The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №8 ბიულეტენი


საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №8 ბიულეტენი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
თარიღი: 2006
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: პრესის მიმოხილვა აგვისტო, 2006 წ. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი The Caucasus Institute for Peace, Democracy and Development თბილისი, მერაბ ალექსიძის 1 , მე-11 სართ. 1, Merab Alexidze St., 11th floor, Tbilisi, Georgia



1 საერო პრესა

▲ზევით დაბრუნება


ამ თვის ქართულ პრესაში ეკლესიასთან მიმართებაში პუბლიკაციების რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ რაიმე ახალი ტენდენციების გამკვეთა ძნელია.

ახალი თაობა, 1.08.06.
მედიანიუსის ინფორმაცია
ქალის როლი ტრადიციულ რელიგიებში მეტად მნიშვნელოვანია

სასტუმროში „მეტეხი შერატონ პალასი“ გაიმართა საერთაშორისო კონფეფენცია სახელწოდებით - „ქალის როლი ტრადიციულ რელიგიურ მოძღვრებებში“, რომლის ორგანოზატორები იყვნენ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული რელიგიათშორისი საკოორდინაციო ცენტრი და ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლობა საქართველოში. კონფერენციას ესწრებოდნენ კათალიკოს-პატრიარქი ილია II და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს რელიგიურმა მოღვაწეებმა და მეცნიერებმა ირანიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა კონფესიების ლიდერებმა.

ახალი ვერსია, 4-6.08.06.
სერგო კერესელიძე
ქალი, რწმენა და რელიგიები

ინფორმაცია იმავე კონფერენციის შესახებ. მასში მოყვანილია კათოლიკოს ილია II-ს გამოსვლის ფრაგმენტიც: „ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ და საპასუხისგებლო პერიოდში, როცა ჩვენს ქვეყნებში შემოდის გლობალიზაციის პროცესი და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ის სულიერი თუ ტრადიციული ეროვნული ფასეულობანი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დავაგროვეთ და ამ შემთხვევაში ქალს განსაკუთრებული პასუხისმებლობა აქვს.“

ახალი ვერსია, 4-6.08.06.
ია შავიაშვილი
უნდა დაიწერონ თუ არა ჯვარი მოხუცებმა?

სტატიის ავტორი ეკითხება ღვთისმშობლის შობის მონასტრის მოძღვარს მამა ტარიელს: უნდა დაიწერონ თუ არა ჯვარი ხანდაზმულმა წყვილებმა, რომლებმაც საბჭოთა პერიოდში შექმნეს ოჯახები? მამა ტარიელი: „რაც შეეხება მოხუცების ჯვრისწერას, მაინცდამაინც მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. თუ მათ შეუღლება ღვთის წინაშე კომუნისტური რეჟიმის გამო ვერ მოახერხეს და ახლა იმის შიშით უნდათ ჯვარი დაიწერონ, რომ საიქიოში ერთად არ აღმოჩნდებიან, ეს არასწორია. ესე იგი, მათ იმქვეყნიურ ცხოვრებაზე რაღაც ფანატური წარმოდგენა აქვთ... ის აზრი, რომ ჯვარი ვისაც არ აქვს დაწერილი, უკანონო შვილები ჰყავთ, ეს არ არის მართალი. არავითარი უკანონობა! ღმერთმა კარგად იცის, ვინ მართლა ცოლ-ქმარია და ვინ მრუშობს“.

ჯორჯიან თაიმსი, 10-08.11.06.
მუდმივი რუბრიკა „არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინის) ქადაგებები, სტატიები და საუბრები
შტაინერიანიზმის - ანტროფოსოფიის შესახებ

ანტროფოსოფიის „ანტიქრისტიანული არსის“ მხილებისას არქიმანდრიტი რაფაელი ამ სწავლების შემქმნელის რუდოლფ შტაინერის პორტრეტს ხატავს და გაკვრით აუწყებს მკითხველს, რომ მან ბევრი შრომა მიუძრვნა გოეთეს: „გოეთე ხომ არა მხოლოდ მთელ მსოფლიოში ცნობილი პოეტი იყო, არამედ ფილოსოფოსი-პანთეისტიც: თავის ნაწარმოებებში მან ერთ დონეზე დაჰყავდა ქრისტე და სატანა; გარდა ამისა, იგი ატარებდა სხვა საშინელ, ქრისტიანისთვის მიუღებელ აზრებს.“

ჯორჯიან თაიმსი, 17-24.08.06.
მუდმივი რუბრიკა „არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინის) ქადაგებები, სტატიები და საუბრები

ამჯერად არქიმანდრიტი მოდერნისტებთან მართავს მწვავე პოლემიკას: „მათ სურთ, რომ ეკლესია ითვლებოდეს ამ სოფლის ხატად და არა ეს სოფელი ეკლესიის ხატად... მოითხოვენ ენის, კალენდრის, ხატწერისა და საეკლესიო გალობის რეფორმას“, - წერს იგი და ტრადიციული არგუმენტები მოჰყავს ძველი საეკლესიო ენის, კალენდრისა და გალობის ხელშეუხებლობის დასამტკიცებლად.

რეზონანსი, 30.08.06.
სოფო ქვლივიძე
ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის კონფრონტაცია ღია რეჟიმში გადადის

წერილი ფოთში მომხდარ ინცინდენტს შეეხება: პრეზიდენტის რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთში, ზაზა გოროზიამ საგაზეთო ინტერვიუში თქვა, რომ ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლმა საკათედრო ტაძრის აღდგენისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის პირად ანგარიშზე ჩარიცხვა მოსთხოვა. ეპარქიის მრევლმა და სამღვდელოებამ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და მოუწოდეს რწმუნებულს ცილისწამებისათვის საჯაროდ მოეხადა ბოდიში.

ავტორი წერს, რომ ზოგიერთი ოპოზიციურად განწობილი პოლიტიკოსის აზრით, ეს კერძო შემთხვევა იმ მასშტაბური დაპირისპირებისა შემადგენელია, რომელიც ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის არსებობს და რომელმაც სადღეისოდ ფარული ხასიათი მიიღო. გურამ შარაძის და ჯონდი ბაღათურიას აზრით, ხელისუფლებაში მყოფ გავლენიან პირთა გუნდს პატრიარქის მოშორება სურს. ზოგიერთი ოპოზიციონერი, ავტორის ცნობით, უფრო შორს მიდის და საპატრიარქოს გაუქმების გეგმაზეც კი საუბრობს.

იმავდროს, საპატრიარქოსთან დაპირისპირებული დეკანოზი ბასილ კობახიძე აცხადებს, რომ ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) „ხუთჯერ ნასამართლევი პიროვნებაა, რომელსაც ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში ფოთის მერი უხდიდა ბიუჯეტიდან ათასობით ლარს.“ იქვე მამა ბასილი ამბობს, რომ მსგავს გარიგებებში სხვა მღვდელმთავრებიც მონაწილეობდნენ და მაგალითისთვის ე.წ. „ფქვილის საქმეს“ იხსნებს, როდესაც ზოგი მათგანის მონაწილეობით ჰუმანიტარული ფქვილი კომერციულ ფასებში გაიყიდა. „შემდეგ ეს საქმე ჩაფარცხეს“ - ამბობს დეკანოზი.

2 რელიგიური (მართლმადიდებლური) პრესა

▲ზევით დაბრუნება


ახალი ტენდენციები, რომლებიც გასულ თვეში გამოიკვეთა, აგვისტის საეკლესიო პრესაშიც შეიმჩნევა. ეს განსაკუთრებით საპატრიარქოს ოფიციალურ გამოცემებში ვლინდება. მასში სულ უფრო ხშირად ვხვდებით პუბლიკაციებს, რომლის ავტორებიც მორწმუნეებს ქრისტიანული დათმენის, მტრის შენდობის, ბოროტების სიკეთით დაძლევისაკენ მოუწოდებენ. საპატრიარქოს გამოცემაში გამოჩნდა პუბლიკაცია, რომელიც ბოლო წლების საეკლესიო პრესაში გამეფებულ აპოკალიფსურ განწყობებს დაუპირისპირდა. განხილულ საეკლესიო ჟურნალ-გაზეთებში აღარ გვხვდება ე.წ. სექტებზე აგრესიული თავდასხმა.

კვლავინდებურად აქტუალურია გლობალიზაციის პროცესთან დაკავშირებული შიშები.

უნდა აღინიშნოს, რომ საზაფხულო პაუზის გამო ამ თვეში საეკლესიო ჟურნალ-გაზეთების დიდი ნაწილი არ გამოსულა.

2.1 მრთლმადიდებლობა და კათოლიციზმი

▲ზევით დაბრუნება


სიტყა-პასუხის ფორმით „კანდელში“ მოთხრობილია კათოლიკურ მრწამსში „ფილიოკვეს“ წარმოშობის შესახებ: „ეს დამატება - „და ძისაგან“ - პირველად მიიღეს 589 წელს ტოლედოში ესპანეთის ეკლესიის ადგილობრივ კრებაზე... ამ კრებაზე გადაწყვიტეს ვესტ-გუთების არიანული წვალებიდან მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე მოქცევა. არიანული მწვალებლობის მთავარი სწავლება რაკი არ იზიარებს მამისა და ძის თანასწორობას, ესპანელმა ღვთისმსახურებმა გადაწყვიტწეს დაემატებინათ „და ძისაგან“, რათა მამა და ძე, მათი აზრით, თანასწორნი ყოფილიყვნენ; ამით კი დაამდაბლეს სულიწმინდა, რითაც მეორე მწვალებლობაში ჩავარდნენ... იგი ეწინააღმდეგება ღვთაებრივ ჭეშმარიტებას და წარმოადგენს ცრუ - ღვთისმგმობ და ერეტიკულ სწავლებას. გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანის სულს. ქრისტეს სიტყვების თანახმად, მისი მიმდევარი თანამდებია ჯოჯოხეთის „საუკუნოისა სასჯელსა“, რადგანაც არის სულიწმინდის მგმობელი“ („კანდელი“, №28, 18-24 აგვისტო, გვ. 4, 7, 10, „სწავლება სულიწმინდის გამომავლობის შესახებ“).

2.2 ქრისტიანული დათმინების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


„არ მოგვეთხოვება, რომ ღვთის შურაცხყოფას გავუჩუმდეთ. უნდა დაიცვა ზღვარი, რომ არც გაჩუმდე და მორჩილად თავი დაუხარო და არც ზედმეტ შფოთს არ უნდა მიეცე. უნდა იცოდე, რომ ძალადობა არასოდეს არ არის გამართლებული. არ შეიძლება ქრისტიანმა ჯვრით ხელში კაცი გალახო“ („კარიბჭე“,№15, გვ. 4-8, „მოთმინება“, ინტერვიუ წმ. ალექსანდრე ნეველის ტაძრის მსახურ არქიმანდრიტ ანტონთან (გულიაშვილთან)).

„...ბოროტებით ბოროტებას ვერ შეაჩერებ და მოჩვენებითი მშვიდობაც უსარგებლოა. ამასთან მარად გვახსოვდეს უფლის ცნებანი და ის აღქმა, რომელიც დამთმენს ელის, როცა შეურაცხოფილი და ნაწყენი გულმოდგინედ ეცდება მიუტევოს მტერს და სიკეთით ბოროტება დაამარცხოს“ („საპარტიარქოს უწყებანი №30, 3-16 აგვისტო, გვ. 16-17, „რატომ გვყავს მტრები? წმინდა იოანე ოქროპირის ქადაგების მიხედვით“).

„ქრისტიანული გაგებით, მტერი არ არსებობს, წმინდანებს არ ჰყავდათ მტერი. ერთადერთი მტერი დაცემული ანგელოზია - კაცობრიობის მტერი. როდესაც ადამიანი აღმოჩნდება იარაღი ბოროტებისა, იგი, რა თქმა უნდა, შეიქმნება მტრად... თუმცაღა ეს მაინც ამ სოფლის გაგებაა. რამდენადაც უფრო სულიერია ადამიანი, იმდენად მას არ ჰყავს მტერი, იმიტომ რომ სწორედ იმ ადამიანების ხარჯზე მიაღწია მან ამ სულიერებას“ („კრიალოსანი“, №8, ინტერვიუ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურთან, თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანთან, იღუმენ დოსითეოზთან (ბოგვერაძესთათან).

„... არის ისეთი ვნებებიც, რომლებიც ხშირად მორწმუნეთაც ჩვევად ჰქცევიათ და ვერც კი ხვებიან, როგორ ეფლობიან ცოდვის ღრმა, ბინძურ ჭაობში. ამ ვნებათაგან ერთ-ერთი ყველაზე საშინელია განკითხვის ვნება... ყველაზე მთავარი ნიშანი მტრის პატიებისა ის არის, როცა ჩვენ გულმხურვალეთ ვლოცულობთ მისთვის... როგორც ჩვენ გვსურს მოგვეპყრას უფალი, თავადაც ასევე უნდა მოვექცეთ თითოეულ ადამიანს“ („კანდელი“№26, 4-10 აგვისტო, გვ. 5-6, ინტერვიუ ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვარ, დეკანოზ გიორგისთან (თევდორაშვილთან)).

„კანდელის“ იმავე და სხვა ნომერში მრავლად ქვეყნდება წმინდა მამათა გამონათქვამები ქრისტიანულ მოთმინებასა და მიმტევებლობაზე, მტრის შენდობაზე („კანდელი“№26, გვ. 9-10; „კანდელი“№28, გვ. 15).

2.3 გლობალიზაცია და სახელმწიფოებრივი აზროვნება

▲ზევით დაბრუნება


ჟურნალ „კარბჭის“ მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე ამბობს: „სახელმწიფოებრივი აზროივნება, პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს თავისი დოქტრინა, თავისი წესი - „მამული, ენა, სარწმუნოება“.... ახლა მიდის გლობალიზაციის პროცესი. ძალიან მძიმე და რთული მდგომარეობაა. ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი სახელმწიფო კი არ გვებრძვის და მისგან კი არ ვიცავთ თავს, არამედ მოდის, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო კულტურათა გაერთიანების დროშით... მეთოდურად მუშაობა მიდის ახალგაზრდების მომსახურე პერსონალად აღრსაზრდელად. თითქოს ჩვენ არ გვჭირდება მაღალი იდეალები... დიდი ძალა, დიდი მანქანა მუშაობს იმისათვის, რომ ახალგაზრდამ გვერდი აუაროს მთავარს, რისი არსებობაც ცოტასღა ახსოვს“ („კარიბჭე“№15, გვ. 36-38, მარიამ ლორთქიფანიძე, „მაშინ იყო სახელმწიფო ძლიერი, როცა ეროვნულ და სახელმწიფო ხელისუფლებას საერთო ენა ჰქონდათ და შეთანხმებულად მართავდნენ ქვეყანას“).

2.4 აპოკალიფსური განწყობების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


„დაივიწყეს რა საზღვრები თავიანთი შეზღუდული სულისა, ეს ადამიანები ღვთის განგების ყველაზე დაფარულსა და მათთვის მიუწვდომელ სიღრმესა და და სიდუმლოებაში შეღწევასა და გამოძიებას ცდილობენ. ხელმძღვანელობენ რა თავიანთი მწირი გონებით, მათ არასწორედ ესმით და განმარტავენ წინასწარმეტყველთა და მოციქულთა სხვადასხვა, საიდუმლოს დამფარველ სიტყვებს; ისინი მკრეხელობასა და ერესს ავრცელებენ. რადგან აშკარად ქადაგებენ, რომ: 1) ჭეშმარიტი ანტიქრისტე თითქოს უკვე იშვა და სამყაროში მეფობს; 2) ჯამი მისი სახელის ასოებისა სლავურ დიალექტზე მხეცის რიცხვს 666 ნიშნავს; 3) წმინდა მსოფლიო და სამოციქულო ეკლესია, დამტკიცებული იესო ქრისტეს მიერ, ახლა ჯოჯოხეთის ბჭეებითაა დაძლეული. გარდა ამისა, ისინი ქრისტიანებს, რომელთაც მტკიცე რწმენა აქვთ და მათ ერეტიკულ სწავლებას არ იზიარებენ, გამუდმებით ლანძღავენ...“ („კანდელი“№27, 11-17 აგვისტო, გვ. 15-16, ანონიმი ავტორი, „ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნები“).

2.5 მართლმადიდებელი ოჯახის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


„...ოჯახის დაშლა ცოდვად განიხილება ნებისმიერ შემთხვევვაში: კანონიერი განქორწინება არ არსებობს... არსებობს შემთხვევეები, სამწუხაროდ, არც თუ ისე ცოტა, როდესაც თანაცხოვრება მეუღლეებისა ამა თუ იმ მიზეზით შეუძლებელი ხდება და მათი დაშორება უმჯობესია, მიზანშეწონილია; მაგრამ ასეთ დროსაც განქორწინება სწორი და კანონიერი კი არ არის, არამედ მხოლოდ ნაკლები ცოდვაა, და ოჯახის დაშლა კანონით კი არ ხდება, არამედ იმ ცოდვით, რომელიც დაშლის მიზეზი იყო... ეკლესია მონანიების შემთხვევაში განმეორებითი ქორწინების უფლებას აძლევს ადამიანს, თუ არის იმედი წმიდა და უბიწო თანაცხოვრებისა“ („კანდელი“ № 28, 18-24 აგვისტო, გვ. 3-4, ანონიმი ავტორი, „თუ ოჯახი ნაკლულია“).

2.6 ქალის როლი საზოგადოებაში და მისი ჩაცმულობა

▲ზევით დაბრუნება


„საპატრიარქოს უწყებანის“ ინფორმაციით, 31 ივლისს სასტუმრო „მეტეხი შერატონ პალასში“ გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ქალის როლი ტრადიციულ რელიგიურ მოძღვრებებში“, რომლის ორგანოზატორები იყვნენ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული რელიგიათშორისი საკოორდინაციო ცენტრი და ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლობა საქართველოში. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს რელიგიურმა მოღვაწეებმა და მეცნიერებმა ირანიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და საქართველოში მოღვაწე სხვა კონფესიების წარმომადგენლებმა („საპატრიარქოს უწყებანი“, №30, 3-16 აგვისტო, გვ. 12-13).

„კრილოსანში“ გამოქვეყნებული უავტორო სტატიის მიხედვით, თანამედროვე ქალის გარყვნა სჯულის კანონის უგულველყოფამ გამოიწვია: „თუ ვინმე დედაკაცმა მოჩვენებითი მოღვაწეობისთვის შეიცვალოს სამოსელი და სადედაკაცო სამოსელის ნაცვლად სამამაკცო ჩაიცვას, შეჩვენებულ იყოს.“

„..ქალის ქცევა, მისი ბუნება, როგორც მოსალოდნელი იყო, თანდათან შეცვალა შარვლის ჩაცმამ. შარვალმა ქალი გააუხეშა. იგი სიარულისას მამაკაცურად დიდ ნაბიჟებს ადგამს, შეეცვალა დგომისა და ჯდომის მანერა, მრავალი სიგარეტს ეწევა. გახშირდა მეტყელებისას უცენზურო ჟარგონული სიტყვების ხმარება“ („კრიალოსანი“№8, გვ. 14-16, „მოკრძალება და კდემამოსილება სამკაულია ქალისა“).

2.7 თამბაქოსა და ნარკოტიკების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ჟურნალი „კარიბჭე“ აქვეყნებს ინტერვიუს ივერიის ღვისმშობლის ტაძრის მსახურთან, დეკანოზ ზაზა კირვალიძესთან. მიუხედავად იმისა, რომ ინტერვიუს წინასიტყვაობაში თამბაქო „სატანის საკმეველადაა“ მოხსენიებული („ის არის ანტიპოდი, დამახინჯებული სახე კეთილსურნელოვანი საკმეველისა, რომელსაც ლოცვის დროს უფალს უკმევენ მორწმუნენი“), ღვთისმსახური თავს იკავებს ასეთი მკვეთრი შეფასებებისაგან და სიგარეტის მოწევას ერთ-ერთ ვნებას უწოდებს: „ხომ ვითომ უწყინარი ვნებაა, მაგრამ სულიერ ცხოვრებში წინსვლას აფერხებს... ადამიანი ბალახის მონა ხდება... გასაგებია, რომ ერთბაშად თავის დანებება რთულია. ამიტომაც ვითვალისწინებთ მათ მდგომარეობას და არ ვთხოვთ თამბაქოს ერთბაშად გადაეჩვიონ“ („კარიბჭე“,№15, გვ. 15-16, „მოთმინება“, „ევედრეთ ღმერთს, მოგცეთ ძალა ამ ვნებისაგან გასათავისუფლებლად“).

საეკლესიო პრესა განაგრძობს კამპანიას ნარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ. ამ თემას უთმობენ თავის ფურცლებს „კანდელი“ (№27, 11-17 აგვისტო, გვ 10-17, „მშობლების როლი ნარკომანი შვილების განკურნებისას“) და „თაბორი“ (№4, გვ. 26-30, მიხეილ ბულგაკოვი, „მორფი“ (იბეჭდება გაგრძელებით)).