The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ოცნება საქართველოზე

ნადირაძე კოლაუ

პატრიოტული ეკლოგა

მე საქართველო მაგონდება ისევ ტკივილით,
მისი წარსული დევგმირული და მომავალი.
დღეს ცივი ქარი დაგტრიალებს მწარე კივილით,
სამშობლოვ ჩემო, რომ იტვირთე უმადლო ვალი.

დიდი ბრძოლებით დაღლილი და განაწამები
კიდევ ბევრ ჯვარცმას გადაიტანს შენი სხეული.
ო, კიდევ ბევრჯერ შენ ცრემლებით დაინამები,
და კიდევ ბევრჯერ დაგიტირებ თვალდახეული! ...

უკანასკნელად შენ მრგებიხარ მე არჩევანში,
მაგრამ არ ვშიშობ და მივიღებ, რაც მელოდება!
საბედისწერო არ შედგება ჩემი რევანში,
და არ იქნება შებრალება, არც შეცოდება.

ეჭვით ავსილი შენი გული დღეს ვის არ ელტვის!
მხოლოდ ჩემდამი უნდობლობა შენი არ ცხრება.
და სამუდამოდ უწამები დარჩება შენთვის
ჩემი ცრემლები, სიყვარული და დამარცხება!

1919 წ.