The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ჩემი რუსთაველი
 

დუმბაძე ნოდარ


ჩემი რუსთაველი


არაფერი ისე არ ამახსოვრდება ადამიანს, როგორც ბავშვობისას ძილისპირს დედის მიერ თქმული ზღაპარი, იავნანა, წაკითხული ლექსი, ან ამბავი რამე.

     
         
 

ალბათ ამაზე ფიქრმა დააწერინა გოგებაშვილს უკვდავი „იავნანამ რა ჰქმნა?!“ და ალბათ ამის გამო ვბედავ მე იმის თქმას, რასაც ამ წერილში თუ აღსარებაში  მოგახსენებთ. მე არ მახსოვს, რამდენი წლისას მიკითხავდა დედა „ვეფხისტყაოსანს“, ან ოდესმე ეთქვას ჩემთვის, ეს ადგილი ზეპირად ისწავლეო. მე მახსოვს მხოლოდ ის, რომ მაშინ კითხვა არ ვიცოდი და ეს უზარმაზარი წიგნი, „ვეფხისტყაოსანი“ რომ ერქვა, მხოლოდ ლამაზი, ფერად – ფერადი სურათებით გაწყობილი ყუთი იყო ჩემთვის, რომლიდანაც დედაჩემი ცისარტყელასავით ჭრელ, ლამაზ სიზმრებსა და ძილისმომგვრელ სიმღერებს ალაგებდა, მიწყობდა სასთუმალს და ალბათ ისევ დედის გამოა, რომ ეს ლამაზი უკვდავი წიგნი დღემდე მიდევს სასთუმალს, როგორც:

    აღსარება – აქ: გულისნადების გამოთქმა
         
 

ერთი რამ არის ფრიად საგულისხმო: ძველი ქართულის არასპეციალისტთათვის, ისევე უბრალო მოკვდავთათვის, როგორიც მე ვარ და მრავალი ქართველია, არათუ მეთორმეტე – მეცამეტე საუკუნის ქართული ენა, არამედ გაცილებით უფრო გვიანდელიც კი თითქმის გაუგებარია ლექსიკონის გარეშე. მაშ, რაღაშია საქმე, რატომ არის „ვეფხისტყაოსანი“ ასე გასაგები ყველა ქართველისათვის, დაწყებული გუთნისდედიდან, ან თუში მწყემსიდან, ვიდრე ატომური რეაქტორის მაღალკვალიფიციური ინჟინრისთვის?

    ატომური რეაქტორი – დანადგარი, რომელშიაც ხორციელდება ატომგულების გაყოფის ჯაჭვური რეაქცია; გამოიყენება ატომური ენერგიის მისაღებად..
         
 

საქმე ისაა, რომ ალბათ რუსთაველი იყო პირველი ქართველი მწერალი, რომელიც მიხვდა, რომ მხოლოდ ხალხს შეუძლია მისცეს უკვდავება ლიტერატურულ ქმნილებას, რომ ხელოვნება მხოლოდ ხალხის საკუთრებაა, რომ მხოლოდ ხალხია განმსჯელი ლიტერატურული ქმნილების ავკარგიანობისა და მხოლოდ ხალხს შეუძლია შეუნახოს შთამომავლობას სიტყვა წინაპრისა. და მან პირველმა მწერალთა, პოეტთა, მოშაირეთა შორის საქართველოში დაწერა თავისი გენიალური ქმნილება ხალხის ენაზე, საერო ენაზე, და სასწორზე დადო საკუთარი ლიტერატურული კარიერაც, კეთილდღეობაცა და შემოქმედებაც.?

    მოშაირე – შაირის ავტორი, მოლექსე, პოეტი. შაირი არაბული სიტყვაა და ქართულად ლექსს ნიშნავს, ამჟამად შაირს თექვსმეტმარცვლოვან ლექსს უწოდებენ. სწორედ თექვსმეტმარცვლოვანი შაირით არის დაწერილი „ვეფხისტყაოსანი“.
 

 

     
 

და თუ თვალს გადავავლებთ საუკუნეების მანძილზე „ვეფხისტყაოსნის“ გარშემო შექმნილ პოლემიკას და ნრძოლას მის წინააღმდეგ, ერთ – ერთი მთავარი ბრალდება რუსთაველის მიმართ სწორედ ის გახლავთ, რომ მისი ნაწარმოები საეროა და არა სასულიერო, არა მხოლოდ სამეფო სასახლის, ეთიკეტის, ტრადიციის ენაზე დაწერილი. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, თუ რატომ იქნა უარყოფილი თავის დროზე „ვეფხისტყაოსანი“. განა ამის გამო არ უარყო, თავის დროზე კონსერვატულმა ინგლისმა, კაცობრიობის სიამაყე შექსპირი, რომელმაც ლიტერატურაში ხალხის, დემოსის, „ბაზრული“ სალაპარაკო ენა შემოიტანა?! და საყოველთაო საკუთრებად, ხალხის საკუთრებად აქცია თავისი გენიალური ქმნილებანი?!

     
         
 

აქ ორმხრივ ურთიერთგამდიდრებასა, გადარჩენასა და გაუკვდავებასთან გვაქვს საქმე. ისე, როგორც რუსთაველმა და შექსპირმა უკვდავყვეს თავიანთი ენა და ხალხი, ისე უკვდავყო ხალხმა და ენამ მათი სახელები. განა ასე არ მოიქცა ქართველ განმანათლებელთა ჯგუფი ილიას, აკაკის, გოგებაშვილის, ვაჟას და სხვათა სახით, რომლებაც არც მეტი, არც ნაკლები გადაგვარებას გადაარჩინეს ქართველი ერი და ენა მისი იხსნეს იმ კონსერვატიზმისაგან, რომელიც ელის ყველა ერის ენას, რომელიც ცდილობს ხელოვნურად შეაფერხოს ის ბუნებრივი პროცესები, რომლებიც თან სდევს კაცობრიობის განვითარებას, სხვადასხვა ცივილიზაციისა და ერის თანამშრომლობასა და ურთიერთობას.

     
         
  – როგორია როლი „ვეფხისტყაოსნისა“ თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებასა და საერთოდ საქართველოს სულიერ ცხოვრებაში?      
         
 

– ნაწარმოების შეფასებას, რომელიც აგერ რვა საუკუნის მანძილზე აძლევს სულიერ საზრდოს საქართველოს, და ვინ იცის, კვლავ რამდენ საუკუნეს იქნება იგი ჩემი ერის სულიერი საუნჯე, ამის ახსნას, არა მგონია, ჩვენი დღევანდელი შეხვედრის დრო ეყოს, და მარტო ეს დრო კი არა, მთელი ჩემი სიცოცხლეც კი. და თუ თქვენ მე გიყვარვართ, თუ გჯერათ ჩემი, და თუ მთვლით მწერლად, რომლის სიტყვას რაიმე ფასი აქვს თქვენთვის, თქვენ პატიოსან სიტყვაზე უნდა მენდოთ, და უნდა დამიჯეროთ, რომ მსგავსი რამ კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია. ეს არის მზე რომელიც ჯერჯერობით, საუბედუროდ, საქართველოს ცაზე ბრუნავს მხოლოდ. და მე გულწრფელად მეცოდება და უბედურად მიმაჩნია ის კაცი, რომელსაც ქართულად არ წაუკითხავს „ვეფხისტყაოსანი“, ისევე, როგორც თქვენ, და მეც, რა თქმა უნდა, გვეცოდება და უბედურად მიგვაჩნია ის კაცი, რომელსაც პუშკინი არ წაუკითხავს რუსულად. – ასე ვუპასუხე და მომეჩვენა, რომ მათ დამიჯერეს.

     
         
 

. . . კიდევ ერთი თვისების გამო უყვარს ხალხს „ვეფხისტყაოსანი“. თუ „ვეფხისტყაოსანი“ არ იცი, ძნელად დაგიჯერებს ვინმე, რომ ქართველი ხარ.

     
         
 

. . . კაცობრიობის გაჩენის დღიდან არც ღმერთისთვის, არც სიყვარულისთვის, არც მეგობრობისთვის, არც ვაჟკაცობისთვის, არც ქალისთვის, არც კაცისთვის, არც მზისთვის, არც ცისთვის, არც დედამიწისთვის ასეთი დიდებული ჰიმნი ჯერ არავის არ უმღერია!