The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - წ


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - წ



სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი

სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი

წიგნი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ მეცნიერულ ნაშრომს ლიტერატურათმცოდნეობაში. მასში დაწვრილებით არის განხილული ლიტერატურის თეორიისა და ლიტერატურათმცოდნეობის ძირითადი ცნებები და კატეგორიები.

ავტორის ტექსტი ქვეყნდება მცირეოდენი შესწორებებით. საილუსტრაციო მასალად გამოყენებული ავტორისეული ციტატები ზოგან ჩანაცვლებულია სხვა ნიმუშებით

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

1 წინაამბავი

▲ზევით დაბრუნება


წინაამბავი

ნაწარმოების ის მონაკვეთი, რომელშიც ავტორი გადმოგვცემს მოქმედი პირის წარსულს.

პერსონაჟის ხასიათის უკეთ გასაცნობად, მისი ყოფაქცევის ასახსნელად და, საერთოდ, იმ მიზნით, რომ უფრო ნათელი წარმოდგენა გვქონდეს მხატვრული ნაწარმოების გმირების შესახებ, ავტორი ხშირად მოკლედ გვაცნობს მოქმედი პირის ცხოვრებას წარსულში, ე.ი. იმ ამბამდე, რაზედაც არის უმთავრესად ლაპარაკი მხატვრულ ნაწარმოებში;

„გოგია უიშვილში” ავტორი ჯერ გვაცნობს გოგიასთვის გადასახადის შეწერის ამბავს (მოქმედების კვანძს), შემდეგ კი დროებით წყვეტს მოქმედების პირდაპირ განვითარებას და გვაცნობს გოგიას ცხოვრებას წარსულში: მის წარმოშობას, დაოჯახებას, სახლის აშენებისა და ოჯახის გაძლიერების ამაო ცდას, მის უკმაყოფილებას მეფის მოხელეებით, თანდათან განერვიულებას და პროტესტის ზოგჯერ სახიფათო ფორმებში გამოთქმის შემთხვევებს.

ის ადგილი მოთხრობაში, რომელშიც ე. ნინოშვილი აგვიწერს გოგიას ცხოვრებას გადასახადის შეწერამდე, ამ მოთხრობის წინაამბავია. მისი საშუალებით ჩვენ უფრო დაწვრილებით ვეცნობით, თუ ვის შესახებ არის მოთხრობაში ლაპარაკი. წინაამბავში მოთხრობილი ფაქტები გვიადვილებს გოგიას თვითმკვლელობის ახსნას. წინაამბავიდან ჩვენ ვიგებთ, რომ გოგია უიშვილი იმედიანად უყურებდა თავის მომავალს, მაგრამ შემდეგში გლეხის აუტანელმა მდგომარეობამ, დიდმა გადასახადებმა, წვრილშვილიანობამ, გადასახადში მარინეს მზითვის და სახლის ფიცრების გაყიდვამ თანდათან დაუკარგეს გოგიას ოჯახური ცხოვრების მოწყობის იმედი, თანდათან უფრო და უფრო შეაზიზღეს მას ცხოვრება. ყოველივე იმან, რასაც ჩვენ დასახელებული მოთხრობის წინაამბავში გავეცანით, მოამზადა ნიადაგი გოგიას ამბის თავისებურად განვითარებისათვის. გოგია უიშვილის ბუნებაში რომ მტკიცედ არ ყოფილიყო ჩამოყალიბებული სიძულვილი და ზიზღი მეფის მოხელეებისადმი, შეიძლება გოგიას არ გაეწია წინააღმდეგობა კაზაკებისათვის. გოგიას მიერ თავის მოკვლის გადაწყვეტილების მიღებაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არა მარტო მისმა საჯაროდ გაწკეპვლამ, არამედ აგრეთვე იმ აუტანელი ცხოვრების პირობების გათვალისწინებამ გოგიას მიერ, რაც ავტორმა მოთხრობის წინაამბავში გაგვაცნო.

იხ. აგრეთვე: კვანძი, მოთხრობა

წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.

2 წყობილი

▲ზევით დაბრუნება


წყობილი

სამი ტერფისაგან შედგენილი 11 მარცვლიანი ლექსი, რომლიდანაც პირველი ორი ტერფი დიქორული, ანუ პეონურია, ხოლო უკანასკნელი კი – დაქტილური.

მაგ:

„ჩემო თავო, ბედი არ გიწერია,
ჩემო ჩანგო, შვებით არ გიჟღერია...
ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია,
რადგან, სატრფო, ვხედავ, ჩემი მტერია”. - (აკაკი).

„ჰე, მამულო, გრძნობა შენი მოვლისა,
მარად ყველა ჩვენთაგანის ვალია,
სანამ გმირმა შენთვის სული დალია,
თქვა” სამშობლო უპირველეს ყოვლისა!”. – (გ. ტაბიძე).

„და არ ვიცი რა პასუხი მივუგო,
შენზე მითხრეს: „თავის წასვლა დამალა”
წაგიღია წიგნი – „ვიქტორ ჰიუგო”,
წაგიღია „ქილილა და დამანა”. – (ი. გრიშაშვილი)

სინონიმი: თეჯლისი

იხ. აგრეთვე: აშუღური, დაქტილური ტერფი, პეონი, ტერფი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,