The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი - ა

აგრესია (Aggression) - სხვა ცოცხალი არსებისთვის ზიანის მიყენების მიზანმიმართული ქცევა. ქცევა შეიძლება არ იყოს პირდაპირ მიმართული სიბრაზის ობიექტზე (გაბრაზებულმა ადამიანმა შესაძლოა ჩაამტვრიოს ფანჯარა ან გატეხოს რაიმე სხვა ნივთი, იმის მაგივრად, რომ დაარტყას ან ზიანი მიაყენოს მას, ვინც გააბრაზა) ან შესაძლოა აგრესია გადაიტანოს ან მიმართოს სხვა ადამიანზე.

ადამიანის უფლებები  (Human Rights) ადამიანისაგან, როგორც გონიერი არსებისაგან, განუსხვისებელი უფლებები, რომელთა აღიარება და დაცვა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა. ბუნებითი სამართლის სკოლის წარმომადგენელთა მტკიცებით, ეს უფლებები ღმერთის მიერ არის ნაბოძები და ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეობს. მიუხედავად იმისა, თუ რომელ ეპოქაში ან საზოგადოებაში ცხოვრობდა ან ცხოვრობს ადამიანი, ეს უფლებები არ იცვლება, ამიტომ სახელმწიფო მოვალეა აღმოაჩინოს და დაიცვას ისინი. ამდენად, ადამიანის უფლებები პოზიტიური სამართლის ანუ იმ ნორმათა ერთობლიობის მიმართ, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არის დადგენილი, პირველად წყაროდ ცხადდება, ხოლო სახელმწიფოს მიერ თავისი კანონით ამ უფლებათა უგულებელყოფა მართლსაწინააღმდეგო, უზურპაციის აქტად ითვლება.

პოზიტივიზმის მიმდევრები, რომლებიც სამართლებრივი მნიშვნელობის მქონედ აცხადებდნენ მხოლოდ სახელმწიფოს ნებას და მის კანონმდებლობას, უარყოფდნენ ადამიანის ბუნებითი უფლებებისათვის უპირატესობის მინიჭებას მოქმედი კანონმდებლობის წინაშე და ამ უფლებათა ნუსხას სახელმწიფოს ნებას უქვემდებარებდნენ. კაცობრიობის განვითარების პროცესში, სულ უფრო და უფრო იმარჯვებდა ბუნებითი სამართლის შეხედულებები, თუმცა გარკვეული ცვლილებებით - ყალიბდებოდა .. ცვალებადი შინაარსის ბუნებითი სამართლის კონცეფცია, რომლის მიხედვით, ადამიანის უფლებები არ შეიძლებოდა იმავე არსისა და მოცულობის ყოფილიყო მონათმფლობელობის, ფეოდალიზმის და კაპიტალიზმის ხანაში - ეს კატეგორიები იცვლება და ახალ შინაარსს იძენს კაცობრიობის განვითარებასთან ერთად, ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტიტუტების ჩასახვასა და განვითარებასთან მჭიდრო კავშირში; ადამიანის უფლებები რჩება სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი ინსტიტუტების პირველად წყაროდ, მაგრამ მათი მოცულობა ვარირებს ეპოქისა თუ კონკრეტული საზოგადოების განვითარების დონეთა მიხედვით. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა საერთაშორისოსამართლებრივ დოქტრინაშიც არსებობდა კონცეფცია ადამიანის ბუნებითი უფლებების შესახებ: მათ უკავშირებდნენ მსოფლიო და ცალკეული საზოგადოებრივი ფორმაციების საწარმოო ურთიერთობათა განვითარების დონეს და მიიჩნევდნენ ადამიანის არსებისგან ობიექტურად განუსხვავებელ კატეგორიად, რომლის იგნორირება სახელმწიფომ არ უნდა მოახდინოს. ადამიანის უფლებათა პირველადი ხასიათის თეორიამ სახელმწიფო კანონმდებლობის პრაქტიკაში გამოძახილი ჰპოვა ჯერ კიდევ, ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში (4. VIII. 1776), აშშ-ის კონსტიტუციაში (1787) და საფრანგეთის პირველი რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებულ  ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციაში (1789), სადაც აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებები არის  „ბუნებითი, განუსხვისებელი და წმიდათწმიდაკატეგორია. ფაქტობრივად, ამავე პრინციპს ეყრდნობა გაეროს წესდება, რომელიც პირველად იყენებს საერთაშორისოსამართლებრივ დოკუმენტში ისეთ ცნებებს, როგორიცაა  „ადამიანის უფლებები, ადამიანის პიროვნების ღირსება და ღირებულებანი.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომელიც მიღებულ იქნა 1948 წელს, ადგენს ადამიანის უფლებათა ჩამონათვალს, რომელთაც პატივი უნდა სცენ და დაიცვან სახელმწიფოებმა. ეს განსაზღვრული უფლებები შეიძლება ექვს ჯგუფად დაიყოს: უსაფრთხოების უფლებები, რომლებიც იცავენ ადამიანებს ისეთი დანაშაულებისაგან, როგორიცაა: მკვლელობა, მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, წამება და გაუპატიურება; სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც მიმართულია სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ, რაც გამოიხატება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაპატიმრებაში, საიდუმლო სასამართლო პროცესებში და გადამეტებულ სასჯელებში; თავისუფლების უფლებები, რომლებიც იცავენ რწმენის, გამოხატვის, შეკრების, გაერთიანებისა და გადაადგილების თავისუფლებებს; პოლიტიკური უფლებები, რომლებიც იცავენ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის თავისუფლებას სხვადასხვა ფორმით, როგორიცაა გაერთიანება, პროტესტის გამოხატვა და არჩევნებში ხმის მიცემა; თანასწორობის უფლებები, რომლებიც იძლევიან თანასწორუფლებიანი მოქალაქეობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და დისკრიმინაციის უარყოფის გარანტიებს; და სოციალური (ან კეთილდღეობის) უფლებები, რომლებიც სხვა ბევრ საკითხთან ერთად მოითხოვენ ყველა ბავშვის განათლების მიღების უზრუნველყოფას და უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილისგან დაცვას. არსებობს აგრეთვე, კოლექტიური უფლებების ცნება. ისინი არ არის ასახული საყოველთაო დეკლარაციაში, თუმცა მათ მოიცავს შემდგომ მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულებები. კოლექტიური უფლებები მოიცავენ ეთნიკური ჯგუფების დაცვას გენოციდისაგან და სახელმწიფოების მიერ მათი ეროვნული ტერიტორიებისა და რესურსებზე საკუთრების უფლების დაცვას.

ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო მექანიზმები Treatry based mechanisms for the protection of human rights) - ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ უნივერსალურ და რეგიონულ საერთაშორისო ხელშეკრულებათა საფუძველზე შექმნილი ორგანოები და მექანიზმები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან კონტროლი გაუწიონ ამ ხელშეკრულებათა მონაწილე სახელმწიფოების მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებას (იხ.: საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ, კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, კონვენციები წამებისა და სასტიკი, არაჰუმანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის შესახებ).

გაეროს წესდების საფუძველზე შექმნილი მექანიზმებისაგან განსხვავებით (მაგ., გაეროს ორგანოები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში), ამ ორგანოებსა და პროცედურებს დამოუკიდებელი ხასიათი აქვთ: გაერო ან მისი რეგიონული ორგანიზაცია მათ მხოლოდ ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფენ: ორგანოების სესიები ტარდება გაეროს შტაბ-ბინაში (ნიუ-იორკი), მის ევროპულ განყოფილებაში (ჟენევა) ან რეგიონული ორგანიზაციის შტაბ-ბინაში (სტრასბურგი). ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები შექმილია აგრეთვე, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციაში, აფრიკის ერთიანობის ორგანიზაციაში, არაბული სახელმწიფოების ლიგაში.

 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (European Court  of Human Rights) - ევროპის კონვენციით ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ შექმნილი ორგანო, რომელიც ზედამხედველობას უწევს ამ კონვენციის მონაწილე სახლმწიფოების მიერ კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას. იგი მუდმივმოქმედი ორგანოა და შედგება მოსამართლეთა იმ რაოდენობისგან, სახელმწიფოთა რა რაოდენობაც არის კონვენციის ხელშემკვრელი მხარე. ევროპული სასამართლოს მოსამართლეებს ირჩევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.

კონვენციის მონაწილე თითოეულ სახელმწიფოს უფლება ენიჭება, მიმართოს სასამართლოს კონვენციის სხვა მონაწილე სახელმწიფოს მიერ კონვენციის დებულებათა დარღვევის შესახებ (მუხ. 33).

ასევე, სასამართლო უფლებამოსილია, კერძო პირის, არასამთავრობო ორგანიზაციის ან პირთა ჯგუფებისაგან განსახილველად მიიღოს საჩივრები, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მათი უფლებების დარღვევის შესახებ (მუხ. 34); უფლებამოსილია, გამოიტანოს საკონსულტაციო დასკვნა კონვენციისა და მისი ოქმების განმარტების საკითხზე (მუხ. 48). სასამართლო განსახილველად იღებს მხოლოდ იმ საჩივრებს, რომლებიც აკმაყოფილებს კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს, საჩივარი მიუღებლად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ: ) ამა თუ იმ პირის, არასამთავრობო ორგანიზაციის ან პირთა ჯგუფის მიერ არ არის ამოწურული თავისი უფლებების დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები;

) ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საბოლოო გადაწყვეტილებიდან, სასამართლოში საჩივრის წარდგენამდე ექვს თვეზე მეტია გასული; ) საჩივარი ანონიმურია; ) იგი უკვე განხილულია ამ სასამართლოს ან სხვა საერთაშორისო საზედამხედველო ორგანოს მიერ; ) შეუთავსებელია კონვენციის დებულებებთან; ) აშკარად დაუსაბუთებელია ან საჩივრის წარდგენის უფლების ბოროტად გამოყენებაა. აგრეთვე, სასამართლო განსახილველად არ მიიღებს ინდივიდუალურ საჩივარს, თუ ის მიიჩნევს, რომ მომჩივანს არ განუცდია მნიშვნელოვანი ზიანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონვენციითა და მისი ოქმებით განსაზღვრული ადამიანის უფლებების დაცვა მოითხოვს ამგვარი საჩივრის არსებითი მხარის განხილვას და იმ პირობით, რომ ზემოაღნიშნული საფუძვლით ვერც ერთი ის საქმე ვერ იქნება უარყოფილი, რომელიც ეროვნული სასამართლოების მიერ სათნადოდ არ ყოფილა განხილული. თუ საჩივარი მისაღებად იქნა მიჩნეული, სასამართლო შეეცდება, რომ საქმით დაინტერესებულ მხარეებს შორის (მომჩივანი და სახელმწიფო) დავა მორიგებით გადაწყდეს (მუხ. 38); საქმის ამგვარად დამთავრების შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფო ფინანსურ კომპენსაციას უხდის ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლს, ხოლო ამასთან დაკავშირებით, ზოგჯერ ცვლილებაც კი შეაქვს თავის კანონმდებლობაში. იმ შემთხვევაში, თუ საქმე მორიგებით არ გადაწყდა, სასამართლო განიხილავს საჩივარს და გამოაქვს საბოლოო გადაწყვეტილება. საჩივრების განსახილველად სასამართლოში შექმნილია სამი მოსამართლისგან შემდგარი კომიტეტები, შვიდი მოსამართლისაგან შემდგარი პალატები და ჩვიდმეტი მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა (მუხ. 27).

აღსანიშნავია, რომ ევროპული კონვენცია არ მოიცავს დებულებებს, რომლებიც ბავშვს სპეციფიკურად ახსენებს, გარდა მე-5 მუხლის პირველი პუნქტის () ქვეპუნქტისა, რომელიც არასრულწლოვნის დაკავებას შეეხება და მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა, რომელიც დახურული სასამართლო პროცესის ჩატარების შესაძლებლობას ითვალისწინებს, როდესაც არასრულწლოვანთა ინტერესები ამას მოითხოვს. თუმცა, ევროპულმა სასამართლომ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც სწორედ ბავშვთა უფლებებს შეეხება.

საქართველომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის რატიფიცირება 1999 წელს მოახდინა, ამავე წელს საქართველოდან არჩეულ იქნა სასამართლოს წევრი.

ადამიანის უფლებათა კომიტეტი (Human Rights Committee) - შექმნილია საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ (მუხ. 28) და არჩევა ხდება პაქტის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაზე. მისი მიზანია ზედამხედველობა გაუწიოს პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ პაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას. კომიტეტი შედგება 18 დამოუკიდებელი ექსპერტისგან, რომლებიც მიუკერძოებლად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. კომიტეტის წევრთა უფლებამოსილების ვადა 4 წელია. კომიტეტი თავისი ფუნქციების განსახორციელებლად მოქმედებს საგანგებოდ შემუშავებული პროცედურის წესების საფუძველზე. კომიტეტი მიიღებს და განიხილავს სახელმწიფოების პერიოდულ მოხსენებებს, მათ მიერ პაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების შესახებ (მუხ. 40); განიხილავს პაქტის მონაწილე სახელმწიფოების შეტყობინებებს, ამა თუ იმ სახელმწიფოს მიერ პაქტით დაკისრებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შესახებ (მუხ. 41), თუ ამ სახელმწიფოს აღიარებული აქვს ამ მუხლით დადგენილი წესი; სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის ფაკულტატური ოქმის თანახმად, მიიღებს და განიხილავს ინდივიდუალურ შეტყობინებებს პაქტის მონაწილე სახელმწიფოს იურისდიქციაში მყოფ პირთა მიმართ ამ სახელმწიფოს მიერ მათი უფლებების დარღვევის შესახებ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს პირველადი მოხსენება ადამიანის უფლებათა კომიტეტს წარედგინება ამ სახელმწიფოსთვის პაქტის ძალაში შესვლიდან, ერთი წლის ვადაში. შემდგომი მოხსენებები კომიტეტს წარედგინება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ. კომიტეტი განიხილავს სახელმწიფოთა მოხსენებებს, აგრეთვე, სახელმწიფო და ინდივიდუალურ შეტყობინებებს და იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც სარეკომენდაციო ხასიათისაა. კომიტეტი ჩატარებული მუშაობის შესახებ ყოველწლიურ მოხსენებას წარუდგენს გაეროს გენერალურ ასამბლეას.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი (International law of human rights) - საერთაშორისო სამართლის დარგი, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვას სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობის ყოველი წევრის მიერ.

 ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (Universal Declaration of Human Rights) - მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ (10.XII.1948). ამ დეკლარაციის მიღების თარიღი (10 დეკემბერი) ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე. დეკლარაცია ეხება როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს. კერძოდ, დეკლარაციით გათვალისწინებულია ისეთი უფლებები, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, პირადი ხელშეუხებლობის უფლება. იგი კრძალავს მონობას, წამებას, უკანონო დაპატიმრებას, დაკავებასა და დევნას. დეკლარაციით ასევე, გათვალისწინებულია ისეთი უფლებები, როგორიცაა კერძო და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებელი ადგილის ხელშეუხებლობის უფლება, გარანტირებულია მიმოწერის საიდუმლოება და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ დაცვის უფლება. დეკლარაცია ასევე, ითვალისწინებს სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. დეკლარაცია არ არის იურიდიულად სავალდებულო, იგი სარეკომენდაციო ხასიათისაა, მაგრამ თითქმის ყველა ქვეყანამ აქცია სავალდებულო ნორმების შემცველ საერთაშორისო ჩვეულებად. დეკლარაციამ საფუძველი ჩაუყარა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებას, მათ შორის ისეთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, როგორიცაა საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ და საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ, რომლებიც 1966 წელს მიიღეს და ძალაში შევიდა 1976 წელს.

1989 წელს, ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მიიღო ზოგადი კომენტარი №17, რომელიც შეეხება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ სამოქალაქო პაქტის 24- მუხლით გათვალისწინებული ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხებს.

ადიქტი (Addict) - ადამიანი, რომელიც დამოკიდებულია და მიჯაჭვულია მისთვის საზიანო ქცევაზე, ნივთიერებაზე და ჩვევაზე, როგორიცაა ნარკომანი, ლოთი, აზარტული მოთამაშე. როგორც წესი, ადიქტს უჩნდება კომუნიკაციის პრობლემები, ხდება მატყუარა, ვეღარ ამყარებს ურთიერთობას ოჯახის წევრებთან, უჭირს საქმეზე კონცენტრირება და მისი ქცევა იძენს დესტრუქციულ ხასიათს.

 ადიქცია (Addiction) - მდგომარეობა, როდესაც ადამიანი კარგავს კონტროლს, საღი აზრს, ლოგიკას და თავის საზიანოდ აგრძელებს კონკრეტული მავნე ქცევის განხორციელებას. მაგალითად, ხდება დამოკიდებული ნარკოტიკებზე, სასმელზე, აზარტულ თამაშებზე, ნიკოტინზე და სხვ. ამგვარი ქმედება აზიანებს ადიქტის სოციალიზებულ ქცევას, მის შრომისუნარიანობას, კომუნიკაციის უნარს, ჯანმრთელობას და ზიანი მოაქვს არა მარტო მისთვის, არამედ მისი ოჯახისთვისაც. სპეციალისტების აზრით, ადიქცია  დაავადებაა  ან ფსიქიკური გადახრა და მას მკურნალობა სჭირდება.

 ავტომატიზმი (Automatism) - არაცნობიერად ჩადენილი ქმედება. ბრალდებულებისთვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს წარმოადგენს (მაგალითად, სომნამბულურ მდგომარეობაში ჩადენილი მკვლელობა).

 ავტონომიური ნერვული სისტემა (Autonomic nervous system) - ნერვული სისტემა, რომელიც აკონტროლებს სხეულის უნებლიე მოტორულ რეაქციას.

 აზრის გამოხატვის თავისუფლება (The rightto freedom of expression) - ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი. ბავშვის უფლებების შესახებ  კონვენციის მე-13 მუხლის თანახმად, ეს უფლება შეიცავს ნებისმიერი სახის ინფორმაციისა და იდეის მოძიების, მიღების და გადაცემის თავისუფლებას საზღვრების მიუხედავად, ზეპირი, წერილობითი ან ბეჭდვითი ფორმით, ხელოვნების ნაწარმოების ფორმით ან ბავშვის არჩევანის შესაბამისად, სხვა საშუალებების დახმარებით. თუმცა, ამ უფლების განხორციელებას შეიძლება შეეხოს შეზღუდვა, მაგრამ ასეთი შეზღუდვები შეიძლება იყოს მხოლოდ ის შეზღუდვები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და რომლებიც აუცილებელია: ) სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის ან ) სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვისათვის.

აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება  (Freedom of thought, conscience and religion) – ბავშვის უფლებების შესახებკონვენციის მე-14 მუხლი ითვალისწინებს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას. მონაწილე სახელმწიფოებმა პატივი უნდა სცენ მშობლების და შესაბამის შემთხვევაში, კანონიერი მეურვეების უფლებებსა და მოვალეობებს, უხელმძღვანელონ ბავშვს მისი უფლების განხორციელებაში იმ მეთოდით, რომელიც შეესაბამება ბავშვის განვითარებად უნარებს. რელიგიის ან რწმენის თავისუფლებას შეიძლება შეეხოს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომლებიც დადგენილია კანონით და აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ზნეობის და ჯანმრთელობის ან სხვა პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის.

 ათი წლის ასაკს მიღწეული ბავშვის შვილება (Adoption of a child reached the age of 10) - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, იმ ბავშვის შვილად აყვანა, რომელსაც 10 წელი შეუსრულდა, მისი თანხმობის გარეშე დაუშვებელია. ბავშვის თანხმობა ირკვევა შვილად აყვანის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე ბავშვის მოსმენის შედეგად. თუ შვილად აყვანის შესახებ განცხადების წარდგენამდე ბავშვი მშვილებლის ოჯახში ცხოვრობდა და მშვილებელს თავის მშობლად თვლიდა, გამონაკლისის სახით, შვილება შეიძლება შვილად ასაყვანის თანხმობის გარეშეც.

 ალიმენტი (Maintense) - მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრავენ მშობლები. თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (თავი III) განსაზღვრავს მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობებს.

 ამბივერსია (Ambiversion) - ექსტრავერტისა და ინტროვერტის პიროვნული თავისებურებების ზომიერი ნაზავი.

ანტისოციალური ქცევა (Antisocial behavior) - ქცევა, რომელსაც ზიანი მოაქვს საზოგადოებისთვის და არღვევს საზოგადოებაში მიღებული ქცევის ნორმებს. ანტისოციალური ქცევის მაგალითებია: ხმაური ღამის საათებში, მუქარა, გრაფიტი, ნარკოტიკების მიღება, ქუჩაში უმიზნოდ ხეტიალი, ჩხუბი, ხულიგნობა.

ანტისოციალური პიროვნება (Antisocial personality) - ქცევითი დარღვევა, რომელიც ხასიათდება სხვადასხვა ტიპის დევიანტური აქტებით, როგორიცაა დელინკვენტობა, სკოლის გაცდენა, ქურდობა, ვანდალიზმი, ჩხუბი, სამუშაოს ცუდად და დაუდევრად შესრულება, იმპულსურობა, ირაციონალურობა, აგრესიულობა, გაუფრთხილებელი და დაუფიქრებელი ქცევა, სექსუალური აღვირახსნილობა.

არასრულწლოვანი (Minor) - საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის (მუხლი 3.1) მიხედვით, 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი დაზარალებული, არასრულწლოვანი მოწმე, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მიზნებისათვის არასრულწლოვნად ითვლება პირი, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 16 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი, ხოლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის - პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მიხედვით, 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) ქმედუუნაროდ ითვლება.

არასრულწლოვანი ბრალდებულის გამოძახება (Summoning accused minors) - არასრულწლოვანი ბრალდებული გამოძახებული უნდა იქნას მისი კანონიერი წარმომადგენლის ან იმ დაწესებულების ხელმძღვანელის მეშვეობით, სადაც მოთავსებულია არასრულწლოვანი, ხოლო არასრულწლოვანი მოწმე/არასრულწლოვანი დაზარალებული - მისი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით. (საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი 33).

არასრულწლოვანი დაზარალებული (Minor victim) - არასრუწლოვანი, რომელსაც მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის შედეგად.

არასრულწლოვნისადმი ინდივიდუალური მიდგომა (Individual approach to minors) - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ნებისმიერ სტადიაზე პროცესის მწარმოებელი პირი არასრულწლოვანს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეპყრას და გადაწყვეტილების მიღებისას, გაითვალისწინოს მისი ინდივიდუალური მახსაიათებლები: ასაკი, განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რომლებიც არასრულწლოვნის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.

არასრულწლოვნის ემანსიპაცია (Emancipation of Minors) - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 65- მუხლის თანახმად, ასევე, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ხელშეკრულება, რომელიც დადებულია არასრუწლოვანის მიერ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, ითვლება ნამდვილად, თუკი არასრუწლოვანმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესასრულებლად განკარგა ის საშუალებანი, რომლებიც მას გადასცეს კანონიერმა წარმომადგენლებმა ან ამ წარმომადგენლების თანხმობით - მესამე პირებმა ამ მიზნით, ანდა თავისუფალი განკარგვის მიზნით.

თუ კანონიერი წარმომადგენელი ანიჭებს თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ არასრულწლოვანს საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლებას, მაშინ ამ სფეროსათვის ჩვეულებრივ ურთიერთობებში იგი შეუზღუდავად ქმედუნარიანი ხდება. ეს წესი გამოიყენება, როგორც საწარმოს დაფუძნების, ასევე ლიკვიდაციისა და შრომითი ურთიერთობების დაწყების ან დამთავრების მიმართაც.

საწარმოს გაძღოლის ნებართვა საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან შეთანხმებით.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება (Juvenile Justice) - ტერმინი  „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება  წარმოადგენს სამართლებრივი სისტემის ნაწილს, რომელიც კონკრეტულად განიხილავს ბავშვებთან დაკავშირებულ საქმეებს. თუმცა, ტერმინის მნიშვნელობა გარკვეულწილად, ბუნდოვნებას წარმოშობს და ქვეყნების მიხედვით, სხვადასხვანაირად განიმარტება. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყნებში  „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება  ეხება მხოლოდ იმ სასამართლოებს, რომლებიც განიხილავენ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა წინააღმდეგ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებს, მაშინ როდესაც ზოგიერთ ქვეყნებში, ამ ტერმინს იყენებენ ბავშვთა დაცვასთან დაკავშირებული საქმეების განხილვის დროს.

იუვენალური ასევე, ხშირად გამოიყენება იმ პირებთან მიმართებით, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი. ეს სიტყვა ლათინურიდან მოდის და ნიშნავს ახალგაზრდას, ახალგაზრდა ადამიანს. დღეს, ხშირად გამოიყენება სისხლის სამართლის სფეროში, სადაც საკმაოდ ნათელი და ზუსტი მნიშვნელობა აქვს, მასში მოიაზრება კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები. მას ასევე, იყენებენ არასრულწლოვან მსხვერპლთან მიმართებითაც, თუმცა შედარებით იშვიათად.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი (Juvenile Justice Code) – საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, მიღებულ იქნა 2015 წლის 12 ივნისს. კოდექსი ადგენს არასრულწლოვნის ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, არასრულწლოვნის მონაწილეობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების და სისხლის სამართლის პროცესის თავისებურებებს, სასჯელისა და სხვა ზომების აღსრულების სპეციალურ წესებს.

კოდექსის მიზანია მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის უფლებათა დაცვა, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის მეორეული ვიქტიმიზაციისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის მოდელები (Juvenile Justice System Models) - სახელმწიფოების მიერ შექმნილი მართლმსაჯულების სისტემები დაცვასა და რეპრესიას შორის ლავირებს. ზოგმა სახელმწიფომ შექმნა სისტემა, რომელიც ეფუძნება კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის დაცვას და მისი სოციალური რეინტეგრაციის ხელშეწყობას, რომელსაც კეთილდღეობის მოდელი ეწოდება. სხვა სახელმწიფოებში კი, მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა, სადაც წამყვანი ხაზია კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის დასჯა და მას რეპრესიული მოდელი ეწოდება. ამ ორი კონცეფციის გამოყენებით შეიქმნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის მესამე მოდელი, რომელიც აერთიანებს ორივე ნიშნებს და ასევე, ეხება ამ ორი სისტემის მიერ დავიწყებულ მოთამაშეს - მსხვერპლს; ამ მოდელს აღდგენითი მართლმსაჯულება ეწოდება.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესი (Juvenile justice procedure) - არასრულწლოვნის მონაწილეობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ან სისხლის სამართლის საქმისწარმოება, მათ შორის, დანაშაულის გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა, საქმის სასამართლოში განხილვა, დანიშნული სასჯელის ან სხვა ზომის აღსრულება და რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მწარმოებელი პირი/პროცესის მონაწილე პირი (Person administering juvenile justice procedure/party to juvenile justice procedure) - მოსამართლე, გამომძიებელი, პროკურორი, პოლიციელი, ადვოკატი, სოციალური მუშაკი, მედიატორი, პრობაციის ოფიცერი, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების პერსონალი, შესაბამისი პატიმრობის დაწესებულების პერსონალი, რომელიც მონაწილეობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში და რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური მომზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში, ხოლო სამართალდარღვევის შემთხვევაში, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი.

არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლები (Individual characteristics of a minor) - არასრულწლოვნებთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღებისას, გათვალისწინებული უნდა იყოს მისი ასაკი, განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რომლებიც არასრულწლოვნის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.

აღნიშნული ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინება ხდება ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში აისახება არასრულწლოვნის განსაკუთრებული საჭიროებები, დანაშაულის/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის რისკი და, შესაბამისად, არასრულწლოვნის სათანადო განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის რეკომენდებული ღონისძიებები. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება და გათვალისწინება სავალდებულოა სისხლის სამართლის პროცესის შემდეგ სტადიებზე:

)განრიდების ღონისძიების განსაზღვრისას;

)სასჯელის დანიშვნისას;

) საპატიმრო სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვისას;

)არასაპატიმრო სასჯელის აღსრულებისას;

)პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას.

“, „დაქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სტადიებზე ინდივიდუალური შეფასების ანგარიში კეთდება აგრეთვე, იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე აკმაყოფილებს განრიდების საკანონმდებლო კრიტერიუმებს, თუმცა პროკურორი არ იღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის განრიდების შესახებ. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის სავალდებულო წესით ამზადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული რი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, ხოლოდაქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სტადიებზე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციარული სამსახური.

 აღსანიშნავია, რომ პროკურორის დადგენილებით, ინდივიდუალური შეფასების ანგარიში შესაძლებელია მომზადდეს და გათვალისწინებულ იქნას სხვა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების სტადიაზეც, თუ სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობა და ვადები ამის შესაძლებლობას იძლევა.

 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება (Juvenile rehabilitation facility) - არასრულწლოვანთა განსაკუთრებული საჭიროებების შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და პერსონალით უზრუნველყოფილი, განსაკუთრებულად დაცული დაწესებულება, სადაც ათავსებენ თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს და უზრუნველყოფილია მათი მუდმივი მეთვალყურეობა.

 არასრულწლოვნის სასჯელის მიზანი და სასჯელის სახეები (Objective of a sentence and types of sentences) - არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. არასრულწლოვნის სასჯელის სახეებია: ) ჯარიმა; ) შინაპატიმრობა; ) საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და ) ვადიანი თავისუფლების აღკვეთა.

არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები (The best interests of a minor) - არასრულწლოვნის უსაფრთხოება, კეთილდღეობა, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, განვითარება, რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და სხვა ინტერესები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებისა და არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება.

არტიკულაციური მოტორიკა (Arcticulated Motoric) - სამეტყველო აპარატის ორგანოების კოორდინირებული მოძრაობა, რომელიც უზრუნველყოფს ბგერათკომპლექსის სწორ წარმოთქმას. მაგალითად, მსხვილ მოტორიკაში იგულისხმება სხეულის მიმოხრა, სიარული, სირბილი ხტუნვა და . . ხოლო წვრილი მოტორიკა ნიშნავს ხელის მტევნებით, ტერფებით, ხელისა და ფეხის თითებით შესრულებულ კოორდინირებულ მოძრაობებს.

ასერტული ქცევა (Assertive Behavior) - ნიშნავს ადამიანის განცდების, გრძნობების, იდეების იმ ფორმით გამოხატვას, რომელიც არ არღვევს სხვა ადამიანების უფლებებს. ამდაგვარი ქცევა როგორც წესი, არის გულწრფელი, მშვიდი და პირდაპირი. ასერტული ადამიანები დარწმუნებულები არიან თავის არჩევანში და შეუძლიათ თავისი მოსაზრებების დასაბუთება აგრესიის გარეშე.

ასიმილაცია (Assimilation) - პროცესი, როდესაც ახალი კოგნიტური ელემენტები იზიდავს ძველ კოგნიტურ ელემენტებს, ემსგავსება ან ახდენს მათ მოდიფიცირებას ან პირიქით, ძველი ელემენტები იზიდავს და იმსგავსებს ახალს. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი ან ადამიანები იღებენ ჯგუფის ფსიქოლოგიურ ნიშან-თვისებებს. მაგალითად: ემიგრანტების ასიმილაცია (მსგავსება) ხდება იმ ქვეყნის კულტურის მიმართ, სადაც ისინი გადადიან საცხოვრებლად.

ასოციაციის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრებების თავისუფლების უფლება (Freedom of association and to freedom of peaceful assembly) ბავშვის უფლებების შესახებ   კონვენციის მე-15 მუხლი ითვალისწინებს ბავშვის ასოციაციის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრებების თავისუფლების უფლებას. ამ უფლების განხორციელების მიმართ არ შეიძლება რაიმე შეზღუდვების გამოყენება, გარდა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც გამოიყენება კანონის შესაბამისად და რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, მოსახლეობის ზნეობის და ჯანმრთელობის ან სხვა პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის.

ასოციალური ქცევა (Asocial behavior)საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ინტერაქციაში ჩართვის მოტივაციის ნაკლებობა. ასოციალური ადამიანი უპირატესობას ანიჭებს განდეგილ და განმარტოებულ ცხოვრებას.

ასფიქსია (Asphyxia) - ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული ხუთვის მდგომარეობა. მკვლევართა ნაწილის აზრით, ფსიქოპათის ნერვული სისტემის ზოგიერთი მონაკვეთი არ არის სათანადოდ განვითარებული, რის გამოც ისინი ვერ ამყარებენ კავშირს დანაშაულებრივ ქცევასა და სასჯელს შორის ანუ ვერ ხვდებიან, რომ ის დასჯადია და თავს დამნაშავედ არასდროს თვლიან და არ გააჩნიათ სინდისის ქენჯნა. მათი ვარაუდით, ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ჩვილის ასფიქსიურ მდგომარეობაში დაბადება.

ტიპის პიროვნების სტილი (Type A Behavior Style) - ტიპის პიროვნებას ახასიათებს ცინიზმი, ამბიციურობა, მოუთმენლობა, მიზანმიმართულობა, ენერგიულობა, იდეით მოცულობა, ინიციატივა, ჯიბრიანობა, მტრული დამოკიდებულება გარემოს მიმართ, არაკეთილგანწყობა.

ატიტუდი (Attitude) - სოციალური განწყობა - შეძენილი და დასწავლილი, შედარებით მდგრადი დამოკიდებულება და შეფასებითი რეაქცია ადამიანების ქცევაზე, ღირებულებებზე, მოვლენებზე. ატიტუდი აგრეთვე, შეიძლება განიმარტოს, როგორც ობიექტის მოწონება-არმოწონების მდგრადი სისტემა, რომელიც ქცევაზე ახდენს გავლენას. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ატიტუდის რომელიმე კომპონენტის ცვლილებას, მაშინ შეიცვლება ატიტუდის მთლიანი სტრუქტურა, რადგან ის მთლიანობითი ბუნებისაა. ატიტუდი შედგება სამი კომპონენტისგან - აფექტური, ანუ ემოციური, ქცევითი და კოგნიტური. აფექტური კომპონენტი განეკუთვნება ემოციურ რეაქციას, რომელიც ადამიანს აქვს რომელიმე ობიექტის ან მოვლენის მიმართ. მაგალითად: მას შიშის გრძნობა იპყრობს, როდესაც ის ხედავს ან ფიქრობს გველზე. ატიტუდი აგრეთვე განიმარტება, როგორც დადებითი ან უარყოფითი ელფერის მატარებელი შეფასების ტენდენცია.

აუტიზმი (Autism) - თავის ტვინის ნევროლოგიური და ბიოქიმიური დაავადება, რომელიც იწვევს ფიზიკური, სოციალური, ენობრივი უნარების განვითარების შეფერხებას. აუტიზმი თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში. აუტიზმის მქონე ბავშვი ვერ იგებს გზავნილის შინაარსს, არ პასუხობს გარემო გამღიზიანებელზე, არ ესმის სხვისი მეტყველება, ვერც თავად ამყარებს კონტაქტს გარშემომყოფებთან. აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს ხშირად უჩვეულო აღქმა აქვთ სუნის, გემოს და სხვა შეგრძნებების, ისევე როგორც განსხვავებულ რეაქცია აქვთ ტკივილზე, შეხებაზე და სხვ. ხშირად, აუტიზმით დაავადებული ბავშვი მგრძნობიარეა სინათლის და ხმაურის მიმართ.

აღდგენითი მართლმსაჯულება (Restorative Justice) - მოიცავს პრევენციას, განრიდების ღონისძიებებს, რეაბილიტაციას, დაკავების ალტერნატივებს, დაპატიმრების მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებს და შეძლებისდაგვარად, მოკლე დროით გამოყენებას, აგრეთვე, სიკვდილით დასჯისა და ფიზიკური სასჯელების აკრძალვას. მისი მიზანია მსხვერპლს, დამნაშავესა და საზოგადოებას შორის არსებული დაზიანებული კავშირის აღდგენა. მართლმსაჯულების ეს მიდგომა ხელს უწყობს ზიანის გამოსწორებას, მოწინააღმდეგე მხარეების შერიგებასა და საზოგადოებაში დარღვეული ჰარმონიის აღდგენას. იგი გამოიყენება ყველა ასაკის ადამიანების მიმართ, თუმცა, განსაკუთრებით ეფექტიანია არასრულწლოვან დამნაშავეებთან, ვინაიდან იგი დადებით გავლენას ახდენს ბავშვის მორალურ და ემოციურ განვითრებაზე. ამ მიდგომამ შეიძლება შეაჩეროს არასრულწლოვანი დამნაშავის სრულწლოვან სამართალდამრღვევად გადაქცევის პროცესი.

აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიება (Restorative justice measures) - ღონისძიება, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს საშუალებას აძლევს, გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებისათვის საკუთარი პასუხისმგებლობა, გამოასწოროს დანაშაულის შედეგები, აანაზღაუროს ზიანი ან/ და შეურიგდეს დაზარალებულს.

აღკვეთის ღონისძიებები (Pre-trial preventive Measures) - სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს საპროცესო იძულების ღონისძიებას, რომელიც გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნას განაჩენის აღსრულება. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეიძლება გამოყენებულ იქნას მეთვალყურეობაში გადაცემა, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, გირაო ან პატიმრობა. არასრულწლოვან ბრალდებულთან მიმართებით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხს არეგულირებს საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-60 მუხლი.

ახლო ნათესავი (Close Relative) - საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3 მუხლის მე-19 პუნქტის მიხედვით, არასრულწლოვნის მშობელი, მშვილებელი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული >