ა „თქვენო ყოვლად უსამღვდელოესებავ! მე ვბედავ თქვენს წინაშე ხმის ამოღებას
დღევანდელ დღეს არა იმისთვის, რომ თქვენ ჩემს ქება-დიდებას საჭიროებდეთ. თქვენი
საქმენი, თქვენი ღვაწლ-მოსილი სიცოცხლე ჩემზედ უკეთესად ჰღაღადებსთქვენს ქებასა და
დიდებას და ჩემი თქმა რას მიუმატებს თქვენს სათნოებით მოპოებულს სახელს.“ „ნამეტანობაში ნუ ჩამომართმევთ და გულით წმიდით ვიტყვი, რომ სჩანს ღმერთს კიდევ არ
დავვიწყებივართ, რადგანაც თქვენისთანა სათნოებიან კაცს მოუვლენს ხოლმე ჩვენს
ქვეყანას და რაკი თქვენისთანაებსა ვხედავთ, გულს კვლავ ერჩის წუთი სოფლისაგან ღონე
მიხდილი სასოება და წუთი სოფლისაგანვე გამოჭრილი იმედები უკეთესის დღეებისა.
უღონოება ქვეყნისა მარტო უფულობაა და უქონლობა კი არ არის, როგორც ეხლა ბევრსა
ჰგონია, არამედ ისა, როცა სათნოებიანი, კეთილ მომქმედი, მაღალ ზნეობის კაცი არა
ჰყავს, სიმაგრე ქვეყნისას, ქვეყნის ძალ-ღონე, რის შემნახველი და გამადიდებელი,
ქვით-კირი ადამიანის ცხოვრებისა მარტო სათნოებაა და მარტო სასოებანი კაცი ქმნის ამ
წუთი სოფელს ტაძრად, სადაც ღმერთს ადიდებენ და სამოთხედ, რაცა ბედნიერება
ადამიანისას ასულდგმულებს“. „თქვენის ცხოვრების წმიდათა-წმიდად ორი დიდი საგანია: ერთი ღმერთი და მეორე თქვენი
სამშობლო ქვეყანა. ღმერთს მღრთისას აძლევდით და ქვეყანას ქვეყნისას და ორსავ ემსახურებოდით ერთმანეთს
დაუკლისად გულ-მხურვალებით და სიყვარულით. ერთი წუთიც არ ვიცით თქვენის სიცოცხლისა,
რომ ცხოველ-მყოფელი შუქი, ამ ორკეცს სიყვარულისა არ მოჰფენდეს თვითეულს თქვენს
საქმეს, აქ თვითეულს თქვენს მოქმედებას, ქვეყანას ემსახურებოდით, მღერთისათვის
ღმერთს ადიდებდით ქვეყნისათვის, რადგან ღმერთი არს სიყვარული და სიყვარული
მხსენელია ქვეყნისა“. თქვენი სიცოცხლე მთელი და განუწყვეტელი სათნოებაა, სათნოება
რომლის მაგალითს მარტო იმ მადლით ცხებულს მღვდელ-მონოზვნების შორის ვპოულობთ,
რომელნიც ერთ დროს ყოფილან ჩვენში, ჩვენდა საუბედუროდ ეხლა აღარ არიან, თქვენ ხორცი
დაუმორჩილედ სულს და ერთი უდიდესი სათნოებაც ეს არის. გშიოდათ არ სჭამდით, გწყუ-
როდათ და არ სვამდით, გციოდათ და არ თბებოდით იმისთვის კი არა, რომ ვითაარცა
ანგარმა და ძუნწმა ოქრო და ვერცხლი მოახვეჭოთ, არამედ იმისთვისა რომ რაც საკუთრად
თქვენის თავისთვის არ გემეტებოდათ, რასაც თქვენს თავს აკლებდით, ის სხვას შეჰმატეთ,
სამადლოდ, საქვეყნოდ გაეცით, თქვენს სამშობლოს მოახმარეთ, მართალი უთქვამს, ვინც
სთქვა, რომ ორ ნაირი სათნოებაა ქვეყანაზე ადამიანის ღირსების აღმნიშვნელი. ერთი
უქმი, რომელსაც მისდევს არა ქმნა ბოროტისა, მეორე მოქმედი, რომელსაც მოსდევს ქმნა
კეთილისა. პირველ მაგდენი − ვერაფერი ღვაწლია... სადიდებელი კაცისა, მეორე
მომქმედი, რომელსაც მოსდევს ქმნა კეთილისა, პირველი მაგდენი ვერაფერი ღვაწლია,
სადიდებელი კაცისა, მეორე სათნოებაა და ამისთანა სათნოების პატრონი თქვენა
ბრძანდებით“. „თქვენ აღგვიდგინე ჩვენი დავიწყებული წმინდანნი შიო მღვიმელი და იოანნე ზედაძნელი,
სხვამ რაც უნდა სთქვას და ჩემის ფიქრით კი კაცი ის არის, ვისაც გულითადი რწმენა
რისამე აქვს ქვეყნის საკეთილ დღეოთ მის მიერ აღიარებული და იმ რწმენას ემსახურება
თავ-დადებით, თქვენ გწამთ რომ ადამიანის მხსნელი, მისი ხელთ-მძღვანელი და
განმწმენდელ მისი სჯული და სარწმუნოებაა“ და ამ გზაზედ ღვაწლმოსილებისათვის არა
დაგიზოგიათ რა. ამისდა მოწმად თქვენ მიერ აღდგენილი მონასტრებია, ეს ნაშთნი ჩვენის
სულიერად ზე აღსრულებისა. აქ მეტია თვითეულის თქვენის ღვაწლის ჩამოთვლა და მარტო
ამას ვიტყვი, რომ თქვენი მადლით ცხებული მარჯვენა ყველგან მიგიწვდენიათ, საცა კი
თქვენის ქვეყნის, თქვენის ერის საკეთილდღეოდ საქმე რამ აჩენია, არ არის არც ერთი
საერო საქველ მომქმედო საქმე ქართველთა რომ თქვენი უხვი წვლილი არ ერიოს, თქვენი
ლოცვა კურთხევა − წინ არ მიუძღვოდეს, თავს არ დასტრიალებდეს. „მარტოდ ისიც საკმარისია თქვენის მადლობის ხსენებისათვის, რომ თქვენის მეოხებით,
თქვენის ღვაწლით, თქვენის მამობრულის სიყვარულით გამოუზარდეთ ჩვენს ქვეყანას
იმისთანა შვილი, როგორიც ახლად ნაკურთხი ეპისკოპოსი ლეონიდეა. ჩვენ კაცებით ღარიბნი
ვართ და ჩვენთვის თქვენგან გაზრდილი − თქვენის მაგალითიდ გაწვრთვნილი, თქვენის
ხელისა და გულის თანამოზიარე განძია, ჩვენ შევხარით ჩვენს ახალს ეპისკოპოსს
სასოებით და იმედითა, იმიტომ რომ თქვენი − გაზრდილია, თქვენი სულიერი შვილია, და
ყოველი მზგავსი მზგავსა შობსო ნათქვამია“. „თქვენ გაზრდილს დიდი ეკლიანი გზა უძევს წინ, თუ სიყვარულს ქვეყნისას თქვენებრ წინ
წაიძღვანებს და მსახურება მისი მსახურება იქმნება ქვეყნისა. ეს გზა გზაა საკუთარის
თავის გაწირვისა, წამებისა, ნამეტნავად ჩვენში, რაც უმადურება და კილვა ისე ხშირია,
როგორც არსად. ჩვენ იმედი გვაქს, რომ თქვენი გაზრდილი, თქვენი გაწვრთნილი არა ეკალს
არ შეუშინდება და თქვენს მაგიერობას გაგვიწევს. მაგიერობას მეთქი!.. მოგვიტევეთ,
გული კაცისა ხარბია! თქვენი ბედი გვენატრება. ნუ თუ თქვენ თითონ არ ინებებდით, რომ
თქვენი გაზრდილისაგან მეტი მოითხოვოთ, მეტი მოველოდინოთ, თქვენ მამა ხართ და ეგ
თქვენი შვილია და რადგანაც ის გვირჩევნია მეტი მოველოდინოთ. „ის ურჩევნია მამულსა
რომ შვილი სჯობდეს მამასაო.“ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ თვითონ ჩვენზედ
უფრო მეტის ნატვრით ინატრებდი, რომ თქვენი გაზრდილი თქვენ დაგემჯობინოთ ჯერ ღვთით
და მერე თქვენისავე კურთხევითა“. ამისი და, ამ ჩვენის კადნიერების რწმენის თავმდები და საწყაული თქვენი მამაშვილური
სიყვარული, რომლის წინაშე ქედს იხრის ყოველივე სხვა პირადი გრძნობა პატიოსანი
კაცისა. ჩვენ მართლად საყვარელო და ღირს სახსოვარო მღვდელმთავარო! თქვენ აქედამ მიბრძანდებით, მაგრამ მღვთის მადლით ჩვენის ქვეყნიდამ კი არა. იქაც
ჩვენი ქვეყანაა და ჩვენი ერია, ჩვენი ძმები არიან, ჩვენ აქ გიახელით
სამგზამშვიდობორო მოგახსენოთ და თქვენს წინაშე ღმერთს ვთხოვოთ თქვენი დღეგრძელობა
და თქვენგან ლოცვა კურთხევა მივიღოთ. მოგვირთმევია მცირე-ოდენი ძღვენი ესე ჩვენდა
სახსოვრად კი არა, ჩვენ უამისოთაც გეხსომებით მთელ საქართველოსთან ერთად, რადგანაც
შვილნი ვართ საქართველოსი, რომელსაც დღეთა თქვენთა სწირავთ უორგულობითა და
სიყვარულითა... მიიღე ნიშანი ჩვენი გულითადის მადლობითა და უღრმესის პატივისცემას
და გიხაროდენ, რომ შენის ქვეყნის შვილნი მოიწიფენ იმოდენად, რომ შეძლებისამებრ
მადლობას უხდიან მადლობის ღირს კაცს. გიხაროდენ იმიტომ, რომ ესეც ერთი ფეხის წინ
წადგომაა, ერთს საფეხურით ზე აღსვლაა თქვენის შვილებისა, რადგანაც მარტო ბრმამ და
უკეთურმა არ იცის სხვის სიკეთის დანახვა, სხვისი ღვაწლის დაფასება. თქვენ
მიბრძანდებით ჩვენგან და ვწუხვართ, რომ ჩვენ გვშორდები, მაგრამ ჩვენთა იმერ ძმათა
სიყვარული ანელებს ჩვენს მწუხარებას და გვამხნევებს ჩვენ. ჩვენგან მეტის მეტი
გულ-ძვირობა იქმნებოდა, რომ ეს ასე არ იყოს. ჩვენ მწუხვართ თქვენი წასვლით და
გვიხარიან თქვენი იქ მისვლა, ჩვენ ვაკვლდებით და ღვთის მაღლით, იქ შეგვემატებით.
ყველგან ჩვენს ქვეყანაში საჭიროა ამისთანა კაცი, რომლის მიხედვით და მაგალითით
იწურთნება ხასიათი, იწმინდება გონება და გული ადამიანისა. უხაროდეთ მათ, სადაც
თქვენ მიდიხართ, და ჩვენ ეს არ გვშურს, რადგანაც იქაც ჩვენები არიან, თუნდ ესეც არ
იყოს, თქვენი ცხოვრება სათნოების სკოლაა ჩვენთვის და ამიტომაც მარტო ერთი ხსენება
თქვენის სახელისა ჩვენი მწვრთვნელია. ოჰ, რა ბედნიერია იგი კაცი, რომელიც გვწრვთნის
და გვასწავებს ჩვენ არამც თუ ჩვენთან ყოფნით, არამედ მარტო თავისი სახელის
ხსენებითთაცა, ამბობს ნატვრით ერთი ძველი ბრძენი. ამისთანა ბედნიერი ხართ თქვენ,
საცა გინდა ბრძანდებოდეთ. იყვენით კვლავაც ესე ბედნიერი ჩვენდა თავმოსაწონებლათ და
ნუ მოაკლებთ თქვენს ლოცვა-კურთხევას თქვენს ღვაწლს, თქვენს საყვარელს ქვეყანას,
ერს. თქვენს სიყვარულს თქვენი საყვარელი ქვეყანა, საცა გინდა ბრძანდებოდეთ, არ
დაივიწყებს. ადიდე კვერთხი ესე, და წარიყვანე ერი შენი გზასა სიმართლისა და
სარწმუნოებისასა. „დაგვლოცე და შენის მადლიანი ხელით გვაკურთხე შენი მადლობელნი და შენ მიერ
ღვაწლ-დებულნი.“
ილია ჭავჭავაძის სიტყვა ეპისკოპოს ალექსანდრესადმი (ოქროპირიძე)