http://kartvelologybooks.tsu.ge/ 1 კიკნაძე
ზურაბ
მამული, ენა, სარწმუნოება “სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა—პაპათაგან: მამული, ენა და
სარწმუნოება”.
ეს სიტყვები, რომლებიც 1860 წელს წარმოთქვა სრულიად ახალგაზრდა ილიამ თავის
პირველ კრიტიკულ სტატიაში (“ორიოდე სიტყვა...), დღემდე ერის საიდენტიფიკაციო
საპროგრამო სიტყვებად არის მიჩნეული. თუმცა იმხანად ტექსტში მას ამგვარი
პრეტენზია არ ჰქონია, ის მხოლოდ გულისტკივილის ამოძახილი იყო. და, როგორც ყოველ
ამოძახილს, არც მას მოეთხოვება ლოგიკური სიზუსტე: მამულის ცნება, როგორ
შეიძლება ქვემოთ გაირკვეს, ილიას შეგნებაში მოიცავს ენასაც და სარწმუნოებასაც
და, ამრიგად, ეს სამება, შეიძლება ითქვას, მოჩვენებითია, თუმცა ამის გამო მას
არ დაუკარგავს შთამაგონებელი ძალა: მასში დღემდე ვხედავთ ეროვნული იდეის
საფუძველთსაფუძველს.
მას საუკუნო დევიზის მნიშვნელობა მიენიჭა.
შენიშვნა 1. 22 წლის შემდეგ მან სხვა, მატერიალური რიგის “ორი ძვირფასი განძი”,
როგორც ერის ფუძემდებლური ფაქტორები, გამოყო საქართველოს ისტორიაში:
“თავდაპირველი შემოქმედი ეროვნებისა და ერის სიმდიდრისა მარტო(!) გუთანი და
მიწა ყოფილა და იქნება კიდეც. რადგანაც ისტორიას და ჩვენთა მამაპაპათა მხნეობას
და თავგანწირვას ეს ორი ძვირფასი განძი შემოურჩენია...” (1882). შენიშვნა 2.
1790 წლის, ფეოდალური საქართველოს უკანასკნელ ათწლეულის, ქართლ—კახეთის
სამეფოს, იმერეთის სამეფოსა და სამთავროებს (ოდიშის, გურიის) შორის დადებულ
ტრაქტატში წერია: “ვინათგან ყოველთავე ივერიელთა მსახლობელთა სამეფოსა შინა
ქართლისა, კახეთისა, ოდიშისა და გურიისათა აქვსთ ერთმორწმუნეობა, არიან ძენი
ერთისა კათოლიკე ეკლესიისაგან შობილნი და ერთისა ენისა მქონებელნი, აქვსთ
მავასხებლობითიც სიყვარული ვითარცა სისხლით ნათესავთა...” (პლატონ იოსელიანი,
ცხოვრება გიორგი მეცამეტისა). აქ ვხედავთ, რომ ტრაქტატის ავტორებს ასევე სამი
რამ მიუჩნევიათ იდენტობა—ვინაობის საფუძვლად: სარწმუნოება, ენა, სისხლით
ნათესაობა. მამული? ერთიანი მამულის, თუ მასში “მიწა—წყალს” ვიგულისხმებთ,
არარსებობის გამო, როცა თითოეულ სამეფოსა და სამთავროს თავ-
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 2
თავისი მამული ჰქონდა, ეს ცნება-სიტყვა ტრაქტატის ტექსტში ვერ მოხვდა. რომ
მოხვედრილიყო ანუ ერთიანი მამული არსებულიყო, ტრაქტატიც არ დაიწერებოდა.
აქ აპელირება სისხლის ნათესაობაზე დამყარებულ სიყვარულზეა. ნამდვილი,
შეურყვნელი გემაინშაფტური მენტალიტეტი! 1 . მამული
ამ სამების დეკლარაციიდან ოცდაათი წლის შემდეგ (1892) რეტროსპექტულ-შემაჯამებელ
არასრულად გამოქვეყნებულ ნაშრომში, რომელსაც პირობით სათაურად მიცემული აქვს
“წერილები ქართულ ლიტერატურაზე”, თუმცა მისი თემა სცილდება ლიტერატურის სფეროს,
ილია წერს: “სამოციან წლებში ყველაზე უწინარეს გამობრწყინდა დავიწყებული სიტყვა
“მამული” მთელის თავის გულთ-მიმზიდველ და დიდებულ მნიშვნელობითა. ვისაც კი
რაიმე ნიშან-წყალი ჰქონდა ღმრთის მიერ მინიჭებულ მადლისა და კალამი ხელთ ეპყრა,
თითქმის ყველანი იმ გზას დაადგნენ, რომ ქართველს გულში ჩაუსახონ მამული,
რომელიც ჟამთა ვითარებამ უძრავ ქონების სახელამდეღა დააქვეითა და დაამდაბლა.
აგრე გაუპატიურებულმა სიტყვამ სამოციან წლების მოღვაწეთა მეოხებით და ღვაწლით
კვლავ დაიჭირა ჩვენში კუთვნილი ადგილი, ვითარცა მზემ, და თავისი სხივოსანი შუქი
მოჰფინა მთელს სივრცეს ჩვენი ცხოვრებისას”.
მაგრამ სწორედ სამოციან წლებში იგი წერდა: “მრავალი წელიწადია, რაც ჩვენ
საზოგადოებას ერთი ცოცხალი აზრი, ერთი ფხიზელი გრძნობა არ ჩავარდნია გულში.
ასეთნაირად დავნამცეცდით, რომ დიდი სიტყვა “მამულიც” დავანამცეცეთ. მამული
ერთობ ჩვენ სამშობლო ქვეყანას კი არ ნიშნავდა, არამედ თვითეულს სოფლის
საკუთრებას.
არ იქნება ხუთი წელიწადი, რაც მაგ საოცარმა საყვარელმა სიტყვამ, რომლის
ხსენებაზედაც სხვა ბედნიერ ქვეყნებში უღონოსაც გული მიეცემა ხოლმე და მტლად
დაედება საყვარელს მამულს, არ იქნება ხუთი წელიწადი, რაც მაგ სასწაულმოქმედმა
სიტყვამ დაკარგული მნიშვნელობა ჩვენში ისევ დაიბრუნა. ღმერთმა უშველოს
“ცისკარს”, ეგ მისი მეოხება არის!” (1862). თუმცა ამ სიტყვის (ცნების და
მცნების) აღორძინებას, მისი “გულთმიმზიდველი” და “დიდებული” მნიშვნელობით
არსებობა
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 3
“ცისკარის” გამოჩენამდეც ფაქტია. ძნელია ახლა იმის მიკვლევა, თუ ვინ ახსენა
პირველად ეს სიტყვა ესოდენ ამაღლებული მნიშვნელობით.
რომელი იყო ის პირველი ტექსტი, რომელმაც “გამოაბრწყინა” იგი თავისი
ჩვეულებრივი, ყოფითი სფეროდან და საუკუნოვანი არსებობა შესძინა. ვინ იყო ის
ავტორი? უთუოდ პოეტი თუ, უბრალოდ, გულანთებულიმამულისშვილი, ქართული
ნაციონალური რომანტიზმის (თუ რომანტიული ნაციონალიზმის) უჩინარი წინამორბედი?
ყოველ შემთხვევაში, ეს ცნება (და მცნება) უკვე არსებობს ილიას დაბადებამდე და,
თუ ილია სამოციან წლებს მიაწერს მის “გამობრწყინებას”, იგი ამ სიტყვის არა
პირველ “ბიოლოგიურ”, არამედ ახალ სულიერ დაბადებას უნდა გულისხმობდეს. მეტიც:
თავის ყოფილ იდეურ მოწინააღმდეგეს, მამების ბანაკის წარმომადგენელს, გრიგოლ
ორბელიანს მამულის ამ საზრისისთვის სამოციანელთა მხარის დამჭერად და,
ერთგვარად, მათ წინაშე დავალებულადაც კი თვლის: მან “თავისი ძლიერი მხარი მისცა
ახალს მიმართულებასა და მამულის სიყვარულს ღრმა კვალი დაამჩნევინა ჩვენს გულში.
სიყვარულმა მამულისამ, სამშობლოს მიწისამ, აღფრთოვანებულმა სამოციან წლებში,
სულით და გულით მიიზიდა პოეზია გრ. ორბელიანისა...” როცა ეს სიტყვები იწერებოდა
(1892), “სადღეგრძელოს” ავტორი ცოცხალი აღარ იყო და, საკითხავია, როგორ
შეხვდებოდა იგი ძველი მოქიშპის ამგვარ განცხადებას, თუმცა კეთილგანწყობილს,
მაგრამ ერთგვარად ახირებულს. თუ შეიწყნარებდა გრ. ორბელიანი თერგდალეულთა და
“ცისკრის” მოწაფეობას მამულის სიყვარულში? ილიას არ შეიძლება არ სცოდნოდა გრ.
ორბელიანის და ნიკოლოზ ბარათაშვილის სამამულო ლექსები, მაგრამ მაინც მამულის
იდეის აღორძინებას სამოციან წლებს მიაწერს. ჩანს, ილიას სურს დაინახოს
თვისობრივი, სიღრმისეული განსხვავება თავის მამულსა და მამების მამულს შორის.
გავადევნოთ თვალი, შეძლებისდაგვარად, ზერელედ მაინც მამულის გენეალოგიას.
კლასიკური ხანა
(მამული და სამეფო)
კლასიკურ ტექსტებში (X—XI სს.) მეფის მამული და სამეფო ერთმანეთს ფარავს, ისინი
თითქმის სინონიმებია. მამული ის მთელი ქვეყანაა, რომელიც მამა—მეფემ დაუტოვა
მემკვიდრეს.
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 4
ამიტომ არის ის მამეული:
“მეფე იქმნა ძე მისი გიორგი და... ეუფლა ყოველსა სამეფოსა და მამულსა თვისსა”,
“მეფე იქმნა ბაგრატ ყოველსა მამულსა და სამეფოსა და მისსა ზედა”. ეს ადგილები
მომყავს ივანე ჯავახიშვილის “ქართული სამართლის ისტორიიდან” (თხზ., ტ. VII,
1984, გვ. 164). ისტორიკოსის
შეხედულებით, მამული მეფის კერძო საკუთრებაა, მეფობა კი — სახელმწიფო. მაგრამ
ტექსტიდან მაინცდამაინც არ ჩანს, რომ ისინი განსხვავებულ სფეროებს აღნიშნავენ.
თავისუფლად შეგვიძლია ისინი სინონიმებად მივიჩნიოთ, ერთი რეალობის სხვადასხვა
მხარედ, რომელთაც თავად სიტყვათა ეტიმოლოგია და ცნებათა შინაარსი გამოხატავს:
მამული ეწოდება სამეფოს, რადგან ის მამისგან ეანდერძა, ემემკვიდრა მეფეს, ხოლო
სამეფოს — მამული, რადგან ის მეფის საბრძანებელია, სა—მეფ—ო მამულია. ამას
გვიდასტურებს ამგვარი შეხამება ამ ორი სიტყვა—ცნებისა, რომელსაც თავად ივ.
ჯავახიშვილი იმოწმებს: “მეფობა მამული და ახლადმოგებული ღუაწლითა ჩემითა...”.
(ოპ. ციტ. 165). ანუ მეფე (დავით IV) ლაპარაკობს მამისგან გადმოცემულ მეფობაზე
(სამეფოზე) და თავისი ღვაწლით მოპოვებულ მიწებზე. მეფე იღებს მემკვიდრეობით
ქვეყანას, რომელიც ერთდროულად მისი მამულიც არის და სამეფოც, რადგან ის მეფეა.
[დავით აღმაშენებლის ისტორიაში ალექსანდრე მაკედონელზე ნათქვამია, რომ მან
“პირველად მამულისა თვისისანი შეკრიბნა და მით დაიპყრნა დასავლისანი ევროპი”,
ქ.ცხ. I, 358. ცხადია, ამ მამულში მეფე ფილიპესგან ნაანდერძევი ქვეყანა —
მაკედონია იგულისხმება და არა მისი კერძო მამული].
სამომავლოდ მამულის ასეთი გაგება აადვილებს მის გამოყენებას მთელი ქვეყნის
მნიშვნელობით. მეფე, სამეფო, მამული – სიმბოლურ ერთიანობაშია. მეფე
განასახიერებს სამეფოს და მამულს, ეს უკანასკნელნი კი მეფის, როგორც პატრონის,
პერსონას. ეს საფუძველი ადრეულ ხანაშივე რომ არ ყოფილიყო ჩაყრილი, მოგვიანოდ
ამგვარი იდენტიფიკაცია შეუძლებელი იქნებოდა. მხოლოდ რუსეთის უკანასკნელი ხანის
იმპერატორი როდი იწოდებოდა “პატრონად ქვეყნისა” (Хозяйн земли Русской).
მაგრამ, ცხადია, მამულის ფართო მნიშვნელობის თანადროულად არ გამოირიცხება მისი
ვიწრო მნიშვნელობაც (როგორც იყო ილიას დროს, როგორც არის დღემდე). ასეთი კერძო
მამული, ცხადია, მეფესაც ჰქონდა: მოიწია “მარიამ დედოფალი მამულსა ძისა თვისისა
ქუეყანასა ტაოსა”. მაგრამ ტაო ხომ არ მოიცავს მთელ ქვეყანას, ის სამეფო მამულის
ნაწილია. ეს ყველაფერი ცნობილია: სამეფო მამული იურიდიულ—პოლიტიკური ცნებებია.
“ვეფხისტყაოსანში” ნესტან—დარეჯანიც აიგივებს მამულს
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 5
სამეფოსთან, რომელი მას, როგორც უფლისწულს, მამისგან უნდა გადაცემოდა: “ჩემია
მკვიდრი მამული, არ მივცემ არცა დრამასა” (544,3).
კიდევ სად შეიძლება გავეცნოთ სიტყვა—ცნება მამულს? ე.წ. აღორძინების ხანა დუმს.
საბა—სულხან ორბელიანს არ აღაფრთოვანებს ეს სიტყვა, ეს ჩანს მისეული
განმარტებიდან: “ მამული მამისეული, ვარ. მამისეულივით”. იქ, სადაც ის
მოსალოდნელი იყო ყველაზე მეტად, მისი ხსენება არ არის: “დავითიანმა” იცის სხვა
სიტყვა მამულის ფარდად და ისიც ვიწრო მნიშვნელობით, რასაც უთუოდ გაკიცხავდა
ილია: “ქვეყნის წადენის მიზეზით ვსცხოვრობდი სხვის ქვეყანასა”. პოეტისთვის
არსებობს ორი ქვეყანა — ერთია კახეთი, მეორე — ქართლი; ერთი არის მამული, მამის
სამკვიდრო, მეორე — სხვისი მამული. მათ სხვადასხვა მეფეები და პატრონები ჰყავთ.
ისმის კითხვა: ჰქონდა თუ არა მამულს კლასიკურ ხანაში ის ამაღლებული
“გულთმიმზიდველი” მნიშვნელობა, რომელიც ილიას დაკარგულად მიაჩნდა და მის
ეპოქაში აღდგა, ანუ ემოციურ—ინტიმური მიმართება ამ სიტყვასთან მასში
ნაგულისხმევი ძვირფასი რეალობის გამო. ამგვარი მიმართების დამადასტურებელ
ცნობებს ვერ მივაკვლევთ თავგანწირული ბრძოლების აღწერილობებით აღსავსე ჩვენს
ისტორიოგრაფიაში. იყო თუ არა მამული ისეთი რამ, რომელთანაც შეიძლებოდა
დამყარებულიყო ეკსისტენციალური მიმართება? შეენაცვლებოდა თუ არა ამ ცნობილ
ფუძემდებლურ ტაეპში სიტყვას მეფე სიტყვა მამული: “ვინცა მოკვდეს მეფეთათვის,
მათი სულნი ზეცად რბიან”? ლაპარაკობდნენ თუ არა ბრძოლად გამზადებულნი ან
ომგადახდილნი იმავე ენით, რითაც გრიგოლ ორბელიანის “სადღეგრძელოა” წარმოთქმული
XIX ს—ს I ნახევარში?
გრიგოლ ორბელიანის მამული
“ენა, საყდარი, სარწმუნოება!..” — წარმოთქვა ეს ტრიადა თითქოს თავისი მომავალი
მეტოქის საწინამორბედოდ, რომელმაც საყდარს მამული შეუნაცვლა, მოხსნა რა
ტავტოლოგია. მაგრამ ეს სიტყვა მამული ორბელიანს არ დავიწყებია. მას მგზნებარე
სტრიქონები უძღვნა “სადღეგრძელოში” და სხვაგანაც.
მასთან, მის ცნობიერებაში მამული მტკიცედ არის დამკვიდრებული. ვინ დააწყვილა
პირველად ტრფობა, საღმრთო სიყვარული, თაყვანისცემა და მსხვერპლი მამულთან?
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 6
ვინ გადახარა თავგანწირვის ისარი მეფიდან მამულისკენ? თუმცა ეს ორი ცოცხალი
კონცეპტი (მეფე და მამული) ერთმანეთს შეიძლება არც ენაცვლებოდნენ, არამედ
ერთმანეთის გვერდით იხსენიებოდნენ. ჭაბუკმა გრიგოლ ორბელიანმა თ—დ ივანე
აფხაზისგან გაიგონა 1831 წელს “ურუხის რედუტში”: “ხედვიდენ მას (მეფე ერეკლეს,
ზ.კ.) მხნეობის მაგალითად თავადნი და აზნაურნი, რომელთაცა უყვარდათ მამული,
სარწმუნოება, მეფე...”. როგორც ვხედავთ, ადრიდანვე მოდის ტრიადა, რომლის
შემადგენლობა პირიდან პირამდე იცვლება. ივანე აფხაზი: მამულისარწმუნოება— მეფე;
გრიგოლი: ენა—საყდარი—სარწმუნოება, ბოლოს ილია:
მამული—ენა—სარწმუნოება. სიყვარული, რომელიც მამულს დაუკავშირდა, როგორც ცოცხალ
არსებას, მაინც ყოფითი, ყოველდღიური გრძნობაა, ის ემოციურ—ფსიქოლოგიურ სფეროს
ეკუთვნის, მაგრამ მამულისადმი მიმართების თვისობრივად ახალი საფეხურია —
მსხვერპლება. ბრძოლებში ყოველთვის იხოცებოდნენ და მათნი სულნი ზეცას რბოდნენ,
მაგრამ არასოდეს გაცნობიერებულა და ვერბალურად არ გამოთქმულა, რომ ეს არის
მამულისთვის სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვა. სიყვარული საკმარისი არ არის. ვინ
იყო ის პირველი, რომელმაც ამგვარი რელიგიური გააზრება მისცა ბრძოლას
ქვეყნისთვის.
ყოველ შემთხვევაში, გრიგოლ ორბელიანი 1827 წელს წერდა: “ძმანო! აღვავსოთ ფიალა,
წინაპართ მოსახსენებლად, რომელთა მამულისათვის სისხლი შეჰსწირეს აქ
მსხვერპლად,”
“ვინ გიხილოს (მამულო) დროსა საშიშს, არ დაჰსთხიოს თვისი სისხლი, არა დაკლას
თავი თვისი შენდა დახსნად, ვითა მსხვერპლი,”
1832 წელს (“იარალის”):
“დავნატრი მათ, ვინც თვისი სიცოცხლე თვისსა მამულსა შეჰსწირა
მსხვერპლად,
დავნატრი დროთა, როს აქვნდათ ტრფობა მამულისადმი გულს
აღბეჭდილად”?
ტრფობა, საღმრთო სიყვარული და მსხვერპლი, მამულისთვის ტანჯვა, სისხლის დათხევა,
— ეს სიტყვები მამულის მიმართ ილიას დაბადებამდე იყო თქმული.
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 7
ვახტანგ ორბელიანის მამული
ორბელიანის პოეზია მთლიანად მამულის მოტივზეა აგებული. მამულის კერძო
გამოხატულება და მისი სიმბოლო ერთი კერძო მამულია — დმანისი, არაფრით
გამორჩეული, მწირი და უნაყოფო, უსარგებლო, უბაღ—ვენახო... აუყვავებელი, მაგრამ
აყვავების მოლოდინის ან ნატვრის გარეშე, განსხვავებით ილიას მამულისა. მაგრამ
ეს ის მამულია, რომელშიც ძევს განზოგადების ემბრიონი:
“მაგრამ ეგ კოშკნი, ეგ ტაძარი და მამათ არე,
როსმე მაგარნი და ამაყნი, დღეს დარღვეულნი,
ჩემს მამა—პაპათ ისტორიის წმიდა რვეულნი?!”
დმანისი, როცა მას პოეტი ახლოდან ხედავს, მამულის ტრაგიკული სიმბოლოა, მაგრამ
შორიდან მამული — “ჩვენი მამული, მშვენიერი ჩვენი ქვეყანაა”, “ტურფა, როგორც
სასძლო, ასული მშვენიერებით შეკაზმული”, “სამოთხე—ველი”, “ედემის სწორი”... ანუ
ყველაფერი წარსულშია და შორიდან იხილვება. დღეს კი ყველაფერი გარშემო ბნელით
არის მოცული (“ნათელს მამულსა, მშვენიერსა, იცვამდა ბნელი”) და ნანგრევებად
არის ქცეული. “ნანგრევთა შორის ივერიის ძე იზრდებოდა”, და ეს ნანგრევები იყო
მისი ერთადერთი მამული და სიყვარულის საგანი: “იგინი იყვნენ მის სამშობლო და
მისი არე; ნანგრევნი შთენნი, ვით სამშობლო მას ჰყვარებია...” არავითარი იმედი.
ყველაფერი მოგონებაა (ასეთია მისი ერთი ლექსის სათაურიც); უიმედობის
პაროქსიზმში მას სურს ყველაფერი — აწმყოც და წარსულიც თავის ნანგრევებიანად
არარაობად (ყველაფერი ან არაფერი!) იქცეს, თვით ის დმანისიც, რომელიც
“მამა—პაპათგან ხვედრად შეხვდა”, ანუ ის, რაც მამულის შინაარსს შეადგენს:
“განქრი, დმანისო, და დაინთქე უფსკრულსა შინა,
ჩემს სატანჯავად რომ არ იდგე ჩემთ თვალთა წინა!”
რა უნდა აღმოცენებულიყო ამ უიმედობიდან, სასოწარკვეთილებიდან?
ნიკოლოზ ბარათაშვილის მამული
“მწყემსო კეთილო, შენს წმიდას სამწყსოს
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 8
შემოვავედრებ ჩემსა სამეფოს...”
ეს წარსულზეეა ნათქვამი, უახლოეს, თუმცა მიუწვდომელ წარსულზე. უკანასკნელი
მეფის, მამულის უკანასკნელი კანონიერი პატრონის, ლოცვაში პოეტმა გენიალურად და
ზუსტად ასახა კლასიკური ხანის ტრადიცია, რომელმაც XVIII ს—ის ბოლომდე მოატანა.
ერთია სამეფო და მამული. ერეკლეს სამეფო ერთიანდება წმიდა სამწყსოში ანუ
ქრისტეს ერში. ამიტომაც ბრძოლა მამულისთვის საღვთო ომია. მაგრამ ეს იყო.
ბარათაშვილის სიტყვები უკანასკნელად ეხმიანება დინასტიურქრისტიანულ წარმოდგენას
მამულზე, რომელიც სრულყოფილად, ფორმულის სახით გამოიხატა თამარის ანდერძში:
“ქრისტე, ღმერთოჩემო მხოლოო, დაუსრულებელო, მეუფეო ცათა და ქვეყანისაო! შენ
შეგვედრებ სამეფოსა ამას, რომელი შენ მიერ მერწმუნა, და ერსა ამას, პატიოსნითა
სისხლითა შენითა მოსყიდულსა...”
თუ კი არსებობდა პატრიოტიზმი (მამულიშვილობა), მისი საფუძველი იყო ლოიალობა
მეფისადმი, პატრონისადმი, არა ეთნიურად (სისხლხორცეულად) გაგებული მამულისადმი,
როგორც დაბადებისა და “ჩემიანების” ადგილისადმი, როგორც “მერანშია”
გაცხადებული, როცა მამული, სადაც მშობლები, ნათესავები, სწორნი და მეგობარნი,
და სატრფო (მათი ცრემლითა და გლოვითურთ) და წინაპართა საფლავებია (მშობლიურობის
გრძნობის ტრადიციული განმსაზღვრელი), უპირისპირდება ყველაფერს, რაც გამოიხატება
სიტყვით ოხერი, ტიალი, კლდენი და ღრენი, ყორანი და სვავი, ყველაფერი, “ბედის
სამძღვარს” მიღმაა: ბედით მისი მამულია განსაზღვრული; “სამძღვარს” აქეთ
განსაზღვრულობასა და აუცილებლობაში მყოფობს მამული (სწორედ მას გაურბის
მხედარი) ანუ, სხვაგვარად თუ გამოვთქვამთ, მამულისა და უცხოობის დაპირისპირება
იგივე კულტურა—ბუნების დაპირისპირებაა (მაგრამ ეს სხვა განზომილებაში
გადაგვიყვანს).
უპატრონობაში, ოხრობაში ახალი სამშობლოს ძიება — ეს არის მერნის მხედრის
სულისკვეთება. ბარათაშვილმა ფართოდ გადააბიჯა. მაგრამ ეს ამჟამად არ არის ჩვენი
თემა, იგი კიერკეგორის, მშობლიურის და სატრფოს (მშობლიურში განსახიერებული
სატრფოს) უარმყოფელის პრობლემას ენათესავება. რომ დავუბრუნდეთ “ბედი ქართლისას”
პროლოგის სიტყვებს “მწყემსო კეთილო, შენს წმიდა სამწყსოს...”, რა შეგვიძლია
ვთქვათ, გარდა იმისა, რომ ისინი მხოლოდ პოეზიას, კონკრეტულად ამ უკვდავი პოემის
ამ ადგილს შერჩა როგორც ხსოვნა. პოეტის ამ კლასიკური სიტყვებით მამული
დაემშვიდობა თავის ძველ გაგებას. მამული აღარ განიცდის თავს კეთილი მწყემსის
სამწყსოს ნაწილად. აღარ შერჩა მას ონტოლოგიურობა, მთლიანად
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 9
ემოციების სფერო განეკუთვნა. ეს ბუნებრივია, რადგან ამიერიდან (XIX სს მეორე
ნახევრიდან) მამული და მისი ერი ახალ საფუძვლებზე შენდება. ამის წინათგრძნობა
ჰქონდა ბარათაშვილს, უფრო მეტად მას, ვიდრე მის უფროს თანამედროვეთ, რომლებიც
დიდხანს ძველის ტყვეობაში იყვნენ.
მისი სიტყვები — “სადაც აქამდინ ხმლით და ძალით ფლობდა ქართველი, მუნ
სამშვიდობო მოქალაქის მართავს აწ ხელი!” მრავლის მთქმელია არა იმ ახალი
რეალობის აღიარების გამო, რომ ქვეყანაში მშვიდობა დამყარდა, ასე ვთქვათ, პახ
როსსიცა, აღარ იღვრება ქართვლის სისხლი, არამედ, პირველ რიგში, იმ გამოწვევით,
რომელიც ესროლა ისტორიამ ამ საუკუნეს.
სიტყვა-ცნება მოქალაქეც (ფრანგ. citoyen) იმ ხანისათვის მომავლის მქონე
ნეოლოგიზმი იყო [შენიშვნა: მოქალაქემოქალაქობა ქრისტიანულ კლასიკურ ტექსტებში
ღვთის სამსახურში ჩამდგარი ადამიანის რელიგიური მოღვაწეობს გამომხატველია].
“სამშვიდობო მოქალაქემ” მეფის ადგილი დაიჭირა და ასცდა სამეფოს, რომელიც
წარსულში დარჩა “წმიდა სამწყსოსთან” ერთად. წმიდა სამწყსოს შევედრებული მამული
კი ამიერიდან სხვა პატრონს არის შევედრებული. ბარათაშვილი სეკულარულ დროში
ცხოვრობს, მისი აზროვნებაც, ხედვა წარსულისა და ისტორიისა სეკულარულია. მისი
პოეზიისთვის უცხოა “ძია გრიგოლის” რომანტიული, რელიგიურობით შეფერილი
პატრიტიზმი — “მამულის-შვილობა”.
ფილადელფოს კიკნაძის მამული
1832 წლის შეთქმულების იდეოლოგის ნაშრომს “სიყვარული მამულისა” დღის სინათლე იმ
ხანაში არ უხილავს, როცა მას შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა ფართო საზოგადოების
შეგნებაზე, თუკი პრესა იარსებობდა. თუმცა მასში გატარებულ იდეებს ბეჭდვითი
სიტყვის გარეშეც უნდა ეტრიალა ელიტურ წრეში, რომელსაც საზოგადოებრივი აზრის
შექმნა ევალებოდა. ხელნაწერი კი ხელნაწერად ჩარჩა მსჯავრდადებულის საქმეში,
როგორც მისი დამნაშავეობის ერთ—ერთი სამხილი. ბერმა ფილადელფოსმა ამ
დაუმთავრებელ ტრაქტატში პირველმა სცადა ის, რაც არავის უცდია — არც
ორბელიანებს, არც შემდგომ ილიას, რომლებთანაც იგი ემოციურ სფეროს არ
გასცილებია: მან განსაზღვრა მამულის ცნება და ამ
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 10
განსაზღვრებით სინთეზში მოიყვანა მამულის კლასიკური და ის გაგება, რომელიც
სამომავლოდ უნდა დამკვიდრებულიყო.
პირველ ყოვლისა, მამულის განმსაზღვრელია საერთო ნება და საერთო მიზანი: “ერთი
რომელიმე საზოგადოება, შემაერთებელი ნებათა თვისთა ერთსა ზედა კეთილსა
წადიერებასა, იწოდებისა ერთად მამულად”. როგორც სასულიერო პირისთვის, ჯერ
არსებობს უზენაესი მამული, რომელსაც “მოუპოვებთ თავთა ჩუენთა ჭეშმარიტსა მას
მამულსა ზეციურსა და ამას ზედა უმეტეს ყოველთასა შეკრულ არს კაცი ერთგულებად და
რათა გვაქვნდეს ჩუენ სული მარადის განმზადებულ თავდადებად მას ზედა, რათა არა
მიგვიღოს ჩუენ იგი მტერმან უხილავმან ან ხილულთა ძალთამან”. ეს იმ ქრისტიანული
მენტალიტეტის ენაა,
რომელსაც ვხვდებით წმიდა მამათა მამულის განსაზღვრისას: “ესე წმიდა მამა ჩუენი
გიორგი ნათესავით ქართველი, ხოლო ვინათგან ღმრთისმსახურებისა საიდუმლოსა შინა
ერთი მამული პატივცემულ არს, რომელ არს სამოთხე, პირველისა მის მამისა ჩუენისა
საყოფელი...” (გიორგი მცირე). ეს არის, როგორც ბერი ფილადელფოსი, გამოთქვამს,
“ჭეშმარიტი მამული იგი ზეციერი”, რომელიც ყოველმა ქრისტიანმა უნდა მოუპოვოს
თავის თავს. მაგრამ არსებობს “ქვეყნიერი მამული”, რომელიც მიღებულია
მემკვიდრეობად ქვეყნიერი მამისგან, და არსებობს მამული, რომელიც მოპოვებულია
უშუალო წინაპრისგან — კერძო მამული. ამრიგად, ადამიანი მემკვიდრეა ორი მამულისა
— ზეციერისა და ქვეყნიერისა, და ქვეყნიერიც ორად განიყოფის. და არ არსებობს მათ
შორის წინააღმდეგობა.
მამულის ცნება იწყება ზეციური მამულიდან და მთავრდება გლეხიკაცის მამულით,
რომლისადმი ერთგულებაც იმავე რჯულს ეფუძნება: “გლეხნი კაცნი ერთისთვის
გლახაკისა ქოხისა თვისისა და ორთათვის საჟენთა მიწათა თვისათა ესოდენსა
აჩუენებენ ერთგულებასა ანუ რათა განიმწარონ მათ ყოველი თვისი სიცოცხლე
ზრუნვისათვის მისისა...” გლეხიკაცის თავისი მამულისადმი მამოძრავებელი ეთოსი
ამოძრავებს თავადსაც და, საბოლოოდ, მეფეს (ბერი ფილადელფოს მონარქისტია),
რომელიც “ზეციურთაგან ძალთა და სიბრძნეთა შემძლებელ არს კეთილად დაცუად
საზოგადოებითისა მშვიდობისა და ბედნიერებისა ჩუენისა”. მამულის განცდის პირველი
საფეხურია საკუთარი ქოხის განცდა, როგორც საყრდენი მამულის ერთგულებისა, რადგან
“სიყვარული მამულის უვრცელეს არს, ვიდრე სიყვარული თავისა თვისისა”, ის მოიცავს
და გულისხმობს საკუთარ თავს და კერძო მამულსაც. მაგრამ მამულისთვის ქოხის
პატრონი მსხვერპლად სწირავს თავის ქოხსაც და საკუთარ თავსაც. თუ ჩავუკვირდებით
ყოველი დონის მამულისადმი ერთგულების ეთოსი რელიგიურია თავისი არსებით; მისი
შინაარსი მსხვერპლის უანგარო გაღებაა:
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 11
“ჭეშმარიტი ერთგულება მამულისა არს მხოლოდ თვინიერ ყოვლისა სარგებლის
მოლოდებისა შეწირვად მამულისად და საზოგადოებისადმი თვისი ყოველი სიცოცხლე”.
მსხვერპლად შეწირულობა მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულისთვის იმის მიმართ, რომლის
სიტყვამაც შეადგინა სიტყვა მამული. ქრისტიანობა იმ ზეციური მამის სიყვარულია,
რომელიც აფუძნებს ყოველ მამობას და, ერგო, მამულს დედამიწაზე. აქ ვხედავთ, რომ
ბერი ფილადელფოსი მამულს მისდამი ადამიანის დამოკიდებ ლებით განსაზღვრავს:
მამული ისეთი რეალობაა, რაც ადამიანისგან მსხვერპლს მოითხოვს.
და ბოლოს, მოვუსმინოთ ისევ მას: “ერთგულება მამულისა არს სიყვარულისა მიერ
მისისა მარადის ტყვე—ყოფა გულისა კაცისა. რათამცა კაცი რაცხდეს მარადის თავსა
თვისსა საკმეველად, დასაწველად ცეცხლსა ზედა სიყვარულისასა...”
თუ ვინმეს მამულიშვილთაგან ეს რელიგიური ეთოსი ამოძრავებდა XIX ს—ში, ეს ილია
ჭავჭავაძე იყო თავისი “პოეტის” პროგრამული სიტყვებით: “დიდის ღმერთის
საკურთხევლის მისთვის ღვივის ცეცხლი გულში...”
ილიას მამული
XIX საუკუნეში იღვიძებს ახალი ეთნოსი, რომელსაც არაფერი ან ყველაფერი ბუნდოვნად
ახსოვს. ის ახლად ფეხზე წამომდგარი იხსენებს, უფრო ახსენებენ თავის
ვინაობას....
ამაში იყო XIX საუკუნის საზრისი.
სეკულარული საუკუნე მოითხოვს ახალ ენას, როგორც ვერბალურს, ისე სიმბოლურს. თუ
მამული აღარ განიცდება “წმიდა სამწყსოს” შემადგენელ ნაწილად, მაინც მისი ხატი,
სახება განიცდის საკრალიზაციას და წმიდის კატეგორიის სიტყვებით თუ სიმბოლოებით
აღიწერება. “წმიდა სამწყსოს” ცვლის მამული, როგორც “ღვთაებრივი საუნჯე”;
ქრისტეს ნაანდერძევს — ხორციელ მამა-პაპათა მემკვიდრეობა (იხ. საბასეული
განმარტება მამულისა); წმიდანებს, რომელთაც ქრისტეს სამწყსოსთვის სისხლი
დაღვარეს, ცვლიან მამულისთვის თავდადებულნი. წმიდათა წმიდის კატეგორია ადგილს
იცვლის და გადადის სეკულარული საუკუნის “ახალ ერზე” ( კაინონ გენოს, როგორც
ქრისტიანები, ეროვნების განურჩევლად იწოდებოდნენ თავის დროზე). ამიერიდან
მამულიშვილი დაცემულდაკნინებული და პატივახდილი მამულის არქეტიპს ედემში
ხედავს. ახალ ფეხადგმულ პრაგმატულ ენას: “ჩვენი
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 12
საერთო მამული რუსეთია” (ნ. ბერძენოვი), უნდა დაპირისპირებოდა მისთვის უცხო
იმპერიაში მოქცეული მამულის ამაღლებული, “მისტიურ”-პოეტური ხატი, საიდანაც უნდა
აღმოცენებულიყო და აღმოცენდა პოეტური პატრიოტიზმი, რომელმაც ჩვენს დრომდე
მოატანა.
ილიას საყვედური XIX ს-ის ეროვნული თვითშეგნების მიმართ, რომ სიტყვა-ცნება
მამული დავიწროებულია და, უარესიც, დაკნინებულია და შელახული, არცთუ
სამართლიანი იყო.
მისთვის ჩვეული მაქსიმალიზმით იგი თავს ესხმის მამულის იმ ამოსავალ
მნიშვნელობას, როგორც ხალხმა იცის ეს სიტყვა და იყენებს მისთვის მეტად ახლობელი
ხელშესახები საგნისთვის: “მამულის ხსენებაზედ ეხლანდელს ქონდრის—კაცს თავისი
ნეხვდაყრილი სახნავი მიწა წარმოუდგება ხოლმე... მამულის სიმაღლე — ტყრუშული
ღობეა... მამულის პატივი — ნეხვია...” რა უნდა ითქვას, ამ საყვედურზე? ხომ
ჰქონდა (და აქვს დღემდე) ეს მნიშვნელობა სიტყვა “მამულს” და მისი ამ
მნიშვნელობის შექმნაში არავინ არის დამნაშავე. რაც აკლია აქ ილიას მსჯელობას,
ის არის, რომ მას შეეძლო მამულის ამოსავალი მნიშვნელობიდან მისი სუბლიმაციის
გზით ასულიყო იმ მნიშვნელობამდე, რაც სურდა მას ეხილა ამ სიტყვაშიც. თუ მამული
ჯერ აუცილებლად ნეხვდაყრილი და, ამრიგად, გაპატივებული მიწა არ ყოფილიყო,
რომელიც ჯერ ზრდის და კვებავს ადამიანს და მერე მის მიმართ პასუხისმგებლობას,
ზრუნვას, სიყვარულს და, ბოლოს, მისთვის თავგანწირვის გრძნობას ბადებს, მისი
გამომხატველი სიტყვა ვერ მიიღებდა “გულთ—მიმზიდველ” და “დიდებულ” მნიშვნელობას.
თუ მამულს არ ექნებოდა რეალური ფიზიკური ნივთის – მარჩენალი მიწის მნიშვნელობა,
რისთვისაც ნეხვი მართლაც პატივია — ეს სიტყვა ამ კონტექსტშიც არ დაკარგავს
თავის კეთილ და, თუნდაც ამაღლებულ მნიშვნელობას, ილიას სიტყვებითვე რომ ვთქვათ,
“განა ყოველი საგანი თავის კვალობაზე არ არის მაღალი?” (მახსენდება ერთ ფილმში
ჟან გაბენის პასუხი თავისი გზააბნეული ნაშიერისადმი, რომ ეს, თუნდაც
ფეხსაცმელზე აკრული მიწა მიწაა და არა ტალახი) — იგი ვერ შეიძენდა ესოდენ
ამაღლებულ, თითქმის მისტიურ დატვირთვას.
ტყრუშულის ფარგლებში მოქცეული ეს სივრცე ის ადგილია, რომლისთვისაც დაღვრილა
რეალური ოფლი და რეალური სისხლი, რასაც შეუქმნია რეალური სიყვარული არა მხოლოდ
აქ და ამ დროს, არამედ წარსულის მიმართაც. ადამიანი
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 13
იბრძოდა არა განყენებული მამულისთვის, თავს სწირავდა არა იმ, XIX საუკუნეში
წარმოსახულ მამულს, რომლის იდეა მის ცნობიერებაში არც არსებობდა, არა იდეას,
არა კონცეპტს, არამედ კონკრეტულ მიწას, მის მოვლილ—ზრუნვილს, რაშიც მისი
ღირსება იყო განივთებული.
და თუ იყო თავგანწირვის აქტები, “სადღეგრძელოში” გრ. ორბელიანის კალმით
ვერბალიზებული, ეს თავგანწირვა ვაჟას ბაკურის თავგანწირვაა, რომელიც ყოველთვის
არსებობდა და არსებობს უბრალოთა გულებში და ხორციელდება ყოველ დროს ყოველგვარი
იდეოლოგიური პროპაგანდის გარეშე. ილიას მიერ პოლემიკური აღგზნებით
ათვალწუნებული “ტყრუშული მამული” წანამძღვრად იქნა მიჩნეული ფილადელფოს
კიკნაძის ზემოთგანხილულ ტრაქტატში “სიყვარული მამულისა” ცხადია, თუ ჯერ
უბადრუკი ქოხისადმი წიაღისეული სიყვარული, ზრუნვა და ერთგულება არ იქნებოდა,
ვერც ზოგადი მამულის სიყვარული წარმოიშვებოდა. ადამიანი მზად არის “განიმწაროს”
(ფილადელფოს ბერის სიტყვით) სიცოცხლე რაღაც მის გარეშე არსებულისთვის. მაგრამ
განა ეს ქოხი არსებობს მის გარეშე ან მამული მამულიშვილის გარეშე? ეს “გლახაკი
ქოხი” მასშია, როგორც მამული — მამულიშვილში. ქოხიც და მამულიც ადამიანის
ღირსების წარმომჩენი და დამადასტურებელი რეალობებია, ურომლისოდაც ადამიანი
გაღარიბდებოდა (გაყარიბდებოდა, სიტყვიდან ყარიბი “მოხეტიალე”, უმკვიდრო). ბერ
ფილადელფოსს არ ჰქონია იმის ილუზია, რომ ქოხის მემამულე საზოგადო მამულის
იდეამდე ამაღლდებოდა. ის ლაპარაკობდა ბუნებრივ სიყვარულზე, რომელიც აქვს ყოველ
ადამიანს საკუთარი თავისადმი და ამ სიყვარულის გარდაქმნაზე იერარქიულად —
დაწყებული ქოხის სიყვარულიდან დიდი (საზოგადო) მამულის სიყვარულამდე, რადგან
“რომელიცა სჯული გვიბრძანებს ჩვენ ქმნად მისსა, რაიცა სრულგვყოფს ჩვენ, იგივე
სჯული გვიბრძანებს ჩვენ ქმნად მისსა, რაიცა სრულყოფს მამულსა და
საზოგადოებასა”.
მაგრამ ამ საზოგადო მამულის სიყვარული ანუ მამულიშვილობა ელიტარულია, ასევე
იერარქიული. ერთადერთი, ვინც ატარებს უმაღლეს მამულიშვილურ შეგნებას, მეფეა.
“ვინ არის, რომელიცა ესევითარითა ზომითა აჩენდესცა სარწმუნოსა სიყვარულსა,
ერთგულებასა და თავდადებულებასა საზოგადოსთვისა მამულისა და ერისა ჩვენისა? ესე
არავინ არს, გარნა მხოლოდ მეფე”. მეფეა, რომელსაც ერთადერთს აქვს საზოგადო
მამულის შეგნება და ფიზიკური რესურსი მის საზრუნველად და დასაცავად. ილიას
მამულმა საბოლოოდ, უკანმოუბრუნებლად გაწყვიტა კავშირი სამეფოსთან და მეფობასთან
(რასაც მის დროს ჯერ კიდევ ებღაუჭებოდა დიმიტრი ყიფიანი). ამიერიდან ახალი
ყაიდის მამული უნდა დამკვიდრებულიყო, როგორც
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 14
თავად წერს, აღმდგარიყო. “ეგ ოხერი ჩვენი ისტორია... მარტო ომებისა და მეფეების
ისტორიაა, ერი არსადა ჩანს, მე კი ასეთი აგებულების ადამიანი ვარ, რომ მეფეების
და ომების სახე არ მიმიზიდავს ხოლმე. საქმე ხალხია და ხალხი ჩვენს ისტორიაში
არა ჩანს” (კერძო წერილი, 1872; სტატიაშიც....).
ცხადია, ილია რეალურ ონტოლოგიურ ისტორიას არ გულისხმობდა არამედ, პერგამენტზე
დაწერილ ისტორიას ანუ ისტორიოგრაფიას, რამაც ვერ მისცა მას მასალა “აჩრდილის”
ისტორიული პასაჟების შესაქმნელად. სამაგიეროდ, მან “ქართვლის დედაში” გამოაჩინა
ხალხი, თუნდაც ფანჯრიდან დანახული, ქუჩაში მიმავალი, და ხალხის წარმომადგენელიც
— განწირული დედის განწირული შვილი, მაგრამ არსად მეფე არ ჩანს. როგორ — ხალხი
უმეფოდ, უწინამძღოლოდ? ასეა ნაძიები შური ამ პროფეტულ პოემაში “ოხერ
ისტორიაზე”.
ასევე, თუ აღარ არის მეფე, არც სამწყსოა. რადგან წინაპრებით დასახლებული ის
სამეფო მეფის მამული იყო, ხალხს კი თავი მხოლოდ მეფისთვის შეეძლო გაეწირა
(“ვინცა მოკვდენ მეფეთათვის...”). უნდა ვიფიქროთ, რომ “ქართვლის დედაში”
ამოძრავებული ხალხი ახალი მამულის მოქალაქენი არიან, რომლებიც თავს სწირავენ
არა მეფისთვის, არამედ საკუთრივ მამულისთვის, რომელსაც არ ჰყავს სხვა
პერსონიფიკაცია, გარდა საკუთარი თავისა. ის თავისთავადია, მასშია მიზანი, ის
თვითმიზანია. მისდამი სამხსხვერპლო სიყვარულს აღარ ესაჭიროება გამართლება. ის
ახლა თავად არის პიროვნება, ღირსი შენობით ლაპარაკისა, უფრო მაღალი პიროვნება,
ვიდრე მეფის დინასტიური პერსონაა.
მამული არა მხოლოდ მეფეს, არამედ ღმერთსაც შეენაცვლა სეკულარულ XIX საუკუნეში
და ჩვენს დღეებამდე მოაღწია, რათა ფრთები ფართოდ გაეშალა (სალოცავი სამშობლოს
თემა ჩვენი პოეზიის აუცილებელი და მოუშორებელი თემა იყო ახლო წარსულში. მამული
და სახელმწიფო ილიას ნაციონალისტურ ნააზრევში ტერიტორია, როგორც სახელმწიფოს
ატრიბუტი, არანაირად არ უკავშირდება მამულს. ტერიტორია განსაზღვრულია,
დასაზღვრულია, შემოსაზღვრულია, რაციონალურია, სამართლებრივია, კონსტიტუციურია.
რა კუთხით უნდა შეეხოს იგი მამულს? როგორ გადაეჭდობიან ისინი ერთმანეთს?
ილიასთვის არ იყო აქტუალური და ხელშესახები ტერიტორიის საკითხი: ის ან თემური
(სავარგულთა, საძოვართა და ა.შ.) სამანებია ან სახელმწიფოებრივი (სადემარკაციო
მიჯნები) საკითხია. ქართველებით დასახლებული მიწა—წყალი კი არ იყო არც თემი და
არც სახელმწიფო. ის მათ შორის რაღაც დაუდგენელი წარმონაქმნი იყო. იმპერიის
პროვინცია, გუბერნია, თუმცა ერთ ენაზე მოლაპარაკე, მაგრამ ერთმანეთის არცთუ
ბოლომდე ნაცნობი ხალხით დასახლებული. ამ მამულში აღრეული იყო სხვადასხვა
ხალხები და
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 15
ეს მათი ყველას მიწა—წყალიც იყო. მაგრამ ილიას მამულში ისინი ვერ
გაერთიანდებოდნენ, რადგან მამული მხოლოდ ქართულ ენაზე მოლაპარაკე ხალხისაა,
მხოლოდ მას შეიკრებს.
[ის იმგვარი ერთობაა, რასაც მარჯვედ გამოხატავს გერმანული არცთუ ადვილად
სათარგმნელი სიტყვა Gemeinschaft (F. Toennies. Gemeinschaft und Geselschaft,
არსებობს რუსული თარგმანი, Общность и Общество, 2002)]. მამული არ უნდა
ყოფილიყო მხოლოდ გეოგრაფიული კატეგორია, რაღაც ნივთიერად განფენილი რამ. ილიას
სურდა სხვა რეგისტრში გადაეყვანა ამ სიტყვის შინაარსი. დაეტვირთა იგი ისეთი
საზრისით, როგორიც არასოდეს ჰქონია (თავად კი ფიქრობდა ან სურდა თავი
დაერწმუნებინა, რომ ჰქონდა და გადაგვარებულ ხანაში დაიკარგა). თუ შეეძლო მას,
როგორც მმამულიშვილს, რუსეთის სათათბიროს ტრიბუნიდან ამგვარად გაგებული მამულის
კატეგორიებით ელაპარაკა? მამული მყოფობდა რუსეთის იმპერიაში, როგორც
ქვეყნიერებაში, და ამ ქვეყნიერებაში მამულს უნდა მოეძებნა თავისი წარსული,
თავისი ვინაობა. როგორც ქვეყნიერებიდან ვერ გავიდოდა, ასევე ვერ გავიდოდა
იმპერიიდან. მის საზღვრებში, როგორც ქვეყნიერების (ოიკუმენას) საზღვრებში უნდა
გადაერჩინა და მოეწყო თავისი ცხოვრება. ეს იყო XIX საუკუნის პატრიოტიზმი ანუ
მამულიშვილობა. ილიას არცთუ მრავალრიცხოვან ნაწერებში მამულის შესახებ, ვერ
აღმოვაჩენთ რაიმე ნიშანს, რომ გველაპარაკა მამულზე მის სახელმწიფოებრივ
განზომილებაში. ილიას მამული მყოფობს, მოთავსებულია სახელმწიფოში და მას არ
სურს თავად გახდეს სახელმწიფო; მამულს სურს ამ სახელმწიფოში (იმპერიაში,
რომელიც მსოფლიოს ხატად შეიძლება გამომდგარიყო) განახორციელოს თავისი იდეალები.
თვით “ქართვლის დედის” ესქატოლოგიურ ოცნებაშიც კი (იხ. ქვემოთ) მთელი კავკასის
თავისუფლება არ უკავშირდება სახელმწიფოებრიობას, არამედ ისევ და ისევ
წარმოსახულ მამულს. ილიას მამულიშვილობის ბუნებას, ვფიქრობ, ზედმიწევნით უნდა
გამოხატავდეს სიტყვები, რომლითაც ეთნიკურ და სხვა იდენტობათა მკვლევარი A.
Smith-ი ნაციონალიზმს აღწერს:
“საზოგადოდ, ნაციონალიზმი არის ნაციის და არა სახელმწიფოს იდეოლოგია.
ნაციონალიზმის უმთავრესი საზრუნავი სწორედ ნაციაა; მისი სამყარო, მისი
მითითებები გარკვეული კოლექტიური ქმედებებისაკენ მხოლოდ და მხოლოდ
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 16
ნაციას და მის წევრებს ეხება. იდეა იმის შესახებ, რომ ნაციები თავისუფალნი
არიან მხოლოდ მაშინ, თუ მათ აქვთ სუვერენული სახელმწიფო, არც აუცილებელია და
არც უნივერსალური ამ იდეოლოგიისათვის. ადრეული ნაციონალისტები ისევე, როგორც
კულტურული ნაციონალისტები შემდგომ ხანებში, არ იყვნენ განსაკუთრებით
დაინტერესებულნი სახელმწიფოს მოპოვებით არც ზოგადად და არც იმ ნაციისათვის, ვის
მისწრაფებებსაც ისინი გამოხატავდნენ. არსებობს აგრეთვე არაერთი ისეთი
ნაციონალური მოძრაობა, რომელიც თავის პრიორიტეტად სახელმწიფოს მიპოვებას არ
მიიჩნევს. მაგალითად, კატალანელი, შოტლანდიელი და ფლემიელი ნაციონალისტები
ბევრად მეტად იყვნენ დაკავებულნი შინაური მმართველობისა და კულტურული
თანასწორობის პრობლემებით მრავალეროვან სახელმწიფოში, ვიდრე სრული
დამოუკიდებლობით... თეზისი, რომ ყოველ ნაციას უნდა ჰქონდეს თავისი სახელმწიფო,
საერთოა, მაგრამ იგი აუცილებლობით არ გამომდინარეობს ნაციონალიზმის ძირითადი
დოქტრინიდან” (A. Smith. National Identity, გვ. 74).
ამ შეხედულების შუქზე, რომელიც რეალურ ფაქტებზეა დამყარებული, მამულის შინაარსი
ნაციის ცნების კვალზე არათუ არ შეიცავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოწყობის
იდეას, არამედ შეიძლება შეუთავსებელიც კი იყოს მის ბუნებასთან. მამული, რომელიც
დაფუძნებულია ეთნიურ ცნობიერებაზე, მამული, როგორც ჰომოგენური ერთობა, რომელსაც
სხვა, “არა-ჩვენ” ერთობებთან ერთად საერთო ტერიტორია აქვს, სრულიად გამორიცხავს
ერთიანი სახელმწიფოს იდეას. მეტსაც ვიტყვი: მამულის სხეული (ვუწოდოთ მას ერი),
თუ ის დარჩებოდა ისეთად, როგორც მის იდეოლოგს წარმოედგინა, სახელმწიფოს ტვირთის
ქვეშ გაიჭყლტებოდა.
თუ დავაკვირდებით რომანტიული ნაციონალიზმის ტერმინოლოგიას, იქ სჭარბობს
სიყვარული. მაგრამ სიყვარული მხოლოდ მამულის შეიძლება. ძნელია, ვილაპარაკოთ
სახელმწიფოს სიყვარულზე — რა აქვს ისეთი სახელმწიფოს, რომელიც მის სიყვარულს
გამოიწვევდა. ერთია მოვალეობა, ვალი, მაგრამ სხვაა სიყვარული.
ეს ორი რამ ურთიერთგამომრიცხავი თუ არა, ადამიანის აქტივობის (ფართო
მნიშვნელობით) სხვადასხვა სფეროებს ეკუთვნის. სადაც სიყვარულია, იქ ვალი და
მოვალეობა უქმდება, უკან იხევს სიყვარულის წინაშე. ხოლო, სადაც ვალია
აღსასრულებელი, იქ სიყვარული ზედმეტია. ერთი ლეგალურ ურთიერთობებშია გაბმული:
მე მევალება გავაკეთო ესა და ეს, რადგან ამას კანონი მოითხოვს, და არა იმიტომ,
რომ მიყვარს.
სიყვარული კი კანონს და ვალდებულებას ვერ ითვისებს. მამულის ეკსისტენციალური
კონოტაციები ილია ამბობს, რომ მამული, როგორც
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 17
“გულთმიმზიდველი” სიტყვა “გამობრწყინდა”. დავაკვირდეთ ამ ორ სიტყვას, რომელთაც
ილია მამულის მიმართ იყენებს — გულთმიმზიდველს და გამობრწყინდას. არც ერთი
მათგანი ფენომენოლოგიურ სინამდვილს არ ასახავს. ერთი საძიებელია
სუბიექტურ—ემოციურ, მეორე რელიგიურ—ონტოლოგიურ სფეროში. ის, რაც გულს იზიდავს,
არ არის საყოველთაო, მით უფრო, საერთაშორისო: შენი ქვეყნის ემოციების ენით ვერ
დაელაპარაკები საერთაშორისო სამართლის სუბიექტებს. ემოციები, განცდები
შიდამოხმარების საგნად რჩება. ხოლო და ის, რაც გამობრწყინდა, არ ეკუთვნის
ჩვეულებრივი თვალით ხილულ ფიზიკურ რეალობას. და თავად იმ საგანს, რომელიც
სუბიექტური განცდის და რელიგიური ჭვრეტის ობიექტი ხდება, აქვს თუ არა ობიექტური
არსებობა, როგორც მამულში ნაგულისხმევ ამოსავალ რეალობას, როგორიც არის
მიწა-წყალი, ველ-მინდვრები, ზვრები და ხოდაბუნები? რა ნივთიერი არსებობა აქვს
მას, თუკი მხოლოდ ნივთიერ სამყაროში არსებობს? თუ ნივთი (რეს — მამისგან
დატოვებული მემკვიდრეობა) და კიდევ რაღაც არამატერიალური? და რაღაც კიდევ უფრო
მეტი: პიროვნული, რომელთანაც შესაძლებელია ისეთი ურთიერთობის დამყარება,
როგორიც მხოლოდ სხვა მესა და შენს შორის არის შესაძლებელი. რაც უნდა ძვირფასი,
ფასდაუდებელი, თავგანწირვის ღირსი ყოფილიყო მამული მამულის კლასიკურ ხანაში —
მის პირველ გამოჩენიდან XVIII საუკუნის ბოლომდე, როცა კეთილ მწყემსს
შევედრებული და წმიდა სამწყსოდ გარდაქმნილი სამეფო-მამული დაემხო,
წარმოუდგენელი იქნებოდა ისეთი მიმართვა მისდამი, როგორც ეს ილიას არცთუ
მრავალრიცხოვან ლექსებშია. მაგრამ რამდენიც არის და რაც არის, ისინი (ლექსები)
ამ მე-და-შენური ურთიერთობის საუკეთესო გამომხატველია. მის არც პუბლიცისტიკაში,
არც მხატვრულ პროზაში ეს არ ჩანს, მისი სფერო პოეზიაა.
ის პოეზიის ფრთებზე ამაღლდა, ჩვენამდე მოღწეული მისი ამაღლებული ხასიათი აქედან
იღებს დასაბამს. ჩვენამდე, როცა ის პოეტების “ორთქმავალივით” წამყვანი თემა
შეიქნა, რამაც ფაქტიურად გააუფასურა იგი მამულის გრძნობასთან ერთად. ილიას
მამული, უპირველეს ყოვლისა, არის შენ, რომელთანაც დიალოგი შესაძლებელია. ასეთი
შენ—მამულის გამოცხადება მისი პირველი ლექსიდანვე იწყება. “სამშობლო მთებში”
მთები არის პარს პრო ტოტო, ნაწილი იმ მთლიანობისა, რასაც მამული შეადგენს.
არავის მანამდე მთებისთვის ასე არ მიუმართავს: “შენი შვილი”, რადგან მათში მან
დაინახა “რაღაცა ნაცნობი, მშობლიური”. ამ ბუნების შვილობა არის “ქართვლად
გაზრდა”. ბუნების ელემენტები და სტიქიები მისი მეგობრებია, სიყვარულით და
ნდობით მათთან დაკავშირებული. მაგრამ მაინც ეს ბუნება (მთები) მამულის მხოლოდ
ნიშანია, მისი მიუწვდომელი შინაგანის გარეგამოხატულებაა, ხატია, რომლის მიღმა
სხვა რეალობა იმალება. შეგვეძლო იოანე
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 18
დამასკელის იკონოლოგიური ტერმინოლოგია (ენა) გამოგვეყენებია, მაგრამ აქ ჯერ
კიდევ ესთეტიკის (ს.კიერკეგორის ტერმინოლოგიით) სფეროში ვართ, რომელიც ეთიკაში
უნდა გადაიზარდოს. “არსაიდან ხმა, არსით ძახილი!.. მშობელი შობილს არას
მეტყოდა” — ვინ არის ეს გამოუცნობი “მშობელი”, რომელიც დუმს? ადამიანი გრძნობს
თავის წინაშე შენ—ს, მაგრამ მისი დუმილის გამო იგი მარტოა (“ვიდექ
მარტოკა...”). ის გრძნობს, რომ რაღაც მკვდარია აქ, რაღაც დაკარგულია:
“სად დაუკარგავს მშვენიერ ხალხსა იმ თვით ედემში თვისი ედემი? ვის უნახავს ის,
სამშობლო ჩემი?..” ოცდაათი წლის წინათ იგივე მოუსმენია გრიგოლ ორბელიანს ივანე
აფხაზისგან: “აწინდელი ჩვენი საზოგადოება არს მკვდარ მამულისათვის”.
ახლა თავიდან ბოლომდე მოვიტანოთ ერთი ლექსი, რომელშიც ყველაზე სრულყოფილად არის
გადმოცემული მამულის ილიასეული ხედვა—ხილვა:
“მას აქეთ რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული,
ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება!
შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული,
ღამე თენდება, ეგრეთ ჩემი და დღე ღამდება.
დაჟინებითა ფიქრი ფიქრზედ მოდის, გროვდება,
გრძნობა გრძნობაზედ შეუპოვრად იძვრის ჩემს გულში,
და მე არ ვჩივი, — მიხარიან, რომ ეგრეთ ჰშვრება
ჩემი ცხოვრება შენსა ფიქრში, შენს სიყვარულში.
მაგრამ, მამულო, ჩემი ტანჯვა მხოლოდ ის არი” .
მაშ, რა არის მამული? ის არც მხოლოდ ეს მიწაა, რადგან მას თავად აქვს მიწა:
“შენს მიწაზედ”, მიმართავს მამულს; არც ეს ხალხი: “ამდენ ხალხში...”, ეს ხალხი
არ არის მამული, ის მის გარეშეა. სად ჰგიეს ის? მამულს წარსულში გრიგოლ
ორბელიანი ხედავდა: მისთვის მამული წარსულში იყო თითქმის იმდენად, რომ თავად
წარსული დრო იყო მამულის ეკსისტენციის (არსებობის) დრო; ილიას კი სურს, რომ
მამული აწმყოში იყოს, რადგან მხოლოდ აწმყოშია სიყვარული შესაძლებელი.
მაგრამ ის მიუწვდომელია და მისი გამოხატულება მხოლოდ უტყვი ბუნებაა, აქვეა —
ახლოს და ახლა, არა სადღაც სანატრელ ედემში და ოდესღაც; მას ახსოვს მისი
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 19
შეცნობის — მისდამი სიყვარულის დაბადების ჟამი (ალბათ კონკრეტული ადგილიც). “
მას აქეთ რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული”. მამული ისეთივე საგანი ხდება
სიყვარულისა, როგორიც ძვირფასი ქალია. ეს რაღაც უჩვეულო რამ იყო.