The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი - ნ

ნასამართლობა (Previous Covention) - არის სასამართლოს განაჩენით დამნაშავის მსჯავრდების სამართლებრივი შედეგი, რომელიც მსჯავრდებულის ზოგიერთი უფლების შეზღუდვაში გამოიხატება (მაგალითად, საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვა). არასრულწლოვანს ნასამართლობა გაქარწყლებულად ეთვლება სასჯელის მოხდისთანავე, ხოლო პირობით მსჯავრდებისას - გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე. საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი (მუხლი 12) ამომწურავად ადგენს თუ არასრულწლოვანმა განმეორებით ჩაიდინა დანაშაული, ნასამართლობის გაქარწყლების შემთხვევებს.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო (Jury Trial) - თუ ბრალდებულს ბრალი წაუყენეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი დანაშაულის ჩადენისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226.1 მუხლი განსაზღვრავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იურისდიქციას დაქვემდებარებულ დანაშაულებს), მოსამართლე ვალდებულია ბრალდებულს განუმარტოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დებულებები და მასთან დაკავშირებული უფლებები. ამის შემდეგ მოსამართლე არკვევს, თანახმაა თუ არა ბრალდებული, რომ მისი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს. თუ ბრალდებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს არ განაცხადებს, მოსამართლე ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის თარიღს.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 12 მსაჯულისაგან და 2 სათადარიგო მსაჯულისგან. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობაში არ უნდა იყოს ექვსზე ნაკლები მსაჯული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, რვაზე ნაკლები - მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ათზე ნაკლები - განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე.

ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი (Verdict of the Jury) - ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განსჯის და იღებს გადაწყვეტილებებს ფაქტების შესახებ. ნაფიცმა მსაჯულებმა თითოეულ წარდგენილ ბრალდებაზე უნდა გადაწყვიტონ უდანაშაულობის ან ბრალეულობის საკითხი. შესაბამისად, არსებობს ვერდიქტის ორი ფორმა, გამამართლებელი და გამამტყუნებელი ვერდიქტი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლი ადგენს ნაფიც მსაჯულთა მიერ ვერდიქტის მიღების პირობებს.

ნეგატივიზმი (Negativism) - წინააღმდეგობის გაწევა ნებისმიერი ფორმის გავლენისთვის. თავდაპირველად გამოიყენებოდა პათოლოგიური ფსიქიატრიული მდგომარეობის აღსანიშნავად, თუმცა თანდათანობით ტერმინმა გადაინაცვლა ქცევითი თავისებურებების კონტექსტში, ნორმალური ფსიქიკური სტატუსის პირობაში.