The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


გამოთხოვება

კორნაპელი გიორგი

გამოთხოვება

გამოთხოვების
მშვენიერი ცრემლით ილევი,
ზეთისხილის მთით,
ყვავილებით და ყვავილებით.

უწყი: სიბრმავით
დადაღული გზები დიდების
საზღვრებს გადასულ სიყვარულად
რომ განილევის?

ზღვა ცრემლებიდან იტოტებოდა
შენს ფერხთა ქვეშე
და სხივთა ზედა,
შესმული არის მძიმე სასმელი
სათნოების და გამარჯვების.
და გამარჯვების
სევდით აღკმული,
ისევე შენდა მოიქცა გული.

კვიპაროსების მდუმარ ხეივანს
ცით ზოდიაქო
ესუდვრის რულით.
დაღამდა, მხოლოდ
გასათენებლად,
სიწმინდისათვის ბნელობს
ცის სვეტი.

გარნა უდაბნო არ გემუდარა?
დაბნელებული
დათხრილი თვალით?
მაგრამ დატანჯა შენმა წყალობამ
და აღმომსკდარი
შენთვის გალობა,
ისევ შენ ფერხთა მტვერში
ტრიალებს.

წყვდიადი გატყდა,
ატირდა ქარი
და დაეფინა
მტრედის სიწყნარე.
ეს ოქტომბერი
მიმქრალ სანთელით
ზღვის მლაშე წიაღს
თუ ანათებდა?
მშვიდობით,
ნუღარ გამოიხედავ,
მე ძალმიძს ფლობა
გარდასულ დღეთა.
მადლია მხოლოდ
შენი უფლება
და ნანობს გული,
რამეთუ გნებავს,
და სიხარულის
ცრემლი ლაჟვარდობს:
ეკალთა ზედა,
ეკლიან გზაზე,
სდუმს
ყოველივე გასაღვიძებლად,
შენი ნაბიჯი,
შენი ხმა,
სევდა,
მიდიხარ,
არა დასავიწყებლად,
ცეცხლმოდებული მიდიხარ, დედა!

 

წყარო: ბურუსი