The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველოს დამფუძნებელი კრება (სხდომის ოქმები) ტომი III

საქართველოს დამფუძნებელი კრება (სხდომის ოქმები) ტომი III


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველოს დამფუძნებელი კრება (სხდომის ოქმები)
თარიღი: 2019
აღწერა: 1919 წლის 28 ივლისი – 11 ნოემბერი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დოკუმენტები 7 ტომად ტომის სარედაქციო ტომის სარედაქციო საბჭო ირაკლი იაკობაშვილი, მზია ხოსიტაშვილი, ემზარ ჯგერენაია



1 მეორმოცდაერთე (სასწრაფო) სხდომა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 წელი, ორშაბათი, ივლისის 28. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი

ქრისტინე შარაშიძის ასული.

პრეზიდიუმში არიან:

სიმონ მდივანი,

ექვთიმე თაყაიშვილი,

კონსტანტინე ჯაფარიძე.

სხდომა იწყება დღის 11 საათზე.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. გთხოვთ წაიკითხოთ დღიური წესრიგი.

მდივანი. (კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი - ქუთაისისა და ტფილისის საადგილ-მამულო (ყოფილი სათავადაზნაურო) ბანკების წესდების შეცვლის დეკრეტისა.

2. საბოლოო ტექსტი - ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის ახალი შტატების დამტკიცების დეკრეტისა.

3. საბოლოო ტექსტი - დასახლების საქმის მოსაწყობად 5.000.000 მან. გადადების დეკრეტისა.

4. საბოლოო ტექსტი - 150.000 მან. გადადებისა ინგლისის მისიის სასარგებლოდ ნატანებ-ბათომის რკინის გზის უბნის საექსპლოატაციოთ გადმოცემისათვის.

5. საბოლოო ტექსტი - საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სასარგებლოდ რესპუბლიკის რკინის გზის სამგზავრო ბილეთების დაბაჟვის დეკრეტისა.

6. საბოლოო ტექსტი - შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებაში 100.000 მან. კრედიტის გადადების დეკრეტისა სოხუმის ოლქში გადამდებ სნეულებასთან საბრძოლველად.

7. საბოლოო ტექსტი - 857.996 მან. გადადების დეკრეტისა 1919 წ. სოხუმ-ახალსენაკის და გუდაუთ-პილენკოვის გზატკეცილთა ხიდების ასაგებად და შესაკეთებლად.

8. საბოლოო ტექსტი - შავი ქვის საფუთო გადასახადის გადიდების დეკრეტისა.

9. საბოლოო ტექსტი - ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოსათვის ნახევარი მილიონი მან. სესხად მიცემის დეკრეტისა.

10. დეკრეტი - ადგილობრივ თვითმმართველობათა სასარგებლოდ დაწესებულ საფუთო გადასახადის შესახებ მომქმედ კანონმდებლობათა შეცვლისა და შევსებისა.

11. დეკრეტი - ტფილისის საოსტატო ინსტიტუტის გაუქმებისა და სახელმწიფო უნივერსიტეტთან პედაგოგიური ინსტიტუტის დაარსებისა.

12. დეკრეტი - სახელმწიფო ხაზინიდან 290.089 მან. და 25 კ. გაღებისა რკინის გზაზე პარტახტიან ტიფთან ბრძოლის დროს გაწეულ ხარჯების დასაფარავად.

13. დეკრეტი - გაზეთ «საქართველოს რესპუბლიკის“ საჭიროებისათვის 37.650 მან. გადადებისა.

14. დეკრეტი - ტფილისის სატეხნიკო სასწავლებლის საშუალო საპოლიტეხნიკო სასწავლებლად გადაკეთებისა.

15. დეკრეტი - დამფუძნებელი კრების კანცელარიასთან სტამბის დაარსებისა.

16. დეკრეტი - 1917 წ. აგვისტოს 5-ს დადგენილების მოქმედების განგრძობისა ბინებზე და სხვა სადგომებზე უმაღლესი ფასების განსაზღვრის შესახებ.

17. ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის შეკითხვა მთავრობისადმი-სოხუმის ოლქის მდგომარეობისა და ამბების შესახებ.

18. ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის წინადადება ლეჩხუმის მაზრაში დამფუძნებელი კრების კომისიის გაგზავნის შესახებ.

19. სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვა - ჭიათურის მომრიგებელ მოსამართლის მიერ ჭიათურის მუშათა დეპუტატების საბჭოს წევრის ხარატიშვილის სასჯელის გადაწყვეტის შესახებ.

თავმჯდომარე. სურს თუ არა ვისმეს სიტყვა დღიური წესრიგის შესახებ?

სიტყვა ეკუთვნის ბარათაშვილს.

იესე ბარათაშვილი. ჩვენ მივიღეთ გუშინ დღიური წესრიგი და იმაში არ იყო მოხსენებული მე-19 და 17 საკითხები სოხუმის შესახებ და სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის შეკითხვის შესახებ. რასაკვირველია, რეგლამენტის ძალით, ბატონ თავმჯდომარეს შეუძლიან მოაქციოს ეს საკითხები დღიურ წესრიგში, მაგრამ რადგანაც გუშინ არ ვიცოდით, რომ სწორედ ეს საკითხები იქნება დღეს, ჩვენ ვცნობთ, რომ ეს საკითხები ძალიან რთულია და მომზადება უნდა, ამისთვის ჩვენ ვთხოულობთ ხვალისათვის იქმნეს გადადებული ეს ორი საკითხი.

თავმჯდომარე. უნდა მოგახსენოთ, რომ პრეზიდიუმს, დაწყების წინ, უფლება აქვს შეიტანოს ესა თუ ის საკითხი დღიურ წესრიგში ისე, რომ ფორმალურად არაფერი არ არის დარღვეული. წინადადების შესახებ სურს თუ არა ვისმეს სიტყვა?

გიორგი ფაღავა. სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას არაფერი აქვს წინააღმდეგ, რომ გადიდვას მე-19 და 17 მუხლები დღიურ წესრიგისა.

თავმჯდომარე. მაშასადამე, შეკითხვა მოხსნილია. მეორე საკითხიც მოხსნილი გახლავთ. დანარჩენი მაშასადამე მტკიცდება. პირველი საკითხი - საბოლოო ტექსტი ქუთაისის და თბილისის საადგილ მამულო ბანკების წესდების შეცვლის დეკრეტისა. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს სოლოღაშვილის ასულს.

სოლოღაშვილი. (კითხულობს დეკრეტს მუხლობრივ, დეკრეტი მიღებულია).

თავმჯდომარე. მიღებულია. შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ჭავჭანიძეს.

ივანე ჭავჭანიძე. (ს.-დ.) მოქალაქენო! ამ ომის და რევოლიუციის დროს ფინანსიური მდგომარეობა ყველა ქალაქებისა, ისე როგორც მთელ სახელმწიფოებისა, ძალიან აირ-დაირია. ქალაქების და ერობების საბიუჯეტო უფლება ჯერ კანონმდებლობის გზით არ არის გატარებული დღეს; ქალაქებს არ შეუძლიათ გადაჭრით სთქვან, - რომელი წყარო არის მათთვის მუდმივი საიმედო წყარო, რა შემოსავლიდან შეუძლიანთ მათ დააკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნილებანი. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ქალაქებს და საერთოდ თვითმმართველობების ორგანოებს უხდებათ ძებნა ახალ წყაროებისა. ქალაქებს: თბილის, ფოთს, ბათომს ძველ რეჟიმის დროსაც ჰქონდათ მიღებული უფლება ზოგიერთ საქონელზე, როგორც შემოსულზე ისე გასულზე, დაედოთ საფუთო გადასახადი. რა თქმა უნდა ეს საფუთო გადასახადი, როგორც ერთგვარი არა პირდაპირი გადასახადი, არ არის დემოკრატიული, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევებში ვერც ასეთ გზას უხვევს გვერდს ქალაქის თვითმმართველობა და იძულებული ხდება არა დემოკრატიულ გადასახადიც შემოიღოს, როგორც დროებითი ზომა: მოგეხსენებათ, რომ საფუთო გადასახადი, რა თქმა უნდა, აძვირებს ცხოვრებას, მაგრამ თუ მივიღეთ მხედველობაში, რომ გადასახადი ხალხის ინტერესებს ემსახურება, ხალხის საჭიროებაზე იხარჯება, მაშინ სწორედ ეს უარყოფითი მხარე, რომელიც აქვს ამ საფუთო გადასახადს, შეიძლება ცოტად თუ ბევრად შემსუბუქებულ იქმნეს. ეხლანდელ მეტად მძიმე განსაკუთრებულ ფინანსიურ მდგომარეობაში საფუთო გადასახადი უნდა გახდეს თვითმმართველობისთვის შემოსავლის წყაროთ; საფუთო გადასახადი უნდა დაწესდეს ყველა საქონელზე, როგორც შემოტანილზე, ისე გატანილზე, გარდა მცირედი გამონაკლისისა. წარმოდგენილ დეკრეტის ერთ მუხლში აღნიშნულია თუ როგორ ხასიათის ბარგი და ტვირთი იქნება თავისუფალი საფუთო გადასახადიდან, მაგალითად ტვირთი, რომელიც გაივლის სადგურზე ტრანზიტით, გადასახადი არ დაედება. არ იქნება დაბეგვრილი ფოსტით გადაგზავნილი ბარგი, ბარგი, რომელიც დანიშნულია სახელმწიფო დაწესებულებებისთვის, ქალაქებისთვის, დაზარალებულ ადგილებისთვის და სხვა. ადგილობრივ თვითმმართველობის კომისია შუამდგომლობს, რომ ეგ დეკრეტი მიღებულ იქნეს, რომ ამ გზით მიეცეს ქალაქებს და ერობებს საშუალება თავისი ფინანსთა მდგომარეობა გააუმჯობესონ.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვა ეკუთვნის ბატონ შენგელაიას.

ლეო შენგელაია. (ს.-რ.) მოქალაქენო! როგორც მოგეხსენებათ ქალაქის თვითმმართველობათა და ერობათა საბიუჯეტო უფლებები ჩვენში ჯერ-ჯერობით სრულებით გამორკვეული არ არის. ამასთან მთელი ჩვენი რესპუბლიკა, განიცდის საშინელ ფინანსიურ კრიზისს. ამ მიზეზების გამო ჩვენი ქალაქის თვით- მმართველობანი და ერობები მეტად ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნენ. ამ ორგანოებს აწევთ აუარებელი კულტურული და ადმინისტრატიული მოვალეობანი. მშრომელთა ფართო მასები მათგან მოელიან სხნას და იმავე დროს ეს ორგანოები უძლურნი არიან რაიმე გააკეთონ, ინიციატივა გამოიჩინონ, რომ შეებრძოლონ ნორმალურ პირობებს, რომელიც ჩვენ მივიღეთ, როგორც შედეგი, როგორც მემკვიდრეობა მსოფლიო ომისა და რევოლიუციისა. ამ უილაჯობის მთავარი მიზეზი არის უსახსრობა, ფინანსების უქონლობა, დღემდის ქალაქის თვითმმართველობა და ერობა იკვებებოდნენ იმ მოწყალებით, რომელსაც მთავრობა აძლევდა მათ დახმარების სახით, მაგრამ, ვინაიდან თვით მთავრობას არაფერი ჰქონდა, ბოლოს და ბოლოს შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, რომლის შესახებ შეიძლება ითქვას შემდეგი ქართული ანდაზა: „ბუს არ ჰქონდა ყვავს გაჰქონდაო“. ამიტომ სავსებით ბუნებრივი არის, რომ ქალაქის თვითმმართველობა და ერობა სცდილობენ გამონახონ შემოსავლის საკუთარი წყაროები. აქ უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება: ჩვენში, როგორც მოგეხსენებათ, ერობა არ ყოფილა, არ გვყავს საერობო მომზადებული მოღვაწეები და არც გვაქვს საერობო ტრადიციები. ჩვენ მოღვაწეებს ძველ ერობებიდან - არავითარი მემკვიდრეობა არ მიუღიათ და ყველაფერი თვით უნდა შექმნან, და ყველა ამისთვის სრულებით თანხა არ აქვთ. ამიტომ, როგორც მოგახსენეთ ქალაქის თვითმმართველობანი და ერობანი უკვე ცდილობენ გამონახონ საკუთარი შემოსავლის წყარო, მარა ვიდრე არ მოხდება მთელ ჩვენ ეკონომიურ ცხოვრების მდგომარეობის გაუმჯობესობა, ჩვენ ერობებს შეუძლიანთ მიმართონ მხოლოდ პალიატივს და სწორედ ასეთ პალიატივს წარმოადგენს ის დეკრეტი, რომელიც შემოტანილია. დამფუძნებელ კრებას შეუძლიან დააწესოს ყველა ტვირთზე გადასახადი ჩვენი აზრით ეს ფორმა გადასახადისა მიუღებელი არის. ტვირთზე გადასახადის დაწესება ამტკიცებს იმას, რომ გადასახადის აკრეფაში არავითარი სისტემა არ არსებობს ჩვენში. რას წარმოადგენს ეს ტვირთი, როდესაც სხვა და სხვა საგნებს ფუფუნებისას ან შემოსავლის კვალობაზე ვაწესებთ გადასახადს, ამაში ერთგვარი პრინციპი არის, ეს გასაგები არის, მაგრამ როდესაც ტვირთზე წესდება გადასახადი, ამაში არავითარი პრინციპი არ არის. დეკრეტის ძალით ჩვენ უნდა დავბეგროთ პირველ მოთხოვნილების საგნები, რაც დღევანდელ პირობებში ყოვლად მიუღებელი არის. შეუძლებელია, რომ ჩვენ მივიღოთ და დავბეგროთ პირველ მოთხოვნილების საგნებს, ეს გამოიწვევს ფართო მასაში უკმაყოფილებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი ზომა, ვერაფერს გააუმჯობესებს, პირიქით ამ ზომამ შეიძლება მოგვიტანოს უდიდესი ზიანი, იმიტომ, რომ ფართო მასას ეს გადასახადი შეაძულებს დემოკრატიულ ორგანოებს. - ჩვენ გვახსოვს მთავრობამ დააწესა ღალა, ეს იყო უდიდესი შეცდომა. ამ ღალის დაწესებამ სამსახური გაუწია არა ჩვენ ფინანსთა მდგომარეობას, არამედ ბოლშევიკებს. ჩვენ ვიცით უფრო დიდი მაგალითები: საფრანგეთის რევოლიუციის დროს, გადასახადის გადიდებამ საფრანგეთის გლეხობა ააჯანყა რევოლიუციის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა ჩვენ ისე არ ვაზვიათებთ ამ ზომას, რომ თითქოს ეს ზომა რევოლიუციის წინააღმდეგ გლეხებს ააჯანყებს. მაგრამ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ზომა იმ პირობების რგოლში, რომელიც იწვევს ფართო მასაში უკმაყოფილებას, ერთგვარ უარყოფით როლს ითამაშებს, თქვენ ალბათ წაიკითხავდით სამტრედიის მცხოვრებლების მოხსენებას, რომელშიაც ერთი ჯგუფი მოითხოვს მთავრობისაგან, რომ სამტრედია დარჩეს დაბად და არა ქალაქად და იცით რით ასაბუთებს ამას? იმით, რომ ქალაქად გარდაქმნა იწვევს გადასახადებს და ამიტომ მცხოვრებლები უკმაყოფილონი არიანო. სამტრედიის მეშჩანები ჯერ ქალაქის გაუქმებას მოითხოვენ, მაგრამ არ ვიცით რას იზამენ. რას მოითხოვენ სხვა და სხვა კუთხის რეაქციონერები, როდესაც დემოკრატიულ ორგანოების წინააღმეგ მათ ახალ საბუთს მისცემენ, ამიტომ ჩვენ გვგონია, რომ ამ სახით ყოვლად შეუძლებელია მივიღოთ ეს გადასახადი. თუნდაც, რომ მივიღოთ ჩვენ არ გვაქვს არავითარი გარანტია, რომ დღევანდელ პირობებში ეს არ იქნება გამოყენებული ბოროტად, რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ დღევანდელ პირობებში ისეთი მდგომარეობა არის შექმნილი, იმდენად მძიმე არის ერობების და თვითმმართველობების მდგომარეობა, რომ ყოვლად შეუძლებელი არის, რომ ეს კანონი მართლაც ბოროტად არ გამოიყენონ. ჩვენ ვიცით, რომ სამწუხაროთ, ერობანი და თვითმმართველობანი იძულებული არიან აქა იქ სპეკულიაციას მიჰყონ ხელი. თვითმმართველობის კომისია დეკრეტს იმით ასაბუთებს, რომ ქალაქის თვითმმართველობანი და ერობანი მეტად მძიმე მდგომარეობაში არიან და იმავე დროს ეს დეკრეტი მოითხოვს, რომ ამ წყაროდან შემოსული თანხა მოახმარონ გზის გაკეთებას. მე მგონია, რომ ეს მიზანშეწონილი არ არის თუ ქალაქის თვითმმართველობას არავითარი თანხა არ აქვს და იმავე დროს ჩვენ ვაძლევთ ერთგვარ წყაროს, არ იქნება მიზანშეწონილი, რომ უთხრათ ამ თანხიდან შემოსული ფულით მაინც და მაინც გზები აკეთეო. თქვენ წარმოიდგინეთ ასეთი მაგალითი: ვსთქვათ ქალაქში მძვინვარებს შავი სახადი, როგორ მოიქცეს ამ შემთხვევაში ქალაქი? ნუ თუ თქვენ შეგიძლიანთ უთხრათ: თავი დაანებე ავადმყოფებს და იმავე დროს გზების გაკეთებას შეუდეგით. ეს ყოვლად მიუღებელია. მე ვიცი გამოვლენ აქ და იტყვიან: მდგომარეობა აუტანელი არის, მეტი გამოსავალი არ არისო. ახირებული ტრაფარეტია, ბატონებო! ჩვენ მიწები გავყიდეთ, მაშინაც გვეუბნებოდნენ სხვა გამოსავალი არ არისო. მოხდა სამინისტროების რეორგანიზაცია მაშინაც გვეუბნებოდნენ სხვა გამოსავალი არ არისო; გეკითხებით ნუ თუ მაშინ იქნება გამოსავალი, რომელიც აქამდის ვერ გამოგინახავთ, როდესაც მშრომელი გლეხი ჯოხით დაგვერევა? ეს დეკრეტი უფრო ზიანს მოგვიტანს, ვიდრე სარგებლობას და ამიტომ მიუღებელი არის.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ონიაშვილს.

დ. ონიაშვილი. (ს.-დ.) სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია მომხრე არის საფუთო გადასახადის შემოღებისა. მე მგონია, რომ ამ დეკრეტს მაინც და მაინც დიდი დასაბუთება არ სჭირია, რადგანაც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ჯერ კიდევ ძველ წეს-წყობილების დროს ეს საფუთო გადასახადი არსებობდა და ამ გადასახადის შემოსავლით სარგებლობდნენ ისეთი ქალაქები, როგორც არის ბათომი, ფოთი და სხვა. შემდეგ, ამიერ-კავკასიის კომისარიატის დროს, როდესაც გაიმართა ქალაქის წარმომადგენელთა ყრილობა, და ამ ყრილობამ გამოსთქვა აზრი, რომ ეს საფუთო გადასახადი კი არ უნდა გაუქმდეს დღევანდელ პირობებში, არამედ უნდა მიეცეთ საშუალება ქალაქებს უფრო ფართოდ ისარგებლონ და გამოაქვეყნონ ეს უფლება და ამ უფლებით სარგებლობენ არა მარტო ჩვენში, არამედ დასავლეთ ევროპაშიაც, სადაც ცხოვრება უფრო კულტურულ ნიადაგზე დაყენებულია, საფუთო გადასახადი არის ერთი უდიდესი და ნორმალური წყარო ქალაქების შემოსავლისა; ის მოსაზრება, რომელიც წამოაყენა ორატორმა, რომ ქალაქები და ერობები საშინელ ნივთიერ მდგომარეობას განიცდიან და შეიძლება ამ საერთო სპეკულიაციის დროს ბოროტად ისარგებლონ ამ კანონით, მე მგონია, რომ ეს მოსაზრება არ არის შესაწყნარებელი. სწორედ ის მდგომარეობა, რომ იძულებულნი არიან ზოგიერთი ერობები ისეთ საქმეებს მიჰყონ ხელი, მაგალითად სასურსათო ოპერაციებს, რომლებითაც არსებითად არ შეადგენს ერობის პირდაპირ დანიშნულებას. სწორედ ეს მდგომარეობა გვაიძულებს ჩვენ, რომ შემოვიღოთ საფუთო გადასახადი. რაც შეეხება იმას, კანონში აღნიშნულ მუხლს, რომ საფუთო გადასახადი უნდა მოხმარდეს გზების გაკეთებასო, ჩემის აზრით ეს მუხლი აუცილებლად უნდა დარჩეს, იმიტომ, რომ მართლაც იყო მაშინ ის მდგომარეობა, რომელიც აშინებს დამფუძნებელ კრების წევრს შენგელაიას, რომ ბოროტად შეიძლება იქმნეს გამოყენებული ეს უფლება. შესაძლებელია, შეიქმნეს ასეთი მდგომარეობა, მაგალითად, შემოვიდა საფუთო გადასახადი და არ არის ფული მოხელეებისთვის ჯამაგირების დასარიგებლად, მაგალითად, მილიციის დასაკმაყოფილებლად. მაშინ ძალაუნებურად ერობებს და თვითმმართველობებს მოუხდებათ მუშების მოთხოვნილების დაკმაყოფილება. დაიბადება საჭიროება, რომ ეს მოთხოვნილება ამ საფუთო გადასახადებიდან დაკმაყოფილდეს და ეს კი საბიუჯეტო წესებში გამოიწვევს და შექმნის საშინელ არევ-დარევას. საფუთო გადასახადი არის ისეთი გადასახადი, რომელსაც ჰქონდა ძველი წყობილების დროსაც და დღესაც უნდა ჰქონდეს სპეციალური დანიშნულების ადგილი. მაგალითად, შეიძლება გზები გაფუჭდა - შესაძლებელია ეს საფუთო გადასახადი მოხმარდეს გზებს, მაშინ ჩვენი საჭიროება დაუკმაყოფილებული დარჩება, იმიტომ რომ ის საქონელი, რომელიც მიდის სოფლებში და ქალაქებში სხვა და სხვა გზებით, ეს საქონელი აფუჭებს გზებს და ეს გადასახადი ამ გზის გაკეთებას უნდა მოხმარდეს. წარმოიდგინეთ ასეთი შემთხვევა: არ არის ეს საფუთო გადასახადი, ქალაქის თვითმმართველობა ვერ სარგებლობს ამ საფუთო გადასახადით, მაშინ იბადება კითხვა, - როგორ უნდა მოიქცეს ერობა ან ქალაქის თვითმმართველობა? არსებითად, კანონის ძალით, როგორც ერობა, ისე ქალაქის თვითმმართველობა მოვალე არის გზები შეინახონ და გააკეთონ. თქვენ მშვენივრად იცით, რომ ამ გზების გაკეთებას დღეს ათასობით აღარ ჰყოფნის და როდესაც ჩვენ გვინდა განვსაზღვროთ წესი, რომ საფუთო გადასახადი უნდა მოხმარდეს გზის გაკეთებას. აი ეს უეჭველად მოხმარდება გზას და ეს დიდი შეღავათი არის ქალაქებისთვის და ერობებისთვის, რადგანაც, ვიმეორებ, ასე რომ არ იყოს მაშინ სხვა საშუალებას უნდა მივმართოთ, სხვა წყაროებიდან უნდა გავიღოთ ხარჯი და უნდა გაკეთდეს გზები.

აქ იყო ლაპარაკი შავ ჭირზე, აი, მაგალითად, შავი ჭირი მძვინვარებს. ნუ თუ მაშინ არ აქვს ქალაქის თვითმმართველობას და ერობას არავითარი უფლება ისარგებლოს ამ საფუთო გადასახადით? მე მოგახსენეთ, რომ ამის წინათ ჩვენ მივიღეთ ერთი დეკრეტი სასანიტარო გადასახადის დაწესებისა. ამ დეკრეტით უფლება ეძლევათ, როგორც ქალაქის თვითმმართველობას, ისე ერობას გააწეროს მცხოვრებლებს სასანიტარო გადასახადი და მოახმაროს ისეთ საჭიროებას, როგორიც არის სხვა და სხვა ეპიდემიასთან ბრძოლა. მაშასადამე, სწორეთ ასეთი დასკვნა არის, სწორედ არანორმალური მდგომარეობა, როგორც ერობებისა ისე ქალაქის თვითმმართველობების გვაიძულებს, რომ შემოვიღოთ საფუთო გადასახადი. იმის შიში რომ საფუთო გადასახადი დააძვირებს ცხოვრებას, ეს შიშიც გადამეტებული უნდა იყოს. დეკრეტში პირდაპირ ჩამოთვლილი არის ის საქმეები, რომლებზედაც თავის თავად გადასახადი წესდება. (შენგელაია: პურზე?) მაშასადამე, ის დეკრეტი, რომელიც შემოტანილი არის დამფუძნებელ კრებაში სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის აზრით აუცილებლად მიღებული უნდა იყოს, რადგანაც საფუთო გადასახადი არსებობს ყველგან, არსებობდა ძველ წესწყობილების დროსაც და ჩვენის აზრით ამ დროს მიღება ამ დეკრეტისა არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს, პირიქით ეს არის ერთგვარი დახმარება, მართლა, საშინელ მდგომარეობაში მყოფ ერობებისა და ქალაქის თვითმმართველობებისა.

რაც შეეხება იმას, რომ ჯერ-ჯერობით ჩვენს ერობებს და ქალაქის თვით- მმართველობებს ეს საბიუჯეტო უფლება არ აქვს გამოკვლეული კანონმდებლობის წესით, - ჩემის აზრით არ შეიძლება საბიუჯეტო უფლება შეიქმნას ერთბაშად. მაგალითად, ერთ მშვენიერ დღეს ავიღოთ ქაღალდი და შევთხზათ საბიუჯეტო უფლება. ჩემის აზრით საბიუჯეტო უფლება უნდა ჩამოყალიბდეს თანდათანობით. დღეს შემოვიღებთ საფუთო გადასახადის უფლებას, ხვალ სხვას და ასე თანდათანობით შეგვიძლიან შემდეგში მოუყაროთ თავი ყველა კანონებს და შევქმნათ მთლიანი საბიუჯეტო უფლებების სისტემა ერობებისთვის და თვითმმართველობებისთვის.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ჭავჭანიძეს.

ჭავჭანიძე. (მომხსენებელი). მოქალაქენო! დამფუძნებელ კრების წევრის შენგელაიას სიტყვამ დამარწმუნა არა იმაში, რაშიაც იგი სცდილობდა დაერწმუნებინა დამფუძნებელი კრება, არამედ სრულ წინააღმდეგში. ბ-ნი შენგელაია ფიქრობს, რომ ხალხი ჩვენ ჯოხებით დაგვერევა თუ საფუთო გადასახადს შემოვიღებთ. მაგრამ ერთი რამ უნდა ვკითხო: როდის დაგვერევა ჯოხებით დემოკრატია, მაშინ როდესაც ერობები და თვითმმართველობები ისე გაკოტრდებიან, რომ არ ექნებათ საშუალება მოაწყონ ადმინისტრაცია და დააკმაყოფილონ მცხოვრებთა უსაჭიროესი მოთხოვნილებანი, თუ მაშინ, როდესაც შემოვიღებთ მცირე საფუთო გადასახადს და ამ გზით მიღებულ ფულს ხალხის საჭიროებებს მოვახმართ? მე ვფიქრობ, რომ ჯოხებს სწორედ მაშინ ექნება ადგილი, როდესაც ერობები და თვითმმართველობები; უსახსრობის გამო დაკარგავენ უნარს მოაწყონ ადმინისტრაცია და გაუძღვეს სხვა საქმეებს. სწორედ ასეთი მდგომარეობა შეიქმნება, როდესაც ჩვენი ერობები და ქალაქის თვითმმართველობები უსახსროთ დარჩებიან. ბ-ნ შენგელაიას ლოღიკას, რომ გავყვეთ, მაშინ არამც თუ საფუთო გადასახადი არ უნდა შემოვიღოთ, არამედ უნდა გავაუქმოთ ყოველ გვარი გადასახადები. ბ. შენგელაიას აზრით მიწაზე ღალის შემოღებაც შეცდომა იყო, და ისიც დიდი შეცდომა, მაგრამ ღალა ხომ პირდაპირი გადასახადი არის? თუ თქვენ უარყობთ პირდაპირ გადასახადს, მაშინ უნდა უარყოთ ყოველგვარი გადასახადი. მაგრამ მაშინ რამ შეინახოს სახელმწიფო, ქალაქები, რამ შეინახოს თვითმმართველობათა ორგანოები? რა თქმა უნდა, უმჯობესია, რომ არავის არაფერი არ გადავახდევინოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ იარსებებს ვერც ერთი სახელმწიფო, ვერც ერთი დაწესებულება, ვერც ერთი თვითმმართველოების ორგანო. (შენგელაია: სოციალისტური სახელმწიფო?) მოგახსენებთ, ბ-ნო შენგელაია, რომ ჯერ ჩვენ სამწუხაროდ სოციალისტური სახელმწიფო არ გვაქვს. ხოლო როდესაც ეგ ბედნიერება გვეწვევა, მაშინ, ვნახავთ დაგვჭირდება თუ არა, რაიმე ბეგარის შემოღება. ბატონ შენგელაიას გამოლაშქრება საფუთო გადასახადის წინააღმდეგ პირდაპირ უაზრო არის. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რომ მარტო ფუფუნების საგნები იბეგრებოდეს მაგრამ საქმე იმაში არის, რომ რაც შესაძლებელია ნორმალურ პირობებში შეუძლებელი ხდება არა ნორმალურ პირობებში. დღეს არა თუ ფუფუნების საგანი არ არის, - ფუფუნების საგანი ათასში ერთხელ არ მოიპოვება, - პირველ მოთხოვნილების საგნებიც გაჭივრებით იშოვება. მე თავიდან განვაცხადე და ეხლაც ხაზს უსვამ იმას, რომ ეს გადასახადი ისევ ხალხს მოხმარდება. ბ-ნმა შენგელაიამ სამტრედიელ ვაჭრების პროტესტიც მოიგონა; მაგრამ მას კარგად მოეხსენება რის შემდეგ აღძრეს შუამდგომლობა სამტრედიელებმა, სწორედ მას შემდეგ, როცა დაიწყო ლაპარაკი ქალაქის მიწების ჩამორთმევაზე; დაინახეს თუ არა სამტრედიელმა მეშჩანებმა, რომ ქალაქებში შესაძლებელია მიწის ნორმა ნაკლები იქნეს, ვინემ ეგ არის სოფლებში, ასტეხეს განგაში და მოითხოვეს სამტრედიის ქალაქობის გაუქმება. ბ-ნ შენგელაიას ეგ გარემოება დიდ საბუთად მიაჩნია; მე კი არ მეგონა თუ ასეთ დიდ ანგარიშს უწევდა სოციალისტ-რევოლიუციონერი მემამულეების და მეშჩანების შეხედულებას და პროტესტს! (შენგელაია: დემაგოგია არის!) დემაგოგია არ გახლავთ, ეს სიმართლე გახლავთ. მოქალაქენო! წარმოდგენილი დეკრეტის მიზანია საშულება მისცეს საქალაქო და საერობო თვითმმართველობებს ოდნავ მაინც მოაწესრიგონ თავიანთი ფინანსიური მდგომარეობა და შესძლონ დააკმაყოფილონ მცხოვრებთა უსაჭიროესი მოთხოვნილებანი; ამისთვის ეს კანონი ჩემის აზრით სრულიად მისაღები არის.

თავმჯდომარე. დეკრეტი მიღებულია.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ დეკრეტი სახელმწიფო უნივერსიტეტთან პედაგოგიურ ინსტიტუტის დაარსებისა. მომხსენებელი გახლავთ კრების წევრი იმნაიშვილი.

იმნაიშვილი. სახელმწიფო უნივერსიტეტთან პედაგოგიური ინსტიტუტის დაარსება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ჩვენ არ გვყავს საკმაო რიცხვი მომზადებულ მასწავლებლებისა არც პირველდაწყებით, არც უმაღლეს დაწყებითი და არც საშუალო სკოლებისთვის. გარდა იმისა, რომ უმრავლესობას მასწავლებლებისას არა აქვს სათანადო მომზადება საერთო განათლების მხრივ, მათ სრულიად არა აქვთ თითქმის სპეციალური პედაგოგიური განათლება, ურომლისოდაც, დღეს განსაკუთრებით, პრაქტიკულად მომუშავე აღმზრდელს საშუალება არა აქვს დადგეს თავის დიდ მოწოდების სიმაღლეზე. და აი, პედაგოგიური ინსტიტუტის მიზანი იქნება შეავსოს ნაკლი ამ მხრივ და, რამდენადაც შესაძლებელი იქნება ეს - სავალდებულოდ გახადოს მომავალ მასწავლებლისათვის სამეცნიერო საერთო განათლებასთან ერთად მიიღოს სპეციალური განათლებაც. ამ მიზანს ერთნაირად აქამდის ემსახურებოდა ჩვენში სამასწავლებლო სემინარიები და თბილისის, ეგრედწოდებული „საოსტატო ინსტიტუტი“. პირველნი უშვებდენ მასწავლებლებს, პირველდაწყებითი სკოლებისათვის, მეორე ამზადებდა მათ უმაღლეს დაწყებითი სკოლებისათვის. მაგრამ სემინარიებიდან მომზადებული მასწავლებლების გამოშვება შეუძლებელი იყო, ვინაიდან იქ უფრო აქცევდნენ ყურადღებას საერთო განათლებას, და რომ პედაგოგიური სპეციალური პროფესიონალური განათლებაც შეეძინათ, ამისთვის სათანადო პირობები არ იყო, ვინაიდან თვით სემინარიაში მომზადებული მასწავლებელნი ცოტანი იყვნენ. ამ გარემოებამ ძალიან ცუდი გავლენა იქონია საერთოდ პირველდაწყებითი სწავლა-განათლებაზე, ვინაიდან ჩვენ სახალხო სკოლას ყოველთვის აკლდა მომზადებული პედაგოგიური ძალები. მეორეს მხრივ ასეთივე დიდი ნაკლებობა იყო პედაგოგიურად მომზადებულ ძალებისა უმაღლეს დაწყებითი სკოლებში, ვინაიდან საოსტატო ინსტიტუტს, საიდანაც უშვებდნენ ამ უმაღლეს დაწყებითი სკოლების მასწავლებლებს, შეძლება არ ჰქონდათ თავის მხრივ ძველი პროგრამის მეოხებით გამოეშვა სათანადოთ მომზადებული პედაგოგები. ახალი დებულების ძალით კი, რომელიც გამოცემული იყო დროებითი მთავრობის მიერ 1917 წ., იქ შეეძლო შესვლა მხოლოდ საშუალო სკოლა დამთავრებულებს, - და ვინაიდან საშუალო სწავლა მიღებულნი ყოველთვის საშუალო სწავლიდან უმაღლეს სასწავლებელში მიდიოდენ, ისინი არ მოისურვებდნენ და არც მოუსურვებიათ ამ საოსტატო ინსტიტუტში შესვლა და იქ უმაღლეს დაწყებითი სკოლაში სამასწავლებლოდ მომზადება. ამნაირად ეს საოსტატო ინსტიტუტი, თავის-თავად გაუქმდა და დაკარგა თავისი მნიშვნელობა და ამ ბოლო ხანს იქ მხოლოდ ორიოდე მოსწავლე სწავლობდა. ასეთივე უნუგეშო მდგომარეობაში არიან საშუალო სკოლებიც. თავის-თავად ცხადია, ჩვენ გაეროვნებულ სკოლისთვის ყველა მასწავლებლები, რომელნიც ეხლა ჩვენშია, არ გამოდგებიან. ასეც, რომ არ იყოს, საერთოდ იმათ აქვთ ის სპეციფიკური ნაკლი, რომელიც ახასიათებს საერთოდ ყველა დანარჩენ მასწავლებლებს, პედაგოგიურ პროფესიონალურ სწავლა-განათლების მხრივ. აი, ამ გარემოების გამო თავის-თავად ცხადია, ჩვენ უდიდესი ყურადღება უნდა მივაქციოთ მასწავლებლების მომზადებას, განსაკუთრებით იმ მხრივ, რომელიც შეეხება მათთვის ამ სპეციალურ პედაგოგიურ პროფესიონალურ განათლების მიღებას, ეს მით უფრო დღეს, ვინაიდან ჩვენ უნდა გავატაროთ ცხოვრებაში საშუალო სკოლის რეფორმა ერთის მხრივ და მერმე საყოველთაო სავალდებულო სწავლის შემოღება. და, აი, სწორედ პედაგოგიურ ინსტიტუტს მიზნად ექნება ამ საქმისთვის შექმნას შესაფერი ნიადაგი, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს მაინც, რამდენიმე ხნის განმავლობაში, გვყავდეს შესაფერი კადრი მომზადებულ მასწავლებლებისა. ამიტომ ჩვენ წინააღმდეგნი ვართ, რომ ეგრედწოდებული ტფილისის სამოსწავლო ინსტიტუტი დარჩეს ისევე დამოუკიდებელი, როგორც ის ეხლა არის. გარდა ამისა, რომ აქ ძალიან ნაკლებად მზადდება უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლების მასწავლებლები, აქ საშუალება არა აქვთ მოემზადონ საშუალო სკოლის მასწავლებლებმა, ვინაიდან, როგორც მოგახსენეთ, აქ არ შედიან საშუალო კურს დამთავრებულნი და მეორეს მხრივ თვით ეს საოსტატო ინსტიტუტი დღეს არ წარმოადგენს უმაღლეს სასწავლებელს, არამც თუ უმაღლეს სასწავლებელს, ის არ წარმოადგენს საშუალო სასწავლებელსაც ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, რომ ჩვენ საშუალება მივცეთ აქ საშუალო სკოლის მასწავლებლებს მიიღონ შესაფერი მომზადება, მაშინ ჩვენ ის უნდა გადავაკეთოთ უმაღლეს სასწავლებლად, რაც ზედმეტ ფინანსიურ ტვირთათ დააწვება ჩვენ სახელმწიფოს. მეორე მხრით, რომ ეს გადავაკეთოთ უმაღლეს სასწავლებლად, ეს მიზანს არ მიახწევს, ვინაიდან ის ახალგაზდები, რომელნიც აპირებენ მასწავლებლობას, უნდა დაეწაფონ საერთო მეცნიერებასაც. ამ ინსტიტუტში ისინი ამას ვერ შესძლებენ, იმიტომ რომ მეცნიერება საერთოდ მჭიდროდ არის დაკავშირებული უნივერსიტეტთან. ამნაირად ჩვენ გვექნება ორი უმაღლესი სასწავლებელი, უნივერსიტეტთან ერთად სამოსავლო ინსტიტუტიც. თავის-თავად ცხადია ეს აუარებელ ხარჯებს გამოიწვევს ეს კი, რასაკვირველია, ჩვენ არ შეგვიძლია. მაშასადამე, არ შეიძლება არც მისი უმაღლეს სასწავლებლად გადაკეთება და არც მისი დამოუკიდებელი არსებობაც? ამიტომ, თავის-თავად ცხადია, ჩვენ უნდა გამოვნახოთ სხვა გზა. ეს გზა ის არის, რომ ეს საოსტატო ინსტიტუტი უნდა გადავცეთ უნივერსიტეტს; ან უკეთ, რომ ვსთქვათ, დავუქვემდებაროთ ის უნივერსიტეტის ორ ფაკულტეტს: საბუნებისმეტყველო-სამათემატიკოს და სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტს აი ამ მიზნით დეკრეტი მოითხოვს დაარსდეს „პედაგოგიური ინსტიტუტი“ სახელმწიფო უნივერსიტეტთან. მას ექნება 4 წლის კურსი, რომელიც ორი საფეხურისაგან იქნება შემდგარი: პირველ საფეხურზე მომზადდებიან უმაღლეს დაწყებითი სკოლების მასწავლებლები, როგორც მეცნიერულად, ისე სპეციალურ პედაგოგიურადაც. ორთავე საფეხურზე ერთად კი მომზადდებიან საშუალო სკოლების მასწავლებლები. ამ დეკრეტთან წარმოდგენილ დებულებაში ნაგულისხმევია, რომ ამ ინსტიტუტში, რომელიც გაიხსნება უნივერსიტეტთან, შეძლება ექნებათ ისწავლონ სუყველა სტუდენტებმა, რომელნიც მომავალში მასწავლებლობას მოისურვებენ. ეს მათთვის სავალდებულო იქნება. ამ დებულების ძალით, საშუალება ექნებათ პირველ საფეხურზე შესაფერი სპეციალური მომზადება მიიღონ იმათაც, ვისაც საუნივერსიტეტო ცენზი არა აქვთ, მაშასადამე, საშუალო სასწავლებელი არ დაუმთავრებიათ, არამედ დაუმთავრებიათ, მაგალითად, უმაღლესი დაწყებითი სკოლა; მათ საშუალება მიეცემათ ამ ინსტიტუტში ისწავლონ და ორი წლის მუშაობის შემდეგ, გამოვიდნენ სამასწავლებლო ასპარეზზედ უმაღლეს დაწყებითი სკოლებში. ორთავე საფეხური ერთად მოგვცემს პროფესიონალურად მომზადებულ პედაგოგებს საშუალო სკოლისთვის. ის მეცნიერება, რომელსაც ეწაფებიან საერთოდ უნივერსიტეტში, ინსტიტუტში პედაგოგიურ-დიდაქტიურ თვალსაზრისით იქნება დამუშავებული. ის საგნები, რომლებიც უნდა გაიარონ მასწავლებლებმა ამ სპეციალურ პედაგოგიურ ცოდნის მისაღებად, ეს საგნები გაივლება პარალელურად იმ მეცნიერებასთან, რომელსაც ისინი დაეწაფებიან საერთო მეცნიერულის მხრით. მაგრამ სასკოლო სამოსწავლო საგნებს პედაგოგიურ-დიდაქტიურად ინსტიტუტის მოსწავლენი დაამუშავებენ მას შემდეგ, როდესაც ამას წინ წაუძღვება მეცნიერული შესწავლა ამ საგნებისა და სათანადო გამოცდების ჩაბარება უნივერსიტეტში.

ინსტიტუტში მიიღებიან, როგორც მოგახსენეთ, უპირველეს ყოვლისა, სტუდენტები, რომელთაც სათანადო ცენზი უკვე აქვთ. იქ მიიღებენ იმათაც, ვისაც ეს ცენზი არა აქვთ, აგრეთვე იქ მიიღებენ ისეთებსაც, რომელთაც არავითარი ცენზი არა აქვთ, მაგრამ ცოდნა აქვთ დაახლოვებით ისეთი, რომელიც აქვთ უმაღლეს დაწყებით სკოლა დამთავრებულებს და შესაფერ გამოცდებს იქ სათანადო კომისიაში ჩააბარებენ. საერთოდ ამ ინსტიტუტის მუშაობა იქნება იმ ხასიათისა, რომ საერთოდ მეცნიერულად მომზადება ხელს არ შეუშლის განსაზღვრული საგნის პედაგოგიურად დამუშავებას. პირიქით ეს უკანასკნელი უფრო გააცხოველებს პირველს. ამნაირად შესაძლებელი არის, რომ ჩვენ რამდენიმე ხანში მივიღებთ ყველა მხრით მომზადებულ მასწავლებლებს. აქვე დართულ დებულებით უნივერსიტეტს ექნება უმაღლესი კონტროლი ამ ინსტიტუტზედ. ასე, რომ მეცადინეობა და მუშაობა, როგორც იმისთვის, ვისაც სურს სპეციალური განათლება მიიღოს, ისე იმისთვისაც ვისაც სურს საერთოდ მეცნიერება შეისწავლოს და შემდეგ პედაგოგი გახდეს, გაერთიანებული იქნება, რომ ამ მხრივ უფრო ნაყოფიერი დარჩეს მუშაობა და უფრო ადვილად იქნეს საერთო მიზანი მიღწეული.

თავჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მეორე მომხსენებელს კრების წევრს ჭავჭანიძეს.

ჭავჭანიძე. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ განიხილა ეს დეკრეტი და მიიღო იმ სახით, როგორც წარმოადგინა განათლების კომისიამ. (დეკრეტი, დებულება და შტატები მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ დეკრეტი 290.089 მან. და 25 კ. გაღებისა რკინის გზაზე პარტახტიან ტიფთან საბრძოლველად. მომხსენებელი გახლავთ კრების წევრი ირემაშვილი.

ირემაშვილი. დეკრეტი შეეხება სახელმწიფოს ხაზინიდან 290.089 მან. და 25 კ. გადადებას. როდესაც პარტახტიანი ტიფი გავრცელდა, გზათა სამინისტროს თავის განკარგულებაში არა ჰქონდა კრედიტი ამ პარტახტიან ტიფთან საბრძოლველად. ამისათვის გზათა სამმართველომ თავის საკუთარ თანხიდან დახარჯა პარტახტიან ტიფის წინააღმდეგ ზომების მიღების დროს 290.089 მან. და კ., რომელიც აღნიშნულია ამ დეკრეტში, სამი თვის განმავლობაში 13 თებერვლიდან 13 მაისამდე. ეს ხარჯი გაწეული იქნა იმ იმედით, რომ ის დაიფარებოდა იმ თანხიდან, რომელიც მთავრობამ გადადო განსაკუთრებულ რწმუნებულის ექიმ გოპაძის განკარგულებაში. მაგრამ, როდესაც შუამდგომლობა აღძრა გზათა სამინისტრომ, რომ ეს თანხა დაფარული იყოს ამ განსაკუთრებულ თანხიდან, ექიმმა გოპაძემ ვერ შესძლო დაეკმაყოფილებინა მათი მოთხოვნილება. ამის შემდეგ გზათა სამინისტრო დაადგა იმ აზრს, რომ სათანადო შუამდგომლობა აღეძრა მთავრობის წინაშე, რომ ეს თანხა დაფარულიყო კანონმდებლობითი გზით. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ განიხილა ეს დეკრეტი და საჭიროდ სცნო, რომ კანონმდებლობითი გზით დაფარული იყოს ეს ხარჯი. ეს ფული ამ ჟამათ ირიცხება უფროსზე და როდესაც კანონმდებლობითი გზით გავატარებთ ამ დეკრეტს, ამით დაიფარება ეს ხარჯები და კანონიერი სახით გატარდება. ამიტომ საფინანსო-საბიჯეტო კომისია შუამდგომლობს, რომ ეს დეკრეტი იყოს მიღებული ისე, როგორც არის წარმოდგენილი. (დეკრეტი მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებულია).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხის მომხსენებელი გახლავთ კრების წევრი სოლოღაშვილის ასული.

ოლღა სოლოღაშვილის ასული. (ს.-დ.) თქვენ მოგეხსენებათ, რომ ყოველი სახელმწიფოს პოლიტიკური სიმტკიცე დამოკიდებულია მის ეკონომიურ მდგომარეობაზე. ეკონომიურად კი სახელმწიფო ძლიერია მაშინ, როდესაც მისი ბუნებრივი სიმდიდრე ფართოდ არის დამუშავებული და გამოყენებული. ჩვენ არა ერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველო განსაკუთრებულ კუთხეს წარმოადგენს ბუნებრივი სიმდიდრის მხრივ. მას იშვიათად თუ შეედრება სხვა რომელიმე ქვეყნის მხარე, მაგრამ, რაც შეეხება მის დამუშავებას და გამოყენებას ამ მხრივ მეტად ჩამორჩენილია და ჩვენი ვალია განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ამ გარემოებას. განათლების სამინისტრომ, როგორც მოგეხსენებათ, ამის გამო მიიღო ზოგიერთი ზომები. ერთი ამ ზომათაგანი იყო მის მიერ წარმოდგენილი და დამფუძნებელ კრების მიერ მიღებული კანონ-პროექტი საზღვარგარეთ სპეციალურ სწავლის შესაძენად ახალგაზდების გაგზავნისა. მაგრამ ეს საკმარისი არ არის და შინაც უნდა ვიზრუნოთ, რომ გაიხსნას ისეთი სასწავლებლები, რომელნიც ერთის მხრივ მოგვცემენ პრაქტიკულად მომუშავეებს, და მეორეს მხრივ ისეთი სწავლით აღჭურვილ პირთ, რომელნიც სათანადოდ გაუძღვებიან არსებულ სასწავლებლებს და მოჰფენენ ჩვენ სახელმწიფოს ახალი საპროფესიო და სახელოსნო სასწავლებლებით. დასახულ მიზნის განსახორციელებლად განათლების სიმინისტრო ფიქრობს გადადგას შემდეგი ნაბიჯი: თბილისში არსებობს ტეხნიკური სასწავლებელი, აი, ამ დეკრეტით განათლების სამინისტროს სურს გადააკეთოს იგი საშუალო პოლიტეხნიკურ სასწავლებლად. ამ ტეხნიკურ სასწავლებელს აქვს თავისი მოკლე ისტორია. 1917 წლამდე იგი ითვლებოდა რკინის გზის 3 კლასიან სასწავლებლად. აქ კურს დამთავრებულნი ორი წლის განმავლობაში იღებდნენ გამოცდილებას რკინის გზაზე და შემდეგ იქვე ინიშნებოდნენ ტეხნიკოსებად. 1917 წ. ეს სასწავლებელი გადაკეთებულ იქმნა საშუალო სატეხნიკო 4 კლასიან სასწავლებლად.

პირველ კლასში მიიღებიან გიმნაზიის 4 კლას დამთავრებულნი ან და მისი თანაბარი ცოდნით აღჭურვილი პირნი. ჯერ-ჯერობით არსებობს მხოლოდ ორი პირველი კლასი; მომავალ სამოსწავლო წლიდან, ე. ი. ენკენისთვიდან უნდა გაიხსნას მესამე კლასი. განზრახული რეორგანიზაცია შეეხება სწორედ ამ კლასის გახსნას. ნაცვლად ერთი მექანიკურ განყოფილებისა, სამინისტროს სასურველად მიაჩნია დაარსდეს სამი სხვა და სხვა დარგის განყოფილება: ელექტრო-მექანიკური, საამშენებლო და სამთო-საქიმიო. პირველი ორი განყოფილების გახსნა ამ თავითვე შეიძლება, ხოლო რაც შეეხება უკანასკნელი სამთო-საქიმიო განყოფილების დაარსებას ეს ჯერ-ჯერობით მოუხერხებელია, რადგანაც სათანადო მასალების და ლაბარატორიების მოწყობა მეტად ძნელი და მოუხერხებელია დღევანდელ პირობებში. მაშასადამე, მომავალ სამოსწავლო წლიდან გაიხსნება ორი განყოფილება. თვითეული ეს განყოფილება სამი ნაწილისაგან შესდგება, ელექტრო-მექანიკური შესდგება: ელექტრო-ტეხნიკური, საქარხნო-სამრეწველო და სარკინისგზოსგან; საამშენებლო - გზათა-საამშენებლო, სახუროთმოძღვრო და ჰიდრო-სატეხნიკოსგან.

ამგვარად სულ მოკლე ხანში ნაცვლად მარტო რკინის გზის ტეხნიკოსებისა, რომელთაც იძლეოდა აქამდის სატეხნიკო სასწავლებელი, ჩვენ გვეყოლება 6 სხვა და სხვა მნიშვნელოვან დარგის სპეციალისტები. ამ რეორგანიზაციას, რასაკვირველია, დასჭირდება ხარჯები. შტატის გადიდების მხრივ მდგომარეობა ისეთია, რომ თითქმის არავითარი დამატებითი ხარჯი არ დაგვჭირდება. მაგრამ სამაგიეროდ საჭირო იქნება სახელოსნოების გადაკეთება, შეძენა სხვა და სხვა მასალებისა და იარაღისა. სამინისტროს გამოანგარიშებით ამას მოუნდება 200.800 მან. სწორედ ეს თანხა არის აღნიშნული ამ დეკრეტში რომლის გადადებასაც მოითხოვს განათლების სამინისტრო, ტეხნიკურ სასწავლებლის საშუალო პოლიტეხნიკურ სასწავლებლად გადაკეთებისათვის.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი. სიტყვა ეკუთვნის მდივანს.

სიმონ მდივანი. ოფიციალური ორგანო „საქართველოს რესპუბლიკის“ ხარჯის დასაფარავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ითხოვს 87.650 მანეთს. ეს ხარჯი გამოწვეულია იმით, რომ შემოსავალი გაზეთს არ ჰყოფნის და ყოველთვიური დეფიციტი აქვს 7.000 მანეთი თანახმად იმ დადგენილების, რომელიც იყო მიღებული 31 იანვარს 1918 წ. ყოველ ნახევარ წლის გასვლის შემდეგ სამინისტრო მოითხოვს დაფარვას იმ დეფიციტისა, რომელიც ამ თვის განმავლობაში შეიქმნა. 25 ივლისიდან 1 იანვრამდე 1919 წ. დეფიციტი უკვე დაფარული არის თანახმად იმ კანონისა, რომელიც მიღებული იყო. მაგრამ პირველ იანვრიდან 1 ივლისამდე დეფიციტი არ არის დაფარული და ამისთვის შინაგან საქმეთა მინისტრი აღძრავს შუამდგომლობას მთავრობის წინაშე, რომ ეს დეფიციტი დაფარული იყოს. მთავრობამ დაადასტურა ეს თხოვნა და შემოვიდა წინადადებით საბიუჯეტო კომისიაში, რომლის აზრს მოგახსენებთ, რომ ეს ფული უნდა იქნეს გაღებული ამ დეფიციტის დასაფარავად (კენჭის ყრით დეკრეტი მიღებულია).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხის შესახებ მომხსენებელია ირემაშვილი.

ირემაშვილი. (განმარტავს დამფუძნებელი კრების საკუთარ სტამბის მოწყობის დეკრეტის შინაარს).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ვადაჭკორიას.

სოლომონ ვადაჭკორია. (ს.-დ.) მთავრობის სხვა და სხვა დაწესებულებებს აქვს საკუთარი სტამბები. ზოგიერთი დაწესებულების სტამბები იმდენად დიდია, რომ ნახევრად უმუშევარნი არიან და ხშირად მანქანები გაჩერებულია ზიგიერთ დაწესებულების სტამბებში, მაგალითად სამხედრო სამინისტროში, მართალია დიდი სტამბები მუშაობენ, მაგრამ იყვნენ პატარა სტამბები, რომელნიც დღემდის არ მუშაობდნენ. საერთოდ მთავრობის სტამბების მდგომარეობა მეტად ცუდი იყო და თუ მას მართლაც სარგებლობა შედარებით არ მოჰქონდა ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს სტამბები არ იყო ქართულ განყოფილებით მოწყობილი და მეორე აიხსნება იმით, რომ შტატები ამ სტამბებში დიდი იყო და სამუშაო არ ჰქონდათ იმდენი, რამდენიც საჭირო იყო. ამიტომ, როგორც მოგეხსენებათ, ისეთი მდგომარეობა შეიქნა, რომ სტამბებს სარგებლობა არ მოჰქონდათ. ერთი სარგებლობა, რომელიც მოიტანა მთავრობის სხვა და სხვა დაწესებულებების საკუთარ სტამბებმა იყო ის, რომ მართლაც მთავრობის დაწესებულებების საქმეებს ბეჭდავდა იაფათ. ეს საქმეები კერძო მესტამბეების ხელში, რომ ყოფილიყო თავის-თავად ცხადია ერთი ორად ძვირად დაუჯდებოდა მთავრობას. მაგრამ სახელმწიფო სტამბების მდგომარეობა ვერ არის კარგად მოწყობილი. ზოგიერთი მათგანი გაჩერებული არის, - ამ დროს წინადადების შემოტანა, რომ დამფუძნებელ კრებამ იქონიოს საკუთარი სტამბა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას ჰქონდა ამის შესახებ მსჯელობა და გამოსთქვა აზრი, რომ სტამბების საქმე მოგვარებული იქმნეს, გაერთიანებული იქნეს ეს სტამბები, მიემატოს ერთი-მეორეს, და დღეს თუ შვიდი რვა სტამბა არის, - დაარსდეს რამდენიმე სტამბა, მოეწყოს ერთი მართველობა, რომ უფრო შესაძლო გახდეს საქმის დაწესება და უფრო იაფათ წარმოება.

ამ დროს იქნა შემოტანილი წინადადება სტამბის დაარსების შესახებ. ამის საწინააღდეგო არაფერი აქვს სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას და ამ დეკრეტში შეაქვს მხოლოდ შესწორება და შესწორება იმ მოსაზრებით, რომ მართლაც, როცა მოწესრიგდება მთავრობის სტამბების საქმე, გაერთიანდება ეს სტამბები მაშინ შესაძლებელი გახდება საჭიროდ არ დარჩეს დამფუძნებელ კრებისათვის საკუთარი სტამბის დაარსება. ამიტომ ამ პროექტში იქნება შეტანილი შესწორება, რაკი სტამბა არსებობს - მიეცეს თვიურად საჭირო თანხა ამ ხარჯის დასაფარავად. შესწორება უკვე პრეზიდიუმში შეტანილი არის ამისდამიხედვით. რაც შეეხება დანარჩენ ხარჯთ-აღრიცხვის საკითხს, დღეს საკითხი დარჩეს ისე, როგორც არის პროექტში შეტანილი.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

ირემაშვილი. საბიუჯეტო კომისია მაინც თავის გადაწყვეტილებაზე სდგას და მოითხოვს იმას, რომ დაარსებული იყოს ისეთი სტამბა დამფუძნებელ კრების კანცელარიასთან, რადგანაც აი ამ ანგარიშების ბეჭდვაზე შემდეგში მას უფრო მრავალი ხარჯები დასჭირდება, აქ უკვე მოწყობილი სტამბა არის და ამგვარად ეს ხარჯები შემცირებული იქნება.

თავმჯდომარე. ამგვარად ორი პროექტი არის: ერთი პრეზიდიუმისა და საბიუჯეტო კომისიისა მეორე გახლავთ სოციალ-დემოკრატიის ფრაქციისა. რაკი განსხვავება არის მნიშვნელოვანი, პირველ პროექტით ნავარაუდევი არის სტამბა თავისი შტატებით და მეორე პროექტს კი არაფერი არა აქვს საწინააღმდეგო სტამბისა, მაგრამ იმისთვის განსაკუთრებული თანხის გადადებას სამერმისოდ სდებს, ამიტომ მე კენჭს უყრი ორთავ პროექტს, რომელია ამ პროექტისაგან მისაღები თქვენთვის. ვინ არის მომხრე სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის პროექტისა? სოციალ-დემოკრატიული პროექტი მიღებული არის და გთხოვთ წაიკითხოთ სათაური და პირველი მუხლი.

მომხსენებელი. (კითხულობს მუხლობრივ. დეკრეტი საერთოდ მიღებულია ს.-დ. შესწორებით და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. შემდეგი კანონ-პროექტის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბ. ჩიკავას.

ალ. ჩიკავა. (ს.-დ.) ბინებზე და სხვა სადგომებზე ამ ჟამად ძალაში არის დადგენილება დროებითი მთავრობის 1917 წ. 5 აგვისტოსი, შემდეგ ჩვენი მთავრობის მიერ მიღებული, ეს დადგენილება ეხება ბინების და სხვა სადგომების უმაღლეს ფასების დაწესებას. ეს დადგენილება შეიძლება ძალაში დარჩეს მხოლოდ პირველ აგვისტომდე, პირველ აგვისტოს კი ამ დადგენილებას ძალა ეკარგება, მაგრამ თუ ღია დავტოვეთ ბინების საკითხი შეიძლება იქნეს შეტანილი ერთნაირი არევ-დარევა, ამისთვის საჭირო არის ეხლა ამ კანონის მიღება ამ საკითხის შესახებ ან და დეკრეტის გატარება. კანონ-პროექტი იუსტიციის სამინისტროს, ამის შესახებ, უკვე შემუშავებული აქვს და ეს გადაცემული არის დამფუძნებელ კრების კომისიაში განსახილველად, მაგრამ ამ კანონ-პროექტის განხილვას და მიღებას ვერ მოვასწრობთ მიმდინარე სესიაში, ამიტომ თვითმმართველობის კომისია და ადგილობრივ მმართველობის კომისიამ შემოიტანა დეკრეტი 1917 წ. 5 აგვისტოსი და თხოულობს განსაზღვრას და გაგრძელებას.

ალ. ასათიანი. (ერ.-დემ.) მე ვფიქრობ, რომ კანონის ძალაში დატოვება მეტად სამძიმო იქნება ქალაქის მესაკუთრეთათვის. არავისთვის საიდუმლობას არ შეადგენს, რომ მესაკუთრეთა დიდი უმრავლესობისათვის ქალაქის ქონება შემოსავლის წყარო უკვე აღარ არის. ის შემოსავალი, რომელსაც სახლის პატრონი ღებულობს, უმრავლეს შემთხვევაში, ეს მათი შემოსავალი არ ჰყოფნის რემონტს და სახლის მიმდინარე აუცილებელ ხარჯებს. ზღაპრულად იზრდება სახლის დაცვა, სახლის შეკეთება და ყოველგვარი სხვა ხარჯები. ამავე დროს ჩვენ ისეთი პირობები გვაქვს დაწესებული ბინების დამქირავებლებისთვის, რომ ეს შემოსავალი სრულიად არ შეეფერება ამ ზღაპრულ ზრდას. მრავალ შემთხვევაში ეს კაპიტალი, ეს ქონება უკვე არამც თუ არავითარ მოგებას არ იძლევა, არამედ მრავალ შემთხვევაში ზარალსაც აჩვენებს თავის პატრონს (შენგელაია: მაშ სრულიად ჩამოვართვათ!) ფაქტიურად ასეც არის. ამიტომაც შემჩნეულია და მე მგონია ეს არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ სახლის მესაკუთრე უკვე ვერავითარ რემონტს ვერ აწარმოებს, როდესაც ამის ხარჯები ზღაპრულად იზრდება და შემოსავალი კი შედარებით უცვლელი არის. რასაკვირველია, სახლის მეპატრონენი სრულიად არ არიან დაინტერესებულნი, რომ თავის ქონება ასეთს მდგომარეობაში დასტოვონ, და მას საჭირო შეკეთება მოაკლონ. ასეთი ვითარება არის ქონების კაპიტალის ერთგვარი განადგურება. ვინაიდგან თუ სახლს მორიგი რემონტი და შეკეთება არა აქვს, ის ფუჭდება და მე მგონია, რომ სახელმწიფოებრივ თვალსაზრისით ასეთი უკიდურესი შელახვა მემაპტრონეს ინტერესებისა, ასეთი უკიდურესი შემცირება მათი შემოსავლისა, საზოგადოებრივ თვალსაზრისით, სასარგებლო არ არის. მე მესმის, რომ დაწესებული იყოს ისეთი ნორმები, რომ მეპატრონემ არ ისარგებლოს ბინების სიმცირით და შეუფერებლად არ ასწიოს ბინების ფასები. ეს ერთგვარი შეზღუდვა კიდევ შესაძლებელია, რომ მართლა საჭირო იყოს იმ არა ნორმალურ პირობებში, რომელშიაც ჩვენ ვიმყოფებით მსოფლიო ომსა და რევოლიუციის გამო. მაგრამ ასეთი უკიდურესი განსაზღვრა ასეთი მტკიცე ტაკსების დაწესება ამ სადგომებზე აი ასეთი მდგომარეობის დატოვება ქალაქის მესაკუთრეებისთვის, მე ვფიქრობ, ძლიერ საზიანოა. ასეთი მდგომარეობის გამართლება არ შეიძლება არაფრით, გარდა იმისა, რომ დამქირავებლებისთვის სასარგებლოა ძლიერ ცოტა ქირის გადახდა და არავითარ ქირას, რომ არ იხდიდეს უფრო სასურველი იქნება იყოს, დამქირავებლებისთვის, მაგრამ კაპიტალის განადგურება და მოსპობა, მე მგონია, არ უნდა შეადგენდეს ჩვენ მიზანს. ამიტომ ჩვენ ვერ მივემხრობით ისე შეუსწორებლად გაგრძელებას იმ კანონ-პროექტისა, რომელიც ასეთ პირობებში აყენებს ქალაქის მესაკუთრეს. მე ვფიქრობ ეს კანონ-პროექტი სასწრაფოთ მოითხოვს შესწორებას, ვინაიდან აუტანელია ქალაქის მესაკუთრეთა მდგომარეობა.

დავით ონიაშვილი. ჩვენი აზრით ამ დეკრეტის გარშემო დღეს დავა არ უნდა ყოფილიყო, რადგანაც არსებითი კამათი სრულიად არ უნდა იყოს ამ საკითხის გარშემო, ვინაიდან ეს დეკრეტი არსებითად არ შეეხება საგანს. საქმე შემდეგში არის: დროებითი მთავრობითი გამოცემულ დეკრეტს ვადა გადის 5 მარიამობისთვეს, მაშასადამე ამ მოკლე ხანში ახალი კანონის შასახებ ბინის დაქირავებისა სრულიად არ გვექნება. ჩვენი ცნობით ეს კანონ-პროექტი დღეს დამუშავებული, თითქმის დამთავრებული არის იუსტიციის სამინისტროში. - კანონი თავის-თავად ძალიან რთულია, აუარებელი მასალა აქვს თან დართული და ამ კანონის გარჩევას და მიღებას დამფუძნებელ კრებაში ესაჭიროება დიდი დრო და ხანგრძლივი კამათი. ის მოსაზრება, რომელიც მოიყვანა ასათიანმა შეიძლება მოყვანილი იყოს შემდეგ, როდესაც გვექნება არსებითი მსჯელობა, როდესაც გაიმართება ეგრედწოდებული გენერალური დებატები ამ კანონის გარშემო. დღეს, როდესაც ეს საკითხი სდგას ფორმალურად, როდესაც ვეძებთ გამოსავალს შექმნილ მდგომარეობიდან, მე მგონია ასეთ კამათს ადგილი არ უნდა ჰქონდეს, ამიტომ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის სახელით შემომაქვს წინადადება, - გავაგრძელოთ ვადა დეკრეტისა და არსებითად შემდეგში შევეხოთ იმ კანონს, რომელიც სათანადო კანონით შემოტანილი იქნება მომავალში.

თავმჯდომარე. საერთო მსჯელობისათვის სიტყვა არავის არ სურს. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

მომხსენებელი. დამფუძნებელი კრების წევრი ბატონი ასათიანი ბრძანებს, რომ დღეს, დღევანდელ პირობებში საჭირო არ არის ამ დეკრეტის მიღება, იმიტონ, რომ ამ დეკრეტის მიხედვით მესაკუთრეებს ინტერესი შეელახებათ. მაგრამ მასთანვე ბატონი ასათიანი დასძენს, რომ საჭიროა ერთნაირი ფასების დაწესება, რომ სპეკულიაცია არ იყვეს ამ საკითხის გარშემო. ერთნაირი წინააღმდეგობაა. თუ ჩვენ ამ დეკრეტს ეხლა არ მივიღებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მესაკუთრეებს მივეცით თავისუფლება სპეკულიაცია აწარმოვონ, აწარმოვონ ბინების დაქირავების გარშემო. საერთოთ ბატონი ასათიანი თანახმა არის, რომ ერთნაირი ნორმა სახლების, ბინების დაქირავებისა არსებობდეს. მაშინ ჩემის აზრით მოსაზრება ბატონ ასათიანისა უნდა უარვყოთ დღეს-დღეობით, და სწორეთ მაშინ, როდესაც ამის შესახებ შემოვა დამფუძნებელ კრებაში კანონ-პროექტი, რომელიც ეხლა მოთავდება კომისიებში, მაშინ, რასაკვირველია, ამის შესახებ გაიმართება გენერალური მსჯელობა, და ეხლა კი მოსაზრება ბატონ ასათიანისა უნდა უარყოფილ იქნეს და ეს დეკრეტი დამფუძნებელ კრებამ დაადასტუროს. (დეკრეტი მუხლობრივ, კენჭის ყრით მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. ეხლა შემდეგ საკითხათ არის ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის წინადადება ლეჩხუმში საგანგებო კომისიის გაგზავნის შესახებ. სიტყვა ეკუთვნის ბატონ კედიას.

სპირიდონ კედია. ყველამ ვიცით და ვგრძნობთ, რომ სამართალი და ადმინისტრაცია საერთოდ ძალიან კოჭლობს საქართველოში. მაგრამ დღეს-დღეობით ლეჩხუმის მაზრაში ეს მდგომარეობა უფრო ცუდათ არის. ვერც ადმინისტრაცია და ვერც სამართალი ლეჩხუმის მაზრაში დღეს-დღეობით ვერ ებრძვის ბოროტ-მოქმედებას და მკვლელობას, რომელიც აქ პერიოდიულად სწარმოებს. მაგალითად, იყო შემდეგი შემთხვევა მკვლელობისა: გასულ აპრილში მოჰკლეს ახვლედიანები, სოფელ გვაჯარას მახლობლივ. მაისის თვეში მოჰკლეს 65 წლის მოხუცი ასათიანი. მოხდა აგრეთვე მკვლელობა ბატონ ბერუჩიშვილისა, რომელიც ლაილაში ვაჭრობდა ხოლმე და ჩაჩხიანისა. მერე ამ უკანასკნელ დროს მოჰკლეს სამი გელოვანი და ყოფილი მარშალი სანდრო დადეშქელიანი. რამდენადაც ჩვენ ვიცით ეს უკანასკნელი ცნობები მთავრობას არ უნდა ჰქონდეს მიღებული.

თუ დაუკვირდებით ადგილობრივ პირობებს მკვლელობისას, რომელზედაც მე მოგახსენებთ, ჩვენ იძულებული ვიქნებით ერთნაირი შერჩევა დავინახოთ აი ამ აქტების მოხდენაში. ამდენი მკვლელობის შემდეგ ჯერ-ჯერობით ამ მაზრაში არც ადმინისტრაციას და არც სამართალს მკვლელები ხელში არ ჩაუგდია. მაშასადამე, ბატონებო, მკვლელობა, ადამიანის სიცოცხლის გაქრობა თავისუფლად სწარმოებს და არ არის ზომები სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის მიერ მიღებული, რომ ასეთნაირი ბოროტ-მოქმედნი დაჭერილი იქმნენ და აკეთონ ასეთი ბოროტ-მოქმედება. ასეთი მდგომარეობა მე მგონია ავალებს დამფუძნებელ კრებას თავის მხრით ამ საქმეში ჩაერიოს, რადგანაც ვიმეორებ სამართალს და ადმინისტრაციას ბოროტ-მოქმედებასთან არც უბრძოლია და არც ებრძვის.

მეტად საინტერესოა ჩვენთვის გავეცნოთ იმ მდგომარეობას, რომელიც შექმნილია ლეჩხუმის მაზრაში ამ ტერორს, შორიდან მაინც, ორგანიზაციული ხასიათი აქვს. და სათანადო გამოკვლევის შემდეგ მთავრობას მოვთხოვოთ მიიღოს მკაცრი, ენერგიული ზომები ამისთანა ბოროტ-მოქმედების წინააღმდეგ. გასაკვირველია ის, რომ როდესაც მეტი მღელვარება იყო, ლეჩხუმის მაზრაში მეტი აფორიაქება იყო მასიური ხასიათისა, განსაკუთრებით ბოლშევიკების მოძრაობის დროს, მაშინ ლეჩხუმის მაზრაში, შედარებით სულ მცირე მკვლელობა მომხდარა, სულ ერთი-ორი, და ამ ბოლშევიკების მოძრაობის ლიკვიდაციის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ადგილობრივი მდგომარეობა ცოტად თუ ბევრად მოეწყო, ერობა მუშაობს, თითქოს სასამართლოც მოწყობილი არის, მას შემდეგ რაც ცხოვრება, საზოგადოდ პროვინციაში, დაახლოვებით ჩამდგარია ნორმალურ, უფლებრივი პირობებში, აი სწორედ ამის შემდეგ იზრდება ამ მაზრაში ასეთი მკვლელობები. ასეთი ფაქტის წინაშე ჩვენ ვფიქრობთ, რომ დამფუძნებელი კრება სახელმწიფოებრივი ინტერესის თვალსაზრისით და სამართლის და უფლებრივის განმტკიცების თვალსაზრისით, ჩაერევა ამ საქმეში და გამოიძიებს იმ ამბებს, რომელიც ხდება ლეჩხუმის მაზრაში, და გამოარკვევს თუ რა არის მიზეზი, რომ არც ადგილობრივი ადმინისტრაცია და არც ადგილობრივი სამართალი, ამ აშკარა ბოროტ-მოქმედების წინააღმდეგ არავითარ ზომებს არ იღებს. ჩვენ წინადადება შემოგვაქვს, რომ შედგენილი იყოს საგანგებო კომისია თვითეულ ფრაქციიდან თვითეულ კაცისაგან და ეს საგანგებო კომისია გაიგზავნოს იქ, ლეჩხუმის მაზრაში ამ მკვლელობის გამოსაკვლევად და შესაფერ ზომების მისაღებად.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგს ბატონ ჭიჭინაძეს.

პარმენ ჭიჭინაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგი. ის წინადადება, რომელიც შემოიტანა ბატონ კედიამ მისაღები იქნებოდა იმ შემთხვევაში, რომ ლეჩხუმის მაზრაში რაღაც ისეთი ამბები მომხდარიყო, რომელიც იქნებოდა უკვე დამტკიცებული უტყუარი ცნობებით. მაშინ, რასაკვირველია, მკვლელობის შესახებ უნდა გამონახულიყო ძირითადი მიზეზი და გაგზავნილი ყოფილიყო განსაკუთრებული კომისია, საპარლამენტო კომისია, რომლის მიღებაც მაშინ საჭირო იქნებოდა.

მაგრამ მე უნდა მოგახსენოთ, რომ ზოგიერთი ასეთი მკვლელობა, ეკუთვნის იმ ხანას, როდესაც სწორედ მორჩაძემ ჩაიდინა რამოდენიმე მკვლელობა. ეს ის მორჩაძეა, რომელიც რამდენი ხანია მოქმედობს სწორედ ლეჩხუმში. მორჩაძე მოქმედობდა ლეჩხუმში ბოლშევიკური გამოსვლის დროს და სამწუხაროდ დღესაც არ არის შეპყრობილი, თუმცა უკანასკნელი ცნობებით, რომელიც ჩვენ გვქონდა, მორჩაძე უნდა იყოს დაჭრილი და შეპყრობილი კი არ არის.

შესაძლებელია, რომ რამდენიმე მკვლელობა მან ჩაიდინა. ჩვენ უკვე გავგზავნეთ შეკითხვა ამის შესახებ, მაგრამ ცნობები არ მიგვიღია და, რომ ზომები იყო მიღებული ამის შესახებ, ეს თქვენც კარგად იცით, მას მთელი ქუთაისის მილიცია და აგრეთვე მთელი ლეჩხუმის მილიცია დაეძებს დასაჭერაღ. მაგრამ, საუბედუროთ, როდესაც ერთი კაცი ერთ სოფლიდან მეორე სოფელში გადადის, ერთ საზოგადოებიდან მეორე საზოგადოებაში, და ორ მაზრაში სეირნობს, ძალიან ძნელია მისი დაჭერა. ისიც უნდა ვსთქვათ, რომ ის ერთნაირ რაღაც თანაგრძნობას პოულობს; სასტიკი ზომების მიღება ამა თუ იმ საზოგადოების წინააღმდეგ, ეგზეკუციის ჩაყენება, როგორც მოგეხსენებათ, არა სასურველ შედეგებს იძლევა. და ამის შესახებ უკვე შეკითხვა იყო, ჩვენ მივიღეთ ზომები ამის წინააღმდეგ და ზომებს ღებულობს ქუთაისის მაზრის კომისარი მის შესაპყრობლად. მას აგენტები ჰყავს მიჩენილი, ისინი კიდევაც მოქმედობენ და ეს არის რამდენიმე დღის კითხვა. მორჩაძე მალე შეპყრობილი იქნება.

მე მგონია, რომ იმ შემთხვევაში, რომელსაც აწვებიან ეხლა, ალბად ასეთ რამეებს ადგილი აღარ ექნება. რომ ვიფიქროთ რაღაცა ბოროტ-მოქმედებას ჰქონდა ტერორისტული ხასიათი, ასეთი საბუთი არ არის. პირიქით, მთავრობა კატეგორიულად აცხადებს, რომ ამისთანა რამ, რომ მომხდარიყო, ჩვენ მივიღებდით ზომებს, მაგრამ ჩვენ ამის საბუთები სრულიად არ გვაქვს, ჩვენ უკვე გავგზავნეთ ამის შესახებ შეკითხვა და თანვე, რასაკვირველია, განკარგულება, რომ მომხდარიყო სასტიკი გამოძიება ამის შესახებ და ის, ვინც იქნებოდა ჩარეული ამ საქმეში, სასტიკ პასუხისგებაში მიცემულიყო.

ამიტომ ჯერ-ჯერობით, რასაკვირველია, ამგვარ საპარლამენტო კომისიის დაწესება ზედმეტად მიმაჩნია.

თუ ამისთანა საბუთი იქნება და გამოირკვევა, - მაშინ მოხსენდება და თქვენ თითონ დაინახავთ, რომ საჭიროა ამისთანა კომისიის დაარსება. ჯერ- ჯერობით კი ეს მე არ მიმაჩნია საჭიროდ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ყიფიანს.

რუბენ ყიფიანი. (ს.-დ.) ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის წინადადება გულისხმობს ერთის მხრით სვანეთში დამფუძნებელ კრების არჩევნების გადადებას (კედია: ეს არ არის ჩვენ შეკითხვაში და ფაქტიურად კი ვაცხადებთ ამასაც) მეორეს მხრივ ლეჩხუმის მაზრაში დამფუძნებელ კრების ყველა ფრაქციებისაგან შემდგარ კომისიის გაგზავნას, იქ არსებულ ანარქიის და ტერორის ბოლოს მოსაღებად. წინადადებაში ნათქვამია, რომ ტერორი სწარმოებს პარტიულ და პირადიულ ნიადაგზე, და რომ ეს, სხვათა-შორის, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას საშუალებას ართმევს სვანეთის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს , რადგანაც მათი პარტიიდგან ვერავინ ვეღარ თანხმდება სვანეთში წასვლაზე. მე არ ვიცი რა პარტიულ ტერორზე არის აქ ლაპარაკი. ერთი ცხადია: ის ვინც თავის თუ სხვის ხელით ლეჩხუმის მაზრაში ტერორს აწარმოებდა, კარგა ხანია რაც ასეთებმა ეროვნულ-დემოკრატების პარტიაში თავი მოიყარეს, და როდესაც ეხლა ამ პარტიის ფრაქცია ტერორზე საკითხს აყენებს მე ეს ძალიან მიკვირს. ეს აი რას ჩამოგავს: რაჭაში სცხოვრობდა ერთი დარბაისელი მოხუცი თავადი - ასლან ერისთავი. 1905 წელში მასთან მოვიდა ერთი კაცნაკლავი, ცუდ საქმეების გამო ღირსება ახდილი აზნაური და ეუბნება: ბატონო, ხალხმა გამომგზავნა შემატყობინო, რომ ბოიკოტი გაქვს გამოცხადებულიო. რა არის, რატომ? რა არის ბოიკოტი?-ბოიკოტი ის არის, რომ შენთან აღარავინ მოვა, აღარავინ დაგელაპარაკება, აღარავინ შეგიშვებს თავის სახლში. - კაცო, რა დავაშავე? კაცი არ მომიკლავს, ღირსება არავის აუყრია ჩემთვის, ბოიკოტი ნამდვილად შენ გამოგიცხადეს, და ეხლა გინდა მე მომახვიო თავსო, უპასუხა ერისთავმა. ასეა ეროვნულ-დემოკრატების ფრაქციაც. თავისას თუ რასმეს ახვევენ სხვას თავზე, თორემ არავითარ სხვა პარტიულ ტერორს ლეჩხუმში ადგილი არა აქვს. პირიქით ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციაში არის ლეჩხუმელი დეპუტატი, რომელიც წინეთ ჩვენ პარტიაში იყო და რომელმაც ჩვენი პარტია რეაქციის და გაჭივრების დროს დასტოვა. ამ დეპუტატს წამოყვებოდა იმის ხსოვნა, რომ ტერორის და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ საუკეთესო ამხანაგები დავკარგედ. პირველი მსხვერპლი იყო შამშე გელოვანი. იგი მარტო იმის მსხვერპლი გახდა, რომ გარდაფხაძეების ციხეს გარდაფხაძეების მოსაკლავათ გარს შემორტყმული ხალხი მოაშორა და შინისკენ გაისტუმრა. გელოვანის შემდეგ ასეთივე სახით ჩვენ ათამდე საუკეთესო ამხანაგები დაგვეღუპა. ამის უარყოფა ბატონ ასათიანს არ შეუძლიან. ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიიდან თუ მართლა არავინ თანხმდება არჩევნებისთვის სვანეთში წასვლას ესაც გასაკვირია. წინად ეს პარტია გულადობას ჩემულობდა. ლეჩხუმის მაზრაში აი, ერთი წლის წინად, როდესაც დიდი ტერორი და ანარქია იყო და როდესაც ჩვენ ერთის მხრივ წინ გვესვენა გულ-გახვრეტილი ლევან დადიშკელიანი და მეორეს მხრივ გუნდ-გუნდათ დავატარებდით ქუთაისის ქუჩებში ლეჩხუმის მაზრაში დაღუპულ მსხვერპლებს, სწორედ მაშინ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ამტკიცებს: ლეჩხუმის მაზრაში არაფერი არ მომხდარა, ყველაფერი გაზვიადებულია, გაგვიშვით ჩვენო და ყველაფერს გავასწორებთო. იმათ, ვინც მაშინაც ანარქიის და ტერორის დროს ამტკიცებდა, რომ ლეჩხუმის მაზრაში არაფერი არ მომხდარაო, რა უფლება აქვთ დღეს ერთი ორი კაცის მკვლელობის შემდეგ მთელ ლეჩხუმის მაზრას ანარქია მიაწერონ და მოითხოვონ არჩევნების გადადება (კედია: ჩვენ მაგას უარვყობთ. აქ არ არის ნათქვამი!) წინადადებაში, სხვათა-შორის, ნათქვამი არის, რომ თქვენი ფრაქციის ქუთაისის კომიტეტიდან სვანეთში წასვლას ვერავინ ბედავს. (ხმაურობა) (კედია: ეს უნდა გესმოდეთ!) ვინც შარშანდელ ტერორში საშიშროებას არ ხედავდა, და თამამად მიდიოდა ლეჩხუმის მაზრაში, არ არის საბუთი, მას ეხლა ეშინოდეს ლეჩხუმის მაზრაში წასვლისა. სხვათა-შორის, მე უნდა მოგახსენოთ, რომ აქ ბატონმა კედიამ დაასახელა რამდენიმე მკვლელობა, რამდენიმე მოკლულების გვარები. მე უარვყოფ ლეჩხუმის მაზრაში პარტიული ტერორის არსებობას, მაგრამ პირადიულ ტერორს რამდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი. მე მოვიყვან ცნობებს იმის შესახებ თუ რა პიროვნებები იყვნენ დახოცილნი და დამფუძნებელი კრება გამოიტანს მსჯავრს იმის შესახებ, რომ ისეთი ხალხი, როგორიც დახოცილები იყვნენ არის თუ არა შესაძლებელი (კედია: აი, სწორედ ასეთ სიტყვაში არის ამის მიზეზი!) პირად, შურისძიების საგნათ გახდნენ. (ხმაურობა) რას იქნევთ თავს, ბ. კედია! თუ თქვენ მკვლელობა გაღელვებთ, რატომ არ ღელავდით მაშინ, როდესაც სხვა მკვლელობები ხდებოდა? ლევან დადიშკელიანის მოკვლამ არ აგაღელვათ? აქ დაასახლეს სხვათა-შორის მოკლული ახვლედიანები და გელოვანი. უნდა მოგახსენოთ, რომ ეს ახვლედიანები და ეს გელოვანიც ერთობ ცუდ ხასიათის ცხოვრებას ატარებდნენ ლეჩხუმის მაზრაში. რამდენიმე წლის წინად ახვლედიანები სოფელ ალპანაში მიუხტნენ გლეხს, თავის ძიძის შვილს და მოსტაცეს ორიოდე გროში, რომელიც ქალაქში მუშაობით აღებული გლეხმა სოფელში მოიტანა, ერთი ამ მკვლელთაგანი ძიძის შვილი იყო მოკლულისა. საერთოდ ჩვენში ყოველგან და ლეჩხუმის მაზრაში კერძოთ ეს ძიძის შვილობა ძალიან პატივცემულია. ძიძის შვილი არასოდეს არ ჰკლავს იმას, ვინც იმისმა დედამ გაზარდა. გაზრდილიც ძალიან პატივს სცემს იმ ოჯახს, სადაც გაიზარდა. როდესაც ახვლედიანებმა ეს ჩვეულება გადალეხეს და ძიძის შვილი მოჰკლეს, მისმა დედამ მკვლელი დაინახა და მიაძახა: შენ ხომ ჩემი ძუძუთი ხარ გაზრდილი და შვილი რათ მომიკალიო. მოჰკლეს დედაც. მკვლელებს დარჩათ თოფი. იმათი მონაწილეობა ამ მკვლელობაში უკვე გამორკვეული იყო, ისინი უკვე დაპატიმრებული იყვნენ მაგრამ გადატრიალების შემდეგ საერთო ანარქიაში იპატიეს თავი, დაუბრუნდნენ ლეჩხუმის მაზრას.

ასეთივე კაცი იყო გელოვანი: ის გაქცეული იყო ტფილისის ციხიდან, ქუთაისის ციხიდან, ის რამდენჯერმე დაპატიმრებული იყო და ეხლა თუ ვისმეს სურს დააყენოს საკითხი იმის შესახებ, რომ გელოვანი არ გაიქცეოდაო და ტყუილად არის მოკლულიო - ამის საბუთი არა აქვს: ვინც გაიქცა თბილისის ციხიდან, ვინც გარბოდა გზებზედ დაჭერის დროს ნუ თუ არ გაიქცეოდა ლეჩხუმში? რა არის აქ შეუძლებელი? უნდა მოგახსენოთ ისიც, რომ არც ერთი მოკლულთაგანი არ შრომობდა, არავითარი ქონება არ ჰქონდათ, მაგრამ ყველაზე უკეთესად ჩაცმულნი, დახურულნი იყვნენ, ყველაზე უკეთეს ცხოვრებას ატარებდნენ, ამიტომ ამას ყოველთვის ადგილობრივი ხალხი ცუდათ ხსნიდა, ყოველთვის ყოველივე დაკარგულს მათთან ეძებდნენ. ასეთ პირობებში შურისძიება და ტერორი არის თუ არა შესაძლებელი, ადვილი ასახსნელია დამფუძნებელ კრებისათვის. აქ, ახსენეს მოხუცი ასათიანიც. იმას ასეთი წარსული არ ჰქონია, მისი სიკვდილი ყველასთვის სამწუხარო არის, მაგრამ მის ცხოვრებაშიაც, როგორც მე ლეჩხუმის მაზრაში ამ ბოლოს დროს ყოფნის დროს გამაცნეს ჰქონდა ერთ წინდაუხედავ ნაბიჯს ადგილი. ეს წინდაუხედავობა გამოიხატა იმაში, რომ მან დაიწყო რაღაც ძველი, გარდაფხაძეების მამულის საქმეების წარმოება ერთის მხრივ, მეორეს მხრივ რაღაცა სადავო საქმეები ჰქონდა დეზერტირებთან. ამ ნიადაგზედაც მკვლელობა დღეს გასაკვირველი არ არის არსად და მით უმეტეს ლეჩხუმის მაზრაში. გამობრძანდეს აგერ მოკლულის შვილი, ეროვნულ-დემოკრატების ფრაქციის წევრი ა. ასათიანი და როცა აქ ლაპარაკი არის პარტიულ ტერორზე, აბა ბრძანოს: ვის, რომელ პარტიას უნდა მოეხდინა ტერორი ისეთ კაცის წინააღმდეგ, რომელსაც არც ერთ პარტიის წინაშე არავითარი დანაშაული არ მიუძღოდა? თუ ვინმე ემდურებოდა, ემდურებოდა იმ წინდაუხედავ ნაბიჯის გამო, რომელიც მე დავასახელე. მეორე, ისიც სამწუხარო არის რაც მოხდა, მაგრამ უმატებენ იმასაც რაც არ მომხდარა. მაგალითად აქ ამბობენ მოკლეს სამი გელოვანიო, მე ვამბობ: სამი გელოვანი კი არ მოკლეს, მოკლეს ერთი გელოვანი, რომელიც ციხიდან იყო გაქცეული და არაფერი გასაკვირველი არ არის, რომ ლეჩხუმის მაზრაშიაც გაიქცეოდა. არავითარ სხვა გელოვანების და დადიშკელიანების მკვლელობას ადგილი არ ჰქონია, ეს მხოლოდ ეროვნულ-დემოკრატების ჭორია.

გუშინ პირდაპირი მართულით ველაპარაკე ამის შესახებ ლეჩხუმში, და ვიმეორებ მკვლელობა დადიშკელიანის და გელოვანებისა ტყუილი არის. რაც, შეეხება სვანეთის არჩევნებს მე ვამბობ, რომ ლეჩხუმის მაზრაში მკვლელობას სვანეთის არჩევნებთან არავითარი კავშირი არა აქვს. (კედია: არჩევნებზე აქ არავინ ლაპარაკობს!) როგორ არ ლაპარაკობ იქ სწერია, მაჩვენე... (კედია: - გვაჩვენეთ სად სწერია!) სვანეთში დღეს პირიქით ისეთი სიწყნარე არის, რომ ამ ორი სამი წლის განმავლობაში არ ყოფილა. დამფუძნებელ კრების წევრებს, ამ უკანასკნელათ სვანეთში გაგზავნილთ ჰქონდათ სადავო საკითხებზე ხალხთან მოლაპარაკება, ეს სადავო საკითხები ხალხმა ყველა იმ სახით გადასჭრა, როგორც მოითხოვდა დღევანდელი პირობები. სვანებს ჰყავდათ რაჭა ლეჩხუმიდან გატაცებული საქონელი, ისინი დასთანხმდნენ ამ საქონლის დაბრუნებას, ერთგულებას უცხადებენ მთავრობას და დამფუძნებელ კრებას, მაშასადამე რა არეულობაზე შეიძლება ლაპარაკი? თუ ლეჩხუმის მხრივ ვისმე აშინებს სვანეთში შესვლა, სრულიად თავისუფლად შეიძლება მეორე გზით, სამეგრელოს გზით წასვლა, ესე ჩამოვიდენ დამფუძნებელი კრების წევრები, ესე დადიან სვანები. ერთ დროს ვატაციც კი ამ გზით იყო სვანეთში და ნუ თუ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის წევრები ვერ გაეტევიან ამ გზაზე? ასე, რომ არავითარი საყურადღებო მოვლენებს არჩევნების გადადებისთვის ადგილი არა აქვს სვანეთში და ეს გადაჭარბებულად უნდა ჩაითვალოს. (კედია ადგილიდან: არჩევნების გადადებაზე არავის არ ულაპარაკნია!) რაც შეეხება დამმფუძნებელი კრების ყველა ფრაქციისგან შემდგარ კომისიის გაგზავნას, ამასაც არავითარი საჭიროება არ მოითხოვს, იმიტომ რომ დამფუძნებელი კრება უბნის ზედამხედველი ხომ არ არის, რომ ყოველივე საქმეებზე კუთხეებში ოქმების შესადგენათ იაროს? (კედია ადგილიდან: ეგ თქვენთვის რასაკვირელია ძალიან ადვილი საქმე გახლავთ!) რაც შეეხება, ბ. კედია, თქვენს თავის ქნევას, თქვენ დამფუძნებელი კრების კომისიაში თუ არა სხვა მხრივ გექნებათ საშუალება მობრძანდეთ ლეჩხუმში და თავის ქნევა გააგრძელეთ მაშინ, როდესაც გაიგოთ ის, რასაც აქ ამტკიცებთ (ტაში სოციალ-დემოკრატების უკანა სკამებიდან).

თავმჯდომარე. მე კენჭს უყრი ორ წინადადებას, ეროვნულ დემოკრატებისა და სოციალ-დემოკრატებისას; ვინაიდან პირველად არის შემოტანილი ეროვნულ-დემოკრატების წინადადება ამას პირველად უყრი კენჭს. (მდივანი კითხულობს ეროვნულ-დემოკრატების წინადადებას.).

თავმჯდომარე. (კენჭს უყრის) ეროვნულ-დემოკრატების წინადადება უარყოფილია. მე კენჭს უყრი სოციალ-დემოკრატების წინადადებას. (კითხულობს). სოციალ-დემოკრატების წინადადება კენჭის ყრით მიღებულია და ლეჩხუმში - კომისია არ იგზავნება. ამგვარად დღიური წესრიგი ამოწურულია. მდივანი მოგახსენებთ შემდეგი სხდომის წესრიგს.

მდივანი. (კითხულობს).

სხდომა იხურება ნაშუადღევის 3 ს. და 13 წუთზე.

2 ორმოცდამეორე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 წელი, სამშაბათი, ივლისის 29. ტფილისი, სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი

ქრისტინე შარაშიძის ასული.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი და

კონსტანტინე ჯაფარიძე.

სხდომა იწყება 12 საათსა და 20 წუთზე.

თავმჯდომარე: სხდომა გახსნილი გახლავთ. გთხოვთ (მდივანს) წაიკითხოთ დღიური წესრიგი.

მდივანი. (კითხულობს).

დღიური წესრიგი

1. საბოლოო ტექსტი - საქართველოს სენატის დებულების შემოღების კანონისა.

2. საბოლოო ტექსტი - რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალთა მოწყობის კანონისა.

3. საბოლოო ტექსტი - რესპუბლიკის სამხედრო მმართველობის მოწყობის კანონისა.

4. მეორე (მუხლობრივი) განხილვა საოსტატო სემინარიის დამატებითი შტატის კანონ-პროექტისა.

5. მეორე (მუხლობრივი) განხილვა გზათა დეპარტამენტის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვისა.

6. დეკრეტი - 1919 წლის იანვრის 1-დე სამხედრო სამინისტროს მიერ გაწეულ ხარჯების დასაფარავად ხუთი მილიონი მანეთის გადადებისა.

7. დეკრეტი - 1916 წლის მაისის 13-ს დებულების განგრძობისა ზედმეტ მოგებაზე გადასახადის გაწერის შესახებ.

8. დეკრეტი - წარსული საბიუჯეტო წლის ანგარიშის წარდგენის ვადის შეცვლისა.

9. დეკრეტი - ჭიათურის ქალაქის თვითმმართველობისათვის ერთი მილიონი მანეთის სესხის მიცემისა.

10. დეკრეტი - 1919 წლის ივნისის 13 დეკრეტის მოქმედების განგრძობისა სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად ყოველთვიურად 65.827.720 მან. გადადებისა.

11. დეკრეტი - შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულ განსაკუთრებულ რაზმის მოქმედების განგრძობისა - სპეკულიაციისა, კონტრ-რევოლიუციისა და მძარცველების წინააღმდეგ საბრძოლველად.

12. ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვა - ჭიათურის, სოხუმის ოლქის მდგომარეობის და ამბების შესახებ.

13. სოც.-დემოკრ. ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვა - ჭიათურის მომრიგებელ მოსამართლის მიერ ჭიათურის დეპუტატების საბჭოს წევრის ხარატიშვილისათვის სასჯელის გადაწყვეტის შესახებ.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა დღიური წესრიგის შესახებ? არავის. მაშასადამე, წესრიგი დამტკიცებულია. პირველი საკითხი საბოლოო ტექსტის საქართველოს სენატის დებულების შემოღების კანონისა. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს შარაშიძის ასულს.

შარაშიძის ასული. (კითხულობს საბოლოო ტექსტს, რომელსაც დამფუძნებელი კრება ამტკიცებს მუხლობრივ).

თავმჯდომარე. კანონ-პროექტი მიღებულია შტატებით. შემდეგი საბოლოო ტექსტი რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალთა მოწყობის კანონისა. მომხსენებელია მდივანი.

სიმონ მდივანი. (კითხულობს საბოლოო ტექსტი მუხლობრივ დამტკიცებული იქმნა კრების მიერ).

თავმჯდომარე. მიღებულია. შემდეგი საბოლოო ტექსტი რესპუბლიკის სამხედრო მართველობის მოწყობის კანონისა. მომხსენებელია მდივანი.

. მდივანი. (კითხულობს. ტექსტი კენჭის ყრით მიღებულია).

თავმჯდომარე. მეორე მუხლობრივ განხილვა საოსტატო სემინარიის დამატებითი შტატის კანონ-პროექტისა. მომხსენებელია შარაშიძის ასული და ჭავჭანიძე.

ქრისტინე შარაშიძის ასული. კანონ-პროექტი საოსტატო სემინარიის დამატებითი შტატების (კითხულობს მუხლობრივ კანონ-პროექტი შენიშვნებით და შტატებით მიღებულ იქმნა).

თავმჯდომარე. შემდეგი მეორე მუხლობრივი განხილვა გზათა დეპარტამენტის შტატის ხარჯთ-აღრიცხვისა. მომხსენებელია ჭავჭანიძე.

ივანე ჭავჭანიძე. (ს.-დ.) დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა სამხედრო მინისტრის მიერ გაწეულ ხარჯის დასაფარავად დარჩა 5 მილიონი, და აი ეს ხუთი მილიონი დღეს უნდა დაიფაროს. რადგანაც სამხედრო სამინისტროს მოვალეები ჰყავს და მოვალეები მოითხოვენ თავის ფულს, სამინისტრომ ნუსხა მთელ ამ ხარჯებისა წარუდგინა სახელმწიფო კონტროლიორს. სახელმწიფო კონტროლიორმა ჯერ-ჯერობით მოასწრო განხილვა მხოლოდ ორ მილიონ გასამართლებელ საბუთებისა. დანარჩენი ჯერ არ არის წარმოდგენილი. მაგრამ რადგან ვალების გასწორება საჩქაროა, უწყებას აწუხებენ, უწყება შემოდის შუამდგომლობით, რომ გაიხსნას ხუთ მილიონიანი კრედიტი. მხოლოდ ხარჯები გახსნილი იქნება იმისდამიხედვით, თუ როგორ იქნება წარმოდგენილი გასამართლებელი საბუთები სახელმწიფო კონტროლიორის მიერ. საბიუჯეტო-საფინანსო კომისია დაეთანხმა ამ წინადადებას და ამბობს, რომ ხუთი მილიონი მანეთი სამხედრო სამინისტროსთვის გაიღოს.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საერთო მსჯელობისათვის? არავის. მუხლობრივი განხილვა მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

. ჭავჭანიძე. დეკრეტი 1919 წ. იანვრის პირველამდე სამხედრო სამინისტროს მიერ გაწეულ ხარჯების დასაფარავად 5 მილიონ მანეთის გადადებისა. (კითხულობს დეკრეტი საერთოდ მიღებული იქმნა).

თავმჯდომარე. დეკრეტი 1919 წლის მაისის 13-ს დებულების განგრძობისა ზედმეტ მოგებაზე გადასახადის გაწერის შესახებ. მომხსენებელია ელიავა.

ნიკო ელიავა. (ს.-დ.) ომის დროს იყო შემოღებული ეგრეთ წოდებული ზედმეტი მოგების გადასახადი. ის იყო შემოღებული ვადით, და ეს ვადა დასრულდა 1917 წელს, ისე, რომ 1918 წელს უკვე ინერციით სწამოებდა ამ გადასახადის აღება. ეხლა ფინანსთა სასინისტროს შუამდგომლობს დამფუძნებებელ კრების წინაშე, რომ გაგრძელებული იყოს ამ კანონის მოქმედება 19-20 წლის 1 იანვრამდის. საბიუჯეტო-საფინანსო კომისიამ განიხილა ეს წარმოდგენა ფინანსთა მინისტრისა და დაეთანხმა, მას შესაძლებლად მიაჩნია ამ კანონის მოქმედების გაგრძელება, რადგანაც თვით გადასახადი მართლაც არის მიზანშეწონილი იმ ზედმეტ მოგებაზე, რომელიც დღესაც, მოგეხსენებათ საკმარისი არის გახსაზღვრულ კლასების ხელში. აი ამიტომ დაეთანხმა და წარუდგენს კრებას სამ დეკრეტს.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საერთო მსჯელობისათვის? არავის. მუხლობრივი განხილვა მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ სათაური.

. ელიავა. დეკრეტი 1916 წლის მაისის 13-ს დებულების განგრძობისა, ზედმეტ მოგებაზე გადასახადის გაწერის შესახებ. პირველი მუხლი (ორატორი კითხულობს დეკრეტს მუხლობრივ, დეკრეტი მიღებულ იქნა კენჭისყრით).

თავმჯდომარე. დეკრეტი საერთოთ მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

შემდეგი საკითხი. დეკრეტი წარსულ საბიუჯეტო წლის ანგარიშების წარდგენის ვადის შეცვლისა. მომხსენებელია მდივანი. (მდივანი კითხულობს მუხლობრივ დეკრეტს, რომელიც კენჭის ყრით მიღებულია).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი. დეკრეტი ჭიათურის ქალაქის თვითმართველობისათვის 1 მილიონი მანეთის სესხის მიცემისა მომხსენებელია ელიავა.

. ელიავა. ეს დეკრეტი გახლავთ წარმოდგენილი მთავრობის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგენის თანახმად, ქალაქი ჭიათურა თხოულობს ერთ მილიონ მანეთს სესხათ განსაზღვრული პირობებით რომელიც აქ, დეკრეტშია აღნიშნული. გამოწვეული არის ეს შუამდგომლობა სამინისტროს იმით, რომ ქალაქ ჭიათურის ხელში გადავიდა ბევრი დაწესებულება მრეწველთა საბჭოსთან წინად ბევრ კულტურულ და მუნიციპელურ დაწესებულებებს ინახავდა და უძღვებოდა ჭიათურის მრეწველთა საბჭო. მას შემდეგ რაც ჭიათურა გამოცხადდა ქალაქად, ამ საბჭომ საჭიროდ დაინახა, ეს თავისი დაწესებულებები გადაეცა ქალაქის თვითმართველობისთვის და ქალაქის თვითმართველობამაც სავალდებულოდ ჩასთვალა ისინი მიეღო. ასეთი დაწესებულებანი გახლავთ წყალსადენი, ტელეფონი, ელექტრონის სადგური, აბანოები, ქალაქის კანალიზაცია, თეატრი, სასწავლებლები და სხვა. რასაკვირველია ახალი ქალაქი, თავის საკუთარ საშუალებით ვერ შესძლებდა ამ დაწესებულებების მოვლას, ვერც იმ საშუალებით, გაუძღვებოდა იგი იმ დაწესებულებებს რომელიც შავი ქვის მრეწველთა საბჭომ გადასცა თვითმარველობას, სახელდობ საფუთო გადასახადიდან ერთი კაპეიკი. ქალაქის დავალიანება გამოწვეული არის ამ დაწესებულების შენახვით. ქალაქის მდგომარეობის სიმწვავე სხვათა შორის გამოწვეულია იმით, რომ შავი ქვის გატანა არ სწარმოებდა და შემოსავალი არ ჰქონია ქალაქს.

საერთოდ ამ მოსაზრებით და იმ მოსაზრებით, რომ ქალაქისათვის სავალდებულოა ამ დაწესებულებების შენახვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაძლებლად სთვლის დააკმაყოფილოს ჭიათურის შუამდგომლობა და ამ დასკვნით წარუდგინა მთავრობას. მთავრობამ შეიწყნარა ეს შუამდგომლობა. საფინანსო კომისიამ განიხილა ეს წინადადება და დაეთანხმა მთავრობას, მით უმეტეს, რომ ჭიათურა როგორც ქალაქი უზრუნველყოფილია შემოსავლით, და სესხის გასტუმრებას შესძლებს, დაახლოვებით, რომ ვიანგარიშოთ, 40 მილიონი ფუთი შავი ქვა იქნება გატანილი წლის განმავლობაში, გამოვა, რომ ერთი კაპეიკიან გადასახადიდანაც, უზრუნველყოფილი იქნება ეს სესხი, და ქალაქი მას გადაიხდის ხუთ წლის განმავლობაში თან და თანობით და ნაწილ-ნაწილად, ეს თანხა ჩვეულებრივი 5 პროცენტით ეძლევა, როგორც სხვა ქალაქებს მისცა ჩვენმა ხაზინამ. ასეთი გახლავთ შუამდგომლობა და ამ დეკრეტის შინაარსი.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საერთო მსჯელობისათვის? არავის, შუხლობრივი განხილვა კენჭის ყრით მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ 1 მუხლი.

ელიავა. (მუხლობრივ დეკრეტი კენჭის ყრით მიღებულია).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი დეკრეტი 1919 ივლისის 13-ს დეკრეტის მოქმედების განგრძობის - სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად ყოველწლიურად 65-827.720 მან. გადადებისა. მომხსენებელია მდივანი.

სიმონ მდივანი. 1919 წელს 13-ს ივნისს საქართველოს დამფუძნებელ კრებამ მიიღო დეკრეტი, რომლის ძალითაც სამინისტროს განკარგულებაში გადადის, ვინემ წლიური ხარჯთ-აღრიცხვა დამტკიცდება 8 მილიონი მანეთი. ეს თანხა სათანადოთ იყო განაწილებული ყველა სამინისტროს შორის. ამ დეკრეტს ვადა უთავდება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ დამფუძნებელ კრების სხდომები უნდა შესწყდეს - და, მაშასადამე, პირველ ივნის მათ არ ექნებათ არც დამტკიცებული ხარჯთ-აღრიცხვა და არც დეკრეტის ძალით საჭირო თანხა. რომ მუშაობა არ შესწყდეს სამინისტროებში ამისათვის მინისტრთა კაბინეთის წინაშე ფინანსთა მინისტრმა აღძრა შუამდგომლობა, რომ ეს ვადა, გაგრძელებული იყოს სამი თვით, მაშასადამე, ენკენისთვეზე, ოქტომბერზე და ნოემბერზე. ეს საკითხი განიხილა საბიუჯეტო კომისიამ და დაეთანხმა ფინანსთა მინისტრის წინადადებას.

თავმჯდომარე. საერთო მსჯელობისათვის სიტყვა ეკუთვნის გობეჩიას.

ივანე გობეჩია. (ს.-რ.) ბატონებო, როდესაც ჩვენ პირველად, ზეპირად სამი თვის ბიუჯეტი გადაუდევით მთავრობას, მხედველობაში გვქონდა ის რომ, მართლაც არ იყო შემოწმებული ძველი ანგარიშები, რომ ვერ შესძლო საბიუჯეტო კომისიამ თავის მუშაობის დამთავრება და სხვა. მაგრამ ეხლა მდგომარეობა სრულიად არ მოითხოვს, რომ ჩვენ ამ კანონის მოქმედება განვაგრძოთ კიდევ სამი თვით, ე. ი. სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის განმავლობაში. მანამდის საკმარისი დრო არის, რომ საბიუჯეტო კომისიამ თავისი მუშაობა დაამთავროს და მაშინ ჩვენ მივიღებთ ბიუჯეტს და გაუხსნით კრედიტს სხვა და სხვა უწყებებს იმ სახით, როგორც ეს დადასტურებული იქნება საბუთებით დამფუძნებელ კრების მიერ. ყოვლად შეუძლებელია რომ ასე ზეპირად ვაძლევდეთ კრედიტებს სხვა და სხვა უწყებებს. გარწმუნებთ, რომ ბევრი ისეთი ხარჯი არის შეტანილი სხვა და სხვა ხარჯთაღრიცხვაში რომ ყოვლად შეუძლებელია მისი მიცემა. ჯერ ერთი ბიუჯეტის პროექტი შედგენილია იმის და მიხედვით თუ დახარჯა ამა თუ იმ უწყებამ შვიდი თვის განმავლობაში. შვიდ თვის განმავლობაში იმათ ეძლეოდათ ფული მაგრამ არავითარი კონტროლი არ ყოფილა, არავითარი გასამართლებელი საბუთები არ წარმოუდგენიათ იმათ თუ როგორ დაიხარჯა ეს ფული. შესაძლებელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ზედმეტი რამ დაიხარჯა ყოვლათ შეუძლებელია, რომ თუ კი ჩვენ არ დაგვიმტკიცებენ საბუთებით იმას, რომ დანიშნულებისამებრ დაიხარჯა ეს თანხა, მოხმარდა იმ საჭიროებას რომლისათვის დანიშნული იყო. თუ კი ასეთი საბუთები არ გვექნება - ყოვლად შეუძლებელი იქნება ასე ზეპირად ვაძლიოთ ფული. ეხლა, რასაკვირველია, ბიუჯეტზე არ სდგას საკითხი, ძნელია ბიუჯეტს შევეხო, ზეპირად საერთოდ სახელმწიფოს ნავარაუდევი აქვს 700-800 მილიონი. მე მგონია რომ ისეთი პატარა სახელმწიფოსთვის, როგორიც არის საქართველო ეს მეტად დიდი თანხა არის, ასეთ ხარჯს შემოსავალიც უნდა ჰქონდეს, და შემოსავალი, მართლაც ნავარაუდევი არის 700-800 მილიონი მანეთი, ე. ი. იმდენი, რამდენიც ვითომც გასავალი არის. მაგრამ სიმართლეს არ შეეფერება. ხარჯთაღრიცხვაში ისეთი შემოსავალიც არის აღნიშნული, როგორც მაგალითად მიწის სიხელმწიფო გაყიდვა. ეს იძლევა თურმე 250 მილიონ მანეთს. აქ ნაანგარიშებია ღალა, ტყის შემოსავალი და სხვა, თქვენ იცით ტყეები რა შემოსავალს იძლევიან, ტყეები განადგურებული არის, აქედან არც ერთი კაპეიკი არ შემოდის ხაზინაში. აი სწორედ თითქმის უმთავრესი შემოსავლის წყარო ბიუჯეტში ნავარაუდევი, ასე რომ გასავალი ყოველ შემთხვევაში შემოსავალს ვერ გაამართლებს, და თუ ეს ესე არის - ეს მძიმე ტვირთად დააწვება ჩვენს რესპუბლიკას. როდესაც ასეთი ფინანსიური მდგომარეობა არის. მე მგონია უფრო ხელმოჭერილობით უნდა ვხარჯოთ ეს ფულები, და იქ, სადაც შეიძლება ჩვენ უნდა შევამციროთ ეს ხარჯი. ხარჯი რომ შემცირდეს, ყოველ უწყებამ თავის მოხსენება უნდა წარმოადგინოს. ყოველ უწყების ხარჯებს, ყოველ მუხლს ჩვენ შევეხებით, რასაკვირველია, და როდესაც ჩვენ შევამოწმებთ ამას, მე მგონია უფრო მიზანშეწონილად იქნება შედგენილი ბიუჯეტი და ზედმეტი ფულები არ დაიხარჯება. გარდა ამისა ბიუჯეტში როლს თამაშობს სამხედრო ხარჯები. თქვენ წარმოიდგინეთ თუ ჩვენ გვარდიას მიუმატებთ ჩვენ რეგულიარულ ჯარს სამხედრო სამინისტროს გასავალი შეადგენს თითქმის 300.000.000 მანეთზე მეტს ე. ი. 45 პროც. მთელ ბიუჯეტისა. ისეთ დიდ ქვეყანაში როგორც იყო რუსეთი, რომელსაც დიდი ჯარი ჰყავდა, იქ მხოლოდ 17 პროც. შეადგენდა სამხედრო გასავალი საერთო ბიუჯეტისა, აგრეთვე თითო სულზე რუსეთში სამხედრო ხარჯი შეადგენდა სამ მანეთს (ნათაძე: ომის დროს?) დიახ, დიახ, სამ მანეთს. წარმოიდგინეთ რომ პატარა საქართველოში თითო სულზე უკანასკნელი 130 მანეთი მოდის. აი ასეთი მილიტარისტულ სახელმწიფოდ გადაიქცა ჩვენი პატარა სახელმწიფო (ნათაძე: ისეთივეა ეს ფული?) მე არ ვიცი შესძლებს თუ არა საქართველო ასეთი ხარჯები გასწიოს სამხედრო ძალების შესაქმნელად. სამხედრო მინისტრი რომელიც განათლების მინისტრად ითვლება განათლების სამინისტროსთვის მოითხოვს 37.000.000 მილ. ე. ი. 4 პროც. აქ 45 პროც. გამოდის, იქ კი 4-ხი. გარდა ამისა ისეთი ხარჯები არის შეტანილი ამ ბიუჯეტში, რომ იმის გაცემა ზედმეტი არის. ავიღოთ მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტრო.

თავმჯდომარე. უკაცრავათ ჩემო ბატონო, მე ბოდიშს ვიხდი თქვენ წინაშე მაგრამ ბიუჯეტზე როდია ლაპარაკი. კეთილ ინებეთ დაუბრუნდით საგანს.

გობეჩია. სწორედ ეს ბიუჯეტს შეეხება, წინად როდესაც 13 ივნისს მივიღეთ კანონი იქ იყო თქმული, რომ არის პროექტი ბიუჯეტისა შედგენილი, ამ პროექტის მიხედვით რადგანაც ჩვენ მისი განხილვა ვერ მოვასწარით, გავყავით ბიუჯეტი 12 და ყოველთვიურად ვაძლევთ ამ ფულს, სწორედ ამიტომ ვერ ვეხები ბიუჯეტს.

თავმჯდომარე. მე ბოდიშს ვიხდი თქვენ წინაშე უმორჩილესად გთხოვთ ჩემ სიტყვებს კომენტარიებს ნუ გაუკეთებთ.

გობეჩია. აი სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო თხოულობს საგუბერნიო ბატალიონისთვის 8 მილ. რადგანაც ჩვენ რეგულიარულ ჯარს ვადგენთ, მე მგონია ზედმეტია საგუბერნიო ბათალიონის ყოლა, აგრეთვე ეკლესია, ეკლესია უნდა გამოეყოს სახელმწიფოს დიდი ხანია ვლაპარაკობთ, მაგრამ არა ეშველა რა, აქაც დიდი ხარაჯი არის შეტანილი, ესეც უნდა ვაძლიოთ. დღეს ბიუჯეტის განხილვის დროს ეს რასაკვირველია, უარყოფილი იქნება. ბიუჯეტში არის აგრეთვე მართმადიდებელი ქრისტიანობის აღსადგენი საზოგადოება, იმასაც ვაძლევთ 45.000 მანეთს. მე მგონია ეს ანარხონიზმია და ჩვენ მას არ უნდა ვაძლევდეთ ფულებს. აქ არის აღნიშნული აგრეთვე სააგენტო ხარჯები რას ემსახურება იგი არ ვიცი. რაც ხდება ამ ჩვენს პარლამენტში სააგენტოში არაფერი არ არის. იქ ბატონი რამიშვილის დიდი გრძელი სიტყვები არის ყოველთვის მოყვანილი, ხოლო ლეო შენგელაია გამოვიდა თუ არა ეს არც კი სჩან. ჩვენ წინააღმდეგი ვიქნებით, რომ ამისთანა დაწესებულებას კიდევ ფულები ვაძლიოთ.

თავმჯდომარე. გთხოვთ ხმა მაღლათ ილაპარაკოთ.

გობეჩია. არის ზოგიერთი ისეთი ხარჯები შეტანილი ბიუჯეტში, რომელიც სრულიად გაუქმებული არის. და ყოვლად შეუწყნარებელია მათ კიდევ ფულები ვაძლიოთ. არის იმისთანა მინისტრები, რომელთაც აბარიათ ორი უწყება: საგარეო მინისტრს იუსტიციის სამინისტრო, მიწად-მოქმედების მინისტრს - გზათა სამინისტროს და სწორედ ეს ჯამაგირები ამ მინისტრებს ეძლევათ ერთ სამინისტროსაგანაც და მეორე სამინისტროდანაც, ყოველ შემთხვევაში ჩვენ მათ ამ კრედიტს უხსნით. (მენშევიკების სკამებიდან: ხმა, სააგენტომ რომ დაბეჭდოს რა გეშველებათ). აი სწორედ ამ ანგარიშით არის ორივე უწყებაში შეტანილი მინისტრების ჯამაგირები. შესაძლებელია შეცდომა არის მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს კრედიტები ეძლევათ მათ, ერთ ავტომობილში ვაძლევთ 72.000 მანეთს თითო მინისტრს (არ ისმის).

თავმჯდომარე. თუ შეიძლება ხმა მაღლა ილაპარაკეთ.

გობეჩია. ბევრი სხვა ნაკლულოვანობა აქვს ბიუჯეტს და როგორც მოგახსენეთ ყოვლად შეუძლებელია ზეპირად მაზე ვიმსჯელოთ. ამიტომ მოვითხოვთ ვიკმაროთ ის, რაც გადავდეთ ე. ი. პირველ ივნისიდან ენკენისთვემდე, საბიუჯეტო კომისიას უნდა მიეცეს წინადადება დააჩქაროს ბიუჯეტის განხილვა.

გრიგოლ გიორგაძე. (ს.-დ.) რასაკვირველია ჩვენ ენკენისთვეში შეუდგებით ბიუჯეტის განხილვის დროს როგორც კომისიაში, ისე პლენუმში. ასეთი უსაბუთო ლაპარაკი იქნება და რასაკვირველია ამ ბიუჯეტის განხილვას ორ სამ დღეს ვერ მოვასწრებთ, ამიტომ საჭიროება მოითხოვს რომ გადადებული იყოს ეხლავე მთავრობის განკარგულებაში 65 მილიონი მანეთი რამდენიმე თვით. იმ შენიშვნის შესახებ რომელიც გააკეთა გობეჩიამ უნდა მოგახსენოთ შემდეგი: ამოვიდა ტრიბუნაზე თუ არა სთქვა, რომ აქ ჩვენ ზერელეთ ვაძლევთ ფულსო, ეს სიტყვა რამდენჯერმე გაიმეორა, რას ნიშნავს ზერელედ ფულის მიცემა, ზერელედ ფულის ხარჯვა? ალბად ეს იყო ნათქვამი მისთვის, რომ პრესაში მოათავსონ მათი სიტყვა, რომ ვითომ დამფუძნებელი კრება და მთავრობა ზერელად ხარჯავენ ფულს. (შენგელაია ადგილად სრული ჭეშმარიტება არის), ამაზე ენერგიული პროტესტი უნდა განვაცხადო ყოვლად შეუძლებელია და ყოვლად დაუშვებელი, რომ დამფუძნებელი კრების წევრმა სთქვას, რომ დამფუძნებელი კრება ზერელად აძლევს ვისმეს ფულს. ზერელად იყო გადაღებული ეს 65 მილიონი მანეთი. ეს არის დამყარებული იმ შტატებზე, იმ ცნობებზე, რომელიც სამინისტროს მიერ არის წარმოდგენილი და სახელმწიფო კონტროლის მიერ შემოწმებული. მერე ყოველი ეს ფული რომელიც იხარჯება თქვენ კარგათ იცით, რომ ყოველ ხარჯს აქვს ეგრეთ წოდებული წინასწარი კონტროლი, რომელიც დამფუძნებელ კრებამ თვით მიიღო; სახელმწიფო კონტროლის წესდებაში არის ისეთი მუხლი და ეს სასტიკად ტარდება ცხოვრებაში, რომ ყოველი ასიგნოვკა თუ მას არ უზის, კონტროლიორის გრიფი თუ კონტროლს ხელი მოწერილი არა აქვს, რომ გაანაღდოს სახელმწიფოს ხაზინამ ის მას ვერ მიიღებს. მაშესადამე თქვენი წარმოდგენილი სახელმწიფო კონტროლი ამ ხარჯს თვალყურს ადევნებს. თქვენ, რომ ბრძანებთ, ვითომ ერთ მინისტრს შეუძლიან ორგვარი ჯამაგირი მიიღოს, ეს ესე არის, ამას არც ერთი მინისტრი არ ჩაიდენს, და არც გაუშვებს. სხვა ხარჯებს თუ აიღებთ, იქაც სახელმწიფოს კონტროლი თვალყურს ადევნებს. და იქ სადაც ხარჯი არ შეიძლება გაიღოს ის თავის ბეჭედს არ ადებს ეს უნდა იცოდეს ბ. გობეჩიამ. თუ კი გობეჩია ამაზე ლაპარაკობს, ამას იმიტომ, რომ ქვეყანამ გაიგოს, მეც საქვეყნოდ ვამბობ, რომ ეს ფული, რომელიც იხარჯება კონტროლის ქვეშ იხარჯება იმ შტატების მიხედვით, რომელიც მიღებული არის და დამტკიცებული. მთავრობას ეს ფული ეძლევა იმიტომ, რომ იარსებოს, სხვანაირად არსებობა არ შეუძლიან სახელმწიფოს, როდესაც უარყოფთ ამას, უარყოფთ ამ ფულის მიცემას, მე თქვენ გეკითხებით როგორ უნდა იარსებოს სახელმწიფომ ამ თვეების განმავლობაში? თქვენთვის სულ ერთია ჩვენი სახელმწიფოს არსებობა და მაგრამ ბრძანებთ ასე, თქვენ კარგათ იცით, რომ ჩვენ ეხლა ვერ დავჯდებით და ბიუჯეტს ვერ განვიხილავთ ორი სამი დღის განმავლობაში, დაიქცევა ქვეყანა თუ არა, ეს თქვენთვის სულ ერთია. სამხედრო უწყებისთვის რამდენი მილიონები იხარჯებაო. გვქონდა რამდენი ომი, რამდენი ანარქია გავიარეთ დღევანდლამდე, დღესაც გვაქვს გაგრის ფრონტი, შეიძლება რამოდენიმე მილიონი დაჯდეს ეხლა მამისონის უღელტეხილის შემოტევა, იქნება ანარქია, თუ გარეშე მტრის შემოსევა, ანარქია აღკვეთილი უნდა იყოს, ამას ანგარიში უნდა გაუწიოთ, ჯარი უნდა გაიგზავნოს. ასეთი პირობები დიდ ხარჯს ითხოვდა და ითხოვს. ნორმალურ პირობებს, რომელიც რუსეთში იყო, შედარებით ჩვენ მდგომარეობასთან სულ სხვაა. თუ აიღებთ ომიანობის ხანას და შეადაროთ ჩვენ მდგომარეობას, მაშინ აქ სულ სხვაა მაგრამ თუ აიღეთ ომიანობის ხანას და ჩვენ მდგომარეობასთან შეადარეთ, მაშინ სულ სხვა სურათი იქნება. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ სახელმწიფოს, რომელიც ასეთი ენერგიით იგერიებდეს ყოველმხრივ მტერს, როგორიც საქართველო არის, ამიტომ რა გასაკვირალია, რომ აქ ხარჯები არა ჩვეულებრივია. თქვენ საჯარო, ქვეყნის გასაგებად სთქვით, მაგრამ მეც ქვეყნის გასაგებად ვიტყვი, რომ ყოველივე თქვენგან წამოყენებული დებულება ეს არის მხოლოდ ჰაერში ჩამოკიდებული, არის ნათქვამი მხოლოდ მიტომ რომ სთქვათ. საერთოდ უნდა მოგახსენოთ, რომ ესერებს დასჩემდათ ამ კათედრიდან წამოსროლა ყოვლად მიუღებელი სიტყვების. ესერები სარგებლობენ იმ მდგომარეობით, რომ არ შეიძლება დეპუტატი პასუხისმგებლობაში მისცე ცილისწამებისათვის კათედრიდან და ისვრიან ათასგვარ ცილისწამებას. (ხმა: როგორი) მაგალითად ამას წინად ერთ სამინისტროზე ბრძანეს, რომ ეს სამინისტრო უნდა პასუხისმგებლობაში იქნეს მიცემული, დამნაშავეს სკამზე დაისვას. (ხმაურობა) უნდა მოგახსენოთ, ამისთანა სიტყვის წამოსროლით, თქვენ სარგებლობთ თქვენი მდგომარეობით (ხმაურობა) უკაცრავად, ასეთივე ნათქვამი სიტყვა იყო, მაგალითად მიწების გაყიდვაზე, რომ მიწების გაყიდვიდან არ შემოვა რაო. საიდან იცით თქვენ ეს? ამას ხომ ეფექტისათვის ამბობთ. ეს ხომ საბუთი არ არის. თქვენ ტყეებსაც შეეხეთ, ვითომც ტყეებს არაფერი შემოსავალი არ მოაქვს. მაგრამ თქვენ მიბრძანდით მიწად-მოქმედების სამინისტროში და გაიგეთ როგორი მდგომარეობაშია ჩვენი მეურნეობა. ისეთია როგორც გგონიათ, რამდენათაც შეესაბამება ახალ ორგანოს, ახალ სახელმწიფოს, ახლად ფეხზედ დამდგარს, ეს მეურნეობა შედარებით კარგად არის მოწყობილი, თუ თქვენ შეადარებთ ამას ისეთ სახელმწიფოებს, რომლებსაც მოწყობილი ჰქონდათ აპარატი, და რომელიც რამდენიმე 100 წლის განმავლობაში სცხოვრობდა, მაშინ დამერწმუნებით, რომ ჩვენი აპარატი, რომელ დარგშიაც არ უნდა აიღოთ, უფრო რიგიანად არის დაყენებული, ვიდრე იმ სახელმწიფოს აპარატი, რომელიც ასი წლობის განმავლობაში სცხოვრობდა. მე არ მინდა შევეხო ყველა იმას, რასაც თქვენ აქ ბიუჯეტის განხილვის დროს იტყვით და რაზედაც ჩვენ მაშინ გიპასუხებთ. თქვენ განიზრახეთ ამ კერძო საკითხის შესახებ გააკეთოთ საერთო გამოსვლა, მაგრამ ეს თქვენი პოზიცია დღეს უდროო გახლავთ ჩემის აზრით, არის ყოვლად უსაფუძვლო უნიადაგო, ყოვლად გაუგებარი, მხოლოდ გასაგები თქვენ უპასუხისმგებლო მდგომარეობით. თუ თქვენ საქმიანი ჯგუფი ხართ დამფუძნებელ კრებაში, თუ თქვენ საქმიანობას აწარმოებთ რაიმე საქმიანობის ელფერი უნდა ჰქონდეს თქვენ გამოსვლებს, მარტო სააგიტაციო გამოსვლა, უნდა მოგახსენოთ ეს არაფერი იმდენი დიდი საქმიანობა არის. თქვენ გამოსვლებს უნდა საქმიანობა ეტყობოდეს, მაგრამ ეს საქმიანობა არ ეტყობა ზოგიერთ ჯგუფებს განსაკუთრებით ესერებს, არც კომისიებში არც აქა. ამ გვარად ის, რაც წამოყენებული იყო საფინანსო საბიუჯეტო კომისიის მიერ 65 მილიონ მანეთის გაგრძელების სამი თვის განმავლობაში, ეს აუცილებელია, არა იმიტომ რომ იძულებული ვართ მივცეთ, როგორ შეიძლება ზოგიერთმა იფიქროს, არა, არამედ იმიტომ რომ ეს 65 მილ. მანეთი ეძლევა განსაზღვრულ შტატებით კონტროლის ქვეშ, და მისი წარმოება და ხარჯები იქნება დაყენებული ისე როგორც არის მიღებული დამფუძნებელ კრების წესდებაში და კონტროლის ქვეშ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გობეჩიას.

გობეჩია. ბატონებო! მე თუ განვაცხადე, რომ ზეპირად ვაძლევთ ამ 65 მილიონ მანეთს ჩვენ მთავრობას მეთქი, ამის საფუძველი მე მქონდა, კიდევაც დავასახელე, ეხლა გამოვიდა სოციალ-დემოკრატიის ფრაქციის წარმომადგენელი და სწორედ ზეპირად მიპასუხა, არავითარი საბუთი მას არ მოუყვანია. ჩვენ ვიცით, თუ სახსარი და საშუალება არ მივეცით მთავრობას ის ვერ იმოქმედებს, ამიტომ როდესაც აქ ეს პირველად დაისვა ჩვენ წინააღმდეგი არ ვყოფილვართ, მას შემდეგ სამი თვე გავიდა და კიდევ სამი თვისთვის თხოულობენ, ერთი წელიწადია უკვე ზეპირად ვცხოვრობთ, ესე იგი ზეპირად ვთხოულობთ ამ თანხებს. ყოველივე უფლებრივ სახელმწიფოში არის კონტროლი, ჩვენშიც არის ის, მის მოღვაწეობას შეადგენს ხშირად მობრძანდეს ხოლმე და კრებაზე მოგვახსენოს საქმის მდგომარეობა. თქვენ იცით რა ხმები დადის, იცით, ზოგიერთი დიდი მოხელეები, პასუხისმგებელნი პირნი პასუხისგებაში არიან მიცემულნი, ზოგიერთ დაწესებულებას ფული მაინც შემოეჭამათ. მობრძანდა კონტროლი და გვითხრა აქ ეს ასე არისო? არა და შეიძლება არც იზამს ამას, იმიტომ, რომ ის ისეთ პირობებში არის ჩაყენებული, რომ შეიძლება ვერც შესძლოს, ვერც გაბედოს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ მოგვისმენია წელიწად ნახევარზე მეტია, რაზე და როგორ იხარჯება ეს მილიონები, ასი ან ათასი მილიონები, რომელსაც ჩვენი მთავრობა ხარჯავდა აქამდის. სამი თვის განმავლობაში მოგეცით ფული. და ეხლა პასუხი მაინც მოგვეცით. თუ რაში იხარჯება ეს ფულები, სთხოვეთ კონტროლიორს მობრძანდეს აქ და გვითხრას თუ როგორ დაიხარჯა მის დასტურით გაცემული ფულები, გამართლებული არის ის ხარჯები თუ არა, და როგორ დაიხარჯა ეს ფული. ამის საბუთები არც საფინანსო საბიუჯეტო კომისიას განუხილავს, ეს იმიტომ, რომ სხვა და სხვა უწყებებმა ვერ მიაწოდოს ეს ცნობები. რატომ ვერ მოაწოდეს? ყოველ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავიგოთ, არ შეგვიძლიან, რომ ზეპირად ვენდოთ. ამ უმაღლეს საკანონმდებლო დაწესებულებამ კონტროლი უნდა გაუწიოს ყოველ უწყებას, როგორ ხარჯავს იგი ფულს. მაშინ როდესაც კონტროლს გაუწევს, მაშინ, კეთილ სინდისიერად შემიძლიან ვსთქვა, ხალხს უთხრა, ამ და ამ უწყებას ვაძლევთ ფულს და ეს იხარჯება დანიშნულებისამებრ. როდესაც 65 მილიონ მანეთს, რომ მოითხოვთ ცოტა საბუთი მაინც მოიტანეთ, თუ რისთვის გჭირდებათ და როგორ ხარჯავთ ამ ფულებს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის შინაგან-საქმეთა მინისტრს.

შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე . რამიშვილი. მოქალაქენო დამფუძნებელ კრების წევრნო! რომ ჩვენ ორი კვირის ვადა არ გვაშორებდეს იმ ერთ დიდ აკტს მაშინ თქვენთვის რასაკვირველია წარმოუდგენელი იქნებოდა ის გამოსვლა რომელსაც ჰქონდა ადგილი მაგრამ თქვენ იცით რომ ის უპასუხისმგებლო ჯგუფი, რომელიც აქ მართლაც ზეპირად გამოდის ის რასაკვირველია ერთ მოვალეობის ასრულებისთვის ემზადება და ეს სურს თავის პარტიულ ინტერესებისათვის გამოიყენოს. მხოლოდ ამით აიხსნება (შენგელაია: ეს თქვენ გჩვევიათ)... რომ თქვენ ეს მართლა გჩვევიათ ამას თქვენ მუდამ ამტკიცებთ და სხვათაშორის ამ თქვენ გამოსვლითაც ეს კიდევ დაამტკიცეთ. აქ იყო ნათქვამი (ხმაურობა) დიახ აქ იყო ნათქვამი თითქმის უკანტროლოთ იხარჯება ეს თუ ის თანხა. რომ მართლაც ბ. გობეჩიას ან იმ ჯგუფს; რომლის წარმომადგენლად ის აქ გამოდის სახელმწიფოებრივი თვალსაზრისი ასულდგმულებდეს, მაშინ ის აქ მოიყვანდა რაიმე საბუთს ამის დასამტკიცებლად. მოიყვანდა ამის დასამტკიცებლად ფაქტს, რომ ამა თუ იმ უწყების მეთაური, სახელმწიფოს კონტროლიორი ან საერთოდ მთავრობა არ აქცევს ყურადღებას იმ მდგომარეობას, რომელშიაც ჩვენ ვიმყოფებით და არ ცდილობს რომ ეს ყოველნაირი ხარჯვა სახელმწიფოს თანხებისა კანონიერ ფარგლებში ხდებოდეს. თქვენ კარგად იცით: რომ არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, როცა მართლაც არა თუ მეთაური უწყებისა, არამედ ესა თუ ის მართლაც პასუხისმგებელი წარმომადგენელი რომელიმე უწყებისა ყოფილიყოს, რაიმე დანაშაულში დაჭერილი ან პასუხისმგებლობაში რაიმე დანაშაულისთვის მიცემული. ეს ძალიან კარგად იცის იმ ჯგუფმა, და მიუხედავად ამისა ის გამოდის და აქ აცხადებს რომ სრულიად უკონტროლოდ ფლანგავენო, (ხმა: ის ორი მილიონი ანარქიის საბრძოლველად) თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ეს ორი მილიონი დაიხარჯა ანარქიის საბრძოლველად, იმ ანარქიისა რომელსაც თქვენი ამხანაგები აწყობდნენ და ეხლაც აწყობენ ამ ორი მილიონის ერთი ნაწილი. (ხმაურობა) ამ ორი მილიონის ერთი ნაწილის ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილია და დანარჩენი იქნება წარმოდგენილი, თქვენ თითონ ბ. შენგელაია და დანარჩენი თქვენი ამხანაგები განა კომისიაში მონაწილეობის დროს უწყებას იმას უსაყვედურებდით, რომ ეს არ წავიდა სახელმწიფოს დანიშნულებისთვის, თუ თქვენ ამბობდით, მართალია ეს დაიხარჯა სახელმწიფოსთვის, მაგრამ არ დაიხარჯა იმ მუხლით, ერთი სიტყვით იმ პარაგრაფების დამიხედვით რომლებისთვისაც იყო დანიშნული იგი. მხოლოდ ეს იყო არცერთ თქვენგანს არცერთ წევრს საფინანსო კომისიისა ამის საწინაღმდეგო არაფერი არ უთქვამს (ხმაურობა) მართალია თქვენ მოიყვანეთ ერთი მაგალითი და თქვენ იძულებული ხართ ეს უკანვე წაიღოთ. თქვენ იცით რომ ერთი მილიონის შესახებ ცნობა უნდა წარმოადგინოს ქუთაისის საგუბერნიო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. თქვენ იცით, და თქვენ აგრეთვე დარწმუნებული ხართ იმაში, რომ აქაც ეს დაიხარჯა სახელმწიფოს დანიშნულებისათვის. (ხმაურობა) დაიხარჯა სახელმწიფოს დანიშნულებისათვის. ყოველ შემთხვევაში თქვენ წინააღმდეგ არაფერს ამბობდით. აი ასეთია მდგომარეობა. მე ვამბობ, რომ თქვენ ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ იმისას, რომ მართლაც ხდებოდა რომ რაიმე უფლების გადალახვა, საკანონმდებლო დაწესებულებას უფლებისა გადალახვა. აქ იყო რამდენიმე მაგალითი ისეთი მოყვანილი. აი მართმადიდების აღდგენის საზოგადოებისთვის და სხვა ამისთანა. ეს საზოგადოება მოსპობილია არც ერთი კაპეიკი მის სასასარგებლოთ არ იხარჯება. მაგრამ ბიუჯეტში მართლაც შეცდომით ზოგიერთი ასეთი ხარჯები შეტანილია (ხმაურობა) თქვენ იცით ბ. შენგელაია მე ვამტკიცებ რომ თქვენ იცით, რომ არცერთი კაპეიკი ამ საზოგადოებას არ ეძლევა (ხმაურობა) მაგრამ ვიმეორებ თქვენ მეტი საქმე არაფერი არ გაქვს. აქ არის ბევრი ისეთი რამ, რომელიც დარჩენილია ძველ წყობილებიდან და მართლაც ბიუჯეტში გადადის ერთ ხანიდან მეორეში, აი მაზე უნდა დაეყრდნოთ თქვენ. ვინაიდან მე ვამტკიცებ, დამფუძნებელი კრება თუ მართლა სდგას, სახელმწიფოებრივ თვალსაზრისზედ და არ აჰყვება ამ უპასუხისმგებლო ჯგუფის განცხადება, რომლის მიზანი ერთადერთი არის ის, რომ ეს დღევანდელი მდგომარეობა გამოიყენოს საარჩევნო კომპანიისთვის, მან უნდა მისცეს მთავრობას საშუალება სამი თვით კიდევ გაგრძელებული იქნეს მეთორმეტედი ნაწილი ბიუჯეტისა, და ეს იმიტომ რომ ბ. გობეჩიამ მე მგონია უნდა იცოდეს; რომ ვადა თავდება სეკტემბერში და დამფუძნებელი კრება მოწვეული იქნება შუა სექტემბერში და რამდენადაც ენერგიულად არ უნდა იმუშაოს დამფუძნებელ კრებამ. ყოველ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება ბიუჯეტის განხილვა უადრეს ერთი ორი თვისა. ეს ყველასთვის აშკარაა. ამიტომ მე მგონი თქვენ (ხმაურობა) თუ მართლაც თქვენ სახელმწიფოს თვალსაზრისზედ დგეხართ თქვენ უნდა შემოიტანოთ ისეთ წინადადება რომ თუნდაც ორი თვეს ვადით გაგრძელებულიყო ბიუჯეტის მეთორმეტის ხარჯის, მაგრამ ჩვენ ვაცხადებთ კატეგორიულად, რომ ყოვლად შეუძლებელი იქნება იმ პირობებში რომელშიაც ჩვენ ვიმყოფებით. დამფუძნებელ კრებას არ შეუძლიან თვე ნახევარში უფრო ადრე გაარჩიოს ეს საკითხი, და ამიტომ მიღებული უნდა იყოს ის წინადადება, რომელიც წარმოდგენილია საბიუჯეტო კომისიის მიერ. ესე იგი მთავრობას მიეცეს კიდევ სამი თვით უფლება ისარგებლოს ბიუჯეტი მეთორმეტედით რასაკვირველია ამით პრაკტიკულად სრულიად არაფერი დაშავდება, თუ კი ჩვენ მივიღებთ უფრო ადრე ბიუჯეტს, თავის თავად აშკარა არის, რომ წინა აკტი დამფუძნებელ კრებისა უნდა გაუქმებული იქნეს და ამ მხრივ ხალხის ინტერესი სავსებით დაცული იქნება.

თავმჯდომარე: საერთოთ მსჯელობისთვის სიტყვა აღარავის არ სურს. მომხსენებლის დასკვნა.

მომხსენებელი მდივანი. მართალია ფინანსთა მინისტრი ითხოვს ნაწილს ბიუჯეტისას, მაგრამ სრულიად არ მქონდა წარმოდგენილი რომ იმავე დროს იქნებოდა ნაწილობრივი კამათი ბიუჯეტის შესახებ. მხოლოდ ბიუჯეტს რომ შეხებოდნენ ეს კიდევ არაფერი, მაგრამ იმავე დროს იყო წარმოყენებული მეტად რთული საკითხი ამ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარმოდგენისა. ეს ორი სხვა და სხვა მცნება არის, ერთი არის ბიუჯეტი, და მეორე არის ასრულება, და შემდეგ ანგარიში ამ აღსრულებულ ხარჯთაღრიცხვისა, იმ ლოღიკას რომ გავყვეთ, რომელსაც აქ აწარმოებდა ბ. გობეჩია, ჩვენ ვერასოდეს ბიუჯეტს ვერ განვიხილავთ იმისთვის, რომ არ ყოფილა ჯერ შემთხვევა რომ ბიუჯეტის განხილვის დროს თან დართული ჰქონდეს წარსულ ბიუჯეტის ანგარიშის განხილვა.

ეს მოუხერხებელია და არც ერთ კანონმდებელ ორგანოში ასეთი წესი არ არის შემოღებული, ის ბიუჯეტს იხილავს და მის განხილვის შემდეგ წარსულ წლის ბიუჯეტის ანგარიშს იხილავს. მაგრამ ამ ორი მცნების ისე მჭიდროდ დაკავშირება როგორც უკავშირებს ბ. გობეჩია არ შეიძლება. ამ ლოღიკას, რომ გავყვეთ, მე მგონი ბიუჯეტს ვერ განვიხილავთ ამ ერთი წლის განმავლობაში. ფინანსთა მინისტრისთვის მოუხერხებელია მძიმეა ბიუჯეტის შედგენა, და ეს ბიუჯეტი ჯერჯერობით სავსებით არ არის შედგენილი, მართალია ერთი თვე ნახევარია, რაც შემოვიდა საბიუჯეტო კომისიაში, მაგრამ მე, როგორც წევრი ამ კომისიისა და თავმჯდომარეს ამხანაგი, ვადასტურებ, რომ ჩვენ ჯერ ხელიც არ მიგვიკარებია ამ ბიუჯეტისთვის, მას კიდევ აკლია ის მასალები (ხმა: ცნობები), ის ცნობები, რომელიც საჭიროა ყველა საბიუჯეტო საფინანსო კომისიისთვის. მე ვერ შემიძლიან ვსთქვა აქედან ის, რომ ეს დაწესებულებების ბრალია, ეს იქნება მართლა ზეპირი ლაპარაკი, ვინაიდან ჩვენ ძალიან კარგათ ვიცით, რომ წელიწად ნახევარი ვარსებობთ და ამ წელიწად ნახევარში არც ისე ადვილია ბიუჯეტის შედგენა. (ხმა: მაშასადამე?) მაშასადამე, როდესაც ჩვენ ასეთ წინადადებით შემოვდივართ, შემოვდივართ არა ზეპირად, არამედ ჩვენ განსაზღვრული გვაქვს, რომ თვითეულ სამინისტროს საჭიროა ამდენი და ამდენი თანხა, ეს განსაზღვრულია რითი? ჩეენ მიერ მიღებულ შტატებით, ჩვენ მიერ მიღებულ დეკრეტებით. (ხმაურობა) მოითმინეთ ბ. გობეჩია, მინისტრის სიტყვა კი არა მე მომისმინეთ, ჩემი სიტყვა მოისმინეთ, მინისტრს თქვენ მერე უპასუხეთ, ეს თქვენი და მისი კერძო საქმეა. მე გელაპარაკებით როგორც მდივანი და როგორც საბიუჯეტო კომისიის წევრი. (გობეჩია: სინამდვილეს მოკლებულია) სიმართლეს მოკლებული არის თუ არა, ეს იქნება გამორკვეულია. როდესაც ამას ვაყენებდით, მაშინ ჩვენ ვლაპარაკობდით, და ეხლაც მოგახსენებთ, რომ შეუწყნარებელია ის, აზრი რომელიც აქ იყო წარმოთქმული. ჩვენ წავალთ დასასვენებლად, მე მესმის, რომ გობეჩიას ეთქვა, ნუ წავალთ დასასვენებლად, ვიმუშაოთ კიდევ თვე ნახევარი და მაშინ იქნება მოვასწროთ ამ ბიუდჟეტის განხილვა ნაწილობრივ მაინც არა, წავიდეთ, 15 სექტემბერს მოვიდეთ, და 31 მარიამობისთვეს კი უთავდება ვადა კრედიტებს.

20 დღე შეიძლება სახელმწიფო უკრედიტოთ დავტოვოთ თუ არა? რასაკვირველია არა. ამაზე შეუძლებელია ლაპარაკი. ტყუილად ჰგონია ბ. გობეჩიას, რომ სამი თვე ბევრია. მე უნდა გაწყეინოთ და გითხრათ, სამი თვისთვის კიდევ დაგჭირდებათ კრედიტების გახსნა; უეჭველად იანვრამდის ბიუჯეტს თქვენ ვერ განიხილავთ, რომ თქვენ ბუჯეტს ვერ განიხილავთ ამაში დამნაშავე არის არა დამფუძნებელი კრება, არა სამინისტრო, არამედ ის პირობები, რომელშიაც ჩვენ ვიმყოფებით. როდესაც ბიუჯეტი უნდა განვიხილოთ ათასგვარი დეკრეტი შემოვა, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს არც კანონი, არც არავითარი წესები შემოღებული, მართალია ზეპირ სიტყვებით ვცხოვრობთ, მაგრამ ამ ზეპირ სიტყვებიდან უნდა გამოვიდეთ წერაზე. კანონებზე. კანონიერ საფუძველზე ყველა ამას საკმაო დრო უნდა, და ლაპარაკი იმაზე, რომ დღეს ამას ნუ მივცემთ. მოვიდეთ 15-ს ვიმუშაოთ, და 20-ს ჯამაგირებს მოხელეები მიიღებენ თუ არა? მართალია, თქვენ გგონია, რომ მინისტრები ორ ჯამაგირს იღებენ, მაგრამ თქვენ გინდათ რომ არც ერთი ჯამაგირი არ მიიღონ მოხელეებმა. როგორ შეიძლება ისეთი მდგომარეობა, რომ პირველ სექტემბრიდან მთავრობას თავის განკარგულებაში არ ჰქონდეს კრედიტი. ასეთი ლაპარაკი მარტო ზეპირი სიტყვა არის და სხვა არაფერი.

გარდა ამისა უნდა მოგახსენოთ რომ მაშინ, როდესაც ჩვენ ამას ვადგენდით, საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაში იყო ასეთი კამათი, თუ როგორ სჯობიან სამინისტროს განკარგულებაში გადაეცეს ერთი მეთორმეტე ბიუჯეტისა თუ განსაზღვრული თანხა. ჩვენ ვსთქვით, - ვინაიდან საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას არა აქვს გაცნობილი ბიუჯეტი, არ იცის სავსებით თუ რანაირი ნაწილი იქნება ერთი მეთორმეტე, ამისთვის განვმარტეთ თვეში თუ რამდენი სჭირია ყველა სამინისტროს, განვმარტეთ კიდევ თუ რამდენი თვით დამფუძნებელ კრების განკარგულებაში უნდა გადვიდეს, მერე მთავრობის მმართველობის განკარგულებაში, შემდეგ შინაგან სამინისტროს განკარგულებაში. (შენგელაია: ავტომობილებისთვის) თუ მაინც და მაინც ავტომობილებზე ვინმე მეტს ხარჯავს, როდესაც აქ ანგარიში იქნება წარმოდგენილი და დაინახავთ, რომ ავტომობილებზე მეტი დახარჯულია, მაშინ მოსთხოვეთ ანგარიში. დღეს თქვენ ლაპარაკობთ ზეპირად, ვინაიდან თქვენ საბუთები ვერ წარმოადგინეთ, საბუთებს წარმოადგენთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ანგარიშს წარმოადგენენ კონტროლიორის შემოწმებით და საბიუჯეტო კომისია განიხილავს, ამას სარევიზიო კომისია წარმოადგენს თქვენ წინაშე, დღეს თქვენ მერწმუნეთ უფრო მეტი შეიძინეთ, ვინემ თქვენ ზარალი მოიტანეთ, ვინაიდან თქვენი სიტყვა აქ მარტო ლითონი სიტყვა არის, არავითარი საბუთი არ არის, მაშინ როდესაც ცოტა მოთმინება ცოტა სიდინჯე, რომ გქონოდათ, ბევრს საბუთს ნახავდით, რომ მართლაც მოწესრიგებული სახელმწიფო არ გვაქვს. თქვენ ეს ვერ შესძელით, გამოდიხართ და ლაპარაკობთ, რომ ზეპირად გაძლევთ ფულსო. ამ გვარი ლაპარაკით, ასეთი სერიოზული საკითხები არ უნდა განისაზღვრებოდეს ხოლმე და ფინანსიური კომისია რასაკვირველია, თავის აზრს დაადგება. მე კერძოთ გეტყვით, რომ არამც თუ ეს სამი თვე, არამედ კიდევ სამი თვისთვის დაგვჭირდება ასეთი წესები.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი. დეკრეტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულ განსაკუთრებულ რაზმის მოქმედების განგრძნობისა სპეკულიაციისა, კონტრ-რევოლიუციისა და მცარცველების წინააღმდეგ საბრძოლველად. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. ირემაშვილს.

იოსებ ირემაშვილი. (ს.-დ.) დეკრეტი, შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულ განსაკუთრებულ რაზმის მოქმედების განგრძნობას სპეკულიაციისა, კონტრ-რევოლიუციისა და მძარცველობის წინააღმდეგ. წარსულს 1918 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაარსებული იქმნა დროებით, 6 თვის ვადით განსაკუთრებული რაზმი ანარქიასთან, სპეკულიაციასთან და კონტრ-რევოლიუციასთან საბრძოლველად. ამის შესახებ პარლამენტმა მიიღო სათანადო კანონიც. მიმდინარე წლის 28 იანვარს იმავე პარლამენტმა საჭიროდ სცნო კანონით კიდევ დაედასტურებინა 6 თვით მისი არსებობა. მიმდინარე წლის პირველ ივლისს აღნიშნული 6 თვე გავიდა და ამ დეკრეტით მთავრობა შუამდგომლობს დამფუძნებელ კრების წინაშე, რომ განსაკუთრებული რაზმის არსებობა კვლავ კიდევ დაკანონდეს 6 თვის ვადით. განსაკუთრებული რაზმი დაარსებული იქმნა იმ დროს, როდესაც მთელ რესპუბლიკაში საერთოდ და კერძოდ თბილისში ანარქია იყო გავრცელებული. ანარქია მდიდარ ნიადაგს უმზადებდა სპეკულიაციას, რომელიც მაშინ განსაკუთრებით მძინვარებდა (ხმა: ეხლა არ არის?) აი ეს სპეკულიაცია და ანარქია საერთოდ ხელს უწყობდა კონტრ-რევოლიუციონურ გამოსვლებს, შინაური შტატები ამ ობიეკტიურ პირობებით სარგებლობდნენ და კონტრ-რევოლიუციონერები თავს სწევდნენ. და სწორედ ამ საბედისწერო დროს დაარსებული იქმნა განსაკუთრებული რაზმი. ის მოვლენა რომ ეს განსაკუთრებული რაზმი, ორჯერ იყო პარლამენტის მიერ დაკანონებული, რომ შინაური მტერი მას ენერგიულათ ესხმოდნენ თავს, კიდევ ის, რომ ამ რაზმს ბევრი რამ მოღვაწეობა მიუძღვის, ჩვენ საბუთს გვაძლევს ვიცნოთ მისი არსებობის საჭიროება და კვლავ დამფუძნებელმა კრებამც დააკანონოს. ამ განსაკუთრებულმა რაზმა მრავალი გადამალული საქონელი აღმოაჩინა, მრავალი კონტრ-რევოლიუციონერი დაიჭირა. მართალია, რომ დეფექტები სულ მუდამ და ყოველ ჟამს ამ რაზმს სდევდა ძველადაც, ეხლაცდა შემდეგშიაც, მაგრამ მიუხედავათ ამისა, მისი დადებითი მხარე იყო წარსულში და მისი მნიშვნელობა დიადია ამ ჟამად. საერთოდ გაითვალისწინა რა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ ამ განსაკუთრებულ რაზმის მნიშვნელობა, რომ მან მართლა თავის დანიშნულება გაამართლა, მართალია მან სპეკულიაცია სრულიად ვერ აღმოფხვა მაგრამ ეს ყოვლად შეუძლებელიც არის, რადგანაც სპეკულიაციას ჰქონდა ღრმა ობიეკტიური ეკონომიურ-პოლიტიკური პირობები და მხოლოდ ბრძოლა ასეთი რაზმებისა ამ სპეკულიაციასთან, ეს არის მხოლოდ პალიატივი, მაგრამ პალიატივი მაინც აუცილებელ საჭირობას წარმოადგენს, რომელიც ცოტად თუ ბევრად მიზანს ახწევს. აი ყველაფერი ეს სახეში მიიღო საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ. გაითვალისწინა ის, რომ ჯერჯერობით ამ გარდამავალ ხანაში ჯერ კიდევ არ არის სრულიად ნორმალური პირობები შექმნილი, რომ ერთგვარი ნიადაგი აქვს კიდევ კონტრ-რევოლიუციონურ გამოსვლებს, რაც მომავალში შესაძლებელი იქნება, რომ სპეკულიაციასთან ბრძოლა კვლავ კიდევ საჭიროა, - ყველაფერი ეს მიიღო რა მხედველობაში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ, ის დაეთანხმა მთავრობას პრინციპიალურად და საჭიროდ აღიარა 6 თვის ვადით ამ განსაკუთრებულ რაზმის არსებობა, ამიტომაც ის შუამდგომლობს დამფუძნებელი კრების წინაშე, რომ ეს დეკრეტი მიღებული იქნეს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ლეო შენგელაიას.

ლეო შენგელაია. მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! ამ მოკლე ხანში ჩვენს თვალ წინ გადაიშალა ორი უდიდესი, მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა. ეს არის ერთის მხრით ევროპის საშინელი ომი, ხოლო მეორეს მხრით რევოლიუციების მთელი რიგი. იმპერიალისტურმა ომმა დაატაკა ერთი მეორეს ერები და სახელმწიფოები. მან გაანადგურა მთელი კაცობრიობა ფიზიკურად და ნივთიერად, დასცა იგი ზნეობრივად. აშკარა იყო, რომ მხოლოდ სოციალიზმით, მხოლოდ მთელი საზოგადოებრივი ცხოვრების ძირიანად გარდაქმნით შეეძლო კაცობრიობას აენაზღაურებია ის საშინელი დანაკლისი, რომელიც მას ომმა მიაყენა. ძველმა კაპიტალისტურმა საზოგადოებამ სავსებით დრო მოსჭამა, ის გაკოტრდა იდეოლოგიურად და მატერიალურათ. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ყველგან, სადაც კი რევოლიუციამ იფეთქა, რევოლიუციონურმა დემოკრატიამ მთელი ძალა უფლება სოციალისტებს ჩაუგდო ხელში. ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა, პირიქით ეს არის ლოღიკური დასკვნა იმ წინააღმდეგობათა, რომელთა ქსელში გაეხვია თანამედროვე კაპიტალიზმი. გამარჯვებულმა ბურჟუაზიამ ზავიც ვერ შეკრა. კაცობრიობა ღელავს ისე, როგორც არასოდეს. ყველაფერი ეს იმის მომასწავებელია, რომ დადგა კაპიტალისტური საზოგადოების აღსასრული, ხდება ძირითადი, უმაგალითო გარდატეხა მთელი ჩვენი სოციალ-პოლიტიკური ცხოვრებისა. ასეთია მთავარი აზრი იმ გრანდიოზულ მოვლენებისა, რომელთა მოწმენი ჩვენ ვართ. ეს დედა აზრი დღევანდელი ისტორიული მომენტისა სრულებით ვერ გაუგია ჩვენს სოციალ-დემოკრატიას. ის სრულებით არ ზრუნავს ჩვენი ცხოვრების ძირითად გარდაქმნაზე. ის თავის საკანონმდებლო შემოქმედებაში ის მხოლოდ ზერელედ დაფარფატებს ჩვენი ცხოვრების ზედაპირზე. სოციალ-დემოკრატია ცდილობს ჩვენი ცხოვრება აქა იქ შეაკეთოს, შეუტანოს მასში აქა იქ კორექტივები. დღეს სოციალ-დემოკრატია იმით კმაყოფილდება, რომ ძველ დაწესებულებებს სახელებს უცვლის და გონია, რომ ამით შინაარსიც შეიცვალა. ამით აიხსნება ისიც, რომ საგანგებო რაზმი - ეს ნამდვილი კონტრ-რევოლიუციონერების ბუდე, მას რევოლიუციის დამცველ ორგანიზაციად მიაჩნია. საგანგებო რაზმში სოციალ-დემოკრატიამ თავი მოუყარა ყოფილ ბოქაულებსა сыщик-ებს და გულუბრყვილოდ ფიქრობს: რევოლიუციას დავიცავ, სპეკულიაციას მოვსპობო.

ერთი წელიწადია, რაც ეს რაზმი ჩვენში მოღვაწეობს და ამ ხნის განმავლობაში მან საკმაოდ გამოაშკარავა თავისი სახე. რუსეთში თვითმპყრობელობის დროს არსებობდა ეგრედ წოდებული охранное отдђленîе. გადაჭარბებული არ იქნება ვსთქვათ, რომ რუსეთის ოხრანკასა და ბ. რამიშვილის საგანგებო რაზმს შორის არავითარი განსხვავება არც შემადგენლობით, არც მოქმედების მეთოდებით არ არსებობს. ძველ ბიუროკრატიულ ოხრანკაში იყო ისეთი ხალხი, რომლისათვის არავითარი უფლებრივი ნორმა არ არსებობდა. ის სდევნიდა თავისუფალ აზრსა და სიტყვას. ის თვითონ ახდენდა არევდარევას, ეწეოდა პროვოკაციას ოხრანკის ტლანქი ხელები უნდა შეხებოდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყოველ მოვლენას, რაც უნდა სათუთი და ძვირფასი ყოფილიყო ის ერისათვის, მშრომელი ხალხისათვის. და განა ჩვენ ამასვე არ ვხედავთ საგანგებო რაზმის მოღვაწეობაში? ამას კარგათ ხედავს თვით სოციალ-დემოკრატია და მისი მთავრობა, მაგრამ ის მაინც მომხრეა საგანგებო რაზმის არსებობისა. რაშია საქმე? ჯერ კიდევ 1905 წელს ბ. ჟორდანია ბოლშევიკებს უმტკიცებდა, როგორ შეიძლება დღევანდელ პირობებში მინისტრი სოციალისტი იყოს, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ გუბერნატორიც სოციალისტი იქნებაო. დღეს, როგორც მოგეხსენებათ, არც თუ მინისტრი და გუბერნატორი, თვით „გოროდოვოიც“ სოციალისტია. მთელი ძალა უფლება ჩვენში სოციალ-დემოკრატიის ხელშია. ასეთი მდგომარეობა სრულიად მოულოდნელი იყო სოციალ-დემოკრატიისათვის. ასეთი მდგომარეობისთვის ის არ ემზადებოდა. დღევანდელი მისი მდგომარეობა ეწინააღმდეგება ყველა იმას, რასაც სოციალ-დემოკრატია ქადაგებდა და სწერდა რუსეთის რევოლიუციის ხასიათზე და ჩამორჩენილ ქვეყნებში პროლეტარიატის მიზნებზე. რეაქციონურ გლეხობის ქვეყანაში რომ სოციალ-დემოკრატია იდგეს სათავეში - ეს ეწინააღმდეგება მარქსის მოძღვრებას. სოციალ-დემოკრატია დაიბნა. მან არ იცის, როგორ მოიქცეს, საითკენ წავიდეს მას არ შეუძლია წინ სოციალიზმისაკენ წასვლა, რადგანაც ეს ეწინააღმდეგება მის მოძღვრებას.

თქვენ იცით, მარქსი ამბობდა: ვინც წინ არ მიდის, უკან მიდისო და აი სოციალ-დემოკრატიაც უკან მიდის და ჩვენში ოხრანკას აარსებს. მართლაც რას წარმოადგენს ეს საგანგებო რაზმი?

ერთმა მინისტრმა აქ განაცხადა: ადამიანი დაფასდება არა იმით, რასაც ის ლაპარაკობს, არამედ იმით, რასაც ის აკეთებსო. ჩვენც სწორედ ამ საზომით გვინდა მიუდგეთ საგენგებო რაზმს. ჯერ ვიკითხოთ ვინ არიან ამ რაზმის მეთაურები. ხელმძღვანელები? საგანგებო რაზმს ხელმძღვანელობენ ბ. ბ. კედია და ფაჩულია. ესენი არიან ყოფილი ბოქაულები, რომლებიც მთელს თავის სიცოცხლეში ებრძოდენ რევოლიუციონერებს. მათი მეოხებით არა ერთმა სოციალისტმა დალია სული კატორღაში და ციმბირის ტუნდრებში.

მაგრამ იქნებ საგანგებო რაზმა მართლაც დაიცვა რევოლიუცია, მოსპო სპეკულიაცია?

ვინ იყო ჩვენში, რომ თავისუფალ სიტყვას სდევნიდა? ვინ ხურავდა გაზეთებს, ბეჭდავდა რედაქციებს და ანგრევდა ნაბორებს? ეს იყო საგანგებო რაზმი!

ვინ აპატიმრებს ჩვენში მოქალაქეთ უცერემონიოთ, უსაფუძლოთ? - საგანგებო რაზმი.

ბნელ სარდაფებში ვინ აწამებდა დაპატიმრებულთ? - საგანგებო რაზმი!

ვინ აიგდო ჩვენში აბუჩად პიროვნებისა და ბინის ხელუხლებლობა? - საგანგებო რაზმა!

თვითნებობა, ცემა და ტყეპა ვინ აქცია ჩვენში კანონად? - საგანგებო რაზმა!

ყველა ამის შემდეგ ბ. მინისტრი გვეუბნება, კიდევ ერთი დოზა ნახევარი წლით განვაგრძნოთ მათი მოღვაწეობაო. ვისი მოღვაწეობა, ბატონებო, იმათი ვინც თავისუფლებას ძირს უთხრის? არა, ბატონებო, ჩვენ ეს არ შეგვიძლია, ვინაიდან ეს იქნებოდა ღალატი იმ დემოკრატიისა, რომელმაც ჩვენ აქ გამოგვაგზავნა ამიტომ ჩვენი ფრაქცია მოითხოვს საგანგებო რაზმის დაუყონებლივ გაუქმებას.

შინაგან საქმეთა მინისტრი . რამიშვილი. მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო, ჩვენ ერთ შეკითხვის შესახებ ნათლათ გამოვარკვიეთ, რომ ბ. ესერებს არავითარი წარმოდგენა არ აქვთ იმ პოლიტიკაზე, რომელსაც მუდამ აწარმოებს რევოლიუციონური დემოკრატია განსაკუთრებით, რევოლიუციონური პარტიები. მაშინ თქვენ იძულებული იყავით ერთი რამ კეთილი მოგესმინათ და ერთ გაკვეთილსაც კიდევ მოგაწვდენთ, თუნდაც იმ რევოლიუციონერთა შესახებ, რომლებსაც თქვენ მუდამ ეტრფით. მე სახეში მაქვს საბჭოთა რუსეთი. (შენგელია: რა შუაშია საბჭოთა რუსეთი) საბჭოთა რუსეთი. ვინაიდან არსებითად პრინციპიალურად, სწორედ იმავე საფუძველზედ ზდგეხართ და იდექით, და ყოველ შემთხვევაში, მრავალი თქვენი ადგილობრივი ორგანიზაციები სავსებით იზიარებენ იმ შეხედულებას, რომელსაც მუდამ იცავდა საბჭოთა რუსეთი. მე უნდა მოგახსენოთ, რომ არა თუ აქ მე მქონდა საშუალება თქვენთვის წინეთ მომეხსენებინა, რომ ყოველთვის რევოლიუციის ხანაში დემოკრატია მუდამ იძულებული იყო მიემართა არა ჩვეულებრივ ადმინისტრატიულ ზომებს. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ხშირად, დემოკრატია მოქმედებს სწორედ ისეთივე ზომებით, როგორც არისტოკრატია. და გარჩევა მხოლოდ იმაში მდგომარეობს რომ იმათ ზომები დემოკრატიის გაბატონებისაკენ არის მიმართული. თქვენ იცით, რომ არა მარტო ჩვენში არსებობს განსაკუთრებული რაზმები, არამედ ისედ ქვეყნებშიაც რომელთაც თქვენ შეეტრფით, განსაკუთრებით ფართო ხასიათი თურმე ასეთმა რაზმა მიიღო იქ. მე სახეში მაქვს ის чрезвычайно, რომელიც მოქმედებს ბოლშევიკურ რუსეთში. (შენგელაია: თქვენ ამხანაგებში) მე კი პატივი მაქვს მოგახსენოთ, რომ თქვენი ამხანაგები, თქვენი იდეური ამხანაგები მოქმედობენ იქ. და მე უნდა ვსთქვა, რომ არასოდეს, არც ერთ რევოლიუციონერს იმის წინააღმდეგ არ შეუძლიან რაიმე პრინციპიალური საბუთი მოიყვანოს. თუკი რევოლიუცია ნიშნავს ძველ წესწყობილების დანგრევას, სანამ ეს ნგრევა დამთავრებული არ არის, არასოდეს არ შეიძლება მთავრობამ არ მიიღოს არა ჩვეულებრივი ზომები, და თუ ეს არა ჩვეულებრივი ზომები საჭირო არის და აუცილებელი არის სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, მაშასადამე, საჭირო იქნება ეს არა ჩვეულებრივი განსაკუთრებული რაზმები, რომელნიც მიზანს ემსახურებიან, შეიძლება ავად შეიძლება კარგადაც, ასეთი არის პრინციპიალური შეხედულება ამ საქმეზედ. თუ კი ჩვენ ამ რევოლიუციონურ პრინციპს ფეხ ქვეშ არ გავთელავთ, თუ კი არ დავადგებით იმ გზას, რომელსაც საარჩევნო კომპანიის თვალსაზრისით მუდამ ადგია ეს პარტია, ესე იგი კადეტურ გზას.... (შენგელია: გეშინიან) ჩვენ არ გვეშინიან და შემიძლიან ვსთქვა, რომ მგონია თქვენი იმედები ვერ გამართლდება, იმიტომ რომ თქვენ დგახართ არა სახელმწიფოებრივ რევოლიუციონურ თვალსაზრისზედ, რომელზედაც ზდგას ჩვენი დემოკრატია. თუკი ჩვენ არ დავდგებით იმ კადეტურ გზაზე თუ კი ჩვენ არ უვარყობთ ამ რევოლიუციონერ ზომებს, ჩვენ არ შეგვიძლიან არსებითად, პრინციპიალურად, პრინციპიალურად გამოვილაშქროთ ამ რაზმების წინააღმდეგ, რომელიც რას აწესებს, რას ემსახურება ეს რაზმი? ამას თქვენ გაიგებთ თვით რაზმის მოქმედებისაგან, მის სახელწოდებიდან. ის ებრძვის სპეკულიაციას და კონტრ-რევოლიუციას. მე წინადაც მქონდა საშუალება აქ, თქვენ წინაშე გადამეშალა 6 თვის წინეთ, ამ რაზის მოქმედება. ნება მიბოძეთ უმთავრესი რამ გაგიხსენიოთ ამ უკანასკნელ 6 თვის განმავლობაში.

სომხებთან ომის დროს, და ომს კი ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა (ხმაურობა ესერების სკამებზე) (თავმჯდომარე კეთილ ინებეთ, ბ. შენგელაია, მოუსმინოთ ორატორს თორემ იძულებული ვიქნები სხვა ზომებს მივმართო) სომხებთან ომის დროს, ჩვენ იძულებულნი ვიყავით მიგვეღო ზომები იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომელსაც სურდა ჩვენ სახელმწიფოს აფეთქება, როგორც გარეგან აგრეთვე შიგნიდანაც. რასაკვირველია, რატომ შენგელიასათვის ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. აქედან გადმოისროლეს, რომ თითქმის ამ რაზმის წევრებმა ჯიბეები გაივსეს. სრულიად ავიწყდებათ რომ ის რაზედაც აქ ლაპარაკობენ საგანგებო რაზმს სრულიად არ ეხება. იმიტომ რომ რაზმი თავის თავად არაფერს არ აპატიმრებს, არამედ რაზმი აძლევდა მხოლოდ უმთავრეს სიას იმ პირებისას, რომლის დაპატიმრება საჭირო იყო. მის შემდეგ ჩვენი მდგომარეობა არა ერთხელ, და ორჯერ გართულდა ჩვენი ურთიერთობა დენიკინთან. და რაზმა მართლაც მიიღო, რასაკვირველია არა დამოუკიდებლად არამედ სამინისტროს და მთავრობის დადგენილების თანახმად, მიიღო ზომები ამ დენიკინელების წინააღმდეგ. არ ვიცი, შეიძლება ეს ერებისთვის მათი დაცვა, დენიკინის მომხრეების დაცვა პროგრამული საკითხი იყოს, მაგრამ საქართველოს დემოკრატიისთვის კი მათთან ბრძოლა, დენიკინელების მომხრეებთან ბრძოლა, ეს აუცილებელი რევოლიუციონური საკითხი არის. შემდეგ, თქვენ იცით, რომ რამდენიმე თვის წინეთ ჩვენში გავრცელდა, ფართოდ გავრცელდა ყალბი ბონები, და რა მნიშვნელობა აქვს ამას, თქვენთვის აშკარა უნდა იყოს. თუ მიიღებთ მხედველობაში ერთ გარემოებას, რომ ამ ყალბ ბონების მზადებაში იღებდნენ მონაწილეობას ზოგიერთი ესე თუ ისე გავლენიანი პირები საზოგადოებაში, თქვენთვის აშკარად იქნება, რომ ამ ბონების მზადება გაგრძელებული ყოფილიყო, ჩვენი ფინანსიური მდგომარეობა, უიმისოდაც მეტის მეტი მძიმე, კიდევ უფრო გაუარესდებოდა. ყველა ის პირები როლმელნიც ამ ბონების მზადებაში მონაწილეობას იღებდნენ, ეს თქვენ იცით, მე სახელებს არ მოგახსენებთ, აგრეთვე თქვენ ისიც იცით რომ სწორედ ამ რაზმის მონაწილეობით მიაგნეს კვალს, სწორედ იმ ადგილს, სადაც მზადდებოდა ეს ყალბი ბონები. ეს იყო ერთერთ მონასტერში, მცხეთის ახლოს. მხოლოდ, როცა იქ გამოცხადდნენ საგანგებო რაზმის წევრები და მილიციის უფროსი. მაშინ ის ეკსპედიცია იქ არ აღმოჩნდა. სხვაგან გადიტანეს მაგრამ იქ მოკლულ იქმნა ყაჩაღი ზანდუკელი, რომელიც ჩვენ ცნობებით, მონაწილეობას იღებდა ამ ბონების მზადებაში და ამ ადგილის დაცვაში, სადაც ეს ბონები მზადდებოდა, მართლაც, რამდენიმე დღის შემდეგ აღმოჩენილი იქმნა მეორე ადგილი სადაც გადატანილი იყო მანქანა. მის შემდეგ თქვენ იცით, რომ მეორე ასეთი მანქანა არ იყო, და ყალბის ბონების მზადება ყოველ შემთხვევაში ჩვენ ტერიტორიაზე, აღკვეთილი იყო. აქ ბ. შენგელაია ამბობს, რომ რაზმი იღებდა მონაწილეობას გაზეთების დახურვაშიო. დიახ იღებდა. მაგრამ, ამ შემთხვევაში მოქმედებდა არა დამოუკიდებლად, არამედ მინისტრის, მთავრობის დადგენილების სახით, და თუ ესერების ფრაქციას სურს რაიმე ბრალდება წაუყენოს რაზმს, ეს სავსების მიმართული იქნება მთავრობის წინააღმდეგ. მხოლოდ მთავრობა კი დარწმუნებული არის რომ გაზეთების დახურვა და ბინების გაჩხრეკა რომელსაც აწარმოებს განსაკუთრებული რაზმი, ეს არის არა უარყოფითი მხარე ამ რაზმისა, არამედ ეს არის დიადი საქმე, ვინაიდან, ამ მხრივ ის ასრულებს სავსებით რევოლიუციონურ მოვალეობას, რომელიც მას დაკისრებული აქვს მთავრობისაგან, და მე მგონი ამას ადასტურებს დამფუძნებელი კრება.

მართლაც გარდა დენიკინელებისა, ჩვენ მივიღეთ ზომები იმ პირების წინააღმდეგ... (ხმაურობა) დიახ, მე ვიცი რა გალაპარაკებთ თქვენ, ვინაიდან ჩვენ მივიღეთ ზომები სწორედ თქვენ მოძმე პარტიის წინააღმდეგ. ისინი არიან რუსეთის ესერები და აგრეთვე კადეტები. მათ წინააღმდეგ მართლაც მივიღეთ ზომები, და აქედან გადაჭრით ვაცხადებ, რომ ჩვენ არა თუ მივიღეთ შემდეგშიაც მივიღებთ ზომებს ყოველ იმ ჯგუფთა წინაღმდეგ, რომელნიც უარყოფენ ჩვენ დამოუკიდებლობას, და სცდილობენ მის დამხობას, (კედია: ყოჩაღ) ვინაიდან ამ განსაკუთრებული ზომების მიზანი იქნება სწორედ შენარჩუნება ჩვენ რესპუბლიკისა და დაცვა მისი შინაურ მტრისაგან ასეთ ზომებზედ ჩვენ უარს არ ვიტყვით, სანამ არ იქნება სავსებით უზრუნველყოფილი ჩვენი დამოუკიდებლობა. როგორც საგარეო თვალსაზრისით, ესე იგი უცხო სახელმწიფოს მიერ არ იქნება ცნობილი, აგრეთვე ჩვენი შინაური მდგომარეობა არ იქნება იმდენად განმტკიცებული, რომ სხვა და სხვა უპასუხისმგებლო ჯგუფების გამოსვლა არიან ეს ბოლშევიკები თუ დენიკინელები, სანამ არ დადგება ისეთი მომენტი, რომ მათ გამოსვლას შეეძლება რაიმე საფრთხის მომზადება ჩვენ სახელმწიფოსთვის. მე აქ არ შეუდგები მის ჩამოთვლას, რამდენი კერძო შემთხვევა, რამდენი ბოროტმოქმედება აღმოაჩინა ამ რაზმა. აი თუნდაც უბრალო რამ: ფული დაკარგა აზერბეიჯანის დელეგაციამ, და ეს ხელად აღმოაჩინა ამ რაზმა (შენგელაია: ძველებული ოხრანკა) რასაკვირველია, ოხრანკაში კაცი ხანდისხან (გაურკვეველი იყო) მიუხედავათ ამისა, რომ თქვენ ძალიან მოწადინებული ხართ რაც შეიძლება ძნელ ფერადებით დაგვისურათოთ მოქმედება ამ რაზმისა ვერცერთი მაგალითი ვერ მოიყვანეთ რომ ეს რაზმი რაიმე მონაწილეობას ბოროტმოქმედებაში იღებს. მართალია, თქვენ, განაცხადეთ ბ. შენგელაია რომ ეს რაზმი შესდგება ბოქაულებისაგან, სიშჩიკებისაგან, (შენგელაია: ტიპიური სიშჩიკები) მე გადაჭრით ვაცხადებ, რომ მართლაც არის ორი ბოქაული, მაგრამ სრულიად არცერთი ის ერთი პირი არ არის იქ, რომელსაც თქვენ სიშჩიკებს უწოდებთ, შიგ არიან ისეთი პირები, საიმედო ჩვენი რესპუბლიკისთვის, ჩვენ დემოკრატიისთვის, მხოლოდ რაც შეეხება იმ ორ პირს, რამდენიც არ უნდა ათრიოთ მათი სახელი, ყველასათვის აშკარა არის, რომ არავითარი მონაწილეობა ბოროტმოქმედებაში იმათ არასოდეს არ მიუღიათ. მართალია ისინი ასრულებდნენ თქვენ მთავრობის ბრძანებებს, მაგრამ, ყველა ის, ვინც დაუკვირდება საგანგებო რაზმის სათავეში მდგომთა მოქმედებას, ის დარწმუნდება, რომ ყველა კეთდება სამინისტროს დავალებით. იქნება ეს იუსტიციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო თუ შინაგან-საქმეთა სამინისტრო. პირნათლად ასრულებს ყველა დავალებას ეს ყველამ კარგად იცის, მაგალითად, ეს კარგად იცის, იუსტიციის მინისტრმა, იციან სასამართლოს წევრებმა. და ამიტომ თქვენ ასეთი განცხადებით მათ ჩირქს ვერ მოსცხებთ. ასეთი არის მდგომარეობა. რევოლიუციის დროს, ასე იყო ყოველთვის, მთავრობა მიმართავს არა ჩვეულებრივ ზომებს, ამას მიმართავს ყოველივე რევოლიუციონური მთავრობა, და ჩვენ ამას ვხედავთ რუსეთშიაც, ბოლშევიკურ მთავრობაში.

გარდა ამისა, ჩვენი რაზმი, მთელი თავის მოქმედებით ამტკიცებს, რომ მართლაც პირნათლად შეასრულა ის მოვალეობა, რომელიც მას დაკისრებული აქვს. ის ებრძვის ჩვენ რესპუბლიკის მტრებს, ებრძვის კონტრრევოლიუციას, ებრძვის სპეკულიაციას რამდენადაც ეს შესაძლებელი არის იმ პირობებში რომელ წლებშიაც ჩვენ ვიმყოფებით. არც შემადგენლობა ამ რაზმისა არ არის ისეთი რამ, ეს ესე არის არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ მართლაც, ამ რაზმის წევრი რაიმე ბოროტმოქმედებაში ყოფილიყო დაჭერილი. იყო ორი შემთხვევა როდესაც მათ გადაამეტეს თავისი უფლებები და ისინი ჩვენ დავითხოვეთ მაგრამ, საერთოდ ასეთი მაგალითები არ ყოფილა. ამიტომ თუ მართლაც ჩვენ დავადექით იმ აზრს, რომელსაც ადგია მთავრობა, ესე იგი, რომ ამ განსაკუთრებულ ხანაში უნდა ჰქონდეს ისეთი აპარატი, რომელიც გამოგვადგება ჩვენ სახელმწიფოს განმტკიცებაში ამ რაზმის მოქმედება უნდა გაგრძელებული იყოს კიდევ ერთი თვით.

ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ 6 თვით მის გაგრძელებას, იმიტომ რომ შესაძლებელი არის ამის შემდეგ დადგეს ისეთი მომენტი, როცა ეს რაზმი საჭირო აღარ იქნება. დღეს კი იმის მოქმედება აუცილებელი არის, ის აკეთებს სახელმწიფოებრივ საქმეს, ებრძვის ჩვენ რესპუბლიკის მტრებს, და მე დარწმუნებული ვარ, რომ დამფუძნებელი კრება, რომელიც აგრეთვე გამსჭვალული არის იმ აზრით, რომ შეებრძოლოს რესპუბლიკის მტრებს, მისცემს მთავრობას საშუალებას, აღჭურვილი იყოს იმ იარაღით, რა იარაღიც საჭირო არის ამ ბრძოლაში.

თავმჯდომარე. სამი საათი გახლავთ. წინადადება არის შემოტანილი გაგრძელდეს კრება. კენჭს უყრი. კრება გაგრძელებული გახლავთ. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ონიაშვილს.

ონიაშვილი. მოქალაქენო, ამ საგანგებო რაზმის შესახებ და გარშემო ბევრჯერ ყოფილა ლაპარაკი, მე მახსოვს, პარლამენტის დროსაც, იყო რამდენჯერმე გამართული კამათი, და საკვირველი არის, რომ ერთი ფრაქცია, სახელდობრ ესერების ფრაქცია, სულ ერთსა და იმავეს იმეორებენ. და ამ ნალაპარაკევს ამ სიტყვებს მოკლედ, რომ ვსთქვათ, ეძახიან იაფ ფასიან დემაგოგიას, და ამ დემაგოგიას ეწევიან იმიტომ კი არა, რომ ბოროტი ხალხი არის პირიქით, მაგალითად გობეჩია და შენგელაია ძალიან გულ კეთილი ადამიანები არიან. (შენგელაია: გმადლობთ) მაგრამ უბედურება იმაში არის, რომ მათი გონება მოშხამული არის ერთგვარი უტოპიზმით, და უტოპიზმს უძახიან რუსულად народничество? სოციალ-დემოკრატიამ დაამტკიცა, რომ ამ იდეებს დღეს ჩვენში, მეტადრე ჩვენში არავითარი გასავალი არა აქვს, რადგანაც ყველა ეს ცხოვრებამ გაანადგურა. და აი ასეთი შემთხვევის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება სულ სხვას უკარნახებს იმას, გამოდიან და მაინც და მაინც თავიანთი ძველი შეხედულება, რომელსაც ცხოვრება უარყობს უნდათ დღეს გაასაღონ და ძალით ყველა თავზე მოახვიონ. (ხმა: რომელი?) აი მოგახსენებთ ამ წუთს რომელი. მე გეკითხებით თქვენ, სახელმწიფოებრივ ადამიანს უწოდებთ თქვენ, თქვენ თავს, დეპუტატი ბრძანდებით, - მე თქვენ გეკითხებით დედამიწის ზურგზე არის თუ არა სადმე სახელმწიფო, მეტადრე იმ გარდამავალ ხანაში, რომელსაც დღეს განიცდის ჩვენი ქვეყანა, რომელიც არ სარგებლობდეს და არ მიმართავდეს იძულებითი აპარატს და არ ხმარობდეს არა ჩვეულებრივ ზომებს. და თუ დამისახელებთ ასეთ სახელმწიფოს, მაშინ რასაკვირველია, თქვენ მართალი ბრძანდებით და ჩვენ დამნაშავენი. ასეთი სახელმწიფო მაშასადამე არ არის, თქვენ გაჩუმებულნი ხართ, თქვენი უბედურება იმაშია, რომ თქვენ ამისთანა სახელმწიფოს ვერ შეჰმნით, საუბედუროდ ვერ შეჰქმნის თქვენი პარტია ასეთ სახელმწიფოს, თქვენ პარტიას არ უნდა ისეთი სახელმწიფოს ორგანიზმის მოწყობა, რადგანაც მთელი თქვენი არსებობით და მთელი თქვენი ნიჭით, თუ ღმერთს თქვენთვის ნიჭი მოუცია, თქვენ ებრძვით იმას, თქვენ ხართ უტოპისტები, უტოპიის მატარებელი პარტია, უტოპია დღეს ყველგან მარცხდება. მიუხედავად ამისა, თქვენ იმეორებთ და თქვენ, თქვენ შეხედულებას ყველას თავზე ახვევთ.

ეხლა კიდევ საგანგებო რაზმის შესახებ გამოდიხართ. საგანგებო რაზმზედ თქვენ ბევრჯერ გილაპარაკნიათ და ერთ და იმავე ზღაპარს იმეორებთ, რომ რაზმში არიან ბოქაულები, ნაპრისტავალი ხალხი. მე მაკვირვებს, თქვენ, როგორც დამფუძნებელ კრების წევრს, დეპუტატს, რეგლამენტის ძალით უფლება გაქვთ ყოველივე წუთს, ყოველ დღეს, როდესაც მოისურვებთ, შემოიტანოთ შეკითხვა, თუ საგანგებო რაზმა დაარღვია წესიერება, საგანგებო რაზმი ხალხში ვისმეს შეუვარდა და მოახდინა ძალმომრეობა, თქვენ, როგორც დეპუტატს უფლება გაქვთ შემოხვიდეთ შეკითხვით და მთავრობას პასუხი მოსთხოვოთ. მაგრამ თავის დღეში თქვენ ამ უფლებით არ გისარგებლიათ, ამ საგანზე მაინც ამ უფლებით არ გისარგებლიათ. და მოდიხართ როდესაც დამტკიცებაზედ და ფულზედ არის ლაპარაკი, რომელიც უნდა გადავდოთ ამ საგანგებო რაზმის შესახებ, თქვენ გამოდიხართ და თქვენ ერთ კორიანტელს აყენებთ ამ საგანგებო რაზმის გარშემო, მაშასადამე თქვენ არ მოგეპოვებათ ასეთი ფაქტები და თქვენ კი ამბობთ, რომ ნაპრისტავალი ხალხიაო. ეს არის უბრალო დემაგოგია. თქვენ ამას ამბობთ მაგრამ ფაქტები არ გაქვთ, ეს არის უბრალო დემაგოგია. როდესაც ადამიანი ფაქტებით ფონს ვერ გადავა, მაშინ ამბობს: ნაპრისტავალიაო. ყველა მიტინგზე სოფლად, როდესაც კი არ მოეწონებათ შენი ლაპარაკი ბურჟუას დაგვიძახებს ან ნაპრისტავალს; თქვენც ასე იქცევით, უბრალო სოფლის დემაგოგიას მიმართავთ. თქვენ ბრძანეთ, აქ თქვენ რამოდენიმე შეკითხვა წამოაყენეთ ამგვარი, რა არის, რომ პიროვნება შელახეს ამ ქართულ მოქალაქისა, ბინები გაჩხრიკეს? ეს პოეზია არის. თქვენ ლამაზ სიტყვებს ამბობთ, ეს პოეზიაა. მაგრამ ამას თავისი სახელი ჰქვიან. ეს არის სახელმწიფოებრივ მოღვაწის სიტყვა, არამედ ეს არის, პოეზია. აი თქვენ ამ პოეზიით ამ უტოპიით ცხოვრობთ (გომართელი: ყველა ფანტაზია - პოეზია არ არის) დასასრულ თქვენ ბრძანეთ ასეთი შეკითხვა: კაცობრიობა ღელავს, ხდება კაცობრიობის გადატრიალება, საშინელება რაღაც. ვიცით, ბატონებო, ეს ჩვენ ვიცით, რომ კაცობრიობა ღელავს, კაცობრიობის გადატრიალებაც ვიცით, ეს ჩვენ თქვენზედ უკეთესად გაგვეგება. მაგრამ თქვენი უბედურება იმაში არის, რომ ამ კაცობრიობის ღელვამ ისე აგიბნიათ გზა, რომ არ იცით საითკენ წახვიდეთ. თქვენ სთქვით, სოციალ-დემოკრატები გაჩერებულან ერთ ადგილას და არ იციან საითკენ წავიდნენ, წინ თუ უკან. (ხმაურობა) აი ეხლა მოგახსანებთ თუ საითკენ მივდივართ. თქვენი უბედურება იმაშია, რომ როგორც ყველა უტოპისტებს გწამთ, რომ არის ორი გზა, ერთი წინ წასვლისა, და მეორე უკან წასვლისა. მაგრამ სამწუხაროდ, ცხოვრება, რომელსაც თქვენ აბუჩად იგდებთ ასე არ მიდის, ხშირად შეიძლება, რომ ხუთი ნაბიჯი წინ გადაიდგას და ერთი უკან. (შენგელაია: ეს ხომ ორ სკამზედ ჯდომაა) ეს ორ სკამზე ჯდომა კი არ არის, ამას მოითხოვს უბრალო სტრატეგიული და პრაქტიკული მოსაზრება, რომელთანაც თქვენ მწყრალად ხართ და ამიტომაც ასე კარგად და მშვიდობიანად მიდის თქვენი საქმე. ჩვენ ვამბობთ სოციალ-დემოკრატიული პარტია. ეს მოხდება რეალურ ცხოვრებაში ხოლმე, რომ ხუთ ნაბიჯს წინ გადავდგამთ და ერთს უკან. მაგრამ არასოდეს არ გავიწყდებათ თქვენი შორეული მიზანი; სახელმწიფოს თუ ვაშენებთ, იმიტომ, რომ ეს არის გარდამავალი, ერთგვარი საშუალება ჩვენი დიადი მიზნების მისახწევად. რაც შეგეხებათ თქვენ, თქვენ ასეთი გზა არ გწამთ, თქვენი წინ მსვლელობა მე, მაგალითად, ვერ დავინახე რუსეთში, აქაც არ წასულა შორს, მაგრამ საქართველოში თქვენი წინ მსვლელობა კი არ დავინახე, უკან მსვლელობა კი დავინახე. თქვენ გაჩერებული ხართ ერთ ადგილას და წყალს ნაყავთ. ამ ნაირად ასეთი მდგომარეობა, ერთ ადგილზე გაჩერება, ეს ტაკტიკა ვერაფერი სახარბელია. თქვენთვის დაგვილოცნია ეს ტაქტიკა და ჩვენ კი ვაცხადებთ, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტია არის ნამდვილი სოციალისტური პარტია, თავის შორეულ მიზნების მიხწევაში, მაგრამ, იმავე დროს იგი სდგას სახელმწიფოებრივ შენობის ნიადაგზე. და აი ამ სახელმწიფოებრივ აპარატის აშენების დროს, სოციალ-დემოკრატია მუდამ ისარგებლებს ყოველნაირ იძულებითი აპარატით, რომ მიხწეული იყოს ჩვენი შორეული და ახლობრივი მიზნები.

თავმჯდომარე. წინადადება გახლავთ შემოტანილი, რომ შესწყდეს კამათი. (გობეჩია: როგორ შეიძლება) ვის სურს სიტყვა ამ წინადადების შესახებ. (შენგელაია: მე მსურს სიტყვა წინადადების შესახებ) ხუთი წუთი შეგიძლიანთ ისარგებლოთ.

შენგელაია. მოქალაქენო, ჩვენი ფრაქცია წინააღმდეგია ამ წინადადებისა, იმიტომ, რომ საკითხი, რომელიც ჩვენ წინაშე სდგას, მეტად სერიოზული არის, და მოითხოვს ყოველ მხრივ აწონ დაწონას. ამიტომ რასაკვირველია, ყველა იმათ, ვინც ჩაწერილია და ვინც მოისურვებს ამის შესახებ ლაპარაკს, უნდა მიეცეს საშუალება, რომ თავის აზრი გამოსთქვას. თუ კი მართალია, რომ ეს რაზმი ებრძვის კონტრ-რევოლიუციას, სპეკულიაციას, თუ კი მართალია, რომ ამ რაზმა გააბედნიერა მთელი ქვეყანა, მთელი რესპუბლიკა, ნება მოგვეცით, ერთხელ მაინც მოვისმინოთ თქვენი არგუმენტები და შეიძლება მოგემხროთ თქვენ და შეიძლება მაშინ მხარს დავიჭერთ.

თავმჯდომარე. კენჭს უყრი წინადადებას. ვინ არის წინაღმდეგი, ვინ არის მომხრე. (ხდება კენჭის ყრა) ორი წინააღმდეგია დანარჩენი მომხრენი. კამათი შეწყვეტილია. (შენგელაია, გობეჩია: სირცხვილია ბატონებო, სირცხვილი) გთხოვთ დამშვიდდეთ და კერძო ლაპარაკს თავი დაანებოთ. სატყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

მომხსენებელი ირემაშვილი. საერთოდ ეს დაფასება ამ დებულების და ის გამოსვლა, რომელიც სოციალ-რევოლიუციონერებმა მოახდინეს, გამომდინარეობს მათი მთავარი სოფლმხედველობისაგან. ეს სოფლმხედველობა მართლაც წმინდა უტოპისტურია. ისინი ეხლავე აპირობენ სოციალიზმის განხორციელებას, არა მარტო აქ, არამედ მთელ ევროპაშიაც. ისინი ამბობენ, რომ ის საერთო გარდატეხა ისტორიაში, რომელიც ხდება, ეს არის წმინდა სოციალისტური გარდატეხა და მაშასადამე, წმინდა სოციალისტური შენება უნდა დავიწყოთ არამც თუ აქ, არამედ ევროპაშიაც.

აი სწორედ ნამდვილი დაფასება ამ მოვლენისა, რომელიც ხდება ამ ჟამად ჩვენში. ჩვენ ვამბობთ, რომ ხდება ფეოდალურ ნაშთების დანგრევა სახელმწიფოში და დემოკრატიულ წესწყობილების გამტკიცება. დემოკრატიულ წესწყობილების განმტკიცებას ემსახურება სოციალ-დემოკრატიული პარტია არა მარტო ჩვენში, ამას ეგრეთვე სხვა მოწინავე ქვეყნები, როგორც გერმანიაში და სხვაგან. მაშასადამე, ჩვენ უტოპიურ ნიადაგზე სრულიად არ ვდგევართ, ჩვენ რეალურ ნიადაგზე ვდგევართ, რეალურ პირობებს ანგარიშს უწევთ ამ დემოკრატიულ წყობილების გამაგრებას ვცდილობთ.

რევოლიუციის თავდაცვა სხვა და სხვა იარაღით ხდება, ამ იარაღმა თავის დანიშნულება გაამართლა, როგორც აქ აღნუსხა შინაგან საქმეთა მინისტრმა. საქმე ბოლოს და ბოლოს პიროვნებაში კი არ არის, საქმე დაწესებულებაშია და იმ მიზნებში, თუ რა მიზნებს ემსახურება ეს დაწესებულება. ის მიზანი, რომელსაც ემსახურება ეს საგანგებო რაზმი, ცოტათ თუ ბევრად მიღწეულია. აი, თქვენ ბრძანეთ, რომ ეს განსაკუთრებული რაზმი ძირს უთხრის ჩვენ სახელმწიფოებრივ წესწყობილებას. მე კი მოგახსენებთ, რომ ეს რაზმი კი არ უთხრის ძირს ჩვენ დემოკრატიულ წესწყობილებას, არამედ თქვენ ნაირი გამოსვლები უთხრის ძირს ჩვენ რესპუბლიკის დამოუკიდებლობას და დემოკრატიულ წესწყობილებას. სწორედ ეს მე მომაგონებს იმ არსებას, რომელიც ჩიჩქნიდა იმ ხის ფესვებს რომლის ნაყოფით თვითონ სარგებლობდა. და თქვენ სარგებლობთ, ამ ნაყოფით, იმ საერთო სიმშვიდით, ამ საერთო წესწყობილებით, რომელიც ჩვენ გვაქვს - სხვათაშორის ეს უნდა მიეწეროს განსაკუთრებით რაზმს, და თუ თქვენ ებრძვით ამ იარაღს, - თქვენ სჭრით იმ ტოტს, რომელზედაც თქვენვე ზიხართ. ეს არის სახელმწიფოებრივი მოქმედება, ეს არის მხოლოდ. (არ ისმის).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი, რომ დეკრეტის მუხლობრივ განხილვას შეუდგეთ? ორი წინააღმდეგი არის, დანარჩენი მომხრენი. მაშასადამე, მუხლობრივი განხილვა მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

მომხსენებელი. (კითხულობს მუხლობრივ).

თავმჯდომარე. დეკრეტი მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. შემდეგი საკითხი. შეკითხვა ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციისა სოხუმის ამბების შესახებ.

ამ შეკითხვის სისწრაფე არის აღიარებული. სიტყვა ეკუთვნის ბ. გეგეჭკორს.

ევგენი . გეგეჭკორი. გარეშე საქმეთა მინისტრი. პირადად მაქვს წინადადება შემდეგი. აქ ორი შეკითხვა არის. ერთი ჭიათურის მოსამართლის მოქმედებას ეხება, და მეორე ეს შეკითხვა. პირადად ჩემთვის ძალიან საჭირო იქნებოდა პირველად ის შეკითხვა განხილულიყო, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ეხება. რასაკვირველია, თუ ეს უხერხული არ იქნება დამფუძნებელი კრებისთვის.

თავჯდომარე. საკითხი ეხება დღიური წესრიგის შეცვლას. სურს თუ არა ვისმეს სიტყვა? (კედია: „თანახმანი ვართ“) წინადადება ასეთი არის: უკანასკნელი შეკითხვა დაისვას პირველის ადგილზე. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. სიტყვა ეკუთვნის გურულს.

სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის შეკითხვა.

ზაქარია გურული. (ს.-დ.) ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო, ყველა ჩვენგანმა ალბად იცის, რომ 1908 წლის მუშათა გაფიცვების და დემონსტრაციების შედეგად რუსეთის პროლეტარიატმა მიიღო, ეგრედწოდებული, 2 ივნისის კანონი. კანონი, რომელიც ავალებს მრეწველს და მექარხნეს თავის მუშების უზრუნველყოფას უბედურ შემთხვევის დროს. ამ კანონმა მოუსწრო ჭიათურის მრეწველობას იმ დროს, როდესაც იქ ნაკლებად იყო განვითარებული მსხვილი წარმოება და უმთავრესად წვრილ წარმოებიდან შესდგებოდა ჭიათურის მრეწველობა, და როგორც ასეთი, ამ კანონის ასრულებას პირადად, თვით დამოუკიდებლად ვერ ახერხებდნენ, უძნელდებოდათ, და ამიტომ ამ თავის პირად საქმის ასრულება გადაიტანეს თავიანთ, მრეწველთა საბჭოზე. მრეწველთა საბჭოს მიანდეს მათ აეღო თავის თავზე დაშავებულ მუშების დაჯილდოვება ან მკვდარ მუშების ცოლშვილის უზრუნველყოფა თავის კასიდან. ამ საქმის მოსაწესრიგებლად მრეწველთა საბჭომ დაარსა განყოფილება დაშავებულ მუშათა საქმეების საწარმოებლად. თავიდანვე როგორც ეს დაწესებულება დაარსდა ჭიათურის მუშები მოითხოვდნენ, რომ ამ საქმის საწარმოებლად დაენიშნათ ისეთი კაცი, რომელსაც ნდობას გამოუცხადებდნენ თვით მუშებიც, ვინაიდან მას უნდა ეწარმოებინა მუშების საქმეები, და თუ ის მუშებისათვის სანდო პირი არ იქნებოდა, მუდამ ექნებოდა ადგილი კონფლიქტებს. მაგრამ, მაშინ ეს მოთხოვნილება არ იქნა დაკმაყოფილებული და მუშათა საბჭოს ხან ვინ ყავდა ამ ადგილზე და ხან ვინ. დაბოლოს ეს საქმე ჩაბარდა ჭიათურაში ადვოკატათ ცნობილს კოტე წერეთელს. არ გასულა დიდი ხანი, რაც მან მიიღო ეს ადგილი, პირველ წელიწადშივე შეიქმნა უკმაყოფილება, დაშავებული მუშები ან მათი ცოლშვილი ჩიოდენ. მრეწველთა საბჭოს მიერ დაყენებული საქმის მწარმოებელი დაშავებულ მუშათა საქმეების განყოფილებისა, ანუ აგენტი, როგორც იქ უძახდნენ, დაშავებულ მუშებს გლახად ექცევაო, თავის დროზე არ უკეთებს საქმეებსაო. ერთი საათის საქმისთვის რამდენჯერმე აცდევინებს, რამდენჯერმე იბარებს, და ბოლო წლებში შეიქმნა საჩივარი, რომ ზოგიერთ საქმეებს ვადა გაუდის იმისთვის, რომ თავის დროზე არ ასრულებს და შემდეგ კი სრულიად ეკარგება დაჯილდოვების მისაღები დრო დაშავებულ მუშებს. ამის გამო იყო, რომ ჯერ კიდევ რეაქციონურ ხანაში გამოსვლების დროს, მუშები აყენებდნენ თავის მოთხოვნილებაში სხვათაშორის ამ აგენტის დათხოვნასაც. მაგრამ, მაშინ როგორც სხვა ზოგიერთი მუხლები მოთხოვნილებისა, ეს მოთხოვნილებაც დაუკმაყოფილებელი დარჩა. (ხმაურობა) დიახ, რეაქციის ხანაში. 1917 წ. როდესაც რევოლიუციამ გაიმარჯვა, და ძალაუფლება გადავიდა სახელადოდ შემდგარ მუშათა დეპუტატების საბჭოს ხელში, ჭიათურის მუშების დეპუტატის საბჭოს მოუვიდა მუშების წარმომადგენელთა კრებაზე მიღებული მეორე მოთხოვნილება, რომ მიეღო ზომები ამ აგენტის ამ ადგილიდან დასათხოვად მუშათა საბჭოს. მუშათა საბჭომ დასვა თავის ერთერთ კრებაზე ეს საკითხი, სამართლიანად სცნო მუშების მოთხოვნილება და დაადგინა მოსთხოვოს მრეწველთა საბჭოს წერეთლის ადგილიდან დათხოვნა. და თანახმად ამ დადგენილებისა გაეგზავნა შემდეგი ქაღალდი. პირი 20 აპრილის დადგენილებისა (კითხულობს). ამ ქაღალდის პასუხად მრეწველთა საბჭოდან მუშათა საბჭომ მიიღო ქაღალდი, სადაც მრეწველთა საბჭო ატყობინებდა მუშათა საბჭოს, რომ წერეთლის დათხოვნას რისთვის თხოულობენ მუშები შეგვატყობინეთო. მუშათა საბჭომ უპასუხა, რომ წერეთლის დათხოვნას მუშები თხოულობენ იმისთვის, რომ ის აგვიანებს დაშავებულ მუშათა საქმეების შედგენას და ამასთანავე, რომ აკლებს ჯილდოს გამომუშავების დროს ქირას, რომ ჯილდო ნაკლები მიიღონ და სხვა. ამიტომ მოვითხოვთ რომ აქ იყოს პირი, რომელიც იქნება მუშების ნდობით აღჭურვილი. ამის საპასუხოდ მუშათა საბჭომ მიიღო მრეწველთა საბჭოდან კიდევ ქაღალდი, სადაც ატყობინებდნენ რომ მრეწველთა საბჭოს არაფერი არა აქვს საწინააღმდეგო, რომ ამ ადგილზე იყოს მუშების წარმომადგენელიც, მაგრამ ჩვენ წარმომადგენელს არ დავითხოვთო. თქვენ აირჩიეთ თქვენი წარმომადგენელიც და ორივემ ერთად იმსახურონ ამ ადგილზე. მაგრამ მუშათა საბჭომ ვერ სცნო ეს პასუხი დამაკმაყოფილებლად და გამოიტანა რომ გაიგზავნოს შემდეგი დადგენილება (კითხულობს). ვინაიდან მუშები მოითხოვდნენ, რომ ეს წერეთელი სავსებით დათხოვნილი ყოფილიყო ამ ადგილიდან. ამის შემდეგ კიდევ გაგრძელდა მიწერ-მოწერა, საჩივრები მუშათა საბჭოდან ამ აგენტზე კიდევ მიდიოდა, მრეწველთა საბჭო კი მას მაინც არ ითხოვდა, და ბოლოს როგორც დაშავებულებმა, აგრეთვე საერთოდ მუშებმა კატეგორიულად მოითხოვეს წერეთლის დაუყოვნებლივ დათხოვა. თანახმად შეკრებილ ცნობების და მიხედვით, მუშათა საბჭო იძულებული გახდა გადაედგა რევოლიუციონური ნაბიჯი, რეგოლიუციონურად გადაეყენებინა კოტე წერეთელი ამ ადგილიდან. ეს მოხდა წინასწარ არჩეულ სარევიზიო კომისიის თანახმად. სარევიზიო კომისიამ, რომელიც აირჩია მუშათა საბჭომ, გაიგზავნა იქ ამ ფაკტების შესამოწმებლად, თუ რამდენად მართალი იყო დაშავებულ მუშების საჩივრები. ამ სარევიზიო კომისიამ გააკეთა მოხსენება და მოახსენა მუშათა საბჭოს როგორც (კითხულობს). და ამას მოჰყვა ცხრილი საქმეებისა თუ რამდენი საქმე იყო დაუთავებელი რამდენიმე წლების განმავლობაში, მხოლოდ კანონის ძალით საქმე უნდა გათავებულიყო ორ წელიწადში.

ამ მოხსენების თანახმათ, როგორც ვთქი, მუშათა საბჭომ გადასწყვიტა რევოლიუციონური გზით მოეგვარებინა ეს საქმე. დაბეჭდა სააგენტო შკაფები ყველა ამ გაუთავებელ საქმეებით და აუკრძალა კოტე წერეთელს ამ შენობაში შესვლა. (კედია: საბჭოს მოსამსახურეს?) დიახ და გაუგზავნა მოთხოვნილება კიდევ განმეორებით მრეწველთა საბჭოს, რომ მდგომარეობა ასეთი არის, კეთილ ინებეთ თითონაც, მიიღეთ მონაწილეობა რევიზიაში და მიიღეთ ახალი აგენტი მის ადგილზე. მრეწველთა საბჭომ დანიშნა. თავის მხრივ დაავალა თავის მუდმივ სარევიზიო კომისიას ამ საქმეების განხილვა, მუშათა დეპუტატების არჩეულ სარევიზიო კომისიასთან ერთად გახსნა დაბეჭდილი შკაფები განიხილა ეს საქმეები და შემდეგი მისწერა სხვათაშორის მრეწველთა საბჭოს. დაწერილი გახლავთ ეს აკტები რუსულად და მე ამ ენაზე წავიკითხავ. (ჰკითხულობს) ამას ამბობს თითონ მრეწველთა საბჭოს სარევიზიო კომისია. ამ რევიზიას მოჰყვა მუშათა დეპუტატების კატეგორიული მოთხოვნილება. რომ განხილვის და რევიზიის შემდეგ საქმე არ დაბრუნებოდა კოტე წერეთელს არამედ ჩაებარებინა მუშათა დეპუტატების მიერ არჩეულ კანდიდატისთვის. ეს კანდიდატი გახლავთ მოდებაძე. ამ მოდებაძეს ჩააბარეს იმ საქმის წარმოება რომელიც დღესაც სწარმოებს. მოდებაძემ დაწვრილებით შეადგინა სია და გამოარკვია თუ რაფერ სწარმოებდა მანამდის ეს საქმე. სულ ცოტა ხანში მოდებაძემ მოიტანა მუშათა დეპუტატების საბჭოში თავის მოხსენებაში შემდეგი, სხვათაშორის შემდეგი: მან აღნიშნა, რომ მთელი ხნის განმავლობაში, სწორედ ისე როგორც ჩიოდნენ დაშავებული მუშები, ერთი მეათედი საქმეებისაც არ კეთდებოდა, რაიმე განსაკუთრებული ზომები იყო ალბად იმ ერთი მეათედ მუშების მხრით, რომ მათი საქმეები თავდებოდა, უმთავრესად მუშების საქმეები არ თავდებოდა, არ კეთდებოდა და დღესაც ყრია გაუთავებელი მრეწველთა საბჭოს კანტორაში. და ასეთ თავის მოხსენების შედეგად ასეთი ცხრილი წამოაყენა: (კითხულობს) (ხმა: სად არის დანარჩენი საქმეები?) დანარჩენი საქმეები აწყვია იქ, სადაც იჯდა კოტე წერეთელი. (ხმა: სასამართლოში?) დაშავებულ მუშათა საქმეების კანტორაში, საიდანაც მოიტანეს ეს. სხვათაშორის, ეს საქმეები ასე კეთდება: სასამართლოში არ მიდის საქმე თუ ის გათავდა, ეგრე წოდებულ, შეთანხმებით, გასაჩივრების ვადა თუ შეთანხმება არ მოხდა, როგორც წაიკითხავდით კანონში არის ორი წელიწადი. აქ კი ორი წელიწადი კი არა 8-8 წელიწადი იყო. მაშასადამე თუ შეთანხმება არ მოხდებოდა, სრულებით არ მისცემდა მრეწველთა საბჭო, ასეთი გასაჩივრების უფლება არ ჰქონდა. აი ასეთი იყო მთავარი მოტივი მუშათა დეპუტატების მოქმედებისა როდესაც მოითხოვა და ბოლოს გაიყვანა კოტე წერეთლის დათხოვნა ამ ადგილიდან და მის მაგიერ თავის კანდიდატის დაყენება. მაგრამ ამ პროცესში, ამ მიწერ-მოწერაში საზოგადოდ ამ პროცესში, ამ ბრალდების გარდა წარმომდგარი არ ის სხვაგვარი ბრალდებებიც. ალბად ყველა თქვენგანმა კარგად იცის, რომ რევოლიუციის შემდეგ რევოლიუციონური ორგანოების მიერ გამსხვავებულნი დაჩაგრულნი გამოუდგნენ და პასუხი აგებიოს ყველა დამჩაგვრელთ და სხვათაშორის ამა თუ იმ ადგილზე გამოკვლეულ მექრთამეებსაც.

პასუხს აგებს ყველა დამჩაგვრელები და სხვათაშორის, ამა თუ იმ ადგილიდან გამოგდებული მექრთამეები. ეს მოვლენა საყოველთაო არის ჩვენში, და ალბად ყველა თქვენგანმა იცის, რომ ბევრ მექრთამეებს ყველა ქალაქში, ძველ პოლიციელებისაგან დაწყებული, უბრალო მოსამსახურე იყო ის, მსახურებდა მთავრობაში თუ საზოგადოებრივ დაწესებულებაში, ყველას დასჭირდა პასუხისგება. ალბათ ბევრი მაგალითი გეცოდინებათ, რომ ბევრმა დაუბრუნა უკან წინად აღებული ქრთამი. ეს მოხდა ჭიათურაშიაც. ჭიათურაში განსაკუთრებით ამ მხრივ საქმე კარგად ჰქონდა მექრთამეებს და არცერთ ქალაქს არ ჩამოუვარდებოდა ჭიათურა. როგორც იცით ომის დროს ჭიათურა იყო აღიარებული თავდაცვის მრეწველობათ, და როგორც ასეთი, იქ მომუშავე მუშა ომში აღარ მიდიოდა. აღმოჩნდა რევოლიუციის შემდეგ, რომ ჭიათურაში, სადაც, იმ ჟამად მუშაობდნენ რუსეთის ქარხნები რომ ჭიათურა იტანდა იმ წარმოებისათვის, რომელიც რუსეთის წარმოებას სჭირდებოდა, 2000 მუშას, ჭიათურის სახელით კი განთავისუფლებული იყო 7.000 მუშა. 2.000 რომელნიც მართლა მუშაობდნენ, და დანარჩენი კი სხვა ქვეყნის, და ჯურის ვაჭრები, სპეკულიანტები და სხვა და სხვა ხალხის. იყო ისეთი შემთხვევა, რომ ოდესის ურიები იყვნენ ჭიათურის მუშათა სიაში შეტანილნი, და განთავისუფლებულნი. ყველა ამაში რასაკვირველია ბლომად აღებული იყო ფული. და ამ მექრთამეობის პროცესში, და ბოლოს როცა რევოლიუცია მოხდა, ბრალი დაედო არა მარტო პოლიციელებს, არამედ მრეწველებსაც და მრეწველთა მოსამსახურეებსაც, უმთავრესად ასეთი საჩივრები იყო კოტე წერეთლის წინააღმდეგაც, ვინაიდან როგორც აგენტისა ამ მრეწველთა საბჭოსი, მისი ხელის მოწერაც იყო საჭირო რადგანაც უნდა შეემოწმებინა რომ ესა თუ ის პირი არის მუშა ამა თუ იმ მრეწველისა. მაგრამ, უმთავრესად ამ მექრთამეობის შესახებ მის წინააღმდეგ საჩივარი შემოვიდა დაშავებულ მუშებისაგან, და მათ ოჯახებისაგან, რომ მან ქრთამი გამოართვა, და საქმე ისე არ გაუკეთა, უნდა გაეკეთებინა და არ შეასრულა. ერთი ასეთი შემთხვევა იყო სხვათაშორის. მუშამ მიქაუთაძემ შემოიტანა მუშათა საბჭოში საჩივარი, რომ წერეთელმა გამოართვა მას 40 მანეთი, და უნდა გაეკეთებინა შემდეგი: მიქაუთაძეს საქმე, როგორც დაშავებული მუშისა, შეთანხმებით გათავებული იყო, და დანიშნული ჰქონდა თვიური პენსია. მიქაუთაძეს ნდომია, რომ ეს პენსია მიეღო ერთად, ერთ დროულად ასეთი წესი წინად არსებობდა ის მუშა, რომელსაც უნდოდა რომ ერთდროულად მიეღო 10 წლის პენსია, უნდა 10 გაემრავლებინა და ისე მიეღო. და მით საქმე გათავებული ჰქონდა მრეწველთა საბჭოსთან. მაგრამ, ომის დროს, ასეთი წესი აღარ სწარმოებდა, რადგანაც მრეწველთა საბჭოს კასაში ფული აღარ ჰქოდა, დროებით გაძნელებული იყო მაშასადამე, მუშებისთვის მიღება პენსიისა. და აი, მიქაუთაძეს როგორც ის ამბობს, უთხოვნია აგენტ წერეთლისთვის ამ საქმის მოხერხება, და ამ საქმის მოსახერხებლად როგორც მიქაუთაძე ამბობს, წერეთელმა გამოართვა მას 40 მანეთი, მაგრამ მაგრამ ეს საქმე ვერ გააკეთა, და უკან კი ეს ფული აღარ დაუბრუნა მიქაუთაძეს.

მიქაუტაძის თხოვნა საბჭომ გაარჩია და მის თხოვნაზე დააწერა გაეგზავნოს წერილი კოტე წერეთელს და მოეთხოვოს მას ფული.

საზოგადოდ წესი იყო ასეთი: ამნაირი საჩივრის დროს, მისწერდნენ წერილს და თუ ფულის დაბრუნების მაგივრად, განაცხადებს უარს, ეს ტყუილიაო მაშინ დაინიშნებოდა რაიმე გამოძიება. უმთავრეს შემთხვევაში კი ფულს აძლევენ ის პირები რომელსაც უჩივოდნენ. განსაკუთრებით, ძველ კანცელარიაში დამსახურებისაგან. დაახლოვებით, 20.000 მანეთი დაურიგდა ამნაირად დაზარალებულთ. ამ ნიადაგზე ზოგიერთ მრეწველების ამნაირი წესი როგორც თვით ისინი იქცეოდნენ, შეუთვისებია მუშათა საბჭოს წევრს, კოტე წერეთელს და მდივანმა მუშათა საბჭოს ხარატიშვილმა მისწერა ასეთი წერილი კოტე წერეთელს, თანახმად იმ რეზოლიუციისა, რომელიც იყო.

როდესაც ეს მოწერილობა ხარატიშვილისა მიიღო კოტე წერეთელმა მისგან არავითარი პასუხი არ მოსულა, მხოლოდ ხანმა განვლო, და მუშათა საბჭოში, როდესაც იქ კრება არ იყო და მხოლოდ მორიგი წევრი საბჭოში უნდა ყოფილიყო, მოსულა მიქაუთაძე, და მადლობა გაუხდია მუშათა საბჭოსათვის, ვინაიდან მათმა მიწერილობამ გასჭრა, და წერეთელმა მიღებულ ქრთამის 1 1/2 , უკვე დაუბრუნა და მეორე 1/2 -საც ამ დღეებში მისცემს, თუმცა სამაგიეროს გადახდას დაჰპირებია.

ეს განცხადება მორიგმა წევრმა, მუშათა საბჭოს მორიგმა წევრმა ჩაიწერა, და იქ შემთხვევით ყოფილმა წევრმა ხელი მოაწერა. საბუთი ასეთი გახლავთ. (კითხულობს).

ხელს აწერს: (კითხულობს). ეს უკანასკნელი მხოლოდ ის მორიგი წევრია რომელზედაც მე მოგახსენეთ, ყველა დანარჩენი წევრი მუშათა საბჭოში თავ-თავისის საქმეზე წასული იყვნენ. როგორც ვხედავ, აქ მუშებს ექცეოდნენ ისე როგორც საზოგადოდ ექცეოდნენ იმ დროს მუშათა საბჭოები. და ხარატიშვილი მდივანი ამ საბჭოსი, ასრულებდა ამ საბჭოს დავალებას. მაგრამ თუმცა მაშინ ამას ყველა ჩვეულებრივად სცნობდა, და ამის წინააღმდეგ არაფერი უთქვამს არც კოტე წერეთელს, გავიდა დრო იცვალა და იფიქრა მან რომ ეხლა საქმე შეიძლება სხვაიაირად დავიწყოთ. და აი წარსულ, მკვდარ თვეში მუშათა საბჭოს მდივანს ხარატიშვილს მოსდის ადგილობრივ მოსამართლის მიერ, მომრიგებელ მოსამართლის მიერ უწყება, რომ ის ხარატიშვილი, უნდა მივიდეს სასამართლოში და პასუხი აგოს კოტე წერეთლის ცილისწამებისათვის.

მუშათა საბჭომ როდესაც ეს გაიგო, შეიკრიბა 15 ივნის, მოისმინა მოხსენება ამ საქმის შესახებ, და შემდეგი დაადგინა (კითხულობს). საქმის გარჩევის დროს, მუშათა დეპუტატთა საბჭოს თავმჯდომარეს, როგორც ასეთს, მას დავალებული ჰქონდა, და ის ცხადდება სასამართლოში ამ ამონაწერით ხელში, მოსამართლე დაიბარებს მხოლოდ ამ წერილს, მას განმარტებას არ ართმევს, და გამოაქვს განაჩენი რომელშიაც უყურადღებოდ სტოვებს მუშათა საბჭოს დადგენილებას, დამნაშავეთ სცნობს ხარატიშვილს ისე, როგორც სთხოვს ამას მომჩივარე კოტე წერეთელი, და მიუსჯის მას 4 თვით ციხეს, დაუსწრობლად განაჩენით. კოტე წერეთელი თავის თხოვნაში, როდესაც ხარატიშვილს უჩივის, პირდაპირ ამბობს - დაისაჯოს ხარატიშვილი როგორც ისიდორე ხარატიშვილი, და როგორც წევრი მუშათა დეპუტატთა საბჭოს პრეზიდიუმისა. სხვანაირად, მას არც შეეძლო მოქცეულიყო, ვინაიდან ამ ქაღალდზედ ის აწერდა ხელს საბჭოს დადგენილებით, და როგორც მდივანი საბჭოსი. მაშასადამე, თუ მას მოსამართლე როგორც ასეთს არ დასჯიდა, სულ არ უნდა დაესაჯა. მიუხედავად მუშათა საბჭოს დადგენილებისა, და მიუხედავად იმ ტრადიციისა რომელიც თან ახლავს თანამედროვე წესწყობილებას, მოსამართლემ აიღო, და განაჩენი გამოიტანა ხარატიშვილის წინააღმდეგ. ჩვენ ვფიქრობთ, სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია ფიქრობს, რომ ეს არის გასამართლება არა ხარატიშვილისა, არამედ ჭიათურის მუშათა საბჭოსი, როგორც რევოლიუციონურ ორგანიზაციისა, და აქედან შეიძლება კიდევ შემდეგი დასკვნა გაეკეთებინოთ.

ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეუფერებელი განაჩენია, და ვეკითხებით მთავრობას - რას ფიქრობს ამ მოვლენაზე, და როგორი არის მისი მოსაზრებები, როგორც კონკრეტიულად ამ განაჩენის შესახებ, ისევე ასეთ საქმეების შესახებ საერთოდ.

თავმჯდომარე. თანახმად მიღებულ დადგენილებისა, სხდომა გაგრძელებულიყო 4 ს. ვინაიდან იუსტიციის მინისტრის წინადადებისა თქვენ შესცვალეთ რიგი საკითხებისა, რომ მთავრობამ სთქვას თავისი პასუხი, შეიძლება პლენუმმა საჭიროდ დაინახოს რომ მოისმინოს იუსტიციის მინისტრის სიტყვა (?) ვის სურს ამის შესახებ სიტყვა? სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ფირცხალაიშვილს.

ფირცხალაიშვილი. სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის სახელით წინადადება შემომაქვს კრება გავაგრძელოთ, და იუსტიციის მინისტრს მოუსმინოთ, და შემდეგ შეიძლება კითხვა დასმული იყოს სხდომის შეწყვეტაზე.

მესხიშვილი. მე წინადადება შემომაქვს, - ეს ისეთი კითხვა არის ბატონებო, რაკი დავიწყეთ, დავამთავროთ. ერთნაირი შთაბეჭდილება შეიქმნა, უნდა ბოლომდის ამოვწუროთ დღეს ეს საკითხი, თუნდაც 7 საათამდის მოგვიხდეს. საკითხი მეტის მეტად რთულია, მეტის მეტად სერიოზული. მოხსენებამ ერთგვარი შთაბეჭდილება მოახდინა, და ამ მოხსენების, და ჩვენ პასუხის შორის დიდი ინტერვალი იქნება. ამიტომ, მე პირადად შემომაქვს წინადადება მოუსმინოთ იუსტიციის მინისტრს, და ეს კითხვა ბოლომდის ამოვწუროთ დღესვე.

თავმჯდომარე. მაშასადამე ორი წინადადება გახლავთ - ერთი სოციალ- დემოკრატიული ფრაქციისა მოვისმინოთ მხოლოდ იუსტიციის მინისტრის სიტყვა, მეორე - ფედერალისტების წინადადება - გაგრძელდეს სხდომა. (კენჭის ყრით პირველი წინადადება მიღებულია).

იუსტიციის მინისტრი . . გეგეჭკორი. მოქალაქენო, მე ძალიან კარგად ვგრძნობ, რომ თქვენი ყურადღება მეტად მოღლილია, მაგრამ, მაინც მოვითხოვ თქვენ ყურადღებას ამ საკითხისადმი, და ჩემ სიტყვისადმი, მითუმეტეს, რომ ვეცდები, დიდხანს არ შევაჩერო თქვენი ყურადღება ამ საკითხზედ, და მხოლოდ ისეთ მომენტზე უნდა შევაჩერო თქვენი ყურადღება, რომელიც ჩემის აზრით, ჩემი შეხედულებით აუცილებლად საჭირო არის საქმის განმარტებისთვის.

ორ აპრილს ამ წლისას წერეთელმა უჩივლა რასაც და საფუძვლად ამ საჩივრისა მან მოიყვანა ერთი დოკუმენტი, რომელიც იყო გამოსული მუშათა საბჭოს კანცელარიიდან, 5 მაის 17 წლის თარიღით, სადაც იყო ნათქვამი, რომ წერეთელმა აიღო მუშა მიქაუტიძისაგან 40 მანეთი ქრთამათ და არ შეასრულა ის დაპირება რომლისათვის ეს ფული იყო წართმეული, და აქვე მოითხოვს ამ თხოვნაში, ხარატიშვილი ყოფილიყო მიცემული პასუხისგებაში, როგორც ხარატიშვილი, პერსონალურად, და აგრეთვე, როგორც ჭიათურის მუშათა საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. ასეთი გახლდა თხოვნა დასაწყისი ამ საქმისა. ეხლა მე მინდა დასასრული ამ საქმისა მოგახსენოთ, რადგანაც სწორედ ფორმალური თვალსაზრისით ამ ორ მომენტს უმთავრესი მნიშვნელობა აქვს. ეს გახლავთ განაჩენი. 18-ტს მოსამართლემ განიხილა ეს საქმე, მიიღო სხვა და სხვა საბუთები მხედველობაში, და დაადგინა, რომ ხარატიშვილი იქნება ცნობილი დამნაშავეთ, როგორც ხარატიშვილი, და აქვე აღინიშნა, და ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ არავითარი კავშირი ამ საქმესთან მუშათა დეპუტატების საბჭოს არა აქვს. პირიქით, მუშათა დეპუტატების საბჭო როგორც ისეთი ორგანიზაცია, რომელიც რევოლიუციის ხანაში განსაკუთრებულ როლს თამაშობდა, ის იყო წესიერების და კანონიერების დამყარებელი, და ეს თავის თავად ცხადია, ისეთი დანაშაულია რომელიც თვით ხარატიშვილმა ჩაიდინა, როგორც ხარატიშვილმა და არ ჩაუდენია, როგორც მუშათა საბჭოს პრეზიდიუმის წევრს. და ეს მართლადაც არის. მე ამას ჩემი სიტყვებით გადმოგცემთ, რადგანაც აზრი ამ დადგენილების უკანასკნელ მუხლისა ისეთი გახლავთ.

აქ, ამ საქმეში ორი მუხლი არის - ერთი ფორმალური და მეორე არსებითი, პოლიტიკური. მე ჩემის აზრით, როგორც იუსტიციის მინისტრი თავდაპირველად, უნდა შევხედო ამ საქმეს ფორმალურად, ესე იგი როდესაც მე მეკითხება სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია და მისი დავალებით სამი ინტერპელანტი, - იცის თუ არა მთავრობამ, რომ 18-ს სასამართლომ გაარჩია ეს საქმე, და მოსამართლემ ჩაიდინა დანაშაული, რა ზომებს ღებულობს, რომ ეს დანაშაული იქნეს მოშლილი, ცხოვრებიდან აღკვეთილი, და დაასკვნის, რა ზომები იქნება მთავრობის მიერ მიღებული საზოგადოდ, რომ ასეთ პროცესებს ადგილი არ ჰქონდეს.

აი რადგანაც მე მეკითხებიან, მე უნდა მოგახსენოთ თავიდანვე არსებულ ნორმების მიხედვით, ესე იგი, თუ კი ვხელმძღვანელობთ იმ კანონით, რომელიც არსებობს, მე უნდა მოგახსენოთ, რომ აქ, ფორმალურად არავითარი დანაშაული არ არის ჩადენილი. პირიქით მოგახსენებთ, სწორედ იმ დადგენილებაში რომელიც წავიკითხეთ, თუ გინდათ იმ მხრივ არის დანაშაული ჩადენილი, რა მხრივადაც მას ბრალს ზდებს ეს ინტერპალაცია, და ეს შეკითხვა.

როდესაც მოსამართლე ლაპარაკობს, რომ მე ამ შემთხვევაში პასუხისგებაში არ მინდა, და ვერც მივცემ საბჭოს, მუშათა საბჭოს, რადგანაც ის ასეთია, ამ ნაირია, და ამ ნაირია, - მაშინ, როდესაც თქვენ იცით, რომ ჩვენ კანონის მიხედვით საბჭო როგორც ორგანიზაცია, ლეგალურად მომქმედი არ არის. ისე რომ, ამ შემთხვევაში, მოსამართლეს ის შელამაზებაც კი რომელიც აქ მას მოუყვანია, სრულებით არ სჭირია.

მე არსებითად არ ვეხები, რადგანაც მე ამ შემთხვევაში ვდგევარ კანონიერ ნიადაგზე, როგორც იუსტიციის მინისტრი. მე ვლაპარაკობ, რომ არსებითად, რასაკვირველია, სასამართლოს საქმეში ვერ შევერევი. მე მხოლოდ მაინტერესებს პროცესიალური მხარე, როგორც ზედამხედველს. მე მოგახსენეთ, რომ თუ ფორმალურად ამ საქმეს განსჯით მაშინ უნდა ვთქვა, რომ გლახა შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე, როგორც კანონიერების დამცველზე, სწორედ ეს მხარე. (ხმა: რევერანსი) იმ მოტივაციისა მოსამართლისა, სადაც ის ლაპარაკობს, რომ ეს ესა ფორმალურად ეს ესე გახლავთ, მაგრამ, ამ საქმეს დიდი უაღრესი პოლიტიკური მხარე აქვს, და რომ ეს ესე არის, სხვათაშორის ამას მოწმობს თვით მოსამართლეს განაჩენი.

მართლაც თუ დავემყარებით მხოლოდ არსებულ კანონს, და ამ კანონის მიხედვით განისჯება ყველა ის, რაც იყო ჩადენილი 17 წლიდან დღემდე, მაშინ უნდა მოგახსენოთ, რომ თქვენ ჯვარი უნდა დასვათ თქვენ სახელმწიფოებრივ მოღვაწეობაზედ, და ყოველნაირი აღმშენებლობითი მუშაობაზე და მოქმედებაზე ხელი უნდა აიღოთ, და უნდა შექმნათ ერთი დიდი სასამართლო მონსტრი, და ყველა ეს საქმეები სასამართლოში უნდა გადასცეთ. მე არ ვიცი როგორ გრძნობენ თავს ის პატივცემულნი წევრნი დამფუძნებელ კრებისა, რომელნიც მემარჯვენე სეკტორზე სხედან, (კედია: ჩვენ წესიერების მომხრენი ვართ).

მაგრამ, ყოველ შემთხვევაში 9/10, 99%25 ამ პატივცემულ აუდიტორიისა ძალიან გლახად იგრძნობს თავს, და თავდაპირველად მე თითონ, რადგანაც 17 წელს 8 თვის განმავლობაში მე გახლდით სხვათაშორის, თავმჯდომარეთ მთელ კავკასიის საბჭოებისა, და ამ 8 თვის განმავლობაში იმდენი უსამართლობა ჩაგვიდენია ჩვენ კანონების მიხედვით, რომ რამდენიმე ათი წელი უნდა არსებულმა სასამართლომ, დღევანდელ კანონის მიხედვით, უნდა მიგვისაჯოს ყველა ჩვენგანს, და თავდაპირველად მე. მეორე კითხვა არის. და აქ, რასაკვირველია, სწორედ ჩვენ ერთმანეთს დავშორდებით. ჩვენ ვიცავთ წესიერებას, რამდენადაც ჩვენ ხალხისთვის? რევოლიუციისთვის, და სწორედ იმ სახელმწიფოსთვის რომელსაც ყველა თქვენგანი ემსახურება, ეს აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს. ეს ორ კითხვას წერმოადგენს, და მე მგონია, ამ შემთხვევაში, შეიძლება ჩვენ საერთო ენა გამოვნახოთ, იმიტომ, რომ მართლაც არსებულ კანონით რუსეთის კანონით როგორც იტყვიან გვესარგებლა, მე თქვენ გარწმუნებთ, რომ თავიდანვე, პირველ უაღრეს უკანონობას შეადგენდა რევოლიუცია, მომხდარი პეტროგრადში, და გავრცელებული აქ, და მერე, ყველა ის ზომები, რომელიც ჩვენ კონტრ-რევოლიუციის, ჩვენ ხალხის თავისუფლების მოწინააღმდეგის წინააღმდეგ - ტავტოლოგიურად, რომ ვსთქვათ, იყო მიღებული.

ისე, რომ უნიადაგო, სწორედ უსიცოცხლო პოზიცია იქნებოდა, რომ ვსთქვათ, რომ არსებობს კანონი და ეს კანონი უნდა იქნეს სისრულეში მოყვანილი. ესე აბსოლიუტურად ამ მდგომარეობის წარმოდგენა, მე არ ვფიქრობ, რომ ან სამართლიანობის, ან ცხოვრების მოთხოვნილებას შეესაბამებოდეს. აქ, რასაკვირველია, კორექტივები არის საჭირო, და კორექტივებზე მოგახსენებთ. ყოვლად დაუშვებელია, რომ ჩვენ გავხადოთ საგნად სასამართლოს განსჯისა, და პროცესებისა, მთელი პოლიტიკური, რევოლიუციონური შინაარსი ჩვენ საბჭოების მოქმედებისა. ეს ყოვლად დაუშვებელი იქნება, ფაქტიურად თუ რასაკვირველია კანონიერადაც, რამდენადაც ჩვენ კანონზე ასეთ მაღალ წარმოდგენისა ვართ, რომ კანონი უნდა შეესაბამებოდეს დღევანდელ ცხოვრების ვითარებას, ის უნდა იყოს გამომხატველი დღევანდელ ურთიერთობისა. და რასაკვირველია, ამისდამიხედვით, ჩვენ ამ საბჭოებს იმ რევოლიუციონურ მოღვაწეობისთვის, რომელიც მათ აწარმოეს, არამც თუ პასუხისგებაში ვერ მივცემთ, პირიქით, ჩვენ უნდა ვსთქვათ, რომ ეს ყველა ჩაწერილია მათ რევოლიუციის ნამსახურ სიაში, და ისტორია რასაკვირველია, ერთ დროს, მე მგონია დიდ საპატიო მსჯავრს დაუდებს მას ამ მოღვაწეობისათვის. ამითი რასაკვირველია, მე არ უნდა ვთქვათ ის, რომ ყოველნაირი საქმეები ამ საბჭოისა უნდა იყოს თავმოცილი იმუნიტეტი, უპასუხისმგებლობით. (ნიკოლაძე: მთელი საქმეც ამაში არის) დიახ სწორედ მე მინდა ეს საქმე ასე არ იყოს გაგებული. ყველა საქმე, როდესაც მათ დაედება ნიშანი, ვსთქვათ, ნივთიერ ბოროტებისა, მაგალითად ფულის გაფლანგვისა, ქრთამის აღებისა, და სხვა ასეთები, თავის თავად ცხადია, რომ ის უნდა იყოს მართლაც გაშუქებული, და თავიდანვე უნდა ვსთქვათ, და დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ თვით საბჭოების მოღვაწეები მოითხოვენ ამას, და ასეთ მსჯავრს, ასეთ სასამართლოს არასოდეს ისინი გვერდს არ აუხვევენ.

რაც შეეხება ეხლა ისეთ საქმეებს, როდესაც პირადი შეურაცხობა არის მიყენებული, აქაც მე მგონია, ერთნაირად ამ საკითხს ვერ გადავწყვეტთ, და მაგალითს მოგიყვანთ ისეთს რომელიც ნათლად დაგანახებთ თქვენ, რომ ამ კითხვას ერთხელ ჩამოყალიბებულ გზით გადაჭრა, დიდ სიძნელეს წარმოადგენს. ფაკტიურ მასალას მოგიყვანთ: სხვათაშორის აქ, თბილისში იყო დატუსაღებული ერთი ცნობილი გენერალი, გვარს არ დავასახელებ რომელმაც სახელი გაითქვა აჭარას პროცესში. ის იყო დატუსაღებული როგორც აშკარა კონტრ-რევოლიუციონერი როგორც მოსამართლე, რომელმაც გადალახა, დაამახინჯა თავისი დანიშნულება, და სასამართლო გახადა ისეთ აპარატათ, უკაცრავად ვარ, ამდენ ხანს ვაჩერებ თქვენ ყურადღებას, მაგრამ ეხლავ გავათავებ, სასამართლო გახადა ასეთ აპარატათ, ისეთ დაწესებულებათ რომელმაც გათელა ფეხქვეშ ყოველი კანონიერება, ის იყო დატუსაღებული ამ საქმის გამო 17 წელს. თავის თავად ცხადია, რომ აქ ჩვენ მას უწოდებთ კონტრ-რევოლიუციონერი და მასთან ერთად კადეტიც და ისეთ აგენთად რომელიც ისეთ ბოროტად მოიხმარა თავის უფლება არსებულ კანონის მიხედვით. ის მართალი იქნებოდა, თუ კი დამტუსაღებელთ უჩიოდა ცილის წამებას, რადგანაც აქ, ამ შეთხვევაში არავითარი ობიეკტიური, გარდა იმისა, რომ როგორც მოსამართლე სჯიდა საქმეს და თავის უფლებით ისარგებლა, არავითარი სხვა დანაშაული სხვა არ ჩაუდენია. მაგრამ მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში თქვენ ასეთ თავისუფალ ინტერპრეტაციას და ამ ჩვენ დებულებას ვერ გაუკეთებთ, და აქაც რასაკვირველია, ღირსეულად უნდა იყოს საქმე წარმოებული. ამიტომ მე მგონია, მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც დაინახა, რომ რომელიმე საბჭო ან მისი წარმომადგენელი მოქმედებს, რომ ის ხელმძღვანელობს პირად ანგარიშებით, პირად შეხედულებით, მე მგონია რომ მართლაც ასეთი საბჭო, და ასეთი საბჭოს წევრი პასუხს უნდა აგებდეს სასამართლოს წინაშე. და მე აშკარად უნდა მოგახსენოთ რომ ამ შემთხვევაში აქ არავითარი საბუთი იმისა, რომ ხარატიშვილი გამოდის როგორც ხარატიშვილი და არა საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, არავითარი ამის დამამტკიცებელი საბუთი არ არის, კეთილ სინდისიერად უნდა აღვნიშნო ეს. ამნაირად არის ეს საკითხი.

ყოველ შემთხვევაში უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ სასამართლოს, და იუსტიციის სამინისტროს მხოლოდ მაშინ შეუძლიან ამ სახით იაროს, რომელიც მე აქ განვმარტე, როდესაც დამფუძნებელი კრება მოგვცემს ამნაირ დირეკტივებს, მოგვცემს ან განმარტებას, ან კანონს რომელითაც ჩვენი მოსამართლე შემდეგში ისარგებლებს, სანამ ეს კანონი არ არსებობს, სანამ ეს განმარტება თქვენ არ მოგიციათ, თავის თავად ცხადია, რომ ჩვენ მოსამართლეს ვერ მოვთხოვთ, რომ ის ამ შემთხვევაში დადგეს კანონზე მაღლა, და ამ შემთხვევაში თავისი შემოქმედებით ისარგებლოს.

ასეთი გახლავთ, მოკლედ ამ საქმის ვითარება პოლიტიკური, და ფორმალური. და მე შემიძლიან თქვენს წინაშე ვაღიარო, რომ საქმის ვითარება გადმოვეცით ობიეკტიურად, და ერთად ერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის, რომ დამფუძნებელმა, კრებამ დაადგინოს, რომ ესა თუ ის კატეგორიის საქმეები და მოქმედებანი საბჭოებისა არ უნდა და არც შეიძლება გახდეს საგნად პროცესისა.

როდესაც ასეთი დადგენილება იქნება, მე მგონია რომ მაშინ ასეთი საქმეებიც თავის თავად მოწყდება.

რაც შეეხება მოსამართლეს, პატივცემულო ვალერიან ჯუღელო, თქვენ კარგად იცით. ეს მოსამართლე გახლავთ არა ჩემ მიერ დანიშნული, არამედ თქვენ მიერ, დემოკრატიის მიერ ნდობით აღჭურვილი და თქვენ მიერ არჩეული. თავის თავად ცხადია, რომ თვით ის წრეები, რომლის ნდობით ისინი დღემდინ საქართველოში სარგებლობდნენ, - თუ კი ეს მოსამართლე დაჰკარგავს ნდობას თითონვე დაინახავს როგორ უნდა იმოქმედოს. მხოლოდ იუსტიციის სამინისტრო ვერც კანონით, ვერც პოლიტიკურად ვერავითარ რეპრესიულ ზონებს, ვერ მიმართავს და არც მიმართავს.

თავმჯდომარე. სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია იძლევა წინადადებას დაინიშნოს შემდეგი სხდომა ხუთშაბათს. მეორე წინადადება ეროვნულ-დემოკრატებისა, - სხდომა დანიშნული იყოს ხვალ. კენჭს უყრი პირველ წინადადებას. ვინ არის წინააღმდეგი? კრება დანიშნულია ხუთშაბათისთვის.

გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი სხდომის დღიური წესრიგი.

შემდეგი სხდომის დღიურ წესრიგისთვის სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს კედიას.

სპირიდონ კედია (ნ.-დ.) მე ვითხოვ, ბატონებო რომ შემდეგი სხდომის დღიურ წესრიგში, როდესაც გათავებული იქნება დღევანდელი შეკითხვა, ჩემ მიერ შემოტანილი შეკითხვა იყოს მოქცეული. თქვენ კარგად მოგეხსენებად ხანგრძლივი ბედი ჩემ მიერ შემოტანილი შეკითხვისა და მგონია, რომ სამართალი მოითხოვს ეს შეკითხვა გადაუდებლად განხილული იყოს მომავალ სხდომაზე, მე საჭიროდ მიმაჩნია ეს განვაცხადო.

თავმჯდომარე. უნდა მოგახსენოთ, რომ ორი შეკითხვა თავის თავად შედის მომავალ სხდომის წესრიგში. კრებას 3 ს. ვხურავ.

3 ორმოცდამესამე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

ხუთშაბათი, 1919 წელი, ივლისის 31. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უმფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი

ქრისტინე შარაშიძის ასული.

პრეზიდიუმში არიან:

სვიმონ მდივანი,

კონსტანტინე ჯაფარიძე.

სხდომა იწყება დღის 12 საათზე.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. დღის წესრიგის წინ მოგხსენდებათ დეპეშა გაგრის თვითმმართველობისაგან. გთხოვთ წაიკითხოთ.

მდივანი. (კითხულობს).

თავმჯდომარე. გთხოვთ მოისმინოთ დღიური წესრიგი.

მდივანი. (კითხულობს).

კომისიაში გადასაცემ საკანონმდებლო აქტების სია.

1. გზათა მინისტრის პროექტი დეკრეტისა სახაზინო რკინის გზების საექიმო-სასანიტარო და საეკლესიო ნაწილებზედ გაწეულ ხარჯის დასაფარავად კრედიტის გახსნის შესახებ - გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

2. იუსტიციის მინისტრის პროექტი დეკრეტისა - სამომრიგებლო ინსტიტუტის შესანახად 1919 წ. ივნისიდან 12.848.608 მ. გადადების შესახებ - გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

3. იუსტიციის მინისტრის პროექტი დეკრეტისა - სასამართლოს გამომძიებელთა ინსტიტუტის წლიურ შესანახად 1919 წ. ივნისის 1-დან 2.849.700 მან.

4. იუსტიციის მინისტრის კანონპროექტი - 1915 წ. თებერვლის 2-ს კანონის (გერმანელთათვის, ავსტრია-ჰუნგრელთათვის და ოსმალთათვის უძრავი საკუთრების შეძენის აკრძალვა) გაუქმების შესახებ - გადაეცეს იურიდიულ კომისიას.

5. შინაგან საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - ერობათათვის ათი მილ. მან. სესხის მიცემის შესახებ - გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

6. შინაგან საქმეთა მინისტრის კანონპროექტი - აფთიაქებში გავრცელებულ ბოროტ-მოქმედების საწინააღმდეგო ზომების მიღებისა - გადაეცეს იურიდიულ კომისიას.

7. მიწადმოქმედებეს მინისტრის პროექტი დეკრეტისა - ტყავეულობის გასაკეთებელ მასალის დამზადება შეძენის მონოპოლიის გამოცხადების შესახებ -გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

8. შრომის მინისტრის პროექტი დეკრეტისა - რესპუბლიკის სამოქალაქო უწყებათა სახელმწიფო მუშა-მოსამსახურეთა ჯამაგირის მომატების შესახებ - გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

9. გზათა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - გზათა უწყების მუშა-მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატების შესახებ - გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

10. დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის პროექტი დეკრეტისა - დამფუძნებელი კრების კანცელარიის მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატების შესახებ - გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

11. დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის პროექტი დეკრეტისა - პრეზიდიუმის განკარგულებაში 150.000 მან. გადადების შესახებ - გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

12. შინაგან საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - ხოლერის ეპიდემიასთან საბრძოლველად 300.000 მან. კრედიტის გახსნის შესახებ - გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

13. შინაგან საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - სამხედრო მოქმედებით გამოწვეულ ბორჩალოს მაზრის მცხოვრებთა ზარალის ასანაზღაურებლად 276.000 მან. გადადებისა - გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

14. შინაგან საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - საფოსტო ამანათების ნიხრის გადიდების შესახებ - გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

15. მიწადმოქმედების მინისტრის პროექტი - მიწადმოქმედების სამინისტროს კანცელარიის შტატისა და ხარჯთაღრიცხვისა - გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

16. იუსტიციის მინისტრის პროექტი - სამინისტროების დეპარტამენტების დაარსების შესახებ - გადაეცეს იურიდიულ კომისიას.

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი - საქციზო და საპატენტო გადასახადის გადიდების კანონისა.

2. საბოლოო ტექსტი - სამხედრო ბეგარისა და შეიარაღებულ ძალთა შევსების კანონისა.

3. საბოლოო ტექსტი - სამხედრო პირთა ხარისხების შესახებ დებულების შეცვლის კანონისა.

4. საბოლოო ტექსტი - ოფიცრების, სამხედრო მოხელეების და ჯარისკაცების ახალ ჯამაგირის კანონისა.

5. საბოლოო ტექსტი - ოფიცერთა და ჯარისკაცთა ტანისამოსის ფორმის კანონისა.

6. საბოლოო ტექსტი - სამხედრო მფრინავთა ჰაერში ფრენისათვის გასამრჯელოს მიცემის კანონისა.

7. საბოლოო ტექსტი - შეიარაღებულ ძალთა რეორგანიზაციის კანონისა.

8. საბოლოო ტექსტი - ტფილისის საოსტატო ინსტიტუტის გაუქმებისა და სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპედაგოგიო ინსტიტუტის დაარსების დეკრეტისა.

9. საბოლოო ტექსტი - ბინებისა და სხვა სადგომებისათვის 1917 წ. აგვისტოს 5-ს გამოცემულ კანონის განგრძობის დეკრეტისა.

10. საბოლოო ტექსტი - ტფილისის სატეხნიკო სკოლის - საშუალო საპოლიტეხნიკო შკოლად გადაკეთების დეკრეტისა.

11. საბოლოო ტექსტი - სახელმწიფო ხაზინიდან 290.089 მან. და 25 კაპ. გაღების დეკრეტისა რკინის გზაზე შავ სახადთან ბრძოლის დროს გაწეულ ხარჯის დასაფარავად.

12. საბოლოო ტექსტი - შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებაში 87.650 მან. კრედიტის გახსნის დეკრეტისა - გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ საჭიროებისათვის.

13. საბოლოო ტექსტი - დამფუძნებელი კრების კანცელარიის სტამბის საჭიროებისათვის ყოველთვიურად 37.250 მან. გადადების დეკრეტისა.

14. საბოლოო ტექსტი - ადგილობრივ თვითმმართველობათა სასარგებლოდ დაწესებული საფუთო გადასახადისათვის მომქმედ კანონმდებლობათა შეცვლისა და შევსების დეკრეტისა.

15. დეკრეტი - სამხედრო საჭიროებისათვის 15 მილ. მან. გადადებისა.

16. დეკრეტი - კავკასიის მუზეუმის რეორგანიზაციისა.

17. დეკრეტი - იუსტიციის მინისტრის განკარგულებაში 3.233.888 მან. გაღებისა 1919 წ. ივნისის 1- დე საპყრობილეთა საჭიროებისათვის გაწეულ ხარჯის დასაფარავად.

18. დეკრეტი - იუსტიციის მინისტრის განკარგულებაში ყოველთვიურად დამატებით 356.250 მ. გადადების შესახებ ჯანსაღ პატიმართა შესანახად და 123.875 მ. ავადმყოფ პატიმართა სამკურნალოდ და შესანახად.

19. დეკრეტი - 500.000 მან. გაღებისა ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელ საზოგადოების მთავარ გამგეობისათვის სესხად მისაცემად.

20. დეკრეტი - სამაზრო მილიციაში მოსამსახურეთა ჯამაგირის გადიდებისა.

21. დეკრეტი - სამხედრო ბეგარის აუსრულებლობისათვის და ამ დანაშაულობისთვის, დაფარვისა და წაქეზებისათვის დასჯისა.

22. დეკრეტი - მთავრობის თავმჯდომარისა, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგისა და მინისტრების საწარმომადგენლო ხარჯისა.

24. დეკრეტი - მთავრობის განკარგულებაში სურსათის დასამზადებლათ 50 მილ. მან. გადადებისა.

25. დეკრეტი - ქუთაისის ქალაქის თვითმმართველობისათვის ოთხი მილ. მანეთის სესხის მიცემისა.

26. დეკრეტი - გზათა უწყებისათვის 448.000 მან. კრედიტის გახსნისა ტფილისის სადგურის შენობის შესაკეთებლად.

27. დეკრეტი - დამფუძნებელ კრების არჩევნების დებულების შესწორებისა.

28. დეკრეტი - ტფილისის ფიზიკურ ობსერვატორიის გაუქმებისა და საქართველოს ფიზიკურ ობსერვატორიის დაარსებისა.

29. სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვა ჭიათურის მომრიგებელ მოსამართლის მიერ ჭიათურის მუშათა დეპუტატების საბჭოს წევრის ხარატიშვილისათვის სასჯელის გადაწყვეტის შესახებ.

30. ეროვნულ დემოკრატიულ ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვა სოხუმის ოლქის მდგომარეობის და ამბების შესახებ.

31. ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვა გაზ. „სალი კლდის“ დახურვისა და რევაზ გაბაშვილის დაპატიმრების შესახებ.

თავმჯდომარე. წინადადება გახლავთ წესრიგის შესახებ, რომ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის შეკითხვა განხილულ იქნეს იმის შემდეგ, როდესაც საბოლოო ტექსტები გათავდება, ე. ი. მას მიეცემა მე-15 ადგილი. თუ მიიღებთ ამ წინადადებას მე-15 იქნება შეკითხვა და დანარჩენი რიგზე დარჩება. როგორც წესრიგში არის. ვის სურს კანონპროექტები და შემდეგ განვხილოთ შეკითხვა სიტყვა. ეკუთვნის ასათიანს.

ალ. ასათიანი. მე ვერ გამიგია რა პრიველიგიურ მდგომარეობაში არის სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის შეკითხვა. არის ისეთი შეკითხვა რომელიც, თითქმის ორი თვეა რაც შეტანილა წესრიგში. თვით მთავრობის და სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის თხოვნით რამდენჯერმე იყო მოხსნილი და ეს შეკითხვა დღეს, ელის განხილვას. რატომ უნდა იყოს წესრიგის თავში მოქცეული სოციალ-დემ. შეკითხვა და ჩვენი კი ისევ ბოლოში დარჩეს, მე ვერ გამიგია. თუ სოც.-დემ. შეკითხვას გადმოვწევთ წინ, მაშინ რიგი არ უნდა დაირღვეს და სოციალ-დემოკრატების შეკითხვის შემდეგ უნდა მოგხსენდეთ მეორე შეკითხვა ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციისა და არა დანარჩენი საკითხები ან თუ საჭიროდ დაინახავთ, ამ შეკითხვებისთვის სპეციალური სხდომა დავნიშნოთ და ეს შეკითხვები ერთ სხდომაზე მოვისმინოთ.

თავმჯდომარე. ამ განცხადების შესახებ უნდა მოგახსენოთ, რომ აქ რაღაცა გაუგებრობა არის, საქმე იმაშია, რომ ეს შეკითხვა არის გაგრძელება მსჯელობისა. (ხმაურობა) მაშასადამე, საკითხი ამნაირად სდგას: ისურვებთ გაგრძელებას მსჯელობისას საბოლოო ტექსტების შემდეგ; თუ მოისურვებთ განიხილოთ დეკრეტები და კანონპროექტები და შემდეგ განიხილოთ შეკითხვა. სიტყვა ეკუთვნის გიორგაძეს.

გრიგოლ გიორგაძე. აქ პრივილეგიებზე ლაპარაკი არ შეიძლება, პრიველიგიებს რომ გავყოლოდით, ჩვენ შეგვეძლო ეს შეკითხვა საბოლოო ტექსტების წინ განგვეხილა, რადგანაც ეს არის გაგრძელება, რაკი საბოლოო ტექსტებს განიხილავთ, მერმე გადავალთ ამ შეკითხვაზე სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის შეკითხვას როდესაც გავათავებთ დღეს, ხვალ ალბათ იმაზედაც გადავალთ. აქ პრივილეგიაზე არ არის ლაპარაკი, აქ არის რეგლამენტის შესრულება, ისე რომ თანახმად რეგლამენტისა, თუმცა საშუალება გვეძლევა ეხლავე შეუდგეთ განხილვას შეკითხვისას, ჩვენ ვამბობთ ჯერ საბოლოო ტექსტები განვიხილოთ და მერმე გადავიდეთ შეკითხვაზე. ვიმეორებ ეს არის გაგრძელება.

თავმჯდომარე. კენჭს უყრი ამ წინადადებას. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია. პირველი საკითხი გახლავთ საბოლოო ტექსტი სააქციზო და საპატენტო გადასახადის გადიდების კანონისა. მომხსენებელი გახლავთ ივანე გომართელი. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს: მომხსენებელი კითხულობს საბოლოო ტექსტს. საბოლოო ტექსტი კენჭის ყრით მიღებულია. შემდეგი მომხსენებელი.

სიმონ მდივანი. კითხულობს დღიურ წესრიგების 2, 3, 4, 5, 6, 7 მუხლში აღნიშნულ სამხედრო კანონპროეკტთა საბოლოო ტექსტებს, რომელნიც კრების მიერ უცვლად მიღებულ იქნა.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი საბოლოო ტექსტი საოსტატო ინსტიტუტის გაუქმებისა და სახელმწიფო უნივერსიტეტთთან საპედაგოგიო ინსტიტუტის დაარსების დეკრეტისა. მომხსენებელია ქ. სოლოღაშვილის ასული.

ან. სოლოღაშვილის ასული. (კითხულობს საბოლოო ტექსტს).

თავმჯდომარე. (კენჭის ყრის შემდეგ) დეკრეტი მიღებულია. შემდეგი საკითხი.

ან. სოლოღაშვილის ასული. (კითხულობს) დღიურ წესრიგის მე 10, 11, 12, 13, 14, მუხლში აღნიშნულ საკანონმდებლო აქტთა საბოლოო ტექსტებს რომელთაც კრება კენჭის ყრით ამტკიცებს.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ გაგრძელება მსჯელობისა. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს მესხიშვილს.

შალვა მესხიშვილი. (ს.-ფ.) მოქალაქენო, სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ შემოტანილ შეკითხვას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. იმის და მიხედვით თუ როგორ იქნება გადაწყვეტილი ეს საკითხი, შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს იმ პრინციპიალურ შეხედულებას, რომელსაც გამოსთქვამს დამფუძნებელი კრება. ამიტომ საკითხის ობექტიურად გადაწყვეტისათვის საჭიროა გათვალისწინება მთელი მასალისა რომელიც იყო ამ საქმეში, და შემდეგ როდესაც მასალას გაეცნობით, მაშინ რასაკვირველია შეიძლება საქმის სათანადო ნიადაგზე დაყენება და სათანადო დასკვნის გამოტანა. უნდა მოგახსენოთ, რომ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის შეკითხვის მხარის დამჭერი, ბატონი ზაქარია გურული, ალბად ვერ იცნობს მთლიანად იმ საქმეს, რომელიც მომრიგებელმა მოსამართლემ გამოგზავნა და რომელიც იუსტიციის მინისტრმა მოითხოვა, თორემ ცალმხრივ მოხსენებას არ გააკეთებდა და არ წარმოადგენდა თქვენ საყურადღებოთ. რაში გახლავთ საქმე? ბატონ გურულის მოხსენებიდან ისე გამოდის, რომ ვინმე წერეთელი ყოვლად უვარგისი კაცია, რომელზედაც დიდი ხანია რაღაცა ხმები დადის და ყველაფერს აბრალებენ, რომ მუშათა საბჭო მოითხოვდა გადაყენებული ყოფილიყო იგი სამრეწველო საბჭოდან, იმიტომ, რომ მთელი რიგი ბოროტ-მოქმედება ჩაიდინა და სხვათაშორის ქრთამიც აიღო, უნდა მოგახსენოთ, რომ ერთად-ერთი დოკუმენტი რომელზედაც არის დამყარებული მთელი სისხლის სამართლის საბუთი, რომელიც გაარჩია მომრიგებელ მოსამართლემ, ეს გახლავთ 5 მაისში მიწერილი მუშათა საბჭოს ბლანკზე, ხარატიშვილის მიერ ხელმოწერილი ქაღალდი ¹ 36 სადაც ხარატიშვილი პირდაპირ ბრალს სდებს წერეთელს, რომ მან ქრთამი აიღო მიქაურიძისაგან 40 მან., იმისთვის, რომ ხვედრი ფული ერთდროულად გადაეხდევინა საბჭოსთვის. ის რაც ერგებოდა ყოველწლიურად საბჭოსაგან, უნდა მოერიგებინა ისე, რომ ერთდროულად მისცემოდა ამ მუშას, და ამისთვის ვითომ და წერეთელმა გამოართვა მიქაურიძეს ქრთამი 40 მან. ბატონმა გურულმა ბრძანა, რომ 2 წლის განმავლობაში წერეთელი იყო ჩუმად, ელოდა როდესაც ხელსაყრელი პირობები დადგებოდა და მაშინ ეჩივლა მუშათა საბჭოსთვის. ჯერ ერთი უნდა მოგახსენოთ, ამ ორი წლის განმავლობაში რა ისეთი ხელსაყრელი პირობები დადგა წერეთლისათვის, რომ მას უკეთესი საშუალება აქვს ეჩივლა მუშათა საბჭოსათვის. ჩვენში არსებობს დამფუძნებელი კრება დემოკრატიის მიერ არჩეული. ამ ორი წლის განმავლობაში იყო ძველი სასამართლო და დანიშნული მოსამართლები. დღეს კი ჩვენ გვყავს დემოკრატიის და ერობის მიერ არჩეული მოსამართლეები. იმის თქმა, რომ 2 წლის განმავლობაში რაღაცა შეიცვალა წერეთლის სასარგებლოდ ყოვლად შეუძლებელია. ამასთანავე საჭიროა აღვნიშნო, რომ წერეთელმა მაშინვე უჩივლა მიქაურიძეს, როგორც ცილის წამებელს. მომრიგებელ მოსამართლესთან გამოცხადდა მიქაურიძე და როდესაც მომრიგებელ მოსამართლემ მას გადაუწყვიტა ორი თვის ციხე, მაშინ მიქაურიძემ შეიტანა ცალკე თხოვნა, ეს თხოვნა საქმეშია, - უკაცრავად მე შევცდი, მე მთხოვა წერეთლის შესახებ ასეთი ჩვენება მომეცა ვინმე აზნაუროვმაო და მერმე იგივე მიქაურიძე დასძენს, როდესაც ჭიათურაში ჩაველი მიმიწვია თავის ბინაზე ხარატიშვილმა, და ბოლოს ხარატიშვილმა დამარიგა მეთქვა, რომ წერეთელმა უკვე 20 მან. ამ ქრთამიდან დამიბრუნა. ამ განცხადების გამო, იმის შემდეგ რაც მიქაურიძე იყო ცნობილი როგორც ცილისმწამებელი სასამართლოს განაჩენით, წერეთელმა სასჯელი აპატივა. ამის შესახებ არის ოფიციალური ოქმი, არის ოფიციალური განცხადება. მიქაურიძის პროცესში იყო ერთი ჩვენება, ანდრია კობიძის ჩვენება, რომელმაც კომისიაში განაცხადა, რომ წერეთელი ყოვლად უსინდისოთ ექცეოდა მუშებს, ის კობიძე გამოიწვია სასამართლოში წერეთელმა ცილის წამებისათვის. ყველა საქმეში წერეთელი უჩიოდა ცილისწამებას, როდესაც მოწინააღმდეგეს უფლება აქვს ყოველგვარ კანონიერი საშუალებით, მთელი თავის საბუთები გამოაქვეყნოს სასამართლოში და დაამტკიცოს, რომ იგი ცილს კი არა სწამებს, არამედ მართალს ამბობს. სასამართლომ გადაუწყვიტა ბ-ნ კობიძეს რვა თვე ციხე წერეთლის ცილის წამებისთვის. განაჩენის შემდეგ, ეს საყურადღებოა, დიდი ბოდიშით შევიდა სასამართლოში კობიძე და გამოაცხადა, უკაცრავად მე შეცდომაში შემიყვანეს და გთხოვთ მაპატიოთ სასჯელი. წერეთელმა იმას აპატია მხოლოდ სასჯელის გამოტანის შემდეგ.

არის მესამე ძალიან საყურადღებო ფაქტი. ამ პროცესების დროს დაკითხული იყო ვინმე მოწამე ზუბიაშვილი, ეს გახლავთ ოქმი ¹ 38, რომელმაც განაცხადა, რომ როდესაც ის მუშაობდა წერეთელთან, მის მოჯამაგირეთ იყო, მილიციონერები დაეცნენ მას და ჩაიყვანეს ჭიათურაში. ჭიათურაში ხარატიშვილმა ჰკითხა, შენ წერეთელთან რათ მსახურობო, როგორ რათ ვმსახურობო, 2 წელიწადია ვმსახუროფ და ჯამაგირს მაძლევსო. ჯამაგირს გაძლევს კი არა შენ იმიტომა ხარ მასთან, რომ წერეთელმა გაგანთავისუფლა სამხედრო ბეგარისაგანო და ეს განთავისუფლება არ არის კანონიერი. მან უარი განაცხადა, არაფერი ამისთანა არ მომხდარაო. ეს პირდაპირ არის ოქმში, ხარატიშვილმა არ დაუჯერა ამისთანა ჩვენება და ორი დღე ნახევარი დაამწყვდია ზუბიაშვილი ციხეში, და წინადადება მისცა, თუ ჩვენებას წერეთლის წინააღმდეგ არ მისცემს რომ წერეთელს მოსამსახურეთ ეყენა და მუქთად მსახურობდა, მხოლოდ იმიტომ რომ უსინდისო საშუალებით სამხედრო ბეგარისაგან გაანთავისუფლა, თუ შენ ამას არ იტყვი, ციხეში ხომ დაგამწყვდიე, ფრონტზე გიკრავ თავს. მე მოგახსენებთ რომ ეს ყველა გახლავთ დოკუმენტებში, მომრიგებელ მოსამართლის საქმეში, ეს საქმე დღეს იმყოფება იუსტიციის სამინისტროში, თუ რომელიმე თქვენგანი მოინდომეს ამ დოკუმენტების გასინჯვას, კეთილ ინებეთ და, სიტყვა სიტყვით გვერდს გიჩვენებთ ამგვარად, წერეთელი ორ წელს კი არ უცდიდა რომ პირობები შექმნილიყო ხელსაყრელი, რომ საჩივარი აღეძრა ხარატიშვილის წინააღმდეგ, არამედ წერეთელმა თავიდანვე მოჰკიდა ხელი, და სისტემატიურად ნაბიჯ-ნაბიჯად დაამტკიცა, რომ მას ამ მოქმედებაში ცილი დასწამეს. როდესაც ყველა დოკუმენტები მოაგროვა გამოაცხადდა მუშათა საბჭოში, და შეიტანა ოფიციალური განცხადება. ეს განცხადებაც საქმეში არის. ბატონებო მე უდანაშაულოდ დამწამეთ ცილი, ეხლა ვადგენ დოკუმენტებს რომ ტყუილად ვარ შეურაცყოფილი, კეთილ ინებეთ და აღადგინეთ ჩემი პატიოსანი სახელი. ეს თხოვნა მთელი იმ დოკუმენტებით მან შეიტანა მუშათა საბჭოში. მუშათა საბჭომ თხოვნის განხილვაში უარი განაცხადა. მეორეთ შეიტანა წერეთელმა თხოვნა იმავე საბჭოში და მეორედ სთხოვა. შეუძლებელია მოქალაქემ ზურგზე აკიდებული ატაროს რაიმე სამარცხვინო საქმე თუ კი იმაში დამნაშავე არ არის. ის სთხოვს საბჭოს თითონ საბჭომ გაარჩიოს საქმე, ან მისცეს ნება ხარატიშვილი გამოიწვიოს სამედიატორო სასამართლოში. ბოლოს იყო ნათქვამი, თუ ამ საშუალებას არ მომცემთ, მე არ მსურს, მაგრამ იძულებული ვიქნები სასამართლოს მივმართო, სასამართლოს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკისას. ამაშიც უარი უთხრეს წერეთელს. არც მუშათა საბჭომ განიხილა ეს თხოვნა, არც ხარატიშვილი გაჰყვა სამედიატორო სასამართლოში. ეხლა მე თქვენ გეკითხებით რა გზა დარჩა წერეთელს თავის პატიოსნების და პიროვნების აღსადგენად; როდესაც დოკუმენტებით დაამტკიცა, რომ იმ ქაღალდით რომელიც მიწერილი იყო 5 მაისის თარიღით 36 ¹-რით, ცილი ჰქონდა დაწამებული. ეხლა მე მსურს გავარჩიო თითონ მოსამართლის მოქმედება. როგორ უნდა მოქცეულიყო ამისთანა შემთხვევაში მოსამართლე? მოვალედ ვრაცხ ჩემ თავს განვაცხადო, რომ რაკი მოსამართლემ თავის სინდისის მიხედვით დაინახა რომ ხარატაშვილი დამნაშავე იყო, რომ მოსამართლეს არ გამოეტანა ასეთი განაჩენი ის უღალატებდა თავის სინდის და იმ მოვალეობას, რომელიც სახელმწიფოსაგან მას ჰქონდა დაკისრებული, თქვენ ყურადღებას მივაქცევ ერთ გარემოებას. როდესაც ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, პარლამენტმა მიიღო ერთი დადგენილება სადაც პირდაპირ ნათქვამია, რომ ძალაში რჩება ყველა ის კანონები, რომელიც დღემდის იყვნენ და რომელნიც ჩვენგან გამოცვლილნი არ არიან, თუ გადავხედავთ ჩვენ კანონთა კრებულს, დავინახავთ, ჩვენში მომქმედ კანონებად ითვლება ის რომელიც ადრე რუსეთის ცხოვრებაში იყო, შემდეგ დროებითმა მთავრობამ შესცვალა, მერე ამიერკავკასიის კომისარიატმა, ბოლოს დროს ამიერ-კავკასიის სეიმმა, საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ. ამისთანა მდგომარეობაში, როდესაც მოსამართლეს ხელში არავითარი სხვა კანონი არა აქვს, არავითარი უფლება არ ჰქონდა მას რომ ის საჩივარი რომელიც უნდა მიმართული ყოფილიყო წინააღმდეგ არა მარტო ხარატიშვილისა, თუ გინდ მიცემული ყოფილიყო პასუხისგებაში მუშათა დეპუტატთა საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, რომ მომრიგებელ მოსამართლეს საჩივარი არ გაერჩია. დღეს რომელიმე მოსამართლეს რომ მოუვიდეს საქმე მუშათა საბჭოსი, ან სხვა რომელიმე რევოლიუციონურ ორგანოს პრეზიდიუმისა, ან დანარჩენ წევრების შესახებ, ყველა მოსამართლე მოვალეა ასეთი საქმე გაარჩიოს, და ამ მთავრობის ასრულებისთვის მადლობის მეტს ვერც ერთი შეგნებული მოქალაქე ვერაფერს ეტყვის. სხვა საკითხია ის საკითხი, რომელიც აქ იუსტიციის მინისტრმა დააყენა. ეს საკითხი ფრიად მნიშვნელოვანია, ფრიად სერიოზული. შეიძლება თუ არა ნორმალურ წესებით განვასაჩივროთ და გავსინჯოთ მთელი ის მოქმედება, რომელიც რევოლიუციის დროს რევოლიუციის ნიადაგზე აღმოცენებული რევოლიუციონურმა ორგანიზაციებმა ჩაიდინეს. თუ ეს შესაძლებელია მაშინ ხომ ჩვენ ამგვარად მოვახდენთ რევოლიუციის განსახიერებას. მეც იმის მომხრე ვარ რომ რევოლიუციის ორგანოების მოქმედების განსაჩივრება ყოვლად შეუძლებელია, რომ ეს იქნებოდა მთელ რევოლიუციონურ მოღვაწეობისა, მთელ რევოლიუციონურ მოქმედების სასამართლოში გადაცემა, და ჩვენ ვიცით, როგორი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას. დღევანდელ პირობებში მე არ მეშინიან, მაგრამ ეს პირობები შეიძლება შეიცვალონ. ჩვენ ვიცით, როგორ ისარგებლებენ იმისთანა უფლებით. თუ პრინციპიალურად ვაყენებთ საკითხს ყოველი მოქმედება რევოლიუციონურ ორგანოსი ან რევოლიუციონურ მოღვაწისა, რომელიც გამოწვეული იყო არა პირად ანგარიშით, არამედ გამოწვეული იყო რევოლიუციის დაცვის გრძნობით თუ კი ჩვენ გვინდა ასეთი მოქმედება პასუხისმგებლობიდან იყოს განთავისუფლებული, ამაში პასუხი უნდა მოვთხოვოთ არა მოსამართლეს, არამედ ჩვენ თავს. ჩვენ უნდა ამისთანა კანონი ან დეკრეტი გაგვეტარებინა ცხოვრებაში და არ გავატარეთ.

როდესაც ამისთანა დეკრეტი გვექნება მომავალში, ყველა მოსამართლე, რომელიც მიიღებს ამისთანა ხასიათის საქმეს, იხელმძღვანელებს იმ კანონით, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ რესპულიკის მიერ იქნება დაწესებული. სანამ ამისთანა კანონი ან დეკრეტი არა გვაქვს და ამაში ისევ ჩვენ გვიდევს ბრალი, მაგრამ მოსამართლე ყველა ამისთანა ხასიათის საქმეს მიიღებს და გაარჩევს კიდეც. ამგვარად ის რაც ჭიათურის მომრიგებელ მოსამართლემ ჩაიდინა ყოველ მხრივ კანონიერია, და ეს აქედან ხმა მაღლა უნდა ითქვას. (ხმა ძველი კანონები) ძველი კანონები თუ არ მოგწონთ და ახალი კანონების მომხრენი ხართ, ახალი კანონები უნდა შეჰქმნათ (ხმა: თქვენ მოგწონთ განა!) არა, მაგრამ ბრალი თქვენია, ბრალი ჩვენია, სუყველას ბრალია (ხმა იუსტიციის მინისტრი თქვენ იყავით) დიახ მე გახლდით, მაგრამ ჩვენს შემდეგ კაი ხანი არის ბატონი გეგეჭკორი, რომელიც იმ აზრს ადგია და არ შემოიტანა ამისთანა კანონი. ბრალი ადევს დამფუძნებელ კრების წევრებს, მეც ჩემს თავს ბრალს არ ვხსნი როგორც რევოლიუცენერს. მე მომხრე ვარ, რომ საბჭო არ იყოს გასაჩივრებული, საბჭოს მოქმედება არ იყოს სასამართლოში გასაჩივრებისა საგნად გადაქცეული. მაშასადამე ჩვენ შესაფერი კანონი უნდა შევქმნათ. მოსამართლე, რომელსაც თქვენ ეუბნებით განსაჯე საქმე კანონების მიხედვით, ვალდებულია კანონებით იხელმძღვანელოს. გამოვცეთ ამისთანა კანონი ან დეკრეტი, მაგრა სერიოზულად უნდა ამ დეკრეტს მოფიქრება, რომელ საქმეში შეიძლება რევოლიუციის მოღვაწე ან ორგანოები განთავისუფლებული იყვნენ პასუხისმგებლობიდან, და როდესაც გამოვცემთ, მაშინ ყველა მოსამართლე იხელმძღვანელებს ამ დეკრეტით ამ კანონით. მანამ ეს არ არის, მოსამართლე ვალდებულია და იყო იმ კანონს დამყარებოდა რომელიც არსებობს. თუ ერთს შემთხვევაში დამფუძნებელი კრება დაადგენს, რომ მოსამართლეს ძველ კანონით არ უნდა ეხელმძღვანელა, თქვენ შეჰქმნით იმისთანა ანარქიას სასამართლოს სფეროში, რომ ვერაფერს ვერავინ გაიგებს, იმიტომ, რომ მოსამართლეს არ ეცოდინება რომელი კანონით უნდა ისარგებლოს, და რომელ კანონით არ უნდა ისარგებლოს. მთელი ჩვენი კანონები ყველა მოსამართლის კერძო შეხედულებით იქნება გადაქცეული, და ეს კი დაარღვევს სახელმწიფოს. ამის აშკარად თქმა დღეს დამფუძნებელი კრების მიერ ფრიად საჭირო არის, იმიტომ, რომ ბოლო დროს სასამართლოში მოხდა ზოგიერთი მოვლენა, რომელიც მოსამართლის პრესტიჟს სცემს, გამომძიებელ პრესტიჟს სცემს, და ჩვენი მოვალეობა არის, მოვალეობა სახელმწიფოს შეგნებულ პოლიტიკურ მოღვაწისა, რომ დღევანდელ დროს ჯერ კიდევ არა სრულიად დაწყნარებულ მომენტში, რაც შეიძლება მაღლა დააყენოთ, ჩვენი სასამართლო, ჩვენი სასამართლოს მოხელეები, რომ ხალხი ხედავდეს მათში კანონის წარმომადგენლებს, სახელმწიფოს წარმომადგენლებს და უპირველეს ყოვლისა პატივის ცემა ჩვენ თითონ მოგვეთხოვება. თუ ეს არ მოხდება, ჩვენი დემოკრატიული წყობილება დაირღვევა და სახელმწიფოს ზიანის მეტს არაფერს არ მოუტანო. ეს პრინციპიალური მხარე გახლავთ ამ საქმისა. ეხლა გადავალ ამ მოსამართლის მოქმედებაზე. ხარატაშვილის საქმეში, მართალია ჭიათურის მუშათა საბჭო კატეგორიულად აცხადებს, რომ ხარატაშვილი არაფერ შუაშია, რომ ხარატაშვილი მოქმედებდა მისი დირექტივებით (ხმაურობა) მე გეკითხებით, ყველა თქვენგანი, რომ იყოს მოსამართლე, თუ კი კაცი დოკუმენტებით და მოწმეების ჩვენებით გიმტკიცებთ, რომ ხარატიშვილმა მიქაუტაძე მოიწვია თავისთან, და ეუბნებოდა, შემოიტანე თხოვნა, რომ 20 მან. გვაქვს უკან მიცემული, ე. ი. ასწავლიდა კაცს, რომ შემოეტანა ყალბი ცნობა (თქვენ დარწმუნებული ხართ) მე დარწმუნებული ვარ თუ არა ვარ დარწმუნებული, მე მოგახსენებთ იმ დოკუმენტზე და იმ მასალაზე, რომელიც არის სასამართლოს საქმეში, და სანამ სხვა საბუთები და დოკუმენტები არ წარმოგიდგენიათ აქ, მე ამ ნიადაგს ვერ მოვცილდები. მეორე მაგალითს გვიჩვენებს ზუბიაშვილი, რომელსაც ეუბნება ხარატიშვილი, - თუ არ მომცემ ასეთ ჩვენებას, ორი დღით ხომ ციხეში ჩაგსვი და მერმედ ფრონტზე გაგზავნიო, ამაში დარწმუნებული ვარ იმ დრომდე, სანამ ხარატიშვილი ზუბიაშვილს პასუხისმგებლობაში არ მისცემს ყალბ მოწმობისთვის ფიცქვეშ, და როდესაც ხარატიშვილი განაჩენს მომიტანს, რომ ცნობა ყალბი იყო, მხოლოდ მაშინ ჩემ სიტყვას უკან წავიღებ. ნუ თუ თქვენ გგონიათ, რომ ჭიათურის მუშათა დეპუტატთა საბჭო დაავალებდა ხარატიშვილს, რომ ისე ემოქმედა, ჩამოერთვა ყალბი ცნობები, ან დაეშინებინა მოწმეები, უეჭველად სთქვით, თორემ ციხეში გიკრავენ თავს და ფრონტზე გაგზავნიანო. მე მგონი ჭიათურის მუშათა დეპუტატთა საბჭო ამისთანა საშუალებას არადროს არ მიმართავდა. სწორედ ამითი აიხსნება როდესაც მომრიგებელ მოსამართლე სწერს, რომ ჭიათურაში მუშათა დეპუტატთა საბჭო შეცდომაში იყო შეყვანილი ხარატიშვილის მიერ. (შენგელაია: დიპლომატია არის) ძალიან ცუდია ისეთი მდგომარეობა, როდესაც სინდისიერ მოსამართლეს დიპლომატობა უხდება, თუ ამისთანა მდგომარეობა არსებობს, ეს მდგომარეობა სამუდამოთ უნდა მოისპოს და გაიწმინდოს. მოსამართლეს არაფრისა არ უნდა შეეშინდეს, არც სახალხო გვარდიისა, არც დემოკრატიისა, არც პარლამენტისა, არავისთან საქმე არ უნდა ჰქონდეს გარდა თავის სინდისისა, თუ მოსამართლე იძულებულია დიპლომატიას მიმართოს, ვაი ამ მოსამართლეს, და უფრო დიდი ვაი იმ პირობებს, რომელშიაც ეს მოსამართლე უნდა მოქმედობდეს. ამისთანა გახლავთ მდგომარეობა. მოსამართლე გულწრფელად, მე არ ვიცი, სხვის სინდისში ხელის ფათურის უფლება არ მაქვს, სწერს თავის განაჩენში, რომ ჭიათურის მუშათა საბჭო შეცდომაში იყო შეყვანილი ხარატიშვილის მიერ, ხარატიშვილმა ცილი დასწამა წერეთელს და ამიტომ ხარატიშვილს სასჯელი გადაუწყვიტა. აღარ მოგაწყენთ თავს. მე ფაქტიურ მხარის ასეთ რეზუმეს ვაკეთებ, წერეთელს ცილი დასწამეს, ეს გნებავთ განიხილოთ როგორც მუშათა საბჭოს მოქმედება, რომ ცილისწამება არის, ამისთვის არის წარმოდგენილი ორი, მომრიგებელ მოსამართლის, ბატონ დევიძის თქვენი საუკეთესო პარტიულ ამხანაგის მიერ განაჩენი. (ხმაურობა) დიახ, რომელმაც ის ორი მოწამე, მიქაუტიძე და კობიძე, ორივე იცნო ცილის წამებაში დამნაშავედ. ეს დოკუმენტია და დოკუმენტს გვერდს ვერ აუხვევთ. (ხმა იგი ფედერალისტია) შეიძლება, ჩემთვის სულ ერთია (ხმაურობა).

თავმჯდომარე. უკაცრავათ ბატონო ორატორო, გთხოვთ კერძო ლაპარაკს თავი დაანებოთ. (ხმაურობა).

მესხიშვილი. ბატონო გობეჩია უფრო მაღლა ბრძანეთ. აქ გამობრძანდით და აქედან გიპასუხებთ.

თავმჯდომარე. ბატონო ორატორო კეთილ ინებეთ და მიმართეთ კრებას და კერძო ლაპარაკს თავი დაანებოთ.

მესხიშვილი. მაშასადამე დოკუმენტებით დამტკიცებულია, რომ აქ იყო ცილისწამება, და თუ თქვენ დოკუმენტებისა არა გჯერათ, მაშინ მე თქვენთან საერთო ენა არა მაქვს როგორც იურისტს. თუ კი თქვენ კერძო ცნობები გაქვთ და არა ის ცნობები რომელიც არის იუსტიციის სამინისტროში მომრიგებელ მოსამართლეს მიერ წარმოდგენილი, მე არ ვიცი. დამტკიცებულია, რომ იყო ცილის წამება. წერეთელმა მიმართა და სთხოვა საბჭოს, აღადგინეთ ჩემი პატიოსანი სახელი, უარი უთხრეს. მან მიმართა სასამართლოს, და მოსამართლეს, რომელსაც არა აქვს კანონი იმუნიტეტისა, ჯერ ეს კანონი არ გამოცემულა, ვალდებული იყო მოქცეულიყო ისე, როგორც ის მოიქცა. თუ გსურთ ასეთი კანონის გამოცემა, მე პირადად ასეთი კანონის მომხრე ვარ, მაგრამ მხოლოდ მომავალში ისარგებლებს ყველა მოსამართლე ამ კანონით.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გობეჩიას.

ივანე გობეჩია. ფრიად სერიოზული საკითხი არის აქ დაყენებული, იმ საქმიდან რომელიც ჭიათურის მომრიგებელ სასამართლომ გამოგზავნა აქ, თუ გავეცანით ამ საქმეს, სჩანს ერთი რამ, - კერძო პიროვნებებს მოუსურვებიათ რევოლიუციონურ ორგანოების შავ სკამზე დასმა. ის საბუთები, რომელიც ამ საქმეში არის და რომელზედაც მიგვითითა წინა ორატორმა, ის საბუთები მოწმობენ, რომ მუშათა საბჭო, როგორც რევოლიუციონური ორგანო აწარმოებდა გამოძიებას წერეთლის წინააღმდეგ, წარმოება გამოძიებისა, რასაკვირველია, მთლიანად, ერთად არ შეეძლო, ამიტომ აწარმოებინებდა სხვა და სხვა პირებს მუშათა საბჭოისა. იმ დოკუმენტიდან, რომელზედაც მიგვითითა ბ. მესხიშვილმა სწორედ სჩანს, რომ ეს დოკუმენტი პირადად ხარატიშვილს არ ეკუთვნის, ეს ეკუთვნის მუშათა საბჭოს. ეხლა მე ვეკითხები მესხიშვილს, ნუ თუ ეს არის დოკუმენტი კერძო პირისა, ეს არის მუშათა საბჭოს ბლანკზე დაწერილი ქაღალდი, მუშათა საბჭოს სახელით არის მიმართული. ხელს აწერს ოფიციალური პირი მუშათა საბჭოისა, ეს იყო მდივანი. შეუძლებელია ჩვენ მთელ რევოლიუციონურ ორგანოს მოღვაწეობაში შევიტანოთ ეჭვი და ვთქვათ, რომ რევოლიუციონური ორგანო რევოლიუციას კი არ აწარმოებს, არამედ ცილისწამებას აწარმოებს კერძო პირების წინააღმდეგ (ხმაურობა) ყოვლად შეუძლებელია, რომ ჩვენ ასე ვიფიქროთ, მით უმეტეს, რომ ასეთი ფიქრი არ შეუძლიან რევოლიუციონერს, შესაძლებელია იურისტმა ესე იფიქროს, მაგრამ რევოლიუციონერი ამას არ იფიქრებს. რა საბუთებს, რა დოკუმენტებს ეყრდნობა მესხიშვილი? უნდა მოგახსენოთ, მე სრულიად ბატონ კოტე წერეთელს არ ვიცნობ, მისი ზნეობრივი ფიზიანომია არ მაქვს წარმოდგენილი, აქ ერთის მხრივ ლაპარაკობენ, რომ ეს კაცია პატივსაცემი, ფაქიზი ზნეობით, მეორეს მხრით ლაპარაკობენ, რომ ეს კაცი მექრთამეა და სხვა ამისთანა.

ის საბუთი რომელიც ჩვენ განკარგულებაში არის ჩვენ სრულიად უფლებას და არც საშუალებას გვაძლევს განვაცხადოთ, რომ მუშათა საბჭო გამოდის აქ ცილის მწამებელი, ან მის მიერ რომელიმე ოფიციალური პირი და კოტე წერეთელი კი სრულიად მართალია, ამის თქმა არ შეიძლება, ამის საბუთებს ის მასალა რომელითაც ხელმძღვანელობს ბ. შალვა მესხიშვილი სრულიად არ იძლევა. ავიღოთ თუ გინდათ ის განაჩენი, რომელიც გამოიტანა ჭიათურის მომრიგებელმა მოსამართლემ, ვისი ბრალია რომ მექრთამეობა დასწამეს წერეთელს? მიქაუთაძემ განაცხადა წერილობით, რომ მან 40 მანეთი მისცა ბ. წერეთელს რათა მას მოეხერხებია, რომ ერთდროულად მიეღო ის ფული, რომელიც ერგებოდა მას მრეწველთა საბჭოსაგან, აქ სთქვეს მიქაუთაძეს კერძო პირებმა უთხრეს ცილი დასწამეთ და ამიტომ მან ცილი დასწამაო. მე მოგახსენებთ თუ ისეთი პირი არის რომ ერთ შემთხვევაში წერილობით ცილს სწამებს ადამიანს ხოლო შემდეგ საწინააღმდეგოს ამბავს, ასეთი პირის ჩვენებას ჩვენ ჯეროვან ნდობით ვერ მოვეპყრობით ის ერთს შემთხვევაში ერთს ამბობს მეორეში სხვას. რომელს დაუჯერო არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ფრთხილად ვიქნები, ვინაიდან რევოლიუციონური სინდისი მე ამას მიკარნახებს, და არა იურისტი ფორმალისტისა. ავიღოთ მეორე საბუთი კობიძეს ჩვენება. იგივე კობიძე ჩვენებას იძლევა წერილობით, მთელ რიგ ბრალს სდებს წერეთელს, შესაძლებელია სრულიად უსაბუთოთ, მაგრამ ის სდებს ბრალს, შეიძლება ესეც ჩააგონეს დასწამეო. ყოველ შემთხვევაში ის პირველ საბუთს იძლევა იმისთვის რომ წერეთელი სწორედ ქრთამს იღებდა, შემდეგ იმასაც უჩივლეს, თქვენ წარმოიდგინეთ რომ მე ქრთამი მივეცი და მოწამე არ იყო, ბ. მესხიშვილს როგორც იურისტს ეცოდინება ქრთამი როს იღებენ მოწმეს არ დაისწრობენ. (ხმაურობა) დიახ დიახ თუ მართლაც იღებენ, მე არ ვამბობ რომ კოწია წერეთელმა ქრთამი აიღო, მოწმეს არ დაისწრებდა, დაიწყო რევოლიუციის ხანა, რევოლიუციის წინ მას არ შეეძლო სასამართლოში ეჩივლა იმიტომ რომ ეშინოდა ციხისა.

ბ. მესხიშვილი გვეკითხება ვინ იყო იქ ფული რომ მისცაო არა კაცი არ იყოო, თუ კი მიეცი სასამართლოში და მოწმე არ გყავდა მაშასადამე შენ ცილის წამებელს გიძახიან მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის, იძულებული შეიქმნა რომ მართლაც ასეთი განცხადება შეეტანა შემდეგ, თუკი მართლაც ქრთამი მისცა რათა სასჯელი თავიდან მოეხსნა. აგრეთვე მოიქცა მეორე ვითომდა ცილის წამებელი კობიძე, როდესაც მას მიუსაჯეს 8 თვის საპყრობილე. მხოლოდ განაჩენის გამოტანის შემდეგ მან შეიტანა განცხადება წერეთელს ცილი დავსწამე და მაპატიეთო, მე მაკვირვებს ერთი მათ იცოდნენ, რომ მათ მოელოდათ ეს სასჯელი, მაგრამ იმათ მაშინ შეიტანეს განცხადება როცა განაჩენი გამოიტანეს სწორედ მის შემდეგ, როცა იმათ არ ჰქონდათ იმედი რომ დადგენილებას გააბათილებდენ, რადგანაც მოწმეები არ ჰყავდათ, ყოველ შემთხვევაში თუკი ჩვენ ხელმძღვანელობთ იმ საბუთებით, რომელიც ჩვენ განკარგულებაში არის, რომლებიც მოიძებნება მომრიგებელ მოსამართლის საქმეში, ჩვენ თანაბარი ანგარიში უნდა გაუწიოთ ორივეს, როგორც იმ საბუთებს რომელიც ლაპარაკობს წერეთლის სასარგებლოდ, ისე მეორე რომელიც ლაპარაკობს წერეთლის წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ მეტის ნდობით ვერ მოვეპყრობით. ბ. წერეთელს ვიდრე მუშათა საბჭოს, მაგრამ ბ. მესხიშვილი მაინც მოგახსენებს აქ, რომ მუშათა საბჭო აქ არაფერ შუაში არისო, მუშათა საბჭო ცილს კი არ სწამებსო. (მე არ ვიცი ხან დიდი ფორმალისტი არის ბ. მესხიშვილი ხან არა ფორმალისტი) თუ კი ფორმალისტია ერთ შემთხვევაში რატომ ისეთივე ფორმალისტი არ არის მეორე საქმეში, რატომ არ უწევს ანგარიშს იმ ქაღალდებს, რომელიც არის მომრიგებელ მოსამართლის საქმეში, და რომელიც გადასცა მომრიგებელ მოსამართლეს თვით თავმჯდომარემ მუშათა საბჭოსი. მუშათა საბჭო აცხადებს რომ ჩვენი ნაყოფის გამომხატველი ამ საქმეში იყო ბ. ხარატიშვილი და მას პერსონალურად პასუხს ვერ აგებინებთო. აგებს პასუხს თვით მუშათა საბჭო. შესაძლებელია მომრიგებელ მოსამართლემ ანგარიში ვერ გაუწია ამ განცხადებას მაგრამ ყოველ შემთხვევაში ანგარიში უნდა გაუწიოთ. ეს არის ფორმალური მოსაზრება და თუკი ფორმალურად ვიმსჯელებთ, ამას ისეთივე მნიშვნელობა აქვს, კერძო პირის ჩვენებას კერძო პირის მოწმობას, მით უფრო თუკი ანგარიშს უწევთ კერძო პირის მოწმობას, თქვენ ანგარიში ასეთი ორგანოს ჩვენებას როგორც რევოლიუციონერმა, რასაკვირველია უნდა გაუწიოთ, მაგრამ სამწუხაროდ თქვენ არ უწევთ რადგანაც რევოლიუციას ლიკვიდაცია უყავით თქვენ ისე როგორც სოციალ-დემოკრატიამ. ბ. კოტე წერეთელს რა სურდა? მან გამოიწვია სასამართლოში მხოლოდ ხარატიშვილი მე მოგახსენებთ სწორედ მუშათა საბჭო უნდა გამოეწვია. აი სწორედ ფორმალისტმა მესხიშვილმა წაიკითხა მისი თხოვნა და იქ სწერია, რომ ხარატიშვილს ის ედავება პირადად როგორც ხარატიშვილს და აგრეთვე მოითხოვს რომ ის დასვან შავ სკამზე როგორც მუშათა დეპუტატთა საბჭოს წევრი, პრეზიდიუმის წევრს, თუკი ის ცილის მწამებელი არის პირადი, მაშინ ზედმეტი იყო ლაპარაკი იმაზე, რომ როგორც პრეზიდიუმის წევრი უნდა დაისვას შავ სკამზედ. თუკი მას სვამს როგორც წევრს, მაშინ ბრალდებას სდებთ იმ რევოლიუციონურ ორგანიზაციას, რომელიც მას გამოესარჩლა. ასე რომ აქ დაყენებულია საკითხი. შეიძლება თუ არა მუშათა საბჭოს მსჯავრი დასდოს რომელიმე მომრიგებელმა მოსამართლემ იმ მოღვაწეობის საქმისთვის, რომელსაც რევოლიუციონური მოღვაწეობა აწარმოებდა, ვიდრე ეს რევოლიუციონური ორგანიზაციები არ იყვნენ გაუქმებულნი. თქვენ წარმოიდგინეთ ბ. მესხიშვილი ბრძანებს ჩვენი დამოუკიდებლობა რომ გამოვაცხადეთ 6 მაისს, ჩვენ ძალაში დავტოვეთ ძველი კანონები. მართალია ძველი კანონები ჩვენ დავტოვეთ მაგრამ იუსტიციის მინისტრი მოგახსენებთ და მეც გაგიმეორებთ ბ. მესხიშვილო რევოლიუცია, თვით ეს მუშათა საბჭო, რომელმა კანონმა დააწესა? რევოლიუციონური ორგანოები თვით კანონმდებლობდენ მაშინ, ამას ჰქვია რევოლიუციონური კანონმდებლობა. რევოლიუციონური მოქმედება ანგრევს ძველს, მომავალს უმზადებენ ერთგვარ საფუძველს, ვინც რამეს აკეთებს მას შეცდომებიც ექნება, მაგრამ რომ ჩვენი რევოლიუციონური შეხედულებით ყოველ შემთხვევაში ეს რევოლიუციონური ორგანოები მაინც ნაკლებ შეცდომებს იღებდნენ, ვიდრე ძველი ბიუროკრატიული რეჟიმის ორგანოები. უფრო ნაკლებს მაგრამ ამას ბევრი ვერ ხედავენ იმიტომ რომ მათ არ უნდათ რომ დაინახონ.

მე მოგახსენებთ, მუშათა საბჭო კარგად მოიქცა, რომ არ გამოცხადდა მომრიგებელ მოსამართლესთან, იმიტომ რომ მომრიგებელი მოსამართლე ასამართლებდა მუშათა საბჭოს, ასამართლებდა რევოლიუციას, რევოლიუციონურ ორგანოს, ამის უფლება არავის აქვს იმ კანონით რომელიც არსებობს, რევოლიუციონური ორგანოები არავის დაუყენებია, ამ კანონის მიხედვით არ მოქმედობს, ისინი კანონის ზევით იყვნენ. ასეთი ორგანიზაციების ჩაყენება იმ ჩარჩოებში, რომელიც თვითპყრობელ რუსეთის ბიუროკრატიისაგან გამოცემული იყო წარმოუდგენელია იმ სასამართლოში რომელიც მოქმედობს ამ კანონის მიხედვით. მუშათა საბჭო არც თითონ გამოცხადდა, არც წარმომადგენელი გაგზავნა და თავის წევრსაც ურჩია იქ არ წასულიყო. სწორედ მუშათა საბჭომ დაიცვა პრესტიჟი რევოლიუციონურ ორგანოსი. ეს ესე რომ არ ექნა, ის დანაშაულს ჩაიდენდა თვით რევოლიუციის წინაშე. ჩვენში მუშათა საბჭოების მხარის ცენტრი არსებობდა. ეს იყო უმაღლესი უაღრესი რევოლიუციონური ორგანო. აი სწორედ იქ რომ მიემართა ჭიათურის მუშათა საბჭოს მოქმედების შესახებ წერეთელს, მე მგონია, რომ ეს უმთავრესი რევოლიუციონური ორგანო შეუდგებოდა იმის გარჩევას, ცილის მწამებელი არის თუ არა ჭიათურის მუშათა საბჭო და კერძოდ მისი პრეზიდიუმის წევრი, რომელიც აწერდა ხელს. მე მგონია რომ ეს იქნებოდა სწორი იურიდიულად, ფორმალურად თუ გნებავთ, მაგრამ ის ესე არ მოიქცა. ყოვლად შეუწყნარებელი და შეუძლებელი არის, რომ დაექვემდებაროს რევოლიუციონური ორგანო და მისი მოღვაწეობა რომელიმე ძველი კანონით არსებულ სასამართლოს, რადგანაც რევოლიუციონური ორგანიზაციას, ჭიათურის მუშათა საბჭოს პირდაპირი მონაწილეობა არ მიუღია ამ საქმის გარჩევის დროს, ეს გამოძიება, ამ საქმის წარმოება სწარმოებდა ესე ცალმხრივად, გარჩევა იყო ცალმხრივი, ერთი მხარე სავსებით მოისმინა, მეორე კი არ მოისმინა. (არ ისმის) ხარატიშვილი ასრულებს მხოლოდ დავალებას მუშათა საბჭოსას, ის რაც მან ჩაიდინა, რაც მან მოიმოქმედა, ეხება აგრეთვე მუშათა საბჭოს, და მისი გასამართლება არის აგრეთვე მუშათა საბჭოს გასამართლება და ასეთ გასამართლებას რევოლიუციონური ფრაქცია ყოველ შემთხვევაში ვერ შეურიგდება.

ზაქარია გურული. (ს.-დ.) უპირველესად ყოვლისა უნდა მოგახსენოთ, რომ სოციალ-ფედერალისტების დამფუძნებელი კრების ფრაქცია გლახა კომპანიაში მოხვდა, ისეთ ბნელ კომპანიაში, როგორიც არის კოტე წერეთელი და რომელიც რამოდენადაც გამიჯნული არის იმ ფედერალისტთა ორგანიზაციისაგან, სადაც სცხოვრობს წერეთელი. ჭიათურელ ფედერალისტთა პარტიის წევრი, რასაკვირველია, გაწითლდებოდა, რომ სადმე აქ იჯდეს ქანდარაზე, მაშინ, როდესაც მისი ფრაქცია გამოდის კოტე წერეთლის დამცველად. მე მოველოდი, რომ ამ სექტორიდან გამოვიდოდნენ მისი დამცველები (აჩვენებს მარჯვნივ) მაგრამ სწორედ არ მოველოდი სოციალ-ფედერალისტებისაგან (ნიკოლაძე: რა უფლება ქონდათ მაგისა?) შთაბეჭდილება მქონდა ასეთი... (ნიკოლაძე: უნდა ილაპარაკოთ ის, რის უფლებაც გაქვთ და არა ყველაფერი როშოთ) რომ ცარიელა სიტყვებით არ გამოვიდე, წავიკითხავ გაზეთს, საიდანაც სჩანს, რომ ამ კაცის, ამ პიროვნების წინააღმდეგ გამოდიან თითონ ჭიათურელი ფედერალისტები. მუშათა საბჭომ იცოდა და კარგად იცოდა, როგორი ბობოლაც არის ჭიათურის მრეწველთა საბჭოს წევრი ფედერალისტი და რომ სავალდებულო არ გამხდარიყო, როდესაც თავის სარევიზიო კომისია აირჩია, დაასახელა ერთი წევრი სოციალ-დემოკრატი ისიდორე ხარატიშვილი, მეორე ესერი ელ. ნადარეიშვილი და მესამე ფედერალისტი შაქრო ვაშაძე, რომელიც არის დედა ბოძი ჭიათურის ფედერალისტების ორგანიზაციისა. როდესაც ამ სარევიზიო კომისიამ გააკეთა მოხსენება წერეთლის მოქმედებაზე და ამბავი ეცნობა კრებას, რომ კომისიამ ნათლად აღმოაჩინა ბოროტ-მოქმედება (კითხულობს.) აი აზრი ფედერალისტებისა, რომელნიც იცნობდნენ კოწია წერეთელს. მესხიშვილი, რომ იყოს არა თბილისის ვექილი, არამედ ქუთაისის ვექილი, მე. მგონია იმასაც ეცოდინება ვინ არის კოტე წერეთელი. „წერეთელი რასაკვირველია ქრთამს აიღებს“, ეს გახლავს სიტყვები ქუთაისის ძველ ვექილებისა, აი ესეთ კომპანიაში მოიმწყვდნენ ჩვენი ფედერალისტები. გადავხედოთ არსებითად თითონ საქმეს. ბ. მესხიშვილი ბრძანებს, რომ აქ ჩვენ თითქმის განგებ გამოვტოვეთ, ან და არ ვიცოდით საქმე და ამიტომ გამოგვრჩა, რომ კოტე წერეთელი მთელი წელიწადი კი არ გაჩერებულა არამედ მაშინვე იჩივლა, უპირველეს ყოვლისა, ის მაშინვე არ მომხდარა, ის იყო 6 თვე ყოველ შემთხვევაში გაჩერებული, საქმე დაიწყო აპრილში და იმან იჩივლა დეკემბერში. ესე იგი მან შეარჩია ის დრო, როდესაც მუშათა საბჭოს ფრონტები ჰქონდა, განაჩენი გამოიტანეს სწორედ მაშინ, როდესაც მუშათა საბჭო ჩოლოქზე იყო. ის მოხერხებული დრო გახლდათ ბ. მესხიშვილი მეორე საჩივარი კობიძის შესახებ მაშინ იყო როდესაც მუშათა საბჭოს თითქმის მთელი თავისი შემადგენლობით მთაზე იყო და მკერდით ედგა ოსთა ბანდებს. და იქ იყო ესა თუ ის, მართლა ფედერალისტებიც ჭიათურიდან. და აი აქ უშოვნეს დრო მეორე წევრს. მერე რა მოხდა აქ? ბ. კრების წევრმა გობეჩიამ უკვე აღნიშინა, რომ იმათ უარყვეს თავის ნაჩვენები, მაგრამ როდესაც მათ სასჯელი გადაუწყვიტეს და სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ მაშინ შეგეძლოთ სთქვათ, ერთზე და მეორეზე შეგეძლოთ გეთქვათ: „ისინი იყვნენ სულმოკლენი, სასჯელის შეეშინდათ, ციხეში ვერ დაჯდნენ და ბოდიში მოიხადეს. მიქაუტაძეს დამცველი არ ჰყავდა, როდესაც ის გამოცხადდა სასამართლოში, ეს ინვალიდი მუშა, ეს დაშავებული მუშა როდესაც გამოცხადდა საჯაროთ დაადასტურა თავის ჩვენება (განაჩენში ალბად გაიგებდით?) თქვენსგან სოციალ-დემოკრატათ აღიარებულმა მაგრამ ნამდვილად კი ფედერალისტმა დევიძემ, (თუმცა ჭიათურის ფედერალისტები არც იმას სცნობენ ფედერალისტათ, მის შემდეგ, რაც ის აგრარულ კანონდებლობის წინააღმდეგ წავიდა და აგრარულ რეფორმის გატარებას ხელს უშლიდა), აი ეს გამომძიებელი დევიძე შეეცადა, რომ დაებნია მიქაუტაძე: სად, როგორ, რა პირობებში მისცა მან ქრთამი. მაგრამ მიქაუტაძე სრულიად არ დაიბნა და ეუბნებოდა მივეცი. 25 მანეთი კონტორაში, მეტი არ მქონდა, შემდეგ როდესაც 15 მან. მიუტანე - ის არ იყო და მის ცოლს დაუტოვეო. მის მაგივრად, რომ მოსამართლეს გამოეწვია ცოლი და ფიცის ქვეშ ეკითხა - მისცა თუ არა მას მიქაუტაძემ 15 მან. ის არც აციებს და არც აცხელებს და განაჩენი გამოაქვს, და ეს განაჩენი ფედერალისტებისთვის მისაღები საბუთი არის, ეჭვ გარეშე არის. ასეთი არის კობიძის საქმეც როგორც უკვე მოგახსენეთ, მან ბოდიში მოიხადა მის შემდეგ, რაც განაჩენი გადაწყვიტეს და უნდა დამჯდარიყო. აქ იურისტი მოგახსენებთ, თქვენსავით იურისტი გობეჩია, მოგახსენებთ, რომ დამტკიცება ქრთამის აღებისა ისე ადვილი არ არის, მეტადრე როდესაც ამ ქრთამს იღებს ისეთი კაცი, როგორც კოტე წერეთელი. არც ეხლა დაუწყია, არც ეხლა გაათავებს თუ კი საშუალება ექნება. ის გამოცდილი აბლაკატი არის. კობიძე და არც მიქაუტაძე ძველ სასამართლოში არ იჩივლებდენ და თუ მოვიდა რევოლიუციონურ ორგანიზაციაში, ეს იმიტომ, რომ იქ არა ერთი და ორი იყო იძულებული გადაეხადა ფული. მესხიშვილი ბრძანებს, რომ მიქაუტაძემ განაცხადა ის ხარატიშვილის ბინაზე დაიბარეს და ხარატიშვილმა მოსთხოვა ისეთი, ჩვენება მიეციო. თუ კი მესხიშვილმა ეს ამოიკითხა, ერთი დოკუმენტიდან, რატომ დაავიწყდა გუშინდელი დოკუმეტი, საიდანაც ნათლად სჩანს, ექვსი გარეშე პირი აწერს ხელს. იმ დროს როდესაც საბჭოში ერთი მორიგე წევრი იყო ფაღავა, და 6 გარეშე პირი მიქაუტაძე შემოვიდა საბჭოში და მადლობა გადაუხადა მუშათა საბჭოს, იმისათვის, რომ მათმა საჩივარმა გასჭრა და მან ფული მიიღო, - ეს დოკუმენტი არსებობს. თუ ერთი დოკუმენტი არის მისთვის მისაღები რატომ არ უნდა მიიღოს დოკუმენტი, რომელიც ექვსი გარეშე კაცი აწერს ხელს, გარდა მორიგე წევრის ფაღავასი. მესხიშვილი ბრძანებს - კობიძემ და მიქაუტაძემ უარი სთქვეს ბრალდებაზეო მაგრამ მე გამიგონია ვექილებისგან, და მათ შორის მესხიშვილისაგანაც, რომ ასეთ საქციელს რუსულად вымогательство-ს ეძახიან. კაცი ჩააყენეს ისეთ პირობებში, რომ აიძულეს ასეთი ქრთამი მისცეს, ესე იგი გამოსტყუეს ფული კი არა, უარი ბრალდებაზე, და აი ამ დოკუმენტებს ჰქონდა დიდი მნიშვნელობა და სიმძიმე. იმ დოკუმენტს კი როდესაც ხელს აწერს 6 გარეშე პირი, მას კი არ ჰქონია სიმძიმე. მესამე ბოძი, რომელსაც ემყარება წერეთლის დამცველი ეს გახლავთ ზუბიაშვილი. ის, რომ დაიჭირეს თითქოს თვით ზუბიაშვილმა განაცხადა, რომ მას მოსთხოვეს ესა და ეს ჩვენება მიეცა.

მე წავიკითხავ ბატონებო, დოკუმეტს, რომელიც რუსულად არის დაწერილი, და მერე მივხდებით ვინ ყოფილა ეს წერეთელი, რა შვილი არის ის. დოკუმენტი არის შორაპნის მაზრის ჯარის კაცისა განმთავისუფლებულ კომიტეტის მიერ სამხედრო ბეგრისგან, და აქ სწერია. (კითხულობს) მაშასადამე ზუბიაშვილი მოჯამაგირეთ კი არ უნდა ყოფილიყო კოტე წერეთელთან. ის ან უნდა ყოფილიყო ბრძოლის ველზე, ან მაღაროების მუშაობაზე უნდა ყოფილიყო ნესტორ წერეთელთან. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჭიათურა იყო ცნობილი როგორც ომის მოთხოვნილებისათვის მომუშავე და განთავისუფლებული იქაური მუშების ბრძოლის ველზე გაწვევისგან მაგრამ. 2.000 მუშის მაგივრად აღმოჩნდა 7.500 მუშა, მაგრამ არცერთი ამ 7.500 მუშიდან, გარდა 2,00 არ იყო მუშა, ყველა ისინი იყვნენ ან ვაჭრები ან ქულაკები, სოფლელები რომ ეძახიან, შასაძლებელია ზუბიაშვილს ფული არ ჰქონია გადახდილი, მაგრამ მოჯამაგირეთ დასდგომოდა წერეთელს, რომ ბრძოლის ველზე არ წასულიყო. სამუშაო კი ამ ზუბიაშვილს არ უნახავს და თითონ ლაპარაკობს თავის განცხადებაში რომ ის მოჯამაგირე არის წერეთლისა. თქვენ ამბობთ რომ იმან განაცხადა - „ჯამაგირს ვღებულობ, და არა ქრთამით ვმუშაობო“.

მაგრამ მე თქვენ გეკითხებით, აი თუნდა ამ გარემოებაში როგორც ის ამბობს, ესე იგი მოჯამაგირე არის, ჯამაგირს ღებულობს და არა მუქთად მუშაობს. ამ შემთხვევაში არის თუ არა დანაშაული, რადგანაც ის მუშა უნდა იყოს მაღაროებში, ან ბრძოლის ველზე და მუშაობს კი კოტე წერეთელთან. მე მგონია ეს დანაშაულია და სწორედ ამიტომ როდესაც ჭიათურაში ეს ამბები გამომჟღავნდა, ან პეტროგრადში, რომ ეს ამბავი გაიგეს აღიძრა კითხვა, რომ ჭიათურის მუშები მოიხსნან როგორც ომისთვის მომუშავენი და ყველა გაიწვიონ ომში. მაშინ 2.000 მუშები შეიკრიბა და გადაწყვიტა: ვაჭრების გულისთვის რომელნიც ოდესაში ვაჭრობენ, ჩვენ ვერ გავაუქმებთ ჩვენ უფლებებს, ჩვენ თითონ ავირჩიოთ კომისია გამოვიკვლიოთ ეს ბოროტ-მოქმედება, და ვსთხოვოთ დროებითი მთავრობას, რომ ჭიათურა დარჩეს, როგორც აქამდის იყო, როგორც ომისთვის მომუშავე ქარხნები. მაშინ მუშების მიტინგზე გადაწყვეტილების თანახმად ჭიათურის აღმასრულებელმა კომიტეტმა აირჩია კომისია, და არა თუ ზუბიაშვილი იყო დაჭერილი, მთელი რიგი ფაქტიური მუშებისა იყო დაჭერილი. აღმოჩენილი და თუ შემდეგ ისინი გაანთავისუფლეს და სასამართლოს არ გადასცეს, ეს იმიტომ, რომ კერენსკის მთავრობამ გამოსცა ბრძანება აპრილში. თუ არ ვსცდები, რომ ვინც წინათ ამისთანა დანაშაულობა მოახდინა ნაპატიები იყოს და ამიერიდგან კი მკაცრი ზომები იყოს მიღებულიო. ზუბიაშვილი და სხვა ამისთანა პირები გაანთავისუფლეს. რაც შეეხება დაკითხვას ხარატიშვილისას და არა კობიძისას, როგორც ზუბიაშვილმა განაცხადა, ხარატიშვილი იყო ერთი წევრთაგანი იმ კომისიისა, რომელიც აირჩია აღმასრულებელმა კომიტეტმა და როდესაც უნდა გამოერკვია, ვინ იყო მართლაც განთავისუფლებული ქრთამით სხვა და სხვა ადგილას თითქოს ჭიათურაში მუშაობდა. და როცა მათ იჭერდნენ, იჭერდა რასაკვირველია, კომისარი და არა კომისია, დაიჭირეს ისიც, როგორც სხვა პირები, ატყობინებდნენ კომისიას, რომ შეეკითხათ და საქმე გამოერკვიათ. კომისიამ გამოარკვია საქმე, რომ მართალი იყო, მაგრამ კერენსკიმ აპატია ეს დანაშაული. თავის თავად ცხადია ჭიათურის კომისია, ამის წინააღმდეგ არ წავიდა. აი ყველა ის საბუთები, რაზედაც აქ ილაპარაკეს და რაზედაც ლაპარაკობენ ისე, თითქოს ასეთი დოკუმენტი არსებობს, რომელიც ამტკიცებს, რომ ხარატიშვილმა როგორც ერთმა პიროვნებამ ჩაიდინა ცილის წამება, ეხლა რაც შეეხება იმას, რომ კოტე წერეთელმა, ბრძანებს მესხიშვილი, დაისაჯა ორი პირი, რომელნიც ცილს წამებდნენ, მიმართა მუშათა საბჭოს და სთხოვა მისი პატიოსანი სახელის აღდგენა. მართალია მან მიმართა მაგრამ მუშათა დეპუტატების საბჭო, მესხიშვილს უნდა მოეხსენებოდეს, რომ ეს რევოლიუციონური ორგანოა და რევოლიუცია ჯერ არ გათავებულა, ფრონტებიც ჯერ კიდევ ბევრი იქნება, შიგნით და გარეთ, და არ სცალია აბლოკატებისა და ბნელი პირებისთვის, რომელთაც გამოტყუების სახით გამოსტყუეს ის საბუთი, რომელზედაც მესხიშვილი ეყრდნობოდა, გამოვიდეს და საჯაროთ გარჩევა დაუნიშნოს, მითუმეტეს, რომ ყველა დარწმუნებულნი არიან მის ბნელ საქმეებში. ყველა დარწმუნებულია, რომ მან არა მარტო მიქაუტაძესაგან აიღო ქრთამი, გაანთავისუფლა არა მარტო ზუბიაშვილი სამხედრო ბრძოლის ველზე წასვლისაგან. მაგრამ გზა არ დაუკეტია მუშათა საბჭოს წერეთლისთვის, ის ეუბნებოდა ჩვენ ჩავიდინეთ უსამართლობა? ჩვენ არა ვართ მთლიანად დამოუკიდებელი, მთლიანად თვითმპყრობლათ მომქმედი, ჩვენ გვყავს ჩვენი უფროსი აი საგუბერნიო მუშათა დეპუტატთა საბჭო და აგრეთვე კავკასიის ცენტრალურ მუშათა საბჭო. გვიჩივლეთ იქ გაასაჩივრეთ, წარუდგინეთ თქვენი დოკუმენტები, თქვენი საბუთები და იქ გაგვამართლებენ. მაგრამ მან ეს არ ქნა. ან ხარატიშვილი მოიწვიეთ, დასაჯეთ ან თვითონ გამოვიწვით საჯაროდ. (ხმაურობა) ისინი უარს ყობდნენ და მხოლოდ ამბობდნენ რომ ხარატიშვილი ასრულებდა მუშათა საბჭოს დირეკტივებს. ამბობდნენ ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი, ხარატიშვილი ასრულებდა ჩვენ ნების ყოფასო და როდესაც აქ მესხიშვილი ამბობდა, მოსამართლეს არ შეუძლიან სხვანაირად მოქცეულიყოვო, მე ვამბობ, მოსამართლე, თუ ის დადგებოდა ფორმალურ ნიადაგზე, მაშინ სულ არ უნდა მოეხსენებინა მუშათა საბჭო და აღარც უნდა მისთვის შეესხა ქება. ეს როგორც უწოდებს აქ დიპლომატია, ან შორაპნული ხრიკი, როდესაც ამას ხმარობს მოსამართლე, ის უკვე ობიეკტიურად კი არა მჯელობს, მართლა მოსამართლის სიმაღლეზე კი არა სდგას, წინასწარ გრძნობს რომ უსამართლობას სჩადის და ამისთვის წინასწარ ეკამათება იმას, რომელიც შემდეგში (მიხდება) (?) ეს არაფერი შუაშია, ამიტომ ამბობს, მუშათა საბჭო უმწკივლოა, ის არაფერ შუაშია ის ვერ დაავალებდა თავის წევრს, რომ, იმას ყალბი ცნობები შეეკრიბათ. ბ. მესხიშვილი ამ სიტყვებს იმეორებს და ამბობს: მუშათა საბჭო ვერ დაავალებდა თავის წევრს ყალბი ცნობები შეეკრიბათ, მაგრამ საიდან, დაინახა, მოსამართლემ ან ბ. მესხიშვილმა რომ ხარატიშვილმა ყალბი ცნობები კრიფა? ის ასრულებდა მხოლოდ მუშათა საბჭოს დადგენილებას, მან მისწერა წერილი წერეთელს და იქ სწერია: თანახმად მიქაუტაძის საჩივრისა. (კითხულობს) სხვა მეორე საბუთი, რომელიც მოიყვანა მესხიშვილმა ზუბიაშვილის შესახებ, აქ არის დადგენილება კომისიისა რომელიც ამოირჩია აღმასრულებელმა კომიტეტმა და დაავალა გამოეძია ყოველგვარი ბოროტმოქმედება. ამ კომისიამ გამოარკვია, რომ ორი მუშა, განთავისუფლებული იყო მუშის სახელით და სადღაც სხვაგან მუშაობდა და არა ჭიათურაში. ასეთი დადგენილება შეატყობინა კომიტეტს ხარატიშვილმაც. საიდან აიღეთ რომ ყალბ ცნობებს კრებდა ეს პიროვნება, ამას ვერ დაამტკიცებს ვერც მესხიშვილი, ვერც მომრიგებელი მოსამართლე, და მან მისწერა მუშათა საბჭოს, ქება შეასხა, ეს იყო თაღლითობა და სხვა არაფერი. ბ. მესხიშვილი ბრძანებს: მოსამართლეს არ უნდა ეშინოდეს არავისი. მოსამართლე მაღლა უნდა იდგეს, დამოუკიდებლად უნდა იმოქმედოს, სამწუხაროდ ეს ესე არ არის და ეს ჩვენ გვაწუხებს. მე გადმოქცემთ წინაშე სოციალ რევოლიუციონურ ერთი პარტიის წევრის, დამსწრეს ლაპარაკს. ის ამბობდა ეს სასამართლოს კი არ გავდა, ეს გავდა კოტე წერეთლის კანტორას, საკმარისი იყო ვინმე შემოსულიყო სასამართლოში ახალი პირი, კოტე მიუბრუნდებოდა, და ამბობდა: აგერ ვკითხოთ, შაქრო, ეს ხომ ესე იყო? მოსამართლე კი იქ იყო, მაგრამ არაფერ შენიშვნას არ აძლევდა, ეს მოსამართლის განაჩენი კი არ იყო, კოტეს ნაკარნახევი იყო. სამწუხაროდ ჩვენკენ ასეთი მოსამართლენი არიან დღეს. მოსამართლეები, რომელთაც ჩვენ ვარჩევთ, მაგრამ ჩვენ თანახმად იმისა, რომ ჩვენ გვინდოდა გვყოლოდა იურისტები ამ იურიდიულ საქმის სათავეში, და ეს იურისტები კი ყველა ჩვენი ნაცნობები არ ყოფილა, ვინაიდან არც მაღაროებში და არც ციხეებში ისინი ჩვენთან არ იყვენ ხოლმე, ჩვენ არ ვიცნობდით და თქვენისთანა კაცების პროტეკციით დავაყენეთ, მაგრამ ჩვენ გავიცნობთ მოკლე ხანში და ამისთანა მოსამართლეებს თავის გზას უჩვენებთ.

ალექსანდრე ასათიანი. (ნ.-დ.) ბატონებო, აქ ფრიად მნიშვნელოვანი პრინციპიალური საკითხი არის აღძრული და ისეთი დასაბუთება, რომელსაც ადგილი ჰქონდა, სრულიად არ შეეფერება საკითხის მნიშვნელობას, ამ ერთი თვის განმავლობაში დამფუძნებელ კრებაში ჩვენ ორი დიდი პრინციპიალური საკითხი აღვძარით. ერთი ადმინისტრაციის შესახებ - მეორე - სასამართლოს შესახებ. სამწუხაროდ, უნდა მოგახსენოთ, რომ როგორც პირველი საკითხის ისე მეორე საკითხის შესახებ ზოგიერთ ფრაქციებს დამფუძნებელ კრებაში ფრიად მარტივი შეხედულება ჰქონიათ. როდესაც ადმინისტრაცია თავის დანიშნულებას ვერ ასრულებს, ხდება მრავალნაირი ბოროტმოქმედებანი, ზოგიერთი ჰფიქრობს, რომ თვითეულმა დაინტერესებულმა პიროვნებამ უნდა გამოარკვიოს ეს ბოროტიმოქმედება ვინ მოახდინა. თვითეული პარტიის მოღვაწე აქ გამოდის, როგორც მსაჯული, ის სწყვეტს - დანაშაული ჩაიდინა თუ არა, როგორი კაცი იყო ის, რომელიც მოჰკლეს ან რომლის თავისუფლება შებღალეს და სხვა. ასეთი შემთხვევაში თუ ადმინისტრაციას არავითარი ცნობები არ მოეპოვება ამ ბოროტმოქმედების შესახებ, სამაგიეროთ ესა თუ ის პარტიის მოღვაწე აღჭურვილია ყოველგვარ ცნობებით. ვინც მოკლეს, ის ასეთი და ისეთი იყო, ხალხი მის წინააღმდეგ ამხედრებული იყო. მაშასადამე არც გასაკვირველია რომ ის დაიჭირეს, ან მოჰკლეს და სხვა. ადმინისტრაციას არავინ ავალდებულებს, რომ ასეთი თვითგასამართლებანი და ამა თუ იმ ჯგუფის ტერორი აღკვეთოს. ასევე ფიქრობენ ზოგიერთნი სასამართლოს შესახებაც. მაგალითი თვალ წინ გვაქვს ხარატიშვილის საქმე. დამფუძნებელ კრებას რა უნდა ექმნა ამ საქმის შესახებ, გარდა იმისა, რომ ხელში აეღო სასამართლოს განაჩენი და ის საბუთები, რომელიც შეგროვილი ჰქონდა ამ საქმეზე თვით სასამართლოს, როგორც იმ ორგანოს რომლის კომპეტენციაში შედის ყოველმხრივ ასეთი საკითხის გამორკვევა და განსჯა და დაეცვა სასამართლოს განაჩენი. ნუ თუ მნიშვნელობა აქვს იმ აზრს და იმ შეხედულებას თუ რა აზრს და შეხედულებას ატარებს ესა თუ ის პარტია, იქნება ეს ფედერალისტთა თუ სოციალ-დემოკრატიული პარტია, როგორ ფიქრობს კოტე წერეთლის შესახებ სოციალ-დემოკრატი ან სოციალ-ფედერალისტი რას ფიქრობს ხარატიშვილზე. ჩვენ, მე მგონია, ამას ანგარიშს ვერ გაუწევთ, დამფ. კრებისთვის საყურადღებოა მხოლოდ საბუთები და ეს საბუთები მოახსენა დამფუძნებელ კრებას თვით იუსტიციის მინისტრმა. ეს საბუთები გვეუბნებიან ჩვენ, რომ ერთი პიროვნების წინააღმდეგ, - მე არ ვიცნობ და მაშასადამე არ შევდივარ მე იმის განხილვაში, თუ ვინ არის ის, და როგორი მოღვაწეა, ეს სასამართლოს საქმე არის. სასამართლომ ეს უნდა განსაჯოს და თუ ბატონ გურულს ბევრი ცნობები მოეპოვება ამ პიროვნების შესახებ, მას აქვს საშუალება, რომ სასამართლოს წესით ამ პიროვნების წინააღმდეგ ზომები მიიღოს, ამ პიროვნების წინააღმდეგ ადგილი ჰქონებია მრავალგვარ ბოროტმოქმედებას. სასამართლოს განუხილავს ამის შესახებ რამოდენიმე საქმე, და ყველაფერი ეს ჩვენ უკვე აქ მოგვხსენდა: - ერთი ცილისწამება გააბათილა, მეორე ცილისწამება გააბათილა. ის პიროვნებები, რომელთაც შეეხება ეს განაჩენი, კმაყოფილნი არიან, პროტესტს არ აცხადებენ, მესამე ცილისწამებაც აგრეთვე სასამართლოს განხილვის საგანია და სიმართლეს აქაც, ის გამოარკვევს. მე მგონია გასაგებია ის განაჩენი, რომელიც ამ საქმეზე სასამართლომ, მაგრამ თუ დაინტერესებული მხარე არ არის დაკმაყოფილებული ამ განაჩენით, მას სრული საშუალება აქვს აღადგინოს თავისი უფლება. არის შემდეგი ინსტანცია, და ეხლა კიდევ უმაღლესი ინსტანცია გვექნება - სენატი. და თუ კიდევ წერეთელმა ამ ერთად ერთმა კაცმა ორი წლის განმავლობაში ეძია თავის ბრალმდებელნი და აღადგინა თავის უფლება, ერთი, მეორის, მესამის წინააღმდეგ საქმე სასამართლოში აწარმოებინა, ნუ თუ მუშათა საბჭოს თუ მათი უფლება იყო შელახული, ან ხარატიშვილის უკეთუ მას უსამართლოდ მოეპყრო მომრიგებელი მოსამართლე, არა აქვს საშუალება სასამართლოს წესით აღადგინოს თავის უფლება? მე მგონია ამის საშუალება მათ აქვთ. მაშასადამე რა მნიშვნელობა აქვს და რა აზრი აქვს იმ შეკითხვას, რომელიც წარმოდგენილია აქ? უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ის შემცდარი შეხედულება შემკითხველებისა, თითქოს ხარატიშვილის შესახებ გამოტანილ განაჩენით დამნაშავის სკამზედ დაესვათ ჭიათურის მუშათა საბჭო. მე მოვისმინე აქ წარმოთქმული სიტყვები და თუ ჩვენ აქ საკითხი დავსვით, ვინ არის, რომ უპირებს ჭიათურის მუშათა საბჭოს დამნაშავის სკამზედ დასმას, ჩვენი პასუხი იქნება, რომ ეს არიან შემკითხვები, უპირველეს ყოვლისა ეს არის სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის წარმომადგენელი ბატონი გურული. მოსამართლეს ან სხვა ვინმეს მუშათა საბჭო სამართალში არ მიუცია და დამნაშავის სკამზედ არ დაუსვამს. ეს სასამართლოს განაჩენში აშკარად არის აღნიშნული, ამის შესახებ საქმის წარმოებაში არავითარი ნიშანი არ არის. და თუ თქვენ გნებავთ, რომ ყველა ის დანაშაული რაც ჩაიდინა ხარატიშვილმა მოახვიოთ მუშათა საბჭოს, აი ეს არის მუშათა საბჭოს დამნაშავის სკამზედ დასმა.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში მუშათა საბჭოს დამნაშავის სკამზედ დასმა არის უსამართლობა, ვინაიდგან ჩვენ აქ მოგვხსენდა, რომ როდესაც მრეწველთა საბჭო შეეკითხა ჭიათურის მუშათა საბჭოს რა გაქვთ თქვენ საწინააღმდეგო ბ-ნ წერეთლისა, თავის პასუხში მუშათა საბჭოს წერეთელი მექრთამედ არ დაუსახავს. მეორე ასეთსავე შეკითხვას ჰქონდა ადგილი, კიდევ მესამეს, და არსად არის აღნიშნული, რომ მუშათა საბჭოს მექთამედ მიაჩნია კოტე წერეთელი. ამის შემდეგ, მე გეკითხებით თქვენ, ჰქონდა თუ არა მოსამართლეს უფლება დაედგინა, რომ კოტე წერეთლის მექრთამეთ დასახვაში მუშათა საბჭო არაფერ შუაშია? საქმის წარმოება ამბობს, რომ მას მძიმე ბრალს სდებს კერძო პიროვნება. და რომ აქ მხოლოდ პიროვნება არის დამნაშავე, ხარატიშვილი. მე ვფიქრობ, რომ ყველა ის საბუთები რომელიც მოვისმინე თქვენგან და არა სხვებისაგან, მხოლოთ ამას ამბობს. ახალი საბუთი თუ გექნებათ ამის შესახებ, ბჭობას მაშინ ვიქონიებთ. მაგრამ ფაქტია, რომ ჰქონდა ადგილი იმას, რომ მუშათა საბჭოს ერთი წევრი, დამნაშავეთა სკამზედ დასვეს. და თუ შეუძლებლად სცნობს სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია, რომ მუშათა საბჭოს ესა თუ ის წევრი სამართალში იქმნეს მიცემული ამა თუ იმ ბოროტ-მოქმედებისთვის, - მაშინ ამ შეკითხვას სულ სხვა ხასიათი უნდა მისცემოდა, სულ სხვა სახით უნდა ყოფილიყო ეს შეკითხვა შემოტანილი. ვფიქრობ, რომ ასეთი პრეტენზიები არავის ექნება. ჩვენ გვყავს დამფუძნებელი კრება და მისი ნდობით, აღჭურვილი მთავრობა, მაგრამ თუ ეს მთავრობა გადალახავს იმ ნორმას და იმ ფარგლებს, რომელსაც ანიჭებს მას კანონი და ის დანაშაულს ჩაიდენს კერძო პიროვნების და საზოგადოების წინაშე, ის დამნაშავის სკამზედ იქნება დასმული და პასუხს აგებს კანონის წინაშე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთ პასუხისგებას ვერ აიცდენს ვერც ერთი ორგანიზაცია, როგორიც არ უნდა იყოს ის, ან უკეთ, რომ სთქვათ, ვერც ერთი ამა თუ იმ ორგანიზაციის წევრი ასეთი იმუნიტეტი, რასაკვირველია, ვერ მიენიჭება საბჭოებს და სხვა რევოლიუციონურ ორგანიზაციებს.

ჩვენი აზრი ამ შეკითხვის შესახებ ჩვენ წინეთ გამოვთქვით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უთუოდ არის სასამართლოს საქმეში ჩარევა. ჩვენ ამ რწმენაზე ვრჩებით ამ ჟამადაც. თუმცა ბატონმა იუსტიციის მინისტრმა თავის სიტყვის პირველ ნაწილში საკითხი ფორმალურად, სწორედ გააუქმა და აღნიშნა, რომ მას არა აქვს უფლება, რომ მომრიგებელ მოსამართლის განაჩენის განხილვა დაიწყოს, რომ ის ამ საკითხს არსებითად არ შეეხება, მხოლოდ პროცესუალურ თვალსაზრისით უყურებს ამ საქმეებს და სხვა, მაგრამ, სამწუხაროდ თავის სიტყვის ბოლო ნაწილში ის უკვე არსებითად შეეხო ამ განაჩენს და არსებითად დააფასა ის. გაიხსენიეთ მისი დასკვნა: თუ აღმოჩნდება, რომ ამ საქმეში ხარატიშვილი გამოდიოდა. როგორც პიროვნება რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, და სათანადო სასჯელი მიიღო მოსამართლისაგანო, მაშინ, რასაკვირველია, ჩვენ არაფერი გვექნებაო, მაგრამ ის საქმე, რომელიც ჩვენ ხელში არის, არ ამტკიცებს, სრულიად, რომ თითქოს ხარატიშვილის სახით აქ მთელი ორგანიზაცია არ იყვეს წარმოდგენილი.

ბ-ნი მინისტრის ასეთი აზრი, რასაკვირველია, არსებითი უარყოფაა მოსამართლის ამ საქმის გაშუქებისა და მისი განაჩენის სისწორისა. და განა ეს სასამართლოს საქმეებში აშკარა ჩარევა არ არის? სასამართლოს საქმეში ჩარევა ბ-ნო მინისტრო იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ დაეთანხმებით მოსამართლის განაჩენს, საწინააღმდეგო აზრს დაიმუშავებთ, და საწინააღმდეგო აზრს გაატარებთ და შემდეგ შეიძლება სხვა ზომები მიიღოთ. სამწუხაროდ, ბ-მა მინისტრმა ამ ზომებზედაც მიგვითითა. ეს არის საზოგადოების ნდობით აღჭურვილი მოსამართლე და თუ თავის დანიშნულებას ვერ ემსახურება, მაშინ საზოგადოების საქმე არის, რომ მან დააფასოს მისი მოღვაწეობა. ე. ი. მოსამართლემ უკანონობა ჩაიდინა, საზოგადოებრივი აზრი ამ მოსამართლის წინააღმდეგ უნდა წავიდეს, იმიტომ, რომ მან ეს დანაშაული ჩაიდინა, და საზოგადოებამ ამის შესახებ ზომები უნდა მიიღოს, დღევანდელ პირობებში ასეთი ზომების მიღება არ გაუჭირდებათ დაინტერესებულ ორგანიზაციებს. ჩვენ ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ ის აქტი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ეწინააღმდეგება სასამართლოს დამოუკიდებლობას და რომელიც მიუღებელია ყოველივე უფლებრივ სახელმწიფოში. მთავარი საბუთი იმისთვის, რომ რევოლიუციონური ორგანიზაციები არ შეიძლება სასამართლოში იყოს მიცემული ბატონ მინისტრის და სხვების მიერ მოყვანილი იყო ის, რომ თუ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ არსებული კანონებით, მაშინ შეიძლება სასამართალში მიეცეს ყველა აქ დამსწრენი ან დიდი უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში. მე ვფიქროფ, რომ ეს მეტად გადაჭარბებული შიშია. მე ვფიქროფ, რომ არსებული კანონი ისევე მტკიცეთ იცავს დღევანდელ მთავრობას დღევანდელ დამფუძნებელ კრებას და ყოველივე სახელმწიფოებრივ ორგანოებს, როგორც იცავდა ძველ მთავრობას თუ ის უკიდურესათ იცავდა შეიძლება ამ სახელმწიფოებრივ ორგანოებს და ძველ მთავრობის საჭიროებას. ის სულ სხვა საკითხია მაგრამ მას შემდეგ, რაც ძველი მთავრობა დაიმხო და მისი ადგილი დაიჭირა ახალმა მთავრობამ, ჩვენი კანონი თუმცა კანონი ძველია, ის ისეთივე ბასრი იარაღია ახალი მთავრობისათვის როგორც ძველ მთავრობისათვის და სწორედ ამ კანონში ხელმძღვანელობს ჩვენი მთავრობა, როდესაც ებრძვის ყველა იმ ელემენტებს, რომელნიც ამხედრებულნი არიან - სახელმწიფოს და მთავრობის წინააღმდეგ.

იყო ერთი აქტი, რომელსაც, რასაკვირველია, სასამართლო არ შეეხება. ეს აქტი ის იყო, როდესაც ძველი მთავრობა იცვლებოდა ახალ მთავრობით და იმის შემდეგ, რაც ახალმა მთავრობამ დაიკავა ძველი მთავრობის ადგილი, მას შემდეგ ახალი მთავრობა ხმარობდა და ხმარობს იმ ძველ იარაღს, იმ ძველ კანონს, და სცვლიდა მას იმდენად, რამდენადაც ეს მისთვის საჭირო იყო. აი ამიტომ ჩვენ არ უნდა მივიღოთ ეს უკიდურესი შეხედულება, ან უნდა გავაბათილოთ, არ უნდა გაუტეხოთ სახელი იმ კანონებს რომელიც ჩვენში მოქმედობდენ. ბევრი მათგანი, რასაკვირელია ჩვენ ცხოვრებას არ შეეფერებიან, მაგრამ ამისთვისაც არის მოწვეული დამფუძნებელი კრება რომ ეს კანონები შესცვალოს და მიიღოს ისეთები, რომლებიც ცხოვრებას უფრო უახლოვდებიან. მაგრამ სანამ ასეთი ცვლილება არ შეგვიტანია, სანამ ძველი კანონები მოქმედობენ, სავალდებულოა რომ ყველა ორგანო, ყოველივე პიროვნება განურჩევლად მიმართულებისა, ამ კანონებს ემორჩილებოდეს. აუცილებელია, რომ სასამართლოს წინაშე ყველანი იყვნენ თანასწორნი, და თუ გნებავთ, რომ რევოლიუციონური ორგანოები აღჭურვილნი იყვენ სხვა უფლებით, ყოველ შემთხვევაში ჩვენ რა შეგვიძლიან იმათ მივანიჭოთ იმაზე მეტი უფლება, რაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფოს უმაღლეს ორგანოებს არა აქვთ მინიჭებული ისეთი უფლება! რომ ისინი სრულიად უპასუხისმგებლონი იყვნენ კანონის და სასამართლოს წინაშე. ამიტომ ჩვენის აზრით ეს შეკითხვა სრულიად მიღებული არის, ჩვენის აზრით სასამართლომ ამ საკითხში გამოიჩინა სრული მიუდგომლობა და მან შეასრულა თავის მოვალეობა, ის ხელმძღვანელობდა იმ კანონით, რომელიც სავალდებულოა სასამართლოსთვის, და ამისთვის არავითარი ანგარიში მთავრობის წინაშე და სასამართლოსი არ მიუძღვის და თუ აქ არის პიროვნება, რომელიც უკმაყოფილო არის ამ სასამართლოს დადგენილებით, მას აქვს უფლება, კანონიერი საშუალება, რომ შემდგომ ინსტანციებში გაასაჩივროს საქმე და აღადგინოს თავის შელახული უფლება.

თავმჯდომარე. ეხლა სამ საათზე მეტია, წინადადებაა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციისა რომ კრება ერთი საათით გაგრძელდეს. ვინ არის წინააღმდეგი, არავინ, სხდომა გრძელდება.

ვალიკო ჯუღელი. (ს. დ.) მე მხოლოდ ერთში ვეთანხმები შალვა მესხიშვილს, რომ ეს ფრიად დიდი პრინციპიალური საკითხი დაქუცმაცებულია, მაგრამ პირველათ ეს დიდი საკითხი თვით შალვა მესხიშვილმა დააქუცმაცა. მან გამოიტანა საბუთები და აქედან დაიწყო ამ საბუთების გაბათილება მან დაასახელა სხვა და სხვა პირები და სცდილობდა ამ პირობების განსჯას, ან ბრალდებათა დასაბუთებით დამტკიცებით. მე კი ვამბობ რომ ეს ფორმალური პროცესიალური მხარე ჩვენ არ გვაინტერესებს ისე, როგორც ამ მხარის პოლიტიკური ხასიათი, როგორც ამ მხარის ნამდვილი შინაარსი და აი რატომ, როდესაც მეორედ გამოვიდა შალვა მესხიშვილი, მან შეეცადა ეს პრინციპიალური საკითხი პრინციპიალურ სიმაღლეზე აეყვანა და განაცხადა თუ კი თქვენ მართლა საკითხი გაინტერესებს, თუ თქვენ გრძნობთ, რომ რევოლიუციონური მოღვაწეები და ორგანიზაციები არ უნდა იყვნენ მიცემული პასუხისგებაში, თქვენ უნდა გამოიტანოთ ასეთი წინადადება. მან ალბათ ისიც გაიგო, რომ ასეთი წინადადება შემოტანილი გვაქვს, მაგრამ ეს მეორე საკითხი ვერ დააყენა ისე, როგორც უნდა დაეყენებინა თანამედროვე პოლიტიკურ მოღვავაწეს, თანამედროვე რევოლიუციონერ მოღვაწეს.

ჩვენ ვიცით რომ რევოლიუციის პასუხის გებაში მიცემა არ შეიძლება, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ეს ერთ გვარი ცდა ერთგვარი ნაბიჯი იყო იმისა, რომ რევოლიუცია პასუხის გებაში მიეცათ, და შალვა მესხიშვილი აქ უნდა გამოსულიყო არა როგორც იურისტი, ფორმალისტი, არამედ როგორც რევოლიუციონერი და თუ ის, როგორც რევოლიუციონერი, ყოველ აზრს შეიმუშავებდა, ის აუცილებლად დაგმობდა როგორც წერეთელს და მის საჩივარს, ისე იმ ბ-ნ მოსამართლის განაჩენს, მე ვამბობ აგრეთვე, რომ, ფორმალურათ იქნება ყოვლად. შესანიშნავი არის მესხიშვილის განმარტება საკითხისა და ზაქარია გურული თუმცა სრულიად არ არის იურისტი მაგრამ, ეს მხარე ფორმალურად იმდენად ნათელია რომ მან იურისტ შალვა მესხიშვილს დებულება სრულიად გააბათილა.

მაგრამ ჩვენ ეს მხარე სრულიად არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს საკითხი შეიძლება თუ არა თანამედროვე პირობებით რევოლიუციონური ორგანიზაციები სასამართლოში მისცენ და ჩვენ გადაჭრით ვამბობთ, რომ ეს შეუძლებელია და ამის ნებას ჩვენ, ვინც ვიბრძოდით ამ რევოლიუციონურ ორგანიზაციებისთვის, არავის არ მივცემთ. არავის მივსცემთ ნებას რომ ესე ნაწილობრივ და შემდეგ საერთო იერიში მოიტანონ რევოლიუციაზე და მის ორგანიზაციებზე.

მე რასაკვირელია, არ გამიკვირდებოდა, როგორც ამხანაგმა გურულმა სთქვა, რომ ის რაც ამ შეკითხვის ირგლივ ითქვა, ყოფილიყო ნათქვამი მემარჯვენე სექტორისგან, იმიტომ რომ ისინი, რასაკვირველია, ძირიან ფესვიანა არსებითად ეწინააღმდეგებიან ჩვენ მხედველობას და სავსებით ადგანან იმ ფორმალურ ნიადაგზე, რომელზედაც იდგა ჭიათურის მოსამართლე, რადგანაც ეს ფორმალური ნიადაგი არის ბრძოლა რევოლიუციის წინააღმდეგ. ეს განაჩენი ძალიან წვრილმანი არის, ძალიან პატარა, მაგრამ თუ ჩვენ ყურადღება მივაქციეთ იმიტომ, რომ ეს არის პირველი მერცხალი. დღეს მოსამართლე დიპლომატიურ გუნდრუკს უკმევს მუშათა საბჭოს და ამბობს: ჩვენ ვიცით, რომ მუშათა საბჭო, რომელიც რევოლიუციონურ წესწყობილების გამტკიცებისთვის მუშაობს ასეთ ნაბიჯს არ გადასდგამდა არასოდესო, მაგრამ პასუხისგებაში არის მიცემული ხარატიშვილი. ხვალ ის იტყვის: ჩვენ ვიცით რომ თფილისის მუშათა საბჭო რომელიც რევოლიუციის სათავეში იდგა, ისეთ ნაბიჯს არ გადასდგამდა მაგრამ ჭიათურის საბჭო, ზესტაფონის საბჭო და სხვა რომელიც ცენტრს მოწყვეტილნი არიან, სადაც უპასუხისმგებლო მუშები არიან, ისინი გადასდგამენ ასეთ ნაბიჯსო და ხვალ იმათ მისცემენ მომრიგებელ მოსამართლეს და ზოგი მისცემენ თფილისის საბჭოს და ეგრე სხვებს. აი სწორედ ამ მხრივ უნდა მივაქციოთ ყურადღება და უნდა ვსთქვათ, არის თუ არა ეს პირველი ნაბიჯი რევოლიუციის წინააღმდეგ გადადგმული და თუ გულწრფელად ჩვენ და ყოველ პარტიულ ნიადაგს მოვცილდებით, თამამად უნდა ვსთქვათ, რომ ეს პირველი ნაბიჯი არის გადადგმული რევოლიუციის წინააღმდეგ. მხოლოდ გუშინ გავიგე რომ კოტე წერეთელი ფედერალისტების სამწუხაროდ ყოფილა სოც.-ფედერალისტი და სწორედ თქვენ ჩვენზე უფრო მედგრათ უნდა გამოსულიყავით მის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ სწორედ თქვენ ფრაქციას და თქვენ პარტიას ყველაზე უფრო სცხებს ჩირქს და მე მგონია რომ სოც.-დემ. რომ ექნა ეს ჩვენ უფრო მეტის გაჯავრებით, მეტის წყრომით გამოვიდოდით, დავგმობდით მას. თუ მართლა გაინტერესებს თქვენი პარტია, თუ გნებავთ თქვენი პარტიის სინდისი შეინარჩუნოთ კოტე წერეთელს არ უნდა გამოესარჩლოთ. ეხლა როდესაც ჩვენ ვცდილობთ ამ საკითხის პრინციპიალურ სიმაღლეზე დაყენებას, ჩვენ გადაჭრით უნდა ვსთქვათ, მარტო თანამედროვე კანონის მიხედვით, რომ დავიწყოთ რევოლიუციონური ორგანიზაციების გასამართლება და მათი მოღვაწეობის დასჯა, შეგვიძლიან თუ არა მივცეთ ისინი პასუხისგებაში და დავსაჯოთ? მე მგონია რომ სწორედ ამ ოთახს, რომელშიაც არის დღეს დამფუძნებელი კრება ყველაზე უფრო მეტი განუცდია რევოლიუციონური პრაქტიკა და რევოლიუციონური შემოქმედება და ეს ოთახი დაამოწმებს ყველაზე უფრო ხმა მაღლა, რომ თუ იმ ნიადაგზე დავდექით, რომელზედაც სამწუხაროთ სდგას ჩვენის ფიქრით გუშინდელი რევოლიუციონერი, მაგრამ დღეს ამ ტრიბუნაზე მხოლოდ ფორმალისტი იურისტი შალვა მესხიშვილი, მაშინ რასაკვირველია მთელ ჩვენ რევოლიუციონურ მოღვაწეებს და ორგანიზაციებს პასუხის გებაში მივცემთ.

შალვა მესხიშვილს ძალიან გაუკვირდა, - მე ამით კი არ ვამბობ, რომ ვითომ თქვენ არ ხართ რევოლიუციონერები, მხოლოდ როდესაც დღეს ამ ტრიბუნაზე შესდეგით ამ დროს თქვენ მხოლოდ პარტიული მოსაზრებით ხელმძღვანელობდით და ამით ჩაიდინეთ დიდი შეცდომა. თუ ჩვენ ამ ნიადაგზე დავდგებით, მე თამამათ ვიტყვი, ყველა პასუხისგებაში უნდა მივცეთ და უპირველესად ყოვლისა ისინი, ვინც რევოლიუციონურ სათავეში იდგენ. შალვა მესხიშვილს გაუკვირდა, - აი, ხარატიშვილმა ორი დღე ნახევარი დაიჭირა კაცი და მერე აიძულა ესა თუ ის ჩვენება მიეცა. მე არ ვიცი, მისცა თუ არა ესა თუ ის ჩვენება, მაგრამ მიკვირს ნუ თუ შალვა მესხიშვილს, რომელიც მუშაობდა რევოლიუციის დროს, ეს აკვირვებს? ჩვენ ორი დღე ნახევარი კი არა ორი თვე ნახევარი დაგვიჭერია, თუ ჩვენ ვგრძნობდით, რომ ესა თუ ის პირი რევოლიუციას ღალატობდა. ძალიან ხშირად ჩვენ არავითარი საბუთი არ გვქონია ხელში, მაგრამ გვქონია რევოლიუციონური სინდისი, რევოლიუციონური რწმენა და ღირსება. როცა საბუთი არ გვქონდა ამას არ ვაქცევდით ყურადღებას და იმ ჟამად შალვა მესხიშვილი ჩვენთან იყო და ჩვენ ერთად ვიცავდით რევოლიუციას და ვწმენდით რევოლიუციონურ ნიადაგს რევოლიუციის მოწინააღმდეგე პირებისგან. მაშინ ჩვენ ვიყავით მართალნი იმიტომ, რომ ჩვენ ამ გზას უარვყოფდით, და მართლაც ისე, რომ ფორმალურად დაგვეწყო მსჯელობა, როგორც ეხლა შალვა მესხიშვილი შეება, - მაშინ ჩვენ ვერ მოვიპოვებდით რევოლიუციონურ გვირგვინს, იმ გვირგვინს, რომელსაც შეადგენს დამფუძნებელი კრება.

დღეს, როდესაც ვიცით, რომ ამ მუშათა საბჭომ შეჰქმნა ეს დამფუძნებელი კრება და დღეს თუ არა არსებობს მუშათა საბჭო არა იმიტომ, რომ ის სრულიად მოკვდა, გაქარწყლდა, არამედ იმიტომ, რომ დამფუძნებელ კრებაში ჰპოვა იგივე დემოკრატიამ თავისი ნამდვილი რევოლიუციონური ხალხი (ხმაურობა) დიახ დღეს დემოკრატია რევოლიუციონურ შემოქმედებას, რევოლიუციონურ სახეს პოულობს სამ კრებაში ჩვენ შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ ეს არის განუწყვეტელი - ძაფი რევოლიუციის შემოქმედებისა. ნუ თუ სინდისი მომრიგებელ მოსამართლის, რომელიც ემსახურება ხალხს და რევოლიუციას, ნუ თუ მან ვერ იგრძნო, რომ ეს საქმე არის არა ამხანაგ ხარატიშვილისა, არამედ საქმე რევოლიუციონურ მუშათა ორგანოსი. ჭიათურის მუშებმა მოითხოვეს მისი გადაყენება, ეს მოიყვანა სისრულეში მუშათა საბჭომ მხოლოდ მეორე მხარე ამ საქმისა, - სისრულეში მოყვანა დაევალა ამხანაგ ხარატიშვილს, და სწორედ ეს ამხანაგი ხარატიშვილი, რომელიც იყო გამომხატველი მუშათა საბჭოს სურვილისა, დღეს ვიღაცა მოსამართლე რომელსაც სამწუხაროდ იცავს შალვა მესხიშვილი, ორი თვის ციხეს უსჯის. მე მგონია, თუ აქ არის რაიმე შეცდომა მხოლოდ ერთად ერთი შეცდომა არის: ჭიათურის მუშათა საბჭო, რუსები რომ იტყვიან ბევრი „ცერემონიები“ არ უნდა გაეკეთებინა. ის ვალდებული იყო დაეჭირა, რამოდენიმე დღე, ან კვირა უნდა გაეტარებინა საპყრობილეში მაშინ ბ-ნი წერეთელი ასეთ გამბედაობას ვერ გამოიჩენდა. მაშინ, როდესაც მთელი ძალა უფლება რევოლიუციონურ ორგანიზაციებს ჰქონდათ, მაშინ ბ-ნი წერეთელი საბჭოს დადგენილებას არავითარ ყურადღებას არ აქცევდა, იმიტომ, რომ ალბად ეშინოდა. მაგრამ დღეს, როდესაც მუშათა საბჭო თავისი ადგილი ახალ ორგანოებს, ახალ რევოლიუციონურ ორგანოებს გადასცა, ამ წერეთელმა თითქოს ორგანო, რომ მისმა ხაზმა გაიმარჯვა, მას ეგონა, რომ მუშათა საბჭო მოკვდა და მომაკვდავ ლომს ჩაწიხვლა მოუნდომა. მაგრამ ჩვენ ვამბობთ, არ მომკვდარა მუშათა საბჭო, ის სწორედ ამ დამფუძნებელ კრებაში სცოცხლობს, იმიტომ, რომ მუშათა საბჭომ შეჰქმნა დამფუძნებელი კრება და დამფუძნებელმა კრებამ უნდა გამოიტანოს დადგენილება, რომ მუშათა საბჭოს წევრები პასუხს არ აგებენ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი იცავენ რევოლიუციას და რევოლიუციის მონაპოვარს (ტაში).

ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ჩვენ პირად პასუხის მგებლობისა გვეშინიან. არა, ჩვენ ვამბობთ, - თუ კი მთელი საბჭო, ან და ცალკე რევოლიუციონური მოღვაწე რაც უნდა მეტად პატივცემული იყოს ეს თუ თავის საზოგადოებრივ ძალას თავის პირად, კერძო ინტერესებისთვის მოიხმარს, მაშინ გაბედულათ დაისაჯოს ეს ადამიანი ეს არა რევოლიუციონერი. და თუნდა კიდევაც დაიხვრიტოს. მაგრამ როდესაც ეს არის არა კერძო საქმისთვის, არამედ საზოგადოებრივ საქმისთვის, არავის არ მივცემთ უფლებას, რომ ეს რევოლიუციონური მოღვაწე, რევოლიუციონური ორგანო პასუხის გებაში მიცენ და საბრალდებულო სკამზე დასვან მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანას იცავს და რევოლიუციას ემსახურება. ამიტომ, ჩვენის აზრით, დღესვე დამფუძნებელმა კრებამ უნდა გამოიტანოს საერთო დადგენილება, რომ რევოლიუციონურ მოღვაწეს და რევოლიუციონური ორგანო პასუხის გებაში არ იყოს არას გზით მიცემული, როდესაც ის თავის რევოლიუციონურ მოვალეობას ასრულებს, გარდა ამისა, თუ რაიმე საქმე არის დაწყებული ამ ნიადაგზე რევოლიუციონურ ორგანოების ან მათი წევრების წინააღმდეგ, ეს საქმეები აუცილებლად მოსპობილი იქმნეს, ამასთანავე უნდა მოსპობილი იყოს ხარატიშვილის საქმე და მე მგონია, როდესაც ამ დადგენილებას გამოიტანს დამფუძნებელი კრება, - ეს უზენაესი ხელმძღვანელი ჩვენი რესპუბლიკისა, ამ დადგენილების შემდეგ თავის ადგილას აღარ იქნება, აღარ ექნება ადგილი ასეთ ნამდვილ კონტრ-რევოლიუციონურ მოსამართლეს, როგორიც არის ბ-ნი ჭიათურის მოსამართლე. (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს მესხიშვილს.

შალვა მესხიშვილი. (ს.-ფ.) მე მგონია, დამფუძნებელი კრების წევრნო, რომ დიდი პრინციპიალური საკითხი აქ დააქუცმაცეს და წვრილმან, საკითხად აქციეს. (ხმა: თქვენ) ჩემთვის არაფერ ინტერესს არ წარმოადგენს - რა პარტიას ეკუთვნის ბ. წერეთელი, მე პრინციპიალურად ამ საკითხს ისევ დავაყენებდი, იქნებოდა წერეთელი ფედერალისტი, იქნებოდა წერეთელი სოციალ-დემოკრატი, უპარტიო, ან რომელიმე პარტიის წევრი. ჩემთვის აქ მთავარი მნიშვნელობა აქვს თვით საკითხის შინაარს და საკითხის დაყენებას, საკითხი კი დგას შემდეგ ნაირად: უფლება ჰქონდა თუ არა რომელიმე პირს, ვისაც ცილი დასწამეს, დღევანდელ პირობებში, სანამ გარკვეული დეკრეტი არ გამოცემულა, მიეცა ეს პირი, არა მარტო როგორც კერძო პირი, არამედ ამ, მე ამას ხაზს უსვამ, როგორც მუშათა საბჭოს წევრი, როგორც მუშათა საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, სასამართლოში: უფლება ჰქონდა თუ არა მოსამართლეს არ გაერჩია ეს საქმე? მე თქვენ წინაშე ვამტკიცებდი და ვამტკიცებ, რომ დღევანდელ პირობებში იმ კანონის მიხედვით, რომელნიც არსებობენ, მოსამართლეს არ შეეძლო არ ეხელმძღვანელა ამისთანა კანონით, უფლება არ ჰქონდა ამისთანა საქმე არ გაერჩია, და თავის სინდისის მიხედვით გამოეტანა განაჩენი. თუ თქვენ ლაპარაკობთ, რომ რევოლიუციონურ ორგანოების წარმომადგენლების სასამართლოში მიცემა იმ მოღვაწეობისთვის, რომელიც მათ რევოლიუციისთვის ჩაიდინეს შეუძლებელი არის, მე ამაში თქვენ გეთანხმებით და გეუბნებით: მიეცეთ სახელმძღვანელო ნორმები ყველა მომრიგებელ მოსამართლეს, გამოიტანეთ დადგენილება დამფუძნებელი კრებისა, რომ ყოველი ის მოქმედება, რომელიც პირადი ანგარებით არ იყო ნამოქმედარი, არამედ რევოლიუციას ემსახურებოდა - ამისთანა საქმეების გარჩევა სასამართლოში ყოვლად შეუძლებელი არის.

გამოიტანეთ ამის შესახებ კანონმდებლობითი დადგენილება და მაშინ ყველა მოსამართლე ვალდებული იქნება, ამ თქვენ კანონს ეთანხმება ის თუ არა, ვალდებული იქნება რაკი კანონი არის ანგარიში გაუწიოს ამისთანა კანონს და ამისთანა საქმე არ გარჩიონ სასამართლოში. მე მეგონა სოციალ-დემოკრატიული ფრაქციას იმისთვის შემოქონდა ეს შეკითხვა, რომ ის დაესაბუთებინა სწორეთ ამ მხრივ, რომ ამისთანა პრეცენდენტი აღარ განმეორებულიყო თუ თქვენ სცნობთ, რომ ეს უსამართლოთ არის გადაწყვეტილი და გნებავთ რომ ესე იყოს გადაწყვეტილი მომავლისთვის, ნორმები შესცვალეთ. ამის მაგიერ გამოვიდა ზაქარია გურული დაიწყო იმის მტკიცება, როგორი პიროვნება არის კოტე წერეთელი. რას ფიქრობს ბ-ნი გურული? შეიძლება თითონ ბ-ნ გურულს ქონდეს ბერი საბუთები, შეიძლება ის მართალი არის, შეიძლება ის მართალი არ არის, ამიტომ, რომ მე მეორე მხარე არ მომისმენია, მაგრამ მე უნდა საერთოთ განვაცხადო, რომ დამფუძნებელი კრება არ არის მეორე ინსტანცია რომელიც იხილავს მომრიგებელ მოსამართლეს და გადაწყვეტილებას. ჩვენ სასამართლო ორგანო არ ვართ (ნიკოლაძე ადგილიდან: საქმეც მაგაში არის) დამფუძნებელ კრებას შეუძლიან თავისი აზრი გამოსთქვას და ვალდებული არის გამოსთქვას თავისი აზრი პრინციპიალურ საკითხზე, გამოაცხადოს პრინციპიალური დეკლარაცია, დაყენებული საქმის გარეშე და ნუ დაგავიწყდებათ ბ-ბო, რომ თქვენ მეორე ინსტანცია არ ხართ. მე გამოველი ბ-ბო აქ იმიტომ, რომ პრინციპიალურ ნიადაგზე დამეყენებინა ეს საკითხი, ამ საკითხს პრინციპიალურ ნიადაგზე ვაყენებ და მე არ მინდა, რომ ეს დიდი მეტად მნიშვნელოვანი საკითხი დაქუცმაცდეს იმდენად, რომ ლაპარაკი იყოს წერეთლის პიროვნებაზე, თუ რა პიროვნება არის კოტე წერეთელი, ან იმეზე ვინ რა სთქვა, ამისთვის არც იმდენ სიტყვას დევხარჯავდი არც იმდენ ენერგიას. ამ საქმეს აქვს დიდი პრინციპიალური მნიშვნელობა და ამიტომ ვლაპარაკობ. მოსამართლე იმ პირობებში რომელშიაც იყო ჩაყენებული სრულიად მართალი იყო, ამას ხაზი გაუსვა თვით იუსტიციის მინისტრმა (ლეონ ნათაძე ადგილიდან: ფორმალურად, დიახ ფორმალურად) დიახ ფორმალურად თუ თქვენ არ გინდათ ამისთანა პრეცენდენტი გამეორდეს შემოიტანეთ სათანადო წინადადება (ხმა: სოც.-დემ. სკამებიდან შემოვიტანთ). დიახ ვიცი და ასე უნდა დავაყენოთ ეს საკითხი.

აუცილებელი საჭირო არის და სრულიად მიუღებელია იმაზე ლაპარაკი, რომ ამა თუ იმ მოსამართლემ ისე არ გადაწყვიტა საკითხი, როგორც თქვენ გსურდათ. მოსამართლემ ისე გადაწყვიტა საკითხი, როგორც მისი სინიდისი ეუბნებოდა და თუ ამ მოსამართლის მომავალში ჩვენ ვეჭობთ, თუ ამ ნიადაგზე დააყენეთ სასამართლო გარწმუნებთ, თქვენ უნდა იცოდეთ ეს, რომ არც სასამართლო გექნებათ არც სახელმწიფო. მოსამართლეს გამოაქვს თავისი განაჩენი თავისი სინიდისის ქვეშ და არავის არ აქვს უფლება მის სინიდისში ხელის ფათურს, არავის არ აქვს უფლება მას რაიმე უკარნახოს. მე მეტს გეტყვით შეიძლება ამ საქმეში, სთქვათ მოსამართლემ გამოიტანა შემცდარი გადაწყვეტილება (ხმაურობა) ვსთქვათ მოსამართლემ გამოიტანა შემცდარი გადაწყვეტილება, მაგრამ სინიდისით გადაწყვიტა. თუ ეს მისი სინიდისის ნაყოფი არის არავის არ აქვს უფლება მის სინიდისში ხელი უფათუროს და ჩაერიოს მის საქმეში. მომრიგებელი მოსამართლემ შეიძლება შემცდარი გადაწყვეტილება გამოიტანოს ამისთვის მეორე ინსტანცია, ამისთვის არსებობს განსაჩივრება მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოგწონთ ეს განაჩენი რომელიც მოსამართლემ გამოიტანა. ამისთვის უფლება არ აქვს მოსამართლეს რაიმე პასუხი მოსთხოვოს, ვინაიდან ყოველი მოსამართლე უპასუხის მგებლოა, უპასუხის მგებლოა ვინც ჩემდამი განაჩენი გამოიტანოს თუ ეს განაჩენი დამყარებული არის მის რწმენაზე, მის შეგნებაზე. ყოველი მოსამართლე დამნაშავე არის მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ დაუმტკიცებთ, რომ განაჩენი გამოტანილი არის რამე ანგარებით და სხვა მოსაზრებით. გარდა მისი სინიდისისა, ეს არის მთავარი დებულება და თუ ამ მთავარ დებულებას ჩვენ ყურადღება არ მივაქციეთ, მე ამ მდგომარეობას ხაზს უსვამ, დამოუკიდებელ საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო არ ექნება და რამდენადაც დამოუკიდებელი სასამართლო არ გვექნება სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ და ყოველი ეს მუშაობა სულ ტყუილია. ეს პატარა მუშაობა არ არის, ეს სულ რამოდენიმე დღე არის რაც სენატის დებულება მივიღეთ. მე ძალიან კარგათ ხშირად სენატის გადაწყვეტილებანი თქვენ არ მოგეწონებათ. საუბედუროთ ამისთანა პირობებში ვცხოვრობთ, რომ ხშირად ჩვენ თითონვე ვარღვევთ კანონს. შეიძლება ბევრს არ მოეწონოს სენატის გადაწყვეტილება, მისი მოქმედება, მაგრამ რამდენადაც სენატი დარაჯათ იქნება, რამდენადაც ის კანონის ნიადაგზე იდგება, რამდენადაც საერთოთ ყოველი მისი გადაწყვეტილება კანონიერ ნიადაგზე იდგება, მის საქმეში არ შეიძლება და არც უნდა ჩაერიოს ვინმე, მაგრამ თქვენ სხვანაირი თვალსაზრისიდან გამოდიხართ. არც ერთი მოსამართლე, რომელიც თავის თავს, თავის პიროვნებას პატივს სცემს, თქვენ სასამართლოში ერთ დღეს არ დადგება (რუსია ადგილიდან: - პირველ სიტყვას ებრძვით) პირველ სიტყვით ვებრძოდი იმას, ვინც საკითხი დააქუცმაცა და გვეუბნებით რამდენადაც ეს საკითხი პრინციპიალური საკითხი არის, პრინციპიალურ ფარგლებში უნდა იყოს დაყენებული, რომ მოსამართლე პასუხის მგებელი არ არის, რომ მის გადაწყვეტილებას ვერც დღეს, ვერც მომავალში ვერ დააყვედრებთ. როცა შეჰქმნით იმისთანა კანონს, რომ მუშათა საბჭოს წევრს პასუხისგებაში ვერავინ ვერ მისცემს, თუ გნებავთ ამისთანა იმუნიტეტი შემქმნათ, მე მომხრე ვარ ამისთანა იმუნიტეტისა კანონმდებლობით, სათანადო დეკრეტი შემოიტანეთ აქ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ანჯაფარიძეს.

გიორგი ანჯაფარიძე. (ს.-დ.) ბ-ბო, ჩემის აზრით კითხვა სრულებით ამოწურული არის და თუ მაინც სიტყვა ავიღე, ეს მხოლოდ იმისთვის, რომ მოკლეთ პასუხი გავსცე ბ-ნ მესხიშვილს.

ბ-ნმა მესხიშვილმა სხვათა შორის განაცხადა, რომ მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაში არის პასუხისმგებელი მხოლოდ თავის სინიდისის წინაშე, და თუ ის შეცდომაში ჩავარდა, - არის მეორე ინსტანცია, რომელმაც ეს შეცდომა უნდა გამოასწოროსო.

ძალაუნებურად მე მახსენდება ერთი მოქმედება ბ-ნ მესხიშვილის როგორც იუსტიციის მინისტრისა, მოქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ დებულებას.

შარშან ქ. გაგრაში მსახურებდა ერთი მოსამართლე ვინმე ემელიანინი. სხვათაშორის ეს მოსამართლე, ყველა საქმეს, რომელიც ეხებოდა გლეხებს და მემამულეებს სწყვეტდა მემამულეების სასარგებლოდ. აღშფოთებულმა საზოგადოებამ ეს შეატყობინა ბ-ნ მინისტრს, და თქვენის აზრით, როგორ მოიქცა ბ-ნი მინისტრი? მან ოცდაოთხი საათის განმავლობაში ეს კონტრრევოლიუციონერი მოსამართლე გადააყენა და მის ადგილას სხვა დანიშნა. (კედია: მართალი რევოლიუციონერი ყოფილა!) აი ასე მოიქცა ბ-ნი იუსტიციის მინისტრი და ჩემის აზრით, ესეთი მოქცევა სრულიად სამართლიანი იყო. მაგრამ აქ უნდა დაუმატო, რომ ეს არის წმინდა წყლის ადმინისტრაციული ზედგავლენა მოსამართლეზე, იმიტომ რომ როგორც ერთ შემთხვევაში, ისე მეორე შემთხვევაში მას შეეძლო ეთქვა, რომ არის მეორე ინსტანცია, რომელიც გამოასწორებს მოსამართლეს მოქმედებას. (ნიკოლაძე: ის მოსამართლე არჩეული იყო თუ დანიშნული?) როდესაც ეს ასეა, მე ვეკითხები დეპუტატ მესხიშვილს - რა ზომებს ღებულობდა დეპუტატი მესხიშვილი იმ დროს, როდესაც ეს გავლენა მოახდინა ყოფილ იუსტიციის მინისტრმა მესხიშვილმა, რომელმაც ფედერალისტების სიტყვით სამართალი საფრთხეში ჩააგდო.

თავმჯდომარე. ამ გვარად კამათი დასრულებული არის. ერთად ერთი ფორმულა არის შემოსული, შემდეგი შინაარსისა (მდივანს) გთხოვთ წაიკითხოთ.

მდივანი. (კითხულობს).

ნიკო ნიკოლაძე. (ადგილიდან:) გთხოვთ გაიყოს ეს.

თავმჯდომარე. თქვენ სიტყვა გნებავთ? მობრძანდით ბ-ნო.

ნიკოლაძე. (ადგილიდან) მე მოგახსენეთ ჩემი აზრი რაში მდგომარეობს.

თავმჯდომარე. მე ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტყვას გაეწევა ანგარიში მაშინ, როდესაც ტრიბუნიდან არის წარმოთქმული. ასეთია რეგლამენტი, მობრძანდით.

ნიკოლაძე. ბ-ბო. ჩემი წინადადება მდგომარეობს იმაში, რომ მუხლი, რომელიც უდავო, უეჭვო და მისაღები არის, ეს არის პირველი და მეორე მუხლებია. მაგრამ თქვენ ნება უნდა მისცეთ ყველა წევრს დამფუძნებელ კრებისას, რომ თავის სინიდისის, და სურვილისამებრ მიიღოს ზოგი ადგილი წარმოდგენილ დებულებისა, და უარყოს სხვა ადგილები, რომელიც მის სინიდისის წინააღმდეგი არის.

მე გარწმუნებთ, თუ თქვენ მიიღებთ პირველ ორ მუხლს, წარმოდგენილ დებულებისა, თქვენ იდგებით სრულებით სამართლიან გზაზე, არავითარ სასამართლოს არ დაარღვევთ მაგრამ თუ კი თქვენ გაერევით იმ კერძო საქმეებში, რომელიც აქ განხილვის საგნათ არ არის, თუ თქვენ ამ საქმის თაობაზე გამართავთ მსვლელობას, თქვენ ასცდებით პოლიტიკის გზას გაერევით სასამართლოს წარმოებაში და ამით მოკლავთ თქვენ ქვეყანაში სამართალს.

მთელი ერი დარწმუნდება მაშინ, რომ თქვენ სრულიად უპასუხისმგებლოდ ყოფთ ყოველ სოციალ-დემოკრატს. და თქვენ სასამართლოს, საქართველოს სასამართლოს, დაარქმევენ სოციალ-დემოკრატიულ, პარტიულ სასამართლოს, და არა ქვეყნის მთელ ერის სასამართლოს.

დამფუძნებელ კრებას არა აქვს უფლება, რომ ამ კერძო საკითხს შეეხოს. თქვენ, სახელმწიფოებრივ ორგანოებს, აქვთ სხვანაირი საშუალება, რომ არავითარი უსამართლოება არ მოხდეს ჩვენს ქვეყანაში, თუ მართლა ხარატიშვილი უსამართლოთ არის დასჯილი, არის მეორე ინსტანცია, იქნეს კიდევ მესამე ინსტანცია. თუ სამივე ინსტანცია უსამართლოთ განსჯის, გვყავს მთავრობა, რომელსაც აქვს უფლება, რომ მოსპოს. ყოველ შემთხვევაში, შეიძლება, რომ მთავრობამ გაანთავისუფლოს ხარატიშვილი, ყოველი დასჯისაგან სხვა გზით, ამნისტიის გზით. ან სხვა რამ გზით. დღეს აქ ამაზე ნუ იქნება ლაპარაკი. დღეს ჩვენს წინაშე სდგას დიდი საკითხი ამის თაობაზე; ამ ხარატიშვილის საქმის კარგი შედეგი ის არის, რომ ქვეყანამ დაინახა, რომ დასჯილი არის რევოლიუციონური ორგანო, რომ ამ ორგანოს პასუხისგებაში მიცემა სამართლის გზით არ შეიძლება და ეს არ არის სასურველი იმდენად, რამდენადაც ეს ორგანოები საზოგადოდ ქვეყნის საქმეს არიგებენ.

რასაკვირველია, სრულიად განთავისუბლებული უნდა იყოს როგორც ის ორგანო, ისე ყველა წევრი ამ ორგანიზაციისა ყოველგვარ პასუხისგებისაგან, იმიტომ რომ ის მოქმედება, როგორც მიღებულია, არის სახელმწიფო უფლების მეცნიერებაში სარგებლობს революцъоное право, რევოლიუციონურ უფლებით, რამოდენიმედაც საზოგადო საქმეს, სახელმწიფოებრივ, ან პუბლიკურ უფლების საქმეს ემსახურება, მაგრამ, რამოდენიმედ, რამოდენიმედაც ამ საქმეში პირადი რამ ერეოდა, ან გრძნობა ან ცილის წამება, ან შური, ამაში, რასაკვირელია, არც თქვენ ინებებთ, და არაც ამ რევოლიუციონურ ორგანოს პატივი მოითხოვს, რომ დავფაროთ ბოროტ-მოქმედება, და გამოვიყვანოთ ანგელოზებად ისინი, ვინც ანგელოზები არ არიან. ამით ჩვენ დაბლა დავცემთ რევოლიუციონურ ორგანოს.

ამიტომ მე წინადადებას ვიძლევი - მივიღოთ პირველი ორი მუხლი წარმოდგენილ სოციალ-დემოკრატიულ რეზოლიუციისა და უარყოთ მესამე მუხლი. ეს თქვენთვის საჭიროც არ არის, იმიტომ, რომ საქმე ისე წავა შემდეგში, როგორც მოითხოვს ქვეყნის ინტერესი და ნუ დავანდაბლებთ ჩვენ დაწესებულებას, ჩვენ დამფუძნებელ კრებას, ჩვენ პოლიტიკურ ძლიერებას იმით, რომ გავერიოთ ივან ივანიჩის და ივან ნიკიფოროვიჩის ჩხუბში.

ჭიათურაში მომხდარი საქმე მივანდოთ სხვა გზას და იმ გზას, რომელიც ჩვენ გვაბარია ნუ დავტოვებთ და ამ დიდი გზიდან ნუ გადავალთ.

მეტი არაფერი არ მინდოდა მეთქვა.

თავმჯდომარე. კრების წევრი გიორგაძე.

გრიგოლ გიორგაძე. (ს.-დ.) რასაკვირველია, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებით, რომ თვითეულ მუხლის წინადადებისა, რომელიც შეიცავს დადგენილებას, ცალკე ეყაროს კენჭი. მაგრამ იმავე დროს ბ. ნიკომ, ისიც აღნიშნა, რომ მესამე მუხლი არის სავსებით მიუღებელი. ეს არის საკითხის არსებითი გარჩევა, საკითხის არსებით განხილვა. რასაკვირველია, ჩვენი შეხედულება სულ სხვა არის. თქვენი შეხედულება არის ისეთი, რომ ეს საქმე ჭიათურის მომრიგებელ მოსამართლის კონტორაში მომხდარი, არის კერძო საქმე ხარატიშვილისა. ჩვენი შეხედულება კი ისეთი არის, რომ ეს არის გასამართლება პრეზიდიუმის წევრისა, ამიტომ ეს აშკარა არის ჩვენთვის, რომ სასამართლოს სამსჯავრო სკამზე დაუსვამთ პრეზიდიუმის წევრი მუშათა საბჭოსი, მას ასამართლებენ, არა როგორც კერძო პიროვნებას, რომელმაც ცილის წამება ჩაიდინა, არამედ იმას ასამართლებენ როგორც პრეზიდიუმის წევრს, რომელიც ასრულებდა საბჭოს დავალებას ესე იგი ასრულებდა რევოლიუციონურ მოქმედებას. ამიტომ ჩვენის აზრით ამას კენჭი უნდა ეყაროს ცალკე. ჩვენ წინააღმდეგნი არა ვართ მივცემთ უფლებას როგორც სურთ მისცენ მათ ხმა, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ მთელი იმ სჯელობისაგან, რომელიც ატეხილია ამის გარშემო, ლოგიკური დასკვნა ეს არის: დამფუძნებელმა კრებამ უნდა სთქვას კონკრეტიულად, რომ ის, რაც მოხდა ჭიათურის მომრიგებელ მოსამართლის კამერაში, არის დაუშვებელი. ეს არის რევოლიუციის გასამართლება და ჩვენ ამას ვერ დაუშვებთ, აი ეს თავისი უმთავრესი აზრი დამფუძნებელმა კრებამ უნდა სთქვას.

თავმჯდომარე. წინადადება მოისმინეთ, რომ ეს ფორმულა დაყოფილი იყოს მუხლებად, რასაკვირველია, არავინ იქნება წინააღმდეგი. იმ მუხლებზედ არის ლაპარაკი, რომელიც შეადგენენ დადგენილებას (ნიკოლაძეს) ამ მუხლებზედ არის ლაპარაკი არა? (ნიკოლაძე: დიახ) პირველი მუხლი, მაშასადამე, გახლავთ ასეთი (კითხულობს).

ვინ არის წინააღმდეგი? ვინ შეიკავა თავი? არავინ. პირველი მუხლი ერთხმად არის მიღებული) მეორე მუხლი. (კითხულობს).

ვინ არის წინააღმდეგი? ვინ არის მომხრე? თავი ვინ შეიკავა? ორი წინააღმდეგია. თავი შეიკავა სამმა. მესამე მუხლი (კითხულობს).

ვინ არის წინააღმდეგი? ვინ არის მომხრე? თავი ვინ შეიკავა? ორი წინააღმდეგია? ორმა თავი შეიკავა.

ეხლა ნება მიბოძეთ მთლად ფორმულად უყარო კენჭი. ვინ არის წინააღმდეგი? ვინ შეიკავა თავი? ორმა. მაშასადამე, ფორმულა მიღებულია. (ტაში).

პირადი საკითხისთვის სიტყვა ეკუთვნის ბ. მესხიშვილს. რეგლამენტის ძალით თქვენ გაქვთ განკარგულებაში ხუთი წუთი.

შალვა მესხიშვილი. პირად განცხადებისთვის მინდა მოგახსენოთ შემდეგი: აქ დამფუძნებელ კრების წევრმა ანჯაფარიძემ პირდაპირ დამიყენა კითხვა, რომ იუსტიციის მინისტრობის დროს, მე ერთი კონტრ-რევოლიუციონერი მოსამართლე, 24 საათის განმავლობაში დავითხოვე. მართალი გახლავთ, დავითხოვე. შემატყობინეს რევოლიუციონურმა ორგანიზაციებმა, შემატყობინა თვით საოლქო სასამართლომ, რომ ეს მოსამართლე უსინიდისოთ იქცევა რევოლიუციის წინააღმდეგ, და ეს მოსამართლე 24 საათის განმავლობაში დავითხოვე. მაგრამ ნუ გავიწყდებათ, ბატონებო, რომ ეს მომრიგებელი მოსამართლე იყო არა არჩეული და ამის გადაყენების უფლება ყოველ წუთში მქონდა მე, როგორც იუსტიციის მინისტრს (ეს სუსტია) როგორ?

თავმჯდომარე. ბატონებო ორატორს, გთხოვთ ნუ ეკამათებით.

მესხიშვილი. მე მინდა მოგახსენოთ, თუ თქვენ მისდევთ იმ დებულებას, რომელიც მე წამოვაყენე აქ, რომ მომრიგებელი მოსამართლე არ უნდა იყოს გამოცვლილი, აი სწორედ იმ დროს შემოვიტანე ის კანონი, რომ მოსამართლე ამორჩეული ყოფილიყო, რომელსაც ვერ გადააყენებენ ვადამდი. თქვენ აქ არ იცით, იყო კიდევ მეორე შემთხვევა, ეს იყო ბ. დავიდოვიჩი, რომელმაც სიყალბე ჩაიდინა და რომელიც მე გავაძევე მთავრობის დადგენილებით.

თავმჯდომარე. ეხლა შემდეგი საკითხი.

დეკრეტი სამხედრო საჭიროებისათვის 15 მილიონი მანეთი გადადებისა. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. ირემაშვილს.

იოსებ ირემაშვილი. დეკრეტი შეეხება სამხედრო საჭიროებისთვის 15 მილიონი მანეთის გადადებას. ამ წინაზე დამფუძნებელმა კრებამ მიიღო უკვე ერთი დეკრეტი, რომელითაც 15 მილიონი მანეთი გადაიხადო სამხედრო საჭიროებისთვის, მაგრამ რადგანაც ეს 15 მილიონი მანეთი ამ ჟამად უკვე განაწილებული არის, ნაწილი უკვე დაიხარჯა და რადგანაც დამფუძნებელი კრება თავის მუშაობას შესწყვეტს თვე ნახევრად ამ ხნის განმავლობაში კი არის მოსალოდნელი და შესაძლებელი რაიმე სამხედრო ოპერაციის დაწყება შიგნით თუ გარეთ და მთავრობას არ შეეძლება მათი წარმოება, რადგანაც ის უკრედიტოთ იქნება დარჩენილი: ამიტომ საფინანსო საბიუჯეტო კომისია მთავრობასთან ერთად აუცილებელ საჭიროებად სცნობს ამ 15 მილიონის გადადებას და შუამდგომლობს დამფუძნებელ კრების წინაშე, რომ ეს დეკრეტი მიღებული იქნეს.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. (გობეჩია: არა, მე მსურს) სიტყვა ეკუთვნის . გობეჩიას. უმორჩილესად გთხოვთ კეთილ ინებოთ და თავის დროზედ გამოგზავნოთ ბარათი.

ივანე გობეჩია. (სოც. რევ.) ბატონებო! თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამ ერთი თვის წინ სამხედრო მინისტრმა განაცხადა, რომ 25 მილიონიანი ფონდი ამოიწურა, და რადგანაც მოსალოდნელია საომარი ოპერაციების დაწყობა, ამ შემთხვევაში, საჭირო არის აუცილებლად სამხედრო საჭიროებისთვის ფონდი აღვადგინოთ და მიმართა მაშინ დამფუძნებელ კრებას, რომ კიდევ გადაედო 15 მილიონი მანეთი. ეს პირველი ცდა იყო და მილიონები მიიღო, მართლაც ჩვენს პირობებში, შესაძლებელი იყო რომ სამხედრო საჭიროებისთვის დაგვჭირდებოდა ფულის გაღება, მაგრამ არ გასულა კიდევ ერთი თვე ალბად მაშინ უხერხულად დაინახა რომ 30 მილიონი ერთად მოეთხოვა, და ამიტომ ეხლა კიდევ შემოდის წინადადებით, რომ რაკი ეს ფული განაწილებული არის, მიეცეს ეხლა კიდევ 15 მილიონი,

აი ბატონებო, თუკი ჩვენ ასე ვხარჯეთ ფული, 30, 15, 10 მილიონები, გარწმუნებთ რომ ჩქარა დაგვჭირდება კიდევ ფულის გამოშვება. და თუ კიდევ გამოუშვით, ამითი ისე დავცემთ ამ ფულის ფასს, რომ ბოლოს და ბოლოს ვერც ომს ვაწარმოებთ, და ვერც ვერაფერს გავაკეთებთ. ამიტომ ფრთხილად უნდა ვეკიდებოდეთ ამ საკითხს და ყოველ წუთს ასეთი მილიონიანი კრედიტებს არ უნდა ვაძლევდეთ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ არავითარ მოსაზრებით არ არის დასაბუთებული ეს დეკრეტი, ვერც მომხსენებელმა მოახერხა ეს და მე მგონია ვერც სამხედრო მინისტრი მოახერხებს ამას, იმიტომ რომ არ ექნება საკმაო საბუთები.

ორი არა გვაქს მაშ რაში დაიხარჯა? ამბობენ განაწილებულიაო. რაშია განაწილებული? ეს ხომ ფონდია. აი, ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს 15 მილიონის მიცემა ზედმეტია, და ამიტომ ჩვენი ფრაქცია წინააღმდეგი იქნება.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის სამხედრო მინისტრს.

სამხედრო მინისტრი ნოე რამიშვილი. მოქალაქენო! მე სრულიად არ მინისტრს, რომ ბატონი გობეჩია წინააღმდეგია ამ წინადადებისა, სხვანაირადაც არ შეიძლებოდა: როცა არის რაიმე საჭიროება, განსაკუთრებით ასეთი მნიშვნელოვანი, მაშინ სოციალ-რევოლიუციონერმა ფრაქციამ აქედან უნდა განაცხადოს, რომ ერთი სიტყვით ეს საქმე არ ეხება და აქ არავითარი საჭიროება არ არის, კატეგორიულად ვაცხადებ ამ ტრიბუნიდან, რომ ბ. გობეჩიამ და მისმა ამხანაგებმა, რომელნიც არიან წევრები საფინანსო საბიუჯეტო კომისიისა, იციან რა საჭიროებისთვის არის ეს 15 მილიონი დანიშნული. კარგად იციან, და მიუხედავად ამისა, რადგანაც აქ ღია კარებში ხდება ამ საკითხის გარჩევა, ისინი აქ გამოდიან, რომ შექმნან ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ვიღაცას უკანტროლოდ მიაქვს ფული.

მე ვაცხადებ, რომ მთელმა საბიუჯეტო კომისიამ იცის რაშია საქმე. (გობეჩია: მისი წარმომადგენელი აქ არ არის) თუ მისი წარმომადგენელი არ არის, მით უარესი თქვენთვის. მაშინ უნდა გაგეგოთ საქმე და გამოსულიყავით აქ.

გარდა ამისა, რომ არსად არაფერი ომი არ არის, მე მოვახსენე ბ. გობეჩიას, და ალბად მან იცის, რომ ერთნაირი შეტაკება უკვე მოხდა და ჩვენ საერთოდ არასოდეს არ შეგვიძლიან ვსთქვათ ამ ჟამად, რომ უზრუნველყოფილნი ვართ რაიმე საფრთხისაგან. დამფუძნებელი კრება ისვენებდა სამი კვირით, მერე გამოვიდა, რომ მიდის თვე ნახევარი და ვინაიდან არავითარი საბიუჯეტო უფლებით დამფუძნებელ კრებას არა აღუჭურვია მთავრობა, ეს დადგენილება მთავრობისთვის საჭირო არის და ამიტომ აუცილებლად საჭირო არის სამხედრო ფონდის გაძლიერება.

თავმჯდომარე. მომხსენებელის დასკვნა.

მომხსენებელი. საფინანსო კომისიაში იმ მასალის მიხედვით, რომელიც მას ხელში ჰქონდა, ერთხმად აღიარა ამ 15 მილიონის გადადების საჭიროება. მართალია ჯერ არ სწარმოებს ომი, მაგრამ ხარჯი მაინც და მაინც მიდის. და თვენახევრით მთავრობის უკრედიტოდ დატოვება და ისეთი მდგომარეობის შექმნა, როდესაც სახელმწიფოს არ შეეძლება თავდაცვა აწარმოოს, - ეს პირდაპირ არ შეეფერება დამფუძნებელ კრების დანიშნულებას. ამისთვის 15 მილიონის გადადება აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს.

გარდა ამისა, 300 მილიონის ბონების გამოცემა და მისი ასეთი გზით ხარჯვა სრულებით არ დასცემს ბონების ფასს. ბონების ფასის აწევა და დაწევა დამოკიდებული არის სულ სხვა ეკონომიურ და ფინანსიურ პირობებზედ. ეს დეკრეტი 15 მილიონის გადადებისა და არ გადადებისა სულ არ შეეხება ამას.

ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს დეკრეტი მიღებული იქმნეს.

(კრება დეკრეტს კენჭის ყრით ამტკიცებს).

თავმჯდომარე. დეკრეტი მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებულია. შემდეგი საკითხი, დეკრეტი კავკასიის მუზეუმის რეორგანიზაციისა. მომხსენებელია სოლოღაშვილის ასული.

ანნა სოლოღაშვილის ასული (ს.-დ.) საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს სხვა და სხვა სამეცნიერო დაწესებულებანი, რომელნიც მოქმედობენ ერთი მეორესგან დამოუკიდებლად. განათლების სამინისტროს განზრახული აქვს გააერთიანოს ყველა დაწესებულება, იმიტომ, რომ ერთის მხრივ ეს მისცემს საშუალებას შემცირდეს მათი შენახვისთვის ხარჯები, მეორეს მხრივ ეს მოახდენს სამეცნიერო ძალთა კოორდინაციას. და უფრო ნაყოფიერი იქნება აკადემიური მუშაობა. ერთ ერთი ასეთ დაწესებულებთაგანი არის კავკასიის მუზეუმი, რომელიც უნდა შეერთებული იქნეს სხვა დაწესებულებასთან ერთად. კავკასიის მუზეუმი დაარსებული არის 1914 წ. და შესდგება 5 განყოფილებისაგან. ეს გახლავთ გეოლოგიური, ზოოლოგიური, ბოტანიკური, ეტნოგრაფიული, არქეოლოგიური, ისტორიული განყოფილებანი. არის აგრეთვე კავკასიის მუზეუმთან ბიბლიოთეკა. ამ მუზეუმს მიუძღვის დიდი ღვაწლი კავკასიის მეცნიერობის შესწავლაში. არსებობს აქ მრავალი მასალა, კოლექციები, გამოცემული არის მრავალი წიგნაკები და სხვა. ამ ჟამად მისი გაერთიანება აუცილებელია, იმიტომ, რომ უფრო შეფარდებული იყოს ჩვენ ცხოვრებასთან. ჯერ ერთი, რომ დებულება მისი არ შეესაბამება დღევანდელ დემოკრატიულ წესწყობილებას. იგი დამყარებული არის ძველ ბიუროკრატიულ საფუძველზედ. შემდეგ მას კიდევ ერთი ნაკლი აქვს: ამ მუზეუმს განსაკუთრებული ყურადღება ჰქონდა მიქცეული აღმოსავლეთ ამიერკავკასიის შესწავლაზედ და რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, იმას ნაკლები ყურადღება ჰქონდა მიქცეული. დღიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებისა, შეიძლებოდა ამ ნაკლის შევსება, მაგრამ ისეთი გარემოება იყო, ისეთი მდგომარეობა, რომ ძნელი იყო ამ ნაკლის შესწორება. მიმოსვლა გაძნელებული იყო, სიძვირე და სხვა. და აი განათლების სამინისტროს სურს მისი რეორგანიზაცია. ამ მუზეუმს განაგებს დირეკტორი, დირეკტორის წარდგენით რუსეთის სამეცნიერო აკადემია ამტკიცებდა გამგეებს განყოფილებისას და აგრეთვე ბიბლიოთეკის გამგეს. ეს წესდება, რასაკვირველია, არ შეეფერება და უნდა შეცვლილი იქნეს. დირექტორს დანიშნავს განათლების სამინისტრო და განაგებს მთელ მუზეუმს საბჭო, რომელიც შესდგება ხუთივე განყოფილებების წარმომადგენელთაგან და უნივერსიტეტის 5 წარმომადგენლისგან. აი ასეთი იქნება, მაშასადამე, რეორგანიზაცია მუზეუმისა.96

სახელი კი დაერქმევა „საქართველოს მუზეუმი“. წარმოდგენილი გახლავთ აქ დეკრეტი, მაშასადამე, კავკასიის მუზეუმის გაუქმებისა და საქართველოს მუზეუმის დაარსებისა და დებულება ამ მუზეუმისა. (კენჭის ყრით დეკრეტი მიღებულია).

თავმჯდომარე. ეხლა უნდა დაუბრუნდეთ იმ საბოლოო, ტექსტს რომელიც დროებით გადავდეთ. საბოლოო ტექსტი სამხედრო ბეგარის და შეიარაღებულ ძალთა შევსების კანონისა. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. მდივანს.

სიმონ მდივანი. (კითხულობს. საბოლოო ტექსტი დამტკიცებულია).

თავმჯდომარე. სხვა საკითხები არ არის, გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი სხდომის წესრიგი. სხდომას ვხურავ.

სხდომა იხურება ნაშუადღევის 3 საათსა და 45 წ.97

4 ორმოცდამეოთხე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 წელი, აგვისტოს 1. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არის

სიმონ მდივანი.

სხდომა იწყება დღის 12 საათსა და 45 წუთზე.

თავმჯდომარე. გთხოვთ დაიკავოთ ადგილები. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს. გთხოვთ წაიკითხოთ.

მდივანი. (კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი - წარსული საბიუჯეტო წლის ანგარიშის წარდგენის ვადის შეცვლის დეკრეტისა.

2. საბოლოო ტექსტი - გზათა დეპარტამენტის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების კანონისა.

3. საბოლოო ტექსი - სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად ყოველთვიურად 65.887.720 მ. გადადების დეკრეტის მოქმედების განგრძობის დეკრეტისა.

4. საბოლოო ტექსტი - 1919 წ. იანვრის 1-დე სამხედრო სამინისტრო - ხარჯის დასაფარავად ხაზინიდან 5 მილ. მან. გაღების დეკრეტისა.

5. საბოლოო ტექსტი - 1916 წლის მაისის 13 გამოცემულ დებულების ზედმეტ მოგებაზე გადასახადის გაწერის შესახებ ძალაში დატოვების დეკრეტისა.

6. საბოლოო ტექსტი - სამასწავლებლო სემინარიის დამატებითი შტატის კანონისა. 98

7. საბოლოო ტექსტი - შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულ განსაკუთრებულ რაზმის მოქმედების განგრძობის დეკრეტისა - სპეკულიაციისა კონტრ-რევოლიუციისა და მძარცველობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

8. საბოლოო ტექსტი - ქალაქ ჭიათურის თვითმმართველობისათვის ერთი მილიონი მანეთის სესხის მიცემის დეკრეტისა.

9. საბოლოო ტექსტი - სამხედრო საჭიროებისათვის 15 მილ. მანეთის გადადების დეკრეტისა.

10. საბოლოო ტექსტი - კავკასიის მუზეუმის რეორგანიზაციის დეკრეტისა.

11. დეკრეტი - იუსტიციის მინისტრის განკარგულებაში 3.233.888 მან. გადადების 1919 წ. იანვრის 1-დე საპყრობილეთა საჭიროებისთვის გაწეულ ხარჯის დასაფარავად.

12. დეკრეტი - იუსტიციის მინისტრის განკარგულებაში ყოველ თვიურად დამატებითი 355.250 მ. გადადების შესახებ - ჯანსაღ პატიმართა შესანახად და 123.875 მ. ავადმყოფ პატიმართა სამკურნალოდ და შესანახად.

13. დეკრეტი - 500 ათასი მანეთის გაღებისა - ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების მთავარ გამგეობისათვის სესხად მისაცემად.

14. დეკრეტი - სამაზრო მილიციაში მოსამსახურეთა ჯამაგირის გადიდებისა.

15. დეკრეტი - სამხედრო ბეგარის აუსრულებლობისათვის და ამ დანაშაულობისათვის დასჯისა.

16. დეკრეტი - მთავრობის წევრთა ჯამაგირის გადიდებისა.

17. დეკრეტი - მთავრობის თავმჯდომარისა, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგისა და მინისტრების საწარმომადგენლო ხარჯისა.

18. დეკრეტი - მთავრობის განკარგულებაში სურსათის დასამზადებლად 50 მილ. მან. გადადებისა.

19. დეკრეტი - ქუთაისის ქალაქის თვითმმართველობისათვის ოთხი მილ. მან. სესხის მიცემისა.

20. დეკრეტი - გზათა უწყებისათვის 448.000 მან. კრედიტის გახსნისა ტფილისის სადგურის შენობის შესაკეთებლად.

21. დეკრეტი - დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულების შესწორებისა.

22. დეკრეტი - ტფილისის ფიზიკურ ობსერვატორიის გაუქმებისა და საქართველოს ფიზიკურ ობსერვატორიის დაარსებისა.

23. ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვა - სოხუმის ოლქის მდგომარეობის და ამბების შესახებ.

24. ერ.-დემ. ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვა - გაზეთ „სალი კლდის“ დახურვისა და რევაზ გაბაშვილის დაპატიმრების შესახებ.

თავმჯდომარე. სურს თუ არა ვისმეს სიტყვა დღიური წესრიგის შესახებ? მსურველი არავინაა? დღიური წესრიგი მიღებულია. პირველი საკითხი საბოლოო ტექსტი. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

(იკითხება დღიური წესრიგის 1-10 §§ აღნიშნული საკანონმდებლო აქტთა საბოლოო ტექსტები, რომელნიც დამფუძნებელი კრების მიერ ერთხმად დამტკიცებული იქნა).

თავმჯდომარე. შემდეგი არის დეკრეტი მე-11. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

დეკრეტი - იუსტიციის მინისტრის განკარგულებაში 3.233.888 მან. გადადებისა.

ივანე ჭავჭანიძე. მოქალაქენო! იუსტიციის მინისტრი შუამდგომლობს, რომ მის განკარგულებაში გადადებული იქმნეს 3.233.888 მან. კრედიტი. ეს თანხა რათა დაფარული იქმნეს ზედმეტი ხარჯები საპყრობილეში ტუსაღების შესანახავად 1918 წ. ივნისის წინანდელ ნორმით ისეთი პატარა, მცირე თანხა იყო, რომ ყოვლად შეუძლებელი იყო ამ თანხით ტუსაღების გამოკვება. დღიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებისა ამ უწყებისათვის ტუსაღების შესანახავად კანონმდებლობის გზით ხარჯი არ იყო გატარებული. იყო ჯერ 9 კაპ. მერე დროებითი მთავრობის დადგენილებით დაენიშნათ თანხა 5 მანეთი, ფაქტიურად კი იხარჯებოდა 9 მან. და 5 შაური. ეს ზედმეტი თანხა, ზედმეტი ხარჯი, რომელიც გასწია სამინისტრომ მას ჯერ-ჯერობით არ მიუღია. მან დაფარა ხარჯი სხვა საშუალებით, რომელიც მის განკარგულებაში იმყოფებოდა და აგრეთვე დაედო ზოგიერთ დაწესებულების ვალი, მაგალითად ქალაქის კავშირთა და მომაწოდების კომიტეტისა. ამასთანავე მოგეხსენებათ, რომ შარშან მძვინვარებდა პარტახტიანი ტიფი, და ამ ტიფის წინააღმდეგ იყო ბრძოლა საჭირო, და ესეც ხარჯებს მოითხოვდა. ამისათვის სამინისტრომ დახარჯა გარდა იმისა, რაც მის განკარგულებაში იყო ამ საქმეებისთვის გადებული, - ის თანხა, რომელზედაც მე დღეს მოგახსენებთ და შუამდგომლობს, რომ ეს თანხა მას მიეცეს. საბუთი გაწეულ ხარჯებისა წარდგენილი აქვს სახელმწიფო კონტროლიორს და შუამდგომლობს, რომ ეს თანხა მიეცეს იმის და მიხედვით თუ როგორ იქნება გაწეული ხარჯები. აი მოკლედ შინაარსი ამ დეკრეტისა.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის არავის სურს სიტყვა? მუხლობრივი განხილვა მიღებულია.

მომხსენებელი. (კითხულობს მუხლობრივ. დეკრეტი მთლიანად მიღებულია).

თავმჯდომარე. შემდეგი მე-12 დეკრეტი:

დეკრეტი იუსტიციის მინისტრის განკარგულებაში ყოველ თვიურად დამატებითი 356.250 . გადადებისა.

ივანე ჭავჭანიძე. ეს დეკრეტი გამოწვეულია იმით, რომ ხარჯთ-აღრიცხვა, რომელიც წარმოდგენილია დამფუძნებელ კრებაში პირველ ივნისში შემოტანილი არის წინანდელი ნორმები. აქ შეტანილი არის 5 მან. ეს თვითეულ ჯანსაღ პატიმარზე და ამის გარდა - 2 მანეთი ავადმყოფებისთვის. ეს ანორმალური მდგომარეობა არის: ჯანსაღ პატიმარზე იხარჯება 5 მან. ცხადია, რომ ავადმყოფებზე მეტი ხარჯი არ არის საჭირო. ასე, რომ ის თანხა, რომელიც შეტანილი არის საერთოდ ხარჯთ-აღრიცხვაში ყოვლად შეუძლებელი არის, რომ დაფარული იქმნეს ხარჯები, რომელიც გამოწვეული არის ტუსაღების შენახვით. ამისათვის სამინისტრო აქაც შუამდგომლობს ამ ზედმეტ ხარჯის დასაფარავად ტუსაღების შესანახავად, გადადებული იქმნეს 300 მანეთამდე. მაშასადამე უნდა იქმნეს გადიდებული 15 მანეთამდე. (არ ისმის) კანონი ამბობს, რომ 15 მანეთი საჭიროა, იმისთვის, რომ ტუსაღების მოთხოვნილება დაკმაყოფილდეს, და იმავე დროს ავადმყოფ ტუსაღებისთვის გარდა 15 მანეთისა დაემატოს 3 მანეთი, ამ ხარჯის დასაფარავად სამინისტროს აზრით საჭირო იქნება, რომ გადადებული იქნეს 123,752 მანეთი. რა თქმა უნდა ამის გადაჭრით თქმა, რომ სწორედ ეს თანხა სავსებით იქნება საკმარისი არ შეიძლება, როდესაც რიცხვი, ერთ დღეს არის მეტი, მეორე დღეს ნაკლები. აქ არის ნათქვამი: ყოველ თვე გადაიდოს თანხა. მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, ეს თანხა იქნება მიღებული სახელმწიფოს ხაზინიდან, მისდამიხედვით თუ რა ხარჯი იქნება გაწეული. თუ იქნება სახელმწიფო კონტროლიორის მიერ დადასტურებული.

ვის სურს სიტყვა? მსურველი არვინ არის. გთხოვთ წაიკითხოთ.

მომხსენებელი. (კითხულობს) (1-2-3-4-5 მუხლი მიღებულია. დეკრეტი საერთოდ მიღებულია).

თავმჯდომარე. მე-13 დეკრეტი. მომხსენებელია ირემაშვილი.

დეკრეტი 500 ათასი მანეთის გადადებისა ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებისთვის სესხად მისაცემად.

იოსებ ირემაშვილი. (ს.-დ.) დეკრეტი შეეხება განათლების მინისტრის განკარგულებაში 500.000 მანეთი გაღების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების მისაცემად. წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების მთავარ გამგეობაში ამ ჟამად დამზადებულია მრავალი წიგნები გამოსაცემად, მაგრამ მას საშუალება არ მოეპოვება ეს წიგნები გამოსცეს. ეს წიგნები სახელმძღვანელოები: „დედა ენა“, „ბუნების კარი“, პირველი და მეორე ნაწილი „არითმეტიკის კრებულებისა“ და სხვა ისეთი წიგნები, რომლებიც აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენენ საერთოდ სკოლებში სახმარებლად. რადგანაც ეს აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს და რადგანაც მთავარ გამგეობას არავითარი საშუალება არა აქვს წიგნების გამოსაცემად ამიტომ მთავარ გამგეობამ შუამდგომლობა აღძრა მთავრობის წინაშე, რომ ნახევარი მილიონი მანეთი მიეცეს სესხად. მთავრობა დაეთანხმა ამ შუამდგომლობას, საფინანსო კომისიამ განიხილა ეს მთავრობის მოსაზრება, დაეთანხმა მას, და შუამდგომლობს დამფუძნებელ კრების წინაშე, რომ ეს თანხა მიცემული იყოს.

თავმჯდომარე. (1-2-3 მუხლი მიღებულია. დეკრეტი საერთოდ მიღებულია.) (თავმჯდომარეობს ს. მდივანი.).

თავმჯდომარე. შემდეგი მე-14 დეკრეტი. სიტყვა ეკუთვნის ონიაშვილს.

დეკრეტი სამაზრო მილიციაში მოსამსახურეთა ჯამაგირის გადიდებისა

დავით ონიაშვილი. მოქალაქენო! ადმინისტრაციის მოწყობა და ორგანიზაცია, ან უკეთ, რომ ვსთქვათ რეორგანიზაცია, ერთი უდიდესი საქმე არის აი, რომელიც უნდა განახორციელოს თქვენმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამ მხრივ, ჩვენი ადმინისტრაცია და განსაკუთრებით ადმინისტრაცია სოფლად ბევრ ნაკლოვანობას განიცდის და საშინელ საფრთხეს უმზადებს ჩვენს სახელმწიფოებრივ წესწყობილებას. ამიტომ მას შემდეგ, რაც ადმინისტრაცია ერობების ხელში გადავიდა თავისი კრედიტებით ერობებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს ადმინისტრაციის მოწყობას სოფლად. ამ მიზნისთვის მიმდინარე წლის მარტში შესდგა განსაკუთრებული თათბირი სრულიად საქართველოს ერობების წარმომადგენლებისაგან და ამ თათბირზე შემუშავებულ იქნა მილიციის შტატები. ეს შტატები განიხილა შინაგანთა საქმეს უწყებამ და მცირე შესწორებების შემდეგ მიიღო და დაამტკიცა. ამ ჟამად ეს შტატები გადაგზავნილი არის სახელმწიფო კონტროლში და უეჭველია, დასვენების შემდეგ შემოდგომაზე დამფუძნებელ კრებაში პლენუმის სხდომაზე განიხილება და ამ გვარად მიღებული იქნება მთლიანი კანონი სრულიად საქართველოს მილიციისა სოფლად, სამაზრო მილიციის შტატების რეორგანიზაცია. მაგრამ მდგომარეობა ამ ჟამად ფრიად კრიტიკული და ტრაგიკული არის.

საქმე იმაშია, რომ ის კრედიტი, რომელიც გაეხსნა ერობებს ისეთი მცირე და უმნიშვნელო არის, რომ ყოვლად შეუძლებელია ადმინისტრაცია დავტოვოთ იმ ნივთიერ პირობებში, რომელშიაც დღეს იმყოფება.

აი ცნობისთვის მოგახსენებთ რამოდენიმე მაგალითებს. არსებულ შტატების მიხედვით მაზრის კომისია იღებს ჯამაგირს (?) მანეთს, მისი თანაშემწე 600 მან. რაიონის კომისარი 300 მან. მაზრის მილიცია (კითხულობს) თუ თქვენ დააკვირდებით ციფრებს, დაინახავთ, რომ ეს ისეთი საშინელი ციფრები არის დღევანდელ ცხოვრების პირობებში, რომ არც ერთი სინიდისიერი და თავის მოვალეობის აღმასრულებელი ადამიანი არ დაეთანხმება ამ პირობებში სამსახურს. მართალია მილიციაზე გავრცელებული არის 20 მარტის კანონი ჯამაგირების მომატების შესახებ, მაგრამ მაინც მიუხედავათ ამ კანონის გავრცელების ჯამაგირებზე, ეს ჯამაგირების საგრძნობლად მცირე არის და ყოვლად შეუძლებელია მოსთხოვოს მილიციას სამსახური და მოვალეობის ასრულება, თუ ეს ძველ პირობებში დარჩა. ამიტომ თვითმმართველობის კომისიამ იქონია ამ შექმნილ მდგომარეობაზე მსჯელობა და გადაწყვიტა, - აიღოს თავის თავზე ინიციატივა - დეკრეტი შეიმუშაოს და წარუდგინოს დამფუძნებელ კრებას. დეკრეტის დედა აზრი, რომელიც განვიხილოთ და შემდეგ მივიღოთ, ან უარყოთ იმაში გამოიხატება, რომ დროებით, ვიდრე შემუშავებული იქნება მილიციის შტატები სოფლად და ეს მოხდება შემოდგომას, შეიძლება ენკენისთვეს, დროებით უნდა გადიდებულ იქნეს სამაზრო მილიციის მოსამსახურეთა ჯამაგირები. მაგრამ, როგორ გადიდდეს, მოკლეთ მოგახსენებთ რა საფუძველი უნდა დაედვას ამ ჯამაგირების მომატებას, იმ ნუსხას მილიციის შტატებისა, რომელიც შემუშავებული არის სამაზრო ერობის ყრილობაზე და რომელიც დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

დაახლოვებით საფუძველი შემდეგი არის. მეორე მხარე დეკრეტისა, სადაც ნათქვამია არის კრედიტი ძველ არსებულ კრედიტებთან გადადის ერობების განკარგულებაში და ერობა მისცემს ჯამაგირებს მილიციას. ჩვენ ვარაუდით მივიღეთ ოთხი თვე. მაშასადამე, ყოველნაირი დამატება, რომ ვიანგარიშოთ - აქ, ნუსხა ახლავს დეკრეტს, შემდეგ წაგიკითხავთ, როდესაც განხილვაზე გადავალთ, დაახლოვებით უდრის მთელი საქართველოსთვის მილიციისთვის სამ მილიონზე მეტს და თუ მივიღებთ მხედველობაში ოთხ თვეს, მაშინ რასაკვირველია, ეს გამოდის ხუთ მილიონზე ნაკლები. რათ მივიღეთ ოთხი თვე და არა ნაკლები? საქმე იმაშია, რომ საბიუჯეტო კომისია დარწმუნებულია იმაში, რომ ეს ძირითადი კანონი მილიციის შტატებისა, რომელიც სახელმწიფო კორტროლისაგან უეჭველად ამ ოთხი თვის განმავლობაში და შეიძლება უფრო ადრეც შემოვა დამფუძნებელ კრებაში და მექანიკურად დროებითი დამატებითი კრედიტი დახურული იქნება, მაგრამ ეს პერიოდი ჩვენ დავიჭირეთ, ყოველ შემთხვევაში აღიარებულია ოთხი თვე. მაგრამ შესაძლებელი არის ეს კანონი შემოვიდეს უფრო ადრე, ან ენკენისთვეში, ან ოქტომბერში მიმდინარე წელს. რაც შეეხება სახელმწიფო კონტროლს და ფინანსთა მინისტრის აზრს, უნდა მოგახსენოთ, რომ სახელმწიფო კონტროლიორი ბრძანდებოდა საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე და თავის მხრივ დაეთანხმა ამ დეკრეტს იმ სახით, როგორც წარმოდგენილი არის. ფინანსთა მინისტრი თანახმა არის ამ დეკრეტისა. მხოლოდ უნდოდა შემოეტანა შესწორებები, მაგრამ ეს შესწორებები ისეთი მცირედი იყო, რომ საბიუჯეტო კომისიამ მის აზრს დაუჭირა მხარი და წარუდგინა დასამტკიცებლად.

ლეო შენგელაია. (ს.-რ.) მოქალაქენი, დამფუძნებელი კრების წევრნო! ჩვენი ადმინისტრაციის შესახებ ბევრი რამ ითქვა და უფრო მეტი დაიწერა, მაგრამ ყველა ამას ძლიერ ცოტა შედეგები მოყვა. ჩვენმა მდგომარეობამ, გარდამავალმა ხანამ ჩვენს ადმინისტრაციას იშვიათი როლი დააკისრა. ის არა მარტო უნდა იდგეს რევოლიუციისა და თავისუფლების სადარაჯოზე, არა მარტო უნდა იცავდეს წესიერებას, მას აწევს კიდევ უფრო დიდი მოვალეობა. ადმინისტრაციამ თავის უანგარო მოღვაწეობით, თავის მოვალეობათა პირნათლად ასრულებით უნდა შეაყვაროს ხალხს ახალი წესწყობილება, უნდა საქმით მოქმედებით დაამტკიცოს მისი უპირატესობა ძველი რეჟიმის წინაშე. ფართო მასა თავის შეხედულებას ქმნის სწორედ იმისდა მიხედვით, თუ რას წარმოადგენს ადგილობრივი ადმინისტრაცია, როგორ მოქმედობს იგი, რა ზომებს მიმართავს და როგორ ასრულებს ის თავის მოვალეობას ცენტრში, რომ ჩვენ ათასი მშვენიერი კანონი გამოვსცეთ, თუ ადმინისტრაციის ადგილობრივი წარმომადგენლები თავის დანიშნულების სიმაღლეზე არ იქნებიან - ეს კანონები მკვდრათ შობილი იქნებიან.

რას წარმოადგენს დღეს ჩვენ ადმინისტრაცია? ის დღეს ყოველი კრიტიკის დაბლა სდგას ის არამც თუ არ ემსახურება ერთობისა და სოლიდარობის იდეების განმტკიცებას ჩვენში, პირიქით თავის უკანონო მოქმედებით ის სცემს მთავრობის პრესტიჟს და ნიადაგს უმზადებს ჩვენში ანარქიას. არსებითად არავითარი განსხვავება ძველ პოლიციისა და ახალ მილიციის შორის არ არსებობს; ძველად იყო ბოქაული, დღეს არის კომისარი. მათ შორის ის განსხვავება არის, რომ კომისარი უფრო მეტს ქრთამს ღებულობს, ვიდრე ბოქაული, მათ შორის ის განსხვავებაა კიდევ, რომ ბოქაული მხოლოდ ბოქაულობდა, ხოლო დღევანდელი კომისარი არა მარტო ბოქაულობს, არამედ კიდევაც სოციალისტობს. პიროვნებისა და ბინის ხელშეუხლებლობა ჩვენი კომისრების კოდექსში არ სწერია. ჩვენ მილიციას ჯერ კიდევ არ შეუგნია, რომ ის არის ხალხის მოსამსახურე და არა ბატონი!

არ არის დანაშაული, რომელსაც ხელს არ აწერდეს, რომელშიაც მონაწილეობას არ ღებულობდეს ჩვენი ადმინისტრაცია. ჩვენში მექრთამეობამ პირდაპირ ზღაპრული ხასიათი მიიღო. ქრთამს იღებს მილიციონერი, ქრთამს იღებს კომისარი, ქრთამს იღებენ მათი მეგობრები და ნათესავები, ქრთამს იღებს დიდი და პატარა, - იღებენ ფულით, ნატურით, იღებენ მსხვილად.

ჩვენში ავაზაკობას ბოლო არ ეღება და ვერც მოეღება, რადგანაც მილიციონერები და კომისრები ხშირად უთანხმდებიან ყაჩაღებს, მოქმედობენ მათთან კონტაქტში.

ჩვენი მილიციის და ადმინისტრაციის თავხედობა პირდაპირ აუწერელია.

ცემა და ტყეპა, უშვერი სიტყვები და უდიერი მოპყრობა - აი, რა ახასიათებს დღეს ჩვენს ადმინისტრაციას. ესენი არიან ნამდვილი სამადურები მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ოსტროვსკის სამადურებს ხელში არშინი ეკავათ, ხოლო ჩვენს სამადურებს კი თოფი უკავიათ.

ჩვენი ადმინისტრაცია თვითონ ახდენს ანარქიას, თავის უკანონო მოღვაწეობით ის თვითონ ასაზრდოებს უკმაყოფილებასა და ანარქიას.

ჩვენმა ადმინისტრაციამ თვითგასამართლებასაც მიჰყო ხელი. თქვენ ალბად, არა ერთხელ წაგიკითხავთ გაზეთებში ცნობები, რომ ესა და ეს ტუსაღი მოკლულ იქნა, რადგანაც გაქცევა დააპირაო. რატომღაც ეს გაქცევა ხდება ყოველთვის ღამის 12, ან 1 საათზე. ასე დაეცა ჩვენი ადმინისტრაცია.

ცხადია ასეთ მილიციას ჩვენ ნდობას ვერ გამოუცხადებთ და ვერც მის კრედიტს მივცემთ ხმას.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის შინაგან-საქმეთა მინისტრს.

შინაგან საქმეთა მინისტრი . რამიშვილი. მოქალაქენო, რომ ესერების პარტია არ დაუჭერდა მხარს ამ დეკრეტს, ეს თავის-თავად ცხადი იყო. (ხმა ესერების სკამებისაგან: დიახ, ყაჩაღებს არ დაუჭერთ მხარს!) მაგრამ, რომ თქვენ ყაჩაღებს დაუჭერთ მხარს, ეს თქვენ არა ერთხელ დაამტკიცეთ. ეს დაამტკიცა, სხვათა შორის გობეჩიამ, რომელიც ჩემთან არა ერთხელ გამოცხადებულა, ერთ ყაჩაღის დასაცავად, რომელიც ჩაწერილი არის ესერების პარტიაში, მაგრამ, რომელსაც მთავრობა სდევნის. ეს ბ-ნ გობეჩიამ კარგად იცის (ესერები: გვარი დაასახელეთ) გობეჩიამ იცის გვარიც და სახელიც. მე ვაცხადებ, რომ თუ ვინმე მართლა იცავს ამ ურიგო ადმინისტრატორებს, ყოველ შემთხვევაში იცავს ეს პარტია, ესერების პარტია. (შენგელაია: კაჩუხოვს ვინ იცავდა?) კაჩუხოვს იცავდნენ, სანამ ის აკეთებდა თავის საქმეს. (შენგელაია: სანამ გამოაშკარავდა თქვენ იმას იცავდით.) თქვენ იმ ყაჩაღზე ბრძანეთ, რომელსაც თქვენ იცავდით. რაშია საქმე? ვის დაუცვია ყაჩაღები გარდა ესერების ფრაქციისა? ვინ დაიცვა ყაჩაღები, რომელიც ჩაწერილნი იყვნენ ამა თუ იმ პარტიაში? პირიქით თუ ოდესმე ვინმეს გამოუცხადებია, რომ ესა თუ ის ადმინისტრატორი არ სდგას თავის სიმაღლეზე, მაშინვე მიგვიღია ზომები ასეთ ადმინისტრატორის გადაყენებისათვის. წინააღმდეგ ფაქტებს ბ-ნი შენგელაია ვერ წამოაყენებს.

აქ არის ლაპარაკი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ადმინისტრატორები არ ასრულებენ კანონის მოთხოვნილებებსო. არის ამისთანა შემთხვევები. ამას არ უარვყოფთ ჩვენ. მაგრამ როცა ჩვენ იმაზე რასმე ვიგებთ მაშინათვე მათ წინააღმდეგ ვღებულობთ ზომებს. (შენგელაია: ესე არ არის!) თუ ესე არ არის საბუთები წამოაყენეთ და ნუ ლაპარაკობთ ისე ზეპირად, როგორც ილაპარაკეთ. თქვენი ლაპარაკიდან გამოდის, რომ თითქოს ადმინისტრატორებს გამოუწვევიათ, აჯანყება. და როცა ჰკითხეს ბ-ნ შენგელაიას, მაშინ გამოირკვა, რომ სამეგრელოში, ლეჩხუმში, ოსეთში ადმინისტრატორებმა გამოიწვიეს აჯანყება. მაგრამ ეს იყვნენ ის პირები, რომელთაც კარგათ იცნობს ბ-ნი გობეჩია. რაც შეეხება ოსებს, მათ შესახებ არავის უთქვამს, რომ ეს აჯანყება ადმინისტრაციამ გამოიწვია. ყველამ იცის ვინ შეთხზა ეს, ყველამ იცის, რომ იყო აჯანყება, რომელიც მოაწყეს დენიკინელებმა, და როცა კაი ხანი გავიდა, ხალხს ეს დაავიწყდა. მაშინ ლაპარაკობენ, რომ ადმინისტრაციამ მოაწყო ეს აჯანყებაო. მე მგონია ასეთ რამებით ვერავის შეცდომაში ვერ შეიყვანთ. აქ იყო ნათქვამი ბოქაულების შესახებ, და მართლაც გამოვიდა, რომ ერთი ძველი ბოქაული არის. ეს არის მიქაბერიძე, მე სიამოვნებით მივცემდი ასეთ ბოქაულს ასეთ კაცს, გაცილებით უკეთეს თანამდებობას (ხმაურობა) დიახ, დიახ, ყაჩაღებს, რომელსაც თქვენ იცავთ, ციხეში გავგზავნით, მიქაბერიძე კი დავნიშნეთ, და აი ამისთანებს, როგორც მიქაბერიძეა სიამოვნებით დავნიშნავთ. საერთოდ ერობის თვითმმართველობა ასეთ პირებს იღებს და ამტკიცებს თავს თანამდებობაზე.

თქვენ იცით, რომ ჩვენ შემოვედით პარლამენტში წინადადებით, რომ მილიცია და ადმინისტრაცია გადასცემოდა ადგილობრივ თვითმმართველობას. მას გადაეცა, მათ ხელში არის და თუ რაიმე ამ შემთხვევაში არ კეთდება ისე, როგორც საჭირო არის, ყოველ შემთხვევაში მთავრობა, მე მგონი, არაფერ შუაში არ უნდა იყოს, და თვით ის თანხა, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ გადაეცემა ამ საქმისთვის ერობებს და არა შინაგან-საქმეთა მინისტრის კანცელარიას. მაშასადამე, აშკარა არის, რომ თქვენ არ აძლევთ თანხას არა სამინისტროს, როგორც თქვენ გსურთ, არამედ, ეს უნდა იცოდეს მთელმა ქვეყანამ, თქვენ არ ენდობით იმ ერობებს, რომლის ხელში არის ამ ჟამად მილიცია და ადმინისტრაცია, რომ თქვენ ბრძოლას უცხადებთ არა მთავრობას, ვინაიდან ამ შემთხვევაში მთავრობა არაფერ შუაშია, არამედ ადგილობრივ თვითმმართველობებს. (შენგელაია: თქვენ ზედამხედველი ხართ) ზედამხედველნი ვართ ეს მართალია. (ხმა: პასუხისმგებელნი) ზედამხედველობა, ეს მართალია ჩვენ ხელშია, თუ არის ისეთი შემთხვევა, რომ თქვენი ამხანაგები, ან სხვა ვინმე, სადმე ისარგებლებენ ადმინისტრაციით, ან პარტიულ მიზნებით, ან მოისურვებენ ყაჩაღები დასტოვონ მილიციონერად, ჩვენ რასაკვირველია, ამის წინააღმდეგ ზომებს მივიღებთ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გობეჩიას.

ივანე გობეჩია. მე არსებითად არ შევეხები ამ საკითხს, მხოლოდ უნდა განვაცხადო თქვენ წინაშე, რომ ის, რაც შინაგან-საქმეთა მინისტრმა მოგახსენათ რაღაც ყაჩაღის შესახებ, სრულიად სინამდვილეს არ შეეფერება. არასოდეს მე ბ. შინაგან-საქმეთა მინისტრთან არ მივსულვარ...

თავმჯდომარე. თუ თქვენ პირადი განცხადებ გსურთ, ეს შეგიძლიათ თქვენ მაშინ, როდესაც დეკრეტის განხილვა გათავდება. მე თავის დროზე მოგცემთ სიტყვას პირად განცხადებისთვის.

ივანე გობეჩია. პირდაპირ ბ. შინაგან-საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენ ყაჩაღები და ხალხის ამწიოკებლები არ გვეყოლება ადმინისტრაციაში და მილიციაში. მე უნდა გავახსენო შინაგან-საქმეთა მინისტრს, რომ ასეთი ყაჩაღი იყო, ეს იყო ადეიშვილი, (ხმა: სიცრუეა!) რომელზედაც ლაპარაკობდნენ, რომ 4 კაცი მოკლა და რევოლიუციის დროს დაჭერილი იყო (ხმაურობა) ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ასეთი ხმები დადის, რომ ქუთაისის მაზრაში კომისარი ახვლედიანი აწიოკებს გელათს. არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეთ პიროვნებას ადგილი ადმინისტრაციაში არ უნდა ჰქონდეს. აგრეთვე მე თქვენ მოგახსენებთ სიმონ თოლორდავაზე, ეს ის თოლორდავა იყო, რომელიც სრული ნდობით აღჭურვილი იყო სოციალ-დემოკრატიის პარტიის მიერ, ადგილობრივ ის განაგებდა მთელ მაზრას, ისე ეპყრობოდა მოქალაქეებს ზუგდიდის მაზრაში, რომ მართლაც იძულებულნი იყვნენ აჯანყებულიყვნენ. ეს ისეთი კომისარი იყო, რომელმაც აიძულა ხალხი, გულწრფელი დემოკრატები და რევოლიუციონერები, გადავარდნილიყვნენ, რადგანაც ის მათ სდევნიდა. (ხმა: მაგალითი?) ის პირი, რომლის შესახებ მე შინაგან-საქმეთა მინისტრთან ვიყავი, ის იყო გულწრფელი რევოლიუციონერი, რომლითაც შეგვიძლიან ჩვენ მართლაც ვიამაყოთ. ეს არის ამხანაგი მაფასია. (ხმაურობა. ხმა: გიჟი კაცი იყო! თავმჯდომარის ზარი) არაფერი ყაჩაღი არ არის და ყაჩაღებთან მას არაფერი საერთო არ ჰქონდა და არც ექნება. მაგრამ თქვენ მას აქ ყაჩაღს უწოდებთ ეს იმიტომ, რომ გსურთ პარტიულად გამოიყენოთ ეს შემთხვევა, რომელიც გამოწვეული იყო სოციალ-დემოკრატიის პარტიის წარსულ წევრის სიმონ თორდავას მიერ, რომელიც ჯერ იყო სამაზრო კომისარი ზუგდიდის მაზრაში და შემდეგ გადაყენებული და დაჭერილი, რადგანაც აღმოჩნდა, რომ მართლაც ავაზაკი იყო.

თავმჯდომარე საერთო მსჯელობისთვის სიტყვა აღარავის სურს. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს. მომხსენებელი ონიაშვილი.

მომხსენებელი დავით ონიაშვილი. მე სწორე გითხრათ არ მეგონა, რომ ასეთი მცირე დეკრეტი გამოიწვევდა ისეთ გაბოროტებულ პოლემიკას, რომელიც აქ მოვისმინე. მე თავიდანვე განვაცხადე, რომ კანონი, ეს საერთოდ ძირითადი კანონი ადმინისტრაციის, შტატების ორგანიზაციისა და რეორგანიზაციისა, ეს კანონი იქნება გადათვალიერებული რამდენიმე თვის შემდეგ, ამ საათში კი ლაპარაკი არის მხოლოდ სამაზრო მილიციის მოსამსახურეთა ჯამაგირების მომატების შესახებ. მაშასადამე, მთელი დებატები ამ საკითხის შესახებ მთელი თავის სიგრძე სიგანით, ვისაც ლაპარაკის სურვილი და ხალისი ჰქონდა, შეეძლო მოეხდინა მაშინ, როდესაც ეს ძირითადი კანონი იქნებოდა გატარებული.

ეხლა კი არის მსჯელობა შედარებით ნაკლებათ მნიშვნელოვან საგანზე.

აი, რომ გამოსულიყო მაგალითად დამფუძნებელ კრების წევრი და დაემტკიცებინა, რომ დღევანდელ პირობებში მილიციისთვის შეუძლებელია თავის მოვალეობის ასრულება, იმ მოვალეობის ასრულება იმ ჯამაგირების მიხედვით, რომელსაც ის იღებს, მაშინ, რასაკვირველია, ეს იქნებოდა მსჯელობა პირდაპირ საგნის შესახებ. მაგრამ ამ საქმის გარშემო, არსებულ ჯამაგირის შესახებ და მის გადიდების აუცილებლობის შესახებ არც ერთი კრინტი არავის არ დაუძრავს. რომ ჩვენ ადმინისტრაციას დიდი ნაკლულოვანობა აქვს, ეს თავიდანვე აღვნიშნე, და აღვნიშნე, აგრეთვე მიზეზი ამ ნაკლულოვანობისა. მაგრამ ეს ნაკლი ისეთ ბუნდოვან სურათებით შეაზავეს სოციალ-რევოლიუციონერის ფრაქციის წარმომადგენლებმა, რომ ეს სურათები უკვე არ შეეფერებიან იმ სინამდვილეს, რომელსაც ჩვენ ამ წუთში განვიცდით.

დახასიათება მილიციისა იყო ზოგადი, სამწუხაროდ არ იყო არც ერთი ფაქტი დასახელებული. სხვათა შორის, მე ძალიან გამაკვირვა იმ აზრმა, რომელიც წარმოსთქვა ბ. შენგელაიამ. მის შემდეგ, რაც ადმინისტრაცია ერობის ხელში გადავიდა, აქედანაც არაფერი არ გამოდისო. ეს ისეთი რიხით და კატეგორიულად ნათქვამია, რომ პირდაპირ მე არ მეგონა, რომ უარღესი სოციალისტი და რევოლიუციონერი ისეთ უნდობლობას გამოუცხადებდა დემოკრატიულ დაწესებულებას, ისეთ დემოკრატიულ დაწესებულებას, როგორიც არის მაგალითად ერობა. მე თქვენ გარწმუნებთ და შემიძლიან თამამად ავღნიშნო, რომ მის შემდეგ, რაც ადმინისტრაციის მოწყობის საქმე გადავიდა ერობის ხელში, შეძლებისდაგვარად ერობა სცდილობს ადმინისტრაციის მოწყობაზე და რეორგანიზიციაზე. მე შემიძლიან მაგალითად მოგახსენოთ ტფილისის მაზრის ერობაზედ. სულ რამდენიმე თვის განმავლობაში, მთელი ტფილისის ადმინისტრაცია დაწყობილი უფროსიდან და გათავებული უკანასკნელ მილიციონერით ჩვენ შევცვალეთ, მოვახდინეთ მათი რეორგანიზაცია თავიდან ბოლომდის არა ერთხელ და ორჯერ, არამედ სამჯერ. და აი ასეთი ცდის დროს აღვნიშვნავთ იმ ფაქტს: რომ ბოროტმოქმედება, სხვა და სხვა ანარქიული გამოსვლა, ყაჩაღობა, ქურდობა, ავაზაკობა, თავდაცემა და სხვა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ მაზრაში, შედარებით რაც ადმინისტრაცია ერობის ხელში გადავიდა, საგრძნობლად შემცირდა. ეს მარტო ლიტონი სიტყვა კი არ არის, ეს შეგიძლიანთ დაინახოთ იმ სტატისტიკურ ცნობებიდან, რომელიც აქვს ერობას, მობრძანდით, ბ. შენგელაია, ხვალ ერობის შენობაში. მობრძანდით ადმინისტრატიულ განყოფილებაში და გაჩვენებთ ამ სტატისტიკას.

თქვენი ლაპარაკი ცარიელი სიტყვაა, როგორც გჩვევიათ, ეს არის ზეპირი ფრაზეოლოგია და საქმის გაცნობასთან ძალიან შორს დგას, ეს არის იმ შეხედულობის განმეორება, რომელიც გამოსთქვით წარსულ კრებაზედ. საერთოდ თქვენი მსჯელობის მეთოდი ისეთი არის, რომ თუნდა მთელი წელიწადი, ვილაპარაკოთ ამ საგანზე, თქვენ ვერ დაგარწმუნებთ, და თქვენც ვერ დაგარწმუნებთ, იმიტომ, რომ თქვენი მეთოდი სახელმწიფოს აღმშენებლობისა სულ სხვა არის და ჩვენი სულ სხვა. თქვენ გინდათ სახელმწიფო ისე აშენდეს, რომ იქ არც ნაპრისტავალი იყოს, არც ნაგარადავოელი, არც მილიციონერი, არც ძალა შეიტანოთ, არც იძულებითი აპარატი. აი, როგორც ერთმა სოციალ-რევოლიუციონერმა სთქვა აშენდეს სოციალისტური სახელმწიფო, დეე იყო სოციალისტური სახელმწიფო, და აი აშენდა სოციალისტური სახელმწიფო. (შენგელაია: მეცნიერული არგუმენტაცია) ეს თქვენი არგუმენტაციაა, და მეც იმიტომ ვიმეორებ, რომ არსებითად მეცნიერული არგუმენტაცია თქვენ არ გაქვთ. ისე იოლად ღმერთმა საბაკევიჩიც კი ვერ გააჩინა არამც თუ სოციალისტური სახელმწიფო. ცოტა ძნელია სახელმწიფოს აშენება და მეტადრე ისეთ გარდამავალ ხანაში, ძველ წესწყობილების ნგრევაში და ახალ სახელმწიფოს შენებაში. შეიძლება ყაჩაღობაც, შეიძლება ქურდობა და თავდაცემაც იყოს, მაგრამ თქვენ ვერ დაამტკიცებთ, რომ ჩვენი სახელმწიფო არ სდევნის ყაჩაღებს და ავაზაკებს.

არის მეოთხე დასამტკიცებელი საბუთი, რომ ის პარტია, რომელიც სოციალისტობას ჩემობს, სამწუხაროდ, მთავრობას ხელს შეუშლის ამ ყაჩაღების და ქურდების დევნის დროს. აი, ეს არის თქვენი დიდი შეცდომა, თქვენ ამ შეცდომას ყოველ დღე იმეორებთ, იმიტომ, რომ მეთოდი თქვენი მსჯელობისა, მეთოდი თქვენი სახელმწიფოს აშენებისა სულ სხვა არის ვიდრე ჩვენი. ჩვენ შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ ამ მეთოდით სახელმწიფოს აღშენება შეიძლება სადმე მოხდეს, მაგრამ აქ საქართველოში ამ მეთოდით თქვენ სახელმწიფოს ვერ ააშენებთ და ამის საშუალებას თქვენ არ მოგცემთ.

თავმჯდომარე. ბ. გობეჩია თანახმად რეგლამენტისა უფლება გაქვთ საპირადო განცხადება გააკეთოთ.

გობეჩია. მადლობელი ვარ, მაგრამ მე არ მითხოვია.

თავმჯდომარე. მაშასადამე, მსჯელობა დამთავრებულია. ვინ არის წინააღმდეგ, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე. წინააღმდეგი არავინ არის. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

მომხსენებელი ონიაშვილი. (კითხულობს მუხლობრივ. დეკრეტი მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებულია).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ სამხედრო ბეგარის აუსრულებლობისთვის და ამ დანაშაულობისთვის დაფარვისა და წაქეზებისთვის დასჯისა. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს გურულს.

ზაქარია გურული. (მოახსენებს კრებას იმ მიზეზებს, რომელთაც გამოიწვიეს ეს დეკრეტი. დეკრეტი მიღებულია).

თავმჯდომარე. შემდეგი დეკრეტი:

მთავრობის წევრთა ჯამაგირების გადიდებისა.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

ივანე ჭავჭანიძე. მოქალაქენო! ეს დეკრეტი, მე მგონია, კამათს არ გამოიწვევს. არ არის საჭირო მტკიცება, იმისა, რომ დღევანდელ ჯამაგირებით მთავრობის წევრებს ცხოვრება მეტად გაუჭირდათ, მთავრობის წევრი იღებს 3 ათას მანეთს.

საბიუჯეტო, და საფინანსო კომისიამ მიიღო მხედველობაში დღევანდელი სიძვირე, და იძლევა წინადადებას გადიდებულ იქმნას მთავრობის წევრების ჯამაგირები, გადიდება ასეთ ნაირათ იქნება (კითხულობს).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. შენგელაიას.

ლეო შენგელაია. (ს.-რ.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! იაფი მთავრობა; იაფი ამ სიტყვის პირდაპირის და ნივთიერი მნიშვნელობით ყოველთვის შეადგენდა დემოკრატიის იდეალს. უცერემონიო მოპყრობა ხალხის ქონებისადმი, რომელიც ასე ახასიათებდა ძველი რეჟიმის მიმდევართ, ეწინააღმდეგება არამც თუ დემოკრატიის ინტერესებს, იგი ეწინააღმდეგება დემოკრატიის ბუნებასაც. თავისი მარტივი და საღი შეხედულება დემოკრატიას შეაქვს ცხოვრების ყოველ დარგში. დიდ ჯამაგირებს, დიდ ხარჯებს ვერ აიტანს არამც თუ ისეთი უმწეო და პატარა სახელმწიფო, როგორიც არის ჩვენი სამშობლო, ასეთ ხარჯებს ვერ აიტანს დიდი, ეკონომიურად მოღონიერებული სახელმწიფოც კი. ამიტომ, როგორც მოგახსენეთ, იაფი მთავრობა იყო და არის მისწრაფება დემოკრატიის. მთავრობა, რომელსაც ესმის მისი მოვალეობა და ხალხის უფლება, უნდა იყოს დემოკრატიული, როგორც თავის პოლიტიკაში, ისე ხარჯებშიც. სამწუხაროდ ამ აზრს ვერ აკმაყოფილებს წარმოდგენელი დეკრეტი; ის აწესებს ისეთ ჯამაგირებს, რომლებსაც ჩვენი ნივთიერი მდგომარეობა ვერ აიტანს თუ ეს დეკრეტი მივიღეთ თითო მინისტრი ყოველ წლიურად დაგვიჯდება მინიმუმი ასი ათასი მანეთი. ეს ისეთი საგრძნობი თანხა არის, რომ შეუძლებელია. ასე ხელ-აღებით ის ჩვენ მივიღოთ. მართალია, დღეს საშინელი კრიზისი არის, ყველაფერი გაძვირდა, მაგრამ სიძვირე მარტო მინისტრებს არ ეხება, ცხოვრება ყველასთვის გაძვირდა და არა მარტო მინისტრებისათვის. მინისტრები ციდან არ ჩამოვარდნილან და თუ დამფუძნებელ კრების წევრს შეუძლია 2500 მანეთით, რატომ არ შეუძლია ასეთივე თანხით იცხოვროს მინისტრს. მინისტრებს ისედაც ბევრი უპირატესობანი აქვთ. დამფუძნებელ კრებაში იყო შემოტანილი დეკრეტი, რომ დამფუძნებელ კრების წევრთათვის დაენიშნათ 3000 მანეთი. სოც.-დემ. ცენტ. კომიტეტმა ეს დიდათ მიიჩნია, ჩვენი მდგომარეობა ვერ აიტანსო, მე ვერ გამიგია, თუ ჩვენი მდგომარეობა 3000 მანეთს ვერ აიტანს, ნუ თუ 5000 და 7000 უფრო ავიტანთ?! მე როგორც გადმომცემენ ბოლშევიკურმა მთავრობამ ბ. ტროცკის ასეთი მანდატი მისცა: „ვინაიდან ამხ. ტროცკი მუდამ მოგზაურობს და მას საქმე აქვს ფრონტთან, მიეცეს ამხანაგ ტროცკის უფლება საკუთარ მატარებელში იქონიოს მბეჭდავი მანქანა, რათა საჭიროებისამებრ გამოსცეს ბონები და ფრონტის საჭიროება დააკმაყოფილოსო“ . მე არ ვიცი რამდენათ მართალია ეს, მაგრამ მე ვხმარობ, რომ ჩვენი მთავრობაც ბოლოს და ბოლოს ამ გზას უნდა დაადგეს რაკი საშველი არაა, რაკი ყოველდღე მილიონებს თხოულობს, უკეთესია მივცეთ მათ უფლება დადგან თავიანთი სამინისტროებში მანქანა და ბეჭდონ ბონები. დახარჯული ფულების ანგარიშს ხომ მაინც არავინ იძლევა და რათ უნდა ვიმტვრიოთ თავი ყოველთვის? შარშან ჩვენ ვაძლევდით პროფესორებს 900 მანეთს წლიურად, წელს მოუმატეთ ასე, რომ ამ წელს შეიძლება პროფესორმა მიიღოს 1800-2000 მანეთი. მე მგონია, უსამართლობა იქნებოდა გონებრივი შრომის უმაღლეს წარმომადგენელს მივსცეთ 1800, ხოლო მინისტრებს 5000 მანეთი! თუ ჯამაგირები მინისტრებს გაუდიდეთ, უნდა გაუდიდოთ ყველას თუ ეს არ მოხდა, ამ დეკრეტს დიდი უარყოფითი მნიშვნელობა ეძლევა. ის დიდ მასალას მისცემს დემაგოგებს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ მიერ მიღებულმა კანონებმა ფართო მასებში უკმაყოფილება არ გამოიწვიოს ჩვენ უნდა ვიყოთ მეტად ფრთხილად, როდესაც მარჯვნით და მარცხნით ფულებს ვარიგებთ. მე ვიცი, რომ ამ დეკრეტის წინააღმდეგ არ იქნება სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს დეკრეტი ალბათ, უკვე მიიღო სოც.-დემ. ცენტრალურმა კომიტეტმა, მეორე იმიტომ, რომ ყოველ სოციალ-დემოკრატს, რომელმაც წერა კითხვა იცის, აქვს იმედი, რომ რამდენიმე თვით მაინც მოუწევს მინისტრობა! ამნაირად, ბატონებო ყოვლად შეუძლებელია, ჩვენ ეს დეკრეტი მივიღოთ თუ ჩვენ ყველას მოუმატებთ, მაშინ სხვაა. მარტო მინისტრებს არაფერი არ უნდა მოუმატოთ. მეტსაც ვიტყვი იმ მინისტრებს, რომლებმაც ვერ მოაგვარეს ვერც ერთი დარგი ჩვენი ცხოვრებისა, რომლებმაც გამოიჩინეს სრული უილაჯობა და უუნარობა, კი არ უნდა მოუმატოთ ჯამაგირები, არამედ ჩვენში სამართალი, რომ იყოს, უნდა დაუკლოთ!

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დ. ონიაშვილს.

დავით ონიაშვილი. დღეს ს.-რ. ბანაკში დღესასწაული არის (შენგელაია: თქვენ ფულებს ღებულობთ, ჩვენში კი დღესასწაულია!) ის საკითხი, რომელიც არსებითად არ უნდა იყოს საკამათო, ს.-რ. ფრაქციამ საკამათოდ გახადა და, ჩემის აზრით, ამით დიდი შეცდომა ჩაიდინა.

როდესაც ჯამაგირების საკითხს სწყვეტს დამფუძნებელი კრება, იგი ხელმძღვანელობს მხოლოდ ერთ მოსაზრებით, რომ ჯამაგირებს აძლევს არა პერსონალურად - პეტრეს, ან ივანეს, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელს. ყოვლად შეუძლებელია, რომ ის ადამიანი, რომელიც აღჭურვილი არის ხალხის და დამფუძნებელ კრების ნდობით, და უნდა იყოს ასე თუ ისე ნივთიერად უზრუნველყოფილი, ყოვლად დაუშვებელი არის, რომ ასეთი ადამიანი ჩვენ ჩავაყენოთ ისეთ მდგომარეობაში, რომ მან ნივთიერი გასაჭირი განიცადოს, და, უპირველეს ყოვლისა, არ ზრუნავდეს სახელმწიფოს საქმეზე.

ის მოსაზრება, რომელიც აქ წამოაყენა ბ. შენგელაიამ, პირდაპირ, სწორედ გითხრათ, პირდაპირ ახირებული მოსაზრებაა, პირველ ყოფილ ადამიანის მსჯელობა არის. (შენგელაია: რომელი ეგ?) მე ეხლავე მოგახსენებთ, რომელი.

თქვენ ხშირად ბრძანებთ, - დემოკრატია და დემოკრატიული წყობილებაო! მაგრამ თუ თქვენ დემოკრატიზმი ისე გესმით, რომ ყველა უნდა გააუბედუროთ და ასეთ მდგომარეობაში ჩააგდოთ, თუ ასე გესმით დემოკრატიზაცია და პროლეტარიზაცია, ამას არც ერთი ადამიანის ინსტიქტი არ მიიღებს და არ გაამართლებს.

აქ არის საჭირო ლოღიკა.

არც ერთი ადამიანი არ დაგეთანხმებათ თქვენ, როდესაც ადამიანს ავალებთ პასუხისგებას, წარმომადგენლობას და სახელმწიფოს სათავეში ყოფნას და ამავე დროს მატერიალურ სივიწროვეში აგდებთ - ეს არც ისე ადვილი არის, როგორც თქვენ გგონიათ.

ამიტომ უნდა შეჰქმნათ ისეთი პირობები, რომ თქვენ მიერ ნდობით აღჭურვილმა პირებმა, და, უპირველეს ყოვლისა, მთავრობამ შეასრულოს თავისი მოვალეობა. რაც შეეხება იმას, რომ თქვენ იცით, რომ მთავრობა არ ასრულებს თავის მოვალეობას, რომ ასეთ მთავრობას არა თუ არ უნდა მოუმატოთ, არამედ უნდა დაუკლოთ კიდეც ჯამაგირი, ბატონებო, ასეთ გზაზე, რომ ვიაროთ, მაშინ შეგვეძლო უკაპეიკოთ დაგვეტოვებინეთ თქვენ, როგორც დეპუტატი, რადგანაც, როგორც დეპუტატი, თქვენ ვერავითარ მოვალეობას ვერ ასრულებთ.

ჩვენ ასეთ ყალბ გზას ვერ დავადგებით. თუ მთავრობა თავის მოვალეობას არ ასრულებს, ეს უნდა სთქვას დამფუძნებელ კრების უმრავლესობამ და ხალხმა, და არა ერთმა და ორმა კაცმა.

აი, ამ მოსაზრებით ს.-დ. ფრაქცია მხარს დაუჭერს ამ დეკრეტს. რასაკვირველია, ს.-დ. ფრაქცია დარწმუნებულია იმაში, რომ ჩვენ ხაზინისთვის ასეთ ხარჯის გაღება მძიმე არის დღევანდელ პირობებში, მაგრამ ჩვენ ანგარიში უნდა გაუწიოთ იმას, რომ დღეს საზღაპროდ გაძვირდა ცხოვრება, რომ საშინლად დაეცა მანეთის კურსი და ის ჯამაგირები, რომელიც არის წარმოდგენილი არც ისეთ დიდი არის. (შენგელაია: პროფესორების ჯამაგირები?) პროფესორებზე ლაპარაკი შემდეგ იქნება, მაგრამ, ჯერ-ჯერობით, ჩვენ მინისტრებზე ვლაპარაკობთ;

წარმოიდგინეთ, რომ მუშა-ხელი სოფლად ისე გაძვირდა, რომ კახეთის ზოგიერთ ადგილებში უბრალო მუშას ვერ დაიჭერთ დღიურად 200 მანეთათ. მე თქვენ გეკითხებით - თუ კი უბრალო მუშა, რომელიც მარტო ფიზიკურ მუშაობას ეწევა ასე ძვირია, ნუ-თუ თქვენ არ გგონიათ, რომ ის მუშა, რომელიც სდგას სახელმწიფოს სათავეში, სახელმწიფო ცხოვრების სათავეში და რომელსაც მეტი მოეთხოვება, რომელიც პასუხს აგებს მთავრობის და რესპუბლიკის წინაშე, - ნუ-თუ ასეთი პირი ამ ჯამაგირის ღირსი არ არის?

აი, ამ მოსაზრებით მე მგონია, რომ უეჭველად უნდა მივიღოთ ის დეკრეტი, რომელიც წარმოდგენილი არის.

თავმჯდომარე. სიტყვის მსურველი არავინ არის. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

მომხსენებელი ივანე ჭავჭანიძე. როცა მე გამოვდიოდი, არ მეგონა, რომ ეს საკითხი საკამათოთ გახდებოდა. მაგრამ ბ. შენგელაიამ არც ეს დეკრეტი დასტოვა უყურადღებოთ, და თავისი სადემაგოგიო სიტყვა, ერთხელ კიდე, გაიმეორა.

ამისთვის ერთად-ერთი მიზანი არის, ხალხს უთხრას - აი ჩვენ თქვენ ფულებს ვზოგავთ ს.-დ. კი არ ზოგავენო. როცა მე თავიდანვე, ველაპარაკებოდი, გობეჩიამ წამოიძახა. „სხვებმა რაღა დააშავესო“. ისე, რომ საბუთი, რომელიც წამოყენებულია შენგელაიას მიერ, ეს საბუთი არ არის, ეს არის მხოლოდ სადემაგოგიო მასალა.

შემდეგ, ბ. შენგელაიამ განაცხადა, რომ „უილაჯო მთავრობა, ღირსი არ არის ჯამაგირები მოემატოსო“.

ბატონებო, ნათქვამია - „ისეთმა ფურმა დამწიხლოს, რომელიც ჩემზე მეტს იწველებოდესო“ თქვენ ნახეთ ს.-რ. მინისტრი, როდესაც ის გზების მმართველი იყო, რა ილაჯი გამოიჩინა. მე კი ვაცხადებ, რომ გზა არასოდეს არ ყოფილა ისე დანგრეული, როგორც მაშინ, როდესაც, მათ ხელში იყო. აი, ის ხალხი, რომელიც აქედან ლაპარაკობს მთელ მთავრობის უილაჯობაზე, ალბათ ფიქრობს, რომ ის, იმათი მინისტრი, აი ამ მინისტრებზე უკეთესი იყო: და ძალიან კარგათ მოაწყო ცისტერნების გაგზავნა. (კითხულობს 1-2 მუხლს).

თავმჯდომარე. შესწორება გახლავთ ს.-დ. დაემატოს 2-ე მუხლში: „დეკრეტი ესე შედის ძალაში დღიდან მიღებისა დამფუძნებელ კრების მიერ“.

მომხსენებელი. მე ვფიქრობ, რომ ეს სრულიად ზედმეტი იქნება, რადგანაც დეკრეტში არის ნათქვამი - ჯამაგირი მიეცეს... (შესწორება მიღებულია, და გადაეცემა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. უკვე სამი საათი გახლავთ. წინადადება არის კრება გაგრძელდეს ერთი საათით. ვინ არის მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი? კრება გრძელდება. შემდეგი საკითხი:

დეკრეტი - მთავრობის თავმჯდომარისა, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროს ამხანაგისა და მინისტრების საწარმომადგენლო ხარჯისა.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს. კრების წევრს ჭავჭანიძეს.

მომხსენებელი ივანე ჭავჭანიძე. ეს დეკრეტი ალბათ უფრო მეტ წინააღმდეგობას გამოიწვევს: ეს ეხება წარმომადგენლობის შტატებს. მოგეხსენებათ, მთავრობის თავმჯდომარეს, და წევრებს, აქვს ისეთი საჭიროება, რომელიც, შეიძლება, მათ პირველ მოთხოვნილების ფარგლებიდან გამოდის. თქვენ კარგათ იცით ასეთი მაგალითები.

მოგეხსენებათ, რომ მთავრობის თავმჯდომარე აუცილებლად უნდა მივიდეს უცხოელებთან, ან ისინი მიიღოს. ეს კი დიდ ხარჯებს იწვევს. თქვენ გეცოდინებათ, რომ ფინლიანდიის პრეზიდენტს დანიშნული აქვს 300 ათასი მანეთი. რა არის ეს იმასთან შედარებით? ჩვენ დღემდე პრინციპი გვქონდა, რომ დემოკრატიის წარმომადგენლები უზრუნველ-ყოფილნი ყოფილიყვნენ მატერიალურად, რომ პირნათლად შეესრულებინათ თავიანთი მოვალეობა, და არა ისე, რომ შიმშილით დახოცილიყვნენ. და სწორედ იმიტომ, რომ დემოკრატიის წარმომადგენლები უზრუნველყოფილნი იყვნენ ამ მხრივ, და უცხოელებთან მივიდნენ საჭიროების დროს, ამისთვის გადიდებული უნდა იქნეს თვითოეულ მინისტრისათვის განსაზღვრული თანხა საწარმომადგენლო სახარჯათ, ისე, როგორც წინეთ, ყველა მინისტრებისათვის არსებობდა ასეთი საწარმომადგენლო ხარჯები.

თავმჯდომარე. კრების წევრი ი. გობეჩია.

ივანე გობეჩია (ს.-რ.) მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! ყველასათვის აშკარაა, რომ ჩვენმა მანეთმა თავისი ფასი სრულიად დაკარგა. ამბობენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენი ეხლანდელი მანეთი ძველებურ ნახევარ კაპეიკსაც არ უდრისო. ეს სრული ჭეშმარიტებაა და ამიტომაც არის, რომ ყველას უჭირს ცხოვრება და ყველას აუცილებელ პირველ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად აუარებელი ფული ესაჭიროება. სხვა და სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი დაწესებულებათა მოსამსახურეების ჯამაგირი მათ საარსებო მინიმუმის ნახევარსაც ვერ აკმაყოფილებს და ამიტომ თითქმის ყოველ თვეს მოსამსახურეთა ჯამაგირების მომატების საკითხი ისმება, მაგრამ ჯამაგირების მომატება საქმეს ვერ შველის, რადგანაც პირველ მოთხოვნილების საგნებზე დღითი-დღე ფასები ზღაპრულად იზრდება. ავიღოთ ჩვენი მინისტრების ჯამაგირები. მათ დავუნიშნეთ 5 ათასიდან 7 ათასამდე. პირველი შეხედვით ეს დიდი თანხაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ჩვენი მანეთის ღირებულებას, ეს თანხა სულ მცირედია და მინისტრს ნახევრად მშიერი არსებობის საშუალებას თუ მისცემს. ამიტომაც არის, რომ დამფუძნებელ კრებაში შემოიტანეს ეს დეკრეტი - მთავრობის თავმჯდომარის და მინისტრების საწარმომადგენლო ხარჯისა. ამ დეკრეტის ძალით ამა წლის ივნისის 1-დან ჩვენ უნდა ვაძლიოთ წლიურად საწარმომადგენლო ხარჯისათვის მთავრობის თავმჯდომარეს 50.000 მანეთი, საგარეო-საქმეთა მინისტრს 30.000 მანეთი, სამხედრო და ფინანსთა მინისტრებს 20.000 მანეთი - თითოს და მიწადმოქმედების მინისტრს 15.000 მანეთი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ, პარლამენტის დადგენილების თანახმად, ყველა უწყებას შვიდი თვის მოქმედების მიხედვით უნდა შეემუშავებინა პროექტი ყოველთვიურის ხარჯისა და ასეთი ანგარიში მიმდინარე წლის იანვრიდან საფუძვლად უნდა დასდებოდა სახელმწიფო ხარჯებს. სამინისტროებმა უკვე წარმოადგინეს ყოველთვიური ხარჯის პროექტები, მაგრამ არც სამხედრო, არც ფინანსთა და არც მიწადმოქმედების მინისტრს არ შეუტანიათ წარმოდგენილ ყოველთვიურ ხარჯის პროექტში ერთი კაპიკიც თავიანთ საწარმომადგენლო ხარჯისათვის, ალბად იმიტომ, რომ ისინი სპეციალურად ასეთ ხარჯებს არ საჭიროებდენ. და ეს გასაგებიც არის. მე მესმის, თუ საწარმომადგენლო ხარჯებს გასწევს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც ხშირად უხდება უცხო ქვეყნის სახელმწიფოთა წარმომადგენლობის მიღება. აგრეთვე ჩემთვის გასაგებია, როდესაც საწარმომადგენლო ხარჯებს მოითხოვს მთავრობის თავმჯდომარე, რომელსაც, როგორც რესპუბლიკას წარმომადგენელს, დავალებული აქვს აწარმოვოს რესპუბლიკის სახელით და დამფუძნებელ კრების დასტურით ყოველგვარი მოლაპარაკება ჩვენში მყოფ უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენლებთან. მაგრამ ჩემთვის სრულიად გაუგებარია, როდესაც საწარმომადგენლო ხარჯებს მოითხოვს, მაგალითად: მიწადმოქმედების მინისტრი, რომელსაც არც რესპუბლიკის წარმომადგენლობა აქვს დაკისრებული და არც უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენლების მიღება აქვს დავალებული. რაც შეეხება მთავრობის თავმჯდომარის და საგარეო საქმეთა მინისტრის საწარმომადგენლო ხარჯებს, ისინი ბიუჯეტში უკვე ნავარაუდევია: მთავრობის თავმჯდომარეს წარმომადგენლობისათვის ეძლევა 15.000 მანეთი და აგრეთვე მის პირადს განკარგულებაში არა ჩვეულებრივი ხარჯებისათვის გადადებულია 50.000 მანეთი, საგარეო საქმეთა მინისტრს კი უცხო ქვეყნის სახელმწიფოთა წარმომადგენლების მისაღებად წლიურად ეძლევა 200.000 მანეთი.

მიუხედავად ყოველივე ამისა დამფუძნებელ კრებაში მაინც შემოიტანეს დეკრეტი მინისტრების საწარმომადგენლო ხარჯისა და ეს იმით კი არ აიხსნება, რომ მინისტრებს საწარმომადგენლო ხარჯები მართლაც ესაჭიროება, არამედ იმით, რომ მინისტრებს ჯამაგირი არ ჰყოფნით. საწარმომადგენლო ხარჯები ამ შემთხვევაში მხოლოდ შირმაა, არსებითად კი ამ დეკრეტით მინისტრებს ჯამაგირი ემატებათ. მართალია, დღევანდელი ჩვენი ფინანსიური მდგომარეობა უნუგეშოა და ჩვენ მეტის-მეტად ხელმოჭერით უნდა გავწიოთ ყოველი ხარჯი, მაგრამ დეკრეტის ავტორების აზრით მინისტრები ჩვენ მაინც უნდა შევინახოთ და უზრუნველვყოთ.

ჩვენი ფრაქციის აზრით კი მთავრობის უსუსური ფინანსიურ-ეკონომიური პოლიტიკა რადიკალურად უნდა შეიცვალოს და მით ხალხის მდგომარეობა ცოტათი მაინც გაუმჯობესდეს, თორემ მხოლოდ ფულების მბეჭდავი მანქანა ვერ გვიშველის, ბოლოს და ბოლოს მბეჭდავი მანქანით ვერ მოვასწრებთ იმდენი ფულის დამზადებას, რამდენიც დასჭირდება მინისტრებს მხოლოდ საწარმომადგენლო ხარჯებისათვის და მაშინ თქვენ კარგად იცით, თუ რა მოხდება... (კედია: პორტატივი უნდა იყვეს, მანქანა პორტატივი).... მოხდება ის, რომ მთავრობას და ხალხს შორის გაითხრება ფართო და ღრმა უფსკრული, რომელშიც შესაძლოა, ჩაესვენოს, როგორც ჩვენი დამოუკიდებლობა, ისე ხალხის თავისუფლებაც.

დასასრული უნდა განვაცხადო, რომ ჩვენ მინისტრების ჯამაგირის მომატებას მხარს დაუჭერთ იმ შემთხვევაში, თუ ჯამაგირების მომატება საერთოდ ყველა სახელმწიფო მოსამსახურეებზე გავრცელდება და თუ ჯამაგირების მომატების მეტს მოქალაქეთა ნივთიერ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ვერაფერს გამოვნახავთ. რაც შეეხება დეკრეტს მთავრობის თავმჯდომარის და მინისტრების საწარმომადგენლო ხარჯისას, ჩვენი ფრაქცია მას მხარს ვერ დაუჭერს, რადგანაც ამ დეკრეტის საშუალებით თქვენ გსურთ „კონდრაბანდით“ მინისტრთა ჯამაგირების მომატება გაიყვანოთ.

თავმჯდომარე. სიტყვა არავის არ სურს. მომხსენებელის დასკვნა.

მომხსენებელი. არ შეუდგები იმის მტკიცებას, რომ ეს წესი სამართლიანი წესია. მე მინდა ერთი გაუგებრობა გავფანტო ბატონი გობეჩია ამტკიცებს რომ ბიუჯეტის წესით თქვენ უკვე გაქვთ გაღებული საწარმომადგენლო ხარჯები მთავრობისათვის ეს ასე არ არის. გობეჩიას, რომ გულდასმით წაეკითხა ეს დეკრეტი, არ იტყოდა იმას; რომ დაგეცადნათ ამას გაიგებდით მესამე მუხლში აქ სწერია არა „გადაიდოს“ არამედ „დანიშნული არის“. აქ იყო საწარმომადგენლობისათვის 15.000 მანეთი, ეხლა კი 1 ივნისიდან 15.000 მანეთის ნაცვლად იქნება 50.000 მანეთი. რა თქმა უნდა მიცემული იქნება 15.000 მანეთი არა ცალკე, არამედ სულ 50.000 მანეთი. აღარ ითქმის სხვა რამ დანარჩენ განაჩენებზე. სულ სხვა იქნებოდა, რომ ჩვენ დეკრეტში დაგვეწერა გადადის მთავრობის პირად განკარგულებაში 50.000 მანეთი წლიურად, აი, მაშინ მართლა ჯერ მიიღებდა 50.000 და კიდევ 15.000 მანეთს. მაგრამ სწორედ ეს ასე არ არის. ისევე ითქმის დანარჩენ მუხლებზედ, საგარეო მინისტრზე და სხვებზე, რომელნიც აქ მოიყვანა ბატონმა გობეჩიამ.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ. (პირველი მუხლი კენჭის ყრით მიღებულია).

თავმჯდომარე. სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის წინადადება არის, რომ დაემატოს მეორე მუხლს (კითხულობს) „დეკრეტი ესე შედის ძალაში დღიდან მიღებისა დამ. კრების მიერ“ სურს ვისმეს სიტყვა თუ არა? სიტყვა არავის არ სურს, მომხსენებლის დასკვნა.

მომხსენებელი. მე წინააღმდეგი არ ვარ.

თავმჯდომარე. მაშასადამე, ეს დეკრეტი მიღებულია და გადაეცა სარედაქციო კომისიას. შემდეგი საკითხი:

დეკრეტი მთავრობის განკარგულებაში 50.000.000 მანეთის გადადებისა.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბატონ ჭავჭანიძეს.

ივანე ჭავჭანიძე. ამ ერთი წლის წინად ჩვენ მთავრობის განკარგულებაში გადავდეთ 20.000.000 მანეთი და დავავალეთ მთავრობას, რომ ამ თანხით მას შეეძინა სურსათი და სხვა უპირველეს მოთხოვნილების საქონელი (შენგელაია: რა გააკეთა?) მოგახსენებთ, - რა გააკეთა. მან გააკეთა ის, რომ აზერბაიჯანთან შეჰკრა პირობა პურის ფქვილის შესახებ (კედია: შორს წასულა - აზერბაიჯანთან!) ყოველ შემთხვევაში მთავრობამ იყიდა 200 ვაგონი პურის ფქვილი, თითო ფუთი 150 მანეთად. ასე, რომ უკვე ამ ნაყიდ პურში სჭირდება 30.000.000 მან. ჩვენ კი მთავრობის განკარგულებაში გადავდეთ 20.000.000 მანეთი. ამის გარდა პური არის ეხლა სიღნაღის მაზრაში, იშოვება პური ბორჩალოს მაზრაში და სხვაგან. და უნდა მოგახსენოთ, რომ პურის კამპანია სწორედ ეხლა არის, თუ ეხლა ჩვენ არ შევისყიდეთ საკმარისად ეს პური, შემდეგ მისი შეძენა ძნელი იქნება. შესაძლებელია, ეს პური ჩვენ რესპუბლიკის გარეთ წავიდეს და პური, რომელიც ჩვენთვის საჭიროა ჩვენ მოგვაკლდეს.

მეორეს მხრივ ფასი ყოველთვის ახალ მოსავლის დროს უფრო ნაკლებია, ვიდრე შემდეგ. აი, სწორედ, რომ მთავრობამ შესძლოს თავის დროზედ შეისყიდოს ეს სურსათი იმდენი, რამდენიც შეიძლება და რამდენადაც ჩვენ მოთხოვნილებას ცოტად თუ ბევრად დააკმაყოფილებს, ეს ოცი მილიონი, რომელიც ჩვენ გადავდეთ, უკვე არ არის საკმარისი. საჭიროა გადავდოთ ერთგვარი თანხა და მთავრობა შუამდგომლობს, რომ მის განკარგულებაში ხელ-ახლად გადაეცეს 50.000.000 მანეთი. დანიშნულება ამ თანხისა - სურსათის შეძენა არის. შეძენა აგრეთვე სხვა და სხვა საქონლისა, ისე რომ მე ვფიქრობ, ეს თანხა უნდა იქმნეს გაღებული, რადგანაც ის, რაც კეთდება ამ დარგებში მთავრობის მიერ სწორედ, რომ საჭირო არის ჩვენთვის.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბატონ ასათიანს.

ალექსანდრე ასათიანი (ნ.-დ.) როდესაც მთავრობის განკარგულებაში ჩვენ გადავეცით 20.000.000 მანეთი, ჩვენ ვფიქრობდით, რომ მთავრობა, როგორც ასეთი, რასაკვირველია, ვერ აწარმოებს ამ საქმეს, რომლისთვისაც ეს ფული იყო დანიშნული. თვით მთავრობა ვერ მოაწყობს იმას, მაგრამ შეჰქმნის რაიმე განსაკუთრებულ ორგანოს, რომელსაც დააკისრებს ამ საქმეს. მაშასადამე, ჩვენ ამ ხნის განმავლობაში იმედი გვქონდა, რომ შეიქმნება რომელიმე ორგანო, რომელსაც დაეკისრება ეს საქმე და რომლისთვისაც ეს 20.000,000 მანეთი გადავდეთ. მაგრამ ეს ასე არ ხდება. აქ გვითხრეს, რომ პური იყიდესო, მაგრამ მთავრობას არ უყიდნია, ალბად შეიქმნა რაიმე ისეთი ორგანო, რომელსაც გადაეცა ეს ფული და ამ ორგანომ შეიძინა ეს პური.

საჭირო არის, რომ როდესაც ასეთი დიდი ორგანო იქმნება, რომლის განკარგულებაში გადადის ათეული მილიონები, ამის შესახებ დებულება იყოს დამტკიცებული. ყოველ შემთხვევაში, მთავრობა ამ ფულებს ვერ დახარჯავს, მთავრობა ვაჭრობას ვერ აწარმოებს, მაშასადამე უნდა იყოს რაიმე ისეთი ორგანო, რომელსაც დაეკისრება ეს საქმე. როდესაც ამ ორგანოს შეჰქმნიან, ჩვენ უნდა გვეცნოს, რომ ორგანოს სათავეში სდგანან ესა თუ ის პირები. და ასეთი დებულება იქნება თუ ეს ორგანო შეასრულებს ამ საქმეს. სამწუხაროდ მთავრობა ამას არ შვრება. ჩემის აზრით ეს არის დიდი შეცდომა. ჩვენ არ ვიცით თუ ვინ შეკრა ის კონტრაკტები, ჩვენ არ ვიცით, ვინ შეასრულებს ამ საქმეს, მაგრამ ვიცით, ოფიციალურად არ ვიცით, რომ შესდგა თითქოს ერთი დაწესებულება, მომარაგებელი კომიტეტი, რომელიც აწარმოებს ამ საქმეს. ამ ორგანომ სულ ცოტა ხანია რაც მუშაობა დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში ბევრი გაუგებრობა წარმოშვა ასეთ უსისტემო და წინასწარ გეგმის შეუმუშავებელ მუშაობამ. საკმარისია ის მაგალითი, რომ ორი თვის განმავლობაში ისეთი მითქმა-მოთქმა ასტყდა შესახებ პარკის მონოპოლიისა. არავითარი მონოპოლია არ ყოფილა, მონოპოლია არავის არ გამოუცხადებია, იმიტომ, რომ მონოპოლიის გამოცხადება არ შეუძლიან ერთ რომელიმე უწყებას. შავქვაზე ლაპარაკი არის. ამის შესახებ მრავალი ბჭობა იყო. ამ დღეებში დამფუძნებელ კრებას მოხსენდება ის კანონპროექტი, რომელიც შედგენილი არის, ამ მონოპოლიაზე ჯერ არაფერი დადგენილი არ არის, მაგრამ ფაქტიურად ეს მონოპოლია თითქმის ცხოვრებაში ტარდება, აი ამ ახალ შექმნილ ორგანიზაციის მიერ. მან გამოიწვია დიდი არევ-დარევა, დიდი მითქმა-მოთქმა და, რასაკვირველია, ეს არ არის სასურველი ისეთ ეკონომიურ მდგომარეობაში, რომელსაც ამ ჟამად ჩვენ განვიცდით. არ არის არავითარი საჭიროება შევქმნათ ისეთი ატმოსფერა, თითქოს მთავრობა აპირებს ეს წინასწარ დაუმუშავებლად, უგეგმოდ შექმნას ამ საქონელზე მონოპოლია ერთ ადგილას და ამის შესახებ მთავრობა არ ჰქმნის განსაკუთრებულ რაიმე გეგმას. მე ვამბობ, თუ ეს ორგანო შექმნილი არის და ამ ორგანომ უკვე დაიმუშავა რაიმე გეგმა, მთავრობამ უნდა სთქვას პირდაპირ, რომ გადაეცეს ესა და ეს თანხა იმ ორგანოს, რომელსაც დაკისრებული აქვს ეს საქმე, მაშინ დამფუძნებელ კრებას უფრო ნათელი წარმოდგენა ექნება იმაზედ თუ რისთვის არის საჭირო 50.000.000 მანეთი. პრინციპიალურად არ შეიძლება არაფერი ითქვას საწინააღმდეგო იმისა, რომ გადაიდოს ეს თანხა. ეს თანხა საკმაო თანხა უნდა იყოს გადადებული, რომ კარგად გაიმართოს ეს საქმე, მაგრამ მთავრობამ უნდა დაიმუშაოს გეგმა თუ რა წესით იქნება ეს საქმე წარმოებული.

თავმჯდომარე. მომხსენებელის დასკვნა.

მომხსენებელი ივანე ჭავჭანიძე. რა თქმა უნდა ყოველთვის სჯობიან, რომ წინასწარ გეგმა ჰქონდეს დამუშავებული და დამტკიცებული, ყველაფერი გათვალისწინებული, მაგრამ ზოგიერთ საჩქარო შემთხვევაში არ შეიძლება უცადოს გეგმის შედგენას, როცა საქმე არ იცდის. და, აი ეხლა არის სწორედ პურის კამპანია და თუ ამ დროს ჩვენი მთავრობა გაუშვებს მხოლოდ იმიტომ, რომ გეგმა არ არის შედგენილი და მის დამუშავებას შეუდგება, მაშინ აშკარაა, ჩვენ ვერ გავაკეთებთ იმას, რის გაკეთებაც შეიძლება დღეს. მართალია, რომ ჩვენმა მთავრობამ შეჰქმნა პატარა ორგანო, რომელიც ამ საქმეს უძღვება. ამ ორგანოს სათავეში უდგანან ორი მინისტრი - ფინანსთა და მიწადმოქმედებისა და ისინი ხელმძღვანელობენ სწორედ ამ პურის და სურსათის შეძენის საქმეს. რაც შეეხება ორგანოს, რომლითაც ისინი ჯერ-ჯერობით სარგებლობენ, უნდა მოგახსენოთ, რომ ისინი სარგებლობენ უკვე არსებულ ორგანოთი და იმათ საშუალებით ახერხებენ ამ პურის შეძენას. რაც შეეხება იმ ორგანოს, რომელსაც ჩაბარდება ბედ-იღბალი მთელ სახელმწიფო სურსათისა, ეს ორგანიზაცია ოფიციალურად იქნება შედგენილი, როდესაც იმის შესახებ იქნება საკითხი დასმული.

ასე, რომ ჯერ-ჯერობით ეს არ მოხერხებულა, რადგანაც საჩქარო საკითხებია და ასე ნაუცბადევათ არ შეიძლება იმისთანა ორგანოს შექმნა, რომელიც შესძლებს ამ საქმეს გაუძღვეს და პირნათლათ აასრულოს ის მოვალეობა, რომელიც მას დაეკისრება. დეკრეტი მიღებულია მუხლობრივ კენჭის ყრით.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი - ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობისათვის 4 მილიონ მანეთის სესხის მიცემისა. სიტყვა ეკუთვნის ბატონ ელიავას.

ნიკო ელიავას მოხსენებით დამფ. კრება ღებულობს დეკრეტს, რომლის ძალითაც ქუთაისის თვითმმართველობას მიეცა სესხის სახით 8 წლის განმავლობაში 4 მილიონ მანეთი.

ივ. ჭავჭანიძის მოხსენებით მიღებულ იქმნა დეკრეტი რკინის გზის უბნებისათვის 448.000 მან. კრედიტის გახსნისა ტფილისის სადგურის შენობის შესაკეთებლად.

დეკრეტი ტფილისის ფიზიკურ ობსერვატორიის გაუქმების შესახებ ბ. ცინცაძის განცხადების თანახმად მოხსნილი იქმნა დღიური წესრიგისაგან.

მიღებული იქმნა დეკრეტი დამფუძნებელ კრების არჩევნების დებულების შესწორებისა ბ. ფირცხალაიშვილის მოხსენებით.

შეკითხვა სოხუმის ოლქის შესახებ.

თავმჯდომარე. გთხოვთ წაიკითხოთ შეკითხვის ტექსტი.

მდივანი (კითხულობს):

1. იცის თუ არა მთავრობამ, რომ სოხუმის ოლქში საქართველოს დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე ჯგუფის მეცადინეობით საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საწინააღმდეგო განწყობილებაა; რომ ამ ჯგუფის მეთაურობით აფხაზეთის სახალხო საბჭოს მცირედი ნაწილი იმუშავებს კონსტიტუციის დებულებას საქართველოსაგან განშორების განზრახვით.

2. იცის თუ არა მთავრობამ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი ენა განდევნილია სოხუმის ოლქის სახელმწიფო და საზოგადო დაწესებულებებიდან, რომ კერძოთ ამ ჩვენი მოწინააღმდეგე ჯგუფის წინადადებას, რომ სოხუმის საოსტატო სემინარიაში კურს-დამთავრებულთა სიმწიფის ატესტატი მარტო რუსულ ენაზედ ყოფილიყო შედგენილი, მხარი დაუჭირა საქართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ბ-ნმა ისიდორე რამიშვილმა და მთელმა სოც.-დემ. ფრაქციამ.

3. იცის თუ არა მთავრობამ, რომ აფხაზეთის საბჭო საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ფულს ურიგებს კერძო პირთ, პარადი საჭიროების დასაკმაყოფილებლად.

4. იცის თუ არა მთავრობამ, რომ რუსეთის სახელმწიფო ბანკის სოხუმის განყოფილება, რომელიც ფაქტიურად გაუქმებულია, ყოველთვიურად ასი ათას მანეთად უზის საქართველოს ხაზინას. თუ ყოველივე ეს მთავრობას მოეხსენება, რა ზომები აქვს მიღებული.

მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა რა ამ შეკითხვის საგნის მეტად სერიოზული და რთული ხასიათი და ის გარემოება, რომ ამ ჟამად მას პასუხის გასაცემად ამომწურავი მასალა არ მოეპოვება, დამფუძნებელ კრებას ეთხოვა ამ შეკითხვის ერთი კვირით გადადება. შემკითხველი დაეთანხმა და დამფუძნებელმა კრებამ მთავრობის წარმომადგენლის თხოვნა შეიწყნარა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. კედიას.

სპირიდონ კედია (ე.-დ.) მოქალაქენო! აფხაზეთის საკითხი თქვენი ყურადღების საკითხად უნდა გავხადოთ დღევანდელ სხდომაზედ. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა განაპირა მხარეებში, საზოგადოდ, უაღრესად დაზიანებულია. თქვენ კარგად იცით, რომ მთავრობის ძალა და ენერგია, როგორც კაცით, აგრეთვე ფულითაც ამ განაპირა კუთხეებში იხარჯება, აგერ მეორე წელიწადია, ძალიან ინტენსიურად. ჩვენი შინაური და საგარეო პოლიტიკის სირთულე უმეტესად ჩვენი განაპირა კუთხეების მოუწესრიგელობით არის შექმნილი. რა თქმა უნდა, ამ გარემოებაში ჩვენ ყველას მიგვიძღვის ბრალი. ჩვენ თავიდანვე წესიერად ვერ დავაფასეთ ის ფაქტი, რომ ეს განაპირა კუთხეები ჩვენი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეისთვის ყველაზედ სახიფათო ელემენტს წარმოადგენდენ, ან იმიტომ, რომ აქ ყველაზედ უფრო გადაგვარებული იყო მოსახლე ქართველთა ეროვნული გრძნობა, ან იმიტომ, რომ აქ ჭარბობდა სხვა ეთნიური ელემენტი. ამ განაპირა კუთხეებს თან, სდევდა სპეციალური მდგომარეობა ყოველმხრივ: პსიხოლოგიურად, კულტურულად, სოციალ-ეკონომიურად და ზნე-ადათის მხრივად. რომ ეს განაპირა ქვეყნები არ დაგვეფრთხო და დაგვეახლოვებინა, საჭირო იყო ანგარიში გაგვეწია მათ სპეციფიურ დეტალებისა და საქართველოს ცენტრისაგან მათ განმასხვავებელ თვისებებისათვის. ამ კუთხეების თავისებურობა უნდა ყოფილიყო ყოველი ჩვენი ნაბიჯის და მოქმედების ჩამგონებელი. ჩვენ კი ამდენი დაკვირვება და საგნის გათვალისწინება ვერ შევძელით, მიზეზი ამისა მრავალია. დღეს ამ განაპირა კუთხეთა შორის ყველაზე უფრო სახიფათო აფხაზეთია. სახიფათოა იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობას და დამოუკიდებლობას ამ გზით ემუქრება ჩრდილოეთის მტერი - რუსეთი! დენიკინი აფხაზეთით აპირობს საქართველოში შემოჭრას. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთში დღეს აქტიური ფრონტი გვაქვს, რომ აქ ჩვენს წინააღმდეგ დარაზმულია მტრის დიდი ძალა და რომ ჩვენი სამხედრო ძალის კარგა დიდი ნაწილიც სწორედ აქ შევყარეთ მტრის პირისპირ. დიახ, დღეს იქ აქტიური და მომქმედი ფრონტია, ფრონტის უკან კი გადაშლილია ის აფხაზეთი, სადაც დღეს ჩვენი სახელმწიფოებრივი სიმტკიცე და ინტერესები განსაცდელშია ჩავარდნილი. მოსალოდნელი სამხედრო მოქმედების მოსაგებად და, საერთოდ, ჩვენი შინაური სიმტკიცისათვის საჭიროა, რომ აფხაზეთში მსწრაფლ შეიცვალოს წესი და მეთოდი მუშაობისა და აგრეთვე გადაყენებულნი ის პირნი, რომელთაც ვერ გამოიჩინეს სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის ნიჭი და უნარი.

ამ პირთა მეოხებით ჩვენი სახელმწიფოებრივი აპარატი აფხაზეთში ვერ იცავს ჩვენს ინტერესებს, არამედ უფრო ჩვენდა საზიანოდ არის გამოყენებული უფრო მოხერხებული მტრების მიერ. მე ამ ჟამად მოგახსენებთ იმ ცნობებს, რომელიც მიმიღია პირადად, პირდაპირის წყაროებიდან, საგანგებო გაგზავნილი კაცისაგან და აგრეთვე სხვა და სხვა პარტიის შეგნებულ წევრებისაგან, რომელნიც სხვა და სხვა პირობებში, სხვა და სხვა დროს აფხაზეთში ყოფილან და იქაურ მდგომარეობას პირადად გასცნობიან. ყველა ეს ცნობა გვეუბნება, რომ აფხაზეთში ჩვენი მდგომარეობა ძალიან ცუდია, რომ აფხაზის ხალხი ქართველების წინააღმდეგაა განწყობილი და, ღმერთი რომ გასწყრეს და ფრონტზე, რომ მდგომარეობა გაგვირთულდეს, შეიძლება აფხაზეთში კატასტროფა ვპოვოთ. ასეთი დასკვნა და შთაბეჭდილება გამოაქვს ყველას, ვინც კი აფხაზეთში ყოფილა და ცოტა ხანს მაინც იქ დაუყვია. თქვენ კარგად იცით, რომ აფხაზის ხალხი ჩვენთან ისტორიულ მეგობრობით და საერთო კულტურულ-პოლიტიკურ ცხოვრებით არის დაკავშირებული. თქვენ კარგად იცით, რომ თუ აფხაზის ხალხს ვისიმე მიმართ სიმპატია ჰქონია, ეს სწორედ ქართველებისადმი; როდესაც ჩვენს ქვეყანაში საერთო რუსეთის ბატონობა იყო, აფხაზეთი ყოველთვის სიმპატიით ყოფილა განწყობილი ქართველებისადმი და არასოდეს ქართველებსა და აფხაზებს შორის არავითარ ანტაგონიზმს ადგილი არა ჰქონია, რუსეთის მიმართ ქართველებსა და აფხაზებს მუდამ საერთო ფრონტი და პლატფორმა დაუჭერია. ეს ძველი მდგომარეობა დღეს შეიცვალა და თითქმის მთელი აფხაზობა ჩვენდამი უკმაყოფილებით არის აღვსილი და ვფიქრობთ, რომ შესაფერი დრო დადგეს, აფხაზთა ამგვარ განწყობილებას ჩვენს წინააღმდეგ ადვილად გამოიყენებენ ჩვენი მოსისხლე მტრები, რომლებიც მრავლად მოიპოვებიან აფხაზეთში სხვა და სხვა ეროვნების წრიდან და მაშინ ჩვენ კატასტროფა არ აგვცდება. რა თქმა უნდა, არის აფხაზთა შორის ისეთი ნაწილიც, რომელიც ჩვენი მომხრეა. რომ აფხაზის ხალხს უფრო დავახლოებოდით და ინტიმიურად დავლაპარაკებოდით, დავრწმუნდებოდით, რომ მას ჩვენი მეგობრობა სწყურია, ჩვენა ძმობა! მაგრამ ვიმეორებ, დღეს აფხაზთა შორის საერთო უკმაყოფილებაა და საქართველოს მიმართ საწინააღმდეგო განწყობილებაა. აი, ამ გარემოებას უნდა გაეწიოს ანგარიში და შევეცადოთ გარდავქმნათ ეს ვითარება, რომ აფხაზობამ ჩვენდამი მართლაც და ლოიალური მეგობრობა დაიჭიროს და ჩვენთან ერთად საერთო მტრის წინააღმდეგ ყველა საჭირო მსხვერპლი გასწიოს აფხაზეთში, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ჩვენს წინააღმდეგ მუშაობდნენ რუსის აგენტები. განსაკუთრებით რუსის სამღვდელო წოდებისაგან და მასწავლებელთა წრიდან გამოდიოდნენ გაბედული მტრები ქართველებისა და ქართული იდეისა. ეს ყველამ კარგად იცით; ყველა ეს პირები დღესაც აფხაზეთში არიან და განაგრძობენ თავიანთ აშკარა ანტიქართულ მოღვაწეობას. ამ პირებმა თავიანთი, პოლიტიკური სახე სხვა და სხვა ნაირად შეისწორეს: ვინ ბოლშევიკია და ბოლშევიკურის იდეით და მეთოდით გვებრძვის, ვინ კიდევ დენიკინელია და დენიკინის იდეით და სისტემით გვებრძვის, ვინ ადგილობრივ მკვიდრთა სხვა და სხვა პოლიტიკურ პარტიაშია და ისე ოსტატურად ებრძვის საქართველოსა და მის დამოუკიდებლობას. ყველა ეს ანტიქართული აქტიური ელემენტი ერთ პოლიტიკას ადგია და ერთ მიზანს ემსახურება: საქართველოს დამოუკიდებლობის დამხობას. ხშირად იმართება ბოლშევიკური მიტინგები სოხუმსა თუ სხვა აფხაზეთის დაბებში, სადაც აგიტატორები საქართველოს წინააღმდეგ ილაშქრებენ, გამოაქვთ კიდევაც შესაფერი რეზოლიუციები. ხალხში ეს აზრები თავისუფლად ვრცელდება. ამგვარი მიტინგების პოლიტიკურ აგიტაციის წინააღმდეგ აქამდის მაინც, არავითარი რეპრესიული ზომები არ ყოფილა მიღებული. ისე, რომ ჩვენი დამამხობელი და გამანადგურებელი ხალხი სრულ თავისუფლებით სარგებლობს ამ მხარეში, მათ მოქმედებას არავითარი დაბრკოლება წინ არ ეღობება და ეს ხალხიც არხეინად განაგრძობს თავის მუშაობას, როგორც ხალხში და ქუჩაში, ისე სხვა და სხვა სახელმწიფო, საზოგადო თუ კერძო დაწესებულებაში. ასეთი მტრული მოქმედებაა დღეს გაჩაღებული საქართველოს წინააღმდეგ თვით აფხაზეთის სახალხო საბჭოშიც.

ეს აფხაზეთის სახალხო საბჭო, შესდგება 40 წევრისაგან იგი არჩეულია ახირებულ წესით და სისტემით, რომლის ძალით საარჩევნო უფლება მინიჭებული ჰქონდა იმათაც კი, ვინც საქართველოს ქვეშევრდომი არ იყო. მიუხედავათ იმისა, რომ ჩვენმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ამის წინააღმდეგ გაილაშქრა თავის მიწერილობაში და მოითხოვა ამ ახირებული საარჩევნო დებულების შეცვლა, აფხაზეთის საბჭოს არჩევნები მაინც ამ დებულების მიხედვით მოხდა, მე სრულიად ზედმეტათ მიმაჩნია იმის თქმა, რომ არსად დედამიწის ზურგზე ისეთი საარჩევნო სისტემა და წესი არ ყოფილა მიღებული, რომ არაქვეშევრდომსაც, რომელსაც არავითარი ორგანიული და სახელმწიფოებრივი ინტერესი არა აქვს ქვეყანასთან, მონაწილეობა მიეღოს არჩევნებში; მართალია, ჩვენ არ გვეშინიან არ გაგონილი და არ ნახული, ლოგიკის და საციცხლო ინტერესის საწინააღმდეგოდ მეტად ახირებული ექსპერიმენტებისა, მაგრამ ფორმალურ მხარეს, რომ თავი დავანებოთ და საგანს, რომ რეალურ ინტერესის თვალით შევხედოთ, გარწმუნებთ, რომ ჩვენთვის ეს საარჩევნო წესი მეტად მავნებელი და საზარალოა. იგი ჩვენთვის მიუღებელი უნდა ყოფილიყო. ჩვენი მთავრობის წარმომადგენელს აფხაზეთში ამის წინააღმდეგ ფაქტიურად არავითარი ღონისძიება არ მიუღია, რომ ეს ინეტრობა არა ამგვარი არჩევნების გაბათილებული იქნებოდა და ქვეყანა მოიგებდა.

40 წევრიანი სახალხო საბჭო, ფრაქციონულად ეს წევრები ესე არიან დაყოფილნი: 27 სოციალ-დემოკრატი, 3 - ესერი, 8 - დემონოვის ჯგუფისა, რომელიც კოდორის ნაწილში იქმნა არჩეული, ეს ჯგუფი დემონოვის მეთაურობით აწარმოებს ანარქიულ პოლიტიკას; საბჭოშია ერთი წარმომადგენელი ფედერალისტებისა და ერთიც ეროვნულ დემოკრატებისა; ასე რომ ფრაქციული შედგენილობის მხრივ, სრული იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ საბჭოში, რომელმაც თავის თავი დიდი უფლებებით აღჭურვა და კომპეტენცია ისე გაიფართოვა, რომ თითქმის აფხაზეთის სუვერენულ საკანონმდებლო ორგანოდ აცხადებს თავის თავს, ვიმეორებ, ფრაქციული შედგენილობის მხრივ, ამ აფხაზეთის სახალხო საბჭოში, ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები უნდა უაღრესად დაცული ყოფილიყო, იმიტომ რომ უმრავლესობა ამ დაწესებულებაში არის ჩვენი მმართველი პარტიის ხელში, - აქ უნდა ყოფილიყო გარანტია ჩვენი სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური სიმტკიცე აფხაზეთში მაგრამ, ალბად ადგილობრივ სპეციფიურ მდგომარეობის გამო, რომელიც აქედან ჩვენთვის თითქმის დაუნახავია, ასეთნაირი ფაქტიური ვითარება არ გამოდგა საკმარისი, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები დაცული ყოფილიყო, ეს მჟღავნდება თითქმის ყოველ უბრალო საქმეშიაც. აფხაზეთის სახალხო საბჭო იმუშავებს ისეთ კონსტიტუციას, რომელიც აფხაზეთის სრულ სუვერენობას მოითხოვს და საქართველოსთან მეტის მეტ სუსტი დამოკიდებულებას იტოვებს. ეს კონსტიტუცია აფხაზეთს ანიჭებს ყოველგვარ უპირატესობას ჩვენს ხარჯზე, ხოლო საქართველოს, თითქმის არავითარ უფლებას ამ მხარეში არ უტოვებს ეს კონსტიტუცია, ადრე თუ გვიან, ჩვენ წარმოგვიდგება და ჩვენს შეხედულებასაც ამ საგანზე მაშინ გამოვსთქვამთ.

ის ფაქტი, რომ აფხაზეთში არჩევნები გადავდევით გამოწვეულია შემდეგის გარემოებით: ჩვენმა წარმომადგენელმა ბ-ნმა ისიდორე რამიშვილმა არ ვიცი, რატომ, საჭიროდ დაინახა შეჰკითხოდა აფხაზეთის სახალხო საბჭოს აფხაზეთში დამატებითი არჩევნების მოწყობის შესახებ. ამ შეკითხვამ საბჭოს საბაბი და საბუთი მისცა თავისათვის დაეტოვებია გარდამწყვეტი უფლება არჩევნების გამართვის ნებართვისა, მან პრინციპიული დამოკიდებულება დაიჭირა ამ წინადადებისადმი და მხოლოდ იმ პირობით და მაშინ თანხმდება აფხაზეთში დამატებითი არჩევნების გამართვაზე, თუ ჩვენ მივიღებთ იმ კონსტიტუციას, რომელსაც აფხაზთა საბჭო იმუშავებს, თუ არა და - არა! ასეთია სუვერენული სახალხო საბჭოს პირობა!

აფხაზეთის საბჭო თავის თავს სუვერენულ ორგანოდ სთვლის. იგი აბრკოლებს და წინ ეღობება ჩვენ გავლენას და სახელმწიფოებრივ მოქმედებას აფხაზეთში. იგივე საბჭო ილაშქრებს ქართული ენის წინააღმდეგ და ამაში მას ჩვენივე წარმომადგენელი მეთაურობს. სახალხო საბჭოში ადგილი ჰქონდა შემდეგ ფაქტს: აფხაზეთის საბჭოში დაისვა საკითხი, თუ რა ენაზე უნდა ყოფილიყო დაწერილი ატესტატი სემინარიაში კურს დამთავრებულ მოწაფეებისა. ორი სხვა და სხვა აზრი იყო. ზოგი მარტო რუსული ტექსტის მომხრე იყო, ზოგიც რუსულ ქართულისა, თვით ატესტატის პროექტი წარმოდგენილი იყო ქართულ-რუსულად. კენჭის ყრის წინ ჩვენმა მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისთვის ენის საკითხს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, და თუ ქართული არ უნდათ, მატრო რუსულად დარჩესო. და საქართველოს წარმომადგენელი და მმართველი სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია ქართული ენის წინააღმდეგ ხმას აძლევენ! ასე იცავენ ჩვენს სახელმწიფო ინტერესს აფხაზეთის საბჭოში, ჩვენი უვიცნი წარმომადგენელი და სოც.-დემ. ფრაქცია!

ამნაირად, თქვენ დაინახავთ, რომ აფხაზეთის სახალხო საბჭოში ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესი დაცული აღარ არის და რაც ყველაზე უფრო გასაოცარია ამ საქმეში, ეს ის, უმრავლესობა შემადგენლობისა ჩვენია, ეს ჩვენი უმრავლესობა ფაქტიურად ვერ ატარებს, ვერ ანხორციელებს ვერ იცავს საქართველოს პოზიციას, და ინტერესს.

თქვენ კარგათ მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთში მთელი მმართვა-გამგეობა ჩვენს ხარჯზე ხდება. აფხაზეთის სახალხო საბჭო, აფხაზეთის მთავრობა და ადმინისტრაცია ჩვენი ხაზინით ინახება. რომ საქართველომ ერთი თვით შესწყვიტოს ფულის გზავნა მთელი აპარატი დადგება და ანარქია მოიცავს აფხაზეთს, - უნდა ვიცოდეთ რაზედ და როგორ იხარჯება ეს ფული, საჭიროა კონტროლი, მაგრამ სამწუხაროდ არამც თუ განაპირა კუთხეში, არამედ ცენტრშიაც ვერ მოგვიწყვია კონტროლის საქმე წესიერად. ხოლო განაპირისთვის ეს განუხორციელებელ ოცნებად უნდა ჩაითვალოს. ჩვენ გვინდა აღვნიშნოთ ერთი გარემოება. დამფუძნებელი კრების ყურადღება მიაქციოთ ამ გარემოებას, რომ აფხაზეთში ჩვენი ფული შინაურ წესით იხარჯება. ვიცით შემთხვევები, რომელსაც იქაური საბჭოს ბუჰხგალტერი სთხოვს სახალხო საბჭოს თავმჯდომარეს, ფული მჭირდება ამა და ამ შემთხვევისთვის და მასესხეო, საბჭოს თავმჯდომარე მას 15 ათას მანეთს აძლევს. ჩვენ გვაქვს აგრეთვე ცნობა, რომ იმავე საბჭოს თავმჯდომარეს კერძო მემამულისთვის თამბაქოს სასყიდლად გაუცია თანხა 50 ათასი მანეთი, ვიცით აგრეთვე, რომ სხვადასხვა წევრზე და მოსამსახურეზე ასეთის შინაურ წესით სესხათ გაცემულია 60.000 მანეთი. ამას კომენტარიები არ უნდა; თქვენ ხედავთ, რომ ის ფული, რომელიც აქედან აფხაზეთში იგზავნება, არ ხმარდება თავის დანიშნულებას, არამედ იხარჯება შინაურ წესით კერძო პირებზე გასესხებით, რაიც ყოვლად მიუღებელი და შეუწყნარებელია. შეკითხვაში უკანასკნელ მუხლად აღნიშნული მაქვს სოხუმში არსებული სახელმწიფოს ბანკის განყოფილების ვითარება. კარგათ იცით, ყველგან საქართველოს ტერიტორიაზე ყველგან, გაუქმებულია რუსეთის სახელმწიფო ბანკის განყოფილებათა მოქმედება. გაუქმებულია სოხუმშიაც. მაგრამ დღემდე ამ განყოფილებაზე ყოველთვიურად იხარჯება 100.000 მან. ამ ბანკში მსახურობს 33 კაცამდე, თითქმის სულ რუსობა, ერთი-ორის გამოკლებით. ყველა ესენი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებენ პოლიტიკურად. ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენ საწინააღმდეგოდ რეზოლიუციები გამოუტანიათ, კერძოდ, როდესაც დამოუკიდებლობის ერთი წლის თავს ვდღესასწაულობდით, მათ აქტიური პროტესტი განაცხადეს, ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ყველა ესენი აქტიურ მუშაობას აწარმოებენ ჩვენდა დასამხობად. და ამ ჩვენს შეურიგებელ მტრებს ჩვენის ჯიბით ვინახავთ, ჩვენი ფულით ვასაზრდოვებთ. ამას იქით ვერ წავა ჩვენი მთავრობისა და აფხაზეთში ჩვენი წარმომადგენელის დაუდევრობა. უნდა ბოლო მოეღოს ამ უკუღმართობას! ასეთია მდგომარეობა აფხაზეთის კანონმდებლობა-დაწესებულებაში, ასეა ფულის საქმე, ასე წამხდარია საზოგადოდ, ქართული იდეისა და გავლენის საქმეც, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში დიდძალი შეიარაღებული ძალა გვიდგას, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის საბჭოში უმრავლესობა ჩვენია, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი ინახება ჩვენის ხაზინით, მიუხედავად ყოველი ამისა აფხაზეთში ჩვენი გავლენა ძალიან დაცემულია, - მე მოგახსენებთ აზრს სხვა და სხვა პირებისას, სხვა და სხვა პოლიტიკურ მიმდინარეობის წარმომადგენლებისას. თუ ადრე ჩვენს, დამოუკიდებლობამდე აფხაზის ხალხი და საზოგადოება დიდის აღტაცებით და სიამოვნებით ეგებებოდა ყოველ ქართველ მოღვაწეს, რომელიც აფხაზეთში ინიშნებოდა და მოღვაწეობდა, დღეს ყოველი ახალი ქართველი კაცის გამოჩენა ერთგვარ პროტესტს იწვევს; არის მაგალითი, რომ სახალხო საბჭო ცხარე პროტესტით შეხვდა ერთ-ერთ ქართველ მოხელეს, რომელმაც მას ადგილი შესთხოვა. ქართული ენის ასპარეზი ამ ბოლო დროს, მიუხედავად ჩვენი სახელმწიფოებრივი უპირატესობისა, შემცირდა და დაეცა. ქართული ენა სოხუმის ქალაქის თვითმმართველობიდან სრულიად განდევნილია, საქმე სწარმოებს რუსულად. სკოლებშიაც ქართული ენა თუ არსებობს, მხოლოდ იმდენად და ისე, როგორც რუსეთის აქ ბატონობის დროს იყო, არც მეტი არც ნაკლები, ასე რომ ომს, რევოლიუციას დამოუკიდებლობას და აფხაზეთში ჩვენი სახელმწიფოებრიობის დროშას ჩვენთვის არც მორალური და არც კულტურული შემატება არ მოუტანია! დაუჯერებელია, მაგრამ ეს ასეა! ეს შეჰქმნა ერთის მხრივ და უმთავრესად ჩვენმა მთავრობამ და მეორეს მხრით ყველა ანტიქართული ელემენტების შეერთებულმა და აქტიურმა მოქმედებამ.

მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ერთი რეფორმის უფრო პსიხოლოგიურ მხარეს, რომელსაც დიდი წილი უდევს აფხაზთა უკმაყოფილების წარმოშობაში. მოგახსენებთ მიწის საკითხზე. თქვენ იტყვით, დაიწყო თავისი ალი-ლუია, გამოდის ბ-ნი სპირიდონ კედია თავისი რეაქციონურ პროგრამითო. მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ მე აქ პარტიულ საქმეს არ ვაკეთებ და ამ რეფორმას ამ თვალსაზრისით არ შევეხე. რაც აფხაზეთს შეეხება, მე ერთად-ერთი სურვილი მაქვს: რომ მთელმა დამფუძნებელმა კრებამ საერთო ძალღონით და მონდომებით ლიკვიდაცია მოახდინოს აფხაზეთში არსებულ ჩვენთვის მეტად სახიფათო მდგომარეობისა, მე მინდა აქ მოხდეს ძალების, სურვილების და იდეების შეერთება, ყველამ ერთ საქმეზე ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ და ისე გადავჭრათ აფხაზეთის პრობლემა.

აფხაზეთში მიწის საკითხი ცოტა სხვანაირად იდგა, ვიდრე ჩვენში. მთელი მიწა აფხაზეთში მეპატრონეებს ჩამორთმეული ჰქონდათ რუსეთის წინააღმდეგ უკანასკნელ აჯანყების შემდეგ, მხოლოდ რამოდენიმე ხნის შემდეგ ნაწილი მიწისა უკანვე დაუბრუნდათ. ყოველ გლეხ-კაცს და აზნაურს მიეზომა 10-25 დესეტინამდე; დარჩა კიდევ თავისუფალი მიწა, რომელიც მოიჯარადრეებს ეჭირათ. მოიჯარადრეები, უმთავრესად, იყვნენ სომხები და ბერძნები (ხმა: მეგრელები კი არ იყვნენ?) მეგრელებიც გახლდათ, მაგრამ ამათ მცირე ნაწილი უჭირავთ მხოლოდ. მოიჯარადრე ბერძნები და სომხების მეტი წილი ოსმალეთის ქვეშევრდომნი არიან და, როდესაც აფხაზეთში ჩვენი მიწის რეფორმით შევედით, ყურადღება არ მივაქციეთ ერთ შესაძლებლობას, რომელსაც შეეძლო ადგილობრივ ხალხის ფსიქოლოგიაში ერთგვარი აღელვება შეეტანა, მაგრამ ჩვენ ნიუანსების ხალხი არა ვართ. ეს მიწა აფხაზეთის ხალხის საკუთრებაა, და ასედაც სთვლის მას. თუ მაინც და მაინც აფხაზი შეურიგდებოდა, რომ მიწის ნაწილი ქართველობასაც რგებოდა, იმ ქართველობას, რომელიც მისი მუდმივი თანამშრომელი იყო, არამც და არამც იმას არ შეურიგდებოდა, რომ ეს მისი საკუთრება მიწა მისცემოდა ოსმალეთის ქვეშევრდომ სომხებს და ბერძნებს. და ეს აფხაზს მართლაც ვერ მოუნელებია. ამ ნიადაგზე ისმის დიდი სამდურავი და ბევრი საჩივარიც აფხაზეთში. ამაში დიდი ფსიქოლოგიური სიმართლეა და არის საფუძველიც, რომ აფხაზობამ უკმაყოფილოდ შემოგვხედოს და ჩვენი წინააღმდეგი გახდეს.

საერთოდ, აფხაზეთში ნიადაგი მერყევია. დიდი ანტიქართული მოძრაობაა, რომელსაც ხელმძღვანელობენ და აღრმავებენ რუს-სომხის ბოლშევიკ-დენიკინელები და აფხაზთა ინტელიგენციის ერთი ნაწილი. ეს ფაქტია ამას მტკიცება არ სჭირდება. მდგომარეობის მეტად სერიოზული ხასიათი თვით მთავრობამ იცნო. მე შეკითხვა შევიტანე იმავე დღეს, ამიტომ საგანზე მე სიტყვას ვერ გავაგრძელებ, იმ რამოდენიმე ფაქტის მიხედვით, რომელიც მოგახსენეთ, იმ საერთო შთაბეჭდილების მიხედვით, რომელიც ყველა იქ წასულ ქართველს გამოაქვს აფხაზეთის მდგომარეობაზე, სჩანს, რომ საქმე ცუდათ მიდის. მე მგონია დამფუძნებელი კრება დაინტერესებულია, რომ ამ საკითხს უდიდესი ყურადღება მიექცეს, რათა ჯარის ზურგი საიმედო იყოს და ადგილობრივ ელემენტი, მკვიდრი აფხაზობა, რომელიც მუდამ ყოფილა ჩვენი ისტორიული მეგობარი, მართლაც როიალურათ დავიახლოვოთ, ჩვენთან ერთად ძველებურათ ვამუშაოთ. მე აქ არ მინდა ჩუმათ ჩავატარო ის ფაქტი, რომ აფხაზთა შორის არიან ისეთნი პირნი, რომელნიც აშკარად და აქტიურად ჩვენ წინააღმდეგ დენიკინის ბანაკში მოქმედობენ. არის მცირედი ნაწილი, რომელიც აქტიურად ჩვენთან არის. ხოლო აფხაზის ხალხის სიმრავლე პასიურ უკმაყოფილებაშია. თუმცა მას ბუნებრივად ჩვენთან ლოიალური დამეგობრება და შეერთება სწადია. ჩვენ უნდა, გავფანტოთ ეს უნდობლობის ატმოსფერა, გავფანტოთ უკმაყოფილების პსიხოლოგია. საჭიროა იმ მხარეში, რომელიც განსხვავებული პსიქოლოგიით სცხოვრობს, რომელსაც განსაკუთრებული თვისებები ახასიათებს საჭიროა მეთქი, ასეთ მხარეში მეტი ტაკტი და ნიუანსები; ჩვენმა მთავრობამ ასეთ მხარეში უნდა იყოლიოს წარმომადგენელად, უფრო მტკიცე, უფრო დაკვირებული, უფრო რეალურ ცხოვრებას შეწყობილი კაცი, ვიდრე ის, რომელიც დღეს იქ არის. მე ვიცი, რომ ბ. ისიდორე რამიშვილი, ყველა თქვენთვის ძალიან საყვარელი პიროვნებაა, ვიცი, რომ ისიდორე რამიშვილს ბევრი რამ გაუკეთებია თქვენ მიმდინარეობის განმტკიცებისათვის, ამ მხრივ ძალიან პატივსაცემია არა მარტო თქვენ პარტიისაგან, არამედ შეიძლება სხვა პარტიებისაგანაც, მაგრამ ყველა იმ ცნობების მიხედვით, რომელიც ჩვენ გვაქვს ვრწმუნდებით, რომ ისიდორე რამიშვილი არ ვარგა თავის დღევანდელ პოსტზე; სხვა ადგილზე შეიძლება ძალიან კარგიც და უფრო გამოსადეგიც იყოს, მაგრამ აფხაზეთის დღევანდელ პირობებში იგი გამოსადეგი არ არის.

მე ვფიქრობ, მთავრობას, რომ სცოდნოდა ის მდგომარეობა, რომელიც აფხაზეთშია შემქნილი, ვიდრე ჩვენ საკითხს ტრიბუნაზე გამოვიტანდით, თითონ მიიღებდა ზომებს და ისეთ ადამიანს გაგზავნიდა იქ, რომელსაც მეტი სახელმწიფოებრივი ხასიათი ექნებოდა და რომელიც მეტ სახელმწიფოებრივ დაკვირვებას გამოიჩენდა, და მეტს ანგარიშს გაუწევდა რეალურ პოლიტიკის მოთხოვნილებას, აქამდის ეს არ მომხდარა; მთავრობას ასეთი ნაბიჯი არ გადაუდგავს. მე იძულებული ვარ ვიფიქრო, რომ მთავრობა არ ყოფილა an courant იმისა, რაც აფხაზეთში ხდება. და თუ ეს ასეა, მე უნდა გამოვსთქვა დიდი მწუხარება, რომ მთავრობა, რომელსაც ევალება ფხიზელი თვალი ეჭიროს საქართველოს ყოველი კუთხის ცხოვრებაზე და დროზე ემსახურებოდეს სახელმწიფოს ინტერესების დაცვის საქმეს, დღემდე უცოდინარი დარჩენილა აფხაზეთის ამბების, და არავითარი წინასწარი ზომები არ მიუღია ჩვენი სახელმწიფო ინტერესის დასაცავად. მე არ მინდა, მოგახსენებთ გულწრფელად, ამ მდგომარეობის ექსპლოატაცია, არ მინდა არავითარი კამათი პარტიული ზნისა, არა მინდა, ან თქვენ დაგაბრალოთ ყველაფერი, ან თქვენ ჩვენ დაგვდოთ ბრალი და საქმე კი იმავე ყოფაში დარჩეს რა ყოფაშიც არის. და ეს ჩვენი საერთო საქმე, რომელიც დღეს აფხაზეთში განსაცდელშია შეერთებულის ძალღონით, ერთმანეთის ლოიალური გაგებით, ჩვენდა სასარგებლოდ გამოვაკეთოთ.

თავმჯდომარე. ამ გვარად სხდომა დამთავრებულია, გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი სხდომის დღიური წესრიგი.

მდივანი (კითხულობს)

სხდომა იხურება ნაშვადღევის 4 ს. და 20 წ.

4.1 ორმოცდამეხუთე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 წელი, შაბათი, აგვისტოს 2. ტფილისი, სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი

ქრისტინე შარაშიძის ასული.

პრეზიდიუმში არიან:

სიმონ მდივანი და

კონსტანტინე ჯაფარიძე.

სხდომა იწყება ნაშუადღევის 12 საათსა და 20 წუთზე.

თავმჯდომარე: სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურს წესრიგს.

მდივანი. (კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი - სამხედრო ბეგარის აუსრულებლობისათვის და ამ დანაშაულის დაფარვისა და წაქეზებისათვის დასჯის დეკრეტისა.

2. საბოლოო ტექსტი - იუსტიციის მინისტრის განკარგულებაში 3.233.888 მან. გადადების დეკრეტისა ამა წლის ივნისის 1-დე საპყრობილეთა საჭიროებისათვის გაწეულ ხარჯის დასაფარავად.

3. საბოლოო ტექსტი - ქუთაისის ქალაქის თვითმმართველობისათვის ოთხი მილ. მან. სესხად მიცემის დეკრეტისა.

4. საბოლოო ტექსტი - მთავრობის განკარგულებაში 50 მილ. მან. გადადების დეკრეტისა სურსათის დასამზადებლად.

5. საბოლოო ტექსტი - ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობისთვის 500.000 მან. სესხის მიცემის დეკრეტისა.

6. საბოლოო ტექსტი - იუსტიციის მინისტრის განკარგულებაში ყოველთვიურად დამატებითი 359.230 მან. გადადების დეკრეტისა პატიმართა შესანახად და 123.875 მან. ავადმყოფ პატიმართა სამკურნალოდ და შესანახად.

7. საბოლოო ტექსტი - მაზრის მილიციის მოსამსახურეთა ჯამაგირის გადიდების დეკრეტისა.

8. საბოლოო ტექსტი - მთავრობის წევრთა ჯამაგირის გადიდების დეკრეტისა.

9. საბოლოო ტექსტი - მთავრობის თავმჯდომარისა, დამფუძნებელ კრების უფროსი ამხანაგისა და მინისტრის საწარმომადგენლო ხარჯის დეკრეტისა.

10. საბოლოო ტექსტი - რკინის გზის ტფილისის სადგურის შენობის გადასაკეთებლათ 448.000 მან. გადადების დეკრეტისა.

11. საბოლოო ტექსტი - დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულების შესწორების დეკრეტისა.

12. დეკრეტი - ერობათათვის ათი მილ. მან. სესხის მიცემისა.

13. დეკრეტი - სასამართლოს გამომძიებელთა ინსტიტუტის საჭიროებისათვის დამატებით 1.589.5000 მან. გადადებისა.

14. დეკრეტი - ნავთსადგურების შესანახად 14.188.515 მან. 92 კაპ. გადადებისა.

15. დეკრეტი - ქალ. ჭიათურის სასარგებლოდ შავი ქვის საფუთო გადასახადის გადიდებისა.

16. დეკრეტი - გეოლოგიურ გამოკვლევათა მოსაწყობათ 200.000 მან. გადადებისა.

17. დეკრეტი - შავი ქვის გაზიდვის მონოპოლიისა.

18. დეკრეტი - სამოქალაქო უწყებათა სახელმწიფო მუშა-მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატებისა.

19. დეკრეტი - გზათა უწყების მუშა-მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატებისა.

20. დეკრეტი - დამფუძნებელი კრების კანცელარიის მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატებისა.

21. დეკრეტი - დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის განკარგულებაში 150.000 მან. გადადებისა.

22. დეკრეტი - სამხედრო-სასამართლოს და ბრალმდებლის საზედამხედველო შტატის დამტკიცებისა.

23. დეკრეტი - 1919 წ. ივლისის 29 და 31 დადებულ სამხედრო კანონების ძალაში შესვლის ვადისა.

24. დეკრეტი - ქალაქთა მილიციის შესანახ ხარჯის 50 პროც. ანაზღაურებისა.

25. დეკრეტი - ხოლერის ეპიდემიასთან საბრძოლველად 300.000 მან. გადადებისა.

26. დეკრეტი - მომრიგებელ მოსამართლეთა ინსტიტუტის შესანახად 7.928.608 მან. გადადებისა.

27. ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვა - სოხუმის ოლქის მდგომარეობის და ამბების შესახებ.

28. ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვა - გაზეთ „სალი კლდის“ დახურვისა და რევაზ გაბაშვილის დაპატიმრების შესახებ.

29. სოც.-დემოკრატიულ ფრაქციის წინადადება სენატორების კანდიდატთა სიის შესამუშავებლათ სარეკომენდაციო კომისიის არჩევის შესახებ.

თავმჯდომარის განცხადება:

დღიური წესრიგის შესახებ პრეზიდიუმის აზრი უნდა მოგახსენოთ. პრეზიდიუმი საჭიროდ სცნობს, რომ ჯერ წავიდეს დეკრეტების განხილვა, შემდეგ შეკითხვები და წინადადება სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციისა, და ამის შემდეგ შეუდგეთ მხოლოდ საბოლოო ტექსტების განხილვას. ეს გადაწყვეტილება, მოსაზრება პრეზიდიუმისა იმით არის გამოწვეული, რომ დღეს განზრახული აქვს პრეზიდიუმს დამფუძნებელი კრების მუშაობა შეჩერებული იყოს განსაზღვრულ დროს განმავლობაში, იმიტომ ყველა ის საკითხები, რომელნიც დღიურ წესრიგში არიან მოქცეულნი, უნდა ამოწურულნი იყვნენ საბოლოოდ. იმ დეკრეტებს, რომელსაც დღეს მოისმენთ თქვენ, უნდა გაუკეთდეს საბოლოო ტექსტი. მაშასადამე, დრო უნდა მივცეთ სარედაქციო კომისიას და უნდა მივცეთ საშუალება საბოლოო ტექსტები შეიმუშაონ და დღევანდელ სხდომაზე წარმოადგინონ. თუ არაფერი გაქვთ საწინააღმდეგო პრეზიდიუმის აზრისა, მაშინ ნება მომეცით ეს ჩავთვალო მიღებულად.

წინააღმდეგი არავინ არის, მაშასადამე პირველად განვიხილავთ დეკრეტებს. პირველი:

დეკრეტი ერობათათვის 10 მილიონის სესხის მიცემისა.

მომხსენებელია დავით ონიაშვილი.

დავით ონიაშვილი (ს.-დ) მოქალაქენო! თქვენ მოგეხსენებათ, რომ საერთოდ ერობებს დღიდან თავის დაარსებისა ძალიან მძიმე პირობებში მოუხდათ მუშაობა. დანგრეული სკოლა, სოფლის მოუწყობელი ადმინისტრაცია, შემდეგ თითქმის მთლიანად მოშლილი სასამართლოს აპარატი, - აი ის ნაშთი და მემკვიდრეობა, რომელიც მიიღო ჩვენმა ნორჩმა ერობებმა ახლო წარსულისაგან.

როგორც კანონიერად, აგრეთვე ზნეობრივად, ერობა, როგორც სოფლის ხალხის თვითმმართველობა, მოვალე იყო, რომ ყველა ამ მოვლენებისთვის ასე თუ ისე ანგარიში გაეწია და მიეღო ყველა ის ზომები, რომელიც იყო მის განკარგულებაში ამ არა ნორმალურ მხარეების მოსაწყობლად. უნდა მოგახსენოთ, რომ ამ მხრივ საშინელ მდგომარეობაში იმყოფება დღეს ჩვენში ერობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა დემოკრატიულმა მთავრობამ უკვე აღმოუჩინა ყველა ერობებს დახმარება, თქვენ მოგეხსენებათ, რომ წარსულ წელს პარლამენტმა გადაწყვიტა ერობის განკარგულებაში გადაეცა 20 მილიონი მანეთი. აქედან 1/2 მილიონი მანეთი დაუბრუნებლივ, დახმარების სახით, და 3 1/2 მილიონი სარგებლიან სესხის სახით, მიუხედავად ამისა, მიუხედავად ასეთ დახმარებისა დღეს მაინც ისეთი მდგომარეობა არის შექმნილი, რომ სოფლად შეუძლებელია მათი უსესხოდ ცხოვრება. საქმე იმაშია, რომ ზაფხული არის, ესე იგი ისეთი ხანა, როდესაც მუშაობა სოფლად ერობას შეუძლიან. მაგალითად აიღეთ სკოლის რემონტი, გზების გაკეთების საქმე, ყველა ეს თუ ეხლა, ზაფხულში არ იქნა გაკეთებული, ყოვლად შეუძლებელია, მაგალითად გზების გაკეთება, სკოლის რემონტი დავიწყოთ შემოდგომაზე, ან ზამთარში.

ერობებს სჭირია სხვა და სხვა სანოვაგეების შეძენა, პურ-ხორბლეულობის დამზადება დამშეულ ხალხისთვის. თუ ყველაფერი ეს ეხლავე არ იქნა შეძენილი, ორი თვის შემდეგ შეიქნება ისეთი პირობები, რომ მათი შეძენა ფაქტიურად ცხოვრების სიძვირის გამოისობით ყოვლად შეუძლებელი გახდება.

აი ეს გარემოება, რომელიც აიძულებს საზოგადოდ ყველა ერობას და ცენტრალურ ბიუროს თხოვნით და შუამდგომლობით მიმართოს მთავრობას, რომ მთავრობამ სახელმწიფოს ხაზინიდან გაიღოს დაახლოვებით 14 მილიონი მანეთი. ეს შუამდგომლობა დასაბუთებულია, რასაკვირველია, და წარმოდგენილი იქმნა მთავრობის სხდომაზე. მთავრობამ იქონია ამის შესახებ მსჯელობა, გადაწყვიტა, რომ რადგანაც დღევანდელი ხაზინა განიცდის ამ მხრივ გაჭირვებას და კრიტიკულ მდგომარეობაშია, ჯერ ჯერობით მთავრობა დათანხმდა მხოლოდ 10 მილიონ მანეთის მიცემაზე. ეს სესხი იქნება მოკლე ვადიანი და ამასთანავე უსარგებლო, უპროცენტო სესხი.

უნდა გადახდილი იქმნეს, ესე იგი ხაზინას უნდა აუნაზღაურდეს ეს გაღებული ფული 1919 წლის განმავლობაში, და საწინდარად ამ სესხისა უნდა დაედოს ერთდროული გადასახადი მიწაზე, რომელიც მიიღო დამფუძნებელმა კრებამ.

როგორც მოგეხსენებათ ამ ერთდროულ გადასახადის 2/5 ნაწილი კანონით გადადის ერობის განკარგულებაში. ეს 2/5 შეადგენს 28 მილიონ მანეთს და ეს 28 მილიონი მანეთი დაედება საწინდრად იმ სესხს, რომელიც ამ დეკრეტში მოყვანილია, ესე იგი 10 მილიონ მანეთს.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს მიწის გადასახადი აუცილებლად შემოვა 1919 წელში, შემოვა შემოდგომიდან, როდესაც გლეხკაცი განთავისუფლდება სოფლის მუშაობისგან. მაშასადამე, ის არის უზრუნველყოფილი ამ შემოსავლით.

ამის გარდა თქვენ მშვენივრად იცით, რომ ზოგიერთ ერობებმა მაინც შეადგინეს ხარჯთ-აღრიცხვა და ამ ხარჯთ-აღრიცხვის მიხედვით განზრახულია, რომ 1919 წელის განმავლობაში გარდა ამ გადასახადებისა შემოვა კიდევ სხვა სხვა გადასახადი, რომელიც დაედება შემოსავლის წყაროს, ერობის ცხოვრებას, მაგრამ ყველა ეს გადასახადები გადაიხდება და შემოიტანება საერობო კასაში თანდათანობით, შემოდგომის, ან ზაფხულის დამლევს. ამ წუთში კი მდგომარეობა კრიტიკულია და მოვითხოვთ, რომ აუცილებელი საჭირო არის მთავრობის დახმარება სესხის სახით. ყველა ეს მოსაზრება წარმოდგენილი იყო მთავრობაში. მთავრობის სხდომაზე დაესწრო სახელმწიფოს კონტროლიორი და საფინანსო სამინისტროს წარმომადგენელი და მათ მიიღეს ეს 10 მილიონი მანეთი. შემდეგ საკითხი გარჩეული იყო საფინანსო საბიუჯეტო კომისიაში და საფინანსო კომისიამ შეიმუშავა ეს, მთავრობამ გამოსთქვა სურვილი და ეს სურვილი, რასაკვირველია, საფინანსო კომისიამ მიიღო, რომ როდესაც ეს კრედიტი გაეხსნება, ეს კრედიტი გაეხსნა შინაგან საქმეთა სამინისტროს და რადგანაც შინაგან-საქმეთა სამინისტროს გადასცემენ ამ სესხს, ის გაუნაწილებს ერობებს. მან უნდა მოსთხოვოს ერობებს შესრულება იმ ფორმალურ მხარეებისა, რომელიც საჭირო არის ამ სესხის გაღების დროს, ესე იგი უნდა წარმოდგენილი იყოს ხარჯთ-აღრიცხვა ამა თუ იმ ერობის მხრივ, გარდა ამისა აგრეთვე დადგენილება სათანადო სამაზრო ერობის ყრილობისა. როცა შესრულებული იქნება ეს ფორმალური მხარე, მაშინ შინაგან-საქმეთა სამინისტრო, რასაკვირველია, გამოსცემს ხვედრს ფულს იმ სესხით, რომელიც დამფუძნებელ კრებამ უნდა გაიღოს შინაგან-საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში.

აი ის ზოგადი მოსაზრება, რომელიც უნდა მომეხსენებინა დამფუძნებელ კრებისთვის.

თავმჯდომარე. სურს თუ არა ვისმეს სიტყვა? მსურველი არავინ არის. გთხოვთ წაიკითხოთ.

. ონიაშვილი. (კითხულობს დეკრეტს, დეკრეტი მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებულია).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი.

დეკრეტი გეოლოგიურ გამოკვლევათა მოსაწყობად 200,000 მანეთის გადაღებისა.

მომხსენებელია კრების წევრი ანჯაფარიძე.

გიორგი ანჯაფარიძე. (ს.-დ.) მოქალაქენო! ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტრო ითხოვს თქვენგან 200,000 მ. ეს ფული უნდა მოხმარდეს ჩვენ ბუნებრივ სიმდიდრის გამოკვლევას. ეს გამოკვლევა წინადაც ხდებოდა საქართველოში, მაგრამ მას არ ჰქონია პოლიტიკური მიზანი, ის უფრო მეცნიერულ მიზანს ემსახურებოდა. დღეს დღეობით კი რასაკვირველია, ჩვენ ამით არ შეგვიძლიან, რადგანაც ჩვენ კი არ გვინდა გამოვარკვიოთ ეს სიმდიდრე ზერელად. არამედ პრაქტიკულად უნდა მიუდგეთ ამ საქმეს. თუ დაწვრილებითი ცნობა არ გვექნება ჩვენ ამ სიმდიდრის შესახებ, რასაკვირველია, ის უცხოელი კაპიტალისტები, რომელნიც ძალიან მრავლად მოეფინა დღეს დღეობით ჩვენ მხარეს, ხელში ჩაიგდებენ ამ სიმდიდრეს და შეიძლება ჩვენ არაფერიც არ დაგვჩეს. საჭიროა, რომ სახელმწიფომ გაიღოს პერიოდიულად, სისტემატიურად ასეთი ხარჯები რადგანაც ერთდროულ ხარჯს არ ექნება მნიშვნელობა.

აშკარაა, რომ ჩვენ 1-2 წლის განმავლობაში ვერ დავამთავრებთ ამ მუშაობას და ამიტომ ის თანხა, რომელსაც ეხლა ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტრო მოითხოვს, უნდა იქნეს ხარჯთ-აღრიცხვაში შეტანილი ყოველ წლიურად.

გამოკვლევა იქნება ორნაირი. ერთი - წინასწარი გამოკვლევა და მეორე - უფრო დეტალური იმ ადგილებისა, სადაც რაიმე ნიშანი იქნება ამ სიმდიდრისა. სხვათა-შორის გამოკვლევა უკვე დაწყებულია, მაგალითად, სვანეთში, სადაც არის ნიშნები ოქროსი. და აი ამ მიზნებისთვის ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტრო მოითხოვს 200.000 მ. და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია სრულიად თანახმა არის, რომ ეს ფული გადაიდოს.

(დეკრეტი მიღებულია მუხლობრივ კენჭის ყრით).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი: -

დეკრეტი შავი ქვის გაზიდვის მონოპოლიისა.

სიტყვა ეკუთვნის ბ. თოფურიძეს.

დიომიდე თოფურიძე (ს. დ.) მარგანეცი, როგორც მოგეხსენებათ, წარმოადგენს ერთ უდიდეს ეროვნულ სიმდიდრეს და ამასთანავე საუკეთესო სავალიუტო საქონელს. ჩვენს სახელმწიფოს, როგორც მოგეხსენებათ, ვალიუტა ძალიან ცოტა აქვს და ამ მხრივ ის გაჭირვებას განიცდის. ამიტომ ყველა იმ საშუალებას, რომელიც გაგვიადვილებს ვალიუტის შეძენას, სახელმწიფოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს ზომები მან უნდა მიიღოს.

აი, სწორედ ამ მოსაზრებით მთავრობამ განიზრახა გამოეცხადებინა მონოპოლია მარგანეცის გაზიდვაზე და ამის შესახებ შემოიტანა შესაფერი დეკრეტი. დღეს იმდენად მომწიფებულია ეს საკითხი, რომ ამაზედ სიტყვის გაგრძელება არ არის საჭირო. რამდენადაც მე ვიცი, სხვა და სხვა წრეებში ეს საკითხი გარჩეულია და მე არ ვიცი არც ერთი წრე, რომელიც ამის წინააღმდეგ წავიდეს. ამის შესახებ ლაპარაკის გაგრძელება არ არის საჭირო და ნებას ვაძლევ ჩემ თავს გადავიღე დეკრეტის წაკითხვაზედ.

თავმჯდომარე. სურს თუ არა ვისმეს სიტყვა? მსურველი არავინ არის. გთხოვთ წაიკითხოთ.

დ. თოფურიძე (კითხულობს).

(დეკრეტი მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებულია).

დეკრეტი სამოქალაქო უწყებათა სახელმწიფო მუშა-მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატებისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დავით შარაშიძეს.

დავით შარაშიძე (ს.-დ.) სულ ორ თვე ნახევრის წინ დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტი რესპუბლიკის სამოქალაქო უწყების მოსამსახურეების ჯამაგირის მომატებისა 50 პროც. მაშინ არსებულ ჯამაგირებთან შედარებით. მას შემდეგ არ გასულა ორ ნახევარი თვე და მთავრობა იძულებული გახდა ხელახლად შემოიტანოს წინადადება, რომ კიდევ გაუდიდოს მოსამსახურეთ ჯამაგირები. რა თქმა უნდა, ლაპარაკი ზედმეტია იმის შესახებ, რომ ეს ჯამაგირების მომატება რეალური მომატება არ იქნება. მთავრობის მიზანია - დახმარება, რომ რამდენადაც შეიძლება ფინანსიური მდგომარეობა შედარებით შეინარჩუნონ მოსამსახურეებმა და ის მდგომარეობა, რომელშიაც ისინი აქამდის იმყოფებოდნენ არ გაუარესდეს. რა პრინციპზე არის აშენებული ეს დეკრეტი? როგორც მოგეხსენებათ არსებობს საქართველოში სატარიფო პალატა, რომელიც თვალ-ყურს ადევნებს ფასების ზრდას მაგ. სანოვაგეზე და სხვა. ამ ზრდის მიხედვით ის იმუშავებს ნორმებს ხელფასისას ამა თუ იმ დაწესებულებაში და ამ ცნობაზედ არის აშენებული ეს დეკრეტიც. პალატის გამოანგარიშებით ამ ორ ნახევარ თვის განმავლობაში ფასები გაზრდილა 35 პროცენტამდის, დაახლოვებით. საერთოდ ფასები უსაჭიროეს საგნებზედ გაზრდილია 35 პროც. და ამისდამიხედვით საერთოდ, საშუალოდ ამ დეკრეტის ძალით მოსამსახურეებს ჯამაგირები ემატებათ დაახლოვებით 35 პროც. იმასთან შედარებით, რაც ეხლა აქვთ. მცირე მოსამსახურეებს, როგორც არიან შიკრიკები, დარაჯები, კარის კაცები და სხვები, იმათ, ვინც იღებს არა უმეტეს (კითხულობს) ემატებათ ცოტა უფრო მეტი, ვიდრე დანარჩენ კატეგორიებს. მხოლოდ უფროს მოსამსახურეებს, რომელნიც 1000 მანეთზე მეტს იღებენ, იმათ ემატებათ ცოტა უფრო ნაკლები პროცენტი, ვიდრე სხვა მოსამსახურეებს.

ეს დეკრეტი არ ეხება არც რკინის გზის მოსამსახურეებს, არ ეხება, რა თქმა უნდა, ჯარში მოსამსახურეებს და დამფუძნებელ კრების კანცელარიის მოსამსახურეებს, გზატკეცილების და ნავთსადგურებზე მოსამსახურეებს. ამ დეკრეტის ძალით მთავრობა ითხოვს 6 მილიონ მანეთს ამ ხარჯების დასაკმაყოფილებლად.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა დეკრეტის შესახებ? მსურველი არავინ არის. გთხოვთ წაიკითხოთ. (შარაშიძე კითხულობს. კენჭის ყრით დეკრეტი მიღებულია).

დეკრეტი გზათა უწყების მუშა მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატებისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. შარაშიძეს.

. შარაშიძე. ეს დეკრეტი იმ საფუძველზედ არის აშენებული, როგორც ის, რომელიც ეხლა მიიღო დამფუძნებელმა კრებამ. მხოლოდ, ვინაიდან, რკინის გზის მოსამსახურეებს ზოგიერთი შეღავათი აქვს სხვა მოსამსახურეებთან შედარებით, მაგალითად ზოგიერთ მათგანს ეძლევათ შეღავათიან ფასებში პური, აქვთ რკინის გზის ბილეთები აქვთ კიდევ სხვა და სხვა შეღავათი, - ამის გამოანგარიშებით და გამოკვლევით საჭიროდ დაინახა მთავრობამ, რომ ჯამაგირი მათი გადიდებით სხვა მოსამსახურეების ჯამაგირებთან შეფარდებული ყოფილიყო. ამიტომ ჯამაგირების მომატება იქნება ცოტა ნაკლებ პროცენტით. ამიტომ უნდა იყოს 29%25 ქვეით და 20%25 ქვეითაც არის. ეს არის ის ცვლილებები საერთო საფუძვლისა, რომელზედაც აგებულია ეს დეკრეტი მეორე წინასწარ დეკრეტთან შედარებით.

თავმჯდომარე. საერთო მსჯელობისთვის სიტყვა არავის სურს. გთხოვთ წაიკითხოთ მუხლობრივ.

მომხსენებელი. (კითხულობს მუხლობრივ. დეკრეტი კენჭის ყრით მიღებულია).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ:

დეკრეტი დამფუძნებელ კრების კანცელარიის მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატებისა.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

მომხსენებელი იოსებ ირემაშვილი. (ს.-დ.) დეკრეტი დამფუძნებელ კრების კანცელარიის ზოგიერთ მოსამსახურეების ჯამაგირების მომატებისა. ცხოვრების სიძვირის ზრდამ და საერთოდ უმთავრეს პირველ მოთხოვნილებად საგნების ფასების აწევამ კვლავ აიძულა სახელმწიფო ჯამაგირები მოემატებინა ყველა თავის უწყების მოსამსახურეებისათვის. შრომის სამინისტრომ გამოიმუშავა მთელი რიგი დეკრეტებისა, ამ მომუშავის შესახებ, და ამ დეკრეტს საფუძვლად დაუდვა ერთი მთლიანი გეგმა, რომელიც არის აშენებული შემდეგ პრინციპზე. პირველი ის, რომ მომატება, შეთანაბრება ყოფილიყო ყველა პირველ მოთხოვნილების ფასების ზრდასთან ერთად. მეორე ის, რომ სხვა და სხვა უწყებას, სხვა და სხვა კატეგორიის მუშა მოსამსახურეები ერთი მეორეს შეთანაბრებულიყვნენ.

ამით ხელმძღვანლობდა შრომის სამინისტრო, და ამისდამიხედვით, შრომის სამინისტრომ პრეზიდიუმის და კანცელარიის წარმომადგენელთან ერთად შეიმუშავა ის ნორმა, რომელიც თან დართული არის დეკრეტის პირველ მუხლში.

სახეში მისაღები სხვათაშორის ისიც არის, რომ შტატი დამფუძნებელ კრების მოსამსახურეებისა დამტკიცებული იყო 8 აპრილს და მაისზე არ გავრცველებულა ის მომატება, რომელიც მოხდა 20 მაისს - 50%25-ს მომატება, ამის გამო შტატი კანცელარიისა საერთოდ უფრო ცუდ პირობებში იყო, ვიდრე სხვა უწყების მოსამსახურეები და ამიტომ დამფუძნებელ კრების პრეზიდიუმმა აღძრა შუამდგომლობა დამფუძნებელ კრების წინაშე, რომ ის ჯამაგირები, რომელსაც კანცელარიის მოსამსახურეები იღებენ გადიდებული იყოს 50%25-ით. საფუძვლად მას დაედო აგრეთვე ის რაიც შრომის სამინისტრომ დაუდო სხვა უწყების მუშათა მოსამსახურეების ჯამაგირის მომატებას.

თავმჯდომარე. საერთო მსჯელობისთვის სიტყვა არავის სურს? მსურველი არავინაა. გთხოვთ წაიკითხოთ მუხლობრივ.

მომხსენებელი. (კითხულობს მუხლობრივ. დეკრეტი შესწორებებით მიღებულია).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ -

დეკრეტი დამფუძნებელ კრების პრეზიდიუმის განკარგულებაში 150,000 მანეთის გადადებისა.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს შარაშიძეს.

მომხსენებელი დავით შარაშიძე (ს.-დ.) დამფუძნებელ კრების პრეზიდიუმს უხდება ხშირად ხარჯების გაღება, რომელთა წინასწარი გათვალისწინება ძალიან ძნელია და რომელნიც ასე თუ ისე მოულოდნელი არიან, ყოველ შემთხვევაში მოულოდნელი იყვნენ აქამდისინ.

როგორც მოგეხსენებათ, დამფუძნებელ კრების მთავარ კომისიებთან დაარსდა ეგრედ წოდებული მცირე კომისიები, რომელნიც დიდ მუშაობას ეწევიან და რომელთაც ხშირად უხდებათ მცოდნე პირების მოწვევა ამა თუ იმ დარგში. რა თქმა უნდა, ამ მცოდნე პირებს უნდა მისცეთ გასამრჯელო და ყველა ეს ხარჯები აწვება დამფუძნებელ კრების პრეზიდიუმს. ამის გარდა თვით დამფუძნებელ კრების კომისიებში მუშაობა ძალიან ხშირად ისე ინტენსიურად სწარმოებს, რომ დამფუძნებელ კრების მოსამსახურეები იძულებული არიან ხშირად ვადის მეტი იმუშავონ და თუ სხვა დაწესებულებები ცოტად თუ ბევრად აკმაყოფილებენ და ცოტა მეტ მუშაობისთვის ცოტა მეტ გასამსჯელოს აძლევენ, დამფუძნებელ კრების პრეზიდიუმი მოკლებულია სახსარს, რომ ეს სამართლიანი მოთხოვნილება მოსამსახურეებისა ასეთ შემთხვევაში დააკმაყოფილონ. ყველა ამ მოსაზრებით დამფუძნებელ კრების პრეზიდიუმი სთხოვს დამფუძნებელ კრებას გადასდოს მის განკარგულებაში, ესე იგი პრეზიდიუმის განკარგულებაში 150,000 მანეთი მოულოდნელ წინასწარ გაუთვალისწინებელ ხარჯების დასაკმაყოფილებლად.

თავმჯდომარე. ზოგად მსჯელობისთვის სიტყვა არავის სურს? მსურველი არავინ არის. გთხოვთ წაიკითხოთ მუხლობრივ.

მომხსენებელი (კითხულობს. დეკრეტი კენჭის ყრით მიღებულია).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ -

დეკრეტი სამხედრო სასამართლოს და ბრალმდებლის საზედამხედველო შტატის დამტკიცებისა.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს მდივანს.

მომხსენებელი სვიმონ მდივანი (ს.-ფ.) ჯარის ორგანიზაციის ძირითად კანონებში გამოტოვებული იყო ეს მუხლი, რომელიც შეეხება სამხედრო სასამართლოს ბრალმდებელს. ვინაიდან შტატი სასამართლოსი არ არის გაუქმებული, - სამხედრო და იურიდიული კომისია შეთანხმდნენ და ის შტატი, რომელიც იყო გამოტოვებული სამხედრო კომისიის მიერ - იქმნა მიღებული. ეხლა ეს შტატები არის წარმოდგენილი იურიდიულ და სამხედრო კომისიის მიერ თქვენს წინაშე დასამტკიცებლად.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს შენგელაიას.

ლეო შენგელაია (ს.-რ.) ჩემის აზრით, არავითარი სამხედრო სასამართლო საჭირო არ არის. თავისუფალ და უფლებრივ სახელმწიფოში უნდა იყოს ერთი სასამართლო, რომელსაც უნდა დაემორჩილოს ყოველი მოქალაქე, რომელ კორპორაციისა არ უნდა იყოს იგი. ამიტომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ ამ დეკრეტისა.

თავმჯდომარე. სიტყვა აღარავის სურს, მომხსენებელის დასკვნა.

მომხსენებელი. სწორედ იმ გზისაკენ მიდიან სამხედრო და იურიდიული კომისია, რომელზედაც იწვევს ბ. შენგელაია, მაგრამ ამას დრო უნდა, საჭიროა ერთგვარი ლიკვიდაცია არსებული სასამართლოსი, ხოლო სანამდის ეს არ მომხდარა მათ ჯამაგირი უნდა მიეცეთ.

თავმჯდომარე. (დეკრეტი კენჭის ყრით მიღებულია).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ:

დეკრეტი 1919 . ივლისის 29 და 31- მიღებული სამხედრო კანონის ძალაში შესვლის ძალისა.

მომხსენებელი გახლავთ კრების წევრი მდივანი.

სვიმონ მდივანი. ამ რიცხვით, კანონში რომელიც მიღებული არის დამფუძნებელ კრების მიერ, არის განსაზღვრული ვადა, თუ როდის შედის ეს კანონი ძალაში, როგორც ძირითადი, ისე სხვა ხასიათის კანონები. ამისთვის საჭირო შეიქმნა აღნიშნოს დრო, თუ რომელ რიცხვში უნდა შევიდეს კანონი ძალაში. ეს საჭირო გახლავთ იმიტომ, რომ ზოგიერთი კანონები არ გამოქვეყნებულა, ვინაიდან არის საიდუმლო კანონები, მაგალითად, რომელიც შეეხება ჯარის ორგანიზაციას. ამიტომ სამხედრო კომისიამ, მთავრობას საჭიროდ მიაჩნია აღნიშნოს ვადა, თუ რომელ თარიღით შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ისინი ძალაში არიან შესულნი. (დეკრეტი მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებული არის).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ.

დეკრეტი (პროექტი) ქალაქის მილიციის შესანახ ხარჯების 50%25 ანაზღაურებისა.

მომხსენებელი გახლავთ კრების წევრი რუსია.

მელიტონ რუსია. თვითმმართველობის კომისიაში მუშავდება შტატები ქალაქის მილიციისა და სამაზრო მილიციისა. ამ შტატების შემუშავებისთვის საჭიროა, რომ იყოს გაღებული თანხა ამ ქალაქის მილიციის ხარჯების 50%25 ასანაზღაურებლად. საქმე იმაში არის, რომ თუმცა 28 იანვარს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კანონი, რომლის ძალით ხაზინამ უნდა გადიხადოს ნახევარი ნამდვილ ხარჯისა, მაგრამ შტატები იქ არ არის. ამიტომ თვითმმართველობის კომისია წინადადებას აძლევს დამფუძნებელ კრებას, რომ იქმნას თვიურად 300.000 მანეთი გადადებული შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებაში, რომ პირველ იანვრიდან პირველ ნოემბრამდინ ეს თანხა მიეცეს ქალაქის მილიციას ხარჯების ასანაზღაურებლად. პირველი ნოემბრიდან კი იმედი გვაქვს, რომ თვითმმართველობის კომისია შეიმუშავებს შტატებს ქალაქის მილიციისა და სამაზრო მილიციისას და შემდეგ დამფუძნებელ კრებაში ამ შტატებს შემოიტანს, მანამ კი საჭირო არის, რომ ასეთი თანხა იყოს გადადებული. ამიტომ თვითმმართველობის კომისიის აზრით და ფინანსთა კომისიის აზრით ეს არის მინიმუმი 23 ქალაქის მილიციისთვის.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ელიავას.

ნიკო ელიავა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ დამფუძნებელ კრების ფინანსთა კომისიამ მიიღო ეს დეკრეტი და შესაძლებლად სცნო დაეკმაყოფილებია ეს შუამდგომლობა, რადგანაც სამინისტროს განკარგულებაში აუცილებელი არის განსაზღვრული თანხა იყოს გადადებული, რომ საჭიროების მიხედვით დაკმაყოფილდეს მოთხოვნილება ქალაქისა.

(დეკრეტი მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებული იქმნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ:

დეკრეტი ხოლერის ეპიდემიასთან საბრძოლველად 300.000 . გადადებისა.

მომხსენებელი გახლავთ კრების წევრი ირემაშვილი.

იოსებ ირემაშვილი. (ს.-დ.) ამ ჟამად ხოლერამ აქ ალაგ-ალაგ იჩინა თავი. არის ცნობები შინაგან-საქმეთა სამინისტროში, რომ ბათუმში 15 მაგალითი იყო ხოლერის ავადმყოფობისა, ფოთში 4 და თბილისში 2. გარდა ამისა, ლტოლვილები მოდიან რუსეთიდან და სხვა ადგილებიდან, სწორედ ისეთ სადაც ხოლერა მძვინვარებს. მოსალოდნელია, რომ ხოლერა გავრცელდეს ჩვენი იმ დროს, როდესაც დამფუძნებელი კრება შესწყვეტს თავის მუშაობას. მაშინ მთავრობას საშუალება არ ექნება ებრძოლოს ამ ეპიდემიას. ამიტომ მთავრობა საჭიროდ სცნობს და საფინანსო კომისია ეთანხმება, რომ განსაზღვრული თანხა იყოს გადადებული, ვინიცობაა გავრცელდეს ეს ავადმყოფობა. საფინანსო კომისიამ მიიღო ეს დეკრეტი და შუამდგომლობს დამფუძნებელ კრების წინაშე, რომ ეს დეკრეტი დაადასტუროს.

თავმჯდომარე. სურს თუ არა ვისმეს სიტყვა საერთო მსჯელობისათვის? მსურველი არავინაა. გთხოვთ წაიკითხოთ მუხლობრივ.

(დეკრეტი მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებულია).

დეკრეტი (პროექტი) სასამართლოს გამომძიებელთა ინსტიტუტის საჭიროებისათვის დამატებით 1.589.500 . გადადებისა.

მომხსენებელი გახლავთ კრების წევრი ასათიანი.

ალექსანდრე ასათიანი. (ერ.-დ.) სასამართლოს გამომძიებლის ინსტიტუტი, როგორც მოგეხსენებათ, დაარსდა 1919 წლის, ენკენისთვის 10 რიცხვის კანონით, ამის შემდეგ, სასამართლოს უწყების ყველა მოსამსახურეებს ჯამაგირები მოემატათ. ეს იყო 19 წელში დროებითი კანონით. მაგრამ ეს კანონი არ გავრცელებულა საგამომძიებლო ინსტიტუტის უწყებაზე და დღესაც ეს ჯამაგირები უცვლელად დარჩა. იუსტიციის მინისტრი შემოვიდა, წინადადებით, რომ ეს შტატები გასინჯული ყოფილიყო და ამ ინსტიტუტის მოსამსახურეებისთვის ჯამაგირები მოემატებინათ, კომისიის მიერ ეს მინისტრის წინადადება სავსებით მიღებულ იქმნა. მაგრამ, ამასთანავე აღნიშნული იყო, რომ ეს ახალი, უწყების მიერ წარმოდგენილი, ჯამაგირები სრულებით არ შეეფერებიან მოსამსახურეთა მდგომარეობას და საჭირო არის, რომ ჯამაგირი ეს იქნეს მომატებული. ამ შემთხვევაში თვითმმართველობებმა განაცხადეს, რომ ეს თვითმმართველობები მიიღებენ ზომებს რომ ამ ინსტიტუტის მოსამსახურეთა მდგომარეობა გაუმჯობესებული იქმნეს და გარდა იმ ჯამაგირებისა, რომელსაც იღებენ სახელმწიფოს ხაზინიდან და რომელიც ასე მცირე არის, თვითმმართველობა მათ დახმარებას გაუწევს. ამიტომ ეს, უწყების წარმოდგენილი, შტატები საფინანსო კომისიამ უცვლელად მიიღო.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? გთხოვთ წაიკითხოთ მუხლობრივ.

(მომხსენებელი კითხულობს. დეკრეტი მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებულია).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი:

დეკრეტი მომრიგებელ მოსამართლეთა ინსტიტუტის შესანახად 6.928.608 . გადადებისა.

მომხსენებელი გახლავთ კრების წევრი ასათიანი.

ალექსანდრე ასათიანი. (ნ.-დ.) მომრიგებელ მოსამართლის ინსტიტუტის შესანახად ხარჯები ამ დეკრეტით მატულობს, როგორც სხვა უწყების შესანახი ხარჯები. მთელი იმ მომატების შემდგომ, რომელიც განზრახულია ამ დეკრეტით მთელი ინსტიტუციის შესანახი ხარჯები გამოიხატება 9 მილიონში. საფინანსო კომისიამ განიხილა ეს დეკრეტი და ისევ უცვლელად მიიღო, როგორც იყო წარმოდგენილი.

თავმჯდომარე. ვის სურს ზოგადი მსჯელობისთვის სიტყვა? არავის. გთხოვთ წაიკითხოთ.

მომხსენებელი. (კითხულობს, დეკრეტი მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებულია).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი:

დეკრეტი (პროექტი) ნავთ-სადგურების შესანახად 14.188.515 მან. 12 . გადადებისა.

მომხსენებელია . ასათიანი.

ალექსანდრე ასათიანი. რადგანაც ნავთ-სადგურები გადავიდა ფინანსთა და ვაჭრობა მრეწველობის სამინისტროდან გზათა უწყების ხელში, - გზათა უწყება დაადგა ამ ნავთ-სადგურების მდგომარეობის შესწავლას და იმათთვის ხარჯების გამომუშავებას. დაარსებული იყო ტეხნიკური კომისია, რომელმაც გამოიკვლია ეს და შეიმუშავა სათანადო ხარჯები. ამ ხარჯთ-აღრიცხვაში შედის, როგორც შტატები აგრეთვე ის აუცილებელი ხარჯები, რომელიც საჭირო არის, რომ გაწეული იქნეს ნავთ-სადგურების გასაწმენდათ და სასარგებლო მდგომარეობაში მოსაყვანად. ხარჯთ-აღრიცხვაში განსაზღვრული იყო 14.188.515 მანეთი.

(დეკრეტი მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებული არის).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ:

დეკრეტი ქალაქ ჭიათურის სასარგებლოდ შავი ქვის საფუთო გადასახადის გადიდებისა.

მომხსენებელი გახლავთ კრების წევრი ელიავა.

ნიკო ელიავა. ქალაქ ჭიათურის ფინანსიური მდგომარეობა უკვე მოხსენდა დამფუძნებელ კრებას. და იმ მოსაზრებით, რომ ის დღეს კრიზისს განიცდის, არის შუამდგომლობა ქალაქის თვითმმართველობისა საფუთო გადასახადის შესახებ, რომელიც შეეხება ჭიათურიდან გადატანილ მარგანეცს. ეს საკითხი იყო ყველა სათანადო დაწესებულებაში, შინაგან-საქმეთა სამინისტროში, ვაჭრობა მრეწველობის სამინისტროში. ყველა უწყება დაეთანხმა ქალაქის შუამდგომლობას და შესაძლებლად სცნო დაკმაყოფილებულ იქმნას ეს შუამდგომლობა.

მხოლოდ ყურადღების მისაქცევი არის ერთი გარემოება. რამდენიმე დღის წინად ჩვენ მივიღეთ საზოგადო საფუთო გადასახადი. ჭიათურას, რასაკვირველია, შეეძლო ესარგებლა ამ საფუთო გადასახადის კანონით, მაგრამ, რადგანაც შავი ქვა განსაკუთრებულ საქონელს წარმოადგენს ჩვენ რესპუბლიკისთვის, სასურველი არის, რომ მისი დაბეგვრა ისე არ იყოს, რომ მის გადატანას ამ საფუთო გადასახადმა არ შეუშალოს ხელი. ამ მოსაზრებით თვითმმართველობის და საფინანსო კომისიამ საჭიროდ სცნეს დაეკმაყოფილებინათ ეს მოთხოვნილება და საზოგადოდ გამოყვეს მარგანეცი ყველა სხვა საქონლიდან, ისე რომ აქ საზოგადო კანონს არ ექნება ადგილი, არამედ მხოლოდ იმ განსაზღვრულ ბეგარას, იმ განსაზღვრულ გადასახადს ექნება ადგილი, რომელიც არ აღემატება 2 კაპეიკს. ნორმალურ ანგარიშით კი შეიძლება 4 კაპ. მისულიყო ეს გადასახადი.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. გთხოვთ წაიკითხოთ. (მომხსენებელი კითხულობს. დეკრეტი მუხლობრივ კენჭის ყრით მიღებულია).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ -

სენატორების კანდიდატთა სიის შესამუშავებლად სარეკომენდაციო კომისიის არჩევა.

შემოსულია ს.-დ. ფრაქციის წინადადება - არჩეულ იქნეს შვიდი პირისაგან ეს კომისია: ოთხი ს.-დ. ფრაქციისაგან და თითო დანარჩენ ფრაქციებიდან. ეს კომისია იურიდიულ კომისიასთან ერთად შეამუშავებს სენატორთა სიას. დასახელებულია შემდეგი კანდიდატები: სოც.-დემ. ფრაქციიდან: სილიბისტრო ჯიბლაძე, ნიკო ელიავა, ივანე ჭავჭანიძე და ივანე გომართელი. სოც.-ფედ. ფრაქცია ასახელებს იესე ბარათაშვილს. სოც.-რევ. ფრაქცია ასახელებს ლეო შენგელაიას. ერ.-დემ. ფრაქცია ასახელებს ალექსანდრე ასათიანს.

(სია ერთხმად მიღებულ იქმნა კრების მიერ).

შინაგან-საქმეთა მინისტრი . რამიშვილი. მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! აფხაზეთის მდგომარეობა, როგორც შინაური, აგრეთვე საგარეო ძალთა შეჯახების მხრივ მეტის მეტად რთულია, და თავის თავად აშკარაა, რომ ამ რთულ პირობებში მთავრობის პოლიტიკა უნდა იყოს ფხიზელი, და არავითარ აჩქარებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. თუ ამ თვალთახედვიდან გამოვალთ, მაშინ ამ შეკითხვას, რომელიც აქ შემოიტანა ეროვნულ-დემოკრატიულმა ფრაქციამ, სულ სხვანაირი ელფერი მიეცემა. ეჭვს გარეშე არის, რომ იქ, აფხაზეთში, არიან ისეთი ელემენტები, რომელნიც ებრძვიან ჩვენ სახელმწიფოებრიობას. და ეს ელემენტები არიან უპირველეს ყოვლისა ის მემარჯვნეები, რომელნიც თავიდანვე ცდილობდნენ, რომ საქართველოსთან არავითარი კავშირი არ ჰქონოდა აფხაზეთს, და განსაკუთრებით მის შემდეგ, რაც იქ ერთნაირი, ავტონომიური თვითმმართველობა მოეწყო.

თავის თავად, ასეთი პოლიტიკა უფრო გაცხოველდა. მაგრამ თქვენ ისიც იცით, რომ ჩვენს წინააღმდეგ უკმაყოფილონი არიან, როგორც ის მემარჯვნე ელემენტები თვით აფხაზეთისა, აგრეთვე უკმაყოფილონი არიან მემარჯვნე ნაწილები იქ მომქმედ პარტიებისა. მემარჯვნე, ერთის მხრივ, აფხაზებისა, მემარჯვნენი მეორეს მხრივ ქართველებისა.

აი, ეს ორი ბანაკი, რომელიც უკმაყოფილო არის ჩვენი პოლიტიკისა.

ერთი ბანაკი, - მემარჯვნე აფხაზელები უმთავრესად და ის ჯგუფი, რომელიც მის გარშემო თავს იყრის, - ჩვენ გვისაყვედურებს, რომ მთავრობა სცდილობს, თავისუფლება მოუსპოს აფხაზეთს: მეორეს მხრივ, მემარჯვნე პარტიები საქართველოს მასშტაბით, კერძო ეროვნულ-დემოკრატიულ პარტია გვისაყვედურებს გვიწუნებს ჩვენ ქართველობას, უკეთ, რომ ვსთქვათ, გვისაყვედურებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც სავსებით აშორებს ამ მხარეს საქართველოს.

თუ თქვენ ამ ორ ბრალდებას ერთი მეორეს დაუპირდაპირებთ, აშკარა იქნება, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, არც ერთი დაფასება მთავრობის პოლიტიკისა, და არც მეორე. მართალია, როგორც შეკითხვის ავტორები ამბობენ, რომ აფხაზეთის სახალხო საბჭოში არიან ისეთი ელემენტები, რომელთაც სურთ ჩვენ სახელმწიფოებრიობას ლახვარი ჩასცენ, რომ უნდათ, თუნდაც თანდათან, მოიპოვოს დამოუკიდებლობა, რასაკვირველია იმ მიზნით, რომ შემდეგ შეუერთდნენ დენიკინს. მაგრამ, თქვენ იცით, რომ ის სახალხო საბჭო, რომელიც აქ მოქმედობს, იმას აქვს საკანონმდებლო ფუნქციები, და ამიტომ ჩვენ მთავრობას და ჩვენ წარმომადგენელს არა აქვს არავითარი უფლება ამ შემთხვევაში ჩაერიოს საქმეში, და ვინმეს რომელიმე ჯგუფს აუკრძალოს იქონიოს ესა თუ ის აზრი კონსტიტუციის შესახებ.

პროექტი კონსტიტუციისა, რომელიც წარმოდგენილი არის იმ მემარჯვნეებისაგან, ეგრედწოდებულ „დამოუკიდებელ სოციალისტებისაგან“, - ეს არის ერთად ერთი პროექტი, იყო ყოველ შემთხვევაში. დღეს ეს პროექტი აფხაზეთის საბჭოს მიერ უარყოფილი არის. რასაკვირველია, ჩვენ, რომ ყოველთვის ამა თუ იმ ორგანოს შესახებ ვიმსჯელოთ იმისდამიხედვით, თუ როგორი კანონ-პროექტი იქნება წარმოდგენილი, მაშინ შეგვეძლება საქართველოს დამფუძნებელი კრება მოვნათლოდ ეროვნულ დემოკრატიულად. და შეიძლება, დამოუკიდებელ ეროვნულ-დემოკრატიულად კი ვინაიდან, ისეთი წინადადებები არის აქ წარმოდგენილი, რომ რასაკვირველია, უმრავლესობასთან მას არავითარი საერთო არა აქვს. ამიტომ, მთავრობის მიმართ განცხადება იმისა, რომ იქ მუშავდება კონსტიტუციის დებულება, და ამის ჩათვლა რაიმე დანაშაულად, რასაკვირველია, თვით ინტერპელატებისათვის აშკარა უნდა იყოს, რომ ამას არავითარი საბუთი არა აქვს.

შემდეგ, მე უნდა მოგახსენოთ, რომ ერთი შეხედვით, მართლაც კაცს ეგონება, თითქოს აფხაზეთის საბჭო დაადგა სულ წინააღმდეგ გზას, ვინემ ამას აწარმოებს მთავრობა, და დამფუძნებელი კრება. ეს ესე არ არის. მართალია, აქ არის ბრძოლა სხვა და სხვა ჯგუფთა შორის, მაგრამ, სწორედ ის ჯგუფი, რომელიც სცდილობს დაადგეს ამ გზას, რომელიც ჩამოაშორებს აფხაზეთს საქართველოს, - ეს ჯგუფი უკანასკნელ კრებებზე დამარცხდა, და ამიტომ არ შეგვიძლიან ამ ჯგუფის აზრი მივიღოთ ისე, რომელსაც მართლაც ექნება რაიმე მნიშვნელობა შემდეგში.

ჩვენ გვეკითხებიან - იცის თუ არა მთავრობამ, რომ სახელმწიფო ენა განდევნილია სოხუმის ოლქიდანო. მე უნდა განვაცხადო, რომ ყველა მიწერ-მოწერა, ჩვენ და სოხუმის ოლქის დაწესებულებათა შორის ხდება სახელმწიფო ენაზედ, და, ამის საწინააღმდეგო არც ერთ ხელმძღვანელ ჯგუფს იქ არაფერი არა აქვს.

რაც შეეხება იმ საკითხს რომელიც აქ იყო წამოყენებული, რომ კურსის დამთავრებულთათვის სიმწიფის ატესტატი მარტო რუსულ ენაზე იყო დაწერილი, - ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მართალია, ერთად ერთ კრებაზე, როგორც ჩვენი მთავრობის წარმომადგენელი ისიდორე რამიშვილი გვატყობინებს, მართლაც მიიღეს ეს დადგენილება. საბჭომ მიიღო დადგენილება, რომ მიეცეს ატესტატები ქართველებს ქართულ ენაზე, ყველა დანარჩენს კი უნდა მისცემოდა რუსულ ენაზე. მაგრამ შემდეგ, ვინაიდან სახალხო განათლების სამინისტროსაგან იყო გაგზავნილი ბლანკები, რომელიც იყო შედგენილი ორივე ენაზედ, - სახალხო საბჭომ ეს წინადადება შესცვალა, და გამოიტანა ახალი დადგენილება, - რომ ყველა მოწაფეებს უნდა მისცემოდათ ატესტატი, ჩვეულებრივ, ბლანკზე, რომელიც აქედან იყო გაგზავნილი სახალხო განათლების სამინისტროს მიერ.

შემდეგ, მესამე მუხლი, რომელიც აქ არის მოხსენებული, ყოველ შემთხვევაში სრულიად არ ეხება სახალხო საბჭოს. შეიძლება მართლაც იყო რაიმე ისეთი ოპერაციები, რომელიც მიუღებელი არის სახელმწიფო თვალსაზრით, მაგრამ ეს იყო წინად, როცა სახალხო საბჭო არ იყო არჩეული. მხოლოდ იმ საბჭოს, რომელიც ამ ჟამად მოქმედობს, ეს შეკითხვა იმ სახით, მესამე მუხლის სახით - არ ეკუთვნის.

დარჩა პირველი მუხლი, სახელმწიფო ბანკის შესახებ.

მე უნდა მოგახსენოთ, რომ ეს მთავრობამაც იცოდა, რომ სახელმწიფო ბანკის სოხუმის განყოფილება არსებობს, ფაქტიურად არაფერს არ აკეთებს, და იმაზე დიდ ძალი ფული იხარჯება, ეს იცოდა ჩვენმა წარმომადგენელმაც, და განზრახული იყო მისი დახურვა, რაც სისრულეში იქნება მოყვანილი. საერთოდ, ვინაიდან ამ შეკითხვის შემომტანთ უთუოდ სურდათ მიეცათ ამ შეკითხვისთვის ისეთი ხასიათი, რომელიც არსებითად შეცვლიდა ჩვენ პოლიტიკას აფხაზეთში, უნდა მოგახსენოთ, რომ უთუოდ მიზანი ისეთი იყო, და თუ ასეთი იყო, მე მგონია ასეთი წინადადება სრულიად მიუღებელი არის.

მე არ დავიცავ ამა თუ იმ წარმომადგენელს, საქმე იმაში არ არის, საერთოდ მთავრობის პოლიტიკა ამ განაპირა კუთხეების მიმართ უნდა ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის პოლიტიკა, რომელსაც აქ აწარმოებს ჩვენი მთავრობა. სხვანაირი პოლიტიკა არ შეიძლებოდა, და არ შეიძლება სწორედ იმიტომ, რომ იქ, როგორც მე ვსთქვი, იბრძვიან სხვა და სხვა ელემენტები.

ჩვენ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გამოდის ერთის მხრივ მემარცხენე ელემენტები, ბოლშევიკების სახით, მეორეს მხრივ გამოდის მემარჯვენე ელემენტი დამოუკიდებელ სოციალისტების სახით, და აგრეთვე უნდა აღვნიშნო აქვე, რომ იმ პოლიტიკას, რომელსაც იქ აწარმოებენ ეროვნულ-დემოკრატიის პარტიის წარმომადგენლები, ეს პოლიტიკას, სწორედ, ფაქტიურად, აძლევს საშუალებას ჩვენ სახელმწიფოებრიობის მოწინააღმდეგე ელემენტებს გამოიყენონ ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს ეროვნული დემოკრატიული პარტია, ჩვენ სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. და ამიტომ, როგორც თვალსაჩინო წარმომადგენელი ამ პოლიტიკისა, ბ. თავდგირიძე, არა ერთხელ აცხადებს, რომ საქართველოს პოლიტიკა უნდა იყოს იქ ისეთი, რომელიც მოგვცემს ჩვენ საშუალებას, უმთავრესად დავეყრდნოდ, გარდა ქართველებისა - აფხაზელებს, ესე იგი ერთ ნაწილს ადგილობრივ მკვიდრთა, და ვინაიდან, ფაქტიურად ამ აფხაზელების მეთაურებათ გამოდიან მემარჯვენე ელენენტები, ეს მოასწავებს იმას, რომ ჩვენ ამ მემარჯვენე ელემენტებს უნდა დავეყრდნოთ.

ყველასთვის ცხადია, ის პოლიტიკა, რომელსაც ეროვნულ-დემოკრატიის ფრაქციის წარმომადგენლები იქ აწარმოებენ: იმათ უნდათ აგრარული საკითხი მიაფუჩეჩონ, ან უკეთ, რომ ვსთქვათ სავსებით უარყონ; რომ ეს პოლიტიკა გაეტარებინა ჩვენ მთავრობას, მაშინ შეიქმნებოდა ისეთი მდგომარეობა, რომ ფაქტიურად, დიდი უმრავლესობა ხალხისა, რომელიც კმაყოფილი არის ასეთი პოლიტიკისა, ეს დიდი უმრავლესობა ხალხისა იქნებოდა ჩვენ წინააღმდეგ. იქნებოდნენ ჩვენს წინააღმდეგ არა მარტო მემარჯვენე ელემენტები, როგორც დღეს არიან, არამედ იქნებოდნენ ჩვენს წინააღმდეგ სწორედ დემოკრატიული წრეები, რომელნიც ამ პოლიტიკით კმაყოფილნი არიან აწარმოეთ ესეთი პოლიტიკა, და ეს პოლიტიკა მისცემს მას საშუალებას თანდათან უფრო გააღრმავონ ორმო ჩვენდა აფხაზების შორის. და უნდა ვსთქვათ, სწორედ უმთავრესად ამით აიხსნება ის ოპოზიცია, რომელსაც აწარმოებს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის წარმომადგენელი იქ, ჩვენ პოლიტიკის წინააღმდეგ.

ჩვენ უკვე განვაცხადეთ და ამ გზას ვადგევართ - ყველა მკვიდრი აფხაზეთისა აგრარულ საკითხში თანასწორ უფლებებით სარგებლობს. აგრეთვე სხვა პოლიტიკურ საკითხებშიაც, როგორიც არის საარჩევნო უფლება, და სოციალური კანონმდებლობა. ეს უნდა იყოს მიმართული ყველა ელემენტების დასაკმაყოფილებლად, და არავითარი განსხვავება არ უნდა იყოს იმათ სასარგებლოდ, ვინც ოდესმე ბატონობდა, მაგრამ ამ ჟამად უპირატესობა დაკარგა, ჩვენ არც შეგვიძლიან გავაბატონოთ იქ არც ბერძნები და არც სომხები, რომელნიც იქ მოკალათებულნი არიან, და რომელნიც სცდილობენ ამ მხარეში თავისი ნივთიერი კეთილდღეობა გააუმჯობესონ.

და სწორედ ეს პოლიტიკა აერთებს, გვაძლევს საშუალებას ამ დემოკრატიულ ნიადაგზე გავაერთიანოთ ყველა ერები.

რასაკვირველია, თუ ინტერპელიანტის მიზანი იყო, - პოლიტიკის უარყოფა მთავრობის მიერ - ეს რასაკვირველია, ყოვლად შეუძლებელი საქმეა. მაგრამ, ჩვენ თვით ვგრძნობთ, რომ ხშირად ზოგიერთი ნაბიჯი, რომელსაც სხვა და სხვა წრეები სდგამენ სრულიად არ შეეფერება არც ჩვენ ინტერესებს, არც კერძოდ, აფხაზეთის ინტერესებს. და, ამ შემთხვევაში, მთავრობა ყოველთვის სცდილობს, რომ გამონახოს ის საერთო ხაზი, რომელიც საჭირო არის ამ ინტერესების მოსარიგებლად.

ჩვენ ვიცით, რომ აფხაზეთის სახალხო საბჭომ კონსტიტუციის სამუშავებლად აირჩია განსაკუთრებული დელეგაცია, რომელიც იმოქმედებს დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიასთან ერთად, და თუ მართლაც არსებობს რაიმე გაუგებრობა აფხაზეთის წრეების შორის, ჩვენ სრული იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ გაუგებრობას ბოლო მოეღება. ყოველ შემთხვევაში, დამფუძნებელი კრება, როგორც სუვერენული ორგანოს, როგორც საქართველოსთვის, აგრეთვე მის ერთ ნაწილის - აფხაზეთისთვის ექნება გადამჭრელი მნიშვნელობა, და ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, მთავრობა არავითარ დათმობაზე არ წავა, ის, არასოდეს არ გადასდგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ამ სუვერენულ ორგანოს უფლებას რითიმე შეჰკვეცავს.

მაშასადამე, ეჭვს გარეშე არის, რომ იქ არიან ჩვენი მოწინააღმდეგე ელემენტები. უმთავრესად ეს მოწინააღმდეგე ელემენტები არიან მემარჯვენე წრეები აფხაზეთისა. არიან ისეთი მემარჯვენე წრეები თვით აფხაზეთის ეროვნებისა, რომელნიც მოქმედობენ ამ სახალხო საბჭოში ამ მხრივ. მაგრამ დიდი უმრავლესობა, როგორც სახალხო საბჭოსი, აგრეთვე აფხაზობისა ამ პოლიტიკას არ იზიარებს და ადგია იმ გზას, რომ საქართველო უთუოდ მისაღებია, ესე იგი რომ ამ მხარეს მიენიჭოს უფლება და ამ მხარემ ისარგებლოს ავტონომიურ მართვა-გამგეობით საქართველოს ფარგლებში იმ კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც შემუშავებული იქნება დამფუძნებელ კრების მიერ იმ წრეებთან შეთანხმებით, იმ დელეგაციასთან შეთანხმებით, რომელიც აქ გამოგზავნილი არის.

რაც შეეხება საერთოდ ჩვენ ხაზს დემოკრატიულ პოლიტიკისა - ის, რასაკვირველია, დარჩება ძალაში და არავითარ შეკითხვას, თუ იმის მიზანი იყო, როგორც აგრარულ საკითხის გადაჭრაში, ისე აგრეთვე პოლიტიკურ უფლების მინიჭებაში. რასაკვირველია, ამ მხრივ მთავრობა არავითარ გადახვრას არ შეურიგდება, ის ივლის იმ გზით, რომელმაც, მე მგონია, ჩვენ მოგვცა საშუალება ყოველ შემთხვევაში გამოგვენახა საერთო ენა ამ კუთხესთან და ამ გზის უარყოფა და სხვა ახალი გზის არჩევა, რასაკვირველია, ჩვენთვის იქნება მხოლოდ და მხოლოდ უარსაყოფელი.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გურჯუას.

გურჯუა (ს.-დ. აფხაზი) ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო! სამწუხაროდ, რადგანაც ჩვენი აფხაზეთი მომუშავე პირებით ძალიან ღარიბია, ჩვენ მხოლოდ შემთხვევით შეგვიძლიან თქვენ მძიმე და საპასუხისმგებლო მუშაობაში მონაწილეობის მიღება. ეხლა, როდესაც აფხაზეთის საბჭომ დროებით მუშაობა შესწყვიტა გამოვეშურე აქეთ, რომ სამშობლოს უმაღლეს კანონმდებლობითი ორგანოს მუშაობას გავცნობოდი და ჩემი წვლილი შემეტანა. სამწუხაროდ, მოუსწარი მხოლოდ უკანასკნელ სხდომას სესიისას და ისიც მაშინ, როდესაც აფხაზეთის და მისი სახელის გატეხა მოუწადინებია ბ. თავდგირიძის კარნახით ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციას.

თქვენ ბრძანეთ თითქოს ღალატობდნენ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ჩვენზე უთქვამს, რომ გამოყოფის გზას დადგომიხართ, თითქოს დამოუკიდებლობისაკენ მივილტვით და სხვა. მე ვკადნიერდები და გაწუხებთ, რომ ეს სინამდვილეს სრულიადაც არ შეეფერება. ჩვენ გვესმის, რომ აფხაზეთის ინტერესები მჭიდროდ არიან დაკავშირებული საქართველოს რესპუბლიკასთან. და ჩვენ ამ რესპუბლიკაში გერებათ კი არ ვსთვლით თავს, არამედ თანასწორ მოქალაქეებად, მის ღვიძლ შვილებად (ტაში). რამდენიც უნდა დაგვწამონ ცილი ბ. თავდგირიძეებმა ჩვენ სწორ გზიდან მაინც არ აგვაშორებენ. გზა კი არის შემდეგი: ერთი დემოკრატიული რესპუბლიკა და ერთი სახელმწიფოებრივი კანონი ყოველ საქართველოს ნაწილისთვის (ტაში). აფხაზეთი, როგორც ავტონომიური ერთეული, მაგრამ ნაწილი ამ საქართველოისა მხოლოდ თავის შინაურ საქმეში იქნება დამოუკიდებელი. ჩვენ მიერ გამომუშავებული კონსტიტუცია თქვენ უნდა მიიღოთ და მოიწონოთ, თქვენ მიერ მიღებული სახელმწიფოებრივი კანონები ჩვენთვისაც იქნება სავალდებულო.

ჩვენ მეტს არაფერს არ ვთხოულობთ და ამის წინააღმდეგ საქართველოში ნამდვილი დემოკრატიის წარმომადგენლები არასოდეს არ იყვნენ და არც იქნებიან წინააღმდეგნი. ჩვენ ეს არა ერთხელ გამოგვითქვამს და არა გაქვთ თქვენ საბუთები ბ. ეროვნულ-დემოკრატებო, რომ ეს არ დაგვიჯეროთ, რომ ვინმე კერძო პირის ბოროტება და განზრახვები ჩვენ მოგვახვიოთ თავს, ეს უტაქტობაა და უსამართლობა.

აფხაზეთის დემოკრატია განურჩევლად ეროვნებისა, ჩვენ მოგვყვება და არა კაკუბა-დემიანოვებს, რომელნიც თქვენი ჯურის ნაციონალისტები არიან.

მაშ გაუმარჯოს საქართველოს და მის დემოკრატიულ რესპუბლიკას, გაუმარჯოს დემოკრატიულად დარაზმულ ავტონომიურ აფხაზეთს, ამ საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილს. (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ჩხიკვიშვილს.

ბენიამინ ჩხიკვიშვილი. (ს.-დ.) ბატონებო! ამ შეკითხვის პირველი მუხლი მეტად საყურადღებო არის იმ მხრივ, რომ აქ ხაზი, აქვს გასმული, სიტყვებს, რომელნიც ამბობენ შემდეგს: სოხუმის ოლქში... (კითხულობს) „იცის თუ არა მთავრობამ, რომ სოხ. ოლქში საქართველოს დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე ჯგუფის მეცადინეობით საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საწინააღმდეგო განწყობილება მზადდება“. დამფუძნებელი კრება უაღრესად ვალდებულია, სადაც არ უნდა იყოს, ეს სოხუმის ოლქში იქნება, თუ სხვაგან, თუ მართლაც ასეთი განწყობილება ჩვენ დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მზადდება ამას შესაფერი ყურადღება მოაქციოს და ანგარიში გაუწიოს თავიდანვე, სანამ გვიან არ არის შესაფერი ზომები მივიღოთ. მთავრობა, რომელიც ამას არ შეასრულებს არ იქნება ის დამფუძნებელი კრების სურვილის გამომხატველი მთავრობა. მაგრამ კერძოდ, ჰქონდა თუ არა სოხუმის ოლქში ამას ადგილი, და თუ ჰქონდა ვისი მეოხეობით, ან ვისი ბრალით, ეს სხვა საკითხი არის. შემკითხველები დამფუძნებელი კრების წევრი ბ. კედია, მისი ამხანაგი, და მათი ორგანო მთელი ორი კვირის განმავლობაში და ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვიმტკიცებდნენ, რომ ამ განწყობილებას ადგილი ჰქონდა, რომ ჩვენ ჩვენი საქმე აფხაზებთან და აფხაზეთის ფარგლებში წავახდინეთ, რომ ჩვენი უმოქმედობით აფხაზეთის ინტერესების წინააღმდეგ და ჩვენი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის წინააღმდეგ მოქმედებით ჩვენ საქმე წავახდინეთ. ისინი დასკვნიან, რომ მართველ პარტიას ედება თავს და პასუხისმგებელიც ის არის. როგორც მოგახსენათ შინაგან-საქმეთა მინისტრმა და ეს ყველამ, გარდა ეროვნულ-დემოკრატებისა, ვინც აფხაზეთს იცნობს გოგებაშვილის ბუნების კარიდან კი არა, ბ. ნიკო თავდგირიძის სიტყვებიდან კი არა, არამედ იცნობს ისე, რომ იცის რა არის მართლაც აფხაზეთი, იცის შემადგენლობა, სხვა და სხვაობა ეროვნებისა, მათი სულიერი, პსიხოლოგიური განწყობილება მათი კულტურული მდგომარეობა და თავი და თავი ძალთა განწყობილება ამ ეროვნებათა შორის და ჩვენი ორენტაციის მდგომარეობა, ის სულ სხვა დასკვნამდის მივიდოდა და სულ სხვას იტყოდა ვინემ ამბობდნენ და სთქვეს წინაშე ეროვნულ-დემოკრატებმა. აფხაზეთი მართლა პატარა კუთხე არის, ის საქართველოს ნაწილია, როგორც ავტონომიური მასში შემოსული.

რამდენადაც პატარა არის ის, იმდენად მეტი ეროვნების მრავალფეროვნება არის. იქ თქვენ შეხვდებით 4-5 ეროვნებას, აფხაზებს, ქართველებს ბერძნებს, სომხებს, რუსებს, შეხვდებით ესტონელებს და ლატიშებს, არის რამდენიმე კოლონია ნემცებისა, მაგრამ ისინი პოლიტიკურ სფეროში. (ხმა: მეგრელებს) ისინი პოლიტიკურ სფეროში არ იჩენენ განკერძოებულ ფიზიონომიას და უმთავრესი ნაწილი მიჰყვება პროგრესიულ მიმდინარეობას და ამიტომ წარმოიდგინეთ ამ ეროვნების მდგომარეობა, ერთმანეთთა შორის ძალთა განწყობილება, რამდენად უხერხული არის. ადგილობრივი მკვიდრი ხალხი აფხაზეთში, როგორც ეროვნულ-დემოკრატებს ხშირად უყვართ ამის ხმარება თავის ლიტერატურაში, მეტად კეთილშობილი ხალხი არის. მე არ ვამბობ იმ წარმომადგენლებზე, იმ აფხაზელებზე, რომელთან კავშირს ხშირად გვიკარნახებენ ჩვენ ესე იგი თავადაზნაურობაზედ. მე ვამბობ უბრალო მდაბიო ხალხზედ, გლეხკაცობაზედ, მართლაც ძალიან კეთილშობილები არიან, მაგრამ კულტურულად ძლიერ განუვითარებელი ხალხი არის. მისი ინტელიგენცია იმდენად სუსტი არის, რომ თავის საკუთარ საქმის, თავის საკუთარ ძალებით გაძღოლა არ შეუძლიან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მათი ზრდა და განვითარება, რომელიც დიდი ხანია დაწყობილი არის და განსაკუთრებით სწრაფი ნაბიჯით მიდის წინ თავისუფლების მოპოვების შემდეგ, როგორც სხვა ეროვნებისა ისე აფხაზებისა მეტი სისწრაფით წავა წინ. მაგრამ დღეს ეს ასე არ არის. რაც შეეხება სხვა ეროვნებებს, ბევრი მათგანი, როგორც არიან მაგალითად სომხები, ქართველები და ნაწილი ბერძნებისა სოფლად, როგორც ეკონომიურად, აგრეთვე კულტურულად უფრო მძლავრი არიან, ქალაქებში მათ ხელშია ვაჭრობა-მრეწველობა. მათთვის უფრო ხელმისაწდომია სწავლა-განათლების მიღება სხვა და სხვა მიზეზების გამო, რომლებსაც თქვენ ადვილად წარმოიდგენთ.

აი, ამ კუთხეში უხდება ჩვენ მთავრობას მუშაობა და უნდა დაუმატოთ ამას კიდევ ძველ მთავრობის მიერ დატოვებული შუღლი, შურის ძიება, განხეთქილება ეროვნულ ხასიათისა, რომელსაც ასე უხვად სთესავდა ძველი მთავრობა, რომელიც სწამლავდა ამით ხალხის გონებას და რომელიც ჯერ კიდე სრულიად აღმოფხვრილი არ არის ხალხის გონებიდან. ძველი მთავრობა თავის გავლენას აფხაზეთში ამ წასისიანებაზე ამყარებდა. მხოლოდ ამ წასისიანების, ამ შუღლის დათესის, ერთი მეორის გადაკიდების შედეგები ჯერ კიდევ დარჩა ის სიძულვილი, ამ უკულტურობის გამო, რომელსაც იქ ადგილი აქვს, იმ მუშაობის გამო, რომელსაც აწარმოებდა ძველი მთავრობა დღემდის დარჩა. და აი ამ დროს, როდესაც მიდიხარ ამ კუთხეში სამუშაოდ, ძალიან სიფრთხილით უნდა იმუშაო, რომ ეს შუღლი უფრო არ გააძლიერო და ნაცვლად ერთი ერის მეორე ერთან დაპირდაპირებისა ერთი საერთო გზა გამონახოთ და საერთო სახელმწიფოებრივ მუშაობაში ჩააბათ და თავად დააინტერესოთ ამ თავისი საქმის წარმოებაში. ჩვენი მთავრობა თავის აგენტების საშუალებით და აქედან ხელმძღვანელობით, იმ თავიდანვე, დღიდან რაც ჩვენ იქ ვმუშაობთ, ამ ერთ მთავარ მიზნით, მთავარი დებულებით ხელმძღვანელობდა. ჩვენ ამაში ხელს გვიშლიდნენ და დღესაც გვიშლიან.

უნდა გითხრათ, მართალი სთქვა ბ. მინისტრმა და გუშინ ბ. კედიამაც სთქვა, რომ არიან იქ მემარჯვენენი ჩვენი ორიენტაციის მოწინააღმდეგენი, რომელნიც ჩვენ დამოუკიდებლობის ფესვის გამომთხრელნი არიან, უნდათ, რომ ის როგორმე დაამხონ. მართალია არიან უცხოელები, არიან ჩინოვნიკები, არიან დენიკინის აშკარა და დაფარული მომხრენი, მაგრამ სამწუხარო და სავალალო ის არის, რომ იმათ მუშაობაში და იმათ ჯგუფში არსებითად მთლიანად ჩვენ ეროვნულ-დემოკრატების მოქმედება მთლიანად შედის. თქვენ როგორც გინდათ ისე აწარმოეთ ეს მუშაობა, ოღონდ კი თქვენ ერთი მიზნისაკენ მიგყავთ საქმე, ერთი და მეორეს მუშაობაში არსებითი განსხვავება არ არის. და ამას იმისთვის კი არ ვამბობ, რომ ვისმეს უკბინო ან პარტიული ჟინიანობა გამოვიჩინო, პირიქით მე ამ კუთხეში მაგათ მუშაობას ძალიან კარგად ვიცნობ და უნდა მოგახსენოთ, რომ იქ დანგრევის მუშაობას, ჩვენ პოლიტიკის და ორიენტაციის წინააღმდეგ მუშაობას ისე არავინ არ აწარმოებს, როგორც ამას აწარმოებდნენ წარმომადგენლები ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიისა.

უკანასკნელად, კიდევ გთხოვთ უმორჩილესად პირადად არ მიიღოთ, რადგანაც მე პირადათ გინებასაც შეჩვეული ვარ და ქებასაც. ასე, რომ, ამას არ ვაქცევ ყურადღებას. სინამდვილე უნდა ვსთქვა, რომ უკანასკნელ ამბებთა შორის ეროვნულ-დემოკრატებს ყურადღება უნდა მიექციათ აქ თქვენს წინაშე, იმ ფაქტზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ დღეებში აფხაზეთში - ეს ბ. ნიკო თავდგირიძის გადასახლებას სოხუმიდან. მაგრამ, ამას აქ გვერდი აუხვიეს ალბათ იმისთვის, რომ იცოდნენ ამაზე პასუხს მიიღებდნენ. მეტად არა სასიამოვნოს. არ ვამბობ კარგად ქნეს თუ გლახად, რომ გადაასახლეს ეს მათი უფლება იყო (კედია: მე მქონდა ეს მხედველობაში!) აქ თქვენ არა სთქვით (კედია: მე ვლაპარაკობ მეორე შეკითხვაზე!) დამშვიდდით, მაგრამ ამითი მე ის მინდა გითხრათ თუ როგორ აფასებს აფხაზეთის საზოგადოება მათ საუკეთესო წარმომადგენლის იქ მუშაობას, ამას აქედანაც გაიგებთ. გადაასახლეს ეს მათი საზოგადოებრივი საუკეთესო მოღვაწე, როგორც იგინი ამბობენ, და იმას გამოექომაგა და გამოუგზავნა დეპეშა მარტო ვაჭარმა გოლუამ. აღშფოთდდა მისი გული, ვაჭრის სპეკულიანტი გონება და ტელეგრამა გამოგზავნა. „აღშფოთებულნი ვართ განურჩევლად ეროვნებისა“. ეხლა დადის ერთი ორი კაცი და კრეფავს ხელის მოწერას, პროტესტი განვაცხადოთ ნიკო თავდვირიძის გადასახლების წინააღმდეგო. შეიძლება ეს მოკრიბონ, მაგრამ ეს მოკრებილი პროტესტი სულ სხვა არის გულის სიღრმიდან, მართლა გულწრფელად გამოსთქვა პროტესტი მხოლოდ ვაჭარმა გოლუამ და მისმა მეგობრებმა. (ხმაურობა) იმ დროს, როდესაც სოხუმში არსებობს მრავალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, არსებობს ეროვნული საბჭო, მარტო ვინმე ჩხეიძე და მისმა ოჯახმა გამოგზავნა ტელეგრამა. სხვაზე მე არ გამიგია, როდესაც სოხუმში არსებობს მრავალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, არსებობს ეროვნული საბჭო, ქართული, სომხური, ბერძნული და არც ერთს კრინტი არ დაუძრავს. (ხმა: მუშათა საბჭოები!) მუშათა საბჭოები ჩვენდა სამწუხაროდ საერთოდ ძალიან სუსტია, არ უშლის ხელს არავის. მაგრამ ეროვნული საბჭო, სოხუმის ქართული ეროვნული საბჭო, რომელშიც ძალიან ბევრი არიან ჩვენი წარმომადგენლები აქამდის ვერ დაინახეს საჭიროდ გამოხმაურებოდნენ ამას. ის ვაჭრები, რომელნიც ექომაგებიან ბ. ნიკო თავდგირიძეს ისინი ამბობენ, მართალია ტყუილი დასწერა გაზეთში თავდგირიძემ მაგრამ არ უნდა გადაესახლებინათ მაინცო. აი, როგორ აფასებენ ჩვენ საუკეთესო წარმომადგენლის იქ მუშაობას, თქვენ აქედან შეგიძლიანთ წარმოიდგინოთ. მე ვამბობ განწყობილება ჩვენს წინააღმდეგ მზადდება სახლში პსიხოლოგიურად ეროვნულ-დემოკრატების მიერ. პსიხოლოგიურად ვამბობ მე იმიტომ, რომ სხვა საშუალება არა აქვთ დღეს და არ შეუძლიან სხვაფრივ მოამზადონ.

ვიმეორებ, ეს განწყობილება მზადდება ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის მიერ. კერძო აფხაზეთის საკითხის გამო აფხაზეთში ბ. თავდგირიძის და მის მოამაგეების მიერ, არამედ აქაც თბილისში. შეიძლება ბ. კედიამ სთქვას, რომ ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ბ. თავდგირიძის მოქმედებაში, ან კერძო ბოროტ-მოქმედებაში, მაგრამ ამას ვერ იტყვიან ვერც ბ. კედია, ვერც მისი ამხანაგები, ვერც ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რადგანაც მათი ორგანოდან, მათი აზრების გამომხატველ გაზეთიდან ამოწერილი არის (ხმაურობა) (თავმჯდომარის ზარი) ეს არის წასისინება აფხაზებისა ქართველების წინააღმდეგ, ჩვენ დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ, (ხმა: ეს არის მართლა!) მე არ მინდა თქვენი ყურადღების შეჩერება ვრცლად ამ საკითხზე, მაგრამ იძულებული ვარ მოგახსენოთ. არ ვიცი რომელმა დასწერა, მაგრამ პასუხისმგებლობა ყველასი ერთია, შემდეგი სიტყვები. აფხაზეთი ჰქვიან ამ წერილს, მოწინავე წერილია: (კითხულობს) ყველა დარწმუნებულია და სხვაზედ არა ნაკლებ დარწმუნებულია მთავრობაც, მისი პარტიაც, რომ აფხაზეთში საქმე წავახდინეთ ჩვენი საკუთარი უგუნურობით და უთავბოლობით, რომ აფხაზები გადავიკიდეთ, რადგან მათი თავმოყვარეობა შელახეს უვიცმა, ხეპრე პროპოგანდისტებმა და მათივე სამშობლოში თავზე ბატონებად დავუსვით და მათ საკუთრებაში წილი დაუდევით უცხო ქვეყნის ქვეშევრდომ სომხებსა და სხვებს! ამას ვერ მოითმენდა ვერც ერთი თავმოყვარე და ღირსეული ხალხი და აფხაზეთი, რომ მეტად თავმოყვარე და კეთილშობილი ხალხია, - ამას მტკიცება არ სჭირია.

ეს არის თქვენ სიტყვებში, მე ამას სხვა სახელს ვერ დაუძახებ, გავკადნიერდები, და ვიტყვი, რომ ეს პროვოკაციაა ერთი ერის მეორე ერის წინააღმდეგ. (გვაზავა: ეს პროვოკაცია კი არ არის ეს გაშუქებაა საკითხისა!) იმის ნაცვლად ბატონებო, რომ ჭეშმარიტს პატრიოტებს, რასაც თქვენ თავს უწოდებთ ბ-ბ-ო. გეთქვათ აფხაზელებისათვის, და რაც უნდა ველაპარაკოთ, ჩვენ, მიუთითოთ იმაზე რა გააკეთა აფხაზეთში ჩვენმა ჯერ ნორჩმა რესპუბლიკამ, რის გაკეთებაც სხვას არ შეეძლო. (ხმა: გააფუჭეთ!) მოგიყვებით იმას, რაც გავაკეთეთ, მომისმინეთ. გავაკეთეთ ძალიან ბევრი. ჩვენ შევქმენით აფხაზეთში ახალი მთავრობა და მისი ორგანიზაცია. (ხმა: ძალიან კარგი მთავრობაა!) მთავრობა ისეთი, როგორიც არის სხვა კუთხეში. ძველი წესწყობილება შევსცვალეთ. შემდეგ თქვენ ადვილად წარმოიდგენთ, ისეთი კუთხე, როგორც აფხაზეთი არის, სადაც ასე მრავალი ეროვნება ცხოვრობს როგორც გითხარით, შეუგნებელი ხალხის ფსიხოლოგია იქ მოწამლულია ერთი მეორეს შუღლით და უნდობლობით რასაც მეფის მთავრობა მუდამ აღვივებდა სადაც მუდამ, როგორც ზოგიერთ სხვა კუთხეში, მხოლოდ უფრო დიდი ცარცვა-გლეჯა, ყაჩაღობა იყო. თავიდანვე ჩვენმა მთავრობამ და ჩვენმა მუშაკებმა, განსაკუთრებით აი სწორედ ამ პარტიისამ (მარცხნით) იმ მართველ პარტიისამ, რომელსაც აქ მუდამ უკიჟინებენ, შესძლეს ახალი მთავრობის ახალი ორგანიზაცია და ამ ორგანიზაციის საშუალებით წესიერების დამყარება და საქმის შესრულება. თქვენ ეს არ მოგწონთ როგორც ბევრი რამ არ მოგწონთ ჩვენს მუშაობაში. მაგრამ ამაში ჩვენი ბრალი არ არის, შეუძლებლის გაკეთება არ შეგვეძლო, რაც შეგვეძლო ის კი გავაკეთეთ. მაგრამ ეს ცოტაა. ვინ იცავდა აფხაზეთს, არა მარტო ყაჩაღობისაგან არამედ პირდაპირ დარბევისგან და ანარქიისაგან. ორჯელ ჩვენმა საუკეთესო წარმომადგენლებმა, ჩვენმა ახალგაზრდებმა ჩვენმა ძმებმა და შვილებმა არ გაანთავისუფლეს აფხაზეთი მტრებისაგან. არა ერთი ძვირფასი საფლავი ჩვენი გვარდიელებისა და ჯარის კაცებისა დარჩა აფხაზეთში, ამ აფხაზეთისთვის თავისუფლების მოპოვებისთვის ბრძოლაში ანარქიის აღგვის დროს. ნაცვლად იმისა, რომ პატრიოტმა უთხრას აფხაზეთს, რომ დაიმახსოვნეთ თუ როგორ დაღვარეს თქვენი თავისუფლებისთვის ჩვენ ჯარის კაცებმა სისხლი, ეუბნებიან: ჩვენ არაფერი არ გაგვიკეთებია თქვენ გდევნიან, მთავრობა თქვენი მტერიაო და სხვა.

მაგრამ ეს ცოტაა, დღეს აფხაზეთში ერობაცაა შემოღებული, რომელმაც ჩვენდა საბედნიეროდ, და თავად-აზნაურობის და ნიკო თავდგირიძის სამწუხაროდ, მუშაობაც - კი დაიწყო და სასიამოვნო ცნობებიცაა ამ მუშაობისა. ვინ შეჰქმნა ეს ნიადაგი, ვინ მოუმზადა ეს პირობები, რომ გაატარონ ეს მუშაობა თუ არა ჩვენმა მთავრობამ, თუ არა ჩვენი ხალხის წარმომადგენელებმა და მუშაკებმა ამ ოლქში. თქვენ ამაზე უნდა მიუთითოთ აფხაზეთის ხალხს, თუ რა გავაკეთეთ. (ხმა: კოდორის ერობამ?) (თავმჯდომარის ზარი, თავმჯდომარე: გთხოვთ კერძო ბაასს თავი დაანებოთ) (კედია: ნამუსიც კარგი საქონელია!) მაგრამ ეს ცოტაა ის დიდი საქმე, რომელიც, ჩვენ აფხაზეთში გავაკეთეთ ჩვენი შეიარაღებულ ძალის საშუალებით, არის აფხაზეთის დაცვა, რომ ჩვენ შევძელით აფხაზეთი ფიზიკურ განადგურებისაგან გადაგვერჩინა. რომ დენიკინის შავი რაზმები და ბანდები შემოსულიყვნენ აფხაზეთში, აფხაზეთში ის იქნებოდა რაც იყო სოჩის ოლქში, ისეთივე მდგომარეობა განმეორდებოდა, ისეთივე აწიოკება ხალხისა, რაც სხვაგან მოხალისეთა ჯარის მიერ დაპყრობილ ადგილებში, ნუთუ ჩვენი ჯარები, ჩვენი რაზმები არ დაუდგნენ წინ აფხაზეთის ინტერესების დასაცავად თავდაპირველად და არ გადაეღობნენ მტერს თქვენ ამაზე უნდა მიუთითოთ, ნაცვლად ამისა, თქვენ სულ სხვას ეუბნებით. ჩვენ აგრარული რეფორმა გავატარეთ, აგრარული რეფორმა, რომელიც ახლო მომავალში დაგვირგვინდება, ეს არის რაც თქვენ გაწუხებთ, თქვენ ამაზე ამბობთ. ამას ამბობდა ბ. ნიკო თავდგირიძე, გუშინ ამასვე ამბობდა თქვენი ორგანო: წოდებები როგორმე უნდა შევარიგოთო. აი აქ არის თქვენი მუცლის ტკივილი. წოდებებს როგორმე უნდა შეურიგდეთო, რადგანაც იქ სხვა ადათი არის, სხვა ზნე ჩვეულება, სხვა ურთიერთობა.

ეს არის, ბატონებო, ეს გაწუხებთ თქვენ, ეს აწუხებს თქვენ თავად-აზნაურობას. ასე სთქვით და მაშინ გვეცოდინება. (კედია უკმაყოფილებას გამოსთქვამს!) მე პირადად თქვენზე არ ვამბობ ბ. კედია, მაგრამ თქვენი პარტიული წარმომადგენლები და ბ. ნიკო თავდგირიძე, რომლის საბუთებით თქვენ აქ ხელმძღვანელობთ და გამოდიხართ ასე მაგრად, ამაზედ მეტი არაფერი არ აწუხებთ, გარწმუნებთ თქვენ. ახლა ნაცვლად ამისა, ეუბნებით, რომ ჩვენ დავანგრიეთ, არაფერი არ გავაკეთეთ და ამით ამხედრებთ ხალხს. ასევე ამხედრებენ დენიკინელები, ამასვე ლაპარაკობენ ეკატერინოდარიდან დაწყებული სოჭამდი ჩვენი მტრები. ამ საერთო ცეცხლში აგდებენ თავის მუგუზალს ეროვნულ-დემოკრატები. პირდაპირ გასაოცარია მათი ქცევა!

მე აქ მოგიყვანთ ერთ ადგილს ერთი დოკუმენტიდან, ეს არ შემიძლიან დავმალო, რადგანაც ეს არის მათი credo. აი ამითი გამოდიან საარჩევნოთ, აი რას ამბობენ, ეს არის მეტი ყურადღების ღირსი. იგინი ამბობენ: (კითხულობს) „სოხუმის ოლქში განსაკუთრებით სიფრთხილით უნდა მოეპყრან მცხოვრებლებმა არჩევნებს (ეს მოწოდებაა აფხაზეთის საბჭოში). აქ ჩვენ ვცხოვრობთ აფხაზეთის ტერიტორიაზე. როგორადაც მეტ-რიცხვოვანი არ იყვნენ სხვა ეროვნებათა მცხოვრებლები აფხაზებზე, უკანასკნელთ მაინც აქვთ უფლება უპირატესობისა, რომლისთვინაც მათი წინაპრები სისხლს ღვრიდნენ. როგორიც უნდა არ დარჩეს არჩევნების შედეგი ამ სამართლიანი უფლების წინააღმდეგ, ეს მათში ბუნებრივ გულისწყრომას და გაბოროტებას გამოიწვევსო... ამისათვის ხმა მიეცით ჩვენს მე-4 № სიასაო“. (ხმა: რა მოხდა ფაქტიურად?) რა მოხდა? (ხმა: აფხაზეთს ზურგი შეუქციეთ). ეს დასწერა ეროვნულ-დემოკრატიის პარტიის საუკეთესო წარმომადგენელმა ნიკო თავდგირიძემ თავისი ხელით. ეს კი, ჩემის აზრით, წმინდა წყლის პროვოკაციაა და გულწრფელად გეტყვით, როდესაც მან ეს დასწერა, მაშინ მე საგანგებო კომისარი ვიყავი და მინდოდა დამეჭირა და გადამესახლებინა, მაგრამ გადამირჩა შემთხვევით (გვაზავა: სირცხვილია ამაზე ტრიბუნიდან ლაპარაკი!).

თავმჯდომარე. უკაცრავად, ბატონო, კათედრის ღირსების დაცვა მიანდეთ თქვენს თავმჯდომარეს.

ჩხიკვიშვილი. რადგანაც ის მაშინ იყო თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტისა პრინციპიალური მოსაზრებით არ მოვიმოქმედე ეს. მაგრამ ჩავყვეთ ქვევით ეროვნულ-დემოკრატების მოწოდებას. მეოთხე გვერდზე სწერენ: „აი აირჩიეთ ჩვენი კანდიდატები ე. ი. ისეთი წარმომადგენლები, რომლებიც დაიცავენ თქვენს ინტერესებსო. აქედან გამოქვეყნდა მათი სულის კვეთება. ასეთი კანდიდატებია: პირველი - (კითხულობს) „ნიკო თავდგირიძე - საზოგადო მოღვაწე, მცხოვრებთა კარგი ნაცნობი თავის მუშაობითო“. თავის „მუშაობისათვის“ კი, როგორც მოგეხსენებათ, ის დემოკრატიული აფხაზეთიდან ტრაგიზმით გამოდევნეს. მეორე - ანჩაბაძე, ექიმი, რომელმაც იმ წუთშივე განცხადება შეიტანა მთავარ საარჩევნო კომისიაში და თავის გამორიცხვა მოითხოვა, - არასოდეს თქვენთან არ ვყოფილვარ, არც ვიქნები და ჩემი გვარი მაგათთან არ უნდა იყოსო. (ასათიანი: შეშინებია!) (ჩხიკვიშვილი: მართალია, მაგრამ მხოლოდ თქვენი ბ. ასათიანო!) მესამე - შერვაშიძე ჯოტო, რომელსაც მოწოდება სახელის გასაკეთებლად „ცნობილ დელეცს“ ეძახის. (სიცილი სოციალ-დემოკრატების სკამებიდან) ნუ იცინით. ეს „დელეცი“ სუყველა ეროვნულ-დემოკრატებს სჯობიან, როგორც საქართველოს ორიენტაციის დამცველი და როგორც ჩვენი ერთგული მოქალაქე, ეს საუკეთესო წარმომადგენელი არის ყველა მაგათში, მაგრამ მე მოვიყვანე, როგორც დამახასიათებელი იმისა, თუ როგორ ესმით მაგათ სიტყვა „დელეცი“.

ყველა ეს არაფერი არის იმასთან შედარებით რაც ცოტა ქვევით არის, ჩაწერილი: (კითხულობს. „ხაკი ავიცბა - სახელ განთქმული აფხაზეთის გლეხ-კაცობაში მოღვაწე და გაბედული დამცველი ამხანაგების ინტერესებისა“) ბატონებო! კატეგორიულად ვაცხადებ ამ ტრიბუნიდან, და ეს უკვე დამტკიცებული არის იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტებიდგან, რომ ის ხაკი ავიცბა პასუხის გებაში არის მიცემული ღალატისათვის. თათრების აგენტობისათვის ეს ვაჟბატონი იყო გაგზავნილი პირველ აფხაზეთის საბჭოს მიერ ბათუმში სხვებთან ერთად, როგორც პარლამენტიორი, რომ საბჭოს სახელით გადაეცა თათრებისათვინ, თქვენი არაფერი გვინდაო ჩვენ საქართველოს ნაწილი ვართო, ნაცვლად ამისა კი ის გაეპარა ამხანაგებს და მეორე თათრების დესანტი მოიყვანა აფხაზეთში. მოკლედ, დღეს ეს არის მტერი აფხაზეთის დემოკრატიისა და ყოველგვარ პროგრესიულ მიმდინარეობისა, იყო, არის და იქნება მტერი საქართველოს დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის. ერთ-ერთმა ეროვნულ-დემოკრატიის პარტიის წარმომადგენელმა მე ოფიციალურად გამიცხადა და თუ გნებავთ გვარსაც დაგისახელებთ იმ კაცისას, რომ ყოვლად შეუძლებელია ამისთანა თათრის აგენტების სიაში ჩაწერა, რა ქნა ამ „გადარეულმა თავდგირიძემ“. ამას სიტყვა სიტყვით გადმოგცემთ. მე გეკითხებით თქვენ როგორ უნდა გაიგოს ეს ხალხმა, ვინაიდან ხალხი იცნობს მას, როგორც თათრების აგენტს და არა როგორც საქართველოს დემოკრატიის, დამცველს. ხალხმა იცის, რომ ის თათრის აგენტია, რომ ის თათრის დესანტის მომყვანია აფხაზეთში და ეროვნულ-დემოკრატები ეუბნებიან - კოლია, ჩაიწერეთ სიაში და ჩვენ მოგვეცით ხმაო. შეიძლება თავდგირიძეს და მისი ამხანაგების ინტერესებს თათრები უფრო იცავდნენ, მაგრამ ხალხი ან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და მისი დამოუკიდებლობა რა შუაშია, რაც მუდამ ენაზე გაკრავთ ბ. ბ. ეროვნულ-დემოკრატებო! როდესაც ხალხს ეუბნებიან ეს გაბედული დამცველია თქვენი ინტერესებისაო, მე გეკითხებით თქვენ, რომელი დენიკინელი ამბობს ამაზე მეტს ჩვენს, წინააღმდეგ? არც ერთი.

როდესაც ასეთი სასირცხო დოკუმენტი არსებობს თქვენი სოხუმელი ორგანიზაციის მიერ შედგენილი ბ. ეროვნ.-დემოკრატებო, მაშინ თქვენ არ უნდა გამოხვიდეთ ასეთ შეკითხვით, რომელიც თვით თქვენვე გასამარებთ. მეორე საკითხი თქვენი ინტერპელიაციისა კონსტიტუციის საკითხია. გინდათ ეს გაბედოთ და მოგვაჩვენოთ, რომ აფხაზეთი თითქო ჩვენ გვეყოფა და სხვაგან მიდის. შეიძლება ეს თქვენ გინდოდეთ, მარა თქვენდა საუბედუროთ ეს ასე არ არის. საბჭოს გონიერი ნაწილი, რომელიც ნამდვილი წარმომადგენელია აფხაზეთისა კონსტიტუციის პროექტს იმუშავებენ. ისინი მხოლოდ თავის აზრს, ადგენენ წარმოადგენენ აქ ჩვენ საკონსტიტუციო კომისიაში გადასამუშავებლათ. როდესაც აუხსნით, დაარწმუნებთ იმაში რაც იმათთვის ხელსაყრელი არის, ერთი სიტყვით, როცა მათი ინტერესები დაკმაყოფილებული იქნება, იგინი ამით მადლიერი დარჩებიან და იმასვე მიიღებს აფხაზეთის საბჭოც და მისი წარმომადგენლებიც. თქვენ აქ მოგახსენეს, რომ დღევანდელი საბჭო არ არის ჩვენი ორგანიზაციისაო. ის არ არის მართალი კატეგორიულად ვაცხადებ მე. საბჭოს ნახევარზე მეტი ჩვენი ორიანტაციისა არიან, და ჩვენი ორიანტაციისა არიან მარტო ჩვენი სიყვარულის გამო კი არა, არამედ, იმიტომ, რომ ჩვენი ორიენტაციის დაცვა არის იმათი დემოკრატიის ინტერესების დაცვა. რადგანაც მთელი დემოკრატია აფხაზეთისა, განურჩევლად ეროვნებისა ამ გზით მიდიოდნენ, მათ ჰქონდათ, პლატფორმა და ეს პლატფორმა იყო ავტონომიური აფხაზეთი, მაგრამ განუყოფელი ნაწილი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკისა. შეიძლება ეს ვისმეს არ მოსწონს მაგრამ ჩვენ ყოველ ღონისძიებას ვიხმართ, რომ აფხაზეთმა თავისი შინაური საქმეები რაც შეიძლება კარგათ დააკმაყოფილოს. ჩვენ არაფერს დავიშურებთ ამისთვის, მივცემთ ფულს მათ განკარგულებაში, კაცებს გაუგზავნით, გავგზავნით ჩვენ ჯარს. არავითარ ღონისძიებას არ ვიშურებთ, ყველა იმას ვისაც რაც საჭირო ექნება მომავალში. მაგრამ წინ და წინ აუხირდეთ და ვეჩიჩინოთ ამასა რა შვრებითო, - ეს უჭკოობის და უტაქტობის გარდა, მე მგონია ზარალის მოტანაც არის ჩვენთვის.

ენის შესახებ მთავრობამ მოგახსენათ, რომ დამოკიდებულება ჩვენსა და მათ დაწესებულებათა შორის, სახელმწიფო ენაზე არსებობს, მაგრამ თქვენ ამბობთ, რატომ იქაურ დაწესებულებაშიაც საქმეს არ აწარმოებენ სახელმწიფო ენაზედ. ეს მართალია, რომ წარმოება არსებობს არა ქართულ ენაზე, არა სახელმწიფოებრივ ენაზე, არამედ იმ ენაზე, რომელი სახელმწიფოს ნაწილი აფხაზეთი არც დღესა და არც მომავალში იქნება, მაგრამ ამასთანავე მეტი ნაწილი ხალხისთვის და საზოგადოებისთვის უფრო გასაგები ენა არის. ეს არის რუსული ენა. ჩვენ ამის წინააღმდეგ არაფერი შეგვიძლიან ვსთქვათ, და მე მგონია, მანამ, სანამ თვით აფხაზეთის საბჭო არ შეიძლებს ქართულ სახელმწიფო ენის გამოყენებას იმ მიზნისთვის, რისთვისაც საზოგადო ენა არსებობს, მანამ არ შეიძლება ვაიძულოთ უსათუოდ ქართულ ენაზე ილაპარაკეთ და სწერეთო. ეს უნიადაგო მოქმედება იქნებოდა და წინააღმდეგ შედეგებს მოგვცემდა, ჩვენ ასეთ პოლიტიკას ვერ ვაწარმოებთ. ეს ასე ხდება, მაგრამ ამაში არა ბუნებრივი და არა სახელმწიფოებრივი და ჩვენი საწინააღმდეგო არა არის რა.

ფულების გაფლანგვის შესახებ არის ლაპარაკი შეკითხვაში; ეს კი საზოგადოდ იმგვარი საკითხია, რომ თუ დაისვა ეს საკითხი ვინც რა იცის ყველამ უნდა სთქვას, იმიტომ რომ ჩირქის მოცხება ადვილია. მე ვიცი კერძოდ რაზეა ლაპარაკი. როდესაც აფხაზეთის საბჭო დათხოვნილი იყო, მაშინ დარჩა იმათგან მომუშავე სამი-ოთხი კაცი, ერთი იყო ექიმი ვარლამ შერვაშიძე, რომლის პატიოსნებაში, როგორც საზოგადო მოღვაწისა, როგორც მემარცხენე დემოკრატი მოღვაწისა, არასოდეს ეჭვი არავის არ შეუტანია; ყოვლად პატიოსანი, უმწიკვლო საზოგადო მოღვაწეა ეს ვარლამ შერვაშიძე, ის იყო თავმჯდომარე ნომინალურად და იმ დროს, როდესაც ყოველ მხრივ იმას სდევნიდნენ ჩვენი მტრები, უწამლავდნენ პირდაპირ არსებობას, გაზეთში უწერდნენ ცილის წამებას, ყოველგვარ ინსინუაციებს, ის სხვა საქმეებთან ერთად ასრულებდა თავის მოვალეობას. აი სწორედ იმ დროს მიუღია ვიღასაც იქ ფული სესხის სახით, ერთ ხაზინადარს და მეორე კერძო პირს. უნდა მოგახნენოთ, რომ ამ სახით ფულის გაცემა სესხად მართლაც შეუძლებელი არის, მაგრამ აქ არავითარ ბოროტმოქმედებას არავითარ მიკერძოებას, არავითარ მოპარვას და ან სხვა რამეს ადგილი არ ჰქონია. (კედია: ეს არც გვითქვამს!) და ესეც უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი მთავრობის წარმომადგენელმა ისიდორე რამიშვილმა, რომელიც თქვენ ესე არ გიყვართ, პირველად შენიშნა შერვაშიძეს, რომ ეს ასე არ შეიძლება, უნდა გამოასწოროთ ეს საქმეო და იმან გამოასწორა კიდეც მოკლე ხანში. პირველად მე მიუთითე იმ მაგალითზე, რომელზედაც აქ ლაპარაკი იყო ერთ შემთხვევაში. მეორე კი ჯოტო შერვაშიძეს შეეხება, რომელიც შეძლებული კაცია და ბევრი ფული დაუხარჯავს თავისი საბჭოს მოსაწყობად და შემდეგ, როცა ეს ფული მას მისცეს ამის ასანაზღაურებლად, ამაზე ასტეხეს განგაში დემიანოვებმა და დღეს მათ ეროვნ.-დემოკრატები უერთდებიან. მაგრამ ეს სიცრუეა, და ამის აქ გამოტანა საჭორიკანოთ მხოლოდ ჩვენი ოპოზიციის სიკოტრეს მოასწავებს.

მეტი საყურადღებო ეროვნულ-დემოკრატების შეკითხვაში არაფერია. დასკვნა კი შემდეგია: აფხაზეთის საკითხი ფრიად სერიოზულია, მრავალ სხვა და სხვა ინტერესებით და ეროვნებებით დასახლებულ კუთხეში მუშაობის დროს დიდი სიფრთხილე არის საჭირო, საჭიროა მუდამ მუშაობა წინდახედული, რადგანაც ეს ძალიან დიდი საპასუხისმგებლო საქმე არის. არაფერს აქ ისეთ საშურს აქ ადგილი არ ჰქონია, როგორც წარმოუდგენიათ ეროვნულ დემოკრატებს, არც ჩვენთვის არც აფხაზებისთვის. იქაური ხალხი, მე ვამბობ გლეხებზე დემოკრატიის უმრავლესობაზე, რასაკვირველია ლოიალური არის და ჩვენი ორიენტაციის მომხრე, მომხრე ჩვენ ფარგლებში ავტონომიურად მოწყობისა, ისე, რომ მათი ინტერესები ჩვენ ინტერესებს არ ეწინააღმდეგებიან. წინააღმდეგის წერა და ლაპარაკი, დასაგმობია; ასეთი წასისინება, დაპირდაპირება აფხაზებისა და ქართველებისა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის წინააღმდეგ, ძალიან დიდ ზარალს აყენებს სახელმწიფოს და ჩვენ დემოკრატიულ რესპუბლიკას, და თუ მაინც ასე იქცევით, მემარჯვნეები, მაშინ მაინც ნუ იტყვით სახელმწიფოს ვიცავთო, სახელმწიფოსთვის ვიბრძვითო და სხვა. მე ამას ვამბობ, იმოტომ, რომ თქვენ ამაზე მუდამ ასეთი დასაგმობი ენით ლაპარაკობთ; ერთის მხრით ლაპარაკობთ აფხაზეთის და საქართველოს ვითომდა დასაცავად და მეორეს მხრივ ქართველების აფხაზების წინააღმდეგ დაპირდაპირებაზე ცდილობთ; ამით ვნებას მოუტანთ სახელმწიფოს და ქართველ ერს და სამსახურს მხოლოდ მტრებს უწევთ.

თავმჯდომარე. არის წინადადება ერთ საათით გაგრძელდეს სხდომა. წინადადება მიღებულია. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს შენგელაიას.

ლეო შენგელაია. (ს.-რ.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! ერთი ხანია, რაც საქართველოს დემოკრატიის ყურადღება მიპყრობილი არის განაპირა ოლქებისა და მაზრებისაკენ. ერთი ხანია, რაც ჩვენი რესპუბლიკის ამ ნაწილებში ფრიად მნიშვნელოვანი ამბები ხდება. ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მტრებს მოაქვთ სისტემატიური იერიშები ჩვენს წინააღმდეგ. ეს ადგილები გახდა მათთვის ხელსაყრელი არა მარტო სტრატეგიულად, არამედ პოლიტიკურადაც. დიახ, პოლიტიკურადაც. მწუხარებით აღვნიშნოთ, რომ ასეთი მდგომარეობის შექმნაში წილი უდევს აგრეთვე ჩვენ მთავრობასაც. ჩვენმა მთავრობამ სამწუხაროდ თავიდანვე ვერ გამოიჩინა საჭირო ტაქტი და უნარი განაპირა ოლქების ცხოვრების მოსაწესრიგებლად. ის თავისებური მდგომარეობა, რომელშიაც განაპირა ოლქები იმყოფებიან მოითხოვდნენ განსაკუთრებულ ყურადღებას. მთავრობას თავის განსაკუთრებული ზრუნვით უნდა შეეყვარებინა განაპირა ქვეყნების მცხოვრებთათვის ჩვენი რესპუბლიკისა, უნდა საქმით განემტკიცებია, ჩვენი ორიენტაცია. განაპირა ოლქებში მთავრობა სისტემატიურად აგვიანებდა სხვა და სხვა რეფორმებს, გზავნიდა უნიჭო პროპაგანდისტებს და უხეშ ადმინისტრატორებს. მთავრობის განაპირა ოლქებში არავითარი გარკვეული ხაზი არ ჰქონია, არ ჰქონია გონიერი, მიზანშეწონილი გეგმა მოღვაწეობისა. ასეთმა პოლიტიკამ დიდი ზიანი მოგვიტანა ჩვენ, ბატონებო, ზოგიერთი ადგილები, როგორც იცით, აჯანყდნენ, ზოგიერთი ადგილების მდგომარეობა, ჯერ კიდევ გამოურკვეველია, ასეთი არის სოხუმის ოლქი, რომელზედაც აქ იყო ლაპარაკი, იქ დღეს ფრიად სერიოზული მდგომარეობა არის. სოხუმი კარგა ხანია დაიყო ორ ბანაკად: ერთის მხრივ დგანან დენიკინის მიმდევრები, მეორეს მხრივ ჩვენი ორიენტაციის მომხრენი. აფხაზეთის რეაქციონერებს ასკერების საშუალებით სურდათ აღედგინათ ძველი ბატონობა. ამ რეაქციონერებს მკერდში უდგას აფხაზეთის ნაციონალისტური ინტელიგენცია, თუ საერთოდ შეიძლება ლაპარაკი აფხაზეთის ინტელიგენციაზე ეს ჯგუფი აქა იქ პოებს ერთგვარ გამოძახილს შეუგნებელ მასაში. ამაშია მთელი სირთულე მდგომარეობისა. აფხაზეთის საბჭოში არის ორი ფრაქცია, რომელიც მოითხოვს აფხაზეთის განცალკევებას, ეს ფრაქციები არიან გლეხების მიერ არჩეული, რა თქმა უნდა აქ დიდი მნიშვნელობა აქვს პირად გავლენას, და საერთოდ იმ პატრიარქარულ ურთიერთობას, რომელიც არსებობს იქ, ეს არ უნდა დავივიწყოთ ჩვენ, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენმა მთავრობამ თავის შეცდომებით ხელი შეუწყო „დამოუკიდებელთა“ მოღვაწეებს, დღევანდელ პოლიტიკურ მომენტში საჭიროდ არ მიმაჩნია ვრცლად შევეხო ამ პოლიტიკას, მოვიყვან მხოლოდ რამოდენიმე ფაქტს. თქვენ მოგეხსენებათ თუ როგორ იდგა მიწის საკითხი აფხაზეთში. იქ მშრომელმა გლეხობამ მოითხოვა მთელი მიწის მშრომელთა ხელში გადაცემა, ამ მიწების ყიდვა გაყიდვის გაუქმება, ასეთი რეზულიუციები გამოუტანიათ იქ გლეხთა საბჭოებს არა ერთხელ და წარმოიდგინეთ დღეს არა თუ ეს რეფორმა გატარებული არ არის, პირველი საფეხური რეფორმისა - მიწის ჩამორთმევაც დამთავრებული არ არის! რაც შეეხება საერობო დაწესებულებებს, რომლის შესახებ ბრძანა აქ ჩხიკვიშვილმა, ეს საერობო დაწესებულებანი ჩვენ შემოვიღეთ მხოლოდ უკანასკნელ თვეში. თქვენ იცით, ბატონებო, რომ ფართო მასსა პარაქტივის ხალხი არის, მისთვის გაუგებარი არის ყოველგვარი ორიენტაცია, გარდა ერთი ორიენტაციისა. ეს ორიენტაცია გახლავთ მათი კეთილდღეობის და პირადი ცხოვრების გაუმჯობესობისა. საუბედუროდ ჩვენ აქ მოვიქეცით, როგორც ბატონები, ჩვენ სისტემატიურად ვიგვიანებდით, ყველაფერს თავის დროზე არც ერთი რეფორმა არ გაგვიტარებია. მოგახსენებთ მეორე ფაქტს: ბოლშევიკების აჯანყების შემდეგ მთავრობამ მცხოვრებლებს იარაღი აჰყარა ყველას გარდა ბერძნებისა, მხოლოდ ბერძნებს ჰქონდათ იარაღის ტარების ნება. ამან ხელი შეუწყო სხვა და სხვა ურთიერთ დამოკიდებულების გამწვავებას. ბოლოს იქამდის მივიდა საქმე რომ ამ შეიარაღებულმა ბერძნებმა მეგრელებს თავს დაესხნენ. ყველა ასეთი ნაბიჯებით, რასაკვირველია, უხვად სარგებლობდენ დენიკინის მიმდევრები და ყოველი ასეთი შეცდომები ამაგრებდა მათ პოზიციას. შემდეგ თქვენ იცით, ბატონებო, იქ მთავრობამ მოიწვია სახალხო საბჭო, რომელმაც გამოჰყო საკუთარი მთავრობა და ჩვენის აზრით აქაც არის დიდი შეცდომა, მაგრამ ვიდრე ამას მოგახსენებდეთ, მე მინდა მოგახსენოთ ჩვენი აზრი ნაციონალიზაციის შესახებ. აქ ლაპარაკობენ ნაციონალიზაციაზე, მაგრამ სამწუხაროდ ივიწყებენ აფხაზეთის სინამდვილეს. აფხაზეთში მეტად ენერგიულ და დამგრევ მუშაობას აწარმოებდა ვოსტორგოვის მიმდინარეობა. მათმა პოლიტიკამ, მათმა მუშაობამ მაგრად გაიდვა ფესვები აფხაზეთში. წარმოიდგინეთ აფხაზეთში ნაკლებად ლაპარაკობენ ქართულს და თითქმის უმრავლესობა რუსულად ლაპარაკობს. ეს ხდება არა მარტო თვით აფხაზეთში, ეს ხდება სამურზაყანოშიაც, სადაც უმრავლესობა მეგრელები არიან და იქ სადაც უმრავლესობა ლაპარაკობს არა ქართულად, იქ ნაციონალიზაციის გატარება ერთი დაკვრით, ასე ვსთქვათ ურა ნაციონალისტური პოლიტიკის გატარება დიდ ზიანს მოგვიტანს. ჩვენის აზრით ნაციონალიზაცია გატარდება არა ზევიდან, არამედ ქვეიდან, ეს უნდა იკისროს ერობამ. მათ უნდა შემოიღონ ქართული სკოლები, თუმცა სამწუხაროდ ყველა ერობები არ სდგანან დღეს ჩვენი ორიენტაციის ნიადაგზე. დღეს აფხაზეთი მეტად ორჭოფული მდგომარეობაში არის, ამ ორჭოფულ მდგომარეობას დიდი ხანია ჩაეყარა საფუძველი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ძველი საბჭო იყო. ამ ძველ საბჭოსთან ჩვენმა მთავრობამ დასდო ხელშეკრულება, რომელიც ყოველნაირ უფლებებს ანიჭებდა აფხაზეთს და არავითარ უფლებას არ ანიჭებდა საქართველოს. აი, სწორედ აქ არის დასაწყისი იმ გაუგებრობისა, რომელიც აფხაზეთში არსებობს დღეს, ეს არის უდიდესი დანაშაული ჩვენი მთავრობისა. ამ ხელშეკრულობაში არის არა ერთი ბუნდოვანი მუხლი, ამ მუხლების მიხედვით ამბობენ, რომ აფხაზეთი უკვე დამოუკიდებელიაო, ჩვენ მთავრობაში იყო აფხაზეთის წარმომადგენელი, რომელსაც ზოგიერთი აფხაზები მინისტრს კი არ უწოდებდნენ, არამედ უწოდებდნენ დიპლომატიურ წარმომადგენელს საქართველოს მთავრობასთან. ეს არის ბრალი იმისა, რომ თავიდანვე არ იყო აღებული გარკვეული ხაზი, გარკვეული გეზი ჩვენი მთავრობის მიერ. დღეს მდგომარეობა ასეთი არის, მთავრობამ უკვე მოაწყო სახალხო საბჭო, სახალხო საბჭომ უკვე გამოჰყო თავისი მხრიდან თავისი მთავრობა, ახალი მთავრობა და ჩვენი აზრით აქ არის მეორე შეცდომა, რომელიც ჩვენმა მთავრობამ ჩაიდინა, ჩვენის აზრით დიდი შეცდომა არის, რომ პარალერულად საქართველოს დამფუძნებელ კრების მოწვევასთან, იყო მოწვეული აფხაზეთის საბჭო, ვინაიდან მთავარი საკითხი ჩვენი ორიენტაციის საკითხი არის და ამ საკითხის გამორკვევა კი შეიძლებოდა უფრო რომ მარტივად, თუნდაც რეფერენდუმის სახით. ეხლა კი რას ვხედავთ? როგორია დღევანდელი პოლიტიკური ვითარება აფხაზეთში? - მას აქვს უზენაესი საკანონდებლო ორგანო, ეს არის სახალხო საბჭო, მას აქვს თავისი ტერიტორია, ჰყავს თავისი მთავრობა, ესე იგი ყველა ელემენტები დამოუკიდებელი სახელმწიფოსი, რა თქმა უნდა ასეთი მდგომარეობა ფრთებს ასხავს აფხაზების დამოუკიდებლობის მომხრეებს, მათი აზრით აფხაზეთი უკვე არის დამოუკიდებელი. ამიტომ ჩვენის აზრით დღეს ამ ტრიბუნიდან უნდა ითქვას თუ როგორ გვეხატება აფხაზეთის მომავალი, როგორ უყურებთ აფხაზეთის საკითხს. აფხაზეთის დამოუკიდებლობა არის აბსურდი, დამოუკიდებელი აფხაზეთი მეორე დღესვე გვერდში ამოუდგება დენიკინს, იქ ჩვენის აზრით არავითარი ცალკე მთავრობა საჭირო არ არის. არ არის საჭირო არც ისეთი ორგანო, რომელსაც დამფუძნებელი კრების ფუნქციები ექნეს, როგორც დღეს არის. მაშასადამე, ჩვენი აზრი ასეთი არის: აფხაზეთს უნდა მიენიჭოს ფართო ავტონომია უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ორიენტაცია მხოლოდ და მხოლოდ შეგვიძლიან განვამტკიცოთ ჭეშმარიტი ინტერნაციონალურ პოლიტიკის წარმოებით და რევოლიუციის სოციალური გაღრმავებით. მხოლოდ ამით გავიმარჯვებთ.

თავმჯდომარე. წინადადება არის შესწყდეს კამათი. სიტყვა ეკუთვნის კედიას.

სპ. კედია. რასაკვირველია, მე წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ კამათი შესწყდეს, ჩვენ მოვითხოვთ მოგვცეთ საშუალება ვილაპარაკოთ საპასუხოდ, რაც ითქვა ჩვენი შეკითხვის შესახებ.

სვიმონ მდივანი (ს.-ფ.) ბატონებო! ამ შეკითხვას ადგილი არ ექნებოდა, რომ ჩვენ, მე ჩემ თავსაც ვასახელებ, როგორც ფრაქციის წარმომადგენელი, რომ ჩვენ არ გვქონდეს მართლაც შეცდომები. მაგრამ ეს შეცდომები სრულიად იმ ხასიათისა არ არიან, როგორც აქ მიგვითითებენ შეკითხვის შემომტანელნი. ჩვენი სისუსტე არა იმაში გამოიხატება, რომ ჩვენ იქ გვინდა დავამყაროთ სრული შინაური თვითმმართველობა, მივცეთ საშუალება აფხაზეთს თავისი შინაური საქმეები აწარმოოს, ჩვენის აზრით ჩვენი შეცდომები იყო თავიდანვე იმაში, რომ მათ რაღაცა ილიუზიები გაუჩნდათ და ეს ილიუზიები სწორედ, აქ ცოდვა უნდა გამოვამჟღავნოთ, წარმოშობილია უეჭველად ჩვენი შეცდომით გადადგმულ ნაბიჯებიდან.

არ მინდა სახელდობრ დავასახელო, - არის რამოდენიმე აქტები, რომლითაც ჩვენ თავიდანვე შეცდომები ჩავიდინეთ. ყოველი ის, რაც ხდება დღეს აფხაზეთში, აი სწორედ იქიდან წარმოიშვა. პირველს, თუ გნებავთ, დავასახელებ - გამოიხატება იმაში, რომ დავდევით პირობები იმ ხალხთან, რომელთაც არავითარ უფლებებზე არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდათ და ვსთქვით - პირობით შევეკარითო. მე ვლაპარაკობ საერთოდ, ეს საყვედური არ არის მიმართული არც მთავრობის მიმართ, არც მმართველ პარტიის მიმართ, ვინაიდან იქ ხელი გვიწერია ჩვენც. მე ვლაპარაკობ, რომ ეს იყო ჩვენი დიდი შეცდომა, ასეთი აქტი არ უნდა დაგვედო, ვინაიდან ჩვენ გვაქვს და ჩვენ გვქონდა საქმე ერთგვარ მოვლენასთან. არის აფხაზეთი, არის ტერიტორია აფხაზეთისა, ამ ტერიტორიაზე უნდა შევქმნათ ერთგვარი მმართველობა და როდესაც ჩვენ ასეთი ორგანო შევქენით, იქაც შეცდომა ჩავიდინეთ, რომ დავარქვით ეროვნული საბჭო არა აფხაზეთისა, არამედ აფხაზებისა.

თუ კი აფხაზეთი წარმოადგენს ტერიტორიას და არა ხალხს, ასეთი სახელის ტარება თვით ამ საკანომდებლო ორგანოსთვის ყოვლად შეუძლებელია. მაშინ, როდესაც თვით აფხაზეთში გადადგმული იყო ერთგვარი გადაჭრილი ნაბიჯი და იყო ზომები მიღებული, რომ საქმეს მიეღო კანონიერი მსვლელობა, რომ არ დაზიანებულიყო არც აფხაზების და არც დემოკრატიის ინტერესები, ზომები იყო მიღებული ჩვენ აქედან ჩავრეოდით, ჩვენ ეს ზომები გავაქარწყლეო.

რასაკვირველია, ყველა ამით შეიქმნა ისეთი გარემოება, რომ აფხაზეთში დღეს ბატონობენ ზოგიერთ საკითხში მაინც ისეთი ხალხი, რომელსაც არაფერი საერთო არა აქვს არც აფხაზეთის ტერიტორიასთან, არც ქართველ ხალხთან. როგორ შეიძლება კაცმა წარმოიდგინოს, რომ იმან, ვისაც უნდა აფხაზეთი საქართველოს ფარგლებში, სთქვას - სოხუმის თვითმმართველობაში უეჭველად უნდა დარჩეს რუსული ენაო, ვინაიდან ხალხმა ქართული ენა არ იცის, იმისთვის აქ უნდა დარჩეს რუსულიო. ეს აშკარა არის, რომ, როდესაც ქალაქის თვითმმართველობაში დაისმის საკითხი, თუ ვის მივცეთ უპირატესობაო, უპირატესობა ეძლევა რუსულ ენას. რატომ არის ეს? იმიტომ, რომ იქ არის ის ელემენტები, რომელთანაც ჩვენ მოლაპარაკება გვქონდა, როგორც აფხაზეთის წარმომადგენლებთან. მე არ ვასახელებ მათ გვარებს, რადგანაც ყველამ იცით.

აი სწორედ აქედან წარმოიშო ჩვენი ყოველი არევ-დარევა. გარდა ამისა ეროვნულ-დემოკრატები, რომ გვისაყვედურებენ, თქვენ წოდებები ვერ დააკმაყოფილეთო, ამ მხრივ ისინი მართალნი არიან. ჩვენ წოდებების წარმომადგენლებთან არავითარი საქმე არ გვქონია, მაგრამ ჩვენ ვერ გავბედეთ გადაჭრით ყოველივე კავშირი მათთან შეგვეწყვიტა, აქედან წარმოიშვა, რომ ალექსანდრე შერვაშიძე ხან ფიქრობს, რომ შეიძლება დენიკინს მიმართოს. აქედან წარმოიშვა ის მდგომარეობა, რომ მესამე კანდიდატი ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიისა, რომლის შესახებ ბატონმა ჩხიკვიშვილმა აქ სავსებით სრული ცნობა მოგვაწოდა, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის სიაში მოჰყვა. მე მგონია თავიდანვე, რომ ყოფილიყო ზომები მიღებული, თავიდანვე, რომ აშკარა ნაბიჯი გადაგვედგა - ასეთი მდგომარეობა არ შეიქმნებოდა, - რომ კაცი, რომელსაც მოჰყავს ოსმალოს ჯარი აფხაზეთის დასანგრევად, ის საქართველოს მომქმედ პოლიტიკურ პარტიის სიაში ირიცხებოდეს და იმის წინააღმდეგ ჩვენ არავითარ ზომებს არ ვღებულობდეთ.

აი აქ უნდა მოუწოდოთ ჩვენ მთავრობას, რომ ასეთი მოვლენები აღარ განმეორდეს.

აი სწორედ ჩვენ უნდა ვეძებდეთ და ვცდილობდეთ, რომ როცა ამისთანა მოვლენებს აქვს ადგილი, ჩვენ უნდა ულმობლად და შეურიგებლად მივიღოთ იმის წინააღმდეგ ზომები, თუგინდ დაისაჯოს მთელი აფხაზეთი და გადიქცეს აბრაგად.

მთელი აფხაზეთის თავად-აზნაურობა თუ გინდ ყველა აბრეკებათ, თუგინდ ყაჩაღებად გადაიქცეს, თუგინდ წერილები მისწერონ კლემანსოს, ლლოიდ-ჯორჯს და ყველას, მაინც ჩვენ მათ წინააღმდეგ სასტიკი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, და თუ ამას არ ვაწარმოებთ, ყველასთვის ეს უბედურობა იქნება, და ასეთი უბედურობა დატრიალდა უეჭველად აფხაზეთში. როდესაც ასეთ ლაპარაკზე შევჩერდებით და სასტიკ ზომებს გავატარებთ, მაშინ, მერწმუნეთ მე თქვენ, რომ არავითარი შეკითხვა აქედან არ იქნება, ვინაიდან ეს შეკითხვა არის შედეგი იმისა, რომ ჯერ კიდევ ვერ გადაგვიწყვეტია, თუ როგორ უნდა მოვექცეთ იმ ხალხს, რომელიც არის მეთქი მოტრფიალე ან უკვე არ არსებულ წოდებისა.

ამიტომ ისევე უნდობლად მოვეპყრობით იმათ, ვინც არიან გადმოხვეწილნი რუსეთიდან და თავი მოიკალათეს აფხაზეთში და ყოველივე თავის ყველა გრძნობას იქ ავრცელებენ, და იმავე დროს ჩვენ მათთან მოლაპარაკებას ვმართავთ. ამაში არის ჩვენი დანაშაულობა. თუ მართლა ჩვენ მივეცით ის რაც ჩვენი დემოკრატია დაჰპირდა და ჩვენი მოვალეობა შევასრულეთ, მაშინ აფხაზეთის მდგომარეობა გამოირკვევა ისე, რომ ერთი სახელმწიფოებრივი ინტერესი გვექნება. არც სახელმწიფო ენა იქნება დაჩაგრული, არც სახელმწიფოს ქონება იქნება გაფლანგული, არც არავითარი შური და შურისძიება იქნება იმ ტერიტორიაზე მეგრელების და აფხაზეთის შორის.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს კედიას.

სპირიდონ კედია. (ნ.-დ.) მოქალაქენო! აფხაზეთის საკითხი თქვენი ყურადღების საკითხად უნდა გავხადოთ დღევანდელ სხდომაზე. თქვენ კარგათ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა განაპირა მხარეებში, საზოგადოდ, უაღრესად დაზიანებულია. თქვენ კარგად იცით, რომ მთავრობის ძალა და ენერგია, როგორც კაცით, აგრეთვე ფულითაც ამ განაპირა კუთხეებში იხარჯება. აგერ, მეორე წელიწადია, ძალიან ინტენსიურად, ჩვენი შინაური და საგარეო პოლიტიკის სირთულე უმეტესად ჩვენი განაპირა კუთხეების მოუწესრიგებლობით არის შექმნილი. რა თქმა უნდა, ამ გარემოებაში ჩვენ ყველას მიგვიძღვის ბრალი. ჩვენ თავიდანვე წესიერად ვერ დავაფასეთ ის ფაქტი, რომ ეს განაპირა კუთხეები ჩვენი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეისთვის ყველაზედ სახიფათო ელემენტს წარმოადგენდენ, ან იმიტომ, რომ აქ ყველაზედ უფრო გადაგვარებული იყო მოსახლე ქართველთა ეროვნული გრძნობა, ან იმიტომ, რომ აქ სჭარბობდა სხვა ეთნიური ელემენტი. ამ განაპირა კუთხეებს თან სდევდა სპეციალური მდგომარეობა ყოველმხრივ: პსიხოლოგიურად, კულტურულად, სოციალ-ეკონომიურად და ზნე-ადათის მხრივად. რომ ეს განაპირა ქვეყნები არ დაგვეფრთხო და დაგვეახლოვებინა, საჭირო იყო ანგარიში გაგვეწია მათ სპეციფიურ დეტალებისა და საქართველოს ცენტრისაგან მათ განმასხვავებელ თვისებებისთვის. ამ კუთხეების თავისებურობა უნდა ყოფილიყო ყოველი ჩვენი ნაბიჯის და მოქმედების ჩამგონებელი. ჩვენვე ამდენი დაკვირვება და საგნის გათვალისწინება ვერ შევძელით; მიზეზი ამისა მრავალია. დღეს ამ განაპირა კუთხეთა შორის ყველაზე უფრო სახიფათო აფხაზეთია. სახიფათოა იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობას და დამოუკიდებლობას ამ გზით ემუქრება ჩრდილოეთის მტერი - რუსეთი! დენიკინი აფხაზეთით აპირობს საქართველოში შემოჭრას. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთში დღეს აქტიური ფრონტი გვაქვს, რომ აქ ჩვენს წინააღმდეგ დარაზმულია მტრის დიდი ძალა და რომ ჩვენი სამხედრო ძალის კარგა დიდი ნაწილიც სწორედ აქ შევყარეთ მტრის პირისპირ. დიახ! დღეს აქ აქტიური და მომქმედი ფრონტია, ფრონტის უკან კი გადაშლილია ის აფხაზეთი, სადაც დღეს ჩვენი სახელმწიფოებრივი სიმტკიცე და ინტერესები განსაცდელშია ჩავარდნილი. მოსალოდნელი სამხედრო მოქმედების მოსაგებად და, საერთოდ, ჩვენი შინაური სიმტკიცისთვის საჭიროა, რომ აფხაზეთში მსწრაფლ შეიცვალოს წესი და მეთოდი მუშაობისა და აგრეთვე გადაყენებულ იქმნენ ის პირნი, რომელთაც ვერ გამოიჩინეს სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის ნიჭი და უნარი.

ამ პირთა მეოხებით ჩვენი სახელმწიფოებრივი აპარატი აფხაზეთში ვერ იცავს ჩვენს ინტერესებს, არამედ უფრო ჩვენდა საზიანოდ არის გამოყენებული უფრო მოხერხებული მტრების მიერ. მე ამ ჟამად მოგახსენებთ იმ ცნობებს, რომელიც მიმიღია პირადად, პირდაპირის წყაროებიდან, საგანგებო გაგზავნილი კაცისაგან და აგრეთვე სხვა და სხვა პარტიის შეგნებულ წევრებისაგან, რომელნიც სხვა და სხვა პირობებში, სხვა და სხვა დროს აფხაზეთში ყოფილან და იქაურ მდგომარეობას პირადად გაცნობიან. ყველა ეს ცნობა გვეუბნება, რომ აფხაზეთში ჩვენი მდგომარეობა ძალიან ცუდია, რომ აფხაზის ხალხი ქართველების წინააღმდეგაა განწყობილი და, ღმერთი რომ გასწყრეს და ფრონტზე რომ მდგომარეობა გაგვირთულდეს, შეიძლება აფხაზეთში კატასტროფა ვპოვოთ. ასეთი დასკვნა და შთაბეჭდილება გამოაქვს ყველას, ვინც კი აფხაზეთში ყოფილა და ცოტა ხანს მაინც იქ დაუყვია. თქვენ კარგად იცით, რომ აფხაზის ხალხი ჩვენთან ისტორიულ მეგობრობით და საერთო კულტურულ-პოლიტიკურ ცხოვრებით არის დაკავშირებული. თქვენ კარგად იცით, რომ აფხაზის ხალხს ვისიმე მიმართ სიმპატია ჰქონია, ეს სწორედ ქართველებისადმი; როდესაც ჩვენ ქვეყანაში საერთო რუსეთის ბატონობა იყო, აფხაზეთი ყოველთვის სიმპატიით ყოფილა განწყობილი ქართველებისადმი და არასოდეს ქართველებსა და აფხაზებს შორის არავითარ ანტაგონიზმს ადგილი არ ჰქონია; რუსეთის მიმართ ქართველებსა და აფხაზებს მუდამ საერთო ფრონტი და პლატფორმა დაუჭერია. ეს ძველი მდგომარეობა დღეს შეიცვალა და თითქმის მთელი აფხაზობა ჩვენდამი უკმაყოფილებით არის აღვსილი და ვფიქრობთ, რომ შესაფერი დრო დადგეს, აფხაზთა ამგვარ განწყობილებას ჩვენს წინააღმდეგ ადვილად გამოიყენებენ ჩვენი მოსისხლე მტრები, რომლებიც მრავლად მოიპოვებიან აფხაზეთში სხვა და სხვა ეროვნების წრიდან და მაშინ ჩვენ კატასტროფა არ აგვცდება. რა თქმა უნდა, არის აფხაზთა შორის ისეთი ნაწილიც, რომელიც ჩვენი მომხრეა. რომ აფხაზის ხალხს უფრო დავახლოვებოდით და ინტიმიურად დავლაპარაკებოდით, დავრწმუნდებოდით, რომ მას ჩვენი მეგობრობა სწყურია, ჩვენი ძმობა! მაგრამ ვიმეორებ, დღეს აფხაზთა შორის საერთო უკმაყოფილებაა და საქართველოს მიმართ საწინააღმდეგო განწყობილებაა. აი ამ გარემოებას უნდა გაეწიოს ანგარიში და შევეცადოთ, გარდავქმნათ ეს ვითარება, რომ აფხაზობამ ჩვენდამი მართლაც და ლოიალური მეგობრობა დაიჭიროს და ჩვენთან ერთად საერთო მტრის წინააღმდეგ ყველა საჭირო მსხვერპლი გასწიოს.

აფხაზეთში, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ჩვენს წინააღმდეგ მუშაობდნენ რუსის აგენტები. განსაკუთრებით რუსის სამღვდელო წოდებისაგან და მასწავლებელთა წრიდან გამოდიოდნენ გაბედული მტრები ქართველებისა და ქართული იდეისა. ეს ყველამ კარგად იცით; ყველა ეს პირები დღესაც აფხაზეთში არიან და განაგრძობენ თავიანთ აშკარა ანტიქართულ მოღვაწეობას. ამ პირებმა თავიანთი პოლიტიკური სახე სხვა და სხვა ნაირად შეისწორეს: ვინ ბოლშევიკია და ბოლშევიკურის იდეით და მეთოდით გვებრძვის, ვინ კიდევ დენიკინელია და დენიკინის იდეით და სისტემით გვებრძვის, ვინ ადგილობრივ მკვიდრთა სხვა და სხვა პოლიტიკურ პარტიაშია და ისე ოსტატურად ებრძვის საქართველოსა და მის დამოუკიდებლობას. ყველა ეს ანტიქართული აქტიური ელემენტი ერთ პოლიტიკას ადგია და ერთ მიზანს ემსახურება: საქართველოს დამოუკიდებლობის დამხობას. ხშირად იმართება ბოლშევიკური მიტინგები სოხუმსა თუ სხვა აფხაზეთის დაბებში, სადაც აგიტატორები საქართველოს წინააღმდეგ ილაშქრებენ, გამოაქვთ კიდევაც შესაფერი რეზოლიუციები. ხალხში ეს აზრები თავისუფლად ვრცელდება. ამგვარი მიტინგების პოლიტიკურ აგიტაციის წინააღმდეგ აქამდის მაინც არავითარი რეპრესიული ზომები არ ყოფილა მიღებული. ისე რომ ჩვენი დამამხობელი და გამანადგურებელი ხალხი სრულ თავისუფლებით სარგებლობს ამ მხარეში, მათ მოქმედებას არავითარი დაბრკოლება წინ არ ეღობება და ეს ხალხიც არხეინად განაგრძობს თავის მუშაობას, როგორც ხალხში და ქუჩაში, ისე სხვა და სხვა სახელმწიფო, საზოგადო თუ კერძო დაწესებულებაში. ასეთი მტრული მოქმედებაა დღეს გაჩაღებული საქართველოს წინააღმდეგ თვით აფხაზეთის სახალხო საბჭოშიც.

ეს აფხაზეთის სახალხო საბჭო, შესდგება 40 წევრისაგან, იგი არჩეულია ახირებული წესით და სისტემით, რომლის ძალით საარჩევნო უფლება მინიჭებული ჰქონდა იმათაც კი, ვინც საქართველოს ქვეშევრდომი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ამის წინააღმდეგ გაილაშქრა თავის მიწერილობაში და მოითხოვა ამ ახირებული საარჩევნო დებულების სათანადო შეცვლა. აფხაზეთის საბჭოს არჩევნები მაინც ამ დებულების მიხედვით მოხდა. მე სრულიად ზედმეტად მიმაჩნია იმის თქმა, რომ არსად დედამიწის ზურგზე ისეთი საარჩევნო სისტემა და წესი არ ყოფილა მიღებული, რომ არაქვეშევრდომსაც, რომელსაც არავითარი ორგანიული და სახელმწიფოებრივი ინტერესი არა აქვს ქვეყანასთან, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში; მართალია, ჩვენ არ გვეშინიან არ გაგონილი და არ ნახული ლოღიკის და სასიცოცხლო ინტერესის საწინააღმდეგოდ მეტად ახირებული ექსპერიმენტებისა, მაგრამ ფორმალურ მხარეს, რომ თავი დავანებოთ და საგანს, რომ რეალური ინტერესის თვალით შევხედოთ, გარწმუნებთ, რომ ჩვენთვის ეს საარჩევნო წესი მეტად მავნებელი და საზარალოა. იგი ჩვენთვის მიღებული უნდა ყოფილიყო. ჩვენი მთავრობის წარმომადგანელს აფხაზეთში ამის წინააღმდეგ ფაქტიურად არავითარი ღონისძიება არ მიუღია. რომ ეს ინეტრობა არა ამგვარი არჩევნების გაბათილებული იქნებოდა და ქვეყანა მოიგებდა.

40 წევრიანი სახალხო საბჭო, ფრაქციონულად ეს წევრები ესე არიან დაყოფილნი: 27 სოციალ-დემოკრატი, 3 - ესერი, 8 დემონოვის ჯგუფისა, რომელიც კოდორის ნაწილში იქმნა არჩეული; ეს ჯგუფი დემინოვის მეთაურობით აწარმოებს ანარქიულ პოლიტიკას; საბჭოშია ერთი წარმომადგენელი ფედერალისტებისა და ერთიც ეროვნულ-დემოკრატებისა; ასე, რომ ფრაქციული შედგენილობის მხრივ, სრული იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ საბჭოში, რომელმაც თავის თავი დიდი უფლებებით აღჭურვა და კომპენტენცია ისე გაიფართოვა, რომ თითქოს აფხაზეთის სუვერენულ საკანონმდებლო ორგანოდ აცხადებს თავის თავს, ვიმეორებ ფრაქციული შედგენილობის მხრივ, ამ აფხაზეთის სახალხო საბჭოში, ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები უნდა უაღრესად დაცული ყოფილიყო, იმიტომ, რომ უმრავლესობა ამ დაწესებულებაში არის ჩვენი მმართველი პარტიის ხელში, აქ უნდა ყოფილიყო გარანტია ჩვენი სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური სიმტკიცისა აფხაზეთში. მაგრამ, ალბად ადგილობრივ სპეციფიურ მდგომარეობის გამო, რომელიც აქედან ჩვენთვის თითქმის დაუნახავია, ასეთნაირი ფაქტიური ვითარება არ გამოდგა საკმარისი, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები დაცული ყოფილიყო; ეს მჟღავნდება თითქმის ყოველ უბრალო საქმეშიაც. აფხაზეთის სახალხო საბჭო იმუშავებს ისეთ კონსტიტუციას, რომელიც აფხაზეთის სრულ სუვერენობას მოითხოვს და საქართველოსთან მეტის მეტ სუსტი დამოკიდებულებას იტოვებს. ეს კონსტიტუცია აფხაზეთს ანიჭებს ყოველგვარ უპირატესობას ჩვენს ხარჯზე, ხოლო საქართველოს, თითქმის არავითარ უფლებას ამ მხარეში არ უტოვებს. ეს კონსტიტუცია, ადრე თუ გვიან ჩვენ წარმოგვიდგება, ჩვენს შეხედულებისაც ამ საგანზე მაშინ გამოვსთქვამთ.

ის ფაქტი, რომ აფხაზეთში არჩევნები გადავდევით გამოწვეულია შემდეგის გარემოებით: ჩვენმა წარმომადგენელმა ბ-ნმა ისიდორე რამიშვილმა, არ ვიცი რატომ, საჭიროდ დაინახა შეჰკითხოდა აფხაზეთის სახალხო საბჭოს აფხაზეთში დამატებითი არჩევნების მოწყობის შესახებ. ამ შეკითხვამ საბჭოს საბაბი და საბუთი მისცა თავისათვის დაეტოვებია გარდამწყვეტი უფლება არჩევნების გამართვის ნებართვისა; მან პრინციპიული დამოკიდებულება დაიჭირა ამ წინადადებისადმი და მხოლოდ იმ პირობით და მაშინ თანხმდება აფხაზეთში დამატებითი არჩევნების გამართვაზე, თუ ჩვენ მივიღებთ იმ კონსტიტუციას, რომელსაც აფხაზთა საბჭო იმუშავებს. თუ არა და - არა! ასეთია სუვერენული სახალხო საბჭოს პირობა!

აფხაზეთის საბჭო თავის თავს სუვერენულ ორგანოდ სთვლის. იგი აბრკოლებს და წინ ეღობება ჩვენ გავლენას და სახელმწიფოებრივ მოქმედებას აფხაზეთში. იგივე საბჭო ილაშქრებს ქართული ენის წინააღმდეგ და ამაში მას ჩვენივე წარმომადგენელი მეთაურობს. სახალხო საბჭოში ადგილი ჰქონდა შემდეგ ფაქტს: აფხაზეთის საბჭოში დაისვა საკითხი, თუ რა ენაზე უნდა ყოფილიყო დაწერილი ატესტატი სემინარიაში კურს დამთავრებულ მოწაფეებისა. ორი სხვა და სხვა აზრი იყო, ზოგი მარტო რუსული ტექსტის მომხრე იყო, ზოგიც რუსულ-ქართულისა. თვით ატესტატის პროექტი წარმოდგენილი იყო ქართულ-რუსულად. კენჭის ყრის წინ ჩვენმა მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისთვის ენის საკითხს არავითარი მნიშვნელობა არა ჰქონდა, და თუ ქართული არ უნდათ, მარტო რუსულად დარჩესო. და საქართველოს წარმომადგენელი და მმართველი სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია ქართული ენის წინააღმდეგ ხმას აძლევენ! ასე იცავენ ჩვენს სახელმწიფო ინტერესს აფხაზეთის საბჭოში, ჩვენი უვიცნი წარმომადგენელი და სოც.-დემ. ფრაქცია!

ამნაირად, თქვენ დაინახეთ, რომ აფხაზეთის სახალხო საბჭოში ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესი დაცული აღარ არის და არც ყველაზე უფრო გასაოცარია ამ საქმეში, ეს ის, უმრავლესობა შემადგენლობისა ჩვენია. ეს ჩვენი უმრავლესობა ფაქტიურად ვერ ატარებს, ვერ ანხორციელებს, ვერ იცავს საქართველოს პოზიციას, და ინტერესს.

თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთში მთელი მმართვა-გამგეობა ჩვენს ხარჯზე ხდება. აფხაზეთის სახალხო საბჭო, აფხაზეთის საბჭო და ადმინისტრაცია ჩვენი ხაზინით ინახება. რომ საქართველომ ერთი თვით შესწყვიტოს ფულის გზავნა მთელი აპარატი დადგება და ანარქია მოიცავს აფხაზეთს; უნდა ვიცოდეთ რაზედ და როგორ იხარჯება ეს ფული, საჭიროა კონტროლი, მაგრამ სამწუხაროდ არამც თუ განაპირა კუთხეში, არამედ ცენტრშიაც ვერ მოგვიწყვია კონტროლის საქმე წესიერად. ხოლო განაპირისთვის ეს განუხორციელებელი ოცნებად უნდა ჩაითვალოს. ჩვენ გვინდა აღვნიშნოთ ერთი გარემოება. დამფუძნებელი კრების ყურადღება მიაქციოთ ამ გარემოებას, რომ აფხაზეთში ჩვენი ფული შინაურ წესით იხარჯება. ვიცით შემთხვევები, რომელსაც იქაური საბჭოს ბუხჰგალტერი სთხოვს სახალხო საბჭოს თავმჯდომარეს, ფული მჭირდება ამა და ამ შემთხვევისათვის და მასესხეო, საბჭოს თავმჯდომარე მას 15 ათას მანეთს აძლევს. ჩვენ გვაქვს აგრედვე ცნობა, რომ იმავე საბჭოს თავმჯდომარეს კერძო მემამულისთვის თამბაქოს სასყიდლად გაუცია თანხა 50 ათასი მანეთი, ვიცით აგრედვე, რომ სხვა და სხვა წევრზე და მოსამსახურეზე ასეთის შინაურ წესით სესხათ გაცემულია 60.000 მანეთი. ამას კომენტარიები არ უნდა; თქვენ ჰხედავთ, რომ ის ფული, რომელიც აქედან აფხაზეთში იგზავნება, არ ხმარდება თავის დანიშნულებას, არამედ იხარჯება შინაურის წესით კერძო პირებზე გასესხებით, რაიც ყოვლად მიუღებელი და შეუწყნარებელია. შეკითხვაში უკანასკნელ მუხლად აღნიშნული მაქვს სოხუმში არსებული სახელმწოფო ბანკის განყოფილების ვითარება. კარგად იცით, ყველგან საქართველოს ტერიტორიაზე ყველგან, გაუქმებულია რუსეთის სახელმწიფოს ბანკის განყოფილებათა მოქმედება. გაუქმებულია სოხუმშიაც. მაგრამ დღემდე ამ განყოფილებაზე ყოველ თვიურად იხარჯება 100.000 მან. ამ ბანკში მსახურობს 33 კაცამდე, თითქმის სულ რუსობა, ერთი-ორის გამოკლებით. ყველა ესენი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებენ პოლიტიკურად. ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენი საწინააღმდეგოთ რეზოლიუცია გამოუტანიათ, კერძოდ, როდესაც დამოუკიდებლობის ერთი წლის თავს ვდღესასწაულობდით; მათ აქტიური პროტესტი განაცხადეს, ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ყველა ესენი აქტიურ მუშაობას აწარმოებდნენ ჩვენდა დასამხობად. და ამ ჩვენს შეურიგებელ მტრებს ჩვენი ჯიბით ვინახავთ, ჩვენი ფულით ვასაზრდოებთ. ამას იქით ვერ წავა ჩვენი მთავრობისა და აფხაზეთში ჩვენი წარმომადგენლის დაუდევრობა. უნდა ბოლო მოეღოს ამ უკუღმართობას; ასეთია მდგომარეობა აფხაზეთის კანონმდებლობა-დაწესებულებაში. ასეა ფულის საქმე, ასე წამხდარია, საზოგადოდ, ქართული იდეისა და გავლენის საქმეც. მიუხედავათ იმისა, რომ აფხაზეთში დიდ ძალი შეიარაღებული ძალა გვიდგას, მიუხედავათ იმისა, რომ აფხაზეთის საბჭოში უმრავლესობა ჩვენია, მიუხედავათ იმისა, რომ აფხაზეთი ინახება ჩვენი ხაზინით, მიუხედავად ყოველი ამისა აფხაზეთში ჩვენი გავლენა ძალიან დაცემულია, - მე მოგახსენებთ აზრს სხვა და სხვა პირებისას, სხვა და სხვა პოლიტიკურ მიმდინარეობის წარმომადგენლებისას. თუ ადრე, ჩვენს დამოუკიდებლობამდე აფხაზის ხალხი და საზოგადოება დიდის აღტაცებით და სიამოვნებით ეგებებოდა ყოველ ქართველ მოღვაწეს, რომელიც აფხაზეთში ინიშნებოდა და მოღვაწეობდა, დღეს ყოველი ახალი ქართველი კაცის გამოჩენა ერთგვარ პროტესტს იწვევს. არის მაგალითი, რომ სახალხო საბჭო ცხარე პროტესტით შეხვდა ერთ-ერთ ქართველ მოხელეს, რომელმაც მას ადგილი შესთხოვა. ქართველი ენის ასპარეზი ამ ბოლო დროს, მიუხედავად ჩვენი სახელმწიფოებრივი უპირატესობისა, შემცირდა და დაეცა. ქართული ენა სოხუმის ქალაქის თვითმმართველობიდან სრულიად განდევნილია, საქმე სწარმოებს რუსულად. სკოლებშიაც ქართული ენა თუ არსებობს, მხოლოდ იმდენათ და ისე, როგორც რუსეთის აქ ბატონობის დროს იყო, არც მეტი არც ნაკლები, ისე, რომ ომს, რევოლიუციას, დამოუკიდებლობას და აფხაზეთში ჩვენი სახელმწიფოებრიობის დროშას ჩვენთვის არც მორალური და არც კულტურული შემატება არ მოუტანია! დაუჯერებელია, მაგრამ ეს ასეა! ეს შეჰქმნა ერთის მხრით და უმთავრესად ჩვენმა მთავრობამ და მეორეს მხრით ყველა ანტიქართული ელემენტების შეერთებულმა და აქტიურმა მოქმედებამ. მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ერთი რეფორმის უფრო პსიხოლოგიურ მხარეს, რომელსაც დიდი წილი უდევს აფხაზთა უკმაყოფილობის წარმოშობაში. მოგახსენებთ მიწის საკითხზე. თქვენ იტყვით, დაიწყო თავისი ალილუია, გამოდის ბ-ნი სპირიდონ კედია თავისი რეაქციონურ პროგრამითო, მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ მე იქ პარტიულ საქმეს არ ვაკეთებ და ამ რეფორმას ამ თვალსაზრისით არ შევეხე. რაც აფხაზეთს შეეხება, მე ერთად ერთი სურვილი მაქვს: რომ მთელმა დამფუძნებელმა კრებამ საერთო ძალღონით და მონდომებით ლიკვიდაცია მოახდინოს აფხაზეთში არსებულ ჩვენთვის მეტად სახიფათო მდგომარეობისა. მე მინდა აქ მოხვდეს ძალების სურვილების და იდეების შეერთება, ყველამ ერთ საქმეზე ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ და ისე გადავსჭრათ აფხაზეთის პრობლემა.

აფხაზეთში მიწის საკითხი ცოტა სხვანაირად იდგა ვიდრე ჩვენში. მთელი მიწა აფხაზეთში მეპატრონეებს ჩამორთმეული ჰქონდათ რუსეთის წინააღმდეგ უკანასკნელ აჯანყების შემდეგ, მხოლოდ რამოდენიმე ხნის შემდეგ ნაწილი მიწისა უკანვე დაუბრუნდა. ყოველ გლეხ-კაცს და აზნაურს მიეზომა 10-25 დესეტინამდე; დარჩა კიდევ თავისუფალი მიწა, რომელიც მოიჯარადრეებს ეჭირათ. მოიჯარადრეები უმთავრესად იყვნენ სომხები, ბერძნები, (ხმა: მეგრელები კი არ იყვნენ?) მეგრელებიც გახლდათ, მაგრამ ამათ მცირე ნაწილი უჭირავთ, მხოლოდ მოიჯარადრე ბერძნები და სომხების მეტი წილი ოსმალეთის ქვეშევრდომნი არიან და როდესაც აფხაზეთში ჩვენი მიწის რეფორმით შევედით, ყურადღება არ მივაქციეთ ერთ შესაძლოებას, რომელსაც შეეძლო ადგილობრივ ხალხის ფსიხოლოგიაში ერთგვარი აღელვება შეეტანა, მაგრამ ჩვენ ნიუანსების ხალხი არა ვართ. ეს მიწა აფხაზეთის ხალხის საკუთრებაა და ასედაც სთვლის მას. თუ მაინც და მაინც აფხაზი შეურიგდებოდა, რომ მიწის ნაწილიც ქართველობასაც რგებოდა, იმ ქართველობას, რომელიც მისი მუდმივი თანამშრომელი იყო არამც და არამც იმას არ შეურიგდებოდა, რომ ეს მისი საკუთრება მიწა მისცემოდა ოსმალეთის ქვეშევრდომ სომხებს და ბერძნებს. და ეს აფხაზს მართლაც ვერ მოუნელებია. ამ ნიადაგზე ისმის დიდი სამდურავი და ბევრი საჩივარიც აფხაზეთში; ამაში დიდი ფსიხოლოგიური სიმართლეა და არის საფუძველიც, რომ აფხაზობამ უკმაყოფილოდ შემოგვხედოს და ჩვენი წინააღმდეგი გახდეს.

საერთოდ, აფხაზეთში ნიადაგი მერყევია. დიდი ანტიქართული მოძრაობაა, რომელსაც ხელმძღვანელობენ და აღრმავებენ რუს-სომხის ბოლშევიკ-დენიკინელები და აფხაზთა ინტელიგენციის ერთი ნაწილი. ეს ფაქტია, ამას მტკიცება არ სჭირია. მდგომარეობის მეტად სერიოზული ხასიათი თვით მთავრობამ იცნო, მე, რომ შეკითხვა შევიტანე იმავე დღეს. ამიტომ საგანზე მე სიტყვას არ გავაგრძელებ, იმ რამოდენიმე ფაქტის მიხედვით, რომელიც მოგახსენეთ, იმ საერთო შთაბეჭდილების მიხედვით, რომელიც ყველა იქ წასულ ქართველს გამოაქვს აფხაზეთის მდგომარეობაზე, სჩანს რომ საქმე ცუდათ მიდის. მე მგონია, დამფუძნებელი კრება დაინტერესებულია, რომ ამ საკითხს უდიდესი ყურადღება, მიექცეს, რათა ჯარის ზურგი საიმედო იყოს და ადგილობრივი ელემენტი, მკვიდრი აფხაზობა, რომელიც მუდამ ყოფილა ჩვენი ისტორიული მეგობარი, მართლაც ლოიალურად დავიახლოვოთ ჩვენთან ერთად ძველებურად ვამუშაოთ. მე აქ არ მინდა ჩუმათ ჩავატარო ის ფაქტი, რომ აფხაზთა შორის არიან ისეთი პირნი, რომელნიც აშკარად და აქტიურად ჩვენ წინააღმდეგ დენიკინის ბანაკში მოქმედობენ. არის მცირედი ნაწილი, რომელიც აქტიურად ჩვენთან არის. ხოლო აფხაზის ხალხის სიმრავლე პასიურ უკმაყოფილებაშია, თუმცა მას ბუნებრივად ჩვენთან ლოიალური დამეგობრება და შეერთება სწადია. ჩვენ უნდა გავფანტოთ ეს უნდობლობის ატმოსფერა, გავფანტოთ უკმაყოფილების პსიხოლოგია. საჭიროა იმ მხარეში, რომელიც განსხვავებული პსიხოლოგიით სცხოვრობს, რომელსაც განსაკუთრებული თვისებები ახასიათებს, საჭიროა მეთქი, ასეთ მხარეში მეტი ტაქტი და ნიუანსები; ჩვენმა მთავრობამ ასეთ მხარეში უნდა იყოლიოს წარმომადგენლად უფრო მტკიცე, უფრო დაკვირვებული, უფრო რეალურ ცხოვრებას შეწყობილი კაცი, ვიდრე ის, რომელიც დღეს იქ არის. მე ვიცი, რომ ბ. ისიდორე რამიშვილი ყველა თქვენთვის ძალიან საყვარელი პიროვნებაა, ვიცი, რომ ისიდორე რამიშვილს ბევრი რამ გაუკეთებია თქვენ მიმდინარეობის განმტკიცებისთვის, ამ მხრივ ძალიან პატივსაცემია არა მარტო თქვენ პარტიისაგან, არამედ შეიძლება სხვა პარტიებისაგანაც, მაგრამ ყველა იმ ცნობების მიხედვით, რომელიც ჩვენ გვაქვს, ვრწმუნდებით, რომ ისიდორე რამიშვილი არ ვარგა თავის დღევანდელ პოსტზე; სხვა თანამდებობაზე, სხვა ადგილზე შეიძლება ძალიან კარგიც და უფრო გამოსადეგიც იყოს, მაგრამ აფხაზეთის დღევანდელ პირობებში იგი გამოსადეგი არ არის.

მე ვფიქრობ, მთავრობას, რომ სცოდნოდა ის მდგომარეობა, რომელიც აფხაზეთშია შექმნილი, ვიდრე ჩვენ საკითხს ტრიბუნაზე გამოვიტანდით, თითონ მიიღებდა ზომებს და ისეთ ადამიანს გაგზავნიდა იქ, რომელსაც მეტი სახელმწიფოებრივი ხასიათი ექნებოდა და რომელიც მეტ სახელმწიფოებრივ დაკვირვებას გამოიჩენდა და მეტს ანგარიშს გაუწევდა რეალურ პოლიტიკის მოთხოვნილებას. აქამდის ეს არ მომხდარა; მთავრობას ასეთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. მე იძულებული ვარ ვიფიქრო, რომ მთავრობა არ ყოფილა au courant იმისა, რაც აფხაზეთში ხდება. და თუ ეს ასეა, მე უნდა გამოვსთქვა დიდი მწუხარება, რომ მთავრობა, რომელსაც ევალება ფხიზელი თვალი ეჭიროს საქართველოს ყოველი კუთხის ცხოვრებაზე და დროზე ემსახურებოდეს სახელმწიფოს ინტერესების დაცვის საქმეს, დღემდე უცოდინარი დარჩენილა აფხაზეთის ამბების, და არავითარი წინასწარი ზომები არ მიუღია ჩვენი სახელმწიფო ინტერესის დასაცავად. მე არ მინდა, მოგახსენებთ გულწრფელად, ამ მდგომარეობის ექსპლოატაცია, არ მინდა არავითარი კამათი პარტიული ზნისა, არ მინდა ან თქვენ დაგაბრალოთ ყველაფერი ან თქვენ ჩვენ დაგვდოთ ბრალი და საქმე კი იმავე ყოფაში დარჩეს, რა ყოფაშიც არის. და ეს ჩვენი საერთო საქმე, რომელიც დღეს აფხაზეთში განსაცდელშია, შეერთებულის ძალღონით, ერთმანეთის ლოიალური გაგებით, ჩვენდა სასარგებლოდ გამოვაკეთოთ.

თავმჯდომარე. კამათი დასრულებულია. სიტყვის მსურველი არავინ არის. შემოსულია ორი ფორმულა - ს.-დ. ფრაქციისა და ერ.-დემ-ის. გთხოვთ წაიკითხოთ. (მდივანი კითხულობს).

სოც.-დემ. ფრაქციის ფორმულა:

„დამფუძნებელმა კრებამ მოისმინა რა შეკითხვა ერ.-დემ. ფრაქციისა აფხაზეთში შექმნილ მდგომარეობის შესახებ და დამაკმაყოფილებელი პასუხი მთავრობისა, დამფუძნებელი კრება გადადის მორიგ საკითხზე“.

(მდივანი კითხულობს ერ.-დემ. ფრაქციის ფორმულას. ხმის უმეტესობით მიღებულია პირველი ფორმულა).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ:

შეკითხვა ერ.-დემ. ფრაქციისა გაზეთ სალი კლდისდახურვის შესახებ.

გთხოვთ წაიკითხოთ შეკითხვის ტექსტი.

მდივანი. (კითხულობს) „30 მკათათვეს, შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებით დახურეს გაზეთი „სალი კლდე“ და მისი რედაქცია დაბეჭდეს. ამ გაზეთის თანამშრომელ გაბაშვილის ბინა გაჩხრიკეს და თვით გაბაშვილი დააპატიმრეს. ეს აქტი დარღვევაა რესპუბლიკის ძირითადი კანონისა სიტყვისა და პრესის თავისუფლების შესახებ.

ეროვნულ-დემოკრ. ფრაქციის დავალებით ვეკითხები მთავრობას - იცის თუ არა მან შინაგან საქმეთა მინისტრის ეს უკანონო მოქმედება და თუ იცის, რა ზომებს იღებს იგი რესპუბლიკის ძირითად თავისუფლების დასაცავად?

ერ.-დემ. ფრაქციის დავალებით სპ. კედია“.

თავმჯდომარე. შეკითხვის ტექსტი ასეთი გახლავთ. სიტყვა ეკუთვნის ბატონ კედიას.

სპირიდონ კედია (ნ.-დ.) ბატონებო! ეს ფაქტი ყველას მოეხსენებათ, ამიტომ დიდ გამარტივებას არ საჭიროებს. ეს ფაქტი არ არის ობოლი ფაქტი ჩვენ ცხოვრებაში, ამას თითქმის სისტემატიურად მოსდევს დაახლოვებით ამგვარ ხასიათების ფაქტები. აი მაგალითად, სწორედ დამასწრო ბ. ჩხიკვიშვილმა და მისაყვედურა, არ ილაპარაკეს ნიკო თავდგირიძის გადასახლების შესახებო. მე მინდოდა სწორედ ამ შეკითხვაში გამომეყენებინა ეს მაგალითი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ნიკო თავდგირიძე გადაასახლეს იმ წერილების გამო, რომელიც იბეჭდებოდა „საქართველოში“. აგრეთვე ზოგ-ზოგან დააპატიმრეს კიდევ მოქალაქეები იმიტომ, რომ წარმოსთქვამდნენ კრებებზე ზოგიერთ არა სასიამოვნო სიტყვებს, არა სასიამოვნოს ან მმართველ პარტიისთვის, ან მთავრობისთვის. ეს ესე არის. აი ამგვარ შემთხვევებში ადმინისტრაციის თვითნებობა მეტის-მეტად შემაწუხებელი არის თავისუფალ სინიდისისათვის. (ხმაურობა). ეს ერთნაირ სისტემაში არის მოყვანილი. ადმინისტრაცია, სადაც კი დაინახავს ისეთნაირ აზრებს, ან დაწერილს, ან ნათქვამს, რომელიც მთავრობის წინააღმდეგ არის, მაშინ მთელი თავის ძალღონით მოითხოვს იმას, რომ ეს კაცი გადასახლებული იყოს, ან ციხეში ჩასმული. ამნაირად საზოგადოდ თავისუფლება სინიდისისა და პრესისა ერთნაირ ტერორის ქვეშ არის და კანონმდებელი ორგანო იმას არ სცდილობს, რომ თავისუფლება სინიდისისა და პრესისა დააყენოს გარეშე ადმინისტრატიულ ასეთნაირ ძალმომრეობისა. თუ ეს არ მოხდა, მაშინ ლაპარაკი, რასაკვირველია, ზედმეტია იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფლება ან სიტყვისა ან პრესისა.

რა თქმა უნდა არის შეხედულება, პრესის დელექტები, ან დელექტების სიტყვისა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა შევქმნათ ისეთი პირობები, ისეთი სინამდვილე, რომ ამის გამრჩევი ორგანო დაშინებული იყოს ადმინისტრაციისაგან ან მთავრობისაგან ეს უკვე სასამართლოს საქმეა გაარჩიოს, თუ რა ხასიათის დელექტი არის ჩადენილი ამა თუ იმ ორგანოს მიერ და შემდეგ სასამართლოს განაჩენის წესით იქნება დასჯილი ესა თუ ის პიროვნება, ვინც დასწერს.

მე მგონი კერძო შემთხვევა, გაბაშვილის შესახებ, გაზეთი დაუკეტეს, „კლდე“ დაბეჭდეს, გაჩხრიკეს გაბაშვილი ოჯახში და შემდეგ ციხეში ჩასვეს. ეს აშკარაა და გადამეტებულ ზომების მიღება უნდა მოსპობილი იყოს, ეს არ არის გამართლებული თვით იმ ფაქტით, რომელსაც თვით ბ. გაბაშვილი თავის წერილის სახით ჩვენ გვაძლევს.

ჩვენ მოვითხოვთ სწორედ, რომ ასეთნაირი ძალმომრეობა, მეტის-მეტი თვითნებობა, პრესის, სინიდისის თავისუფლების საქმეში, ადმინისტრაციის მხრივ იქნეს ამიერიდან მაინც აღკვეთილი სწორედ იმით, რომ ჩვენ ეს ჩავაყენოთ წესიერ იურიდიულ ნორმებში.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის შინაგან-საქმეთა მინისტრს.

ნოე რამიშვილი, შინაგან-საქმეთა მინისტრი. მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! მე მგონი, თვით ბ. კედია გრძნობს, რომ ის შეკითხვა, რომელიც მან შემოიტანა სრულიად არ არის დასაბუთებული, არ არის იმიტომ, რომ ჩვენი გზა, გზა მთავრობისა, და მე დარწმუნებული ვარ, დამფუძნებელ კრებისა, გარკვეულია. ყველა ის ელემენტები, ვინც ებრძვიან ჩვენ დამოუკიდებლობას, - არის ეს მარცხნივ, ან მარჯვნივ, ჩვენ მათ წინააღმდეგ ვიღებთ ყველა იმ ზომებს, რომელიც აუცილებელი იქნება მომენტის დამიხედვით. (კედია: ამის წინააღმდეგი არაფერი არ გვექნება!) და ვინაიდან თვით ბ. კედია იმას ადასტურებს, რომ არაფერი წინააღმდეგი არ ექნება, (კედია: რასაკვირველია!) ამით ის აცხადებს, რომ ეს შეკითხვა ფაქტიურად მოკლებულია იმ საბუთებს, რომელიც აუცილებელია შეკითხვისთვის (კედია: ამას კი არ ვაცხადებთ!)

მაგრამ რაშია საქმე? როცა ჩვენ ვიღებთ ზომებს ბოლშევიკების წინააღმდეგ, მაგალითად, რა გუნებაზე არის ბ. კედია და მისი პარტია: უხარიან, მაშინ ის ტაშს უკრავს, მაგრამ მე გეკითხებით, - როცა ჩვენ ვებრძვით ბოლშევიკებს, ვებრძვით თუ არა მათ იდეას, ადმინისტრატიულ ზომებით? მე გადაჭრით უნდა განვაცხადო მთავრობის სახელით, რომ არას შემთხვევაში. ჩვენ ვებრძვით მათ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მათი მოქმედება მიმართულია საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობისაკენ. და თუ გამოირკვევა, რომ სხვა რომელიმე ჯგუფი ამ შემთხვევაში ასე მოქმედებს, არსებითად ცხადია, თავის-თავად ლოღიკურად ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ზომები, რომელსაც ჩვენ მივიღებთ მათ წინააღმდეგ - ისეთივე ნება დართულია, ისეთივე კანონიერია, როგორც ეს ბოლშევიკების მიმართ.

თქვენ შეიძლება ბრძანოთ, რომ ეს ერთი ეხება ბოლშევიკებს, რომელნიც აშკარად აცხადებენ, რომ ისინი არ სცნობენ ჩვენ დამოუკიდებლობას, და მეორე ეხება, ბ. ვეშაპელის გაზეთს, რომელიც სიტყვით სდგას საქართველოს დამოუკიდებლობის ნიადაგზე და თუ ჰკითხავთ ის ყველაზე უკეთესი მამულიშვილია თავის ქვეყნისა. თქვენ ალბად იცით, რომ ბოლშევიკები სცნობენ სხვა და სხვა კუთხეების დამოუკიდებლობას, მაგალითად ისინი აცხადებდნენ დამოუკიდებლობას უკრაინისას. აქ დამარცხების წინა დღეებში, იმათ მთაში გამოაცხადეს მთიელთა დამოუკიდებელი რესპუბლიკა. მიუხედავად ამისა, ფაქტიურად ისინი, რასაკვირველია, არც ერთ დამოუკიდებლობას არ სცნობენ, და მუდამ მიდიან, როგორც ერთ ისე მეორე დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ვინაიდან მთელ ყოფილ რუსეთის იმპერიაში ყველანი ილტვიან შეჰქმნან ისეთი მდგომარეობა, სადაც იფარფაშებს ბ. ლენინი და მისი პარტია.

თუ თქვენ ჩაუკვირდით იმ მოღვაწეობას, რომელსაც აწარმოებდა „სალი კლდე“ და მისი ჯგუფი, დამეთანხმებით, რომ მთელი ეს მოღვაწეობა ფაქტიურად მიმართული იყო ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. (კედია: ეს პოლიტიკის კრიტიკა არის და არა სახელმწიფოს აფეთქება!) დიახ, მე კარგად მესმის, ბ. კედია სცდილობს ყოველ შემთხვევაში გაათეთროს ეს პოლიტიკა. (კედია: ბ. კედია უფრო აგინებს „სალი კლდეს“, ვინემ თქვენ!) და სწორედ არა ერთხელ ის პოლიტიკა, რომლის მეთაური არის ბ. კედია, სწორედ არა ერთხელ და ორჯელ, სერიოზული ზიანი მოუტანეს ჩვენს დამოუკიდებლობას.

თქვენ აქ ლაპარაკობდით პრესის შესახებ, ჩვენ სავსებით მომხრენი ვართ პრესის თავისუფლებისა და წინააღმდეგი ყოველნაირ ადმინისტრატიულ ზედგავლენისა, თუ კი მართლაც პრესის მოღვაწეები არ აძლევენ სერიოზულ ზიანს, არ აყენებენ ვნებას ჩვენს უმთავრეს პრინციპს, - ჩვენ დამოუკიდებლობას.

თქვენ ალბად გეხსომებათ, ბ. კედია, ის ცნობები, რომელიც მოთავსებული იყო ჯერ გაზეთ „გრუზიაში“ და მერმე „საქართველოში“ (კედია: რომელი?), რომელიც ეხებოდა ბიჩს. თქვენ ალბად გეხსომებათ, რამდენი გაუგებრობა გამოიწვია ამან და რა დიდი ზიანი მოუტანა ასეთმა დაუსაბუთებელმა განცხადებამ. (კედია: ეს მართალი იყო!) მე არ ვიცი, რა საბუთით ბრძანებთ, რომ ეს მართალი იყო, ყოველ შემთხვევაში ამ ცნობას ვერ დაასაბუთებთ. თქვენ გქონდათ საშუალება დაგემტკიცებინათ, რომ მართალი იყო ის ცნობა, რომელიც გაზეთში იყო გამოცხადებული, მაშინ სრულიად გაუგებარია დამოუკიდებელ პრესისთვის, რატომ წაიღეს ეს ცნობა უკან. (კედია: უკაცრავად, არ წაგვიღია!) „გრუზიამ“ წაიღო. (კედია: „გრუზია“ „საქართველო“ არ არის!) „გრუზიაში“ მოღვაწეობენ სწორედ თქვენი ამხანაგები. თუ ჩვენ ამ საბუთებზე დავდგებით, მაშინ ჩვენ საქმეს ისე უნდა შევხედოთ, რომ ვსთქვათ, ეს მოღვაწეობა ისეთი არის, რომელიც სცდილობს შეჰქმნას ისეთი მდგომარეობა, როცა უცხოელებს ადვილად შეეძლებათ ჩვენ შინაურ საქმეებში ჩარევა. ეს ერთი. მეორე, სცდილობენ შეჰქმნან ისეთი მდგომარეობა, როცა სწორედ ეს ჭორები, ეს პროვოკაციონური ცნობები, რომელსაც ავრცელებენ ჩვენი სახელმწიფოს მოწინააღმდეგე ელემენტები, მაგალითად თუნდაც ზოგიერთი პარტიები ჩვენი მეზობლებისა. ამით დიდ ზიანს აყენებენ ჩვენს სახელმწიფოებრივობას და ასეთი პოლიტიკა, რომელ გაზეთშიაც უნდა იყოს, დასაგმობია და სახელმწიფოს აუცილებელი მოვალეობაა ასეთი პრესის წინააღმდეგ ზომები მიიღოს.

თუ ეხლა თქვენ წაიკითხავთ გაზეთს „სალი კლდეს“, თქვენ ნახავთ უცხო მრეწველების აზრს საქართველოზე, რომელსაც აწერს ხელს იოსებ გველესიანი. მხოლოდ ამ უცხოელების აზრი შეთითხნილია გაზეთ „სალი კლდეში“ იმიტომ, რომ ყოვლად წარმოუდგენელია არსებობდეს ისეთი უცხოელი, რომელიც ეთანხმებოდეს ბ. გველესიანს და უკვირდეს, რომ სახელმწიფოს სათავეში დგანან სოციალისტები. განსაკუთრებით მსოფლიო ომის შემდეგ, როცა დიდი როლი ითამაშეს ვანდერველდემ, ალბერტ ტომამ და სხვებმა, უცხოელთა სახელით ნაციონალისტები ლაპარაკობენ და შემდეგ „სალ კლდეში“ სწერენ: „ჩვენი ქვეყანა განუვითარებელი არის, ეკონომიურად ძალიან დაქვეითებული არის“... (კითხულობს).

მე თქვენ გეკითხებით, რას ნიშნავს ეს, თუ არა აშკარა პროვოკაციას? რა არის ეს თუ არა ისეთი მოქმედება, რომელიც ძირს უთხრის ჩვენ დამოუკიდებლობას? რა არის ეს თუ არა წისქვილის აბრუნება ყველა იმ ელემენტებისათვის, რომელიც აცხადებენ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა არ იცნეს სწორედ იმიტომ, რომ სათავეში სდგანან სოციალისტები? და ამით მტრებს აძლევენ ახალ საშუალებას, გადაჭრით გამოილაშქრონ ჩვენ დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, როგორც ამას სჩადის უცხოელი პრესა და რომელსაც ასაზრდოებს ზოგიერთ მეზობლების ზოგიერთი პარტიები. ამით იქმნება ისეთი მდგომარეობა, როცა ჩვენი დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე ელემენტებისათვის ადვილი იქნება ჩვენ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი საკვირველად შეთითხნილია „სალ კლდეში,“ ჩვენ მაინც დიდ ყურადღებას არ მივაქცევდით ამ წერილს. მაგრამ არის მეორე წერილი, რომელსაც ხელს აწერს რევაზ გაბაშვილი, და რომლის სათაური არის „პასუხი ინგლისს“.

თქვენ იტყვით, რომ ეს მართლაც დონკიხოტური საქმეა, რომ რევაზ გაბაშვილი პასუხს აძლევს საქართველოს სახელით ინგლისს. (კედია: როგორც აქედან ვარღვევთ ტრონებს!) ეს მართალია, ეს გასაგებია საქართველოს რესპუბლიკისთვის, მაგრამ რა იცის ინგლისმა, რომ ზოგიერთი გაზეთი იმდენად უბადრუკია, რომ აქ ბ. რევაზ გაბაშვილიც ხელებს აფათურებს. (ხმა: ინგლისში არ ჩასვამენ ამის გამო ციხეში!) ინგლისში ასეთ სისულელეს და დონკიხოტობას არავინ ჩაიდენს. და იცით თქვენ, რომ ერთი ნაწილი ჩვენი მტრებისა, დაწყობილი უფრო ახლო მეზობლებიდან და გათავებული დენიკინით, ყველანი ერთსა და იმავეს უჩიჩინებენ ამ სახელმწიფოს, რომელიც აქ იმყოფება ამ ჟამად და რომელთანაც ჩვენ, რასაკვირველია, მოსურნენი ვართ მჭიდრო ეკონომიური და კულტურული კავშირი დავიჭიროთ, - ეუბნებიან: „თქვენ გაქვთ საქმე იმ სახელმწიფოსთან, რომელიც ნამდვილად ბოლშევიკური არის.“ აი, ბატონებო, გადაიკითხეთ დენიკინელთა პრესა, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველო ბოლშევიკურია, და თუ თქვენ გსურთ ებრძოლოთ ბოლშევიკებს, უნდა ასეთივე ბრძოლა გამოუცხადოთ საქართველოს რესპუბლიკასო. და ვინაიდან ბოლშევიკურ ბრძოლაში უნარი ჩვენ, დენიკინმა და კოლჩაკმა გამოვიჩინეთ, აშკარაა, თავის თავად, რომ უნდა მოგვცეთ საშუალება ეხლავე შევესიოთ ბოლშევიკურ საქართველოსო. და, აი, ნაციონალისტები ხელს უწყობენ მათ გამარჯვებას. აი, რას სწერდა გაზ. „სალი კლდე“. (კითხულობს). აქ სოციალ-დემოკრატიის, მმართველ პარტიაზე არის ლაპარაკი. (კითხულობს) და მე თქვენ გეკითხებით ეს არის თუ არა აშკარა ბრძოლა ჩვენ დამოუკიდებლობის წინააღმდეგ? (ხმა: რასაკვირველია!) არის თუ არა დასტური ყველა იმისა, რასაც ათავსებს ჩვენს წინააღმდეგ დენიკინის შავი ლაშქარი? არის თუ არა ეს პროვოკაცია, რომელსაც აწარმოებს მეზობელთა დიდი გავლენიანი პარტია? თუ კი ეს ასე არის, მთავრობა ვალდებული არის თუ არა მიიღოს ამ პროვოკაციის წინააღმდეგ, აშკარა პროვოკაციის წინააღმდეგ ზომები, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ, სწორედ იმ შემთხვევაში, რომელსაც ეს ეხება საქართველოს, ეხება ჩვენ დამოუკიდებლობას? გამოდის ეს მემარჯვენე ბანაკისაგან, თუ მემარცხნე ბანაკისაგან, აქ არავითარი გარჩევა არ არის. როცა ებრძვიან ჩვენ დამოუკიდებლობას - ის იქნება მემარჯვნე სეკტორისაგან, თუ მემარჯვნე სეკტორისაგან, - ვინც უნდა იყოს ეს, ვინც მართლაც ჩვენ წინააღმდეგ გამოდის, გამოდის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, და ხელს უწყობს ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომელიც გაუადვილებს ჩვენს მოწინააღმდეგეს სამშობლოს დამარცხებას, ყველა ამ შემთხვევაში, მთავრობა ვალდებულია, და იღებს - ზომებს და მე უნდა დავამშვიდო ბ. სპირიდონი კედია, რომ ის, მთავრობა შემდეგშიაც მიიღებს ყველა იმ ზომებს, რომელიც აუცილებელი იქნება (კედია: ესე, რომ არ იყოს - გადაგაყენებთ!) (ტაში).

(თავმჯდომარეობს . მდივანი).

თავმჯდომარე. ორი ფურმულა გახლავთ შემოტანილი, სოციალ-დემოკრატების მიერ და ეროვნულ-დემოკრატების მიერ.

.-. ფრაქციის ფორმულა:

„დამფუძნებელმა კრებამ მოისმინა რა შეკითხვა ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციისა გაზ. „სალი კლდის“ დახურვის შესახებ და მთავრობის განმარტება, დამაკმაყოფილებლად სცნო იგი, და გადადის მორიგ საკითხზე“.

(ხმის უმრავლესობით მიღებულია ს.-დ. ფრაქციის ფორმულა).

სხდომის შეწყვეტა.

(სხდომა შეწყვეტილია 10 წუთით).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ონიაშვილს.

. ონიაშვილი. ს.-დ. ფრაქცია წინადადებას იძლევა - ჯერ აირჩიოს სარეკომენდაციო კომისია სენატორების ასარჩევად და შემდეგ იყოს ეს საკითხი.

თავმჯდომარე. უკაცრავად, (არ ისმის) ვინაიდან ამ დებულებას სარედაქციო კომისიამ უნდა უკანასკნელი რედაქცია გაუკეთოს, და მხოლოდ მაშინ შემოვა, ამისათვის მე პირველად ეს დავსვი. ნება მიბოძეთ წავიკითხო ეს დებულება. სიტყვა ხომ არავის სურს? მაშასადამე, ეს წინადადება მიღებულია. დადგენილება წაიკითხეთ. (მდივანი კითხულობს). დადგენილება მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. (გომართელი: ეს გახლავთ შედგენილი სარედაქციო კომისიის წინადადებით) უკაცრავად, გთხოვთ მოისმინოთ, წინადადება სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციისა. (კითხულობს). ვის სურს სიტყვა? (კედია: მისაღებია, ბატონო, უნდა ყოფილიყო 30, ჩვენთვის მოუციათ 3!) ამგვარად არის დამტკიცებული. ეხლა გთხოვთ მოისმინოთ რეზოლიუცია დამფუძნებელ კრების მუშაობის შეწყვეტის შესახებ. (მდივანი კითხულობს) „დროებით - თვენახევრის ვადით შესწყდეს დამფ. კრების სხდომები. დაევალოს პრეზიდიუმს განსაკუთრებულ შემთხვევაში მოიწვიოს დამფუძნებელი კრება. (წინადადება მიღებულია ერთხმად).

თავმჯდომარე. ამგვარად, ეხლა იქნება საბოლოო ტექსტები იმ დებულებებისა, რომლებიც თქვენ მიიღეთ.

(საბოლოო ტექსტები მიღებულია).

ივანე გომართელი. ეს დადგენილება დაწერილი იყო სარედაქციო კომისიის თანადასწრებით, ამიტომ სარედაქციო კომისიის მიერ უკვე დამტკიცებული არის.

თავმჯდომარე. ეს დადგენილება და საბოლოო ტექსტები მიღებულია. მოისმინეთ დღიური წესრიგი მომავალ სხდომისა. მომავალი სხდომა თანახმად ამ დებულებისა დანიშნული არის 19 ენკენისთვეს და ამის წესრიგი გთხოვთ მოისმინოთ.

მდივანი. (კითხულობს).

თავმჯდომარის სიტყვა დამფუძნებელი კრების მუშაობის შეწყვეტის შესახებ.

ეხლა მე მოვალედ ვრაცხ ჩემ თავს ორიოდე სიტყვით მოგმართოთ. როგორც იცით 4 თვე არის, რაც მუშაობს დამფუძნებელი კრება. ეს დრო ერთობ მცირეა, მაგრამ ის, რაც ამ 4 თვის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკამ და მისმა უზენაეს ორგანომ განიცადა - შეეფერებოდა უფრო დიდ დროს, უფრო დიდ ხანას და სამწუხაროდ ის გასაჭირი, ის განსაცდელი, რომელიც განიცადა მან ამ 4 თვის განმავლობაში, ეს იყო გაგრძელება იმ განსაცდელისა, იმ გასაჭირისა, რომელიც დაიწყო დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე თამამად შემიძლიან ვსთქვა, და საჯაროდ ვაღიარო, რომ დამფუძნებელ კრებას, მის აღმასრულებელ ორგანოს - მთავრობას და მის დამცველს და მის გმირს - ჯარს და სახალხო გვარდიას არასოდეს საქართველოს დემოკრატიის რესპუბლიკისთვის არ უღალატნია. - მისი წმინდა დროშა ეროვნული და რევოლიუციონური არავის წინაშე არ მოუხრია და მე ნებას მაძლევს ვიფიქრო, რომ მომავალში, როდესაც თქვენ თვე ნახევრის დასვენების შემდეგ გამოცხადდებით აქ, უფრო გაჯანსაღებულნი, უფრო ძლიერნი, მაგრამ იგივე სულით გაკაჟებულნი - ახალ ენერგიით, თქვენ შეუდგებით კვლავ საქართველოს რესპუბლიკის სუვერენობის განმტკიცებას და წინააღმდეგობას გაუწევთ იმ დამაბრკოლებელ მიზეზებს, რომელნიც მრავლად არიან საქართველო სუვერენობის განმტკიცების გზაზე. ჩვენ აქ საჯაროდ ვაღიარებთ, რომ ჩვენი შეურყეველი მიზანია დაცვა დამოუკიდებელ სუვენერულ საქართველოსი და არავის არ დავნებდებით რაც უნდა გაგვიჭირდეს ამ გზაზე.

ნება მიბოძეთ წინადადება მოგცეთ გაუგზავნოს მისალმება ჯარს და სახალხო გვარდიას, რომელნიც დღეს ისე მედგრად იბრძვიან ჩვენი დამოუკიდებლობის დასაცავად, ხან აღმოსავლით, ხან დასავლით. მტერი ბევრია, მაგრამ საქართველოს ირგვლივ არტყია მისი ჯარი და სახალხო გვარდია, რომლის ძლევა ჯერჯერობით ვერავინ შესძლო და მომავალშიაც ვერვინ დასძლევს... (ტაში).

მეორე წინადადება იქნება ჩვენი იმის შესახებ, რომ დღეს, დროებითი დაუძლურებულ ჩვენი მთავრობის თავმჯდომარეს გაეგზავნოს დეპეშა და უსურვოთ მას, რომ საშუალება მიეცეს ამ თვე ნახევარში გაჯანსაღებული კვლავ დაუბრუნდეს თავის მოვალეობას.

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, გაუმარჯოს მის სუვერენულ უფლებებს, ვაშა თქვენ! (მხურვალე ტაში).

სხდომა იხურება ნაშუადღევის 4 საათსა და 50 წუთზე.171

4.2 ორმოცდამეშვიდე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

პარასკევი, 1919 წელი, სექტემბრის 26. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უმფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

სიმონ მდივანი,

გრიგოლ ნათაძე,

ქრისტინე შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება დღის 11 საათსა და 52 წუთზე.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. (მდივანს) გთხოვთ წაიკითხოთ დღიური წესრიგი.

მდივანი. (კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი - რკინის გზის გენერალ-გუბერნატორისათვის 100.000 მან. მიცემისა - მიმდინარე ხარჯების დასაფარავად და რკინის გზის მატარებლების მცველთა რიცხვის გადიდებისათვის 738.833 მან. და 40 კაპ. კრედიტის გახსნის დეკრეტისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

2. განხილვა დეკრეტისა - ყოფილი კადეტთა კორპუსის შენობის გადასაკეთებლად 700.000 მან. გადადების შესახებ. მომხსენებელია გრ. ურატაძე.

3. განხილვა დეკრეტისა - გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ სახელმწიფო დაწესებულებათათვის სავალდებულო გამოწერისა და სავალდებულო განცხადებების ფასის გადიდების შესახებ. მომხსენებელია ივ. ჭავჭანიძე.

4. შეკითხვა - ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციისა მთავრობისადმი - ქალ. ხონის მცხოვრებთა წარმომადგენლების დაპატიმრების შესახებ.

5. შეკითხვა - ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციისა მთავრობისადმი - ნიკოლოზ ჩარკვიანის უსაფუძვლოდ დაპატიმრების შესახებ.

თავმჯდომარე. შესახებ მესამე საკითხისა, განცხადება შემოვიდა შინაგან-საქმეთა სამინისტროს უწყებიდან. უწყება თხოულობს მესამე საკითხი დაუბრუნდეს მას დასამუშავებლად. ჰსურს თუ არა ვისმე განცხადების შესახებ? არავის. დღიური წესრიგი დამტკიცებულია. პირველ საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელ ივ. გომართელს.

ივ. გომართელი. (კითხულობს სარედაქციო კომისიის შესწორებას).

თავმჯდომარე. ჰსურს თუ არა ვისმეს სიტყვა ამის შესახებ? არავის. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. დეკრეტი მიღებულია.

მეორე საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელ გრ. ურატაძეს.

გრ. ურატაძე. (ს.-დ.) ბატონებო! როგორც მოგეხსენებათ, მთავრობამ სასურველად და საჭიროდ დაინახა ყველა სამინისტროების ერთ შენობაში მოთავსება. ასეთ შენობად მთავრობამ საუკეთესოდ მიიჩნია ყოფილი კადეტთა კორპუსი. თავის დროზე მთავრობამ გამოითხოვა დამფუძნებელ კრებისაგან 500.000 მანეთი, შენობის შესაკეთებლად. მაშინ ხარჯთ-აღრიცხვა წარმოდგენილი არ იყო, რადგან ბევრი საჭირო მასალის ფასები არ იყო განსაზღვრული. შეუძლებელი იყო გათვალისწინება, თუ რა მასალა იყო საშოვნელი ადგილობრივ და რა იყო მოსატანი, ან რა ფასი ექნებოდა მათ. ამიტომ შეუძლებელი შეიქნა ხარჯთ-აღრიცხვის შედგენა. ეხლა მასალის ფასები გამოირკვა; აღმოჩნდა, რომ შენობას სჭირდება აგრეთვე კაპიტალური შეკეთება. გამოწვეულია ხარჯების გადიდება. გადადებული თანხა 500.000 მანეთი საკმარისი აღარ შეიქნა. თანახმად ამისა შედგენილია ხარჯთ-აღრიცხვა, რომელიც უდრის მილიონ ორას ათას მანეთს (1.200.000 მან.) 500.000 მანეთი უკვე მიღებულია, საჭიროა კიდევ 700.000 მან. მთავრობას განუხილავს ეს ხარჯთ-აღრიცხვა. საბიუჯეტო-საფინანსო კომისიამ, რომელსაც გადაეცა ეს ხარჯთ-აღრიცხვა - დაადასტურა და დაადგინა შუამდგომლობა იქმნას აღძრული დამფუძნებელ კრების წინაშე, რომ გაღებულ იქმნას შენობის შესაკეთებლად აღნიშნული თანხა 700.000 მან.

თავმჯდომარე. საერთო მსჯელობისათვის ვის ჰსურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ.

გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი

გრ. ურატაძე. (კითხულობს დეკრეტს მუხლობრივ).

დეკრეტი ყოფილ კადეტთა კორპუსის შენობის გადასაკეთებლად 700.000 მან. გადადებისა.

1. გაღებულ იქნეს სახელმწიფო ხაზინიდან მთავრობის განკარგულებაში შვიდასი ათასი (700.000 მან.) ყოფილ კადეტთა კორპუსის შენობის გადასაკეთებლად.

2. დეკრეტი ესე შედის ძალაში დღიდან მიღებისა დამფუძნებელ კრების მიერ.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი საერთოდ დეკრეტისა? არავინ. დეკრეტი მიღებულია. გადაეცემა სარედაქციო კომისიას. შემდეგი საკითხი: შეკითხვა ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციისა.

(მდივანს) გთხოვთ წაიკითხოთ შეკითხვის ტექსტი.

მდივანი. (კითხულობს შეკითხვას):

საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს. ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის შეკითხვა შესახ. ქ. ხონის მცხოვრებთა წარმომადგენლების დაპატიმრებისა. ქუთაისის ადმინისტრაციის განკარგულებით დაპატიმრებულ იქმნა და სატუსაღოში ჩამწყვდეული ქ. ხონისა და მის შემადგენლობის სოფ. ქარჩხაბისა და ივანდიდის მცხოვრებთაგან ამორჩეული დეპუტაცია, რომელსაც დავალებული ჰქონდა წარდგენა მთავრობისთვის ხონის მცხოვრებთა შუამდგომლობის შესახებ ქ. ხონში საქალაქო მმართველობის გაუქმებისა და საერობო მმართველობის შემოღებისა.

მოეხსენა თუ არა მთავრობას ყოველივე ეს და თუ მან ეს უწყის რა ზომებს ღებულობს ის ხონის წარმომადგენელთა შელახულ უფლების აღსადგენად და ამ ბოროტ-მოქმედების ჩამდენთა დასასჯელად თანახმად კანონისა. ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის დავალებით ალ. ასათიანი.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. გვაზავას.

გიორგი გვაზავა. (ნ.-დ.) ბატონებო! ჩვენ მოგვდიოდა სხვა და სხვა ცნობები ამ საქმის შესახებ. ამ ცნობების მიხედვით ჩვენ შემოვიტანეთ შეკითხვა.

თავმჯდომარე. გთხოვთ, ხმა-მაღლა. არ ისმის.

. გვაზავა. ამაზე მეტი ხმა არა მაქვს. მერე ჩვენ მოგვდიოდა ახალ-ახალი ცნობები. ზოგიერთი მომენტი იწვევდა დავას. საჭიროდ დავინახეთ არ დავკმაყოფილებულიყავით ამ ცნობებს და გავგზავნეთ ამხანაგი ასათიანი. ის წასული არის ადგილობრივ მასალის მოსაკრებად და ჩამოვა ზეგ, ან ორშაბათს, ამიტომ გთხოვთ შეკითხვა გადასდოთ შემდეგი სხდომისთვის.

(ხმები: ჯერ მასალას უნდოდა შეკრება და მერე შეკითხვის შეტანა. შეიძლება დამატება).

თავმჯდომარე. (გვაზავას) თქვენ დაასრულეთ? არავითარი დამატება რეგლამენტის ძალით არ შეიძლება. ვინ არის წინააღმდეგი საკითხი მოიხსნას? არავინ. წინადადება მიღებულია.

შეკითხვა ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციისა (მდივანს): გთხოვთ წაიკითხოთ შეკითხვის ტექსტი.

„საქართველოს დამფუძნებელ კრების პრეზიდიუმს“. ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის შეკითხვის შესახებ მოქალაქე ნიკოლოზ ჩარკვიანის უსაფუძვლოთ დაპატიმრებისა.

ამა წლის 2 აპრილს ქ. თბილისში ნაშუადღევის 6 საათზე გვარდიელებმა ქუჩაში დააპატიმრეს ლეჩხუმის მაზრის სოფ. ჩხერეთში მცხოვრები მოქალაქე ნიკოლოზ ჩარკვიანი. გვარდიისავე განკარგულებით პატიმარი დამწყვდეულ იქმნა მეტეხის ციხეში, ამის შემდეგ მოქალაქე ჩარკვიანის წინააღმდეგ სხვა და სხვა დროს წარდგენილ იქმნა რამოდენიმე ბრალდება, რომელნიც იმდენად უსაფუძლონი აღმოჩნდენ, რომ სასამართლოს ბრალდებელმა შესაძლოდაც ვერ დაინახა გამოძიების წარმოება. მიუხედავათ ამისა შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებით მოქალაქე ჩარკვიანი დღემდე დაპატიმრებულია.

მოეხსენება თუ არა ყოველივე ეს მთავრობას და თუ მოეხსენება, რა ზომებს ღებულობს ის მოქალაქეთა ელემენტურ უფლებების დასაცავად.

ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის დავალებით, დამფუძ. კრების წევრი ი. მაჭავარიანი.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. მაჭავარიანს.

. . მაჭავარიანი. (ერ.-დემ.) ბატონებო! ამ მიმდინარე წლის 2 აპრილს, საღამოს ჟამს 6 საათზე, ლეჩხუმის მაზრის მცხოვრებს ნიკოლოზ ჩარკვიანს რუსთველის ქუჩაზე მოულოდნელად გარს შემოერტყა რამდენიმე შეიარაღებული პირი, მიუღერეს თოფები და უბრძანეს: „ხელები ზევით“. ბრძანება აღსრულებულ იქმნა. განცვიფრებულმა ჩარკვიანმა იფიქრა: იქნებ სცდებიან, სხვა პიროვნებად მიმიღეს და უთხრა: „თქვენ სცდებით, მე ჩარკვიანი გახლავართ“. შეიარაღებულმა პირებმა უთხრეს: „ჩვენ სწორედ ჩარკვიანს ვეძებთ“-ო. ჩაიყენეს შუაში და გაიყოლეს ქუჩაში. მათ შემოხვდათ გელოვანი და სტუდენტი ახვლედიანი, რომელთაც იცნეს თავის სოფლის მცხოვრები ჩარკვიანი და გაუკვირდათ, რა ამბავია მის თავსო. საკითხის გამოსარკვევად და იმის გასაგებად, რად და ვინ დაიჭირა ჩარკვიანი, შორი-ახლოს უკან დაედევნენ, როდესაც მიუახლოვდნენ მიხეილის პროსპექტს, შეიარაღებულმა პირებმა შენიშნეს გელოვანი, უთხრეს, რას გვზვერავ, შენც ალბად ამის ამხანაგი იქნები, შენც ამასთან წამოდი, აჰყარეს გელოვანს იარაღი და გაიყოლეს თან. სანამ მოვიდოდნენ მუშტაიდთან შეიარაღებულმა პირებმა გაიგეს გელოვანის ვინაობა, ამიტომ მას იარაღი დაუბრუნეს და გაანთავისუფლეს. შეშინებული გელოვანი გამობრუნდა და შემოხვდა ახვლედიანს. შეიარაღებულმა პირებმა კი ჩარკვიანი წაიყვანეს ტრამვაის პარკისკენ. ამასობაში ჩარკვიანის ასეთი უცნაური დატყვევების ამბავი გაიგო ჩარკვიანის ნათესავმა ვინმე მდივანმა. მდივანი მიიჭრა საგანგებო რაზმის უფროსთან და მოახსენა, რომ სრულიად უკანონოდ სათანადო ორდერის წარუდგენელად დაიჭირეს ქუჩაში რესპუბლიკის მოქალაქე ჩარკვიანი და სადღაც წაიყვანესო. საგანგებო რაზმის უფროსი შეეკითხა ყველა მილიციის უბნებში და სხვა და სხვა შტაბებში, მაგრამ უპასუხეს ჩარკვიანის შესახებ არაფერი ვიცითო, მხოლოდ დააკისრეს საგანგებო რაზმის მოხელე კუხალაშვილს ამ საქმის გამორკვევა. კუხალაშვილი გაემგზავრა სისხლის სამართლის მილიციის უფროსთან, რომელმაც მიიღო ყოველივე ზომა, მაგრამ ვერა გაიგორა. მდივანი და კუხალაშვილი სისხლის სამართლის მილიციიდან წავიდნენ პირველ კომისარიატში, მაგრამ ვერაფერი გაიგეს. როდესაც იქიდან დაბრუნდნენ მათ წინ შეხვდნენ გელოვანი და ახვლედიანი, რომელთაც უამბეს, რომ შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს ჩარკვიანი და მიიყვანეს ტრამვაის პარკში, სადაც ყოფილა ადგილობრივი გვარდიის შტაბი. იქ იკითხეს ჩარკვიანის შესახებ, მაგრამ განუცხადეს, რომ არავითარი ტუსაღი არ მოუყვანიათ და ჩარკვიანის შესახებ მათ არავითარი ცნობა არა აქვთ. მდივანი შეშინებული იმ მოსაზრებით, რომ შეიძლება მოკვლას უპირებენო, მიიჭრა შუაღამისას საგანგებო სასამართლოს თავმჯდომარესთან ა. ივანე ჯაფარიძესთან და უამბო, რომ ასეთი უცნაური ამბავი მოხდა რუსთაველის ქუჩაზე ჩვენს დედა-ქალაქში. ივანე ჯაფარიძემ იმ ღამესვე აცნობა ტელეფონით შინაგან-საქმეთა მინისტრს, სასამართლო პალატის ბრალმდებელს ბ. გელაზაროვს, მილიციის უფროსს და ყოფილ გუბერნიის კომისარს ბ. მაღლაკელიძეს. იმ ღამესვე იყო ზომები მიღებული, მაგრამ ვერც ერთმა პირმა, ვერც ერთმა სახელმწიფო დაწესებულებამ ვერ გაიგო ვისი ბრძანებით ან ვინ დაიჭირა ჩარკვიანი.

მეორე დღეს იგივე კუხალაშვილი, საგანგებო რაზმის მოხელე და მდივანი მივიდნენ ტრამვაის პარკში. იქ მათ ერთმა შეიარაღებულმა პირმა, მგონი გვარდიელმა, იქნებ გვარდიელიც არ იყო, განუცხადა, მართალია აქ მოიყვანეს ერთი მაღალ-მაღალი ნაბდიანი კაცი, და წაიყვანა კუხალაშვილი იქვე შტაბში. შტაბში კი კატეგორიულად განაცხადეს ჩარკვიანის შესახებ არაფერი ვიცითო. როცა ამას შტაბის წარმომადგენელი აცნობებდა, ეს შეიარაღებული ვაჟბატონი გაიპარა, როცა მიხვდა, რომ მან ღრმად შეტოპა ისეთ მორევში, სადაც ცხვირიც არ უნდა წაეყო. დარჩნენ სახტად კუხალაშვილი და მდივანი, მათ იმ ჟამადაც ვერაფერი ვერ შეიტყვეს.

ამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ჩარკვიანის ნათესავნი და ნაცნობნი ორი კვირის განმავლობაში - არ იცოდნენ ვინ და რისთვის დაიჭირა ჩარკვიანი. ორი კვირის შემდეგ გაიგეს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ეს საქმე გადასცა თბილისის სასამართლოს ბრალმდებელს - ტატიშვილს, რომლის სახელზედაც გადარიცხა ტუსაღი ჩარკვიანი. ჩარკვიანს წარუდგინეს ბრალდება, რომ ვითომც მას მიუღია მონაწილეობა ერთი გვარდიელის - სვანის ონიანის მკვლელობაში. ეს ონიანი მოკლული იყო ქუთაისში. საოლქო სასამართლოს ბრალმდებელი შეეკითხა ქუთაისის სასამართლოს ბრალმდებელს. იქიდან მან მიიღო ცნობა დეპეშით, რომ ონიანის მკვლელობაში ჩარკვიანს არაფერი მონაწილეობა არ მიუღია. თბილისის საოლქო სასამართლოს ბრალმდებელმა აცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ჩარკვიანის წინააღმდეგ, მის დანაშაულობის დასამტკიცებლად მას არ მოეპოება არც ერთი საბუთი და ამისთვის შესაძლებლად ვერ რაცხვს მის საპყრობილეში ყოფნას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტუსაღი გადარიცხა თავის სამინისტროზე და დასტოვა საპყრობილეში. ამის შემდეგ თბილისში ჩამოდის ჩარკვიანის ცოლი. უნდა მოვახსენო დამფუძნებელ კრებას, რომ ჩარკვიანის დატუსაღებით აწიოკებულ იქმნა მისი ოჯახი. მას ჰყავს 8 შვილი - უნცროსი 2 წლის და უფროსი 16 წლის და ესენი დარჩენ მხოლოდ დედის ამარა, მოკლებულნი ყოველგვარ მატერიალურ საშუალებას. ჩარკვიანის ცოლი ჩამოვიდა აქ, მიიჭრა შინაგან საქმეთა მინისტრთან და სთხოვა: გაანთავისუფლეთ ჩემი ქმარიო. მინისტრიდან მან მიიღო პასუხად: „მადლობელი უნდა იყო, რომ ის ზის იქ - საპყრობილეში და არა იქ“ - ე. ი. საიქიოშიო. ამნაირი განცხადების მოსმენის შემდეგ თავზარდაცემული ქალი გამოვიდა სამინისტროდან. რამდენიმე დღის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწესთან მიდის მდივანი და იმეორებს იმავ თხოვნას. შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწემ განუცხადა, რომ ჩარკვიანს ონიანის მკვლელობაში კი არ მიუღია მონაწილეობა, არამედ 1905 წელს (ამ 14 წლ. წინად), რაღაც მკვლელობაში. მდივანმა მოახსენა, რომ ჩვენ ვამტკიცებთ - ჩარკვიანს არასოდეს არავითარ მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია, არ ყოფილა პასუხის გებაში მიცემული და არც შემჩნეული საეჭვო საქციელში და უსინდისო მოქმედებაში და ამიტომ გთხოვთ წარუდგინოთ განსაზღვრული ბრალდება და გამოიძიოთ ეს საქმე. შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწე დაპირდა ვნახავთო, მაგრამ, მიუხედავად ასეთის დაპირებისა, ვერაფერი ბრალდება ვერ ნახა. გავიდა დრო. მდივანი მიდის შინაგან საქმეთა მინისტრთან და იმეორებს თხოვნას. შინაგან საქმეთა მინისტრი ეუბნება, რომ ჩარკვიანს მიუღია მონაწილეობა დადიშკელიანის მკვლელობაში. ეს მესამე ახალი ვერსიაა. მდივანმა მოახსენა, რომ დადიშკელიანის ახლო ნათესავები და მისი მეუღლე მშვენივრად იცნობენ ჩარკვიანს და იციან ეს გარემოება. დაეკითხეთ მათ და მთელს მაზრას. გარდა ამისა, როცა დადიშკელიანი მოჰკლეს, ჩარკვიანი იმ ხანად იმყოფებოდა სარიყამიშში და როცა იქიდან მოდიოდა გზაში გასცარცვეს. ეს ამბავი დაწვრილებით მოეხსენება საგარეო საქმეთა მინისტრს, და ეს გარემოება ამტკიცებს, რომ ჩარკვიანი ვერ მიიღებდა მონაწილეობას დადიშკელიანის მკვლელობაში. ჩარკვიანი მაინც არ გაუშვეს, თუმც გამოირკვა, რომ მას არც ერთ ბოროტ-მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰქონდა არავითარი საბუთი მის დანაშაულობის დასამტკიცებლად. შინაგან საქმეთა მინისტრთან მივიდა ჩვენი ფრაქციის წევრი სპირიდონ კედია და სთხოვა გაეშვათ ჩარკვიანი, ვინაიდან ჩვენ დარწმუნებული ვიყავით მის უდანაშაულობაში და ამასთან არ გვსურდა საკითხის გამწვავება; შევაგროვეთ საჭირო მასალა და მოვახსენეთ მინისტრს, დარწმუნებული იმაში, რომ ამ წესით უფრო მალე იქნებოდა აღდგენილი ჩარკვიანის უკანონოდ გათელილი უფლება. კედიას დაპირდენ, მაგრამ ჩარკვიანი დღემდე მაინც არ გამოუშვიათ და მგონი დღეს აპირებენ განთავისუფლებას. ეს ჩარკვიანი არასოდეს არ ყოფილა არაფერში შემჩნეული. ის არის ერთი ღარიბი აზნაური ლეჩხუმის მაზრისა. იგი იყო კონტრაგენტი მეოთხე პოლკის სასურსათო ნაწილისა და აწვდიდა პოლკს სიმინდსა და სხვა სანოვაგეს.

ეხლა შემოგვაქვს რა ეს შეკითხვა, ჩვენ მოვსთხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ მან აუხსნას დამფუძნებელ კრებას ვინ იყვნენ ის პირები, რომელთაც არავითარი ორდერი არ ჰქონდათ და ესოდენ უკანონოდ დაატუსაღეს ჩარკვიანი, რა საბუთით, რა მოსაზრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსი თვის განმავლობაში უდანაშაულო კაცი ჰყავდა დაჭერილი ციხეში და ეხლა რა მოტივებით ანთავისუფლებენ ციხიდან და რას ნიშნავენ მინისტრის სიტყვები: „მადლობელი იყავი, რომ ის იქ ზის - სატუსაღოში და არა იქ“. - ე.ი. საიქიოში? როცა ჩვენ მოვისმენთ შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებას, მაშინ წარმოვადგენთ უფრო ვრცლად ჩვენს მოსაზრებებს და საბუთებს. (არსენიძე ადგილიდან: ეხლა წარმოადგინეთ საბუთები!) მე საზოგადოდ ჩვეული ვარ აქ საბუთებით გამოსვლის, მაგრამ ეხლა ხელთ არ მაქვს ზოგიერთი საბუთები, ვინაიდან შინაგან საქმეთა მინისტრმა არ დამანება გასაცნობად ჩარკვიანის საქმე და მინისტრმა პირადად განმიცხადა: აქ ისეთი საიდუმლო მიწერ-მოწერა არის, რომ მისი გასინჯვა არ შეიძლებაო. (ხმა ადგილიდან: იქნება მართლა საიდუმლო იყო!) ეს ადმინისტრატიული საქმე სახელმწიფოებრივ საიდუმლოებას არ წარმოადგენდა, ამისათვის სამინისტროს, როგორც აღმასრულებელ ორგანოს არ ჰქონდა ნება უარი ეთქვა და არ მიეცა საშუალება დამფუძნებელ კრების წევრისათვის, რომელიც არჩეულია ხალხის მიერ, მისი ნდობით აღჭურვილია და რომელსაც აქვს კონტროლის უფლება, გაცნობოდა ამ საქმეს. ეს ახალი დანაშაულია შინაგან-საქმეთა სამინისტროსი.

მე ვაცხადებ ჩემს უღრმეს პროტესტს, იმის გამო, რომ შინაგან-საქმეთა სამინისტრომ ეს საქმე არ დამანება გასაცნობად და საბუთების შესაფარდებლად და არ მიჩვენა ის მიწერ-მოწერა, რომელიც ამ საქმის შესახებ სწარმოებდა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგს.

. ჭიჭინაძე, შინაგან-საქმეთა მინისტრის ამხანაგი. ეს შეკითხვა, სასწრაფო არ არის და ამიტომ ნებას ვაძლევ ჩემ თავს განუცხადო, დამფუძნებელ კრებას, რომ ამის პასუხი იქნება შემდეგისთვის.

თავმჯდომარე. როგორც მოგეხსენებათ უწყების წარმომადგენელს უფლება აქვს შეკითხვაზე პასუხი გასცეს ან იმავე სხდომაზე, ან შემდეგ სხდომაზე, მხოლოდ არაუგვიანეს შვიდი დღისა. ასე, რომ შეკითხვის განხილვა გადადებულია. ვის ნებავს სიტყვა? არავის. მაშასადამე შეკითხვა გადადებულია. დღიური წესრიგი, ამოწურულია. მოითმინეთ ბატონებო, ჯერ სხდომა არ დახურულა. მოისმინეთ შემდეგი სხდომის წესრიგი. (მდივანი კითხულობს შემდეგი სხდომის დღიურ წესრიგს).

ვის სურს სიტყვა? არავის? წინააღმდეგი არავინ არის? სხდომას ვხურავ.

სხდომა იხურება 1 საათსა და 10 წუთზე.179

4.3 ორმოცდამეექვსე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 წელი, პარასკევი, 29 ენკენისთვე. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი

გრიგოლ ნათაძე.

პრეზიდიუმში არიან:

სიმონ მდივანი,

ქრისტინე შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება დღის 12 საათზე და 30 წუთზე.

თავმჯდომარე. გთხოვთ დაბრძანდეთ. სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი. (კითხულობს კომისიებში გადასცემ საკანონმდებლო აქტთა, ნუსხას და შემდეგ დღიურ წესრიგს).

კომისიებში გადასაცემი საკანონმდებლო აქტები.

1. გზათა მინისტრის პროექტი - გზათა დეპარტამენტის დებულებისა. გადაეცეს გზათა და იურიდიულ კომისიას.

2. გზათა მინისტრის კანონ-პროექტი რკინის გზის მილიციის დამატებითი შტატის შესანახად - 580.000 მან. გადადებისა. გადაეცემა საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

3. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის პროექტი დეკრეტისა - მე-V ტომის 317-331 მუხლის გაუქმების შესახებ - სახელმწიფო მოსამსახურეთა მიერ ერთდროულ გადასახადის გაღებისა - ჯამაგირის გადადებისა და დაჯილდოვებისათვის. გადაეცემა იურიდიულ კომისიას.

4. მიწათ-მოქმედების მინისტრის პროექტი დეკრეტისა - გაგრის კლიმატიურ სადგურის მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატების შესახებ. გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

5. შრომის მინისტრის პროექტი დეკრეტისა - ყოფილ კადეტთა კორპუსის შენობის გადასაკეთებლად 700.000 მან. გადადების შესახებ. გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

6. გზათა მინისტრის კანონ-პროექტი - გზატკეცილების სამმართველოს წარსული წლის ხარჯის დასაფარავად 180.730 მან. და 22 კაპ. გადადებისა. გადაეცემა საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

დღიური წესრიგი:

1. სამანდატო კომისიის მოხსენება - დამფუძნებელ კრების წევრთა დამატებითი არჩევნების შესახებ.

2. სარეკომენდაციო კომისიის მოხსენება სენატორების თანამდებობაზე კანდიდატების დასახელების შესახებ.

3. დეკრეტი-რკინის გზის გენერალ-გუბერნატორისათვის სახელმწიფო ხაზინიდან 100.000 მან. მიცემისა - მიმდინარე ხარჯების დასაფარავად და რკინის გზაზე არსებულ სამგზავრო მატარებლებში მცველთა რიცხვის გადიდება 250 კაცით და მათ შესანახად სამი თვის განმავლობაში 730.531 მან. და 30 კაპ. კრედიტის გახსნის სახელმწიფო ხაზინიდან.

თავმჯდომარე. დღიური წეს-რიგის შესახებ ხომ არავინ ისურვებს სიტყვას? მსურველი არავინ არის. დღიური წესრიგი მიღებულია. პირველი საკითხია სამანდატო კომისიის მოხსენება დამფუძნებელი კრების დამატებითი არჩევნების შესახებ. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების სამანდატო კომისიის თავმჯდომარეს ურატაძეს.

სამანდატო კომისიის მოხსენება.

გრიგოლ ურატაძე. (ს.-დ.). ბატონებო! იმ დებულების თანახმად, რომელიც შეიმუშავა პარლამენტმა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა მოეხდინა დამფუძნებელი კრების დამატებითი არჩევნები იმ ადგილებში, რომლებშიაც სხვა და სხვა მიზეზების გამო შეუძლებელი იყო არჩევნების მოხდენა პირველი არჩევნების დროს, ამ დადგენილების ძალით დამფუძნებელი კრების დამატებითი არჩევნები უნდა მომხდარიყო ექვსი თვის განმავლობაში. მაგრამ ამ ვადაში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ მოახერხა დამატებითი არჩევნების დანიშვნა ყველა იმ ადგილებში, სადაც ასეთი არჩევნები არ მომხდარა. პირველად გამოირკვა, რომ ზოგ ადგილში ეს პირდაპირ შეუძლებელი იყო. ასეთი იყო მაგალითად, აფხაზეთი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაითვალისწინა რა, რომ განსაზღვრულ დროში არ შეიძლებოდა აფხაზეთში არჩევნების მოხდენა, შუამდგომლობა აღძრა დამფუძნებელი კრების წინაშე გადაედო არჩევნები. დამფ. კრებამ დაადგინა აფხაზეთში დამატებითი არჩევნები გადაიდოს კიდევ ექვსი თვით. მიზეზს, - თუ რატომ არ მოხდა დამფუძნებელი კრების არჩევნები აფხაზეთში მე არ შევეხები, მაგრამ სამანდატო კომისიის სახელით ვაცხადებ, რომ არის საკმაო საბუთები იმისა, თუ რამ აიძულა ცენტრალური საარჩევნო კომისია შუადგომლობა აღეძრა ამ ვადის გადიდების შესახებ. დანარჩენ ადგილებში ბორჩალოში, ახალციხის, ახალქალაქის, ფოცხოვის რაიონებში დუშეთის მაზრაში, ხევსურეთში და სვანეთში, ყველა ამ ადგილებში მოხდა დამფუძნებელი კრების დამატებითი არჩევნები.

როდესაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო ყველა საჭირო მასალები დამატებითი არჩევნების შესახებ, მან დაადასტურა ყველა, გარდა ბოლნის-ხაჩინის არჩევნებისა. მართალია, ზოგი ადგილი იწვევდა დავას, მაგრამ დავის გამომწვევი მიზეზები იყო წვრილმანი ხასიათის.

უპირველესად იწვევდა დავას ბოლნის-ხაჩინის არჩევნები. აქ საარჩევნო ყუთი აღმოჩდა გაჭრილი ორი მხრიდან. თქვენ მოგეხსენებათ, რომ საარჩევნო კანონის მიხედვით საარჩევნო ყუთი გაჭრილია მხოლოდ ერთი მხრით კონვერტების ჩასაგდებად, და რადგანაც ეს ყუთი ორი მხრით იყო გაჭრილი კანონი უკვე დარღვეულია. ადგილობრივი საარჩევნო კომისია იუწყებოდა, რომ სხვა საარჩევნო წესებიც დარღვეული იყოო. როდესაც გაუხსნიათ ყუთი, აღმოჩენილა, რომ საარჩევნო ყუთში ერთად იყო გადაკეცილი ჯგუფი კონვერტებისა. სამაზრო კომისიას არ დაუთვლია ყუთში აღმოჩენილ კონვერტებისა და ისე გადმოუგზავნია ცენტრალურ საარჩევნო კომისიისათვის. არც უკანასკნელს, დაუთვლია და გადაუწყვეტია, რომ ბოლნის-ხაჩინის არჩევნები ჩათვალოს უკანონოდ.

მარტო ის ფაქტი, რომ საარჩევნო ყუთი ორი მხრიდან იყო გამოჭრილი, საკმაო საბუთად დაინახეს, რომ კანონიერად არ ჩაეთვალათ არჩევნები. სამანდატო კომისიამ სრულიად გაიზიარა ეს შეხედულება ბოლნის ხაჩინის არჩევნების შესახებ და დაადგინა გამორიცხოს იგი საარჩევნო ხმების სიიდან. მართალია სამანდატო კომისიამ გადასწყვიტა მაინც დაითვალოს ხმების რაოდენობა ბოლნის-ხაჩინის ყუთში, მაგრამ ამას არ ჰქონდა არავითარი მნიშვნელობა და ეს საჭირო იყო შეიძლება მხოლოდ ცნობის-მოყვარეობის დასაკმაყოფილებლათ. ამ რიგად გაუქმებულია ბოლნის-ხაჩინის დამფ. კრების დამატებითი არჩევნები.

შემდეგი რაიონი, რომლის არჩევნებმაც დავა გამოიწვია ეს არის ახალ-ქალაქის მაზრა. ადგილობრივმა საარჩევნო კომისიამ აცნობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ საარჩევნო სიაში შეტანილ იქმნა 400 მეტი ამომრჩეველი, რომლებიც არ იყო შეტანილი წინანდელ სიაში. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოიძია ყველაფერი ეს, ვერავითარი საარჩევნო წესის დარღვევა ვერ დაინახა იქ და არჩევნები კანონიერად ჩათვალა. სამანდატო კომისიამ გადაათვალიერა ეს ოქმები და დარწმუნდა, რომ საარჩევნო წესები არ არის დარღვეული და ცენტრალურ საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება დაადასტურა.

მესამე ადგილი, რომლის არჩევნები იწვევდა დავას არის სვანეთი. დავა შემდგარა ორი მიზეზის გამო. როგორც მოგეხსენებათ საარჩევნო კანონის ძალით არჩევნები იწყება ერთ დღეს და თავდება დანიშნულ ვადაში. ადგილობრივ არჩევნების ხელმძღვანელ კომისიას ვერ დაუწყია არჩევნები დანიშნულ დღეს, გადაუდვია შემდეგი დროისთვის. დავის მეორე მიზეზი იყო ის, რომ ადგილობრივად არ შემდგარა სამაზრო საარჩევნო კომისია და ეს როლი უკისრია ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ინსტრუქტორს და მაზრის ერობის წამომადგენელს. აგრეთვე ამგვარ კომისიასთან ერთად არჩევნებს ხელმძღვანელობდენ შეთანხმებით ადგილობრივი ყველა პარტიები და არც ერთ მათთაგანს პროტესტი არ განუცხადებია არჩევნების წესის დარღვევის გამო. მიიღო რა მხედველობაში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სამანდატო კომისიამ ის, რომ მართალია დარღვეულია არჩევნების ზოგიერთი ფორმალური მხარეები მაგრამ ვინაიდან სვანეთი ისეთი ადგილია სადაც არჩევნების მოხდენა შეიძლება მხოლოდ წლის განსაზღვრულ დროში და თუ ეს არჩევნები ახლა ჩაიშლებოდა შემდეგი არჩევნები უნდა გადადებულიყო ძლიერ დიდი ხნით, რადგან ზამთარში იქ დიდი თოვლი მოდის, დაიკეტება კარები და შესვლა შეუძლებელი გახდება ამით ისედაც, მოწყვეტილი რესპუბლიკას ეს მხარე დარჩებოდა დიდი ხნით სრულიად სახელმწიფოებრივ ამშენებლობის გარეშე. ამიტომ სამანდატო კომისიამ შეუძლებლად დაინახა არჩევნების გაუქმება და ახალი ვადის დანიშვნა. იმ მოსაზრებით, რომ, არც ერთ პარტიას პროტესტი არ განუცხადებია, ყველა ეს საკმაო საბუთად იქნა მიჩნეული, რომ კომისიას არჩევნები კანონიერად ჩაეთვალა და დაუმტკიცებია.

მეოთხე რაიონი, რომლის არჩევნები დავას იწვევდა არის ფოცხოვის რაიონი. ეს რაიონი ეკუთვნის იმ კუთხეს, სადაც სამწუხაროდ მოხდა ისეთი არასასიამოვნო შემთხვევები, რომ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დასჭირდა მისი იარაღით შემოერთება. რამოდენიმე ხნის განმავლობაში ფოცხოვის რაიონი სრულიად მოწყვეტილი იყო საქართველოს რესპუბლიკას, მაგრამ ხალხის სურვილით და მთავრობის დადგენილებით, რომელიც ეცნობა დამფუძნებელ კრებას, და უცხო მისიის წარმომადგენლებს, თანხმობით და რჩევით შემოერთებულ იქმნა საქართველოს რესპუბლიკასთან და იქმნა მიჩნეული უდავო ტერიტორიად. როდესაც არჩევნები ხდებოდა ახალციხის მაზრაში კითხვა დაიბადა მოხდეს თუ არა არჩევნები ფოცხოვის რაიონში, რადგანაც იგი ახალი შემოერთებული იყო. მაგრამ როდესაც ფოცხოვის მცხოვრებლებს გაუგიათ, რომ მოსაზღვრე მაზრაში ხდება არჩევნები, მოუწვევიათ ყრილობა და დაუდგენიათ, რომ ისინი შეადგენენ საქართველოს რესპუბლიკის განუყრელ ნაწილს და ამიტომ მოითხოვდენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ყუთის დადგმას. ადგილობრივ სამაზრო კომისიას მოუყვანია სისრულეში ფოცხოვის რაიონის მცხოვრებთა თხოვნა და დაუდგია იქ საარჩევნო ყუთი, თუმცა ეჭვი შეუტანია მის კანონიერებაში. შემდეგ ამ ყუთში აღნიშნული ხმები დაუთვლია ცალკე და უცნობებია ცენტრალურ საარჩევნო კომიტეტისთვის. ცენტრალური საარჩევნო და სამანდატო კომისიები გამოდიან რა ყველა იმ მოსაზრებიდან, რომლებიც მე მოგახსენეთ და აღიარებენ რა, რომ ფოცხოვის რაიონი ჩვენი რესპუბლიკის უდავო ნაწილია და სთვლიან რა, რომ იქ უნდა დადგმულიყო ყუთი და მისცემოდა მცხოვრებლებს საშვალება არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა, ადგენენ: ფოცხოვის რაიონში მომხდარი არჩევნები ჩაითვალოს კანონიერად და ხსენებულ ყუთში აღმოჩენილი ხმები დაემატოს საერთო საარჩევნო ხმათა რიცხვს.

აი ის 4-5 უმთავრესი რაიონი რომლის არჩევნები იწვევდა დავას.

არის წვრილმანი ოქმები სხვა ადგილებში საარჩევნო წესების დარღვევის შესახებ, მაგრამ ისინი არ წარმოადგენენ დავის გამომწვევ სერიოზულ საბუთებს.

საერთო მიღებული ხმები დანაწილებულია ამ გვარად: სულ მთლად დამატებითი არჩევნებში მონაწილეობა მიიღო (კითხულობს) ამომრჩეველმა. საარჩევნო დებულების თანახმად ეს ხმები ემატება წინანდელ საერთო ჯამს და ამ გვარად ირკვევა დამფუძნებელ კრების არჩევნებში მონაწილეთა საერთოდ რიცხვი. უნდა აღვნიშნოთ, რომ დამატებით არჩევნებში მონაწილეობა მიუღია მცხოვრებთა 58%25. ეს პროცენტი წინანდელ არჩევნებთან შედარებით მეტი თუ არა - ნაკლები არ არის. ეს საერთო ხმები განაწილდა იმ სიათა მიხედვით, რომლებიც წარმოდგენილი იყო პარტიათა მიერ პირველი არჩევნების დროს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და დანაწილდა ასე (კითხულობს).

№1. (ს.-დ.) დააკლდა ოთხი დეპუტატი: ვადაჭკორია, სირბილაძე, ირემაშვილი და ან. სოლოღაშვილის ასული. ნაშთი 91.

№2. (ერ.-დ.) დააკლდა ერთი დეპუტატი: პ. სურგულაძე. ნაშთი 546.

№3. (სოც.-რევოლ.) შეინარჩუნეს არსებული ადგილები (ხუთი). ნაშთი 676.

№4. დაშნაკელებმა გაიყვანეს სამი დეპუტატი: ზორიანი, ავეტისიანი და დავითხანიანი. ნაშთი 2649.

№5. სოც.-ფედ. გაიყვანეს ერთი დეპუტატი - სამსონ დიდიანი. ნაშთი 1142.

№8. დამოუკიდებელ ეროვნულ-დემ. გაიყვანა ერთი დეპუტატი - გრიგოლ ვეშაპელი. ნაშთი 4.407.

თანახმად ამ მეტრისა დონტის სისტემით, როგორც წინეთ, მივიღეთ შემდეგი; პირველმა ნომერმა დაკარგა ოთხი ადგილი და დარჩა ხმების ნაშთი 91; მეორე ნომერმა დაკარგა ერთი ადგილი და დარჩა ნაშთი 546, მესამე ნომერმა, სოც.-რევ. შეირჩინეს ყველა ადგილები და ნაშთი აქვს 676; მეოთხე, დაშნაკციუტუნის პარტიამ შეიძინა სამი ადგილი, წინეთ არ ჰქონდათ და არც დაუკარგავთ; მეხუთემ, სოც.-ფედ. შეიძინეს ერთი ადგილი ნაშთი აქვთ 1.142 ხმა; მეექვსე ნომერს არ შეუძენია და არც დაუკარგავს, მეშვიდეს და დანარჩენს არც შეუძენია და არც დაუკარგავთ. მერვე ნომერმა, ეს გახლავთ „დამოუკიდებელი ეროვნული პარტია“ - შეიძინა ერთი ადგილი და ნაშთი აქვს 4.407 მეორე ადგილისათვის აკლია მხოლოდ 22 ხმა. ამრიგად თანახმად ამ გამოანგარიშებისა აქვე უნდა მოგახსენოთ შემდეგი: ამ ხმებში არ არის ჩათვლილი ის ხმები, რომლებიც წინანდელ არჩევნებში იწვევდა დავას. ეს არის დუშეთის მაზრა. ეს საქმე გასარჩევად გადაცემული აქვს სასამართლოს და სანამ იგი არ გაარჩევს ცენტრალურ კომიტეტს არ შეეძლო მის შესახებ რაიმე დადგენილების გამოტანა. მეორე - წყნეთის პირველი არჩევნები გასარჩევი იყო და გამოძიება არ გათავებულა და შემდეგ ბოლნის ხაჩინის ხმები, რომლის არჩევნებიც გაუქმებულია.

სამანდატო კომისიამ, როგორც მოგახსენეთ, იმ ადგილების არჩევნების გარდა, რომლებიც არაა ცნობილი კანონიერად, ყველა დანარჩენი არჩევნების ოქმები გაარჩია და ადასტურებს რა, რომ ყველა დანარჩენ ადგილებში არჩევნები წარმოებულია კანონიერად, წინადადებას აძლევს დამფუძნებელ კრებას დაამტკიცოს დამატებითი არჩევნები: ბორჩალოსი, ახალციხის, ახალქალაქის, დუშეთის მაზრების და სვანეთის.

გარდა ამისა სამანდატო კომისია აცნობებს დამფუძნებელ კრებას, რომ თანახმად მიღებული ხმებისა და იმ სიებისა, რომლებიც წარმოდგენილი იყო პარტიების მიერ დამფუძნებელ კრების წევრებად იქმნენ ცნობილი სოც.-ფედ. - სამსონ მდივანი, დაშნაკციუტუნის პარტიიდან მან შიეძინა სამი პირი საარჩევნო მეტრის მიხედვით: ზორიანი, ავეტისიანი და დავიდხანიანი.

პირველმა ნომერმა, სოც.-დემ. პარტიამ დაკარგა ოთხი ადგილი. რადგანაც ოთხი პირნი გამოკლებული უნდა იქმნეს სიის ქვემოდან ამიტომ ამორიცხულ იქნენ - ოლღა სოლოღაშვილი, ვადაჭკორია, სირბილაძე და ირემაშვილი.

მეორე ნომერმა, ეროვნ.-დემ. პარტიამ, დაკარგა ერთი ადგილი, და ამიტომ ამორიცხულ უნდა იქნეს პეტრე სურგულაძე.

აი ყველა ის ცნობები... (ხმები მერვე ნუმერი, მერვე ნუმერი) და მერვე ნუმერმა, დამოუკიდებელმა ნაციონალისტურმა პარტიამ შეიძინა ერთი დეპუტატი ვეშაპელი გრიგოლი.

აი ის ყველა ახალი დეპუტატები, რომლებიც შეემატა დამატებით არჩევნების მიხედვით დამფუძნებელ კრებას და ის ვინც ამოირიცხა დეპუტატთა სიიდან. ვიმეორებ, რომ რადგანაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მეტი არავითარი განცხადება არ მიუღია საარჩევნო წესების დარღვევის შესახებ, ამისთვის, ცხადია, თანახმად სამანდატო კომისიის დადგენილებისა იგი დამტკიცებულ უნდა იქნეს დამფუძნებელ კრების მიერ.

თავმჯდომარე. ამგვარათ სამანდატო კომისიის მოხსენება მოისმინეთ. სურს თუ არა ვისმეს ამ საკითხზე სიტყვა? სიტყვა არავის სურს. ვინ არის მოხსენების წინააღმდეგ? წინააღმდეგი არავინაა. ამნაირათ წინადადება სამანდატო კომისიისა დამფუძნებელი კრების დამატებითი არჩევნების შესახებ ერთხმად არის დამტკიცებული. მაშ თანახმად თქვენი გარდაწყეტილებისა, სოც.-ფედერალისტების მხრივ გასულია ს. დადიანი, დაშნაკელების მხრივ: ზორიანი, ავეტისიანი და დავითხანიანი, დამოუკიდებელ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის სიიდან - ბ. გრიგოლ ვეშაპელი. პირველ ნომრის სიიდან გადარიცხულია კანდიდატთა სიაში: ოლღა სოლოღაშვილი, ერმალოზ სირბილაძე, სოლომონ ვადაჭკორია და იოსებ ირემაშვილი. ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიიდან გადარიცხულია კანდადატთა სიაში დეპუტატი პ. სურგულაძე.

ამრიგათ, პირველი საკითხი გათავებულია. მეორე საკითხია: მოხსენება სენატორების კანდიდატთა დამტკიცების შესახებ.

ამ საკითხზე მომხსენებელია დამფუძნებელი კრების წევრი რ. არსენიძე.

. არსენიძე. უნდა მოვახსენო დამფუძნებელ კრებას, რომ კომისიას არ დაუმთავრებია, საბოლოოდ თავისი მუშაობა. ამ მოკლე ხანში წარმოგიდგენთ კანდიდატთა სიას. ამიტომ კომისია ითხოვს თქვენგან ეს საკითხი დღეს მოხსნილ იქნას დღიურ წესრიგიდან.

თავმჯდომარე. როგორც მომხსენებელმა განაცხადა, კომისიას ჯერ არ დაუმთავრებია სიის შედგენა და ითხოვს ვადის გაგრძელებას. ვის სურს ამის შესახებ სიტყვა? სიტყვა არავის სურს, მაშ ეს საკითხი მოხსნილი გახლავთ.

შემდეგი გახლავთ მესამე საკითხი: დეკრეტი - რკინის გზის გენერალ-გუბერნატორისათვის სახელმწიფო ხაზინიდან 100.000 მანეთის მიცემისა მიმდინარე ხარჯების დასაფარავად და რკინის გზაზე არსებულ სამგზავრო მატარებლებში მცველთა რიცხვის გადიდება 250 კაცით და მათ შესანახათ სამი თვის განმავლობაში 738,833 მან. 30 კ. კრედიტის გახსნა სახელმწიფო ხაზინიდან. მომხსენებელია ივ. ჭავჭანიძე. სიტყვა ეკუთვნის დამფ. კრების წევრ ჭავჭანიძეს.

(დიპლომატიურ ლოჟაში შემოდის ინგლისის წარმომადგენელი ბ. ოლივერ უორდროპი).

ივ. ჭავჭანიძე. მოქალაქენო! ამ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში მოგეხსენებათ, რომ ძალიან გახშირდა მატარებლებზე თავდასხმა. უკვე სამ შემთხვევას ჰქონდა ადგილი: ქსანკასთან, ბათომსა და ქობულეთს შუა და ქუთაისსა და რიონს შუა. პირველ ორ შემთხვევას თან ახლდა ლიანდაგის აყრა. მესამე შემთხვევამ შედარებით უფრო უმსხვერპლოთ ჩაიარა. იქ გაძარცვეს მატარებელი. აშკარაა, რომ ეგ თავდასხმები შემთხვევითი მოვლენა არ არის. აქ თითქოს ორგანიზაცია არსებობს, რომლის მიზანია ერთის მხრით ერთგვარი არევ-დარევა შეიტანოს მიმოსვლის საქმეში, მეორეს მხრით მატერიალური ზარალი მიაყენოს ხალხს და ხაზინას. აშკარაა, ასეთი მდგომარეობა ერთგვარ პანიკას იწვევს ხალხში, განსაკუთრებით მგზავრებში. მაგალითად, მას ძალიანაც, რომ უნდოდეს სადმე წასვლა, ვერ ბედავს: მას ეშინია გაძარცვის და თან სიცოცხლის დაკარგვისაც. რა თქმა უნდა, ასეთ მდგომარეობას სათანადო ყურადღება უნდა მიქცეოდა. მთავრობამ კიდევაც მიაქცია თავისი ყურადღება ამ მდგომარეობას. მთავრობის აზრით საჭიროა მიღებულ იქნას განსაკუთრებული ზომები, რომ მგზავრები უზრუნველყოფილ იქნან და ხაზინასაც ზარალი ააშორონ. ლიანდაგიდან გადავარდნით იმსხვრევა მატარებლები, რაც დიდათ საზარალოა ჩვენთვის, მეორე მგზავრების გაძარცვაც დიდათ სამწუხარო მოვლენაა. ამის საბოლოვოდ ასალაგმავად საჭიროა მიღებულ იქნეს ყოველივე ზომები, რომ არავითარ თავდასხმას რკინის გზაზე ადგილი არ ჰქონდეს. ამ მიზნით მთავრობას განზრახული აქვს განსაკუთრებული გენერალ-გუბერნატორის დანიშვნა, რომელიც მგონი სისრულეში უნდა იყოს მოყვანილი; საჭიროა აგრეთვე გაძლიერება დამცველთა რიცხვისა მატარებლებში. თუ მათი რიცხვი საკმაო იქნება მატარებლებში, მათ შეუძლიათ ბოროტ-გამძრახველებს ხელი შეუშალონ და ალაგმონ. ამ ზომების განსახორციელებლათ საჭიროა ხარჯები და ამიტომ მთავრობა შემოდის წინადადებით, რომ მის განკარგულებაში დამფუძნებელმა კრებამ გადადოს საჭირო თანხა.

თავმჯდომარე: ნება მომეცით, მოქალაქენო, დამფუძ. კრების წევრნო თქვენი ყურადღება ცოტა ხნით მოვაშორო ამ მოხსენებას და თქვენის სახელით სალამით მივმართო ჩვენთვის პატივსაცემ და ძვირფას სტუმარს დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს, ბ. ოლივერ უორდროპს. (მხურვალე ტაში და ოვაციები). ჩვენი გრძნობა, ბატონებო, ყველასათვის ყოველთვის ნათელი იყო. ჩვენი მუშაობა, როგორც საგარეო პოლიტიკაში, ისე შინაურ საქმეებში, ყველასათვის აშკარა და ნათელი იყო. ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს და დღესაც, ვსარგებლობ რა ძვირფასი სტუმრის მოსვლით, ერთხელ კიდევ ვიმეორებ: პატარა საქართველომ, მის ხალხს, დემოკრატიას, არავისთვის არასოდეს არაფერი არ დაუშავებია, მას მუდამ სწყუროდა და დღესაც სწყურია ერთი რამ: მას სწყურია ის მონაპოვარი რუსეთის დიდი რევოლიუციისა, რომელთაც აქ შეინარჩუნეს თავიანთ-არსებობა, განამტკიცოს ერთ დიდ და ურყეველ საფუძველზე - საქართველოს სუვერენობის და დამოუკიდებლობის საფუძველზე. (მხურვალე ტაში). ამ რევოლიუციამ გარდა სხვა ბევრი საკითხებისა წამოაყენა ერთი დიდი ლოზუნგი - ერთა თვითგამორკვევა. საქართველოს ერმა ამ დიდი რევოლიუციით განახორციელა ერთა თვითგამორკვევა. მას სურს შეინარჩუნოს და განამტკიცოს ის დამოუკიდებლობა, რომლითაც ის გამოექცა ჩრდილოეთის ანარქიას. ის დამოუკიდებელი გახდა ანარქიისაგან და სურს დამოუკიდებელი იყოს იმ შავი რეაქცისაგანაც, რომელიც ჩრდილოეთიდან გვემუქრება; მას უნდა თავისი ხალხის ბედი თვითვე გამოსჭედოს და ის შეაყენოს სწორ და ნამდვილ გზაზე. ეს არის გზა ევროპის ცივილიზაციის კულტურის ჩვენში გადმონერგვის და ჩვენი პატარა საქართველოს ხალხის ევროპის ხალხთა ოჯახში შეყვანისა, - მას სურს ის კულტურა, რომელიც მიუღია მას საუკუნეთა განმავლობაში მიუღია და დღემდე შეუნარჩუნებია, განავითაროს, გაღვივოს და მით - თავისი მცირე წვლილი - პატარა ხალხი მიუძღვნას ევროპის დემოკრატიას.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერისთვის საუკეთესო საქმის კეთებაში ჩვენი დამხმარე იქნება ყველა ის, ვისთვისაც ძვირფასია ერთა თვითგამორკვევა ერის ბედნიერება და ანარქიის და რეაქციის დათრგუნვა.

ჩვენი სალამი დიდ ბრიტანეთს და მის წამომარდგენელს, ჩვენ დარწმუნებული ვართ, და ამის საბუთიც გვაქვს, რომ დიდი ბრიტანეთი დიდის ყურადღებით და თანაგრძნობით ეპყრობა ჩვენს დამოუკიდებლობას. და ის ფაქტი რომ ჩვენ ბრიტანეთის წარმომადგენლათ მოგვევლინა თვით ბ. უორდროპი, ბევრ რასმეს გველაპარაკება. დიდ ბრიტანეთს უნდა, რომ ამ მთელ აზიაში მდებარე პატარა საქართველო აყვავდეს, განვითარდეს; მას დაეხმარება დიდი ბრიტანეთი და ჩვენ ვიცით თუ რას ნიშნავს მისი დახმარება.

გულითადი სალამი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს ბ. ოლივერ უორდროპს! (ტაში და ოვაციები) სალამი დიდ ბრიტანეთს! (ტაში) გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, რომელიც დიდი ბრიტანეთის და სხვა ევროპის სახელმწიფოებთან ერთად დამოუკიდებლათ თავს გადაირჩენს! (ტაში) და ეს ევროპის დემოკრატიას ათქმევინებს, რომ იქ, აზიის კუნჭულში ყოფილა ხალხი, რომელმაც არამც თუ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, არამედ შეუდგა რევოლიუციის მონაპოვართა განმტკიცებას და ბევრი რამ განახორციელა. ამის თავდებია ის, რომ განა ასეთი ანარქიის და ქაოსის დროს მოიწვია დამფუძნებელი კრება, რომელიც განაგრძნო მუშაობა და მას ვერავინ ხელს ვერ შეუშლის, და თუ ვინმემ ეს მოინდომა, მას დიდი ბრიტანეთი ხელს შეუშლის. გულითადი სალამი უორდოპს. (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის შინაგან საქმეთა მინისტრს

რამიშვილი შინაგან-საქმეთა მინისტრი. მოქალაქენო! დამფუძნებელი კრების წევრნო! მთავრობა თავის პილიტიკურ მოვალეობად სთვლის აქ, თქვენს წინაშე განაცხადოს, რომ ამ უკანასკნელ დროს რესპუბლიკის მტრების მოქმედება, მიმართული ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ძლიერ გაცხოველდა. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო შეიქნა მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყანა მიატოვა უცხოელთა ჯარმა, მეტისმეტად ფართო ხასიათს ღებულობს ანტი დემოკრატიულ - ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედება.

ორი მიზანი აცხოველებს ამ მოქმედებას. უმთავრესი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ჩაგვითრიონ რუსეთის სამოქალაქო ომში. თქვენთვის ყველასათვის აშკარა უნდა იყოს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ფაქტს. ეჭვს გარეშეა ჩვენი მოწინააღმდეგენი ცდილობენ ამით თავისი საქმე გამოაკეთონ.

თუ მართლა მთავრობა შესძლებს დაამყაროს დამოკიდებულება მეზობლებთან და ურთიერთობა კერძოთ დენიკინის ლაშქრობასთან - ეს, ის ამას შესძლებს, უფრო გააუარესებს მათ საქმეს, ის თავის მიზანს მიაღწევს და ის სამართლიანად იმედოვნებს, რომ ამით კერძოთ საბჭოთა რუსეთისათვის შეიქნეს სტრატეგიული და ტაქტიკური პირობები.

მთავარი მიზანი, რომელიც ამ მტრებს აცხოველებს, ეს არის ჩვენს და უცხოელთა შორის ურთიერთობის გამწვავება.

თქვენ კარგათ იცით, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენში არსებულ პირობებს, როცა თვითეული ჩვენი მოქალაქე, თვითეული ჩვენი პოლიტიკური საზოგადოება - ორგანიზაცია კულტურულ მუშაობას მისდევს და ამ მდგომარეობის წინააღმდეგ არის მიმართული ჩვენი მტრების მოძრაობა.

პირველი მათი მიზანია, რომ ჩვენ ჩაგვითრიონ რუსეთის სამოქალაქო ომში და მასალად სურთ გამოიყენონ ის კონფლიქტები საზოგადოების შესახებ რომელსაც ადგილი აქვს ჩვენს და მის ლაშქრობის შორის.

ეს თქვენ იცით, მისი აქ ხელმეორედ განმარტება საჭირო არ არის, და ვამბობ, თუ ისინი მიზანს მიაღწევენ, მაშინ მოესპობა ნიადაგი ჩვენს აღმშენებლობითი მუშაობას და შეირყევა ჩვენი პოლიტიკური ორგანიზმი, ჩვენ ძალა. უნებურად მონაწილენი გავხდებით იმ არეულობის, რომელსაც ადგილი აქვს რუსეთში და რომელიც უქადის რუსეთის ერებს ურთიერთ შორის გაჟლეტას.

ამით აიხსნება ის გაშმაგებული აგიტაცია, რომელიც სწარმოებს ჩვენში სხვა და სხვა ჯგუფების მიერ.

აგიტაცია მიმართულია ჩვენი საბჭოს რუსეთთან დაკავშირებისკენ.

ამით აიხსნება ის თავდასხმა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ უკანასკნელ დღეებში მოხალისეთა წარმომადგენელ გენერალ ბარათოვზე. თქვენთვის აშკარა უნდა იყოს, რომ ეს მიზანი გამოდის ანარქო-კომუნისტთა წრეებისაგან. ისინი იმედოვნებდენ, რომ მათი ეს თავდასხმა წყვდიადით მოფენილი დარჩებოდა, რომ ჩვენ ვერ შევსძლებდით მის ფარდის ახდას.

მოხალისეთა სარდლობა იფიქრებდა, რომ ეს არის ერთი საბაბი ჩვენი ურთიერთობის გამწვავებისა და თქვენ იცით, თუ რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს წარმომადგენელის ასეთ მოპყრობას.

საბედნიეროდ ეს არ მოხდა. აშკარად ნათელია, რომ ეს კომუნისტთა საქმეა, რომ არც საქართველოს მთავრობას და არც ერთს ჯგუფს საქართველოს ერისას ამაში არამც თუ ბრალი არ უდევს, არამედ გადაჭრით გმობს ასეთს გამოსვლებს.

იმედი მაქვს, რომ ის პირველი მიზანი რესპუბლიკის მტრებს ჩაეფუშათ, და იმედი უნდა ვიქონიო, რომ ასეთი პროვოკ. გამოსვლებით ჩვენი მტრები არამც თუ ვერ მიაღწევენ თავის მიზანს, არამედ ვერც შესძლებენ გადაიყვანონ ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრება იმ მტკიცე კალაპოტიდან, რომელშიაც ის სდგას და ჩვენს დამოუკიდებლობას ანგარიშს უწევენ უცხო სახელმწიფონი, რაიცა სჩანს მათი ჩვენს შინაურ საქმეებში სრული ჩაურევლობისგან (ტაში).

მე ვთქვი, რო ამ რესპუბლიკის მტრებს ამოძრავებს მეორე მიზანიც. ეს მეორე მიზანი არის უცხო ერებთან ჩვენი ურთიერთობის გამწვავება და მათ წინაშე ჩვენი სახელმწიფოს დასამარება.

ცხადია, თუ რა მნიშვნელობა აქვს საზოგადო მყუდროებას სახელმწიფოს ცხოვრებაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა სახელმწიფო აღმშენებლობით საქმეს ეწევა და როცა დიდი ინტერესით ეპყრობიან ამ მხარეს უცხოელებიც.

აი, სწორედ აქ, ამ პუნქტში, რომელზედაც დამოკიდებულია ჩვენი დამო- უკიდებლობის ბედ-იღბალი და პრესტიჟის ამაღლებას საჭიროებს, აი აქ მოინდომეს რესპუბლიკის მტრებმა ჩვენ წინააღმდეგ მოქმედება, დასამარება და მით აიხსნება თავდასხმა რკინის გზებზე.

აშკარაა ყველასთვის: რა მნიშვნელობა აქვს რკინის გზის მიმოსვლას რესპუბლიკის კეთილდღეობისათვის და როგორი თვალით უყურებენ ამ საქმეს უცხოელები და აი ამ მტკივან ადგილზე მოინდომეს ფეხის დადგმა ჩვენმა მტრებმა და თუ ისინი აქ შესძლებდენ მიღწევას და არევ-დარევის შეტანას ჩვენი რკინის გზის საქმეში, ეს იქნებოდა მეტად სახიფათო ჩვენი თვითარსებობისათვის. და სწორედ ამით აიხსნება ამ სხვა და სხვა ჯგუფის გამოსვლები. ამ ჯგუფთა სახის გარკვევა და გამოცნობა მეტად მძიმეა. ჩვენ არ ვიცით რა ხასიათისაა ეს ჯგუფები, ერთი კი აშკარაა, რომ ისინი ხმარობენ ყაჩაღურ საშუალებას, რათა უწესოება და არევ დარევა გამოიწვიონ, ამით უცხოელებთან სახელი გაგვიტეხონ, დაანახონ მათ, რომ ჩვენ სახელმწიფოებრივი ცხოვრების მოწყობა არ შეგვიძლია და არც ჩვენი დამოუკიდებლობის შიგნით განმტკიცება; მათ აქვთ გარკვეული მიზანი: კონფლიქტი გამოიწვიონ ჩვენსა და უცხოელებს შორის და ხელი შეუწყონ საბჭოთა რუსეთის პოლიტიკურ და სტრატეგიულ მიზნების განხორციელებას. ვინც დააკვირდება, მისთვის აშკარა უნდა იყოს, რომ ჩვენი მტრების გამოსვლებს, მათ ერთ საქმეს მეორესთან ვერ გამოყოფთ და ვერ განაცალკევებთ: თავდასხმა მოხალისეთა არმიის წარმომადგენელ გენ. ბარათოვზე და რკინის გზებზე, შეიძლება მჭიდროდ არ იყვნენ ერთმანეთზე დაკავშირებულნი, მაგრამ მათ აქვთ ერთი საფუძველი, მათ აქვთ ერთი პოლიტიკური ხასიათი, და არა პირვონულათ გადაჯაჭვულნი არიან ერთი მეორეზე. ამ შემთხვევაში დიდ როლს თამაშობენ ის ელემენტები, რომელნიც ჩვენში მოქმედებენ და უცხო ერის ნაწილს შეადგენენ. თუ დაუკვირდებით იმ პარტიის წარმომადგენელთ, რომელნიც ძაფს აბამენ საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს შორის, თქვენ დაინახავთ, რომ ეს არის მოჭრა უცხო ერის აგენტებისა, და მაშასადამე ჩვენ საქმე გვაქვს არა მარტო უბრალო ყაჩაღობასთან, არამედ პოლიტიკურ ხასიათის გამოსვლებთან, რომლის მიზანია გააღრმავოს კონფლიკტი, შექმნას განხეთქილება და ეს გარემოება გამოიყენიოს თავის სტრატეგიულ პოლიტიკურ მიზნებისათვის.

მთავრობას განზრახული აქვს მიიღოს ზომები და შესაფერი კანონ-პროექტი წარედგინება დამფუძნებელ კრებას. კერძოთ რკინის გზებზე შექმნილ მდგომარეობის გამო, მთავრობას დადგენილი აქვს - რესპუბლიკის რკინის გზა გამოაცხადოს სამხედრო წესებზე. ჩვენ ვიცით, რომ მშვიდობიან მოქალაქეთათვის ეს ზომა სამძიმოა, მაგრამ ჩვენ ვურიგდებით მშვიდობიან მოქალაქის თავისუფლების შეზღუდვას და ამავე დროს ვეცდებით ეს სიმძიმე შევამსუბუქოთ, ეს არის აუცილებელი, რომ თავდასხმებს, რომელნიც გახშირდენ ამ ბოლო დროს და რომელნიც უცხოელებთან სახელს გვიტეხენ მომავალში ადგილი არ ექნეს.

მთელი რესპუბლიკა, ყველა პარტია საზოგადოებრივი ორგანიზაციები შეიგნებენ, უნდა შეიგნონ, რომ ამ შემთხვევაში საჭირო იყო არა ჩვეულებრივი ზომები. ჩვენ ჯერ არ ვყოფილვართ ასეთ მდგომარეობაში, ასეთი ზომები არ ყოფილა საჭირო.

ჩვენ გვაქვს საკმაო ძალა და უნარი, რომ მყუდროობა და წესიერება დავამყაროთ ყველგან, მაგრამ არიან უცხოთა აგენტები, რომელთაც ესაჭიროება ჩვენი ქვეყნის ცხოვრების არევდარევა და მოყაჩაღო ელემენტები, რომელნიც ამ არევდარევით სარგებლობენ.

მთავრობა მიიღებს შესაფერ ზომებს და იგი მიაღწევს თავის მიზანს, თუ მას მხარს დაუჭერს დამფუძნებელი კრება, სახელმწიფო დაწესებულებანი, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ჯგუფები. (ტაში).

ალექსანდრე ასათიანი. (ერ.-დემ.) ბატონებო! ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქცია სავსებით იზიარებს რკინის გზის შესახებ არაჩვეულებრივ ზომების მიღების საჭიროებას.

რესპუბლიკის მტრებმა, ჩვენი სახელმწიფოებრივი იდეის მტრებმა ისარგებლეს ინგლისის ჯარების გაყვანის მომენტით და ძირს უთხრიან ჩვენი დამოუკიდებლობის სიმტკიცეს. მათ სურთ ისეთი მდგომარეობა შექმნან, რომ საეჭვო გახადონ უცხო სახელმწიფოებისათვის, ჩვენი არსებობის საკუთარი ძალით განმტკიცება. ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქცია მხარს დაუჭერს მთავრობას, მაგრამ ის ზომები, რომელნიც მიმართულია რკინის გზებზე შექმნილი მდგომარეობის წინააღმდეგ, არ გვაძლევს გარანტიას წესიერების დასამყარებლათ. ჩვენ გვეგონა, რომ შინაგან-საქმეთა სამინისტრო უფრო რადიკალურ ზომებს მოგვცემდა. ის რაც ხდება რკინის გზებზე გამოძახილს პოულობს რესპუბლიკის სხვა და სხვა კუთხეებშიდაც. ჩვენი შინაგან-საქმეთა სამინისტროს აპარატი არ არის ჯანსაღი, რომ მტკიცედ შეებრძოლოს ყოველგვარ ბოროტ-მოქმედებას და სახელმწიფოსათვის მავნე ელემენტებს. ჩვენ იმედს გამოვსთქვამთ, რომ დამფუძნებელი კრება რადიკალურათ დასვამს ადმინისტრაციის საკითხს. ეს საკითხი ახალი არ არის, მაგრამ ადმინისტრაცია ჯერაც არ არის ჯეროვან ნიადაგზე დაყენებული და ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას. რკინის გზის მცველებით უზრუნველყოფა შეუძლებელია - იგი შუა სჭრის მთელს საქართველოს. ისიც შეუძლებელია, რომ ყველა მატარებელი ჯარის კაცებითა და დარაჯებით ავავსოთ და ეს არც გარანტია იქნება ჩვენი საქმის ნაყოფიერი დაბოლოებისათვის. ამიტომ საჭიროა, შინაგან-საქმეთა სამინისტრომ რადიკალური რეფორმით გააუმჯობესოს სამაზრო ადმინისტრაცია. რესპუბლიკის რკინის გზა შვიდ-რვა ერობას სჭრის, რომელთაც არა აქვთ საკმაოდ შეკავშირებული ძალები და ვერც ცენტრის ხმა სწვდებათ და ამიტომ ჩვენი ღონისძიებანი მიზანს ვერ აღწევენ როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ნაადრევია ერობებისათვის ადმინისტრატიული უფლებების გადაცემა, რომ ისინი არ არიან საკმაოდ გამაგრებულნი და მომზადებულნი ჩვენ გვიპასუხებდნენ, რომ ამას მოითხოვს დემოკრატიული პრინციპებიო. მაგრამ დღეს ნათლად მოსჩანს, რომ საჭიროა ამ საკითხის გადასინჯვა და ახალ ნიადაგზე დაყენება.

როდესაც ჩვენ ვამბობთ, ნაადრევია ერობებთათვის ადმინისტრაციის გადაცემა, ვინაიდან ერობა არაა საკმაოდ გამაგრებული, საკმაოდ მოწყობილი ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს აუცილებელია, ამას მოითხოვს დიდი სახელმწიფოებრივი ინტერესი და სხვა.

მაგრამ დღეს ნათლად ვხედავთ, რომ საკითხი ადმინისტრაციის ერობების ხელში გადაცემის შესახებ მოითხოვს გადადებას, სანამ არ შექმნილა მტკიცე თვითმართველობა. სანამ ისინი არ გამაგრებულან, მათ არ შეუძლიათ წესიერების და მშვიდობიანობის დაცვა, ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გადასინჯოს ეს საკითხი და ადმინისტრაციის მოწყობა ყველა ერობებში და სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე ახალ საფუძველზე და ახალ ნიადაგზე დააყენოს.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ იქაც სადაც ადმინისტრაციის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უფრო ახლოა, და პირდაპირ მის კომპეტენციასა და მის ბრძანებლობის ფარგალში შედის, იქაც საკმაო ხელმძღვანელობას ვერ უწევს. კიდევ გრძელდება ის გზები შინაგან საქმეთა პოლიტიკაში, რომელიც დაიწყო ადმინისტრაციაში ფაბორიტების ძებნით. შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დარწმუნდეს რომ არც ერთმა ფაბორიტმა იმედები არ გაამართლა და არც შეიძლება ერთი ან ორი პირით სახელმწიფო აპარატის შენება, საჭიროა რომ თვით მთელი აპარატი გარდაიქმნას.

თორემ ერთი და ორი პირის იმედით სახელმწიფოს ვერ მოვაწყობთ. ეროვნულ დემოკრატიული ფრაქცია იმედს გამოსთქვამს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ანგარიშს გაუწევს იმ ფრიად საშიშ მდგომარეობას, რომელიც ახლა დამყარდა და რომელსაც აღიარებს თვით მეთაური პირი ჩვენ წინაშე, და კვლავ მთელ ადმინისტრაციის საკითხს დააყენებს დამფუძნებელი კრების წინ, როგორც ამას გვიკარნახებს სახელმწიფოებრივი ინტერესი.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების წევრს რ. არსენიძეს.

. არსენიძე. მოქალაქენო დამფუძნებელი კრების წევრნო! თავისთავად ცხადია, რომ ის დეკრეტი რომელიც თქვენ წარმოგიდგინეს განსახილველად დიდ სირთულეს არ შეიცავს. ის ღონისძიებანი, რომელნიც აღნიშნული არიან ამ დეკრეტში ახალი და განსაკუთრებული არ არის. თქვენ მოგეხსენებათ რომ ეს საერთო ზომებია და საერთო ღონისძიება, რომელსაც იღებენ ყოველთვის, როდესაც ასეთი საშიში მდგომარეობაა და საფრთხე მოელის სახელმწიფოს.

ჩვენ რომ დიდი სახელმწიფო ვიყოთ ან და ასეთ მოვლენას ევროპაში, რომ ქონდეს ადგილი დიდ ყურადღებას არ მიაქცევდენ და საკანონმდებლო დაწესებულებაში არ გამოიტანდენ. ეს საქმე სრულიად ჩუმად ჩაივლიდა. და დიდი პოლიტიკური ენერგია და ძალა ამისთვის არ დაიხარჯებოდა.

ჩვენი მდგომარეობა კი განსაკუთრებულია. ჩვენ ვართ ახლად დაარსებული სახელმწიფო და ყოველ საფრთხეს დროს ეგზამენს გვაჭერიებენ. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია მშვიდობიანობის და წესიერების დაცვა, მაშინაც როცა აქ დგას უცხო ძალა და მაშინაც როცა ეს უცხო ძალა არ არის.

შესაძლებელია და სინამდვილესთან ახლო, რომ ასეთი გამოსვლები მოწყობილია ჩვენი რესპუბლიკის მტრებისგან. ჩვენ ვიცით, რომ ამ გამოსვლებს მაშინ მიეცათ ადგილი, როცა უცხო ძალა წავიდა აქედან. ეს მოხდა არა იმიტომ, რომ ისინი ახლა უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა ჩვენი სისუსტის დასამტკიცებლად. სწორედ ამ მიზნებით ვალდებული ვართ ხაზი გაუსვათ ამ მდგომარეობას და გაორკეცებულ ენერგიით შევუდგეთ საქმის მოგვარებას და ჩვენი რესპუბლიკის განმტკიცებას. ყველა ბრძოლა და არა ჩვეულებრივი მიზეზები ერთი ფაქტორთაგანია ჩვენი ადმინისტრაციის და რესპუბლიკის აპარატის გამაგრებისათვის. რომ არ ყოფილიყო ასეთი გამოსვლები და ჩვენ ვყოფილიყავით სრულ მყუდროებაში, ჩვენი ადმინისტრაციულ აპარატის მოწყობის დროს უნდა ვიხელმძღვანელოთ ამა და ამ პრინციპებით და სხ.

ყოველ ახალ შემთხვევის დროს გვესმის ეს ხმები. მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო, ეს დავა სხვა დროისთვის გადავდვათ, იმ დროისთვის როცა, სახელმწიფოს ძირითადი დებულებები იქნება შემუშავებული და წამოდგენილი. ახლა კი გაკვრით შევეხები საკითხს. აქ ამბობენ, ადგილობრივ თვითმმართველობის აპარატებს ადმინისტრატიული ფუნქციები უნდა ჩამოვაშოროთო. ჩვენ ეს დიდ შეცდომათ მიგვაჩნია. მე მგონია, რომ თუ ჩვენ გვინდა მართლაც ადმინისტრატიული აპარატის გაძლიერება და განმტკიცება, უნდა დავეყრდნოთ ადგილობრივ თვითმართველობებს. თუ უკანასკნელი აღმოჩნდება სუსტი ასეთ აპარატის შექმნაში, მას უნდა მიეშველოს ცენტრი, დაეხმაროს შემწეობა აღმოუჩინოს და არა გააუქმოს ეს დაწესებულება. ესე იგი სრულიად ჩამოვაშორო ადმინისტრაციის საქმები ადგილობრივ თვითმმართველობებს.

ახლად მოწვეულ ერობათა ყრილობაზე გამოირკვა, რომ მრავალ ერობას და ადგილობრივ თვითმმართველობას ადმინისტრაციის საქმე საკმაოდ მოღონიერებული და განმტკიცებულია, ზოგან კი ჯერ არა. მაგრამ ნუ თუ ეს საბუთია იმისათვის, რომ ხელი ვკრათ და უყურადღებოთ დავტოვოთ ისინი? მე მგონია, რომ არა. პირიქით ახლა უფრო აუცილებელია მათი დახმარება, რომ ყველგან სათანადო ნიადაგზე დადგეს ადმინისტრაციის საქმე. ამის უარყოფა და პრინციპიალურად ერობის წინააღმდეგ გამოსვლა ყოვლად უნიადაგოა. მართალია ყველგან არაა განმტკიცებული ადგილობრივი თვითმართველობა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი სახელმწიფო უფრო ხნიერია, ვინემ თვითმმართველობა. თქვენ, იცით, რომ ჩვენ არ გვქონდა რუსეთის ბატონობის დროს ასეთი საერობო დაწესებულება, და რამდენიმე თვის განმავლობაში არც დამოუკიდებელ სახელმწიფოს არსებობიდან ნუ დავივიწყებთ, რომ ისინი უფრო ნორჩნი და პატარანი არიან, ვინემ ცენტრალური სახელმწიფო აპარატი. თქმა იმისა, რომ იქ ნაკლი არ არის, არ შემიძლია. უნდა ვთქვათ, რომ საერობო დაწესებულებებში არსებობს ნაკლი და სისუსტე, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ათასჯერ მაგარი არიან დღეს, ვინემ ერთი წლის წინეთ. სისუსტე კლებულობს დაყოველ თვე ეტყობა ზრდა და განმტკიცება - საერთოდ ჩვენი სახელმწიფოს მექანიზმს. ამას ხაზის გასმა ესაჭიროება აუცილებლად, ვინაიდან ეს ნაკლი არის ნაკლი იმ აპარატისა რომელიც იზრდება და ვითარდება. ეს დაწესებულებანი, რომ დამთავრებულნი და დასრულებულნი იყვნენ შეგვეძლო მოგვეთხოვა მეტი თუნდაც გარდამავალ ხანაში, მაგრამ როდესაც ისინი ზრდის პროცესში არიან ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ მათ აქვთ ნაკლი, მაგრამ ამ ნაკლს უნდა შესწორება, და ეს შესწორება შესაძლებელია. ეს ერთი და მთავარი, რაც მე უნდა მომეხსენებია. რაც შეეხება იმ გამოსვლებს, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენ რესპუბლიკაში და რომლის შესახებაც ხაზ გასმით მოგვახსენა მთავრობის წარმომადგენელმა, საკმაოდ დამტკიცებული და ცხადია, რომ საქმე გვაქვს არა უბრალო ყაჩაღებთან, საქმე გვაქვს იმ პოლიტიკურ ბრძოლის გაგრძელებასთან, რომელსაც აქამდე ჩვენ ცხოვრებაში ვხედავდით, და რომელსაც ფართო ხასიათი ქონდა; თუმცა მასაში გამოხმაურება ვერ მიიღო. სანამ საზოგადოების ყველა წრეებში გამჯდარი არ იყოს და განმტკიცებული ჩვენი დამოუკიდებლობის იდეა, სამოქმედოთ ემზადებოდენ და ძალას იკრეფდენ ის პოლიტიკური წრეები, რომელთაც ვერ წარმოუდგენიათ რესპუბლიკის ცხოვრება რუსეთის გარეშე, უმთავრესათ იმ ელემენტების დახმარებით, რომლებიც აქ ჩამოსულან და რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენ შევადგენთ რუსეთის განუყრელ ნაწილს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ პოლიტიკურ წრეებს დაეკარგათ ყოველივე ნიადაგი. და ის აქტები, რომელთაც ამ უკანასკნელ დროში ქონდათ ადგილი მოწმობენ მათ სისუსტეს და ფეხქვეშ ნიადაგის გამოცვლას.

მხოლოდ მაშინ მიმართავს ყაჩაღობას, ბომბებს და ამგვარ საშინელ აქტებს პოლიტიკური პარტია, როდესაც იგი ხედავს, რომ ეკარგება გავლენა და ნიადაგი საზოგადოებაში, დიახ როცა ხედავს, რომ აღარ შეუძლია სიტყვებით იმოქმედოს მასზე, მაშინ მიმართავს ასეთ ნერვების აღმძვრელ საშვალებას. ეს ერთი უკანასკნელი საშვალებაა, რომ ერთხელ კიდევ სცადოს ბედი სანამ საბოლოოდ გაჰქრებოდეს. ჩვენ ცხოვრებას თუ დავაკვირდებით ამას აშკარად შევამჩნევთ. ჩვენ ვხედავდით პოლიტიკურ ბრძოლებს გაფიცვების სახით, ჩვენ წინააღმდეგ მომართულს. მაგრამ როდესაც ეს დემაგოგები ასეთ ბრძოლებში ყველგან დამარცხდენ, მივიღეთ ყაჩაღობა და ტერორისტული აქტები, ეს უკანასკნელი საშვალებაა ჩვენი დემოკრატიის და საქართველოს წინააღმდეგ მიმართული და როდესაც ამ გამოსვლებს მოვსპობთ, სავსებით ამოწურული იქნება მათი ბრძოლის საშვალებანიც.

მე სრული იმედი მაქ რომ ამ მოკლე ხანში დავრწმუნდებით, რომ მათ ეს უკანასკნელი იარაღიც გამოეცალათ ხელიდან და ის მყუდროება, რომელიც აუცილებელია სახელმწიფოებრივი ამშენებლობისათვის, საბოლოოდ დამკვიდრდება. ჩვენ შევძლებთ დამოუკიდებლობის განმტკიცებას და ევროპისაკენ გზის გაკაფვას, ჩვენ მივაღწევთ იმ მიზანს, რომლის გულისათვის აქ 2 წლის განმავლობაში იბრძვის მთავრობა ჩვენ ხალხთან ერთად, და ჩვენმა მთავრობამ საჭიროა მიიღოს ყველა ზომები ამ პირთა ასალაგმავად, ვალდებულია სასტიკი ზომები ამ ანტიდემოკრატიული მოძრაობის წინააღმდეგ. უნდა დაუპირდაპიროთ. ჩვენ მთავრობას მხოლოდ ერთი უნდა უთხრათ: მეტი სიმკაცრე, მეტი გაბედულობა და ენერგიული ბრძოლა რესპუბლიკის მტრებთან და ამ ბრძოლაში მთელი ხალხი თქვენთან იქნება (საერთო ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების წევრს ბ. ნუცუბიძეს.

. ნუცუბიძე. ბატონებო! სოც. ფედერალისტების ფრაქციას გონია, რომ ამ საკითხის გარშემო არ უნდა გამართულიყო ისეთი კამათი, რომელსაც ადგილი ჰქონდა. მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ამ მოულოდნელ კამათის გამოწვევაში დამნაშავეა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ისეთი ფართე პოლიტიკური საზომით მიუდგა საკითხს, რომ ეს პატარა და სრულიად მარტივი საკითხი დიდ პოლიტიკურ ხასიათის კითხვად გადააქცია. ჩვენი ფრაქცია ფიქრობს, რომ ეს მარტივი საკითხი სრულიად არ მოითხოვდა ისეთ ფართე მსვლელობის მიცემას და მტვერის დაყენებას, რომელსაც აქ ადგილი ქონდა (გ. გვაზავა ადგილიდან, ეს თქვენი აზრია) ნუცუბიძე: რა თქმა უნდა, მე ჩემს აზრს ვლაპარაკობ, თქვენი ჩვეულება არ გაქვს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ, როდესაც ისეთ რამეზე ვლაპარაკობთ, როგორც რკინის გზაზე თავდასხმაა და წესრიგის აღდგენა, ამაზე ორი აზრი შეუძლებელია. ამის შესახებ შემოტანილი იყო სრულიად მარტივი და კონკრეტიული წინადადება, რომელიც ჩვენ შეუსწორებლივ უნდა მიგვეღო. მაგრამ, აქ როგორც მოგახსენეთ, შინაგან საქმეთა მინისტრმა სულ სხვა ტონი აიღო და ეს საკითხი ისეთ საკითხებს დაუკავშირა, რომლებთანაც არავითარი საერთო არა აქვთ. მაგ. რკინის გზაზე თავდასხმისა და ვერის დაღმართზე გენერალ ბარატოვის დაჭრას შუა არავითარი კავშირი არაა და თუ კონკრეტულ საკითხს ფართო პოლიტიკურ კამათს უკავშირებენ ეს აიხსნება იმით, რომ ზაფხულის განმავლობაში მოხდა ერთნაირი ენერგიის დაგროვება, რომელიც გამოსავალს ეძებს.

განსაკუთრებით საყურადღებოა შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ ამ საკითხის შესახებ განსაკუთრებული კანონ პროექტი შემდეგში იქნება წარმოდგენილიო. მაშ რისთვის დასჭირდა ბ. შინაგან საქმეთა მინისტრს დღეს ამ საკითხის ასე ფართოდ დაყენება? აქ ეჭვი იბადება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს რაღაც სხვა ქონდა აზრათ და მე ვფიქრობ, რომ ის აქ შეეცადა მომავალ კანონპროექტისათვის ნიადაგის მომზადებას. მე უნდა მიუთითო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ არ უნდა დაიწყოს ისეთ საქმეზე ლაპარაკი, რომლის შესახებ საბუთები არ არის წარმოდგენილი. როდესაც თქვენ კანონ პროექტს შეადგენთ და წარმოგვიდგენთ, მაშინ გადმოალაგეთ თქვენი საბუთები და ჩვენ გულდასმით მოვისმენთ. და მაშინ ან დავამტკიცებთ ან უარვყოფთ. დღეს კი კონკრეტიული მდგომარეობა, რომლის გარშემო ნაცარ-მტვერის გუბის დაყენება და ამდენი ლაპარაკის ატეხა სრულებით არ იყო საჭირო (გვაზავა: მაშ რისთვის ლაპარაკობთ?) იმათთვის ბატონო, ვისაც მარტივი ვერ გაურჩევია რთულისაგან, და მე მინდა შევაგნებიო ეს იმათ, ვისაც ეს დღემდე არ შეუგნია. ნ. რამიშვილი: (ადგილიდგან) აქ სტუდენტები არ არიან.

თავმჯდომარე. გთხოვთ კერძო ლაპარაკს თავი დაანებოთ.

მე ვგრძნობ. რომ აქ სტუდენტები არ არიან, მაგრამ... ს. დ. ფრაქციიდან... დაათავეთ რა გინდან სთქვათ? შ. ნუცუბიძე: საქმე მთავრობას შეეხება. ყველაფრის თქმა ხომ არ შეიძლება... ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკეთესია ისე მიუდგეთ საკითხს, როგორც ეს მომხსენებელმა დააყენა, ხოლო თუ შეუდექით იმაზე ლაპარაკს, რომ თითქოს ვიღაცას შეუძლია ეს ბოროტ-მოქმედება მოსპოს, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუძლია ამის აღმოფხვრა, და სხვ. მაშინ გამოვა ბ. ასათიანი რა დაიწყებს ლაპარაკს იმაზე, რომ ერობებს არ უნდა ქონდეთ ადმინისტრაცია, ყველაფერი უნდა იყოს ცენტრის ხელში და სხ. (დ. თოფურიძე: შესავალი გრძელია. თავმჯდომარის ზარი. მე ვფიქრობ, რომ ასეთი კამათი მოხთა მხოლოდ იმიტომ რომ ასეთის ფართე მაშტაბით მიუდგენ ამ საკითხს.

ჩვენი ფრაქცია წინადადებას იძლევა დავრჩეთ კონკრეტიულ წინადადების ფარგლებში. და შეუდგეთ ბოროტ-მომქმედთა წინააღმდეგ ზომების მიღებას და თუ ვინმე ამ ზაფხულის განმავლობაში დაგროვილი ენერგიის გამო სურვილი აქვს ლაპარაკის, ურჩევთ მას ეს შეინახოს სხვა დროისათვის (ურატაძე: ადგილიდან: მადლობელი ვართ ძალიან).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს ბ. გობეჩიას.

ივ. გობეჩია. ვერ დავფარავ თქვენ წინაშე, რომ ჩვენს ფრაქციას ამ საკითხზე ლაპარაკი არ ქონია. რკინის გზაზე წესრიგის დასაცავათ რაიმე ზომები უნდა მიიღოს მთავრობამ. წარმოდგენილ დეკრეტში ნაჩვენებია ერთ-ერთი ზომათაგანი. რამდენად მიზანშეწონილი იქნება შინაგან-საქმეთა მინისტრის მიერ მიღებული ზომები, ამის პასუხის მგებელია თვითონ ის. მე მგონია რომ აქ ჩამოთვლილი ზომები საკმარისი არ არის. თუ მილიცია გავატანეთ სამგზავრო მატარებლებს და ბოროტ-მოქმედებმა ლიანდაგი აყარეს და მატარებელი გადავარდა მაშინ მილიციაც დაიღუპება და მატარებელიც. (საერთო სიცილია). მე მგონია, რომ უპირველესად ყოვლისა საჭიროა თვით რკინის გზის ლიანდაგის სასტიკად დაცვა. ვის შეუძლია ეს? შესძლებს თუ არა ამას ადმინისტრაცია? მე მგონია, რომ არა. ადმინისტრაციას, რომ ეს შესძლებოდა მაშინ ის თავდასხმები არ მოხდებოდა. რამდენადაც არ უნდა გავამრავლოთ მცველთა რიცხვი, სულ ერთია, თუ თვითონ ხალხმა არ მოისურვა რკინის გზის დაცვა, 250 კაცით გადიდებული მცველები ვერას გახდებიან. საჭიროა თვით ხალხმა მიიღოს თავის თავზე დაცვა რკინის გზისა. მე მიკვირს რატომ არ აიარაღებს ხალხს მთავრობა. ნუ თუ ეს მსხვერპლი თავზარდამცემი არ არის ხალხისათვის? მაშ რათ არ იცავს ხალხი რკინის გზას? თუ ხალხი არ იცავს, ამის მიზეზი რაღაც უნდა იყოს, ამაზე მთავრობას კი არაფერი უთქვამს. თუ კი ეს მართალია, რა შუაშია უდანაშაულო ხალხი, რომელიც მგზავრობის დროს ისჯება. მინისტრმა აქ განაცხადა, რომ ორი ჯგუფი იბრძვისო: კომუნისტები და მთავრობა, როდესაც იმას გვეუბნებით, რომ ორ ჯგუფს შორის ბრძოლა სწარმოებს, მაშინ უნდა ვიკითხოთ ჩვენც და ხალხსაც თუ რატომ სდევნით კომუნისტებს. მართალია, ჩვენთვის მისაღები არ არის კომუნისტური პარტია და მისი მოქმედება, მაგრამ ჩვენ მაინც არ შეგვიძლია არ გითხრათ: თუ თქვენ ვინმეს სჯით ეს საჯაროთ უნდა იყოს. ხალხმა უნდა იცოდეს თუ რისთვის აწარმოებთ მათ წინააღმდეგ ბრძოლას და როდესაც ხალხი დაინახავს ამის ნამდვილ მიზეზებს, მაშინ თვით ხალხი აწარმოებს მათ წინააღმდეგ ბრძოლას. სანამდე ხალხს არ ეტყვით თქვენი ბრძოლის ნამდვილ მიზეზებს, სანამდე ციხეებში მჯდომ კომუნისტებს ბრალდებებს არ წაუყენებთ, მანამ ხალხი მათ წინააღმდეგ არ იბრძოლებს. თუ ეს ასე არის - თუ ხალხმა ამ ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღო, მაშინ ადმინისტრაცია მარტო ვერაფერს გახდება.

მე მგონია, რომ მთავრობა ახლო მომავალში გაგვაცნობს იმ ზომებს, რომლის მიღებასაც ის აპირებს კომუნისტების წინაღმდეგ და აგრეთვე - იმას თუ რათ არ უყენებენ ბრალდებებს.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობა დასრულებული გახლავთ. მომხსენებლის დასკვნა.

მომხსენებელი. პრინციპიალურად ამ დეკრეტს არც ერთი ორატორი არ ეწინააღმდეგება, ხოლო ზოგიერთის აზრით უფრო რადიკალური ზომები უნდა იყოს მიღებული. მე არ შეუდგები ლაპარაკს იმის შესახებ, თუ როგორ იქნება ჩვენი ადმინისტრატიული სისტემა მომავალში. მე გავიმეორებ, რომ ეს დეკრეტი მიღებულ იქნეს და მით ვებრძოლოთ უფრო გაბედულად ამ მცარცველებს, რომ მათ მოესპოს საშუალება კვლავ აწარმოვონ ხალხზე დავდასხმა.

თავმჯდომარე. საკითხზე მსჯელობა დასრულებულია. გსურსთ თუ არა დეკრეტის მუხლობრივ განხილვა. (მომხსენებელს) გთხოვთ წაიკითხოთ მუხლობრივ.

მომხსენებელი. (კითხულობს) დეკრეტი რკინის გზის გენერალ-გუბერნატორისათვის სახელმწიფო ხაზინიდან 100,000 მან. მიცემისა მიმდინარე ხარჯების დასაფარავათ და რკინის გზაზე არსებულ სამგზავრო მატარებელთა მცველთა რიცხვის გადიდება 250 კაცით და მათ შესანახად სამი თვის განმავლობაში 738,513 მან. და 30 კაპ. კრედიტის გახსნა სახელმწიფო ხაზინიდან.

1. სამგზავრო მატარებლებში წესრიგის დასაცავად არსებული მცველთა რიცხვი დროებით გადიდდეს 250 კაცით.

2. გაეხსნას გზათა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინიდან პირველ მუხლში აღნიშნული საჭიროებისათვის სამი თვის ვადით 738.833 მ. და 10 კ. კრედიტი (ყოველ თვიურად 246.217 მან. და 40 კაპ.).

2. მიეცეს რკინის გზის გენერალ-გუბერნატორს სახელმწიფო ხაზინიდან 100,000 მან. მიმდინარე ხარჯების დასაფარავად.

4. დეკრეტი ეს შედის ძალაში დღიდან მიღებისა დამფუძნებელ კრების მიერ.

(დეკრეტი მუხლობრივ მიღებულია მცირეოდენ შესწორებით) ამნაირად დღიური წესრიგი ამოწურულია. მხოლოდ, სანამ კრებას დავხურავდე, გთხოვთ მოისმინოთ დეპეშა (მდივანს). გთხოვთ წაიკითხოთ. (მდივანი კითხულობს) სომეხთა სახალხო პარტიის მიერ გამოგზავნილ მისალმების დეპეშას, (მხურვალე ტაში) კრებას ვხურავ და შემდეგი კრებისთვის დღეს თვით პრეზიდიუმი დაინიშნავს.

(კრება იხურება 2 საათზე 20 წ.)197

4.4 ორმოცდამერვე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 წელი, სამშაბათი, 30 ენკენისთვე. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხანაგი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

გრიგოლ ნათაძე,

ქრისტინე შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება დღის 11 საათზე.

თავმჯდომარე. ბატონებო, კრება გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ კომისიებში გადასაცემ კანონ-პროექტებს.

მდივანი. (კითხულობს კომისიებში გადასაცემ საკანონმდებლო აქტთა ნუსხას და შემდეგ დღიურ წესრიგს.)

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი - ყოფილი კადეტთა კორპუსის შენობის გადასაკეთებლად შვიდასი ათასი (700.000) მანეთის გადადების დეკრეტისა. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.

2. პირველი (ზოგადი) განხილვა საქართველოს სახელმწიფო ბანკის წესდებისა. მომხსენებელია დიომ. თოფურიძე.

3. პირველი (ზოგადი) განხილვა - კანონ-პროექტისა 1915 წლის თებერვლის 2-ს კანონის - გერმანელთა, ავსტრო-უნგრელთა და ოსმალთათვის უძრავი საკუთრების შეძენის აღკრძალვის - გაუქმების შესახებ. მომხსენებელია სერ. ჯაფარიძე.

4. განხილვა დეკრეტისა - მე-V ტომის 317-331 მუხლის გაუქმების შესახებ სახელმწიფო მოსამსახურეთა მიერ ერთდროულ გადასახადის გაღებისა - ჯამაგირის მომატებისა და დაჯილდოვებისათვის. მომხსენებელია მელ. რუსია.

თავმჯდომარე. საბოლოო ტექსტი - ყოფილ კადეტთა კორპუსის შენობის გადასაკეთებლად შვიდასი ათასი (700.000) მანათის გადადების დეკრეტის შესახებ, სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ მომხსენებელს - გ. ნათაძეს.

. ნათაძე. (ს.-რ.) (კითხულობს დეკრეტის საბოლოო ტექსტს).

თავმჯდომარე. სიტყვას ხომ არავინ ინებებს? არავინ. წინააღმდეგი ვინ არის? არავინ. ტექსტი მიღებულია.

საქართველოს სახელმწიფო ბანკის წესდების შესახებ სიტყვა ეკუთვნის - მომხსენებელს - . თოფურიძეს.

. თოფურიძე. (ს.-დ.) როგორც მოგეხსენებათ დღემდე ჩვენ არა გვაქ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ბანკი. პირობები ისეთი იყო, რომ ამ ბანკის დაარსება დღემდე არ მოხერხდა. ეხლა კი უნდა მივიღოთ ყოველივე ზომები, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ ეს საქმე.

თქვენ მოგეხსენებათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს კრედიტს არა მარტო ეკონომიურ დარგში, არამედ სხვა სფეროებშიაც, მაგალითად პოლიტიკურში და სხვა. და როდესაც საქართველოს რესპუბლიკას არ აქვს მოწყობილი კრედიტი ამით ფერხდება არა მარტო ეკონომიური მხარე ჩვენი ცხოვრებისა, არამედ მასთან დაკავშირებული სხვა მხარეებიც.

სხვა ქვეყნებში არის სხვა და სხვანაირი ტიპის ბანკი. ჩვენ უნდა შევეცადოთ დავაარსოთ ისეთი ბანკი, რომელიც საუკეთესო იქნება ჩვენთვის როგორც ეკონომიურ ისე სხვა დარგებშიაც. უმთავრესი მნიშვნელობა, ბანკისა, როგორც მოგეხსენებათ, ის არის, რომ ვაჭრობა-მრეწველობას და მეურნეობას გაუწიოს დახმარება და ხელი შეუწყოს მათ. ასეთია მისი უმთავრესი დანიშნულება და ეს პრინციპი დაედვა საფუძვლად იმ მოხსენებას, რომელიც წარმოუდგინა მთავრობამ დასამტკიცებლად დამფუძნებელ კრებას. ვაჭარ-მრეწველები ფრიად დაინტერესებულნი არიან, მოეწყოს ეს ბანკი ისე, რომ მან ხელი შეუწყოს ვაჭრობა-მრეწველობის განვითარებას. ამრიგად არა მარტო მთავრობა არამედ ვაჭარ-მრეწველნიც დაინტერესებულნი არიან, ასეთი ბანკის დაარსებაში. მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, ბანკისათვის საჭირო ფულია.

ბანკში ფული უნდა შედიოდეს, ამისათვის კი მან ნდობა უნდა მოიპოვოს. მაგალითად შესაძლებელია ბანკმა ვერ მოიპოვა ნდობა, და ასეთ ნდობას იგი ვერ მოიპოვებს თუ ვაჭარ-მრეწველნი არ იქმნენ დარწმუნებულნი, რომ სახელმწიფო ამ ბანკს არ გამოიყენებს ფისკალურ მიზნებისთვის, როგორც მაგალითად რუსეთში და სხ. სადაც მთავრობა ფისკალურ მიზნებისათვის იყენებს ბანკს და ამით, რასაკვირველია აფერხებს ვაჭრობა-მრეწველობას და არ აკმაყოფილებს მთავარ მოთხოვნილებას.

მაშასადამე, ბანკი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მას ჰქონდეს ნდობა საზოგადოებაში და ვაჭარ-მრეწველნი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სახელმწიფო არ გამოიყენებს მას ფისკალურ მიზნებისათვის.

საზღვარ გარეთ არის რამოდენიმე ტიპისა ასეთი ბანკი. შეგვიძლია დავასახელოთ სამი ტიპი. ერთი - სააქციონერო საზოგადოება. ასეთი ტიპის ბანკია ინგლისში. იქ მთავარი თანხა სააქციონერთა და მართვა გამგეობაც აქციონერების ხელშია.

მეორე ტიპის ბანკია გერმანიაში. თანხაც იქაც სააქციონეროა, მაგრამ მართვა გამგეობა ეკუთვნის მთავრობას.

მესამე ტიპის ბანკია რუსეთში, სადაც თანხა ეკუთვნის სახელმწიფოს და მართვა გამგეობა მთავრობის ხელშია.

ჩვენც უნდა შევქმნათ ისეთი ტიპის ბანკი, რომ მთავრობას ექნეს იქ შესაფერი ადგილი, რომ არც სახელმწიფოს ინტერესი დაიჩაგროს, და ბანკმაც მოიპოვოს ნდობა და ვაჭარ-მრეწველების ინტერესებიც დაკმაყოფილებული იქმნეს. აი ამ მოსაზრებით, მთავრობისა და კომისიის წინადადება ასეთია: ჩვენში უნდა დაარსდეს ბანკი, სადაც თანხა ეკუთვნის სახელმწიფოს, მაგრამ მართვა გამგეობა არ არის მთავრობის ხელში, რადგანაც როცა სახელმწიფო ბანკს განაგებს მთავრობა, იგი ვერ მოიპოვებს იმ ნდობას რომელიც საჭიროა ბანკისათვის. ამ მხრივ, რომ დაკმაყოფილებული იქმნეს მოთხოვნილება ნდობისა, მინისტრთა საბჭომ და ჩვენმა კომისიამ მისაღებათ დაინახეს, რომ მართვა გამგეობა და ზედამხედველობა ბანკისა, იქმნას იმ პირთა ხელში, რომელთაც აირჩევს დამფუძნებელი კრება. ამ რიგათ დაცული იქნება ის პირობები, რომლებიც საჭიროა ნდობის მოპოებისთვის.

რასაკვირველია, როდესაც დამფუძნებელი კრება აირჩევს გამგეობას და საბჭოს ბანკისას, ეს გამგეობა არ იქნება დამოკიდებული პირდაპირ მთავრობიდან, ექნება ნდობა დამფუძნებელი კრებისა და შეუძლია აწარმოოს საქმე მთავრობის დამოუკიდებლად, და ამნაირად ეს დამოუკიდებელი წარმოება მისცემს იმ ნდობას ბანკს, რომელიც მას ესაჭიროება. ასე, რომ განზრახული ბანკი მოეწყობა მთავრობისაგან დამოუკიდებლად. ბანკს ეყოლება გამგეობა არჩეული დამფუძნებელი კრების მიერ, ხოლო რაც შეეხება წევრებს, - მათ დაამტკიცებს დამფუძნებელი კრება, მაგრამ სასურველ კანდიდატებს წარმოადგენს შემდეგ - უმაღლესი დაწესებულება ბანკისა. ასეთი დაწესებულება იქნება საჭირო, რომელიც გადასწყვეტს ბანკის საჭირ-ბოროტო საკითხებს, საბჭოში იქნება 12 კაცი. ამ რიცხვიდან, გარდა სამისა, უნდა აირჩიოს დამფუძნებელმა კრებამ, მაგრამ მთავრობის და ჩვენი აზრიც ასეთია, რომ ეს პირები უნდა იყვნენ ცნობილნი, როგორც მრეწველობის დარგში, აგრეთვე საზოგადო მოღვაწეობით. ასეთ პირებს ჩაებარება ზედამხედველობა და ხელმძღვანელობა ბანკისა. დანარჩენი სამი პირი: ერთი იქნება გამგე ბანკისა, და ორი საფინანსო და ვაჭრობა-მრეწველობის უწყებათა წარმომადგენელი. რაც შეეხება წესდებას ბანკისას და მის ოპერაციებს, ეს თითქმის გადმოღებულია რუსეთის სახელმწიფო ბანკიდან. არის ცვლილებანი მაგრამ უმნიშვნელო. მაგალითად გრძელ ვადიანი სესხი რუსეთის ბანკისა შევცვალეთ ექვსი თვიანი სესხით და იშვიათ შემთხვევებში ცხრა თვით.

აი ასეთია ძირითადი პრინციპები, რომელიც დაედვა საფუძვლად ბანკის წესდებას, და რომელიც წარმოდგენილია თქვენს წინაშე.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის არ სურს. გსურთ თუ არა შეუდგეთ მუხლობრივ განხილვას? არავის სურს. არის თუ არა ვინმე წინააღმდეგი. წინააღმდეგი არავინ არის და კანონ-პროექტი მიღებულია. შემდეგი საკითხია - განხილვა კანონ-პროექტისა - 1915 წლის თებერვლის 2-1 კანონის გაუქმების შესახებ. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს - სერგო ჯაფარიძეს.

. ჯაფარიძე. (ს.-დ.) ბატონებო! ქუთაისში მოხდა ასეთი შემთხვევა. ვინმე ანანიევს უნდა გაეყიდა დუქანი ვინმე სოხუმელ თათარზე, მაგრამ ნოტარიუსმა არ დაამტკიცა ეს ნასყიდობა, რადგანაც ხსენებული თათარი არ იყო საქართველოს რესპუბლიკის ქვეშევრდომი, ნოტარიუსი ხელმძღვანელობდა 1915 წელს რუსეთის მთავრობის მიერ გამოცემულ კანონით, რომლითაც რუსეთთან მეომარ სახელმწიფოების: გერმანის, ავსტრო-უნგრეთის, ბულგარეთის და ოსმალეთის ქვეშევრდომებს ეკრძალებათ შეიძინონ რუსეთში მოძრავი ქონება. და რადგანაც ჩვენ ვაღიარებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც დარჩა ძალაში რუსეთის მთავრობის მიერ გამოცემული ზოგიერთი კანონები, ამიტომ ეს კანონიც დარჩა ძალაში.

ნოტარიუსმა უარი განაცხადა ნასყიდობის დამტკიცებაზე. ეს საქმე გაასაჩივრეს პალატაში, პალატიდან სამინისტროში, უკანასკნელმა კი გადასცა განსახილველად იურიდიულ კომისიას, იურიდიულმა კომისიამ საჭიროდ დაინახა ეს კანონი გაუქმებული იქნეს.

თავმჯდომარე. თუ შეიძლება ხმა მაღლა.

. ჯაფარიძე. იურიდიულმა კომისიამ განიხილა ეს საკითხი და იგი ცოტა უფრო ფართედ დააყენა. საქმე ის არის, რომ რუსეთის მთავრობის დროს გარდა ამ კანონისა გამოცემული იყო მთელი რიგი კანონებისა და, ამ კანონებით რუსეთთან მეომარ უცხო სახელმწიფოთა ქვეშევრდომებს ეკრძალებოდათ რუსეთში ვაჭრობა-მრეწველობის წარმოება და მეორე მხრით უძრავი ქონების შეძენა მაგალითად მიწის. აეკრძალათ არა მარტო საკუთრების შეძენა, არამედ სხვისი საკუთრების გამგებლობაც კი. აგრეთვე აეკრძალათ რუსეთის იმ ქვეშევრდომებსაც, რომლებიც შთამომავლობით ეკუთვნოდნენ ამ უცხო ერებს; გერმანელებს, ოსმალებს თუ ბულგარელებს. მაგალითად, ჩვენში, რომ გერმანელი კოლონისტებია, იმათაც კი არ შეუძლიათ რაიმე ვაჭრობა-მრეწველობა აწარმოონ ჩვენში და არამც თუ შეიძინონ რაიმე საკუთრება, იმ კანონის ძალით თუ კი აქ რამე უძრავი ქონება ქონდათ იმისი ლიკვიდაციაც უნდა მოეხდინათ. მაგალითად, ჭიათურაში, რომ ქონდათ უძრავი ქონება უცხო სახელმწიფოთა ქვეშევრდომებს უნდა გაეყიდათ იგი და მოეხდინათ სრული ლიკვიდაცია.

მაგრამ ამ დროს მოუსწრო პოლიტიკურმა გადატრიალებამ და საქართველოს მთავრობამ დაუტოვა მათ მთელი უძრავი ქონება და ძველი მდგომარეობა აღადგინა. ერთი სიტყვით დღეს ამ კანონს აზრი აღარ აქვს და საჭიროა მისი გაუქმება, რომ უცხოელებს არ შეუქმნათ ისეთი პირობები, რომლითაც გზას შეუკრავთ ჩვენში უცხო კაპიტალს შემოსვლას და ვაჭრობა-მრეწველობის გამაგრებას. მით უმეტეს ეს მიზანშეუწონელია თუნდა იმიტომაც, რომ ეს კანონი არის მიმართული უცხოელთა ერთი ნაწილის წინააღმდეგ: გერმანელების, ავსტრიელების, ბულგარელების, მაშინ, როცა ინგლისელებს, ფრანგებს და ამერიკელებს ამ სფეროში მოქმედების სრული თავისუფლება აქვთ დატოვებული. ამ მოსაზრებით იურიდიულმა კომისიამ შეასწორა იუსტიციის სამინისტროსაგან წარმოდგენილი რედაქცია და თავისი მხრით შემოაქვს ასეთი კანონ-პროექტი. (კითხულობს კანონ-პროექტს).

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების წევრს ბ. ნიკოლაძეს.

. ნიკოლაძე. (ერ.-დ.) ბატონებო! ამ საგანს აქვს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის, და ამიტომ ვთხოულობ, რომ ეს საკითხი ასე უცბათ და ცალმხრივათ არ იქნეს გადაჭრილი როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს დელეგაციას პარიზში ექნება მოლაპარაკება კონფერენციასთან შესახებ იმ მდგომარეობისა, რომელშიაც ჩაყენებულნი იქნებიან ჩვენში სხვა და სხვა უცხო სახელმწიფოთა ქვეშევრდომნი, თქვენ თუ გადაათვალიერებთ იმ ხელშეკრულებას, რომელიც დაიდვა ერთის მხრით ანტანტის და მეორეს მხრით გერმანიის შუა და იმ პირობებს, რომლებიც საფუძვლად დაედო ოსმალეთთან, ავსტრო-უნგრეთთან და ბულგარიასთან მორიგებას, დაინახავთ, რომ შიგ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ სახელმწიფოების მოქალაქეთა უფლებრივი ნორმების შეზღუდვას.

ჩვენ დაგვჭირდება ეგრეთივე პირობების მიღება, ან ხელახლათ გადასინჯვა იმ უფლებებისა, რომელსაც ეხლა ასე უხვათ ვანიჭებთ გერმანიის ქვეშევრდომებს. რასაკვირველია, მე არა ვარ მომხრე ვისიმე უფლების შეზღუდვისა, მაგრამ ამ დეკრეტში ჩამორიცხულ რუსის კანონის მოსპობას მოყვება დიდი ფინანსიური პასუხისმგებლობა, და ამას არ შეგვიძლია გვერდი აუხვიოთ. რუსეთმა 1914 წელს, ომის გამოცხადების შემდეგ, შემოიღო ისეთი მკაცრი წესები, როგორიც არას დროს არც ერთ სახელმწიფოს არ მიეღო. უწინ ხალხთაშორისი უფლების ძალით ომის დროს კერძო პირთა და დაწესებულებათა ქონებას მეომარი სახელმწიფო ვერ შეეხებოდა და შელახავდა. ომი და სახელმწიფო ზომები მიმართული იყო მხოლოდ მტრული ჯარის, მთავრობის ან ხაზინის ქონების წინააღმდეგ, კერძო პირნი და დაწესებულებანი კი, მათი ქონებითურთ, ომის დროს ხელშეუხებელნი უნდა ყოფილიყვნენ.

1914-ში მეომარ სახელმწიფოებმა, ჯერ ანტანტისამ, მერე საშუალ ევროპისმა, მიიღეს მოწინააღმდეგე მხრის ქვეშევრდომთა წინააღმდეგ ახალი მკაცრი ზომები, რომლებმაც შეარყია, გაარბია და მოსპო ბევრი ქონება. ვინ იქნება ამ ზარალის პასუხისმგებელი, აღმდგენი? ეს დიდი საკითხია. ამას თან მოსდევს დიდი ფინანსიური და იურიდიული პასუხისმგებლობა.

ამ საგანს არ უნდა შეეხოს ჩვენი დამფუძნებელი კრება სანამდის ჩვენი სახელმწიფო არ იქნება უზრუნველყოფილი უცხო სახელმწიფოებისაგან და ჩვენი საერთაშორისო მდგომარეობა არ გამოირკვევა. ეს უფლებები დაარღვია რუსეთმა. ჩვენ არ ვიცით რუსეთს დაევალება თუ არა მის მიერ დარღვეულ უფლების და მოხდენილი ზარალის ანაზღაურება? სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება, მანამდის არაფერი არ გვავალებს ამ კითხვას შევეხოთ. ვიმეორებ, ამას დიდი პასუხისმგებლობა, მოსდევს. დღეს ჩვენ მოვალე არა ვართ ამ პასუხისმგებლობა ვიკისროთ. თუ ეს შეცდომა ჩავიდინეთ, ის პირნი, ვის უფლებასაც ჩვენ აღვადგენთ, მეორე დღესვე გვთხოვენ პასუხისმგებლობას მათ ზარალში.

დამფუძნებელ კრებას ვთხოვ, შვიდჯერ გაზომოს, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტდეს ამ საგანს; კომისიის მიერ წარმოდგენილ პროექტის მიღება ჯერ ადრეა.

შეგვიძლია კერძო პირთა მდგომარეობა შევამსუბუქოთ ადმინისტრატიული ზომებით, ან ნოტარიუსებზე ზეგავლენით და სხვ. ხოლო ასე ზოგადათ ამ მძიმე საგნის ეხლავე გადაჭრა დაღუპვა იქნება ჩვენი პოლიტიკური მოქმედებისა პარიზში, ჩვენს შინაურ მდგომარეობაშიაც შეიტანს არევ-დარევას, რადგან აზიანებს ჩვენს ფინანსიურ მდგომარეობას.

თავმჯდომარე. მეტი ჩაწერილი არავინ გახლავთ. უკანასკნელი სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

სერგო ჯაფარიძე. დამფუძნებელი კრების წევრის, ბ. ნიკოლაძის სიტყვა დამყარებული იყო იმაზე, რომ ამ კანონთან დაკავშირებულია რუსეთში ქონების დაღუპვისათვის პასუხისმგებლობის საკითხი, რომ თუ ეს კანონი მივიღეთ ჩვენ პასუხს ვაგებთ იმ ქონებისათვის, რომელიც უცხო ქვეშევრდომებს დაეკარგათ რუსეთში ომის დროს. უნდა გამოვტყდე, რომ მე ვერ გამიგია პასუხისმგებლობის დაკავშირება. წარმოდგენილ კანონ-პროექტთან, ვინაიდან, თუ რუსეთის მთავრობამ თავისი ზომებით უცხოელებს ზარალი მიაყენა, ცხადია, რომ პასუხი უნდა აგოს რუსეთმა, და არა ჩვენ. პირიქით ჩვენ გვინდა ამ კანონით გავაუქმოთ ის კანონები, რომლებითაც ზიანი მიეცა უცხოელებს.

ეხლა უნდა მოგახსენოთ თვით ამ კანონების ისტორია. 1914 წელს ომის დაწყების შემდეგ რუსეთში გამოიცა მთელი რიგი კანონებისა განსაკუთრებული წესით - ძირითად კანონების მე-87 მუხლის ძალით. ეს გამოიწვია ერთის მხრით იმან, რომ თავი დაეცვა რუსეთს მეომარ სახელმწიფოთა იმ აგენტების მოქმედებისაგან, რომლებიც რუსეთში სცხოვრობდენ და შეეძლოთ მეომარ სახელმწიფოთათვის სხვა და სხვა, სახელმწიფოსათვის საზიანო, ცნობები მიეწოდებინათ, ჯაშუშობა გაეწიათ და სხ. ამიტომ ისინი გაგზავნეს ციმბირში და თავი მოუყარეს ერთ ადგილას; მეორეს მხრით ეს გამოიწვია ომის მიერ შექმნილმა მტრულმა ატმოსფერამ. ეს მოხდა არა მარტო რუსეთში, არამედ საფრანგეთში და ინგლისშიაც. ამათ წაბაძა რუსეთმაც. მეომარ სახელმწიფოების ქვეშევრდომთ მან აუკრძალა ეკონომიური თვითმოქმედება, უძრავი ქონების შეძენა, ვაჭრობა-მრეწველობა და სხვა. ომის გათავების შემდეგ და განსაკუთრებით საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ამ კანონებს არა თუ აზრი დაეკარგა ჩვენთვის, არამედ საზიანოც არის და უსამართლოც, რადგან ამ კანონებით უცხოელთა ერთ ნაწილს და თვით ჩვენ მოქალაქეებსაც - ამ მცხოვრებ გერმანელ კოლონისტებსაც კი შეძლება არა აქვთ ჩვენში კაპიტალი ვაჭრობა-მრეწველობაში ჩადვან და ჩვენ ეკონომიურ ცხოვრებას ხელი შეუწყონ. ეს კი ჩვენთვის დიდათ საზარალოა. მე ვფიქრობ, რომ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი წინადადება, რომ ნოტარიუსზე ადმინისტრატიული ზედგავლენა ვიქონიოთო, მიუღებელია, რადგან ნოტარიუსი კანონის ნიადაგზე მოქმედებს, და აღნიშნული კანონები გაუქმებული არ იქნა, ნოტარიუსი მათ ვერ აუვლის გვერდს.

თავმჯდომარე. კამათი დასრულებული გახლავთ, მე კენჭს უყრი: ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადასვლისა? წინააღმდეგ არავინაა. მუხლობრივ განხილვაზე გადასვლა მიღებულია. კანონ-პროექტი სათანადო ვადის გასვლის შემდეგ.

შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვის მ. რუსია.

მელიტონ რუსია. რესპუბლიკის ყოველი მოქალაქე იხდის სახელმწიფოს სასარგებლოდ პირდაპირ გადასახადს შემოსავლის კვალობაზე: მაგრამ მე-5-თე ტომში არსებობენ მუხლები 317-331, რომელთა ძალითაც სახელმწიფო დაწესებულებათა მოსამსახურენი იხდიან პირდაპირ გადასახადს მაშინაც კი, როცა მათ ჯამაგირები ემატება წარჩინების დროს. ამნაირად ეს სახელმწიფო დაწებულებათა მოსამსახურენი იხდიან ერთსა და იმავე თანხას ორჯერ: ერთხელ, როგორც საერთო შემოსავლიდან, და მეორედ, როდესაც ემატება ჯამაგირი განსაზღვრულ დროს. მოსამსახურემ, რომ მოინდომოს უმაღლესი საფეხურის ადგილის დაჭერა მოემატოს მას 200 მან., მას ამ 200 მანეთიდან განსაზღვრულ პროცენტს უჭერენ. ეს 200 მანეთი კი შედის მის წლიურ შემოსავალში და მეორედ ისევ იმავე თანხიდან უნდა დაუჭირონ მას პროცენტები, ამიტომ მთავრობა და იურიდიული კომისია ამას სცნობს უსამართლოდ და წინადადებას აძლევს დამფუძნებელ კრებას ეს ზემოხსენებული მუხლები იქნას გაუქმებული. ეს არის წინადადება იურიდიული კომისიისა.

თავმჯდომარე. საერთო მსჯელობის შესახებ სიტყვა ხომ არავის ნებავს? სიტყვა არავის სურს. ვინ არის მუხლობრივ წაკითხვის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინაა. გთხოვთ წაიკითხოთ.

მომხსენებელი. (კითხულობს. ხმაურობა. ზარი).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა პირველი მუხლის შესახებ. არავის. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია პირველი მუხლი. გთხოვთ წაიკითხოთ მეორე მუხლი.

მომხსენებელი. (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი მეორე მუხლის? არავინ. ვინ არის წინააღმდეგი დეკრეტის? წინააღმდეგი არავინაა. დეკრეტი გადაეცემა სარედაქციო კომისიას. გთხოვთ დამშვიდდეთ. შემდეგი კრების დღიურ წესრიგს მდივანი მოგახსენებთ. გთხოვთ წაიკითხოთ. (მდივანი კითხულობს).

სურს თუ არა ვინმეს სიტყვა წესრიგის შესახებ? სიტყვა არავის სურს. წესრიგი მიღებულია.

კრებას ვხურავ.

(კრება იხურება 12 ს. 37 წუთზე).

4.5 ორმოცდამეცხრე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 წელი, ოქტომბრის 7. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალ. ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი

გრ. ნათაძე.

პრეზიდიუმში არის

კონ. ჯაფარიძე.

სხდომა იწყება დღის 12 საათზე.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილია. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს და მის დამატებას.

მდივანი. (კითხულობს).

კომისიაში გადასაცემი საკანონმდებლო აქტების ნუსხა:

1. სახელმწიფო კონტროლიორის კანონ-პროექტი - სახელმწიფო კონტროლის შტატების შეცვლის შესახებ - გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი - სახელმწიფო მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატებისა და სხვა გასამრჯელოს მიცემის გამო დაწესებულ ერთდროულ გადასახადის გაუქმების დეკრეტისა.

2. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - საბიუჯეტო ზედმეტი მუშაობისათვის გასამრჯელოს დაწესების შესახებ.

3. გაგრძელება მსჯელობისა - ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვის შესახებ - ნიკოლოზ ჩარკვიანის უსამართლო დაპატიმრების გამო.206

4. განხილვა დეკრეტისა - სახაზინო რკინის გზის საექიმო-სასანიტარო და საეკლესიო ნაწილისათვის გაწეულ ხარჯის დასაფარავად 1.132.422 მან. კრედიტის გახსნის შესახებ.

5. განხილვა დეკრეტისა - ადგილობრივ თვითმმართველობათა სავალდებულო დადგენილების გამოცემის უფლების გაფართოვების შესახებ.

დამფუძნებელი კრება დღიურ წესრიგს უცვლელად ადასტურებს

თავმჯდომარე. რაიმე ცვლილების შეტანას ხომ არავინ მოისურვებს? სიტყვა არავის სურს. წესრიგი მიღებულია. პირველი საკითხის შესახებ მომხსენებელია გრიგოლ ნათაძე.

გრიგოლ ნათაძე. (ს.-რ.) (კითხულობს საბოლოო ტექსტს სახელმწიფო მოსამსახურეთა ჯამაგირების მომატებისა და ჯილდოს მიღების დროს გადასახადის გაუქმების კანონ-პროექტის შესახებ. დეკრეტი მიღებული იქმნა კრების მიერ).

თავმჯდომარე. მეორე საკითხი:

ზოგადი განხილვა კანონ-პროექტის საბაჟოების შესახებ.

მომხსენებელია ბ. ივანე ჭავჭანიძე. სიტყვა მომხსენებელს ეკუთვნის.

. ჭავჭანიძე. (ს. დ.) მოქალაქენო! არსებული კანონით, ზედმეტი მუშაობა დაკანონებულია იმ საბაჟოებში, რომელნიც მდებარეობენ ნავთსადგურში და მდინარის პირად. მთავრობის საბაჟოს გამგეს შეუძლიან მოსთხოვოს მოხელეთ ზედმეტი მუშაობა, მაგალითად 10 საათის. ახლა ნორმალური მუშაობა დღეში 8 საათია.

აშკარა არის 134 მუხლი, რომელიც ამ მუშაობას შეეხება, - შეცვლილი უნდა იქნეს, ამიტომ უწყება წინადადებას იძლევა ეს მუხლი იქნეს შეცვლილი, ზედმეტი მუშაობა იქნეს დაკანონებული იმ საბაჟოებშიც, რომელნიც ზემო-აღნიშნულ ადგილთა გარეთ არსებობენ.

სანამ ამ კანონის ეს მუხლი ე. ი. 134 მუხლი, არ შეიცვლება, მანამ მოხელეს შეუძლიან უარი განაცხადოს მუშაობაზე. ასეთი ზედმეტი მუშაობის დაკანონება აუცილებელია, ვინაიდან მგზავრს, ან კიდევ ვაჭარს - მრეწველს ხელს შეუშლის, როდესაც საქონლის გატანას უცდის 2, 3 დღის განმავლობაში.

მოგეხსენებათ, რომ დღემდე ჩვენში საქონელი ნაკლებად შემოდიოდა ეხლა კი საქონლის შემოტანა გამოცოცხლდა, და ამას ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ.

ამისთვის საბაჟოებში დაკანონებული უნდა იქნეს ზედმეტი მუშაობა და, რომ მოხელენი დასჯილნი არ იქმნენ ამ ზედმეტი შრომისთვის უნდა დაწესდეს ზედმეტი ჯილდო შრომისა. ამიტომ უწყებას შემოაქვს შესაფერი კანონ-პროექტი, რომ შეცვლილი იქნეს ეს მუხლი და დაკანონებული იყოს მუშაობა არა მარტო იმ საბაჟოებში, რომელნიც ნავთსადგურებსა და მდინარის პირათ არიან, არამედ ხმელეთზედაც.

აი დედა აზრი ამ კანონ-პროექტისა.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვა სურს, თუ არა ვისმეს? სიტყვა ბ. ბერიშვილს ეკუთვნის.

ბერიშვილი. (ს.-დ.) ბ-ბო! ამ კანონ-პროექტში არ არის კარგად და ნათლად გარკვეული, თუ რა სურს კანონმდებელს. საქმე იმაშია, რომ აქ, თითქმის, თავიდან ბოლომდე ყველაფერი არეულია. აქ არის წესები შინაგანი განკარგულებისა, სამუშაოს ხელფასის განსაზღვრა, არის ჩართული, დაწერილი კანონები. მაგრამ წესები შინაგან განკარგულებათა საერთოდ არ ატარებენ კანონმდებლის ხასიათს. მათ ადგენს დაწესებულების, ან წარმოების მეთაური. ერთი ცალს უგზავნიან იმ დაწესებულებას, ან ორ ცალს, რომელსაც მინდობილი აქვს შრომის დაცვა და მხოლოდ შემდეგ ღებულობს იგი სავალდებულო ხასიათს მრეწველობისათვის.

არსებობს კანონი, რომელიც ადასტურებს 8 საათის სამუშაო დღეს, ასე, რომ მისი ხელახლა განზრახვა, განმარტება და ცალკე მუხლის ჩართვა რომელიმე პროექტში სავალდებულო არ არის, არც დაწესებულებისათვის, არც მრეწველობისათვის. არც ეს განმარტებაა აუცილებელი, რომ კანონად იქნეს დაწერილი; ვიცით, რომ არსებობს ამიერ-კავკასიის კომისარიატის მიერ დაკანონებული 8 საათის სამუშაო დღე. ერთი სიტყვით, საჭიროა, რომ კანონმდებელმა მკაფიოთ გამოსახოს თავის სურვილი, ამიტომ ეს პროექტიც კარგად უნდა იქნეს გადასინჯული და იურიდიული განმარტება ექნეს მიცემული. ამიტომ უკეთესი იქნებოდა ის გადაეცეს იურიდიულ და შრომის კომისიას, და განხილვის შემდეგ ხელახლად შემოტანილ იქნას.

ამგვარად ჩვენ შემოგვაქვს წინადადება, რომ ეს პროექტი, ხელახლად განხილული იქნეს იურიდიულ კომისიის მიერ, მე მგონია უნდა გადაეცეს მას.

თავმჯდომარე. ს.-დემოკრატიულ ფრაქციის სახელით არის ბ. მომხსენებელო, წინადადება შემოტანილი?

ბერიშვილი. დიახ, სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ.

თავმჯდომარე. სიტყვა არავის სურს წინადადების შესახებ? არავის. მაშ კენჭს უყრი. წინადადება მიღებულია და გადაეცემა იურიდ. და შრომის კომისიებს. შემდეგ არის ერ.-დემ. შეკითხვა. ჩაწერილი არავინ არის. ვის სურს სიტყვა? სიტყვა ბ. მაჭავარიანს ეკუთვნის.

ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის შეკითხვა ნიკ. ჩარკვიანის დაპატიმრების შესახებ.

იოსებ მაჭავარიანი (ე.-დ.) დაპირებისამებრ, ბატონებო, მე მოველოდი შინაგან-საქმეთა სამინისტროსაგან სათანადო პასუხს. მინისტრმა კი არამც თუ არ მოგვცა შეძლება გავცნობოდით საქმეს, არამედ პასუხის ღირსიც არ გაგვხადა. როგორც მოგეხსენებათ, ნიკ. ჩარკვიანი სრულიად უდანაშაულოდ, უკანონოდ იქმნა დაპატიმრებული მიმდინარე წლის 2 აპრილს, რუსთაველის პროსპექტზე. ამ საქმიდან ცხადად სჩანს ორი რამ. ერთი ის, რომ გვარდიელებმა ჩარკვიანი დააპატიმრეს შინაგან-საქმეთა სამინისტროს დაუკითხავად და ნებადაურთველად, და მეორე ის, რომ მინისტრმა შეუძლებლად სცნო ჩარკვიანის განთავისუფლება მაშინაც კი, როდესაც აშკარად გამოირკვა იმის უდანაშაულობა.

ამ საგანზე მოლაპარაკების დროს მინისტრმა განმიცხადა, რომ მას ჰქონდა უტყუარი საბუთები და ცნობა იმის შესახებ, რომ არსებობს გარკვეული ჯგუფი, რომელიც მოჰკლავდა ჩარკვიანს, თუ ჩარკვიანი მინისტრის მიერ განთავისუფლებული იქნებოდა.

ასეთი წესი მართვა-გამგეობისა ყოვლად მიუღებელია. ასეთი სისტემა არამც თუ არ არსებობს, არამედ არსად, არცერთ სახელმწიფო მოღვაწეს არასოდეს თავშიაც არ მოსვლიათ ისეთი აზრი, რომ უდანაშაულო ადამიანი ციხეში უნდა ჩასვას, თუ არ გინდა, რომ თავისუფლად მოთარეშე მკვლელმა და ავაზაკმა ის მოჰკლას. მე არა მგონია, რომ შინაგან-საქმეთა მინისტრი ამ მოსაზრებით არ ანთავისუფლებდეს ჩარკვიანს. მხოლოდ მინისტრს არ უნდა სთქვას ის, რაც სათქმელია, რაღაცას მალავს. ეს რაღაც ის უნდა იყოს, რის გამოც სამინისტრომ არ მოგვცა შეძლება ამ საქმეს გავცნობოდით.

ვიცი, მეტყვიან, რომ ეს საქმე შეიცავს ისეთს საიდუმლოებას, რასაც მინისტრი ტრიბუნაზე ვერ გამოიტანსო. მე მესმის, ბ-ბო, რომ ბ. მინისტრს აქვს უფლება, ვიტყვი მეტსაც, ის ვალდებულია სახელმწიფო საიდუმლოების ხასიათის ფაქტები არ გამოამჟღავნოს და, თუ სახელმწიფოს ინტერესი ამას მოითხოვს, თვით დამფუძნებელ კრების წევრსაც კი არ გადაუშალოს ასეთი საიდუმლოება. მაგრამ განა ჩარკვიანის საქმე ასეთ საქმეთა კათეგორიას ეკუთვნის?

არა, ეს არის უბრალო მკვლელობის საქმე, სავსებით გამორკვეული და დამთავრებული. ასეთი საქმის გაცნობა შეუძლიან არამც თუ ერის ნდობით აღჭურვილს დამფუძნებელ კრების წევრს, არამედ ჩარკვიანის უბრალო რწმუნებულსაც კი. მაშ რამ აიძულა ბ. მინისტრი, რომ არ დაენებებინა ჩვენთვის ეს საქმე გასაცნობად? რის გამოქვეყნებას ერიდება, რას მალავს იგი? ცხადია, იმ ძალას, რომელმაც მიითვისა შინაგან-საქმეთა მინისტრის ფუნქციები და რომელიც ჩაერია ნებადაურთველად მინისტრის საქმეებში, ეს არის გვარდია. გვარდიას კი, როგორც ყოველივე ჯარის ნაწილს, აქვს თავის დიადი საქმე. ის იცავს სამშობლოს საზღვრებს და ეხმარება მთავრობას სახელმწიფო წესრიგის დაცვაში, როდესაც ამას მთავრობა მოსთხოვს. გვარდია უკვე შემოსილია ხალხის თვალში ჩვენი დამოუკიდებლობის დარაჯის შარავანდედით, და უბრალო ქურდბაცაცების დევნა ქუჩებში მას მხოლოდ დააწვრილმანებს იმავე ხალხის თვალში და დასცემს მის პრესტიჟს. ამისათვის ჩვენ გვყავს საკმაო მილიცია და საგანგებო რაზმები, თუ მათ გამოიყენებს მთავრობა. გვარდიის თვითნებური ჩარევა კი ადმინისტრაციის საქმეებში იწვევს სახელმწიფო საქმეთა და უფლებათა არევ-დარევას, ე. ი. ანარქიას. ბ-ბო, სახელმწიფო აპარატის მუშაობა მოითხოვს მათემათიკურ სისწორეს. როდესაც ქარხნის ვეებერთელა ფოლადის ურო მთელი თავის სიმძიმით და ძალით დაეშვება და დაენარცხება გრდემლს, კლდის ნაგლეჯებსაც მტვრად აქცევს. მაგრამ თუ იგივე ძალა წინდახედული სისწორით დაუშვით, პატარა თხილსაც ისე გასტეხთ, რომ ხეჭოს დაამტვრევთ, გულს კი არ ავნებთ. და სახელმწიფო მანქანის მემანქანეს, როდესაც მოძრაობაში მოჰყავს ეს უზარმაზარი ძალა, უნდა ჰქონდეს უტყუარი სისწრაფით გათვალისწინებული, თუ რა არის დასამტვრევი, გასანადგურებელი და რა არის შესანახი და მოსავლელი. და სახელმწიფოში არაფერი არ მოითხოვს ისეთ სათუთ მოვლას, როგორც ადამიანის რწმენა, რომ მისი მოქალაქეობრივი უფლებანი ყოველთვის მტკიცედ იქნებიან დაცულნი სახელმწიფოს მიერ.

წესრიგის დაცვა მოითხოვს ადმინისტრაციისაგან უდრეკ სისატიკეს, მაგრამ ასეთს სისატიკეს, როგორც გზის მაჩვენებელი ვარსკვლავი, ყოველთვის წინ უნდა უძღოდეს სამართლიანობა. ადმინისტრაცია თავის ნებას უნდა ზღუდავდეს სახელმწიფოს ძირითად კანონების ფარგლით და თავის მოქმედებას უნდა უფარდებდეს და უთვისებდეს მოქალაქის უფლებათა ნორმებს. ადმინისტრაცია უნდა ჰქმნიდეს ისეთს მდგომარეობას, რომ ერთის მხრით აიძულებდეს ყოველ მოქალაქეს, რათა აღასრულოს მან სავსებით თავის მოვალეობანი სახელმწიფოს წინაშე, მეორეს მხრით კი უნდა უზრუნველყოფდეს იმავე მოქალაქეს, რომ მისი უფლებანი არავისაგან და მით უმეტეს ადმინისტრატიულ თვითნებობისაგან არასოდეს შელახული და გათელილი არ იქმნას.

თუ ასეთი რწმენა ღრმადაა გამჯდარი მოქალაქის ძვალსა და რბილში, მაშინ ხალხის ნდობა მთავრობისადმი ყოველთვის იწყებს რჩევას. ასეთი რჩევა კი ხალხს შეაცოცებს ისეთ საქანელაზე, რომ აღარ იცი, სად გადაიჩეხება ხალხი და სად გადაიმტვრევა მთავრობა. და თუ თქვენ გნებავსთ ჩააყუჩოთ და გაანელოთ ის უნდობლობის დრტვინვა, რომელიც ხანგამოშვებით მოისმის საქართველოს ამა თუ იმ კუთხიდან, თუ თქვენ გსურთ ხალხის ნდობა არ შეარყიოთ და წესრიგი განამტკიცოთ, ჩვენ მოვსთხოვთ ჩვენს მთავრობას სახელმწიფო აპარატის მუშაობის მეტ სისწორეს, მეტ წინდახედულებას, მეტ სიმტკიცეს და მეტ სამართლიანობას.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. სერგეი ჯაფარიძეს.

. ჯაფარიძე. (ს.-დ.) ბატონებო! საზოგადოებრივ აზრის და ბრძოლის შინაარსი მთელის ისტორიის მანძილზე იყო მოქალაქის პიროვნების ღირსების ხელ-შეუხლებლობა, მოქალაქეობრივი თავისუფლებისა და უზრუნველ-ყოფა სახელმწიფოს მოხელეთაგან. უმთავრესად ეს ბრძოლა დღესაც წარმოებს და რა გასაკვირველია ის ანბანური ჭეშმარიტება, რომ არ უნდა შეილახოს მოქალაქის ღირსება. ეს ყოველთვის უდაო არის. ყველა ქვეყნის საზოგადოება ამას ყურადღებას აქცევს და განსაკუთრებით როცა რევოლიუციონური გადატრიალება ხდება, შეაქვთ კონსტიტუციაში ის დებულება, რომ მოქალაქის დატუსაღება ხდება განსაკუთრებულ ორგანოს მიერ და განსაზღვრულ წესით ინგლისში, მაგალითად, გარდა ამისა, მთელი რიგი ზომებისა არის შემოღებული: თუ ვინიცობაა მოქალაქე დაჭერილი არის, ყოველი გარეშე პირის განცხადებითაც კი სასამართლო ვალდებული არის, თუ ეს პირი უკანონოთ არის დაჭერილი - გაანთავისუფლოს. ეს ყველაფერი ყველასთვის უდაო არის, როგორც ეროვნულ-დემოკრატისთვის, ისე სოციალ-დემოკრატებისთვის, მაგრამ მთელი სიმძიმე ამაში კი არ არის არამედ იმაში, შეიძლება თუ არა ამ დებულების გატარება ცხოვრებაში დღევანდელ პირობებში, და განსაკუთრებით იმ პირობებში, რომელშიაც ჩვენ ვიმყოფებით.

მაჭავარიანმა სთქვა: იმ განსაკუთრებული პირობებით, რომელშიაც ჩვენ ვიმყოფებით, ვერ გაამართლებთ ასეთ ზომებს და ნაბიჯებსო. სწორედ ის განსაკუთრებული პირობები, რომლებშიაც ჩვენ ვიმყოფებით, იწვევენ განსაკუთრებულ ზომებს. მოგეხსენებათ, რომ ხანგრძლივმა ომმა გაანადგურა ეკონომიური ცხოვრება, ააფორიაქა და კალაპოტიდან ამოაგდო იგი. არა მარტო ჩვენში, არამედ ისეთ მტკიცე სახელმწიფოებშიაც იწყება ცხოვრების არევ-დარევა, როგორც ინგლისია, საფრანგეთი, იტალია და სხვა. დღეს ბოროტ-მოქმედებამ მიიღო მასიური ხასიათი. ამ ბოროტ-მოქმედებებს სასამართლო ჩვეულებრივის წესით ვერ ყოფნის, ვერ ასდის. ამიტომ ამ არაჩვეულებრივ პირობებში, არამც თუ ჩვენ ვართ ვალდებული მივმართოთ განსაკუთრებულ ზომებს, არამედ ინგლისში და საფრანგეთში აცხადებენ სამხედრო წესებს, - იქ სადაც ეს ჩვეულებრივ მიღებული არ არის.

მაშასადამე, დღეს, როცა მშრომელი მასა ამ ომის გამო მოწყვეტილი იყო ჩვეულებრივ ცხოვრებას, ჩვეულებრივ შრომას და ჯერ კიდევ ამ შრომას ვერ დაუბრუნდა, როდესაც ხალხი დამშეული არის, ამღვრეულია და გული არაფერზე არ მისდის, შეიძლება თუ არა ის, რომ მარტო სასამართლოს მოვსთხოვთ მხოლოდ თავის წესით უზრუნველყოს სახელიწიფოს მშვიდობიანი ცხოვრება. თქვენ იცით, რომ ჩვენში დღეს სასამართლო ჯერ კიდევ არ არის სასურველ მტკიცე ნიადაგზე დაყენებული ჯერ კიდევ არა გვაქვს სენატი შემოღებული, სასამართლო არის და ისიც საკმარისად უზრუნველ-ყოფილი არ არის, რომ თვისი საქმე აწარმოოს. დღეს ისეთი პირობები შეიქმნა, რომ შეუძლებელი გახდა ბოროტმომქმედთა მხოლოდ სასამართლოს წესით დასჯა. როცა მატარებლებს თავს ეცემიან და მგზავრებს სცარცვავენ, ყაჩაღობენ, ქურდობენ, მაშინ ჩვენ იძულებულნი ვართ, მივმართოთ ასეთ ზომებს და სახელმწიფო უზრუნველვყოთ... (გვაზავა; დავიჭიროთ ჩარკვიანი!) გუშინ ჩარკვიანი დავიჭირეთ დღეს გვაზავას დავიჭერთ, ხვალ ჯაფარიძეს და ასე უნდა ვებრძოლოთ ბოროტ-მოქმედებას (გვაზავა: მადლობელი ვარ!) დიახ, ასეთ შემთხვევაში იძულებულნი ვართ.

მე არ ვიცი მინისტრის პასუხი, არ მოგვისმენია მისი განმარტება იმის შესახებ, თუ რამდენად საფუძვლიანად დაიჭირეს ჩარკვიანი, მაგრამ ერთი რამ, ყოველ შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ: როცა დარწმუნებული ვართ, რომ კაცი ყაჩაღია, დანამდვილებით ვიცით ავაზაკია, მას სასამართლო ვერ სჯის - ჩვენ უნდა მივსცეთ შინ. საქ. სამინასტროს უფლება მის დაჭერისა, მივსცეთ არამც თუ ასე მოიქცეს, არამედ დავავალოთ კიდეც, რომ სწორედ ასე მოიქცეს.

კერძოდ, რა თქმა უნდა, თუ კი ჩარკვიანი დატუსაღებულია კეთილ-სინდისიერ რწმენით და არა მტრულ და პირად ნიადაგზე, მაშინ უნდა გავამართლოთ შინ. საქ. სამინისტროს ნაბიჯი და დავავალოთ - შემდეგშიაც სწორედ ასე მოიქცეს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის გრ. გიორგაძეს.

. გიორგაძე. ბატონებო! საჭიროა მოვისმინოთ მთავრობისაგან ამ საქმის ფაქტიური მხარე, თორემ მხოლოდ თეორიული მსჯელობით ვერავითარ დასკვნას ვერ გამოვიყვანთ. ეხლა სამხედრო მინისტრს არა სცალიან დროებით თავისი სამსახურის გამო. (ხმები: ჩვენთვის საჭიროა შინაგან-საქმეთა მინისტრი!) თქვენ იცით, რომ ის ასრულებს, როგორც სამხედრო მინისტრისას, იმავე დროს ის არის შინაგან-საქმეთა მინისტრიც. მთელი ქაღალდები და საბუთები ამ საქმის შესახებ მას თან აქვს. რამდენიმე წუთი მოითმინეთ, ის მოვა და მისი მოხსენებიდან თქვენ გაიგებთ, რომ ჩარკვიანი მიზან-შეწონილად იყო დაპატიმრებული.

თავმჯდომარე. მე ძალიან ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ასეთ წინადადებას კენჭს ვერ უყრი. სიტყვა ეკუთვნის შინაგან-საქმეთა მინისტრის ამხანაგს.

შინ. საქ. მინ. ამხანაგი . ჭიჭინაძე. ბ-ბო! უნდა მოგახსენოთ, რომ მთელი მასალა ამ საქმის შესახებ აქვს ბ. ნოე რამიშვილს. უნდა მიიღოთ მხედველობაში ის არაჩვეულებრივი დღე, რომელიც დღეს არის. ის წასულია სადარბაზოდ და რამდენიმე წუთის შემდეგ მოვა.

თავიდანვე ეს საქმე მან აიღო თავისთავზე და ამიტომ ნებას ვერ მივცემ ჩემს თავს, მე გაგცეთ პასუხი შეკითხვაზე. ნახევარი საათის შემდეგ მინისტრი მოვა და პასუხს მიიღებთ. ასეთი არაჩვეულებრივი მდგომარეობა ყველას მოელის და მით უმეტეს მას, რომელსაც რამდენიმე პორტფელი აქვს ჩაბარებული. ნებას ვაძლევ ჩემს თავს წინადადებით მოგმართოთ, რომ რამდენიმე წუთით შესწყვიტოთ კრება.

თავმჯდომარე. მე სანამ თქვენ მიერ დამტკიცებული რეგლამენტი ხელთა მაქვს, არ შემიძლიან რეგლამენტის დარღვევა. როგორც ამ რეგლამენტით ვხელმძღვანელობდით მაშინ, როდესაც ბ. გიორგაძის წინადადებას კენჭი არ უყარე, ამ რეგლამენტით უნდა ვიხელმძღვანელოთ, მაშინაც, როდესაც წინადადება მინისტრის ამხანაგს შემოაქვს.

მხოლოდ შემიძლიან, როგორც თავმჯდომარეს, ასეთი წინადადება დავაყენო: გსურთ თუ არა გამონაკლისი დაუშვათ მხოლოდ დღევანდელი შემთხვევისათვის? სიტყვა ეკუთვნის ბ. ნინიძეს.

კირილე ნინიძე. ვინაიდან ამ საკითხის გარშემო არაჩვეულებრივი მდგომარეობა შეიქმნა, ჩვენ ვიძლევით წინადადებას, ოცი წუთით შევწყვიტოთ კრება.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი ამ წინადადებისა? არავინ. კრება შეწყვეტილია ოცი წუთით.

კრების განახლება

თავმჯდომარე. გთხოვთ, დაბრძანდეთ. სხდომა გახსნილი გახლავთ. გრძელდება მსჯელობა შეკითხვის შესახებ. სიტყვა შინაგან-საქმეთა მინისტრს ეკუთვნის.

ნოე . რამიშვილი, შინ. საქ. მინისტრი. მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! იმ შეკითხვის შესახებ, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიულმა ფრაქციამ წარმოადგინა, მაქვს პატივი მთავრობის სახელით მოგახსენოთ შემდები: მარტში ქ. ქუთაისში მოკლეს ლეჩხუმის მაზრის კომისარი ონიანი და ერთი სახალხო გვარდიელი ისიც ონიანი. ჩვენის ცნობით ამ მკვლელობაში მონაწილეობას იღებდა ლეჩხუმის მაზრის მცხოვრები ნიკოლოზ ჩარკვიანი და გაცემული იყო ბრძანება მისი დაპატიმრების შესახებ. სამწუხაროდ, ჩარკვიანმა მოასწრო მაშინ იქიდან მიმალვა და სრულიად შემთხვევით ის შეიპყრო სახალხო გვარდიის შტაბმა ქ. ტფილისში 2 აპრილს. როცა ეს ჩვენ გავიგეთ, ის შემდეგ ჩვენზე გადმოვრიცხეთ და საქმე იქმნა გადაცემული ტფილისის საოლქო სასამართლოს პროკურორზე. გამოძიების დროს შესაფერი საბუთები ვერ იქმნა წარმოდგენილი, რომლებითაც პროკურორს შეეძლო მისი სამართალში მიცემა.

დაახლოვებით ერთი თვის შემდეგ, 28 აპრილს ჩვენ მოგვივიდა პროკურორისაგან ასეთი ცნობა, რომ ის ვერა სცნობს შესაძლებლად, რომ ჩარკვიანი იქმნას დაპატიმრებული, ვინაიდან არა აქვს საკმაო საბუთები მისი სამართალში მიცემისათვის. ჩვენთვის ერთი რამ აშკარა იყო, რომ საგამომძიებლო ნაწილმა შესაფერი ცნობები ვერ შეკრიბა და ამით აიხსნება ის გარემოება, რომ პროკურორი ასეთ განაჩენს ღებულობდა. მაგრამ ჩვენ ისიც ვიცოდით, რომ პირდაპირ თუ არა - პირდაპირ ჩარკვიანი ამ მკვლელობაში მონაწილეობას იღებდა უეჭველად. ეს მთავრობისთვის სულ ერთი იყო, მით უმეტეს, რომ ჩარკვიანი ასეთ შემთხვევებში მარტო ეხლა არ იღებდა მონაწილეობას. ის იყო რეციდივისტი. სწორედ ასეთივე საქმეებში ის იღებდა მონაწილეობას 1905 წელს. და ამიტომ, ვინაიდან მისი განთავისუფლება სამართლიან აღშფოთებას გამოიწვევდა იმ წრეებში, რომელნიც ღრმად დარწმუნებულნი იყვნენ, როგორც მთავრობა, რომ მას მონაწილეობა ჰქონდა ამ საქმეში, შეუძლებლად დავინახეთ მისი განთავისუფლება. ადმინისტრატიული წესით ის ციხეში იჯდა და ადმინისტრატიული წესით მან სხვა სასჯელი უნდა მოიხადოს. შეკითხვის ავტორები ცდილობენ საქმე მეორე ნაირად წარმოგვიდგინონ. მათი მიზანი არის მისცენ მას - ამ საქმეს - ასეთი სახე: თვითნებობით სახალხო გვარდიის შტაბმა შეიპყრო მოქალაქე და ისევე თვითნებობით ის შემდეგ იყო დაპატიმრებული.

მე უნდა განვაცხადო, რომ მიუხედავად იმისა, რომ საგამომძიებლო ნაწილმა ვერ შესძლო საკმარისი საბუთები წარმოედგინა, ერთი არის ეჭვს გარეშე, რომ ბ. ჩარკვიანი ამ მკვლელობაში ამა თუ იმ მონაწილეობას იღებდა. და, რასაკვირველია, ვინაიდან არ არის შესაძლებლობა იმ პირობებში, იმ გარდამავალ ხანაში, რომელშიაც ვიმყოფებით, ბოროტმოქმედების წინააღმდეგ არ მივიღოთ ზომები, ამიტომ სამინისტრო და მთავრობა იმ აზრისა იყო, რომ შესაფერი ზომები ყოფილიყო მიღებული ადმინისტრატიული წესით.

თქვენს წინაშე მგზავსი საკითხი არა ერთხელ დასმულა, მაგრამ ის ეხებოდა მხოლოდ პოლიტიკურ საქმეებს. მაგრამ, თუ მივიღებთ მხედველობაში იმ გარემოებას, რომ ამ საქმეს არა მარტო სისხლის სამართლის მნიშვნელობა აქვს, არამედ ის არ არის მოკლებული პოლიტიკურ მნიშვნელობასაც და პირიქით, იმ მკვლელობას, რომელიც მოხდა ქალაქ ქუთაისში - მხოლოდ პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა და სხვანაირი ხასიათისა ვერ იქნებოდა. მოჰკლეს ერთის მხრით კომისარი, მეორე მხრით გვარდიელი (ხმა მარჯვნით: ვინ მოჰკლა?) მე, მგონია. უკეთესი იქნებოდა ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატებმა ნაკლებ ილაპარაკონ. (ასათიანი: არა, ბატონო, არ არის უკეთესი!) თუ თქვენ ჰფიქრობთ, რომ ხმაურობით დაჰფაროთ ესეთი გარემოება, ძალიან შემცდარი ბრძანდებით: ამ მკვლელობას პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა და ჩარკვიანი პირდაპირ თუ არაპირდაპირ მონაწილეობას იღებდა. თქვენ იცით, რომ ეს ჩარკვიანი არა მარტო ეხლა არის ცნობილი ამისთანა საქმეებში (გვაზავა: ყველამ იცის, სასამართლომ არ იცის!). სასამართლოს, რომ შეეძლოს და საშუალება ჰქონდეს ყველა პოლიტიკურ და ნახევრად-პოლიტიკურ საქმეების გამორკვევა, მაშინ ჩვენ იძულებულნი ვიქნებოდით სხვა და სხვა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ ზომები მიგვეღო სასამართლოს წესით.

ამის შესახებ თქვენ შეკითხვას ვერ შემოიტანთ პირიქით, მუდამ მოითხოვთ, რომ ასეთი ზომები იყოს მიღებული. გარჩევა იმაში არის, რომ ეხლა ეს ზომები მიმართულია იმ ჯგუფთა წინააღმდეგ, რომლებთანაც, მე არ ვიცი, რა ნათესაობას ჰგრძნობთ თქვენ, მაგრამ ერთი აშკარაა: ვისგანაც უნდა იყოს ეს ხმა, იქნება ეს მემარჯვენე თუ მემარცხენე სექტორიდან, იქნება ეს რევოლიუციონურ, თუ კონტრ-რევოლიუციონურ ჯგუფიდან.

ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ აშკარაა, თქვენ ძალიან კარგად იცით, არა ჩემზე ნაკლებ იცით, რომ სწორედ ამას, ამ ფაქტს პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. თქვენ იცით, რომ თავისთავად ეს პოლიტიკური აქტი გაგრძელებაა უწინდელ პოლიტიკურ აქტებისა, რომელთაც ადგილი ჰქონდათ წარსულ წლებში. ამიტომ, მე მგონია, შეიძლება შეკითხვა შემოტანილი იქმნას ყველა საკითხის შესახებ, მაგრამ ერთი რამ არის აუცილებელი: აქვს თუ არა რაიმე მნიშვნელობა ამ შეკითხვას? ამისთანა შეკითხვა ზოგიერთ ჯგუფს ხშირად ახდის ფარდას და სინათლეზე გამოააშკარავებს მათ ზრახვებს.

ა. ასათიანი. ამ საქმეში, ბ-ბო, ყურადღებას იქცევს ორი მომენტი: ჩარკვიანის დაჭერა მოხდა არა სათანადო უწყების მიერ, ჩარკვიანი გვარდიელებმა დააპატიმრეს. სახალხო გვარდია თქვენ მოგეხსენებათ, აღარ არის კერძო ორგანიზაცია, ის სახელმწიფო დაწესებულებაა და ის არსებობს თანახმად თავის დებულებისა, რომელიც მიღებულ იქმნა საკანონმდებლო წესით. 1918 წ. გამოცემულ კანონით გვარდიისა და რეგულიარულ ჯარის უფლება-მოვალეობა გათანასწორებულია. გვარდიას აქვს იგივე კონპეტენცია, იგივე უფლებები, როგორც რეგულიარულ ჯარს. ამ კანონის 1 § ამბობს: „სახალხო გვარდიის მიზანი იგივეა, რაც სახელმწიფოს მთელი შეიარაღებული ძალისა - დაცვა დემოკრატიული რესპუბლიკისა, მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების. „მე-11§ ამბობს, რომ „სახალხო გვარდიის ვერც, ერთ ნაწილს ვერ გამოიწვევენ ისე, თუ არა მთავარი შტაბის საშუალებით. განსაკუთრებულს შემთხვევაში იმას გამოიწვევს მთავრობის თავმჯდომარე, ან დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე“.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში არ ყოფილა განკარგულება არც შტაბის, არც მთავრობის თავმჯდომარის, არც დამფუძნებელ კრების თავმჯდომარისა. აქ ერთ ნაწილს გვარდიისას, ალბათ თავის ნებით გადაუდგამს ეს ნაბიჯი. ქუჩაში მოქალაქეთა დაჭერა, მათი თავის ნაწილში დამწყვდევა და შემდეგ ციხეში მოთავსება, რომ არ შეეფერება გვარდიის დანიშნულებას და მის მომხრებს, ამაზე ვფიქრობ, რომ დავა არ გვექნება. ბატონი მინისტრი ბრძანებს, რომ ჩარკვიანმა ერთი თვის წინად ჩვენ გვქონდა ცნობები ქუთაისში ონიანის მკვლელობაში „ესა თუ ის მონაწილეობა მიიღო“ და ჩვენ მას ვეძებდითო. ეს განცხადება განსაცვიფრებელია, როდესაც ჩარკვიანის გატაცება მოხდა - ეს ნამდვილი გატაცება იყო... (ნინიძე: მეც მომიტაცეს ჟანდარმებმა!). მთელი ღამე, ჩარკვიანის ნათესავების ხვეწნა-მუდარით შეწუხებულნი გენერალ-გუბერნატორი, მილიციის უფროსი, თვით მინისტრი და განსაკუთრებული რაზმი დიდს ფაცა-ფუცში იყვნენ და განცვიფრებული ერთმანეთს ეკითხებოდენ - ვინ, სად და რისთვის მოიტაცა ჩარკვიანიო. ბ. მინისტრმა მხოლოდ ორი დღის შემდეგ შეიტყო, რომ ჩარკვიანი ტრამვაის პარკში იყო დაპატიმრებული. ციხეში ჩარკვიანი გვარდიამ მოათავსა და არა ადმინისტრაციამ. ეს ამბავიც დამახასიათებელია არსებული წესებისა. ეს არის პირველი, რაც ჩვენს ყურადღებას იპყრობს.

ჩარკვიანი ციხეში მოათავსეს, მის წინააღმდეგ ეხლა ბრალდებაც არის; ქუთაისში სვანეთის ერთი საზოგადოების კომისარის ონიანის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა. ბ. მინისტრი ამბობს - ჩვენ ერთი თვის წინეთ გვქონდა ასეთი ცნობებით. მაგრამ მას აქვს პორთფელში საბუთები, რომელნიც ამტკიცებენ, რომ ეს ბრალდება გვარდიამ წამოაყენა ერთი კვირის შემდგომ და ადმინისტრაციას ამის შესახებ არავითარი ცნობები არ ჰქონია. ერთი თვის წინეთ გვქონდა გაცემული განკარგულება მის დაპატიმრების შესახებო. ეს სიმართლეს არ შეეფერება, თორემ გვაჩვენეთ აქ ეს განკარგულება. იკვლევენ ბრალდებას, ტფილისის პროკურორი უგზავნის შეკითხვას ქუთაისის პროკურორს - ეს კაცი დაპატიმრებულია და ონიანის მკვლელობის შესახებ საქმე გამოგზავნეთო. იქიდან უპასუხებენ: ჩვენ ჩარკვიანს არც ვიცნობთ და იმის შესახებ არავითარი ბრალდება არ არისო. ჩარკვიანს კიდევ ბევრი ბრალი ედებოდაო, ბრძანებენ აქ. წინად მოხდა მკვლელობა, რომელშიაც ჩარკვიანი ერიაო. მაგრამ გამორკვეულა, რომ ამ დროს ის იყო ძლიერ შორს (მაჭავარიანი: სარაყამიშში) და მკვლელობაში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო.

შემდგომ ახალს ბრალდებას უყენებენ, 1905 წ. მკვლელობაში მონაწილეობა მიუღიაო. ვისი მკვლელობა იყო, ამის შესახებ არაფერს ამბობენ. ეს უკვე 15 წლის ამბავია, ბატონებო, არ ვიცით, ეხლა შეიძლება ბ. მინისტრმა სთქვას, - კაენმა რომ აბელი მოჰკლა - იქაც ჩარკიანი ერიაო (სიცილი). საყურადღებოა, რომ ონიანის მკვლელობის ძიება კიდევ გრძელდება. თითქოს მთავრობამ არ იცის ვინ ჩაიდინა ეს მკვლელობა. ქუთაისში და ლეჩხუმში ყველამ იცის, რომ მკვლელობა მოხდა შუადღეზე შუაგულ ბაზარში და ეს მკვლელობა მოახდინა არა ერთმა პირმა, არამედ მთელმა რაზმმა, მილიციამ, რომელმაც დაახალა ონიანს თოფები. განა თქვენ არ იცით ვინ და როგორ მოახდინა ეს მკვლელობა? ეს თქვენ კარგად იცით, მაგრამ მაინც ეძებთ მეორეს, რომ მათ წინააღმდეგ რაიმე ბრალდება აღძრათ, თუნდაც ისე უხეიროდ, როგორც ეხლა. ამას ალბად იმიტომ სჩადიან, რომ მმართველ პარტიას არ მიაჩნია სასურველად, რომ სვანების თვალში ონიანის მკვლელი იყოს მილიცია. მათ ეშინიანთ, რომ სვანეთში ეს გამოიწვევს აღშფოთებას მთავრობის პარტიის წინააღმდეგ. ბრალდებების ძიება გრძელდება, პროკურორი უსაფუძვლოდ თვლის ყველა ასე შეთხზულ ბრალდებებს და პატიმრის განთავისუფლებას მოითხოვს. სამინისტრო არ ანთავისუფლებს ჩარკვიანს. ის გვარდიას ეკითხება - წამოყენებული ბრალდება უსაფუძვლო გამოდგა, გაქვთ თუ არა სხვა ბრალდება, ან შეიძლება თუ არა ჩარკვიანის განთავისუფლებაო. საქმეებში არის ასეთი საბუთი, ჩვენ არ მოგვცეს ნება, რომ ის ამოგვეწერა. აქ მაინც გვაჩვენოს ბ. მინისტრმა ეს საქმეები და ამ საბუთს მას მე წაუკითხავ. მინისტრი კი ბრძანებს - ერთი თვის წინეთ თითონ მე მქონდა გაცემული განკარგულებაო.

ასეთი იყო ადმინისტრაციის როლი ამ საქმეში. ბ. მინისტრის განმარტება კიდევ უფრო ჰმატებს საღებავებს ადმინისტრაციის უკანონობის სურათს. მაგრამ რას შვრებოდა სასამართლო? აქ ბრძანდება ბ. იუსტიციის მინისტრი და მე მინდა მას ვკითხო: არსებობს თუ არა ჩვენში სასამართლო და ღებულობს თუ არა ის კანონიერ ზომებს მოქალაქეთა სიცოცხლის და თავისუფლების დასაცავად?

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს მესხიშვილს.

. მესხიშვილი (სოც.-ფედ.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! მე მოვისმინე შეკითხვის შინაარსი და ის პასუხი, რომელიც გასცა შეკითხვის ავტორებს შინაგან საქმეთა მინისტრმა. მოვისმინე აგრეთვე ბ-ნ ჯაფარიძის აზრი (რეპლიკა: კიდევ რა მოისმინეთ!) და ყველა ამან ცუდ დასკვნამდის მიმიყვანა.

ჩვენთვის ნათელი ხდება, რომ ჩვენს ნორჩს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჯერ კიდევ არ არის შეურყევლად განმტკიცებული ელემენტარული მოქალაქეობრივი უფლებანი და სათანადო ორგანოები ვერ დგანან ჯეროვან სიმაღლეზედ.

ბ-ნი რამიშვილი შეეცადა შეკითხვისათვის ისეთი ხასიათი მიეცა, თითქოს აქ ილაშქრებენ ადმინისტრატიულ წესით დატუსაღების წინააღმდეგ.

ეს სინამდვილეს არ შეეფერება. არსებითად საკითხი ასე სდგას - ადმინისტრატიულ წესით დატუსაღებულებს უნდა ჰქონდეს თუ არა რაიმე ნორმები უნდა იყოს თუ არა იგი კანონიერ ფარგლებში ჩამოყალიბებული? თანამედროვე გარდამავალ ხანაში, როცა ცხოვრება აფორიაქებულია და ჯერ კიდევ არ ჩამდგარა ნორმალურ კალაპოტში, შეიძლება საჭირო იყოს, რომ შინაგან-საქმეთა სამინისტროს მივსცეთ უფლება ისარგებლოს ადმინისტრატიული დატუსაღებით და ამისთანა უფლება მას აქვს. მაგრამ, რადგანაც საჭიროა მოქალაქის პიროვნული ხელშეუხებლობა არ იყოს უსაბუთოდ შელახული და მისი მოქალაქობრივი უფლებანი იყოს უზრუნველყოფილი, ის ორგანოები, რომელსაც მინიჭებული აქვთ უფლება მოქალაქის ადმინისტრატიული წესით დატუსაღებისა, განსაკუთრებულ სიფრთხილით უნდა მოქმედებდნენ და მათი მოქმედება კანონიერს ფარგლებში უნდა სწარმოებდეს.

დღევანდელმა შეკითხვამ გამოაშკარავა, რომ არ არსებობს მისაღები წესი ადმინისტრაციის მოქმედებაში. იმის მაგივრად, რომ ამ დანაკლისზედ მიეთითებინა, დამფუძნებელ კრების წევრი ჯაფარიძე კანონიერად სთვლის ჩარკვიანის დატუსაღებას და უსურვებს მთავრობას, ეს ერთგვარი დავალებაც არის, მომავალშიაც ასე იმოქმედოს.

მე თქვენ გეკითხებით, განა შესაძლებელია ისეთი წესი დატუსაღებისა, როცა მოქალაქემ არ იცის ვინ უსპობს მას თავისუფლებას? განა შესაძლებელია მოქალაქის ორდერის წარუდგენლად დატუსაღება? მინისტრმა თავის პასუხით ვერ გააბათილა შემკითხველთა მიერ წამოყენებული მასალა. ჩარკვიანის დატუსაღების ღამეს მიმართეს შინაგან-საქმეთა სამინისტროს, სისხლის სამართლის მილიციას და საგანგებო სასამართლოს თავმჯდომარეს და არცერთმა ამათგანმა არ იცოდა ვინ და რისთვის დაატუსაღეს ჩარკვიანი.

განა მისაღებია, რომ მოქალაქეს ატუსაღებენ ისეთი პირნი, ვისაც, კანონით, ამისი უფლება არა აქვთ და ის ორგანოები კი, რომელთაც კანონით ეს უფლება აქვთ მინიჭებული, ერთმანეთს ეკითხებიან - ვინ, ან რისთვის დაატუსაღეს ჩარკვიანი?

ნუ-თუ ყველაფერ ამის ჩადენას ავალებდა მომავალშიაც მთავრობას ბ-ნი ჯაფარიძე?

მე კი მგონია, რომ დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვცხოვრობთ და საჭიროა მოქალაქის უფლებას სათუთად მოეპყრნენ.

ეხლა საჭიროდ მიმაჩნია თქვენი ყურადღება მეორე მომენტს მივაქციო. არ ვიცი ვინ არის ჩარკვიანი, არც ის ვიცი რას აბრალებენ მას, მაგრამ ჩემთვის (რეპლიკა: როგორც იურისტისათვის?) დიახ, როგორც იურისტისათვის და საქართველოს მოქალაქისათვის, ძალიან დამახასიათებელია ის, რაც შინაგან-საქმეთა მინისტრისაგან მოვისმინე. დიახ, მე ვლაპარაკობ, როგორც საქართველოს მოქალაქე და დამფუძნებელი კრების წევრი, რომ სანამ ყოველივე მოქალაქეს, კანონის სიმტკიცე და მისი დაცვის აუცილებლობა ძვალსა და რბილში არ გაუჯდება, მანამ ჩვენი სახელმწიფო ვერ იხეირებს. მე არ მესმის ბ-ნ მინისტრის განმარტება, რომელიც მან მოგახსენათ. მე სიტყვა-სიტყვით ჩავიწერე მისი ნათქვამი. „ამ ჩარკვიანს მკვლელობაში ესა თუ ის მონაწილეობა მიუღია“ რას ნიშნავს ეს? მას შეეძლო მკვლელობაში მონაწილეობა მიეღო ან ფიზიკური, ან ინტელექტუალური, ან და დახმარების სახით. ყველა ამისათვის კანონი სასტიკადა სჯის.

მინისტრმა ბრძანა, რომ საუბედუროდ სასამართლომ საკმაო მასალა ვერ შეჰკრიბა ჩარკვიანის პასუხისგებაში მისაცემად, რას აკეთებდა შინაგან-საქმეთა სამინისტრო და ყველა ისინი ვისაც მასალა ჰქონდათ ჩარკვიანის დანაშაულობის შესახებ? რატომ არ მივიდნენ ისინი გამომძიებელთან და არ აცნობეს ყველა ფაქტები? თქვენ მიგიტანიათ ეს მასალა და გამომძიებელმა გამოიტანა დასკვნა მთელი მასალის განხილვის შემდეგ, რომ ჩარკვიანის პასუხისგებაში მისაცემად არავითარი საბუთი არ არსებობს.

მე გეკითხებით თქვენ, თუ კი გამომძიებელმა ვერ იცნო საკმაოდ ის ფაქტები, რომელიც თქვენ მიაწოდეთ და სასამართლოს ორგანომ შეუძლებლად სცნო ამისთანა საფუძველზედ ბრალდების დამყარება, რატომ იგივე მასალა, სასამართლოს ორგანოს მიერ უარყოფილი, გაძლევთ თქვენ უფლებას მოქალაქე დასაჯოთ?

მე იმას არ გედავებით, რომ არ უნდა იყოს ადმინისტრატიული წესით დატუსაღება (რეპლიკა: დღევანდელ პირობებზედ არის ლაპარაკი!) დიახ, დღევანდელ და ყოველგვარ პირობებში ადმინისტრატიული დასჯა კანონიერ ფარგლებში უნდა ხდებოდეს, მაგრამ თუ საქმე გადაეცა სასამართლოს, უკანასკნელი სიტყვა სასამართლოს უნდა ეკუთვნოდეს.

ალბად ასეთი შეხედულების დასასუსტებლად ბ-ნმა მინისტრმა ბრძანა, რომ ყველას გვიხარიან, როცა სამშობლოს მტრებს და ბოლშევიკებს ატუსაღებენ ადმინისტრატიული წესით.

მართალია, ჩვენ ამის წინააღმდეგნი არა ვართ - ვინც ჩვენს სახელმწიფოს დამხობას უქადის და ვინც წესიერებას არღვევს ის აუცილებლად დატუსაღებული უნდა იქმნეს, მე მეტს ვიტყვი, და იმედი მაქვს ბ-ი მინისტრიც დამეთანხმება. სწორედ ამისთანა პირებთან საბრძოლველად საკმარისი არ არის მარტო ადმინისტრატიული წესით დატუსაღება და საჭიროა მათი სამართალში მიცემაც. თუ ჩვენ შესაფერი კანონები არა გვაქვს, ასეთი კანონები უნდა შევქმნათ. მაგრამ თუ ადმინისტრატიულ წესით დატუსაღებულს, ვინც უნდა იყოს იგი, თუ გინდ ბოლშევიკი, სასამართლოს გადასცემთ და სასამართლო მას უდანაშაულოდ იცნობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება არა აქვს მისი დატუსაღებისა. ჩარკვიანის საქმე სასამართლოს ორგანოებმა 28 აპრილს მოსპეს და მე არ მესმის, რატომ არის ის დღემდის დატუსაღებული. თუ ჩვენ ამგვარი მოქმედება კიდევ უყურადღებოთ დავტოვეთ, შეიძლება ისეთი ამბავი დატრიალდეს, რომ ბრალდებული რაიმე კონკრეტიულ ბოროტმოქმედებაში სასამართლომ გაამართლოს და შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ადმინისტრატიულად დაატუსაღოს. ასეთი წესი რყევის მეტს ვერაფერს შეიტანს მოქალაქის უფლებრივ შეგნებაში და დიდ ზიანს მოუტანს სახელმწიფოს. ამიტომ, კანონიერების განმტკიცებისათვის და მოქალაქის პიროვნების უზრუნველ-ყოფისათვის, დამფუძნებელმა კრებამ შინაგან საქმეთა მინისტრს უნდა მიუთითოს, რომ ადმინისტრატიულ წესით დატუსაღებას მეტის სიფრთხილით მოეკიდნენ და კანონიერ ფარგლებში აწარმოონ იგი. ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს დატუსაღების უფლება, მაგრამ როცა საქმე სასამართლოს გადაეცემა, იქ უპირატესობა უნდა ეკუთვნოდეს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას უნდა ეკუთვნოდეს უკანასკნელი სიტყვაც (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ვ. ჯუღელს.

ვალიკო ჯუღელი. (.-.) ძალიან მიკვირს, რომ ამ შეკითხვაზე დამფუძნებელი კრება დღევანდელ განსაკუთრებულ პირობებში ასე დიდხანს შეჩერდა.

მეორე სხდომას ვანდომებთ ამ შეკითხვას და არ ვიცით დავათავებთ დღეს თუ არა. სწორედ იმ დროს, როცა ჩვენი ქვეყანა ყველაზე მეტ გასაჭირშია და არ ვიცით დავიცავთ მას თუ არა, - ჩვენ ამ უბრალო შეკითხვას ამდენ დროს ვანდომებთ, ბ. მესხიშვილმა სთქვა: „ამ უბრალო მკვლელობაზე ამდენი ლაპარაკი არ შეიძლებაო.“ რა გინდ უბრალო იყოს მკვლელობა, სიკვდილი მაინც სიკვდილია და ამ უბრალო დაპატიმრებაზე არ ღირდა ამდენი ლაპარაკი. (ნუცუბიძე: არ ისმის).

ბ. ნუცუბიძე ღელავს და შფოთავს იმიტომ, რომ ის არასოდეს არ ყოფილა რევოლიუციონერი. იგი ისეთივე რევოლიუციონერი იყო, როგორც პროფესორია (ხმაურობა). მე მაკვირვებს ბ. მესხიშვილი, როგორც რიგიანი რევოლიუციონერი წარსულში, მისი ფსიქოლოგია სავსებით მემარჯვენეებს დაუახლოვდა. მისი და ასათიანის არგუმენტაცია ერთი და იგივე იყო, თითქმის სიტყვა-სიტყვით მან ის გაიმეორა, რაც ასათიანმა სთქვა.

ეს შეკითხვა ორ მომენტს შეიცავს. ერთი ის, რომ გვარდიამ დიდი დანაშაული ჩაიდინა, რომ ეს ნაბიჯი გადასდგა და უფლება აღიმატა, მეორეც ისა, რომ ჩვენი შინაგან-საქმეთა მინისტრი ვერ იცავს კანონიერებას. მეც ამ მომენტებს შევეხები.

ბ. მესხიშვილი სავსებით გაიურისტებულა, რევოლიუციონურს პრაქტიკას ივიწყებს და იმეორებს ბ. გვაზავას სიტყვას, რომ ბოლოს და ბოლოს მშვიდობიანობა გვწყურიაო. ჩვენც გვწყურია მშვიდობიანობა და, მე ვიტყვი, თუ ვინმემ იღვაწა და სისხლი დაღვარა, რომ ეს მშვიდობიანობა დამყარებულიყო, როგორც ჩვენთვის ისე თქვენთვის, ეს არის ჩვენი დემოკრატია და პირველ რიგში სახალხო გვარდია. ამას დემაგოგიისათვის არ ვამბობ. როცა თქვენ იტყვით მთავრობაში, მაშინ კანონებს არ უყურებდით, ამბობდით - არიქა, როგორმე მოუყარეთ ძალებს თავი და დაიცავით ქვეყანაო. (დადიანი: რა შუაშია ეს?) იმ შუაში, რომ თქვენც მიგიღიათ მონაწილეობა ზოგიერთ ექსპედიციაში და შემიძლიან დაგიმტკიცოთ, რომ ძალიან ხშირად ბევრი უკანონობაა დაშვებული. თუ ჩვენ შევხედავთ ამას კონსერვატიული თვალსაზრისით, - უკანონობა იყო დაშვებული, მაგრამ არის რევოლიუციის დრო და ჩვენ გვინდა რევოლიუციის პრაქტიკა, სანამ შესაფერი კანონმდებლობა და ნორმალური პირობები შეიქმნებოდეს.

ამ განსაკუთრებულ დროს განსაკუთრებულ ნაბიჯებს ვდგამდით. ვქმნით ნამდვილ კანონს, ნამდვილ წესიერებას და წესრიგს. მე ვამბობ - ჩვენ, რომ ეს ნაბიჯები ხანდახან არ გადაგვედგა, თქვენ თავზე დაგელეწებოდათ თქვენი იურისპრუდენციაც და მთელი ქვეყანაც.

ამას წინად ჩვენ მთავარ შტაბში შეგვატყობინეს, რომ არსენალის გორაზე არის რამდენიმე ყაჩაღი დაბანაკებულიო. ჩვენ არც ორდერი გვქონდა, არც სხვა ნებართვა. გავგზავნეთ რამდენიმე გვარდიელი და მართლაც 2 ცნობილი ყაჩაღი დავიჭირეთ, რომელთაც მოჰკლეს შოფერები კოჯრის გზაზე. შესაძლებელია, ამ გზას, რომ დავსდგომოდით, ყაჩაღები კიდეც გაქცეულიყვნენ ჩვენს მისვლამდე. ასეთ შემთხვევას მე მოგიყვანთ ძალიან ბევრს. სამძიმო არის მაშინ, როდესაც ჩვენ რეპრესიებს მივმართავთ ბოლშევიკების წინააღმდეგ. ეს ჩვენი საქციელი ამ სექტორს (მარჯვენას) უხარიან. ფსიქოლოგიურად ჩვენთვის ყველაზე უფრო მძიმეა, როცა ჩვენ გვინდა დემოკრატია ბოლშევიკების შევიწროვებით გადავარჩინოთ, როდესაც ჩვენ უბრალო ყაჩაღის მკვლელს შევეხებით, მაშინ დიდ ალიაქოთს, დიდ აურზაურს ასტეხენ, რადგანაც ჩარკვიანს ერთ-ერთ წრებში ბევრი ნათესავი, ბევრი ნაცნობი და დამხმარე ჰყავს. ამიტომ რაც ჩარკვიანი დაატუსაღეს, ციხისკენ ერთგვარი „პალომნიჩესტვო“ გაიმართა. მაჭავარიანი გამოდის და ამბობს - დაიჭირეს, წაიყვანეს, დაჰკარგეს კაციო. საშუალო საუკუნოები და უზომო ძველი დრო გაგონდებათ, თითქოს დაიჭირეს კაცი და კატაკომბებში ჩააგდეს. რასაკვირველია, ასეთი არაფერი იყო. ჩვენ და იქ ყველა ამხანაგმა იცოდნენ, რომ ის კაცი დაპატიმრებულია, ვიცოდით სად იყო დატუსაღებული, რომ მას არავითარი საფრთხე არ მოელოდა. არ გაუშვით იმიტომ, რომ ვიცოდით, როცა გაუშვებთ ხელიდან ჩვენ, რომ წინასწარი ზომები არ მიგვეღო, შესაძლებელია გაენთავისუფლებინათ ჩარკვიანი.

როცა ჩვენ გადაგვიდგამს მთავრობის პოლიტიკის გასამეორებლად ნაბიჯები, რომელთაც დემოკრატიისთვის ზიანი არ მოუტანია, რასაკვირველია, ამ სექტორს ეს ჩვენი ნაბიჯები არ მოსწონებია, იქნება რაიმე ზიანიც მოუტანია მათთვის, მაგრამ მე ყველაფერს დემოკრატიის თვალსაზრისით უყურებ და მის ინტერესებს უწევ ანგარიშს, და თქვენ ვერ დაგიმტკიცებთ, რომ ჩარკვიანის დაპატიმრება დემოკრატიას ზიანს მოუტანს. ჩვენ ვიცით, როგორ უყურებს ლეჩხუმისა და რაჭის მაზრის დემოკრატია ჩარკვიანს. ეს დემოკრატია გრძნობს, რომ მას ჰყავს მთავრობა, რომელიც დასჯის მის მტრებს.

თქვენ ვერავითარ წესიერებას ვერ დაამყარებთ, თუ არ შექმნით ერთგვარ პსიქოლოგიურ განწყობილებას, თქვენ ამით გზას აძლევთ ანარქიას, თუ ასე მოვიქეცით ჩვენ მივიღებთ ჭიათურის პროცესს, როდესაც ჩვენს ამხანაგს სასამართლოში გზავნიან.

ხშირად მოდიან ჩვენთან ამხანაგი მუშები და გვარდიელები, რომლებიც იგივე მუშები არიან, და გვეუბნებიან, - ჩვენ ყოველივე შრომის ხალისი და უნარი გვეკარგება, როდესაც ვიცით, რომ ყაჩაღს დავიჭერთ და მეორე დღესვე ქუჩებში თავისუფლად დასეირნობსო.

არსებობს ორი თვალსაზრისი - მემარცხენე და მემარჯვენე. ჩვენ ორ სხვა და სხვა პოლიუსებზედ ვდგევართ. ჩვენი შეთანხმება ყოვლად შეუძლებელია. ჩვენი პოლიტიკა, რომ გვაზავას მოსწონებოდა, ეს უარესი იქნებოდა, მაგრამ მე მიკვირს, რომ ეს მეორე სექტორი ძველი რევოლიუციონერისა ამ აზრს იზიარებს და ესენი ამ საკითხში შეთანხმდნენ. მე მესმის პსიქოლოგია მემარჯვენე სექტორისა და კერძოდ ბ. მაჭავარიანისა და ბ. გვაზავასი...

არის ორი თვალსაზრისი, როგორც მოგახსენეთ, კონსერვატიული და (რეპლიკა: არ ისმის) დიახ, უფრო მეტს ვიტყვი, რეაქციონური, რომელსაც სურს, რომ ისტორიული ბორბალი უკუღმა დაატრიალოს, და არსებობს თვალსაზრისი რევოლიუციონური, არსებობს რევოლიუციონური პრაქტიკა. აი, მაგალითად, ასეთი შემთხვევაც გვახსოვს ჩვენ რევოლიუციონურ პრაქტიკაში, როცა გენერალი პოსტრიულინი უნდა დაგვეპატიმრებინა, იმანაც ორდერი მოითხოვა: „მოიტანეთ შესაფერისი ორდერი“-ო. იმანაც სწორედ ამ ორდერზედ დაიწყო ლაპარაკი, რომელზედაც თქვენ ლაპარაკობთ, მაგრამ ჩვენ განვაცხადეთ, რომ თქვენ რევოლიუციონური წესრიგის სახელით ხართ დაპატიმრებულიო. არის რევოლიუციონური პრაქტიკა, რევოლიუციონური წესრიგი და თუ ჩვენ ასეთ ნაბიჯებს არ ავყვებით, არ ავყვებით ასეთ წესიერებას, დიდს შეცდომას ჩავიდენთ. ამ ჩვენს ნაბიჯებზეა დამყარებული ბედის წერა ჩვენი ქვეყნისა, ჩვენი დღევანდელი წესიერება და ჩვენი ქვეყნის მომავალი. შეცდომები ჩვენ ბევრი გვაქვს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ რევოლიუციონურ პრაქტიკაზე შენდება ჩვენი მომავალი და ჩვენ ამ პრაქტიკას არ უნდა ვუღალატოთ. ჩვენ პირიქით ჩარკვიანებს კიდევ უფრო მაგრად უნდა მოვუჭიროთ ხელი და სიმძიმე ჩვენი რეპრესიებისა, როგორც მარცხნივ, ისე მარჯვნივ უნდა გატარდეს და თუ შეცდომა მოგვივა სიმძიმე ჩვენი მარცხისა ჩვენვე უნდა ვზიდოთ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ბ. კიკვაძეს.

. კიკვაძე. (ს.-დ.) ბატონებო! აქ ბევრი ითქვა ჩარკვიანის დაპატიმრების შესახებ, მე ბევრს აღარ მოგახსენებთ, მაგრამ ზოგიერთ ადგილს მსურს ხაზი გაუსვა. საკვირველი არ არის, რომ ნაც.-დემოკრატები ასე ილაშქრებენ ჩარკვიანის დაპატიმრების წინააღმდეგ, ეს ჩემთვის გასაგებია; ის მახლობელი კაცია მათი, მაგრამ მაკვირვებს ის, რომ ფედერალისტების წარმომადგენლები მიეხმარენ, გამოესარჩლენ და დაიცვეს ის, რასაც იცავდა გვაზავა და ასათიანი. (ხმა: ესერები?) არც ეს არის გასაკვირველი, ეს ორი შტოა ერთისა და იმავე მიმართულებისა. რაც შეეხება ბატონ შენგელაიას გამოსვლას, ესეც ცხადია: ერ.-დემოკრატები იცავენ ბურჟუაზიულ წესწყობილებას, ესერები წვრილ-ბურჟუაზიული პარტია იყო და ასე დარჩა, ამიტომაც ემხრობიან მონათესავე ფრაქციასა, ამნაირად შეერთდა სამი მიმდინარეობა: ეროვნულ დემოკრატები, ფედერალისტები და სოც.-რევოლიუციონერები, მეორე მხრით კი დგას სოციალ-დემოკრატია, რომელიც ამტკიცებს, რომ ასეთ გარდამავალ ხანაში, თუმც პრინციპიალურად არ ვართ მომხრე ადმინისტრატიული დასჯისა, ასეთ განსაკუთრებულ მდგომარეობაში, იძულებული ვართ მივმართოთ წესიერების დასაცავად განსაკუთრებულ ზომებს. ასეთ გარემოებაში ხდება ჩარკვიანის დაპატიმრება, რასაც ჩვენ ვამართლებთ მიტომ, რომ მინისტრი დარწმუნებულია მის დანიშნულობაში, და არა თუ მინისტრია, მთელი ლეჩხუმის მაზრა დარწმუნებულია მის ბოროტ-მოქმედებაში და მოითხოვს მის დასჯას.

თუ ჩარკვიანს არ დააპატიმრებდენ, - შეიძლება უარესი რამ მომხდარიყო, შეიძლება - თვითგასამართლებას ჰქონებოდა ადგილი. აქ უმეტეს ნაწილად ილაპარაკეს გამოცდილმა იურისტებმა; მაგათი თვალსაზრისი, როგორც ამბობს რომაული ანდაზა: „pereat munedus, fiat justicia“ ესე იგი - ოღონდ იუსტიცია გადარჩეს, თუნდ ქვეყანა დაინგრეს. ჩვენ ქვეყანა გვინდა ხალხისთვის, მაგრამ თუ ხალხი დაიღუპება, რათ გვინდა სამართალი?! იუსტიციის განმტკიცება, რა თქმა უნდა, სასურველია, მაგრამ განა ვის შეუძლია სთქვას, რომ დღეს მხოლოდ ამ საშვალებით შეიძლებოდეს ჩვენში წესიერების დამყარება...

ჩვენ ვაშენებთ ახალ სახელმწიფოს და ამ შენების დროს მძიმე პირობებში, მთავრობამ ზოგჯერ წაიბორძიკოს, - გასაკვირი არაა. ჩვენ მივისწრაფვით შევქმნათ განსაზღვრული წესები და ნორმები მისთვის, რომ როდესაც წესიერებას განვამტკიცებთ, მაშინ შესაძლებელი გახდეს ადმინისტრატიული ზომების მოხსნა. თქვენ, ბ-ბო, ასეთი შეკითხვით ხელს უშლით სამინისტროს მოქმედებას. რომელიმე პირის ადმინისტრატიული დაპატიმრება, თუ გინდ ეჭვით, როდესაც ხალხი მის დანაშაულობაში დარწმუნებულია და მოითხოვს მის საზოგადოებისაგან მოშორებას, ჩვენს პირობებში და მდგომარეობაში უნდა გავამართლოთ. მე შევეკითხები ბ. გვაზავას, ან ბ. ასათიანს, ის ბოროტ-მოქმედნი, რომელიც კასპის მახლობლად მატარებელს დახვდნენ და ხალხის გაძარცვაში მონაწილეობა მიიღეს, რომ შეხვდენ ბ. გვაზავას, მიიღებს ეს უკანასკვნელი თუ არა ყოველივე ზომას, თუ ის საქართველოს ჭეშმარიტი მოქალაქეა, ასეთი ბოროტ-მომქმედნი უსათუოდ დააჭერინოს? ასეთ შემთხვევაში, ის დაუცდის მინისტრის ორდერს? მაშინ ხომ ბოროტ-მომქმედი დაიმალება.

ერთი სიტყვით, სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური მდგომარეობა ისეთია, რომ შეუძლებელია დავემყაროთ მხოლოდ უფლებრივ ნორმებს და მით შევქმნათ სასურველი მდგომარეობა. ისეთ პირის დაპატიმრება, რომლის შესახებ ლაპარაკობს მთელი ორი მაზრა, განა დანაშაულია?! ნათქვამია: „ხმა ღვთისა და ხმა ერისა-ო“.

რატომ დააპატიმრა ჩარკვიანი გვარდიამ? მიტომ, რომ განკარგულება გაცემული იყო მის შესაპყრობლად. ჩარკვიანი გაურბოდა სასჯელს და როცა გვარდიელები მას შეხვდნენ, პირადად იცნეს, მაშინ, რომ ორდერისთვის წასულიყვენ, ჩარკვიანი ხომ გაიქცეოდა და დაიმალებოდა. რა უსამართლობა არის აქ? ასე უნდა მოვიქცეთ თუ გვინდა ბოროტ-მოქმედებასთან ბრძოლა.

მე ხშირად გამიგონია, რომ ჩვენი მთავრობა სუსტია, - ბევრი დენიკინელი და ბოლშევიკები არიან შეუპყრობელი ჩვენს ტერიტორიაზეო. ახლა რაღა მოხდა? ასეთი შეკითხვებით ჩვენ ენერგიას ვუნელებთ მთავრობას, ამდენ დროს ვართმევთ ვაცდენთ თავის საქმეს.

როდესაც ასეთი უსაფუძვლო საყვედურებით ხშირათ მივმართავთ მინისტრს, იმას გული გაუტყდება, ვინაიდამ ისიც ადამიანია, მერე რა შედეგი მოყვება ამას? გამრავლდება ბოროტ-მოქმედება, ჩვენში ბევრია თავაშვებული ხალხი, და როცა მინისტრი ხელს შეუშვებს ენერგიულ ზომებს - მაშინ გამრავლდება ბოროტ-მოქმედება და გამეფდება ანარქია.

შეიძლება მაშინ ეროვნულ-დემოკრატებმა ხელიც შეითბონ, მაგრამ თვით სახელმწიფოს კი ეს დაღუპავს. ჩვენი ფრაქცია სამინისტროს ავალებს მომავალშიაც ასე მოიქცეს, მით დაამყაროს მშვიდობიანობა და გასწმინდოს ჩვენი ტერიტორია მავნე ელემენტებისაგან, რომელ წრესაც არ უნდა ეკუთვნოდენ ისინი.

თავმჯდომარე. წინადადება არის შემოტანილი კამათის შეწყვეტის შესახებ. ვის ნებავს სიტყვა კამათის შეწყვეტის დასასაბუთებლად, ან საწინააღმდეგოდ? სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს სამსონ დადიანს.

. დადიანი. (სოც.-ფედ.) კამათის შეწყვეტის წინააღმდეგი არის ჩვენი ფრაქცია, იმიტომ, რომ ამ საკითხს ვერ შევხედავთ ისე, როგორც ბ. მინისტრი და სოც.-დემოკ. ფრაქცია უცქერის. საკითხი მხოლოდ ჩარკვიანის დატუსაღების საქმეს არ ეხება. ასეთი მაგალითები ვიცით უამრავი და ჩვენ საშუალება უნდა გვქონდეს ვიცოდეთ, როდესაც ბედნიერი მოქალაქე გამოჩნდება, რომელიც სრულიად უკანონოდ და უდანაშაულოდ იტანჯება იმ წესების უწესოების გამო, რომელზედაც დღეს სდგას შინ. საქმ. სამინისტრო. ეს უბრალო შემთხვევა მეტად დამახასიათებელია. რასაკვირველია, ჩვენ დამფუძნებელ კრებას არ აინტერესებს პიროვნება ჩარკვიანისა, არამედ გვაინტერესებს ის სისტემა, რომლითაც მართავენ ჩვენი ქვეყნისავე-ბედს. ამ უბრალო შემთხვევაში მოსჩანს მთელი სისუსტე და უძლურება იმ სისტემისა...

თავმჯდომარე. გთხოვთ საკითხს დაუბრუნდეთ! თქვენ გაქვთ სიტყვა წინადადებისთვის - კამათის შეწყვეტის შესახებ.

. დადიანი. არ შეიძლება გამართლება იმისა, რომ კამათი მოისპოს. ჩვენ სავსებით არ გვაკმაყოფილებს იმ ფრაქციის და მთავრობის წევრის განმარტება, რომელიც ფრიად სუსტი არგუმენტაციით და თავის მართლებით გამოვიდა აქ, თქვენს წინაშე. ის ფაქტი, რომლის შესახებ აქ შეკითხვა არის შემოტანილი, არის ნათელი დამახასიათებელი ადმინისტრაციის უწესოებისა. ეს არ უნდა ხდებოდეს უფლებრივ სახელმწიფოში, რომელიც 2 წლის განმავლობაში სცდილობს განამტკიცოს წესიერება. ამიტომ ჩვენი ფრაქცია წინააღმდეგია ამ საკითხის შესახებ კამათის შეწყვეტისა, რადგან ეს გილიოტინა იქნება თავისუფალ სიტყვისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ნინიძეს.

ნინიძე. ბატონებო, მე მგონია, რომ ბევრი ამაზე დიდი საკითხები გვაქვს გასარჩევი, მაგრამ, რომ ვილაპარაკოთ დაუსრულებლად შეუძლებელია. ყველა ფრაქციას საშუალება ჰქონდა თავისი აზრი გამოეთქვა ამ საკითხის შესახებ და არავითარი გილიოტინა აქ არ აუმართავთ. ამიტომ კამათის გაგრძელება აღარ არის სასურველი.

თავმჯდომარე. მე კენჭს უყრი ამ წინადადებას. ვინ არის წინააღმდეგი კამათის შეწყვეტისა? ბატონო ქვესტორო! გთხოვთ დაითვალოთ ხმები. წინააღმდეგია 13 კაცი. კამათი გრძელდება. სიტყვა ეკუთვნის ბ. შალვა ნუცუბიძეს.

შალვა ნუცუბიძე (ს.-ფ.) ბატონებო! ამ საკითხს მართლაც, რომ ორი მხარე აქვს: ერთის მხრით აქ წარმოდგენილი არის სისტემა უკანონობისა და უწესოებისა, ხოლო მეორეს მხრივ წესიერებისა და კანონიერებისა. ამ თვალსაზრისით მინდა მეც მივუდგე ამ საკითხს.

როდესაც ჩვენ გამოვდივართ და შინაგან-საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ ვლაპარაკობთ, როდესაც ჩვენ მოვითხოვთ, რომ ყოველი გამოსვლა ადმინისტრაციისა ხდებოდეს კანონიერების ფარგლებში, რომ ჩვენი სახელმწიფო ჩადგეს ნორმალურ კალაპოტში, - ჩვენთვის სრულიად მარტივი და ნათელია, ჩვენთვის სრულიად გამორკვეულია, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში სახელმწიფოებრივ ინტერესებიდან გამოვდივართ, როდესაც ჩვენ საწინააღმდეგოდ აქ მოიყვანეს ისეთი საბუთი, რომელსაც არავითარი ღირებულება არა აქვს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვინც სახელმწიფო პოლიტიკაზე ლაპარაკობს, სწორედ ის შეუცნობლად სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედოს.

თვით მინისტრის ორმა გამოსვლამ გვაჩვენა, რომ მას არავითარი საბუთი არა აქვს შემკითხველების საწინააღმდეგოდ. ის საბუთები, ის სიტყვები, რომელნიც აქ მან გადაგვიშალა, როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში, ზოგად ფრაზებზე, ზოგად დებულებებზე იყო დამყარებული, და რამდენიმედ, უნდა ვსთქვა, პოლიტიკური სპეკულიაციის სუნი უდიოდა. ერთხელ კიდევ მინისტრი სცდილობდა ხაზი გაესვა გარდამავალ ხანისთვის, რომელიც ჩვენ სახელმწიფოს ცხოვრებაში არსებობს. მაგრამ, ბატონებო, მე არ ვიცი როდის გათავდება ჩვენს სახელმწიფოში ეს გარდამავალი ხანა. მე ვფიქრობ, რომ სრულიად შეუწყნარებელია ასეთი საბუთებით, ასეთი მოხსენებებით აქ გამოსვლა და მტკიცება, რომ გარდამავალ ხანაში ვიმყოფებითო...

ბოლოს და ბოლოს მე არ ვიცი, ვისთვის არის ეს გარდამავალი მდგომარეობა. თუ გარდამავალი დროს ექსპლოატაციის გზით წავიდა მინისტრი, - შეიძლება ჩვენ ყველანი გადაგვიყვანონ იმ ერთნაირ კალაპოტში, რომელზედაც ბევრს ლაპარაკობს ბატონი მინისტრი.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებულ მდგომარეობაში ვიმყოფებით და მით უმეტეს ყოველი მოქმედება წესიერების და კანონიერების გზით უნდა ხდებოდეს, რომ განსაკუთრებულ მდგომარეობაში აღვადგინოთ და განვამტკიცოთ სახელმწიფოებრიობა. აი აქ, ამ განსაკუთრებულ მდგომარეობაში არის საჭირო, რომ განსაკუთრებული უნარი გამოიჩინოთ კანონიერების დაცვაში.

მეორე შემთხვევაში, როდესაც მინისტრმა შეატყო, რომ საქმე გლახად იყო, რომ მას მიერ წარდგენილი საბუთები არ საბუთობენ, მაშინ ის აქ შეეცადა ერთგვარი „აფრონტი“ ექმნა და გვარდიას მიმართა. მას უნდოდა შეექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ იმ გვარდიამ, რომელმაც არა ერთხელ დაამტკიცა სამშობლოს სიყვარული სამშობლო ქვეყნის საზღვრების დაცვაში, დღეს ჩაიდინა ასეთი საქმე. მაგრამ რა არის, თუ არა პოლიტიკური სპეკულიაცია, რა არის, თუ არა ქარ-ბუქის აყენება ჩვენს ირგვლივ, როდესაც ჩვენს გრძნობებზე, ჩვენს პატივისცემაზე გვარდიისადმი სპეკულიაციას ეწევით. ჩვენ ვაფასებთ გვარდიას, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მეორე დღე არ გაუთენდება, თუ გვარდია არ იქნება. ეს სრულიადაც არ არის საეჭვო. მინისტრმა ძალიან კარგად იცის ეს ჩვენი გრძნობა გვარდიისადმი და მე სრულიად საფუძვლიანად დაუძახე ადგილიდან: „გვარდიას ნუ ეფარებით, გვარდიას ნუ სვრით, სინათლეზე გამოდით“-მეთქი. ტყუილად შეეცადა ბ. მინისტრი, ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს ვინმემ სთქვა, არავინ დაიჭიროთ, თითქოს ჩვენ პრინციპიალურად წინააღმდეგი ვიყოთ დაჭერისა. სახელმწიფოს მტკიცე საფუძვლების ჩასაყრელად საჭიროა განსაკუთრებული ზომების მიღება და ს.-ფ. ფრაქციამ ეს დებულება დიდი ხანია შეითვისა. ჩვენის აზრით და იმათი აზრით, ვინც ფიქრობს, რომ სახელმწიფო მტკიცე და კანონიერ ნიადაგზე უნდა იყოს აშენებული ჭეშმარიტება მხოლოდ საშუალოა: სრულიად უკანონოდ დაჭერისა, ან და სრულიად არ დაჭერის შუა. ის ვინც არ დაიჭერს სახელმწიფო დამნაშავეს, ვერ მიიღებს საამისოდ სათანადო ზომებს, ისევე პასუხისმგებელი უნდა იყოს, როგორც ის, ვინც დაპატიმრებას კანონიერ წესის გარეშე ახდენს. ჩვენის აზრით ყოველი დაჭერა და დაპატიმრება კანონიერ საფუძველზე უნდა ხდებოდეს. ასეთია ჩვენ მიერ საკითხის დაყენება.

თუ ჩვენ შინაგან ცხოვრებას საფუძველი არ დაედო, თუ არ დამყარდა წესი და კანონიერება, თუ ჩვენ აქ, შიგნით დავამხობთ იმას, რისთვისაც იქ სისხლი იღვრება, მაშინ ჩვენს ქვეყანას სულ ბოლო მოეღება.

ასეთ განსაკუთრებულს მდგომარეობას ანგარიში უნდა გაუწიოს არა მარტო კერძო მოქალაქემ, არამედ დამფუძნებელ კრებისა და თვით მთავრობის წევრებმაც. (ნინიძე: პროფესორი... არ ისმის?) ბ. ნინიძევ, თქვენ რაღაც მოგონება გაკავშირებთ პროფესორებთან. უეჭველია გამოცდებზე არა ერთხელ ჩაჭრილხართ (არ ისმის. ხმაურობა, თავმჯდომარის ზარი) (ნინიძე: დამიჭერია...) დაჭერას კი დაჩვეული ხართ, - გორის მაზრაში კომისრათ ხართ ნამყოფი. (სიცილი). (თავმჯდომარის ზარი. ხმაურობა) (თავმჯდომარე: გთხოვთ კერძო საუბარს თავი დაანებოთ) ბ. ჯუღელმა აქ ერთგვარი ნინიძისებური საბუთიც მოიტანა. ამას ყურადღებას არ მივაქცევ. ბ. ჯუღელს თავისათვის ნება არ უნდა მიეცა ასეთი გამოსვლისათვის, მაგრამ ეს იმით აიხსნება, რომ ბ. ჯუღელს აქვს დიდი მიდრეკილება საერთოდ ბიოგრაფიის წესისადმი. მან უკვე შეადგინა საკუთარი ხელით თავისივე ბიოგრაფია... დიდებული ჰანიბალისა.

ამ გვარად, დიდებული ადამიანების ბიოგრაფია უკვე მზად არის და ეხალა შეუდგა მეორე ხარისხოვან ადამიანთა ბიოგრაფიის წესის, მაგალითად ისეთი პირობებისა, როგორიც არის თქვენი უმორჩილესი მონა. (სიცილი)

დასასრულ მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმ „არგუმენტაციას,“ როგორც მთავრობისას, ისე მთავრობის დამცველ ორატორებისას, რომელიც თავიდან ბოლომდე დემაგოგიაა (ხმაურობა: ზარი, რეპლიკა არ ისმის).

ამბობენ, რომ დემაგოგია არ არისო. ამას ხაზს უსვამ, მაგრამ მაშ რა არის თუ არა დემაგოგია ბ. ჯუღელის მიერ, როდესაც ის ცდილობს ჩვენი გამოსვლა დაუკავშიროს მემარჯვნეთა გამოსვლას? ჭეშმარიტება, მარჯვნიდან თქმული ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორიც ამ სკამებიდან წარმოთქმული (უჩვენებს მარცხნივ) და აქ რაიმე სასირცხო არაფერი არ არის. ასეთი პრიმიტიული აზროვნების ხალხი, რომ პოლიტიკაში შეცდომებს სჩადიოდეს - ნუ გაკვირდებათ, ბ-ნებო!

როდესაც ბ. ჯუღელი და შემდეგ გვაზავა ლაპარაკობდა ყველა შეატყობდა, რომ მათ ლაპარაკში საკვირველი იგივეობა იყო. გამოვიდა ბ. გვაზავა და სთქვა: რა არის ერთი კაცი, რომ გაუშვათ, რას გავნებთ, რას დაგაკლებთო? ბ. ჯუღელმაც ამ ტრიბუნაზე იგივე გაიმეორა. ისიც ლაპარაკობს, რომ ერთი კაცისთვის ამდენი ლაპარაკი არც კი ღირდაო.

მე ვფიქრობ, ბ-ბო, არგუმენტაციის ასეთ ნათესაობას ერთიგვარი მნიშვნელობა აქვს. რა უყოთ მერმე, რომ ბ. გვაზავა საქ. რესპუბლიკისათვის საზარალოთ არ სთვლის ჩარკვიანის განთავისუფლებას. ჩვენ გავიცინეთ, როდესაც იურისტი გვაზავა ამას ამბობდა... (ხმაურობა: თავმჯდომარის ზარი) რა უყოთ, რომ ჯუღელმაც იგივე გაიმეორა (რეპლიკა არ ისმის. სიცილი)

სიცილი ყველაზე უფრო მეტი საბუთია. (სიცილი). იცოდეთ, რომ, როდესაც თქვენს მოქმედებას ისტორია გაასამართლებს, შესაძლებელია ყველაფერი გაპატიოთ; ისტორია გაპატივებთ თქვენს შეცდომებს, თქვენს ბორძიკს, თქვენს უცოდინარობას და უვიცობას, მაგრამ ისტორია არ გაპატივებთ იმას, რომ თქვენ თან და თან უფრო სასაცილონი ხდებით!.. (მოძრაობა. ს.-დ. სკამებზე. ზარი).

არსებითად კამათი ამოწურულია, მაგრამ მე მაინც შევეხები ბ. კიკვაძის სიტყვებსაც.

ბ. კიკვაძეც შეეხო ამ საკითხს. მას ახალი არაფერი უთქვამს. ის გამოეხმაურა მინისტრის ტონს. მოგეხსენებათ, აქ ემყარებიან „შინაგან რწმენას“. მე არ ვიცი, ვის აინტერესებს ბ-ნი მინისტრის შინაგანი თუ შიგნეული... საზოგადოთ... (სიცილი. ხმაურობა-თავმჯდომარის ზარი). (ნინიძე: ქართული არა გცოდნიათ). სემინარისტული ქართულით ვლაპარაკობ.

თავმჯდომარე. გთხოვთ სემინარისტებს თავი დაანებოთ, საგანს ნუ ასცილდებით, ბატონო, განაგრძეთ ლაპარაკი.

ნუცუბიძე. საქართველოს ტერიტორიაზედ ერთხელ და საბოლოოდ უნდა მოისპოს თვითნებობა, უნდა მიღებული იქმნას ოფიციალური ინსტანციების მიერ განხილული საქმეები, მაგრამ აქ ამბობენ პროკურორის განხილვა არ არსებობს, არსებობს ჩემი შინაგანი რწმენაო. ასეთი საბუთების მიღება ჩვენ არ შეგვიძლიან.

ბ. კიკვაძემ სთქვა, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში დავემყარეთ ძველი ანდაზას: „ხმა ღვთისა და ხმა ერისა“-ო. ხმა ერისა, ალბად რაჭისა და ლეჩხუმის მაზრის დემოკრატიის ხმა უნდა იყოს, ხმა ხვთისაა კი ბ. შინ. საქ. მინისტრის ხმა იქნება (სიცილი) (ნინიძე: მაინც, რომელი კანონი დაარღვია მინისტრმა?) ამასთანავე მინდა წარმოვიდგინოთ ს.-ფ. ფრაქციის რეზოლიუცია ამ საკითხის შესახებ (კითხულობს. ხმაურობა ს.-ფ. სკამებზე).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. მაჭავარიანს.

იოსებ მაჭავარიანი. (ერ.-დემ.) მართალი უნდა მოგახსენოთ, მე არ მოველოდი თუ ჩვენი მოწინააღმდეგენი ასეთ სუსტს საბუთებით გამოვიდოდნენ საპასუხოთ. არცერთი დებულება ჩვენს მიერ წამოყენებული არ იქმნა აქ გაბათილებული.

ბ. ნინიძეს ძალიან აინტერესებს საკითხი, თუ რომელი კანონი არის დარღვეული. (ნინიძე - დიახ, რომელი კანონი?).

უდანაშაულო ადამიანი დასჯილი არ უნდა იქნეს. ეს ერთი. მეორეც ის, რომ სახელმწიფოს ერთი უწყება არ უნდა ითვისებდეს მეორე უწყების ფუნქციებს. აი, სახელმწიფო საღი ტვინის მოთხოვნილება. და ეს კანონი დარღვეულია, ბატონო ნინიძე.

მინისტრის განმარტებამ უკვე დაარწმუნა ყველანი იმაში, რომ ჩარკვიანის დატუსაღება მოხდა შინაგან საქმეთა მინისტრის დაუკითხავად, მის ნების დაურთველად. და ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ასეთი მოვლენა უფლებრივ სახელმწიფოში არ უნდა არსებობდეს. ყოველმა დაწესებულებამ უნდა უწყოდეს ფარგალი თავის მოქმედებისა, და მოქალაქემაც უნდა იცოდეს, თუ რომელ დაწესებულებას აქვს იმის დაჭერის უფლება.

რაც უნდა დიდი ღვაწლი მიუძღოდეს გვარდიას სახელმწიფოს წინაშე, მაინც არ შეიძლება მისი უკანონო მოქმედების გამართლება.

ის გარემოება, რომ მთავრობას და მმართველ პარტიას ამ საქმეში არა აქვს გასამართლებელი საბუთები იქიდანაც სჩანს, რომ როდესაც ჩვენ აქ ვლაპარაკობთ ჩარკვიანის დაპატიმრებაზე, ისინი ბოლშევიკებზე გველაპარაკებიან. თქვენ ტყუილად გგონიათ, რომ ბოლშევიკების წინააღმდეგ მიმართულ ზომებში ჩვენ კანონიერებას არ ვეძებთ. ბოლშევიკების დაჭერის პირობებიც უნდა იყოს კანონით განსაზღვრული.

ჩვენ აქ დავაყენეთ საკითხი, თუ რა პირობებში შეუძლიან სახელმწიფოს თავის მოქალაქის დაპატიმრება. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს ამისათვის განსაზღვრული წესები. და როდესაც სასამართლომ გამოარკვია ჩარკვიანის უსამართლობა ონიანის მკვლელობაში, ადმინისტრაციას აღარ ჰქონდა უფლება, სწორედ ამ მკვლელობისათვის, ჩარკვიანის დასჯისა. როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრს არავითარი მოსაზრება აღარ დარჩა ჩადენილ თვითნებობის გასამართლებლად, მან მიმართა სხვა ხერხს. მან განაცხადა, რომ ჩარკვიანის დატუსაღებას ორი მაზრა მოითხოვდაო. ჩვენ ვიცით, რომ არც ლეჩხუმის და არც რაჭის მაზრაში შინაგან საქ. მინისტრს საამისო ანკეტა არ მოუხდენია. ჩვენ ვიცით ისიც, რომ შინაგან-საქმეთა მინისტრს არ აქვს ხსენებულ მაზრების ოფიციალური მოთხოვნა ჩარკვიანის დაპატიმრების შესახებ. ყოველ შემთხვევაში მას ასეთი საბუთი ტრიბუნაზე აქ არ გამოუტანია.

მინისტრის ასეთი ხერხი არის ახალი ხაზი იმ ტაბულა რაზაზე, რომელსაც წარმოადგენს საცოდავი საქართველო ჩვენს სახელმწიფო, აღმაშენებლების ხელში. აქ მინისტრმა, სხვათაშორის, ისიც განაცხადა, რომ ბ. ჩარკვიანის წინააღმდეგ ზოგიერთი ჯგუფები მოქმედებდნენ, და, რომ ჩარკვიანი არ დაგვეჭირა, იმას მოკლავდნენო.

ესეც ახალი სიტყვაა, ასე, რომ ვიმსჯელოთ თვით მინისტრის წინააღმდეგაც შესაძლოა ზოგიერთი ჯგუფები მოქმედებდნენ, მაშ მინისტრს აღარ დარჩენია რა ამის მეტი, რომ თავი ციხეს შეაფაროს, დამერწმუნებით, რომ ასეთ საბუთებით გამოსვლა აქ არ შეიძლება.

რომ გამოესწორებინა მდგომარეობა, მინისტრის საქომაგოდ გამობრძანდა ამ ტრიბუნაზე ბ. თედო კიკვაძე და განაცხადა: სახელმწიფოს ვაშენებთ და რასაკვირველია, ვბორძიკობთ, რა უყოთ მერეო. როგორ თუ რა უყოთ?! სწორ გზაზე მაინც რაღა გაბორძიკებთ, თქვენ დალოცვილებო! ჩვენც იმას გეხვეწებით, - ნუ ბორძიკობთ, ბატონებო, თორემ ამდენ ბორძიკში სახელმწიფოს დაანგრევთ.

თუ დამოუკიდებლობა თქვენთვის ფეტიში არ არის და არ გებრალებათ თქვენი სახელმწიფო, თქვენი თავი მაინც შეიცოდეთ, ვინაიდან თუ სახელმწიფო დაგვენგრა, იმის ნანგრევები თქვენც გაგსრესენ. ამიტომ ჩვენი ფრაქცია არ არის დაკმაყოფილებული ამ განმარტებით, რომელიც აქ მოვისმინეთ მთავრობის სახელით.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. დადიანს.

სამსონ დადიანი (ს.-ფ.) ბატონებო! აქ ძალიან აინტერესებს დამფუძნებელ კრების ზოგიერთ წევრს, თუ რა კანონი დაირღვა. ვისაც უნარი ჰქონდა გაგებისა, იმას უნდა გაეგო, თუ რა კანონი დაირღვა. კიდევაც, რომ ვერ მიგითითოთ, თუ რა კანონი დაირღვა, მაინც არ გმართებთ თავის დამშვიდება და სიხარული.

ჩვენ გვაქვს გამოცხადებული დემოკრატიული რესპუბლიკა და ყოველმა მოქალაქემ, რომელიც თავის თავს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქედ აღიარებს, უნდა იცოდეს, რომ ის წეს-წყობილება, რომელიც ჩვენა გვაქვს ყოვლად შეუწყნარებელია. აქ ჩვენ მოვისმინეთ ისეთი პირების განმარტება, რომელნიც შეიძლება ხვალ და ზეგ სენატორებად იყვნენ არჩეულნი და ვაი იმ სენატს და ვაი იმ კანონს, რომელსაც ასეთ განმარტებას მისცემენ. ჩვენ მოვისმინეთ, რომ იქაც კი, სადაც დემოკრატიული წყობილება დამყარებულია და სახელმწიფო დამშვიდებულია, იქაც სამხედრო წესებს მიმართავენ ხოლმე. მაგრამ სწორედ თქვენი გამამტყუნებელი არის ეს, მომავალო სენატორო, იქ, რასაკვირველია, თუ ასეთს წესებს მიმართავენ ხოლმე, რომელსაც ჩვენ ყოველ, წუთს მივმართავთ, იმპერიალისტური სახელმწიფონი, რომელნიც იშვიათად სდგანან კანონიერების ნიადაგზე, სცდილობენ ყოველ შემთხვევაში თავიანთ მგლის ფსიქოლოგიას კანონიერი ხასიათი მისცენ. ჩვენ ასე თუ ისე გვაქვს სახელმწიფოებრივი წყობილება, ორი წლის განმავლობაში გვაქვს გამოცდილება დემოკრატიული რესპუბლიკის შენებაში, და დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე კანონი არ გვქონია. უხარიანთ, რომ კანონები არა გვაქვს და რაკი არ არის კანონი, არც პასუხისმგებლობაა მისი დარღვევისთვისო. ჩვენ თანახმა ვართ, რომ საჭიროა ერთგვარი საგანგებო წესების მიმართვა, მაგრამ ამ საგანგებო წესებსაც თავისი წესები უნდა ჰქონდეს.

თქვენ ბრძანებთ, ცხოვრება ჯერ კიდევ დაწყნარებული არ არის, სახელმწიფო ჩამოყალიბებული, ჯერ კიდევ ანარქიის სუნი ტრიალებს ჩვენს გარშემოო. ეს, რომ არ იყოს, ყველაფერი, რომ დამშვიდებული იყოს, მართლაც ჩვენ გვერდით რომ ყაჩაღმა არ გაიაროს, რომ ყველანი ანგელოზები ვიყვნეთ, - მაშინ ხომ ყველანი უკიდურესი ინდივიდუალისტ-ანარქისტები გავხდებოდით და არავითარ კანონს და სახელმწიფოს, რომელიც აუცილებლად ჰგულისხმობს ერთგვარ იძულებით ნორმებს, ჩვენ არ მივიღებდით.

სამწუხაროდ, თვით დეპუტატთა ფსიხიკაში არ ყოფილა შეგნება კანონიერებისა. ჩვენი შინაგან-საქმეთა მინისტრი თავისი მეორე ამხანაგით იუსტიციის მინისტრით უნდა სცდილობდეს აღზარდოს დემოკრატია უფლებრივ ნიადაგზე, აღზარდოს თავისი თავიც, რადგან ასი წლის განმავლობაში ჩვენ არა გვქონდა ნიადაგი და საშუალება, რომ ასე აღგვეზარდა ხალხი.

თქვენ ნუ იმართლებთ თავს იმით, რომ ჩვენ წესიერება არა გვაქვს. არ შეიძლება უწესოება მოისპოს უწესოებით და წესიერება დამყარდეს უწესოების ნიადაგზე. და ის, რასაც თქვენ აკეთებთ, არის, უწესოება. (ხმა: რომელი კანონი დაირღვა?).

მოგახსენებთ, რომელი კანონი დაირღვა. ჩვენ არ გვაინტერესებს თავისთავად კონკრეტიული საკითხი, რომ ესა თუ ის მოქალაქე დაიჭირეს. რასაკვირველია, ჯუღელი, ან ნინიძე რომ დაეჭირათ ეს დიდი სახელმწიფოებრივი უბედურება იქნებოდა. აი, აქ გამოსჭვივის თქვენი ფიზიონომია, როგორც წყლის ერთ პატარა წვეთში მოსჩანს მთელი სამყარო, ისე ამ ერთ ფაქტში მოსჩანს მთელი თქვენი სახელმწიფოებრივი სისტემა. აქ გამოაშკარავდა ის, რომ თქვენ არ შეგიძლიანთ დაამყაროთ უფლებრივი სახელმწიფო (ნინიძე: რომელი კანონი დაირღვა? თავმჯდომარე: გთხოვთ, ნუ უშლით ორატორს). აი, მაგალითად, ვისი ორდერით იქმნა დაპატიმრებული ის მოქალაქე. თქვენ ბროშურებში მაინც წაგიკითხავთ, თუ რა არის მოქალაქის უფლება. ეს არის უფლება მოქალაქის პიროვნების ხელშეუხებლობისა, უფლება ოჯახის შეუხებლობისა. ეს მინიმალური კანონები, ყოველ შემთხვევაში, დაცული უნდა იყოს. ეს მაინც უნდა გახსოვდეთ.

აქ ამბობენ, ორდერის წარდგენა შეუძლებელი იყო, რადგან, სანამ შეატყობინებენ და ორდერს დასწერდნენ, დამნაშავე მიიმალებოდაო. ვთქვათ, ის მიიმალებოდა, სანამ ორდერს დასწერდნენ, მაგრამ ჩვენ ტყეში ხომ არ ვცხოვრობთ. მგონი, ის კაცი პლეხანოვის პროსპექტზე ქ. თფილისში დაიჭირეს, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს მთელი აპარატი აქვს მოწყობილი, თუ ისიც ვერ მოგიხერხებიათ, რომ ორდერი დასწეროთ და წარუდგინოთ, ის მაინც უნდა იცოდეთ, ვინ იყო ის პირველი, ვინც აღმოაჩინა ეს პიროვნება? ვინ იყო ის, ვინც ეს საქმე დაიწყო? მინისტრი აქ ჩვენ გველაპარაკება რაღაც შინაგან ხმაზე. განა მარტო ამ შინაგანი ხმის მიხედვით შეიძლება ადამიანი დაიჭიროთ და ციხეში ჩასვათ? ვინც ამ შინაგან ხმაზე დაენდობა, ის სოკრატი უნდა იყოს, და ვინც სოკრატი არ არის მისთვის ეს შინაგანი ხმა არის მაცდურის ხმა...

აქ ამბობენ, რომ საქმე სასამართლოს გადავეცით, მაგრამ სასამართლომ ვერ შეკრიბა საჭირო ცნობები მის პასუხის-გებაში მიცემისთვისო. შეუძლებელია მინისტრს არა ჰქონდეს რაიმე საბუთი; არც მინდა დავიჯერო, რომ მინისტრს, როდესაც ის ვისმეს ატუსაღებს, არა ჰქონდეს რაიმე საბუთი! მაშინ ისევ და ისევ ვეკითხებით ბ. მინისტრს, რატომ სასამართლოს არ მოუტანეს ეს საბუთები. მაგრამ დარწმუნებული ვარ, შინაგან-საქმეთა მინისტრს დღესაც არა აქვს ასეთი საბუთები. აქ, რასაკვირველია, ლაპარაკს არ ჩამოვაგდებ, ამაზე, რომ დღეს-დღეობით იძულებულნი ვართ ადმინისტრატიულ დატუსაღებას მივმართოთ, მაგრამ აქ ბევრს ლაპარაკობენ და ამართლებენ ამგვარ ნაბიჯს რევოლიუციონური მოსაზრებით. რაც შეეხება ამას, ამაზე ღირებული პასუხი მისცეს ჩვენმა ამხანაგებმა.

მე მინდა მხოლოდ დაუმატო რამდენიმე მაგალითი ასეთი რევოლიუციონური მოქმედებისა. მე ვიცი, რომ შარშან სამაზრო ერობის არჩევნების დროს დუშეთის მაზრაში მოკლეს ერთი ამხანაგი ჩვენი სოციალ-ფედერალისტი, პროპაგანდისტი, მოჰკლეს 3-4 ვერსტის მანძილზე მცხეთიდან. ის მოჰკლეს დილით, როდესაც ის წავიდა ს.-დ. პროპაგანდისტთან ერთად, ეჭვები იყო აღძრული სოც.-დ. პროპაგანდისტზე. რა გითხრათ თქვენმა შინაგანმა ხმამ? რად არ მოსთხოვეთ პასუხი? რატომ არ მიაწოდეთ ცნობები სასამართლოს? იცით კი ამის შესახებ რამე? არა! (ხმები: თქვენი ამხანაგი იყო იუსტიციის მინისტრად!) სამწუხაროდ, მალე დავანებებთ თავი მაგ პოსტს.

შემდეგ მოგახსენებთ კიდევ: ვინ არის, ან სად არის ის ადამიანი, რომელმაც შუადღისას სოხუმში ხალხის თვალ წინ ხანჯლით აკუწა გამვლელი ჯარის-კაცი? (ხმები: დაასახელეთ!) გარწმუნებთ, რომ დასახელება არ არის საჭირო.. მიიხედ-მოიხედეთ და თქვენ გაიგებთ, რომ ის ეხლა კომისარია ერთ დიდ ქალაქისა, შემდეგ ერთმა მოქალაქემ სოხუმში ქეიფის დროს საროსკიპოში რევოლვერით მოჰკლა მეარღნე, ის მკვლელი დიდი თანამდებობის პირია და 24 საათიც არ გაუტარებია საპატიმროში (ხმები: დაასახელეთ!) უჩემოდაც იცით, და თუ არ იცით, სწორედ ამაშია თქვენი უბუდურება.

შემდეგ, ბატონებო! აი თურმე რა საბუთებზე შეიძლება დაემყაროს შინაგან-საქმეთა მინისტრი, რომელიც ხმას უგდებს ყურს. რა საბუთით აყენებს ყაჩაღობის გზაზე სრულიად უდანაშაულო ადამიანს. ერთ მოქალაქეს ერთ ხელოსანისთვის მიუბარებია თოფი, რომლის ტარების ნებართვა ჰქონდა, კონდახის ქართულ სტილზე გადასაკეთებლათ. ხელოსანმა გადააკეთა მშვენივრად და პატრონმა კონდახზე დაკრული ვერცხლის ფიცარზე თავისი სახელი და გვარი დააწერა, დაიჭირეს, თოფი ჩამოართვეს იმ საბუთით, რომ შენ ეს თოფი ყაჩაღობისთვის გინდაო. აი თურმე რა არგუმენტი არის საკმარისი, რომ ადამიანი ციხეში ჩასვან, და ასეთ ზღაპრებზე აშენებთ თქვენ სახელმწიფოს. დიახ, ასეთ ბავშურ და მართლაც ზღაპრულ არგუმენტებზე გინდათ ააშენოთ სახელმწიფო, ბატონებო?.

ჩვენი უბედურება ის კი არ არის, რომ ჩარკვიანი დაიჭირეს, ან, რომ შემდეგში ვინმე სხვა მოქალაქეს დაიჭერენ. საქმე ის არის, რომ ჩვენ არა გვაქვს უბრალო ელემენტარული წარმოდგენა იმისა თუ როგორ უნდა ავაშენოთ სახელმწიფო. ჩვენ ყოველთვის მხარს გიჭერდით და კიდევაც დავიჭერთ და დაგეხმარებით იქ, სადაც თქვენ სამართლიანობის ნიადაგზე სდგეხართ. მაგრამ იქ, სადაც თვითნებობასა და ძალმომრეობას ამართლებთ, ჩვენ არ შეგვიძლიან არ ვამხილოთ თქვენი შეცდომები. (ნინიძე: რომელი კანონი დაარღვია მინისტრმა?) ბ. ნინიძე კიდევ იმეორებს - რომელი კანონი დაარღვიაო. ამ კითხვაზე მე თქვენვე გეკითხებით: ვისი ორდერით დაატუსაღეს ქ. ტფილისში უმთავრეს ქუჩაზე მოქალაქე? რატომ ჰყავდათ მთელი კვირა ის დატუსაღებული ტრამვაის პარკში და რატომ არ გადასცეს მთავრობას? ვისა აქვს უფლება მოქალაქის დატუსაღებისა ჩვენს რესპუბლიკაში - მე თქვენ გეკითხებით, იურისტო ნინიძე!

აი საითკენ არის მიმართული ჩვენი გულისყური, ბატონებო. „როდესაც ხეს სჭრიან - ნაფოტი სცვივაო“. ჩვენ არ შეგვიძლიან ნაფოტებად ჩავთვალოთ ჩვენი თავი და ასეთ მდგომარეობას ვერ მივიღებთ ჩვენ: თუ თქვენ ძირს უთხრით იმას, რისი აშენებაც გწადიანთ.

მიმოიხედეთ გარშემო, ნახეთ დემოკრატია, თუ თქვენ ყურს უგდებთ დემოკრატიის ხმას, რომელიც თქვენ ერთხელ კანონს გარეშედაც კი გამოაცხადეთ, და მაშინ ნახავთ თქვენ, რომ მას არ მოსწონს ჩვენი დამოუკიდებლობა(?), ჩვენი საქმე, ჩვენი მთავრობა. არ მოსწონს იმიტომ, რომ მას უფრო ფართო, უფრო მეტი შეხედულება აქვს სახელმწიფოზე და მის უფლებრივობაზე, ვიდრე აქ მყოფ მრავალ იურისტებს... (კ. ნინიძე: საწყალი სოციალ-დემოკრატია!).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. არსენიძეს.

არსენიძე (ს.-დ.) დამფუძნებელ კრების წევრნო, ეს შეკითხვა მართლაც არ იყო ასეთი ყურადღების ღირსი, მაგრამ ზოგიერთ ფრაქციებს ჩვეულებად აქვთ, რომ თუ აქ აღიძრება რაიმე სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხი, იქნება ეს სახელმწიფო ბანკის დაარსება თუ გადასახადების შემოღება, ან სხვა ასეთი, მაშინ ყველანი სდუმან, მაშინ არცერთს არა აქვს რაიმე სათქმელი. მხოლოდ, როდესაც დაისმის კითხვა ჩარკვიანების შესახებ, სუყველანი ალაპარაკდებიან და დაიწყებენ უშველებელი სიტყვების წარმოთქმას, პროფესორებიდან დაწყებული იურისტებამდე.

სერიოზულ საკითხებში ცოდნა-გამოცდილება და შემოქმედებით, მუშაობის უნარი აქ არც ერთ ფრაქციას არ გამოუჩენია, არ გამოუზევებია. მაგრამ აი, როდესაც ასეთ წვრილმან და უილაჯო ფაქტს ჩაჰკიდებენ ხელს, აქაც კი ვერ იჩენენ ისინი საკმაო სირღმეს და ძალას. შემოტანილია შეკითხვა. ეს შეკითხვა უნდა შეეხებოდეს, ან კანონის დარღვევას, ან მიზანშეწონილებას. აქ ყველა იურისტები ისე წავიდნენ ტრიბუნიდან, რომ ვერ დაგვისახელეს - რა კანონი იყო ამ შემთხვევაში დარღვეული, იმიტომ, რომ შესაფერი კანონი დაწერილი არ არის, რესპუბლიკაში არის მრავალი დარგი სახელმწიფოებრივ წყობილებისა, რომელიც სავსებით, დაწვრილებით არ არის აღნუსხული კანონში. მაგრამ ჩვენ გვაქვს მიცემული მთავრობისათვის მთელი რიგი პრინციპიალურ დებულებათა; ჩვენ ვაძლევთ, მაგ. მთავრობას უფლებას მავნე პირები ადმინისტრატიულად შეიპყროს, ჩვენ დავავალეთ მთავრობას დაზვერვა, დევნა და გადასახლება მავნე პირთა. მაშასადამე აქ არის ჩვენს წინაშე საკითხი მიზანშეწონილობის პრინციპისა. თქვენ გამოდით და დაამტკიცეთ, რომ ეს არ არის, მიზანშეწონილი მოქმედება და მაშინ შეიძლება გამტყუნება მინისტრისა, მაშინ იქნება დამნაშავე მინისტრი და შეიძლება მისი პასუხისგებაში მიცემა.

მიზანშეწონილობას აქ ორი ორატორი შეეხო: მინისტრი და ვალ. ჯუღელი. ეს ორი ორატორი ლაპარაკობდა დემოკრატიის ინტერესებზე, მემარჯვენე ორატორები კი ლაპარაკობდნენ ჩარკვიანის ინტერესებზე, თითქოს დემოკრატიის ინტერესები და ჩარკვიანის ინტერესები იყოს ერთნაირი, თანაბარი ღირებულების... (დადიანი: რა შუაშია დემოკრატია?) იმ შუაში გახლავთ ეს დემოკრატია, რომ ის თავის ზურგით ზიდავს რესპუბლიკას, დემოკრატიის ინტერესები მოითხოვს... (გვაზავა: თვითნებობას!) (მაჭავარიანი: წესიერებას!) დემოკრატიის ინტერესები მოითხოვს და მას უფლება აქვს მოითხოვოს, რომ ჩარკვიანები, რომელნიც იმ დღიდან, როდესაც ჩვენში რევოლიუციონური მოძრაობა შემოვიდა, აფორიაქებდნენ იმ დატანჯულ ხალხს, ვინც ქმნიდა ახალ ქვეყანას, არიან ღირსნი იმის, რომ ჩამოშორებულნი იქნენ. ცხადია, როცა ასეთი პირი ეხლაც ეწევა ბნელ საქმეებს, მინისტრს სრული უფლება აქვს იგი დაატუსაღოს.

აქ ითქვა: ვიღაც შამშე გელოვანი მოჰკლესო. მოქალაქე შამშე გელოვანი ვიღაც არ არის, მთელმა რაჭა ლეჩხუმმა და იმერეთმა კარგად იცის, რომ ის იყო ხალხში სინათლის შემტანი იმ ბნელსა და დუხჭირს დროში. ჩარკვიანი კი იმავე მაზრებში, სულის ჩამდგმელი იყო იმ წრისა, რომელმაც იგი მოჰკლა რომელმაც ახლაც დაიწყო ხელახლად თავდასხმა და მკვლელობანი.

თქვენ განაცხადეთ, რომ ასეთი მკვლელობის წინააღმდეგ ზომები არ არის საჭირო, რომ მთავრობას არა აქვს უფლება ისეთ პირთ ხელი მოჰკიდოსო და საზოგადოებიდან გააძევოს, მაშინ ბოლშევიკებიც, დაჭერილნი იმ დებულების ძალით, რომელიც ჩვენ ჩვენი მდგომარეობის მიხედვით მიღებული გვაქს, უნდა გავანთავისუფლოთ. და თუ ეს გნებავთ, მაშინ არც შეკითხვა უნდა შემოეტანათ. მაგრამ, აი აქ, ამ მემარჯვენე წრეებმა დღეს ჩაიდინეს ერთი დიდი პროვოკაცია: სერიოზული საქმეთ მონათლეს ეს მცირე და უმნიშვნელო ფაქტი, რადგან იგი ს. დ. წინააღმდეგ იყო მიმართული. დიახ, ჩარკვიანის დაჭერა პრინციპიალურ საკითხად გახადეს, იურიდიულ საკითხად დააყენეს, და ს. რ. და ს. ფ. ამ ანკესზე წამოეგენ. ჩარკვიანი პრისტავის თანაშემწე იყო და მუდამ მკვლელობას აწარმოებდა. როდესაც ასეთ ფაქტებს აყენებთ, ეს ჯგუფი იურდიული პრინციპებით გამოდის და თვით არ იციან ვის ემსახურებიან - რესპუბლიკას, დემოკრატიას, თუ ანარქიას. თუ ებრძვით ანარქიას მარცხნივ, მაშინ ტაშს გიკრავენ და, თუ მემარჯვენე ანარქიის მესვეურთ ხმა გაეცი, ეს ჯგუფი მაშინვე აღელვდება: არიქა დავიღუპეთ, იურდიული პრინციპები დაირღვაო.

ეს ფაქტია, რომელიც თქვენ დღევანდელს ლაპარაკში აშკარად გამოირკვა.

ახლა გადავხედოთ - არის თუ არა ეს მიზანშეწონილი მთავრობის მოქმედება, ჩარკვიანის საკითხში, მე ვამბობ, რომ მიზანშეწონილია და თვით ასათიანი, რომელმაც იცის ასეთი შეკითხვების შემოტანა, დარწმუნებულია იმაში, რომ ჩვენ მივიღებთ მართლა სერიოზულ ანარქიას, თუ სასტიკ ზომებს არ მივმართავთ ამ ბოროტ ადამიანების წინააღმდეგ. დემოკრატიას, როდესაც მისი სერიოზული მოთხოვნილება და სურვილი არ სრულდება, გული უტყდება მთავრობის სამართლიანობაზე. თქვენ იქნება გსურთ ზოგიერთი მიმართულება ჩაახჩოთ, სახელი გაუტეხოთ, მაგრამ საქართველოს დემოკრატიას ეს არ სურს და არც მთავრობას აქვს უფლება დემოკრატიის ინტერესების სამსახურზე ხელი აიღოს.

ჩვენი მთავრობა, როგორც მემარცხენეთა რეაქციას, აშკარაა, ისე მემარჯვენე რეაქციას ჩამოგვაშორებს.

აქ ამბობენ, რომ ჩარკვიანის დაჭერით კანონი დაირღვაო. ბრძანეთ, რომელი კანონის მუხლი დაირღვა. ჩვენ მივეცით მინისტრს პრინციპი იმ პირთა ადმინისტრატიულათ დასჯისა, რომელთა წინაღმდეგაც შეუძლებელია პირდაპირ ნივთიერი საბუთების შოვნა, და ეს იმიტომ, რომ ჩვენში ანარქიას ნიადაგი გამოეცალოს. ეს პირი 1905-19 წლამდე ანარქიის სულის ჩამდგმელი იყო და ნუ თუ ამ ადამიანის 15 წლის მოღვაწეობა არ არის საბუთი იმისთვის, რომ მინისტრს ხელი შეუწყოთ ამისთანა მავნე პირების დაჭერაში, მაშ რაღა უნდა იყოს ადმინისტრაციისათვის, ამ პირის დანაშაულობის და მავნებლობის დასამტკიცებლად. (გვაზავა: სად არის ეს საბუთი!). (თავმჯდომარე: ბ. გვაზავა, თქვენ დღეს ძალიან ღელავთ, ნუ მაიძულებთ ვისარგებლო უფლებით. ბ. გვაზავა, ბ. ნუცუბიძე კეთილ ინებეთ წესიერება დაიცვათ). - მე აქ ვეხები ორ ძალას, - ბოლშევიკებსა და მემარჯვენებს, მე ვაერთებ ამათ, ბ-ნო გვაზავა, და აი, სწორეთ აქ არის თქვენი ულოღიკობა და არა სახელმწიფოებრივი ზრახვანი. აქ არის დაცვა თავის წრისა, მახლობელი ხალხისა, ეს არის ჯგუფური, ვიწრო ჯგუფური ინტერესების გამომჟღავნება, სანამ ჩვენ არ გაგვიუქმებია წესი ადმინისტრატიული დაპატიმრებისა, მანამდი ჩვენ არა გვაქვს საბუთი ეს ოდიზური უფლებები ავაშოროთ მემარჯვენებს. ეს არის მთავარი დებულება, რომელიც ხმა მაღლა წარმოითქვა ყველა ფრაქციისაგან, მთავარი დებულება, მიცემული მთავრობისათვის სახელმძღვანელოდ დამფუძნებელი კრებისაგან, და ეს დებულება ოდნავადაც, იოტის - ოდნავადაც არ არის დარღვეული მთავრობის მიერ. აქ თქვეს ორდერი არ იყო ხელმოწერილი, როცა დაიჭირეს ჩარკვიანიო. ეს მართლა შეცდომაა, მაგრამ მე გეკითხებით, განა თქვენ ორდერი გაინტერესებთ? არა, ეს თქვენ არ გაწუხებთ. თქვენ გაწუხებთ თქვენი წრის ხალხის შევიწროვება მთავრობისაგან.

მე ამით ვათავებ და გადავალ პატარა დასკვნით უკანასკნელი ორატორის ს. დადიანის ერთს მნიშვნელოვანს სიტყვაზედ. მან წამოისროლა მთელი რიგი ბრალდებებისა, ჩამოთვალა შემთხვევები, ხოლო არ დაასახელა არცერთი პირი. როდესაც თქვენ ხედავთ დეპუტატს, რომელიც ასე მალავს ფაქტებს და მოვლენებს, რომელიც ვალდებულია, თუ გამბედაობა შესწევს, დაიცვას დამფუძნებელ კრების წევრის ღირსება, გამოაქვეყნოს ეს ფაქტები, მიუთითოს მთავრობას, მაგრამ ის ამას არ სჩადის და მხოლოდ ისვრის აქ ზეპირ ბრალდებებს, ის ამ შემთხვევაში უილაჯო ჭორიკანაა, ან ბოროტების დამფარველი (ძლიერი ტაში ს.-დ. მხრივ) ამ ტრიბუნიდან ასეთი ფაქტების ამოსროლა მიმაჩნია უღირსად და შეუწყნარებლად დამფ. კრების წევრის მიერ (ტაში).

თავმჯდომარე. არის შემოტანილი წინადადება კამათის შეწყვეტის შესახებ. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. წინადადება მიღებულია. შემოსულია შემდეგი ფორმულა. გთხოვთ წაიკითხოთ.

მდივანი (კითხულობს):

სოც.-ფედ. ფრაქციის ფორმულა:

„დამფუძნებელმა კრებამ მოისმინა რა შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტება ერ.-დემ. შეკითხვის გამო, არ სცნო ეს განმარტება დამაკმაყოფილებლად და მიიღო რა მხედველობაში, რომ დღევანდელ პირობებში შესაძლებელია ადმინისტრატიულად დატუსაღება, საჭიროდ აღიარებს, რომ ასეთი დატუსაღება ხდებოდეს განსაკუთრებულის სიფრთხილით სათანადო ადმინისტრატიულ უწყების მიერ მტკიცე კანონიერ ფარგლებში, - და გადადის მორიგ საკითხებზე.“

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? ვინ არის მომხრე? უარყოფილია. შემდეგი ფორმულა სოც.-დემ. ფრაქციისა.

სოც.-დემ. ფრაქციის ფორმულა:

„მოისმინა რა ერ.-დემ. ფრაქციის შეკითხვა ჩარკვიანის ადმინისტრატიული წესით დაპატიმრების შესახებ და დამაკმაყოფილებელი განმარტება მთავრობისა ამ შეკითხვის გამო, დამფუძნებელი კრება გადადის მორიგ საკითხზე.“

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? ვინ არის მომხრე? რეზოლიუცია ს.-დ. ფრაქციისა ხმის უმეტესობით მიღებულია, (ტაში). გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი სხდომის დღიური წესრიგი. (მდივანი კითხულობს შემდეგი სხდომის წესრიგს), ეხლა სხდომას ვხურავ.

სხდომა თავდება ნაშუადღევის 4 საათსა და 20 წუთზე.

4.6 ორმოცდამეათე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 წელი, ოქტომბრის 7. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგი

ექვთიმე თაყაიშვილი.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხანაგი

ქრისტინე შარაშიძის ასული.

პრეზიდიუმში არის

გრიგოლ ნათაძე,

სხდომა იწყება დღის 12 საათზე.

თავმჯდომარე. გთხოვთ დაბრძანდეთ. მდივანი წესრიგს მოგახსენებთ.

მდივანი. (კითხულობს).

საკანონმდებლო აქტთა ნუსხა.

1. შინაგან საქმეთა მინისტრის კანონ-პროექტი - სახაზინო და კახეთის რკინის გზის მილიციის დაარსებისა. გადაეცეს გზათა და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიათ.

2. გზათა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - გზატკეცილების სამმართველოს განკარგულებაში 380.000 მან. გადადების შესახებ ოსეთის სამხედრო გზის შესაკეთებლად. გადაეცეს გზათა და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიათ.

3. განათლების კომისიის კანონ-პროექტი დამფუძნებელ კრების წევრის და მოხელეობის შეუთავსებლობისა და წევრთა გასამრჯელოს კანონის დამატებისა. გადაეცემა იურიდიულ და საკონსტიტუციო კომისიათ.

დღიური წესრიგი:

1. განხილვა დეკრეტისა - სახაზინო რკინის გზის საექიმო-სასანიტარო და საეკლესიო ნაწილისათვის გაწეულ ხარჯის დასაფარავად 1.132.422 მან. კრედიტის გახსნის შესახებ.

2. განხილვა დეკრეტისა - ადგილობრივ თვითმმართველობათა სავალდებულო დადგენილების გამოცემის უფლების გაფართოების შესახებ.

3. მეორე (მუხლობრივი) განხილვა საქართველოს სახელმწიფო ბანკის წესდებისა.

4. მეორე (მუხლობრივი) განხილვა - 1915 წლის თებერვლის 2-ს კანონის (გერმანელთა, ავსტრია-უნგრელთა და ოსმალთათვის უძრავი საკუთრების შეძენის აკრძალვის) გაუქმების კანონ-პროექტისა.

5. შეკითხვა ეროვ.-დემოკ. ფრაქციისა მთავრობისადმი - ქალ. ხონის მცხოვრებთა წარმომადგენლების დაპატიმრების შესახებ.

დამატება.

6. დეკრეტი - საქართველოს სენატის ზოგიერთი თანამდებობის პირთათვის ჯამაგირის გადიდებისა.

7. სენატორთა სარეკომენდაციო კომისიის მოხსენება.

მსჯელობა დღიური წესრიგის შესახებ.

თავმჯდომარე. დღიური წესრიგისათვის სიტყვა ეკუთვნის ს. ჯაფარიძეს.

. ჯაფარიძე. სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია წინადადებას იძლევა დღიური წესრიგი შეცვლილი იყოს ამ გვარად: 1 - დეკრეტის შესახებ, მეორე კითხვა - სენატორების ჯამაგირების მომატების შესახებ და მესამე - სენატორების არჩევნები.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა?

ალექსანდრე ასათიანი. (ერ.-დ.) ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ ამ სამი კვირის წინად შემოტანილი იყო შეკითხვა ხონელების შესახებ. ეს კითხვა ჩვენივე წინადადებით, ვინაიდან ცნობებს ვკრეფდით, გადადებულ იქმნა. დღეს ხსენებული შეკითხვა მოქცეულია დღიურ წესრიგის უკანასკნელ კითხვად და, მაშასადამე, მის განხილვას დღეს ვერ მოვასწრებთ. რადგან საქმე ფრიად სასწრაფო არის, და რამოდენიმე პირი ციხეშიც ზის, ჩვენ წინადადებას ვიძლევით, ეს შეკითხვა ან პირველათ იყოს განხილული, ან დაინიშნოს ამისთვის განსაკუთრებული სხდომა.

თავმჯდომარე. შემოსულია ორი წინადადება. - პირველი სოც.-დემ. ფრაქციისა დღიურ წესრიგის შეცვლის შესახებ და მეორე ეროვნულ დემ. ფრაქციისა. კენჭს უყრი პირველ წინადადებას (კენჭის ყრით პირველი წინადადება მიღებულ იქმნა). ამგვარად ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის შეკითხვა გადადებულია ჩვეულებრივ სხდომისათვის.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. ს. ჯაფარიძეს.

სერგეი ჯაფარიძე. (ს.-დ.) ბატონებო! როგორც მოგეხსენებათ დამფუძნებელ კრების მიერ არჩეულ იყო სარეკომენდაციო კომისია, რომელსაც დაევალა სენატორთა კანდიდატების დასახელება. როდესაც კომისია ამ მუშაობას შეუდგა და დაეკითხა კანდიდატებათ დასახელებულ პირებს, - გამოირკვა, რომ ბევრი სასარგებლო პირი არ შევა სენატში, რადგან ჯამაგირების სიმცირის გამო ისინი მატერიალურათ უზრუნველყოფილი ვერ იქნებოდენ. კომისიამ გაარჩია ეს საკითხი და გადასწყვიტა ჯამაგირები გადიდებულ იქნას არამარტო სენატორებისათვის, არამედ მთელი სასამართლოსათვის, ვინაიდან ეს აუცილებელია სასამართლოს ჯეროვან ნიადაგზე დაყენებისათვის. ჩვენ ვიქონიეთ მსჯელობა და გადავსწყვიტეთ, ჯამაგირები გადიდებულ იქმნას, ამგვარად:

სენატის თავმჯდომარეს - 9.000 მ.

თავმჯდომარის ამხანაგს - 8.000 მ.

სენატორს - 7.500 მ.

სენატორის პროკურორს - 8.000 მ.

პროკურორის ამხანაგს - 7.000 მ.

ამ მოსაზრებით კომისია წინადადებას აძლევს დამფუძვებელ კრებას. უკვე მიღებული დეკრეტი შემდეგნაირად შეიცვალოს (კითხულობს ჯამაგირების ნუსხას).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? (მსურველი არის) ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მაშასადამე მიღებულია. სიტყვა მოხსენებისათვის გიორგაძის მაგიერ ეკუთვნის ბ. ს. ჯაფარიძეს.

. ჯაფარიძე. სარეკომენდაციო კომისია, რომელსაც დავალებული ჰქონდა სენატორთა კანდიდატების დასახელება უდგენს დამფუძნებელ კრებას სიას. კომისიამ მიზანშეწონილად დაინახა არჩევნები მოხდეს დეპარტამენტებათ თუ ვინ, რომელ დეპარტამენტში იქნება. სია ჩვენი ასეთია - (კითხულობს).

თავმჯდომარე. ეს გახლავთ სია წარმოდგენილი სარეკომენდაციო კომისიის მიერ. არჩევნები უნდა მოხდეს დღეს. ვის სურს სიტყვა? სიტყვა ეკუთვნის ბ. მესხიშვილს.

შალვა მესხიშვილი. (ს.-ფ.) ამ არჩევნების შესახებ ლაპარაკი არ მინდა, არც იმ წესის შესახებ, რომლითაც ეგ არჩევნები უნდა მოხდეს. მე სოც.-ფედერალისტთა ფრაქციის დადგენილებით მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ ჩვენთვის კანდიდატების სია აქ წარმოდგენილი, საერთოდ მისაღებია, მაგრამ ზოგიერთი ჩვენში ცნობილი ფრიად მომზადებული და სენატისთვის სასარგებლო პირი ამ სიაში არ მოხდა. ამის გამო სოც.-ფედ. ფრაქცია გამოსთქვამს თავის მწუხარებას. (ნინიძე ადგილიდან: ფედერალისტების ლოღიკა!)

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის გ. გვაზავას.

გიორგი გვაზავა. (ერ.-დემ.) რასაკვირველია, საქართველოში ბევრია ისეთი პირი, რომელიც სენატისთვის სასარგებლო იქნებოდა. ეს პირები ვერ შედიან სენატში. ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია განვაცხადოთ ეს.

თავმჯდომარე. ბ. არსენიძე.

რაჟდენ არსენიძე. (ს.-დ.) სოც.-დემოკრატიული ფრაქცია სავსებით მხარს უჭერს წარმოდგენილ სიას. მართალია ბევრია მომზადებული პირი, მაგრამ მათ აქვთ დიდი საქმეები და იქ არიან საჭირონი.

ერთი კი გვწამს დღეს: ასარჩევი პირები უსათუოდ გაამართლებენ ჩვენ იმედებს, რომელნიც მათზე გვაქვს დამყარებული.

თავმჯდომარე. როგორ ინებებთ კენჭის ყრას, - უყაროდ მთელ სიას თუ ცალცალკე?

ჯაფარიძე. დროს შესამოკლებლათ თვითეულმა წევრმა წარმოადგინოს თავისი სია. თავმჯდომარე სენატისა, მისი ამხანაგი და ცამეტი წევრი სენატისა.

თავმჯდომარე. ვინაიდან სხვა სია არ არის, კენჭს უყრი კომისიის მიერ წარმოდგენილ სიას. ვინ არის მომხმარე, რომ ეს სია მიღებულ იქნას? (გვაზავა ადგილიდან: როგორ თუ მიღებული - კენჭი უნდა ეყაროს!)

კენჭის ყრისათვის დარიგებულია დაბეჭდილი სიები. თვითოეულ წევრს შეუძლია აღნიშნოს სასურველი წევრი. ამგვარად თვითოეული ჩვენგანი ირჩევს, ვინც მას სურს და ამავე დროს დაცული იქნება ფარული კენჭის ყრის წესი. (ხდება ფარული კენჭის ყრა, ბარათების დასათვლელად არჩეული არიან ნიკო ნიკოლაძე, ნიკ. ელიავა და სამსონ ფირცხალავა, რომელნიც მდივანთან ერთად ითვლიან ხმებს.)

თავმჯდომარე. (ზარი) არჩევნების შედეგი ასეთია: სულ იყო 59 ბარათი. ამათში ერთი გაუქმებულია, ვინაიდან ზედ სახელი და გვარი იყო მოწერილი, ხოლო არჩევნები კი ფარული იყო. მაშასადამე დარჩა 58. ორმა თავი შეიკავა. პრეზიდიუმს მონაწილეობა არ მიუღია. ვინაიდან მხოლოდ ეს ერთი სიაა ოფიციალური და სხვა სია არავის წარმოუდგენია, თუმცა ზოგს დასახელებული ჰყავს სხვა და სხვა პირები, ხმები ასე არის განაწილებული: (კითხულობს).

თავმჯდომარე. ხმები განაწილდა შემდეგნაირად: სენატის თავმჯდომარედ არჩეულია ნაფიცი ვექილი დავით ბესარიონის-ძე ხელთუფიშვილი (ხმა: ახ!) სენატის თავმჯდომარის ამხანაგად ივანე მიხეილის ძე ნაკაშიძე (ახ). სენატორებად სამოქალაქო საკასაციო დეპარტამენტში ნაფიცი ვექილი ივანე ივანეს-ძე ზურაბიშვილი (53), ნაფიცი ვექილი ვასილ ალექსანდრეს-ძე ომიდოვი (54), სამართლის პალატის წევრი სოლომონ გიორგის ძე მიქელაძე (55), ნაფიცი ვექილი ლევან გიორგის ძე ასათიანი (43), ნაფიცი ვექილი გიორგი ისიდორეს ძე მდინარაძე (56), სამოქალაქო დეპარტამენტის ადმინისტრატიული განყოფილებაში: ქუთაისის ქალაქის თავი იურისტი დიმიტრი ილარიონის ძე კალანდარიშვილი (51), იუსტიციის მინისტრის ყოფილი ამხანაგი გრიგოლ ივანეს ძე გველესიანი (54), ნაფიცი ვექილი მიწადმოქმედების სამინისტროს იურისტ კონსული ვლადიმერ ნესტორის ძე ქუთათელაძე (42).

სისხლის სამართლის საკასაციო დეპარტამენტში

1. იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი ნიკოლოზ მოსეს ძე ქიქოძე (56).

2. ქუთაისის საოლქო სასამართლოს წევრი მიხეილ ლევანის ძე ქორქაშვილი (56).

3. ქუთაისის ოლქის სასამართლოს წევრი ნიკოლოზ გიორგის ძე მაჭავარიანი (42).

4. სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარე იოსებ ნიკოლოზის ძე როინიშვილი (54).

5. სოხუმის საგანგებო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი დიმიტრის ძე სიდამონ-ერისთავი (55).

ამნაირად ზემოხსენებული კანდიდატები არჩეული არიან სენატორებად (ტაში).

გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. მომხსენებელი გახლავთ ჭავჭანიძე. გთხოვთ მოახსენოთ.

ივანე ჭავჭანიძე. მოქალაქენო! გასულ 1918 წელს სასანიტარო განყოფილება და საეკლესიო ნაწილი გამოეყო რკინის გზის განყოფილებას. მაგრამ პირველ იანვრამდის მიმდინარე წლისა ამ უწყებათათვის არ ყოფილა გახსნილი კრედიტი, ისინი იძულებული იყვნენ სხვა წყაროებიდან დაეფარათ ყოველნაირი ხარჯები, რომელთა გაწევაში მათ რკინის გზის განყოფილება ეწეოდა. ახლა უწყებებს შემოაქვს წინადადება, რომ დამფუძნებელმა კრებამ გაუხსნას მათ კრედიტი, რომ დაფარული იქნეს აქამდე გაწეული ხარჯები.

სულ პირველი ნაწილი ე. ი. სასანიტარო განყოფილება თხოულობს 5 თვის კრედიტს, მეორე - საეკლესიო კი 3 თვისას. საექიმო სასანიტარო განყოფილებას სჭირდება 1.104.120 მ. 5 თვის განმავლობაში (კითხულობს). თვეში გამოდის 220... ხუთ თვეში (კითხულობს). საეკლესიო ნაწილის ხარჯები ასე ნაწილდება: (კითხულობს) თვეში - 9.434 მ., ხოლო 3 თვით - 28.302 მ.

როგორც მოგახსენეთ, ეს ხარჯები გაწეულია სხვა წყაროებიდან, და, რომ შეავსოს ეს დახარჯული თანხა, ამისთვის სამინისტრო თხოულობს ეს ხარჯები გაღებული იქნეს. თვით კონტროლიორსაც შეუმოწმებია ეს ხარჯები და ის შესაძლებლად სცნობს მათ გაღებას. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ განიხილა ეს გაწეული ხარჯები და იზიარებს ამ აზრს და მოითხოვს, რომ ეს ხარჯები კანონიერად იქნეს ცნობილი.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? მსურველი არავინაა. ვინ არის წინაღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განრხილვაზე? წინააღმდეგი არავინაა. გთხოვთ წაიკითხოთ.

მომხსენებელი. (კითხულობს).

თავმჯდომარე. პირველი მუხლის შესახებ ვის სურს სიტყვა? სატყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინაა. მუხლი მიღებულია. გთხოვთ შემდეგი წაიკითხოთ.

მომხსენებელი. (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა მეორე მუხლის შესახებ? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი მთელ დეკრეტისა? წინააღმდეგი დეკრეტის არვინაა. დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

შემდეგი საკითხი: განხილვა დეკრეტის... ამის გამო შემოტანილა წინადადება რომ ბ. გვაზავა თხოულობს, რომ ეს საკითხი ცხადი იყოს...

. გვაზავა. (ერ.-დემ.) ბატონებო! მე გირჩევდით ეს საკითხი გადაგვედო. რადგანაც ის რთული საკითხია: იგი შეეხება ერობათა და ქალაქის თვითმმართველობის უფლებათა გაფართოვებას. მაშასადამე ეს დიდმნიშვნელოვანი საკითხია; ამის შესახებ იმუშავებს ცალკე პროექტს, სადაც მინისტრი თხოულობს, რომ ეს უფლებანი შეზღუდული იყოს. გარდა ამისა ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჭიროა ეს გატარდეს არა დეკრეტის სახით, არამედ კანონის, ამისთვის კი, ეს უნდა გადაეცეს იურიდიულ კომისიას, რომ ყველა უფლებები შიგ ჩამოყალიბებული იქნეს, კომისია მას შეისწავლის და თავის შეხედულებებს გამოიტანს. აი, ორი მოსაზრება, რომლის გამოც ამ დეკრეტის ასე დაჩქარებით მიღება შეუძლებელია. თუ ის კარგად არ შევისწავლეთ და კარგად არ დავიმუშავეთ, ის ეხება ისეთ მოვლენებს, რომ მას შეუძლია არევ-დარევა შეიტანოს ცხოვრებაში. ამიტომ გთხოვთ ეს საკითხი მოიხსნას და მიეცეს მას მსვლელობა არა დეკრეტის, არამედ კანონის სახით. 24 საათით წინ მაინც უნდა გვცოდნოდა, ჩვენ მხოლოდ ამ დილით მივიღეთ და მის შესახებ მსჯელობაც ვერ მოვასწარით.

ჩემი ფრაქციის სახელით მოგახსენებთ, რომ ეს საკითხი ძალიან რთულია მისი შედეგები შეიძლება საშიშარი იქნეს ამიტომ გთხოვთ ეს საკითხი გადაიდოს და მიეცეს მას ზოგადი წესით მსვლელობა.

რაჟდენ არსენიძე. (ს.-დ.) დეკრეტი, რომელიც ეხლა არის აქ წარმოდგენილი, არც ისეთი ხასიათის არის, რომ ის ზოგადი წესით მსვლელობისა და შემუშავებისთვის გადაიღოს. დეკრეტი ეხება იმ გადასახადს, რომელიც უკვე შემოღებულია. ხოლო მისი შემუშავება შეიძლება გაჭიანურდეს და ის გამოიცეს მაშინ, როცა მას აზრი უკვე დაეკარგება. თუ ეს უნდოდა გვაზავას, შეეძლო მას გასცნობოდა ამიტომ მისი წინადადება მიუღებელია. დეკრეტის ხასიათი ის არის, რომ ის ერთს განსაზღვრულ მცირე ხანს რომელიმე დებულებებს ადასტურებს და ხელს უშლის ჩვენს ადმინისტრატიულ დაწესებულებებს. ამ შემთხვევაში შეიძლება სხვა რამეს მივმართოთ, რომ დეკრეტი არ იქნეს უკომისიოთ მიღებული. ამიტომ საჭიროა მოვისმინოთ თვით იურიდიული კომისიის დასკვნა, რომ შემდეგ კრებაზე წარმოდგენილ და არსებითად განხილული იქნეს იგი.

თავმჯდომარე. ორი წინადადებაა: წინადადება გვაზავასი, რომ გადაიდოს და სოც.-დემოკრ. ფრაქციის, რომ დეკრეტი გადაეცეს იურიდიულ და თვითმმართველობის კომისიას. გვაზავა მოითხოვს, რომ ეს გატარდეს კანონის სახით. კენჭს უყრი. ვინ არის მომხრე, რომ ეს კანონის სახით გატარდეს? ვინ არის წინააღმდეგი? უმრავლესობა. ვინ არის მომხრე, რომ ეს დეკრეტი გადაეცეს იურიდიულ კომისიას? ვინ არის წინააღმდეგი? ეს უკანასკნელი წინადადება მიღებულია. დეკრეტი გადაეცეს იურიდიულ და თვითმმართველობის კომისიათ.

შემდეგი საკითხი: სახელმწიფო ბანკის წესდების განხილვა. მომხსენებელია საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი დ. თოფურიძე.

. თოფურიძე. (კითხულობს წესდებას მუხლობრივ - 1-71 მუხლი უკამათოდ დამტკიცებულია.

თავმჯდომარე. შემოსულია წინადადება, რომ ვინაიდან სამი საათი შესრულდა - სხდომა დახურული იქნეს. ვინ არის წინააღმდეგი? სხდომა დახურულია. მოითმინეთ, არის წინადადება ს. დ. ფრაქციისა. გთხოვთ წაიკითხოთ.

მდივანი. (კითხულობს) „საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას მიემატოს ორი წევრი. ერთი ადგილი დაეთმოს ეროვნულ პარტიას და მეორე დაშნაკცუტიუნის პარტიას.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია. შემდეგ გაწესდება ს. დ. ფრაქციისა.

მდივანი (კითხულობს) საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში დ. შარაშიძეს და ან. ჭიაბრიშვილის მაგიერ ს.-დ. ფრაქცია ასახელებს კ. ნინიძეს და ნ. იმნაიშვილს. ეხლა კრებას ვხურავ.

სხდომა თავდება ნაშუადღევის 3 ს. და 18 წუთზე. 239

4.7 ორმოცდამეთერთმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

პარასკევი, 1919 წელი, ოქტომბრის 10. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის მეორე ამხანაგი

სვიმონ მდივანი.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

გრიგოლ ნათაძე და

ქრისტინე შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება დღის 12 საათზე.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს და კომისიებში გადასცემ საკანონმდებლო აქტების ნუსხას.

მდივანი. (კითხულობს ნუსხას და შემდეგ დღიურ წესრიგს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი საქართველოს სენატის ზოგიერთ თანამდებობის პირთათვის ჯამაგირის გადიდების დეკრეტისა.

2. მეორე (მუხლობრივი) განხილვა საქართველოს სახელმწიფო ბანკის წესდებისა მომხსენებელია დ. თოფურიძე.

3. მეორე (მუხლობრივი) განხილვა 1915 წლის თებერვლის 2-ს კანონისა (გერმანელთა, ავსტრო-უნგრელთა, და ოსმალთათვის უძრავი საკუთრების შეძენის აკრძალვის) გაუქმების კანონ-პროექტისა. მომხსენებელია ს. ჯაფარიძე.

4. შეკითხვა ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციისა მთავრობისადმი ქ. ხონის მცხოვრებთა წარმომადგენლების დაპატიმრების შესახებ.

5. დეკრეტი - ერთდროული სანიტარული და პირდაპირი სახელმწიფოს გადასახადების მყიდველზე გადატანის აკრძალვისა.

თავმჯდომარე. დღიურ წესრიგისშესახებ სოც.-დემოკრატიულ ფრაქციის ბიუროს შემოაქვს წანადადება - დეკრეტი ერთდროულ სანიტარულ გადასახადის შესახებ გადმოტანილ იქმნას პირველ რიგში, ხოლო ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის შეკითხვა მეხუთე რიგში. ვის სურს სიტყვა ამის შესახებ? სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ბატონ ასათიანს.

ალექსანდრე ასათიანი. (ერ.-დ.) მე ვერ გამიგია, - რით არის გამოწვეული ასეთი გადაჯგუფება საკითხებისა. საქმე იმაშია, რომ საკითხი ერთდროულ სანიტარულ გადასახადისა ფრიად მნიშვნელოვანი საკითხი არის. ის გამოიწვევს დიდს კამათს და ისე გაგრძელდება, რომ ის შეკითხვა, რომელიც შემოვიდა ერთი თვის წინად, დღეს არ იქნება განხილული. (არსენიძე - თქვენ თითონ მოითხოვეთ!) შეიძლება მე გადავდე სამი დღით მაგრამ, და ყოველ შემთხვევაში ერთი თვე არის, რაც ეს შეკითხვა შემოვიტანეთ.

მე შეუძლებლად და შეუწყნარებლად მიმაჩნია, რომ ეს შეკითხვა არ მოისმინოს დამფუძნებელმა კრებამ და არ გაირჩეს. ამიტომ მოვითხოვ, რომ ეს დეკრეტი მოიხსნას ეხლა და განხილულ იქმნას შემდეგ სხდომაზე. და თუ თქვენ საკითხების ასეთ გადაჯგუფებას მიიღებთ, მაშინ ჩვენი შეკითხვა განხილულ იქმნეს ეხლავე. თუ არა და, დაინიშნოს ამ შეკითხვის განსახილველად სპეციალური სხდომა.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ამის შესახებ? არავის! ვინ არის წინააღმდეგი, რომ დეკრეტი ერთდროულ სანიტარულ გადასახადის შესახებ გადატანილ იქმნას პირველ რიგში? დეკრეტი გადატანილია. ვის სურს კიდევ სიტყვა დღიურ წესრიგის შესახებ? არავის. წესრიგი დამტკიცებული გახლავთ.

პირველი საკითხი არის საბოლოო ტექსტი საქართველოს სენატის ზოგიერთ თანამდებობის პირთათვის ჯამაგირის გადიდების დეკრეტისა. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელ ქრ. შარაშიძეს.

ქრისტინე შარაშიძის ასული. (კითხულობს დეკრეტის საბოლოო ტექსტს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი დეკრეტის საბოლოო ტექსტის მიღებისა? არავინ. დეკრეტის საბოლოო ტექსტი მიღებულია.

შემდეგი საკითხი გახლავთ მეორე მუხლობრივი განხილვა საქართველოს სახელმწიფო ბანკის წესდებისა. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელ ნ. ელიავას.

ნიკო ელიავა. (ს.-დ.) ამ დეკრეტის ისტორია შემდეგი გახლავთ: დამფუძნებელმა კრებამ ერობებს და თვითმმართველობებს მიანიჭა უფლება ერთ-დროულ სანიტარულ გადასახადის შემოღებისა. ზოგიერთმა თვითმმართველობამ ამ უფლებით უკვე ისარგებლა და გააწერა, თანახმად კანონისა, ეს გადასახადი. მაგრამ, სხვათა შორის, მოხდა ის მოვლენა, რომელიც ხდება ხოლმე ყოველთვის როცა ახალი გადასახადი შემოდის უმთავრესად ვაჭარ-მრეწველთა კლასმა, სანამ ამ გადასახადის შემოღება გავიდოდა, ეს გადასახადი გადაიტანა მომხმარებელზე იმ სახით, რომელიც სრულიად მიუღებელია საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ თვალსაზრისით. როდესაც ვაჭარს ახდევინებს 10-12 მილიონს ეს, ტფილისის როგორც აღნიშნულია განმარტებითი ბარათში, აშკარა დამტკიცებული ფაქტია.

მაშასადამე, თვითმართველობამ დაინახა საჭიროდ ასეთ მოვლენის წინააღმდეგ შებრძოლება და შემდეგ გამორკვევა იმ საკითხებისა, რა გზით იქნება შესაძლებელი თვითმმართველობის და საბჭოს მიერ ამ ახალ უარყოფით მოვლენის წინააღმდეგ შებრძოლება.

ამიტომ ქალაქის გამგეობამ საჭიროდ დაინახა სავალდებულო დადგენილების გამოცემა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამ ახალ უარყოფით მოვლენის წინააღმდეგ შებრძოლება. მაგრამ როცა იქ მოიწვიეს იურისტები და თათბირი ჰქონდათ იმის შესახებ, - თუ როგორ ჩამოეყალიბებინათ ეს დადგენილება - გამოირკვა, რომ თვითონ სავალდებულო დადგენილება შეიძლება გახდეს სადავოდ, რადგან კანონში არ არის შეტანილი თუ რა მოქმედება უნდა ჩაითვალოს დანაშაულად, დელიქტად. ამ შემთხვევაში არსებობს მხოლოდ ერთი კანონი - კანონი სპეკულიაციასთან ბრძოლის შესახებ, რომლითაც საზოგადოდ ფასების გადიდება სპეკულიაციის მიზნით აღკრძალულია და თვითმმართველობის თათბირი შეჩერდა ამ საკითხზე, თუ რამდენად მისაღებია ეს განმარტება, რომელიც განსაზღვრული ჰქონდა თვითმმართველობას ეს პირდაპირი გადასახადი, ან სანიტარული, ან სხვა გადაიტანოს პირდაპირ მომხმარებელზე. მიზანი კი ქალაქის თვითმართველობისა, დამფუძნებელი კრებისა და კომისიისა ის იყო, რომ ამ გადასახადს ქონოდა პირდაპირი ხასიათი და დასდებოდა იმ წრეს და კლასს, რომელზედაც იყო გაწერილი და არა გადატანილიყო მომხმარებელზე. ეს იყო პირველი საკითხი. და შემდეგ ამისა, როგორც სჩანს მოხსენების ბარათიდან, მეორე საკითხი შეეხება თვითმმართველობებს. და ის, რასაც მიაქცევს ქალაქის თვითმმართველობა ყურადღებას დამფუძნებელ კრებისა გახლავთ - თუ რა იქნება დანაშაულად ცნობილი და რა გზით უნდა ებრძოლოს ადგილობრივი თვითმმართველობა თუ სახელმწიფოებრივი ორგანო. კანონით, ყოველ სავალდებულო დადგენილების დარღვევისათვის ისჯება მომრიგებელ მოსამართლეთა წესდების 29 მუხლის ძალით. ეს გზა თვითმმართველობას მიაჩნია მეტად რთულად, მიზანშეუწონლად და შეუფერებლად დღევანდელ გარდამავალ ხანაში, როდესაც სასამართლოს წესი მოითხოვდა, რომ საქმის გასარჩევად განვლილი ყოფილიყო რამდენიმე ინსტანცია - თუ ჩვეულებრივი - სამი, თუ საგანგებო - ორი ინსტანცია. და თვითმმართველობა ჰფიქრობს, რომ თუ მართლაც ბრძოლა გვინდა, ისე უნდა მოვაწყოთ საქმე, რომ დანაშაულს თან უნდა მოჰყვებოდეს სასჯელი.

აი, ამ მოსაზრებით ხელმძღვანელობდა, ქალაქი, როდესაც აღძრა შუამდგომლობა დამფუძნებელ კრების წინაშე, რომ მას ასეთი ბრძოლის საშუალება მისცემოდა. ეს საკითხი პრეზიდიუმის მიერ გადაცემული იყო თვითმართველობის კომისიაში, რომელმაც იგი გაარჩია, განიხილა და შესაძლებლად სცნო მისი მიღება. და შემდეგ, როცა დამფუძნებელ კრებას წარუდგინა, მან ისევ გადასცა ეს საკითხი შესასწორებლად და შესამუშავებლად იურდიულ და თვითმართველობის კომისიების შეერთებულ სხდომას. და ამ შეერთებულმა კომისიამ შეიმუშავა ამ დეკრეტის პროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი დამფუძნებელ კრების წინაშე.

აქ, სხვათა შორის, უნდა მოგახსენოთ, და ამას ხაზს უსვამ, რომ შეერთებულმა კრებამ კომისიებისა და თვითმართველობის კომისიამ შესაძლებლად სცნეს - ჩვეულებრივად ან როგორც გამონაკლისი, - რომ ასეთი დანაშაულობისათვის დასდებოდა ხოლმე სასჯელი ადმინისტრატიული წესით. მაგრამ, ასეთი გაფართოება ადმინისტრაციის დანიშნულებისაც ვერ სცნეს შესაძლებლად ვერც თვითმართველობამ, ვერც იმ კომისიამ, რომელმაც აღძრა შუამდგომლობა, რომ ეს უფლება მისცემოდა თვითმართველობის ორგანოს.

დღეს, რადგან კომისიები გრძნობენ, რომ ეს არის მეტად რთული საქმე და შესაძლებელია ზოგიერთ ადგილას მოხდეს ისეთი გადამეტება უფლებისა რომელიც სულ სხვა მიზანს მიახწევს; ამიტომ აუცილებელია, რომ ეს უფლებების მიცემა ისეთ კალაპოტში ჩააყენოთ, რომ ყოველ შემთხვევაში საჭირო იყოს რესპუბლიკის მთავრობის ნებართვა დასჯისათვის.

მაშასადამე, მოსაზრება ასეთია: თუ რომელიმე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო გადაამეტებს თავის უფლებებს და ეს საწინაღმდეგო იქნება რესპუბლიკის პოლიტიკურ ინტერესებისათვის, მაშინ მთავრობას შეუძლიან, ეს უფლება თვითმართველობისა და ერობებისა შეკვეცოს, შეაჩეროს და ან სრულად ჩამოართვას.

ასეთია აზრი ამ დეკრეტისა, რომელიც დამფუძნებელ კრების დავალებით იქმნა შემუშავებული და რომელიც ამ სახით თქვენს წინაშე წარმოდგენილია.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვიის ბ. გრიგოლ ვეშაპელს!

გრიგოლ ვეშაპელი. (ეროვნ. პარტ.) ბატონებო! რადგან სიტყვა ამ საგანზე ამავე დროს არის ჩვენი პირველი გამოსვლა დამფუძნებელ კრებაზე, ამიტომ მე ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ ჩვენი პარტიის ტაქტიკაზე დამფუძნებელ კრებაში.

ჩვენი პარტიის ტაქტიკა დამფუძნებელ კრებაში იქნება ისეთივე, როგორც იყო საქართველოს პარლამენტში, ესე იგი ოპოზიციური, ხოლო რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის გარდაწყვეტის საკითხმა ძალიან რთული და მძიმე ხასიათი მიიღო, და ეხლა უფრო რთული და მძიმე არის, ვიდრე შარშან ამიტომ ყოველთვის, როდესაც ჩვენ მოგვიხდება აზრის გამოთქმა დამფუძნებელ კრებაში საოპოზიციო საკითხზე, ჩვენ ვეცდებით, რომ პარტიის გამოსვლა არ ართულებდეს საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხს.

ჩვენი პარტიის ოპოზიცია იქნება უმეტესად იმ საკითხებში, რომელიც დაკავშირებულნი არიან ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის საკითხთან; და თუ გნებავთ, ზომა ჩვენი ოპოზიციისა იქნება პროპორციონალური იმისა, რამდენად თვით საოპოზიციო საგანი იქნება ხელის შემშლელი და არა ნორმალური საქართველოს დამოუკიდებლობისათვის.

ამ თვალსაზრისით ეს საკითხი უსათუოდ არის ისეთი საკითხი, რომელიც უნდა იყოს საოპოზიციო ყველა მათთვის, ვინც იძულებული არ არის რომ დააკანონოს ნორმები შემთხვევითი ფაქტორების გავლენით, მაგალითად მუნიციპალური, ან საერობო წრეების ზედმეტ მოთხოვნილებათა გამო, რომელიც გამოიხატება გადასახადების გამრავლების საკითხში.

საერთოდ ყოველ სახელმწიფოში გადასახადის საკითხი ყველაზე დიდ და მწვავე საკითხს შეადგენს. და იქ, სადაც პარლამენტარული ცხოვრება დამკვიდრებულია, იქ კაპეიკებზედაც კი კამათობენ.

ჩვენში კი აქამდის მაინც, რაც უნდა მძიმე ყოფილიყო გადასახადი, რაც უნდა დიდი ყოფილიყო იგი რაოდენობის მხრივ, დამფუძნებელი კრება, ისე როგორც პარლამენტი, ძალიან იოლად უყურებდა ამ საკითხის მიღების. და ამ შემთხვევაში იქნება მართალი იყო ბ-ნი არსენიძე, რომელმაც სთქვა, რომ საქართველოს კანონმდებელ ორგანოს უფრო ეხერხება დისკუსიების გამართვა კერძო ინციდენტებზე, ვიდრე ისეთ საკითხებზე, რომელნიც შეეხებიან მთელ საკითხს, მთელ მასსას. იმედი გვვაქვს, ეს შემდეგში გამოსწორდება.

დღეს მართალია არ წესდება ახალი გადასახადი, მაგრამ წესდება ისეთი ზომა, რომელიც კიდევ უფრო ამძიმებს მძიმე გადასახადის ცხოვრებაში გატარების საკითხს.

გადასახადების საქმეში ჩვენი მმართველი პარტიის ტაქტიკა ძირიანად შეიცვალა. წინად პარლამენტში, როდესაც არა სოციალისტურ-პარტიების წარმომადგენელთ უხდებოდათ ლაპარაკი გადასახადების შესახებ ოპოზიცია ყოველთვის აგონებდა მთავრობის წრეებს, რომ საჭიროა გადასახადების აპარატის გამოყენება.., მაშინ სოციალ-დემოკრატია სდუმდა. მას უკან მოხდა პირდაპირ გადატეხა.

თუ წინად გადასახადებზე ლაპარაკი პარლამენტში, პრესაში საერთოდ იყო არა შესაფერი დღევანდელი თუ გნებავთ რევოლიუციონურ სინამდვილესთან, ეხლა წინააღმდეგ ამისა მთელ ჩვენი აპარატები მუნიციპალური, საერობო ადმინისტრატიული, სასამართლო, კანონმდებლობითი ორგანო, მთავრობა არის ბოლოს და ბოლოს გართული მძიმე გადასახადის საქმეში, რომელიც, რადაც უნდა დაჯდეს, უნდა გატარებულ იქნას ცხოვრებაში.

დღევანდელ კანონ-კროექტი არის შემდეგი. სანიტარული გადასახადი გამოცხადებისა. როდესაც სანიტარული გადასახადი დაწესდა, მაშინ დამფუძნებელმა კრებამ დაუშვა ისეთი შეცდომა, რომელიც ამ სანიტარული გადასახადის კანონს პირველ-ყოფილ ცოდვასავით მუდამ თან სდევს, ეს არის ის, რომ კანონმდებელმა ორგანომ მისცა უფლება, საერობო და საქალაქო თთვითმართველობებს თვითონ დააწესოს გადასახადები და ეს კი განუსაზღვრა მათი მაქსიმალური ნორმა. ეს წარმოუდგენელია ევროპის საკანონმდებლო ცხოვრებაში. გასაკვირია, რომ კანონმდებელი ორგანო ისეთ უფლებას, როგორიც არის ხალხის საყოველთაო დაბეგვრის უფლება, უთმობს თვითმართველ ორგანოებს და თვითონ არ უწესებს ნორმას. აი ამ შეცდომის ბრალი იყო ისე რომ, როგორც თფილისში, ისე პროვინციაში, თვითმართველმა ორგანოებმა ხელი ჩაჰკიდეს ამ სანიტარული გადასახადების დაწესების უფლებას და გახადეს ის სადეფიციტო გადასახადად, ე. ი. რაც დეფიციტი აქვს თვითმართველობის ბოლოს და ბოლოს ეს უნდა დაიფაროს თურმე სანიტარულ გადასახადით. ასეთი გახდა პრაქტიკა ამ სანიტარულ გადასახადისა მაგალითად, თფილისში ხალხის დაბეგვრას ეწოდება სანიტარული, ხოლო პირდაპირ სანიტარულ საქმეებზე იხარჯება მხოლოდ 1/5, და ოთხი მეხუთედი კი იხარჯება არა პირდაპირ, არა სანიტარულ საქმეებზე.

ეს ძალიან დიდი გამოცდაა, არის მოქალაქისათვის, რომელთაც უხდება ამ ხარჯის ზიდვა თავის კისრით. თფილისში დააწესეს სანიტარული გადასახადი 50 მილიონ მანეთზე მეტი, ჯერ ჩვენ არ ვიცით რამდენს დააწესებენ პროვინციის ქალაქები, შემდეგ ერობები, მაგრამ ვიცით, რომ ყველა იხელმძღვანელებს თფილისის მაგალითით, თფილისი როგორც სანიტარული გადასახადის დაწესების დეტალებში, ისე ამ კანონ-პროექტის განხორციელების დეტალებში იქნება მაგალითის მიმცემი მთელი პროვინციისათვის, თფილისს არა ჰყავდა კანტროლიორი და გადასახადის დიდი ნორმის დაწესებამ გამოიწვია ის, რომ ნამდვილი ეკონომიური ანარქია შექმნა თფილისში.

სხვას რომ თავი დავანებოთ, საკმარისია ერთი მაგალითი. ავიღოთ თუნდა საკომერციო, სააქციონერო დაწესებულებები რომელნიც მოქმედებენ წესდების მიხედვის და რომელნიც მოვალენი არიან გამოაქვეყნონ თავიანთი ანგარიშები. მოგებიდან ვერ დაჰფარავენ გადასახადის ხარჯებს და უნდა დაფარონ იგი სარეზერვო კაპიტალიდან, ეს კი წესდებით აკრძალულია. ასე რომ ბევრი სააქციონერო საზოგადოების წინ დაყენებულია საკითხი ლიკვიდაციისა და ამავე დროს ლიკვიდაცია აკრძალულია.

რაც შეეხება უბრალო სავაჭრო დაწესებულებებს და დუქნებს, ისინი არ არიან შეზღუდულნი, თუ კაპიტალის რომელ ნაწილიდან დააფასონ ხარჯები. მათ არც წესდება აქვს და არც სავალდებულო ანგარიშები, მაგრამ სწორედ იმით შექმნეს ის მოვლენა, რომელიც ეხლა უნდათ მოსპონ ამ კანონ-პროექტით ვაჭრებმა და მრეწველებმა აიღეს და გადასახადები გადაიტანეს საქონელზე ეს უკვე ფაქტია. სანიტარული გადასახადი და სხვა პირდაპირ ახლად შემოღებული გადასახადები, მაქსიმალურნი თავისი ზომით, გადაიტანეს მომხმარებელზე. ქ. თფილისის სტატისტიკური განყოფილების ანგარიშით აღიარებული არის, რომ სანიტარული გადასახადი იმდენად გადაიტანეს საქონელზე, რომ თფილისის მომხმარებელს უკვე გადახდილი აქვს ეს გადასახადი, და მუნიციპალურ კასაში კი ჯერ არაფერია შესული; თუ საქონელზე ერთხელ აიწია ფასმა, რამდენიც უნდა სდიონ ადმინისტრატიული წესით ფასები აღარ დაიწევენ. წინააღმდეგ შეიძლება მოხდეს, რომ არა მარტო ერთხელ, არამედ ორჯერ და სამჯერ გადაიხადოს მომხმარებელმა ეს სანიტარული გადასახადი. თფილისში სტატისტიკური განყოფილების ანგარიშით სამასი მილიონი მანეთი იქნება გადახდილი სამი თვის განმავლობაში საქონელის გაძვირების გამო და თვით ქალაქის კასაში კი უნდა შევიდეს მხოლოდ 50 მილიონი; საკითხავი, ვის ინტერესებს იცავს დამფუძნებელი კრება, როდესაც ის მაქსიმუმს არ უწესებს გადასახადებზე, ვის ინტერესებს იცავს მუნიციპალიტეტი, როდესაც ის ასეთ მოვლენაზე ამყარებს თვით პოლიტიკას. შეიძლება მემარცხენე ოპოზიციამ სთქვას, რომ დამფუძნებელი კრება და მუნიციპალიტეტი ეხმარებიან ამით სწორედ სპეკულიაციას და ცხოვრების გაძვირებას?

მე ვლაპარაკობ იმ მემარცხენე ოპოზიციონერებზე, რომელნიც თქვენ მარცხნივ არიან პარლამენტში და პარლამენტის გარეშეც, ცხოვრებაში, პრესაში, რომელთათვისაც დიდ საბუთს წარმოადგენს გადასახადების გამო გამოწვეული ცხოვრების გაძვირება როცა ისინი ბრძოლას აწარმოებენ მმართველ პარტიასთან.

ახლა ამას თავი დავანებოთ: გაძვირდა, - გაძვირდა! სამასი მილიონი უნდა აიტანოს თბილისის მცხოვრებმა, მაგრამ ახლა უკვე მუშები აყენებენ საკითხს ჯამაგირების მომატებისას.

სატარიფო პალატაში უკვე დაყენებული იყო ეს საკითხი ერთი ავტორიტეტული წარმომადგენლის ბ. დობორჯგინიძის მიერ, რომელმაც აღნიშნა, რომ ცხოვრება 30%25 გაძვირდა და ეხლა უნდა დაყენდეს საკითხი ჯამაგირების მომატებისა ე. ი. იმის გარდა, რომ მომხმარებელს გადახდება საბოლოო ანგარიში რამდენჯერმე მეტი, ვიდრე ეს დაწესებულია სანიტარული გადასახადით გარდა ამისა ცხოვრების გაძვირება გამოიწვევს ამ მოკლე ხანში მოსამსახურეთა და მუშების სასყიდელის მომატების საკითხს. ისინი უკვე ცხოვრების გაძვირებას ანგარიშობენ 30%25. და რადგან გაძვირდება ჯამაგირები კერძო წარმოებაში, მოსამსახურე პირთა სასყიდელიც თავის თავად ცხადია უნდა გადიდდეს. ეს 30%25 ისევ უნდა გადახდეს სახელმწიფოს, ერობას, ქალაქებს როდესაც სახელმწიფო, საერობო და სამოქალაქო დაწესებულებათა მოხელენი წარმოაყენებენ მოთხოვნილებას ჯამაგირების მომატების შესახებ. ასე გათავდება სანიტარული გადასახადების ისტორია. ეხლა როდესაც სტატისტიკური განყოფილების გამოანგარიშებით, - უკვე მოხდა ცხოვრების გაძვირება, - ეხლა ძალიან დაგვიანებულია ამ მოვლენასთან ბძოლა. ჩვენ წინადადებას გვაძლევენ დამფუძნებელ კრებას შეებრძოლოს ამ მოვლენას ჯერჯერობით ერთი იმით, რომ გამოცხადდეს დანაშაულათ პირდაპირი გადასახადის, კერძოდ ამ სანიტარულ საქონელზედ გადატანა და მეორეს მხრივ ამ დანაშაულის დასჯა იყოს ჩქარი და სასტიკი და ქალაქისა თვითმათველობას ან და ერობას მიენიჭათ უფლება ადმინისტრატიულ დასჯისა, მე მგონია, დამფუძნებელ კრებაში, ძალიან ცოტა უნდა იყოს ისეთი წევრი, რომ სჯეროდეს, ეს დეკრეტი, ე. ი. საქონელზედ გადასახადის გადატანის დანაშაულის გამოცხადება, ნამდვილათ აკრძალავს ცხოვრებაში ამ მოვლენას. როგორც უნდა პოლიტიკურ ეკონომიური შეხედულების არ უნდა იყოთ, ვერავინ იტყვის იმას, რომ მანამ არსებობს კერძო საკუთრება, რომლის ეკონომიურ საფუძველზედაც არის აშენებული ვაჭრობა-მრეწველობა, რომ ვინმემ ვაჭარს აუკძალოს ამა თუ იმ ხარჯის საქონელზედ გადატანა და, კერძოდ კი პირდაპირი გადასასადისა. ეს მოვლენა არ ყოფილა დანაშაულათ აღიარებული არა თუ ძველი რუსეთის კანონით, არამედ დღევანდელამდე არც პარლამენტის მიერ და არც დამფუძნებელი კრების წევრის მიერ გამოცხადებული კანონებში ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საერთოდ გვაქვს საქმე ისეთი მოვლენასთან, რომელიც ვერ დაისჯება, ეკონომიური ცხოვრების აკსიომა არის, რომ ის ვინც რამეს ჰყიდის, ანგარიშობს ყველა ხარჯს, როგორიც უნდა იყოს იგი პირდაპირი, თუ არა პირდაპირი, ლეგალური, თუ არა ლეგალური და იმდენად ხდის საქონლის ფასს.

არა იმისთვის, რომ ხელი შეუშალოთ მუნიციპალიტეტს ცხოვრების სიძვირესთან ბრძოლაში, არამედ იმიტომ, რომ გვინდა გავიგოთ, როგორ ან რით უნდა შესცვალონ ეკონომიურ ცხოვრების კანონი მუნიციპალურმა წრეებმა, ან კანონმდებლობა ორგანოებმა, როდესაც ამ დეკრეტს აწესებენ? შეუძლებელია, ისეთი მოვლენის აკრძალვა, რომელიც არც ერთი კანონით არც ახალსა და არც ძველს ქვეყანაში, არც რევოლიუციის წინათ, არც რევოლიუციის შემდეგ არავის გამოუცხადებია დანაშაულათ.

ამას გარდა არის ტეხნიკური საკითხი იმისა, თუ ვინ როგორ გაარჩევს ამ დანაშაულს, ვინ და როგორ გაიგებს საქონელზედ ფასის აწევას, ვინ ან როგორ უნდა გამოიანგარიშოს, რომ ვაჭარმა გააძვირა საქონელი სწორედ ამ პირდაპირი გადასახადის გამო... (არსენიძე: ქალაქის, სტატისტიკა ხომ გვაქვს) ქალაქის სტატისტიკური ბიულეტენები არ გამოდგებიან ეს არ იქნება აღიარებული საბუთათ ორივე მხარე სასამართლოში უფრო ნეიტრალურ საბუთებს მოითხოვენ, არა ქალაქის სტატისტიკას. ქალ. გამგეობამ კოლეგიალურად უნდა გადაწყვიტოს საკითხი. ვინ გაარჩევს იმ საკითხს, რომ ესა თუ ის ნადირი საქონლის ახალ ფასისა არის სწორედ ამ სანიტარულ გადასახადის გამო დაწესებული. ვინ დაუშლის ვაჭარ მრეწველს, ყველაფერი სხვა ხარჯებზედ გადატანას. ან და განა სანიტარული გადასახადი ეხება ერთ კატეგორიას: სანიტარული გადასახადი არის ერობის ხელში, ქალ. თვითმმართველობის ხელში.

ყველა, დაწყებილი გლეხიდან ბანკებამდე, ყველა არის დაბეგრილი, ან იქნება დაბეგრილი ამ გადასახადით, როგორ უნდა ებრძოლოს, სადამდის უნდა სდიოს დამსჯველმა როცა თფილისში გაძვირებული საქონელი გაყიდულია რამდენჯერმე სხვა და სხვა პირის მიერ რომელიმე სოფელიდან დაწყებულია როგორი აპარატი უნდა შეიქნას რომ ყველა ინსტანციები გამოარკვიოს დაწყებული თფილისის ბირჟით და გათავებული პირველ წყაროებით. ე. ი. დუშეთის, ბორჩალოსს, ახალქალაქის, ახალციხის მაზრების სოფლებით, საიდანაც მოდის მაგალითად სურსათი. რასაკვირელია ეს შეუძლებელი არის. მხოლოდ ეკონომიური შეხედულებისათვის არავინ დაიწყებდა კამათს და, ჩვენ ყველანი მომხრე ვიქნებოდით ამ დანაშაულის აღიარებისა. რომ ცხოვრება გაგვეიაფებინა, მაგრამ რადგანაც დარწმუნებული ვართ, რომ ამით არაფერი გამოვა, როდესაც ჩვენ ვატყობთ, რომ ეს უფრო ართულებს ეკონომიურ ცხოვრებას, მაშინ ყველანი მოვალენი ვართ, რომ ამას ანგარიში გაუწიოთ, ვერავინ ვერ დაამტკიცებს იმას, რომ როცა საქონელი გაძვირებული არის კანონმდებლობისგან აღიარებული დანაშაულიო დასჯით ცხოვრება გაიაფთება თუ რას ველი გატარდეს ადმინისტრატიული წესით!.

ჩვენ ვიცით ადმინისტრატიული ძალები რა ნიადაგზედ არიან დამყარებულნი, ჩვენ ვიცით, რომ ქალაქის გამგეობის დადგენილება უნდა იყოს დამყარებული ოქმებზე და ამ ოქმებს, ხომ არ დასწერს გამგეობის წევრი, არამედ დასწერს უბრალო მილიციონერი ან და საგანგებო ზედამხედველ კომისიის მოხელე, თუ გამგეობა დააწესებს ამისათვის ახალ შტატს, თბილისში იმდენი ვაჭარი არის, იმდენი სავაჭრო დაწესებულებაა, რომ ზედამხედველი შტატის დაარსება გამოიწვევს აუარებელ ხარჯს და რაც უნდა ბევრი დახარჯოს გამგეობამ, რაც უნდა შეარჩიოს შტატის შემადგენლობა რაც უნდა უზრუნველ ჰყოს მისი სინდისი კარგი ჯამაგირით და სხვა ამისთანა მატერიალურ საშუალებით, სულ ერთია დღევანდელ სინამდვილეში თვით საგანი ადმინისტრატიულ მოქმედებისა არის ისეთი, რომ განსაკუთრებით დაბალ ადმინისტრატიულ აპარატის პირებს შეუძლიანთ არ მოიქცეს სინდისიერად ან არა და ამით ბევრი მოიგოს. რასაკვირველია, უმეტეს შემთხვევაში, დაბალი ადმინისტრატიული პირი, მანამ მოქმედებს ცხოვრების პირობებით გამოწვეული ადამიანის პსიქოლოგია, უნდა შეცდეს, რადგან უნდა დაუთმოს პირად მოსაზრებებს და ბოლოს გაგრძელდება ის ამბავი, რომ დაწერილ ოქმის დახევისათვის დადებული იქნება არალეგალური გარჯი ე. ი. ქრთამი. მხოლოთ იშვიათ შემთხვევაში გამგეობა რამდენიმე გამონაკლისით გაიგებს ამ ფაქტს, ამ ბოროტ-მოქმედების და შეძლებს განახორციელოს ამ დანაშაულის დასჯა.

იქნება ეს კანონი იმიტომ იწერება, რომ ეს გამონაკლისი მოხდეს, რომ ერთი ან ორი ვაჭარი დაისაჯოს, მაგრამ გამგეობა ამისათვის უფრო სასტიკი იარაღით იყო აღჭურვილი, მას ჰქონდა კანონი სპეკულიაციასთან ბრძოლისა. ამ კანონით ვისაც გინდა იმას დასჯიდა, მით უფრო, რასაკვირველია იმას, ვინც ობიექტურად მონაწილეობას იღებს ცხოვრების გაძვირებაში. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სასამართლოში სპეკულიაციასთან ბრძოლის კანონის გამო, არც ერთი საქმე არ წარდგენილა, შეიძლება სასამართლოს დააბრალონ, რომ ბევრი ინსტანციები აქვს და საქმე ვერ გაარჩია, მაგრამ არც ერთი ოქმი არ დაწერილა არც ერთ საქმეზე. სად იყო მაშინ ინიციატივა ქალაქის თვითმმართველობისა სპეკულიაციასთან ბრძოლაში?

სპეკულიაციასთან ბრძოლის კანონი დაწერილია შედარებით უფრო უარეს პირობებში, როდესაც თითქმის საქართველოს მთელი პარლამენტი და უმრავლესობის პარტია მომხრე იყო იმისა, რომ სპეკულიაციის ჩამდენი დასჯილიყო და ამით მომხსენებლის ინტერესები დაცულიყო, მაგრამ მას აქეთ არ ვიცით არც ერთი მაგალითი ამ კანონის გამოყენებისა და რა იმედებს უნდა ვამყარებდეთ ჩვენ ამ ახალ დეკრეტზე.

სპეკულიაციასთან ბრძოლის კანონში ნათქვამია, თუ სასამართლო დაინახავს, რომ ბრალდება აშკარაა, მაშინ წინასწარი გამოძიებაც აღარაა საჭირო საქმის გასარჩევადო: მიუხედავათ პროცესიის წესის ასეთი გაადვილებისა, ჩვენ არ ვიცით არც ერთი შემთხვევა, რომ ერთი საქმე მაინც დაეწყოს ვინმეს - განსაკუთრებით ქალაქის გამგეობას, რომელიც ვალდებულია ცხოვრების გაძვირებასთან ბრძოლაში თაოსნობა იკისროს.

ცხადია, ასეთი ბედი მოელის ახალ დეკრეტსაც და თითქმის ყველა წინდაწინ დარწმუნებულია მის ფაქტიურობაში.

დარჩა მხოლოდ ერთი მოტივი დეკრეტის გამოცემისა: ფსიხოლოგიური, შთაბეჭდილების მოხდენა. „გაიგოს ყველამ, რომ დამფუძნებელი კრება დანაშაულად აცხადებს გადასახადების გადატანას საქონელზე და სჯის ამას სასამართლო და ადმინისტრატიული წესითო“.

მაგრამ ფსიხოლოგიისათვის არ ღირს ისეთი კანონის დაწესება, რომლის მაგალითი - პრეცედენტი არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა და ამასთანავე წინ და წინ დარწმუნებული ვართ, რომ არავითარ რეალურ გავლენას ცხოვრებაზე არ მოახდენს; და მხოლოდ კანონის პრესტიჟს დასცემს.

სპეკულიაციასთან ბრძოლის კანონი დავიწყებულია, და ამიტომ პარლამენტის პრესტიჟი არაა მოსაგონი, მაგრამ დამფუძნებელ კრების მიერ გამოცემულ კანონებს მეტი ზრუნვა სჭირია პრესტიჟის შესანახად.

თორემ, განა მარტო პსიხოლოგიური შთაბეჭდილებისათვის შეიძლება კანონების წერა, როცა ამ კანონებით იბადება შესაძლებლობა ბევრნაირი ბოროტ მოქმედებათა? დაიბადება ახალი არალეგარული ხარჯები ვაჭრობა-მრეწველობისა; ამ კანონით საქმის დაწყება და ოქმების შედგენა ხომ ქალაქის გამგეობის ხელში არ იქნება, არამედ დაბალ აგენტების და ისინი თუნდაც ახლად დანიშნული იყვნეს ჩვეულებრივ დაბალ ადმინისტრაციის უფრო მაღლა ვერ იქნებიან; ოქმების დაწერის ან დარღვევის ნიადაგზე დაიწყება ბოროტმოქმედება, ესე იგი ქრთამები, და ეს კიდევ უფრო გააძვირებს საქონელს, იმიტომ რომ ვაჭრებს უფლება ექნებათ თავი გაიმართლონ ახალი კანონის შედეგებით და ეს ახალი რისკი კიდევ უფრო ძვირად იანგარიშონ;

სპეკულიანტ ვაჭარს ეს დეკრეტი ასში ერთსაც ვერ დასჯის; ის ერთი ათად აიღებს გადასახადის ხარჯებს და მერე საქონელს რომ გაყიდის, დუქანსაც დაკეტავს; ნამდვილ ვაჭრებს და მრეწველებს კი ეს დეკრეტი სულს შეუხუთავს არალეგალური ხარჯებით.

ყველა ამ მოსაზრებით დამფუძნებელმა კრებამ უნდა უარყოს ეს დეკრეტი თუ, რასაკვირელია სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წინასწარ გარდაწყვეტილებას რამე გაეწყობა:

თავმჯდომარე. შემოტანილი გახლავთ განცხადება, რომ ქვორუმს აკლია 8 კაცი, ვთხოვ ქვესტორს დაითვალოს (ქვესტორი ითვლის)... ვინაიდან აღმოჩნდა რომ ქვორუმი არ არის, მე კრებას ვხურავ. მდივანს ვთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი სხდომის დღის წესრიგი. (მდივანი კითხულობს შემდეგი სხდომის დღის წესრიგს.)

თავმჯდომარე. შემოტანილია წინადადება სოც,-დემოკრ. ფრაქციის მიერ რომ ეროვნ.-დემოკრ. ფრაქციის შეკითხვა მომავალ სხდომაზე პირველ საკითხად დაისვას (გვაზავა: სწორეა!) ვის სურს სიტყვა ამის შესახებ? არავის. ვინ არის წინააღმდეგი ამ წინადადებისა? არავინ. მაშასადამე მიღებულია.

(სხდომა იხურება ნაშუადღ. 1 ს. 20 წ.)249

4.8 ორმოცდამეთორმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

1919 წელი, ოქტომბრის 14. ტფილისი, სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უმცროსი ამხანაგი

სიმონ მდივანი.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი

გრიგოლ ნათაძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი და

კონსტანტინე ჯაფარიძე.

სხდომა იწყება დილის 11 საათზე.

თავმჯდომარე. კრება გახსნილი გახლავთ. გთხოვთ დაიკავოთ ადგილები. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს. გთხოვთ მოახსენოთ.

მდივანი. (კითხულობს ჯერ კომისიებში გადასაცემ საკანონმდებლო აქტთა ნუსხას და შემდეგ დღიურ წესრიგს).

ნუსხა დამფუძნებელ კრების კომისიებისათვის წინასწარ განსახილველად გადასაცემ საკანომდებლო აქტების და სხვა ქაღალდებისა.

1. ფინანსთა მინისტრის პროექტი დეკრეტით - საშემოსავლო გადასახადის საცხოვრებელი მინიმუმის (existenf minimum) და გადასახადების ნუსხის შეცვლის შესახებ. გადაეცეს შრომის და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიათ.

2. შინაგან-საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - შინაგან-საქმეთა მინისტრის განკარგულებაში ტფილისის ფოსტა-ტელეგრაფის უფროსისათვის 100.000 მან. კრედიტის გახსნის შესახებ. გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

3. შინაგან-საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - რკინის გზით ტუსაღებისა, მათი გამყოლ მილიციელებისა და მოხელეთა გადაყვან-გადმოყვანის ხარჯის დასაფარავად 386.000 მან. გადადების შესახებ. გადაეცემა საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

4. სამხედრო მინისტრის პროექტი დეკრეტისა - უცხო სახელმწიფოთა მისიებთან, მათ წარმომადგენლებთან და შტაბებთან ურთიერთობისათვის ოფიცრების დანიშვნის შესახებ. გადაეცემა სამხედრო და გარეშე-საქმეთა კომისიათ.

5. მიწათ-მოქმედების მინისტრის პროექტი დეკრეტისა - ვარციხის სახელმწიფო მამულისთვის საჭირო ყურძნის შესაძენად სახელმწიფო ხაზინიდან 3.000.000 მან. გადადების შესახებ. გადაეცემა აგრარულ და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიათ.

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - სახაზინო რკინის გზის 1919 წლის იანვრის 1-დან ივნისის 1-დე საექიმო-სასანიტარო ნაწილის გაწეულ ხარჯის დასაფარავად 1.104.120 მან. გადადებისა და საეკლესიო ნაწილისათვის 1919 წ. იანვრის 1-დან აპრილის 1-დე გაწეულ ხარჯის დასაფარავად 28.302 მან. გადადების შესახებ. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.

2. გაგრძელება მსჯელობისა - ერთდროულ სანიტარულ და პირდაპირი სახელმწიფო გადასახადების მყიდველზე გადატანის აკრძალვის დეკრეტის შესახებ. მომხსენებელია ნიკ. ელიავა.

3. შეკითხვა ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციისა მთავრობისადმი - ქალ. ხონის მცხოვრებთა წარმომადგენლების დაპატიმრების შესახებ.

4. მეორე (მუხლობრივი) განხილვა საქართველოს სახელმწიფო ბანკის წესდებისა. მომხსენებელია დიომ. თოფურიძე.

5. მეორე (მუხლობრივი) განხილვა 1915 წ. თებერვლის 2-ს კანონისა (გერმანელთა, ავსტრო-უნგრელთა და ოსმალთათვის უძრავი საკუთრების შეძენის აკრძალვის) გაუქმების კანონ-პროექტისა. მომხსენებელია ს. ჯაფარიძე.

6. განხილვა დეკრეტისა, სამომრიგებლო ინსტიტუტის ახალ დაწესებულებათათვის ავეჯეულობის შესაძენად 709.220 მან. გადადების შესახებ. მომხსენებელია გრ. გიორგაძე.

7. განხილვა დეკრეტისა სამხედრო სამინისტროს განკარგულებაში 10 მილიონ მანეთის გაღების შესახებ - სახალხო გვარდიისათვის საჭირო სურსათის დასამზადებლად. მომხსენებელია. ნიკ. ელიავა.

თავმჯდომარე. სურს ვისმეს დღიურ წესრიგის შესახებ სიტყვა? სიტყვა არავის სურს, დღიური წესრიგი მიღებულია. პირველი საკითხის მომხსენებელია შარაშიძის ასული. სიტყვა ეკუთვნის მომხხენებელს.

შარაშიძის ასული. (კითხულობს საბოლოო ტექსტს დღიურ წესრიგის პირველ მუხლში აღნიშნულ დეკრეტს). ტექსტი კრების მიერ მუხლობრივ კენჭის ყრით დამტკიცებული იქმნა.

თავმჯდომარე. მეორე საკითხი: გაგრძელება მსჯელობისა - ერთდროულ სანიტარული და პირდაპირი სახელმწიფო გადასახადების მყიდველზე გადატანის აკრძალვის დეკრეტის შესახებ. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს გიორგი გვაზავას.

გიორგი გვაზავა. (ერ.-დემ.) ბ-ბო! წარმოდგენილი პროექტი, რომელიც მიიქცევს თქვენს ყურადღებას, შეეხება ისეთ საგანს, რომ თვითეული ჩვენგანი იძულებული იქნება გაიმეოროს ის სიტყვა, ის ზოგადი დებულება, რომელიც აქ იყო წარმოთქმული.

მე მივაქცევ ყურადღებას იმ გარემოებას, რომ ერთ ნაწილში არის ისეთი მოთხოვნილება, რომელიც ყოვლად მიუღებელია. იქ ნათქვამია, რომ ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ დანაშაულად ისეთი მოვლენა, ისეთი მოქმედება, რომელიც თავისთავად არსებითად არავითარ დანაშაულს არ წარმოადგენს. იქ არის ნათქვამი, რომ დელიქტად, დანაშაულად გამოვაცხადოთ გადასახადის მომხმარებელზე გადატანა ვაჭრების მიერ.

სანიტარულ გადასახადის გადატანა მომხმარებელზე, ბ-ბო, ეს ბუნებრივი მოვლენაა, ეს ბუნებრივი ელემენტია ყოველი ვაჭრობის, ყოველი სოციალური ცხოვრებისა. სოციალური ცხოვრება, თვით განწყობილი მეზობლობა შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ არ იყოს გაცვლა-გამოცვლა, არ იყოს ნივთების, აზრის, გრძნობების გაზიარება. ასე, რომ ეს გაცვლა საზოგადოდ გამოცვლა ბუნებრივი მოვლენაა. არის ერთი დარგი - ერთი ფუნქცია სახელმწიფო ცხოვრებისა, რომელსაც ჰქვიან ვაჭრობა, რომლის ძალითაც, უნდა მოხდეს ნივთების გაცვლა-გამოცვლა. თუ თქვენ ამ ფუნქციას მოსპობათ, თვით სახელმწიფოს ცხოვრებაც მოსპობილი იქნება.

თუ ჩვენ, გავყვებით იმ საოცნებო გზას, რომელსაც ჰქადაგობს სოციალიზმი, თქვენ წარმოიდგენთ იმ მომავალს, როცა არ იქნება კლასთა გარჩევა, თვითონ სახელმწიფოს ხელში იქნება ყოველგვარი ფუნქციების ასრულება, მაშინ შეიძლება ეხლანდელი ვაჭრობაც საჭიროც აღარ იყოს. მაგრამ, როდის იქნება ეს ჩვენ არ ვიცით.

ეხლა კი ისეთი განწყობილებაა, რომ ყოვლად შეუძლებელია სახელმწიფო ცხოვრება, რომ ეს განსაკუთრებული ფუნქცია ნივთების გაცვლა-გამოცვლა თვით სახელმწიფომ აიღოს თავის ხელში. ამისათვის საჭიროა განსაკუთრებული პირობები. მაშასადამე ვაჭრობა-მრეწველობაა ისეთი მოვლენა, რომელიც ასრულებს სახელმწიფო ფუნქციას. ამიტომ თუ ისეთ კანონს მიიღებთ, რომელიც ამ ფუნქციას დანაშაულად ჩასთვლის, ჩვენ მხარს ვერ დაგიჭერთ.

თქვენ აცხადებთ დელიქტად პირდაპირი გადასახადის გადატანას მომხმარებელზე. ხოლო, თუ თქვენ ამ უფლებას გამოაცლით იმ მოქმედებას, რომელსაც ვაჭარი აწარმოებს, თქვენ ჩაშლით ვაჭრობას.

წარმოუდგენელია ვაჭრობა, რომ ვაჭარმა არ დაიბრუნოს ის ფული, რომელიც მან დახარჯა ყიდვაში, გადაზიდვაში და სხვა და სხვა ხარჯებისათვის. ამ მოქმედების დროს - ეს ყველაფერი უნდა აინაზღაუროს მან. თუ ვაჭრობას მოგება არა აქვს, ის ვაჭრობაზე ხელს აიღებს. თუ თქვენ ამას აკრძალავთ, ვაჭრობა-მრეწველობაც ჩაიშლება.

მაშასადამე, ბა-ნებო, პირველი აზრი ის არის, რომ პრინციპიალურად მიუღებელია ის წინადადება, რომელიც აქ არის წამოყენებული. ეს ერთი... გარდა ამისა, ბ-ბო, ამას თან ახლავს ტეხნიკური შეუძლებლობაც. საქმე იმაშია, რომ, როცა რაიმე მოვლენას, ან მოქმედებას გამოაცხადებთ დანაშაულად, უნდა აღინიშნოთ ობიექტიური ნიშანი ამ მოვლენისა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვერ გამოარკვევთ, სად არის დანაშაული და სად არა.

სად არის ეს ობიექტიური ნიშანი? ეს ნიშინი არ არის მოყვანილი, არის მხოლოდ გაკვირით ნათქვამი გადასახადის გადატანაზე. მაგრამ გადასახადის გადატანა ყოველთვის დანაშაული არ არის კანონ-პროექტის შეხედულებით. კანონ-პროექტი ამბობს პირდაპირ და სანიტარულ გადასახადის გადატანის შესახებ. დანარჩენი სხვა ხარჯები მასში დელიქტად არ არის გამოცხადებული და მათ წინააღმდეგ არაფერი არ არის ნათქვამი...

წარმოვიდგინოთ ასეთი მდგომარეობა: ქალაქის მოურავი აღებს ფანჯარას და გადახედავს ბაზარს. მის თვალ წინ იშლება მთელი ტყე ფასებისა, რომელიც, როგორც მცენარენი, ზოგი მაღალი, ზოგი კიდევ დაბალი. რა არის მიზეზი ამ ფასის აწევის და გადიდების? კანონ-პროექტი ამბობს, რომ თუ იქნება მიზეზი პირდაპირი გადასახადი, ეს დანაშაული არის, ხოლო სად მოქმედობს ეს მიზეზი და სად არა?

ფასი მატულობს და ამის მიზეზი მრავალფერია; ამის გარდა, როგორც სახელმწიფო და სანიტარული გადასახადი, აგრეთვე სხვა და სხვა ეკონომიური პირობები.

როცა ეკონომიურ ცხოვრებაში მოქმედობს 100 მიზეზი, როგორ უნდა წარმოვიდგინოთ, რომლის მიზეზი არის სანიტარული გადასახადი? ამიტომ შეიძლება ყოველი ადამიანი იქნეს პასუხისგებაში მიცემული.

სადაც არ არის ობიექტიური ნიშანი ბოროტ-მოქმედებისა, შეუძლებელია, ასეთი მოქმედება ვაღიაროთ ბოროტ-მოქმედებად. ეს ისეთი ელემენტარული დებულებაა სისხლის სამართლის უფლების, რომ ამას განმარტება არ უნდა.

თუ გნებავთ, მოგიყვანთ მაგალითს: აიღეთ თუნდ, ექიმი, ვექილი და ინჟინერი. თუ ვექილი გუშინ 1000 მ. იღებდა, დღეს იგი 5000 - აიღებს. წინად თუ ექიმი დღეში 50 მან. იღებდა, დღეს 100 მან. აიღებს. იგივე უფლება გეძლევათ ისინი პასუხის გებაში მისცეთ.

ეს მაგალითი მოგიყვანეთ იმიტომ, რომ დაინახოთ, რომ შეუძლებელია ცხოვრებაში გატარება იმ თქვენი კანონისა, ის მიუღებელია პრინციპიალურადაც, პრაქტიკულადაც, რადგან არ არის შიგ მოხსენებული მოვლენის ობიექტიური ნიშანი.

კანონ-პროექტში არის გამოთქმული სურვილი, რომ შეიძლება სასამართლოდან გამოტანილ იქნეს და ქალაქის თვითმმართველობას გადაეცეს საქმეებით. ეს კი არის სასამართლოს უფლების შევიწროვება. იცით, რა მნიშვნელობა აქვს სასამართლოს სახელმწიფოსათვის? მან წესიერება და კანონები უნდა დაამყაროს... ამ კანონ-პროექტის ინიციატორებმა იცოდეთ, რომ ასეთი კანონი სასამართლოში ვერ გავა! სასამართლო ყოველთვის ობიექტიურ ნიშნებზე ემყარება. სად არის აქ ობიექტიური ნიშნები? ამიტომ ეს უფლება სასამართლოს გამოვაცალეთ და ადმინისტრაციას მივაკუთვნეთ.

ეს არის თვითნებობის დაკანონება...

როდესაც თვითმმართველობის სათავეში სდგას პატიოსანი და ცნობილი პირი, შეგვიძლია დამშვიდებული ვიყოთ. მაგრამ მარტო ამაში არ არის საქმე. აქ აუცილებლად დიდ თვითნებობას ექნება ადგილი. ძალიან ხშირად გამგეობამდე არც კი მივა ასეთი საქმე. ამ კანონის ცხოვრებაში გამტარებელი მილიციონერი იქნება და ეს გარემოება აუცილებლად დიდ მექრთამეობას დაჰბადებს. ყოველი ვაჭარი, როდესაც მას მიადგებიან და ოქმის შეყენებას დაუწყებენ, ის მართალიც, რომ იყოს, მაინც იტყვის: ოღონდ თავი დამანებეთ და 100, 200 მანეთი მიირთვითო. ეს ქრთამი ვაჭარმა საქონელს უნდა შეაწეროს, ასეთი მოვლენა კიდევ უფრო გააძვირებს ცხოვრებას. თქვენ გინდათ ებრძოლოთ ცხოვრების გაძვირებას, მაგრამ იმავე დროს ისეთ კანონს ქმნით, რომელიც თვითონ გახდება ცხოვრების გაძვირების მიზეზი. ამიტომ არც პრინციპიალურად და არც ტეხნიკურად წარმოდგენილი წინადადება არ არის მისაღები. სასამართლოს საქმე გადადის ადმინისტრაციის ხელში, რაც ყოვლად დაუშვებელია, ამიტომ ჩვენი ფრაქცია წინააღმდეგია ამ წინადადების და სთხოვს დამფუძნებელ კრებას ის არ იქნას მიღებული.

თავმჯდომარე. ვინაიდან ლაპარაკის მსურველი არავინაა, უკანასკნელი სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

ნიკო ელიავა. აქ წარმოდგენილ დეკრეტის მოწინააღმდეგეთა მიერ მოყვანილ მოსაზრებებს აუცილებლად უნდა გაეწიოს ანგარიში და ჩვენც უწევდით მათ ანგარიშს კომისიაში, მაგრამ განსაკუთრებულმა პირობებმა გამოიწვია ეს დეკრეტი და ჩვენ იძულებული ვიყავით გვემოქმედა დროის და გარემოების მიხედვით და ამ დეკრეტის მიღება და გატარება ცხოვრებაში საჭიროთ გვეცნო.

ბ. ვეშაპელი დაუბრუნდა ძველ კანონს სანიტარული გადასახადის შესახებ და არ მოიწონა ის, რადგანაც იქ არ არის განსაზღვრული ნორმა. შეუძლებელია საერთოდ ძველი კანონის შესახებ ახლა ლაპარაკი, მაგრამ მე მაინც ვუპასუხებ, ბ. ვეშაპელი აქ არ იყო მაშინ, როდესაც ის კანონი იქნა მიღებული. ის ნაკლი, რომელზედაც მან მიგვითითა ჩვენ ღირსებათ მიგვაჩნია. ამ კანონით უკვე სარგებლობენ ზოგიერთი ქალაქები. კანონმდებელს მიზნათ არ ჰქონდა აქ ნორმის განსაზღვრა, ეს ჩვენ მივეცით ისეთ ორგანოებს, რომელნიც თვით არიან დაინტერესებულნი ვაჭრობა-მრეწველობის მდგომარეობით. თვითმმართველობა ამ კანონს ბოროტათ არ გამოიყენებს; ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხალხის მიერ არჩეული და ნდობით აღჭურვილი თვითმმართველობანი არასოდეს არ იფიქრებენ თავისი უფლებები გამოიყენონ ხალხის მეურნეობის წინააღმდეგ, მით უმეტეს, რომ ხალხის ინტერესები არ მოითმენს ვაჭრობა-მრეწველობის შეჩერებას. ამის შიში ჩვენ არა გვაქვს. ეს შიში გამოითქმის იმ წრეებიდან, რომელიც თვითმმართველობას და თვით მოქმედებას არ ენდობა.

ბ. ვეშაპელმა აქ სანიტარულ გადასახადს სადეფიციტო გადასახადი უწოდა. მას სახეში ჰქონდა ტფილისის თვითმმართველობა. მე მგონია ეს აიხსნება მით, რომ ბ. ვეშაპელმა არ იცის საქმის ნამდვილი ვითარება! ის, რომ გასცნობოდა ტფილისის თვითმმართველობის საქმეებს, დაინახავდა, რომ სანიტარული გადასახადი ხმარდება სანიტარულ საქმეს. როდესაც დეპუტატი ასეთი დაუსაბუთებელი ცნობებით გამოდის ტრიბუნაზე ეს არ არის სასურველი.

პრინციპიალური მოსაზრებები წარმოდგენილი გვაზავას მიერ დეკრეტის შესახებ ისევ იქ ტრიალებს. რაც ბ. ვეშაპელმა სთქვა ბ. გვაზავამ იგივე გაიმეორა, ალბად ფიქრობდა უფრო გასაგებად გაეხადა ის, რაც ვეშაპელმა სთქვა.

ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს არის განსაკუთრებული დეკრეტი, განსაკუთრებული პირობებით გამოწვეული. არ ვმალავთ, რომ აღნიშნულ დელიქტისათვის სრულიად ობიექტიური საზომის პოვნა ძნელია.

მაგრამ, ჩვენ ვფიქრობთ, როცა დამფუძნებელი კრება აწესებს პირდაპირ გადასახადს, მას სურს ეს ფულები ამოვიდეს იმათი ჯიბიდან, ვინც არის დაბეგვრილი. დამფუძნებელი კრება სრულიად არ ფიქრობდა სანიტარული გადასახადი გაეხადა ხარკის ამკრეფ საშუალებად. ეს გადასახადი, როგორც ვსთქვი, უნდა ამოვიდეს იმის ჯიბიდან, ვისაც ედება. ამიტომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ, რომ ეს გადასახადი გადატანილ იქნას მყიდველებზე. ჩვენ ყოველთვის არა ვართ გადასახადების საქონელზე გადატანის წინააღმდეგი, მაგ. საბაჟო გადასახადი, როდესაც ვაჭარი ბანდეროლს აკრავს სპიჩკას, ან სხვა რამეს, ის ამას აუცილებლად შეაწერს საქონელს და აიღებს მომხმარებლისაგან. ამას ჩვენ ვურიგდებით, მაგრამ ჩვენ წინააღმდეგნი ვართ იმისა, რომ სანიტარული და სხვა პირდაპირი გადასახადი ვაჭრებმა გაიხადონ სპეკულიაციის წყაროდ. ამას ჩვენ უნდა ვებრძოლოთ იმ საშუალებებით, რომელიც ჩვენ ხელთა გვაქვს. ასეთ საშუალებებათ ჩვენ ვსცნობთ იმას, რაც დეკრეტშია მოყვანილი. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამით ფრთხილად ისარგებლებენ ადგილობრივი ერობები და ქალაქის თვითმმართველობანი. ესენი საქმეს იქამდე არ მიიყვანენ, რომ ვაჭრობა-მრეწველობა შეაფერხონ და ცხოვრება შეაჩერონ, როგორც ეს ბ. გვაზავას ჰგონია. შეიძლება ვაჭრებმა ამ სანიტარული გადასახადის ნაწილის გადატანა მოახერხონ, მაგრამ ისეთ აღვირახსნილობას მაინც არ ექნება ადგილი, როგორც ამას დღეს ვხედავთ. თუ ამ უფლებით ბოროტად ისარგებლა თვითმმართველობამ და ის თავის მოქმედებაში შემცდარ გზაზე შედგა, მთავრობას უფლება აქვს ისინი შეაჩეროს. მთავრობამ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს თვითმმართველობების ამ სფეროში მოქმედებას, რომ ისინი არ გადასცდნენ სწორ გზას. პირადად მე დიდი მუნიციპალისტი გახლავართ, მაგრამ ამ შემთხვევაში მომხრე ვარ თვითმმართველობის უფლების შეკვეცისა.

აქ სთქვეს, რომ ეს დეკრეტი გამოიწვევს თვითნებობასო. უნდა მოგახსენოთ, რომ სრული ობიექტივობა არასოდეს არ იქნება დაცული იქ, სადაც ადამიანს აქვს თავისუფალი მოქმედობის ფარგალი. ასე თუ ვიმსჯელეთ, მაშინ თვითნებობის ლაპარაკი შეიძლება შესახებ მოსამართლეთა შორისაც, რადგანაც მათ ძალიან დიდი ფარგალი აქვთ სამოქმედოთ. აქ ადამიანის რწმენას და სინდისს დიდი ადგილი უჭირავს. ამიტომ სრულ ობიექტივობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

რაც შეეხება იმ მოსაზრებებს, რომელნიც ადმინისტრატიული წესით სასჯელის დადებას შეეხება ესენი ჩვენთვის მიუღებელია. არის მომენტი, როცა ადმინისტრატიული ზომები კი არა, დიქტატურაც მისაღებია, როცა ამას ცხოვრება თხოულობს.

თუ თვითმმართველობის ორგანოებს მიეცა უფლება ადმინისტრატიული ზომების მიღებისა, ეს იმიტომ, რომ ჩვენი იუსტიციის დაბალი ინსტანცია არ არის ჯერ ფეხ-გამაგრებული. ჩვენ შეგვეძლო ეს საქმე სასამართლოსთვის გადაგვეცა და მოსამართლისათვის მოგვეთხოვა განსაზღვრულ ვადაში გაერჩია საქმეები, მაგრამ ამ გზით პროცესი რამოდენიმე თვეზე მაინც ადრე ვერ დასრულდება, ეს არ იქნება მიზანშეწონილი. (გვაზავა ადგილიდან: როგორაა სხვა ქვეყნებში?) როგორ არის სხვაგან გეტყვით, მაგრამ ჩვენსა და სხვა სახელმწიფოებ შორის, დიდი განსხვავებაა: ჩვენში დღეს ცხოვრების გადატეხაა და ჩვენ გვსურს ბრძოლა გამოუცხადოთ სპეკულიაციას იმ საშუალებით, რომლითაც შეგვიძლია, ეს ბრძოლა უნდა ხდებოდეს სწრაფად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერობები და ქალაქთა თვითმმართველობები სწორეთ ისეთი სიფრთხილით მოეკიდებიან ამ საქმეს, როგორც შეეფერება, გარემოების და თვითნებობას არ ექნება ადგილი.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? გთხოვთ წაიკითხოთ სათაური და პირველი მუხლი.

მომხსენებელი. (კითხულობს ჯერ პირველ მუხლს და შემდეგ მუხლობრივ მთელ დეკრეტს, რომელიც მიღებულ იქნა).

თავმჯდომარე. დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. შემდეგი საკითხი:

შეკითხვა ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციისა ხონის მცხოვრებთა წარმომადგენლების დაპატიმრების შესახებ.

სიტყვა ეკუთვნის ბ. ასათიანს.

ალ. ასათიანი. ბბ. დამფუძნებელი კრების წევრნო! თქვენ მოისმინეთ შეშეკითხვა, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის დავალებით შემოვიტანე დამფუძნებელს კრებაში. მას აქეთ თვეზე მეტი დრო გავიდა დაპატიმრებულთაგან შეკითხვის შემოტანის შემდგომ გაანთავისუფლეს მხოლოდ ერთი ნაფიცი ვექილი ბახტაძე. დანარჩენი ისევ საპყრობილეში არიან ჩამწყვდეული. ასეთი რეპრესიები და ხონში მომხდარი კიდევ სხვა ექსცესები, როგორც ოფიციალური წყაროებიდან სჩანს, გამოწვეულია იმ მოძრაობით, რომელიც დაიწყო ხონში ამ უკანასკნელს თვეებში. ამ ხალხურ მშვიდობიან მოძრაობას დასახული აქვს მიზნად გაუქმება ხონში საქალაქო მმართველობისა და მის ნაცვლად საერობო მმართველობის შემოღება. ასეთი მოძრაობა, როგორც მოგეხსენებათ, დაწყებულია აგრეთვე სხვა პატარა ახალს, ეგრედწოდებულს „ჩხენკელის ქალაქებში“.

სამტრედიამ ჯერ კიდევ სამი-ოთხი თვის წინედ შეიმუშავა ასეთი შუამდგომლობა მთავრობის სახელზე. მათი ფრიად დასაბუთებული მოხსენება კიდევ დაურიგდა დაბეჭდილი დამფუძნებელი კრების წევრებს. ასეთივე პეტიცია აქვს შემუშავებული ზესტაფონს, მაგრამ, როგორც მესმის, ხონის ამბებს ცოტა შეუფიქრებიათ ზესტაფონის მცხოვრებნი და თავისი შუამდგომლობა მათ ჯერ არ წარმოუდგენიათ, სხვა პატარა ქალაქებშიც ფეხ-გადგმულია ასეთი სულის კვეთება. მე ვფიქრობ, რომ მთავრობის წარმომადგენელი და დამფუძნებელ კრების წევრნი ამ მოძრაობას შეეხებიან შეკითხვის განხილვის დროს, ამიტომ საჭიროდ ვთვლი მოკლეთ აღვნიშნო ამ პატარა ქალაქთა აღმოცენებისა და მათში ამ უკანასკნელ დროს დაწყებულ მოძრაობის ისტორია.

რევოლიუციის პირველსავე თვეებში 1917 წ. 12 ივნისის სხდომაზე განსაკუთრებულმა ამიერ-კავკასიის კომიტეტმა შემდეგი დადგენილება გამოიტანა:

„ვინაიდან აუცილებელ საჭიროებად იქმნა ცნობილი დაუყონებლივი შემოღება საქალაქო მმართველობისა ფართე დემოკრატიულ საფუძველზე, თანახმად დროებითი მთავრობის 15 აპრილს 1917 წ. წესებისა, ყველა იმ დასახელებულს ადგილებში, სადაც საქალაქო მმართველობა არ არის და რომელთა მცხოვრებლები გამოსთქვამენ ამის სურვილს და რომელთა ცხოვრების პირობები აძლევენ ნებას საქალაქო მმართველობის შემოღებისას, ამიერ-კავკასიის კომიტეტმა დაადგინა:

ვინაიდან უკვე შემოვიდა განცხადებები, რომელნიც ამოწმებენ საქალაქო მმართველობის შემოღების საჭიროებას, შემოღებულ იქმნას ასეთები: „ხოსტაში, ართვინში, ყარსში, ზუგდიდში, ახალ-სენაკში, სამტრედიაში, ჭიათურაში, ხონში, ყვირილაში, ლანჩხუთში, გუდაუთაში, ოჩემჩირეში და ზაქათალაში“.

ამასთანავე აღმასრულებელ კომიტეტებს დაევალათ ამ ახალს ქალაქებში, ხმოსანთა არჩევნების სასწრაფოდ მოწყობა. მათვე დაევალათ სწორედ გამორკვევა, თანახმად მიღებული წესდებისა, ამ ახალი ქალაქების საზღვრებისა და მეთვალყურეობა, რომ ქალაქების მმართველობებმა დაჩქარებით შეადგინონ ქალაქების გეგმები.

როგორც ამ ოქმიდან დაინახაეთ, განსაკუთრებულმა კომიტეტმა აუცილებელ საჭიროებად სცნო ჩვენი ქვეყნის პატარა დაბების ქალაქად გამოცხადება. ოქმი გვეუბნება, რომ ამ დაბებს შუამდგომლობაც აღუძრავთ ამის შესახებ. ეს სავსებით არ შეეფერება სიმართლეს. ამ დროისთვის შუამდგომლობა ჰქონდა აღძრული ოზურგეთს, რომელიც მარტივი საქალაქო მმართველობის ნაცვლად სრულს საქალაქო მმართველობას თხოულობდა. იყო შუამდგომლობა სამტრედიის რევოლიუციონური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის კოპალეიშვალის და რამოდენიმე სტრიქონიდან შემდგარი დეპეშა ხონის აღმასრულებელ კომიტეტის თავმჯდომარის ჭავჭანიძისა. ასეთი შუამდგომლობანი საკმარისი აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებულ კომიტეტს, არა თუ მარტო ესენი, არამედ კიდევ მრავალი სხვა დაბები ქალაქად გამოეცხადებინათ.

ქართველმა ერმა მრავალ ათეულ საუკუნეთა განმავლობაში მხოლოდ ცამეტი ქალაქი შექმნა. რევოლიუციონურმა მთავრობამ კი ერთს თავის სხდომაზე ააშენა ხუთმეტი ახალი ქალაქი.

მართალია ამ დაბების უმრავლეს ნაწილს ძველი მთავრობის დროს ჰქონდათ აღძრული შუამდგომლობა შესახებ საქალაქო მმართველობის შემოღებისა, მაგრამ რა იყო ამის მიზეზი?

არა ის, რომ ამ დაბებს მართლაც და ქალაქური ცხოვრება ჰქონდათ დამკვიდრებული და მათი ვაჭრობა-მრეწველობის ზრდა-განვითარება მოითხოვდა საქალაქო წყობილებას. არა, ამ დაბების მცხოვრებთა, არამც თუ დიდი ნაწილი, არამედ თითქმის ასი პროცენტი იგივე სოფლის მეურნენია და ხვნა-თესვას მისდევენ. ვაჭრობას თუ ხელოსნობას თუ ეწევა ზოგიერთი, ეს დამატებითი საქმიანობაა და არა მთავარი წყარო მათი არსებობისა. საქალაქო მმართველობას, რომ მოითხოვდნენ, მიზანი ერთი იყო: უნდოდათ თავი დაეღწიათ უუფლებო-გლეხურ წოდებისათვის და მოქალაქეთ გამხდარიყვნენ. ამას გარდა მაშინ არ გვქონდა ერობა და ქალაქი თუმცა ცუდს, მაგრამ მაინც ერთგვარ თვითმმართველობას წარმოადგენდა. დემოკრატიული წყობილების შემოღებისა, ხალხური საერობო თვითმართველობის მიღების და ყოველგვარი წოდებრივობის გაუქმების შემდგომ, რასაკვირველია, აღარ დარჩა მიზეზი, რომ ამ დაბებს გაქალაქებისათვის ეზრუნათ მაინცა და მაინც, მაგრამ რევოლიუციონურმა კომიტეტმა, როგორც სამტრედიელები სწერენ, „იავოჩნი პორიადკომ“ ეს სოფლები ქალაქებად გამოაცხადეს.

როდესაც ამ დაბებს ქალაქებად ამტკიცებდნენ, არც კი მოუთხოვიათ რაიმე ცნობები შესახებ მათი საზღვრებისა, მცხოვრებთა რიცხვი, წარმოებათა რიცხვი და სხ.

საზღვრების გამორკვევა აღმასრულებელ კომიტეტებს მიენდო და როგორც მოგეხსენებათ, ამ ქალაქებს დღესაც არ აქვთ გამორკვეული თავისი საზღვრები. სამტრედიის 18 სოფელი შეუერთებია და ის ეხლა სივრცით ლონდონზე მეტია. ასეთი ზღაპრული უსაზღვროა დღეს ეს ქალაქები.

მხოლოდ 23 ოქტომბერს ამ დაბების ქალაქების დამტკიცებიდან ოთხი-ხუთი თვის შემდგომ ამიერ-კავკასიის კომიტეტმა შეიმუშავა ის ცნობები, რომელნიც უნდა წარმოედგინათ სხვა დაბებს, უკეთუ ისინი გაქალაქებაზე შუამდგომლობას აღძრავდნენ. ეხლა უკვე საჭიროდ მიიჩინეს: 1) მცხოვრებთა პრიგოვორი; 2) დაწვრილებითი ცნობები და სტატისტიკური მასალები მოსახლეობის ქალაქური ხასიათის დასამოწმებლად და მასში საქალაქო მმართველობის შემოღების საჭიროების დასამტკიცებლად და ამათ შორის სანიმუშო სმეტა მომავალი ქალაქისა, როგორც საბუთი იმისა, რომ მას საქალაქო მმართველობის შენახვა შეუძლიან, პროექტი ქალაქის გეგმისა, მცხოვრებთა რიცხვი, შენობათა რაოდენობა, სავაჭრო-სამრეწველო წარმოებათა რიცხვი და მათი საწარმოვო ძალა და სხ. მაშასადამე, ამ დროიდან საჭიროდ დაინახეს ამ ელემენტარული საბუთების მიღება ნაცვლად აღმასრულებელ კომიტეტების თავმჯდომარეთა დეპეშებისა.

ასე დაარსდა საქართველოში ქალაქები, თქვენ ხედავთ ბ. ბ. თუ რამდენათ ნაჩქარევი იყო მათი შექმნა და რამდენად ეს არ გამომდინარეობდა ამ დაბების რეალურ საჭიროებისაგან.

ეს გარემოება მალე გამოაშკარავდა. ეწევიან ეს ქალაქები ახალს ქალაქურ ცხოვრებას. მათ ჰყავთ თავისი ქალაქის თავები, გამგეობანი და ხმოსნები. ეს მცირე დრო საკმარისი გახდა, რომ ყველა ამ პატარა ქალაქებში თავი ეჩინა ახალს სულისკვეთებას. პატარა ქალაქები უარს ამბობენ საქალაქო მმართველობაზე და მოითხოვენ საერობო მმართველობაში შესვლას. რით ასაბუთებენ ეს ქალაქები თავის სურვილს? ამის შესახებ სამტრედია გვაძლევს დასაბუთებულ პასუხს.

ამ პატარა ქალაქების მთელი შემოსავალი მოსამსახურეთა შენახვას უნდება. ქალაქის სამსახურში თითქმის სამოცი კაციდან შემდგარი შტატი მსახურობს იმიტომ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჯამაგირები აიღონ და იშრომონ იმისთვის, რომ თავიანთი ჯამაგირების დასაკმაყოფილებელი შემოსავლის წყაროები გამონახონ. ამ ქალაქების შემოსავალი ამ შტატების შენახვას უნდება. ამას გარდა ქალაქებს დიდი დახმარება გაუწია მთავრობამ სესხით, თუ იაფ ფასებში დიდძალი საქონლის მიწოდებით. ეს საქონელი ქალაქებმა დიდი მოგებით გაჰყიდეს. ეს სესხი და ეს მოგებაც ამ შტატების შენახვას შეეწირა და ქალაქებს კიდევ სხვა ვალებიც დააწვა: გზები, განათება, სანიტარია - ამაზე ფიქრიც ზედმეტია. რაც გაკეთებული იყო გაფუჭდა, ახალს ვერავინ აკეთებს. ასეთს ფინანსიურს გასაჭირს განიცდიან ეს ქალაქები. ამას გარდა არსებობს მათ ცხოვრებაში მეორე ასეთივე მწვავე საკითხი.

ეს გახლავთ მიწის საკითხი.

როგორც მოგეხსენებათ, 23 თებერვალს 1917 წელს გამოიცა დეკრეტი შესახებ ქალაქის გარეშე მიწებზე ყიდვა გაყიდვისა და დაწინდრების შეჩერებისა, შემდგომ 1917 წ. 16 დეკემბერს და 1918 წ. 7 მარტს გამოიცა დეკრეტები შესახებ მიწებისა, მაგრამ ეს დეკრეტები არ ვრცელდებოდა ქალაქებზე.

1918 წ. 27 აგვისტოს მიწადმოქმედების მინისტრმა, გამოსცა თავისი განმარტება, რომლის ძალით ახალს ქალაქებზე გავრცელდა 1917 წ. 23 თებერვლის დეკრეტი, სადაც სრულიად გარკვეულად იყო ნათქვამი, რომ ეს დეკრეტი ვრცელდებოდა „ყველა არა ქალაქის მიწებზე.“ მიწადმოქმედების სამინისტროს იურისკონსულტი ამბობს: 23 თებერვლის 1917 წლის დეკრეტის შესახებ ქალაქის გარეშე მიწებზე ყიდვა-გაყიდვის და ნაწილების შეჩერებისა უნდა გავრცელდეს ახლად დაარსებულს ქალაქებზე, ვინაიდან მათ არ აქვთ შემოვლებული მიჯნა და შეუძლებელია გამორკვევა იმ სივრცისა, რომელიც ქალაქად არის ცნობილიო“ ამრიგად ბ. იურისკონსულტი აუქმებს ფაქტიურად ამ ქალაქებს იმ მიზეზით, რომ მათ მიჯნა არ აქვთ შემოვლებული. სხვა უწყებები კი ქალაქად ცნობენ ამ ქალაქებს და მათში საქალაქო და სხვა ათასგვარ არჩევნებს აწყობენ.

შემდგომ, 15 აპრილს ამა 1919 წ. დამფუძნებელმა კრებამ მიიღო შემდეგი დეკრეტი:

1. დროებით აიკრძალოს ქალაქში მდებარე დაუსახლებელ ადგილ-მამულების სხვისთვის საკუთრებად გადაცემა, დაგირავება და აგრეთვე იჯარით გაცემა ერთი წლის ვადით დღიდან ამ დეკრეტის მიღებისა.

2. დასახლებულ ადგილ-მამულად, რომელიც ამ შეზღუდვისაგან თავისუფალია, ითვლება ყოველი მიწა, რაზედაც ამ დეკრეტის გამოცემამდე, სახლი, ქარხანა, და სხვა შენობა იყო და აგრეთვე ტერიტორია ამ შენობის გარშემო სივრცით არა უმეტეს ერთი დესეტინისა“. მაშასადამე, მმართველ წრეებმა გარკვეულად დააყენეს აგრარული კითხვა ქალაქებისათვის ჯერ ყიდვა-გაყიდვის აკრძალვა, შემდგომ ნორმის შემუშავება და უსასყიდლოთ ჩამორთმევა. ასე იყო სოფლის მიწებზე. ასევე იწყება აქაც მალე საქალაქო მიწების ჩამორთმევის საკითხი, უფრო რეალურად დადგა. ტფილისის ქალაქის გამგეობამ ამის შესახებ ვრცელი პროექტიც შეიმუშავა. ეს პროექტი ემყარება იმ მოსაზრებას, რომ ქალაქის გამგეობას მის განკარგულებაში მყოფი „მიწის ფონდის სიმცირე უსპობს საშუალებას ქალაქებს განავითარონ ფართე მუნიციპალური პოლიტიკა“. ამიტომ საჭიროა მიწების ჩამორთმევა, რასაკვირველია, სოციალისტურადაც, უსასყიდლოთ. მათ ნორმაც გამოიმუშავეს: ცენტრისთვის 400 კვადრატი საჟენი, ცენტრის ირგვლივ რკალში 600 კ. ს. გაუშენებელ გარე უბნებში - 1200 კვ. საჟენი.

წარმოიდგინეთ ეხლა პატარა ქალაქების მდგომარეობა. ისინი ქალაქებია, როდესაც ირჩევენ ქალაქის თავს და იხდიან გადასახადებს, ისინი არ არიან ქალაქი, როდესაც მათზე უნდათ გაავრცელონ მიწის დეკრეტი. ხომ შესაძლებელი იყო, რომ ისინი ეხლა ხელახლად გახდებოდენ ქალაქად, თუმცა მათ „მიჯნა არ აქვთ“ და მათზე გავრცელდებოდა საქალაქო მიწებზე შემოღებული კანონი? თუ უმიჯნოდ ამას არ ინებებდა მიწად-მოქმედების მინისტრი, ხომ შეიძლებოდა ამ მიჯნების ეხლა უკვე დაჩქარებით შემოღება? ტფილისი თავის დაუსახლებელ გარეშე უბნებისათვის ნორმას, რომ იმუშავებდა, არამც თუ ეს ნორმა, არამედ სამჯერ ამაზე მეტი ნორმა რომ შემოვიღოთ დასახლებულ პატარა ქალაქებისთვის, ხომ უნდა ამომწყდარიყო შიმშილით ეს ძალით გაქალაქებული მცხოვრებნი? როგორც ავღნიშნეთ, ამ პატარა ქალაქების მცხოვრებთათვის მიწად-მოქმედება უმთავრესი არსებობის წყაროა, და მათთვის 1200 კვ. საჟენის ან დესეტინიანი ნორმის შემოღება, მათ შიმშილით ამოწყვეტას მოასწავებს.

ყოველივე ამის შემდგომ ნუ გაგიკვირდებათ თუ ამ პატარა ქალაქების მცხოვრებნი ასე ერთსულოვნათ გადუდგნენ ქალაქის მმართველობას და მის „ფართე მუნიციპალურ პოლიტიკას“.

26 მაისს სამტრედიაში მოხდა მოქალაქეთა კრება, რომელმაც მიიღო შემდეგი თხოვნა მთავრობისადმი: „გთხოვთ, 1. ვინაიდან სამტრედია საკანონმდებლო გზით არ არის ქალაქად ცნობილი, ჯერ-ჯერობით ის ქალაქად არ სცნოთ და არ დაამტკიცოთ, 2. გაუქმებულ იქნას მასში ქალაქის თვითმმართველობა და შემოღებულ იქნას წვრილი სათემო საერობო მმართველობა, 3. მიეცეს ბაზრის მცხოვრებთ იყოლიონ ბაზრისა და ვაჭართა დეპუტატები, რომლებიც გაუძღვებიან ბაზრის განსაკუთრებულ საქმეებს, 4. დღეს არსებული საქალაქო თვითმმართველობის ავეჯი, ქონება და სხვა ინვენტარი გადაეცეს თემის საერობო გამგეობას. ასეთივეა თითქმის სიტყვა-სიტყვით, ამის შემდგომ ხონში და სხვა ქალაქებში გამოტანილი დადგენილებანი. დამახასიათებელია, რომ ამ დადგენილებას ხალხი იღებს ერთსულოვნად, განურჩევლად პარტიული მიმართულებისა. ისიც დამახასიათებელია, რომ ყოველგან გამოდიან დაინტერესებული პირები და ხალხს ერთსა და იმავეს უსაყვედურებენ: თქვენ, ანარქიას ქმნით, თქვენ კონტრ-რევოლიუციონერები ხართო და სხვ. ამას აღნიშნავს სამტრედია თავის მოხსენებაში, მაგრამ ამან უფრო მწვავე ხასიათი მიიღო ხონში.

ხონში მუშაობა ამ საგანზე ივნისიდან დაწყებულა. პირველი კრება მომხდარა ივანდიდში, სადაც თვით ქალაქის თავი ყოფილა მიპატიჟებული თავმჯდომარედ. (ჭავჭანიძე ადგილიდან: რამდენი კაცი დაესწრო? კედია: არ დაგვითვლია!). ამ კრებას გამოუტანია დადგენილება შესახებ საქალაქო მმართველობის გაუქმებისა და ხალხის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა გაუგზავნიათ მთავრობისათვის ვინმე ტაბიძის ხელით. მთავრობას ალბად მიღებული ექნება ეს შუამდგომლობა. ჟამის შემდგომ სხვა უბნებშიც დაწყებულა ხალხის ერთმანეთში მოლაპარაკება. გადაუწყვეტიათ შეემუშავებინათ მთავრობის სახელზე თხოვნა და გაეგზავნათ ტფილისში. რამოდენიმეჯერ უთხოვნიათ ნაფიცი ვექილი ბახტაძისათვის - დაგვეხმარეთ ამ საქმეში, თხოვნა შეგვიმუშავეთ და ტფილისშიაც უნდა გაგვეგზავნოთ მთავრობასთანაო. ბ. ბახტაძე დათანხმებულა. დაუნიშნავთ ოფიციალური კრება, რომელსაც დასწრებია საქალაქო მილიციის უფროსი და შემდგომ თვით ქალაქის მოურავის ამხანაგი ბ. რუხაძე. ბ. რუხაძეს ჯგუფ-ჯგუფად გამოუკითხავს ხალხისთვის შეკრების მიზეზები. პასუხად მიუღია: ვიმუშავებთ თხოვნას, რომ ხონი ქალაქად აღარ იყოს და საერობო ერთეული გახდესო. ამის შემდგომ, როგორც ოფიციალური ცნობები გვეუბნება და ამას არ ეწინააღმდეგება თვით რუხაძის ჩვენება, - ბ. რუხაძე მისულა, მოუთხოვია თხოვნის ტექსტი და დაუძახნია - სად არის აქ ტექსტი, თქვენ პოდლოგს აკეთებთო, მისთვის უპასუხნიათ, რომ დასაბუთებული ტექსტის შედგენა მივანდეთ ჩვენს ვექილს ლ. ბახტაძეს, ხოლო შინაარსი ამის ის არის, რომ გვინდა ხონი ქალაქად არ იყოს და ეს სიტყვები აწერია ქაღალდს თავშიო. რუხაძეს ქაღალდი დაუკუმშავს და მისი წაღება მოუნდომებია. ამას ხალხში დიდი აღელვება გამოუწვევია და, რომ მილიციის უფროსის წინდახედულობა არ ყოფილიყო და მას ხალხი არ დაემშვიდებია რუხაძეს უთუოდ დიდს უსიამოვნებას მიაყენებდენ.

იმ დღეს ეს ხელის მოწერა არ დასრულებულა და დაადგინეს, რომ კრების გაგრძელება ყოფილიყო 24 აგვისტოს და ამ დღეს დაემთავრებინათ მუშაობა. ამ დღისთვის უკვე შეუთვლიათ ქუთაისში ადმინისტრაციისათვის - ხონში ფეხი გაიდგა კონტრ-რევოლიუციონურ მოძრაობამ, 24-სთვის არის მოწვეული დიდი მიტინგი და მზადდება „პოგრომი“, ქალაქის თვითმმართველობა უნდა დაანგრიონ და მოსამსახურენი უნდა ამოხოცონო. - ქალაქის გამგეობა სთხოვს ქუთაისს, რომ გამოგზავნილ იქნას საკმაო ძალები, ვინაიდან ჩვენ საკუთარი ძალით ამ ამბოხებას ვერ გავუმკლავდებითო. და მართლაც 24-ს ქუთაისიდან წასულა საკმაო ძალა მაზრის კომისრის ბ. ახვლედიანის მეთაურობით: აგრეთვე წასულან მუშათა საბჭოსა და სხვა ადგილობრივი რევოლიუციონურ ორგანიზაციების წევრები, რომ მონაწილეობა მიეღოთ ამ კონტრ-რევოლიუციონურ მოძრაობის ჩაქრობაში. ხონის მახლობელს სოფლებში კი მოუხდენიათ სახალხო გვარდიის მობილიზაცია და ეს ძალებიც ხონში შეუკრებიათ. დილას, როდესაც ეს ძალები მისულან ხონში მაზრის კომისარს ახვლედიანს დაუწყვია საიდუმლოთ ხალხის გამოკითხვა და ალბად შთაბეჭდილება ისეთი მიიღო, რომ არავითარი კონტრ-რევოლიუცია აქ არა იყო და არავითარი „პოგრომი“ და, ამბოხება არ მზადდებოდა. ამიტომ ხელს არ უშლიდა კრებას და არც რაიმე რეპრესიებს ღებულობდა. 24-ის კრება მშვიდობიანად დასრულდა, ხელის მოწერა დიდხანს გაგრძელდა, კრება დაიშალა და ის ძალები, რომელნიც ქუთაისიდან იყვნენ გამოგზავნილნი ისევ ქუთაისში დაბრუნდენ, გვარდიის დემობილიზაცია მოხდა. გადის დღეები. ცხრამეტის კრებაზე და შემდგომ ჯარების წაყვან-წამოყვანით შექმნილი ნერვიული სულიერი განწყობილება ხალხში ცხრება. თქვენ ხედავთ, რომ ხონში შეუქმნიათ ისეთი პირობები და განწყობილება, რომ სულ უბრალო რამეა და შეიძლებოდა დიდი უბედურება დატრიალებულიყო. მაგრამ ხალხი გადაარჩინა შემცდარს ნაბიჯებს მისმა შეგნებამ და გონიერებამ. ყოველივე უბრუნდება ძველს მშვიდობიანს და მყუდრო ცხოვრებას. გადის კვირა, გადის მეორე. 5 სექტემბერს ჩამოდის ხონში კომისარი ახვლედიანი და შუაღამეზე იჭერს იმ პირებს, რომელნიც ხელის მოწერას აწყობდენ ხალხის თხოვნით. იმ ღამესვე მილიციონერები მივლენ ბახტაძესთან და გადასცემენ: კომისარი ჩამობრძანდა საქმის გამოსაძიებლად და გთხოვთ, რომ აუცილებლად დილის 6 საათზე მასთან გამოცხადდეთო. ბახტაძე წარუდგება კომისარს, ახვლედიანი ჩაისვამს მას ავტომობილში და ქუთაისში წაიყვანს. დანარჩენებს ეტლებში ჩასვამენ და მათაც წაიყვანენ.

ქუთაისში ახვლედიანი ბახტაძესთან ერთად გამოცხადდა ერობის თავმჯდომარე ბ-ნ კოწია სულაქველიძესთან. პირველი სიტყვები, რომელიც ბ. სულაქველიძეს უთქვამს ბახტაძისათვის, როგორც კი მას კარები შეუღია, ყოფილა: „მე თქვენ მოგკლავდით იქ, რომ ვყოფილიყავი“. ამაზე ბახტაძეს უპასუხია, არა ვართ ღირსნი ასეთის რისხვის, მოგვისმინეთ და მერე დაგვსაჯეთო. ბახტაძის განმარტების შემდეგ სულაქველიძე დამშვიდებულა და უთქვამს: „წადით, ყველას გაუშვებთო. ბახტაძე წამოსულა, მაგრამ ალბათ რამოდენიმე წუთში თავისი განკარგულება გადაუფიქრნია, გამოდევნებია მას ადმინისტრაციის ინსპექტორის თანაშემწე და უთქვამს - ჯერ ნუ წახვალ, საქმემ სხვა მიმართულება მიიღო“.

ხონიდან წამოყვანილ მოქალაქეთ ქუთაისში აჩერებენ. ყოველ დღე ამშვიდებენ ხვალ მოდით და გაგანთავისუფლებთ სრულიადო. ამავე დროს ხონში წავა ადმინისტრაციის ინსპექტორის თანაშემწე მამფორია გამოსაძიებლად. მისი იქიდან დაბრუნების შემდგომ დაკავებულთ უკან დაბრუნების ნებას აძლევენ, ბრუნდებიან ხონში. გადის რამოდენიმე დღე, ქუთაისიდან იგზავნება ახალი განკარგულება დაუყონებლივ გამოცხადდითო, ისინი ჩამოვლენ, მათ იჭერენ და საპყრობილეში ათავსებენ, ასე დააპატიმრეს ოთხი. კიდევ უპირებენ დაპატიმრებას სამს.

ბ. ბ. დამფუძნებელი კრების წევრნო! დღევანდელს რთულს მომენტში ჩვენ არასოდეს არ ვართ ადმინისტრატიული ზომების წინააღმდეგ, უკეთუ ამას მოითხოვს წესრიგის და მშვიდობიანობის ინტერესები. ხონის ამბებში არავითარს რეპრესებს ადგილი არ უნდა ჰქონოდა, ვინაიდან ხალხი მეტად დინჯად და მშვიდობიანად იმუშავებდა მთავრობისათვის თხოვნას, რომელიც არაფერს სახელმწიფო წყობილებისათვის საშიშსა და სახიფათო აზრსა და სურვილს არ შეიცავდა. იყო ცდა, რომ ხალხი გაეღიზიანებინათ, მასში არეულობა და უწესოება გამოეწვიათ, რომ ამის შემდგომ ის სასტიკად დაესაჯათ და, „ხონის აჯანყება“ ცეცხლითა და მახვილით ჩაექროთ. მაგრამ ასეთმა ცდამაც ვერ ააცდინა ხალხი მშვიდობიანობისა და წესიერების გზას. მოდის მთავრობა და იმის ნაცვლად, რომ დასაჯოს ის პირები, რომელნიც ხელოვნურად აპირებდნენ „ხონის ამბოხების“ შექმნას, იჭერს და აპატიმრებს მოქალაქეთ, რომელთაც ერთად ერთი დანაშაული ის მიუძღვით, რომ ხალხის თხოვნით მთავრობასთან გასაგზავნ თხოვნის ხელის მოწერას ხელმძღვანელობდნენ. მთელი ხონის საზოგადოება, განურჩევლად პარტიული შეხედულობისა, ერთსულოვნად შეურაცყოფილია მთავრობის ასეთი ნაბიჯით. (ჭავჭანიძე: სად არის ეს საზოგადოება?) ეს საზოგადოება არის ხონში და ის ერთსულოვნად უსამართლოთ სთვლის ამ პირების დაპატიმრებას. ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქცია საჭიროდ სთვლის შეეკითხოს ამის შესახებ მთავრობას და მოითხოვს მისგან განმარტებას.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგს.

. ჭიჭინაძე. (შ. ს. მ. ამხ.) დამფუძნებელი კრების წევრნო! შეკითხვა, რომელიც წარმოდგენილია აქ ერ.-დემოკრატიულ ფრაქციის სახელით, ერთხელ მოხსნილი იყო. მოხსნილი იყო, იმიტომ, რომ მათ არ ჰქონდათ ალბად მაშინ საკმაო მასალები, რომ საკითხი სათანადოდ დაესაბუთებინათ. შემდეგ დასჭირდათ მათ სპეციალურად კაცის გაგზავნა ხონში და მასალების შეგროვება.

მე ვფიქრობდი, რომ დღეს, როცა, აქ ეს შეკითხვა შემოატანეს, ტექსტი ამ შეკითხვისა იქნებოდა შეცვლილი და შესწორებული, ხოლო ის ტექსტი, რომელიც მაშინ წარმოადგინეს, უკან წაღებული, მიკვირს, რატომ არ შეასწორეს ეს ტექსტი. ვინაიდან აქ დამახასიათებელია ერთი რამ: ამ ტექსტში არის ნათქვაში, რომ „დელეგაცია იქნება დაჭერილიო“. თუ დავუბრუნდებით სიტყვას, რომელიც წარმოსთქვა აქ ბ. ასათიანმა, ვიტყვით, რომ მას ამ დელეგაციის შესახებ ერთი სიტყვაც არ უთქვამს. რატომ და რა მიზეზით?.. ეს მე ვერ გამიგია.

მეორე: აქ სწერია ბოროტმოქმედებაზე - ადმინისტრაციის მიერ. თქვენ გაიგონეთ ბ. ასათიანისაგან ეს სიტყვა? მან რბილად ახსენა მხოლოდ „შემცდარი ნაბიჯებით“. რას ნიშნავს ეს?.. ასე, რომ მე მგონია, ის რაც პირველად ჰქონდა დასახული, ბ. შემკითხველებს არ გამართლდა, ხოლო ტექსტიც არ დაიბრუნეს შესასწორებლად და ახლა ამ უხერხულობის მიფუჩეჩება სურთ. ეს ერთგვარი ხერხია. მაგრამ საჭირო იყო რადგან თქვენ ახალი მასალები დაინახეთ, შეკითხვის ტექსტი ხელახლად უნდა შეგედგინათ და შესაფერი დასკვნა გამოგეტანათ. ეს იქნებოდა ერთნაირი გაბედული ნაბიჯი და ამისი არც უნდა შეგრცხვენოდათ.

ეხლა შევუდგეთ თვით საქმეს: აქ ძალიან ბევრი დრო მოანდომეს, საქმის ფაქტიური მხარის გადმოცემას. უნდა მოგახსენოთ, რომ ყოველი ის მასალა ამ საქმის თაობაზე, რომელიც მე აქა მაქვს, ჰქონდა თვით ბ. ასათიანს. ამას წინად გვისაყვედურეს მათ, რომ თქვენ არ გვაძლევთ საშუალებას, საქმეს გავეცნოთ, მაგრამ ახლა როცა მასალები ნახა ის ამბობს, რომ ის მასალა, რომელიც მე მაქვს, არაფრით არ განსხვავდება მინისტრის მასალისაგან ამ საქმის თაობაზეო. ეს არ არის სინამდვილე. თქვენს განმარტებაში ცოტაოდენი გაუგებრობა გამოდის, თქვენ ამბობთ, რომ ვითომც ვიღაც რაღაცას მოქმედებს და ეს მოქმედება არ შეეფერებოდეს სახელმწიფო თვალსაზრისს. თვით იმ პირთაგან, რომელნიც არიან დაპატიმრებულნი, ერთი უკვე გამოშვებულია ავადმყოფობის გამო: (ასათიანი. ეს რა წესია, საავადმყოფო არ იყო?!) ჩვენ ვხედავდით, რომ არც ისე საშიში იყო, რომ გაქცეულიყო. და ისინი თვითონ აღიარებენ, რომ ამ საქმეს ხანგრძლივი ისტორია აქვს. ორი თვის წინათ იყო დაწყებული ეს საქმე. ამას თვით შემკითხველი ბ. ასათიანიც ადასტურებს. რა ხდებოდა ამ ორი თვის განმავლობაში, იცით ეს კი (გვაზავა: ივან-დიდი?) ივან-დიდზეც მოგახსენებთ. მათ აშკარა მუშაობის გარდა უნდა ვილაპარაკოთ, რომ ისინი აწარმოებდნენ მალულ მუშაობას, რომ იყვნენ ისეთი პირები, რომელნიც ხალხს არწმუნებდნენ, რომ ბევრი გადასახადების მიზეზი ისაა, რომ ხონი - ქალაქია. თუ ეს ქალაქი არ იქნება, არც ამდენი გადასახადი დაგატყდებათ თავსო. (გვაზავა: ეს დანაშაულია?).

დიაღ ეს არის დანაშაული, ეს არის პროვოკაცია. როცა თქვენ სიმართლეს არ ამბობთ, ამას რას უწოდებთ. ამ თავისი მოქმედებით ისინი ცდილობდნენ ჩაეგონებიათ ხალხისთვის ის, რაც არ არის, და ამაზე აეშენებიათ თავისი მოთხოვნილების ნიადაგი. თვით იმ დღეს, 19 აგვისტოს, როცა აწერდნენ ხელს, ხალხი ასე ამბობდა: ჩვენ ხელს გვაწერინებენ წულუკიძის განთავისუფლების ქაღალდზეო. ხოლო იმ ქაღალდზე, რომელზედაც ხელს აწერდნენ, ამგვარი ტექსტი არ ყოფილა. ეს არ არის უწესო და მოტყუებითი მოქმედება?! (გვაზავა: სასამართლოში მიეცით!) სასამართლოს შესახებ უნდა მოგახსენოთ, რომ ძალიან ვწუხვარ, რომ სასამართლოს არ მოეპოვება შესაფერი მუხლი, რომ ის დავსვათ სასამართლოს სკამზე, და გავასამართლოთ... მაშასადამე ეს საჭირო იყო საერთოდ, რომ ხალხი შეეყვანათ შეცდომაში. როცა ჰკითხავდნენ: სად არის ტექსტიო, მიუთითებდნენ - მიბრძანდით ანტონ სიმონის ძე ბახტაძესთანო. ცხადია, ეს სიცრუე საჭირო იყო იმისათვის, რომ ხალხი შეცდომაში შეეყვანათ და მაგალითად, როდესაც ზოგიერთები მივიდნენ ანტონ ბახტაძესთან და ჰკითხეს, რაშია საქმეო მან უთხრა: თუ ტექსტი გნებავთ, ეხლავე იქნებაო, ტექსტის შედგენა ჩვენს ვექილს მოვანდეთო. ვინ არის ეს ვექილი, იმის თქმა საჭიროდ არ მიმაჩნია.

აი ამის შემდეგ იყო, რომ დაიყვირეს - „რუხაძე ქაღალდს ხევსო“ (გვაზავა: ვინ გითხრათ?) ეს ცნობები აი, ამ წყაროებიდან მაქვს (უჩვენებს საბუთებზე). მეორე ბახტაძემ კი დაიყვირა - „დაჰკა მაგასო“. მათ შემოიკრიბეს ხალხი გარშემო და უნდოდათ რუხაძის ცემა. რომ მილიციის უფროსი არ ყოფილიყო იქ, რუხაძეს გალახავდენ. აქვე, იმავე დროს, მელაძემ გალახა თვითმმართველობის მოსამსახურე ტაბიძე. თვითონ იმ დღეს ისეთი ნაბიჯები გადაიდგა, რომ აშკარად სჩანდა ის ხალხი სიმართლეს ემალებოდა, ხალხს ატყუებდნენ, რომ შეცდომაში შეეყვანათ და ამით გასულიყვნენ ლელოს.

რაც შეეხება დელეგაციას, ამის შესახებ ბ. ასათიანს თავის შეკითხვის დაცვის დროს არაფერი არ უთქვამს. ამასთან უნდა მოგახსენოთ, რომ არც ერთი იმ დაჭერილთაგანი არ ლაპარაკობს, რომ ის დელეგაციის წევრია. არც ერთ საბუთიდან არ სჩანს, რომ ისინი დელეგატები იყვნენ. ისინი აკეთებდნენ იმავე საქმეს, რასაც 2 თვის წინად აკეთებდნენ. მათ უნდოდათ იმ ტყუილებით მოეწყოთ ეს საქმე, მაგრამ მიღებულ ზომების გამო დღემდე ვერ მოახერხეს ამის გაკეთება.

ჩვენ აქ გვეუბნებიან, რომ ისინი. დელეგატები იყვნენ, ადმინისტრაციამ კი ისინი დაიჭირა და რა ზომებს იღებს მთავრობა ამ ბოროტმოქმედების წინააღმდეგო? ახლა მე თქვენ გეკითხებით: არის თუ არა აქ ისეთი მომენტი, რომელიც ჩვენ უფლებას გვაძლევდა მიგვეღო ზომები იმათ წინააღმდეგ, ვინც ჩვენი წესწყობილების საწინააღმდეგოდ, მალულად მოქმედობდა? უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი მთავრობა არასოდეს არ ყოფილა და არც ეხლა არის კრების და ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგი (სპ. კედია: დახურულ გაზეთთა ნუსხა ამტკიცებს ამას, არა?) ბ. კედიამ უნდა იცოდეს, რომ, როდესაც ჩვენს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ილაშქრებენ, მაშინ ყოველგვარ ზომებს ვიღებთ მის დასაცავად და შემდეგშიაც მივიღებთ. როდესაც არის დამფუძნებელი კრება და თვითმმართველობა, ყველას ეძლევა საშუალება დადგეს კანონიერ ნიადაგზე და წარუდგინოს თავისი მოთხოვნილებები, სადაც ჯერ არს. იყო ეს ასე? არა, არ ყოფილა.

აიღეთ თვით კრების მოწყობის ხასიათი: ვიღაცა ჩამოკრავს ზარს, მოგროვდება უცბად 200 ქალი და კაცი, ამ ხალხს არაფერს არ ეუბნებიან მხოლოდ მიაწოდებენ უტექსტო ქაღალდს ეუბნებიან, - ხელი მოაწერეთო.

ვინც კანონიერ ნიადაგზე სდგას, უნდა უთხრას ხალხს, რომ ჩვენ ეს და ეს გვინდა და არა წულუკიძის განთავისუფლებაო. ამას კი არ ეუბნებიან, არამედ ჭორებს აწვდიან: ჩვენ ბევრი გადასახადები დაგვაწერეს, ამის ატანა არ შეგვიძლიაო და სხვა. შეიძლება მართლა ბევრი გადასახადი აქვთ, იქნებ ხონის ხალხი ამ გადასახადებით ისე დატვირთულია, რომ წელში არ იმართება? ეს, რასაკვირველია, ასე არ არის. ხონში მარტო ერთი გადასახადი - შეფასებითი - გააწერეს და ისიც ჯერაც არ არის აკრეფილი (კედია: ეს ვერ არის კარგი პოლიტიკა). მათ შეეძლოთ გაეწერათ 2 პროცენტი, მაგრამ მათ გასწერეს ნახევარი პროცენტი. როდესაც დაუბეჭდიათ ფურცლები, ისინი დატრიალებულან ხალხში, გაუწევიათ აგიტაცია და უთქვამთ, - ამ ქაღალდზე აღნიშნული თანხა (შეფასება) სულ თქვენ გადაგხდებათო. ხალხმა ეს ვერ გაიგო და სთქვა: თუ ყველა ეს ჩვენ გადაგვხდა, მართლაც, რომ დავღუპულვართო. ამავე დროს ეუბნებიან, რომ გადასახადები იქნება სახლზე, ძაღლზე, ფანჯარაზე და სხვა. აი რას ამბობს მოხუცი გლახუა ჭავჭანიძე (კითხულობს მის ჩვენებას). ჩვენ არავითარი საბუთი არა გვაქვს არ დაუჯეროთ მოხუცს.

როგორც საბუთებიდან ირკვევა, ისინი დადიოდნენ ხალხში, ავრცელებდნენ ჭორებს. ეს ჩვენი აზრით არის მოტყუება, მეტსაც ვიტყვი, ეს, შანტაჟია!.. ეს არ არის კანონიერების ნიადაგზე დგომა. იქ მიდის ი. რუხაძე რომ განუმარტოს ხალხს თუ რაშია საქმე, მაგრამ, გაიძახიან - „დაჰკათ, მაგას, დასცხე-თო“. რაშია საქმე? (გვაზავა: კარგს იზამდნენ!) აი, იურისტიც ასეთი უნდა!

როდესაც მე ეს წავიკითხე, მომაგონდა ძველად ებრაელების დარბევა, სახელდობრ «бей жидовъ»-ო.

მოამზადე ხალხი წინდაწინ ასე, გააძღე ცრუ ხმებით და უთხარი - „დაჰკარითო“. შესაძლებელია, ასე მომზადებულმა ხალხმა მოახდინონ დარბევა და შეიძლება უფრო შორსაც წავიდეს. მარტო ამ ჭორებით კი არ კმაყოფილდებოდენ. ისინი ეუბნებოდნენ ხალხს იმასაც, რომ დღეს თუ ხვალ ჩვენი მთავრობა გაიპარება და მას თან გაყვება გამგეობაცო.

ასე და ამგვარად დენიკინის მოლოდინში ფიქრობდნენ, ჩვენ დაგვრჩება ბურთი და მოედანიო. ისინი ცხადია, კონტრ-რევოლიუციონერები არიან. მათ სურთ მიწა დაუბრუნდეთ ძველ ფარგლებში (გვაზავა: საბუთები?). ვინ არის ეს ხალხი? ვინ და ოფიცრები, ძველი მწერლები და სხვა. (გვაზავა: ექიმები?) შეიძლება ექიმებიც იყოს კონტრ-რევოლიუციონერი. (გვაზავა: აბა, თქვენ კონტრ-რევოლიუციონერი ყოფილხართ!) თქვენ ნუ გაგიკვირდებათ, ბ. გვაზავა, ექიმიც იქნება კონტრ-რევოლიუციონერი და ვექილიც! (სიცილი). მაშ! ეს ხონის ანტი-ქალაქური მეთაურები ის ხალხია, რომელნიც წინააღმდეგნი არიან მთელი ჩვენი წესწყობილების.

როდესაც ლაპარაკია სამტრედიის შესახებ მე უნდა მოგახსენოთ, რომ სამტრედიის წარმომადგენლები მართლაც იყვნენ ჩემთან (ხმები: რათ არ დაიჭირეთ?) აქაც ერთი დამამტკიცებელი საბუთი: იმათ შუამდგომლობას აწერია: „ცენტრის თხოვნაო“ (ხმები: რევოლიუციონური ცენტრი, ალბად!) არა, ეს ცენტრი არის შეძლებულთა კლასის. მივიღე მათი წარმომადგენელი. ვიმეორებ, ავიღე მათი პეტიცია, მაგრამ ის ქალაქის თვითმმართველობას გაუგზავნე თავისი დასკვნისათვის, რათა შემდეგ გაეგზავნა მთავრობისათვის.

აქ ლაპარაკობენ ზესტაფონის შესახებ. რაც შეეხება ზესტაფონის წარმომადგენლებს მათგან არაფერი მიგვიღია და არაფერი არ ვიცით. (ხმა: ალბად დაფრთხენ!..) არ ჰქონიათ საბაბი, რომ დაფრხალიყვნენ და არც უნდა დაფრთხალიყვნენ, თუ იცოდნენ სამტრედიის მცხოვრებთა შუამდგომლობის შედეგი.

ვინც კანონიერების ნიადაგზე სდგას, ვინც არ ებრძვის დამოუკიდებლობას და დემოკრატიულ რესპუბლიკას, ვინც სცნობს იმ დაწესებულებათ, რომლებიც ხალხის მიერ არის აღჭურვილი ნდობით, მათ არავითარი საფრთხე არ მოელით. ისინი კი, რომლებიც არ სცნობენ ასეთ დაწესებულებათ, იქნებიან დაჭერილნი: იქ, სადაც შესაძლებელი იქნება სასამართლოს წესით, იქ კი, სადაც ასეთი არ შეიძლება - ადმინისტრატიული წესით.

მე უნდა მოგახსენოთ, რომ არავითარ ჟინიანობას, ან სხვა განზრახვას ჩვენის მხრით არა აქვს ადგილი. მთავრობა სდგას ერთ შეურყეველ ნიადაგზე: იცავს დამოუკიდებლობას, დემოკრატიულ რესპუბლიკას და ყველა ის, ვინც ამას შეებრძოლება, იქნება ეს მარჯვნივ თუ მარცხნივ, მიიღებს ჩვენგან სათანადო პასუხს: მათ წინააღმდეგ მივიღებთ სასტიკ ზომებს. გამოსვლები, რომლებსაც ბოლშევიკები აწარმოებენ, ხალხის უმცირესობის გამოსვლის ხასიათისაა. მათ წინააღმდეგ კი ჩვენ სასტიკ ზომებს ვიღებთ. ასეთი ხასიათისაა ხონის გამოსვლებიც, არავითარი განსხვავება ამ ორ გამოსვლების შორის არ არის. დღეს უკანასკნელნი ცხვრის ქერქში არიან გახვეულნი, მაგრამ, რომ შეიქნენ ხელსაყრელი პირობები ისინი გვიჩვენებენ ნადვილ სახეს. ამიტომ მივიღეთ მათ წინააღმდეგ ასეთი ზომები, მივიღებთ შემდეგშიაც და, რასაკვირველია, ყველა ის, ვინც მოქმედობს ჩვენი რესპუბლიკის, მის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ის ხალხის მტერია და უნდა დაისაჯოს, და დაისჯებიან კიდეც. (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს ბ-ნ ჭავჭანიძეს.

ივ. ჭავჭანიძე. (ს.-დ.) დამფუძნებელ კრების წევრმა ბ-მა ასათიანმა ისე მარტივათ დაგვიხატა ის ანტიქალაქური მოძრაობა, რომელსაც ქალაქ ხონში ჰქონდა ადგილი, რომ თითქმის არაფერი საიმისო არ მომხდარა, რომ ვინმეს დაჭერა, ან რეპრესიული ზომების მიღება ყოფილიყო საჭირო. მისი აზრით საქმე უბრალოდ არის: მცხოვრებთ არ უნდათ ქალაქის თვითმმართველობა, მორჩა და გათავდა. მიზეზი? მიზეზი, მისი აზრით, ის ყოფილა, რომ ქალაქმა უზომო გადასახადები შემოიღო. აქ, სხვა ქალაქებში მომხდარი ამბებიც მოიხსენია და შეეცადა ხონის მოძრაობა გაემართლებინა სამტრედიაში და სხვა ქალაქებში, მომხდარ ანტიქალაქურ მოძრაობით. ბ-ნი ასათიანი შეჩერდა აგრარულ რეფორმაზედაც. სწორედ ეს აგრარული რეფორმაა, რომ ყელში გაეჩხირათ ჩვენს ნაციონალ-დემოკრატებს და ვერ ინელებენ, ისინი არავითარ საშუალებას არ ერიდებიან, რომ სახელი გაუტეხონ აგრარულ რეფორმას და ხალხს შეაძულონ დემოკრატიული მმართველობა. ამ მიზნით ავრცელებენ ათასგვარ ჭორებს და საზიზღარ პროვოკაციას ეწევიან ხალხში. განა ჭორი და პროვოკაცია არ არის იმის მტკიცება, რომ მცხოვრებნი ზედმეტად არიან დაბეგვრილი, რომ ქალაქის თვითმმართველობაში დიდი შტატია მოსამსახურეების და მათი შენახვა ქალაქისთვის მძიმე უღელი არის? მე ხელთა მაქვს უტყუარი ცნობები ქალაქის მოსამსახურეთა შტატის და ყველა არსებულ გადასახადების. ამ ცნობებიდან თქვენ დაინახავთ რამდენად მართალია, ბ-ნი ასათიანის მტკიცება უზომო გადასახადების შესახებ. ქალ. თვითმმართველობაში, გარდა ქალაქის თავისა და გამგეობის ორი წევრისა, მსახურებენ მდივანი, საქმის მწარმოებელი, გადამწერი, ბუღალტერი, მისი თანაშემწე, მოლარე და ორი მსახური, სულ თერთმეტი კაცი, მთელი ეს შტატი ქალაქს მარიამობისთვეში, სწორედ მაშინ, როდესაც იმ მოძრაობას ჰქონდა ადგილი, უჯდებოდა თვეში, 9.300 მანეთი. თქვენ ხედავთ, რომ შტატიც მინიმალურია და მათი ჯამაგირებიც; - შეიძლება სხვა გადასახადებია დიდი? ქალაქმა შემოიღო შეფასებითი გადასახადი, კანონი მას უფლებას აძლევს შემოიღოს 2 პროცენტიანი გადასახადი ქონების სრული ღირებულებისა, მაგრამ ქალაქმა ამ 2 პროცენტის ნაცვლად ნახევარი პროც. შემოიღო და თან დაადგინა, რომ ამ გადასახადებიდანაც გაანთავისუფლოს ყველა ის, ვისი ქონების ღირებულებაც არ აღემატება 2.000 მანეთს. თქვენ ხედავთ რომ ეს გადასახადიც მინიმალურია, მაგრამ ჯერ ქალაქს არც ეს გადასახადები შეუკრეფია. იქნებ ბაჟებია დიდი? არც ეგ არის მართალი, ბატონებო! ქალაქს აქვს საზოგადო სასწორი; გამყიდველი თუ მყიდველი - შეთანხმების და მიხედვით - ამ სასწორით სარგებლობისათვის იხდის: აწონილ ფუთ ყურძენზე 50 კ., ფუთი ყურძენი კი ფასობს 150-200 მ., პროცენტიულათ გადასახადი შეადგენს 1/3 პროც. - 1/4 პროცენტამდე. 1 ფუთი ჭირნახულზე ახდევინებენ 10 კ., ჭირნახული კი ფასობს 80-100 მან., ასაწონი გადასახადი შეადგენს 18 - ნახ. პროც. აიღეთ, ბატონებო, პირუტყვებით სავაჭრო მოედანი, ქალაქის სასაკლაო და სხვა ბაჟები და თქვენ ნახავთ, რომ გადასახადი არ აღემატება 1/4, პროც., ზოგიერთ შემთხვევაში ღირებულების 1/35 პროცენტამდეც კი დადის. მერე განა ეს არის ისეთი დიდი გადასახადები, რომელთაც ხალხი აუჯანყებია? აშკარაა, რომ არა. არამედ იმ პროვოკაციაში და ყალბ ხმებში, რომელთაც ხონელი ნაციონალ-დემოკრატები ავრცელებენ ხალხში, ეგ ვაჟბატონები არწმუნებდნენ ხალხს, რომ თითქო ქალაქს და მთავრობას განზრახვა ჰქონდეს შემოიღოს უთვალავი გადასახადები. ისინი არწმუნებენ ხალხს, რომ თითქოს გადასახადი დაედება ქათამს, კვერცხს, ღორს, ძროხას, ხარს, სახლს ფანჯრებს, და მრავალ სხვას. თქვენ იცით, რომ არც მთავრობას და არც სხვა ვინმეს არასოდეს აზრათ არ მოუვა თავში ასეთი გადასახადების შემოღება. (ს. კედია ადგილიდან: შალებზე არ არის გადასახადი?) ძალიან კარგი ქენით, ბ-ნო სპირიდონ, რომ შალები გამახსენეთ. თვითოულ შალზე ქალაქი მყიდველს ახდევინებს 2 მანეთს, ხოლო შალი კი ფასობს 300-1000 მანეთამდე. ამ მოგებამ გამახსენა ერთი ახალი პროვოკაცია: ამ ბოლო დროს ხალხში ხმა გავრცელდა თითქო მთავრობა ფიქრობდეს დიდი გადასახადი შემოიღო იმ დგამ სავარცხელზე, რომლითაც შალებს ქსოვენ, შეიძლება ბ. კედიას შეკითხვას რაიმე დამოკიდებულება ამ პროვოკაციულ ხმებთანაც ჰქონდეს. მე ვამტკიცებ, რომ ამ ხმებს ავრცელებენ ის ვაჟ-ბატონები, რომლებიც ხონში ნაციონალ-დემოკრატების პარტიის ბურჯებათ და დამაარსებლათ ითვლებიან. ამ ვაჟ-ბატონთ ჭირივით ეჯავრებათ დემოკრატიული მმართველობა და კიდეც ებრძვიან მათ ყოველნაირ საშუალებებით. (ხმები მარჯვნიდან: დაასახელეთ?) ნუ ღელავთ, ბატონებო! მე დაგისახელებთ მათ: ეგ პირები არიან ბიკენტი ქუთათელაძე (და არა ვიქტორ ქუთათელაძე, რომელსაც არასოდეს არ მიუღია მონაწილეობა ასეთ გამოსვლებში), რომლის კარნახითაც ძველ რეჟიმის დროს ხონის გიმნაზიის ყოფილმა დირექტორმა ვიუნიკოვმა ჩემზე „დანოსიც“ კი დასწერა, სასამართლოს ყოფილი ბოქაული აბაშიძე, ნამამასახლისარნი და მათი თანაშემწენი და მრავალი სხვა, რომელთაც აგრარული რეფორმის გახსენება შიშის ზარს სცემს. მაგრამ განა მარტო ზეპირათ ავრცელებენ ასეთ სენსაციურ და პროვოკაციულ ხმებს ხონელი ნაციონალ-დემოკრატები? მე ხელთა მაქვს გაზეთი „საქართველო“ ¹ 188; ვნახოთ რასა სწერს ბ-ნი მარტვილელი, რომელიც სააქციზო სამმართველომ, ალბათ „კაი კაცობისთვის“ ამ დღეებში მგონი სამსახურიდან დაითხოვა: „თვითმმართველობაში 40-50-მდე მოსამსახურემ მოიკალათა, ნამდვილათ კი, თვითმმართველობის კანცელარიის შტატი გამგეობიანათ ერთად თერთმეტ კაცისაგან შესდგება. ქვეით სწერია: „დღევანდელმა კომისრებმა და ქალაქის მამებმა ათასობით ჯამაგირი გაიჩინეს და მით წელიწად-ნახევარში ქალაქს 400.000 მანეთი დეფიციტი შესძინეს“. ეგ ცნობა ყოვლად უსირცხვილო სიცრუეა. ქალაქის თავი 1 მაისამდე 1200 მანეთს იღებდა, გამგეობის წევრები კი 1000 მანეთს თითო: 1 მაისიდან ქალაქის თავი იღებს 1500 მან., გამგეობის წევრები კი 1300 მანეთს. ეგ არის, ბატონებო, ათასობით ჯამაგირი? საიდან გამოჩხრიკა ბ-ნმა მარტვილელმა 400.000 დეფიციტი? ეს ალბათ მისმა სინდისმა იცის. ბ-ნი მარტვილელი გაზეთის ფურცლებზეც იმეორებს ჭორებს დიდი ბაჟების შესახებ „ყველზე, გოჭზე, კვერცხზე, ლობიოზე, სიმინდზე“ და სხვა. ამას ხომ ვერ ჰყოფთ უარს, ბ-ნო ნაციონალ-დემოკრატებო? ბ-ნი მარტვილელი საქვეყნოთ აცხადებს, რომ თითქო ქალაქი მუშებს თავშესაფარში ღამის გათევის ქირათ ათ მანეთს ახდევინებდეს. მე კატეგორიულად ვაცხადებ ამ ტრიბუნიდან, რომ ხონის ქალაქის თავშესაფარი უფასოა და მუშები კაპეიკსაც არ იხდიან; თავშესაფარის მოწყობამდე მუშები ქუჩაში იწვნენ წვიმაში და ცუდ ამინდში. რათ დასჭირდა ბ-ნ მარტვილელს ასეთი სიცრუე? იმისთვის, რომ სახელი გაუტეხოს დემოკრატიულ თვითმმართველობას და ნიადაგი მოუმზადოს რეაქციას? ბ-ნი მარტვილელი ბრძანებს, რომ თითქო იმ კრებას, რომელსაც გამოუტანია, დაუდგენია ქალაქის გაუქმების შესახებ 12000 კაცი დასწრებოდეს; ბ-ნებო, სულ 10.500 მცხოვრებია ძუძუმწოვარა ბავშვებიანათ ერთად და როგორ შეიძლებოდა კრებას 12.000 კაცი დასწრებოდა?

მოქალაქენო! ვიმეორებ, რომ აქ საქმე არის არა ბევრ ხარჯებში და უზომო გადასახადებში, რომელიც არავის არ შემოუღია, არამედ იმ რეაქციონურ სულისკვეთებაში, რომელსაც ატარებენ ჩვენი ნაციონალ-დემოკრატები. თვითონ ბ-ნმა ილარიონ ჟღენტმა, რომელიც ნაციონალ-დემოკრატების ხონის კომიტეტის თავმჯდომარე უნდა იყოს, მრავალ პირთა თანადასწრებით, ხონის გამოსვლას უწოდა რეაქციონური და ხულიგანური გამოსვლა. იგივე ჟღენტი და მისი ხონელი ამხანაგები კი არიან ამ გამოსვლების მომწყობნი და სულის ჩამდგმელნი.

რომ ეგ მოძრაობა რეაქციონურია, ამის საბუთად ისიც კმარა, რომ მას სათავეში უდგანან რეაქციონერები. მე მოგახსენებთ ამ მეთაურების სახელსა და გვარებს, და აბა მიბრძანეთ, რომელი მათგანი ყოფილა ოდესმე, ხალხის ინტერესების დამცველი? ლუკა ლუკას ძე ბახტაძე? ხონში იგი დღემდე არავის უნახავს საზოგადოებრივ მოღვაწეობის ასპარესზე. ამ ვექილს აწუხებს თავისი კერძო ინტერესები და არა საზოგადოების გაჭირვება. რევოლიუციის დასაწყისში ხალხმა მოუნდომა მას ჩამორთმევა იმ ადგილის, რომელსაც დღეს იგივე ფლობს, ხოლო წინეთ კი ხალხს ეკუთვნოდა.

ეგ ადგილი იყო საეკლესიო მამული და მით ხალხი სარგებლობდა.

ლუკა ლუკას ძე ბახტაძის მამამ მოინდომა ამ ადგილის თავისთვის შემოფარგვლა, მაგრამ ხალხმა არ დაანება; მაშინ მან ყოფილ მეფეს ნიკოლოზ 2 მიმართა და მისგან მიიღო ეგ მამული საჩუქრათ, ხალხი კი პირში ჩალა ჩადებული დასტოვა. ზედ ააშენეს სკოლა შემოწირული ფულით. ცოტა ხანს აქ სასწავლებელი იყო, შემდეგ კი კერძო საცხოვრებელ ბინათ გაიხადეს. სწორეთ ამ მამულის ჩამორთმევას მოითხოვდა ხალხი (ასათიანი ადგილიდან: ხალხი თუ თქვენ?) დიახ, ხალხი და თუ ლუკა ბახტაძეს სინდისი შერჩენია, დაადასტურებს, რომ მე დავაწყნარე ხალხი (ხმები მარცხნიდან: ეგ კი ვერ გიქნია კარგი!) სწორეთ ვერ ვქენი კარგი და ახლა ვწუხვარ, რომ აგრე მოვიქეცი. ეგ გარემოებაა, რომ აწუხებს ბ-ნ ბახტაძეს. ამ ჟამად აღნიშნულ სახლში ქალაქის სკოლაა მოთავსებული და ბ-ნმა ლუკამ 19 მარიამობისთვის კრების მეორე თუ მესამე დღეს სწორეთ ამ სკოლას მივარდა და ქალაქს პარტები კარში გამოუყარა. აბა მითხარით, რომელი რიგიანი კაცი ჩაიდენს ამას? განა ეგ იმას არ ამტკიცებს, რომ ლუკა ბახტაძე თავის თავზე ზრუნავდა და არა მცხოვრებთა ინტერესებზე? შეიძლება იასონ ჩხენკელი იყოს საზოგადო მოღვაწე? ეგ ის ჩხენკელია, რომლის სახლში ქალაქმა საავადმყოფო მოათავსა და მით მისი რისხვა დაიმსახურა. ახლა იგი ლამობს ქალაქის წინააღმდეგ ხალხი აამხედროს და შემდეგ საავადმყოფოს ქონება კარში გადმოყაროს. ერთი მეთაურთაგანია გერასიმე მელაძე. ეგ უკანასკნელი წინათ მამასახლისათ იყო, ახლა სამიკიტნო აქვს, სადაც ყველა ბნელი ძალები იყრიან თავს. თქვენ გეხსომებათ ხონზე ავაზაკების შემოსევა. დაჟინებით ლაპარაკობდნენ, რომ ამ ავაზაკების გზის მაჩვენებელი და მფარველი ეგ მგელაძე ბრძანდებოდაო, მაგრამ საკმარისი საბუთები ვერ შევკრიბეთ, რომ პასუხგებაში მიგვეცა. იქნებ გიორგი დავითის ძე სანაძე იყო ოდესმე ხალხის მოამაგე? ნამამასახლისარია, იგი ძველმა მთავრობამ ფულის გაფლანგვისთვის გადააყენა თანამდებობიდან; ამათ მხარს უმშვენებენ მათი ყოფილი თანაშემწენი, რომლებიც დღეს უსაქმოდ არიან და მოკლებული არიან საშუალებას ხალხს ტყავი აძრონ. აი, ბატონებო, ის მშვენიერი თაიგული „საზოგადო მოღვაწეთა“, რომლებმაც თავს იდვეს ხონის დემოკრატიის ინტერესების დაცვა. მე ამ ტრიბუნიდან ვაცხადებ, რომ ეგ ვაჟბატონები არიან რეაქციონერები, მათ ვერ მოუნელებიათ დემოკრატიული მმართველობა და ეგ არის იმის მიზეზი, რომ არავითარ საშუალებას არ ერიდებიან დემოკრატიული თვითმმართველობისა და მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლაში. და აი, ამ ხალხს იცავენ ჩვენი ნაციონალ-დემოკრატები, იცავენ იმათ, რომლებიც პროვოკაციას ეწევიან, რეაქციონურ ძალებს რაზმავენ და ხალხის აჯანყებას ლამობენ მაშინ, როდესაც სიმშვიდე და სიწყნარეა საჭირო ჩვენი დამოუკიდებლობის და დემოკრატიულ წეს-წყობილების გასამაგრებლათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ, როგორც ხონის, - ისე მთელი საქართველოს დემოკრატია აქედან შესაფერ დასკვნას გააკეთებს და ჯეროვან მსჯავრს დასდებს რეაქციისა და რეაქციონერების დამცველ ნაციონალ-დემოკრატებს. (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გვაზავას.

გიორგი გვაზავა. ბატონებო! შეკითხვის პასუხმა, რომელიც თქვენ მოისმინეთ, სხვანაირი ხასიათი მიიღო. (ნინიძე: რასაკვირველია?) ჩვენ ვიცავთ არა კერძო ინტერესებს, არამედ საჭირო უფლებებს, ძირითად პრინციპებს სახელმწიფო ცხოვრებისას. დაიჭირეს რამდენიმე პიროვნება და ჩაყარეს ციხეში. (ხმაურობა?) (თავმჯდომარე: შეუძლებელია ასეთის წესით კამათის გაგრძელება. გთხოვთ სიწყნარეს. განაგრძეთ ბ. გვაზავა!) მე მაინტერესებს ის უფლებრივი საფუძველი, რომელიც ნებას აძლევს მინისტრს ხელი სტაცოს მოქალაქეს და ციხეში ჩააგდოს. მე იმის წინააღმდეგი არ ვარ, რომ აღმასრულებელმა ძალამ მოიხმაროს თავისი უფლება, მან თვალყური უნდა ადევნოს ცხოვრებას, ამისი უფლება მას აქვს. ჩვენ შეიძლება დიქტატურაც მივანიჭოთ მთავრობას, მაგრამ იმისთვის საჭიროა მომენტი და განსაზღვრული სახელმწიფოს საჭიროება. მე მეგონა მინისტრის ამხანაგი მიმითითებდა ამ საჭიროებას, მაგრამ დღეს არა აქვს კონტრ-რევოლიუციის შიში. ასეთი სიტყვებით ფონში გასვლა შეუძლებელია, და ამით თავის გამართლებაც მიუღებელია. ასეთმა მოძრაობამ იჩინა თავი სამტრედიაში და სხვაგანაც. მაშასადამე, მოვლენა ჩვეულებრივია და აღმოცენებული ერთნაირ საზოგადოებრივ საჭიროებაზე.

საბუთი იმისი, რომ ვითომდა ეს მოძრაობა იყო მიმართული მთავრობის წინააღმდეგ, არავის მოუყვანია. შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგს ეტყობა არ გაეგება უფლებრივი საკითხი, არ ესმის არც თავისი, არც სხვისი საჭირო უფლება. მე ურჩევდი სამინისტროს აირჩიოს უფრო მცოდნე პირი. (ხმაურობა) (თავმჯდომარე: მე იძულებული ვიქნები დავასახელო ის დეპუტატები, რომელნიც ხელს უშლიან ორატორს. გთხოვთ განაგრძოთ!) როცა ასეთ კაცს ხელში აქვს ადმინისტრატიული ძალა, ძალიან საშიშია, რომ იმან არ შელახოს სხვისი უფლება, არ დაიჭიროს და ციხეში არ ჩააგდოს სრულებით უდანაშაულო კაცი. თუმცა მან განაცხადა, - ჩვენ წინააღმდეგი არა ვართო კრების, პრესის და სიტყვის თავისუფლებისაო, მაგრამ თუ, როგორ ბუნდოვანად ესმის მას ეს თავისუფლება სჩანს მისივე მოქმედებიდან ხონის ამბებში. ხონში მომხდარი კრება მისი აზრით უკანონოა რათა, მინისტრის ამხანაგმა შენიშნა შემდეგი, ვითომდა ობიექტიური ნიშნები კრების უკანონობისა: ზარი ჩამოჰკრეს, შეიკრიბნენ ვიღაცები და ჭორებს ავრცელებდნენო. ჭორებს ავრცელებდნენ თუ არა ეს სრულებით დამტკიცებული არ არის. პირიქით, დამტკიცებულია, რომ ხონის მოქალაქენი შეიკრიბნენ თავის საჭიროების გასარჩევად, და აზრის შესადგენად, რომ აეღძრათ შუამდგომლობა მთავრობის წინაშე ხონის თვითმმართველობის გამოსაცვლელად. ამისთანა კრებაში არავითარი უკანონობა არ არის, პირიქით ეს ელემენტარული უფლებაა მოქალაქისა. მაგრამ ვსთქვათ, რომ ჭორებს ავრცელებდნენ. მერე რა, რა ნება აქვს მინისტრს ჩაერიოს ამ საქმეში? განა მთავრობისადმი აზრის შედგენა ჭორიკანობაა? მინისტრს უნდა ახსოვდეს, რომ ის არ არის ჭორიკანობის მინისტრი, ასეთი სამინისტრო ჯერ არავის გაუგონია.

მეორე ობიექტიური ნიშანი დანაშაულობისა, მინისტრის აზრით, არის ის, რომ ზარი ჩამოკრესო. როდის იყო აღკრძალული ზარის რეკვა. ეს ადათია, სოფელში კურიერები კი არ ჰყავთ, რომ უწყებები დაგზავნონ, იქ ამის მაგიერ მიღებულია ზარი, დარეკავენ და ამით ყველას ატყობინებენ, რომ საჭირო კრებაა. მაშასადამე, იქ რამე პარტიული კრებაც არ ყოფილა, იქ შეეძლო დასწრება ყველას, ვისაც კი უნდოდა. დარეკეს ზარი და ხალხი შეიკრიბა - მერე ამისთვის უნდა დაიჭიროთ და ციხეში ჩაჰყაროთ? აი მეორე იურიდიული მოსაზრება ბ-ნ ჭავჭანიძისა.

აქ ითქვა კიდევ, რომ დატუსაღებულნი ხალხში აგიტაციას ეწეოდნენო. მერე რა? აგიტაცია ნებადართული არის და თქვენ, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს წარმომადგენელს, არ შეგიძლიათ ამის წინააღმდეგ წახვიდეთ. ჩვენ რევოლიუციის შემდეგ მივეჩვიეთ იმ აზრს, რომ აგიტაციის, სიტყვის და კრების თავისუფლება გვაქვს. როდესაც მე ვხედავ, რომ მინისტრი ისე არ იქცევა, როგორც უნდა იქცეოდეს, მაშინ მე უფლება მაქვს გავსწიო აგიტაცია მის წინააღმდეგ კანონიერი გზით, პრესით და სხვა.

ამიტომ ვამბობ, რომ ის პასუხი, რომელიც აქ გამოიტანა ბ-ნ ჭიჭინაძემ არ არის დამაკმაყოფილებელი. აქედან მე გამომყავს ის დასკვნა, რომ ბ-ნ ჭიჭინაძეს არა აქვს არავითარი წარმოდგენა იურიდიულ ნორმებზე და უფლებრივ სახელმწიფოზე და ამიტომ ის არ უნდა იყოს ადმინისტრატორათ სათავეში. როდესაც საქმე ეხება უფლებრივ მხარეს, მაშინ სხვას მაინც დაეკითხოს. (ხმა: რუხაძის ცემა უფლებაა არა? ხმაურობა) დიახ, უფლებაა. მე დავკრავ იმას, ვინც შემოიჭრება ჩემს ოჯახში. არის ერთნაირი მინიმუმი თავისუფლებისა, როდესაც ვერავინ გადალახავს. ქალაქის თავს უფლება არ აქვს ჩაერიოს ამ სამოქალაქო უფლების საქმეებში. (არსენიძე: ქალაქის თავი იგივე მილიციის უფროსია!) მე მიკვირს, რომ ამას ამბობს არსენიძე, რომელიც თავმჯდომარეა საკონსტიტუციო კომისიის. აქედან შეგიძლიანთ წარმოიდგინოთ, თუ რა მშვენიერ კონსტიტუციას შეგიდგენთ იგი, (სიცილი) დიახ. არც ქალაქის თავს, არც მილიციას უფლება არ აქვსთ უკანონოთ და თვითნებობით შეზღუდონ თავისუფლება მოქალაქეთა, მინისტრს ნება არ აქვს ამისთვის დაიჭიროს და ციხეში ჩაჰყაროს ხალხი.

ამიტომ ფრაქციის სახელით ვაცხადებ, რომ მინისტრის განმარტება დამაკმაყოფილებელი არ არის. რაც შეეხება ჭავჭანიძეს, ის სრულებით არ შეეხება საკითხს არსებითად და მისი სიტყვა ყურადღების ღირსიც არ არის. აბა რა შუაშია აქ გოჭები და ქათმები?

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. შენგელაიას.

ლეო შენგელაია. (ს.-რ.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! რევოლიუციის შემდეგ ჩვენში, როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დაბა ქალაქად გადაკეთდა. რესპუბლიკის ქალაქთა რიცხვს მოემატა კიდევ რამდენიმე ქალაქი, როგორიც არის სენაკი, ზუგდიდი, სამტრედია, ხონი და სხვები. ეს ცვლილება არ ყოფილა კაპრიზი აღმასრულებელი კომიტეტისა, როგორც ეს ნაციონალ-დემოკრატებს ჰგონიათ, არამედ ეს იყო სრულიად ბუნებრივი პროცესი. ეს ახალი ქალაქები წარმოადგენენ ჩვენი რესპუბლიკის ფრიად თვალსაჩინო რაინდების ეკონომიურსა და კულტურულ ცენტრებს, ამიტომაც იყო, რომ ჯერ კიდევ ძველი რეჟიმის დროს ეს დაბები შუამდგომლობდნენ, რომ მათზე გაევრცელებინათ საქალაქო დებულება. მარტო ის ფაქტი, რომ ამ შუამდგომლობას მხარს უჭერდნენ საზოგადოებრივი წრეები საკმარისი იყო, რომ ბიუროკრატია მას მტრულად და უარყოფით შეხვედროდა. დაბები გზავნიდნენ დელეგაციას დელეგაციაზე, ხარჯავდნენ ფულებს და მიმართავდნენ სხვა და სხვა ზომებს, მაგრამ მათი ცდა უნაყოფოდ რჩებოდა, ისინი უძლურნი იყვნენ გადაელახათ ბიუროკრატიული დაბრკოლებები. რევოლიუციის შემდეგ, როდესაც მშრომელმა ხალხმა თავისუფლება მოიპოვა, დაბებმა ბუნებრივათ განაახლეს თავიანთი შუამდგომლობა და კიდევაც მიაღწიეს მიზანს. მაშინ ამის წინააღმდეგ არავინ ყოფილა არც შეიძლება ვინმე ყოფილიყო, რადგანაც ეს იყო ამ დაბების მცხოვრებთა დიდი უმრავლესობის სურვილი, მაგრამ, მოგეხსენებათ, ყოველ უფლებას თან სდევს მოვალეობაც და სწორედ აქ იჩინა თავი მეშჩანურმა ფსიქოლოგიამ. მეშჩანის ანგარიში ხომ ასეთი არის - თუ მას ყველაფერს იქით მისცემ, კარგი ხარ, თუ რამეს მოსთხოვ არ ვარგიხარ, სწორედ ამ ფსიქოლოგიურ ნიადაგზე აღმოცენდა ის ანტი-ქალაქური მოძრაობა, რომელსაც დღეს ყოფილ დაბებში რეაქციონერები მეთაურობენ. მათი ლოზუნგი არის: ძირს ქალაქი, არ გვინდა გადასახადებიო!. ჩვენის აზრით, ყოფილ დაბების ანტი-ქალაქის მოძრაობის ერთ-ერთ მიზეზათ უნდა ჩაითვალოს ის ყალბი მუნიციპალური პოლიტიკა, რომელსაც ჩვენში სოციალ-დემოკრატია აწარმოებს, მოგეხსენებათ, რომ დღეს ქალაქის ბატონ-პატრონი არის ქალაქის თვითმმართველობა. ის მოწოდებულ არის, უპირველეს ყოვლისა, მოაგვაროს ქალაქის მეურნეობა და საერთოდ ეკონომიური ცხოვრება; ჯერ ომმა და შემდეგ რევოლიუციამ სრულიად მოშალა და გაანადგურა ჩვენში ეკონომიური ცხოვრება, ქალაქების მდგომარეობა განსაკუთრებული შეიქნა.

მრეწველობა სრულიად დაეცა. ქალაქი თითქმის არ არის სრულებით მწარმოებელი, ქალაქი გადაიქცა სპეკულიაციის ბუდეთ, სიძვირე დღითი-დღე მატულობს, ქალაქის ღარიბი ნაწილი ყველაზე უფრო გრძნობს მდგომარეობის სიმწვავეს. მას დარჩენია ერთად ერთი ნუგეში - ეს არის სოციალისტური და დემოკრატიული თვითმმართველობა. მისგან მოელის დემოკრატია ხსნასა და შველას და სწორედ აქ აშკარავდება სოციალ-დემოკრატიის მუნიციპალური პოლიტიკის მთელი უვარგისობა. ყველაზე უფრო რადიკალური საშუალება, რომ ქალაქებში და მთელს რესპუბლიკაში ეკონომიური კრიზისი განელდეს - არის წარმოების გაჩაღება; ქალაქი უნდა გახდეს არა მარტო მომხმარებელი, როგორც ეს დღეს არის, არამედ ის უნდა გახდეს მწარმოებელი. ვინ უნდა იკისროს ეს საქმე? ბურჟუაზია დღევანდელს პირობებში ობიექტიურად არ არის დაინტერესებული ჩვენში წარმოება, მრეწველობა გააჩაღოს, მისთვის უფრო ხელსაყრელი არის სპეკულიაცია. სოციალ-დემოკრატია სწორედ ამას ვერ ხედავს, მან ჩვენი ცხოვრება ორ დეპარტამენტად დაჰყო: პოლიტიკურ დეპარტამენტში ის თვითონ არის გაბატონებული, ხოლო ეკონომიურში მან ბატონობა ბურჟუაზიას მიანიჭა. ამიტომ სოციალ-დემოკრატია არავითარ რადიკალურ ზომებს არ ღებულობს ეკონომიურ ცხოვრებაში, ეკონომიურ დარგში, საზოგადოებრივი ინიციატივა მას ამ დარგში არა სწამს, მას სასაცილოთ მიაჩნია დღევანდელს პირობებში კოლექტიური წარმოება, სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი ორგანოების აქტიური ჩარევა ეკონომიურ სფეროში.

ასეთ პირობებში ქალაქის თვითმმართველობა ვერ ამართლებს დემოკრატიის იმედებს. იბადება უკმაყოფილება. გადასახადების გარდა ქალაქს არავითარი წყარო შემოსავლისა არა აქვს. ეს აძლიერებს უკმაყოფილებას. თუ დღეს დაბები გაიძახიან: არ გვინდა ქალაქიო, ამ რამდენიმე ხნის წინედ იქიდან სულ სხვა გვესმოდა. ქალაქთან ახლოს მდებარე სოფლები პირიქით მოითხოვდენ ქალაქზე მიწერას. ამის მიზეზი იყო ის მახინჯი აგრარული რეფორმა, რომელიც ჩვენში ტარდება. სოფლელებს ეგონათ, რომ ამ გზით მეტ მიწებს შეინარჩუნებდენ. დღეს იგივე სოფლები მოითხოვენ ქალაქის ხაზიდან გასვლას და ქალაქის სრულს მოშლას. ამის მიზეზი არის ისევ მიწის რეფორმა. ამ რეფორმით დღეს არავინ არის კმაყოფილი გარდა მისი ავტორისა. მიწის რეფორმით არ არის ბუნებრივად კმაყოფილი მემამულე, რადგანაც მას მიწები ჩამოართვეს. რეფორმით არ არის კმაყოფილი არც გლეხი, რადგანაც მას არაფერი მიუღია.

ძველი დროის უტოპისტები ფურიე და ოუენი მილიონებს კაპიტალისტებისა და მეფეებისაგან მოელოდენ. ეს გულუბრყვილობა იყო, მაგრამ მასში იყო ერთგვარი ლოღიკა.

ჩვენი დროის უტოპისტები ბ. ბ. ხომერიკი და კანდელაკი მილიონებს გლეხებისაგან მოელიან. ჯერ ერთი გლეხს - არა აქვს მილიონები და მეორე კიდევაც, რომ ჰქონდეს - მას არამც თუ მილიონები, კაპიკის გაღებაც არა სურს მიწის საფასურში. გლეხი დღეს ასე მსჯელობს: ჩვენმა მთავრობამ მიწები უსასყიდლოდ, უფასოდ მიიღო. მიწები ჩვენც უსასყიდლოდ უნდა მივიღოთო.

გლეხების აგრარული ინტერესი არ მოითხოვს, რომ ისინი დარჩენ ქალაქის ხაზში, სადაც ნორმა გაცილებით ნაკლები იქნება. მიწის რეფორმას, რომ საფუძვლად ედოს საზოგადოებრივი პრინციპი - ეს ასე არ იქნებოდა, მაგრამ, რადგანაც რეფორმა სტოვებს მიწაზე საკუთრებას - ამიტომ მესაკუთრეს იქ ურჩევნია იყოს, სადაც მას მეტი მიწები შერჩება. ამით აიხსნება ის, რომ გლეხი დღეს ქალაქში ეწერება, ხვალ ქალაქიდან ისევ გადის.

უნდა აღინიშნოს აგრეთვე ერთი მდგომარეობა. რევოლიუციამ, როგორც ვიცით, ქალაქის თვითმმართველობიდან გამორეკა ცენზიანი ელემენტები. დემოკრატიამ ქალაქის ბედი სოციალისტებს ჩააბარა. ამას ბუნებრივად ვერ ურიგდება ბურჟუაზია და, როდესაც ის გაიძახის: ძირს ქალაქიო - ეს ნიშნავს: ძირს დემოკრატიის ბატონობა! ძირს სოციალისტებიო!

ამნაირად ყოფილ დაბების ანტი-ქალაქურ მოძრაობას ნიადაგი მოუმზადა სოციალ-დემოკრატიამ თავისი ყალბი მუნიციპალური და აგრარული პოლიტიკით, ამით სარგებლობენ დღეს რეაქციონერები. შეკითხვას აქვს მეორე მხარე - ეს არის ადმინისტრაციის საქციელი. ჩვენ უკვე შევეჩვიეთ ამ სფეროში ყოველგვარ სიურპრიზებს. ჩვენი ადმინისტრაციისათვის ხომ არავითარი ნორმები არ არსებობს; მხოლოდ ამით აიხსნება მისი თავხედობა მთელს ამ საქმეში. ჩვენ გვესმის, როდესაც აპატიმრებენ ყაჩაღს, როდესაც აპატიმრებენ მკვლელს, რომელიც გაქცევაზე არის, მაგრამ როდესაც ადმინისტრაცია აპატიმრებს დელეგაციას, რომელიც მთავრობასთან მოდის თხოვნით და შუამდგომლობით - ეს ყოვლად შეუწყნარებელი არის, ყოველ შემთხვევაში, მე ერთი რამ მაკვირვებს, თუ ჩვენი მთავრობა ღებულობს და არ აპატიმრებს დენიკინის დელეგაციას - ხონის დელეგაციამ ასეთი რა დააშავა?.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ბ. ბარათაშვილს.

იესე ბარათაშვილი. (ს.-ფ.) მე მინდა ფრაქციის სახელით მოგახსენოთ ორიოდე სიტყვა. ვრცლად არ შეუდგები ამ საკითხის განხილვას. ჩვენ ვცნობთ, რომ ეს მოძრაობა, რომელიც ხონში აღმოცენდა, არის რეაქციონური. თავის-თავად ცხადია, რომ ეს მოძრაობა მიმართულია იმ მომავალი კანონის წინააღმდეგ, როდესაც საფუძვლად დაედება აგრარული კითხვა. პრესაში უკვე აღძრული იყო ეს კითხვა. თავის-თავად ცხადია და აშკარაა, რომ ამ გამოსვლის მიზეზი აგრარული საკითხია.

მაგრამ, რასაკვირველია. ჩვენ ასე საკითხს ვერ შევხედავთ: ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ეს კითხვა: სამი პირია დაპატიმრებული, (ხმა: ერთი გაგვექცა!) მით უარესი სოციალ-დემოკრატებისათვის. ამ საკითხს დამფუძნებელმა კრებამ ჯეროვანად უნდა შეხედოს. ვინც უნდა იყოს დაპატიმრებული ჩვენთვის სულ ერთია. ჩვენ უნდა გავიგოთ, თუ ვის რა დანაშაული მიუძღვის და ვინ რისთვის არის დაპატიმრებული. სამი პიროვნება არის დაპატიმრებული (ხმები: ერთი გაიპარა!) თქვენთვის უფრო ცუდია, თუ გაიპარა. დამფუძნებელმა კრებამ უნდა ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს ამას და იოლად არ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი.

რათა, რისთვის დააპატიმრეს ისინი, რა დანაშაულობა მიუძღოდათ მათ? მოგახსენებთ, რომ პირველ ყოვლისა, დამფუძნებელმა კრებამ ყოველთვის საკითხს პრინციპიალურად უნდა შეხედოს და აგრეთვე უნდა გაითვალისწინოს, რამდენად ეს ზომა პრაქტიკულად დასაშვებია, რამდენად გაუმაგრებს იგი წელს დამფუძნებელი კრების მუშაობას? დამფუძნებელი კრება ყოველთვის ამ ორ მოსაზრებით უნდა ხელმძღვანელობდეს.

მე გეთანხმებით თქვენ, რომ მოძრაობა, რომელიც ხონში იყო, არის რეაქციონური თავის შედეგებით, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ მაინც გამოსარკვევია თუ ამ სამმა პიროვნებამ რა მოიმოქმედა.

აი, დამფუძნებელმა კრებამ, როგორ უნდა შეხედოს საკითხს. და თუ ასე შეხედავს, მაშინ შესაძლებელია სხვა გზა, სხვა საშუალება იქნეს გამონახული, რომ გავაქარწყლოთ ეს მავნე მოვლენა, ეს რეაქციონური მოძრაობა. ნუ თუ არ შეიძლება დაუმტკიცოთ ხალხს, რომ ასეთი მოძრაობა მიუღებელია, რომ ყველაფერი, რასაც მათ ეუბნებიან - ჭორებია. და თუ არაა სხვა საშუალება, რომ სხვა წესით, კანონიერი გზით ვაჩვენოთ ხალხს, რომ მათი მოქმედება მავნე, კონტრ-რევოლიუციონური საქმეა აი, ამ მხრით ვაშუქებ მე საკითხს და სხვა დასკვნაც გამომყავს.

რა მოიყვანა მინისტრის ამხანაგმა საბუთად მათი დაჭერისა? რა იყო ეს საბუთები? აი, რა: ისინი (იგულისხმეთ - დაჭერილები) ავრცელებდნენ ჭორებს, სახელს უტეხავდნენ მთავრობას, უნდათ ძველი წესი, - ქალაქის დაბათ გადაკეთება. მაგრამ განა ეს საბუთია, ბატონებო! ჩვენ აი, ვფიქრობთ, რომ ამ მოძრაობას უფრო ღრმა სარჩული აქვს. და ეს სარჩული არის აგრარული საკითხი. და თუ ეს ასეა, - უნდა ვთქვათ: შესაძლებელია ის პირები დაჭერილნი იყვნენ ადმინისტრატიული წესით, თუ არა? თქვენ ბევრ რეაქციონერებს იცნობთ, მაგრამ არ იჭერთ. რასაკვირველია, უდავოა ის, რომ აქ რეაქციონურ გამოსვლასთან გვაქვს საქმე, მაგრამ თუ ეს აუცილებელია, მაშინ ჩვენ გვაქვს საშუალება სხვა წესით დავაპატიმროთ ისინი.

აქ მოგახსენებთ, რომ შესაფერი კანონი არა გვაქვს. ძველ წყობილებას ჰქონდა შემუშავებული წესები მათ წინააღმდეგ, თუ ვინმე ჭორებს და შეუმოწმებელ ხმებს გაავრცელებდა. მაგრამ დემოკრეტიამ მოსპო ეს კანონები და საშუალება მისცა ყოველ პიროვნებას გაიმართლოს თავი.

ვიმეორებ, ჩვენ გვაქვს სხვა საშუალება მათ წინააღმდეგ, ვინც ავრცელებს ჭორებს, ავრცელებს ყალბ ხმებს, რომლებიც სასარგებლო არ არიან დემოკრატიულ რესპუბლიკისათვის. ჩვენ გვაქვს ყოველ ქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობანი, რომელშიაც იღებენ მონაწილეობას ყველა პარტიების წარმომადგენელნი. ნუ თუ არ შეუძლია ხონის თვითმართველობას დაემტკიცებია რომ ეს მოძრაობა მიმართულია დემოკრატიულ სახელმწიფოს წინააღმდეგ? განემარტა, თუ რა აქვს მას სარჩულად? და როდესაც ასეთი საშუალება გვაქვს, როგორც არის, მაგალითად, მიტინგი, პრესა, რომელთა შემწეობით შეიძლება ყოველთვის გაუგებრობის გაფანტვა, - მაშინ ამ სახსარს უნდა მიმართოს მთავრობამ, და არა ადმინისტრატიულ წესით შეეცადოს ასეთ პირობის საზოგადოებიდან გამოგლეჯას.

აი, როცა საქმეს ასე გავაშუქებთ, მაშინ თქვენთვის აშკარა გახდება, რომ სამინისტროს არ ქონდა უფლება მიემართა იმ ზომებისათვის, რომელსაც მან მიმართა, და დაეტუსაღებია ადმინისტრატიული წესით ის ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობთ, როგორც კონტ-რევოლიციონერს, მაგალითად, - ლუკა ბახტაძე.

როცა ასე გააშუქებთ საკითხს, და სხვანაირად კი არც შეიძლება გააშუქოთ, აქ უკვე აშკარავდება მთავრობის მოქმედების სიყალბე. განა შესაძლებელია დაუშალოთ ვინმეს შეკრება? (ხმა: შეკრება არა, პოგრომჩიკი!) როგორი უნდა იყვეს ცხოვრება, თუ არ იქნება აზრთა სხვა და სხვაობა? ასეთ კრებებზე შესაძლებელია გამოაშკარავდეს სწორედ აზრთა სხვა და სხვაობა, მოხდეს მათი შეჯახება, და შეჯახებაში გამოირკვევს ჭეშმარიტება. (ხმა: აზრთა შეჯახება შეიძლება, მაგრამ მუშტის არა!).

ბატონებო, მათ წინააღმდეგ ვინც მუშტს მიმართავს არის კანონი, ასეთი კანონები არ არიან გაუქმებულნი. და მათი საშუალებით შეიძლება დასჯა მისი, ვინც მუშტს მიმართავს. ასეთი პირნი არიან დამნაშავენი თავის სინდისის, დანაშაულნი არიან საზოგადოების პროგრესის წინაშე. მაგრამ შეუძლებელია ამისათვის დაპატიმრება. ჩვენ გვაქს კიდევ სხვა საშუალება, რომ ხალხში გამოწვეული უკმაყოფილება გავანელოთ, მოვსპოთ. ჩვენ გვაქვს სხვა საშუალება, დაუმტკიცოთ ხალხს, რომ გავრცელებული ჭორები მიმართულია თვით ხალხის, წინააღმდეგ.

აი, ამისდა მიხედვით ჩვენ გვგონია, რომ სამინისტროს არ ჰქონდა იმის საბუთები, რომ დაეპატიმრებია ეს პირები. მე მისმის, რომ მიიღოს სამინისტრომ წინასწარ აღკვეცისათვის ზომები. მაგრამ მას შემდეგ, რაც გამოირკვა საქმის ნამდვილი ვითარება, - სამინისტროს უნდა გაენთავისუფლებია ის პირები. ამისდა მიუხედავათ, ჩვენ ვეთანხმებით, რომ მოძრაობა რეაქციონური არის, მაგრამ არის პრინციპი თავისუფლებისა, რომ დღეს დღეობით ის პირნი განთავისუფლებულნი იქნენ. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, რომ ასეთ პირების წინააღმდეგ იქნეს მიღებული არა ადმინასტრატიული წესით დაჭერა, არამედ ის საშუალებანი, რომელიც მე ზევით დავასახელე.

თავმჯდომარე. უკვე სამი საათია - როგორ გნებავთ, განვაგრძოთ კრება თუ შევწყვიტოთ? ვინ არის მომხრე კრების გაგრძელებისა? სხდომა გრძელდება. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს ბ. ალ. ასათიანს.

ალ. ასათიანი. (ერ.-დ.) ბ. ბ. მე მოკლედ უნდა ვუპასუხო იმ ორატორებს, რომლებიც დიდად საზიანოდ სთვლიან პატარა ქალაქებში აღმოცენებულს, ამ ქალაქების გაუქმებისაკენ მიმართულს, მოძრაობას. ამბობენ -უბრალო კაპრიზი ხომ არ იყო, რომ ეს დაბები ქალაქებად გამოცხადდენო. მე უკვე აღვნიშნე თუ რატომ ცდილობდენ ეს დაბები გაქალაქებას ძველი წყობილების დროს. ახალ წყობილებაში უთუოდ არ იყო მიზეზი, რომ ისინი, მათდა დაუკითხავად, ერთი კალმის გასმით ქალაქებად გამოეცხადებინათ და მათში რთული საქალაქო მმართველობა შემოეღოთ. თუ კაპრიზი არ იყო, რომელიმე აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის დეპეშით სოფლის ქალაქად გადაკეთება, მით უფრო არ უნდა ჩაითვალოს უბრალო კაპრიზად, როდესაც ამ ქალაქებში მცხოვრებნი ერთსულოვნად თხოულობენ სათემო მმართველობის შემოღებას. ბოლოს და ბოლოს, სახელებს მნიშვნელობა არა აქვს. დარჩესთ თუ გნებავთ მათ ქალაქის სახელი, ხოლო თვითმმართველობა იქ უნდა შემოვიდოთ უფრო მარტივი. რით არის მიუღებელი დემოკრატიული თვალსაზრისით, რომ ეს პატარა დაბები მათ გარშემო შემოკრებილ სოფლებით საერობო ერთეულებად გამოცხადდენ და თვით იმ რაიონს, სადაც სავაჭროები და მართლაც საქალაქო მოსახლეობის მსგავსი რამ არის, ამას გარდა თავისი მეთვალყურე დეპუტატები დაენიშნოს? ასეთია სამტრედიის პროექტი და მე ვფიქრობ ეს მეტად საფუძვლიანია. ეს სხვათა შორის. ჩვენ ველოდით მთავრობის პასუხს შეკითხვაზე. სამწუხაროდ ბ. მინისტრის ამხანაგი ჩვენ შეკითხვას არსებითად არც კი შეხებია და მას სრულიად არ დაუსაბუთებია საჭიროება იმ რეპრესიების, რომელსაც ადგილი ჰქონდა ხონში. ბ. მინისტრი ნაადრევად გამოსთქვამს სიამოვნებას, თითქოს მე ხონიდან ვერაფერი საბუთები ვერ ჩამომეტანოს და ამიტომ, შეკითხვის ტონიც შემემსუბუქებინოს. მას უხარიან, რომ მე აქ ვახსენე შესაძლებლობა, რომ მთავრობა ვინმემ შეცდომაში შეიყვანა. შეკითხვაში კი თქვენ სწერთ ბოროტმოქმედების ჩამდენთა შესახებაო. უნდა მოვახსენო ბ. მინისტრს, რომ ადმინისტრაციისთვის განზრახ შეთხზული ცრუ ცნობების მიწოდება და მით მისი შეცდომაში შეყვანა ბოროტმოქმედებათ ითვლება არსებული კანონების მიხედვით. მე არც ეხლა უარვყოფ ასეთ შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას, მაგრამ თქვენ უნდა აგეხსნათ შეგიყვანეს თქვენ შეცდომაში სხვებმა, ჩაიდინეთ ეს შემცდარი ნაბიჯი თვითონ, თუ ეს თქვენი ნაბიჯი იყო სწორი და სამართლიანი და მაშასადამე ბოროტმოქმედებას არსაიდან ადგილი არ ჰქონია. ბ. მინისტრის სიტყვაში ვერც ერთს ამ კითხვაზე ვერ მივიღე პასუხი. ის ამტკიცებს - ამ პირებისათვის ხალხს არაფერი არ მიუნდვიათ, ისინი არ იყვნენ დეპუტატები. ჯერ ერთი, რომ ამაზე თქვენ ხონის საზოგადოებისათვის უნდა დაგეკითხათ და მაშინ დაგეწყოთ ამის მტკიცება. ხონის საზოგადოება თუ ამბობს, რომ თხოვნაზე ხელის მოწერა და მისი ტფილისში წაღება ამა და ამ პირებს მივანდეთო, თქვენ ბევრიც, რომ ამტკიცოთ ზეპირად ეს ასე არ არისო, ამას არავითარი ძალა არ ექნება. მე დავეკითხე ამ ხალხს და მაქვს მათი ზეპირი და წერილობითი ჩვენებანი. მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ ამ პირებისათვის ხალხს არაფერი არ დაუვალებია. ბ-ნი ჭიჭინაძე რიხიანად გვიმტკიცებდა - ისინი დელეგატები არ არიან და ამიტომ შეკითხვას საფუძველი აღარ აქვსო. როგორ, ბ. მინისტრო, თუ კაცი დელეგატი არ არის შეიძლება მისი უკანონოდ და სრულიად უსაფუძვლოდ დაპატიმრება და ციხეში ჩამწყვდევა? ბ. მინისტრის ამხანაგი გაბედულად გვეუბნება - ჩვენ გვაქვს უტყუარი საბუთები, რომ ეს პირები არიან რეაქციონერები და კონტ-რევოლიუციონერებიო. ეს იყო მისი ზეპირი განცხადება. რაში გამოიხატა ამ პირების რეაქციონერობა, რა დანაშაული ჩაიდინეს მათ? მინისტრი გვეუბნება - საბუთები მაქვსო. მე თქვენ მოგახსენებთ რა საბუთები აქვს ბ. მინისტრს, თუ სხვა საბუთები აქვს კიდევ მას თავის პორტფელში ეს მან წაგვიკითხოს.

როგორც მოგახსენეთ, ორი კვირის შემდგომ, როდესაც ხონში ყოველივე ქალაქის მეთაურებისაგან გამოწვეული ექსცესები მიქრა, 6 სექტემბერს აპატიმრებენ და ქუთაისში მიჰყავთ ხონის მოქალაქენი, მათ იქ აკავებენ. ამის შემდგომ 9 სექტ. გაემგზავრებიან ხონში ადმინისტრაციის ინსპექტორის თანაშემწე მამფორია და დამფუძნებელი კრების წევრი გიორგი ფაღავა.

როგორც თავის მოხსენებაში სწერენ, მათი მიზანია „კვლევა-ძიების“ მოხდენა ხონის ამბების შესახებ.

არავინ უწყის რად დააპატიმრეს ხონის მოქალაქენი ამ კვლევა-ძიების მოხდენამდე? ჯერ დაპატიმრება, მერე დანაშაულის ძებნა - ასეთი ჩვეულება დასჩემდა ამ ბოლო დროს ჩვენს შინაგან საქმეთა უწყებას.

ბ.ბ. მამფორიას და ფაღავას „კვლევა-ძიება“ ერთად-ერთი საბუთია მთავრობის ხელში. რა მოგვცა ამ ძიებამ? დავიწყოთ თავიდან - ბ. მამფორიას და ფაღავას მოხსენებიდან: „10 ენკენისთვე ¹ 109. შინაგან საქმეთა მინისტრს. საიდუმლოდ. (იუსტიციის მინისტრი გეგეჭკორი ადგილიდან: საიდან გაქვთ?) ჩვენ, დამფუძნებელი კრების წევრებს უფლება გვაქვს გავეცნოთ ამ საბუთებს, თუმცა უკანასკნელ დროს ამ საბუთებს ზოგიერთ სამინისტროებში არ გვაჩვენებენ.

„ქალაქ ხონში ეს ერთი ხანია თავი იჩინა მოძრაობამ, რომელიც მიმართულია ადგილობრივ დემოკრატიის წინააღმდეგ. ასეთ მოძრაობას სათავეში უდგანან რამოდენიმე დემოკრატიული წესწყობილებისთვის არა საიმედო პირები, რომელთაგანაც ზოგი პირადი ინტერესებით არის აღჭურვილი, ზოგი კი ვერ შერიგებიან დემოკრატიულ წესწყობილების განმტკიცებას და ამიტომ ყოველივე ღონისძიებას ხმარობენ ხელი შეუშალონ ჩვენ მთავრობის მიერ ამა თუ იმ დარგში გადადგმულ ნაბიჯებს.

„რეაქციონური მიზნით“ დაიწყეს ხალხში ხმების გავრცელება: „ჩვენი მთავრობა ვერ არის თავის ადგილზე, რომ მათ საფრთხე მოელის, რომ მალე ქალაქის თვითმმართველობის მეთაურებს დასჭირდებათ გაქცევა და სხ. ამგვარ ხმების გავრცელებამ ისეთი გავლენა იქონია ხალხზე, რომ ამა 19 მარიამობისთვეს ხონში, ბაზარში მოახდინეს მთელი საზოგადოების კრება, სადაც შეურაცხყობა მიაყენეს გამგეობის წევრს, სცემეს თვითმმართველობის მსახურს და მოუწოდებდენ ხალხს თვითმმართველობის მოსამსახურეთა დასახოცად და დაწესებულების დასამტვრევად. ამგვარი აგიტაცია თანდათან გრძელდებოდა და მათ 24 მარიამობისთვეს გადაწყვეტილი ჰქონდათ მოეხდინათ დიდი კრება და სისრულეში მოეყვანათ თავიანთი განზრახვები. მივიღე რა ოფიციალური ცნობა ასეთ მოსალოდნელ გამოსვლაზე, მე იმ წამსვე მივიღე სათანადო ზომები და ადგილობრივ ორგანიზაციებთან და ერობასთან შეთანხმებით გავგზავნე საკმაო ძალა ხონში ამ დღისთვის, რომ ასეთ გამოსვლას ადგილი არ ჰქონოდა... გარდა ამისა თვით ხონში სახალხო გვარდიის შტაბის უფროსმა მოახდინა გვარდიის მობილიზაცია ახლო სოფლებში და ამ დღისთვის საკმაო ძალა შეკრიბა ხონში.

როდესაც იქ ასეთმა უკმაყოფილებამ იჩინა თავი და ამნაირი ხასიათი მიიღო, მე იძულებული ვიყავი გამეგო ინიციატორებთა ვინაობა და გამომეწვია ისინი ქუთაისში. შევასრულე რა ესე, მე მეორე დღესვე (მიუღია 8 სექტემბ.) დამფუძნებელი კრების წევრი გიორგი ფაღავასთან ერთად გავემგზავრე ხონში, სადაც ადგილობრივ მოვახდინეთ კვლევა-ძიება, თუ რამდენათ ჩვენში მოსული ცნობები შეესაბამება სინამდვილეს. კვლევა-ძიების საშვალებით მე და დ. კრ. წევრმა გამოვიკვლიეთ, რომ ქ. ხონში ზოგიერთი პოლიტიკურად არა საიმედო პირების ზედ-გავლენით რეაქციონერები ძლიერ გათამამდნენ, რომ ასეთმა პირებმა, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის თვითმმართველობას არავითარი გადასახადი, გარდა შეფასებითი გადასახადისა არ შემოუღიათ, ისიც ჯერ არ გადაუხდევინებია ხალხისთვის, აშკარად გაილაშქრეს ქალ. თვითმ. წინააღმდეგ, რითაც ხელი შეუწყეს შეექმნათ ხონში ისეთი რეაქციონური ატმოსფერა, რომელიც საჭირო იყო მათი მიზნებისათვის. იქონიეს რა ასეთი გავლენა ხალხზე, მათ ბოლოს, თითქმის აშკარა გამოსვლა მოახდინეს და, რომ არ ჩარეულიყო ადგილობრივი გვარდია და ქუთაისიდან გაგზავნილი მილიცია, შეიძლება ხონში ადგილი ჰქონოდა ექსცესებს, როგორიცაა დარბევა ქალაქის თვითმმართველობისა. ჩემი და ადგილობრივი ხელმძღვანელი ორგანიზაციის აზრით, საჭიროა რამეთი დასჯა რამოდენიმე პირების, რომელიც ხელს გვიშლიან ვაწარმოვოთ დადებითი მუშაობა ჩვენის რესპუბლიკის სასარგებლოდ. ასეთი პირები, როგორც კვლევა-ძიებამ და ადგილობრივ საიმედო რესპუბლიკისათვის პირების დაკითხვამ გამოარკვია, არიან: 1) ნაფიცი ვექილი ლუკა ლუკას-ძე ბახტაძე, 2) გერასიმე პეტრეს-ძე მელაძე, 3) ანტონი და 4) ევგენი სიმონის-ძე ბახტაძეები, 5) ნიკო ისიდორეს-ძე ჭავჭანიძე, 6) გიორგი დავითის-ძე სანაძე, 7) იასონ პავლეს-ძე ჩხენკელი.

ვარდგენ რა ზემოხსენებულს თქვენდა საყურადღებოთ, ვშუამდგომლობ თქვენს წინაშე მათ დასჯას ადმინისტრატიული წესით ისე, როგორც თქვენ დაინახავთ საკმაოდ, რომ კანონიერმა ზომებმა იქონიოს გავლენა სხვა არა საიმედო პირებზე და ბოლო მოეღოს ხონში რეაქციონერებთა თარეშს. ინსპექტორის თანაშემწე მამფორია.

ამის შემდგომ იწყება თვით „კვლევა-ძიების“ ოქმი, რომელიც 9 სექტემბერს შეუდგენიათ ხონში ბ. მამფორიას და ფაღავას:

ვარლამ მიხეილის-ძე გარდავაძე. ქ. ხონი ქალ. თავი. „ხონში ერთი ხანია თავი იჩინა მოძრაობამ თითქოს და ქალაქის თვითმართველობის წინააღმდეგ. ამ უკანასკნელ დაწესებულების წინააღმდეგ ისინი ილაშქრებენ იმდენად, რამდენად თვითმმართველობა არის გამატარებელი ცხოვრებაში დაწესებული გადასახადებისა. ამნაირად მოძრაობა არის მიმართული სახელმწიფოებრივ წესწყობილების წინააღმდეგ, რაიცა ნათლად სჩანს იმიდან, რომ სულის ჩამდგმელნი ამ მოძრაობისა არიან აშკარა რეაქციონერები, რომლებსაც სულ, დამოკიდებული 1905 წლიდან, დამოკიდებულობა ჰქონდათ და აქეთ ძველი წესწყობილების ინტერესების დამცველებთან. მეთაურები ამ მოძრაობისა, რომ მიაღწიონ მიზანს, ავრცელებენ ძალზე გაზვიადებულ და ცრუ ხმებს, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაზე, ისე მთავრობის შესახებაც. ხშირად ბევრი ინიციატორთაგანი გაიძახოდა, ვითომც ჩვენი მთავრობა გასაქცევად არის მომზადებული და დღეს თუ ხვალ, როდესაც მოვა დენიკინი, თქვენც ადგილობრივ თვითმმართველობაში მოსამსახურებიც უნდა გაყვეთ მთავრობასო. (პირადათ მისთვის უთქვამთო) ასეთმა მათმა მოქმედებამ ბოლო ხანებში უფრო ფართე ხასიათი მიიღო. 19 მარიამობისთვეს ინიციატორთა შემწეობით მოახდინეს ბაზარში მთელი საზოგადოების კრება, სადაც შეურაცყოფა მიაყენეს გამგეობის წევრს ილია რუხაძეს, სცემეს თვით მსახურს და მოუწოდებდენ ხალხს - თვითმმართველობის მსახურთა დასახოცად და დაწესებულებების დასამტვრევად. რომ სისრულეში მოეყვანათ მათ თავიანთი განზრახვა, 24 მარიამობისთვეს გადაწყვიტეს გაემართათ კრება. მე მივიღე რა ეს მხედველობაში, იმ წამსვე - პირდაპირი მავთულით შეგატყობინეთ თქვენ ადმინისტრაციის წარმომაგენელს, მოგეშველებინათ 24 აგვისტოს თვის ძალები ქუთაისიდან, რადგანაც ადგილობრივი ძალებით არ ძალგვიძდა ჩაგვექრო მათი გამოსვლები. როგორც მოგეხსენებათ, თქვენ მაშინვე ინებეთ განკარგულება, გამოგზავნეთ ძალა ქუთაისიდან და ექსცესებს ამის გამო ადგილი არ ჰქონდა. გამოსვლების ინიციატორებათ, - როგორც მე მაქვს გამოკვლეული, მიმაჩნია შემდეგი პირები: (ჩამოთვლილია იგივე პირები).

ილია ზოსიმეს ძე რუხაძე ხონის ქალაქის გამგეობის წევრი:

„19 აგვისტოს ამა წლის ქ. ხონში ეკლესიის მოედანზე საღამო ხანს შეკრებილი იყო 200-დე ქალი და კაცი. ზარის ხმაზე, რომელიც მოუწოდებდა კიდევ ხალხს, მეც წავედი მოედნისაკკნ. იქ მისვლისას მე გავიგონე, რომ ერთი ხონელთაგანი, სახელდობრ ნიკო ჭავჭანიძე, ეუბნებოდა იმ ჯგუფს, რომელიც იყო მასთან ახლო, რომ ქალაქმა დააწესა ბევრი გადასახადი და ჩვენ ამას ვერ ავიტანთო. ამაზე მე ხალხს მივეცი შესაფერი განმარტება. ამ დროს ჩემთან მოვიდა რამდენიმე პირი, რომლებმაც ხონში განმიცხადეს, რომ რაღაც ქაღალდზე გვაწერინებენ ხელს, მგონი კოლია წულუკიძის განთავისუფლება უნდა ხალხს და ეს იმისი ქაღალდი უნდა იყოსო. მე, მართლაც დავინტერესდი, მინდოდა გამეგო თუ რა იყო ის ქაღალდი, რომელზედაც ხალხს აწერინებდენ ხელს. როდესაც მივედი იმ ადგილას, სადაც ხალხს ხელს აწერინებდენ, მე ვნახე ქაღალდი მაგიდაზე. იქვე ახლო იყვნენ ანტონ და ევგენი სიმონის ძე ბახტაძეები. როდესაც მე ვნახე ქაღალდი, შევამჩნიე, რომ დასაწყისი ამ ქაღალდისა იყო ცარიელი (უტექსტო), ქვევით კი იყო გვარი და სახელი ხელის მომწერლების. ჩემს შენიშვნაზე, რატომ უტექსტო ქაღალდზე აწერინებთ ხელს ხალხსაო, ერთმა იქ მყოფმა მოქალაქემ (გვარი არ მახსოვს) მიპასუხა, რომ ტექსტი აქვს შენახული ანტონ სიმონის ძე ბახტაძესო. როდესაც მე მივმართე ამ უკანასკნელს, მან მითხრა, თუ გინდა ახლავე მე თვითონ დავსწერ ტექსტს იმისა, რომ ჩვენ ქალაქი არ გვინდაო. ბოლოს კი მითხრა - ტექსტი აქვს ჩვენს ვექილსო. ვფიქრობ, რომ მას სახეში ჰქონდა ლუკა ლუკას ძე ბახტაძე. ამის შემდგეგ ანტონ ბახტაძე ავიდა იქვე აივანზე და მიმართა ხალხს: „საზოგადოებავ, რუხაძე ქაღალდს ხევსო“. ამ მიმართვის დროს იქვე იყო ახლო ანტონის ძმა ევგენი, რომელმაც დაიძახა: დაჰკარით მაგასო“ და რომ იქ არ ყოფილიყო დათა ჭავჭანიძე, მე ხელით შეურაცხყოფას მომაყენებდა ხსენებული ევგენი ბახტაძე. ამ ამბის შემდეგ მეორე ჯგუფისკენ მოდიოდა გერასიმე პეტრეს ძე მელაძე, რომელმაც დაინახა თვითმმართველობის დარაჯი გიორგი ტაბიძე. როდესაც ამ უკანასკნელმა შემჩნევა მისცა (ხმა: რა სახით?) მელაძეს, რომ ის ყვიროდა, მელაძემ სცემა ტაბიძეს.

ჩემის ღრმა რწმენით, ასეთი გამოსვლა არის ვითომდა მიმართული იმდენად ქალაქის თვითმმართველობის წინააღმდეგ, მართლა კი ისინი არ არიან კმაყოფილი არსებულ წესწყობილებით და ეძებენ სხვა და სხვა მიზეზებს. მით უფროა ეს მისაღები მხედველობაში, რომ ინიციატორები ასეთი გამოსვლების არიან აშკარა რეაქციონერები, რომლებსაც სულ არაფერი არ სწამთ არსებული წესწყობილების. ერთი ასეთი ინიციატორთაგანია ლუკა ბახტაძე, რომელმაც თავისი ნებით გაიტანა პარტები ქალაქის სკოლიდან, რადგან შენობა ეკუთვნის მას. მეუბნებოდა, რომ მალე ყველა თქვენ წახვალთ აქედანო“.

უმთავრესი მამფორია-ფაღავას კვლევა-ძიებაში არის ეს ორი ჩვენება. მათ დაუკითხავთ კიდევ ერთი ქალაქის გამგეობის წევრი და ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე. ისინიც სიტყვა-სიტყვით იმეორებენ ამათ ჩვენებას. როდესაც კონტრ-რევოლიუციონერებს ჩამოთვლიან, წარმოიდგინეთ იმ რვა კაცს ყველა ერთი რიგით ასახელებს, თითქოს ყველას ერთი წყაროდან გადაეწეროსთ. მაშასადამე მთელი „კვლევა-ძიება“ გამოიხატა იმაში, რომ ჩამოართვეს ჩვენება დაინტერესებულ პირებს, რომლებმაც ქუთაისიდან ჯარები გამოიწვიეს ხონის მოქალაქეთა წინააღმდეგ. ცხადია, როგორი უნდა ყოფილიყო მათი ჩვენება. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ქალაქის თავის ამხანაგის რუხაძის ჩვენება, ნუ თუ შეიძლება თუნდაც ერთი იოტის ოდენა ნდობა ვიქონიოთ ამ ჩვენებისადმი? თქვენ გახსოვთ, როგორია ის. ბ-ნი რუხაძე, ხონელია, მაგრამ მასთან მიდიან ჯგუფები, ვერავის სცნობს, თუ ისინი მას იმას ეუბნებიან, რაც დაჭერილთათვის საზიანოა. მისი ჩვენებით 70 წლის მოხუცი მას გალახვას უპირებს, შემდეგ სრულიად უმიზეზოდ, მოულოდნელად აივანზე ავა და იქიდან უყვირის ხალხს: „დაჰკარით მაგასო“ და სხვ. მილიციის უფროსი კი იქავე არის კრებაზე. რასაკვირველია, მილიციის უფროსის ჩვენება როგორც მთელი დამსწრე ხალხის ჩვენება, სულ სხვა ხასიათისაა.

ამ ქალაქის მესვეურთა გარდა, დაუკითხავთ გვარდიის შტაბის უფროსი და სოც.-დემ. იაჩეიკის თავმჯდომარე. ამათი ჩვენება შეხმატკბილებულია. დაუკითხავთ კიდევ რამოდენიმე გარეშე პირისათვის და ხუთიოდე უბრალო მოქალაქეთათვის. (სოც.-დემ. სკამებიდან: რას ნიშნავს უბრალო მოქალაქე?) უბრალო მოქალაქეები ნიშნავს ისეთ მოქალაქეებს, რომელნიც არც ქალაქის თავია, არც შტაბის უფროსი და არც სოციალ-დემოკრატიულ იაჩეიკის თავმჯდომარე. ამ მოქალაქეთ რა აჩვენეს არ ვიცი, ვინაიდან მათი ჩვენება თითო-ოროლა სტრიქონით არის გამოხატული და ხონის ამბებზე არავითარ პასუხს არ იძლევა, მე არ ვიცი არაფერი აჩვენეს მათ, თუ ჩაწერის დროს გამორჩათ. მე თვითონ ჩავწერე ხონში ყოფნის დროს, რა აჩვენეს მათ მამფორიას. ეს ჩვენება დიამეტრალურად ეწინააღმდეგება ქალაქის თავების ჩვენებას და „კვლევა-ძიებაში“ რომ მოეთავსებინათ, რასაკვირველია, მოხერხებული არ იქნებოდა.

ამათ ჩვენების შესახებ ოქმი არაფერს გვეუბნება, ხოლო მამფორია გამოსულა ხალხში, გამოუცხადებია - აწი დაკითხვა შეჩერებულია, ვინაიდან ყველაფერი საკმაოდ გამოირკვა და დაკავებულნი დაუყოვნებლივ დაბრუნებული იქნებიან ხონშიო. მე მწამს, რომ დაკითხვის შემდეგ მამფორია ასე ჰფიქრობდა. ხოლო წავიდა ქუთაისში და იქ დასწერა, თუ დააწერინეს, მე არ ვიცი, ის მოხსენება, რომელიც მე აქ წავიკითხე და რომელიც მეტად საგაზეთო სტილითაც არის დაწერილი. შეიძლება ბ-ნმა მამფორიამ ეს მოხსენებაც „ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეთანხმებით“ შეადგინა. აი, ბ.ბ. ის საბუთები, რომელზედაც ასეთი რიხით ლაპარაკობს ბ-ნი მინისტრის ამხანაგი ამ საბუთების მიხედვით ყოველი მიუდგომელი ადმინისტრატორი სამართალში მისცემდა იმ პირებს, ვინც ხონიდან გამოგზავნილი ყალბი მოხსენებებით ჯარები გაიწვიეს და შექნეს ისეთი სულიერი განწყობილება საზოგადოებაში, რომ სულ უბრალო რამეზე მოსალოდნელი იყო მართლაც და არეულობის და სისხლის ღვრის ატეხა. მაგრამ იქნებ თქვენ გსურთ ერწმუნოთ ბ. რუხაძის ჩვენებას? მაშინ სამართალში უნდა მიგეცათ ის პირები, ვინც მისი სიტყვით ხალხის კრებას „პოგრომისაკენ“ მოუწოდებდა. ასეთი ბოროტმოქმედებისათვის უფრო მძიმე სასჯელი არ იქნებოდა ვიდრე ადმინისტრატიული დაპატიმრება? რად არ აძლევთ ამ პირებს სამართალში? (ხმები სოც.-დემ. სკამებიდან: იქნებ მისცეს სამართალში, ხმაურობა). არა, ბბ., არ მიუციათ სამართალში და ვერც მისცემთ, ვინაიდან თქვენ გეშინიანთ სასამართლოსი. (ეროვნ.-დემ. სკამებიდან ტაში). თქვენ კარგად იცით, რომ სამართალში მიცემას თან დასდევს საქმის გამოძიება. გამოძიება კი დაადასტურებს იმას, რასაც დღეს მთელი ხონის საზოგადოება ერთსულოვნად ამბობს და დამნაშავის სკამებზე ნაცვლად დაპატიმრებულებისა თქვენი ბობოლა მოღვაწეები დაბრძანდებიან. მინისტრის საბუთების შესავსებად ბ-ნი ჭავჭანიძე იყო ხონში გაგზავნილი. რა საბუთები მოგვიტანა მან? მისი დასაბუთება იმაში მდგომარეობდა, რომ ის მთელი საათი ეკამათა მარტვილელს, რომელსაც „საქართველოში“ ჰქონდა წერილი მოთავსებული. მარტვილელი არ სწერს მართალსო და სხ. დავიჯეროთ, რომ ეს ასეა. მერე რა შუაშია ის პირები, რომელნიც საპყრობილეში სხედან? ბ-ნ ჭავჭანიძეს მათი ბრალდების დასამტკიცებლად აქ ჭორები და ინსინუაციები მოუტანია. ის არის ნამდვილი რეაქციონერი, რადგან ძველად მამასახლისი იყო, მეორე მისი თანაშემწე იყო, მესამე ნამდვილი ავაზაკია და სხ. ნუ თუ ეს არის თქვენი საბუთები? თუ მამასახლისობა ასეთი ცოდვაა, განა ცოტა „პრისტავი“ და ძველი პოლიციელი გყავთ ფრიად დიდს და საპატიო ადგილებზე? (ხმაურობა). ის აქ ამტკიცებდა, ბახტაძეს ის აწუხებდა, რომ ქალაქი მას სახლს ართმევდაო, ის მიწა, სადაც სახლია აშენებული, წინად საეკლესიო იყო და მეფემ აჩუქა მამასაო. ეხლა მას ეს სახლი და მიწა უნდა ჩამოერთვასო. საინტერესოა ვიცოდეთ, როდის გახდით თქვენ საეკლესიო ქონების ასეთი დამცველი? (სიცილი მარცხნივ, ხმაურობა). თუ ეკლესიას რამე აქვს საძებარი, რად იწუხებთ თავს. თითონვე მოსძებნის. მეორე, ჩხენკელს - კიდევ სახლის რეკვიზიცია აწუხებს. მისთვის თქვენ წაგირთმევიათ სახლი. ის ყაჩაღია, ავაზაკიო.

ეს მე არ ვიცი, ხოლო მე ვიცი სასამართლოს ეს დადგენილება (კითხულობს), რომელი დადგენილებით ამ ჩხენკელმა თქვენ სამი თვის ციხე მოგისაჯათ. (ჭავჭანიძე: მე გავასაჩივრე და გავმართლდი?). ეს კარგი გინებებიათ და თუ შემდეგ ინსტანციაში კიდევ გამართლდით, შემდეგ თითონ თქვენ უნდა მისცეთ ჩხენკელი სამართალში და როდესაც იმას სასჯელს მიუსჯით, როგორც ეს თქვენ მან გიყოთ, მერმე გამოხვიდეთ აქ და ილაპარაკოთ ისეთი რიხით, როგორც ამას დღეს შვრებოდით. (ხმაურობა) ჭავჭანიძე ბრძანებს - ქალაქს არავითარი გადასახადი არ შემოუღია და რადგან ეს ასეა, მაშასადამე შეკითხვა უსაფუძვლოა. მე ეს გადასახადები ამ ჟამად არ მაინტერესებს, შეკითხვა სულ სხვა საგანს შეეხება. შტატები მცირეა, 11 კაცი მუშაობს ქალაქის გამგეობაში. წინეთ მარტო მამასახლისი იყო ეს და მრავალი მათი თანაშემწე და მწერლებიო. უნდა იცოდეს ყოფილმა თავმა, რომ ქალაქის გამგეობა არ არის ამ მამასახლისის მაგიერი. მამასახლისების ნაცვლად იქნებიან კომისრები და მილიცია, ხოლო ქალაქის მოსამსახურენი ეს კიდევ ზედმეტი იქნება. ბ-ნი ჭავჭანიძე სცდილობს ხონის ამბებს პარტიული ელფერი მისცეს. ეროვნულ-დემოკრატების საქმეა ესაო ხონში, რომ მე საჯარო კრება მოვაწყე იქ ქალაქის თავისა, ხმოსნების და მილიციის თან დასწრებით. ამ კრებაზე ქალაქის თავმა საჯაროთ დაადასტურა ჩემი სიტყვები, რომ ამ საქმეში არ ყოფილა გარეული უცხო ძალების მუშაობა და არც რომელიმე პარტიას მიუღია მონაწილეობა. როგორ გნებავთ, ვის უნდა დაუჯეროთ ჩვენ - ხონის ეხლანდელ, თუ ყოფილ თავს? (ხმაურობა. სიცილი) დაუბრუნდეთ ადმინისტრაციის მოქმედებას: 6 დააპატიმრეს ეს პირები. 9 გამოძიება მოახდინეს. შემდგომ გაანთავისუფლეს, რამოდენიმე დღის შემდგომ ისევ დაიჭირეს. ადმინისტრაცია მხოლოდ დაინტერესებულ პირების ჩვენებას დაემყარა. არ დაუკითხავთ მაზრის კომისრისათვის, (ან დაკითხეს და საქმეებში არ არის) არ დაუკითხავთ ხონის კომისრებისათვის, მილიციის უფროსის ჩვენება ჩაწერილია რამოდენიმე სტრიქონით. მე მინდა გავიგო, როდესაც ადმინისტრაცია დამნაშავეებს ეძებს თუნდაც რეაქციონერებს და კონტრ-რევოლიუციონერებს, უწინარეს ყოვლისა ვის უნდა მიმართავდეს - თავის ხელ ქვეითებს, ვისაც დაკისრებული აქვს წესიერების დაცვა და ბოროტ-მომქმედთა დევნა, თუ იაჩეიკების და შტაბების წევრებს? (სიცილი, ხმაურობა). მე მინდა შევავსო ეს ნაკლი გამოძიებისა. მე თქვენ გადმოგცემთ მინისტრის ხელქვეით ადმინისტრაციის აზრს ამ საქმის შესახებ. ხონის ერთი უბნის კომისარი, რომელიც თავის ჩვენებას ხელს აწერს, ასე აგვიწერს ამბავს (ხმები: დაასახელეთ, რომელი კომისარია). მე დავასახელებ ყველას გვარსა და სახელს, ხოლო იმ შემთხვევაში. თუ ბ. მინისტრიდან მექნება სიტყვა, რომ ამ პირებს არავითარი რისხვა არ მოელის. (ხმები: დაასახელეთ, დაასახელეთ!). ეს გახლავთ მთავარ ანგელოზის უბნის კომისარი ყუფარაძე. ის ამბობს: „მას შემდეგ, რაც ქალაქის გამგეობისაგან დარიგდა გადასახადის ფურცლები, ხალხში მრავალნაირი მითქმა-მოთქმა დაიწყო. ხალხში ამბობდენ, ჩვენ ამდენ გადასახადს ვერ ავიტანთო, თუ გავჩუმდით კიდევ მეტი დაგვედებაო და უმჯობესია ქალაქი მოიხსნასო, ხოლო რაც შეეხება სახელმწიფო გადასახადს, ჩვენ მას სავსებით ვღებულობთო. კრება მშვიდობიანი იყო. ხოლო ხალხში აღელვება შემოიტანა ქალაქის თავის მოადგილეს აჩქარებულმა მოქმედებამ. ვინც ეხლა დაჭერილია, ყველა მოსაწონი და საპატიო ხალხია და მათი რაიმე ცუდი არავის უნახავს. ისინი იყვნენ ამორჩეული მთავრობასთან ხალხის სურვილის წარსადგენად. ხალხი მეტად უკმაყოფილოა მათი დაჭერით. არაფერი თავისუფლება არ ყოფილა რესპუბლიკაში, თუ ჩვენი თხოვნის წარდგენისათვის იჭერენ ხალხის ამორჩეულ პირებსო. ისინი არაფერ ქადაგებას და აგიტაციას არ აწარმოებდნენ“. „ეს არის ერთი კომისარის აზრი. ეხლა მოვისმინოთ მეორე ადმინისტრატორის აზრი. (არსენიძე: ვინ არის მაგისთანა პატიოსანი?) ეს გახლავთ გოდერიძე. ის ამბობს: „ხალხი ლაპარაკობდა: ქალაქი არ გვინდაო. რაიმე მავნე ქადაგება არ ყოფილა. დაკავებული პირები საიმედო პირებია. არაფერი ცუდი არ ჩაუდენიათ. მაგათ დაჭერას ხალხი ძლიერ სწუხს“. ეხლა მოვისმინოთ ქალაქის მთელი ადმინისტრაციის უფროსის - ხონის მილიციის უფროსის აზრი (სოც.-დემოკრატიულ სკამზე ხმაურობა. სპ. კედია: არ გეგონათ განა?) ეს ის პირია, რომელიც მახლობელს მონაწილეობას იღებდა კრებაში და რუხაძე მან დაიხსნა, როდესაც თავის უტაქტობით მან ხალხი გააბრაზა. (მინისტრების სკამებიდან, რა გვარია!) ეს გახლავთ ბურჯანაძე. ეხლა მოგახსენებთ გვარს, რადგან მიღებული მაქვს დაპირება, რომ მათ არაფერი უსიამოვნება არ შეხვდებათ თავის სწორი აზრის გამოთქმისთვის. ამ ჟამად ის სხვაგან არის გადაყვანილი. (ვეშაპელი: რა მიზეზით?)

არა, თავის სურვილით. ის მოგვითხრობს: „ხალხში შინაურული მოლაპარაკება იყო. დიდი გადასახადები მოგველის, მოვახდინოთ კრება და ვითხოვოთ, რომ ხონი ქალაქად არ იყოს. დავესწარი კრებას. იქ იყო ქ. თავ. მოად. რუხაძეც. იქ ხელის მოწერაც იყო. რომ ვკითხე - რას აწერ ხელსათქო, მითხრეს: არ გვინდა ხონი ქალაქად, რომ დარჩესო. მე იქვე ვიდექი. შეიქნა ხალხში ხმაურობა. არიქა ილია რუხაძემ ქაღალდები წაგვართვაო. ხალხმა იძგუვლა. მივარდი და ტკბილი სიტყვით დავამშვიდე ხალხი, თორემ შეიძლებოდა ის დაეგლიჯათ. ილია რუხაძე სხვებს გამოვატანე, გამოვაპარე. მე კი ხალხს ვაწყნარებდი. მისი დარაჯის გალახვა არ შემიხედავს. ხოლო ექიჩურებოდენ კი. ის პირები ვინც დააკავეს, არაფერს ცუდში არ შემინიშნავს. მთავრობის საწინააღმდეგო აგიტაცია არავისთვის შემიმჩნევია. ქუთაისიდან მილიცია ვინ დაიბარა არ ვიცი. ხოლო ქალაქის გამგეობაში გადმომცემს ქუთაისში შეთვლილი გვაქვს და მაზრის კომისარი და მილიცია ჩამოვაო. ჩემთან და მილიციასთან ხალხი მეტად მორჩილად იყო. ყველა ჩემს განკარგულებებს ასრულებდნენ“. ამ რიგად მობილიზაციას აწყობენ, შორიდან მილიციას იბარებენ და ხონის მილიციის უფროს ამას არც კი უმხელენ. მან ეს დაბალი მოსამსახურეებისაგან გაიგო.

ვფიქრობ, რომ მოყვანილი საბუთები საკმაოდ აშუქებენ ხონის ამბებს და ზოგიერთი ქალაქის მეთაურის როლს ამ საქმეში. მე არ ვიცი ადმინისტრაცია ბრმა იარაღი გახდა ამათ ხელში, თუ შეგნებულად წავიდა ასეთს ყოვლად შეუწყნარებელ მოქმედებაზე. ხონელი მოღვაწენი კი ამ რეპრესიებიდან სულ სხვა შედეგებს მოელოდნენ. ჰფიქრობდენ - შიშით განამტკიცებდენ თავის შეურყეველ გავლენას. ამ ჟამად ისინი აღარ მალავენ, რომ რესპრესიებმა ცუდი ნაყოფი გამოიღეს. ხალხი სრულიად დაიშორეს. რეპრესიების საწინააღმდეგო აზრი თავიდანვე მტკიცე ყოფილა თვით ქალაქის გამგეობის წრეებში. 19 და 24 კრებების შემდგომ, შემდგარა ხმოსანთა კრება ამ საგანზე. ოქმი მე ვერ ვიშოვე ხონის მოღვაწეთაგან. (ჭავჭანიძე: მე მაქვს აგერ!). კეთილი, თუ შემცდარად გადმოვცე, გამისწორეთ. ოქმის შინაარსი დეპეშით გადმომცეს ხონიდან და შინაარსი აქ მაქვს ჩაწერილი უპარტიო ხმოსნის ჩვენებით. (ხმაურობა). მოთმინება იქონიეთ. ამას მეტი მნიშვნელობა აქვს, ვინემ ჭორებს, რომელიც თქვენ აქედან გითხრეს. „ხმოსნებმა დავადგინეთ, რომ არაფერი რეპრესიები არ ყოფილიყო მიღებული და ხალხისთვის უბან-უბან გაეცნოთ საქმის ნამდვილი ვითარება“. რა უნდა გაეცნოთ უბან-უბან ხალხისთვის? უნდა გაეცნოთ შეფასებითი გადასახადის ხასიათი, ეს გადასახადი ხონის მცხოვრებთათვის ახალი იყო. წინეთ არ იცნობდენ მას. ქალაქის მესვეურებმა არაფერი ხალხს არ აუხსნეს. ისე დაარიგეს ფურცლები, და გარწმუნებთ, თქვენც ვერ გაიგებთ ამ ფურცლების შინაარს წესიერად. შიგ სწერია - თქვენი ქონება ქალაქის გამგეობამ შეფასებით გადასახადისთვის შეაფასა ამდენი ათასი. იქ არაფერია ნათქვამი თუ რა პროცენტი უნდა გადაიხადოს მოქალაქემ. არის მხოლოდ ერთი ციფრი. არ არის გასაკვირველი, რომ ხალხმა ისე გაიგო, თითქოს ეს ციფრი მას უნდა გადაეხადა ქალაქისათვის. (ხმები: ნუ-თუ თქვენი პარტიის ხალხმა ეს არ იცოდა? რათ არ აუხსნეს?).

იქნებ ეს ზოგიერთმა სწორედ გაიგო, მაგრამ მათს მოვალეობას არ შეადგენდათ სოფელ-სოფელ ჩამოეარათ და ხალხისთვის აეხსნათ გადასახადის ხასიათი. ეს თქვენი ქალაქის თავის და მისი ამხანაგების მოვალეობა შეადგენდა. ეხლა, რომ აპირებენ უბან-უბან კრების გამართვას, ცოტა გვიანაა, ეს მაშინ უნდა მოეხდინათ და ხალხისთვის ნამდვილი მუშაობა აეხსნათ. და, რომ ამ საქმეში მრავალი გაუგებრობასაც ჰქონდა ადგილი, ესეც აშკარაა. მე აქ ჩაწერილი მაქვს სამოცამდე სხვა და სხვა მდგომარეობისა და წრის მოქალაქეთა ჩვენება, მაგრამ ამას თქვენ არ გაგაცნობთ, ვინაიდან ეს ჩვენებები მე მინდოდა პირადი რწმენის შესამუშავებლათ ამ საგანზე. ხონიდან წამოსვლისას, მოქალაქეთა კრება გავმართე, რომ მასში დამშვიდება შემეტანა და ჩემი იქ ჩასვლაც ახალი მითქმა-მოთქმის საგნად არ გამხდარიყო. კრებას დაესწრო ქალაქის თავი და მრავალი ხმოსანი მილიციელები და სხ. კრებამ მთხოვა თქვენთვის გადმომეცა მათი თხოვნა, რომელიც მათ ვერ გამოგზავნეს, ვინაიდან მათი წარმომადგენლები დააპატიმრეს. მათ სურვილს თქვენ უკვე იცნობთ. (ჭავჭანიძე: რამდენი კაცი დაესწრო?). მე არ დამითვლია რამდენი კაცი დაესწრო, საკმაო ბლომად, თუმცა მიღებული იყო ზოგიერთი ზომა, რომ ნაკლები შეკრებილიყო. მათ თხოვნას კი, თქვენ მოგეხსენებათ, რამდენი პირი აწერს - ორი ათასამდე მოქალაქეთ უწერია ხელი. (ჭავჭანიძე - ვინ გამოიძია, ხალხმა მოაწერა, თუ არა?). აგერ არის ის პეტიცია, რომლისთვის ხონში ასეთი აურ-ზაური ასტეხეთ, თქვენ შეგიძლიათ გამოიძიოთ, მას ხალხმა მოაწერა ხელი თუ არა. ყოველს შემთხვევაში თქვენ ერთიც ვერ გამოგინახავთ ისეთი, რომელსაც ეთქვას - მე მომატყუილეს და შეცდომით მოვაწერე, თხოვნის შინაარსი მე არ ვიცოდიო და სხ., როგორც ამას ბ. რუხაძე აჩვენებს. ასეთი ვინმე ერთი მაინც ვერ გამოძებნეთ? ხონის კრებამ დამავალა გადმოგცეთ მისი თხოვნა, რომ ეს პირები თქვენ გაანთავისუფლოთ, ვინაიდან მათ არაფერი დანაშაული არ მიუძღვის გარდა იმისა, რომ ხალხმა დავავალეთ ამ თხოვნის შედგენა და ხელის მოწერაო. რომ არ ეთქვათ აქ, შეიძლება დიდი ნაწილი იყო ასეთი დადგენილების წინააღმდეგო, თავმჯდომარეს კენჭი ვაყრევინე. მთელი ხალხი აღმოჩნდა ამ აზრის მომხრე და მის წინააღმდეგ არც ერთი ხელი არ აწეულა, თუმცა კრებას დაესწრო ყველა ის პირები, რომელნიც, თქვენ იცით, როგორ აშუქებდენ ამ საქმეს ბ.ბ. მე გავათავე. უკეთუ ჩემ მიერ წარმოდგენელი მასალა ამ საგანზე თქვენ დამაჯერებლად არ მიგაჩნიათ, აუცილებელი საჭიროა, რომ სპეციალური კომისია გაგზავნოს დამფუძნებელმა კრებამ ყველა ფრაქციის წარმომადგენელისაგან ამ საქმის ადგილობრივ გამოსაძიებლად. ამას მოითხოვს საქმის ინტერესი, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ისეთი შენთქმულობანი ხალხთა წინააღმდეგ, რომელსაც შეიძლებოდა დიდი უბედურებები გამოეწვია, დაუსჯელად არ ჩაივლის. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ დამფუძნებელი კრება ფხიზელ დარაჯათ უდგია კანონიერებას და სამართალს და არ ადასტურებს მთავრობის ისეთ ნაბიჯებს, რომელნიც უსამართლო და უკანონო არიან. (ტაში: ეროვ.-დემ. სკამებიდან).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ჭავჭანიძეს.

ივ. ჭავჭანიძე (ს.-დ.) ბ-ნმა ა. ასათიანმა თავის საპასუხო სიტყვაში შეეცადა უდანაშაულოთ დასჯილებად გამოეყვანა ხონის გამოსვლის ინიციატორები და მეთაურები. მას მოჰყავს ყოფილი მილიციის უფროსის ბურჯანაძის და უბნის ზედამხედველის ვიღაც ყუფარაძის ჩვენებები, რომელთაც თითქო განუცხადებიათ, რომ ლუკა ბახტაძე, იასონ ჩხენკელი, რომელნიც დღეს იმალებიან, და სხვები, არაფერშიც არ არიან დამნაშავენი; ბ-ნი ასათიანი იმოწმებს აგრეთვე რაღაც თხოვნას, რომელსაც თითქო ორი ათას ხონელ მოქალაქეს მოუწერია ხელი. ბატონებო, როგორც შეკითხვის დასაბუთებიდან სჩანდა, ნაციონალ-დემოკრატები მოძრაობის მიზეზად ასახელებენ ხონის ქალაქად გადაკეთებით გამოწვეულ დიდ ხარჯებს. დღეს, რომ ხონში გააუქმოთ ქალაქის თვითმმართველობა და მის ნაცვლად შემოიღოთ საერობო ერთეული, მაშინაც ახლანდელზე ნაკლები შტატებით და ხარჯებით ვერას გახდებით და არსებულ შტატს ვერ შეამოკლებთ.

ბ-ნ ასათიანს უნდა დაემტკიცებინა, რომ ხონში მართლა დიდი გადასახადებია, ბევრი ხარჯებია და მცხოვრებთ არ შეუძლიათ ამ დიდი ხარჯების ატანა. მან ეს ვერ დაამტკიცა მაშ რას თხოულობს ის თხოვნა, რომელიც ასათიანს უკავია ხელში და რომელზედაც თითქო ორი ათას ხონელს უწერია ხელი? მართლაც და გიჟები ხომ არ არიან ეს ხალხი? არა, ხონში გიჟები არ არიან, არიან მხოლოდ ორიოდე სულით ავადმყოფნი; ერთი მათგანი იმათ რიცხვშია, ვინც თითქო ხონელებმა აირჩიეს მთავრობის წინაშე საშუამდგომლოდ. მაშ რაშია საქმე? რა უნდა ორი ათას ხელის მომწერს? რას ერჩიან იმ ქალაქის თვითთმართველობას, რომლის წინააღმდეგ ინტერპელიანტებმა ერთი საბუთიც კი ვერ მოიყვანეს იმ ქალაქის თვითმმართველობის წინააღმდეგ, რომელმაც მოკლე ხანში ხონის მცხოვრებთ მოუწყო ჩინებული საავადმყოფო, ამბულატორია, აფთიაქი, სასურსათო მაღაზია და სხვა? აშკარაა, რომ საქმე ისე არ გახლავთ, როგორც ნაციონალ-დემოკრატები ბრძანებენ. აშკარაა, რომ აქ ბრძოლაა გაჩაღებული არა ხონის ქალაქის თვითმმართველობის წინააღმდეგ მარტო, არამედ დემოკრატიულ წყობილებისა და დემოკრატიულ მთავრობის წინააღმდეგ. ჩვენი ნაციონალ-დემოკრატები ვერ ინელებენ ამ უკანასკნელს: მათ უაღრესად სძულთ და ეჯავრებათ ჩვენი დემოკრატიული და სოციალისტური მთავრობა (ნაც.-დემოკრ. ადგილიდან: მართალია გვძულს!). გძულთ იმისთვის, რომ იგია მუშათა კლასის, დემოკრატიის მთავრობა და არა სპეკულიანტების.

სწორედ ეს სიძულვილი გიკარნახებთ თქვენი აგენტების საშუალებით ავრცელოთ უსაზიზღრესი ჭორები და აამღვრიოთ წყალი. აქ აშკარათ გამოსჭვივის ბ-ნო ნაციონალ-დემოკრატებო, თქვენი რეაქციონური მისწრაფებანი და ტყუილათ ლამობთ მის მიჩქმალვას. ორი ათასი ხელის მოწერით. მერე ვინ შეამოწმა ეგ ორი ათასი ხელის მოწერა? მე ვეკთხები ბ-ნ ასათიანს: შეუძლია კი მას იკისროს იმის პასუხისმგებლობა, რომ ეგ ორი ათასი ხელის მოწერა წესიერად არის შეკრებილი? ასე მეც შემიძლია წავიდე და ხვალ ოთხი ათასი და მეტიც ხელის მოწერა შევკრიფო. არა, ბატონებო, ამ გზით ვერავინ ფონს ვერ გავა და ვერ შესძლებს ხონელ ყორნების გათეთრებას.

ახლა ორიოდე სიტყვა იმ ორატორების საპასუხოდ, რომლებიც ხონის გამოსვლას რეაქციონურ გამოსვლას უწოდებენ, მაგრამ ადმინისტრატიულად დატუსაღების წინააღმდეგ კი ილაშქრებენ. აბა, ვინ არ იცის, რომ სასამართლოს საშუალებით დასჯა უფრო წესიერია ადმინისტრატიულზე, მაგრამ ჩვენს მდგომარეობაში მყოფნი ჯერ-ჯერობით ვერც ადმინისტრატიულ ზომებზე ვიტყვით უარს. უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენელნი, რომელთაგანაც არის დამოკიდებული ჩვენი საერთაშორისო მდგომარეობის გამორკვევა, ფხიზლად ადევნებენ თვალ-ყურს ყოველივე გამოსვლას და მოძრაობას ჩვენში. ასეთ პირობებში ჩვენ, რომ უარვყოთ ადმინისტრატიული ზომები და უცადოთ სასამართლოს განაჩენებს, ჩვენი მტრები არა ერთსა და ორ გამოსვლას მოგვიწყობენ, თავის ბოროტ მიზანს მიაღწევენ და მერე მათი სასამართლოს წესით დასჯა გვიან იქნება. ჩვენი მთავრობა ამ გზას ვერ დაადგება; იგი ფხიზლად უდგას დემოკრატიის ინტერესებს და ყოველთვის სასტიკ ზომებს მიიღებს მათ წინააღმდეგ, ვინც ხელს შეუშლის ჩვენს აღმშენებლობითი მუშაობას. ჩვენი ნაციონალ-დემოკრატები კი თავიანთ უაზრო შეკითხვებით ვერავის ვერ დააშინებენ და ვერც ხონელ რეაქციონერებს გაამართლებენ (ტაში).

თავმჯდომარე. დარჩა კიდევ სამი ორატორი, როგორ გნებავთ, გაგრძელდეს სხდომა კიდევ თუ შესწყდეს? არის შემოსული წინადადება - სხდომის გადადების შესახებ. ვინ არის მომხრე კრების გადადების? კრება გრძელდება. (ხმები: კამათი შესწყდეს!) გთხოვთ წერილობითი შემოიტანოთ თქვენი წინადადება. სიტყვა ეკუთვნის ბატონ არსენიძეს (ხმები: ქვორუმი არ არის) გთხოვთ წერილობით შემოიტანოთ ყოველგვარი განცხადება.

. არსენიძე. ამ საკითხის ახლა სავსებით გადაწყვეტა არ შეიძლება. ჩაწერილია კიდევ სამი ორატორი. მათ უნდა მიეცეთ საშუალება თავისი აზრის გამოთქმისა. კითხვამ ისეთი ხასიათი მიიღო, რომ ერთხელ და სამუდამოთ უნდა გადავწყვიტოთ იგი. კითხვა ისმის ასე: ვებრძოლოთ თუ არა კონტრ-რევოლიუციას? ეს კი რთული საკითხია. ამის დამთავრებას ვერ მოასწრებთ დღეს, რომელიც მეტად საჭიროა და სასწრაფოა. მე წინადადება შემომაქვს ეს საკითხი, ვინაიდან იგი არ ითმენს გადადებას, დავსვათ და განვიხილოთ. ჯერ გვარდიას და ჯარს აღმოუჩინოთ დახმარება და შემდეგ ვიკამათოთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ხონის საკითხი.

თავმჯდომარე. ვის სურ სიტყვა ამის შესახებ? სიტყვა არავის სურს. ვინ არის მომხრე გადაიდოს სხდომა? სხდომა გრძელდება კიდევ ერთი საათით. გადავდივარ მორიგ საკითხებზე. სანამ გადავიდოდეთ ამ საკითხების განხილვაზე აქ შემოვიდა სოც.-დემოკრ. ფრაქციის წინადადება იქნეს გამოტანილი დღიურ წესრიგის მე-7 - მე-4 მუხლად.

ვინ არის მომხრე იქნეს გადმოტანილი? შემოვიდა წინადადება კვორუმი არ არის. კვორუმი არის. სულ არის 49-50 წევრი. ამ რიგად სხდომა გრძელდება. 10 მილიონის ავანსის სახით კრედიტის გახსნის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ ნიკო ელიავას.

ნიკო ელიავა. (ს.-დ.) სამხედრო მინისტრი შუამდგომლობს გაიღოთ სახელმწიფო ხაზინიდან გვარდიის საჭიროებისათვის 10 მილიონი მანეთი ავანსათ, იმ ხარჯების ანგარიშში, რომელნიც შედგენილია და უნდა წარმოადგინოს დასამტკიცებლად. უნდა მოგახსენოთ, რომ ხარჯი გვარდიისა ნავარაუდევია სულ - 4 მილიონი მანეთი. მაგრამ ეს ხარჯი ნავარაუდევია მშვიდობიანი დროისთვის. დღეს კი ყველას მოგეხსენებათ, რომ ჩვენი გვარდია გამუდმებით ფრონტზე დგას და საომარ განწყობილებაში იმყოფება. ასეთმა მდგომარეობამ გაცილებით გაადიდა ხარჯები და ის თანხა, რომელიც ნავარაუდევია გვარდიის საჭიროებისათვის სრულიად ვერ აკმაყოფილებს მას. ამ მოსაზრებით გადადებული თანხა უნდა გადიდდეს, რომელიც უნდა უდრიდეს 85 მილიონ მანეთს. დღეს მომენტი თხოულობს გვარდიის ბევრ საჭიროების დაკმაყოფილებას და სამხედრო მინისტრი შუამდგომლობს გადადებული იქნეს 10 მილიონი მის განკარგულებაში, აქ არ არის ნაჩვენები დაწვრილებით თუ რისთვისაა საჭირო ამ ფულის გადადება. მაგრამ მოგახსენებთ, რომ იგი საჭიროა გვარდიის „ობმუნდიროვკის“ და სურსათის დასამზადებლად. საფინანსო კომისიამ, მიიღო მხედველობაში მომენტი და შესაძლებლად მიიჩნია თანხის გადადება. რაც შეეხება თითონ ციფრს შეიძლება ავანსის სახით მიეცეს 10 მილიონი. (ხმები: კონტროლიორის აზრი?) კონტროლიორის აზრი გახლავთ, რომ ის გადაჭრილად თავის აზრს ვერ ამბობს, რადგანაც გვარდიის მიერ გაწეული ზოგიერთი ხარჯები არ არის ჯერ კიდევ გამართლებული სათანადო საბუთებით. საფინანსო კომისიამ მიიღო ეს მხედველობაში, მაგრამ მას შეხედა, როგორც ფორმალურ მხარეს. და რადგანაც მომენტი მოითხოვს შუამდგომლობის აუცილებელ დაკმაყოფილებას, მან არ მიაქცია ყურადღება წმინდა ფორმალურ მხარეს. მით უმეტეს, რომ ეს თანხა ეძლევა მას ავანსის სახით და ამიტომ შევა იმ თანხაში, რომელიც გადაღებულია გვარდიის საჭიროებისათვის.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ამის შესახებ? სიტყვა არავის სურს. დეკრეტს კენჭს უყრი. გთხოვთ წაიკითხოთ.

ნიკო ელიავა (კითხულობს პირველ §).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის სურს. ვინ არის მომხრე პირველი მუხლის? ვინ არის წინააღმდეგი? თავი ვინ შეიკავა? პირველი მუხლი მიღებულია.

ნიკ ელიავა (კითხულობს მე-2 §).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის სურს. ვინ არის მომხრე მეორე მუხლის? ვინ არის წინააღმდეგი? თავი ვინ შეიკავა? მეორე მუხლი მიღებულია.

ნიკო ელიავა (კითხულობს მესამე §).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის სურს. ვინ არის მომხრე მესამე მუხლის? ვინ არის წინააღმდეგი? თავი ვინ შეიკავა? მესამე მუხლი მიღებულია. ვინ არის მომხრე საერთოდ დეკრეტის? ვინ არის წინააღმდეგი? თავი ვინ შეიკავა? დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

კრება გრძელდება კიდევ, ვინაიდან ერთი საათი არ გაასულა. (ხმები: არ შეგვიძლია, დაიხუროს!). შემოვიდა წინადადება, რომ კრება დაიხუროს. კრება გადადებულია. გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი კრების დღიური წესრიგი. (მდივანი კითხულობს).

კრებას ვხურავ.

სხდომა იხურება 4 ს. და 25 წ.

4.9 ორმოცდამეცამეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(სტენოგრაფიული ანგარიში)

1919 წელი, ოქტომბრის 17. ტფილისი, სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგი

სიმონ მდივანი.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი და

ქრისტინე შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება დილის 12 საათზე.

თავმჯდომარე: გთხოვთ დაიკავოთ ადგილები. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი. (კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა სახალხო გვარდიის საჭიროებისათვის სამხედრო სამინისტროს განკარგულებაში 10 მილ. მან. გადადების შესახებ. მომხსენებელია გრ. ნათაძე.

2. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა ერთდროულ სანიტარულ და პირდაპირი სახელმწიფო გადასახადების მყიდველზე გადატანის აკრძალვის შესახებ. მომხსენებელია გრ. ნათაძე.

3. გაგრძელება მსჯელობისა ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვის გამო ქ. ხონის მცხოვრებთა წარმომადგენლების დაპატიმრების შესახებ.

4. მეორე მუხლობრივი განხილვა საქართველოს სახელმწიფო ბანკის წესდებისა. მომხსენებელია დ. თოფურიძე.

5. მეორე (მუხლობრივი) განხილვა 1915 წლის თებერვლის 2-ს კანონისა (გერმანელთა, ავსტრო-უნგრელთა და ოსმალეთათვის უძრავი საკუთრე290

ბის შეძენის აკრძალვის გაუქმების კანონ-პროექტისა. მომხსენებელია ს. ჯაფარიძე.

6. განხილვა დეკრეტისა სამომრიგებლო ინსტიტუტის ახალ დაწესებულებათათვის ავეჯეულობის შესაძენად 709.220 მან. გადადების შესახებ. მომხსენებელია გ. გიორგაძე.

დამატება.

განხილვა დეკრეტისა მთავრობის წევრთა ჯამაგირების გადიდების შესახებ. მომხსენებელია კირ. ნინიძე.

8. განხილვა დეკრეტისა დამფუძნებელ კრების წევრის გასამრჯელოს გადიდების შესახებ. მომხსენებელია კირ. ნინიძე.

9. დეკრეტი მუშა მოსამსახურეთათვის პირველ მოთხოვნილების საქონლის მოსაწოდებლად მთავრობის განკარგულებაში 50 მილიონი მანეთის გადადების შესახებ. მომხსენებელია გრ. ურატაძე.

თავმჯდომარე. წინადადება არის სოც.-დემოკრატიულ ფრაქციისაგან შემოსული დღიურ წესრიგის შესახებ (კითხულობს) ვის სურს სიტყვა ამ წინადადების შესახებ? არავის. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. წინადადება მიღებულია. გადავდივართ საკითხებზე. პირველ საკითხის შესახებ (კითხულობს) მომხსენებელია გრ. ნათაძე.

გრ. ნათაძე. სარედაქციო კომისიამ შეასწორა ეს დეკრეტი შემდეგ ნაირად (კითხულობს მუხლობრივ).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი შესწორებისა? არავინ. სარედაქციო კომისიის შესწორებანი მიღებულია. მეორე საკითხის შესახებ (კითხულობს) მომხსენებელია გრ. ნათაძე. გთხოვთ წაიკითხოთ.

გრ. ნათაძე. (კითხულობს მუხლობრივ).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი შესწორებებისა? არავინ. სარედაქციო კომისიის შესწორებანი მიღებულია.

ეროვნულ-დემ. ფრაქციის შეკითხვა ხონის ამბების შესახებ.

თავმჯდომარე. გაგრძელება ეროვ-დემ. ფრაქციის მიერ შემოტანილ შეკითხვის შესახებ. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს ივ. ჭავჭანიძეს.

ივ. ჭავჭანიძე. მოქალაქენო! დამფუძნებელი კრების წევრმა ბ. ასათიანმა თავის საპასუხო სიტყვაში ვერაფრით ვერ გააბათილა ის ციფრები, რომელიც მე მოვიყვანე. მის შეკითხვას საფუძვლად ის ედო თითქოს დატუსაღებულნი არიან უდანაშაულო პირები, თითქოს ხონის საზოგადოებამ ვერ შესძლო აეტანა ის მძიმე ტვირთი, რომელიც მას ქალაქმა დაადო.

შეკითხვაში ნათქვამი იყო, თითქოს ქალაქის თვითმმართველობის შენახვა ისე ძვირად უჯდებოდეს ქ. ხონს, რომ ამ სამძიმო ხარჯის გაღებამ აიძულა ხონის საზოგადოება მიემართა მთავრობისათვის თხოვნით, რომ გაეუქმებინათ საქალაქო თვითმმართველობა. მე აქ ციფრებითვე დაუმტკიცე, რომ ქალაქის თვითმმართველობის შტატი ძალიან მცირე რიცხოვანია და ხარჯიც მინიმალური.

ვთქვათ, ქალაქის თვითმმართველობა ხონში გაუქმდა და დაწესდა წვრილი საერობო ერთეული. მაშინაც ხომ საჭირო იქნებოდა გამგეობის სამი წევრი, მოლარე, საქმის მწარმოებელი. იგივე შტატები არის დღეს ქალაქის თვითმმართველობაში.

ბ. ასათიანს უნდა დაემტკიცებინა, რომ ეს შტატი ძალიან დიდია და ხარჯი ისეთი დიდი, რომ ხონის მცხოვრებლები ვერ გაუძღვებიან, მაგრამ ასათიანი ამას ვერ დაამტკიცებს. მან განაცხადა თითქოს მე ჭორებით გამოვედი. ნუთუ ჭორები იყო ის ციფრები, რომელიც მე მოვიყვანე? და თუ ის ციფრები ჭორები იყო, მას უნდა მოეყვანა სხვა, - ნამდვილი ციფრები და მოეხსენებინა დამფუძნებელ კრებისათვის. მაგრამ მას არ შეეძლო სხვა ციფრების მოყვანა.

შემდეგ ბ. ასათიანს მოჰყავს ჩვენება ყოფილ მილიციის უფროსის და ერთი უბნის ზედამხედველისა და დაასკვნის: ამ ჩვენებიდან სჩანს, რომ ეს ხალხი უდანაშაულოდ არის დაჭერილიო და თან იმოწმებს 2000 კაცის ხელ-მოწერას. მე უნდა ვკითხო ბ. ასათიანს: ნუ-თუ მას შეუძლიან იკისროს იმის პასუხისმგებლობა, რომ 2000 კაცის ხელმოწერა რიგიანად და წესიერად არის მოწყობილი? მე შემიძლიან 4000 კაცს მოვაწერინო ხელი. მაგრამ საქმე იმაშია, ვინ შეამოწმა ეს ხელმოწერა.

და თუ მძიმე არ არის ეს ხარჯები, მაშ რად მოითხოვს ხალხი ქალაქის თვითმმართველობის გაუქმებას? რაშია საქმე? ეს 2000 კაცი გიჟები ხომ არ არიან? შეიძლება ქ. ხონში მართლაც მოიპოვებოდეს თითო-ოროლა სულით ავადმყოფი, რომელიც ფიქრობს, რომ მას უპირებენ როსკიპი შერთონ ცოლად. ხონში მოინახება ისეთი სულით ავადმყოფიც, რომელიც ჰფიქრობს, რომ ყველა ლამაზი ქალი მასზეა შეყვარებული. ასეთი გიჟები და სულით ავადმყოფები შეიძლება იმ დეპუტაციაშიაც მოხვდნენ, რომელიც ხონელებმა აირჩიეს.

აშკარაა, რომ იქ ადგილი არ ჰქონია არც დიდ ხარჯებს, არც დიდ შტატებს. აქ სულ სხვა იყო, სახელდობრ ის, რაზედაც მე მიგითითეთ.

აქ არის ის ნაწილი საზოგადოებისა, რომელსაც ეჯავრება დემოკრატიული თვითმმართველობა, დემოკრატიული მთავრობა და საერთოდ დემოკრატიული წყობილება.

შემდეგ მე აღვნიშნე ის, რომ სწორედ ივანდიდში, როდესაც იქ კრება იყო, ერთ მხარეზე იდგა ყოფილი აზნაურობა და მათ მიემხრო ერთი გლეხი ვაჭარაძე, რომელსაც კარგა დიდი ქონება აქვს. იმას აწუხებს ის გარემოება, რომ მას შვიდი დესეტინის და არა ოცი დესეტინის შეძენის უფლება აქვს, მას აწუხებს ის, რომ კანონი ნებას არ მისცემს მეზობელს ადგილი ჩამოართვას ჩალის ფასად. აი ეს არის მიზეზი განგაშისა.

თუ ასათიანი ფიქრობს, რომ უდანაშაულოდ არის ვინმე დაჭერილი, უნდა დაემტკიცებინა, რომ მართლაც საზოგადოებას მძიმე ტვირთად აწევს ეს ხარჯი ქალაქის თვითმმართველობისა, მაგრამ მან ეს ვერ დაამტკიცა და არც შეეძლო დაემტკიცებინა.

დანარჩენმა ორატორებმა ბ. გვაზავამ და ბარათაშვილმა სულ სხვა ნიადაგზე გადაიტანეს ეს საკითხი. თვით გვაზავას არ უარუყვია ის, რომ მართლაც შეიძლება რეაქციონერები იყვნენო. ბარათაშვილმა კი პირდაპირ განაცხადა, რომ ისინი რეაქციონერები არიან, მაგრამ მაინც არ უნდა დაგეჭირათ ადმინისტრატიულად და სასამართლოს წესით უნდა მიგეცათ პასუხისგებაშიო.

რასაკვირველია, უმჯობესია, რომ სასამართლოს წესით ხდებოდეს დატუსაღება, მაგრამ ეს შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში ჩადგება. დღევანდელს პირობებში კი, როდესაც უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენელნი ძალიან ფხიზელი თვალით და მახვილი ყურით აკვირდებიან მას, რაც ხდება ჩვენში და ხედავენ, რომ ხან ერთ ადგილას და ხან მეორე ადგილას ხდება გამოსვლები და წინააღმდეგობას უწევენ დემოკრატიულ მთავრობას, - ისინი ამას ანგარიშს უწევენ და შესაფერი დასკვნა გამოყავთ.

რა თქმა უნდა, მთავრობა მოწადინებულია და ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა, რომ თვალ-ყური ადევნოს და სასწრაფო ზომები მიიღოს იმის წინააღმდეგ, რაც ჩვენს საქმეს და მომავალს ავნებს. თუ ასეთ პირობებში ადმინისტრატიულ დასჯაზე ხელს ავიღებთ და მარტო სასამართლოს წესით პასუხისგებაში მიცემით დავკმაყოფილდებით, სწორედ ის პირნი, რომელნიც ჩვენი დემოკრატიის წინააღმდეგნი არიან, მოასწრებენ, სანამ მათ ციხეში ჩასვამენ, არეულობა მოახდინონ და ამით ლახვარი ჩასცენ ჩვენი დამოუკიდებლობის განმტკიცებას.

და ამიტომ სწორედ დღევანდელ პირობებში ჩვენ არ შეგვიძლიან ხელი ავიღოთ ადმინისტრატიულ ზომებზე. ეს ზომები მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც ფიქრობს თავის გამოსვლებით შეიტანოს ცხოვრებაში აფორიაქება და ხელი შეუშალოს დემოკრატიული წყობილების განმტკიცებას. და ვინც დღეს იცავს იმ ხალხს, რომელიც ცხოვრების ასეთ აფორიაქებას იწვევს, ის ხელს უწყობს ჩვენი მომავალი წეს-წყობილების არ-განმტკიცებას. და ამ შემთხვევაში ნაციონალ-დემოკრატები იცავენ მათ, რადგან, თუ ვისმე ეზარება ჩვენი მთავრობა, ეს ყველაზე უფრო ძალიან - ეროვნულ-დემოკრატებს. (გვაზავა: მართალია!).

დიახ! გეზარებათ იმიტომ, რომ ის არის ხალხის და დემოკრატიის მთავრობა და არა სპეკულიანტების მთავრობა.

მე აქედან ვაცხადებ, რომ თქვენ ვერც საქართველოს დემოკრატიას და ვერც სხვა ქვეყნის დემოკრატიას ვერ აუხვევთ თვალებს და ვერ დაუმტკიცებთ, რომ ჩვენი მთავრობა არ არის ხალხის მთავრობა, ის, ვინც, ამას ვერ დაამტკიცებს, ხოლო გამოდის და იცავს იმ ხალხს, რომელიც იწვევს ჩვენი ცხოვრების არევ-დარევას, ის თვით იცავს არევ-დარევას, ის მტერია საქართველოს დამოუკიდებლობისა და მთელი ქვეყნისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების წევრს სპ. კედიას.

სპირიდონ კედია (ე.-დ.) ის შეკითხვა, რომელშიც თქვენ მოისმინეთ თავის შინაარსით მიაგავს იმ შეკითხვებს, რომელთაც აქამდე არა ერთხელ ჰქონიათ ადგილი ამ ჩვენს დამფუძნებელ კრებაში. ეს შეკითხვა, მიმართულია წინააღმდეგ ადმინისტრატიული ძალმომრეობისა და მიზნად აქვს დასახული, რომ ჩვენს ქვეყანაში გამტკიცდეს, რაც შეიძლება სწრაფად ნორმები უფლებისა.

ყოველთვის, როცა ასეთი შეკითხვა შემოდის, მთავრობის წარმომადგენლები და მართველი პარტიის ორატორები სცდილობენ შეკითხვის ნამდვილი ბუნება და დანიშნულება განზე გადასდონ. სამაგიეროდ სიტყვა კონტრ-რევოლიუციისა და რეაქციონერობის სფეროში გადაიტანონ და შემკითხველები ლანძღონ, როგორც ხალხის მტრები, კონტრ-რევოლიუციონერები. ამ სფეროში ტრიალს და „გამარჯვებას“ არც დიდი ჭკუა სჭირია, არც არგუმენტები; აქ საკმარისია ერთი დემაგოგია. სანამ დამფუძნებელ კრების წევრი არ ამაღლდება იმდენად, რომ თვით შეკითხვის საგნით და მისი ნამდვილი მიზნით დაინტერესდეს, ვიდრე იგი არ შეეჩვევა ადმინისტრატიულ ძალმომრეობის წინააღმდეგ საფუძვლიან კრიტიკას და პიროვნების უფლების პატივისცემას, შეუძლებელი იქნება სახელმწიფოს სიმტკიცე და უფლებრივი წყობილების დამყარება. დამფუძნებელი კრება ერთის მხრით და მთავრობა მეორეს მხრით აი, ის ორი ძალა, რომლის წონასწორობამ უნდა მოგვცეს სახელმწიფოს სიმტკიცე, ხოლო თუ რომელიმე მხარემ თავისაკენ გადმოხარა სასწორი - სახელმწიფოებრივი წონა-სწორობა დაირღვევა და ნორმალური უფლებრივი ცხოვრებაც შეუძლებელი გახდება.

ჩვენ ვამჩნევთ, რომ მთავრობა ამ უფლებრივ ნორმებს სისტემატიურად არღვევს, რომ იგი ბატონობს ანგარიშ მიუცემლად. მას არ აქვს დამფუძნებელი კრების რიდი. ამას ხელს უწყობს უმრავლესობის ფრაქცია. მართველი პარტია ისე უყურებს საკითხს, თითქოს მას უფლება არა ჰქონდეს თავის წიაღიდან გამოსულ მთავრობას ანგარიში მკაცრად მოსთხოვოს, საფუძვლიანი კრიტიკა გაუკეთოს და პასუხი აგებიოს. მას ჰგონია, რომ ეს მისი დამარცხება იქნება და არა მთავრობისა, რომელიც თავის მდგომარეობით, მოქმედობით და ფუნქციებით სულ სხვაა ვიდრე დამფუძნებელი კრება.

ხონის შეკითხვის გამო ბევრის თქმა საჭირო არ არის. ვინც დაინტერესებული არ არის პარტიული თვალსაზრისით, (ჯუღელი: როგორც თქვენ?) თქვენ თუ მაგის თქმის უფლება გაქვთ მაშინ მითხარით აბა ვის არ უნდა ჰქონდეს უფლება თქვენი განკიცხვისა?

ხონის საკითხის შესახებ ერთი იყო დასამტკიცებელი მთავრობისა და მის დამცველ პარტიისათვის ის, რომ 3-4 პირი უდანაშაულოდ დაპატიმრებულია სწორედ ისეთი მოქმედებისათვის, რომელიც მიმართული იყო ან სახელმწიფოს, ან მთავრობის წინააღმდეგ, ან და ვინმეს უფლების შესალახად. ჩვენ მოვისმინეთ შინაგან-საქმეთა მინისტრის ამხანაგის განმარტება, მან ვერ დაგვანახვა, რომ დაპატიმრებულთ კავშირი ჰქონოდეთ ჩვენი ქვეყნის მოღალატეებთან და ჩვენი წყობილების მტრებთან, ან, რომ მათ მოემოქმედათ მთავრობის საწინააღმდეგო, ამის მგზავსი აქ არაფერი გაგვიგონია. როგორც ხონის კრებაზე დამსწრე საზოგადოება ისე ის პირნი, რომელსაც მინდობილი ჰქონდათ კრების აზრის მთავრობაში წარდგენა, მოქალაქეობრივ უფლებით სარგებლობდნენ და ამიტომ მთავრობას არ ჰქონდა არავითარი უფლება ამისათვის ისინი ციხეში ჩაემწყვდია.

საქართველოში არის საზოგადოების ისეთი ნაწილი, რომელიც ისე არ აზროვნობს, როგორც ეს მმართველ პარტიას მოეპრიანება და თუ თქვენ მაზე მოუსპეთ თავისი აზრების გამოთქმის საშუალება ამით დააკანონებთ მხოლოდ ძალმომრეობას და ისეთ ანარქიას შექმნით, რომ ცხოვრება შეუძლებელი გახდება. ჩვენ აქ მოვისმინეთ საცოდავი არგუმენტი, მოჭორილი „საბუთი“ თითქოს დაპატიმრებულები კონტრ-რევოლიუციონერებია. მაგრამ ეს არ სჯერა თვით მთქმელსაც, არც შინაგან-საქმეთა მინისტრის ამხანაგს, არც ბ-ნ ჭავჭანიძეს, ესეც არ ეთქვათ, მაშ გაჩუმებულიყვნენ?!

ვთქვათ მე ვარ „კონტრ-რევოლიუციონერი“, ვსთქვათ მე ვებრძვი მთავრობას და მის პოლიტიკას. ნუ თუ თქვენ უნდა მომისპოთ საშუალება კალმით და სიტყვით ბრძოლისა? ეს შეიძლება თქვენთვის საჭირო იყო, მაგრამ ეს არ იქნება უფლებრივი წყობილება, არამედ ეს იქნება დესპოტია. ბარემ სთქვით, რომ თქვენ სწორედ ეს გინდათ, როგორც გარანტია თქვენი ბატონობისა. ყველას აქვს უფლება სწეროს, ილაპარაკოს და იმოქმედოს ისე, როგორც ამას უკარნახებს მას მისი პოლიტიკური რწმენა და შეგნება.

ამის მეტი ხომ არც ხონის მოქალაქეთ ჩაუდენიათ რამე, იმ პირთ, რომელნიც დღესაც ციხეში ჰყავს დამწყვდეული შინაგან-საქმეთა მინისტრს?!

ამის შემდეგ ჩვენ გვაოცებს დამფუძნებელ კრების უმრავლესობის უფლებრივი შეგნება, როდესაც იგი გამოდის და მთავრობას უწონებს ძალმომრეობის აქტს. ბ.ბ. თუ ასეთი მეთოდი გაგრძელდა დამფუძნებელ კრებაში, ჩვენ ვერ შევქმნით სახელმწიფოს, რადგან უფლებას ვერ განვამტკიცებთ. დაშინება, და უდანაშაულოთ ციხეში ჩაყრა ხალხისა - ძალმომრეობაა და ჩვენც ამის წინააღმდეგ ყოველგან ვიბრძოლებთ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ნინიძეს.

კირილე ნინიძე (ს.-დ.) ბ-ბო! ჩვენ მოველოდით იმ ფრაქციისაგან, რომელიც მუდამ ლაპარაკობს კანონიერებაზე და უფლებაზე, ამ უფლებით ისარგებლებდა ისე, როგორც ყველა პარლამენტარულ ქვეყნებში სარგებლობენ შეკითხვებით. რა მნიშვნელობა აქვს შეკითხვას საერთოდ წარმომადგენლობითი დაწესებულებისათვის? შეკითხვა აღნუსხავს იმ უკანონობას, რომელიც მთავრობამ ჩაიდინა. (გვაზავა: ეს უკვე გამოირკვა!) ეს არის მთავარი დებულება, რომელიც სცდილობს აღნუსხოს ესა თუ ის უკანონო მოქმედება, რომელიც მთავრობამ ჩაიდინა. ეს არის ფორმალური მხარე. თუ მოქმედება გახდება შეკითხვის საგნად მაშინ შეკითხვის ავტორი და ოპოზიცია ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ესა თუ ის ზომა არ არის მიზანშეწონილი, რომ ის აძლევს ზარალს არსებულს სახელმწიფო წყობილებას. ეს ორი მთავარი დებულებაა, რომლითაც ხელმძღვანელობს ყოველი შემკითხველი.

ავიღოთ ეს მხარე:

ჩვენ ვეკითხებით ამ ჯენტლმენებს: - რომელი კანონი დაარღვია მთავრობამ? მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მუდამ კანონიერებაზე გაიძახიან, ამას არც ერთხელ არ მიაქციეს ყურადღება და არც სურვილი გამოიჩინეს პასუხის გაცემისა. (ვეშაპელი: რომელი კანონია დაწერილი ჯერ?) არის ერთი კანონი, ბ-ნო ვეშაპელო, რომლითაც დამფუძნებელმა კრებამ დაავალა მთავრობას ადმინისტრატიული წესით ებრძოლოს ყველას, ვინც მოინდომებს ჩვენში წესიერების დარღვევას.

თქვენ მაშინ ასეთ გადაწყვეტილებას კრებისას ტაშს უკრავდით, სიხარულით ეგებებოდით. რატომ? იმიტომ, რომ ეს რეპრესიები სომხებისა და ბოლშევიკების წინააღმდეგ იყო მიმართული. თქვენ გინდოდათ სომხების და ბოლშევიკების პრესა გასრესილი ყოფილიყო; თქვენ მაშინ არ გითქვამთ - კანონი დაირღვევაო. ეს ჯენტლმენობა გამოდის გოტენტოტური მორალით: „მე ნუ შემჭამთ და სხვას თუ შევჭამთ - კარგიაო“.

ავიღოთ მეორე მხარე - მიზანშეწონილება, სომხები და ბოლშევიკები ჰქმნიან ანარქიას. ისინი ებრძვიან ჩვენს დემოკრატიას; შოვინისტებიც ებრძვიან ჩვენს დემოკრატიას. თუმცა ეროვნულ-დემოკრატები დამფუძნებელ კრებაში არ გვებრძვიან და სიტყვით კიდეც თანხმობას გვიცხადებენ, მაგრამ მათი მიმდევრები პროვინციაში ყოველგვარი საშუალებით ებრძვიან ჩვენს დემოკრატიას და მის წყობილებას. ეს ბრძოლა გამოიხატება დემოკრატიის პოგრომისაკენ მოწოდებაში (ხმაურობა). როდესაც თქვენ ქალაქის თვითმმართველობას ებრძვით და კანონის დარღვევისაკენ მოუწოდებთ ხალხს, ნუ-თუ ეს პოგრომისაკენ მოწოდება არ არის?

თქვენ გინდათ დამფუძნებელი კრება მთავრობის საგამომძიებლო კამერად გადააქციოთ, გამოიტანოთ აქ ტრიბუნაზე ასათიანის შეკითხვები და მისი ცნობები და დამფუძნებელ კრებას მისცეთ სამუშაოდ.

მე გეუბნებით, რომ ეს ყოვლად შეუწყნარებელი ულოღიკობა არის. მას, შემდეგ, რაც თქვენ მთავრობას დართეთ ნება ადმინისტრატიული წესით ბრძოლისა საჭირო შემთხვევებში - ეს ნიშნავს, რომ თქვენ მას არ ენდობით.

მართალია ამის სათანადო დაფასება შეუძლიან მხოლოდ სასამართლოს და როგორ შეიძლება, რომ ეს შემთხვევა გამოიტანოთ დამფუძნებელ კრებაში. ეს, რომ ყოფილიყო საჭირო, ჩვენ მთავრობას არ მივცემდით იმ მჭრელს, ორ-პირს იარაღს, რომელსაც მის ხელში ადმინისტრატიული წესით მოქმედების უფლებას წარმოადგენს. თქვენ რატომ მიეცით მაშინ მთავრობას ეს უფლება? რამ აგიტაცათ მაშინ თქვენ?

თქვენ გეგონათ ბოლშევიკების და სომხების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული ის ზომები ყოველთვის და ის კი ვერ წარმოიდგინეთ, რომ ეს იარაღი თქვენკენაც მოიმართებოდა საჭირო დროს.

ჩვენ იძულებული ვართ გადავდგათ ასეთი ნაბიჯი იმიტომ, რომ განსაკუთრებულ ხანაში ვცხოვრობთ. ამიტომაც ავირჩიეთ არაჩვეულებრივი ზომები. როდესაც კი ჩვენში ის წესი დამყარდება, რომელიც ინგლისშია, ჩვენ გავაუქმებთ ისეთ მდგომარეობას, როდესაც მთავრობას ადმინისტრატიულ წესით ბრძოლის უფლება ეძლევა. მაგრამ თქვენ იცით, რომ, როცა ირლანდიელთა აჯანყება მოხდა, იმ ჯენტლმენ იურისტებმა დაარღვიეს Habeas Corpus… (ხმაურობა).

ჩვენ ვებრძვით იმას, ვინც დემოკრატიის წინააღმდეგ იბრძვის. აი როგორ გნებავთ. ის დემოკრატია, რომელიც ჩვენ მოგვდევს, ჩვენ არ ჩამოგვშორდება მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოში“ დღესაც არის სტატია, სადაც ხალხს ეუბნებიან - თქვენ აირჩიეთ რაღაც ჩიტირეკია დეპუტატები და არა ისეთი ჯენტლმენი, როგორიც არის ბატონი გ. გვაზავაო.

მაგრამ თქვენი უბედურება იმაშია, რომ თუმცა უკიდურესი დამცველები ხართ კანონიერებისა, მაგრამ რომ თქვენი ნებართვა იყოს საჭირო კონსტიტუციაში ისეთ მუხლს შეიტანდით... (არ ისმის).

ამ დროს ასეთ შეხედულობის ხალხი ქურდულად მიდიხართ და ხალხს ცარიელ ფურცლებზე აწერინებთ ხელს და მთავრობის წინააღმდეგ პოგრომებისაკენ მოუწოდებთ. ეს არის კანონიერების დარღვევა. და მთავრობა დანაშაულს ჩაიდენდა, მაშინ რომ ადმინისტრატიულ წესით არ შებრძოლებოდა და არ აელაგმა ასეთი კონტრ-რევოლიუციონური გამოსვლა.

კონტრ-რევოლიუციონერობა, ბატონებო, მარტო იმას კი არა ჰქვიან, რომ მეფე ავიყვანოთ და დემოკრატიულ მთავრობის მაგივრად დავსვათ. კონტრ-რევოლიუცია შესდგება საქმისაგან, როგორც ლასალმა სთქვა. თქვენ კი ამ შემთხვევაში, სიტყვით უკიდურესი რესპუბლიკანები ხართ და საქმითაც თანაგრძნობას უცხადებთ მთავრობას დამფუძნებელ კრებაში, მაგრამ თქვენი მიმდევრები კი პროვინციაში სხვაგვარად მოქმედებენ - პოგრომებს აწყობენ და იმ სპეკულიაციის შედეგზე, რომელიც უმთავრესად თქვენი წრის ხალხიდან არის წარმოებული, - ამოძრავებენ ხალხს მთავრობის წინააღმდეგ. და შემდეგ ხონიდან ყვირილაში და სხვაგანაც მოაწყობენ ასეთ პოგრომებს და თავისთავად ცხადია, ამით ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკა დაიმარხება - თქვენი ლამაზი სიტყვები კი ჰაერში ჩამოკიდებული დარჩება.

აი, ამაშია დედა-აზრი იმ ზომების, რომლებიც მთავრობამ მიიღო... თქვენ თვითონ სუსტნი ხართ...

აი, მაგ. ბ. ბარათაშვილი, რომელმაც თქვენ ტაში დაგიკრათ, ამბობს: მართალია ისინი რეაქციონერები იყვნენ, მაგრამ ადმინისტრატიული წესით მაინც არ უნდა დაგესაჯათო. მე ვეკითხები მას: თუ ისინი რეაქციონერები იყვნენ და მათი მოქმედება ხულიგანური, - რატომ მთავრობა არ უნდა ებრძოლოს მათ და ისეთ ხულიგანებს საშუალება ჰქონდეთ თვეობით გააჭიანურონ საქმე, რამოდენიმე ინსტანცია გაატარონ, მოიწვიონ ცნობილი, გამოჩენილი ვექილები და ეცადონ საქმე იქამდის მიიყვანონ, სანამ დაინგრევა დემოკრატიული რესპუბლიკა.

მე მოგახსენებთ, რომ თქვენ ვარდებით ულოღიკობაში - როცა სომხების და ბოლშევიკების წინააღმდეგ იყო მიმართული ეს ზომები, მაშინ თქვენ, მეტსაც ვიტყვი, მოიწონეთ, მაშინ თქვენი იურისტები აბსოლიუტურად არ უარყოფდნენ, - თეორეტიულად დასაშვებია თუ არა ადმინისტრატიული ზომები. მაგრამ ამავე დროს უწევენ ანგარიშს ცალკე ფაქტებს, უშვრებიან ანალიზს და ამბობენ, რომ ასეთი ზომები დაუშვებელია.

ბატონებო, როცა ჩვენ საშუალება მივეცით მთავრობას ადმინისტრატიულად დატუსაღებისა, ამით ჩვენ მას სხვა ნდობა გამოუცხადეთ. იცით ვინ არის ყოველივე ამის დამფასებელი? ჩვენ კი არა ვართ, დამფასებელი არის თვით დემოკრატია, ხალხი. და თქვენ არა ერთხელ გითქვამთ და თქვენ გაზეთ „საქართველოში“-აც დაგიწერიათ, რომ ჩვენი მთავრობა უხერხემლოა. მაშინ თქვენ ბოლშევიკები გქონდათ სახეში. და აი, როცა ჩვენი მთავრობა ამ ხერხემალს იმაგრებს, მაშინ გამოდიხართ აქ და გვეუბნებით, რომ ეს ზომები არ არის საჭირო. ამით თქვენ შეგნებულად თუ შეუგნებლად ხელს უწყობთ დენიკინის აგენტებს. ამით გინდათ გვებრძოლოთ. ეს მეთოდი არის უვარგისი და თქვენვე გაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში.

მეორე, - თქვენ თვითონ ვერ გაბედეთ და ვერ თქვით, რომ მთავრობა არის დამნაშავე. თქვენ ამბობთ, რომ დამნაშავეა ვიღაც კომისარი, რომელმაც მთავრობა შეცდომაში შეიყვანა. მაშინ მიმართეთ გამომძიებელს. თუ სიყალბე იყო, მაშენიკობა, ან როგორც რუსულად ამბობენ „პოდლოგი“ - მაშინ მიმართეთ გამომძიებელს, და ან სხვა რამ ორგანოს და დაამტკიცეთ, რომ ივანემ, ან პეტრემ მთავრობა შეიყვანა შეცდომაში. მაგრამ თქვენ გამბედაობა არა გაქვთ - თქვენ ამბობთ, რომ მთავრობა არაფერ შუაშია და კერძო აგენტებმა შეიყვანეს შეცდომაში. ნუ დააწვრილმანებთ შეკითხვას, ნუ გაგვხდით ამ საქმის გარჩევის მოწმედ.

ჩვენ ვლაპარაკობთ პოლიტიკაზე, კანონის დარღვევაზე, მე ვამბობ, რომ მთავრობას არ დაურღვევია არც ერთი კანონი და აქ არავითარი ბოროტება არ ყოფილა ჩადენილი. მთავრობამ ის მინდობილება შეასრულა, რომელიც მოვალე იყო შეესრულებინა - იბრძოლა ყველა კანონიერების დამრღვევ ელემენტების წინააღმდეგ.

რაუყოთ, რომ ამ კანონიერების დამრღვევთ ოფიციალურად ეწოდება ნაციონალ-დემოკრატები, რომლის წარმომადგენელნი აქ ბევრს გველაპარაკებიან კანონიერებაზე. ლაპარაკი ერთია, საქმე კი - მეორე. ვინც საქმით არ იბრძოლებს და მხოლოდ სიტყვების კორიანტელს დააყენებს ის უსათუოდ დაეცემა.

ჩვენ მთავრობას არ სურს, რომ ბურთი და მოედანი დარჩეთ სპეკულიანტებს და კანონიერების მანტიაში გახვეულ ხულიგნებს.

თავმჯდომარე. შემოსულია წინადადება სოციალ-დემოკრატების ფრაქციის ბიუროს მხრივ - კამათის შეწყვეტის შესახებ. ვის სურს სიტყვა ამის შესახებ? არავის. ვინ არის წინააღმდეგი კამათის შეწყვეტისა? არავინ. კამათი შეწყვეტილი გახლავთ. სანამ რეზოლიუციებს მოგახსენებდეთ შეკითხვის შესახებ, პირად საკითხის გამო სიტყვა ეკუთვნის გიორგი ფაღავას.

გ. ფაღავა. წინა სხდომაზე ბ. ასათიანმა, განაცხადა, რომ ვითომც მე ვიყავი ადმინისტრაციისაგან გაგზავნილი გამოძიების მოსახდენათ ხონში. ეს სიმართლეს არ შეეფერება. მე შემთხვევით მოვხდი ქუთაისში და ჩემის ნებით, როგორც დეპუტატი, გავემგზავრე ხონში, საქმის გამოსაძიებლად. თუმც ინსპექტორის თანაშემწის გამოძიებაზე დავესწარი, მაგრამ ვიყავი უბრალო დამსწრე. იმათ დაპატიმრების მოწამე არ ვყოფილვარ და არც გამოძიებაში მონაწილეობა მიმიღია.

თავმჯდომარე. პირად განცხადებისათვის სიტყვა ეკუთვნის ბ. ალექსანდრე ასათიანს.

ალ. ასათიანი. უნდა აღვნიშნო, რომ ბ. გიორგი ფაღავას ჩემი სიტყვა არ გაუგია, როგორც მე მინდოდა მეთქვა.

მე ვსთქვი, რომ წავიდნენ ხონში ამ საქმის კვლევა-ძიების მოსახდენად ადგილობრივ ადმინისტრაციის ინსპექტორის თანაშემწე და დამფუძნებელ კრების წევრი გიორგი ფაღავათქო.

შემდეგ უნდა აღვნიშნო ისიც, რომ რაც მე მომაწერა ბ. ივანე ჭავჭანიძემ, რომ თითქოს ჩემი შეკითხვა დამეფუძნებიოს იმ გარემოებაზე, რომ ხონს უჭირს შენახვა (არ ისმის), ეს არ შეეფერება სიმართლეს. ეს მე ხონის შესახებ სრულებით არ მითქვამს. საზოგადოდ სამტრედია და სხვები ასაბუთებდნენ თავიანთ გაჭირვებას აუტანელ ფინანსიურ მდგომარეობით და მეორეს მხრით სხვა მოსაზრებებსაც აღნიშნავდნენ. ხონის შესახებ მე ეს დასაბუთება არ მომიყვანია. და რითაც ასაბუთებენ ისინი, ეს იცით თქვენ თვითონ, იმიტომ რომ იქ ბრძანდებოდით და რა მიზეზებით ასაბუთებენ იმ რეზოლიუციაში არის აღნიშნული... ხმაურობა... ნათაძე - ეს პირადი განცხადება არ არის, კამათია!)...

თავმჯდომარე. გთხოვთ ბ-ნო ნათაძე ჩემს საქმეში ნუ, ერევით...

ალ. ასათიანი. შემდეგ უნდა აღვნიშნო აგრეთვე, რომ სიმართლეს არ შეეფერება ივანე ჭავჭანიძის განცხადება, თითქოს ხონის ამბების მთავარ მიზეზად ის მომეყვანოს, რომ ხონის ქალაქის გამგეობის შტატები დიდი იყოს და მათი შენახვა ძვირი ჯდებოდეს. მიზეზი მე გარკვეულად აღვნიშნე.

რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ხონის მმართველობა ეხლა უფრო მცირე-რიცხოვანია, ვიდრე წინედ, ესეც არ არის მართალი. წინედ თუ იყვნენ მამასახლისები, ეხლა არიან კომისრები, მილიცია და სხვა. და ამის გარდა ქალაქის გამგეობის მოსამსახურენი 2-3-ჯერ მეტია იმაზე, რაც ძველად იყო.

თავმჯდომარე. გთხოვთ მოისმინოთ რეზოლიუციები შეკითხვის გამო.

მდივანი. (კითხულობს სოციალ-დემოკრატიულ პარტიის და ნაციონალ-დემოკრატიულ პარტიის რეზოლიუციებს).

თავმჯდომარე. მე კენჭს უყრი ამ რეზოლიუციებს იმ რიგით, როგორც შემოვიდა. ვინ არის მომხრე პირველი რეზოლიუციისა? ვინ არის წინააღმდეგი? თავი ვინ შეიკავა? მაშასადამე რეზოლიუცია მიღებულია.

ვინ არის მომხრე მეორე რეზოლიუციისა? ვინ არის წინააღმდეგი? თავი ვინ შეიკავა? რეზოლიუცია უარყოფილია.

შემოვიდა წინადადება - შესწყდეს კრება 15 წამით. ვის სურს სიტყვა ამის შესახებ? არავის. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. კრება 15 წამით შეწყვეტილი გახლავთ.

თავმჯდომარე. გთხოვთ დაბრძანდეთ. სხდომა გრძელდება. განსახილველია:

დეკრეტი - მუშა-მოსამსახურეთათვის პირველ მოთხოვნილების საქონლის მისაწოდებლად მთავრობის განკარგულებაში 50 მილ. მანეთის გადადებისა.

მომხსენებელია ბატონი ურატაძე.

გრ. ურატაძე. ბატონებო! მე ვფიქრობ, რომ არ დამჭირდება ბევრი ლაპარაკი იმის შესახებ, თუ რა მძიმე და აუტანელ პირობებში უხდება არსებობა ჩვენს მუშათა კლასს. მისი ეკონომიური მდგომარეობა იმდენად ძნელი და სასტიკი არის, რომ ყველა იმას, ვისაც რაიმე კავშირი აქვს მუშათა კლასთან, არ შეეძლო გვერდი აეხვია მისთვის. თქვენ იცით, რომ ცხოვრების გაძვირება ერთთავად და თითქმის სავსებით მუშათა კლასს დაატყდა თავზე. დაატყდა იმიტომ, რომ, როდესაც ომის დასაწყისიდან ცხოვრება გაძვირდა 75 ჯერ, მუშათა ხელფასი გაიზარდა მხოლოდ 21 ჯერ. მუშათა ხელფასის რეალური ღირებულება იმდენად დაშორდა ნორმალურს, რომ ყოველი ცდა შრომის სამინისტროში და მუშათა ორგანიზაციებისა, რომ წონასწორობა რეალურ და ნორმალურ ღირებულების შორის ასე თუ ისე დაცული ყოფილიყო, უშედეგო დარჩა. ამ გარემოებამ მუშათა კლასი ჩააყენა აუტანელ მდგომარეობაში. ყველა ის ზომები, რომელიც მიიღეს ორგანიზაციებმა მუშათა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, უძლურნი გამოდგნენ ოდნავ მაინც შეესუსტებინათ ეკონომიური სიმწვავე. მიუხედავად ამისა, თქვენ იცით, რომ დღიდან რევოლიუციის გამოცხადებისა, არც ერთხელ მუშათა კლასს არ მიუმართავს, თავისი ეკონომიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ისეთი საშუალებისათვის, რომელსაც შეეძლო ანარქიული რამ შეეტანა იმ წესრიგში, რომელიც აუცილებელი იყო რესპუბლიკისა და თავისუფლების განმტკიცებისათვის. მან კარგად იცოდა, რომ თუ თავის მოთხოვნილებებს გაფიცვით ან სხვა რაიმე საშუალებით თავს მოახვევდა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მუდამ წინააღმდეგია მუშათა კლასისა, ის შექმნიდა ისეთ მდგომარეობას, რომელიც ხელს შეუშლიდა რესპუბლიკის და თავისუფლების განმტკიცების იდეას. ამიტომ ის ყრუდ და გულში დამალული სიმძიმით იტანდა ამ აუტანელ მდგომარეობას. მან იცოდა, რომ რესპუბლიკის ფინანსიური მდგომარეობა საშუალებას არ აძლევდა მთავრობას და დამფუძნებელ კრებას მისი მდგომარეობის გაუმჯობესებისას. და რადგან მუშათა კლასი თვითონ იღებდა უპირველეს ყოვლისა აქტიურ მონაწილეობას რევოლიუციის განმტკიცებაში, რადგან ის არის ერთად ერთი მტკიცე მცველი და დარაჯი რესპუბლიკის და თავისუფლებისა, არ შეიძლება ის დასდგომოდა იმ გზას, რომელიც ხელს შეუშლიდა თავისუფლების იდეის განმტკიცებას. ამიტომ ის დღემდის იობის მოთმინებით იტანდა ყოველგვარ გაჭირვებას, და ჰფარავდა თავის ბიუჯეტის დეფიციტს იმით, რაც მას მომარაგებული ჰქონდა წინა დღეებში ორიოდე გროშის სახით. მაგრამ დღეს ეს წყაროც ამოიშრიტა. თუ გაგივლიათ მუშათა უბნებში, თქვენ შეამჩნევდით, რომ მუშები სამუშაოს შემდეგ გამოდიან ბაზარზე და გამოაქვთ გასასყიდად ყოველი ის საჭირო ნივთი, რაც მათთვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს: ჰყიდიან ავეჯს, ტან-საცმელს, ჭურჭელს და სხვა...

მუშათა ზოგიერთ ნაწილს ჰქონდა აგრეთვე საშუალება, მოეშველებინა სოფელი და ამით დაეფარა თავისი ბიუჯეტის დეფიციტი. მაგრამ ჩვენი რესპუბლიკა ესე რამდენიმე წელიწადია ქრონიკულ სიმშილს განიცდის, და თავის თავად ცხადია, რომ მუშათა იმ ნაწილს, რომელიც სოფლიდან დახმარებას იღებდა, აღარ შეუძლიან დღეს ამ წყაროთი ისარგებლოს. ამ გარემოებამ გამოიწვია მუშათა კლასის არა მარტო ფიზიკური დაუძლურება და დასუსტება, არამედ - მათ წრეებში სიკვდილის პროცენტის გადიდება. შრომის სამინისტროსთან არსებულმა სტატისტიკურმა განყოფილებამ გამოიანგარიშა, რომ სიკვდილიანობა მუშათა წრეებში გაიზარდა 20%25 წინა წლებთან შედარებით. რასაკვირველია, მუშათა ნორმალურ მდგომარეობის აღდგენა დღევანდელ პირობებში შეუძლებელია. ამას ჰგრძნობს თვით მუშათა კლასი და იმიტომ ის არასდროს არ აყენებს ისეთ მოთხოვნილებებს, რომელნიც არ შეეფერებიან შექმნილ მდგომარეობას. პირიქით, როდესაც ცხოვრების საერთო გაძვირებამ მოითხოვა მათგან ახალ მსხვერპლის გაღება, მათ ეს სიამოვნებით მიიღეს. როდესაც დაისვა კითხვა, რომ რესპუბლიკა ჩაკეტილი და გარემოცულია ყოველ მხრივ და შეუძლებელია - გარედან საქონლის შემოტანა, და საჭიროა შრომის ნაყოფიერების გაძლიერება, რომ ბაზარზე მოიპოვებოდეს საქონელი, რაც შეიძლება ბლომად, მუშათა კლასმა იკისრა და მიიღო ყოველივე ზომები, რამდენადაც კი შესაძლებელი იყო შინაწარმოება გაზრდილიყო ცხოვრების გაძვირების შესასუსტებლად. მაგრამ შრომის ნაყოფიერების გასაძლიერებლად არა კმარა მარტო კეთილი სურვილები. საჭირო იყო ენერგიის დახარჯვა ზედმეტი საქონლის დასამზადებლად. ამიტომ აუცილებელი იყო უზრუნველ-ყოფა იმ მინიმალურ მოთხოვნილებათა, რომელსაც ითხოვს ადამიანის ფიზიკური არსებობა. ამ საკითხის მოსაწესრიგებლად შეუდგნენ ხელფასის გადიდებას. მაგრამ გამოირკვა, რომ როდესაც ცხოვრება გაძვირდა 75%25, ხელ-ფასი გაიზარდა 21%25, შრომის სამინისტროს არ შეეძლო ამისთვის ყურადღება არ მიექცია. თუ სისტემა ხელფასის მომატებისა ვერ ახწევს თავის მიზანს, უნდა გამოინახოს სხვა რამ გზა. და აი, როდესაც ეს კითხვა დაისვა, შრომის სამინისტრომ დაინახა, რომ რამდენადაც უნდა გაიზარდოს ხელფასი, ეს საქმეს ვერ უშველის, რადგან მომატება იწვევს ორჯელ და სამჯერ საქონლის გაძვირებას ბაზარზე.

ამიტომ შრომის სამინისტრომ აუცილებელ საჭიროებად დაინახა, რომ მოეწესრიგებინა ორი საკითხი. უმთავრესი ყურადღება მიაქცია არა იმას, რომ შრომის ხელფასის გადიდებით დაეკმაყოფილებინა მინიმალური მოთხოვნილებანი, არამედ იმ ზომებს, რომ შესაძლებელი გამხდარიყო მუშებისათვის მოეწოდებინათ პირველი მოთხოვნილების საგნები ისეთ ფასებში, რომელიც არ გამოიწვევდა ცხოვრების გაძვირებას და სპეკულიაციის ზრდას. ამ მოსაზრებით შრომის სამინისტრომ შეიმუშავა დეკრეტი, რომლითაც ის ითხოვს დამფუძნებელ კრებისგან გადაიღოს მთავრობის განკარგულებაში 50 მილიონი მანეთი. დანიშნულება ამ 50 მილიონი მანეთისა არის შემდეგი: მთავრობამ უნდა მიიღოს ყოველგვარი ზომები, რომ შეიძინოს პირველი მოთხოვნილების საგნები, რომელიც საჭირო არის მუშა-მოსამსახურეთათვის, თუ ვინიცობაა შეუძლებელი გახდა ბაზარზე, საქონლის იაფ-ფასებში შეძენა, მაშინ მთავრობას უფლება ეძლევა, მიუხედავად იმისა, რომ საქონელი ძვირად ექნება ნაყიდი, გაყიდოს იგი დაკლებულ ფასებში და დეფიციტი დაფაროს ამ 50 მილიონ მანეთიდან.

ეს იქნება არა, როგორც საზოგადო კანონი, არამედ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ეს საჭირო იქნება. თქვენ იცით, რომ ზომები საქონლის გასაიაფებლად მიიღეს სხვა და სხვა ორგანოებმა. ესენია კოოპერატივები, სასურსათო კომიტეტები და მუშათა ორგანიზაციები. მაგრამ ამ პატარა ორგანიზაციებისათვის ძალიან მძიმე შეიქმნა ამ საკითხის მოგვარება, რადგანაც მათი თანხები განსაზღვრულია, არც საკმაო ძალა და არც საკმაო ავტორიტეტი არ შესწევდათ, ამიტომ ეს საქმე უნდა იკისროს მთავრობამ. და თუ მთავრობა მოიწადინებს, შრომის სამინისტრო ფიქრობს, რომ ის სასურველ ნიადაგზე დააყენებს მას. ის თანხა, რომელიც მას შეუძლიან ერთდროულად გაიღოს, გავლენას იქონიებს მუშათა მდგომარეობის გაუმჯობესობაზე. ამ მიზნით უნდა იქმნას გადადებული ეს 50 მილიონი მანეთი.

ამავე გზას დაადგა სხვათა შორის გერმანია. იქ მილიარდები გადაიდო იმისთვის, რომ ძვირად შესყიდული საქონელი იაფ-ფასებში მიეწოდებინათ მცხოვრებთათვის და დეფიციტი დაეფარათ სახელმწიფო ხაზინიდან. ეს თანხა და ამ გზით შეძენილი საქონელი უნდა მოხმარდეს არა მარტო იმ მუშა-მოსამსახურეებს, რომელნიც სახელმწიფო დაწესებულებებში მსახურობენ, არამედ იმ მუშა-მოსამსახურეებსაც, რომელნიც კერძო სამრეწველო დაწესებულებებში მუშაობენ. დეკრეტში არის მუხლი, რომელიც ჰგულისხმობს, რომ ამ მუშა-მოსამსახურეებსაც უნდა ჰქონდეთ საშუალება ისარგებლონ ამ თანხით და იმით შეძენილი საქონლით. ამისთვის საჭიროა, რომ კერძო სამრეწველო დაწესებულებების პატრონებმა გაიგონ განსაზღვრული თანხა, რომელიც დაემატება ამ 50 მილიონ მანეთს.

ამ თანხის გაღებაზე მრეწველთა წარმომადგენლებმა თანხმობა განაცხადეს კიდეც სატარიფო პალატაში.

ამით მოწესრიგდება, როგორც მთავრობის დაწესებულებათა, ისე კერძო სამრეწველოების მუშა-მოსამსახურეთა მდგომარეობა. ამრიგად განზრახულ 50 მილიონ მანეთს დაემატება ის თანხა, რომელსაც გაიღებენ მრეწველები და ამით შეძენილი იქნება საქონელი, რომელსაც მიაწვდიან სხვა და სხვა ორგანიზაციების საშუალებით მუშა-მოსამსახურეებს.

ყველა ამ საქონლის შეძენას და მასთან დაკავშირებულ საქმის წარმოებას შრომის სამინისტრო არ ფიქრობს სხვა რაიმე ახალ ორგანიზაციების საშუალებით. ის ფიქრობს, რომ ამ საქმეში გამოყენებული უნდა იქმნას არსებული ორგანიზაციები, რადგან მაშინ აღარ იქნება საჭირო ახალი შტატების შექმნა, ახალი ჯამაგირების დაწესება. ეს დაწესებულებები შესძლებენ, თუ ექნებათ საკმაო თანხა და მთავრობის დახმარება, თავის პირდაპირ მოვალეობის და მთავრობის დავალების შესრულებას.

რაც შეეხება საქონლის მუშა-მოსამსახურეთათვის მიწოდებას, ეს მოხდება ქალაქში არსებული კოოპერატივების და იმ დაწესებულებების საშუალებით, რომელნიც ქალაქს მოეპოვება. ამრიგად შრომის სამინისტრო ჰფიქრობს, რომ თუ ეს ზომა იქნება მიღებული, მას ექნება მნიშვნელობა არა მარტო ხელ-ფასის მოწესრიგებისთვის, არამედ ის იქონიებს დიდ გავლენას საერთოდ ბაზარზე. მთავრობას საშუალება მიეცემა, რომ საქონელი, რომელიც საწყობებში აქვს იაფად გამოუშვას ბაზარზე და დეფიციტი დაფაროს იმ 50 მილიონი მანეთიდან, რომელსაც იგი თხოულობს.

ასეთია ისტორია ამ დეკრეტისა. შრომის კომისია ჰფიქრობს, რომ დამფუძნებელ კრებას არაფერი ექნება საწინააღმდეგო ეს ფული გადაიდოს ამ მიზნისათვის მთავრობის განკარგულებაში.

გ. ერაძე, შრომის მინისტრის ამხანაგი. ეს საკითხი, ბ-ბო, ჩვენს წინაშე მეტად სერიოზულად დგას, ვინაიდან მუშების გაჭირვებულმა მდგომარეობამ უმწვერვალესს წერტილს მიაღწია. და თუ ჩვენ ვერ გამოვნახეთ შესაფერი ზომები და საშუალებანი, რათა მუშა ხალხი დავიხსნათ ამ საშინელ მდგომარეობიდან, - ჩვენს ხალხს, ჩვენს რესპუბლიკას განადგურება მოელის.

მუშათა კლასის ეკონომიური დაქვეითება და გაღატაკება დაიწყო ომიანობის ხანიდან. ომიანობა არის უმთავრესი მიზეზი, რომელმაც დააქვეითა და გაანადგურა საწარმოო ძალები, ქვეყნის ეკონომიური და ფინანსიური მდგომარეობა, მან გააქრო აღებ-მიცემობა და ნიადაგი მოუმზადა ჩვენი ხალხის გაღატაკებას.

ცხოვრების სიძვირე პერიოდულად იზრდებოდა ომიანობის ხანაში, მაგრამ კატასტროფიული ხასიათი მან რევოლიუციის ხანაში მიიღო. ზოგი წარმოება ომზე იყო დამოკიდებული. და ის მუშები, რომლებიც ასეთ დაწესებულებებში მუშაობდენ, ომის შეწყვეტისას გაჭირვებულ მდგომარეობაში ჩავარდენ. ომი ასაზრდოებდა მრავალ მუშას. მოისპო ომიანობა - მრავალი დაწესებულება დაიხურა და გაღრმავდა კრიზისიც.

ამ შედეგს ვერ ასცდენ ისეთი დიდი სახელმწიფონი, როგორიც არის ინგლისი, საფრანგეთი და გერმანია. მით უმეტეს ვერ ასცდებოდა ამას ჩვენი ქვეყანა, ვინაიდან ჩვენ ისედაც დაქვეითებული ვიყავით ეკონომიურად და სახელმწიფოებრივი აპარატი რევოლიუციის შემდეგ შევქმენით.

მუშათა კლასის მდგომარეობის აწერა საჭირო არ არის. მდგომარეობა მეტად გაჭირვებულია. ხალხს გამოეცალა საშუალება, არამც თუ თავი წაიღოს იოლად, არამედ საშუალება გამოეცალა მის ორგანიზმს, რომ იგი ნორმალურად სწევდეს ამ მუშაობას.

16 მართლმადიდებელ ეკლესიის ცნობით სიკვდილს მოუმატნია 20 პროც. თავისთავად ცხადია, სიკვდილი უმთავრესად მუშათა კლასს მოედო. ერთად-ერთი საშუალება ამის წინააღმდეგ ბრძოლისა იყო ხელფასის შეფარდება სიძვირესთან. აქ გაიარა რამდენიმე ხანმა - ომიანობის დროს და შემდეგ. ომის დროს ეს შეფარდება უფრო ახლო იდგა იმ რეალურ ღირებულებასთან, რომელიც 1915 წ. იყო. აქედან ეს შეფარდება დაირღვა და კატასტროფიული ხასიათი ამ 2 წლის განმავლობაში მიიღო. თუ გადავხედავთ ციფრებს დავინახავთ რა კონტრასტია ხელფასსა და სიძვირეს შორის. (კითხულობს):

ფასმა პირველ საჭიროების საგნებზე აიწია:

სამუშაო ქირამ:

1914 წ. 100-ჯერ;

100

1915 - 115,38;

106,28

1916 - 176,91;

123,85

1917 - 276,92;

148,54

1918 - 1167,69;

418,41

აპრილში 1919 - 6430,77;

1616,74

სექტემბერი 1919 - 7546,15;

2182,43

სექტემბერში 1919 წ. სიძვირე გაზდილა 6546,15; სამუშაო ხელფასი 2182,43. რომ შეაფარდებთ დღევანდელ მდგომარეობას - სიძვირემ 31/2-ჯერ აიწია ვიდრე ხელფასმა, ე. ი. 31/2-ჯერ დაქვეითდა ეკონომიური მდგომარეობა ჩვენი მუშათა კლასისა.

ასეთივე მდგომარეობა იყო ამ წლის დამდეგს, მაგრამ მუშათა კლასი სიმკაცრეს, მაშინ ისე ვერა გრძნობდა, როგორც დღეს. ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მას შეძლება ჰქონდა ის ნაკლი, რომელსაც ის გრძნობდა სიძვირის გამო, ოჯახის ნარჩენით დაეკმაყოფილებინა.

როგორც მომხსენებელმა მოგახსენათ, - ფაქტია, რომ ყველა იმ მუშებს, რომელთაც ჰქონდათ გადარჩენილი შავი დღისთვის ორი გროში და მიბარებული შემნახავ კასაში, - ის გამოიტანეს და დახარჯეს. დაიხარჯა ის ფულიც, რომელიც ხელსახოცში იყო შენახული. ახლა მუშა მისდგა და ჰყიდის ტანისამოსს, ავეჯს და ყველაფერს, რაც კი აბადია. მუშათა ორგანიზაციების ცდა, რომ სამუშაო ხელფასი სიძვირეს შეუფარდონ უნაყოფო გამოდგა, ვინაიდან მთავარი მიზეზი რეალურ ღირებულების დაცემისა იყო არა ის, რომ მუშას ფული ხელში არ ეჭირა, არამედ ის, რომ სახელმწიფოში ნაციონალური სიმდიდრის შექმნა დაქვეითდა; ბაზარზე საჭირო საქონელი აღარ იყო... რადგან იქ, სადაც მზადდება 100 ფ. და საჭიროა 200 ფ., თავისთავად ცხადია ის უნდა მოიხმაროს საზოგადოებამ. და ეს 100 ფუთი კი 100 ფუთადვე დარჩება. ამ მდგომარეობას გაუწიეს ანგარიში თვით მუშათა ორგანიზაციებმა და შრომის უწყებამაც, რომელმაც საჭიროდ დაინახა, რომ აღდგენილი იქმნეს ძველი სახელმწიფოს საწარმოო ძალების სიძლიერე. მაგრამ ეს პროცესი ალბად დიდი ხნისა არის და დამოკიდებულია, როგორც შინაურ ქონებრივ პირობებზე, ისე საგარეო ობიექტიურ პირობებზე. ჩვენი ცდა ამ მხრივ არის, რასაკვირველია, მიმართული და ჩვენდა საბედნიეროდ მუშათა ორგანიზაციებიც ადგიან ამ გზას, რომ საწარმოვო ძალთა გაძლიერებაზე არის დამყარებული მუშათა კლასის ეკონომიური ბედნიერება და უნდა ვიხმაროთ ყოველი ღონისძიება, რომ ეს ხალხი გადაგვარების გზას არ დაადგეს და ეს პირობები ჩვენი ქვეყნის აღორძინებისათვის იყოს გამოყენებული. ასეთ ზომებათ ჩვენ მიგვაჩნია ზომები, რომელიც რაციონალურად გამოიყენებს სიმდიდრის ეკონომიას, სამუშაო ძალების გამოყენებით, რომელსაც თან მოსდევს შრომის ნაყოფიერება, აგრეთვე საგნების ეკონომიის მოხმარება.

დღევანდელ ბრძოლაში სპეკულიაციასთან იმ საშუალებებით, რომელთაც ჩვენ აქამდის ვხმარობდით არ არის საკმარისი. ეს არის საშუალება, რომლითაც ჩვენ გვინდა გავლენა მოვახდინოთ სპეკულიანტებზედ ან ვაჭრებზედ. ამ ზომით ჩვენ ვაყენებთ ახალ გზას. ეს არის გზა - სახელმწიფოს კონკურენტად გამოსვლა საწარმოვო ბაზარზე. ჩვენი პირველი მიზანია მოვაჭრეებთან ბრძოლა. ამგვარ საშუალებებით ჩვენ შეგვიძლიან უკეთესად მოვაწყოთ პირველ საჭიროების საგნების მოწოდებას მომხმარებელთათვის და ამით ლაგაში ამოვდოთ სპეკულიაციას.

აი, ამ ზომით მივაღწევთ ჩვენს მიზანს. ჩვენ ეს შეგვიძლიან და ვფიქრობთ, რომ ღონიერ სახელმწიფოს, როგორც ორგანოს, რომელსაც მეტი ნდობა აქვს და დიდი ავტორიტეტითაც არის აღჭურვილი, - მას ხელთ აქვს დიდი და საჭირო აპპარატი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ საქმეს: ხელთ აქვს ფული, რომელთაც აქვთ ღირებულება და გასავალი. მას შეუძლიან მოახდინოს შეძენა და მასიური გაზიდვა პირველ საჭიროების საქონლისა, რომ მიაწოდოს მომხმარებლებს.

აი, ეს არის ზომა, რომელიც ასწევს საშუალო ფასის ღირებულებას, რომელიც ეცემოდა მარტოოდენ ჯამაგირის გადიდებით. ამ მხრივ ჩვენ მიერ დასახულ მიზნის მიღწევა ხსენებული გეგმით ჩვენ შესაძლებლათ მიგვაჩნია, ვინაიდან წვრილი ვაჭრები ვერ შესძლებენ გაუძლონ მთავრობის კონკურენციას. სპეკულიაციას არ შეუძლიან კონკურენცია გაუწიოს სახელმწიფოს, რადგანაც მის ხელში არის საშუალება - შეიძინოს საჭირო საქონელი, რის შეძლებაც სპეკულიანტებს არა აქვთ - ეს არის სავალიუტო საქონელი.

ჩვენი მუშათა კლასის ეკონომიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რამდენადაც ეს მოსახერხებელი იქნება დღევანდელს ჩვენს პირობებში, ჩვენ ვთხოულობთ, დამფუძნებელმა კრებამ გადასდოს მთავრობის განკარგულებაში 50 მილიონი მანეთი...

40 ათასი მოსამსახურე ჰყავს ჩვენს სახელმწიფოს, დაახლოვებით. და, რომ ვიანგარიშოთ ოთხი სული თვითეულ მოსამსახურის ოჯახზე, გამოდის, რომ შესაძლებელია 1 თვის საგზალი - ფქვილი, ნავთი, შაქარი, შეიძლება შარვალი და ხალათიც შევიძინოთ ამ ფულით, ჩვენ ასე გვაქვს ნავარაუდევი და ნაანგარიშევი.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ჩვენ იმ აზრისა ვართ, რომ შესაძლებელია ამ ოპერაციის დროს შეძენილი საქონელი სახელმწიფოს მიერ ძვირი დაჯდეს და ძნელი შესაძენი იყოს, მაგრამ ეს მაინც მოსაგებია და უკეთესი მის ფინანსების გასამაგრებლად და ეკონომიურ მდგომარეობის განსამტკიცებლად - თვით მუშათა კლასის სასარგებლოდ. თუმცა შეიძლება ამით იზარალოს მთავრობამ რამოდენიმე 10 მილიონი მანეთი, მაგრამ მან მაინც უნდა მიაწოდოს მუშათა კლასს უფრო დაკლებულ ფასებში, ვიდრე დღეს არსებობს. ამით ჩვენ მივაღწევთ ორ მიზანს: ერთი, რომ შემოკლდება ბეჭდვა ჩვენში გამრავლებულ ბონებისა და, დაცემა ჩვენი ფულის ისეთი აღარ იქნება, როგორც დღეს არის; მეორეს მხრივ - მიზანი, რომ ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება როგორმე ავსწიოთ ზევით და ხელი შეუწყოთ მუშათა კლასს - მიღწეულ იქნება.

ამისთვის ჩვენ ვთხოულობთ 50 მილიონ მანეთის გადადებას მთავრობის განკარგულებაში.

ჩვენ განზრახული გვაქვს, რომ ამ საქმეს მთავრობა მიანდობს მუშათა ორგანიზაციებს, ვინაიდან ჩვენ არ გვინდა ამისთვის ახალი აპარატის შექმნა. მეორეს მხრივ ეს ორგანიზაციები გამოიყენებენ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც უფრო გამოსადეგნი არიან ამ საქონლის განაწილებაში და დარიგებაში - კოოპერატივებს, საქალაქო დუქნებს, ოფიცერთა ეკონომიურ საზოგადოებებს. და ამ ორგანიზაციების საშუალებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოვაწყობთ ამ საქმეს უკედ, ვიდრე ეს დღევანდელ პირობებში არის.

რა მონაწილეობა უნდა მიიღონ, ან როგორ უნდა დავაკმაყოფილოთ ის მუშები და მოსამსახურენი, რომლებიც არ არიან სახელმწიფო დაწესებულებებში? ჩვენის აზრით ეს უნდა იყოს საერთო-საზოგადო ზომა, ვინაიდან ჩვენ ვატყობთ დასახელებული საშუალება მიზანს მიაღწევს.

ის მწარმოებელნი, რომელნიც არ არიან დაინტერესებულნი წარმოების ნაციონალურ ნიადაგზე დაყენებაში და სპეკულიაციის შემწეობით სურთ თავიანთი მოგება გაადიდონ - ამ ზომის წინააღმდეგნი არიან. ისინი წინააღმდეგნი არ არიან ჯამაგირების გადიდებისა, მათთვის უფრო ხელსაყრელი არის, რომ მუშათა კლასის მდგომარეობა ჯამაგირების გადიდებით კმაყოფილდებოდეს, ვიდრე სხვა რამ საშუალებით - იგი ერთ დონეზე იყოს მუდმივ.

ამ მხრივ დიდი ენერგია გამოიჩინეს თამბაქოს ქარხნის პატრონებმა - მათ ჯამაგირი მოუმატეს მუშებს, უფრო მეტად ვიდრე ამას მუშები მოითხოვდნენ. ისინი ამით დემაგოგიასაც ეწეოდნენ და ეუბნებოდნენ, თქვენი მთავრობა და უწყება წინააღმდეგნი არიან ამ მომატებისა და ჩვენ კი მომხრენი ვართო. ჯამაგირი მოუმატეს, სამუშაო ხელ-ფასი გაადიდეს იმიტომ, რომ ანარქიულ მდგომარეობით ამ ფაბრიკანტებს ეძლეოდათ საშუალება განუსაზღვრელად, უკრიტიკოდ გაედიდებინათ ფასი საქონელზე. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ როცა სამუშაო ხელფასმა იმატა 40%25-ით, მაშინ საქონელი მათ მიერ 100%25-ით იქმნა გაძვირებული. ეს გაძვირება, რომელიც აუცილებლად სხვა დარგებშიაც არევ-დარევას და სიძვირეს გაზრდის, უნდა მოსპობილ იქმნას. და ამიტომ ჩვენ მიერ დასახელებული ზომა უნდა იყოს საყოველთაო, რადგან იგი ამ მხრივ სასარგებლოა. მხოლოდ იმ გვარად უნდა დავაყენოთ საქმე, რომ ამაში მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და თვითონ მწარმოებლებმა. ამ მონაწილეობისათვის ჩვენ ვთხოულობთ, რომ მთავრობას ჰქონდეს ნება შეუთანხმდეს კერძო მწარმოებლებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. რომ მათ შემოიტანონ საჭირო თანხა და მუშებს მიეცეთ იმავ წესით და რიგით, რა წესითაც, დაურიგდება ეს საქონელი სახელმწიფო დაწესებულებათა მოსამსახურეებს. ასეთია ჩვენი მოსაზრება ამ საკითხის შესახებ. (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს შალვა მესხიშვილს.

შალვა მესხიშვილი (ს.-ფ.) მოქალაქენო! სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქცია სიამოვნებით ეგებება ამ დეკრეტს. მართლაც მეტად აუტანელ პირობებში იმყოფებიან მუშათა კლასი და სახელმწიფო დაწესებულებათა მოსამსახურენი. იმ ჯამაგირებით, რომელიც მათა აქვთ, ცხოვრების უსაჭიროესი მოთხოვნილებანიც ვერ დაუკმაყოფილებიათ. თუ დროზედ ზომები არ მივიღეთ, მუშათა კლასი, რომელიც საფუძველია ჩვენის თავისუფლებისა, უეჭველად დეგენერაციის გზას დაადგება. ის ნაბიჯი, რომელსაც იცავს შრომის მინისტრის ამხანაგი, დიდიხანია გადადგმული უნდა ყოფილიყო. სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქცია უკვე თავის დეკლარაციაში ამტკიცებდა, რომ ჩვენ ფაქტიურ ბლოკადას განვიცდიდით, წარმოება სუსტად არის განვითარებული და ჩვენი ფინანსიური პოლიტიკა ბონებსა სცემს, ამიტომ შეიქმნა ისეთი ეკონომიური მდგომარეობა და პირობები, რომ მარტო ჯამაგირების მომატებით მუშათა კლასის და სახელმწიფო მოსამსახურეთა ინტერესებს ვერ დავაკმაყოფილებთ. ჩვენ ეს ვიცოდით და ამიტომაც მოვითხოვდით, რომ სახელმწიფოს მიეღო მთელი რიგი ზომებისა, რომ სახელმწიფოებრივის მასშტაბით მართლაც სერიოზული შველა მიეცა. თქვენ მოისმინეთ ციფრები და დაინახეთ, რომ მუშათა კლასი შემაძრწუნებელ პირობებში არსებობს. თუ ციფრების დეტალიზაციას მოახდენთ, დაინახავთ, რომ უფრო ცუდს პირობებში იმყოფებიან სახელმწიფო მოსამსახურენი. მაშინ, როდესაც ცხოვრებამ 7500 პროც. იმატა და მუშათა ხელფასმა კი 2000 პროც., ზოგიერთ სახელმწიფო მოსამსახურეთა ჯილდო გაიზარდა მხოლოდ 700-800 პროც. ასეთი მდგომარეობა აიძულებს ბევრს სახელმწიფო მოსამსახურეთ სამსახურს თავი დაანებოს და სხვაგან ეძებოს სამუშაო. მაგალითად, თუ მდგომარეობა არ შევცვალეთ, სასამართლოს ბევრი გამოცდილი და სასარგებლო მუშაკი გამოეცლება და ამისთანა მოვლენა კი, თუ მან ფართო ხასიათი მიიღო, ხიფათში ჩაგვაგდებს ჩვენ. ამიტომ ჩვენი ფრაქცია მხარს უჭერს წარმოდგენილ დეკრეტს და აღნიშნავს, რომ იგი ნაწილობრივი განხორციელებაა იმისი, რასაც ჩვენ დეკლარაციაში მოვითხოვდით. (სიცილი). თქვენ გაიცინეთ, მეტი რა დაგრჩენიათ, მაგრამ ის კი მართალია, რომ თქვენ ეხლა მიხვედით იმ დასკვნამდინ, რასაც ჩვენ 8 თვის წინად მოვითხოვდით.

ამასთანავე საჭიროდ მიმაჩნია ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მარტო 50 მილიონის გადადებით მიზანს ვერ მივაღწევთ.

ამას გარდა საჭიროა ჯამაგირების მომატება მორიგ საკითხად დავსვათ, მაგრამ ვერც 50 მილიონის გადადება და ვერც ჯამაგირების მომატება, როგორც პალიატივები, რადიკალურად კითხვას ვერ გადასწყვეტს, თუ არ შეიცვალა გეზი ფინანსიურ და ეკონომიურ პოლიტიკისა. სანამ არ გააჯანსაღებთ ფინანსებს, სანამ ეკონომიურ პოლიტიკაში სახელმწიფო მეტს ინიციატივას არ გამოიჩენს და ნამდვილ კონკურენციას არ გაუწევს სპეკულიაციას, სანამ საზოგადოებრივ ორგანიზაციების და სახელმწიფოს ხელში არ გადავა მთელი რიგი წარმოებათა, რომელთაც ფართო მასსიური ხასიათი აქვთ, მანამდინ ეს საკითხი ხშირად წამოგვეჭრება ჩვენ. (ადგილიდან: სოციალიზმის განხორციელებას მოითხოვთ?).

მე მიკვირს, როცა სოციალისტურ დამფუძნებელი კრების წევრნი იმას, რასაც ჩვენ მოვითხოვთ სოციალიზმს ეძახიან!

ნუ-თუ სოციალიზმია ის, რომ უსაჭიროესი საგნები თითონ სახელმწიფომ მიაწოდოს მოქალაქეთ და დაიხსნას ისინი სპეკულიანტებისაგან? ნუ-თუ სოციალიზმია ის, რომ ზოგიერთი წარმოებანი, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვთ, იმის მაგივრად, რომ დიდ სარგებელს აძლევდნენ კერძო პირებს, გადავიდეს სახელმწიფოს ან საზოგადოებრივ ორგანიზაციების ხელში, რომ მათი შემოსავალი ისევ მოქალაქეთ მოხმარდეს? (ადგილიდან: რაშია საქმე?) საქმე იმაშია, რომ სოციალ-დემოკრატებს თავისი თავი მუშათა კლასის ერთად-ერთ მონოპოლისტებად მიაჩნიათ და ვერ მოუნელებიათ, როცა სხვა პარტიები ამაში მათ არ ეთანხმებიან.

თუ იმას, რასაც მოგახსენებთ სათანადო ყურადღებით არ მოექეცით, ორი ან სამი თვის შემდეგ ამ საკითხისვე გამო კიდევ დავინახავთ ამ კათედრაზედ. (ხმაურობა: მ. რუსია: სერიოზული პროექტი წარმოადგინეთ!). ჩვენ ეს პროექტი უკვე დიდიხანია წარმოვადგინეთ და მეორეც რატომ თქვენ თავს არა სთხოვთ ასეთ პროექტს, როცა დამფუძნებელ კრების 90 პროც. და მთავრობის 100 პრ. შეადგენთ. (ხმა: თქვენ მთავრობაში იყავით!). უკვე მოგახსენეთ, რომ აქაც და მთავრობაშიაც საუბედუროდ ჩვენ დიდ უმცირესობას შევადგენთ. კიდევ ერთ გარემოებას მივაქცევ დამფუძნებელ კრების ყურადღებას. მთავრობას ბევრი კარგი საქმე დაუწყვია, მაგრამ სათანადო ნაყოფი ვერ მიუღია, რადგანაც საქმისი ორგანიზაცია ყოფილა ცუდი. ამიტომ საჭიროა განსაკუთრებითი ყურადღება მიექცეს გადადებულ 50 მილიონის მოხმარების ორგანიზაციას, თორემ შეიძლება იმედი გაგვიმტყუნდეს და ის პატარა შეღავათი, რომელსაც მოელის მუშათა კლასი და სახელმწიფო მოსამსახურენი, განუხორციელებელი დარჩეს. აი მოკლედ რამოდენიმე მოსაზრება, რომელიც საჭიროდ მიგვაჩნდა დამფუძნებელ კრების წინაშე გამოგვეთქვა.

თავმჯდომარე. ვინაიდან უკვე 3 საათია, რეგლამენტის ძალით სხდომა უნდა დაიხუროს, მაგრამ მე წინადადება შემომაქვს კამათი გაგრძელდეს. ვის სურს სიტყვა ამის შესახებ? სიტყვა არავისა სურს. ვინ არის მომხრე, რომ კამათი გაგრძელდეს? კამათი გრძელდება. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს კედიას.

სპ. კედია. ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო! მე მგონია, არც ერთი ადამიანი, რომელიც ჩახედულია ჩვენი ქვეყნის ეკონომიურ მდგომარეობაში და რომელსაც გათვალისწინებული აქვს ის, ცხოვრებისგან გამოცდილი, საშვალებანი და ზომები, რომლითაც შესაძლებელია ქვეყნის ეკონომიური პოლიტიკის კეთილ-წარმოება, - არც ერთი ასეთი ადამიანი, ჩვენი რწმენით, იმ გატაცებით ვერ მიეგებება ამ დეკრეტს, როგორც მას მიეგება სოციალ-ფედერალისტებთა ფრაქცია. არ მიეგებება იმიტომ, რომ ეს დეკრეტი ჩვენ გვაჩვენებს სამწუხარო მდგომარეობას, სახელდობრ იმას, რომ მთელი წლინახევრის მოქმედების შემდეგ, ჩვენი ეკონომიური პოლიტიკის მრავალჯერ გადასინჯვის შემდეგ, ჩვენ მივედით ისეთ ნაბიჯამდე, რომ დღეს საჭიროდ დავინახეთ მუშებისთვის ნამდვილი სუბსიდიის მიცემა. ეს სამწუხარო კიდევ იმიტომ არის, ასეთი აღტაცებით მიგებება ამ დეკრეტისა, რომ იგი აღტაცება ამჟღავნებს ორ რასმეს: ერთი, რომ ჩვენში სჭარბობს გრძნობა და ფილანტროპია და ნაკლებად არის საღი ანალიზი მდგომარეობისა. ეს გრძნობათა სიუხვე და ფილანტროპია ქართველ კაცის ბუნებაა. ჩვენი ფრაქციაც, რასაკვირველია, ამ გრძნობათა გამჟღავნებაში არავის ჩამოუვარდება, სამწუხაროდ, მაგრამ, თუ ჩვენთვის ცხადია, რომ სახელმწიფოს არსებობა, მისი ეკონომიური ცხოვრების მოგვარება შეუძლებელია ფილანტროპიით და კეთილი გრძნობების გამომჟღავნებით, არამედ მხოლოდ აღებ-მიცემობას და შემოსავალ-გასავლის საღ ანგარიშებზე აგებულ ეკონომიურ პოლიტიკის წარმოებით, თუ ჩვენ ყოველივე ამას გავითვალისწინებთ, მაშინ, ვიმეორებ, ამ დეკრეტს უნდა შევხვედროდით, დიდად სამწუხაროსა და არა, როგორც სასურველ და მისასალმებელ მოვლენას. მე აქ ვიხმარე ერთი სიტყვა, რომ მუშებს სუბსიდიას ვაძლევთ მეთქი და ეს მე უბრალოდ არ მითქვამს, არამედ სრულის შეგნებით. იმ განმარტებაში, რომელიც მოგვცა მომხსენებელმა და შემდეგ შრომის მინისტრმა, ჩვენ მოვისმინეთ შემდეგი: თუ მთავრობის მიერ შეძენილი საქონელი ისე ძვირი აღმოჩნდებოდა, რომ მუშებს არ შეეძლებათ მათი ყიდვა ღირებულობის ფასებში, მაშინ საქონელი მათ უნდა დაეთმოს უფრო ნაკლებ ფასებში, ხოლო ამით გამოწვეული დეფიციტი უნდა დაიფაროს ხაზინის ხარჯით. ეს არის სახელმწიფოს ცარიელი ხაზინიდან ფულის გაცემა, ეს არის ნამდვილი ფილანტროპია, და მე ვამბობ, რომ ეს წარმოდგენილი დეკრეტი ცხოვრებაში უფრო ამ სახით იქნება განაწილებული. აი ეს ერთი გარემოება.

მეორე ის გახლავთ, რომ ის ეკონომიური გაჭირვება, საერთო სიმშილი, რომლის სამკურნალოდაც შემოტანილია ეს დეკრეტი, მარტო ქალაქის მუშათა შორის კი არ არის, არამედ იგი უფრო ვრცელია და უფრო ფართო ხასიათის ამ წლის მოსავლიდან სჩანს, რომ მთელი დასავლეთი საქართველო სიმშილში ჩაიძირება. მაშინ ნახავთ არევ-დარევას და ანარქიას. და თუ გვინდა საქვეყნო პოლიტიკის წარმოება და გულით ქვეყნის შველა, მაშინ საკმარისი აღარ იქნება ეს ჯგუფური დაკმაყოფილება მოთხოვნილებათა, არამედ აქ საჭიროა ფართე სახელმწიფოებრივი ღონისძიება. (ხმები: ხონის შეკითხვაა საჭირო)... ხონის შეკითხვა იმას მოწმობს, რომ თქვენში არ არის არავითარი შეგნება მოქალაქობრივი უფლებისა. და სადაც ეს არ არის, იქ აბა რა წესიერ ეკონომიურ პოლიტიკაზე შეიძლება ლაპარაკი. და ბოლოს ყველაფერს თავისი ადგილი აქვს... ასეთი დეკრეტი უნდა ყოფილიყო. როგორც აუცილებელი დასკვნა და შედეგი აქამდის წარმოებულ ეკონომიურ პოლიტიკისა. თუ ჩვენ პროტესტით და უარყოფით ვერ უპასუხებთ ამ დეკრეტს, იმიტომ კი არა, რომ იგი მიგვაჩნდეს მიზანშეწონილ და საღ ღონისძიებათ, არამედ იმიტომ, რომ ეს დეკრეტი ერთნაირი აპელაციაა ადამიანის მართლაც ფილანტროპიულ გრძნობისადმი, იმიტომ, რომ აქ წამოყენებულია საკითხი მუშათა მდგომარეობის გაუმჯობესებისა; - ეს ჩვენ იარაღსა გვყრის. მაგრამ ჩვენ გეუბნებით, რომ ეს დეკრეტი ჩვენი ეკონომიური დამარცხების ნიშანია. (ხმები: მაშ როგორ გავიმარჯვოთ? თქვენ შეკითხვები შემოიტანეთ!) და ვერც ერთი წევრი დამფუძნებელი კრებისა მას სიამოვნებით ვერ მიეგებება.

ამას გარდა დეკრეტში არის ერთი მუხლი, სადაც ნაჩვენებია ის ორგანო, რომლის საშუალებითაც იგი უნდა განხორციელდეს. ჩვენი წლინახევრის ისტორიიდან ვიცით, რომ ამგვარი ორგანოები თავის მოვალეობის სიმაღლეზე არ იდგნენ და რომ მათ ვერავითარი წესრიგი ვერ შეიტანეს სურსათისა და საერთო ეკონომიკის საქმეში. ჩვენ გამოვთქვამთ ეჭვს, რომ ამგვარმა ორგანომ ეხლა თავის მიზანს მიაღწიოს. ახალ ორგანოს შეჰქმნას კი ვერ ხედავენ, რადგან ეშინიანთ, უარესი არ გამოდგესო. ამგვარად, როგორც ხედავთ, ჩვენ ჩავიძირეთ ისეთ ნიადაგში, საიდანაც ამოსვლა გვიძნელდება და სადაც უფრო და უფრო ვიფლებით. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეს დეკრეტი, როგორც რაციონალური ღონისძიება მისაღები არ არის და ის ისეთი სამწუხარო აბია, რომელიც უთუოდ კი უნდა გადაიყლაპოს ჩვენი დამფუძნებელი კრების მიერ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის შინაგან საქმეთა მინისტრს.

ნოე ბ. რამიშვილი შინ. საქ. მინისტრი. მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! აქ ორი მხრიდან დაიწუნეს ჩვენი პოლიტიკა და ჩვენთვის ეს არც გასაკვირველია. ერთი მხარე ჩვენ ფილანტროპიას გვისაყვედურებს და მე მგონია, რომ იმ პარტიისთვის, რომელიც წარმოადგენს იმ ნაწილს ჩვენი საზოგადოებისას, რომელიც მართლაც მხოლოდ ხელ-გაშლილობით იყო ცნობილი, (ი. გობეჩია: „მამა-პაპური“!) დიახ, ასეთი „მამა-პაპური“ ჩვეულების გამომჟღავნება ბუნებრივია, მაგრამ ეს საყვედური მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ისინი თავიანთ ნაკლს სახელმწიფოს თვისებად აცხადებენ. და ნამდვილად კი რას ვხედავთ: ის გზა, რომელსაც ადგა მთავრობა არის ერთად ერთი სწორი და სამართლიანი გზა. და რომ ეს ესეა, ამას მოწმობს არა მარტო ჩვენი პოლიტიკა, ამას მოწმობს ყველა მოწინავე ევროპიულ სახელმწიფოს პოლიტიკა. განა ახალია თქვენთვის, რომ ყველა იმ ქვეყნებმა, რომელთაც განიცადეს ომიანობის სუსხი, დიდძალი თანხა გაიღეს პურისა და სხვა სანოვაგის შესაძენად?

და თუ თქვენ უკვირდებით ცხოვრებას, დაინახავთ, რომ ისეთი პრაქტიკული ხალხი, როგორიც არიან გერმანელები, ასეთ პოლიტიკას ადგიან. ასეთ პოლიტიკის შესახებ იქ არავის არ უთქვამს, რომ ამით ისინი ფლანგავენ ხალხის ქონებას. (კედია: ეგ არავის არ უთქვამს!).

თქვენ დაგავიწყდათ, რომ ჩვენ განვიცადეთ ხუთი წლის ომი და ყველა სახელმწიფო, რომელსაც სურს მოაწესრიგოს თვისი ეკონომიური ცხოვრება, ვალდებულია თავიდან აიცდინოს ეს მწვავე შედეგი ომისა და ჩვენში კი რევოლიუციისაც (გვაზავა: აქაური გაღრმავების შედეგი!) სწორედ ჩვენ ავიცდინეთ თავიდან ის ანარქია, რომელსაც თქვენ ხშირად უწყობთ ხელს. (კედია: ეგ არ არის მართალი!) მე არ შემიძლია აქ რომელიმე დეპუტატს ვედაო ამ ტრიბუნიდან, მაგრამ უნდა განვაცხადო, რომ ის წრეები, რომლის წარმომადგენელნი თქვენა ხართ, - ქმნიან ანარქიას (კედია: საბუთები ბ. მინისტრო! საბუთები.!). (ხმაურობა ნ. დ. სკამებზე). (ეს ცარიელი სიტყვებია!) საბუთებსაც მოვიყვანთ სხვა დროს.

თქვენ გვიწუნებთ ეკონომიურ პოლიტიკას, მაგრამ მე კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ყველა ის ქვეყნები, რომელნიც მართლაც დაინტერესებულნი არიან, რომ ეს ომიანობის სუსხი რამდენიმედ მაინც გაანელონ, ეკონომიური სიძვირე შეასუსტონ, იძულებულნი არიან ისეთ გზას დაადგნენ, ისეთი პოლიტიკა აწარმოვონ, როგორსაც ჩვენ ვაწარმოვებთ. ამიტომ აქ ზედმეტია ფილანტროპიაზე ლაპარაკი.

რაც შეეხება ბ. ფედერალისტებს (ს. დადიანი: სოციალისტ-ფედერალისტებს!) ბ. ფედერალისტებს, რასაკვირველია, საჭიროა წარწერა გაუკეთოთ: «Се левъ, а не собака». (დადიანი: მინისტრმა ანდაზები უნდა იცოდეთ!) უნდა მოგახსენოთ, რომ მე გამიკვირდა ერთი რამ: ბ. მესხიშვილის გამოსვლა მეტის-მეტად ზრდილი იყო; მან არ გადმოგცათ ერთი საანბანო ჭეშმარიტება, რომ ხომერიკის კანონის გამოქვეყნებამ გამოიწვია ის გაძვირება, რომელსაც ჩვენ განვიცდით. და ვინაიდან მან ეს არა სთქვა, ეს არის დიდი ნაბიჯი, გადადგმული ფედერალისტების მიერ. მაგრამ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბ. მესხიშვილმა ჩვენი წრე დასტოვა დიდი ნაბიჯი გადაუდგამს წინ (სიცილი ს.-დ. მხრივ).

რაშია საქმე? ლაპარაკობენ, მთავრობაში და ყოველგან ჩვენ უმცირესობას წარმოვადგენთო. მე კატეგორიულად ვაცხადებ ამ ტრიბუნიდან, რომ მათ მთავრობაში არასოდეს არც ერთი ამის მსგავსი წინადადება არ შემოუტანიათ და თუ თქვენ იცნობთ მათ პარტიის ბუნებას, ვერც შემოიტანდნენ. მაგრამ ეს საჭირო შეიქმნა მათთვის, როდესაც ისინი გამოვიდნენ მთავრობიდან. ყრილობამ მათ ოპოზიცია დაავალა. მაგრამ ასეთი ოპოზიციით შეიქმნება მხოლოდ ერთნაირი ხმაურობა და არა სერიოზული ოპოზიცია. ჩვენ გვისაყვედურებთ და მოითხოვთ ჩვენი ეკონომიური პოლიტიკის შეცვლას, მაგრამ ამ მდგომარეობაში ჩვენზე უფრო ადრე იმყოფებოდნენ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები - რევოლიუციონური გერმანია და რევოლიუციონური ავსტრია და განა რომელიმე პარტიამ, გარდა ბოლშევიკებისა, წამოაყენა იქ ის, რასაც თქვენ მოითხოვთ?!

თქვენ კარგად იცით, რომ ის ეკონომიური მდგომარეობა, რომელშიაც ჩვენ ვიმყოფებით, არის შედეგი სხვა და სხვა პირობებისა. - ჩვენ მოწყვეტილი ვართ გარეშე ქვეყანას და ჩვენი წარმოების განვითარება შეუძლებელი არის და მით უმეტეს ისეთი რეცეპტების საშუალებით, რომელთაც ფედერალისტები გვირჩევენ.

მას შემდეგ, რაც ფედერალისტების პარტიას მოშორდა ბოლშევიკური ნაწილი - მაშვრალთა პარტია - მათ თვით შეითვისეს მაშვრალთა ლოზუნგები.

თუ თქვენ მართლაც მეორე გზას ადგეხართ და არა ბოლშევიკურს, მაშინ უნდა ვსთქვათ, რომ მეორე, სხვა რევოლიუციონური გზა არ არსებობს, ერთი გზა არის ბოლშევიკური და მეორე გზა არის, რომელსაც ჩვენი გერმანელი ამხანაგები ადგიან და მათი საუკეთესო ხელმძღვანელი კარლ კაუტსკი. თუ თქვენ ვერ დაამტკიცებთ, რომ ისინი სხვა გზას ადგიან, რომ ისინი დაიწუნებენ ჩვენი მთავრობის პოლიტიკას და თუ თქვენ სხვა ზომები გაქვთ და არა მაშვრალთა პარტიისა - გვანახეთ ეს წამალი, გვითხარით. ხოლო თუ პარტიას სურს სერიოზული ოპოზიცია და არა დემაგოგია, მან უნდა იცოდეს, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ არის ერთად ერთი სწორი გზა. სხვა რომელიმე გზა ეკონომიურ პოლიტიკაში არ არსებობს და არც შეიძლება იყოს იმ ქვეყნებში, რომელთაც სურთ განამტკიცონ დემოკრატიული წყობილება და მოამზადონ ნიადაგი, რომელიც სავსებით დააკმაყოფილებს მუშათა კლასს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ვ. ჯუღელს.

ვალიკო ჯუღელი. (ს.-დ.) მე არ მეგონა, რომ ეს დეკრეტი მუშათა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ამდენს კამათს გამოიწვევდა დამფუძნებელ კრებაში. მეგონა, რომ ამ დეკრეტს კრება არამც თუ აღფრთოვანებით მიიღებდა, პირიქით, - მიეგებებოდა მწუხარებითაც, მაგრამ მიიღებდა კი უკამათოთ და ერთხმად.

სასიხარულო და საზეიმო იმ ციფრების შემდეგ, რომელიც აქ შრომის მინისტრის ამხანაგმა წარმოადგინა, არაფერი აქვს დამფუძნებელ კრებას, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ გვაქვს პატარა საშვალება თუ გინდ პატარა პალიატივი, და თქვენ დაგვეხმარეთ ამ პატარა ნაბიჯის გადადგმაში, რომლითაც შეგვიძლიან შევამსუბუქოთ მუშათა კლასის მდგომარეობა. მაგრამ აქ გამოდიან ერთის მხრივ და მეორეს მხრივ და უნდათ ეს საშინელი მდგომარეობა გამოიყენონ თავის პარტიული კაპიტალის გასაზრდელათ, მაგრამ ეს სასურველი არ არის. (მესხიშვილი: დემაგოგია!)

მე დაგიმტკიცებთ რა არის დემაგოგია და რომელ მხრიდან მოდის ეს დემაგოგია! მე ვამბობ, რომ მუშათა კლასის მდგომარეობა ძალიან მძიმე არის და უნდა სახელმწიფომ გადასდოს 50 მილიონი მანეთი, რომ ამ კლასის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მაგრამ გამოდის შალვა მესხიშვილი და ამბობს: ეს დეკრეტი, კეთილი და პატიოსანი არის, ჩვენ მას აღფრთოვანებით ვეგებებითო, მაგრამ აქ იწყებს კრიტიკას იმ პარტიისა და მიმართულებისას, რომელიც ამ დეკრეტს იძლევა. აკრიტიკებს არა იმიტომ, რომ მისი მნიშვნელობა გააღრმავოს, უფრო ფართე მნიშვნელობა მისცეს, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთი ლახვარი ჩასცეს პარტიას, თავის პარტიას კი ახალი თვისება და ღირებულება შეუმატოს.

შესაძლებელია გამოვიდეს ჩემს შემდეგ ლეო შენგელაია და დაამტკიცოს, რომ ეს დეკრეტი კარგია და ამავე დროს სთქვას, რომ თქვენი პოლიტიკა არ ვარგაო. (ლეო შენგელაია: კარგი ხართ, კარგი ხართ!..) მე დარწმუნებული ვარ ს.-დ. ფრაქციამ, რომ შემოიტანოს დეკრეტი, რომ ორჯელ ორი ოთხია, თქვენ, რასაკვირველია, დაგვეთანხმებით, მაგრამ თანაც იტყვით, რომ ს.-დ. პარტია მაინც არ ვარგაო... (სიცილი. ხმაურობა. დიახ! დიახ! ვიტყვით! მართალია!).

ასეთი მდგომარეობა თქვენ არაფერს შეგძენთ, მაგრამ საერთო მდგომარეობას კი საშინლად ართულებს. ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, - აქ ვიტყვი სიტყვას მე, რომელსაც არასოდეს არ ვხმარობდი (გვაზავა: სამწუხაროდ!) ჩვენს სახელმწიფოს საბედისწერო დღეები გვიდგება და თქვენ ამისთანა საბედისწერო ხანაში გამოდიხართ და წვრილმან პოლიტიკას აწარმოებთ. მე ვეკითხები თქვენს ფრაქციას და თქვენს ყოფილ მინისტრებს - როდესაც თქვენი ფრაქცია იყო რესპუბლიკის სამინისტროებში, როდესაც იქ იყო შალვა მესხიშვილი, რომელიც აგერ გამოჩნდა (შ. მესხიშვილი შემოდის დარბაზში), როდესაც იქ იყო გ. ლასხიშვილი, რატომ თქვენი პოლიტიკა არ აამუშავეთ, რატომ არ დააყენეთ ფართო ეკონომიური საკითხები?

გადასინჯეთ, როცა გსურდეთ, მთავრობის ოქმები. (მესხიშვილი: ოქმები არ იწერებოდა!) ეს არ ვიცი, მე მთავრობის წევრი არა ვარ, მაგრამ შემიძლიან დაგიმტკიცოთ, რომ შალვა მესხიშვილი არასოდეს არ აყენებდა ფართო ეკონომიურ საკითხებს. თქვენ იქნება შემთხვევით, იქნება სხვა მიზეზების გამო არ ხართ მთავრობაში და სწორედ ამიტომ, რომ არა ხართ მთავრობაში, მთავრობისა და დემოკრატიის წინააღმდეგ არ უნდა აწარმოვოთ ისეთი პოლიტიკა, (ხმები: დემაგოგიაა!) რომელიც ბოლოს და ბოლოს ლახვარს ჩასცემს რესპუბლიკას.

მაგრამ, თუ რესპუბლიკა დაიღუპება და თქვენი პარტია გადარჩება, ჩვენ არ გვინდა თქვენი პარტია. ხანდახან არის ხოლმე მდგომარეობა, როდესაც ძირითად საკითხებში ჩვენ უნდა შევთანხმდეთ.

სწორედ და მარტივად ვამბობთ, რომ მუშათა კლასის მდგომარეობა აუტანელია, მუშათა კლასი გადაგვარების გზას ადგია. მე მგონია ჩვენ არა გვაქვს სავსებით წარმოდგენა იმ საშინელ მდგომარეობისა, რომელშიაც მუშათა კლასი იმყოფება. ბავშვები სიმშილით ეხოცებიან... ბებერ მუშებს ერცხვინებათ ბაზარზე ავეჯის გატანა და ბავშვებსა და ცოლებს ატანენ. ისინი სრულიად გაკოტრდნენ ქონებრივად, ჩვენ კი ამ დროს ვცდილობთ რამე ვიღონოთ, გადავდოთ თუნდაც 50 მილიონი მან. და მთავრობას დავავალოთ ეს საკითხი მოაგვაროს. აქ ამის მაგიერ გამოდის ბ. შ. მესხიშვილი და ამბობს - თქვენი საერთო პოლიტიკა არ ვარგაო. კრიტიკაზე თუ მიდგა საკითხი, კრიტიკაში ჩვენ არავის ჩამოუვარდებით... (კედია: შემოქმედებაში ჩამოუვარდებით!) რასაკვირველია, ჩვენი პოლიტიკა ყველაფერს ვერა სწყვეტს, მაგრამ თქვენ ვერ გვიჩვენებთ ვერც ერთ სახელმწიფოს, სადაც ეკონომიური საკითხები რიგიანად იყოს გადაჭრილი.

სწორედ ინგლისში და გამარჯვებულ ამერიკაში სიძვირე საშინელ ხასიათს ღებულობს. მაგრამ თუ ჩვენი დემოკრატიული მთავრობა პატივისცემის ღირსია, სხვათა შორის იმისათვისაც, მან არსებული მდგომარეობაში მოახერხა მოწესრიგება ეკონომიური საკითხისა, მიუხედავათ იმისა, რომ საშინელმა ომმა, რევოლიუციამ და ანარქიამ ჩვენ უკიდურეს მდგომარეობაში ჩაგვაგდო.

ჩვენ პური რუსეთიდან ჩამოგვქონდა, ეხლა კი ჩვენ საშინელი ბლოკადა გვარტყია, მაგრამ მაინც ჩვენში ისეთი მდგომარეობაა, რომ აქ პური უფრო იაფად ფასობს ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც უზომოთ არის პური. ბოლშევიკურ რუსეთში გირვანქა პურის ფასი არის 150 მანეთი, ჩვენში კი თეთრი პურის ფასი არ ასცილებია 10-12 მანეთს.

გასაკვირველია, რომ მთავრობა, დემოკრატია ამ საშინელს, ჯოჯოხეთურს პირობებში იმას ახერხებს, რაც ჩვენში არის. თუ თქვენ გგონიათ, რომ ჩვენი მთავრობა ს. დ. ფრაქცია, ძალიან გახარებულია იმ მდგომარეობით, რომელშიაც ჩვენ ვიმყოფებით, და იმ პოლიტიკით, რომელსაც ის აწარმოებს, თქვენ ძალიანს სცდებით. ჩვენ პოლიტიკაში ბევრი შეცდომები გვაქვს, მაგრამ ჩვენ ასე განყენებულათ არასოდეს არ ვმსჯელობთ. ჩვენ ვამბობთ: ჩვენ გვინდა ეს მდგომარეომა შევცვალოთ, ჩვენ ვაკეთებთ მას რის გაკეთებაც დღევანდელ პირობებში შეგვიძლიან.

მაგრამ, როდესაც გამოდიან კრიტიკით ერთის მხრივ და მეორეს მხრივ და სხვა და სხვა მოსაზრებით ჩვენ პოლიტიკას გვიწუნებენ, მაშინ ჩვენ ვეუბნებით, გვასწავლეთ წამალი, რომელიც თქვენ გაქვთ, ან მარცხნიდან ან მარჯვნიდან! გვასწავლეთ წამალი, რომელიც განკურნავს ხალხს ავადმყოფობიდან; თუ თქვენ მალავთ ამ წამალს თქვენ ბოროტათ იყენებთ თქვენს ცოდნას?!... მაგრამ თქვენ არა გაქვთ ეს სასწაულებრივი წამალი. ეს თქვენი წამალი არის ასეთი საკითხების წამოყენება, როგორც ჩარკვიანის შესახებ შეკითხვა იყო, და მისი დაცვა, შემდეგ ხონის საკითხი უნდა დააყენოთ და დამფუძნებელი კრება ორი დღე ამაზედ გააჩეროთ... (გვაზავა: ეგ ჩვენი უფლებაა!) იძახით ფართო პოლიტიკა, ღრმა პოლიტიკა, მაგრამ კონკრეტიულს კი არაფერს იძლევით. ის წამალი, რომელიც ჩვენ გთხოვეთ ვერ მოგვეცით, ვერ დაგვისახელეთ. როდესაც ჩვენ პირველ ნაბიჯს ვდგამთ თქვენ სიტყვით მხარს გვიჭერთ და არ გინდათ მუშათა კლასის უძლურებაზედ ააშენოთ თქვენი პარტიული კაპიტალი. რაც შეეხება სიმშილის საკითხს სოფელში, მართალია აუტანელი პირობებია იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, მაგრამ ყველაფრის ერთად მოგერება არ შეიძლება. მაგრამ იქნება ყველაზე უფრო გაჭირვებულ მდგომარეობაში მუშათა კლასი არის, მუშათა კლასმა შეჰქმნა თავისი სამშობლო თავისი ქვეყანა.... (კედია: - ერმა?) მთელი სახელმწიფო, მუშათა კლასი, რომ არ ყოფილიყო... (კედია: - ერმა? ერმა რა ქნა ბატონო?) მე ვამბობ მუშათა კლასმა, რადგან ის შეადგენს ერის მთავარ ბოძს!

დღეს ყველაზედ უფრო გაჭირვებული არის მუშათა კლასი და ჩვენ იმათ ვეხმარებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაც უფრო გავაუმჯობესებთ მუშათა კლასის მდგომარეობას აქ თბილისში, ამით ჩვენ საფუძველს მოვუმზადებთ, მოვაწყობთ გზას, რომ უკეთესად გავუძღვეთ სიმშილობის საქმეს სოფელში. აქ საკამათო არაფერია და ჩვენ უნდა ვსთქვათ, რომ დამფუძნებელი კრება სავსებით მხარს დაუჭერს შრომის სამინისტროს მიერ შემოტანილ დეკრეტს, რათა მთავრობამ, რაც შეიძლება უფრო გააღრმავოს ის პოლიტიკა, რომელიც მუშათა კლასის და საერთო ეკონომიურ ცხოვრებას განამტკიცებს და აამაღლებს!..

თავმჯდომარე. ჩაწერილია კიდევ სამი ორატორი, მაგრამ შემოვიდა წინადადება ს.-დ. ფრაქციისაგან, რომ რადგანაც საკითხი გამორკვეულია, კამათი შეწყდეს.

ს. დადიანი. წინადადება გახლავთ!

თავმჯდომარე. მობრძანდით ტრიბუნაზე.

სამსონ დადიანი. მე ყოველთვის, როდესაც დამფუძნებელი კრების ერთი წევრი მაინც წინააღმდეგი იქნება კამათის გაგრძელებისა, ყოველთვის ვიტყვი, რომ ეს არის ბოროტება. ამ საკითხის შესახებ თქვენ თითონ აღნიშნეთ, რომ ეს დიდი სერიოზული საკითხია. თქვენ ილაპარაკეთ ამის შესახებ და, ჩემის ღრმა რწმენით, როგორც ბ. შინაგან-საქმეთა მინისტრმა, ისე ბ. ჯუღელმა ერთნაირი რევანშის მიზნით წარმოსთქეს სიტყვები, რომელნიც სრულიად არ შეეხებოდნენ საკითხს, იმ დროს, როდესაც ჩვენ სიტყვას პირში გვჩრით.

ეს არის უსამართლობა და ვთხოულობთ რომ მოგვცეთ საშუალება გიპასუხოთ და შევაფასოთ ეს რევანში; თუ გაქვთ გამბედაობა გვიპასუხეთ და ჩვენც გიპასუხებთ.

თავმჯდომარე. სიტყვა აღარავის სურს. ვინ არის მომხრე კამათის შეწყვეტისა? კამათი შეწყვეტილია. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს, კრების წევრს ურატაძეს.

გრ. ურატაძე. (ს.-დ.) არსებითად დეკრეტის წინააღმდეგ არც ერთი ფრაქციის წარმომადგენელს არაფერი უთქვამს. ბ. მესხიშვილმა ერთგვარი შიშიანობა გამოამჟღავნა. მას არ მოსწონს, რომ ეს მშვენიერი დეკრეტი, სოც.-დემოკრატებმა წამოაყენა. მან განაცხადა, რამდენიმე თვის წინად ამასვე ჩვენ ვამბობდითო.

ამ დეკრეტის ინიციატივა ვის ეკუთვნის - ეს ისტორიის საქმეა; ჩვენ ვენდობით მას და ის ღირსეულად შეაფასებს ამ დეკრეტის ინიციატორებს.

ეხლა კი მე მინდა მხოლოდ ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ ბ. ს. კედიას სიტყვის შესახებ.

მან მწუხარებით აღნიშნა ეს ფაქტი, და როგორც ბ. ჯუღელმა მოგახსენათ, სასიხარულო არაფერი არის აქ. ჩემის აზრით დიდი შეცდომა არის ბ. კედიას მიერ იმის თქმა, რომ ეს სამწუხარო ფაქტი შედეგია ჩვენი ეკონომიურ პოლიტიკისა.

მე არ ვფიქრობ, რომ ბ. კედიამ არ იცოდეს ის, რომ ასეთი სამწუხარო ფაქტი შედეგია არა კერძოდ რომელიმე სახელმწიფო პოლიტიკისა, არამედ უმთავრესად იმ საერთაშორისო მდგომარეობისა, როგორც პოლიტიკაში ისე ეკონომიაში, რომელიც შექმნილია ყველგან. მე არ ვფიქრობ, რომ ბ. კედიამ ეს არ იცოდეს, მაგრამ ეს თუ აქ არ ითქვა, ეს აიხსნება ფრაქციულ მდგომარეობით და არა სამართლიანობის სურვილით. (კედია: დამერწმუნეთ, არა!) ვთქვათ ეს სამწუხარო ფაქტია, და იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც აწარმოებს მთავრობა, მიუხედავათ ამისა იმის მოვალეობა იყო, რომ მეორედ არ გაემეორებინა ასეთი სამწუხარო ფაქტი. ამას მოითხოვდა ორატორის მოვალეობა ერის და ხალხის - წინაშე ეთქვა, რომ საჭიროა ესა და ეს პოლიტიკაო.

მაშინ ამ სამწუხარო ფაქტს ადგილი არ ექნებოდა. (გვაზავა: ბევრჯერ გვითქვამს!) ბევრჯერ გითქვამთ, მაგრამ ისეთ დროს უნდა სთქვათ, რომელიც შეეხამება მდგომარეობას. იქნებ ცალკე ოთახში ყვირით, მე ეს არ ვიცი, მაგრამ, როდესაც კითხვა ეხება განსაზღვრულ საკითხს, მაშინ უნდა ყოფილიყო თქმული. მე მგონია ბ. კედიას ფრაქციული მოვალეობა ავალებდა ამის თქმას. (კედია: არა ბატონო, არა!) აქ ითქვა ორი სიტყვა: ფილანტროპია და სუბსიდია. ეს სიტყვები სხვათა ფორის არ ყოფილა თქმული. შესაძლებელია, ეს იყო თქმული იმიტომ, რომ მათ კარგად იციან, რომ ჩვენი მუშათა კლასი არ არის დაჩვეული სუბსიდიასა და ფილანტროპიას და შესაძლებელია ამ მუშათა კლასმა სრულიად უარი განაცხადოს ამ სუბსიდიაზე.

შეიძლება ეს მიზანი ედო სარჩულად ბ. კედიას სიტყვას, რადგანაც მე ვერ დავიჯერებ, რომ მან არ იცოდეს, რომ ის ზომა, რომელიც მიღებულია სახელმწიფოს მიერ არ იქნება სუბსიდია, არამედ მოვალეობა არის იმ კლასის წინაშე, რომელიც საძირკველს, წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოსას.

ვთქვათ ეს ფილანტროპია იყვეს, მაგრამ ჩვენის აზრით სახელმწიფო მოვალე არის მუშათა კლასისთვის მიიღოს ის ზომები, რომელსაც მოითხოვს კლასის მდგომარეობა და ეს სუბსიდიად არ შეიძლება ჩაითვალოს (ხმაურობა. არ ისმის). უნდა ისიც ითქვას, რომ გერმანიამ მილიარდები გადადო... (ხმაურობა. არ ისმის). იტალიამ დაადგინა: ყველა საქონლის შემოტანა სახელმწიფოს საზღვრებში ნებადართული იყოს, გარდა პურისა; ეს მონოპოლია ეკუთვნის მხოლოდ მთავრობას და ამას ახლავს განმარტება. როდესაც მთავრობა ამას ადგენს, შესაძლებელია სპეკულიანტებმა პურის ფასები აუწიოს, მაშინ მთავრობას საშუალება ეძლევა თავის ხაზინიდან დაფაროს ზარალი - ესეც მაშასადამე ფილანტროპიაა. თქვენ იცით, რომ, როდესაც ინგლისში ჯარების ნაწილი დაბრუნდნენ, გადასწყვიტეს ათას სულისთვის ოთახების ჩამორთმევა მეპატრონებისაგან და ქირის მიცემა, ხოლო დაბრუნებულ მუშებს იაფ ფასებში მისცეს ეს ოთახები. თუ ყველა სახელმწიფო ასეთ სუბსიდიას და ფილანტროპიას აწარმოებს, რატომ უნდა ჩაითვალოს ეს ზომები ფილანტროპიად და სუბსიდიათ ჩვენში, მე ვერ გამიგია!

ყველა ეს იმისთვისაა ნათქვამი, რომ ისარგებლონ შემთხვევით და შეიძინონ კაპიტალი, რომელიც შეიძლება გაადიდებს მათ რიცხვს დამფუძნებელ კრებაში. ამ ორიოდე შენიშვნით ვათავებ.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? წინააღმდეგი არავინ არის. ვთხოვ მომხსენებელს წაიკითხოს პირველი მუხლი.

მომხსენებელი (კითხულობს მუხლობრივ):

დეკრეტი მუშა-მოსამსახურეთათვის პირველ მოთხოვნილების საქონლის მისაწოდებლად მთავრობის განკარგულებაში 50 მილიონი მანეთის გადადების შესახებ.

1. გადაიდოს მთავრობის განკარგულებაში ორმოცდა ათი (50000000) მილიონი მანეთი სახელმწიფო დაწესებულებაში მოსამსახურეთა და მუშებისათვის პირველ მოთხოვნილების საქონლის მისაწოდებლად.

2. შესყიდვას და განაწილებას აღნიშნულ საქონლისას მთავრობა ანდობს იმ სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებათ, რომელნიც ამ მიზანს ემსახურებიან.

3. საზოგადოებრივ და კერძო დაწესებულებათა მოსამსახურეებს და მუშებს ეძლევათ აღნიშნულ წესით დამზადებული საქონელი, თუ ხსენებული დაწესებულებანი შეუთანხმდებიან ამ მიზნით მთავრობას და შესაფერ თანხას გამოიღებენ.

4. მთავრობას უფლება ეძლევა ზოგიერთ შემთხვევაში ნასყიდობაზე უფრო იაფად დაუთმოს საქონელი სახელმწიფო დაწესებულებაში მოსამსახურეთ და მუშებს და ამაზედ მოსული ზარალი დაჰფაროს პირველ მუხლში აღნიშნულ თანხიდან.

5. დეკრეტი ესე ძალაში შედის დღიდან მიღებისა დამფუძნებელი კრების მიერ.

(მუხლობრივ განხილვით დეკრეტი მიღებულია).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი მთელი დეკრეტისა? არავინ. მაშასადამე დეკრეტი მიღებულია ერთხმად.

რადგანაც გვიან არის კრებას ვხურავ. ვთხოვ მდივანს წაიკითხოს შემდეგი სხდომის დღის წესრიგი.

მდივანი ქრ. შარაშიძის ასული (კითხულობს შემდეგი სხდომის დღის წესრიგს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი დღის წესრიგისა? დღის წესრიგი მიღებული გახლავთ.

სხდომა იხურება ნაშუადღევის 4 ს. 10 წ.317

4.10 ორმოცდამეთოთხმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

1919 წელი, ოქტომბრის 21. ტფილისი, სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი და

ქრისტინე შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება დილის 11 საათზე.

თავმჯდომარე: სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი. (კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - მუშა-მოსამსახურეთათვის პირველ საჭიროების საგნების მისაწოდებლად მთავრობის განკარგულებაში 50 მილ. მან. გადადების შესახებ. მომხსენებელია გრ. ნათაძე.

2. განხილვა დეკრეტისა - მთავრობის წევრთა ჯამაგირის გადიდების შესახებ. მომხსენებელია კირ. ნინიძე.

3. განხილვა დეკრეტისა - დამფუძნებელ კრების წევრთა გასამრჯელოს გადიდების შესახებ. მომხსენებელია კირ. ნინიძე.

4. მეორე (მუხლობრივი) განხილვა საქართველოს სახელმწიფო ბანკის წესდებისა. მომხსენებელია ივ. ჭავჭანიძე.

5. მეორე (მუხლობრივი) განხილვა 1915 წლის თებერვლის 2-ს კანონის (გერმანელთა, ავსტრო-უნგრელთა და ოსმალეთის უძრავი საკუთრების შეძენის აკრძალვის) გაუქმების კანონ-პროექტისა. მომხსენებელია ს. ჯაფარიძე.

6. განხილვა დეკრეტისა - სამომრიგებლო ინსტიტუტის ახალ დაწესებულებათათვის ავეჯეულობის შესაძენად 709. 220 მან. გადადების შესახებ. მომხსენებელია გ. გიორგაძე.

7. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა სახელმწიფო კონტროლის შტატის შეცვლის შესახებ. მომხსენებელია ივ. ჭავჭანიძე.

8. დეკრეტი - ფოთლოვან თამბაქოზე მონოპოლიის გამოცხადებისა. მომხსენებელია ივ. ჭავჭანიძე.

9. დეკრეტი გარეშე საქმეთა მინისტრის განკარგულებაში სამი მილიონი მანეთის გადადებისა ამერიკაში და ყუბანში გასაგზავნ დელეგაციების ხარჯისთვის.

თავმჯდომარე: წინადადება არის შემოტანილი სოც. დემოკრატიული ფრაქციის მიერ, რომ დღიური წესრიგი შეიცვალოს ასე: მეორე საკითხათ დაისვას მე-9 საკითხი, მე-3 საკითხად მე-8, მე-4 და მე-7, მე-5-დ მე-6-ე, მე-6-დ მე-4-ე, მე-7-ედ მეხუთე და დანარჩენი დარჩეს, როგორც არის.

ვის ნებავს ამის შესახებ სიტყვა? სიტყვის მსურველი არავინაა. მე კენჭს უყრი. ვინ არის წინააღმდეგი ამ წინადადებისა? წინააღმდეგი არავინაა. მაშ, ეს შესწორება მიღებულია.

პირველი საკითხი საბოლოო ტექსტი დეკრეტებისა მუშა მოსამსახურეთა საჭიროებისათვის პირველ საჭიროების საგნების მისაწოდებლად მთავრობის განკარგულებაში 50 მილ. გადადების შესახებ. სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ გრ. ნათაძეს. (გრ. ნათაძის მოხსენებით დამტკიცებულ იქნა ხსენებული დეკრეტის საბოლოო ტექსტი). თავმჯდომარე: მეორე საკითხი გახლავთ:

დეკრეტი გარეშე საქმეთა მინისტრის განკარგულებაში სამი მილიონი მანეთის გადადებისა. ამერიკაში და ყუბანში გასაგზავნ დელეგაციების ხარჯისათვის.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

კონსტანტინე ჯაფარიძე. (მომხსენებელი) ბატონებო! დეკრეტს, რომელიც თქვენ უნდა განიხილოთ დღეს, აქვს ორი მხარე: ერთი პრინციპიალური; - თუ რამდენად სასურველია ამერიკის შტატებსა და ყუბანს დელეგაციის გაგზავნა და მეორე -ფინანსიური - თუ რა თანხა უნდა იქნას ამ საქმისთვის გაღებული.

გარეშე საქმეთა კომისიამ განიხილა პირველი მხარე ამ საკითხისა და მან სავსებით მოიწონა და დაადასტურა მთავრობის დადგენილება, რომ ასეთი დელეგაცია გაგზავნილ იქნეს - შემდეგი მოსაზრებით:

მოგეხსენებათ, რომ ყოველ სახელმწიფოს ჰყავს სხვა სახელმწიფოში თავისი წარმომადგენელი, ვინაიდან ამას მოითხოვს საერთაშორისო ურთიერთობა თუმცა, მართალია, ჯერ საქართველოს რესპუბლიკას საერთაშორისო ცნობა არ მიუღია, მაგრამ ჯერ ერთი, რომ ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო წელიწად ნახევარი არსებობს, და მეორე, რომ ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა უფრო მოითხოვს, ვიდრე, რომელიმე უკვე ცნობილი სახელმწიფო, რომ მას ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი იმ სახელმწიფოებში, რომლებთანაც ჩვენ რაიმე ურთიერთობა გვაქვს ან უნდა გვქონდეს.

იმ მოსაზრებით ჩვენ უკვე გვყავს დელეგაციები ევროპის, თითქმის, ყველა სახელმწიფოებში, დაწყებული ინგლისით და მოთავებული პატარა შვეიცარიით და საბერძნეთით. მხოლოდ შეერთებულ შტატებში და ყუბანში ჩვენ წარმომადგენელი დღესაც არა გვყავს. მაშინ, როცა ასეთ დელეგაციას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, დელეგაციის მიზანია ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიური ინტერესების დაცვა იქ, სადაც ის იგზავნება და ყოველგვარი უთანხმოების, თუ ასეთს ადგილი ექნება, მშვიდობიანი გზით მოგვარება, ამ მხრივ ჩვენ, როგორც შეერთებულ შტატებში, ისე ყუბანში დიდი ინტერესი გვაქვს.

თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის საკითხი პარიზში ჯერ არ დასმულა და ჩვენ ცნობები გვაქვს, რომ ეს საკითხი იქ მალე იქნება განხილული, მოგეხსენებათ ისიც, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხის გადაჭრაში ამერიკის ხმას. მართალია ჩვენ დღეს პარიზში გვყავს განსაკუთრებული დელეგაცია, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ მარტო ეს დელეგაცია ჩვენთვის არ კმარა, ვინაიდან მოკავშირეთა წარმომადგენლების აზრი და შეხედულება ამ საკითხზე მუშავდება არა პარიზში და კონფერენციაზე, არამედ ადგილობრივ იმ სახელმწიფოში და ხალხში, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ, ეს წარმომადგენლები მხოლოდ ადგილობრივ შეხედულების გადაწყვეტილების დამცველნი არიან, ამიტომ ამ მხრივ საჭიროა მუშაობა თვით ამერიკაში და მის ხალხში, რისთვისაც აუცილებელია იქ განსაკუთრებული დელეგაციის გაგზავნა.

თუ ჩვენმა დელეგაციამ სხვა ვერაფერი შესძლო, სწორ ინფორმაციას მაინც აწარმოებს: გააცნობს ამერიკას ჩვენს ნამდვილ მდგომარეობას და მიზნებს და იქიდანაც საჭირო მასალას და ცნობებს მოგვაწვდის. ამერიკას სურსათით დახმარებაც შეუძლია, დელეგაციის მუშაობა აქეთკენაც იქნება მიმართული. რაც შეეხება ყუბანს, ის მეზობელი სახელმწიფოა, ჩვენ მუდამ ასეთი მოსაზღვრენი ვიქნებით და საჭიროა მასთან კეთილ-მეზობლური განწყობილება გვქონდეს. ყუბანში კი დიდი მუშაობა სწარმოებს სწორეთ ასეთი განწყობილების წინააღმდეგ. ჩვენი დამოუკიდებლობის მტრები არც ერთ კუთხეში ისეთ პროვოკაციას არ აწარმოებენ ჩვენს წინააღმდეგ, სიტყვითი და პრესით, როგორც ყუბანში. ჩვენს მტრებს სურთ ყუბანის ყაზახობა ჩვენს წინააღმდეგ აამხედრონ. ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა მივიღოთ ზომები, რომ ეს არ მოხდეს და მტრებმა მიზანს არ მიაღწიონ, ამიტომ საჭიროა იქ გაიგზავნოს დელეგაცია, რომელიც ჩვენი მთავარი მიზნისა და ადგილობრივი პირობების მიხედვით იქ ჩვენს ინტერესებს დაიცავს და ჩვენსა და ყაზახების შორის მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარებას ხელს შეუწყობს.

აი ყველა ის მოსაზრებანი, რომელთა მიხედვით გარეშე საქმეთა კომისიას დელიგაციის გაგზავნა საჭიროთ მიაჩნია და იგი სთხოვს დამფუძნებელ კრებას, რომ მანაც ეს დაადასტუროს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. გობეჩიას.

ივ. გობეჩია (ს.-რ.) მოქალაქენო! როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ფინანსიური მდგომარეობა ჯერ იმდენად არ გაუმჯობესებულა, რომ შეგვეძლოს ასე იოლად ფულის გაღება. ჩვენი ფინანსიური მდგომარეობა კატასტროფიულია. ფულის ფასი თანდათან ეცემა, რადგანაც ჩვენ მილიონებს უხვად ვარიგებთ. ეკონომიური კრიზისი მწვავდება, რადგანაც ბონების დასაბეჭდავ მანქანას არ შეუძლიან ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება.

ამიტომ, როდესაც ფულებს ვიღებთ, მეტს სიფრთხილეს უნდა ვიჩენდეთ. აგრეთვე უნდა ვიცოდეთ, - სად მიდის ეს ფულები, როგორ იხარჯება ის და სხვა.

როგორც აქ მოგახსენეს, ყუბანში საშინელი რეაქციაა, ჩვენ ამას უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ არა პოლიტიკური მისიის გაგზავნით, არამედ სხვა საშუალებით. საქართველოს არ უნდა მიაჩნდეს ასეთ საშუალებად რეაქციონურ კუთხეში პოლიტიკური მისიის გაგზავნა. ამით თქვენ სცნობთ იმ რეაქციას, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის.

ამიტომ სრულიად მიზანშეუწონელად მიგვაჩნია იქ დელეგაციის გაგზავნა. ჩვენი ფრაქცია წინააღმდეგია, რომ ყუბანში ეს დელეგაცია გაიგზავნოს.

რაც შეეხება ინფორმაციის წარმოებას, ამისათვის სხვა საშუალებებს უნდა მივმართოთ და არა პოლიტიკურ მისიის გაგზავნას.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის გარეშე საქმეთა მინისტრს.

ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი, გარეშე საქმეთა მინისტრი. ბატონებო! ისე კითხვის დასმა, როგორც ეს პატივცემულ დეპუტატმა გობეჩიამ ინება, ჩემის აზრით ყოვლად შეუძლებელია. მან განაცხადა თქვენს წინაშე, რომ ყუბანში იბრძვის რეაქცია, ეს რეაქცია არის მიმართული ჩვენს წინააღმდეგ და, მაშასადამე, საქართველომ უნდა აირჩიოს არა ის გზა, რომლითაც ის მიდის, არა პოლიტიკური მისიის წარგზავნა, არამედ გზა პირდაპირი ბრძოლისა. მხოლოდ ეს არის ერთად-ერთი საშუალება, რომლითაც ჩვენ უნდა მოვაგვაროთ საქმენიო.

მე მგონია, რომ ეს არ არის სახელმწიფოებრივი თვალსაზრისი. ერთი ფაქტიური შესწორება: უნდა აღვნიშნო, რომ ყუბანის ყაზახობა სრულიად არ არის მტრულად განწყობილი საქართველოს მიმართ. ასეთი განცხადება სხვა რომ არა იყოს, ჩემის აზრით დაუშვებელი და უხერხულიცაა. (გობეჩია: მომხსენებელმა რა სთქვა?) მომხსენებელს ეს არ უთქვამს. მან განაცხადა, რომ ყუბანი ჩვენი მეზობელია და ამიტომ საჭიროა მასთან კარგი ურთიერთობის დამყარებაო. ეს შეადგენს ჩვენი რესპუბლიკის დიპლომატიის მოვალეობას. ამ გზის და ამ მიზნის განსახორციელებლად უნდა წარიგზავნოს იქ მისიაო. აი ასე გავიგე მე მისი აზრი ფაქტიურად. ბ. გობეჩიას აზრი სრულიად არ შეეფერება სინამდვილეს.

მეორე: პოლიტიკური მისიის წარგზავნა ამა თუ იმ სახელმწიფოში არ უნდა განისაზღვრებოდეს, ჩემის აზრით, იმით, - რევოლიუციაა იქ, თუ რეაქცია. ყოვლად დაუშვებელია სახელმწიფოსათვის და სახელმწიფო მოღვაწისათვის, იხელმძღვანელოს სიმპატიით, თუ ანტიპატიით ამა თუ იმ სახელმწიფოს მიმართ. თუ ვინმეს აქვს საქმე გრძნობაზე დამყარებულ პოლიტიკასთან, ეს უვარგისი და მიუღებელი პოლიტიკაა. (გვაზავა: მართალია!). ჩვენ გვაქვს ერთი ობიექტიური საზომი, რომლის მიხედვით უნდა გადავდგათ ესა თუ ის ნაბიჯი, როდესაც ეს ნაბიჯი შეესაბამება ჩვენს ინტერესებს. თუ თქვენ ამ საზომს იხმართ, ამ საზომით მიუდგებით ამ საკითხს, მაშინ მე თქვენ გარწმუნებთ, რომ ვერც ერთ მოსაზრებას, ვერც ერთს არგუმენტს ამ დეკრეტის წინააღმდეგ ვერ წამოაყენებთ. ამისთანა არგუმენტის გამოძებნა შეუძლებელიც არის.

ყუბანის ყაზახობა ჩვენი მეზობელი ხალხია და ჩვენ დამოუკიდებლობაში არ ყოფილა ისეთი აქტი, რომელიც ამტკიცებდეს, რომ ყუბანის ყაზახობის მასაში არის მტრული განწყობილება ჩვენს მიმართ. პირიქით, მეტს გეტყვით, და ეს მე ერთს დროს ჩემს მოხსენებაშიაც აღვნიშნე, როდესაც მოხალისეთა სარდლობამ გაგრის ფრონტზე გამოგზავნა ყაზახთა რაზმის ნაწილი, ყუბანის მთავრობამ მაშინათვე დააყენა საკითხი, თუ რამდენად დასაშვებია ყუბანის მთავრობისათვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნოს ყაზახთა ნაწილები. და ეს ნაწილი კიდევაც მოხსნილ იქმნა გაგრის ფრონტიდან. ეს ფაქტი მეტად მნიშვნელოვანია და მოწმობს სრულიად წინააღმდეგს იმისა, რაც ბ. გობეჩიამ სთქვა.

ამიტომ ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ სახელმწიფოებრივი მოსაზრებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. სახელმწიფოებრივი მოსაზრება კი გვიკარნახებს იქ დელეგაციის გაგზავნას. მე მეტსაც ვიტყვი, იქ კი არა, შესაძლებელია დენიკინის რუსეთშიც - თუ კი დენიკინის რუსეთი რეალურ ძალად გადაიქცევა, მე აშკარად ვაცხადებ, რომ საგარეო მინისტრი მოითხოვს, თუ ის მინისტრი იქნება მაშინ, რომ იქ წარგზავნილ იქნას მისია, რადგანაც ასეთ საკითხების გადაჭრაში არ უნდა ვხელმძღვანელობდეთ ჩვენი გრძნობით, სიმპატიით, თუ ანტიპატიით.

ასეთია ჩვენი შეხედულება ამ საკითხზე და მე მგონია, რომ ყველა ის, ვინც მიუდგომლად და ობიექტიურად შეხედავს ამ საკითხს, დაგვეთანხმება იმაში, რომ მთავრობას არა აქვს უფლება ერთ დღესაც დაიგვიანოს და არ გაგზავნოს ის მისია, რომლის გაგზავნაც დავაპირეთ. ამიტომ მე მოვითხოვ, რომ ეს დეკრეტი მიღებულ იქნას.

თავმჯდომარე. სიტყვის თქმის მსურველი არავინ არის. უკანასკნელი სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

კ. ჯაფარიძე. უპირველესად ყოვლისა უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი სიტყვა ბ-მა გობეჩიამ ვერ გაიგო, მე არ მითქვამს, თითქოს ყუბანი მტრულად იყოს განწყობილი ჩვენდამი; - მე მხოლოდ ისა ვთქვი, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის მტრები იქ პროვოკაციას ეწევიან. ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ყუბანის ყაზახობა ჩვენდამი მტრულად იყოს განწყობილი. ასეთი მტრები ჩვენ გვყავს მარტო იქ კი არა, თვით საქართველოშიაც.

რაც შეეხება იმ საზომს და თვალსაზრისს, რომელსაც იცავდა სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქციის წარმომადგენელი, ამის შესახებ მე უნდა დაუმატო იმას, რაც უკვე მინისტრმა მოგახსენათ, ყუბანში დელეგაციის გაგზავნას ჩვენ უნდა შევხედოთ შემდეგი თვალსაზრისით აქვს თუ არა: საქართველოს რაიმე პოლიტიკური ან ეკონომიური ინტერესი ყუბანში, ან და პირიქით ყუბანს ჩვენში, რომ ამ ნიადაგზე ჩვენი შეხვედრა მოხდეს. აი მთავარი საზომი, რომლითაც ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ. ის საზომი, ის პრინციპი, რომელიც სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქციამ წამოაყენა არ იცის საერთაშორისო ურთიერთობამ და უფლებამ. ასეთი ურთიერთობა ხდება, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოთა შორის, ისე დემოკრატიულსა და რეაქციონურ სახელმწიფოთა შორისაც, ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ ევროპასა და აზიის შუა ჩინური კედელი იქნებოდა ამართული და არც ოსმალეთში და სპარსეთში და არც სხვა ასეთ, არამც თუ ჩამორჩენილ, არამედ პირდაპირ დესპოტიურ ქვეყნებში დემოკრატიულ ევროპასა და ამერიკას თავიანთი წარმომადგენელი არ ეყოლებათ და მათ შორის, არავითარ ურთიერთობას არ ექნებოდა ადგილი, მაგრამ ეს ასე არ არის.

ჩვენ უნდა მივიღოთ მხედველობაში შემდეგი, თუ მართლა არსებობს ასეთი მდგომარეობა, ასეთი პირობები, რომ ჩვენ და ყუბანი ერთმანეთს ვერ შევხვდებით, მაშინ დელეგაცია ზედმეტია, მას საკეთებელი არაფერი ექნება. მაგრამ თუ სასურველია ჩვენი შეხვედრა და დაახლოვება, კიდევ მეტი სასურველიც, რომ არ იყოს, თუ იგი აუცილებელია რაიმე პოლიტიკური ან ეკონომიური ინტერესების გამო, მაშინ აუცილებელია დელეგაციაც, რომ მან ამ შეხვედრას მშვიდობიანი ხასიათი მისცეს. არსებობს ორი გზა ხალხთა შორის ურთიერთობაში: ერთია - საქმის მშვიდობიანი გზით მოგვარება და მეორეა - საკითხის იარაღით გადაჭრა. ვინც უარყოფს პირველ გზას, ის, ნებით თუ უნებლიეთ, ხელს უწყობს მეორეს. მე ვთქვი, რომ ყუბანი ჩვენი მეზობელია და მის ხალხთან უნდა გვქონდეს კეთილ-მეზობლური განწყობილება. ამ გზის განსახორციელებლათ ჩვენ ყოველივე მშვიდობიანი საშუალება უნდა ვიხმაროთ, და სანამ ეს საშუალება არ ამოგვიწურავს იმის თქმას, რომ ჩვენ მიზანს ვერ მივახწევთ და სხვა საშუალებას მივმართოთო, უსაფუძვლოა, ჩვენი ცდით და დელეგაციის გაგზავნით საქმე არ წახდება, გაკეთებით კი შეიძლება გავაკეთოთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამ მხრით ყველა მშვიდობიანი გზა უნდა ამოვწუროთ და ამით ჩვენი ზნეობრივი და პოლიტიკური ვალი მოვიხადოთ.

რეაქციონურ სახელმწიფოში დელეგაციის გაგზავნა, რომ არ ბღალავს დემოკრატიზმს და რევოლიუციონერობას ამის დასამტკიცებლათ საჭიროა მოვიგონოთ, რომ ბოლშევიკურ რუსეთს ჰყავდა თავისი წარმომადგენელი რეაქციონურ გერმანიაში და ამ უკანასკნელს წითელ რუსეთში. მაშინ, როცა ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება იწერებოდა, ჩვენ პირიქით, ღალატს ჩავიდენდით დემოკრატიის წინაშე, თუ მშვიდობიან გზას გვერდს აუხვევდით და სხვა საშუალებას მივმართავდით. (ხმა: დენიკინთან გაგზავნეთ დელეგაცია!) თქვენ იცით, საითაც იგზავნება დელეგაცია: (ხმა: რამდენს გამოიყვანდით სოციალისტ-ფედერალისტები... არა, რევოლიუციონერები, საბრძოლველათ) ამიტომ გარეშე საქმეთა კომისიას დელეგაციის გაგზავნა მიზანშეწონილ ნაბიჯათ მიაჩნია და იგი ითხოვს, რომ დამფუძნებელმა კრებამაც იგი დაადასტუროს და წარმოდგენილი დეკრეტი მიიღოს.

თავმჯდომარე. გთხოვთ კერძო ლაპარაკს თავი დაანებოთ. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? ვინაა მომხრე? გთხოვთ წაიკითხოთ სათაური და პირველი მუხლი.

მომხსენებელი. (კითხულობს მუხლობრივ. დეკრეტი კენჭის ყრით მიღებულია).

თავმჯდომარე შემდეგი საკითხია:

ფოთლოვან თამბაქოზე მონოპოლიის გამოცხადება.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბატონ ჭავჭანიძეს.

ივანე ჭავჭანიძე (ს.-დ.) მოქალაქენო! ჩვენი ქვეყანა ცნობილია თავისი ბუნებრივი სიმდიდრით. აქ მრავლად მოიპოვება ნედლი მასალა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ბუნებრივი სიმდიდრის გამოყენების საქმე ვერაა ჯეროვან სიმაღლეზე დაყენებული. ამავე დროს ვაჭრობა-მრეწველობა ჩვენში ძალიან ჩამორჩენილია, ისეა ჩამორჩენილი, რომ პირველ მოთხოვნილების საგნებსაც ვერ ვამზადებთ ადგილობრივ და იძულებული ვართ შემოვიტანოთ საზღვარ გარეთიდან.

ასეთი მდგომარეობაში გვიხდება ლაპარაკი სავალიუტო საქონლის დაგროვებაზე, საზღვარ გარეთ გატანაზე და მისი სამაგიერო ჩვენთვის საჭირო საქონლის შემოტანაზე. ერთი ასეთი სავალიუტო საქონელი, რომელსაც ამ ეკონომიური და ფინანსიური კრიზისის დროს შეუძლია დახმარება გაგვიწიოს, არის თამბაქოს ფოთოლი. მოგეხსენებათ, რომ მეთამბაქობა ჩვენში ძალიან ადრე დაიწყო და ჩვენს მეურნეობაში მას თვალსაჩინო ადგილი უჭირავს. ჯერ კიდევ 1911 წელში თამბაქოს დიდი მოსავალი იყო. ქუთაისის გუბერნიასა და სოხუმის ოლქში მოსულა 319.800 ფუთი თამბაქო. მათ შორის მხოლოდ 2700 ფუთი ყოფილა მდარე ღირსების, დანარჩენი კი მაღალი ხარისხის. ამ დღიდან მოკიდებული, მეთამბაქოეობა ვითარდება და ამ ორი წლის წინეთ თამბაქოს მოსავალი 700.000 ფუთამდე ავიდა. რა თქმა უნდა, ადგილობრივ ბაზარისთვის ამოდენა თამბაქო საჭირო აღარ იყო და ზედმეტი ნაწილი გაჰქონდათ რუსეთში და საზღვარგარეთაც. მაგრამ, მას შემდეგ რაც ომი დაიწყო, გზები დაიკეტა და თამბაქო დარჩა შინაური ბაზრის ამარა, გაძნელდა რუსეთში გატანაც.

ამ გარემოებამ ხელი შეუწყო თამბაქოს ფასის და მეთამბაქოების შემცირებას. მეორე მხრით მეთამბაქოების ხელის შემშლელი აღნიშნულმა გზების დაკეტვამ და თამბაქოს გაზიდვის შეუძლებლობამ. ამ მიზნით მეთამბაქოებმა ხელი აიღეს თამბაქოს მოყვანაზე და გადავიდენ სხვა კულტურაზე. მაგალითად შავი ზღვის პირზე სიმინდის კულტურაზე. სიმინდის კულტურაზე გადასვლას ხელს უწყობდა ისიც, რომ მაშინ, როდესაც სიმინდის ფასი გაიზარდა 60-80 ჯერ, თამბაქოს ფასი მხოლოდ 15-13 ჯერ გადიდდა.

ამ გარემოებით მარჯვედ ისარგებლეს სპეკულიანტებმა და დაემზადენ იმ დროისათვის, როდესაც შეიძლებოდა მათ მიერ საწყობებში დაგროვილი თამბაქოს ხელსაყრელ პირობებში გასაღება. ისინი სარგებლობდენ შემთხვევით, ძალიან მცირე ფასებში იძენდნენ თამბაქოს პირდაპირ მწარმოებლიდან, ხოლო მათ მიერ დაგროვებულ თამბაქოზე კი საარაკო ფასები დააწესეს. თუთუნი, რომელიც მათ შეიძინეს 50-100 მანეთად, დღეს აფასებენ 700 მანეთად.

როგორც ხედავთ, ფასი ძალიან დიდია, მაგრამ ამ ფასიდან ნამდვილ მწარმოებლებს ხვდება საშუალოდ არა უმეტესი 100 მანეთისა. ამნაირად მეთამბაქოებისათვის ფასმა ძალიან დაიწია, მაგრამ იმათთვის, ვინც შესძლო ბევრი თამბაქოს შესყიდვა და დაგროვება, მისთვის ფასი დიდად გაიზარდა. მეთამბაქოე გლეხს, რომელიც შეჩერებია თამბაქოს, რომ დროზე გაყიდოს და მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს, არ შეუძლია თამბაქო დიდხანს გააჩეროს და უცადოს ფასის ზრდას. აქვე უნდა მივიღოთ მხედველობაში ის გარემოებაც, რომ უცხოეთის ბაზარზე თამბაქოს ფასი ძალიან მაღალი დგას. ერთი კვირის წინ მიღებული ცნობით ლონდონში ჩვენი თამბაქო ფასობდა 51/2 გირვანქა სტერლინგი. ამავე დროს თამბაქო ჩვენში საშუალოდ 500 მან. ფასობდა. სტერლინგი კი ჩვენს ბირჟაზე ფასობს 670-700 მანეთს ჩვენი ბონებით, მაშასადამე ჩვენს ფულზე ლონდონის ბირჟაზე 3700-3800 მანეთს ფასობს ფუთი თამბაქო.

რომ მეთუთუნე მწარმოებელს ხელი შეეწყოს და ისინი არ იყვენ დამოკიდებული სპეკულიანტებისაგან, საჭიროა მთელი რიგი ზომების მიღება. ჩვენ ვიცით, რომ სპეკულიანტები ყოველგვარ საშუალებას ხმარობენ, რომ ბაზარზე დასცენ თამბაქოს ფასი. მოგეხსენებათ, ამ თამბაქოს სავალიუტო ხასიათი აქვს და როგორც ასეთი, მთავრობის ყურადღების ღირსი არ არის.

მთავრობის აზრით, თამბაქოზე უნდა იქნეს შემოღებული მონოპოლია, ე. ი. თამბაქოს შეძენა და საზღვარ გარეთ გატანა მთავრობის უფლებას უნდა შეადგენდეს. მთავრობის გარეშე არავის არ უნდა ჰქონდეს უფლება. მართალია ამ ბოლო ხანებში თუთუნის გატანისთვის საჭირო იყო მთავრობის ნებართვა, მაგრამ ამას ჰქონდა ნაწილობითი ხასიათი და არც შესაფერი კანონი არ არსებობდა. ამით სარგებლობდნენ კერძო სპეკულიანტები, რომლებიც მოხერხებით თუ დატყუილებით ახერხებდნენ ნებართვის მიღებას. ჩვენ ვიცით, რომ ამ ერთი კვირანახევრის წინეთ თუთუნის გატანის ნებართვა ბაზარზე ფასობდა ძალიან დიდ ფასებში: ერთი ფუთი თუთუნის გატანის ნებართვა ბაზარზე ფასობდა 300 მანეთად. ასეთ წესს ბოლო უნდა მოეღოს და თუთუნის გატანის საქმე მოეწყოს ისე, რომ კერძო პირებს სპეკულიაციის საშუალება არ ექნეს. ეს შეიძლება მხოლოდ იმ პირობებში, თუ მთავრობის ხელში იქნება თუთუნის შეძენა და საზღვარ გარეთ განაღდება. ამასთანავე ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ მეთამბაქოობის გავრცელებას. ჩვენ უნდა ვეცადოთ მისი წარმოება არ შემცირდებოდეს, არამედ რაც შეიძლება განვითარდეს. მთავრობამ ამისთვის უნდა მიიღოს მთელი რიგი ზომებისა.

უნდა გაადვილდეს სახაზინო ფონდიდან მიწების მიცემა მეთამბაქოებზე, უნდა მიეცესთ, შეძლებისდაგვარად, სესხი, სუბსიდია, იქნეს ზომები მიღებული საუკეთესო თესლის შესაძენათ, რომელიც უნდა დაურიგდეს მეთამბაქოებს. საჭიროა აგრეთვე ინსტრუქტორების ყოლება, რომლებიც დაეხმარებიან მეთამბაქოებს რჩევა-დარიგების მიცემით.

თუ ყველა ეს ზომები იქნება მიღებული, ეჭვს გარეშეა მეთამბაქოეობა გაიზრდება და ამ ერთს ფრიად სახეირო დარგს მეურნეობისა დიდი სარგებლობის მოტანა შეეძლება სახელმწიფოსათვის.

მთავრობის დეკრეტსაც სწორედ ეგ მიზანი აქვს დასახული, თამბაქოს ფოთოლის შეძენა, დაგროვება გატანა და განაღდება სავსებით მთავრობის ხელში იქნება. მთავრობას, რასაკვირველია, უფლება ექნება თავისი უფლება გადასცეს ყოველ კერძო შემთხვევაში რამოდენიმე საზოგადო დაწესებულებას, ან ისეთ კერძო დაწესებულებას, რომელიც ანგარიშივალდებულია.

ადგილობრივ მექარხნეებს უფლება ექნებათ, მთავრობის ნებართვით, შეიძინონ თამბაქოს ფოთოლი თავიანთ ქარხნებისათვის, ხოლო განსაზღვრული კი უნდა იყოს რაოდენობა, რომლის შეძენა ნებადართული იქნება ამა თუ იმ ქარხნისათვის. უამისობა დაუშვებელია, რადგან ზოგიერთ ქარხანას დიდძალი თამბაქო აქვს დაგროვილი საწყობებში იმ იმედით, რომ ოდესმე შესძლებენ უცხოეთში გატანას და გაყიდვას. ნებადართულზე მეტი თამბაქო თუ ვისმეს აღმოაჩნდება, უნდა ჩამოერთვას მტკიცე ფასებში.

აი, დედა-აზრი ამ დეკრეტისა. იგი უთუოდ მისაღებია, რადგან მისი საშუალებით შეძლება გვექნება შევიძინოთ ნაწილობრივად ვალიუტა, პირველ საჭიროების საგნები და სხვა საჭირო საქონელი. ამავე დროს შეძლება გვექნება განვავითაროთ და გავზარდოთ ჩვენში მეთამბაქოეობა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კომისიის წევრს ბ. ღლონტს.

თედო ღლონტი. მოქალაქენო! საზოგადოდ ამ გარდამავალ ხანაში მთელ რიგ საქონელზე მონოპოლიის აზრს სისტემატიურად ვიცავთ. მაგრამ თვით სისტემა ამ მონოპოლიისა სრულიად არა გვაქვს შემუშავებული და ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი რამე არის გასაკეთებელი. და თუ სიტყვას ვიღებ დღეს, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთმა ჩვენმა მოსაზრებამ და რჩევამ შეიძლება ხელი შეუწყოს საკითხის გამორკვევას, საკითხი თამბაქოს მონოპოლიისა დღეს მეტად დაგვიანებულია. რომ ეს მონოპოლია თავის დროზე ყოფილიყო გამოცხადებული, ჩვენ გაცილებით მეტს მოვიგებდით, ვიდრე ეხლა. წელს თამბაქოს მოსავალი, მოგეხსენებათ, ძალიან ცუდია. სპეკულიანტებმა, ესეც ალბად მოგეხსენებათ, უკვე შეაგროვეს და საზღვარგარეთ გაიტანეს დიდძალი თამბაქო. თუმცა ეხლაც ეს მონოპოლია საჭიროა და ერთად-ერთი მიზანშეწონილი გამოსავალია, მონოპოლიის ძალის გაგრძელება, რაც სხვა დროზედაც გადავა, შეიძლება მომავალში უკეთესი მოსავალი იქნეს, და მონოპოლიამაც სათანადო სარგებელი მოგვიტანოს.

მხოლოდ ჩვენ გვინდა ეხლა ერთ გარემოებას მივაქციოთ ყურადღება, - გვინდა აღვნიშნოთ, თუ რა ზარალი ვნახეთ ჩვენ ამ მონოპოლიის გამოცხადების დაგვიანებით. ორი თვის წინად გირვანქა სტერლინგი ღირდა 200 მ. დღეს კი ღირს - 600-660 მანეთი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ფულის ფასი ეცემა, უბედურება ის არის, რომ ჩვენ ვერ მოგვიგვარებია საქონლის გაცვლა-გამოცვლის საქმე, მონოპოლია, რომ ადრე ყოფილიყო გამოცხადებული ჩვენ მეტ თამბაქოს გავიტანდით, სავალიუტო ფონდებიც გვექნებოდა და ის სურსათიც ადვილად შემოვიდოდა ჩვენში, რომელიც მეტად გვესაჭიროება ჩვენ. ამ მხრივ სისტემატიური მოქმედებაა საჭირო. ეს სახელმწიფო საკითხია, ამას მოგახსენებთ ხაზგასმით. მონოპოლია აუცილებლად უნდა გავრცელდეს სხვა საქონლებზედაც და სახელმწიფოს ხელში მის პირდაპირ განკარგულებაში უნდა იყოს მათი გაცვლა-გამოცვლის, ყიდვა-გაყიდვის საქმე.

მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ერთი კითხვა და მის პასუხს ველით იმ უწყებისაგან, რომელსაც ეს შეეხება, რომლისგან ჩვენ ასეთ პასუხს, ყოველშემთხვევაში, უნდა მოველოდეთ და უნდა მოვითხოვდეთ.

ჩვენ გვაინტერესებს - არის თუ არა დაცული და გარკვეული ჩვენი ეროვნული მრეწველობის საკითხი? არის თუ არა რაიმე განსაზღვრული სისტემა, პლანი ჩვენი მრეწველობის ასაღორძინებლათ? თამბაქოს საქმეში, მაგალითად, ჩვენ ამას სრულებით ვერ ვხედავთ. თამბაქოთი ჩვენ ვკვებავდით რუსეთს. ხოლო გაკეთებულ პაპიროსს ვაძლევდით სომხებს და აზერბაიჯანს.

ამ ბოლო დროს კი მეტად შემცირდა გაკეთებული პაპიროსების გატანა, რომელიც ფუთზე იძლევა ათას მანეთზე მეტს, გაუკეთებელი კი, დაუმუშავებელი თამბაქო იძლევა ფუთზე, რაღაც ოც მანეთს. ამიტომ ჩვენი მიზანი უნდა იყოს მოვახერხოთ თამბაქოს გადამუშავება. ამით ჩვენ წინ წავწევთ ჩვენი მრეწველობის განვითარების საქმეს. ჩვენი ექსპორტი ძლიერ შემცირდა. განსაკუთრებით კი დამზადებულ პაპიროსების გატანას სრულებით ბოლო მოეღო. სახელმწიფოსათვის - ფოთოლი თამბაქოს გატანა პირდაპირ საზარალოა, ხოლო ფაბრიკატი კი დიდ შემოსავალს მოგვცემდა. მაშინ, როდესაც ერევანში ერთი ქარხანა დაარსდა და ბაქოში კი ორი, ჩვენში ამ მხრივ არაფერი არ კეთდება და არც კი ვფიქრობთ ამის შესახებ.

ამგვარად ჩვენი ნედლი მასალის იმედით ჩვენი მეზობლები ანვითარებენ თავიანთ მრეწველობას.

ამ ბოლო დროს ჩვენში ნებართვის ქაღალდებს დიდი ფასი აქვს, თითქმის ისეთი, როგორც სხვა საჭირო საქონელს. უხეირო სამრეწველო პოლიტიკის გამო ჩვენ დიდათ წავაგეთ და სწორეთ ჩვენი უხეირობით სარგებლობს ჩვენი მეზობლები და ქარხნებს აშენებენ.

რომ ეკონომიკური პოლიტიკის მხრივ ჩვენ სრულიად გამოურკვეველ მდგომარეობაში ვართ, ამას ამტკიცებს შემდეგი ფაქტი: ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროში შედიან საგანგებო პროდუქტებით პასუხისმგებელი მუშები ქარხნების დაარსების შესახებ, და ეს პროექტები უხმოდ რჩება პორტფელში.

ჩვენ უნდა დავსვათ საკითხი მრეწველობის ფარგლებში: შექმნილ მდგომარეობის გამო მეზობლები ეხლა კონკურენციას ვეღარ ეწევიან. ჩვენში დღეს შემოდის ევროპიული საქონელი. ეს იმით უნდა ავხსნათ, რომ ჩვენში ეს საქონელი დიდ ფულს გებულობს. ბევრი საქონელია ამ შემოსავალში ისეთი, რომელიც სრულიად უვარგისია და ზოგჯერ არც კი ესაჭიროება ჩვენ ქვეყანას. განსაკუთრებით დიდი უნიჭობა, რომელსაც ჩვენ ვიჩენთ არის ის მიზეზი, რომლის გამო ჩვენ ვეგებებით ევროპიულ საქონელს. რომ ასე არ იყოს, ჩვენ ბევრს საქონელს, რომელიც დღეს უანგარიშოდ შემოდის რესპუბლიკაში, თვალითვერ დავინახავთ. ჩვენ ირგვლივ სავსებით დაცარიელდა ბაზრები და ეს გარემოება ხელს გვიწყობს ჩვენი საკუთარი მრეწველობა განვავითაროთ. ეს არის ისტორიული მომენტი და ჩვენ ამას ალღო უნდა აუღოთ.

აიღეთ ასეთი შემთხვევა: ჩვენში მრეწველობა დაიწყო საზოგადოებრივმა დაწესებულებებმა. ე.ი. კოოპერატივებმა, ერობებმა და ქალაქთა თვითმმართველობის კავშირებმა. რას აკეთებენ ეს საზოგადოებრივი დაწესებულებანი, რას აკეთებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები ამ მრეწველობის განსამტკიცებლად - მრეწველობის უწყებას არაფერი მოეხსენება.

ჩვენში იყო ქალაქის კავშირები, ჩვენ გვქონდა მაგალითად ფეხსაცმელების სახელოსნო, რომ მას მისცემოდა სახელმწიფოებრივი გეგმის ხასიათი, უეჭველია, ის ისე გადიდდებოდა, რომ წარმოება ფაბრიკის ხასიათს; მიიღებდა - ეხლა იქ აღარაფერი არ არის. ამიტომ მე ვამბობ, თუ, რომ მთელ რიგ ზომებს არ მივიღებთ, ექსპორტ-იმპორტის საქმეში, თუ არ შემუშავდა ერთი ეკონომიური სისტემა, არ მოისპობა სპეკულაცია...

დამერწმუნეთ, ეს არ არის ეკონომიური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკა თუ ჩვენ ამ გზით ვიარეთ, ვერ შევქმნით იმ ძალებს, რომლებიც საჭიროა სახელმწიფოებრივი ცხოვრებისათვის...

საჭიროა ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტრომ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ამ საკითხის დროიდან მოგვარებას. ექსპორტ-იმპორტის საკითხი ძალიან სასწრაფოა, ეს საკითხი ისეთია, რომ მისი დაგვიანება არ შეიძლება და ყოველთვის უნდა თავის დროზე მოხდეს. ყოველგვარი გატანა უნდა მოხდეს არა სტიქიურად, არამედ წინასწარ გეგმით. დროა ამ გეგმას ყურადღება მივაქციოთ. ჩვენ მოვითხოვთ ეკონომიური გეგმის, სისტემის შემუშავებას და მის გადაცემას ფართო საზოგადოებას და პრესას, რათა მან შექმნას სჯა-ბაასი, რომ ამ მხრივ კიდევ უფრო დაწინაურდეს ჩვენი ეკონომიური პოლიტიკა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ავალიანს.

სიმონ ავალიანი, ფინანსთა მინისტრის ამხანაგი. ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო! საკითხი ძლიერ მარტივი გახლავთ. საქმე იმაში არის, რომ ამ საკითხის გარშემო ერთი დიდი სჯა-ბაასი და განგაში არის ატეხილი. საქართველოს რესპუბლიკის მტრები, ჩარჩები და სპეკულიანტები, ამხედრებულნი არიან, განგაშს ეწევიან და უკვე საზოგადოებაში ქსელი გააბეს და აბავენ: „მონოპოლია დაღუპავს საქართველოს“.

ვის ინტერესებს დაიცავს მონოპოლია მშრომელი ხალხის, მთელი საქართველოს ინტერესებს. თუ საქონელი ჩამოერთმევა კერძო პირებს და გადაეცემა სახელმწიფოს, სახელმწიფო დაიცავს დემოკრატიის ინტერესებს, აქ ორნაირი აზრი ყოვლად შეუძლებელია.

ჩვენ გვეუბნებიან: „თქვენ თუ მონოპოლია - შემოიღეთ, თუ საქონელი ჩამოართვით კერძო პირებს, - თქვენ ამით შელახავთ მშრომელ ხალხის ინტერესებსო“. ეს აზრი არის დამყარებული უვიცობაზე და უცოდინრობაზე. ვინც ეს საქმე იცის, მან იცის, რომ დღეს თამბაქო მშრომელ ხალხის ხელში არ არის და ზოგიერთ კერძო პირების ხელში და საწყობებში არის დაგროვილი, მაგრამ თუ თქვენ თამბაქო ჩამოართვით იმას, ვისაც ეხლა აქვს, ამით თქვენ დაეხმარებით იმავე მშრომელ ხალხს, რადგან ზედმეტი მოგება სხვა და სხვა სახით იმავე მშრომელ ხალხს დაუბრუნდება. ვინაიდან ხელს უკვე გამოცლილი აქვს თამბაქო ხელიდან და გადასულია სხვა და სხვა ჩარჩების ხელში, ამით მშრომელი ხალხის ინტერესები შელახულია და თქვენ სხვა გზით მას ვერ აანაზღაურებთ. ასეთი აზრი არის დამყარებული შემდეგზედ; რაც მეტს ფასს მისცემთ მწარმოებელს, იმდენად გაძვირდება ნედლი მასალა და რაც უფრო ნაკლები ფასი იქნება ამ მასალაზე გაღებული, იმდენად იაფი იქნება საქონელი. ამ დებულების წინააღმდეგ ვერავინ ვერაფერს გამოსთქვამს.

თუ ჩვენ მონოპოლიას ვაცხადებთ და შემოღებული იქნება, ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ამის შედეგი მრეწველობის მოსპობა იქნება და ბოლო მოეღება მას.

დეკრეტის ბოლოში, რომელიც აქ წარმოდგენილია, არის ნათქვამი: (კითხულობს) ჩვენ გვეუბნებიან, უწყებას არავითარი ეკონომიური პოლიტიკა, არავითარი ეკონომიური გეგმა არ აქვს. ჩვენ გვეუბნებიან: ობიექტური პირობები ისეთია, რომ ჩვენ ვანადგურებთ იმ მრეწველობის ოაზისებს, რომელიც ჩვენში არის, რომ სიმდიდრე გაგვაქვს ჩვენი ქვეყნიდან და ვღატაკდებითო. ეს იმ სინამდვილეს არ შეეფერება და არ არის ნამდვილი ცნობა; მართალია, იყო დრო, როდესაც ნაწარმოები ჩვენი ქვეყნიდან თავისუფლად არ გადიოდა, ჩვენ მოვითხოვდით მაგიერ საქონელს იქიდან, სადაც ეს საქონელი გაგვქონდა; ეს იყო მაშინ, როდესაც სულ არავითარი სხვა წარმოება არ ყოფილა. (თამბაქოზე) დიდი მოთხოვნილება იყო და ამიტომ ჩვენ თავისუფლად არ უშვებდით თამბაქოს და, როდესაც ობიექტური პირობები შეიცვალა, ჩვენ თავისუფლად გაუშვით თამბაქო. - თამბაქოს ნაწარმოების გატანის შესახებ ჩვენ გავმართეთ მოლაპარაკება, მოლაპარაკება დამთავრდა და არავითარი დაბრკოლება არ არის.

არის კიდევ ერთგვარი ობიექტური პირობები და ამ პირობებსაც ჩვენ ანგარიშს უწევთ. რაც შეეხება ექსპორტს და საქონლის გატანას, ესეც დამყარებულია არა სწორ ცნობებზე. სულ სხვანაირად არის საქმე. და თუ ჩვენს საქმეს ვაჩქარებთ ეს იმიტომ, რომ დასავლეთ ევროპაში უდიდესი მოთხოვნა არის ნედლი მასალისა. ეს ჩვენ სახეში გვქონდა. თუ მონოპოლია აქამდე გამოცხადებული არ იყო, ყოველ შემთხვევაში, ასეთი მონოპოლია არსებობდა, ვინაიდან არც ერთი გირვანქა თუთუნი საქართველოდან არ გასულა ჩვენ ნება დაურთველად, ნებას ვაძლევდიო მათ, ვინც მაგიერ რამეს შემოგვიტანდა.

აი ეს გეგმა გვქონდა და ამ გეგმას ვანხორციელებდით; არსებულ პირობებში მხოლოდ ეს გეგმა არის მისაღები. ფულის კურსი ეცემა. ღრმად თუ შეხედეთ ამ საკითხს, აქ ათასნაირი პირობები არის და არა ის, რომ ჩვენ გეგმა, ან სისტემა არა გვაქვს.

ვალიუტა ეცემაო. არავითარი ვალიუტა თბილისში არ არის. არის რამდენიმე, ასიოდე სტერლინგი, რომელიც ერევნის მოედანზე ერთი ხელიდან მეორე ხელში გადადის. ეს ხალხი ჩვენი მოსისხლე მტრები არიან, მათ კარგათ იციან: რამდენად დამცირდება ჩვენი ფულის ფასი, იმდენათ გაიზრდება ცხოვრების სიძვირე და იმდენათ ანარქია რესპუბლიკაში გაიზრდება; ეს ხელოვნურად არის შექმნილი. ამას ჩვენ დღეს-დღეობით ვერ ვებრძვით, ვინაიდან ამისათვის საჭიროა დიდი ხანგრძლივი ბრძოლა, კერძოთ ასეთი საბრძოლველ იარაღად გვინდა გამოვიყენოთ ეს მონოპოლია: როდესაც ამ საშუალებას ხელში ჩავიგდებთ, მაშინ გვექნება იარაღი ჩვენი ვალიუტის გაძლიერებისა.

ამბობენ ვითომც რაღაც პროექტები ჩარჩენილია ყველა ჩვენ პორტფელებში, რაშია საქმე არ ვიცი. არა მარტო საქართველოშია დანგრეული ეკონომიური ცხოვრება, იგი დანგრეულია დიდ სახელმწიფოებშიაც. ბრიტანეთის პარლამენტში ლოიდ ჯორჯმა წარმოსთქვა სიტყვა: „ინგლისის ეკონომიური მდგომარეობა კატასტროფიულიაო“ თუ ის განიცდის ასეთ მდგომარეობას ნება მიბოძეთ შეგეკითხოთ, - რა გასაკვირია, რომ წელიწად ნახევარში შექმნილ სახელმწიფოს მძლავრი ეკონომიური ნიადაგი არა ჰქონდეს. ყველგან ეს მოვლენები ასეთივეა და რა გასაკვირია საქართველოშიც ისეთივე მდგომარეობა იყოს. აჩქარებით შეუძლებელია საქმის გაკეთება. არის უკიდურესი პირობები, ამას მე ხაზს ვუსვამ, და ასეთ ობიექტურ პირობებში დღიდან დღე ვაწარმოვებთ ბრძოლას, და ამის შემდეგ გამოდიან კრიტიკით და გვისაყვედურებენ, რატომ არ აჩქარდითო.

მრეწველები-სპეკულიანტები, რომელთაც აქვთ თამბაქო, მიეკედლნენ სხვა და სხვა მისიებს და ისინი, რასაკვირველია, მიმართავენ სხვა და სხვა საფარველს. მაშინ შექმნიან ისეთ პირობებს, რომ შეიძლება დიდი ბრძოლა დაგვჭირდეს. ყოველი საკითხი ისტორიულად უნდა შევისწავლოთ, თქვენ კარგად იცით, რომ ამა წლის ივლისში არავითარი საქონელი არც გადიოდა და არც შემოდიოდა, ასეთ პირობებში შეუძლებელია ეკონომიური პოლიტიკის წარმოება. როდესაც კარები გაიღო, გავიდა ნედლი მასალა, შემოღებული იქნა მონოპოლია იმ ნედლი მასალაზე, რომლითაც დაინტერესებულია ევროპა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შინაგან მრეწველობას და ვაჭრობას ხელს არ ვუწყობთ: ჩვენ თავისუფლად უშვებთ დამზადებულ ნაწარმოებს საზღვარგარეთ, არის ერთად ერთი პროგრამა, - პროგრამა მონოპოლიისა, როდესაც ჩვენ ნელ-ნელა ვაწარმოებთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეკონომიური პროგრამა რთულია და საჭიროა მისი შესწავლა და შემუშავება. შეუსწავლელად მისი განხორციელება ძნელია. კაცმა უნდა შეისწავლოს არა მარტო შინაგანი მდგომარეობა, არამედ გარეშე მდგომარეობასაც ანგარიში უნდა გაუწიოს. და ამ გზით შეგვიძლია ჩვენი პროგრამა განვახორციელოთ.

ჩვენ ეკონომიური პოლიტიკა გვაქვს და ეს გამოისახება იმაში, რომ ის განძი, ის ოქრო, რომელიც სახელმწიფოს აქვს, უნდა გადავიდეს სახელმწიფოს ხელში და სახელმწიფომ უნდა მიიღოს სხვა და სხვა ზომები, რომ ეს ოქრო ჩამოერთვას იმათ, ვინც თავის კერძო ინტერესების სასარგებლოდ ინახავს. რაც შეეხება საერთო ეკონომიურ პოლიტიკის წარმოებას, ჩვენ ანგარიში უნდა გაუწიოთ არა მარტო ჩვენ შინაურ მდგომარეობას, არამედ გარეშე პოლიტიკასაც, რადგან ეკონომიკა ჩვენგან დამყარებული არ არის.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ასათიანს.

ალ. ასათიანი. (ე.-დ.) ბ. ბ., ფინანსთა მინისტრის ამხანაგმა თავისი სიტყვა დაიწყო განცხადებით: ეს საკითხი მეტად მარტივიაო. მე კი ვფიქრობ, რომ ეს საკითხი არ არის ისე მარტივი, როგორც ეს ბ. ავალიანს ჰგონია. სხვა ქვეყნებში, რაიმე, თუნდაც მცირე მნიშვნელობის საგანზე მონოპოლიის შემოღებას, რამდენიმე წლის საქმის შესწავლა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა უსწრობს. მეთამბაქოეობა ჩვენი სახალხო მეურნეობის ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია და, რასაკვირველია, მისი ბედის ასე რადიკალური გადაწყვეტა საქმისა მეტს შესწავლას და გამოკვლევას მოითხოვდა. უწყების წარმომადგენელი საქმისი შესწავლის მნიშვნელობასთან თითონ აღნიშნავს, მაგრამ ამ საკითხში მას ეს მნიშვნელობა დაუვიწყნია. იტყვიან საქმე სასწრაფოა, დიდ ზარალს ვნახულობთ და სხვა. ეს მართალია, მაგრამ სად ვიყავით ამ ერთი წლის განმავლობაში, რომ მეურნეობის ისეთი მნიშვნელოვანი დარგების საკითხი, როგორც არის მარგანეცი და თამბაქო მცირედ მაინც გამოგვეკვლია და დაგვემუშავებია.

ფინანსთა უწყების წარმომადგენელს საკითხზე მართლაც და მეტად მარტივი შეხედულობა შეუმუშავებია. მთელი სიტყვა იმის მტკიცებას მოანდომა, რომ თამბაქო ამ ჟამად დემოკრატიის ხელში არ არის, ის უკვე ვაჭრებს აქვს შესყიდულიო. ნურავის ჰგონია, რომ უკეთუ ჩვენ თამბაქოს ჩამოვართმევთ მტკიცე ფასებში, ამით დემოკრატია დაზარალდესო, თამბაქოს ჩამორთმევა დააზარალებს იმ პირებს, რომელთაც ის ძლიერ იაფ ფასებში აქვთ შეძენილიო და სხ.

ბ. მინისტრის ამხანაგი თავის „ჩამორთმევის“ პოლიტიკაში კიდევ სხვა ღირსებასაც ხედავს. თუ თამბაქო მთავრობამ დღევანდელს ფასებში ჩამოართვა მას, რომ გაიტანს უცხოეთში და სამაგიერო საქონელს შემოიტანს, ეს საქონელი უფრო ძვირი იქნება, ვინემ მაშინ, როდესაც მთავრობა თამბაქოს იაფ ფასებში ჩამოართმევსო. ეს უთუოდ ბრძნული აზრია, მაგრამ საქმე თუ ასეა, იქნებ კიდევ უფრო იაფი იქნეს ეს საქონელი, უკეთუ მას სრულიად უსასყიდლოთ ჩამოვართმევთ... როგორც სჩანს უწყების წარმომადგენელი დიდი თაყვანის მცემელი ყოფილა „ჩამორთმევის“ მარტივი საშუალებებისა. ნეტავ სად არის ის ბედნიერი ქვეყანა, სადაც ასეთ იოლ ჩამორთმევის პოლიტიკას დემოკრატია გაებედნიერებინოს. მე ასეთი ქვეყანა ვერ მომინახავს და კარგს ინებებდა ბ-ნი ავალიანი ასეთი ბედნიერი დაესახელებინა აქ ჩვენთვის.

რადგან დღეს თამბაქო დემოკრატიის ხელში აღარ არის, მისი დიდი ნაწილი უკვე შესყიდულია და მეთამბაქოებთა საწყობებში ინახება, მისი ჩამორთმევა ამ დემოკრატიას არ დააზიანებსო. დავიჯეროთ, რომ ეს ასეა, მაგრამ უფიქრნია, თუ არა ბ. მინისტრის ამხანაგს იმაზე, თუ როგორი შედეგები შეუძლიან იქონიოს მის ასეთს მარტივ ღონისძიებებს ჩვენი მეთამბაქოების მომავლისთვის. უნდა იფიქროს თუ არა უწყებამ ხვალინდელ დღეზე, ჩვენ ეხლა კიდევ დაგვრჩენია წარსულ წლების ნაშთი თამბაქო. შარშან და წლეულს მისი მოსავალი ისე შემცირდა, რომ ვგონებ იმედენიც არ მოსულა, რაც ჩვენ შინაურ ბაზრისთვის არის საჭირო. ჩვენი თამბაქოს თითქმის 85 პროც. კი გარეშე ბაზრებისთვის მზადდებოდა. ეს ბაზრები ამ ორი წლის განმავლობაში დაკეტილი იყო, ამავე დროს ჩვენში საშინელი ხორბლეულობის კრიზისი გვქონდა და თამბაქოს დათესვა შემცირდა თითქმის 80 პროც. ამის მიზეზი იყო ობიექტიური პირობები. ეხლა შესაძლოა ჩვენი მეთამბაქოეობა კიდევ უფრო დასცეს იმმარტივ პოლიტიკამ, რომელსაც ბ. ავალიანი გვირჩევს. თუ შინაგან ბაზარზე მოისპო თამბაქოს ყიდვა-გაყიდვა, თუ მეთამბაქოეს სრულიად ჩამოვაშორეთ ის ხალხი, რომელიც მეთამბაქოეს აძლევს თესლს, ფულით სესხს და როდესაც თამბაქო მოიწევა საჩქაროთ უნაღდებს ამ საქონელს, როგორ ჰფიქრობთ - შეამცირებთ თუ არა ამით თამბაქოს დათესვას? ან იქნებ ფინანსთა უწყება, რომელსაც საწყობებში დამზადებული საქონელი, რომელიც აქ თითქმის ექვსჯერ ნაკლებად ღირს, ვინემ უცხოეთში, ვერ შეუძენია და ვერ გაუტანია უცხო ბაზარზე, შესძლებს იმ მწარმოებელთა მაგიერების გაწევას, რომელიც დიდძალი თანხით, - დიდძალი ორგანიზაციით და ცოდნით მონაწილეობას ღებულობენ ამ მრეწველობაში. მომხსენებელი აქ ამბობდა მათ 100-200 მანეთში შეუძენიათ თამბაქო და ეხლა 500-600 მან. ფასობენო. განა თქვენ გამოიანგარიშეთ შარშანდელი 200 მანეთი რეალური ღირებულება ღირს თუ არა შარშანდელი 200 მან. ეხლანდელი 500 მანეთზე მეტი? პრინციპიალურათ თამბაქოზე მონოპოლიის შემოღებაზე დღევანდელ პირობებში არაფერი ითქმის - ამას წინეთ თვით სავაჭრო-სამრეწველო პალატამ შეიმუშავა ამის შესახებ პროექტი, მაგრამ მონოპოლია უნდა შემოვიღოთ ისეთს პირობებში, რომ ხაზინას ვანახოთ ამ მომენტში სარგებლობა, მაგრამ თვით მრეწველობა არ დავაზიანოთ. ეს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, უკეთუ შემოვიღებთ მხოლოდ ექსპორტის მონოპოლიას, მაგრამ აქაც უარვყოფთ მტაცებლობის სისტემას. უცხოელები დღეს თამბაქოს ყიდულობენ 500 მან. მომხსენებელს ეს ფასი დიდად მიაჩნია. ნამდვილად კი რეალური ძალა ამ ფასისა არის მესამედი და მეოთხედი იმ ფასებისა, რომელსაც მეთამბაქოვე ღებულობდა წინეთ, ნორმალურს პირობებში. მაშინ ფუთი თამბაქო ღირდა იმდენი, რამდენიც 4-6 ფუთი შაქარი. ეხლა ჩვენი მომარაგეობის კომიტეტები ფუთს ფუთზედაც სცვლიან. მაშასადამე ასეთუ გაცვლით ჩვენი სახალხო ბიუჯეტი ჰკარგავს თავის სიმდიდრის 75-85 პროც. თუ აქ კი არ მივყიდეთ უცხოელთ ეს საქონელი აქაურს ფასებში, არამედ გავზიდეთ უცხოეთში, იქ გავასაღებთ და იქვე ვიყიდეთ უცხო საქონელი იქაურს ფასებში და არა აქაურს ფასებში უცხოელებიდან მოტანილი, ასეთი საქონლის გასაღება ჩვენთვის იქნება ათჯერ უფრო სასარგებლო, ვინემ დღეს. მაგრამ ვინ უნდა ნახოს ეს სარგებლობა? არა მარტო ხაზინამ, არამედ თვით მწარმოებლებმაც. ექსპორტის მონოპოლია ისე უნდა მოეწყოს, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს უცხოეთში საქონლის გატანისა გასაღებისათვის, ანუ უკეთ, რომ ვსთქვათ ამ უფლებისათვის განსაზღვრული პროცენტი, მაგრამ უცხოეთში გატანის გამო ნახული სარგებლობის დიდი ნაწილი თვით თამბაქოს პატრონებმა უნდა მიიღონ. ეს იქნება უდიდესი სტიმული ამ წარმოების ხელახლა ფეხზე წამოსაყენებლად. ჩვენი უწყების წარმომადგენელი და მომხსენებელი ვგონებ იმასაც კი ჰფიქრობენ, რომ მეთამბაქოეს იმაზე ნაკლები ფასი მისცენ, ვინემ დღეს არსებობს ბაზარზე. მთელ მსოფლიოში ამ ჟამად თამბაქოს შიმშილია. ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ამ გარემოებით და ისე, რომ წარმოება გავაგრძელოთ და ხაზინასაც სარგებლობა მივცეთ. თორემ თუ თქვენ მოინდომებთ მთელი ამ დაგროვილი თამბაქოს ხაზინის მომენტის საჭიროებებისათვის შეწირვას, თქვენ საბოლოოდ მოსპობთ ამ მნიშვნელოვანს წარმოებას ჩვენს ქვეყანაში. ამასთანავე, რაც უნდა მცირე ფასები გაიღოთ, მთელი თამბაქოს შეძენას 200-250 მილიონამდე დასჭირდება. ჩვენ ამდენი ფული კიდევ ამ საქმისთვის, რომ დავბეჭდოთ, ეს ჩვენი ბონის საბოლოო კატასტროფა იქნება. ხოლო ჩვენ თუ მივიღებთ ასეთს სისტემას, რომ თამბაქო გააქვს უცხოეთში თამბაქოს მეპატრონეთ და სახელმწიფოს და აქაურ და უცხოეთის ფასების განსხვავებას ისინი იყოფენ, ამ შემთხვევაში ხაზინას თამბაქოს ყიდვა სრულიადაც არ დასჭირდება და მთელს თამბაქოს ის ადვილად გაიტანს თამბაქოს მეპატრონეებთან შეთანხმებით, ისე, რომ საბოლოო ანგარიში რეალიზაციის შემდგომ გაასწოროს. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ხაზინამ ისარგებლოს ამ საქონლის ექსპორტით თვით წარმოების დაუზიანებლად. აი, ამ მოსაზრებათა გამო დღევანდელის მომენტში ჩვენ ვემხრობით ექსპორტის მონოპოლიას, ხოლო შინაურ ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის მონოპოლია, საქონლის რეკვიზიცია და სხ. ჩვენ მეტად საზიანოდ მიგვაჩნია.

სამწუხაროდ, დასასრული არ ედება ეკონომიურ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ასე სეპარატიულად და ნაჩქარევად გადაწყვეტის პოლიტიკას. შემოიტანენ რაიმე მნიშვნელოვან საკითხს, მოვითხოვთ მის საფუძვლიანად მოგვარებას. ჩვენ გვეტყვიან: ეს კონკრეტული საქმეა, მეტად მარტივი და საჩქარო სხვა საკითხებს და საერთო ეკონომიურ პოლიტიკას რად უკავშირებთო. ასე აარსებთ ამ ორი წლის განმავლობაში სხვა და სხვა უწყებებს და ანიჭებთ მათ განსაზღვრულ უფლებებს, დაიწყება მუშაობა, საქმე აირევა და გაოხრდება, შემოიტანენ წინადადებას ეს მოიშალოს და ამის მაგიერ მეორე დაარსდებაო, არსებითად იმავე ბუნებით დახასიათდება, ის დაიშლება, კიდევ ახალი იმავე საფუძველზე. ეხლა ეს უნდა გამოვცადოთ და თუ არ გამოდგება, მაშინ ახალს შევქმნითო, გულახდილად განუცხადებიათ აქ ჩვენთვის მთავრობის წევრებს. სხვა და სხვა სასურსათო კომიტეტებისა და საბჭოების ნანგრევებზე ორიოდე თვის წინად დაარსა მთავრობამ ის მომარაგების მმართველობა, რომელმაც წარმოადგინა ეს პროექტი და რომელიც მთავრობას კიდეც გაუუქმებია ამ ორიოდე დღის წინად. საოცარია ამ პროექტის დასაბუთება. ის სავსებით მტკიცებლობის სულისკვეთებითაა გამსჭვალული, პროექტთან დართული აზრი, ფინანსთა უწყებისა, დიამეტრალურად ეწინააღმდეგება კიდეც მას. უნდა მოეღოს ბოლო ასეთ არევ დარევას. ერთი უწყება ერთს პოლიტიკას აწარმოებს, მეორე მას აუქმებს და მის წინააღმდეგ მუშაობს. (ელიავა: მაგალითად?) მაგალითი მრავალია. ერთი აქ მოგვიყვანეს. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენი თამბაქოს ნაწარმოებმა სრულიად დაჰკარგა თავისი მთავარი ბაზარი - აზერბაიჯანი და სომხეთი. იქ ამ ერთ წელს სამი ახალი ფაბრიკა დაარსდა, წინად მხოლოდ ერთი იყო, ეს იმიტომ, რომ ჩვენ ხელფეხი შეუბორკეთ ჩვენს წარმოებას, ნაწარმოების გატანის ნება არ მივეცით. უწყების წარმომადგენელი თავს ასე იმართლებს: მხოლოდ წინად ვაბრკოლებდით ნაწარმოების გატანას, როდესაც იქ ეს ფაბრიკები არ იყო, თორემ ეხლა უკვე თავისუფლად უშვებთ საქონელსო. ახირებულია. ნუ თუ არ იცოდით, რომ თუ იმ ბაზრებზე თამბაქოს ნაწარმოები აღარ იქნებოდა, აქ წარმოებები გაჩნდებოდნენ ეკონომიკის აუცილებელ კანონებით. ეხლა არ ვაბრკოლებთო, მაგრამ ეს უკვე გვიანაა. მაგალითები კიდევ თვით პროექტის დასაბუთებაშია. მომარაგეობის საბჭო ჰფიქრობს, თავის ვალდებულებათა გაუქმებას, ფინანსთა უწყება ამას არ ეთანხმება.

თუ კიდევ გაგრძელდა ჩვენს ეკონომიურ ცხოვრებაში ასეთი ანარქიული პოლიტიკა, ცხადია, ჩვენ სრული დაღარიბება და გაღატაკება მოგველის. ამიტომ მოვითხოვთ ჩვენ ეკონომიური პოლიტიკის რადიკალურ გადასინჯვას და შეცვლას.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბატონ ელიგულაშვილს.

იოსებ ელიგულაშვილი. (ს. -დ.) ბატონებო! აქ კითხვა სდგას საგარეო ვაჭრობის და სავალუტო ექსპორტის მოწყობის შესახებ. უნდა მოგახსენოთ, რომ სავალიუტო ექსპორტის მოწყობა არაა ხშირი. საგარეო ვაჭრობის პოლიტიკაში ის იშვიათია და სახელმწიფო ამ ზომას მიმართავს მაშინ, როდესაც ის განსაკუთრებულ პირობებში იმყოფება. ამ მხრივ ჩვენ ამნაირ პირობებში ვიმყოფებით:

თქვენ გაგეგონებათ, რომ აქ ვალიუტის ვაკხანალია არის. რამ გამოიწვია ეს ვაკხანალია? ეს გამოიწვია იმან, რომ ვალიუტა ჩვენ სახელმწიფოში არ არსებობს. საქონელი შემოდის, ჩვენ კი მაგიერ საქონელს არ ვაძლევთ. ამისათვის საჭიროა, რომ იმ საქონელში, რომელიც შემოდის, ჩვენ მაგიერ საქონელი დაუბრუნოთ. თუ ეს ასე არ იქნა, საზღვარგარეთის ვალიუტის ფასი ძალიან აიწევს და ჩვენი ვალიუტა დაეცემა. ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს. ექსპორტიორი ყოველთვის იგებს გაზიდვაზე და უცხოელი კაპიტალი, რომელიც აქ შემოვა, მოგებული იქნება. თქვენ წარმოიდგინეთ შემთხვევა გირვანქა სტერლინგი ღირს . . . . . მანეთი (არ ისმის) თამბაქო. . . . . მანეთი (არ ისმის) (თავმჯდომარე: ბატონო ორატორი, გთხოვთ ხმა მაღლა. არაფერი არ ისმის). რა მნიშვნელობა აქვს ამას. ამას აქვს ის მნიშვნელობა, რომ, ვინაიდან ეს ვალიუტა დროებით არის დაცემული და არის იმედი, რომ ჩვენი ექსპორტი გაფართოვდება, რომ უცხო ვალიუტა დაეცემა და ჩვენი ვალიუტა, რომელიც ერთ წელიწადს დაცემული იყო, მეორე წელიწადს ისევ აიწევს ფასში, მაშინ, უცხო კაპიტალი იგებს. ასე, რომ კაპიტალის იმპორტით, როცა ვალიუტის კრიზისი არის, ვალიუტა გადაეცემა. არის ორი შემთხვევა: ერთი - როდესაც კაპიტალი შემოდის და ექსპორტიორი იგებს კაპიტალისტს ფული შემოაქვს და რამოდენიმე წლის შემდეგ ისევ ფულს გაიტანს. და მეორე შემთხვევა, როდესაც ის ფულის მაგიერს საქონელს გაიტანს. აი ამიტომ არის საჭირო, რომ ეს, ვალიუტის საკითხი მოეწყოს. რითი შეიძლება ამის მოწყობა. ვინაიდან ჩვენში არაა „რასჩოტნი ბალანსი“, არა გვაქვს სავაჭრო ფლოტი, რომ საშუალება გვქონდეს საზღვარგარეთის ვალიუტის მიღებისა, შეიძლება კითხვის დასმა მხოლოდ სავაჭრო ბალანსზე. (თავმჯდომარე: თუ შეიძლება, ხმა მაღლა). დღემდე იმპორტი მეტი იყო, ვიდრე ექსპორტი. უნდა შეიცვალოს ეს გარემოება. საჭიროა ექსპორტი გაიზარდოს. მაგრამ ვინაიდან ექსპორტი სარგებლიანია და ვინაიდან სასურველია, რომ ამ ექსპორტით სახელმწიფოს ფინანსიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ეს ექსპორტი უნდა ჩაიგდოს ხელში ორგანომ, რომელიც ამ მოგებას სახელმწიფოს მოახმარებს. ამიტომ ექსპორტის სახელმწიფო მონოპოლიათ გამოცხადებას აქვს ნამდვილი ეკონომიკური საბუთიც.

ექსპორტს აქვს აგრეთვე დამოკიდებულება ერთი მხრით წარმოებასთან და მეორე მხრით ვალიუტასთან. წარმოებასთან შემდეგი დამოკიდებულება აქვს: მონოპოლია ნიშნავს ეგრედწოდებულ ფასების ფიქსაციას, დადებულ ფასებს. რასაკვირველია, როდესაც საკითხი ისმის შინაურ საქონლის, მაგალითად თამბაქოს მონოპოლიაზე, მაშინ სხვა კითხვაა, მაგრამ, როდესაც კითხვა შეეხება გარეთ გასატან საქონლის მონოპოლიას, მაშინ მთავარი კითხვა ფასების დადება საზღვარგარეთის ბაზრის მიხედვით. უცხოეთის ბირჟაზე ეს ფასები იმნაირი უნდა იყოს, რომ ჩვენ წარმოებას ხელი შეუწყოს. თუ ეს ფასები დაცემულია, წარმოება შემცირდება. თუ ფასები მაღალია, წარმოება გაფართოვდება, მაგრამ გაფართოვდება წარმოება სახელმწიფო ანგარიშზე. ამისათვის საჭიროა, რომ ამ ორ გზას შუა სახელმწიფომ აირჩიოს შუა ხაზი. პრაქტიკაში და თეორიაში არის შემუშავებული ორნაირი ხაზი, ეგრედწოდებული (არ ისმის)... სკალა ფასის შესახებ ჯერ არ იცი რა ფასებია საზღვარ გარეთ. ასე, რომ სახელმწიფომ ექსპორტზე შეიძლება დიდი მოგებაც ნახოს და დიდი ზარალიც. ამიტომ საქონლის ფასების ფიქსაცია თავიდან კი არ უნდა იქნას, არამედ მერმე, როდესაც ამ საქონლის რეალიზაციას მოახდენს საზღვარგარეთ, რომ არ მოხდეს ექსპლოატაცია არც წარმოებისა და არც მწარმოებლისა. (თავმჯდომარე: ცოტა ხმა მაღლა, ბატონო ორატორო, თუ შეიძლება). ჩვენ, რომ თავისუფალი გაზიდვის შემოვიღოთ იმ საგნებზე, რომელბსაც აქ ვალიუტის ხასიათი აქვთ, და ჩვენში კი ბევრი საქონელი მოიპოვება ასეთი, რომელსაც ვალიუტის ხასიათი აქვს: თუთუნი, აბრეშუმების პარკი, ტყე, მარგანეცი, შალი და სხვა. ამ ვალიუტას შეიძლება რამდენიმე მიმართულება ჰქონდეს, შეიძლება ეს ვალიუტა ჩარჩეს უცხოეთის ბანკებში. არიან ჯგუფები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან თანამედროვე წესწყობილებით და კაპიტალის საზღვარგარეთ გატანას ცდილობენ. და ეს უკმაყოფილო ელემენტები გაზიდავენ კაპიტალს სავალიუტო საქონლის სახით და საზღვარგარეთ ბანკში მიაბარებენ. მაგრამ შეიძლება კაპიტალის გაზიდვა არ მოხდეს, ვალიუტა დაბრუნდეს, საქონელი მივიღოთ. თუ თავისუფალი იქნება ბირჟაზე ვალიუტის ტრიალი, მაშინ შეიძლება ორი შემთხვევა, პირველი - თუ უცხო ვალიუტის ფასები ჯერჯერობით აწეულია, მაშინ ეს ვალიუტა გახდეს ობიექტივათ, სადაც შეიძლება შინაური კაპიტალის შენახვა. კაპიტალისტი თავისუფლად თანხას ჩადებს ამ უცხო ვალიუტაში. შეიძლება კიდევ მეორე შემთხვევა: ვინაიდან ჩვენ ერთი ვალიუტა გვაქვს სომხებთან და აზერბაიჯანთან, ერთი ქაღალდის ვალიუტა და არა ოქროსი, შეიძლება ეს ვალიუტა გიდავიდეს სხვა სახელმწიფოში, ამისთვის საჭიროა ეს ვალიუტა იყოს იმათ ხელში, ვინც ამისთვის მომზადებულია. ამისთვის საჭიროა შემოვიღოთ სახელმწიფო მონოპოლია იმ საქონელზე, რომელსაც ვალიუტის ხასიათი აქვს.

რაც შეეხება ამ მონოპოლიის განხორციელებას, უნდა მოგახსენოთ შემდეგი: არსებობს რამდენიმე ფორმა ამ მონოპოლიის განხორციელებისა: ფორმა - როდესაც სახელმწიფო თვითონ ყიდულობს სავალიუტო საქონელს, გააქვს საზღვარგარეთ და ჰყიდის, ეს ფორმა ჯერ არ შეგვიძლია შემოვიღოთ. ამისთვის დიდი თანხაა საჭირო. მეორე მხრით-ძნელია ჩვენმა სახელმწიფომ თვალ-ყური ადევნოს ფასების ცვლილებას, ვინაიდან საზღვარგარეთ ვექსილების აგენტურა ჩვენ არა გვაქვს მოწყობილი და ამიტომ მონოპოლიის წმინდა ფორმის შემუშავება ჯერჯერობით შეუძლებელია. ამისათვის ჯერჯერობით შეიძლება სხვანაირი ფორმა იყოს მიღებული. შეიძლება საქონლის გაზიდვა სახელმწიფომ მიანდოს სხვა დაწესებულებას, ან კერძო პირებს, მაგრამ შეიძლება ამასთანავე დაცული იყოს ის პირები, რომლებსაც ის ისახავს.

წარმოიდგინეთ თქვენ, სახელმწიფოს შეუძლიან ხელშეკრულება დაადოს კერძო პირთან. გადასცეს მას თავისი უფლება მონოპოლიისა. ამ უფლების გადაცემა სახელმწიფოს შეუძლია ისეთ პირობებში, რომ სავსებით მიაღწევს თავის მიზანს - მოგებას. ჩვენ შეგვიძლია ამ პირისგან მოვითხოვოთ-წარმოადგინოს უცხო ვალიუტა. რაც შეეხება ფასებს, ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო ბაზარის მდგომარეობით.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ჭავჭანიძეს.

ივანე ჭავჭანიძე. მოქალაქენო! ამ მონოპოლიის წინააღმდეგ პრინციპიალურად არავის ულაპარაკნია. ბ. ასათიანმაც კი არ უარყო პრინციპიალურად დღევანდელი დეკრეტი. თუმცა, რომ გავიზიაროთ ბ. ასათიანის მიერ გამოთქმული აზრი, მონოპოლია უნდა უარვყოთ. ბ. ღლონტმა კი მთავრობას დაგვიანება უსაყვედურა. მაგრამ ბევრჯელ დაჩქარება ფრიად ავნებს ხოლმე საქმეს და ის მეტად სახიფათოა. ჩვენ ვიცით რა დღეში ჩააგდო რუსეთის ბოლშევიკები აჩქარებამ და დეკრეტით სოციალიზმის განხორციელებამ. მონოპოლია ისეთი რთული საკითხია, რომ ერთბაშად მისი გატარება ანარქიას და დიდ არევ-დარევას გამოიწვევდა. ასე, რომ აქ საყვედური ჩვენ უადგილოდ მიგვაჩნია.

უფრო საინტერესოა ჩვენთვის ბ. ასათიანის მოსაზრებანი. აქ ერთ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი; ასათიანმა ბრძანა თითქოს ფინანსთა ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ამხანაგს ეთქვას, რომ მონოპოლიის საკითხი საზოგადოდ მარტივი და უბრალო საკითხია. სამინისტროს წარმომადგენელს ეს არ უთქვამს. მან მხოლოდ იმას გაუსვა ხაზი, რომ საკითხი მარტივად არის დასმულიო და არა თვითონ საკითხია მარტივიო. რომ ეს ასეა, ეს იქიდან მტკიცდება, რომ მან წარმოადგინა მთელი რიგი საბუთებისა.

აქ უფრო საყურადღებოა ბ. ასათიანის პრინციპიალური დასაბუთება. თუ სახელმწიფოს ხელში იქნა თამბაქოს გადატანის საქმე, ეს მეთამბაქოეობას შეამცირებსო. სპეკულიანტების მიერ მხოლოდ თავის ინტერესებისათვის გაზიდვა ხალხის სიმდიდრისა კი ამ საქმეს ააყვავებსო. ბ-ნი ასათიანი ამტკიცებს, რომ მტკიცე ფასები პანიკას შექმნისო და თან წინასწარმეტყველობს, რომ ეგ მტკიცე ფასები მცირე და უსამართლო იქნება. მაგრამ ჩვენი მთავრობა არ აწარმოებს წაგლეჯის პოლიტიკას. ხომ შეიძლება, რომ მტკიცე ფასები სამართლიანად იქნას დადებული და შეფარდებული სამართლიანობის პრინციპთან. ჩვენ, უსათუოდ, შეძლება გვექნება გავითვალისწინოთ ამა თუ იმ საქონელზე გაწეული შრომა და ხარჯი და გამოვნახოთ სამართლიანი საზომი მტკიცე ფასების დასაწესებლად. ჩვენი მთავრობა გამონახავს ასეთ სამართლიან საზომს. თუ მთავრობა გაიტანს თამბაქოს და არა სპეკულიანტი ამით საქმის წარმოება მხოლოდ მოიგებს. სპეკულიანტს წარმოების გამუჯობესობა არ აინტერესებს. მათი პოლიტიკა მტაცებლური პოლიტიკაა და სპეკულიანტი თუ ცდილობს, სცდილობს მხოლოდ თავისი ჯიბისათვის. მთავრობა კი ასეთ პოლიტიკას არ აწარმოებს და ამისთვის ეცდება მტკიცე ფასების სახით სამართლიანი ფასი იქნეს დაწესებული; მთავრობა დააწესებს ისეთ ფასებს, რომელიც შეფარდებული იქნება ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებთან.

ასათიანი სცდილობდა დაემტკიცებია, რომ ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს წარმომადგენელის აზრი, რომ სპეკულიანტების მიერ დიდ ფასებში გატანილი საქონელი კიდევ უფრო აძვირებს უცხო საქონელს, სიმართლეს მოკლებულია. ჩვენ კი ვიცით, ბატონებო, რომ ის, ვინც ოფლს ღვრიდა საქონლის დამუშავებაზე, მოტყუებული და დაზარალებული, სპეკულიანტზე თავისის ნამუშავარის გაყიდვის დროს, მეორედ ზარალობს ამ სპეკულიანტის მიერ შემოტანილ დამზადებულ საქონლის ყიდვის დროს. ბ-ნი ასათიანი ტყუილად ცდილობს ვინმეს თვალი აუხვიოს და სპეკულიანტების თავაშვებული თარეში ერთად-ერთ ხსნად მოაჩვენოს; ჩვენ მონოპოლია გვინდა ამ სპეკულიანტების ასალაგმავად და თამბაქოს მწარმოებელ გლეხის სპეკულიანტის ბრჭყალებიდან დასახსნელად. მტაცებლობას და წაგლეჯას აქ ადგილი არ ექნება. მწარმოებელი არის დემოკრატია და ჩვენი მთავრობის დემოკრატიის საქმეს აკეთებს. ასეთი მონოპოლიის გამოცხადება შეაწუხებს იმას, ვისაც მიზნად აქვს დასახული სპეკულიაციის და სპეკულიანტების დაცვა. მონოპოლიას არ შეულია ანარქია გამოიწვიოს თუ იგი მიზანშეწონილად იქნება გატარებული. და ჩვენ გვჯერა, მთავრობა შესძლებს სათანადო მიზანშეწონილობით გაატაროს ეს მონოპოლიის საქმე.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვას შეუდგეთ? მუხლობრივი განხილვა მიღებულია. (მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულია).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი.

ივანე ჭავჭანიძე. (ს. -დ.) საქართველოს სახელმწიფოს კონტროლის შტატი შემუშავებული იყო 1918 წელში და მხოლოდ იმავე წლის 25 სექტემბერს იქნა იგი დამტკიცებული. მას შემდეგ კი დიდი დრო გავიდა. მაშინ სახელმწიფო კონტროლის ხარჯთ-აღრიცხვის შედგენის დროს, მხედველობაში ჰქონდა მიღებული ჩვენი მდგომარეობა და მოხელეთა გასამრჯელო მცირე დანიშნა. მაგრამ ახლა არ შეიძლება ამ შტატს ყურადღება არ მიექცეს. სახელმწიფო კონტროლი - ეს ისეთი ორგანოა, რომელსაც დიდად სერიოზული მოვალეობა აქვს. ეს მოვალეობა ერთგვარი სპეციალური ხასიათისაა. ყველას არ შეუძლია ამ მოვალეობის შესრულება. აქ საჭიროა შტატი იქნეს შემდგარი, როგორც ცოდნათა აღჭურვილთა, ისე ზნეობრივად ღირსეულ პირთაგან. ასეთ შტატის შესადგენათ საჭიროა შრომის ფასი არ იქნეს ისე მცირე, რომ მოხელემ პურის ყიდვაც კი ვერ შესძლოს, ის მოხელე, რომელიც უზრუნველყოფილი არ არის და ამ მიზეზით სულ იმაზე ფიქრობს თუ სად იშოვოს უფრო უზრუნველსაყოფი ადგილი და გაიქცეს, საქმეს ვერ გააკეთებს: ამასთანავე თუ მან მონახა მეტი ჯამაგირიანი ადგილი, უსათუოდ წავა. ამნაირად საჭირო და ღირსი პირები სახელმწიფო კონტროლს გაექცევა, ეს კი საქმეს დააზიანებს. უცხოეთში განსაკუთრებული ყურადღება აქვს მიქცეული სახელმწიფო კონტროლის მოხელეთ. იქ გასამრჯელოს გარდა მოხელეს პრემიასაც კი უნიშნავენ, ჩვენში ისეთი პირობები არ არის და თვით ჯამაგირიც მცირეა.

ამიტომ სახელმწიფო კონტროლი შუამდგომლობს დამფუძნებელ კრების წინაშე, რათა მიექცეს ასეთ მდგომარეობას ყურადღება და სახელმწიფო კონტროლის მოხელეთა ჯამაგირი შესაფერად იქნეს გადიდებული.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს შენგელაიას.

ლეო შენგელაია. მოქალაქენო, დამფუძნებულ კრების წევრნო! თქვენს წინაშე წარმოდგენილია განსახილველად და დასამტკიცებლად სახელმწიფო კონტროლის შტატები. ვსარგებლობ რა შემთხვევით, მინდა მოკლედ შევეხო კონტროლის საქმეს ჩვენში.

კონტროლიორი - ეს არის სახელმწიფოს დარაჯი, ის არის დამცველი სახალხო ქონების და მაშასადამე, დამცველი თვით ხალხის. სახელმწიფო კონტროლიორი ისეთი დარაჯი არის, რომელსაც მართალია, არ სჭირდება თოფი და ხიშტი, მაგრამ ამ დარაჯის გაცილებით მეტი უნდა ეშინოდესთ ქურდებსა და ხალხის ქონების დამტაცებლებთ. თუ ეს ასე არ არის, კონტროლი მიზანს ვერ აღწევს და მის არსებობას აზრი ეკარგება.

ჩვენი ქვეყანა ათასგვარ ტალღას გადაურჩა და, რომ ის წალეკოს ქურდობის ტალღამ - ეს იქნებოდა ჩვენთვის დიდი, ისტორიული სირცხვილი.

ჩვენი ქვეყანა ღარიბი ქვეყანაა. თუ რამე გაგვაჩნდა რუსეთის ბიუროკრატიამ და ომმა შთანთქა. ომმა მოშალა და გაანადგურა საწარმოო ძალები ისეთ ქვეყნებშიაც, რომლებიც თავისი ეკონომიკური განვითარებითა და ეროვნული სიმდიდრით პირველ რიგში იდგნენ და, რა თქმა უნდა, სრულიად ბუნებრივია, რომ ომი ჩვენს პაწია ქვეყანას და მის საწარმოო ძალებს უმძიმეს ლოდათ დააწვა.

ყოველ დამოუკიდებელ სახელმწიფოს აქვს თავისი აუცილებელი ატრიბუტები, რომლებიც დიდ ხარჯებს მოითხოვენ. ამიტომ არის, რომ ჩვენი ბიუჯეტი მილიარდამდის აღწევს. ამავე დროს ჩვენი შემოსავალი მეტად პრობლემატურია. ასეთ პირობებში, როდესაც თვით მოწინავე ქვეყნების ნივთიერი საფუძველი შეირყა, ჩვენი რესპუბლიკის მდგომარეობა განსაკუთრებულია.

ყოველ კაპიკს, რომელიც ხაზინაში შემოდის და იქიდან გადის, ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა ეძლევა.

სწორედ ამიტომ, თუ სახელმწიფო კონტროლს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოწინავე და მდიდარ ქვეყნებშიაც, სადაც ცხოვრება მოგვარებულია, სადაც ერი ეკონომიურად მოღონიერებულია, ჩვენში მით უმეტეს სახელმწიფო კონტროლიორის როლი ისტორიულია. ჩვენ პატარა ქონებით, პატარა სიმდიდრით უნდა გავატაროთ დიდი საქმე - დავამაგროთ მშრომელი ხალხი და განვამტკიცოთ რესპუბლიკის მდგომარეობა. ამ საქმეში სახელმწიფო კონტროლს შეუძლია ითამაშოს ფასდაუდებელი როლი. ამიტომაც დამფუძნებელმა კრებამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია კანტროლის საქმეს და მიიღო საგანგებო დებულება კონტროლის შესახებ.

ამ დებულებაში ჩვენ ჩამოვთვალეთ კონტროლის უფლებები და მოვალეობანი; ჩვენ სრული იმედი გვქონდა, რომ ამის შემდეგ სახელმწიფო კონტროლი ერთგვარ ნორმალურ პირობებში ჩადგება და მისი მუშაობა უფრო ნაყოფიერი იქნებოდა. დამფუძნებელმა კრებამ დაავალა კონტროლიორს სასტიკი ბრძოლა ბოროტმოქმედობათა წინააღმდეგ სხვა და სხვა დაწესებულებებში. სახელმწიფო კონტროლიორს დაევალა დარაჯათ დაუდგეს კაპიკს, რომელიც ხაზინაში შემოდის და იქიდან გადის. მწუხარებით უნდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო კონტროლის მოღვაწეობა სრულიად დამაკმაყოფილებელი არ არის. ჩვენ არამც თუ არ ვიცით რაში იხარჯება სახელმწიფოს ყოველი კაპიკი, არამედ ხშირად არ ვიცით, რაში იხარჯება მილიონები.

ჩვენ აქ ხშირად ვღებულობთ, თითქმის ყოველ სხდომაზე დეკრეტებს და ვუხსნით კრედიტებს სხვა და სხვა დაწესებულებებს. თითქმის, ყოველ ორ თვეში სამინისტროები და სხვა დაწესებულებანი თხოულობენ ახალ კრედიტებს და თხოულობენ არა ათასობით, არამედ მილიონობით. უმეტეს შემთხვევებში ეს დეკრეტები სრულიად დაუსაბუთებელი არის. ხშირად დაწესებულებებს არც კი მიაჩნიათ საჭიროდ შეასრულონ თავიანთი ელემენტარული მოვალეობა დამფუძნებელ კრების წინაშე წარადგინონ გაწეული ხარჯების გასამართლებელი საბუთები. ამ ტრიბუნიდან ჩვენ ხშირად გვსმენია ასეთი უცნაური განცხადება: საბუთებს მერე წარმოგიდგენთო.

ასე შინაურულად, მეტსაც ვიტყვი, ასე ძმა-ბიჭურად წყდება, ჩვენში მილიონების ბედი!.

საუკეთესო ჩვენი მამულები სპეკულიანტებმა ჩაიგდეს ხელში; ბორჯომის და კოჯორის მამულების ბედი ყველამ იცის. ის ხელშეკრულებები, რომლებიც მთავრობამ დასდო ჩვენი მამულების ექსპლოატაციის შესახებ, უმეტეს ნაწილად ჩვენი რესპუბლიკისათვის საზარალოა. ყველა ამის შემდეგ ჩვენ გვაქვს სრული უფლება ვსთქვათ, რომ ჩვენში არ არსებობს არავითარი კონტროლი, ჩვენს დაწესებულებებში გამეფებულია ქურდობა და სახაზინო ფულების გაფლანგვა, სახელმწიფოს დარაჯი-კონტროლიორი ხმას არ იღებს, გაჩუმებულია. აქ ხშირად იტყვიან ხოლმე ამა და ამ დეკრეტის წინააღმდეგ სახელმწიფო კონტროლიორს არაფერი აქვს საწინააღმდეგო, როდესაც ქვეყანა იქცევა, რისი წინააღმდეგი, ან რისი მომხრე არის ის? ამნაირად, ბატონებო, სახელმწიფო კონტროლი ჩვენში ვერ სდგას თავის დანიშნულების სიმაღლეზე, მისი მრისხანე სიტყვა არავის სმენია, გაბედული ზომები და ნაბიჯები ჩვენ არ გვინახავს. მან შეიძლება აქა იქ ყურადღება მიაქციოს პატარა ქურდებს, მაგრამ დიდ ტუზებს ის ვერაფერს გაუბედავს. ასეთ პირობებში, მე არ ვიცი რამდენად მიზანშეწონილი იქნება არამც თუ ახალი შტატების დამტკიცება, არამედ თვით კონტროლის არსებობა იქ, სადაც ყველაფერი უკონტროლო ხდება!.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის სახელმწიფო კონტროლიორს.

ფ. გოგიჩაიშვილი (სახელმწიფო კონტროლიორი). ბ-ნო! მე ვწუხვარ, რომ დამფუძნებელი კრების წევრი, რომელმაც კარგად უნდა იცოდეს ის კანონი, რომელიც, მისი მონაწილეობით არის მიღებული, ისეთ რამეს ამბობს, რაც კანონს არ ეთანხმება. კანონში, რომელიც პარლამენტის მიერ არის მიღებული, ჩამოთვლილია დაწვრილებით სახელმწიფო კონტროლის მოვალეობანი და ის ღონის-ძიებანი, რომელთაც იმან უნდა მიმართოდ იმ მოვალეობათა ასასრულებლად, და არაფერი იმის მსგავსი, რაც ბ-ნმა შენგელაიამ კონტროლიორს მოსთხოვა, არ მოიპოება. ბ-ნმა შენგელაიამ სთქვა, - რატომ არ ვხედავთ, რომ სახელმწიფო კონტროლი მოგვახსენებდეს, სად იხარჯება და როგორ - სახელმწიფო ფული, რატომ სახელმწიფო კონტროლიორი აქ ხშირად, ან ყოველ დღე არ გამოდის და არ მოგვითხრობს, როგორ იხარჯება გაცემული კრედიტებიო (შენგელაია: ყოველ დღე არა!.) მე მოგახსენებთ, როგორც მესმის თქვენი აზრი, და მინდა განმარტება წარმოგიდგინოთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოეღოს ბოლო აგეთ ყალბ შეხედულებას კონტროლის მოვალეობის შესახებ. ვაცხადებ, რომ ყოველი კრედიტით ფულის გაცემასა და მოხმარებაზე კონტროლის თანხმობის მიცემა სწარმოებს სრულიად კანონიერად, რომ კონტროლი არას დროს არავის თანხმობას არ მისცემს ხაზინიდან ფულის გატანისათვის და შესაფერ საბუთებზე ხელს არ მოუწერს, უკეთუ ფულის გაცემისათვის სათანადო კანონი და დადგენილება არ არსებობს. სახელმწიფო კონტროლიორი ხარჯთაღრიცხვისა და საფინანსო კანონების წესიერ ასრულების მეთვალყურედაა დანიშნული, და თუ ვინმე აღმოაჩენს თუნდაც ერთ მაგალითს იმისას, რომ იგი კანონისა, ან სათანადო დადგენილების წინააღმდეგ ხაზინიდან ფულის გაცემაზე დათანხმებულია, იმ შემთხვევაში იგი პასუხისგებაში უნდა იქნეს მიცემული. ვიმეორებ: არავის ხაზინიდან ფულის მიღების ნებართვა არ ეძლევა, უკეთუ შესაფერი კრედიტი საკანონმდებლო დაწესებულების კანონით, ან საკანონმდებლო ორგანოს სათანადო დადგენილების საფუძველით არ არის ნებადართული. ეს არის ერთი მხარე საგნისა და შეეხება კრედიტით ფულის გაცემასა ანუ კრედიტით ფულით მიღებას ხაზინიდან. მეორე მხარეა - კანონიერად გაცემული ფულის მოხმარება კანონისავე თანახმად, ე. ი. იხმარება თუ არა გაცემული ფული ისე, როგორც ეს სათანადო წესითაა ნაგულისხმევი. ამ მხრივაც კონტროლს მუდმივი თვალყური აქვს დაწერილი არსებული რევიზიის საშუალებით. რევიზიით აღმოჩენილ უკანონო მოქმედებისა, ან ბოროტმოქმედებისათვის იგი კანონში აღნიშნულ ზომებს მიმართავს. ბ-მა შენგელაიამ იკითხა: რას აკეთებს ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო კონტროლიო. უნდა მოგახსენოთ, რომ ის თავის ორგანოს საშუალებით ახდენს რევიზიას და ამის შესახებ დასტა-დასტა აქტებია შედგენილი. შემდეგ ის მიმართავს, თანახმად არსებული კანონისა, სათანადო უწყებას და წინადადებას აძლევს, რომ დამნაშავენი პასუხის გებაში იქნენ მიცემულნი, რომ მოხდეს კანონიერი გამოძიება და შესაფერი ღონისძიება იქნეს მიღებული დამნაშავის წინააღმდეგ. ამ გზით არა ერთი და ორი პირი იქნა სამართალში მიცემული და ციხეში ჩასმული. მართალია, სახელმწიფო კონტროლიორი თვითეულ ასეთი ფაქტის შესახებ აქ მოხსენებით არ გამოდის, მაგრამ ეს მას კანონით არა აქვს დავალებული და არც საქმისათვის არის საჭირო, რომ გამოვიდეს აქ და მოგახსენოთ, ამა თუ იმ პირმა ამა და ამ დაწესებულებაში ამდენი და ამდენი მოიპარაო. ბ-ნმა შენგელაიამ განაცხადა: ბოროტ-მოქმედება ხდება და ჩვენ არ გვესმის სახელმწიფო კონტროლიორის მრისხანე ხმა აღემაღლოს და რაიმე ღონისძიება მიეღოსო. თუ ეს შეეხება იმას, რომ სახელმწიფო კონტროლიორი უნდა იყოს სახელმწიფო ქონების კანონიერად და წესიერად ხარჯვის დარაჯი, მაშინ ეს გასაგებია, მაგრამ ეს, როგორც მოგახსენეთ, სწარმოებს. მხოლოდ სახელმწიფო კონტროლიორს ასე არ ესმის თავისი მოვალეობა, რომ ის დამფუძნებელ კრებაში უნდა გამოდიოდეს ყოველი კერძო შემთხვევის შესახებ მოხსენებით, მით უფრო, როცა ეს საქმისთვის სასარგებლო არ არის. მას კანონით დავალებული აქვს განსაზღვრული მოხსენება განსაზღვრული საგნის შესახებ. სახელდობრ მან უნდა წარმოუდგინოს საკანონმდებლო ორგანოს განსაზღვრულ ვადაზე მოხსენება ხარჯთაღრიცხვის შესრულებისა, კონტროლის სარევიზიო საქმიანობისა და აღმასრულებელ ორგანოს წესიერ თუ უწესო მოქმედების შესახებ. ამისი დრო ჯერ არ დამდგარა და როცა დადგება, კონტროლი ყველაფერს დაწვრილებით მოგახსენებთ.

მე მინდა მივაქციო ბ-ნ შენგელაიას ყურადღება შემდეგ გარემოებას, სახელმწიფო კონტროლი არ არის ისეთი დაწესებულება, რომელსაც, ასე ვთქვათ, რაიმე პოლიტიკური, ან ფრაქციული თვალსაზრისით შეეძლოს შეხედოს საქმეს, მის დანიშნულებას არ შეადგენს ამა თუ იმ უწყებისადმი ოპოზიცია, ან იმისი დაცვა. კონტროლს ყოველ უწყებასთან ურთიერთობა და დამოკიდებულება აქვს მარტოოდენ კანონებისა და კანონის შესრულების საფუძველზე. ამიტომ სიჩუმე დამფუძნებელ კრებაში კონტროლიორისა თითოეულ კერძო შემთხვევაზე, რომელსაც შინაური მმართველობითი ხასიათი აქვს, გასაგებია. სახელმწიფო კონტროლის მოქმედება უნდა გაიზომოს არა კონტროლიორის გამოსვლით, ცალკ-ცალკე შემთხვევების გამო, არამედ მისი სარევიზიო საქმიანობით, რომლისათვის მასალა დამფუძნებელ კრებასაც აქვს. ყოველ ხარჯთ-აღრიცხვასა და საფინანსო კანონ-პროექტს, რომელიც დამფუძნებელ კრებას ჰქონდა წარმოდგენილი, თან ახლავს კონტროლის დასაბუთებული დასკვნები. ამის შესახებ ცნობები ყოველთვის ხელთ აქვთ საფინანსო კომისიას, რომელიც ამ ხარჯთ-აღრიცხვებსა და კანონ-პროექტებს წინასწარ იხილავს.340

სახელმწიფო კონტროლის შესახებ საყვედურსა და უკმაყოფილებას ხშირად გაუგებრობა და კონტროლის არსების უცოდინრობა უდევს საფუძვლად; მაგალითად, როდესაც გაიგებენ, რომ ესა თუ ის სალარო გასტეხეს, ამა თუ იმ საწყობში რამე მოიპარეს, მაშინათვე დაიწყებენ ძახილს და გაზეთებშიაც, - აი თუნდა ბ-ნ შენგელაიას ფრაქციის გაზეთშიაც, - სწერენ: სახელმწიფო კონტროლი სად არის, რას აკეთებს, ხომ არ სძინავს, რომ ასეთი ბოროტმოქმედება ჰხდებაო. ეს სრული გაუგებრობაა. საწყობების დაცვა სხვა ორგანოს საქმეა. ამისთვის არსებობს მილიცია და მთელი აპარატი და არა სახელმწიფო კონტროლი. კონტროლის საქმეა ზედამხედველობა, რომ ანგარიშთ-წარმოება წესიერი იყოს, რათა ქონების მდგომარეობისა და მისი დანაკლისის გაგება-გამოკვლევა შეიძლებოდეს; მისი საქმეა ქონების სინამდვილის შედარება ანაგრიშებთან, მაგრამ მისი საქმე არაა საწყობების ყარაულობა. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ სახელმწიფო კონტროლს დასჭირდებოდა ყველა დაწესებულებებზე ბოქლომების დადება, რათა უიმისოდ ეს საწყობები არავინ გააღოს და არავინ დაჰკეტოს, და მასვე დასჭირდებოდა დიდი სახელმწიფო აპარატი ქონებისა და საწყობების სადარაჯოდ. ეს მეორე დარაჯი იქნებოდა, რადგან ერთი უკვე არსებობს. იმ მხრით, რა მხრით და როგორადაც კონტროლს მოვალეობა აქვს კანონით დაკისრებული, თუ რამე ნაკლი იქნება შემჩნეული, - სახელმწიფო კონტროლი მოვალეა პასუხი აგოს.

ეს მინდოდა მომეხსენებინა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

ივ. ჭავჭანიძე. ყველა იმის შემდეგ, რაც მოისმინეთ სახელმწიფო კონტროლიორისგან, სათქმელი არაფერი დამრჩენია. მან განსაზღვრა კარგად მოვალეობა სახელმწიფო კონტროლისა. მე ისღა დამრჩენია მოგახსენოთ, რომ ყურად იღოთ სახელმწიფო კონტროლიორის შუამდგომლობა.

თავმჯდომარე. ზოგადი მჯელობა დასრულდა. ისურვებთ თუ არა მუხლობრივ განხილვას? მუხლობრივი განხილვა მიღებულია. ახლა უკვე სამი საათია. როგორ გნებავთ? რეგლამენტის ძალით სხდომა სამ საათზე უნდა შეწყვიტოთ? (ხმები: თანახმად რეგლამენტისა). მოითმინეთ. მაშასადამე, სხდომა თავდება. მოითმინეთ, მდივანი მოგახსენებთ მომავალი სხდომის წესრიგს.

მდივანი. (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? წესრიგი მიღებულია. კრება დახურულია.

სხდომა თავდება ნაშუადღევის 3 საათსა და 5წ.

4.11 ორმოცდამეთხუთმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

1919 წელი, ოქტომბრის 24. ტფილისი, სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უმფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი

გრიგოლ ნათაძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი და

კონსტანტინე ჯაფარიძე.

სხდომა იწყება დილის 12 ს. 25 წუთზე.

თავმჯდომარე. კრება გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი. (კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი - დეკრეტისა - სახელმწიფო ხაზინიდან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ყუბანის გასაგზავნ დელეგაციების ხარჯისათვის 3.000.000 მან. გადადების შესახებ. მომხსენებელია გრ. ნათაძე.

2. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ფოთლის თამბაქოზე მონოპოლიის გამოცხადების შესახებ. მომხსენებელია გრ. ნათაძე.

3. განხილვა დეკრეტისა - სამომრიგებლო ინსტიტუტის ახალ დაწესებულებათათვის ავეჯეულობის შესაძენად 709.220 მან. გადადების შესახებ. მომხსენებელია გრ. გიორგაძე.

4. მეორე (მუხლობრივი) განხილვა საქართველოს სახელმწიფო ბანკის წესდებისა.

5. მეორე (მუხლობრივი) განხილვა 1915 წლის თებერვლის 2-ს კანონისა (გერმანელთა, ავსტრო-უნგრელთა და ოსმალთათვის უძრავი საკუთრების შეძენის აკრძალვის გაუქმების კანონ-პროექტისა). მომხსენებელია ს. ჯაფარიძე.

6. განხილვა დეკრეტისა - მთავრობის წევრთა ჯამაგირის გადიდების შესახებ. მომხსენებელია კირ. ნინიძე. 342

7. განხილვა დეკრეტისა - დამფუძნებელ კრების წევრთა გასამრჯელოს გადიდების შესახებ მომხსენებელია კირ. ნინიძე.

8. ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის წინადადება, რომ საკონსტიტუციო კომისიას დაევალოს ერთი თვის განმავლობაში წარმოადგინოს კონსტიტუციის კანონ-პროექტი.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. დღიური წესრიგი მიღებულია. სიტყვა ეკუთვნის გრ. ნათაძეს.

გრ. ნათაძე. (კითხულობს დღიურ წესრიგის პირველ §-ში აღნიშნულ დეკრეტს, რომელიც დამტკიცებული იქნა კრების მიერ უცვლელად).

თავმჯდომარე. შემდეგი საბოლოო ტექსტი ფოთლის თუთუნზე მონოპოლიის გამოცხადების შესახებ. მომხსენებელია გრ. ნათაძე.

გრ. ნათაძე. (კითხულობს სათაურს - დეკრეტი ფოთლის თუთუნზე მონოპოლიის გამოცხადების შესახებ).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის რ. არსენიძეს.

რაჟდენ არსენიძე. მე მგონი არც ერთი ტერმინი არ არის სწორედ ნახმარი არც „ფოლოვანი“ არც „ფოთლის თამბაქო“. ფოთლის თამბაქო ნიშნავს ფოთლისაგან გაკეთებულ თამბაქოს, როგორც ხის სკამი ნიშნავს ხისაგან გაკეთებულ სკამს და სხვა. მაგრამ აქ ფოთლისაგან გაკეთებულს რაიმე ნაწარმოებზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ თითონ ეს ფოთოლი თამბაქო გახლავთ მონოპოლიის საგანი. ამ ფოთლის მონოპოლია ცხადდება. ჩვენ უნდა ვიხმაროთ ფოთოლი თამბაქო. ეს არის სწორედ ქართული ტერმინი. უნდა ვსთქვათ: დეკრეტი ფოთოლ თამბაქოზე მონოპოლიის დადებისა და სხვა.

ნათაძე: მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს ამ შესწორებისა. სიტყვა ფოთლოვანი ჩვენ არ მოგვეწონა - ფოთლოვანი მიუღებელია. „ფოთოლი თამბაქო“ სჯობიან.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ:

განხილვა დეკრეტისა სამომრიგებლო ინსტიტუტის ახალ დაწესებულებათათვის ავეჯეულობის შესაძენად 709.220 მან. გადადების შესახებ.

სიტყვა ეკუთვნის ბ. გიორგაძეს.

გრიგოლ გიორგაძე. (ს.-დ.) შარშან 24 ენკენისთვეს თქვენ მიიღეთ კანონი, რომლის ძალითაც შემოღებულ იქნა რესპუბლიკაში ახალი სამომრიგებლო მოსამართლეთა ყრილობები. ახალი დაწესებულება იყო შემოღებული 97, მაგრამ მაშინ სამინისტროს არ გამოუთხოვია თანხა, რომ ეს დაწესებულებები ყოფილიყო მოწყობილი. საჭირო იყო მათი მოწყობა, ავეჯი და სხვა. სამინისტრომ, ასე თუ ისე, ეს დაწესებულებანი მოაწყო, მაგრამ საჭირო კრედიტი არ ყოფილა განხილული. ახლა საჭიროა, რომ ეს თანხა მაინც გადავდოთ, ამიტომ სამინისტრომ აღძრა შუამდგომლობა, რომ გადაიღოს თანხა ამ ხარჯის დასაფარავად. ეს წინადადება განიხილა საბიუჯეტო-საფინანსო კომისიამ, მან მიიღო და თქვენ წარმოგიდგინათ დასადასტურებლად ეს კრედიტი, რომ იუსტიციის სამინისტროს განკარგულებაში გადაიდოს 709.220 მან.

(დეკრეტი მიღებული იქნა ს.-დ. ფრაქციის შესწორებით).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ჭავჭანიძეს.

ივ. ჭავჭანიძე. (კითხულობს სახელმწიფო ბანკის წესდების მუხლებს 72-145-მდე. მუხლობრივი განხილვა კენჭის ყრით მიღებულია).

თავმჯდომარე. სიტყვა ბ. ჯაფარიძეს ეკუთვნის.

ჯაფარიძე. (კითხულობს დეკრეტს) ავსტრო-უნგრეთის, გერმანეთის, ოსმალეთის... (მიღებულია უკამათოდ და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. მესამე საკითხი:

ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის წინადადება, რომ დაევალოს საკონსტიტუციო კომისიას, რათა კონსტიტუციის დამუშავება დააჩქაროს.

სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ბ. გვაზავას.

გიორგი გვაზავა (ნ.-დ.) ბატონებო! მე მგონია, ჩემი წინადადება სრულიად მისაღები არის. იგი შეეხება კონსტიტუციის მიღების დაჩქარებას, რადგანაც ჩვენის აზრით დაჩქარება კონსტიტუციის მიღებისა და გამოცხადებისა აუცილებლად საჭიროა, ჩვენი შინაური ცხოვრებისათვის, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუცია არის უფლებრივი კალაპოტი, რომელშიაც მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცხოვრება სახელმწიფოსი. თუ ეს ნაპირები გარკვეული, გამოქვეყნებული არ არის, მაშინ, რასაკვირველია, რიგიანი მიმდინარეობა შინაგანი ცხოვრებისა შეუძლებელია. არ არის გამორკვეული თავისუფლება პიროვნული, არ არის გამორკვეული დაწესებულებათა ფუნქციები და ამ ნიადაგზე შესაძლებელია მოხდეს ყოველნაირი შინაგანი და საგარეო უთანხმოება. ეს მეტად ხელს უშლის არა მარტო პოლიტიკურ ცხოვრებას, არამედ ჩვენი ცხოვრების ეკონომიურ პირობებსაც. იქ, სადაც არ არის გამორკვეული პიროვნული თავისუფლება, სადაც არ არის განხორციელებული ფორმები სახელმწიფოებრიობისა, რასაკვირველია, შეუძლებელია რაიმე მუშაობის მოწყობა და განვითარება ცხოვრებისა. ამ მხრივ საჭიროა საკონსტიტუციო მუშაობა აუცილებლად დამთავრდეს და კონსტიტუცია მალე იყოს გამოქვეყნებული.

ეს განამტკიცებს წესიერებას, ამით მიეცემა ნიადაგი, გასაქანი მუშაობის გაძლიერების და საზოგადო ეკონომიურ ცხოვრების გაუმჯობესებას. ამის წინააღმდეგ, მე მგონია, ვერავინ ვერაფერს იტყვის.

რაც შეეხება საერთაშორისო განყოფილებას, აქაც კონსტიტუციას უაღრესი მნიშვნელობა აქვს. აქ ბევრჯელ გამიგონია სიტყვები შენიშვნები, რეპლიკები, რომ - „სად არის კანონი“, „რომელი კანონი არის დარღვეული“ და სხვა. და აი, სწორედ ეს შენიშვნები არის ნამდვილი ანარეკლი იმ ცხოვრებისა, რომელშიაც ჩვენ ვიმყოფებით. ამისთანა შენიშვნას მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, როდესაც კანონი არ არის და ცხოვრება მიმდინარეობს, ასე ვსთქვათ, „კანონს გარეშე“. ეს კი არ არის უკანონობა, ეს ერთნაირი თვითნებობაა და თუ ჩვენ, დამფუძნებელი კრების წევრები, ამ აზრისანი ვართ, რა აზრისა იქნებიან ჩვენზედ სხვა ქვეყნების წარმომადგენელნი.

იმას, თუ, როგორ გვიყურებენ ჩვენ უცხო ქვეყნები, გვიცნობენ თუ არ გვიცნობენ - ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

თუ ჩვენი ცხოვრება ასეთ შთაბეჭდილებას სტოვებს, რომ ჩვენ კანონი არა გვაქვს, თუ სხვაგან, განსაკუთრებით ევროპაში, ლაპარაკობენ, რომ ჩვენ კანონი და კანონიერება არა გვაქვს, დამერწმუნეთ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკაში და ეკონომიური თვალსაზრისით. თუ კანონი არ არის, არ არის წესიერი ცხოვრებაც. ჩვენში აუარებელი სიმდიდრე არის, რომ ეს სიმდიდრე მოვიხმაროთ აუცილებლად. საჭიროა შემოსვლა ცოდნის, კაპიტალისა და ყველა იმ მასალისა და ძალებისა, რომელიც ჩვენ არა გვაქვს. ყოველივე ამის შემოსვლა კი პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, რომ ცხოვრება ჩადგეს კანონიერების კალაპოტში და უფლებრივ ნორმებში.

როცა შორიდან უყურებენ და ხედავენ, რომ არ არის გარანტია არც პიროვნული თავისუფლებისა, არც წესიერი ცხოვრებისა, რასაკვირველია, არც კაპიტალი და არც ამ კაპიტალის პატრონი აქ არ შემოვა. და თუ ეს ძალა არ შემოვა ჩვენი ცხოვრებაც შეფერხდება.

თუ გნებავთ, ამას პოლიტიკურადაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ევროპაში, განსაკუთრებით პარიზში, სადაც სწყდება ბედი ახალ სახელმწიფოებისა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რანაირია მიმართულება, რანაირი კანონები არის იმ ქვეყანაში, რომლის ბედსაც ისინი შეეხებიან.

თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ შეთანხმების სახელმწიფოებმა ბრძოლა გამოუცხადეს უკიდურეს სოციალისტურ მიმართულებას, სახელდობრ ბოლშევიკებს, მაგრამ თუ დაინახავენ, რომ ჩვენი ცდა არის მიმართული იქითკენ, რომ დავამყაროთ ნამდვილი ფორმები უფლებრივი, სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა, ეჭვი არ არის, რომ ეს სახელმწიფოები, რამდენადაც შეიძლება, ჩვენ მხარს დაგვიჭერენ. მე არ ვამბობ, რომ ეს არის ერთად-ერთი იარაღი, მაგრამ ეს არის უმთავრესი ფაქტორი იმ ფაქტორთა შორის, რომელნიც მოქმედებენ და ამას ექნება დიდი მნიშვნელობა, გარდასაწყვეტი ხასიათი.

აი, მოკლედ ის მოსაზრებები, რომელთაც ჩვენ გვაიძულა, შემოგვეტანა ეს წინადადება.

ჩვენი კომისია შვიდი თვეა, უკვე მერვეც, რომ მუშაობსო. ეს საკმარისი დრო იყო, ეს ძალიან დიდი დრო არის, განსაკუთრებით ეხლა, როდესაც სახელმწიფოში ისე ეშურებიან; ამ შვიდი თვის განმავლობაში ჩვენ ვალდებულნი ვიყავით გამოგვეაშკარებინა ჩვენი ეროვნული ნება, სურვილი. დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენი სურვილი არის - დავამყაროთ სახელმწიფოებრივი ცხოვრება და ამისათვის საჭიროდ ვსთვლით გამოქვეყნებას იმ ძირითადი პრინციპებისას, რომელნიც აუცილებელნი არიან, რომ ყოველ კონსტიტუციას ჰქონდეს საფუძველად. ჩვენი წინადადება არის მხოლოდ ის, რომ დამფუძ. კრებამ მოსთხოვოს კომისიას, დააჩქაროს კონსტიტუციის წარმოდგენა. ჩემის აზრით ერთი თვე სრულიად საკმარისია იმიტომ, რომ მე ვიცი კომისია აქამდის მუშაობდა, ბევრი უკვე დამუშავებულია, მაშასადამე, ჩვენი მოთხოვნილება არ არის დიდი. მე მგონია, ერთი თვის განმავლობაში შეიძლება დაიბეჭდოს, გამოვიდეს და დარიგდეს, ამის დაჩქარება აუცილებლივ საჭიროა. როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელ დროში ბევრი უცხოელები, სხვა და სხვა, სახელმწიფოები მოდიან აქ. მაგალითად, ამერიკიდან იყვნენ გამოგზავნილი რამოდენიმე პირი, რომელთაც დავალებული ჰქონდათ გაცნობოდნენ, რა ცხოვრება ჰქონდათ თუ რა ცხოვრება არის ჩვენს სახელმწიფოში, არის თუ არა, რაიმე უფლებრივი წყობილება. და, ეს პირები იძულებულნი იყვნენ მოეგროებინათ ცალ-ცალკე გამოცემული დეკრეტები, დებულებანი და მათი საშუალებით გასცნობოდნენ ჩვენს სახელმწიფოებრივ ცხოვრებას. ჩვენი კონსტიტუცია კი, რომ ენახათ უკეთესი იქნებოდა ჩვენთვის, რადგანაც ეხლა ამ მასალას წაიღებენ პარიზში, ვაშინგტონში და ამ მასალის მიხედვით წარმოდგენა ჩვენი სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა ძალიან ძნელი არ იქნებოდა. მე მგონია ჩვენ, რომ კონსტიტუცია დაგვემუშავებინა, ჩვენ სახელმწიფოს რეპუტაცია უფრო მაღლა იდგებოდა მათ თვალში. როგორც მოგეხსენებათ, ეს დიდი სახელმწიფოები უყურებენ, თუ რა სახელმწიფოებრივი ფორმებია ჩვენში, ან რა უფლებრივი წყობილებაა დამყარებული აქ. შესაძლებელია, ჩვენ არ გვიცნონ და ვინ იცის, მაშინ რა ძალა გამეფდეს აქ და როგორი იქნება ჩვენი მდგომარეობა.

ყველა ამ მოსაზრების გამო, მე მგონია საჭიროც და მისაღებიც არის ის წინადადება, რომელიც წარმოდგენილია. ის შეეხება მუშაობის დაჩქარებას. ეს დაჩქარება აუცილებელია და მოსახერხებელიც.

ამ რიგად ეროვნული ნების ყოფა, ამ ისტორიულს მომენტში, რომელსაც განიცდის კაცობრიობა, გარკვეულად უნდა იყოს გამოხატული. ამიტომ მე შემომაქვს ეს წინადადება, და გთხოვთ მიიღოთ იგი.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ბ. არსენიძეს.

. არსენიძე (ს.-დ.) აქ ძალიან ბევრი პოლიტიკური მოსაზრება იქნა მოყვანილი, იმის შესახებ, რომ საჭიროა კონსტიტუციის დამუშავების დაჩქარება.

მე ამ ჟამად მინდა მარტო გამოვსთქვა აზრი საკონსტიტუციო კომისიისა, როგორც მისმა თავმჯდომარემ. ამიტომ ყველა იმ მოტივებს, არც საგარეოს, არც საშინაოს, განსაკუთრებით საშინაოს, რასაც აქ ხაზი გაუსვა ბ. გვაზავამ, მე ამ ჟამად არ შევეხები.

შესაძლებელია, ამ კონსტიტუციის გამოცხადება იყოს უდიდესი გარანტია (არ ისმის) რომლის ერთგული დამცველთ ჩვენ მოუსმინეთ ამ ტრიბუნიდან და რომელნიც ეკუთვნიან, ამ მემარჯვნე სექტორს, თუმცა არა მგონია, რომ შესაძლებელი იყოს დაცვა (არ ისმის) მე ამ პოლემიკას არ გამოუდგები, მხოლოდ მოგახსენებთ, თუ რა გააკეთა საკონსტიტუციო კომისიამ, და რის გაკეთება შეუძლია მას.

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა ადრევე დაიწყო. ჯერ კიდევ ეროვნულ საბჭოს და პარლამენტის დროს არჩეული იყო სპეციალური კომისია, რომელიც დებულებებს იმუშავებდა ჩვენი ძირითადი კანონებისთვის. მან თითქმის პარლამენტის დახურამდე შეიმუშავა უმთავრესი ნაწილი ჩვენი კონსტიტუციისა, ასე, რომ დამფუძნებელ კრების კომისიისთვის, ერთგვარი წინასწარი მუშაობა დამთავრებული იყო და ამით მისი მოქმედება გაადვილებული, მიუხედავად იმისა, დამფუძნებელ კრების საკონსტიტუციო კომისიამ, როგორც არჩეულმა უფრო სრულ უფლებიან დაწესებულებების მიერ, საჭიროდ დაინახა, მთლად ამ ნამუშავრის გადასინჯვა, ხელახლად განხილვა და თავის მიერ საბოლოოდ შემუშავებულ პროექტის წარმოდგენა.

ეს მუშაობა სისტემატიურად სწარმოებდა და სწარმოებს დღემდის, - რაც ძალა და ღონე გვქონდა ვეწეოდით ამ შრომას, მაგრამ უნდა ავღნიშნო, ერთი რამ: ჩვენ არ გვყვანან სპეციალისტები, არც გარედან მოგვიყვანია, როგორც ჩვეულებრივ საჭიროა ხოლმე, რომელსაც შეეძლო კონსტიტუციის მთავარ დებულების ისე მკაფიოდ, მოკლედ და სხარტად ჩამოყალიბება, და მის პრინციპების შესახებ, დაწვრილებითი მოხსენების გაკეთება. როგორც იცით, არც ჩვენ ვართ შინ მეტად მდიდარი მეცნიერებით, ფართე მეცნიერული ძალით და არც გარედან შეგვეძლო ისეთი ელემენტების მოყვანა, რომელნიც დიდ და, მართლაც საბუთიან დახმარებას აღმოგვიჩენენ. ამიტომ კომისიას უხდებოდა თავის საკუთარ შინაური ძალებით მუშაობა, თითონ უნდა დაეგროვებია ყოველგვარი მასალა, დაემუშავებინა საკითხი, და რადგან დამფუძნებელ კრების წევრებს, სხვა ასეთი ბევრი საქმეები ედოთ თავს, ისეთი სისწრაფით მუშაობა ვერც შესაძლებელი იქნებოდა ამ პირობებში.

როგორც მომხსენებლის ბარათიდან სჩანს, ევროპაში 4-5 თვეში ხდება კონსტიტუციის დამუშავება, ჩვენ კი 7 თვის განმავლობაში, ვერ დაგვიმუშავებია. ეს არც გასაკვირველია...

რა თქმა უნდა თუ ჩვენ 2-ჯერ ნაკლებ ვართ გერმანიისაგან კულტურულად ჩამორჩენილნი. ეს დიდ დასაძრახისად არ ჩაგვეთვლება და ეს არ იქნება სახელის გამტეხი, მე მგონია, არც ჩვენი ქვეყნისათვის, არც დამფუძნებელ კრებისთვის იმ დროს, როდესაც ევროპის ქვეყნები იმდენად დაწინაურებულნი არიან, რომ საკოლონიოდ გვთვლიან და არა ისეთ დიდ სახელმწიფოდ, როგორც ჩვენ გვეგონა. მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, რომ კონსტიტუციის დამუშავების დამთავრება სულ მოკლე ხანში იქნება, ვინაიდან ცოტა ღა დარჩა მუშაობა, და მთავარი საკითხები, როგორც არის პარლამენტი, მთავრობა, მისი ორგანიზაცია, მისი უფლება და მოვალეობა, უკვე შემუშავებულია. შემუშავებულია ამ რიგად მთავარი თავები საერთო კონსტიტუციის, აგრეთვე მოქალაქეთა უფლება-მოვალეობა, მოხელეთა უფლება მოვალეობა; ამგვარად დარჩნენ უმნიშვნელო საკითხები. თვითმმართველობის საკითხი დამუშავებულია; დარჩა უბრალო და უდაო საკითხების შემუშავება, როგორც არის ეკლესიის, სახელმწიფოსგან ჩამოშორება და ურთი-ერთობა მათ შორის. ერთად-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც დასამუშავებელია, ეს არის ეროვნულ უმცირესობათა საკითხი, და ეს არის ორიოდე კითხვა, რომლის გამორკვევა იქნება საჭირო და, რის შემდეგ, შეგვიძლიან ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო მუშაობა დამუშავებულია.

თუ დაგვავალებთ, შეიძლება დავაჩქაროთ მუშაობა და 1 თვეში წარმოგიდგინოთ. მაგრამ მე მგონია, რომ ამ კონსტიტუციის გაცნობა საჭიროა გარეშე საზოგადოების ყველა წრეებისთვის და ჩვენ გვინდა სტამბის საშუალებით გამოქვეყნება ზოგიერთ მასალისა, რომ მიეცეს საშუალება საზოგადოებას, პრესას, მეცნიერებას და ყველა იმას, ვინც დაინტერესებულია ჩვენი კონსტიტუციით, თავისი აზრი გამოსთქვას და აგრეთვე მისცეთ საშუალება დეპუტატებს არსებითად გაეცნონ საკითხს. ჩვენ არ გვსურს ისე ნაჩქარევად მივიღოთ ეს კონსტიტუცია, როგორც ვიღებთ ხოლმე ზოგიერთ დეკრეტებს. ეს კონსტიტუცია არის და არა დეკრეტი, რომელიც შეიძლება მივიღოთ ნაფუსფუსევად.

თუ მართლა პოლიტიკური მოსაზრება მოითხოვს, ჩვენ კონსტიტუცია შეიძლება დაჩქარებით მივიღოთ, მაგრამ თუ რაიმე არაჩვეულებრივი, ექსტრა-ორდინალური გარემოება არ გვაიძულებს, მე მგონია, რომ 3 თვე შეიძლება მივცეთ კომისიას თავის განკარგულებაში, რომ გულდასმით დაამთავროს თავისი მუშაობა და შემდეგ წარმოადგინოს თქვენს განსახილველად. მე მგონია, რომ 2-3 თვეში მაინც შევსძლებთ დამთავრებას და იანვარში საშუალება გვექნება დამფუძნებელ კრების წინაშე წარმოვადგინოთ განსახილველად.

აი, ამ მოსაზრების გამო მე მგონია, არ უნდა გადიჭრას ეს კითხვა, კომისიას არ უნდა მივცეთ განსაზღვრული დრო, ვინაიდან კომისია იძულებული იქნება ნაჩქარევად იმუშაოს და თავის ზოგიერთ განზრახვაზე ხელი აიღოს.

თავისთავად ცხადია საკონსტიტუციო კომისია ყველა თქვენ მიერ აქ გამოთქმულ აზრს მიიღებს, როგორც ერთგვარ დირექტივს, ერთგვარ კარნახს, ეცდება თავისი მუშაობა დააჩქაროს, მაგრამ არაფერი დააკლოს მის საბუთიანობას და არსებითად რიგიანად დამუშავებას.

ამიტომ, მე მოვითხოვ კომისიის სახელით, დრო არ დაგვენიშნოს. ჩვენ დავბეჭდავთ ჩვენი კონსტიტუციის პროგრამას და გამოვაქვეყნებთ საზოგადოების ფართო წრეების გასაცნობად. ჩვენ ვისარგებლებთ საზოგადოების აზრით და როცა კომისია ამ მუშაობას დაამთავრებს, საბოლოოდ წარმოადგენს დასამტკიცებლად დამფუძნებელ კრებაში.

თავმჯდომარე. სიტყვის მსურველი არავინ არის. შემოსულია ორი წინადადება. პირველი გახლავთ ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის (კითხულობს წინადადებას) და მეორე სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციისა (კითხულობს წინადადებას). მე ვერ უყრი კენჭს მეორე წინადადებას, რადგან აქ საკითხი ესე სდგას: ან უნდა მივიღოთ ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის წინადადება, ან უარვყოთ. ამიტომ მე კენჭს უყრი პირველ წინადადებას. ვინ არის მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი? წინადადება უარყოფილია.

დაგვრჩა ორი საკითხის გარჩევა და მათი მომხსენებელიც აქა ბრძანდება. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ნინიძეს.

. ნინიძე. (ადის ტრიბუნაზე, მაგრამ თავმჯდომარე აჩერებს).

თავმჯდომარე. მე ბოდიშს ვიხდი, წინადადება შემოვიდა, რომელიც უნდა მოვახსენო დამფუძნებელ კრებას. წინადადება ასეთი გახლავთ: მოიხსნას დღიური წესრიგიდან: განხილვა დეკრეტებისა მთავრობის წევრთა და დამფუძნებელ კრების წევრთა ჯამაგირების გადიდების შესახებ და დაუბრუნდეს იგინი საფინანსო და საბიუჯეტო კომისიას. ეს წინადადება გახლავთ სოციალ-დემოკრატიული ფრაქციისა.

სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს კედიას.

სპ. კედია. (ერ.-დემ.) მე მხოლოდ მინდა მოვისმინო მოტივები, რატომ ხდება ესე, რომ ეს დეკრეტი - სახელდობრ - როგორც მთავრობის წევრთა, ისე დამფ. კრების წევრთა ჯამაგირების გადიდებისა - ერთხელ შემოდის, - უკან გააქვთ, მეორედ შემოდის - უკან გააქვთ, მესამედ შემოდის და კიდევ უკან გააქვთ. (რუსია: ერთხელ იყო უკან გატანილი, თქვენ კი სამჯერ ამბობთ!) ასე იყო! იგი რამოდენიმეჯერ შემოტანილ და გატანილ იქმნა და სწორედ საინტერესოა, მეთქი, მოვისმინოთ ინიციატორთა მოტივები ამ საკითხის შესახებ - მისი აქ შემოტანა და გატანა დაუსაბუთებლად.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ამ დეკრეტის მოხსნის წინადადების შესახებ? სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ვ. ჯუღელს.

. ჯუღელი. (სოც.-დემ.) - სპირდონ კედიას უნდოდა გაეგო მოტივები დეკრეტის მოხსნისა და სხვათა შორის მან სთქვა, რომ ვერ გაუგია, რათ შემოაქვთ რამდენჯერმე ეს საკითხი და რამდენჯერმე გააქვთო.

მე უნდა აღვნიშნო, რომ ასეთი რამდენჯერმე შემოტანა და გატანა ამ საკითხისა არ ყოფილა. ეს მოხდა მხოლოდ ერთხელ და ამნაირად ბ. სპირიდონ კედიას ან ღალატობს მეხსიერება, ან უნდა ამ შემთხვევას განზრახ მისცეს გაზვიადებული ხასიათი.

ჩვენ წინადადებას ვიძლევით, რომ ეს დეკრეტი გავიტანოთ უკან და სრულიად მოვხსნათ დღიურ წესრიგიდან იმ მთავარ მოტივით, რომელიც ჩვენ წინადადებაში უკვე მოყვანილია.

ერთის შეხედვით, ჩვენ გვგონია, თითქოს, ეს საკითხი ფრიად მცირე და პატარა საკითხია, მაგრამ ჩვენის შეხედულობით იგი დიდი მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან მას ერთგვარი გადამწყვეტი გავლენა ექნება მთელ სახელმწიფოს ბიუჯეტზე და საერთოდ მოსამსახურეთა ჯამაგირებზე. ჩვენ გვინდა, რომ ეს საკითხი - მაღალ თანამდებობის პირთა ჯამაგირების მომატებისა, უნდა გადავწყვიტოთ ამა თუ იმ სახით, საერთო მუშა-მოსამსახურეთა მდგომარეობის და ჯამაგირების მიხედვით და შეთანხმებით.

მე მგონია, რომ ეს მთავარი მოტივი იმდენად დიდი და სერიოზულია, რომ აქ ლაპარაკი და ხელ-ახლა დაკითხვა თავისებურ ირონიით - რათ იხსნებაო, სრულიად არ შეესაბამება და ეთვისება დამფუძნებელ კრების წევრს, თუ გინდ ის ნაციონალ-დემოკრატების ფრაქციას ეკუთვნოდეს. (სპ. კედია - ეგ თავმჯდომარის საქმეა!)

თავმჯდომარე. თქვენ მოისმინეთ, ამ დეკრეტის მოხსნის წინადადების შესახებ, წინააღმდეგის და მომხრის აზრი. ეხლა მე კენჭს უყრი. ვინ არის მომხრე დეკრეტის დღის წესრიგიდან მოხსნისა, ვინ არის წინააღმდეგი? დეკრეტი დღის წესრიგიდან მოხსნილია.

ამგვარად, დღის წესრიგის საკითხები გათავებული გახლავთ. გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი კრების დღის წესრიგი.

მდივანი (კითხულობს შემდეგ კრების დღის წესრიგს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა მომავალ კრების დღის-წესრიგის შესახებ? არავის. ვინ არის წინააღმდეგი წესრიგის დამტკიცებისა?.. კრებას დახურულად ვაცხადებ.

კრება იხურება 1 ს. 45 წ.349

4.12 ორმოცდამეთექვსმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

1919 წელი, ოქტომბრის 28. ტფილისი, სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალ. ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი

გრ. ნათაძე.

პრეზიდიუმში არიან

კონ. ჯაფარიძე.

ქრისტინე შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება დღის 12 საათზე 5 წუთზე.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი. (კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი - სამომრიგებლო ინსტიტუტის ახალ დაწესებულებათათვის ავეჯეულობის შესაძენად 709.220 მან. გადადების დეკრეტისა. მომხსენებელია გრ. ნათაძე.

2. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა, ავსტრიის, უნგრეთის, ოსმალეთის და ბულგარეთის ქვეშევრდომთათვის უძრავი საკუთრების შეძენის აღკრძალვის კანონის გაუქმების კანონისა. მომხსენებელია გრ. ნათაძე.

3. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა სახელმწიფო კონტროლის შტატის შეცვლის შესახებ. მომხსენებელია ი. ჭავჭანიძე.

4. დეკრეტი ტფილისის კულტურულ-ტეხნიკურ სასწავლებლის, ქუთაისის სამეურნეო სასწავლებლის და წინამძღვარიანთ კარის სასოფლო სამეურნეო სკოლის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ნიკ. იმნაიშვილი.

5. დეკრეტის პროექტი - სამხედრო საჭიროებისათვის 15 მილ. მან. გადადებისა. მომხსენებელია სიმონ მდივანი.

6. დეკრეტი - შინაგან საქმეთა სამინისტროს საექიმო-სასანიტარო განყოფილების შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ნიკ. იმნაიშვილი.

7. დეკრეტი - შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაზრო და საქალაქო სასამართლო-საექიმო განყოფილების შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

8. დეკრეტი - სახაზინო რკინის გზის სამმართველოსათვის 13.306.324 მ. დამატებული კრედიტის გახსნისა. მომხსენებელია ნიკ. იმნაიშვილი.

9. დეკრეტი საქართველოს რესპუბლიკის ბონების გამოცემის განგრძობისა. მომხსენებელია ს. მდივანი.

10. პირველი (ზოგადი) განხილვა - ფინანსთა მინისტრის საბჭოს დებულებისა. მომხსენებელია ი. ჭავჭანიძე.

თავმჯდომარე. სიტყვას ხომ არავინ ინებებს დღიურ წესრიგის შესახებ? დღიური წესრიგი მიღებულია. სიტყვა ეკუთვნის გრ. ნათაძეს.

გრ. ნათაძე. (კითხულობს სამომრიგებლო ინსტიტუტის ახალ დაწესებულებათათვის ავეჯეულობის შესაძენად 709.220 მან. გადადების დეკრეტის საბოლოო ტექსტს. დეკრეტი კრების მიერ მუხლობრივ განხილვის შემდეგ დამტკიცებულ იქმნა).

თავმჯდომარე. მეორე დეკრეტი.

გრ. ნათაძე (კითხულობს დღიურ წესრიგის მეორე მუხლში აღნიშნულ დეკრეტის საბოლოო ტექსტს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი დეკრეტისა? არავინ. დეკრეტი მიღებულია საბოლოოდ. სიტყვა ეკუთვნის შემდეგ მომხსენებელს ივ. ჭავჭანიძეს.

ივ. ჭავჭანიძე (სოც.-დემ.) (კითხულობს კანონ-პროექტს სახელმწიფო კონტროლის შტატის შეცვლის შესახებ. კანონ-პროექტი მუხლობრივ მიღებულია უცვლელად).

თავმჯდომარე. საერთოდ კანონ-პროექტი მიღებულია.

ივ. ჭავჭანიძე (კითხულობს პირველ მუხლს).

თავმჯდომარე. წინადადება არის სოც.-დემ. ფრაქც. მიერ შემოტანილი ასეთი: 5000 მაგიერ დაენიშნოს 4000 მან. ვის ნებავს სიტყვა ამის შესახებ? სიტყვა არავის ნებავს.

ივ. ჭავჭანიძე. მე ვიცავ საბიუჯეტო კომისიის დადგენილებას.

თავმჯდომარე. ასეთ შემთხვევაში მე კენჭს უყრი. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. შესწორება მიღებულია. შემდეგ.

. ჭავჭანიძე (კითხულობს).

თავმჯდომარე. წინადადებაა შემოსული: უფროს რევიზორს დაენიშნოს 2700 მან. მაგიერ 2400 მან. სიტყვა ხომ არავის სურს? არავის. მომხსენებელის აზრი.

ივ. ჭავჭანიძე. მე ვიცავ საბიუჯეტო კომისიის აზრს.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი შესწორებისა? არავინ. შესწორება მიღებულია. შემდეგ.

ივ. ჭავჭანიძე (კითხულობს).

თავმჯდომარე. აქაც შესწორებაა შემოსული: რევიზორის თანაშემწეს 2400 მან. მაგიერ მიეცეს 1800 მან. ვის სურს სიტყვა? სიტყვა ეკუთვნის დამფ. კრების წევრს რ. არსენიძეს.

. არსენიძე (სოც.-დემ.) ეს შემოსული შესწორებანი შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, იმიტომ, რომ დღეს-დღეობით შეიძლება ის ჯამაგირებიც მცირეა, რომელიც წარმოდგენილია საბიუჯეტო კომისიის მიერ, მაგრამ ჩვენ მხედველობაში გვქონდა ჩვენი ცარიელი ხაზინის ინტერესები. რომ ეს ჯამაგირები არ დააწვეს მას მძიმე ტვირთად, - ჩვენ შევიტანეთ ზოგიერთი შესწორებანი. ის შესწორებანი, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ შეფარდებულია თვით კონტროლის მიერ წარმოდგენილ ჯამაგირებთან. საფინანსო კომისიამ კიდევ მეტი ჯამაგირები დანიშნა, ვინემ ეს კონტროლიორს ჰქონდა განსაზღვრული. ჩვენ მივიღეთ მხედველობაში საკონტროლო კომისიის მიერ წარმოდგენილი შტატი და მის მიხედვით შევიტანეთ შესწორებანი, რომ ხაზინას ზედმეტ ბარგად არ დააწვეს ეს ხარჯები.

თავმჯდომარე. მე მეგონა, რომ თქვენ რევიზორის თანაშემწეზე იტყოდით რამეს. ძალიან შევცდი, რომ მოგეცით სიტყვა. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

. ჭავჭანიძე. მე ვიცავ საბიუჯეტო კომისიის აზრს.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი შესწორებისა? არავინ. შესწორება მიღებულია შემდეგ.

. ჭავჭანიძე. (კითხულობს).

თავმჯდომარე. აქაც შესწორებაა შემოსული: „1.800“ მან. მაგიერ დაენიშნოს - „1400“ მან. ვის სურს სიტყვა? არავის. თქვენი აზრი.

. ჭავჭანიძე. მე ვიცავ საბიუჯეტო კომისიის აზრს.

თავმჯდომარე. ვინ არის შესწორების წინააღმდეგი? არავინ. შესწორება მიღებულია. შემდეგი.

. ჭავჭანიძე. მდივანი ერთი. ჯამაგირი 2400 მან. (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია.

. ჭავჭანიძე. საქმის მწარმოებელი ორი (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია.

ჭავჭანიძე. რეგისტრატორი ორი. (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია.

ჭავჭანიძე. რეგისტრატორის თანაშემწე 3. თითოს 1200 მან. (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია.

. ჭავჭანიძე. გადამწერი (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია.

. ჭავჭანიძე. კანცელარიის მოხელენი (კითხულობს). 352

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია.

. ჭავჭანიძე. შიკრიკი (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია.

. ჭავჭანიძე. სხვა და სხვა საკანცელარიო ხარჯები. სულ წელიწ. - 3. თვეში (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია.

. ჭავჭანიძე. გათბობა და განათება წლიურად (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია.

. ჭავჭანიძე. ბინის ქირა წლიურად (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია.

. ჭავჭანიძე. მოსამსახურენი (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია.

. ჭავჭანიძე. საგზაო ხარჯები ნავარაუდევია (კითხულობს).

თავმჯდომარე. აქ შესწორება არის შემოტანილი, უნდა გადიდებულ იქმნას 500.000 მან. თქვენი აზრი.

. ჭავჭანიძე. ვიცავ საბიუჯეტო კომისიის აზრს.

თავმჯდომარე. უყრი კენჭს. ვინ არის შესწორების წინააღმდეგი? არავინ. შესწორება მიღებულია.

. ჭავჭანიძე. სულ ბიუჯეტს შეადგენს (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი საერთოდ შტატისა? საერთოდ შტატის წინააღმდეგი არავინ არის. შტატი მიღებულია. შემდეგი საკითხი არის დეკრეტი №4. მომხსენებელია დამფუძნებელ კრების წევრი ნიკ. იმნაიშვილი.

დეკრეტის პროექტი ტფილისის კულტურულ-ტეხნიკურ სასწავლებლის, ქუთაისის სამეურნეო სასწავლებლის და წინამძღვარიანთ კარის სამეურნეო სკოლის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

. იმნაიშვილი. დეკრეტში აღნიშნულია ტფილისის კულტურულ-ტეხნიკურ სასწავლებლის, ქუთაისის სამეურნეო სასწავლებლის და წინამძღვარიანთ კარის სასოფლო სამეურნეო სკოლის გაღებული ხარჯები ამა წლის 1 იანვრიდან პირველ ივნისამდე. ეს სასწავლებლები მიღებულნი არიან სახელმწიფოს ხარჯზე და ყველა მათი შესანახი ხარჯები უნდა გაიღოს ხაზინამ.

შემუშავებული იყო ხარჯთ-აღრიცხვა და შტატები ამ სასწავლებლებისა, იმის იმედით, რომ ეს ხარჯთაღრიცხვა და შტატები დამტკიცებული იქნებოდა პირველი იანვრიდან. მაგრამ, ვინაიდან საბიუჯეტო წელი დავიწყეთ პირველ ივნისიდან და არა პირველ იანვრიდან, ამიტომ ეს სასწავლებლები დარჩენ უსახსროდ, დეკრეტი მოითხოვს, რომ ის ხარჯები, რომელიც გასწია სასწავლებლებმა, პირველ იანვრიდან - პირველ ივნისამდე ანაზღაურებულ იქნეს ხაზინიდან. ეს ხარჯები გაღებულ იქმნა სასწავლებლების მიერ თავის დროზე: ზოგი სპეციალურ თანხიდან და ზოგი მილიონიან ფონდიდან და ახლა შუამდგომლობენ, რომ ეს ხარჯები გასტუმრებულ იქმნას ხაზინიდან. ტფილისის კულტურულ ტეხნიკურ სასწავლებლის ხარჯები უდრის ამ ხნის განმავლობაში (კითხულობს). ქუთაისის სამეურნეო სასწავლებლის (კითხულობს) და წინამძღვარიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლის (კითხულობს) სულ (არ ისმის). აი, ეს თანხა ახლა ანაზღაურებულ უნდა იქნეს ხაზინის მიერ.

ამ დეკრეტს დართული აქვს ხარჯთ-აღრიცხვა და შტატები, რომელიც იყო პირველ იანვრიდან პირველ ივნისამდე ამ სასწავლებელში. ეს შუამდგომლობა განიხილა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ და არაფერი აქვს საწინააღმდეგო, რომ ეს თანხა გაღებულ იქნას. დადებითი დასკვნა აქვს აგრეთვე სახელმწიფო კონტროლიორსაც.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობის შესახებ? სიტყვა არავის სურს. გსურთ თუ არა მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? წინააღმდეგი არავინაა. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. გთხოვთ წაიკითხოთ.

იმნაიშვილი (კითხულობს. დეკრეტი შტატებითურთ მიღებულია).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი -

დეკრეტის პროექტი სამხედრო საჭიროებისათვის 15 მილ. მანეთის გადადებისა.

სიტყვა ეკუთვნის ბ. მდივანს.

სიმონ მდივანი. ბატონებო! როგორც მოგეხსენებათ, სამხედრო უწყებისათვის დამფუძნებელმა კრებამ გადადო 15 მილიონი მანეთი იმ ხარჯების დასაფარავად, რომელიც არ არის ნაგულისხმევი იმ შტატებში, დამფუძნებელი კრების მიერ რომ იყო დამტკიცებული.

ასეთი ხარჯები გახლავთ: ნაწილობრივი მობილიზაციისათვის გაწეული ხარჯების დაფარვა, მოულოდნელი გადაყვანა ჯარისა ერთ ადგილიდან მეორეზე, რეორგანიზაციით გამოწვეული ხარჯები, სურსათ-სანოვაგის დამზადებისათვის და სხვა მოულოდნელი ხარჯები.

ეს თანხა, რომელიც გაღებული იყო წინად, უკვე ამოიწურა და ამ ხარჯების საჭიროებას კვლავ ვგრძნობთ იმიტომ, რომ ფრონტი არსებობს, რეორგანიზაცია ჯარისა ჯერ არ დამთავრებულა, ჯარის გადაყვანა ადგილიდან ადგილზე დღესაც საჭირო და აუცილებელი ხდება და ამავე დროს დგება სეზონი ჯარისათვის სურსათ-სანოვაგის დამზადებისა. ამიტომ სამხედრო უწყება თხოულობს აღდგენილ იქმნას ეს 15 მილიონი თანხა. ამ კითხვის შესახებ შემოტანილი იყო დეკრეტი, რომელიც განიხილა, როგორც სამხედრო, ისე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ. ამ კომისიებმა ერთხმად მიიღო ეს დეკრეტი და წარმოუდგენენ დამფუძნებელ კრებას დასამტკიცებლად.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ბ. გობეჩიას.

ივანე გობეჩია (სოც.-რევ.) ბატონებო! როგორც მოგეხსენებათ, 20 დეკემბერს 1918 წ. მთავრობის განკარგულებაში ჩვენ გავიღეთ 25 მილიონი მანეთი სამხედრო საჭიროებისათვის. მეორედ, ეს იყო კანონი მიღებული ივლისში, სამხედრო მინისტრის თხოვნით, 15 მილიონიანი ფონდი დავაარსეთ. როდესაც სამხედრო მინისტრი შუამდგომლობდა, რომ ეს კრედიტი გაგვეხსნა, მას მოყავდა ის მოსაზრება, რომ 25 მილ. ფონდი უკვე ამოიწურა და ვინაიდან, შესაძლებელია, წარმოდგეს საჭიროება სამხედრო მოქმედებისათვის ხარჯის გაწევისა აზერბაიჯანთან სამხედრო კავშირის გამო, ვითხოვ 15 მილ. თანხასო. არ გასულა ერთი თვე და დამფ. კრებაში შემოვიდა ახალი დეკრეტი, რომლის ძალით ჩვენ გადავდეთ კიდევ 15 მილ. მანეთი. იქ კი ასეთი დასაბუთება იყო: ვინაიდან 15 მილ. ფონდი სამხედრო საჭიროებისათვის უკვე განაწილებულია და თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ დამფუძნებელი კრების მუშაობის შეწყვეტის დროს, შესაძლოა წარმოდგეს საჭიროება სამხედრო მოთხოვნილებისათვის კრედიტის გაღებისა ვითხოვ დამატებით 15 მილ. ახალ კრედიტსო. არ გასულა ერთი წელი და ეხლა მგონი, მეოთხეჯერ, ჩვენ უნდა გავიღოთ 15 მილ. თანხა ისევ სამხედრო საჭიროებისათვის.

იმ რეგულიარულ ჯარის შენახვისათვის, რომელიც არსებობს საქართველოში, იხარჯება გაცილებით მეტი, ვიდრე რუსეთში. ამის შესახებ ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს დამფუძნ. კრებაში, მაგრამ საჭიროა განმეორება, რადგან ჩვენ იმდენს ვხარჯავთ, რამდენი საშუალებაც ჩვენ არ მოგვეძებნება.

რუსეთი დიდი სამხედრო ძალაა და მას ყველა ევროპის სახელმწიფო დიდ ანგარიშს უწევდა, რადგან რუსეთის დახმარება, მასთან სამხედრო კავშირი, ხშირად სწყვეტდა სამხედრო შეტაკების ბედს. მას ჰყავდა დიდი ძალა და ხარჯიც, რასაკვირველია, ფრიად დიდი ჰქონდა. მაგრამ თუ ჩვენ შევადარებთ იმ ხარჯს, რომელსაც ეწევა საქართველო, ეს პატარა ქვეყანა, დავინახავთ, რომ ჩვენ გაცილებით მეტს ვხარჯავთ, ვიდრე რუსეთი. რომ გამოვიანგარიშოთ, რუსეთში ამ ხარჯიდან სულზე უწევდა ოთხი მან. ჩვენში კი ეხლა სულზე მოდის ორასი მან. მართალია მანეთის კურსი დაეცა, მაგრამ თუ ჩვენ მხედველობაში მივიღებთ ჩვენ ფინანსიურ-ეკონომიურ მდგომარეობას, ჩვენ ასეთი ხარჯის გაღება არ შეგვიძლიან. მაგრამ უფრო საინტერესოა ის, თუ რა ადგილი უჭირავს ჩვენს ბიუჯეტში ხარჯებს ამ სამხედრო საქმეებისათვის.

რუსეთში, სამხედრო ხარჯები შეადგენდა მთელი ბიუჯეტის 18%25, ჩვენში კი 40%25, ესე იგი ჩვეულებრივი ბიუჯეტის 40%25 იხარჯება სამხედრო საქმეებისათვის. რასაკვირველია, ეს არაა სასურველი, არაჩვეულებრივი მოვლენა არის. თუ ძველად მილიტარისტულ ქვეყნებში დიდძალ ფულს ხარჯავდენ სამხედრო მიზნებისათვის, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი საქართველო შეიქნა, რაც მას სათავეში ჩაუდგა სოციალისტური მთავრობა, ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვეგონია, რომ იარაღის ასეთი ჟღარუნი არ იქნებოდა. ჩვენ უწევთ ანგარიშს მას, რომ ამ გარდამავალ ხანაში, როდესაც დემოკრატიას ბევრი მტერი ჰყავს, საქართველოსაც სჭირდება სამხედრო ძალა, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო, მთელი ხალხი თავის არსებობის დასაცავად, მაგრამ ჩვენ გვიმტკიცებენ, რომ ეს შეუძლებელია რადგან დამოუკიდებლობის დაცვას შესძლებს მხოლოდ რეგულიარული ჯარიო. ასე თუ ისე, დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა რეგულიარული ჯარის დაარსების საჭიროება და იგი დღეს არსებობს, მაგრამ ისეთი ხარჯები, როგორსაც ჩვენ ვეწევით ჩვენი სამხედრო ძალებისათვის, შეუძლებელია, რადგან, ვიმეორებ, ჩვენ ამის საშუალება არა გვაქვს, ჩვენი შემოსავალი მას ვერ გაამართლებს. მეორე მხრით, თუ ჩვეულებრივი ხარჯები, რადგანაც აუცილებელია რაიმე შეიარაღებული ძალის ყოლა, მისაღებია, ყოვლად დაუშვებელია, რომ ჩვენ სამხედრო საჭიროებისათვის ხშირ-ხშირათ მოგვთხოვონ ხოლმე ზედმეტი თანხის გაღება. ამ ათი თვის განმავლობაში სამხედრო საჭიროებისათვის 45 მილ. მანეთი ზედმეტათ გაიტანეს, ეხლა სამხედრო მინისტრი კიდევ 15 მილ. თხოულობს. ვიანგარიშოთ და გამოვა, რომ თვეში იხარჯება ზედმეტი 7 მილ. მანეთი. კი მივიღებთ მხედველობაში, რომ დღეში ჯარის შენახვა ჯდება 2 მილ. მან. და ამას დაუმატებთ კიდევ თვიურად 7 მილ. მან. არაჩვეულებრივი ხარჯის სახით, ჩვენ მივიღებთ ისეთ დიდ თანხას, რომლის გაღება ცარიელ ხაზინას არ შეუძლია, მაგრამ შეიძლება ჩვენი ხალხის სასიცოცხლო ინტერესები, ჩვენი რესპუბლიკის საერთაშორისო მდგომარეობა, მოითხოვენ, რომ ხალხმა გაიღოს ასეთი მსხვერპლი. თუ კი ჩვენ ამას ამ ტრიბუნიდან დაგვიმტკიცებენ, თუ ჩვენ ამაში დავრწმუნდებით, მაშინ ჩვენც მხარს დაუჭერთ ასეთ ხარჯებს. მაგრამ, ეს დამტკიცებული არ არის, ჩვენ ჩავიდენთ დიდს დანაშაულობას, თუ მხარს დაუჭერთ ასეთ ხარჯებს. დასახელებულ ოთხ დეკრეტში ნათქვამია, რომ სამხედრო საჭიროებისათვის და სამხედრო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად აუცილებელია გავიღოთ ამდენი და ამდენი თანხა. ბატონებო! სამხედრო საჭიროება - ეს ზოგადი ცნობაა და ბევრს რასმეს გულისხმობს. აქ უსათუოთ საჭიროა ერთგვარი დეტალიზაცია - რაში იხარჯება, რისთვის არის საჭირო ეს ფული. არის ჩვეულებრივი ხარჯები და არაჩვეულებრივიც. რადგან ჩვენგან მოითხოვენ ზედმეტ თანხას, ამისთვის ალბათ არსებობენ გაუთვალისწინებელი არაჩვეულებრივი პირობები, და უნდა ვიცოდეთ, რაში მდგომარეობს ეს არაჩვეულებრივი პირობები. განა ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ, რაში იხარჯება ეს ფული? დამფუძნებელი კრების წევრთათვის არ უნდა იყოს არაფერი დამალული. თუ კი დამფუძნებელი კრება იღებს ფულს რაიმე ხარჯისათვის, მთავრობა ვალდებულია წარმოსდგეს და დაასაბუთოს ამ ხარჯის გაწევის აუცილებლობა. სხვანაირად ამდენი ხარჯების გაღება შეუწყნარებელი და მიუღებელია. აგრეთვე, როდესაც მთავრობა ახალ სამხედრო ავანსებს მოითხოვს, ის ვალდებულია წინეთ გაცემულ ავანსებისთვის დახარჯვის ანგარიშები წარმოადგინოს. ეხლა გეკითხებით: იყო თუ არა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ასეთი ანგარიში. შეიძლება გვიპასუხონ, - რომ საიდუმლოებას შეადგენს ის საქმე, რაზედაც ეს ფული დაიხარჯა. მაგრამ მაშინ მთავრობას შეეძლო დამფ. კრების დახურულ სხდომაზე, ან კომისიებში წარმოედგინა თავისი ანგარიშები და ეს მთავრობამ აქ ქნა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რაში იხარჯება ის ფული, რომლის ყოველი კაპეიკი მძიმე ტვირთად აწვება ჩვენ მშრომელ ხალხს და არა რომელიმე მინისტრსა, ამიტომ ჩვენი ფრაქცია ჰფიქრობს, რომ სანამ ის არ არის დარწმუნებული, რომ ის თანხა, რომელიც მოცემულია 20 დეკემბერს, ივლისში და აგვისტოში, არის დახარჯული დანიშნულებისამებრ ხალხის საკეთილდღეოთ და არა გაფლანგული, სანამ ჩვენ ამაში არ დავრწმუნდებით, მანამდის ჩვენი ფრაქცია ამ ახალ კრედიტის გახსნას მხარს ვერ დაუჭერს.

თავმჯდომარე. ბატონებო! ბ. გობეჩიას სიტყვაში იყო ერთი ადგილი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. მან განაცხადა: ჩვენი ჯარი ვერც იბრძოლებს და არც იბრძოლებსო. ასეთ განცხადებას დამფუძნებელ კრების წევრის პირიდან, დამფუძნებელ კრების ტრიბუნიდან ადგილი არ უნდა ქონდეს. მე მაინც მგონია, რომ ეს ლაპსუსი იყო, და თუ ლაპსუსი არ იყო, ეს მით უფრო სამწუხაროა. ყოველ შემთხვევაში მე იმედს გამოვსთქვამ და მოვითხოვ, რომ ასეთი რამე არ გამეორდეს.

სიტყვა ეკუთვნის სამხედრო მინისტრს. (ტაში).

. რამიშვილი (სამხედრო მინისტრი). მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! თავისთავად ეს საკითხი ფრიად მარტივი არის, იმდენად მარტივი, რომ არც ერთი სერიოზული ჯგუფი, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი დამოუკიდებლობის საქმეს, ამ კრედიტების წინააღმდეგ ხმას ვერ აიმაღლებს. მაგრამ ეს არ მოხდა. და ვინაიდან აქ ჩვენ წინააღმდეგ გამოვიდა ს. -რევოლიუციონერთა ფრაქცია, საჭიროდ მიმაჩნია განვმარტო, - მართლაც საჭირო არის თუ არა ამ კრედიტის გაღება, რომელზედაც ლაპარაკი არის.

სოციალ-რევოლიუციონერების საბიუჯეტო დებულება ასეთი ყოფილა: თუ ფაქტიურად არ არსებობს ომი, არ შეიძლება არაჩვეულებრივ კრედიტების გაღება. მე უნდა განვაცხადო აქ კატეგორიულად, რომ ჩვენ გვაქვს ფრონტი არა მარტო გაგრისა, ასეთი ფრონტები რამოდენიმე არსებობს. აქ დაასახელეს მამისონის ფრონტი, სადაც შეტაკება მოხდა. არის კიდევ სხვა ადგილები, რომლის დასახელება მე შემეძლო, მაგრამ ეს შეუძლებლათ მიმაჩნია, და ეს ესერებმაც კარგად იციან, მაშასადამე, რაკი არსებობს ფრონტი, აუცილებლად საჭიროა არაჩვეულებრივი ხარჯების გაწევა. მნიშვნელობა იმას არა აქვს, იბრძვის ხალხი თუ გაჩერებულია, თუმცა უნდა ვსთქვათ, რომ ჩვენ ფრონტზე ხშირია შეტაკებანიც. მაგრამ ამას ივიწყებენ ყოველთვის, როცა საჭიროა მოწინააღმდეგე ჯგუფების მორიგი გამოსვლის მოხდენა.

მე ვიმეორებ, რომ რაკი არსებობს ომიანობა, ეს არაჩვეულებრივი მოვლენაა, მთავრობისთვის საჭიროა არა ჩვეულებრივი კრედიტები. ასე იქცევა როგორც ბიუროკრატიული, ისე დემოკრატიული სახელმწიფოც. მე თქვენ გეკითხებით, შვეიცარია იბრძოდა თუ არა, იღებდა თუ არა მონაწილეობას ომში? არა, არ იღებდა ფაქტიურად, მაგრამ, როდესაც გამოცხადდა მობილიზაცია, მაშინ იგი იძულებული იყო გაეღოთ არაჩვეულებრივი კრედიტები. და ეს იცის ყველამ, არ იციან მხოლოდ ესერებმა. (ხმა: 45 მილ. რა უყავით?) ამაზედაც მოგახსენებთ.

თქვენ გრძნობთ, რომ იმ პირობებში, რომელშიდაც ჩვენ ვიყავით, დამფუძნებელ კრების მიერ არაჩვეულებრივი კრედიტების გახსნა აუცილებელი იყო. ხოლო იბადება მეორე საკითხი: რას მოხმარდა ეს ფული? ჯარის საჭიროებას, თუ რაიმე სხვა საქმეს. ოდნავ სერიოზული ჯგუფი, რომელსაც დემაგოგიური ზრახვანი არ ამოქმედებს, კარგად იცის, რომ რაც დაიხარჯა, იხარჯება და დაიხარჯება. ხმარდება მხოლოდ ჩვენი ფრონტის გამაგრებას - ეს თქვენ ძალიან კარგად იცით და ამავე დროს ისიც იცით, რომ არაჩვეულებრივი ხარჯების გაწევა ხდება არა სამხედრო მინისტრის მიერ, არამედ თანახმად მთავრობის დადგენილებისა, რომელსაც ადასტურებს სამხედრო კონტროლი და ფინანსთა მინისტრი, ხოლო შემდეგ სახელმწიფო კონტროლი უწევს მას ფაქტიურ კონტროლს. ესეც კარგად იცით თქვენ. მაშ რა უფლების ძალით გამოდიხართ და ლაპარაკობთ - არავინ იცის რაზე იხარჯება ეს ფულიო? თქვენ კარგად იცით, რომ ღია სხდომაზე არ შეიძლება ამ საკითხების გარშემო ლაპარაკი, ვინაიდან სამხედრო საქმიანობა ისეთი ხასიათისაა, რომ მისი კრედიტების განხილვაც კი მოხდა დახურულ სხდომაზე. მაგრამ თქვენ ამას მოითხოვთ დღეს ალბად იმიტომ, რომ დაიმსახუროთ ტაში და შეცდომაში შეიყვანოთ გარეშე პირები. მოითხოვთ მიუხედავათ იმისა, რომ იცით, რომ ყოველი კაპეიკი დახარჯულია მთავრობის განკარგულებით და სახელმწიფო კონტროლის დასტურით.

თქვენ აქ ამბობთ - როდის მოეღება ბოლო ამ ხარჯებსო. ეს არც ჩვენზეა დამოკიდებული და არც გობეჩიას ფრაქციაზე. მაგრამ მის ფრაქციაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამ არეულობისა და აჯანყების დროს ჩვენ შევიპყარით ერთი ესერი, რომელიც არ ვიცით ეკუთვნის გობეჩიას ფრაქციას, თუ თარხანოვისას, ამას არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს პირი ჩვენ წრეს არ ეკუთვნის. (კედია ადგილიდან: ი. ქარცივაძე ვისი ფრაქციიდან არის გამოსული?) ჩვენზე ეს არ არის დამოკიდებული და არც გობეჩიაზე არის დამოკიდებული. მართალია, ჩვენ ხელმეორედ შემოვიტანეთ მსგავსი საკანონმდებლო განზრახვა, როდესაც დამფუძნებელი კრების სხდომები უნდა შეწყვეტილიყო და ჩვენთვის გამორკვეული იყო, რომ შეიძლებოდა რაიმე არაჩვეულებრივი მომხდარიყო, ჩვენ მოვითხოვეთ დამფუძნებელი კრების დასტური არაჩვეულებრივ კრედიტისათვის. ეს საჭირო იყო და თქვენ იცით, რომ ეს თანხა სწორედ ამ დანიშნულებას მოხმარდა.

დღეს არის აგრეთვე არაჩვეულებრივი მდგომარეობა. თქვენ ასე გაქვთ წარმოდგენილი: გზავნით დელეგაციას ყუბანში, და თუ გზავნით, რა საჭიროა ამ არაჩვეულებრივი კრედიტების გახსნა. ჩვენ ასე არ ვმსჯელობთ. დელეგაცია წავა, მაგრამ დელეგაციის წასვლა არ ნიშნავს მორიგებას. ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებდით ოსმალეთთანაც, მაგრამ დაგვჭირდა მის წინააღმდეგ იარაღის აღება. მაშინაც იყო ლაპარაკი ზოგიერთ წრეებში, მაშინაც ასეთ აგიტაციას ეწეოდნენ და სცდილობდნენ დაეჯერებინათ საზოგადოება, რომ ისინი ეტრფიან მშვიდობიანობას. ჩვენ არ გვინდა სხვის წინააღმდეგ ხმლის აღება, არ გვინდა არავითარი ომი, მაგრამ თუ ჩვენ წინააღმდეგ გამოილაშქრებს ვინმე, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. და ეს გაღებული კრედიტები სწორედ ამ საქმეს ხმარდება.

რომ თქვენ გრძნობდეთ პასუხისგებას სახელმწიფოს წინაშე, მაშინ ასეთი წინადადებით არ გამოხვიდოდით, ვინაიდან ნათლად დაინახავდით, რომ არ შეიძლება იმ დემოკრატიულმა სახელმწიფომ, რომელზედაც კბილებს ილესავენ იმპერიალისტური სახელმწიფოები, არ მიიღოთ ზომები თავის დაცვისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად, ის დამნაშავე იქნება დემოკრატიის წინაშე, თუ ყურს მოიყრუებს, სამხედრო ძალას მიაძინებს.

ამით აიხსნება თქვენი განცხადება, რომ „სულ ერთია თქვენი ჯარი არ იბრძოლებსო“. მე კი მგონია, თქვენ არც წინად მიგიღიათ მონაწილეობა ამ ბრძოლაში, მაგრამ ჩვენ გვყავდა საკმაო შეიარაღებული ძალა, რომელიც ენერგიულად იცავდა რევოლიუციის მონაპოვარს.

იმ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით დემოკრატიამ უნდა მიიღოს ყოველი ზომები, რომ თავის მოწინააღმდეგეს მოურიგდეს, მაგრამ ამავე დროს ხელში მაგრად უნდა ეჭიროს ხმალი, რომლითაც მომხდურს უნდა ეკვეთოს. (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბატონ გურულს.

. გურული (ს.-დ.) პირველ ყოვლისა უნდა მოგახსენოთ, ამაზე და ამაზე წინ გაღებული კრედიტის დეტალიზაციის შესახებ და საერთოდ ორატორის მოთხოვნილებაზე, - თუ რაში იხარჯება, ან რაში დაიხარჯა გაღებული ფული. მე მგონია, რომ ს.-რევოლიუციონერთა ფრაქციის წევრებმა კარგად იციან, რომ არაჩვეულებრივი კრედიტები აქვს ყოველ დაწესებულებას, თვით სოც.- რევოლიუციონერთა კომიტეტის ბიუჯეტშიც იქნება არაჩვეულებრივი ხარჯები. ომი - ეს არაჩვეულებრივი მოვლენაა და ამიტომ არაჩვეულებრივ ხარჯებსაც მოითხოვს იგი. ომს არ ეყოფა ის ფული, რომელიც ს.-რევოლიუციონერთა კომიტეტში იხარჯება, იქ მილიონები და მილიარდები არის საჭირო. მაშასადამე, არაჩვეულებრივ ხარჯებს უნდა არაჩვეულებრივი კრედიტი.

სად იხარჯება ეს ფულიო, გვეკითხებიან, მთავრობას ამ ტრიბუნიდან გასამართლებელი საბუთები არ წაუკითხავს და არც შეიძლება მათი აქ წაკითხვა, ვინაიდან ამას მთელი წლები მოუნდებოდა. ჩვენ გვყავს დამფუძნებელ კრების მიერ არჩეული სახელმწიფო კონტროლი, სადაც მიდის ყოველი წაღებული ფულის გასამართლებელი საბუთები. გვეუბნებიან, - ჯერ წაიღეთ 25, მერე 15, შემდეგ კიდევ 15 მილიონი, ეს მეტად ბევრი ფულიაო. მაგრამ, ბატონ გობეჩიას აღარ ახსოვს, რომ იმ ხნის განმავლობაში, როცა ეს ფული წაღებულია, საქართველო მუდმივ ომებში იმყოფებოდა. ომი ისეთ მოწინააღმდეგესთან გვქონდა, რომელსაც გობეჩიას ფრაქცია ხელს უწყობდა. ოთხ ფრონტზე ბრძოლა ძალიან ბევრს ხარჯებს მოითხოვს და ყველა მოქალაქე საქართველოს რესპუბლიკისა გრძნობს, რომ არამც თუ 10, 100 მილიონებიც კი დასჭირდებოდა ამ ომებს.

შეიძლება სთქვას ვინმემ, სად მიდის და როგორ იხარჯება ეს ფულიო. ამისთვის გვაქვს ჩვენ დაწესებულება - სახელმწიფო კონტროლი, სადაც წარდგენილი იქნება ყველა ხარჯების გასამართლებელი საბუთები და თუ სადმე ბოროტმოქმედება აღმოჩნდება, დამნაშავეს კონტროლი დასჯის.

ორატორი მიგვითითებს: ჩვენ გაცილებით მეტს ვხარჯავთ სამხედრო საქმეებისათვის, ვიდრე მილიტარული რუსეთი ხარჯავდაო. მოჰყავთ პროცენტები. იქ საკმარისი იყო 18 პროცენტი, ჩვენ კი 40 პროცენტი გვეხარჯებაო. მაგრამ მას ავიწყდება, რომ ჩვენ ვიმყოფებით ომებში და რუსეთი კი მშვიდობიან მდგომარეობაში იყო. პირიქით, გასაკვირველიც არის, რომ ჩვენ 40 პროც. გვყოფნის, ვინაიდგან ჩვენ შეიარაღებულ ძალასაც ვქმნიდით და ომსაც ვაწარმოებდით. ს.-რევოლიუციონერებს თურმე ჰგონებიათ, რომ, რადგან ჩვენ დემოკრატიული რესპუბლიკა გვაქვს, აქ იარაღის ჟღარუნი აღარ იქნებოდაო. მაგრამ მე ვეკითხები, ს.-რევოლიუციონერებს, საქართველოს დემოკრატია მიუხტა ვისმეს რისამეს წასართმევად? რასაკვირველია, არა. და თუ არის იარაღის ჟღარუნი, ეს არის მოწინააღმდეგის და არა ჩვენი. ისინი ჩვენ გვეომებიან და ჩვენ მათ ვუპასუხებთ. ყვავილებით ვერ შევხვდებით ზარბაზნებს. ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო სხვანაირად არ გვესმის.

ჩვენ, რომ მუდმივ ომში ვართ, ამაზე ჩვენ არ ვწუხვართ იმ ფრაქციაზე ნაკლებ, რომელსაც ეკუთვნის ორატორი, მაგრამ მისი მოსპობა ჩვენ ხელთ არაა, ჩვენ არ უწყობთ ხელს მის არსებობას.

შეიძლება თვით გობეჩია იცნობს იმ პარტიას, რომელიც ხელს უწყობდა ჩვენ წინააღმდეგ გამოლაშქრებულ ჯგუფს.

ბ. გობეჩია თურმე დარწმუნებულია, რომ, რადგან დემოკრატიული რესპუბლიკა გვაქვს, შეიარაღებული ძალა აღარ არის საჭირო, საკმაოა მხოლოდ სახალხო მილიციაო. ჩვენ ვიცით იდეია სახალხო მილიციის. მაგრამ, ვსთქვათ, სახალხო მილიცია გვყავს. რას ნიშნავს სახ. მილიცია? მისი ფორმა ისეთია, რომ ის არ მიდის სასწავლებლად ყაზარმებში, არამედ სწავლობს იარაღის ხმარებას სხვა მდგომარეობაში, ე.ი. თავიანთ სოფელში, მაგრამ ომის დროს ის თოფ ქვეშ გამოდის. მაგრამ მე ვეკითხები ბ. რევოლიუციონერებს: იყო დრო, რომ ჩვენ ომი არ გვქონოდეს? - არა. მაშასადამე, სახალხო მილიცია, რომ გვყოლოდეს, ისეც თოფ ქვეშ უნდა ყოფილიყო - და სანამ მუდამ ომში ვართ, ჩვენ ჯარი უნდა გვყავდეს თოფ ქვეშ, რა ფორმაც არ უნდა ჰქონდეს ჩვენ შეიარაღებულ ძალას. შემდეგ, ბატონებო, გობეჩია ამბობს, რომ ანგარიშით თვეში 7 მანეთი მოუწევს მოქალაქესო. ეს იმდენი გადასახადი იქნება, რომ ხალხი ვერ შესძლებს, მით უმეტეს, რომ დარწმუნებული არა ვართ ამ მსხვერპლის საჭიროებაშიო. ეს რომ ეთქვა სოფელ გვაშტიბის რესპუბლიკის მოქალაქეს, გობეჩიას მონათესავეებმა, რომ დაარსეს შარშან, გაგვეცინებოდა, და არ გაგვიკვირდებოდა, მაგრამ როცა ამას ლაპარაკობს საქართველოს მოღვაწე პარტიის წარმომადგენელი საქართ. დემ. რესპუბლიკის დამფ. კრების წევრი, რაღა უნდა ვსთქვათ? თუ ამ ვაჟბატონებმა დღემდე ვერ გაიგეს, რომ ჩვენი რესპუბლიკის დასაცავათ მსხვერპლია საჭირო, როდისღა გაიგებენ?

ასეთია, ბატონებო, მდგომარეობა და ეს მდგომარეობა მოითხოვს აუცილებლად გადადებულ იქნეს ეს 15 მილიონი. მაგრამ თავს ვერ დავიიმედებთ, რომ ეს გვეყოფა და კიდევ აღარ წარვდგეთ დამფუძნებელ კრების წინაშე ცოტა ხანში ახალ კრედიტის გახსნის ნებართვისთვის, ვინაიდან არ ვიცით, რომელი ახალი ფრონტი გაგვიჩნდება და როგორი არაჩვეულებრივი ძალის და ხარჯის გაღება დაგვჭირდება. (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბატონ დადიანს.

სამსონ დადიანი. (ს.-ფ.) ბ-ბო! აქ ეხლა თქვენ მოისმინეთ შედარება ჩვენი სამხედრო ბიუჯეტისა რუსეთის ბიუჯეტთან. მიუღებელია ასეთი ანალოგია და შეუძლებელია შევადაროთ ჩვენი მდგომარეობა და ჩვენი ბიუჯეტი იმ ბიუჯეტს, რომელიც არსებობს რუსეთში. მაშინდელი რუსეთის მდგომარეობა სულ სხვა იყო, დღეს ჩვენში სულ სხვა მდგომარეობა არის.

ბ-ნ გობეჩიას და მის ფრაქციას უნდა დაუმტკიცოთ, რომ ჩვენში ისეთი მდგომარეობა არის დღეს, რომ აუცილებელია ეს ზედმეტი ხარჯები, მაგრამ სამწუხაროდ ბ-ნო გობეჩია, თუ თვით ცხოვრებამ ვერ დაგიმტკიცათ, რა მდგომარეობა არის ჩვენში, რასაკვირველია, რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ ამას ვერ შეგაგნებინებთ.

ღია კარებში შეჭრა იქნებოდა, რომ დაგვეწყო მტკიცება იმისა, რომ დემოკრატიამ უმდა გაიღოს მსხვერპლი, რა თქმა უნდა, მწუხარებით უნდა აღვნიშნო, რომ ეს ხარჯები აუცილებელია, აუცილებელია ეს დიდი მსხვერპლი. ამბობენ, დაგვიმტკიცეთ, რომ ეს მსხვერპლი და ხარჯი აუცილებელი არისო. ნუ თუ ჩვენ მართლა ყველამ სინამდვილის წინაშე თვალები უნდა დავხუჭოთ, ან ჟინიანობამ გაგვიტაცოს მაშინ, როდესაც ჩვენ დემოკრატიას თავგამოდებით, თავისი სისხლი მოაქვს მსხვერპლად და ამ სისხლს ღვრის ჩვენში - ქვეყნის და რევოლიუციის მონაპოვართა დასაცავად, აქ გამოდიან და ამბობენ, - ეს ზედმეტი ხარჯი და მსხვერპლი არის, და ის არ უნდა მოვთხოვოთ ჩვენს დემოკრატიასო. ეს დემოკრატია სისხლს ღვრის ფრონტზე, რადგანაც იცის მან, რომ ეს აუცილებელია მისთვის (ხმა: - ერეკლე... სიცილი) და ეხლა, რომ უარი უთხრათ მთავრობას სამხედრო კრედიტზე და შევასუსტოთ ჩვენი სამხედრო ძალა, მაშინ ვკითხოთ ამ ხალხს ერეკლე უფრო გამჭრიახი ყოფილა, თუ ის ხალხი, რომლებსაც დიდ რევოლიუციონერებთან მოაქვთ თავი. რას მოგვიტანს ეს? ეს მოგვიტანს იმას, რომ ის ძალა, რომლის ჯარი და შტატი შევამცირეთ, კიდევ უფრო შემცირდება.

სამხედრო ძალის მოწყობა სულ სხვა მასშტაბით იყო გათვალისწინებული. ჩვენ, როგორც შტატი, ისე ჯარი სამჯერ მეტი უნდა გვყოლოდა, ვინემ ახლა გვყავს. და ეს გამოიწვევდა სამჯერ მეტ ხარჯებს, მაგრამ მთავრობამ გაითვალისწინა ყველაფერი, მიიღო მხედველობაში, რომ ეს შემცირება აუცილებელია ჩვენთვის, და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური მდგომარეობა სულ სხვას მოითხოვდა, ჩვენ მაინც შევამცირეთ ეს ხარჯი მინიმუმამდე, იმ მინიმუმამდე, რომლის დაბლა ჩამოყვანა არ შეგვეძლო თუ გვინდა შევინარჩუნოთ ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკა, თუ გვინდა შევინარჩუნოთ რევოლიუციის მონაპოვარი და ასეთ მდგომარეობაში გვეუბნებიან, რომ ეს ხარჯები არ უნდა გავადიდოთო.

მაგრამ მე ვამბობ, რომ ეს საჭიროა, რომ გამოვიდეთ იმ საშინელ მდგომარეობიდან, რომელშიაც ჩვენ ვიმყოფებით. საშინელს უწოდებ, იმიტომ, რომ ბრძოლა არ არის და ჯარი კი უნდა დავაყენოთ იქ გაგრისკენ, იქ უნდა იყვნენ ჩვენი ჯარები და უნდა შევინარჩუნოთ ფრონტი. იქ უნდა იდგნენ ჩვენი დემოკრატიის შვილები, რომელთაც შეუძლიათ აქ დიდი სარგებლობა მოუტანონ ჩვენ ქვეყანას. ამისთვის კი ზედმეტი ხარჯებია საჭირო. ეს ჩვენი განსაცდელია.

ვიცი, სოციალ-რევოლიუციონერები გვეტყვიან, თუ ბრძოლა არ არის მაშინ მთავრობამ უნდა მოხსნას ჯარი და მოსპოს ფრონტიო. შეიძლება ეს მათთვის კარგია, შეიძლება ეს მათთვის სასარგებლო იყოს, ვინაიდან დენიკინთან ერთად შემოვა ის ძალები, რომლებსაც სურთ აღადგინოთ ძველი დრო... (ჯუღელი: ლებედევი იქ არის!) მაგრამ ჩვენი აზრით ეს მიუღებელია. ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ თუ ეს ფრონტი შესუსტდა, შემოვა ის შავი ძალა, რომელსაც სურს დაანგრიოს ჩვენი რესპუბლიკა.

მაშასადამე, ასეთ წინადადებას, როდესაც აქ სოც. რევ. შემოიტანენ, მე ვერ გამიგია, რით ხელმძღვანელობენ ისინი? ნუ თუ იმით, ოდესღაც გაუგონიათ, რომ სოციალისტები სამხედრო ბიუჯეტის ყოველთვის წინააღმდეგნი უნდა იყვენო. მართლაც აი, ეს გაუზეპირებიათ, რომ სამხედრო ბიუჯეტს არ უნდა მისცე ხმა და ეს დიდი რევოლიუციონერობა იქნებაო. დამერწმუნეთ, სოც. რევ-ბო, რომ ეს სასირცხო არის და მიუღებელია ჩვენ მდგომარეობაში.

ამიტომ, ყოვლად შეუძლებელია დავეთანხმოთ სოც. რევოლიუციონერებს და უთხრათ მთავრობას, რომ ვინაიდან არ წარმოგიდგენია ხარჯების ანგარიშები, ვერ მოგცემთ ამაზე მეტს ხარჯებსთქო. შესაძლებელია სამხედრო ბიუჯეტი დიდია, შესაძლებელია ხარჯები, მართლაც ბევრია, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა მივსცეთ მთავრობას ეს 15 მილიონი მან. არაჩვეულებრივ ხარჯისათვის. ვერც იტყვის ამ ხარჯზე უარს ვერავინ. და ვინც იტყვის სამხედრო ბიუჯეტს უარს ვეუბნებით, მე თამამად ვიტყვი, ის მოღალატეა ჩვენი რესპუბლიკის, ჩვენი დემოკრატიის. ის მოღალატეა ჩვენი არსებობის. (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გობეჩიას.

ივანე გობეჩია (სოც.-რევ) ბ-ბო! მე მგონია, რომ დამფუძნებელი კრება მეტად სერიოზული დაწესებულებაა და სიტყვების ცარიელ ბრახა-ბრუხს ანგარიში არ უნდა გაუწიოს. და თუ დამფუძნებელმა კრებამ ეს ვერ შესძლო, მაშინ იგი თავის სიმაღლეზე ვერ ავა. (თავმჯდომარე: უკაცრავად, დამფუძნებელი კრების დაცვა პრეზიდიუმს მიანდეთ, (ტაში) გთხოვთ სიწყნარე დაიცვათ. განაგრძეთ). ჩემი წინადადების წინააღმდეგ გამოვიდა ორი ორატორი: ერთი სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის და მეორე სოც.-ფედ. ფრაქციის წარმომადგენელი. ისინი შეებრძოლენ ისეთ აზრებს, ისეთ შეხედულობებს, რომელთაც ადგილი ჩემ სიტყვაში არ ჰქონია. მე მოგახსენეთ, რომ ჩვენ სულ ცოტას მოვითხოვთ, გაწეულ ხარჯების გასამართლებელ საბუთებს. მინისტრს, რომელიც ხშირად თხოულობს 15 მილიონებს, ეს ჩვეულებად გადაექცა და შეიძლება ეს ჩვეულება მას ავი ზნეთ გადაექცეს. ამ ავადმყოფობის წამლობა და მორჩენა კი დამფუძნებელი კრების მოვალეობას შეადგენს. მე ვამბობ: თუ მართლა სამშობლო კრიტიკულ მდგომარეობაშია, თუ სამხედრო უწყებას ესაჭიროება ზედმეტი კრედიტი, თუ მართლა ეს მის სამხედრო საჭიროებას შეადგენს, როდესაც მე ამაში დავრწმუნდები, თუმცა ეს მსხვერპლი იქნება, მაგრამ ამ მსხვერპლს მაინც გავიღებ. (დადიანი ამბობს: ნუთუ ცხოვრებამ არ დაგანახათ, არ დაგარწმუნათ, რომ ეს მსხვერპლი უნდა გაიღოთ?) ბატონებო, უნდა მოგახსენოთ, რომ დადიანივით თავადურ გულუხვობით არ ვართ დაჯილდოვებული, და ზეპირად 15 მილიონის გაცემა არ შეგვიძლია. მაგრამ თუ დაგვარწმუნებთ, რომ აუცილებელია 15 მილიონის გაღება მაშინ იძულებული ვიქნებით მივცეთ. ბატონებო, თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დამფუძნებელი კრების პრესტიჟს პრეზიდიუმი დაიცავსო. (თავმჯდომარე: ბატონო ორატორო, კეთილ ინებეთ და განაგრძეთ საგანზე ლაპარაკი!). ჩვენ ვუკვირდებით ცხოვრებას და იმ დასკვნამდი მივყევართ მას, რომ სახელმწიფოს ხარჯების ყოველ კაპეიკს ანგარიში უნდა გაეწიოს, ვინაიდან იგი ბოლოს და ბოლოს ხალხის ჯიბიდან ამოდის. თქვენ ამბობთ: ჩვენ ვიბრძვითო. მაგრამ მითხარით, სად იბრძვით? ჩვენ არსად არ ვიბრძვით. ჩვენ გვაქს ერთი ფრონტი და იქ არ იბრძვის ჯარი და ახლო მომავალში არც იბრძოლებს იგი (ხმაურობა. ჯუღელი: - რატომ?) ამაში დარწმუნებულია უმრავლესობის ფრაქციაც. როდესაც თქვენ დელეგაციას გზავნით ყუბანში, რომელიც მომასწავებელია დენიკინთან კეთილგანწყობილებისა, ახლო მომავალში ამ დენიკინის ფრონტზე არ გვექნება ბრძოლა. არ არის ფრონტი, სადაც ბრძოლა სწარმოებდეს და ამიტომ არაჩვეულებრივ ხარჯებს იგი არ მოითხოვს და ვინც ამას ვერ შეიგნებს, ის პოლიტიკურად ბეცია. პოლიტიკური სიბეცე! სოც. - ფედერალისტებს მოეტევებათ. მათ სჩვევიათ ეს. მაგრამ პარტია, რომელიც კისრულობს ქვეყნის პატრონობას და ამ შემთხვევაში ამბობს: არიქა, ქვეყანა იქცევა, სისხლიდან იცლებაო და ამით ქმნის ისეთ ატმოსფერას, თითქოს მართლაც ომიაო, (ჯუღელი: უარესი არის!) ეს მართლაც გასაკვირველია, ვინაიდან ასეთი არაფერი არ არის (ხმაურობა. ლ. ნათაძე: მიბრძანდით მამისონის უღელტეხილზე. ხმაურობა. ზარი. თავმჯდომარე: კეთილ ინებეთ, ბატონო ნათაძე და დაემორჩილეთ ჩემ განკარგულებას. განაგრძეთ, ბატონო ორატორო!). აქ ორატორებმა ისეთი შთაბეჭდილება შექმნეს, თითქოს მართლა იღუპება ქვეყანა. გამოდის სოც.-დემოკრ. ფრაქციის წარმომადგენელი და ამბობს: საშინელ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ომის ხანაში ვართ და მთავრობას სამხედრო კრედიტი უნდა მივცეთო. გამოდის დადიანი და ამბობს: ვინც უარს ეტყვის მთავრობას სამხედრო კრედიტზე, ის მოღალატეაო. მაგრამ ეს ხომ მარტო ცარიელ სიტყვებად დარჩა. მათ ხომ არავითარი შინაარსი არა აქვთ. შემდეგ ერთგვარი ანალიზი გაუკეთეს იმ ციფრებს, იმ მასალებს, რომელიც მე მოვიყვანე რუსეთის ბიუჯეტიდან და ძველი მასალით სარგებლობა მისაყვედურეს.

შეიძლება ბ-ნ დადიანს ახალი სტატისტიკა ჰქონდეს რუსეთის ბიუჯეტის შესახებ. ის ალბად გამოვა და ასეთ ახალ სტატისტიკას გაგვაცნობს. ბატონ დადიანმა მოგახსენათ, რომ რუსეთში ბოლშევიკები მატარებელში ატარებენ საბეჭდავ მანქანას და ისე ბეჭდავენ ფულსაო. დადიანის აზრით თუ ბოლშევიკები ამდენ ხარჯს იღებენ ფრონტისათვის, თუ კი ისინი ამისათვის ფულს მატარებლებში ბეჭდავენ, ჩვენ რითი ვართ ნაკლები, ჩვენც უნდა ვბეჭდოთ და ვაძლიოთ მთავრობას ფულიო. სწორედ მოულოდნელი იყო ჩვენთვის ასეთი მაგალითის მოყვანა. თუ რუსეთში ბოლშევიკები უსაზღვროთ ბეჭდავენ ფულებს და ყოველივე ფასს უკარგავენ, მე მგონია ეს ჩვენთვის კანონათ ვერ გადაიქცევა და ასეთი უთავბოლო ფულის გამოშვებას არ უნდა ჰქონდეს ადგილი ჩვენში. ამიტომ მე ვამბობ და ყოველი ჭეშმარიტი დემოკრატიც ამას იტყვის, რომ ჩვენ ფრთხილად უნდა ვეკიდებოდეთ ამ თანხას, ვინაიდან იგი ხალხის ჯიბიდან ამოდის. მე მესმის შენი ჯიბიდან ამოდიოდეს იგი და მაშინ არ მოითხოვო იმის დახარჯვის შესახებ არავითარი ანგარიში. მე განვაცხადე: როდესაც დეკემბერში 25 მილ. მოგვთხოვა მინისტრმა სამხედრო საჭიროებისათვის, ამის წინააღმდეგი არ ვიყავით. მეორედაც მივეცით მას 15 მილ. მესამეთ კი წინაღმდეგი ვიყავით იმიტომ, რომ არ იყო გასული ნახევარი თვეც და მინისტრი ახალ 15 მილიონიან კრედიტს მოითხოვდა. და ამის უფლება მაშინ ექნებოდა მინისტრს, თუ ის წარმოადგენდა სწორ ანგარიშებს იმ 15 მილ. მანეთის დახარჯვის შესახებ, რომელიც ჩვენ მას ივლისში მივეცით.

ბატონებო, როდესაც მინისტრმა ივლისში გამოითხოვა 15.000.000 მან., ის ამას ასე ასაბუთებდა: ვინაიდან შესაძლებელია წარმოდგეს საჭიროება სამხედრო მოქმედებისათვის ხარჯების გაწევისაო. ეხლა მე თქვენ გეკითხებით, იყო თუ არა ივლისში ფრონტები? (ხმები: იყო!) არ იყო, თორემ, რომ ყოფილიყო, მინისტრი ამას იტყოდა. მემრე როცა მოითხოვეს ახალი 15 მილ. მან., ეს იყო დამფუძნებელი კრების მუშაობის შეწყვეტის გამო, მინისტრი ამ ახალი კრედიტის მოთხოვნას ასე ასაბუთებდა: შეიძლება ეს ფული საჭირო იქნეს სხვა და სხვა სამხედრო საჭიროებისათვის და მთავრობამ მაშინ ავანსათ აიღო 15 მილ. მან. ეხლა გვაქვს თუ არა უფლება ვიკითხოთ - რაში დახარჯა ეს ფული. ამას ჩვენ თვით ხალხის ინტერესის დაცვა გვავალებს. ჩვენ ამ შემთხვევაში უნდა ხმა ავიმაღლოთ. ჩვენ გვესმის მიზეზი ზოგიერთი დუმილისა. გაცემული ფულების დახარჯვის ანგარიშები შეიძლება არ მოეწონოს არც უმრავლესობის ფრაქციას, მაგრამ იგი ემორჩილება თავის პარტიულ რკინის დისციპლინას, მას არა აქვს მოქალაქეობრივი გამბედაობა ამ შემთხვევაში სიმართლეს გვერდში ამოუდგეს. მართალია, ერთი ორატორის სიტყვის არ იყოს, ჩვენ ერთი წელიწადიც, რომ ვეცადოთ, ვერ განვიხილავთ იმ საბუთებს, რომელიც შეეხება გაცემული ფულების დახარჯვას, მართალია, თუ ჩვენ საბუთებს არ მოგვიტანენ და არ გვაჩვენებენ, ერთმა საუკუნემაც, რომ განვლოს, ჩვენ მაინც ვერ შევიტყობთ, როგორ დაიხარჯა ჩვენ მიერ გაცემული მილიონები, მაგრამ, როდესაც ჩვენგან სამხედრო მინისტრი 15 მილიონიან ახალ ავანსს მოითხოვს, ჩვენ ვალდებული ვართ მას შევეკითხოთ, როგორ დახარჯა მან წინეთ გახსნილი კრედიტები. შეუძლებელია, კაცს აქ გაჩუმება დანაშაულათ არ ჩაეთვალოს. კარგია ნდობა, მაგრამ სხვისი ჯიბით ნდობის კი რა მოგახსენოთ. სანამ ჩვენ არ წარმოგვიდგენენ წინეთ გაცემულ მილიონების დახარჯვის ანგარიშს, ჩვენ არ გვაქვს ზნეობრივი უფლება ახალი კრედიტი გავუხსნათ მინისტრს. დეკრეტში ნათქვამია, რომ ფული საჭიროა ჯარის გადაყვან - გადმოყვანისათვის და რეორგანიზაციისათვისო; მაგრამ ის თანხა, რომელიც ჩვენ წინეთ მივეცით მინისტრს სავსებით საკმარისი იყო ჯარის გადაქვან-გადმოყვანისათვის. ბატონებო, დასასრულ ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ვიცით, რისთვის და რაში იხარჯება ამდენი მილიონები. ჩვენ სამხედრო ძალა გვჭირდება თავის დასაცავად ყოველგვარ თავდასხმისგან, მაგრამ ამდენი ხარჯები, როდესაც ომი არ სწარმოებს, საჭირო არ არის და არც გასამართლებელია.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამ. კრების წევრს ბატონ ნუცუბიძეს.

ილია ნუცუბიძე (სოც.-რევ.) მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! მე დღეს არ მინდოდა ამოსვლა ამ ტრიბუნაზე, მაგრამ შექმნილი ატმოსფერა მაიძულებს ორიოდე სიტყვა ვსთქვა. როცა ჩვენი ფრაქცია გამოდის სამართლიანი მოთხოვნილებით, დემოგოგიით გვიმასპინძლდებიან. სამართლიანია ჩვენი მოთხოვნა, რომ წარმოდგენილ იქმნეს დახარჯული ფულის გასამართლებელი საბუთები. ასეა მიღებული ყველგან და ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც.

წინად ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვითხრეს: ახლა საბუთები არ არის მზად, შემდეგ წარმოგიდგენთო, მაგრამ მას შემდეგ დრო გავიდა, ხოლო საბუთები არსად არის. მე, როგორც საბიუჯეტო კომისიის წევრმა მოვითხოვე, დაესახელებიათ კონკრეტიულად თუ რაში სურთ დახარჯონ დეკრეტით მოთხოვნილი ფული. მიპასუხეს: საიდუმლოებაა და ამიტომ არ შეიძლება ასეთი კონკრეტიზაცია, კონკრეტიული მუხლების დეკრეტში შეტანაო. ჩვენ, დეპ364

უტატებმა უნდთ ვიცოდეთ რაშია საქმე, რაში მიდის ამდენი ფული. თვით დეკრეტი ასე ზოგადათაა შედგენილი (კითხულობს). ეს ზოგადი დებულებაა და მისი ათასგვარად გაგება შეიძლება. შეიძლება გავმართოთ საღამო, მოვიწვიოთ სამხედრო პირები და სხვა. საქმე იმაშია, რომ უნდა ვიცოდეთ ეს 15 მილიონი რისთვის უნდა იქმნეს გაღებული. თვით კონტროლიც ასეთი აზრის იყო, ის აუცილებლად სცნობდა კონკრეტიული შინაარსი ჩასდებოდა ამ დეკრეტს. ჩვენც მოვითხოვთ ამ კონკრეტიზაციას დეკრეტისას.

მაგრამ ჩვენ ამისთვის დემაგოგიით გვიმასპინძლდებიან.

ჩვენ გვიყვარს სამშობლო, დემოკრატია და აგიტაციას და დემაგოგიას არასოდეს არ მივმართავთ. ჩვენი კრიტიკა ყოველთვის მიზანშეწონილი და გულწრფელი არის და მოველოდით ამ კრიტიკას ობიექტიურ პასუხს გასცემდა მთავრობის წარმომადგენელი. მაგრამ ამაოდ. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ არაჩვეულებრივ მომენტში ვართ, ეს ცხადია, მაგრამ აი, სწორედ ამ არაჩვეულებრივ მომენტში არის საჭირო ხალხის ძალები, მისი ქონება - ფინანსები იხმარებოდეს მიზანშეწონილად, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხის ენერგია, ქონება დაიხარჯება და ჩვენ მიზანს ვერ მივახწევთ. ბ. მინისტრი შეეკითხა გობეჩიას: თქვენ გრძნობთ ხომ, რომ არაჩვეულებრივ მდგომარეობაში არაჩვეულებრივი ხარჯებია საჭიროო. ამას ვინ არ გრძნობს. თვით იდიოტმაც კი იცის, რომ არაჩვეულებრივ მომენტში საჭიროა არაჩვეულებრივი ხარჯები (ხმაურობა. ზარი). მაგრამ, ბატონებო, საქმე იმაშია, რომ ჩვენ ორატორს არ უთქვამს არაჩვეულებრივ მომენტში არაჩვეულებრივი ხარჯები არაა საჭიროვო. ის ამბობდა, რომ საჭიროა ვიცოდეთ რაში იხარჯება ამდენი ფულიო. ეს აზრი კი სადემაგოგიოთ დაამახინჯეს. როცა საჭიროა სერიოზული გარკვევა საქმის იქ დემაგოგიას არ უნდა ჰქონდეს ადგილი.

რაც შეეხება - ფედერალისტებს, მათ არ აქვთ ჩამოყალიბებული, გარკვეული ფსიქოლოგია. მათი ფსიქოლოგია აბურდულ-დაბურდული (სიცილი), ამიტომ მათი გაგება ძნელია. ხან ბოლშევიკები არიან, ხან ანარქისტებათ მოაქვთ თავი, ხან კი სახელმწიფოებრივ ნიადაგზე დგანან. და ეს იმიტომ, რომ, როგორც ვსთქვით, მათ არა აქვთ ჩამოყალიბებული ფსიქოლოგია. გადახედეთ მათ წარსულს და ამაში სავსებით დარწმუნდებით. გაიხსენეთ თუ გინდ - გუშინწინდელი ერეკლეს ისტორია. მერმე კიდე, რაც შეეხება ბატონ მინისტრის განცხადებას ჩვენ, პასუხისმგებლობის შესახებ, ამაზე მოგახსენებთ, რომ ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ხალხის წინაშე, იმ ხალხის წინაშე, რომელმაც ჩვენ ამოგვირჩია. სოციალ-დემოკრატების წინაშე კი ჩვენ პასუხს არ ვაგებთ; და რომ პასუხისმგებლობა ჰქონდეს შეგნებული სოციალ-დემოკრატებს, მაშინ სადავო არ იქნებოდა, რომ დახარჯულ ფულს გასამართლებელი დოკუმენტები ესაჭიროება. (ხმაურობა). (თავმჯდომარე: გთხოვთ დაწყნარდეთ და წესრიგი დაიცვათ). საქმე ისაა, რომ შეიძლება სხვის წინაშე, მართლაც არ აგო პასუხი, მაგრამ ყოვლად წარმოუდგენელია შენი თავის წინაშე მაინც არ აგო პასუხი. მთავრობიდან ვითხოვთ გასამართლებულ საბუთებს. ეს საბუთები მან ჩვენ არ წარმოგვიდგინა და არც თავის თავისთვის მიუცია, ვგონებ ანგარიში. ასე რომ თუ სად არის უპასუხისმგებლობა იგი არის, პირველად ყოვლისა მთავრობის მხრით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ანარქიის შექმნაში თვალსაჩინო წილი უდევს მთავრობის პოლიტიკას. ეს აზრი ჩვენ ტრიბუნიდანაც ბევრჯერ გვითქვამს და კიდევაც დაგვიწერია. (ხმაურობა). დიახ, როდესაც სიმართლეს გელაპარაკებიან თქვენ ყოველთვის უკმაყოფილონი ხართ, და სანამ გვიან არ არის ასეთი პოლიტიკა აუცილებლად უნდა შეიცვალოს, თორემ ხიშტებით ფონს ვერ გახვალთ.

თავმჯდომარე. წინადადება არის შემოსული კამათის შეწყვეტის შესახებ. ვის სურს სიტყვა ამის შესახებ? არავის. ვინ არის წინააღმდეგი კამათის შეწყვეტისა? არავინ. კამათი შეწყვეტილია. საპირადო განცხადებისათვის სიტყვა ეკუთვნის გობეჩიას. თქვენ განკარგულებაშია მხოლოდ 5 წუთი.

გობეჩია. (სოც.-რევ.) აქ მე მომაწერეს ის, რაც არ მითქვამს. მე არ მითქვამს - „ჯარი არ იბრძოლებს“. მაგრამ მე ვთქვი, რომ საქმე ისეა მოწყობილი, რომ ბრძოლა არ მოუხდება მას. თუ კი საჭიროებამ მოითხოვა, რასაკვირველია, საქართველოს რესპუბლიკის ჯარი იბრძოლებს.

თავმჯდომარე. მე საჭიროდ მიმაჩნია გავიმეორო ის, რაც ბ. გობეჩიამ სთქვა: „ჯარი არ იბრძვის და არც იბრძოლებსო“. აი, ეს სიტყვები წარმოსთქვა მან. თუ ეს თქვენთვის სადავოა, მაშინ მე იძულებული ვიქნები მოვითხოვო სტენოგრაფიული ანგარიშები და აღვადგინო მისი სიტყვები. (ხმა: არის საჭირო!) ამოწმებს თუ არა დამფუძნებელი კრება იმ შენიშვნას, რომელიც გაუკეთე ბ-ნ გობეჩიას? (ხმა: ამოწმებს, ამოწმებს! ტაში).

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს. ს. მდივანს.

სიმონ მდივანი. (სოც.-ფედ.) ბატონებო! მე თავი უნდა დავანებო იმას, რაც, როგორც ლოცვაში არის ნათქვამი, ბოროტმოქმედებიდან არის (ხმები: დაიწყეთ ლოცვები?) ლოცვა დავიწყე, მაგრამ აქ არის ხალხი, რომელიც ამ ლოცვას გვაგონებს. მე, რომ ამას მივცე დასასრული, ეს დასასრული უნდა იქნეს, რომ ამგვარ გამოსვლებს აქ ადგილი არ უნდა ჰქონდეს, როდესაც ჯარისათვის კრედიტი არის გასაღები.

არის საზოგადოებაში მითქმა - მოთქმა, რომ ჯარების შესახებ არავინ მზრუნველობას არ სწევს, მთავრობა ყურადღებას არ აქცევს, არავითარი კრედიტი, არავითარი თანხა არ არსებობს ჯარის საჭიროებისათვისაო. მაგრამ დღეს აქ შეეცადენ დაემტკიცებიათ, რომ არა თუ არ სდებს მთავრობა ფულს ჯარისათვის, არამედ პირიქით იხარჯება აუარებელი ფულიო. რომ ეს დაემტკიცებიათ, მოიგონეს რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი და ის უნდოდათ სინამდვილეთ გადაექციათ აქ, ამ ტრიბუნაზე.

მე მგონია, როდესაც ასეთი თანხის საკითხი წარმოდგება, ეს პრინციპიალურ საკითხად უნდა გადაიქცეს. და პრინციპი ჩვენი აზრით კი ასეთი უნდა იყოს: იზიარებთ თუ არა საერთოდ ასეთი თანხის გადადებას არაჩვეულებრივ საჭიროებისათვის და მეორე, როგორ და რაში უნდა დაიხარჯოს იგი კონკრეტიულად. არც ერთი ეს საკითხი არ წამოუყენებიათ, არც ორატორს ამ საკითხების შესახებ არაფერი უთქვამს. ერთმა განაცხადა, რომ არაჩვეულებრივ ხარჯებისათვის ჩვენ კრედიტის დასტურს ვერ მივცემთო, მაგრამ მეორე მისმა ამხანაგმა უარყო ეს შეხედულება, მესამემ მეორესი და ისე ბოლომდის (ხმა: რატომ ხდება, რომ სოც.-რევ. ისე ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს?).

მეორე საკითხია: ჩვენ არ ვიცით როგორ იხარჯება, ან რაში იხარჯება ეს ფულიო. მე მესმის ეს სთქვას დამფუძნებელ კრების გარეშე მყოფმა ადამიანმა და არა დამფუძნებელ კრების წევრმა. ის დამფუძნებელ კრების წევრი, რომელიც ამას განაცხადებს და სათანადო ზომებს არ მიიღებს, ის ვერ ასრულებს თავის პირდაპირ მოვალეობას. ვერ ასრულებს მოგახსენებთ, ვინაიდან მას აქვს ათასნაირი საშვალება ამის გამოსარკვევად. ერთი საშუალება არის ის რომ მას შეუძლია, ათასგვარ შეკითხვებით მიაქციოს მთავრობის ყურადღება ამისაკენ.

გობეჩიამ გვითხრა, რომ შეიძლება ასეთი კრედიტების გამოთხოვა მინისტრს ავი ზნეთ გადაექცესო. მე კი ვფიქრობ, რომ გობეჩიას და მის პარტიას ასეთი შეკითხვებით გამოსვლა, როდესაც სამხედრო კრედიტის გაღების საკითხები წყდება, მართლა ავადმყოფობად გადაექცევა. გობეჩიამ განაცხადა აქ, რომ პირველად ისინი თანახმა იყვნენ კრედიტის გაღებისა, მეორეთაც თანახმა იყვენ, მესამედ კი ცოტა წინააღმდეგი.... (ხმები: სოც.-რევ.-დან: არ გვითხრეს რაში იხარჯებოდა?) აქ იყავით მაშინ თქვენ და შეგეძლოთ გცოდნოდათ თუ როგორ და რაში იხარჯებოდა ეს ფული. ჩვენ გვაქვს ამის საშვალებანი. აქ არის დაარსებული სახელმწიფო კონტროლი, რომელიც ორნაირად ადევნებს ამას თვალყურს; შემდეგ გვყავს სამხედრო კომისიის მცირე კომისია, საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის მცირე კომისია, არის კიდევ კომისია, რომელსაც ამასთან კავშირი აქვს და თვალ-ყურს ადევნებს - ეს არის საგარეო კომისია. (ჯუღელი ადგილიდან: სამხედრო საბჭო, კიდევ!) სწორედ, როდესაც ეს საკითხი ირჩეოდა ერთ - ერთ კომისიაში იქ იყო მაშინ, თქვენი, სოც.-რევ. წარმომადგენელი ილია ნუცუბიძე და მან მართლაც დასვა საკითხი: შეიძლება თუ არა მივცეთ კონკრეტიზაცია ამ კრედიტსო. შეიძლება ჩამოვთვალოთ საყოველთაოდ და რაში უნდა დაიხარჯოს ეს კრედიტი. მაშინ იქ ითქვა, რომ გათვალისწინება იმისა წინ და წინ, თუ რაში იქნება საჭირო ეს კრედიტი, ყოვლად შეუძლებელია. შეგვიძლია დაახლოვებით ვიცოდეთ რა არის ეს საჭიროებანი, მაგალითად კრედიტი საჭიროა ნაწილობრივ მობილიზაციის მოსაწყობად, ჯარის გადასაყვან-გადმოსაყვანად და სხ. მე ვფიქრობ, რომ არა მარტო ნაწილობრივი არამედ მთელი მობილიზაცია რამდენჯერმე მოხდა. ორჯელ მოხდა ნაწილობრივი მობილიზაცია და დღეს კიდევ ნაწილობრივი ხდება. სოხუმში გაშლილია ერთი ბრიგადა და მეორე პოლკი (გვაზავა: არ არის მაგი საჭირო!) საიდან უნდა გავიღოთ ეს ფული (გვაზავა: არ არის საჭირო ამაზე ლაპარაკი!) აქ სთქვეს, თითქოს ამ ფონდის უმეტესი ნაწილი იხარჯებოდეს საიდუმლოთ. მაგრამ საიდუმლოთ იხარჯება სულ მცირე ნაწილი და ამაში დამემოწმება თავმჯდომარე საბიუჯეტო კომისიისა. ეს ცნობები ხელთ მაქვს და თუ გნებავთ მოგახსენებთ, ეს ყველასთვის აშკარა იყო და გობეჩიამაც, რომელიც წევრი არის საგარეო საქმეთა კომისიისა ეს კარგად იცის.

მეორე, თუ საკონტროლო ორგანოები არ ვარგა და ვერ ასრულებენ თავის მოვალეობას, კეთილ ინებეთ ბძანეთ, რომ ეს ორგანოები არ ვარგა და შევცვალოთ - უმრავლესობაც გამოგყვებით თუ კი რაიმე გაუმჯობესობას შევიტანთ ამ საკონტროლო ორგანოებში.

მე დღეს ვერ გავიგე, - გვაქვს თუ არა ჩვენ ფრონტი გობეჩიას წარმოდგენით. თუ ქუხილი(?) არის ფრონტი, მაშინ ჩვენ მართლა არ გვქონია ფრონტი, არც მამისონის, არც დენიკინის. მაშინ მართლა გაბოროტებული უნდა იყოს ადამიანი, რომ მამისონის უღელტეხილზე ჯარი გააჩეროს თუ ეს საჭირო არ არის.

აი, ასეთი არგუმენტით აქ გამოსვლა მე მიმაჩნია შეუძლებლად, თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს ფული გაფლანგულია ბოროტად, მოიღეთ მოწყალება, მოაწოდეთ დამფუძნებელ კრებას თქვენი საშუალება და როდესაც თქვენი ზომები უარყოფილი იქნება, მაშინ ბძანეთ, რომ ფული იხარჯება უანგარიშოდ და მიზანშეუწონლად.

რამდენიმე თვე სჭირდება კიდევ ჩვენი ბიუჯეტის დამტკიცებას და ამ ხნის განმავლობაში ჩვენ კიდევ მოგვიხდება ასეთი კრედიტის გახსნის შესახებ ლაპარაკი. ჩვენ გთხოვთ მომავალში მაინც გვიხსნათ ასეთ კამათისაგან და ისე დააყენოთ საკითხი, როგორც შეეფერება საქმის ვითარებას და ქვეყნის კეთილდღეობას.

(დეკრეტი კენჭის ყრით მიღებულია სოც. რევ. ფრაქცია წინააღმდეგია).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი:

დეკრეტი შინაგან-საქმეთა სამინისტროს საექიმო-სასანიტარო განყოფილების შტატისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცებისა.

მომხსენებელია ბ. იმნაიშვილი.

იმნაიშვილი. ამ დეკრეტის თანახმად თანხა უნდა იქნეს გაღებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მედიკურ-სანიტარულ განყოფილებისათვის, რომელსაც დავალებული აქვს ზრუნვა და ხელმძღვანელობა მედიკო-სანიტარულ საქმისა მთელ რესპუბლიკაში. იმ განმარტებითი ბარათიდან, რომელიც თან ახლავს ამ დეკრეტს სჩანს, რომ ხსენებულ განყოფილებას მრავალი დაბრკოლებანი ეღობება წინ თავის მოქმედებაში. ყველაზე უფრო მნიშვნელოვან დაბრკოლებათ მიჩნეულია ექიმ-მოსამსახურეთა მატერიალური უმწეობა.

როგორც მოხსენებიდან სჩანს ექიმები არ არიან უზრუნველყოფილნი იმდენად, რომ საშუალება ჰქონდეთ წავიდნენ ცალ-ცალკე მაზრებში და თავისი პირდაპირი მოვალეობა შეასრულონ ხალხის წინაშე. ამის გამო მედიკურ-სანიტარული განყოფილება შუამდგომლობს წარმოდგენილი ხარჯთ-აღრიცხვა დამტკიცებულ იქმნას დამფუძნებელი კრების მიერ.

საფინანსო კომისიამ განიხილა ეს პროექტი და მცირე შესწორებით ერთხმად მიიღო.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი დეკრეტის მუხლობრივ განხილვისა? წინააღმდეგი არავინ არის. (დეკრეტი მუხლობრივ განხილვის შემდეგ მიღებულია). მომხსენებელი კითხულობს შტატებს. ს.-დ. ფრაქციას შემოაქვს შესწორება: „შინაგან საქმეთა სამინისტროს საექიმო- სასანიტარო განყოფილების შტატის და ხარჯთ-აღრიცხვის დეკრეტში: 1. რემიგტონისტკას 925 მან. მაგიერ 1100 მან.; 2. რეგისტრატორებს 925 მაგიერ 1100 მან.; 3. კანცელარიის მოხელეს 925 მ. მაგიერ 1100 მანეთი“.

გიორგი ფაღავა. ჩვენი შესწორება გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ გვინდა აღნიშნული თანამდებობის პირნი თავისი ჯამაგირით გაუსწორდენ სახელმწიფო კონტროლის მოსამსახურეებს. ეს დეკრეტი მაზრებისა და ქალაქების სამოსამართლო ექიმებსა და ფერშლებს შეეხება. სამოსამართლო მედიცინა ჩვენში არ არის დაყენებული სასურველ ნიადაგზე. ამის უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ექიმები და ფერშლები არ არიან ნივთიერათ უზრუნველყოფილნი. ექიმების ჯამაგირი უდრის 500 მან. ქალაქის ექიმებიც ასეთსავე მდგომარეობაში არიან. მათ არ ეძლევათ აგრეთვე საგზაო ხარჯების დასაფარავი თანხა, რომ სამოსამართლო მედიცინა სათანადო სიმაღლეზე იდგეს, რასაც ფრიად დიდი მნიშვნელობა აქვს - ვინაიდან ხშირად სისხლის სამართლის საქმეების წარმოება შეჩერებულია ექიმებისაგან, სათანადო შემოწმების უქონლობის გამო. უწყება შუამდგომლობს დამტკიცებულ იქნას დეკრეტში მოხსენებული ხარჯთაღრიცხვა.

(შესწორებანი მიღებულ იქმნა. დეკრეტი საერთოდ მიღებულია)

თავმჯდომარე. შემდეგი დეკრეტი. მომხსენებელია იმნაიშვილი.

. იმნაიშვილი. (ს.-დ.) ეს დეკრეტი შეეხება იმ ზედ-მეტ ხარჯებს, რომელიც რკინის გზის უწყებას აქვს გაღებული ამ წლის პირველი იანვრიდან პირველ ივნისამდე სათბობი მასალის გაძვირების გამო: ორთქლმავალთ, წყალთ-საქაჩავთ და წყალსადენ ქვაბების საჭიროებისათვის. ეს ზედმეტი ხარჯები გამოუწვევია იმ გარემოებას, რომ პირველ იანვრისთვის ყოფილა მაზუთის ფასი 1 მან. და 77 კ. პირველ იანვრიდან ის 11 მანეთზე ასულა, მაისშიც 9 მან. ნაკლებ დაწეულა. ამ გარემოებას გამოუწვევია ზედმეტი ხარჯების გაღება რკინიგზის გზის უწყებისაგან 5 თვის განმავლობაში. ორთქლმავალებზე ფაქტიურად დახარჯულა 19.204.316 მ. დამატებითი ხარჯი უდრის 11.744.481 მან. წყალ-საქაჩავ ქვაბებისათვის ფაქტიურად დახარჯულა 1.783.716 მან. ზედმეტი ხარჯი გაუწევია უწყებას: 1.235.651 მან. წყალსადენ ქვაბების საჭიროებისათვის ფაქტიურად დახარჯულა 511.906 მან. ზედმეტი ხარჯი უდრის 326.192 მ. ეს ზედმეტი ხარჯები შეადგენს სულ 13.306.324 მ. ეს ხარჯები ფაქტიურად გაწეულია და რკინის გზის უწყება შუამდგომლობს, იქნეს ის ანაზღაურებული ხაზინიდან. ამ დეკრეტს ახლავს დადებითი დასკვნა სახელმწიფო კონტროლის, ამას საფინანსო კომისიაც ადასტურებს.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივი განხილვის? წინააღმდეგი არავინაა. გთხოვთ წაიკითხოთ.

მომხსენებელი. (კითხულობს).

თავმჯდომარე. დეკრეტი მუხლობრივ განხილვით მიღებულია. სიტყვა ეკუთვნის ბ. მდივანს.

. მდივანი. 11 ივლისის დეკრეტის ძალით დამფუძნებელმა კრებამ მთავრობას მისცა უფლება ემისიისა და ეს უფლება განსაზღვრული იყო 300 მილ. მანეთით. ეს თანხა 10 ოქტომბრისათვის უკვე თითქმის დახარჯული იყო და სულ არის დახარჯული 247.657.800 მან. დარჩენილია 52.342.200 მან. როგორც მოგეხსენებათ, ეს ფული იხარჯება იმ დეკრეტების მიხედვით, რომელიც მიღებულია დამფუძნებელი კრების მიერ სხვა და სხვა დროს. ამ ხარჯთაღრიცხვაში შეუტანელია, უმთავრესად სამხედრო ხარჯები 63.673 ათასი მან. სახალხო გვარდიაზე დაიხარჯა 24.493 მან. შემდეგ იყო სხვა და სხვა დროს მიღებული დეკრეტები, რომლის ძალითაც ხარჯების დასაკმაყოფილებლად იყო გადადებული თანხა. დღეს იცით აგრეთვე, რომ მომავლისათვის არის მიღებული რამდენიმე დეკრეტი, რომლის ძალით საქართველოს რესპუბლიკის ხაზინიდან უნდა გაღებული იქმნას ფული სასურსათო საკითხის დასაკმაყოფილებლად. სულ ახლო ხანში გავიღეთ 50 მილიონი მანეთი მუშა მოსამსახურეთა პირველ საჭიროების საგნების შესაძენად.

ამისთვის ფინანსთა მინისტრი შევიდა შუამდგომლობით მთავრობაში, რომ მან ნება მისცეს ახალი ემისიისა. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში იყო განხილული ეს საკითხი. ყოველი საკითხი, რომელიც იმასთან არის დაკავშირებული, როგორიც არის ჩვენი ეკონომიური, ვაჭრობის, წარმოების მდგომარეობა, ყოველი ეს გათვალისწინებული იყო. სხვა და სხვა ზომები იყო მიღებული მთავრობისაგან, მაგრამ აუცილებლობა ამ ემისიის უფლების მიცემისა სცნო საჭიროდ და შუამდგომლობს დამფუძნებელი კრების წინაშე ეს უფლება მიენიჭოს მთავრობას.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისთვის სიტყვა ეკუთვნის ბატონ ლ. შენგელაიას.

ლეო შენგელაია. (ს.-რ.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! სამი თვის წინედ დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტი 300 მილიონი ქართული ბონის გამოცემის შესახებ. ჩვენი ფრაქცია მაშინ წინააღმდეგი იყო ამ ბონების გამოცემისა, რადგანაც ჩვენ ვიცოდით, რომ ახალი ბონების გამოცემა ვერ გამოაკეთებდა ჩვენს მდგომარეობას, ვერ გაანელებდა არსებულ ფინანსიურ კრიზისს.

სამი თვის განმავლობაში თოვლივით სცვივოდა ფინანსიური დეკრეტები. არ დარჩენილა არც ერთი სამინისტრო, არ დარჩენილა არც ერთი უწყება, რომ ამა თუ იმ სახით არ მიეღოს მილიონები.

როგორც სჩანს, ბონები უკვე გამოილია. დღეს მთავრობა ითხოვს ახალი ემისიის უფლებას. წარმოდგენილი დეკრეტის თანახმად უნდა გამოიცეს კიდევ 800 მილიონი ბონი. ამ დეკრეტის დასაბუთება ეკონომიური თვალსაზრისით ჩვენის აზრით ყოვლად შეუძლებელია. ჩვენში აუარებელი ფულის ნიშნები არის და კიდევ ახალი ბონების გამოცემა მხოლოდ დასცემს ჩვენი ბონის კურსს და უფრო გაამწვავებს არსებულ კრიზისს.

მარქსისტების ერთ-ერთი დებულება ამბობს: ჩვენ ვიტანჯებით იმიტომ, რომ ჩვენში კაპიტალიზმი განვითარებული არ არის... ეს დებულება ამ შემთხვევაში ასე შაიძლება გადავაკეთოთ: ჩვენ ვიტანჯებით იმიტომ, რომ ბევრი ფულები გვაქვს, ანუ უკეთ, რომ ვსთქვათ გვაქვს ფულის ბევრი სუროგატი.

ასეთი პირობებში სახელმწიფოს საღი ფინანსიური პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ რაიმე ნაირად ეს ბონები ხაზინას დაუბრუნდეს, ესე იგი სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს არა მარტო გასავალი, არამედ შესაფერი შემოსავალიც. ჩვენ ბიუჯეტის პროექტი, რომ ავიღოთ იქ ყველაფერი რიგზე არის, იქ ჩვენ იმდენი შემოსავალი გვაქვს, რამდენიც გასავალი, მაგრამ სამწუხაროდ სინამდვილეში ეს ასე არ ხდება და ამიტომაც არის, რომ ჩვენ იძულებული ვართ ყოველ ორ-სამ თვეში ახალი ბონები გამოვსცეთ.

აქ ხშირად გვეუბნებიან, რომ ჩვენში მთავრობის ეკონომიური პოლიტიკა საუკეთესოა, რომ ამ პოლიტიკას მისდევენ არა მარტო ჩამორჩენილ ქვეყნებში, არამედ თვით მოწინავე ქვეყნებშიო და სხვა. მე არ ვიცი ღმერთმაც ქნას, რომ ეს ასე იყოს, მაგრამ მე ვიცი, თუ ჩვენ განვაგრძეთ, ისევ ძველი გზით სიარული, თუ ჩვენ დავეყრდნეთ მხოლოდ მბეჭდავ მანქანას - ჩვენ მალე შევქმნით ისეთ მდგომარეობას, რომ ბონების გამოცემასაც ვერ შევძლებთ. დღემდის ჩვენი ფინანსიური პოლიტიკა ხასიათდება შემდეგი დებულებით: ჩვენ ნომინალურად გავადიდეთ ჩვენი შემოსავალი, ხოლო რეალურათ გავადიდეთ ჩვენი გასავალი. ჩვენს ბიუჯეტში, რომ მარტო სახელმწიფო მამულებიდან შემოსავალი ნავარაუდევია 574 მილიონი, ესე იგი მთელი ჩვენი წლიურის შემოსავლის ნახევარი, - აქ მიღებულია მხედველობაში ის ფულები, რომელიც უნდა შემოსულიყო მიწების გაყიდვიდან, სულ 252 მილიონი მანეთი. მართლაც როდესაც პარლამენტში ირჩეოდა აგრარული საკითხი, მაშინ ბ. ხომერიკი და მისი ამხანაგი გვიმტკიცებდნენ: აი მიწებს გავყიდით, ხაზინაში ფულები შემოვა, ამით გავანელებთ ფინანსიურ კრიზისს, დავწევთ ბონის კურსს, გავიყვანთ არხებს, გავაშრობთ ტბებს, მოვაწესრიგებთ მელიორაციის საქმესო და სხვა. ყველაფერი ეს, როგორც ვიცით, ზღაპარი გამოდგა, ამ გზით ჩვენს ხაზინაში არ შემოსულა. ბიუჯეტში არის, აგრეთვე ტყეების ექსპლოატაციიდან შემოსავალი. ჩვენ მართლა გვაქვს 2 მილიონი დესეტინა ტყე. ეს მთელი სახელმწიფო არის, ეს უდიდესი სიმდიდრეა და, რომ მისი ექსპლოატაცია რაციონალურად იყოს დაყენებული, ჩვენ მარტო ეს შემოსავალი გვეყოფოდა, დღეს აქედან არამც თუ არ შემოდის უდიდესი შემოსავალი, იმდენიც არ შემოდის, რომ უწყებამ დაიქირაოს საკმაო რიცხვი დარაჯებისა და მით ტყე განადგურებას გადაარჩინოს.

მეორეს მხრით ზღაპრულად იზრდება ჩვენი გასავალი, საილიუსტრაციოდ საკმარისია ავიღოთ სამხედრო სამინისტრო. ამ სამი თვის განმავლობაში, როგორც ეს წარმოდგენილი განმარტებითი ბარათიდან სჩანს, სამხედრო სამინისტროს დაუხარჯავს 63 მილიონი და თუ ამას დაუმატებთ იმ 24 მილიონს, რომელიც დაუხარჯავს გვარდიას - გამოდის, რომ სამი თვის განმავლობაში დახარჯულია ასი მილიონზე მეტი. ჩვენი ბიუჯეტით სამხედრო სამინისტროს წლიური გასავალი არის 251 მილიონი. თუ მხედველობაში მივიღებთ ჯარის მომხდარ რეორგანიზაციას - მაშინ ჩვენთვის აშკარა იქნება, თუ რამდენათ შეუფერებელია ეს ხარჯები.

ამნაირად ჩვენი ფინანსიური პოლიტიკის დევიზი დღემდის იყო - მაქსიმუმი გასავალი და მინიმუმი შემოსავალი. თუ ჩვენ გვინდა ოდესმე თავი დავახწიოთ არსებულ კრიზისს, უნდა შევცვალოთ რადიკალურათ ფინანსიური და ეკონომიური პოლიტიკა. ჩვენი ლოზუნგათ უნდა გახდეს მაქსიმუმი შემოსავალი, მინიმუმი გასავალი.

ჩვენში ფულები ხშირად უკანტროლოდ და უსისტემოდ იხარჯება. ყოველი სამინისტრო, ყოველი უწყება ცალკე სახელმწიფოს წარმოადგენს. ყოველი მათგანი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი კრედიტები მიიღოს. ჩვენ უნდა შევამციროთ ხარჯები ყველგან.

აქ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენს დაწესებულებებში გამეფებულია ცარცვა- გლეჯა და ყაჩაღობა. თუ ეს ასე გაგრძელდა, ბონები ვერ გვიშველის. თუ ყოველმა მოხელემ მოისურვა მილიონერი გახდეს, ჩვენ ამას ვერ ავიტანთ.

ჩვენში დღეს არის გაჩაღებული მხოლოდ ერთი წარმოება - ეს არის ბონების წარმოება. ამ წარმოებაში ჩვენ დიდი წარმატება გვემჩნევა. ქართული ბონების გამოცემამდი ჩვენ ვიყავით პასუხისმგებელნი 400 მილიონი ბონის, შემდეგ გამოვეცით 300 მილიონი და თუ დღეს კიდევ გამოვცემთ 300 მილიონს - ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებელნი მილიარდი ბონების. ეს ისეთი დიდი ციფრია, რომ მას ჩვენი პაწია ქვეყანა ვერ აიტანს. მთავრობას არავითარი გარკვეული ხაზი არც პოლიტიკაში და არც ეკონომიკაში არა აქვს. ის ხან კერძო ინიციატივას ეყრდნობა, ხან საზოგადოებრივ ინიციატივას. ჩვენს მდგომარეობაში საჭიროა გარკვეული ხაზი და გაბედული ნაბიჯები.

სახელმწიფო უნდა ჩაერიოს აქტიურად ეკონომიურ ცხოვრებაში, უნდა წარმართოს იგი ახალი გზით, ახალი მიმართულებით. სახელმწიფომ უნდა მოჰკიდოს ხელი კოლექტიურ წარმოებას. ის უნდა გამოვიდეს, როგორც უდიდესი მწარმოებელი და თუ თქვენ ჩვენს ხალხს მიაწვდით ფაბრიკატებს, მიაწვდით პირველ მოთხოვნილების საგნებს - ის ბონებს სიამოვნებით დაგვიბრუნებს.

უნდა მიექცეს ყურადღება აგრეთვე გადასახადებს.

გადასახადების სისტემაში ჩვენში არავითარი პრინციპი და გეგმა არ არის. ჩვენი მთავრობა მიმართავს, როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ გადასახადებს. უკანასკნელ ხანებში გახშირდა სპეციალური გადასახადები - როგორიც არის მიწის, სანიტარული გადასახადი და სხვა.

ჩვენი ხალხი წინააღმდეგია ასეთი გადასახადების. მას სამართლიანად მიაჩნია მხოლოდ შემოსავლის კვალობაზე დაწესებული გადასახადი. ჩვენ სრულებით არა გვაქვს გადასახადთა ამკრეფი აპარატი, ჩვენში ბევრია ხალხი, რომ რევოლიუციის შემდეგ კაპიკი არ გადაუხდია და არ გადაუხდია იმიტომ კი არა, რომ არ სურს გადაიხადოს, არამედ იმიტომ, რომ მისგან გადასახადები არავის მოუთხოვნია. თუ რამდენად დაშლილი არის გადასახადთა ამკრეფი აპარატი ჩვენში, მოწმობს სანიტარული გადასახადის ისტორია. სტატისტიკური ცნობებიდან ჩვენ ვიცით, რომ სანიტარული გადასახადი ვაჭრებმა უკვე, სამ-ოთხჯერ აიღეს და მე ვერ გამიგია, თუ ვაჭარმა, რომელმაც ხშირად ხელის მოწერა არ იცის, სამჯერ აკრიფა სანიტარული გადასახადი, ნუ-თუ ჩვენმა მთავრობამ ის, ერთხელ მაინც ვერ აკრიფა?!

თუ ვერ აკრიფა, ალბად იმიტომ, რომ ამის უნარი მას არა აქვს. საერთოდ ჩვენში გადასახადების საქმე ცუდათ არის, ამაში დამნაშავეა არა ხალხი, რადგანაც, როგორც მოგახსენეთ, ხალხი არ არის პროგრესიული გადასახადების წინააღმდეგი, ამაში დამნაშავეა მმართველი პარტია და მისი პოლიტიკა. დღეს ჩვენში გადასახადს არ იხდის არც ბურჟუაზია და არც დემოკრატია, რადგანაც მმართველი პარტიის პოლიტიკით არავინ არის კმაყოფილი. მართალია მენშევიკები აშენებენ ბურჟუაზიულ სახელმწიფოს, ისინი იღწვიან ბურჟუაზიის ბატონობისათვის, მაგრამ ჩვენი ბურჟუაზია პრაქტიკის საკითხია. მან თვითონ უნდა აკეთოს თვისი საქმე. ამიტომ ის თავის არამკითხე აპეკუნებს ფულებს არ მისცემს. არ იხდის გადასახადებს დემოკრატიაც, რადგანაც მისი საგრძნობი ნაწილი ვერ იხდის, ხოლო დანარჩენი არ იხდის იმიტომ, რომ მას არ უნდა, რომ მისი ფულებით კეთდებოდეს სხვისი, ბურჟუაზიის საქმე.

ამნაირად, ბატონებო, ჩვენ გვესაჭიროება არა ახალი ბონები, არამედ ჩვენ გვინდა ახალი კურსი, როგორც პოლიტიკაში, ისე ეკონომიკაში და მხოლოდ ეს კურსი ასწევს ჩვენი ბონების კურსსაც.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ღლონტს. (ხმები: უკვე სამი საათია).

. ღლონტი. (ს.-ფ.) ბატონებო!..

თავმჯდომარე. ჯერ სამ საათს 5 წუთი უკლია. თქვენ ამდენხანს უნდა შემოგეტანათ ამის შესახებ წერილობითი განცხადება თუ გნებავდათ. ეხლა უკვე მივეცი სიტყვა ორატორს. გთხოვთ განაგრძოთ თქვენი სიტყვა.

. ღლონტი. ბ-ო! როდესაც 2 ივლისს ჩვენ პირველი ნაბიჯი გადავდგით ქართული ბონების გამოსაცემად საქართველოში, ჩვენ მაშინ ავღნიშნეთ ის მდგომარეობა, რომელშიაც მოსალოდნელი იყო ჩავარდებოდა ქართული ფული, ქართული ფულის სურაგოტი, ქართული ფულის არსებობა. ჩვენ ავღნიშნეთ მაშინ, რომ თუ საზოგადოთ ევროპის დიდ სახელმწიფოთათვის არის მძიმე ფულის საკითხის მოგვარება, მით უმეტესად უფრო ძნელი იქნება იგი ისეთ სუსტ სახელმწიფოსათვის, როგორიც არის საქართველოს რესპუბლიკა. მე ვამბობ, ფაქტიურად შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, რომ არა ქართულ ბონებს აქვს უპირატესობა, თვით ამიერ კავკასიის ბონებს. და მართლაც, ქართული ბონი დაეცა არა სტერლინგებთან შედარებით, არამედ უფრო იგი დაეცა ამიერ-კავკასიის ნიშნებთან შედარებით. ამ ჟამად ამიერ-კავკასიის ბონები ბაზარზე იყიდება 3-60%25 უფრო ძვირად, ვინემ ქართული ბონი. (ხმა: ტყუილია, შემცდარია!) მხოლოდ ერთ რამეში არ გამართლდა ჩვენში პროგნოზი. ეს კერენსკების და ნიკოლოზის ფულის შესახებ. ესენი მართლაც ძლიერ დაეცნენ. მაგრამ ამ დაცემას თავისი გასამართლებელი მიზეზები აქვს. ეს არის ის, რომ დენიკინმა ძლიერ წაიწია წინ, ბოლშევიკები მოწყდენ გარეშე ბაზარს, მოწყდენ ზღვებს და დიდძალი ფულის ბრუნვის ასპარეზი შეიზღუდა, მაშასადამე, საქონლის ცირკულიაცია შესუსტდა, და ამიტომაც დაეცა ფასი. ეს არის ობიექტიური მიზეზი, იმისა, თუ რატომ დაეცა ნიკოლოზის ფულის და კერენსკის ფასი. რასაკვირველია შეიძლება კიდევ დავასახელოთ მიზეზები კერენსკის კურსის დაცემისა, მაგრამ მე არ დავასახელებ იმიტომ, რომ კერენსკის ფასის დაცემა არ არის ჩვენი ფულის ფასის გაძლიერების და ჩვენი ეკონომიური აღორძინების წინამორბედი. მძლავრ სახელმწიფოებთან შედარებით ჩვენი ბონების კურსი ძალიან დაცემულია. ეს კიდევ სავალალოა ჩვენი ეკონომიური ცხოვრებისათვის. რაში გამოიხატება ჩვენი ფულის კურსის დაცემა. ეს გამოიხატება იმაში, რომ ის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ გვაქვს გაიზრდება ძალიან, როდესაც ჩვენი ფულის ფასი დაეცემა. მაშასადამე, სახელმწიფოებრივი პოლიტიკა საფრთხეში ჩავარდება, გაიზარდა სიძვირე ისე, რომ იგი აუტანელი გახდება დემოკრატიისათვის. ჩვენი ფულის მდგომარეობის უმთავრესი უბედურება იმაში კი არ არის თითქო ინგლისის უპასუხისმგებლო ჯგუფები, ან და ევროპის სპეკულიანტების მიერ იყოს გამოწვეული ჩვენი ფულის კურსის დაცემა. არა, ეს გარეშე მიზეზები არ იწვევენ ასეთ მოვლენას. ამას აქვს შინაგანი მიზეზები, რომელიც გამომდინარეობს საეკონომიო პოლიტიკიდან, და ამას მივაქცევ მეც თქვენს ყურადღებას. ის ნაკლი, რომელიც ახლავს და ქმნის ფულის კრიზისს მოითხოვს ჩვენგან დიდ ყურადღებას, ვიდრე გარეშე არსებული პირობები. ჩვენი ფულისათვის და ბიუჯეტისათვის ერთ რამეს აქვს მნიშვნელობა. აქვს მნიშვნელობა იმას, თუ როგორ შევძლებთ ჩვენ სახელმწიფო აპარატით გადასახადების შეკრებას. მაგრამ ეს არ არის მთავარი. დემოკრატიული სახელმწიფო არ აქცევს მთავარ ყურადღებას გადასახადების შეკრებას. უმთავრესია მრეწველობის და საწარმოო ენერგიის გაძლიერება - აი ეს არის მთავარი და არა გადასახადების სისტემა. უმთავრესი არის ვიმეორებ მრეწველობის და წარმოების ინტენსიური განვითარება.

მე ამას მივაქცევ თქვენ ყურადღებას და აღვნიშნავ იმ დეფექტებს, რომლებიც გვაქვს ჩვენ. ჩვენ, რომ საეკონომიო სისტემა არა გვაქვს, ამას ამტკიცებს მრეწველობის მდგომარეობა ჩვენში. ავიღოთ მაგალითისთვის იგი (მრეწველობა). გასულ კრებაზე აქ ვაჭრობა-მრეწველობის უწყების წარმომადგენელმა ჩვენ გვისაყვედურა, რომ თითქოს ჩვენ არ მოგვეპოვება სწორი მოსაზრება და ის მასალები, რომელიც ჩვენ მოვიყვანეთ თითქოს არ შეეფერებოდა სინამდვილეს.

ახლა ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა აღვნიშნო ზოგიერთი რამ ჩვენი მთავრობის საეკონომიო პოლიტიკიდან, მით უმეტეს, რომ ეს მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ საკითხთან, რომლის შესახებაც ახლა გვაქვს საუბარი.

ჩვენ იქ ვამტკიცებდით, რომ ჩვენში, ჩვენ სახელმწიფო ნიადაგზე, ისპობა მრეწველობის დაწესებულებანი, მაშინ, როდესაც ჩვენ ირგვლივ, მეზობელ რესპუბლიკაში არსდება სამრეწველო დარგები-თქო.

ვიმეორებ, მარტო გადასახადების შეკრება არ არის საკმაო. მრეწველობის და აღებ- მიცემობის განვითარება ქმნის სახსარს, წყაროს, რომელიც ამტკიცებს ფულს და ბონებს. მთავრობის სათავეში მყოფი ხალხი ამ მთავარ საძირკველს ვერ აქცევენ ყურადღებას და ვერ უვლიან ამ დარგებს, რომლებიც შეადგენენ ჩვენი მოვლის აუცილებელ საგნებს. ავიღოთ მაგალითად თამბაქოს საქმე. აქ ვაჭრობა და მრეწველობის უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თამბაქოს და პაპიროსებს თავისუფლად ვაძლევდით გარეშე სახელმწიფოებსო. მაგრამ დაშალეს მაშინ ის, რომ სწორედ ამ ნიადაგზე შეიქმნა აზერბაიჯანში და სომხეთში ქარხნები.

მაგრამ კიდევ უფრო უარესი არის ის, რაც უწარმოებია მთავრობას ჩვენ საეკონომიო პოლიტიკაში. სახელდობრ მას გადაუწყვეტია, რადგანაც კარგი ფასებია უცხო ბაზარზე თამბაქოზე, ამიტომ საჭიროა აქედან ფოთლოვან თამბაქოს გატანა უცხო ბაზარზე, ვინაიდან იქ დიდი ფასები არის და მოგება დაგვრჩებაო. მე ვამბობ აქ არის ეკონომიური სისუსტე, ეკონომიური უნიადაგობა. რას ნიშნავს გავიტან თამბაქოს ფოთლებს უცხო ბაზარზე, ვინაიდან იქ მას მაღალი ფასები აქვსო? ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ამას სჩადის ფისკალურ მოსაზრებით. ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა არ უნდა იყოს დაყრდნობილი ფისკალურ მიზნებზე, ჩვენ უნდა ვცდილობდეთ თვით საქართველოში შევქმნათ ნიადაგი მრეწველობის და აღებ-მიცემობის განსავითარებლად.

ჩვენ უნდა მივიღოთ სახელმძღვანელოდ ის, რომ ჩვენში განვითარდეს ადგილობრივი მრეწველობა და თუ მოგვეპოება რაიმე ნედლი, დაუმუშავებელი მასალა, ჩვენ უნდა ვეცადოთ იგი აქვე გადავამუშავოთ. თუ ჩვენ მივიღებთ ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს წარმომადგენელის აზრს, რომ გავიტანოთ გადაუმუშავებელი მასალა, რადგან დღეს ასეთ ნედლ მასალას საზღვარ-გარეთ მაღალი ფასები აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს გავიტანთ თამბაქოს, ხვალ კიდევ სხვას, ამას მიეცემა სისტემატიური ხასიათი. ხოლო ეს გარემოება ძირს გამოუთხრის ჩვენი მრეწველობის განვითარებას და ისევ სხვა ქვეყნებს მივცემთ საშუალებას ისარგებლონ ნედლი მასალით და განავითარონ საკუთარი მრეწველობა.

ჩვენ, რომ გარკვეული და მიზანშეწონილი ეკონომიკური პოლიტიკით ვმოქმედობდეთ, არ ვიქნებოდით გატაცებულნი დაუმუშავებელი მასალის გატანით და მისგან მიღებულ შემთხვევით შემოსავალით, ჩვენ ყოველ ღონისძიებას ვიხმარდით ხელი შეგვეწყო უპირველესად ყოვლისა ჩვენი მრეწველობის განვითარებისათვის; და მაშინ ჩვენ ნათლად დავინახავდით, რომ ამ გზით ჩვენი მოგება გაცილებით უფრო დიდი და ძვირფასი იქნება ვიდრე ისეთ შემთხვევაში მოგება, როგორც არის გადაუმუშავებელი საქონლის გატანა. წარმოიდგინეთ, რომ ხვალ ევროპაში ამ საქონელზე ფასები დაეცა, მაშინ ხომ ასეთი პოლიტიკა გამარჯვებული იქნებოდა. რაღას იზავდით მაშინ, დააბრუნებდით ამ საქონელს და შეუდგებოდით მის დამზადებას, მაგრამ ეს მეტად დაგვიანებული იქნებოდა.

თავმჯდომარე. უკაცრავად, ბატონო ორატორო, უკვე სამ საათზე მეტია. რეგლამენტის თანახმად სხდომა იხურება სამ საათზე. როგორ გნებავთ: განვაგრძოთ კრება, თუ გადავდოთ? არის წინადადება განვაგრძოთ კრება და საშვალება მივცეთ ორატორს დაათაოს სიტყვა. (კენჭის ყრით კრება გადადებულია).

სხდომა იხურება 3 საათსა და 5 წუთზე.

4.13 ორმოცდამეჩვიდმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(57)

1919 წელი, ოქტომბრის 31. ტფილისი, სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალ. ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი,

გრ. ნათაძე,

სიმონ მდივანი.

სხდომა იწყება ნაშუადღევის 12 ს. 20 წ.

თავმჯდომარე. გთხოვთ დაბრძანდეთ, სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი. (კითხულობს კომისიებში გადასაცემ კანონპროექტთა ნუსხას და დღიურ წესრიგს).

კომისიებში გადასაცემი საკანონმდებლო აქტები.

1. განათლების კომისიის პროექტი დეკრეტისა - საქალაქო უწყებათა სახელმწიფო მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატების შესახებ. გადაეცემა შრომის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას.

2. შინაგან-საქმეთა სამინისტროს ვეტერინარულ განყოფილების და სავეტერინარო პერსონალის შტატებისა და ჯამაგირების შესახებ. - საბიუჯეტო-საფინანსო კომისიათ.

3. შინაგან-საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - ფოსტა-ტელეგრაფის კორესპონდენციის ნიხრის გადიდების შესახებ. გადაეცა საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

4. შინაგან-საქმეთა მინისტრის, დეკრეტი - მაზრის მილიციის ჯამაგირის გადიდებისა. - საბიუჯეტო-საფინანსო და ადგილობრივ მმართველობის და თვითმმართველობის კომისიას.

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი - სამხედრო საჭიროებისათვის 15 მილ. მან. გადადების დეკრეტისა.

2. საბოლოო ტექსტი - სახაზინო რკინის გზის სამმართველოსათვის 13.306.324 მან. დამატებით კრედიტის გახსნის დეკრეტისა.

3. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - გზატკეცილების სამმართველოს წარსული წლის ხარჯების დასაფარავად 180.730 მან. და 22 კაპ. გადადების შესახებ.

4. პროექტი დეკრეტისა - გზატკეცილების სამმართველოს განკარგულებაში 380.000 მან. კრედიტის გახსნისა - ოსეთის სამხედრო გზის შესაკეთებლად.

5. პროექტი დეკრეტისა - ვექილობის უფლების განსაზღვრისა და ნაფიც ვექილთა ახალი საბჭოს არჩევისა.

6. შინაგან-საქმეთა მინისტრის განცხადება შინაურ მდგომარეობის შესახებ.

7. გაგრძელება მსჯელობისა - საქართველოს რესპუბლიკის ბონების გამოცემის განგრძობის დეკრეტის შესახებ.

8. პირველი (ზოგადი) განხილვა ფინანსთა მინისტრის საბჭოს დებულებისა.

9. სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქციის წინადადება საგანგებო კომისიის არჩევის შესახებ - მოუსავლობის გამო დაზარალებულთა მდგომარეობის ადგილობრივ გამოსარკვევად.

10. ყოფილი ტფილისის ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის მოსამსახურეთა სალიკვიდაციო ხარჯების დასაფარავად 100.000 მან. გადადების დეკრეტისა.

თავმჯდომარე. წინადადება გახლავთ შემოტანილი, რომ მეხუთე საკითხი დღიური წესრიგისა, შესახებ ვექილების უფლების განსაზღვრისა და ნაფიც ვექილთა ახალი საბჭოს არჩევისა, ბოლოში იქნას მოქცეული. ვის სურს სიტყვა ამის შესახებ? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი შემოსულ წინადადებისა? არავინ. წინადადება მიღებულია.

პირველი საკითხი გახლავთ: საბოლოო ტექსტი სამხედრო საჭიროებისთვის 15 მილ. მანეთის გადადების დეკრეტისა. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. გრიგოლ ნათაძეს.

გრ. ნათაძე. (კითხულობს დეკრეტის საბოლოო ტექსტს. ტექსტი მიღებულ იქმნა უცვლელად).

თავმჯდომარე. მეორე საკითხი: საბოლოო ტექსტი სახაზინო რკინის გზებისთვის კრედიტის გახსნის დეკრეტისა. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. ნათაძეს.

გრ. ნათაძე. (კითხულობს საბოლოო ტექსტს. დეკრეტი მიღებულ იქმნა უცვლელად);

ზოგადი განხილვა დეკრეტისა - გზატკეცილების სამმართველოსთვის წარსულ წლის ხარჯების დასაფარავად 180.730 მან. კრედიტის გახსნისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. ასათიანს.

ალ. ასათიანი. (ერ.-დემ.) წრეულს გზათკეცილების უწყების მიერ მეტი თანხა დაიხარჯა, ვინემ ამისთვის გახსნილი იყო კრედიტი. ის ხარჯები, რომელიც წარსულ წელს უწყებას მოუვიდა, ამ კრედიტით ვერ დაიფარა და დარჩა განსაკუთრებული დაუფარავი თანხა.

უწყება სთხოვს დამფუძნებელ კრებას დაამტკიცოს „180.730“ მანეთის ხარჯი, რომელიც უწყების მიერ გაწეული იყო წარსულ წლის განმავლობაში.

საფინანსო კომისიამ განიხილა ეს, საკითხი მიიღო ეს კრედიტი და ეხლა წინადადებას აძლევს, დამფუძნებელ კრებას დაამტკიცოს იგი.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ამის შესახებ? მსურველი არავინ არის? ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ. მაშასადამე მომავალ სხდომაზე დაუბრუნდებით მეორე განხილვას.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი:

პროექტი დეკრეტისა, გზატკეცილების სამმართველოს განკარგულებაში 380.000 მან. კრედიტის გახსნისა - ოსეთის სამხედრო გზის შესაკეთებლად.

მომხსენებელნი არიან: წულაია და ჭავჭანიძე. სიტყვა ეკუთვნის პირველ მომხსენებელს ბ. წულაიას.

წულაია. (კითხულობს დეკრეტის სათაურს) დეკრეტის შინაარსი ასეთია: (კითხულობს დეკრეტს) ეს გზა, როგორც არის აღნიშნული განმარტებითი ბარათში, განიყოფება ორ ნაწილად: ერთი ნაწილი ქუთაისიდან - ჭრებალომდე, რომლის სიგრძე 66 ვერსია და რომლის მდგომარეობა შედარებით უმჯობესია. ხოლო რაც შეეხება მეორე ნაწილს მისი სიგრძე 109 ვერსია; აქ კი შედარებით ძალიან გლახა მდგომარეობაა.

აქ შეიძლება მოგზაურობა მხოლოდ კარგ ამინდში, ცუდ ამინდში კი მიმოსვლა შეუძლებელია. ამიტომ საგზაო უწყება თხოულობს იმ თანხის გაღებას, რომელიც არის მოხსენებული განმარტებითი ბარათში.

აქ არის წამოყენებული მთავარი დებულება და შეხედულება ფინანსთა უწყებისა, რომელსაც ამ თანხის გაღების საწინააღმდეგო არა აქვს რა. მხოლოდ უწყების აზრით ეს საჭიროება უნდა დაკმაყოფილებულ იქნას 100 მილიონიან ფონდიდან და არა განსაკუთრებული თანხის გაღებით. ამის შესახებ, ჩვენ დავიბარეთ უწყების წარმომადგენელი, რომელმაც გაგვაცნო საქმის ვითარებას და აღნიშნა, რომ ის თანხა, რომელიც იყო გადადებული საკმაო არ არის და საჭიროა ფულის გამოთხოვა დამატებით.

აქვე არის დართული გზათა უწყების შეხედულება. ამის შემდეგ საგზაო კომისიამ ეს მოხსენება დაადასტურა, ამასვე იზიარებს სახელმწიფო კონტროლი, კომისიამ იქონია მსჯელობა და სასურველად დაინახა, რომ ეს დეკრეტი მიღებულ იქმნას სრულიად უცვლელად. ამიტომ საგზაო კომისიის სახელით ვთხოვ დამფუძნებელ კრებას მიიღოს ეს დეკრეტი.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მეორე მომხსენებელს ბ. ჭავჭანიძეს.

ჭავჭანიძე. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ განიხილა ეს დეკრეტი და მანაც დაადასტურა და თანახმა არის, რომ უწყების განკარგულებაში გადადებული იყოს ეს, დეკრეტში აღნიშნული, თანხა.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ამის შესახებ? მსურველი არავინაა. ვინაა წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ.

წულაია. (კითხულობს დეკრეტს მუხლობრივ. დეკრეტი მიღებულია უცვლელად).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მოხსენებისათვის შინაგან საქმეთა მინისტრს.

შინაგან-საქმეთა მინისტრის განცხადება შინაურ მდგომარეობის შესახებ.

. . რამიშვილი. მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! ვინც მიუდგომლად გადაავლებს თვალს უკანასკნელ ამბებს და მას ჯეროვანად ასწონ-დასწონის, მისთვის უეჭველი იქნება ერთი გარემოება, სახელდობრ ის, რომ ამ გამოსვლების დროს ჩვენ საქმე გვაქვს არა იმ ძალებთან, რომელნიც გამოწვეულნი არიან ჩვენი შინაურ სოციალ-პოლიტიკურ ცხოვრების განვითარებით, არამედ უცხო ძალებთან, რომელნიც ჩვენში შემოიჭრენ უცხო სახელმწიფოდან და ცდილობენ სხვისი ხელით, მეტი უნდა ვთქვა, სხვისი სისხლით, თავის ბნელი მოქმედების გაჩაღებას. ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს სახელმწიფოებრიობას ვერ ურიგდებიან: ერთის მხრივ რეაქციის მესაიდუმლენი და მეორეს მხრივ ეგრედწოდებული წითელ ხიშტებზე დაყრდნობილი ჯგუფები, რომელნიც ერთნაირ გაბედულობით და ენერგიით ებრძვიან ჩვენ დამოუკიდებელ ცხოვრებას, იცავენ ძველ მპყრობელობას და სცდილობენ განთავისუფლებულ ერთა კვლავ დამონებას.

საქართველოს ერმა არა ერთხელ შესძლო უკუქცევა ხმალ ამოღებულ გარეშე მტრისა, ეს არა ერთხელ დაამტკიცა მან იმ ბრძოლაში, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებდით გარეშე მტერთან და ეს გარეშე მტრები იძულებულნი არიან თავის ტაქტიკა შესცვალონ და მიზნად დაისახონ ჩვენი სახელმწიფოებრიობის ციხე შიგნითაც გასტეხონ, რომ ამ გზით ჩვენში გააჩაღონ ანარქია და ამ ანარქიის ტალღებში ჩაახრჩონ ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო.

მე მოვალედ ვრაცხ ჩემს თავს დამფუძნებელი კრების და ხალხის წინაშე გადაჭრით განვაცხადო, რომ სწორედ ასეთ მიზანს ისახავენ მოხალისეთა ლაშქრის აგენტები ჩვენში, რომელნიც დიდ სახელმწიფოებს არწმუნებენ, თითქოს ჩვენი სახელმწიფო წეს-წყობილება ბოლშევიკურია, ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობა ანარქიული და ამიტომაც საჭირო არის, რომ ჩვენში შემოვიდეს უცხო ძალა, შავი რეაქციის სახით, რომ ბოლშევიკური მოძრაობა მოსპონ და აღადგინონ ჩვენში წესრიგი. ასეთ პირობებში თავის-თავად ბუნებრივი არის ლტოლვილება, რომ ჩვენში გააძლიერონ ანარქია და მით გზა გაუკაფონ დემოკრატიულ, საქართველოში ჩრდილოეთიდან რეაქციონურ ტალღის შემოჭრას და ჩვენი დამოუკიდებელი ცხოვრების აღკვეთას.

მოქალაქენო, კიდევ უფრო აშკარა არის ჩვენთან დამოკიდებულება კომუნისტურ რუსეთისა. თქვენ იცით, რომ ის მარცხდება ევროპიულ რუსეთში და რანაირიც უნდა იყოს მისი მდგომარეობა, ერთი რამ აშკარა არის: მისი ძალები იქ სუსტდება და ის იძულებული არის თავისი ბაზა სხვა ქვეყნებში გადაიტანოს. ასეთი ბაზა არის აზიის სამფლობელონი. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ საბჭოთა მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თურქესტანის ფრონტს და თავისი ბაზა თურქესტანთან ერთად გადმოიტანოს ჩვენშიც, რომ აზიური ქვეყნები აამხედრონ, ვინაიდან მათ კარგად იციან, რომ კომუნისტურ ექსპერიმენტებს უფრო მეტი ნიადაგი აქვთ არა კულტურული ქვეყნებში, არამედ ჩამორჩენილ, აზიურ ქვეყნებში. (ტაში მარჯვნივ. გვაზავა. მართალია!) ნუ თუ თქვენ არ იცოდით, რომ ის ექსპერიმენტები, რომელსაც ახდენენ ბოლშევიკურ რუსეთში, სწორედ შეესაბამება ჩამორჩენილ რუსეთის საზოგადოებრივ ცხოვრებას და არა ევროპიულ კულტურულ ცხოვრებას? (რეპლიკა: თქვენ არ იცოდით! ხმაურობა. თავმჯდომარე: გთხოვთ ნუ უშლით ორატორს). ამით აიხსნება ის ცდა, რომ სწორედ ამ კომუნისტურ ექსპერიმენტებისთვის ახალი ბაზა გაიჩინონ და ასეთ ახალ ბაზას წარმოადგენს თურქესტანი. და თქვენ იცით, რა მნიშვნელობას აძლევენ ისინი ამ აზიურ ქვეყნებს. ასეთი სტრატეგიულ მოსაზრებით, რომელიც გამომდინარეობს ამ ჟამად ბოლშევიკურ მთავრობის სამხედრო ასპარეზის მდგომარეობიდან, აიხსნება ის გარემოება, რომ ისინი განსაკუთრებული ყურადღებას აქცევენ ჩვენ ქვეყანას და სცდილობენ აქ თავისი ბაზა გადმოიტანონ. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ჩვენი მოწინააღმდეგენი გზავნიან ჩვენში მრავალ აგენტებს დიდ ძალი თანხით და ავალებენ მიიღონ ყოველნაირი საშვალება, რათა დასცენ ჩვენი დემოკრატიული წყობილება, ააფრიალონ დროშა საბჭოთა მთავრობისა და შექმნან ისეთი მდგომარეობა, როდესაც ხიშტებით და არა იდეით შესძლებენ ისინი ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი სახელმწიფომბრივ წყობილების დამხობას.

და აი, სწორეთ ამ ძალთა ლტოლვილებით აიხსნება ის გამოსვლები, რომელთაც ადგილი ჰქონდათ ჩვენში. იბადება კითხვა: როგორ შეიძლება უცხო სახელმწიფოები შემოიჭრენ ჩვენში და თავიანთი გეგმები განახორციელონ? მე ვამბობ: ჩვენ ფაქტიურად ომს გვიცხადებს გარეშე ძალა, რომელიც ეყრდნობა არა ადგილობრივ ელემენტებს და მისთვის ყოველნაირი საშვალება მისაღებია, ის მოქმედებს ამ შემთხვევაში ისე, როგორც მოქმედებს უცხო სახელმწიფო, როდესაც ის შეიჭრება რომელიმე დაპყრობილ კუთხეში და ეძებს აგენტებს მიუხედავად იმისა, რანაირიც არ უნდა იყვნენ ისინი და სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ მათ, გამოძებნეს აიყოლიეს და ეს ელემენტები, - საზოგადოებრივ ნაძირალებიდან.

თქვენ იცით, რომ ეს დამტკიცდა ნამდვილად. მათ შეაიარაღეს ამ გამოსვლების დროს მოსყიდული უცხო ელემენტები, ჩინელები და რამოდენიმედ რუსეთიდან მოსული სხვა ძალები. ეს დამტკიცდა სამტრედიის რაიონში. შემდეგ: მათ თავის სამსახურში მოიწვიეს ცნობილი ყაჩაღები. ეს დამტკიცდა მაშინ, როცა ჩვენ გავიგეთ, რომ ინგლისელი ექიმის მკვლელი ცნობილი ყაჩაღი, ვინმე პაიჭაძე, მათთან არის და ასრულებს ტერორისტულ დავალებას. ეს გამოირკვა მაშინ, როცა შეპყრობილ იქმნა თიანეთში ვინმე ჯორბენაძე, რომელსაც ამოაჩნდა სია ბოლშევიკების, რომელთა დიდი ნაწილი აღმოჩნდა თიანეთის მაზრის ცნობილი ყაჩაღები და აგრეთვე დუშეთის ციხიდან გამოქცეულები.

არის კიდევ ერთი გარემოება. თქვენ იცით, რომ გურიაში იქმნა შეპყრობილი 22 ყაჩაღი, რომელთაც გაძარცვეს გემი „მარია“. და მე აუცილებელ საჭიროებად მიმაჩნია აღვნიშნო ერთი გარემოება, რომელსაც მეტის მეტი დამახასიათებელი მნიშვნელობა აქვს. ისინი შეპყრობილი იყვნენ იმიტომ, რომ გურიის სოფლებში შესვლისას ისინი ეძებდნენ ბოლშევიკებს. ხალხმა ამ გარემოებას მიაქცია ყურადღება, მათ დაედევნენ და შედეგი თქვენ იცით. აქედან დამტკიცდა, რომ ეს ყაჩაღები ამა თუ იმ გზით ბოლშევიკებთან იყვნენ დაკავშირებულნი. ჩვენ ვიცით, რომ ლაგოდეხის გამოსვლაში დიდ მონაწილეობას იღებდნენ აგრეთვე ცნობილი ყაჩაღი, ვინმე პეპო, რომელიც ერთი მეთაურთაგანი იყო ამ აჯანყებაში. და თუ ყველა ამას ჩვენ მხედველობაში მივიღებთ, მაშინ აშკარა იქნება, რომ ბოლშევიკურ გამოსვლებისთვის სულ ერთი იყო, ვინ მიიღებდა მონაწილეობას ამ გამოსვლებში. მათთვის საჭირო იყო მხოლოდ ერთი რამ, - ხელი შეეწყოთ იმ გეგმის განხორციელებისათვის, რომელსაც იმუშავებს მოსკოვის სოვნარკომი და მისი ადგილობრივი აგენტები. ამ მიზნის განსახორციელებლად შეუკავშირეს ყაჩაღები სხვა მოსყიდულ ელემენტებს და მოახდინეს გამოსვლა. ერთი გარემოება არის კიდევ აღსანიშნავი. ამ ყაჩაღების და ბნელ ელემენტების ფაქტიურ ხელმძღვანელად გამოდგა აგრეთვე ცნობილი შანტაჟისტი „ქოროღლი“ - ილიკო მგელაძე - რომელსაც დატუსაღების დროს აღმოაჩნდა გეგმა აჯანყებისა აქ, ქალაქში. ის სხვათა შორის შეპყრობილი იქმნა იმ ცნობებით, რომელიც მივიღეთ თიანეთის მაზრაში მის მიერ გაგზავნილ აგენტის წყალობით. მე საჭიროდ მიმაჩნია აქ განვაცხადო, რომ, გარდა ყაჩაღებისა, რომელზედაც მოგახსენეთ, მათ რაზმს ამშვენებდნენ დეზერტირები, მეტს ვიტყვი - ყაჩაღების დიდი ნაწილს დეზერტირები შეადგენენ. გარდა ამისა მათ რაზმში ირიცხებიან მეფის ყოფილი ოფიცრები, მეზღვაურთა კავშირის ფაქტიური ხელმძღვანელი დენიაგა და ოთხიც ქერჩიდგან მისული მეზღვაური ოფიცერი. ისინი თავის თავს ბოლშევიკებს უწოდებენ, მაგრამ საერთოდ ისინი ისეთი ელემენტები არიან, რომელიც ფერუმარილს იცვლიან: დღეს დენიკინის აგენტები გახლავან, ხვალ ბოლშევიკების იდეოლოგებად გამოდიან. საერთოდ კი სხვა და სხვა პეტრუბაციის დროს თავისი ბნელი მოღვაწეობით და შავი საქმეებით ცდილობენ შექმნან ანარქია ჩვენ სახელმწიფოში და ამით ხელი მოითბონ და მისცენ საშვალება საქართველოს დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე ელემენტებს მათი შავი ზრახვანი განახორციელონ.

აი, სწორედ, ეს უკანასკნელი იყო ის ელემენტი ამ გამოსვლაში, რომელიც აკავშირებდა ორს ერთი შეხედვით სხვა და სხვა სოციალურ მიმართულების მატარებელ ჯგუფს, - ბოლშევიკებს და დენიკინელებს. სწორედ ასეთ პირობებში შესდგა სრულიად ბუნებრივად ბლოკი: თქვენ ბოლშევიკების გვერდით ხედავთ დენიკინის აშკარა აგენტებს და ამავე დროს ყაჩაღებს, დეზერტირებს და ქურდბაცაცებს. და სწორედ ეს გარემოება გვაძლევს ჩვენ გასაღებს იმ გამოსვლებისას, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ჩვენში. აქ შეერთდა სხვა და სხვა ელემენტები და სხვა და სხვა მიდრეკილებით. მათ მართებს აგრეთვე ერთი რამ: ანარქიის გაღვივება და ანარქიაში ჩვენი სახელმწიფოს დასამარება. ხოლო რა გზით მოხდებოდა, ან, სად უნდა დაეწყო ასეთი გამოსვლები, ამას ერთი ელემენტებისთვის - ბოლშევიკებისთვის - განსაკუთრებული (მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ელემენტებისთვის, რომელიც მოსწოლია ჩვენს სახელმწიფოს და უცდის ხელსაყრელ მომენტს ჩვენზე გამოლაშქრებისათვის. და აი, აქ არის ახსნა იმ გარემოებისა, რომ ჩვენ წინააღმდეგ გამოილაშქრა ამ ძალამ ჯერ სოხუმში და მერე ყველაზე უფრო დიდ გამოსვლას ამზადებდა ფოთში. და, თუ თქვენ ჩაუკვირდებით ამ ქალაქის სტრატეგიულ მნიშვნელობას, თქვენთვის აშკარა იქნება შემდეგი: ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ეს გამოსვლა მათი გამარჯვებით დამთავრებულიყო და ის ელემენტები, რომლებიც იბრძვიან ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, შესძლებოდნენ გამარჯვებას, მაშინ ჩვენთვის აშკარა იქნება ერთი რამ: ფრონტი ხელათ დაირღვეოდა, ფრონტს გაუჩნდებოდა ზურგში დამრღვევი ძალა. ეს გამოიწვევდა არა სახელმწიფოებრივ ელემენტების ამოძრავებას აფხაზეთში, ხოლო რაც შეეხება ფოთს, საკმარისი იქმნებოდა, დროებით, ბოლშევიკურ დროშის აფრიალება, მაშინვე შეიარაღებული სამხედრო ძალა ზღვიდან და აგრეთვე ხმელეთიდან დენიკინის ჯარი გამოილაშქრებდა ჩვენს წინააღმდეგ. წარმოვიდგინოთ ერთი წუთით ბოლშევიკური დროშის აფრიალება სოხუმში და ფოთში. ეს იქნებოდა საყვირი, რომელიც ჩვენს რესპუბლიკაში მიუხმობდა გენერალ დენიკინს და თავისუფლებას ფეხ-ქვეშ გაათელვინებდა. (გვაზავა: თქვენ, რომელი დროშა გაქვთ!) ის დროშა, რომელიც მიიღო პარლამენტმა. (ჯუღელი: წითელი დროშა). სახელმწიფოს, ბ-ნო გვაზავა, აქვს ერთი დროშა... (გვაზავა: სწორედ ეს გვინდა, რომ ერთი დროშა ჰქონდეს) ასეთი იყო მდგომარეობა. მთავრობის განცხადებიდგან თქვენ იცით, რომ ჩვენ წინასწარ გვქონდა შესაფერი ცნობები მიღებული და ამით აიხსნება, რომ ჩვენ ზომები მივიღეთ, და სწორედ მთავრობის მიერ მიღებულ ზომების წყალობით აიხსნება ის, რომ ვერც ერთ უმთავრეს ადგილში გამოსვლა ვერ მოახდინეს. იყო დიდი მზადება თვით რესპუბლიკის მთავარ ქალაქში, მთავრობის და ადგილობრივ თვითმმართველობის მიერ მიღებულ ზომებით, რამდენჯერმე ჩვენი მოწინააღმდეგეების გეგმა ჩაფუშულ იქნა. შემდეგ, ჩვენ მოვალეთ ვრაცხთ, განვაცხადოთ, რომ ის მზადება, რომელსაც ადგილი ჰქონდა ფოთში, მეტის მეტად ფართე იყო და ამავე დროს ამ გამოსვლაში იყვნენ ჩათრეულნი ის ელემენტები, რომელნიც თვით მდგომარეობით, პირდაპირ უნდა ემსახურებოდნენ სახელმწიფოს, განსაკუთრებით ჩართული იყო ფლოტი. და თქვენ იცით, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის და ადმინისტრაციის მიერ მიღებულ ზომებით ეს გამოსვლა აცილებული იქმნა.

შემდეგ მე საჭიროდ მიმაჩნია განვაცხადო, რომ მზადდებოდა დიდი გამოსვლები თიანეთში, მაგრამ იქ ადგილობრივ თვითმმართველობის მიერ მიღებულ ზომებით გამოსვლის შესაძლებლობა აცილებულ იქმნა და ყველა აგენტები ბოლშევიკებისა შეპყრობილი. ამნაირად სახელმწიფოებრივი წესრიგი სავსებით დაცულ იქნა. შემდეგ, სწორედ ადგილობრივ თვითმმართველობის, ადმინისტრაციის და სახალხო გვარდიის უნარს და ზრუნვას მიეწერება ის გარემოება, რომ თელავში არ იფეთქა გამოსვლამ, სადაც ეს ორჯელ იყო განზრახული, და სადაც მეთაურნი შეპყრობილნი იყვნენ.

ადგილობრივმა წარმომადგენელმა, თვითმმართველობამ, სახალხო გვარდიამ და ადმინისტრაციამ იხსნეს თელავის მაზრა იმ გამოსვლებიდან, რომელთაც ადგილა ჰქონდათ ჩვენი რესპუბლიკის სხვა კუთხეებში. თქვენ იცით, რომ მიუხედავად ჩვენ მიერ მიღებულ ზომებისა, ზოგიერთ ადგილებში გამოსვლა მაინც მოხდა და სწორედ ისეთ ადგილას, სადაც ყველაზე ნაკლებ მოსალოდნელი იყო. როცა ამბოხების მეთაურნი დარწმუნდნენ, რომ უმთავრეს ადგილებში გავლენა არა აქვთ და ვერ შესძლებენ ამბოხების მოწყობას ასეთ ადგილებში, ყოველ შემთხვევაში ადვილად შეეძლოთ სხვა და სხვა ადგილებში რამოდენიმე სოფლის ამხედრება მთავრობის წინააღმდეგ და მთელი მათი გამოსვლების ფაქტი აქ რამდენიმე სოფლის გამოსვლით გათავდა.

იბადება კითხვა: რა გვაჩვენეს ამ გამოსვლით? რანაირი გაკვეთილი მიიღო არა მარტო მთავრობამ, არამედ მთელმა ჩვენმა რესპუბლიკამ? ჩვენ აქ გადაჭრით უნდა განვაცხადოთ, რომ ერთად-ერთი შედეგი ამ გამოსვლისა არის შემდეგი: ხალხი მათ არ აჰყვა, ხალხი დემოკრატიულ წყობილების ერთგული დარჩა და ჩვენ სრული იმედი უნდა გვქონდეს, რომ შემდეგშიაც ასე დარჩება და იმ ავანტიურისტებს, რომელნიც სხვა და სხვა სოფლებში დაძრწიან, ხალხი არასოდეს არ აჰყვება, ის არ უღალატებს დემოკრატიულ გზას, რომელსაც მისდევს და ამით მისცემს მთავრობას და დამფუძნებელ კრებას საშუალებას, განახორციელოს დაწყებული რეფორმა, განამტკიცოს ჩვენში დემოკრატიული წყობილება. ჩვენ სწორედ ასე ვფიქრობდით და ამ შემთხვევაში ჩვენი მოლოდინი სავსებით გამართლდა. ხალხი ვერ შეიქმნება მომხრე ამ ანარქიისა და ეს ამიტომ, რომ თუ ის გაყვებოდა ანარქიის გზას, ანარქიის ტალღები შეაჩერებდა აგრარულ რეფორმის სოფლად ცხოვრებაში გატარებას და მის დამთავრებას. და აქ არის, ბატონო, - ეროვნ.-დემოკრატებო, ახსნა (ასათიანი: ანარქიისა.) არა ანარქიისა, რომელსაც ხელს უწყობს ზოგიერთი თქვენთან მონათესავე ჯგუფები, არამედ ახსნა იმ გარემოებისა, რომ ხალხი არ აჰყვა ამ ანარქიას, ვინაიდან ხალხმა იცოდა, რომ თუ ის გაჰყვებოდა ამ ანარქიის ტალღებს, ის დიდი ხნით, და შეიძლება სამუდამოდ, დაასამარებდა ამ დიდი სოციალურ და რევოლიუციონურ რეფორმის განხორციელებას და ეს შეიქმნებოდა საფუძველი რეაქციის გაძლიერებისა. და ის ხალხი, რომელიც წინააღმდეგია რეაქციისა, ვერ გაჰყვებოდა ამ ანარქიის მოციქულებს. ხალხმა იცოდა კიდევ ერთი რამ: ...(მაჭავარიანი: რა შუაშია ეს?) ეს იმ შუაშია, რომ ასეთი შეგნება, რომ არ ჰქონოდა ხალხს, ის მართლაც გაჰყვებოდა მათ, ვინც მუდამ ამ ანარქიისკენ მოუწოდებს, ეს ჯგუფები არიან არა მარტო მარცხნივ, მარჯვნივაც არიან და ამას ამტკიცებს მათი პრესა. ხალხმა ერთი რამ იცის, იცის, რომ ეს ანარქია შეაფერხებს ჩვენში საწარმოო ძალთა განვითარებას, გაამწვავებს ეკონომიურ მდგომარეობას, და ეს უკანასკნელი კი გამოიწვევს ცხოვრების გაძვირების უფრო სწრაფ ზრდას და სწორედ ამით აიხსნება, რომ ხალხმა ზურგი შეაქცია ანარქიის მოციქულებს და დარჩა ერთგული დემოკრატიულ წყობილებისა. მე ვამბობ, - ხალხმა გამოიჩინა მოქალაქეობრივი და პოლიტიკური სიმწიფე და ჩვენ იმედი გვაქვს ამ გზას შემდეგშიაც არ გადაუხვევს.

დამფუძნებელ კრებისთვის საინტერესო არის ერთი რამ, - შეუძლიან თუ არა მთავრობას განაცხადოს, მოსალოდნელია თუ არა შემდეგშიაც ასეთი ექსპერიმენტები? და ჩვენ უნდა ვთქვათ, და თავშიაც მოგახსენეთ თუ, რა დიდ მნიშვნელობას აძლევენ ბოლშევიკები აზიურ კუთხეებს და სწორეთ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ იმ აგენტთა შორის, რომელნიც აქ გამოგზავნეს, ცნობილი მეთაურნი არიან ბოლშევიკურ რუსეთისა, და ეს ხალხი ასე ადვილად იარაღს არ დაჰყრის და მთავრობა ფიქრობს, რომ ეს ჯგუფი შემდეგშიაც განაგრძობს თავის ცდას - გამოიწვიოს ანარქია, ეს ავანტიურისტები თავის ექსპერიმენტებზე ხელს არ აიღებდენ და სწორედ, რომ შემდეგშიაც ეს ნიადაგი აღკვეთილი იქნეს, ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია მივიღოთ შესაფერი და სასტიკი ზომები. ჩვენ აქ მოგახსენებთ, რომ ამ ანტირესპუბლიკანურ და ანტისახელმწიფოებრივ ელემენტების მთავარ ლაშქარს, წარმოადგენენ ყაჩაღები და ქურდ-ბაცაცები, ხოლო დიდი ნაწილი ამ ელემენტებისა, საზრდოობს დეზერტირობით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყოველ შემთხვევაში 2/3 ყაჩაღებისა, რომელნიც დაფრიალებენ ჩვენ სახელმწიფოში, შესდგება დეზერტირებისაგან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დეზერტირობა არა მარტო ასაზრდოებს და აძლიერებს ყაჩაღებს, არამედ ასულდგმულებს იმ ელემენტებსაც, რომელიც ილაშქრებენ მახვილით ხელში ჩვენ სახელმწიფოს წინააღმდეგ. და ამიტომ ბრძოლა ამ ელემენტების წინააღმდეგ არის ბრძოლა მიმართული ჩვენი რესპუბლიკის და იმ წყობილების განმტკიცებისაკენ, რომელსაც ვერავითარი ავანტიურისტული გამოსვლა ვერაფერს დააკლებს.

თავის თავად დეზერტირობა არა მარტო აძლიერებს ანარქიას, არამედ ნებით თუ უნებლიეთ ხელს უწყობს სახელმწიფოებრივ ღალატს, აძლიერებს იმ ელემენტებს, რომელნიც ამზადებენ ნიადაგს ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი თავისუფლების მოსპობისა და, რასაკვირველია, სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს მათ წინააღმდეგ უსასტიკესი ზომები. ჩვენ ღრმად დარწმუნებული ვართ, თუ ჩვენს აზრს გაიზიარებს დამფუძნებელი კრება, თუ ადგილობრივი ელემენტები, ადგილობრივი თვითმმართველობანი მზგავსად იმ ენერგიისა, რომელიც მათ გამოიჩინეს ამ ავანტიურისტულ გამოსვლების ჩაქრობაში, შეეცდებიან ყოველ ძალღონით შეებრძოლონ იმ სენს, რომელიც ჩვენ საზოგადოებრივ ცხოვრებას აფორიაქებს, შეეცდებიან, რომ ეს მთავარი სენი, რომელსაც სოფლის ცხოვრებაში არევ-დარევა შეაქვს, დეზერტირობა მოსპონ და ლიკვიდაცია უყონ ყველა იმ ელემენტებს, რომელნიც აძლიერებენ ყაჩაღობას და ქმნიან ანარქიას. - ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, თუ ასეთი ზომების მეღებაში ჩვენთან იქნება არა მარტო დამფუძნებელი კრება, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობანიც - ჩვენ მივაღწევთ მიზანს და ამით მოჭრილი იქნება ის ხე, რომელზედაც სხედან ანტირესპუბლიკანური ელემენტები, რომელნიც ამზადებენ ახალ ავანტიურისტულ გამოსვლებს.

შემდეგი, მე თქვენ მოგახსენებთ, რომ იმ ორივე რაზმს, რომელნიც უცხო სახელმწიფოდან ჩვენში იჭრებიან და სცდილობენ ანარქიის გაძლიერებას, არა აქვთ ფესვები ადგილობრივ ცხოვრებაში, ისინი არ არიან შეკავშირებულნი, შესისხლხორცებულნი იმ ელემენტებთან, რომელნიც შეადგენენ ჩვენი სახელმწიფოებრივ ცხოვრების საფუძველს, მაგრამ ჩვენ სახელმწიფოს ფარგლებში იმყოფებიან ისეთი ელემენტები, რომელნიც მათ ზურგს უმაგრებენ, ქმნიან ანტირესპუბლიკანურ ატმოსფეროს და აადვილებენ ასეთ გამოსვლებს. ჩვენ მიზნად ვისახავთ ასეთ ელემენტებისაგან სახელმწიფოს საზღვრების გაწმენდას (ტაში ერ. დემ. სკამებზე) ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ სწორეთ ის უცხო ელემენტები, რომელნიც აქ რჩებიან არა იმიტომ, რომ მიიღონ მონაწილეობა საწარმოო ცხოვრების განვითარებაში, რჩებიან არა იმიტომ, რომ საერთოდ ხელი შეუწყონ ჩვენი კულტურულ წინსვლას, არამედ იმიტომ, რომ დრო იხელთონ, ანარქია გააძლიერონ და მოამზადონ ნიადაგი უცხო ძალების შემოჭრისათვის, როცა ასეთი ელემენტებს მოვსპობთ, მაშინ აღკვეთილი ექნებათ ყოველნაირი საშვალება ამ ელემენტებს, უცხო ძალის, გამოსლვისთვის, რომელზედაც მოგახსენებთ, და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ შემთხვევაში იმ გზას, რომელსაც ადგია მთავრობა, გაიზიარებს დამფუძნებელი კრება, და მიიღებს ჩვენთან ერთად ზომებს იმ მუხანათურ საქციელის წინააღმდეგ, რომელსაც აწარმოებენ ის უცხო ძალები, რომელნიც ემუქრებიან სახელმწიფოს ხმლით ხელში და ამავე დროს აძლიერებენ ანარქიას, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დამფუძნებელი კრება და მთელი დემოკრატია მიზნად დაისახავს მთავრობას ხელი შეუწყოს და როცა მართლა დამკვიდრდება ისეთი ურთიერთობა, რომელიც აუცილებელი არის და როცა ამ ზომებს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისათვის მხარს დაუჭერს მთელი საზოგადოება, ამით მოსპობილი იქნება ნიადაგი გამოსვლისა და ამით განმტკიცდება ის აუცილებელი სახელმწიფოებრივი წესრიგი, რომელიც საჭირო არის მისი კულტურული წინსვლის და განვითარებისათვის.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ის გზა, რომელსაც მისდევს ჩვენი მთავრობა, არის გზა მთელი ჩვენი ხალხის. (საერთო ტაში)

ფრაქციათა გამოსვლები.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს ბ. გრ. ვეშაპელს.

გრ. ვეშაპელი (ეროვნული პარტია). დამფუძნებელი კრების წევრნო! ის აჯანყება, რომლის მოსპობაზედაც მოგვახსენა შინაგან-საქმეთა მინისტრმა, როგორც თვით სოც.-დემოკრატიულმა პრესამ აღნიშნა, გამოდგა „ოპერეტკა“ (რუსულად რომ ვსთქვათ), ასე იყო დაბეჭდილი გაზეთ „ბორბა“-ში.

რასაკვირველია, ასეთ ოპერეტულ აჯანყების ლიკვიდაციის შესახებ მოხსენება მთავრობისათვის არის ადვილი და მარტივი.

როგორც აღნიშნეს, ეს აჯანყება იყო მოწყობილი მხოლოდ უცხო ელემენტების მიერ, ე. ი. თაოსნობა, როგორც გეგმის მხრივ, ისე სახსრის, ფულის მხრივ, სავსებით გამომდინარეობდა უცხო აგენტებისაგან.

შიგნითი ძალები, თუნდაც ისეთი, რომელნიც უკმაყოფილონი არიან მთავრობისა, ამ აჯანყებაში არ გარეულან და ამიტომ აჯანყებას ფართო ადგილობრივი ხასიათი არ ჰქონია.

ჩვენ მოგვახსენეს, თუ ვინ იყვნენ ეს უცხო ელემენტები, ესენი ყოფილან კომუნისტები და დენიკინელები, დღევანდელ პოლიტიკურ ტერმინოლოგიით, ხოლო უბრალოდ რომ ვსთქვათ, კომუნისტები და დენიკინელები არიან რუსები. (შენგელაია: თქვენ რომელ ბანაკს ეკუთვნით?) ჩვენ ვეკუთვნით ქართულ ეროვნულ პარტიას და ყოველ შემთხვევაში ჩვენი პარტია არ შეადგენს არც ერთ უცხო ერის პარტიის ფრაქციას.

აი, ბატონებო! ამ უცხო ელემენტებმა, რუს კომუნისტებმა და რუს დენიკინელებმა, მოაწყვეს აჯანყება ჩვენში და მთავრობამ ეს იცოდა, როგორც ეს ოფიციალური განცხადებიდან სჩანს, რომელიც პრესაში იყო დაბეჭდილი, უკვე მაისიდან.

ასე, რომ, უფრო ადრეც შეეძლო სამინისტროს იმ ძაფების ლიკვიდაცია, რომელიც მას დიდი ხანია ხელში ჰქონდა.

რატომ მთავრობამ თავშივე არ გასწყვიტა ეს ძაფები, რატომ უნდა მოეცადა მას უკანასკნელ ვადამდის?

ამას, რომ თავი დავანებოთ, თვით უცხო ელემენტების კომუნისტების და დენიკინელების შემოსვლა, რომელთაც დაეყრდნო ეს აჯანყება, და განსაკუთრებით კომუნისტებისა, რომელთა ფულიც იყო დახარჯული, და ფული კი დღევანდელ წესწყობილებაში წარმოადგენს მთავარ ფაქტორს, აი ამ ელემენტების შემოსვლა ჩვენს თვალწინ და ჩვენი მთავრობის თვალწინ ხდებოდა.

ჩვენს შინაგან-საქმეთა სამინისტროს, რომ წესიერების დაცვაში აქტიურ პოლიტიკას ვერავინ დაუწუნებს, ეს აშკარაა, მაგრამ მე მაინც იძულებული ვარ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ჩვენი ქვეყანა ერთგვარ ოაზისად გადაიქცა და დენიკინელები და კომუნისტები, რომელნიც რუსეთში ერთმანეთს ახრჩობენ, აქ თავისუფლად დასეირნობენ და ერთმანეთს ეხმარებიან. დროა ამას ანგარიში გაეწიოს, დროა ამას ბოლო მოეღოს! ვისი ყოფნაც არ არის აუცილებელი, არც ეკონომიურად, არც კულტურულად, ის აქ არ უნდა, დარჩეს. სხვა არა იყოს რა, ამას გვიკარნახებს დღევანდელი ეკონომიური კრიზისი. სხვაგან, მაგალითად სკანდინავიაში, უცხოელების შემოსვლა მარტო იმიტომ არის შეზღუდული, რომ მათი მოსვლით საჭმელი არ დააკლდეს ადგილობრივ მცხოვრებთ.

ჩვენ გვახსოვს ის ლმობიერების აქტი, რომელიც სოც.-დემოკრატიამ გამოიჩინა იმ ბოლშევიკების მიმართ, რომელნიც დამარცხებულნი გამოიქცნენ ჩრდილო კავკასიიდან; - ჩვენ ყველას გვახსოვს, როგორი მასიური ხასიათი ჰქონდა მათ შემოსვლას ჩვენს საზღვრებში. ეს კიდევ პარლამენტის დროს იყო. მაშინ ბევრი კითხულობდა, ვაი თუ დაივიწყონ სტუმართ-მოყვარეობა და ჩვენშიაც განაგრძონ თავიანთი საქმეო; მაგრამ ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ, - რაკი მათ მიეცათ საშუალება დამშვიდებით დაბინავებისა და ჭამისა, ისინი ამას აღარ ჩაიდენენო.

შეიძლება ბევრი იმ ემიგრანტთაგანი გამოდგა მეთაური დღევანდელი აჯანყებისა, ყოველ შემთხვევაში ჩინელები მაშინ იყვნენ ჩამოყვანილი ჩვენში. ხომ ჩინელები ზარბაზნისა და თოფის ტყვიის მასალას წარმოადგენენ და მათი დატოვება საქართველოში ზედმეტია, თუნდაც ბ. ჯუღელის კაზარმებში, ჩვენ ვიცით, რომ ამ კაზარმებში ეხლაც ბევრი ჩინელი მუშაობს და პურსა სჭამს. მე მგონია, რომ ამ ეკონომიური კრიზისის დროს, როდესაც აუარებელი ხალხი გამოვიდა თავის კალაპოტიდან, თუ სადმე არის სამუშაო, ქართველ ხალხშიც ბევრი მოიპოვება ამ სამუშაოსთვის გამოსადეგი, ჩვენი გადამეტებული ინტერ-ნაციონალობით აიხსნება ყველაფერი ეს, ვამბობ გადამეტებით, რადგან დარწმუნებული ვარ, სოც.-დემოკრატები ჩინელებთან საერთო პოლიტიკის ენას ვერ გამოსძებნიან.

აქ ჩვენ მოგვითხრეს ერთი ამბავი. ეს იყო ქერჩიდან მეზღვაურ ოფიცერთა მოსვლა ფოთში. ჩვენი საზღვრები დღემდის სრულიად გახსნილია. საზღვრები, რომ დაცული ყოფილიყო, ნუ თუ მათ შეეძლებოდათ ქერჩიდან თავისუფლად ფოთში ჩამოსვლა და ქუჩაში სეირნობა?!

ერთის სიტყვით, ყველა ის უცხო ელემენტი, რომელმაც მიიღო აჯანყებაში მონაწილეობა და შეიძლება ის ფულიც, რომელიც ამ საქმისთვის იყო დახარჯული, ასე თუ ისე მთავრობის თვალწინ მოდიოდა საქართველოში და მე ვგონებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დღემდის შეეძლო იმ სასტიკ ზომების მიღება, რომელნიც დღესაც არა აქვს მიღებული და რომელთა მიღებას გვპირდებიან მომავალში.

შინაგან საქმეთა მინისტრს შეუძლია დამფუძნებელი კრების დაუკითხავად მიეღო ზომები, რომ ყველა ელემენტები, რომელნიც შემოვიდნენ საქართველოში, გაძევებულ იქმნენ მის საზღვრებიდან...

ეს ოპერეტა შეიძლებოდა გადაქცეულიყო ტრაგედიად, რომ შიგნითა უკმაყოფილო ელემენტები აჰყოლოდნენ ამ გარეშე აჯანყებულებს მით უფრო, რომ რამდენიმე 10 მილიონი იყო ამ საქმისთვის გადადებული.

მთავრობამ განაცხადა, შიგნითა უკმაყოფილო ელემენტები, რომელთაც აქვთ რაიმე სოციალური მნიშვნელობა, არ გარეულა აჯანყებაში, გარდა დეზერტირებისა და ყაჩაღებისა.

ჯერ მოვრჩეთ მოღალატე ელემენტების დახასიათებას.

ჩვენ სოც.-დემოკრატებისაგან ბევრგან გაგვიგონია, რომ მარტო რეპრესიებით, სასტიკი ზომებით არ შეიძლება ისეთ მოვლენების აღმოფხვრა, როგორიც არის მასიური დეზერტირობა და ყაჩაღობა.

არის მაზრები, სადაც პირდაპირ კაცი ვერ წავა სოფელში იმის შიშით, რომ გზაზე გაძარცვენ. ზოგან კომისარიატებიც ყაჩაღების ხელშია, ისინი კისრულობენ მთავრობის სხვა და სხვა ფუნქციებს, მათ ხელშია სასამართლოებიც.

ესეთი მოვლენა მეტად ხშირია აღმოსავლეთ საქართველოში, თავის-თავად ცხადია ყაჩაღები და ავაზაკები მიემხრობიან აჯანყებულ ელემენტებს.

ცხადია ისიც, რომ ყველა, ვინც მოხვდა მთავრობის ხელში სასტიკად უნდა დაისაჯოს, მაგრამ უნდა აღინიშნოს ის, რომ ცარიელი რეპრესიებით შეუძლებელია ბრძოლა და ყოველ შემთხვევაში ეს უნდა ახსოვდეს იმ პარტიას, რომელიც ყოველგვარ პოლიტიკურს მოვლენას აფასებს სოციალურ და ეკონომიურ პირობების მიხედვით, თორემ სტოლიპინის რეჟიმი რუსეთში გამოდგა, მაგრამ საქართველოში შეიძლება არ გამოდგეს. რაც უნდა ნიჭიერი და სასტიკი პოლიტიკის წარმოება იყოს, სამინისტრო უძლური იქნება ამ ძალების წინააღმდეგ, რომელნიც მზად არიან გაყვენ ყველას, ვინც ფულს მისცემს. ამ მხრივ საჭიროა ფართო ზომები და მგონია, რომ ს.-დემ. უკეთესად აქვთ წარმოდგენილი, თუ ეს ფართო ზომები რამდენად განსხვავდება რეპრესიებისაგან. ეს უნდა ახსოვდეს მმართველ პარტიას.

თუმცა შინაგან-საქმეთა მინისტრს არ გაუსვამს ხაზი, რომ გარდა დეზერტირებისა და ყაჩაღებისა არის ბლომად უკმაყოფილო ელემენტები საქართველოში, მაგრამ ეს სჩანდა იმის მოხსენებიდან.

საქართველოში არის, როგორც მემარჯვენეებში, ისე მემარცხენეებში უკმაყოფილო ელემენტი. (ჯუღელი: ეს მართალია!) უკმაყოფილო ელემენტი, როგორც ყოველგან, ემყარება ეკონომიურს ინტერესებს. თავის-თავად ცხადია იმ პარტიას, რომელიც ცენტრალურ როლს კისრულობს საქართველოში და ნ. ჟორდანიას პირით აცხადებს, რომ „ჩვენი გზა არ არის არც მარცხნივ, არც მარჯვნივ, არამედ პირდაპირო“ (იმ სურათზე, რომელიც პროლეტარმა მხატვარმა დახატა ეს გზა მიდის პირდაპირ ხრამისაკენ). თავის-თავად ცხადია ეყოლება მოწინააღმდეგე ელემენტები, როგორც მარჯვნივ ისე მარცხნივ.

მართლაც ჩვენში იდეური ბოლშევიზმი არის. მეორეს მხრივ არის ელემენტები, რომელნიც არა სოციალისტურ პოლიტიკას იმდენად უპირდაპირებენ სოციალისტურ მთავრობის პოლიტიკას, რომ წინააღმდეგნი არიან ამ პოლიტიკის მხარის დაჭერისა. თავის-თავად ცხადია, როცა ასეთი ელემენტებია მარჯვნივ და მარცხნივ მოსალოდნელი იყო, რომ გაყოლოდნენ ამ ბედნიერ გზას.

მაგრამ ეს ელემენტები არ გაჰყვნენ ამ აჯანყებას. ბ. მინისტრმა მოიყვანა აქ თავისი პარტიის ერთად-ერთი საყვარელი და დაუვიწყარი მოტივი - აგრარული მოტივი. თუ უკმაყოფილო ელემენტები არ მიემხრენ აჯანყებას ეს ნ. ხომერიკის წესიერი და ევროპიული პოლიტიკის ბრალი ყოფილა. ეს არის პარტიული ავადმყოფი, ყოველ შემთხვევაში პატოლოგიური მოვლენა. (გვაზავა: ეგ ხომ ერთი და იგივეა!) საერთოდ უცხო სიტყვა ყოველთვის უფრო ნაკლებ საწყენია.

ბ-ბო, რომ აგრარული მოტივი არაფერ შუაშია, რომ ჩვენი ხალხი მარტო აგრარულ მოტივებზე ამყარებდეს თავის ცხოვრებას, იგი აჯანყებას უნდა აჰყოლოდა, ეს ცხადია. ჩვენში არის იდეური ბოლშევიზმი, რომლის ანარეკლიც დამფ. კრების წევრების სიტყვებშიც არის, როცა გვეუბნებიან, ხომერიკის კანონი ბურჟუაზიულია და საჭირო არის სხვა უფრო ხალხური და სოციალისტური რეფორმაო. თუ ამ მემარცხენეებს მარტო აგრარული რეფორმა აინტერესებთ, ისინი გაჰყვებიან აჯანყებას, უკეთესი არ იქნებოდა ახალი რეფორმა? მემარჯვენეებიც უნდა მიმხრობოდნენ, რადგანაც ახლა მიწა წართმეული აქვთ და მაშინ, ვინ იცის, საქმე რით გათავდებოდა. შეიძლებოდა რისკის გაწევა; აგრარული პოლიტიკის მიმყოლი ხალხი ცენტრის გზას უსათუოდ უარჰყოფსო მაგრამ ეს არ მომხდარა და არც მოხდება იმიტომ, რომ აქ იყო მოტივი ეროვნული. ჩვენს ხალხს უფრო კარგად ესმის ეს მოტივი, ვიდრე მთავრობას. ქართველ ხალხს ესმის, რომ ანარქია გათავდება უცხოელების გაბატონებით საქართველოში, კერძოდ დენიკინის და რუსების გაბატონებით. დენიკინ-კომუნისტები და სხვა ხალხისთვის არის რუსი. დღეს მიყრუებულს სოფელშიც კი იციან, რომ დენიკინის გაბატონებას ქართველი ხალხის გაუბედურება მოყვება, ქართველების აყრა და გადასახლება უცხოეთში და აქ რუსების დაბრუნება და გაბატონება ერთი საქმეა.

ეს ქართველ ხალხს ესმის. ყოველ შემთხვევაში აღმოსავლეთ საქართველოს უფრო კარგად ესმის, იმიტომ, რომ, რუსეთის რეჟიმის დროს ბევრი ცდა ყოფილა, რომ ქართველი ხალხი აეყარათ და უცხო ელემენტები დაესახელებინათ. დღეს, როდესაც შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, ბათომიდან - ბაქომდე ჩვენს გარშემო არის შემორტყმული რუსეთის ძალა, რუსული ხიშტი - ქართველ ხალხს ახსოვს ამ უცხო ძალის რეჟიმი, და დღეს, რაც უნდა დაუკმაყოფილებელი იყოს იგი როგორც სოციალურად, ისე პოლიტიკურად, მაინც არ მიემხრობა მას, რადგან იცის, თუ რას წარმოადგენს ეს უცხო ძალა მისთვის. ასეთი უნდა იყოს ყოველთვის ნაციონალური პოლიტიკა მთავრობის ოპოზიციის დროს, ეს ეროვნული მოტივი, ეს შიში უცხოელების შემოსევის წინაშე კარგად არის გამჯდარი ქართველ ხალხში. ხოლო სოციალ-დემოკრატია - მმართველი პარტია არ უწყობს ამის გაღრმავებას ხელს, მაშინ, როცა ყოველი რუსული ძალა, როგორც კომუნისტები, ისე დენიკინელები ერთი-მეორეს ეჯიბრებიან, - რომელი ადრე დაიპყრობს ჩვენს ქვეყანას და დაანგრევს ჩვენს დამოუკიდებელ სახელმწიფოს. განა თქვენ არა ხართ, რომ ხელს უწყობთ ამ რუსულ იდეის განმტკიცებას? მაგალითად ქალაქის საბჭოში მეფე ერეკლეს სახელს სცვლით ჩეხოვის სახელზე. (ბ. ჩხიკვიშვილი - ტყუილია!) მე როცა ვსთქვი გამომდინარეობს ამის შესახებ დღემდე პრესაში წარმოებულ პოლემიკიდან და ქალაქის მოურავს დღემდე არ უარუყვია ოფიციალურად ის, რაც - მე მოგახსენეთ... (ხმაურობა...) (ბ. ჩხიკვიშვილი -ჩეხოვის კი არა, გოგებაშვილის სახელი უწოდეთ..).

თავმჯდომარე. მე ძალიან ბოდიშს ვიხდი, მაგრამ გთხოვთ კეთილ ინებოთ და საგანს შეეხოთ! ერეკლე მეფე და გოგებაშვილი ამ საკითხს არ შეეხება. (გვაზავა - რატომ არ შეეხება...) გთხოვთ დაბრძანდეთ ბატონო გვაზავა! (ხმაურობა ერ.-დემ. სკამებზე, გვაზავა - სიტყვას ვთხოულობ რეგლამენტის დარღვევის გამო!) გთხოვთ დაბრძანდეთ!.. ბ-ნო ორატორო განაგრძეთ სიტყვა.

ვეშაპელი. აქამდის შეეძლოთ ეს ოფიციალურად გამოექვეყნებინათ. ყოველ შემთხვევაში ასეთი ფაქტი არ არის ხელის შეწყობა ეროვნულ იდეის განმტკიცებისა. თქვენ ეს წვრილმანად მიგაჩნიათ, თქვენ ამბობთ, რომ ეს აქ მოსატანი არ არის, მაგრამ ამას ჩემთვის, როგორც ნაციონალისტისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ხალხიც ასეთ ფაქტებს დიდ ყურადღებას აქცევს. ალბად აგრეთვე ისიც წვრილმანია, როცა ქართული ჯარი ტფილისის ქუჩებში სამეცადინოთ დადის და მღერის რუსულ სიმღერებს, ჩაცმულია რუსულად... (შინაგან საქმეთა მინისტრი - ტყულია!) მე არ ვიცი ბ. მინისტრი სად სცხოვრობს, ვინც ვერაზე სცხოვრობს, იმას ყოველ დილის 9 საათზე შეუძლიან ნახოს, რომ ჯარის, რომელიღაც ერთეული, არ ვიტყვი, რომ გვარდიის, მაგრამ მგონი გვარდიის არის, ჩაცმულია წმინდა რუსულად, არავითარი ნიშანი ქართული ჯარის არ აქვს, დადის ქუჩებში და მღერის იმ „სოლოვეი პტაშეჩკას“, რომელსაც მღეროდნენ ჩვეში რუსის ყაზახები.

ხალხი ასეთ ფაქტებს დიდ ყურადღებას აქცევს: ამით არკვევს იგი ეროვნულ გრძნობას - ამის მიხედვით იგი ამ ეროვნულ გრძნობას ხან აღვივებს, ხან ადუმებს. (ბ. ჩხიკვიშვილი - ჩვენი ხალხი უფრო ჭკვიანია, ვიდრე თქვენ გგონიათ!)

ამგვარად, ეს აჯანყება მოხდა მხოლოდ უცხო ელემენტების თაოსნობით, შიგნით სოციალური მოძრაობა ამ აჯანყებაში არ გარეულა. ამ მხრივ მთავრობის მოხსენების შემდეგ შეიძლება მხოლოდ ერთი დასკვნის გამოყვანა: აჯანყება მთავრობას უფრო ადრე შეეძლო ჩაექრო, ვიდრე 24 ოქტომბერს. რაც შეეხება ახალ აჯანყების შიშს, მაშინ ერთად ერთი დასკვნა ის იქნება, რომ დამფუძნებელ კრებამ ისეთ მთავარ საკითხებს მოაქციოს ყურადღება, რომ მოსპოს ის დიდი მიზეზები, რომლებიც უმზადებენ ნიადაგს ასეთ გამოსვლებს. მთავარი მიზეზი ასეთ გამოსვლებისა არის - ერთის მხრით ეკონომიური კრიზისი და მეორეს მხრით - პოლიტიკური კრიზისი. პირველი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენში არის სიმშილობა და მეორე კრიზისი - პოლიტიკური არის, ქართველი ხალხის გაურკვეველი საგარეო მდგომარეობაში, რომელშიაც არის ჩვენი დამოუკიდებლობა და რომლის გარკვევაში არა სჩანს ჩვენი მთავრობის თაოსნობა. ეს ჩვენი დამოუკიდებლობის საერთაშორისო მდგომარეობის საკითხი ძალიან აინტერესებს და აწუხებს ჩვენს ხალხს და მისი გარკვევის შემდეგ, იგი უფრო დამშვიდებით განაგრძობს მუშაობას.

მაგრამ არა მარტო კანონების დაწერით, სამსონ ფირცხალავას თქმისა არ იყოს, შეიძლება აშენება სახელმწიფოსი. კანონების დაწერა ადვილია, ხოლო საქმე მისი განხორციელება არის. ჩვენში შეიძლება კარგი კანონები იწერება, მხოლოდ განხორციელება მისი ვერ ხდება რიგიანად. (რეპლიკა: კარგი კანონებია!) მე არ ვლაპარაკობ ჩვენებურ შემოქმედებაზე, არამედ იმაზე, რომ თვით მთავრობის სხვა და სხვა სახელმწიფოებიდან კანონების გადმოწერა არ არის საკმარისი, არამედ პრაქტიკულად გაუმჯობესება ხალხის მდგომარეობისა.

დაუმტკიცეთ ხალხს, რომ საქართველოს დამფუძნებელ კრების და მთავრობის პოლიტიკა არის ხელის შემწყობი ხალხის ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და იგი მაშინ მიიღებს მეტ მონაწილეობას რესპუბლიკის განმტკიცების საქმეში.

გაურკვიეთ ხალხს საერთაშორისო მდგომარეობა, აწარმოეთ გარკვეული საგარეო პოლიტიკა, მოძებნეთ საბოლოოდ ისეთი ძალები, რომელნიც უზრუნველყოფენ რუსეთის პრეტენზიებისაგან საქართველოს დამოუკიდებლობას, - მაშინ ის შინაური უკმაყოფილება ამოიწურება და დარჩება მხოლოდ და მხოლოდ უცხო ელემენტების პროვოკატორული მოქმედება.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს შენგელაიას.

შენგელაია. მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! მის შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, ჩვენს რესპუბლიკას არა ერთი ტალღა დაემუქრა სრულის განადგურებით და წალეკით. ჩვენს წინაშე არა ერთხელ იდგა ყოფნა-არ ყოფნის საკითხი, მაგრამ ჩვენმა დემოკრატიამ დღემდის სძლია ყველა დაბრკოლებანი. რეაქციონერთა ოინებს და იმპერიალისტთა ხრიკებს მან დაუპირდაპირა თავისი შეურყეველი ნებისყოფა გამორკვევისა. მეორე წელიწადია, რაც საქართველოს დემოკრატია იარაღით ხელში იგერიებს თავის აუარებელ მტრებს და ბრძოლის პროცესში ამტკიცებს ჩვენში ახალი წესწყობილებას. ჩვენი საერთაშორისო მდგომარეობა ჯერ სავსებით გამორკვეული და გამტკიცებული არ არის: დიდმპყრობელ ნაციონალიზმისა და იმპერიალიზმის წარმომადგენლები ამზადებენ ჩვენს წინააღმდეგ ახალ იერიშებს, ახალ შეთქმულებას და, აი, სწორეთ ასეთ დროს ჩვენს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ემუქრება ახალი საფრთხე ანარქიისა და სამოქალაქო ომის ცეცხლში უნდათ გახვიონ ჩვენი რესპუბლიკა, იარაღით სურთ მოახვიონ დემოკრატიას ის, რაც ვერ მოუხერხებიათ იდეით, პოლიტიკური ბრძოლის დემოკრატიული საშვალებით, როგორც სჩანს აჯანყებებს აწყობდენ საბჭოთა წესწყობილების, საბჭოთა მთავრობის სახელით.

ლოზუნგი საბჭოთა მთავრობა მეტად პოპულიარული არის. ბევრს ჰგონია, რომ ის მართლაც არის უმაღლესი ფორმა დემოკრატიზმისა, ნამდვილათ კი არავითარი გარკვეული იუირდიული და სახელმწიფოებრივი შინაარსი მას არა აქვს.

რა არის მართლაც, საბჭო? საბჭო შეიძლება იყოს მუშების, გლეხების, სალდათების, მატროსების, ყაზახების, არიან პროფესიონალური საბჭოებიც, საბჭო შეიძლება იყოს კლუბის მამასახლისების საბჭოც და განა შეიძლება ასეთი გამოურკვეველი პრინციპი სახელმწიფო ორგანიზაციას საფუძვლად დაედვას?! ბოლშევიკები წინეთ საბჭოთა ძალა-უფლებას უპირდაპირებდნენ კოალიციონურ მთავრობას. ეს სრული გაუგებრობაა გლეხების და მუშების. საბჭო უკვე არის კოალიცია პროლეტარიატისა და წვრილი რეაქციონური ბურჟუაზიისა, რადგანაც მარქსის თვალსაზრისით გლეხი რეაქციონერია. სალდათად შეიძლება იყოს ყოველი კლასის მოქალაქე, მაშასადამე მარტო სალდათთა საბჭო, როგორც შემთხვევითი კონგლომერატი უკვე არის კოალიცია ყველა კლასებისა...

ბოლშევიკები უპირდაპირებენ საბჭოთა მთავრობას თვით დამფუძნებელ კრებას, მაგრამ თუ საბჭოთა მთავრობა არის უმრავლესობის - მშრომელი ხალხის ძალა უფლება - ეს დაპირისპირება - აბსურდია! საბჭოთა რესპუბლიკის სოციალური ბაზისი - ეროვნულის თვალსაზრისით მეტად ვიწროა, საბჭოთა რესპუბლიკის სოციალური ბაზისი - კლასობრივი თვალსაზრისით - მეტად ფართოა. ამიტომ ის ჩვენთვის მიუღებელი არის.

ჩვენთვის ფეტიში არ არის არც დამფუძნებელი კრება, მე მეტსაც ვიტყვი, რეაქციონურ დამფუძნებელ კრებას ჩვენ გვირჩევნია რევოლიუციონური საბჭოები, სოციალისტურ საბჭოებს ჩვენ გვირჩევნია სოციალისტური დამფუძნებელი კრება! ასეთი არის ჩვენი პრინციპიალური დამოკიდებულება საბჭოთა მთავრობისადმი!..

რა მოყვებოდა პრაქტიკულად ჩვენში ბოლშევიკების გამარჯვებას დღევანდელ პირობებში? მას მოყვებოდა საშინელი არევ-დარევა, ანარქია, და ჩვენი დემოკრატიისა და ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენელთა განადგურება. ჩვენში არ არის არც ერთი ბოლშევიკური საბჭო, მაშასადამე, საბჭოთა მთავრობა ჩვენში იქნებოდა უარყოფა ყოველივე საბჭოებისა. საბჭოთა მთავრობა იყო ბაქოში, იგი იყო თერგის ოლქშიც. ორივე ალაგას მან ნიადაგი მოუმზადა რეაქციას და გამოიწვია საშინელი ხოცვა-ჟლეტა; - იგივე იქნებოდა ჩვენშიც.

როდესაც ჩვენი რესპუბლიკა იბადებოდა, ჩვენ ვშიშობდით და ვფიქრობდით, ვაი თუ მახინჯი გამოდგესო. მეორე წელიწადია, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ. ორი წლის გამოცდილებამ დაგვიმტკიცა, რომ ჩვენს ერს, ჩვენს დემოკრატიას შეუძლია დამოუკიდებელი არსებობა. ჩვენმა დემოკრატიამ ჩვენდა სასიქადულოდ დაიჭირა ისტორიული გამოცდა.

დღეს, როდესაც ემუქრებიან თავისუფალ საქართველოს, ემუქრებიან ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენ ვამბობთ: თუ მთავრობა და მმართველი პარტია დაიცავს ჩვენს დამოუკიდებლობას იმ მეთოდებით, რომლებიც დემოკრატიას შეჰფერის, თუ მთავრობა დაიცავს საქართველოს დამოუკიდებლობას იმ საშუალებებით, რომლებიც არ შეარცხვენენ და არ გააწითლებენ სოციალისტს - ჩვენც მას მხარს დაუჭერთ.

ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ორნაირად შეიძლება ბრძოლა. თქვენ შეგიძლიათ არ იცნოთ ჩვენი დამოუკიდებლობა და ინსინუაციებითა და იარაღით ხელში შეებრძოლოთ მას. ამ გზას ადგანან დენიკინელები და, სამწუხაროდ, კომუნისტებიც.

თქვენ შეგიძლიათ აღიაროთ ჩვენი დამოუკიდებლობა, მაგრამ შიგ დამოუკიდებელ საქართველოში შეგიძლიათ აწარმოოთ ისეთი პოლიტიკა, რომ ეს დამოუკიდებლობა ყველას შეაძულოთ, ყველას შეაზაროთ. მწუხარებით უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ მეორე გზას ადგია ჩვენში მთავრობა და მმართველი პარტია და, როდესაც ჩვენ ვებრძვით მთავრობის პოლიტიკას სწორედ ესა გვაქვს სახეში. ჩვენ არ გვინდა, რომ ბოლშევიზმმა დააქციოს ჩვენი სამშობლო, მაგრამ არც ის გვინდა, რომ იგი მენშევიზმმა დააქციოს, გაანიავოს.

ჩვენ ვებრძვით მთავრობის შემცდარ ნაბიჯებს ამ ტრიბუნიდან, ვებრძვით მხოლოდ სიტყვითა და კალმით. სოციალისტებსა და სოციალისტურ მთავრობას ჩვენ იარაღით ხელში არ შევებრძოლებით, ვინაიდან ეს იქნებოდა ჩვენის მხრით თავის-თავის უარყოფა, ეს იქნებოდა უარყოფა იმ პრინციპებისა, რომლებიც ჩვენი პროგრამისა და ტაქტიკის სულს შეადგენენ!..

დღეს ბრძოლას დირიჟორობს ორი მიმართულება: ბოლშევიზმი და მენშევიზმი. ბოლშევიზმი - ეს არის სოციალიზმი უდემოკრატიოთ. მენშევიზმი - ეს არის დემოკრატია უსოციალიზმოთ. ჩვენ გვინდა ორივე ერთად, - სოციალიზმიცა და დემოკრატიაც. ამიტომ ჩვენ არ გვინდა არც მენშევიზმი და არც ბოლშევიზმი.

ჩვენი ლოზუნგი მუდამ იყო და დარჩება: ყველაფერი ხალხისათვის, ყველაფერი ხალხისავე შემწეობით.

სოციალისტური ძალა-უფლება, სოციალისტური მთავრობა ჩვენ გვინდა სოციალიზმის დასამყარებლად და არა ბურჟუაზიის გასაძლიერებლად. ამით განვსხვავდებით ჩვენ მენშევიკებისაგან.

სოციალისტების ბრძოლა სოციალისტების წინააღმდეგ იარაღით ხელში - ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ამით განვსხვავდებით ჩვენ ბოლშევიკებისაგან.

პატარა ჯგუფს, უმცირესობას ხელსაყრელ პირობებში შეუძლია სახელმწიფოს ძალა-უფლება ხელში ჩაიგდოს. ისტორია იძლევა ამის აუარებელ მაგალითებს. ოლიგარხებსა და ტირანებს არაერთხელ მიუმართავს ამ საშუალებებისათვის. უმცირესობამ შეიძლება კიდევაც ხანგრძლივად იბატონოს ხალხზე, მაგრამ უმცირესობას, პატარა ჯგუფს არ შეუძლია წინააღმდეგ ხალხის სურვილისა და მისი ფართო მასების აქტიური დახმარების გარეშე გააბედნიეროს მთელი ხალხი. მთელი ტრაღიზმი ბოლშევიზმისა ამაში არის!..

მაშ, რით არის ბოლშევიზმი ძლიერი? ნუ-თუ დემაგოგიით? ჩვენ გვგონია, არა, ვინაიდან დემაგოგიაში, სამწუხაროდ, მენშევიკები ბოლშევიკებს არ ჩამოუვარდებათ.

ბოლშევიზმი ძლიერი არის თავისი სოციალური მაქსიმალიზმით და თუ თქვენ გინდათ ბოლშევიზმს შეებრძოლოთ - გამოგლიჯეთ მას ხელიდან ეს იარაღი. გაანიარაღეთ ის რევ.-სოციალისტური გაღრმავებით. ჩვენ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებელნი ანარქიისა და მონარქიისაგან, ჩვენ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებელნი თვითნებობისა და შიმშილისაგან. ვინც ამას ვერ გაიგებს მუდამ ფრონტები ექნება!

იარაღით ბრძოლა იდეასთან შეუძლებელია. თუ ჩვენ ამ გზას დავადექით ეს იქნება იგივე ბოლშევიკური გზა, მათი მეთოდის შეთვისება.

თუ თქვენ გინდათ მტკიცე ნიადაგზე დააყენოთ ჩვენი დამოუკიდებლობა, გაამაგროთ დემოკრატია - უნდა შეიცვალოს მმართველი პარტიის მთელი პოლიტიკა. გადაეცით მიწები მიწის მუშებს, მიეცით სოფელს სამართლიანი და ავტორიტეტული ადმინისტრაცია, გააჩაღეთ საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი წარმოება და მრეწველობა, უკუაგდეთ ჯგუფური პოლიტიკა - და თქვენ დაინახავთ, რომ ჩვენში ანარქიას ნიადაგი გამოეცლება, ამნაირად, ბატონებო, დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მარტო ის კი არ იბრძვის, ვინც იარაღით გამოდის, არამედ დამოუკიდებლობას ებრძვის ისიც, ვინც არ ცდილობს, რომ ეს დამოუკიდებლობა პოლიტიკურად და სოციალურად მიმზიდველი გახადოს.

ეს უნდა გავიგოთ, რომ ჩვენი რესპუბლიკა გახდეს მართლაც საზომი სოციალური და პოლიტიკური თავისუფლებისა თუ ეს ასე მოხდა, ჩვენ გვწამს თვით ისინი, ვინც დღეს ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იარაღით გამოდიან - ყოველ შემთხვევაში პატიოსანი და გულწრფელობით მგონი ჩვენთან იქნებიან და ჩვენთან ერთად იტყვიან: გაუმარჯოს თავისუფლებას და დამოუკიდებელ საქართველოსო!.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების წევრს ბ. გვაზავას.

გვაზავას განცხადება.

გიორგი გვაზავა. (ნ.-დ.) ბატონებო, ჩემი განცხადება ცოტა დაგვიანებულია. როდესაც ბატონი ვეშაპელი ლაპარაკობდა, მაშინ თავმჯდომარემ დამიყვირა. მე მაშინვე შევიტანე განცხადება და ვითხოვე სიტყვა. ეს სიტყვა მას უნდა მოეცა ჩემთვის მაშინვე, რადგანაც რეგლამენტის 103 მუხლის ძალით, დამფუძნებელ კრების წევრს შეუძლიან მიიღოს სიტყვა რიგს გარეშე. ეხლა შეიძლება თქვენ ის ინცინდენტი კიდევაც დაგავიწყდათ.

ჩემის აზრით შეუძლებელია, რომ თავმჯდომარე ისე უყვიროდეს დამფუძნებელი კრების წევრს, თითქოს იგი მისი მოსამსახურე იყოს. (ხმები მარცხნივ: - მართალია!) მართალია, რეგლამენტი განსაზღვრულ უფლებას აძლევს თავმჯდომარეს, რომ მან შენიშვნა მისცეს წევრს, მაგრამ ყვირილი, რომელიც დამამცირებელია პიროვნებისა, ყოვლად მიუღებელია. ამიტომ მე ასეთი მოქცევის წინააღმდეგ პროტესტს ვაცხადებ.

თავმჯდომარის განმარტება.

თავმჯდომარე. მე უნდა განვაცხადო შემდეგი: მე მეგონა რეგლამენტის დარღვევის შესახებ იქნებოდა ლაპარაკი. რაც შეეხება 103 მუხლს, იქ სწერია შემდეგი: (კითხულობს).

ყოველ წევრს შეუძლიან მიიღოს სიტყვა რიგს გარეშე რეგლამენტის დარღვევის შესახებ, მაგრამ როდის მისცემს ამ სიტყვას თავმჯდომარე ამ ორატორის სიტყვის შემდეგ, - აქ ლაპარაკი ამაზე არ გახლავთ. მაშასადამე, განცხადება 103 მუხლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

რაც შეეხება მეორე ნაწილს ბ. გვაზავას სიტყვისას, მე მინდა განვაცხადო, რომ ეს რეგლამენტის დარღვევას არ შეეხება. ეს არის კრიტიკა თავმჯდომარის მოქმედებისა და ამაზე უნდა მოგახსენოთ, რომ იმავე რეგლამენტის ძალით თავმჯდომარის მოქმედების კრიტიკა დამფუძნებელი კრების წევრის მიერ დაუშვებელია.

მაშასადამე, თუ რეგლამენტის დარღვევაზე არის ლაპარაკი, ეს გვაზავას მხრივ მოხდა.

ხმა მაღლა ლაპარაკზე უნდა მოგახსენოთ, რომ მე არა ვარ დამნაშავე იმაში, რომ ბუნებას ჩემთვის ასეთი ხმა მოუცია. მე არასოდეს არ მქონია ის ველური აზრი, რომ ვინმე დამემცირებინა. ვიმეორებ, რომ ასეთი ველური აზრი არასოდეს არ მომსვლია თავში. და ჩემი ნახევარი წლის მოქმედება თავმჯდომარის როლში ამის დამამტკიცებელია. (ხმები მართალია!) ეს არის ჩემი განმარტება და დანარჩენი თქვენი საქმეა.

კამათის გაგრძელება

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს ბ. სპირიდონ კედიას.

სპირიდონ კედია (ნ.-დ.) ბატონებო! მე მეტად საჭიროდ მიმაჩნია ქართველ საზოგადოებისათვის და ჩვენი ქვეყნისთვის უფრო ხაზ-გასმით აღვნიშნო ერთი მომენტი შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვაში. როგორც აქამდის, აგრეთვე დღესაც, მინისტრის სიტყვა არ არის მარტო მისი სიტყვა, არამედ ეს სიტყვა მოწონებული და მიღებულია მთელი კაბინეთის მიერ და მინისტრის გამოსვლა ასეთ შემთხვევაში არის გამოსვლა მთავრობისა, და მინისტრის აზრი და სიტყვა, არის მთავრობის აზრი და სიტყვა. ამიტომ, რაც მინისტრის სიტყვაში არის ნათქვამი, ეს უნდა მიეწეროს მთავრობას, როგორც ასეთს. ის არის ამგვარად აღმნიშვნელი მთავრობის პოლიტიკისა და მისი მიმოხვრისა.

ვინც ამ ორი წლის და რვა თვის განმავლობაში თვალ-ყურს ადევნებდა პოლიტიკურ ბრძოლას საქართველოში, ვინც კარგად გაიხსენებს იდეათა შეჯახებას საბჭოში, პარლამენტში, დამფუძნებელ კრებაში თუ სხვაგან, - ის იტყვის, რომ ყოველთვის იყო ბრძოლა ორ შემეცნებათა, ორ შეფასებათა შორის, რომელიც ჩვენს გარშემო ტრიალებდა და რომელზედაც ასე თუ ისე დამოკიდებული იყო ჩვენი ბედის გადაჭრა.

და დღემდის, 31 ოქტომბრამდის, თქვენ აი, ამ ტრიბუნის სიმაღლიდან, როგორც მთავრობის, ისე მმართველი პარტიის ყოველი წევრისაგან გესმოდათ ერთი რამ, - რომ საქართველოს პოლიტიკა, მისი მთლიანი ორიენტაცია უნდა ყოფილიყო დაფუძნებული საერთაშორისო რევოლიუციაზე. ამის საწინაღმდეგოდ ჩვენ ვეუბნებოდით ყოველთვის, რომ ეს შეხედულება არ გამოადგება, მაგრამ მაშინ კომუნისტური იდეები მეტად მოწონებული იყო, და ჩვენ არ გვახსოვს არც ერთი გამოსვლა, რომ კრიტიკა კომუნისტურ იდეებისა ყოფილიყო გაბედული. და თუ იყო შემთხვევა და სხვა და სხვა წრეებში გაისმოდა დაწუნება მეორე პარტიისა, - ეს არ ყოფილა იმ სახით, რომ აქ ჰქონოდათ ფარული სიმპატიები იმ დოქტრინისადმი, რომლის ცენტრსაც წარმოადგენს მოსკოვი და პეტროგრადი. დღეს კი შინაგან საქმეთა მინისტრი აქ აცხადებს საქვეყნოდ, რომ სწორედ კომუნისტური იდეა, რომელსაც უნდა დაამყაროს მთელი ევროპის და ამერიკის მომავალი, და რომელშიაც ამ მსოფლიო ქარიშხალის დროს უნდა მოგვეძებნა ჩვენ გამტკიცების ძალა, - აი, თურმე, ეს კომუნისტური იდეა სრულიად მიუღებელი ყოფილა ევროპის კულტურული ცხოვრებისათვის, რადგან მას არა აქვს იქ ნიადაგი, და დღეს მოიქცა შეუგნებელ აზიისკენ, სადაც ბოლშევიკები თავიანთი იდეის გასაღებას ცდილობენ.

თუ ასეთი განცხადება შინაგან საქეთა მინისტრის არის ამავე დროს აზრი მთელი მთავრობისა, - და ჩვენ ამას სხვანაირად ვერ ვიფიქრებთ, - ეს არის ახალი შეგნება და ამ გარემოებას უნდა მივეგებოთ დიდის კმაყოფილებით... (ჯუღელი: ოჰო, კაი მთქმელს, კაი გამგონე უნდაო!) ისეთი, როგორიც თქვენა ბრძანდებით. (ჯუღელი: დაახლოვებით, ნათაძე - და არა, როგორც თქვენ).

მეორეს მხრივ, რაც შეეხება მიზანს მინისტრის გამოსვლისას, ჩემის აზრით, ამ მიზანს აქვს ერთი დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა. არავისთვის დამალული არ უნდა იყოს, რომ ამ ორი წლის და 8 თვის რევოლიუციონურ მოქმედების და საქმიანობის შემდეგ, ამ ერთი წლის და 8 თვის დამოუკიდებელი არსებობის შემდეგ, ერში არ არის ის ერთსულოვანი სიმტკიცე, უკრიტიკო ერთობლივი გრძნობა მთავრობის და მმართველ წრეებისადმი.

ვინც უკვირდება ცხოვრებას, პრესის ორსავე მიმართულებას, - ის იგრძნობს, რომ ყველგან ერთგვარი მოუწყობლობაა და ხალხში არ არის კმაყოფილება. თავის-თავად ცხადია, რომ მმართველი პარტია და ყოველი მოქალაქე საქართველოსი და მთავრობაც დაინტერესებულია ეს უკმაყოფილება გაფანტოს.

მგონია შინაგან-საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ აჯანყება ჩაქრობილ იქმნა, ენერგიულად, ამ ფაქტის საჯაროდ განცხადება დამფუძნებელ კრების ტრიბუნიდან უნდა იყოს ერთი რამ, რაც ასწევს პრესტიჟს იმ მმართველ პარტიისა და მთავრობისა, რომელიც ჩვენ წინ მიგვიძღვის. ჩვენ მოხარული ვიქნებოდით, რომ ეს გამოსვლა უფრო მძლავრი ყოფილიყო და ჩვენი გამარჯვებაც უფრო ძლიერი; მაგრამ ამ განცხადებას არავითარი ფასი არა აქვს, რადგან თვით მთავრობის წევრის გადმოცემით ის მეტის-მეტად უმნიშვნელო რამ არის და როგორც დაახასიათეს, ეს მოვლენა ყოფილა უბრალო ოპერეტა, როგორც იმათმა პრესამ უწოდა მას.

მინისტრმა სთქვა, რომ ამ მოძრაობაში მონაწილეობას იღებენ საზოგადოების ნაძირალებიო. მოგახსენათ აგრეთვე, რომ მონაწილეობას იღებენ გავარდნილი ყაჩაღები, ჩინელები და კიდევ სხვა უცხოელებიო. მასიური რამ გამოსვლა ამ შემთხვევაში არ ყოფილა და ყაჩაღები, რომელთა დაჭერა ძალიან ძნელია, როცა ისინი ტყეში იმალებიან, ადვილი დასამარცხებელია, როცა ისინი ქალაქის ფართო ქუჩებში გამოდიან. ამგვარად ყაჩაღის დაჭერა, ჩინელების დამარცხება, დამარცხება ნაძირალებისა, რომელნიც გამოდიან ქუჩაში, - ამათი დამარცხება მთავრობის შეიარაღებული ძალით, მილიციით და სხვა საშუალებით ისეთი ბრწყინვალე რამ არ არის, რომ ჩათვლილ იქმნას დიდ გამარჯვებად. ამ მხრივ, რომ შევხედოთ მთავრობის განცხადებას, იგი ვერავითარ გავლენას ვერ მოიპოვებს საზოგადოებაში.

მართლაც, რა მხრით შეიძლება გამოსწორება იმ მდგომარეობისა, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს და რომელიც მაინც და მაინც არ არის ჩვენთვის ძალიან სასურველი. დღევანდელი ვითარება, როგორც მოგეხსენებათ, არის შედეგი მთავრობის პოლიტიკისა. ამ პოლიტიკის გადასინჯვა და მასში ძირითადი ცვლილებების შეტანა შესძლებს ჩვენი ცხოვრების და საზოგადოების დამშვიდებას და მის ასე თუ ისე განმტკიცებას (ხმა: მაგალითად?).

რომ კერძოდ შინაგან საქმეთა მინისტრის მოღვაწეობას შევეხოთ, დავინახავთ, რომ იგი ყოველთვის ვერ იდგა თავის დანიშნულების სიმაღლეზე. აქვე ითქვა, რომ საქართველოს კარები ყველასათვის ღია იყო, შედიოდა და გამოდიოდა ყველა, ვისაც სურდა, არავითარი კონტროლი და შეზღუდვა საქართველოში შემოსვლაზე არ ყოფილა. ეს ისეთი დეფექტი არის, რომელიც ახასიათებს მთავრობას, რომელმაც იმ თავიდანვე დიდი ზიანი მოგვიტანა. არაფერი სასიამოვნოა მინისტრისათვისაც, რომელიც გამოდის, რომ აუწყოს კრებას, თუ როგორ ენერგულად ჩააქრო აჯანყება-ოპერეტა და ამავე დროს აღინიშნოს ის გარემოება, რომ წუხელ კიდევ მორიგად გადააგდეს მატარებელი ლიანდაგიდან, რასაც მოჰყვა მსხვერპლი, არის თითქმის მუდმივი ყაჩაღობა მაზრებში, მთავრობამ ამ მხრივ ვერაფერი მოაწყო. კიდევ დეზერტირები. შინაგან-საქმეთა სამინისტრომ ვერ შესძლო შემცირება დეზერტირთა რიცხვისა და ვერ დაუბრუნა ისინი ჯარს. აქამდის არ არის ცნობები, რომ მთავრობას მიეღოს ენერგიული ზომები და ჯარისთვის დაებრუნებინოს ეს დეზერტირები.

აი, რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის ადმინისტრატიულ გამგეობას, თუ ბ. მინისტრს უნდა გაიგოს აზრი დამფუძნებელ კრებისა, თუ უნდა მოუწონოთ, ან დაუწუნოთ ზომები - არავითარი საბუთი არ არის დაწუნებისათვის. რაც უნდა მცირე იყვეს აჯანყება, რაც უნდა სუსტი იყვეს მეამბოხეთა ძალა, - საჭირო არის ყოველთვის მისი ჩაქრობა მთელი სიმკაცრით. ჩვენ არასოდეს დაგვიწუნებია მთავრობისათვის ასეთი საქციელი, არ უარგვიყვია ის სასტიკი ზომები, რომელიც მიმართული იყო წესრიგის დასაცავად და სახელმწიფოს განმტკიცებისათვის, პირიქით, ჩვენ მთავრობას იმას უწუნებდით, რომ იგი თავისუფლად აპარპაშებს ისეთს ელემენტებს, ვის დანაშაულობაშიც თვით დარწმუნებული იყო. მთელი ყურადღება იყო ამ მხრივ მიქცეული და დღესაც მთავრობას არ დაუწუნებთ, რომ მან ჩააქრო ეს აჯანყება. თუ ეს დააკმაყოფილებს მინისტრს ჩვენ მოუწონებთ ამას, მაგრამ ვიმეორებთ, - ეს არ არის უმთავრესი, და საფრთხე ეს არ არის. მოგეხსენებათ, ხალხში მეტად დიდია ასაფეთქებელი მასალა და საკმაოა ერთი ნაპერწკალი, რომ მიიღოს ცუდი მიმართულება. ამიტომ მთელი ენერგია მთავრობისა და ხალხისა უნდა იყოს მიმართული იმ ელემენტების წინააღმდეგ, რომელთაც შეჰქმნეს ეს მიმართულება საზოგადოებაში და ხალხში. საჭიროა ბრძოლა ძირითადი მიზეზების წინააღმდეგ. თუ თქვენ არ დასჯერდებით უბრალო დემაგოგიას, უბრალო თავის დაკმაყოფილებას, - თქვენ იტყვით, რომ დღევანდელი მდგომარეობა შინ და გარეთ არ არის ხელსაყრელი და იმის გამოკეთება არ შეიძლება არც სიტყვით, არც იარაღით, როგორც ეს მოხდა ლაგოდეხში და ფოთში.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ჯუღელს.

. ჯუღელი. მოქალაქენო! მე მეგონა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელი განცხადება ერთის მხრით მეტად სასტიკ კრიტიკას გამოიწვევდა და მეორე მხრით აღაფრთოვანებდა მემარცხენე ოპოზიციას, მაგრამ განამტკიცებდა არა თავის პოზიციაში, არამედ იმ პოლიტიკაში, რომელიც შეიძლება მომავალში გამოიხატოს მთავრობის საერთო პოლიტიკისათვის მხარის დაჭერაში. მაგრამ აქ ის მხარე, რომელიც ერთი დეპუტატით არის წარმოდგენილი... (ვეშაპელი: ჯერ-ჯერობით!) ეს მხარე, მე ამას სიამოვნებით აღვნიშნავ, იმ დეპუტატმა, რომელიც ჰფიქრობს თავის ფრაქციის მომავალ გამრავლებაზე, დღეს აიღო ისეთი ტონი, რომელიც დღევანდელ პირობებში ყოველ დამფუძნებელ კრების წევრს შეეფერება. მან სთქვა, რომ უყურებს ამ მოვლენას, როგორც პატრიოტი და ამიტომ არ შეეცადა მთავარი ყურადღება მიექცია იმ გესლიან კრიტიკისათვის, რომელსაც ჩვეულია საზოგადოდ ჩვენი ოპოზიცია.

ასე „პატრიოტულად“ რომ შევხედოთ ამ მოვლენას, რომელსაც ახლა „ბორბას“ შემდეგ ოპერეტას უძახიან, რასაკვირველია, უნდა ვსთქვათ, რომ თუმცა მდგომარეობა სერიოზული იყო, მაგრამ მთავრობამ აამოძრავა, აამოქმედა ისეთი პოლიტიკა, რომ ეს მდგომარეობა გააქარწყლა და ის ბანაკი, რომელიც ფიქრობდა ჩვენი დემოკრატიის დამხობას, დღეს თვითონ არის დამხობილი.

მე ვამბობ, რომ ამ სერიოზულ მომენტში, როცა მართლა ეს ოპერეტა და კომედია შეიძლება გადაიქცეს საშინელ ტრაგედიად, - ასეთ განსაკუთრებულ მომენტში კრიტიკისათვის კი არ უნდა ვემზადებოდეთ, არამედ ჩვენი მოქმედება სრულიად ობიექტიურად უნდა დავაფასოთ. თუ მთავრობა სდგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ამტკიცებს დემოკრატიულ წყობილებას, ჩვენი ხალხის უფლებებს, ასეთი პოლიტიკა მთავრობისა ჩვენ უნდა მოვიწონოთ და სავსებით მხარი დაუჭიროთ მას.

ლეო შენგელაიამ აქ ძალიან შორიდან დაიწყო, ისე შორიდან, რომ ეს დღეს სრულიად საჭირო არ იყო. ჩვენ მიერ ის ფაზა ბოლშევიზმისა, რომლითაც დაიწყო შენგელაიამ, უკვე განვლილია. და დღეს, როდესაც მოდის აქ სპირიდონ კედია და გვეუბნება, რომ მხოლოდ დღეს მოვისმინეთ სამართლიანი სიტყვა, რომ მხოლოდ დღეს სთქვა შინაგან-საქმეთა მინისტრმა ბოლშევიკების უკულტურობაზე, მე ვამბობ, რომ ის განსაკუთრებული ფაზა კომუნიზმის კრიტიკისა ჩვენ უკვე განვლეთ, ჩვენს ფარგლებში უკვე დავამარცხეთ იდეა კომუნიზმისა, და როდესაც შემდეგ იარაღითაც დავამარცხეთ ის, მაშინ სპირიდონ კედია სრულიად გარეშე იდგა ამ საზოგადოებრივ მუშაობისა. აქ დამახასიათებელია ის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიას იგი იწყებს ეროვნულ საბჭოდან. (კედია: მაშინ თქვენ ბოლშევიკი იყავით!) მე რაც ვიყავი ეს ისტორიამ დაამტკიცა და თქვენ რაც ბრძანდებით, ამასაც დაამტკიცებს ისტორია. (ტაში). და თუ თქვენ დაიწყებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას ეროვნულ საბჭოდან, პარლამენტიდან და დამფუძნებელ კრებიდან, მაშინ გამოგრჩებათ ყველაზე დიდი და მასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი ხანა ჩვენი ხალხის ისტორიისა, როდესაც პირველად განმტკიცდა ჩვენი დამოუკიდებლობის ნამდვილი ნიადაგი; მაშინ ჩვენ ბოლშევიზმი, ეგრედ-წოდებული კომუნიზმი დავამარცხეთ ფიზიკურად და როდესაც დაგვჭირდა დავამარცხეთ იდეურადაც. და, რასაკვირველია, შინაგან-საქმეთა მინისტრს დღეს ახალი არაფერი უთქვამს. მაგრამ თქვენ გინდათ, რომ მისი ნათქვამი ისე გაიგოთ, თითქოს მან დაგმო კომუნიზმი, აძაგა საერთაშორისო კომუნიზმი და საერთაშორისო რევოლიუციონური მიდრეკილება. ასე გინდათ გაიგოთ მისი სიტყვა, მაგრამ ეს სრულიად არ შეეფერება სიმართლეს.

კომუნიზმს იმ სახით, რომელიც მას მისცა ბოლშევიზმმა ჩვენ ვებრძვით იდეურადაც. იდეურად ჩვენს ფარგლებში ისინი დიდი ხანია დავამარცხეთ. თქვენ მაშინ დარწმუნდით, რომ განსაკუთრებით მუშათა წრეებში, მოწინავე ელემენტებში, ამ ხულიგანურ კომუნიზმს არავითარი გასავალი არ აქვს. მაგრამ რაც შეეხება იარაღს, ამის მტკიცება საჭირო არ არის თუ ვინ დაამარცხა. და დღეს ყველა იტყვის, რომ ეს იარაღი, რომ ქონოდა არა დემოკრატიას, არამედ იმ ფრაქციას, რომელსაც წარმოადგენს ბ. სპირდონ კედია, დღეს აქ თუ ბოლშევიზმი არ იქნებოდა გამეფებული, ყოველ შემთხვევაში, მის ნანგრევებზე დენიკინი მაინც იქნებოდა გამარჯვებული. (ტაში. კედია: ამაში არის თქვენი შეცდომა!) ეს თქვენ უნდა იცოდეთ და გახსოვდეთ, რომ ჩვენ ჩვენს პოლიტიკას არასდროს არ გადმოგცემთ და იმ ხმალს, რომელიც უკავია ჩვენს დემოკრატიას, სანამ ცოცხალია ის მოწინააღმდეგე ძალას არ გადასცემს. (კედია - ევოლიუციის საქმეა!) და თუ რუსეთი დამარცხდა, თუ დამარცხდა რუსეთის დემოკრატია, მხოლოდ იმიტომ, რომ დროზე ვერ შექმნა მან თავისი შეირაღებული ძალა.

და როდესაც შენგელაია გამოდის და გვასწავლის ჭკუას - დაუჯერეთ ჩვენს ფრაქციასო, ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა მოიმოქმედა იმათმა ფრაქციამ და პარტიამ, რომელიც ედგა რუსეთს სათავეში და როგორ დაკარგა მან მთელი რუსეთი, როგორ დაამარცხა დემოკრატია. მე ვამტკიცებ, რომ თქვენი პარტიის ბელადს იმავე ჩერნოვს, რომელიც იყო მაშინ მიწად-მოქმედების მინისტრი, მაშინ სრული უფლება ქონდა საკუთარ პარტიულ პოლიტიკის წარმოებისა. ერთ დროს ჩერნოვი თქვენი ფეტიში იყო. როდესაც თქვენ გქონდათ საშუალება საკუთარ პოლიტიკის წარმოებისა, აწარმოეთ ეს პოლიტიკა, მაგრამ სამწუხაროდ ამ პოლიტიკით დაამარცხეთ დემოკრატია.

თქვენ ყველამ იცით, რომ მართლაც ერთად ერთი შესანიშნავი გამონაკლისი არის ჩვენი დემოკრატია, რომელმაც დროზე აუღო ალღო საერთაშორისო რევოლიუციონურ მოძრაობას, როგორც ესერების უილაჯობას, ისე ბოლშევიკების ხულიგნობას, და აირჩია სწორი გზა და დააყენა ჩვენი დემოკრატია ჭეშმარიტ ნიადაგზე. და თუ ასეთი თუ ისეთი გამარჯვება მოელის ჩვენს დემოკრატიას, სწორედ ამ გზაზე.

აი, ასე უყურებთ ჩვენ ამ საკითხს და ხშირად, როდესაც ერთმანეთს დაუკავშირებთ იმ პსიქოლოგიას, რომელსაც წარმოადგენს შენგელაია და თუ გინდ გვაზავა, ან კედია, - ისინი ძალიან ხშირად თვის კრიტიკის დროს ერთმანეთს მხარს უჭერენ. ჩვენ ათასჯერ გვითქვამს, ბატონო სოციალისტ-რევოლიუციონერებო, გვასწავლეთ ის სწორი გზა, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე. სოციალისტ-რევოლიუციონერებმა გვასწავლეს ეს სწორი გზა, ეს გზა არის - ჯერ ბოლშევიკების გამარჯვება და შემდეგ რეაქციის დამყარება! აქ ეს საშუალება თქვენ არ გქონიათ და ამის საშუალებას არც მოგცემთ, ვინაიდან ჩვენ ვგრნობთ, რომ თქვენ ძალა უფლება ჩაიგდოთ ხელში, მაშინ გაიმარჯვებს აქ დენიკინი. შესაძლებელია თვით დენიკინი არ იყოს აქ - შესაძლებელია ან „შვილ“-ზე, ან, „ძე“-ზე თავდებოდეს მისი გვარი, მაგრამ იგი რეაქციის წინამორბედი იქნება ისე, როგორც დენიკინი. (მაჭავარიანი: თქვენ მაშინ რუსეთს დაეხმარებით?) როდესაც რუსეთი რევოლიუციისათვის იბრძვის, იცავს ნამდვილ დემოკრატიულ დროშას, თუ შეძლება გვექნება, - ჩვენ ყოველთვის დავეხმარებით ასეთ რუსეთს (ხმაურობა. ერ.-დემოკრ. სკამზე. ხმა - საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმეგ?) არა, დამოუკიდებელი საქართველო სწორედ იმიტომ გვინდა, რომ თვით საქართველოს დემოკრატია, საქართველოს ხალხი გახდეს ბედნიერი და თავისუფალი იქნეს, თუ გამტკიცდა ჩვენი მდგომარეობა, მაშინ საქართველოს დემოკრატია შეეცდება ეს დახმარება გაუწიოს სხვა ხალხის დემოკრატიასაც.

მე ეხლა მინდა რამოდენიმე სიტყვა ვსთქვა ოპერეტაზე. დღეს, როდესაც მტერი დამარცხდა და ზოგი მეამბოხე ციხეში ზის, სპირიდონ კედიას და ვეშაპელს ძალიან ეადვილებათ ოპერეტაზე ლაპარაკი (კედია: ეგ სიტყვა „ბორბამ“ იხმარა!) „ბორბამ“ იხმარა, მაგრამ სხვა კილოთი. კომედია ძალიან ადვილად გადაიქცეოდა ტრაგედიად, რომ დროზე ზომები არ მიგვეღო, ჩვენ დღეს ვიქნებოდით საშინელ ტრაგედიის წინაშე და ამ ოპერეტაზე თქვენვე ასე ვერ ილაპარაკებდით. საბედნიეროდ, სიმაღლე ჩვენი დემოკრატიისა სწორედ იმაშია, რომ ის დროზე უსწრებს და არ აქცევს კომედიას ტრაგედიად და აძლევს კომიზმის სახეს ბოლშევიკურ კომუნიზმს. მაგრამ ამას თქვენ ვერ აფასებთ. მე თქვენ მოგაგონებთ ახლო წარსულს, რომ შარშან მომხდარიყო ასეთი გამოსვლები სხვა და სხვა კუთხეებში თქვენ იცით რა დიდი მობილიზაცია დაგვჭირდებოდა და რა დიდი ძალა იქნებოდა საჭირო იქ გასაგზავნად. ეხლა კი ძალა გვყავს არა მარტო ცენტრში, არამედ ადგილობრივაც, რომელიც ყველა ნამდვილ კონტრ-რევოლიუციონურ გამოსვლებს და ამბოხებებს ადგილობრივადვე საკუთარის ძალითვე სპობს. ამ მხრივ ბოლშევიკებმაც ტაქტიკა შესცვალეს. ხდება ახალი ორგანიზაცია ძალებისა, და თუ შარშან ბოლშევიკები გამოდიოდენ ზოგიერთ კუთხეებში ერთმანეთის დამოუკიდებლად - ჯერ სამეგრელოში, შემდეგ დუშეთის მაზრაში, სოჭის და სოხუმის ოლქებში, და მათ შორის მაშინ არავითარი კავშირი არ იყო, დღეს თქვენ ხედავთ, რომ ისინი აწყობენ საერთო გამოსვლებს მთელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე. მე დღეს თამამად გეტყვით, რომ შარშან ერთსა და იმავე დროს, რომ მოეწყოთ გამოსვლები - სამეგრელოში, დუშეთის მაზრაში და სოჭის ოლქში, - შესაძლებელია ისე ადვილად ვერ დავამარცხებდით მეამბოხეებს. თქვენ იცით, რომ უმთავრესათ ტფილისის მუშების სახალხო გვარდიას უხდებოდა ხან ერთ, ხან მეორე კუთხეში წასვლა ბოლშევიკურ გამოსვლების წინააღმდეგ. ჩვენი ბედნიერება იმაშია, რომ ბოლშევიკები საშვალებას გვაძლევენ ნაწილ-ნაწილად დაგვემარცხებია და დაგვეფანტა მათი ბრბოები. დღეს დავცინით ბოლშევიკებს, დღეს ოპერეტაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ... როცა სოხუმში ერთი როტა გამოიყვანეს გარედ და კინაღამ მთელი პოლკი გადაიყვანეს თავის მხარეზე და დროზე, რომ არ ყოფილიყო მიღებული ზომები, ჩვენ გვაქვს უტყუარი საბუთი, რომ ფოთში ისინი დიდ გამოსვლისთვის ემზადებოდნენ, შემდეგ, რომ გამოვყვეთ ფოთიდან რკინის გზის ლიანდაგით, ჩვენ დავინახავთ, რომ ისინი აწყობდნენ საჭილავოში, გუბაში, დუშეთის მაზრაში, თელავში და ლაგოდეხში.

ამნაირად მთელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე ისინი ამ გამოსვლებს აწყობდნენ, და მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთ და იმავე დროს აწყობენ გამოსვლებს, ჩვენ ტფილისიდან არ დაგვჭირებია არც ერთი კაცის გაგზავნა, რადგან ადგილობრივ იყვნენ ის შეიარაღებული დემოკრატიის ძალები, რომელთაც ჩააქრეს ეს გამოსვლები. ამაში დიდი დაწინაურება არის ჩვენი სახელმწიფოსი და მე მგონია, თუ უკმაყოფილებაზე არის ლაპარაკი, ყველაზე უფრო უკმაყოფილონი შეიძლება ჩვენ ვიყვეთ, იმიტომ, რომ ჩვენ ყველაზე უფრო გვინდა კარგი მდგომარეობა იყოს სახელმწიფოში. მაგრამ მარტო კრიტიკით როდი კეთდება საქმე.

დღეს შედარებით ჩვენი მდგომარეობა უფრო მტკიცეა, ვიდრე შარშან. ჩვენი მდგომარეობა სხვა სახელმწიფოებთან შედარებით გაცილებით მტკიცეა. მე კიდევ ხაზს უსვამ იმ გარემოებას, რომ ადგილობრივ ძირში სპობენ ყოველგვარ დემოკრატიის საწინააღმდეგო გამოსვლებს. და ბოლშევიკების სრული დამარცხება სწორედ იმაშია, რომ ტფილისიდან შეიარაღებული ძალების გაგზავნა არ გვჭირდება და თვით ადგილობრივმა დემოკრატიამ წარმოშვა ის შეიარაღებული ძალა, რომელიც ამ ორგანიზაციებს ბოლშევიკებისა ანადგურებს.

ეხლა მე მინდა თვით ამ გამოსვლაზე ლაპარაკი. აქ სრულიად სამართლიანად აღნიშნა ვეშაპელმა, რომ უკმაყოფილო ელემენტები ერთი მხრიდანაც არიან და მეორე მხრიდანაც - მარჯვნივაც და მარცხვნივაც. (ასათიანი: მესამე მხრიდანაც!) და სწორედ ბოლშევიკურ კომუნისტურ გამოსვლებში ყველა ამ უკმაყოფილო ელემენტმა მოიყარა თავი. აქ არიან კომუნისტები, პირდაპირ უნდა ვსთქვათ ზოგიერთი მემამულენი, რომელთაც ძალიან ბევრი დაკარგეს მიწების ჩამორთმევით, - იქნება აქტიურად არა, მაგრამ ფარულად არიან ჩამბული. ვერც ერთი დიდად ცნობილი ბოლშევიკი ამ საქმეში პირდაპირ არ არის ჩაბმული, - აქტიურად, იარაღით ხელში. მაგრამ ფაქტი არის იმაში, რომ ისინი იდეურად ხელმძღვანელობენ და გამოყავთ ის ბრბო, რომელიც აკეთებს არა ბოლშევიკურ, არამედ ჩვეულებრივ ყაჩაღურ საქმეს. იდეური ბოლშევიკები კი ჩრდილოში არიან. ისინი არ გამოდიან იარაღით ხელში.

და ვერც მემარჯვნე ელემენტები გამოვლენ იარაღით ხელში რაც გინდ კონტრ-რევოლიუციონური გამოსვლები მოხდეს. ვერც გაზეთი „კლდეს“ თანამშრომელი დაიჭერს იარაღს ხელში.

მე ვამბობ, იდეური ბოლშევიკები, რომლებზედაც აქ ლაპარაკობენ, ჩრდილოში არიან და იარაღით ხელში არ გამოდიან. ასევე იქცევა მემარჯვენე მხარეც. საერთოდ მემარჯვენენი იარაღით ხელში არ გამოდიან და მე დარწმუნებული ვარ, თუ გამოსვლები მოხდა, ვერც გაზეთ „საქართველოს“ და ვერც გაზეთ „კლდის“ ვერც ერთ თანამშრომელს იარაღით ხელში ვერ დაიჭერთ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ეს მემარჯვენე ელემენტები იქნებიან იდეური მონაწილენი ამ გამოსვლისა. (კედია: ეს სიცრუეა და ამიტომ პროტესტს ვაცხადებ!) უკეთესი იქნებოდა, რომ ეს პროტესტი ცხოვრებაში გაატაროთ, რომ თქვენი გაზეთის ფურცლებზე არ აწარმოებდეთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს ბოლშევიზმს. (მარჯვნიდან ხმა: არ მოგწონთ კრიტიკა?) ყველაზე სასტიკ კრიტიკას ჩვენ თვითონ ვაწარმოებთ, ნუ გგონიათ, რომ ჩვენ ბრმა თაყვანისმცემელნი ვართ ჩვენი საკუთარი მთავრობისა და მისი პოლიტიკისა, ჩვენ ვიცით, რომ ნაკლი ძალიან ბევრი გვაქვს, მაგრამ, როდესაც ჩვენ ვადარებთ სხვის პოლიტიკას ჩვენს პოლიტიკასთან და როდესაც ერთი წუთით წარმოვიდგენთ, რომ შევცვალოთ ჩვენი პოლიტიკა ბ. კედიას ან ვეშაპელის პოლიტიკით, მაშინ აშკარაა, რომ სწორედ მაშინ დაიმხობა ჩვენი წყობილება. მე ვამბობ, რომ ამ პოლიტიკის ირგვლივ უნდა მოიყაროს თავი ყოველმა შეგნებულმა მოქალაქემ და საერთო ძალით გავასწოროთ ის ნაკლი და შეცდომები, რომელიც ჩვენს პოლიტიკას ახასიათებს, მაგრამ რაც შეეხება ამ პოლიტიკის სიმტკიცეს, უნდა ვსთქვა, რომ პირადად და ძალიან ხშირად არა ვარ კმაყოფილი, რადგან ჩვენი სამინისტროები ვერ იჩენენ იმ სიმტკიცეს, რომელიც უნდა გამოიჩინონ. ამისი ზოგიერთი მაგალითი გვაქვს: თქვენ იცით, რომ შარშან დუშეთის აჯანყების მეთაური იყო ბ. საშა გეგეჭკორი, რომელმაც აჯანყება მოაწყო ლეჩხუმის მაზრაში, იქ დამარცხდა და შემდეგ საწყალი ხალხი მამისონის უღელტეხილით გადმოიყვანა ვლადიკავკაში და აქედან შემოტევა დაიწყო ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ მაშინ, როდესაც ფრონტი გვქონდა ტაბახმელაზე და როდესაც თათრების ურდოები ჩვენ გვემუქრებოდნენ. ეს იყო საშინელი ღალატი. და ეს ბოროტი პირი, რომელმაც მრავალი ხალხი დაღუპა დარიალის ხეობაში, ეს ვაჟბატონი დღეს ჩაუვარდა მთავრობას ხელში, მაგრამ ის ჯერაც არ არის გასამართლებული. ის დღეს ციხეში ზის და ამბობს: დაგვიდგება ჩვენი დრო და ამ ციხეში ამოგაყოფინებთ თავსაო. მე ვამბობ, რომ დღევანდელ პირობებში ასეთ ლმობიერებას არავითარი ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს რესპუბლიკაში. მდგომარეობა საშინლად სერიოზულია, ამაზე უფრო სერიოზული მდგომარეობა წარმოუდგენელია. ჩვენ მეოთხედ დაგვიმტვრიეს მატარებელი, ბოროტ-მოქმედებმა სროლის დროს მოჰკლეს ერთი ქალი ბავშვით, დაამტვრიეს მემანქანე და მისი თანაშემწე. ეს, არის საშინელი ბოროტება, რომელსაც აუცილებლად ერთგვარი კავშირი აქვს კომუნისტებთან და დენიკინელებთან, თუ ჩვენ ამ საშინელ დროში არ ვაწარმოებთ ულმობელ პოლიტიკას ამ ბოროტ-მოქმედთა წინააღმდეგ, მთლად დაიღუპება ჩვენი სახელმწიფო. და მე ვამბობ, უკეთესი იქნება დაიღუპოს ცალკე პიროვნება, ვიდრე დაიღუპოს მთელი ხალხი, მთელი სახელმწიფო. (კედია: რას უცდით მაშ?) მე დარწმუნებული ვარ რომ დამფუძნებელი კრება სავსებით დაუჭერს მხარს მთავრობის მკაცრ და სასტიკ პოლიტიკის წარმოებაში ამ მავნე, ბოროტ ელემენტების წინააღმდეგ.

აქ შემდეგ ბევრი ლაპარაკი იყო უცხო ელემენტების შესახებ. დამახასიათებელია ის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსენებიდან ამოკრიბეს ზოგიერთი სიტყვები და მათ მთავარი მნიშვნელობა მიაწერეს. გამოდის ისე თითქოს მარტო უცხო ელემენტებზე იყოს ლაპარაკი და თითქოს ადგილობრივი, შინაური ელემენტები არ იღებდნენ მონაწილეობას ამ გამოსვლებში. როდესაც უცხო ელემენტებზე ლაპარაკობენ, უკიდურეს ნაც.-დემოკრატებს და მემარჯვენე ნაც.-დემოკრატებს აინტერესებთ ერთი რამ: დავცხოთ რუსებს, დავცხოთ სომხებს (მარჯვნიდან ხმა: ჩვენ არ გვითქვამს ეს!) აქედან თქვენ ხშირად არ ამბობთ იმას, რასაც ჰფიქრობთ, რადგანაც ეს ტრიბუნა იმდენად მაღალია, რომ არ შეგწევთ გამბედაობა, ილაპარაკოთ ის რაზედაც ჰფიქრობთ.

უცხო ელემენტი იმას არ ნიშნავს, რომ ისინი უთუოდ არიან არა ქართველნი. ეს არიან ყველა ისინი ვინც ჩვენს ორიენტაციას არ იზიარებს და არა სდგას ჩვენს სახელმწიფოებრივ ნიადაგზე. აი, ერთი მაგალითი, რომელიც შეიძლება სასიამვნო არ იყოს ეროუნულ-დემოკრატებისათვის. როდესაც სოხუმში მოხდა მე-7 როტის გამოსვლა, სხვათა შორის, მეზარბაზნებად რუსები იყვნენ. როდესც კომუნისტებმა მიჰმართეს ამ მეზარბაზნეებს მოგვეხმარეთ, დაუშინეთ ქალაქს ზარბაზნებიო, მათ ზარბაზნები გააფუჭეს მთავრობის მხარეზე გადმოვიდნენ და სთქვეს ჩვენ ვიცით რა ბოლშევიკებიც არიან ისინი, მაგრამ უნდათ დენიკინიც შემოვიდეს. აი, ასეთი უცხო ელემენტებზე ლაპარაკობს გ. ვეშაპელი, რომელიც ვერაზე სცხოვრობს. ის ძალიან გაკვირვებული არის, რომ ჩვენი გვარდიის ზოგიერთი ნაწილი მღერის რუსულ სიმღერას. მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ იმ როტას, რომელიც ყოველ დღე დიდის გემოზე ამ რუსულ სიმღერას მღერის, ჩვენი დემოკრატიული წყობილების დაცვაში მრავალი ამხანაგი დაუკარგავს თავისი წრიდან და უფრო მეტი მონაწილეობა მიუღია ამ საქმეში, ვიდრე ზოგიერთ იმ პირებს, რომელნიც გაზეთ „კლდე“-ში თანამშრომლობენ. ნუ თუ მარტო, იმიტომ, რომ ისინი მღერიან „სოლოვეი პტაშეჩკა“-ს, უნდა დავივიწყოთ მათი ღვაწლი, როდესაც ისინი სიცივეში და სიმშილში იცავდნენ თავის პოზიციებს და ამით იცავდნენ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, (ეს წვრილმანი საკითხი იყო. ხმა მარცხნიდან.) თქვენ ამ წრვილმანზე აგებთ თქვენს პოლტიკას. და მე ვამბობ, ჩვენ, რომ არ გვეწარმოვებინა ნამდვილი ინტერნაციონალური პოლიტიკა, ის პატრიოტიზმი, რომელზედაც დღეს აქ ლაპარაკობენ, სრულიად დამარცხებული იქნებოდა.

ჩვენ დავამარცხეთ ჩვენი მოწინაღმდეგენი. მათ ვერ მოახერხეს, რომ დიდი გამოსვლა მოეწყოთ, მაგრამ აშკარაა, რომ ამ გამოსვლისთვის დიდი მზადება იყო, დიდი ორგანიზაცია ჰქონდათ. მაგრამ ეს გამოსლვა მათ მოუხდათ ძალიან ნაადრევად. 24 ოქტომბერს, რომ არ ყოფილიყო რუსეთში ბოლშევიკების გამოსვლის ორი წლის თავი და რომ ეს ყოფილიყო 24 მაისს დარწმუნებული ვარ, ისინი უფრო მწყობრად და მძლავრად გამოვიდოდნენ. ჩვენთვის ეს დიდი გაფრთხილება არის. ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს გამოსვლა სრულიად საშიში არ იყო, მაგრამ ამ გამოსვლამ დაგვიმტკიცა, რომ კომუნისტები ცდილობენ ჩვენი ძალების დაშლას, ცდილობენ ჩაგვათრიონ დიდ ომში და ფაქტიურად დაღუპონ მთელი ჩვენი რესპუბლიკა. ისინი არავითარ საშვალებას არ ერიდებიან. და ყოველი საშვალება, კანონიერია იგი თუ ის ემსახურება მათ პირდაპირ მიზანს, მათვის მისაღებია, ხოლო მათი მიზანი არის საბჭოთა მთავრობის დაცვა. თუნდაც ამან გამოიწვიოს ახლად დაარსებული პატარა სახელმწიფოთა, როგორც არის საქართველო, უკრაინა და სხვა, დაქცევა და განადგურება, ისინი ამას ყურადღებას არ აქცევენ და იმიტომ საშინელი ენერგიით ცდილობენ ჩვენი დემოკრატიის დამხობას. ისინი არავითარი მოკავშირეობას არ ერიდებიან და იმიტომ მათ წინააღმდეგ ჩვენ უნდა მივიღოთ სასტიკი ზომები. ჩვენთვის ეს იყო პირველი და დიდი გაფრთხილება, და მე დარწმუნებული ვარ ამ გაფრთხილებას ჯეროვან ყურადღებას მიაქცევთ. ჩვენი მთავრობა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ, თუ ის აწარმოებს სასტიკ და შეუდრეკელ პოლიტიკას იმათ წინაღმდეგ, ვინც ცდლობს ჩვენი რესპუბლიკის დამხობას, დამფუძნებელი კრება მხარს დაუჭერს მთავრობას ამ პოლტიკის გატარებაში.

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების წევრს ბ. შალვა მესხისშვილს.

. მესხიშვილი. (ს.-ფ.) მოქალაქენო! ის კამათი, რომელიც გამოიწვია შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსენებამ, მე მგონია სხვა ხასიათს მიიღებდა, როგორც მაშინ, როდესაც ჩვენ ვიდექით დენიკინის საფრთხის წინაშე. ისე დღეს მეგონა ზოგიერთი ზომები კრიტიკასთან ერთად მეტს ერთსულოვნებას გამოიწვევდა. როგორც მაშინ, ისე დღეს ერთი და იგივე საკითხი სდგას ჩვენს წინაშე: მაშინ მტრები იარაღით ხელში გვიპირებდნენ შემოსევას, რომ დაემხოთ ჩვენი სახელმწიფოებრივი წყობილება, და დღეს იგივე მტრები თავიანთი აგენტების და ფულის საშვალებით სცდილობენ შიგნიდან მოგვიწყონ აჯანყება, რომ დაამხონ დამოუკიდებელი რესპუბლიკა. ყველასთვის აშკარა უნდა იყოს, რომ ჩვენი პატარა დემოკრატიული რესპუბლიკა იხეირებს, და შესძლებს თავისუფლების შენარჩუნებას მხოლოდ მაშინ, როდესაც ის განამტკიცებს უფლებრივ წყობილებას. რამდენათაც განმტკიცდება წესრიგი, მით უფრო ძლიერი იქნება საფუძველი მომავალი ცხოვრებისთვის.

ეს ძალიან კარგად იციან ჩვენმა მტრებმა, როგორც მარჯვნივ ისე მარცხნივ და ამიტომ ცდილობენ შექმნან ჩვენში ანარქია, რომ ამათ საშუალება მიეცეთ თავის მიზანს მიაღწიონ.

მე მაკვირვებს რა საჭირო იყო მინისტრისთვის, რომ ის ერთხელ კიდევ ეკითხება დამფუძნებელ კრებას, იწონებს იგი თუ არა იმ ნაბიჯებს, რომელიც მთავრობამ გადადგა, საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ერთხელ და სამუდამოდ გამოუცხადა მთავრობას, რომ აუცილებელია მან მიიღოს სასტიკი ზომები ყველა იმათ წინააღმდეგ, ვინც შეეცდება ჩვენი თავისუფლების დამხობას. განა არ გახსოვთ ის მომენტი, როდესაც დენიკინის შემოსევაზე იყო ლაპარაკი და როდესაც დამფუძნებელმა კრებამ ერთხმად მიმართა მთავრობას, რომ მან მიიღოს სასტიკი ზომები დენიკინელთა წინაღმდეგ, ჩვენთვის სულერთია, ვინ გვიმზადებს აჯანყებას, ვინ გამოიწვევს ანარქიას, იმიტომ, რომ ეს ანარქია დამღუპველია ჩვენი სახელმწიფოსათვის.

შეიძლება ცუდი ინფორმაცია მაქვს მე, მაგრამ მინდა ვკითხო შინაგან საქმეთა მინისტრს: აპირებს თუ არა ბრძოლას რესპუბლიკის მტრებთა წინააღმდეგ, ლოღიკურ დასკვნამდი მიიყვანოს?

მე ვიცი, რომ ბოლშევიკების ე. ი. კომუნისტების წინაღმდეგ ზომები მიღებულია. მაგრამ ვეკითხები შინაგან საქმეთა მინისტრს, მიღებულია თუ არა ზომები, დენიკინის აგენტების და მათი მომხრეების წინააღმდეგ?

მაშინ, როდესაც დენიკინმა ოდესაში და კიევში საკონსულოები დახურა, ქართველები ყველგან შეავიწროვა და მათ სასტიკათ ეპყრობა, ამ დროს ვხედავთ ასეთ ფაქტს - დენიკინის პოლიტიკური მისია აქ არის. მე ვეკითხები ბატონ მინისტრს დასაშვებია ეს, თუ არა? რატომ არ არის მიღებული სათანადო ზომები? აუარებელი დენიკინელი დასეირნობს თავისუფლად რუსთაველის პროსპექტსა და თავისუფლების მოედანზე საქართელოს დედა ქალაქში. უკანასკნელ ლუკმა პურს ართმევს რესპუბლიკის მოქალაქეთ და მყუდროთ ცხოვრობენ მათი ოჯახები, ვინც დენიკინის ჯარში იბრძვის ჩვენს თავისუფლების წინააღმდეგ. ბ-ნმა მინისტრმა განაცხადა, რომ აჯანყების დროს კომუნისტები და დენიკინელები ერთად იყვნენო! მაშ რისთვის არ გინდათ ჩვენს მტრებს შესაფერისად გასცეთ პასუხი? უნდა მოგახსენოთ, რომ მე არ ვიზიარებ იმ აზრს, რომელიც საერთოდ ჩვენში განმტკიცებულია ნ. რამიშვილის შესახებ. მას მტკიცე ხასიათის და სასტიკი კაცის სახელი აქვს. ეს არ არის მართალი, თორემ ის აუარებელი გასაწმენდი მასალა, რომლითაც სავსეა ქ. ტფილისი, დიდი ხანია აქედან უნდა აბარგულიყო. არა საკამათოდ, არამედ იმისათვის, რომ საქმე სათანადოდ იყოს დაყენებული, მე მივაქცევ მთავრობის ყურადღებას, რომ შესაფერი ზომები მიიღოს ამ ელემენტებისაგან ჩვენი ტერიტორიის და დედა-ქალაქის გასაწმენდად. კიდევ ერთი გარემოება: მინისტრის სიტყვით ამ აჯანყებას მხარი დაუჭირეს იმ ელემენტებმა, რომელნიც ჩვენი პოლიტიკის უკმაყოფილონი არიან და ჩვენი ხალხი არ გამოდის მათთან ერთად. ჩვენი ხალხი ადვილად პოლიტიკურს თავისუფლებას არავის დაუთმობს, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ მომენტი სერიოზულია, გულახდილად უნდა ითქვას დამფუძნებელ კრების წინაშე, რომ ჩვენ უნდა შევეცადნეთ აღმოვფხრათ ყოველივე შესაძლებლობა ამისთანა გამოსვლებისა. და ჩვენი შინაურ პოლიტიკის გაჯანსაღებით და სერიოზული ზომებით უნდა მოვსპოთ ნიადაგი უკმაყოფილებისა.

მე მსურს, რომ დღევანდელის დადგენილებით ერთხელ კიდევ ხაზი გაესვას, რომ საქართველოს დემოკრატია ადვილად არ დასთმობს თავისუფლებას. ამიტომ მთავრობა მოვალეა სასტიკი ზომები მიიღოს იმათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრიან ჩვენს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და არსებობას.

თავმჯდომარე. აქ შემოსულია წინადადება ს.-დ. ფრაქციისა კამათის შეწყვეტის შესახებ. მე კენჭს უყრი ამ წინადადებას. ვინ არის წინააღმდეგი შემოსულ წინადადებისა? კამათი შეწყვეტილია. სიტყვა ეკუთვნის შინაგან-საქმეთა მინისტრს.

ნოე რამიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი. მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! მე საჭიროდ მიმაჩნია გარკვეული პასუხი გავცე იმ შეკითხვაზე, რომელიც ს.-ფედ. სახელით დეპ. მესხიშვილმა დაუყენა მთავრობას. შეკითხვა მეტად მნიშვნელოვანია, და მისი უყურადღებოდ დატოვება შეუძლებელია. იღებს თუ არა მთავრობა ზომებს იმათ წინააღმდეგ, ვინც ჩვენს დამოუკიდებლობას საფრთხეს უმზადებს აქ. ეს არის შეკითხვა დენიკინის მისიის შესახებ. ასეთი შეკითხვა, სწორედ, უადგილოა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლიან ასეთივე მისია ვიყოლიოთ, ყუბანში და სხვაგან. არის მეორე მხარე საქმისა. თქვენ თუ გგონიათ, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს აშენებული, დროზე თუ რანაირი სიმპატია, ანტიპატია, პირადი განწყობილება გვაქვს ამა თუ იმ სახელმწიფოსთან, რასაკვირველია, ეს შეცდომა არის. (დადიანი: ძველი სიმღერაა!) ეს გახლავთ არა ძველი სიმღერა, არამედ ლოღიკური დასკვნა, ჩვენი სახელმწიფოებრივი შემოქმედება.

თქვენ ფიქრობთ, რომ მე შემიძლიან მივიღო წარმომადგენელი რესპუბლიკანური სახელმწიფოსი და არ შემიძლიან მონარქიული სახელმწიფოს წარმომადგენლის მიღება....

ჩვენი დამოკიდებულება დენიკინთან მეტის მეტად რთულია, რომ აქ შეიძლებოდეს ამის განხილვა. ეს საკითხი უნდა მოიხსნას. დგება მეორე საკითხი: მართლაც - ვიღებ თუ არა ზომებს მათი აგენტების წინააღმდეგ, იმათ წინააღმდეგ, ვინც საფრთხეს ამზადებს და ებრძვის ჩვენს დამოუკიდებლობას. მე უნდა განვაცხადო აქ მთავრობის სახელით, რომ... (ნუცუბიძე: კომუნისტების მისიას მიიღებთ?) კომუნისტების მისიაზე ვილაპარაკებ მაშინ, როცა ისინი მოვლენ. მაგრამ სანამ იმათთან არ გვაქვს არავითარი დამოკიდებულება, იმათზე არ ვილაპარაკებ, კომუნისტები არ არიან ჩვენი მეზობლები. არიან სხვა მეზობლებიც, რომელთანაც დაგვჭირდება ასეთ საზომის გამოყენება. დენიკინთან დამოკიდებულება რთულია და ვინაიდან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ იმ ქვეყნებში, რომელიც მათ ემორჩილება მაგ. ყუბანში გვეყოლება დელეგაცია, იმიტომ ყოვლად შეუძლებელია მისიაზე აქ ლაპარაკი (ხმაურობა. თავმჯდომარე: შეუძლებელია ბ-ბო, ასე კრების წარმოება, დამშვიდდით, ბ-ბო!) რაც შეეხება დენიკინის აგენტებს ჩვენ, თუ საჭიროა, სიას წარმოვადგენთ, იმათ სიას, რომელნიც ამ მოკლე ხანში გადასახლებულნი იყვნენ: ასეთნი ასობით ითვლებიან. (ვეშაპელი: ხომ ბრუნდებიან?) ყველანი, ვინც გადავასახლეთ ვერ დაბრუნდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ზოგნი უწყობენ ხელს ამას. მაშასადამე ამ მხრივ პოლიტიკა გარკვეულია და ჩვენ ახალი გზის არჩევა არ გვჭირია. ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთხელ და სამუდამოდ. საჭიროდ მიმაჩნია მოგახსენოთ, რომ თვით ბ. კედია და მისი ორგანო სულ არ ფიქრობდა იმას, რასაც ახლა იგი მოგვითხრობს. მაშინ, როდესაც ბოლშევიკების გამოსვლა იწყებოდა, ისინი ფიქრობდნენ სერიოზულ რასმეს და გამარჯვების დღეს ისინი გამოდიან, რომ ის ოპერეტა არის. (რეპლიკა ნაც.-დემოკრატებისაგან: მაგას ერთობა ამბობს!) მე საჭიროდ არ მიმაჩნია, გამომექვეყნებია ზოგი ოფიციალი დოკუმენტები, ვინაიდან თქვენ შეიძლება იფიქროთ სერიოზული არაფერი მომხდარაო. აი, ერთი დოკუმენტი, რომელიც ფოთს ეხება, მას I გვატყობინებს ჩვენი ადმინისტრაცია, ადგილობრივი წარმომადგენელი (კითხულობს:) ჩვენ არ მივაქცევდით ყურადღებას იმ ცნობას, რომელიც აქ არის, რომ თავის თავად ეს ცნობები არ ყოფილიყო დადასტურებული სხვა ცნობებით. ჩვენ გვქონდა სხვა ცნობებიც, ეს დამტკიცდა და ამიტომ, ვინაიდან გამოირკვა, რომ ისიც არის დამტკიცებული, რომ საერთო გამოსვლას ამზადებდნენ, ჩვენ სრული უფლება გვაქვს ვიფიქროთ, რომ ის ცნობები, რომელიც მოგვცეს ფოთის შესახებ სიმართლეს შეეფერება. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ნაწილი ჯარისა მათ მიემხრობოდა. ერთი კიდევ მათი გეგმა როგორი იყო: (კითხულობს).

ასეთია, ბატონო კედია, ის ოპერეტი, რომელიც მზადდებოდა. თქვენ იცით, რომ სხვა ქალაქებშიაც მზადდებოდა ასეთი გამოსვლები. და რომ აქ არავითარი ოპერეტი არ არის, ეს იყო ძალიან დიდი საყოველთაო გამოსვლა და თუ შევადარებთ იმ გამოსვლას, რომელიც მოხდა შარშან, უნდა მოგახსენოთ, რომ სრულიად საკმარისი იყო, რომელიმე ადგილას გამარჯვება, რომ დანარჩენ ადგილებზეც გადასულიყო. როცა ეს მოხდებოდა, მაშინ მოძრაობა მიიღებდა არა ოპერეტულ, არამედ მეტისმეტად ტრაღიკულ ხასიათს, და შეიძლება ეს საბედისწერო ყოფილიყო მთელი ჩვენი რესპუბლიკისათვის, ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთ განაპირა კუთხეებისათვის. ასეთი იყო მდგომარეობა და არ ვიცი რა უფლების ძალით ლაპარაკობთ თქვენ, რომ რაღაც უმნიშვნელო რამ ხდებოდა. რომ მთავრობას დროზე არ მიეღო ზომები ადგილობრივი თვითმმართველობანი და ადმინისტრაცია არ დახმარებოდნენ, გამოსვლები მრავალ ადგილას ჩაფუშული ვერ იქნებოდა. თუ გგონიათ, რომ ეს, რაც მზადდებოდა და მოსალოდნელი იყო მხოლოდ ოპერეტი იყო, მაშინ თქვენ და ჩვენს შორის საერთო არაფერია. საჭიროა გაგება იმისა თუ რას ეწოდება სერიოზული გამოსვლა და რას - ოპერეტი. ის ლაპარაკი იყო კომუნისტურ ექსპერიმენტზე. ყველასთვის აშკარა იყო, რომ ჩვენ ვლაპარაკობდით არა კომუნისტურ იდეაზე, არამედ ექსპერიმენტზე. უნდა იცოდეს ბ. კედიამ და სხვა პარტიებმა, რომ ყველა იმ ზომებს, რომლებსაც აწარმოებენ ბოლშევიკები, აქვთ ხასიათი არა დადებით მუშაობისა, არამედ ექსპერიმენტისა, ვინაიდან არავითარი ნიადაგი მათ ამ მხრივ მუშაობას არ აქვს, რადგან იციან, რომ ისინი ეყრდნობიან არა ხალხის უმრავლესობას, არა დემოკრატიას, არამედ უმნიშვნელო ჯგუფებს და სურთ მოახვიონ თავისი ზრახვანი და გეგმა, ძალით, ხალხს თავზე. ამიტომ, არის, რომ ამათი ცდა ასე უნაყოფოდ თავდება. დასასრულ საჭიროდ მიმაჩნია ვუპასუხო ერთ შეკითხვაზე, რომელიც მიმართული იყო სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციიდან. არის რამდენიმე პირი შეპყრობილი წინანდელ აჯანყების გამო, მაგ. საშა გეგეჭკორი. ჩვენ გვაქვს ერთად ერთი საშულება, ჩვენ მივიღეთ ყველა ის ზომები, რომლებიც კი შეეძლო მიეღო მთავრობას. ჩვენ ის დატყვევებულნი გადავეცით სასამართლოს და მისი საქმეა ადრე გაასამართლებს, თუ დაგვიანებით. რასაკვირველია, მთავრობა შეეცდება, რომ დაჩქარებით იყოს ასეთი საქმეები განხილული, რამდენადაც ეს მთავრობაზე არის დამოკიდებული. ჩვენ ყოველგვარ ზომებს მივიღებთ, რომ ის პირები, რომლებიც მთავრობის, რესპუბლიკის წინააღმდეგ გამოდიან - სასტიკად იქნენ დასჯილნი. ყოველივე ეს დამოკიდებულია იმაზე შესძლებს თუ არა სასამართლო ამ საქმეების დაჩქარებით განხილვას. და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ სასამართლო შეეცდება ასეთი საქმეების რიგს გარეშე განიხილოს. ხოლო მთავრობამ თავის მხრივ მიიღო დადგენილება, რომ განსაკუთრებულმა სასამართლომ, რომელიც არის დანიშნული ამ საქმეების გასარჩევად, გაგზავნონ სესიები იქ, იმ ადგილებში, სადაც გამოსვლები მოხდა. (კედია - მთავრობამ, რომ გამოუშვას, როგორც კუჩარიანც-შმაგაილოვი?) მთავრობა ვერ გამოუშვებს. რაც შეეხება ბოლშევიკებს, უნდა ვსთქვათ, რომ რამდენად ისინი აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ამ ანარქიულ გამოსვლებში და არა იდეურად, რასაკვირველია, იმ ანარქიულ გამოსვლების ხელის შეწყობის წინააღმდეგ, მე მგონია საკმაო ზომები იყო მიღებული და მთავრობა ამ გზას არ გადაუხვევს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გვაზავას.

. გვაზავა (ერ.-დემ.) ბატონებო, მომენტი მეტის-მეტად ძნელია. მაგრამ, როდესაც ჩვენ გვინდა მიუთითოთ შეცდომაზე, გავასწოროთ პოლიტიკა, მთავრობისა, მაშინ ჩვენ გვეუბნებიან, არა ხართ მამულიშვილებიო. სწორედ ეს აზრი გამოსთქვა ბ. ჯუღელმა. სწორედ მამულიშვილობა მოითხოვს, თუ პოლიტიკა არ არის სწორი, დავანახოთ რა გამოსავალი არის. პატრიოტიზმი იმაში კი არ არის, რომ ყოველთვის მივიღოთ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ტაში დაუკრათ, პირიქით, თუ, ეს ნაბიჯი არ არის ხელსაყრელი, უნდა გამოვიდეთ და უთხრათ მას ის, რაც წარმოადგენს მათ მხრივ შეცდომას. ბატონებო, ბოლშევიკური მოძრაობა ყოველთვის იყო დიდი საშიშროება მთელი ქვეყნიერებისათვის და არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის. ეხლანდელ დროში მაინც ეს ჭეშმარიტება არის და მე მაკვირვებს, როდესაც ბ. შინაგან-საქმეთა მინისტრი თურმე უცდის ტელეგრამებს ფოთიდან. ჩვენი ფრაქცია ამბობდა, იმას უნდა მივაქციოთ უმთავრესი ყურადღება, თუ რა საშიშროებას წარმოადგენს ბოლშევიზმი, როგორც იდეური მიმდინარეობა. ეს არის სწორედ იდეური მიმდინარეობა და ამათ წინააღმდეგ ბრძოლა თოფით და ზარბაზნით შეუძლებელია. ვისაც უნდა ბრძოლა იმ იდეების წინააღმდეგ, ვალდებულია ამ იდეურ მოძრაობას წინ დაუყენოს აგრეთვე ძლიერი და მძლავრი იდეა. და როცა ამ მხრივ შევხედავთ ჩვენი მთავრობის პოლიტიკას, შეიძლება ვთქვათ, რომ მთავრობა ამ მხრივ დამარცხებულია, თუმცა ბ. ჯუღელმა სთქვა, რომ ჩვენ იდეურად დავამარცხეთ ბოლშევიზმიო. ეს არ არის მართალი. რა არის უმთავრესად იდეა ბოლშევიზმისა? თავდაპირველად ეს არის უარყოფა სამშობლოსი, გამარჯვება ინტერნაციონალისა, ე. ი. გამარჯვება ერთი კლასისა. მაშასადამე დარღვევაა ეროვნული მთლიანობისა. (ხმა სოც.-დემ. მხრიდან: გამარჯვება ყველა ხალხისა).

ბოლშევიზმის იდეის წინააღმდეგ არის ერთი იდეა: იდეა სამშობლოსი, იდეა სახელმწიფოსი და ეს ერთი იდეა უნდა დაუპირისპიროს მეორე იდეას, როგორც მოითხოვს ამას ისტორიული ხანა, რომელსაც ჩვენ განვიცდიდით. მე ვამბობ, თქვენ დამარცხდით, ეს იდეა ვერ გაბედეთ დაგეყენებინათ ბოლშევიზმის იდეის წინააღმდეგ. მაგალითად, აქ როცა ბ. მინისტრი ლაპარაკობდა, მე მისი ყურადღება მივაქციე, რომ ეხლაც აქ ფრიალებს წითელი დროშა, აი სწორედ ამაშია ჩვენი და თქვენი უბედურება. თუ თქვენ გინდათ განამტკიცოთ რესპუბლიკა, როგორც სახელმწიფო, ვალდებული ხართ მოხსნათ ეს წითელი დროშა. წითელი დროშა არის ბოლშევიზმისა. (ხმა სოც.-დემ. მხრიდან: ბოლშევიზმის დროშა კი არ არის, არამედ არის რევოლიუციონური!) წითელი დროშა არის ბოლშევიკური დროშა. (ხმა სოც.-დემ. მხრიდან: ამ წითელმა დროშამ მოგცათ დამოუკიდებლობა და ამ პარლამენტში გამოყვანა!) ამ პარლამენტში გამოყვანა მომცა 20 საუკუნის ცხოვრებამ საქართველოსი და არა თქვენ. საქართველო არსებობდა ადრე, არის ქართველი ერი, რომელმაც შექმნა თავისი სახელმწიფოებრივი ცხოვრება. ეს მოხდა იმიტომ კი არა, რომ თქვენ გინდოდათ, ან არ გინდოდათ, ან წინააღმდეგნი იყავით ამისა. ეს მოხდა, როგორც ბუნებრივი შედეგი ჩვენი წარსულისა (ხმაურობა). ბატონებო, თქვენ ამბობთ უნდა ჩავაქროთ ბოლშევიკური მოძრაობაო. როგორ მერე? თქვენ თქვენი მოქმედებით და პოლიტიკით უნდა ნათლად დაანახოთ ხალხს, რომ სამშობლო ძვირფასია, რომ ღირს იმისთვის ბრძოლა, თქვენ კი გააკოტრეთ იდეა სამშობლოსი და ჰქმნით სწორედ ისეთ პსიქოლოგიას, რომელიც ხელს უწყობს ბოლშევიკურ მოძრაობას.

იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ეს აჯანყება მოახდინეს ყაჩაღებმა, ზოგიერთ უცხო სახელმწიფოდან ჩამოსულმა ელემენტებმა, ბოლშევიკებმა და სხვებმა. მე გარწმუნებთ, რომ იქ მონაწილეობას იღებდა ბევრი თქვენი მომხრე და მიიღებს კიდეც თუ თქვენ განაგრძობთ, ბატონებო, თქვენ პოლიტიკას. მართალია თქვენ მიიღეთ 500.000 ხმა, მაგრამ საქართველო შესდგება არა მარტო პარტიულ ხალხისაგან, არის დიდი ნაწილი, რომელიც პარტიულ კრისტალიზაციაში არ შედის. როდესაც ამ ხალხს გაუჭირდება ცხოვრება, განსაკუთრებით, როცა თქვენ ქმნით ისეთ სულიერ მიდრეკილებას, რომ შეიძლება ეს უკმაყოფილო ელემენტი გადავიდეს ჩვენ მოწინააღმდეგე ბანაკში, მე ამას ხაზს ვუსვამ, მაგრამ მე მარტო იმას კი არ ვამბობ, რომ ყოველთვის თქვენ მიგიძღვით ბრალი (ხმაურობა. რეპლიკები არ ისმის).

მიუხედავად თქვენი 30 წლის ანტიეროვნულ მოღვაწეობისა, ჩვენმა ხალხმა მაინც შეჰქმნა ის სამშობლო, რომლის შესახებ ბ. ჯუღელი აქედან აცხადებს ხოლმე, ლაპარაკი არ მიყვარსო (ჯუღელი: ლაპარაკზე მე უფრო საქმე მიყვარს). თქვენ საქმე გიყვართ და მე მინდა სწორედ, რომ უბრალოდ არ დაიღვაროს თქვენი სისხლი, იმიტომ, რომ ზოგჯერ ქმნით ისეთ გარემოებას, რომ შეიძლება უბრალოდ დაიღვაროს თქვენი სისხლი.

თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ ბოლშევიზმთან იდეიურად, არავითარი კავშირი არა გვაქვსო. შეიძლება თქვენ იძულებული იყავით მათ წინააღმდეგ ზომები მიგეღოთ, მაგრამ, მე მგონია, თქვენ მათთან კავშირი ბევრი გაქვთ. ჯერ ერთი თქვენ შვილი ხართ ერთი და იმავე მოძღვრებისა და მთელი მეთოდი თქვენი მოღვაწეობისა მიმართული არის თავისუფლების შეზღუდვისაკენ, დიქტატურისაკენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ, ეროვნულ-დემოკრატებს, არჩევნებში, რომ მეტი ხმები მიგვეღო, გაგვრეკავდით და ტყვიას დაგვიშენდით ისე, როგორც ბოლშევიკები. ბ. ჯუღელმა აქედან განაცხადა: სანამ მე ცოცხალი ვარ და ჩემი გვარდია მყავს, თუ თქვენ გაიმარჯვებთ... მაშასადამე თქვენ ისარგებლებთ ტყვიით, როგორც ბოლშევიკები (რეპლიკა: არა, არა!) სხვათა შორის, მან კრიტიკა გაუკეთა ბატონ შენგელაიას და უკიჟინა, თქვენ რუსეთში დამარცხდით. ბატონებო, ეს იარაღი ორივე მხრით მჭრელია. რუსეთის მთავრობაში თქვენი წარმომადგენლებიც იყვნენ, მაგრამ თქვენ დაგამარცხეს და გამოგყარეს იქიდგან. აქედან სჩანს, რომ თქვენ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს პოლიტიკას, და აწარმოოთ ისეთი პოლიტიკა, რომელსაც მოითხოვს ნამდვილი დემოკრატიზმი და არა განსაკუთრებული მიდრეკილება, - თქვენი კლასობრივი ბატონობა. რაც შეეხება შინაურ წყობილებას, თქვენი პოლიტიკით ჰქმნით ისეთ პსიქოლოგიას, რომელიც მერყეობას ჰბადებს. თქვენ თითონ ლაპარაკობთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა არ მიგაჩნიათ უდიდეს ღირებულებად და შესაძლებელად სცნობთ უარჰყოთ ეს დამოუკიდებლობა, თუ რუსეთი იქნება აღდგენილი. (რეპლიკა: როდისა ვთქვით ეგ?) დღეს თუ არ გითქვამთ, ეს აზრი ხშირად იყო გამოთქმული თქვენს პრესაში, რომ დამოუკიდებელი საქართველო ჩვენთვის ფეტიში არ არისო. (რეპლიკა: მართალია, არ არის) თუ თქვენთვის არ არის ფეტიში, ხალხმა რად უნდა იბრძოლოს მის დასაცავად?! მე მხოლოდ საზოგადოდ მივაქცევ თქვენს ყურადღებას, რომ პოლიტიკა მთავრობისა, ვერ მუშაობს რიგიანად, რომ თავისუფლება არ არის დაცული. ამის გამო ჩვენ ბევრჯერ შემოვიტანეთ შეკითხვა, და ყველამ იცით, როგორია მთავრობა ამ თავისუფლების დაცვაში. მაგრამ დღეს არ მინდა ამაზე ვილაპარაკო. ჩემი სურვილია, ბატონებო, რომ მთავრობამ მშიშრულად და მოკრძალებით კი არ გადადგას ნაბიჯი სახელმწიფოს განმტკიცებაში, არამედ ეხლა მაინც გაბედულად ააფრიალოს ნამდვილი სახელმწიფოებრივი დროშა, ნათქვამია, რომ ხალხი თვალებით აზროვნებს, და, აი, სწორედ ამიტომ საჭიროა, შეჰქმნათ ისეთი პირობები, რომ ხალხს შეეძლოს აზროვნება გასწიოს იმ ემბლემით, რომელიც გამოხატავს მის ეროვნულ არსებას.

ჩვენ ვამბობ, რომ უნდა დამყარდეს დემოკრატიზმი, რომელიც არის თავისუფლება ყოველი პიროვნებისა და პატივისცემა ყოველი პიროვნებისა. და როდესაც გამოლაშქრება არის სახელმწიფოს წინააღმდეგ, იგივე დემოკრატიზმი მოითხოვს, რომ სასტიკი ზომები იქნეს მიღებული, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ იარაღს იღებენ, რასაკვირველია, ჩვენც იარაღით უნდა უპასუხოთ.

აქ, სხვათა შორის, ითქვა ისიც, თითქოს მთავრობა თავის მოვალეობას ჯეროვნად ვერ ასრულებს. ეს მართალია. სწორედ ეს არის ჩვენი უბედურება, რომ მთავრობა მერყეობს, გადაჭრით არ სდგას სახელმწიფოებრივ ნიადაგზე, მას აქვს ერთნაირი სულიერი კავშირი ბოლშევიზმთან და ეს გზა არის დამღუპველი ჩვენთვის. ჩვენ გავგზავნეთ საზღვარ-გარეთ ისეთი პირები, რომელნიც ებრძვიან, უარჰყოფენ სახელმწიფოებრივ ცხოვრებას.

რაც შეეხება კონკრეტიულად იმ საკითხს, რომელიც დასმული არის მინისტრის მიერ, ჩვენ რასაკვირველია, მას მხარს დაუჭერთ იმდენად, რამდენადაც მინისტრი აწარმოებს ნამდვილ ეროვნულ სახელმწიფოებრივ პოლიტიკას. მისი ღონისძიება უნდა იყოს სასტიკი, რადგან უამისოდ სახელმწიფოს დაცვა შეუძლებელია. ამ მხრივ ლაპარაკი არ დამჭირდება, რადგან, თქვენ იცით, მე თქვენი პოლიტიკის წინააღმდეგი ვარ და მით უმეტეს წინააღმდეგი ვიქნები ბოლშევიკების პოლიტიკისა. ჩვენ სულ მუდამ გვერდში გედექით საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვაში, მაგრამ სამწუხაროდ თქვენ ვერ იჩენთ საკმაო ენერგიას.

აქ ბ. მინისტრმა გამოსთქვა ერთი აზრი, რომ ბოლშევიზმი იკიდებს ფეხს ცენტრალურ აზიაში და საზოგადოდ ჩამორჩენილ ქვეყნებში და არ კი განავითარა ეს აზრი. ევროპაში ბოლშევიზმმა ფეხი ვერ მოიკიდა და ვერც მოიკიდებს იმიტომ, რომ სახელმწიფოებრივი ცხოვრება განვითარებულია. და თუ გნებავთ, ჩვენშიაც ვერ მოიკიდებს ის ფეხს, თუ დავადგებით იმ გზას, რომელიც ევროპიელმა ხალხმა მიიღო. ეს არის უფლებრივი სახელმწიფოებრივი ცხოვრება, და როცა ეს დროშა იქნება აფრიალებული ჩვენში, მაშინ სახელმწიფოებრივი ცხოვრება უზრუნველყოფილი იქნება.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფ. კრების წევრს რ. არსენიძეს.

. არსენიძე. (ს.-დ.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! აქ, ამ ტრიბუნაზე მიღებულია, რომ ყოველი საკითხი უეჭველად უმაღლეს ხარისხამდე გააღრმავონ. მაგრამ ეს გაღრმავება მხოლოდ ერთი მიზნით ხდება, რომ ყველა იმაში, რაც მოხდება რესპუბლიკაში, ბოლოს დაბოლოს ბრალი დასდონ ჩვენ პარტიას - სოციალ-დემოკრატიას და ჩვენი ნდობით აღჭურვილ მთავრობას. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მიმართულებანი კმაყოფილნი არიან ბოლშევიკურ გამოსვლის ჩაქრობით, ყველა გრძნობს ერთგვარს უშიშროებას ხვალინდელი დღისას სწორედ ამ მთავრობის და ჩვენი ფრაქციის მუშაობის წყალობით, მაინცა სცდილობს მთელი თავისი კრიტიკა სწორედ ამ ფრაქციის წინაღმდეგ მომართონ. ჯერ ბატონი შენგელაია შეეცადა თავისი ჩვეულებრივი ლექცია წაეკითხა ბოლშევიკების თაობაზე და შემდეგ მეტად საკვირველი რეცეპტი მოგვაწოდა. ბოლშევიზმი ძლიერია თავისი მაქსიმალიზმით და ბატონ შენგელაიას რჩევით, რომ მოწინაღმდეგეს გამოსტაცო იარაღი ეს თვით უნდა აეღო ხელში იარაღი, ესე იგი, თვით მიიღო ეს მაქსიმალიზმი და გახდე ბოლშევიკი, დამეთანხმებით, რომ მარტო სახელწოდება არ ჰქმნის მიმართულებას, არამედ ქმნის მისი შინაარსი და თუ ჩვენ მივიღებთ ბოლშევიკურ მაქსიმალიზმს, თუ ჩვენ ამით გამოვაცლით მას მის ლოზუნგებს, მაშინ აღარაფერი არ დაგვრჩენია მისი სახელწოდების მიწებების გარდა. ის მაქსიმალიზმი, რომელიც აჩენს ბოლშევიზმს, არის დამღუპველი მთელი რევოლიუციონური მოძრაობისა, ამიტომ არ არის სასურველი, რომ ის დატრიალდეს ჩვენს პატარა რესპუბლიკაში. სწორედ ამიტომ ვებრძვით ჩვენ ამ უგუნურ მაქსიმალიზმს, რადგან, თუნდაც ის იყოს მეტად გულწრფელი გატაცება, ის არის მაინც წყარო ყოველგვარ უბედურებისა, ანარქიისა და რეაქციისა. (გვაზავა: გონიერ მაქსიმალიზმს ესერები... ოპპორტუნიზმისა!) თუ მაქსიმალიზმის უარყოფა ნიშნავს ოპპორტუნიზმს - მე სიამოვნებით დავირქმევ ოპორტიუნისტის სახელს. თუ მაქსიმალიზმის უარყოფა ნიშნავს პრინციპის ღალატს დაე მე ვიყო ასეთი პრინციპის მოღალატე.

ის რაც გამოადგება ხალხს, რაც მოუტანს მას გამარჯვებას, არის ნამდვილი, საღი მაქსიმალიზმი, მიტომ, რომ აძლევს მაქსიმუმს იმისას, რაც შესაძლებელია მიიღოს მან დღევანდელ პირობებში. აი, ეს გახლავთ, თუ გნებავთ, ნამდვილი დაცვა მაქსიმალურ მოთხოვნილებებისა, რომელიც ცხოვრების სიღრმიდგან მომდინარეობს და არ არის ლაღი ფანტაზიის შედეგი. ჩვენ ვერ გავყვებით ოცნებით მფრინავთ, რადგან ასეთი მეოცნებე ყოველთვის ჯურღმულში ჩავარდება. ასეთი გახლავთ ჩვენი მემარცხნეების (რეპლიკა: სოციალისტ-რევოლიუციონერების.) რეცეპტი. სამაგიეროდ მეორე მხრიდან მოგვაწოდეს მეორე რეცეპტი. ამას აქვს ერთგვარი მნიშვნელობა, რადგანაც ნეიტრალიზაციას უშვრება მემარცხენე უკიდურესობას. ამ მეორე აზრს ერთნაირი ფორმა მისცა ბატონ გვაზავამ. მას უყვარს ღრმა ფილოსოფიური მსჯელობა. მისი აზრით უარყოფა კომუნისტურ ექსპერიმენტებისა უნდა გავრცელდეს სოციალიზმის უარყოფამდის. ის გვირჩევს, დაადექით ნაციონალურ თვალსაზრისს და თქვენ მიიღებთ ბოლშევიზმის გაქარწყლებას. აი, მოკლე და მარტივი რეცეპტი ბატონ გვაზავასი. (ასათიანი: ძალიან კარგი რეცეპტია!) მაგრამ ამან სწორედ საწინააღმდეგო შედეგები მოგვცა. სწორედ იქ, სადაც ძლიერი იყო ნაციონალიზმი, მას გვერდით ამოუდგა ბოლშევიზმი (რეპლიკა: საფრანგეთში, ინგლისში, გერმანიაში?) საფრანგეთში ნაციონალიზმმა წარმოშვა ის გარემოება, რომ იქ ბოლშევიზმისათვის ნიადაგი არსებობს. თუ გნებავთ გერმანიის იმპერია თავიდგანვე საშინელ რეაქციონერების ხელში იყო, რომლებთანაც თქვენ ნათესაობას გრძნობთ, და სწორედ მათმა არსებობამ დაბადა ის ჯგუფი, რომელსაც სპარტაკის ჯგუფი ეწოდება და რომელთაც ბრძოლა მუშათა კლასს მრავალ სისხლის ღვრად დაუჯდა.. (რეპლიკა: ბალშევიკები თქვენი ნათესავებია!) მე არ უარვყოფ, რომ ბალშევიზმიც ჩვენს წრეებს გამოეყო, მაგრამ დღეს ჩვენ და იგი სულ სხვა და სხვა ნიადაგზე ვდგევართ. ჩვენ სწორი ხაზი ავიღეთ, მათ კი ის უკიდურესი მაქსიმოლიზმათ მიიღეს, რომელიც ასაზდოებს რეაქციას, დიახ მე ვამტკიცებ, რომ ეს ორი უკიდურესობა ბოლშევიზმი და დენიკინიზმი ერთი მეორის წარმომშობია. ეს არის თუ გნებავთ ორი ანტიპოდი, რომელიც ერთი მეორის გარეშე ვერ იარსებებენ, ერთმანეთზე გადაჯაჭვილი არიან, ჩვენ ვებრძვით ორივე ამ უკიდურესობას სოციალიზმის სახელით, დემოკრატიის და მუშათა კლასის ინტერესების სახელით. თქვენ კი გინდათ ნაციონალისტურ იდეების გამარჯვებად გადააქციოთ, ბ-ბო ნაციონალ-დემოკრატებო. მაგრამ თქვენ ამით ბოლშევიზმს ვერ მოსპობთ. ჩვენ კი სწორედ ნაციონალისტურ გზის თავიდან აცდენით შევძლეთ მისი დამარცხება (თქვენც ხომ სოციალისტები ხართ და ისინიც!) დიახ ჩვენ სოციალისტები ვართ, და ჩვენ სწორეთ ამით წავართვით ბალშევიზმს ყველა სასიცოცხლო ელემენტები. ჩვენ მათ წავართვით იდეოლოგია სოციალიზმისა, იდეოლოგია მუშათა კლასის და ამითი დავამარცხეთ. ნაციონალიზმი წინადაც იყო, მაგრამ ნაყოფი ამ ნაციონალიზმის გახლავთ, რომ მან დაამხო მრავალი სახელმწიფო და კიდევ ბევრს დაამხობს. ის გზა კი, რომელსაც დაადგა სოციალ-დემკრატია მიგვიყვანს არა ჩვენი რესპუბლიკის დამხობამდე, არამედ მის აშენებას შეუწყობს ხელს. (ნიკოლაძე: თქვენ ებრძოდით ყოველგვარ სახელმწიფოებრიობას!) თქვენს სახელმწიფოებს ჩვენ ახლაც ვებრძვით, სამაგიეროთ დემოკრატია ჰქმნის ისეთ სახელმწიფო აპარატს, რომელიც მას გამოადგება თავისი მიზნებისთვის. ეს არის ღირსება ჩვენი დემოკრატიის. (ნიკოლაძე: ებრძოლოს სახელმწიფოს საფრანგეთში!) დიახ ებრძოდენ, მაგრამ უნდა იცოდნენ, იგიც როგორ იცავდენ იგინი რესპუბლიკას, რაც მას საფრთხე მოელოდა მარჯვნიდან. ცხადია იგინი დიდად აფასებდნენ რესპუბლიკას, მაგრამ სოციალიზმის წინაშე, რასაკვირველია, დღევანდელმა სახელმწიფომაც უნდა ქედი მოიხაროს. ასეთია ჩვენი აზრი.

ახლა მოგახსენოთ იმის შესახებ, თუ რა სუსტი იყო ის გამოსვლა, რომელსაც ჩვენ დღეს ვარკვევთ. ამას „ოპერეტა“ დაარქვეს, ორი ყაჩაღი ჩამოვიდა ქალაქშიო. (ვეშაპელი: ეს იყო ფაქტიური მხარე მოხსენებისა!) ეს არ იყო ფაქტიური მხარე, არამედ განგებ თავის მოყრა იმ ფაქტებისა, რომელიც თქვენ ცალმხრივად მოიყვანეთ. იგი იყო ტრაღიკულად განზრახული და, რომ ეს ასე იყო, თქვენ დაინახავთ შემდეგი საბუთიდან, რომელიც ხელთ ჩაგვივარდა. (კითხულობს რუსულ ქაღალდს ბოლშევიკების ერთმანეთში მიწერ-მოწერას). როგორც ხედავთ დიდი ფართო ორგანიზაციული გამოსვლა, რომელიც განზრახული ჰქონდათ, მილიციის და გვარდიის დახმარებით თავშივე ჩაქრობილ იქმნა. ამის გარდა, სადაც იყო ეს გამოსვლები, იგი ვერ მოხერხდა ჩვენი ფხიზელი დარაჯის, დემოკრატიის, წყალობით. თუ ეს ყველგან შეჩერებულ ვერ იქმნა, ადმინისტრაციამ ყველგან ჩააქრო იგი სათავეში. თუ ჩვენი მთავრობა მომავალშიაც ასევე ადვილად ჩააქრობს ყოველგვარს ტრაღიკულად განზრახულ გამოსვლებს, ჩვენ მას მხოლოდ მადლობა უნდა ვუთხრათ.

ვიმეორებ: ტრაგედია ჩვენმა მთავრობამ და ადმინისტრაციამ „ოპერეტათ“ გადაუქცია ბოლშევიკებს. და ეს გეწყინათ განა? უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი რამ: ჩვენ სიამოვნება გვაგრძნობინა იმან, რომ ხალხი თვით, ან გულგრილად და, ან მტრულად შეხვდა ბოლშევიკების გამოსვლას. ჩვენ ვაწყობთ სახელმწიფოს ხალხურს, დემოკრატიულს, და როცა ხალხი ამ ჩვენს რესპუბლიკას ასეთ ერთგულებას უცხადებს, ეს ჩვენ გვამხნევებს. ჩვენმა მთავრობამ უნდა ისარგებლოს ამ თანაგრძნობით და მიიღოს ღონე ბოლშევიკური გამოსვლები, რომელიც ჯერ კიდევ მოსალოდნელია და რომლის საფრთხე საბოლოოდ ჯერ უარყოფილი არ არის, ასევე ოპერეტათ გადააქციოს. ჩვენ მას მთელი ჩვენი ძალ-ღონით ამაში დავეხმარებით და დარწმუნებული ვართ, მთელი დემოკრატიაც ჩვენთან იქნება.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ნიკოლაძეს.

ნიკოლაძე. ბ-ბო, მე დიდხანს არ დავიჭერ თქვენს ყურადღებას, ორიოდე სიტყვა მინდა მოგახსენოთ. ყოველთვის, როცა, რომელიმე პოლიტიკური საკითხი დგება ჩვენ წინ, როგორც დღეს, ჩვენ პარტიულ განხეთქილების, განყოფილებას და უთანხმოებას ვკიდებთ ხელს. ჩვენ კიდევ ვთვლით თავის-თავს და ერთმანეთს ძველ პარტიების ფარგლებში. ნუ-თუ დღესაც არა სჩანს თქვენთვის, რომ ძველი განყოფილება არის ანაქრონიზმი? დღევანდელ ჩვენ ცხოვრების სინამდვილეს არაფერნაირად არ შეეფერება ჩვენი პარტიულად დანაწილება. ნუ-თუ რაიმე საფუძველი და გამართლება აქვს დღეს ჩვენს ქვეყანაში, იმ ქვეყანაში, რომელიც საყოველთაო არჩევნებზე არის დამყარებული, სოც.-რევოლიუციონერების და სოც.-ფედ. პარტიის არსებობას? (ლეო შენგელაია: თქვენს პარტიას?) გინდ ჩვენს პარტიასაც! ყველა პარტიას დაუდგა დრო, რომ ჩაფიქრდეს, სხვანაირად შეიმუშაოს პროგრამა და აწარმოოს თავის ძალები იმ მდგომარეობის მიხედვით, რომელიც ჩვენს გარშემოა. თორემ ის ძველი სახელები, ძველი განყოფილება, ძველი უკმაყოფილება ერთი მეორის წინააღმდეგ მარტო ნგრევის და არა შენების იარაღია. (გობეჩია: შევრიგდეთ!) აგრეთვე სრული უსაფუძვლოა ის საყვედური, რომლითაც ერთმანეთს მივმართავთ ხოლმე, როგორც მაგალითად ჩვენს პარტიას აბრალებენ, ვითომ ჩვენი დასის, ან კლასის, რომელიმე შესამჩნევი ძალა გარეოდეს, ან შესძლებოდეს გარევა იმ გამოსვლაში, რომელზედაც არის ლაპარაკი. ეს ყოვლად შეუძლებელია. ყოვლად შეუძლებელი იყო და ყოვლად შეუძლებელი მუდამ იქნება. თუ მართლა სიმართლეს ლაპარაკობთ და არა ტყუილ-უბრალოდ ბარაბანს უკრავთ, ფაქტები და სახელები მოიყვანეთ. გარწმუნებთ, სრულებით შეუძლებელია ჩვენი ბურჟუაზიული, ან ნაციონალური პარტია გამოვიდეს დემოკრატიის წინააღმდეგ, რესპუბლიკის და თვითარსებობის ნგრევის იარაღად გახდეს. (რუსია: ისტორია?) ისტორია იმას მოგახსენებთ, რომ დემოკრატია შეჰქმნა ბურჟუაზიამ. ვინც ოდნავ მაინც იცის ისტორია, მისთვის ცხადია, რომ დემოკრატია შექმნილია ბურჟუაზიისაგან. ყოველიფერი, რაც არსებობს რესპუბლიკის საფუძვლებში, ეს შეჰქმნა ბურჟუაზიამ თავის შენაძენ უფლებების დასაცავად. სოციალიზმს დემაგოგიის მეტი ჯერ არაფერი შეუქმნია. ის ყოველთვის ყოფილა დესპოტიზმის წინამორბედი. დესპოტიზმის მეტი არა შეუქმნია რა და ვერც შეჰქმნის (ხმაურობა). ნება მიბოძეთ გამოვსთქვა, რაც მწამს. მე ხომ ხელს არ გიშლიდით, როცა თქვენ ბრძანდებოდით აქ. მე მოგახსენებთ ნათქვამის დასამტკიცებლად უდავო საბუთს. ხომ თქვენ თვითონ ბრძანებთ, რომ სოციალიზმმა უნდა დააარსოს პროლეტარიატის დიქტატურაო? ასეა ეს, თუ არა? რა არის დიქტატურა, თუ არა უმცირესობის გაბატონება უმრავლესობაზე? (თოფურიძე: ეგ გაუგებრობა არის!) ეს გაუგებრობა არ გახლავთ. ნება მიბოძეთ მოგაგონოთ, ამეებს იმიტომ კი არ ვამბობ, რომ თქვენი პარტია და ჩვენი მთავრობა შევასუსტო... (რეპლიკა ს.-დემოკრ.: ეგ ძნელია, ბატონო!) ჩემზე უფრო ერთგული მომხრე თქვენი პარტიის მმართველებისა და მისგან შექმნილი მთავრობისა, მგონია, თქვენს წრეშიაც ვერ მოიძებნოს. (დადიანი: ძალიან საინტერესოა! ხმაურობა. თავმჯდომარე: დააცადეთ ორატორს).

რაც მე მოგახსენეთ, ჩვენი პარტიის ყველა მომხრეებმა დაამტკიცეს ამ ორი წლის განმავლობაში. დიდი უმეტესობა ჩვენი პარტიისა იყვნენ შეწუხებულნი და გაძარცულნი თქვენი მოქმედებით. მაინც მათ შორის თქვენ მოწინააღმდეგე არა გყოლიათ, არც გეყოლებათ, სანამ თქვენ დგეხართ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ნიადაგზე. ამას მოგახსენებთ დარწმუნებით, როგორც წარმომადგენელი მთელი ჩვენი პარტიისა. ამას მოგახსენებთ იმიტომ, რომ ეს არის სრული ჭეშმარიტება. ჩვენ სულით და გულით გვინდა დავაარსოთ ჩვენი სახელმწიფო, გავამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ამ დამოუკიდებლობისათვის საჭირო არის, რომ არ ვაფერხებდეთ მთავრობას, გავაძლიეროთ იგი და მივცეთ მას ყოველგვარი საშუალება, ებრძოლოს ყველას, ვინც წინააღმდეგია ჩვენი დამოუკიდებლობისა, ამ გზას ადგა არა თუ მარტო ჩვენი პარტია, მთელი ჩვენი თავად-აზნაურობა, სამღვდელოება, ბურჟუაზია. ეს დაამტკიცა ამ ორნახევარი წლის განმავლობაში მათმა საქციელმა. არ მესმის, რისთვის ვარღვევთ ჩვენ უკვდავ დემოკრატიულ პრინციპებს, რომ ძალა ერთობაშია, რისთვის ვქადაგობთ ურთიერთშორის სიძულვილს ამ კათედრიდან, საიდანაც ყოველი სიტყვა უნდა იყოს ნათქვამი დაფიქრებულად და პასუხისგებით? რისთვის მუდამ ვაღვიებთ სამოქალაქო ომის ცეცხლს?

ძალიან დიდი პატივისმცემელი ვარ ბატონ ჯუღელისა, რადგან ის არის ჩვენი სახალხო გვარდიის მოთავე, დიდი და გულწრფელი პატივისმცემელი ვარ, აგრეთვე, თვით სახალხო გვარდიისა, რომელიც დიად როლს თამაშობს ჩვენი თავისუფლების და წესიერების დაცვაში, მაგრამ; როგორც პოლიტიკური დოქტრინები, ვფიქრობ, რომ არც გვარდიის წარმომადგენელი, არც ბ. ჯუღელი, როგორც ასეთი, არ უნდა გამოდიოდეს ამ ტრიბუნაზე და არ უნდა გამოთქვამდეს აქ იმისთანა სიტყვებს, რომელნიც შორიდან თუ ახლოდან გვახსენებენ სამოქალაქო ომს. ეს გახლავთ დემოკრატიულ პრინციპების დარღვევა. პირველი პრინციპი ყოველი დემიკრატიისა, მოგეხსენებათ, ის გახლავთ, რომ ჯარი არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში და პოლიტიკურ ბრძოლაში. გვარდია არის ჩვენი ძალების თვალსაჩინო ნაწილთაგანი და ამიტომაც გვიყვარს ეს სახალხო გვარდია; ჩვენი პარტია, ჩვენი იმ წრეების წარმომადგენელნი, რომლის სახელით მოგახსენებთ ამპარტავნობს ჩვენი გვარდიით, და დარწმუნებულია, რომ ის, როგორც ჩვენი რეგულიარული არმია, ყოველთვის დემოკრატიული დარჩება და არ გაერევა ჩვენ პოლიტიკურ უთანხმოებებში. მას უფრო დიადი, ძლიერი და სუფთა როლი აქვს: საერთო მამულის და წესის დაცვა. მე ამისთანა ლაპარაკით არ მოგაცდენთ. ვუბრუნდები იმ კითხვას, რომელიც დასმულია. ბ. მინისტრმა შეასრულა თავისი მოვალეობა და მოგახსენათ, თუ რა საფრთხე უდგა წინ ჩვენ ქვეყანას, ეს ოპერეტა არ ყოფილა, როგორც თქვენმა პრესამ შეცდომით გამოსთქვა. ეს იყო ნამდვილი საფრთხე, იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ხალხს უცხოელების დიდძალი ჯარი შემოესია, არამედ იმიტომ, რომ ძნელს მდგომარეობაშია ჩვენი ხალხი, და არც მარტო ჩვენი ხალხი, მთელი ქვეყნის ხალხები. ცხოვრება ნამეტნავად გაძვირდა, სიმშილი წინ გვიდგია და ამისთანა გასაჭირში მყოფ ხალხს ადვილად აიყოლიებს და ააშფოთებს მოქრთამული ბოროტგამზრახვი ბრბო. როგორც მოგახსენათ ბ. მინისტრმა, საქმე, მადლობა ღმერთს, ასე ადვილად გათავდა. ღმერთმა ქნას, რომ ყოველი საფრთხე, როგორც ამ შემთხვევაში მთავრობას აუცილებია, ჩვენი ქვეყნისთვის მუდამ ისე მართლაც სასაცილოდ და სამასხაროდ გადაქცეულიყოს. ეს ვისურვოთ. ის რაც ბრძანა ზოგიერთმა ორატორმა, სამინისტროს მიერ, რატომ უფრო ადრე არ იყო მიღებული ზომები, ამგვარ საყვედურს თავი დავანებოთ. რაც იყო, იყო. მოვითხოვოთ, რომ შემდეგში, როგორც ბრძანა ბ. ჯუღელმა, სუსტათ და ლმობიერად აღარ ეკიდებოდეს მთავრობა ამგვარ საქმეებს, რომ სასტიკი ზომები ყოფილიყოს მიღებული წინასწარ, ჩვენი დამოუკიდებლობის დასაცავად ყველას წინააღმდეგ, ვინც უნდა იყოს იგი, რომელიც კი შელახავს ჩვენს წესიერებას და დამოუკიდებლობას, ვინც მტერი იქნება ჩვენი თავისუფლებისა, მთავრობამ უნდა შემუსროს. ჩვენ იქნობამდი ვიქნებით მისი მომხრე, სანამ ამ მოვალეობას იგი მტკიცედ აასრულებს.

თავმჯდომარე: ამგვარად კამათი დასრულებული გახლავთ. შემოსულია 2 ფორმულა; გთხოვთ წაიკითხოთ.

მდივანი (კითხულობს სოც.-დემ. ფრაქციის ფორმულას და შემდეგ სოც.-რევ. ფრაქციის ფორმულას).

.-. ფრაქციის ფორმულა:

„მოისმინა რა შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება - შინაურ მდგომარეობის შესახებ, დამფუძნებელი კრება სრული კმაყოფილი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციამ და შეიარაღებულმა ძალამ ფრთხილი და ენერგიული ზომებით შესძლო თავშივე ჩაეკლა შეიარაღებული გამოსვლა გაბოროტებულ ბოლშევიკებისა და მათთან დაკავშირებულ სხვა ბანდა ყაჩაღური ელემენტების. დამფუძნებელი კრება დარწმუნებულია, რომ შეგნება, რომელიც გამოიჩინა საქართველოს დემოკრატიამ, არამც თუ არ აჰყვა ამ დამრღვეველ ძალების უსაზღვრო დემაგოგიას, არამედ ხელი შეუწყო დემოკრატიულ მთავრობას ანარქიულ გამანადგურებელი ძალების წინააღმდეგ ზომების მიღებაში, მომავალშიაც მტკიცე საფუძველი გახდება ჩვენი რესპუბლიკის დემოკრატიულ აღმშენებლობის. ამასთანავე დამფუძნებელი კრება მიაქცევს მთავრობის ყუდადღებას იმ გარემოებას, რომ მხოლოდ ფიცხელი და მკაცრი ღონისძიების მიღებით, როგორც თვით ბოროტმომქმედთა, ისე მათ მასაზრდოებელ გარეშე ელემენტებს, დეზერტირების და სხვა ანარქიულ წრეების წინააღმდეგ, შეიძლება ასეთი გამოსვლების მომავალში თავიდან აცილება და აღშფოთებული ხალხის სამართლიანის გულის წყრომის დაკმაყოფილება, და გადადის მორიგ საკითხზე“.

სოც.-რევ. ფრაქციის ფორმულა:

მოისმინა რა, მთავრობის განცხადება კომუნისტების უკანასკნელ გამოსვლის შესახებ, დამფუძნებელი კრება აცხადებს:

სოციალისტთა ბრძოლა სოციალისტების წინააღმდეგ იარაღით ხელში არის უდიდესი დანაშაული სოციალიზმის წინაშე და დამღუპველი მშრომელი ხალხის საქმისათვის. საქართველოს დღევანდელი შინაურ და საერთაშორისო მდგომარეობაში სახელმწიფოს გადატრიალება გამოიწვევდა საშინელ ანარქიას. მთელს რესპუბლიკაში და გამანადგურებელ ომს შიგ დემოკრატიაში, რაც მხოლოდ გაუადვილებდა გარეშე ძალებს საქართველოს სრულ დაპყრობას და მასში რევოლიუციის მონაპოვართა დასამარებას. დამ. კრება სთვლის რა თავის პირდაპირ მოვალეობათ მთელი ჩვენი სოციალისტური ცხოვრების ახალ სოციალისტურ საფუძველზე მოწყობას შრომისა და საკუთრების კოლექტივიზაციის გზით, მოუწოდებს, საქართველოს რევოლიუციონურ დემოკრატიას შემოკრბეს დამფუძნებელი კრების გარშემო რეაქციისა და ანარქიის ასალაგმავად“.

თავმჯდომარე. გთხოვთ დაწყნარდეთ. არის მხოლოდ ორი ფორმულა. მე კენჭს უყრი მათ იმ რიგზე, რა რიგზედაც არის შემოსულნი. ვინ არის მომხრე სოც.-დემ. ფორმულისა? ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგია სოც.-რევ. ფრაქცია; დანარჩენი ფრაქციები მომხრენი არიან. მაშასადამე მიღებულია სოც.-დემ. ფორმულა. გსურთ თუ არა უყარო კენჭი მეორე ფორმულას? (ხმა: უყაროთ). რეგლამენტი არ მავალებს კენჭი უყარო მეორე წინადადებას,როცა პირველი წინადადება გადის ხმის დიდი უმეტესობით, - მაგრამ მე მაინც უყრი, ვინ არის მომხრე? ვინ არის წინააღმდეგ? მომხრეა სოც.-რევ, ფრაქცია. დანარჩენი ფრაქციები წინააღმდეგ არიან. გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი დღის წესრიგი (მდივანი კითხულობს) კრება დახურული გახლავთ.

სხდომა იხურება 4 ს. 15 წ.

4.14 ორმოცდამეთვრამეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

1919 წელი, სამშაბათი, ნოემბრის 4. ტფილისი, სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უმფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი

გრიგოლ ნათაძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი და

კონსტანტინე ჯაფარიძე.

სხდომა იწყება დღის 12 საათზე.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. გთხოვთ დაბრძანდეთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი. (კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - გზატკეცილების სამმართველოს განკარგულებაში 380.000 მან. კრედიტის გახსნისა - ოსეთის სამხედრო გზის შესაკეთებლად.

2. საბოლოო ტექსტი - შინაგან საქმეთა სამინისტროს საექიმო-სასანიტარო განყოფილების შტატის და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების დეკრეტისა. მომხსენებელია გრ. ნათაძე.

3. საბოლოო ტექსტი - შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაზრო და საქალაქო სასამართლოს საექიმო განყოფილების შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების დეკრეტისა.

4. საბოლოო ტექსტი - სახელმწიფო შტატების დამტკიცების კანონისა. მომხსენებელია გრ. ნათაძე.

5. საბოლოო ტექსტი - ტფილისის საშუალო კულტურ-ტეხნიკურისა, ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო და წინამძღვარიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლების შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების დეკრეტისა.

6. გაგრძელება მსჯელობისა - საქართველოს რესპუბლიკის ბონების გამოცემის განგრძობის დეკრეტის შესახებ. მომხსენებელია ს. მდივანი.

7. პირველი (ზოგადი) განხილვა - ფინანსთა მინისტრის საბჭოს დებულებისა. მომხსენებელია ივ. ჭავჭანიძე.

8. სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქციის წინადადება - საგანგებო კომისიის არჩევის შესახებ - მოუსავლობის გამო დაზარალებულთა მდგომარეობის ადგილობრივ გამოსარკვევად.

9. დეკრეტი - ყოფილ ტფილისის ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის მოსამსახურეთა სალიკვიდაციო ხარჯების დასაფარავად 100.000 მან. გადადებისა. მომხსენებულია გრ. ურატაძე.

თავმჯდომარე. სიტყვას ხომ არავინ ინებებს წესრიგის შესახებ? სიტყვა არავის სურს. პირველი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბ. გ. ნათაძეს.

(გ. ნათაძის მოხსენებით კრება ამტკიცებს საბოლოო დეკრეტს - დღიურ წესრიგის 1, 2, 3, 4 და 5 მუხლებში აღნიშნულ საკანონმდებლო აქტთა საბოლოო ტექსტებს).

მსჯელობა ბონების გამოცემის შესახებ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. თ. ღლონტს.

თედო ღლონტი. ფრიად სასიამოვნო მოვლენად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ ამ ბოლო დროს, როგორც ჩვენს საზოგადოებაში, ისე პრესაში და დამფუძნებელ კრებაში ხშირად იმართება სჯა-ბაასი ჩვენს ფინანსიურ და ეკონომიურ მდგომარეობის შესახებ. ყოველ ეჭვს გარეშეა, რომ ნებსით თუ უნებლიედ ჩადენილი მთელი რიგი შეცდომებისა თავიდან იქნება აშორებული თუ ამ საქმეებზე ხშირად გვექნება მსჯელობა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც ითქვა ამ საკითხის შესახებ, ან განსაკუთრებით ის, რასაც ამბობენ, იყოს განხორციელებული საზოგადოებრივ დაწესებულებათა მიერ. კრიტიკა მაშინ, როდესაც ბონების და ფულის საკითხი მძიმე ეკონომიურ პირობებში არის ჩაყენებული, ძალიან ადვილია. საზოგადოდ მთავრობის კრიტიკა ყოველთვის ადვილია, ვიდრე საქმის პირდაპირი გაძღოლა და მისი ერთგვარი ხორცის შესხმა.

მე ამას აღვნუსხავ მხოლოდ იმიტომ, რომ კრიტიკაც არის და კრიტიკაც. მაგრამ ამ კრიტიკულ დამოკიდებულების დროს არ არის ერთი მთლიანი აზრი, ერთი გეგმა, რომელიც შეიძლება სარჩულად დაედვას, როგორც ფინანსიურს, ისე ეკონომიურ პოლიტიკას.

ჩვენ ვიცით, რომ ფულის ღირებულება სისტემატიურად ეცემა. შეიძლება ამ კრიტიკის მოტივები იყო გადაჭარბებული, მაგრამ ერთი რამ აშკარაა. მიუხედავად იმისა, რომ ერთგვარი პოლიტიკური კონიუქტურა არის დამყარებული, არ არის მშვიდობიანი ცხოვრება განმტკიცებული, შრომის ნაყოფიერება, კაპიტალის ბრუნვა, თუმცა წესიერ კალაპოტში დგება, მიუხედავად ამისა, მაინც გაუმჯობესება ჩვენი ეკონომიური მდგომარეობისა არ ხდება, - ჩვენი ფულის სუროგატი მაინც ძლიერ ეცემა. ორი თვის განმავლობაში ჩვენი ბონების ღირებულება დაეცა ორჯერ, სამჯერ სტერლინგთან შედარებით. ეს არ აიხსნება იმ გარემოებით, რომ ვინმე ბოროტი ხელი მოქმედებდეს, როგორც ეს იყო აღნიშნული ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელის მიერ.

აქ ითქვა, თითქოს შეიძლება რამდენიმე ასეული სტერლინგის მოსპობით განმტკიცდეს ჩვენი ზონები. ასე იყო ნათქვამი იმ სტერლინგების შესახებ. მაგრამ ყველასთვის აშკარაა შემდეგი: ამ 100 სტერლინგის მოპოვება შეუძლიან მთავრობას, მაგრამ უეჭველია, ამით ჩვენი კრიზისი არ მოისპობა. კრიზისი უფრო ღრმა არის და ამ უბედურ ორომტრიალის დროს, ასიოდე სტერლინგის მოპოვება კრიზისს ვერ შეასუსტებს და ბონების ღირებულებას ვერ ასწევს სათანადო სიმაღლეზე.

ჩვენ გვინდა არა მარტო იმ გარემოებას მივაქციოთ ყურადღება, თუ რამ გამოიწვია ამ ბონების დაცემა, ჩვენ ისიც უნდა ვსთქვათ, თუ რა საშუალებით შეიძლება მისი აწევა. ს.-რევოლიუციონერთა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის ამ ბონების გამოცემის წინააღმდეგია. ჩვენი ფრაქცია მუდამ იმ აზრისა იყო, რომ ჩვენთვის საჭიროა დროიანათ შეუდგეთ ქართულ ნიშნების შემუშავებას და პრაქტიკული ნაბიჯი გადავდგათ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დღესვე არ მივსცეთ მთავრობას საშუალება იარსებოს, სანამ მას ეს პრაქტიკული ნაბიჯი არ გადუდგამს.

შეიძლება მთავრობა არ საჭიროებდეს ახალ ნიშნებს, შეიძლება ის ბევრს რამეში სცდებოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მოვსპოთ ის რესურები, რომელიც მის ხელში არის. მე არ მესმის მაშინ, როდესაც რომელიმე ფრაქცია მხარს უჭერს მთელ რიგ კრედიტებს, როდესაც ვაძლევთ 50 მილიონებს მუშების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ნუ თუ ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს თანხა უნდა იქნას გადადებული, იმ ფულებიდან, რომელსაც ჩვენ ვბეჭდავთ. როცა ჩვენ ამ ბონების გამოცემის წინააღმდეგი ვართ, მაშინ ჩვენ უსპობთ საშუალებას სახელმწიფოს ეს ფული იქნას გადადებული. ჩვენ შეგვიძლიან უთხრათ მთავრობას, - თქვენი პოლიტიკა არ ვარგა, მაგრამ ვერ გეტყვით: კრედიტებს ვერ მოგცემთო.

წარმოიდგინეთ, რომ დავეთანხმოთ სოც.-რევოლ. ფრაქციის წინადადებას იმ ფრაქციის, რომელიც საკანონმდებლო მუშაობაში არ ერევა. წარმოვიდგინოთ, რომ მივიღეთ ეს წინადადება და არ მივეცით მთავრობას ბონების გამოცემის უფლება. რა მოხდება მაშინ? მოხდება ის, რომ მთელი სახელმწიფოებრივი აპარატი უნდა დაიშალოს. მე მწამს, რასაკვირველია, რომ ს.-რევ. პარტია, რომ იდგეს სახელმწიფოებრივ ნიადაგზე, და, რომ ეს შეხედულება მართალი იყოს, მაშინ დამფუძ. კრება არ მისცემდა მთავრობას ემისიის უფლებას.

ჩვენ ასეთი პოლიტიკა არასოდეს არ გაგვინაწილებია, ჩვენ ვიყავით ეროვნულ საბჭოში, პარლამენტში და დამფუძნებელ კრებაში, და არც ერთხელ არ მიგვიცია პარტიისთვის საშუალება წამოეყენებია ისეთი წინადადება, რომელიც ანგრევს სახელმწიფოებრივ ორგანიზმს, რომლის ქვეშ ადგილი უჭირავს ამ პარტიას.

ს.-ფედერალისტთა ფრაქცია იმ აზრისაა, რომ მთავრობას მიეცეს საშუალება ეს ბონები გამოსცეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი შეხედულებით საჭირო არ იყოს ზოგიერთი ნაბიჯების გადადგმა. და სწორედ იმიტომ ვეუბნებით დამფუძნებელ კრებას ამას, რომ არ მიგვაჩნია საზრისიანად ის ნაბიჯები, რომელიც მთავრობამ გადასდგა. რა ნაბიჯებია ეს ნაბიჯები. თქვენ მოგეხსენებათ, ჩვენი ფულის კურსის განმტკიცებისთვის, მთავრობა მიმართავს ერთად-ერთ უმთავრეს საშუალებას. ეს არის საგარეო ვაჭრობის მოწესრიგება. რასაკვირველია, მე აქ მონოპოლიას არ შევეხები, რადგან წინად მოგახსენეთ ამის შესახებ დამფუძნებელ კრებაში.

არის ერთი მხარე სამონოპოლიო პოლიტიკისა, რომელსაც არ შეგვიძლია განსაკუთრებული ყურადღება არ მივაქციოთ და არ ვურჩიოთ იმ უწყებას, რომელიც ამ საქმეს განაგებს. გადადგმული უნდა იქნას ესა თუ ის ნაბიჯი. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა მდიდარია ნედლი მასალით და მთავრობამ, რომ გამოიყენოს ეს ნედლი მასალა ფულის კურსის აწევისთვის, სურს გამოაცხადოს მონოპოლია ამ ნედლი მასალისა და თითონ გაყიდოს ეს საქონელი უცხოეთში. არც პრესაში და არც დამფუძნებელ კრებაში სხვა მხრივ მონოპოლიის საკითხი არ განუხილავთ. როგორ უნდა გამოვიყენოთ მონოპოლია, როგორი უნდა იქნეს ჩვენი მიზანი. ნედლი მასალა უნდა ვიყიდოთ და გავიტანოთ საზღვარ გარედ - აი ლეიტ მოტივი. უმთავრესი დებულება. და ასე აზროვნებენ ჩვენში. ეს შემეცნება არ არის სახელმწიფოებრივი შემეცნება. არსებითად ეს პოლიტიკა ჩარჩული პოლიტიკაა; თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ სპეკულიანტს, რომელიც არ იყენებდეს ამ ნედლ მასალას - ისინი ყიდულობენ ისე როგორც სახელმწიფო ყიდულობს და გააქვთ უცხოეთში, ისე როგორც ამას ჩადის სახელმწიფო, და იქ ყიდიან. აქ შემოაქვთ ისეთი საქონელი, რომლის მიღება ჩვენში შეიძლება. სპეკულიანტი არ არის დაინტერესებული საქონლით, ის დაინტერესებულია სტერლინგებით. ასეთ ჩარჩული პოლიტიკასა და დღევანდელ სახელმწაფოებრივ პოლიტიკაში არსებითად განსხვავება არ არის. განსხვავება არის მხოლოდ იმაში, რომ სპეკულიანტი იდებს თავის ჯიბეში, სახელმწიფო კი ხაზინის ჯიბეში. ეს ნაბიჯი შემცდარ ნაბიჯათ უნდა ჩაითვალოს. სახელმწიფოს შეუძლიან მოაგროვოს მთელი ნედლი მასალა და გაყიდოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის მოიგებს ფულს.

თუ გვინდა შევმქნათ ისეთი მდგომარეობა, რომელიც განამტკიცებს ჩვენ ფულს, თუ არ გვინდა ვიყოთ მხოლოდ ნედლი მასალის გამტანი და დამხმარებელი და არ გავხდეთ საწველფურად ევროპის კაპიტალისტებისა, რომ ასეთი მდგომარეობა არ დარჩეს, საჭიროა მონოპოლიას შევხედოთ სხვა თვალსაზრისით. უმთავრესი ჩვენი დებულება იმაში მდგომარეობს, რომ სამონოპოლიო საქონლად უნდა იყოს დასახული არა ისეთი საქონელი, რომლის დანიშნულება საზღვარ გარეთ გატანაა. მთავარი მოტივი უნდა იყოს შემდეგი: ის სამრეწველო დარგები, რომელიც საქართველოში არსებობს, უპირველეს ყოვლისა, ამ სამონოპოლიო საგნად უნდა იყოს აღიარებული.

ავიღოთ ფოთოლი თამბაქოს მონოპოლია. ეს მონოპოლია ისახავს მიზნად ამ ფოთოლი თამბაქოს საზღვარ გარეთ გატანას. მე საჭიროდ მიმაჩნია ვკითხო, რას გვეტყვის ფინანსთა მინისტრი, რომელიც იმავე დროს ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრიც არის, - აქვს მას წინასწარი გეგმა დამუშავებული თუ არა, რამდენად უზრუნველყოფილნი არიან იქ ქარხნები, რომელნიც დღეს ჩვენ თამბაქოს გვიმზადებენ, თამბაქოს გატანის დროს? ჩვენ ვამბობთ, უეჭველად უნდა იყოს საფუძველი მეურნეობისა, ჩვენი ადგილობრივი მრეწველობა უნდა უზრუნველყოფილი იყოს. ამ მხრივ მე აღვნუსხე, რომ არავის არც პრესაში და არც დამფუძნებელ კრებაში, კრინტიც არ დაუძრავს. ჩვენ ვუსპობთ გზას კერძო პირთ, რომ ეს სამონოპოლიო საგნები შეიძინონ. რა მოხდება, ან რა გამოვა აქედან მონოპოლიას, რომ ვაცხადებთ და მთელი საქონელი, რომ გაგვაქვს უცხოეთში? ამით ადგილობრივ მრეწველობას ვცემთ და უხერხულ მდგომარეობაში ვაყენებთ მას. ჩვენი მრეწველობა ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება, რომ ფასები ადგილობრივად დამზადებულ საქონელზე ძლიერ მაღალი იქნება, და ეს იმიტომ, რომ ადგილობრივი ქარხნები მიიღებენ ნედლს მასალას მთავრობის მიერ ხელოვნურად გაძვირებულს - საქონლის ექსპორტის გამო.

რომ ასეთ მდგომარეობას არ ექნეს ადგილი, უმთავრესი იქნება სამონოპოლიო საგნები, უპირველეს ყოვლისა, განაწილებულ იქნეს ადგილობრივ ქარხნებში, იმ სამრეწველო დარგებში, რომლებიც უკვე არსებობენ საქართველოში. ეს საჭიროა იმიტომ, რომ უზრუნველყოფილი იქნეს ადგილობრივი მრეწველობა იმ დარგებში, რომლებიც არსებობენ საქართველოში. თუ კი არ არსებობს ისეთი დარგები, რომლებშიაც შეიძლება მოხმარება დაგროვილ ნედლი მასალისა, მაშინ ჩვენი მთავრობის და სახელმწიფოს უეჭველ მოვალეობას შეადგენს მიიღოს ზომები, რათა გახდეს შესაძლებელი მისი ადგილობრივად გადამუშავება. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ რკინის გზათა მეორე ყრილობაზე გამოცხადდა შრომის სამინისტროს წარმომადგენელი და განაცხადა, რომ ჩვენ ვდებთ მუშების საჭიროებისათვის 50 მილიონ მანეთს, თუმცა ვიცით, რომ ეს წვეთია მხოლოდ ზღვაში, რომ ამით ვერ დავაკმაყოფილებთ მუშების საჭიროებასაო. და ამასთანავე ბატონმა ერაძემ განაცხადა, რომ მუშების საჭიროების დაკმაყოფილება შეიძლება მაშინ, როდესაც დავიწყებთ შინაურ მრეწველობის აყვავებაზე ლაპარაკს. ეს კი ხანგრძლივი 10, 20, 40 წლის განვითარების ზრუნვის საკითხიაო. ასეთი პროცესი დაუსახა საზოგადოებას ბატონმა ერაძემ რკინის გზელთა ყრილობაზე. მაშინ, როდესაც ასეთი წარმოდგენა აქვს სამინისტროს წარმომადგენელს, ადვილი წარმოსადგენია, როგორი წარმოდგენის უნდა იყვეს ამ საგანზე, შინაურ მრეწველობის განვითარებაზე, საზოგადოების უბრალო წევრები. ის მდგომარეობა, რომლსაც ჩვენ ვხვდებით, ნათლად გვიჩვენებს, რომ მრეწველობის განვითარების ასეთ პროცესზე, როგორიც წარმოდგენილი აქვს ჩვენში ზოგიერთ ჯგუფებს, ლაპარაკი ყოვლად შეუძლებელია. მაგრამ სანამ მე შევეხებოდე კაპიტალიზმის განვითარების პროცესს დღევანდელ პირობებში, მე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მთავრობას არა აქვს არავითარი საფინანსო და საეკონომიო გეგმა, ჩვენ ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს, რომ ჰქონდეს ასეთი გეგმა, მას შეეძლო ეთქვა ჩვენი ელჩებისათვის, რომ ჩვენ გვაქვს ნედლი მასალა, გვაქვს სისტემა, გვაქვს ჩვენი ბაზარი. ჩვენი ბაზარი არ არის მარტო ჩვენი, ის იქნება ამავე დროს სომხეთის, აზერბაიჯანის და საერთოდ მთელი ამიერკავკასიის, იმიტომ, რომ, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენში არის არა თუ პოლიტიკური შეგნება მარტო, არამედ მეტი ეკონომიური შეგნება და ეკონომიური ენერგია. თუ ჩვენ გვექნება ეკონომიური სისტემა, გვექნება ნედლი მასალა და ნიადაგი ამ მასალის ადგილობრივად გადამუშავებისა, ერთი სიტყვით თუ ჩვენ გვექნება დასახული მტკიცე და გარკვეული საეკონომიო გეგმა, მაშინ ჩვენ შეგვეძლება სრულიად გარკვეული დირექტივები მივცეთ ჩვენ ელჩებს ევროპაში, და უკანასკნელებსაც მიეცემათ საშუალება გამართონ მოლაპარაკება ეკონომიურ საკითხებზე ევროპის სახელმწიფოებთან. ასეთ შემთხვევაში, იმათ ეცოდინებათ და გათვალისწინებული ექნებათ ჩვენი სამრეწველო ნიადაგი და მდიდარი ნედლი მასალა, ცხადია შემოიტანენ ჩვენში არა მარტო იარაღს, ფულს, არამედ შემოიყვანენ მცოდნე, ტეხნიკური სტაჟის მქონე პირებს, შემოვლენ როგორც მრეწველები (ხმები ნაც.-დემ.: შემოიტანენ სოციალიზმს!) ამაზე შემდეგ გვექნება ლაპარაკი.

ახლა კი უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოდ კაპიტალიზმის უკანასკნელ საფეხურებში და ფორმებში აღიარებულია, რომ კაპიტალიზმი იმ გზით არ ვითარდება ახლა, როგორც ვითარდებოდა 50 წლის წინათ. მარქსს აქვს ისეთი ადგილი თავის „კაპიტალში“, რომელიც აჩვენებს სურათს თუ რა გზით და როგორ განვითარდა კაპიტალიზმი ეკონომიურად მდიდარ და ეკონომიურად განვითარებულ ქვეყნებში. მარქსი ამბობს: (მარქსის სიტყვები) „დაწინაურებული ქვეყნები სარკეა ჩამორჩენილ ქვეყნებისათვის“. მარქსის შემდეგ განვლო 50 წელმა, ახლა ამბობენ პირდაპირ, რომ ეკონომიურად ჩამორჩენილ ქვეყნებში კაპიტალიზმის სპეციალი დარგები ფეხს იკიდებს და ვითარდება, არა წინასწარ შემუშავებულ გეგმით, ელემენტარულ საფეხურების მიხედვით, არამედ პირდაპირ თანამედროვე ტიპის ქარხნების დაარსებით. წარმოვიდგინოთ მაგალითად ჩვენ გვაქს შალი. თუ არის საკმაო მასალა შეიძლება პირდაპირ უკანასკნელ ტეხნიკის საშუალებით და მიხედვით აქ გაიხსნას შალის ქარხნები, ის პროცესი, რომელიც გაუვლია მატყლის დამუშავებას, ის ცვლილები რომელიც მომხდარა ამ პროცესში, ჩვენ აღარ დაგვჭირდება, შეიძლება ჩვენ გამოვიყენოთ მთელი წარსული გაკვეთილები. ისე ვითარდებოდა კაპიტალიზმი ყველა დაჩაგრულ ქვეყნებში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ავსტრალია, რომელიც ეკონომიურად დაჩაგრული იყო, შემდეგ ის აყვავდა ჩქარი ტემპით. (ნაც.-დემ. ფედერალისტები რას ამბობენ!) ფედერალისტები ამბობენ იმას რასაც მე ვლაპარაკობ აქ. თქვენ უნდა წარმოადგინოთ სისტემა, ვინაიდან ეს საკითხი ისეთია, რომელსაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს. ასეთ საკითხის გარჩევის დროს ყოველივე პარტიული მიტოვებულ უნდა იყვეს, ვინაიდან ეს საკითხი არ არის საკინკლაო და სადემაგოგიო. ჩვენ სოც.-ფედ. გვაქს ამ საკითხის შესახებ გეგმა და ჩვენი მთავარი დებულება არის: უზრუნველყოთ ნედლი მასალით ჩვენში უკვე არსებული სამრეწველო დარგები, და მხოლოდ დანარჩენი იქნეს გატანილი საზღვარ გარედ. თუ არ არსებობს ასეთი სამრეწველო დარგები არ უნდა გადავდოთ მათი მოწყობის საქმე 20, 40 და მეტი წლებით, როგორც ზოგიერთი წარმომადგენლები ლაპარაკობენ. არა თუ ლაპარაკობენ, არამედ არავითარი გეგმა არა აქვთ, არ აქვთ სახელმწიფოებრივი მიზანი დასახული და რომლებსაც ვერ გადაუდგამთ ვერც ერთი პრაქტიკული ნაბიჯი. საზოგადოდ ევროპას ჩვენ წარმოებაზე არავითარი წარმოდგენა არა აქვს, არაფერი არ იცის, არ იცის არც ჩვენი საფინანსო და საეკონომიო გეგმა. 1917 წელს დროებით მთავრობის დროს, პეტროგრადში კერენსკიმ მოიწვია ვაჭარ-მრეწველთა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლების ყრილობა და ყრილობაზე შეადგინეს მთელი სავაჭრო და საეკონომიო ნუსხა. ეს ნუსხა გაუგზავნა კერენსკიმ ევროპაში ყველა თავის ელჩს. მან დაავალა თავის ელჩებს მთელი რიგი ეკონომიურ პოლიტიკურ ცნობებისა, მისცა მთელი რიგი დირექტივებისა ელჩებს. ჩვენ მთავრობას არ აქვს ასეთი დირექტივები შემუშავებული და, რასაკვირველია, არ აქვს მიცემული არც ჩვენ ელჩებს, უკანასკნელთ დავალებული აქვთ მხოლოდ ერთი გააკეთონ ინფორმაცია უცხო ბაზრის და ჩვენი ბაზრის ფულის შესახებ, ეკონომიურ პოლიტიკის შესახებ მათ არ აქვთ არაფერი დავალებული. და, რასაკვირველია ამასაც ვერ ასრულებენ კარგათ. ყოველ შემთხვევაში ერთი რამ ცხადია, ჩვენს ელჩებს დღესაც არ აქვთ ყოველ მხრივ დამუშავებული საფინანსო გეგმა.

ახლა მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება მონოპოლიის სხვა მხარეს. ჩვენ გამოვაცხადეთ ექსპორტის მონოპოლია. მაგრამ კრინტიც არ დაგვიძრავს, როგორ შეიშლება იმპორტის მონოპოლიის მოწყობა, რომ უკანასკნელი აუცილებელია ჩვენთვის, ეს აშკარა არის და არ საჭიროებს დიდ მტკიცებას. ჩვენ ამ ნიადაგზე ბევრი ზარალი ვიწვიეთ უკვე. უცხოელებს შემოაქვთ ჩვენ ბაზარზე რაც თითონ უნდათ და ყიდიან, როგორც უნდათ. 1918 წელში ინგლისმა აკრძალა ვაშლის, მსხლის და სხვა ხილის კონსერვების შემოტანა შიგნით. შეიძლებოდა ინგლისში შეტანა მხოლოდ იმ სანოვაგის, რომელიც მის კოლონიებში იყო. ამით ინგლისი აწარმოებდა შერჩევითი პოლიტიკას. ასეთ პოლიტიკას აწარმოებდა ბოლო დროს გერმანია, იტალია და საფრანგეთი. მაგრამ ჩვენ მთავრობას არ აქვს გარკვეული გეგმა იმპორტისა. ჩვენში უმთავრესად შემოაქვთ ძვირფასი საქონელი. შემოაქვთ ოდეკალონი, დუხი და სხ. ის რაც არ ესაჭიროება დემოკრატიას; ეს მოიტანს დიდ მოგებას, რადგანაც ეს საგნები ესაჭიროება მხოლოდ არისტოკრატიას, ბურჟუაზიას ესე იგი იმ კლასს, რომელსაც აქვს ფული დღეს-დღეობით. შემდეგში ასეთი მდგომარეობის დაცვა დამღუპველი და გამანადგურებელი იქნება ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკისათვის. ჩვენ მოვითხოვთ, რომ შემოღებული იქნეს იმპორტის მონოპოლია. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად საჭიროა, რომ თვით მთავრობა ჩაუდგეს სათავეში იმპორტს და მოახდინოს ფასების ერთგვარი რეგულიარიზაცია. თქვენ მოისმინეთ აქ მენშევიკების ახალ-მოდის ეკონომისტი ელიგულაშვილის პატარა და მცირე ეკსკურსიები იმაზე თუ რას ნიშნავს მონოპოლია და ფასები, მაგრამ, რასაკვირველია, დიდი განსხვავებაა მტკიცე ფასებსა და მონოპოლიის შორის. ხშირად ხდება, რომ როდესაც მონოპოლია არის, მთავრობა მაშინ ფასებს აწესებს, მაგრამ მისი კონკრეტიული აზრი სხვა არის. ეს არის მტკიცე ფასი. და როცა მტკიცე ფასი არის, მაშინ მყიდველს შეუძლია იყიდოს საქონელი მხოლოდ მტკიცე ფასების მიხედვით. მაგრამ როცა მონოპოლია არის მაშინ მყიდველს არ შეუძლია თავისი სუბიექტიური დამოკიდებულება საქონელზე გადმოიტანოს. მონოპოლია სხვა არის და მტკიცე ფასები სხვა. მაგრამ მონოპოლიას თუ ვეხებით განსაზღვრული ფასების თვალსაზრისით - ეს აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, რომ ეკონომიური მთლიანობა არ იქნეს დარღვეული, რათა დავეყრდნოთ ეკონომიკაში ავტარხიულ პრინციპს. ჩვენ გვსურს, რომ ფასები საიმპორტო საქონელზე იქნეს განსაზღვრული, ვინც არ უნდა შემოტანოს იგი ჩვენი რესპუბლიკის საზღვრებში. ეს იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ავაღორძინოთ შინაური მრეწველობა, იმიტომ, რომ მეორე მხრივ უცხო საქონლის ფასები შეფარდებული იქნეს დაახლოვებით საქართველოში არსებულ ფასებთან. ეს თუ არ იქნა მოწესრიგებული არაფრის განხორციელება არ შეგვიძლია. ჩვენ უნდა დავადგეთ იმ გზას ეკონომიურ პოლიტიკაში, როგორსაც დაადგა თუ გინდ ინგლისში, რომელმაც მიიღო შერჩევითი პოლიტიკა (ხმები: ე. ი. პროტექციონიზმი) მე მომხრე ვარ პროტექციონიზმის პოლიტიკისა, და არა მე, არამედ საუკეთესო სოციალისტები არ არიან წინააღმდეგი პროტექციონიზმის სისტემისა და თქვენ თუ ვაჭრობის აგენტებზე ბრძანებთ, რომლებიც კონსტანტინოპოლში იმყოფებიან ბლომად, ამაზე შემდეგ მოგახსენებთ. (ხმები: არ თავდება?) ჩემს განკარგულებაში ერთი საათი არის, შეიძლება კიდევ ვილაპარაკო. როდესაც ჩვენში შემოაქვთ საქონელი და ამ საქონელზე არ ვახდენთ რეგულიარიზაციას ფასებისას, არ უფარდებთ შინაურ ბაზრის ფასებს, ამით ჩვენ ვსპობთ იმ საფუძველს, რომელზედაც უნდა აიგოს სამრეწველო დარგები. ასეთი მოვლენა იყო ჩვენში.

ქალაქთა კავშირმა ერთი ნაბიჯი გადადგა გასულ წელს და დაარსა ფეხსაცმელების სახელოსნო. ეს არ იყო კარგად მოწყობილი, მძლავრი, მაგრამ იყო ისეთი ნიშნები და მდგომარეობა, რომ მისი გაკეთება და განიერება შეიძლებოდა, შეიძლებოდა თითქმის დიდ ქარხანათ გადაკეთება. ასე, რომ ამ წარმოებას სერიოზული ხასიათი მიცემოდა და დიდ ქარხანას არ ჩამოვარდნოდა მუშაობაში 1918 წლის იგი მილიონების საქონელს აწვდიდა ხალხს გაცილებით უფრო შეღავათიან და იაფ ფასებში ვიდრე სპეკულიანტები. 1919 წელს ეს დაწესებულება უფრო დაწინაურდა, უფრო გაძლიერდა და იყო ნიშნები, რომ უნდოდათ მისი ტეხნიკურად გაუმჯობესობა. მაგრამ ეს არ მოხდა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ სპეკულიანტებმა ჩვეულებრივად სრულიად შემთხვევით იყიდეს დიდი პარტია ფეხსაცმელებისა, შემოიტანეს და დაამყარეს ისეთი მდგომარეობა, რომ საშინელ ხიფათში ჩავარდა ეს ქარხანა. იგი თითქმის დაიხურა. მუშები დაითხოვეს ლიკვიდაციით. და რა მოხდა მერე? ჯარს დიდ ძალი ფეხსაცმელები ესაჭიროებოდა. დღეს ეს ჯარი ევედრება ქალაქთა კავშირს: გახსენით ის ფეხსაცმელების სახელოსნო, ვინაიდან ის რაც შემოიტანეს არ გამოდგა ჯარისათვისო. როდესაც ეს დაწესებულება არსებობს, მისი გაძლიერება ადვილია, მაგრამ როცა იგი აღარა გაქვთ, მისი ხელახლად ამოძრავება მეტად ძნელი გახლავთ. მთავრობის პირდაპირი მოვალეობაა, სანამ ასეთ დაწესებულებას სული უდგას, იზრუნოს მისთვის და დახმარება გაუწიოს. ჩვენ არ შეგვიძლია მრეწველობა აღვადგინოთ, თუ მას განსაკუთრებული ფაბორიტიზმი არ აღმოუჩინეთ. უნდა ავღნიშნოთ, და ბედნიერი ვიქნებით თუ ვცდები, რომ მრეწველობის სამინისტროს ერთხელაც კი არ შეუწუხებია თავი დაეთვალიერებია, თუ რა მდგომარეობაშია ასეთი დაწესებულებები. დღეს ჩვენში ჩნდება და ფეხს იკიდებს სხვა და სხვა კარლიკური სამრეწველო დარგები. მათ სრულებით არავინ ყურადღებას არ აქცევს. შეუძლებელია ასეთი გულგრილობა სამრეწველო პოლიტიკაში, მრეწველობის სამინისტრო ფხიზლად უნდა ჩაუდგეს ამ საქმეს სათავეში; მან მტკიცედ უნდა დაიცვას თავის ინტერესები. თუ გვინდა საქმის წესიერად დაყენება, რომ ჩვენ გვქონდეს გარკვეული საეკონომიო-საფინანსო პლანი, ჩვენ შეძლება გვექნებოდა მონოპოლიის სისტემა გამოგვეყენებია ჩვენი ბონების საქმისათვის. ამიტომ საჭიროა შიგნით მონოპოლიის პოლიტიკა ისეთი, რომ დაცული და უზრუნველყოფილი იქნეს მრეწველობის განვითარება და შემდეგ მონოპოლია იმპორტისა - შერჩევა შემოტანილ საქონლისა და მისი განსაზღვრულ ფასებში მიღება. აგრეთვე ჩვენ უნდა მოვაგვაროთ და მოვაწყოთ საბაჟო სისტემა. რა მდგომარეობაშია ეს საბაჟო სისტემა, რა გადასახადები არის, როგორ უნდა შეიცვალოს იგი, რა დამოკიდებულებაა ამ საქმესა და მრეწველობის შორის, ყველა ეს კითხვები სრულიად გაურკვეველი არის ჩვენთვის. ჩვენ უნდა დავიწყოთ მონოპოლიის სისტემიდან და მივიდეთ პროტექციონიზმამდე - ეს შექმნის მხოლოდ ფულის მტკიცე ნიადაგს. არავითარი შეგუება და ელასტიობა არ არის ჩვენს მრეწველობასა და ვაჭრობის შორის.

მეორე მხრით ჩვენ სახელმწიფოს არა აქვს გარკვეული წარმოდგენა იმ ელემენტებზე, რომელიც არის სარჩული და ნიადაგი ამ დიდ ეკონომიურ და ფინანსიურ შემოქმედების პროცესში, ვის უნდა დაემყაროს ჩვენი სახელმწიფო თავის ფინანსიურ და ვაჭრობა-მრეწველობის პოლიტიკაში ფინანსიურ ბურჟუაზიას, თუ დემოკრატიულ ორგანიზაციებს? ჩვენი აზრით მხოლოდ დემოკრატიულ ორგანიზაციებით შეგვიძლიან, ჩვენ მტკიცე ნიადაგზე დავაყენოთ ჩვენი ფინანსიური და ვაჭრობა-მრეწველობის საქმე. თქვენ მოგეხსენებათ, რომ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობა მუშათა კლასისა სულ სხვა იყო, ვიდრე დღეს. ეს იყო ხანა კერძო ინიციატივის - ბატონობისა: კერძო ინიციატივა იყო გეგმა და ბრძანებელი და აქედან წარმოიშობა ის აუარებელი მოგება, რომელიც, ამავე დროს, არის აუცილებელი პირობა თვით ამ კერძო ინიციატივის არსებობისა, ვინაიდან კერძო ინიციატივა ჩნდება მაშინ, როცა მას აქვს დიდძალი მოგება. მაგრამ დღეს კერძო ინიციატივას და ბურჟუაზიას არ შეუძლია კისერზე დააჯდეს და 18 საათი ამუშაოს მუშა. სწორედ იმიტომ არის, რომ დღეს ჩვენში ფინანსიური ბურჟუაზია სპეკულიაციას მისდევს და მალულად აწარმოებს თავის მოქმედებას. იგი უსათუოდ გაურბის დინჯ სამრეწველო მუშაობას, რადგან აქ ნაკლები მოგებაა. ეს მუშაობა შეუძლია მხოლოდ იმ ორგანიზაციას, რომელიც არ არის დაინტერესებული ასეთი მოგებით, რომელიც თავის ინტერესებს უფარდებს მუშათა კლასის სამართლიან მოთხოვნილებას. საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეუძლიათ აწარმოვონ მრეწველობა მცირე მოგებით, ან სულ ხელი აიღონ მოგებაზე სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოთ. კერძო ინიციატივას კი ეს არ შეუძლია.

ეს არის კანონი განსაკუთრებით თანამედროვე ეკონომიურ მდგომარეობაში. ამიტომ ჩვენმა სახელმწიფომ უნდა სთქვას, რომ ფინანსიური და ეკონომიური აღორძინება ჩვენი შეიძლება მხოლოდ დემოკრატიულ ორგანიზაციების საშუალებით. ჩვენი პარტია, რომ ხშირად ლაპარაკობს საზოგადოებრივ მეურნეობაზე და სხვა, ამას აქვს ეკონომიური საფუძველი, ხოლო ეს საფუძველი არის წმინდა მეცნიერული დებულება, რომელსაც ჩვენ უნდა დავეყრდნოთ.

დემოკრატიული თუ ბურჟუაზიული ეკონომია? სამწუხაროდ ამ საკითხში ჩვენი მთავრობა დღესაც არ არის გამორკვეული. ხან ისეა, ხან ასე. ხან ბურჟუაზიას ემყარება, ხან დემოკრატიულ ორგანიზაციებს. მოდიან, მაგალითად, კოოპერაციის ყრილობაზე, პირდებიან დახმარებას, მაგრამ ამ დაპირებას არავითარი ფასი არა აქვს, რადგან იგი მხოლოდ სიტყვიერი დახმარებაა. ამავე დროს კი კოოპერაციები აკეთებენ ფასდაუდებელ სახელმწიფოებრივ საქმეს. და თქვენ ალბად გაოცდებით, რომ იცოდეთ მათი დღევანდელი ფინანსიური მდგომარეობა. მე ხელთა მაქვს მთელი ნუსხა იმისა, თუ რას წარმოადგენს ჩვენი კოოპერატივების ძირითადი თანხის რაოდენობა. მთავრობა კი არავითარ დახმარებას მათ არ უწევს. ტფილისის მაზრაში კი კოოპერატივების საშუალო თანხა უდრის 10.900 მან. ქუთაისის მაზრაში კი 6.000 მანეთს. და თქვენ იცით, რომ ასეთი თანხით თანამედროვე პირობებში არაფერი გაკეთდება. მიუხედავად იმისა მთავრობის მხრივ, გარდა პიტალო სიტყვისა არავითარი დახმარება არ არის. (ხმა: რამდენი ფული აქვს მთავრობას გაცემული?) ათი მილიონი, რომ ასესხოს მთავრობამ ერთ ცენტრალურ ორგანიზაციას, მე ვიტყვი, ეს წვეთია ზღვაში. სახელმწიფო ისეთ პოლიტიკას უნდა აწარმოებდეს, რომ ზოგიერთ საიმედო ორგანიზაციას მისცეს იმდენი ფული, რამდენიც საჭიროა მისი საქმის წარმატებისათვის. ასეთ ორგანიზაციებს მთავრობამ უნდა შეუქმნას განსაკუთრებული, ხელოვნური პირობები, იმიტომ, რომ განსაკუთრებული, ხელოვნურ ზომებით ემსახურებიან ეს ორგანიზაციები ხალხსა და სახელმწიფოს. (ურატაძე: ბონები?) უნდა მოგახსენოთ, ბ. ურატაძე, რომ მომენტები, რომელთაც მე მივაქცევ კრების ყურადღებას, შორს არა სდგას ჩვენი ძირითადი კითხვიდან. შემთხვევითი არ არის ის მდგომარეობა, რომ ერთ სამინისტროში არის მოქცეული ჩვენი ფინანსებისა და ვაჭრობა-მრეწველობის საქმე - ეს იმიტომ გახლავთ, რომ მათ შორის მჭიდრო კავშირია და საზღვარის გაყვანა მეტად ძნელია. ეხლა თვალი გადავავლოთ ჩვენ სასურსათო მოღვაწეობას. სასურსათო პოლიტიკაც მოკლებულია ყოველივე გარკვეულ პლანსა და გეგმას. ამ მხრივ ჩვენ პირდაპირ სახელმწიფოებრივ კურიოზებთან გვაქვს საქმე. სასურსათო საქმე, მოგეხსენებათ, არის უდიდესი სახელმწიფო საქმე. მაგრამ სრულიად შემთხვევით პირებს სხვა და სხვა პოლიტიკური კომბინაციების, ან სინეკურის მიხედვით, ხელში უვარდებათ ამ დიდი საქმის ხელმძღვანელობა.

ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ სურსათის საქმე უნდა მოეწყოს ერთი გეგმის მიხედვით, ცენტრალისტურ ნიადაგზე. დღეს ჩვენ გვაქვს ორი სასურსათო ორგანიზაცია. ერთი - საქართველოს სასურსათო ცენტრალური საბჭო, მეორე, ქარცივაძის მეთაურობით - მომარაგების მთავარი კომიტეტი. შექმნეს ეს ახალი ორგანიზაცია და ჩააბარეს სრულიად შემთხვევით პიროვნებას. შემდეგ ეს დიდი საქმე აგრეთვე მიათვისეს პატივცემულ ხომერიკს, რომელიც ისე დატვირთულია თავისი პირდაპირი მოვალეობით, რომ ფიზიკური საშვალება არა აქვს ამ საქმეს გაუძღვეს. ხომერიკი არის მიწათმოქმედების მინისტრი, გზათა მინისტრი, შრომის მინისტრი. მხოლოდ მე არმინდა ხშირად ვიხმარო სიტყვა „სინეკურა“, მაგრამ ვინც თვალ-ყურს ადევნებს ამ ჩვენს მუშაობას, არ შეუძლია ამ სახით არ მიუდგეს ამ დაწესებულებებს. (ხმაურობა. თავმჯდომარე: გთხოვთ დაწყნარდეთ). მე ვამბობ, რომ დროა, ასეთი საქმე შემთხვევით პირებს აღარ ჩაბარდეს... აიღეთ თუნდ იმავე სოც.-დემოკრატიული ბიურო, თუ გინდათ მისცეთ მას მტკიცე ხასიათი, თუ გინდათ გაატაროთ პრინციპი ცენტრალიზაციისა შექმენით ისეთი ორგანო, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ყველაფრის შემოტანისა და გატანის საქმეში, ხოლო ამას ნუ მიანდობთ შემთხვევით პირებს. ვინ წარმოიდგენდა, თუ არდიშვილი გამოდგებოდა ამ საქმეში. შეუძლებელია ასეთ საქმეში ამა თუ იმ პირთა სიმპატიით ან ანტიპატიით ჩაყენება, უნდა დავასახელოთ ისეთი პირები, რომელთაც წარმოდგენა ექნებათ საქართველოს ეკონომიურს გეოგრაფიაზე, სახელმწიფო პოლიტიკაზე ერთგვარი შეხედულება და გარკვეული გეგმა ექნებათ. (ასათიანი: კონკურსი გამოვაცხადოთ!) კურიოზები, რომ იყო, ეს მართალია და შეიძლება ახლაც დაიბადოს კურიოზები განსაკუთრებით სასურსათო დარგში მონოპოლიის სისტემის სასურსათო დარგში შემოღების შესახებ ერთგვარი ხმა არის საზოგადოებაში და ლაპარაკობენ, რომ ცვლილება ხდებაო. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ეკონომიურის და ფინანსიური ინტერესების დამცველნი იქნებიან მხოლოდ საქართველოს ელემენტები. აქაც შეიძლება მოიპოვოს ისეთი ხალხი, რომელიც რჩევას მოგვცემს ამ საქმეში, მაგრამ არა სავსებით ოფიციალურად. ფინანსთა სამინისტრო და მისი წარმომადგენელნი, რომელთაც მიიღეს ეს საქმე და თავს იდვეს მისი ხელმძღვანელობა, მიმართეს ამიერ-კავკასიის საკოპერაციო ყრილობის საბჭოს და სჯა-ბაასი ჰქონდათ, როგორ მოვაწყოთ ეს საქმეო. თქვენ წარმოიდგინეთ, ვინ არიან ამ საბჭოში და როგორი იქნება მათი რჩევა. ჩვენ ვიცნობთ მათ პერსონალურად, რომელთაც ჩვენმა უწყებამ ოფიციალურად მიმართა სასურსათო საქმეს მოსაგვარებლად. ამ საბჭოში შედიან ასეთი პირები: მილაშევსკი, ტოტომიანცი, რამიშვილი, იაკობსონი და ეფენდიევი. (ასათიანი: კოოპერატორებია?) მე თუ არ ვენდობი ქართველ სოც.-რევოლიუციონერებს, მით უმეტეს არ შემიძლია დავენდო ისევ ესერებს, რომელნიც არიან დენიკინის ჯარის... მათ გამგეობაში არიან არჩეული: ს. ავალიანი, კაფიევი. რა უნდა გვირჩიოს კაფიევმა, ეს კარგათ მოეხსენება სოც.-დემოკრატებს, მაგრამ შეიძლება ისეთი ნაბიჯები გადავდგათ, რომ ძველი კურიოზები დავფაროთ.

თავმჯდომარე. უკაცრავად, ბატონო ორატორო, თქვენ განკარგულებაში კიდევ 6 წუთი დარჩა.

. ღლონტი. უდიდესი მტერი ჩვენი რესპუბლიკისა არის ის ფული, რომელიც არავითარ კონტროლს არ ექვემდებარება. ეს არის სპეკულიანტური კაპიტალის ალაგმვა, ეს უნდა იყოს ლეიტ მოტივი ჩვენი ფინანსიური გაუმჯობესობისა. ეს სპეკულიატიური კაპიტალი არც ბანკში, არც გადასახადს იხდის, აუარებელი სარგებელი კი აქვს, არავინ კი არ იცის, სად მიდის და მიდის მხოლოდ სპეკულიანტების ჯიბეში. სახელმწიფოს ფინანსიური მდგომარეობა მაშინ არის ძლიერი როცა იცის, რამდენი ფული არის ქვეყანაში და როგორ არის ეს ფული განაწილებული. ჩვენ კი არა გვაქვს არავითარი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ არის ეს ფული განაწილებული. დაახლოვებით წარმოდგენაც კი არა გვაქვს. სანიტარული გადასახადი ამ კაპიტალს ვერ მიუდგება. მისი დანგრევა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა გამოვაცხადებთ ნულიფიკაციის - დევალვაციას. აზრი დევალვაციისა ყველასაგან მოწონებულია, ყველა ამბობს, რომ უეჭველად უნდა მოხდეს დევალვაცია. შეიძლება ბევრს ეგონოს, რომ ეს ეკონომიური სისტემა იქნება ვაჭრობა-მრეწველობის გამანადგურებელი, მაგრამ არავითარი განადგურება არ იქნება იმ ნაწილის, რომელიც თავის კაპიტალს სკივრებში არ ინახავს.

ვინც წარმოებაში აბანდებს თავის თანხას, ის დევალვაციით არ დაზარალდება, ხოლო დაზარალდება ის ჯგუფი, რომელიც ფულს ინახავს სკივრებში, ან ჯიბეში. თუ ასეთ ნაბიჯებს გადავდგამთ, ამით სასიკვდილო ლახვარს მივსცემთ სპეკულიატიურ კაპიტალს, რომელიც ჩვენ გვანადგურებს. თუ სპეკულიატიურ კაპიტალს გამოვდევნით სასურსათო დარგიდანაც და მივიღებთ მთელს რიგს მონოპოლიისას, მაშინ ეს იქნება უდიდესი ნაბიჯები ჩვენი ფინანსიური პოლიტიკის გაუმჯობესებისაკენ.

რადგან ჩემი სიტყვის წუთები დათვლილია, ახლა უფრო დებულებებით ვიმსჯელებ: დაგვჭირდება აუცილებლად საგარეო სესხის აღება, დაგვჭირდება უცხოეთის კაპიტალის გამოყენება, მაგრამ არა ფინანსიური, არამედ ინდუსტრიალური. უნდა შევუქმნათ ხელსაყრელი პირობები უცხოელ მრეწველთ, თუ ისინი შემოვლენ ჩვენში მანქანებით და მრეწველობით. ჩვენ მათ მივცემთ ნედლ მასალას და აგრეთვე შევუქმნით ყოველნაირ ხელსაყრელ პირობებს. ამით ჩვენ შევქმნით ძლიერ ფინანსიურ სისტემას. ამისთვის კი საჭიროა კრედიტის რეგულიარიზაცია. ყველაზე უფრო სამონოპოლიო საქონელი არის კრედიტი.

როცა ამნაირად სასიკვდილო ლახვარს ჩავსცემთ სპეკულიატიურ კაპიტალს და გავრიყავთ მას, მაშინ სახელმწიფო აიღებს ამას თავის ხელში და მთავრობის მოვალეობაა ყველა ძაფები დაიჭიროს თავის ხელში, კრედიტის ნაციონალიზაცია ამ გეგმას დააკმაყოფილებს. უნდა იყოს სახელმწიფო ბანკის განყოფილება (ხმაურობა... ასათიანი: ბოლშევიკებმა მოახდინეს ასე!) ბოლშევიკების პრაქტიკა მარცხდება ანარქიული გამოსვლებით. შეიძლება მათი საღი დებულება ზოგჯერ საზრიანი იყოს და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ და თუ ჩვენ ამ სისტემას მივიღებთ, მაშინ გავაკეთებთ იმას, რაც უნდა გაგვეკეთებია. მე ეხლა მუხლობრივ აღვნუსხავ იმას, რაც საჭიროდ მიგვაჩნია. პირველი - რომ მოგვარებულ იქნეს საქმე ფინანსიური და ეკონომიურ განმტკიცებისა, საჭიროა შემდეგი:

1) მონოპოლია ყოველ სამონოპოლიო საგნებზე.

2) მონოპოლია და საქონლით უზრუნველყოფა შინაური მრეწველების.

ამისათვის საჭიროა ჩვენი დამოუკიდებლობის ცნობა. ყოველგვარი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ შევქმნათ ისეთი პირობები, როცა შეიძლება მყუდრო ცხოვრება, შეიძლება ვაჭრობა-მრეწველობის წარმოება.

მე ვსთხოვდი დამფუძნებელი კრების თავმჯდომარეს, მომცეს კიდევ 15 წუთი, რომ, როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის, ისე ერ.-დემოკრატიული პარტიის პოლიტიკას შევეხო, როგორც ასეთს.

მე ვითხოვ კიდევ მომეცეს 15 წუთი, რომ შევეხო ეროვნულ-დემოკრატების დამოკიდებულებას ამ საკითხთან. (ხმა: ეს შემდეგისთვის).

თავმჯდომარე. ამას მე კენჭის ყრით გადავწყვეტ. ვინ არის წინააღმდეგი? ვინ არის მომხრე, რომ 15 წუთი მიეცეს კიდევ? გთხოვთ განაგრძოთ.

. ღლონტი. მე ეხლა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციო ნაციონალ-დემოკრატების პარტიას, რომელიც ხშირად ლაპარაკობს სახელმწიფოებრიობაზე, რომელიც ხშირად ლაპარაკობს ისეთ ეკონომიურ პოლიტიკაზე, რომელიც უნდა აწარმოვოს სახელმწიფომ. მაგრამ აშკარად უნდა ვთქვა, რომ ჩვენ პრესაში არაფერი არ არის წარმოდგენილი თუ რა უნდა ამ ხალხს ამ ეკონომიურ დარგში. არასოდეს არავითარი გეგმა არ წარმოუდგენიათ არც საბჭოში, არც პარლამენტში, არც დამფუძნებელ კრებაში და არც პრესაში. (ხმები: ნაც.-დემ. რა გეგმა აქვს საფრანგეთს და თუგინდ შვეიცარიას!) აი ახლა მე მოგახსენებთ რა გეგმა აქვს სხვა სახელმწიფოებს. ყველა ისინი როდესაც არკვევენ თავის ეკონომიურ პოლიტიკას ჯერ იმუშავებენ ძირითად გეგმას, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ინგლისში ბალფური იყო დამცველი. ფრიტრედერიზმის, რომელიც ეხლა პროტექციონიზმს იცავს! საჭიროა ჯერ გავითვალისწინოთ ძირითადი პრინციპი: ვაწარმოოთ ვაჭრობა თავისუფლების თუ პროტექციონიზმის სისტემის მიხედვით. როდესაც მივიღებთ ამ პრიმატს, ძირითად საფუძველს ვაჭრობისას, შემდეგ ამაზე შეგვიძლია დავამყაროთ ფინანსიური-ეკონომიური პოლიტიკა, შემდეგ შეგვიძლია აქედან გამოვიყვანოთ პრაქტიკული დასკვნები. ისე იქცევიან სხვა სახელმწიფოებში, მაგრამ თქვენ, როდესაც აყენებთ სახელმწიფო საეკონომიო პოლიტიკას და იშველიებთ ამასთანავე უცხო სახელმწიფოს პრინციპებს, მე მინდა გავიგო, როგორია თქვენი ძირითადი დებულება, როგორია თქვენი საგარეო პოლიტიკა. მაშინ, როდესაც ჩვენ ასეთი ქაოსის წინაშე ვდგევართ ეკონომიკის და ფინანსების სფეროში, თქვენ არ გაქვთ გარკვეული გეგმა. თქვენ ერთ და იმავე დროს ამბობთ მონოპოლია არის საჭირო და არც არის საჭირო. მაგრამ მონოპოლიის მომხრე არის ასეთი უკიდურესი მემარჯევნე პარტიის, ვიტყვი რეაქციონურ ჯგუფის წარმომადგენელიც, როგორიც არის გრ. ვეშაპელი ისიც კი ეხმარება მონოპოლიის სისტემას. (გვაზავა: თქვენც ემყარებით ამ სისტემას). ჩვენ ვემხრობით იმიტომ, რომ ეს ჩვენში სახელმწიფო გეგმაა. მაგრამ, აი საინტერესოა ვიცოდეთ თქვენ რას ემხრობით გარკვევით. თქვენ ცალმხრივ ემხრობით მონოპოლიას, როცა ეკსპორტზეა ლაპარაკი, მაგრამ როცა ლაპარაკი იმპოტზე გაქვთ: თქვენ აქ გარკვეული გეგმა გაქვთ? გწამთ იმპორტის მონოპოლია, გწამთ პროტექციონიზმის სისტემა თუ არა? თქვენ ამას მალავთ, შეიძლება ეს არ იყოს თქვენი სურვილი, მაგრამ მალავთ. მალავთ იმიტომ, რომ ამას გაიძულებთ თქვენ მდგომარეობა ფინანსიურ კაპიტალისა, რომელიც ახასიათებს ბურჟუაზიას სხვა ქვეყნებისას. ჩვენში არ არის სამრეწველო ბურჟუაზია, თორემ, როგორ შეიძლება მან კრინტიც არ დაძრას მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

ჩვენში არის სპეკულიაცია, სპეკულიატიური კაპიტალი, რომელსაც არ სურს გარკვევით თქვას იმიტომ, რომ მას არ უყვარს საერთოდ გარკვეული სისტემა. იგი მომხრეა თავისუფალი ვაჭრობის და მონოპოლიის მომხრე არ არის. მაშინ, როცა ჩვენი დემოკრატია მიიღებს პროტექციონიზმის სისტემას, მაშინ გაეთხრება ჩვენში ძირი სპეკულიატიურ სისტემას და კაპიტალს. და ამიტომ არის, რომ ეს ჯგუფები კრინტსაც არ სძრავენ ამ პოლიტიკაზე. თორემ როგორ შეიძლება იყოს ბურჟუაზიული ელემენტები და კრინტიც არ დაძრას ამ პოლიტიკაზე, (ხმები: ნაც. დემ. გვილაპარაკნია!) არ გილაპარაკნიათ და არც ერთ პრესაში არაფერი არ დაგიწერიათ ამის შესახებ. იმიტომ, რომ ჩვენში არ არის სამრეწველო ბურჟუაზია, ჩვენში არის, ვიმეორებ, სპეკულიატური კაპიტალი, რომელსაც ემყარებით თქვენ და თუ ხანდახან მაინც ხართ მომხრე მონოპოლიისა, ეს იმიტომ, რომ გინდათ მართლა აშკარა არ გახდეს ის მოვლენა, რომ თქვენ იცავთ სპეკულიაციას, რომ სავსებით არ გაიტეხოთ სახელი ხალხში მით უმეტეს, საჭიროა ეს თქვენთვის, რომ თქვენ პარტიას დემოკრატიული მაინც ჰქვია. მე მოვითხოვ, რომ ამ საგანზე თქვენ გარკვეული აზრი წამოაყენოთ (ხმები: ნაც. დემ. ვიტყვით!) რაც შეეხება სოც.-დემოკრატიულ პარტიას ისინი გარკვეულ პასუხს იძლეოდნენ, ამ საკითხზე წარსულში. ისინი ამბობენ არ გვინდა არც თავისუფალი ვაჭრობა და არც პროტექციონიზმიო. გვინდა სოციალიზმიო. მაგრამ ამას ამბობდენ, მაშინ, როცა ისინი არ კისრულობდენ პასუხისმგებლობის როლს. მაგრამ შემდეგ, როცა სოც.-დემოკრატიული პარტია გადავიდა პასუხისმგებელ როლში, როცა ის სათავეში ჩაუდგა ერობას, ქალაქთა კავშირებს, და იძულებულნი შეიქნენ რეალური პოლიტიკა ეწარმოებიათ სახელმწიფოში, მაშინ შეიცვალეს თავისი პირვანდელი შეხედულებაც ამ საკითხზე. ისინი ახლა სხვას ამბობენ. საუკეთესო თეორეთიკოსი სოც. დემ. ამბობს ჩვენ ურჩევთ სოც.-დემოკრატიას, დაჩაგრულ და ეკონომიურად ჩამორჩენილ ქვეყნებისას, რათა იქ აილაგმოს იმპერიალიზმი და განვითარდეს მრეწველობა, შემოიღონ პროტექციონიზმის სისტემა. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს საკითხის პრინციპიალურად მიღებას. ეს ნიშნავს მხოლოდ დროებით, გარდამავალ საშუალების მიღებას, რომ ამით ადგილობრივი სამრეწველო დარგები აღორძინდნენ, ვინაიდან არ არის საშუალება აუარებელ საქონლის მომწოდებელი, მუშების სამუშაო ასპარეზში ჩათრევით და ხელფასის საღ-ნიადაგზე დაყენებით. ეს საკათხი დავსვი იმიტომ, რომ, როცა ევპროპაში სოც. დემ. გადადგეს ასეთი ნაბიჯი დაჩაგრულ ქვეყნების ეკონომიურ საკითხში, გვინდა გავიგოთ ჩვენი სოციალ-დემ. მხრით, იზიარებენ ისინი ახალ ეკონომიურ აზრს, მათი ამხანაგების თუ არა. ეს უნდა განაცხადონ. მაშინ ჩვენ დაგვჭირდება პრაქტიკულ ნაბიჯების გადადგმა. დაგვჭირდება ჩვენი საბაჟოების გადახალისება. ჩვენ ვხედავთ, რომ უკანასკნელი ეხლა გაყინულნი არიან ერთ წერტილზე, მათ არ ეტყობათ ელასტიურობა, მოქნილება. ზოგს დასჭირდება ამაღლება, ზოგს დაწევა. მათ დაჭირდებათ სრული დაცხირვლა. როცა ჩვენ ამას მივიღებთ, მაშინ სახელმწფო გადადგამს საჭირო ნაბიჯებს, ამას ექნება უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. ამიტომ მე მაინც მოვითხოვ თქვენგან განაცხადოთ რა შეხედულების ხართ თქვენ ამ საკითხზე. ემხრობით ვაჭრობის პრინციპს თუ პროტექციონიზმის სისტემას. თქვენ ამის შესახებ პრესაში კრინტიც არ დაგიძრავთ. ახლა ჩვენი სოც. დემოკრატია დგას რა ეროვნულ სახელმწიფოს აღმშენებლობის ნიადაგზე, საჭიროა ვიცოდეთ ბოლოს და ბოლოს მისი აზრი ამ უმთავრეს საკითხზე. (ხმა: მიწის საკითხი დაგავიწყდათ!).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დ. კრების წევრს ალ. ასათიანს.

ალ. ასათიანი (ერ.-დემ.) ქართულ ბონების გამოშვების მესამე თვეზე ფინანსთა უწყება ახალ სამას მილიონ ემისიას გვთხოვს. ახალი ემისიის დეკრეტის პროექტს მეტად „მარტივი“ დასაბუთება აქვს, როგორც ეს უყვარს ფინანსთა მინისტრის ამხანაგს. სამასი მილიონი უკვე გამოგველია და ეხლა კიდევ სამასი უნდა მოგვცეთო. როგორც წინეთ, ისე არც ეხლა, რაიმე გარკვევა ჩვენი ფულის მდგომარეობისა, რაიმე პერსპექტივა ამ ფულის საშინელს ვითარებაში.

ჩვენ, რასაკვირველია, იძულებული ვართ მივცეთ მათ ეს ფული. ჩვენ რაღაც ჯადოსნურ რკალში მოვემწყვდიეთ. რამდენიც უნდა გვთხოვონ უნდა მივსცეთ. როგორც სჩანს ამაზე მეტი საზრუნავი აღარც კი აქვს თვით უწყებას. მან იცის, რომ როდესაც მას ფული გამოელევა, ჩვენ მას მივსცემთ, ვინაიდან სხვა გზა არ გვექნება. სხედან თავის მაშინაზე და ბეჭდავენ. მთელი მათი გულისყური შეპყრობილია ამ სადა მუშაობით. სხვა გზას ისინი, ვერ ვხედავთ რომ ეძებდენ, სტანოკის გზა რომ კატასტროფას გვიახლოვებს, ვერც ამას ვამჩნევთ, რომ ისინი ხედავდნენ. ჩვენი პოლიტიკა, როგორც ყველა სხვა საკითხებში, ისე აქაც პასსიურია და უსიცოცხლო, ის უსიცოცხლოდ მისჩანჩალებს ცხოვრების სტიქიურ განვითარების გზით.

უწყებამ ჩვენ არ მოგვცა თავისი აზრი ჩვენი ფულების მომავლის შესახებ. ამის შესახებ არაფერს ამბობს განმარტებითი ბარათი. ჩვენ სხვა წყაროებიდან უნდა გამოვიკვლიოთ უწყების შეხედულება ჩვენი ვალიუტის შესახებ. ამ მიზნისათვის საკმაო მასალას გვაძლევს პრესსა, სადაც ბევრი დაწერილა ამ საგანზე უწყების მეთაურთა სახელით. ჩვენ მივმართავთ ფინანსთა მინისტრის ამხანაგის ფელეტონებს.

ის სწერს: („ბორბა“ №245):

„უცხოეთის ვალიუტა: სტერლინგები, ფრანკები და ოსმალური ლირები დღითი-დღე მატულობს ფასში. უცხო ვალიუტის გაძვირებასთან ერთად ეცემა ჩვენი მანეთის ფასი.

მანეთის ფასის დაცემა კატასტროფიულ ხასიათს ღებულობს.

რა არის ამის მიზეზი?

აგვისტოდან ოქტომბრამდე უცხო ვალიუტა ორჯერ გაძვირდა. აგვისტოში, როდესაც ინგლისელების წასვლის ხმა გავრცელდა, მტკიცე ივლისის კურსი შეირყა. სექტემბერში ინგლისელები იწყებენ ევაკუაციას. კურსი სწრაფად იწევს.

მაშასადამე ინგლისელების წასვლას დიდი როლი უთამაშნია უცხო ვალიუტის გაძვირებაში. ველური, უმსგავსო ფასების მატება უცხო ვალიუტაზე აიხსნება სპეკულიატური თამაშით.

უცხო ვალიუტის გაძვირებას თან დასდევს ჩვენი ფულის კურსის დაცემა. ამას მოყვება საქონლის გაძვირება და ერევნის მოედანის ფინანსისტები (ბ. ჩხიკვიშვილის ბოსტანში ისვრიან ქვებს) ამ ცხოვრების გაძვირებას სანიტარულ და სხვა გადასახადებს აწერენ.

ეს, რასაკვირველია, ასე არ არის.

ვალიუტაზე ფასის ზრდა არის უმთავრესი მიზეზი ჩვენი ფულის კურსების დაცემისა.

ამაში კი მუშაობს ბოროტი ხელი.

მაგალითი: ბათუმის ბანკებმა „დობრარმიის ფინანსთა მინისტრის“ პროფ. ბერნაცკის რჩევით დაადგინეს ქართული ბონები არ მიეღოთ, რომ ლაჟი შეექმნათ ჩვენს ბონებზე. მათდა სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. მაშასადამე, ყოველივე უბედურობის მიზეზი ყოფილა სპეკულიანტები და ბანკები, მაგრამ, როგორც პროფ. მაგალითი გვეუბნება, ისინი მიზანს ვერ აღწევენ. ე. ი. მაგალითი ამტკიცებს სრულიად საწინააღმდეგო აზრს.

რათ ებრძვიანს ჩვენ ბონებს?

მაშასადამე, როგორია ჩვენი ბონის კურსის დაცემის მიზეზი. უცხო ვალიუტაზე ფასის ზრდა არის ამის მიზეზი - გვიმტკიცებს ბ. ავალიანი.

აგვისტოში ერთი სტერლინგი ღირდა 300 მან. ეხლა ღირს 700-800 მან. რატომ? იმიტომ, რომ სტერლინგი გაძვირდა თითქმის სამჯერ? როგორც ეხლანდელი სტერლინგი მეტი ღირს, ვინემ ის ღირდა აგვისტოში? იანგარიშეთ მისი ფასი ფრანკებზე, ლირებზე, მარკებზე - ნახავთ, რომ ის იმდენივე ღირს; შეიძლება ცვლილება იყოს ნახევარი ან ერთი პროც. ჩვენს მინისტრს კი ჰგონია, რომ ამ სამ თვეში სტერლინგების ფასი სამჯერ გაიზარდა და ამიტომ დაეცა ჩვენი ბონი.

წინააღმდეგ ამისა, რომ სტერლინგის კურსიც, რომ დაწეულია ამას ლლოიდ ჯორჯიც ამბობს ერთს თავის მოხსენებაში. ის აცხადებს, რომ მთავრობა ვერ დაიცავს სტერლინგის ძველს კურსს. ვერ დაიცავსო, იმიტომ, რომ ამას დიდძალი თანხის გაღება დასჭირდებოდა ხაზინისაგან - ლაჟის მოსაწყობად. ასე, რომ ჩვენი ფინანსთა მინისტრი ტყუილად ჰფიქრობს თითქო ეხლანდელი სტერლინგი მეტი ღირდეს, ვინემ ძველი შილინგი, ან 7,35 გრამი ოქრო. ის ნაკლები ღირს, მაგრამ, რასაკვირველია, მისი აწევ-დაწევა ბ-ნ ავალიანის ბონების ნახტომებს არ წააგავს.

ბ. ავალიანს უნდა ასეთი სურათი დაგვიხატოს: სტერლინგი და ბონი, მათ შორის არის პროპორცია 1:300; ბონი კი არ ეცემა, არამედ მატულობს სტერლინგის ფასი და იმიტომ ეს პროპორცია იცვლება 1:700-800.

ეს იმდენად ახირებული აზრია, რომ მაზე მეტი ლაპარაკი შეუძლებელია.

არამც თუ ფინანსთა მინისტრს, არამედ ფინანსთა სამინისტროს შვეიცარს ჰმართებს ცოდნა, რომ სტერლინგის ფასი ასეთ ნახტომებს არასოდეს არ აკეთებს, არც ზევით და არც ქვევით, სამიოდე თვის განმავლობაში, რომ მისი ფასი ან სამჯერ გადიდდეს, ან სამჯერ მოიკლოს - თუ ეს ბ. ავალიანს არ სჯერა, აიღოს სტერლინგის ფასი ფრანკებზე, ან ლირებზე, ის დაინახავს, რომ ეს ფასი აგვისტოდან უცვლელია, შეცვლილია ნახევარ და ერთი პროცენტით. ნახტომებს აკეთებს და ზღაპრულად ეცემა ბ. ავალიანის ნაწარმოები.

რა არის ამის მიზეზი?

მთავარი მიზეზი ბონების განუსაზღვრელი და განუსაზღვრელი ბეჭდვა.

სრულიად გასაგები მოვლენაა. როდესაც ემისია ერთგვარ საზღვარს აბიჯებს და დაიწყება ფულის გამოცემა მეტად, ვინემ ამას ღირებულებათა ტრიალი თხოულობს, ქაღალდის ფულის კურსი ეცემა. ბევრი ჰფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში ფულის კურსის დაცემა პროპორციონალურია გამოცემულ ფულის სიმრავლესთან. ე. ი. ვცემთ ჩვენ ეხლა 25 პროც. კიდევ ახალ ბონებს, უნდა დაეცეს მისი კურსი 25 პროც. ეს კანონი, რასაკვირველია, სავსებით არასოდეს არ მართლდება, ხშირად კურსი ეცემა გაცილებით ნაკლებ ამ ნორმის და ხშირად კი გაცილებით მეტად.

ნაკლებად ეცემა, როდესაც ფულის ნიშნების გამრავლებასთან ერთად მატულობს მოთხოვნილება ფულის ნიშნებზე. უკეთუ ჩაღდება წარმოება, იზრდება ვაჭრობა მრეწველობა, ახალი ფული თავის პირდაპირ დანიშნულებას ემსახურება და კურსი შესაძლოა სულ არ დაეცეს. მაგრამ თუ ეს ფაქტორი არ არის და კიდევ სხვა ფაქტორებია საზიანო, ფულის კურსი გაცილებით მეტად დაეცემა, სწორედ ამ მოვლენას აქვს ჩვენთან ადგილი. სამი თვის წინეთ ჩვენი ამიერ-კავკასიის ბონებს მიუმატეთ (რაც ჩვენ გვეკუთვნის) რაღაც 30 პროც., კურსი კი დაეცა 100 პროც. მაშასადამე კიდევ ახალი ფაქტორები ყოფილა კურსის დამცემი. ამას თვით პროფესორი აღგვინიშნავს. „ბურჟუაზია შებოჭილი არის, ის გადაყენებულია პოლიტიკურ ასპარეზიდან“, მას ჩამოერთვა მთავარი სავაჭრო საქმეები, ასე ვთქვათ შეუმცირდა წარმოება. თუ ვაჭრობა-მრეწველობის გაძლიერება ხელს უწყობს კურსის სიმტკიცეს, მისი ასეთი შებოჭვა, გაუქმება, ცხადია საწინააღმდეგო ნაყოფს გამოიღებს.

ჩვენი ფინანსთა და ვაჭრობა მრეწველობის წინაშე, ფინანსთა მინისტრის ამხანაგის სიტყვით, ვაჭრობა და მრეწველობა შებოჭილი და შებორკილი არის. ფულის მთავარი დანიშნულება ხომ ერთად ერთი იყო და უნდა იყოს საქონლის ტრიალის ფუნქცია. ამავე დროს ფინანსთა მინისტრი მილიონობით აყრის თავზე მას ბონებს. ნუ თუ ცხადი არ უნდა იყოს ასეთი პოლიტიკის შედეგები. მაგრამ ფულის დანიშნულება გარდა საქონლის ტრიალისა, კიდევ სხვაც არის. ეს, სახელმწიფოში გადახდის ნიშანია და ისევე არის კრედიტის იარაღი. ჩვენმა ფინანსთა უწყებამ მოაგვარა გადასახადების საქმე, ან აამოძრავა საკრედიტო აპარატი? ვერც ერთი, ვერც მეორე.

ბ. ავალიანი, რომ ბონებს ბეჭდავს, ამ ბონებს არავითარი ღირებულება არ აქვს სანამ ის ეკსპედიციაში აწყვია. მათ ეძლევა ღირებულება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოქალაქენი და გლეხობა ე. ი. ბურჟუაზია მას მიიღებს და მასში რეალურ ღირებულებას გასცემს. ამ მესაკუთრე წრეებზე არის დამოკიდებული ფული ფულად დარჩება თუ ის გაბათილდება. როგორ განწყობილებას ამყარებს ფინანსთა უწყება ამ წრეებთან? მე თქვენ წაგიკითხავთ „ერთობა“-ში დაბეჭდილ ფინანსთა და ვაჭრობა მრეწველობის მინისტრის ამხანაგის წერილიდან რამოდენიმე ადგილს და ამის შემდგომ თქვენ თითონ განსაჯეთ - ემსახურება მინისტრის ამხანაგი ბონების კურსის გადიდებას, თუ მის დაცემას. წერილის სათაური: „შინაური მტერი“. ვინ არის შინაური მტერი - ბურჟუაზია. ბურჟუაზია, ე.ი. მესაკუთრეთა კლასი - ერის უმრავლესობა. (ხმები: ბურჟუაზია არ არის უმრავლასობა!) დიაღ, ბურჟუაზია არის ერის უმრავლესობა, ვინაიდან ბურჟუაზია არის მესაკუთრეთა კლასი და საქართველოში არა მესაკუთრე, პროლეტარები თითებზე ჩამოითვლება. მაგრამ ბურჟუაზიას ბ. ავალიანის სხვა ამხანაგები, რომელნიც „ბორბაში“ დიდს წერილებს ათავსებენ, ასე უარყოფით როდი უყურებენ. ისინი დიდ პროექტებს თხზავენ მას ყოველივე „შებოჭილი“ ყავს და ეს მოვლენა კიდეც ახარებს ჩვენს მართლაც საკვირველს მინისტრს.

მაგრამ კურსი, რომ ასე საშინლად ეცემა, ამაზე კიდევ სხვა გავლენაც არის ეს ფინანსების ადმინისტრატიული სფეროდან. ხაზინა სახელმწიფოში უდიდესი მეურნეობაა. პატარა დუქანს ჭკვიანი მედუქნე უნდა ყავდეს, თორემ ის მალე გაკოტრდება, ეს უფრო ცხადი უნდა იყოს დიდი მეურნეობისათვის - ხაზინისათვის.

ეხლა აიღეთ ჩვენი ფინანსიური პოლიტიკა. ის ბეჭდავს და ბეჭდავს ბონებს. თქვენ იცით ვის აწვება კისრად ეს მუშაობა. იმათ ვისიც ხელში იყრის თავს ეს ფულები. ეს არის ქალაქის და სოფლის ბურჟუაზია. თქვენ იცით რომ ის მილიარდი, რომელიც გამოუშვა ჩვენმა ხაზინამ და დახარჯა, ეს მილიარდი მან მიითვისა სწორედ ამ ბურჟუაზიის ჯიბის სიმდიდრე. სახელმწიფო ამდენი ხანი სცხოვრობს ამ მილიარდით და ამ მილიარდით შემცირდა სიმდიდრე იმ წრეებისა, რომელთაც ამ მილიარდში რეალური სიმდიდრე გაიღეს. ეხლა ვცემთ 300 მილიონს, ცხადია, რომ ამოდენა თანხის კონფისკაციას ვახდენთ იმ წრეთაგან, ვისაც ხელში უჭირავს წინეთ გამოცემული ბონები. ასე ზარალდება ქალაქის და სოფლის ბურჟუაზია ჩვენი ფინანსიური პოლიტიკით. ჩვენი სახელმწიფო, მაშასადამე, საზრდოობს მხოლოდ და მხოლოდ ამ წრეების ჯიბიდან მალულად ამოღებულ სიმდიდრით. მაგრამ, ჩვენ თუ როგორ ავიღოდ სესხად ევროპაში, რასაკვირველია, ბურჟუაზიისაგან, მილიონობით სტერლინგები, თუ როგორ მოვიზიდოთ უცხოეთის კაპიტალი ჩვენს მრეწველობაში და სხვა.

სხვები ასეთს პროექტს არდგენენ და დარწმუნებულნი არიან, რომ უცხოელები ჩვენ სიხარულით მოგვცემენ თავის ოქროს, უკეთუ ჩვენი ბონები აღარ ფულობს. შემოიტანენ საქართველოში, თავის საწარმოვო კაპიტალს, უკეთუ ჩვენი სუსტი წარმოებანი შევჭამეთ და დარჩენილი ჩვენი კაპიტალი უცხოეთში გარბის ჩვენში გამეფებული მტაცებლური ეკონომიური პოლიტიკის გამო. ასეთს იმედებს გამოსთქვამენ მენშევიკები ფინანსისტები და დღეს, ფედერალისტების წარმომადგენელი ბ. ღლონტი.

ერთი დიდი ჩვენი ფინანსისტი, რომელიც დიდი ხანია ექსკურსიებშია, ჩვენი მთავრობის ლოცვა-კურთხევით, (გვაზავა რომელი?) ბ. ვოიტინსკი. ეხლა გვიგზავნის ფელეტონებს, რომელსაც რომანიულად ქვეშ უწერს: შავი ზღვა, ტრაპეზუნდი, სტამბოლი და სხ. გულახდილად გეუბნება: «мы готовы признать, что безъ буржуазіи мы не справимся съ задачей организаціи народнаго хозяйства». მართალია, ჩვენი ბურჟუაზიის იმასაც, არაფერი სწამს და გვირჩევს: «Пойдемъ на выучку къ буржуазіи передовыхъ странъ». მაგრამ ჩვენ პროფესორს არც ჩვენი და არც სხვა ბურჟუაზიის არაფერი სწამს და თავის კოლეგებს, რომელნიც ევროპის ამბებზე სწერენ, ის ასე ახასიათებს: «Эти курьеры изъ Европы, обдѣлавшіе тамъ свои дѣла, тянуть волынку на одинъ и тотъ же ладъ». ეს „ვოლინკაც“ არ მოსწონს მას. „ერთობაში“ ასაბუთებს ის, რომ ციხე შიგნიდან გატყდება, რომ ბურჟუაზია არის მტერი საქართველოს სახელმწიფოებრივობისა. მას არ სწამს, რომ ბურჟუაზიასთან შეთანხმებით რამე გაკეთდეს, ვინაიდან მისი აზრით მთელს ევროპაში, განსაკუთრებით რუსეთში, სასტიკი ბრძოლა არის გაჩაღებული დემოკრატიისა და ბურჟუაზიის შორის. (გვაზავა: ეს ბოლშევიკური ქადაგებაა. მართალი დაუწერია! არა ბ. ბ. მართალი არ დაუწერია. ევროპაში არც ოდესმე ყოფილა „სასტიკი ბრძოლა“ დემოკრატიისა და ბურჟუაზიას შორის, და არც იქნება. და ევროპაში არც მოიპოვება ჭკუაში მყოფელი ვინმე, რომ მან დემოკრატია ბურჟუაზიას დაუპირდაპიროს. (არსენიძე: ვინ მოგახსენათ? ეს რატომ?) ეს იმიტომ, რომ ბურჟუაზია არის ეკონომიური შემეცნება, დემოკრატია კი უფლებრივი. პირველი არის ნაწილი მეორესი. თქვენ თუ ეკონომიური მატერიალისტები და მარქსისტები დარჩით, ეს უნდა იცოდეთ. განა მარქსის თხზულებებში ნახავთ სადმე ადგილს, სადაც დემოკრატია ნახსენები იყოს, როგორც კლასი? რასაკვირველია ვერ ნახავთ. მესმის, რომ თქვენ ლაპარაკობდეთ სასტიკ ბრძოლაზე ბურჟუაზიისა და პროლეტარიატის შორის. ეს სავსებით შეესაბამება თქვენ მსოფლმხედველობას, მაგრამ დემოკრატია აქ არაფერ შუაშია. მართალია, რუსეთში არის სასტიკი ბრძოლა. ბ-ნი ავალიანი ხაზს უსვამს „განსაკურებით რუსეთშიო“. სჩანს მას დიდათ მოსწონს ეს რუსეთის ამბები, მაგრამ რუსეთში ბრძოლა არის არა დემოკრატიისა და ბურჟუაზიის შორის, არამედ ბურჟუაზიულ, მესაკუთრე ელემენტებსა და სოციალისტურ პარტიებს შორის. რომელიმე მათგანი უნდა დამარცხდესო, გვარწმუნებს მინისტრის ამხანაგი. რასაკვირველია, ასე იქნება, და თქვენ უნდა იცოდეთ ვინ დამარცხება.

თავის ამ შესანიშნავ წერილში, შემდგომ პროფესორი გვამცნობს, რომ ჩვენში „ბურჟუაზია შებოჭილი არის“. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი სიხარულით აღნიშნავს, რომ შებოჭილია ის კლასი, ის წრეები, რომელნიც არიან შემქნელი ყოველგვარ მატერიალურ და კულტურულ ღირებულების. (ხმები: ეს ბურჟუაზია არის ყველაფრის შემქმნელი?) დიაღ, ბურჟუაზია. სოფლის მესაკუთრე-მეურნენი, ქალაქის მრეწველნი და მწარმოებელნი არიან იმ სიმდიდრის შემქმნელი, რომლის სოციალიზაციაზე თქვენ ზრუნავთ. თანამედროვე მატერიალური და სულიერი კულტურა ამ კლასების შრომისა და შემოქმედების ნაყოფია. თქვენ ამხანაგებს რუსეთში, ან თქვენ აქ არაფერი შეგიქმნიათ და ვერც შექმნით რამეს. რუსეთში ბოლშევიკებმა ორს წელიწადში შთანთქეს და გაანადგურეს ის, რაც საუკუნეთა განმავლობაში იყო დაგროვილი. ასევე შთანთქა თქვენმა პოლიტიკამ თუ რამ გვქონდა აქ დაგროვილი. და, აი, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს მეთაური აშკარა ბრძოლას უცხადებს იმ წრეებს, რომელზედაც დამყარებულია სახალხო მეურნეობა და სახელმწიფო ფინანსები. „ჩვენი ბურჟუაზია არის მტერი ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკისა“, ისინი „ანგრევენ არსებულ ცხოვრების წესს, ანგრევენ რესპუბლიკასო“. ბ. ბ. ამას ბ. ავალიანი სწერს არა ბურჟუაზიის რომელიმე ნაწილზე, არა მთელს კლასზე და ეს კლასი ხომ მთელი საქართველოს უმრავლესობაა. „შინაური მტერი“ მინისტრის აზრით „შებოჭილია“, მაგრამ ის მაინც გვაფრთხილებს „შინაური მტერი ძლიერია. დარაჯი არის საჭირო. დარაჯი მამაკაცი, დარაჯი ძლევამოსილი, რომელსაც არ შეეშინდება აიღოს ფარხმალი და დასცეს მტერს. მზად არის დარაჯი? არ დადგა ჟამი თავდაცვისა“? (გვაზავა: ეს პოგრომია!) ეს პოგრომი არ არის, მაგრამ პოგრომისთვის მოწოდება კი არის. ყოველს უფლებრივ სახელმწიფოში ასეთს მოწოდებისათვის, და ეს არის ნამდვილი ბოლშევიკური პროკლამაცია (ხმაურობა), მის ავტორს სისხლის სამართალში მისცემენ. ჩვენში კი ასეთი პირები ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სათავეში დგანან და ბევრი გულუბრყვილოდ ჰკვირობს, რად ეცემა ჩვენი ფულის ფასი, რად გაგვირბის ევროპა, რად არ მოდის ჩვენში უცხო კაპიტალი და სხვ.

მოკლეთ უნდა უპასუხო ბ. ღლონტს. ის ბევრს ლაპარაკობდა აქ თავის ეკონომიურს გეგმებზე და გვისაყვედურა ჩვენ - თქვენ არავითარი გეგმა არ გაქვთო. ბ. ღლონტის გეგმა მეტად მარტივია: მონოპოლია ექსპორტის, მონოპოლია იმპორტის, რეგულიარიზაცია შინაური წარმოების, საზოგადოებრივი მეურნეობის გაჩაღება ყოველს დარგში ე. ი. მოკლედ რომ ვთქვათ სრული სოციალიზმი. და ის სერიოზულად გვირჩევს: ასე უნდა ვაწარმოვოთ ჩვენი ეკონომიური პოლიტიკა და თუ კაპიტალი და მანქანები არ გვაქვს, უცხო კაპიტალი მოვიზიდოთო. საინტერესოა, როგორ უნდა მოვიზიდოთ ეს კაპიტალი? ამაზე ბ. ღლონტი არას გვეუბნება. ნუ-თუ ევროპის სახელმწიფოებმა თქვენის აზრით იმისთვის დააგროვა კაპიტალი რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში სისტემატიური მუშაობით, რომ ეს კაპიტალი თქვენ მოგართვათ ხონჩაზე საჭმელად! დიაღ, ასეთი გეგმა ჩვენ არ გვაქვს და არც გვექნება. ჩვენი გეგმა არ არის კაბინეთში შეთხზული, ის დაწინაურებულ ერთა ისტორია და გამოცდილებაა. ჩვენ ვიცავთ როგორც ეკონომიურ ისე პოლიტიკურს სფეროში ისეთს პოლიტიკას, რომელსაც აწარმოებენ განვითარებული ქვეყნები და რომელი პოლიტიკის შემწეობით შეიქმნა ამ ერთა ქონებრივი და სულიერი კულტურა და კეთილდღეობა.

ჩვენ უნდა ვაწარმოვოთ მეურნეობასა და ვაჭრობა-მრეწველობაში ისეთი პოლიტიკა, რომელსაც ევროპის სახელმწიფოები აწარმოებენ. კერძო საკუთრების საფუძვლები არ უნდა შევარყიოთ. მტაცებლობის პოლიტიკას თავი უნდა დავანებოთ. (ხმები: ვინ აწარმოებს მტაცებლობის პოლიტიკას?) ვინ და ჩვენი პოლიტიკის ხელმძღვანელნი, ქალაქად და სოფლად, სახელმწიფოს ყოველს დარგში.

მუშათა საკითხი ისე უნდა დავაყენოთ, როგორც ეს ევროპის ქვეყნებშია. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ მრეწველობა მოვსპეთ, რამდენი დეკრეტიც არ უნდა დავწეროთ მუშათა საკითხის შესახებ, მუშების მდგომარეობას ვერ გავაუმჯობესებთ, არამედ სრულიად დავცემთ. ჩვენ ნუ ვფიქრობთ, რომ, ან ამ საკითხში, ან სხვა საკითხებში დღეს ჩვენ ევროპას წინ წაუსწროთ, რაც უნდა ოაზისი არ უძახოთ ჩვენ თავს. (ხმები: სპეკულიანტებმა ითარეშონ?) არა, სპეკულიანტებმა არ უნდა ითარეშონ. სპეკულიაცია გააძლიერა იმ პოლიტიკამ, რომელმაც გაანადგურა წესიერი ვაჭრობა-მრეწველობა. სპეკულიაციის მოსპობა შეიძლება სწორედ ამ საწარმოვო ძალთა აღდგენით. თქვენ კი ამას ებრძვით და მით ხელს უწყობთ სპეკულიაციის გაძლიერებას.

ღლონტი გვეკითხება: რა აზრის ხართ პროტექციონიზმზე, მონოპოლიაზე, კოოპერაციასა და საზოგადო მეურნეობაზეო. ეს ჩვენ მრავალჯერ გვითქვამს. ჩვენი სახალხო მეურნეობა უნდა დავიცვათ თუ მას უცხოელთაგან განადგურება მოელის ყოველი იმ საშუალებით, რომელიც საქმეს მოუხდება, პროტექციონიზმის საშუალებით, თუ ზოგიერთს დარგში მონოპოლიის გამოცხადებით, როდესაც ეს თვით წარმოებისთვის არის სასარგებლო. თქვენ ალბად, გგონიათ, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ კოოპერაციის, ან სამუნიციპალო მეურნეობის. ეს ასე არ არის. სახელმწიფო უნდა იცავდეს და მფარველობდეს ჩვენს მეურნეობას უცხოელთა წინაშე, ხოლო თავის ფარგლებში ის სრულს თავისუფლებას უნდა ანიჭებდეს მათ. კერძო თაოსნობამ, კოოპერაციამ, თუ სამუნიციპალო მეურნეობამ სახალხო მეურნეობაში თავისი ადგილი უნდა დაიჭიროს არა მთავრობის მფარველობით და სხვა შეღავათებით, არამედ თავისი სამოქმედო ძალებით. ასეთს მეტოქეობის და შეჯიბრების შემწეობით ბუნებრივად განვითარდება ყველა ჩვენი საღი ეკონომიური ძალები. ბ. ღლონტმა თვითონ მოიყვანა მაგალითი, თუ როგორ დაიხურა ქალაქის ერთი ქარხანა კონკურენციის გამო. თუ კერძო თაოსნობის ნაწარმოები უფრო იაფი ჯდება, ეს სასარგებლოა სახალხო მეურნეობის თვალსაზრისით. ჩვენ ეხლა ხელოვნური საშუალებით ვიცავთ ამ წარმოებებს. თითქმის მუქთად ვაძლევთ მათ ხაზინის საწყობებიდან მასალებს. ასევე კოოპერატივებს მთავრობამ მრავალი მილიონის საქონელი მისცა ნისიად დღევანდელ ფასობაზე ათეულ მილიონებად ღირებული. ასეთს პირობებში იქმნება არა საღი და საიმედო ქოოპერაცია და მუნიციპალური მეურნეობა. რესპუბლიკის საზღვრებში უნდა მოისპოს ასეთი ხელოვნური მფარველობის პოლიტიკა.

ამ რიგად ბ. ბ. ჩვენი ფინანსიური და ეკონომიური პოლიტიკა რადიკალურ ცვლილებებს საჭიროებს. თუ ეს არ მოხდა ჩვენ ვერ დავაღწევთ თავს საშინელ ფინანსიურ კრახს.

თავმჯდომარე. ორატორების სია ამოწურულია, სიტყვა ეკუთვნის მინისტრს კანდელაკს.

ფინანსთა მინისტრი . კანდელაკი. მე არ გამოვსულვარ აქ იმის დასამტკიცებლათ, თითქოს ჩვენი ფინანსიური მდგომარეობის გაუმჯობესობა შეიძლებოდეს ზედმეტ ემისიებით. ასეთი ახირებული აზრი აქედან არავის არც წარმოუთქვამს, და თუ წარსულ სხდომაზე დამფ. კრების წევრმა შენგელაიამ ეს ვიღაცას მიაწერა, ალბათ იმიტომ, რომ ფრიად ადვილია ისეთი აზრის დარღვევა.

ბატონებო, მე ვფიქრობ, რომ ერთი და იმავე აზრის გამეორება ყოველი ემისიის დროს ძალიან უმადური საქმეა, მაგრამ თუ ეს გვიხდება, იმიტომ რომ ჩვენი ოპოზიცია ანგარიშს არ უწევს იმ მდგომარეობას, რომელიც ჩვენში არსებობს და ხშირად მსჯელობის საგანსაც ისეთი სფეროში აყენებენ ხოლმე, რომ შეუძლებელი ხდება საკითხის ამოწურვა. მაგალითად, დღევანდელი კონკრეტიული საკითხი ისე გაფართოვდა, კამათში შეეხენ ისეთ კითხვებს, რომ არც ვიცი რაზედ უნდა ვუპასუხო, რომ საგანს კამათისას არ ავცდე. ყოველ შემთხვევაში ასეთი ფართო ხასიათი კამათის შეიძლება მხოლოდ ბიუჯეტის საერთო განხილვის დროს ჰქონდეს ადგილი.

ჩვენ მუდამ იმას გვისაყვედურებენ, რომ არ გვაქვს გეგმა, არ გვაქვს პროგრამა. მე არ ვიცი შემოღებული არის სადმე, თუ არა, რომ ყოველ კონკრეტიულ საკითხის გამო მინისტრი ამბობდეს თავის უწყების საზოგადო გეგმას და პროგრამას. ჯერ მთავრობამ თავის დეკლარაციაში ნათლად გამოსთქვა თავისი აზრი ეკონომიურ პროგრამის შესახებ, შემდეგ ბიუჯეტს თან ახლავს განმარტებითი ბარათი, სადაც, როგორც ეს შემოღებულია, ფინანსთა მინისტრი აცხადებს თავის შეხედულებას ყველა იმ საკითხების შესახებ, რომელზედაც აქ იყო ლაპარაკი.

შეიძლება მათ შემდეგ ჩვენ დაგვჭირდა გამოცვლა ზოგიერთ დებულებისა, მაგრამ ეს მოხდა ობიექტიურ პირობებისა და გარემოების მიხედვით.

წარსულ სხდომაზე და დღესაც სოც.-ფედერალისტების ორატორი გვისაყვედურებდა იმას, რომ ჩვენ ვერ შევქმენით მრეწველობა. მართალია ვერ შევქმენით, მაგრამ კეთილ ინებონ და, დაგვისახელონ ქვეყნები, სადაც ამ უბედურ პირობებში, როდესაც ასე ძნელია ტეხნიკურ საშუალებათა მოპოება, ნედლი მასალის შოვნა და, როდესაც ასე დაცემულია შრომის ნაყოფიერება, მრეწველობა აყვავებულიყოს და განვითარებულიყოს. ამ ოპოზიციის წარმომადგენლებმა უნდა დაგვისახელონ ისიც, თუ იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენმა უწყებამ ხელი კრა კერძო ინიციატივას წარმოების განსავითარებლად და გასაფართოებლად. მე კი დაგისახელებთ არა ერთსა და ორ მაგალითს, როდესაც ჩვენი ღარიბი სახელმწიფო ხაზინა, რამოდენიმე ათას და ასი ათას მანეთს იძლეოდა წარმოების განვითარებისათვის. მაგრამ კერძო ინიციატივის დამცველებს კარგად მოეხსენებათ, რომ დღევანდელი პირობებში წარმოება არ იძლევა ისეთ სარგებელს, როგორსაც იძლევა ვაჭრობა და მასთან დაკავშირებული სპეკულიაცია. წარმოება დღეს ვერ იღებს, 7-8%25 მეტს, ვაჭრობა კი 40%25, სპეკულიაცია კი 100-ს, 200-ს, ან კიდევ შეიძლება მეტ პროცენტსაც იგებდეს. ამიტომ ვისაც მოგება უნდა, ის ვაჭრობა-სპეკულიაციას ეწევა და არა წარმოებას. მეორე მხრით, ჩვენ გვისაყვედურებენ, რომ არ ვემხრობით საზოგადოებრივ დაწესებულებებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს. დამფუძნებელი კრების წევრმა კი უნდა იცოდეს, რომ ადგილობრივ თვითმართველობებს ჩვენი ხაზინიდან სესხად მიეცათ ოცდაათი მილიონი მან. მეტი; და თუ, მიუხედავათ ასეთი დახმარებისა, ხსენებულმა თვითმმართველობებმა ვერ მოახერხეს წარმოების განვითარება, ეს ალბათ იმიტომ, რომ იყო ხელის შემშლელი პირობები, რომელთა გადალახვა მათაც ვერ შესძლეს.

ჩვენგან ბ. ღლონტი იცავს კოოპერატიულ მოძრაობას. ბ. ღლონტს, როგორც კოოპერატორს უნდა მოეხსენებოდეს, რომ მუდამ დახმარებაზე კოოპერატივები არ უნდა ღაღადებდენ. კოოპერატორმა იმათ სხვა გზაც უნდა უჩვენოს. სამწუხაროთ, კოოპერატივებმა ვერ გამოიჩინეს იმდენი უნარი და ენერგია, რომ ის ფული, რომელიც დღეს სოფლად არის დაგროვილი, თავის სასარგებლოთ გამოეწურათ. ჩვენ ამას მწუხარებით აღვნიშნავთ.

კოოპერაციის ასეთ მოქმედებას ექნებოდა დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც. ამისდა მიუხედავათ, უნდა მოგახსენოთ, რომ გარდა იმ საქონლისა რომელზედაც აქ იყო ლაპარაკი, საკრედიტო და მომხმარებელ საზოგადოებებს მართებს ჩვენი ხაზინის 10 მილიონი მანეთამდის.

ასეთი იყო ჩვენი დახმარება წარმოების განვითარებისათვის. შეიძლება საჭირო იყო, მეტიც, მაგრამ მეტი დახმარება ჩვენ ვერ მოვახერხეთ, და მეტს ვერც ერთი მთავრობა ვერ მოახერხებდა არსებულ პირობებში, როცა პოლიტიკურ მდგომარეობის გამო ჯარზე და სხვა მასთან დაკავშირებულ ხარჯებზე, - თუ რკინის გზას გამოვაკლებთ, რომელიც საკუთარი შემოსავალი იფარავდა, - იხარჯება ბიუჯეტის 50%25 მეტი. ყველა ეს ხარჯები გასამართლებელია და მათ თქვენ დღევანდელ პირობებში ვერ უარყოფთ.

ჩვენ არ შეგვიძლია დავადგეთ დღევანდელ სოციალურ პირობებში ისეთ უკიდურესს ეკონომიურ პოლიტიკას, რომლის შესახებ მხოლოდ ტეორეტიულად შეიძლება მსჯელობა, განა დღევანდელ პირობებში, ეხლავე შესაძლებელია მთელი ვაჭრობისა და მრეწველობის ნაციონალიზაციის გზას დავადგეთ? ასეთი ექსპერიმენტები დღევანდელ პირობებში სცადეს უკვე „სოვდეპიის“ ქვეყანაში და მოგეხსენებათ რა შედეგი მოჰყვა ამას. გადაჭრით უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი ტეხნიკურ მოუმზადებლობისა და გამოუცდელობის მიხედვით ჩვენ დღეს ვერ ვაღიარებთ სრულ მონოპოლიზაციას, სრულ ნაციონალიზაციას. ეს ორი მხარე არის უმაღლესი საფეხური, რომელიც შემოღებული იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც სახალხო მეურნეობა მიაღწევს უმაღლეს განვითარებას. მაგრამ ჩვენ ვართ წინააღმდეგი იმისაც, თითქოს დღევანდელ პირობებში შეიძლებოდეს ვაჭრობის სრული თავისუფლების დამყარება. თვით თავისუფალი ვაჭრობის ქვეყანას, ინგლისს, არა აქვს ეს დღეს შემოღებული. რა უფლება გვაქვს ჩვენ, არ ვისარგებლოთ ყოველ საშუალებით, რომელიც აუცილებლად საჭირო არის, თუ ამას ჩვენი ეკონომიური ცხოვრებისათვის მნიშვნელობა ექნება. მე ვამბობ, თავისუფალ ვაჭრობის შეზღუდვის შესახებ, მაგრამ მონოპოლიის ერთბაშათ გატარება მაინც შეუძლებელია, ახლა ფაქტიურად აღკრძალულია მრაგვარ საქონლის გატანა უცხოეთში და თან და თან ასეთ ზომას ვაძლევთ კანონმდებლობით სახეს. უნდა გვახსოვდეს, რომ მონოპოლიზაციის ცხოვრებაში გატარებისათვის საჭიროა დიდი ტეხნიკა და დიდი თანხა. რაც შეეხება იმპორტის მონოპოლიზაციას, თუ იმაში გულისხმობთ იმას, რომ მთელი იმპორტი უნდა იყოს სახელმწიფოს ხელში და მხოლოდ სახელმწიფო უნდა ანაწილებდეს საქონელს, - ფაქტიურად ყოვლად მიუღებელი არის. ეს დღევანდელ პირობებში შეუძლებელია, რადგანაც დღეს-დღეობით ჩვენ არა გვაქვს იმდენი საშუალება, რომ ჩვენი საკუთარი აპარატით და საშუალებით ყველაფერი შევიძინოთ. და ყველა დავაკმაყოფილოთ. ის მიგვიყვანს სრულ ნაციონალიზაციამდე. მაგრამ აქ კორექტივი კი არის საჭირო. ისეთი საქონელი, რომელიც არ წარმოადგენს დიდ მოთხოვნილებას, რა თქმა უნდა ერთგვარი გადასახადით უნდა აიკრძალოს, და ამ დღეებში ამის შესახებ ჩვენი უწყება შესაფერ კანონ-პროექტსაც წარმოადგენს.

რას ნიშნავს დღევანდელ პირობებში, როდესაც ჩვენში მრეწველობა არ არის სრულებით განვითარებული პროტექციონიზმზე ლაპარაკი, თუ არა ცარიელ თეორეტიულ მსჯელობას? მე პრინციპს არ შევეხები, მე შევეხები მხოლოდ ფაქტიურ მხარეს. რა არის პროტექციონიზმის აღიარება დღეს ჩვენთვის თუ არა ქვეყნის უსაქონლოდ დატოვება? დააწესეთ ისეთი გადასახადები, რომ ნაწარმოები, რომელიც ჩვენ არა გვაქვს, არც შემოვიდეს უცხოეთიდან და ქვეყანას ჭეშმარიტად უსაქონლოდ დასტოვებთ. ჩვენ გვისაყვედურებენ, რომ ნედლ მასალას არ უნდა უშვებდეთ სხვაგან, რათა ჩვენი ქარხნები არ დარჩნენ უნედლ მასალოთ. ეს, რასაკვირველია, მისაღები არის და უნდა მოგახსენოთ, რომ იმ ფოთლის თამბაქოს, რომლის შესახებ აქ იყო ნათქვამი და რომელიც 80 ათასი ფუთი ყოფნის ყველა იმ ქარხნებს, რომელიც ჩვენში არსებობს, ზომაზე მეტს არსად გაუშვებთ. თამბაქო, რომელიც სხვა და სხვა საწყობებში არის, შეიძლება მოთხოვნილებაზე 5-ჯერ მეტი იყოს. ამიტომ დღემდის კვალიფიკაცია საკმარის თამბაქოსი არავითარი საჭიროებას არ წარმოადგენდა, მიუხედავათ ამისა ჩვენ ვიღებთ უკვე ზომებს, რომ ჩვენებური ქარხნები უზრუნველ ყოფილნი იყვნენ 2 წლით ამ ნედლი მასალით. გარდა ამისა ჩვენ ვფიქრობთ, რომ გული არ წაუხლდეს მწარმოებელს, თუმცა იგი მონოპოლიზაციის სისტემით არაფერს კარგავს, ჩვენ ვფიქრობთ მწარმოებელს ნაწილი მონოპოლიის მოგებიდან დაუბრუნდეს კრედიტის და სხვა დახმარების სახით. მე ისიც კი მისაყვედურეს, რომ უცხო ქვეყნებში, მაგ. აზერბაიჯანში, თურმე ახალი ქარხნები იხსნება. უპირველესად უნდა მოგახსენოთ, რომ როგორც ჩვენ ვზრუნავთ ადგილობრივ მრეწველობის განვითარებისათვის და ფინანსიურ მდგომარეობის განვითარებისათვის, სხვაგანაც ზრუნავენ ამაზე. მაგრამ აქ ჩვენ რა ბრალი გვედება. ტფილისშიც გაიხსნა ერთი ახალი თამბაქოს ქარხანა „სპილო“ და ერთიც ქუთაისში. ჩვენში გაიხსნა აგრეთვე ასანთის ქარხანაც, მაგრამ არ ვფიქრობ იმ ქვეყანაში, საიდანაც ჩვენ წინათ ასანათი მოგვქონდა, ამის გამო მთავრობას უსაყვედურონ.

პაპიროსის გატანა ავკრძალეთ ბაქოში მაშინ კი არა, როცა გაიხსნა იქ ქარხანა, როგორც აქ ლექციებს გვიკითხავენ, არამედ მაშინ, როცა იქ ქარხანა არ მუშაობდა და გატანილ პაპიროსის მაგიერ იქიდან სხვა საქონლის მიღება შეიძლებოდა. ახლა კი თავისუფლად ვუშვებთ იქით პაპიროსს. გარდა ამისა, საქმე თუ თამბაქოს გაშვებაშია, ნუ დაივიწყებთ, რომ აზერბაიჯანს სხვა რაიონებიდანაც შეეძლო თამბაქოს მიღება. ესეც მითხარით, ნედლი საქონლის გატანა რომ აღგვეკრძალა, უცხოეთიდან რა საშუალებით შემოვიდოდა ჩვენში რაიმე საქონელი?

წარსულ კრებაზედაც და დღესაც გვისაყვედურებენ, თითქოს მთელი ჩვენი ყურადღება არის მიქცეული ქაღალდის ფულის ბეჭდვაზე და არავითარ ზომებს არ ვიღებთ გადასახადების აკრეფაზე. ძალიან სასიამოვნოა, რომ ახლა ბ. შენგელაია ზრუნავს გადასახადების შესახებ, წინათ კი მათი ფრაქციიდან გადასახადების დაცვა, როგორღაც არ მესმოდა.

მართალია გადასახადები არ შემოდის ისე, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ საქმე არც ისეა, როგორც თქვენ დახატეთ. საზოგადოდ ოპოზიცია ჩვენი მოქმედების შესახებ მსჯელობს აბსოლუტურად: არა გვაქვს არავითარი გეგმა, ვერ შევქმენით ვერაფერი ეკონომიკაში, - არ შემოდის არავითარი გადასახადები და სხვა. როცა დამფუძნებელი კრების ტრიბუნიდან ასე მსჯელობენ, მეც იძულებული ვარ ფაქტებს მივმართო და მოგახსენოთ ის ციფრები, თუ როგორ შემოდის ჩვენში გადასახადები.

თქვენ მოგეხსენებათ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს სახელმწიფოს გადასახადების აპარატი სავსებით მოშლილი იყო და მაშინ მართლაც არაფერი შემოდიოდა. მაგრამ შემდეგ საქმის ვითარება ასეთია: შემოვიდა ხაზინაში გადასახადები:

1918 წ. ივლისში - - 2.800 ათასი.

„ „ დეკემბერში - 8.041 ათასი.

1919 წ. მარტში - - 9.214 ათასი.

„ „ ივლისში - - 18.109 ათასი.

„ „ სექტემბერში - 21.645 ათასი.

თქვენ ხედავთ, რომ გადასახადების მოკრეფის საქმე თანდათან უმჯობესდება. რამდენად უმჯობესდება ადმინისტრატიული აპარატი, იმდენად მატულობს გადასახადების შემოსავალი. გარდა ამისა ასეთი ზრდა გადასახადების შემოსვლისა იმას ამოწმებს, რომ გადასახადები არც საზოგადოებისთვის არის მიუღებელი.

ახლა მე უნდა შევეხო დღევანდელ მსჯელობის მთავარ საგანს - ემისიის საქმეს. თუმცა ეკონომიურ მეცნიერებაში ფულის და კურსის საკითხი უურთულეს საკითხად არის მიჩნეული და იმაზედ უდიდესი ეკონომისტები ადამ სმიტიდან და რიკარდოდან დაწყებული ჰილფერდინგამდის და ჩვენს დროში სხვა ბევრი ფინანსისტებიც იტეხენ თავს, ჩვენში ეს საკითხი მეტად გაამარტივეს, ისე გაამარტივეს, რომ ვინ გინდათ ლექციებს არ გვიკითხავდეს ეხლა ამის შესახებ. ობივატელის მსჯელობა ჩვენ არ გვაკვირვებს. მაგრამ სამწუხარო და სავალალო ის არის, რომ თუმცა ჩვენ ძალიან გულდასმით ვუსმენთ დამფუძნებელ კრებაში ოპოზიციის წევრებს - იქნება რამე ახალი გვასწავლონ-თქო - იმათგანაც ამ ყურმოკრულ ამბების მეტს ვერაფერს დასაბუთებულს და მეცნიერულს ვერ ვტყობილობთ. მე ძალიან ვთხოვ ბ-ნ შენგელაიას ჩემს აზრს ნუ გაიგებს ისე, თითქოს მე ვფიქრობდე ზედმეტი ემისიით ფინანსიურ მდგომარეობის გაუმჯობესებას, მაგრამ უთავბოლო კრიტიკა კი მინდა თავიდან ავიცილო. ამიტომ უპირველეს ყოვლისა უნდა მოვახსენო მას, რომ ბიუჯეტსა და ემისიის, ფულის ნიშანის გამოცემის, ერთს ხაზზე დაყენება ყოვლად შეუძლებელია. თქვენ როგორც ოპოზიციას შეგიძლიათ მთავრობის კრედიტი უარყოთ, ბიუჯეტის წინააღმდეგ გამოხვიდეთ, მაგრამ უფულოთ, უფულისნიშნოთ თქვენ ქვეყანას ვერ დასტოვებთ. თქვენ გავიწყდებათ, რომ ემისია იზრდება არა იმიტომ მხოლოდ, რომ ბიუჯეტი იზრდება, არამედ იმიტომაც და უმთავრესად იმიტომ, რომ ცხოვრება გაძვირებულია და ერთი და იგივე საქმე ახლა წინანდელზედ მეტს ფულის ნიშანს მოითხოვს.

ეხლა ყველა ქვეყანაში გადიდებულია ქაღალდის ფულის რაოდენობა, იგი გადიდებულია იმ ქვეყნებშიაც კი, რომლებიც ომში მონაწილეობას არ ღებულობდენ. ასე, ქაღალდის ფულის რაოდენობა ახლა გადიდებულია 1914 წელთან შედარებით: საფრანგეთში - 477 პროც., ინგლისში - 160 პროც., საბერძნეთში - 418 პროც., იტალიაში - 433 პროც., ნორვეგიაში - 236 პროც., ჰოლანდიაში - 242 პროც. და სხვ. რაღა გასაკვირია ამის შემდეგ, რომ ჩვენც ზედმეტი ემისიები გვჭირდება?

გარდა ამისა, როდესაც ვმსჯელობთ ჩვენ ბონების სიმრავლეზე, ნუ დაგავიწყდებათ ის გარემოებაც, რომ არც ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია დაფაროს თავის შემოსავლით ეს ხარჯები, რომელიც არაჩვეულებრივ მდგომარეობით არის გამოწვეული. და ის სახელმწიფოებიც, რომელნიც საერთაშორისოდ ცნობილნი არიან და კრედიტი აქვთ, ხშირად ვერ ახერხებენ საკმაო სესხის აღებას და ამ შემთხვევაში, როგორც, მაგალითად, იგივე საფრანგეთი, იგივე იტალია და სხვ. იძულებულნი არიან ქაღალდის ფული გამოუშვან და ამ ქაღალდის ფულის გამოშვება თამაშობს სახელმწიფო სესხის როლს. დღეს ჩვენ სესხი არა გვაქვს გარდა ბონებისა. მხოლოდ ეს ბონებია ჩვენი სესხი.

თუ ამ გარემოებასაც დაუკვირდებით, რომ ქაღალდის ფული ჩვენში თამაშობს ჯერ-ჯერობით სესხის როლსაც, და ამასთანავე გაიხსენებთ იმ სახელმწიფო ვალსაც, რომელიც ევროპის ყველა სახელმწიფოებს აწევს თავზე, მაშინ თქვენ უნდა სთქვათ, რომ ჩვენი მდგომარეობა არც ისეთია, როგორც ეს ზოგიერთს სურს მოაჩვენოს ჩვენ მტერსა და მოყვარეს. ასე, მაგალითად: 1912 წელში საფრანგეთში სახელმწიფო ვალი სულზე მოდიოდა 291 მან., ბელგიაში სულზე მოდიოდა 211 მან., თვით ინგლისშიაც კი მოდიოდა თითო სულზე 145 მან. ჩვენში კი ამიერ-კავკასიის ბონები, ჩვენ წილად გამოცემული არის 540 მილ. ამას დაუმატეთ ქართული ბონების ემისიაც, რომელიც გამოსულია სალაროდან სულ 200 მილ. მან. თუ ვიანგარიშებთ საქართველოში სულ ორნახევარ მილიონ სულს, დავინახავთ, რომ ბონები სულზე მოდის 296 მან. დღევანდელ კურსით ჩვენ შეგვიძლია მთელი ჩვენი ხვედრი ბონები ამოვწუროთ სულ ერთ ნახევარი მილიონი სტერლინგით.

გარდა ამისა უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ნაწილი ამ გონებისა დაიხარჯა რუსეთის ფრონტის სალიკვიდაციო ხარჯებზე, და ეს სალიკვიდაციო ხარჯები, რომელიც ჩვენ გავწიეთ დიდი რუსეთის ფრონტისათვის, ჩვენი გადასახადი არ უნდა იქმნეს და ვალად დაეწერება იმას, ვის გამოც ეს ხარჯები გავწიეთ, ნაწილი ამ ბონებისა ბანკებს მიეცა და უზრუნველყოფილია თამასუქებით. აქედან ცხადია, რომ ჩვენი ვალი ქაღალდის ფულის სახით არც ისე დიდია.

ბატონებო! რასაკვირველი, ის ქვეყნები, რომელიც მე დავასახელე და რომლებსაც გაცილებით ჩვენზე მეტი ვალი აქვთ (მაგალითად საფრანგეთს ახლა წელიწადში მოუნდება სულზე 165 ფრანკის მარტო სარგებელის გადახდა), წარმოებით და თავის შემოქმედებით ჩვენზე უფრო მდიდარნი არიან; მაგრამ, როდესაც ასეთი დიდი საკითხის შესახებ გამოდიხართ ამ ტრიბუნაზე და საქვეყნოთ ააშკარავებთ სუსტ მხარეებს ჩვენი ფინანსებისას, კეთილ ინებეთ და მოიხსენიეთ ის დაუშრეტელი წყაროც სიმდიდრისა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აქვს. საკითხს ყოველ მხრივ შეეხეთ ხოლმე. (ხმა: ვინ დაიჯერებს მერე?) საქმის ცოდნა მოითხოვს, ბატონებო, რომ წარა-მარა არ იმეოროთ, თითქოს ქაღალდის ფულის სიმრავლე იყოს ერთად-ერთი მიზეზი ცხოვრების გაძვირებისა. ასე მსჯელობს ობივატელიც, და როცა თქვენც ამასვე იმეორებთ, თქვენი მარტივი მსჯელობა ქმნის ერთნაირ ფსიქოლოგიურ რეაქციას საზოგადოებაში.

დამფუძნებელ კრების წევრს მოეთხოვება იცოდეს, რომ ცხოვრების გაძვირების და ფულის კურსის დაცემის მიზეზი არ არის მარტო ემისია.

ხუთი წლის განმავლობაში, როგორც რუსეთში, ისე უცხოეთის ლიტერატურაში აუარებელი შრომა დაიწერა ცხოვრების გაძვირების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ამ შრომებიდან, რომ ქაღალდის ფული არ არის მთავარი მიზეზი ცხოვრების გაძვირებისა. ისტორიამაც მრავალი მაგალითები იცის იმის, რომ არ არის პირდაპირი კავშირი ქაღალდის ფულის რაოდენობისა და ცხოვრების გაძვირების შორის. ჯერ კიდევ გასულ საუკუნის დასაწყისში ტომას ტუკმა თავის გამოჩენილ შრომაში „ფასების ისტორია“, აუარებელი სტატისტიკური და ფაქტიური მასალების მიხედვით უცილობლად დაამტკიცა, რომ ფასების აწევას არამც თუ პირდაპირი დამოკიდებულება არა აქვს ქაღალდის ფულის რაოდენობასთან, არამედ ძალიან ხშირად ეწინააღმდეგება კიდეც. ამას მოწმობს ისტორიაც.

მაგალითად ავსტრიაში 1801-1808 წ.წ. და 1810-1818 წ.წ. სავსებით ერთნაირი პირობები არსებობდა ქაღალდის ფულის ტრიალისათვის, 1811 წელს აქ მოახდინეს ერთნაირი დევალვაცია, ესე იგი ძველი ფულის ნიშნები შეცვალეს ახლით და რადგანაც 1801-1809, წ. წ. საკმარისი იყო 250 მილ. გულდენი, ახლაც ამ ზომამდის ჩამოიყვანეს ფულის ნიშნების რაოდენობა. მერე რას ვხედავთ: 1810 წ. ტრიალებდა 862 მილ. გულდენი, საშუალო კურსი იყო 413, 1811 წ. - 212 მილ. გ., კურსი - 232, 1813 წ. - 233 მილ. გ., კურსი - 153; 1815 წ. - 533 მილ. გ., კურსი - 333 და სხვა (ხმა: იქ ვაჭრობა-მრეწველობა იზრდებოდა?) ისტორიამ იცის იმის მაგალითებიც, რომ ვაჭრობა-მრეწველობა უკეთეს მდგომარეობაში იყო, ქაღალდის ფულიც ნაკლები, მაგრამ კურსი მაინც ეცემოდა. რუსეთში მაგალითად 1879 წ. რუსეთში 1164 მილ. მან. ქაღალდის ფული ტრიალებდა, და კურსი მანეთისა ლონდონზე უდრიდა 24 პენსს, 1888 წელს კი რუსეთში ტრიალებდა ქალაქის ფული სულ 980 მილ. მან., მიუხედავათ ამისა მანეთის კურსი ლონდონზე ღირდა 22 პენსი ესე იგი ქაღალდის ფულის რაოდენობა ნაკლები იყო 180 მილ., კურსი კი დაეცა ორი პენსით. ამასთანავე თქვენ გეხსომებათ, რომ ოთხმოცდაათი წლები რუსეთში იყო საუკეთესო ხანა სახალხო მეურნეობის განვითარებისათვის. ეს იყო ხანა გლეხთა განთავისუფლებისა, როცა მთელი მილიონები გლეხი ბატონყმურ მდგომარეობიდან, ფულის მეურნეობაზე გადადიოდენ, ეს იყო ხანა, როცა რკინის გზის ქსელი დიდის სისწრაფით იზრდებოდა რუსეთში და საგარეო თუ საშინაო ვაჭრობაც ვითარდებოდა. საგულისხმოა ისიც, რომ ამავე დროს უცხოეთში იმატა ქაღალდის ფულის ბეჭდვამ: მაგალითად საფრანგეთში - 500 პროც., ინგლისში - 100 პროც., იტალიაში - 1300 პროც. რუსეთის მანეთის, რაოდენობა პირიქით მცირდებოდა, კურსი კი აწევის მაგიერ კლებულობდა. მე რასაკვირველია, ბატონებო, ამ მაგალითებით არ მინდა ვთქვა, რომ კარგია ქაღალდის ფულის ბეჭდვა, მაგრამ მას შემდეგ, რაც აქ ილაპარაკეს, იძულებული ვარ ამ ტრიბუნიდან აღვნიშნო, რომ აქ ისე ადვილათ და ზერელეთ არ უნდა ითქმებოდეს ის, რაც ობივატელს მართალი ჰგონია და რასაც იგი უამისოდაც ძალიან მარტივად ხსნის ხოლმე. თქვენ, მაგალითად, არ გინდათ ისიც კი დაიჯეროთ, რომ სტერლინგების კურსი ჩვენში ხელოვნურათ არის შექმნილი და ბრალს მხოლოდ ჩვენს ბონებს აწერთ. არ გჯერათ ამის შესახებ ავალიანის სიტყვები, პროფესორობას ბრჩხილებში სვამთ და ბოლშევიკსაც უწოდებთ. მაგრამ უნდა მოგახსენოთ, შეიძლება მეც ბოლშევიკი მიწოდოთ ამისთვის, - რომ სტერლინგების აწევა ჩვენში მართალია ხელოვნურად არის შექმნილი და ეს მდგომარეობა შექმნილია იმათგან, რომლებსაც ჩვენ სპეკულიანტებს ვუწოდებთ ხოლმე, თქვენ კი ვაჭრებს, და რომელნიც, მაგალითად, ყიდულობენ ერთს და იმავე 20 გირვანქა სტერლინგს ტფილისის ბაზარზე და ხელიდან ხელში გადააქვთ ხოლმე. მე შემეძლო ამის დასამტკიცებლად მომეყვანა ერთი მაგალითიც, ეს მაგალითი საუცხოვო ილიუსტრაციაა იმისა, თუ როგორ ხელოვნურად ქმნიან სპეკულიანტები საშინელ მდგომარეობას ჩვენი ბონებისათვის. ერთ ერთი უცხოეთის ოფიციალური წარმომადგენელმა შემომჩივლა, რომ ერთ და იმავე დღეს, რაღაც მინუტებისა თუ საათის განმავლობაში, სულ სხვა და სხვა კურსით და დიდის განსხვავებით მიყიდეს მას ერთს ადგილობრივ დაწესებულებაში სტერლინგები, რადგან იხელმძღვანელეს იმ წესით, რაც ერევანის მოედანზე არსებობდა. ჩვენ იძულებული ვიყავით მიგვეღო ზომები საქმის გამოსარკვევათ და მართლაც აშკარა შეიქმნა, როგორც ჩვენთვის, ისე იმ უცხოელისთვის, რომ ნამდვილ კურსის სახელით სპეკულიატიურათ უპირობდენ მას მოტყუილებას. რათ იცავთ, ბატონებო, თქვენ ასეთ მდგომარეობას არ ვიცი, მე ეს არ მესმის, როდესაც თქვენ ეკამათებით ბატონ ავალიანს, რომელიც ამბობს, რომ სიმცირე სტერლინგის რაოდენობისა ჩვენში ქმნის სპეკულიაციას ამ საქონელზეო.

ჩვენში, რომ ბევრი იყოს სტერლინგი, მაშინ კურსი ასე არ დაეცემოდა, მაშინ არც სპეკულიაცია იქნებოდა. ახლა კი რადგან სტერლინგების რიცხვი ძლიერ მცირეა ჩვენში, იმის ხელში ჩასაგდებად კონკურენციას უწევენ ერთმანეთს სპეკულიანტები და ამით ხელოვნურად სწევენ მის ფასს. თუ თქვენ გნებავთ, თუ ნებავს ბატონ ღლონტს, რომელმაც ინება და ასე უსაბუთოდ განაცხადა დამფუძნებელ კრების ტრიბუნიდან, რომ ქართული ბონი დაეცა ამიერ-კავკასიის ბონებთან შედარებითო, სანამ ამას იტყოდა კეთილ უნდა ენება და შესულიყო რომელიმე ბანკში და ეკითხა იღებენ თუ არა საქართველოს და ამიერ-კავკასიის ბონებს თანაბრად. თუ ეს არ ინება მან, არ უნდა გამოსულიყო ამ ტრიბუნაზე ქუჩაში ყურმოკრულ ცნობებით და არ მიეწოდებია ყალბი ცნობები იმ საზოგადოების ნაწილისათვისაც კი, რომელიც მას ანგარიშს უწევს.

თუ გნებავთ გაიგოთ რამდენად დაეცა ქართული ბონის კურსი, იგი უნდა შეადაროთ არა ინგლისის სტერლინგს, რომელიც ჩვენში არ შემოდის, არამედ იმ ქაღალდის ფულს, რომელიც ტრიალებს ჩვენში და ჩვენს ირგვლივ იმ ნეიტრალურ ზონის ადგილებში, რომლებშიაც ტრიალებენ როგორც ჩვენი ქვეყნის ბონები ისე სხვა ქვეყნის ბონებიც. და თქვენ დაინახავთ, რომ ჩვენი ბონები მეტი ღირს, მეტად ფასობს, ვიდრე დონის და, ან აზერბაიჯანის ბონები. მე ვაცხადებ, რომ ჩვენში ამიერ-კავკასიის ბონებზე საქართველოს ბონებთან შედარებით არავითარი ლაჟი არ არსებობს, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანის და დონის ბონები მართლაც უფრო იაფათ ფასობენ. რასაკვირველია, განყენებული მსჯელობა შეიძლება, მაგრამ თუ თქვენთვის მისაღებია შედარებით მეთოდი, თქვენ ნუ ადარებთ ჩვენ ბონებს სტერლინგებს, არამედ შეადარეთ იგი იმ ფულის ნიშნებს, რომელიც ჩვენისთანა ქვეყნებში არსებობს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ფინანსთა უწყებამ გამოსცა განკარგულება „კერენკების“ და დონის ფულის შესახებ. თქვენ მოგეხსენებათ აგრეთვე, რომ წინათ დიდი ლაჟი არსებობდა „კერენკებზე“ ამიერ კავკასიის ბონებთან შედარებით, მაგრამ ამ ბოლო დროს ჩვენ ხაზინებში „კერენკები“ „ტომრებით“ მოქონდათ და ითხოვდენ ჩვენ ქართულ ბონებზე გადახურდავებას! ამავე დროს ზოგიერთ ჩვენს მეზობელ ადგილებში კერენკებზე კვლავ 150%25 ლაჟი არსებობდა (ნაც.-დემ: დაგვიანდა თქვენი დეკრეტი!) შეიძლება დაგვიანდა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენზე უფრო გამოცდილმა მთავრობამ ბათომში ჩვენზე უფრო დაიგვიანა და მხოლოდ ახლა, ჩვენი დეკრეტის შემდეგ აკრძალა, კერენკების და დონის ფულის მიღება. ასევე მოიქცა აზერბაიჯანი, მხოლოდ ჩვენს შემდეგ.

რასაკვირველია, მე სრულებით არ მინდა ვსთქვა, რომ ჩვენ მოქმედებაში არ იყოს შეცდომები, მაგრამ, როდესაც ვმსჯელობთ, ნუ იმსჯელებთ განყენებულათ, იხმარეთ შედარებითი მეთოდი, გაუწიეთ ანგარიში იმ არსებულ პირობებს, რომელშიაც გვიხდება მუშაობა და მიუდგომლათ შეაფასეთ არსებული მდგომარეობა.

ბატონებო, სამწუხაროთ ჩვენი მუშაობის შეფასებისთვის ზოგიერთ თქვენგანს ახირებული ჩვეულება გაქვთ: თუ ყველაფერი ერთბაშად ვერ გავაკეთეთ - არაფერი არ გაგიკეთებიათო, თუ რამე გავაკეთეთ - დააგვიანეთო...

მე ვათავებ ჩემს სიტყვას. მე ვფიქრობ: ემისიის საკითხი არ შეიძლება დაუკავშირდეს ბიუჯეტის საკითხს, ისეთ საკითხის შესახებ, როგორიც არის ფულის ნიშნის გამოშვება, ისე მარტივათ მსჯელობა და ისეთი მოპყრობა, როგორთაც თქვენ ეპყრობით ამ საკითხს, არ შეიძლება; მით უმეტეს, რომ ქაღალდის ფულის ნიშანს აქვს ერთ ერთი გარანტია - საზოგადოების ნდობა (ხმა: ნაც.-დემ. - ეგ ავალიანს უთხარით). ავალიანს, ბატონებო, არაფერი არ უთქვამს ამის წინააღმდეგ, და მიკვირს, როდესაც იგი ილაშქრებს სპეკულიანტების წინააღმდეგ, თქვენ რათ გამოდიხართ მის წინააღმდეგ. მე მინდა ვსთქვა, რომ, როდესაც ასეთ სათაურით საგნის შესახებ არის ლაპარაკი, რომელიც საზოგადოების ნდობაზეა დაყრდნობილი, და როგორიც არის ფულის საკითხი, ობიექტიურად უნდა შეეხოთ საგანს და რამდენათაც შეიძლება მეცნიერულად და პრაქტიკულად გააშუქოთ იგი რათა ცალმხრივი შთაბეჭდილება არ დასტოვოთ საზოგადოებაში ვიმეორებ, მე არ ვარ წინააღმდეგი კრიტიკისა, მხოლოდ ეგ კრიტიკა უნდა იყვეს საღი და მიუდგომელი, იგი მეცნიერებაზე და ფაქტიურ მასალაზე უნდა იყოს დაყრდნობილი, თორემ ყალბი და ობივატელური შეხედულების გავრცელება საზოგადოებაში და ისიც ისეთ საკითხზე, როგორიც არის „ქაღალდის ფული“ მხოლოდ დაღუპავს საქმესა (ძლიერი ტაში).

თავმჯდომარე. მსურველი სიტყვის არავინ არის. უკანასკნელი სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბატონ ს. მდივანს.

. მდივანი ბატონებო, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში, კომისიის საკითხს უფრო სხვა მხრივ ჰქონდა მნიშვნელობა ვიდრე მას მიეცა პლენუმში, სადაც მოხდა ერთგვარი რევიზია იმ პოლიტიკისა, სამეურნეო, სავაჭრო და საეკონომიო, რომელსაც აწარმოებს ჩვენი მთავრობა და მმართველი პარტია. აქ უმთავრესი საკითხი, სანამ მინისტრმა არ მიაქცია ყურადღება, არ ყოფილა დასმული. ეს ის საკითხია, რომელიც უეჭველად უნდა ყოფილიყო საგანი კამათის და სწორედ მის შესახებ უმთავრესად უნდა ყოფილიყო მსჯელობა.

ვსთქვათ, რომ ჩვენი მთავრობის პოლიტიკა არის უვარგისი პოლიტიკა, რომ მთავრობის სათავეში სდგას ხალხი, რომელთაც არავითარი შემოქმედებით უნარი არა აქვს. ვსთქვათ რომ ეს ასეა, მაგრამ განა შეიძლება მისი თქმა, რომ რაკი არსებობს სახელმწიფო, მას ემისია არ ესაჭიროება, შენგელაია ამბობს, რომ არ მოგცემთ ემისიის უფლებას, ვინაიდან გაქვთ ასაკრეფი გადასახადები და სხვა, ამით ბ. შენგელაიამ უარყო არა პოლიტიკა მთავრობისა, არამედ უარყო თვით სახელმწიფო, ვინაიდან ძველათაც და ეხლაც სანამ ფული არის მთავარი კვანძი ცხოვრებისა ემისია ყოველთვის აუცილებელი იქნება სახელმწიფოსთვის.

აქ მე არ შევეხები იმ კურიოზს, რომელიც გადასხადების აკრეფას შეეხება. ეს მართლაც კურიოზია, რადგან აკრეფილი გადასახადი ვერასოდეს ვერ დაფარავს მთელ ბიუჯეტს. მაგრამ, როდესაც ჩვენ საფინანსო კომისიაში უარვყავით ასეთი გზა, უარვყავით იმ უბრალო მოსაზრებით, რომ ჩვენ მზათ ვართ შეუდგეთ ჩვენი ბიუჯეტის განხილვას, ახლო მომავალში, როდესაც ეს ბიუჯეტი წარმოდგება თქვენს წინაშე. აი, როდესაც ეს მოხდება, მაშინ ყველას საშვალება და უფლება ექნება მთავრობის პოლტიკის რევიზიისა. დღეს ორატორები ამ გზას აცდენ. ერთი შეცდომა შენგელაიას მოუვიდა, (გვაზავა ადგილიდან; ღლონტს?) მოითმინეთ, ამაზედაც მოგახსენებთ, მეორე კი ბ. ასათიანს.

ასათიანი ამბობდა, კეთილი, მივცეთ ემისია, მაგრამ იგი შეიჭრება ვაჭრობა-მრეწველობის საქმეშიო და მით არევ-დარევას გამოიწვევს. შემდეგ საჭიროა, რომ ეს ემისია მოხმარდეს სახელმწიფოს უპირველესს და აუცილებელ მოთხოვნილებებს, მაგრამ ეს ფული, როგორც თქვენ ბრძანეთ, ბ. ასათიანო, გროვდება ბურჟუაზიის ხელში. დიახ, უბედურება სწორედ იმაშია, რომ ბურჟუაზია ფულს აგროვებს და მერე თითონ ებრძვის ამ ფულს ისე, როგორც რომელიმე აქციონერი სცემს თავის აქციებს, რათა შემდეგ მეტი მოგება ნახოს. როდესაც ჩვენ სპეკულიანტები აგროვებენ ფულებს, სცემენ მის ფასს, შეიძლება ეს არ არის ძირითადი საფუძველი აღნიშნული მოვლენისა, მაგრამ მას აქვს თავისი უეჭვლია გავლენა. და როდესაც ჩვენი ბურჟუაზია ამ გზას ადგია, ეს არის უარყოფითი მოვლენა. ჩვენი ფული, რასაკვირველია, აიწევა არა იმითი, რომ სპეკულიანტებს სურთ ფული ასწიონ, ან დასცენ, მაგრამ, რომ სპეკულიანტებს შეუძლიანთ არევ-დარევა შეიტანონ ამ საქმეში, ეს კი უეჭველია.

იყო მეორე კურიოზიც - თითქოს სპეკულიაცია გაჩნდა მაშინ, როდესაც რევოლიუცია დაიწყო. მაგრამ თუ იყო დახვრეტილი გენ. ფოშის მიერ პოტენი იმიტომ, რომ ის იყო სპეკულიანტი. ეს ფაქტი მოხდა საფრანგეთში და არა მენშევიკების საქართველოში. როგორც ხედავთ სპეკულიაცია გაჩენილა სხვაგან, რევ. საზღვრების იქით, და იქ შეიქმნებოდა დასაწყისი იმ სპეკულიაციისა, რომელიც დღეს გვახრჩობს.

რაც შეეხება ჩემი ფრაქციის წარმომადგენლის აზრს, თქვენ შეგიძლიანთ მას დაარქვათ აზრი თეორეტიული, მაგრამ ეს არის იდეალი მომავალისა, რომლის შესახებ დღესვე უნდა დავიწყოთ მუშაობა, რომლის ასრულება არის ჩვენი პერსპექტივა და პროგრამა, თქვენ შეგიძლიათ უარყოთ ეს აზრი, შეგიძლიათ სთქვათ, რომ ჩვენი ტემპი უფრო აჩქარებულია მმართველ პარტიებთან შედარებით, მაგრამ ეს გზა აუცილებელია ჩვენთვის და გულმოდგინეთ მივდივართ ამ გზაზე. (გვაზავა: კომისიის აზრი გვითხარით და არა ფრაქციისა!) მე არც ჩემ უფლებებს გადავაჭარბებ და არც არასოდეს შეურაცხვყოფ, როგორც მომხსენებელი, კომისიის უფლებებს. მე მსურს დაგანახოთ აუცილებელი და სანატრელი გეზი ჩვენი ცხოვრების. თქვენი პროგრამა, ნაციონალ-დემოკრატებო, აღნიშნულია წარსულის ბეჭდით, თქვენმა პროგრამამ მთელი ქვეყანა უფსკრულამდი მიიყვანა. ღლონტის რეცეპტი მომავალის რეცეპტია, თქვენი კი წარსულის. (ასათიანი: მენშევიკი ბრძანებულხართ!).

მე ბ. ასათიანო, არ ვიყავი მენშევიკი და ეროვნულ-დემოკრატი არ გავხდი, მე ვიყავი სოც.-ფედერალისტი და სოციალ-ფედერალისტად მოვკვდები. გირჩევთ, როდესაც მეტამარფოზაზე ლაპარაკობთ, გაიხსენოთ ის თქვენი ამხანაგები, რომელთაც თხუთმეტი პარტია გამოიცვალეს, (კედია: ღლონტი, რომელ პარტიაში იყო!) სულ სხვაა პირადი შემადგენლობა თქვენი პარტიისა და სულ სხვაა ის ხალხი... (გვაზავა: ჰო, თქვენ პირველი სორტისა ხართ!) თქვენ კი სუყველა, მართლა, მეორე სორტისა ხართ.

მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ გამოვსთქვა აზრი საბიუჯეტო კომისიისა:

ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ემისია უნდა იქმნეს მიღებული დამფუძნებელ კრების მიერ. ჩვენ არ ვიზიარებთ არც ერთ აზრს, რომელიც ბ. შენგელაიას მიერ იყო წარმოთქმული. ჩვენ ეს ემისია გვინდა იმისათვის, რომ აწინდელ მდგომარეობას თავი დავახწიოთ. და როდესაც ამ ემისიის წყალობით მოგვეცემა საშუალება ნორმალურ კალაპოტში ჩავაყენოთ ჩვენი ცხოვრება, მაშინ ყოველ ზომას, რომელიც აუცილებელი იქნება ჩვენი რესპუბლიკის წარმატებისათვის, ჩვენ უყოყმანოთ მივიღებთ, იქნება ეს პოლიტიკაში თუ ეკონომიკაში.

თავმჯდომარე. მსჯელობა დამთავრებულია. გადავდივარ მუხლობრივ განხილვაზე. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგია ს. რ. ფრაქცია. (მუხლობრივ განხილვით დეკრეტი მიღებულია). მდივანი მოგახსენებთ შემდეგ დღიურ წესრიგს - შემდეგი სხდომის. (მდივანი კითხულობს).

სხდომა იხურება ნაშუადღევის 3 საათსა და 45 წ.

4.15 ორმოცდამეცხრამეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(59)

პარასკევი, ნოემბრის 7, 1919 . ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან

სიმონ მდივანი და

გრიგოლ ნათაძე.

სხდომა იწყება დღის 12 საათსა და 35 წუთზე.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილია, გთხოვთ მოისმინოთ დღიური წესრიგი.

მდივანი. (კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი - საქართველოს რესპუბლიკის ბონების გამოცემის განგრძნობის დეკრეტისა. მომხსენებელია გრ. ნათაძე.

2. პირველი (ზოგადი) განხილვა ფინანსთა მინისტრის საბჭოს დებულებისა. მომხსენებელია ივ. ჭავჭანიძე.

3. სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქციის წინადადება - საგანგებო კომისიის არჩევის შესახებ - მოუსავლობის გამო დაზარალებულთა მდგომარეობის ადგილობრივ გამოსარკვევად.

4. დეკრეტი - ყოფილ ტფილისის ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის მოსამსახურეთა სალიკვიდაციო ხარჯების დასაფარავად 100.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია გრ. ურატაძე.

5. დეკრეტი - ვექილობის უფლების განსაზღვრისა და ნაფიც ვექილთა ახალ საბჭოს არჩევისა. მომხსენებელია კირ. ნინიძე.

6. დეკრეტი - ახალციხის, ახალქალაქის, ბორჩალოს და თიანეთის მაზრებში საექიმო საქმისათვის 1919 წ. ექვს თვეში გასაწევი ხარჯისათვის 404.810 მან. გადადების შესახებ. მომხსენებელია გრ. ვეშაპელი.

7. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - საქართველოს გზატკეცილების სამმართველოს წარსული წლის ხარჯის დასაფარავად 180.730 მან. და 22 კაპ. გადადების შესახებ. მომხსენებელია ალ. ასათიანი.

8. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - რკინის გზის მილიციის დამატებითი შტატისთვის გაწეულ ხარჯის დასაფარავად 580.500 მან. გადადებისა. მომხსენებელია ივ. ჭავჭანიძე.

9. საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის წინადადება - სახელმწიფო ბანკის მმართველობის და ბანკის საბჭოს წევრთა საარჩევნო-სარეკომენდაციო კომისიის არჩევის შესახებ.

დამატება.

10. სოც.-ფედ. ფრაქციის კითხვა მიწათ-მოქმედების და იუსტიციის მინისტრთა მიმართ - საჩინოს რაიონის აგრარულ კომისიის ბოროტ-მოქმედების შესახებ.

თავჯდომარე. ასე რომ, ეს დაემატება დღის წესრიგს. ხომ არავის სურს სიტყვა დღის წესრიგის შესახებ?

სიტყვა არავის არ სურს. ვინ არის წინააღმდეგი დღის წესრიგისა? არავინ. მაშასადამე, დღის წესრიგი მიღებულია.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელ გრიგ. ნათაძეს.

საბოლოო ტექსტები.

. ნათაძე. (კითხულობს დღიურ წესრიგის 1 მუხლში აღნიშნულ საკანონმდებლო აქტის საბოლოო ტექსტს. ტექსტი დამფუძნებელი კრების მიერ დამტკიცებულ იქნა).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ივ. ჭავჭანიძეს.

განხილვა ფინანსთა მინისტრის საბჭოს დებულებისა.

ივ. ჭავჭანიძე. მოქალაქენო! ყველა სახელმწიფოში, და მათ შორის ჩვენს რესპუბლიკაშიც, ყველა სამინისტროებთან არსებობენ საბჭოები. მართალია, ეს საბჭოები სათათბირო ორგანოებია, მაგრამ მათ მრავალი ფრიად სერიოზული მოვალეობა აწევს კისერზე. მომაგრებულ დიდ სახელმწიფოებში სამინისტროებთან ხშირად არსებობენ მრავალგვარი საბჭოები. ჩვენ სამინისტროსთანაც არის საბჭო, რომელიც წინასწარ იხილავს კანონ-პროექტებს და შემდეგ დამფუძნებელ კრებას წარუდგენს. ასეთნაირი საბჭო ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროსთან კიდეც არსებობს. ეს საბჭო დაარსებულ იქმნა ჩვენი მთავრობის მიერ, სანამ საკანონმდებლო ორგანო დებულებას შეიმუშავებდა, რადგან საბჭოს დაარსების გადადება საქმისთვის საზიანო იქნებოდა. ვინაიდან ჩვენი ქვეყნის ფინანსიური და მრეწველობის საქმე ძალიან აწეწილ-დაწეწილია და საჭირო იყო ყოფილიყო სამინისტროსთან ორგანო, რომელიც სამინისტროს გაუადვილებდა თავის მოვალეობის პირნათლად შესრულებას, ამიტომ მთავრობამ ნება დართო ასეთი საბჭოს დაარსებისა, სანამ შესაფერი დებულება შემუშავებული იქნებოდა.

ეხლა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტრო წარმოგვიდგენს დებულებას და თხოულობს, რომ ეს დებულება იქმნას მიღებული. საბჭოს მოვალეობას შეადგენს წინასწარ განხილვა ყველა კანონ-პროექტისა და იმ საკითხებისა, რომელნიც შეეხება ჩვენი ქვეყნის ეკონომიურ და ფინანსიურ მხარეებს და სერიოზულ ყურადღებას მოითხოვენ. საბჭოს ექნება მინდობილი მათი შესწავლა, გამოკვლევა, შესაფერი მასალების დამზადება და შემდეგ წარმოდგენა.

ამ დებულებების თანახმად, საბჭოში უნდა იქმნეს ერთი მუდმივი მომუშავე, ნავარაუდევია სამი კაცი. ამ სამ კაცს თანამდებობაზე ნიშნავს ჩვენი მთავრობის თავმჯდომარე, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის წარდგენით. გარდა ამ დანიშნულ პირებისა, საბჭოში შედიან, როგორც მუდმივი წევრები, სამინისტროს დეპარტამენტის წევრები და კანცელარიის დირექტორი. გარდა ამისა, ისეთ შემთხვევაში, როცა საკითხი შეეხება სხვა და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, თუ საჭირო იქნება მოწვეულ იქნებიან ქალაქის თვითმმართველობათა, კოოპერატივთა ცენტრის, ერობათა და სხვა დაწესებულებათა წარმომადგენელნიც. გარდა ამ პირებისა საბჭოში იქნებიან ერთი მდივანი და ორი საქმის მწარმოებელი. ეს ორი საქმის მწარმოებელი გაინაწილებენ იმ ორ განყოფილებას, რომელიც არსებობს სამინისტროსთან. ერთი არის დეპარტამენტი ფინანსებისა და მეორე ვაჭრობა-მრეწველობისა. როგორც ხედავთ შტატი დიდი არ არის, ის ძალიან მცირეა და სამინისტრო თხოულობს, რომ ეს, დებულება, რომელიც თითქმის ფაქტიურად ცხოვრებაში გატარებული არის, მიღებული და დადასტურებული იქმნას დამფუძნებელ კრების მიერ.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ამის შესახებ ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის არა სურს. გსურთ თუ არა ამ საკითხის მუხლობრივი განხილვა? ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მუხლობრივი განხილვა მოხდება შესაფერ კომისიაში გავლის შემდეგ.

შემდეგი საკითხი გახლავთ:

წინადადება .-. ფრაქციისა მოუსავლობით დაზარალებულ ადგილთა მდგომარეობის გამორკვევის შესახებ.

(თავმჯდომარე კითხულობს ს.-ფ. ფრაქციის წინადადებას): „მიენდოს დამფუძნებელ კრების აგრარულ კომისიას გამოარკვიოს მოუსავლობის გამო დაზარალებულ ადგილების მდგომარეობა და წარმოუდგინოს დამფუძნებელ კრებას გეგმა, თუ რაგვარი დახმარების აღმოჩენა შეუძლია სახელმწიფოს ამ ადგილთა მცხოვრებლებისათვის სურსათის მოწოდებით და გადასახადთა შემსუბუქებით“.

წინადადების შესახებ სიტყვა ეკუთვნის გ. ლასხიშვილს.

. ლასხიშვილი (ს.-ფ.) თქვენ იცით, დამფუძნებელი კრების წევრნო, რომ ჩვენ ქვეყანას უბედურება ეწვია. ზოგიერთი კუთხეები ჩვენი ქვეყნისა, შეიძლება ითქვას დიდი ნაწილი, ერთობ დაზარალდა მოუსავლობის გამო. ზოგან სრულიად არ მოსულა ჭირნახული. ზუგდიდის და სენაკის მაზრებში ზაფხულის გამუდმებული წვიმების გამო სულ დაიღუპა ყანები. დაიმშა ის კუთხე, რომელიც არა მარტო თვითონ ირჩენდა თავს, არამედ სხვა კუთხეებშიც ჰგზავნიდა სარჩოს და საზღვარგარედაც გაჰქონდა. პურის მოსავალი იმერეთშიც და აღმოსავლეთ საქართველოშიც ძალიან მცირეა. ვენახებიც დაზარალდა: ზემო-იმერეთში, სრულებით არ მოსულა ღვინო; კახეთის ზოგიერთ ადგილშიც არ მოსულა ის პროდუქტი, რომლითაც ხალხი ყიდულობდა პურს.

ამნაირად ხალხი ჩავარდა გასაჭირში. ეს გაჭირვება იმდენად დიდია, რომ საჭიროა დაზარალებულთა დახმარება ფართო სახელმწიფოებრივ მასშტაბით, ჩვენი ადგილობრივი თვითმმართველობები ჯერ მოუწყობელნი არიან და ამიტომ ვერ შესძლებენ ამ საქმის გაძღოლას. ამიტომ საჭიროა დახმარება აღმოუჩინოს დამფუძნებელმა კრებამ და მთავრობამ. ზოგან საჭირო იქნება სურსათის მიწოდება, ზოგან გადასახადის შემცირება, მაგრამ, რომ ასეთი სახელმწიფო დახმარება იყოს სისტემატიური და მარჯვე, საჭიროა ვიცოდეთ, - სად, რომელი კუთხე და რამდენად დაზარალდა. ამიტომ სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქციას შემოაქვს წინადადება, რომ დამფუძნებელმა კრებამ, ან საგანგებო კომისია აირჩიოს, ან მიანდოს აგრარულ კომისიას, გამოიკვლიოს, ერობათა დახმარებით, საქმის ვითარება, თუ სად, რომელ კუთხეში, რამდენად დაზარალდა ხალხი და რამდენად არის საჭირო დახმარების აღმოჩენა. ჩვენ დარწმუნებული ვართ დამფუძნებელი კრება სიამოვნებით მიეგებება ამ წინადადებას და საზოგადოებრივ ძალთა მოხმარებით ხალხს დაეხმარება ამ კრიზისთან ბრძოლაში.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კირ. ნინიძეს.

. ნინიძე. (ს.-დ.) ბატონებო, ჩვენ ვფიქრობთ, რომ წინადადებაში ერთი რამ არ არის სადავო, ეს ის, რომ დაზარალებულ მცხოვრებთ, იქნება ეს მოუსავლობით, თუ სხვა რამ უბედურებით გამოწვეული, მიეცეთ დახმარება, და ეს და ეს დახმარება უნდა იქმნას აღმოჩენილი სახელმწიფოებრივი მასშტაბით. მაგრამ ის ზომები, რომლებსაც წინადადების ავტორები იძლევიან, არ მიგვაჩნია საჭიროდ და მიზან-შეწონილად.

საქმე გახლავთ შემდეგში. აქ მართლაც, საჭიროა გამორკვევა იმისა, თუ სად რამდენად არიან დაზარალებულნი მცხოვრებნი და საჭიროა არსებობდეს შესაფერი აპარატი, კომისია, რომელსაც ჩვენ ავირჩევთ, ან აგრარული კომისია, რომელსაც ჩვენ ამ საქმეს მივანდობთ, ასეთი აპარატით არ არის აღჭურვილი. ასეთი კომისიები პარლამენტის ცხოვრებაში, საზოგადოდ დამფუძნებელ კრების ცხოვრებაში მისაღებია მხოლოდ ერთ შემთხვევაში: როდესაც მთავრობას სურს ესა თუ ის ზომა განახორციელოს და მაშინ კანონმდებლობითი ორგანო თვით იღებს ამას თავის თავზე. ასეთ კომისიის არჩევა ხდება უმთავრესად ბოროტ-მოქმედების აღმოსაჩენად. ამ შემთხვევაში კი ეს არა სჩანს და არც წინადადების ავტორები გვეუბნებიან, რომ იყოს რაიმე ბოროტი განზრახვა მთავრობის მხრივ, ვითომ მას არ სურდეს დახმარება აღმოუჩინოს დაზარალებულთ. რადგან ეს დახმარება საჭიროა, ჩვენ უნდა მივმართოთ იმ ორგანოს, რომელიც ამას შესძლებს უკეთესად. ცნობების შესაკრებად, ჩვენ ვფიქრობთ, უფრო გამოდგება ადგილობრივი ორგანო - ეს არის ერობა, შეიძლება ერობას არ ჰქონდეს ნივთიერი საშუალებანი, რომ დახმარება აღმოუჩინოს დაზარალებულთ, მაგრამ ის კი შეუძლიან, რომ გაიგოს, ცნობები შეკრიბოს, თუ სად რა გაჭირება არის. არსებობს აგრეთვე ცენტრალური სტატისტიკური ბიურო, რომლის მოვალეობას შეადგენს ამნაირი ცნობების შეკრება.

ამიტომ ჩვენ გვგონია, რომ მთავრობას სურდა და კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაევალოს, რომ ასეთი ცნობები შეკრიბოს და განსაზღვრულ წინადადებით შემოვიდეს დამფუძნებელ კრებაში. რაც შეეხება გადასახადების შემცირებას, ამ საკითხის დაკავშირება ამ წინადადებასთან, არ არის მიზანშეწონილი და სასურველი. საქმე იმაშია, რომ გადასახადების აკრების აპარატი ეხლა ეწყობა, მხოლოდ დღეს რაღაც გროშები შემოდის ჩვენს დაცარიელებულს სალაროში. გადამხდელის პსიქოლოგია ისეთია, რომ იგი ყოველთვის სცდილობს, რომ ეს გადასახადი არ შეიტანოს. პრაქტიკულად, როცა დაზარალებულია რომელიმე კლასი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველი მცხოვრები მოკლებულია გადასახადის საშუალებას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ გადასახადი ამ საკითხთან არ უნდ იქმნას დაკავშირებული. დახმარება უნდა იქმნას აღმოჩენილი, მაგრამ ამ საკითხის შესწავლა და სათანადო კანონპროექტის წარმოდგენა უნდა დაევალოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. შენგელაიას.

. შენგელაია (სოც.-რევ.) მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! ჩვენ სოფელს, ჩვენ მშრომელ გლეხობას თავს დაატყდა ახალი უბედურება. ეს არის მოუსავლობა და შიმშილი. დღეს სოფელში მძვინვარებს გადამდები სნეულებანი, თქვენ იცით, ომმა გაანადგურა იგი, ფრონტიდან ბევრი არ დაბრუნებულა და ის, ვინც დაბრუნდა, ინვალიდათ დააწვა თავზედ სოფელს. ამ გარემოებამ კი დასცა სოფლის ეკონომიური განვითარება და ეხლა სოფელს ახალი უბედურებაც მოელის: ეს მოუსავლობა და შიმშილია. რესპუბლიკა ვალდებულია დახმარება გაუწიოს დამშეულთ. ეს დახმარება უნდა იქნეს სასწრაფო და საგრძნობი.

მაგრამ ეს არ კმარა. საჭიროა დიდი ყურადღება და დიდი მუშაობა. ჩვენი სოფელი უყურადღებოდ არის მიტოვებული. არც ერთი საკითხი, არც ერთი საქმე იქ არ არის რიგიანად გარკვეული და მოწესრიგებული, განსაკუთრებით მიწის საკითხი, რომელთანაც მჭიდროდ არის დაკავშირებული სოფლის მცხოვრებთა მდგომარეობა. გლეხი, თუ მიწას არ მიიღებს, უზრუნველყოფილი ვერასოდეს ვერ იქნება, ის ვერ ეღირსება ბედნიერებას.

ხომერიკის მახინჯმა კანონმა ერთიანად არივ-დარია სოფლის მდგომარეობა, სოფლად თითქმის ყველაფერი ძველებურად, უცვლელად დარჩა. გლეხი მოელოდა, რომ რევოლიუცია მიწის საკითხს სამართლიანად გადასწყვეტდა, მაგრამ მისი მოლოდინი არ გამართლდა. (ს.-ფ. ფრაქციიდან: რა შუაშია ხომერიკი?) ბ. ხომერიკის კანონი ცხოვრების სინამდვილეს სრულებით არ შეესაბამება. ეს არის აბსურდული კანონი. სოფელი ამ კანონს ვერ ურიგდება. ის ვერ ურიგდება იმ მდგომარეობას, რომ სოციალ-დემოკრატები ყიდიან ერის ქონებას. მიწის მუშების ღარიბი ნაწილი მიწას ვერ ყიდულობს, ხოლო შეძლებული ნაწილიც არ ყიდულობს მიწას. სოციალ-დემოკრატები გვარწმუნებენ ჩვენ, რომ გლეხი მესაკუთრეა და, როგორც მესაკუთრე მიწებს იყიდისო. მაგრამ გლეხი ასე ფიქრობს, თუ მესაკუთრეობა არის, ისევ პატრონისაგან ვიყიდიო. ბ. ხომერიკს კი გლეხობა მიწის პატრონად არ სთვლის. ვიდრე მიწის საკითხი მიწის მუშების სასარგებლოდ არ გადაწყდება, სოფლის მდგომარეობა მუდამ უნუგეშო იქნება.

არა ნაკლებ საგრძნობელი არის მშრომელი ხალხისათვის ადმინისტრაციის მოქმედება, უკანონო მოღვაწეობა. ადმინისტრაციის თვითნებობას საზღვარი არა აქვს აქ, დედა-ქალაქში, და როგორი იქნება ადმინისტრაციის მოქმედება სადმე მიყრუებულ სოფელში ადვილი წარმოსადგენია. იქ მან ყოველივე ზომას გადააჭარბა, ჩვენი კომისრები უკანონო მოქმედებისათვის არამც თუ არ ისჯებიან, წარმატებასაც კი ღებულობენ. ს.-დ. არა ჰყავთ საკმარისი ხალხი, რომ დააყენონ სამსახურში შესაფერისნი და სხვა პარტიის წევრებს კი სამსახურში არ ღებულობენ. ამიტომ ჩვენი ადმინისტრაცია გაივსო სიშჩიკებით და ბოქაულებით! (ს.-დ. ფრაქციიდან: კომისია ავირჩიოთ, კომისია!) ესენი არავითარ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ, რადგანაც დარწმუნებულნი არიან, რომ არ დაისჯებიან. თუ ს.-დ. გამოაშკარავებენ ამ ადმინისტრატორებს, მაშინ პარტია დაინგრევა და ამას არ მოისურვებს, რასაკვირველია, ს.-დ. პარტია.

ჩვენს სოფელს ყაჩაღობა ანადგურებს. ამ ყაჩაღობას მასსიური ხასიათი აქვს და ამაში წილი უდევს აგრეთვე სოფლის ადმინისტრაციას. ყაჩაღების თარეში სოფლად მეტად საზიანოა. იგი ნივთიერად ანადგურებს სოფელს. თვით სოფელი ებრძვის ყაჩაღებს, მაგრამ არაფერი გამოდის, რადგან ადმინისტრაცია ხშირად ეხმარება ყაჩაღებს. ხშირად სოფელი იჭერს ყაჩაღებს, ადმინისტრაცია კი ანთავისუფლებს მათ და ყაჩაღები „ხელახლად განაგრძობენ თარეშს. (ს.-დემ. ფრაქციიდან ხმა: რა შუაშია...) იმ შუაშია, რომ სოფელს თქვენ ყურადღებას არ აქცევთ, ყალბი შეხედულება გაქვთ სოფლის მშრომელ ხალხზე. თქვენ ამბობთ, რომ სოფლის გლეხი ხვალ თუ ზეგ, უნდა გაქრეს, როგორც წვრილი მესაკუთრე და ამიტომ მიზნად არ ისახავთ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას... (რუსია: ეს ზღაპარია!). ეს ზღაპარი კი არ არის, ბატონო რუსია, არამედ სინამდვილეა. ს.-დ. აკანონებს იმ ძველ წესებს, რომელიც იყო. იგი ხელს უწყობს ფეოდალურ წესების განმტკიცებას. წინათ ღალებს იხდიდა გლეხი ფეოდალების სასარგებლოდ, ახლაც ღალებს იხდის იგი მთავრობის სასარგებლოდ. გლეხი ვეღარ ხედავს განსხვავებას სოციალისტურ მთავრობისა და ფეოდალებს შორის... თუ თქვენ გინდათ ეს სოფლის დემოკრატია იცავდეს ჩვენს რეჟიმს, უნდა შესცვალოთ რადიკალურად თქვენი პოლიტიკა. ჩვენ მივიღეთ დეკრეტი ერთდროულ გადასახადების შესახებ. ეს გადასახადი მიწაზე უნდა მოიხსნას მით უფრო, რომ მას შემდეგ, რაც მოუსავლობის გამო შიმშილობა დაიწყო... ეს ერთდროული გადასახადები მთავრობამ უნდა უარჰყოს. ამას მოითხოვს რესპუბლიკის ინტერესები. გარდა ამისა შესაძლებელია, რომ ასეთი მოუსავლობა შემდეგ წელშიაც განმეორდეს. ჩვენი ფრაქციის წინადადადება არის დახმარება გაეწიოს მიწის მუშას და შემდეგისათვის დაკანონებულ იქმნას მიწის მუშების მოუსავლობისაგან დაზღვევა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის გ. გვაზავას.

გიორგი გვაზავა. (ერ.-დემ.) ბატონებო! იმ ზომას, რომელიც დაგვისახა ესერების წარმომადგენელმა, მე მგონია არავითარი კავშირი არა აქვს შემოტანილ წინადადებასთან. ჩვენ ვიცით, რომ სამეგრელოში და სხვაგან მოსავალი არ იყო, რადგანაც იქ წვიმა და სეტყვა იყო, ერთი სიტყვით ყველგან ბუნებრივი ძალა მოქმედებდა და ეს არის მოუსავლობის მიზეზი. ამის შესახებ შენგელაია ამბობს, რომ სოფელში საჭირო არის, რომ გაღრმავდეს რევოლიუციონური მოძრაობაო. (შენგელაია: მე ეგ არ მითქვამს!) მე ასე გავიგე. თქვენ სთქვით, რომ უძლურება იმიტომ დატრიალებს სოფლად, რომ რევოლიუცია არ არის გაღრმავებულიო. მე მგონია, ეს სულ სხვა მოსაზრებიდან გამომდინარეობს. ჩვენ რასაკვირველია, არა ვართ კმაყოფილნი იმ წესრიგისა, რომელიც არის სოფელში, იმ უფლებისა, რომელიც მიინიჭა ერობებმა, ბევრი სადაო საკითხი არის, მაგრამ ეს არ შეეხება დღევანდელ საკითხს და თუ ჩვენ მას გავართულებთ, მერწმუნეთ, ვერასოდეს ვერ გავათავებთ მაგ საგანზე ლაპარაკს და ამ საკითხს ჩვენ ვერ ამოვწურავთ.

რაც შეეხება ს. ფ. მიერ შემოტანილ წინადადებას, მას ჩვენ არ ვიზიარებთ. წინადადება ასეთი იყო, რომ დამფუძნებელ კრებიდან ავირჩიოთ კომისია, რომელიც დახმარებას აღმოუჩენს მოუსავლობის გამო გაჭივრებაში ჩავარდნილ ხალხს. თუმცა ჩვენ კონსტიტუცია არა გვაქვს, თუმცა ჩვენი უფლებრივი ცხოვრება და სახელმწიფოებრივი არსებობა ჩამოყალიბებული არ არის, მაგრამ უნდა დავისვათ აუცილებელ პრინციპათ, რომ დამფუძნებელი კრება ყველგან და ყოველთვის არ უნდა ჩაერიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება არევ-დარევა, მოისპობა სრულებით პასუხისმგებლობა აღმასრულებელ ძალებისა, - ეს კი ყოვლად მიუღებელია. დამფუძნებელი კრება, პირველად ყოვლისა, არის კანონმდებელი ორგანო, მან უნდა კანონები გამოსცეს და შეიმუშაოს კანონ-პროექტები. რაც შეეხება მოქმედებას, ამისთვის არის პასუხისმგებელი ძალა. თუ რამე არის გასაკეთებელი, ეს ევალება აღმასრულებელ ძალას, ამ შემთხვევაში ჩვენს სამინისტროებს. ამიტომ ყველა ეს მოთხოვნილება, მე მგონია, უნდა თავდაპირველად შეასრულოს სამინისტრომ, მან უნდა გამოარკვიოს მდგომარეობა, მოგვაწოდოს სწორი სტატისტიკური მასალა, გაუკეთოს ამ მიღებულ ცნობებს დეტალიზაცია, რომ ჩვენ ამ მასალის მიხედვით, როგორც კანონმდებელმა ორგანომ, კანონმდებლობითი ზომა მივიღოთ. ეს პირდაპირ ევალება სამინისტროს და დამფუძნებელ კრების მიერ შედგენილ კომისიას. სხვა კომისიის შედგენა ზედმეტი და მიუღებელია. თუ ამ მხრივ რამე არ გაკეთდა, ამაში პასუხისმგებელია მინისტრი. თუ იგი ყურადღებას არ აქცევს, არ ამუშავებს მასალებს, სტატისტიკურ ცნობებს არ გვაწვდის, თავისთავად ცხადია, იგი არ ვარგა, და უნდა გადადგეს და ეს ზომები უნდა დაევალოს სხვა პირს. ჩვენ ვართ უმაღლესი კონტროლის მწარმოებელნი, ჩვენ ვართ უმაღლესი საკანტროლო ძალა და თუ ჩვენ აღმასრულებელ კომისიას ავირჩევთ მაშინ ეს პასუხისმგებლობა მოისპობა.

ამიტომ ჩვენი ფრაქცია არ იზიარებს ამ წინადადებას იმ მხრივ, რომ კომისია შესდგეს, და არა იმ მხრივ, რომ სოფელს აუცილებლივ დახმარება უნდა აღმოუჩინოთ ჩვენც. უნდა დავავალოთ სამინისტროს შეკრიბოს ცნობები, შეასწოროს ეს მასალა, რომელიც მას ხელთ ექნება და წარმოუდგინოს დამფუძნებელ კრებას თავის დასკვნა, თუ რა ზომებია საჭირო, რომ ხალხს ავაცდინოთ ეს უბედურება.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ვეშაპელს.

გრ. ვეშაპელი. (ერ.-პ.) ბატონებო, სოციალ-ფედერალისტთა ფრაქციის წინადადება, არის დიდი ყურადღების ღირსი. მაგრამ ორი ფრაქცია, რომელმაც ამ საკითხის შესახებ ილაპარაკა, წინააღმდეგ წავიდა იმ პრაქტიკულ ზომებისა, რომელსაც ასახელებს ს. ფ. ფრაქცია. ბ. ნინიძე წინააღმდეგია იმიტომ, რომ მისი აზრით, დამფუძნებელ კრებას საერთოდ და დამფუძნებელ კრების კომისიას კერძოდ, არა აქვს აპარატი, რომელსაც შეეძლება შეასრულოს ასეთი საქმეები და ამიტომ ბ. ნინიძის აზრით, ეს საქმე უნდა მიენდოს ერობათა ცენტრს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, - როგორც მეთვალყურეს და ხელმძღვანელს. მეორეს მხრივ, ბ. გვაზავა წინააღმდეგია ამ წინადადებისა, უფრო ფორმალურათ, კონსტიტუციონალური მოსაზრებით. მისი აზრით, ეს შეუშლიდა ხელს დამფუძნებელ კრების კანონმდებელ მოქმედებას, და ისეთ აღმასრულებელ საქმეს დააკისრებდა მას, რომელიც შეადგენს პირდაპირ მოვალეობას მთავრობისასა და კერძოდ შინაგან საქმეთა მინისტრისა - და ამით პასუხისმგებლობასაც აცლის სამინისტროს. ამით დამყარდება ცუდი ჩვეულება კანონმდებლობის და აღმასრულებელ ძალის ორგანოს მუშაობის აღრევისა.

მე მგონია, არც ერთი, არც მეორე მოსაზრება არ არის ისე აუცილებელი, რომ არ შეიძლებოდეს მისი გადახვევა. ერთის მხრივ, არის იმაზე ლაპარაკი, რომ მთავრობას აქვს მოწყობილი აპარატი და ეს იმან უნდა გააკეთოს. ეს უსათუოდ განყენებულ სჯას უახლოვდება და შეიძლება ითქვას საკითხის თავიდან მოშორებას ან გადადებას ნიშნავს. ჩვენ ვიცით, რომ არც ერობები, არც სამინისტროები, კერძოდ შინაგან-საქმეთა სამინისტრო არ არის მოწყობილი სრული ტეხნიკით. ამ აპარატის აღმასრულებელ ძალას არ ჰყავს საკმაო ინტელიგენტური ძალა. არც ისეა მოწყობილი ჩვენი სახელმწიფო, რომ, როგორც სხვა სახელმწიფოში, უსათუოდ მარტო მთავრობის ორგანოს დაეკისროს ასეთი საქმეები. სხვა არა იყოს რა, ის ზომები, რომელნიც შეიძლება გახდნენ მისაღები, ვთქვათ, მატერიალური დახმარება, რომელიც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების საკითხის შეცვლაში, სწორედ ეს მხარე მოუსავლობის ზარალის შემცირებისა, ნაკლებ ეხერხება მთავრობის აპარატს, იმიტომ, რომ ხაზინა ყველგან და განსაკუთრებით ჩვენში, სადაც მხოლოდ ეხლა იწყობს თავის უფლების განხორციელებას, წინააღმდეგ იქნება გადასახადების შეღავათისა. ამ წელს, როდესაც იწყება გადასახადების სისტემის განხორციელება, იმ ორგანომ, რომელსაც ხელში აქვს ფისკალური საქმის წარმოება, ამავე დროს მეორე ხელით, როგორ უნდა იზრუნოს მატერიალურ ზარალის ანაზღაურებაზე და ამისთვის შეამსუბუქოს ის ზომები, რომელნიც მიღებულია წმინდა ფისკალური მოსაზრებით. რომ გადასახადის შეღავათის საკითხს ვერ აუხვევს გვერდით ვერც მთავრობა, ვერც დამფუძნებელი კრება, ეს იქიდან სჩანს, რომ ერობებმა, რომლის ავტორიტეტში ბ. ნინიძე ეჭვში არ შედის, უკვე დააყენეს ეს საკითხი. მაგალითად, ზემო იმერეთში, შორაპნის მაზრაში, სადაც, როგორც ვიცით, არ ყოფილა მოსავალი, ერობამ უკვე მოითხოვა იმ ღალის, რომელიც არის დაკანონებული, მაზრაში დატოვება, რომ დაკმაყოფილებულ იქმნას დაზარალებული ხალხი. ეს ღალა მგონი უდრის 10 ვაგონს. მეორეს მხრივ, კონსტიტუციონალურ საკითხის დაყენება, თითქოს ჩვენ აღმასრულებელ კომისიის დაწესებით, არევ-დარევა შეიქმნება ჩვენ წყობილებაში, აღმასრულებელ ძალას პასუხისმგებლობას და მუშაობას ხელს შეუშლის, - ეს წმინდა ფორმალური მოსაზრება არის. ეს მოსაზრება ნამდვილ პარლამენტის, და არა დამფუძნებელ კრების, მუშაობას შეეხება. ასეთი ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა კონსტიტუცია მიიღება და ჩვენი მუშაობა იქნება პარლამენტისებური. მაგრამ დღეს დამფუძნებელი კრება არის და დამფუძნებელ კრებას, როგორც არსებითად თვისი იდეებით და ტრადიციის მიხედვით, ისე კერძოდ ქართულ დამფუძნებელ კრებას, არ გაუყვია ჯერ სავსებით აღმასრულებელი ძალა საკანონმდებლო ძალისაგან. (გვაზავა: უნდა გაყოს!) რაღა ისეთი საკითხით ვიწყებთ გაყოფას, რომელიც ყველაზე არა პოპულიარული უნდა იყოს. მე მგონია, იქნება სხვა უფრო ხელსაყრელი საკითხი იყო, როდესაც შევძელით ასეთი საკითხის დაყენება და დაცვა წმინდა კონსტიტუციონალურ ტრადიციებისა.

არის კიდევ ერთი მოსაზრება. ჩვენი ხალხი არ არის გაცნობილი აღმასრულებელ და კანონმდებელ ორგანოს ფუნქციების გაყოფას. ჩვენ ვიცით, რომ უბრალო სამოქალაქო საკითხის შესახებ თხოვნით მიმართავენ მთავრობას და დამფუძნებელ კრებას ერთად. (ლ. შენგელაია: პარტიას?) აქედან სჩანს, რომ ხალხი არ უყურებს დამფუძნებელ კრებას, როგორც მარტო კანონმდებელ ორგანოს. ჩვენ ხალხს პარალელურად მაინც ყოველთვის დამფუძნებელი კრების იმედი აქვს ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტის დროს.

მოუსავლობის საკითხი იმდენად მასსიურია და შეეხება ხალხის ისეთ უმრავლესობას, რომ აქ ფორმალურად, როგორც აპარატის საკითხის დაყენება, ისე საკანონმდებლო და აღმასრულებელ ძალის ფუნქციების გაყოფა, არ უნდა იყოს მოტანილი.

დამფუძნებელ კრების წევრებმა ვიცით, რომ სოციალ-დემოკრატიული ფრაქციას განსაზღვრული აქვს საპროპაგანდო კომისიის დაარსება, რომელმაც დამფუძნებელი კრების პრესტიჟი კიდევ უფრო მაღლა უნდა ასწიოს, (გვაზავა: დასწევს. (ურატაძე: პრესტიჟის ასაწევად არ არის!) რომ ხალხი უფრო ახლო დააყენოს, გააცნოს რაც ეკუთვნის დამფუძნებელ კრებას, გადააბას დამფუძნებელი კრება და ხალხი ერთი მეორეს. შეიძლება საპროპაგანდო კომისიას მარტო სიტყვა არ დასჭირდეს, არამედ საქმეც. საპროპაგანდო კომისიის მაგიერ ყველაზე უფრო საპროპაგანდო ზომა იქნება ის ზომა, რომელიც დაანახვებდა ხალხს, რომ ის საკითხი, რომელიც შეეხება მთელ საქართველოს, აღმოსავლეთს და დასავლეთს, რომ ეს საკითხი გახდა დამფუძნებელი კრების განსაკუთრებული ყურადღების ღირსად. მიუხედავად იმისა, რომ აპარატი არა აქვს დამფუძნებელ კრებას, რომ ეს შეადგენს მთავრობის მოვალეობას, დამფუძნებელმა კრებამ მაინც, თუ გნებავთ, პარალელური ზომა მიიღოს ამ საკითხის მოსაგვარებლად.

მოუსავლობის საკითხი არის ბედის გადამწყვეტი საკითხი ჩვენი ხალხისთვის, არამც თუ ეკონომიური ბედის, არამედ პოლიტიკური ბედისაც. აქამდის ჩვენი ბედი ის იყო, რომ, კარგი მოსავალი იყო და უზრუნველყოფილი იყო ხალხის მდგომარეობა, ეხლა სოფლის მეურნეობა კრიზისს განიცდის. იმის ნიშნები სჩანს და ვიმეორებ, ჩვენ მიერ განსაკუთრებული ზომა უნდა იქნას მიღებული, სულ ერთია, აგრარულ კომისიას დავავალებთ ამას, თუ საგანგებო კომისიას დავაარსებთ, რომ ხალხმა დაინახოს: მოუსავლობის საკითხი, იმის გარდა, რომ ის არის ყურადღების ღირსი ერობებისა, არის ყურადღების საკითხი შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავრობის, ამავე დროს არის განსაკუთრებული ყურადღების საკითხი დამფუძნებელ კრებისა.

ნოე ხომერიკი, მიწადმოქმედების მინისტრი. ბატონებო! მიუხედავათ იმისა, დაინახავს დამფუძნებელი კრება საჭიროდ განსაკუთრებული კომისიის არჩევას წარმოდგენილ საკითხის გამო, თუ არა, მე საჭიროდ მიმაჩნია მოგახსენოთ ის, თუ რა გაკეთდა, ან რა კეთდება მთავრობის მიერ იმ სფეროში, რომელსაც ეხება სოციალ-ფედერალისტების მიერ შემოტანილი წინადადება.

უპირველესად ყოვლისა, საჭირო იყო მაზრებში ადგილობრივ გამორკვევა იმისა, თუ რამდენად დაზარალდა ესა თუ ის კუთხე, ეს საქმე მიზნად დაისახა ჩვენს სამინისტროსთან არსებულმა სტატისტიკურმა განყოფილებამ და უკვე თვე ნახევარზე მეტია, რაც მან შეიმუშავა საანკეტო ფურცლები, სადაც ჩამოწერილია მრავალი საკითხი, რომელზედაც პასუხის მიცემა გადაგვიშლის მთლიან სურათს. ეს საანკეტო ფურცლები უკვე გაიგზავნა ამ მაზრებში სტატისტიკური ცნობების შესაკრებად. ტფილისის მაზრა და ქუთაისის მაზრა უკვე შესწავლულია. ხუთი მაზრის შესახებ ცნობები ხელში მაქვს და უნდა მოგახსენოთ, ამ ცნობების მიხედვით, სურათი მეტად უნუგეშოა. ამ ცნობების მიხედვით, მოუსავლობით დაზარალებულია არა მარტო სამეგრელო და ზემო იმერეთი, როგორც ამას ლასხიშვილი მოგახსენებთ, არამედ ტფილისის გუბერნიაც, სადაც იმედი გვქონდა, რომ მოსავალი, თუ მეტი არა, მცხოვრებთა გამოსაკვებად მაინც საკმარისი იქნებოდა. სამწუხაროდ, გამოკვლევამ ეს არ დაადასტურა. ზოგიერთ მაზრებში ისეთი მდგომარეობაა, რომ იმ მიწებს თუ დაამუშავებენ, რომელნიც აქამდის დამუშავებული ჰქონდათ, სათესლე პურს ცოტა რამ გადარჩება. აი, ასეთი სურათი არის იქაც კი, სადაც ჩვენ ამას არ მოველოდით.

რაც შეეხება ქუთაისის გუბერნიას, ორი კვირის განმავლობაში ჩვენ იქიდანაც გვექნება დაწვრილებითი ცნობები. გამორკვეული იქნება სტატისტიკურად, თუ სად როგორი მოსავალი იყო და რამდენი დახმარება იქნება საჭირო მცხოვრებთათვის. უნდა მოგახსენოთ, რომ სტატისტიკურად გამოკვლეულია მოხმარების ნორმა სხვა და სხვა მაზრებში და, თუ მივიღებთ მხედველობაში ამ ნორმებს, დავინახავთ, რომ ძალიან დიდი დახმარება იქნება საჭირო და არა მარტო ფულით, რადგან ამ შემთხვევაში ფული ნაკლებ შველის მცხოვრებთ, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში არ არის საყიდელი იმდენი პური, რომ თუნდ მცხოვრებთა მოთხოვნილებების ერთი მეოთხედი ნაწილი იქნას დაკმაყოფილებული. მაშასადამე, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ უცხოეთიდან შემოვიტანოთ პური. სხვა გამოსავალი გზა არ არსებობს. და მთავრობა ამ მხრივ ყურადღებას აქცევს და ყველა იმ ხელშეკრულებებში, რომელნიც იდება უცხო კაპიტალისტებთან, თუ ადგილობრივებთან, ეს ელემენტი, სურსათის საკითხი ყველა ხელშეკრულებებში არის შეტანილი. ამით მთავრობას სურს ცოტად თუ ბევრად შეასუსტოს ეს სურსათის კრიზისი.

დახმარება, ზომები, რომელნიც უნდა მივიღოთ ჩვენ შეიძლება იყოს ორნაირი: ერთი ის, რომ უცხოეთიდან შემოვიტანოთ რაც შეიძლება მეტი სურსათი და ხელმისაწდომ ფასებში მოვაწოდოთ მცხოვრებლებს, და მეორე ის, რომ აქ ადგილობრივ მივიღოთ მთელი რიგი იმ ზომებისა, რომელიც უკვე თვითონ შეასუსტებს ამ სურსათის კრიზისს, ასეთი არის შემდეგი ზომა: იმ რაიონებში, სადაც არ მისდევენ პურის თესვას და აქამდის მხოლოდ სიმინდს თესავდნენ, პურის კულტურას ხელი უნდა შეუწყოთ. ამ მხრივ მთავრობამ გადადგა მთელი რიგი ნაბიჯებისა ადგილობრივ ერობებთან შეთანხმებით და მათი დახმარებით.

ქუთაისის გუბერნიაში, როგორც აგრონომების მიერ გამოკვლეულია, ბევრ ნაწილებში შესაძლებელია პურის მოყვანა. ჩვენ ვღებულობთ ზომებს, რომ რაც შეიძლება მეტი მიწები დაითესოს პურით; თქვენ იცით, რომ სიმინდი უფრო გვიან მოდის, ვიდრე პური. და აი თუ ჩვენ ამ მუშაობას ფართოდ შევასრულებთ, რამდენიმედ მაინც შევასუსტებთ სასურსათო კრიზისს. მნიშვნელობა ექნება იმასაც, რომ მცხოვრებლებმა სხვა სასურსათო საგნების მოყვანასაც მოკიდონ ხელი. ქუთაისის გუბერნიაში, გარდა სიმინდის და ღომის კულტურისა, იშვიათად თუ მისდევენ სხვა კულტურას. იქ კი ბევრ ადგილას შეიძლება კარტოფილის მოყვანა და სამინისტრო ცდილობს, რომ ჯერ ერთი პროპოგანდა, აგიტაცია გასწიოს, რომ მცხოვრებლები გადავიდნენ ასეთ კულტურაზედ და მეორე მხრივ, საშუალება მიეცეს, რომ მცხოვრებლებმა მართლაც მოკიდონ ხელი ამ კულტურას.

აი, მთელი რიგი ზომებისა, რომელიც ზოგი მიღებულია და ზოგიც მიღებული იქნება ამ ახლო მომავალში მოუსავლობის შედეგების წინააღმდეგ. მე ამით შემეძლო დამესრულებინა ჩემი მოკლე განმარტება, მაგრამ ორიოდე სიტყვას მოგახსენებთ, ბატ. შენგელაიას შესახებ. მას ჰგონია, რომ ყველაფერი, რაც მიწის სოციალიზაციის საქმეში არ შედის, იწვევს აჯანყებას და არევ-დარევას. მან განაცხადა, რომ ადგილ-მამული ურიგდებათ ფასებში, რისი გადახდაც ღარიბ გლეხს არ შეუძლიან, და ამიტომ იგი ჩაუვარდება ხელში სოფლის „კულაკებსო“ - ეს ბატონებო, თავიდან ბოლომდე გამოგონილი ისტორიაა. კანონით, თქვენ იცით, - მონაწილეობას იღებდით, მართალია, კანონის წინააღდეგი იყავით, მაგრამ პარლამენტის წევრი იყავით, - ეს მიწები სწორედ უმიწაწყლო უმამულო გლეხებს უნდა გადაეცეს ბევრ ადგილას პრაქტიკულად უკვე შეუდგნენ ამ მიწების გადაცემას. გამოკვლეულია, თუ რამდენი მიწა არის გადასული ფონდში, რამდენი გლეხია, რომელთაც კანონით ეკუთვნის ეს მიწები. ფასები დადებულია. ბევრ ადგილას ეს სამუშაო უკვე შესრულებულია და გადაცემა ხდება, ე. ი. უპირველეს ყოვლისა მიწა ეძლევათ უმიწაწყლო და მცირე მამულის მქონე გლეხებს. და მხოლოდ იქ, სადაც მიწები ზედმეტია, ის ნაწილდება ყველაზე. უნდა მოგახსენოთ, არ არის მართალი ბ. შენგელაიას მიერ გადმოცემული ფაქტი, თითქოს გლეხები არ ყიდულობდნენ მიწებს. ჯერ ერთი თქვენ უნდა იცოდეთ, ბ. შენგელაია, რომ გლეხებს ძალიან შეღავათიან ფასებში ეძლევათ ეს მიწები. იმ დროს, როდესაც დესიატინა ფასობს ათი ათასი (10.000) მანეთი, აქ მაქსიმუმი ფასებისა არის დაწესებული 1000-1200 მან. მე არ მოგახსენებთ იმ მოტივებს, თუ რამ გამოიწვია ეს. ამაზე ლაპარაკი გვქონდა მაშინ, როდესაც კანონს ვიღებდით. გარდა ამისა შეუძლებელ გლეხს საშუალება აქვს ამავე კანონის ძალით ეს გადასახადი ერთდროულად კი არ გადაიხადოს არამედ ნაწილ-ნაწილ შეიტანოს ხაზინაში. გლეხები არა თუ არ გაურბიან მიწების შეძენას, პირიქით, ჩვენ ვერც კი ვასწრობთ, რომ გლეხის მოთხოვნილება საჩქაროთ იქნას დაკმაყოფილებული და რაც შეიძლება მალე გადაეცეს ეს მიწები. (შენგელაია: სად ხდება ეს?) ეს ხდება ქუთაისის, შორაპანის, ტფილისის მაზრებში, მანგლისის რაიონში, სიღნაღის, თელავის და ბევრს სხვა ადგილებში. და როცა დეპუტატი, დამფუძნებელ კრების წევრი აქ გამოდის და ასე ზეპირად ლაპარაკობს, მე მგონია, თქვენს მოვალეობას შეადგენს, ჯერ გაიგოთ, ცნობები შეკრიბოთ. ცნობების მიღება ყოველთვის შეგიძლიანთ, ამას არ ვმალავთ. მობძანდით ჩვენს სამინისტროში და იქ ყოველ დღეს, ყოველ საათში, შეგიძლიანთ ასეთი ცნობების მიღება. იქ დაინახავთ, რომ თქვენ მიერ წამოყენებული ცნობები სულ უცოდინარობაზე არის დამყარებული. ამ მიწებს გლეხები სიამოვნებით ღებულობენ და ყიდულობენ. რაც შეეხება იმას, რომ ამით ანარქია არის გამოწვეული, მე არ ვიცი, რომელ წყაროზე, რომელ ფაქტებზე ემყარება, ბ. შენგელაია, რომ აგრარულ კანონს სადმე აჯანყება გამოეწვიოს.

შეიძლება იყოს, რომელიმე ჯგუფი ამ კანონით უკმაყოფილო, მაგრამ ეს შენგელაიას პარტიის მუშების შედეგი იქნება. არავითარ კანონს არ შეუძლიან ყველას დაკმაყოფილება. თქვენ, რომ გადასახადებზე ლაპარაკობთ და იმაზე, რომ მიწის გადასახადებს არ იძლევა გლეხობა თავის საკუთრის სურვილით გადასახადი შეტანა არავის უნდა. თქვენც თქვენი ნებით საკუთარი სურვილით არ შეიტანთ გადასახადს, მე მგონია თუ არ მოგთხოვეს. (შენგელაია: მაშ ეკზეკუციის ჩაყენებით!) ეკზეკუცია არ არის საჭირო. საკმარისია გადასახადების ინსპექტორმა მილიციონერი გამოგიგზავნოთ და თქვენც გადაიხდით. ამიტომ ყველა სახელმწიფოში იძულებითი აპარატია შემოღებული. რასაკვირველია, თავის სურვილით არ შეიტანს გადასახადს. შეიძლება შემოიტანოს ასში ერთმა. მაგრამ საერთო წესად ეს არ შეიძლება მიღებულ იქმნას. ამისთვის არის საჭირო იძულებითი აპარატი. შესაძლებელია, გლეხებს ერჩივნოთ უფასოთ მიიღონ მიწები, ღალა არ გადაიხადონ მეტი პური დარჩებათ, დღეს კი პური კარგ ფასებში არის. მაგრამ ერთია მათი ასეთი სურვილი და მეორე აჯანყება და გარდაუვალი უკმაყოფილება, რომელზედაც თქვენ მოახსენეთ დამფუძნებელ კრებას. მე კი მოგახსენებთ, რომ ამის მგზავსი რესპუბლიკის არც ერთ კუთხეში არ ხდება, არც ამ კანონს და არც მის ცხოვრებაში გატარებას არ გამოუწვევია შესამჩნევი და აღსანუსხავი რაიმე გართულებაში: (შენგელაია: ინუგეშეთ თავი!) არც ის შეესაბამება სიმართლეს, თითქოს რეფორმას არ შეეტანოს გაუმჯობესება გლეხთა ცხოვრებაში, და თითქოს მოუსავლობაც მხოლოდ ამით აიხსნება. ამაზე სიტყვას არ გავაგრძელებ. მოვიყვან მხოლოდ რამდენიმე ციფრს, სხვა მაზრებში, რამდენი მიწა დამუშავდა 1917 და მომდინარე წელში. ეს ციფრები გვიჩვენებენ, რომ ეხლა დამუშავებულ მიწების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე წინად. (კითხულობს) გაიზარდა დამუშავებული მიწის რაოდენობა (კითხულობს). აი, როგორც ხედავთ, როგორც კანონი არის დამუშავებული მიწის რაოდენობა მატულობს და ეს იმის მომასწავებელია, რომ მიუხედავათ სხვა და სხვა უკმაყოფილებისა და ანარქიულ გამოსვლებისა სოფლის მცხოვრებნი ჩაბმულნი არიან მუშაობაში და მათი საწარმოვო ძალა ქვეყნის მიერ გამოყენებული არის. მაშასადამე, სინამდვილეს არ შეესაბამება ის, რომ სოფლის მცხოვრებნი არ მუშაობენ, ანარქია იყო სოფლად, მაგრამ შეუძლებელია მისი თქმა, რომ არ გაზრდილიყოს მუშაობა და, სოფლის ძალა არ იყოს გამოყენებული. თუ მოუსავლობა დაატყდა ჩვენს ქვეყანას, ეს ცუდი ამინდების ბრალია. აქ არც ის არის მიზეზი, რომ აგრარული რეფორმები ცუდათ იყო გატარებული და არც ადმინისტრაციის ვარგისობა. ცუდი ამინდები იყო ყველგან, გამუდმეული წვიმები იყო დასავლეთ გუბერნიებში. ქუთაისის გუბერნიაში მთელი ზაფხული განუწყვეტლივ წვიმდა, სამეგრელოში გვალვა იყო, ტფილისის გუბერნიაში გამუდმებული წვიმა იყო და სეტყვა, ამიტომ ჩავარდა უკიდურეს მდგომარეობაში სახელმწიფო და, უნდა მოგახსენოთ, რომ, როდესაც ასეთ კითხვებზეა ლაპარაკი, საჭირო არის ფაქტები და სინამდვილის მიხედვით ლაპარაკი და არა იმის თქმა, რაც ნამდვილათ არ არსებობს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. გიორგი ლასხიშვილს.

. ლასხიშვილი. (სოც.-ფ.) როგორც მოსალოდნელი იყო, ფრაქციები მიეგებნენ არსებითად ჩვენს წინადადებას, მაგრამ ზოგი არ ეთანხმება, პრაქტიკული მოსაზრებით, კომისიის არჩევას. მე მგონია არ არის მართალი ის აზრი, რომ ამ შემთხვევაში დამფუძნებელი კრება აღმასრულებელ ორგანოს ძალა იქნება. ეს სრულებით არ იქნება აღმასრულებელი ძალა. ჩვენ ვამბობთ, რომ არის საჭირო კანონ-პროექტი, არის საჭირო გეგმა, საქმის ადგილობრივად გამოკვლევა და ასეთი კანონ-პროექტის, ასეთი გეგმის შესამუშავებლათ საჭიროა დამფუძნებელი კრების მიერ არჩეული იქნეს კომისია.

ამის გარდა, ამას პოლიტიკური მნიშვნელობაც ექნება. დამფუძნებელ კრების კომისია, გაჭირვებულ ხალხს პირისპირ შეხვდება, რათა გაუწიოს მას დახმარება. პირადათ ჩვენ ვფიქრობთ, რომ კომისია დამფუძნებელი კრებისა დახმარებას აღმოუჩენს გეგმების დამუშავებაში და შემდეგ, მოიხმარებს მთავრობის და ერობის ადგილობრივ აპარატებს მის განსახორციელებლათ. მე ვფიქრობ, რომ არავითარი აქ არევ-დარევა და დამფუძნებელი კრების ფუნქციების დარღვევა არ არის. მოუსავლობის გამო ხალხს არ შეუძლია გადასახადების მიცემა. პირველად ყოვლისა, ამ მხარეს უნდა მიექცეს ყურადღება. ამ დახმარების აღმოჩენას მთავრობა შეეცდება, ეს სავალდებულო არის სახელმწიფოსათვის. საჩქარო ზომა და საჭირო დახმარება ამ შემთხვევაში ის იქნება, რომ დამუშავებულ მიწის მუშას არ გადახდეს გადასახადი.

ამისათვის საჭიროა, რომ კომისიამ მოაწოდოს მთავრობას ცნობები, რომ ამა და ამ სოფელს, ამა და ამ კუთხეს არ შეუძლია გადასახადების მოცემა. მთავრობამ კი უნდა მიიღოს საჩქარო ზომები. ამიტომ ჩვენ ვიცავთ ამ ჩვენს წინადადებას.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის არსენიძეს.

. არსენიძე. (სოც.-დემ.) დამფუძნებელი კრების წევრნო! ამ საკითხზე შეგვეძლო ბევრი არ გველაპარაკნა, მაგრამ, რადგანაც მოსალოდნელია, რომ ამგვარი კითხვა, როგორც არის დამშეული ხალხის გამოკვება, ზოგიერთ გაუგებრობას გამოიწვევს იმგვარ ელემენტებში, რომელთაც უყვართ ყველა კითხვები სადემაგოგიო მასალათ გამოყენება, ამისათვის საჭიროთ ვცნობთ ამ საკითხის უფრო დაწვრილებით გაშუქებას. საქმე ის არის, რომ აქ წარმოდგენილია ერთი წინადადება და შემდეგ აძლევენ მას სხვა აზრს და მნიშვნელობას. ჩემს წინ დევს ის ქაღალდი, რომელიც ს.-ფ. წარმოადგინეს. ისინი ამბობენ (კითხულობს ს.-ფ. ფრაქციის წინადადებას) აქ სწერია არა თუ ის, რომ კანონ-პროექტი შევიმუშავოთ, თუ რამდენი ფული მივცეთ, არამედ (კითხულობს), რას ნიშნავს ეს?

ამის გამორკვევა შეიძლება ორი გზით. უნდა მივმართოთ, ან იმავე ძველ აპარატს, სტატისტიკურ ბიუროს, რომ ადგილობრივ გამოარკვიოს საქმის ვითარება, მოახდინოს სტატისტიკური აღწერა, ან ერობას, ან არა და ახალმა კომისიამ უნდა იკისროს ცალკე აპარატის შექმნა, ე. ი. კანცელარია შეადგინოს, აგენტები გაიჩინოს და მათი საშუალებით შეკრიბოს ცნობები, მოახდინოს ანკეტა და სხვა. ერთიც და მეორეც საქმეს მხოლოდ ართულებს და არავითარ შეღავათს არ აძლევს იმ ხალხს, რომელზედაც ჩვენ ვზრუნავთ. კომისიას, თუ მან ადგილობრივ იარა, რამდენიმე თვე დასჭირდება, - უკანასკნელი ორი თვე. კომისია ყველა ჩვენს მაზრებში უნდა ვარონინოთ ცნობების შესაკრებად და ამას რამდენიმე თვე დასჭირდება. თუ თქვენ გნებავთ სასწრაფოდ გამოირკვეს საქმე, ასეთ კომისიის არჩევა მიზან-შეუწონელია. ეს უნდა შეასრულოს იმ აპარატმა, რომელიც გვაქვს: ერობებმა, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, და მათ სათავეში მდგომარე მთავრობამ. ჩვენ მივიღეთ უკვე მასალა ბატონ მინისტრის მოხსენებიდან... ეს საქმის გაჭიანურებაა და არა მგონია, რომ იოტის ოდენა სარგებლობა მოუტანოს იმ დამშეულებს, რომელთაც ჩვენა გვსურს დავეხმაროთ.

ამბობენ, ჩვენ გვაქვს საკანონმდებლო ინიციატავა. რა არის საჭირო კანონ-პროექტის დამუშავებისათვის? უნდა ჩამოერთვას ეს მასალა ერობებს და ადმინისტრაციას და ამისდა მიხედვით გამოვარკვიოთ მოღვაწეობა ამ აპარატისა. ეს ცნობები უნდა განიხილოს კომისიამ. თვითონაც იმუშავოს და მთავრობის აპარატიც ამუშავოს, ამის უფლება აქვს, მაგრამ ჩამოართვას მთავრობას და თვითონ იკისროს თავზე ინიციატივა, ეს ძალიან რთულ ხასიათს იღებს. თუ ამ ინიციატივის აღება ასეთი იოლი საქმეა, როგორც ეს მათა ჰგონიათ, იკისროს იმ შემთხვევაში ინიციატივა ფედერალისტთა ფრაქციამ, რომელიც ერთი კაცით მეტია რიცხვით კომისიის შემადგენლობაზედ და სადაც თვით ის ორატორი, რომელმაც წინადადება შემოიტანა, წევრიც არის და თავმჯდომარეც ამ ფრაქციისა. გამოიჩინოს ეს ინიციატივა და დაამტკიცონ დამფუძნებელ კრებაში. მაგრამ მე ძალიან მეეჭვება, რომ შვიდ-რვა კაცს შეეძლოს ეხლა შეუდგეს და მოკლე დროში შესაფერისად დამუშავებული კანონ-პროექტი წარმოადგინოს ამ საკითხის შესახებ. ნუ მივცემთ კომისიას დავალებას, რომელსაც იგი ვერ შეასრულებს. მთავრობა ვალდებულია ეს შეასრულოს და ეს უნდა დავაკისროთ მთავრობას. ის უფრო უკეთესად შეასრულებს ამ საქმეს ადმინისტრატიული აპარატის დახმარებით. და თუ ვინმე მოისურვებს მთავრობას დახმარება აღმოუჩინოს და რჩევა მისცეს და თუ მთავრობამ მათი რჩევა და დახმარება უარჰყო; მაშინ მთავრობის ასეთი მოქმედება ბოროტად უნდა ჩაითვალოს.

ასეა საქმის ვითარება. გამოვარკვიოთ, რა დახმარება სჭირდება ხალხს გაჭირვების ასაცილებლად. ჩვენ შეგვიძლია ფული მივცეთ. არის პროექტი, შეიძლება ორდერები შემუშავდეს. რამდენიც დაჭირდება, იმდენი ქაღალდის ფული მივცეთ, რომ პური შეიძინონ, მაგრამ საიდან, რომელი მხრიდან შეიძინოს იგი. ჩვენს ქვეყნებში პური არ მოიპოვება. აი, აქ არის საჭირო დიდი და რთული მუშაობა. როგორ მივაწოდოთ ხალხს პური და არა ფული. ფული თითონაც აქვთ. რამდენსაც გინდა მოგცემთ, აი, ვისაც შეუძლია მუშაობა, იმუშავოს. სამუშაო იმდენი გამოიძებნება, რომ მუშათა ნაკლებობა გახდა უმთავრეს პრობლემად. ახლა საჭიროა უმთავრესად, რომ ხალხს პური მიაწოდონ, ფქვილი იქნება თუ ხორბალი. აი ეს არის მთავარი პრობლემა. ამას უნდა მივაქციოთ უმთავრესი ყურადღება. გადასახადების პატიება - ეს არის ძველი შაბლონის გამეფება. ეს დღევანდელ პირობებს არ შეეფერება და არც საქართველოს რესპუბლიკის ინტერესებს ეგუება.

თავმჯდომარე. შემოტანილია სამი წინადადება. გთხოვთ წაიკითხოთ.

მდივანი. (კითხულობს).

სოც.-დემ. ფრაქციის რეზოლიუცია:

„დაევალოს შინაგან-საქმეთა მინისტრს სასწრაფოდ გამოარკვიოს ერობათა შემწეობით, თუ რამდენად დაზარალდა მოუსავლობით რესპუბლიკის სხვა და სხვა კუთხეები, რა გვარი დახმარებაა მათთვის საჭირო და წარმოუდგინოს დამფუძნებელ კრებას პროექტი დაზარალებულთა დახმარებისა“.

სოც.-რევ. ფრაქციის წინადადება:

„არჩეულ იქნას დამფუძნებელ კრების მიერ საგანგებო კომისია მოუსავლობისაგან მოსალოდნელ ზარალის ადგილობრივ გამოსარკვევად“.

სოც.-ფედ. წინადადება:

„მიენდოს დამფუძნებელ კრების აგრარულ კომისიას გამოარკვიოს მოუსავლობის გამო დაზარალებულ ადგილების მდგომარეობა და წარმოუდგინოს დამფუძნებელ კრებას გეგმა, თუ რა გვარი დახმარების აღმოჩენა შეუძლია სახელმწიფოს ამ ადგილთა მცხოვრებლებისთვის სურსათის მიწოდებით და გადასახადთა შემსუბუქებით“.

თავმჯდომარე. კენჭს უყრი იმ რიგზედ, რა რიგზედაც არის წარმოდგენილი ეს რეზოლიუციები. ჯერ უყრი კენჭს ს.-დ. რეზოლიუციას. ვინაა მომხრე? (მომხრეა ს.-დ. და ერ.-დ. ფრაქციები) ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგია ს.-რ. ფრაქცია. თავი შეიკავა ს.-ფ. ფრაქციამ. ვინ არის მომხრე ს.-რ. რეზოლიუციისა? წინააღმდეგი არიან ს.-დ. და ერ.-დ. ფრაქციები, ს.-ფ. ფრაქციამ თავი შეიკავა. ვინ არის მომხრე ს.-ფ. რეზოლიუციისა? წინააღმდეგნი არიან ერ.-დ. და ს.-დ. ფრაქციები მიღებულია ს.-დ. რეზოლიუცია.

თავმჯდომარე. მეორე საკითხი გახლავთ:

დეკრეტი ყოფილ ტფილისის ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის მოსამსახურეთა სალიკვიდაციო ხარჯების დასაფარავად 109.000 მან. გადადების შესახებ.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს გრიგოლ ურატაძეს.

გრ. ურატაძე. (ს.-დ.) ბატონებო! ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის უფროსმა შუამდგომლობა აღძრა მის განკარგულებაში 100.000 მანეთის გადადების შესახებ სალიკვიდაციო ხარჯების დასაფარავად. ეს შუამდგომლობა სამინისტრომ შეიწყნარა და თავის მხრივ აღძრა შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, მაგრამ ფინანსთა მინისტრმა და აგრეთვე სახელმწიფო კონტროლიორმა ამ ხარჯის გადადებაზე უარი განაცხადეს. ფინანსთა მინისტრი თავის უარს ასაბუთებდა მით, რომ ოლქის უწყებას შეუძლია ამ ხარჯების დაფარვა იმ ნაშთებით, რომლებიც დარჩა სახელმწიფო ხაზინას. სახელმწიფო კონტროლიორი ასაბუთებდა თავის უარს მით, რომ უნდა ჩამოთვლილ იქნეს სახელი და გვარი იმ პირთა, რომელთა სასარგებლოდ უნდა გადაიდოს სალიკვიდაციო თანხაო. ამ უწყებას მოსთხოვეს ხელახალი განმარტება და განმარტების შემდეგ გამოირკვა, რომ ხაზინაში არ ყოფილა ასეთი ნაშთი. გამოირკვა აგრეთვე, რომ სახელმწიფო კონტროლიორის მოთხოვნა, რომ სახელი და გვარი ჩამოთვლილი ყოფილიყო, შეუძლებელი იყო იმისთვის, რომ აღნიშნული იყო ერთი რიცხვი - 80 - მოსამსახურე, რომელნიც იქნენ შტატს გარეშე დარჩენილი, თანახმად თებერვლის კანონისა, რომელიც გამორკვეული იყო ნაციონალიზაციის მიღებით. როცა 50%25-ით გადიდდა ჯამაგირები, მაშინ დაევალა უწყებას, რომ შესაფერისად შეემცირებინა შტატები. ეს შემცირება შტატებისა დღემდე გრძელდება და ამიტომ შეუძლებელი ხდება აღნიშვნა იმათი, ვინც რჩება შტატს გარეშე. ამ განმარტების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა და სახელმწიფო კონტროლიორმა თანხმობა გამოუცხადეს. ეს განიხილა საბიუჯეტო კომისიამ, დაამტკიცა, და ეხლა შუამდგომლობს დამფუძნებელ კრების წინაშე, რომ სალიკვიდაციო ხარჯების დასაფარავად გადადებულ იქნას ოლქის უწყების განკარგულებაში ეს თანხა.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი, რომ შეუდგეთ მუხლობრივ განხილვას? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ.

გრ. ურატაძე. წარმოდგენილი დეკრეტი საბიუჯეტო კომისიამ შეასწორა. ის შესდგებოდა 3 მუხლისაგან და გადააკეთა 2 მუხლად. ამით არსებითი ცვლილება არ მომხდარა. (კითხულობს დეკრეტს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი დეკრეტის მიღებისა? არავინ. დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. შემდეგი საკითხი გახლავთ:

დეკრეტი ვექილობის უფლების განსაზღვრისა და ნაფიც ვექილთა ახალ საბჭოს არჩევისა.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს კ. ნინიძეს.

. ნინიძე. (ს.-დ.) ბატონებო! ეს პროექტი დეკრეტისა შეიცავს ზომებს უმთავრესად იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოეწყოს ნაფიც ვექილთა საბჭო, რომელიც დღეს, ასე ვთქვათ, არ ემყარება მტკიცე საფუძველს. საბჭო არჩეულია 1907 წელს. კანონით უნდა იყოს არჩეული ერთი წლის ვადით. ეს ვადა დღეს გასულია და გარდა ამისა, ის არის არჩეული იმ შემადგენლობის მიერ, რომელიც დღეს უკვე არ იმყოფება ჩვენს ტერიტორიაზე. იმ დროს არსებობდა ტფილისის სამოსამართლო პალატის ოლქი, რომლის ფარგლებში შედიოდა დაღესტნის, თერგის ოლქები, ბაქო და ერევანი. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეს ტერიტორია უკვე არ არსებობს. მაშასადამე, საჭიროა ამის გარდაქმნა და მიცემა ერთნაირ საფუძვლისა. ამ დეკრეტის პროექტში ახალი დებულება არ არის, აქ არის აღნიშვნა მხოლოდ იმისა, რაც არსებობს ჩვენში მომქმედ სასამართლო უწყების დებულებაში. ამ დებულებაში ნაფიც ვექილთა კორპორაცია არსებობს სასამართლოსთან და ასე ვსთქვათ, ის შეადგენს სასამართლოს ნაწილს. მართლ-მსაჯულთა მოწყობაში შეიძლება ისეთი პრინციპი იყოს, რომ ყოველ მოქალაქეს შეუძლიან იყოს სამოქალაქო საქმის, ან სახალხო სამმართველოს საქმის დამცველად მომჩივანის ინტერესებისა. თუ ამ პრინციპს დაუდებთ სარჩულათ, ეს იქნება საზოგადოდ გაუქმება ამ კორპორაციისა. მეორე პრინციპი არის ის, რომ ნაფიც-ვექილთა საბჭო არსებობს სასამართლოსთან და გარდა ამ უფლებისა აგრეთვე არის ერთნაირი მოვალეობა-მონაწილეობის მიღება ამ მართლ-მსაჯულების წარმოებაში, რადგან ეს არის სახელმწიფო ფუნქცია. ამიტომ ყველა სახელმწიფოში მეტადრე იმ სახელმწიფოში, რომლის კანონები არსებობს ჩვენში, - ე. ი. რუსეთში, ასე იყო დაწერილი, რომ ამ კორპორაციის წევრად შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ ამ სახელმწიფოს მოქალაქე; ჩვენ პროექტშია აღნიშნული, რომ ნაფიც-ვექილად შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე და შემდეგ მეორე ის, რომ უნდა გაუქმდეს ის საბჭო, რომელიც არჩეული იყო 1917 წელს და აირჩიეს ახალი საბჭო.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა ეკუთვნის სერგო ჯაფარიძეს.

. ჯაფარიძე. მე მსურს დამფუძნებელ კრებას წარმოუდგინო შესწორება სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის სახელით...

თავმჯდომარე. (აწყვეტინებს სიტყვას) უკაცრავად. თქვენ გაქვთ სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის. (ს. ჯაფარიძე ჩამოდის ტრიბუნიდან) ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ.

. ნინიძე. (კითხულობს პირველ მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა ეკუთვნის ს. ჯაფარიძე.

სერგეი ჯაფარიძე. (ს.-დ.) ვინაიდან ამ დეკრეტის გამოცემისთანავე მთელი კადრი ვექილებისა დარჩება საბჭოს გარეშე და უფლება არ ექნებათ თვისი საქმე აწარმოონ და ამნაირად მეტად გაჭივრებულ მდგომარეობაში ჩავარდებიან, როგორც ისინი, ისე მათი რწმუნებულები, ამ მიზეზით სოც.-დემოკრატიულმა ფრაქციამ საჭიროდ სცნო შემოიტანოს შემდეგი შესწორება: ამოიშალოს ის შენიშვნა, რომელიც არის პირველ მუხლში და მის ნაცვლად დაემატოს ეს შენიშვნა (კითხულობს):

„მთავრობას უფლება აქვს შეუთანხმდეს სხვა სახელმწიფოთა მთავრობას, რომ საქართველოს მოქალაქე ნაფიცთ ვექილთ, მათ თანაშემწეთ და კერძო ვექილს უფლება მიეცეთ აწარმოვონ სხვისი საქმეები უცხო ქვეყნის სასამართლოებში იმ პირობით, რომ ასეთივე უფლება მიენიჭოს უცხო სახელმწიფოს მოქალაქე ნაფიც ვექილებს, მათ თანაშემწეთ და კერძო ვექილთ საქართველოში. შენიშვნა მეორე: იმ ვექილთა რომელთაც „ზემო აღნიშნულ მუხლით ეკარგება უფლება სასამართლოში საქმის წარმოებისა, უფლება მიეცეთ დაამთავრონ ბოლომდე ის საქმე, რომლების წარმოება დაწყებული იქნება სასამართლო დაწესებულებებში 1920 წლის 1 იანვრამდე“.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა შესწორების შესახებ? არავის. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

. ნინიძე. 1-ლი შენიშვნა დამატებაა მხოლოდ, ასე რომ კომისიას არაფერი ექნება საწინააღმდეგო. რაც შეეხება მეორე შენიშვნას, ისიც ტეხნიკურ ხასიათის არის და არ გამომდინარეობს ამ კანონ-პროექტიდან, იურდიული საფუძველი არ აქვს, ასე რომ ამ მეორე შენიშვნას კომისია ვერ დაეთანხმება.

თავმჯდომარე. ვინ არის მომხრე, რომ შენიშვნა ტექსტიდან ამოიშალოს? შენიშვნა ამოიშლება. ვინ არის მომხრე, რომ პირველ მუხლს ასეთი ორი შენიშვნა დაერთოს? (კითხულობს). შენიშვნა მიღებულია. ვინ არის მომხრე პირველი მუხლისა შენიშვნით? პირველი მუხლი შენიშვნით მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი მუხლი.

. ნინიძე. (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის, ვინ არის წინააღმდეგი მეორე მუხლის მიღებისა? არავინ. მეორე მუხლი მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი მუხლი.

კ. ნინიძე. (კითხულობს მესამე მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მესამე მუხლისა? არავინ. მუხლი მიღებულია.

. ნინიძე. (კითხულობს მეოთხე მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა ეკუთვნის გ. გვაზავას.

. გვაზავა. უკანასკნელი მუხლი, რომ ეს კანონი ძალაში შედის დღიდან მის გამოცხადებისა საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებში საჭირო არ არის, რადგან ეს არის ზოგადი კანონი... (არსენიძე: დეკრეტია!) დეკრეტია ესა? უკაცრავად. (ჩამოდის ტრიბუნიდან).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი საერთოდ დეკრეტისა? არავინ. დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

დეკრეტი ახალციხის, ახალქალაქის, ბორჩალოს და თიანეთის მაზრებში საექიმო საქმისათვის 404.810 . გადადებისა.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს გრიგოლ ვეშაპელს.

გრ. ვეშაპელი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემოიტანა დეკრეტი 4 განაპირა მაზრაში: - ახალ-ციხის, ახალ-ქალაქის, ბორჩალოს და თიანეთისაში საექიმო საქმისათვის 6 თვის განმავლობაში კრედიტის გახსნის შესახებ. წარმოდგენილი თანხა არის შემცირებული იმ თანხასთან შედარებით, რაც იყო პირველ მოხსენებაში. შემცირებული არის იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც დეკრეტი დაწერილი იყო ახალ-ციხის და ახალ-ქალაქის მაზრებში ორი საავადმყოფო არსებობდა. შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამედიკო განყოფილებამ ერთი საავადმყოფო გააუქმა და ამიტომ თანხაც შემცირდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასე ასაბუთებს იმას, რომ თვით კისრულობს საექიმო საქმის მოწყობას; თუმცა ეს ერობის საქმეა, მაგრამ ამ მაზრებში დიდი ხანი არ არის რაც ერობა არის არჩეული, და ამიტომ ის ჯერ ვერ შესძლებს ამ საქმის გაძღოლას. და მედიკო-სანიტარული მდგომარეობა განაპირა მაზრებში, მეტად იქ, სადაც ლტოლვილები იყვნენ, წარმოადგენს დიდ საკითხს; ფინანსიურმა კომისიამ დაამტკიცა ეს დეკრეტი და თანახმად შტატებისა დაადგინა ამ კრედიტის გახსნა.

თავმჯდომარე. ზოგად მსჯელობისათვის ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის არა სურს. ვინ არის მუხლობრივ განხილვის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. (ვეშაპელს) გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

ვეშაპელი. (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა პირველი მუხლის შესახებ? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი პირველი მუხლისა? წინააღმდეგი არავინ არის. (ვეშაპელს) გთხოვთ შტატები მოახსენოთ.

ვეშაპელი. (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის არ სურს. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მაშასადამე, საერთოდ დეკრეტი მიღებულია. შემდეგი საკითხი (კითხულობს).

კანონ-პროექტი გზა-ტკეცილების სამმართველოსთვის

180.730 მ. 22 კაპ. გადადებისა.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. ასათიანს.

. ასათიანი. (კითხულობს კანონ-პროექტს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისთვის? სიტყვა არავის არ სურს. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

ასათიანი. (კითხულობს. კანონ-პროექტი, მიღებულია).

შემდეგი საკითხი:

რკინის გზის მილიციის დამატებითი შტატებისათვის გაწეულ ხარჯების დასაფარავად 580.500 მან. გადადებისა.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელ ივანე ჭავჭანიძეს.

ივანე ჭავჭანიძეს. მოქალაქენო! ამიერ-კავკასიის კომისარიატმა დაადგინა წარსული წლის 17 იანვარს გაადიდოს მილიციის რიცხვი ამიერ-კავკასიის რკინის გზებზე და ნაცვლად მუდმივი შტატისა შემოღებული იქნას 2650 კაცი. ასე რომ სულ დამატებულია 1784 კაცი. და ეს ზედმეტი შტატები ითვლებოდნენ დამატებით შტატებად. მის შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ჩვენს ტერიტორიაზე დარჩა ყველა ამიერ-კავკასიის რკინის გზების 44%25 და ასეთივე %25 მილიციისა უნდა გადმოსულიყო ჩვენს რკინის გზებზე. ფაქტიურად ეს რიცხვი ნაკლები იყო. ბოლოს კი ის საგრძნობლად შემცირდა და მიმდინარე წლის I იანვრის დამატებითი შტატები მილიციისა შეადგენდა (არ ისმის) კაცს. I მაისის გზათა უწყებას საჭიროდ დაუნახავს ამ დამატებით შტატების სავსებით გაუქმება, რადგანაც სიწყნარე და წესიერება ჩამოვარდა რკინის გზებზე მოძრაობის დროს ამ ბოლო დრომდის. მხოლოდ კრედიტი ამ ხარჯების გასაწევად მთავრობას აღარ ჰქონია და ეს ხარჯები დაფარული იყო სხვა და სხვა კრედიტიდან, რომელიც გზათა უწყების განკარგულებაში იყო. ეხლა უწყება თხოულობს, რომ ამ კრედიტის დასაფარავად გაეხსნას მას საჭირო თანხა. ეს თანხა არის გამოანგარიშებული შემდეგ ნაირად: 50 კაცი იყო მე-4 კატეგორიისა და ორასი მე-5 კატეგორიისა. სულ მათი ჯამაგირი უდრის 22.500 მან., სიძვირის გამო დამატება, - შეადგენს 36.000 მანეთს. მთელი ჯამაგირის ჯამი და სიძვირის გამო დამატება შეადგენს 580.300 მანეთს და უწყება თხოულობს, რომ ეს კრედიტი გაეხსნას მას, რათა საშუალება მიეცეს ეს ხარჯები დაფაროს.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს. გსურთ თუ არა მუხლობრივი განხილვა? ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივი განხილვისა? წინააღმდეგი არავინ არის.

ჭავჭანიძე. (კითხულობს)...

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის, მაშასადამე მიღებულია.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წინადადება - სახელმწიფო ბანკის მმართველობის და ბანკის საბჭოს წევრთა საარჩევნო-სარეკომენდაციო კომისიის არჩევის შესახებ.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს სვ. მდივანს.

. მდივანი. დამფუძნებელ კრების წევრნო! დამფუძნებელმა კრებამ უკვე მიიღო მუხლობრივ განხილვის შემდეგ წესდება რესპუბლიკის ბანკის გახსნის შესახებ. მართალია, ტექსტი ჯერ არ არის საბოლოოდ დამტკიცებული, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ამ მოკლე ხანში. აგრეთვე ამ დღეებში შემოვიდა დეკრეტი-სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ. და ამიტომ საჭიროა, სანამ ეს ბანკი მოქმედებას დაიწყებს, რაც განსაზღვრულია იანვრიდან, ჩვენ წინასწარი საორგანიზაციო მუშაობა შევასრულოთ, რომ ყოველივე მოწესრიგდეს იმ დროსათვის, როცა ბანკი მოქმედებას დაიწყებს. თანახმად დებულებისა, დამფუძნებელმა კრებამ უნდა აირჩიოს ბანკის გამგეობის თავმჯდომარე, ე. ი. გამგე, და აგრეთვე საბჭოს თავმჯდომარე. ამიტომ, როგორც ეს მოხდა სენატორების არჩევის დროს, საჭიროა სარეკომენდაციო კომისია იქნას არჩეული, რომელიც გამოსძებნის შესაფერ პირებს ამ თანამდებობისათვის. ისინი მოიწვენენ პირებს, შეადგენენ შტატს, დაამზადებენ წიგნებს, და ამგვარად დააჩქარებენ და ხელს შეუწყობენ ბანკის ოპერაციების დაწყებას.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისია წინადადებას იძლევა ამ კანდიდატების დასახელება მიენდოს ან საგანგებო კოსისიას, ან საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას, და ამგვარად დაჩქარებულ იქმნას ეს საქმე.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა წინადადების შესახებ? სიტყვა არავის სურს. (მდივანს) კეთილ ინებეთ და ცალკე წინადადება შემოიტანეთ.

. მდივანი. მე მოგახსენებთ, ის დავალება, რომელიც მქონდა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისგან. თუ ჩემს აზრს იკითხავთ, მე პირადად უპირატესობას ვაძლევ ამ კანონმდებლობის დასახელებაში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას.

. ჭავჭანიძე. სოციალ-დემოკ. ფრაქცია წინადადებას იძლევა: არჩეული იქნეს 7 კაცისაგან კომისია. ამ კომისიამ საბიუჯეტო კომისიასთან ერთად დაასახელებს კანდიდატებს.

თავმჯდომარე. კენჭს უყრი. ვინ არის წინააღმდეგი, რომ ცალკე კომისია იქნეს არჩეული, რომელიც საბიუჯეტო კომისიასთან ერთად დაასახელებს კანდიდატებს? წინაღმდეგი არავინ არის. მიღებულია. ვის სურს სიტყვა კანდიდატების არჩევნების შესახებ? სიტყვა ბ. ჭავჭანიძეს ეკუთვნის.

ჭავჭანიძე. ს.-დ. ფრაქცია წინადადებას იძლევა, რომ არჩევნები კანდიდატებისა მოხდეს შემდეგ სხდომაზე.

შეკითხვა .-. ფრაქციის მიწათმოქმედების და იუსტიციის მინისტრთა მიმართ.

სიტყვა ბ. ლასხიშვილს ეკუთვნის (ხმები: ბ. ლასხიშვილი აქ არ არის). სიტყვა ბარათაშვილს ეკუთვნის.

. ბარათაშვილი. (ს.-ფ.) ჩვენ მივიღეთ შემდეგი დეპეშა (კითხულობს): „საჩინოს რაიონის, ქუთაისის მაზრის აგრარული კომისია ჩადის ბოროტ-მოქმედებას ქრთამის მიღების სახით, რაც თვალსაჩინოთ სცემს მთავრობის პრესტიჟს და იწვევს მოქალაქეთა მღელვარებას. ასეთი დეპეშა გაეგზავნა მიწათმოქმედების და იუსტიციის მინისტრებს, გთხოვთ მიიღოთ სასწრაფო ზომები“. ხელს აწერს! ვანის რაიონის ს.-ფ. პარტიის კომიტეტის თავმჯდომარე. ასეთი დეპეშები დაეგზავნათ მიწათ-მოქმედების და იუსტიციის მინისტრებს. მიიღეს თუ არა მათ ეს დეპეშა? ჰქონდათ თუ არა ამ ბოროტ-მოქმედებას ადგილი და თუ ჰქონდა, მინისტრებმა რა ზომები მიიღეს ამ ბოროტ-მოქმედების წინააღმდეგ?

თავმჯდომარე. სიტყვა ბ. მიწათ-მოქმედების მინისტრს ეკუთვნის.

. ხომერიკი. ცნობა დეპეშების სახით ჩვენ მივიღეთ 30-ს და 31-ს მივეცით განკარგულება ქუთაისის ერობის თავმჯდომარეს საჩქაროდ გამოგზავნოს კომისია საქმის ადგილობრივათ გამოსარკვევად. და თუ დამტკიცდება, რომ დეპეშაში აღნიშნულ ბოროტებას ქონდა ადგილი, დაუყოვნებლივ გადაყენებული იქნებიან სამსახურიდან დამნაშავენი. ასეთივე განკარგულება მისცა თავის უწყებაში იუსტიციის მინისტრმა.

თავმჯდომარე: სხდომა დახურულია გახლავთ.

სხდომა იხურება ნაშუადღევის 2 საათზე და 20 წუთზე.

4.16 მესამოცე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(60)

1919 წელი, სამშაბათი, ნოემბრის 11 ტფილისი, სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უმფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი

გრიგოლ ნათაძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი და

კონსტანტინე ჯაფარიძე.

სხდომა იწყება დღის 12 საათსა 15 წუთზე.

თავმჯდომარე. (ზარი) კრება გახსნილი გახლავთ, გთხოვთ მოისმინოთ დღიური წესრიგი. (მდივანს) გთხოვთ წაიკითხოთ.

მდივანი (კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი - ყოფილ ტფილისის ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის მოსამსახურეთა სალიკვიდაციო ხარჯის დასაფარავად 100.000 მან. გადადების დეკრეტისა. მომხსენებელია გრ. ნათაძე.

2. საბოლოო ტექსტი - ვექილობის უფლების განსაზღვრისა და ნაფიც ვექილთა ახალ საბჭოს არჩევის დეკრეტისა. მომხსენებელია გრ. ნათაძე.

3. საბოლოო ტექსტი - გზატკეცილების სამმართველოს წარსული წლის ხარჯის დასაფარავად 180.730 მან. და 22 კ. გადადების კანონისა. მომხსენებელია გრ. ნათაძე.

4. დეკრეტი - საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსებისა. მომხსენებელია ივ. ჭავჭანიძე.

5. დეკრეტი - ტყიბულის მუშა-მოსამსახურეთათვის 1919 წ. აგვისტოს და სექტემბრის ჯამაგირის მისაცემად 1.200,000 მან. გადადებისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

6. დეკრეტი - საშემოსავლო გადასახადის საცხოვრებლის მინიმუმის და გადასახადის ნუსხის შეცვლის შესახებ. მომხსენებელია ივ. ჭავჭანიძე.

7. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - აწ მომქმედ თამასუქის წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლისა და გაუქმების შესახებ. მომხსენებელია მელ. რუსია.

8. სოც.-დემოკრატ. ფრაქციის წინადადება - დამფუძნებელი კრების საპროპაგანდო კომისიის არჩევის შესახებ.

9. საქართველოს სახელმწიფო ბანკის მმართველის და საბჭოს წევრების საარჩევნო-სარეკომენდაციო კომისიის არჩევა.

:

10. დეკრეტი - დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულების დამატებისა. მომხსენებელია ი. ფირცხალაიშვილი.

11. დეკრეტი - ალავერდის ქარხნიდან ოქრო-ვერცხლის შესაძენად 225.400 მან. გადადებისა. მომხსენებელია ა. ასათიანი.

12. დეკრეტი - სატელეგრაფო ქსელის გაბმა-შეკეთებისათვის შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებაში 357.000 მან. კრედიტის გახსნისა. მომხსენებელია ნიკ. იმნაიშვილი.

13. დეკრეტი - სახაზინო და კახეთის რკინის გზებზე ახალი ტარიფის შემოღებისა. მომხსენებელია ივ. ჭავჭანიძე.

14. დეკრეტი - შინაგან-საქმეთა მინისტრის განკარგულებაში ანარქიის წინააღმდეგ საბრძოლველად 10.000,000 მან. კრედიტის გახსნისა. მომხსენებელია გრ. ურატაძე.

15. დეკრეტი - ანარქიის წინააღმდეგ ზოგიერთ საბრძოლველ ზომისა.

16. დეკრეტი - ზოგიერთ უმძიმეს დანაშაულობათა განხილვის წესის შეცვლისა. მომხსენებელია ს. ჯაფარიძე.

თავმჯდომარე. დღიური წესრიგის შესახებ წინადადება არის შემოსული ს.-დემოკრ. ფრაქციის, რომ პირველ რიგში განხილულ იქნეს მე-4-ე მუხლი, შემდეგ მე-5-ე, მე-6-ე, და 7-დე. ეს ერთი წინადადება. იმავე ფრაქციის წინადადება: საბოლოო ტექსტი დეკრეტისა შინაგან-საქმეთა მინისტრის განკარგულებაში 10 მილ. მანეთის გადადების შესახებ დღესვე იქნეს მიღებული. ვინ ისურვებს სიტყვას წესრიგის შესახებ? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინაა. დღიური წესრიგი მიღებულია.

უნდა მოგახსენოთ ორი ცნობა:

პირველი: დამფ. კრ. წევრმა დავიდხანიანმა უარი განაცხადა კრების წევრობაზე. (კითხულობს) „გთხოვთ განმათავისუფლოთ საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრობიდან. დ. დავიდხანიანი“. მის ადგილს დაიჭერს მორიგი კანდიდატი ტერ-სტეფანიანი.

მეორე: სენატორმა სიდამონ-ერისთავმა უარი განაცხადა სენატორის თანამდებობაზე. სენატის თავმჯდომარის სახელზე შემდეგი ქაღალდი გამოუგზავნია (კითხულობს). ეს თხოვნა სენატის თავმჯდომარემ პრეზიდიუმს გადმოსცა. თხოვნა უნდა გადაეცეს იმ კომისიას, რომლის მიერაც იყვნენ დასახელებული სენატორები.

პირველი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბ. გრ. ნათაძეს.

გრიგოლ ნათაძე. (კითხულობს დღიური წესრიგის 1, 2 და 3 მუხლში აღნიშნულ ტექსტებს, რომელნიც კრების მიერ დამტკიცებულ იქმნა.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბატონ ს. ჯაფარიძეს.

. ჯაფარიძე. (ს.-დემ.) ბატონებო! ჩვენი ქვეყნის ხალხის დიდმა უმრავლესობამ, როგორც მოგეხსენებათ ყველასათვის აშკარად და მკაფიოდ დაადასტურა არსებული სახელმწიფოებრივი წესწყობილება, სახელდობრ დემოკრატიული რესპუბლიკა. დაადასტურა ჯერ თავისი სარევოლიუციო ორგანიზაციებით და შემდეგ მის მიერ შექმნილი საკანონმდებლო დაწესებულების მეოხებით. ე. ი. ქართველმა ხალხმა აირჩია ის გზა, რომელსაც შემდეგში დაადგა ჩვენზე უფრო განვითარებული და პოლიტიკურად გაწრთვნილი გერმანიის პროლეტარიატი. ის ფორმები და ის საშუალებანი, რომლის მეოხებითაც ეს წყობილება განმტკიცდა და ხალხის დიდი უმრავლესობით სურვილის თანახმად დაარსდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველასათვის სავალდებულო უნდა იყოს, როგორც მოგეხსენებათ, არიან ისეთი ჯგუფები, რომელნიც პოლიტიკური ფანატიკოსობით, ან სხვა მოსაზრებით ცდილობენ ამ წესწყობილების ძალით დამხობას. ამ მიზნით ისინი მიმართავენ ხოლმე ბევრნაირ საშუალებებს. მოგეხსენებათ, რომ უკმაყოფილო ელემენტები ბევრია დღევანდელ განსაკუთრებულ პირობებში, რაც ჯერ მსოფლიო ომმა და შემდეგ რევოლიუციამ დაანგრია მთელი მსოფლიოს და მეტადრე ჩვენი ეკონომიური და პოლიტიკური ცხოვრება. აი, სწორედ ჩვენი მტრები სარგებლობენ ამ უკმაყოფილო ელემენტებით და მათი საშუალებით, მართავენ ფართო აგიტაციას, თავისი მიზნების მისახწევად. ისე ფართოდ ეწევიან აგიტაციას სხვა და სხვა წრეებში: გლეხებში, ჯარის ნაწილებში, სახალხო გვარდიაში, რომ სწორედ გასაკვირალია. მე მოგახსენებთ ერთ შემთხვევაზე: იმ რაზმში, რომელიც არის საქართველოს სამხედრო გზაზე დაყენებული მიმოსვლის უზრუნველ-საყოფად და დასაცავად, ისე ფართოდ არის გამართული პროპაგანდა, რომ იქ მისული რუსი-ბოლშევიკი ოფიცრები, რომელნიც აგიტაციას ეწევიან, ამბობდა, რომ ისინი მოქმედებენ ჩვენი მთავრობის დავალებით. ამით მე ის მინდა ვსთქვა, თუ რა ლმობიერად და უნდა ვსთქვა, შედარებით ინდიფერენტულად ეპყრობოდა ჩვენი მთავრობა იმათ პროპაგანდას. მოგეხსენებათ, რომ ამას წინად მოხდა მთელი რიგი გამოსვლებისა, ეს გამოსვლები ჩააქრეს. ახლა ხელახლად განმეორდა ეს გამოსვლები: გურიაში, გორის მაზრაში და სხვაგან.

რასაკვირველია, ამ გამოსვლებს ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ ერთ მიზეზად, სხვათა შორის, უნდა ჩაითვალოს ჩვენი მთავრობის ლმობიერი მოპყრობა. ამიტომ ახლა ჩვენი მთავრობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით შემოდის დამფ. კრებაში თხოვნით, რომ მიღებულ იქნეს ერთ-ერთი ზომა მათ წინააღმდეგ საბრძოლველად.

მოგეხსენებათ, რომ ყოველი ბოროტ-მოქმდება განხილულ და დასჯილ უნდა იქნეს სახ. წესით. ჩვენ ვიტყვით იმ დროს, როცა ეს საჭირო არ იქნება; ხოლო სანამ ეს კაპიტალისტური ხანა მეფობს, ეს საჭიროა. ჩვენ ვეტრფით ერთი ტიპის სასამართლოს, როგორიც არის ინგლისში, როგორც იდეალს, რომელიც არჩევს სამხედრო და სამოქალაქო საქმეებს.

მაგრამ გარდამავალ ხანაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ჩვენ იძულებული ვართ მივმართოთ ამ სფეროში განსაკუთრებულ ზომებს. ჩვენ გვაქვს საერთო სასამართლოსთან ერთად მიღებული, ჯერ კიდევ შარშან ე. წ. დროებით საგანგებო სასამართლო, რომელსაც კანონით გადაეცა განხილვა უმძიმეს ბოროტ-მოქმედებათა: მოღალატეობა, ცარცვა-გლეჯა სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, რკინის გზის ლიანდაგის აყრა და სხვა. მოგეხსენებათ, რომ ეს საგანგებო სასამართლო დღევანდელ პირობებში, რომელნიც იძლევა მასსიურ ბოროტ-მოქმედებას, ამდენ საქმეს ვერ აუვიდა. გადის ბევრი ხანი, კვირეები, თვეები და თითქმის წლებიც კი, სანამ საქმე გაირჩეოდეს. მაგალითად წელიწადია თითქმის, რაც დუშეთის მოძრაობა მოხდა, მას შემდეგ გამოძიება სწარმოებს. ამ ხნის განმავლობაში მთავარი დამნაშავენი უკვე გაიქცნენ და დარჩნენ მხოლოდ ზოგიერთი მცირე დამნაშავენი. აი, ასეთი მოვლენების მოსასპობად და იმ მიზნების მისაღწევად, რომ დანაშაულობა თავის დროზე და სისწრაფით იქნეს განხილული და აღკვეთილი, სამინისტრო შემოდის თხოვნით დამფ. კრებაში, რომ მიღებულ იქნეს ეს დეკრეტი, რომლის მიზანია, რომ ის საქმე, რომელიც მინდობილი ჰქონდა დროებით საგანგებო სასამართლოს, გადაეცეს ისეთსავე საგანგებო სასამართლოს, მხოლოთ სამხედროსას. გასამართლების წესები იგივე იქნება, მხოლოდ უფრო გამარტივებული, ამის მიზანია, რაც შეიძლება, სწრაფად და ადგილობრივ იქნეს საქმე გარჩეული, დაისაჯოს დანაშაული, როცა მისი კვალი ყველასათვის ცხადია, ამ მიზნით ბრიგადის, გარნიზონის და ადგილობრივი რაზმების უფროსებს უფლება ექნებათ, როცა დანაშაული გამომჟღავნდება, იქვე - ადგილობრივ მოაწყონ სასამართლო და დამნაშავენი დასაჯონ.

აი მიზანი ამ დეკრეტისა, რომელსაც ჩვენი ფრაქციაც მხარს უჭერს.

თავმჯდომარე. თქვენ მომხსენებელი ბრძანდებით?

. ჯაფარიძე. დიახ!

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს ბატონ შენგელაიას.

შენგელაია. (სოც.-რევ.) ბატონებო! სასამართლო, როგორც მოგეხსენებათ, არის ერთად ერთი ბარომეტრი საზოგადოების უფლებრივი და ზნეობრივი განვითარებისა, და განსაკუთრებით კი ეხლანდელ სახელმწიფოში. რომ სასამართლო იქნეს აგებული საღ ნიადაგზე, საჭიროა იყვეს გარკვეული პრინციპი, საჭიროა იყვეს დაცული სისტემა. სამწუხაროდ ეს არ არის. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი, ჩვეულებრივი და სამხედრო სასამართლოები, თუმცა ვერც ერთი მათგანი ვერ დგას საჭირო დონეზე; ჩვენ გვეგონა, რომ დამფუძნებელი კრება ბოლოს მოუღებდა ასეთ მდგომარეობას, მაგრამ ასე არ მოხდა. დეკრეტი უფრო შორს მიდის, და ამ რთულ საქმეს, როგორიც არის მართლ-მსაჯულება და ადამიანის სიცოცხლე ის ანდობს რაღაც რაზმების მეთაურებს. დეკრეტის მიზანია ანარქიასთან ბრძოლა, მაგრამ იგი ვერ მიაღწევს მიზანს, ვინაიდან ანარქიასთან ბრძოლა შეიძლება უფლების განმტკიცებით. საეჭვოა, რომ ანარქიას მოსპობს რაღაც რაზმების მეთაურები. ამ ანარქიის მოსპობა შეიძლება არა უკანასკნელთა შემწეობით, არამედ წმინდა რევოლიუციონურ შემოქმედებით და ამიტომ ჩვენი ფრაქცია წინააღმდეგ მისცემს ხმას ამ დეკრეტს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბატონ გვაზავას.

. გვაზავა. (ნაც.-დემ.) ბატონებო! ეჭვი არ არის, რომ აქ დასმული კითხვა უფლებრივი ხასიათისაა. როდის შეიძლება წინააღმდეგობის გაწევა მთავრობის მიმართ? რა პირობებში შეიძლება ასეთი წინააღმდეგობის გაწევა და საერთოდ შესაძლებელია ეს თუ არა ისეთ სახელმწიფოში, როგორიც არის უფლებრივი სახელმწიფო? ამ მხრით, მოგეხსენებათ, თეორია სახელმწიფო უფლებისა ამბობს, რომ ზოგჯერ, ზოგიერთ პირობებში მოქალაქეს უფლება აქვს დაიცვას თავისი უფლებები და წინააღმდეგობა გაუწიოს მთავრობას.

ყოველ უფლებრივ სახელმწიფოს კონსტიტუციაში შეტანილია შესაფერისი მუხლი, თუ როგორ უნდა იქნეს დაცული პიროვნების თავისუფლება. ამისდა მიხედვით ამბობენ, რომ ზოგჯერ ცალკე პირს უფლება ეძლევა წინააღმდეგობა გაუწიოს მთავრობას. ეს არის ინდივიდუალური წინააღმდეგობა. შესაძლებელია აგრეთვე ისეთი შემთხვევა, რომ წინააღმდეგობას უწევს მთავრობას არა ერთი პირი, არამედ მთელი ჯგუფი, ბევრი პიროვნება ერთად აღებული, ესე იგი კოლექტიური წინააღმდეგობა მიმართული მთავრობის წინააღმდეგ. მაგრამ სახელმწიფოებრივი უფლება ასეთ წინააღმდეგობის გაწევას უარყოფს, მით უმეტეს მიუღებელია იგი დემოკრატიულ სახელმწიფოში. მიუღებელია იმიტომ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში უკვე განმტკიცებულია პიროვნების თავისუფლება. არის პრესა, საჯარო კრება, პარლამენტი და სხვა ღონისძიება, რომლის საშუალებითაც შეუძლია რამოდენიმე პირს, მთელ კოლექტივს, ყოველგვარი უკმაყოფილება გამოიტანოს საჯაროდ და შესაფერისი მოთხოვნილება წარუდგინოს მთავრობას. თვით წამომადგენლობა ერისა გარანტია არის, რომ ასეთი მოთხოვნილებანი შემოვიდეს პარლამენტში და მიიღოს მან სავსებით კანონიერი მიმდინარეობა. მაშინ, როდესაც ასეთ მიმდინარეობას არა ერთი და ორი პირი, არამედ მთელი ჯგუფი, კოლექტივი გვერდს უხვევს, გვერდს უხვევს კანონიერ გზას და გამოდის განცალკევებულად, სეპერატიულად, ასეთ შემთხვევაში ცხადია ჩვენ გვაქვს მაგალითი აჯანყებისა მთავრობის დაარსებულ სახელმწიფოებრივ წყობილების წინააღმდეგ, ესე იგი თავდასხმა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული, ასეთ შემთხვევებში კი სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყოველივე ზომა, ყოველგვარი ღონისძიება და ეს აჯანყება მიმართული იმ წესწყობილების წინააღმდეგ, რომელიც არსებობს, უნდა მოისპოს. სახელმწიფომ და მთავრობამ ყოველივე საშუალება უნდა იხმაროს და ჩააქროს ასეთი აჯანყება, იმიტომ, რომ არავითარი უფლებრივი საფუძველი არა აქვს ასეთ გამოსვლებს.

ამ თვალსაზრისით ჩვენ ვიზიარებთ მთავრობის მიერ მიღებულ ღონისძიებათ, რომელიც მიმართულია აჯანყების ჩასაქრობად და დემოკრატიულ სახელმწიფოს განსამტკიცებლად.

სამწუხაროდ, ამ მხრივ დღემდი იყო დიდი მერყეობა. ჩვენი მთავრობა ვერ ხმარობდა იმ ძალას, რომელიც მის სრულ განკარგულებაში იყო, ვერ უწევდა წინააღმდეგობას სახელმწიფოს დამრღვევ ელემენტებს, როგორც რიგი და წესი მოითხოვდა, და ასეთი სუსტი მოქმედებით აძლევდა დიდ გასაქანს ისეთ ელემენტებს, რომლებიც მუშაობდენ წინააღმდეგ ჩვენი წესწყობილებისა, წინააღმდეგ ჩვენი სახელმწიფოებრივობისა. ახლა ცხოვრებამ ცხადად დაგვანახვა ყველას, რომ დადგა ისეთი მომენტი, რომ ასე ყოყმანი ყოვლად შეუძლებელია. ჩვენ ყველა ვამჩნევთ საჭიროებას სახელმწიფოს განწმენდისას ყველა იმ ელემენტებისაგან, რომლებიც ემუქრებიან მის არსებობას, რომლებიც ლამობენ სახელმწიფოს დამოუკიდებელ ცხოვრების გაქრობას. მე ვიმეორებ, ისეთი ჯგუფი, რომელიც ცდილობს გვერდი აუხვიოს კანონიერი გზით თავისი აზრის გამოთქმას, საფრთხეს წარმოადგენს არსებულ წყობილებისათვის და მათი გამოსვლები უფლებრივ სახელმწიფოში ყოვლად მიუღებელია. ასეთ გამოსვლებისათვის არსებობს პრესა, საჯარო კრებები, პარლამენტი, დამფუძნებელი კრება, სადაც არიან სხვა და სხვა მიმართულების წარმომადგენლები და აზრის გამომხატველნი. თუ არის უკმაყოფილების გამომხატველი მიმდინარეობა ცხოვრებაში, ეს შეიძლება ითქვას სრულიად, კანონიერი გზით და სახელმწიფოებრივობის დაცვით, შეიძლება თავის მოთხოვნილებების გამოტანა სრულიად კანონიერ ფარგლებში.

თუ ამას გვერდს უხვევენ და ახდენენ აჯანყებას, ეს არის თავდასხმა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამიტომაც მიღებულ უნდა იქმნეს ყოველგვარი ზომები მათ წინააღმდეგ.

ამიტომ საკონსტიტუციო უფლება, ძირითადი უფლება ყველგან ამტკიცებს იმას, რომ დემოკრატიულ მთავრობას შეუძლია მიიღოს არაჩვეულებრივი ზომები ანარქისტულ განწყობილ ელემენტების წინააღმდეგ, სხვათა შორის გამოაცხადოს სამხედრო წესები. ეს არის დიდი მსხვერპლი, ეს არის დიდი უბედურება ჩვენთვის, მაგრამ ვინაიდან სახელმწიფო ინტერესი უფრო დიდია, ეს ღონე უნდა ვიღონოთ მაშინ, როდესაც დიდი უბედურება მოგველის. ასეთია ზოგადი მოსაზრებები, რომელთა ძალით ვემხრობით ამ დეკრეტს და მხარს უჭერთ მთავრობის წინადადებას. მაგრამ ამავე დროს უნდა მივაქციო ყურადღება, რომ თითონ დეკრეტი არ არის შემუშავებული ისე, როგორც რიგია და ცოტა არეულ-დარეულია მისი შინაარსი.

თავდაპირველად დეკრეტს უნდა მიუძღოდეს წინ საზოგადოდ სამხედრო წესების გამოცხადება. ეს მთავრობას უნდა გამოეცხადებია, მაგრამ დღეს იგი არ არის გამოცხადებული. ამიტომ ჯერ სამხედრო წესები უნდა გამოცხადდეს.

ჯერ მთავრობა უნდა წარმოსდგეს, ახსნას შექმნილი პირობები და როდესაც ჩვენ გავითვალისწინებთ მომენტს, მაშინ დასტურს მივცემთ სამხედრო წესების გამოცხადებას.

გარდა ამისა, აქ უნდა იყვეს ჩამოყალიბებული ის წესი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სამხედრო სასამართლომ, უნდა იყვეს გარკვეული წესი სამხედრო სასამართლოს მოქმედებისა. ამ წესის შესახებ კი დეკრეტში არაფერია ნათქვამი. ნათქვამია მხოლოდ, რომ მოყვანილია კანონი თუ ბრძანება 23 დეკემბრისა. (სოც.-დემ. ხმები: იყო ბრძანება!) ჩვენ არ ვიცით რა არის ეს ბრძანება. (ხმები სოც.-დემ.: უნდა იცოდეთ!) არა! შემცდარია ის აზრი, თუ თქვენ ფიქრობთ, თუ თქვენ გგონიათ, რომ მე უნდა ვიცოდე ეს. უწყებას, რასაკვირველია, უფლება აქვს გამოსცეს ესა თუ ის განმარტება, მთავრობა ვალდებულია აასრულოს კანონი და ამის შემდეგ გამოაცხადოს განკარგულება, ეს იქნება განკარგულება ადმინისტრატიული და არა კანონდებითი. ჩვენ კი ვალდებული ვართ ვიცოდეთ კანონი და არა ადმინისტრატიული განკარგულება ამა თუ იმ უწყებისა. ამიტომ ჩვენთვის სავალდებულო არ არის ეს ბრძანება ვიცოდეთ.

მაგრამ როგორია ეს ბრძანება, ამაზე მსჯელობა ჩვენ არ გვქონია, ჩვენ ეს არ ვიცით, ამის შესახებ ჩვენ არაფერს გვეუბნებიან. ესე კონტრაბანდულად რაღაც ბრძანების გატარება შეუძლებელია. უნდა შემუშავებული და გარკვეული იქმნეს სამხ. სასამ. მოქმედების წესი. ეს კანონმდებლობა ჩვენი საქმეა. მაშასადამე მივცეთ დასტური თვალ-დახუჭვით იმას, რაც გამოაცხადა სამხედრო უწყებამ, ჩვენ არ შეგვიძლია.

დეკრეტში კიდევ ნათქვამია, რომ მართლმსაჯულება უნდა მოხდეს, რაც შეიძლება სასწრაფოდო. ასეთი გამოთქმა ყოვლად მიუღებელია. როგორ შეიძლება გავიგოთ ეს? ეს შეიძლება გავიგოთ ისე, რომ საქმის გამოძიება უნდა მოხდეს 1, 2, 3 საათ., ან დღის განმავლობაში. საჭიროა გარკვეული, იურიდიული ტერმინოლოგია ასეთ შემთხვევაში. უნდა განისაზღვროს უსათუოდ დრო. უნდა ითქვას გარკვევით თუ რა ხნის განმავლობაში მოხდება და დამთავრდება საქმის გამოძიება ერთი დღის, ორი დღის, თუ მეტის - განმავლობაში. ყოველ შემთხვევაში დრო უნდა განისაზღვროს. მერე, - შემდეგ მუხლში ნათქვამია, რომ ეს კანონი შეეხება იმ ბოროტ-მოქმედებას, რომელსაც ადგილი ქონდა შარშან 18 წლის 20 ოქტომბრის შემდეგ. მაშასადამე კანონს ეძლევა ეგრედწოდებულ (ხმები სოც. დემ. 19 წლიდან და 18 წლიდან) დეკრეტში ასეა დაბეჭდილი, თუ შეცდომაა, გასწორებული უნდა იყვეს.

ასეთია ჩვენი ზოგადი შენიშვნები დეკრეტის შესახებ. საზოგადოდ და კიდევ ვიმეორებ ჩვენ მხარს დაუჭერთ ამ საშურ მოქმედებას, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი ცხოვრების გასამტკიცებლად: მტერი ბევრი გვყავს ძლიერ და დიდი სიხარულით ვეგებებით მთავრობის მიერ მათ წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს.

თუმცა აქამდის შეეძლო მიეღო მთავრობას მათ წინააღმდეგ სასტიკი ზომები, მაგრამ აქამდე იგი ჩუმად იყო. მე მგონია, რომ აღმასრულებელ ძალის მოვალეობას შეადგენს, რომ თავის დროზე იქმნეს მიღებული შესაფერი ზომები.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფ. კრების წევრს გრ. ვეშაპელს.

გრ. ვეშაპელი. (ნაც.-პ.) ბატონებო! ჩვენ გვიხდება კანონის მიღება, რომელიც შეეხება იმ მდგომარეობას, ამ რამოდენიმე დღის წინ რომ იყო მოხსენებული.

მაშინ გაცილებით უფრო იოლი ხასიათი ჰქონდა ამ არეულობას. ეხლა სამწუხაროდ მდგომარეობა უფრო რთულია და მძიმე.

გართულება საქმისა მდგომარეობს იმაში, რომ იმ უცხო ძალებს, რომელნიც დაინტერესებულნი არიან ჩვენი არეულობით, საშუალება ეძლევათ თან და თან ჩაითრიონ ნაწილი ქართველი ხალხისა ამ ავანტიურაში. მართალია ეს ნაწილი ხალხისა კანონს გარეშეა: - დეზერტირები, ყაჩაღები და სხ., მაგრამ ისე იმატა დეზერტირთა რიცხვმა, რომ შეიძლება რაოდენობის გაზრდასთან ერთათ მოგვიხდეს თვით სახელის შეცვლა ამ მოვლენისათვის.

თავის-თავათ ცხადია, რომ ერთი საშუალება ამ მოვლენასთან ბრძოლისა არის რეპრესია. ამაზე იყო წარსულ სხდომაზე ლაპარაკი. ამ რეპრესიულ ზომების მიღება დამფუძნებელ კრების გარეშე შეეძლო დიდი ხანია მთავრობას.

ჩვენს მთავრობას ისეთი უფლებები აქვს მინიჭებული, რომ ახალი განსაკუთრებული კანონები არ არის საჭირო, რომ რეპრესიები თავის დროზე იყოს მიღებული.

მაგრამ, ამ განსაკუთრებულ ზომებს ექნება სხვა მნიშვნელობა, ფსიქოლოგიური. შეიძლება ამ მხრივ იყოს საჭირო, რომ დამფუძნებელ კრებაში გაიაროს ამ კანონპროექტმა.

როდესაც სახელმწიფო იწვის მაშინ არ შეიძლება იურიდიულ, პარლამენტარულ დებულებაზე და კონსტიტუციაზე ლაპარაკი.

მე მინდა მხოლოდ ვისარგებლო ამ შემთხვევით, და ჩვენი პარტიის სახელით მივაქციო ყურადღება დამფუძნებელ კრებისა იმას, რომ ასეთი კანონების გარჩევა არ უნდა ხდებოდეს ასე საზოგადო კრებაზე, არამედ ის უნდა მუშავდებოდეს წინასწარ კომისიების სხდომებზე.

ვინაიდან ეს ასე არ არის, ამიტომ მე იძულებული ვარ ღია კრებაზე გამოვსთქვა ის, რის განცხადება საჭიროდ მიმაჩნია.

ჩვენ ვიცით, რომ მთელი სიმძიმე სამშობლოს დაცვის, წესწყობილების განმტკიცებისა, იკისრა სახალხო გვარდიამ. ავათ თუ კარგად ის ამ საქმეს ემსახურება. ამ კანონში არის აღნიშნული გვარდიის მონაწილეობა ამ სასამართლოს ასრულებაში, სახალხო გვარდიას უფლება ენიჭება მიიღოს მონაწილეოობა საველე სასამართლოს შედგენაში და წარმოებაში.

ამიტომ, საჭიროდ ვსთვლი განვაცხადო, რომ სანამ საქართველოს სხვა და სხვა კუთხეებში გაიმართებოდეს საველე სასამართლოები, მანამ თვით გვარდიაში უნდა გატარდეს ერთგვარი რეპრესიები, თვით გვარდია უნდა გაიწმინდოს. მე ვამბობ იმ უცხო ელემენტებზე, რომელნიც არიან გვარდიაში.

წარსულ სხდომაზე გვარდიის მეთაურმა ბ. ჯუღებმა განაცხადა, რომ მას საქებრად მიაჩნია ეს გარემოება და მეტის მეტათ ენდობა იმ უცხო ძალებს. როდესაც მე განვაცხადე, რომ არც რუსული ნაბოლშევიკარი ხალხის, რუსული როტების დენიკინის, ან ბოლშევიკების მომხრეთა მონაწილეობა გვარდიაში არის საჭირო და არც ამ რუსული როტების რუსული სიმღერებით გაბრუება ქართველი ხალხისა, მაშინ ბ. ჯუღელმა სთქვა, რომ სოხუმში სწორეთ ამ ბოლშევიკურ არტილერისტებმა იხსნეს მდგომარეობაო, მაშინ მე არაფერი მეთქმოდა, ვინაიდან ეს იყო გვარდიის შინაური საქმე. მე მხოლოდ ეჭვის თვალით უყურებდი საქმეს, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ზოგიერთი საქმეში ეჭვი სჯობს ოპტიმიზმს.

ეხლა რუსულ გაზეთ „სოციალ-დემოკრატში“ ვკითხულობთ შემდეგს: (კითხულობს).

Голосъ изъ Сухумской крѣпостной тюрьмы: «Чтобы влить больше свѣта въ это грустное событიе, имѣвшее место 12 с. м. Въ Сухумѣ въ коковое умышленно впутали насъ г.г. правители грузинской республики, мы въ количестве 14 человѣкъ. Чистосердечно заявляемъ, что возстанიе, 12 с. м. 7-й роты Сухумскаго полка, произошло по мимо нашего вѣдома и желанიя, а также категорически заявляемъ, что никокого нашего участიя не было и не могло быть... Однымъ вполнѣ достаточнымъ доказательствомъ нашей невинности является сообшенიе правительственной газеты «Борьба» отъ 22 с. м. за №240, сообщающей, что большевики - артиллеристы отказались примкнуть къ мятежу и съ замками орудიй скрылись въ продолженიи этого времени.

Кто знаетъ этихъ русскихъ артиллеристовъ - большевиковъ, тотъ знаетъ, что они по первому прызову комунистовъ пошли бы на что угодно».

მე არ ვიცი ბატონებო, ვის უფრო დაეჯერება ბ. ჯუღელს, თუ კომუნისტურ კომიტეტს. ჩვენი აჯანყება, რომ ყოფილიყო, ამბობს ეს კომიტეტი, მაშინ სახალხო გვარდიის არტილერისტები ჩვენ მოგვეკედლებოდენო. ეს აზრი წამომცდარი სიმართლეა, ეს ასე მოხდებოდა და ამას ბ. ჯუღელი ვალდებულია ანგარიში გაუწიოს; სანამ ქვეყნის გაწმენდას შეუდგებოდეს ჯერ თითონ უნდა გასწმინდოს თავისი გვარდია.

ქართველების დახვრეტა არ არის მარტო საკმარისი, როდესაც თვით დამხვრეტთა შემადგენლობა არ არის გაწმენდილი, როდესაც მისი რუსული ელემენტები არეულობას გვიმზადებენ.

დაბოლოს დასკვნისათვის უნდა მოგახსენოთ: რასაკვირველია დამფუძნებელ კრებასა და მთავრობას არ შეუძლია თავისი ყურადღება შეაჩეროს მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიებზე. ეს დეკრეტი არ წარმოადგენს ერთდაერთ და უკანასკნელ საშუალებას იმ ანარქიის მოსასპობად, რომელიც ჩვენში თან და თან ძლიერდება. ეს დეკრეტი მხოლოდ ზომებთაგანია და მარტო ამ რეპრესიებით დამფუძნებელი კრება და მთავრობა თავს ვერ დაიიმედებს.

მე ვიმედოვნებ, მთავრობა და დამფუძნებელი კრება შესძლებს თავისი ყურადღება შეაჩეროს იმ ზომებზე, რომელნიც ჩვენში მოსპობენ ყოველგვარ ანარქიის ნიადაგს.

„ჩვენ ვიცით რაში უნდა გამოიხატოს, კონკრეტიულად ეს ზომები; იგი უნდა გამოიხატოს და იქნეს მიმართული სოციალური კანონების სფეროში, სოფლის ცხოვრების გაუმჯობესობაში. სატყეო კანონმდებლობის შეცვლაში, უნდა მოგვარდეს სასურსათო საქმე, და დასასრულ მეტი სიმტკიცე და გარკვეულობა უნდა შევიტანოთ საგარეო პოლიტიკის სფეროში. სანამ ქართველი ხალხი არ დაინახავს, რომ მისი ცხოვრება წესიერად მიმდინარეობს და გარედან მას საფრთხე არ მოელის მანამდის ხალხში იარსებებს ნიადაგი ანარქიულ მოძრაობისათვის. გამოვსთქვამ იმედს, რომ მთავრობა და დამფუძნებელი კრება წარმართავს შინაურსა და საგარეო პოლიტიკას ამ გეზით, და ჩვენ შევსძლებთ ჩვენი არსებობის გამაგრებას.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. დადიანს.

სამსონ დადიანი. (ს.-ფ.) ბატონებო! თქვენ მოგეხსენებათ, რომ ყოველთვის, როდესაც ასეთი დიდმნიშვნელოვანი საკითხი, საკითხი რომელსაც აქვს პრინციპიალური ხასიათი, დადგება ხოლმე, ჩვენს წინაშე და როდესაც გამოირკვევა, რომ ამ საკითხის გადაჭრა, როგორც ამას მოითხოვს მთავრობა, დამფუძნებელი კრების უმრავლესობა, ე. ი. მმართველი პარტია, რომ მათი გადაწყვეტილება არ ეთანხმება ჩვენი ფრაქციის შეხედულებას, ჩვენ თავგამოდებით ვიცავთ ჩვენს პოზიციებს. უთითებთ ყოველთვის შეცდომებზე, უთითებთ იმაზე, რაც უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ვერ გაკეთდა, რაც უნდა კეთდებოდეს, მაგრამ ვერ კეთდება; უთითებთ იმას, რაც ჩვენი აზრით, უეჭველად უნდა გაკეთდეს და ამ ნიადაგზე თავგამოდებით ვებრძვით ყველას, მაგრამ არის ერთი რამ, რაც აუცილებლად ყველას გვმართებს და აერთებს მთელს ჩვენს დემოკრატიას, რომლის წყალობით არსებობს ეს დარბაზი, არსებობს ჩვენი თავისუფლება და დემოკრატიული რესპუბლიკაც. ეს არის ისეთი საკითხი, რომლის გათვალისწინებაში და შეფასებაში ყველანი ერთ პოზიციაზე, ერთ ნიადაგზე უნდა ვიდგეთ. ეს საკითხი გახლავთ ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვის საქმე. ჩვენთვის სოც.-ფედერალისტებისთვის დამოუკიდებლობა ითვლება რევოლიუციის ერთ უდიდეს მონაპოვარ განძად. ამ საქმისთვის უზომო სისხლი დაღვარა ჩვენმა ხალხმა და იგი იძულებულია დღესაც ღვაროს და როდესაც ასეთ მდგომარეობაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ დამოუკიდებლობას რაღაც ბნელი ძალები ეპოტინებიან და სურთ მისი დამხობა, ჩვენთვის ცხადია რა პოზიციებზე უნდა ვიდგეთ ჩვენ.

ჩვენ დამოკიდებულობა ფეტიშად არაოდეს მიგვაჩნდა - და არც დღეს მიგვაჩნია. მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს დამოუკიდებლობა აუცილებელია რათა ქართველი ერი დადგეს სწორ გზაზე, გაიადვილოს თავისი კულტურული მსვლელობის გზა იმ წესწყობილებისაკენ, რომელსაც ჩვენ სოციალისტები სოციალიზმს ვეძახით. ეს არის აუცილებელი, რა ხასიათსაც არ უნდა ღებულობდეს ჩვენი დღევანდელი საქმიანობა, რა პოზიციებზედაც არ უნდა ვიდგეთ და, როდესაც ამ თვალსაზრისით ვითვალისწინებთ იმას, რაც დღეს ჩვენ გარშემო ხდება - ჩვენი პასუხი, ჩვენი პოზიცია აშკარა არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვებრძვით გაბატონებულ პარტიას, ფრაქციას და მთავრობას, ამ საკითხის გადაწყვეტაში ყოველ შემთხვევაში არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ, რომ, ის პოზიცია, რომელზედაც მთავრობა დგას დღევანდელი დეკრეტით, ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვის საქმეში, რომ ეს პოზიცია არის ჩვენი პოზიცია, რომ რესპუბლიკის დასაცავად დეკრეტში აღნიშნული ზომები არის ჩვენი საკუთარი ზომები, გაბატონებულ პარტიის უღონობით ფრიად დაგვიანებული.

რასაკვირველია, ჩვენ, როგორც სოციალისტებს გვხიბლავს სოციალისტური იდეალები, გვხიბლავს ამ იდეალებისათვის თავგანწირული ბრძოლა, - ყოველი გულწრფელი სოციალისტი მუხლს მოიდრეკს იმ კომუნართა ხსოვნის წინაშე, რომელთა სისხლი ასიოდე წლის წინად პარიზის ქუჩებზე იღვრებოდა. შესაძლებელია ისტორიამ ასევე მუხლი მოიყაროს თანამედროვე კომუნისტების აჩრდილის წინაშეც და სთქვას: თქვენ იყავით გიჟები, მაგრამ მუხლს ვიდრეკთ თქვენს წინაშე თავგანწირული ბრძოლისათვისო. შეიძლება ასე მოხდეს. მაგრამ მომავალის ასეთი პერსპექტივით ჩვენ დღეს ვერ ვიხელმძღვანელებთ, ვერ დავივიწყებთ ჩვენს დღევანდელს მდგომარეობას. ამიტომ ჩვენ ვეუბნებით კომუნისტებს: თქვენ გიჟები ხართ, დიდი იდეებით გატაცებულნი, მაგრამ ჩვენ შეგებრძოლებით, რადგან თქვენი მოქმედება არის დამღუპველი იმისა, რის დასაცველად ჩვენა ვართ მოწოდებულნი ისტორიისაგან.

ამ არეულობას, ამ ანარქიას და დღეს ჩვენს წინაშე გადაშლილ სურათებს შეგვიძლია ჩვენ მარტო ამ საზომით მიუახლოვდეთ, შეგვიძლია ვსთქვათ, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ბოლშევიკურ-კომუნისტურ მოძრაობასთან გვაქვს საქმე? ჩემი აზრით არა. იმ ცნობებით, რომელიც ჩვენს ფრაქციას მოეპოება, ყოვლად შეუძლებელია ის მოძრაობა, რომელსაც სოფლებში ადგილი აქვს, მოვნათლოთ მხოლოდ და მხოლოდ ბოლშევიკურ მოძრაობად. ეს ბოლშევიკური მოძრაობა არ არის. როდესაც საჭიროება მოითხოვდა ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ ასეთი მოძრაობების ნიადაგი მზადდება იმ ძალების აღვირწახსნილი თარეშით, რომელნიც სარგებლობენ, თავის სასარგებლოდ იყენებენ ჩვენ ხალხში, ჩვენ სოფელში არსებულ, ზოგჯერ სამართლიან, ზოგჯერ უსამართლო უკმაყოფილებით დღევანდელი რეჟიმის მიმართ. ამ ძალებს არაფერი საერთო იდეებთან არა აქვთ, მათ მიზანში აქვთ ამოღებული მხოლოდ ჩვენი თავისუფლება. ეს ხალხი სხვა და სხვა დროშით გამოდის ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ზოგი დენიკინელად აცხადებს თავს, ზოგი - ბოლშევიკად; დანამდვილებით არ ვიცით, ჩვენ საშუალება არა გვქონდა შეგვემოწმებინა, მაგრამ ყურმოკვრით გავიგეთ, რომ დაჭერილია კოლჩაკის წერილი, სადაც იგი თურმე ურჩევს თავის აგენტებს: ბოლშევიკების სახელით იმოქმედეთო. „სი ნონ ე ვერო ე ბენ ტროვატო“. შეიძლება ეს მართალი არ იყოს, მაგრამ კარგად ნათქვამი კი არის. ყოველ შემთხვევაში ცხადია, რომ ის შავი ძალები, რეაქციონური რუსეთის ძალები, რომელნიც ვერ იწყნარებენ ჩვენს დამოუკიდებლობას, ხელს უწყობენ ადგილობრივ ჩვენი მტრების მოძრაობას და ანარქიის გაძლიერებას.

ანარქია არის დღეს ჩვენში - ეს ცხადია, მაგრამ ვხედავთ, რომ ჩვენს დაქცევაში და განადგურებაში ბოლშევიკებზე თითქმის უფრო დაინტერესებულნი - დენიკინელები და რეაქციონური რუსეთია. ჩვენ უნდა გამოვნახოთ სასტიკი ზომები, რომ ანარქია ამ თავითვე აილაგმოს. მაგრამ ჩვენ ვაბრთხილებთ მთავრობას, რომ „ბოლშევიკურმა საფრთხემ“ არ დააბრმავოს. რომ ვამბობთ ბოლშევიკებზე დენიკინელები უფრო არიან დაინტერესებულნი ჩვენი დამოუკიდებლობის დამარცხებაში, ვამბობთ იმიტომ, რომ ვერ წარმოგვიდგენია იმდენად ბეცი იყვნენ ბოლშევიკების მეთაურები იფიქრონ, რომ, თუ ჩვენი მთავრობა გადმოაგდეს და ხელში ჩაიგდეს მართვა-გამგეობა, მათ ეს მდგომარეობა შერჩებათ და ჩვენი დღევანდელი მტრები აღარ მოინდომებენ მათ დამხობას. აშკარაა, რომ „ბოლშევიკები“ ვერ შეირჩენენ ამ ძალა-უფლებას, სხვა შავი ძალა გამოსტაცებს მას ხელიდან ამას. მაშასადამე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ძირს უთხრიან ჩვენს დამოუკიდებლობას, რასაკვირველია, ბოლშევიკებსაც უნდა შევებრძოლოთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენში ანარქიით უაღრესად დაინტერესებულია დენიკინელები და მათ წინააღმდეგაც უნდა იქნას სასტიკი ზომები მიღებული.

დღევანდელი დეკრეტიც სწორედ ამ ბრძოლისაკენ არის მიმართული. პრინციპიალურად ჩვენ ვიღებთ დეკრეტის აზრს, ხოლო რაც შეეხება თვით დეკრეტს ეტყობა ნაჩქარევად არის შედგენილი.

გარდა იმისა, რასაც აქ უკვე ხაზი გაუსვეს ჩემს წინად მოლაპარაკე ორატორებმა, დეკრეტში არის კიდევ შეცდომები, რომელთა დატოვება ყოვლად შეუძლებელია.

აღნიშნული იყო და კიდევ უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ მართლაც არა ვართ მოვალე ვიცოდეთ სამხედრო უწყების კერძო განკარგულებანი. როდესაც დამფუძნებელი კრება რაიმე დეკრეტს სცემს, მან უნდა იცოდეს - წინასწარ განხილული უნდა ჰქონდეს ეს დეკრეტი. შემდეგ, ისიც მართალია, რომ კანონში არ შეიძლება იყოს ფრაზა: „ძალიან სწრაფად“, აქ ვადა უნდა იყოს გარკვევით აღნიშნული.

აგრეთვე თქვენი ყურადღება უნდა მივაქციო ერთს რამეს. მე-2-რე მუხლში ნათქვამია: გასამართლების უფლება ეძლევა, როგორც ჯარის, აგრეთვე სახ. გვარდიის უფროსს. რაზმი უნდა იყოს შემდგარი 20-კაცისაგან, ან 10 ათასი კაცისაგან. აი, როცა ამას ვითვალისწინებთ ვამბობთ, რომ ჩვენის აზრით შეუძლებელია ცალკე რაზმის უფროსს მივანიჭოთ გასამართლების და დასჯის უფლება. შეიძლება ამ პატარა რაზმს ეყოლოს უფროსად ყმაწვილი, რომელსაც ბრძოლის დროს, თუნდ უიარაღოც ჩაუვარდეს ხელში, მტრად, მეამბოხეთ ჩასთვლის, ისარგებლონ იმ უფლებით, რომელსაც მას ეს დეკრეტი ანიჭებს და ბევრი ისეთი რამე ჩაიდინოს, რომ სხვა უფრო კომპენტენტური ორგანიზაცია, რომ ყოფილიყო, იქნებოდა ეს ზომა საჭირო. ამის თავიდან ასაცილებლად ეს უფლება არ უნდა მიეცეს ცალკე რაზმის უფროსებს, არამედ დიდი ერთეულის, ან რამდენიმე რაზმის საერთო უფროს, ან მის შტაბს.

ამნაირად, როცა დეკრეტში ამდენი შეცდომა არის სიჩქარის გამო, ჩვენ მოვითხოვთ ამას მივაქციოთ ყურადღება. ჩემის აზრით აქ რეგლამენტია დარღვეული. ყოველ შემთხვევაში, ეს დეკრეტი განხილულ უნდა იქნეს რომელიმე კომპენტენტურ კომისიის მიერ. კომისიამ გაითვალისწინოს ეს შეცდომები, შემდეგ შემოიტანოს აქ და მოვისმინოთ კომისიის აზრიც. ამიტომ მოვითხოვთ ეს დეკრეტი გადაეცეს კომისიას და დაინიშნოს თუნდა საგანგებო კრება ორი დღის შემდეგ, რომ მოვისმინოთ იგი. სწორედ ამავე კრებაზე ჩვენ ერთი სასწრაფო დეკრეტი კომისიას გადავეცით განსახილველად და შემდეგ წარმოსადგენად და ასე შეიძლება მოვიქცეთ ამ შემთხვევაშიაც.

თავმჯდომარე. ბ. დადიანის განცხადების შესახებ, თითქოს რეგლამენტი იყოს დარღვეული, უნდა მოგახსენოთ, რომ რეგლამენტი ამბობს: პრეზიდიუმს უფლება აქვს 24 საათით ადრე განიხილოს დეკრეტი და ისე შეიტანოს დღიურ წესრიგში. აი ახლაც ამით ხელმძღვანელობდა პრეზიდიუმი. გუშინ 12 საათზე ყველა ფრაქციებს დაურიგდათ ეს დეკრეტი და ჰქონდათ საშუალება მას გასცნობოდენ. ასე რომ განცხადება, ვითომ რეგლამენტი დარღვეულიყოს, სიმართლეს არ შეიცავს.

სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს გრიგოლ გიორგარძეს.

გ. გიორგაძე. ბ-ბო, მე არ ვიცი თქვენ როგორ გაიგეთ და შეითვისეთ ბ-ნ ორატორის დადიანის სიტყვა, მაგრამ ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ის კიდეც სჭრის და კიდეც კერავს. (ხმა: ესერები? მდივანი: ესერებმა დაჭრა იციან მხოლოდ). ესერებზედაც მოგახსენებთ. როცა არის ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მოქმედება, უნდა იქნას მიღებული რეპრესიული ზომები. ფედერალისტები მხარს უჭერენ შემოტანილ დეკრეტს, მაგრამ ამბობენ: აქ ბოლშევიკები არაფერ შუაშია. როცა მთავრობის წარმომადგენელმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც იყო აღნიშნული, რომ ბოლშევიკები თავის ორგანიზაციებს ჩვენში ფულს უგზავნიან და აქვთ გეგმა, რომელიც დამუშავებული ცხოვრებაში გაჰყავთ, ამის შემდეგ ფედერალისტების განცხადება ამ ტრიბუნიდან უსაფუძვლოა. ჩვენი ზომები ყველას წინააღმდეგ იქნება მიმართული, ვინც დამოუკიდებლობის წინააღმდეგია. ამ შემთხვევაში ანარქიის ხელმძღვანელები, იმ ცნობით, რომელიც გამოქვეყნებულია, არიან ბოლშევიკები. არ შეიძლება უარყოთ ის, რომ ზოგიერთი პირები ამ დროშას თავს აფარებენ. შეიძლება ბევრი უკმაყოფილო ელემენტები, რომელნიც არ არიან მომხრენი დღევანდელი სოციალურ წყობილებით, აფარებენ თავს ამ დროშას.

შეიძლება იქ დენიკინის და კოლჩაკის წარმომადგენელნიც იყვნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი არიან მოღალატეები და სახელმწიფო მართლაც ისე უნდა მოექცეს, როგორც მოღალატეებს და მათ წინააღმდეგ სასტიკი ზომები უნდა იქნას მიღებული.

აქ გამოურკვეველი არაფერია. ამ ტრიბუნიდან ხალხს უნდა უთხრათ, რომ ყველა ის პირი, არის ის ბოლშევიკების, დენიკინის თუ კოლჩაკის მომხრე, თუ არის ის შინაური მოქალაქე უკმაყოფილო დღევანდელ წესწყობილებით და მიდის ჩვენი დამოუკიდებლობის და დემოკრატიული წესწყობილების წინააღმდეგ, ის არის მოღალატე, დემოკრატიის მტერი და მათ წინააღმდეგ ზომებს ვიღებთ. (ტაში).

ამ ტრიბუნიდან ნათქვამი ხალხმა უნდა გაიგოს, უნდა იცოდეს, რომ მისი ინტერესები დაცულია, უნდა იცოდეს, რომ ყოველ ამბოხების წინააღმდეგ ზომებს ვიღებთ, რომ დამფუძნებელი კრება და მთავრობა მიდიოდა ამ ნაბიჯით და კვლავაც ამ გზით ივლის.

რაც შეეხება ესერების გამოსვლას, რომელნიც პრინციპიალურად წინააღმდეგი არიან, რომ სასტიკი ზომები იყოს მიღებული, რომ ეს დეკრეტი არ არის შეფარდებული დღევანდელ მდგომარეობასთან, ამის უსაბუთობა სჩანს იმ ანარქიის ხასიათიდან. რა არის ხასიათი და თვისება ამ აჯანყებისა? შეიძლება ბ-ნ შენგელაიას შეურაცყოფა მიაყენეს, გალახონ კიდეც, მას შეუძლია სთქვას: „მე ვაპატიებ, ზომებს მათ წინააღმდეგ არ მივიღებო“. მაგრამ როცა თავს ესხმიან მთელ ხალხს, მთელ სახელმწიფოს, მთელ დემოკრატიას, მაშინ ვერც ერთი წევრი დამფ. კრებისა არ შეასრულებს თავის მოვალეობას, თუ არ იტყვის, რომ ეს ხალხი არის მოღალატე, თუ არ იტყვის, რომ ამ შემთხვევაში საჭიროა სასტიკი ზომები. ამ შემთხვევაშიც საჭიროა სისასტიკე და სისწრაფე, და ეს კანონი სწორედ სისწრაფეს და სისასტიკეს ეხება. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ისეთი დანაშაულობა, რომელიც საზოგადოებში აღელვებას იწვევს და ხალხი მოითხოვს დამნაშავენი გასამართლებულ იქმნან, ის პირნი დიდხანს ზიან. ამ შემთხვევაში ეს დეკრეტი, ეს ზომა მიმართულია იმისაკენ, რომ სასამართლოს უფლება განხორციელებულ იქნა, სისწრაფით. შემოტანილი დეკრეტი შემდეგს ამბობს: როდესაც დანაშაულობა ჩადენილია და ეს დანაშაულობა უდავოა ისე, რომ გამოძიება საჭირო არ არის, ამ შემთხვევაში 24 საათში უნდა შედგეს ოქმი, დაკითხული უნდა იქნას ორივე მხარე და მერე სასამართლომ უნდა გამოიტანოს განაჩენი. მთელი საიდუმლოება ამაში არის. როდესაც სასამართლო დაინახავს, რომ საქმე გამოურკვეველია, ამ შემთხვევაში განაჩენი არ გამოაქვს და ის გადასცემს საქმეს გამომძიებელს და მერე საერთო წესით გაირჩევა საქმე.

მაგრამ, როდესაც აშკარაა დანაშაული, როდესაც ზოგიერთ ადგილებში სამხედრო მოქმედება არის, როდესაც ზოგიერთ ადგილებში სამხედრო გვარდიას ზარბაზნებს ესვრიან, და ისიც ესვრის, ამ შემთხვევაში უნდა იყოს სწრაფი და სასტიკი სამსჯავრო. თქვენ, რომ გენახათ ის ოფიცერი, რომელიც აქ ჩამოიტანეს, რომელიც კი არ მოჰკლეს არამედ აწამეს, რომელიც ხიშტებით იყო აკუწული, მაშინ თქვენ იტყოდით, ვინც ეს ჩაიდინა ის 24 საათში უნდა იქნას გასამართლებულიო. მთელი სიმდიდრე ამ დეკრეტისა აქ არის. მოსამართლენი არიან ისინი, ვინც მონაწილე არიან ამ სამხედრო მოქმედებისა. (ხმა: მოსამართლეთ ვინ არიან?) მოსამართლენი არიან ოფიცრები და ჯარის კაცები და განაჩენსაც ისინი გამოიტანენ. (ხმა: ფელდფებელი?) დიახ, ფელდფებელი ე. ი. მოქალაქეები; თუ საჭირო შეიქნა დამოუკიდებლობის დაცვა, ყველა ჩვენგანი იბრძოლებს და ფელდფებელი გახდება. შენგელაია შეიძლება უბრალო ჯარისკაცად წავიდეს. ვინიცობაა არ წავა ის დემოკრატიის დასაცავათ, 24 საათში გასამართლებული იქნება.

რაც შეეხება მას, რაზეა დამყარებული დეკრეტი, მოგახსენებთ, რომ დეკრეტი დამყარებულია იმ კანონზე, რომელიც მოქმედობს ომიანობის დროს, ან როდესაც ანარქია არსებობს. ასეთი კანონმდებლობა არსებობს, არსებობს დადგენილებათა კრებული, აგრეთვე დროებითი მთავრობის კანონმდებლობა და ყველა ამაზე არის დამყარებული ეს ბრძანება. ის გამოცხადებული არის 22 დეკემბერს, როდესაც სამხედრო ომი დავიწყეთ.

ეს ბრძანება გამოცხადდა 22 დეკემბერს, როდესაც სწარმოებდა ომი სომხებთან. ფრონტზე გაიგზავნა ჯარი და გვარდია და მას თან მიყვა სამხედრო სასამართლოები, რომელთა მიზანს შეადგენდა ისეთი სისასტიკით დაესაჯათ ჯაშუშები და ისინი, ვინც პოზიციას მიატოვებდნენ თავის ნებით, რა სისასტიკითაც ჯარისკაცები ებრძოდენ მტერს.

ბატონებო! აქ ბატონ დეპუტატის ვეშაპელის მიერ აღძრულ იქმნა საკითხი გვარდიის განწმენდის შესახებ. მე უნდა მოგახსენოთ, რომ არა ერთხელ და ორჯელ მინახავს ფრონტზე ბრძოლაში ისეთი სურათები, როდესაც უცხო ერების წარმომადგენლები ჩვენ გვარდიასთან ერთად იბრძოდენ ჩვენი მტრების წინააღმდეგ. ისინი ქართველებთან ერთად იყვნენ ყოველთვის გაჭირვების დროს. მე სიხარულით უნდა განვაცხადო, რომ ისინი ჩვენ წესწყობილებისათვის გაწეულ ბრძოლებში არა თუ რჩებოდენ უკან ჩვენს გვარდიას, არამედ წინ უძღოდენ მას და ერთად, მთლიანი ძალით იცავდნენ დემოკრატიულ რესპუბლიკას და მართლაც სულ ერთია სადაც არ უნდა იყვეს რევოლიუციონერი ყოველთვის რევოლიუციონერად დარჩება და წითელ დროშას არ გაუშვებს ხელიდან. ჩვენ არავითარი საფუძველი და უფლება არა გვაქვს, როდესაც გვარდიას არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს უკან და როდესაც იგი პირიქით ყოველთვის მისდევს მტერს ზურგში, ვთქვათ, რომ ამ ორგანიზაციას ესაჭიროება რაიმე განწმენდა. თუ არის რაიმე დეფექტები, დეფექტები ყოველგვარ დაწესებულებაში არის. ამ სახალხო გვარდიას ჰყავს თავისი შტაბი, შტაბი, რომელიც თვალყურს ადევნებს ყოველ გვარდიელის მოქმედებას, ეს შტაბი სისასტიკით ეპყრობა ყოველ გვარდიელს, რომელიც სამხედრო კანონს არ დაემორჩილება. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია სრულიად დარწმუნებული ვიყვეთ, ვინაიდან ანარქიის ჩაქრობის საქმე საიმედო ორგანიზაციის ხელში არის. ეს არის სახალხო გვარდია და ჯარი, რომელიც სახალხო გვარდიასთან იდგა ყოველთვის გაჭირვების დროს, რაც სავსებით დაამტკიცა ომის სინამდვილემ. დღესაც, როცა ანარქიის საშიშროების წინ ვდგევართ, ჯარი და მასთან ერთად გვარდია ერთად წავლენ და შეასრულებენ იმ წმინდა მოვალეობას, რომელსაც უკარნახებს მათ დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკა, წავლენ ერთად და შეავსებენ ერთი-მეორის დანაკლისს. (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვის მსურველი სხვა არავინ არის. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

ს. ჯაფარიძე (სოც.-დემ.) ბატონ შენგელაიას სიტყვა, რომელიც შეიცავდა მარტო იმ აზრს, რომ ანარქიას სასამართლოს საშუალებით ვერ მოსპობთო, ანგარიშ გასაწევი არ არის, ვინაიდან მე მოგახსენეთ უკვე, რომ ეს არის ერთადერთი ზომათაგანი მათ წინააღმდეგ, ვინც განზრახ ჰქმნის ამ ანარქიას. ეს ზომა მიმართულია ყველას წინააღმდეგ, სულ ერთია ის მომხრე იქნება დენიკინის, ავაზაკი იქნება, რომელიც აცხადებს თავის-თავს ბოლშევიკად, თუ დეზერტირი, რომელიც თავს აფარებს იმავე ბოლშევიკურ დროშას და არ უნდა მოიხადოს თავისი უწმინდესი მოვალეობა დემოკრატიულ რესპუბლიკის წინაშე. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ერთად-ერთი ზომა მათ წინააღმდეგ მიმართული, ვინც იარაღით თუ სიტყვით გაილაშქრებს დამოუკიდებელ დემოკრატიულ რესპუბლიკის წინააღმდეგ და მისი მიზანია დაისაჯოს დამნაშავენი შესაძლებელი სისწრაფით. მე მხოლოდ წარმოვადგენ მოკლე განმარტებას იმ შენიშვნების გამო, რომლებიც წამოაყენა ბატონმა გვაზავამ და შემდეგ გაიზიარა იგი დადიანმა. ბატონ გვაზავას აზრით, უნდა მოხდეს სამხედრო სასამართლოში მიცემა დამნაშავისა ისე, რომ ჯერ წინასწარ სამხედრო წესები გამოცხადდეს და შემდეგ უკვე განსაზღვრულ წესის მიხედვით გადაეცეს დამნაშავე სამხედრო სასამართლოს. წინად მომქმედ კანონის ძალით ასე იყო მართლაც იმ ადგილებში, რომლებიც არ წარმოადგენდენ სამხედრო ველს, ან ფრონტს, ჯერ უნდა გამოცხადებულიყო სამხედრო წესები და შემდეგ ამ კანონითვე განსაზღვრულ წესით, შეიძლებოდა დამნაშავის სამხედრო სასამართლოში მიცემა. მაგრამ ბატონმა გვაზავამ უნდა იცოდეს, რომ ეს წესები, და სხვა საგანგებო წესებიც, რომელიც არსებობდა რუსეთში დროებითმა მთავრობამ გააუქმა, ეს წესები ჩვენ არ გვაქს. რასაკვირველია, ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ, მაგრამ შეუფერებელი იქნებოდა დღევანდელ მდგომარეობისათვის, რადგან სასურველ სისწრაფით გასამართლება მაინც არ მოხერხდებოდა: მთელი რესპუბლიკის სამხედრო წესზე დაყენება მეტად შეაწუხებდა ხალხს, ხოლო ასეთ წესების გამოცხადება, რომელიმე ცალკე კუთხეში შეუძლებელი იქნებოდა ხშირად იმის გამო, რომ, როგორც დავინახეთ უკანასკნელ ამბოხებიდან, გამოსვლები ხდება სხვა და სხვა კუთხეებში ერთი მეორეზე.

წარმოვიდგინოთ, მაგალითად, რომ სადმე იფეთქა ამბოხებამ. ამ შემთხვევაში ამ კუთხიდან უნდა შეატყობინონ ეს მთავრობას; მთავრობამ უნდა შეატყობინოს სამხედრო სამინისტროს და სამხედრო სამინისტრომ კი უნდა დააწესოს სამხედრო წესები და ამის შემდეგ სამხედრო სასამართლო ამა თუ იმ ადგილას. ეს შეიძლება გაგრძელდეს ერთი, ორი კვირა კი არა, არამედ თვეებიც, მაშინ, როდესაც დღევანდელ პირობებში ამას არ ითმენს საქმე. ამიტომ ჩვენ ამ წესებს გვერდი უნდა აუხვიოთ იმ მიზნით, რომ საქმეები განხილვისა დაჩქარდეს. მე სრულიად დაუშვებლად მიმაჩნია გვაზავას განცხადება, თითქმის ვიღაცა ცდილობს რაღაც კონდრაბანდის წესით გაატაროს. პროექტში ნათქვამია, რომ სასამართლო უნდა მოეწყოს იმ წესით, რომელიც აღნიშნულია სამხედრო საგანგებო სასამართლოს დებულებაში, რომელიც პარლამენტმა მიიღო შარშან და რომელიც გამოქვეყნებული იყო სათანადო ოფიციალურ ორგანოებში. დამფუძნებელ კრების წევრმა ბ. გვაზავამ, რომელიც იყო აგრეთვე პარლამენტის წევრიც, უნდა იცოდეს თუ რა ხდება საკანონმდებლო სფეროში. მას შეუძლია, რასაკვირველია, სთქვას არ ვიცოდი, დამავიწყდაო, მაგრამ ისეთი დასკვნის გამოტანა, რომ თითქოს კონდრაბანდის წესით გვინდა რაღაცის გატარება არ არის საკადრისი. როგორც გვაზავამ ისე დადიანმა წამოაყენეს შენიშვნა, რომ სიტყვა „სასწრაფოდ“ არ არის იურიდიული გამოხატვა აზრისაო. ამის შესახებ ბატონმა გიორგაძემ უკვე მოგახსენათ, რომ იმ წესში, რომელიც განსაზღვრულია საგანგებო სამხედრო სასამართლოს დებულებაში, არის აღნიშნული ვადაც. ამ წესით ხდება გასამართლება ისეთ დამნაშავის, რომლის შესახებ სასამართლოს აქვს უტყუარი, დანაშაულის დამადასტურებელი საბუთები, ასეთი საქმის გამოძიება უნდა მოხდეს 24 საათში. თუ კი ეს სასამართლო იცნობს, რომ საჭიროა ამ საქმის კიდევ გამოძიება, მაშინ ეს საქმე მიდის საერთო გზით და აღარ ექვემდებარება საგანგებო სასამართლოს. ამ ფარგლებში ამბობს დეკრეტი: რაც შეიძლება სასწრაფოდო (გვაზავა: არ ამბობს?) რაც შეეხება დადიანის შენიშვნას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს რაზმი, უნდა მოგახსენოთ, რომ სიტყვა რაზმი მოყვანილია არა, როგორც ტერმინი, რომელიმე ცალკე ნაწილის აღსანიშნავად, არამედ ის აღნიშნავს საერთოდ ნაწილს, იქნება იგი შემდგარი 20, 40 და მეტი კაცისაგან. აქ ვგულისხმობთ მხოლოდ ადგილობრივ მომქმედ რაზმს, რომელიც ადგილობრივ იქნება დაბანაკებული ან საგანგებოდ გაგზავნილი. ასეთ რაზმის უფროსს უფლება ექნება მოახდინოს განკარგულება და მოაწყოს სამხედრო სასამართლო და სასწრაფოდ მოახდინოს დამნაშავის გასამართლება. ამიტომ ეს შენიშვნაც არ მიმაჩნია საჭიროდ.

თავმჯდომარე. კამათი დასრულებულია. შემოვიდა ორი წინადადება: ერთი სოც.-დემ. რომელიც მოითხოვს დეკრეტის მუხლობრივ განხილვას და მეორე სოც.-ფედ. რომელიც მოითხოვს დეკრეტის კომისიაში უკანვე გადაცემას. მე კენჭს უყრი ამ წინადადებებს. ჯერ უყრი კენჭს უფრო რადიკალურს სოც.-ფედ. წინადადებას. ვინ არის მომხრე ამ წინადადების? ვინ არის წინააღმდეგი? მეორე სოც.-დემ. წინადადების მომხრე ვინც ხართ გთხოვთ აწიოთ ხელი. ვინა ხართ წინააღმდეგი? უმეტესობა მომხრეა დეკრეტის მუხლობრივ განხილვისა. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

ს. ჯაფარიძე. (ს.-დ.) შინაგან საქმეთა მინისტრი სთხოვს დამფუძნებელ კრებას გადასდოს მის განკარგულებაში ანარქიასთან საბრძოლველათ 10 მილიონი მანეთი. მე თავს არ შეგაწუხებთ ვრცელი მოხსენებით, რომლითაც მტკიცდება ამ თანხის გადადების აუცილებლობა, ვინაიდან თქვენთვის ეს ნათელია. თქვენ კარგად მოგეხსენებათ თუ რა დიდ ფულს ხარჯავენ მოწინააღმდეგენი თავის მიზნის განსახორციელებლათ. საჭიროა ჰქონდეს, მთავრობას საშუალება აწარმოვოს მათ წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მიზნით ჩვენ თანახმა ვართ, რომ ეს დეკრეტი მიღებულ იქნეს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მთვრობის წარმომადგენელს.

ბ. ნოე რამიშვილი, შანაგან საქმეთა მინისტრი. მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! დამფუძნებელი კრების ერთ-ერთი წინა სხდომაზე ის გამოსვლები, რომლითაც ადგილი ჰქონდათ რესპუბლიკის სხვა და სხვა ადგილებში, აქ ოპერეტათ მონათლეს, დღეს თქვენთვის აშკარაა, რომ ჩვენ საქმე გვქონდა მეტის-მეტს სერიოზულ განზრახვასთან და რომ მართალი იყო მთავრობა, რომელიც თქვენ გთხოვდათ დასტურს იმ არაჩვეულებრივ ზომებზე, რომელიც ჩვენ მივიღეთ და რომლის მიღება ჩვენ შემდეგშიაც განვაგრძნობთ, მას შემდეგ ჩვენ გვაქვს ახალი საბუთები, რომელიც ამასვე ადასტურებს.

თქვენ მოგახსენებთ, რომ უკანასკნელ ხანში კვლავ სცადეს რესპუბლიკის მტრებმა ახალი გამოსვლის მოხდენა და მე მთავრობის სახელით აუცილებელ საჭიროთ მიმაჩნია საქმის ვითარება მოკლეთ დამფუძნებელ კრებას გავაცნო. 9 ნოემბერის დილით, სოფ. ახალქალაქში და მეჯვრისხევში გორის-მაზრის შეთქმულების მონაწილეებმა დაატუსაღეს ადგილობრივი ადმინისტრაცია და სათემო თვითმმართველობის წევრნი. სოფ. მეჯვრისხევში გარდა ამისა დატუსაღებული იქნა ადგილობრივი მილიციის უფროსი. სახალხო გვარდიისა და სამაზრო ადმინისტრაციის მიერ მიღებულ ზომებით რამოდენიმე საათის შემდეგ მეამბოხენი შეპყრობილი იქნენ და აღდგენილ იქნა სრული წესრიგი.

ჩვენ მოვალეთ ვრაცხთ თავს განვაცხადოთ, რომ ამ მონაწილეთა შორის უმთავრეს როლს თამაშობენ ადგალობრივი სამიკიტნოების პატრონები, (კედია ადგილიდან: საინტერესოა ვიცოდეთ „ეროვნება“) რომელნიც წინათ თავის თავს დაშნაკცუტუნის პარტიის წევრებად რიცხავდენ.

გარდა ამისა ამ ამბოხებაში, თუ ასეთად შეიძლება ჩაითვალოს ეს გამოსვლა, მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ამას ადასტურებს გორის სამაზრო ადმინისტრაცია და სახალხო გვარდიის შტაბი, ადგილობრივი ქურდ-ბაცაცები.

შეპყრობილია სულ 40 კაცი. ისინი გადაეცემიან სასამართლოს თანახმათ იმ წესებისა, რომელიც დღეს შეიმუშავა დამფუძნებელმა კრებამ.

შემდეგ გურიაში, რამოდენიმე სოფელში ჰქონდა ადგილი ასეთივე გამოსვლებს. ლანჩხუთში სწორედ ამავე დღეს დილით 3 საათზე ბოლშევიკებმა ხელთ იგდეს ყველა საზოგადოებრივი და მთავრობის დაწესებულებანი, დაწყვიტეს ტელეგრაფის მავთულები და დაატყვევეს ქალაქის საბჭოს ხმოსან წილოსანი. სასწრაფო ზომებით, რომელიც ადგილობრივმა სახალხო გვარდიის შტაბმა მიიღო რამოდენიმე საათის შემდეგ შეპყრობილ იქნენ მეამბოხენი, რიცხვით 100 კაცი. ამ შეტაკების დროს მოკლულ იქნა ერთი გვარდიელი. მეამბოხეთა უმრავლესობას წარმოადგენენ გურიის, სხვა და სხვა რაიონებიდან გამოწვეულნი ბნელი პირები უმთაურესად ისეთები, რომლებიც ცნობილნი არიან ყაჩაღებათ და ქურდ-ბაცაცებათ. ამავე დღეს დილის 5 ხუთ საათზე ბოლშევიკებმა ხელთ იგდეს სოფ. სუფსა და დაეპატრონენ ადგილობრივ დაწესებულებებს. იმავე დღეს ჯავშნიანმა მატარებელმა გვარდიის და მილიციის დახმარებით, აღადგინა სრული წესიერება. ამ შეტაკების დროს მოკლული იქნა 3 გვარდიელი, დატუსაღებულია 40 კაცი.

9 ნოემბერს ბრბომ ხელთ იგდო დ. ჩოხატაური, გამოაცხადა საბჭოთა მთავრობა და დაატუსაღა სახალხო გვარდიის შტაბის წევრი ჩიგოგიძე. მეამბოხეთა შორის თვალსაჩინო როლს თამაშობდა ცნობილი ყაჩაღი პაიჭაძე, მკვლელი ინგლისელი ექიმისა და აგრეთვე ცნობილი შანტაჟისტი ყაჩაღი გ. ძნელაძე. დღე ნახევრის შემდეგ იქ წესიერება იქნა აღდგენილი. ამ ჟამათ მეამბოხებს სდევნის სახალხო გვარდია და ადგილობრივი ხალხი, რომელმაც ენერგიული მონაწილეობა მიიღო ამ ამბოხების ჩაქრობაში. მეამბოხეთ დასტოვეს დიდი ძალი თოფი, რამოდენიმე ტყვიის მფრქვეველი და პატრონები. (ლ. შენგელაია: საიდან მოიტანეს?) საიდან მოატანეს! შენგელაიას მოეხსენება, რომ სხვა და სხვა ადგილას ხალხს იარაღი აქვთ ხელთ, გარდა ამისა თვითონ ბალშევიკებს აქვთ დიდძალი თანხა.

მე საჭიროთ მიმაჩნია განვაცხადო, რომ ხალხს არც ერთ ადგილას, სადაც გამოსვლები მოხდა, არა თუ არ მიუღია რაიმე მონაწილეობა, არამედ განსაკუთრებით გურიაში საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეთაურობით ხალხის ფართე მასამ მიიღო აქტიური მონაწილეობა ამ აბოხების ჩაქრობაში.

ჩვენ საჭიროთ მიგვაჩნია განვაცხადოთ შემდეგი: უკვე სავსებით გამოაშკარავდა ხასიათი ამ მოძრაობისა და ის, რაც აქ დამფუძნებელი კრების ერთმა წევრმა განაცხადა, სიმართლეს არ შეეფერება. ხასიათი იმ მოძრაობისა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ არის გარკვეული. ეს არის ადგილობრივ კავკასიის საოლქო კომიტეტის ბალშევიკური პარტიის ორგანოს დადგენილება და მისი ელფერი წმინდა ბოლშევიკურია. რასაკვირველია ამ მოძრაობაში მონაწილეობას იღებენ ბნელი ელამენტები, მათ შორის ბევრია ყაჩაღები, ქურდ-ბაცაცები და დენიკინლებიც, მაგრამ ეს გარემოება ხასიათს ამ მოძრაობისას არ სცვლის, არამედ ჩვენს წინაშე მთელი სიგძე-სიგანით ააშკარავეს სახეს იმ პარტიისას, რომელიც არ ერიდება არავითარ სამარცხვინო საშვალებას და რომელიც ისახავს თავის მიზნათ დემოკრატიული წყობილების დამხობას.

თქვენ იცით, მოქალაქენო, რომ ჩვენ რამოდენიმე ადგილას ამ უკანასკნელ დღეებშიც შევძელით ამ გამოსვლების თავიდან აცილება.

იმ ზომებმა, რომელიც მიღებული იქნა სხვა და სხვა ადგილებში თავიდან აგვაცილა რამოდენიმე გამოსვლა და სწორედ ეს გვაძლევს საბუთს ვიფიქროთ, რომ მდგომარეობა ამ მხრით დღითი-დღე უმჯობესდება. თუ ის სასტიკი ზომები, რომელიც დაადასტურა დამფუძნებელმა კრებამ გატარებული იქნება ცხოვრებაში მთავრობის მიერ, ჩვენ კი მთელი ჩვენი ძალღონით შევეცდებით მის განხორციელებას, არ გვაქვს საბუთი ვიფიქროთ, რომ რაიმე ძალა შესძლებს დემოკრატიის წინაღმდეგ სერიოზული გამოსვლის მოწყობას და ამის საბუთი შემდეგში მდგომარეობს: ჩვენ თამამად შეგვიძლია ვსთქვათ, რომ იმ ადგილებში, სადაც შევძელით გამოსვლების თავიდან აცილება ეს მოხდა იმიტომ, რომ უმთავრესი ნაბიჯები მეამბოხეთა მთავარ შტაბისა ვიცოდით და დარწმუნებული ვართ, რომ შემდეგშიც მათი უმთავრესი ნაბიჯები გვეცოდინება. ალბათ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ უკანასკნელი განცხადების და იმ ზომების გამო, რომელიც მთავრობამ მიიღო თვით მეამბოხეთა საოლქო კომიტეტში ირჩეოდა ასეთი საკითხი: ვინ არიან ის გამცემნი ჩვენს შორის, რომელიც ასეთ ცნობებს აწდვიან ჩვენს მოწინააღმდეგე ბანაკსო.

ჩვენ არავითარი ისეთი ზომებისთვის არ მიგვიმართავს, რომელიც მიუღებელი არის დემოკრატიული წყობილებისთვის, მაგრამ ჩვენ ვიცოდით უმთავრესი რაც ხდება იმ მთავარ შტაბში და მე იმედი მაქვს, რომ შემდეგშიც ასე იქნება (ნიკოლაძე: რა საჭიროა ამის თქმა!) ამას აქვს თავისი საბუთი.

შემდეგმა გამოსვლებმა ერთი რამ აშკარად დაგვანახვეს ჩვენ: ეს ის, რომ ხალხი წინააღმდეგი არის ასეთი ავანტიურისტიული გამოსვლებისა. მე აქ ვსთქვი, რომ არავითარი მონაწილეობა იმ გამოსვლებში ხალხის ფართე მასას არ მიუღია და სწორედ ამით აიხსნება სწრაფი ლიკვიდაცია იმ გამოსვლებისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა. და ეს აიხსნება არა მარტო იმ ზომებით, რომელსაც მთავრობა მიმართავდა, არამედ აიხსნება ერთ უდიდესი გარემოებით. ამ გამოსვლების მიზანი ჩვენში ერთად ერთია: მართალია, რომ შტაბი მეამბოხეთა ბოლშევიკური საოლქო კომიტეტის აცხადებს, რომ ის წინააღმდეგია ჯარში წასვლისა, წინააღმდეგია რომ ხალხმა რაიმე გადასახადი გადაიხადოს, მაგრამ იმავე დროს ყველა მათი გამოსვლები მიმართულია იქეთკენ, რომ გამოიწვიონ ახალი ომი და, რომ ეს ასე იყო ამას ამტკიცებს ის, რომ ბალშევიკების მთავარი კომიტეტის მიერ მოწვეული კრებაზე იყო დასმული საკითხი იმის შესახებ, რომ მის შემდეგ როცა ჩვენ დავამხობთ იმ მთავრობას, რომელიც არსებობს, ჯარი უნდა დარჩეს თავის ადგილას, ვინაიდან ჯარი, საჭიროა დენიკინის წინააღმდეგ გასალაშქრებლათო. მაშასადამე ეს პროვოკაციული მოღვაწეობა მიმართულია იქითკენ, რომ ჩაითრიონ ჯარი და ბნელი ელემენტები მოძრაობაში, ხოლო შემდეგ შექმნან ისეთი მდგომარეობა, რომ როგორც ჯარი, ისე ხალხი ჩააბან ისეთ მძიმე ომში, რომელსაც ვერც ერთი კუთხე ჩვენი ქვეყნისა ვერ აიტანს. მით უმეტეს ისეთი კუთხე, რომელიც უკიდურეს მდგომარეობაში არის ჩავარდნილი, ხელოვნურად ჩააბან ხალხი რუსეთის სამოქალაქო ომში, რომელსაც სრულებით არ მოითხოვს ჩვენი ხალხის სასიცოცხლო ინტერესები. ხალხი ამას გრძნობს, შეიძლება ეს ხდებოდეს ინსტიქტიურათ. ჩვენი ჯარიც გრძნობს ამას და ეს კარგათ შეგნებული აქვს სახალხო გვარდიას და რასაკვირველია, ასეთ პირობებში არ არის არავითარი საბუთი ვიფიქროთ, რომ მართლაც გამოსვლებს ჰქონდათ რაიმე სერიოზული საფუძველი და სარჩული, ხოლო ცდას ალბათ შემდეგშიაც ექნება ადგილი, არა ერთხელ შეეცდებიან ასეთი გამოსვლები მოახდინონ. მაგრამ მის შემდეგ, რაც ეს გამოსვლები მოხდა და იქნა ჩაფუშული ადგილობრივი საშვალებებით, იმედი გვაქვს ვიფიქროთ, რომ, როგორც სამხედრო პირნი იტყვიან, არა მარტო ჩვენის აზრით, არამედ მოპირდაპირის აზრითაც ბრძოლის შედეგი მათ საწინაღმდეგოთ უკვე გამორკვეულია და არ გვაქვს საბუთი ვიფიქროთ, რომ უკეთესი მდგომარეობა იქნება მათთვის შემდეგში. არავითარი ისეთი გამოსვლას ადგილი არ ექნება, რომელიც მართლაც სერიოზულ საფრთხეს განუმზადებს ჩვენს რესპუბლიკას. ხოლო ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია ერთი განვაცხადოთ: ისინი შეიარაღებულნი არიან არა მარტო იარაღით, თქვენ კარგათ იცით, რომ ისინი შეიარაღებულნი არიან ყველაზე უფრო ძლიერი იარაღით, ეს არის დიდძალი თანხა, მთავრობისათვის ასეთ პირობებში საჭირო არის ჰქონდეს თანხა ამ ანარქიულ გამოსვლების ჩასაქრობლათ, და მე დარწმუნებული ვარ, რომ დაადასტურებს იმ საკანონმდებლო განზრახვას, რომელიც მას წარმოუდგინეს და მოგვცემს საშუალებას ჩავაქროთ ის გამოსვლები, რომელიც შემდეგშიაც შეიძლება მოსალოდნელი იყო და, რომლის გამარჯვებას თუ ასეთი ზომები იქნება მიღებული, არავითარი შანსი აღარ ექნება. (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ი. ნუცუბიძეს.

ი. ნუცუბიძე (ს.-რ.) ჩვენი ფრაქციის სახელით უნდა განვაცხადო, რომ ჩვენში უეჭველად არის ანარქია, აუცილებელია მის წინააღმდეგ აქტიური, სასტიკი ბრძოლა და ამ ბრძოლისათვის, მაშასადამე, საჭიროა შესაფერი თანხა. მაგრამ ჩვენ არა ვართ დარწმუნებულნი, რომ ეს თანხა დანიშნულებისამებრ დაიხარჯება. (არსენიძე ადგილიდან: რა საბუთი გაქვთ ამისი?) ის, რომ ჩვენ რამდენჯერმე მოვითხოვეთ ანგარიშები და არ მოგვცეს. ამიტომ საბუთი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ამ შემთხვევაშიც ასე იქნება და მოგვეცით უფლება თავი შევიკავოთ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს, ბ. ჯაფარიძეს.

ჯაფარიძე. სოც.-რევოლიუციონერთა ფრაქცია, ყოველთვის, როცა შემოდის კრედიტის საკითხი, ან თავს იკავებს, ან წინააღმდეგია. მე მგონია, რომ კრედიტის ხმის არ მიცემის საბუთად ვერ გამოდგება ის მოსაზრება, რომ მთავრობა თითქოს თავის ხარჯების ანგარიშს არ იძლევა.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის სურს. ვინ არის მუხლობრივ განხილვის წინააღმდეგ? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

ჯაფარიძე. (კითხულობს. დეკრეტი მუხლობრივ მიღებულია და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

დეკრეტი სახაზინო და კახეთის რკინის გზებზე ახალი ტარიფის შემოღებისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ი. ჭავჭანიძეს.

ი. ჭავჭანიძე (ს.-დემ.) მოქალაქენო! მას შემდეგ, რაც უკანასკნელად იქნა გადიდებული რკინის გზის ტარიფი, ცხოვრება საგრძნობლად გაძვირდა და აგრეთვე გაძვირდა ის მასალაც, რომელიც აუცილებლად საჭირო არის რკინის გზაზე წესიერი მოძრაობისათვისა.

თქვენ მოგეხსენებათ, რომ რკინის გზის შესახებ ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება ადერბეიჯანის მთავრობასთან. ამ ხელშეკრულობაში არის, სხვათა შორის, შეთანხმება ტარიფის შესახებ; ტარიფი ჩვენსა და ადერბეიჯანის რკინის გზაზე ერთი და იგივე უნდა იყოს. ჩვენმა და ადერბეიჯანის მთავრობამ შეთანხმებით შეიმუშავეს ახალი ტარიფი. და აი, აქ წარმოდგენილ დეკრეტს აქვს მიზნად დასახული არა მარტო ტარიფის გადიდება, არამედ ზოგიერთ უსიამოვნობის თავიდან აცილება, რომელნიც თან ახლდა ძველ ტარიფს.

თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მატარებელზე იყო შემოღებული საპლაცკარტო გადასახადი, ყოველ მგზავრს ეს პლაცკარტი უნდა ეყიდა. ეს დიდს უსიამოვნებას ბადებდა. ამას ამტკიცებს ეს მაგალითი: მცხეთამდე ტფილისიდან ბილეთი ღირდა 3 მან.; სამხედრო და წითელი ჯვრის სასარგებლო გადასახადი - 75 კ., ასე რომ სულ ბილეთის ფასი იყო - 3 მ. 75 კ., ხოლო პლაცკარტი მე-3 კლასის პირველი ¹-ის მატარებლის - 20 მ. ამნაირად მგზავრი ტფილისიდან მცხეთამდე იხდიდა 23 მ. 75 კ. 3 მ. 75 კ. მაგიერ. მესამე კლასით მიმავალი მგზავრი პლაცკარტის ფასს იხდიდა 20 მანეთს, როგორც მცხეთამდე, ისე ბათუმამდე. აი, სწორედ ეს არღვევდა იმ პრინციპს, რომ, რამდენადაც მეტია მანძილი, იმდენად დიდია ბილეთის ფასი. ხოლო ეს იყო არანორმალური მოვლენა. ტარიფი, რომლის შესახებაც აქ დეკრეტი არის წარმოდგენილი, ამ არანორმალურ მოვლენას თავიდან ააცილებს რკინის გზას და ჩააყენებს მას ნორმალურ კალაპოტში.

იყო კიდევ არანორმალური მოვლენა იმ დროს, როცა მგზავრს უნდოდა მესამე კლასის მაგიერ მეორეთი წასვლა და, მაშასადამე, მესამე კლასიდან მეორეში გადასვლა. ის ყიდულობდა ამისთვის ნახევარს, ან ორ საბავშვო ბილეთს; ხოლო, თუ პირველ კლასში მოისურვებდა გადასვლას, ყიდულობდა დამატებით ერთს მესამე კლასის ბილეთს. მაგრამ მას შემდეგ, რაც მესამე კლასის ბილეთის ფასი გადიდდა 10-ჯერ, მეორესი - 12-ჯერ და პირველის - 15-ჯერ, ეს პროპორციაც დაირღვა...

ბოლოს უწყებამ შემოიღო წიგნაკები, მაგრამ ეს წესი ფულის ამკრეფთ აძლევდა შეძლებას ბოროტ-მოქმედება ჩაედინათ. აი, ყოველივე ეს უსიამოვნობა თავიდან უნდა ავიცილოთ და პროპორციაც აღვადგინოთ - ეს არის დეკრეტის მიზანი. შემდეგ, რასაც უწყება მიაქცევს ყურადღებას, ეს არის ფასის მთელ მანეთიანებად გარგვალება. ხურდა ფულის უქონლობის გამო, მოლარე არ უბრუნებდა მყიდველს ბილეთის ფასზე გადარჩენილ ხურდას და ამით მას უჩნდებოდა უკანონო შემოსავალი, რომელიც ხშირად საგრძნობელ თანხას შეადგენდა. ამიტომ უწყება წინადადებას იძლევა გამორგვალებული იქნეს მანეთიანი. როდესაც ბილეთის ფასში ხურდა 50 კაპ. აღემატება, ეს მანეთად შესრულდეს, ხოლო, თუ 50 კაპ. ნაკლებია, ის შეიკვეცოს სრულიად. რკინის გზის ბილეთებზე იყო წინად შემოღებული გადასახადი წითელი ჯვრის სასარგებლოდ: III კლ. - 5 შაური, II კლ. - 1 მ. და I. კლ. - 11/2 მ. ეხლა უწყება წინადადებას იძლევა ეს გადასახადი გაყიდულ ბილეთებზე მოსპობილი იქნეს, ხოლო რკინის გზამ აძლიოს წითელ ჯვარს განსაზღვრული პროცენტები; ამნაირად წითელი ჯვარიც არაფერს დაჰკარგავს და რკინის გზასაც საქმე გაუადვილდება. რაც შეეხება სამხედრო გადასახადს, იგი თავის თავად მოსპობილია. ამ ტარიფით უქმდება აგრეთვე დიდი სისწრაფის საბარგო მატარებელი. აი, ის ცვლილება, რომელიც შეტანილ იქმნეს დეკრეტის ძალით. აღებულია ის ფასი, რომელიც იყო 1917 წ. 11 ივნისს და გადიდებულია 25-ჯერ სამგზავრო მატარებელზე. ხოლო საბარგოზე გადიდებულია დიდი სისწრაფის - 40 ჯერ, ნელის 32-ჯერ. ამნაირად მცხეთამდე, მაგალითად, სამგზავრო ბილეთის ფასი იქნება ნაცვლად წინანდელისა - 7. 50 კ. ყველა მატარებელზე იყო პლაცკარტი. იყო ერთი მატარებელი, რომელზედაც პლაცკარტი ღირდა 5 მ. ამ მატარებელზედაც ფასი იყო - 8. 75 კ. ახლა კი იქნება 75 მ. რამდენად დიდია მანძილი, იმის მიხედვით იზრდება ტარიფიც. მაგრამ უფრო სწორე იქნება ამას ეწოდოს არა ტარიფის გადიდება, არამედ ტარიფის რეფორმა. რაიცა შეეხება საბარგო ტარიფს, ის წინადაც იყო გადიდებული 24-ჯერ. ახლა კი გადიდდა 32-ჯერ. ეს საგრძნობელ შემოსავალს იძლევა. ამ ჟამად ხაზინას ემატება თვიურად 400 000 მანეთი.

უნდა მოგახსენოთ აგრეთვე, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ტარიფი ძველი რჩება. მაგალითად ბორჯომის წყალზე, რომელიც ამ ბოლო ხანებში გაძვირდა და ბაზარსაც კარგავს, იმიტომაც კიდევ, რომ ის სამკურნალო წყალია. ძველი, ტარიფი რჩება ხე-ტყეზედაც, შეშაზე, მარილზე, თევზზე, პატივზე. აგრეთვე ძველი ტარიფი რჩება ჟურნალ-გაზეთებზე და წიგნებზე, რომელიც ჩვენი რესპუბლიკის ფარგლებში იქნება გადაგზავნილი.

აი, მთელი შინაარსი და დედა-აზრი იმ დეკრეტისა, რომელიც უწყებამ წარმოადგინა თქვენდა საყურადღებოდ.

ტარიფის გადიდების შესახებ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბატონ სამსონ დადიანს.

დადიანი (ს.-ფ.) ბა-ბო! დამფუძნებელ კრების წევრთა ყურადღებას მივაქცევ იმ გარემოებას, რომ აქ ერთნაირი თავის მოტყუილება გამოდის. ამ კანონის ავტორთ ჰგონიათ, ვითომც თუ ტარიფი გაძვირდა, გაძვირდა მისვლა-მოსვლა, გადატანა-გადმოტანა საქონლისა, ამით ხაზინას დიდი შემოსავალი შემოუვიდეს. სინამდვილეში საბოლოოდ ეს ასე არ გამოდის, თუმცა ფაქტიურად კი შეიძლება მართლაც, რომ 400 000 მან. შემოუვიდეს ზედმეტი ხაზინას. ხაზინაში ეს ზედმეტი შემოვა, მაგრამ ამ საკითხის მეორე მხარეს, რომ მივაქციოთ ყურადღება, შესაძლებელია ხაზინამ უფრო იზარალოს, ვიდრე მოგება მიიღოს. ეს მეორე მხარე იმაში გამოიხატება, რომ როგორც კი ასწევთ ფასებს რკინის გზებზე, მაშინვე აიწევს ფასები იმ სანოვაგეზე, რომელიც სოფლიდან ქალაქში შემოდის და ქალაქიდან კიდევ სოფელში გადის. ეს კანონია თანამედროვე ბურჟუაზიული წესწყობილებისა. რამდენადაც მეტი ხარჯები მოუვა გამყიდველს, იმდენად გაძვირდება საქონელი და ამით კი იჩაგრება მომხმარებელი. იმავე დღეს, როცა ტარიფმა აიწია, ამას წინად, ყველა სურსათ-სანოვაგეზე აიწია ფასებმა. თუ სურსათ-სანოვაგეზე ფასები აიწევს, ეს უფრო გაამწვავებს მდგომარეობას. ამის წინააღმდეგ ჯამაგირების მომატებით ბრძოლა შეუძლებელია. ჩვენ ხშირად მივმართავთ ხოლმე ასეთ პალიატიურ ზომებს, რომ მუშებს და მოსამსახურეებს ჯამაგირებს უმატებთ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ჯამაგირების მომატებას არაფერი სარგებლობა არ მოაქვს. ერთი თვის შემდეგ მოსამსახურენი ისევ უმწეო მდგომარეობაში ჩავარდებიან, იმიტომ, რომ ყოვლად შეუძლებელია ჯამაგირი მისწვდეს საერთოდ ფასებს, და ამ ტარიფის აწევით ხომ ისევ აუცილებლად ყველაფერზე აიწევს ეს ფასები.

აქ ჩამოსთვალეს ის საქონელი, რომელზედაც ტარიფი ძველი რჩება მაგ.; ხე-ტყე, ბორჯომის წყალი და სხვა. გარწმუნებთ, რომ ბორჯომის წყალზე უფრო ადვილად შეურიგდებოდით, რომ იქნეს მომატებული ფასები, ვიდრე ფქვილზე, კარტოფილზე და სხვა სანოვაგეზე. (რუსია: რამდენი კაპეიკი არის მომატებული აბა თქვით?) როდესაც ჩვენ წინად მოუმატეთ 22%25 ტარიფს, მაშინ თქვენ კარგად იცით, თუ როგორ აიწია სანოვაგეზე ფასებმა. აქ შეიძლება კაპეიკები ემატებოდეს, მაგრამ საერთოთ ამის მიზეზებით სანოვაგის ფასები მანეთობით იწევს. ეს თითქოს პირდაპირი კანონია ცხოვრებისა, რაც ჩვენმა სინამდვილემ მრავალ გზით დაგვიმტკიცა.

მე თქვენ გარწმუნებთ, რომ ერთი კვირის შემდეგ დაინახავთ თქვენ ჩემი სიტყვების სიმართლეს, როდესაც პურზე და სხვა სანოვაგეზე ფასები აიწევს. თქვენ ხომ გამოეცით კანონი იმის წინააღმდეგ, რომ ფასები ასეთს შემთხვევებში არავინ ასწიოს, მაგრამ მგონი დღეს თქვენც დარწმუნდით, რომ ეს კანონი გამოუსადეგარი გამოდგა და ცხოვრებაში განუხორციელებელი. და არცა გაქვთ რაიმე საშუალება, რომ ტარიფის გაძვირებით არ ისარგებლონ ვაჭრებმა და არ გააძვირონ ამავე დროს სურსათ-სანოვაგე და საერთოდ საქონელი. ერთი მხრით ეს ასეც უნდა მოხდეს, ვინაიდგან გადიდებული ტარიფი სანოვაგის ფასებს დააწვება. ამიტომ ჩვენი ფრაქციის აზრით არ არის სასურველი ტარიფის მომატება.

მაგრამ თქვენ იტყვით: მაშ რა უყოთ იმ დეფიციტს, რომელიც რკინის გზას აქვსო. უნდა მოგახსენოთ, რომ ასეთ საერთო უმწეო მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად, იმის შესახებ თუ რა ეშველება გაძვირების შენელებას და სხ. ამის შესახებ მთელი გეგმები იყო წარმოდგენილი ჩვენი ფრაქციის მიერ. წარსულ კვირაში მოისმინეთ თქვენ ჩვენი შეხედულებანი იმაზე, თუ რა ზომებს უნდა მივმართოთ, რომ შევანელოთ ეკონომიური და ფინანსიური კრიზისი, მაგრამ ამის შესრულება თქვენ არ შეგიძლიათ და ასეთს იოლს საქმეს აკეთებთ და იმას ანგარიშს არ უწევთ, თუ რამდენად გამოსადეგია ეს ზომა. ყველა მოყვანილ მოსაზრების თანახმად ჩვენ ვერ დაუჭერთ მხარს ამ ტარიფის მომატებას, ჯერ-ჯერობით მაინც.

ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ არ იქნება განხორციელებული ის ზომები, რომელიც მიიღო დამფუძნებელმა კრებამ და რომელიც მიმართულია 50 მილიონიან ფონდის შესაქმნელად მუშების და მოსამსახურეების დასახმარებლად, მანამ, სანამ ამ ფონდის საშუალებით არ შემოვა სურსათი და სანოვაგე და არ იქნება განაწილებული ხალხში, მანამდის ამ ტარიფის მომატება ჩვენ სასურველად არ მიგვაჩნია.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის რკ. გზის უწყების წარმომადგენელს.

ჭიჭინაძე. პირველად ყოვლისა მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ გაკვირვებით მოვისმინე სოც.-ფედ. ფრაქციის განცხადება, იმის შემდეგ, რაც ამ ფრაქციის წარმომადგენელმა ყველაზე უფრო მედგრად დაიცვა გზათა კომისიაში ეს კანონ-პროექტი. ამის შემდეგ უნდა მოგახსენოთ, რომ საგზაო ტარიფს არ უმატებთ, ეს არის მხოლოდ რეფორმა ტარიფისა. თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ, როდესაც მოვხსნით პლაცკარტებს და ამასთანავე გვინდა მოვსპოთ სამხედრო გადასახადი, ეს 94%25-ით შეამცირებს ჯამს, რომელიც შემოდის სამგზავრო მიმოსვლისაგან, და ამის მაგივრად ჩვენ უმატებთ 100%25. ამ რიგად ნამდვილად მხოლოდ 6%25 ემატება და ლაპარაკია არსებითად მხოლოდ ამ 6%25-ზე. რაც შეეხება რეფორმის ხასიათს, ის მდგომარეობს იმაში, რომ ამ დეკრეტის ძალით ჩვენ აღვადგენთ სავერსტო ტარიფს, როგორც ეს არის შემოღებული ყველა დაწინაურებულ ქვეყნებში. ასე რომ ლაპარაკი იმაზე, რომ ტარიფს უმატებთო, ეს გაუგებრობაა. ტარიფს ვადიდებთ 32 ჯერ 1917 წლის ტარიფითან შედარებით. უნდა მოგახსენოთ, რომ თუ მივიღეთ მხედველობაში იმას, რომ რკინის გზის მიმოსვლისათვის არის საჭირო სხვა და სხვა მასალა, ისე როგორც ეს ესაჭიროება სხვა უცხო სახელმწიფოებს რკინის გზებს თვით რკინის გზის მიმოსვლით სარგებლობა არის ისეთივე საქონელი, როგორც სხვა საქონელია რესპუბლიკაში. ამას თუ გავითვალისწინებთ, მაშინ თავის თავად ცხადი იქნება, რომ შეუძლებელია მარტო ამ ერთ საქონელზედ, რესპუბლიკის რკინის გზებზე მოგზაურობისათვის დავტოვოთ შეღავათიანი ფასები, მაშინ, როდესაც სხვა საქონლის ფასები იზრდება.

ასეთია მდგომარეობა და დარწმუნებული ვარ, რომ იმ წარმომადგენელს ფრაქციისას, რომელიც აქ გამოვიდა, უფრო დაწვრილებით, რომ სცოდნოდა რკინის გზის საქმეები და ის, რაც გაიზიარა მათ ფრაქციის წარმომადგენელმა გზათა კომისიაში (დადიანი: ეს რა მოსატანია აქ?) ამ შემთხვევაში ის ასეთი განცხადებით არ გამოვიდოდა აქ.

უნდა განვიმეორო, რომ ყოველი მასალა, რომლითაც რკინის გზა სარგებლობს, ეს საქონელი ღირს 100 ჯერ მეტად, ვიდრე იყო მშვიდობიანობის დროს.

მე მგონია, რომ ეს ტარიფი არის საშვალება, რომელიც ქმნის შემოსავალს და რკინის გზის მუშაობის შესაძლებლობას და ამასთანავე მე მგონია, რომ კიდევაც მოვსპოთ ყოველგვარი გადასახადი სრულიად რკინის გზებზედ და უფასოდ გადავიტანოთ საქონელი, ეს არავითარ გავლენას არ იქონიებს საქონლის ფასებზე: გაძვირებაზე თუ გაიაფებაზე. ვინაიდან, მაგალითად ფუთი თამბაქოს გადატანა თფილისიდან ფოთამდის ჯდება ეხლა 5 მანეთი ახალი ტარიფით მოემატება სულ 5 მანეთს 9 კაპეიკი, და ეს 5 მანეთი, რომ მოსპოთ რა გავლენა უნდა იქონიოს ამან თამბაქოს გაიაფებაზე თუ გაძვირებაზე? 9 კაპეიკის მომატებამ ერთ გირვანქა პურზედ, როგორც ამას ეს ტარიფი შვება სასურსათო საკითხში? და სწორედ ამიტომ მიზეზი ამ გაძვირებისა და ფასების გადიდებისა, ჩვენ უთუოდ სხვაგან უნდა ვეძიოთ და არა ტარიფის უმნიშვნელო მომატებაში.

ამიტომ მაქვს პატივი უწყების სახელით გთხოვოთ უცვლელად იქმნეს მიღებული ეს დეკრეტი.

თავმჯდომარე. სიტყვის მსურველი არავინ არის. სიტყვა ეკუთვნის ბატონ მომხსენებელს.

ივანე ჭავჭანიძე. ბატონებო! ის აზრი, რომელიც გამოაქვეყნა ბატონმა დადიანმა სწორი არ არის. ტარიფის გაძვირება არ შეიძლება ჩაითვალოს საქონლის გაძვირების მიზეზად. დიდი ხანია, რაც ჩვენ არ გაგვიდიდებია ტარიფი, მაგრამ საქონლის ფასებმა საგრძნობლად აიწია. მიუმატებთ თუ არა ტარიფს, საქონელი მაინც ძვირდება და ამასთანავე ძვირდება რკინის გზის შენახვაც. და ჩვენ, რომ არ მიუმატოთ ტარიფს, ამისთვის პურის გამყიდველი იქნება თუ სხვა, იგი არ იფიქრებს იაფად გაყიდოს თავისი საქონელი, არ მოუმატოს მას ფასი.

ის ტარიფი, რომელიც წესდება ამ დეკრეტით, ასეთი დიდი არ არის, რომ გავლენა იქონიოს საქონლის გაძვირებაზე, როგორც აქ მოგახსენათ უწყების წარმომადგენელმა. დამფუძნებელ კრების წევრმა დადიანმა ბრძანა, რომ მე კიდევ შეურიგდებოდი ამ დეკრეტს, რომ პურზე, კარტოფილზე, ან საერთოდ სურსათ-სანოვაგეზე არ ყოფილიყო გადიდებული ტარიფიო. მაგრამ მე უნდა მოგახსენოთ, რომ დღეს ჩვენ რკინის გზაზე ბევრი ტრანზიტი გადის. ჩვენ რომ შეძლებული, მდიდარი სახელმწიფო ვიყვეთ, სრულიად უფასოდ გავატარებდით ამ ტრანზიტს, არ ავიღებდით არაფერს. მაგრამ ჩვენ რკინის გზას ამ საქონლის გადატან-გადმოტანით მოსდის ზიანი; საჭიროა, რომ ეს ზიანი მან აინაზღაუროს. დარწმუნებული უნდა ბრძანდებოდეთ, რომ ჩვენ რომ მდიდარი ვიყვეთ, დავეხმარებოდით მეზობლებს, სულ მოვსპობდით გადასახადს, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ჩვენ ღარიბი ვართ და არ შეგვიძლია გავანთავისუფლოთ ეს საქონელი გადასახადებისაგან, ვინაიდან ის არის ერთი წყარო რკინის გზის ზიანის ასანაზღაურებლად. რაც შეეხება დადიანის განცხადებას პირველ მოთხოვნილების საგნების შესახებ, ეს მიიღო კომისიამ მხედველობაში, რასაკვირველია, მაგალითად შეშაზე და სხვა საგნებზე დატოვა ძველი ტარიფი.

ვიმეორებ, ეს ყველაფერი მხედველობაში მიღებულია და პირველ მოთხოვნილების საგნებზე დატოვებულია ძველი ტარიფი.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობა დასრულებულია. გადავდივართ დეკრეტის მუხლობრივ განხილვაზე. გთხოვთ წაიკითხოთ.

ჭავჭანიძე. (კითხულობს დეკრეტს მუხლობრივ. დეკრეტი მცირედი შესწორებით მიღებულია):

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხია: -

სოც.-დემ. ფრაქციის წინადადება დამფუძ. კრების საპროპაგანდო კომისიის არჩევის შესახებ.

სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს რ. არსენიძეს.

რ. არსენიძე (ს.-დ.) მართალია ყველა იმ სოციალურ არა სასიამვნო მოვლენას, რომელსაც ამ უკანასკნელ დროს ჰქონდა ადგილი, ჩვენ დღეს დავადგინეთ ვებრძოლოთ რეპრესიებით, მაგრამ დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, დემოკრატიული დამფუძნებელი კრებისათვის ეს არც საკმარისია და არც არის ერთად-ერთი უმთავრესი ზომა. დემოკრატია იარაღს მიმართავს მხოლოდ მაშინ, როცა მის წინააღმდეგ იარაღს აღმართავენ. დემოკრატიული წრეებისათვის, ხალხის ფართე მასისათვის, მისი უმეტესობისათვის უპირველეს ყოვლისა, უმთავრესი მნიშვნელობა აქვს თვით დემოკრატიული იდეების განმტკიცებას, გააღრმავებას და მასში (დემოკრატიაში) შეგნების შეტანას და მე მგონია, რომ დამფუძნებელი კრების მოვალეობას შეადგენს მიაწოდოს ხალხს ყოველგვარი ცნობები თავის ნამუშევარზე, ნამოქმედარზე, არა მარტო პარტიების საშუალებათ, რომელნიც უფრო პარტიულ ბრძოლას აწარმოებენ, არამედ თვით დამფუძნებელი კრების, როგორც ასეთს სახელით.

ჩვენ მოვალენი ვართ, რომ ყველა იმ არევ-დარევის გამო, რომელსაც სოფელში აქვს ადგილი, იმ ათასგვარ ჭორს და პროვოკაციას დაუპირდაპიროთ ხმა სინამდვილისა, იმ შეუგნებელ მცხოვრებლებს, რომლებიც შეცდომაში შეყავთ სხვა ბნელ ელემენტებს. მივაწოდოთ ნამდვილი და ნათელი შეხედულება ჩვენს დღევანდელ მდგომარეობაზე, ჩვენს მუშაობაზე, დემოკრატიული რესპუბლიკისა და მის მთავრობაზე.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ განმარტებას ბევრათ უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება ხალხის დამშვიდებისა და წესიერების დამყარებისათვის, ვინემ ხიშტებს და ზარბაზნების გრიალს, ვინაიდან ასეთი მუშაობა განამტკიცებს დამფუძნებლი კრების იდეას, მის ნამოქმედარს, ნამუშევარს და მტკიცე საფუძველს ჩაუყრის ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლათ და მოუსპობს ნიადაგს ანარქიასა და გამოსვლებსა.

შეიძლება დღეს ასეთ მუშაობას ეწევა თვითეული დამფ. კრების წევრი ცალ-ცალკე, მაგრამ ასეთ მუშაობას აქვს ხასიათი ერთმანეთთან დავისა და ბრძოლისა, ის არ არის მთლიანი შეხედულება დამფ. კრების, რომლის გარშემო ტრიალებს მისი მუშაობა. ეს მთავარი ხაზი მუშაობისა, ეს უმთავრესი ღერძი მოქმედებისა უნდა იქნეს გადასროლილი ხალხში თვით დამფუძნებელი კრების დავალებით. ამიტომ საჭიროა დეპუტატები მიდიოდენ ხალხში დამფუძნებელი კრების, და არა თავისი პარტიის დავალებით, და ყველა კუთხეში უხსნიდენ ხალხს ყოველ ნაბიჯს დამფუძნებელი კრებისა. ამ მოსაზრებით ჩვენს ფრაქციას შემოაქვს წინადადება აირჩეს მცირე კომისია, 7 კაცისაგან შემდგარი, მიემატოს ის პრეზიდიუმს, როგორც დამფ. კრების ოფიც. წარმომადგენელს და მათ მოაგვარონ ეს საქმე, არა მარტო საპროპაგანდოთ დეპუტატების წარგზავნით, ფურცლების გამოცემით და გააცნონ ხალხს დამფუძნებელი კრების სახელით დამფუძნებელი კრების მუშაობა და მთავრობის მოღვაწეობა. ასეთი მუშაობა დღევანდელ მომენტში მიზანშეწონილია, შეეფერება ჩვენს მდგომარეობას და დიდ სარგებლობას მოუტანს რესპუბლიკანურ, დემოკრატიული წყობილების განმტკიცებას (ტაში).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი წინადადებისა? წინადადება მიღებულია (კომისიის წევრთა არჩევა გადადებულია შემდეგი სხდომისთვის).

დეკრეტი საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსებისა.

თავმჯდომარე. შემდეგ საკითხად სდგას დეკრეტი საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსებისა. ამ საკითხის შესახებ არის შემოტანილი ს.-დ. ფრაქციის წინადადება, რომ ეს საკანონმდებლო აქტი განხილულ იქნეს არა დეკრეტის, არამედ კანონ-პროექტის სახით. ვინ არის წინააღმდეგი ამ წინადადებისა? წინადადება მიღებულია.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბატონ ჭავჭანიძეს.

ივანე ჭავჭანიძე. (ს.-დ.) დამფუძნებელმა კრებამ მიიღო წესდება სახელმწიფო ბანკისა, მაგრამ ამ წესდების მიღება კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ეს ბანკი გახსნილი იქნება. ბანკი ვერ გაიხსნება მანამ, სანამ არ იქნება შემოტანილი კანონი მის დაარსების შესახებ, რომელიც დადასტურებულ უნდა იქნეს დამფუძნებელ კრების მიერ. და, აი, ამიტომ ეხლა უწყებას შემოაქვს კანონი, რომ გახსნილი იქნას ბანკი და გაეხსნას მას წესდებაში აღნიშნული კრედიტი 50 მილიონი მანეთისა, რის შემდეგ ის შეუდგება თავის მუშაობას.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგ?. მიღებულია. მუხლობრივი განხილვა მოხდება სათანადო დროს გასვლის შემდეგ. შემდეგი მომხსენებელია იმნაიშვილი.

დეკრეტი ტყიბულის მუშა-მოსამსახურეთათვის 1919 წ. აგვისტოს და ოქტომბრის ჯამაგირის მისაცემათ 1.200.000 მან. გადადებისა.

მ. იმნაიშვილი. დეკრეტში აღნიშნული თანხა გამოთხოვილია ტყიბულის მაღაროების მუშა-მოსამსახურეთათვის ჯამაგირების მისაცემათ. ზედმეტია იმაზე შეჩერება თუ რა სიმდიდრეს წარმოადგენს რესპუბლიკისათვის ეს მაღაროები. დიდია მისი მნიშვნელობა ვაჭრობა-მრეწველობის აღორძინებისათვის, დამზადების და კერძოთ სათბობ მასალის მხრივ ჩვენთვის.

სამწუხაროთ უნდა ჩაითვალოს, რომ ამ მაღაროების ექსპლოატაციის საქმე ვერ არის ჯერაც მოგვარებული, რის გამო იმის მაგივრათ, რომ იყოს წყაროთ სახელმწიფოს შემოსავლისა, თვით საჭიროებს დახმარებას.

ამ გარემოებისთვის მთავრობას მიუქცევია ყურადღება და დაუნიშნავს საუწყებათაშორისო კომისია, რომელსაც დავალებული აქვს გამოარკვიოს მდგომარეობა მაღაროებისა და შეადგინოს ხარჯთაღრიცხვა და განსასღვრული გეგმა მისი ექსპლოატაციისა. საუბედუროთ კომისიას ეს მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია და ამიტომ მთავრობას უხდება ჯამაგირების სახით კვლავ გაუწიოს დახმარება მაღაროების მუშებს და ამნაირად ეს სიმძიმე აწვება ჯერ კიდევ ხაზინას.

დეკრეტში აღნიშნული თანხა არის გამოთხოვილი მუშა-მოსამსახურეთა აგვისტოს და სექტემბრის ჯამაგირების დასაკმაყოფილებლათ. როგორც ხედავთ ეს ისედაც დაგვიანებულია და ამიტომ უწყება შემოდის თხოვნით, რომ ეხლა მაინც იქნეს ისინი დაკმაყოფილებული.

საფინანსო კომისიამ ერთხმათ მიიღო ეს დეკრეტი, სახელმწიფო კონტროლს არაფერი აქვს ამის საწინააღმდეგო, მხოლოდ გამოსთქვამს სურვილს რათა ამ კომისიის მუშაობამ უფრო ჩქარის ტემპით იწარმოვოს. კომისიამ გეგმის საჭიროება აუცილებლად აღიარა და კონტროლის მოთხოვნას მხარს უჭერს, იმედი გვაქვს, რომ საუწყებათაშორისო კომისია ახლო მომავალში დაამთავრებს და ასე ეს მაღაროები გახდება სახელმწიფოს შემოსავლის მუდმივ წყაროთ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ბატონ ნიკოლაძეს.

ნ. ნიკოლაძე. (ნ.-დ.) ბატონებო! მე არ გახლავარ წინააღმდეგი ხარჯის გაცემისა. მაგრამ უნდა მოგახსენოთ, დროა გამოვარკვიოთ, როდემდის ვიმოქმედებთ იმ სინელით, იმ სისტემით, რომლითაც აქამდის ვმოქმედობდით? ამ საშინელ გაჭირვების დროს, ისეთი სიმდიდრე, როგორიცაა ტყიბულის სანახშირე და ბევრი მგზავსი სხვა, რჩება სრულიად უმოძრაოდ. გაგახსენებთ იმ მოხსენებას, რომელიც გაგიკეთეთ სწორეთ ამ ერთი წლის წინად, როცა გერმანიიდან დავბრუნდი. მაშინ მოგახსენეთ, რომ ფინანსიური და ეკონომიური მდგომარეობა ჩვენი ქვეყნისა არ გაუმჯობესდება, სანამ არ გვექნება საკუთარი წარმოება და მრეწველობა. გავიდა ასეთი დიდი დრო, მდგომარეობა კი ისევ ისეთია. არავითარი ცვლილება არ მომხდარა წარმოების საქმეში, არც სხვა სფეროში, გარდა ამისა, რომ როგორც მოგახსენათ მიწათ-მოქმედების მინისტრმა, ცოტათ გაძვირდა მიწის დამუშავება პურისა და სიმინდის თესვის სახით. ესეიგი ისეთი წარმოება, რომელიც ყველაზე უფრო ნაკლები სარგებლობის მომცემია ქვეყნისთვის. ჩვენ მზიან ქვეყანაში შეიძლება განვითარდეს ისეთი წარმოება, რომელიც მეტი ხეირის მომცემია, ვიდრე პური. შრომის ეკონომია მოითხოვს ვაწარმოვოთ, ვთესოთ და მოვიყვანოთ ის, რაც მეტ მოგებას მოგვცემს. რასაკვირველია, დღეს როცა შეკრულია გზები, იძულებული ვართ პურიც ვთესოთ, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო მომგებიანი საქმე იქნებოდა მოყვანა იმისა, რასაც „კულტურულ მცენარეს“ ეძახიან, მაგალითად ბამბა, ვენახი და სხვა, რომელიც ვერ იბადება რუსეთში, არც სხვა ცივ ქვეყნებში.

აი ნახშირის საქმე. მთელი შავი და შუამდებარე ზღვის არე-მარე მოითხოვს ნახშირს. ნახშირი არის ძვირი და საჭირო ნაწარმოები. ჩვენი მდგომარეობა არ გამოკეთდება სანამ საკმარისად არ განვავითარებთ ნახშირის საქმეს და მით არ გავაიაფებთ ფრახტს. მთელი აღებ-მიცემობა, საქონლის გაცვლა-გამოცვლა დამყარებულია ფრახტზე, რომელსაც მართავს ნახშირის ფასი. ეს ორი წელიწადია რაც თავისუფლება შევიძინეთ და ამ დიდ საქმეს ყურადღებას არ ვაქცევთ. თქვენ გქონდათ ხელსაყრელი წინადადება გერმანიისაგან შესახებ ტყიბულის ნახშირისა, მაგრამ ვერ შეასრულეთ. თორემ, რომ შეგესრულებიათ, ჩვენი ვალიუტა დღეს სულ სხვა იქნებოდა, ვალიუტაზე ბევრი იყო ნათქვამი სადემაგოგიოთ, ბევრი ისეთი შემცდარი აზრი, რომელიც ხალხში არ უნდა ყოფილიყო გატანილი. მოგეხსენებათ ყველას, ვისაც ეკონომიური მეცნიერება შეუსწავლია, რომ ვალიუტა არის ტერმომეტრი, წარმომადგენელი იმისა, თუ რომელ ქვეყანაში გაზიდული საქონელი რამდენად აღემატება, ან ნაკლებია შემოზიდულზე. სანამ ჩვენ არ მოვახერხებთ ისე მოვაწყოთ საქმე, რომ მეტი ღირებულების საქონელი გავიტანოთ, ვიდრე შემოვიტანეთ, მანამდე ჩვენი ვალიუტა იქნება სუსტი და დაცემული. ამიტომ ისეთი სიმდიდრე, როგორიც არის ტყიბულის, ან სხვა ქვანახშირი უნდა მუშავდებოდეს და იზიდებოდეს განსაკუთრებით ზღვის პირად. უამისოდ ჩვენი ვალიუტა მუდამ ჩამორჩენილი იქნება.

ხოლო ნახშირის დამუშავება საკუთარი ძალით ჩვენ არ შეგვიძლია. მთავრობას ბევრი საქმე აქვს და ვერ უსაყვედურებთ, რომ ნახშირი უმოძრაოდ რჩება. თუ შარშან, მაგალითად, მისი დამუშავება გაგვამდიდრებდა, მთავრობამ კი ეს ვერ მოახერხა, სამდურავი არც კი ეთქმის, რადგან დიდმა რუსეთმაც ჩვეულებრივ პირობებშიც ვერ შესძლო ამგვარი საქმის მოგვარება. მაშ რა უნდა ვქნათ? უნდა მივმართოთ უცხო ძალას. ჩვენ გვეუბნებიან უცხოელები: მოგვეცით კონცესია, ჩვენ დავამუშავებთ და მოგების ნაწილს მოგცემთო. ეს ძნელი საქმე არ გახლავთ. მცოდნე კაცი ამას 24 საათში გადაწყვეტდა და ჩვენ რა ღმერთი გაგვიწყრა, რომ ჩვენ უწყებას, რომელსაც ბევრი საჭირო მასალა აქვს და სტატისტიკაც მოეპოება, არ შეუძლია ამ საქმის მოწესრიგება და კონცესიების გაცემა? ამ კონცესიას ხომ სარჩულად ედება ის პირობა, რომ მთავრობას საჭიროების მიხედვით ნება ეძლევა იგი უკან გამოიყიდოს. ჩვენ უნდა დავავალოთ მთავრობას, შეიმუშაოს ზოგადი გეგმა - თუ რა წესით გავცეთ კონცესიები ჩვენს ბუნებრივ სიმდიდრეზე, მადნებზე, ტყეებზე, მდინარეებზე, სამკურნალო წყლებზე და სხვ. ამ გასაჭირში, როცა არ გვაბადია წარმოება და არც შემოსავალი, ვერ გვიხსნის ვერავითარი გადასახადი. წარმოების გაჩაღება არის ერთად-ერთი ჩვენი ხსნა; უნდა მოვახერხოთ გარეთ მეტი გავიტანოთ გასაყიდი, ვიდრე უცხოეთს ვთხოვთ საყიდ საქონელს. მე ეს გეგმა შარშან მოგახსენეთ, მაგრამ საქმე დღესაც უყურადღებოთ არის გადადებული. გარწმუნებთ, სხვა გზა ჩვენი წარმატებისათვის არ არსებობს, მხოლოდ აქიდან გაგვიჩნდება საშვალება მოუაროთ ჩვენ თავს და შევინახოთ ჩვენი დამოუკიდებლობა და თვითარსებობაც. მარტო ბონების ბეჭდვით შორს ვერ წახვალთ, არ ვიცი როდის, მაგრამ შესაძლოა სულ მალე, სრულებით დაეცემა ბონა, ბონა-ვექსილია, და ვექსილზე ხელის მოწერა არის მახე, რომელიც დაღუპავს იმას, ვინც უანგარიშოთ ზედ ხელს აწერს. მე თითონ ჩემს თავზე გამომიცდია ეს კანონი, არა როგორც ეკონომისტს, არამედ როგორც კერძო პირსაც. თქვენ ეს კონცესიები უნდა გასცეთ უსათუოდ, შეიმუშავეთ შესაფერი გეგმა. ნუ გეშინიათ კონცესიების. ინგლისი და საფრანგეთი ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაში, უფრო გამოცდილები არიან, მაგრამ კონცესიებს ხშირად გასცემენ ხოლმე და მით ცხოვრობენ. ეს უნდა მოახდინოთ რაც შეიძლება საჩქაროდ და, რასაკვირველია, იმ პირობით, რომ ხაზინა მონაწილე იქნეს მოგებაში. ამით შევძლებთ ჩვენ მუშას კარგი ხელფასი მივსცეთ და ინტელიგენციასაც მოუაროთ. სხვანაირად ჩვენი ხალხი თავს ვერ შეინახავს. დღეს არსებული წესი დიდხანს ვერ გასტანს. ჩვენი ქვეყანა ისე მდიდარია ბუნებრივად, რომ ადვილად ვიშოვნით ფულს, ოღონდ გადაწყვიტეთ რა გზას ვადგივართ, გამოარკვიეთ თქვენი ეკონომიური და ფინანსიური პოლიტიკის პლანი. ამას მარტო მე კი არ გირჩევთ, არამედ თქვენი პარტიული იდეოლოგი ბ. ვოიტინსკიც სწორედ იმას ამბობს, რომ თქვენ გაკლიათ ეკონომიური პლანი. ერთათ-ერთი შესაძლო პლანი ის გახლავთ, რომლის შესახებ მე შარშან მოგახსენებდით. შეიმუშავეთ ეს პლანი და ჩვენს კეთილდღეობას საზღვარი არ ექნება. თქვენი პარტიის არა თუ ინტერესი, - დოგმატიც არის - წარმოების განვითარება განახორციელოთ. ეს დოგმატი, ამას მოითხოვს სარგებლობა ერისა და თქვენი პარტიისა ოღონდ მოსთხოვეთ მთავრობას საჩქაროდ მიიღოს ზომები, დაადგეს გარკვეულ გზას და დროს ნუ უკარგავთ შეუდგეს მუშაობას.

თავმჯდომარე. მომხსენებელის დასკვნა.

ნ. იმნაიშვილი. პატივცემულ ბ. ნიკოლაძის სიტყვების შესახებ უნდა მოგახსენოთ შემდეგი: ჩვენ არ ვიკვებებით ილიუზიებით და გვრწამს, რომ ჩვენ მიერ მიღებულ ზომებს უნდა ჰქონდეს რეალურ სინამდვილეში თავისი გამართლება. არც იმ აზრის ვართ თითქოს მარტო ბონების ბეჭდვით შეიძლებოდეს უმწეო მდგომარეობიდან თავის დახწევა. მაშასადამე ის, რაც ბრძანა პატივცემულმა ბ-ნმა ნიკოლაძემ ჩვენთვისაც უდავოა. ჩვენც გვრწამს, მრეწველობის აღორძინებით შეგვიძლია მხოლოდ შევდგეთ წინსვლის გზაზე. პირველ ყოვლისა, ცხადია, საჭიროა წარმოების განვითარება, მაგრამ იმ მდგომარეობაში, რომელშიაც ჩვენ ვიმყოფებით, ამაზე მხოლოდ ლაპარაკი შეიძლება, ვინაიდან საწარმოვო ძალები და ტეხნიკური საშუალებანი, მთავარი მამოძრავებელი ძალები ეკონომიური ცხოვრებისა არ მოგვეპოვება და ამიტომ ასეთ პერსპექტივებს ბ-ნ ნიკოლაძესთან ერთად, სამწუხაროდ, ვერ დავისახავთ ჯერ-ჯერობით. ისიც უდავოა, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვასწოროთ ფინანსიური მდგომარეობა ექსპორტის გაუმჯობესობით და გადიდებით და ვალიუტის შექმნით. მაგრამ ის რეცეპტები, რომლებსაც გვაწვდიდნენ და ეხლაც ბ-ნი ნიკოლაძე გვაწვდის, ისეთი სიფრთხილით უნდა იქმნას დამზადებული, რომ ამ რეცეპტებით დამზადებულმა წამლებმა არ გვაწყინოს და თვით ჩვენ არ მოგვსპოს. (გვაზავა: ამიტომ გადავდვათ ხუთი წლით?).

საკითხი კონცესების შესახებ ბევრჯელ ყოფილა აქ მსჯელობის საგნად. ჩვენ მზად ვართ მივცეთ საშუალება უცხოელებს, თუ ისინი მოისურვებენ, გააჩაღონ ჩვენში წარმოება და ამ მხრით საკუთარი ინტერესებიც დაიცვან და ჩვენ ეკონომიურ წარმატებასაც ხელი შეუწყონ.

ამისათვის დროა საჭირო და ჩვენ იმედი გვაქვს, როცა საამისო პირობები შეიქმნება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიური განვითარება ჩქარი ტემპით წავა წინ. (ვეშაპელი: ეს ხომ ფატალიზმია!) ჩვენც ვამბობთ, უნდა გვქონდეს გეგმა ეკონომიური პოლიტიკის, მაგრამ არ შეგვიძლია მარტო ქაღალდზე დავწეროთ ეს და ამით დავკმაყოფილდეთ. ჩვენ ჩვენი ნაბიჯები ისე უნდა გადავდგათ, რომ უზრუნველყოფილი ვიყოთ, რათა მათ პრაქტიკული შედეგები მოყვეს.

კერძოდ, არსებითად, დეკრეტის წინააღმდეგი ბ-ნ ნიკოლაძეს, მე მგონია, არაფერი არ უთქვამს. და ამიტომ გთხოვთ დეკრეტი უცვლელად მიიღოთ.

თავმჯდომარე. გსურთ თუ არა მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის, გთხოვთ წაიკითხოთ სათაური და პირველი მუხლი.

მომხსენებელი (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მუხლი მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი მუხლი.

მომხსენებელი (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი მეორე მუხლისა? წინააღმდეგი არავინ არის, მუხლი მიღებულია. უყრი კენჭს მთლიანად დეკრეტს. ვინ არის მომხრე დეკრეტისა? დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

თავმჯდომარე. შემოსულია ს.-დ ფრაქციის წინადადება, რომ სხდომა გაგრძელდეს 4 საათამდე. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია. არის აგრეთვე ს.-დ. ფრაქციის წინადადება, რომ ამ სხდომაზე არჩეულ იქმნას სახელმწიფო ბანკის მმართველობის და ამავე ბანკის საბჭოს წევრთა საარჩევნო-სარეკომენდაციო კომისია. წინადადება მიღებულია. სხდომა გრძელდება. ასარჩევია 7 კაცი. დასახელებულია 4. 3 დასახელებულია სოც.-დემ. ფრაქციის მიერ, 1 სოც.-ფედერალისტთა ფრაქციის მიერ. სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია ასახელებს შემდეგს პირებს: არსენიძეს, გომართელს და სილიბისტრო ჯიბლაძეს. სოც.-ფედერალისტთა ფრაქცია ასახელებს გიორგი ლასხიშვილს. (ეროვ.-დემ. და სოც.-რევ. ადგენენ წერილობით კანდიდატებს). თავმჯდომარე: ერ.-დემ. ფრაქცია ასახელებს ბ-ნ გვაზავას, სოც.-რევოლიუციონერები ასახელებენ ბ-ნ გობეჩიას. არის სულ დასახელებული ექვსი კაცი მხოლოდ (ხმები: ვეშაპელი?) მესმის. ვეშაპელი (სიცილი) წერილობით უნდა იყოს დასახელებული. (ერ.-დემ. შეაქვთ წერილობით ვეშაპელის კანდიდატურა).

თავმჯდომარე. ნაც.-დემ. ფრაქცია მე-7 წევრად ასახელებს გრ. ვეშაპელს (სიცილი). რადგან სხვა კანდ. არ არის.

არჩეული არიან ამ რიგად შემდეგი პირები: არსენიძე, გომართელი, ჯიბლაძე, ლასხიშვილი, გვაზავა, გობეჩია და ვეშაპელი.

ეხლა ნება მომეცით მოგახსენოთ საბოლოო ტექსტები, რომელიც სასწრაფოდ მისაღები არიან.

სიტყვა ეკუთვნის გრ. ნათაძეს.

გრ. ნათაძე. (კითხულობს დღიურ წესრიგის, 1, 2 და 3 მუხლში აღნიშნულ კანონთა საბოლოო ტექსტებს, რომელსაც კრება ამტკიცებს).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ივ. ჭავჭანიძეს.

ივანე ჭავჭანიძე. საშემოსავლო გადასახადის, მოსაწესრიგებლად დღემდე ჩვენ ვსარგებლობდით და ვხელმძღვანელობდით იმ გადასახადის ნუსხით, რომელიც შესწორებული და დამტკიცებული იყო დროებით მთავრობის მიერ. მაგრამ ის ნორმები, რომელიც შემუშავებული იყო იმ დროინდელ პირობების მიხედვით, სრულიად გამოუსადეგარია დღევანდელ გართულებულ პირობებში. ყველაზე უფრო ადრე სიმწვავე ამ გადასახადებისა იგრძნო თვით მუშათა კლასმა და ჯამაგირიან მოხელეებმა. არსებულ კანონის მიხედვით გადასახადი დაწესებული იყო შემოსავლის და მიხედვით. იყო დაწესებული შემოსავლის მინიმუმში, ვისაც მაგალითად შემოსავალი ქონდა.

თავმჯდომარე. უკაცრავად, ბატონო მომხსენებელო. განცხადებაა შემოსული, რომ ქვორუმი არ არისო. გთხოვთ გამოარკვიოთ არის თუ არა ქვორუმი? (ქვესტორები ითვლიან) ქვორუმი არ ყოფილა. სხდომა დასრულებულია. გთხოვთ მოისმინოთ ახლა მომავალ სხდომის დღიური წესრიგი.

მდივანი გრ. ნათაძე. (კითხულობს შემდეგი სხდომის დღიურ წესრიგს).

სხდომა იხურება 3 საათ. და 40 წუთზე.

4.16.1 პირთა საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


4.16.1.1

▲ზევით დაბრუნება


აბაშიძე - ხონის სასამართლოს ყოფილი ბოქაული 267

აბელი - (ებრ. לבה „აბელი“ - ტირილი), ბიბლიური პერსონაჟი, ადამისა და ევას მეორე ვაჟი, მწყემსი 214

ადეიშვილი - ყაჩაღი 105

ავალიანი სვიმონ ლუკას ძე - ისტორიკოსი, ეკონომისტი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი (1904). ოდესის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, 1916-1918 წწ-ში იყო პეტროგრადის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, ხოლო 1919 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. (1909-1916) თანამშრომლობდა პრესაში რედაქტორობდა გაზეთს «Южный кооператив». მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ამხანაგად (მოადგილედ) (1919-1920). თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროებითი ფულის ნიშნის (ბონის) დამკვიდრებასა და სტაბილური კურსის შენარჩუნებაში. (1921-1922) იყო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დირექტორი 327

ავეტისიანი მარკოზ ტოროსის ძე - მოანგარიშე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი დაშნაკცუთიუნის პარტიის სახელით, დამფუძნებელი კრების წევრი 183, 184

აზნაუროვი - მოქალაქე 68

ანანიევი - ქუთაისელი ვაჭარი 200

ანჩაბაძე - ექიმი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი 148

ანჯაფარიძე გიორგი ნესტორის ძე - იურისტი, ადვოკატი, 1905 წლიდან რსდმპ-ს წევრი. სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ბათუმის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად, 1918 წლის თებერვლიდან ამიერკავკასიის სეიმის წევრია, 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო კრების საბიუჯეტო საფინანსო კომისიის წევრი; 1920 წელს არჩეულ იქნა ბათუმის ქალაქისთავად; მონაწილეობას იღებდა 1924 წლის აჯანყებაში 90, 93, 129

არსენიძე რაჟდენ მათეს ძე - პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, პუბლიცისტი. ქუთაისის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ სწავლობდა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, სოციალ-დემოკრატი.მონაწილეობა მიიღო 26 მაისის აქტის შემუშავების პროცესში. აქტიურ საქმიანობას ეწეოდა პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. გარკვეული პერიოდი მუშაობდა პარტიის მთავარი პერიოდული ორგანოს - გაზეთ „ერთობის“ რედაქტორად. 1919 წლის თებერვალში არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად, სადაც იკავებდა იურიდიული და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის პოსტს, 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები სწორედ მისი შემუშავებულია. 1920 წლის 2 იანვრიდან ოფიციალურად დაიკავა დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის პოსტი, იყო არაერთი სამართლებრივი რეფორმის ავტორი, ინიციატორი 176, 184, 190, 229, 235, 240, 242, 245, 270, 282, 285, 342, 345, 351, 409, 435, 461, 466, 490, 495, 500, 501

არდიშვილი - სავარაუდოდ, სურსათის მომარაგების კომიტეტის თანამშრომელი 427

ასათიანი ალექსანდრე სამსონის ძე - იურისტი, ჟურნალისტი, სწავლობდა მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტში ეკონომიკის სპეციალობით, დაასრულა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მთავარი კომიტეტის წევრი. 1918 წლიდან ეროვნული საბჭოს წევრი, არჩეული იყო ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კომისიის მდივნად, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრად, 1919 წლიდან საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატია, სხვა წევრებთნ ერთად წარმოადგენდა ედპ-ს ფრაქციას. ყრილობაზე აირჩიეს თავმჯდომარის, სპირიდონ კედიას, მოადგილედ. შედიოდა კრების საბიუჯეტო-საფინანსო, შრომის, აგრარულ და სამეურნეო კომისიებში 21, 27

ასათიანი ლევან გიორგის ძე - სენატის წევრი, ნაფიცი ვექილი, 1918 წ-ის დეკემბერში არჩეულ იქნა თბილისის მაზრის ხმოსნად. 1919 წელს დამფუძნებელმა კრებამ აირჩია სენატის წევრად. მუშაობდა სამოქალაქო სამართლის საკასაციო დეპარტამენტის სენატორად. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი.- 236

ასათიანი - ლეჩხუმის მაზრის მცხოვრები 22, 23, 25

ახვლედიანი - ქუთაისის მაზრის კომისარი (მოკლეს სოფელ გვაჯარას მახლობლად) 23,26, 260,261

ახვლედიანი - სტუდენტი 174

4.16.1.2

▲ზევით დაბრუნება


ბარათაშვილი იესე (იოსებ, ოსიკო) ალექსანდრეს ძე - ადვოკატი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ლიდერთაგანი, პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი, 1918 წლის მაისში აირჩიეს დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. მიუხედავად იმისა, რომ ემხრობოდა საქართველოს ფედერაციულ მოწყობას, მხარი დაუჭირა საქართველოს, როგორც უნიტარული სისტემის სახელმწიფოს აუცილებლობას; ასრულებდა იუსტიციის მინისტრის მოვალეობას, 1919-1921 წწ.-ში იყო დამფუძნებელი კრების წევრი და სოც. ფედ. ფრაქციის წარმომადგენელი; იყო “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსტიტუციო საფუძვლების შემდგენი კომისიის“ წევრი, აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პირველი კონსტიტუციის მეთექვსმეტე თავის „სახელმწიფო და ეკლესია“ შემუშავების პროცესში 8, 138, 273, 292, 296, 469

ბარათოვი, ბარატოვი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე - მოხალისეთა არმიის წარმომადგენელი, რუსეთის არმიის კავალერიის გენერალ-ლეიტენანტი, სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის - დენიკინის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში 187, 188, 193

ბახტაძე ანტონ სიმონის ძე - ხონის მცხოვრები 263, 278, 279

ბახტაძე ევგენი სიმონის ძე - ხონის მცხოვრები 278, 279

ბახტაძე ლუკა ლუკას ძე - ნაფიცი ვექილი, ხონელი რეაქციონერი 259, 260

ბერიშვილი პავლე აბრამის ძე - სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი, განათლება მიიღო ონის სამოქალაქო სასწავლებელში, შემდეგ სწავლა განაგრძო ბაქოს ტექნიკურ სასწავლებელში ლითონის დამუშავებისა და ხარატის სპეციალობით. სწავლის პერიოდიდანვე ჩაება სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშაობაში გაწევრიანდა მასში. 1917 წ-ის რევოლუციის შემდეგ მუშაობდა ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკაში პროფკავშირების საბჭოში, შემდეგ კი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. მუშაობდა შრომის სამინისტროშიც. საბჭოთა ოკუპაციის დროს მონაწილეობას იღებდა საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში, მოგვიანებით წინააღმდეგობის მოძრაობაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი 206, 207

ბერნაცკი (ბერნადსკი) მიხეილ ვლადიმირის ძე - რუსი მეცნიერ-ეკონომისტი, კერენსკის, დენიკინისა და ვრანგელის დროებითი მთავრობის ფინანსთა მინისტრი 1917-23 წწ. სამოქალაქო ომის დროს ქაღალდის ფულზე ხელს აწერდა 431

ბერუჩიშვილი - ვაჭარი 23

ბურჯანაძე - ხონის ყოფილი მილიციის უფროსი 282, 284

4.16.1.3

▲ზევით დაბრუნება


გაბაშვილი რევაზ ალექსანდრეს ძე - პუბლიცისტი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. (ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ეკატერინე გაბაშვილის უფროსი ვაჟი), 1902 დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლა ბელგიაში, ლიეჟის მონტეფიორეს სახელობის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში განაგრძო, (არ დაუსრულებია). 1907 ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის მათემატიკურ ფაკულტეტზე, შემდეგ გადავიდა ქიმიურ განყოფილებაზე. თუმცა სტუდენტურ მღელვარებაში მონაწილეობის გამო უნივერსიტეტიდან გაირიცხა. 1911 წ-დან ცხოვრობდა თბილისში, ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. 1912 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააარსა და ხელმძღვანელობდა ყოველკვირეულ ჟურნალ „კლდეს“ (1912-15 წწ.), 1915 წლიდან კი ყოველდღიურ გაზეთ „საქართველოს“. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, თავადაზნაურთა საკრებულოსა და მისი „მიწათმოქმედების კომისიის“, „სათავადაზნაურო ბანკი“-ს წევრი. სხვადასხვა დაწესებულებებიდან შეიძინა და ქართველ გლეხებს უსასყიდლოდ გადასცა 52 ათასი დესეტინა მიწა. შექმნა რამდენიმე კოოპერაციული გაერთიანება - სიღნაღის მაზრის მეთამაბქოეობა, მთიულეთის მეცხვარეობა „მწყემსი“, „დიდი ლილოს მერძევეობა“ და სხვა. 1917 წ-ის ნოემბერში მონაწილეობდა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის მუშაობაში. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი 1918 წლიდან ედპ-ს სიით, არჩეული იყო საბჭოს გზათა კომისიის შემადგენლობაში. იყო პარლამენტის წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ქვოტით 66, 98, 127, 163, 164

გარდავაძე ვარლამ მიხეილის-ძე - ხონის მცხოვრები 277

გარდაფხაძე - ლეჩხუმის მაზრის მცხოვრები 25, 27

გეგეჭკორი ევგენი პეტრეს ძე - პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, ქართული სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობაში. იყო ქართველ სტუდენტთ სათვისტომოს უცვლელი თავმჯდომარე. 1903 გაწევრიანდა რსდმპ-ში. პარტიაში მომხდარი განხეთქილების დროს ე. გეგეჭკორმა მენშევიკების მხარე დაიკავა. 1907-1912 წწ-ში იყო III მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ქუთაისის გუბერნიიდან და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი, კ. ჩხეიძესთან ერთად. იცავდა პოლონეთისა და ფინეთის სახელმწიფოებრივ უფლებებს, სისტემატურად თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ გამომცემლობებთან. მჭიდროდ თანამშრომლობდა ანტანტის ბლოკის დიპლომატებთან. იყო მოთავე კავკასიური (სომხეთ-საქართველო-აზერბაიჯან-მთიელების) კონფერენციებისა. მან არაერთხელ ითამაშა შუამავლის როლი სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის. მიაჩნდა რა, რომ ერთიანი კავკასია იყო დამოუკიდებლობის დაცვის მთავარი პირობა. იყო პირველი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა (1918-1919) და იუსტიციის მინისტრი (12 მარტი, 1921), ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე, ამიერკავკასიის მთავრობის (სეიმის) თავმჯდომარე, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 51, 57, 71, 276, 320

გეგეჭკორი ალექსი (საშა) - ქართველი ბოლშევიკი, რევოლუციონერი, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. 1905-1907 წლების რევოლუციის აქტიური მონაწილე. ბოლშევიკური ტერორისტული ჯგუფებისა და რაზმების ორგანიზატორი და ხელმძღვანელი ამიერკავკასიაში. 1908 წლიდან რსდმპ-ს ბოლშევიკური ფრთის წევრი. 1917 წელს შექმნა ბოლშევიკთა ქუთაისის ბიურო. იმავე წელს იყო დუშეთის ბოლშევიკური აჯანყების ხელმძღვანელი. 1919 წლიდან იყო ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი ბოლშევიკური შეიარაღებული რაზმის მეთაური. იყო საქართველოს გასაბჭოების აქტიური მონაწილე. 1921 წელს იყო თბილისის რევკომის თავმჯდომარე და საქართველოს რევკომის წევრი 400, 405

გელაზაროვი ანტონ სტეფანეს ძე - სასამართლო პალატის ბრალმდებელი პროკურორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 175

გელოვანი შამშე - თავადი, ლეჩხუმის მაზრის ახალ-ჭალის მცხოვრები 25, 26, 27, 174, 230

გვაზავა გიორგი ბეჟანის ძე - იურისტი, მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. დაამთავრა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა ადვოკატად, თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ პრესაში. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი; 1917 წელს შედიოდა ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტთან შექმნილ ეროვნებათა საბჭოს შემადგენლობაში; 1917 წელს აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში, აირჩიეს ეროვნული საბჭოსა და მისი აღმასკომის წევრად; 1919 წლიდან იყო დამფუძნებელი კრების წევრი, ედპ-ის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი და მდივანი, კონსტიტუციის სარედაქციო კომისიის წევრი, ასევე შედიოდა კრების (პარლამენტის) სარეგლამენტო და საგარეო საქმეთა კომისიებში. 1920 წელს გამოსცა ნაშრომი „ძირითადი პრინციპები საკონსტიტუციო უფლებისა“ 146, 148, 173, 193, 210, 212, 217, 219, 220, 224, 229, 231, 235, 237, 238, 248, 250, 253, 254 ,262, 263, 264, 269, 292, 294, 295, 308, 310, 312 ,313, 320, 343, 366, 379, 381, 387, 388, 392, 398, 406, 409, 410, 429, 434, 446, 455, 456, 457, 466, 475, 485, 486, 500, 501

გველესიანი იოსები - ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 165

გველესიანი გრიგოლ ივანეს ძე - იურისტი, სოციალ-ფედერალისტი. განათლება ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო, შემდეგ წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლობდა პარიზის სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში. სტუდენტობიდან ეწეოდა პუბლიცისტურ საქმიანობას, აქვეყნებდა წერილებს „ივერიაში“. იყო ქუთაისის ქალაქის საბჭოს წევრი. 1905 აირჩიეს ქუთაისის ქალაქისთავის მოადგილედ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში, იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია, მუშაობდა სენატის სამოქალაქო საკასაციო დეპარტამენტში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. მუშაობდა საბჭოთა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში 236

გიორგაძე გრიგოლ ტიმოთეს (კიმოთეს) ძე - პოლიტიკოსი, ისტორიკოსი, იურისტი, პუბლიცისტი, დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა ტარტუსა და ოდესის უნივერსიტეტებში. 1909 დაამთავრა ხარკოვის უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1905-1920 წწ-ში იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1909-1910 წწ.-ში - გაზ. „ფონის“ რედაქტორ-გამომცემელი (ქუთაისი). 1918 წლის აპრილში დაინიშნა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრად. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაინიშნა სამხედრო მინისტრად, დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, 1920 წელს დაინიშნა ბათუმის ოლქში მთავრობის წარმომადგენლად. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ქუთაისის გუბერნიის კომისარი 35, 67, 92, 210, 211, 235, 250, 290, 317, 341, 342, 482, 486

გობეჩია ივანე პავლეს ძე - სოციალისტ-რევოლუციონერი, ნაფიცი ვექილი. განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიაში საქმიანობას პეტერბურგის მუშათა ორგანიზაციებში ეწეოდა. იყო ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე,კავკასიის ჯარისკაცთა სამხარეო საბჭოს წევრი, ქუთაისის გუბერნიის კომისარი, კავკასიის ჯარისკაცთა საბჭოების ყრილობების დელეგატი.მონაწილეობდა საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაში და ხელმძღვანელობდა ყრილობის ეროვნული საკითხის სექციის მუშაობას. ეროვნული საბჭოს წევრი 1917-1921 წწ., საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 33, 34, 35, 37, 38, 39, 40, 48, 50, 72, 73, 77, 93, 94, 103, 105, 107, 110, 111, 113, 194, 308, 319, 320, 321, 353, 354, 356, 357, 358, 359, 361, 364, 365, 366, 411, 500, 501

გოგებაშვილი იაკობ სიმონის ძე - ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 1861 წელს სწავლა გააგრძელა კიევის სასულიერო აკადემიაში, პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს. ჯანმრთელობის გამო 1863 წელს დაბრუნდა საქართველოში. ასწავლიდა თბილისის სასულიერი სასწავლებელში. ი. გოგებაშვილი იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში. იაკობ გოგებაშვილმა ჩვენში პირველმა წამოაყენა აღმზრდელობითი სწავლების იდეა, ხოლო სწავლების პრინციპებად - შეგნებულობა და აქტიურობა, სისტემატურობა და თანამიმდევრობა, მისაწვდომობა და თვალსაჩინოება. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოები. „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“ (1865), „ბუნების კარი“ (1868), „დედა ენა“ (1876), „რუსკოე სლოვო“ (1887), რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში და რომელთა პრინციპზეა შედგენილი ქართული სკოლების დაწყებითი კლასებში მოქმედი ქართული და რუსული ენის სახელმძღვანელოები 143, 388

გოდერიძე - ხონის გამგეობის თანამშრომელი 282

გომართელი ივანე გედევანის ძე - ექიმი, მწერალი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში, შემდეგ 1894 წ. ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის მე-2 გიმნაზია. ამავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. პარალელურად, შეუდგა ფსიქოლოგიის, ისტორიის, ლიტერატურის, ფილოსოფიის შესწავლას და დაიწყო პუბლიცისტური მოღვაწეობა. იგი თანამშრომლობდა ქართულ პრესაში - „ივერიაში“, „კვალში“, „ჯეჯილსა“ და „მოამბეში“, აქვეყნებდა მხატვრულ და ისტორიულ-პუბლიცისტურ სტატიებს. 1906 წელს რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. მან განსაკუთრებული პოლიტიკური აქტიურობა 1917 წ-დან დაიწყო. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, (სოციალ-დემოკრატიული პარტია), „მესამე დასის“ წევრი, „ალიონელი“). მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული იდეოლოგი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი 49, 67, 138, 167, 168, 171, 172, 500, 501

გოპაძე - ექიმი, განსაკუთრებული რწმუნებული თბილისში 17

გურული ზაქარია დავითის ძე - ეროვნული საბჭოს წევრი 1918 წლიდან; 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით, სახალხო გვარდიის შტაბის წევრი. მუშაობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტში 51, 52, 67, 68, 81, 82, 85, 88, 107, 358

გურჯუა ვასილ გიორგის ძე - სოციალ-დემოკრატი, განათლება მიიღო ქუთაისის სასოფლო სასწავლებელში, სადაც შეისწავლა აგრონომის პროფესიას. 1902 წლიდან ჩაერთო განმათავისუფლებელ მოძრაობაში და გახდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის „მენშევიკური“ ფრაქციის წევრი. 1905 წელს აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში აფხაზეთში, გუდაუთაში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, დელეგირებული იყო აფხაზეთში ავტონომიური მმართველობის ჩამოსაყალიბებლად. იყო სეიმის დეპუტატი, აფხაზეთის ეროვნული საბჭოს, წევრი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი 141, 142

გოლუა - ვაჭარი 145

4.16.1.4

▲ზევით დაბრუნება


დადეშქელიანი სანდრო - ყოფილი მარშალი 23

დადიანი (ტექსტში ზოგან დიდიანი) სამსონ პლატონის ძე - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, დრამატურგი, კრიტიკოსი, იურისტი. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1908). იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ე. წ. მეორე თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი. 1913 უკვე შედიოდა პარტიის აქტიურ ბირთვში.1917 წელს დადიანი მონაწილეობდა ქართული პარტიების ინტერპარტიულ შეკრებაში. ნოემბერში შემდგარ პირველ ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად და მდივნად სოც-ფედ. პარტიიდან. 1918 წლის ივნისიდან იყო დამოუკიდებელი საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ეროვნული საბჭოს წევრი. შედიოდა სოც-ფედ.პარტიის საპარლამენტო ფრაქციაში. 1919 წლის აგვისტოს დამატებითი არჩევნების დროს,აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს პირველი კონსტიტუციის შემუშავების პროცესში.შედიოდა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსტიტუციო საფუძვლების შემდგენ კომისიაში“. ს. დადიანს დაევალა კონსტიტუციის ერთ-ერთი თავის - „ეროვნულ უმცირესობათა უფლებების შესახებშემუშავება,რომელიც კონსტიტუციის მეთოთხმეტე თავის სახით განხორციელდა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი 184, 218, 221, 226, 229, 231, 309, 312, 359, 361, 362, 404, 412,479, 482, 485, 486, 492, 494

დადიშკელიანი ლევან (დადეშქელიანი ლევან) - ლეჩხუმის მცხოვრები 25, 26, 27, 176

დავითხანიანი, (დავითხანიანცი) დავით გრიგოლის ძე - პოლიტიკოსი, სწავლობდა ერევნის საეპარქიო სკოლაში, შემდეგ დაამთავრა ტფილისის კომერციული სასწავლებლის კურსი, 1914 წელს კი ლაიფციგის კომერციული ინსტიტუტის პოლიტეკონომიის ფაკულტეტი. სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა ტფილისში; იყო „დაშნაკცუტიუნის“ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1919 წელს აირჩიეს ქალაქ თბილისის საბჭოს ხმოსნად. 1918 წლის მანძილზე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი დაშნაკცუთიუნის პარტიის სახელით, 1919 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. 1919 წლის 7 ნოემბერს უარი თქვა დეპუტატის მანდატზე. იყო სომხეთის რესპუბლიკის სურსათისა და მომარაგების სამინისტროს რწმუნებული საქართველოში. 1921 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების დროს, დატოვა საქართველო 183, 184

დევიძე . - ხონის სოციალურ-დემოკრატთა კომიტეტის თავმჯდომარე 72, 77

დენიკინი ანტონ ივანეს ძე - რუსი გენერალი, მხედართმთავარი, თეთრი მოძრაობის ლიდერი.1917 აპრილ-მაისში იყო უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის უფროსი, შემდეგ - დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის ფრონტების სარდალი. ი. 1918 შემოდგომაზე გახდა „სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების“ მთავარსარდალი და რუსეთის უმაღლესი მმართველის ადმირალ ა. კოლჩაკის მოადგილე. დენიკინი იცავდა „მთლიანი და განუყოფელი“ რუსეთის პრინციპებს და არ ცნობდა ცარიზმის დამხობის შემდეგ აღმოცენებულ დამოუკიდებელ ერთეულებს, მათ შორის საქართველოს; პრეტენზიას აცხადებდა მთელ სამხ. ქონებაზე, რომელიც ომის დროს ამიერკავკასიაში დაგროვდა. მოითხოვდა დაუყოვნებლივ გადაეცათ რუსეთისთვის თვით აფხაზეთი. მისი სამხრეთის დასაყრდენი ამიერკავკასიაში ე. წ. „რუსთა ეროვნული საბჭო“ იყო. საკუთარი შესაკრები ბიუროების მეშვეობით დენიკინმა მოხალისეთა არმიაში გასაწვევად მარტო თბილისში 4000-ზე მეტი ოფიცერი აღრიცხა 46, 117, 119, 123, 138, 144, 147, 151, 152, 153, 156, 157, 161, 166, 187, 264, 273, 278, 321, 322, 362, 366, 372, 380, 381, 387, 388, 397, 398, 401, 402, 403, 404, 427, 478, 483, 485, 489

დობორჯგინიძე - სატარიფო პალატის წარმომადგენელი 244,

დენიაგა - ყაჩაღი, მეზღვაურთა კავშირის ხელმძღვანელი 380

4.16.1.5

▲ზევით დაბრუნება


ელიავა ნიკოლოზ ზურაბის ძე (ზოგან ტექსტში გვხვდება ნიკო ულიავა, ნიკა ელიავა) - იურისტი და ჟურნალისტი, დაასრულა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1898-1917 წლებში რსდმპ-ის წევრი ბოლშევიკთა ფრაქციიდან, 1917 წლიდან მენშევიკთა ფრაქციის წევრი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრებს წევრი, სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ეკონომისტი, დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით), თბილისის ქალაქის მოურავი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი 31, 32, 116, 135, 137, 138, 236, 240, 250, 253, 286, 287, 332

ელიგულაშვილი (ელიგულიშვილი) იოსებ აარონის ძე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და მოსკოვის კომერციული ინსტიტუტი. იყო საგარეო ვაჭრობის კომიტეტის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. მისი ფაქსიმილე დაფიქსირებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილე. შედიოდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გაგზავნილი სამთავრობო დელეგაციების შემადგენლობაში, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით საგარეო ვალის აღებას ცდილობდნენ. 1920 წელს დაინიშნა საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკურ წარმომადგენლად პარიზსა და როტერდამში, რის გამოც გათავისუფლდა დამფუძნებელი კრების წევრობიდან. გასაბჭოების შემდეგ ქვეყნის ეროვნული საგანძურის მცველის, ექვთიმე თაყაიშვილის თანაშემწედ დაინიშნა. მისი ხელშეწყობით შეიძინა საქართველოს დევნილმა მთავრობამ პარიზთან ახლოს, დაბა ლევილში მდებარე მამული და სასახლე (1922). იყო ემიგრანტ ქართველ ებრაელთა ასოციაციის თავმჯდომარე. საფრანგეთის ოკუპაციის პერიოდში (1940-1944 წწ.) გავლენიან ქართველ ემიგრანტებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართველი ებრაელების გადარჩენაში 332, 423

ემელიანინი - მსახურობდა მოსამართლედ გაგრაში 90

ერაძე გიორგი პავლეს ძე - რსდმპ-ს წევრი ბათუმისა და თბილისის კომიტეტების წევრი, იყო რსდმპ ლონდონის (1907) ყრილობის დელეგატი ტფილისის ორგანიზაციიდან. განათლება მიიღო თბილისის სამოქალაქო სასწავლებელში, შემდგომ თბილისის სახელოსნო სასწავლებელში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად, 1919 წელს - დამფუძნებელი კრების წევრად (სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით), 1918-1919 წწ. იყო შრომის მინისტრის მოადგილე, 1919 წლის ბოლოს დაინიშნა შრომისა და მომარაგების მინისტრად და დაევალა სასურსათო კრიზისის დაძლევისთვის მუშაობა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 301,421

ერისთავი ასლან - თავადი, რაჭის მცხოვრები 25

ერეკლე II - ერეკლე ბაგრატიონი, თეიმურაზ II-ის ძე, 1744-1762 წლებში კახეთის, 1762-1798 წლებში ქართლ-კახეთის მეფე 360, 364, 388

ეფენდიევი - ამიერ-კავკასიის საკოოპერაციო ყრილობის საბჭოს წევრი 427

4.16.1.6

▲ზევით დაბრუნება


ვადაჭკორია სოლომონ ივანეს ძე - პოლიტიკოსი, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების“ ფრაქციის წევრი, 1908 წლამდე რსდმპ ტფილისის კომიტეტის წევრი, არალეგალურ გაზეთ „დილას“ პასუხისმგებელი რედაქტორი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა (1918 წ.) და დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ დემოკრატიული პარტიის სათადარიგო სიით 1919 წლის მაისიდან.) თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი. დემოკრატიული რესპუბლიკის მთვრობის ტოპოგრაფიის გამგე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 19, 183, 184

ვანდერველდე ემილ - (ვან-დერ-ველდე) ბელგიის მუშათა პარტიის დამაარსებელი და ლიდერი. ბელგიის სამეფოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა და სახალხო ჯანდაცვის მინისტრი, მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის ლიდერი 166

ვატაცი - სენატორი, კავკასიის მეფისნაცვლის თანაშემწე 27

ვაშაძე შაქრო - ჭიათურის ფედერალისტების ორგანიზაციის წევრი 76

ვაჭარაძე - გლეხი, ივანდიდის მცხოვრები 291

ვეშაპელი გრიგოლ გიორგის ძე - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. იმავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე და იღებდა კავკასიის სასწავლო ოლქის სტიპენდიას. იყო მოსკოვის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, აქტიურად იყო ჩართული მოსკოვის ქართული კოლონიის კულტურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იქვე გააგრძელა სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე. 1917 წლის თებერვლის რევოლუციია შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, 1917-1918 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „საქართველოს“. აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში, იყო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. 1917 წელს არჩეულ იქნა პარტიის მთავარ კომიტეტში. იმავე წელს ამ პარტიის სიით აირჩიეს თბილისის ქალაქის ხმოსნად. იყო ინტერპარტიული საბჭოს და მისი აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე (1917 წლის ნოემბერი) აირჩიეს ეროვნული საბჭოსა თავმჯდომარის მოადგილედ. იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 თებერვალში მონაწილეობდა ტრაპიზონის საზავო კონფერენციის მუშაობაში. 1919 წლის სექტემბერში აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული პარტიისაგან პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარედ. იყო გაზეთ „კლდის“ რედაქტორი, 1920 წელს გაზეთ „ნაციონალისტის“, ხოლო 1920-1921 წლებში გაზეთ „მიწის“ რედაქტორი. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, 1920 წელს სხვებთან ერთად შექმნა საქართველო მესაკუთრეთა ეროვნული პარტია. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის (1921) შემდეგ მონაწილეობდა ბათუმში საქართველოს დამფუძნებელი კრების სალიკვიდაციო სხდომის მუშაობაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 164, 183, 184, 242, 253, 282, 294, 384, 388, 392, 396, 398, 399, 400, 401,404, 411, 429, 449, 456, 467, 477, 484, 500, 501

ვიუნიკოვი - ხონის გიმნაზიის ყოფილი დირექტორი 267

ვოიტინსკი ვლადიმერ საველის ძე - რუსი ეკონომისტი, რევოლუციონერი. რსდრპ წევრი, პეტერბურგის კომიტეტის წევრი, პეტერბურგის უმუშევართა კავშირის ორგანიზატორი და თავმჯდომარე 1906-1907 წწ. 434, 499

4.16.1.7

▲ზევით დაბრუნება


ზანდუკელი - ყაჩაღი 46

ზორიანი . - დამფუძნებელი კრების წევრი დაშნაკციუთუნის პარტიიდან 183, 184

ზუბიაშვილი - მოწმე, კოტე წერეთლის მოსამსახურე 69, 72, 78, 79, 80

ზურაბიშვილი ივანე ივანეს-ძე - იურისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. უმაღლესი განათლება კიევისა და მოსკოვის უნივერსიტეტებში მიიღო. 1908-1919 წლებში ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი იურისკონსულტია. რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველ კომიტეტს. იყო თბილისის ნაფიც ვექილთა საზოგადოების თავმჯდომარე, ტყიბულის მაღაროთა გამგეობის თავმჯდომარე. მონაწილეობდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“, ქართული სათავადაზნაურო სკოლის დამხმარე კომიტეტისა და ქართული დრამატული საზ-ბის მუშაობაში. სხვებთან ერთად იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, 1918 წლიდან ამავე პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. ამავე წელს აირჩიეს საქართველოს სენატის წევრად. იყო სამოქალაქო საკასაციო დეპარტამენტში ნაფიცი ვექილი. 1921 წელს იგი საკათოლიკოსო საბჭოს მრჩეველია. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი 236

4.16.1.8

▲ზევით დაბრუნება


თავდგირიძე ნიკოლოზ (ნიკო) ყარამანის ძე - პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი აფხაზეთიდან. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობის წევრი 140, 142, 143, 144, 145, 146, 147, 148, 149, 163

თარხანოვი ნიკოლოზ - სოციალისტ-რევოლუციონერი. უმაღლესი განათლება მოსკოვის უნივერსიტეტში მიიღო. სტუდენტობის პერიოდში შეუერთდა რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთ პარტიას. მუშაობდა ნაფიც ვექილად თბილისში. 1918 წ-ის ოქტომბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ სომეხთათვის გამოყოფილი კვოტით შევიდა პარლამენტში, წევრად დაასახელა რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიამ. სომხეთ-საქართველოს 1918 წ-ის ომის პერიოდში გამოირჩეოდა ანტიქართული მოქმედებებით. მას ბრალად ედებოდა მცხეთაში, ძეგვის ხიდზე მოწყობილი ტერორისტული აქტის შემსრულებლებთან კავშირი. 1918 წ-ის დეკემბერში პარლამენტის სხდომაზე დააყენეს მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი 357

თაყაიშვილი ექვთიმე სვიმონის ძე - (წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი), ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ისტორიკოსი, აკადემიკოსი, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლისა და ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ, 1887 დაამთავრა პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, იქვე მოიპოვა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხიც. აქტიურად მონაწილეობდა, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში, 1917 წელს იყო საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი, გახდა საბჭოს წევრი, უძღვებოდა საბჭოს საბიბლიოთეკო კომისიას, 1919 წელს გახდა დამფუძნებელი კრების წევრი, არჩეული იყო კრების თავმჯდომარის მოადგილედ, ასევე მუშაობდა დამფუძნებელი კრების სახალხო განათლების, ხელოვნების კომისიებში. (ეროვნულ-დემოკრატიული პარტია), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დამაარსებელი და თავმჯდომარე. მისი თაოსნობით დაფუძნდა საქართველოს ეროვნული არქივი 7, 29, 233, 249, 289, 317, 341, 375, 417, 471

თოლორდავა სიმონ - სოციალ-დემოკრატების ნდობით აღჭურვილი პირი ზუგდიდში, მაზრის კომისარი 105

თოფურიძე დიომიდე ალექსანდრეს ძე - პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, ჟურნალისტი, იურისტი. უმაღლესი განათლება ჟენევის და პარიზის იურიდიულ ფაკულტეტებზე მიიღო. ერთხანს იყო გაზ. „კვალის“ რედაქტორი. შემდეგ რუსულ გამოცემებში მუშაობდა სარატოვსა და მოსკოვში. 1903 მონაწილეობა მიიღო რსდმპ-ის II ყრილობაზე და მიემხრო მენშევიკებს. იყო ამიერკავკასიის და შემდეგ საქართველოს მომარაგების კომიტეტის თავმჯდომარე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. 1919 წელს აირჩიეს ქუთისის ქალაქის თავად. 1919 წელს მუშაობდა ბათუმში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანებლად. იყო ჩართული ბათუმში მყოფ ინგლისის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში, სადაც არა ერთხელ დაისვა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე ფაქტო და დე იურე აღიარების საკითხი. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 130, 194, 197, 198, 238, 239, 250, 289, 412

4.16.1.9

▲ზევით დაბრუნება


იაკობსონი - ამიერ-კავკასიის საკოოპერაციო ყრილობის საბჭოს წევრი 427

იმნაიშვილი ნიკიფორე ბესარიონის ძე - სოციალ-დემოკრატი, სწავლობდა გერმანიაში ჰალეს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1904 შეუერთდა რსდმ პარტიის მენშევიკურ ფრაქციას. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გორის მაზრის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარე, 1918 წლიდან ეროვნული საბჭოსა და 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. კრებაში საქმიანობდა განათლების, საბიბლიოთეკო, სარეგლამენტო და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიებში. იყო თბილისის ეროვნული სამხატვრო გალერეის და ფოთის რადიოსადგურის შექმნის ინიციატორი, 1920 წლიდან სოციალ-დემოკრატიული, შიდა ოპოზიციის გაზეთ „ახალი სხივის“ ჯგუფის წევრი. „სხიველებთან“ ერთად მოითხოვდა პარტიისა და სამთავრობო თანამდებობების შეუთავსებლობის საკითხის მოგვარებას. 1921 წ-ის თებერვალში ჯგუფი დამფუძნებელ კრებაში დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციად ჩამოყალიბდა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. თანამოაზრეებთან ერთად გარკვეული პერიოდი გამოსცემდა გაზ. „ახალი სხივს“. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილების ნამდვილი წევრი 14, 238, 349, 350, 353, 367, 471, 472, 496, 497, 499

ირემაშვილი იოსებ გიორგის ძე (პართენაშვილი) - პედაგოგი, პოლიტიკოსი, 1898 წლიდან იყო რსდმ პარტიის წევრი. დაამთავრა გორის სასულიერო სემინარია და სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. ასწავლიდა გორის სასულიერო სემინარიაში. 1911 წ-ს ი. ირემაშვილი იაკობ გოგებაშვილმა საკუთარი ხარჯით გაგზავნა კიევში სასწავლებლად, სადაც დაამთავრა კიევის კომერციული ინსტიტუტი, მისი მოთხრობები იბეჭდებოდა: „ხომლში“, „ნაპერწკალში“, „ახალ აზრში“, „ჩვენ გაზეთში“ და სხვა გამოცემებში. 1919 წელს გახდა დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტიის სათადარიგო სიიდან), იყო დუშეთის კომისარი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. 1922 წ-ს ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და სხვა სოციალ-დემოკრატებთან ერთად ქვეყნიდან გაასახლეს. ემიგრაციაში ყოფნისას დაწერა წიგნი „სტალინი და საქართველოს ტრაგედია'', რომელშიც მწვავედ აკრიტიკებდა თავის ყოფილ მეგობარსა და თანამოაზრეს ი. სტალინს 17, 19, 132, 135, 183, 184

4.16.1.10

▲ზევით დაბრუნება


კაენი - (ებრ. ה.נ.ק ,ןיק კანა - შექმნა) ადამისა და ევას უფროსი შვილი, მიწათმოქმედი, რომელმაც აბელი მოშურნეობით მოკლა 214

კალანდარიშვილი დიმიტრი ილარიონის ძე - იურისტი, სენატორი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი. მუშაობდა სამოქალაქო-საკასაციო დეპარტამენტში. 1911-1918 წწ. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი 236

კანდელაკი კონსტანტინე პლატონის ძე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია და მოსკოვის კომერციული ინსტიტუტი. იყო ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილე (1918-1919) და შემდეგ (1919-1921) მინისტრი, დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფულის ნიშნის (ბონის) მიმოქცევაში შემოღების მიზანით ჩატარებულ მოსამზადებელ სამუშაოში. მისი ფაქსიმილე დაფიქსირებული იყო ქართული ქაღალდის ნიშნის ყველა ნომინალზე. მისი საქმიანობის შედეგად იმ პერიოდის ქართული მანეთი მეზობელ ქვეყნებთან შედარებით სტაბილურ კურსს ინარჩუნებდა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 272, 437

კაუცკი კარლ იოჰან (გერმ. Karl Kautsky) - სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი თვალსაჩინო თეორიტიკოსი და ლიდერი. იგი 1920 წელს მეორე ინტერნაციონალის მრავალრიცხვოვან დელეგაციასთან ერთად ეწვია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. საქართველოში ვიზიტის დროს შეადგინა და დაწერა წიგნი „საქართველოს გლეხთა სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა: შთაბეჭდილებანი და დაკვირვებანი“. მან ამ წიგნის საშუალებით ევროპას გააცნო სოციალ-დემოკრატიის მოდელი და ძალიან საინტერესოდ აღწერა საქართველოში, ქართულ-სოციალ დემოკრატიაში მიმდინრე პროცესები. ნაშრომში ძალიან საინტერესოდ არის განსაზღვრული პერსპექტივები - როგორ განვითარდებოდა ქართული სახელმწიფო რომ არა ბოლშევიკური ინტერვენცია 309

კაფიევი - ესერი 427

კაჩუხოვი - ესერი 104

კედია სპირიდონ მალხაზის ძე - პუბლიცისტი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე; სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში, დაამთავრა მონპელიეს უნივერსიტეტი და მუშაობდა ფიზიოლოგიაში დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. 1917 წელს ჩამოაყალიბა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საორგანიზაციო მთავარი კომიტეტი; 1917 წელს აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, მონაწილეობდა ამიერკავკასია-ოსმალეთის ბათუმის საზავო კონფერენციაში, შედიოდა დამფუძნებელი კრების საარჩევნო და საკონსტიტუციო კომისიაში; 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების დეპუტატად; იყო საკონსტიტუციო, თვითმმართველობის და ადგილობრივი მმართველობის მუდმივი კომისიების წევრი; პარლამენტში ჩამოაყალიბა მემარჯვენე ოპოზიცია და მუდმივად აკრიტიკებდა ხელისუფლების საქმიანობის ხარვეზებს, მიუთითებდა შეცდომებზე, განსაკუთრებით ქვეყნის თავდაცვის განმტკიცების საქმეში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა კონსტიტუციის თავი „სახელმწიფო თავდაცვა“. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 23, 24, 25, 26, 27, 28, 44, 47, 51, 53, 58, 61, 90, 113, 114, 117, 122, 143, 144, 145, 147, 150, 153, 155, 160, 163, 164, 165, 166, 167, 176, 259, 263, 264, 266, 282, 292, 306, 308, 309, 311, 312, 313, 347, 348, 357, 393, 397, 398, 400, 401, 404, 405, 406, 446, 487

კერენსკი ალექსანდრე თედორეს ძე - რუსი პოლიტიკური მოღვაწე, 1917 წლის თებერვლის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი, დროებითი მთავრობის მეთაური, უსტიციის მინისტრი. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბოლშევიკების წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლაში. მოლაპარაკებებს აწარმოებდა ანტანტის სახელმწიფოებთან რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევისა და ანტიბოლშევიკური მოძრაობისთვის დახმარების თაობაზე 79, 372, 422

კიკვაძე თედორე (თევდორე) გაბრიელის ძე - პედაგოგი, სოციალ-დემოკრატი. დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია. აქტიურად წერდა ჟურნალ „კვალში“, იყო საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, განათლების მუშაკთა პროფესიული კავშირისა და განათლების სამინისტროსთან არსებული სასკოლო კომიტეტის და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი (1912 წლიდან); ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი; საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლიდან მუშაობდა სახალხო განათლების კომისარიატში, სამხედრო კოოპერატივში, ლექციებს კითხულობდა ქართულ ენაში სამხატვრო აკადემიაში, რუსულ ენას ასწავლიდა პედაგოგიურ ინსტიტუტში 219, 224, 225

კლემანსო ჟორჟ ბენჟამინ - გამოჩენილი ფრანგი პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე, ჟურნალისტი და საფრანგეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი 155

კობიძე ანდრია - ჭიათურის მცხოვრები 68, 69, 72, 74, 77, 78, 79

კოლჩაკი ალექსანდრე ვასილის ძე - საერთაშორისო ანტიბოლშევიკური არმიის გენერალი, რუსი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, მეცნიერი და პოლარული მკვლევარი, ოკეანოგრაფი, რუსეთის სამოქალაქო ომში თეთრგვარდიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. რუსეთის უმაღლესი მმართველი და რუსული არმიის მთავარსარდალი (1918 წლის ნოემბერი 1920 წლის იანვარი). რუსეთ-იაპონიისა და პირველი მსოფლიო ომის მონაწილე წმ. გიორგის კავალერი, ადმირალი (1918) 166, 481, 483

კოპალეიშვილი - სამტრედიის რევოლუციური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე 256

კუჩარიანცი - აგენტი 406

კუხალაშვილი - საგანგებო რაზმის მოხელე 174, 175

4.16.1.11

▲ზევით დაბრუნება


ლასალი ფერდინარდ - გერმანელი ფილოსოფოსი, იურისტი და პოლიტიკური მოღვაწე 296

ლასხიშვილი გიორგი მიხეილის ძე - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და შევიდა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, საიდანაც სტუდენტთა ხალხოსნური ორგანიზაციის წევრობისთვის გარიცხეს. იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი, საფუძველი ჩაუყარა „ახალგაზრდა ივერიელების“ ეროვნულ-რადიკალურ მიმდინარეობას, 1900-დან იყო პარტიული გაზეთის „ცნობის ფურცლის“ და სხვა ორგანოების ფაქტობრივი რედაქტორი. 1905 წელს პარიზში ყოფნისას იყო გაზეთ „საქართველოს“ ერთ-ერთი რედაქტორი. პირველ ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, იყო პრეზიდიუმის წევრი, შედიოდა დამოუკიდებელი საქართველოს ე.წ. დროებითი კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში, ეკავა განათლების მინისტრის პოსტი. მისი რეფორმებით მოხდა ქართული სკოლის ნაციონალიზაცია - „გაეროვნება“, მასწავლებელთა მოსამზადებელი კურსების შექმნა ქართულ ენაზე სწავლებისათვის და სხვ. 1919 წელს აირჩიეს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების წევრად სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიიდან; შედიოდა საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში. იგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 311, 452, 458, 461, 469, 500, 501

ლებედევი - სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიის წარმომადგენელი 360

ლენინი (ულიანოვი) ვლადიმერ ილიას ძე - პოლიტიკოსი, მარქსიზმის თეორეტიკოსი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის დამაარსებელი, 1917 წელს რუსეთში ოქტომბრის გადატრიალების ერთ-ერთი ლიდერი 165

ლოიდ-ჯორჯი დევიდ - ბრიტანელი პოლიტიკური მოღვაწე, დიდი ბრიტანეთის უკანასკნელი პრემიერ-მინისტრი ლიბერალური პარტიიდან (1916-1922). ადვოკატი, 1908 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში სამართლის დოქტორი გახდა. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როგორც ომში გამარჯვებული ქვეყნის პირველი პირი, მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ფიგურად მიიჩნეოდა. 1919 წ-ის პარიზის საზავო კონფერენცია გახსნა მოკავშირეთა ქვეყნების ლიდერებთან ერთად. იყო უინსტონ ჩერჩილის ახლო მეგობარი 432, 155

ლომთათიძე ალექსანდრე სპირიდონის ძე - პოლიტიკური მოღვაწე. უმაღლესი განათლება ხარკოვის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც სტუდენტურ მოძრაობას ხელმძღვანელობდა და ერთ-ერთ საუკეთესო ორატორად ითვლებოდა. იყო თბილისის ხმოსანი პირველი მსოფლიო ომის დროს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მონაწილეობდა სრულიად რუსეთის საბჭოების ყრილობის მუშაობაში, იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ, ფაქტობრივად ასრულებდა თავმჯდომარის მოვალეობას, რადგან თვით თავმჯდომარე, კარლო ჩხეიძე, დიდი ხნით ევროპაში იმყოფებოდა. აღნიშნულ პოსტზე ა. ლოთათიძემ თავი გამოიჩინა, როგორც შეუვალმა და მიუდგომელმა თავმჯდომარემ. დამფუძნებელი კრების დებატებს ის იშვიათი ტაქტით ხელმძღვანელობდა და პოლიტიკურ წრეებში დიდი ავტორიტეტიც მოიხვეჭა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 7, 29, 63, 97, 125, 171, 179, 197, 205, 317, 341, 349, 375, 417, 449, 471

4.16.1.12

▲ზევით დაბრუნება


მამფორია - ქუთაისის ადმინისტრაციის ინსპექტორის თანაშემწე 261, 276, 277, 279, 280, 290

მარტვილელი - სავარაუდოდ, ვლადიმერ (ლადო) გეგეჭკორი - 267, 280

მარქსი კარლ ჰაინრიხ (გერმ. Karl Marx) - გერმანელი ფილოსოფოსი, ეკონომისტი, ისტორიკოსი, პოლიტიკური თეორეტიკოსი, სოციოლოგი, კომუნისტი და რევოლუციონერი, რომლის იდეებსაც ეფუძნება თანამედროვე კომუნიზმი. მარქსმა შეაჯამა თავისი მიდგომა კომუნისტური პარტიის მანიფესტის პირველ თავში, რომელიც 1848 წელს გამოქვეყნდა 44, 390, 422, 434

მაფასია - რევოლუციონერი 105

მაღლაკელიძე - მილიციის უფროსი და გუბერნიის კომისარი 175

მაჭავარიანი იოსებ კონსტანტინეს ძე (კვიმატი) - იურისტი, ნაფიცი ვექილი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წევრი. დაასრულა პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ჩაერთო საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ საქმიანობაში, თანამშრომლობდა გაზეთ „ცნობის ფურცელში“. 1909 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი. 1917 წელს ედპ-ის დამფუძნებელ ყრილობაზე აირჩიეს პარტიის მთავარი კომიტეტისა და მისი პრეზიდიუმის წევრად, ასევე ედპ-ის თავმჯდომარის მოადგილედ. 1918 წელს აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, არჩეული იყო საბჭოს მუდმივმოქმედ იურიდიულ კომისიაში; 1919 წელს ედპ-ს სიით არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატად, იყო კრების იურიდიული კომისიის წევრი 174, 207, 209, 214, 218, 219, 224, 229, 382, 398

მაჭავარიანი ნიკოლოზ გიორგის ძე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი. მუშაობდა სისხლის სამართლის საკასაციო დეპარტამენტში. იყო ქუთაისის ოლქის სასამართლოს წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 236

მგელაძე ილიკო - ყაჩაღი და იმ დროს ცნობილი შანტაჟისტი „ქოროღლი“ 268, 380

მდინარაძე გიორგი ისიდორეს ძე - სენატორი, სამოქალაქო საკასაციო დეპარტამენტში ნაფიცი ვექილი 236

მდივანი სვიმონ გურგენის ძე - (ცნობილი ბოლშევიკის - ბუდუ მდივნის ძმა), პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სწავლა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში განაგრძო. უმაღლესი განათლება მიიღო ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. 1905 წელა დაბრუნდა საქართველოში და შეუერთდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიას. იყო ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ხმოსანი, ბათუმის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარე. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ სოციალ-ფედერალისტთა პარტიის კვოტით, თავმჯდომარეობდა დამფუძნებელი კრების გარეშე საქმეთა კომისიას. იყო საქართველოს პირველი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში. 1921 წელს მთავრობამ წარგზავნა ელჩად თურქეთში - ქემალის მთავრობისთვის უნდა მიეტანა საქართველოსგან თურქეთის ცნობის ფირმანი. იგი მთელი ცხოვრება ამაყობდა იმით, რომ პირველი იყო ელჩებს შორის, ვინც თურქეთს თავისუფლება მიულოცა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 7, 19, 30, 32, 63, 67, 96, 97, 101, 125, 133, 134, 153, 167, 171, 179, 184, 239, 249, 289, 349, 350, 353, 365, 375, 418, 445, 449, 468, 469

მდივანი - ლეჩხუმის მაზრის მცხოვრები 174, 175, 176

მელაძე გერასიმე პეტრეს ძე - ხონის მცხოვრები 263, 268, 277, 279

მესხიშვილი (ალექსი-მესხიშვილი) შალვა ვლადიმერის ძე - ადვოკატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. 1902-1904 წწ-ში ოდესის უნივერსიტეტში სწავლობდა, საიდანაც სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის გარიცხეს. 1909 დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1910 წელს თბილისში ადვოკატობა დაიწყო. 1917-1918 წწ.-ში საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, იმავე წლებში ამიერკავკასიის კომისარიატის იუსტიციის მინისტრი (კომისარი), დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კოალიციური მთავრობის იუსტიციის მინისტრი. 1919-1921 წწ.-ში დამფუძნებელი კრების წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 57, 67, 72, 73, 74, 75, 76, 77, 78, 79, 80, 84, 85, 86, 87, 90, 93, 215, 217, 235, 305, 309, 310, 311, 313, 402, 404

მილაშევსკი - ამიერ-კავკასიის საკოოპერაციო ყრილობის საბჭოს წევრი 427

მიქაბერიძე - ბოქაული 104

მიქაუთაძე, მიქაუტაძე - მუშა 55, 71, 73, 74, 77, 78, 79, 80

მიქაურიძე - მუშა 68

მიქელაძე სოლომონ გიორგის ძე - იურისტი, სენატორი, იყო ქუთაისის სასამართლოს თავმჯდომარე, 1918 წელს თბილისის სასამართლო პალატის წევრად დაინიშნა. დამფუძნებელმა კრებამ 1919 წ-ის 7 ოქტომბერს საქართველოს სენატის წევრად აირჩია, მუშაობდა სენატის სამოქალაქო საკასაციო დეპარტამენტში. 1920 წ-ის აპრილში დაინიშნა სოხუმის ოლქის სასამართლოების რევიზორად. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 236

მოდებაძე - მრეწველთა საბჭოს სარევიზიო კომისიის წევრი 54

მორჩაძე - მკვლელი, ყაჩაღი, ლეჩხუმში მცხოვრები 24

4.16.1.13

▲ზევით დაბრუნება


ნადარეიშვილი - ესერი 76

ნაკაშიძე ივანე მიხეილის ძე - იურისტი, სენატორი, სენატის თავმჯდომარის მოადგილე 236

ნათაძე გრიგოლ (გიგო) იასონის ძე - ქართველი ისტორიკოსი, მსოფლიოს ისტორიის დარგების ფუძემდებელი და მედიევისტიკის პირველი წარმომადგენელი საქართველოში, პროფესორი (1926), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, შემდეგ ვაჟთა მეორე გიმნაზიაში. 1898 შევიდა კიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, საიდანაც სტუდენტურ დემონსტრაციებში მონაწილეობისათვის, 1901-1902 წწ-ში, ორჯერ გარიცხეს უნივერსიტეტიდან. მცირე ხნით სწავლა განაგრძო ჟენევის უნივერსიტეტში. საბოლოოდ, 1907 ექსტერნად დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. ასწავლიდა ჯერ თბილისის, შემდეგ ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიებში და სახალხო უნივერსიტეტებში. იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი და საეთნოგრაფიო-საისტორიო საზოგადოებების წევრი, თანამშრომლობდა ქართულ პრესაში. 1917 წ-ის თებერვალ-მარტის დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ გ. ნათაძე აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში, ჯერ როგორც რუსული ესერთა პარტიის, 1918 წ-დან კი საქართველოს ესერთა პარტიის თვალსაჩინო წევრი. 1918 წ-ის მაისში აირჩიეს დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საბჭოს გაფართოებულ შემადგენლობაში. იყო საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და ესერთა პარტიის ფრაქციის წევრი, (სოც. რევოლუციონერული პარტია, ფრაქციის მდივანი). იმავდროულად, განაგრძობდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მუშაობდა სახალხო განათლების სამინისტროში, ხელმძღვანელობდა სასკოლო დაწესებულებათა სამმართველოს. 1919 მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც გარდაცვალებამდე კითხულობდა ლექციებს და იყო შუა საუკუნეების ისტორიის კათედრის გამგე 171, 179, 197, 198, 205, 206, 233, 239, 249, 289, 290, 317, 318, 341, 342, 349, 350, 375, 376, 417, 418, 449, 450, 471, 472, 473, 501

ნათაძე ლეო (ლევან) იასონის ძე - პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი, ჟურნალისტი. დაამთავრა 4 კლასი სათავადაზნაურო სკოლაში, მე-5-8 კლასები თბილისის მესამე გიმნაზიაში, ხოლო უმაღლესი განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო. იყო გაზ. „Борьба“-ს და სოციალ-დემოკრატიული გაზეთის “ერთობის“ რედაქტორი. კავკასიის სამოსწავლო ოლქის კომისარი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), აქტიურ საკანონმდებლო მუშაობას ეწეოდა განათლების სისტემის რეფორმირების ხელშეწყობის კუთხით. მონაწილეობდა რესპუბლიკის კონსტიტუციის შემუშავებაში. საქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში 89, 362

ნიკოლაძე ნიკოლოზ (ნიკო) იაკობის ძე - დიდი ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, „თერგდალეულთა“ ბრწყინვალე წარმომადგენელი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, იურისტი, სამართლის დოქტორი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და 1861 სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო. სტუდენტურ დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს, უნივერსიტეტს ჩამოაშორეს, პეტერბურგში ცხოვრება აუკრძალეს და საქართველოში გამოისტუმრეს. მონაწილეობდა საქართველოში მიმდინარე ძველ და ახალ თაობათა (მამათა და შვილთა) შორის გამართულ იდეურ-პოლიტიკურ ბრძოლაში. 1864 საფრანგეთში გაემგზავრა და სორბონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. სწავლობდა ჟენევაშიც, დასრულებით კი 1868 ციურიხის უნივერსიტეტი დაასრულა. იქვე ნაშრომისათვის „განიარაღება და მისი ეკონომიკურ-სოციალური მნიშვნელობა“ სამართლის დოქტორის კვალიფიკაცია მიიღო. 1887-1891 წწ.-ში სათავეში ედგა თბილისში გამომავალ რუსულენოვან გაზეთ „Новое обозрение“-ს, შემდეგ გამოსცემდა ჟურნალ „მოამბეს“ 1894-1912 წწ-ში იყო ფოთის ქალაქის თავი და დიდი ღვაწლი დასდო პორტისა და ქალაქის მოდერნიზაციას. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1917 წლის ივნისში ედპ-ის პირველ ყრილობაზე ყრილობის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. 1917 წლის ნოემბერში იყო საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი. ყრილობამ იგი ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, საბჭომ კი თავისი აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად აირჩია. 1918 წ-ის მაისში, როგორც ამიერკავკასიის დელეგაციის წევრმა, მონაწილეობა მიიღო ბათუმის საზავო კონფერენციაში ბათუმში ქართველი დელეგატების გერმანიის დელეგაციასთან დაახლოებამ დააჩქარა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება, რაშიც თვალსაჩინო წვლილი ნ. ნიკოლაძეს მიუძღვის. აქვე შეადგინა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ბათუმში ჩასულ ნ. ჟორდანიას გადასცა.1918 წლის 27-28 მაისს ჩართული იყო საქართველოსა და გერმანიას შორის ფოთის დროებითი შეთანხმების გაფორმებაში.სამშობლოს თავისუფლებისათვის გაწეული ღვაწლისათვის საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა ნ. ნიკოლაძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. 1919 წ-ის თებერვალში, ედპ-ს სიით, აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატად, იყო კრების გზათა კომისიის წევრი. 1920 წ-ის აპრილში დეპუტატობისაგან განთავისუფლდა, რადგან მიავლინეს ევროპაში საქართველოს ეკონომიკური მისიის წევრად. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთისა და თბილისის განყოფილებათა წევრი59, 76, 88, 90, 91, 92, 200, 202, 236, 410, 411, 489, 497, 499, 500

ნიკოლოზ II ალექსანდრეს ძე - რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი (1894-1917 წლებში). პოლონეთის მეფე, ფინეთის დიდი ჰერცოგი. მისი მმართველობა 1917 წელს რუსეთის რევოლუციით დასრულდა 268, 372

ნინიძე კირილე იესეს ძე - რსდმპ-ს წევრი, მენშვიკური ფრაქციის წევრი; სწავლობდა დორპატის უნივერსიტეტში. 1908 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, იყო ამ საზოგადოების მდივანი ხონსა და ხაშურში. ეროვნული საბჭოს წევრი 1918 წლიდან, 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი, დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი. 1920 წ-დან აკრიტიკებდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მოქმედებას და პარტიის შიგნით ოპოზიციურ ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. პარტიას ძირითადად მთავრობისა და ცენტრალური კომიტეტის გაუმიჯნაობაში ადანაშაულებდა. 1920 წ-ის ბოლოს რამდენიმე პირთან ერთად გამოეყო სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. მათ გამოსცეს ჯერ გაზეთი „ახალი სხივი“, ხოლო შემდეგ, 1921 წელს, შექმნეს დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია დამფუძნებელ კრებაში, ამ ჯგუფს „სხიველები“ ეწოდა. აქტიურად იყო ჩაბმული 1924 წ-ის აჯანყებაში. იყო სამხედრო კომისიის წევრი. ადვოკატობას უწევდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ამბროსი ხელაიას 211, 213, 221, 223, 224, 225, 227, 228, 229, 235, 238, 269, 290, 294, 317, 341, 342, 347, 449, 452, 456, 457, 465, 466

ნუცუბიძე ვარლამ (შალვა) ისაკის ძე - ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი, საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი და მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე, კულტურის ისტორიკოსი, ქართული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1910 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის განხრით. 1911-1914 წწ-ში იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის სტუდენტი. ლაიფციგში ყოფნის დროს ჩამოაყალიბა ორიგინალური ფილოსოფიური მოძღვრება - ალეთოლოგია. 1915 მიენიჭა აღნიშნული უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1916-1918 წწ-ში პეტერბურგის უნივერსიტეტის ლექტორია. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების წევრი საქართველოს მემარცხენე სოციალ-ფედერალისტთა პარტიიდან. პარტია გამოეყო ძირითად პარტიას და 1921-1923 წწ-ში თანამშრომლობდა ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან, თუმცა მკაცრად აკრიტიკებდა მათ ეროვნულ პოლიტიკას. შ. ნუცუბიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 193, 217, 222, 224, 231

ნუცუბიძე ილია დავითის ძე - რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ სწავლობდა კიევის კომერციულ ინსტიტუტში. იყო 1918 წლის მაისში შექმნილი საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. შედიოდა პარტიის ცენტრალური ორგანოს, გაზეთ „შრომის“ სარედაქციო კოლეგიაში.1918 წელს შედიოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად, შედიოდა ესერთა პარტიის ხუთკაციან ფრაქციაში. 363, 366, 404, 490

4.16.1.14

▲ზევით დაბრუნება


ონიაშვილი დავით ეფრემის ძე - ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), მენშევიკი. საშუალო განათლება მიიღო გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდგომში სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო იურიევის (ტარტუს) და ლაიფციგის უნივერსიტეტებში. 1904 შეურთდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. 1918 წ-ის თებერვალ-მაისში იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი, სოციალ-დემოკრატების ფრაქციის სახელით. 1918 წ-ის 22 აპრილს ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადების საჭიროების შესახებ განცხადება სეიმის სხდომაზე სწორედ მან გააკეთა. 1917 საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. ხელი მოაწერა 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტს. ეროვნულ საბჭოში ასრულებდა მდივნის მოვალეობას. ეწეოდა აქტიურ საკანონმდებლო საქმიანობას, იყო არაერთი კანონის ინიციატორი. 1919 წ-ის თებერვალში აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კრების იურიდიულ კომისიას, ასევე იყო თვითმმართველობისა და საფინანსო კომისიის წევრი. 1920 წ-ის 3 დეკემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრად დაინიშნა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუდმივი წევრი, თბილისის, გორისა და ფოთის განყოფილების წევრი. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. აქტიურად მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. იყო სოციალ-დემოკრატების არალეგალური ცენტრალური კომიტეტის წევრი. მონაწილეობდა დამოუკიდებლობის კომიტეტის საქმიანობაში და ჩართული იყო აჯანყების მომზადების პროცესში 11, 22, 48, 101, 105, 107, 109, 127, 129, 167

ოსტროვსკი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე - რუსი დრამატურგი, რომლის მოღვაწეობამ რუსული ეროვნული თეატრის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. დრამატურგმა შექმნა თეატრალური სკოლა და თეატრალური დადგმის ერთიანი კონცეფცია 103

ონიანი - ლეჩხუმის მაზრის კომისარი 211, 214, 225

ონიანი - სახალხო გვარდიის წევრი 175, 213

ომიდოვი ვასილ ალექსანდრეს ძე - სენატორი, ნაფიცი ვექილი 236

ოუენი რობერტ - ინგლისელი ფილოსოფოსი, პედაგოგი და სოციალისტ-უტოპისტი, XIX საუკუნის სოციალური რეფორმების ერთ-ერთი პირველი ავტორი 272

4.16.1.15

▲ზევით დაბრუნება


პაიჭაძე - ცნობილი ყაჩაღი 380, 488

პოსტრიულინი - გენერალი 219

პოტენი - გენერალ ფოშის მიერ დახვრეტილი სპეკულიანტი 446

4.16.1.16

▲ზევით დაბრუნება


ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე - ქართული სოციალ-დემოკრატიის აღიარებული ლიდერი, პუბლიცისტი, თეორეტიკოსი. სწავლობდა ვარშავის ვეტერინარულ ინსტიტუტში. მონაწილეობდა პირველი ქართული მარქსისტული ორგანიზაციის „მესამე დასის“ დაფუძნებაში. 1903 წელს იყო რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტის წევრი, იმავე წელს სათათბირო ხმით მონაწილეობდა რსდმპ II ყრილობაში და მიემხრო მენშევიკებს. იმ პერიოდში მკვეთრად დაუპირისპირდა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის მოთხოვნას საქართველოს ავტონომიის ფორმით. 1905-1907 წწ. ჟორდანიას ხელმძღვანელობით წარმოებდა იდეურ-ორგანიზაციული ბრძოლა ბოლშევიზმის წინააღმდეგ. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ სათავეში ჩაუდგა ახალი ხელისუფლების რევოლუციურ ორგანოებს. 1917 წლის ნოემბერში საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს, აღმასრულებელი კომიტეტისა და პრეზიდიუმის თავმჯდომარედ. 1918 წლის 26 მაისს ნ. ჟორდანიამ ეროვნული საბჭოს სახელით საქართველოს დამოუკიდებლბა გამოაცხადა. 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო. 21 მარტიდან დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩია. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 43, 387

ჟღენტი ილარიონი - პედაგოგი, ნაციონალ-დემოკრატების ხონის კომიტეტის თავმჯდომარე 267

4.16.1.17

▲ზევით დაბრუნება


რამიშვილი ნოე ბესარიონის ძე - სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი; კავკასიის გლეხთა დეპუტატების საბჭოების ცენტრის თავმჯდომარე, ქართველ მენშევიკთა ცკ-ს წევრი და ამ პარტიის ორგანოს, გაზეთ „ერთობის“ რედაქტორი. დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი. 1901 ქუთაისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, დერპტის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე შევიდა, თუმცა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის გარიცხეს და 1902 საქართველოში დაბრუნდა. 1908-1909 წწ-ში სწავლობდა ლაიფციგის უნივერსიტეტში (გერმანია). თებერვლის რევოლუციის შემდეგ (1917) გახდა კავკასიის გლეხთა დეპუტატების საბჭოების ცენტრის თავმჯდომარე, ქართველ მენშევიკთა ცკ-ის წევრი და ამ პარტიის ორგანოს, გაზეთ „ერთობის“ რედაქტორი. იგი ცნობილი იყო პარტიული ფსევდონიმებით: პეტრე, სემიონოვი ნ. 1917 წ-ის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წ-ის 26 მაისს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა აღიდგინა, ნ. რამიშვილის მეთაურობით შეიქმნა საქართველოს დროებითი მთავრობა, თუმცა ერთ თვეში, 24 ივნისს, გადადგა და ხელისუფლება ნ. ჟორდანიას გადასცა. რამიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ჩაიბარა და, პარალელურად, 1919 წ-ის განმავლობაში იყო სამხედრო მინისტრი. იმავე წელს ასევე აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ჯარის რეორგანიზაცია, განათლების რეფორმა, კავშირგაბმულობის სფეროს განვითარება, განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა თბილისის უნივერსიტეტის მიმართ. შსს მინისტრობის დროს კი უხელმძღვანელა საქართველოს მივარდნილ სოფლებში გზების გაყვანას, ფოსტა-ტელეგრაფისა და სკოლების აშენებას. მან მთელი ძალისხმევა მიმართა ანტისახელმწიფოებრივი აქციებისა და სპეკულაციის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ. შს სამინისტროში ჩამოაყალიბა განსაკუთრებული რაზმი, რომელსაც ქვეყანაში წესრიგი უნდა დაეცვა. რაზმმა დიდი როლი შეასრულა სახელმწიფოს უშიშროებისათვის გამორჩეული პრინციპულობისა და უკანონობასთან შეურიგებელი ბრძოლის გამო, დამოუკიდებლობის წლებში ზედმეტსახელად „რკინის მინისტრი“ შეარქვეს. იყო შინაგან საქმეთა, სამხედრო და განათლების მინისტრი; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი თავმჯდომარე; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ქართული ემიგრაციის წევრებიდან ყველაზე აქტიურად უჭრდა მხარს 1924 წლის აჯანყებას, ჩართული იყო პოლონელი ხალხის ანტისაბჭოთა მოძრაობაში 34, 38, 43, 44, 94, 103, 138, 164, 186, 193, 211, 215, 308, 356, 378, 403, 404, 427, 487

რამიშვილი ისიდორე ივანეს ძე - პოლიტიკოსი, პედაგოგი და განმანათლებელი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი. თავდაპირველად განათლება მიიღო ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, შემდგომ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტთა ხალხოსნური ჯგუფების ფორმირებასა და საქმიანობაში. 1885 დაასრულა სასულიერო სემინარია. 1887 მის მშობლიურ სურების ხეობაში დააარსა ორკლასიანი სკოლა, სადაც თავადვე იყო პირველი მასწავლებელი, ამავე პერიოდში მისი მოსწავლე იყო ნოე რამიშვილი. 1891 მისი ინიციატივით დაარსდა გურიის სახალხო ბიბლიოთეკა. 1893 წლიდან მასწავლებლად მუშაობდა წკგს-ის ბათუმის ქართულ სკოლაში, სადაც პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად აქტიურ რევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა. იყო ბათუმის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის აღიარებული ლიდერი. 1906 წ-ს აირჩიეს რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად. 1907 მონაწილეობდა რსდმპ ლონდონის V ყრილობაში. 1913 წლიდან იმყოფებოდა გადასახლებაში. 1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, ამავე წელს - რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატად. იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წელს ოსმალეთის არმიის შემოტევისას ნატანების ფრონტზე აქტიურ პოლიტიკურ დახმარებას უწევდა გენერალ მაზნიაშვილს. დემოკრატიული რესუბლიკის დროს იყო ხელისუფლების წარმომადგენელი სოხუმის ოლქში. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი 117, 120, 123, 139, 150, 158, 161, 162

რიკარდო დავიდ - ბრიტანელი პოლიტეკონომისტი, კლასიკური ეკონომიკის ცნობილი წარმომადგენელი. შეიმუშავა სრულყოფილი თეორია მიწის რენტის ფორმების შესახებ, ასევე განაწილების თეორია და ფარდობითი უპირატესობის თეორია 440

როინიშვილი იოსებ ნიკოლოზის ძე - გენერალი, სენატორი. დაამთავრა ჯერ თბილისის კადეტთა კორპუსი, შემდეგ ალექსანდრეს სახელობის სამხედრო სასწავლებელი. 1905 წ-ს პირველი თანრიგით დაამთავრა ალექსანდრეს სამხედრო-იურიდიული აკადემია. მსახურობდა კავკასიის სამხედრო საოლქო სასამართლოში. 1908 წ-დან პეტერბურგის სამხედრო ოლქის სამხედრო გამომძიებლად, 1909 წ-დან - კავკასიის ოლქის სამხედრო სასამართლოს პროკურორის თანაშემწედ. 1918 წლიდან იყო საქართველოს სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალი (1918). 1919 წ-ის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია. მუშაობდა სისხლის სამართლის საკასაციო დეპარტამენტში 236

რუსია მელიტონ ივანეს ძე - იურისტი, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; საშუალო განათლება ლანჩხუთში მიიღო, რის შემდეგაც კერძო პედაგოგობა დაიწყო. სასწავლებლად ხარკოვში გაემგზავრა, მაგრამ სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო სასწავლებლიდან გარიცხეს. 1904 წელს ტფილისის სოციალ-დემოკრატიული მუშათა ორგანიზაციის წევრი გახდა. მუშაობდა „მენშევიკების“ ფრაქციაში. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო თვითმმართველობის კომისიის თავმჯდომარე, იურდიული, ტექნიკური, ცენტრალური საარჩევნო და საკონსტიტუციო კომისიების წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 197, 202, 306, 347, 412, 454, 472, 492

რუხაძე ილია ზოსიმეს ძე - ხონის ქალაქის გამგეობის წევრი, ქალაქის თავმჯდომარის მოადგილე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი 260, 263, 264, 278, 279, 280, 282, 284

4.16.1.18

▲ზევით დაბრუნება


საბაკევიჩი - ნ. ვ. გოგოლის პოემის „მკვდარი სულები“ კოლორიტული პერსონაჟი, მემამულე 107

სანაძე გიორგი დავითის ძე - რეაქციონერი, ხონის ყოფილი მამასახლისი 268, 277

სიდამონ-ერისთავი გიორგი დიმიტრის ძე - იურისტი, სენატორი. უმაღლესი იურიდიული განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო. 1890 წ-დან მუშაობდა პეტერბურგის სასამართლოში. 1917 დროებითმა სამმართველომ პეტერბურგის მილიციის მთავარ იურისტკონსულტანტად დანიშნა, შემდეგ ქალაქის მილიციის უფროსად. ამავე წელს მცირე ხნით შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დანიშნა სოხუმის საგანგებო სასამართლოს თავმჯდომარედ, ხოლო 1919 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს სენატის წევრად, მუშაობდა სისხლის სამართლის საკასაციო დეპარტამენტში. 1920 წლის ნოემბერს დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით სენატორის უფლებამოსილება შეუწყდა 236, 472

სირბილაძე ერმალოზ ივანეს ძე (მეტსახელი: ემილ) - პედაგოგი, თავდაპირველად სასწავლებლად თელავის სკოლაში შევიდა, შემდეგ კი სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. პედაგოგიურ მოღვაწეობა დაიწყო დუშეთის მაზრაში, ეწეოდა რევოლუციურ პროპაგანდას. იყო დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სათადარიგო სიიდან. 1919 წლიდან ხდება საქართველოს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი. იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი. 183, 184

სოკრატე - ძველი ბერძენი ფილოსოფოსი 227

სოლოღაშვილი ანა (ოლღა) ილიას ასული - პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ისტორიის სპეციალობით. 1903 წ-დან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად რევოლუციურ გამოსვლებშიც მონაწილეობდა. მარქსისტულ იდეებსა და არალეგალურ რევოლუციურ ლიტერატურას აცნობდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში რვოლუციურად განწყობილ მუშებს, ამ საქმეში ჩაბმული იყო ძმასთან - გრიგოლთან და დასთან - ევგენიასთან ერთად. მისი თაოსნობით ბათუმში გაიხსნა ნურიის ბაზარი, აგრეთვე, წიგნთსაცავ-სამკითხველო. 1917 წ-ის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. იყო გორის ქალთა ინტერნაციონალური კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. 1918 წ-ს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი; 1919 წლის 12 მარტიდან იყო დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო სარედაქციო, საპენსიო და ცენტრალური საარჩევნო კომისიების წევრი, საბიბლიოთეკო კომისიის მდივანი. მისი ინიციატივითა და მოხსენებით საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტები და კანონები. იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 9,18,67,95,183,184

სმიტი (სმითი) ადამი - (ინგ. Adam Smith), შოტლანდიელი პოლიტიკური ეკონომისტი და ფილოსოფოსი. თანამედროვე ეკონომიკური თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სმითის მრავალ ნაშრომთაგან ყველაზე უფრო ცნობილია: „თეორია მორალური გრძნობების შესახებ“ და „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ 440

სულაქველიძე კოწია - ქუთაისის ერობის თავმჯდომარე 261

სურგულაძე პეტრე როსტომის ძე - ჟურნალისტი, საქართველოს თავისუფლებისათვის აქტიური მებრძოლი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1894 დაამთავრა თბილისის ალექსანდრეს სახელობის საოსტატო (სამასწავლებლო) ინსტიტუტი. პედაგოგიურ საქმიანობას შეუდგა ქუთაისის პროგიმნაზიაში გამგე-მასწავლებლად, ხოლო შემდეგ მუშაობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის ისტორიის პედაგოგად. 1909 პ. სურგულაძის რედაქტორობით დაარსდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ყოველკვირეული ჟურნალი „ერი“, რომელიც თერგდალეულთა ჟურნალისტურ ტრადიციებს განაგრძობდა და მთელ ძალისხმევას ეროვნული ინტერესების დაცვას ახმარდა. იგი იყო დამფუძნებელი კრების წევრი, სამხედრო კომისიის წევრი. შედიოდა დამფუძნებელი კრების დროებით კომისიაში, რომელმაც 1919 წლის მარტში ახალციხე-ახალქალაქის მაზრებში სერვერ-ბეგის ხელმძღვანელობით მოწყობილი აჯანყების მიზეზები, შედეგები და რეგიონში არსებული ვითარება შეისწავლა. ხშირად აქვეყნებდა სტატიებს ედპ-ს მთავარ ბეჭდვით ორგანოში, გაზეთ „საქართველოში“ სახელმწიფოებრივი და სამხედრო აღმშენებლობის აქტუალურ საკითხებზე. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, თურქეთში ემიგრაციაში ყოფნის დროს იყო ედპ-ს საზღვარგარეთული ცენტრალური ბიუროს წევრი 183, 184

4.16.1.19

▲ზევით დაბრუნება


ტაბიძე გიორგი - ხონის თვითმმართველობის მოსამსახურე, დარაჯი 259, 263, 279

ტატიშვილი - თბილისის სასამართლოს ბრალმდებელი 175

ტერ-სტეფანიანი გარეგინ არზატის ძე (ფსევდონიმი სლეპცოვი) - პედაგოგი, პოლიტიკოსი, დაშნაკცუთიუნის პარტიის წევრი, თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი. საშუალო განათლება თბილისის და ალექსანდროპოლის პედაგოგიურ ინსტიტუტებში მიიღო. მუშაობდა პედაგოგად ანანიევის ქალთა გიმნაზიაში. 1918 წლიდან იყო „დაშნაკცუთიუნის“ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის „აშხატავორის“ წევრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი 1919 წლიდან. იყო სამეურნეო-საგამგეო, ტექნიკური და საპენსიო კომისიების წევრი. მუშაობდა ქალაქ თბილისის აღმასკომის კომუნალური განყოფილების, მიწის განყოფილების საარენდო მაგიდის გამგედ 472

ტომა ალბერტი - ფრანგი პოლიტიკოსი და დიპლომატი, სოციალისტი, I მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის რესპუბლიკის შეიარაღების მინისტრი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დამაარსებელი და თავმჯდომარე, ვერსალის საზავო კონფერენციის მონაწილე 166

ტოტომიანცი - ამიერ-კავკასიის საკოპერაციო ყრილობის საბჭოს წევრი 427

ტროცკი ლევ დავითის ძე (ლეიბა დავითის ძე ბრონშტეინი) ფსევდონიმები: პერო, ანტიდ ოტო, სედოვი, მოხუცი და სხვ. - საბჭოთა მარქსისტი რევოლუციონერი და თეორეტიკოსი, პოლიტიკოსი, წითელი არმიის დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი. ტროცკი თავდაპირველად რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მენშევიკური ფრაქციის მხარდამჭერი იყო. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე ტროცკიმ ბოლშევიკების ბანაკში გადაინაცვლა და პარტიის ლიდერი გახდა. საბჭოთა კავშირის დაარსების შემდეგ გახდა საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი, მოგვიანებით კი წითელი არმიის დამფუძნებელი, მისი მეთაური და ომის სახალხო კომისარი. ასევე პოლიტბიუროს დამფუძნებელი წევრი 108

ტუკი ტომას - (ინგ. Thomas Tooke) - ინგლისელი ეკონომისტი და სტატისტიკოსი. იყო რუსეთთან ვაჭრობით დაკავებული ლონდონის მსხვილი სავაჭრო სახლის წევრი. ტუკმა 1920 წელს ინგლისის პარლამენტში ლონდონელი ვაჭრების სახელით წარმოადგინა პეტიცია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ტუკი ხელმძღვანელობდა მსხვილ სამრეწველო საწარმოებს და აქტიურად მონაწილეობას იღებდა სამთავრობო კომისიებში ფაბრიკის მუშების მდგომარეობის სტატისტიკურ კვლევებთან დაკავშირებით, მონაწილეობდა ფაბრიკის კანონმდებლობის შემუშავებაში. მისი ძირითადი ნაშრომია „A history of prices and of the states of the paper circulation from 1793-1856“ - „ფასების ისტორია და ქაღალდის ბრუნვის მდგომარეობა 1793-1856“ 442

4.16.1.20

▲ზევით დაბრუნება


უორდროპი ჯონ ოლივერი - ბრიტანელი დიპლომატი, მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე, ქართული კულტურის დიდი მოამაგე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუდმივი წევრი. 1887 პირველად იყო საქართველოში და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამოსცა წიგნი „საქართველოს სამეფო“. შეისწავლა ქართული ენა და ინგლისურად თარგმნიდა ქართული ლიტერატურის ნიმუშებს, მათ შორის: ს. ს. ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“ (1894); „ვისრამიანი“ (1914). 1912 ლონდონში გამოსცა თავისი დის, მარჯორი უორდროპის, მიერ ინგლისურ ენაზე პროზაულად თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“. 1918 წელს იყო დიდი ბრიტანეთის გენერალური კონსული მოსკოვში, საბჭოთა რუსეთში. შემდეგ მცირე ხნით მუშობდა ბრიტანეთის პოლიტიკური დაზვერვის დეპარტამენტში. 1919 წ. აგვისტოდან უორდროპი დაინიშნა გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს წარმომადგენლად სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, დამოუკიდებელ საქართველოში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლად - უმაღლეს კომისრად. ო. უორდროპს დიდი წვლილი მიუძღოდა ბათუმის ოლქის მმართველობაში ოსმალეთისა და დენიკინის აგენტთა გავლენის შესუსტებასა და პროქართული ძალების როლის გაზრდაში. მისი დამსახურებით ბრიტანეთი დარწმუნდა, რომ საჭირო იყო კავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობა. დამოუკიდეელი საქართველოსადმი ბრიტანეთის დამოკიდებულება შეიცვლა პოზიტიური ნიშნით. მას საპატიო წვლილი მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის დე ფაქტო აღიარებაში, რომელიც 1920 წლის 27 იანვარს მოხდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ინგლისში დაბრუნებულმა ოლივერ უორდროპმა ორგანიზება გაუკეთა ქართულ ემიგრაციას და დააარსა ქართული კომიტეტი. 1922 წელს ო. უორდროპი მეფემ ბრიტანეთის იმპერიის რაინდის წოდებით დააჯილდოვა 185, 186

ურატაძე გრიგოლ (გრიშა) ილარიონის ძე - სახალხო მასწავლებელი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო მოღვაწე, გურიის გლეხთა მოძრაობის ერთ-ერთი მეთაური. დაამთავრა ოზურგეთის ოთხკლასიანი სასწავლებელი, ბათუმში კი სამასწავლებლო კურსები გაიარა. მუშაობდა ლანჩხუთის სკოლის მასწავლებლად. უმაღლესი განათლების მისაღებად პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა, თუმცა არ დაუსრულებია. პეტერბურგში აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ გამოსვლებში. 1911 წელს ამიერკავკასიის ორგანიზაციამ სასწავლებლად პარიზის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სკოლაში გაგზავნა. სადაც შეხვდა და ახლოს გაიცნო ვ. ლენინი, ლ. კამენევი, ი. არმამდი, ნ. კრუპსკაია, ზინოვიევი, ლუნაჩარსკი და სხვ. კარგად იცნობდა აგრეთვე რუსული მენშევიზმის ლიდერებსაც. 1915 წლიდან ნ. ჟორდანიას მომხრეთა რიგებში ჩადგა, ხელმძღვანელონდა გაზეთ „ახალი კვალის“ გამოცემას. 1918 წელს იყო ქუთაისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ეროვნული საბჭოს წევრი, 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. იყო სამანდატო კომისიი წევრი, აქტიურად მუშაობდა გაზეთ „ერთობის“ რედაქციაში. მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულების მომზადებაში. დოკუმენტს ხელი მოაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე ლ. კარახანთან ერთად 171, 172, 180, 194, 290, 298, 313, 418, 426, 449, 457, 464, 472

4.16.1.21

▲ზევით დაბრუნება


ფაღავა გიორგი (გოგიტა) აქვსენტის ძე. - რსდმპ პარტიის მენშევიკების ფრაქციის წევრი 1913 წლიდან; სწავლობდა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. უმაღლესი განათლების მისაღებად სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა. 1919 წ-ის თებერვალში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. 1919 წ-ის 12 მარტს დამფუძნებელი კრების საზეიმოდ გახსნის სხდომაზე. გ. ფაღავა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა წევრი, ასრულებდა მდივნის მოვალეობას. სოციალ-დემოკრატიული პარტიის კვოტით იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. დამოუკიდებლობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული პარტიულ და სახელმწიფოებრივ საქმიანობაში, ხშირად მოგზაურობდა რეგიონებში პროპაგანდისტული საქმიანობის გასაწევად. მონაწილეობდა რაჭასა და ლეჩხუმში არსებული ადმინისტრციის კრიზისის შემსწავლელ დელეგაციაში; საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის პირველი თავმჯდომარე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, მუდმივი წევრი 9, 77, 78, 276, 277, 279, 297, 368

ფაჩულია - საგანგებო რაზმის ხელმძღვანელი 44

ფირცხალავა სამსონ გიორგის ძე - იურისტი, პუბლიცისტი, პოლიტიკოსი, დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, 1898 წელს კი პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლის წლებში ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს თავმჯდომარე იყო. 1902-1910 წწ-ში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანი და საქმეთა მმართველი. რედაქტორობდა სოც-ფედერალისტთ პარტიის ორგანოებს: „გლეხი“ (1906), „მიწა“ (1906-1908). მონაწილეობდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ჩამოყალიბების პროცესში. 1905-1907 წწ-ის პერიოდში შედიოდა პარტიის მთავარ კომიტეტში და ერთხანს იყო პარტიის თავმჯდომარის მოადგილე. 1917 წლის აპრილში მონაწილეობდა საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს ორგანიზების პროცესში, რომელიც სათავეში ჩაუდგა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლას. 1919-21 წწ.-ში დამფუძნებელი კრების წევრი, 1917-1921წწ.-ში იყო სოც.ფედერალისტთა პარტიის ცენტრალური ორგანოს, გაზ. „სახალხო საქმის“ რედაქტორ. 1921 წელს ხელი მოაწერა საქართველოს პირველ კონსტიტუციას 236, 389

ფირცხალაიშვილი ილია გიორგის ძე - ექიმი, იურისტი, სოციალ-დემოკრატი, განათლება ოდესის უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტზე მიიღო, რის შემდეგაც სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის მუშაობაში ჩაება. 1903-1913 წწ-ში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, მუშაობდა ნაფიც მსაჯულად. 1917 წ-ის რევოლუციის შემდეგ ქუთაისის ქალაქის კომისარი გახდა. ამავე წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1919 წელს აირჩიეს თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად, შემდგომ კი -დამფუძნებელი კრების წევრად. შედიოდა სოციალ-დემოკრატების ფრაქცია „ახალი სხივის“ ჯგუფში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. 1921 წ-ის ოკუპაციის შემდეგ ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში 56, 57, 116, 472

ფოში ფერდინანდ - ფრანგი სამხედრო მოღვაწე, საფრანგეთის მარშალი პირველ მსოფლიო ომში. ერთადერთი ადამიანი საფრანგეთის ისტორიაში, რომელიც სამი სახელმწიფოს - საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა, პოლონეთის მარშალი გახდა 446

ფურიე შარლ - ფრანგი ფილოსოფოსი, სოციოლოგი, უტოპიური სოციალიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ფურიერიზმის სისტემის დამაარსებელი, ტერმინ „ფემინიზმის“ ავტორი. მისი უტოპია შთააგონებდა XIX საუკუნის დასაწყისის პირველ სოციალისტებს 272

4.16.1.22

▲ზევით დაბრუნება


ქარცივაძე . - სურსათის მომარაგების მთავარი კომიტეტის თავმჯდომარე, მთვარი სამმართველოს მთვარი მმართველი. ესერი 357, 426

ქიქოძე ნიკოლოზ მოსეს ძე - საქართველოს დამოუკიდებლი რესპუბლიკის სენატის წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი. იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი სისხლის სამართლის საკასაციო დეპარტამენტში. 1919 წ-ის დეკემბერში ნ. ჟორდანიას დავალებით მიენდო ქალაქ თბილისის გამგეობის რევიზია. 1920 წ-ის აპრილში განთავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან 236

ქორქაშვილი მიხეილ ლევანის ძე - საქართველოს დამოუკიდებლი რესპუბლიკის სენატის წევრი სისხლის სამართლის საკასაციო დეპარტამენტში. ქუთაისის საოლქო სასამართლოს წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრი 236

ქუთათელაძე ბიკენტი ათანასეს ძე - ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის წევრი ხონიდან, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი 267

ქუთათელაძე ვიქტორ ათანასეს ძე - ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის წევრი ხონიდან, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის ბიბლიოთეკის გამგე, საზოგადოების ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი

ქუთათელაძე ვლადიმერ ნესტორის ძე - იურისტი, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის სენატის წევრი, ნაფიცი ვექილი, მიწათმოქმედების სამინისტროს იურისტ კონსული. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1901-1905 წწ-ში მუშაობდა თბილისის ოლქის ნაფიც ვექილთა კორპორაციაში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1919 წ-ის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია, მუშაობდა სენატის სამოქალაქო დეპარტამენტის ადმინისტრაციულ განყოფილებაში. 1920 წ-ის დეკემბერში დაინიშნა იუსტიციის მინისტრის, რაჟდენ არსენიძის, მოადგილედ. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 236

4.16.1.23

▲ზევით დაბრუნება


ღლონტი თევდორე (თედო) ზურაბის ძე - პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. დაამთავრა პეტერბურგის „კომერციულ ცოდნათა ინსტიტუტი“. დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის მეცხრე კანდიდატი). 1921 წლის იანვარში პარტიის მე-5 კონფერენციაზე მოითხოვა საბჭოთა კონსტიტუციის აღიარება. მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიასთან ერთად თანამშრომლობდა თბილისში შემოსულ საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლებასთან, მონაწილეობდა ოკუპირებული საქართველოს საბჭოების I ყრილობაში, სადაც აირჩიეს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. 1926-1928 წწ.-ში საჭოთა ხელისუფლებამ გადაყენებული ივ. ჯავახიშვილის მაგიერ თ. ღლონტი დანიშნა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად 325, 372, 418, 427, 428, 434, 435, 436, 438, 446

4.16.1.24

▲ზევით დაბრუნება


ყიფიანი რუბენ ლუარსაბის ძე - სოციალ-დემოკრატი. პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოფელ ლაილაშის სასწავლებელში. მის პოეტურ ნაწარმოებებს და მოთხრობებს ბეჭდავდა: „მოგზაური“, „თეატრი და ცხოვრება“, „ეშმაკის მათრახი“, „მათრახი და სალამური“ და სხვა ჟურნალი-გაზეთები. აქტიურად იყო ჩაბმული 1905 წ-ის რევოლუციაში, აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში, ხელმძღვანელობდა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის გამოსვლებს. დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას, იყო დამფუძნებელი კრების წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. 25

ყუფარაძე - ხონის მთავარანგელოზის უბნის კომისარი, უბნის ზედამხედველი 281, 284

4.16.1.25

▲ზევით დაბრუნება


შარაშიძე დავით გიორგის ძე - გამოჩენილი სოციალ-დემოკრატი. (ქრისტინე შარაშიძის ძმა). სწავლობდა ბახვის სოფლის სკოლაში, შემდეგ ქუთაისში და ბოლოს ოდესის რეალურ სასწავლებელში. 1905 წ-ის სტუდენტური გამოსვლების შემდეგ დააპატიმრეს, გაანთავისუფლეს იმ პირობით, რომ დაუყოვნებლივ დატოვებდა რუსეთის იმპერიის საზღვრებს. ამიტომ გაემგზავრა შვეიცარიაში, სადაც უმაღლესი განათლება ჟენევის უნივერსიტეტში მიიღო. 1918 წელს იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს და შემდეგ დამფუძნებელი კრების წევრი, სოციალ-დემოკრატთა რუსულ ენაზე გამომავალ გაზეთ «Борьба»-ს რედაქტორი; „ბრძოლის ხმის“ რედაქტორი, „დამოუკიდებელი საქართველოს“ თანარედაქტორი; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 130, 131, 133, 238

შარაშიძე ქრისტინე (ჩიტო) გიორგის ასული - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგი, პედაგოგი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი 1905 წლიდან. 1899-1904 წწ-ში სწავლობდა ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიაში, საიდანაც გარიცხეს მოსწავლეთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წ-ის რევოლუციურ მოძრაობაში. მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისის კერძო გიმნაზიაში (1907), იყო ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის წევრი (1910-1911); საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი; 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. დამფუძნებელ კრებაში იყო კრების პრეზიდიუმის უმცროსი მდივანი, საბიბლიოთეკო, სარედაქციო დ სახალხო განათლების კომისიების წევრი (1919-1921), პარლამენტის წევრობისას აქცენტს უმთავრესად სახალხო ჯანმრთელობის კანონმდებლობასა და განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე სვამდა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. შედიოდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ქალთა კომიტეტში, რომლის მიზანი პოლიტპატიმართა ოჯახების დახმარება იყო. 7, 29, 30, 63, 125, 171, 179, 197, 233, 239, 240, 250, 289, 315, 317, 349

შენგელაია (ტექსტში შენგელია) ლეო ანდრიას ძე - სოციალისტ-რევოლუციონერი, 1908 წლიდან რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი, 1917 წლიდან იყო სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ცენტრალური ორგანოს „შრომის“ რედაქტორი; აქვეყნებდა ნაშრომებს აგრარულ საკითხებზე. 1918 წლის მაისში ქართველ ესერთა რუსეთის პარტიიდან გამოყოფის შემდეგ საქართველოს სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე, ცკ-ს პარტიული გაზეთის „შრომის“ რედაქტორი, 1919 წლიდან დამფუძებელი კრების წევრი, ესერთა ფრაქციის ლიდერი. ლ. შენგელაია ესერებთან ერთად გამოირჩეოდა მთავრობის კრიტიკით მემარცხენე პოზიციებიდან 10, 12, 13, 14, 21, 34, 35, 38, 39, 41, 42, 45, 46, 47, 48, 49, 50, 72, 102, 104, 106, 107, 108, 109, 110, 111, 114, 133, 134, 138, 151, 219, 270, 310, 336, 338, 339, 340, 369, 385, 389, 397, 398, 407, 409, 411, 437, 440, 441, 445, 446, 453, 455, 457, 459, 460, 474, 483, 484, 485, 488

შერვაშიძე ვარლამ ალექსანდრეს ძე (მეტსახელი: ძიკი) - ექიმი, მარქსისტული ორგანიზაციის წევრი, სწავლობდა სოხუმის სასწავლებელში, უმაღლესი განათლება ხარკოვის უნივერსიტეტში მიიღო. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ აფხაზეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე გაცდა. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. 1921 წ-ის ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა და ბათუმში დარჩა ექიმად სამუშაოდ. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 150,154

შერვაშიძე ჯოტო ლევანის ძე - ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 148,150

შმაგაილოვი - ინგლისის სარდლობის აგენტი 406

4.16.1.26

▲ზევით დაბრუნება


ჩარკვიანი ნიკოლოზი - ლეჩხუმის მაზრის სოფ. ჩხერეთში მცხოვრები მოქალაქე 172, 173, 174, 175, 176, 205, 207, 208, 210, 211, 212, 213, 214, 215, 216, 217, 218, 219, 220, 221, 224, 225, 228, 229, 230, 231, 232, 312

ჩაჩხიანი - ლეჩხუმის მაზრის მცხოვრები 23

ჩერნოვი ვიქტორ მიხეილის ძე - ესერთა პარტიის ლიდერი, რუსეთის დროებითი მთავრობის მიწათმოქმედების მინისტრი, ხშირად „გლეხურ მინისტრსაც» უწოდებდნენ. იყო მიწის სოციალიზაციის პროგრამის ავტორი (სახელმწიფოსა და მემამულეთა მიწების საზოგადოებრიც საკუთრებად გადაქცევა მათი შემდგომი თანაბარი განაწილება), პოლიტიკურ სფეროში ითხოვდა „მთელი სახელმწიფოსა და იურიდიული წყობის დემოკრატიზაციას თავისუფლებისა და თანასწორობის საწყისებზე“ 397, 398

ჩეხოვი ანტონ პავლეს ძე - რუსი ექიმი, დრამატურგი და მწერალი, რომელიც მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მოთხრობების მწერლად 388

ჩიგოგიძე - სახალხო გვარდიის შტაბის წევრი 487

ჩიქავა (ტექსტში ჩიკავა) ალექსანდრე ჩიტოს (ხიტუს) ძე - პედაგოგი, დაამთავრა ქუთაისის სამეურნეო სასწავლებელი. 1905 წლიდან რსდმპ-ს მენშევიკური ფრაქციის წევრია; 1919 წლის თებერვალში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. იყო თვითმმართველობის კომისიის წევრ. წლების განმავლობაში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი 21

ჩხეიძე - სოხუმის მცხოვრები 145

ჩხენკელი იასონი - ხონის მცხოვრები 255, 268, 277, 281, 284

ჩხიკვიშვილი ბენიამინ (ბენია) გრიგოლის (გიგოს) ძე - პოლიტიკოსი, სწავლობდა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში, (არ დაუსრულებია) დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. მემარცხენე სოციალისტი, რის გამოც ბოლშევიზმთან სიახლოვეს საყვედურობდნენ. ეკავა თბილისის ქალაქის თავის თანამდებობა 1919-1920, 1919 წელს გახდა აფხაზეთის გუბერნატორი, 1920 - ქუთაისის, შემდეგ ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორი. 1921 წელს დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი142, 148, 152, 154, 163, 388, 389, 431

4.16.1.27

▲ზევით დაბრუნება


ცინცაძე ნოე კონსტანტინეს ძე - პედაგოგი, ფიზიკა-მათემატიკოსი, პოლიტიკური დ საზოგადო მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი. სწავლობდა სასულიერო სემინარიაში, სადაც სემინარიელებთან ერთად რევოლუციურ მოძრაობაში აქტიურად იყო ჩაბმული, სწავლის პერიოდში გახდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. სემინარიის დამთავრების შემდეგ უმაღლესი განათლება ფიზიკა-მათემატიკოსის სპეციალობით მიიღო. 1918 წლის სექტემბრამდე თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი იყო, 1918 წლის სექტემბრიდან კი თბილისის ქალთა გიმნაზიის დირექტორი; 1919 წლის 5 აპრილიდან იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე. ნ. ცინცაძე 1918 წლიდან პარლამენტის წევრია, 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი. ნ. ცინცაძემ შეძლო რუსული სკოლების ქართულით შეცვლა, მოამარაგა ისინი სახელმძღვანელობით, ამასთან, ევროპაში უამრავი ახალგაზრდა გაგზავნა სასწავლებლად. საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ არალეგალურთა რიგებში გადავიდა და იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად. 1923 წელს, როგორც ანტისაბჭოტა მოძრაობის თვალსაჩინო წევრი საზღვარგარეთ გადაასახლეს. ემიგრაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რადიო „თავისუფლების“ საქმიანობაში. მისი ინიციატივით მოხდა პარიზიდან ჰარვარდის ბიბლიოთეკაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ეროვნული მთავრობის არქივის გადატანა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 116

4.16.1.28

▲ზევით დაბრუნება


ძნელაძე . - ცნობილი შანტაჟისტი, ყაჩაღი 488

4.16.1.29

▲ზევით დაბრუნება


წერეთელი კოტე, კოწია - ჭიათურელი ადვოკატი, სოციალ-ფედერალისტი 52, 53, 54, 55, 56, 57, 68, 69, 72, 73, 74, 75, 76, 77, 78, 79, 80, 81, 82, 85, 86, 87, 88, 89

წერეთელი ნესტორ დიმიტრის ძე - ჭიათურელი დიდგვაროვანი, სამხედრო პირი, ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლი (მარშალი) 1861-1867 და 1877-1883 წლებში. გენერალ-მაიორი და იმპერატორის ფლიგელ ადიუტანტი. კავკასიის ომების მონაწილე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი 78

წულაია პავლე ლუკას ძე (ფსევდონიმი: დეპო) - რსდმპ-ს მენშევიკურ ფრაქციის წევრი. სწავლობდა თბილისის სახელოსნო სასწავლებელში. 1907 წელი აიჩიეს რსდმპ ლონდონის მეხუთე ყრილობის დელეგატად. 1919 წლიდან არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების წევრად, იყო საკონსტიტუციო და გზათა კომისიების წევრი 377, 378

წულუკიძე კოლია - ხონის მცხოვრები 263, 264, 278

4.16.1.30

▲ზევით დაბრუნება


ჭავჭანიძე გლახუა - ხონის მცხოვრები 264

ჭავჭანიძე ივანე იოსების ძე - მათემატიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი. სტუდენტობიდანვე შეუერთდა მენშევიკურ ფრაქციას. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ არჩეული იყო ხონის ქალაქისთავად, 1919 წლის წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო გზათა კომისიის თავმჯდომარე, სამანდატო კომისიის მდივანი, სარეკომენდაციო, თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების წევრი, პარალელურად იყო მომარაგების მინისტრის, შემდეგ კი - შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. 9, 13, 17, 30, 31, 99, 108, 110, 111, 114, 115, 116, 138, 171, 185, 206, 237, 256, 259, 261, 265, 270, 280, 281, 283, 284, 290, 294, 297, 298, 317, 318, 323, 334, 336, 340, 343, 349, 350, 351, 352, 377, 378, 418, 449, 450, 468, 469, 471, 472, 490, 494, 495, 496, 501

ჭავჭანიძე დათა - ხონის მცხოვრები 279

ჭავჭანიძე ნიკო - ხონის მცხოვრები 277, 278

ჭიჭინაძე ნიკოლოზ (პარმენ) - ექიმი, პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრთის წევრი, მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში. 1918-1920 წლებში იყო შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის მოადგილე და პერიოდულად მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. 1920 წლის 3 დეკემბერს დაინიშნა სამხედრო მინისტრად. იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. (მისი დაკრძალვის დღე გადაიქცა პირველ ანტისაბჭოთა დემონსტრაციად) 24, 177, 211, 261, 270, 276, 493

ჭიაბრიშვილი ანდრია (ანდრო) იაკობის ძე (ჭრელი) - პოლიტიკოსი, რსდმპ-ს „მენშევიკური“ ფრაქციის წევრი; დაამთავრა პირველდაწყებითი საქალაქო სასწავლებელი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აირჩიეს ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. 1917 წლის ნოემბრიდან საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. საქართველოს წითელი გვარდიის, შემდგომში სახალხო გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი. არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს არჩეული იყო თბილისის სამაზრო ერობის ხმოსნად, 1919 წლიდან - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. იყო საბიუჯეტო-საფინანსო და სამხედრო კომისიების წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი 238

4.16.1.31

▲ზევით დაბრუნება


ხარატიშვილი (ხარატაშვილი) ისიდორე - ჭიათურის მუშათა დეპუტატების საბჭოს წევრი 8, 30, 55, 56, 57, 60, 66, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 79, 80, 81, 82, 83, 85, 86, 87, 91, 92

ხელთუფიშვილი დავით ბესარიონის ძე - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი. უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო პეტერბურგის უნივერსიტეტში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის (უმაღლესი სააპელაციო პალატა - უზენაესი სასამართლო (1919-1921წწ.)) პირველი თავმჯდომარე, არჩეულ იქნა 1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელი კრების მიერ. ნაფიცი ვექილი, წლების განმავლობაში იყო ქუთაისის ნაფიც ვექილთა კორპორაციის წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 236

ხომერიკი ნოე გიორგის ძე - პოლიტიკოსი, დაამთავრა ქუთაისის სამეურნეო სკოლა, სადაც არალეგალურ წრეებში სოციალისტურ მოძღვრებას გაეცნო და სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა. 1903-1906 წწ. აქტიურად მონაწილეობდა გურიის გლეხთა მოძრაობასა და გურიის რესპუბლიკის გამოცხადებაში; იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედებისა და შრომისა და გზათა მინისტრი; დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, მისი თაოსნობით, 1919 წლის 31 იანვარს, დამფუძნებელმა კრებამ მიიღო აგრარული რეფორმის ჩატარების გადაწყვეტილება. რეფორმა გულისხმობდა მიწის ჩამორთმევას მსხვილი მემამულეებისთვის და გადანაწილებას გლეხობაზე, სახელმწიფო საკუთრებაში რჩებოდა მდინარეები, ტყეები და საძოვრები. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 272, 309, 370, 387, 426, 453, 454, 458, 470

4.16.1.32

▲ზევით დაბრუნება


ჯაფარიძე ივანე - საგანგებო სასამართლოს თავმჯდომარე 174, 175

ჯაფარიძე კონსტანტინე იასონის ძე - სოციალ-დემოკრატი, 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმეთა მმართველი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო ხარკოვის უნივერისტეტში, სწავლობდა შვეიცარიაშიც. განათლების მიღების შემდეგ ადვოკატად მუშაობდა თბილისში. 1905 შეუერთდა რსდმ პარტიის მენშევიკების ფრაქციას. იყო პარტიის აქტიური წევრი, ეწეოდა პუბლიცისტურ საქმიანობას. კ. ჯაფარიძე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი 1917 წლიდან. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით, შედიოდა დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის შემადგენლობაში, იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისისა და სოხუმის განყოფილებათა წევრი. საბჭოთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში, მონაწილეობდა ანტისაბჭოთ გამოსვლებში და პროპაგანდას ეწეოდა. შედიოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ორგანიზაციის ცეკას შემადგენლობაში 7, 29, 63, 97, 125, 171, 197, 205, 239, 249, 289, 317, 318, 321, 341, 349, 375, 417, 449, 471, 490

ჯაფარიძე სერგო დავითის ძე - იურისტი, სოციალ-დემოკრატი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მსახურობდა ნაფიც ვექილად, იყო ნაფიც ვექილთა საბჭოს თავმჯდომარე. 1906 აირჩიეს რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ქუთაისის გუბერნიიდან. აქტიურად მონაწილეობდა საპარლამენტო მუშაობაში, გაბედულად აკრიტიკებდა როგორც ხელისუფლებას, ასევე იმ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში მხარს უჭერდნენ ანტიხალხური კანონების მიღებას. იყო ნიჭიერი ორატორი, აქტიურად იყო ჩაბმული დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. 1917 წლის ნოემბრიდან იყო ეროვნული საბჭოს წევრი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმეთა მმართველი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ნაფიც მსაჯულთა საბჭოს თავმჯდომარე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1920). საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში 197, 199, 200, 202, 209, 210, 215, 216, 234, 235, 236, 239, 250, 290, 317, 341, 343, 465, 472, 473, 474, 485, 486

ჯიბლაძე სილიბისტრო (სილვა) ბესარიონის ძე - პოლიტიკური ლიდერი, პუბლიცისტი მონაწილეობდა 1905-1907 წლების რევოლუციაში; სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. რექტორ ჩუდეცკის ცემისთვის 1884 იგი სემინარიიდან გარიცხეს და ორი წლით დისციპლინარულ ბატალიონში გაამწესეს. იყო „მესამე დასის“ დამფუძნებელი წევრი (ყვირილა, 1892). იყო ქართველი სოციალ-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი და კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსის, გენერალ გრიაზნოვის მკვლელობის ორგანიზატორი (1906); 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცკ-ს წევრი, ამიერკავკასიის სეიმის წევრი 1918 წლის თებერვლიდან. 1919 წლის თებერვალში აირჩიეს დამფუძნებელ კრების წევრად. დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა, როგორც კრების უხუცესმა წევრმა, ს. ჯიბლაძემ გახსნა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი138, 500, 501

ჯორბენაძე - თიანეთის მცხოვრები 380

ჯუღელი ვალერიან (ვარლამ) ანთიმოსის (ანთიმოზის) ძე - ქართველი პოლიტიკოსი (სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მენშევიკური ფრაქცია) და სამხედრო პირი. დაამთავრა სოხუმის გიმნაზია, სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტში. იყო თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებებლი კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, 1918 წლიდან ამიერკავკასიის სეიმისა და საქართველოს პარლამენტის წევრი. 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული მუშათ პარტიის სიით), სამხედრო კომისიის წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ემიგრაციაში სხვა სამხედროებთან ერთად შეიმუშავა აჯანყების გეგმა. საფრანგეთში სპეციალური წვრთნის გავლის შემდეგ არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში, შევიდა დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო კომისიაში და სათავეში ჩაუდგა აჯანყების სამზადისს 60, 84, 217, 223, 224, 227, 229, 293, 310, 312, 313, 348, 360, 361, 362, 366, 381, 386, 387, 394, 396, 406, 407, 412, 413, 478, 479

4.16.1.33

▲ზევით დაბრუნება


ჰაკი ავიცბა, ხაკი ავიცბა - ალკკ ცაკის ბიუროს წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წევრი 148

ჰანიბალი ბარკა - (დ. ძვ. წ. 247 ან ძვ. წ. 246 - გ. ძვ. წ. 183) კართაგენის მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე, კართაგენის საზოგადოების წარჩინებულთა გვარის წარმომადგენელი. რომის რესპუბლიკის მოსისხლე მტერი და კართაგენის უკანასკნელი დიდი ლიდერი. ჰანიბალმა „სამხედრო სტრატეგიის მამის“ სახელი დაიმკვიდრა 223

ჰილფერდინგი რუდოლფ - (გერმ. Rudolf Hilferding), გერმანიის პოლიტიკური ლიდერი, ავსტრიელი და გერმანელი მარქსისტ-ეკონომისტი, ავსტრომარქსიზმის თეორეტიკოსი, სოციალ-დემოკრატიის ლიდერი 440

4.16.2 ადგილთა საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


ავსტრია 63, 234, 39, 442

ავსტრალია 422

ავსტრო-უნგრეთი 197, 200, 201, 239, 250, 289, 317, 341, 343

აზერბეიჯანი, ადერბეიჯანი 47, 490

აზია 186, 409

ალპანა 26

ამერიკა/შეერთებული შტატები/ამერიკის შეერთებული შტატები 311, 318, 319, 321, 341, 345, 394,

ამიერ-კავკასია 12, 70, 95, 144, 145, 207, 255, 256, 257, 372, 421, 427, 433, 441, 444, 468

ართვინი 256

აფხაზეთი 116, 117, 118,119, 120, 121,122, 123,124,138, 139, 140, 141, 142, 143, 146, 147, 148, 149, 150, 151

ახალ-სენაკი 256

ახალქალაქი/ახალქალაქის მაზრა/ახალ-ქალაქის მაზრა 181, 183, 246, 449, 467

ახალციხის მაზრა/ახალციხე სოფელი 246, 467

ბათუმი, ბათომი 7, 9, 12, 135, 148, 185, 388, 431, 444, 491

ბაქო 388, 390 ,440, 465, 326

ბელგია 441

ბოლნის-ხაჩინი 181, 183

ბორჩალოს მაზრა, ბორჩალო 64, 114, 181, 183, 246, 449, 467

ბორჯომი 337,492

ბულგარეთი/ბულგარია 200, 201, 349

გაგრა გაგრის ფრონტი 36, 90, 321

გვაჯარა 23

გვაშტიბი 359

გელათი 105

გერმანია 51, 199, 200, 201, 300, 302, 309, 314, 322, 346, 410, 423, 473, 497, 498

გორის მაზრა 223,473,

გუბა 399

გუდაუთა 256

გუდაუთა-პილენკოვის გზატკეცილი 8

გურია 312, 380, 473, 487, 488

დაღესტანი 465

დუშეთის მაზრა 181, 183, 228, 246, 380, 399, 400, 474

ევროპა 12, 50, 190, 321, 328, 329, 344, 346, 374, 409, 422, 434, 435, 436

ერევანი 326, 443, 465

ვანის რაიონი 469

ვარციხე 250

ვაშინგტონი 345

ვერის დაღმართი 193

ვლადიკავკასი 400

ზაქათალა 256

ზესტაფონი 85, 255, 265

ზუგდიდი 105, 256, 270, 452

ზუგდიდის მაზრა 105

თბილისი/ტფილისი/თფილისი - 3, 4, 9, 15, 18, 26, 42, 59, 76, 135, 145, 173, 175, 244, 246, 312, 328

თელავი 382, 399, 460

თელავის მაზრა 382

თერგის ოლქი 390, 465

თიანეთი თიანეთის მაზრა 380, 449, 467

თურქესტანი 379

ფილისის მაზრა 426, 458

ინგლისი 7, 166, 185, 189, 198, 200, 202, 209, 210, 295, 302, 311, 314, 318, 328, 372, 380, 410, 423, 424, 429, 431, 439, 441, 443, 444, 473, 499

ივანდიდი 173, 259, 291

იტალია 210,314,423,441,443

იმერეთი 230,312

იმერეთი (ზემო) 452, 457, 458

კავკასია, ჩრდილოკავკასია 58, 65, 79, 95, 96, 385, 488

კახეთი 110, 233, 452, 472, 490

კიევი 403

კოდორი 119,147,158

კონსტანტინოპოლი 424

ლაგოდეხი 380, 396, 399

ლაილა 23

ლანჩხუთი 256, 487

ლეჩხუმი 23, 24, 25, 26, 27, 28, 104, 214, 218, 225, 230

ლეჩხუმის მაზრა 8, 23, 24, 25, 26, 27, 173, 174, 176, 211, 220, 224, 225, 400

ლონდონი 257, 324, 443

მამისონის უღელტეხილი 36, 356, 362, 366, 367, 400

მანგლისის რაიონი 460

მეტეხის ციხე 173

მეჯვრისხევი 487

მიხეილის პროსპექტი 174

მოსკოვი 380, 394

მუშტაიდი 174

მცხეთა 46, 228, 490, 491

ნატანებ-ბათომის რკინისგზა/ნატანებ-ბათუმის რკინისგზა 7

ნორვეგია 441

ოდესა 78, 403

ოსეთი 104, 233, 376, 377, 417

ოსმალეთი 122, 161, 200, 201, 289, 317, 321, 343, 349, 357

ოჩემჩირე 256

პარიზი 201, 202, 319, 344, 345, 480

პლეხანოვის პროსპექტი 227

პეტროგრადი 78, 394, 422

რაჭა 25, 27, 230

რაჭის მაზრა 218, 224, 225

რიონი 185

რუსეთი 34, 36, 43, 44, 45,47, 50, 52, 54, 59, 70, 75, 95, 117, 118, 121, 122, 135, 155, 156, 159, 160, 165, 186, 187, 188, 191, 192, 198, 199, 200, 201, 202, 245, 311, 321, 322, 323, 325, 334, 336, 354, 358, 359, 362, 365, 379, 380, 383, 385, 386, 388, 389, 397, 398, 402, 407, 408, 435, 437, 442, 443, 465, 481, 485, 489, 498

საბერძნეთი 319, 441

სამეგრელო 27, 104, 312, 399, 455, 458, 461

სამტრედია (ქალაქი)/სამტრედია (დაბა) 11, 14, 255, 256, 257, 259, 264, 265, 269, 270, 275, 297, 380

სარიყამიში/სარაყამი 176, 214

საფრანგეთი 11, 202, 210, 302, 410, 423, 429, 441, 442, 443, 446, 499

საჩინოს რაიონი 450, 469

საჭილაო 399

სენაკი სენაკის მაზრა 270, 452

სვანეთი 25, 26, 27, 130, 181, 182, 183, 214

სიღნაღი 460

სიღნაღის მაზრა 114

სკანდინავია 385

სომხეთი 332, 373, 421

სოჩის ოლქი 147

სოჭი 399

სოხუმი, სოხუმის ოლქი - 116, 117, 399, 122, 126, 139, 142, 143, 144, 145, 147, 151, 154, 160, 136, 323

სოხუმ-ახალსენაკის გზატკეცილი 8

სპარსეთი 321

სტამბოლი 434

სუფსა 487

ტაბახმელა 400

ტფილისი/თბილისი 7, 8, 16, 26, 29, 63, 66, 85, 97, 98, 106, 116, 125, 126, 171, 179, 197, 205, 211, 214, 227, 228, 233, 239, 240, 243, 244, 246, 249, 253, 258, 259, 276, 289, 317, 341, 349, 352, 353, 375, 376, 388, 399, 403, 417, 418, 426, 439, 443, 449, 458, 460, 461, 464, 465, 471, 490, 491, 494

ტყიბული 471,497,498

უკრაინა 402, 164

უნგრეთი 349

ფინლიანდია 111

ფოთი 12, 399, 405, 406

ფოცხოვის რაიონი 182

ქარჩხაბი 178

ქერჩი 380, 386

ქსანკა 185

ქობულეთი 185

ქუთაისი 7, 9, 24, 26, 38, 66, 76, 98, 116, 125, 173, 175, 185, 200, 211, 212, 213, 214, 236, 260, 261, 276, 277, 278, 279, 280, 282, 297, 323, 349, 352, 353, 377, 417, 440, 458, 459, 460, 461, 470

ქუთაისის მაზრა 105, 426, 458, 469

ყარსი 256

ყვირილა 256, 296

ყუბანი 318, 319, 320, 321, 332, 341, 357, 361, 404

შვეიცარია 319, 356, 429

შორაპნის მაზრა 78, 460, 457

ჩოხატაური 487

ჩხერეთი 173

წინამძღვარიანთკარი 353, 417

წყნეთი 183

ჭიათურა 31, 32, 52, 54, 68, 69, 72, 78, 79, 80, 92, 137, 200, 256

ხევსურეთი 181

ხონი 171, 173, 234, 239, 250, 255, 256, 260, 261, 262, 264, 265, 267, 268, 269, 270, 273, 274, 275, 276, 277, 278, 279, 280, 281, 282, 283, 284, 285, 286, 289, 290, 291, 293, 294, 296, 297, 298, 307, 312

ხოსტა 256

ჰოლანდია 441

4.16.3 III ტომის პირთა საძიებლებისთვის გამოყენებული წყაროები:

▲ზევით დაბრუნება


1. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი http://www.nplg.gov.ge/bios/ka

2. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი. მთავარი რედაქტორი - პროფ. დიმიტრი შველიძე, გამოცემის მთავარი რედაქტორი - ზურაბ გაიპარაშვილი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2018.

3. საქართველოს პროსოპოგრაფია

III ტომის პირთა საძიებლებისთვის გამოყენებული წყაროები:

1. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი ჰტტპ://წწწ.ნპლგ.გოვ.გე/ბიოს/კა

2. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი. მთავარი რედაქტორი - პროფ. დიმიტრი შველიძე, გამოცემის მთავარი რედაქტორი - ზურაბ გაიპარაშვილი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2018.

3. საქართველოს პროსოპოგრაფია

http://prosopography.iliauni.edu.ge/persons/article/4965

4. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი

5. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების წევრთა საძიებელი (1879-1927 წწ. ) http://www.nplg.gov.ge/ilia/ka/

6. Всемирная история в интернете http://hrono.ru/biograf/bio_b/bernacki.php

7. Исторический словарь. https://dic.academic.ru/dic.nsf/hist_dic/10714

8. Электронная библиотека исторических документов. Ауербах В.А.

http://docs.historyrussia.org/ru/nodes/225-