედრო სამსახურს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში და ცხოვრობენ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, პენსია დაენიშნოთ საქართველოს რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

4. დროებითი დებულება ძალაშია დამტკიცებისთანავე.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის
მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბერიძე.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახების წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 9 ოქტომბერი. - № 206-207 (485-486). - 1 გვ.

94 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესის დროებითი დებულების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. დამტკიცდეს „დროებითი დებულება საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამხედრო სასახურის გავლის წესის შესახებ“.

2. დროებითი დებულება ძალაში შევიდეს დამტკიცებისთანავე.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის პირველი მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელი
კ. გელაშვილი.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესის დროებითი დებულების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 13 ოქტომბერი. - № 212-213 (492). - 1 გვ.

95 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რიგითების, მატროსების, სერჟანტების, ზემდეგების, მიჩმანების საყოველთაო სამხედრო მოვალეობისა და ზევადიანი სამხედრო სამსახურის გავლის წესის დროებითი დებულების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. დამტკიცდეს „დროებითი დებულება შეიარაღებული ძალების რიგითების, მატროსების, სერჟანტების, ზემდეგების, მიჩმანების საყოველთაო სამხედრო მოვალეობისა და ზევადიანი სამხედრო სამსახურის გავლის წესის დროებითი დებულების შესახებ“.

2. დროებითი დებულება ძალაში შევიდეს დამტკიცებისთანავე.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის პირველი მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელი
კ. გელაშვილი.
1992 წლის 5 ოქტომბერი.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რიგითების, მატროსების, სერჟანტების, ზემდეგების, მიჩმანების საყოველთაო სამხედრო მოვალეობისა და ზევადიანი სამხედრო სამსახურის გავლის წესის დროებითი დებულების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 14 ოქტომბერი. - № 212 (491). - 1 გვ.

96 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება ქალაქ თბილისში საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის აღდგენის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


1992 წლის 30 ოქტომბერი, ქ. თბილისი.

ქართველი და ებრაელი ხალხების მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობათა წარმოჩენის, გაღრმავება-განმტკიცებისა და საქართველოს ებრაელთა ისტორიის განუყოფელი ნაწილის შესწავლა-პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. დაკმაყოფილდეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ასოციაციის 1992 წლის 29 ივნისის თხოვნა ქალაქ თბილისში საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის აღდგენის შესახებ.

2. მიეკუთვნოს საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს სამენიერო-კვლევითი ორგანიზაციის სტატუსი და მიენიჭოს ცნობილი ქართველი ებრაელი რაბინისა და საზოგადო მოღვაწის დავით ბააზოვის სახელი.

3. დაექვემდებაროს საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, ხოლო სამეცნიერო-მეთოდური ხელმძღვანელობა მას გაუწიოს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან ერთად.

4. საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებისა და ორგანიზაციების საცავებში დაცული ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მასალები ურთიერთშეთანხმებით დაუბრუნდეს მუზეუმს.

5. საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტრომ:

- მუზეუმის განსათავსებლად გამოათავისუფლოს ყოფილი სინაგოგის შენობა (ანტონ კათალიკოსის ქუჩა, 3) ეზოთი, რომელშიც ამჟამად ფუნქციონირებს საქართველოს კულტურის მუშაკთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი რესპუბლიკური კურსები;

- მიზნობრივად გამოყოფილი თანხების გამოყენებით, დაამუშაოს საპროექტო დოკუმენტაცია, შეასრულოს მუზეუმის შენობის გამაგრების, ფასადისა და სახურავის შეკეთების, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის, შიდა მოსაპირკეთებელი, ადაპტაციისა და სხვა სამუშაოები.

6. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინიტრომ და საქართველოს რესპუბლიკის მატერიალური რესურსების სამინისტრომ აღმოუჩინონ დახმარება საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მუზეუმის აღდგენითი და სარემონტო სამუშაოებისათვის აუცილებელი მასალების გამოყოფის საკითხში.

7. საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს კულტურის მუშაკთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი რესპუბლიკური კურსების გაუქმებასთან დაკავშირებით, სამეცნიერო-ტექნიკური პერსონალი (22 საშტატო ერთეული) თავისი ხელფასის ფონდით გადაყვანილ იქნეს საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტოს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად დარჩენილ თანამშრომელთა შრომითი მოწყობის საკითხი.

8. საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ 1993 წლისათვის გაითვალისწინონ საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმისათვის საჭირო ასიგნებანი საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინიტროს განაცხადის მიხედვით.

9. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ 1993 წლის ბიუჯეტით გაითვალისწინოს საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავების, რემონტის, გამაგრების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და ადაპტაციის სახსრების გამოყოფა საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მიერ წარდგენილი განაცხადის მიხედვით.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბერიძე

დადგენილება : ქალაქ თბილისში საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის აღდგენის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 3 ნოემბერი. - № 225 (504). - 1 გვ.

97 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ფასების მოსალოდნელ ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მოსახლეობის სოციალური დაცვის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. განისაზღვროს 1992 წლის 1 ნოემბრიდან საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე შრომის ანაზღაურების მინიმალური დონე (თანამდებობრივი სარგოები, განაკვეთები და სხვ.) თვეში 1700 მანეთის ოდენობით. შრომის ანაზღაურების მინიმალურ დონეში არ გაითვალისწინება დანამატები, წანამატები, პრემიები და სხვა წამახალისებელი გასაცემლები.

2. ბიუჯეტში არსებულ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მინიმალური თანამდებობრივი სარგოებისა და განაკვეთების თვეში 1700 მანეთამდე გაზრდასთან დაკავშირებით მოქმედი თანამდებობრივი სარგოები და განაკვეთები გადიდდეს 1992 წლის 1 ნოემბრიდან 100 პროცენტით. ყველა ყველა სახის დანამატები, წანამატები და ეროვნული მეურნეობის ყველა დარგში დასაქმებულ მუშაკთა შრომის საათობრივი ანაზღაურების განაკვეთები სასწავლო მეცადინეობის ჩატარებისათვის 1992 წლის 1 ნოემბრიდან გადიდდეს 50 პროცენტით.

დაწესდეს, რომ მუშა-მოსამსახურეთა და გადასახადით დაბეგვრის მხრივ მათთან გათანაბრებულ მოქალაქეთა ხელფასი და სხვაგვარი შემოსავლები თვეში 1700 მანეთამდე ოდენობით, რაც მიღებულია მათ ძირითად სამუშაო (სამსახურის, სწავლის) ადგილზე, არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით.

3. 1992 წლის 1 ნოემბრიდან:

- განისაზღვროს სტუდენტთა და მოსწავლეთა სტიპენდიების ოდენობა თვეში თანამდებობრივი სარგოების (განაკვეთების) მინიმალური დონის მიმართ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში: ფრიადოსანი სტუდენტებისათვის - 80 პროცენტის, მხოლოდ „კარგი“ ან მხოლოდ „კარგი“ და „ფრიადის“ შეფასების მქონე სტუდენტებისათვის - 75 პროცენტის, ხოლო აკადემიური მოსწრების დანარჩენი სტუდენტებისათვის - 70 პროცენტის ოდენობით, შესაბამისად სახელმწიფო საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში - 70, 65, და 60 პროცენტი, ხოლო სახელმწიფო პროფესიულ-ტექნიკური განათლების სასწავლებლებში - 60, 55 და 50 პროცენტი;

- სტუდენტთა, სპორტსმენთა, ყველა სხვა კატეგორიისა და ასპირანტთა სტიპენდიები გადიდდება 100 პროცენტით;

- დოქტორანტებს სახელმწიფო სტიპენდია ეძლევათ დოქტორანტურაში ჩარიცხვამდე დანიშნული თანამდებობრივი სარგოს (განაკვეთის) ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს უფროსი მეცნიერი მუშაკის თანამდებობრივი განაკვეთისა (სარგოსი).

სახელმწიფო პროფესიულ-ტექნიკური განათლების ყველა სასწავლებელში სტიპენდიის შემოღებასთან დაკავშირებით 1992 წლის 1 ნოემბრიდან გაუქმდეს ამ სასწავლებლებში მოსწავლეთა უფასო კვება და ტანსაცმლით უზრუნველყოფა.

4. მოხუცებულობით პენსიონერთა, I და II ჯგუფის ინვალიდთა (მათ შორის ბავშვობიდან I და II ჯგუფის ინვალიდთა) 16 წლამდე ინვალიდ ბავშვთა სოციალური პენსიები, ნამსახურობისა და პერსონალური პენსიები, მარჩენლის დაკარგვის გამო, ყველა სახის III ჯგუფის ინვალიდთა და სოციალური პენსიები ფასების მოსალოდნელი ლეგალიზაციის შედეგად დამატებითი ხარჯების საკომპენსაციოდ გადიდეს 780 მანეთით.

ეს პუნქტი ვრცელდება არამომუშავე პენსიონერებზე.

5. დაწესდეს ბავშვიანი ოჯახებისათვის დახმარების შემდეგ ოდენობანი;

ა) ბავშვის დაბდებისას ერთდროული დახმარება - 2000 ათასი მანეთის ოდენობით;

ბ) 1,5 წლამდე ბავშვის მოვლისათვის ყოველთვიური დახმარება - მინიმალური ხელფასის 60 პროცენტი;

გ) 1,5-დან 6 წლამდე ბავშვის მოვლისათვის ყოველთვიური დახმარება - მინიმალური ხელფასის 50 პროცენტი;

დ) 6 წლიდან 16 (18) წლამდე დაწყებითი, არასრული და საშუალო სკოლის მოსწავლეებისათვის, უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების მოსწვლეებისათვის, რომლებიც არ იღებენ სტიპენდიებს და სოციალური უზრუნველყოფის არსებული სისტემით არ იღებენ დახმარებებს, ყოველთვიური დახმარება განისაზღვროს 340 მანეთის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშირებით 1992 წლის 1 ნოემბრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 29 იანვრის №84 დადგენილების მე-3 პუნქტი მოსწავლეებზე, დიასახლისებსა და უმუშევრებზე პურის კომპენსაციის გაცემის შესახებ;

ე) მარტოხელა დედებისათვის და ალიმენტის ურჩი გადამხდელი მშობლების ბავშვებისათვის ყოველთვიური დახმარება - მინიმალური ხელფასის 50 პროცენტი.

6. ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთა დახმარება თვეში განისაზღვროს 1500 მანეთის ოდენობით, ხოლო იმ პირებისათვის, რომლებიც სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფებიან (უფასო კვება და ბინა), - 500 მანეთის ოდენობით.

7. დახმარების ოდენობა დაკრძალვაზე განისაზღვროს 3 ათასი მანეთის ოდენობით.

8. დაწესდეს უმუშევრის სტატუსის მქონე პირებზე გასაცემი შემწეობა:

ა) უმუშევრობის პირველი სამი თვის განმავლობაში - მინიმალური ხელფასის 80 პროცენტი;

ბ) უმუშევრობის მეოთხედან მეექვსე თვის ჩათვლით - მინიმალური ხელფასის 70 პროცენტი;

გ) უმუშევრობის მეშვიდედან მეცხრე თვის ჩათვლით - მინიმალური ხელფასის 60 პროცენტი;

დ) უმუშევრობის მეათედან მეთორმეტე თვის ჩათვლით - მინიმალური ხელფასის 50 პროცენტი.

ე) უმუშევრობის სტატუსის მქონე იმ პირებისათვის, რომლებიც პირველად ეძებენ სამუშაოს (უმაღლესი ან საშუალო, საშუალო-სპეციალური და პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების კურსდამთავრებულები და სხვ). შეიარაღებული ძალებიდან დემობილიზებულთათვის, აგრეთვე თავისუფლების აღკვეთისა და იძულებითი მკურნალობის ადგილებიდან განთავისუფლებული პირებისათვის შემწეობის ოდენობა განისაზღვრება:

- უმუშევრობის სტატუსის მოქმედების პირველი ექვსი თვის განმავლობაში - მინიმალური ხელფასის 60 პროცენტის ოდენობით:

- დანარჩენი ექვსი თვის მანძილზე - მინიმალური ხელფასის 50 პროცენტის ოდენობით.

9. არასაბიუჯეტო დაწესებულებებში, საწარმოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში დასაქმებული მუშაკებისა და დიასახლისებისათვის პურის გაძვირების კომპენსაცის ოდენობა ბიუჯეტიდან განისაზღვროს 200 მანეთის ოდენობით.

10. დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსთან არსებულ სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი რესპუბლიკური ფონდისა და საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალურ დაცვისა და დემოგრაფიულ სამინისტროსთან არსებული დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის დირექციებს შეიტანონ შესაბამისი ცვლილებანი შემოსავლებსა და ხარჯებში.

11. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულმა საწარმოებმა, ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა (საკუთრების ფორმების მიუხედავად) შეუფერხებლად გადარიცხონ ბიუჯეტის, სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი რესპუბლიკური ფონდისა და დასაქმების ფონდის კუთვნილი სახსრები.

12. ამ დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს 1992 წლის 1 ნოემბრიდან საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 14 სექტემბრის №924 დადგენილება, მე-5 პუნქტის პირველი აბზაცის, მე-11 პუნქტის მეორე აბზაცის და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 14 ივლისის №725 დადგენილების მე-5 პუნქტის გარდა.

13. სახელმწიფო მმართველობის აპარატის სტრუქტურის შემდგომი სრულყოფისა და გადიდებული ხარჯების ნაწილობრივი კომპენსაციის მიზნით 1992 წლის 1 ნოემბრიდან სახელმწიფო მმართველობაში დასაქმებულ მუშაკთა რიცხოვნობა შემცირდეს არანაკლებ 20 პროცენტით.

14. დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებს, კომიტეტებს, დეპარტამენტებს, უწყებებს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, საწარმოებსა და ორგანიზაციებს 1992 წლის 10 ნოემბრამდე ავანსის სახით გასცენ მუშაკებზე, სტუდენტებზე, პენსიონერებზე ნოემბრის პირველი ნახევრის ხელფასი და ნოემბრის პენსიები, დახმარებები, სტიპენდიები და კომპენსაციები.

15. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულმა ბანკმა, სახელმწიფო კომერციულმა ბანკებმა უზრუნველყონ ხელფასების, სტიპენდიების, პენსიების, დახმარებებისა და კომპენსაციების შეუფერხებელი გაცემა.

ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების შედეგად საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი გადიდდეს 6,5 მილიარდი მანეთით.

17. ეს დადგენილება გამოქვეყნდეს პრესაში, გადაიცეს ტელევიზიით და რადიოთი.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბერიძე

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 5 ნოემბერი. - № 227 (506). - 3 გვ.

98 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება პურის საცალო ფასების მოწესრიგების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ხორბლის, სათბობ-ენერგეტიკული და რესპუბლიკაში შემოსაზიდი სხვა უმნიშვნელოვანესი სახეობების რესურსების ფასების, ტრანსპორტის ტარიფების, ასევე სხვა ხარჯების მკვეთრი ზრდის პირობებში პურის მრეწველობის საწარმოთა ფუნქციონირებისათვის ნორმალური ეკონომიკური პირობების უზრუნველყოფისა და მოსახლეობის პურფუნთუშეულით შეუფერხებელი მომარაგების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. დამტკიცდეს პურის საცალო ფასები, დანართის თანახმად. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ გამოსცეს პურის საცალო ფასების პრეისკურანტი და მისი სამოქმედოდ შემოღების თარიღი დადგინდეს მოსახლეობისათვის გაზრდილი ხელფასების, სტიპენდიების, პენსიების, დახმარებებისა და კომპენსაციების გაცემის ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე.

2. პურის რეალური საცალო ფასების დაწესებამდე დარგის საწარმოთა ფინანსური მდგომარეობის რეგულირება მოხდეს არსებული წესის მიხედვით.

3. საქართველოს რესპუბლიკის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტრომ, კონცერნებმა „საქნავთობპროდუქტმა“ და „საქგაზმა“ უზრუნველყონ პურის ცხობის საწარმოებისა და თბილისის საფუვრის ქარხნისათვის ელექტროენერგიის, ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი გაზის რიტმული მიწოდება.

4. საქართველოს რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს:

- საფუვრის შეუფერხებელი გადაზიდვა რესპუბლიკის რეგიონებში დადგენილი გრაფიკის შესაბამისად;

- ვაჭრობის სამინისტროსთან ერთად და პურის ცხობის მრეწველობასთან შეთანხმებით პურ-პროდუქტების შეუფერხებელი გადაზიდვა და რეალიზაცია, კონტეინერმზიდი ავტომანქანების შეძენა და საღამოს და ღამის სააათებში პურფუნთუშეულის ნაწარმის მიღება.

5. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ პურის, ზოგიერთი სხვა საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდასთან დაკავშირებით რესპუბლიკის მოსახლების სოციალური დაცვის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 3 ნოემბრის № 1032 დადგენილებით ა.წ. 1 ნოემბრიდან გაორმაგდა რესპუბლიკაში მინიმალური ხელფასის ოდენობა: საბიუჯეტო ორგანიზაციების მუშა-მომსამსახურეთა ხელფასები, ასევე სტიპენდიები, პენსიები, სხვა ფულადი დახმარებები, შემოღებულია არასაბიუჯეტო საწარმოებისა და ორგანიზაციების მუშაკებისათვის პურის გაძვირებით გამოწვეული დამატებითი ხარჯების პირდაპირი კომპენსაცია.

6. ამ დადგენილებით განსაზღვრული პურის საცალო ფასების შემოღების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 29 იანვრის №84 დადგენილებით დამტკიცებული პურის საცალო ფასები.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო
კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბერიძე

დადგენილება : პურის საცალო ფასების მოწესრიგების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 5 ნოემბერი. - № 227 (506). - 2 გვ.

99 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების მუშაკთა სოციალური პირობების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ფასების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. დაწესდეს რესპუბლიკის სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების მუშაკთა თანამდებობრივი სარგოები 1992 წლის 1 ნოემბრიდან, №1 და №2 დანართების თანახმად.

2. ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების მუშაკთა შრომის ანაზღაურების შესახებ მოქმედი ნორმატიული აქტები.

3. დადგენილება გამოქვეყნდეს პრესაში, გადაიცეს ტელევიზიით და რადიოთი.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო
კანცელარიისმმართველის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ბერიძე

დადგენილება : სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების მუშაკთა სოციალური პირობების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 5 ნოემბერი. - № 227 (506). - 3 გვ.

100 საქართველოს პარლამენტის დადგენილება თენგიზ სიგუას საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პარლამენტი ადგენს:

დაინიშნოს თენგიზ სიგუა საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე -
სახელმწიფოს მეთაური
ე. შევარდნაძე
თბილისი. 1992 წლის 8 ნოემბერი.

დადგენილება : თენგიზ სიგუას საქართველოს რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დანიშვნის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 10 ნოემბერი. - № 231 (510). - 1 გვ.

101 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის პრეზიდიუმის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

„საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 22 დეკემბრის კანონის შესაბამისად შეიქმნას სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა საკითხის იმპერატიულად გადაწყვეტისათვის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მუდმივი ორგანოს სახით მინისტრთა კაბინეტის პრეზიდიუმი შემდეგი შემადგენლობით:

თენგიზ სიგუა - საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი;

რომან გოცირიძე - საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე;

ზურაბ კერვალიშვილი - საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე;

თენგიზ კიტოვანი - საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, თავდაცვის მინისტრი;

ავთანდილ მარგიანი - საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე;

გიორგი კვესიტაძე - საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის მინისტრი;

კახი პოპიაშვილი - საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი;

ავთანდილ სილაგაძე - საქართველოს რესპუბლიკის სახელწიფო ქონების მართვის მინისტრი;

ალექსანდრე ჩიკვაიძე - საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი;

მიხეილ ჯიბუტი - საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.
თბილისი. 1992 წლის 23 დეკემბერი

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის პრეზიდიუმის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 26 დეკემბერი. - № 262 (541). - 1 გვ.

102 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქმეთა მმართველობის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 22 დეკემბრის კანონის შესაბამისად შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აპარატი - საქმეთა მმართველობა.

2. დაინიშნოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქმეთა მმართველად გურამ ბერიძე.

3. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქმეთა მმართველს გ. ბერიძეს ორი კვირის ვადაში წარმოადგინოს განსახილველად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მუშაობის რეგლამენტი, საქმეთა მმართველობის სტრუქტურა და დებულება.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.
თბილისი. 1992 წლის 23 დეკემბერი

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქმეთა მართველობის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - რესპუბლიკა. - 1992. - 26 დეკემბერი. - № 262 (541). - 1 გვ.

103 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება რუსეთის ფედერაციაში საქართველოს რესპუბლიკის საელჩოს შექმნის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის „სახელმწიფო ხელისუფლების“ კანონიდან გამომდინარე და საქართველოს რესპუბლიკის და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ ოქმის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მუდმივი წარმომადგენლობა ქ. მოსკოვში და მის ბაზაზე შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის საელჩო რუსეთის ფედერაციაში.

2. ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის საელჩო რუსეთის ფედერაციაში მუდმივი წარმომადენლობის სამართალმემკვიდრედ.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.

დადგენილება : რუსეთის ფედერაციაში საქართველოს რესპუბლიკის საელჩოს შექმნის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 1 იანვარი. - № 1 (545). - 2 გვ.

104 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აღნიშნავს, რომ მისი 1992 წლის 18 იანვრის, 6 თებერვლის და 10 მარტის დადგენილებათა შესაბამისად რესპუბლიკის 67 რაიონიდან 51-ში ხორციელდება მიწის რეფორმის პირველი ეტაპის - საკარმიდამო ნაკვეთების შევსების ღონისძიებანი. რაიონების გამგეობებთან და ცალკეულ სოფლებში შეიქმნა მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის განყოფილებანი, კომისიები.

კერძო საკუთრებაში გადასაცემად შერჩეულია 440 ათასი ჰექტარი მიწა, მათ შორის: სახნავი - 196 ათასი ჰექტარი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული - 87 ათასი ჰექტარი, ნასვენი - 0,9 ათასი ჰექტარი, სათიბი - 32 ათასი ჰექტარი, საძოვარი - 108,8 ათასი ჰექტარი, ჩამონაჭერი მიწები - 15,9 ათასი ჰექტარი.

შერჩეული ფართობიდან საკარმიდამო ნაკვეთების შესავსებად გამოყოფილია 342 ათასი ჰექტარი. ამრიგად, 1993 წლის პირველი იანვრისათვის კერძო საკუთრებაში ფორმდება 554 ათასი ჰექტარი ფართობის გადაცემა (მიწის რეფორმის დაწყებამდე არსებული 202,9 ათასი ჰექტარი საკარმიდამო და 9,0 ათასი ჰექტარი მებაღეობის მიწების ჩათვლით), მათ შორის: სასოფლო-სამეურნეო სავარგული - 585,6 ათასი ჰექტარი, ანუ რესპუბლიკაში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 18 პროცენტი, აქედან: სახნავი - 289,8 ათასი ჰექტარი (რესპუბლიკის მთელი სახნავი ფართობის 30,1 პროცენტი), მრავალწლიანი ნარგავები - 156,6 ათასი ჰექტარი (47 პროცენტი), ნასვენი - 0,8 ათასი ჰექტარი (5 პროცენტი), სათიბი - 29,9 ათასი ჰექტარი (19 პროცენტი), საძოვარი - 98,1 ათასი ჰექტარი (6 პროცენტი), ჩამონაჭერი მიწები - 10,9 ათასი ჰექტარი (48,6 პროცენტი), ბუჩქნარი 2,8 ათასი ჰექტარი (1,4 პროცენტი).

ამასთან, მიწის რეფორმის საქმიანობას ახლავს სერიოზული ნაკლოვანებანი, მაგალითად, მრავალ რაიონში (ონი, ამბროლაური, ხაშური, ბორჯომი, ახალგორი, დუშეთი, ყვარელი) ჯეროვანი პასუხისმგებლობით არ მოეკიდნენ რეფორმის პროცესს, თვითნებურად წარმართეს მუშობა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის რაიონებში შექმნილმა კომისიებმა, სადაც მიწის რეფორმისათვის ფართობები განსაზღვრეს კომლის წევრთა რაოდენობის მიხედვით.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ მიწის რეფორმის შესახებ არსებულ დადგენილებათა მოთხოვნებიდან გამომდინარე, მეთესლეობის, სანერგე, საცდელ-სასწავლო მეურნეობებიდან მიწის რეფორმის ფონდში უნდა გამოიყოს ის ფართობები, რომლებიც მეურნეობის ძირითად საწარმოო პროგრამის შესრულებას არ ემსახურება. დადგენილების ეს მოთხოვნა, ხშირად ირღვევა. მაგალითად, მცხეთის რაიონის ძალისისა და ქსოვრისის, ახალქალაქის რაიონის ვაჩიანის მეთესლეობის მეურნეობებში, ახმეტის, დუშეთის, ზესტაფონის მეცხოველეობის სანაშენე მეურნეობებში, ხოლო გორის რაიონის სკრის საცდელ სადგურში დირექციას დაუპირისპირდა მიწის რეფორმის კომისია, რომელმაც ხელი შეუწყო მოსახლოებას თვითნებურად შეჭრილიყვნენ ათეული წლების მანძლზე ჩამოყალიბებულ საცდელ ნაკვეთებში. აღნიშნული ფაქტები საშიშროებას უქმნის რესპუბლიკაში თესლის, ნერგის, სანაშენე პირუტყვის წარმოებას, გენოფონდის შენარჩუნებას.

ზოგჯერ სხვადასხვა სოფლის მოსახლეობას შორის იქმნება კონფლიქტები საზღვრების დადგენასა და სამემკვიდრეო მიწის ნაკვეთების განაწილებასთან დაკავშირებით. ამ მიზეზებით დაპირისპირება მოხდა, მაგალითად, ახმეტის რაიონის სოფლების ქვემო ალვანისა და ბაბანეურის, გარდაბნის რაიონის სოფლების მუხრანისა და ძველი ქანდის, ქარელის რაიონის სოფლების ბებნისისა და საღოლაშენის, გორის რაიონის სოფლების საყავრესა და კასპის რაიონის სოფელ ხოვლის, სამტრედიის რაიონის სოფლების ვაზისუბნისა და გორმაღალას მოსახლეობას შორის.

მიწის რეფორმის შემდგომი განვითარება მოითხოვს მთელი რიგი ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგებას.

მოუგვარებელია მოსახლეობისათვის მიწის საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადაცემის დამადასტურებელი სახელმწიფო აქტების გაცემის საკითხი, არ არის დაწყებული რეფორმის ფონდში მიწების გაცემის სამუშაოები შავი ზღვისპირა სამკილომეტრიან ზოლში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სამაჩაბლოსა და მთელ რიგ რაიონებში. მოუწესრიგებელია და პირობითი მნიშვნელობითაა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მეზობელ სახელმწიფოებთან (სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკა), დასაჩქარებელია მიწების გამოყოფა რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრები ოჯახებისათვის, გაურკვეველია საკუთრებაში გადაცემულ მიწებზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების ღირებულების ანაზღაურების საკითხი, რის გამოც ხშირად მიწის მესაკუთრე ჩეხავს მათ.

რთული რელიეფური და კლიმატური პირობების გამო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ძლიერი ეროზიული პროცესები. უკანასკნელ წლებში არავითარი პრაქტიკული სამუშაოები არ შესრულებულა; ამ ტერიტორიების აღდგენა-დაცვისათვის, ასევე არ ხდება მშენებლობისათვის მიწის გამოყენებისას ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და შენახვა, მიწების რეკულტივაცია.

საჭიროა ამაღლდეს საქალაქო და რაიონული მმართველობის ორგანოების როლი და პასუხისმგებლობა მიწის რეფორმის მიმდინარეობისათვის.

შესაბამისობაშია მოსაყვანი საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტის ცენტრალური აპარატის, დაქვემდებარებულ ტერიტორიულ, საპროექტო და სხვა ორგანიზაციების სტრუქტურა, ფუნქციები, მატერიალური ბაზა. დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების თანამედროვე ეტაპზე ისეთ თვისებრივად ახალ მოთხოვნებთან, როგორიც არის მიწის რეფორმის განხორციელება, რაოდენობრივი და ხარისხობრივი აღრიცხვა, მიწის ფასისა და მისი სარგებლობისათვის გადასახადის განსაზღვრა, სახელმწიფო და ადმინისტრაციულ წარმონაქმნთა საზღვრების დადგენა, სხვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებანი.

მიწის რეფორმის წარმატებით განხორციელების, მიწების რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. აღინიშნოს ამბროლაურის, ახალგორის, ბორჯომის, დუშეთის, ონის, ყვარლის, ხაშურის რაიონებისა და მეურნეობათა მიწის რეფორმის კომისიების არადამაკმაყოფილებელი მუშაობა.

დაევალოთ ახალქალაქის, ნინოწმინდისა და წალკის რაიონების მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს გააუქმონ მიწის რეფორმის შესახებ არსებული დადგენილების მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილებანი მიწის ფართობების კომლების წევრთა რაოდენობის მიხედვით გამოყოფის შესახებ და უზრუნველყონ მიწების გამოყოფა კომლების მიხედვით.

2. თესლის, სანერგე მასალების, სანაშენე პირუტყვის წარმოების პოტენციის შენარჩუნებისა და შემდგომი განვითარების მიზნით აიკრძალოს მეთესლეობის, სანერგე, ჯიშთგამოცდის სანაშენე მეურნეობებზე მიმაგრებული ფართობებიდან რეფორმის ფონდში მიწების გამოყოფა ამ მეურნეობებთან, სამეცნიერო-კვლევით და სასაწავლო დაწესებულებებთან, აგრეთვე საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიასა და საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროსთან შეუთანხმებლად.

არსებული დადგენილების მოთხოვნის დარღვევით ამ კატეგორიის მეურნეობებიდან რეფორმის ფონდში გამოყოფილი მიწები დაუბრუნდეს პირველად მიწათმოსარგებლეებს.

3. საკარმიდამო ნაკვეთების შევსებასთან დაკავშირებით სამემკვიდრეო დავების აღმოფხვრისა და მოსახლეობისათვის გადაცემულ ფართობზე გაშენებული მრავალწლიანი ნარგავების შენარჩუნების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის დადგენილების მესამე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ამასთან შესაძლებლობის შემთხვევაში მათ პირველ რიგში გამოეყოფათ ყოფილი მიწებიდან ნაკვეთი ნორმის ფარგლებში“, აგრეთვე მეხუთე პუნქტიდან სიტყვები „მრავალწლიანი ნარგავების ღირებულების გადახდით“.

4. რესპუბლიკის ქალაქების მოსახლეობისაგან განტვირთვისა და მოსახლეობის სურსათით დაკმაყოფილების გაუმჯობესების მიზნით განისაზღვროს რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის გამოსაყოფი მიწის ფართობების რაოდენობა თანახმად დანართისა.

დანართში ჩამოთვლილმა რაიონებმა ორი კვირის ვადაში შეარჩიონ დანართით დამტკიცებული ოდენობის ფარგლებში ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის გადასაცემი ფართობები კონკრეტული ადგილმდებარეობის მიხედვით და შესათანხმებლად წარუდგინონ საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტს.

საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტმა საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროსთან, საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს რესპუბლიკის გეოლოგიის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტთან ერთად ერთი კვირის ვადაში განიხილოს რაიონებიდან შესათანხმებლად წარმოდგენილი მასალები და შესაბამისი დასკვნა აცნობოს რაიონების მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს.

ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებ პირთათვის, რომელთაც სურვილი აქვთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად მიიღონ მიწის ნაკვეთები, დაწესდეს შემდეგი პირობები:

- იმ შემთხვევაში, თუ ამოეწერებიან ქალაქიდან და მუდმივ საცხოვრებლად გადავლენ რაიონში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი დაუწესდეთ „საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის პირველი ეტაპის განხორციელების ღონისძიებებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის და 6 თებერვლის დადგენილებებში ნაწილობრივ ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის დადგენილების მეექვსე პუნქტის მესამე და მეოთხე აბზაცით, ხოლო თუ არ ამოეწერებიან ქალაქიდან, ამავე პუნქტის მეხუთე აბზაცით გათვალისწინებული ნორმის შესაბამისად.

- საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ნებართვით საზღვრისპირა რაიონებში ოჯახებით მუდმივ საცხოვრებლად ჩამსვლელთ სარგებლობის უფლებით გამოეყოთ მიწის ნაკვეთი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის დადგენილებით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

- ქალაქების: თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, რესპუბლიკური დაქვემდებარების სხვა ქალაქების, აგრეთვე რაიონული ცენტრების მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა განახორციელონ ღონისძიებანი დადგენილების ამ პუნქტში გათვალისწინებულ მიწის მიღების მსურველ მოქალაქეთა ნუსხის დასადგენად და მათი სურვილის გათვალისწინებით მიმართონ შესაბამისი რაიონების მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს.

- ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის №290 დადგენილების პირველი პუნქტის ბოლო ორი აბზაცი.

5. მიწების სამეურნეო ათვისებაში მოსახლეობისათვის ხელშეწყობის მიზნით:

- მიჩნეულ იქნეს სასურველად მიწის მიღების მსურველთა ორგანიზაციების მიხედვით შერჩევა და შესაძლებლობის ფარგლებში მათი კომპაქტურად დასახლება;

- საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და და მიწის კადასტრის კომიტეტმა, საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრომ არსებული წესის შესაბამისად სათანადო ანაზღაურებით გაუწიონ მოსახლეობას დახმარება ასათვისებელი მიწების დაპროექტებაში, თესლით, სარგავი მასალით, პირუტყვის, მოზარდეულით, მინერალური სასუქებით, შხამქიმიკატებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, ინვენტარითა და მეურნეობისათვის საჭირო სხვა მატერიალური საშუალებებით მომარაგებაში, აგრეთვე აგრო-ზოოვეტმომსახურებაში;

- საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულმა ბანკმა შეიმუშაოს კრედიტის გაცემის მექანიზმი იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც მიიღებენ მიწის ნაკვეთს;

- საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტის სისტემაში შეიქმნას ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებ პირთა, რომლებმაც მიიღეს მიწის ნაკვეთი, აგრეთვე მებაღეობისა და სააგარაკო საზოგადოების წევრთა მომსახურე ორგანიზაცია და გადაეცეს მას ადრე კოლექტიური მებაღეობის საკოორდინაციო საბჭოს „აგროკოოპის“ დაქვემდებარებაში არსებული და საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროსათვის გადაცემული სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს „საქაგროკოოპმშენის“, საშენი მასალების საწარმოს „საქაგროკოოპმრეწვის“, საპროექტო კანტორა „საქაგროკოოპპროექტის“ მატერიალურ-ტექნიკური ბაზები, ფილიალები თავისი აქტივითა და პასივით, აგრეთვე ადმინისტრაციული შენობა (მარჯანიშვილის ქ. №44).

გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 16 აგვისტოს განკარგულება.

საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტმა განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს მრეწველობის სამინისტროსათვის აგროკოოპის ქონების ბაზაზე შექმნილი სახელმწიფო კონცერნის საქმიანობასთან დაკავშირებით სალიკვიდაციო თანხების ანაზღაურების საკითხი (385 ათასი მანეთი).

ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული მიწის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოუყენებლობის შემთხვევაში მოქალაქეს ჩამოერთვას გადაცემული ნაკვეთი საქართველოს რესპუბლიკის მიწის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის მიხედვით.

6. მიწის რეფორმის წარმატებით განხორციელების მიზნით ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქებისა და რაიონების მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად ჩაითვალოს მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მიწის რეფორმის გატარების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შემუშავება და მისი მიმდინარეობისადმი კონტროლი.

7. საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტმა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შეთანხმებით ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს მიწის საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადაცემის დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის დანომრილი სახელმწიფო გერბიანი აქტის ფორმათა მაკეტები.

8. საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტმა 1993-1994 წლებში:

- ჩაატაროს რესპუბლიკის მიწების სრული ინვენტარიზაცია, ასათვისებლად ვარგისი მიწის ფართობების განსაზღვრის გათვალისწინებით და სათიბ-საძოვრების აგროსამეურნეო გამოკვლევით;

- მოახდინოს ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებათა სქემის კორექტირება, ხოლო ეროზიასაშიშ უბნებზე დაიწყოს და განახორციელოს საპროექტო-საძიებო და სამშენებლო სამუშაოები.

9. საქართველოს რესპუბლიკის გეოლოგიის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტმა ყოველწლიურად უზრუნველყოს მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის კომიტეტი საკმარისი რაოდენობის საგეგმო-კარტოგრაფიული მასალებით.

10. საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტმა გააძლიეროს სახელმწიფო კონტროლი მიწების მიზნობრივი გამოყენებისადმი.

11. საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტის ცენტრალური აპარატის ადგილმდებარეობის შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქმეთა მმართველობა დაეხმაროს მას ინვენტარის შეძენაში, სამუშაო ოთახების გარემონტებაში, ტელეფონიზაციასა და სატრანსპორტო საშუალებათა გამოყოფაში.

12. ასოციაციებს, საზოგადოებებს, სხვა არასახელმწიფოებრივ სტრუქტურებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მიზნით მიწები გადაეცეთ მხოლოდ იჯარით, ხოლო მშენებლობის საჭიროებისათვის მიწების გამოყოფის ყველა კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი დადგენილი წესით.

13. საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტმა 10 დღის ვადაში წარმოადგინოს დასამტკიცებლად კომიტეტის დებულება და სტრუქტურა.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.

დადგენილება : სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 28 იანვარი. - № 17(561). - 2 გვ.

105 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის ადგილობრივი სამხედრო მმართველობის ორგანოების სახელწოდების შეცვლის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის ადგილობრივი სამხედრო მმართველობის ორგანოების სტრუქტურის შეცვლასთან და მათი საქმიანობის ძირეულად გარდაქმნასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. შეეცვალოს სახელწოდება საქართველოს რესპუბლიკის ადგილობრივი სამხედრო ორგანოების სამმართველოს და დაერქვას საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო კომისარიატი, მის ხელმძღვანელს - საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო კომისარი.

2. საქართველოს რესპუბლიკის რაიონებისა და ქალაქების სამხედრო განყოფილებებს ეწოდოს შესაბამისად რაიონის (ქალაქის) სამხედრო კომისარიატი, მის ხელმძღვანელს - რაიონის (ქალაქის) სამხედრო კომისარი.

3. შეტანილ იქნეს სათანადო ცვლილებანი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 8 დეკემბრის 1090 დადგენილებაში და იმ დადგენილებით დამტკიცებულ ადგილობრივი სამხედრო მმართველობის ორგანოების დებულებაში.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.
13 თებერვალი, 1993 წელი.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის ადგილობრივი სამხედრო მმართველობის ორგანოების სახელწოდების შეცვლის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 18 თებერვალი. - № 33 (277). - 1 გვ.

106 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება ინდექსირებული თანხების პრივატიცაზიის პროცესში მოქცევის დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ

▲ზევით დაბრუნება


რესპუბლიკაში ფულის მიმოქცევის გაუმჯობესების, პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებისა და მასში მოსახლეობის ფართო ფენების ჩართვის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. უფლება მიეცეთ მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს დააფუძნონ სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით საინვესტიციო ფონდები საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული სათანადო ლიცენზიის საფუძველზე. ამჟამად არსებულ იურიდიულ პირებს მიენიჭოთ საინვესტიციო ფონდის სტატუსი საკუთარი წესდების საინვესტიციო ფონდების ტიპობრივ წესდებასთან შესაბამისობაში მოყვანისა და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსგან სათანადო ლიცენზიის მიღების შემთხვევაში.

2. დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს ათი დღის ვადაში შეიმუშაონ და წარმოადგინონ დასამტკიცებლად დებულება საინვესტიციო ფონდების შესახებ, მათი საქმიანობის ლიცენზირების წესი, საინვესტიციო ფონდის ტიპობრივი წესდება, საინვესტიციო ფონდის ტიპობრივი საემისიო პროსპექტი.

3. საქართველოს რესპუბლიკის შემნახველმა ბანკმა ხელი შეუწყოს ინდექსირებული თანხების საინვესტიციო ფონდების სპეციალურ ანგარიშებზე ნებაყოფლობითი უნაღდო ანგარიშსწორების გზით აკუმულირებას.

4. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს დააწესოს კონტროლი აკუმულირებული თანხების მიზნობრივ გამოყენებაზე.

5. საინვესტიციო ფონდებში თანხები ჩაირიცხოს სათანადო ნორმატიული აქტების შემუშავების შემდეგ ეკონომიკური რეფორმის შტაბის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.
13 თებერვალი, 1993 წელი.

დადგენილება : ინდექსირებული თანხების პრივატიცაზიის პროცესში მოქცევის დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 18 თებერვალი. - № 33 (277). - 1 გვ.

107 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის 1993 წლის პროგნოზის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკაში ეკონომიკური სტაბილიზაციის მიღწევისა და კრიზისის დაძლევის წინამძღვრების შექმნის ღონისძიებათა შემუშავების მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს მიერ სხვა სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად, მომზადებული საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის 1993 წლის პროგნოზის ძირითადი მაჩვენებლები და დებულებანი.

2. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებმა, კომიტეტებმა, დეპარტამენტებმა, სახელმწიფო მმართველობის სხვა ორგანოებმა, სახელმწიფო საწარმოებმა და გაერთიანებებმა, იხელმძღვანელონ პროგნოზში მოცემული საორიენტაციო მაჩვენებლებით და მთავარი ყურადღება დაუთმონ ეკონომიკური განვითარების ტემპების დაცემის შეჩერებისა და მეურნეობის თანდათანობითი აღდგენა-გამოცოცხლების კომპლექსურ ღონისძიებათა განხორციელებას.

3. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შედგენისას გაითვალისწინოს საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებული და დაზუსტებული საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის 1993 წლის პროგნოზის მაჩვენებლები.

4. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ დადგენილი წესით წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს ინვესტიციური პროგრამა, ძირითად სახეობათა რესურსებისა და პროდუქციის განაწილების კვოტები.

5. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ, სამინისტროებმა, კომიტეტებმა, დეპარტამენტებმა და უწყებებმა, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის ყოველკვარტალური შედეგებისა და ჩამოყალიბებული ეკონომიკური კონიუნქტურის შესაბამისად, დააზუსტონ პროგნოზული გაანგარიშებანი და შეიტანონ მათში კორექტივები.

6. მიზანშეწონილად ჩაითვალოს პროგნოზის საფუძველზე სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების სახით ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმების შემუშავება.

საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ 1993 წლის 1 მარტამდე წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს წინადადებანი ინდიკატური გეგმების შემუშავების ორგანიზაციისა და წესის შესახებ.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის 1993 წლის პროგნოზის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 19 თებერვალი. - № 34 (278). - 1 გვ.

108 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე წვევამდელთა საგაზაფხულო გაწვევის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის საფუძველზე 1993 წლის საგაზაფხულო გაწვევა დაიწყოს 15 მარტიდან და გაგრძელდეს ამა წლის 1 ივნისამდე.

2. საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რიგებში გაწვეულ იქნენ 18-დან 25 წლის ასაკამდე წვევამდელები, რომლებსაც არა აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების უფლება და საექიმო კომისიების მიერ ცნობილი იქნებიან ვარგისად სამწყობრო სამხედრო სამსახურისათვის.

3. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონებში საქალაქო, რაიონული გამწვევი და საექიმო კომისიები, რომლებსაც უხელმძღვანელებენ სამხედრო კომისრები. შეიქმნას მათი ხელმძღვანელობისა და კონტროლისათვის რესპუბლიკური გამწვევი კომისია რესპუბლიკის სამხედრო კომისრის ხელმძღვანელობით.

4. საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ორგანიზაცია გაუწიოს რესპუბლიკური და რაიონული საექიმო კომისიების დროულად დაკომპლექტებას საჭირო ექიმ-სპეციალისტებით, მედიკამენტებით და სამედიცინი ინსტრუმენტებით. განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს წვევამდელთა სამედიცინო გამოკვლევებს. წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურისათვის ჯანმრთელობის ვარგისიანობის განსაზღვრისას ქალაქებისა და რაიონების მთავარმა ექიმებმა გაამკაცრონ კონტროლი სამედიცინო კომისიებისა და სამედიცინო დაწესებულებათა მუშაობაზე.

5. საქართველოს რესპუბლიკის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა, გამგეობებმა და საკრებულოებმა, გაწვევის დროს გამოუყონ სამხედრო კომისარიატებს საჭირო შენობები, ტექნიკური მუშაკები და ავტოტრანსპორტი, უზრუნველყონ წვევამდელთა დროული გამოცხადება სამხედრო კომისარიატებში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს 1992 წლის 9 ნოემბრის დადგენილების შესრულებას წვევამდელთა გაწვევის ორგანიზაციის საკითხებში.

6. ადგილობრივმა შინაგან საქმეთა ორგანოების განყოფილებებმა მიიღონ გადამჭრელი ზომები იმ წვევამდელთა მიმართ, რომლებიც თავს არიდებენ გაწვევაზე გამოცხადებას.

7. წვევამდელთა ორგანიზებულად შეტყობინებისათვის რაიონებისა და ქალაქების გამგეობებთან და სამხედრო კომისარიატებთან შეიქმნას შტაბები და საინიციატივო ჯგუფები.

8. საქართველოს რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს წვევამდელთა შეუფერხებლად გადაყვანა სამხედრო კომისარიატებისა და სამხედრო ნაწილების ხელმძღვანელების განაცხადის საფუძველზე.

9. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო კომისარმა დაუწესოს მკაცრი კონტროლი რაიონებისა და ქალაქების სამხედრო კომისარიატის მუშობას. ორგანიზაცია გაუწიოს რესპუბლიკის გამწვევი და საექიმო კომისიების მუშაობას, დროულად აღმოფხვრას ყოველგვარი ნაკლოვანებანი მათ მუშაობაში, დამნაშავენი დაისაჯონ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად.

10. შეიქმნას რესპუბლიკური გამწვევ-გამანაწილებელი პუნქტები წვევამდელთა მისაღებად და სამხედრო ნაწილებში გასაგზავნად, სადაც მოეწყობა წვევამდელთა ჯანმრთელობის შემოწმება.

11. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო კომისრისა და საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მიერ წარმოდგენილი გამწვევი და საექიმო კომისიების შემადგენლობა.

12. საქართველოს რესპუბლიკის პრესისა და ტელევიზიის ხელმძღვანელობამ სისტემატურად გააშუქონ წვევამდელთა გაწვევის მიმდინარეობა.

13. რაიონებისა და ქალაქების სამართალდამცველმა ორგანოებმა აღმოუჩინონ ქმედითი დახმარება სამხედრო კომისარიატებს ზომების მისაღებად იმ წვევამდელთა მიმართ, რომლებიც თავს აარიდებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურს. კანონის დამრღვევნი მკაცრად დაისაჯონ.

14. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო კომისარმა გაწვევის მსვლელობა და მისი შედეგები მოახსენოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.

15. დადგენილება ძალაშია მიღებისთანავე.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.
თბილისი, 1993 წლის 19 თებერვალი.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე წვევამდელთა საგაზაფხულო გაწვევის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 20 თებერვალი. - № 35 (279). - 1 გვ.

109 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება 1993 წლის მინდვრის საგაზაფხულო სამუშაოების ორგანიზებულად ჩატარების ღონისძიებათა შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აღნიშნავს, რომ რაიონების (ქალაქების) გამგებლები, სოფლის მეურნეობის სამმართველოების და საზოგადოებრივი მეურნეობების ხელმძღვანელები ვერ ახორციელებენ საკმარის ღონისძიებებს მინდვრის საგაზაფხულო სამუშაოთა ორგანიზებულად ჩატარებისათვის. 1993 წლის 1 იანვრისათვის რესპუბლიკაში ყველა სახის 20,8 ათასი ტრაქტორიდან გამართული იყო 17,3 ათასი, ანუ საერთო რაოდენობის 84 პროცენტი. 1 თებერვლის მდგომარეობით გამოყოფილი იყო საგაზაფხულო მარცვლეულისა და სამარცვლე-პარკოსანი კულტურების (უსიმინდოდ) თესლის მოთხოვნილების 83,7 პროცენტი, ხოლო სიმინდის თესლი - 60 პროცენტი, გამოყოფილია მოთხოვნილთან მნიშვნელოვნად ნაკლები რაოდენობის შვრიის, ბოსტნეული კულტურების, ბადრიჯნის, ხახვის, პამიდვრის თესლი.

საზოგადოებრივ მეურნეობათა საკუთარი სათესლე ფონდების შევსებასა და წმენდა-დახარისხებაში ჩამორჩებიან საგარეჯოს, მარნეულის, თეთრი წყაროს, ქარელის, ჩხოროწყუს, ლანჩხუთის, ასპინძის, ახალციხის და რიგი სხვა რაიონები.

1993 წლის მინდვრის საგაზაფხულო სამუშაოთა მაღალორგანიზებულად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების მქონე სხვა სამინისტროებმა, უწყებებმა და ორგანიზაციებმა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა, რესპუბლიკის რაიონების (ქალაქების) მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა, სოფლის მეურნეობის სამმართველოებმა (განყოფილებებმა), სახელმწიფო მეურნეობების, კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოების ხელმძღვანელებმა შრომითი რესურსებისა და მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებათა ეფექტიანად გამოყენებით უზრუნველყონ 1993 წელს მინდვრის საგაზაფხული სამუშაოთა შემჭიდროებულ ვადებში და ხარისხოვნად ჩატარება, რისთვისაც:

- უმოკლეს ვადაში აღმოფხვრან ტექნიკის რემონტისა და მოვლა-პატრონობის საქმეში არსებული ნაკლოვანებანი, მიმდინარე წლის 25 თებერვლამდე შეამოწმონ ყველა მეურნეობის მანქანა-ტრაქტორთა პარკის მდგომარეობა და განახორციელონ ღონისძიებანი გაუმართავი ტრაქტორებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების შესაკეთებლად;

- განიხილონ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განკომპლექტების, ვადამდე ჩამოწერის, გაიჯარებისა და კერძო პირებისათვის მიყიდვის საქმეში დაშვებული ყოველი უხეში დარღვევის ფაქტი და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები;

- ორგანიზაცია გაუწიონ თესლის დეფიციტის შევსებისათვის მეურნეობათა შორის ნამეტი თესლეულის გადანაწილებას, საშემოდგომო კულტურების ნარჩენი თესლისა და მარცვლეულის, სასუქების, მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მოსახლეობასთან საგაზაფხულო კულტურების თესლეულზე გაცვლას, ნაღდ ფულზე შესყიდვას, მოიჯარეების მიერ უკანონო გზით მითვისებული მარცვლეულისა და თესლის ამოღებას. უზრუნველყონ მეურნეობებში გამოყოფილი და გაცვლის გზით მოზიდული თესლეულის წმენდა-დახარისხება, დასათეს კონდიციამდე აყვანა:

- შეამოწმონ საადრეო და საგვიანო კარტოფილის მწარმოებელ რაიონებში თესლეულით უზრუნველყოფისა და შენახვის, სარგავი მანქანების მზადყოფნის მდგომარეობა, მოამარაგონ მეურნეობები და მოსახლეობა კოლორადოს ხოჭოს საწინააღმდეგო პრეპარატებით.

2. საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრომ (გ. კვესიტაძე) განახორციელოს კონკრეტული ღონისძიებანი მიწათმოსარგებლეთა საწარმოო მომსახურების, მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების, ტექნიკის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საწვავ-საპოხი მასალებით, სათადარიგო ნაწილებით, მინერალური სასუქებითა და შხამქიმიკატებით მომარაგებას.

3. საქართველოს რესპუბლიკის პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციამ (ო. კაციტაძე) 1993 წლის საგაზაფხულო თესვისათვის უზრუნველყოს დაქვემდებარებულ საწარმოებში დამზადებული 600 ტონა საგაზაფხულო ქერის, 80 ტონა სიმინდის, 15 ტონა სოიის რიგითი მარცვლის სათესლედ დაჯავშნა და სასაქონლო მზესუმზირიდან 200 ტონა თესლის შერჩევა.

4. საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრომ (გ. კვესიტაძე) და პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციამ (ო. კაციტაძე) მიიღონ საჭირო ზომები 1993 წლის საგაზაფხულო თესვისათვის ასოციაცია „სემენასთან“ შეთანხმებული 5000 ტონა საგაზაფხულო ქერის, 2000 ტონა შვრიის, 2000 ტონა საგაზაფხულო ხორბლისა და 50 ტონა იონჯის თესლის შემოზიდვისათვის, ამასთან შეარჩიონ სხვა ქვეყნებიდან შემოზიდული სიმინდის, შვრიის, ბარდის, მზესუმზირისა და სოიის სასაქონლო პარტიებიდან სათესლე მასალა და დაჯავშნონ მიზნობრივი გამოყენებისათვის.

რესპუბლიკის გარედან თესლეულის დროულად შემოტანის მიზნით ნება დაერთოს საქართველოს რესპუბლიკის პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციას შემოზიდული თესლეულის საკომპენსაციოდ მომწოდებელ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებს მიაწოდოს შესაბამისი რაოდენობის სასურსათო მარცვალი.

5. სახელმწიფო კონცერნმა „საქნავთობპროდუქტმა“ (დ. ზუბიტაშვილი) საგაზაფხულო მინდვრის სამუშაოების დროულად და ხარისხიანად ჩატარების უზრუნველსაყოფად გამოყოს 36 ათასი ტონა სადიზელო საწვავი, 16 ათასი ტონა ავტობენზინი (მათ შორის საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს - სადიზელო საწვავი 4,5 ათასი ტონა და ბენზინი 1,5 ათასი ტონა) და უზრუნველყოს მათი შეზიდვა საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს მიერ რაიონებისა და ვადების ჩვენებით წარმოდგენილი გრაფიკის მიხედვით.

6. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულმა ბანკმა (დ. დვალიშვილი):

- უზრუნველყოს საქართველოს რესპუბლიკის პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაცია საჭირო შეღავათიანი კრედიტებით რესპუბლიკის გარეთ საგაზაფხულო თესლეულის შესაძენად;

- მიეცეს შეღავათიანი კრედიტები მეურნეობებს საგაზაფხულო სამუშაოთა ჩასატარებლად საჭირო თესლეულის, საწვავ-საპოხი მასალების, სასუქების, პესტიციდებისა და სხვა მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებათ შესაძენად.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.

დადგენილება : 1993 წლის მინდვრის საგაზაფხულო სამუშაოების ორგანიზებულად ჩატარების ღონისძიებათა შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 24 თებერვალი. - № 37 (581). - 2 გვ.

110 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონული ცენტრების მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

▲ზევით დაბრუნება


„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 16 იანვრის 39 დადგენილებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების გამოყოფის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონული ცენტრების მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის წესის შესახებ“, რომელიც დაამუშავა ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრები მოსახლეობისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების რეგულირებისა და საქმიანობის კოორდინაციის სამთავრობო კომისიამ.

მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად მოსახლეობისათვის საკარმიდამო ნაკვეთების შესავსებად, აგრეთვე ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოსაყოფად ფართობების შერჩევის მოტივით სოფლებსა და სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა შორის არსებული საზღვრების გადასინჯვის მოთხოვნა, ამასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის 290 დადგენილების მე-4 პუნქტი.

3. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით მიწების გამოყოფასთან დაკავშირებით ახალი მიწების გარანტირებული ათვისებისათვის და საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტის შექმნასთან დაკავშირებით „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბჭოებისათვის მიწების გამოყოფისას სასოფლო-სამეურნეო წარმოების დანაკარგების ასანაზღაურებლად საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეცანგარიშზე გადარიცხული სახსრების გამოყენების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 7 იანვრის 10 დადგენილებასა და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებანი და დამატებანი:

- დადგენილების სათაურსა და დებულების მე-4 პუნქტის პირველ აბზაცში სიტყვები: „საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშზე“ შეიცვალოს სიტყვებით: „საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტის ანგარიშზე“;

- დებულებას დაემატოს ასეთი შინაარსის 4 (1-ლი) პუნქტი: „ნება დაერთოს საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტს დასვას საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წინაშე საკითხი იმ წარმოება-დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის მიწის ნაკვეთების ჩამორთმევის და მათი ყოფილ მიწათმოსარგებლისათვის დაბრუნების თაობაზე, რომლებმაც მიწის გამოყოფის შესახებ დადგენილების მიღებიდან სამი თვის ვადაში ვერ უზრუნველყვეს მიწის გამოყოფასთან დაკავშირებით ახალი მიწების ათვისების ხარჯების გადარიცხვა. მათვე დაეკისროთ მიწის მოცდენასთან დაკავშირებული დანაკარგების ანაზღურება დადგენილი წესით“.

4. „არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყოფილი მიწების სანაცვლოდ ახალი მიწების ათვისების ღირებულების ნორმატივის დამტკიცებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების დანაკარგების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინიტრთა საბჭოს 1991 წლის 21 იანვრის 31 დადგენილებით დამტკიცებული ნორმატივები გადიდდეს მიწის გამოყოფის პერიოდისათვის განსაზღვრული ინფლაციის კოეფიციენტის შესაბამისად.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.
თბილისი, 1993 წლის 24 თებერვალი.

111 დებულება საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში (დაბაში) მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის წესის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


რესპუბლიკის ქალაქების მოსახელობისაგან განტვირთვისა და მოსახლეობის სურსათზე მოთხოვნილების უკეთ დაკმაყოფილების მიზნით „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 16 იანვრის 39 დადგენილებით განისაზღვრა რესპუბლიკის დაქვემდებარების ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის გამოსაყოფი მიწის ფართობი 80,8 ათასი ჰექტარის ოდენობით.

დადგენილებით დაევალათ შესაბამის რაიონებს ორი კვირის ვადაში შეარჩიონ დანართით დამტკიცებული ფართობები კონკრეტული ადგილმდებარეობის მიხედვით და შესათანხმებლად წარუდგინონ საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტს.

ზემოაღნიშნული დადგენილების შესასრულებლად დაცულ იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

1. მიწის რეფორმის რაიონული კომისია შეარჩევს მიწის ნაკვეთებს ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში (დაბებში) მცხოვრებთათვის საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემად. კომისიის მუშაობაში მონაწილეობენ შესაბამისი სოფლის გამგეობა (გამგებელი) და მეურნეობის (სასოფლო-სამეურნეო საწარმოს) ხელმძღვანელები. ნაკვეთებს ძირითადად შეარჩევენ მაგისტრალური საავტომობილო გზებისა და რკინიგზების მახლობლად, ქალაქმშენებლობითი ნორმების მოთხოვნების გათვალისწინებით.

2. თითოეულ კონკრეტულ მიწათმოსარგებლებზე ადგენენ მიწის ნაკვეთის შერჩევის აქტს 5 ცალად, სადაც აღნიშნავენ შერჩეული ნაკვეთის ადგილმდებარეობას და საერთო ფართობს სავარგულების მიხედვით. მონაცემებს დაიტანენ მიწათსარგებლობის გეგმაზე. აქტს ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი, აგრეთვე შესაბამისი სოფლის გამგეობისა და მეურნეობის (სასოფლო-სამეურნეო საწარმოს) ხელმძღვანელი. რაიონული კომისია მიწის შერჩევის მასალებს 3 დღის ვადაში წარუდგენს რაიონის გამგეობას განსახილველად.

3. რაიონის გამგეობა 4 დღის ვადაში იხილავს მიწის ნაკვეთების შერჩევის მასალებს თითოეული მიწათმოსარგებლის მიხედვით და იღებს გადაწყვეტილებას რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონული ცენტრების მცხოვრებთათვის მიწის ფართობების გამოყოფის შესახებ.

4. რაიონის გამგეობა უგზავნის გადაწყვეტილების მიღებისთანავე შერჩეული მიწის ფართობების შესახებ მასალებს (შერჩევის აქტებს სამ ეგზემპლარად, მიწათსარგებლობის გეგმებს) საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტს შესათანხმებლად.

5. საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტი ერთი კვირის ვადაში უთანხმებს რაიონიდან წარმოდგენილ მასალებს საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს (21-კილომეტრიან ზოლში), საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს, არქეოლოგიური კვლევის ცენტრს, საქართველოს რესპუბლიკის გეოლოგიის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტს, საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს და შესაბამის დასკვნას აცნობებს რაიონების მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს.

6. საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტი რაიონებიდან წარმოდგენილ და შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებულ მასალებს, მიწათსარგებლობის გეგმებთან ერთად, უგზავნის თავის საქვეუწყებო საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობ ორგანიზაციას „საქქალაქაგროსერვისს“.

7. მიწის ნაკვეთის მიღების მსურველი მოქალაქე (ან მოქალაქეთა ჯგუფი) განცხადებით მიმართავს ქალაქ თბილისის შესაბამისი რაიონის გამგეობას, რომელიც შემოსულ განცხადებებს აჯგუფებს მიწის გამცემი რაიონების მიხედვით და წარუდგენს ქალაქის მერიას და „საქქალაქაგროსერვისს“.

8. საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტი განსაზღვრავს რესპუბლიკის ქალაქების მცხოვრებთათვის (საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 16 იანვრის 39 დადგენილების დანართის მე-4 სვეტით გათვალისწინებული კატეგორია „რაიონების ცენტრებისა და დაბების მცხოვრებთათვის“, ხოლო მე-3 სვეტის მიხედვით მიწის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი რაიონების (ქალაქების) მმართველობის ორგანოები, შერჩეული მიწებიდან თითოეული ქალაქისათვის (თბილისი, ქუთაისი, რუსთავი და ა.შ.) საჭირო საერთო ფართობის კვოტას და მასალებს ცალკეული მიწათმოსარგებლის მიხედვით უგზავნის შესაბამისი ქალაქის მმართველობის ორგანოს.

9. შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანო გადაგზავნილი მასალებისა და შემოსული განცხადებების საფუძველზე ანაწილებს შერჩეულ მიწის ფართობებს ცალკეული ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მიხედვით და თავის გადაწყვეტილებას აცნობებს მიწის გამცემ რაიონებს და საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტს.

რესპუბლიკის ქალაქების, რაიონული ცენტრების (დაბების) მოსახლეობისათვის გამოყოფილი მიწის ფართობების ადგილზე გამიჯვნას, დაინტერესებული ქალაქებისა და რაიონული ცენტრების (დაბების), აგრეთვე „საქქალაქსერვისის“ წარმომადგენლებთან ერთად, ახორციელებს სასოფლო რაიონის მიწის რეფორმის კომისია და რეგისტრაციაში ატარებს ამავე რაიონის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის განყოფილება.

10. ნაკვეთების ადგილზე გამიჯვნის შემდეგ თითოეულ პიროვნებაზე დგება ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი 5 ცალად, რომელსაც ხელს აწერენ სოფლის გამგეობის და მეურნეობის (სასოფლო-სამეურნეო საწარმოს) ხელმძღვანელი, აგრეთვე რაიონის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის განყოფილების უფროსი, საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენელი და მიწის მიმღები პირი დადგენილი წესის მიხედვით.

მიღება-ჩაბარების აქტის თითო ეგზემპლარი ეძლევათ მიწის მიმღებ მოქალაქეს, სოფლის გამგეობას (გამგებელს), მიწის გამომყოფი რაიონის გამგეობას, „საქქალაქაგროსერვისს“ და საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტს.

11. მოქალაქისათვის გამოყოფილი მიწის ერთ ნაკვეთზე (ნორმაზე) დასაშვებია აიგოს მხოლოდ ერთი საცხოვრებელი სახლი შესაბამისი რაიონის (ქალაქის) არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა ორგანიზაციასთან შეთანხმებული პროექტის საფუძველზე.

12. მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ საბაღე ან სააგარაკო მიწის ნაკვეთები, მიწის ფართობი შეიძლება შეევსოთ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 16 იანვრის 39 დადგენილებით გათვალისწინებულ ზღვრულ ნორმამდე, შესაძლებლობის შემთხვევაში, მიმდებარე ტერიტორიაზე ან სხვა ტერიტორიაზე. იმ შემთხვევაში თუ მიმდინარე წლის გაზაფხულზე ვერ მოესწრება ტერიტორიის ორგანიზაციის პროექტის შედგენა და გამოყოფილი ფართობის ნაკვეთებად დაყოფა, საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობისათვის მიზანშეწონილად ჩაითვალოს, რომ ორგანიზაციებმა და ცალკეულმა მოქალაქეებმა ერთობლივად დაამუშაონ მიღებული მიწის ფართობი, ხოლო ცალკეული პიროვნებებისათვის ნაკვეთების გადაცემა განხორციელდეს ტერიტორიის ორგანიზაციის პროექტის შედგენის შემდეგ.

13. მიწის ნაკვეთებს იღებს დამოუკიდებელი ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრი.

მიწის ნაკვეთების მისაღებად მოქალაქეებმა განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინონ: ა) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან (ფორმა 1); ბ) ცნობა საბაღე ან სააგარაკო ნაკვეთების მფლობელობის შესახებ; გ) ცნობა სამუშაო ადგილიდან ოჯახში შემავალი ყველა სრულწლოვანი წევრისა, რომ არ იღებენ სხვა მიწის ნაკვეთს.

14. მოქმედი მებაღეობის ამხანაგობანი ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის შესახებ შესაბამის დოკუმენტაციას ცალკეულ მოქალაქეებს გადასცემენ ამ ნაკვეთების ინვენტარიზაციის ჩატარების შემდეგ.

15. მიწის ნაკვეთების გამოყოფის სამუშაოთა პრაქტიკულ განხორციელებასთან დაკავშირებით ტოპო-გეოდეზიური სამუშაოების შესასრულებლად, ტერიტორიის ორგანიზაციის პროექტის შესადგენად, მიწის ნაკვეთების ადგილზე გასამიჯნავად, სახელმწიფო აქტის გასაცემად მიწის ნაკვეთების მიმღები მოქალაქენი იხდიან ანაზღაურებას შესაბამისი წესის მიხედვით, ინფლაციის კოეფიციენტის გათვალისწინებით.

მიწის ნაკვეთები, რომლებიც მოქალაქეებს არსებული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად გამოეყოთ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 16 იანვრის 39 დადგენილების მიღებამდე, ხელმეორე გადაფორმებას არ ექვემდებარება.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონული ცენტრების მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 26 თებერვალი. - № 39 (583). - 1,3 გვ.

112 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკაში მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების საშუალოვადიანი პროგრამის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. მოწონებულ იქნეს „საქართველოს რესპუბლიკაში მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების საშუალოვადიანი პროგრამა“.

2. დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებსა და უწყებებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რეპუბლიკების მინისტრთა საბჭოებს ერთი თვის ვადაში წარმოადგინონ კონკრეტული გეგმა ამ პროგრამის განსახორციელებლად შესრულების ვადებისა და შემსრულებლების ჩვენებით.

3. პროგრამა გამოქვეყნდეს პრესაში.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.
თბილისი. 24 თებერვალი. 1993 წელი.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკაში მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების საშუალოვადიანი პროგრამის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 2 მარტი. - № 41 (585). - 1 გვ.

113 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება

▲ზევით დაბრუნება


უცხო სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების ოფიცერთა შემადგენლობის კონტრაქტის საფუძველზე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის გავლის წესის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. დამტკიცდეს დებულება რუსეთის ფედერაციის და ყოფილი სსრ კავშირის სხვა რესპუბლიკების შეირაღებული ძალების ოფიცერთა და სპეციალისტთა შემადგენლობის საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის საფუძველზე სამსახურის გავლის შესახებ.

2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შეიმუშაოს კონტრაქტის ტექსტი და შეუდგეს სათანადო კონტინგენტთან კონტაქტის დამყარებას.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.
თბილისი. 1993 წლის 26 თებერვალი.

დადგენილება : უცხო სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების ოფიცერთა შემადგენლობის კონტრაქტის საფუძველზე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის გავლის წესის დებულების დამტკიცების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 5 მარტი. - № 43 (587). - 1 გვ.

114 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ნაწილებისაგან უკანონოდ შეძენილი ან მიტაცებული ქონების კერძო პირთათვის ჩამორთმევის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. ჩამოერთვათ კანონით დადგენილი წესით კერძო პირებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ნაწილებისაგან უკანონოდ შეძენილი ან მიტაცებული ქონება, მათ შორის ყველა სახის ავტომობილები და სხვა სატრანსპორტო საშუალებანი, სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა, საბრძოლო იარაღი და მისი ნაწილები.

2. ამ ღონისძიების განხორციელება დაეკისროს საქართველოს რეპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, რომელმაც მისი შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველთვიურად წარმოუდგინოს ინფორმაცია საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.
თბილისი. 1993 წლის 26 თებერვალი.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ნაწილებისაგან უკანონოდ შეძენილი ან მიტაცებული ქონების კერძო პირთათვის ჩამორთმევის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 5 მარტი. - № 43 (587). - 1 გვ.

115 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის სოციალური დაცვის შემდგომი სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ენერგომატარებლებზე, კომუნალურ მომსახურებაზე, რძესა და რიგ სხვა პროდუქტებზე ფასებისა და ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით მოსახლეობის სოციალური დაცვის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. 1993 წლის 1 მარტიდან საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე შრომის ანაზღაურების მინიმალური დონე (თანამდებობრივი სარგოები, განაკვეთები და სხვა) განისაზღვროს თვეში 2.300 (ორი ათას სამასი) მანეთით, შრომის ანაზღაურების მინიმალურ დონეში არ გაითვალისწინება დანამატები, წანამატები, პრემიები და სხვა წამახალისებელი გასაცემლები.

2. მინიმალური თანამდებობრივი სარგოებისა და განაკვეთების თვეში 2.300 მანეთამდე გაზრდასთან დაკავშირებით პედაგოგის, აღმზრდელის, მეთოდისტის, ექიმისა და კულტსაგანმანათლებლო დაწესებულებათა სპეციალისტთა თანამდებობრივი სარგო (განაკვეთი) განისაზღვროს მინიმალური ხელფასის 2,25-3,0 კოეფიციენტის, საშუალო მედპერსონალისა - 2-2,25, უმცროსი მედპერსონალის - 1,75 და დანარჩენი პერსონალისა - 1,75-2,25 კოეფიციენტის ოდენობით.

სკოლამდელ დაწესებულებათა, სკოლების, სკოლა-ინტერნატების, ინტერნატების, ბავშვთა სახლების, ხელოვნებისა და კულტურის სკოლების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, საშუალო სპეც-სასწავლებლების, პროფესიულ-ტექნიკური განათლების, კულტსაგანმანათლებლო დაწესებულებათა

ხელმძღვანელების (დირექტორები) თვიური თანამდებობრივი განაკვეთი განისაზღვროს მინიმალური ხელფასის 3,5-4 კოეფიციენტის, ხოლო მათი მოადგილეებისა 3,25-3,5 კოეფიციენტის ოდენობით.

ამ დარგებში კოეფიციენტებით თანამდებობრივი სარგოების (განაკვეთების) განსაზღვრა მოხდეს იმ ანგარიშით, რომ აბსოლუტურმა მატებამ თვეში სრულ თანამდებობრივ სარგოზე (განაკვეთზე) შეადგინოს არანაკლებ 1.200 (ათას ორასი) მანეთი.

ბიუჯეტზე არსებულ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში (სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში პროფესორ-მასწავლებლების, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის, სამართალდამცავ ორგანოებში, თავდაცვის სამეცნიერო და სხვა დაწესებულებებში) დასაქმებული დანარჩენი კატეგორიის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოები და განაკვეთები გადიდდეს მხოლოდ 1.200 (ათას ორასი) მანეთით, მიუხედავად შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის გადიდებისა.

ყველა სახის დანამატები, წანამატები, აგრეთვე მუშაკთა შრომის საათობრივი განაკვეთები სასწავლო მეცადინეობის ჩატარებისათვის გადიდდეს 100 პროცენტით.

3. დაწესდეს, რომ მუშათა, მოსამსახურეთა და გადასახადით დაბეგვრის მხრივ მათთან გათანაბრებულ მოქალაქეთა ხელფასი და სხვაგვარი შემოსავალი თვეში 2.300 (ორი ათას სამას) მანეთამდე ოდენობით, რაც მიღებულია მათ ძირითად სამუშაო (სამსახურში, სწავლის) ადგილზე, არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით.

4. მოხუცებულობით პენსიონერთა, I და II ჯგუფის ინვალიდთა (მათ შორის ბავშვობიდან I და II ჯგუფის ინვალიდთა), 16 წლამდე ინვალიდ ბავშვთა სოციალური პენსიები, წელთა ნამსახურებისა და პერსონალური პენსიები, მარჩენალის დაკარგვის გამო, ყველა სახის III ჯგუფის ინვალიდებისა და სოციალური პენსიები სასურსათო და არასასურსათო პროდუქტებზე, ენერგომატარებლებსა და მომსახურებაზე ფასებისა და ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გადიდდეს 800 (რვაასი) მანეთით.

აღნიშნული პუნქტი ვრცელდება მხოლოდ არამომუშავე პენსიონერებზე.

5. დაწესდეს ბავშვიანი ოჯახებისათვის დახმარებათა შემდეგი ოდენობანი:

ა) ბავშვის დაბადებისას ერთდროული დახმარება - 3000 (სამი ათასი) მანეთი;

ბ) 6 წლიდან 16 წლამდე დაწყებით, არასრულ და საშუალო სკოლის მოსწავლეთათვის, კომერციულ სასწავლებელთა, სახელმწიფო უმაღლესი და საშუალო სპეც-სასაწავლებლების სტუდენტებისათვის (მოსწავლეებისათვის), რომლებიც არ იღებენ სტიპენდიებს, პენსიასა და სოციალურ დახმარებებს, დიასახლისებისათვის და უმუშევართათვის (რომლებიც არ იღებენ უმუშევრობის შემწეობას) ყოველთვიური დახმარება - 680 (ექვსას ოთხმოცი) მანეთი;

გ) მარტოხელა დედებისა და ალიმენტის ურჩი გადამხდელი მშობლების ბავშვებისათვის ყოველთვიური დახმარება - მინიმალური ხელფასის 50 პროცენტი.

6. დახმარების ოდენობა დაკრძალვაზე განისაზღვროს 4.000 (ოთხი ათასი) მანეთით.

7. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ სტუდენტებისა და მოსწავლეთა სტიპენდიების, უმუშევრობის, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ სტატუსის მქონე პირებისათვის გასაცემი შემწეობის ოდენობა თვეში თანამდებობრივი სარგოს (განაკვეთის) მინიმალური დონის მიმართ განსაზღვრულია:

- 1,5 წლამდე ბავშვის მოვლისათვის ყოველთვიური დახმარება მინიმალური ხელფასის 60 პროცენტი;

- 1,5-დან 6 წლამდე ბავშვის მოვლისათვის ყოველთვიური დახმარება მინიმალური ხელფასის 50 პროცენტი;

- სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში: ფრიადოსანი სტუდენტებისათვის - 80 პროცენტი, მხოლოდ კარგი ან მხოლოდ კარგი და ფრიადი შეფასების მქონე სტუდენტებისათვის - 75 პროცენტი, ხოლო აკადემიური მოსწრების მქონე დანარჩენი სტუდენტებისათვის - 70- პროცენტის ოდენობით, შესაბამისად სახელმწიფო საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში - 70, 65 და 60 პროცენტი, ხოლო სახელმწიფო პროფსასწავლებლებში 60, 55 და 50 პროცენტი;

- დოქტორანტებს სახელმწიფო სტიპენდია ეძლევათ დოქტორანტურაში ჩარიცხვამდე დანიშნული თანამდებობრივი სარგოს (განაკვეთის) ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს უფროსი მეცნიერ მუშაკის თანამდებობრივი განაკვეთისა (სარგოსი);

- უმუშევრობის პირველი სამი თვის განმავლობაში მინიმალური ხელფასის 80 პროცენტი;

- უმუშევრობის მეოთხედან მეექვსე თვის ჩათვლით - მინიმალური ხელფასის 70 პროცენტი;

- უმუშევრობის მეშვიდედან მეცხრე თვის ჩათვლით - მინიმალური ხელფასის 60 პროცენტი;

- უმუშევრობის მეათედან მეთორმეტე თვის ჩათვლით - მინიმალური ხელფასის 50 პროცენტი;

- უმუშევრობის სტატუსის მქონე იმ პირებისათვის, რომლებიც პირველად ეძებენ სამუშაოს (უმაღლესი ან საშუალო, საშუალო-სპეციალური და პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების კურსდამთავრებულები და სხვა), შეიარაღებული ძალებიდან დემობილიზებულთათვის, აგრეთვე თავისუფლების აღკვეთისა და იძულებითი მკურნალობის ადგილებიდან გათავისუფლებული პირებისათვის შემწეობის ოდენობა განსაზღვრულია უმუშევრობის სტატუსის მოქმედების პირველი ექვსი თვის განმავლობაში მინიმალური ხელფასის 60 პროცენტის, ხოლო დანარჩენი ექვსი თვის მანძილზე - 50 პროცენტის ოდენობით;

- ლტოლვილებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს, გარდა იმ პირებისა, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო კმაყოფაზე (აქვთ უფასო კვება და ბინა), ეძლევათ დახმარება მინიმალური ხელფასის ოდენობით; სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფ პირებს დახმარება ეძლევათ მინიმალური ხელფასის ერთი მესამედის ოდენობით;

- ლტოლვილებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც იღებენ ფულად დახმარებას, სტიპენდიები, კომპენსაციები ან კანონით დადგენილი სხვა დახმარებები არ ეძლევათ.

8. პენსიონერებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ლტოლვილის სტატუსი და იმყოფებიან სახელმწიფოს კმაყოფაზე, ეძლევათ სრული პენსია, ხოლო იმათ, რომლებიც სახელმწიფო კმაყოფაზე არ იმყოფებიან, (არა აქვთ უფასო კვება და ბინა), პენსიის გარდა საქართველოს რესპუბლიკის ლტოლვილთა და განსახლებისკომიტეტის მიერ ეძლევათ დახმარება მინიმალური ხელფასის 20 პროცენტის ოდენობით;

9. სახელობითი სტიპენდიების მქონე და დანარჩენი კატეგორიის სტუდენტთა, სპორტსმენთა და ასპირანტთა სტიპენდიები გადიდდეს 35 პროცენტით.

10. საქართველოს რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ აღნიშნული დადგენილებიდან გამომდინარე საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტთან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან, საქართველოს რესპუბლიკის ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტთან, საქართველოს რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტთან, საქართველოს რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდთან და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშაოს და დაამტკიცოს შესაბამისი ინსტრუქციები და მითითებანი.

11. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და საქართველოს რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფის, შრომისა და დასაქმების სამინისტროსთან არსებულ დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის დირექციებს შეიტანონ სათანადო ცვლილებანი შესაბამისი ფონდების შემოსავლებსა და ხარჯებში.

12. ამ დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით 1993 წლის 1 მარტიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 3 ნოემბრის №1032 დადგენილება, გარდა მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ბოლო წინადადებისა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 14 სექტემბრის №924 დადგენილების მე-5 პუნქტის პირველი აბზაცის, მე-11 პუნქტის მეორე აბზაცისა და საქართველოს რესპუბლიკის მთვრობის 1992 წლის 14 ივლისის №725 დადგენილების მე-5 პუნქტისა.

13. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულმა ბანკმა, სახელმწიფო კომერციულმა ბანკებმა უზრუნველყონ ხელფასების, სტიპენდიების, პენსიების, დახმარებებისა და კომპენსაციების შეუფერხებელი გაცემა.

14. დადგენილება გამოქვეყნდეს პრესაში, გადაიცეს რადიოთი და ტელევიზიით.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის სოციალური დაცვის შემდგომი სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 12 მარტი. - № 50 (594). - 1 გვ.

116 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის განცხადების წარდგენისას სახელმწიფო მისაგებლის თაობაზე

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 9 აგვისტოს კანონის შესაბამისად განისაზღვროს სახელმწიფო ქონების საპრივატიზაციო ობიექტის შეძენაზე განაცხადის წარდგენისას გადასახდელად სავალდებულო სახელმწიფო მისაგებელი შემდეგი ოდენობით:

ა) იურიდიულ პირთათვის - 5000 მანეთი;

ბ) ფიზიკურ პირთათვის - 1000 მანეთი;

2. სახელმწიფო მისაგებელი გადახდილ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკურ და ადგილობრივ ბიუჯეტებში ქონების კუთვნილების შესაბამისად და დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი განცხადებასთან ერთად წარედგინოს საქართველის რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.

3. სახელმწიფო მისაგებლის ოდენობა შეიცვალოს მანეთის ინფლაციის გათვალისწინებით.

4. ამ დადგენილების შესრულების კონტროლი დაეკისროს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს. 3. დადგენილება ძალაში შევიდეს 1993 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.

დადგენილება : სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის განცხადების წარდგენისას სახელმწიფო მისაგებლის თაობაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 16 მარტი. - № 53 (597). - 1 გვ.

117 თენგიზ სიგუა: ევროპარლამენტის მხარდაჭერა ჩვენთვის აუცილებელია

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თენგიზ სიგუამ 24 მარტს მიიღო ევროპარლამენტის დელეგაცია.

- მართლია, არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია ხელს უშლის საბაზრო ეკონომიკაზე ინტენსიურ გადასვლას, - თქვა მან, - მაგრამ უკვე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მიწის, ბინების, ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტების პრივატიზაცია. სოციალისტური სისტემის დემონტაჟის პროცესი შეუქცევადი გახდა. რუსეთის ბანკი არ გვაძლევს 60 მილიარდ მანეთს. ეს გვაიძულებს შემოვიღოთ კუპონები. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა გაუმჯობესდება. საქართველოს მხარე მზად არის მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას.

დელეგაციის ხელმძღვანელმა მაგდალენ ჰოფმა თქვა, რომ ევროპარლამენტი ყოველმხრივ მხარდაჭერას გაუწევს საქართველოს. დელეგაციის წევრმა, კავკასიის რეგიონის შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელმა ლორდმა ნიკოლას ბეტელმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ევროპაში ცოტა რამ თუ იციან აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ, მგრამ ახლა იგი დარწმუნებულია, რომ იქ შექმნილი სიტუაცია არანაკლებ რთულია, ვიდრე იუგოსლავიის კონფლიქტი.

საუბრის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თენგიზ სიგუამ მოიწვია დელეგაციის წევრები ჩამოვიდნენ ჩვენს რესპუბლიკაში ორი-სამი წლის შემდეგ, როცა იგი გადალახავს ყველა სიძნელეს და გახდება სტაბილური და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო.

ევროპარლამენტის მხარდაჭერა ჩვენთვის აუცილებელია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 25 მარტი. - № 61 (605). - 1 გვ.

118 ქართული პასპორტები და... კუპონები

▲ზევით დაბრუნება


გუშინწინ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ბატონმა თენგიზ სიგუამ თქვა, რომ მზადდება ახალი ტიპის ქართული პასპორტები.

ჩვენი კორესპონდენტის თხოვნით, ბატონი თენგიზი შედარებით ვრცლად განმარტავს ამ საკითხს.

- ქართული პასპორტები უკვე მზად გახლავთ. აპრილის პირველ რიცხვებში თბილისში ჩამოვლენ პარიზის იმ ფირმის წარმომადგენლები, ვინც გვიმზადებს ამ საბუთებს. ისინი სასიგნალო ეგზემპლარებს ჩამოგვიტანენ.

- როგორც თქვენ ბრძანეთ, პარლამენტის სხდომაზე, ქართული პასპორტები ოთხი ტიპის იქნება, არა?

- დიახ. ეს იქნება დიპლომატიური, სასამსახურო, სამოქალაქო, რომელიც ადასტურებს, რომ მისი მფლობელი საქართველოს მოქალაქეა, და მეოთხე, რომელიც ადასტურებს, რომ პიროვნება საქართველოში ცხოვრობს. მაისში უკვე მივიღებთ მილიონ ცალ პასპორტს.

- მაგრამ საქართველოში ხომ გაცილებით მეტი კაცი ცხოვრობს?

- რასაკვირველია, მაგრამ ამიერიდან, პასპორტი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, როდესაც მოქალაქე საზღვარგარეთ გაემგზავრება. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, მას მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა ექნება.

- ახლა მეორე, ჩვენი მკითხველისათვის არანაკლებ საინტერესო საკითხი - კუპონები. ზოგს რაღაც პანიკური შიში აქვს ამასთან დაკავშირებით.

- ამ ურთულეს პროცესს ჩვენ არაერთი სხდომა მივუძღვენით. აი, გუშინაც, მინისტრთა კაბინეტის პრეზიდიუმის სხდომაზე ოთხი საათის განმავლობაში ვმსჯელობდით ამ იძულებითი ღონისძიების თაობაზე. საჭიროა შემუშავდეს სპეციალური მექანიზმი, რადგანაც არსებობს დევალვაციის საფრთხე. მაგალითად, პირველ ხანებში, ალბათ, კერძო სექტორი - როგორც საკოლმეურნეო ბაზარი, ისე კომერციული მაღაზიები - კუპონებით არ ივაჭრებენ. მაგრამ სახელმწიფო სექტორში ყველა ძირითადი საარსებო პროდუქტი - პური, შაქარი, კარაქი, ზეთი, ბურღულეული გაიყიდება მხოლოდ კუპონებზე. ამასთან პრივატიზაციაც კუპონებით განხორციელდება.

კუპონების შემოღება გამოწვეულია ფულადი ნიშნების მწვავე დეფიციტით. სახელმწიფოს მოსახლეობის დიდი ვალი აქვს - გასაცემია ხელფასები, პენსიები, სტიპენდიები, გვაღელვებს, რომ დღემდე ჩვენს გლეხობას არ მიუღია შემოდგომაზე სახელმწიფოსათვის მიყიდული მოსავლის საზღაური.

მინდა დავამშვიდო მოსახლეობა - პირველ ეტაპზე სიძნელეები იქნება, მაგრამ ჩვენ მათ დავძლევთ.

თუმცა, კუპონების შემოღების საკითხი საბოლოოდ პარლამენტის სხდომაზე გადაწყდება.

* * *

26 მარტს გამართულ საქართველოს პარლამენტის დახურულ სხდომაზე განიხილეს მიმოქცევაში კუპონების შემოღების საკითხი. ამ ნიშნებმა უნდა შეავსოს ქვეყნის ფინანსებში ის გარღვევა, რომელიც შეიქმნა მანეთის ზონაში ანგარიშსწორების საშუალების - ფულადი ნიშნების ნაკლებობის გამო. ცხარე დისკუსიამ ამ პრობლემის გარშემო პარლამენტარების აზრთა პოლარიზაცია გამოავლინა.

პარლამენტში გამართული მსჯელობის შედეგად, - თქვა ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში ბატონმა თენგიზ სიგუამ, - რომელშიც მონაწილეობდნენ მთელი რიგი სამინისტროების ხელმძღვანელები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და პარლამენტარები, მიღებულია დადგენილება, რომ პარლამენტმა ცნობად მიიღოს მინისტრთა კაბინეტისა და ეროვნული ბანკის წინადადება მიმოქცევაში კუპონების შემოღების თაობაზე. პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტს და ეროვნულ ბანკს დაავალა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით შეიმუშაოს და გამოსცეს დადგენილება აღნიშნულ საკითხზე. მიმოქცევაში კუპონების შემოღების ვადა საბოლოოდ არ დადგენილა. უახლოეს დღეებში მთავრობა და ეროვნული ბანკი შეიმუშავებენ ხმარებაში მათი შემოღების მექანიზმს და შემდეგ იგი გამოქვეყნებული იქნება მთავრობის დადგენილების სახით.

ინტერვიუ : ქართული პასპორტები და... კუპონები // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 27 მარტი. - № 63-64 (608). - 1 გვ.

119 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმოქცევაში საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპონების გამოშვების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკაში ნაღდი ფულით ანგარისწორების საქმეში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გაუმჯობესების, ხელფასების, პენსია-დახმარებების, სტიპენდიებისა და სხვა გასაცემების ხანგრძლივი დავალიანების აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულმა ბანკმა დამოუკიდებელი კანონიერი საგადამხდელო საშუალების სახით მიმოქცევაში გამოუშვას კუპონები, 5, 10, 50, 100, 500, 1000, 5000, 10000 ნომინალებით, რომლებიც მიმოიქცევა მოქმედი მანეთის პარალელურად.

2. თანაფარდობა კუპონსა და მანეთს შორის განისაზღვროს 1:1.

3. რესპუბლიკის საბანკო დაწესებულებებმა საწარმოებს, ორგანიზაციებს, დაწესებულებებს (საკუთრების ფორმის მიუხედავად) კუპონები მისცენ ხელფასების, პენსიების, დახმარებების, სტიპენდიებისა და სხვა გასაცემების სახით.

4. გამოშვებული კუპონები შეუზღუდავად მიიღონ მიმოქცევაში სამეურნეო სუბიექტებმა (საკუთრების ფორმის მიუხედავად) და ცალკეულმა პირებმა საქონლისა და ყველა სახის მომსახურებისათვის ანგარიშსწორებისას, აგრეთვე საბანკო დაწესებულებებმა, და კავშირგაბმულობის საწარმოებმა ანგარიშებსა და ანაბრებზე ჩასარიცხად, რესპუბლიკის ფარგლებში გზავნილებებისათვის.

5. კუპონებით შეტანილ ანაბრებს წლიური პროცენტები დაერიცხება იმავე წესით, როგორც სამანეთო ანაბრებს. საკუპონე და სამანეთო ანაბრები არ განიყოფებიან.

6. საბანკო დაწესებულებებში კუპონებით შემოსული ამონაგები ორგანიზაციების ანგარიშებზე ჩაირიცხება ერთიანი ფულადი ერთეულით მანეთებით, დადგენილი თანაფარდობით 1:1.

უნაღდო ანგარიშსწორება და აღრიცხვა-ანგარიშგება ეკონომიკაში განხორციელდეს მოქმედი წესისამებრ მანეთებით.

7. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სექტორში და „ცეკავშირის“ სისტემაში წარმოებული, აგრეთვე, მთავრობის მიერ საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მიღებული კრედიტებით შეძენილი ყველა სახის სასურსათო პროდუქცია, მიუხედავად იმისა, რეალიზდება იგი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სავაჭრო ქსელში, გაიყიდოს მხოლოდ კუპონებზე.

სახელმწიფო სააფთიაქო ქსელში მედიკამენტების რეალიზაცია განხორციელდეს მხოლოდ კუპონებზე.

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყველა სახის სახელმწიფო ტრანსპორტით მომსახურება, აგრეთვე მოსახლეობის კომუნალური გადასახადების, ბინის ქირის, სახელმწიფო ბაჟის, სხვა გადასახადების და მოსაკრებლების (გარდა სავალუტო) გადახდა ნაღდი ანგარიშსწორების დროს განხორციელდეს მხოლოდ კუპონებზე.

კერძო სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისა და ფიზიკური პირებისათვის სახელმწიფო რესურსებიდან სასუქების, შხამ-ქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო ინვენტარის, პირუტყვის საკვების, საწვავ-საცხები მასალების, და სხვა საქონლის მიწოდება ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში მოხდეს მხოლოდ კუპონებში.

საქონლის კუპონებით რეალიზაციის წესი ვრცელდება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ვაჭრობის ორგანიზაციებზე (გარდა დახურული ქსელისა).

8. სახელმწიფო ქონების (მათ შორის ბინების) ნაღდი ანგარიშსწორებით პრივატიზაციის დროს გადახდა მოხდეს კუპონებით.

9. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური რესურსების სამინისტრომ, ცეკავშირის გამგეობამ, სხვა სამინისტროებმა და უწყებებმა, მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მყიდველებთან ანგარიშსწორების გამარტივების მიზნით, გადაწყვიტონ საცალო ფიქსირებული ფასებისა და ტარიფების დამრგვალების საკითხი.

10. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ უმოკლეს ვადაში წარმოადგინონ წინადადებანი ფასების შემდგომი ლიბერალიზაციის შესახებ მოსახლეობის სოციალური ინტერესების მაქსიმალურად დაცვის გათვალისწინებით (ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, დახმარებებისა და სხვა სახის ფულადი შემოსავლების გადიდების ჩათვლით).

11. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულმა ბანკმა:

- ერთი კვირის ვადაში დაამუშაოს ნორმატიული და ინსტრუქციული დოკუმენტები ფულად-საკრედიტო რეგულირების შესახებ, შეიტანოს აუცილებელი ცვლილებანი ეკონომიკაში საკასო ოპერაციების წარმოების წესში:

- რესპუბლიკის საბანკო სისტემის მეშვეობით უზრუნველყოს მანეთებისა და კუპონების გაცვლის ორგანიზება.

12. საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის პალატამ, საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ კონტროლი სავაჭრო, საყოფაცხოვრებო და სხვა ორგანიზაციების მიერ კუპონების მიღებისა და გამოყენების წესების დაცვისადმი.

რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტმა გააძლიეროს კონტროლი როგორც იურიდიული, ასევე კერძო პირების მიერ რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ საქონლის გატანის წესების დაცვისადმი.

13. საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტრომ, საქართველოს რეპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულმა ბანკმა, მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უმოკლეს ვადაში შეისწავლონ ვაჭრობისა და მომარაგების სფეროს საწარმოებსა და ორგანიზაციებში ფულის ინკასაციის მდგომარეობა და უზრუნველყონ 1993 წლის 15 აპრილამდე ფულადი ნიშნების (მანეთის კუპიურები) საბანკო სისტემაში დროული და სრული დაბრუნება.

საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომ 10 დღის ვადაში მოამზადოს შესაბამისი ცვლილებები მოქმედ კანონმდებლობაში.

14. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ ორი კვირის ვადაში უზრუნველყოს პირველი რიგის საპრივატიზაციო ობიექტების რეალიზაციის დაწყება.

15. კუპონებისა და მანეთების პარალელურად მიმოქცევის პირობებში ოპერატიული საკითხების გადასაწყვეტად შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დ. დვალიშვილი (კომისიის თავმჯდომარე), ვაჭრობისა და მატერიალური რესურსების მინისტრი მ. ზანკალიანი, საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე თ. დვალი, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნ. ფიფია, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ტ. კულულაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნ. ბაგრატიონი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ა. შალამბერიძე, სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილე გ. კობერიძე, კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილე ვ. სალიბეგაშვილი, საინფორმაციო სადაზვერვო ბიუროს უფროსის მოადგილე მ. კალანდაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მ. ოსაძე, ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე მ. ჭუმბურიძე, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე ვ. გიორგაძე, ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ჯ. ჩხიკვაძე, საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ა. თვარიაშვილი, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მინისტრის მოადგილე ბ. ჯიქია, საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნ. დუჩიძე, სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ი. არჩვაძე.

აღნიშნულ კომისიას უფლება მიეცეს, შექმნას სამუშაო ჯგუფები სათანადო სპეციალისტების მოწვევით.

16. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის ეკონომიკური რეფორმის შტაბმა სისტემატურად განიხილოს და შეაჯამოს საფინანსო-საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო რეგულირების საკითხები, თვალყური ადევნოს კუპონების შემოღების შედეგად, ეკონომიკაში და სოციალურ სფეროში, მიმდინარე პროცესებს და საჭიროების შემთხვევაში, დროული კორექტივები შეიტანოს ფულადი რეფორმის განხორციელების პირველი ეტაპის მიმდინარეობაში.

17. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებმა განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები ამ დადგენილების ცხოვრებაში გატარებისათვის.

18. ყალბი კუპონების დამზადება, ყალბი ფულის ნიშნების დამზადების ანალოგიურად ისჯება რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობით.

19. ეს დადგენილება ძალამოსილია 1993 წლის 5 აპრილიდან.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.
თბილისი, 29 მარტი, 1993 წელი.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმოქცევაში საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპონების გამოშვების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 30 მარტი. - № 65 (609). - 1 გვ.

120 საქართველო მზად არის ყოველწლიურად დააბანდოს რუსეთის ეკონომიკაში 150 მილიონამდე დოლარი

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა უპასუხებს ეგორ დრუზენკოს კითხვებს

- ბატონო პრემიერ-მინისტრო, რა დანაკარგები ადგება საქართველოს აფხაზეთში მიმდინარე ომის შედეგად?

- ყოველდღიურად რესპუბლიკა კარგავს 8-10 მილიონ მანეთს (წელიწადზე გაანგარიშებით ეს შეადგენს 3,5 მილიარდს). ძირითადად ეს ის ფულია, რომელიც ხმარდება სამხედრო ტექნიკის საწვავსა და მომსახურებას, ხაზს ვუსვამ, მხოლოდ მომსახურებას

- საქართველო არ ეწევა იარაღის არავითარ შესყიდვას საზღვარგარეთ.

- როგორია საბიუჯეტო პროგნოზები 1993 წლისათვის.

- ჩვენი ექსპერტების აზრით, ბიუჯეტის გასავლის ნაწილი შეადგენს დაახლოებით 250 მილიარდ მანეთს. მოსალოდნელია დიდი საბიუჯეტო დეფიციტი არანაკლებ 50 პროცენტისა. ფული არ გვყოფნის, ამიტომ, დამყარებული გვაქვს მჭიდრო კონტაქტები სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, მათ შორის, მსოფლიოს სავალუტო ფონდთან და ევროპის განვითარების ბანკთან. შარშან მივიღეთ პირველი მნიშვნელოვანი კრედიტი - 70 მილიონი ეკიუ ევროპის ეკონომიკური გაერთიანებისაგან. ეს ფული ხმარდება ხორბლის, შაქრის, კარაქის, რძის ფხვნილისა და სხვა პროდუქტების შესყიდვას გაერთიანების ქვეყნებში. ძირითადი მომწოდებლები არიან საფრანგეთი, ავსტრიის, ჰოლანდიის, ირლანდიის ფირმები.

- რა შეგიძლიათ თქვათ საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე შექმნილი სიტუაციის შესახებ?

- ჩვენი წლიური მოთხოვნილება ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე შეადგენს დაახლოებით 5 მილიონ ტონას, წინათ 3,5-3,7 მილიონს ვიღებდით რუსეთისაგან, დანარჩენს აზერბაიჯანი გვაძლევდა. რუსეთიდან მოწოდების შეწყვეტის შემდეგ იძულებული ვართ დავჯერდეთ აზერბაიჯანის კვოტას, რომელიც არ არის საკმარისი ეკონომიკური მუშაობისათვის. თუ ფასზე ვილაპარაკებთ - ამჟამად, ბაქო ტონა ნედლ ნავთობს გვაძლევს 30 ათას მანეთად.

რაც შეეხება ბუნებრივ გაზს, აქ სიტუაცია არც ისე დაძაბულია. საქართველოს ყოველწლიურ მოთხოვნილებას - ეს არის დაახლოებით 5,5, მილიარდი კუბური მეტრი, რასაც ძირითადად უზრუნველყოფს თურქმენეთი (უკანასკნელ ხანს 1000 კუბური მეტრის ფასმა უკვე 20 ათასი მანეთი შეადგინა). მიუხედავად იმისა, რომ მილსადენი რუსეთის ტერიტორიაზე გადის, ჯერჯერობით ტრანზიტთან დაკავშირებით, არავითარი პრობლემა არ გვქონია და მაინც, გვინდა მოველაპარაკოთ ირანს გაზის მოწოდების შესახებ. ამ საკითხზე მე უკვე ვიმსჯელე ირანის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების დროს და ისინი გაგებით შეხვდნენ.

- ნიშნავს თუ არა ეს, რომ, საქართველოს განზრახული აქვს ეძებოს ენერგოშემცვლელთა ახალი მომწოდებლები?

- ჩვენთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს რუსეთის მოწოდება, და ძალიან გაგვიჭირდება შემცვლელის პოვნა. იმედი მაქვს, რომ ნავთობისა და გაზის სამთავრობათშორისო საბჭოს შექმნის შემდეგ (რის თაობაზეც, მორიგება უკვე მიღწეულია, სურგუთში ყოფილი სსრ კავშირის ქვეყნების სამთავრობო დელეგაციათა შეხვედრაზე - ე. დ.), რუსეთი განაახლებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მოყიდვას. ამის სანაცვლოდ ჩვენ შეგვიძლია ყოველწლიურად შევთავაზოთ 5-7 ათასი ელექტროძრავა, დაახლოებით 200 ათასი ტონა მილები ნავთობსარეწაობისათვის რუსთავის მეტალურგიული ქარხნიდან. გარდა ამისა, საქართველო მზად არის აამოქმედოს თავისი სიმძლავრენი ტიუმენსა და რუსეთის სხვა რაიონებში მშენებლობისათვის. საქართველოს დაბანდებათა საერთო ღირებულებამ, ჩვენი გაანგარიშებით, უნდა შეადგინოს 150 მილიონი დოლარი წელიწადში მსოფლიო ფასებით.

ჩვენი პროდუქციით დაინტერესებულია მრავალი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ძირითად მყიდველად მაინც რუსეთი გვირჩევნია. ერთი მხრივ, ჩვენ დაინტერესებული ვართ მისი ნავთობით, მეორე მხრივ, - საქართველოს ტრადიციული და კარგად მოგვარებული ურთიერთობა აქვს რუსეთთან.

- როგორია ძირითადი პოზიციები, რომელთა მიხედვითაც იღებს რესპუბლიკა ექსპორტის შემოსავალს?

ლითონპროდუქციის გარდა, ეს არის ქიმიური სასუქი, მანგანუმის ფეროშენადნობები, „მეტეორის“, და „კომეტას“ ტიპის წყალქვეშაფრთიანი ხომალდები. სულ ექსპორტის შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს წელიწადში.

საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლის ერთ-ერთი უმთავრესი წყარო შეიძლებოდა ყოფილიყო ტურიზმი, აფხაზეთის ომი რომ არა, უკვე მეორე სეზონია, შავი ზღვის სანაპირო „მკვდარია“, ჩვენი შეფასებით, ტურისტული სერვისის ახლანდელი დონის პირობებშიც კი რესპუბლიკას შეეძლო ყოველწლიურად მიეღო 700-800 მილიონი დოლარი. ეს ციფრი შეიძლება გაიზარდოს 2,5 მილიარდამდე. თუ ტურისტულ ბიზნესს შეუსაბამებთ საერთაშორისო სტანდარტებს.

- მოახდინა თუ არა ომმა გავლენა უცხოელ ინვესტორთა აქტიურობაზე?

- წლის დამდეგს მე ვფიქრობდი, რომ ინვესტიციები არ იქნებოდა - და შევცდი. ისინი ყოვნდება, მაგრამ მაინც შემოდის. ყველაზე დიდმნიშვნელოვანი და იმედისმომცემი პროექტია ფოთის საზღვაო ნავსადგურის რეკონსტრუქცია, რომლისთვისაც ევროპის გაერთიანებამ ტექნიკური კრედიტი გამოგვიყო. დღეს ტვირთბრუნვა ნავსადგურში შეადგენს 5,6 მილიონ ტონას, რეკონსტრუქციის შემდეგ 40 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ეს კი უკვე ევროპის დიდი ნავსადგურის დონეა. წინასწარ გაანგარიშება გვიჩვენებს, რომ პროექტი, 5 მილიარდი დოლარი დაჯდება. ჩვენ გვინდა შევქმნათ ღია საერთაშორისო სააქციო საზოგადოება. და მრავალი ქვეყანა მზად არის დააბანდოს თავისი კაპიტალი - ესენი არიან, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ჰოლანდია, საუდის არაბეთი, ისრაელი, თვით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, დაინტერესება გამოიჩინეს აგრეთვე თანამეგობრობის შუა აზიის რესპუბლიკებმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა. მათთვის ხომ ჩვენი ნავსადგური ყველაზე მოკლე გზაა ევროპის ბაზრებზე გასასვლელად.

- რა შეგიძლიათ თქვათ რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობის მდგომარეობაზე?

- მე მიმაჩნია, რომ ეს ურთიერთობა არ უნდა დავუკავშიროთ სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებს. ჩვენმა ქვეყნებმა, რაც შეიძლება მალე უნდა მოაწერონ ხელი სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას და განაახლონ ორმხრივ ხელსაყრელი ვაჭრობა.

გაზეთი „ფინანსოვიე იზვესტია“, №19.

ინტერვიუ : საქართველო მზად არის ყოველწლიურად დააბანდოს რუსეთის ეკონომიკაში 150 მილიონამდე დოლარი / სიგუა თ., [ჩაიწერა ე. დრუზენკომ.] // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 2 აპრილი. - № 68 (612). - 1 გვ.

121 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმოქცევაში საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპონების გამოშვებასთან დაკავშირებით პურის ფასების დამრგვალების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმოქცევაში საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპონების შემოღებასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. დამტკიცდეს პურის საცალო ფასები დანართის თანახმად.

2. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტრომ, ცეკავშირის გამგეობამ, სხვა სამინისტროებმა და უწყებებმა, მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 მარტის 246 დადგენილების მე-9 მუხლით გათვალისწინებული დამრგვალებული საცალო ფიქსირებული ფასებისა და ტარიფების სრული ამოქმედება უზრუნველყონ 1993 წლის 7 აპრილამდე.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1033 დადგენილებით დამტკიცებული პურის საცალო ფასები.

4. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.
თბილისი, 1993 წლის 5 აპრილი.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმოქცევაში საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპონების გამოშვებასთან დაკავშირებით პურის ფასების დამრგვალების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 6 აპრილი. - № 71 (615). - 1 გვ.

122 საქართველო-რუსეთის მოლაპარაკება

▲ზევით დაბრუნება


აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების მთელ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტამ ოპტიმიზმით აღავსო საქართველო-რუსეთის სოჭის მოლაპარაკების სამივე სამუშაო ჯგუფის წევრები.

სანამ 7 აპრილს სასტუმრო კომპლექს „ჟემჩუჟინაში“ დახურულ კარს მიღმა ორივე ქვეყნის დელეგაციათა მიერ წამოყენებულ პრობლემებს განიხილავდნენ, საქინფორმის კორესპონდენტებმა ბლიც-ინტერვიუ ჩამოართვეს მოლაპარაკების მონაწილეებს.

თენგიზ სიგუა, საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის დელეგაციის ხელმძღვანელი.

მოლაპარაკების პირველმა დღემ კარგად ჩაიარა. მთავარი ის არის, რომ პარტნიორთა ურთიერთობა კეთილმოსურნეა. სამმა ჯგუფმა, რომლებისთვისაც ჩვენმა დელეგაციამ მოამზადა დოკუმენტების შესაბამისი მაკეტები, მუშაობა დაიწყო.

ჩვენი პოზიციაა განუხრელად განვახორციელოთ მოსკოვის1992 წლის 3 სექტემბრის შეთანხმების დებულება. ჩემი აზრით, შევძლებთ შევქმნათ რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინისა და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის უმაღლესი დონის შეხვედრის წინამძღვრები. მთავარი, რასაც ახლანდელი მოლაპარაკებისაგან მოველით, მშვიდობა, ვითარების სტაბილიზაცია და დაძაბულობის მოხსნაა. მხოლოდ ამას შეუძლია აღადგინოს ჩვენი ტრადიციული კეთილი ურთიერთობა და ჩვენი სახელმწიფოების ეკონომიკური კავშირ-ურთიერთობანი.

* * *

7 აპრილს სოჭის მოლაპარაკებაზე რუსეთისა და საქართველოს სამთავრობო დელეგაციების ხელმძღვანელებმა პავლე გრაჩოვმა და თენგიზ სიგუამ ორ საათს ისაუბრეს პირისპირ. შემდეგ მათ მონაწილეობა მიიღეს ჯგუფის მუშაობაში, რომელმაც განიხილა სამხედრო საკითხები. ჟურნალისტებისათვის პავლე გრაჩოვმა და თენგიზ სიგუამ გააკეთეს განცხადება. მათ აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებაზე კეთილმოსურნეობის ატმოსფერო სუფევს... ორივე მხარე ისწრაფვის მიაღწიოს შეთანხმებას, მოხსნას დაძაბულობა და კონსტრუქციულად გადაწყვიტოს წამოჭრილი პრობლემები.

„უწინარეს ყოვლისა განვიხილეთ აფხაზეთის საკითხი, - თქვა თენგიზ სიგუამ, - კერძოდ, - ეშერის ტერიტორიაზე მიწისქვეშა სეისმური ლაბორატორიის არსებობის საკითხი. ფატობრივად, იგი უკვე აღარ არის. მთელი მოწყობილობა იქიდან გატანილია, მაგრამ რატომღაც პირდაპირ საბრძოლო მოქმედების ხაზზე დარჩა რუსეთის სამხედრო ნაწილი. მიგვაჩნია, რომ საჭიროა მისი იქიდან გაყვანა. ამ ნაწილის იქ ყოფნა პროვოკაციულია. მის ტერიტორიაზე ყოველთვის მოხვდება ჭურვები და არ არის გამორიცხული რუს სამხედრო მოსამსახურეთა დაჭრა ან დაღუპვა, რაც სოხუმის დაბომბვის საბაბი ხდება.

მოვრიგდით, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება და ჩვენი სამხედრო ექსპერტები განაგრძობენ მის განხილვას. აგრეთვე განვიხილეთ ადლერის კვანძიდან რკინიგზაზე მოძრაობის აღდგენის პრობლემა. ფაქტობრივად ეს კვანძი დღეს აღარ მუშაობს, არადა მას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ სომხეთისთვისაც, მომზადდა და ორივე მხარემ ძირითადად შეათანხმა დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების ყოფნის ბოლო ვადად მიჩნეულია 1995 წლის 31 დეკემბერი.

სამუშაო ჯგუფები განაგრძობენ სხვა საკითხების, უწინარეს ყოვლისა ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის საკითხის განხილვასაც.

ბატონმა სიგუამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებაზე ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ მომზადდეს რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინისა და საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ედუარდ შევარდნაძის უმაღლესი დონის შეხვედრა.

- თუ შევათანხმებთ შესაბამის დოკუმენტებს იმ დონეზე, - თქვა მან, - რომ შესაძლებელი იქნება მათზე ხელის მოწერა, მაშინ უკვე უახლოეს დროში ასეთი შეხვედრა უბრალოდ აუცილებელი გახდება.

დოკუმენტები პრაქტიკულად მომზადდა და ისინი იხვეწება.

მრავალი პოზიციის მიხედვით სიტუაცია გაირკვა და შეიმჩნევა აზრთა დაახლოება.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა პ. გრაჩოვმა, რომელიც საერთოდ დაეთანხმა მოლაპარაკების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თენგიზ სიგუას აზრს, თქვა, რომ ზოგიერთი საკითხი ჯერჯერობით ვერ წყდება ისე, როგორც ეს რუსეთის მხარეს სურს.

ჩვენ დავამუშავეთ საკითხი საბრძოლო მოქმედების მთელ ხაზზე ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის შესახებ. ბატონ სიგუასთან კონფიდენციალური საუბრისას ჩვენ მოვრიგდით და დავსახეთ მთელი რიგი ღონისძიებანი, რომლებიც უნდა განხორციელდეს პრაქტიკულად აფხაზეთში ვითარების სტაბილიზაციისათვის. ჩვენ დავსვით საკითხი იმის შესახებ, რომ შესაძლო და სასურველია ჯარების გაყვანა თუნდაც რამდენიმე კილომეტრით. მე წინადადება წამოვაყენე, რომ დაპირისპირების ხაზიდან ორივე მხარეს მათ სამი კილომეტრით გადაინაცვლონ, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხოება სატანკო იარაღიდან სროლის დროსაც კი. ეს პირველი მომენტი.

ჩვენ მოვრიგდით გადავწყვიტოთ ეშერაში მდებარე ლაბორატორიის ბედი, რომელსაც იცავენ ჩვენი ჯარები და რომელიც სასინჯ ქვად იქცა ჩვენს ურთიერთობაში, ანუ სამხედრო ურთიერთობაში.

წინადადება წამოვაყენეთ სეისმური ლაბორატორია და მის გარშემო ფართობი ვცნოთ ხელშეუხებელ ზონად, რომელიც შემოღობილი იქნება შესაბამისი მაჩვენებლებით, საჭიროების შემთხვევაში კი შევნიღბოთ. აქ ჩვენი აზრები ერთმანეთს არ დაემთხვა. საქართველოს მხარე მოითხოვს ამ ზონიდან ჯარების გაყვანას. ჩვენ მოვითხოვდით იქ ჯარების დატოვებას.

განვიხილეთ ადლერიდან და იქით ერევნამდე რკინიგზის დაცვის საკითხიც. ჩვენი აზრები აქაც არ დაემთხვა ერთმანეთს, რადგან საქართველოს მხარე მოითხოვს, რომ ყველა შეიარაღებული ფორმირება დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რომელიც ეკავათ მათ გასული წლის ოქტომბერში.

და კიდევ ერთი უთანხმოება, რომელიც ეხება საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების ყოფნას. ჩვენ მოვრიგდით, რომ რუსეთის ჯარები აქ იქნებიან 1995 წლმდე. ამას ყველა ეთანხმება, მაგრამ ბატონი იოსელიანი წინადადებას აყენებს ისინი აფხაზეთიდან გავიყვანოთო.

ზოგიერთ საკითხში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ მოლაპარაკება ჩიხში არ მოექცევა და მივაღწევთ ურთიერთმისაღებ შეთანხმებებს.

გ. ჩიქოვანი,
ვ. თავაძე,
ა. სანებლიძე.

საქართველო-რუსეთის მოლაპარაკება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 8 აპრილი. - № 73 (617). - 1 გვ.

123 რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება

▲ზევით დაბრუნება


სოჭში მიმდინარე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებაზე 8 აპრილს, შუადღისას სამთავრობო დელეგაციათა მეთაურებმა გააკეთეს შემდეგი განცხადება.

პავლე გრაჩოვი, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი:

შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ გადაიჭრა პრობლემათა წრე, რომელიც ეკონომიკასა და ფინანსებს ეხება. დასმულია 13 საკითხი, ყველა ისინი გადაჭრილია და მზად არის პარაფირებისათვის. მაგრამ რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს გასული წლის 25 სექტემბრის დადგენილების შესაბამისად, რომელიც გამორიცხავს ჩვენთვის ახლა რაიმე ხელშეკრულებების ხელმოწერას, ამ შეხვედრის დამთავრებისთანავე, გავუგზავნით ჩვენი მუშაობის მასალებს რუსეთის უზენაეს საბჭოს, პრეზიდენტსა და მთავრობას, რათა მათ მიიღონ გადაწყვეტილებანი და ხელი მოაწერონ შესაბამის შეთანხმებებს.

13 საკითხიდან სამი ძირითადია, ეს არის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, ფინანსური კრედიტის გაცემა და შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, მაგრამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელმოწერილი იქნება ძირითადი - პოლიტიკური დოკუმენტი.

საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო კომიტეტის ხაზით პირველი საკითხია რუსეთის მხრივ ჰუმანური დახმარების გაწევა რაიონებისათვის, რომლებიც დაზარალდნენ დაბომბვისაგან, მათ შორის ტყვარჩელისათვის. საქართველოს მხარე დათანხმდა და მოიწონა ასეთი დახმარების გაწევა. მაგრამ ამავე დროს, წარმოიშვა უთანხმოებანი ტყვარჩელის შახტში მეთანის შესაძლო აფეთქების ლიკვიდაციაში ჩვენ მიერ დახმარების გამო. საქართველოს მხარე ამ საკითხს უკავშირებს ქალაქ სოხუმის ელექტრომომარაგების საკითხს. ჩვენ, თუ არ უარვყოფთ ამ საკითხს, ყოველ შემთხვევაში არ ვუკავშირებთ მას ტყვარჩელის შახტებს, რადგან სოხუმის ელექტრომომარაგება საქართველოს საშინაო ამოცანაა და თვითონ ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ ეს საკითხი. ჩვენ არ ვერევით, უბრალოდ ერთხელ კიდევ დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა დახმარება გავუწიოთ ტყვარჩელის შახტებში შესაძლო მძლავრი აფეთქების თავიდან აცილებაში.

ყველაზე მთავარი მომენტი, როლის გულისთვისაც შევიკრიბეთ, არის სამხედრო-პოლიტიკური საკითხის გადაჭრა. სამწუხაროდ, საკითხი ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, თუმცა მე მაქვს პროექტი ჩვენი გადაწყვეტილებისა და „ცეცხლის შეწყვეტისა და გარდამავალი „გამაგრილებელი“ პერიოდის შესახებ“ და საქართველოს მხარის პროექტი, რომელსაც ეწოდება „რუსეთისა და საქართველოს სახელმწიფო დელეგაციების შეთანხმება აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტისა და შეიარაღებული დაპირისპირების მშვიდობიანი მოწესრიგებისათვის გარდამავალი პერიოდის დაწყების შესახებ“. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს შეთანხმება მიუღებელია ჩვენთვის, რადგან აქ ძირითადად მთელი ვალდებულებანი ეკისრება რუსეთის მხარეს. საქართველოს მხარე თვითონ პრაქტიკულად არაფერს კისრულობს, ხოლო მესამე მხარეზე - აფხაზთა მხარეზე საერთოდ არაფერი არ არის ნათქვამი.

ჩვენ გადავწყვიტეთ ამ საკითხებზე მუშაობისათვის დავტოვოთ ჩვენი საექსპერტო ჯგუფები და ვიმედოვნებთ, რომ საღამოს ორი დოკუმენტისაგან იშვება ერთი დოკუმენტი, რომელიც მისაღები იქნება რუსეთისთვისაც და საქართველოსთვისაც.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალები და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირი ფიგურირებს ორივე პროექტში, და საქართველოს მხარე მათ პირველ საკითხადაც კი აყენებს. ეს არის „ცეცხლის“ შეწყვეტა კონფლიქტის ზონის მთელ ტერიტორიაზე, ძალის გამოუყენებლობა, საქმიანობის განახლება კონტროლისა და ინსპექციის კომისიის გაახლებული, გაძლიერებული შემადგენლობით, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და მიღება. გთავაზობთ სამუშაოდ მოვიწვიოთ გაეროს და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის მეთვალყურენი“.

ეს საკითხი ჩვენთანაც ისმება.

საკითხის გადაჭრაში აფხაზეთის მხარის ჩაბმა ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის, რადგან ჩვენი მოლაპარაკება ორმხრივია, საქართველოსა და რუსეთს შორის, მაგრამ აი შემდგომში, თუ ჩვენი მუშაობის შემდეგ გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრა რუსეთისა და საქართველოს სახელმწიფოთა ხელმძღვანელებს შორის, ჩვენ შევთავაზებთ ამ დასკვნითს შემაჯამებელ მოლაპარაკების პროცესში ჩაებას აფხაზთა ხელმძღვანელობა.

„უშიშროების ზოლი“ სამხედროთა თვალსაზრისით სავსებით რეალურია, ხოლო პოლიტიკოსთა თვალსაზრისით - ორივე მხარეს აქვს თავისი ინტერესები და ძნელად თანხმდებიან ჩვენს წინადადებებს „უშიშროების ზონის“ კოორდინატების განსაზღვრისა და ჯარების გაყვანის შესახებ.

მინდა გაცნობოთ, რომ მივიღე ოფიციალური მიწვევა ბატონ ედუარდ შევარდნაძესთან შესახვედრად. მე უნდა მოვეთათბირო პრეზიდენტ ბორის ელცინს. მაგრამ საქართველოს მხარეს ვაცნობე, რომ თუ არ გადაწყდა ძირითადი - სამხედრო-პოლიტიკური საკითხი, ეტყობა, ამ ეტაპზე საჭირო არ არის შევხვდე ბატონ შევარდნაძეს.

თუ მოლაპარაკების შედეგების მიხედვით არ შეიქმნება ერთიანი დოკუმენტი, ჩვენ აღვნიშნავთ, რომ არის მოლაპარაკების განგრძობის საჭიროება.

თენგიზ სიგუა, საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, მოლაპარაკებაზე სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელი:

ჩვენი საბოლოო წინადადებანი სამხედრო ურთიერთობის შესახებ გადავეცით რუსეთის მხარეს. რუსეთის და საქართველოს მხარეების წინადადებათა მრავალი პუნქტი ერთმანეთს ემთხვევა, მთავარია, ჩვენ შევთანხმდით, რომ ეშერიდან გაყვანილი იქნებიან რუსეთის ჯარების სამხედრო ფორმირებანი.

მაგრამ აქ არის კიდევ მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ბოლომდე შეთანხმებული არ არის. ეშერაში რუსეთის სამხედრო ფორმირებების გაყვანის შემდეგ დარჩებიან მხოლოდ მეთვალყურენი. მეთვალყურეობას გასწევენ ინჟინრები სამხედრო-საინჟინრო მოწყობილობით.

მოლაპარაკებაზე დიდმნიშვნელოვანი საკითხია აგრეთვე ტყვარჩელის საკითხი. საქმე ის გახლავთ, რომ ქალაქი ტყვარჩელი ელექტროენერგიით მარაგდება ენგურჰესიდან, ხოლო ელექტრომომარაგების მართვა ხდება საქენერგოს ცენტრალური სადისპეტჩერო სადგურიდან, რომელიც თბილისში მდებარეობს. ქალაქი სოხუმი ელექტროენერგიით მარაგდება სოხუმჰესიდან, რომელიც მდებარეობს ქალაქის ჩრდილოეთით. ჩვენ მოვილაპარაკეთ შეუფერხებლად მოვამარაგოთ ტყვარჩელი თბილისიდან, ხოლო სოხუმი - სოხუმჰესიდან. მაგრამ ეს პირობა არ სრულდება, რადგან აფხაზთა მხარეს ყოველდღიურად მწყობრიდან გამოჰყავს სოხუმჰესი და 100-ათასიანი მოსახლეობის ქალაქი, ყოველდღიურად რჩება უენერგიოდ, ხოლო რადგან ენერგია არ არის, არც წყალია, წარმოიდგინეთ, რომ საავადმყოფოები, სკოლები, სკოლამდელთა დაწესებულებანი უშუქოდ და უწყლოდ არიან. რაც შეეხება აფეთქებას ტყვარჩელში, არავითარი საშიშროება არ არის, თუ იქ სასწრაფოდ მივაწოდებთ ელექტროენერგიას. ამიტომ ჩვენ ვსვამთ პირობას: ნუ გამორთავთ სოხუმს და არ იქნება გამორთული ტყვარჩელი, მაგრამ? რუსეთის მხარე ცალმხრივად აყენებს საკითხს: რა ვუყოთ ტყვარჩელს? ჩვენ კი ვსვამთ კითხვას: რა ვუყოთ სოხუმს? მაგრამ რატომღაც რუსეთის მხარეს არ ანაღვლებს სოხუმის ბედი, მე შევთავაზე ჩაეწერათ: შეუფერხებლად უზრუნველვყოთ როგორც ტყვარჩელის, ისე სოხუმის ელექტროენერგიით მომარაგება. მინდა შევნიშნო, რომ ტყვარჩელში არ არსებობს არავითარი საშიშროება, მთელი სავენტილაციო სისტემა წესრიგშია. საჭიროა მხოლოდ ელექტროენერგიის მიწოდება და მეთანი გაქრება. დაფიქრდით, რა საფრთხე ემუქრება სოხუმს. უკვე თბილა, არ არის ელექტრობა, არ არის წყალი და არსებობს ეპიდემიის გაჩენის შესაძლებლობა. დაიღუპება უამრავი ხალხი. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი.

დავსვათ საკითხი ბომბორის აეროპორტის შესახებაც. ჩვენ მოვითხოვთ ამ აეროპორტში დაწესდეს სამეთვალყურეო კონტროლი საქართველოს მხრიდან და საერთაშორისო ორგანიზაციის, კერძოდ, გაეროსა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის მიერ. ეს საკითხი განიხილებოდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

გარდა ამისა, ჩვენ დავსვით ლაბორატორიისა და შახტების საკითხი. მათი მიტოვება არ შეიძლება, უნდა გადავცეთ საქართველოსა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიებს, რათა დროთა განმავლობაში აღვადგინოთ მათი საქმიანობა. ეს საკითხი სიტყვიერად უკვე შეთანხმებულია, მაგრამ ჯერჯერობით ოქმებში არ ასახულა.

პრობლემა ჯარების დაშორიშორების ზონაში იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შესრულდება შეთანხმების დანარჩენი პუნქტები. ჩვენ გვაშინებს ის ფაქტი, რომ სექტემბერში, როცა პირველი კომისია შეუდგა მუშაობას მოსკოვში 3 სექტემბრის ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მხოლოდ პირველ ორ კვირას: დაშორიშორებული იყვნენ საჯარისო ნაწილები მდინარე გუმისთის ხაზზე. მაგრამ 1 ოქტომბერს შეთანხმება დაირღვა და სამხედრო ფორმირებებს, რომლებიც მოვალენი იყვნენ ჩარეულიყვნენ ამ კონფლიქტში და არ დაეშვათ ბარბაროსული აქტი გაგრაში, პრაქტიკულად არაფერი არ უღონიათ. ამიტომ ჩვენ ვშიშობთ: ხელს მოვაწერთ შეთანხმებას და ყველაფერი დარჩება ქაღალდზე და არ შესრულდება. საჭიროა კონტროლი, სერიოზული კონტროლი. უნდა შევიმუშაოთ ისეთი მექანიზმი, რომელიც სავალდებულო წესით აიძულებს შერეულ სამხედრო ფორმირებებს ჩაებნენ მოქმედებაში როგორც კი ერთ-ერთი მხარე დაარღვევს შეთანხმების პირობებს.

გალინა ჩიქოვანი,
ვლადიმერ თავაძე,
არმაზ სანებლიძე.

რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 9 აპრილი. - № 74 (618). - 1,2 გვ.

124 დაგვიანებული რეპორტაჟები „ჟემჩუჟინიდან“ საქართველო-რუსეთის 6-9 აპრილის მოლაპარაკების კვალზე (1)

▲ზევით დაბრუნება


1. თეთრი ბაირაღები

6 აპრილს საქართველო-რუსეთის მოლაპარაკების პირველი პლენარული სხდომის შემდეგ ბატონი თენგიზ სიგუა ბლიც-ინტერვიუში მეტყვის - ასეთი „თეთრი მტრედის“ როლში პავლე გრაჩოვი ჯერ არ მინახავს.

მართლაც ასე იყო და ასეც ვუთხარი, როდესაც გრაჩოვთან პირისპირ აღმოვჩნდი პირველივე შესვენების პირველსავე წუთებზე. რუსეთის პირველმა სამხედრო პირმა, სოჭში დელეგაციის მეთაურმა „აბა რა გეგონას“ ტონში მიპასუხა:

თქვენ რა, ფიქრობდით, რომ მე ვიღაც აგრესორი ვარ?

- ვფიქრობდით!

დაძაბული პაუზა. აშკარად არ ესიამოვნა. არ ვიცი, არ მოელოდა ასეთ პასუხს, არ ვიცი, სხვაგვარად უნდა მეთქვა, ამიტომ მკვახედ:

ეს ალბათ საქართველოს ტელევიზიაა? - შეკითხვა უფრო დადასტურებაა, ჩანს, არ მოსდის „კარგი ამბები“ საქართველოს ტელევიზიის შესახებ მინისტრს, მაგრამ მე საქართველოს ტელევიზიიდან არ ვარ აკრედიტებული ამ მოლაპარაკებაზე და სანამ ვუპასუხებ, რომ არა, კოკა ყანდიაშვილი, „ვესტის“ კორესპონდენტი საქართველოში, ჩაერთვება:

- რუსეთის ტელევიზია, „ვესტი“.

- რაა? რუსეთის ტელევიზია, „ვესტი“ ასე ფიქრობს? - „გაუკვირდაო“ ის სიტყვა არ არის, რომელმაც მისი იმწამიერი ემოციების მთელი სპექტრისა და ხარისხის გამოხატვა შეძლოს.

უცებ ჩაქრა პავლე გრაჩოვი:

- ფიქრობს, რომ ასეთი ვარ? - Такоой? გააგრძელა ეს სიტყვა ნირწამხდარმა, მაგრამ მცირე იმედით, რომ კოკა გაუქარვებდა ეჭვს.

- იცით, ასე ვფიქრობთ, - უპასუხა ჩემმა ახალგაზრდა კოლეგამ.

- რაღა გავაგრძელო, როცა გასაგრძელებელი აღარაფერია.

პავლე გრაჩოვმა ჩაილაპარაკა, სტუმრები უნდა გავაცილო, ინტერვიუზე მერე შევთანხმდეთო, და გაგვეცალა.

... 5 წუთის შემდეგ იგი ტელეკამერის წინ იდგა და ესაუბრებოდა რუსლან ხაშიგს, გუდაუთის ტელესტუდიის ხელმძღვანელსა და „ნოვოსტის“ საკუთარ კორესპონდენტს.

***

მანამდე კი იყო პლენარული სხდომა, რომელზედაც სასიამოვნო სიურპრიზად წარმოჩნდა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის პავლე გრაჩოვის საქართველოსადმი ლოიალური დამოკიდებულება და საერთო პრობლემების გაგებისა და აუცილებელი გადაწყვეტისათვის მზადყოფნა.

ასეთმა კეთილგანწყობილმა პოზიციამ პირველი შეხვედრის დაძაბულობა თანდათან დააცხრო და დელეგაციათა ხელმძღვანელების შესავალი სიტყვების შემდეგ, შეიძლება ითქვას, თავისუფალი, ძალდაუტანებელი, ერთგვარად გულითადობის ატმოსფერო შექმნა. იყო, ცხადია, გარკვეული სიმწვავეც, მაგრამ იმასაც ურთიერთგაგების სურვილი აწესრიგებდა.

შტრიხები ამ საუბრის პორტრეტისათვის.

გრაჩოვის სიტყვაში გამოიკვეთა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოუგვარებლობა რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობის რეგულირებას შეუშლის ხელს. ეს იყო ანარეკლი რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს ცნობილი პოზიციისა, რომლის შედეგებს კატასტროფულად განვიცდით დღეს.

თავიდანვე ჩიხი? აფხაზეთის საკითხი უცებ ვერ გადაწყდება, მაშასადამე ისევ გაჭირვება?

თენგიზ სიგუას მომენტალური რეაქცია იყო, რომ ჩვენ მზად ვართ დღესვე გადავწყვიტოთ აფხაზეთის კონფლიქტი მშვიდობიანი გზით 1992 წლის 3 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე.

აქვე: საჭიროა იმ წინააღმდეგობის მოხსნა, რომელსაც რუსეთის არმიის ნაწილები ქმნიან კონფლიქტში თავიანთი მონაწილეობით.

გრაჩოვის პასუხი - საკმაოდ მოულოდნელი: უარი უნდა ვთქვათ ურთიერთ საყვედურებზე და ყველაფერი ვიღონოთ მოლაპარაკების ისე დასამთავრებლად, რომ მან ხელი შეუწყოს უმაღლეს დონეზე ჩვენი ორი ქვეყნის ხელმძღვანელთა შეხვედრის შედეგიანად ჩატარებას.

ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი თანახმაა, იმედს გამოთქვამს, რომ 6 აპრილი საქართველოსა და რუსეთის პოზიციების დამთხვევის თარიღად იქცევა.

სწორედ ამ დროს იტყვის გრაჩოვი, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილია, რომ რუსეთს არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს სხვა მოსაზრება საქართველოს ტერიტორიის მთლიანობის აღიარებისა და არსებული საზღვრების ხელშეუხებლობის გარდა.

- არაერთხელ გამაკრიტიკეს ჩემი მკაცრი გამონათქვამების გამო, - ამბობს პავლე გრაჩოვი ისე, თითქოს იბოდიშებს (უფრო ფაქტის კონსტატაციაა) და წინადადებას წამოაყენებს, რომ მოლაპრაკების მსვლელობის პერიოდში შეწყდეს ცეცხლი გუმისთაზეც, ოჩამჩირეშიც.

თენგიზ კიტოვანი: - ჩვენ მივეცით ასეთი მითითება ჩვენს ნაწილებს.

პავლე გრაჩოვი - როგორც ჩვენ ვიტყვით, ისე იქნება.

არ ვიცი, ეგებ მომეჩვენა, მაგრამ ეს რეპლიკა ისე გავიგე, როგორც გასაგები იყო - გრაჩოვი გასცემს ბრძანებას და სროლა ჩვენი მოწინააღმდეგის მხრიდან შეწყდება? ვინ გვესვრის? ის, ვინც უშუალოდ მას ემორჩილება? მაშინ, გამოდის, რომ რუსეთის ჯარის ნაწილები ომობენ ჩვენს წინააღმდეგ? აფხაზები? მაშინ, გამოდის, რომ აფხაზი სეპარატისტები რუსი გენერლების ხელმძღვანელობით იბრძვიან.

საინტერესო სიტუაციაა. ეგებ, აქ ღირდა წერტილის დასმა, დაფიქსირება ამ უნებური აღიარების, ამ „კოზირების“, სხვა თემაზე საუბრის გადატანა? მით უფრო, რომ ამას წინ უძღოდა მინისტრის განცხადება: - ჩვენი ჯარის ნაწილებს ნაბრძანები აქვთ არ ჩაერთონ კონფლიქტში და, რამდენადაც ვიცი (მიაქციეთ ყურადღება - „რამდენადაც ვიცი“ და არა კატეგორიული უარყოფა - არ ერევიან), ისინი ზუსტად ასრულებენ ამ ბრძანებას.

აქვე იმის თქმაც აუცილებელია, რომ არც თენგიზ სიგუა, არც ჯაბა იოსელიანი გრაჩოვის ამ „რბილ“ განცხადებას არ დაეთანხმნენ და განაცხადეს, რომ ჩვენს მხარეს ხელთ აქვს ფაქტები, რომლებიც სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს.

აი, ამ ფონზე წამოსცდა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს

- ვუბრძანებო.

არშემჩნევა და დაფიქსირება ჯობდა ამ მომენტის, თუ პირიქით - სწორედაც აქცენტირება, გამოკვეთა, გამოჩენა შავის და თეთრის?

არ ვიცი.

მაგრამ გრაჩოვი მიხვდა, რომ ვერ მოზომა და ამიტომ თენგიზ კიტოვანის თითქოს უმნიშვნელო რეპლიკას - ჩვენს მხარეს მე ვუბრძანებ, სხვებს - თქვენო, სასწარფოდ, ნახევრად ხუმრობით შეაგება:

- ავანტიურული პასუხისაკენ ნუ მიბიძგებ, ისე გამოგყავს, თითქოს აფხაზები ჩემი ბრძანებით მოქმედებენ.

ჯაბა იოსელიანი: - კეთილი, რუსეთის ჯარებს თქვენ უბრძანებთ, მაგრამ აფხაზებს ვინ მიუთითებს?

გრაჩოვი კითხვას ფაქტობრივად არ უპასუხებს და ამბობს, რომ მისი ბრძანებით რუსეთის ჯარები არ უპასუხებენ, თუ ჩვენები ლაბორატორიას ესვრიან. იმ მომენტში მზად არ აღმოჩნდა პასუხისათვის.

ბატონი ჯაბა ისევ ეკითხება: - ჩვენს მიერ სროლის შეწყვეტით შეიძლება ისარგებლოს აფხაზეთის მხარემ ისევე, როგორც გაგრაში მოხდა, როდესაც 200 მხედრიონელი ასეთივე შეთანხმების შედეგად გამოვიდა ამ ქალაქიდან და მერე ყველამ იცის, რა ტრაგედიაც იქ დატრიალდა.

გრაჩოვმა იპოვა პასუხი: - მე დავუკავშირდები არძინბას და წინადადებას მივცემ შეწყვიტოს საომარი მოქმედება. მგონია, რომ შევძლებთ აფხაზეთის მხარის დარწმუნებას, თუ თქვენითანხმობაც იქნება.

- ვთქვათ, როგორც თქვენ ამბობთ, დაგვყაბულდნენ აფხაზები, მაშინ ვინ მოგვცემს გარანტიას, რომ არ ისარგებლებენ ამ მდგომარეობით და არ გამოიყენებენ მას სამხედრო ნაწილების გადასაადგილებლად? ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება, როდესაც იდენტური სიტუაცია ჩრდილოეთიდან შეიარაღებული ბანდების შემოყვანისთვის გამოიყენეს, ეს ისევ ჯაბა იოსელიანია.

- გრაჩოვს კვლავ არა აქვს მზად პასუხი და დელეგაციის ერთ-ერთი წევრი იტყვის, ეს საკითხი სამუშაო პირობებში განვიხილოთო.

- ცეცხლის შეწყვეტის საკითხი გადაწყდა: შეთანხმდნენ, რომ არ უპასუხებენ შესაძლო პროვოკაციებს, ვისი მხრიდანაც უნდა იყოს.

- თენგიზ კალისტრატოვიჩ, - მიმართა თენგიზ კიტოვანს პავლე გრაჩოვმა, - დიდი ხანია გიცნობ და ამიტომ მოგმართავ შენობით. პირდაპირ გეტყვი, თუ ამის შემდეგ მაინც დაბომბავ ჩვენს სამხედრო ლაბორატორიას ეშერაში ან ჩვენს სპეციალურ ბატალიონს, ჩვენ არ გიპასუხებთ.

- ასეთი რამ არ მოხდება, თქვა თენგიზ კიტოვანმა.

- პ. გრაჩოვი: - გულდასაწყვეტია, რომ ყველაფერი, რაც გვაკავშირებდა, დავშალეთ, დავარღვიეთ. ხალხი ამისთვის პასუხს მოგვთხოვს.

თ. სიგუა: - მართლია, მოგვკითხავს ხალხი შეცდომებისათვის.

აქ ბატონი გრაჩოვი ცნობილი არგუმენტით (ჯარების დასავლეთ ჯგუფში რომ ჩავდივარ ინსპექტირებისათვის, ხომ არ ვაფრთხილებ ბატონ კოლს და ნებართვას არ ვითხოვ მისგან?), მაგრამ უფრო მობოდიშებით უბრუნდება აფხაზეთში (გუდაუთაში) და აჭარაში თავის ამასწინანდელ ვიზიტს. ამბობს, რომ უაღრესი პატივისცემითაა გამსჭვალული ბატონ ედუარდ შევარდნაძისადმი, აღიარებს, რომ ამ რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში, ეგებ, მართლაც საჭირო იყო მასთან შემეთანხმებინა საქართველოში ჩემი ჩამოსვლაო.

ჯაბა იოსელიანმა უთხრა, რომ ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ სთხოვა მას გადაეცა ბატონ პავლე გრაჩოვისთვის თბილისში ჩამოსვლის მოპატიჟება.

პ. გრაჩოვი: - თუ იქნება ოფიციალური მოწვევა, რატომაც არ ჩამოვალ!

ჯ. იოსელიანი: - ჩათვალეთ ეს ჩემი სიტყვები ოფიციალურ მოწვევად.

თ. სიგუა: - ვიმუშაოთ ისე, რომ ვადამდე დავამთავროთ ეს ჩვენი შეხვედრა და ერთად ჩავიდეთ თბილისში.

გრაჩოვი ეთანხმება.

ჯ. იოსელიანი: - დელეგაციების შემეადგენლობა ისეთი დონის და ისეთი წარმომადგენლობითია, რომ ურთიერთგაგების და კეთილი ნების პირობებში სავსებით შესაძლებელია ყველა საკითხის ოპერატიულად გადაწყვეტა.

პ. გრაჩოვი : - ჩვენ მართლაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყნების ხელმძღვანელებს მივცეთ საშუალება საქართველოსა და რუსეთისათვის სასარგებლო და სასურველი შედეგებით დაამთავრონ უმაღლესი დონის შეხვედრა.

ჯ. იოსელიანი: - მიმაჩნია, რომ ბრძნული გადაწყვეტილებაა თქვენი ამ დელეგაციის ხელმძღვანელად დანიშვნა: ვისი წინადადებით იყო?

ბორის პასტუხოვი: - კომპლიმენტისთვის მადლობა უნდა გითხრათ, ჩვენი პრეზიდენტის სახელით.

პ. გრაჩოვი: - დიახ, პრეზიდენტის წინადადება იყო. ალბათ იმიტომ (აგრძელებს ხუმრობის კილოთი), რომ თქვენები ყველაზე მეტად მაკრიტიკებდნენ. მეც სწორედ ამიტომ შევთავაზე ჩემი კანდიდატურა. მან გადაწყვიტა.

თ. კიტოვანი: - მით უფრო, რომ მე და თქვენ ბრიუსელში ასე მოვილაპარაკეთ.

პ. გრაჩოვი: - ჩვენი პირადი კარგი ურთიერთობა ასეთსავე საზოგადოებრივ დამოკიდებულებად უნდა ვაქციოთ, ახლა ესაა მთავარი.

ბატონი თენგიზ სიგუა იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკება ასეთი განწყობილების ფონზე კონსტრუქციულად წარიმართება.

***

იმედიანად დაიწყო პირველი სამუშაო დღე სოჭში, სასტუმრო „ჟემჩუჟინაში“.

თეთრი სუფრები, თეთრი ბაიარაღებივით ეფინა სხდომათა დარბაზში „კარედ“ მოწყობილ მაგიდებს.

ასე ჩანდა დამსწრესათვის.

მონაწილისათვის?

ბატონ თენგიზ კიტოვანთან პირად კარგ დამოკიდებულებას რამდენჯერმე გაუსვა ხაზი რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

- ბატონო თენგიზ, ირკვევა, რომ ბრიუსელში ყოფნისას თქვენ შეგითავაზებიათ გრაჩოვისათვის რუსეთს დელეგაციის მეთურობა, როგორ იყო ეს?

- ჩვეულებრივი შეხვედრის დროს. თავისთავად ჩამოვარდა საუბარი იმაზე, რომ ბოლოს და ბოლოს აფხაზეთის ომი უნდა დამთავრდეს და მაშინ ყველა დანარჩენი საკითხიც მოწესრიგდება. მთელი სამხედრო ძალა კი, მოგეხსენებათ, გრაჩოვის ხელშია. სამხედრო ძალა იბრძვის და ომის შეწყვეტა-არშეწყვეტის საქმეში მან უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა. ბრიუსელში სხვა პრობლემებზეც ვისაუბრეთ. ხომ გაიგონეთ, როგორ ლაპარაკობდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ადრე რას ამბობდა, ისიც გეხსომებათ. რუსეთის დელეგაცის ახლანდელი პოზიცია - საქართველოს საზღვრების ხელშეუხებლობა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ასე შემდეგ - დღეს უკვე დაფიქსირებულია... ყველაფერი ეს სხვისგან უფრო კარგი მოსასმენია.

- ეტყობა, შედეგიანად გიმუშავიათ, რადგან ის, რასაც აქამდე ამბობდა და ის, რაც დღეს თქვა, სხვადასხვა კაცის ნათქვამს უფრო გავს.

კიტოვანი იცინის:

- იცით, რა, ისიც არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ საკმაოდ არასწორი ინფორმაცია მიჰქონდათ მასთან, ჩვენთანაც, სამწუხაროდ, ასე ხდება. ამხელა ქვეყნის - რუსეთის გაკონტროლება ძალიანძნელია. და ნუ გამოვრიცხავთ ადამიანურ ფაქტორსაც, პიროვნულ გაღიზიანებას. შეიძლება ესეც იყოს.

- აფხაზეთიდან რუსეთის ჯარის აღმოსავლეთ საქართველოში, ვაზიანში გადმოყვანის შესახებ წინადადებაზე უფრო სრული ინფორმაცია თუ შეიძლება? ეს საკითხი პარლამენტშიც დაისვა.

- არ უნდა ყოფილიყო ჯერ ამის შესახებ ლაპარაკი პარლამენტში. აქ სხვაც ბევრი აქვთ სალაპარაკოც და გასაკეთებელიც - რამდენი კანონია მისაღები! სამხედრო საქმეზე ქვეყნის გასაგონად ლაპარაკი დემოკრატიას კი არ ნიშნავს, არამედ იმას, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ უნდა ქვეყნის მართვა, საჯაროდ რა უნდა განვიხილოთ, და რა - არა! ეს უპირველეს ყოვლისა სამხედრო საკითხებს ეხება.

***

მოლაპარაკების პირველი პლენარული სხდომა ერთგვარი მოსინჯვაა პოზიციების, განწყობილების, დიპლომატების ენაზე ამას „მორგება“ ჰქვია.

ეს „მორგება“ თითქოს სრულია, ანუ (უფრო ფრთხილად) იმედის საფუძველი შეიძლება იყოს. ასე ფიქრობს ჩვენი დელეგაციის მეთაური თენგიზ სიგუა?

- მეც ასეთი შთაბეჭდილება მაქვს. დღეს საკმაოდ ლოიალურად წარიმართა პირველი პლენარული სხდომა. მთავარია, შევთანხმდით დღის წესრიგზე, რადგან იყო საშიშროება, რომ რუსეთის დელეგაცია უარს იტყოდა სავაჭრო, ეკონომიკურ, საბანკო, საფინანსო შეთანხმებებზე. მაგრამ ჩვენი წინადადებით ეს საკითხი მესამე პუნქტად შეიტანეს და ხვალ სემინარულ სხდომაზე სპეციალურ სექციაში ამ პრობლემებზე იქნება მსჯელობა. მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა. თუ გახსოვთ, 1992 წლის 25 სექტემბერს რუსეთის პარლამენტმა მიიღო დადგენილება აფხაზეთის საკითხის გადაჭრამდე საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. რუსეთის დელეგაციას შევთავაზე ივალდებულოს და უახლოეს პერიოდში თავისი პარლამენტის წინაშე დააყენოს საკითხი ამ ვეტოს გაუქმებაზე. ჩემი წინადადება მიიღეს.

დღეს, როგორც ნახეთ, პირველ საკითხად ჩვენმა დელეგაციმ აფხაზეთიდან რუსეთის არმიის ნაწილების გამოყვანა დააყენა. ხვალ ჩვენი სამხედრო ექსპერტები რუს კოლეგებთან ერთად ამ პრობლემებზე იმუშავებენ, უპირველეს ყოვლისა, ქვემო ეშერიდან სამხედრო დანაყოფის გამოყვანაზე.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანი აქცია გამხორციელდა დღეს, როდესაც შევთანხმდით, რომ მოლაპარაკების დღეებში შეწყდება საომარი მოქმედება აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე.

- ღმერთმა ქნას, მერეც ასე გაგრძელდეს.

- თუ ასე გაგრძელდა, ეს იმ მიზანთან დაახლოება იქნება, რომლისთვისაც ჩვენ ყველა ვიბრძვით.

- გრაჩოვის პოზიციის რადიკალური შეცვლა რისი შედეგი უნდა იყოს, ბატონო თენგიზ? მაინც რომელი გრაჩოვია ნამდვილი - ის, რომელიც ადრე დაუფარავად ლაპარაკობდა რუსეთის სტრატეგიული ინტერესების უპირატესობაზე, თუ ის, რომელიც დღეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის შინაურ საქმეებში ჩაურევლობაზე ლაპარაკობს? იქნებ აქ გამომგზავრებამდე რუსეთის პრეზიდენტთან მისი საუბრის შედეგია ამჟამინდელი პოზიცია?

- ძნელია დაბეჯითებით რაიმეს თქმა, მაგრამ ასეთი „თეთრი მტრედის“ როლში მე პირველად ვხედავ გენერალ გრაჩოვს. თქვენც დარწმუნდით, ალბათ, რა ლოიალურად იყო ჩვენდამი განწყობილი, ყველა ჩვენი წინადადება მიიღო, ადრე კი გაგონებაც არ სურდა.

***

„ჟემჩუჟინაში“, ორიოდე წლის წინათ ქართველებისათვის ამ ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროში ისევ ქართველებისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხი წყდება, საკითხი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა, რომელიც ორივე მხარის მაქსიმალისტების (და ასე შემდეგ) მცდელობით ნორმალური სახელმწიფოებრივი ურთიერთობის სიბრტყიდან ვინ-ვის მოერევას ორბიტაზე აიტყორცნა.

ახლა ისევ ციდან მიწაზე ჩამოსვლა გახდა საჭირო.

არმაზ სანებლიძე.
სოჭი-თბილისი.

დაგვიანებული რეპორტაჟები „ჟემჩუჟინიდან“. თეთრი ბაირაღები / სანებლიძე ა. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 13 აპრილი. - № 75 (619). - 1,2 გვ.

125 დაგვიანებული რეპორტაჟები „ჟემჩუჟინიდან“ საქართველო-რუსეთის 6-9 აპრილის მოლაპარაკების კვალზე (2)

▲ზევით დაბრუნება


2. შავი ნაჭრიდან ამოჩრილი ძაფები

7 აპრილი. ათს წუთები აკლია. ჩვენი დელეგაცია ერთი ფეხის ნაბიჯით უსწრებს რუსეთისას. პავლე გრაჩოვი თავს იმართლებს: ჩემთვის ძნელიაო ცივი მოსკოვის შემდეგ სწრაფი აკლიმატიზაცია.

თენგიზ კიტოვანი თითქოს იმედიანად მოდის.

- როგორ ხასიათზე ხართ ბატონო თენგიზ?

- რომ გითხრათ კარგიო, ეგებ სულ მართალი არ იყოს. წუხელ აფხაზთა მხარემ ორჯერ დაარღვია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

- მსხვერპლი...?

- მსხვერპლი არ არის.

პირველი ბზარი? მაგრამ ვინც იცნობს აფზახეთის ფრონტის გაფანტულობას, ძალიან გაძნელებულ კავშირს, ზოგჯერ ხმის მიუწვდომლობასაც, წინა ხაზზე ზოგიერთთა თვითშემოქმედებას, პროვოკაციებისათვის ამოუწურავ შესაძლებლობას, იმისთვის მაინცდამაინც მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო კიტოვანის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და საერთო განწყობილებაზე დამთრგუნველად არ უნდა ემოქმედა.

***

სხდომის დაწყებამდე ბატონი ჯაბა იოსელიანი კონფერენცდარბაზის ჰოლში მარტო დგას:

- ორი სხვადასხვა ნიღბით წარმოსდგა რუსეთის თავდაცვის მინისტრი - გუშინდლამდე და გუშინ, ერთმანეთის გამომრიცხავი ნიღბებით - აგრესორის და მშვიდობისმოყვარის, თქვენ, როგორც ნიღბების ისტორიის სპეციალისტი, როგორ ფიქრობთ, რომელია ნამდვილი, რომელი - მორგებული?

- ნამდვილი და ადამიანური ისაა, რომელიც სიმართლესთან უფრო ახლოსაა. რომ იტყვი, თვითმფრინავი ქართველებმა გადაღებეს და სოხუმს თვითონვე ბომბავენო, ეს ხომ სიცრუეა და ნიღაბიც ყალბია ამ დროს. აი, სიმართლეს რომ ამბობ ამ დროს, მაშინ ნაღდია. გუშინ გრაჩოვმა თითქმის არც დამალა, რომ რუსები ხელმძღვანელობენ აფხაზთა სამხედრო მოქმედებას, როდესაც თქვა, რომ იგი გასცემს განკარგულებას და ჩვენი მოწინააღმდეგე ცეცხლს შეწყვეტს. ამას მეორე ლოგიკური მხარეც აქვს: ესე იგი, შენ აძლევ სროლის ბრძანებასაც. მეტ-ნაკლებად გულახდილები არიან, მეტ-ნაკლებად.

- მაშ, ეს მეორე ნიღაბი უფრო ნამდვილია?

- რასაკვირველია.

- რამ იმოქმედა - ჩვენმა სიმართლემ, სიტუაციამ, თუ კიდევ სხვა რამემ?

- ყველაფერმა ერთად. ჩვენმა სიმართლემ, - პირველ რიგში. სიმართლე დიდი ძალაა, ცოტა დაგვიანებით მოდის ხოლმე, მაგრამ მაინც მოდის. აგრეთვე - მსოფლიოს საზოგადოებრივმა აზრმა, პრეზიდენტ კლინტონის გამოსვლამ, გერმანიის, სხვა წამყვანი ქვეყნების პოზიციამ, ჩვენმა წინააღმდეგობამ, სოხუმის დაბომბვაზე საზოგადოებრიობის რეაქციამ, ლაბრის ფაქტორმა... ყველაფერმა ამან დამანახა, რომ არც ისე იოლია სამხედრო გამარჯვება, რუსეთისთვისაც კი, არც ის ჩვენი პოზიციაა უგულველსაყოფი, როდესაც განვაცხადეთ, რომ მზად ვართ შევებრძოლოთ ამ სამხედრო ძალას, მართალია დავმარცხდით, მაგრამ, - იყო ნათქვამი, - რაღაც ავღანეთის მსგავსად გადავაქცევთ ჩვენს ქვეყანას. ყველაფერი ეს კი ნიშნავს, რომ ერთი ხელის მოსმით ვერ გადაწყდება აფხაზეთის ომის პრობლემა. ალბათ, სიქველემ იმარჯვა და შეიცვალეს პოზიცია.

- შედეგსაც იმ ახალი პოზიციის გამო უნდა ველოდოთ?

- რასაკვირველია. აი, აკი ვუთხარი - ვინც გააფუჭა ეს საქმე, ახლა მშვიდობაზე რომ ლაპარაკობს, ეს იმედის მომცემია-მეთქი. იმიტომ, რომ სწორედ მათ ხელშია პრაქტიკულად ყველა შესაძლებლობა. ახლა გამორიცხულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა თქვას - არ დამემორჩილნენო. დამმორჩილებელიც სამხედრო ძალაა, შემსრულებელიც იგია და პოლიტიკურ გადაწყვეტილებასაც თუ თვითონ მიიღებს, ეს ხო უფრო გარანტირებული გადაწყვეტილება იქნება, არა?

- რა თქმა უნდა.

- მართალია, ასპროცენტიანი გარანტია ძნელი წაროსადგენია, მაგრამ შეიძლება. ახლა ვეღარავის გადააბრალებს ვერავინ: პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების მიმღები ერთ პიროვნებაშია გაერთიანებული. ეს ისეთი გარანტიაა, რომელიც ადრე არ ყოფილა.

***

მოლაპარაკებას ჟურნალისტთა საკმაოდ წარმომადგენლობითი კორპუსი აშუქებს. ჩვენგან: გალინა ჩიქოვანი, ვლადიმერ გოლოვინი, ვანო შლამოვი (სამივენი „საქინფორმიდან“), საქართველოსა და რუსეთის ტელევიზიის გადამღები ჯგუფები კოკა ყანდიაშვილს ხელმძღვანელობით, იტარტასის, პოსტფაქტუმის, „ოსტანკინოს“ პროგრამების - „ნოვოსტი“, - „იტოგი“, „კომსომოლსკაია პრავდას“, ადგილობრივი ტელევიზიის, გაზეთების წარმომადგენლები, ჟურნალისტები აფხაზეთიდან, მათ შორის გუდაუთის ტელესტუდიის ხელმძღვანელი და „ოსტანკინოს“ კორესპონდენტი რუსლან ხაშიგი. ამ უკანასკნელს უმუშავია „საქინფორმში“, გაზეთში „აფსნი“, აფხაზეთის ტელევიზიაში. დაბადებულია 1959 წელს. თუ ყურადღება მიაქციეთ, თითქმის ყოველ საღამოს პროგრამა „ნოვოსტიშია“ მისი ინფორმაციები აფხაზეთიდან, რასაკვირველია, ისეთი, როგორიც გუდაუთის დაჯგუფებას სურს, იმ სიმართლით, რომლისაც მას სჯერა.

- რუსლან, იქნებ ჩვენც დავსხდეთ და ვისაუბროთ?

- სიამოვნებით, ახლავე.

ცარიელი მაგიდები, მადლობა ღმერთს, ბევრია. ვსხდებით. კოლოფიდან იღებს სიგარეტს, უკიდებს. იმდენად ღელავს, რომ ხელები უკანკალებს და არც ცდილობს დამალოს.

ცნობისთვის: პირველსავე დღეს მან ბატონ თენგიზ სიგუას ჩამოართვა ინტერვიუ და ახლა მიხსნის, რომ მხოლოდ ერთი ადგილი შეამოკლა ამ საუბრიდან, შეუთანხმა ბატონ თენგიზს და დანარჩენი სრულად გადასცა ეთერში.

ეს იყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის პირველი სრული, ჩამოყალიბებული გამოსვლა გუდაუთის ტელევიზიით.

ერთი საათი ვისაუბრეთ „შავი კატით“ მაგიდაზე, რასაკვირველია, მას თავისი შეხედულება, მეტიც, რწმენა აქვს, თავისი არგუმენტები, თავისი ტკივილი და თავისი დამოკიდებულება აფხაზეთის ომისადმი. მაგრამ ლაპარაკი შეიძლება დღეს და დღეის ამას იქით პოზიციიდან.

მეუბნება, რომ ომის დამთავრება ყველას სურს, დამღუპველია მისი გაგრძელება. ვეკითხები, თუ ასეა, არძინბა რატომ არიდებს თავს ამ პრობლემაზე მოლაპარაკებას?

იმიტომ, რომ არ ჰქონიაო ოფიციალური მოწვევა. ვეუბნები: ჯერ ერთი, ასე არ არის, მაგრამ, დავუშვათ, არც ჩვენებს შეუთავაზებიათ, თვითონ რატომ არ გამოიჩენს ინიციატივას? რა კონკრეტული ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით? ვერ გეტყვით, ჩიხში მოექცა-მეთქი, პასუხი აქვს, სხვაა - რამდენად ობიექტურია იგი.

რუსლან ხაშიგი აბსოლუტურად გამორიცხავს საქართველოს ექსპრეზიდენტის პოლიტიკური გავლენის შესაძლებლობას აფხაზთა შორის.

ეს ორი მომენტი ჩვენი საუბრიდან - განსჯისათვის. ისე კი რუსლამ ხაშიგი ცალკე თემაა, საინტერესო და ერთი შეხედვით დასკვნების გაკეთება, რასაკვირველია, არ შეიძლება ისევე, როგორც უარყოფა, ხელის აქნევა.

ერთ რამეზე შევთანხმდეთ: იგი შეეცდება დაარწმუნოს ბატონი არძინბა, რომ რამდენიმე ჟურნალისტს საშუალება მოგვცეს ჩავიდეთ გუდაუთაში მივლინებით.

დელეგაციათა ხელმძღვანელები კვლავ დახურულ კარს იქით, პირისპირ ხვდებიან ერთმანეთს. შემდეგ - შეხვედრა დელეგაციათა სრული შემადგენლობით. ჟურნალისტებისთვის ეს კარიც დახურულია.

მოლოდინში დრო საღეჭი რეზინივით იწელება.

სადილობისთვის განიხვნებიან კარნი. პავლე გრაჩოვიც გახსნილია:

- ჯერჯერობით, - თქვა მან, - საკითხები ისე არ წყდება, როგორც გვინდა: თუმცა ბატონ სიგუასთან პირისპირ საუბრის დროს ჩვენ მოვნიშნეთ ღონისძიებათა ის ჩონჩხი, რომელთა პრაქტიკულიგანხორციელება აფხაზეთში მდგომარეობის ერთგვარი სტაბილიზაციისთვისაა საჭირო.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენი კომისიები დაამუშავებენ საკითხს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე.

მეორე საკითხია ჯარების შესაძლო და სასურველი დაცილება თუნდაც რამდენიმე კილომეტრით. ისე არა, როგორც 25 სექტემბრის შეთანხმებაშია მითითებული, არამედ შევთავაზებდი თუნდაც - 3-3 კილომეტრით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებასდაზგის იარაღიდან სროლის დროსაც კი.

მესამე მომენტი: საქართველოს მხარე ეშერას ლაბორატორიას განიხილავს, როგორც ლოდს შებრკოლებისა ჩვენს სამხედრო ურთიერთობაში. მოვილაპარაკეთ, რომ სეისმური ლაბორატორია და მისი მიმდებარე ტერიტორია გამოვაცხადოთ შეუვალ ზონად, შემოვსაზღვროთ იგი შესაბამისი მანიშნებლებით და თუ საჭირო გახდა, დავნაღმოთ კიდეც.

აქ ჩვენ ცოტა დავცილდეთ ერთმანეთს. ისინი (ე.ი. ქართველები - ა.ს.) გვთავაზობენ გავიყვანოთ ჯარები, ჩვენ კი დაბეჯითებით მოვითხოვთ დავტოვოთ აქ ჩვენი ნაწილები.

შემდეგი მომენტი - რკინიგზის დაცვა. ადლერიდან იქით, ერევნისაკენ. აქაც მოსაზრებები არ დაემთხვა გზის სადარაჯო მონაკვეთების დაყოფის საკითხში. მათ სურთ დაუბრუნდნენ 1 ოქტომბრის მდგომარეობას.

ჩვენი ჯარების ავღანისტანში (აშკარაა, რომ წამოცდა, მაგრამ ასე თქვა, იქვე გაასწორა) ყოფნის სტატუსის შესახებ. ჩვენ აქ ცალსახად მოვილაპარაკეთ, რომ 95 წლამდე საერთოდ არ განვიხილოთ ეს საკითხი. რადგან ამ პერიოდამდე ჩვენი ჯარები საქართველოში დარჩება, მათ შორის აფხაზეთში. თუმცა ბატონმა იოსელიანმა ახლა განაცხადა, რომ სასურველია აქედან ჯარის გაყვანა. მაგრამ აფხაზეთი საქართველოს ძირითადი ნაწილია და ამიტომ ჩვენი ჯარები აქ დარჩება. 1995 წლის შემდეგ როგორ წარიმართება საქმე, დრო გვიჩვენებს.

ამ საკითხებს კიდევ დაამუშავებენ ჩვენი ექსპერტები და საბოლოო სახით წარვუდგენთ ჩვენი ქვეყნების მეთაურებს გადაწყვეტილების მისაღებად.

ალბათ განსაკუთრებული ხაზგასმა არ ჭირდება იმას, რომ პ. გრაჩოვის შეფასებებში უკვე გამოჩნდა საშიში სიმპტომები, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ჩიხში შესვლას, უფრო იმის მანიშნებელია, რომ მოლაპარაკება იოლი არ იქნება და რომ რუსეთის მხარე ძნელად დათმობს თავის ადრინდელ პოზიციებს. ბატონმა თენგიზ სიგუამ პირველი დღის შედეგების თაობაზე ჟურნალისტებთან საუბარი დაიწყო იმის განცხადებით, რომ ეშერის გეო-სეისმური ლაბორატორია ფაქტობრივად აღარ არსებობს, რადგან ყველაფერი, რაც ფასეული იყო, წაღებულია, რომ საქართველოს დელეგაციას სწორედ ასეთი ინფორმაცია გააჩნია დღეისათვის და თუ იგი სინამდვილეს შეეფერება, მაშინ იქ დასაცავიც არაფერი ყოფილა: რუსეთის ჯარისკაცების იქ ყოფნასაც არავითარი აზრი არა აქვს, გარდა პროვოკაციული მიზნისა, რომელიც უკვე საყოველთაოდ ცნობილია და აფხაზეთის ომში რუსეთის შეიარაღებული ძალის მონაწილეობის გასამართლებლად, სოხუმის დაბომბვის, როგორც შურისძიების აქტის, გასამართლებლად გამოიყენება ხოლმე. ამიტომ საქართველოს დელეგაცია დაჟინებით მოითხოვს ამ ტერიტორიიდან, ფაქტობრივად ფრონტის წინა ხაზიდან ჯარის გაყვანას.

- თითქოს მოვილაპარაკეთ, - განაგრძო მან, - რომ ეს საკითხი დადებითად უნდა გადაწყდეს. ჩვენი ექსპერტები კიდევ გააგრძელებენ ამ საკითხის დამუშავებას, და მისი გადაწყვეტით სოხუმის დაბომბვის მიზეზი მოიხსნება.

მეორე მთავარი საკითხი - ადლერის კვანძიდან სარკინიგზო მოძრაობის აღდგენა. დღეს და ხვალ ეს საკითხი განიხილება და, იმედი გვაქვს, რომ გადაწყდება გამომდინარე მისი უდიდესი მნიშვნელობიდან არა მარტო საქართველოსთვის, არამედ სომხეთისთვისაც.

შემდეგ, რუსეთის ჯარის სტატუსისა და საქართველოში ყოფნის ვადების შესახებ საკითხები თითქმის შეთანხმებულია. საბოლოო ვადა განსაზღვრულია 1995 წლის 31 დეკემბრით.

***

ალბათ შეამჩნიეთ, რომ დელეგაციის ხელმძღვანელების შეფასებებში არის მომენტები, რომლებიც ერთმანეთს ემთხვევა, არის წინააღმდეგობაც, მაგრამ ეშერის საკითხი შეიძლება მართლაც შეუთანხმებლობის ბზარში განხეთქილების სოლის ჩაჭედებასავით იყოს.

ამიტომ, ბუნებრივია, მისდამი განსაკუთრებული ინტერესი და სამხედრო სექციის მდუმარე წევრებთან სხვა თემებზე საუბრისას ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე თევზაობა ყოველი შემთხვევისთვის გადაგდებული ინფორმაციული ანკესით.

ღლავი არავის დაგვიჭერია, მაგრამ საკმაოდ საინტერესო მოსაზრებები, თუნდაც ასეთი, იყო:

რუსეთის მხარის წინადადება ქვემო ეშერის № 24 ლაბორატორიის ლოკალიზების თაობაზე მათ მიერ შემოთავაზებული საშუალებებით პრაქტიკულად შეუძლებელია. სამი კილომეტრისრადიუსით მიმდებარე ტერიტორიის დანაღმვა (რასაც ისინი გვთავაზობენ), ნიშნავს საავტობობილო მაგისტრალისა და რკინიგზის გადაჭრას. აფხაზეთი, საქართველოს ძირითადი სატრანსპორტო არტერიების გარეშე დარჩება. პრობლემას პრობლემა დაემატება.

ჩვენმა ექსპერტებმა 3-3 კილომეტრით დაპირისპირებული მხარეების დაცილებას მხარი არ დაუჭირეს. ეს წინადადება რომ მიეღოთ, მაშინ ქართველები კელასურამდე დაიხევდნენ, სოხუმს იქით.

ჩვენებმა შესთავაზეს, რომ დავიხევდით 800 მეტრით და დავიკავებდით პოზიციებს სოხუმის საზღვარზე. აფხაზებს ამ შემთხევაში კილომეტრნახევრით უნდა დაეწიათ, თავდაცვის მეორე პოზიციაზე. პირველზე ფაქტობრივად არც არიან. დაცილებაამ შემთხევაში საკმაოდ დიდი იქნება და ცეცხლის შეწყვეტაც - რეალური.

შემდეგ საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის ნაწილების გასვლის საკითხი. ეს ყველაზე მწვავე პრობლემაა.

გაგონებაც არ სურთ, რომ აფხაზეთში მყოფი ნაწილები დაუყოვნებლივ გავიდნენ იქიდან. მათი არგუმენტი - აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია, ხოლო სქართველოდან რუსეთის ჯარის ნაწილების გაყვანის ბოლო ვადა 1995 წლის 31 დეკემბრითაა განსაზღვრული.

მართლა ასეა?

ეს ნაწილები დნესტრისპირეთიდან შემოიყვანეს საქართველოში 1992 წლის აგვისტროში და მერეც, მათი დისლოკაციის ადგილი განჯაა, აზერბაიჯანი. თავისთავად ეს უკვე დარღვევაა ყველა საერთაშორისო ნორმის და დოკუმენტის, ფაქტობრივად ოკუპაციაა.

ამას გარდა, ისინი არ ემორჩილებიან ჯარების ამიერკავკასიის ჯგუფის სარდალს გენერალ რეუტს.

ჩვენებმა შესთავაზეს კომპრომისული წინადადება, რომელიც სწორედ ასეთ დამორჩილებას გულისხმობდა.

უარი მიიღეს.

რუსებს მიაჩნიათ, რომ არც უნდა დაემორჩილონ ეს ნაწილები რეუტს და ამით (მიაქციეთ ყურადღება) ხაზს უსვამენ მათს განსკუთრებულ დანიშნულებას, რომელსაც საერთო არაფერი აქვს საქართველოში მყოფ რუსეთის ჯარის ჯგუფის ამოცანებთან და დანიშნულებასთან. რა მისია აკისრიათ ასეთი? თუ მათი თავდაპირველი ამოცანა (რისთვისაც შემოვიდნენ) - რუსეთის კუთვნილი ობიექტების და რუსეთის მოქალაქეთა დაცვა იყო აფხაზეთში, ახლა ეს პრობლემა აღარ არსებობს. ჯარი კი ისევ იქაა. მაშასადამე, მისი დარჩენა სულ სხვა მიზეზებითაა განპირობებული.

თეთრი ძაფია შავ ნაჭერზე.

ასეთნაირად გალამბული საკითხები თანდათან თავს იჩენს - ჯერ კულუარებში, შემდეგ, - უფრო მწვავედ, პლენარულ სხდომაზე.

მაგრამ 7-ში ჯერ კიდევ მშვიდობა სუფევს „ჟემჩუჟინას“ დარბაზებში და „ოსტანკინოს“ კომენტატორი პირველ სამუშაო დღეს 22 საათის „ნოვოსტის“ გამოშვებაში საეტაპოს უწოდებს: გადაწყვიტეს 3-3 კილომეტრით დააცილონ ჯარები ერთმანეთს (?!).

კარგ ამბავშიც ტყუილი გამიგია?

ვინ გადასცა?

რუსი ჟურნალისტები ხელებს გაასავსავებენ მეორე დილით - ასეთ სისულელეს ჩვენ როგორ გადავცემდითო.

იყო ეს მორიგი ინფორმაციული დივერსია: თუ სადმე არის მესამე ძალა, ჟურნალისტიკის დიდი შენობის სახურავქვეშაა, ალბათ.

არმაზ სანებლიძე.
სოჭი-თბილისი.

დაგვიანებული რეპორტაჟები „ჟემჩუჟინიდან“. შავი ნაჭრიდან ამოჩრილი ძაფები / სანებლიძე ა. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 14 აპრილი. - № 76 (620). - 3 გვ.

126 დაგვიანებული რეპორტაჟები „ჟემჩუჟინიდან“ საქართველო-რუსეთის 6-9 აპრილის მოლაპარაკების კვალზე (3)

▲ზევით დაბრუნება


3. ვინ გადაქაჩა ბაგირი?

ძალიან ცუდ ხასიათზე გამოვიდა მოლაპარაკების დარბაზიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 8 აპრილის სხდომა ჯერ არც იყო დამთავრებული.

გამოვიდა და ჩასაფრებულ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკება ჩიხში მოექცა.

- ბატონო თენგიზ, რას მივაწეროთ ასეთი მოულოდნელი შემობრუნება?

რა მოხდა?

- მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეჭვები, რომლებიც მქონდა, თანდათან მართლდება.

- ეჭვები რის?

- იმის, რომ ეშერიდან არ გავიდოდნენ. ჩვენ არ ვიცით რაზე შეთანხმდნენ რუსეთის დელეგაციის წევრები ერთმანეთში, მაგრამ, რომ არ გადიან, ფაქტია. უამისოდ კი ყველაფერს აზრი ეკარგება. ომი გაგრძელდება, მაშასადამე, ვერ მოგვარდება პოლიტიკური საკითხები. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იქნება. ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული.

- ბატონო თენგიზ, ჩვენი დელეგაციის წევრებიდან გრაჩოვს ყველაზე ახლოს და უკეთ თქვენ იცნობთ. ყოველთვის ასეთი გაორებული პიროვნებაა, თუ ვინმე მართავს?

- გრაჩოვზე არაა ეს დამოკიდებული. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სამხედრო სექციის რუსულმა მხარემ. ამ დილით გაყვანაზე თანახმა იყვნენ, მაგრამ ამ საღამოს შეტრიალდნენ.

ისე, ძაფზე დაეკიდა საკითხი და ისიც მაშინ გაწყდება, თუ დელეგაციის ხელმძღვანელი - გრაჩოვი თავის ექსპერტებს დაეთანხმება, და კვლავ იტრიალებს სიკვდილის მანქანა აფხაზეთში.

მადლობა ღმერთს, რომ სასიამოვნო ამ ფონზე რაღაც მაინც ხდება - კოკა ყანდიაშვილს, ჩვენს კოლეგა ტელეჟურნალისტს თბილისიდან დაურეკეს, გოგო შეგეძინაო. კი უნდოდა ახლადგამომცხვარ მამას პირველი შვილი ბიჭი ყოლოდა, მაგრამ გოგოს დაბადება ხომ მშვიდობის ნიშანია, კოლეგა?

იქნებ ჯერ კიდევ არ ღირს საბრძოლო დროშების აღმართვა?

ჩვენი რუსი კოლეგები უკვე რეკავენ რედაქციებში: - მოლაპარაკება ჩიხში მოექცა!

მაგრამ, ალბათ, არაა ასე მარტივად აღსაქმელი ეს დიპლომატიური თამაში, რომელიც გამოცდილ პროფესიონალთა ხელში მაძღარი კატის მიერ თაგვის გაშვება-დაჭერასა ჰგავს. გაშვება-დაჭერა, თანხმობა - უარი: ძველი მეთოდია, პარტნიორის პოზიციის მოსარყევად გამიზნული. ასე შეგაჯანჯღარებენ და როდესაც საყრდენი გამოგეცლება, მაშინ იოლად დათანხმდები ნებისმიერ სიმყარეს. სადაც და როგორსაც შემოგთავაზებენ.

გავლენ - არ გავლენ, კარგია - ცუდია. ასეთია საერთო პოზიცია. მაგრამ კულუარებში სხვა მოსაზრებასაც გამოთქვამენ. რუსეთის ჯარის ნაწილების გასვლა აფხაზეთიდან ნიშნავს მესაზღვრეთა დაუყოვნებლივ წასვლასაც, საზღვრების გაშიშვლებას, ჩრდილოეთ კავკასიელთა აფხაზეთში შემოჭრას, ტერიტორიათა დაკარგვას, რომელთაც მერე ვეღარ დავიბრუნებთ.

საკმაოდ მკაცრი არგუმენტები აქვს ამ ვერსიასაც.

და არც რუსეთის დელეგაციის უკან მდგომი პოლიტიკური ძალების ისეთ მარტივ შემადგენლებად დაშლა, როგორიცაა პრეზიდენტი და პარლამენტი, დემოკრატები და წითელ-მიხაკისფერები, ნეობოლშევიკები, ამოწურავს პასუხს კითხვაზე - რატომ იყო სოჭში რუსეთის პოზიცია ასე ცვალებადი, უკიდურესობიდან უკიდურესობამდე - ამპლიტუდით?

დაპირისპირება რუსეთის პოლიტიკურ თეატრში ახლა გაცილებით მრავალწახნაგოვანია, რადგან პოლიტიკური ძალები თუ მიმართულებანი გამრავლდა საოცრად. ლაპარაკია სერიოზულ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებსაც გარკვეული გავლენა აქვთ პარლამენტში, მთავრობაში და გამოხატავენ პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური ელიტის თუ ფსევდოელიტის ინტერესებს რომლებიც პოლარულად უპირისპირდება უფრო ხშირად ერთმანეთს.

დღეს, ალბათ, არასერიოზულობა იქნება, იმისი მტკიცება, რომ ამ პოლიტიკურ სოდომს რუსეთში ვინმე არეგულირებს, ერთ მნიშვნელში უყრის თავს. რომელი ძალაც რომელ მომენტში იმძლავრებს, იგი ხდება მდგომარეობის გამგებელი. შემდეგ მეორე, და მიჯაყჯაყებს ტრადიციული პოლიტიკური ოთხთვალა ეთნოკონფლიქტების ნაღმებით აფეთქებულ გზაზე, და მოძრაობის მიმართულების მაჩვენებელ ისარს აწერია - წინ ძლევამოსილი დამარცხებისაკენ!

თქვენ კი გნებავთ სიდინჯე, გონიერება და მოზომილობა საქართველოსთან ურთიერთობაში?

აი, სქემატურად ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს კულუარებში სხდომათა შორის ლოდინის დროს ჟურნალისტთა და სხვათა ზოგიერთთა აზრის დინება.

სამწუხარო ის იყო, რომ ყველაფერი ეს დადასტურებას რეალურ ცხოვრებაში პოულობდა და არა ზოგადად, არა საერთოდ, არამედ იმ კონკრეტულ საქმეში, რომელიც „ჟემჩუჟინას“ კონფერენცდარბაზში სულ უფრო ემსგავსებოდა ბაგირის გადაქაჩვას.

ხალხი და მისი ინტერესები?

რომელი ხალხი, ბატონებო? რომელიც ისეა დაყოფილ-დაშლილი, გახლეჩილი და დაპირისპირებული, რომ თუ ვინმეს გაუჭირდა ამის გამო, უპირველესად, პოპულისტებს - ვისი სახელით ილაპარაკონ? რომელი ნაწილის?

***

დილით პავლე გრაჩოვმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ეშერის ლაბორატორიას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, რომ იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც პლაცდარმი ფართემასშტაბიანი სტრატეგიული შეტევისათვის და სწორედ ამიტომ არ დატოვენებ მისი ჯარის ნაწილები ამ ობიექტს.

რა თქმა უნდა, გამორიცხული იყო, რომ რუსეთის მხარე შეცვლიდა ამ პოზიციას. გამოსავალი კონტროლის ერთობლივ ფორმაში უნდა მოძებნილიყო და მთელი ღამე მუშაობდნენ ექსპერტები სამხედრო სექციასა თუ კომისიაში კონსენსუსის გამოსამუშავებლად.

ბოლოსწინა პლენარულ სხდომაზე მდგომარეობა ისე დაიძაბა, დაპირისპირება და არდათმობა ისე ავიდა აპოგეამდე, რომ უკვე ეჭვი არავის ეპარებოდა - ჩიხიდან ერთადერთი გამოსავალი ამ თავყრილობის მიტოვება იქნებოდა. საკითხავი ის იყო, ვინ უფრო ადრე გააკეთებდა ამას და ვინ უფრო ხმამაღლა გაიჯახუნებდა კარს.

ამ დროს ბატონმა ჯაბა იოსელიანმა ერთადერთი წინადადება თქვა - ჩვენ აქ ერთმანეთისთვის საყვედურების სათქმელად შევიკრიბეთ, თუ მდგომარეობიდან გამოსავლის საპოვნელად?

გრაჩოვმა პირველმა აიტაცა ეს წინადადება, შემდეგ პასტუხოვმა ციტატად გამოიყენა და ისევ დაცხრა სიტუაცია შესვენებამდე, 15 საათამდე: ან ახლა, ან არავინ იცის, როდის.

ორივე მხარის ექსპერტები ისევ ჩაიკეტნენ მოსალაპარაკებლად. (მერე, გზაში გვეტყვიან ისინი, ვინც მათ ბოლო შეკრებაში მონაწილეობდა, რომ საოცარი უნარი ურთულესი მოლაპარაკების წარმართვის, თანაც პრინციპულად, მყარი პოზიციებიდან, გამოავლინა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ უკლებამ, და ის დოკუმენტი, რომელსაც საბოლოოდ მოაწერეს ხელი, მნიშვნელოვანწილად მისი შეუპოვრობის შედეგია.

ისევ დაძაბული ლოდინი და, თითქოს პრობლემები გვაკლდა, სოჭის პრესმდივანმა (ჰქონიათ ასეთი თანამდებობა) იგორ სიზოვმა ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნიკოლოზ კარპოვის განცხადება წაგვიკითხა:

„უკანასკნელ დროს მე ფრიად მაკვირვებს როგორც საქართველოს, ისე აფხაზეთის სამთავრობო წრეების პოზიცია. სხვადასხვა შეხვედრებზე ისინი მზად არიან განიხილონ უამრავი საკითხი. ზოგჯერ ძალიან მეორეხარისხოვანიც. ამავე დროს არავის ახსენდება აფხაზეთიდან იმ 60 ათასი ლტოლვილის ბედი, რომელთაც დროებითი თავშესაფარი ჰპოვეს რუსეთში, უმთავრესად სოჭში.

განა შეიძლება დიდი პოლიტიკის გაკეთებისას კონკრეტული ადამიანების დავიწყება? ისე რომ, შემდგომი შეხვედრის დაგეგმვისას, ჩემი აზრით ეს საკითხი აუცილებლად უნდა ჩართონ დღის წესრიგში.

მოგვწონს თუ არა, ფაქტი, როგორც ამბობენ, სახეზეა.

***

ბოლო სხდომის დაწყების წინ თენგიზ კიტოვანი პავლე გრაჩოვთან მივიდა.

პ. გრაჩოვი - მოდი ხელთათმანები ჩავიცვათ და ვინც გაიმარჯვებს, იმას დაუთმოს დამარცხებულმა.

თ. კიტოვანი: - მკლავი გადავუწიოთ ერთმანეთს, ასე აჯობებს.

პ. გრაჩოვი - (ხელს ავლებს მკლავზე): - ნახე რა მკლავები აქვს. შენ, ძმაო, იბრძვი, მე რამდენი ხანია არ მიომია. რა თქმა უნდა, მომიგებ.

თ. კიტოვანი: - მაშინ მოვილაპარაკოთ...

***

ბოლოს და ბოლოს მოლაპარაკების ოქმს ხელი მოაწერეს და იქვე პირველი ინტერვიუ ბატონ თენგიზ სიგუასთან.

- ბატონო თენგიზ, კმაყოფილების გრძნობა თუ გაქვთ?

- სრული კმაყოფილების გრძნობა, ცხადია, არ გვაქვს, მაგრამ ამ ოქმის ხელმოწერა მაინც აუცილებელი იყო.

ამ დოკუმენტში პირველად არის გამჟღავნებული ყველა ჩვენი მისწრაფება. რუსეთის დელეგაციას ფაქტობრივად დავუსაბუთეთ, რომ რუსეთის ის სამხედრო ნაწილები, რომლებიც გუდაუთაში იმყოფება, არაკანონიერია და პირველად დაისვა საკითხი რუსეთის ყველა სამხედრო ფორმირების აფხაზეთიდან გაყვანის თაობაზე.

რუსეთის დელეგაციამ განაცხადა, რომ ეს მათს კომპეტენციას აღემატება, მაგრამ ისინი მზად არიან მოამზადონ ეს საკითხი უმაღლეს დონეზე შეხვედრისათვის.

საბოლოოდ შეუთანხმებელი დარჩა ეშერიდან რუსეთის სამხედრო ფორმირებების გაყვანის საკითხი. ჩვენ პრინციპულად მოვითხოვთ მათს გაყვანას. რუსეთის მხარე გვთავაზობს, რომ შეიქმნას შერეული ნაწილები, ჩვენი კონტინგენტიც იქნება მათ შორის წარმოდგენილი, რათა დაიცვან ლაბორატორიის ტერიტორია. ჩვენ ამ კომპრომისულ წინადადებას დავეთანხმეთ, რადგან ეს უკეთესია, ვიდრე არაფერი.

მოვლენები ისე განვითარდა, რომ პირველ დღეს დათანხმდნენ თავიანთი კონტინგენტის გამოყვანას. მერე სიტუაცია შეიცვალა. სხვა ძალები ჩაერივნენ, უარი განაცხადეს, და შუალედური წინადადება არის მიღებული: ეშერაში დააყენებენ საინჟინრო მოწყობილობას და ამასთან ერთად მას შერეული კონტინგენტი დაიცავს.

მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ოქმში გაჩნდა ჩანაწერი, რომ საქართველოს საზღვრებს რუსეთთან - საზღვაოს და სახმელეთოს - დაიცავს საქართველოს სასაზღვრო ნაწილები. ამ შეთანხმების მისაღწევად საკმაოდ დიდი წინააღმდეგობის დაძლევა მოგვიხდა, მაგრამ საბოლოოდ ასე დაფიქსირდა.

სავაჭრო ეკონომიკურ შეთანხმებას რაც შეეხება, უნდა გითხრათ, რომ კარგი შედეგებია მიღწეული. მაგრამ ისინიც მიბმულია ამ სამხედრო საკითხებთან. ისიც უნდა ითქვას, რომ მათ შორის ბევრია ისეთი, რომლებიც ხვალ-ზეგ შეიძლება ამოქმედდეს: ჩვენს ქარხნებს, ეკონომიკურ, იურიდიულ პირებს ხელი გაეხსნება რუსეთის შესაბამის ეკონომიკურ იურიდიულ პირებთან უშუალო კონტაქტების დასამყარებლად. ეს კი ჩვენი ეკონომიკისათვის, რომელიც დღეს სტაგნაციის პირობებში იმყოფება, ძალიან მნიშვნელოვანია.

- ეს ოქმი იძლევა ამის უფლებას?

- დიახ, ჩვენს ეკონომიკურ სამსახურებს მიეცათ შესაძლებლობა პირდაპირი ეკონომიკური კავშირები აამოქმედონ, ხოლო დიდ კრედიტს რაც შეეხება, რომელიც აგრეთვე ჩაიწერა ამ დოკუმენტში, ეს უკვე რუსეთის პარლამენტის კომპეტენციაა, რადგან მან ასახვა უნდა ჰპოვოს რუსეთის ბიუჯეტში. ამიტომაა იგი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გადასაწყვეტი.

პრინციპში, თუ მთლიანად შევაფასებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი შუალედური დოკუმენტი უმაღლესი დონის შეხვედრისათვის.

- ისევ დაველოდოთ: ახლა უკვე უმაღლესი დონის შეხვედრას.

არმაზ სანებლიძე.
სოჭი-თბილისი.

დაგვიანებული რეპორტაჟები „ჟემჩუჟინიდან“. ვინ გადაქაჩა ბაგირი? / სანებლიძე ა. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 15 აპრილი. - № 77 (621). - 3 გვ.

127 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის დაწესებულებებში ანაბრების საპროცენტო განაკვეთების გაზრდის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ფასების ლიბერალიზაციის პირობებში მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის გაზრდის, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რესპუბლიკაში ფულის მიმოქცევის განმტკიცების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. დამტკიცდეს 1993 წლის 1 ივლისიდან საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის დაწესებულებებში არსებულ ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები:

მოთხოვნამდე ანაბარი: - 15 პროცენტი

ვადიანი ანაბარი:

1 წელზე მეტი და 3 წლამდე - 40 პროცენტი

3 წელზე მეტი და 5 წლამდე - 50 პროცენტი

5 წელზე მეტი და 8 წლამდე - 60 პროცენტი

8 წელზე მეტი და 10 წლამდე - 70 პროცენტი

10 წელზე მეტი - 80 პროცენტი

ბავშვთა მიზნობრივი ანაბარი - 80 პროცენტი

1990 წლის 1 ნოემბრამდე გახსნილი

ვადიანი და დამატებითი ვადიანი ანაბარი - 15 პროცენტი.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 16 ივლისის 735 დადგენილება.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.
თბილისი, 1993 წლის 14 აპრილი.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის დაწესებულებებში ანაბრების საპროცენტო განაკვეთების ზრდის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 22 აპრილი. - № 82 (626). - 1 გვ.

128 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საჭიროებისათვის პროდუქციისა და საქონლის მიწოდების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აღნიშნავს, რომ საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში, როდესაც გაუქმებულია რესურსების ცენტრალიზებული განაწილება და საწარმოებისა და ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მთავარ ფორმად რჩება საწარმო-დამამზადებლებსა და მომხმარებლებს შორის დამყარებული პირდაპირი კავშირები, ჯერ კიდევ მოუგვარებელია რესპუბლიკის საერთო ეროვნულიდა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადასაწყვეტად სახელმწიფო საჭიროებისათვის პროდუქციისა და საქონლის მიწოდების მექანიზმი.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საჭიროებისათვის პროდუქციისა და საქონლის სახელმწიფო შესყიდვების და მიწოდების რეგულირების მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. სახელმწიფო მოთხოვნილების დაკმაყოფილების ფორმად ჩაითვალოს შეკვეთები საქონლის (პროდუქციის) შესყიდვისა და მიწოდებაზე. სახელმწიფო საჭიროების სამუშაოების (მომსახურების) შესრულებაზე.

სახელმწიფო საჭიროებისათვის საქონლის (პროდუქციის) მიწოდება ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო და სახელმწიფოთაშორისი მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად, რომელთა დაფინანსება ხდება რესპუბლიკის ბიუჯეტის ხარჯზე.

2. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საჭიროებისათვის საქონლის (პროდუქციის) შესყიდვისა და მიწოდების ეკონომიკური პრინციპები და დებულებანი №1 დანართის მიხედვით.

3. დაწესდეს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საჭიროების შემდეგი ჩამონათვალი:

- რესპუბლიკური სახელმწიფო პროგრამები;

- სახელმწიფოთაშორისო მიზნობრივი პროგრამები, რომლებშიც მონაწილეობს საქართველოს რესპუბლიკა, ფუნდამენტური გამოკვლევების, ინოვაციური და სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამების ჩათვლით:

- გეოლოგიურ-დაზვერვითი სამუშაოები მინერალურ-სანედლეულო ბაზის კვლავწარმოების მიზნით, ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები, აგრეთვე ბუნებადაცვითი ღონისძიებანი საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტური დაფინანსების ფარგლებში;

- საქონლის საექსპორტო მიწოდება საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ეკონომიკური, მათ შორის სავალუტო-საკრედიტო ვალდებულებათა შესასრულებლად;

- აუცილებელი სახელმწიფო რეზერვების შექმნისა და შენარჩუნებისათვის და აგრეთვე სტიქიურ უბედურებათა შედეგების ლიკვიდაციის, საგანგებო სიტუაციებისა და გაუთვალისწინებელ სამუშაოთა შესასრულებლად საჭირო პროდუქციის მიწოდება;

- საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობისა და უშიშროების აუცილებელი დონის შენარჩუნებისათვის საქონლის მიწოდება:

- იმ საქონლის მიწოდება და სამუშაოთა შესრულება, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს რესპუბლიკის განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, აგროსამრეწველო კომპლექსის, საერთო სარგებლობის ტრანსპორტის და კომუნიკაციების, კულტურის, ხელოვნების, ტურიზმისა და ფიზიკური კულტურის, ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურისა და სახელმწიფო მართვის ორგანოების (საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტური დაფინანსების ფარგლებში) სისტემების მიერ ფუნქციონირებას;

- საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - ქალაქ თბილისის საქალაქო მეურნეობის განვითარებისა და ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად და სხვა რეგიონალური საჭიროებისათვის საქონლის მიწოდება;

- რესპუბლიკური ინვესტიციებისა და საინვესტიციო პროგრამების რეალიზაცია:

4. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებისა და იმ სახელმწიფოთაშორისი მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციის წესი, რომლებშიც მონაწილეობს საქართველოს რესპუბლიკა.

5. რეკომენდაცია გაეწიოს საქართველოს რესპუბლიკის ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქ თბილისის და სხვა რეგიონების ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს მიზნობრივი რეგიონალური პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციის დროს იხელმძღვანელონ წინამდებარე წესით.

ავტონომიური რესპუბლიკებისა და ქალაქ თბილისის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ დამტკიცებული მიზნობრივი რეგიონალური პროგრამების დაფინანსება ხდება შესაბამისი ბიუჯეტებით ან ამ მიზნით მოზიდული (გამოყოფილი) არასაბიუჯეტო წყაროების ხარჯზე.

დაეკისროს საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს საქართველოს რესპუბლიკის მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციის, აგრეთვე იმ სახელმწიფოთაშორისი მიზნობრივი პროგრამების სამუშაოთა მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია, რომლებშიც მონაწილეობს საქართველოს რესპუბლიკა.

6. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საჭიროებისათვის საქონლის (პროდუქციის) შესყიდვისა და მიწოდების, სამუშაოების (მომსახურების) შესრულების წესი.

7. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებმა და უწყებებმა ავტონომიური რესპუბლიკებისა და ქალაქ თბილისის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებმა და ბიუჯეტური დაფინანსების მომთხოვნმა სხვა ორგანიზაციებმა წარუდგინონ ყოველწლიურად არა უგვიანეს 1 აგვისტოსი საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს რესპუბლიკური სახელმწიფო და სახელმწიფოთაშორისი მიზნობრივი პროგრამების პროექტები და ამ პროგრამების ბიუჯეტური დაფინანსებისათვის საჭირო განაცხადები.

რესპუბლიკური სახელმწიფო საჭიროებისათვის საქონლის მიმწოდებელთა ეკონომიკური სტიმულირების მიზნით ბიუჯეტური დაფინანსების განმცხადებლები საბიუჯეტო განაცხადების პროექტთან ერთად წარმოადგენენ წინადადებებს ეკონომიკური და სხვა შეღავათების მიცემის შესახებ.

8. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან ერთად რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტიდან და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზის შეფასებიდან გამომდინარე, ახორციელებენ წარმოდგენილი პროგრამების პროექტების განხილვას და მათი ბიუჯეტური დაფინანსების განაცხადების ანალიზს ბიუჯეტის შესაბამისი მიმართულებების მიხედვით და ყოველწლიურად 1 სექტემბრამდე წარუდგენენ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად რესპუბლიკური სახელმწიფო და სახელმწიფოთაშორისო მიზნობრივი პროგრამების დაზუსტებულ ჩამონათვალს და ამ პროგრამების რეალიზაციისათვის საჭირო საბიუჯეტო დაფინანსების წინადადებებს.

9. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებს, უწყებებსა და საწარმოებს ერთი თვის ვადაში 1993 წლის პროდუქციის წარმოების და საორიენტაციო მოცულობებისა და მათი გამოყენების მაჩვენებლების წარდგენა.

10. სახელმწიფო საჭიროებისათვის პროდუქცია წარიმართოს პრიორიტეტების მიხედვით.

11. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროსთან, სხვა სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად 1 თვის ვადაში განსაზღვროს სახელმწიფო საჭიროებისათვის გათვალისწინებული რესურსების მიზნობრივი გამოყენების საკითხი.

12. სახელმწიფო საჭიროებისათვის და მოღვაწეობის სხვასფეროებისათვის, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ფინანსდებიან საქონლის (პროდუქციის) შესყიდვისა და მიწოდების ორგანიზაციის მიზნით, მიზანშეწონილად ჩაითვალოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საკონტრაქტო სისტემის შექმნა.

13. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის და მატერიალური მომარაგების სამინისტროს 1 თვის ვადაში წარმოუდგინოს განსახილველად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს, საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსთან და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებული წინადადება, მის სისტემაში არსებული სამსახურების, ბირჟებისა და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების ბაზაზე, რესპუბლიკის სახელმწიფო საკონტრაქტო სტრუქტურების შექმნის შესახებ.

14. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საჭიროებისათვის საქონლის (პროდუქციის) შესყიდვისა და მიწოდების სახელმწიფო კონტრაქტების (ხელშეკრულებების) მომზადებისა და დადების წესი.

15. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საჭიროებისათვის საქონლის (პროდუქციის) შესყიდვისა და მიწოდების სახელმწიფო კონტრაქტების (ხელშეკრულებების) მომზადებისა და დადების წესი.

16. სახელმწიფო კონტრაქტების რეალიზაციის მიზნით სახელმწიფო დამკვეთები უზრუნველყოფენ საწარმო-მიმწოდებლებს აუცილებელი ფინანსური რესურსებით (საბიუჯეტო, ან არასაბიუჯეტო სახსრების ხარჯზე).

სახელმწიფო კონტრაქტების შესრულებისათვის აუცილებელი ნედლეული, მასალები, მოწყობილობა, მაკომპლექტებელი მოწყობილობა, მაკომპლექტებელი ნაკეთობანი და სხვა მატერიალურ-ტექნიკური რესურსები შეძენილ უნდა იქნეს საწარმო-მიმწოდებლის მიერ პირდაპირ სამეურნეო ხელშეკრულებათა საფუძველზე ან საშუამავლო ორგანიზაციების მეშვეობით, აგრეთვე სასაქონლო ბირჟებზე, ბაზრობებზე, აუქციონებზე თავისუფალ ფასებში (გარდა იმ საქონლისა, რომელთა ფასებზეც შენარჩუნებულია სახელმწიფო რეგულირება).

სახელმწიფო დამკვეთებს შეუძლიათ გასცენ თავიანთი უფლებამოსილება შესაბამის საწარმოებს და ორგანიზაციებს.

17. სახელმწიფო დამკვეთებმა უნდა უზრუნველყონ დაკვეთების გადაცემის საკონკურსო ორგანიზაცია სახელმწიფო საჭიროებისათვის პროდუქციის მიწოდებაზე ღია ან დახურული ვაჭრობების, ტენდერების, კონკურსების ჩატარების გზით.

18. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ ყოველწლიურად გაითვალისწინოს რესპუბლიკის ბიუჯეტში სახელმწიფო საჭიროებისათვის საქონლის მისაწოდებლად ის საჭირო სახსრები, რომელიც აუცილებელია ამ საქონლის მიწოდების წინასწარი მთლიანი ან ნაწილობრივი ანაზღაურებისათვის.

19. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებმა და უწყებებმა, ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქებისა და რაიონების აღმასრულებელმა ორგანოებმა ხელი შეუწყონ:

სახელმწიფო დამკვეთებს საკონკურსო საფუძველზე სახელმწიფო საჭიროებისათვის საქონლის მიწოდებაზე დაკვეთების განთავსებაში;

საწარმოებსა და ორგანიზაციებს სამეურნეო კავშირების დამყარებასა და შენარჩუნებაში სახელმწიფო საჭიროებისათვის საქონლის წარმოებისა და მიწოდების უზრუნველყოფისათვის.

20. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ სახელმწიფო დაკვეთების წარდგინების საფუძველზე (საჭიროების შემთხვევაში) განიხილოს და შეიტანოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში წინადადებანი ცალკეული საწარმო დამამზადებლებისათვის სახელმწიფო საჭიროებისათვის საქონლის მიწოდებაზე კონტრაქტების დადების აუცილებელი რეჟიმის შემოღებაზე.

21. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის საგადასახადო დეპარტამენტმა სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად ერთი თვის ვადაში შეიმუშაონ პროდუქციის მიწოდების შესრულების სტიმულირების წესი.

22. სახელმწიფო საჭიროებისათვის შეკვეთების ხარჯზე მისაწოდებელი საქონლის საგარეო ბაზარზე რეალიზაციით მიღებული სავალუტო ამონაგები მთლიანად გამოიყენება რესპუბლიკის სახელმწიფო საჭიროებისათვის (საქონლის შემხვედრი შესყიდვა, სავალო ვალდებულებათა დაფარვა და ა.შ.) დასაკმაყოფილებლად.

სავალუტო სახსრებით შიდა ბაზარზე შესყიდული საქონლის რეალიზაციისაგან მიღებული ამონაგები გადაირიცხება საქართველოს რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავალში (იმ დანახარჯების გამოკლებით, რომელიც დაკავშირებულია ამ საქონლის რეალიზაციასთან).

23. ეთხოვოს საქართველოს რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო კომიტეტს ერთი თვის ვადაში განახორციელოს სახელმწიფო დამკვეთების მიერ გამოყოფილი დაფინანსების გამოყენების, მიზნობრივი პროგრამებისა და სხვა სახელმწიფო საჭიროების დაკვეთების შესრულების აღრიცხვა და შემოიღოს სტატისტიკური აღრიცხვის შესაბამისი ფორმები.

24. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო კომიტეტმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის პალატასთან ერთად უზრუნველყონ სახელმწიფო დამკვეთების მიერ სახელმწიფო საჭიროებისათვის საქონლის შესყიდვისა დ მიწოდების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი საბიუჯეტო დაფინანსების გამოყენების კონტროლი.

25. დადგენილება და დებულება სახელმწიფო საჭიროებისათვის საქონლის (პროდუქციის) შესყიდვისა და მიწოდების ზოგადი პრინციპების შესახებ გამოქვეყნდეს პრესაში.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საჭიროებისათვის პროდუქციისა და საქონლის მიწოდების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 22 აპრილი. - № 82 (626). - 2 გვ.

129 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქონლის, (სამუშაოთა, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტის კვოტირებისა და ლიცენზირების ერთიანი წესის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების, საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის და სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებების შესრულების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქონლის, (სამუშაოთა, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტის კვოტირებისა და ლიცენზირების ერთიანი წესი.

ამ დადგენილებით შემოღებული საქონლის, (სამუშაოთა, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტის კვოტირებისა და ლიცენზირების წესი ვრცელდება საქართველოს რესპუბლიკის სამეურნეო საქმიანობის ყველა სუბიექტზე მათი საკუთრების ფორმისა და რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად.

ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება საქონლის, (სამუშაოთა, მომსახურების) ექსპორტსა და იმპორტზე ნებისმიერ სახელმწიფოსთან, თუ სხვა არ არის გათვალისწინებული სხვა ქვეყნებთან საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობათაშორისო შეთანხმებით.

2. დამტკიცდეს:

- დებულება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქონლის, (სამუშაოთა, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტის კვოტირებისა და ლიცენზირების ერთიანი წესის შესახებ, თანახმად № 1 დანართისა:

- საქონლის ჩამონათვალი, რომლის ექსპორტი დადგენილი კვოტების ფარგლებში ხორციელდება ლიცენზიებით:

- საქონლის ჩამონათვალი, რომლის ექსპორტი აკრძალულია, თანახმად № 3 დანართისა;

საქონლის ჩამონათვალი, რომლის იმპორტი ხორციელდება ლიცენზიებით.

3. ეკონომიკური სიტუაციებიდან გამომდინარე, ცვლილებები საქონლის (სამუშაოთა, მომსახურების) ჩამონათვალში შეტანილ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტის წარდგინებით.

4. იმ საქონლის ექსპორტისა და იმპორტის შეზღუდვა, რომელიც არ არის შეტანილი მოცემული დადგენილების დანართებში, ხდება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებებით საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტისა და საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს წარდგინებით.

5. დაწესდეს, რომ:

- საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე უმნიშვნელოვანესი სახეობის საქონლის (სამუშაოთა, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტის კვოტებს საქართველოს რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან, ავტონომიურ რესპუბლიკებთან შეთანხმებით ადგენს საქართველო რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი;

- ლიცენზიებს საქონლის (სამუშაოთა, მომსახურების) ექსპორტზე და იმპორტზე დადგენილი კვოტების ფარგლებში, აგრეთვე რეექსპორტზე (საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დადგენილი წესით) გასცემს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტი და კომიტეტის სტრუქტურაში შემავალი და მისდამი დაქვემდებარებული ტერიტორიული ორგანიზაციები.

6. დადგინდეს, რომ ტურისტული ჯგუფების საზღვარგარეთ გაყვანაზე და საზღვარგარეთიდან მიღების ლიცენზიებს გასცემს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტი რესპუბლიკის ტურიზმის კომიტეტთან შეთანხმებით.

7. დადგინდეს, რომ სამკურნალწამლო საშუალებებისა და ნედლეულის ექსპორტზე და იმპორტზე ლიცენზიები გაიცემა საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნებართვის საფუძველზე.

საქართველოს რეაპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ ერთი თვის ვადაში შეიმუშაოს და საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტთან და საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტთან შეთანხმებით დაამტკიცოს სამკურნალწამლო საშუალებებისა და ნედლეულის გატანისა და შემოტანის წესი.

8. საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტმა უზრუნველყოს გაცემულ ლიცენზიებზე მონაცემების ერთიანი ბანკის შექმნა და შესაბამისი ინფორმაციების წარდგენა საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროში და საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტში.

9. ლიცენზიების გაცემიდან შემოსული თანხები მთლიანად ჩაირიცხება რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტში.

10. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტს აწარმოოს ლიცენზირებული საქონლის ექსპორტისა და იმპორტის მკაცრი აღრიცხვა და სტატისტიკური მასალები კვარტალში ერთხელ წარუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს და სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის ცენტრს.

11. ყოფილი სსრ კავშირის რესპუბლიკებთან საექსპორტო-საიმპორტო ოპერაციების განხორციელებისას გავრცელდეს საბაჟო გაფორმებისა და დეკლარირების არსებული წესი.

სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, რომლებიც ახორციელებენ საექსპორტო პროდუქციის გადაზიდვას, ეკრძალებათ საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გასატანი ტვირთების მიღება საბაჟო ორგანოების მიერ ამ ტვირთების საბაჟო გაფორმების გარეშე.

12. საქართველოს რესპუბლიკის ტრეიტორიაზე საქონლის (სამუშაოთა, მომსახურების) ექსპორტზე და იმპორტზე დადგენილი კვოტირებისა და ლიცენზირების ერთიანი წესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

13. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საბაჟო კომიტეტთან შეთანხმებით შეიმუშაოს და ერთი თვის ვადაში საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს წარმოუდგინოს წინადადებები ამ დადგენილებით გათვალისწინებული საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქონლის (სამუშაოთა, მომსახურების) ექსპორტზე და იმპორტზე დადგენილი კვოტირებისა და ლიცენზირების ერთიანი წესის დარღვევის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესების შესახებ.

დაევალოს ფინანსთა სამინისტროს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის კომიტეტისათვის რესპუბლიკის სამინისტროებსა დ უწყებებში ლიცენზირების საქმიანობით დაკავებული საშტატო ერთეულების გადაცემა.

14. საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომ ორი კვირის ვადაში წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს იმ ნორმატიული აქტების ჩამონათვალი, რომელთაც დაკარგეს ძალა ამ დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით.

15. დადგენილება ძალაში შევიდეს 1993 წლის 1 მაისიდან.

16. დადგენილება თანდართული დებულებით გამოქვეყნდეს პრესაში და გადაიცეს საინფორმაციო საშუალებებით.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქონლის, (სამუშაოთა, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტის კვოტირებისა და ლიცენზირების ერთიანი წესის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 23 აპრილი. - № 83 (627). - 2 გვ.

130 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ

▲ზევით დაბრუნება


სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის დაჩქარებისათვის საჭირო პირობების შექმნის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, საქართველოს რესპუბლიკაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქების და რაიონების ქონების მართვის ტერიტორიული ორგანოები სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამის საფუძველზე შეუდგნენ სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნას სახელმწიფო საწარმოებისა (საზოგადოებრივი მეურნეობების გარდა), საწარმოო და სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანებებისა (მათი სამართლებრივი სტატუსის მოყვანით საქართველოს რესპუბლიკის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში), აგრეთვე იმ სააქციო საზოგადოებებისა, რომელთა საწესდებო კაპიტალის 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფო საკუთრებაში იმყოფება. საწარმოთა ნებაყოფლობით გაერთიანებების შექმნა და აქციონირება განხორციელდეს საქართველოს რესპუბლიკის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გათვალისწინებით.

სააქციო საზოგადოებად ამ დადგენილების შესაბამისად გარდაქმნას არ ექვემდებარება სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად პრივატიზებული უნდა იქნენ სხვა მეთოდებით. აგრეთვე საწარმოები უცხოური ინვესტიციების წილობრივი მონაწილეობით.

აღნიშნული სამუშაოები დამთავრდეს 1993 წლის 15 ივლისამდე.

2. დამტკიცდეს თანდართული დებულება „სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ“ და „სააქციო საზოგადოების ტიპობრივი წესდება“ (დანართი 1,2).

3. სახელმწიფო სააწარმოთა გარდაქმნა სააქციო საზოგადოებებად ხორციელდება ყველა საწარმოში შექმნილი პრივატიზაციის სამუშაო კომისიის მიერ.

პერსონალური პასუხისმგებლობა შესაბამისი დოკუმენტების მომზადებისა და კომისიისათვის მათი დროული წარმოდგენისათვის ეკისრებათ საწარმოთა ხელმძღვანელებს.

4. ამ დადგენილების შესაბამისად შექმნილი სააქციო საზოგადოებების დამფუძნებლები სახელმწიფოს მხრიდან არიან სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი შესაბამისი ორგანოები ადგილზე.

5. დაწესდეს, რომ ამ დადგენილების შესაბამისად შექმნილი სააქციო საზოგადოებების ყველა აქცია, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია, შეიძლება გაიყიდოს ან გადაცემულ იქნეს მხოლოდ პრივატიზაციის შესახებ საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობის და ამ დადგენილების შესაბამისად.

6. საწარმოებმა, რომლებიც არიან ნებაყოფლობითი გაერთიანებების (მათ შორის კონცერნების და სხვ.) წევრები, დაადგინონ 1993 წლის 1 ივნისამდე გაერთიანების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გარდაქმნან ისინი ამხანაგობად ან სააქციო საზოგადოებად მათ საწესდებო კაპიტალში დამფუძნებლების წილის იმავდროული განსაზღვრით.

სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ აღნიშნული გაერთიანებების გამგებლობაში (ბალანსზე) ადრე გადაცემული სახელმწიფო ქონება შეიტანება საწესდებო კაპიტალში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ, თუ გაერთიანება გარდაქმნილი იქნება სააქციო საზოგადოებად. ქონების მართვის ტერიტორიული ორგანოების მიერ სახელმწიფო საწარმოებისათვის, ამხანაგობებისათვის და სააქციო საზოგადოებებისათვის, რომლებიც იქმნება გაერთიანებების გარდაქმნით, ქონებრივი შენატანის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ.

7. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს ნორმატიული აქტები, ამ დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად.

8. სააქციო საზოგადოების გამგეობის უფლებამოსილებათა განხორციელება ეკისრებათ გარდასაქმნელი საწარმოს ადმინისტრაციის ადრე დანიშნულ თანამდებობის პირებს.

გარდასაქმნელი საწარმოს ხელმძღვანელი ასრულებს სააქციო საზოგადოების გენერალური დირექტორის მოვალეობას.

9. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ორი კვირის ვადაში დაამტკიცოს პრივატიზაციის ტიპობრივი გეგმა.

10. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიულმა ორგანოებმა საქართველოს რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტის ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად 1993 წლის 5 მაისამდე დაადგინონ იმ საწარმოთა სიები, რომლებიც ექვემდებარება სააქციო საზოგადოებად გარდაქმნას ამ დადგენილების შესაბამისად, და სიის ერთი საკონტროლი ეგზემპლარი წარუდგინონ საქართველოს რესპუბლიკის სხელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს.

11. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ნორმატიული აქტები მოყვანილი იქნეს ამ დადგენილების შესაბამისობაში, გადაისინჯოს და გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროთა, სახელმწიფო კომიტეტებისა და უწყებათა აქტები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ დადგენილებას.

12. ამ დადგენილების შესრულების კონტროლი დაეკისროს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს.

13. დადგენილება გამოქვეყნდეს პრესაში.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.

დადგენილება : სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 27 აპრილი. - № 85 (629). - 2 გვ.

131 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკაში საპრივატიზაციო ბარათების სისტემის შემოღების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებისათვის პრივატიზაციისათვის განკუთვნილი სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემის, საპრივატიზაციო ობიექტებზე გადახდისუნარიანი მოთხოვნის უზრუნველყოფის, მოსახლეობაში არსებული საინვესტიციო პოტენციალის მნიშვნელოვანი ნაწილის შენარჩუნების, სახელმწიფო საწარმოების აქციონირების, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებისათვის სახელმწიფო ქონების გადაცემის დასაჩქარებლად და ამ პროცესში მოსახლეობის ფართო ფენების ჩაბმის მიზნით, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამის შესასრულებლად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. შემოღებულ იქნეს 1993 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს რესპუბლიკაში საპრივატიზაციო ბარათების სისტემა. ამ თარიღისათვის გამოშვებულ იქნეს და დაიწყოს 1993 წლის გამოშვების საპრივატიზაციო ბარათების საქართველოს მოქალაქეებისათვის გაცემა.

2. საქართველოს რესპუბლიკის ყოველ მოქალაქეს 1993 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით უფლება აქვს მიიღოს ერთიანი საპრივატიზაციო ბარათი, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ მოქალაქეს საკუთრებაში უფასოდ მიიღოს განსაზღვრული საერთო სახელმწიფო (საპრივატიზაციო) ქონებიდან თანაბარი წილი.

3. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეები საპრივატიზაციო ბარათების მიღებისას იხდიან საკომისიო მოსაკრებელს.

4. 1993 წლის საპრივატიზაციო ბარათების დარიგებისას დადგინდეს საკომისიო მოსაკრებელი 100 მანეთის ოდენობით.

5. საქართველოს რესპუბლიკის ავტონომიურ რესპუბლიკებში, ქალაქებსა და რაიონებში საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადასაცემად არ დაიშვება ფასიანი ქაღალდების გამოშვება ან სხვა სისტემების შექმნა.

6. დამტკიცდეს დებულება საპრივატიზაციო ბარათების შესახებ (თან ერთვის).

7. საპრივატიზაციო ბარათის ნომინალური ღირებულება განისაზღვროს საპრივატიზაციო ბარათების მიმოქცევაში შემოტანის დღისათვის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით.

დაწესდეს, რომ 1993 წლის გამოშვების საპრივატიზაციო ბარათები მოქმედებენ 1993 წლის 1 სექტემბრიდან 1994 წლის 31 დეკემბრამდე.

8. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ:

- დაამტკიცოს 1993 წლის 15 მაისამდე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით მოქალაქეებისათვის საპრივატიზაციო ბარათების გაცემისას საკომისიო მოსაკრებელის გადახდევინების წესი;

- უზრუნველყოს რესპუბლიკის ბიუჯეტიდან საპრივატიზაციო ბარათების დასამზადებლად, ტრანსპორტირებისათვის, შესანახად და გასაცემად საჭირო ღონისძიებათა დაფინანსება.

9. საქართველოს რესპუბლიკაში საპრივატიზაციო ბარათების სისტემის მოქმედებაში შემოღების ოპერატიული მართვისა და კონტროლის მიზნით შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან საპრივატიზაციო ბარათების სისტემის მოქმედებაში შემოღების საკოორდინაციო საბჭო.

10. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ:

- დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებით არა უგვიანეს 1993 წლის 5 ივნისისა მოამზადოს და წარმოადგინოს დასამტკიცებლად დებულება საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან არსებული საპრივატიზაციო ბარათების სისტემის მოქმედებაში შემომღები საკოორდინაციო საბჭოს შესახებ.

- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციულ შემნახველ ბანკთან, საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად 1993 წლის 5 ივნისამდე უზრუნველყოს საპრივატიზაციო ბარათების გამოშვების, გაცემისა და დაფარვისათვის აუცილებელი ნორმატიული დოკუმენტებისა და სხვა აქტივების შემუშავება და მიღება:

- საჭიროების შემთხვევაში დაინტერესებული სამინისტროებისა და დაწესებულებების, ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მონაწილეობით შეიმუშაოს და დაამტკიცოს ნორმატიული და სხვა აქტები, რომლებიც მოახდენენ საპრივატიზაციო ბარათების სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას;

11. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპულიკების მინისტრთა საბჭოებმა, ქალაქების: თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის მერებმა, ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა:

- საპრივატიზაციო ბარათების სისტემის მოქმედებაში შემოღებისას იხელმძღვანელონ მოქმედი კანონმდებლობით, ამ დადგენილებით და საქართველოს რესპუბლიკის ქონების მართვის სამინისტროს ნორმატიული და სხვა აქტებით.

- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციულ შემნახველ ბანკს და მის განყოფილებებს საპრივატიზაციო ბარათების გასავრცელებლად მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის არა უგვიანეს 1993 წლის 10 ივნისამდე გადასცენ შესაბამისი სათავსები;

- საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის გამგეობასთან ერთად გადაწყვიტონ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკისთვის აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად გაწეული დანახარჯების ანაზღაურების საკითხი.

- სახელმწიფო ქონების მართვის ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად;

- შექმნან საქართელოს რესპუბლიკაში საპრივატიზაციო ბარათების სისტემის შემომღები ტერიტორიული კომისიები და მოახდინონ მათი მუშაობის ორგანიზება არაუგვიანეს 1993 წლის 20 ივნისამდე;

12. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციულ შემნახველ ბანკთან და ეროვნულ ბანკთან ერთად უზრუნველყოს საქართველოს რესპუბლიკაში საპრივატიზაციო ბარათების დაცვა და შენარჩუნება მათი ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის დროს.

13. საქართველოს რესპუბლიკაში საპრივატიზაციო ბარათების სისტემის ასამოქმედებლად შექმნილმა ტერიტორიულმა კომისიებმა არა უგვიანეს 1993 წლის 20 ივლისისა შინაგან საქმეთა ორგანოებთან ერთად დაინტერესებული ორგანიზაციების მონაწილეობით შეადგინონ საპრივატიზაციო ბარათების მიღებაზე უფლების მქონე მოქალაქეთა სიები და ერთი ეგზემპლარი გაუგზავნონ საქართველოს რესპუბლიკის შემნახველი ბანკის ადგილობრივ განყოფილებებს, მეორე საკონტროლი ეგზემპლარი საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან შექმნილ საპრივატიზაციო ბარათების სისტემის მოქმედებაში შემოღების საკოორდინაციო საბჭოს.

14. ორგანიზაციებსა და საწარმოებს (მათ შორის სავაჭრო დაწესებულებებს) ეკრძალებათ მიიღონ საპრივატიზაციო ბარათები, როგორც გადახდის საშუალება საქონლის, მომსახურეობისა და სამუშაოს საფასურად.

15. ეთხოვოს პრესას, რადიოსა და ტელევიზიას საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით 1993 წლის ივნისიდან განახორციელოს საინფორმაციო ღონისძიებანი საქართველოში საპრივატიზაციო ბარათების სისტემის შემოღების წესისა და მისი რეალიზაციის მექანიზმის განმარტებისათვის.

16. დადგენილება გამოქვეყნდეს პრესაში.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკაში საპრივატიზაციო ბარათების სისტემის შემოღების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 28 აპრილი. - № 86 (630). - 2 გვ. - 92 (636). - 2 გვ.

132 უნდა გადავლახოთ ყველა სიძნელე ჩვენი მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენების გზაზე, უზრუნველვყოთ მოქალაქეთა სიმშვიდისა და ღირსების დაცვა

▲ზევით დაბრუნება


ბატონ თენგიზ სიგუას მოხსენება 25 აპრილს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამართული საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების აქტივის კრებაზე

ქალბატონებო და ბატონებო!

ამ ცოტა ხნის წინათ ჩვენ აქ განვიხილეთ სამართალდარღვევების წინაღმდეგ ბრძოლის მდგომარეობა გასული და მიმდინარე წლის იანვრის შედეგების მიხედვით. დამეთანხმებით, რომ საუბარი წარიმართა მწვავედ და პრინციპულად, ვინაიდან შექმნილმა მძიმე კრიმინოგენულმა ვითარებამ შეაშფოთა ჩვენი საზოგადოება, მოსახლეობის ყველა ფენა, სხდომის მიმდინარეობა გაშუქდა ტელევიზიისა და პრესის საშუალებით, იყო დასახული გარკვეული ღონისძიებანი.

მას შემდეგ გავიდა ორიოდე თვე. რა შეიცვალა დღესდღეობით? ალბათ, რეალურად ბევრი არაფერი, რესპუბლიკაში ჯერ კიდევ არსებული არასახარბიელო საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ეკონომიკური და კრიმინოგენული მდგომარეობის ფონზე მიმდინარე წლის პირველი კვარტალი, ისევე როგორც წინა პერიოდი, გამოირჩეოდა სირთულით, თუ არ მივიღებთ მხედველობაში მის უმნიშვნელო გამოცოცხლების ტენდენციას.

როგორც გვიჩვენებს დინამიკა, მიმდინარე წლის სამ თვეში დანაშაულმა სისხლის სამართლის ხაზით იმატა 35 ერთეულით, ანუ 0,7 პროცენტით (4879-დან 4914-მდე), ხოლო მძიმე დანაშაულმა - 316 ერთეულით, ანუ 18,7 პროცენტით (1691-დან 2007-მდე).

განსაკუთრებით დამაფიქრებელია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ზრდის მაჩვენებლი. 1993 წლის პირველ კვარტალში რეგისტრირებულია 204 განზრახ მკვლელობა, რაც 56 შემთხვევით, ანუ 37,8 პროცენტით (148-დან 204-მდე) სჭარბობს გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებს. 23 ერთეულით, ანუ 26,8 პროცენტით (112-დან 135-მდე) იმატა მკვლელობის მცდელობამ და სხეულის დაზიანებამ. გაზრდილია აგრეთვე გაუპატიურების ფაქტები თითქმის ორჯერ - 85,7 პროცენტით (7-დან 13-მდე), სწრაფი ტემპით იზრდება ყაჩაღობა, მათ შორის ცეცხლმსროლელი იარაღის გამოყენებით. მიმდინარე წლის მხოლოდ სამ თვეში მატებამ შეადგინა 234 ერთეული (696-დან 830-მდე). მომატებულია ხულიგნობა - 7 შეთხვევით, ანუ 8,4 პროცენტით (83-დან 90-მდე) და ა.შ.

სისხლის სამართლის ყოველი მეექვსე-მეშვიდე დანაშული ჩადენილია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და გაზრდილია წინა პერიოდთან შედარებით 38 ერთეულით (604-დან 642-მდე). საერთოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ქუჩებში მომხდარი დანაშულის ხვედრითმა წილმა მთლიანად დანაშულთან იმატა და შეადგინა 13 პროცენტი.

დანაშაულის მკვეთრი ზრდა აღინიშნება ყვარლის (50 ერთეულით, მათ შორის მძიმე - 19), სიღნაღის (49 ერთეულით, მათ შორის მძიმე - 13), დუშეთის (44 ერთეულით, მათ შორის მძიმე - 9), კასპის (41 ერთეულით, მათ შორის მძიმე - 21), ზესტაფონის (64 ერთეულით, მათ შორის მძიმე - 36). ოზურგეთის (53 ერთეულით, მათ შორის მძიმე - 28), თერჯოლის (27 ერთეულით, მათ შორის მძიმე - 9) და სხვა რაიონებში.

უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულობათა ზრდის ერთ-ერთი მიზეზია მათი გახსნის ჯერ კიდევ დაბალი მაჩვენებელი. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაუხსნელი დარჩა ყოველი მეორე, ანუ 2779 დანაშაული (გახსნის პროცენტმა შეადგინა 43,4), მათ შორის 117 მკვლელობის, 62 სხეულის მძიმე დაზიანების, 623 ყაჩაღობის, 712 პირადი ქონების ქურდობის, 376 ავტომობილის გატაცების ფაქტი და ა.შ.

ქალაქებისა და რაიონების მიხედვით დაბალი მაჩვენებლები აქვთ თბილისის ნაძალადევის (127 დანაშაულიდან გაუხსნელი დარჩა 62) და საბურთლოს (182-დან გაუხსნელია 98) რაიგანყოფილებებს, ახმეტის (18-დან გაუხსნელია 16), ბორჯომის (37-დან გაუხსნელია 26), გარდაბნის (100-დან გაუხსნელია 66), დუშეთის (58-დან გაუხსნელია 38), კასპის (88-დან გაუხსნელია 64), ოზურგეთის (82-დან გაუხსნელია 44), ხობის (22-დან გაუხსნელია - 19), ზესტაფონის (111-დან გაუხსნელია 64) და სხვა შინაგან საქმეთა ორგანოებს.

დანაშულობათა გახსნის და საერთოდ სამართალდარღვევებთან ბრძოლის არასახარბიელო მდგომარეობა იმის შედეგია, რომ პოლიციამ ვერა და ვერ მოიბრუნა თავისკენ ხალხის, ფართო საზოგადოებრიობის ნდობა, ვერ აღიდგინა ავტორიტეტი. არასწორმა საკადრო პოლიტიკამ, როდესაც, რომ იტყვიან, ერთი ხელის მოსმით უშვებენ ორგანოებიდან გამოცდილ, კვალიფიციურ მუშაკებს ასაკობრივი მიზეზით, არღვევენ მცოდნე და ახალბედა თანამშრომელთა თანაფარდობას, უარყოფითად იმოქმედა პირველ ყოვლისა სამსახურეობრივ საქმიანობაზე. დასამალი არ არის, რომ ამგვარმა მიდგომამ კადრებისადმი დააქვეითა მათი საერთო პროფესიული დონე, ოპერატიულობა და პასუხისმგებლობის ელემენტები, რის გამოც ისინი ვერ იღებენ სათანადო ინფორმაციას ამა თუ იმ კონკრეტულ დანაშაულობებზე, დამნაშავეთა ჯგუფებზე და საერთოდ არსებულ ნეგატიურ პროცესებზე. ამას ემატება აგრეთვე ის გარემოება, რომ პოლიციისა და პროკურატურის ადგილობრივ ორგანოებს შორის არ არის სათანადო კონტაქტები და ურთიერთმოქმედება, სუსტია საზედამხედველო კონტროლი, არ ჩანს სასამართლოების აქტიურობა, განსაკუთრებით დამნაშავეთა დასჯის გარდუვალობის პრობციპების დაცვაში და ა.შ. გასაკვირი არ არის ამგვარ ვითარებაში რაიმე ითქვას რეალურ პოზიტიურ ძვრებზე.

კრიმინოგენული ვითარების გამწვავება ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად განპირობებულია იმითაც, რომ სამართალდამცველმა ორგანოებმა საგრძნობლად შეასუსტეს ბრძოლა დანაშაულთა, პირველ რიგში კი მძიმე დანაშულთა გამომწვევი მიზეზებისა და ხელშემწყობი გარემოებების წინააღმდეგ. ისინი ჯერჯერობით ვერ ახერხებენ ორგანიზებული დანაშაულის, რეკეტის გამოვლენასა და აღკვეთას.

ადგილებზე პრაქტიკულად არ წარმოებს მუშაობა ლოთობის, ხულიგნობის, რეციდივული და მოზარდთა შორის დანაშაულის, ოჯახური და მეზობლური კონფლიქტების თავიდან აცილებისათვის, ასევე სულიერად დაავადებულ პირთა გამოსავლინებლად.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს არასრულწლოვანთა დამნაშავეობის მდგომარეობა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაგრძელდა ამ ხაზით ოპერატიული ვითარების გართულების ტენდენცია. კერძოდ, რეგისტრირებულია 163 სისხლის სამართლის დანაშაული, რაც 11 ერთეულით, ანუ 7,2 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (152-დან 163-მდე). გაიზარდა მკვლელობის, გაუპატიურების მცდელობის, სახელმწიფო და პირადი ქონების ქურდობისა და ყაჩაღობის რაოდენობა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ქონებრივი სახის დანაშაულობათა ხვედრითი წილის გადიდება, რომელმაც მოზარდთა მიერ ჩადენილი ფაქტების 82,2 პროცენტი შეადგინა.

არ არის დასამალი, რომ დღეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა არასრულწლოვანთა მიერ იარაღის უკანონო ტარება. მისი გამოყენებით ჩადენილია 23 დანაშაული, მათ შორის 15 ყაჩაღობა, არაერთი დაჭრა-დასახიჩრება.

არასრულწლოვანთა ხაზით ოპერატიული ვითარების გართულება აღინიშნება რუსთავში, ბათუმში, წყალტუბოში, თბილისის ვაკის რაიონში, გორის, გარდაბნის, ხონის, საგარეჯოს, სიღნაღის, ბორჯომისა და სხვა რაიონებში.

შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ დანაშაულს იდენენ VII-VIII კლასის მოსწავლეებიც კი. ასე მაგალითდ, მიმდინარე წლის 11 მარტს გაქურდული იქნა თბილისის დიდუბის რაიონის სურსათ-ვაჭრობის № 75 მაღაზია, საიდანაც მოიპარეს სხვადასხვა სასურსათო საქონელი. ამ დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ იქნენ თბილისის 169-ე საშუალო სკოლის VIII კლასის მოსწავლე, 1978 წელს დაბადებული ზ. მამნიაშვილი, 134-ე საშუალო სკოლის X კლასის მოსწავლე, 1977 წელს დაბადებული ნ. კეკეშევი და 128-ე საშუალო სკოლის VIII კლასის მოსწავლე პავლე კეკეშევი. ა.წ. 5 მარტს გორის ტერიტორიაზე რკინიგზის მაგისტრალური კაბელის ქურდობაზე დააკავეს 1978 წელს დაბადებული ვ. ახალკაცი და 1979 წელს დაბადებული გორის მე-5 საშუალო სკოლის VII კლასის ოსწავლე ა. ტუსკოევი. ამგვარი ფაქტები, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრია.

რითი ავხსნათ შექმნილი ვითარება? რა არის ამის მიზეზი? მოზარდთა დამნაშავეობის ღრმა ანალიზს მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ ამ კატეგორიის პირთა მხრივ დანაშაულის ჩადენას ხელს უწყობს ძირითადად მათი უზედამხედველობა, არასრულწლოვანთა თავისუფალი დროის არასწორი ორგანიზაცია და მათი დაუსაქმებლობა.

აღნიშნულს ემატება სამართალდამცველი და, პირველ ყოვლისა, პოლიციის ორგანოებისა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების არაკვალიფიციური, შეუთანხმებელი პროფილაქტიკური მუშაობა, კადრების შერჩევისა და საშემსრულებლო დისციპლინის საკითხებში დაშვებული ნაკლოვანებები და სხვ.

კერძოდ, შინაგან საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების ორგანოების ურთიერთმოქმედების დარღვევის, ინფორმაციის გაცვლისა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების საქმეში არსებული სერიოზული ხარვეზების გამო მნიშვნელოვნად შემცირდა გამოვლენილი და არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექციაში აღრიცხვაზე აყვანილი სამართალდამრღვევი მოზარდების რაოდენობა, რომელთა რიცხვი შეადგენს მხოლოდ 1927 პირს. ეს კი მაშინ, როდესაც დამნაშავეთა 83% დანაშაულის ჩადენის დროს არ იმყოფებოდა აღრიცხვაზე, სათანადო კონტროლის ქვეშ.

დაბალ პროფესიულ დონეზე ტარდება მუშაობა მოზარდთა შორის ჯგუფური დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, რის შედეგადაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რეგისტრირებულ იქნა 96 ასეთი დანაშაულებრივი ქმედება, ანუ 58,9 პროცენტი, ხოლო სრულწლოვან პირებთან ერთად ჩადენილია 49 ჯგუფური სამართალდარღვევა.

სერიოზულ სრულყოფას მოითხოვს ბრძოლა არასრულწლოვანთა შორის რეციდიული დანაშულის წინააღმდეგ. არ ექცევა საჭირო ყურადღება აღრიცხვაზე მყოფთა პროფილაქტირებისა და მოსალოდნელი დანაშაულების აცილების საკითხებს. პირველყოვლისა, აღნიშნული ეხება სასჯელგადავადებულ მოზარდებს, რომელთა მიმართ არ გამოიყენება კანონით გათვალისწინებული შეზღუდვის ღონისძიებანი. არ ხდება მათი შინაგან საქმეთა ორგანოებში გამოცხადების რეგისტრაცია. უკანასკნელ ხანს საერთოდ არ დასმულა სასამართლოების წინაშე საკითხები გადავადების გაუქმებისა ან სასჯელის გამოყენების შესახებ და სხვა. დაბალ დონეზე ხორციელდება პოლიციის ორგანოების მუშაობა შვილებზე უარყოფითი ზეგავლენის მომხდენი მშობლების პროფილაქტირების მიზნით. ძირეულ გააქტიურებას მოითხოვს ოპერატიული მუშაობის ორგანიზაცია, მათ შორის ნარკომანიაში შემჩნეული მოზარდების გამოვლენასა და აღრიცხვის მიზნით (მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გამოვლინდა მხოლოდ ორი ასეთი სახის დანაშაული), თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ეს სენი სერიოზულად შეიჭრა უკვე სკოლებშიც.

გარდა ამ რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალურეკონომიკური სიტუაციისა, რომელშიც დღეს უხდება ცხოვრება მოზარდ თაობას, დანაშაულობათა გავრცელებაზე გარკვეულწილად იმოქმედა იმ გარემოებამაც, რომ გაწყდა კავშირები სკოლასა და ოჯახს შორის, არც ერთი და არც მეორე არ იღებს პასუხისმგებლობას მოზარდთა აღზრდისა და მათი ქცევისათვის.

მოშლილია ახალგაზრდობაზე ზეგავლენის სხვა ბერკეტები და ეროვნული ტრადიციები.

მართლია, ამ ცოტა ხნის წინათ ჩვენი ინიციატივით აღდგენილ იქნა არასრულწლოვანთა საქმეების რესპუბლიკური და ადგილობრივი კომისიების ინსტიტუტი, მაგრამ დღესდღეობით ისინი ჯერ კიდევ ვერ ართმევენ თავს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ხოლო რიგ ქალაქებსა და რაიონებში მხოლოდ ქაღალდზე ირიცხებიან.

აღნიშნული რიგი პრობლემების დასაძლევად საჭიროდ მიგვაჩნია გატარდეს ზოგიერთი ღონისძიება, მათ შორის:

- გადახალისდეს არასრულწლოვანთა საქმეების რესპუბლიკური კომისიის შემადგენლობა, ხოლო შემდგომში მას დაევალოს ადგილებზე ანალოგიური კომისიების გადახალისება კადრების საქმიანი თვისებების გათვალისწინებით.

- არასრულწლოვანთა საქმეების რესპუბლიკურმა კომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად შეიმუშაოს მიმდინარე წლის და პერსპექტივისათვის დეტალური ოპერატიულ-პროფილაქტიკური, მათ შორის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების ღონისძიებათა კომპლექსური პროგრამა თავისი კონკრეტული შემსრულებლებითა და ვადებით და წარუდგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

- გაძლიერდეს სამართალდამცველ და, პირველ ყოვლისა, პოლიციის, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების ურთიერთმოქმედება ოპერატიულ-პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარების საქმეში მოზარდთა შორის, მათი მშობლების აქტიური ჩაბმით.

- და, ბოლოს, იმის გათვალისწინებით, რომ სათანადო კონტროლის გარეშე არის მიტოვებული 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდობის ფენა, აუცილებლად მიმაჩნია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეიქმნას სპეციალური სტრუქტურული რგოლი, რომელიც გააანალიზებს და შეიმუშავებს სათანადო ღონისძიებათა ნუსხას, რათა გატარდეს გეგმაზომიერი და სისტემატური მუშაობა სტუდენტ და სხვა ახალგაზრდობას შორის, ვინაიდან სწორედ ამ ასაკის პირები ძაბავენ დღეს ყველაზე მეტად ოპერატიულ ვითარებას.

შემდეგი მწვავე პრობლემა, რომელსაც მინდა შევეხო, ეს არის ნარკომანია. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ეროვნულ უბედურებასთან ბრძოლა დღესდღეობით ძალზე დაბალ დონეზე დგას. სკოლის, უმაღლესი სასწავლებლებისა და ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების ხელმძღვანელი მუშაკები თითქმის არაფერს აკეთებენ ამ მიმართულებით. არის შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკების, ან მათი შემცვლელი მედიკამენტებისა და პრეპარატების რეალიზატორებად უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებათა პერსონალი გვევლინება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათი აღრიცხვიანობა და დაცვითი მექანიზმი არ მოქმედებს, სუსტია სათანადო კონტროლი.

ჯერ კიდევ არასაკმარისია, მე ვიტყოდი უღიმღამოა სამართალდამცველი და, პირველ ყოვლისა, პოლიციის ორგანოების მუშაობა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ნარკომანიის ხაზით რესპუბლიკაში აღძრულია 211 სისხლის სმართლის საქმე 270 პირის მხილებით. მართალია, აღნიშნული მაჩვენებელი აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ ასახავს საქართველოში ნარკომანიის გავრცელების მასშტაბებს. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან ამ საშიში სენის წინააღმდეგ არ არის შექმნილი ერთიანი შეურიგებლობის ატმოსფერო. გარდა ამისა, მაკოორდინირებელი რგოლი, - ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის რესპუბლიკური კომისია - ჯერჯერობით არ მოქმედებს. ამდენად საჭიროა ყველა ღონე ვიხმაროთ, რათა ეს ინსტიტუტი უმოკლეს ვადაში ამოქმედდეს სრული დატვირთვით.

ნარკომანიასთან ერთად ძალზე შემაშფოთებელია სქართველოში ნარკობიზნესის შემოჭრის პროცესი. ეს გასაკვირი არ არის, რადგან რესპუბლიკის გეოგრაფიული მდებარეობა და შექმნილი მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარება ხელს უწყობს მის სწრაფ გავრცელებას. გარდა ამისა, დღეს შავ ბაზარზე ნარკოტიკების ფასმა ასტრონომიულ ციფრს მიაღწია, კერძოდ, ერთი კილოგრამი ოპიუმის ღირებულებამ 5 მილიონ მანეთს მიაღწია, ხოლო ერთი კილოგრამი მორფინისა - 10 მილიონ მანეთს.

ამ საწამლავის შეძენაში იცვლება დიდძალი ფასეულობანი, მათ შორის ქურდობა-ყაჩაღობის და სხვა დანაშაულებრივი გზით ნაშოვნი. ნარკოტიკული ნივთიერებანი ჩვენთან შემოდის ირანიდან, თურქეთიდან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ჩინეთიდან, სინგაპურიდან და ა.შ. აღარაფერს ვამბობ თანამეგობრობის რეგიონებზე, როგორიც არის ჩრდილოეთ კავკასია, კრასნოდარის მხარე, შუა აზის რესპუბლიკები.

ასე მაგალითად, ა.წ. 4 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს მუშაკებმა დააკავეს მოქალაქე ო. ხოჯავა, რომლის ბინიდან ამოღებულ იყო 140 ამპულა მორფინი. 11 თებერვალს მოქლაქე რ. დარჯანიას პირადი ჩხრეკისას და შემდგომ ბინიდან ამოღებულ იქნა 100 ამპულა მორფინი. ორივე შემთხვევაში ნარკოტიკები შემოტანილია ინდოეთიდან.

21 თებერვალს აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა ქალაქ შემახის მკვიდრი მ. გიდაიატოვი, რომელიც ცდილობდა შემოეტანა ჩვენს რესპუბლიკაში 60 გრამი ირანული წარმოების ოპიუმი, რათა გაეცვალა იგი მსუბუქ ავტომობილზე.

27 თებერვალს თბილისში პოლიციის ორგანოებმა დააკავეს ყაზბეგის რაიონის სოფელ ქუმლისციხის მცხოვრები პ. ბურდული, როელსაც აღმოაჩნდა 23 გრამი ოპიუმი, ხოლო სოფელ ქუმლისციხეში დამატებით გატარებული ღონისძიების შედეგად მისი საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულ იქნა 95 გრამი ამავე დასახელების შხამი, რომელიც შემოტანილი ჰქონდათ ჩრდილოეთ ოსეთიდან. მარტო ამ რაოდენობის ნარკოტიკის გასაღებით ბოროტმოქმედი 2 მილიონ მანეთზე მეტს მოიგებდა.

როგორც ხედავთ, რესპუბლიკაში შექმნილია ძალზე საგანგაშო მდგომარეობა. მიმაჩნია და, ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ სენის მიმართ უნდა გატარდეს უფრო ქმედითი ღონისძიებანი. ამდენად ჩემი მოთხოვნაა ბატონ თეიმურაზ ხაჩიშვილის, ბატონ ირაკლი მენაღარიშვილის, ბატონ თამაზ კვაჭანტირაძისა და სხვების მიმართ, ვისაც კი ნარკომანიის საკითხები ეხება და აღელვებს, რომ ყველამ თავის უბანზე და, ამასთან ერთიანი ძალისხმევით გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობის მაქსიმუმი, რათა ნარკომანიასა და ნარკობიზნესს გამოვუცხადოთ დაუნდობელი ბრძოლა და გადავარჩინოთ ახალგაზრდობა, ჩვენი ერი ამ უბედურებისაგან.

გარდა აქტიური ოპერატიულ-პრაქტიკული ღონისძიებების გატარებისა, საჭიროდ მიმაჩნია:

1. სასწრაფოდ შეიქმნას რესპუბლიკაში ნარკომანიასთან ბრძოლის ეროვნული ცენტრი, რომელიც შეძლებს გადაწყვიტოს აღნიშნული პრობლემის ყველა ორგანიზაციული და საკოორდინაციო საკითხი, განახორციელოს მუდმივი კონტროლი, ანალიზი და მომავლის პროგნოზირება, რათა გამომუშავდეს ამ სენთან ბრძოლის ერთიანი და სწორი სტრატეგია და ტაქტიკა. თუ ჩვენ ასეთ ორგანოდ ჩავთვლით ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის რესპუბლიკურ კომისიას, მაშინ მას უნდა მიეცეს საგანგებო უფლებები თავისი სათანადო მატერიალურ-ტექნიკური და სხვა საშუალებების უზრუნველყოფით და, რაც მთავარია, კადრების საკითხის სწორი გადაწყვეტით.

2. ამ კომისიის მიერ უნდა დამუშავდეს და გამოქვეყნდეს პარლამენტის დამტკიცებული უწყებებთან, წამყვან სპევიალისტებთან შეთანხმებული ნარკომანიასთან ბრძოლის ეროვნული პროგრამა, რომლის პრიორიტეტული მიმართულებები უნდა შეესაბამებოდეს გაეროს ძირითად პრინციპებსა და დებულებებს.

3. პარლამენტის მიერ დაჩქარდეს ერთიანი კანონის ან კანონთა პაკეტის მიღება, რომელიც დაარეგულირებს ნარკოტიკულ და ფსიქოთროპიულ ნივთიერებათა მიმოქცევას, განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ნარკოტიკების მიმოქცევის კანონიერებას და ამ ხაზით, სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციას, დაიცავს ნარკომანთა სოციალურ და სამედიცინო რეაბილიტაციის საკითხებს. მიღებული კანონი უნდა შეესაბამებოდეს გაეროს კონვენციის 1961, 1971, 1990 წლების ძირითად დებულებებს ნარკოტიკულ და ფსიქოთროპიულ ნივთიერებათა უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის ორგანიზაციისათვის.

4. ზემოაღნიშნულის დამტკიცებამდე ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღოს შუალედური დადგენილება ნარკომანიით დაავადებულ პირთა სოციალურ, სამედიცინო რეაბილიტაციისა და ნარკოტიკულ და ფსიქოთროპიულ ნივთიერებათა უკანონო მიმოქცევის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ.

ქალბატონებო და ბატონებო!

დღეს რესპუბლიკას, მის ეკონომიკურ პოტენციალს დიდად აზარალებს ტერორისტული აქტების თარეში. ტერორისტების მავნებლურ-დივერსიულ მოქმედებათა შედეგად მრავალჯერ არის გამოყვანილი მწყობრიდან ელექტროგადამცემი ხაზების ანძები, რკინიგზისა და საავტომობილო ხიდები, გზები და ლიანდაგები, სომხეთში მიმავალი გაზსადენი, შენობა-ნაგებობანი და სხვა. ამგვარი ბარბაროსული, სხვა სიტყვებს მე ვერ ვპოულობ, აქციების შედეგად რესპუბლიკას მიადგა 10 მილიარდ მანეთზე მეტი ზარალი, რაც ძალზე აჩანაგებს ისედაც დაბეჩავებულ ჩვენს ეკონომიკას. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყოველივე ეს ეკუთვნის ჩვენს ხალხს, რომ იგი დამოუკიდებელი საქართველოს მონაპოვარია და, რაც მთავარია, ამ ბოროტმოქმედებით ისინი თავისივე ხალხს აზარალებენ. ამდენად, ამ მახინჯ მოვლენას და სისასტიკეს საჭიროა გამოვუცხადოთ უკომპრომისო ბრძოლა. გარკვეული ძვრები ამ მიმართულებით შეიმჩნევა, მაგრამ მთლიანობაში ის ჯერ ვერ უპასუხებს დღევანდელ მოთხოვნებს, მით უმეტეს, რომ სატრანსპორტო და საგზაო პოლიციის დანაყოფები მთავრობის მიერ გაძლიერებულ იქნა საშტატო ერთეულებით, გაუმჯობესდა მათი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და სხვა საკითხები. მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღესდღეობით სერიოზული ხარვეზებია ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და აღკვეთა-აცილების, აგრეთვე ტერორისტთა გამოვლენა-დასჯის საქმეში. ჩვენ მოვითხოვთ ბატონი ირაკლი ბათიაშვილისაგან, ბატონ თეიმურაზ ხაჩიშვილისა და სამართალდამცველ ორგანოთა სხვა ხელმძღვანელებისაგან, რომ ერთობლივი მოქმედებით დაამყარონ ამ უბანზე სათანადო მართლწესრიგი, სიმშვიდე მოუტანონ ჩვენს მოსახლეობას.

მიგვაჩნია, რომ კრიმინოგენული სიტუაციის გამწვავება ჩამოთვლილ გარემოებებთან ერთად, გამოწვეულია საბაზრო ურთიერთობათა ჩამოყალიბების პროცესით, რომელიც ესოდენ მტკივნეულად მიმდინარეობს რესპუბლიკაში. ამას ემატება ორგანიზებული, მაფიოზური ხასიათის დანაშული, განსაკუთრებით მისი ისეთი გამოვლინებანი, როგორც არის რეკეტი და სხვა, რომლის გამო ყველაზე მეტად ზარალდება კერძო ბიზნესი, რომელიც ჩვენში ახლად იკიდებს ფეხს და საბაზრო ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამართალდამცველმა ორგანოებმა და, პირველ ყოვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და არა სხვადასხვაგვარმა დეტექტურმა ორგანიზაციებმა, უნდა მონახონ, გამოიმუშაონ ქმედითი ტაქტიკა და ბრძოლის ფორმები (რომლებიც ჯერჯერობით არ გაგვაჩნია), ამ მეტად საშინელი სენის მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში შეიძლება დამკვიდრდეს უკანონობისა და განუკითხაობის ვითარება, ძალადობის საშიში ატმოსფერო ბევრად უფრო მახინჯ ფორმებში, ვიდრე ეს არის იტალიაში ან სხვა ქვეყნებში, რომელმაც შეიძლება უდიდესი ზიანი მიაყენოს საქართველოს, მთელ ერსა და მოსახლეობას, საერთოდ ჩვენთან დემოკრატიული პრინციპების ჩამოყალიბება-დამყარების პროცესს.

გადაუჭრელ პრობლემად რჩება სასაზღვრო მარშრუტების საიმედოდ დაცვის საკითხები. სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საბაჟო კომიტეტის ორგანოებმა მოუქნელი მუშაობის გამო ვერ გადაკეტეს რესპუბლიკიდან დიდძალი საქონლის, ფასეულობათა და ეროვნული სიმდიდრე-საგანძურების გატანის გზები. ამასთან პოლიციის დანაყოფებმა არ უზრუნველყვეს საექსპორტო დიზელის საწვავის მილსადენის დაცვა გაბურღვისა და მისი დატაცების ხელყოფისაგან, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ხარაგაულის, თერჯოლის, ლანჩხუთის, ქობულეთისა და სხვა რაიონების ტერიტორიაზე. ეს დანაშაულებრივი პროცესები კი დიდ ზიანს აყენებს საქართველოს, მის მომავალ პერსპექტივებს, მე მინდა ვთხოვო ბატონებს თეიმურაზ ხაჩიშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილს გამონახონ რეალური ქმედითი საშუალებანი ამ მიმართულებით სახელმწიფოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად.

რესპუბლიკის საზოგადოებრიობა, მოსახლეობა, თბილისის მცხოვრებლები შეშფოთებული არიან ქუჩებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეიარაღებულ ბოროტმოქმედთა თარეშით, მათი შიშით დაბნელებისას ადამიანები ერიდებიან გარეთ გამოსვლას, ამასთან მრავლადაა მსხვილ ქალაქებში, განსაკუთრებით თბილისში მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტები, ავტოხულიგანთა თავხედური და აღვირახსნილი მოქმედება, სხვა ნეგატიური პროცესები, ქუჩებში ფეხით მოსიარულეთა ნაკადი ნებისმიერ ადგილას გადადის, შთბეჭდილება იქმნება, რომ თბილისი ნელ-ნელა კარგავს თავის სახეს და ემსგავსება სოფლის ან დაბის ტიპის ქალაქს. ისმის კითხვა, სად არის სახავტოინსპექციისა და საგზაო საპატრულო სამსახურის საქმიანობა, მათი სახე. ნებისმიერ დღეს რომ გახვიდე საღამოს ან ღამე, ერთი პოლიციის ეკიპაჟს ან გარკვეულ ადგილებში პოსტებს, სანთლით რომ ეძებო, ვერ ნახავ, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უმსგავსოება?! არც საავტომობილო ტრასებზე არის დამყარებული სიმშვიდე, გრძელდება სატვირთო და პირადი მფლობელობის ავტოტრანსპორტის მძღოლებსა და მგზავრებზე ყაჩაღური თავდასხმები, სხვა ძალადობები. მე ამ საკითხზე იმიტომ გავამახვილე ყურდღება, რომ ჩვენ წელს სახავტოინსპექციას გამოვუყავით დამატებითი საშტატო ერთეულები და შევქმენით რესპუბლიკის სპეციალური დანიშნულების საგზაო ლეგიონი, ხოლო დედაქალაქში საგზაო საპატრულო-საგუშაგო პოლკი. ჩვენი მოთხოვნაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრასებზე, ქალაქის ქუჩებსა და ხალხის თავშეყრის ადგილებში გარდატეხა შეიტანოს სათანადო მართლწესრიგის დასამყარებლად და უზრუნველყოს ადამიანთა უსაფრთხოების დაცვა.

დიდი სამუშაოა ჩასატარებელი მოსახლეობაში არსებული იარაღის რეგისტრაცია-ამოღებისათვის. ამ მიმართულებით გარკვეული ღონისძიებები ხორციელდება. პირველ კვარტალში რეგისტრაცია გაიარა სანადირო თოფებზე 21759 პირმა, ხრახნილლულიანზე - 341-მა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ძალზე ცოტაა. საჭიროა უფრო ოპერატიულად და გაბედულად იმოქმედონ პოლიციის ორგანოებმა, რათა შეწყდეს ქალაქებსა და რაიონებში სროლის ხმა, შემცირდეს ამ მიზეზით მსხვერპლი.

ბევრი გადაუჭრელი პრობლემაა დანაშულის ჩამდენ პირთა დაძებნა-დაკავების საქმეში. მრავალი დამნაშავე, განსაკუთრებით საშიში შეიარაღებული მოძალადეები, სჩადიან ახალ ბოროტებას, მათ შორის მძიმე სახის დანაშაულს. ამ მხრივ რთული მდგომარეობაა თბილისში, გორში, რუსთავში, აჭარაში და ა.შ. საჭიროა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვა სამართალდამცველ ორგანოებთან ერთად განახორციელოს შეთანხმებული აღმკვეთი ღონისძიებანი აღნიშნული პრობლემის დასაძლევად.

ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო სასჯელის აღმასრულებელ დაწესებულებათა საქმიანობას. აქ კვლავ ხდება ბევრი დანაშაული, დისციპლინის დარღვევები, პატიმართა გაქცევა და სხვა ნეგატიური პროცესები. ალბათ, უნდა გაანალიზდეს მდგომარეობა და დაისახოს კომპლექსური ღონისძიებანი, რათა დამყარდეს საჭირო წესრიგი და სტაბილურობა. გარდა ამისა, მიუხედავად მიცემული თანხმობისა, იუსტიციის სამინისტროს წერილზე მიმაჩნია, რომ დღესდღეობით არ მომწიფდა ნიადაგი, რომ სასჯელთა აღმასრულებელი სამსახური გადაეცეს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში, ვინაიდან ეს კიდევ უფრო დიდ პრობლემას შეგვიქმნის, განსაკუთრებით რეჟიმისა და დაცვის საკითხებში.

სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს შრომის დისციპლინის განმტკიცება, განსაკუთრებით დღევანდელ ურთულეს ვითარებაში, როდესაც გვაკლია ნედლეული, შეფერხებებია სათბობ-ენერგეტიკული რესურსების უზრუნველყოფაში, გვაქვს სხვა სიძნელეებიც, - გააცდინო სამუშაო, დააკლო თუნდაც უმნიშვნელო, მაგრამ ხალხისათვის საჭირო პროდუქცია, - ეს ერის ღალატის ტოლფასია, მითუმეტეს, როდესაც ჩვენი სამშობლო საომარ მოქმედებაშია. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ დაწესებულებათა და საწარმოთა თანამშრომლები და მუშა-მოსამსახურეები მონაწილეობენ მიტინგებში სამუშაო დროის ხარჯზე. ამასთან დაკავშირებით მე მოვითხოვ, ყველა სამინისტროსა და უწყების ხელმძღვანელთაგან, რომ ანალიზი გაუკეთონ დარგებში მიმდინარე საწარმოო-ეკონომიკურ, სოციალურ პროცესებს, საშემსრულებლო დისციპლინის მდგომარეობას, გააძლიერონ კონტროლი და მომთხოვნელობა ხელქვეითებისადმი, მონახონ სათანადო ზეგავლენის ყოველდღიური ბერკეტები, რათა ამ საკითხებში დამყარდეს სრული წესრიგი.

რთულ ვითარებაში უხდებოდა მუშაობა ხანძარსაწინააღმდეგო პოლიციის სამსახურს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რესპუბლიკაში რეგისტრირებული ყო 850 ხანძარი, რომელთაგან გამოწვეულმა ზარალმა შეადგინა 27.450.335 მანეთი. ხანძრის შედეგად დაიღუპა 24 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხანძრიანობა შემცირდა 40%, მაგრამ მატერიალური ზარალი გაიზარდა 7.010.157 მანეთით. საჭიროა გაუმჯობესდეს პროფილაქტიკური მუშაობა და გაძლიერდეს მომთხოვნელობა ობიექტებისა და უწყებების ხელმძღვანელთა მიმართ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად.

წესრიგის დამცველი ორგანოების, მათ შორის პოლიციის ბრძოლისუნარიანობა ბევრად არის დამოკიდებული კადრებზე. რა შეიძლება ითქვას? დღეს პოლიციის ბევრი მუშაკი კეთილსინდისიერად არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, სჩადის უხეშობას, ძალადობას, მექრთმეობას და სხვა დანაშაულებრივ ქმედებას. ანალიზი გვიჩვენებს, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კანონიერებისა და დისციპლინის დარღვევისათვის, აგრეთვე ჩადენილი დანაშაულისათვის დასჯილია შინაგან საქმეთა ორგანოს 303 თანამშრომელი, რაც 84 ფაქტით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აქედან 7 თანამშრომელი დასჯილია კანონიერების დარღვევისათვის (გასული წლის ამავე პერიოდში იყო 5), 21 - დანაშაულის ჩადენისათვის (შესაბამისად - 14), ხოლო დისციპლინის დარღვევისათვის 275 (იყო 200). თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ციფრებიც არ ასახავენ რეალურ მდგომარეობას - ორგანოს მუშაკების მიერ გაცილებით მეტია ჩადენილი სხვადასხვა სახის დარღვევები. შეიძლება მოვიყვანოთ პოლიციის თანამშრომელთა უმსგავსო საქციელის ბევრი ფაქტი. სამწუხაროდ, იმის მაგივრად რომ პოლიციის თანამშრომელმა დაიცვას მოქალაქეთა უსაფრთხოება, თვით მონაწილეობს სამართალდარღვევებში, მიმდინარე წლის 6 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი განყოფილების რეფერენტმა პოლიციის ლეიტენანტმა მ. კაჭარავამ ზურგის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მოქალაქე ც. შევარდნაძეს. 7 მარტს მცხეთის რაიონის სოფ. იგოეთში იარაღის გამოყენების მუქარით ქ. თბილისის ნაძალადევის შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების მე-4 ქვეგანყოფილების ოპერრწმუნებულმა კ. ბიჭიკაშვილმა და მუხიანის ქვეგანყოფილების პატრულინსპექტორმა კ. ლებანიძემ ცოლ-ქმარ მაია და ნუგზარ ჩადუნელებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვეს 180 ათასი მანეთი ფული და ტყავის ქურთუკი.

4 აპრილს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სამძებრო განყოფილების უფროსმა ოპერრწმუნებულებმა ა. კახელიშვილმა და გ. ლიპარტელიანმა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ განძაში მაკაროვის სისტემის პისტოლეტებით და ასკ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულებმა მოქლაქეებს წაართვეს ნავაჭრი 2 მილიონ 700 ათასი მანეთი ფულადი თანხა. მათვე პისტოლეტებით დაცხრილეს ავტომანქანის საბურავები.

აღნიშნული და სხვა ანალოგიური ფაქტები იმაზე მეტყველებენ, რომ შინაგან საქმეთ ორგანოებში საკადრო პოლიტიკია ტარდება არასწორად, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ერთი ხელის მოსმით უშვებენ ორგანოდან გამოცდილ კვალიფიციურ მუშაკებს ასაკობრივი მოტივით ან პოლიტიკური მრწამსით, რაც არ არსებობს პოლიციაში მისი დეპოლიტიზაციის გამო. ამით ირღვევა მცოდნე და ახალგაზრდა თანამშრომელთა თანაფარდობა. მოიშალა პროფესიონალთა ბირთვი. მრავალი მუშაკი მიღებულია ძმაბიჭობით, ტელეფონის დარეკვით და სხვა არასაქმიანი მიდგომიდან გამომდინარე პირადული დამოკიდებულებით. ახალბედებთან არ წარმოებს სერიოზული აღმზრდელობითი მუშაობა, არ ხდება მათი მიმაგრება გამოცდილ კვალიფიციურ თანამშრომლებზე. სუსტია მათ მიმართ მომთხოვნელობა და კონტროლი. ბევრ შემთხვევაში თვით ხელმძღვანელი მუშაკები თავიანთი მოქმედებით და ქცევით ცუდ მაგალითს აძლევენ ხელქვეითებს. არის სხვა ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ კადრების სწორ ჩამოყალიბებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ პრინციპულად მოვითხოვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებისაგან, მათ გარდაქმნან მუშაობის სტილი და უფრო სერიოზულად მოეკიდონ კადრების შერჩევის, სწორი განაწილების და აღზრდა-სწავლების რთულ საკითხებს.

მართლწესრიგის განმტკიცების საკითხებში ჯერ კიდევ სუსტად მუშაობენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, ბევრი გამგეობა, მათი თავმჯდომარეები იჩენენ ზერელე, უპრინციპო დამოკიდებულებას სახელმწიფო და საზოგადოებრივი დისციპლინის განმტკიცების, მარადიორობის, დეზერტირობისა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების პრობლემებისადმი, არ ქმნიან სამართალდამცველ ორგანოებთან ერთად დანაშულის მიმართ შეუწყნარებლობის ატმოსფეროს.

შემაშფოთებელია უკანასკნელ ხანს ყვარლის, ბაღდათის, ზესტაფონის, მცხეთის, მარტვილის, ვანისა და სხვა რაიონებში მომხდარი განსაკუთრებით მძიმე სახის სამართალდარღვევები. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია აქ დღითიდღე უარესდება, მატულობს დანაშაული. აღნიშნული რაიონების გამგეობათა თავმჯდომარეები არ ახორციელებნ საჭირო ღონისძიებებს მდგომარეობის სტაბილიზაციისათვის, არ იჩენენ მომთხოვნელობას ადმინისტრაციული და სამართალდამცველი ორგანოებისადმი, არ აძლევენ პრინციპულ შეფასებას და არ ახდენენ სათანადო რეაგირებას მომხდარ დანაშაულებრივ ქმედობებზე. აღნიშნულის გამო, ამ და სხვა რაიონების მოსახლეობა აღშფოთებულია და გამოთქვამენ სამართლიან გულისწყრომას ადგილობრივი ხელისუფლების უიმედობაზე დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების საქმეში. თუ ზემოჩამოთვლილი გამგეობების ხელმძღვანელები მოკლე დროში არ დაამყარებენ სათანადო წესრიგს და ძირეულად არ გარდაქმნიან საქმისადმი დამოკიდებულებასა და მუშაობის სტილს, მათ მიმართ საჭირო იქნება გატარდეს სათანადო ზომები.

ქალბატონებო და ბატონებო!

მე თქვენი ყურადღება შევაჩერე, პირველ ყოვლისა, ჩვენი მუშაობის ნეგატიურ მხარეებზე, რაც ძალზე გვაწუხებს და რისი მოთმენაც არ შეიძლება, მაგრამ ამასთან, უნდა აღვნიშნო, და, ალბათ, დამეთანხმებით, რომ სამართალდამცველ ორგანოთა საქმიანობაში ამ ბოლო ხანს, მაინც აღინიშნება გარკვეული გამოცოცხლების ტენდენციები, შეიმჩნევა ერთგვარი პოზიტიური ძვრების ელემენტები.

ქ. თბილისის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ თავდაცვის საბჭოს ცნობილი დადგენილების შესაბამისად, შექმნილია დანაშაულობათა წინააღმდეგ ბრძოლის შტაბი, რომელიც მერიის შენობაშია განლაგებული და, ალბათ, ბატონი კოტე გაბაშვილი დამეთანხმება, რომ მიმდინარე წლის 10 თებერვლიდან იგი ნაყოფიერ საქმიანობას ეწევა. გარკვეული მუშაობის შედეგად, კერძოდ, ქალაქში მოწყობილმა პიკეტებმა, გაძლიერებულმა ოპერატიულ-პროფილაქტიკურმა ღონისძიებებმა, ერთგვარად შეამცირა ავტომატური იარაღით მოქალაქეთა მოძრაობა, სროლები. აღნიშნულ პერიოდში ამოღებულ იქნა 102 ავტომატი, 82 პისტოლეტი და სხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, 80-მდე ფეთქებადი ნივთიერება, 200-ზე მეტი ბასრი იარაღი, დაკავეულ და მხილებულ იქნა არაერთი სისხლის სამართლის დამნაშავე ჯგუფი და ცალკეული პირები, რამაც გარკვეულად იმოქმედა თბილისში ოპერატიული ვითარების გაჯანსაღებაზე, მაგრამ ამის მიუხედავად, თბილისში მდგომარეობა მაინც ძალზე რთული რჩება.

კონკრეტული ნაბიჯები იდგმება სამართალდამცველი ორგანოების, სხვა სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების გზაზეც (მარტო ამ მოკლე ხანს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დამატებით არის გამოყოფილი ხელფასების, სტრუქტურების ჩამოყალიბების, საშტატო ერთეულების დამატებით და სხვა - 1,2 მილიარდ მანეთზე მეტი). ერთი სიტყვით, ეროვნული პოლიცია ეძებს თავის ადგილს საზოგადოებაში და ჩვენ ამაში მას უნდა დავეხმაროთ მორალურადაც და მატერიალურადაც. მთავარია, რა თქმა უნდა, რომ ბოლომდე მივიყვანოთ მისი ყველა დადებითი წამოწყებანი.

ქალბატონებო და ბატონებო!

გარკვეულ კრიტიკას იმსახურებს საქართველოს მინისტრთა კაბინეტი და მისი შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომლებიც ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ ხელმძღვანელობენ და ვერ აკონტროლებენ სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობას, ყოველთვის არ იჩენენ საჭირო მომთხოვნელობას, ნაკლებად ერევიან საკადრო საკითხებში, არ ისმენენ ხელმძღვანელ მუშაკთა ანგარიშებს და ა.შ.

რა თქმა უნდა, არის კიდევ უამრავი სხვა გადაუჭრელი პრობლემა, რომლებსაც მე არ შევეხე და რაზედაც მიდის ყოველდღიური მუშაობა. ალბათ, სიტყვებში გამომსვლელები დაამატებენ და შეავსებენ ჩემს მოხსენებას, დააყენებენ კონკრეტულ წინადადებებს მათ სამთავრობო დონეზე გადასაწყვეტად.

მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ თუ ჩვენ ვიქნებით მთავარ საკითხებში ერთიანნი, მხარში დაგვიდგებიან აქ დამსწრენი და სამართალდამცველი ორგანოების პირადი შემადგენლობის ბრძოლისუნარიანი და თავდადებული ნაწილი, ჩვენ შევძლებთ გადავლახოთ ყველა სიძნელე ჩვენი მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენების გზაზე, უზრუნველვყოთ მოქალაქეთა სიმშვიდისა და ღირსების დაცვა.

და, ბოლოს, თხოვნა გვაქვს პარლამენტის, მისი კომისიების მიმართ, რომ ისინი უფრო აქტიურად უნდა დაგვიდგნენ მხარში არა მარტო კანონმდებლობის შემუშავება-დამტკიცების, არამედ სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობის უკეთ გაკონტროლების, კანონების უცილობლივ შესრულებისა და სხვა საჭირბოროტო საკითხებში.

მოხსენება : უნდა გადავლახოთ ყველა სიძნელე ჩვენი მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენების გზაზე, უზრუნველვყოთ მოქალაქეთა სიმშვიდისა და ღირსების დაცვა / სიგუა თ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 29 აპრილი. - № 87 (631). - 1,2 გვ.

133 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის პროცესში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ორგანიზაციის ღონისძიებათა შესახებ

▲ზევით დაბრუნება


სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის პროცესში საპრივატიზაციო ბარათების მიმოქცევისა და ინდექსირებული თანხების გამოყენებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, ფასიან ქაღალდებში მოსახლეობის მიერ ჩადებული სახსრების დაცვის სოციალური გარანტიის უზრუნველსაყოფად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. დამტკიცდეს:

- დებულება საინვესტიციო ფონდების შესახებ (დანართი № 1);

- დებულება პრივატიზაციის სპეციალიზებული საინვესტიციო ფონდების შესახებ (დანართი № 2);

- საინვესტიციო ფონდის სანიმუშო წესდებს (დანართი № 3);

- სადეპოზიტარო ხელშეკრულების ძირითადი დებულებანი (დანართი №4);

- საინვესტიციო ფონდის ემისიის ტიპობრივი პროსპექტი (დანართი № 5);

- მმართველთა საინვესტიციო ფონდის მართვაზე ხელშეკრულების ძირითადი დებულებანი (დანართი № 6).

2. სახელმწიფო მმართველობის ორგანოებმა ყოველმხრივ ხელი შეუწყონ პრივატიზაციის სპეციალიზებულ საინვესტიციო ფონდებს დაფუძნებასა და საქმიანობაში, მათთვის საჭირო შენობების მიზნობრივად გამოყოფის, აუდიტორული ფორმებისა და დეპოზიტარების ქსელის განვითარების წახალისების, საინფორმაციო უზრუნველყოფისა და საინვესტიციო ფონდებისათვის სპეციალისტების მომზადების გზით.

3. დაწესდეს, რომ საინვესტიციო ფონდებისა და მათი მმართველების საქმიანობის ლიცენზირებას, აგრეთვე საინვესტიციო ფონდის მიერ წარდგენილი საემისიო პროსპექტის საფუძველზე აქციის გამოშვების რეგისტრაციას აწარმოებენ:

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო - პრივატიზაციის სპეციალიზებული საინვესტიციო ფონდებისა;

საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო - ყველა დანარჩენი საინვესტიციო ფონდებისა.

საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ლიცენზიის გარეშე იკრძალება საინვესტიციო ფონდების მიერ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესში გამოსაყენებლად გამიზნული ინდექსირებული თანხებით რაიმე ოპერაციის წარმოება.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ლიცენზიის გარეშე იკრძალება საინვესტიციო ფონდების მიერ საპრივატიზაციო ბარათებით რაიმე ოპერაციის წარმოება.

საინვესტიციო ფონდების ერთიანი რეესტრის წარმოება ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ.

4. დაწესდეს, რომ საინვესტიციო ფონდებს უფლება არა აქვთ მათ მიერ გამოშვებული აქციები გაცვალონ პრივატიზაციის პროცესში შექმნილ სააქციო საზოგადოებათა აქციებზე, რომელთა მფლობელია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანოები.

5. საინვესტიციო ფონდების საქმიანობას არეგულირებს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო, ხოლო პრივატიზაციის სპეციალიზებულ საინვესტიციო ფონდებისას - საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ამ დადგენილების შესაბამისად და მათი კომპეტენციის ფარგლებში.

6. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით ერთი თვის ვადაში მოამზადოს წინადადებანი პრივატიზაციის სპეციალიზებული საინვესტიციო ფონდებისათვის საგადასახადო შეღავათების მინიჭების შესახებ.

7. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისია საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საფონდო ბირჟების წარმომადგენელთა შემადგენლობით.

8. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 1993 წლის 10 მაისამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს:

- პრივატიზაციის სპეციალიზებული საინვესტიციო ფონდების საქმიანობის უფლებაზე ლიცენზიის მოქმედების შეჩერების და გამოწვევის წესი:

- დებულება პრივატიზაციის სპეციალიზებული საინვესტიციო ფონდების აქციების გამოშვების რეგისტრაციის წესის შესახებ;

- დებულება პრივატიზაციის სპეციალიზებული საინვესტიციო ფონდების მმართველობის საქმიანობის ლიცენზირების შესახებ.

9. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან ერთად 1993 წლის 10 მაისამდე შეიმუშაოს და წარმოადგინოს დასამტკიცებლად დებულება ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისიის შესახებ და ამ კომისიის პერსონალური შემადგენლობა.

10. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ 1993 წლის 10 მაისამდე:

- შეიმუშაოს და დაამტკიცოს დებულება საინვესტიციო ფონდების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ და დებულება საინვესტიციო ფონდების მმართველების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ;

- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს და დაამტკიცოს დებულება საინვესტიციო ფონდების წმინდა აქტივების შეფასების წესის შესახებ, რომელიც მოიცავს საინვესტიციო ფონდების დანახარჯების შემადგენლობის და ფინანსური შედეგების ფორმირების განსაზღვრის, საპრივატიზაციო ბარათების შეფასების წესს.

- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშაოს და დაამტკიცოს დებულება საინვესტიციო ფონდებში ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების წესის შესახებ.

11. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აქტები მოყვანილი იქნეს ამ დადგენილების შესაბამისობაში, ერთი თვის ვადაში გადაისინჯოს და გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროთა, სახელმწიფო კომიტეტებისა და უწყებათა აქტები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ დადგენილებას.

12. იურიდიულმა პირებმა, რომლებიც აწარმოებენ საინვესტიციო საქმიანობას, რაც განსაზღვრულია საინვესტიციო ფონდების შესახებ დებულების მე-2 პუნქტით და პრივატიზაციის სპეციალიზებულ საინვესტიციო ფონდის შესახებ დებულების მე-2 პუნქტით, 1993 წლის 30 აპრილამდე ამ დადგენილების შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი დამფუძნებელი საბუთები.

13. პრივატიზაციის სპეციალიზებული საინვესტიციო ფონდების საქმიანობისადმი კონტროლი დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, ხოლო სხვა საინვესტიციო ფონდების საქმიანობისადმი - საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს.

14. დადგენილება გამოქვეყნდეს პრესაში.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.

დადგენილება : სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის პროცესში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ორგანიზაციის ღონისძიებათა შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 30 აპრილი. - № 88 (632). - 1 გვ.

134 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება ელექტროენერგიის ტარიფის მოწესრიგების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ენერგოშემცველთა ფასების მნიშვნელოვანი ზრდის პირობებში ელექტროენერგეტიკული დარგის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. დამტკიცდეს და შემოღებულ იქნეს 1993 წლის 15 მაისიდან სამოქმედოდ „საქენერგოს დეპარტამენტისა და საბითუმო გადამყიდველების ელექტროქსელებიდან ყველა კატეგორიის მომხმარებელთათვის გასაცემი 1 კილოვატსაათი ელექტროენერგიის ტარიფი 13,5 მანეთის ოდენობით (დამატებულ ღირებულებაზე გადასახადის ჩათვლით).

2. შემოღებულ იქნეს „საქენერგოს“ დეპარტამენტისა და საბითუმო გადამყიდველების ელექტროქსელიდან მოსახლეობისათვის გასაცემი 1 კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე მოქმედი ტარიფი - 3 მანეთი (კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების გათვალისწინებით).

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა, ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ მოსახლეობისათვის გაცემული ელექტროენერგიის ფასთა სხვაობით (1 კილოვატსაათზე 13,5 მანეთსა და 3 მანეთს შორის) მიღებული ზარალის დაფარვა „საქენერგოს“ დეპარტამენტისა და საბითუმო გადამყიდველებისათვის შესაბამისი ბიუჯეტების ხარჯზე.

4. ანგარიშსწორება „საქენერგოს“ დეპარტამენტსა და საბითუმო გადამყიდველებს შორის განხორციელდეს ხელშეკრულების საფძველზე.

5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 10 თებერვლის 90 დადგენილებით მომხმარებლებისათვის განსაზღვრული ელექტროენერგიის ტარიფები (გარდა მოსახლეობისა).

6. ამ დადგენილების შინაარსი გამოქვეყნდეს პრესაში.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.
თბილისი. 1993 წლის 18 მაისი.

დადგენილება : ელექტროენერგიის ტარიფის მოწესრიგების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 19 მაისი. - № 102 (646). - 1 გვ.

135 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება ბუნებრივი გაზის ფასის მოწესრიგების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


რესპუბლიკისათვის მოსაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასის მნიშვნელოვან გაზრდასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. დამტკიცდეს და შემოღებულ იქნეს სამოქმედოდ 1993 წლის 15 მაისიდან „საქგაზის“ დეპარტამენტის მიერ ყველა კატეგორიის მომხმარებელთათვის მისაწოდებელი ყოველი 100 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის ფასი 40000 მანეთის ოდენობით (დამატებულ ღირებულებაზე გადასახადის ჩათვლით).

2. შენარჩუნებულ იქნეს „საქგაზის“ დეპარტამენტის მიერ მოსახლეობისათვის მისაწოდებელ ყოველ 1 კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზზე მოქმედი ფასი - 1 მანეთი (კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების გათვალისწინებით).

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა, ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ მოსახლეობისათვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის ფასთა სხვაობით (1 კუბურ მეტრზე - 40 მანეთისა და 1 მანეთს შორის) მიღებული ზარალის დაფარვა „საქგაზის“ დეპარტამენტისათვის შესაბამისი ბიუჯეტების ხარჯზე.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რეპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 20 ოქტომბრის 1005 დადგენილებით მომხმარებლებისათვის განსაზღვრული ბუნებრივი გაზის გასაცემი ფასები (გარდა მოსახლეობისა).

5. ამ დადგენილების შინაარსი გამოქვეყნდეს პრესაში.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.
თბილისი. 1993 წლის 18 მაისი.

დადგენილება : ბუნებრივი გაზის ფასის მოწესრიგების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 19 მაისი. - № 102 (646). - 1 გვ.

136 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფოთაშორის საანგარიშსწორებო ურთიერთობათა დროებითი კომისიის დებულების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფოთაშორის საანგარიშსწორებო ურთიერთობათა დროებითი კომისიის თანდართული დებულება.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.
თბილისი. 17 მაისი 1993 წელი.

137 დებულება: საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფოთაშორის საანგარიშსწორებო ურთიერთობათა დროებითი კომისიის დებულების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


1. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფოთაშორის საანგარიშსწორებო ურთიერთობათა დროებითი კომისია (შემდგომში „დროებითი კომისია“) შექმნილია საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1993 წლის 26 თებერვლის 141 განკარგულებით.

დროებითი კომისიის შექმნის მიზანია სხვა სახელმწიფოებთან საქართველოს რესპუბლიკის საანგარიშსწორებო ურთიერთობის სტრატეგიული კურსის განსაზღვრა, საკორესპონდენტო ანგარიშებით ანგარიშსწორებისას ამ უკანასკნელში დროული კორექტივების შეტანა, ანგარიშსწორების პროცესზე რეაგირების ოპერატიულობისა და მისი კოორდინაციის უზრუნველყოფა, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების საფუძველზე საკორესპონდენტო ანგარიშებზე არსებული სახსრების ხარჯვის მიმართულებათა განსაზღვრა.

2. დროებითი კომისიის ფუნქციებია:

- საგადასახადო სისტემის რეფორმის სტრატეგიისა და ტაქტიკის საფუძვლების შემუშავების ორგანიზაცია, სათანადო სამართლებრივი აქტების მომზადების კოორდინაცია და მისი გატანა ეკონომიკური რეფორმის შტაბზე;

- ტექნიკური კრედიტის არსებულ ლიმიტზე ზევით ხარჯვის მიზანშეწონილობის განსაზღვრა და მისი რაოდენობის დადგენა;

- ტექნიკური კრედიტის დაწესებულ ფარგლებში პირველადი გადარიცხვების რიგითობის დადგენა და ნებართვის გაცემა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებით. სასწრაფო შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ანგარიშსწორება გამოკითხვის წესით;

- საკორესპონდენტო ანგარიშებზე წარმოქმნილი სახელმწიფო ვალის რეგულირება, მისი ანალიზი და დასკვნის დროული მიწოდება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისათვის და პარლამენტისათვის, ამ ვალის მიმართულებათა განსაზღვრა.

- საგადასახადო რეჟიმის და ვალდებულებათა დაფარვის ოპტიმალური ვადების შემუშავება და მათი დაცვისათვის კონტროლის ორგანიზაცია;

- ანგარიშსწორების სისტემის საბაზრო ურთიერთობებთან შესატყვისობაში მოყვანა;

- საგადასახადო დოკუმენტების დანიშნულების ადგილამდე გადაზიდვების (გადაგზავნის) ორგანიზაციის კოორდინაცია;

- დარგთაშორისი და სახელმწიფოთაშორისი ჩათვლების ორგანიზაცია;

3. დროებითი კომისია უფლებამოსილია:

- მოსთხოვოს რესპუბლიკის სახელმწიფო მმართველობის ნებისმიერ ორგანოს, ეროვნულ ბანკს, სახელმწიფო-კომერციულ, კომერციულ და კერძო ბანკებს ინფორმაცია საანგარიშსწორებო საკითხებზე არსებული კანონმდებლობის ფარგლებში;

- შეისწავლოს დროებითი კომისიის გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობა მართვის ნებისმიერ ორგანოში და საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება;

- დაამტკიცოს სარეკომენდაციო ხასიათის მეთოდური მითითებანი;

- დაავალოს მართვის ნებისმიერ ორგანოს, აგრეთვე სთხოვოს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს საანგარიშსწორებო სფეროსთან დაკავშირებული ნორმატიული და მეთოდური მითითებების, დასკვნების, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებათა პროექტებისა და მასალების მომზადება.

4. დროებითი კომისია საკითხებს განიხილავს სხდომაზე, რომლებიც მოიწვევა საჭიროებისამებრ.

კომისიის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს, ეროვნული ბანკის, იუსტიციის სამინისტროსა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი პირველი პირები.

საკითხის განხილვის დროს, როგორც წესი, კომისიის მუშაობაში მონაწილეობენ შესაბამისი პროფილის სამინისტროთა, უწყებათა და დაინტერესებულ ორგანიზაციათა ხელმძღვანელები და მათი წარმომადგენლები.

5. კომისიას ხელმძღვანელობს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, რომელიც განაგებს მაკროეკონომიკურ ბლოკს.

კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ორგანიზაციას უწევს კომისიის სხდომების ჩატარებას და ამზადებს სხდომის მასალებს.

6. დადგენილება გამოქვეყნდეს პრესაში.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფოთაშორის საანგარიშსწორებო ურთიერთობათა დროებითი კომისიის დებულების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 19 მაისი. - № 102 (646). - 1 გვ.

138 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 5 სექტემბრის 905 დადგენილების ნაწილობრივ შეცვლის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ფასების შემდგომ ლიბერალიზაციასა და ინფლაციური პროცესების ზრდასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. „სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 5 სექტემბრის 905 დადგენილების 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს ასეთი რედაქციით:

1. „დაწესდეს დღიური ხარჯების ნორმა საქართელოს რესპუბლიკის ფარგლებში 300 მანეთის, ხოლო ყოფილი სსრ კავშირის რესპუბლიკებში - 400 მანეთის ოდენობით“.

2. ეს ცვლილება ძალაშია 1993 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.
თბილისი. 1993 წლის 18 მაისი.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 5 სექტემბრის 905 დადგენილების ნაწილობრივ შეცვლის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 21 მაისი. - № 104 (648). - 1 გვ.

139 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკაში პრივატიზაციის პროცესის დროს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აღნიშნავს, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 14 სექტემბრის 926 დადგენილებით შემუშავდა შესაბამისი ინსტრუქცია და გადაფასების კოეფიციენტები 1992 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით.

იმის გათვალსიწინებით, რომ 1992 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ რესპუბლიკაში კვლავ გრძელდება ინფლაცია, ფასების შემდგომი ზრდა, აუცილებელი ხდება ზემოაღნიშნული კოეფიციენტების კორექტირება, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. საპრივატიზაციო საწარმოების ძირითად საშუალებათა აღდგენითი ღირებულება განისაზღვროს 1993 წლის 1 აპრილის მდგომარეობით. საპრივატიზაციო საწარმოების ძირითად საშუალებათა აღდგენითი ღირებულების განსაზღვრის დროს საბალანსო ღირებულების გადაფასების კოეფიციენტი გამრავლდეს 2,4 კოეფიციენტზე, ხოლო საპრივატიზაციო კომისიას დარჩეს უფლება გამოიყენოს უფრო მაღალი კოეფიციენტები.

2. 1992 წელს შეძენილი ძირითადი საშუალებები, რომლებიც არ ექვემდებარებოდნენ გადაფასებას, ამჟამად დაექვემდებარონ 2,4 კოეფიციენტით გადაფასებას, ხოლო 1993 წლის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე შეძენილ ფონდებზე გამოყენებულ იქნეს კოეფიციენტი - 1.

3. დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს, სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტს ყოველკვარტალურად წარმოუდგინონ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების ახალი კოეფიციენტები.

4. ეს დადგენილება გამოქვეყნდეს პრესაში.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.
თბილისი. 18 მაისი, 1993 წელი.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკაში პრივატიზაციის პროცესის დროს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 25 მაისი. - № 107 (651). - 1 გვ.

140 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


მოსახლეობის დასაქმების სისტემისათვის მტკიცე ფინანსური და ორგანიზაციული საფუძვლის შექმნის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

დამტკიცდეს 1993 წლისათვის „მოსახლეობის დასაქმების სოციალური გარანტიების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 10 ივნისის 474 დადგენილებით გათვალისწინებული საწარმოებისა და ორგანიზაციების სავალდებულო მიზნობრივი ანარიცხების ნორმატივი საქართველოს რესპუბლიკის დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში 3,0 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებმა, კომიტეტებმა, დეპარტამენტებმა და უწყებებმა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ ამ დადგენილების დაყვანა საქვეუწყებო რგოლებამდე.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.
თბილისი, 1993 წლის 24 მაისი.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 28 მაისი. - № 109-110 (655). - 1 გვ.

141 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება მიმოქცევაში საქართველოს ეროვნული ბანკის 1 და 3 ნომინალის კუპონების გამოშვების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპონების მიმოქცევის პერიოდში დაბალი ნომინალის კუპონების უკმარისობის გამო მოსახლეობასთან ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში შეიქმნა გარკვეული სიძნელეები, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმოქცევაში გამოშვებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის 1 და 3 ნომინალის კუპონები.

2. „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმოქცევაში საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპონების გამოშვების შესახებ“ სქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 29 მარტის 246 დადგენილებით გათვალიწინებული პირობები გავრცელდეს 1 და 3 ნომინალის კუპონებზეც.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.
თბილისი, 1993 წლის 1 ივნისი.

დადგენილება : მიმოქცევაში საქართველოს ეროვნული ბანკის 1 და 3 ნომინალის კუპონების გამოშვების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 3 ივნისი. - № 115 (660). - 1 გვ.

142 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკაში მცირე ენერგეტიკის განვითარების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შექმნილი ენერგიის მწვავე დეფიციტის პირობებში მცირე ენერგეტიკის განვითარება დღევანდელი დღის აქტუალურ პრობლემებს განეკუთვნება.

მცირე ენერგეტიკის პოტენციურ შესაძლებლობათა შეუფასებლობამ და ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მისი განვითარების უგულებელყოფამ უარყოფითი შედეგი გამოიღო - პრაქტიკულად შეწყდა მცირე ელექტროსადგურების მშენებლობა, უფრო მეტიც, აღდგენასა და რეკონსტრუქციას მოითხოვს არსებული ობიექტების აბსოლუტური უმრავლესობა, არ არსებობს ორგანული საწვავის გადამმუშავებელი და მის ბაზაზე მომუშავე არც ერთი საწარმო, აუთვისებელია მოძიებული თერმული წყლების უდიდესი ნაწილი, მინიმალურადაც არ არის გამოყენებული არატრადიციული ენერგეტიკის (მზის, ქარის, ბიოლოგიური და ა.შ.) შესაძლებლობანი. რესპუბლიკაში თითქმის არ იწარმოება მცირე ენერგეტიკული ობიექტებისათვის საჭირო დანადგარ-მოწყობილობანი. აღნიშნული ჩამორჩენის მოკლე დროში დაძლევა მოითხოვს გარკვეულ კაპიტალურ დაბანდებებს.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თვლის, რომ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში მცირე ენერგეტიკის დაჩქარებული განვითარების რეალურ გზას წარმოადგენს არსებული მცირე ენერგეტიკული ობიექტების პრივატიზაციისა და ახლის მშენებლობაზე ლიცენზიების გაცემის დაჩქარება, ისეთი ნორმატიული აქტების მიღება, რომლებიც ხელს შეუწყობენ კერძო კაპიტალის, უცხოური ინვესტიციებისა და კრედიტების დაბანდებას ენერგეტიკის ამ სფეროში.

საკუთარი მოხმარების მთლიანი ან ნაწილობრივი დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია ისეთი ეკონომიკურ-სამართლებრივი მექანიზმის შემუშავება, რომელიც წაახალისებს სახელმწიფო საწარმოებსა და ორგანიზაციებს მოაწყონ მცირე სიმძლავრის ენერგეტიკული ობიექტები, პირველ რიგში რესპუბლიკის მნიშვნელოვანი ჰიდროენერგეტიკული რესურსების გათვალისწინებით, მცირე ჰიდროელექტროსადგურები.

მცირე ენერგეტიკის გეგმაზომიერი სისტემატური განვითარების მიზნით, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა ასპექტების გათვალისწინებით, საჭიროა შემუშავდეს ცალკეულ სახეობათა ენერგეტიკული რესურსების ათვისების გენერალური სქემები, რომლებიც საფუძვლად დაედება რესპუბლიკაში მცირე ენერგეტიკის ობიექტების მშენებლობას და შესაძლებელს გახდის ამ მიმართულებით განხორციელდეს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა.

რესპუბლიკაში მცირე სიმძლავრის ენერგეტიკული ობიექტების ფართო მასშტაბით და დაჩქარებული ტემპით მშენებლობის უზრუნველსაყოფად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროს შეიმუშაოს რესპუბლიკის არატრადიციული ენერგიის წყაროების რესურსების გამოყენების გენერალური სქემა.

2. „საქენერგოს“ დეპარტამენტმა უზრუნველყოს რესპუბლიკის ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისების გენერალური სქემის შედგენა.

3. მცირე სიმძლავრის ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა ძირითადად განხორციელდეს ადგილობრივი კერძო კაპიტალის, უცხოური ინვესტიციებისა და კრედიტების მოზიდვის გზით, აგრეთვე სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საწარმოთა დაფინანსების ხარჯზე.

4. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროს შეიმუშაოს და წარმოადგინოს დასამტკიცებლად ისეთი ნორმატიული აქტების პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ კერძო კაპიტალის, უცხოური ინვესტიციებისა და კრედიტების ფართოდ მოზიდვას მცირე სიმძლავრის ენერგეტიკული ობიექტების მოწყობის დასაჩქარებლად.

5. მცირე სიმძლავრის პრიორიტეტული ენერგეტიკული ობიექტების აღდგენა-რეკონსტრუქციისა და ახლის მშენებლობის სამუშაოთა გაფართოების და დაჩქარების მიზნით მესაკუთრეებისათვის, შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველწლიურად გამოიყოს შეღავათიანი გრძელვადიანი მიზნობრივი სესხები, მათ გამოყენებაზე სათანადო კონტროლის დაწესებით. პრიორიტეტული ობიექტების ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტრო.

6. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროს მცირე სიმძლავრის ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობაზე ლიცენზიების გაცემა, ხოლო მათ მშენებლობასთან და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა - „საქენერგოს“ დეპარტამენტს.

მცირე ენერგეტიკული ობიექტების პროექტების კომპლექსური ექსპერტიზისათვის საქართველოს რესპუბლიკის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან შეიქმნას მოწვეულ სპეციალისტთა საექსპერტო ჯგუფები, რომელთა შემადგენლობაში შევლენ სამინისტროში შემავალი შესაბამისი დარგობრივი დეპარტამენტების, საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს და იმ რაიონების ადგილობრივი მმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, სადაც შენდება ენერგეტიკული ობიექტები.

7. საქართველოს რესპუბლიკის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტრომ მრეწველობის სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს კონკრეტული ღონისძიებანი მცირე ენერგეტიკული ობიექტებისათვის საჭირო დანადგარ-მოწყობილობათა გამოშვების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.
თბილისი, 1993 წლის 1 ივნისი.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკაში მცირე ენერგეტიკის განვითარების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 3 ივნისი. - № 115 (660). - 1 გვ.

143 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

▲ზევით დაბრუნება


მომწოდებელთა მიერ ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და ხორბლის (ფქვილის) ფასების მკვეთრ ზრდასთან და ფასების ნაწილობრივ განთავისუფლებასთან დაკავშირებით მოსახლეობის სოციალური დაცვის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. წარმოების ტემპების დაცემასა და ინფლაციის ზრდასთან დაკავშირებით 1993 წლის 1 ივნისიდან საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე შრომის ანაზღაურების მინიმალური დონე (თანამდებობრივი სარგოები, განაკვეთები, და სხვა) გადიდდეს 100 პროცენტით და განისაზღვროს იგი თვეში 4600 (ოთხი ათას ექვსასი კუპონის ოდენობით).

შრომის ანაზღაურების მინიმალურ დონეში არ გაითვალისწინება დანამატები, წანამატები, პრემიები და სხვა წამახალისებელი გასაცემლები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიუჯეტზე არსებულ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, თავდაცვის, სამართალდამცველ და ადმინისტრაციულ, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოებში დასაქმებულ მუშაკთა თანამდებობრივი განაკვეთები, სარგოები და ყველა სახის დანამატები, წანამატები და მუშაკთა შრომის საათობრივი განაკვეთები სასწავლო მეცადინეობის ჩატარებისათვის გადიდდეს 100 პროცენტით.

2. დაწესდეს, რომ მუშა-მოსამსახურეთა და გადასახადით დაბეგვრის მხრივ მათთან გათანაბრებული მოქალაქეთა ხელფასი და სხვა შემოსავალი თვეში 4600 (ოთხი ათას ექვსასი) კუპონის ოდენობით, რაც მიღებულია მათ ძირითად სამუშაო (სამსახურის, სწვლის) ადგილზე, არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით.

3. მოხუცებულობით პენსიონერთა I და II ჯგუფის ინვალიდთა (მათ შორის ბავშვობიდან I და II ჯგუფის ინვალიდთა), 16 წლამდე ინვალიდ ბავშვთა სოციალური პენსიები, წელთა ნამსახურობისა და პერსონალური პენსიები, მარჩენალის დაკარგვის გამო, ყველა სახის III ჯგუფის ინვალიდობისა და სოციალური პენსიები გადიდდეს 2300 (ორი ათას სამასი კუპონით).

აღნიშნული პუნქტი ვრცელდება მხოლოდ არამომუშავე პენსიონერებზე.

4. დაწესდეს ბავშვიანი ოჯახებისათვის დახმარების შემდეგი ოდენობა:

ა) ბავშვის დაბადებისას ერთდროული დახმარებას - 6000 (ექვსი ათასი) კუპონის ოდენობით;

ბ) 1,5 წლამდე ასაკის ბავშვების მოვლისათვის - მინიმალური ხელფასი 50 პროცენტი თვეში.

გ) 1,5-დან - 6 წლამდე ბავშვის მოვლისათვის - მინიმალური ხელფასის 40 პროცენტი თვეში;

დ) მარტოხელა დედებისა და ალიმენტის ურჩი გადამხდელი მშობლების ბავშვებისათვის დახმარება - მინიმალური ხელფასის 40 პროცენტი თვეში;

ე) 6-დან 16/18 წლამდე დაწყებითი, არასრული და საშუალო სკოლების მოსწავლეებს, აგრეთვე კომერციული სასწავლებლების სტუდენტებს (მოსწავლეებს), რომლებიც არ მუშაობენ და არ იღებენ სტიპენდიებს, პენსიას და სოციალურ დახმარებებს, - მინიმალური ხელფასის 25 პროცენტი თვეში.

5. მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარებები, როგორც წესი, ეძლევა ბავშვის მამას ძირითადი სამუშაო ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მამა არ მუშაობს - დედას.

6. ბავშვთა დედების, დიასახლისებისა და უმუშევრების დახმარება, რომლებიც არ იღებენ კანონით დადგენილ სხვა დახმარებებს (შემწეობებს), თვეში განისაზღვროს მინიმალური ხელფასის 25 პროცენტის ოდენობით.

7. დაევალოთ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებს, რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს აუნაზღაურონ საქართველოს რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს შესაბამისი ბიუჯეტიდან ამ დადგენილების მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის გაწეული ხარჯები.

8. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სტიპენდიის ოდენობა განისაზღვროს ფრიადოსანი სტუდენტებისათვის მინიმალური ხელფასის 80 პროცენტის, მხოლოდ კარგი ან მხოლოდ კარგი და ფრიადი შეფასების მქონე სტუდენტებისათვის - 75 პროცენტის, ხოლო აკადემიური მოსწრების მქონე დანარჩენი სტუდენტებისათვის - 70 პროცენტის ოდენობით. შესაბამისად, სახელმწიფო საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში - 70, 65, 60 პროცენტი, ხოლო სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში ფრიადოსანი მოსწავლეებისათვის სტიპენდიის ოდენობა განისაზღვროს მინიმალური ხელფასის 60 პროცენტის, ხოლო დანარჩენი მოსწავლეებისათვის - 50 პროცენტის ოდენობით.

სახელმწიფო უმაღლეს, საშუალო სპეციალურ და პროფესიულ სასწავლებელთა სტუდენტებს, რომლებიც არ იღებენ სტიპენდიას და სხვა სახის დახმარებას, სახელმწიფო სოციალური დაზღვევის სახსრებიდან ეძლევათ დახმარება მინიმალური ხელფასის 25 პროცენტის ოდენობით იმ სასწავლებლებში, სადაც ისინი სწავლობენ (საქართველოს რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის ამ ხარჯების შესაბამისი ბიუჯეტიდან შემდგომი ანაზღაურებით).

სახელობითი სტიპენდიების მქონე და დანარჩენი კატეგორიის სტუდენტთა, სპორტსმენთა, ასპირანტთა სტიპენდიები გადიდდეს 100 პროცენტით.

9. დოქტორანტებს სახელმწიფო სტიპენდია ეძლევათ დოქტორანტურაში ჩარიცხვამდე დანიშნული თანამდებობრივი სარგოს (განაკვეთის) ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს უფროსი მეცნიერი მუშაკის თანამდებობრივი განაკვეთისა (სარგოსი).

10. უმუშევრობის სტატუსის მქონე პირებს ეძლევათ შემწეობა:

- უმუშევრობის პირველი სამი თვის განმავლობაში - მინიმალური ხელფასის 80 პროცენტის ოდენობით;

- უმუშევრობის მეოთხედან მეექვსე თვის ჩათვლით - მინიმალური ხელფასის 70 პროცენტის ოდენობით;

- უმუშევრობის მეშვიდედან მეცხრე თვის ჩათვლით - მინიმალური ხელფასის 60 პროცენტის ოდენობით;

- უმუშევრობის მეათედან მეთორმეტე თვის ჩათვლით - მინიმალური ხელფასის 50 პროცენტის ოდენობით;

- უმუშევრობის სტატუსის მქონე იმ პირებისათვის, რომლებიც პირველად ეძებენ სამუშაოს (უმაღლესი ან საშუალო, საშუალო-სპეციალური და პროფესიული სასავლებლების კურსდამთავრებული და სხვა), შეიარაღებული ძალებიდან დემობილიზებულთათვის, აგრეთვე თავისუფლების აღკვეთისა და იძულებითი მკურნალობის ადგილებიდან განთავისუფლებული პირებისათვის შემწეობის ოდენობა განისაზღვროს უმუშევრობის სტატუსის მოქმედების პირველი ექვსი თვის მანძილზე მინიმალური ხელფასის 60 პროცენტის, ხოლო დანარჩენი ექვსი თვის მანძილზე - 50 პროცენტის ოდენობით.

11. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ:

- ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებულის სტატუსის მქონე პირებს, გარდა იმ პირებისა, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფოს კმაყოფაზე (აქვთ უფასო კვება და ბინა), ეძლევათ დახმარება მინიმალური ხელფასის ოდენობით. სახელმწიფოს კმაყოფაზე მყოფ პირებს დახმარება ეძლევათ მინიმალური ხელფასის ერთი მესამედის ოდენობით;

- ლტოლვილებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც იღებენ ფულად დახმარებას, სტიპენდიები ან კანონით დადგენილი სხვა დახმარებები არ ეძლევათ;

- პენსიონერებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ლტოლვილის სტატუსი და იმყოფებინ სახელმწიფო კმაყოფაზე, ეძლევათ სრული პენსია, პენსიის გარდა საქართველოს რესპუბლიკის ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტიდან ეძლევათ დახმარება მინიმალური ხელფასის 20 პროცენტის ოდენობით;

12. დახმარების ოდენობა დაკრძალვისათვის განისაზღვროს 10 000 (ათი ათასი ) კუპონის ოდენობით.

13. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა, რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა განიხილონ და გადაწყვიტონ საკითხი საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტისა და კომუნალური მომსახურების ტარიფების (ფასების) რეგულირების და შესაბამისი ბიუჯეტიდან სუბსიდიების გაცემის შესახებ.

საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნულ დარგებში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ფასების მომატებასთან დაკავშირებით ხარჯები გაითვალისწინოს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქებისა და რაიონების ბიუჯეტების ფორმირების ეკონომიკური ნორმატივების პროექტების შემუშავებისას.

14. ორმაგი კომპენსაციის თავიდან აცილების მიზნით სამინისტროებმა, კომიტეტებმა, უწყებებმა, საწარმოებმა და ორგანიზაციებმა მკაცრი კონტროლი დააწესონ სახელმწიფო სახსრების ხარჯვისადმი.

15. კუთვნილი შვებულებები ანაზღაურდეს ახალი თანამდებობრივი სარგოების მიხედვით.

16. საქართველოს რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ ამ დადგენილებიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდთან და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშაოს და დაამტკიცოს შესაბამისი ინსტრუქციები და მითითებანი.

17. მინიმალური ხელფასის და საბიუჯეტო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების ცვლილებებთან დაკავშირებით დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშაოს და 1993 წლის 1 აგვისტომდე წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს შრომის ანაზღაურების მინიმალურ დონესთან თანაფარდობის კოეფიციენტები.

18. მიღებულ იქნეს მხედველობაში, რომ „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად სამეურნეო ანგარიშიანი საწარმოები და ორგანიზაციები შრომის ანაზღაურების ფორმებს, სისტემებსა და ოდენობას, აგრეთვე შემოსავლების სხვა სახეობებს განსაზღვრავენ დამოუკიდებლად შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის გათვალისწინებით. ამასთან შრომის ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა არ იზღუდება.

19. დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებს, კომიტეტებს, დეპარტამენტებს, უწყებებს, ეთხოვოთ სქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს, სახელმწიფო კომერციულ ბანკებს უზრუნველყონ ხელფასების, სტიპენდიების, პენსიებისა და დახმარებების შეუფერხებელი გაცემა.

20. ამ დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს 1993 წლის 1 ივნისიდან საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 18 სექტემბრის № 934 დადგენილების მე-2 პუნქტი, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 11 მარტის №200 დადგენილება, გარდა მე-2 და მე-4 პუნქტებისა, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 3 ნოემბრის №1032 დადგენილებისა, გარდა მე-3 პუნქტის ბოლო აბზაცის, მე-4 პუნქტის და მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ბოლო წინადადებისა, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 14 სექტემბრის №924 დადგენილება, გარდა მე-5 პუნქტის პირველი აბზაცის და მეთერთმეტე პუნქტის მეორე აბზაცისა, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 14 ივლისის №725 დადგენილება, გარდა მე-5 პუნქტისა.

21. ეს დადგენილება გამოქვეყნდეს პრესაში, გადაიცეს ტელევიზიითა და რადიოთი.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.
ქ. თბილისი, 1993 წლის 3 ივნისი.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 4 ივნისი. - № 116 (661). - 1 გვ.

144 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკაში მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების საშუალოვადიანი პროგრამის განხორციელების უზრუნველმყოფ ღონისძიებათა შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. დამტკიცდეს:

- საქართველოს რესპუბლიკაში მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების საშუალოვადიანი პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გეგმა (დანართი №1);

- მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების საშუალოვადიანი პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი სამართლებრივი საფუძვლების შექმნისათვის შესამუშავებელი და მისაღები კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების ნუსხა (დანართი № 2);

- ეკონომიკური რეფორმის რეალიზაციის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის გეგმა (დანართი № 3);

2. დადგენილების ტექსტი (დანართებითურთ) დაიბეჭდოს პრესაში.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.
თბილისი, 1993 წლის 4 ივნისი.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკაში მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების საშუალოვადიანი პროგრამის განხორციელების უზრუნველმყოფ ღონისძიებათა შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 8 ივნისი. - № 119-120 (665). - 1 გვ.

145 საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის განკარგულება

▲ზევით დაბრუნება


1. მოწონებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება აშშ-ის სამოქალაქო ორგანიზაცია „მშვიდობის კორპუსთან“ თანამშრომლობის შესახებ და საჭიროდ ჩაითვალოს რესპუბლიკაში ამ ორგანიზაციის ეკონომიკის, მრეწველობის, ფინანსების, საბანკო საქმის, მენეჯმენტის, საერთაშორისო და სისხლის სამართლის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კომპიუტერიზაციის, კავშირგაბმულობის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და სხვა დარგის მოხალისე სპეციალისტთა მოწვევა.

2. დაევალოს რესპუბლიკის სამინისტროებსა და უწყებებს, სხვა ორგანიზაციებს ერთი თვის ვადაში წარმოუდგინონ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს განაცხადი იმის თაობაზე, თუ რა დარგის, რომელი ვიწრო სპეციალობის (კონკრეტული მოვალეობების აღწერით) და რა რაოდენობის ამერიკელი სპეციალისტების მოწვევა მიაჩნიათ საჭიროდ.

3. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მეშვეობით დაიწყოს მოლაპარაკება სამოქალაქო ორგანიზაცია „მშვიდობის კორპუსის“ ხელმძღვანელობასთან საქართველოში მოხალისე სპეციალისტების მოწვევის შესახებ.

საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაეკისროს აშშ-ის „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისე სპეციალისტების საქართველოში ჩამოყვანასთან და მათ მაღალეფექტიან გამოყენებასთან დაკავშირებული საქმიანობის საერთო კოორდინაცია.

4. ამერიკელ მოხალისე სპეციალისტთა ბინებით უზრუნველყოფა დაევალოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „დიპსერვისის“ სამმართველოს.

5. სამინისტროები, უწყებები და ორგანიზაციები, რომელთა მოწვევით საქართველოში ჩამოვლენ „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისე სპეციალისტები, ვალდებული არიან აუნაზღაურონ „დიპსერვისს“ ბინის ქირის ღირებულება და ამერიკელი სპეციალისტები უზრუნველყონ სამუშაო ოფისებით.

თ. სიგუა.
თბილისი, 1993 წლის 7 ივნისი.

განკარგულება : აშშ-ის სამოქალაქო ორგანიზაცია „მშვიდობის კორპუსთან“ თანამშრომლობის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 9 ივნისი. - № 121 (666). - 1 გვ.

146 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სავალუტო ფონდის ფორმირების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვის, მომსახურებისა და სხვა სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებათა დაფინანსების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილიზაციის მიზნით ცენტრალიზებული სავალუტო სახსრების მოსაზიდად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სავალუტო ფონდი, რომლის შემოსავალში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ჩაირიცხება უცხოური ვალუტით მიღებული შემოსავალი, სესხები, საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე შეძენილი უცხოური ვალუტა და სხვა შემოსავალი.

სახელმწიფო სავალუტო ფონდი რესპუბლიკური ბიუჯეტის შემადგენელი ნაწილია და მისი სახსრები გამოიყენება რესპუბლიკის სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების, რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული მიზნობრივი და სხვა ღონისძიებების დაფინანსებისათვის.

2. დაწესდეს 1993 წლის 15 ივნისიდან რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა საწარმოს, განურჩევლად მისი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების რეალიზაციით მიღებული უცხოურ ვალუტაში ამონაგებიდან საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სავალუტო ფონდისათვის ყველა სახეობის უცხოური ვალუტის სავალდებულო მიყიდვის ერთიანი ნორმატივი 20 პროცენტის ოდენობით მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე სავალუტო ბირჯაზე ჩამოყალიბებული უცხოური ვალუტის კურსის შესაბამისად, ანგარიშსწორების მომენტში, რომელსაც აწესებს საქართველოს რსპუბლიკის ეროვნული ბანკი.

სარკინიგზო, საზღვაო, საჰაერო და საავტომობილო ტრანსპორტით მომსახურების, ტვირთის სადაზღვევო და საექსპედიციო მომსახურებას სავაჭრო-საშუამავლო და საბანკო ოპერაციების, ტურიზმისა და კულტურის დარგში მომსახურებიდან მიღებული უცხოური ვალუტის ამონაგების მიმართ სავალდებულო შესყიდვის ნორმატივი გამოიყენება მომსახურების შესრულებისას უცხოურ ვალუტაში შემოსავლების სავალუტო ხარჯებზე გადანამეტი თანხების მიმართ.

3. საწარმოების სავალუტო ამონაგების 2 პროცენტი მიეყიდებათ ავტონომიური რესპუბლიკების სავალუტო ფონდებს, ქალაქებისა და რაიონების მმართველობის ადგილობრივი ორგანოების სავალუტო ფონდებს.

4. ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილიზაციისა და შიდა სავალუტო ბაზრის ფორმირების მიზნით 1993 წლის 15 ივნისიდან შემოღებულ იქნეს ყველა საწარმოთა სავალუტო ამონაგებიდან საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკზე სავალდებულო მიყიდვის ნორმატივი 10 პროცენტის ოდენობით საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული კურსის შესაბამისად. ამ სახსრების გამოყენება შეიძლება მხოლოდ ვალუტის კურსის სტაბილიზაციისა და შიდა სავალუტო ბაზრის ფორმირებისათვის.

5. სავალუტო მიყიდვას არ ექვემდებარება არარეზიდენტებისაგან უცხოური ვალუტის შემდეგი შემოსულობანი:

- საწესდებო კაპიტალში (ფონდში) შენატანების სახით შემოსულობანი, აგრეთვე შემოსავლები (დივიდენდები), რომლებიც მიღებულია კაპიტალში მონაწილეობისათვის.

- ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები, აგრეთვე შემოსავლები (დივიდენდები) ფასიანი ქაღალდებიდან;

- მოზიდული კრედიტების (დეპოზიტების, ანაბრების) სახით შემოსულობანი, აგრეთვე თანხები, რომლებიც შემოსულია გაცემული კრედიტების (დეპოზიტების, ანაბრების) დასაფარავად, დარიცხული პროცენტების ჩათვლით;

- საქველმოქმედო შემოწირულობანი.

6. სავალდებულო მიყიდვის შემდეგ უცხოური ვალუტის ამონაგების დარჩენილი ნაწილი გამოიყენება საწარმოთა სავალუტო ფონდების ფორმირებისათვის. საწარმოთა სავალუტო ფონდების სახსრები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი საქმიანობისათვის, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით არ არის აკრძალული.

7. საქონლის (სამუშაოების, მომსახურების) რეალიზაციიდან უცხოურ ვალუტაში ამონაგები ჩაირიცხება საწარმოთა სავალუტო ანგარიშებზე, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ იმ ბანკებში (შემდგომში „რწმუნებული ბანკები“), რომელთაც საქართველოს ეროვნული ბანკისაგან მიღებული აქვთ სავალუტო ოპერაციების წარმოების ნებართვა (ლიცენზია).

იურიდიული პირები, რომლებსაც ამ დადგენილების მიღების მომენტისათვის საზღვარგარეთ ანგარიშებზე აქვთ სავალუტო სახსრები, ვალდებული არიან დადგენილების მიღების დღიდან ერთი თვის ვადაში ჩარიცხონ ისინი თავიანთ ანგარიშებზე რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ რწმუნებულ ბანკებში. სახსრები, რომლებიც დადგენილ ვადაში არ იქნება ჩარიცხული ანგარიშებზე რწმუნებულ ბანკებში, ცხადდება საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად და ჩაირიცხება რესპუბლიკის სახელმწიფო სავალუტო ფონდში.

საზღვარგარეთ ანგარიშის გახსნა შეიძლება განხორციელებულ შემთხვევაში, ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ნებართვის საფუძველზე.

საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტმა ორი კვირის ვადაში შეიმუშაონ წინადადება საზღვარგარეთ ანგარიშებზე რიცხულ საწარმოთა სავალუტო სახსრების რესპუბლიკის სახელმწიფო სავალუტო ფონდში ამოღების უზრუნველსაყოფად.

8. საქონლის (სამუშაოების, მომსახურების) ექსპორტიორი საწარმოები ვალდებული არიან საბაჟო დეკლარაციაში უჩვენონ რწმუნებული ბანკის რეკვიზიტები და სრული დასახელება, რომლის მეშვეობითაც ხდება საზღვარგარეთელ პარტნიორთან ანგარიშსწორება, აგრეთვე სავალუტო შემოსავლების მიღების ვადა.

საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტი სავალდებულო შესყიდვის კონტროლის მიზნით რეგულარულად (თვეში ერთხელ) წარუდგენს საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნულ რწმუნებულ ბანკებსა და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს საბაჟო დეკლარაციის რეესტრს, რომლის საფუძველზეც საზღვარგარეთ გაშვებული იქნა საექსპორტო ტვირთი.

9. მიეცეს რეკომენდაცია საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან და საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტთან შეთანხმებით 1993 წლის 20 ივნისამდე შეიმუშაოს და სამოქმედოდ შემოიღოს დებულება საწარმოების მიერ უცხოური ვალუტის ამონაგები სახსრების ნაწილის სავალდებულო მიყიდვის შესახებ და დებულება რესპუბლიკის სახელმწიფო სავალუტო სახსრების აღრიცხვაზე რწმუნებული ბანკების პასუხისმგებლობის შესახებ.

10. იურიდიული პირების, საბანკო ან სხვა საფინანსო დაწესებულებების მიერ ამ დადგენილებით, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის აქტებით გათვალისწინებული წესების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკსა და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს შეუძლიათ დადგენილი წესით მათ მიმართ გამოიყენონ შემდეგი ზომები:

- ჩამოართვან მათ სავალუტო ოპერაციების წარმოების ნებართვა (ლიცენზია);

- გადაახდევინონ საწარმოებს შესაბამისი სავალუტო ფონდების დავალიანებანი, ან აღურიცხავი ამონაგების თანხა და ჯარიმა არსებული წესის მიხედვით.

11. საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომ წარმოუდგინოს კანონპროექტი იმ თანამდებობის პირთა და მოქალაქეთა სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც დაარღვევენ სავალუტო რეგულირების ნორმებს.

12. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გაითვალისწინოს სახსრები საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სავალუტო ფონდისათვის ვალუტის შესასყიდად.

13. ამ დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 4 მაისის №536 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში სავალუტო ფონდების ფორმირების დროებითი წესის შესახებ“.

14. სავალუტო ფონდის სახსრების ხარჯვის კონტროლის უზრუნველსაყოფად მინისტრთა კაბინეტთან შეიქმნას სავალუტო კონტროლის კომისია.

15. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ორი კვირის ვადაში წარმოუდგინოს დებულების პროექტი სავალუტო კონტროლის კომისიის შესახებ.

16. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკთან ერთად ამ დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით შესაბამისობაში მოიყვანოს სავალუტო ფონდში უცხოური ვალუტის სავალდებულო ჩარიცხვის წესები.

17. დადგენილება ძალაში შედის 1993 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა
ქ. თბილისი, 1993 წლის 10 ივნისი.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სავალუტო ფონდის ფორმირების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 16 ივნისი. - № 126 (671). - 2 გვ.

147 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება აფხაზეთის რეგიონში საომარი მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სამხედრო და სახელმწიფო საიდუმლოებათა დაცვის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

▲ზევით დაბრუნება


მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით საომარი მოქმედების გაშუქებისას სამხედრო და სახელმწიფო საიდუმლოებათა გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. დაევალოს საქინფორმს საომარი მოქმედების ამსახველი ყოველდღიური კრებსითი მასალების მომზადება, გამოშვება და მათი გადაცემა (დაბეჭდვა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მოხდეს რუბრიკით „საქინფორმი“ იუწყება“.

2. აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს სამხედრო კორესპონდენტთა აკრედიტაცია საომარი მოქმედების ზონაში შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ნებართვით.

3. საომარ მოქმედებასთან დაკავშირებული მასალები გადაიცეს (დაიბეჭდოს) მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში საიდუმლოებათა დაცვის სახელმწიფო ინსპექციის ნებართვით.

4. ღია აუდიტორიისათვის განკუთვნილი მასალების მომზადებისას პრესის, ტელევიზიის, რადიომაუწყებლობის, გამომცემლობებისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ხელმძღვანელებმა მკაცრად დაიცვან საიდუმლოებათა დაცვის სახელმწიფო ინსპექციის მიერ გამოცემული „გამოსაქვეყნებლად აკრძალულ ცნობათა ნუსხის“ მოთხოვნები.

5. საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურმა და საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურამ არ დატოვონ რეაგირების გარეშე სამხედრო და სახელმწიფო საიდუმლოებათა გამჟღავნების არც ერთი ფაქტი.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.

დადგენილება : აფხაზეთის რეგიონში საომარი მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სამხედრო და სახელმწიფო საიდუმლოებათა დაცვის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 13 ივლისი. - № 150 (696). - 1 გვ.

148 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. დაკმაყოფილდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის თხოვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო განთავისუფლდეს ამ თანამდებობიდან.

2. მიღებულ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმის წინადადება და დაინიშნოს საქართველოს პარლამენტის წევრი, აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ და შეყვანილ იქნეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმის შემადგენლობაში.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.

დადგენილება : ჟიული შარტავას აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 20 ივლისი. - № 156 (702). - 1 გვ.

149 საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა: სტრატეგია და ტაქტიკა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თენგიზ სიგუას სიტყვა რესპუბლიკის პარლამენტის სხდომაზე 1993 წლის 22 ივლისს

1. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია საქართველოში თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა, საქართველოს ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკური პატრიოტიზმის სრულყოფილი გრძნობის ჩამოყალიბება, სრული პიროვნული, მათ შორის ეკონომიკური თავისუფლების უზრუნველყოფა. ამ მიზნის მისაღწევად აღიარებულია საქართველოს დამოკიდებული, კოლონიური ეკონომიკური სისტემის ნაცვლად დამოუკიდებელი ეკონომიკური სისტემის შექმნა, რომელსაც უნარი ექნება უზრუნველყოს ქვეყნის მოსახლეობა ცივილიზებული ცხოვრებისათვის საჭირო დონით.

საქართველოს ეროვნული, დამოუკიდებელი ეკონომიკური სისტემა გულისხმობს საქართველოს ერთიან ბაზარს, ერთიან ეკონომიკურ სივრცეს, ავტონომიურ საფინანსო საკრედიტო სისტემას საბაზრო ფორმის დანერგვით.

მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა აგებულია საბაზრო მოდელზე, რომლის საფუძველია კერძო საკუთრება, საკუთრების უფლება საერთოდ და კერძო მეწარმეობა, ამასთან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საგარეო ვაჭრობის განვითარებასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

ეკონომიკური ტაქტიკა ყალიბდება იმის მიხედვით, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეკონომიკური ანარქიიდან გამოსვლა, ეკონომიკური კრიზისის შეჩერება და სიტუაციის სტაბილიზაცია.

2. საქართველოს მთავრობა ეკონომიკური პოლიტიკის რეალიზაციის მიზნით ცდილობს, ერთი მხრივ, გააღრმავოს ეკონომიკური რეფორმა და დაძლიოს ეკონომიკური კრიზისი და მეორე მხრივ განახორციელოს ეკონომიკური წყობის სისტემური გარდაქმნა სახელმწიფოს აქტიური ჩარევითა და ხელშეწყობით.

ეკონომიკური რეფორმის ძირითადი მიმართულებები საშუალო ვადისათვის ჩამოყალიბებულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის №149 და 1993 წლის 4 ივნისის №448 დადგენილებებში: „საქართველოს რესპუბლიკაში მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების საშუალოვადიანი პროგრამა“ და „საქართველოს რესპუბლიკაში მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების საშუალოვადიანი პროგრამის განხორციელების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“. აღნიშნული პროგრამის ეკონომიკური აზროვნების მიღწევის თვალსაზრისს ალტერნატივა არა აქვს. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის გატარების რაიმე დოკუმენტი საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ არ არის მოცემული.

ეკონომიკური რეფორმის მიმდინარეობის შესახებ უნდა ითქვას, რომ ის დღეს მთავრობის მცდელობით რეფორმებზე ლაპარაკისა და კონცეპტუალურ საკითხებზე კამათიდან გადავიდა რეალური განხორციელების, კონკრეტული მოქმედების ბაზაზე, ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ ზემოთ აღნიშნულ პროგრამას მხოლოდ ბოლო ხანს მიაქციეს ყურადღება, რადგან ის შეეხო კონკრეტულ ინტერესებს.

ეკონომიკურ პროცესებზე სახელმწიფო რეგულირების მექანიზმის სრულად ამოქმედების მიზნით მიღებულ იქნა №264 (30 მარტი 1993) დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საჭიროებისათვის პროდუქციისა და საქონლის მიწოდების შესახებ“ და №265 (31 მარტი 1993) „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქონლის (სამუშაოთა, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტის კვოტირებისა და ლიცენზირების ერთიანი წესის შესახებ“. ეკონომიკური წყობის ძირეულ შეცვლას ითვალისწინებს პრივატიზების მთელი პროგრამა და, განსაკუთრებით, მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილება „სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“.

მინისტრთა კაბინეტი არაა კმაყოფილი რეფორმის ტემპით, მთავრობამ ვერ შეძლო სტაბილიზაციის პროგრამის აგრეგირების დონის დაყვანა სექტორალურ ეკონომიკამდე, არ შემუშავდა მიზნობრივი პროგრამები, ბოლომდე ვერ დაადგინა ინვესტიციების გამოყენების უმაღლესი სფეროები და საჭიროებანი და სხვ. თუმცა ეს მოღვაწეობის მცირე დროითაც უნდა აიხსნას, ამ მიმართულებით მაინც გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. საქართველომ პირველმა პოსტკომუნისტურ ქვეყნებს შორის დაძლია „გეგმოფობია“ და 1993 წლის 10 მაისის №358 დადგენილებით „საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური დაგეგმვის შესახებ გაშალა მუშაობა 1994 წლიდან ამ სისტემაზე გადასვლისათვის. შერეულ ეკონომიკაში მხოლოდ სახელმწიფო და ბაზრის მარეგულირებელი ძალების ოპტიმალური შეხამებით შეიძლება ცივილიზაციისკენ სვლა.

3. ეკონომიკური რეფორმების, ეკონომიკური ტრანსფორმაციის შემაფერხებელი მთავრობისგან დამოუკიდებელი ფაქტორებიდან უპირველესია ის ექსტრემალური საზოგადოებრივი სიტუაცია, რომელიც ბატონობს სოციალურ გარემოში. ომი, ეკონომიკური კრიზისი, სამართლებრივი ნიჰილიზმი, ეკოლოგიური და ზნეობრივი კრიზისი და სხვა არ იძლევა ეკონომიკური რეფორმაციის სრულ შესაძლებლობას.

არ შეიქმნა ეკონომიკის ტრანსფორმაციისათვის სრულფასოვანი, სისტემაში მოყვანილი სამართლებრივი ბაზა. ეკონომიკური რეფორმების გატარების და ნებისმიერი პროგრამის უზრუნველყოფის უპირველესი პირობა, რა თქმა უნდა, პოლიტიკურიდეოლოგიური სტაბილიზაციაა, მაგრამ ამასთან ერთად ეკონომიკური სისტემის გარდაქმნისათვის აუცილებელია შესაბამისი სამართლებრივი ინფრასტრუქტურის შექმნა. ეკონომიკური რეფორმა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლებრივი რეფორმით. ყველაზე დიდი ამოცანაა, რომ საქმიან ინიციატივას მიეცეს გზა, შეიქმნას კონკრეტული გარემო, განვითარდეს საბაზრო ძალები და ინვესტორებს მიეცეთ რწმენა საქართველოში საქმის წარმოებისათვის. ადმინისტრციულ-მბრძანებლური სისტემის საფუძველზე ჩამოყალიბებული სამართლებრივი ინფრასტრუქტურის პირობებში შეუძლებელია სწრაფი ტრანსფორმაციის განხორციელება, შედეგების სწრაფი მიღება. რის შესახებაა ლაპარაკი? საბაზრო ეკონომიკის სამართლებრივი საფუძვლების შესაქმნელად საჭიროა ცხრა დიდი ბლოკის საკანონმდებლო აქტების მიღება. ესაა: 1. კანონმდებლობა საკუთრების, იჯარის, გირაოს, ინტელექტუალური საკუთრების, პრივატიზაციის შესახებ; 2. კანონები უცხოური ინვესტიციებისა და კონცესიების შესახებ, საერთაშორისო სამოქალაქო პროცესების შესახებ (მათ შორის უცხოური სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებები). საერთაშორისო კერძო სამართალი. 3. კანონები სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, სავაჭრო ამხანაგობების, კოოპერატივების, გაკოტრების შესახებ; 4. ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და კანონმდებლობა კონკურენციის შესახებ; 5. კანონმდებლობა რეალიზაციის, ფრენჩაიზინგის, სავაჭრო წარმომადგენლობისა და მოსაშუალებების სხვადასხვა სახეობების შესახებ; 6. კანონმდებლობა ბანკებისა და საბანკო საქმიანობის, ფასიანი ქაღალდების, საფონდო ბირჟების, სადაზღვევო და სავალუტო რეგულირების შესახებ.

გარდა ამისა, საქართველოს მსოფლიო ურთიერთობების ჩართვისათვის საჭიროა: 1. კანონმდებლობა უცხოური ინვესტიციების შესახებ; 2. საერთაშორისო კერძო სამართალი; 3. კანონმდებლობა სავაჭრო ამხანაგობების შესახებ; 4. კანონმდებლობა ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების შესახებ; 5. კანონმდებლობა ტრანსპორტის შესახებ; 6. საბაჟო კანონმდებლობა; 7. კანონმდებლობა სასამართლოს რეფორმის შესახებ;

რა გაკეთდა ამ მხრივ? წინა პარლამენტის დროს ათზე მეტი საკანონმდებლო აქტი იქნა მიღებული დროებითი მთავრობის დროს. დადგენილებებისა და სახელმწიფო საბჭოს დეკრეტის სახით 50-ზე მეტი, ხოლო ახალი პარლამენტის დროს 40. რატომ? არა იმიტომ, რომ პარლამენტს არ შესწევს კომპეტენცია (ამ აზრს გამოთქვამენ, მაგრამ ჩვენ არ ვამარტივებთ საკითხს), არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური საკითხების სიმწვავემ არ მისცა პარლამენტს ამის საშუალება. მარტო სამართლებრივი ბაზის შექმნა საკმარისი იქნება ეკონომიკური რეფორმაციისათვის? რა თქმა უნდა, არა, თუ არ დამყარდა მშვიდობა და სამოქალაქო თანხმობა ქვეყანაში.

4. ეკონომიკის განვითარებას ხელს უშლის ისიც, რომ საქართველოში ვერ მოხერხდა ეკონომიკის მართვის ოპტიმალური, იაფი და ეფექტიანი სტრუქტურების ჩამოყალიბება.

განსაკუთრებით დიდია ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში ჩავარდნა, საბანკო სისტემა მხარს არ უბამს რეფორმებს, უფრო მეტიც, საკრედიტო პოლიტიკა, რომელსაც ატარებს რესპუბლიკური ბანკი და საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც მთავრობის ეკონომიკური პროგრამითაა განსაზღვრული, ურთიერთგამომრიცხველია. ამ საკითხის მოუგვარებლად შეუძლებელია არა თუ რეფორმის გატარება, არამედ ქვეყნის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება, ეს არ არის მარტივი საკითხი. უფრო მეტიც, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედია. პარლამენტს არ შეუძლია ამ საკითხზე ნეიტრალიტეტის დაცვა, ან მედიატორის როლის შესრულება. არ არსებობს სამი მხარე: ბანკი, მთავრობა და პარლამენტი. არსებობს ორი პოლიტიკური მიმართულება ეკონომიკაში. პარლამენტმა უნდა განსაზღვროს, თუ რომელს უჭერს მხარს და განსაზღვროს ცალსახად. იყო დამოკიდებული ბანკზე, არ ნიშნავს ხელი მოაწერო ქვეყნისათვის არასასურველ შედეგებს.

5. საქართველოს ეკონომიკური გაჭირვება უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური გაჭირვებაა. ეკონომიკურ რეფორმაციას სხვადასხვა პოლიტიკური ძალები პოლიტიკური კაპიტალის მოპოვების თვალსაზრისით უყურებენ და არა ეკონომიკური პრაგმატიზმით. განა რომელიმე ქვეყანაში ვალუტის, ეროვნული ფულის საკითხი ხდება სატელევიზო დებატების საგანი? მაშინ, როდესაც ოფიციალურ პირთა ერთი გადაკრული სიტყვა უზარმაზარ გავლენას ახდენს თვით დოლარსა და მანეთზე, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა გავლენას მოახდენს ის ჩვენს ნახევრად ვალუტაზე.

საქართველოს ეკონომიკაზე პოლიტიკა არა მარტო პოლიტიკოსების მეშვეობით ბატონობს, თვით საქართველოს ეკონომიკური კრიზისია პოლიტიკური განვითარების შედეგი. პოლიტიკურმა განვითარებამ გამოიწვია ეკონომიკური კავშირების წყვეტა და კრიზისი. საქართველო, რომელსაც ჯერ საკუთარი ფულად-საკრედიტო სისტემაც კი არა აქვს, იმუნიტეტის გარეშე აღმოჩნდა მსოფლიო ბაზრის წინაშე.

6. საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ართულებს ის, რომ ისეთი მნიშვნელოვანი რესურსები, როგორიცაა ხორბალი და ენერგომატარებლები, შემოგვაქვს. ართულებს მის მდგომარეობას ისიც, რომ საწარმოო სიმძლავრეების ძირითადი მასა აშენებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ნედლეულის ბაზაზე. იმპორტი რომ აწარმოო, ამისათვის საჭიროა შესაბამისი ექსპორტი. საქართველოს საექსპორტო საქონელზე ფასები ასეულჯერ ნაკლებად გაიზარდა, ვიდრე იმ საქონელზე, რომელიც საქართველოს შემოაქვს, განსაკუთრებით ენერგომატარებლებზე.

ნათქვამი უფრო ნათელი რომ გახდეს, მოგახსენებთ მხოლოდ საავტომობილო ბენზინის, სადიზელე საწვავისა და საცეცხლე მაზუთის შესახებ. ნორმალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საქართველოს სჭირდება 1265 ათასი ტონა ბენზინი, 1000 ათასი ტონა სადიზელე საწვავი, 3000 ათასი ტონა მაზუთი, ანუ - 700 მლნ დოლარი; მთლიანად ნავთობპროდუქტებზე - 800 მლნ დოლარამდე. მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის ზემოთ ნახსენებ სამ სახეობაზე (ბენზინი, - 660 ათასი ტონა, სადიზელე საწვავი - 600 ათასი ტონა, მაზუთი - 200 ათასი ტონა), საჭიროა 420 მლნ დოლარი, ხოლო მთლიანად - 470 მლნ დოლარი. ამას დავუმატოთ ბუნებრივი და თხევადი გაზი, რომელიც ნორმალურ პირობებში საჭიროა 650 მლნ კუბური მეტრი და 80 ათასი ტონა, მინიმალურად 415 მილიონი კუბური მეტრი და 15 ათასი ტონა. თანხებში ესაა შესაბამისად - ნორმალური მოხმარების დროს 685 მლნ დოლარი და მინიმალური მოხმარების დროს 430 მლნ დოლარი, ე.ი. მარტო ენერგომატარებლებზე ნორმალური მოხამრების დროს ჩვენ გვჭირდება 1475 მლნ, ხოლო მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის 900 მლნ დოლარი. საქართველოს არ შეუძლია ამ ეტაპზე ასეთი მოხმარების უზრუნველყოფა. ეკონომიკის დარგთაშორისო სპეციფიკა ისეთია, რომ ნებისმიერი დარგი მოიხმარს ენერგიას და განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც შემდეგ განსაზღვრავენ საქართველოს საექსპორტო პოტენციალს. საქართველოს მთავრობის ყოველდღიურობა აღსავსეა ამ საკითხების გადაჭრისათვის ბრძოლით. ბუნებრივია, ძნელია ვიფიქროთ, რომ საქართველოს შეუძლია ამ პრობლემების შიგა რეზერვებით გადაჭრა. საჭიროა უცხოური ინვესტიციები. თუმცა, პერსპექტივაში, ბუნებრივია, საქართველომ უნდა გამოძებნოს ალტერნატივები და შემცვლელები. ასეც ხდება. საქართველოში მუშავდება მომჭირნეობის, ჰიდრორესურსების, ქართული ნახშირის გამოყენების პროგრამები. მომენტი სტრატეგიული მიზნებისა და ტაქტიკური საქციელისა ყოველდღე მოითხოვს გაგებას. უფრო სწორად, საჭიროა ამ საქმის გათავისება.

7. ტაქტიკური კორექტირება ეკონომიკის მართვაში ყოველდღიურად ხდება. კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოს არ შეუძლია ეკონომიკურ ცხოვრებაში არ შეიტანოს ეროვნული აქცენტები. ყოველდღიურია სამხედრო კონფლიქტებისათვის ეკონომიკის სამობილიზაციო მუშაობა. ომის ეკონომიკის ბიუჯეტში გათვალისწინება შეუძლებელია. შეუძლებელია ამ ხარჯების წინასწარ გათვლა.

8. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მაგისტრალური გზის განსაზღვრისათვის, რა თქმა უნდა, ყველა ზემოთ დასახელებულ ფაქტორს აქვს მნიშვნელობა. გლობალურად ეკონომიკის განვითარება წარმოდგენილია ორი სცენარით: ეკონომიკა საომარი კონფლიქტების პირობებში და მშვიდობიანობის დამყარების შემთხვევაში. ამ ორ ვარიანტს ათეულობით სხვადასხვა შესაძლო კომბინაცია აქვს. ერთი, თუ საკუთარ ვალუტას შემოვიღებთ და, მეორე, თუ არ შემოვიღებთ; თუ დავდებთ ეკონომიკურ ხელშეკრულებას რუსეთთან და თუ არ დავდებთ, ამიტომ ასეთი მერყევი ფაქტორების დროს სირთულეები ბუნებრივია. საქართველოს ეკონომიკის მიკროდონეზე მოდელირების სტრატეგია, შეიძლება ითქვას, ეკონომიკაში განსაზღვრულია. საქართველოს დღევანდელი მთავრობის მონდომება და კურსი საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისათვის შეუქცევადია. მაგრამ უაღრესად რთულია ეკონომიკური ტაქტიკის შემუშავება ძლიერ მერყევი ეკონომიკური სიტუაციის გამო. მიუხედავად ამისა, საჭიროა ეკონომიკური სტრატეგიის განხორციელება ცალკეულ დარგებში. უნდა ითქვას, რომ გამოუცდელობით, ზოგჯერ კი მენტალიტეტის გამო დარგობრივი პროგრამები შედგენილი არაა. აქ, ალბათ, ფართოდ უნდა გამოვიყენოთ ტექნიკური დახმარება. ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია ნაბიჯები. საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის კომიტეტმა შეიმუშავა დამოუკიდებელი პროექტები.

საერთაშორისო სტანდარტების დონეზე უნდა იქნას აყვანილი ისეთი პროგრამები, როგორიცაა კოლხეთის თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფორმირების საინვესტიციო პროგრამა, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კომუნიკაციების (საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო, საბორნე და თხევადი ტვირთების მილგაყვანილობითი ტრანსპორტირების) მსხვილი საინვესტიციო პროგრამები, საქართველოს რესპუბლიკის სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის განვითარების საინვესტიციო პროგრამა, საქართველოს რესპუბლიკის სამრეწველო კომპლექსის შემდგომი საინვესტიციო პროგრამა, საქართველოს რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისა და ბუნების დაცვის, საქართველოს სოფლის მეურნეობის და გადამმუშავებელი მრეწველობის, საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიისა და საშენ მასალათა მრეწველობის განვითარების, საქართველოს ტელეკომუნიკაციური სისტემის სრულყოფის, საქართველოს რესპუბლიკის ინფრასტრუქტურის განვითარების საინვესტიციო პროგრამები. ცალკე პროგრამებია საჭირო უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.

ასეთი ცალკეული პროექტები ყველგან უნდა შედგეს, თუნდაც მათ დარგობრივ პროექტებში ჰქონდეთ დიდი მნიშვნელობა.

ყველაზე საშიში მომენტია, თუ ვერ მოვახერხეთ ამ პროგრამების კოორდინაცია, მათ განხორციელებას სჭირდება არა მარტო სამართლებრივი ბაზის შექმნა, არამედ დამატებით ჩვენი სამართლებრივი ტრადიციების გათვალისწინებაც. საქართველოში მიღებული საკანონმდებლო აქტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოთხოვნილებებსა და პრიორიტეტებს. სწორედ ამ მიზნითაა გადაწყვეტილი ინდიკატური დაგეგმვის განხორციელება.

ამ გეგმის შიგნით, როგორც საბიუჯეტო განაცხადი, შემუშავდება რეგიონალური პროგრამები: ეს იქნება ავტონომიებისა და თითოეული რაიონის განვითარების განმსაზღვრელი პროგრამები.

ჩვენ საერთაშორისო პროგრამებშიც ვღებულობთ მონაწილეობას, თუ შეუძლებელია შენება ქვეყნის შიგნით, პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით, როგორც კაპიტალის ქვეყნიდან გაქცევის ალტერნატივა, საჭიროა სამშენებლო მომსახურების ექსპორტი. ამ მიზნით საქართველოს მშენებლები ითვალისწინებენ რუსეთის, თურქეთის, ირანის და თურქმენეთის ბაზრებს.

9. სად არის მთავრობის „აქილევსის ქუსლი“? ეს არაა არც კონცეფციები და არც პროგრამები და არც კომპეტენტურობა. ესაა ქვეყანაში არსებული პირობების გამო დაკონკრეტებული და უცვლელი სამუშაო პროგრამის შექმნა, რაც ობიექტურად შეუძლებელია. ამას ხელს უშლის მთავრობის მუდმივი ცაიტნოტი. ვერ ხერხდება საქმიანობის ინფორმაციული უზრუნველყოფა. არაა სრულყოფილი რეგიონული მართვის მექანიზმი. უფრო მეტიც, აქ ვაკუუმიც კი არ არის შექმნილი. ზოგჯერ, ემოციური გადაწყვეტილებებით, საქვეყნო საქმე ფუჭდება, მაგალითად, პარლამენტმა გააუქმა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მიღებული დროებითი დებულება და იქვე არ დაამტკიცა ახალი. შეიძლება? შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობა, ფაქტობრივად ქვეყანა, დარჩეს მარეგულირებელი დოკუმენტების გარეშე? საჭიროა მთავრობისადმი პოზიტიური ოპოზიცია და არა კრიჭაში ჩადგომის პოზიცია. ეს აორებს თვით მთავრობის წევრებს, ქმნის ნერვიულ ატმოსფეროს მათს საქმიანობაში. დღევანდელი მინისტრთა კაბინეტის წევრების კომპეტენტურობა მთლიანობაში ეჭვს არ იწვევს, ამასთან თითოეულს შეგნებული აქვს მათ საქმიანობაში სუბიექტური ფაქტორის მნიშვნელობა და პირადი პასუხისმგებლობა, და ამიტომ აგრძელებს მოღვაწეობას, თორემ შეიძლებოდა სხვა შედეგებიც მიგვეღო. აქ ხელისშემშლელია ჩვენი აზროვნების მენტალიტეტი. არ შეიძლება დღევანდელი სიტუაციის მიზეზები დაიყვანო მხოლოდ მთავრობის წევრების ყოფნა-არყოფნაზე. რა თქმა უნდა, სუბიექტურ ფაქტორს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ჩვენი რეალობის გამარტივებაც არ შეიძლება, რადგან ეს ხელს შეუშლის სიტუაციიდან გამოსვლას. და საერთოდ, უნდა დავძლიოთ ეკონომიკური აზროვნების არარეფორმისტული განწყობილება ნებისმიერ დონეზე. ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება ესაა ხელისუფლების ყველა რგოლის ერთობლივი საზრუნავი. მეჩვენება, რომ ჩვენში ადგილი აქვს ეკონომიკური რეფორმის ფეტიშიზაციას. ეკონომიკური ტრანსფორმაცია გადამწყვეტია, მაგრამ მაინც მხოლოდ ერთი ნაწილია იმ სისტემური გარდაქმნებისა, რომლებიც პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ხორციელდება, სისტემური გარდაქმნებისა, რომლებიც გულისხმობს საბჭოთა ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიული, დირექტიული, გეგმიანი ეკონომიკის გარდაქმნას. ამ გარდაქმნებში კანონის უზენაესობაა განსაზღვრული.

10. კამათი ეკონომიკური კურსის შესახებ არ შეიძლება ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების ჩატარებისა და არჩატარების სიბრტყეზე იქნას გადაყვანილი. დღეს არა თუ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც ძნელია მოიძებნოს პოსტკომუნისტური სახელმწიფოებისათვის სტრატეგიულად განსხვავებული პოზიციების შემოთავაზება, ვიდრე საქართველოს მთავრობას გააჩნია. მართლია არსებობს „ნეოსოციალისტური“ იდეოლოგიის რეანიმაციის ცდა, მაგრამ, ალბათ, ქართული ნიადაგი ამისათვის არ გამოდგება. ცოტა ხნის წინათ კამათი შეიძლებოდა ეკონომიკური რეფორმების ტემპების შესახებ. დღეისათვის კი ეს კამათიც მოკლებულია ნიადაგს, რეფორმა - ეტაპობრივი თუ ნახტომისებური, დღეს გუშინდელი დღის გასარკვევი საკითხია. რეფორმა უკვე იქცა რეალურ ცხოვრებად და მოითხოვს სხვა რანგის კითხვებზე პასუხების გაცემას: როგორი იქნება სახელმწიფო საწარმოების რეფორმა? ვინ მიიღებს დივიდენდს სახელმწიფოს სახელით? როდის შეიქმნება ჰოლდინგური კომპანიები და ა.შ.

11. სახელმწიფო საწარმოების რეფორმაციით, მათი აქციონირებით პირველად იქმნება გაპიროვნებული სახელმწიფო საკუთრება. კომერციული ინტერესები არ იქნება უცხო სახელმწიფო კორპორაციებისათვის. ისინი გაერთიანდებიან ჰოლდინგებში. სახელმწიფოს არც ერთი მმართველობითი ორგანო არ ჩაერევა სამეურნეო საქმიანობაში. ისინი შეასრულებენ ზედამხედველის ფუქნციას. სახელმწიფო გამოვა, როგორც ჩვეულებრივი სუბიექტი ეკონომიკაში. კერძო სექტორის დღევანდელი დონე საკმარისი არ იქნება სახელმწიფო სექტორთან საპაექროდ, ამიტომ სახელმწიფო განახორციელებს მეწარმეობისადმი ყოველმხრივი მხარდაჭერის პროგრამას, თუ არა დროის ფაქტორი, ასეთი პროგრამა მიღებული იქნებოდა. უფრო მეტიც. შეიქმნება მცირე ბიზნესის დახმარების ფონდი, სადაც მთავრობა ბიუჯეტურ ხარჯებსაც კი ჩადებს კონკურენტული გარემოს შესაქმნელად. პრივატიზება თავისთავად არაა თვითმიზანი. ის წარმოადგენს სამეურნეო დისბალანსის გამოსწორების საშუალებას. ჩამოყალიბებული მძლავრი სახელმწიფო სექტორი საქართველოში, ალბათ, საკმაოდ დიდხანს იქნება წარმოდგენილი, ოღონდ სხვა პირობებით, თამაშის სხვა წესებით.

12. ომის გაგრძელებამ, უმუშევრობის ზრდამ, ეკონომიკური კავშირების დაუმყარებლობამ, ეკონომიკურმა დაცემამ, ამინდებმა და სხვა ფაქტორებმა, მათი მოქმედების ხანგრძლივობამ და სიღრმემ, შესაძლოა, აუცილებელი გახადოს ეკონომიკური პოლიტიკის ტაქტიკაში ცვლილებების შეტანა, მაგრამ ის ვერ შეცვლის და საქართველოს მთავრობა არ შეცვლის ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიას.

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა: სტრატეგია და ტაქტიკა. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თენგიზ სიგუას სიტყვა რესპუბლიკის პარლამენტის სხდომაზე 1993 წლის 22 ივლისს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 23 ივლისი. - № 159 (705). - 1,3 გვ.

150 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1961-1992 წლის ნიმუშის საბჭოთა და რუსული მანეთის ფულის ნიშნების მიმოქცევიდან ამოღების შესახებ რუსეთის ფედერაციის მიერ 1961-1992 წლის ნიმუშის საბჭოთა და რუსული ფულის ნიშნების (საბანკო და სახაზინო ბილეთების) მიმოქცევიდან ამოღებასთან დაკავშირებით, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა ინტერესების დაცვის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. ნება დაერთოთ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, გადაცვალონ მათ ხელთ არსებული 1961-1992 წლის ნიმუშის საბჭოთა და რუსული ფულის ნიშნები საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპონებზე 100 ათასი მანეთის ოდენობით კურსით 1:1, ხოლო აღნიშნული თანხის ზემოთ, შეუზღუდავად შეიტანონ ვადიან ანაბრებზე დადგენილი პროცენტების დარიცხვით.

მოქალაქეთა პირად ანაბრებზე ჩარიცხული თანხების გამოყენება პირველი 6 თვის მანძილზე დაშვებული იქნეს მხოლოდ საპრივატიზაციო ობიექტების შესაძენად უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ხოლო 6 თვის შემდეგ - მეანაბრეთა შეხედულებისამებრ.

2. 1961-1992 წლის ნიმუშის საბჭოთა და რუსული ფულის ნიშნების გადაცვლა და ანაბრებზე შეტანა ეროვნული ბანკის კუპონებზე განხორციელდეს 1993 წლის 26 ივლისიდან 1993 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით.

3. საქართველოს რესპუბლიკაში დროებით მივლინებით ჩამოსულ პირებს ნება დაერთოთ გადაცვალონ 1961-1992 წლის ნიმუშის საბჭოთა და რუსული ფულის ნიშნები 30 ათასი მანეთის ოდენობით.

4. 1961-1992 წლის ნიმუშის საბჭოთა და რუსული ფულის ნიშნების გაცვლა 100 ათასი მანეთის ფარგლებში ნაღდ ანგარიშზე მუშა-მოსამსახურეებისათვის განხორციელდეს საწარმოებსა და ორგანიზაციებში, ხოლო უმუშევრების, პენსიონერებისა და სხვა კატეგორიის მოქალაქეებისათვის შემნახველი ბანკის დაწესებულებებში პასპორტში აღნიშვნით.

საწარმოებმა და ორგანზაციებმა მათი მომსახურე საბანკო დაწესებულებებიდან გადაცვლისათვის საჭირო თანხები კუპონებში გაიტანონ სათანადო განცხადების საფუძველზე, თანდართული სიების მიხედვით.

5. ეთხოვოს საქართველოს რესპუბლიკის შემნახველ და სხვა სახელმწიფო კომერციულ ბანკებს უზრუნველყონ 1961-1992 წლის ნიმუშის საბჭოთა და რუსული ფულის ნიშნების გადაცვლა და მოქალაქეთა პირად ანაბრებზე მიღება.

საბანკო დაწესებულებებმა სავაჭრო ამონაგები 1993 წლის 24 ივლისიდან მიიღონ მხოლოდ კუპონებში.

7. ეს დადგენილება გამოქვეყნდეს პრესაში და გადაიცეს ტელევიზიითა და რადიოთი.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1961-1992 წლის ნიმუშის საბჭოთა და რუსული მანეთის ფულის ნიშნების მიმოქცევიდან ამოღების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 27 ივლისი. - № 162 (708). - 2 გვ.

151 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი დადგენილება, საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპონის ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი ადგენენ:

1. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1993 წლის 3 აგვისტოდან ყველა სახის გადახდები, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო, განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპონებში.

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სავაჭრო დაწესებულებებმა და მომსახურების სფეროს ობიექტებმა (საკუთრების ფორმათა მიუხედავად) ყველა სახის საქონლით საცალო ვაჭრობა და მომსახურება აწარმოონ მხოლოდ კუპონებზე.

1993 წლის 3 აგვისტოდან გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ნებართვები უცხოურ ვალუტაზე საქონლით საცალო ვაჭრობასა და მომსახურებაზე.

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხოურ ვალუტაზე საქონლით საცალო ვაჭრობა და მომსახურება დაშვებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის სპეციალური ნებართვის საფუძველზე.

2. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა და რუსული ფულადი ნიშნები მანეთებში (საბანკო და სახაზინო ბილეთები, მონეტები) საგადამხდელო საშუალებად მიმოიქცევიან მხოლოდ 1993 წლის 3 აგვისტომდე.

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1993 წლის 3 აგვისტოდან საცალო ვაჭრობა და მომსახურება საბჭოთა და რუსულ მანეთებზე ჩაითვალოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებად და გაუთანაბრდეს სისხლის სამართლის დანაშაულს.

3. საქართველოს რესპუბლიკის ტრეიტორიაზე საბანკო დაწესებულებებმა 1993 წლის 3 აგვისტომდე საბჭოთა და რუსული ფულადი ნიშნები მიიღონ იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან კუპონების გადასაცვლელად, ანგარიშებზე და ანაბრებზე ჩასარიცხად შეფარდებით 1:1.

4. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ურიდიული პირი ვალდებულია 1993 წლის 3 აგვისტოდან მოახდინოს მის სალაროში 1993 წლის 24 ივლისის მდგომარეობით არსებული ნაღდი მანეთების აქტირება და ჩააბაროს იგი მომსახურე საბანკო დაწესებულებას 3 აგვისტომდე სალაროს ინვენტარიზაციის აქტის დედნის წარდგენით.

ამ მუხლის შეუსრულებლობა ისჯება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საბანკო დაწესებულებებმა 1993 წლის 5 აგვისტომდე გადასცენ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს მონაცემები მომსახურე კლიენტურისაგან კუპონებზე გადასაცვლელად მიღებული ნაღდი მანეთებისა და მათ სალაროში 1993 წლის 3 აგვისტოსათვის არსებული სამანეთო ნაშთის ოდენობის შესახებ.

საბანკო დაწესებულებებმა 1993 წლის 3 აგვისტოდან იურიდიული და ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული ნაშთები გადაიყვანონ მანეთიდან ეროვნული ბანკის კუპონზე შეფარდებით 1:1. ანგარიშებზე არსებული თანხების ოდენობის მიუხედავად. ასეთივე წესით გადაყვანილ იქნეს დავალიანებათა ნაშთები, ბანკის აქტივები და პასივები.

6. საწარმოებმა, ორგანიზაციებმა, დაწესებულებებმა (საკუთრების ფორმათა მიუხედავად), ასევე ბანკებმა აღრიცხვა-ანგარიშგება და ბალანსები დაწყებული 1993 წლის 3 აგვისტოდან აწარმოონ მხოლოდ კუპონებში.

1993 წლის 3 აგვისტოს მდგომარეობით ბალანსებზე რიცხული დებიტორულ-კრედიტორული დავალიანება, სახსრები ჯამში გადაყვანილ იქნეს კუპონებში შეფარდებით 1:1.

8. 1993 წლის 3 აგვისტოდან რუსულ მანეთს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიენიჭოს უცხოური ვალუტის სტატუსი და დაექვემდებაროს ქვეყანაში მოქმედ სავალუტო რეჟიმს.

9. 1993 წლის 3 აგვისტოდან რუსული მანეთების გადაცვლა კუპონებზე განხორციელდეს თავისუფალი საბაზრო კურსით რწმუნებული ბანკებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მეშვეობით, რომლებსაც აქვთ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ლიცენზია.

აიკრძალოს უცხოური ვალუტით, მათ შორის რუსული მანეთებით ვაჭრობა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ლიცენზიის გარეშე. ამგვარი მოქმედება გაუთანაბრდეს მოქმედი კანონმდებლობით სავალუტო ოპერაციების წარმოების წესების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

10. საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ფულადი გზავნილები და გადახდები განხორციელდეს უცხოურ ვალუტაში ანგარიშსწორების წესით საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკისა და რწმუნებული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშების მეშვეობით.

11. საქართველოს რესპუბლიკის იურიდიულ და ფიზიკურ პირთა სასარგებლოდ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკისა და რწმუნებული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშებზე შემოსული სამანეთო ამონაგები მისი ნაწილის საქართველოს რესპუბლიკის სავალუტო ფონდისა და ეროვნული ბანკისათვის დადგენილი წესით აუცილებელი მიყიდვის შემდეგ დაექვემდებაროს აღნიშნულ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მიმდინარე სავალუტო ანგარიშებზე ჩარიცხვას.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა.

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის
პირველი ვიცე-პრეზიდენტი
ნ. ფიფია
თბილისი. 1993 წლის 24 ივლისი.

დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპონის ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 27 ივლისი. - № 162 (708). - 2 გვ.

152 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება საქართველოში კერძო მეწარმეობის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აღნიშნავს, რომ რესპუბლიკის ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების, რესპუბლიკის სასაქონლო ბაზრის გაჯერების საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკის კერძო სექტორის შემდგომი განვითარების სახელმწიფოებრივ ხელშეწყობას.

საქართველოში კერძო მეწარმეობის განვითარების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულების შესრულების მიზნით საქართველოს რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. დამტკიცდეს საქართველოში კერძო მეწარმეობის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამა (თან ერთვის).

2. დამტკიცდეს საქართველოს კერძო მეწარმეობის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამის განხორციელების ღონისძიებათა თანდართული გეგმა.

3. საქართველოში კერძო მეწარმეობის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამის განხორციელების ღონისძიებათა გეგმაში მითითებულმა სამინისტროებმა და უწყებებმა:

- შეიმუშაონ და წარმოადგინონ შეთანხმებული წინადადებები შესაბამის ღონისძიებათა შესრულებისათვის საჭირო თანხების ოდენობის, დაფინანსების შესაძლო წყაროებისა და შესრულების გრაფიკის განსაზღვრით;

- საკითხის დამუშავებისა და შემდგომში განხორციელების მეცნიერული დონის უზრუნველყოფისა და საქმიანი წრეების აზრის მაქსიმალურად გათვალისწინების მიზნით უზრუნველყონ რესპუბლიკის მეცნიერთა და დაინტერესებულ მეწარმეთა ფართო ფენების მონაწილეობა.

4. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს 10 დღის ვადაში წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს კერძო მეწარმეობის რესპუბლიკური ფონდის დაარსების შესახებ, განვითარების ხელშეწყობის ფინანსთა სამინისტროს, სოციალური უზრუნველყოფის, შრომისა და დასაქმების სამინისტროსა და სხვა დაინტერესებულ სამინისტროებსა და უწყებებთან შეთანხმებული წინადადება.

5. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს საქართველოში კერძო მეწარმეობის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამის განხორციელების გეგმის შესრულების კოორდინაცია და კონტროლი, და მისი მიმდინარეობის შესახებ პერიოდულად მოახსენოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს და ეკონომიკური რეფორმების შტაბს.

6. ეს დადგენილება გამოქვეყნდეს პრესაში.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თ. სიგუა

დადგენილება : საქართველოში კერძო მეწარმეობის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 4 აგვისტო. - № 169 (715). - 2 გვ.

153 პირთა საძიებლები

▲ზევით დაბრუნება


აბაშიძე ასლან

აბაკელია ვაჟა

აბდუშელიშვილი გივი

აბსანძე გურამ

ადამია ვაჟა

ადენაუერი [კონრად]

ალექსიძე ლევან

ალექსიძე მერაბ

ანდრიაძე ირაკლი

არჩვაძე იოსებ

არძინბა ვლადისლავ

ასათიანი აკაკი

ახალკაცი ვ.

ბააზოვი დავით

ბაგრატიონი გიორგი

ბაგრატიონი ნ.

ბათიაშვილი ირაკლი

ბალთიძე ა.

ბაუსბეკი ლეოპოლდ

ბაქრაძე აკაკი

ბახი [იოჰან სებასტიან]

ბეთჰოვენი [ლუდვიგ ვან]

ბეიკერი ჯეიმს

ბერაძე მერაბ

ბერიკაშვილი თ.

ბერიშვილი ი.

ბერიძე გურამ

ბერძენიშვილი დავით

ბეტელი ნიკოლას

ბიჭიკაშვილი კ.

ბურბულისი გენადი

ბურდული პ.

ბუში ჯორჯ

გაბაშვილი კონსტანტინე

გაიდარი ეგორ

გამსახურდია ზვიად

გამყრელიძე თამაზ

გეგეშიძე გურამ

გელაშვილი კ.

გველესიანი თამაზ

გვენცაძე რომან

გიორგაძე ვ.

გოგავა გრიგოლ

გოგელია არჩილ

გოლოვინი ვლადიმერ

გონაძე ზ.

გორბაჩოვი მიხეილ

გოცირიძე რომან

გრაჩოვი პავლე

გრიგალაშვილი თენგიზ

გუგუშვილი ბესარიონ

გუგუშვილი თამაზ

გულუა ბაკურ

გუჯეჯიანი გ.

დამოკლე

დარჯანია რ.

დემირელი სულეიმან

დვალი თ.

დვალიშვილი დ.

დიუმა [როლან]

დრუზენკო ეგორ

დუდაევი [ჯოჰარ]

დუჩიძე ნ.

ედიბერიძე ედუარდ

ეისკენსი მარკ

ელცინი ბორის

ველაიათი ალი აკბარ

ვესტი რიხარდ

ზანკალიანი მ.

ზუბიტაშვილი დ.

თავაძე ვლადიმერ

თაქთაქიშვილი გივი

თაყაიშვილი ექვთიმე

თაყაიშვილი შალვა

თევზაძე გურამ

თვარიაშვილი ა.

თომა [მოციქული]

თოფაძე გიორგი

იაზოვი [დიმიტრი]

იანაევი [გენადი]

ინაური გ.

იოსელიანი ჯაბა

კავსაძე ალექსანდრე

კაკულია ნ.

კალანდაძე მ.

კანიამა

კაპანაძე ზ.

კარპოვი ნიკოლოზ

კასტრო ფიდელ

კაციტაძე ო.

კაჭარავა მ.

კახელიშვილი ა.

კეკეშევი ნ.

კეკეშევი პავლე

კერვალიშვილი ზურაბ

კვაჭანტირაძე თამაზ

კვესიტაძე გიორგი

კიტოვანი თენგიზ

კლიმიაშვილი მერაბ

კლინტონი [უილიამ ჯეფერსონ „ბილ“]

კობერიძე გ.

კოლი [ჰელმუტ]

კონცელიძე რ.

კოპალიანი [ზურაბ]

კოსტავა მერაბ

კრესპო ენრიკე ბარონ

კულულაშვილი ტ.

კუპრეიშვილი დავით

კუშვახა ო.

ლანდსბერგის ვიტაუტას

ლანჩავა გელა

ლებანიძე გ.

ლებანიძე კ.

ლევინი არიე

ლითანიშვილი ოთარ

ლიპარტელიანი გ.

ლობჟანიძე ბ.

ლომთაძე ვ.

ლომინაძე გივი

ლომოური ნოდარ

მაისურაძე გიორგი

მამაცაშვილი თეიმურაზ

მამნიაშვილი ზ.

მარგიანი ავთანდილ

მასლენიკოვი ნ. დ.

მატიე ადლენ

მგალობლიშვილი ჯ.

მენაღარაშვილი [მენაღარიშვილი] ირაკლი

მეძმარიაშვილი გ.

მირიანაშვილი გურამ

მიტერანი [ფრანსუა]

მიცოტაკისი [კონსტანტინოს]

მოლოდინაშვილი ნოდარ

მშვენიერაძე ინგუშა

ნადარეიშვილი თამაზ

ნაზარბაევ ნურსულთან

ნათაძე ნოდარ

ნანეიშვილი მიხეილ

ნასტასე ადრიანე

ნაფეტვარიძე რ.

ნგიმი ხო ხონ

ნიკოლაძე გიორგი

ნინიძე თედო

ნინუა თამაზ

ოზალი თურქუთ

ომანიძე მურმან

ოსაძე მ.

ოტელო

პაატაშვილი თედო

პაიჭაძე ე.

პალტარაცკაია ნინო

პასტუხოვი ბორის

პატეიშვილი ვ.

პატრიკეევი [ვალერი]

პოპიაშვილი კახი

პუგო [ბორის]

ჟვანია ზურაბ

ჟორჟოლიანი თეიმურაზ

რაზმაძე დ.

რაზმაძე ვახტანგ

რაფსანჯანი ალი აქბარ ჰაშემი

რეუტი [თევდორე]

როკსტინგ ქრისტიან

რუსია რუსლან

სალიბეგაშვილი ვ.

სალუქვაძე გოჩა

სანებლიძე არმაზ

სიგუა თენგიზ

სიზოვი იგორ

სილაგაძე ავთანდილ

სილაევი ივან

სობჩაკი ანატოლი

სტალინი

სტაროვოიტოვა გალინა

სტეპანკოვი ვ. გ.

სტრაუსი [რობერტ შვარცი]

ტერეშჩენკო სერგეი

ტეტელაშვილი [გია]

ტუსკოევი ა.

უგრეხელიძე მინდია

უკლება [მიხეილ]

ურიდია მერაბ

ფიროსმანი ნიკო

ფირცხალაიშვილი [ჯონი]

ფიფია თეიმურაზ

ფიფია ნ.

ქადაგიშვილი ირაკლი

ქევხიშვილი ი.

ქვილითაია ოთარ

ქირია გ.

ყანდიაშვილი კოკა

ყურაშვილი რ.

შავიშვილი რევაზ

შალამბერიძე ა.

შარაშენიძე ნ.

შარტავა ჟიული

შაშიაშვილი თეიმურაზ

შევარდნაძე ედუარდ

შევარდნაძე ც.

შენგელაია გიორგი

შენგელაია ელდარ

შლამოვი ვანო

შურავლიოვი ვლადიმერ

შურღაია ვალტერ

ჩადუნელი მაია

ჩადუნელი ნუგზარ

ჩეთინი ჰიქმეთ

ჩეჩელაშვილი გია

ჩიკვაიძე ალექსანდრე

ჩიკვაიძე დავით

ჩიქოვანი გალინა

ჩიქოვანი თამარ

ჩორგოლაშვილი გელა

ჩხეიძე ალექსანდრე

ჩხეიძე თამარ

ჩხეიძე იგორ

ჩხეიძე პეტრე

ჩხიკვაძე ჯ.

ცისკარიშვილი იოსებ

ძალიძე ა.

ძოძუაშვილი მანანა

წერეთელი ირაკლი

წილოსანი ავთანდილი

წმინდა ილია მართალი

ჭავჭავაძე ილია

ჭანტურია გიორგი

ჭელიძე გია

ჭითანავა ნოდარ

ჭიპაშვილი ჰამლეტ

ჭუმბურიძე მ.

ხაბულიანი დილარ

ხაინდრავა გიორგი

ხაინდრავა ივლიანე

ხასბულატოვი რუსლან

ხატიაშვილი ო.

ხაშიგი რუსლან

ხაჩიშვილი თეიმურაზ

ხელაშვილი სიმონ

ხოშტარია გიორგი

ხოჯავა ო.

ჯავახიშვილი ივანე

ჯანელიძე თამაზ

ჯიბლაძე ლ.

ჯიბლაძე მალხაზ

ჯიბუტი მიხეილ

ჯინჯიხაძე ვ.

ჯინჯიხაძე ზ.

ჯიქია ბ.

ჯუღელი ბესარიონ

ჰიტლერი ადოლფ

ჰოფი მაგდალენ

154 ადგილთა საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


აბაშა

ადლერი

ავსტრია

ავღანეთი

ავღანისტანი

ავჭალის ტეკი

აზერბაიჯანი

აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრები

აზია

აზიის ქვეყნები

ათენი

ალავერდი

ალბანეთი

ალმა-ათა

ალჟირი

ამბროლაური

ამერიკა

ამერიკის შეერთებულ შტატები

ამიერკავკასიის რეგიონი

ამიერკავკასიის რკინიგზა

ანტონ კათალიკოსის ქუჩა

ასპინძა

აფრიკის განვითარებადი ქვეყნები

აფრიკის სახელმწიფოები

აფხაზეთი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა

აღმოსავლეთ ევროპა

აღმოსავლეთ საქართველო

აჩაბეთი

აჭარა

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკა

ახალგორი

ახალქალაქი

ახალციხე

ახლო აღმოსავლეთი

ახმეტა

ბაბანეური

ბათუმი

ბალტიის ზღვის ქვეყნები

ბალტიისპირეთი

ბაქო

ბაღდათი

ბებნისი

ბელგია

ბოლივია

ბოლნისი

ბომბორის აეროდრომი

ბორჯომი

ბრიუსელი

ბულგარეთი

ბუქარესტი

გაგრა

გალის რაიონი

განძა (თეთრიწყაროს რაიონის სოფელი)

განჯა

გარდაბანი

გერმანია

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

გლდანი

გორი

გორმაღალა

გროზნო

გუდაუთა

გუმისთა

გუმისთის ხეობა

გურია

დანია

დავით აღმაშენებლის გამზირი

დასავლეთ ევროპა

დასავლეთ საქართველო

დედოფლისწყაროს ზონა

დიდუბის რაიონი

დნესტრისპირეთი

დუნაი-რაინი

დუშეთი

ეგვიპტე

ევროპა

ევროპის ქვეყნები

ეთიოპია

ენგურჰესი

ერევანი

ესპანეთი

ესტონეთი

ეშერა

ვაზიანი

ვაზისუბანი

ვაკის რაიონი

ვალონიის მხარე

ვანი

ვარძია

ვატიკანი

ვაჩიანი

ვენა

ვიეტნამი

ზესტაფონი

ზუგდიდი

თათარსტანი

თამარაშენი

თბილისი

თბილისის ზღვა

თბილისის მერია

თბილისის პირველი საშუალო სკოლა

თბილისის 31 სავიაციო ქარხანა

თეთრი წყარო

თეთრიწყაროს რაიონი

თეირანი

თელავი

თელასის შენობა

თემქა

თერჯოლა

თურქეთი

თურქმენეთი

იაპონია

იგოეთი

იმერეთი

ინგლისი

ინდოეთი

იორდანია

ირანი

ირანის ისლამური რესპუბლიკა

ირლანდია

ისრაელი

იტალია

იუგოსლავია

იყალთო

კავკასია

კანადა

კასპი

კახეთი

კელასური

კენია

კვაისა [დაბა ონის მუნიციპალიტეტში]

კვაისი [ჯავის რაიონი]

კიევი

კირცხი (ჩხოროწყუს რაიონი)

კოლხეთი

კრანსმონტანა

კრასნოდარის მხარე

კრემლი

კუბა

ლაბრა

ლანჩხუთი

ლატვია

ლენინგრადი

ლენტეხი (სოფელი)

ლენტეხის რაიონი

ლესელიძე

ლიბია

ლიტვა

ლუქსემბურგი

მალტა

მაასტრიხტი

„მზიური“, [ქართული კუტურის ცენტრი მოსკოვში]

მარნეული

მაროკო

მარტვილი

მარჯანიშვილის ქუჩა

მესტია

მთავრობის სახლი

მინსკი

მოლდავეთი

მოლდოვა

მონტანა

მოსკოვი

მოსკოვის მერია

„მუხათუბანი“, რესტორანი

მუხიანი

მუხრანი

მცხეთა

ნამიური [ბელგია]

ნაძალადევის რაიონი

ნიდერლანდი

ნიკორწმინდა

ნინოწმინდა

ოზურგეთი

ონი

ონის რაიონი

ოსეთი

ოჩამჩირე

პაკისტანი

პარიზი

პიონერსკი [დაბა, ტიუმენის ოლქი]

პოლონეთი

პორტუგალია

„ჟემჩუჟინა“ [სასტუმრო კომპლექსი სოჭში]

რიგა

რკონი

რსფსრ

რუმინეთი

რუსეთი

რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკა

რუსთაველის პროსპექტი

რუსთავი

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა

საბერძნეთი

საბურთალოს რაიონი

საბჭოთა კავშირი

საგარეჯო

სან-რემო

სამაჩაბლო

სამეგრელო

სამტრედია

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

სამხრეთ ოსეთი

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი

სარფი

საუდის არაბეთი

საფრანგეთი

საქართველო [ნახსენებია თითქმის ყველა გვერდზე]

საღოლაშენი

საყავრე

საჩხერე

სენაკი

სვანეთი

სვანეთის რეგიონი

სინაგოგის შენობა

სინგაპური

სინოპი

სიღნაღი

სკრა

სომხეთი

სოჭი

სოხუმი

სოხუმჰესი

სპარსეთის ყურე

სპიტაკი

სტამბოლი

სტრასბურგი

სურგუთი

ტაშკენტი

ტაჯიკეთი

ტელერადიოდეპარტამენტის შენობა

ტელევიზიის შენობა

ტიუმენი

ტიუმენის ოლქი

ტულა

ტუნისი

ტყვარჩელი

ტყიბული

უზბეკეთი

უზენაესი საბჭოს შენობა

უკრაინა

უნგრეთი

ფინეთი

ფოთი

ფსოუ

ქარელის რაიონი

ქართლი

ქვემო ალვანი

ქვემო ეშერა

ქვემო ქართლი

ქობულეთი

ქსოვრისი

ქუთაისი

ქუმლისციხე

ყაზახეთი

ყაზბეგის რაიონი

ყვარელი

ყირგიზეთი

შავი ზღვა

შავი ზღვის აუზის ქვეყნები

შავიზღვისპირეთი

შავნაბადა

შემახი [აზერბაიჯანი]

შვეიცარია

შიდა ქართლი

შუა აზიის რესპუბლიკები

ჩეჩნეთის რესპუბლიკა

ჩეხეთ-სლოვაკეთი

ჩეხოსლოვაკია

ჩინეთი

ჩრდილოეთ აფრიკა

ჩრდილოეთ კავკასია

ჩრდილოეთ ოსეთი

ჩხოროწყუ

ცაგერი

ცენტრალური ევროპა

ცხვარიჭამია

ცხინვალი

ძალისი

ძველი ქანდა

წალკის რაიონი

წერეთლის გამზირი

წყალტუბო

ჭიათურა

ხარაგაული

ხაშური

ხახიეთი [სოფელი რაჭა-იმერეთის საზღვარზე]

ხეითი

ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები

ხობი

ხოვლე