The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ქოსა გახუ
ქოსა გახუ

გამსახურდია კონსტანტინე

ქოსა გახუ

(ნოველა)

 

„ხოხობზე ნადირობენ ფაზის ნაპირას მცხოვრები კოლხები

პეტრონიუსი „სატირები“

კურდღელი დამიცდია. კურდღელი მელა და ბოლოქანქარა... კურდღელს რომ არ გადავყროდით იმ დავსილ დღეს ტაგუ სამუგია და მე...

ცისმარე დილით აგვიდგა ეწერის ბოლოს. ტაგუ სამუგიამ ესროლა. ბალახი ნამცვარევი იყო და დანაოდი ნადირის კვალს მივ- სდიეთ. მე თვალი გვარიანად მიჭრის, მაგრამ ტაგუ სამუგიას თვალს ნუღარ იკითხავთ, ან რა იქნება ნაყაჩაღარის თვალი, გეცოდინებათ უჩემოდ. დავკარგეთ კვალი სისხლისა. ნადირი ძალზე დაეკოდა ტა- გუს. დავშორდით ეწერში ერთი მეორეს.

წავაწყდებოდი ნამცვარევ ბალახზე კურდღლის ნაწოლს სადმე პატარა ბუჩქის ძირას, ვყვიროდი: სისხლი... დაეწინწკლა სისხლს თე- თრი რძია-რძიები და გვირილები.

გაივლიდა წამი. შესდგებოდა ტაგუ სამუგია და მომესმოდა ყვირილი -„სისხლი“.

მერმე დავბორიალობდით ორივენი ჩირგვებში, გვიმნარში, ეწერის კატაბარდებში და გახელებული ვყვიროდით: „სისხლი“, „სისხლი“, „სისხლი“.

ნეტა თუ რამე აღვიძებს ჩვენში იმდენ ბავშურ აღტყინებას როგორც სისხლი?

(ნადირობის დროს უთუოდ იღვიძებს ჩვენში ჩვენი ველური წინაპრის სისხლი).

იმ დღეს ხელი მოგვეცარა, ჩხიკვი რომ ჩხიკვია ისიც არ შეგხვედრია რომ სროლას გადაჩვეულს გაფრენილზე მევარჯიშნა. ესეც არაფერი, მე პატარა მარცხიც შემემთხვა.

ნაწისქვილარის არხზე რომ გადავხტი, აწკიპული თოფი გამივარდა, ლამის თვალი არ დამივსო თოფის წამალმა — კეფაზედ, საფე- თქელთან თმა წამტრუსა.

არაფერი ისე არ აახლოებს ადამიანებს, როგორც ნადირობა. ნადირობა და სისხლი.

ყოველთვის, როცა ჩემს დედულეთში სანადიროთ ჩავიდოდი ტაგუ სამუგიას უნდა მივკედლებოდი.

სხვა არავინ ნადირობდა იმ ხანებში.

ჩემი ბიძები აგვისტოს სამწუხარო ამბების შემდეგ სოფელში არ ჩამობრუნებულან; დეიდა ჩემს ერთი მეწველი თხა და ჩელტის ნა- ლია შერჩა.

ძიძიშვილებმა და ნათლულებმა ჩუმ-ჩუმად ჩელტის ფაცხა მოუღობეს ნალიის ქვეშ და აქ ცხოვრობდენ მოხუცი დედაკაცი და მისი დაკუტებული ქმარი, ნახუცარი იონა;

ბიბლიური იდილია იღვიძებდა ჩემს გულში ამ მოხუცების საწოლის გასწვრივ პატარა ბაგაზე დამბულ თხისა და ციკნების შეხედვაზე.

ეს ხუთი სული ძლივს ეტეოდა ლასტის ფაცხაში.

ნახუცარი იონა მაინც გულს არ იტენდა. ეფუთში ეძებდა „ბოლ'შევიკების წასვლის“ თარიღებს. სასთუმალიდან არ იშორებდა ლოცვანებსა და წმინდა წიგნებს: დიდის პათოსით კითხულობდა იობის წიგნს.

ხედავდა ალბად რაღა იდუმალ ანალოგიას განაწამებ ბიბლიურ კაცთან და ეს მხნეობას ჰმატებდა ბერიკაცს.

განსაკუთრებით დეიდა ჩემს არ მოსწონდა ჩემი მისვლა-მოსვლა ტაგუ სამუგიასთან.

ნახუცარი მდუმარე ნოიტრალიტეტით კმაყოფილდებოდა.

იმ დღეს ხელცარიელი რომ შევბრუნდი ფაცხაში იონა, ლოგინზე პირაღმა იწვა და ხმამაღლა გალობდა.

დიდხანს ვიდექი კარებთან, ვუსმენდი ექსტაზში შესული მოხუცის ღაღადისს.

მცირე პაუზით ვისარგებლე და კარი შევაღე.

ჩაბალახი ლოგინზე მივაგდე თუ არა, ნახუცარმა ჩემს გატრუ- სულ თმას თვალი ჰკიდა და შეჩქვიფდა.

მე ვგრძნობდი, ლუღლუღებდა ბერი კაცი, ტაგუ სამუგია შენ რაიმე უბედურებას გადაგყრის.

დავამშვიდე მოხუცი. მთელი ამ ხიფათის მიზეზი მე გადავიბრალე. ხოლო რაც შეეხება ტაგუ სამუგიას, იგი ჩვეულებრივი უწყინარი გლეხია მეთქი, ვარწმუნებდი.

გლეხიო. წამოიძახა ნახუცარმა. ტაგუ სამუგია და გლეხი? ახლა გლეხობა დიახაც ბევრს ენატრება, მაგრამ ტაგუ თუ სამუგია გგონია?

მართლა

მაშა? წამოვიძახე გაოცებულმა.

ტაგუ მანუჩარ ბატონისშვილის და მის მკვიდრი დის ხათუნას შვილია.

როგორ თუ და ძმის შვილი?.

ცოდო ადუღდა ნიკო ბატონიშვილის ოჯახში.

მანუჩარი სიყმაწვილეშიაც ავხორცი იყო და...

ხათუნა 12 წლამდის ძიძას ყავდა, და ძმა ერთი მეორეს გადაეჩვია. მანუჩარ 25 წლის იქნებოდა როცა ხათუნა ძიძამ მოიყვანა. და იმაწლის სექტემბერში დატრიალდა ეს გაუგონარი უბედურება. მანუჩარს ცოლი შერთეს, ემუხვარის ქალი. ხათუნა სააფხაზოში გააქროლეს მოსალოგინებლად, მაგრამ შვილოსნობას გადაჰყვა საცოდავი; და 2 წლის შემდეგ ტაგუ სამუგიად მონათლა მანუჩარმა. ცოლის შერთვამდის შინა ყავდა, შემდეგ მიწა მამული მისცა და თავის არეში ჩამოისახლა.

მერმე ტაგუმ იცის ეს ამბავი? შევეკითხე ნახუცარს

ამ სოფელში თავის დროზე მანუჩარმა იცოდა ეს, ტაგუმ და მე, რადგან სასახლის მოძღვარი ვიყავი.

ასეა მამაშვილობას, ცოდვის შვილია ტაგუ სამუგია, მიტომაც უნდა ერიდოს კაცი მის სიახლოეს.

მანუჩარი ხომ ქრისტეს ფეხის მჭამელი იყო, მაგრამ ტაგუ სამუგიასთან შედარებით იგი ანგელოზად მოგეჩვენებოდათ. შე ლმობიერად ვექცევი ჩვენი წინაპრების ცოდვებს და ვნებებს. (რადგან მიცვალებულებს და მოხუცებულებს ბევრი რამ მიეტოვებათ. მართლაც და ვინც ცხენის კულტს იცნობს, იგი უთუოდ დამეთანხმება, რომ ლამაზი ქალისა და ჯიშიანი ცხენის მოტაცება არც ისე დიდ ცოდოთ ითვლებოდა წინად).

ტაგუ სამუგია არც ისე მოხუცებულია, მაგრამ იგი ახალ დროში გადარჩენილი ძველი კაცია, წინაპარების ცოდვებით დატვირთული კაცი.

სულო ცოდვილო!

მე იმ ხანებში ახალ მოთხრობების თემებს ვეძებდი. –

თქვენ ბედნიერი გგონიათ მწერალი?

წინააღმდეგ: იგი უბედურზე უუბედურესია.

მუდამ დამკვირვებელის როლშია. მთხრობელივით უთვალთვალებს ქვეყანას, ბუნებას, ადამიანებს და ყველაზე მეტად თავისთავს, აბა რა შენიშნოს, რა დაიჭიროს, რა დაიხსოვნოს:

მწერალს არ შეუძლია თავდავიწყება თვით უაღრესი ტკბობისა და ექსტაზის ჟამს. საყვარლის სარეცელზე, ხმელზე, ზღვაზე, ბუნების წიაღში. ყველგან, ყოველთვის აკვირდება იგი სამყაროს და თავისთავს.

მომეცით მე ჯადნოსური ძალა თავისი თავგადასავალი ვაამბობინო ტაგუ სამუგიას.

თუ რამდენი უკუღმა დაჭედილი ცხენი გადმოუყვანია ენგურს გადმოღმა, რამდენი გადაუსხამს სვანეთს, ყაბარდოს, რამდენი, ქალის მოტაცებაში სდებია წილი, და ამ აზარტულ საქმიანობის პროცესში რამდენი კაცი გაუგზავნია „ქოთნების საკეთებლად — საიქიოს“.

(მისი სიტყვებია).

და მე უთუო დავსწერდი ამ მასალისგან მთელს ეპოპეიას.

დიახ.

ტაგუ სამუგიას მართლაც რომანტიული წარსული აქვს.

თუ სიკვდილის შემდეგ სისხლი და ვნება ადამიანს მოეკითხება, მისი სული უთუოდ ვერ ასცდება ქვესკნელის წამებას.

...ტაგუს რომ არ ცოდნოდა რომ იგი მანუჩარ ბატონიშვილის შვილია, განაგრძო იონამ, შესაძლოა იგი უფრო ბედნიერიც ყოფილიყო. მაგრამ ტაგუ ხედავდა თავისი ძმები რა დიდ პატივში ჰყავდა მამას, იგი სამუგიაობას თაკილობდა და მთელ ქვეყანაზე გაბოროტებული მხოლოდ ბოროტებას სთესავდა ქვეყნად. ჯერ სახეზე რომ შეხედავ მაგ უკუღმართად გაჭედილ ადამიანს, ადვილად შეატყობ თუ რა კაცია.

მე ათი წელია ტაგუ სამუგია არ მინახავს, და უნდა ვაღვიარო, მაინცდამაინც არ გამოცვლილა იგი. ჩამოვართვი სიტყვა ნახუცარს.

იგი ასე გამხმარია და ალბად არასოდეს მოკვდება. ამბობდა ბერიკაცი.

მართლადაც და ქვეყანამ იცის ტაგუ სამუგიას ბნელი წარსული.

ოდესღაც ტაგუს სახლი მთელი აფხაზეთის, სამურზაყანოს და საჭყოინდოს ცხენის ქურდების შტაბი იყო.

ეს იმ დროებში, როცა ცხენის კულტი ოდიშის მხარეში იშვიათ გმირობას მოითხოვდა.

ბევრიც სპორტის თვალსაზრისით უყურებდა ამ საქმეს.

არასოდეს გაუკრავს კლანჭი მისთვის მართლსაჯულებას, რადგან იგი ფოცხვერივით მარდია. შეუდარებელი მსახიობი, მუდამ ჩინებულად იოკებდა ვნებებს დღის სინათლეზე და ბნელ ღამეში ხომ მაგარი მაჯა და მუხლი ეს ხომ ყველაფერია.

ქურდიო?

ქურდი ის არის, ვისაც ქურდობაში დაიჭერენ, ადამიანთა მართლმსაჯულება მხოლოდ მოუხეშავებს და ბრიყვებს შესწვდება ხოლმე.

.................................................................................................................................................................................................

ვისაც ქურდობაში ვერ დაიჭერენ ყველაზე მეტად ის აძაგებს ქურდებს.

ტაგუ სამუგია ოდნავ მოიკოჭლებს სიარულში, მესტებიან ფეხებს ისე ადგამს, თითქოს მუდამ რამეს ეპარებაო. ცალი მხარი ჩამოვარდნილი აქვს, მაგრამ არ იმჩნევს. შემოგხედავთ და მის მარჩხ თვალებს ვერასოდეს შეისწრებთ რაიმე განზრახვაზე ან ფიქრზე.

წაბლის ფერი წარბები ჩამოფხატია ღრმად წასულ თვალის უპეებზე.

მოგრძო თვალი, სახე ორკეცი ნახანჯლარი აქვს, მაგრამ რაღაც შეუდარებელი სიამაყეა მის კეხიან ცხვირსა და მაღალ შუბლს შორის განრთხმული.

გრძელი, არისტოკრატიული ხელები აქვს ტაგუს, ბაგეზე მუდამ თავაზიანი ღიმილი აკერია.

სიტყვა ძუნწი, თავის წარსულზე ლაპარაკს ერიდება. მაგრამ მაინც ჩინებული მოსაუბრე, კარგი მონარდე (კამათელი ძლიერ წყალობს-აზარტში შესული რომ გაისვრის კამათელს, წინ გადაიკეცება და ასე დაჰკივლებს; „შაშიბეში ოხერო“ თითქოს თავის ლაფშაზე ზისო. ემარჯვება კამათელის მონუსხვაც).

ჩხუბი ღა აყალმაყალი არ უყვარს.

დღისით უბატონოთ ხმას არ გაგცემთ.

იტყვით, ეს კაცი ალბად უბრალო ჭუასაც ფეხს არ დაადგამსო.

მაღალი.

კაფანდარა.

მუდამ შინდისფერი, მოკლე, აბხაზური ჩოხა აცვია. მხარზე – დაჭმუჭვნილი დარაის ახალუხი.

გრძელი, თეთრ ტარიანი სვანური ხანჯალი ჰკიდია.

და ცარიელი ბოღჩა სმიტისა და ვესონის რევოლვერისა (რადგან სასროლის ტარების ნება რევოლუციის შემდეგ ვეღარ აუღია.

ყვითელ ყაითნიანი მწითური შალის პაიჭები აცვია და შუაში გადაბზეკილი თხის ტყავის უძირო.

არც ერთი რეჟიმის დროს ხელი არ შეუვლია თოხისა და ერქვანისათვის.

ორი ნალია სიმინდი ყოველ წელს ჭერამდის სავსეა.

ცალი ხარი ჰყავს და ერთი კვიციანი ჭაკი. ათიოდე თხა.

ყანებიც აქვს და ბაღ-ბოსტანიც,

სამი წელიწადი ეომა ადგილობრივ აღმასკომს და ცალთვალა წისქვილი მაინც შეინარჩუნა, და ერთიც ძველებური საცეხვავი — „ჩამურიც“ უნდოდა შეერჩინა...

...ჩამურის ამბავს ნუღარ მკითხავთ. ამისთვის კაცმა ახალი მოთხრობა უნდა დასწერო.

დიდი ბრძოლა გადაიტანა ტაგუ სამუგიამ ამ ჩამურისათვის. ტაგუ სამუგიას ჩამური თემაღმასკომის საფონდო მიწის სამი ჯნეზე იყო. ამიტომაც ჩამოართვეს ჩამური. ძველ სასამართლოებში გამოჭახრაკებულმა ტაგუმ მაზრაღმასკომში უჩივლა თემაღმასკომის თავმჯდომარეს რომანოზ ოჩიგავას. თავის „თხოვნას“ იმითი ასაბუთებდა რომ თითქოს ოჩიგავას პირადი მტრობა ჰქონოდა მისი.

აქ საქმე წააგო. აზვავდა ბატონიშვილის სისხლი სამუგიას ძარღვებში. ტაგუ სამუგია გადაიკარგა, შინ ამბავი დააგდო: მახარაძესთან რომ მომიხდეს ფეხით წასვლა, ჩემს ჩამურს ოჩიგავას მაინც არ შევარჩენო. არ დაუტოვებია არც საქართველოს მიწსახკომი, არც მუშათა და გლეხთა ინსპექცია, „ცეკა“, „ტეკა“, საკონტროლო კომისია, დასასრულს საქართველოს სახკომსაბჭოს თავმჯდომარეს და სრ. საქართველოს ცაკის თავმჯდომარემდისაც კი მივიდა „ფეხით“.

აქ კი განქარდა მისი ილუზიები. დაზაფრული დაბრუნდა სოფელში. სწორედ მეორე დღეს ხოხბებზე ვნადირობდით მე და ტაგუ.

ხოხბები?

ამაოდ ეგონათ ბერძენ ავტორებს რომ რომაელთა გაუმაძრობის წყალობით მოსპობილიყოს ძველ კოლხიდაში ამ მშვენიერი ფრინველის გასაგისი.

იმ დღეს პირველად ვიყავი ხოხბებზე სანადიროდ.

ქვის გული უნდა ჰქონდეს ადამიანს რომ მამალი ხოხობი სასროლად გაიმეტოს.

ზედ ცხვირწინ ამოფრინდა ერთი, ორი, სამი.

გულმა, ჩემმა გულმა უმწეო ფრთხიალი მორთო, თოფი ხელში შემრჩა აწკიპული, და თვალი დამრჩა ამ უუმშვენიერესს სანახაობაზე. დედალი ხოხობი მშიშარაა, იგი სასროლ მანძილს გაირბენს და მერმე აფრინდება.

მამალი გოროზია და ვაჟკაცობს.

ხშუილით ავარდება პერპენდიკულარულად ჰაერში.

როგორ გინდა თოფი ესროლო ასეთ წუთში ამ ოქროს ფრინველს. (ორში ერთია; ან ცუდი მონადირე ვყოფილვარ, ან პოეტის ჩვილი გული მქონია ალბად.).

ტაგუ სამუგიას „ხატის გამტეხელს“ ეძახიან და ვის დაზოგავს იგი. ესროდა თუ არა, ხოხობი უსულოდ ეცემოდა მიწაზე.

ხოხობს თავში ხელი წაავლო.

ერთი რამ უნდა გითხრა მეუბნება იდუმალი ტონით, თანაც აქეთ იქით იხედება.

თქვენ ევროპიაშიაც კარგად გიცნობენ, როგორ დავიჯერო რომ ეს ქვეყანა ჩალით იყოთ დახურული.

რატომ ამბობ მაგას ტაგუ?

თხოვნას ვერ დამიწერთ?

რა თხოვნას ტაგუ?

ერთი ამ ბოლშევიკებს მინდა ვუჩივლო.

ვისთან გინდა უჩივლო?

რა იქნება ანგლიაში რომ მიმიწეროთ?

როგორ? ინგლისთან გინდა ქართველ კომუნისტებს უჩივლო?

თქვენ რას იტყვით ანგლია ყურადღებას არ მიაქცევს ჩემს თხოვნას?

პა, პა, პა, ეს არსად დაგცდეს ჩემო ტაგუ, თორემ ორივეს ფეხით მოგვინდება საიქიოს წასვლა.

„ჩეკა“...

მერმე ავუხსენი ტაგუ სამუგიას რომ კომუნისტები ინგლისის მთავრობას არ ექვემდებარებიან და არც ინგლისი გამოიდებს თავს მისი ჩამურის გამო.

სახეზე შევატყვე. ჩემი დასაბუთება დამაკმაყოფილებელი არ იყო მისთვის, მაგრამ „ჩეკის“ ხსენებაზე წახდა ყაზანი.

ტაგუ საუგია ძველს დროში მანუჩარ დადიანის მოურავად იყო. მოხუცებულ ინფანტერიის გენერალს, (რომელმაც წერა-კითხვა ოდნავ იცოდა, მაგრამ ყარსის ლაშქრობაში გენერლობა მიეღო) ციბრუტივით ატრიალებდა, ღალას შუაში უყოფდა, წისქვილების მინდის მესამედი უკითხავად თავის ნალიაში მიჰქონდა. ტყეს მოა- ჭრევინებდა, საბატონო ეზოს თხემლის მესრებს შემოავლებდა, საკუთაოს – მუხისას.

მენშევიკების დროს კოოპერატივის გამგეობაში გაძვრა.

ყოველ კრებაზე პირველი ორატორი. ყოველ სუფრაზე შეუცვლელი თამადა.

ტაგუს ეზოში რომ შევედი, ერთმა გარემოებამ მიიქცია ჩემი ყურადღება:

ფიჭვის ყავრით ახლად გადახურული ოდის ლაფარეში ბადეები ეკიდა.

ტაგუმ აივნიდან დამინახა.

თუთის ფიცრებისგან ნაგები კიბე ჩამოირბინა ახალოხის ამარა, ნიგვზის ძირში შემომეგება.

ტაგუ თევზაობაზე როგორა ხარ?

თევზაობა? ვის გაუგონია ჩემი თევზაობა.მე კატასავით თევზი კი მიყვარს, მაგრამ ფეხის დასვლება ძლიერ მეზარება,

კიდევ კარგი ჩემო ტაგუ თავადური გემო რომ არ დაგიკარგავს.

თავადობიდან ღმერთმა დაგვიფაროს ამ დროში.

ჰმ, მხოლოდ ტაგუ არ შეცვლილა ამ სოფელში.

წინადაც ასეთი იყო.

ღამე აბრაგობდა.

დღისით ნადირობდა.

აბრაგი?

ჩვენს დროში რომანტიული დროების ავანტიურისტი თუ სადმე დარჩა, ეს გახლავთ ტაგუ სამუგია.

კოლხიდის განთქმული ხოხბების უკანასკნელი ლაპები თუ სადმე დარჩა, ისინიც სოფელ ლეჩხურში მეგულებოდენ. ამ ხოხბებისა და ტაგუ სამუგიას ხათრით ჩამოვიარე სანადიროდ ლეჩხურის მხარეში.

უკანასკნელ წელს. ჩვენის ქორონიკონით 1926-ს. ძლიერ გაუტენია პურადი, გულადი ტაგუ სამუგია.

შავნაღვლიანი ფიქრებით სწვევია მუდამ იმედიანად მომღიმარე ტაგუ სამუგიას.

თავისი ირიბულად შეყრილ წარბებიდან გასცქერის დროს მომავალს ტაგუ სამუგია.

გაფუჭდა ჯიმა აჯამი ქვეყანა. გამამაძაღლდა ხალხი.

წინად მთელს ლეჩხურს, მთელს საჭყოინდოს როგორც მომე პრიანებოდა ისე მოვხერხავდი ყურს, მანუჩარ დადიანსა და „ვეზნა- ჩალნიკს“ ჩემს გემოზე ვაცეკვებდი, ახლა ზღმურტლიანი ოჩიგავა მღვდლის ბიჭი ვირის აბანოთი მექადნება.

ჩვენი ნადირობა ფუჭია თუ სადმე მეძებარი ვერ ვიშოვეთ ტაგუ. (ჩავურთე სიტყვა).

მეძებარი ბატონიშვილებს ყავდათ კაი, როგორც ყოველისფერი სიკეთე.

აი დედასა, რა დრო წაგივიდა უბედურო ჩემო თავო. დადიანების ხელით გამოზრდილი მწევრებით ვნადირობდი. მანუჩარს და მის შვილებს, თუ სტუმრები არ ჩამოუვიდოდათ, ისე ნადირობის თავი არა ჰქონდათ.

ასეთი დღეები მინახავს და ახლა ქუსლ მოქცეული ოჩიგავა დამაჯდა თავზე.

 

ლეჩხურელ გლეხებს ნაირნაირი სიტყვებით ამკობდა ტაგუ სამუგია.

ოჩიგავებს „ქუსლმოქცეულებს“ ეძახდა. ალანიებს „ჯარჯიებს“, ბართაიებს - „ტურიებს“, მაქაცარიებს - „ლაგუჯამს“, გითოლენდიებს — „მელებიეს“, ქოიავებს - „წანწებს“. ვის არ მოხვედრია ლეჩხურის მხარეში მისი უებარი გესლის ნაშხეფი.

საღამოს მანუჩარ ბატონიშვილის ნადოხორესკენ გავისეირნეთ მე და ტაგუმ. კიდევ ჩამონგრეულ ქვიტკირის გალავანში ნახევრად გადარუჯული, კრამიტით გადახურული თეთრი სასახლე გამოჰკრთის. მაღალი ცაცხვებისა და ჭადრების ფონზე. სახურავზე თემაღმასკომის წითელი დროშა ფრიალებს. სასახლის გადაღმა იასპის ფრად მოსჩანს ეკის მთა. კოტიანეთის თეთრი ეკლესია და ნოქალაქევის ბუმბერაზი ციხე-ქალაქის ნანგრევები.

ბატონიშვილების სასახლის გვერდით, მცირე ნიშის ნანგრევებზე ჩამოვჯექით მე და ტაგუ.

ტაგუ სწუხს, რომ მანუჩარის სასახლის ძვირფასი პარკეტის იატაკი ალანიების სამოგვის ქალამნებმა წაბილწეს“.

ამჟამად სოფლის აღმასკომი და სკოლაა სასახლეში გამართული.

და ტაგუ სამუგიას მოსისხარი „ოჩიგავა მღვდლის ბიჭი ბრძანდება მანუჩარის დონორეში“.

- ერთხელ შევიარე, ზაფრისა და შურისაგან თვალი ამიჭრელდა. ისე განიერად წამოჭიმულიყო კნეინა დარეჯანის კრესლოზე ის თმა გაჩეჩილი ბჟიტი.

ვიფიქრე: ერთი გადმოვიღებ ამ გველის წიწილს და რაც სიგრძე აქვს, იმდენ სიბრტყეს მივცემ მეთქი.

მაგრამ რას იზამ. ზაბრაზანის მეტი ყველაფერი წელზე ჰკიდია.

ეჰხ, ამოიოხრა ტაგუმ. (არ მოეწონა რომ მე ვერ ვიზიარებდი მის მწუხარებას).

დადუმდა.

ჩამქრალი პაპიროსის ნამწვარი წკიპურტით გადააგდო და მიწას დააჩერდა.

მანუჩარ ბატონიშვილს არავინ დარჩენია?

 

შევეკითხე ტაგუს და ჩვენი თვალები გზაჯვარადინზე შეიყარნენ. მან თვალი ამარიდა პაჭიჭები ამოიწია და მეუბნება:

ვინც ვარგოდა გაიქცა.

ერთი ღა დარჩა კანონიერი მემკვიდრე —

ქოსა გახუ.

როგორ ღა?

როგორ და შეთეა. და ადამიანებს იმდენი სინდისი შერჩე- ნიათ, სულელებს მამაპაპისეული ცოდვები რომ არ მოჰკითხონ. მანუჩარ ბატონიშვილის ძვალის გასატეხად დარჩა ბატონო ქოსა გახუ.

ჩიჩიე, გლახაკი.

მანუჩარის დოხორეს რომ ცეცხლი წაუკიდეს იმ ღამეს ჭკუაზე შეირყა.

აგერ უვარგის ცინდალს რომ ლაფარეში გადააგდებენ ისე გა- დმოვარდა შუაღამეს ფანჯრიდან ქოსა გახუ, კიბე მოარბენინა, თა- ვისი შვილი. იპატივა.

ცოლი რა უყო?

ცოლი შარშან წინ გაექცა, ვიღაც მეპარკე ბერძენს გაჰყვა

სტამბოლში.

მეორე დღეს გავიხედე ცისმარა დილას ძიგირისაკენ ხორხოშით გარბოდა უქუდო, თავშიშველი ქოსა გახუ,

მიჰყივოდა. მიკისკასებდა.

ბაზიერებსა და მარეკებს ეძახდა. გვიმრის

ჩირგვებში ჩავუსაფრდი.

ვუყურებ.

გარბის ქოსა გახუ, თანაც გაჰკივის

ჰო, ჰო, ოჰ, ოჰ, არ გაუშვათ, ბიჭო

თემყვაია დოუარე, არ გაუშვა,

თვალები დავაცეცე. ვიფიქრე: ცხონებული მანუჩარის ლეჩხუმელი ბაზიერი თემყვაია თუ გაცოცხლდა?

საქმე არა გაქვს.

არც თემყვაია.

არც მეძებრები,

არც ყურდგელი.

გახუ გარბის. დიდს მოლხენაშია

ნადირობს თავის ჭკუით.

ძიგირზე მომუშავე გლეხებმა ხვნა მიატოვეს,

 

 

უყურებენ.

იცინიან და გულს იჯერებენ.

უწია მანუჩარ ბატონიშვილის ცოდვებმა ქოსა გახუს, უწია, უჩვენოდ უწია.

მერმე, მერმე?

შევეკითხე ტაგუ სამუგიას მე

მერე, სოფელმა შეიბრალა.

ცალი ხარი დაუტოვა, ერთი ხულა მიუგდო, და ერთი ჩამური.

ხულა დაარღვია.

მანუჩარის კაპანას ერთი კუთხეში

ორასი წლის ცაცხვზე პატარა სახლი გააშენა.

სახლი?.. ხეზე?..

აი გავივლით, ახლავე ვნახავთ.

ვის მოსწრია სახლი რომ ხეზე გაიტანეს? მაგრამ სულელს რა ეკითხება.

ის მავნე ხომ არ გახდა?

არა, ასე ამბობენ გამოცდილები, ჩუმი შეშლილობა აქვსო.

ხან მთელი თვეობით მარტო დაყიალებს.

თავის თავს ელაპარაკება.

რომ შეხვდები მაჯაგანით ვერ ამოართმევ სიტყვას.

ხანაც შეურიკინებს.

თუთაში მოუვლის,

ავარდება.

იცინის:

ცეკვავს.

და გაუგონარ ამბებს როშავს.

ერთხელ შუაღამეზე მომივარდა.

აბა ჩეიცვი ახლავე, გიდი მარშანიამ

ცხენები მოიყვანა სააბხაზოდან,

ღმერთო შეგცოდე. ერთი კი გავიფიქრე:

თუ გოუწყრა ჩემს მტერს ღმერთი და ძველი

დრო მობრუნდა.

ვეუბნები გახუს:

აბა დეიფიცე.

თავი ნუ მომიკვდება, მანუჩარის სულს გეფიცები, შენ ნუ მომიკვდები.

არა, თემრა დეიფიცე.

აქ კი წახდა ყაზახი. თემრა ვეღარ დეიფიცა. თემრა ვეღარ დეიფიცაო?

წამოვდექი და ისეთი ლავაში ვაჭამე, აქედან განარჯიას მუხუ- რი მოვალანდე.

აზლუქუნდა, კარი მომირაჯგუნა და დამდუღრული ძაღლივით გაიქცა.

ხომ იცი მე ქვას ზეთს გამოვადენ და ცოცხალ კაცს, მუდამ მოვიხმარ.

ხვალ გიჩვენებთ: როგორ გამოვწაფე ნადირობაში.

მაჭუტაძის მწევარი ვერ მოეწევა ისე გავარდება გვიმბრებში.

ვერც ერთი მეძებარი ისე მარჯვეთ ვერ ააგდებს ყურდგელს.

იმ ღამეს წვრილ ვახშმობამდის სუფრას ვუსხედით მე და ტაგუ სამუგია და ხარდანის ღვინოს შევექცეოდით.

რა შეედრება ყავარზე წვიმის წვეთების ცეკვას და ამგვარი მუსიკის აკომპანიმენტზე დაძინებას. მაგრამ საიდგანღაც ჭიჭინობელას ხმა ისმოდა. თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მესმოდა მისი ჭრიჭინი. წვიმაში ჭრიჭინა სდუმს. ალბად ტაგუ სამუგიას ბუხარში უნდა ყოფილიყო იგი.

ჭრიჭინებდა ისე დაჟინებით, ისე დაუცხრომლად, რომ ცნობის- მოყვარეობამ შემიპყრო.

ავდექი, სანათს მოვუკიდე, ბევრი ვათვალიერე „ივერიისა“ და „ცნობის ფურცლის“ ძველი ნომრებით შეწებილი კედლები. ბუხარზედაც მივიდგი სკამი. ამაოდ.

დიდხანს ვებრძოლე უძილობას. სადღაც ძაღლები ზღარბს უყეფდენ.

„წაკორტიდან“ თხის ხველა ისმოდა და წისქვილის წყალის შრიალი.

უთენია ნაწისქვილარისკენ მიმავალ თემშარას გავუდექით მე და ტაგუ.

იგი ნაბახურევზე ჩინებულ გუნებაზე იყო.

— ჰეი გიდი, კაი დრო იყო ძველი დრო, მაგრამ ყველა დრო კაია, თუ კაი თავი გაბია კაცს.

გამოვკითხე ტაგუს: ამ სოფელში ნადირობას თუ ვინმე ეწევა მეთქი.

— ალანიებს ნადირობის ხოში ვინ მისცა.

ისინი მუდამ წყალში დაბორდღავდენ—მეთევზეებია. მელებიე გითოლენდიები მუდამ თოხს უბლაყუნებდენ. მაქაცარიები წისქვილებსა და ჩამურებს უკირკიტებდენ;

ჩვენს დროში ახალგაზრდობა ქალაქად მიდის, ზოგი მეეტლედ, ზოგი დალაქად, ზოგი მეკარედ, ზოგიც წითელ ჯარშია.

მოხუცები ძველ გზაზე დადიან.

ბართაიები ამოწყდენ და ფიფიები ნაჯიხვევს გადასახლდენ. ტაგუ გაჩუმდა და ორბოძალ გზაზე შესდგა.

თქვენ ნაწისქვილარისაკენ მიჰყევით.

ეწერ-ეწერ იარეთ. მე იმ მუხნარს შემოვუვლი, ეგებ ქილოოს სადმე წავაწყდე.

კოპიტნართან გახუ შეგხვდებათ ალბად.

მე რომ არ ვიცნობ გახუს?

ეჰ, რა ცნობა უნდა, თქვე კაი კაცო, გახუს, მთელ სოფელში მის მეტი სხვა არავინაა ქოსა.

დავთქვით ნიშანი.

ორ სამჯერ უნდა დაესტვინა ტაგუს და მე და გახუ შემდეგ შევუერთდებოდით.

მივსდიე ეწერს.

გზაში რამოდენიმე გვრიტი ამიფრინდა, საფანტი მოვიზოგე. გამოცეცხლილ ეწერში, ხშირ სიმიდების მონიაზე თეთრი ქუდები ფრიალებდენ, როცა მეყანეებს ვუახლოვდებოდი, წვერებზე ვამჩნევდი: არც ერთი მათგანი გახუ არ უნდა ყოფილიყო.

მარჩხა კოპიტის ტყეც გავიარე.

შაშვები კუთავდენ და ჭახჭახებდენ კატაბარდებში, ბულბულე- ბი შორეულ ფალაგებში სტვენდენ,

ბილიკზე უქუდო, ფეხშიშველა კაცის სილუეტმა იელვა. სახის გარჩევაც ვერ მოვასწარი, იგი ნადირივით დაფრთხა და სიმინდებში ჩაიჩოქა, ხელები მაღლა ასწია:

თავი ნუ მოგიკვდება არ მესროლო. მე... მე... ბატონო,

იახა დო, მე სიმინდის ქურდი არა ვარ.

ბატონო მეველე, მე გახუ ვარ, ქოსა გახუ.

მე... მე... მე... იანა დო, იახა დო*.

თოფი განზე გადავაგდე, მივუახლოვდი, მკლავზე ხელი წავავლე ავაყენე. ვანუგეშებდი, ვარწმუნებდი, რომ მას არას ვერჩი და არც მეველე ვარ. ან საიდან უნდა წარმომედგინა, რომ იგი სიმინდს იპა რავდა, როცა ჯერ სიმინდები დატარებულიც არაა.

ვარწმუნებდი, სამტროდ არ მოვსულვარ და ჩემი სურვილი იყო მხოლოდ მეკურდღლავა მასთან.

კურდღლები რომ ვუხსენე, სახეზე ვარდი მოეფინა, ჭრუტი და მარჩხი თვალები შემომაჭყიტა.

— ყურდგელი... იახო დო, ძიგირში ბრეული ყურდგელია. მარაა...

— მაგრამ რა?

ჩამოვართვი სიტყვა.

— იახა დო. რა და ისა, რომ სამი ბებერი ყურდგელი ქა- ლაქში წასულა, მიწების კომისართან დავუსმენივართ. იახო დო, წუხელ მე შუაღამეზე დამიბარა აღმასკომის უფროსმა ოჩიგავამ, სულს ამოგართმევ თუ ყურდღლები კიდევ შეგიწუხებიაო. აი რა მიქნეს იმ სულკატიანებმა...

აქ კიდევ რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ ენა აერია, და ისევ „იახა დო“ გაეჩხირა პირში.

მოვექალაჩუნე, ყველაფერი ეს ენამახვილობაში ჩამოვართვი. როგორც იქნა დავამშვიდე.

წამომყვა.

გზა-გზა მესკია ჩიტიც რომ გაიფრთხიალებდა, გაშეშდებოდა, მარჯვენა ხელს ზე აწევდა, ცალსაც ტუჩზე მიიფარებდა სუუ... მეტყოდა.

და რაკი ფაჩუნი შესწყდებოდა იღრიჭებოდა. როცა მისი სახე სერიოზულ გამომეტყველებას იღებდა, მე ვაკვირდებოდი:

ძლიერ ჰგავდა ტაგუს. თავის ქალის წყობითა და შუბლით. ყურები – ნამდვილი დეგენერატის. ნიკაპი თითქმის სულ არა ჰქონდა. პროფილში ძლიერ გაბოროტებული გამომეტყველება, ––რომელიღაც უხეირო, მტაცებელი ფრინველის პროფილი!

არც ისე ხნიერი სჩანდა, მაგრამ ქოსა ლოყები ნაზამთრალ უნა- ბივით შეჭკნობოდა ყბებზე. ბჟიტის ბურტყლივით ქერა, თხელი წვე- რი ხავსივით მოსდებოდა სახეზე აქა-იქ.

ტანმორჩილი, მკერდ ჩავარდნილი, წელში მოდრეკილი.

გამხდარი.

თხილის ჩურჩხელასავით გამხმარი, წვრილ-ძვლებიანი.

მოკლე და სწორი ფეხები, ბავშური პატარა ხელები.

ხმა დიაცური, წვრილი და უსიამო. ყურებში ზინთი ჩასდგო- მოდა, თვალებში წირპლი.

მონოზანის ჩოხანის მაგვარი შავი ჯვალოს მოსასხამი ემოსა დალეულ ტანზე. ქერტლი და თებო დალეოდა კიდეწაჭმულ საყელოზე. ლაპარაკის დროს წვირიან ფრჩხილებს იძიძგნიდა. ნიადაგ მარჯვენა სახელური გაზანგული ჰქონდა ცხვირის ნაწმენდით.

დაფეთებული თვალებით მათვალიერებდა გზა და გზა, ჩემთან შესიტყვებას ეკრძალებოდა და როცა ფიქრებში გართულს გამოვე- საუბრებოდი, პირველი სიტყვა შეაკრთობდა ფრიად. ეტყობოდა, ძლიერ მოსწონდა ჩემი სანადირო ახალი ტყაპუჭი, მიხაკის ფერი, მაღალყელიანი სანადირო ჩექმები. კრძალვით შემეკითხა: ქალაქში კომისრად ხომ არა ხარო, ან სოფელში რაიმე გამოძიებას ხომ არ აწარმოებო.

განვუმარტე, რომ მე არც კომისარი ვარ და არც რისამე გამოსაძიებლად ჩამოვსულვარ.

ამ ამბავმა ცოტათი დაამშვიდა.

ეწერი მოვათავეთ და ძიგირს ვუახლოვდებოდით, როცა სროლა შემოგვესმა.

მოგვესმა სტვენაც. ორივემ ჟვერი გადავსჭერით და ტაგუსკენ გავეჩქარეთ.

ტაგუ წიფლის კუნძზე ჩამომჯდარიყო, მუხლზე მამალი ხოხობი ედო.

— მე ამხელა ქილორი* მოვინადირე, თქვენ სად იყავით აქამდის?

მე კიდევ სამი ფუთი კალმახი დევიჭირე, გაეხმაურა გახუ ტაგუს.

— აბა აბა დეიფიცე?

— მანუჩარის სულს გეფიცები. ჰიიი... იანა დო... ხომ კი ხე- დავ როგორ დავსველდი...

ტაგუმ მე შემავლო თვალი და რა ნახა მეც სველი ვიყავი დი- ლის ცვარისაგან, ხმის ამოუღებლად მიუახლოვდა გახუს და სილა აჭამა.

— რამდენჯერ მოგიშალე მე შენ მამის სული ტყულა არ დეიფიცო მეთქი.

ქოსა გახუ იქვე დაცუცქდა, სახე საოცრად დაემანჭა. იმ წუთში საოცარი, ზიზღნარევი სიბრალულის გამოწვევა თუ შეეძლო მა- ყურებელში. გაჭყლეტილ ბაყაყივით გამოკუსოდა ჭრუტა და მარჩხი თვალები.

— მანუჩარის სულს გეფიცები, სამი ფუთი კალმახი, სამი ფუთი, გადაიხარხარა გახუმ და დამფრთხალი ნადირივით შევარდა ჟვერში.

დავკარგეთ ქოსა გახუ.

ბევრი ვეძიეთ ტყეში, სიმინდებში, ეწერზე, ანწლნარებში, გვიმრებში, ვეღარსად ვიპოვნეთ.

— ეჰ, რა კარგი დილა წამამწარა ამ სასიკვდილემ, თუ გული მომივიდა, იმ დღეს დანავსული ვარ.

მე ვუსაყვედურე ტაგუს, რომ იგი ფრიად სასტიკად მოექცა სუ- ლით ავადმყოფს.

— ეჰ, მე თქვენ დიდ პატივსა გცემთ, მაგრამ არ იქნება სხვარიგად...

დამერწმუნეთ ჩემზე მეტად არვის შესტკივა გული იმ ბედდა- მწვადისთვის, მაგრამ ძლიერ გასალახანდა. ვინმე მახლობელი უნდა უწყრებოდეს, თორემ სულ გაგიჟდება ის ოჯახქორი. სოფელში დი- დი და პატარა აპამპულებს. ალანიებს და მაქაცარიებს უხარიათ კი- დევაც რომ ბატონიშვილს აპამპულებენ.

აქამდის მანუჩარ ბატონიშვილს ჰყავდა დოხორეში გიჟები, ლენჩები და ხუმარები. რა უშავს ახლა ერთმა სულელმა ბატონიშვილმა ჩვენ გაგვაცინოსო.

გამოუდგებიან, შენ ხარ ჩემი ბატონი, ამ ტუტუცს ალანიების ბიჭები: უ-უ-უ, გახუუ, უ-უ-უ, მისძახიან.

ისიც ქვებს ისვრის, ყველის ვაჭარივით იჯღანება. ხან თუნუქის სანავთეს გამოაბამენ ახალუხზე და გაეკიდებიან. ამას წინად ალანიებმა ძაღლები შეუსისინეს, ხომ ნახეთ, როგორ გამოღადრული აქვს ბარძაყი. ასე რომ არ შევრისხო მთლად გააბდალდება.

ტყის წვეროკინებზე დაიწეწა ნისლის ნინევი.

ტყე აჟრიალდა.

ალვების მწვერვალები გააშუქა მზემ, — ყვითელი აბრეშუმის სხივები მოეფინა კოტიანეთის ზეთისხილისფერ მთას, თეთრ ეკლესიას და ნოქალაქევის ციხეს.

მოლაღურები მახლობელ ხოდაბუნებში სტვენდენ.

ეჰ, წახდა ჩვენი ნადირობა. ამ ძიგრის ბოლომდის მივიდეთ, ეგებ ყურდგელი შემოგვეფეთოს, თუ ვერაფერი ვნახეთ, შინ წავიდეთ. დაგვნამსა ამ ლენჩმა.

ჩივოდა ტაგუ.

ძიგრის ვაკესთანაც არ ვიყავით მისული, ტყეში ქაქანი ატყდა.

ჰა, ჰა, ჰა... ყურდგელი, არ გოუშვათ, არ გოუშვათ.

გაჰკიოდა გახუ.

— გვატყუებს აშკარად ის უხანო.

ჩაილუღლუღა ტაგუმ, ყოველ შემთხვევისათვის ჩახმახი შეწკიპა.

მე წინ გავქანდი და ძიგირს მივაღწიე თუ არა, წამოვიჩოქე. ჩიგვნარსა და ტყეს შორის დაყოლებულ ოლეზე ფეხდაფეხ მოსდევდა კურდღელს თმაგაბურძგვნილი ქოსა გახუ.

ორივეს თოფმა იგრიალა ერთბაშად და ნადირმა ერთი მალაყიც მოასწრო და მიწაზე გაიშხლართა.

გამხნევებულნი მივყევით ძიგირს.

ნადირობამ ტაგუს და გახუს წაკენწლავება გადაავიწყათ. თმაგაბურძგვნილი, ეკლებისაგან ხელფენ დაღადრული, ახალუხ შემოფხრეწილი ქოსა გახუ ქაჯივით დარბოდა ჩირგვებში.

სახეზე გადმოდენილ ოფლს სოველი სახელოთი იწმენდდა. და- გეშილ მეძებარსავით დასუნსულებდა კატაბარდებში.

ჩირგვში განაბულ მელას ან კურდღელს რომ შეითვალებდა, ცერზე დგებოდა, ორივე ხელებს ზეასწევდა.

ეს იყო ნიშანი.

მე და ტაგუ თოფებს ავწკიპავდით და თავს დავუვლიდით. ვეპარებოდით ნადირს და ნადირი უკვე გაძაგრული გვყავდა.

სამხრობამდის სამი მელა, ორი ქილორი და ოთხიოდე კურდღე- ლი ავკიდეთ ქოსა გახუს.

ასე ვნადირობდით მთელი კვირა.

შაბათს ნამეტანი გაგვიტაცა ნადირობამ. მთელი დღე უსმელ- უჭმელი ვიხეტიალეთ. ჩემზე მეტი აზარტი ტაგუს სჩვევია. ქოსა გახუს შინ წასვლა მოუნდა. წამ და უწუმ თემრას ახსენებდა. ევედრებოდა ტაგუს: შინ გაეშვა. მაგრამ ტაგუ სამუგიას მონუსხული ჰყავდა იგი. შებინდებულზე ხოხბები გამოდიან ეწერის ბოლოში — ნაყანეებზე, ამას უცდიდა, ოჩანი ცხენივით თავს აუქნევდა და ქოსა გახუც უტყვად ემორჩილებოდა.

შეღამებულზე შინ მოვბრუნდით.

* * *

სწორედ იმ შაბათს მოხდა ეს უბედური ამბავი: პატარა თემრას მოშივნოდა.

მსხალზე გასულიყო. შტო ჩამომტვრეოდა.

უჩივლელად დაელია ხშირ ბალახებში სული.

წამოსწრებოდა მეზობლის ცირა. აეტატნა მკვდარი ბავშვი.

სხვა რომ ვეღარაფერი მოეხერხებინა ლოგინში ჩაეწვინა. შინ მიბრუნებულ გახუს, ბავშვი მძინარე ჰგონებია. ერბო-კვერცხი მოუმზადა თურმე.

მოეალერსა მკვდარს.

და რა ნახა თემრა უკვე აღარ იყო, ჩვენთან მოვარდა სახეარეული.

გლეხებს არ უყვარდათ თემრა. ძველი დრო რომ მობრუნდეს, ფიქრობდენ: გახუ სულელია, მაგრამ თემა წამოიზრდება და პაპისეულ მამულს წაეპოტინებაო,

შეუძლებელი გახდა ხეზე ატანილ სახლში მიცვალებულის გაპატიოსნება. მე მიცვალებულის მეკრძალება. ქოსა გახუ მთლად გამოლენჩებული დადიოდა. სიმინდის ჟვერში დაბობღავდა. წამდაუწამ მეკარგებოდა თვალიდან.

წავედი. ტაგუ სამუგია მოვიყვანე.

გაიდო მხარზე თემრას ცხედარი და ძირს ჩამოიტანა.

ნალიის გარშემო ნოშოს ჩარდახი გაუმართეთ და აქ დავასვენეთ თემოა.

მერმე მთელი დღე ფიცრები ვხერხეთ ტაგუმ, გახუმ და მე, ამ სტრიქონების ჩამწერმა.

არც ერთს ჩვენგანს ფული არა ჰქონდა კუბოს საყიდლად და ჩვენ გავუკეთეთ პატარა თემრას კუბო.

თემრას კუბოს არ ამკობდა თეთრი თუნუქის ანგელოსები და ყვავილების გირლიანდები. სამაგიეროდ მე არ დავიშურე ველის ყვავილები მისი პატარა კუბოს მოსართავად. მეზობლის ცირამ და მე შევთხზეთ ნაირნაირი გვირგვინი. ასე რომ ჩვენი გაუწვრთნელი ხელით გამოჩორგვილი, გაურანდავი კუბოს ფიცრები არც კი სჩანდა.

პატარა თემოას ოქროსფერი კულულები, საუცხოვო შუბლი და წამლით ნახატი თვალ-წარბი ღა მოუჩანდა ყვავილების გირლიანდებიდან.

ლამაზი იყო მისი გაფითრებული სახე. ყრმა ბუდდჰასა ჰგავდა პაწია თემრა, თეთრი ღრუბლების სარეცელზე უძრავად მწოლარეს. ასე ლამაზი მიცვალებული მე არ მინახავს.

არც ტირილი გაუმართავს ქოსა გახუს. არც შავჩოხიანი მოზარეები და ლოყადაკაწრული შემცხადებელნი მოსულან.

ქოსა გახუ დღე და ღამ კუბოსთან იყო დაცუცქული და გულდამდუღრული მოსთქვამდა ნელი, ოდნავ გასაგონი ხმით.

რაა მოთქმა? მოთქმა ძლიერ უღონო სიტყვაა ამ სასოწარკვეთილი გოდების გამოსახატავად.

ხომ ამაზზრენია და გულისწამღები ოდიშელი ქალების შემცხადება და ქვითინი, რომელსაც „თვალუას“ ეძახიან ოდიშის მხარეში?

თმაგაწეწილი, ლოყა ჩამოღადრული დედანი მიცვალებულს რომ დასტირიან.

ერთი შეესიტყვება მზეგადასულს და მწკრივად დამსხდარი მომტირალენი „ვა-ვაი, ვავაის“ რომ ააყოლებენ. მე ტანზე ბუსუსები გამომესხმება ხოლმე ასეთ „თვალუას“ გაგონებაზე.

ამაზე უფრო საშინელი იყო ქოსა გახუს უმწეო ლუღლუღი.

ტირილიც არ შესძლებია ამ სვედამწვარს, აქამდის არავის ენახა მომტირალე ქოსა გახუ.

მე მის გასწვრივ ვიჯექი ჯირკვის „კველაზე“. შევსცქეროდი ქოსა გახუს საოცრად არეულ სახეს. ჩემი სული უებრად ააწრიალა ამ გაუგონარმა მწუხარებამ.

* * *

კვირა საღამოს რომ დაიწყო წვიმა, მთელი სამი დღე წვიმდა.

უზაროდ, უჭირისუფლოდ. წავასვენეთ სასაფლაოზე თემრას ცხედარი, გახუმ, ტაგუმ, მეზობლის ცირამ და მე.

წვიმდა დაუცხრომლად, წვიმდა, ცის ნატეხი ჩამოდიოდა. მუხლამდი ტალახში მივტოპავდით.

სამარე გავთხარეთ და წელამდის წყალი ჩადგა.

როცა დიდის ვაი-ვაგლახით წყალი ამოვწურეთ მე და ტაგუმ, ბარი შევასვენე და სამარეს კიდეზე მდგარ გახუს ამოვხედე. ისე გარინდებული იდგა ტალახში ამოსვრილი, საკინძეგაღეღილი, დალეული გახუ. ლოყები ჩაცვენოდა, თვალების უპეები გაგანიერებოდა, სული გაჰყროდა თითქოს.

ცრემლი არ მოსდიოდა, მაგრამ ამაზე მეტს მწუხარებას ადამიანის სახე ვერ დაიტევდა.

* * *

მე დავსწყევლე ნადირობაც, ჩემი ამ სოფელში ჩამოსვლის საათიც.

— საქმე არ გაქს, ხვალ ქოსა გახუს არაფერი ეხსომება. ჩვენ ხვალაც, ვინადირებთ თუ ტაროსი შეგვხდა. მარწმუნებდა ტაგუ.

ეს მე დიდიხანი ვიცოდი ის ბავში დაიღუპებოდა.

— რამდენი ვეხვეწე, ჩემთვის დაეთმო ბავშვი. მე შვილი არა მყავს და ძირი, ამხელა ქონებას სამარეში ხომ არ ჩამატანენ. არა, არ მოეშვა ბავშს.

ორ სამჯერ ცაცხვებზე გაშენებულ ქაბარკიდან გადმოვარდა, ბავშვმა ხელფეხი იღრძო.

არ იქნა და არ მოეშვა.

ამბობდა მოშაინესავით ტაგუ სამუგია.

* * *

მესამე დღეს ნაწისქვილებზე შემოგვხდა ქოსა გახუ.

ჯაგებში იდგა.

მაღლა იყურებოდა.

— რას უცქერი, შე ლენჩო?.

— მე თვალს დამაკლდა, ნახეთ თუ იხვები არაა.

— გაიხედა ტაგუ სამუგიამ.

— იხვი კი არა ბიშტი, მერცხლებია, შე ლენჩო!.. გავხედე მეც.

— იხვებია სწორედ.

იხვებია?..

დარცხვენილმა ტაგუმ სიჩუმე არჩია.

მეუცხოვა: ფერნაცვალ კაცს დამსგავსებოდა ქოსა გახუ.

კიდე შემოცვეთილი ჟღალი ბოხოხი ეხურა.

გახუნებული თეთრი ტილოს ახალოხი, ღილები თავიდან ბოლომდის შებნეული, ძვლის ქამარი მაგრად შემოჭერილი. გადაბრუნებული, თხის ტყავის საცვეთები, ყურიანი ქართული სამოგვის ქალამანი.

თავი ღირსეულად ეჭირა, არ სტყუოდა, არ იღრიჭებოდა. შევამჩნიე, ტაგუც კრძალვით ექცეოდა.

ერთხელ მეტად არ წამოცდენია იმ დღეს „შე ლენჩო“.

სულ: „გახუ პატენი“,

„გახუ თოლიგე, გახუ სქანსანთელო.*

ან უბრალოდ, ძმურად: „გახუ“.

აღარც მეძებრის როლი შეუსრულებია იმ დღეს ქოსას. გახუ განზრახ ერიდებოდა ტაგუსთან მარტო დარჩენას.

ჩემს კიდეზე ეჭირა თავი.

ერთ ორჯერ თოფი შევაძლიე.

გასროლაზე უარი სთქვა.

გულნატკენმა დასძინა: მე თქვენი ხათრით გამოვედი, თორემ რა მენადირებაო.

გულმა რეჩხი მიყო.

ტაგუ რატომღაც გამგუნებული სდუმდა. ჯერ ეწერ-ეწერი ეპა- რებოდა რაღაცას.

ორ - სამჯერ გაისროლა.

ადგა ტყეში ალიაქოთი ყვავების, ჩხიკვების ჩხავილისა, ჩიტების ჟივილისა და შაშვების ჭახჭახისაგან.

ბევრი ვეძახეთ, ვიარეთ ეწერში, ტალერისკენ.

ვეღარსად ვნახეთ ტაგუ.

ტყეს გავერიდეთ მე და გახუ. მივყევით ეწერს.

ატლასისებურ მოკამკამე სიმიდების ზღვა გაშლილიყო აღმოსავლეთით და დასავლეთით.

ლურჯი.

არა, მუქლურჯი ზღვა მოღაღანე სიმიდებისა.

ჯერ ჩვენს მხატვრებს წამლით არ გადმოუციათ შეუდარებელი სილამაზე ამ პეიზაჟის.

ქართველ პოეტებს არ უმღერიათ სიმიდის ფარჩის იდუმალებით სავსე შრიალისათვის.

შუბის სიმაღლეზე ტანაყრილი, გათქვირული, დავაჟკაცებული სიმიდები რომ აღაღანდებიან, შავი ზღვის სუნთქვით ატოკებულნი, სვანურ სატევრებივით დალესილ, მოპარპაშე ფრთებს რომ ააფრია- ლებენ, მათ შორის ზოგი და ზოგი დაწინაურებულა, ვერცხლის ქო- ჩორი კენწეროზე გაუშლია და სდგანან ისინი ამაყად, როგორც ალამ- გაშლილი შტანდარტები მაღალ ანძების.

მილიონები!

ათეული, ასეული მილიონები რომ აბიბინდებიან, აშრიალდებიან, ამღერდებიან.

აღარსად სჩანან მეთოხეები, ალაგ–ალაგ თუ გამოკრთიან თე- თრი ჭილის ქუდები და მოისმის ამ თვალშეუვლებ ოკეანეს გულიდან ნადურის ღუღუნი.

ნაწისქვილარის მაღალ ბექობზე ძველ კოშკის ნანგრევზე ვისხედით ქოსა გახუ და მე.

ეს კოშკი იფარავდა ოდესღაც მახლობელ თემშარას, მთელს ხეობას, ტეხურს გადაღმა მხარეს.

გათხლაშულიყო მიწაზე მდუღარე ხვატი.

ზანტად მიმოჰქონდა ძეწნის ფარფლი მდორე ჰაერში შემოპარულ სუბუქ ბორიოს. ჭრიჭინების მწყობრი ორკესტრი აღვიძებდა რულს ბუნებისას.

გახუ ქვაზე ჩამომჯდარიყო. პაპიროსი ჩაჰქრობოდა. იჯდა. სივრცეს გასცქეროდა. მარჩხი თვალები ჩაეფერფლა უსიტყვო დარდს.

 

ნეკოტინით გამურული ლერწმის მუნდშტუკი გაყვითლებულ თითებს შორის გაირჭო, შემოჰკრა მარცხენა ხელის გული და ბალახებში გადავარდნილ პაპიროზის ნამწვავს თვალი გააყოლა.

ბექობის გვერდით იფნარი აშრიალდა იჩქითად.

გახუ შეკრთა.

— ვნახო იქ რა ამბავია. ესა სთქვა, სერი ჩაირბინა, გვიმრებში გაუჩინარდა.

წამოეპარა მზეს ქვიშისფერი წვიმის ღრუბელი.

მდუმარედ ვიდექი ბექობზე. თვალს ვადევნებდი ზეცის კალისფერი დეკორაციის ცვალებადობას.

გადმოიხვეწენ შავი ზღვის კიდიდან თეთრი, სულ თეთრი ღრუ ბლები, გადაეღობენ ამ თეთრ ფრინველებს უფრო სქელი, უფრო ლეგანი.

ხაზავდა ცას უჩინარი ხელი ქვიშარდულა, მუქი წამლებით, ითქვიფებოდენ, იშლებოდენ ბუნდოვანი სახეები, მონახაზები — ნაზ კიდეებთან მინანქარით ნაგვირისტევი. იმატა ცაზე მუქფერვანობამ და უსიამო. მოწითალო სხივის რიალი ადგა მზის დასავლიდან. გა- დაურბინა კავკასიონს ელვის კიანთმა და გადაევლო ბენგალის ცეცხლისებური ანთება ლითონის ფერად მოვარვარე სიმიდების ზღვას.

დიდხანს ვიჯექი კოშკის თავკიდურზე და შევცქეროდი ფერშეც- ვლილ კრთომას, მოსავსავე ტალღების სახით ზღვაზე გავლებულს.

პაპიროსს მოვუკიდე.

ბექობი ჩავირბინე, იფნარში შევედი.

გვიმბრებზე ჩაკეცილი იყო ქოსა გახუ. თითქოს ლიტანიობდა.

მუხლებზე დაცემული წარამარა დგებოდა, თვალებზე ხელს იფარებდა, ისევ მიწაზე გართხმული ქვითინებდა.

ფეხაკრეფით მივეპარე.

ნელი, ნელი ხმით მოსთქვამდა ქოსა გახუ.

მივედი, ხელი მოვჰკიდე. ავაყენე.

სანუგეშო სიტყვა გამიწყდა პირში.

— რა ვქნათ ჩემო გახუ, ყველანი მიწის კერძი ვართ. ნუ სტირი ჩემო გახუ.

— როგორ არ ვიტირო ჩემო ბატონო. ის აღარაა, ვისთვისაც ვეწამე, ვისთვისაც ქვეყნის სასაცილოდ გავიხადე თავი. სხვას რას ვენაღვლებოდი და იგიც მე დამცინოდა.

— ვინ იგი გახუ?

შევეკითხე.

— ვინა და ტაგუ.

ეჰ, ისევ შებრუნდა ალბად, გამიელვა თავში, გახუს გონივრულად გამომზირალ თვალებიდან ცრემლი მოჟონავდა.

მეც ამან დამაეჭვა.

ცრემლო! შენ ალამაზებ მწუხარებით დათუთქულს სახეს თვით მთელი ადამის მოდგმაში, უმახინჯეს კაციშვილისას.

ცრემლო.

შენ რთვილი ხარ დაგოლვილ გულთათვის ცით მონაპარი.

...................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

— ტაგუ სამუგია?...

— ტაგუ სადაური სამუგიაა? სამუგია კი არა ძმაა ჩემი ხორციელი. იახადო, ტაგუც მე დამცინოდა. მე რა მექნა მარტოხელას და უბედურს. ჩემი ძმები საზღვარგარეთ გაიქცნენ. ტაგუს ხელი არ ახლეს, სამუგია ეგონათ. იახა დაო, მე გადავრჩი. მაგრამ ვაი ამისთანა გადარჩენას.

იახა დო, მეც გავიქცეოდი, მაგრამ თემრა ვისთვის დამეტოვებინა. თემოა, ჩემი თემრა...

მან ისევ დაიფარა ხელებით სახე და მიწას დაჰკრა შუბლი სამგზის.

ტორით ფოცხავდა მტვერს, პეშვით იყრიდა პირში მიწას და დედაკაცივით მოსთქვამდა ქოსა გახუ.

ხუამთ.

უნებლიედ პირზე მომადგა:

„მამათა ჩუენთა ცოდეს და ჩვენც შეცოდებათა მათთა მოვიხუამთ.“

.....................................................................................................................

იგლოვა გუირგვინმან თავისა ჩუენისამან ვაჲ ჩუენ რაჲმეთუ ვცოდეთ.“

ძლივს დავაშოშმინე. ისევ ბექობზე ამოვიყვანე.

— იახადო, მოვისაზრე. თავი მოვიგიჟიანე. განაგრძო გახუმ, სხვა გზა არ იყო.

ცხონებულ მამაჩემს მთელი სოფლის გლეხობა გადაკიდებული ჰყავდა.

ჯერ ჩემს ხსოვნაში ულვაშებს აგლეჯდა გლეხებს.

წამოაქცევინებდა მოწიფულ ვაჟკაცებს, მკერდზე ცხელ ღომს დააგებდენ და ძაღლებს დააპურებდენ.

იახა დო, ხანდახან ძაღლები წაიკიდებოდენ —და ისეთი შემთხვევაც ყოფილა ხელფეხშეკრული ვაჟკაცი რომ დაუკბენიათ ძაღლებს. მაგრამ მაშინ მე ბავშვი ვიყავი. იახა დო, მე ახლა რა შუაში ვარ...

იახა დო, მე ჩემი თავმოყვარეობა დავთმე, ოღონდ თემრა გადამერჩინა.

აწი სულ ერთია ჩემთვის. გინდა გიჟი ვეგონოთ, გინდა ჭკვიანი. აწი რაც ენებოთ ის მიქნან.

* * *

ნისლი დასწოლოდა ტყეს.

ნისლი დგებოდა ნელ-ნელა ნაწისქვილარის გარშემო ჭაობები დან. ნისლს დაეფარა ზურმუხტის ზურგი ეკის მთისა, კოთიანეთის თეთრი ეკლესია და ნოქალაქევის ბუმბერაზი ციხის ნანგრევებიც მოეცვა ნისლს.

მე და გახუ გაუნძრევლად ვისხედით.

ნოტიო საგრძნობი ხდებოდა, მაგრამ მე ვერ დამერღვია დუმილი.

გახუს წარბებამდის ჩამოფხატოდა ბოხოხი და ამღვრეულ თვალებში ჩასდგომოდა ფიქრების ნისლი.

* * *

ნავახშმევს მე და ტაგუ სამუგია ოდის აივანზე ვისხედით.

არც ერთს ძილი არ გვეკარებოდა. აგვისტოს ქარი უსიამო ქარია ოდიშის მხარეში.

სწორედ აგვისტოს ქარი ჰქროდა იმ ღამეს.

ტაგუ სამუგიას სუფრაზე დაყრდნობილ ხელის გულზე დაედო თავი და ბნელ ღამეს გასცქეროდა. ფანჯრის თაროზე დადგმული ლამპის ყვითელ შუქს თვალს არიდებდა.

იცი ტაგუ, მე მგონია გახუ რამეს დამართებს თავის თავს. ეჰ, საქმე არა გაქვს. ის რომ ვაჟკაცი ყოფილიყო, აქამდე უნდა მოეკლა თავი.

ორ სამ დღეში კიდევ ვნახავ, ჯაგებში რომ დარბოდეს ბეკა ძაღლივით.

მე დავდუმდი, ტაგუმ განაგრძო:

— თავის მოკვლა, ჩემო კარგო, ყოველ კაცს როდი შეუძლია. რაკი სიტყვამ მოიტანა, მე გეტყვით:

ჯერაც პირტიტველი ყმაწვილი ვიყავი, როცა სააფხაზოში, ჩემს დედულეთში წავედი საცოლეს შესაგუებლად. შესაძლოა ბევრმა არ დაიჯეროს ეს, მაგრამ თათიას სულს გეფიცებით, ეს ნამდვილია, და ზოგი რამ მე თათიასთვისაც არ გამიმხელია.

თქვენ იცნობდით ალბად, ტატაში ჩაჩბას ქალს–თათიას, განსვენებულს ჩემს ოჯახობას.

მის მერმე მე სხვა ქალი არ ვინდომე და ასე ვარ დღემდის.

ჰო და სიტყვა დავკარგე.

სააბხაზოში, ჩემს დედულეთში ჩავედი მეთქი.

კაი მოგეცა, კაი დრო იყო ის დრო

და ჩემისთანა ცხენი და ანანგირი, ჩემისთანა ღართი და კაბა, ნაბადი და ქამარ-სატევარი სამუგიას კი არა, ბატონიშვილებში ბევრს ენატრებოდა. დედულეთიდან მაყრად წავყევით ანჩიბიას გალში, მე და ჩემმა ძმად ნაფიცმა ჯანსუღი აგირბამ. ჯანსუღი ისეთი ყმაწვი- ლი იყო, თვალში რომ ჩაგვარდნოდა, ხელს არ ამოისვამდი. ალმასის კაკალივით ბიჭი. და თქვენ ჩემი აბრაგობის დროის თავგადასავალი კიდევაც რომ დასწეროთ, რათ გინდათ, არავინ დაიჯერებს.

ჯანსუღ აგიობა ჩემი მარჯვენა ხელი იყო.

16-17 წლის ჭაბუკი, ლომის ბოკვერივით მარდი და ბრძოლა- ში ფიცხელი.

გალში ქორწილი გადაიხადა ჩაჩბამ, ისეთი ქორწილი, — სიტყვით ვერ აიწერება. ჩიტის რძეც არ დაჰკლებია იქაურობას. სეფა იმ სიგრძეზე გამართეს, რომ ორი ცხენი თამამად გაჭენდებოდა. ჩოხის კალთებ შემოკეცილ, ხელწაკაპიწებულ გამრიგებლებს სუფრაზე მოჰქონდათ შამფურზე შემწვარი უშობლები, საკუთარ ტყავში გახვეული ღადარა ღველფში შენაწვი ძუძუთა ბატკნები, ახალი ტყემლითა და კვანწარახით, ჭყინტი ყველით გატენილი გოჭები, კეცზე ნაფიცხი ნოჯიხერის კალმახი, ქინძითა და ძმრით, შამფურის ვარიები, მრგვლად მოხარშული დედლები ნივრის წვენში, ინდოურის უწნო, ინდოურის საცივი, ჩახოხბილი ვარიები, ჩასაცივებული ხოხობი, სალუქი, ლონთქოშო სულუგუნები, პიტნით ნაკაზმი გადაზელილი, კელებე- რის მწვადები, პიმპილითა და ქონდოით შეზავებული კუჭმაჭი, ღომის ღომი, ქუმუ, თონეში ნაცხობი გომიჯები, ქართული ლავაში, თონისა და კეცის ჭადი, ჭანდრის ნოშოთი მოშუშებული, ორპირის ზუთხი და ზურგიელი, ნიგვზით დატენილი კიბო.

ოჯალეშის ღვინო, ღვინო ხარდანისა, კაჭიჭი და კაპისტონი, და სანთლის არაყი. ეჰ, სუ ყველაფერი როგორ ჩამოვთვალო.

(როცა ტაგუ ამას მიამბობდა, ნავახშმევი ვიყავი, მაგრამ მაინც ნერწყვი მადგებოდა).

მახაზ შერვაშიძე იყო თამადად. და ამ ქორწილზე ჩაჩბას უმ- ცროსი ქალი თათია მოგვეწონა მე და ჯანსუღს.

იმ ღამესვე ორივენი ჩავიწვით იმ ქალში.

მესამე დღეს თენდებოდა და ქორწილს ბოლო არ უჩანდა.

მახაზ შერვაშიძემ ჯიხვის ყანწები დაგვიშინა ინგირსგამოღმე- ლებს. დავცალეთ ინგირსგამოღმელებმა და გადაულოცეთ ინგირს გაღმელებს.

მე შუასმაში ვიყავი.

და მეხუთე ჯიხვი რომ დავცალე და გიდი ემხვარს გადავულოცე, გავიხედე, და თვალი მოვჰკარი: ჯანსუღ აგირბა და თათია ჩაჩბა უზუნდარას ცეკვავდენ.

უკეთესს წყვილს ადამიანის თვალი ვერ ნახავდა.

კალმით ნახატი თვალწარბი ჰქონდა თათიას, თმა კაბის ქუბებზე სცემდა.

ტარიელივით ბრწყინავდა ჯანსუღ აგირბა.

ჯანსუღ, არ შეგარჩენ იცოდე. გამიელვა თავში. დავბარბაცდი — ინგირსგაღმელებმა თვალი მკიდეს. გაეხარდათ: მეხუთე ჯიხვმა შეარყია ინგირსგამოღმელიო.

ცეკვა რომ გათავდა, ჯანსუღი ჩემთან მოვიდა. გარეთ გამომყევიო, ყურში მიფურჩულა.

სუფრიდან ადგომა როგორ იქნებოდა. ისედაც დალესილი იყვენ ინგირსგაღმელები. მაგრამ ჯანსუღმა სატევარზე ხელი დაიდო და მეუბნება: თუ არ გამომყვები, დედის სულს ვიფიცავ, ახლავე ხანჯალს დავიცემო.

ვიცოდი: ჯანსუღი აგირბა აუგად არ დეიფიცავდა დედის სულს. ფარსაგი არ მეგონა.

ორივენი გავიპარეთ.

ლაფარეში რომ გავედით, ჯანსუღმა ხელი მხარზე დამადო და მეუბნება:

თუ ჩემი ძმა ხარ გამომიტყდი.. თათია შენ ხომ არ ჩაგვარდნია გულში? მე ელდა მეცა თათიას ხსენებაზე.

მე და ჯანსუღს ერთმანეთისთვის არასოდეს დაგვიფარავს საიდუმლო, – მაგრამ თათიას გულისთვის ურცხვად ტყუილი ვუთხარი ძმად ნაფიცს.

— ვინ თათია, ჯიმა აჯამი?

ვეკითხები.

— ვინ თათია და ჩაჩბას თათია.

ტყვია ჩავიდუღე გულში.

და ცრუ ფიცი მივეცი იმას, ვისთანაც არა ერთხელ ტყვიისა- თვის მიმიშვერია მკერდი.

ჯანსუღი მაინც არ მიჯერებდა.

მაშინ ძალი მოვიკრიფე და ურცხვად თვალი თვალში გავუყარე. ვეუბნები ჯანსუღს:

— დედიჩემის სულს გეფიცები, თათიას ჩემს გულში ადგილი არა აქვს მეთქი.

ესეც რომ არ იყოს, შენ ხომ იცი, სად ჩაჩბას თათია და სად მე — სამუგია.

— მაშ თუ ასეა, დაიწყო ჯანსუღმა და მაკოცა:

მე გამიგია თათია ვინმე წერეთლის საცოლეა. და თუ ჩემი ძმა ხარ, ქორწილი გათავდება თუ არა, თათია უნდა მომატაცებინო. იცოდე ტაგუ, მე მოვკვდები თათია თუ ჩემი არ გახდა.

ჯანსუღ აგირბა ისეთი ჯილაგის კაცი იყო, სიყვარულისათვის, სიკვდილი ლხენად რომ უჩანთ, ამ სიტყვების გამგონეს მიწა რომ გამსქდომოდა მერჩია, მაგრამ სიტყვა მრუდედ ნათქვამი დამირჩა და რა შარა იყო. ჩემ გულში კი გადავწყვიტე, როგორმე ფეხი ამეთრია. მე დავცემოდი ჩაჩბას და თათია მომეტაცნა.

კიდევ სამი ღამე ვსვით. არ იქნა, არ გათავდა მაყრების ჯიბრი. გაგიხარია, მეხუთე დღეს ნამაჟირალ* სიმიდივით წავაწვინეთ ინგირსგაღმელები. მოვასხედით ჩვენს ლაფშებს და წავედით. ვემუდარე ჯანსუღს, ჯერ დედულეთში მივბრუნებულიყავით, ყოველივე აგვეწონა, გეგმები შეგვედგინა და მერე შევდგომოდით საქმეს. სხვა არ იყოს რა, იმ დროებში ჩაჩბას თავდასხმა და ქალის მოტაცება არც ისე იოლი იყო.

უშველებელი ეზო შეუვალი ეკლიანი ფალაგით იყო შემორაგვული.

ორი მგელივით ძმა შინ იყო.

ერთი მათგანი შტაბს-კაპიტანი.

ძაღლებიც ისეთი ჰყავდა ჩაჩბას, რომ მის კიდე-მიდამოზე ჩიტს არ გადაარონიებდენ.

ისევ ამიხირდა ცხონებული ჯანსუღი.

თუ ახლავე არ შევუდგებით საქმეს, შენს თვალწინ ამ სატევარით გულს გავიპობო.

რა მექნა, მეც დავემორჩილე. სასწრაფოდ შევიმუშავეთ გეგმა. გალში ვიცნობდით ერთ გლეხს, ვინმე ფიფიას.

ფიფია ჩვენ საქმისმიმცემად გვყავდა გალის მხარეში.

ჯანსუღი ტყეში გავხიზნეთ.

მე ჩაბალახჩამოფხატული, გაღეღილი უიარაღოთ, ქვეითად შევბრუნდი გალში.

ფიფია დავანამუსე.

ორივემ დიდი ძარი მოვღობეთ.

ღამით ვიხმეთ ჯანსუღი.

ახალოხით, უჩოხოთ.

სამივე ჩაჩბასას წავედით.

ფიფიამ ცხენები გადამალა. იფნარში.

ჩვენი გეგმა ასეთი იყო: ერთი ჩვენგანი ხეზე უნდა გასულიყო ჩაჩბას ეზოში.

მეორე სადმე მახლობლად ჩასაფრდებოდა. სტვენით გამოიწვევდა ძაღლებს. მერმე ძირს დარჩენილი გაინაბებოდა და ხეზე გასული განაგრძობდა სტვენას.

ძაღლები ძარში ჩადებულ ხორცს მიაშურებდენ, ძარში რომ შევიდოდენ, ძარს თოკით ხეზე აიტანდა ხეზე შესაფრული.

მერმე ორივენი თავს წავადგებოდით მძინარეებს.

აქაც გაჯიქდა ცხონებული ჯანსუღი. გინდა თუ არა, მე უნდა ამიშვა ხეზეო. ეს უფრო სახიფათოდ ეჩვენებოდა, იმიტომაც აიჩემა. მე აქაც დავუთმე. სულო ცოდვილო, ცოტა გამეხარდა კიდევაც. კაკაჩია ღამე იყო. ჩაჩბას ეზოში უშველებელ ჭანდრების ლანდებს იღლიაში ამოეჩარათ მთელი ოჯახი. დიდის ვაივაგლახით გადავათრიეთ ეზოში ძარი.

ჭოტის ძახილი მოისმოდა მხოლოდ შორიდან. ჯანსუღი კოპიტზე გავიდა.

მე თოფის სასროლ მანძილზე ბერი მუხა მოვსძებნე და ფუღუროში გავინაბე.

ნელა დავუსტვინე.

ძაღლები ყეფით გამოჰქანდენ ჩემსკენ. დასუნსულობდენ გარშემო, მეძებდენ. ყეფდენ. ხორცის ნაჭერს ვიღებდი ჯიბიდან, სათითაოდ ვაჩუმებდი მათ.

წერამ აიტანა, თუ თათიას ნახვის მოლოდინმა სული მოუსწრაფა, არ ვიცი რატომ, აჩქარდა ჯანსუღი.

მოუხშირა სტვენას.

ამის თქმა მოასწრო ტაგუ სამუგიამ და მე თვალი მოვჰკარი დასავლეთით უშველებელი ალის ქარი ავარდა ჰაერში.

სადღაც ხანძარია ტაგუ!

დავიყვირე მე.

ტაგუმ საუბარი შესწყვიტა. ზეწამოიჭრა. ახლა ორივენი ვხედავდით:

გაძლიერებული ალი ფრიალობდა ჰაერში.

ერთ წუთში ცეცხლის ალამი გაიზარდა, გაორკეცდა, შტოები მოისხა, თითქოს უშველებელს, ჰაერში დაკიდებულ კოშკს მოსდებიაო. იმძლავრა ხანძარმა, მიწის პირიდან ავარდნილ რქებ-ბორჯღალა ცეცხლის გოდოლი

იზნიქებოდა და ქანაობდა ჰაერში, ცას ეპოტინებოდა, ცას ულოკავდა სისხლად ნაღებ ღრუბლების ჯიქანს.

ხანძარი ბევრი მინახავს, მაგრამ ასეთი ლამაზი არასოდეს.

……………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………..

წამს მთელი სოფელი გაინაბა შიშის ელდისგან. უცებ გაისმა ყიჟინა.

ყიჟინას ყიჟინითვე უპასუხეს ყოველი მხრიდან.

აყვენ ამ ხმაურს ძაღლები. შეიქნა ქალების გაბმული კივილი. უქუდოთ გავრბოდით მე და ტაგუ.

ეკლესიის მოედანზე ორი კაცი შემოგვეფეთა.

გამოირკვა: ნავახშმევს ქოსა გახუსს ცეცხლისთვის მიუცია თავისი ხეზე გატანილი ქოხი და ალანიების მხარეზე მდებარე სასიმინდე ნალია. ცეცხლი ბებერ ცაცხვს გადასდებია. იქიდან ალანიების ხულებს და ნალიებს. მთელი სოფელი ფეხზე დადგა.

გამძვინვარებული სტიქიონი ძლივს ჩააქრეს უარესად განრის- ხებულმა გლეხებმა. ხუთი კომლი გადაიწვა მხოლოდ. ოთხი ალანია ერთიც გითოლენდია.

— ჰაი დედასა, მანუჩარ ბატონიშვილის ცოდვები რომ ვერ მოვკითხეთ ქოსა გახუს. თურმე ნუ იტყვი, თავს იგიჟიანებდა, ჩვენ ყურს გვხერხავდა. — ლუღლუღებდა ოთხმოცი წლის ტოჩი ალანია.

— არ გამიკვირდა? გუშღამ ასე დაწყობილად მელაპარაკებოდა. შარშან დამორჩილიდან ერთი ქილა სიმინდი ემართა ჩემი, ისიც მომირბენია.

ტასია მალაზონს ორი ქილა ღარღილი მოუტანა თურმე. ჩემს თემრას საფლავს ნუ დამიკარგავო.

თურმე ნუ იტყვი.

ტაგუ კეფას იფხანდა, არ იცოდა რა ეთქვა.

მდუმარენი მოვბრუნდით შინ.

— ამისთანა სიგლახეს თუ იზამს თორემ ვაჟკაცურ საქმეს ვერ ჩაიდენს ის ბედდამწვარი.

ქარბორიას და... ასეთ ამინდში. ალანიებს რომ არ ემარჯვნათ მთელი სოფელი გადაიწვებოდა.

ჩაიბუტბუტა ტაგუმ და ჭიშკარს ურდული დაუგდო.

..................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

— მე მაინც ძლიერ მაინტერესებს ჯანსუღ აგირბას ბედი, შევახსენე ტაგუ სამუგიას როცა ოდის აივანზე ამოვედით.

… — ჰო, არც კი მახსოვს სად გამიწყდა ხსოვნის ძაფი.

— შენ ამბობდი ჯანსუღმა სტვენას მოუხშირაო.

— ჰო და ჯანსუღმა სტვენას მოუხშირა, მე თვალი მოვჰკარი ჩაჩბას დოხორეს კიბიდან თეთრმა ლანდმა ჩამოირბინა.

საჯინიბოდან ჯაზიერებით შეიარაღებული ბიჭები გამოცვივდენ.

ძაღლებმა ჯანსუღს მიაშურეს.

ბიჭები მათ მიჰყვენ.

ჩემი საფარიდან ვხედავ: კაპიტანი ჩაჩბა ახალუხის ამარა ჩემსკენ მოდიოდა. რევოლვერი მთვარის შუქზე ლაპლაპებდა. როგორც სჩანს იგი აივნიდან უთვალთვალებდა, თუ საითკენ შეუტიეს ძაღლებმა პირველად.

ორი მეძებარი თან მოსდევდა შტაბს-კაპიტანს. პატრონი უსისინებდა, მეძებრები მუხის გარშემო დარბოდენ, ყეფდენ.

ერთი მათგანი უკანა ფეხზე შესდგა ის სამგლე და ფუღუროში ჩამოხტომა დააპირა. მე სისხლის დაღვრას ვერიდებოდი, მაგრამ ვხედავდი: საქმე წახდა.

გავიტრუნე — და გადავსწყვიტე სისხლის ღვრა ამეცდინა თავიდან—და ამ დროს გავარდა ერთი.

წამლის სუნი მეცა და სისხლი მომწყურდა.

ეჰ, ჯანსუღს ესროლეს გავიფიქრე და რევოლვერი ავწკიპე და გადმოვდევი ფუღუროზე და ამ დროს მესროლა ჩაჩბამ, მესროლა ჩაჩბამ და სროლითვე ვუპასუხე და თვალი შევასწარი ჩაჩბა წაიქცა. წაიქცა ჩაჩბა და სამი ძიძიშვილი გამოჰქანდა მუხის ძირისკენ.

მერმე შევყევი ფუღუროს, მაღლა ავცოცდი და იქიდან იმდენი ტყვია დავაყარე ბიჭებს, რომ ანგელოზები დავუფეთე.

ჯანსუღის მხარეს სროლა შესწყდა. ალბად ჯანსუღმა თავს უშველა, გავიფიქრე. ჩამოვედი ძირს, და სროლით გზა გავიკაფე.

ორმა ძაღლმა და სამმა ბიჭმა დაფნარში გადმომსდიეს.

ჩავუსაფრდი თხრილში და არც ერთი გამიშვია ცოცხალი. მეორე დღეს ფიფია გავგზავნე მზვერავად.

პირველი ტყვია ცხონებულ ჯანსუღ აგირბას გაუსვრია, ერთი ბიჭი მოუკლავს.

მერმე ტყისკატასავით დარბოდა ხეზე და ისე ისროდა. როცა ტყვია შემოელია ტყვედ ჩავარდნას და ჩაჩბების წინაშე თავის დამცირებას, სიკვდილი არჩია.

მე დამავიწყდა მეთქვა, რომ იმ ხანებში აგირბებს ჩაჩბას სისxლი ემართათ.

და ჯანსუღმა...

ჯანსუღმა უკანასკნელი ტყვია თავისთვის შეინახა.

ძმადნაფიცი დამეღუპა, მაგრამ გაგიხარია, ჯანსუღის სისხლი მე ავიღე: ერთ წელსაც არ გაუვლია, რომ ხელმეორედ თავს დავესხი ჩაჩბას, მეორე ძმა შინ არ დამხვდა, მამა შემომაკვდა, და თათია მოვიტაცე.

* * *

სიტყვამ მოიტანა, თვარა რიგი იყო ეს ამბავი ჯერაც არვისთვის გამემხილა. ამგვარ სიკვდილს ყოველი კაცი ვერ შესძლებს. დასძინა ტაგუ სამუგიამ და ყალიონი ხელის გულზე დაიფერთხა.

* * *

მეორე დილით გავიგეთ მე და ტაგუმ: სენაკიდან მომავალ მეურმეებს, უთენია ძიგირში შეხვედრიათ ქოსა გახუ.

ისე ჩაუქროლა თურმე მეზობლებს, გამარჯვებაც კი არ დაუბარებია.

მარიობის კვირა ძალში ტეხურის ჯებირის ზემოდ, ალანიების ბადეს მოჰყოლოდა მოკლე ჩოხიანი, ტანმორჩილი კაცის ცხედარი. როცა სასროლი ბადე კიდეზე გამოიტანეს ერთბაშად იცვნეს: ქოსა გახუ.

მთელი სოფელი მოჯარდა ტეხურის პირას.

ცხედარს ზედვე ეტყობოდა, იგი კარგ მანძილზე ეთრია წყალს. სისხლი სდენოდა პირიდან. სისხლს გაეჟღინთა ტილოს ახალუხი. ხალხი ჯერ ჯგუფ-ჯგუფად იდგა. მერმე ხმამაღალმა ჩოჩქოლ მა პირიდან პირზე გადაირბინა.

მოხუცები განზე აწიტებდენ, ინძგილის ღერიან თიხის ყალიო- ნებს აფშუკუნებდენ, კეფას იფხანდნენ, ახალგაზრდები გამალებული დარბოდენ ჯგუფებს შორის —თეთრი ჩაბალახები ფრიალებდენ ჰაერში. ერთბაშად ხალხი შეტბორდა.

„ჰო, ჰო, ჰო... ათაშ. ათაშ, ათაშ“ *. მოისმა ყოველის მხრიდან.

ასე, ასე, ასე.

და გლეხებმა გადაწყვიტეს მიცვალებულისათვის მაინც მოეკითხათ მანუჩარ ბატონიშვილის ცოდვები.

ცხედარი პირაღმა იწვა რიყის ქვიშაზე.

მე და ტაგუ სამუგია ვადექით თავზე.

ხალხს ორი საცვეთებიანი, თეთრჩაბალახიანი ვაჟი გამოეყო და ცხედრისკენ გამოეშურა.

მე განზე გავდექი.

ტაგუ სამუგია გარინდებული იდგა მიცვალებულის ფეხთით. სატევარზე ხელი დაედო. მიწას დასჩერებოდა.

როცა თეთჩაბალახიანებმა ცხედართან მიაღწიეს, ტაგუ სამუგიამ ანთებული თვალები შეავლო ჯიქურად ჩვენსკენ მომავალთ, მაგრამ კრინტი ვერ დასძრა.

სანთელივით გაფითრდა.

ისევ გაწითლდა.

სისხლი აუვარდა სახეზე.

თვალი ვჰკიდე: ეს მანუჩარ ბატონიშვილის ნიღაბაფარებული სისხლი იყო. სისხლი ნააბრაგალისა და ფეოდალის, რომელიც სააშკარაოზე ვეღარ ჰბედავდა გამოსვლას.

თეთრჩაბალახიანები ცხედარს დასწვდენ და ტეხურის საფირონის ტალღებს დაუბრუნეს ქოსა გახუს ვაგლახად მოკუნტული ცხედარი.

ასე გადალახა სიძულვილმა სიკვდილის მიჯნა.

1927-29