The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ნინოწმინდის ღამე

ლეონიძე გიორგი

ნინოწმინდის ღამე

1926 წლის 26 მარტი.
ღამე ნინოწმინდის გალავანში:
სანდრო შანშიაშვილი, პაოლო იაშვილი,
ტიციან ტაბიძე, გიორგი ლეონიძე.

   
ნინოწმინდა...  პალატები მეფეთა...
გალავანში ― ჯამი აქაფებული,
შენი სახე რისთვის შემომეფეთა,
ხატი იყავ ― ვეფხვი დაქალებული...
  ნინოწმინდა - სოფელი კახეთში, საგარეჯოს რაიონში. ნინოწმინდის გალავნიანი სამონასტრო კომპლექსი მე-6 საუკუნეშია ნაგები. მონასტრის უმდიდრეს ბიბლიოთეკაში მოღვაწეობდა ექვთიმე ათონელის თანამოსაგრე არსენ ნინოწმინდელი (XI ს.) პალატი - დიდებულთა საცხოვრებელი შენობა, სასახლე; სასახლის დარბაზი.
     
საზანდარმა ღამე ააცახცახა,
ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა,
ცა-ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა,
და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა...
  საზანდარი - 1. მესტვირე; 2. თარზე, ჭიანურზე, დაირასა და საზზე დამკვრელ მუსიკოსთა დასი.
     
ნინოწმინდა... ჩვენ როგორც ხაზარები...
ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ!
   
     
როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა,  
სიყვარული ისე დამჯახებია!
მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს
და სიყვარულს ათაბაგის ქალისას;
  ტამერლანი - თემურ-ლენგის სახელის რუსული (ევროპული) ტრანსკრიფცია.
     
ძუძუები ოქროს კალმახებია,
წამწამები აქვს თავთუხის ყანისა...
წინანდალის ვაზი აყვავებული,
ჩამოსხმული ოქროთი და თაფლითა,
   
     
აფრენილი   ბაზიერის  დაფითა,
დურაჯი  ხარ, მაყვალს შეფარებული!
ნინოწმინდა... ჩვენ როგორც ხაზარები...
ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა

საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ, ცრემლმა, იმ პატარა იარამ
  ბაზიერი (სპარს.) - ქორ-შავარდენთა დამგეშველი.
დურაჯი
- ქათმისებრთა ოჯახის პატარა, ლამაზი ფრინველი.