გაბაშვილი (თარხნიშვილი) ეკატერინე რევაზის ასული
(ამბავი)
I
ამ ორი-სამი წლის წინათ ამერიკის ერთ შესანიშნავ ქალაქს ჩიკაგოში მსოფლიო გამოფენა იყო. მთლად კაცობრიობის საუკეთესო ნაწარმოები, თუ ბუნების სიმშვენიერის და ქვეყნის სიმდიდრის ნაყოფი სულ აქ გროვდებოდა ამერიკელების მეცადინეობით ევროპიელთა გასაკვირვებლად.
ზღაპრულათ მდიდარი და გასაოცებელის ხელოვნებით ნაგები სახლები ამშვენებდნენ
გამოფენის თვალ-გადუწვდენელ მოედანს; ქალაქს გარეთ მრავალი გასაოცარი ბაღი,
შადრევანი, ყვავილთა ზღვა იყო გაბნეული... ამ მშვენივრათ ნაგებ სახლთა შორის
მრავალი გასაკვირველი მანქანა მუშაობდა და მნახველთა თვალ-წინ აკეთებდა იმ საოცნებო
ნივთებს, რომლებითაც განთქმულია შორეული ამერიკა. ამერიკელი გაზეთები და ურიცხვი,
აჭრელებული განცხადებანი რამდენისამე წლის წინათვე მოუთხრობდნენ ქვეყანას, რომ
გამოფენაზე პირველათ ილაპარაკებს „მანქანა-კაციო“ და ისე ილაპარაკებს, რომ ნამდვილ
კაცის ნალაპარაკევში ვერ გაარჩევო: მანქანა იმღერებსო, მანქანის შემწეობით მიწას
პურათ აქცევენ, მანქანის შემწეობით ათასის ვერსის მანძილზე გალობას და შენის
ნაცნობის სიცილს გაგაგონებენო და მრავალი სხვა. გემებს შეუწყვეტლივ მიჰყავდათ ევროპიელნი ამერიკაში და ამერიკის რკინის გზები
ფაცა-ფუცით მიაქანებდნენ მილიონობით მოგზაურებს გასაოცარის გამოფენის სანახავათ. გამოფენისთვის შეგროვილ ხალხს ყოველ დღე გამოფენის მმართველნი აკვირვებდნენ და
ართობდნენ სხვა-და-სხვა სანახაობით! ხან მართავდნენ კონცერტებს, რომელშიაც სამი
ათასი დამკვრელი და ათასი მომღერალი იღებდა მონაწილეობას, ხან კავკასიელთა
მოჯირითეებს აჩვენებდნენ, ხან ველურხალხს, იმათ ცეკვას, შვილდ-ისრით ბრძოლას; ხან
ჩიკაგოს ძალზე მოშორებულ ადგილებში, გაუვალ ტყეში გაყვანილ რკინის გზით გამოფენის
მოთავენი ბუნების რომელსამე მოვლენის, ძლიერების ან მშვენიერების საჩვენებლად
მიაქროლებდნენ მსურველებს. ეს რკინის გზები, სახელდახელოდ გაყვანილი გამოფენის
გათავებამდის, სიმკვიდრის ნაცვლად, მხოლოდ მორთულობით იყო შესანიშნავი. პოპწია,
ხელის-ყუთებივით შეკრული ვაგონები ყვავილებით მორთული და მწვანე გვირგვინებით
დატვირთული იყო. ერთ მშვენიერ აგვისტოს მყუდრო და გრილ დღეს დანიშნული იყო ნავებით სეირნობა დიდ,
ზღვასავით ვრცელ ტბაზე, რომლის კიდეები შემოსილია ახოვანის ტყით; ამ ტყეში
თვალ-შეუწვდენელი ნაძვები და მუხებია, რომლის წვეროებიც გადაბმულია ერთმანეთზედ იმ
გვარის სუროს მგზავსის მცენარით, რომელიც მხოლოდ ამერიკის უდაბურ ტყეებში იცის და
რომელიც თავის სიმაღლით და მძლავრის ღეროებით ტყეს ერთმანეთში ჰხლართავს და შეუვალს
და საშიშარს ჰხდის ადამიანისათვის. ამერიკელებმა გაუვალი ტყე გასტეხეს და ვიწრო
ლიანდაგიანი რკინის გზა გაიყვანეს. ამიტომ გზის გარშემო მცხოვრები არსადა სჩანდა,
მხოლოდ აქაიქ გზის მცველების პატარა, წითელ კრამიტით დახურული, ქოხები მოჩანდნენ.
ერთ ამ ქოხთაგან ში დასახლდა ამ ექვსის კვირის წინად ევროპიდგან გადმოსახლებული
ფრანგის სახლობა, რომელიც შესდგებოდა, ცოლ-ქმარს გარდა, ორის შვილისაგან; უფროსი
ქალი იყო ცხრა წლისა და უმცროსი ვაჟი –ექვსის წლისა. დიდმა გაჭირვებამ აკისრებინა ფერდინანდ მორიეს ამ გზის ყარაულის თანამდებობის
დაჭერა და, თუ არ დიდი გაჭირვება, რა გააბედვინებდა ადამიანს თავის ცოლშვილით ამ
უდაბურს, ათასის გარეულის მხეცით და შხამიანის ქვემძრომით სავსე ტყეში დაყენებას!
მაგრამ ფერდინანდს არჩევანისთვის არ ეცალა. როგორც ახლად გადმოსახლებულმა
ამერიკაში, პირველსავე შემთხვევას ჩასჭიდა ხელი და, ამ რკინის გზის მცველის დიდის
ჯამაგირით დახარბებულმა, ტყეში დასდო ბინა. გზის მცველს, როგორც მოგეხსენებათ, დიდი საქმე არა აქვს-რა: უნდა მომავალ
მატარებელს მწვანე ბაირაღი აუშვიროს, თუ გზა სწორეა, და წითელი, — თუ დაზიანებულია.
რადგანაც ამ გზაზე მატარებელი მხოლოდ სამჯერ დადიოდა კვირაში, ფერდინანდს და მის
ცოლს ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდათ; ისინი შეუდგნენ სახლის გარშემო ტყის ჭრას და
პატარა ბაღის გაშენებას. ფრანგს ძრიელ უყვარს მწვანილეულობა და ფერდინანდმა და
მისმა ცოლმა მალე დასთესეს სალათა და წიწმატი; ლობიოსთვის და კართოფილისათვისაც
თანდათან მინდორს აფართოვებდნენ. ერთ დღეს მოჭრილ ხის წვერი მოხვდა ფეხში
ფერდინანდს და მოჭრილ ხესთან ერთად დედამიწაზე დაეცა ფეხ-მომტვრეული. პოლმა დაიჭირა
იმისი ალაგი გზის მცველისა, მაგრამ იმანაც დიდხანს ვერ გასტანა: ამ მხარეში
გავრცელებულმა ყვითელმა ციებამ შეიპყრო იმისი ჯაწი და ფეხ-მოტეხილ ქმარს მიუწვინა
გვერდით. — შვილო ლუიზა, — ხმის კანკალით ეუბნებოდა დედა თავის პატარა გოგოს: „დღეს
მატარებელი თორმეტ საათზე გამოივლის და მე კი ფეხზე დადგომა არ შემიძლიან; მეტი გზა
არ არის, შენ უნდა დაათვალიერო გზა და ბაირაღი შენ უნდა უჩვენო. ბზა ხომ კარგად
იცი? რამდენჯერ ამამყოლიხარ და ჩამამყოლიხარ ჩვენს სამზღვრამდე; ვინძლო არაფერში
გაერთო, დროზე დაბრუნდი, ხომ იცი, გენაცვალე, მატარებელს დიდი სიფრთხილე ჰმართებს,
ვინ იცის, რამდენი ათასი კაცი მოჰყავს. — კარგი, დედა, მე და ბენრი წავალთ გზადა-გზა და, თუ ყველაფერი კარგათ არის, მოვალთ
და ბაირაღს უჩვენებთ. — ჰო, გენაცვალოს დედა, მხოლოდ ხელში რკინის წვეტიანი ჯოხი დაიჭირე, არაფერმა
გიკბინოთ, თან იმღერეთ, იხმაურეთ, რომ ნადირი გააფრთხოთ, თუმცა კი შიში
აღარაფრისაა, მაშინის ჭყივილმა ათის ვერსის მანძილზედაც აღარა დააყენა-რა. ლუიზა და პატარა ბენი ხელი-ხელ ჩაკიდებული გაუდგნენ გზას და მათ წკრიალა სიმღერას
უშველებელი ტყე ათასგნით აძლევდა ხმას. იმათის საზღვრის ბოლოს ერთ ვიწრო ხევზე
მკვიდრი ხის ხიდი იყო გადებული და იმ ხიდ ქვეშ პატარა ნაკადული გარბოდა
ჩხრიალ-ჩხრიალით, თეთრათ აქაფებული, და სადღაც უფსკრულში იკარგებოდა. პატარებს ძრიელ უყვარდათ ამ წყალ ვარდნილას ჩოჩქოლის ცქერა და სიხარულით
მიეშურებოდნენ. ლუიზა და ბენრი ჯერ კარგა შორს იყვნენ ხიდზე, როდესაც შავი ბოლი დაინახეს და პატარა
ხანს შემდეგ ალიც გამოჩნდა; ბავშვებმა საჩქაროთ ბიირბინეს ხიდთან და გაოცებულნი
შესდგნენ; ხიდს ორივე მხრიდან ცეცხლი ჰქონდა წაკიდებული და ქარის მოწყალებით
საშინელის სიჩქარით ძრიელდებოდა. ბენრიმ ტირილი მორთო, ლუიზას შიშის ზარმა გონება
დაუკარგა და არ იცოდა, რა ექნა; სულ ერთიან დაიბნა და უაზროთ ცეცხლ-მოკიდებულ
ხიდთან ტრიალებდა; მაგრამ მალე მოაგონდა დედის სიტყვები: „ვინ იცის რამდენი ათასი
კაცი მოჰყავს მატარებელს, შვილო, და ვინძლო არ დაიგვიანო, დიდი სიფრთხილე
გვმართებსო“. მაშინვე საჩქაროთ გამოტრიალდა სახლისკენ, წაავლო ხელი თავის პატარა
ძმას და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გამორბოდა. II მორიეს სახლობა ერთმა ამერიკაში გადასახლებულმა ნათესავმა გამოიწვია ამ სიტყვებით:
რას ჩამსხდარხართ თქვენს პატარა და ვიწრო ხეობაში და რას შეჰყურებთ ორის დღის
მიწას, აი მოგვივა ორი მუჭა პური შვილების გამოსაკვებათ თუ არაო; წამოდით აქ, ამ
უშველებელ ამერიკაში, სადაც ყოველიფერი ვრცელი, დიდი და დაუშრობელიაო. სულ
რამდენისამე წლის ნაშრომით მე შევიძინე კარგა დიდი ფერმა, მაქვს ბლომათ
სახნავ-სათესი, საბოსტნე და სავენახე ადგილი, მაგრამ აქ მუშა ხელი ძვირია და
ამოდენა მამული შეუმუშავებელი მრჩებაო. მოდით, დამეხმარეთ, ნახევარს ჩემ ცხოვრებას
თქვენ მოგცემთ და ვიქნებით მდიდრათ და ბედნიერათაო. მორიეს ცოლი ანნა, როგორც ცნობის მოყვარე დედაკაცი, უფრო მალე წახალისდა ამ
იმედებით და დღე და ღამ ჩასჩიჩინებდა ფერდინანდს: — წავიდეთ, ბედი ვცადოთ, ჩვენი
ერთი მტკაველი ალაგი ჩვენც ძლიკს გვაჭმევს ლუკმას და ჩვენს შვილებს ხომ უფრო
გაუძნელდებათ ცხოვრებაო. მოლის ჩიჩინმა, ნათესავის შეუწყვეტელმა წერილებმა ამერიკის
სიმდიდრის შესახებ, ბოლოს დაიყოლიეს დარბაისელი ფერდინანდიც. მან იაფად შეასყიდა
თავისი წილი მამული და სახლ-კარი თავის სახლიკაცს და ერთ მშვენიერ დღეს თავის
ცოლ-შვილით და ცოტაოდენი ფულით ჩაჯდა გემში და გაემგზავრა ამერიკისაკენ. მთელი ორი კვირა მოუნდნენ გზას, მთელის ორი კვირის განმავლობაში თვალ-გადუწვდენელ
ოკეანის მეტი არა დაუნახავს-რა მორიეს სახლობას. დაიღალნენ, ზღვის ავადმყოფობამ
ილაჯი წაართვა და სულ თავ-ბედი აწყევლინა საცოდავებს. ბევრჯელ ინატრეს თავიანთი
მშვენიერი საფრანგეთი, თავიანთი სამშობლო კუთხე, მაგრამ ახლა გვიან ღა იყო, უკან
დაბრუნება შეუძლებელი გახდა. პოლქმარს ამხნევებდა მხოლოთ ის იმედი, რომ ამერიკაში
გავმდიდრდებითო და, ოდესმე ოქროთი დატვირთულნი, ისევ დავბრუნდებით ჩვენს საყვარელ
სამშობლოში, სადაც ვიყიდით ისევ მამულს, მაგრამ უფრო დიდს, უფრო მშვენიერს, სრულიად
საკმარის, რამდენი შვილიც უნდა გვაჩუქოს ჩვენ უფალმაო. მაგრამ რომ იტყვიან: „კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო“, სწორეთ ისე მოუვიდა მორიეს
სახლობას. ამათი ნათესავი უეცრათ გადაცვლილიყო და ამათ კი არავითარი საბუთი არა
ჰქონდათ, რომ ესენი იმისი მემკვიდრეები იყვნენ. მთავრობას წარუდგინეს ნათესავის
მოწერილი წერილები, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო და ამგვარად მთელი სახლობა დარჩა ორ
წყალ შუა უცნობ, თვალ-გადუწვდენელ ქვეყანაში. ყველაზე საშინელი ამათთვის ენის
უცოდინარობა იყო. ვერავისთვის ვერ აეხსნათ, თუ რა საქმე, რა გვარი მუშაობა შეეძლოთ
და მომეტებულ დროს უსაქმოთ ატარებდნენ. თავიდა ორისამი თვე, შესჭამეს თან მოყოლილი
ფულიც და მომავალი კი არსაიდან უღიმოდათ. სწორეთ ამ გაჭირვების დროს გაუჩნდათ ერთი
თავიანთი ქვეყნელი და ეს ალაგი რკინის გზის მცველისა გაურიგა. მორიე თავის ცოლ-შვილით გადასახლდა უდაბურ ტყეში და მხოლოთ იმით-ღა ნუგეშობდა, რომ
კარგა მოზრდილი ჯამაგირი ჰქონდა და ყოველ დღიურ მოთხოვნილებას იმდენს გადაარჩენდა,
რომ ერთ დღეს ისევ დაბრუნებულიყო თავის ქვეყანაში, იმ ქვეყანაში, რომელიც ამ
უდაბურ, გამარტოებულ ალაგას, უფრო ძვირფასი, უფრო სანატრელი და დღე და ღამ იმათ
გონებიდამ განუყრელი და დაუვიწყარი შეიქმნა.— ოჰ ღმერთო, როდის გვაღირსებ ჩვენს
ტურფა „ოკეანის“ ნახვას, – ამოოხვრით იტყოდნენ ცოლ-ქმარნი და თან მდუღარებით
ევსებოდათ თვალები. ამათ სნეულობათ გადაექცათ თავის სამშობლოს სიყვარული და მისი
მოგონება მეტადრე ახლა, როდესაც ბედმა ასე დააუძლურა, ასე ძირს დასცა ორივ
ცოლ-ქმარი. ამათი მდგომარეობა, ამათი წყურვილი სამშობლოს ნახვისა გაგიჟებამდე
მივიდა და აი შემთხვევამ როგორ უარესათ დაატრიალა ამათი ცხოვრების ჩარხი. ფერდინანდი და ანნა გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს საათის ისარს; აგერ სულ
რამდენიმე წამი დარჩა მატარებლის გამოვლამდე და ბავშვები კი არსად იყვნენ. საშინელი
ცეცხლი ტრიალებდა იმათ გულში. ათასნაირი გრძნობა, ერთი მეორეზე საშინელი, ჰფათავდა
იმათ გულს: შვილების განგანსაცდელი, მატარებლის ხიფათი, ალაგის დაკარგვა, თავზე
თმებს ყალხზე უყენებდა ავადმყოფებს. — ღმერთო, ღმერთო, ნუ აიღებ ჩვენზე ხელს! — გულში ხელის ცემით და თვალზე მდუღარებით
ამბობდა დედა. -ბავშვებს რომ ლიანდაგზე მოასწროს!.. ოჰ, ოჰ, ღმერთო, შეგვიწყალე!
— ღმერთო შენ გადაარჩინე ხიფათს ამდენის ადამიანის სული! — ამბობდა ფერდინანდი და
თან მოწიწებით ეუბნებოდა ცოლს: ადამიანო, იქნება როგორმე შესძლო, გაფორთხდი გარეთ,
წითელი ბაირაღი აიღე და მატარებელი შეაყენე; ყოველ შემთხვევაში გაჩერება სჯობია.
ანნა რამდენჯერმე წამოჯდა ლოგინზე, მაგრამ ამაოდ. — ჩქარა, ერთი წუთი-ღა აკლია თორმეტს... ჩქარა... ჭკუაზე ვიშლები... ჩქარა... ადექ!
— მუდარებით ეუბნებოდა ფერდინანდი ცოლს, თუმცა კარგათ იცოდა, რომ მისი ადგომა
შეუძლებელი იყო. ანნა ადგა, მაგრამ საშინელმა თავის ტკივილმა თვალები დაუბრმავა, სიცხისაგან მუხლთ
მოეკვეთა, დარატრატდა და ლოგინზე დაეცა. ამ დროს მატარებლის გრიალიც მოისმა. — შვილებო. – ანნამ ერთი საშინლათ შეჰკივლა და გულს შემოეყარა. ფერდინანდმა თმაში ხელები წაივლო და საშინელის პირუტყვულის ღრიალით შეჰბღავლა
ზეცას: ღმერთო, გადაარჩინე ხალხი... შვილები! — და თმები ბღუჯა-ბღუჯა ჩამოიღო,
მოტეხილი ფეხი უხერხულათ შეანძრია და ჯოჯოხეთურის ტკივილის გამო რამდენსამე წამს
გონება დაეკარგა. III პატარა ლუიზა და გენრი კი გიჟებივით მორბოდნენ, მორბოდნენ და თან ღრიალებდნენ. გული
მთლად ამოუჯდათ, შუბლზე ხვითქი გადასდიოდათ, დაღალულობით წამ და უწუმ პატარა ბიჭი
კისერს იმტვრევდა და ძირს ეცემოდა. ლუიზა შეტევით ფეხზედ აყენებდა და ისევ
გარბოდნენ საშინელი სისწრაფით, მაგრამ სახლი კიდევ შორს იყო; ამათ პატარა ფეხებს
ღონე გამოელიათ და თანდათან სირბილს უკლეს, შესვენება აუცილებელი იყო, სუნთქვის
ილაჯი აღარ ჰქონდათ. ამ დროს მატარებლის გრიალიც მოისმა; ლუიზამ შეჰკივლა და
თვალებზე ხელი მიიფარა: იმას ნათლათ წარმოუდგა ხევში გადავარდნილი მატარებელი...
თავის ავადმყოფი დედ-მამა... და თვალთ დაუბნელდა... მაგრამ უცებ თავში ელვასავით
კეთილმა აზრმა გაურბინა პატარა გოგონას და ელვისავე სისწრაფით გაიძრო წითელი იუბკა,
რომელიც კაბის ქვემოდამ ეცვა და, ხელში რომ წვეტიანი ჯოხი ეჭირა, იმაზე ააცვა, და
ამ ბაირაღით, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ფეხის წვერებზე შედგა და ხელი მაღლა აიღო;
სწორეთ დროც კი იყო, მატარებელი გაქანებული მირბოდა; ერთი წამი კიდევ... და
პირდაღებული შავი უფსკრული შთანთქავდა აუარებელ მგზავრთ. მემანქანემ დროზე შენიშნა წითელი ნიშანი, სისწრაფით მოუჭირა ახლათ მოგონილი ალაყი
(ტორმოზი); მატარებელი ერთი მძლავრათ შეირყა და საჩქაროთ გაჩერდა. მოისმა ხალხის
ზრიამული; დიდი და პატარა გარეთ მიეშურებოდა, რომ შეეტყო ამ გაჩერების მიზეზი და
ერთმანეთს სჭყლეტდნენ, კიბეებიდან ცვივოდნენ, წიოდნენ და ჰკიოდნენ. პატარა ლუიზამ, მატარებელი რომ გაჩერებული დაინახა, მუხლებზე დაეცა; ა ლა კი ღონემ
სრულიად უმტყუნა და ცრემლებით და ოფლში გაწუწული ძირს დაეშვა; იმის კაბის კალთას
ევროდა მთლად აკანკალებული და ღონე მიხდილი პატარა ბენიც. ამ მატარებელში, სხვათა შორის, საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი პარნოც იყო თავის ლუიზამ დაწვრილებით უამბო თავის დედ-მამის ამბავი და თანაც აუხსნა ის მიზეზიც, რის
გამოც ლუიზა და პატარა ბენრი გახდნენ გზის მცველებათ. პრეზიდენტმა მოიხსნა გულიდან ორდენი „ლეგიონისა“ და პატარა გოგოს ჩამოჰკიდა ამ
გვარის გმირობისათვის და ზედაც ოქროთ გატენილი ქისა დაუმატა; ამის მაგალითს
მიჰბაძეს ყველა მგზავრებმა, გადარჩენით აღტაცებულნი მადლობის ნიშნათ უხვათ
ასაჩუქრებდნენ პატარა გოგოს; იმის წითელი იუბკა პირამდინ აივსო ოქროებით და ბენრის
ჯიბეში გაიჩხრიალა მუჭებით ჩაყრილმა ვერცხლის მანათებმა. მატარებლის უკან გაბრუნება ამ ალაგიდან შეუძლებელი იყო და, მანამ მახლობელ
სადგურიდან სხვა მატარებლებს მოაშველებდნენ, პრეზიდენტმა მოისურვა იმ ფრანგის
სახლობის ნახვა, რომელიც ბედს ამ სიშორეზე გადმოეტყორცნა; მრავალი სხვა მგზა-.
ვრთაგანიც გაჰყვნენ იმას და მალე პირამდინ აივსო მორიეს ერთი ბეწვა საყარაულო
ოთახი. ფერდინანდი და ანნა ფერმკრთალნი, შიშით გამოშტერებულნი შეჰყურებდნენ ამოდენა ხალხს
და თან აღტაცებით იკრავდნენ გულში ღვთის განგებით გადარჩენილ ძვირფას შვილებს.
IV გავიდა ერთი თვე. მშვენიერი სექტემბრის საღამო იყო. სიო არ იძროდა. ჩიზალპინის მე-4
სრუტის ლურჯი წყალი კარგა გადახრილ მზის სხივებით თვალ-გადუწვდენელ სარკესავით
ლაპლაპებდა და მაყურებელს რაღაც ჯადოქრულ სურათათ წინ ეშლებოდა. სრუტეში სხვა
მრავალ გემთა შუა გასამგზავრებლათ მომზადებული იდგა მშვენიერი, კოპწია „თანხმობა“.
იმის მძლავრი მანქანის ორთქლი ვეშაპივით ჰქშინავდა და მოუთმენლად ელოდა
გამგზავრებას. ძვირფასი სტუმარი პარნო, საფრანგეთის პრეზიდენტი და მისი თანამგზავრონი, დიდის
ამბით, ყვავილების კონებით და ვაშას ძახილით მოაცილეს უკანასკნელ სამზღვრამდე. აი, ყველამ თავ-თავისი ალაგი დაიჭირა ვრცელის გემის ბაქანზე. შინ შესვლას არავინ
ჰფიქრობდა. ყველას უნდოდა დამტკბარიყო წინ გაშლილის მომხიბლავის ზღვის სურათით.
აგერ ბაქანის ბოლოზე ერთად შეკუმშულია ნაცნობი პატარა სახლობაც მორიესი; ესენიც
აღტაცებით უყურებენ ბუნების ბრწყინვალებას და ამათ აღტაცებას ერთიასათ აძლიერებს
წმინდა მაღალი გრძნობა, რომ სამშობლოს უბრუნდებიან. ფერდინანდი თუმცა ყავარჯენით, მაგრამ მამაცათ სდგას და გარშემო შემომსხდარ
ცოლ-შვილს სიყვარულით დაჰყურებს; იმის გულში ნამდვილი კმაყოფილება და ბედნიერებაა
აღგზნებული— და შეუწყვეტელ ოცნებას ეძლევა. თვალ-წინ ეხატება თავისი ტურფა სამშობლო და იმის ერთ-ერთ საუკეთესო კუნჭულში —
თავისი მომავალი, მშვენივრათ გაწყობილი ფერმა „ლუიზაანნა“, სადაც ამის გონიერი ანნა
თავის ჩვეულებრივის შრომის-მოყვარეობით განაგებს და აწარმოებს დიდს, ვრცელს,
სამეურნეო ხელოვნებით განწყობილს ოჯახს; სადაც ამისი გმირი, ამის გამამდიდრებელი და
გამაბედნიერებელი გოგონა ლუიზა თავის წკრიალა ხმით ჰაერს ატკბობს და ბენრი, სკოლის
ლამაზ მუნდირში გამოწყობილი, ფრანგულ წიგნებით ხელში, სწავლის შემდეგ, ყვავილებს
შუა ხარობს და ისვენებს.
უფროსის შვილით და რამდენისამე ნაცნობით; ამათ განცვიფრებას სამზღვარი არა ჰქონდა,
როდესაც პატარა გოგომ ფრანგულათ აუხსნა მგზავრებს თუ რა ხიფათი მოელოდა მატარებელს,
ესენი წინ წასდგნენ და ცნობის მოყვარეობით ჰკითხავდენ პატარა გოგოს ვინაობას.