The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი - ბ
ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი

ბავშვი (Child) - საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ბავშვად მიიჩნევა 16 წლამდე ასაკის პირი. რაც შეეხება, საერთაშორისო აქტებში “ბავშვის~ განმარტებას, გაეროს 1989 წლის „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით: „წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი, თუკი რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, ბავშვი უფრო ადრე არ აღწევს სრულწლოვანებას“. ხოლო 1999 წლის ბავშვთა „ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის ღონისძიებების შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად:  „ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ყველა ადამიანი

ბავშვთა უფლებები ციფრულ გარემოში (The right of the child in the digital environment) - ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები გავლენას ახდენს ბავშვის გართობაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი უფლების განხორციელებით, რომლებიც დაცულია „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით, ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციით და ევროპული სოციალური ქარტიით. გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციების თანახმად, ყველა ბავშვს უფლება უნდა ჰქონდეს უსაფრთხო ხელმისაწვდომობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და ციფრულ მედიაზე, უნდა იცოდეს სრული ჩართულობის, საკუთარი თავის გამოხატვის, ინფორმაციის მოძიების და ყველა უფლებით სარგებლობის მექანიზმები, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

ევროპის საბჭოს კონვენცია „სექსუალური ექსპლოატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ (ლანზაროტეს კონვენცია), რომელიც ხელმომწერ ქვეყნებს ავალდებულებს ზრდასრული ადამიანების მიერ ბავშვების ინტერნეტის მეშვეობით, სექსუალური ხასიათის ქმედებებში ჩართვის კრიმინალიზებას. კონვენცია ასევე, სისხლისსსამართლებრივი წესით დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნებისმიერ აქტივობას, რომელიც უკავშირდება ბავშვების ექსპლოატაციას პორნოგრაფიის გზით, მათ შორის, ბავშვთა შეურაცხყოფის ამსახველი მასალის ონლაინ გაცნობიერებულად ყურებას.

2018 წლის 4 ივლისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო CM/Rec (2018)7 რეკომენდაცია „ციფრულ გარემოში ბავშვთა უფლებების პატივისცემის, დაცვის და შესრულების შესახებ“, რომელიც წარმოადგენს ყოვლისმომცველ სახელმძღვანელო პრინციპებს ევროპული ხელისუფლებისთვის.

ევროპის საბჭოს სტრატეგია  „ბავშვთა უფლებების შესახებ“ (2016-2017) ითვალისწინებს წევრი სახელმწიფოებისათვის შესაბამის მითითებებს ციფრულ გარემოში ბავშვთა უფლებების დასაცავად.

ბავშვის უფლება არ დაშორდეს თავის მშობლებს (Child’s right not to be separated from his or her parents) – „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლი მოუწოდებს სახელმწიფოებს უზრუნველყონ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა როცა მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით.

კონვენციის თანახმად, სახელმწიფოებმა პატივი უნდა სცენ ერთ ან ორივე მშობელთან დაშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება.

იმ შემთხვევაში, როცა ასეთი დაშორება გამომდინარეობს სახელმწიფოს მიერ მიღებული რაიმე გადაწყევტილებიდან, მაგალითად, ერთი ან ორივე მშობლის ან ბავშვის დაპატიმრების, დატუსაღების, გასახლების, დეპორტაციის ან სიკვდილის (მათ შორის სიკვდილისა, რომელიც დადგა ნებისმიერი მიზეზით, სახელმწიფოს გამგებლობაში ამ პირის ყოფნის დროს) შემთხვევაში, ასეთი მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია მშობლებს, ბავშვს ან თუ ეს აუცილებელია, ოჯახის სხვა წევრს მათი თხოვნით გადასცენ საჭირო ინფორმაცია ოჯახის შესაბამისი წევრის (წევრების) ადგილსამყოფელის თაობაზე, თუ ამ ინფორმაციის გადაცემა ზიანს არ აყენებს ბავშვის კეთილდღეობას.

ბავშვის ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსება (Placing child in alternate care) - საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ბავშვის ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსების შესახებ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, ზოგიერთ შემთხვევაში, მასთან არსებული რეგიონული საბჭოების მეშვეობით.

ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილება ან არამართლზომიერი დაკავება (Unlawful movement of the child or unlawful detention) - პირისათვის ან ორგანოსათვის ერთობლივად ან ინდივიდუალურად მიკუთვნებული მეურვეობის უფლების დარღვევა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ბავშვი ჩვეულებრივ, ცხოვრობდა უშუალოდ არამართლზომიერ გადაადგილებამდე ან არამართლზომიერ დაკავებამდე და რომელიც გადაადგილების ან დაკავების დროისათვის ფაქტობრივად გამოიყენებოდა ერთობლივად ან ინდივიდუალურად ან/ და ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა არამართლზომიერი გადაადგილება ან არამართზომიერი დაკავება.

 ბავშვთა გამოყენება პორნოგრაფიულ მასალებში (Use of children for pornographic performances) - მთელ რიგ საერთაშორისოსამართლებრივ დოკუმენტებში ვხვდებით ტერმინს „ბავშვთა გამოყენება პორნოგრაფიულ მასალებში“, როდესაც ცნება „პორნოგრაფიული“ მოიცავს არა მხოლოდ დოკუმენტირებულ ჩანაწერს, არამედ ონლაინ რეჟიმში შესრულებას. “ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 34-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც ეხება „ბავშვთა ექსპლოატაციას პორნოგრაფიული წარმოდგენისთვის და მასალისთვის“, ფოკუსირებას ახდენს როგორც ქმედებაზე, ასევე საბოლოო მატერიალურ შედეგზე.

„ბავშვთა უფლებებისა და კეთილდღეობის შესახებ“ აფრიკის ქარტიის 27-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ეხება „ბავშვთა გამოყენება პორნოგრაფიულ მოქმედებებში, წარმოდგენებში და მასალებში“, ხოლო საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის კონვენციის №182 მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი შეიცავს ფორმულირებას „ბავშვის გამოყენებას, შეთავაზებას ან დაქირავებას პროსტიტუციაში, პორნოგრაფიული პროდუქციის შექმნისათვის ან პორნოგრაფიული წარმოდგენისათვის“. აღნიშნული ჩანაწერი იცავს ბავშვს სექსუალური ხასიათის მქონე პორნოგრაფიულ ონლაინ (ანუ ჩანაწერის გარეშე) წარმოდგენებში ექსპლოატაციის შემთხვევებისგან.

ლანზაროტეს კონვენცია კიდევ უფრო ვრცლად განსაზღვრავს ცნებას ბავშვის „გამოყენების“ სხვადასხვა ფორმების დეტალიზაციით და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს მოახდინონ ისეთი ქმედებების კრიმინალიზება, რომელიც ეხება ბავშვის პორნოგრაფიულ წარმოდგენებში მონაწილეობას ან იწვევს ბავშვის მსგავს წარმოდგენებში მონაწილეობას; ბავშვის იძულებას, მონაწილეობა მიიღოს პორნოგრაფიულ წარმოდგენებში ან სარგებლის შეთავაზებას ან ბავშვის ექსპლოატაციას მსგავსი მიზნებისთვის, ამასთან, ბავშვთა მონაწილეობით პორნოგრაფიულ წარმოდგენებზე გაცნობიერებულად დასწრებას.

ხშირ შემთხვევებში, ტერმინმა „პორნოგრაფიული“ ბავშვებთან მიმართებით შესაძლებელია შეცდომაში შეგვიყვანოს და შედეგად გამოიწვიოს სტიგმატირება ან ამ მიზნით გამოყენებული ბავშვისთვის ზიანის მიყენება. აღნიშნული ფენომენის დასახასიათებლად უფრო ნეიტრალური ტერმინი, რომელიც აქცენტს აკეთებს ბავშვის სექსუალურად გარყვნაზე, არის „ბავშვთა გამოყენება სექსუალურ წარმოდგენებში

ბავშვთან გასაუბრება/ჩვენების მიღება (Evidence/statements by children) – „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების შესახებ“  ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2010 წელს მიღებული სახელმძღვანელო პრინციპების (პარა. 64-74) მიხედვით, ბავშვთან გასაუბრება უნდა აწარმოოს სპეციალურმა პროფესიონალმა. გასაუბრების რაოდენობა შეძლებისდაგვარად, უნდა იყოს ხანმოკლე და ყოველ ჯერზე ჩაატაროს ერთი და იგივე პირმა. მაქსიმალურად უნდა იყოს თავიდან აცილებული პირდაპირი კონტაქტი მსხვერპლ ან მოწმე ბავშვსა და სავარაუდო მოძალადეს შორის, თუ ამას არ მოითხოვს მსხვერპლი ბავშვი. თავიდან უნდა იყოს აცილებული მიმანიშნებელი კითხვები. ბავშვის მიერ გაკეთებული განცხადებები და ჩვენება არასდროს უნდა ჩაითვალოს მტკიცებულების ძალის არმქონედ ან არასარწმუნოდ, მხოლოდ ბავშვის ასაკიდან გამომდინარე.

 ბავშვის გაუპატიურება (Rape of a child) – გაუპატიურება დანაშაულია. პირის ამ შემთხვევაში, ბავშვის ნების წინააღმდეგ განხორციელებული არანებაყოფლობითი სქესობრივი აქტი, რომელიც ხშირად მოიცავს ფიზიკურ ძალადობას. ზოგიერთ სახელმწიფოში, ბავშვის გაუპატიურება ადგილობრივი კანონმდებლობით განმარტებულია, როგორც დანაშაული, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა წინააღმდეგ, შესაბამისად, ამ სახელმწიფოებში გაუპატიურება წარმოადგენს დანაშაულს გენდერული ნიშნით. მნიშვნელოვანია ამ ტერმინის გენდერულად ნეიტრალური მნიშვნელობით გამოყენება. გარდა ამისა, ვინაიდან გაუპატიურება, როგორც წესი, გულისხმობს გარკვეული ფორმით პენეტრაციას, ზოგიერთმა სახელმწიფომ (მაგალითად, საფრანგეთი, კანადა და სხვ.) საკუთარი კანონმდებლობიდან ამოიღო ეს ტერმინი და ჩაანაცვლა „სექსუალური ძალადობით“, რაც აფართოებს დანაშაულის საზღვრებს და ვრცელდება სექსუალური ხასიათის ისეთ დანაშაულებზეც, რომლებიც არ მოიცავს პენეტრაციას.

 ბავშვის გარყვნა სექსუალური მიზნებით (Corruption of children for sexual purposes) - გულისხმობს ბავშვის განზრახ იძულებას, რომელსაც ჯერ არ შესრულებია 18 წელი, უყუროს სექსუალურ ძალადობას ან სექსუალურ აქტს, თუნდაც მონაწილეობის გარეშე. ტერმინი „გარყვნა“ აღნიშნულ კონტექსტში ეხება  „პირის მორალურად გარყვნის ქმედებას ან ეფექტს“ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,  „პირის მორალური ქცევის სტანდარტისგან გადახვევას, მის მორალურ გარყვნას“. ტერმინი „ბავშვის გარყვნა სექსუალური მიზნებით“ ეხება ბავშვის იძულებას დაესწროს სექსუალურ ძალადობას ან სექსუალურ აქტს, თუნდაც მონაწილეობის გარეშე. ევროპის საბჭოს კონვენცია „სექსუალური ექსპლოატაციისა და ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ (ლანზაროტეს კონვენცია, მუხლი 22, 2007), განსაზღვრავს, თუ რას ნიშნავს „ბავშვის გარყვნა“, ადგენს, რომ:

„ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა სახის ზომების მიღება, იმისათვის, რომ სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს ბავშვის განზრახ იძულება, რომელსაც ჯერ არ შესრულებია 18 წელი, უყუროს სექსუალურ ძალადობას ან სექსუალურ აქტს, თუნდაც მონაწილეობის გარეშე.

 ბავშვის დაყოლიება სექსუალური მიზნებისთვის (Solicitation of children for sexual purposes) - ევროპის საბჭოს კონვენცია „სექსუალური ექსპლოატაციისა და ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ (ლანზაროტეს კონვენცია, 2007) არის პირველი საერთაშორისოსამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც განმარტავს ბავშვის ნდობის მოპოვებას სექსუალური სიახლოვის მიზნით. აღნიშნული კონვენცია (მუხლი 23) ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, რათა მოახდინონ შემდეგი ქმედების კრიმინალიზაცია: „მოზარდის მიერ განზრახი შეთავაზება ინფორმაციის და ტექნოლოგიური კომუნიკაციების მეშვეობით, რათა შეხვდეს ბავშვს, რომელსაც მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ასაკამდე არ მიუღწევია, იმ მიზნით, რომ ჩაიდინოს რომელიმე იმ დანაშაულთა სახეებიდან, რომელიც მოცემულია მე-18 მუხლის 1 (ა) ნაწილში ან მე-20 მუხლის 1 (ა) ნაწილში, იმ პირის წინააღმდეგ, როდესაც ასეთ შეთავაზებას მოჰყვა ისეთი ქმედება, რისი საბოლოო შედეგი იყო ასეთი სახის შეხვედრა

 ევროკავშირის 2011/93 დირექტივა სექსუალურ ძალადობასთან და ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციასთან და ბავშვის პორნოგრაფიასთან ბრძოლასთან დაკავშირებით მისდევს ლანზაროტეს კონვენციას და ასევე, მოიცავს ტერმინის - „ბავშვთა დაყოლიებას სექსუალური მიზნებისთვის“  განმარტებას (მუხლი 6):

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ საჭირო ზომები, რათა უზრუნველყონ აღნიშნული განზრახი ქმედების დასჯა: შეთავაზება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებებით მოზარდის მიერ, რათა შეხვდეს სექსუალური აქტივობისათვის მოუმზადებელი ასაკის ბავშვს, იმ მიზნით, რათა ჩაიდინოს რომელიმე სახის დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მე-3 (4) და მე-5 (6) მუხლებში, როდესაც ასეთმა შეთავაზებამ გამოიწვია ქმედება რისი საბოლოო შედეგიც იყო ასეთი სახის შეხვედრა [...].

 2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ საჭირო ზომები, რათა უზრუნველყონ დასჯადი გახდეს მე-5 (2) და (3) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მცდელობაც მოზარდის მიერ, რომელიც დაჟინებით მოითხოვს ბავშვისგან, რომელსაც არ მიუღწევია სექსუალური აქტივობის ასაკამდე, მოამარაგოს ბავშვი პორნოგრაფიული მასალით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებებით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებებით

ბავშვის უფლებათა კომიტეტი 2011 წლის №13 ზოგად კომენტარში, აღნიშნავს რომ „საინფორმაციო და საკომუნიკაციო საშუალებების მეშვეობით სხვებთან კონტაქტით, ბავშვები შეიძლება დააშინონ, მათზე განხორციელდეს დევნა ან შეაწუხონ ან/და აიძულონ, მოატყუონ ან დაარწმუნონ შეხვდნენ უცხო პირებს, მოიპოვონ მისი ნდობა სექსუალური სიახლოვის მიზნით ან/და მოიპოვონ პირადი სახის ინფორმაცია

 ბავშვების დაშინება/დაშანტაჟება მათი სექსუალური ხასიათის მასალების გავრცელებით, სექსუალური ან სხვა სახის სარგებლის მიღების მიზნით (Sexual extortion of children) - ბავშვების დაშინება/დაშანტაჟება მათი სექსუალური ხასიათის მასალების გავრცელებით, სექსუალური ან სხვა სახის სარგებლის მიღების მიზნით, გულისხმობს პირის შანტაჟს საკუთარი ფოტოების თანხმობის გარეშე გავრცელების გზით (მაგალითად, სოციალურ ქსელში ფოტოების გამოქვეყნება). მუქარა შეიძლება უკავშირდებოდეს სექსუალური სახის სარგებლის, ფულის ან სხვა სახის სარგებლის მიღებას. ხშირად, ბავშვებზე ნდობის მოპოვების მსურველთა გავლენა და ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მანიპულირება (ზოგჯერ რამდენიმე თვე) გადადის მუქარის, დაშინების და ზეწოლის აქტიურ ფაზაში, რადგან მან პირი ერთხელ უკვე დაარწმუნა გაეგზავნა მისთვის საკუთარი სექსუალური სახის ფოტოები. სექსუალური ხასიათის მასალების გავრცელებით, სექსუალური ან სხვა სახის სარგებლის მიღების მიზნით, დაშინება/დაშანტაჟება, განიხილება როგორც ვირტუალური წაქეზება, როგორც ბავშვებში, ასევე მოზარდებში და როგორც ჩანს, მსოფლიოში არსებობს ამ ტიპის შანტაჟის მზარდი ტენდენცია, მათ შორის ისეთი უკიდურესი ფორმებიც,

 როგორიცაა ძალადობა, სადიზმი და დამნაშავეთა მხრიდან დამამცირებელი მოთხოვნები. ბავშვების წინააღმდეგ განხორციელებული დაშინება/დაშანტაჟება მათი სექსუალური ხასიათის მასალების გავრცელებით, სექსუალური ან სხვა სახის სარგებლის მიღების მიზნით, მოიცავს პროცესს, რომლის დროსაც ბავშვებს ან ახალგაზრდებს მუდმივად აიძულებენ აწარმოონ სექსუალური ხასიათის მასალა ან/და ეუბნებიან შეასრულონ მტანჯველი ქმედებები იმ მუქარით, რომ გამოააშკარავებენ მასალას, სადაც ისინი არიან გამოსახულნი, ზოგიერთ შემთხვევაში, ამგვარი სიტუაცია იმდენად აღარ ექვემდებარება კონტროლს, რომ მსხვერპლმა შეიძლება თავი დაიზიანოს ან ჩაიდინოს თვითმკვლელობა, როგორც თავის დასაღწევი ერთადერთი საშუალება ამ სიტუაციიდან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლი აწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას პირის (მათ შორის, არასრულწლოვანის) სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების მიზნით, სახელის გამტეხი ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან ისეთი ცნობის გახმაურების მუქარისთვის, რომელმაც შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს პირს. თუ დანაშაული ჩადენილია წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აღნიშნული წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას.

 ბავშვთა დაცვა ძალადობისგან (Child protection from violence) – „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის მიხედვით, ბავშვის მიმართ ძალადობის დროს ბავშვი განცალკევება მოძალადე მშობლის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან ნებისმიერი სხვა მოძალადისგან პოლიციის შემაკავებელი ორდერის ან სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების საფუძველზე.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს ბავშვზე ძალადობის შემთხვევასთან დაკავშირებით სასამართლოსადმი მიმართვის, მშობლის უფლებამოსილების შეზღუდვის და მშობლისგან ბავშვის განცალკევების გადაწყვეტილების მიღების და გასაჩივრების საპროცესო წესებს. სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს მსხვერპლს, ასევე მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. კანონის ჩანაწერის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის, არასრულწლოვნის დაკითხვისას გასათვალისწინებელია არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად.

ბავშვის ექსპლუატაცია (Child exploitation) - ბავშვის ექსპლოატაცია ნიშნავს ქმედებას, რომელიც მოიცავს სულ მცირე, სხვების ექსპლოატაციას პროსტიტუციის მიზნით ან სექსუალური ექსპლოატაციის სხვა ფორმებს, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს სხვა პრაქტიკას, ყმობას ან ორგანოებით ვაჭრობას. ბავშვის ექსპლოატაციის ყველაზე გავრცელებული ფორმებია სექსუალური ექსპლოატაცია, ბავშვის შრომა, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოყენება, შეიარაღებულ კონფლიქტში გამოყენების მიზნით ბავშვის დაქირავება, დანაშაულებრივ ქმედებებში მისი ჩართვა, ბავშვის გაშვილება ან დაქორწინება, სამედიცინო ან სამეცნიერო მიზნებისთვის გამოყენება, როგორიცაა ნიჭიერი ბავშვების გამოყენება და მედიის მხრიდან მათი გამოყენება ან მათთან ცუდად მოპყრობა.

 ბავშვის ექსპლოატაციის ყველა ფორმის საერთო ნიშანია ძალადობის მაღალი ხარისხი. ბავშვი ამ დროს არის განმეორებითი და მრავალჯერადი ცუდად მოპყრობის, ფიზიკური და ემოციური ძალადობის მხვერპლი. გარდა ამისა, იგი ხშირად არის მოტყუების, სიყალბისა და უგულებელყოფის მსხვერპლი.

მეორე საერთო ასპექტია ექსპლოატაციის კომერციული ბუნება. სხვა სახის ძალადობისგან ექსპლოატაციას სწორედ ის გამოარჩევს, რომ ამ შემთხვევაში ძალადობასა და მოგებას შორის პირდაპირი კავშირია. ექსპლოატაციის შედეგად მიღებელი სარგებელი შეიძლება ბავშვს ან მის უახლოეს გარემოსცვასაც, მაგალითად, მის ოჯახის წევრებს, შუამავალსა და დანაშაულებრივ ჯგუფს გადასცენ. ბავშვის ექსპლოატაციის ყველაზე მძიმე ფორმა მიუხედავად დანაშაულის მიზნისა, არის გაყიდვა და ტრეფიკინგი. ყველა ბავშვს აქვს ექსპლოატაციის ყველა ფორმისგან დაცვის უფლება. ამის მისაღწევად, სახელმწიფოებმა უპირველესად, სავალდებულოდ უნდა აღიარონ საერთაშორისო ხელშეკრულებები. სექსუალურ ექსპლოატაციასთან მიმართებით ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის დამატებითი ოქმი „ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ

1989 წლის „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 34-ე მუხლი მოიცავს სექსუალური ექსპლუატაციის და სექსუალური ცდუნების ყველა ფორმას:

ა)დაყოლიება ან იძულება ნებისმიერ უკანონო სექსუალურ საქმიანობაზე;

ბ)ექსპლუატაციის მიზნით, ბავშვის გამოყენება პროსტიტუციაში ან სხვა უკანონო სექსუალურ პრაქტიკაში;

გ) ექსპლუატაციის მიზნით ბავშვის გამოყენება პორნოგრაფიასა და პორნოგრაფიულ მასალებში.

„ბავშვის უფლებების შესახებ“  კონვენციის დამატებითი ოქმის „ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ“  მე-3 მუხლი ავალდებულებს მონაწილე სახელმწიფოებს მოახდინონ ბავშვის სექსუალური ექსპლუატაციის კრიმინალიზაცია ეროვნული სისხლის სამართლის კანონმდებლობით.

„სექსუალური ექსპლოატაციისა და ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციაში (ლანზაროტეს კონვენცია, 18-23 მუხლები, 2007) ასახულია ბავშვის სექსუალური ექსპლუატაციის და ძალადობის ქმედებები. პრეამბულაში განმარტებულია ბავშვის სექსუალური ექსპლუატაცია, როგორც ბავშვთა პორნოგრაფია და პროსტიტუცია.

ბავშვთა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ევროკავშირის 2011 წლის დირექტივის 2011/93 მე-4 მუხლში განმარტებულია სექსუალური ექსპლუატაცია, რომელიც მოიცავს შემდეგ ქმედებებს: ბავშვის ჩართვა პორნოგრაფია/პროსტიტუციაში, ბავშვის ჩართვა სექსუალურ აქტივობაში, პროსტიტუციაში ჩაბმის მიზნით.

 1999 წლის „ბავშვის უფლებათა და კეთილდღეობის შესახებ“ აფრიკული ქარტიის 27-ე მუხლი კრძალავს  „სექსუალური ექსპლუატაციის და ძალადობის ყველა ფორმას

ბავშვებით ვაჭრობა (Sale of children) – 1989 წლის „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 35-ე მუხლის თანახმად, „მონაწილე სახელმწიფოები ეროვნულ, ორმხივ და მრავალმხრივ დონეებზე ახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა აღკვეთონ ბავშვების მოტაცება, ბავშვებით ვაჭრობა ან მათი კონტრაბანდა ნებისმიერი მიზნით და ნებისმიერი ფორმით“. თუმცა, კონვენცია კონკრეტულად ამ ტერმინებს არ განსაზღვრავს.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1999 წლის №182-ე კონვენციის მესამე მუხლი ადგენს: „(ა) მონობის ან მონობის მსგავსი პრაქტიკის ყველა ფორმას, როგორიცაა მაგალითად, ბავშვების გაყიდვა და ბავშვებით ვაჭრობა, სავალო კაბალა და ბატონყმური დამოკიდებულება და აგრეთვე, იძულებითი ან სავალდებულო შრომა, მათ შორის, ბავშვების იძულებითი ან სავალდებულო დაქირავება შეიარაღებულ კონფლიქტებში მათ გამოყენების მიზნით“. თუმცა, აღნიშნული კონვენცია არ განსაზღვრავს ტერმინებს „ ბავშვებით ვაჭრობა და ტრეფიკინგი

2000 წელს მიღებული ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი ტერმინს - „ბავშვებით ვაჭრობა“, განსაზღვრავს შემდეგნაირად:

„ბავშვებით ვაჭრობა ნიშნავს ნებისმიერ ქმედებას ან გარიგებას, რომლის შედეგადაც, ბავშვი გადაეცემა ნებისმიერი პირის ან პირთა ჯგუფის მიერ სხვა პირს ან პირთა ჯგუფს ფულადი ან სხვა ანაზღაურების ფასად“, დამატებით, კონვენციის მე-3 მუხლი მოითხოვს მონაწილე სახელმწიფოებმა უზრუნველყონ შემდეგი ქმედებების სისხლის სამართლის წესით დასჯა: (ი) ნებისმიერი საშუალებით ბავშვის შეთავაზება, გადაცემა ან მიღება შემდეგი მიზნებისთვის: (ა) ბავშვის სექსუალური ექსპლოატაცია; (ბ) ბავშვის ორგანოების გადაცემა ანაზღაურების მისაღებად; (ც) ბავშვის გამოყენება იძულებით სამუშაოებზე; (იი) შვილად აყვანის შესახებ საერთაშორისოსამართლებრივი აქტების დარღვევით ბავშვის შვილად აყვანისთვის შუამავლის იძულებითი თანხმობის უკანონოდ მოპოვება

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 1990/68 რეზოლუციის მიღებით, განსაზღვრა ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ სპეციალური მომხსენებლის დანიშვნის საკითხი. თუმცა რეზოლუცია არ განსაზღვრავს ტერმინს  „ბავშვებით ვაჭრობა

„ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“  ევროპის საბჭოს 2005 წლის კონვენციის მიზნებისთვის, ბავშვი ნიშნავს თვრამეტ წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს და ტერმინი „ადამიანებით ვაჭრობა“  განსაზღვრავს ექსპლოატაციის მიზნით ბავშვის სამუშაოზე აყვანას, ტრანსპორტირებას, გადაცემას, თავშესაფრის მიცემას ან მიღებას.

 ბავშვი ვირტუალურ გარემოში (Child in the online environment) – „ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ“ ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმის მიხედვით, ტერმინის განსაზღვრებისას, გასათვალისწინებელია შემდეგი ორი ასპექტი:

1.ბავშვის ქცევა ვირტუალურ გარემოში. ბავშვის ქცევა ვირტუალურ გარემოში არ განსხვავდება ბავშვის ქცევისგან რეალურ სამყაროში. მაშინ, როდესაც ასაკობრივ შეზღუდვის პირობებში მყოფი ბავშვი (მაგ., 13 წლის ბავშვი) არის უფრო მგრძნობიარე, ვიდრე უფროსი ასაკის ბავშვები. ყველა პირი 18 წლამდე, საჭიროებს სპეციალურ დაცვას.

2.ბავშვის ყოფნა ვირტუალურ გარემოში. ბავშვი და ბავშვობა არის ადამიანის ცხოვრებაში გარკვეული დროის პერიოდი, ვიდრე პირი არ მიაღწევს სრულწლოვან ასაკს და გახდება ზრდასრული. თუმცა, სექსუალური ხასიათის მასალები, სადაც ასახულია ბავშვი, შეიძლება ვირტუალურ გარემოში დარჩეს მაშინაც, როდესაც ბავშვი სრულწლოვანი გახდება.

ბავშვზე გავლენის შეფასების მექანიზმი (ჩჰილდ იმპაცტ ასსესსმენტ მეცჰანისმ) - გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის №5 „ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელების ზოგადი ღონისძიებები“, ასევე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარის №14 (2013)  „ბავშვის უფლება მისი საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინების შესახებ“, ზოგადი კომენტარების მიხედვით, ნებისმიერი კანონის მიღების, პოლიტიკის შემუშავების თუ დაფინანსების პროცესში წინასწარ უნდა შეფასდეს ბავშვის უფლებებზე მოსალოდნელი შედეგები. ბავშვზე გავლენის შეფასების ძირითადი მიზანია დაეხმაროს მთავრობას კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში და უზრუნველყოს ბავშვთა საკითხების პრიორიტეტულად განხილვა სხვადასხვა სექტორული პოლიტიკის და პროგრამების შემუშავების პროცესში. ეს შეფასება უნდა ჩატარდეს ახალი კანონების, რეგულაციების, დადგენილებების მომზადების პროცესში ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე.

 ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობა (ხელყოფა) (Child sexual abuse) – „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია ზუსტად არ განასხვავებს ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობას, ბავშვის მიმართ სექსუალური ექსპლუატაციისგან. აღსანიშნავია, რომ სექსუალური ძალადობა ხორციელდება მოძალადის მიერ მხოლოდ სექსუალური დაკმაყოფილების მიზნით და არ არის მატერიალური გარიგების რაიმე ფორმა მაშინ, როდესაც სექსუალური ექსპლუატაციისას მეტწილად, არსებობს გარიგება. გარდა ამისა, ძალადობას ახორციელებს პირი, რომელიც უცხო არ არის ბავშვისთვის, რომელსაც აქვს გარკვეული ძალაუფლება ბავშვზე, მაგ., ოჯახის წევრი, ნათესავი, მასწავლებელი, მწვრთნელი. დამნაშავის ძალაუფლება შეიძლება გამოწვეული იყოს ნდობით ან დამოკიდებულებით ბავშვის სექსუალურ ქმედებებში ჩართვის მიზნით.

ძალადობაში (abuse) მოიაზრება ფართო ცნება, რომელიც ცდება მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას, განსაკუთრებით, როდესაც საქმე გვაქვს ბავშვებთან. მცირე ასაკის გამო ბავშვის თანხმობა არ არის მნიშვნელოვანი დანაშაულებრივი ბუნების განმარტებისას, რადგან სწორედ ასაკის გამო ბავშვმა შეიძლება არ მისცეს გააზრებული ინფორმირებული თანხმობა. შესაბამისად, ძალადობა (abuse) ხორციელდება, როგორც უშუალოდ ძალის გამოყენებით, ასევე ძალის გამოყენების გარეშე.

საბოლოოდ, ბავშვის მიმართ ძალადობა შეიძლება განხორციელდეს არამხოლოდ ფიზიკური კონტაქტით ბავშვსა და სრულწლოვან მოძალადეს შორის, არამედ კონტაქტის გარეშე, მაგ., ბავშვის სექსუალური შევიწროება, მათ შორის ვერბალური ფორმით; ვირტუალურ სამყაროში განხორციელებული ძალადობა.

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 34-ე მუხლი გამოყოფს „სექსუალური ექსპლუატაციის და ძალადობის ფორმას“: „ამ მიზნით მონაწილე სახელმწიფოები, კერძოდ, ორმხრივ და მრავალმხრივ ეროვნულ დონეებზე უზრუნველყოფენ გაატარონ ყველა აუცილებელი ზომა, რათა თავიდან აიცილონ:

ა) ბავშვის დაყოლიება ნებისმიერ უკანონო სექსუალურ ქმედებებზე ან ბავშვის იძულება, მონაწილეობდეს ასეთ ქმედებაში; ბ) ექსპლუატაციის მიზნით, ბავშვის გამოყენება პროსტიტუციაში ან სხვა უკანონო სექსუალურ პრაქტიკაში; გ) ექსპლუატაციის მიზნით ბავშვის გამოყენება პორნოგრაფიასა და პორნოგრაფიულ მასალებში

„სექსუალური ექსპლოატაციისა და ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“  ევროპის საბჭოს კონვენცია(ლანზაროტეს კონვენცია, 2007) გამოყოფს ორივე - „სექსუალურ ექსპლუატაციას“ და „სექსუალურ ძალადობას“. პრეამბულაში აღნიშნულია, რომ „ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია, კერძოდ, ბავშვთა პორნოგრაფია და პროსტიტუცია და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ყველა ფორმა, საზღვარგარეთ ჩადენილი აქტების ჩათვლით, დამღუპველად მოქმედებს ბავშვთა ჯანმრთელობასა და ფსიქო-სოციალურ განვითარებაზე“. კონვენციის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი განაგრძობს: „ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა მოიცავს წინამდებარე კონვენციის 18-23 მუხლებში მითითებულ ქმედებებს“. მე-18 მუხლი ყურადღებას ამახვილებს სექსუალური ძალადობის ფორმებზე: ა) სექსუალური ურთიერთობის დამყარება ბავშვთან, რომელსაც ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისი დებულების მიხედვით, ჯერ არ მიუღწევია სექსუალური ურთიერთობისთვის კანონით დადგენილი ასაკისთვის; ბ) სექსუალური ურთიერთობის დამყარება ბავშვთან თუ: აღნიშნული ხორციელდება იძულების, ძალის ან მუქარის გამოყენებით; ან ძალადობა ხორციელდება ბავშვის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით, მათ შორის ოჯახში; ან ძალადობა ხორციელდება ბავშვის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, კერძოდ მისი გონებრივი შეზღუდვის ან ფიზიკური უუნარობის, ან დამოკიდებული მდგომარეობის გამო.

ბავშვთა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ევროკავშირის 2011 წლის დირექტივის 2011/93 მე-3 მუხლი მკაფიოდ განსაზღვრავს სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებულ დანაშაულის სახეებს და გამოყოფს სექსუალურ ქმედებებში ჩართვას ბავშვთან.

1999 წლის  „ბავშვის უფლებათა და კეთილდღეობის შესახებ“  აფრიკული ქარტიის 27-ე მუხლი უთითებს  „სექსუალური ექსპლუატაციის და ძალადობის ყველა ფორმას

ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის განმახორციელებელი ტრანსნაციონალური დამნაშავეები (Transnational child sex offenders) - ტერმინი აღწერს ბავშვის სექსუალურ ექსპლუატაციაში დამნაშავეებს, მათ ვისაც სექსუალური მიზნებისთვის ჩართული ჰყავს ბავშვები, რომლებიც არ არიან მათი ქვეყნის მოქალაქეები ან არ აქვთ მათ ქვეყანაში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ტერმინი „ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის განმახორციელებელი ტრანსნაციონალური დამნაშავეები“ იგივეა რაც ტერმინი „პირი, რომელიც გადაადგილდება ბავშვებზე ძალადობის მიზნით“, სამართალდამცავი ორგანოები ამჯობინებენ ამ ტერმინს, რადგან იგი ასევე მოიცავს ისეთ დამნაშავეებს, რომლებიც მუდმივად ან ხანგრძლივი ვადით ცხოვრობენ საზღვარგარეთ. მეორე მხრივ, რადგანაც იგი მხოლოდ იმ დამნაშავეებს მოიცავს, ვინც ეროვნულ საზღვრებს კვეთს ბავშვთა წინააღმდეგ სექსუალური სახის დანაშაულის ჩასადენად, ეს ტერმინი არ გულისხმობს სექს-დამნაშავეებს, რომლებიც ქვეყანაში ან რეგიონში ასეთი დანაშაულის ჩასადენად მოგზაურობენ.

ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულების ჩამდენი პირი (Perpetrators of sexual crimes against children)  - ტერმინები: „მოძალადე“ და „დამნაშავე“ ყველაზე ხშირად გამოიყენება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სავარაუდო ჩამდენი პირების მიმართ. წამყვანი ლექსიკონების განმარტების მიხედვით, ტერმინი „მოძალადე“ ძირითადად, ნიშნავს პირს, რომელიც ჩადის ან უკვე ჩაიდინა დანაშაული. ტერმინს „დამნაშავე“ უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს და ეხება პირს, რომელიც ახორციელებს საშიშ, არაკანონიერ და ამორალურ ქმედებას აგრეთვე, პირს, რომელიც მსჯავრდებულია მსგავსი სახის დანაშაულის ჩადენისთვის.

ბავშვთან მიმართებით სექსუალურ ძალადობაში ჩართულ პირებთან დაკავშირებით ტერმინების განსაზღვრისას, მხედველობაშია მისაღები ორი გარემოება: (ა) პიროვნების როლი ბავშვების წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენასა და ხელშეწყობაში; და (ბ) პიროვნების სტატუსი ბავშვზე სექსუალურ ძალადობასთნ დაკავშირებით შესაძლო სისხლის სამართლის პროცესში, ეროვნული კანონმდებლობის სპეციფიკის გათვალისწინებით.

პირველ გარემოებასთან დაკავშირებით, ბავშვზე სექსუალური ექსპლოატაციის კონტექსტში მოძალადესთან მიმართებით ხშირად გამოიყენება შემდეგი ტერმინები: (ა) „მომხმარებელი“ ან „დამკვეთი“ - პიროვნება, რომელიც ბავშვს იყენებს საკუთარი სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად (ექსპლოატაციის შემთხვევაში, თანხის ან მსგავსი დაპირების სანაცვლოდ), შუამავლის ჩართულობით ან მის გარეშე. ტერმინი „მოძალადე“ აგრეთვე, გამოიყენება  „მომხმარებლთან/დამკვეთთან“  მიმართებით.  „მოძალადე“ არის პირი, რომელიც სხვა პირზე ახორციელებს სექსუალური ხასიათის განსაკუთრებულ ძალადობრივ და ბოროტ ქმედებას, რეგულარულად ან განმეორებით. ტერმინში აგრეთვე, მოიაზრება პირი, რომელიც „სექსუალურად ძალადობს სხვაზე, განსაკუთრებით, ქალზე ან ბავშვზე“; (ბ) „ფასილიტატორები“ - ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებიც ახდენენ ბავშვზე სექსუალური ძალადობის ჩადენაში ხელშეწყობას ან დამნაშავეების დახმარებას (ხშირად მოიხსენიება როგორც შუამავალი). ბავშვების წინააღმდეგ სექსუალური ხასიათის დანაშაულებთან მიმართებით, აღნიშნული პირი შეიძლება იყოს „მოვაჭრე“, რომელიც ბავშვს ხდის სექსუალური ექსპლოატაციისთვის ხელმისაწვდომს; (გ) „ექსპლოატატორი“ - პირი, რომელიც იღებს მთავარ სარგებელს ან თანხას სექსუალური ექსპლოატაციისთვის. ლინგვისტურად, ტერმინი „ექსპლოატატორი“ ეხება პირს, რომელიც იყენებს სხვა პირებს ან საგნებს საკუთარი სარგებლის ან უპირატესობის მისაღებად.

უფრო მეტიც, ბავშვების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის განხორციელებისას, პირის ფუნქციამ შეიძლება მოიცვას მოსყიდვის, წაქეზების ან დანაშაულის ჩადენის მცდელობის ფორმები. თუმცა, უმეტესწილად, ხშირია ამ სხვადასხვა ცნებებს შორის გადაფარვა და რეალურად, სიტუაცია შეიძლება იყოს უფრო კომპლექსური იმის გათვალისწინებით, რომ ძნელია განვასხვაოთ სხვადასხვა აქტორები და ერთმა პირმა შესაძლებელია შესრულოს ერთზე მეტი ფუნქცია.

რაც შეეხება მეორე გარემოებას, ბავშვზე სექსუალურ ძალადობასთან მიმართებით, პირის ჩართულობიდან გამომდინარე ან ჩართულობის გარეშე, შეიძლება განისაზღვროს სამი საფეხური: (ა) „სავარაუდო მოძალადე“ ან „სავარაუდო დამნაშავე“ იმ პირთან მიმართებით, რომელსაც ბრალი ედება სექსუალურ ექსპლოატაციაში ან ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში, მაგრამ კანონმდებლობის თანახმად, მის მიმართ ნებისმიერი სახის სხვა დანაშაულისთვის არ დაწყებულა გამოძიება, არ მომხდარა მისი დაკავება, დაპატიმრება ან მსჯავრდება; (ბ) „ბრალდებული“ ან „მსჯავრდებული“ - პირი, რომლის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით ოფიციალურად ჩატარდა გამოძიება ან მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი; (გ) „მსჯავრდებული მოძალადე“ ან „მსჯავრდებული დამნაშავე“ - პირი, რომელიც პასუხისგებაში იქნა მიცემული და მსჯავრდებული ბავშვზე სექსუალური ექსპლოატაციის ან სექსუალური ძალადობის განხორციელებისთვის.

2000 წელს მიღებულ „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის დამატებით ოქმში გამოიყენება ტერმინი „სავარაუდო დამნაშავე“, რომელიც აღწერს ბავშვზე სექსუალური ექსპლოატაციის დანაშაულის ჩამდენ სავარაუდო პირს (მუხლი 4) და ტერმინი „დამნაშავე“ ეხება მსგავსი დანაშაულის ჩამდენ პირს (მუხლი 5 (5), ხოლო ტერმინი „ბრალდებული“ გამოიყენება სისხლისსამართლებრივი პროცედურების ფარგლებში პირის მიმართ (მუხლი 8 (6).

პალერმოს 2000 წლის პროტოკოლში ტერმინი „მოძალადე“ განიხილება სისხლის სამართლის პროცესების კონტექსტში (მუხლი 6 (2)(ბ)) და ტერმინი „დამნაშავე“ პირის დაკავებამდე ან გამოძიებამდე (მუხლი 10 (1) (ს).

2001 წლის ბუდაპეშტის კონვენციის 22-ე მუხლის მე-3 პარაგრაფი ეხება „სავარაუდო დამნაშავეს“, სადაც მოიაზრება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი, მათ შორის, ბავშვზე სექსუალური ექსპლოატაციის განმახორციელებელი პირი.

 2007 წლის ლანზაროტეს კონვენცია „სექსუალურ ძალადობაში მსჯავრდებული პირი“ და „დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირი“ კონვენციის მე-16 და 37-ე მუხლების მიხედვით, ეხება ბავშვზე სექსუალური ექსპლოატაციისთვის მსჯავრდებულ პირს. ტერმინი „დამნაშავე“ გამოიყენება ზოგადად, ბავშვზე სექსუალურ ექსპლოატაციაში ჩართულ ნებისმიერ პირთან მიმართებით (სისხლის სამართლის პროცესებში მათი მონაწილეობის მიუხედავად).

ევროკავშირის დირექტივაში 2011/93 მე9 და მე-17 მუხლი ეხება ტერმინს - „მოძალადე“ და ჩამონათვალში  „ბავშვზე მოძალადე“ და „სექსუალური მოძალადე“ (პარ. 25, 37, 43) მოიაზრება ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პირი ან მსგავსი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირი.

„გაეროს მსხვერპლ ბავშვებსა და დანაშაულის თვითმხილველებთან დაკავშირებით მართლმსაჯულების საკითხების შესახებ“ 2005 წლის სახელმძღვანელო დოკუმენტში გამოყენებულია სხვადასხვა ტერმინები: „სავარაუდო დამნაშავე“ (პარ. 31 (ბ), 24 (ა) და „სავარაუდო მოძალადე“  (პარ. 9 (ა), პირი, რომელიც არ არის მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენისთვის; „მსჯავრდებული“ (პარ. 8 (გ)) და „დამნაშავე“  (პარ. 20 (ბ) და 37)) სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეზე და  „მსჯავრდებული დამნაშავე“ (პარ. 7 (ზ) და 8 (გ)), პირი, რომელსაც მსჯავრი დაედო სისხლის სამართლის პროცესში. ინტერპოლი იყენებს ტერმინებს „სექსუალური მოძალადე“ და „პირი, რომელიც გადაადგილდება ბავშვზე სექსუალური ძალადობის განხორციელების მიზნით“. ევროპოლი იყენებს ტერმინს „ბავშვზე სექსუალური მოძალადე

 ბავშვის მონაწილეობა (Child participation) – „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-40 მუხლი სასამართლო პროცესში მშობლის და მზრუნველის მონაწილეობის გარდა, ადგენს ბავშვის უფლებას, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის კანონის დარღვევა, ეფექტურად მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესში. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის №10 ზოგადი კომენტარის (პარ. 46) თანახმად, ბავშვს აგრეთვე უნდა ესმოდეს მოსალოდნელი შედეგები და სასჯელის ზომა, რათა შეძლოს კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით ეჭვქვეშ დააყენოს მოწმეთა ჩვენებები, გადმოსცეს საქმის არსი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მტკიცებულებების, ჩვენებებისა და მის მიმართ გასატარებელი ზომის (ზომების) შესახებ. ბავშვის უფლება, მონაწილეობა მიიღოს პროცესში, მჭიდროდ უკავშირდება მის უფლებას, იყოს დაუყონებლივ და უშუალოდ ინფორმირებული მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების თაობაზე. პეკინის წესების მე-14 მუხლის მიხედვით, სასამართლო სხდომები უნდა ტარდებოდეს ისეთ გარემოში, რომელიც საშუალებას აძლევს ბავშვს, მიიღოს მონაწილეობა და ღიად გამოთქვას საკუთრი მოსაზრებები. ბავშვის ასაკისა და სიმწიფის გათვალისწინებით, ასევე, შესაძლოა საჭირო გახდეს სხდომის ჩატარება შესაბამისად მოდიფიცირებული მოსმენის პროცედურებისა და პრაქტიკის მიხედვით.

ბავშვზე მორგებული გარემო და გასაგები ენა (Child-friendly environment and child-friendly language) –  „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების შესახებ“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2010 წლის სახელმძღვანელო მითითებების (პარ. 54-62) მიხედვით, პროცესის დაწყებამდე ბავშვს გასაგები ენით უნდა გააცნონ სასამართლოს ან სხვა შესაბამისი შენობის მოწყობის გეგმა, ასევე, მონაწილე პირების ფუნქცია და ვინაობა. ბავშვს უნდა მისცენ ნება, სადაც საჭიროა თან ახლდეს მშობლები ან მის მიერ არჩეული ზრდასრული პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დასაბუთებული გადაწყვეტილებით დადასტურებულია საწინააღმდეგო. დასაშვებ მტკიცებულებად უნდა იყოს აღიარებული და გამოყენებული ინტერვიუს სხვადასხვა მეთოდები, როგორიცაა ვიდეო ან აუდიოჩაწერა ან წინასასამართლო დახურული მოსმენის ჩანაწერი. დაცული უნდა იყოს კონფიდენციალურობა და პროცესი უნდა წარიმართოს პერიოდული შესვენებებით. მოსაცდელი და ინტერვიუს ოთახები უნდა იყოს მოწყობილი ბავშვზე მორგებული გარემოს პრინციპით.

 ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება (Child-Friendly Justice) - გულისხმობს მართლმსაჯულების ისეთ სისტემას, რომელიც ქმნის ბავშვის უფლებათა ეფექტური განხორციელების გარანტიას ბავშვის უფლებათა დაცვის პრინციპების, ბავშვის ინდივიდუალური განვითარების და საქმის გარემოებების მხედველობაში მიღებით. ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება ნიშნავს ისეთ მართლმსაჯულებას, რომელიც არის მისაწვდომი, ასაკთან შესაბამისი, სწრაფი, თანმიმდევრული, ბავშვის უფლებებსა და საჭიროებებზე მორგებული. ესაა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვას სამართლიანი სასამართლო პროცესის, სასამართლო პროცესში მონაწილეობის და ინფორმირების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პატივისა და ღირსების პატივისცემის შესახებ. გაეროს გენერალური მდივნის სახელმძღვანელო მითითების - გაეროს მიდგომა ბავშვთა მართლმსაჯულების საკითხებზე მიხედვით, ბავშვთა მართლმსაჯულების საკითხები მხედველობაშია მისაღები ეროვნული კანონმდებლობის გადახედვის, შემუშავების და განხორციელების პროცესში, კერძოდ, ბავშვთა საკითხების ინტეგრირება უნდა მოხდეს საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისას, კანონმდებლობის შემუშავებისას; სამართალდამცავების, სასამართლოს წარმომადგენლების, დაკავების ადგილების პერსონალის, იურისტების, სოციალური მუშაკების და სხვა პროფესიონალების ეთიკის კოდექსების, სტანდარტების და სამსახურში მიღების კრიტერიუმების შედგენისას.

ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო მითითებები ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების შესახებ განმარტავს, რომ კანონის უზენაესობის პრინციპი, გარანტირებული უნდა იყოს ბავშვებისთვის ისევე, როგორც ზრდასრულებისთვის, და არ უნდა შემცირდეს ან გაუქმდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების ქვეტექსტით. ეს ეხება როგორც სასამართლო, ასევე ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას. სახელმწიფოები ვალდებულნი არიან შექმნან დამოუკიდებელი და ეფექტიანი გასაჩივრების მექანიზმები ბავშვის ასაკისა და აღქმის დონის შესაბამისად. ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო მითითებები „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების შესახებ“ ხაზგასმით აღნიშნავს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების ძირითად ელემენტებს, კერძოდ: ინფორმაცია და კონსულტაცია; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვა; უსაფრთხოება; პროფესიონალთა მომზადება; მულტიდისციპლინური მიდგომა; თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში.

 ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება სასამართლო პროცესის შემდეგ  (Child-friendly justice after judicial proceedings) – „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების შესახებ“  ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო მითითებების (პარა. 75-83) თანახმად, პროცესის შემდეგ ადვოკატმა, საპროცესო წარმომადგენელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა ბავშვს მისთვის გასაგებ ენაზე უნდა აუხსნას გადაწყვეტილების შინაარსი, ასევე, მიაწოდოს ინფორმაცია გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმებზე; სასამართლოს გადაწყვეტილება/განკარგულება უნდა აღსრულდეს დაყოვნების გარეშე. გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება უნდა მოხდეს უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ბავშვი მონაწილეობს; გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, კონფლიქტური პროცესების დროს, ბავშვებს და ოჯახებს უნდა გაეწიოთ სპეციალისტის მხარდაჭერა და კონსულტაცია. ასევე, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის და საჭირო სოციალური და თერაპიული კურსები ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის. ბავშვის ადვოკატს, საპროცესო წარმომადგენელს ან მეურვეს უნდა ჰქონდეს უფლება მოითხოვოს მსხვერპლი ბავშვის სახელით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ბავშვზე კომპენსაცია სახელმწიფოს მიერ უნდა გაიცეს საჭიროებისამებრ, ხოლო შემდეგ მოხდეს დამრღვევიდან მისი ანაზღაურება სახელმწიფოსთვის.

ბავშვის პირადი ცხოვრების უფლება (Child’s right to respect for private life) - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონცეფცია უფლებების ფართო წრეს მოიცავს, როგორიც არის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემა, საცხოვრებელი გარემოს პატივისცემის, მიმოწერისა და პატივისა და რეპუტაციის პატივისცემის უფლება. „ბავშვის უფლებებისა და კეთილდღეობის შესახებ“ აფრიკული ქარტია პირდაპირ ადგენს, რომ „არც ერთი ბავშვი არ შეიძლება დაექვემდებაროს მის პირად ცხოვრებაში, ოჯახურ თუ საცხოვრებელ გარემოს ან მიმოწერაში თვითნებურ ან უკანონო ჩარევას, ან მის პატივსა ან რეპუტაციაზე თავდასხმებს, იმის გათვალისწინებით, რომ მშობლებს ან კანონიერ მეურვეებს ბავშვის ქმედებებზე გონივრული ზედამხედველობის განხორციელების უფლება უნდა ჰქონდეთ

1985 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული არასრულწლოვანთან მოპყრობის გაეროს სტანდარტული მინიმალური წესების (პეკინური წესების) მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი (ვიი) სახელმწიფოებს ბავშვის პირადი ცხოვრების დაცვის პატივისცემას საქმისწარმოების ყველა ეტაპზე ავალდებულებს. პეკინური წესების ზოგიერთი დებულება ასახულია ბავშვის უფლებათა კონვენციაში. დოკუმენტის მე-8 წესი ადგენს ბავშვების უფლებას, რომ საქმისწარმოების ყველა ეტაპზე, მათი პირადი ცხოვრების პატივისცემა უზრუნველყოფილი იყოს. მცირეწლოვანთა მიმართ საქმის წარმოებისას, მათი პირადი ცხოვრების დაცვის უფლება ასახულია მე-7 წესში. აღნიშნული წესი საქმისწარმოებისას ძირითად წესებს, მათ შორის, ბავშვის მიერ დუმილის შენარჩუნების უფლებას ადგენს. ამ უფლების ერთ-ერთი ასპექტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლის პირველ პუნქტშია ხაზგასმული. ამ ნორმის შესაბამისად, სასამართლოებსა და ტრიბუნალებში საქმისწარმოების ზოგ შემთხვევაში, საჯარო განხილვები გამოირიცხება და მცირეწლოვანთა მონაწილეობით წარმოებულ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებები საჯაროდ არ უნდა გამოცხადდეს. იმავე მუხლის მიხედვით, ეს პრინციპი საოჯახო დავების განხილვისას გამოიყენება, როდესაც სასამართლო ბავშვზე მეურვეობის ერთერთი მშობლისთვის დაკისრების საკითხს განიხილავს. ამგვარ შემთხვევებში, ერთადერთი გამონაკლისის დაშვებაა შესაძლებელი, თუ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად სხვაგვარი გადაწყვეტილებაა მიზანშეწონილი. დაცვის სხვა გარანტიებიც არსებობს, მაგალითად, როგორიც არის მოთხოვნა, რომ სახელმწიფოებმა იმგვარი ინფორმაციის გასაჯაროება არ დაუშვან, რაც შესაძლოა კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა იდენტიფიცირებას გამოიწვევს. ამგვარი გარანტიის კიდევ ერთი მაგალითია ბავშვის უფლება, ინსტიტუციებსა ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში ყოფნისას, მისი მონაცემები საიდუმლოდ იყოს დაცული.

 ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა (Assessing and Determining the Child’s Best Interests) – გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის №14 ზოგადი კომენტარის (ბავშვის უფლების შესახებ, მის საუკეთესო ინტერესს დაეთმოს უპირველესი ყურადღება) მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა ორი ნაბიჯისგან შედგება, რომლებიც უნდა გადაიდგას, როდესაც საჭიროა გადაწყვეტილების მიღება. „საუკეთესო ინტერესების შეფასება შედგება ცალკეული კონკრეტული ბავშვის ან ბავშვთა ჯგუფისათვის კონკრეტულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ყველა ელემენტის შეფასებისა და დაბალანსებისგან. იგი ხორციელდება გადაწყვეტილების მიმღები პირისა და მისი თანამშრომლების მიერ, თუ შესაძლებელია, მრავალდარგობრივი ჯგუფის მიერ და საჭიროებს ბავშვის მონაწილეობას“. საუკეთესო ინტერესების განსაზღვრა წარმოადგენს ოფიციალურ პროცესს მკაცრი საპროცესო გარანტიებით, რომელიც შექმნილია ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსასაზღვრად საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისა და განსაზღვრისას, კონკრეტული ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, უნდა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:

(ა)პირველი, საქმის კონკრეტულ ფაქტობრივ კონტექსტში უნდა განისაზღვროს, თუ რომელია შესაბამისი ელემენტები საუკეთესო ინტერესების შეფასებისათვის, მიენიჭოს მათ კონკრეტული შინაარსი და პრიორიტეტი ერთმანეთთან მიმართებაში;

(ბ)მეორე, ამისათვის დაცული უნდა იყოს ისეთი პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივ გარანტიებსა და უფლების სათანადო გამოყენებას.

№14 ზოგადი კომენტარი განმარტავს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისა და განსაზღვრისას გასათვალისწინებელ შემდეგ ელემენტებს: ბავშვის მოსაზრებები, ბავშვის იდენტობა, ოჯახური გარემოსა და ურთიერთობების შენარჩუნება, ბავშვზე ზრუნვა, მისი დაცვა და უსაფრთხოება, დაუცველობა, ბავშვის უფლება - ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვით და ბავშვის განათლების უფლება.

 ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნების სამი განზომილება (Child’s best interests is a threefold concept) - გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარის №14 „ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების შესახებ“  (პარა. 6) მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნებას სამი განზომილება აქვს:

 ა)მატერიალური უფლება: ბავშვის (ბავშვთა ჯგუფის, ზოგადად, ბავშვის) უფლება მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და დაეთმოს უპირველესი ყურადღება მასთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ესაა კონვენციით დადგენილი და სახელმწიფოს არსებითი ვალდებულება, რომელიც პირდაპირ უნდა იყოს გამოყენებული და დარღვევის შემთხვევაში, გასაჩივრდეს სასამართლოში.

ბ)ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპი: თუ ეროვნულ კანონში სამართლებრივი ნორმა იძლევა ერთზე მეტი განმარტების საშუალებას, გამოყენებული უნდა იქნას ის განმარტება, რომელიც ყველაზე მეტად ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, როგორც მოცემულია კონვენციასა და მის დამატებით ოქმებში.

გ) საპროცესო ნორმა: ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს. უფრო მეტიც, ბავშვთან, ბავშვთა ჯგუფთან ან ზოგადად, ბავშვებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს ამ უფლების უპირატესად გათვალისწინების დასაბუთებას. კერძოდ, დასაბუთებაში უნდა იყოს განმარტებული, რა იქნა მიჩნეული ბავშვის საუკეთესო ინტერესებად; რა კრიტერიუმებს დაეფუძნა ასეთი მსჯელობა; და როგორ იქნა დადგენილი ბავშვის საუკეთესო ინტერესები სხვა პირთა ინტერესებსა და პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში.

 ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია მოგზაურობის და ტურიზმის კონტექსტში/ფარგლებში/სფეროში (Sexual exploitation of children in the context of travel and tourism) - ტერმინი „ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია მოგზაურობის და ტურიზმის კონტექსტში/ ფარგლებში/სფეროში“ეხება ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციას, რომელიც მოიაზრება მოგზაურობის, ტურიზმის ან ორივე კონტექსტში. დანაშაული შეიძლება ჩადენილი იყოს როგორც უცხოელი ასევე, არაუცხოელი ტურისტების, მოგზაურების, გრძელვადიანი დროებით მცხოვრების მიერ. პრაქტიკაში იგი განისაზღვრა, როგორც  „ადამიანები, რომლებიც მოგზაურობენ თავიანთი ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში ბავშვთა პროსტიტუციის მომსახურების მისაღებად“. მრავალი განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, „სექსტურიზმი“  არის „დასვენების დღეების ორგანიზება იმ მიზნით, რომ მიიღონ სარგებელი სხვადასხვა უცხო ქვეყანაში სექსუალურ აქტივობასა და პროსტიტუციაზე საკანონმდებლო შეზღუდვის ნაკლებობის ხარჯზე“ და „სხვა ქვეყანაში მოგზაურობა იმ მიზნით, რომ სექსუალურ აქტში, განსაკუთრებით, ბავშვებთან გადაიხადონ თანხა“. ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია, ასევე გვხვდება ქვეყნის შიდა მოგზაურთა, ტურისტებთან მიმართებითაც და არ არის შეზღუდული სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით.

2000 წელს, ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღებული დამატებითი ოქმი განსაზღვრავს ტერმინს „ბავშვთა სექსტურიზმი“. პრეამბულა და ოქმის მე-10 მუხლი ადგენს, რომ: „მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა გააძლიერონ საერთაშორისო თანამშრომლობა მრავალმხრივი, რეგიონული და ორმხრივი შეთანხმებებით, თავიდან აცილების, გამოვლენის, გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და იმ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირების დასჯის მიზნით, რომლებიც ჩართულნი არიან ბავშვთა ვაჭრობაში, ბავშვთა პროსტიტუციაში, ბავშვთა პორნოგრაფიასა და ბავშვთა სექსტურიზმში“. ასევე, მონაწილე მხარეებმა უნდა განავითარონ საერთაშორისო თანამშრომლობა ბავშვთა პროსტიტუციის, ბავშვთა პორნოგრაფიისა და ბავშვთა სექსტურიზმის ისეთი მიზეზების აღმოფვხრის მიზნით, როგორიცაა სიღარიბე და განვითარების დაბალი დონე.

 „სექსუალური ექსპლოატაციისა და ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“  ევროპის საბჭოს კონვენციის (ლანზაროტეს კონვენცია, 2007) მუხლი 9 (2) „მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორს“ მოიაზრებს, როგორც მთავარ სუბიექტს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ისეთიპოლიტიკისა თუ შიდა რეგულაციების შემუშავება, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს სექსუალური ექსპლოატაციისა თუ ბავშვთა სექსუალური ძალადობის შემთხვევებს.

„ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2005 წლის კონვენციის მიზნებისთვის ბავშვი ნიშნავს თვრამეტ წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს და ტერმინში „ადამიანებით ვაჭრობა“ განსაზღვრავს ექსპლოატაციის მიზნით, ბავშვის სამუშაოზე აყვანას, ტრანსპორტირებას, გადაცემას, თავშესაფრის მიცემას ან მიღებას.

 ბავშვთა სიღარიბე (Child poverty) - 2015 წლის 25 სექტემბერს, გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. დოკუმენტი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას, მათ შორის, ბავშთა სიღარიბის აღმოფხვრას.

გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, საქართველოში პერიოდულად ტარდება ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის მონიტორინგისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება. „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა“ ოჯახების პანელური გამოკითხვაა, რომელიც ტარდება ორ წელიწადში, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ბავშვთა მონობის თანამედროვე ფორმები (Contemporary forms of slavery/ child slavery) - ბავშვთა სექსუალური ესპლუატაციისა და ძალადობის შემთხვევები ხშირად, კლასიფიცირდება მონობად და წარმოადგენს მონობასთან დაკავშირებული საერთაშორისო ნორმების დარღვევას, თუმცა მონობის ცნება საკმაოდ ფართოა და მოიცავს ბავშვთა და ზრდასრულ ადამიანთა წინააღმდეგ განხორციელებულ სხვადასხვა დარღვევას. გარდა ამისა, მონობა არ დაიყვანება მხოლოდ სექსუალურ ძალადობაზე და მოიცავს იძულებით შრომასა და ტრეფიკინგს სექსუალური ექსპლუატაცისაგან განსხვავებული მიზნებისთვისაც.

უკანასკნელ წლებში, იძულებითი შრომის, ტრეფიკინგისა და მონობის წინააღმდეგ აქტიურობა გაძლიერდა გლობალურ დონეზე. მოცემული ტერმინები ხშირად სინონიმებად გამოიყენება და გამოიკვეთა ტენდენცია, რომ რომელიმე მათგანი გამოყენებულია ე. წ. ქოლგა ტერმინად და ფარავს სამართლებრივი ტერმინების ფართო სპექტრს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მსგავსებები და გადაფარვები ბავშვთა ტრეფიკინგს, მონობის თანამედროვე ფორმებსა და ბავშვთა შრომის ყველაზე მძიმე ფორმების ცნებებს შორის, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღნიშნული ტერმინები არაა იდენტური მნიშვნელობის და მათი სამართლებრივი განმარტებები შეიცავს მნიშვნელოვან განსხვავებებს. მაგალითად, ბავშვი შესაძლოა დაიბადოს იძულებითი შრომის, მათ შორის, სექსუალური ექსპლუატაცის პირობებში, თუმცა ისე, რომ თავად არ იყოს ტრეფიკინგის მსხვერპლი. გარდა ამისა, ბავშვთა სექსუალური ესპლუატაცია და ძალადობა ხშირად ისეთი ფორმით ხდება, რომელიც არ შეიცავს მონობისა თუ იძულებითი შრომის ელემენტებს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი სიტუაცია შესაძლოა ერთდროულად დაკვალიფიცირებული და დასჯადი იყოს, როგორც იძულებითი შრომა, ტრეფიკინგი ან მონობა, რაც გარკვეულ დაბნეულობას იწვევს ამ ტერმინთა განმარტებებისას.

მონობის ტრადიციული ფორმები მე-19 საუკუნიდანაა ცნობილი, თუმცა ტერმინმა „მონობა“ უკანასკნელ წლებში, სხვა შინაარსი შეიძინა. გავრცელდა ისეთი ტერმინები, როგორიცაა „მონობის თანამედროვე ფორმები“ და „თანამედროვე მონობა“. შესაბამისად, დღეს მონობას უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს და მოიცავს ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის ხვადასხვა ფორმებს.

ძირითადად, ლექსიკონები მონობას განმარტავს, როგორც „სამართლებრივად სხვის საკუთრებაში ყოფნას ან სისტემას, სადაც ზოგიერთი ადამიანი სხვა ადამიანის საკუთრებაა“ (კლასიკური განმარტება), თუმცა მონობა ასევე განმარტებულია, როგორც „შესაბამისი ანაზღაურებისა თუ დაფასების გარეშე მძიმე სამუშაოს შესრულება“, რაც შეიძლება მოიცავდეს არაფორმალურ სისტემასა თუ სიტუაციებს. თანამედროვე მონობის ძირითადი ფორმები სწორედ ამ მეორე განმარტებაში თავსდება და მიჩნეულია არალეგალურად, მიუხედავად არსებობისა.

რაც შეეხება თანამედროვე მონობის ისეთ ფორმებს, რომლებიც უკავშირდება ბავშვებს,

„ბავშვთა მონობა“ განმატებულია როგორც ბავშვების ისეთ მძიმე სიტუაციაში ყოფნა, როგორიცაა სხვის სასარგებლოდ შრომა, ხშირად მუქარისა და ძალადობის გამოყენებით, მაგალითად, ბავშვების გამოყენება პროსტიტუციასა და პორნოგრაფიაში, იძულებითი მათხოვრობა, წვრილმანი ქურდობა, ბავშვთა იძულებითი შრომა ან შეიარაღებულ კონფლიქტებში ჩაბმა, ასევე, ოჯახში ბავშვთა შრომის გამოყენება.

სექსუალური მონობა არის მონობის სახე, სადაც ჩართულია როგორც ბავშვები, ისე ზრდასრული ადამიანები და მოიცავს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნებისთვის ბავშვებით ტრეფიკინგსა და ვაჭრობას. ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის „ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთისა და დასჯის შესახებ“ ოქმი (პალერმოს ოქმი) განსაზღვრავს, რომ ადამიანთა ტრეფიკინგი სწორედ ექსპლუატაციის, მონობის ან მონობის მსგავსი მოპყრობის მიზნებს ემსახურება, ხოლო სპეციალური წარმომადგენელი ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგზე უსვამს ხაზს, რომ „ტრეფიკინგი წარმოადგენს ადამიანის რამდენიმე უფლების მძიმე დარღვევას, განსაკუთრებით თავისუფლების, მონობისაგან და იძულებითი შრომისაგან თავისუფლების უფლებებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ხშირად იყენებენ ტერმინს „თანამედროვე მონობა“, რაც სწორედ ტრეფიკინგს გულისხმობს. 2015 წელს, დიდმა ბრიტანეთმა მიიღო თანამედროვე მონობის აქტი იმ მიზნით, რომ „შემოიღო მონობასთან, მსახურებასთან, იძულებით და სავალდებულო შრომასთან და ადამიანთა ტრეფიკინგთან დაკავშირებული ნორმა - დააწესოს მონობის წინააღმდეგ დამოუკიდებელი კომისრის მანდატი; ასევე მონობის აკრძალვასთან დაკავშირებული სხვა მიზნებისათვის“. თანამედროვე მონობის აქტი შეიცავს კონკრეტულ ნორმას ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციაზეც.

ბავშვთა ქორწინება შესაძლოა ასევე, განხილული იყოს, როგორც მონობა ან მონობის მსგავსი მოპყრობა. დაქორწინებული ბავშვები ხშირად არიან იმ ხარისხის ტანჯვის, იძულებისა და კონტროლის მსხვერპლნი, რაც თავსდება მონობისა და მონობის მსგავსი მოპყრობის საერთაშორისო განმარტებებში.

1926 წლის „იძულებითი შრომის გაუქმების შესახებ’  კონვენციის თანახმად, „მონობა არის იმ პირის სტატუსი ან პირობები, რომელზეც საკუთრების რომელიმე ან ყველა უფლება ვრცელდება. მონებით ვაჭრობა მოიცავს ისეთ მოქმედებებს, როგორიცაა პირის შეპყრობა, დაუფლება ან განკარგვა, მონობაში მისი ჩართვის მიზნით; პირის დაუფლებისათვის განხორციელებული ყველა მოქმედება მისი გაყიდვის ან გაცვლის მიზნით; ყიდვის ან გაცვლის გზით მოპოვებული პირის განკარგვა გაყიდვის ან გაცვლის გზით და ზოგადად, მონებით ვაჭრობასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ყველა მოქმედება

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცის კონვენციებისა და რეკომენდაციების გამოყენების შესახებ ექსპერტთა კომიტეტი მონობისა და მონობის მსგავს მოპყრობასთან დაკავშირებით იყენებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №29 კონვენციას იძულებითი შრომის შესახებ, თუმცა ეს კონვენცია არ შეიცავს მონობის, როგორც ტერმინის განმარტებას. კონვენციის თანახმად, იძულებითი შრომის (მუხლი 2) განმარტება - „ნებისმიერი სამუშაო ან სამსახური, რომლის შესრულებაც პირს ევალება სასჯელის მუქარით და რომელსაც აღნიშნული პირი არ დასთანხმებია საკუთარი სურვილით“ ვრცელდება მონობასა და მონობის მსგავს ექსპლუატაციაზე.

1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-4 მუხლი შეიცავს მონობის აკრძალვას: „არავინ შეიძლება იმყოფებოდეს მონობაში ან ყმობაში. ყველა სახის მონობა და მონათვაჭრობა აკრძალულია”.

1956 წლის მონობის, მონობით ვაჭრობასა და მონობის მსგავსი მოპყრობის აკრძალვის შესახებ დამატებითი კონვენცია მონობასა და მონობის მსგავს მოპყრობას განმარტავს, როგორც:

„ა) ვალის კაბალას (ვალის ანაზღაურებას იძულებითი შრომის გზით) [...]

ბ) ბატონყმობას [...]

 გ) ნებისმიერი სახის მოპყრობას, რომელიც მოიცავს: 1. ქალის დაქორწინებას მისი თანხმობის გარეშე, მისი მშობლების, მეურვის, ოჯახის, სხვა პირისა თუ ჯგუფისათვის ფულადი ან არაფულადი სიკეთის გადახდის სანაცვლოდ; 2. ქალის ქმრის, ოჯახის თუ გვარის უფლებას გადასცენ სხვა პირს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ან სხვაგვარად; 3. ქმრის გარდაცვალების შემთხვევაში, ქალის სამემკვიდრეო წესით გადაცემას სხვა პირზე;

დ) ისეთ მოპყრობას, როცა ბავშვს ან 18 წელს მიუღწეველ პირს მისი ბიოლოგიური მშობლები ან მეურვე გადასცემენ სხვა პირს, ბავშვის ან პირის ექსლუატაციის მიზნით, მიუხედავად იმისა, ანაზღაურდება თუ არა ბავშვის შრომა

1999 წლის №182 კონვენციის მე-3 მუხლი განმარტავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ბავშვთა შრომის ყველაზე მძიმე ფორმებს, ბავშვთა მონობის ყველაზე მძიმე შემთხვევებს და მოიცავს: „ა) მონობასა და მონობის მსგავს ნებისმიერ მოპყრობას, როგორიცაა ბავშვებით ვაჭრობა და ტრეფიკინგი, ვალის კაბალა (ვალის ანაზღაურება იძულებითი შრომის გზით), ბატონყმობა და იძულებითი და სავალდებულო შრომა, რაც თავის მხრივ, მოიცავს შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვთა იძულებით და სავალდებულო ჩართვას

ბავშვთა ნაადრევი ქორწინება (Child early marriage) - ბავშვთა ქორწინება და ნაადრევი ქორწინება არ არის პირდაპირ განსაზღვრული საერთაშორისო სამართლის ინსტრუმენტებში, თუმცა, ხშირად გამოიყენება „რბილ“ სამართალში, სადაც ორივე ტერმინი სინონიმებად ან ერთმანეთთან კავშირში მოიხსენიება.

ბავშვთა ქორწინებაში სულ მცირე, ერთი მხარე უნდა იყოს ბავშვი. ხშირად, ტერმინი მოიცავს ქორწინებას ბავშვებზე მეტწილად, არასრულწლოვან გოგონებზე თანხმობის ან თანხმობის არარსებობის პირობებში. იმის გამო, რომ დადგენილი არ არის ნაადრევი ქორწინების უნივერსალური იურიდიული განმარტება, არც ბავშვის საყოველთაოდ აღიარებული ცნება და ზღვრული ასაკი, რომლის მიღწევის დროიდან შეიძლება ქორწინებაში შესვლა, 18 წლამდე პირები შეიძლება მოხვდნენ ამ განსაზღვრების მიღმა, ეროვნული კანომდებლობით ქმედუნარიანობის შეძენის შემთხვევაში. გარდა ამისა, რამდენიმე ქვეყანაში 16-17 წლის პირებს შეუძლიათ დაქორწინდნენ მშობლების ან/და სახელმწიფოს თანხმობის შემთხვევაში. ბავშვის უფლებათა კომიტეტი მოზარდთა ჯანმრთელობის და განვითარების საკითხებში მოუწოდებს ქვეყნებს დაადგინონ ქორწინების მინიმალური ასაკი - 18 წელი, მშობლების თანხმობის ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში. გაეროს ბავშვთა ფონდის თანახმად, ნაადრევი ქორწინება მოიცავს არამხოლოდ 18 წლამდე პირის ფორმალურ ქორწინებას, არამედ არაფორმალურსაც.

„ნაადრევი ქორწინება“ შეიძლება განსხვავდებოდეს „ბავშვთა ქორწინებისგან“ რიგი ქვეყნების კანონმდებლობაში, როდესაც 18 წელს გადაცილებული პირი ჯერ კიდევ, არ ითვლება სრული ქმედუნარიანობის მქონედ. შესაბამისად, „ნაადრევი ქორწინება“ გაცილებით ფართო სპექტრს მოიცავს, ვიდრე  „ბავშვთა ქორწინება

„ქორწინებაზე თანხმობის, მინიმალური ასაკისა და ქორწინების რეგისტრაციის შესახებ“ 1962 წლის გაეროს კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას განსაზღვრონ ქორწინების მინიმალური ასაკი.

 „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ 1979 წლის გაეროს კონვენციის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს ბავშვის ნიშნობას და ქორწინებას.

„ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის კონვენცია (CRC) არ მიუთითებს ქორწინების უფლების წარმოშობის კონკრეტულ ასაკს, თუმცა, აღნიშნავს, რომ მონაწილე სახელმწიფოები ატარებენ ყოვლისმომცველ ეფექტიან და აუცილებელ ზომებს იმ ტრადიციული პრაქტიკის აღმოფხვრისათვის, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ბავშვთა ჯანმრთელობაზე.

1999 წლის „ბავშვის უფლებათა და კეთილდღეობის შესახებ“ აფრიკული ქარტია (Aჩღჭჩ) არის ერთადერთი ხელშეკრულება, რომელიც პირდაპირ მოითხოვს მონაწილე სახელმწიფოებისგან დააწესონ 18 წელი მინიმალურ ასაკად, მეუღლეებისთვის (ქარტიის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი).

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1108-ე მუხლი).

ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვა (Protection of children’s personal data) - ევროპის მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო პრინციპები ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების თაობაზე (პარ. 8 და 57) განმარტავს, რომ სახელმწიფოს კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს სასამართლო ან სხვა სახის პროცესებში მონაწილე ბავშვთა პირადი ცხოვრების და პერსონალური მონაცემების დაცვა. კანონით უნდა იყოს გარანტირებული, რომ ბავშვთან დაკავშირებული ინფორმაცია ან პირადი მონაცემები არ იქნება ხელმისაწვდომი ან გამოქვეყნებული განსაკუთრებით, მედიით. ამ ინფორმაციაში იგულისხმება ისეთი მონაცემი, რომელსაც შეუძლია გაამჟღავნოს ან არაპირდაპირ მიუთითოს ბავშვის ვინაობაზე, როგორიცაა გამოსახულება, ბავშვის ან ბავშვის ოჯახის დეტალური აღწერა, სახელები ან მისამართები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, ა. შ. მედიის მიერ ბავშვთა საკითხების გაშუქება უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობით ან მედიის თვითრეგულირების მექანიზმით. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბავშვების პირად მონაცემთა შემცველ დოკუმენტებზე ან ჩანაწერებზე დაშვების შეზღუდვა. განსაკუთრებით ისეთი მონაცემები, რომლებიც უკავშირდება მაგალითად, დისციპლინურ ღონისძიებას ანტისოციალური ქცევისთვის, ძალადობის შემთხვევას, სამედიცინო ჩარევას, სპეციალურ განათლებას შშმ ბავშვისთვის ან ღარიბ ოჯახთა სოციალური დახმარების პროგრამაში მონაწილეობას. თუ პირადი და სენსიტიური მონაცემების გადაცემა აუცილებელია, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ეს უნდა მოხდეს შესაბამისი მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის მიხედვით. ბავშვებთან მომუშავე ყველა პროფესიონალი შებოჭილი უნდა იყოს კონფიდენციალობის დაცვის მკაცრი წესებით, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა ბავშვის დაზიანების რისკს ქმნის (მაგალითად, ესაა ბავშვის მოტაცების შემთხვევა, როდესაც ფაქტზე ინფორმაციის გავრცელებამ შეიძლება ხელი შეუწყოს მის პოვნას).

ბავშვთა პორნოგრაფია (Child pornography) – „ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ“ დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის თანახმად, ბავშვის პორნოგრაფია არის „ნამდვილ ან იმიტირებულ, აშკარად სექსუალურ ქმედებაში მონაწილე ბავშვის ნებისმიერი ფორმით გამოჩენა ან ბავშვის ინტიმური ნაწილების გამოჩენა უმთავრესად სექსუალური მიზნებისთვის“. მე-3 მუხლის შესაბამისად, „მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა დააწესონ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ბავშვთა პორნოგრაფიის წარმოებისთვის, დისტრიბუციისთვის, გავრცელებისთვის, იმპორტისთვის, ექსპორტისთვის, შეთავაზებისთვის, გაყიდვის ან ფლობისთვის“. პორნოგრაფია შეიძლება განხორციელდეს ცოცხალი წარმოდგენის, ფოტოს, ფილმის, ვიდეო ჩანაწერებისა და ციფრული სურათების ჩაწერით ან გადაცემით. სიტყვა იმიტირებული ნიშნავს, რომ ბავშვის პორნოგრაფიული იმიჯის შექმნისას, გავრცელებისას და ა.შ. სინამდვილეში არ არის გამოყენებული ბავშვი, თუმცა მაინც დანაშაულია, ვინაიდან ბავშვს წარმოაჩენენ სექსუალური მიზნებისთვის ექსპლოატირებულ პირად.

 2001 წლის ბუდაპეშტის კონვენცია შეიცავს ბავშვთა პორნოგრაფიის ცნებას: ვიზუალურად ასახული მასალა, არასრულწლოვანი ჩართული სექსუალურად აღმგზნებ ქმედებაში.

2007 წლის ლანზაროტეს კონვენციის მე20 მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს ბავშვის პორნოგრაფიას: ნებისმიერ მასალას, რომელიც ვიზუალურად ასახავს ბავშვის მონაწილეობას რეალურ ან დადგმულ სექსუალურად აღმგზნებ ქმედებაში ან ბავშვის სასქესო ორგანოს ნებისმიერ გამოსახულებას უპირატესად, სექსუალური ვნების დაკმაყოფილების მიზნით. ლანზაროტეს კონვენციის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტი კრძალავს ბავშვის პორნოგრაფიის წარმოებას; ბავშვის პორნოგრაფიის შეთავაზებას ან მის ხელმისაწვდომობაში დახმარებას; ბავშვის პორნოგრაფიის გავრცელებას ან გადაცემას; ბავშვის პორნოგრაფიის წარმოებას როგორც საკუთარი, ისე სხვისი სარგებლობის მიზნით; ბავშვის პორნოგრაფიის ამსახველი მასალების ფლობას; ბავშვის პორნოგრაფიის მასალების შეგნებულად მოპოვებას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით.

 2011 წლის ევროკავშირის 2011/93 დირექტივის მე-2 მუხლის თანახმად: პორნოგრაფიას წარმოადგენს (ი) ნებისმიერი მასალა, რომელიც ვიზუალურად ასახავს ბავშვის მონაწილეობას რეალურ ან დადგმულ სექსუალურად აღმგზნებ ქმედებაში; (იი) ბავშვის სასქესო ორგანოს ნებისმიერ გამოსახულებას უპირატესად, სექსუალური ვნების დაკმაყოფილების მიზნით; (იიი) ნებისმიერ მასალას, რომელიც ვიზუალურად ასახავს პირს, რომელსაც თავი მოაქვს ბავშვად, მონაწილეობს რეალურ ან დადგმულ სექსუალურად აღმგზნებ ქმედებაში ან პირს, რომელსაც თავი მოაქვს ბავშვად, სასქესო ორგანოს ნებისმიერ გამოსახულებას, უპირატესად სექსუალური ვნების დაკმაყოფილების მიზნით; (ივ) ან სექსუალურად აღმგზნებ ქმედებაში მონაწილე ბავშვის რეალისტური გამოსახულება ან ორგანოს ნებისმიერ გამოსახულებას უპირატესად, სექსუალური ვნების დაკმაყოფილების მიზნით მონაწილე ბავშვის რეალისტური გამოსახულება.

ბავშვთა პროსტიტუცია (Prostitution of children) – „ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ“ დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის თანახმად, პროსტიტუცია არის „ბავშვის გამოყენება სექსუალურ საქმიანობაში ანაზღაურების ან სხვა ნებისმიერი სარგებლის სანაცვლოდ“. ხოლო მე-3 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოებმა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დააწესონ „პროსტიტუციის მიზნით ბავშვის შეთავაზებაზე, შეძენაზე, შესყიდვასა ან მიწოდებაზე“. აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარეობს, რომ პროსტიტუცია ნიშნავს სექსუალური მომსახურების მიწოდებას ქონების, მომსახურების, სანაცვლო სარგებლის ან ფულის მიღების მიზნით, რაც მაგალითად, მოიცავს სექსუალური მომსახურების გაცვლას საკვებზე, თავშესაფარსა და წამლებზე.

 ბავშვთა საერთშორისო გატაცება (International Child Abduction) - 1980 წლის ჰააგის კონვენცია „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ იცავს ბავშვებს სამოქალაქო კანონმდებლობის ფარგლებში მათი არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების დროს. კონვენცია მიზნად ისახავს უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დადგენა მისი სწრაფი დაბრუნება როგორც წესი, ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას, აგრეთვე ბავშვთან ურთიერთობის (ან კონტაქტის) უფლებით სარგებლობა. 1996 წლის ბავშვის დაცვის კონვენცია უფრო ფართო სპექტრისაა და გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: ა) ბავშვზე მეურვეობის და კავშირის თაობაზე მშობლებს შორის სახელმწიფოთაშორისი დავისას; ბ) სიტუაციებში, როდესაც ლტოლვილი ან საერთაშორისო დონეზე გადაადგილებული ბავშვები საჭიროებენ დაცვას; გ) ბავშვის სახელმწიფოთაშორისი განთავსებისას და დ) ბავშვის საერთაშორისო გატაცებისას. კერძოდ, კონვენციის მე-7 მუხლის თანახმად, ბავშვის უკანონო გადაადგილების ან დაკავების შემთხვევაში, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ორგანოები, სადაც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა უშუალოდ გადაადგილებამდე ან დაკავებამდე, ინარჩუნებენ თავის იურისდიქციას, ვიდრე ბავშვი არ შეიძენს ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილს სხვა სახელმწიფოში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLII2 თავი არეგულირებს არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის გამოყენების უფლებასთან დაკავშირებულ საქმეთა განხილვის თავისებურებებს.

 ბავშვზე სექსუალურად მოძალადე (Child sex offender) - ეს ტერმინი ყველაზე ხშირად გამოიყენება სექსუალური ხასიათის დანაშაულში ჩართული პირების გამოსაკვეთად და იყენებენ საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანოები. ტერმინი მოიცავს ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის სამართლებრივად დასჯადი ქმედების ყველა ჩამდენ პირს, მათ შორის ინტერნეტის საშუალებით განხორციელებულს.

ბავშვზე სექსუალური მოძალადის ალტერნატიული განმარტებაა „ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულების ჩამდენი პირი“  (Perpetrators of sexual crimes against children).

 ბავშვთა სექსტურიზმი (Child sex tourism) - მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის ტურიზმის ქარტია და ტურისტის კოდექსი, გაეროს ფაკულტატური ოქმი, სტოკჰოლმის დეკლარაცია და სხვა სტანდარტები მოგვიწოდებენ ბავშვთა ორგანიზებული სექსტურიზმის პრევენციის მიზნით, სპეციალური სამართლებრივი ზომების მიღებას, ქცევის წესების შემუშავების ჩათვლით. ბავშვთა სექსტურიზმის თავიდან აცილებაში განსაკუთრებული როლი ენიჭება ტურისტული სააგენტოების და რესტორნების ქსელების, სამგზავრო გადამყვანი კომპანიების და სხვა იურიდიული პირების ეფექტიან მუშაობასა და მათი საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის სათანადოდ ჩამოყალიბებას. ცალკე პრობლემატური საკითხია ინტერნეტის მეშვეობით ბავშთა სექსტურიზმის თავიდან აცილება.

1985 წლის სექტემბერში, მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალური

ასამბლეის მიერ მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის ტურიზმის ქარტია და ტურისტის კოდექსი იქნა მიღებული.

 ტურიზმის ქარტიის მე-4 მუხლი ავალდებულებს მონაწილე სახელმწიფოებს „აღკვეთონ პროსტიტუციის მიზნით სხვა პირთა ექსპლოატაციისათვის ტურიზმის გამოყენების ყოველგვარი შესაძლებლობა“; მე-8 მუხლის მიხედვით: „ტურიზმის სფეროს მუშაკები მოვალენი არიან არ დაუშვან სხვა პირთა ყოველგვარი ექსპლოატაციის მიზნით, ტურიზმის გამოყენების წაქეზება“. ტურისტის კოდექსის მე-11 მუხლი შეიცავს მოწოდებას ტურისტებისადმი:  „არ დაუშვან სხვა პირთა ექსპლოატაცია პროსტიტუციის მიზნით

ბავშვთა სექსტურიზმით დაკავებული პირი (Child sex tourist) – „ბავშვთა სექსტურიზმის“ მსგავსად, „ბავშთა სექსტურისტი“ ხშირად გამოიყენება ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულების ჩამდენი მოგზაური პირის აღსანიშნად.

ბავშვთა სექსუალური ძალადობის შემცველი მასალა/ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის შემცველი მასალა (Child sexual abuse material/child sexual exploitation material)  - ტერმინი სულ უფრო ხშირად გამოიყნება „ბავშვთა პორნოგრაფიის“ ნაცვლად. აღნიშნულის ჩანაცვლება აიხსნება იმით, რომ ტერმინი ახასიათებს პორნოგრაფიულ მასალებს, როგორც სექსუალური ძალადობის/ექსპლუატაციის შემცველს, რაც თავის მხრივ, მიუთითებს ქმედების კანონსაწინააღმდეგო ხასიათზე.

2015 წლის 11 მარტის ევროპის პარლამენტის რეზოლუციაში „ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ“ ხაზგასმულია სწორი ტერმინოლოგიის გამოყენების მნიშვნელობაზე, მათ შორის, ბავშვზე სექსუალური ძალადობის გამოსახულებები და „ბავშვთა სექსუალური ძალადობის შემცველი მასალის“  გამოყენების მართებულობაზე „ბავშვთა პორნოგრაფიის“ ნაცვლად.

ბავშვთა სექსუალური ძალადობა მოიცავს უფრო ფართო სექსუალური ხასიათის ყველა სახის მასალას ბავშვების მონაწილეობით. მსგავს კონტექსტში ხანდახან გამოიყენება „ბავშვთა სექსუალური ძალადობის შემცველი გამოსახულება“ (child sexual abuse images), თუმცა, აღსანიშნავია, რომ შემადგენლობის „გამოსახულებამდე“ შეზღუდვამ, შეიძლება გამოიწვიოს მასალების სპექტრის შემცირება, როგორიც არის აუდიო მასალა, ჩანაწერის სხვადასხვა ფორმები. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამართალდამცავ ორგანოთა უმეტესობა იყენებს ტერმინს „მასალებს“ და არა „გამოსახულებას“. აუცილებელია „სექსუალურის“ (sexual) დამატება, რადგან ბავშვის მიმართ ძალადობა ცდება თემატიკას და შეიძლება ასევე, ძალადობრივი ქმედებების სხვა სახეობებზე მოუთითებდეს, მაგ., ცემა.

ბავშვზე სქესობრივი ძალადობის გაშუქება პირდაპირ ეთერში (Live streaming of child sexual abuse) - ბავშვზე სექსუალური ხასიათის ძალადობა ონლაინრეჟიმში ხშირად გადაიცემა მნახველებისთვის, ინტერნეტში „პირდაპირი გაშუქების“ გზით. რაც ნიშნავს, რომ მონაცემები მნახველს გადაეცემა მომენტალურად, ვისაც შეუძლია უყუროს ძალადობას და ჩაერთოს პროცესში. მნახველისთვის მნიშვნელოვანია, რომ   „პირდაპირი ეთერის“ რეჟიმში ყურებისას, მოწყობილობაში კვალი არ რჩება, რადგან მასალის ჩამოტვირთვა არ ხდება, შესაბამისად, როდესაც წყდება „პირდაპირი ეთერის“ რეჟიმი, ბავშვზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალაც ქრება თუ მოძალადემ ის სპეციალურად არ შეინახა. აღნიშნული ფაქტი ზრდის მოძალადის დაუსჯელობის რისკს და ქმნის უკვე მომხდარი ფაქტის გამოძიებისთვის დამატებით სპეციალურ გამოწვევას, კონკრეტულად, მტკიცებულების მოპოვებისა და მოძალადისა და მსხვერპლის იდენტიფიცირების პროცესში.

ბავშვთა სექსუალური ხასიათის მქონე სურათები/ბავშვთა ეროტიკა (Sexualised images of children/child erotica) – „ბავშვთა პორნოგრაფია“  მოიცავს ბავშვების სურათებს, სადაც ისინი პოზირებენ ნახევრადშიშველ ან შიშველ მდგომარეობაში, სადაც აქცენტი კეთდება ბავშვის სექსუალურობაზე და ზოგჯერ, მას „პოზირებულ სურათებს“ უწოდებენ. ეს პრაქტიკა გვხვდება სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ბავშვის პორნოგრაფიასთან დაკავშირებით კანონი არ არეგულირებს ან ცალსახად არ არეგულირებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ბავშვის სურათების გავრცელებისათვის, როდესაც ბავშვი გამოსახულია მიუღებელ პოზაში და აქცენტი კეთდება ბავშვის შიშველი სხეულის სექსუალურ ნაწილებზე (მაგალითად, გენიტალიები დაფარულია ტანსაცმლის გარკვეული ფორმებით). ვინაიდან, ამგვარი სახის სურათების გავრცელება ყველგან არალეგალური არ არის, ისინი შესაძლოა საკმაოდ თავისუფლად გავრცელდეს და დაარწმუნოს გარკვეული პირები, რომ ბავშვის სექსუალიზაცია ნორმალურია. მსგავსი სახის სურათები ასევე, შეიძლება გავრცელდეს ვირტუალური საშუალებებით, პირთა იმ წრეში, რომლებსაც ბავშვების მიმართ სექსუალური ინტერესი აქვთ და ეროვნულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, ამგვარ ცირკულაციას შედეგად შეიძლება არ მოჰყვეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. არა ერთი გამოძიებისა თუ სასამართლო განხილვის ეტაპზე, ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციასთან დაკავშირებით დამტკიცდა, რომ ვებგვერდები, სადაც ქვეყნდება ბავშვთა პორნოგრაფია, ზოგჯერ გამოყენებულია როგორც პირველი ნაბიჯი და შეიძლება ხელს აფარებდეს ბავშვთა ექსპლუატაციას ან გამოყენებული იყოს სექსუალური ხასიათის მიზნების მისაღწევად, ბავშვის ნდობის მოპოვების პროცესში.

მიუხედავად იმისა, ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებს თუ არა ეროტიკული შინაარსის ბავშვის სურათებისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ამგვარ ქმედებას, პრაქტიკაში, ხშირად ახლავს ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, როდესაც ეს სურათები წარმოდგენილია ონლაინსივრცეში. პოზირება როგორც ასეთი, შეიძლება არ იყოს კრიმინალიზებული, მაგრამ სურათების გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი დარღვევა (ან მოგვიანებით, მოზარდი პირის).

სექსუალური ხასიათის სურათები არ არის აუცილებელი, რომ წარმოადგენდნენ ბავშვთა მიმართ ძალადობას. ასეთი გამოსახულებები შეიძლება იყოს, მაგალითად, პატარა ბავშვის ოჯახური სურათი საცურაო კოსტიუმში ან დედის მაღალქუსლიან ფეხსაცმელში. სექსუალიზაცია არ არის ყოველთვის ობიექტური კრიტერიუმი და ასეთი სიტუაციის უმნიშვნელოვანესი ელემენტია პირის განზრახვა, მოახდინოს ბავშვის სექსუალიზაცია სურათის მეშვეობით ან გამოიყენოს სურათი სექსუალური მიზნებისთვის (მაგალითად, პირის სექსუალური აღგზნება ან დაკმაყოფილება). ცალკე შეფასების საგანია, თუ რა ხდება სურათების გაზიარების შემდეგ (ხშირ შემთხვევაში, ვირტუალურ სამყაროში), მოხდა თუ არა ამგვარი სურათების პორნოგრაფიულ ვებგვერდებზე მრავალჯერადი გამოქვეყნება თუ ხელმისაწვდომი გახდა ინტერნეტის ვებგვერდების ან ფორუმების მეშვეობით, მხოლოდ იმ პირთათვის, ვისაც ბავშვებთან მიმართებით სექსუალური ინტერესი აქვთ. ასეთი ბრუნვა იწვევს პირადი ცხოვრების მნიშვნელოვან დარღვევას და განხილული უნდა იყოს როგორც დანაშაული, მიუხედავად იმისა, გამოსახულება პორნოგრაფიულია თუ არა. უფრო მეტიც, სურათის გავრცელება სექსუალური მიზნებისთვის, შეიძლება წარმოადგენდეს ბავშვთა პორნოგრაფიით დაკვალიფიცირებულ დანაშაულს და სურათზე გამოსახული პირი შეიძლება იყოს მსხვერპლი.

ბავშვის სექსუალური შევიწროება (Sexual harassment of a child) – „შევიწროება“ ეხება „ვინმეს ზეწოლის სახით ან მათთვის უსიამოვნო რამის თქმით ან გაკეთებით შეწუხების“ ქმედებას. სტამბოლის კონვენცია „სექსუალურ შევიწროებას“ განმარტავს, როგორც ნებისმიერი სახის არასასურველ ვერბალურ, არავერბალურ ან ფიზიკურ ქცევას, რომელიც არის სექსუალური ხასიათის და აქვს მიზანი ან ეფექტი შელახოს პირის ღირსება, კერძოდ, როდესაც ქმნიან მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცმყოფელ გარემოს (მუხლი 40).

სტამბოლის კონვენცია ახდენს „სექსუალური შევიწროების“ ერთადერთ სამართლებრივ განმარტებას, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ქმედებები როგორც წესი, აღიარებულია, როგორც გენდერული ძალადობის ფორმა.

„არასასურველი სექსუალური სახის კომენტარები“ შეიძლება განისაზღვროს, როგორც სექსუალური შევიწროება. სექსუალური შევიწროების პროცესი შეიძლება შეიცავდეს ან შეიძლება დაიწყოს კიდეც, არასასურველი სექსუალური კომენტარებით, მაგალითად, თუ როგორ აცვია ბავშვს ან იყენებს მაკიაჟს ან მის ფიზიკურ სილამაზეზე, ამგვარად, იგი ბავშვს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. მაშინ, როცა ასეთი კომენტარები ყოველთვის არ არის სექსუალური შევიწროების ხასიათის, მათ მაინც შეიძლება ზიანი მიაყენონ ბავშვს და შეიძლება მიჩნეული იყოს უკონტაქტო შევიწროების ფორმად.

სექსუალური შევიწროების ცნება უფრო ხშირად მოზარდების კონტექსტში გამოიყენება, ვიდრე ბავშვების და ხშირად ისეთ სიტუაციებს ეხება, რომელიც ხდება სამუშაო ადგილზე ან სხვაგან, სახლის გარეთ (თუმცა, ეს შეიძლება მოხდეს ასევე, სახლში/ოჯახურ გარემოში). ბავშვის სექსუალური შევიწროება შეიძლება მოხდეს სკოლაში ან სხვა ადგილებში და ჩადენილი იყო მაგალითად, მასწავლებლების, მწვრთნელების ან სხვა თანამშრომლების მიერ, რომლებიც ყურადღებას აქცევენ ბავშვს.

ბავშვთან ურთიერთობის უფლება (Right to relationship with a child) - ბავშვის განსაზღვრული დროით წაყვანა ისეთ ადგილას, რომელიც არ არის მისი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი.

ბავშვთა შრომა (Child Labour) - ბავშვის შრომა ყოველთვის არ წარმოადგენს ექსპლოატაციას. ეს უკანასკნელი გხვდება მაშინ, როდესაც ბავშვს უწევს შრომა უკიდურესად მძიმე პირობებში: შესრულებული სამუშაოსთვის მინიმალური ხელფასით ან ანაზღაურების გარეშე შრომა, შრომითი დღის გადამეტებული ხანგრძლივობა ან არაჯანსაღი სამუშაო პირობები, როგორიცაა სახიფათო მოწყობილობის მართვა ან ქიმიური ნივთიერების გამოყენება. ვინაიდან უფროსებთან შედარებით, ბავშვებს ნაკლები გამძლეობა აქვთ, ისინი განსაკუთრებულად მოწყვლადები არიან შრომით ექსპლოატაციასთან მიმართებით. ექსპლოატაციის დონე მომუშავე ბავშვებთან მიმართებით, განსხვავებულია და იგი დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, ჯანმრთელობაზე, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რეგიონის ტექნოლოგიური განვითარების დონესა და ბავშვზე ზრუნვის ზოგად ცოდნაზე. ამ მხრივ აღსანიშნავია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის C138 კონვენცია, R146 რეკომენდაცია მინიმალური ასაკის შესახებ, განსაზღვრავს თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, რათა 18 წლამდე ბავშვებისა და ახალგაზრდა ადამიანების კანონიერი დასაქმების პირობები ყოველთვის დამაკმაყოფილებელ დონეზე იყოს შენარჩუნებული. კერძოდ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგი სამუშაო პირობების დაცვას: სამართლიან ანაზღაურებას, ზეგანაკვეთური სამუშაოს აკრძალვას, სულ მცირე, 12 საათის დასვენების შესაძლებლობას და მუდმივ დასვენების დღეებს კვირის განმავლობაში; ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებას სულ მცირ, 4 კვირით, განათლების მიღებისთვის საკმარისი დროის შესაძლებლობას. აღნიშნული კონვენცია განმარტავს მსუბუქ სამუშაოს~, როგორც სამუშაოს, რომელიც სავარაუდოდ, არ წარმოადგენს ახალგაზრდა ადამიანების ჯანმრთელობისთვის ან განვითარებისთვის საზიანოს და საქმიანობას, რომელიც  „ხელს შეუშლის“ სკოლაში სიარულს, პროფესიული განათლების პროგრამებში მონაწილეობას ან მიღებული განათლებიდან სარგებლის მიღების შესაძლებლობას. კონვენცია ასევე, განმარტავს საზიანო სამუშაოს ან საქმიანობის მახასიათებლებს, რომელთაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან ახალგაზრდების ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას ან მორალს: მაგალითად, სახიფათო ნივთიერებებთან, აგენტებთან ან პროცესებთან (მაგ., რადიაციის იონიზაცია) დაკავშირებული სამუშაო, მძიმე საგნების აწევა, მიწისქვეშა სამუშაო ან ნებისმიერი სამუშაო, რომელიც აკრძალულია.

ბავშვის სამუშაოს ყველაზე უარესი ფორმები კონკრეტულად განსაზღვრულია შრომის საერთაშორისო C182 კონვენციით. ევროპის სოციალური ქარტია (მუხლი 7) განსაზღვრავს ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებას დაცვაზე და ადგენს სხვადასხვა სახის სამუშაოზე მიღების მინიმალურ ასაკს. ქარტია მხარეებს ავალდებულებს უზრუნველყონ, რომ სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი შეადგენდეს 18 წელს, იმ საქმიანობის მიმართ, რომლებიც მიიჩნევიან სახიფათო ან არაჯანმრთელ სამუშაოებად.

საქართველოს შრომის კოდექსის (მუხლი 4) მიხედვით განისაზღვრება სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი და შრომითი ქმედუნარიანობის წარმოშობა. 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზისო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას. კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობა ძალაში რჩება მსგავსი ხასიათის შემდგომი შრომითი ურთიერთობის მიმართაც. 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში საქმიანობაზე, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად.

ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმები (Worst forms of child labour) - 1989 წლის „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 32-ე მუხლი ადგენს: „წევრი სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას იყოს დაცული ეკონომიკური ექსპლოატაციისგან და ნებისმიერი ისეთი სამუშაოს შესრულებისგან, რომელიც შესაძლებელია იყოს საშიში ან ხელს უშლიდეს ბავშვის განათლებას ან საფრთხეს უქმნიდეს ბავშვის ჯანმრთელობას მის ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ, მორალურ თუ სოციალურ განვითარებას

1999 წლის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის C182 (ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აღმოფხვრის შესახებ) კონვენციის მე-3 მუხლი ბავშვთა შრომის უკიდურეს ფორმებს შემდეგნაირად განსაზღვრავს: „(ა) მონობის ან მონობის მსგავსი პრაქტიკის ყველა ფორმას, როგორიცაა მაგალითად, ბავშვების გაყიდვა და ბავშვებით ვაჭრობა, სავალო კაბალა და ბატონყმური დამოკიდებულება, აგრეთვე იძულებითი ან სავალდებულო შრომა მათ შორის, ბავშვების იძულებითი ან სავალდებულო დაქირავება შეიარაღებულ კონფლიქტებში მათი გამოყენების მიზნით; (ბ) ბავშვის გამოყენებას, შეთავაზებას ან დაქირავებას პროსტიტუციაში, პორნოგრაფიული პროდუქციის შექმნისათვის ან პორნოგრაფიული წარმოდგენისათვის; (გ) ბავშვის გამოყენებას, დაქირავებას ან შეთავაზებას მართალსაწინააღმდეგო საქმიანობისათვის კერძოდ, ნარკოტიკების წარმოებისა და გაყიდვისათვის, როგორც ეს განსაზღვრულია შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებებში; (დ) სამუშაოს, რომელმაც თავისი ხასიათით ან პირობებით, სადაც ის სრულდება, შეიძლება ზიანი მოუტანოს ბავშვების ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას ან ზნეობას“ (ხაზგასმით დამატებულია) უნდა იყოს აკრძალული 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისიწინებული სამუშაოს სახეობები შეიძლება განისაზღვროს ეროვნული კანონმდებლობითა და დებულებებით (მე3 მუხლი (დ) და მე-4 მუხლი).

1999 წლის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 190334 რეკომენდაცია წარმოადგენს ბავშვთა შრომის უკიდურეს ფორმებთან დაკავშირებით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის C182 კონვენციის ერთგვარ დამატებას. რეკომენდაცია მოიცავს კონკრეტულად შესაბამის დებულებებს: კონვენციის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების სახეების განსაზღვრისას და მათი არსებობის დადგენისას, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ინტერ ალია, (ა) სამუშაო, რომელიც წარმოადგენს ბავშვზე ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ან სექსუალურ ძალადობას.

„წევრმა სახელმწიფოებმა იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია ეროვნული კანონმდებლობით, საერთაშორისო ძალისხმევა დაუყონებლივ უნდა მიმართონ ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვასა და აღმოფხვრაზე:

(ა) სისხლის სამართლის დანაშაულთა შესახებ ინფორმაციის შეგროვება-გაცვლით, მათ შორის, საერთაშორისო ქსელების მეშვეობით; (ბ) გამოავლინონ და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ პირები, რომლებიც ჩართულნი არიან ბავშვებით ვაჭრობასა და ტრეფიკინში ან სთავაზობენ ან ქირაობენ ბავშვებს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების შესასრულებლად, პროსტიტუციისთვის, პორნოგრაფიული პროდუქტის შექმნისა თუ პორნოგრაფიული წარმოდგენისთის; (გ) მსგავსი ტიპის სისხლის სამართლის დამნაშავეთა რეესტრის წარმოებით

„წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ შემდეგი სახის ბავშვთა შრომა წარმოადგენდეს სისხლის სამართლის დანაშაულს: (ა) მონობის ყველა ფორმა, როგორიცაა ბავშვებით ვაჭრობა ან ტრეფიკინგი, სავალო კაბალა, ბატონყმური დამოკიდებულება, იძულებითი ან სავალდებულო შრომა, მათ შორის, შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვების იძულებით რეკრუტირება; (ბ) გამოყენება, დაქირავება ან შეთავაზება ბავშვისთვის პროსტიტუციაში ჩართვაზე, პორნოგრაფიული პროდუქტის შექმნაზე ან პორნოგრაფიულ წარმოდგენაზე და (გ) ბავშვების გამოყენება, დაქირავება ან შეთავაზება კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის შესასრულებლად

ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვისა და აღმოფხვრის სხვა ზომები უნდა მოიცავდეს შემდეგს: „(დ) უზრუნველყონ წევრმა სახელმწიფოებმა თავიანთი მოქალაქის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმის დაუყონებლივ აღმოფხვრა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღნიშნული დანაშაული ჩადენილია სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.

ბავშვთა უფლებები (Rights of the Child) – ბავშვების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულების აუცილებლობა აღიარებულ იქნა ჯერ კიდევ, 1924 წელს, „ბავშვის უფლებების შესახებ“ ჟენევის დეკლარაციით. ბავშვთა უფლებებს ეხება მრავალი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტი, მათ შორის: „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს გენერალური ასამბლეის დეკლარაცია (1959), „ბავშვის უფლებების შესახებ“  კონვენცია (1989) და მისი სამი დამატებითი ოქმი: ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციის და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ (2000); შეტყობინებების პროცედურების შესახებ (2011); ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმი შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვთა მონაწილეობის შესახებ (2000); არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელების გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები (პეკინის წესები, 1985), არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის მართლმსაჯულების სახელმძღვანელო პრინციპები (2005), თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვნების დაცვის გაეროს წესები (ჰავანას წესები, 1990), არასრულწლოვანთა სამართალდარღვევების პრევენციის გაეროს სახელმძღანელო პრინციპები (ერრიადის პრინციპები, 1990), სექსუალური ექსპლოატაციისა და ძალადობისგან ბავშვთა დაცვის კონვენცია (ლანზაროტის კონვენცია, 2007), ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო პრინციპები (2010), არასრულწლოვანი დამნაშავეების მიმართ გამოსაყენებელი სანქციების ან ზომების შესახებ ევროპული წესები (ევროპული წესები, 2008) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წესდებები და მნიშვნელოვანი დოკუმენტები.

ბავშვის უფლებათა კომიტეტი (Committee on the Rights of the Child) - დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი ორგანო გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში, რომელიც ზედამხედველობას უწევს ბავშვის უფლებათა კონვენციის შესრულებას ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ. კომიტეტი შედგება 18 დამოუკიდებელი ექსპერტისგან, რომლებიც აირჩევიან 4 წლის ვადით. გაეროს „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მესამე დამატებითი ოქმის „შეტყობინებების პროცედურების შესახებ“ (2011) საფუძველზე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს შეტყობინება ბავშვის უფლებათა დარღვევის შესახებ: იმ ბავშვების (ინდივიდის ან ჯგუფის) კომუნიკაციიდან, რომელთა უფლებებიც დაირღვა კონვენციის თანახმად; სახელმწიფოთაშორისი საჩივრებიდან (სახელმწიფო მხარეებს შეაქვთ საჩივრები სხვა სახელმწიფო მხარეების წინააღმდეგ); საქმის შესწავლის პროცედურებიდან, რომელიც საშუალებას მისცემს ბავშვის უფლებათა კომიტეტს წამოიწყოს მძიმე და სისტემური დარღვევების გამოძიება, მიუხედავად იმისა, მიიღო თუ არა გარედან შეტყობინება ამის შესახებ (საქართველოში ოქმი ძალაში შევიდა 2016 წლის 19 დეკემბერს).

ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია (Convention on the Rights of the Child) – 1989 წლის 20 ნოემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ბავშვის უფლებების კონვენცია, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ძალაში შევიდა 2000 წლის 25 მაისს. კონვენცია მოითხოვს, რომ ბავშვებთან დაკავშირებით ნებისმიერი მოქმედების განხორციელებისას, საჯარო ან კერძო სოციალური კეთილდღეობის დაწესებულებების, სასამართლოების, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოების მიერ, უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები. სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ბავშვთა კეთილდღეობაზე. ბავშვზე ზრუნვის ყველა საჯარო, კერძო და მოხალისეთა დაწესებულება და სერვისი უნდა შეესაბამებოდეს კონვენციით და კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს. კონვენცია მიუთითებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინების ვალდებულების შესახებ, ასევე, ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეხება მშობლის ვალდებულებებს, ოჯახის გაერთიანებას, ბავშვის განცალკევებას მშობლებისგან, ოჯახური გარემოსგან მოშორებას და ალტერნატიული ზრუნვას, შვილად აყვანას.

ბავშვის უფლებების კონვენციის დამატებითი ოქმი ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ (Optional Protocol on the Sale of Children, child Prostitution and Child Pornography) – „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის რატიფიცირებით ხელშემკვრელი სახელმწიფოები სხვა ვალდებულებებთან ერთად, ასევე იღებენ ვალდებულებას, დაიცვან თითოეული ბავშვი ექსპლოატაციისგან ან ნებისმიერი სამუშაოსგან, რომელიც ბავშვის მიერ განათლების მიღებას ხელს შეუშლის ან შესაძლოა, ბავშვის ჯანმრთელობის ან ფიზიკური, გონებრივი, მორალური ან სოციალური განვითარებისთვის საზიანო იყოს. ამგვარად, წევრმა სახელმწიფოებმა კონვენციის შესაბამისად, ბავშვების ნებისმიერი ფორმით ექსპლოატაციისგან დაცვას გაუსვეს ხაზი. ამასთან, სახელმწიფოები კიდევ უფრო წინ წავიდნენ და ხაზი გაუსვეს მუდმივად მზარდ რისკებს, რაც ძირითადად, პორნოგრაფიულ პროდუქტზე ინტერნეტისა და სხვა განვითარებადი ტექნოლოგიების მეშვეობით ადვილად ხელმისაწვდომობით არის განპირობებული. ოქმი განმარტავს ბავშვებით ვაჭრობას, ბავშვთა პროსტიტუციასა და პორნოგრაფიას და ხელშემკვრელი სახელმწიფოებისგან ამგვარი ქმედებების სისხლის სამართლის წესით დასჯადად გამოცხადებასა და დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს. ამასთან, ოქმი ბავშვით ვაჭრობის, პროტიტუციისა და პორნოგრაფიის მსხვერპლ ბავშვებთან ჰუმანურ მოპყრობასა და მათი უფლებების დაცვას, მათ რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში მათი რესოციალიზაციის უზრუნველყოფას მოითხოვს.

ბავშვის უფლებების კონვენციის დამატებითი ოქმი შეიარაღებულ კონფლიქტში ბავშვთა მონაწილეობის შესახებ (Optional Protocol to the Convention on the Rights of the Child on the involvement of children in armed conflict) - ოქმი მიღებულია 2000 წელს. ოქმმა სამხედრო ძალებში გაწვევის მინიმალური ასაკი თვრამეტ წლამდე ასწია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამაც, თავისი C182 კონვენციის მეშვეობით, აკრძალა ბავშვის შრომის განსაკუთრებული ფორმები, მათ შორის შეიარაღებულ კონფლიქტში იძულებითი ან სავალდებულო

გაწვევა ექსპლოატაციის მიზნით. ბოლოს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტმა ბავშვების ჩართვა შეიარაღებულ მოქმედებებში ომის დანაშაულად გამოაცხადა. თუმცა, ამ ჭრილში მინიმალურ ასაკად კვლავ, 15 წელი დატოვა (რომის სტატუტის მე-8 მუხლის მე-2 (ბ) (xxvi) ნაწილი).

ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმი შეტყობინებების პროცედურების შესახებ (Optional Protocol to the Convention on the Rights of the child on a communications procedures) – გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულია 2011 წლის 19 დეკემბერს. აღნიშნული ინსტრუმენტი ბავშვებს კონვენციისა და მისი ორი დამატებითი ოქმის ფარგლებში, მათი უფლებების დარღვევის თაობაზე განცხადების წარდგენის შესაძლებლობას აძლევს. ბავშვებისთვის მიცემული განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა შეესაბამება ბავშვის უფლებას - მოუსმინონ მას. ეს ნიშნავს, რომ ბავშვს, რომელსაც საკუთარი მოსაზრების ჩამოყალიბება შეუძლია, საკუთარი ასაკისა და მოწიფებულობის შესაბამისად, დამოუკიდებლად და მისი განვითარების შესაძლებლობების კვალდაკვალ მოქმედების საშუალება აქვს. კონვენციის დამატებითი ოქმი ბავშვებს უშუალოდ ბავშვის უფლებების კომიტეტის წინაშე გამოსვლის შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ან უმცირესობის წევრები, მსგავს მდგომარეობაში არიან და არ არიან ვალდებულნი, სამართლებრივი წარმომადგენლის მეშვეობით იმოქმედონ.

ბავშვთა ფსიქიატრიული დახმარება (Children’s psrychiatric care) – „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“  საქართველოს კანონის თანახმად, 16 წლამდე ბავშვის ფსიქიატრიული დახმარება მათ შორის, მკურნალობა, დასაშვებია მისი კანონიერი წარმომადგენლის თხოვნის ან/ და ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე (აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით). აქტიური ბიოლოგიური მეთოდებით (შოკური, კრუნჩხვითი და სხვა) მკურნალობა დასაშვებია კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობით, მხოლოდ ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის გადაწყვეტილებით. კანონის თანახმად, 16 წლამდე ბავშვის ნებაყოფლობითი მკურნალობისთვის სტაციონარში განთავსება ხდება მისი კანონიერი წარმომადგენლის თხოვნითა და ინფორმირებული თანხმობით, ხოლო ბავშვის მონაწილეობა აუცილებელია მისი ასაკისა და ფსიქიატრიული მდგომარეობის გათვალისწინებით.

ბავშვებით ვაჭრობა (The sale of children) - წარმოადგენს საერთაშორისო ხასიათის დანაშაულს. მონობისა და მონობით ვაჭრობისაგან, რომელიც ასევე ამ სახის დანაშაულს წარმოადგენს, განსხვავდება იმით, რომ ამ შემთხვევაში, ვაჭრობის მიზანს არ წარმოადგენს პირის მონობის მდგომარეობაში ჩაყენება. პირველი კონვენცია, რომელიც აღნიშნულ საკითხს ეხებოდა, გაფორმდა 1910 წელს და მიზნად ისახავდა ქალებით ვაჭრობის აღკვეთას. 1921 წელს, ჟენევაში ამოქმედდა კონვენცია ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის აკრძალვის შესახებ, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფოებს რეკომენდაცია ეძლეოდათ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცათ ის პირები, რომლებიც ეწევიან ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობას. 1949 წლის 2 დეკემბერს, ხელმოსაწერად გაიხსნა და 1951 წლის 25 ივლისს ძალაში შევიდა კონვენცია ადამიანებით ვაჭრობისა და მესამე პირთა მიერ პროსტიტუციის ექსპლოატაციასთან ბრძოლის შესახებ. აღნიშნულმა კონვენციამ ჩაანაცვლა მოცემული საკითხის მარეგულირებელი იმ დროისთვის ყველა მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულება. 1949 წლის კონვენციაში დადგენილ იქნა ყველა ქმედება, რომლის ჩადენისთვის პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ბავშვის უფლებების 1989 წლის კონვენციის დამატებითი ოქმი ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ, რომელიც 2002 წელს შევიდა ძალაში, ასევე ცალსახად კრძალავს ბავშვებით ვაჭრობას. ამასთან, აღნიშნული ოქმით ბავშვებით ვაჭრობა განმარტებულია, როგორც ქმედება ან გარიგება, რომლის შედეგადაც ბავშვი გადაეცემა ნებისმიერი პირის ან პირთა ჯგუფის მიერ სხვა პირს ან პირთა ჯგუფს ფულადი ან სხვა ანაზღაურების ფასად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მიხედვით, დასჯადია არასრულწლოვანის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, აგრეთვე მისი გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება, ტრანსპორტირება, გადაცემა, შეფარება ანდა მიღება ექსპლოატაციის მიზნით.

ბავშვის შესაძლებლობების განვითარების პრინციპი (The principle of Child Development) - გულისხმობს ბავშვთა უფლებების მფლობელად აღიარებასა და მათი დაცვის ვალდებულებას დაცვას. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-5 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები უნდა აღიარებდნენ მშობლების ან ადგილობრივი წესჩვეულებების შესაბამისად, გაფართოებული ოჯახის წევრთა ან თემის, კანონიერი წარმომადგენლების ან ბავშვზე პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებს და მოვალეობებს შესაბამისად უხელმძღვანელონ ბავშვს, მისი განვითარებადი შესაძლებლობების შესაბამისად, აღნიშნული კონვენციით აღიარებული უფლებებით სარგებლობაში. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა შესაძლებლობების განვითარების და იდენტობის შენარჩუნების უფლების პატივისცემა კონვენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია.

ბავშვთა ცდუნება ვირტუალურ გარემოში (Online (Sexual) enticement of children) - ტერმინი „გარყვნა“ ხშირად განისაზღვრება როგორც „ბავშვთა ცდუნება ვირტუალურ გარემოში“. „ცდუნება“ ნიშნავს ვიღაცის დაინტერესებას ან შეცდენას და წარმოადგენს „გარყვნის“ გავრცელებულ ფორმას მსხვერპლის სექსუალური ექსპლოატაციის მიზნით. ამერიკის მართლმსაჯულების დეპარტამენტი ტერმინს - „ცდუნება ვირტუალურ გარემოში“ იყენებს შემდეგი პრაქტიკის განსასაზღვრად: “ბავშვზე მონადირეები ხშირად ინტერნეტის მეშვეობით ახდენენ მსხვერპლის იდენტიფიცირებას ან იძულებას, მონაწილეობა მიიღოს უკანონო სექსუალური ხასიათის ქმედებაში. მსგავსი სახის დამნაშავეები თვალს ადევნებენ ბავშვებისა და თინეიჯერებისთვის პოპულარულ ონლაინპროგრამებს (online chat rooms/bulletin boat website).  ისინი ცდილობენ ბავშვების ნდობის მოპოვებას და შემდეგ უკვე საუბარს აგრძელებენ სექსუალური ხასიათის საკითხებზე. ხშირად, დამნაშავეები ბავშვებს უგზავნიან მათი სექსუალური ხასიათის ფოტოებს ან სთხოვენ ბავშვებს გაუგზავნონ თავიანთი პორნოგრაფიული ფოტოები. ხშირად, ბრალდებულები გეგმავენ „პირისპირ“ კომუნიკაციას სექსუალური ხასიათის მოქმედებებში, მსხვერპლის ჩართვის მიზნით.

ბავშვთა ჯანმრთელობის და კაცობრიობის განვითარების ეროვნული ინსტიტუტის ოქმი (NICHD) - სტრუქტურირებული დაკითხვის ოქმი, რომელიც პირველად, 2000 წელს გამოქვეყნდა, იმისათვის, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვის დაკითხვის პროცესში, პრაქტიკაში ასახულიყო პროფესიული რეკომენდაციები. ოქმი ხელმძღვანელობას უწევს დაკითხვის მწარმოებელ პირს დაკითხვის ყველა ეტაპზე, ახდენს თავისუფალი აზროვნების ილუსტრირებას, რითაც ხდება დაკითხვის დროს მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვება. აღნიშნული დოკუმენტი პირველად შეიქმნა იმ ბავშვების დაკითხვისთვის, რომლებიც სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლები იყვნენ, მაგრამ მისი სტრუქტურა და პრინციპები შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი დანაშაულის შედეგად დაზარალებული ბავშვის დასაკითხად.

ბიპოლარული აშლილობა (Bipolar Disorder) - გუნება-განწყობილების ცვალებადობა და გადასვლა დეპრესიული პერიოდებიდან მანიაკალურ პერიოდებზე და პირიქით.

ბრალდების შესახებ ინფორმაცია (Information on the charges) - ყველა ბავშვს აქვს უფლება დაუყონებლივ და უშუალოდ იყოს ინფორმირებული მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში, მშობლების ან კანონიერი მეურვეების მეშვეობით მიიღოს სამართლებრივი ან სხვა საჭირო დახმარება თავისი დაცვის მომზადებისას და განხორციელებისას.