გოგოლაშვილი გიორგი
იაკობ
გოგებაშვილი და ქართული სალიტერატურო ენა
დედა ენა მთავარი ეროვნული ძალააო, ამბობს იაკობი და სწორედ ამ ძალას მომართავს იგი
ერის სასიკეთოდ. დედაენაზე სწავლის აუცილებლობაც სწორედ ამისთვისაა საჭირო. ამიტომ
იტყვის გულდაწყვეტილი: “ჩვენ გვერდით მცხოვრებმა სომხის ერმა, ხანგრძლივი ბრძოლის
შემდეგ, მოიპოვა სრული უფლება - ასწავლოს თავისი ღვიძლი ენა ყოველ დღეს და ყველა
საგნები ამ ენაზე არამცთუ ერთკლასიან სკოლებში, არამედ ორს კლასშიაც მთელს რვა წლის
განმავლობაში და ჩვენ კი ხელს ვუწყობთ თითქმის მოსპობას ქართულის ენისას და
წიგნისას ერთკლასიანს სკოლაშიაც” (იაკობი, IV. 345).
ეს კომენტარია “სახალხო გაზეთში” (1910. ¹ 78) დაბეჭდილ ვინმე ჭილაძის წერილზე;
უფრო სწორად, იმ აზრზე, რომ ქართული ენა გამოუსადეგარი ენააო: “მშობლები ხშირად
ამბობენ სკოლისადმი საყვედურსა, რომ იქ რუსულის ენის სწავლებას ნაკლები ყურადღება
ექცევა, ვიდრე ქართულის ენისა, რომელიც გამოუსადეგარი არისო”. იაკობის აღშფოთებას
განსაკუთრებით იწვევს ის, რომ “უჩინო ავტორი” (იაკობის სიტყვებია) გურიის სახელით
საუბრობს: “საქართველოს იმ კუთხეშიაც კი, რომელიც კულტურულათ, დაწინაურებულათ
ითვლება, სხვა მხარეებთან შედარებით, გურიაში ხშირათ შეხვდებით ამის მაგალითსა:
ქართული ენა და “დედა-ენის” კითხვა მე კაი ხანია კარგათ ვიცი, მაგრამ ეს ჩემთვის
გამოუსადეგარია, ბავშვებს სკოლაში იმიტომ ვაბარებ, რომ ორიოდე რუსული სიტყვა
ისწავლოსო”.
ეს რომ “სიცრუეა და ცილისწამება”, ამის საინტერესო მაგალითები მოჰყავს იაკობს,
მაგრამ არსებითი ისაა, რომ ამ სიცრუესა და ცილისწამებას დიდი ზიანის მოტანა შეუძლია
ქვეყნისთვის, ხალხისთვის: “ყველა ხალხს მშობლიური ენა მიაჩნიათ განათლებისა და
განვითარების დედა-ბოძათ და მის ფართო დაყენებაზე სკოლებში დაუცხრომლათ ზრუნავს”
(იაკობი,
IV. 343); რომ ამგვარს აზრს “შეუძლია დიდი ვნება მოუტანოს ჩვენს ბედკრულს ხალხსა”
(იაკობი, IV. 344). ხალხი და ქვეყანა რა შუაშიაო, იაკობის მკითხველი არ იტყვის, რადგან იცის, რომ, თუ
უარს ვიტყვით ერთიანი ქართული სალიტერატურო ენით სწავლებაზე, სწორედ ამით
შევუწყობთ ხელს “პროვინციალურს სეპარატიზმს”, რომელიც უფრო მავნებელია, ვიდრე
“ისტორიული პოლიტიკური სეპარატიზმი” (იაკობი, IV. 319). *
* *
XIX საუკუნეში არსებულმა მძიმე ენობრივმა თუ ეროვნულმა პოლიტიკამ ერთიან
სალიტერატურო ენას საფრთხე შეუქმნა. დაიწყო ინსპირირება მეგრულ და სვანურ ენებზე
სკოლების გამართვის აუცილებლობისა. აქ იაკობ გოგებაშვილი, როგორც ყოველთვის, თავის
სიმაღლეზე აღმოჩნდა.
საჭირო გახდა გარკვევა-დასაბუთება იმისა, რა არის სალიტერატურო ენა და რა -
არასალიტერატურო. ეს საკითხი ქართველოლოგიაში არასწორი ინტერპრეტაციის საგანიც
გახდა; დღეს ასეთი აზრის დამკვიდრებას ცდილობენ: იაკობისთვის მეგრული და სვანური
ისეთივე ენობრივი რეალობაა, როგორიც იმერული, კახური თუ ხევსურული, ანუ: იაკობის
აზრით, მეგრული და სვანური ქართული ენის ისეთივე დიალექტებია, როგორიც იმერული,
კახური და ა.შ. (გვანცელაძე 2006, ფუტკარაძე 2006). იაკობის ნააზრევის ასეთი
გააზრება, მარტივად რომ ვთქვათ, შეურაცხყოფაა ავტორისა: იაკობი იმ დროისათვის ღრმად
განსწავლული ლინგვისტია. ამიტომაც თავის ნაწერებში არაერთგზის მსჯელობს იმის
თაობაზე, რა არის სალიტერატურო ენა, რა არის დიალექტი, რას წარმოადგენს ენობრივი
ერთეულები მეგრული და სვანური... ასევე, საინტერესოა, რა ტერმინებს გამოიყენებს
იაკობი და როგორია ამ ტერმინებით აღნიშნულ ცნებათა იაკობისეული გაგება.
იაკობს კარგად აქვს გაცნობიერებული არსებული ენობრივი რეალობა - მეგრული და სვანური
მეტყველება განსხვავებულია ქართულისაგან; ზოგ შემთხვევაში სკოლებში ქართულის
გასაგებად (განსამარტავად) მასწავლებლები ადგილობრივ მეტყველებას მიმართავენ:
“ყველა სკოლებში სწავლება მოწყობილია დედა-ენაზედ და ადგილობრივს კილოკავებს
ხმარობენ ასახსნელად და განსამარტავად იმ საერთო სიტყვებისა, რომელნიც ადგილობრივ
ბავშვებს კარგად არ ესმით” (იაკობი, III. 321).
ერთ-ერთ წერილს იაკობი ასე იწყებს: “ცნობილია, რომ ყოველს ერს აქვს მთავარი ენა,
რომელიც საერთო საუნჯეს შეადგენს ამ ერის ყველა ნაწილისათვის და იწოდება მისს დედა-ენად,
და თემიური კილო-კავები (наречия), რომელნიც იხმარებიან ადგილობრივ” (იაკობი,
III. 320).
ქართველურ ენობრივ სივრცეში იაკობი სამი დონის ენობრივ ერთეულებს გამოყოფს:
ქართული სალიტერატურო ენა,
სვანური და მეგრული,
ქართული დიალექტები.
ამ პრობლემამ იაკობის მოღვაწეობაში მაშინ იჩინა თავი, როცა დაისვა სამეგრელოს
სკოლებში მეგრულ ენაზე სწავლების საკითხი. მეგრელები და სვანები სხვა ხალხია,
ქართველები - სხვაო. იაკობის წერილებში არის მტკიცება ამგვარი მსჯელობის უაზრობისა;
იგი ცდილობს დაასაბუთოს, რომ ქართული არის სალიტერატურო ენა ყველა ტომის
ქართველთათვის, მთავარი დედაენა, ძირითადი დედაენა.
ქართული სალიტერატურო ენის სინონიმად იაკობი რამდენიმე ტერმინს გამოიყენებს
(ვუთითებთ მხოლოდ ხმარების თითო შემთხვევას): ქართული
სალიტერატურო ენა (იაკობი, III. 438),
ლიტერატურული დედა-ენა (იაკობი, III. 437)
ძირითადი ქართული ენა (იაკობი, III. 320),
ძირითადი მშობლიური ენა (დედა-ენა) (იაკობი, III. 439)
მთავარი ენა (იაკობი, III. 320),
მთავარი დედა-ენა (იაკობი, III. 477),
საერთო ენა (იაკობი, IV. 320),
ზოგადი დედა-ენა (იაკობი, IV.109),
ზოგად-ქართული კულტურული ენა (იაკობი, IV. 109),
საღმრთო ენა (იაკობი, VI. 625)(
ტერმინს - სახელმწიფო ენა - იაკობი გამოიყენებს რუსული
ენისათვის: “იგი ვერც
სახელმწიფო ენის ცოდნას გაავრცელებს და დედა-ენაზედ წიგნის ცოდნასაც ააცდენს
ბავშვებსა” (იაკობი, III. 54).
მეგრულ ჭანურისა და სვანურის აღსანიშნავად გამოიყენებს ტერმინებს:
ადგილობრივი კილო (იაკობი, III. 477),
ადგილობრივი დიალექტი (იაკობი, III. 439),
ადგილობრივი კილო-კავი (იაკობი, III. 321),
მშობლიური კილო (იაკობი, III. 439),
თემიური კილო-კავი (იაკობი, III. 320).
პროვინციული კილო (იაკობი, III. 439),
პროვინციალური კილო-კავი (იაკობი, III. 320)
კილო, კილო-კავი და დიალექტი
ამ შემთხვევისათვის სინონიმებია. ქართული ენობრივი
სივრცის დასახასიათებლად ამ ტერმინების სინონიმად ენის გამოყენებას პუბლიცისტურ
წერილებში ერიდება (ამის თაობაზე ქვემოთაც ვისაუბრებთ). ქართული ენობრივი სიტუაციის
უფრო ნათლად წარმოჩენისათვის მაგალითად მოიყვანს რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ
ენობრივ სიტუაციას. ქართულისათვის ამ ტერმინების (კერძოდ თემიური კილო-კავის)
განსამარტავად наречие-ს მოიშველიებს. იმავე რუსულ ტერმინს აზერბაიჯანულის
შემთხვევაში თარგმნის როგორც ენა: адербайджанское наречие - ადერბეიჟანური ენა
(იაკობი, III. 320). ადგილობრივი დიალექტი ენად იწოდება ამ შემთხვევაში: “კავკასიის
თათრებს აქვთ მაგალითად რამდენიმე პროვინციალური ენა, ადგილობრივი კილო, რომელიც
დიდად განირჩევა მათის დედაენისაგან, რომელსაცა ჰქვიან ადერბეიჟანური ენა” (იაკობი,
III. 477).
იაკობი ადგილობრივ კილოკავს ენად მოიხსენიებს სომხურისა და რუსულის შემთხვევაშიც:
“ასეთი წესია სომეხთა შორისაც. ამ ხალხსაც მთავარის სომხურის გარდა, აქვთ
პროვინციალური ენებიც, მაგალითად, ზოკური, რომელნიც ისე განირჩევიან მათი
დედაენისაგან, რომ ბევრგან ბავშვებს ძლიერ უჭირთ ამ უკანასკნელის გაგება” (იაკობი,
III. 321). “ასეთივე წესი არსებობს რუსეთის ხალხთა შორის” (იაკობი, III. 477).
ფაქტია, კილო // კილო-კავი // დიალექტი “პროვინციალური ენაა”, “ადგილობრივი ენაა”.
ეს, ცხადია, ამ ლოგიკიდანაც გამომდინარეობს: თუ არსებობს ძირითადი ენა, არსებობს
არაძირითადი ენაც; თუ არსებობს მთავარი ენა, არსებობს არამთავარი ენაც.
ასე რომ, ერთ ენობრივ სივრცეში ენა შეიძლება იყოს:
მთავარი და არამთავარი,
ძირითადი და არაძირითადი,
ლიტერატურული და არალიტერატურული,
საყოველთაო და ადგილობრივი.
როგორც ვთქვით, ქართული ენობრივი სინამდვილისათვის ენას უწოდებს მხოლოდ:
ლიტერატურულს, მთავარს, ძირითადს, საყოველთაოს, საერთოს, ზოგად-ქართულს, საღმრთოს,
საღმრთოს...
რაც შეეხება ტერიტორიულ დიალექტებს (იმერული, გურული, კახური, ქართლური...), მათ
იაკობი ამგვარი ტერმინებით არ განმარტავს, არ მოიხსენიებს ამგვარად; ჩვეულებრივ
მიანიშნებს: ასე იტყვიან იმერეთში, ქართლში, კახეთში... თუ ფაქტი ან მოვლენა
საერთოდასავლურია ან საერთოაღმოსავლური, წერს:
“ბავშვები სრული შეგნებით ითვისებენ ამიერ სინონიმებს და
ამიერი მოსწავლენიც უნებლიედ სწავლობენ კითხვის დროს იმიერ სინონიმებსა” (იაკობი,
IV. 317); “... აქეთა და იქითა საქართველოსი” (იაკობი, IV. 429).
როგორც ვთქვით, ამგვარი მსჯელობა გვხვდება, ეს ტერმინები გამოიყენება იმ წერილებში,
რომლებიც იწერება გართულებული ეროვნული ვითარების გამო; წინააღმდეგ იმ მცდელობისა,
რომელიც ქართულ ეროვნულ სკოლაში შეინიშნებოდა; კერძოდ, იყო მოთხოვნა სამეგრელოში
სასწავლებელთა მეგრულ ენაზე გამართვისა, საღვთისმეტყველო ლიტერატურის მეგრულად და
სვანურად თარგმნისა. მოკლედ რომ ვთქვათ, წმინდა პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა
თავშეკავებას, რომ მეგრულისა და სვანურისათვის ეწოდებინა ენა. ეს პრობლემა
(პოლიტიკური) არ ედგა იაკობს “ბუნების კარში”, ამიტომ მისი მსჯელობა მეგრულისა და
სვანურის შესახებ შესაბამისი ტერმინებით მიმდინარეობს:
იაკობის მტკიცებით, მეგრული და სვანური შტოებია ქართულისა (იაკობი, III. 447). “რაც
მეგრელთა შტოს შესახებ ითქვა, სავსებით შეეხება ქართველი ხალხის მეორე შტოსაც
-
სვანებს, რომელთა არაქართველებად გადაქცევას ლამობენ იგივე გულმოდგინე, მაგრამ
ხეპრე პოლიტიკანები, წინააღმდეგ ამ სიმპატიური მთიელი ქართველების სურვილისა,
რომლებიც ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნიდან დღემდე მხოლოდ ქართულ ენას და
ქართულ ალფაბეტს ხმარობენ ეკლესიაშიც, სკოლაშიც და თავისი ცხოვრების ყველა სხვა
სფეროშიც” (იაკობი,
III. 448).
ქართველური ტომების, ქართველური ენების ურთიერთდამოკიდებულებაზე უფრო ვრცლად და
გახსნილად (პოლიტიკისაგან თავდაღწეულად) მსჯელობს იაკობი “ბუნების კარში”:
“მეგრელები შეადგენენ ქართველთა შტოსა, სხვა ქართველებისაგან ბევრით არაფრით
განსხვავდებიან” (იაკობი, VI. 625);
“ჭანები ძმები არიან მეგრელებისა, ძველის-ძველად ჭანები და მეგრელები შეადგენდნენ
ერთს ერსა და გაბმით ეჭირათ მთელი აღმოსავლეთი ნაპირი შავის ზღვისა და სამხრეთი
ნაპირი ნახევრობით, შემდეგში გურულები აღმოსავლეთით მიაწვნენ შავი ზღვის პირას, შუა
გააპეს მეგრელ-ჭანების ტომი, დასახლდნენ ეხლანდელს საცხოვრებელს ადგილებზედ და
გააცალკევეს დიდის ხნის ერთად მცხოვრები ძმები” (იაკობი, VI. 647). “ქართველების
ტომის უფრო შორეულს შტოს სვანები შეადგენენ” (იაკობი, VI. 632). ეს რაც შეეხება
ქართველ ტომთა ეთნიკურ ერთობას (წარმომავლობას).
ქართულ ენობრივ სივრცეს იაკობი “ბუნების კარში” ასე წარმოგვიდგენს: მეგრელები
“მარტო ენით არიან ცოტათი განცალკევებულნი, მაგრამ ეს ენაც ღვიძლი ძმაა ქართულის ენისა, გარდა ამისა, თითქმის
ყველა მეგრელებმა კარგად იციან ქართული ლაპარაკი და ქართული ენა ძლიერ უყვართ. იმათ
ეს საღმრთო ენად მიაჩნიათ, რადგან წირვა-ლოცვა მთელს სამეგრელოში იმთავიდგანვე
ქართულს ენაზედ სრულდებოდა და ახლაც სრულდება” (იაკობი, VI. 625).
თუმცა მთლად ვერ თავისუფლდება პოლიტიკისგან და მოსწავლეებსაც მიანიშნებს მოსალოდნელ
საფრთხეს “მეგრულქართული განხეთქილების” მოსურნეთაგან: “ოცის წლის წინად სასულიერო
მთავრობამ მოინდომა მეგრულს ენაზედ წირვალოცვის შემოღება და კიდეც გადაათარგმნინა
ოქროპირის წირვა ამ ენაზედ, მაგრამ ყველა წოდებამ სამეგრელოში ერთ-ხმად უარ-ჰყვეს
ცვლილება და არ დასთანხმდა ეკკლესიაში მეგრულის კილოს ხმარებას ქართულის ენის
მაგივრად” (იაკობი, VI. 626). საინტერესო ფაქტია: როცა საუბრობს მეგრულზე, ენად
მოიხსენიებს; როცა ქართული ენის გვერდით სჭირდება მეგრულის დასახელება, ზოგჯერ
კილოს უწოდებს (ამით ქართულს მეგრულზე მაღლა აყენებს...); მაგრამ არასოდეს კილოს
(დიალექტს) არ უწოდებს კახურს, იმერულს: რომ არ მოხდეს სვანურის (მეგრულის,
ჭანურის) და იმერულის (კახურის, თუშურის...) ერთი დონის ენობრივ ერთეულებად
გააზრება... ასე რომ, მეგრული ენა (ჩვეულებრივ ხმარებული ტერმინი) და მეგრული კილო
(იშვიათად ხმარებული ტერმინი) “ბუნების კარში” სინონიმებია.
ჭანური და მეგრული იაკობისთვის ერთი ენაა “ცოტაოდენის განსხვავებით”: “ჭანური ენა
იგივე მეგრული ენაა ცოტაოდენის განსხვავებით. ქართული ენაც ბევრმა ჭანმა ისევე
კარგად იცის, როგორც მეგრელებმა” (იაკობი, VI. 647). “სვანური ენაც ქართული ენიდგან
არის წარმომდგარი” (იაკობი, VI. 632).
იმავე “ბუნების კარში” საქართველოს ცალკეულ კუთხეებზე საუბრისას, განსხვავებით
სამეგრელოს, სვანეთისა და ჭანეთისა, უმეტესად არას ამბობს მათს ენაზე; იგულისხმება,
რომ ქართულია მათი ენა; მხოლოდ ორიოდე შემთხვევაში მიანიშნებს:
“ზემო თუშები ქართულად ლაპარაკობენ, ქვემო თუშები კი - თუშურად (იგულისხმება
წოვა-თუშური – გ.გ.), მაგრამ ქართული ყველამ იცის” (იაკობი, VI. 595); აჭარლები
“შინ ოჯახობაში ქართულად ლაპარაკობენ, თათრული ენა მხოლოდ ხანშიშესულმა კაცებმა
იციან” (იაკობი, VI. 643). იაკობს მოჰყავს გ. ყაზბეგის ციტატა: “შავშელები
ლაპარაკობენ წმინდა ქართულ ენაზედ და გამოთქმით ძლიერ ემსგავსებიან ხევსურებს”
(იაკობი, VI. 643).
როგორც ვხედავთ, იაკობ გოგებაშვილის თვალსაზრისი ქართველურ ენათა რაობისა და
ურთიერთმიმართების თაობაზე ასეთ სახეს იღებს: მეგრულ-ჭანური ერთი ენაა (“ცოტაოდენი განსხვავებით”). ქართული
ეროვნული ენის ტოტებია (შტოებია) მეგრულ-ჭანური და სვანური (“ბუნების კარის” პირველ
გამოცემაში ტოტებს ეძახის, ბოლო გამოცემაში - შტოებს). სვანურის შტო უფრო ადრე
გამოეყო ეროვნულ ხეს, ვიდრე მეგრულ-ჭანურისა. მეგრულ-ჭანური და სვანური ენების
მოწყვეტა ეროვნული ხისაგან (რისი მცდელობაც იყო ამ ენებზე ანბანის შექმნა) დაღუპავს
ამ ენებს: “დაჭკნობა და გახმობა აუცილებელი შედეგია მათის მოწყვეტისა საერთო
ნიადაგიდან... დიაღ, განცალკევება ჰღუპავს ეროვნულ ხესაც და მისგან მოშორებულს
ტოტებსაც” (იაკობი, III. 479).
შედარება ტოტებთან (შტოებთან) ხაზგასმაა იმისა, რომ ეს ენები საერთო
წარმომავლობისანი არიან, მონათესავენი არიან:
“შტომ შეიძლება იხაროს მხოლოდ ახლოს ნათესავს ხეზე, მაგრამ თუ იგი ამყნეს სრულიდ
სხვა გვარის ხეზე, ვერც გაიხარებს და ვერც იხარებს” (იაკობი, III. 479).
ლინგვისტური თვალსაზრისით იაკობის აზრი სრულიად თანამედროვე და მისაღებია დღეს.
თავად ტერმინები - მეგრული შტო ქართული ენისა, სვანური შტო ქართული ენისა -
საგულისხმოა დღევანდელი სოციოლინგვისტური თვალსაზრისითაც.
წარმოდგენილ მსჯელობაში სრულიად გარკვეულია ქართული სალიტერატურო ენის როლი და
მნიშვნელობა ქართველთა ეროვნულ ერთიანობაში. * * *
“სიკვდილის გზას ადგია ყოველი ენა, რომელიც გამეფებული არ არის ოჯახსა და
სკოლაში... იზრდება, ძალით და ღონით ივსება ყოველი ენა, რომელიც მეფობს ოჯახსა და
სკოლაში” (იაკობი, IV. 89). ოჯახის დამსახურება - ეს ერთი მხარეა ენის სიცოცხლისა,
სიძლიერისა... იაკობი ეროვნული სკოლის თავკაცია და ამიტომაც განსაკუთრებულ
ყურადღებას ქართული სალიტერატურო ენის განვითარებაში სწორედ ეროვნული სკოლის
დამსახურებაზე ამახვილებს... თუმცა მარტივად და უბრალოდაა ნათქვამი “ამახვილებს”;
ყველაფერს გვერდზე გადადებს და სიცოცხლეს მიუძღვნის ეროვნულ სკოლას.
რა არის ეროვნული სკოლა იაკობისათვის? გვახსოვს, რა თქმა უნდა, ილიას შეგონება:
“სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამაპაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება.
თუ ამათაც არ უპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?”
(ილია, III. 27). ეს ილიამ 1860 წელს თქვა. ილია რომ იაკობისათვის უდიდესი ავტორიტეტია, ფაქტია. გავიხსენოთ: იაკობს 1900 წელს
იუბილეს გადახდა შესთავაზეს. გაზეთ “ივერიის” (1900. ¹ 43) “ახალ ამბებში” ცნობა
იყო მოთავსებული: “როგორც შევიტყეთ, ბ-ნ იაკობ სიმონის-ძის გოგებაშვილის
პატივისმცემელთ, მისდა პატივსაცემლად, მისის სალიტერატურო და საპედაგოგიო
ასპარეზზედ მოღვაწეობის 35 წლის შესრულებისა გამო, განუზრახავთ სადილი გამართონ.
სადილის გამართვის დრო ცალკე იქნება გამოცხადებული”. იაკობი შეწუხებული ჩანს ამ
“ახალი ამბის” გაგებით; წერილს მისწერს რედაქციას: “როგორც თქვენი ახალი ამბებიდან
სჩანს, ზოგიერთ ქართველს მოუწადინია გამართონ საიუბილეო სადილი. დიდ მადლობას
მოვახსენებ და ვთხოვ დიდი თხოვნით, ხელი აიღონ ამ თავის წადილზე. წინააღმდეგ
შემთხვევაში ეს სადილი უჩემოდ ჩაივლის. ჯერ ქართველმა საზოგადოებამ უნდა გადაიხადოს
ის დიდი ვალი, რომელიც მას აწევს კისერზე შესახებ ჩვენის მთავარ-მოღვაწეებისა,
რომელთაც ჩემზე უფრო დიდხანს უმოქმედნიათ და ჩემზედ უზომოდ მეტი გაუკეთებიათ. ჯერ
იალბუზსა და მყინვარს ღირსეული იუბილეები გაუმართონ, და მერე გაუწიონ თავაზიანობა
სერებსაც, თუ არ დაუშლიათ” (იაკობი,
III. 197). მყინვარი მთავარმოღვაწე ილია ჭავჭავაძეა, იალბუზი
- მთავარმოღვაწე აკაკი წერეთელი;
სერი - თავად იაკობი... ეს ბარათი “ივერიამ” დაბეჭდა (1900. ¹ 85).
ილიასადმი იაკობის განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ ჭეშმარიტებაშიც ჩანს: “იქნება
არც ერთს მსოფლიო გენიოსს არა ჰქონდეს იმოდენა მნიშვნელობა თავისი ერისათვის,
რამოდენაც აქვს ილია ჭავჭავაძეს საქართველოსათვის” (იაკობი, IV. 215).
დიახ, ილია იაკობისათვის უდიდესი ავტორიტეტია და, რა თქმა უნდა, იზიარებს აზრს სამი
ღვთაებრივი საუნჯის შესახებ; ოღონდ ესაა, იაკობი მას ეროვნების ბურჯს უწოდებს და,
რაც დიდად მნიშვნელოვანია, მეოთხე ბურჯს დაუმატებს - ეროვნულ სკოლას. იტყვის, ჩვენი
ეროვნულობა ოთხ ბურჯზე დგასო: პირველი ბურჯი: “საძირკველს ნაციონალურის ძალისას შეადგენს
ტერიტორია, მიწა-წყალი,
მამული, სამშობლო... წაართვით ერს მისი მიწა-წყალი, მისი ტერიტორია, და იგი
დაჰკარგავს არა მარტო ნიადაგს არსებობისას, არამედ მოსწყდება იმ დიდებულს სულსაც,
რომელიც სამშობლოში ტრიალებს”.
“მეორე ბურჯი ერის აღორძინებისათვის გახლავთ
სამშობლო ენა. ერის განვითარება
პირდაპირ დამოკიდებულია ენის განვითარებაზე”...
“მესამე ბურჯი
ერის წარმატებისა გახლავთ სკოლა. რომელ ქვეყანაშიაც კი უმრავლებიათ
სკოლები, ყველგან მათ მოუხდენიათ საოცარი ძირითადი ცვლილება: ერი გამდიდრებულა
ცოდნით, ამაღლებულა ზნეობით, ავსილა დოვლათით”...
“მეოთხე ბურჯი ერის წარმატებისა არის ეკლესია... თუ საქართველომ მთელის თხუთმეტის
საუკუნის განმავლობაში გაუძლო აუარებელს და მძლავრს მტრებს და კავკასიაში დიდი
ადგილი დააჭერინა მართლ-მადიდებელს ქრისტიანობას, ამისათვის უაღრესად უნდა
ვუმადლოდეთ ქართულს ეკლესიასა” (იაკობი, III. 245-249).
|
შევნიშნავთ: ერთ ჩვენს წიგნში (“მარადიულნი თანამედროვენი”, 2000, გვ. 6) ვწერდით,
იაკობის აზრით, ეროვნულობას სამი ბურჯი აქვს-თქო. შეცდომაში შეგვიყვანა წიგნმა - ი.
გოგებაშვილი, რჩეული პედაგოგიური თხზულებანი, შედგენილი დ. გურგენიძისა და გ.
საჯაიას მიერ, 1977 -, რომელშიც იაკობის წერილი “ქართული მიმართულება” დაბეჭდილია
შემოკლებით: მთლიანად ამოღებულია მონაკვეთი, რომელშიც მეოთხე ბურჯზე - ეკლესიაზე
-
არის საუბარი (ცხადია, არაა მინიშნება, რომ წერილი იბეჭდება შემოკლებით)... |
|
ერთგან იაკობი წერს: “ხალხის არსებობას და წარმატებას ორი ბურჯი ჰქონია და აქვს:
სარწმუნოება და ცოდნა, ეკლესია და სკოლა” (იაკობი, II. 443). ეროვნული სკოლა ყველა
შემთხვევაში უმთავრესია. ამასაც იტყვის: “ხალხის განათლება დედაბოძია, მთავარი
ბურჯია ქვეყნის კეთილდღეობისა, ბედნიერებისა” (იაკობი, II. 464).
როცა ილია ორ ღვთაებრივ საუნჯეს ასახელებს, მამულსა და სარწმუნოებას გამოყოფს:
|
“ორი რამ იყო, რისთვისაც ძე შენი იღვწოდა, ბედმა უწყალომ სხვა საქმისთვის არ
მოაცალა, მამულისა და რჯულისათვის იგი იბრძოდა, ორივ დაიცვა, მაგრამ ყველა მას
ანაცვალა”. |
|
ეს ისე, სხვათაშორის... თუმცა ამგვარი კლასიფიკაცია არ არის საგულისხმო: ხომ
ცნობილია იაკობის აზრი: დედაენა
“არის მთავარი ბურჯი ერის არსებობისა და წარმატებისა, ესმით, რომ დედა-ენის
შეუსწავლელობა მათს შვილებს დააქვეითებს ზნეობითაც, გონებითაც, ხასიათითაც და
მისწრაფებითაც” (იაკობი, III. 333). ასევე ფიქრობს ილიაც: “ენა ხალხის გონებრივი და
ზნეობრივი საუნჯის გასაღებია”, ანდა “უდედაენოდ გონების გახსნა ბავშვისა ყოვლად
შეუძლებელია” და სხვა... და მაინც: ეროვნული სკოლა იაკობისთვის ეროვნულობის უმთავრესი ბურჯია. ეროვნული
სკოლა დედაენას უნდა ემყარებოდესო... ეს ერთ-ერთი მთავარი თემაა იაკობის
მოღვაწეობისა.
რით აძლევს ძალას დედაენას ეროვნული სკოლა? - სწორი გეზი სწავლებისა, სწორად
შედგენილი სახელმძღვანელოები
– ესააო არსებითი!
იაკობი ასეთ მოგონებას გვთავაზობს: “ამ ოცდაათი წლის წინათ ჩვენს სასწავლებლებში
გრამატიკა იოსელიანისა ქართული ენის სახელმძღვანელოდ იყო მიღებული. ვერ წარმოიდგენს
მკითხველი, რა ჭირივით მეჯავრებოდა ქართული ენის გაკვეთილები და რა სიძულვილი
ჩამისახა გულში დედა-ენისა ამ გრამატიკამ იმ დრომდინ, ვიდრე იგი არ შემაყვარეს
ჩვენმა მაღალნიჭიერმა პოეტებმა და ლიტერატორებმა” (იაკობი, II. 90). ამიტომაც
ანიჭებს უდიდეს მნიშვნელობას იაკობი კარგად შედგენილ სახელმძღვანელოს; ამიტომაც
ზრუნავს ასე თავდადებით სახელმძღვანელოთა შედგენაზე: სახელმძღვანელომ უნდა
შეაყვაროს მოზარდს დედაენა.
იაკობის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოების ენას იწუნებენ; ედავებიან, შენი
სახელმძღვანელოების ენა არააო გასაგები ყოველი კუთხის ქართველთათვისო. იაკობი
იძულებულია, განმარტოს, ამ თვალსაზრისით როგორ მუშაობს სახელმძღვანელოს ენაზე.
მისთვის, როგორც აღმოსავლელი კაცისთვის, დასავლური ქართულის “მთავარი ექსპერტი”
აკაკი წერეთელია. წერს: “რამდენიმე წლის წინად “დედა-ენის” ანბანში, აკაკის
დახმარებით, გამოვტოვეთ ყველა ის სიტყვები, რომელნიც დასავლეთ საქართველოში არ
იხმარებიან, აგრეთვე გამოვტოვეთ სურათები, რომელთაც იქ სხვა სახელი ჰქვიანთ,
მაგალითად ლოქო, რომელსაც იქაურად ღლავი ეწოდება” (იაკობი, IV, 317). ეს თემა
იაკობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. საგანგებოდ მსჯელობს, “დედა-ენის”
საანბანე ნაწილში რატომ შეიტანა თითა, რომელიც დასავლელი ბავშვისთვის უცხოა, მაგრამ
საანბანე ტექსტის აუცილებლობა ითხოვდა: “ვერ გამოვტოვე იმის გამო, რომ აქ ყოველი
შემდეგი სიტყვა, გასაადვილებლად კითხვის პროცესისა, უნდა იწყებოდეს იმ მარცვლით,
რომლითაც მთავრდება წინა სიტყვა. აი ეს გაკვეთილი: ა-თი, თი-თა, თა-თი, თითი.
შეიძლება დასავლეთ საქართველოში ყველგან არ იცოდნენ, რომ თითა გრძელ მარცვლოვანს
ყურძენსა ჰქვიან, მაგრამ ამით არა წახდება-რა” (იაკობი, IV. 317).
ამ მაგალითს იაკობი გამოყოფს იმ შემთხვევებისაგან, როცა ერთსა და იმავე საგანს
აღმოსავლეთსა და დასავლეთში სხვადასხვა სახელი ჰქვია; ასეთი სინონიმების ცოდნა ქართული ენის ნებისმიერი
წარმომადგენლისათვის აუცილებელია, ოღონდ ეს მოგვიანებით უნდა შეისწავლოს
მოსწავლემო: “რაც შეეხება
“დედა-ენის” მეორე ნაწილსა, აქ ჩვენ თვით ტექსტში, აკაკისავე დახმარებით, ამერს
ტერმინებს გვერდში ამოვუყენოთ იმერი სინონიმები... ამ ხერხის წყალობით იმერი
ბავშვები სრული შეგნებით ითვისებენ ამიერ სინონიმებსა და ამიერი მოსწავლენიც
უნებლიედ სწავლობენ კითხვის დროს იმიერ სინონიმებსა, და ამ სახით ლექსიკონი
სიტყვისა ორივე მხარეს უმდიდრდება” (იაკობი, IV. 317). კიდევ ერთი ციტატა დასტურად
იმისა, რაც ვთქვით: ერთმა იმერმა “ჩვენის თხოვნით გულდასმით გადაიკითხა “დედაენა”,
დაგვისახელა იმერელთათვის გაუგებარი სიტყვები და ჩვენ ისინი, საცა კი შეიძლებოდა,
შევცვალეთ იმისთანა სიტყვებზედ, რომელნიც იხმარებიან იქით და აქეთ საქართველოში.
რასაკვირველია, “დედა-ენაში” კიდევ მოიძებნება რაოდენიმე სიტყვა, იშვიათად სახმარი
იმერეთში, მაგრამ მათ ბავშვი გაიგებს ან აზრის მიმდინარეობით, ან მასწავლებლის
შემწეობით... ბოლოს ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ზოგიერთ კუთხეში
იხმარებიან იმისთანა გამოთქმანი, რომელნიც ზედგამოჭრილნი არიან საგანზედ, აზრზედ და
რომელნიც იშვიათად იხმარებიან დანარჩენს კუთხეში” (იაკობი, I. 299-300).
მსჯელობა მკაფიო და ნათელია: სალიტერატურო ენის ღრმად შესწავლისათვის,
დაუფლებისათვის აუცილებელია სწორედ ლექსიკური მარაგის გამდიდრება; სრულიად
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებულ სიტყვათა გაცნობა... პედაგოგთათვის და
სახელმძღვანელოთა ავტორთათვის საგულისხმოა კიდევ ერთი მსჯელობა: “მართალია, ეს
გლეხობა (იგულისხმება დასავლეთის გლეხობა - გ.გ.) აქა-იქ შეხვდება წიგნის ტექსტში
აღმოსავლეთის სინონიმებს, რომელთა ნაცვლად დასავლეთის საქართველოში სხვა სინონიმები
იხმარება; მაგრამ უცნობს სინონიმებს კითხულობს იგი არა ცალკე და განმარტოებულად,
არამედ ფრაზებში, რომლის ყოველი სიტყვა, ერთის გარდა, კარგად ესმის, და ამ
სიტყვების შემწეობით ტყობილობს მნიშვნელობას უცნობის ტერმინისასა” (იაკობი, IV.
318)...
საინტერესო მსჯელობა პასუხია გაზეთ “დროებაში” მასწავლებელ მიხ. კვაჭაძის კრიტიკულ
წერილზე (“ოროდე სიტყვა სახელმძღვანელოზე”, 1909, ¹ 239). დასკვნაა იაკობის
წერილისა ძალიან საინტერესო: “ამგვარს გაზვიადებას (იგულისხმება კრიტიკის ტონი -
გ.გ.) ჩვენ უნდა ვერიდოთ, რადგანაც მას შეუძლია ხელი შეუწყოს პროვინციალურს
სეპარატისმს, რომელიც უფრო მეტად იქნება მავნებელი, ვიდრე იყო ჩვენი
ისტორიული პოლიტიკური სეპარატიზმი, რომელმაც დააქუცმაცა ჩვენი ქვეყანა, დააუძლურა და მტრების
ლუკმად აქცია” (იაკობი, IV. 319).
ეს კიდევ ერთხელ ხაზგასმაა სალიტერატურო ენის, შესაბამისად ამ ენაზე შექმნილი
სახელმძღვანელოების მნიშვნელობაზე ეროვნული მთლიანობის აღსადგენად,
შესანარჩუნებლად. ესაა სწორედ ის აზრი, რომელსაც ილია დაბეჯითებით ამტკიცებდა:
“დიდმა და პატარამ შეიტყოს და გაიგოს, რა ღონეა დედა-ენა სკოლისათვის და
საეროსათვის საკუთრივ” (ილია, IV, 1987, 195).
XIX საუკუნის მეორე ნახევარში იყო უაღრესად აქტიური ბრძოლა ქართული სალიტერატურო
ენის ჩამოყალიბებისა და დამკვიდრებისათვის. არ არის შემთხვევითი ის ფაქტი, რომ
მთავარ “დარტყმას” იაკობ გოგებაშვილი იღებს. აკაკი ხაზგასმით აღნიშნავს: “ბატონმა
დოდაშვილმა, გიორგი წერეთელმა და მე დავსკვენით პირობა, რომ “კვალისათვის” კიდევ
ერთი განყოფილება მიგვემატებია - “სასწორმეტყველო” და ჩვენს მწერლობაში როცა
შევნიშნავდით ურიგო ქართულს, გვემხილებია ხოლმე. პირველი სანიმუშო ისარი მე
გავტყორცნე და იმ ისარმაც ყურთან გაუზუზუნა ბატონ იაკობ სიმონიძეს. ბატონი იაკობი
მისთანა კაცია, რომ ბუზსაც არავის ააფრენინებს, თვარა ყურთან ისრის გაზუზუნებას
როგორ აიცდენდა? ეს ჩვენ წინდაწინვე ვიცოდით, მაგრამ პირველად სიმონიძეს იმიტომ
გამოვეთამაშეთ, რომ ის სხვებზე უფრო შესამჩნევია: ისა ზრდის და ისა წვრთნის ქართველ
ახალგაზრდობას, ენასაც ყველა მისგან სწავლობს და, მაშასადამე, იმის მცირე
შეცდომასაც უფრო მეტი ვნების მოტანა შეუძლია, ვიდრე სხვისას” (აკაკი, XIII. 14).
ცხადია, ეს იაკობმაც იცის - მის მცირე შეცდომასაც დიდი ზიანის მოტანა რომ შეუძლია
ქართული ენისათვის და, შესაბამისად, ქართველი ხალხისათვის. ცოტა რომ გადავუხვიოთ,
კორექტურის მიმართაც იმიტომ აქვს მას გამძაფრებული ყურადღება. შალვა გოგებაშვილის
მოგონებიდან: “კორექტურას იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა; ამ საქმეში ყველას
იშველიებდა; ასოთამწყობებს, გამოცდილ კორექტორებს, ამხანაგებს, ნაცნობებს და
უცნობებსაც კი, რომელთაც თითოეული შეცდომის აღმოჩენაზე შაურს აძლევდა ჰონორარად”
(სამრეკლო, 364). გავითვალისწინოთ: საანბანე წიგნი ორი შაური ღირდა!.. იგონებენ,
თურმე ქალაქის თავს, ვასილ ჩერქეზიშვილს, სთხოვდა კორექტურის წაკითხვას - კარგი
თვალი გაქვსო...
ადვილი წარმოსადგენია, კორექტურულ შეცდომას რომ ასეთ მნიშვნელობას ანიჭებდა,
ენობრივი შეცდომა რა ფასისა იქნებოდა მისთვის! იაკობის სახელმძღვანელოები
- “დედა-ენა” და “ბუნების კარი” - იყო სრულიად
საქართველოში ქართული ენის სახელმძღვანელოები. იაკობის ენობრივი ნორმა - საყოველთაო
ნორმად იქცეოდა. თავად იაკობი მიანიშნებს ამის თაობაზე ერთ-ერთი კრიტიკოსის
საპასუხო წერილში: “ეს პატარა, იაფი წიგნაკი (იგულისხმება “დედა ენის” პირველი
ნაწილი – გ.გ.), შემკული მრავალი სურათით და დედნით, პატარა მინონოსკასავით,
ნაღმოსანივით მისცურავს სოფლებში, შეისრიალებს ხეობებში, ადის მთაში, უწევს ოსეთსა
და ქისტეთსა და ჰბადავს მოთხოვნილებას და სიყვარულს ქართულის მწიგნობრობისას”
(იაკობი, IV. 499).
ამას გულისხმობდა შალვა დადიანი: “დედა ენა” ამაფეთქებელი ნაღმოსანით მისრიალდა
ჩვენს მიუვალ მთა-კლდეებში - თუშეთსა და სვანეთში, მიდიოდა ბარად, შეუყვებოდა
აჭარასა და მესხეთს და ყველგან სძრავდა ენას საქართველოდ, ყველგან აფეთქებდა
გრძნობას ეროვნულსა”.
კიდევ ერთი დასტური ამ თვალსაზრისით “დედა ენის” მნიშვნელობისა: ზ. ჭიჭინაძის აზრით
- “გოგებაშვილმა თავის
“დედა ენაში” აღადგინა დაცემული ენა ქართველთა... და ამ წიგნის მეოხებით მთელი
ქართველობა, ყველა თემისა და ხეობის მონათესავენი ერთის ქართული ენით იწყებენ
წერა-კითხვის სწავლებას და ლაპარაკს, ყველგან ამ წიგნის მეოხებით ქართული ენა
ეფინება”.
აკაკის შეფასება: “იაკობ გოგებაშვილმა ქართველ ხალხს ქართულის ენის სიტკბოება ყურში
ჩააწვეთა, ქართველ ხალხს ქართული ენა შეაყვარა”... (ს. დადიანის, ზ. ჭიჭინაძისა და
აკაკის შეფასებებს ვიმოწმებთ წიგნიდან: გ. გოგოლაშვილი. ი. ავალიანი, “დედაენა” -
წიგნთა-წიგნი, 2001). * * *
იაკობ გოგებაშვილს თავისი მართლწერა აქვს შემუშავებული და ამ წესებს ამკვიდრებს
თავის სახელმძღვანელოებში. იგი არავის აძლევს უფლებას (იგულისხმება რედაქციები),
შეცვალონ მისი მართლწერა. “ჯეჯილს” მიუწერია: “თქვენ არავის აძლევთ ნებას ენას
შეეხონ, ჩვენ კი უცვლელად არავის ვბეჭდავთ ამ ბოლო ხანებში” (იაკობი, III. 75).
ეს ის პერიოდია, როცა არ არსებობს ერთიანი ქართული სალიტერატურო ენა, ერთიანი
ნორმები. ყოველ რედაქციას თავისი პრინციპები აქვს. ამის თაობაზე თავის დროზე ვაჟაც
ჩიოდა და მოითხოვდა, ენობრივი შესწორებანი არ შეეტანათ მის ნაწერებში. იაკობს,
როგორც ჩანს, ძნელად უბედავენ შესწორებას, მაგრამ მაინც სჭირდება განმარტება: “ჩემი
მართლწერა (...) მიმაჩნია ქართულ ლიტერატურულ მართლწერად, რომელსაც მისდევდნენ ბოლოს დრომდე საზოგადოდ
ქართველი მწერლები იმერნი და ამერნი, ყველა ჩვენებური პერიოდული გამოცემანი
აღმოსავლეთის და დასავლეთის საქართველოისა” (იაკობი, IV. 456).
იაკობმა იცის, რომ დედაენის მდგომარეობა სავალალოა. უკომპრომისო, პრინციპული
პოზიციის დაჭერაა საჭირო, რომ ეშველოს ქართულ ენას. ამიტომ მისი თავგამოდება არ
უნდა გაუკვირდეთ: “ქართული ენის ბედი რომ ნორმალურს მდგომარეობაში იყოს, ჩვენ
ყურსაც არ გავიბერტყავდით, კრინტსაც არ დავძრავდით, რადგანაც მაშინ წიგნს
თავის-თავად ეწეოდა ის ბედი, რისაც ღირსია იგი” (იაკობი, III. 95).
მართლწერისათვის იაკობი საინტერესო ტერმინებს შემოგვთავაზებს: მთავარი მართლწერა,
საზოგადო მართლწერა, ინდივიდუალური მართლწერა, პროვინციალური მართლწერა.
ინდივიდუალური მართლწერა მთავარი მართლწერის (საზოგადო მართლწერის) სახესხვაობაა,
მცირეოდენი განსხვავებით; როგორც ჩანს, აქ უფრო სტილურ თავისებურებებს გულისხმობს
ავტორისას: “ბოლოს ხანამდის ქართულ ლიტერატურაში მიღებული იყო ერთი მთავარი
მართლწერა, მცირეოდენი ინდივიდუალური განსხვავებით, რომელსაც მე მივდევდი” (იაკობი,
IV. 456).
იაკობის სახელმძღვანელოებში შესული ნაწარმოებები სწორედ ამ მართლწერის (იაკობის
მართლწერის) წესებს ექვემდებარება. საგანგებოდ მიანიშნებს იმის თაობაზეც, რომ
აკაკის ნაწარმოებებსაც კი ამ წესს ვუქვემდებარებო: აკაკის “ხელთნაწერი ჩვენ
ხელუხლებლივ ვერ დავბეჭდეთ. მასში ჩვენ, თანახმად პედაგოგიურის მოთხოვნილებისა და
ბავშვის ფსიქიკისა, ჩვენ მოვახდინეთ შიგა და შიგ ზოგიერთი ცვლილებანი” (იაკობი, IV.
244) და ეამაყება ის, რომ აკაკიმ თავის წიგნში სწორედ იმ სახით შეიტანა იაკობის
მიერ გასწორებული ნაწარმოებები, როგორც “დედა ენაში” დაიბეჭდა. რა სახის იყო ეს
ცვლილება, აქ არ ჩანს, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ იაკობი ენობრივად ბევრ საკითხში არ
ეთანხმება აკაკის (ცნობილი ხანგრძლივი პოლემიკაა ამის დასტური). ასე რომ,
სახელმძღვანელო ერთ ნორმებზე უნდა იყოს აგებული. სხვადასხვა ავტორის (ილიასა და
აკაკისაც კი...) თუ ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები იაკობის ქურაში გაივლის.
ვთქვით, იაკობი დაუნდობელია სალიტერატურო ენის ნორმათა დამრღვევის მიმართ. თუმცა
ისიც ვთქვათ: ძირითადად ენობრივ შეცდომათა ორ ჯგუფს გამოყოფს: ა) წვრილმანი და უნებლიე და ბ) “ბლომი
მნიშვნელობის” მქონე:
“ეს დეფექტები წვრილმანია და უნებლიეთნი, რომელნიც არავითარს ზიანს ჩვენს ენას არ
აყენებენ” (იაკობი, IV. 464).
“მართლწერას ენაში მხოლოდ მაშინ აქვს ბლომი მნიშვნელობა, როცა მისი დარღვევა
არღვევს აზროვნებას, ხელს უშლის მას” (იაკობი, IV. 464).
აი, ამ უკანასკნელი ტიპის შეცდომები “რეგრესულია და ენის გაღატაკებას უწყობს ხელს”
(იქვე). სალიტერატურო ენის რაობაზე, მართებულ და არამართებულ ფორმებზე ხშირია
საუბარი იაკობთან. მან ამ თემაზე რამდენიმე პოლემიკაც გადაიტანა გამოსვლისთანავე
დაუწყეს ბრძოლა “დედა ენას”. წერს ერთგან იაკობი: “რაც მე დრო და შრომა მოვანდომე
ჩემის სახელმძღვანელოების შედგენას და ხან-გამოშვებით გაუკეთესებას, ათი იმდენა დრო
და შრომა მომინდა მათი დაცვისათვის სხვა და სხვა ცილისწამებისაგან” (იაკობი, II.
179). ერთ-ერთი ცილისწამება სწორედ ენობრივი გაუმართაობაა “დედა ენისა”.
გავიხსენოთ: “ცილისწამება ჰქვიან იმისთანა სიცრუეს, რომელშიც შედის ბოროტი
განზრახვაო” (იაკობი, IV. 407), - ბრძანებს იაკობი ერთგან და ამით მიანიშნებს
იმაზე, რომ “დედა ენის” წინააღ-
მდეგ გალაშქრება ბოროტებაა...
იაკობისთვის ყველაზე დიდი ბრალდება (ცილისწამება) ენის უცოდინარობის დაბრალებაა.
აკაკის წერილის გამო თქვა:
“მივაქციოთ ჩვენი ყურადღება მხოლოდ ენის უცოდინარობის დაბრალებას” (იაკობი, II.
341) და ამ “დაბრალების” გამო გაიმართა XIX საუკუნის პრესაში ერთ-ერთი ყველაზე
ხანგრძლივი და საინტერესო პოლემიკა.
ვთქვით, თავისი მართლწერა იაკობს მიაჩნია წმინდა, ლიტერატურულ მართლწერად (კარგ
ქართულს ასე ახასიათებს:
“წმინდა ქართული ენა და შესაბამისი კილო” - რაფიელ ერისთავზე იტყვის - იაკობი, I.
272). არალიტერატურულ, არაწმინდა ქართულს – პროვინციალურს უწოდებს.
სილოვან ხუნდაძე გაეპაექრა იაკობს - ქართული დაუწუნა. იაკობი თვლის, რომ გაზეთ
“კოლხიდაში” სილოვანს “ჯიუტურად შეაქვს თავისი პროვინციალური მართლწერა ჩემს
სტატიებში, ნაცვლად ჩემის ქართულ-ლიტერატურულის მართლწერისა, რომელსაც მისდევენ
ყველა ქართველნი მწერალნი იმერნი და ამერნი და ყველა პერიოდული გამოცემანი აქეთა და
იქითა საქართველოსი” (იაკობი, IV. 429). იაკობი ამ კამათში კიდევ ერთხელ გახაზავს იმას, რომ
ერთიანი სალიტერატურო ენა
ამთლიანებს ერს; ენობრივი მთლიანობის დაკარგვა ეროვნულ მთლიანობას დაშლისო: “მთავარ
საგნად მან (სილოვანმა - გ.გ.) გაიხადა რაღაც პროვინციალური მართლწერის შემოღება და
გავრცელება და ისეთი ჭირვეულობით მიჰყავს ეს უმნიშვნელო საკითხი, რომ ჰბადებს
განხეთქილებას იმერთა და ამერთა შორის... ეს ხომ ნამდვილი პროვოკაციაა, რომელიც
ხელს უწყობს ძმათა შორის განხეთქილებასა, პროვინციალურს სეპარატიზმსა, და ყოველს
მტერს ჩვენის ქვეყნის სიტკბოებით ავსებს” (იაკობი, IV. 454).
ერთ რომელიმე კუთხეში გავრცელებული თუ რომელიმე პირის მიერ ნახმარი ფორმა არ
შეიძლება ჩაითვალოს ლიტერატურულ ფორმად (იაკობი, II. 381); ის პირი თუნდაც აკაკი
იყოს (ამას კ. დოდაშვილთან კამათში ამბობს). ისეთი ავტორიტეტული პირი, როგორიც
აკაკია, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს, რომ მისი ავტორიტეტის წყალობით არ
დამკვიდრდეს ენაში უსწორო ფორმა: “მაშასადამე ჭკვიერი არის უხეირო, ნაძალადევი
ჩიქორთული და მის ხმარებას აკაკი უნდა ერიდოს, რადგანაც თავისი ავტორიტეტის გამო ეს
მდარე, შეუსაბამო ფორმა შეიძლება დაამკვიდროს ლიტერატურაში, ქართულის ენის
საზიანოდ” (იაკობი, II. 385).
თავად ის პოლემიკა აკაკისთან (და “კვალის” ავტორებთან) ბევრი რამით არის
საინტერესო. უპირველესად იმით, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს თითოეული მოკამათე
წმინდა, სალიტერატურო ქართულს; მეორე - რამდენად უკომპრომისონი და თავდადებულნი
არიან ენობრივ საკითხებზე მსჯელობისას; მესამე - თითოეულის პოზიცია შემაგრებულია
თეორიულად და პრაქტიკულად; და მთავარი, უფრო სწორად, უმთავრესი ავტორიტეტი არის
ქართული ენა და მის წინაშე ყველანი ვალდებულნი ვართ, გონივრულად მოვიქცეთ.
ორიოდე მაგალითი იაკობის მსჯელობიდან; აკაკის საპოლემიკო წერილი გვახსოვს: იაკობს
დაუწუნა ფორმა გაღიარებ; სწორია აღგიარებო, - წერდა აკაკი. იაკობი: “აღგიარებ
ძველი
ფორმაა, გაღიარებ ახალი, ორივე კანონიერია” (იაკობი, II. 341);
ე.ი. ენის ისტორიის თვალსაზრისით ერთი ცვლის მეორეს: “საღმრთო წერილში ასეა
ნახმარიო... მაგრამ საღმრთო წერილის ენაზედ მეათე საუკუნიდან აღარა სდგას
საქართველო და ახლა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს როგორ დავუბრუნდეთ... განა ეს ათი
საუკუნით უკან გადახტომა არ იქნება?” (იაკობი, II. 345). შემდეგ თეორიული მსჯელობა: “საკამათო ზმნამ გამოიარა სამი ფაზისი, სამი გვარი
ცვლილება: აღ-ვი-არო, ვ-აღ-ვი-არო, ვ-აღ-იარო... პირველი ფორმა არის ძველი
კლასიკური, მეორე შუალა, მესამე ახალი. შუალა ფორმა ძლიერ გავრცელებულია ხალხში და
იხმარება იმისთანა ქართულის ენის მცოდნეთაგან, როგორც არიან თ. ი. ჭავჭავაძე და თ.
ს. გუგუნავა, მაგრამ იგი უნდა ჩაითვალოს მძიმე ფორმად... უკანასკნელი ფორმა
გავრცელებულია შუაგულს საქართველოში და იხმარება მწერლობაში ქართველ
ლიტერატორთაგან. იგი უნდა მივიჩნიოთ დაწინაურებულ, პროგრესულ ფორმად, რომელიც
შემდგომში მიუცილებლად გააუქმებს ორსავე დანარჩენ ფორმას” (იაკობი, II. 414-415).
ამ მსჯელობაში ერთი რამ არის ძალზე საგულისხმო: იაკობი ფორმაცვალების ისტორიას
ითვალისწინებს და კი არ აცხადებს რომელიმე ფორმას უკანონოდ, უპირატესობას აძლევს
ერთ-ერთ მათგანს, დაწინაურებულ, პროგრესულ ფორმად მიიჩნევს; აკაკი ფაქტობრივ
კრძალავს ვაღიარებ ფორმას; იაკობი ითხოვს, აკრძალვა მოეხსნას, არ აიკრძალოს... იგი
არც აღვიარებ ფორმის აკრძალვას ითხოვს; ფორმათა გავრცელების ტენდენციის
გათვალისწინება მას აიმედებს, რომ ვაღიარებ “შემდგომში მიუცილებლად გააუქმებს
ორსავე დანარჩენ ფორმას”. ამის იმედს ის აძლევს, რომ “ეს უკანასკნელი ფორმა
გავრცელებულია მთელს აღმოსავლეთს საქართველოში, ზემო იმერეთში, რაჭაში და იქნება
სხვა იმიერს კუთხეებშიაც. წიგნის მკაზმავმა ვასილ ყიფიანმა, ქვემო იმერეთის
მცხოვრებმა, მითხრა: აღვიარებ მხოლოდ ეკლესიაში გვესმისო, ეკლესიის გარედ კი
გლეხები ყოველთვის ვამბობთ: ვაღიარებ ან ვაღვიარებ” (იაკობი, IV. 461)
ასე აქვს გამოკვლეული ეს ფორმა იაკობს: წარმოგვიდგენს მის ისტორიას, ჩაატარებს
მორფოლოგიურ ანალიზს, გამოიკვლევს მისი გავრცელების სიხშირეს და მერე აკეთებს
დასკვნას.
საინტერესოა ერთი ფაქტიც: კი სჯერა, რომ სიმართლე
მის მხარესაა, მაგრამ მაინც მეტი ობიექტურობისა და სამართლიანობისათვის მიაჩნია,
რომ ნორმის საკითხი ინდივიდუალურად არ უნდა წყდებოდეს; ენობრივ საკითხს, უფრო
სწორად, ნორმის საკითხს, საგანგებო კომისია უნდა წყვეტდეს. წერს:
“მსგავსს საკითხებს რუსეთში სწყვეტს მეცნიერებათა აკადემია, ჩვენი სამეცნიერო
აკადემია არის “წერა-კითხვის საზოგადოება”. აი ამ საზოგადოების გამგეობამ უნდა
აირჩიოს ექვსიოდე ქართველი ინტელიგენტი, საფუძვლიანი განათლებით აღჭურვილი,
ევროპიულის ენების და ჩვენის ქართული ენის კარგი მცოდნე, შეადგინოს კომიტეტი,
რომელმაც უნდა დაავალოს -
განიხილოს მართლწერა ბ-ნი სილოვან ხუნდაძისა და მისი ავკარგის შესახებ ვრცელი
მოხსენება წარუდგინოს გამგეობას. კომიტეტის წევრებად უნდა იყვნენ არჩეულნი ნახევრად
იმერნი და ნახევრად ამერნი. ჩემის მხრივ დავასახელებ სამს იმერს ინტელიგენტს
კომიტეტის წევრებად; ესენი არიან: ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე, რომელიც მთელს
ზამთარს თბილისში რჩება, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი და ივანე გედევანის ძე
გომართელი. პირადად მე დავემორჩილები ყოველს გადაწყვეტილებას არჩეულის კომიტეტისას
იმ შემთხვევაშიც, თუნდაც არ ვეთანხმებოდე ზოგიერთ რამეში, და შესაბამ ცვლილებას
შევიტან ჩემის წიგნების და ნაწერების მართლწერაში” (იაკობი, IV. 465-466).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იაკობის მიერ ქართული
ენობრივი სივრცის სწორმა გააზრებამ, სალიტერატურო ენის როლის მართებულმა შეფასებამ,
ხელი შეუწყო ქართველთა ენობრივი და ეროვნული მთლიანობის შენარჩუნებას; უდიდესია
იაკობის როლი ახალი ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებასა და დამკვიდრებაში; ამ
მხრივ XIX საუკუნის მოღვაწეთა შორის იაკობ გოგებაშვილი ერთ-ერთი უპირველესია.
ლიტერატურა:
იაკობ გოგებაშვილი, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად: ტ. I, 1955; ტ. II, 1954;
ტ. III, 1954; ტ. IV, 1955; ტ. VI, 1958.
ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად: ტ. III, 1956.
აკაკი წერეთელი, თხზულებათა სრული კრებული თხუთმეტ ტომად, ტ. XIII, 1961.
იაკობის სამრეკლო, 1990.
გ. გოგოლაშვილი, მარადიულნი თანამედროვენი, 2000.
გ. გოგოლაშვილი. ი. ავალიანი, “დედაენა” - წიგნთა წიგნი, 2001.
თ. გვანცელაძე, ენისა და დიალექტის საკითხი ქართველოლოგიაში, 2006.
ტ. ფუტკარაძე, სათავე და პერსპექტივა ქართული სამწიგნობრო ენისა, 2006.