The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №8 ბიულეტენი


საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №8 ბიულეტენი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
თარიღი: 2004
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: პრესის მიმოხილვა სექტემბერი, 2004 წ. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი The Caucasus Institute for Peace, Democracy and Development თბილისი, მერაბ ალექსიძის 1 , მე-11 სართ. 1, Merab Alexidze St., 11th floor, Tbilisi, Georgia



1 საერო პრესა

▲ზევით დაბრუნება


ახალი ვერსია, 1-2.9.04.
ინტერ-პრესი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და ამერიკის ელჩი საქართველოში გელათის მონასტერს ეწვევიან

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და ამერიკის ელჩი საქართველოში, რიჩარდ მაილსი დღეს UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილ გელათის მონასტერს ეწვევიან. ისინი გაეცნობიან გელათის მონასტერში ჩატარებული სამუშაოების შედეგებს, რომლებიც ხორციელდება ამერიკის საელჩოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის პროექტის ფარგლებში.

ახალი ვერსია, 3-5.9.04.
ინტერ-პრესი
ლომაიას მოწინააღმდეგე გამოუჩნდა

„მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“ საქართველოს განათლების მინიტრის კახა ლომაიას მიერ პარლამენტში წარდგენილ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტს „ანტიეროვნულად და ანტისახელმწიფოებრივად“ აფასებს.

ახალი ვერსია, 8-9.9.04.
საბა წიწიკაშვილი
გორის ერთ-ერთ ტაძარში ხატებს მირონი სდის

როგორც სტატია გვაუწყებს, გორის ჯვართამაღლების ტაძარში ხატებს და ჯვრებს „მასიურად“ სდის მირონი. იქაური მლოცველების სიტყვებით, ასეთი სასწაულები საქართველოში იშვიათობა აღარ არის, მაგრამ გასაკვირი ისაა, რომ გორის ჯვართამაღლების ტაძარი ჯერ „ძალზე ახალგაზრდა“ - სულ სამი წლისაა - და უკვე ასეთი მადლი მიიღო.

სტატია გვაუწყებს, რომ სასწაულებრივი მირონდენის აღსანიშნავად ტაძარს გორის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე ანდრია ეწვია და წმინდა სამების პარაკლისი გადაიხადა.

ახალი ვერსია, 8-9.9.04.
თეა თოფურია
რატომ სდით ხატებს მირონი

ჟურნალისტის ამ კითხვას ჯანმრთელობის ტაძრის წინამძღვარი მამა თეოდორე გიგანი პასუხობს: „ეს არის უფლის ყოფადობის უტყუარი ნიშანი... ზოგჯერ მირონდენა რაიმე კატასტროფის მანიშნებელია, ზოგჯერ პირიქით - მოსალოდნელი სიხარულისა... ხდება ისეც, რომ ხატს ნამდვილი ადამიანური სისხლი სდის. როდესაც სერბეთი იბომბებოდა, მაცხოვრის ხატს სისხლი წამოუვიდა, ანალიზი ჩაატარეს და იგი სწორდ იმ სისხლის ჯგუფს დაემთხვა, რომელიც ტურინის სუდარაზეა.“

„ახლა მირონდენა დაიწყო იმ ხატებიდან, რომელთა წინაშეც ჩვენი ჯარისკაცები ლოცულობენ (ამ ტაძარში „კომანდოს ბატალიონის ჯარისკაცები“ დადიან - ისინი ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათ-კვირას ესწრებიან ლოცვებს).... წინა ხელისუფლების დროსაც ვცდილობდით და ახლაც ვცდილობთ, ყოველ სამხედრო ნაწილს თავისი სამღვდელოება ჰყავდეს. მას კაპელანის ინსტიტუტი ჰქვია. როდესაც სამაჩაბლოში დაღუპული მეომრების სია ამოვიკითხე, გავიკითხე კიდეც, მათ შორის მოუნათლავი ხომ არავინ ერია. ერთ-ერთი მართლაც მოუნათლავი აღმოჩნდა... ახლა გეკითხებით, ვინ აგებს პასუხს, რომ ჯარისკაცი სიკვდილს სულიერად მოუმზადებელი ეგებება?“

მამა თეოდორეს მამა არჩილ მინდიაშვილისგან შეუტყვია (ამ უკანასკნელისთვის კი ეს ვინმე ბერძენი ბერისაგან გაუგია), რომ ჯვრის მონასტერში „შოთა რუათაველის ფრესკა ტიროდა, ვიდრე ის აფხიკეს“. მამა თეოდორეს დაკვირვებით, „...რუსთაველის ფრესკის წაშლა მაშინ მოხდა, როდესაც საქართველოში დაისვა საკითხი ჰაგიოგრაფიის და „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების შეწყვეტის შესახებ“.

ჯორჯიან თაიმსი, 9-16.9.04.
გაზეთის მუდმივი რუბრიკა „ხმა მართლმადიდებლობისა“ (ანუ არქიმანდრიტ რაფაელის ქადაგებები, სტატიები და საუბრები - რედ.)
არ შეუქმნა თავს კერპი

იმ კერპებს შორის, რომელსაც ადამიანი იქმნის ამ ქვეყნად, არქიმანდრიტი მეცნიერებას და ხელოვნებასაც ასახელებს. „სწავლულთა უმრავლესობას, რომელნიც მიიჩნევენ, რომ მეცნიერების ძალით შეიძლება იხსნა კაცობრიობა“ იგი „ინტელექტის ღვთაების“ ქურუმებად მოიხსენიებს და მორწმუნეთათვის მიუღებლად მიიჩნევს „ისეთ ხელოვნებას, რომელიც ემსახურება არა ღვთის დიდებას, არამედ ამ სოფლის გაღმერთებასა და ადამიანურ ვნებებს“.

ხვალინდელი დღე,12.9.04.
ინტერ-პრესი
პატრიარქის მდივანი მამა მიქაელის (ასათიანის) ბრალდებებს უარყოფს

გლდანის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის წინამძღვრმა, მამა მიქაელ (ასათიანმა), საპატრიარქოს თანამშრომლები კორუფციაში ამხილა და მათ ჩოლოყაშვილების მამულის და მასთან ერთად ეკლესიის გირაოში ჩადების გამო „ერის ქონების გამნიავებლები“ უწოდა. (სიუჟეტი ამის თაობაზე ტელეკომპანია „რუსთავი-2-ის“ ეთერში გავიდა - რედ.) პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი ამ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. პატრიარქის მდივანი უარყოფს, რომ ბანკში ჩოლოყაშვილის მამულთან ერთად მის ტერიტორიაზე განლაგებული წმ. გიორგის ეკლესიაც იყო დაგირავებული. მისი განცხადებით, გარკვეულ „კონკრეტულ“ ძალებს (თუმცა არ არის დაზუსტებული, რომელს) აწყობთ ასეთი დაპირისპირება და ეკლესიის დისკრედიტაცია, ვინაიდან იგი „ეროვნული ცნობიერებისა და ღირებულებების ფუნდამენტია“.

ხვალინდელი დღე, 14.9.04.
ნათია კობახია
განათლების რეფორმის მოწინააღმდეგეები ერთიანდებიან

რეფორმის მოწინააღმდეგები განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ განათლების შესახებ კანონპროექტებს და კონცეფციას „ანტიეროვნულად, ატისახელმწიფოებრივად“ მიაჩნევენ, მოითხოვენ კანონპროექტების გადახედვას, და მინისტრ კახა ლომაიას და მისი გუნდის გადადგომას. განათლების რეფორმის მოწინააღმდეგეთა ძირითად ბირთვს მართლმადიდებელთა სხვადასხვა გაერთიანებები (წმ. დავით აღმაშენებლის მრევლის კავშირი, ქეთევან წამებულის საზოგადოება, წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი, წმ. ქეთევან წამებულის სახ. მრევლის კავშირი, წმ. იოანე ოქროპირის სახ. მრევლის კავშირი, მართლმადიდებელ სტუდენთა კავშირი, საპატრიარქოსთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია) და მათთან იდეოლოგიურად დაახლოვებული პედაგოგთა კავშირები წარმოადგენენ.

ახალი ვერსია, 14-15.9.04.
თეა თოფურია
აფერა ქრისტეს სახელით

ავტორის ცნობით, ამერიკული ევანგელისტური საქველმოქმედო ფონდის ფილიალმა სამწლიანი შესვენების შემდეგ ისევ გაიარა რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში. მისი სიტყვებით, სამი წლის წინ ფილიალი კანონდარღვევით ეწეოდა ძირითადად კომერციულ საქმიანობას (მაშინ, როდესაც წესდების თანახმად, საწარმო-სამეურნეო საქმიანობა ფილიალის ძირითადი საქმიანობა არ უნდა ყოფილიყო) - გასცემდა 26-პროცენტიან კრედიტებს, გახსნილი ჰქონდა ძვირადღირებული ინგლისურის შემსწავლელი კურსები და არ იხდიდა გადასახადებს. სტატია გვამცნობს, რომ როდესაც ამ ამბავმა პრესაში გაჟონა და საქმით საგადასახადო ინსპექცია დაინტერესდა, ფილიალის ამერიკულმა ხელმძღვანელობამ სასწრაფოდ დატოვა ქვეყანა. როდესაც ფილიალი ხელახლა გამოჩნდა საქართველოში, მას ქართველები ედგნენ სათავეში. ახლა კი ორგანიზაცია ძველ კლიენტებს სესხების დაბრუნებას სთხოვს სამ წელიწადში დაგროვილ პროცენტებთან ერთად და ურჩებს სასამართლოში უჩივის. ერთ-ერთი მათგანი ინგა კილაძეა - დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლომ ახლახანს ყადაღა დაადო მის სახლს. გაზეთს რამოდენიმე უწყებაში უცდია გაერკვია, არის თუ არა ახლად დარეგისტრირებული ორგანიზაცია ძველის სამართალმემკვიდრე, მაგრამ იურისტების აზრი გაიყო - ერთნი თვლიან, რომ თუ ახალი ორგანიზაციის წესდებაზე სამართალმემკვიდრეობა მითითებული არ არის, მას სესხის დაბრუნების მოთხოვნა არ შეუძლია, თავად ორგანიზაციის ადვოკატი კი საპირისპიროს ამტკიცებს. ავტორი იმასაც აღნიშნავს, რომ რამოდენიმე ხელმოცარულ მევალეს ვალი ეპატია, სესხს კი არა მხოლოდ ბაპტისტები ღებულობდნენ, არამედ მართლმადიდებლებიც და სხვა კონფესიის წარმომადგენლებიც. ორგანიზაციის ადვოკატის სიტყვებით, „სესხს სწორედ სექტანტები არ აბრუნებენ“, ვინაიდან თვლიან, რომ ეს ფული მათი ამერიკელები ძმების დახმარებაა. ისე კი, სტატიის ავტორს ერთი კითხვა აწუხებს: რატომ ჰქვია ორგანიზაციას საქველმოქმედო, თუ ის ხალხს სახლებს აყიდინებს?

ხვალინდელი დღე,16.9.04
რუბრიკა: მართლმადიდებლობა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
თამარ ნატროშვილი თეთრი და შავი მაგია - ორივე მაგიაა

ავტორი საუბრობს მაგიურ ზემოქმედებაზე, რომელიც უზიანებს ადამიანს სულს და სხეულს და მაგიისაგან თავდაცვის ერთადერთ საშუალებას ასწავლის: ეკლესიურობას, „სიწმინდეებთან კონტაქტს“, ანუ „წმინდა ზიარებას, ნაკურთხი ზეთის, წყლის, არტოსის მიღებას... მხოლოდ სასულიერო პირებთან „ურთიერთზემოქმედებით“, და „შესაძლოა, გარკვეული პერიოდით მონასტერში წასვლასაც.“

ხვალინდელი დღე,17.9.04.
ბერი პაისი ათონელი

გაზეთი აქვეყნებს ბერის ანტიეკუმენურ წერილს: „წმინდა მამებმა იცოდნენ, რას აკეთებდნენ. მათ უმიზეზოდ არ აუკრძალავთ ერეტიკოსებთან ერთობა.“

ახალი ვერსია, 17-19.9.04.
მაია ცეცაძე
სამების ტაძრისთვის 120-კაციან გუნდს ამზადებენ

საპატრიარქოს მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯაგულაშვილი ესაუბრება ჟურნალისტს სამების ტაძრის მგალობელთა გუნდის შექმნის შესახებ. მისი სიტყვებით, გრანდიოზული შენობისთვის საპატრიარქოს 60-კაციანი გუნდი საკმარისი არაა, და გუნდის წევრთა რაოდენობა 100-120 კაცამდე გაიზრდება. მათი შერჩევა უკვე მიმდინარეობს და ძირითადად ისინი პროფესიონალი მომღერლები იქნებიან.

24 საათი, 20.9.04.
ნინო ცინცაძე
დალოცვა და მოთხოვნა განათლების სამინისტროში

18 სექტემბერს შეხვედრაზე, რომელიც განათლების და მეცნიერების სამინისტროში შედგა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ საპატრიარქოში ძალიან ბევრი ადამიანი მიდის და ითხოვს განათლების შესახებ კანონპროექტის გამოქვეყნებას და მის მეტ გამჭვირვალობას. „უნდა გავითვალისწინოთ ის შენიშვნები, რაც საზოგადოებაში არსებობს. არ არის აუცილებელი დასავლური ტრადიციების პირდაპირ გადმოტანა. ჩვენ ჩვენი ღირებულებები გვაქვს,“- თქვა პატრიარქმა.

ჟურნალისტი ხაზს უსვავს იმ გარემოებას, რომ პატრიარქის ეს განცხადება მოჰყვა პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტს განათლების სამინისტროში და მის მიერ განათლების კანონპროექტის ცალსახა და უპირობო მხარდაჭერას. „ეს თავისთავად უცნაურია, - წერს ავტორი, - რადგან ამ ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოება პატრიარქისგან პრეზიდენტისა და მთავრობის გადაწყვეტილებების წინააღმდეგ გამოსვლას მიჩვეული არ არის.“ თუმცა ჟურნალისტის სიტყვებით, საზოგადოებისთვის ისიც ნათელია, რომ პატრიარქის ასეთი უჩვეულო დემარში იმითაა განპირობებული, რომ ახლანდელ განათლების მინისტრს, „როგორც სოროსის ფონდის ყოფილ დირექტორს და, შესაბამისად, ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების აქტიურ დამცველს, საეკლესიო წრეების ზოგიერთი წარმომადგენელი ებრძვის. ავტორი ამ ბრძოლის ეპიზოდებიც გვახსენებს: რუსთავში მოღვაწე დეკანოზი მიქაელ ჭაბაშვილმა პირველი არხის ეთერით დაიმუქრა, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში „ბავშვებს სკოლაში არ გაუშვებს“; კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა სახელმწიფო კანცელარიასთან გამართულ ორ მიტინგში (ხატების გამოსვენების თანხლებით) ნოდარ ნათაძის, ლეიბორისტული პარტიისა და „წმ. დავით აღმაშენებლის მართლმადიდებელი მრევლის კავშირის“ წევრების გვერდით, საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას - მღვდელი იოსებ გოგოლაძე, დეკანოზი ალექსანდრე ბოლქვაძე, საპატრიარქოს განათლების განყოფილების თავმჯდომარე პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი (იგი პატრიარქს განათლების სამინისტროშიც ახლდა), სასულიერო აკადემიის რექტორი, ახალციხის მთავარეპისკოპოსი თევდორე ჭუაძე და სასულიერო აკადემიის პრორექტორი დეკანოზი გიორგი ზვიადაძე.

24 საათი, 23.9.04.
ნოდარ ლადარია
დეკანოზი მიქაელ ასათიანი:
პატრიოტიზმი სამოქალაქო სეგნების გარეშე გამანადგურებელია

გაზეთის სტუმარია გლდანის ლომისის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ასათიანი. 90-იან წლებში ის ჯერ ზუგდიდში მსახურობდა, 1995 წ. კი პატრიარქის მოწოდებით „იმ შფოთიან წლებში დაგროვილი გამოცდილების“ გამო გლდანში იყო გადმოყვანილი. „აქეთ იმიტომ მომიწოდეს, რომ მაშინ დაიწყო ბასილ მკალავიშვილის სახელთან დაკავშირებული არეულობა. გლდანის მრევლი ძალიან დაქსაქსული იყო. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა მის მოსაბრუნებლად,“ - ყვება მამა მიქაელი. დღეს მისი თაოსნობით გლდანის ეკლესიასთან ორი საბავშვო არასამთავრობო ორგანიზაციაა დაფუძნებული („ენა, მამული, სარწმუნოება“ და „სულიერი ლაშქარი“), რომლებიც საქველმოქმედო და სამოქალაქო საქმიანობითაა დაკავებული. („ვცდილობთ გონებიდან ამოვუგდოთ ფაშისტური, ნაციონალისტური აზროვნების ელემენტები“). აქ მოზარდებს უნერგავენ თბილ და მეგობრულ დამოკიდებულებას სხვა ეროვნებისა თუ აღმსარებლობის თანატოლებთან, მათ შორის საქართველოში პარიებად ქცეულ იეღოველებთან. მამა მიქაელის დახმარებით ბავშვები გამოსცემენ ჟურნალ „ახალ სიცოცხლეს“, რომელიც სამოქალაქო ღირებულებებს ქადაგებს. ეს ღირებულებები, მამა მიქაელის რწმენით, „ადამიანისთვის მატერიალურ სამყაროში არსებობის ერთ-ერთი უმთავრესი ფორმაა... და სიყვარულზე და სინდისზეა დამყარებული“.

24 საათი, 27.9.04.
თამარ დვალი
კრწანისის გმირთა სამაროვანი

300 არაგველის სახელობის ბაღში კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ კრწანისის ომში დაღუპულ გმირთა მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ბეგაშვილი და ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი „ეროვნულ ძალთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური ესწრებოდნენ.

ალია, 30.9.04.
ეკა ასათიანი
რატომ შეხვდა საბერძნეთიდან ჩამოსული ეპისკოპოსი მკალავიშვილის მრევლს

ჟურნალისტის ცნობით, ბასილ მკალავიშვილი „საპყრობილიდან გამოსვლას ელოდება და მნიშვნელოვანი განცხადებების გაკეთებას მას შემდეგ გეგმავს“. მისი მრევლი კი ამასობაში ორად გაიყო - ერთნი დედაეკლესიასთან შერიგების მომხრენი არიან, მეორენი ამას ეწინააღმდეგებიან. გადამწყვეტი სიტყვა მკალავიშვილს ეკუთვნის. ავტორი, როგორც თვითონ წერს, ერთ „გასაიდუმლოებულ“ ინფორმაციასაც გვაწდის - საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოსულა წინააღმდგომთა სინოდის ეპისკოპოსი, ამავე სინოდის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელი ამბროსი ბერტნი და გლდანის ეკლესიის საეკლესიო კრება ჩაუტარებია. ჟურნალისტს აინტერესებს: „ხომ არ შეუშლის ხელს მეუფე ამბროსის ეს ნაბიჯი მკალავიშვილის ილია მეორესთან შერიგებას, რატომ გაჭიანურდა ეს პროცესი და, ბოლოს და ბოლოს, უჭერს თუ არა მხარს საპატრიარქო ბასილ მკალავიშვილის გათავისუფლებას?“ საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ზურაბ ცხოვრებაძემ, რომელსაც ავტორმა ამ კითხვებით მიმართა, განმარტავს, რომ წინააღდგომთა (ე.წ. კვიპრიანეს) სინოდი, რომლის დაქვემდებარებაშია მკალავიშვილი, „არის საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთილი დაჯგუფება“, რომელთანაც „არც ერთ ავტორიტარულ (სიც!) ეკლესიას, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასაც, არავითარი ორგანიზაციული კავშირი არა აქვს. არც შერიგების შესახებ და არც იმის შესახებ, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლებს მკალავიშვილი ციხეში მოუნახულებიათ, ცხოვრებაძის სიტყვებით, მან არაფერი არ იცის.

2 სასულიერო პრესა *

▲ზევით დაბრუნება


მართლმადიდებელი ეკლესიის სექტემბრის გამოცემებში კვლავ გრძელდება სხვა კონფესიების კრიტიკა და მართლმადიდებლობის ერთადერთ ჭეშმარიტ სარწმუნოებად გამოცხადება. აქვე აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებულ სტატიებში არ იგრძნობა ერთიანი პოზიცია - მაშინ, როდესაც ავტორთა უმრავლესობა კატეგორიულად გამორიცხავს დიალოგს არამართლმადიდებლურ ცივილიზაციებთან, ზოგიერთი სტატია, რომლებიც როგორც წესი უშუალოდ საპატრიარქოს სახელით ქვეყნდება, დადებითად აფასებს საქართველოს ჩაბმას გლობალურ პროცესებში და ქვეყნის დასავლურ ორგანიზაციებთან ინტეგრაციას.

პუბლიკაციებიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ ეკლესია საკმაოდ რადიკალურადაა განწყობილი საერთოდ ხელოვნების წინააღმდეგ (ხელოვნება ადამიანურ ვნებებზეა დამყარებული და მოკლებულია ყოველგვარ სულიერს), გარდა სიწმინდეებისა და სასწაულების აღწერისა.

რაც შეეხება განათლებას, სასულიერო პირთა უდიდესი ნაწილი ავტორიტარული აღზრდის და მშობლისა და მასწავლებლის მოზარდზე აბლოლუტური გავლენის მომხრეა, თუმცა თავად პატრიარქი დრო და დრო ამბობს, რომ ბავშვებს თავისუფალი აზროვნების საშუალება უნდა მიენიჭოთ.

სექტემბრის ნომრებში საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა ქალს, დაწყებული მისი ჩაცმულობით, და დამთავრებული ქმართან ურთიერთობით. მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელია ქალისა და მამაკაცის თანასწორობა ოჯახურ საკითხებში, დაუშვებელია ქალის მიერ შარვლის ტარება და გამომწვევი, ვიწრო ტანსაცმლის ჩაცმა.

შარვლებისა და მოტკეცილი მაისურების თემასთან ერთად, აქტუალური რჩება საქართველოს, როგორც განსაკუთრებული მადლის მქონე ქვეყნის თემაც. ამ მადლის შესანარჩუნებლად, აუცილებელია სახელმწიფომ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოების გზით იაროს, თორემ იგი დაიღუპება. ტერიტორიული დავების მოგვარებისთვისაც კი აუცილებელია ქვეყნის ხელმძღვანელობამ სწორედ „სარწმუნოებრივი აზროვნებით“ იხელმძღვანელოს.

მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრის გამოცემებში შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობა მსოფლიო შეთქმულების თემას, რომელიც წინა თვეების სასულიერო პრესის ერთერთი ძირითადი განხილვის საგანი იყო, მან მსოფლიო ტერორიზმსა და ელექტრონული ბარათების გამოყენებას მაინც ვერ აუარა გვერდი

____________________

* ყველა განხილული ჟურნალ-გაზეთი, გარდა გაზეთებისა „მრევლი“ და „აცხოვნე სული შენი“, ან საპატრიარქოს ოფიციალური ორგანოა, ან იბეჭდება კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით.

2.1 მართლმადიდებელობა და სხვა რელიგიები

▲ზევით დაბრუნება


ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი თვლის, რომ: „ამაოა ფიქრი იმის შესახებ, რომ, თითქოს, კეთილი ადამიანი, თუნდაც წარმართი ან მაჰმადიანი, მაინც ცხონდება, ანუ მარადისობაში იქნება ღმერთთან ერთად, ცდებით! ჭეშმარიტი ეკლესია, როგორც ძველი აღთქმის, ასევე ახლისა, ყოველთვის აღიარებდა, რომ სულის ხსნის ერთადერთი საშუალება არის მაცხოვარი. ადამიანი, თავისი დაცემული ბუნების გამო, უდიდესი სათნოებითაც რომ იყოს დაჯილდოებული, მაინც ჯოჯოხეთისთვისაა განწირული.“ („კანდელი“, №35, 3-9.9.04).

ადამიანთა სულიერ ცხოვრებას გარდაცვალების შემდეგ ეხება სტატია „სულების ყოფა კერძო სამსჯავროს შემდეგ. მიცვალებულთა მოხსენიება“. ამ სტატიაშიც გამყარებულია რწმენა იმის შესახებ, რომ არამართლმადიდებელი მორწმუნეები განწირულნი არიან ჯოჯოხეთისთვის: „ისეთებისთვის, როგორებიც არიან მართლმადიდებელი სარწმუნოების უარმყოფელნი, ერეტიკოსნი და განხეთქილების ჩამომგდებნი, რომლებიც თავად გზააბნეულნი არიან ჭეშმარიტ რწმენაში და სხვებსაც აცდუნებენ, თავს სამუდამო სატანჯველში იგდებენ... ვინც აქვე განუდგა მართლმადიდებელ კათოლიკე ეკლესიას, მას არ ეძლევა შუამდგომლობა და არ უნდა ელოდოს შეწყალებას იქ, სადაც ეკლესიის მეთაური, ჩვენი მხსნელი მეუფებს თავისი დიდებით.“ („ქაროზი”,№10, 9.04).

ასევე: „მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანები... დაიმკვიდრებენ სამარადისო ნეტარებას. ხოლო უკეთურნი, რომელთაც არ სწამთ ქრისტე, ურწმუნონი და ის მართლმადიდებელი ქრისტიანენი, ვინც ცოდვებში იცხოვრა ან რაიმე მომაკვდინებელ ცოდვაში ჩავარდნენ და არ განიკურნეს თავი სინანულით, დაცემულ ანგელოზებთან ერთად სამარადისო სატანჯველში იქნებიან.“ („გარდაცვალება“, ნაწყვეტი წიგნიდან „ადამიანის სიცოცხლისა და სიკვდილის აზრი“; „ქაროზი“,№10, 9.04).

ამავე რწმენის გამყარების მცდელობაა სტატიაში „მართალთა და ცოდვილთა სიკვდილი, კერძო სამსჯავრო, მეზვერეობა“, თუმცა, ამ შემთხვევაში ავტორი არაფერს ამბობს არამართლმადიდებელ ქრისტიანებზე: „საზვერეებს მხოლოდ ქრისტიანები გადიან. ის სულები კი, რომლებსაც ქრისტე არ სწამთ, თვით საზვერეებამდეც კი არ მიიშვებიან... ურწმუნო იუდეველები, კერპთაყვანისმცემელნი და მაჰმადიანნი აქ არ მოდიან, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ სხეულისა და სულის განშორებამდე მათი სხეულები ჯოჯოხეთს ეკუთვნის და როცა ისინი კვდებიან, ეშმაკებს მათი სულები ყოველგვარი გამოცდის გარეშე პირდაპირ გეენას ქვესკნელში მიჰყავთ, როგორც თავიანთი მემკვიდრეობა.“ („ქაროზი“,№10, 2004 წ.).

სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებთან თანალოცვა ან დიალოგი მიუღებელია: „თანალოცვა აკრძალულია სჯულის კანონის მიერ სერიოზული ეკლესიოლოგიური მიზეზით. ...ერთსა და იმავე მიზნით (მაგ., მშვიდობის დამყარებისთვის) სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლების მიერ თანმიმდევრული ლოცვაც არ შეიძლება იყოს მოწონებული და მიღებული მართლმადიდებლური ქრისტიანული სინდისის მიერ მრავალი მიზეზის გამო. ვინაიდან ღმერთები, რომელთა მიმართაც ლოცულობენ სხვა რელიგიების წარმომადგენლები, არიან ცრუღმერთები. მაგალითად, ინდუისტები მისდევენ მრავალღმერთიანობას. სინტოისტებს (იაპონიაში გავრცელებული რელიგია) წამთ წინაპართა სულების და შემოქმედზე მეტად ქმნილებებს სცემენ თაყვანს (მზეს, მთვარეს და ა.შ.), ბუდისტები ეთაყვანებიან უპიროვნო ღმერთს. იუდეველები და მუსულმანები ერთპიროვან ღმერთს აღიარებენ და ღვთისგმობად მიიჩნევენ სამპიროვან ღმერთის თაყვანისცემას და ქრისტეს ღვთაებრიობის აღიარებას.“ („კანდელი“,№37, 17-23.9.04).

ჭეშმარიტი მორწმუნის სახლში კათოლიკური ხატების შენახვა და მათზე ლოცვა დაუშვებელია: „შეიძლება თუ არა მართლმადიდებელი ქრისტიანის ოჯახში ინახებოდეს კათოლიკური ხატი? - მართლმადიდებლის ოჯახში კათოლიკურ ხატზე ლოცვა და მასთან სანთლის დანთება არ შეიძლება.“ („კარიბჭე“,№8, 2004 წ.).

შედარებით ლიბერალურად უყურებს არამართლმადიდებელ კონფესიებთან თანამშრომლობას არქიმანდრიტი ილია ნასიძე: „შეიძლება თუ არა ქრისტიანი სხვა ამღსარებლობის ადამიანს შეეწიოს ან თვითონ მიიღოს მოწყალება არამართლმადიდებლისგან? - ასეთ დროს მნიშვნელოვანია, თუ რა მიზნით გავცემთ ან რაგვარი ფორმით ვიღებთ მოწყალებას. მთავარია ეს არ ხდებოდეს სარწმუნოების დატევების ხარჯზე. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეიძლება.“ („უმადურია კაცი, რომელიც ვერ აფასებს პატივს, რომ თვითონ კი არ თხოულობს მოწყალებას, არამედ სხვა მიდის მასთან შემწეობის სათხოვრად“; ჟურნალი „კარიბჭე“,№8, 2004 წ.).

„კანდელის“ ამ თვის ნომერი აქვეყნებს სტატიას სათაურით: „რატომ ყვირიან, ღმუიან და მღერიან „ორმოცდაათიანელები“ ლოცვის დროს?“ ავტორი მიიჩნევს, რომ „დღეს არა მარტო ევროპასა და ამერიკაში, საქართველოშიც მომრავლდნენ პროტესტანტული, ანტიქრისტიანული სექტები. ერთ-ერთი მათგანია „ორმოცდაათიანელთა“ სექტა, რომლის მიმდევრებიც საკუთარ თავს ქრისტეს მცნებების ჭეშმარიტ დამცველებს უწოდებენ და, იმავდროულად, აშკარად უარყოფენ უფლის მიერ დადგენილ ზოგიერთ საიდუმლოს. ამ სექტას საქართველოშიც აქვს თავისი თავშესაყარი „სახლი“ და, შესაბამისად მიმდევრებიც ჰყავს, რომელთა საქმიანობა ჩვენს ქვეყანასა და რწმენას ნამდვილად არ მოუტანს კარგ შედეგს. ამიტომ, გაზეთ „კანდელის“ საშუალებით, გვინდა, „უმეცრებაში ჩავარდნილ“ ადამიანებს ავუხსნათ სექტის ჭეშმარიტი არსი და დანიშნულება.“ („კანდელი“,№36, 10-16.9.04).

ამავე სტატიაში საუბარია ორმოცდაათიანელთა მოძღვრების არსსა და რიტუალებზე. ჟურნალისტის კითხვებს დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი პასუხობს. იგი განმარტავს: „ორმოცდაათიანელები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ნათლობისა და საზოგადო ლოცვის დროს, სხვა ენაზე მეტყველებისას, თითქოს მოციქულთა მსგავსად, იღებენ სულიწმინდის ნიჭსა და უნარს. მათი „მოპოვებისათვის“ კი ისეთ ხელოვნურ საშუალებებს მიმართავენ, როგორებიცაა: სიმღერა ლოცვის უნისონში, ფეხების ბაკუნი, ტაშისკვრა, ყვირილი, ღმუილი და სხვა. მათთვის მთავარია, შესაბამისი განწყობა შეიქმნან და ექსტაზს მიაღწიონ. ხშირად, განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანებს, ყოველივე ამასთან ერთად ისტერიკაც ემართებათ და თავშეუკავებელ სიცილს, ბოდვასა და ყვირილს იწყებენ... „ორმოცდაათიანელთა“ „ენათმეტყველება“ კი უაზრო, ერთმანეთთან დაუკავშირებელი, სრულიად გაუგებარი ბგერებია, რომლებიც სხვადასხვა ფორმით გამოიხატება: ხან ბურდღუნ-ბლუკუნით, ხანაც - ხმამაღალი წამოძახილებით. მათი ეგრეთ წოდებული ლოცვა ძალიან წააგავს ციმბირელი შამანების ღვთისმსახურებას.“ („კანდელი“,№36, 10-16.9.04).

ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელია ასევე „ხსნის არმიის“ საქმიანობა საქართველოში: „საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი აფრთხილებს მოსახლეობას, რომ „ხსნის არმიას“ არავითარი კავშირი არ აქვს მართლმადიდებელ ეკლესიასთან. „ხსნის არმია“ არის პროტესტანტული სექტა, რომლის მოძღვრებაც ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას.“ („ხსნის არმია თბილისის ქუჩებში“, „საპატრიარქოს უწყებანი“, №35, 24-30.9.04).

ჟურნალ „კარიბჭის“ სექტემბრის ნომერში იეღოვას მოწმეების პროზელიტური საქმიანობაა გაშუქებული. სტატიაში საკმაოდ დეტალურადაა განხილული აგიტატორთა მომზადების სტრატეგია, მეთოდოლოგია და მათთვის განკუთვნილი „საიდუმლო“ სახელმძღვანელოები, ასევე მითითებულია საათების რაოდენობა, რომელიც მორწმუნეებმა პროზელიტიზმს უნდა დაუთმონ: „იეღოველთა განსაკუთრებული კატეგორია გახლავთ პიონერები (კარდაკარ ან ქუჩაში აგიტაციას ეწევიან არანაკლებ 90 საათისა თვეში) და სპეციალური პიონერები (არანაკლებ 140 საათისა თვეში). ყოველი თვის დასასრულს ყოველი აგიტატორი ავსებს ბლანკს, სადაც მოცემულია გაწეული სამუშაოს დაწვრილებითი ანგარიში და მონაცემები გადაბირებული თუ „მოსანადირებელი“ პირების შესახებ.“ იეღოვას მოწმეთა აქტიურ პროზელიტიზმს ავტორი საკმაოდ უარყოფითად აფასებს: „სამწუხაროდ, რასელიზმის აქტივისტთა ანკესს დღესაც მრავალი გულუბრყვილო და მიმნდობი ადამიანი ეგება. იეღოველთა „შიდა მოხმარების“ სააგიტაციო მასალების გაცნობის, მათი ფარისევლური საუბრების მოსმენისას ძალაუნებურად გვაგონდება იეზუიტთა ცნობილი გამოთქმა: „მიზანი ამართლებს საშუალებას.“ („შეიძლება გკითხოთ?“, „კარიბჭე“,№8, სექტემბერი, 2004 წ.).

„და საერთოდ, სინდისის თავისუფლება ზოგი ავტორისთვის „რელიგიის უღრან ტყეში ხეტიალის თავისუფლებაა, რომლის დროსაც შეიძლება ფალოსის ან კენგურუს გამაღმერთებელ რელიგიებს გადაეყარო, ან კაცისმკვლელი სატანის თაყვანისმცემელი გახდე, არც ისაა გამორიცხული, იეღოველთა სექტას მიემხრო, რომლებიც განსაცვიფრებელი მოურიდებლობით და დაჟინებით იჭრებიან სახლებში, უცოდინარ და დაბნეულ ადამიანებს ქრისტეს და მისი ეკლესიისადმი სიძულვილს ასწავლიან და ქადადგებებით, მატერიალური დახმარებებით და კარგად გაფორმებული ლიტერატურით ეშმაკის მახეში იტყუებენ. სექტანტები ეკლესიასთან ერთად სამშობლოსაც უარყოფენ და ამზადებენ რობოტიზირებულ, კოსმოპოლიტ ადამიანთა მასას ანტიქრისტეს მისაღებად.“ („ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ“, „აცხოვნე სული შენი“, №6, 2004 წ.)

არამართლმადიდებელ ქრისტიანულ კონფესიებზე საუბარი გრძელდება სტატიაში „წმინდა სარწმუნოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიისთვის“. მსჯელობა ამჯერად კათოლიკეებს და პროტესტანტებს ეხება: „კათოლიკეებმა გამოიგონეს ახალი თავი (პაპი), რითაც დაამცირეს ერთადერთი ჭეშმარიტი თავი ეკლესიისა - ქრისტე; ლუთერანები განვარდნენ და უთავოდ დარჩნენ; ანგლიკანებიც ასევე: მათ არა აქვთ ეკლესია, მათი კავშირი თავთან გაწყვეტილია, ყოვლადძლიერ შეწევნას ისინი ვერ იღებენ... პროტესტანტებს - გერმანელებსა და ინგლისელებს სრულიად დამახინჯებული აქვთ ცნება ეკლესიისა, რამეთუ მათში არ არის სჯულისმიერი მღვდლობის მადლი: მათ არა აქვთ საიდუმლონი (გარდა ნათლობისა) და არა აქვთ უმთავრესი - არ ეზიარებიან ქრისტეს ხორცსა და სისხლს; მათ არა ჰყავთ ზეციური ეკლესია; ისინი არ აღიარებენ და არ ლოცულობენ გარდაცვლილთათვის, რამეთუ ამას საჭიროდ არ თვლიან.“ („კანდელი“,№38, 24-30.9.04).

კათოლიციზმზე და საქართველოში კათოლიკეების მოღვაწეობაზეა საუბარი სტატიაში „ხარების ტაძრის ნამდვილი ისტორია“ (გადმობეჭდილია ჟურნალიდან „მერმისი“). იგი ეხება ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასა და კათოლიკურ ეკლესიას შორის სასამართლო დავას ქუთაისის ხარების ტაძრის მფლობელობის შესახებ. ავტორს ორივე მხარის არგუმენტები მოჰყავს, თუმცა მიუკერძოებლობას ვერ ინარჩუნებს. გზადაგზა იგი კათოლიკების მოღვაწეობასაც ეხება საქართველოში („XIX საუკუნის 50-60-იან წლებში... მაშინ, როცა ქვეყანაში არც მეფე იყო და არც კათოლიკოსი, ლათინები ტაძარს გვინგრევენ და ცდილობენ შეცვალონ მისი იერსახე, რათა მართლმადიდებლობის კვალი წაშალონ.“) და თეოლოგიურ შეფასებებსაც არ ერიდება („ჭეშმარიტების გზას აცდენილ ლათინებს ავიწყდებათ, რომ ყოვლადწმინდა ქალწულის მშობლები წმინდა იოაკიმე და ანნაა, უბიწოდ კი მხოლოდ უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჩაისახა.“) („ქაროზი“,№10, 2004 წ.).

ჟურნალი „კარიბჭე“ პასუხობს შეკითხვებს აღმოსავლური ორთაბრძოლების შესახებ. ირკვევა, რომ ეკლესია მათ არ კრძალავს: „აღმოსავლური ორთაბრძოლების იდეოლოგია და ფილოსოფია ანტიქრისტიანულია, თუმცა შესაძლებელია ამ ორთაბრძოლების ელემენტების საჯარისო ფორმირებების წვრთნის დროს გამოყენება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ უგულებელყოფილი იქნება მისი ფილოსოფიური და რელიგიური საფუძვლები. ამდენად - აღმოსავლური ორთაბრძოლების იდეოლოგია მიუღებელია, ხოლო მათი ცალკეული ხერხებისა და ილეთების გამოყენება - შესაძლებელი.“ („კითხვა პასუხი“, „კარიბჭე“,№8, სექტემბერი, 2004 წ.).

აღმოსავლურ რელიგიებზეა საუბარი გაზეთ „მრევლშიც“. საუბარია იმ საფრთხეზე, რომელიც ქრისტიანულ საზოგადოებას აღმოსავლეთიდან ელოდება - ეს რელიგიები მთელ მსოფლიოში საკუთარი მრწამსის გაბატონებას აპირებენო. სტატიაში ამ შეხედულების დასამტკიცებლად ინდოელი გურუ ვივეკანანდას სიტყვებიც არის მოყვანილი: „ის დიდი ოცნება, რომლითაც ყოველი ჩვენგანი უნდა აღიჭურვოს, არის ინდოეთიდან მსოფლიოს დაპყრობა და არაფერი ამაზე ნაკლები; ჩვენ ყველა ამ მიზნისათვის უნდა მოვიმართოთ და ჩვენი თითოეული ნერვი დავძაბოთ... წამოიმართე, ინდოეთო, და იმეფე მთელ მსოფლიოზე შენი სულიერებით... ის, რამაც უნდა იმეფოს დასავლეთზე, სულიერებაა...“ („მართლმადიდებელი მონაზვნობა და რელიგიური სინკრეტიზმი“, „მრევლი“,№89, 2004 წ.).

2.2 ეკუმენიზმი

▲ზევით დაბრუნება


ეკუმენიზმის თემას ეხება ჟურნალ „კანდელში“ გამოქვეყნებული სტატია - „ღირსი მაქსიმე აღმსარებლის ღვაწლი და დღევანდელობა“. სტატიაში განმარტებულია, რომ ეკუმენიზმი „უდიდეს საცდურად მოევლინა მართლმადიდებელ ეკლესიას“. სტატიაში ნათქვამია, რომ ეკუმენიზმი არის „ყველაზე დიდი მწვალებლობა კაცობრიობის ისტორიაში, მწვალებლობათა მწვალებლობა, და შეიძლება ვივარაუდოთ, თვით მომავალი ანტიქრისტეს რელიგია!“ შესაბამისად ამ მოძრაობის მხარდაჭერა მიუღებელია ყველა ჭეშმარიტი მორწმუნესთვის: „ეკუმენიზმის მწვალებლობაც ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის მარტივი და ადვილად უარსაყოფი უნდა იყოს, რამეთუ ჩვენ გვწამს „ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“, რომელიც არის ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია, და მხოლოდდამხოლოდ ის, ერთადერთი!“ („კანდელი“,№35, 3-9.9.04).

რელიგიების თანასწორობის აღიარება და დიალოგი მიუღებელია: „ეკუმენისტური მოძრაობის დღევანდელი მესვეურები ასაბუთებენ, რომ ყველა სხვა რელიგიაც - იუდაიზმი, ბუდიზმი, ისლამი, კონფუციანელობა, სინტოიზმი და მრავალი სხვა წარმართული და ნეოწარმართული რელიგია ერთი დიდი ჭეშმარიტების ნაწილებია, რომ ღმერთი - ყველა მათგანისთვის ერთია, და მხოლოდ - სახელწოდებების შერჩევაშია მათ შორის განსხვავება. ასე მიესწრაფვიან ეკუმენისტები გარეგან მშვიდობას, მიაწერენ რა კაცობრიობის ყველა უბედურებას რელიგიურ შეუმწყნარებლობას და განა შეიძლება ღმერთის დაგმობაზე, ეშმაკის თაყვანისცემაზე დაფუძნებული მშვიდობა და „შემწყნარებლობა“ მისაღები იყოს ნამდვილ მორწმუნეთათვის?! ამიტომაც დიდი დევნულება მოელის მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუმენისტურ მსოფლიოში, ამისთვის უნდა მოვემზადოთ!“ („კანდელი“,№35, 3-9 სექტემბერ, 2004).

რელიგიური გამოცემები აგრძელებენ იმის მტკიცებას, რომ ეკუმენიზმისა და გლობალიზაციის მთავარი პრინციპი - ყველა კონფესიის თანასწორობა - მიზნად რელიგიების გაერთიანებას და ერთი, მსოფლიო რელიგიის შექმნას ისახავს, ჭეშმარიტი მართლმადიდებლებისთვის კი ამ პროცესში მონაწილეობა მიუღებელი და სამარცხვინოა: რელიგიური სინკრეტიზმის „მთავარი დოგმატია ის, რომ არც ერთი რელიგია ჭეშმარიტებას სრულად არ ფლობს, არამედ შეიცავს მის ნაწილებს. ამიტომ ჭეშმარიტების გამთლიანებისა და სრულყოფისათვის თითოეული რელიგიიდან უნდა აიღონ ჭეშმარიტების ნაწილი და ყველაზე თანაბრად გადაანაწილონ, რათა „ერთმანეთი გავამდიდროთ“. ეს შეხედულებები უკავშირდება ე.წ. „ახალი ერას“ მოძრაობას, „ახალ მსოფლიო წესრიგსა“ და გლობალიზმს, რომლებიც მიისწრაფვიან არა მხოლოდ ეკონომიკების, არამედ რელიგიების გაერთიანებისაკენ და ერთი მსოფლიო რელიგიის შექმნისაკენ... სამწუხაროდ, მართლმადიდებელი ბაგეებიდან ოფიციალურად განცხადდა, რომ კათოლიკეები და მართლმადიდებლები, პროტესტანტები და ებრაელები, მუსულმანები და ინდუსტები, ბუდისტები და კონფუციანელები... ერთი ღვთის სულითა ვართ გაერთიანებულნი.“ („მართლმადიდებელი მონაზვნობა და რელიგიური სინკრეტიზმი“, „მრევლი“,№89, 2004 წ.).

მეორეს მხრივ, გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანში“ გამოქვეყნებულია ინტერვიუ ვარშავის საკათედრო ტაძრის წინამძღვარ ჰენრიხ პაპროცკისთან. ინტერვიუში საუბარია პოლონეთში მოღვაწე ეკუმენური მოძრაობის გამოჩენილ წევრ გრიგოლ ფერაძეზე, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1996 წელს წმინდანად შერაცხა. ასევე აღნიშნულია, რომ წმინდანად შერაცხვის ფაქტი და ორ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დაწყებული თანამშრომლობა მომავალში მათი დაახლოების საწინდარიც შეიძლება გახდეს: „საქართველოში უკვე გამოიცემა მისი (გრიგოლ ფერაძის) ნაშრომები ქართულ ენაზე, ასე რომ ვფიქრობ, ეს კანონიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსა და პოლონეთისთვის, რადგან სინამდვილეში იგი აერთიანებს ორ ხალხსაც და ჩვენს ეკლესიებსაც.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №31, 27 აგვისტო - 2 სექტემბერი, 2004 წ.).

2.3 მსოფლიო შეთქმულება

▲ზევით დაბრუნება


„აცხოვნე სული შენი“ ისევ აგრძელებს ელექტრონული ბარათების გამოყენებით სატანისტებისა და მასონების მიერ მსოფლიოს დაპყრობის გეგმის თემას: „ადამიანისთვის სამუდამო, უცვლელი საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ნიშნავს მისი „სახელის“ ანუ არსებითი სახელის ჩანაცვლებას რიცხვითი სახელით. ადამიანთა გამხეცება, ვითარცა პიროვნულობის დაკარგვა სულიერად პირდაპირაა დაკავშირებული სახელის დაკარგვასთან... აქ, მიწაზე ამ სატანურ იდეას ხორცს შეასხამენ ეშმაკის უბედური მსახურები და „უსჯულობების საიდუმლოს“ აღმასრულებელნი - სიონისტები და ქვისმთლელები - მასონები, რომლებიც აშენებენ ანტიქრისტიანულ „ახალ მსოფლიო წესრიგს“, მხეცის სამეფოს.“ („ციფრული სახელი და პიროვნულობის წარმწყმენდელი დაკარგვა“, „აცხოვნე სული შენი“, №6, 2004 წ.).

ამ თემასვე ეძღვნება სტატია „პოლიტოლოგები იუწყებიან მესამე მსოფლიო ომის დასაწყისს“. მისი ავტორი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო ტერორიზმის გავრცელება მასონების მიერაა ინსპირირებული, რომლებიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ნიღბით მსოფლიო ომის წამოწყებას აპირებენ: „ხელოვნურად და მზაკვრულად აგორებული ანტიტერორისტული კამპანიის სცენარი მსოფლიოს ფარულ მთავრობას - ქვისმთლელ მასონებსა და სიონისტებს ეკუთვნის, რასაც მსოფლიო მასშტაბის საომარი ოპერაციების გაშლის საბაბად გამოიყენებენ, ეს კი თავის მხრივ მიზნად ისახავს თითოეულ ადამიანზე კონტროლის დამყარების ანტიქრისტეს სისტემის შექმნასა და ერთიანი გლობალური ზესახელმწიფოს დაარსებას.“ („აცხოვნე სული შენი“, №6, 2004 წ.).

2.4 ეკლესია და საგარეო პოლიტიკა

▲ზევით დაბრუნება


ყოველივე ამის მიუხედავად, საქართველოს საპატრიარქო ოფიციალურად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას დასავლურ ორგანიზაციებთან. ამის შესახებ 18 სექტემბერს ილია II-მ ევროკომისიის პრეზიდენტთან, რომანო პროდისთან შეხვედრაზე განაცხადა: „შეხვედრაზე კვლავ აღინიშნა, რომ ეკლესია მხარში უდგას ხელისუფლებას, რათა ევროინტეგრაცია სწრაფად და უმტკივნეულოდ განხორციელდეს.“ („სტუმარი საპატრიარქოში“, „საპატრიარქოს უწყებანი“, №35, 24-30.9.04).

ამასთან დაკავშირებით საინტერესოა აღინიშნოს, რომ პირველად ჩვენს მიერ მიმოხილული პერიოდის განმავლობაში საქართველოს საპატრიარქო საჯაროდ ცნობს დასავლურ წვლილს ქართული კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენაში: იგი დადებითად აფასებს აშშ-ს ელჩის მოღვაწეობას საქართველოში, კერძოდ, იმ დახმარებას, რომელიც აშშ-ს საელჩომ გელათის მონასტრის ფრესკების დიაგნოსტიკურ კვლევასა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაგეგმვის საქმეში აღმოგვიჩინა. გელათის მონასტრის მონახულების დროს, ილია II-მ დიდი მადლობა გადაუხადა რიჩარდ მაილსს ამ დახმარებისთვის: „ამერიკის საელჩო, მისი აღმატებულება ამერიკის ელჩი დიდი ყურადღებას იჩენს ქართული კულტურის მიმართ და საკმაოდ სოლიდურ თანხებს რიცხავს, რაც გელათს ნამდვილად სჭირდება. მინდა ჩვენი ეკლესიისა და ხალხის სახელით დიდი მადლობა მოვახსენო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ამ ყურადღებისათვის.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №34, 17-23.9.04).

2.5 ღვთისრჩეულობის თემა

▲ზევით დაბრუნება


მართლმადიდებლობის ერთადერთ ჭეშმარიტ რელიგიად აღიარებასთან ერთად სასულიერო პრესაში კვლავ საუბრობენ საქართველოს განსაკუთრებულ როლზე მსოფლიოში და იმ მადლზე, რომელიც მას აქვს მინიჭებული. ამ თემას საკმაოდ ხშირად ეხება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავის ყოველკვირეულ ქადაგებებში. 22 აგვისტოს საკვირაო ქადაგებაში იგი აღნიშნავს: „ჩვენ უფალმა მოგვცა უდიდესი მადლი - ჯერ ის, რომ ჩვენ ამქვეყნად მოგვიყვანა, შემდეგ ის, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ, ჭეშმარიტი სარწმუნოება გვაქვს, რაც არაფრით დაგვიმსახურებია. რამდენი მილიონი და მილიარდი ადამიანი არსებობს ამ სარწმუნოების გარეშე. უფალმა კი საქართველო აღამაღლა და მისცა მას ეს უდიდესი საუნჯე, რომელიც ჩვენ უნდა შევინახოთ.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №31, 27.8 - 2.9.04 წ.).

გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანში“ დაიბეჭდა პატრიარქის მიერ სიონის ტაძარში მარიამობის დღესასწაულზე წარმოთქმული ქადაგება, რომელშიც მან ყურადღება კვლავ ქართველთა „განსაკუთრებულობაზე“ გააკეთა: „უფალმა განსაკუთრებული მადლი მოიღო საქართველოზე; შემთხვევითი არ არის ის, რომ საქართველოში იყო ჩამოტანილი ხალენი წმინდა ილია წინასწარმეტყველისა, კვართი უფლისა, საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, საქართველოში იქადაგეს მოციქულებმა.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №32, 3-9.9.04).

ამავე თემაზე ამახვილებს ყურადღებას პატრიარქი 21 სექტემბრის ქადაგებაშიც: „მრავალი ერი არსებობდა, მათ შორის ჩვენზე ბევრად ძლიერი და მრავალრიცხოვანი, მაგრამ დღეს ისინი აღგვილია პირისაგან მიწისა. საქართველო და ქართველი ერი კი იყო, არის და იქნება, რადგან ჩვენ ვადიდებთ ჭეშმარიტ ღმერთს.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №35, 24-30.9.04).

2.6 ურთიერთობა სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან

▲ზევით დაბრუნება


სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას ქართული მართლმადიდებლური პრესა, ძირითადად, ახალი ამბების მოკლე მიმოხილვით შემოიფარგლება.

საკმაოდ ვრცელი სტატია ეძღვნება 11 სექტემბერს ავიაკატასტროფაში დაღუპულ ალექსანდრიის პატრიარქს. გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანში“ გამოქვეყნებულია სტატია: „ტრაგედია საბერძნეთის სანაპიროებთან“, რომელიც დეტალურად ეხება ალექსანდრიის პატრიარქის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. გაზეთის ამავე ნომერში გამოქვეყნებულია ილია II-ის საკვირაო ქადაგება, რომელშიც იგი მწუხარებას გამოთქვამს მართლმადიდებელი პატრიარქის გარდაცვალების გამო. („საპატრიარქოს უწყებანი“, №34, 17-23.9.04).

2.7 ქალის მიმართ დამოკიდებულება

▲ზევით დაბრუნება


„კანდელი“ აღიარებს ქალის უფლებებს საზოგადოებაში, მაგრამ არა ოჯახში: „ოჯახის საფუძვლად არ შეიძლება მივიჩნიოთ მეუღლეთა თანასწორუფლებიანობა. სამოქალაქო თანაბარუფლებიანობა ერთნაირ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს კაცისა და ქალისთვის, ანდა, თუ მოდურ სიტყვას გამოვიყენებთ - ემანსიპაციას - იგი ქალს მამაკაცის თანასწორ უფლებებს ანიჭებს კანონის წინაშე და თანაბარ ხმებს ქვეყანაში პოლიტიკური ხელისუფლების არჩევისას. ასეთი მდგომარეობა არ იწვევს შეპასუხებებს. მამაკაცი და ქალი სახელმწიფოში განიხილებიან როგორც თანასწორუფლებიანი და დამოუკიდებელი სოციალური ერთეულები. მაგრამ მამაკაცი და ქალი - ქმარი და ცოლი როდია! ჩვენ კინაღამ არ აგვერია სამოქალაქო თანასწორუფლებიანობა მეუღლეობრივში. ეს სულაც არ არის ერთი და იგივე რამ... ემანსიპაცია ამ შემთხვევაში მომაკვდინებელია, როგორც ხანჯლის დარტყმა ქორწინების გულისგულში.“ („სამწყსო სიტყვა ქორწინებაზე“; „კანდელი“,№37, 17-23.9.04).

„საპატრიარქოს უწყებანი“ თვლის, რომ ქრისტიანი ქალი ღვთისმშობელს უნდა ბაძავდეს, შესაბამისად გამომწვევი ჩაცმულობა მისთვის მიუღებელი უნდა იყოს: „ცნობილია, რომ გარემო გავლენას ახდენს ადამიანზეც. გამომწვევი ტანსაცმლის ჩაცმა იმიტომ არის საშიში, რომ მას ერთი მეტად შემპარავი თვისება აქვს. ის თანდათან, ნელ-ნელა ცვლის ადამიანის ბუნებას და თუკი ქართველი ქალი განაგრძობს ასე ჩაცმას, მაშინ მისი ბუნება აუცილებლად გაურცხვდება“. („საპატრიარქოს უწყებანი“, №34, 17-23.9.04).

ქალების მიერ გამომწვევ ჩაცმულობას ეკლესია მამაკაცების უფლებების შელახვად მიიჩნევს: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება იყოს ჯანმრთელი, ჰქონდეს ნორმალური ფიზიოლოგია და ფსიქიკა, გამომწვევად ჩაცმა - ეს არის ქალის ძალადობა მამაკაცზე, რადგან იქმნება ისეთი მდგომარეობა, როდესაც მამაკაცი თავს ვერ იცავს ამ მავნე ზემოქმედებისაგან, ტელევიზიით გადაცემული არასასურველი სანახაობისგან მას შეუძლია თავის დაცვა იმით, რომ გამორთოს ტელევიზორი, მაგრამ ქუჩაში და სამსახურში თვალახვეული ხომ არ ივლის?... ქალი, რომელსაც აცვია შარვალი ზემოდან გრძელი, ხალვათი მოსაცვამის გარეშე, ან აცვია ისეთი ვიწრო ტანსაცმელი, რომელიც იმეორებს სხეულის ფორმას, ტყუილად ინუგეშებს თავს, თითქოს შემოსილი დადიოდეს და იგივე ითქმის მამაკაცებზეც.“ („თანამედროვე ჩაცმულობის შესახებ“, „საპატრიარქოს უწყებანი“, №34, 17-23.9.04).

ამ თემასვე ეხმაურება „აცხოვნე სული შენი“, რომელიც ათონელ ბერ პაისთთან ინტერვიუს აქვეყნებს: „ახლანდელი ქალები ან მოკლე კაბებს იცვამენ, ან შარვლებს, ამ ორიდან ერთ-ერთს ირჩევენ, მაშინ, როცა ძველ აღთქმაში ამის შესახებ ნათქვამია გარკვევით და თანაც უკანასკნელი წვრილმანის გათვალისწინებით! ეს კანონია! მაგრამ იმის გარდა, რომ კანონია, ამგვარი, საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმლის ჩაცმა ამავდროულად უხამსობაცაა. ძველ აღთქმაში ხომ არის მცნება, რომელიც ქალებს მამაკაცის ტანსაცმლის ტარებას უკრძალავს, რაღა უნდათ?“ („ათონელი ბერი პაისი თანამედროვე ადამიანის შესახებ“, „აცხოვნე სული შენი“, №6, 2004 წ.).

რა თქმა უნდა, აღშფოთებას იწვევს სილამაზის კონკურსებში ქალიშვილების მონაწილეობაც, ვინაიდან ეს ცდუნებაა, რომელსაც დამღუპველი შედეგები მოაქვს თავად მონაწილეთათვის. გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანში” გამოქვეყნებულია მღვდელმთავარ ნიკოლოზ სერბის წერილი, რომელიც მან სილამაზის კონკურსში გამარჯვებული ქალიშვილის დედას მისწერა: „სილამაზის კონკურსი - ესაა ლათინელ ხალხთა უძველესი ჩვეულების აღორძინება და მისი არსი თეთრი მონებით შეფარული ვაჭრობაა. ცნობილია, თუ არა თქვენთვის ამ ლამაზმანთა შემდგომი ბედი? თუ არა, იცოდეთ, რომ იგი საშინელია: უკანონო კავშირები, უკანონო შვილები (საბრალო ბავშვები!), სენსაციური სასამართლო პროცესები, თვითმკვლელობები.“ წერილის ბოლოს მღვდელმთავარი გამარჯვებული ქლიშვილის დედას ურჩევს: „რაც შეიძლება მალე გაათხოვეთ თქვენი ქალიშვილი. რაც უფრო მოკრძალებული იქნება თქვენი არჩევანი - მით უკეთესი. გააყოლეთ იგი რომელიმე მეპურეს ან კონდიტერს (რა თქმა უნდა, თუკი კეთილმორწმუნე ადამიანს არ შეეშინდება ასეთი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე). მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგიძლიათ იქონიოთ იმედი, რომ გეყოლებათ კანონიერი შვილიშვილები და თქვენს ოჯახზე ღვთის კურთხევა იქნება.“ („ქედმაღლობა ის ტახტია, რომელზე ასულებიც გარდაუვლად ჯოჯოხეთის უფსკრულში იჩეხებიან!“, „საპატრიარქოს უწყებანი“, №35, 24-30.9.04).

2.8 გამოყოფილი ტერიტორიების დაბრუნების საკითხი

▲ზევით დაბრუნება


სასულიერო პრესა სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებსაც ეხმაურება. გაზეთ „ერი და ბერი“ თვლის, რომ სამაჩაბლოში დატრიალებული ტრაგედია, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის არ შეშვების გამო დატრიალდა, და საერთოდ, უფლისაკენ მიმავალი ჭეშმარიტი გზიდან გადახვევის შემთხვევაში, ქვეყანა შეიძლება დიდ უბედურებამდე მივიდეს: „განსხვავებით აფხაზეთისა, ხატი სამაჩაბლოში ოსეთის თვითმარქვია მთავრობამ არ შეუშვა, თითქოსდა იმ მოტივით, რომ ქართველები თურმე „ჯვაროსნულ“ ლაშქრობას აპირებდნენ. გასათვალისწინებელია, რომ ხატის არშეშვების შემდეგ, რამდენიმე დღეში ოსეთში საშინელი, საზარელი ტრაგედია დატრიალდა. ეს ყველაფერი ნიშანია იმისა, რომ როგორც კი უფალს განვუდგებით და მის გზას მოვწყდებით, ეშმაკის ხახაში აღმოვჩნდებით, და მაშინ ხსნა აღარ იქნება. დედაღვთისმშობელი თავისი გულმოწყალებით ცდილობს, რომ როგორმე დაგვეხმაროს, თავის წმინდა კალთა გადაგვაფაროს და ღვთისკენ მოგვაბრუნოს, მაგრამ ჩვენ თუ არ გამოვიჩინეთ ნება, გავაკეთოთ სწორი არჩევანი, გაიხარებს ეშმაკი და დროზე ადრე გაამეფებს წარსაწყმედელ ანტიქრისტეს.“ („ივერიის ღვთისმშობლის ხატი სამაჩაბლოში არ შეუშვეს“, „ერი და ბერი“ №11, 2004 წ.).

აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემებს ეხმაურება ასევე გაზეთი „აცხოვნე სული შენი“. სტატიაში „დავიბრუნებთ კი სამაჩაბლოსა და აფხაზეთს?!“ გამოთქმულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას მხოლოდ სარწმუნოებრივი აზროვნების შემთხვევაში შეძლებს: „შევძლებთ კი მათ კვლავ დაბრუნებას, მომხდარი ტრაგედიის სულიერი მიზეზების გაცნობიერების გარეშე, იმის გააზრების გარეშე, თუ რატომ დაეცა სოხუმი „ჯვართამაღლების“ დღეს - 27 სექტემბერს და რატომ ექცა საქართველოს იგი დღემდე ჯვრად?! შევძლებთ კი ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემების მოგვარებას ხელისუფლებაში სარწმუნოებრივი აზროვნების არარსებობის პირობებში, როცა ყველაფრის გასაღებს ვეძებთ არა ერთადერთი ჭეშმარიტი, ცხოველი ღვთის სასოებაში, არამედ „ძლიერთა ამა სოფლისათა“ დახმარებაში? სწორედ ქრისტეს ჯვრის ძალის არცოდნაა მიზეზი პოლიტიკურ ლაბირინთებში ჩვენი უთავბოლო ხეტიალისა.“ („აცხოვნე სული შენი“, №2, 2004 წ.).

2.9 დამოკიდებულება მოზარდთა აღზრდისადმი

▲ზევით დაბრუნება


საპატრიარქოს ორგანო წერს, რომ ბავშვების აღზრდისთვის აუცილებელია მათი სრული დამორჩილება მშობლებისა და სულიერი მოძღვრისათვის. დაუმორჩილებლობა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მშობლის მოთხოვნები ქრისტიანულ მოძღვრებას ეწინააღმდეგება: „მოკლედ რომ ვთქვათ, შენ აუცილებლად გჭირდება, დაემორჩილო შენს მშობლებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში არ უნდა დაემორჩილო მათ და უპირატესობა უფლისადმი სიყვარულს უნდა მიანიჭო, თუ ისინი ბოროტების ჩადენასა და უფლის მცნებათა დარღვევას გაიძულებენ.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №33, 10-19.9.04).

რადიკალურად განსხვავებული აზრი გამოთქვა ილია II-მ 14 სექტემბერს წარმოთქმულ ქადაგებაში: „საოცარი დროა, როცა ახალგაზრდებს გაცილებით უკეთ ესმით ის სულიერი საკითხები, ვიდრე უფროს თაობას. ადრე მშობლები ასწავლიდნენ თავიანთ შვილებს, ახლა პირიქით ხდება, ახლა შვილები ასწავლიან მშობლებს, თუ რა არის ჭეშმარიტება, რწმენა, სიკეთე, რა არის ბოროტება. მინდა მივმართო ჩვენს პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ სტუდენტებისადმი და მოუმზადებელნი ლექციაზე არასდროს შევიდნენ.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №34, 17-23.04).

ასევე შედარებით ლიბერალური დამოკიდებულებაა გამოხატული ჟურნალ „კარიბჭეშიც“: „ჩვენი პედაგოგიური ამოცანა ის არ არის, რომ ბოლომდე დავთრგუნოთ, გავტეხოთ ბავშვის ნება (მსგავსად ცხენის გახედვნისა), მთლიანად დავუმორჩილოთ მისი პიროვნება ჩვენსას. თუკი ასე მოვიქცევით, წავართმევთ ბავშვს იმას, რაც აუცილებელია თავისუფალი პიროვნებისთვის და რაც ქრისტიანის იარაღია გადარჩენისთვის ბრძოლაში.“ („ნუ დასჯით ბავშვებს ქრისტეს სახელით“, „კარიბჭე“,№8, სექტემბერი, 2004 წ.).

2.10 დამოკიდებულება მეცნიერებისადმი

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პატრიარქის დამოკიდებულება განათლების მიმართ საკმაოდ რეფორმისტულია. იგი თვლის, რომ აუცილებელია ეკლესიამ ფეხი აუწყოს თანამედროვეობას, რათა მან შეძლოს იმ მისიის შესრულება, რომელიც მას ქვეყნის წინაშე აკისრია: „დღეს ჩვენ აღარ უნდა გვაკმაყოფილებდეს ის, რაც გუშინ საკმარისი იყო. რადგან დრო სულ ახალ-ახალ მოთხოვნებს აყენებს. ეკლესიამაც, მაგალითად, თავისი პასუხი უნდა გასცეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა - გენური ინჟინერია, კლონირება და სხვა.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №34, 17-23.9.04).

2.11 დამოკიდებულება ხელოვნებისადმი

▲ზევით დაბრუნება


არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინის) რწმენით, ხელოვნება და მისი ყველა დარგი უდიდესი ცოდვაა. მუსიკა, ფერწერა, ლიტერატურა და სხვა ადამიანურ ვნებებზეა დამყარებული, რაც ეკლესიისთვის მიუღებელია. სტატიაში „თეატრისა და კინოს დემონური საწყისები“ განხილულია თეატრის არსი და ის მავნე ზეგავლენა, რომელსაც იგი მაყურებლეზე ახდენს: „კაცობრიობის დემონიზაციის ერთ-ერთ საშუალებად მისი ისტორიის ყველა პერიოდში წარმოსდგება თეატრი. თეატრი - ეს არის ვნებათა შენადედი, სულიერი სიცრუის ასპარეზი, რომელიც მაყურებლებს მიიტაცებს, მიიკრობს, როგორც წებოვანი მცენარე მწერებს, რომლებიც ნექტარის ძიებაში მის კაშკაშა-მოელვარე, სიკვდილის მატარებელ ყვავილებს ეტანებიან. თეატრში შეკრებილია ყოველივე უარყოფითი, რაც კი არსებობს ხელოვნების თითოეულ სახეობაში: ფერწერაში, მუსიკასა და ლიტერატურაში ვნებების მატარებელია სურათი, ბგერათა გამა, სიტყვა, ანუ გაშუალებული სიმბოლო, ხოლო თეატრში - თავად ადამიანი, რომელიც მაყურებელთა დარბაზში თავისი ცოდვიანი გრძნობებისა და განცდების ტალღებს აგზავნის... შეუძლებელია არ მოვიხსენიოთ თანამედროვე თეატრსა და კინემატოგრაფიაში ისეთი ყოვლადსაძაგელი მოვლენა, როგორიცაა წარმოდგენები, კინოფილმები და ბალეტიც კი.“

სტატია ასევე ეხება ხელოვანთა დამღუპველ საქმიანობას და იმ მიუტევებელ ცოდვას, რომელსაც ისინი თავისი საქმიანობის დროს სჩადიან: „ნიშანდობლივია, რომ ძველი ეკლესიის წესების მიხედვით (კანონებით) ნათლისღებაზე არ დაიშვებოდნენ კერპების დამამზადებელნი, მეძავები და მსახიობები. არსებობს ასეთი საეკლესიო კანონი: მომავალმა მღვდელმა ცოლად არ უნდა მოიყვანოს მსახიობი ქალი, დაე, თუნდაც იგი ქალწული იყოს, რადგან შინაგანი სიწმინდისა და უზაკველობის შენარჩუნება კლეოპატრასა და მესალინას როლების შესრულებისას შეუძლებელია.“ („აცხოვნე სული შენი“, №6, 2004 წ.).

მეორე სტატიის („მ. გიბსონის ფილმის „ქრისტეს ვნებების“ შესახებ“) ავტორი თავის შეფასებებში შედარებით ლიბერალურია. მართალია, მსახიობის საქმიანობა მისთვისაც მუღებელია, მაგრამ თავად კინემატოგრაფიული ნაწარმოები მისაღებია, თუ ის წმინდა ადგილებს და სასწაულებს ეძღვნება. „მხატვრისა და მსახიობის პროფესიიდან ეკლესიამ მხოლოდ პირველი აკურთხა ღვთიური ჭეშმარიტებების გამოსახატავად, მეორე კი უკუაგდო. მსახიობის მოვალეობაა მაქსიმალურად ზუსტად ითამაშოს სხვა პიროვნება, ეს შეიძლება იყოს ინდიელი, შოტლანდიის გმირი, ანდა უფალი. განა მკრეხელობა და სიგიჟე არ არის ეს? მართლმადიდებლობისათვის მისაღებია ფილმები სახარებისეულ თემებზე, სადაც აღწერილია წმინდა ადგილები, იკითხება სახარების ტექსტები, აჩვენებენ ხატებს, სიწმინდეებსა და სასწაულებს.“

საბოლოო ჯამში გიბსონის ფილმი სტატიაში მაინც უარყოფითად არის შეფასებული. ადამიანს არ ძალუძს ქრისტეს რეალური სახის გამოხატვა, შესაბამისად იგი არაეკლესიურია: „შეუძლებელია მიწიერმა ადამიანმა, ვნებებით და ემოციებით სავსე მსახიობმა გამოსახოს ქრისტეს ხატი. ამ შემთხვევაში ხელოვანი გამოხატავს არა უფლის სახეს, არამეს თავის წარმოდგენას მასზე, თავის შემოქმედებით თვალთახედვას, რომელიც, როგორც წესი, არამართლმადიდებლურია.“ („მ. გიბსონის ფილმის „ქრისტეს ვნებების“ შესახებ“ („აცხოვნე სული შენი“, №6, 2004 წ.).

სასულიერო პრესა კიდევ ერთხელ ეხმაურება „ჰარი პოტერის“ ავტორ ჯოან როულინგის მოღვაწეობას. ამჯერად გაშუქებულია მის მიერ ჩეხეთის ფსიქიატრიულ კლინიკებში ბავშვთა უფლებების დარღვევის წინააღმდეგ გალაშქრება. დასასრულს კი ნათქვამია: „ავადმყოფი ბავშვების გალიებში მოთავსება სისასტიკეა... მაგრამ სასაცილოა, როცა ამის წინააღმდეგ „ჰარი პოტერის“ ავტორი იმაღლებს ხმას, მისი ზღაპრად დაწერილი ოკულტური ნაწარმოები ხომ დიდად უწყობს ხელს მოზარდი თაობის ამგვარ სამედიცინო დაწესებულებებში მოხვედრას.“ („ჰარი პოტერის“ ავტორი ჩეხ ბავშვებს იცავს“, „კარიბჭე“,№8, სექტემბერი, 2004 წ.).