The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებაში

საქართველოს ბიბლიოთეკა N2(75)-2019 22

წაქაძე რუსუდან

იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებაში

 

60-იან წლებში რუსეთის მოწინავე ინტელიგენციაში გავრცელებული იყო აზრი - საკმარისი არ არის ხალხის განთავისუფლება ყმობისაგან, თუ მას ვერ გავათავისუფლებთ გონებრივი სიბნელისაგან. 1860-იანი წლებში რუსეთში არსდება „წერა-კითხვის კომიტეტები“, რომელთა თაოსნობით იხსნება დაწყებითი სკოლები, სახალხო სახლები, ტარდება ლექციები და ამ გზით ცდილობდნენ ხალხის ცნობიერების ამაღლებას.

იაკობ გოგებაშვილი გადმოგვცემს, რომ ხალხისთვის სკოლების დაარსების პროპაგანდა ხდებოდა ინტელიგენტურ წრეებში, რომლებიც რომელიმე კონკრეტული ოჯახის ირგვლივ იქმნებოდა. 60-იანი წლების მეორე ნახევარში ერთ-ერთი ასეთი ოჯახი ყოფილა იოსებ მამაცაშვილისა. ამ წრის წევრები სისტემატურად იხდიდნენ გადასახადს, მაგრამ წრემ მხოლოდ ერთი სკოლის დაარსება ძლივს მოახერხა სოფელ ხოვლეში.

წრის წევრები მალევე დარწმუნდნენ, რომ იდეის განხორციელებას ვერ შეძლებდნენ, თუ საქმეს „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ არ ჩაუდგებოდა სათავეში. იაკობ გოგებაშვილის წინადადებით, ხარკოვში მცხოვრებ ვახტანგ თულაშვილს სიმამრისაგან მიუღია იქ არსებული წერა-კითხვის.კომიტეტის ნორმალური წესდება.

საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების აზრი ი. გოგებაშვილსა და ნიკო ცხვედაძეს გაუზიარებით დიმიტრი ყიფიანისა და ილია ჭავჭავაძისათვის. ი. გოგებაშვილის გადმოცემით, წესდების ერთ-ერთ პარაგრაფში, სადაც აღნიშნულია: „საზოგადოება თავის მიზანს მიაღწევს იმით, რომ სახალხო სკოლებში სწავლებას შემოიღებს სმშობლო, ბავშვებისათვის გასაგებ ენაზე, იზრუნებს რუსული ენის სწავლებისთვის“- ი.გოგებაშვილს შეუტანია, რადგან დიმ. ყიფიანს და ცხვედაძეს, წესდების შემდგენელთ, ასეთი მუხლის დამტკიცების იმედი არ ჰქონიათ. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების იდეა განხორციელებას მხოლოდ 1879 წელს ეღირსა.წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების ინიციატორებს - დიმ. ყიფიანს, ილია ჭავჭავაძეს, ვახ. თულაშვილს და ნიკო ცხვედაძეს შეუდგენიათ წესდება, რომელსაც ხელს აწერს 126 დამფუძნებელი წევრი და მთავრობისათვის წარუდგენიათ დასამტკიცებლად 1878 წლის 20 ივნისს. წესდება დამტკიცდა 1879 წლის 31 მარტს. დამფუძნებელ წევრთა პირველ კრებას, რომელიც 1879 წლის 15 მაისს შედგა, მხოლოდ 22 წევრი დასწრებია.

კრებამ საზოგადოებისა და მისი გამგეობის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია დიმ. ყიფიანი, ასევე საზოგადოების გამგეობა. გამგეობაში არჩეულ იქნენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, რაფიელ ერისთავი.

წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თავის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად სკოლების გახსნა და გახსნილი სკოლებისათვის დახმარების გაწევა დაისახა.

1879 წლის 18 ნოემბერის სხდომაზე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ი. გოგებაშვილის „წინადადებანი“.

გოგებაშვილის წინადადებით, სკოლა უნდა გახსნილიყო თბილისის ცენტრში ორსავე სქესის 60 მოსწავლისათვის, ყოველთვიური გადასახადი 1 მანეთი დაინიშნა, 10 უღარიბესი მოსწავლე თავისუფლდებოდა გადასახადისაგან. გამგეობამ თითქმის ერთხმად მიიღო გოგებაშვილის წინადადება და 1880 წლის 14 ოქტომბერს გაუხსნიათ სკოლა მესანგრეთა ქუჩაზე 41 სახლში.

თბილისის სკოლის კვალდაკვალ გაიხსნა ქუთაისის ქართული სკოლა, ძველი სენაკის ქართული სკოლა, ბათომის ქართული სკოლა. მისი გახსნით წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ წამოიწყო ამ კუთხის კულტურული შემომტკიცება.ბათომის სკოლის დაარსების მიზანი ყველასათვის ცხადი იყო: ამ სკოლაში განათლება უნდა მიეღოთ ქართველ მაჰმადიანებს, სკოლა უნდა გამხდარიყო მათ შორის ქართული კულტურის განმამტკიცებელი. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა სხდომაზე ივ. მაჩაბელმა განაცხადა: „ბათომის სკოლა მართლაც ძვირად უჯდება საზოგადოებას, მაგრამ მაინც უნდა იარსებოს, რადგან ეს სკოლა ისეთი დაწესებულებაა, რომლის სარგებლობა ფულით არ გაიზომება“.

იაკობ გოგებაშვილი ბათუმში სკოლის გახსნაზე წერდა: „ერთი უპირველესი საქმე, რომელსაც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება შეუდგა ამ ათი წლის წინათ, იყო სახალხო სკოლის დაარსება ბათომში.განზრახვა, რომელმაც გამოიწვია ამ სკოლის დაფუძნება,მდგომარეობდა იმაში, რომ ახლად შემოერთებულ ქართველ მაჰმადიანთა შვილები მიეზიდნა, გაემართნა ქართულს წერა-კითხვაში და მათი შუამდგომლობით შემდეგში აჭარაში გაევრცელებინა ქართულ წიგნის ცოდნა და ამ გზით განეახლებინა კავშირი ღვიძლთა ძმათა სორის, რომელნიც ულმობელმა ბედმა ერთმანეთს გაჰყარა წარსულ საუკუნეებში...“

თავისი არსებობის 25 წლის განმავლობაში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება აარსებდა სკოლებს და ბიბლიოთეკა-სამკითხველოებს,გამოსცემდა და ავრცელებდა სახელმძღვანელოებს და საკითხავ წიგნებს, აგროვებდა ძველ ქართულ ხელნაწერებს და ნივთებს. წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას „დედა-ენა“ და „ბუნების კარი“გამოცემული ჰქონდა გოგებაშვილისაგან და ჰონორარი, რაც შემოდიოდა, საზოგადოების საჭიროებას ხმარდებოდა. ეს არ იყო მცირე შემოსავალი, რადგან მაშინ ყველაზე გავრცელებული გოგებაშვილის სახელმძღვანელოები იყო.

სიკვდილის წინ დაწერილი ორი ანდერძი მშობელი ქვეყნისა და მშრომელი ხალხისადმი გოგებაშვილის უანგარო სამსახურის, ერთგულების და წრფელი სიყვარულის დამაგვირგვინებელია

საზოგადოების ერთ-ერთ ამოცანას სახალხო სასარგებლო წიგნების გამოცემა და გავრცელება შეადგენდა. საზოგადოების ოქმში 1886 წელს აღნიშნულია: „ბეჭდვა სასწავლო და მდაბიო ხალხისათვის საკითხავი წიგნებისა შეადგენს ერთ უმთავრეს მოვალეობას საზოგადოებისას“, მაგრამ წიგნების გამოცემა ძნელდებოდა სათანადო თანხების უქონლობისა და მთავრობის შემზღუდავი ღონისძიებების გამო.

1888 წლიდან იაკობ გოგებაშვილმა თავისი სახელმძღვანელოები: „ბუნების კარი, „დედაენა“ და „რუსკოე სლოვოს“ გამოცემა მეტად შეღავათიან პირობებში გადასცა წერა-კითხვის საზოგადოებას, რაც მნიშვნელოვან შემოსავალს აძლევდა მას.დღიდან დაარსებისა, 1920 წლის ჩათვლით,წერა-კითხვის საზოგადოებას სულ 253 სახელწოდების წიგნი აქვს გამოცემული. ეს ციფრი დიდი არც მაშინ იყო,მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ საზოგადოება იყო არა მხოლოდ გამომცემელი ორგანიზაცია,არამედ ყოველგვარი ქართული კულტურული საქმის ხელმძღვანელი და ორგანიზატორი.

მკითხველისათვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს იაკობ გოგებაშვილის ანდერძი, რომელიც შემოკლებით მოგვაქვს:

„მე ქვემორე ხელის მომწერი, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, საღი გონებითა და მტკიცე მეხსიერებით, ჩემი გარდაცვალების შემთხვევისათვის ვაცხადებ ჩემს შემდეგ ნება-სურვილს:

ქართულ და რუსულ ენებზე დაწერილ, გამოუკლებლივ ყველა, ჩემს სახელმძღვანელოსა და წიგნსა, აგრეთვე მრავალრიცხოვან ნახატ და საწერი დედნების კლიშეებსა, ლითოგრაფიულ ქვას, რომელზედაც მოგრავირებულია საქართველოს რუკა და წარმოადგენს „ბუნების კარის“ დანართს და ინახება მესხიევის ლითოგრაფიაში, აგრეთვე ყველა ჩემს სტატიას, დაბეჭდილს ქართულსა და რუსულ პერიოდულ გამოცემებში,დაუმთავრებელი წიგნების, ჯერ დაუბეჭდავი სტატიების ხელნაწერებს, ჩემს ბიბლიოთეკას ვუანდერძებ კავკასიის სამეფისნაცვლოს ქართულ მოსახლეობას შორის „წერა-კითხვის გამავრცელებელ თბილისის საზოგადოებას. ამავე საზოგადოებას მიწის ნაკვეთს ვერაზე თბილისში, ზომით264 კვ.საჟენს, რომელიც 1901 წელს ვიყიდე.

ამასთან ერთად, წერა- კითხვის საზოგადოებას ვაკისრებ დაიცვას შემდეგი პირობები:

ჩემი სახელმძღვანელოების ყოველწლიური შემოსავლის ხარჯზე, ის ვალდებულია, დაარსოს და შეინახოს სანიმუშო დაწყებითი სკოლა ჩემს მშობლიურ სოფელ ვარიანში.თუ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რაიმე.განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, იძულებული იქნება, შესწყვიტოს თავის არსებობა, საქმეების ლიკვიდაციის დროს , საზოგადო კრებამ საკუთრების უფლება ჩემს სახელმძღვანელოებზე და წიგნებზე, აგრეთვე სახალხო-საგანმანათლებლო კაპიტალზე უნდა გადასცეს რომელიმე მნიშვნელოვან ქართულ დაწესებულებას იმ აუცილებელი პირობით, რომ წიგნების წმინდა მოგება და სახალხო-საგანმანათლებლო კაპიტალის სარგებელი გამოყენებულ იქნას სწორედ ამ დანიშნულებისათვის, რომელიც გამოხატულია ამა ჩემს ანდერძში“.

 

ლიტერატურა:

1. გოგებაშვილი, იაკობ - რჩეული თხზ. ტ.3 - თბ; 1980

2. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება- თანამედროვეთა მოგონებები - თბ., 2004

3. ხუციშვილი, ს. -„მანათობელი“.- თბ; 1980

4. ხუნდაძე, ტროფიმე - ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება - თბ; 1960

5. ხუნდაძე, ტროფიმე - ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. - თბ., 1958

6. იოვაძე,ა.- იაკობ გოგებაშვილი (დოკუმენტური მასალები), - თბ., 1951