The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

სოლიდარობა № 5'06


სოლიდარობა № 5'06


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ნიჟარაძე ნანა, კომახია მამუკა, თინიკაშვილი დავით, ნოლანი პატრიკ, სუბარი სოზარ, ხოდრი გიორგი (მიტროპოლიტი), სიხარულიძე ნინო
თემატური კატალოგი სოლიდარობა
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა, © საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
თარიღი: 2006
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი, რედაქტორი: ნინო ცინცაძე, სტილის რედაქტორი: ლევან ბრეგაძე, დიზაინი: ბესიკ დანელია, ფოტო: ლევან ხერხეულიძე დავით ხუციშვილი, რედკოლეგია: სოზარ სუბარი, ბექა მინდიაშვილი, თამარ შამილი,სერგო რატიანი, ჟურნალი მომზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ, იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამა, ნორვეგიის მთავრობა



1 რედაქტორისგან

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მუშაობის დასრულებისას აღმოვაჩინეთ, რომ ჟურნალ ,,სოლიდარობის” ახალი ნომერი განსაკუთრებით მშვიდობისმოყვარე და ქრისტიანული სიყვარულის მქადაგებელი გამოგვსვლია. ქრისტიანი მოღვაწის, ლიბანის მთების მართლმადიდებელი მიტროპოლიტი, გიორგი ხონდრის ტექსტის ძირითადი სათქმელი ასეთია: ადამიანებს მშვიდობას მხოლოდ უცხოსადმი შიშისა და სიძულვილისაგან განთავისუფლება და სიყვარული მოუტანს.

როგორც ნანა ნიჟარაძისა და თათია მებაღიშვილის ნაწერი ცხადყოფს, სიყვარულია ის მთავარი მამოძრავებელი ძალაც, რომელსაც ურთულესი სენისგან - ნარკომანიისგან განკურნება შეუძლია. ისევ სიყვარულითა და სხვისი გაგების უსაზღვრო უნარის მეშვეობით ხდება შესაძლებელი ისეთი ადამიანების სამყაროს დახურული კარის შეღება, როგორიც აუტისტური მიდრეკილებების მქონენი არიან. რუბრიკაში ,,Stigma Free” ფსიქოლოგი ქეთი მაყაშვილი და აუტისტური მიდრეკილებების მქონე ბავშვის დედა, თეონა ყაჭეიშვილი, აუტიზმის უცნაური და მშვენიერი სამყაროს შესახებ გვესაუბრებიან.

ტრადიციას არ ღალატობს რუბრიკა ,,რელიგიები საქართველოში”, რომელშიც ამჯერად ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე ევანგელისტორმოცდაათიანელთა შესახებ იქნება საუბარი. აქვე იხილავთ ძალიან საინტერესო ტექსტს - ,,მსოფლიო მშვიდობის ფედერაციის” ე.წ. მუნისტური მიმდინარეობის მიერ დაწერილ რაპორტს საქართველოში მათი ხანმოკლე ვიზიტის შესახებ, რომელიც ჩვენებური ტოლერანტობის მშვენიერი საზომი აღმოჩნდა.

ჟურნალისათვის ახალი თემაა ჯანდაცვის მუშაკთა და პაციენტთა უფლებებისადმი მიძღვნილი მასალა, რომელშიც საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული პაციენტთა უფლებების დაცვის ცენტრის საქმიანობას გაეცნობით. ტრადიციას აგრძელებს რუბრიკა ,,პოლიტიკა და იდეოლოგიები”; ამჯერად ფრიდონ საყვარელიძე კონსერვატიული ღირებულებების შესახებ მოგვითხრობს. მამუკა კომახიას მასალა კი ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პრობლემასა და მისი გადაჭრის გზებს ეხება. ასე რომ, თემატიკა მრავალფეროვანია და მკითხველს ჩვენი ჟურნალის ამ ნომერთანაც საინტერესო და შინაარსიანი ურთიერთობა ელის.

2 აირჩიეთ სიყვარული!

▲ზევით დაბრუნება


ჩვენი წრე

ნანა ნიჟარაძე
თათია მებაღიშვილი

ნარკოტიკული ნივთიერებების მიღების უძველესი კვალი ყველა საზოგადოებაში მოიძებნება. როგორც არქეოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, ბევრგან - შუამდინარეთში, ინდოეთში, სპარსეთში, ეგვიპტეში, აფრიკაში, ჩინეთში, იაპონიაში, ევროპაში, ამერიკასა და სხვაგანაც - ფსიქიკაზე მოქმედ ნივთიერებებს ადამიანები პრეისტორიულ დროშიც იცნობდნენ, იქნებოდა ეს დამამშვიდებლები, აღმგზნები თუ ჰალუცინაციების გამომწვევნი. მაგრამ უძველეს ცივილიზაციებში ისინი გარკვეულ რელიგიურ, გამაერთიანებელ და თერაპიულ როლს ასრულებდნენ; ამასთან, მაშინ მათი მოხმარება სოციალურად იმდენად ინტეგრირებულ და კარგად გაკონტროლებულ მოვლენას წარმოადგენდა, რომ ნარკომანიას განვითარების საშუალება არ ეძლეოდა.

აკრძალული ნარკოტიკების დიდი ნაწილი (მარიხუანა, ჰეროინი, ოპიუმი, კოკაინი) სწორედ დაპყრობილ მიწებზე აღმოაჩინეს: ანდებში, სომალიში, კენიაში, ტოგოში, ინდოეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში; შემდგომ მათი ტრანსფორმირება და ქიმიური დამუშავება ხდებოდა (მაგალითად, ოპიუმიდან ჰეროინის დამზადება), მაგრამ ეს მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის კეთდებოდა, სანამ კვლევების შედეგად დარწმუნდებოდნენ, რომ ამ ნივთიერებების თერაპიული ღირებულება უმნიშვნელოა და საბოლოოდ არ აკრძალავდნენ მათ.

ნარკოტიკების მომხმარებელი ევროპაში ყოველთვის მკაცრად ისჯებოდა, განსაკუთრებით შუა საუკუნეებში. მაშინ ასეთი ადამიანი შეიძლებოდა ჯადოქრადაც შეერაცხათ, ეწამებინათ და კოცონზე დაეწვათ, თუკი ფაქტზე დაიჭერდნენ. ნარკოტიკების მოხმარება რიტუალითა და განსაკუთრებული შემთხვევებით შემოიფარგლებოდა ტრადიციულ საზოგადოებებში, ამასთან, მათი მიღება მხოლოდ ერთეულებისთვის იყო ნებადართული, მაგრამ XIX საუკუნიდან დაწყებული, თანამედროვე საზოგადოებებში ჩნდება ნარკოტიკების ახალი ტიპის მოხმარება, რომელსაც სულ სხვაგვარი შედეგები მოაქვს: ნარკოტიკი დღეს ინდუსტრიულ სავაჭრო პროდუქტს წარმოადგენს, რომლის დანიშნულება მისგან ბანალური სიამოვნების მიღებაა.

ნარკომანია - დაავადება, რომელიც ვითარდება ნარკოტიკულ საშუალებათა სისტემატური მოხმარების შედეგად და ვლინდება ნარკოტიკის მიღების დაუძლეველი ან ძნელად დასაძლევი მოთხოვნილების სახით. სამეცნიერო ლიტერატურაში მოიხსენიება, როგორც წამალდამოკიდებულება, რაც კარგად ასახავს დაავადების ძირითად სიმპტომს - ნარკოტიკზე ფიზიკურ და ფსიქიკურ დამოკიდებულებას.

ნარკომანი - ნარკომანიით დაავადებული ადამიანი, რომელსაც აქვს ნარკოტიკის მიღების დაუძლეველი მოთხოვნილება, აღენიშნება პერიოდული ან ქრონიკული ინტოქსიკაცია (მოწამვლა) და იძულებულია გაზარდოს ნივთიერების დოზა ორგანიზმის მზარდი ტოლერანტობის (დოზისადმი შეჩვევის) გამო; ნარკოტიკის ხმარების უეცარი შეწყვეტისას აღენიშნება აბსტინენციური (გაუსაძლისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა) სინდრომი.

ნარკოტიკის მომხმარებელი - ადამიანი, რომელიც არასამედიცინო დანიშნულებით ხმარობს ნარკოტიკულ საშუალებას, ვინაიდან აქვს მისდამი ჩამოყალიბებული დამოკიდებულება.

პოლინარკომანია - შერეული ტიპის ნარკომანია, როცა ადამიანი ორ ან მეტ ნარკოტიკულ საშუალებას ერთდროულად ან მონაცვლეობით ხმარობს. ამ ტიპის დაავადების კლინიკური სურათი ბევრად უფრო მძიმეა.

ნარკომანიას ახასიათებს:

ფსიქიკური დამოკიდებულება - ემოციური მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს ნარკოტიკის პერიოდულ ან მუდმივ ხმარებას სიამოვნების მიღების ან უსიამოვნო შეგრძნების თავიდან აცილების მიზნით;

ფიზიკური დამოკიდებულება - დაუოკებელი ლტოლვა ნარკოტიკებისაკენ, რომელიც ნარკოტიკის ხმარების შეწყვეტის შემდეგ ვლინდება ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური აშლილობით;

ეიფორია - ფსიქიკის მდგომარეობა ნარკოტიკული თრობის დროს: აწეული გუნება-განწყობილება, რომლისთვისაც დამახასიათებელია უდარდელი კმაყოფილება, პასიური სიხარული, უშფოთველი განცხრომა. თან სდევს არა მარტო ემოციური ფონის აწევა, არამედ ფსიქიკური და სომატური შეგრძნებებიც.

დეპრესია - დაქვეითებული, დათრგუნული განწყობილება, ინტელექტუალური და მოტორული (მოძრაობითი) შეკავება, ყველაფრის მომცველი გადაულახავი სევდა, კაეშანი.

ჰალუცინაცია - გაუკუღმართებული აღქმა, რომელიც რეალური ობიექტის გარეშე აღმოცენდება და პიროვნების მიერ განიცდება, როგორც ობიექტური სინამდვილე (ხილვები, მოჩვენებები, მოჩვენებითი ბგერები, ხმები, სუნი და ა.შ.).

ბანალური სიამოვნება

ჯერ: აწეული გუნება, უდარდელი კმაყოფილება, პასიური სიხარული, უშფოთველი განცხრომა; შემდეგ: დაქვეითებული, დათრგუნული განწყობა, ინტელექტუალური და მოტორული (მოძრაობითი) შეკავება, ყოვლისმომცველი გადაულახავი სევდა, კაეშანი; ბოლოს: რეალობის გაუკუღმართებული აღქმა, ხილვები, მოჩვენებები, არარსებული ბგერები, ხმები, სუნი და სხვა... მოკლედ ასეთია ნარკომანიის კლინიკური სურათი. ამ დღეშია, ექსპერტების დასკვნებით, 4,5-მილიონიანი საქართველოს 150 000 მოქალაქე; 150 000 დაავადებული, რომლის მდგომარეობის სიმძიმეს ჩვენი საზოგადოება სრული სერიოზულობით, სამწუხაროდ, ჯერაც ვერ აღიქვამს.

,,ნარკოტიკებს მოაქვს ის, რასაც ეძებდნენ: ბედნიერების სუბიექტური განცდა; სიმშვიდე პლუს ნეტარება, - ღრმა ანალიზის მიხედვით, სწორედ ასეთია საერთო აზრი, რომელსაც ნარკოტიკების მომხმარებლები სხვადასხვა სიტყვებით გადმოსცემენ. ადამიანს სურს იყოს ბედნიერი - ეს ბუნებრივი მოთხოვნილებაა; ბედნიერებას ვერ მიაღწევს, თუ არ მოიხსნის შფოთვას; ნარკოტიკი შესანიშნავად ხსნის შფოთვას და ბედნიერებაც მოდის... მაგრამ ნამდვილია იგი? მუსლიმი მისტიკოსები ამბობენ: ქვეყნად ყველაფერი არის ორი, ერთი - ნამდვილი და მეორე - იმიტაცია. არის ნამდვილი ბედნიერება და ბედნიერების უამრავი იმიტაცია. ნარკოტიკები ქმნის ბედნიერების ყველაზე მიახლოებულ იმიტაციას. ამას იგი ისე ვერაგულად სჩადის, რომ ადამიანი მეტად გვიან ხვდება - ეს ნამდვილი კი არა, იმიტირებული ბედნიერებაა და ანგრევს პიროვნებას. ამ დროს მომხმარებელი, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად უკვე წამალზეა დამოკიდებული,” - ამბობს ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი ოთარ გაბიძაშვილი; წლებია ნარკოტიკების მომხმარებლებთან მუშაობს. იქამდე, თითქმის 12 წლის განმავლობაში, თვითონ იყო ნარკოტიკების მომხმარებელი.

,,ბანალურად, მეგობრების მიბაძვით დავიწყე, - ჰყვება იგი, - 17 წლის ვიყავი, ის იყო პრესტიჟულ ინსტიტუტში, პრესტიჟულ ფაკულტეტზე მოვეწყვე და მეგონა ვალი მოვიხადე, უკვე შემიძლია დრო ვატარო-მეთქი. აბიტურიენტობისას წიგნებს თავს ვახლიდი, შრომა კი ისეთი რამაა, ცუდისკენ არ გაგახედებს. ინსტიტუტში სწავლა საკმაოდ ადვილი იყო, საქმე, ფაქტობრივად, აღარ მქონდა. ირგვლივ ბევრი იკეთებდა, ბევრი ჩემი მეგობარი, იმდენი, რომ, ვინც არ იკეთებდა, მართალი გითხრათ, სულელიც გვეგონა... ჯერ დავიწყეთ სიგარეტის მოწევით. სხვათა შორის, ეს მეტად სახიფათო რამაა - სიგარეტი აადვილებს აკრძალული ზღვარის გადალახვას. მერე ყველაფერი ადვილია. სიგარეტს მოჰყვა ჰაშიში, ერთი ნარკოტიკი, მეორე... მორალური, შინაგანი ზღვარი უკვე გადალახული იყო... ერთმა ავსტრიელმა ფსიქოლოგმა ფსიქოლოგიაში შემოიტანა ტერმინი ,,აჰა-ს სინდრომი”. ხომ გქონიათ განცდა - ვიღაც რაღაცას გვეუბნება და ვფიქრობთ: აჰა, ეს ხომ ვიცოდი, მაგრამ კარგად წარმოდგენილი არ მქონდა! როცა პირველად გავიკეთე, ეს აზრი გაჩნდა: აჰა, ეს არის, თურმე, ის, ამას ვეძებდი!.. არაფერსაც არ ვეძებდი. ვცხოვრობდი და არც ვიცოდი, რა უნდა მეძებნა.”

რას ეძებენ ახალგაზრდები?

ორი წლის წინათ კავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქართველი სტუდენტი ვაჟების 52,6 პროცენტს ერთი-ორჯერ მაინც გაუსინჯავს ჰაშიში; 7,8 პროცენტი კი რეგულარულად მოიხმარს მას; ამ ,,ხილის” გემო იცის გამოკითხული გოგონების 3,4 პროცენტმა. იმ ქართველ ახალგაზრდებში, რომლებიც ნარკოტიკებს იშვიათად მოიხმარენ, მარიხუანის შემდეგ პირველ ადგილზეა ექსტაზი, შემდეგ - ჰეროინი, ტრამალი, ინჰალანტები. გამოკითხულ ვაჟთა 3,3 პროცენტი ამბობს, რომ მარიხუანა 11 წლამდე გაუსინჯავს. დანარჩენი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას, ძირითადად, 15 წლის ასაკში და უფრო გვიან იწყებენ. მარიხუანის შემდეგ ყველაზე მეტად ეტანებიან ოპიუმს, ჰეროინს, კოდეინს, ტრამალს. 12-14 წლის ასაკში გაუსინჯავს მარიხუანა სტუდენტი გოგონების 0,7 პროცენტს; 15 წლის შემდეგ - ტრამალი და კოდეინის შემცველი აბები.

გამოკითხვამ საგულისხმო რამ წარმოაჩინა: ქართველი ახალგაზრდების დიდი ნაწილი უარყოფითად არ უყურებს ნარკოტიკის მომხმარებლებს. მხოლოდ ვაჟების 50 და გოგონების 80 პროცენტი გაკიცხავდა მათ, ვინც მარიხუანას მოიხმარს. თავიანთ პასუხებში შედარებით მკაცრნი არიან ისინი, როცა საქმე ჰეროინისა და სხვა, ე.წ. მძიმე ნარკოტიკების მომხმარებლებს ეხება. ამავე დროს, მათი ახლობლების მიერ ნარკოტიკების მოხმარების თაობაზე ახალგაზრდები უპრობლემოდ საუბრობენ, მეტიც - ლოიალურები არიან მათ მიმართ. გამოკითხულ ვაჟთა 41,6 პროცენტი ამბობს, რომ მათი რამდენიმე პირადი ნაცნობი ეწევა მარიხუანას; ამავეს აკეთებს 17,5 პროცენტის პირადი ნაცნობების უმრავლესობა. გოგონების 17,9 პროცენტის აზრით, მათი პირადი ნაცნობებიდან მხოლოდ რამდენიმე ეწევა მარიხუანას; 1,9 პროცენტი ასეთად ნაცნობთა უმეტესობას მიიჩნევს.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ნარკოტიკების 14 152 მომხმარებელი და ნარკოტიკებზე დამოკიდებული 6 107 პირია. ექსპერტები თავად ამბობენ, რომ ეს მონაცემები არ ასახავს რეალობას. მათი ინფორმაციით, საქართველოში ნარკოტიკს 150 ათასზე მეტი ადამიანი მოიხმარს, მათ შორის 50 ათასი ნარკოტიკების (უფრო მეტად ოპიოიდების) ინექციური გზით მოხმარებელია. ეს კი (ინტრავენური ნარკომანიის ასეთი გავრცელება) უფრო დიდი პრობლემაა საქართველოში, ვიდრე თავად ნარკომანია. მიზეზი მარტივია - ინტრავენური ნარკომანია ინფექციური დაავადებების, მათ შორის, აივ/ინფექცია-შიდსისა და ,,ცე” ჰეპატიტის გავრცელების გზაა. აქცენტი უფრო ამ დაავადებების პრევენციაზე კეთდება და სერიოზული თანხებიც სწორედ ამ მიმართულებით გამოიყოფა.

ნარკოტიკების აკრძალვამ, როგორც ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდმა, დასავლეთში არ გაჭრა: მათ მოხმარებას არასდროს ენიჭებოდა ისეთი მნიშვნელობა და არასოდეს ნარკომანია ისე ფართოდ არ ყოფილა გავრცელებული, როგორც დღეს - მის საფუძველზე შეიქმნა კრიმინალური მაფია, რომელსაც ბადალი არ მოეპოვება ისტორიაში. სახელმწიფოებს მეტად დიდი გადასახადები აქვთ დაწესებული ჯერ მარტო თამბაქოსა და ალკოჰოლის პროდუქციაზე იმისათვის, რომ მათი გასაღება შემცირდეს. აკრძალული ნარკოტიკების რეალიზაციით მიღებულმა თანხამ მსოფლიოში, 1995 წლის ვარაუდებით, საშუალოდ 400 მილიარდი დოლარი შეადგინა წელიწადში, რაც პრაქტიკულად ორჯერ მეტია, ვიდრე 1993 წელს ფარმაცევტულ ინდუსტრიაში დახარჯული თანხა (223 მილიარდი დოლარი) და ექვსჯერ მეტი, ვიდრე ამავე წელს ღარიბი ქვეყნების განვითარებაზე გაწეული ოფიციალური დახმარების ხარჯი (69 მილიარდი დოლარი). ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების პირწმინდად აკრძალვა მხოლოდ ორგანიზებულ დანაშაულში ჩართულ ადამიანებს გაამდიდრებდა, რომლებიც დღეს ისედაც დიდ ხეირს ნახულობენ ნარკოტიკების აკრძალვის გამო. მაგალითად, ამერიკაში მარიხუანას მომხმარებელს, თუკი დაიჭერენ, სამუდამო პატიმრობით სჯიან, მაგრამ, როგორც ჩანს, ნარკომანიასთან ბრძოლის ეს ხერხი სულაც არ არის სასურველი შედეგის მომტანი: ფასები იზრდება, მაგრამ მოხმარება არ მცირდება, პირიქით - დილერები მდიდრდებიან და დისტრიბუციის გაფართოების საშუალება ეძლევათ. ასე რომ, აშშ-ში მარიხუანა შეიძლება 1000 დოლარი ღირდეს, მისი რეგულარული მომხმარებელი კი იქ მაინც მეტი იქნება, ვიდრე საფრანგეთში, სადაც მისი ფასი 90 დოლარია. აშშ-ში ნარკოტიკების მომხმარებელთა 80 პროცენტი 30 წლის მამაკაცია, უმეტესად უმუშევარი და არასრული საშუალო განათლების მქონე; იგი დიდი რაოდენობით თამბაქოს, მარიხუანასა და ალკოჰოლს, ხანდახან - ოპიუმის შემცვლელებსა (68%25) და აღმგზნებ საშუალებებსაც (60%25) მოიხმარს.

მსოფლიო კარგა ხანია დარწმუნდა, რომ ნარკომანია ლოკალური პრობლემა არ არის. ჩვენში კი ჯერ უფრო ნარკოტიკების წარმოების, ტრანზიტის, მიწოდების წინააღმდეგ ბრძოლაზე ლაპარაკობენ და ავიწყდებათ ადამიანი, რომლისთვისაც ეს ყველაფერი უნდა კეთდებოდეს. ნარკომანების ორკვირიანი მკურნალობა, რომელიც საქართველოშია დანერგილი და, ფაქტობრივად, ნარკომანისთვის ,,ლომკის” მოხსნას ემსახურება, საკმარისი არ არის. ექსპერტთა აზრით, ნარკომანს სერიოზული, სულ მცირე ორწლიანი სარეაბილიტაციო კურსი და სათანადო სოციალური პირობები სჭირდება. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ნორმალურ სოციალურ პირობებს ვერც ჯანმრთელთ და ვერც ავადმყოფებს ჯერჯერობით ვერ უქმნის. საქართველოში ჯერაც არ არის ადვილი სამსახურის შოვნა, ჯერაც არ არის სამყოფი ხელფასი და ცხოვრების ელემენტარული პირობები. რატომ უნდა მოუნდეს ადამიანს ასეთ რეალობაში დაბრუნება?

,,მე სიყვარულმა გადამარჩინა”

,,მე გადამარჩინა სიყვარულმა, - ამბობს ოთარ გაბიძაშვილი, - ამ ჯოჯოხეთიდან უნდა გამოგიყვანოს ან უფრო დიდმა ვნებამ, ან სიყვარულმა. ამ სენს სხვა ვერაფერი მოერევა. უფრო დიდი ვნება შეიძლება იყოს, მაგალითად, კარიერა - მე მყავს მეგობრები, რომელთაც უდიდეს წარმატებებს მიაღწიეს მაშინ, როცა თავი დაანებეს ნარკოტიკებს. მე თვითონ, მკურნალობიდან სულ რაღაც ორ წელიწადში, კლინიკას ვხელმძღვანელობდი. შეუძლებელია დარჩე იმ ჭაობში და მიაღწიო რამეს. ვისაც ეს ჯოჯოხეთი გაუვლია, იქიდან ბრძენი გამოდის, თუ გამოდის... გამოსვლა კი შესაძლებელია. თუ მოინდომებ, თუ ძლიერი მოტივი გექნება. თუ სწორ არჩევანს გააკეთებ. მე სიყვარული ავირჩიე. მოხმარება რომ დავიწყე, მეოთხე წელს დავქორწინდი. იცოდა, რომ ვიკეთებდი და ძალიან დამეხმარა, თავი დამენებებინა, - არასოდეს არ დამითმო და არასოდეს მოტყუვდა, ძალიან მიერთგულა, იყო ყოველთვის კრიტიკული. ჰქონდა ასეთი პოზიცია: თუ კაცი ხარ, კაცი უნდა იყო - ოჯახზე იზრუნო, შვილებზე, საყვარელ ადმიანებზე. ნარკომანი კი არად აგდებს სხვის სურვილებს, შეხედულებებს, თავად ადამიანებს, მათ შორის ყველაზე ახლობლებსაც: ოღონდ თავისი დოზა მიიღოს და აღარ აინტერესებს სხვა როგორ იქნება. ეს ადამიანობა აღარ არის... მე სიყვარულმა გადამარჩინა.”

მაია ვინაობის გამხელაზე არ დაგვთანხმდა, - არ უნდა მისთვის ძვირფასმა ადამიანმა მათი სიყვარულის ისტორის დეტალები ჟურნალის ფურცლებზე ამოიკითხოს. ათი წელია ერთად არიან, მაგრამ ერთი წელია, რაც კახას მდგომარეობაზე გულახდილად საუბრობენ.

,,ბავშვობიდან შევეხე ამ პრობლემას, - ჰყვება მაია, - ძალიან ბევრი ჩემთვის საყვარელი ადამიანი ჩაითრია ამ ჭაობმა, ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი ბიჭი გადაგვარდა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით; ამდენად, ვიცოდი, რომ ეს არ არის მასხრად ასაგდები თემა, ან ისეთი საკითხი, რომელსაც შეგიძლია წაუყრუო. ამის გამო საშინელი იდიოსინკრეზია მქონდა ამ მოვლენის მიმართ. შეიძლება სწორედ იმიტომ, რომ ასეთი დამოკიდებულება მქონდა ამ პრობლემისადმი და ამას ხმამაღლა გამოვხატავდი კიდეც, იგი მალავდა ჩემთან თავის მდგომარეობას. ადრე ვბრაზობდი ნარკომანებზე, ვამბობდი, რომ არასოდეს შევიყვარებ ნარკომანს, მაგრამ სიყვარული ისე მოვიდა, რომ მისი არც გვარი მიკითხავს და არც სახელი. ახლა საოცრად თანავუგრძნობ მას, მის მდგომარეობას ისე აღვიქვამ, როგორც საკუთარს, და მთელი არსებით მინდა, იქიდან გამოვიყვანო.

მივხვდი, რომ ყველაზე ძნელი მათთვის ,,ლომკის” გაძლება კი არ არის, ის პერიოდია, როცა ფხიზლდებიან, რადგან ცხოვრების წესის შეცვლა უწევთ; თავიდან, ფხიზელი თვალით უნდა ისწავლონ ყველაფრის აღქმა და ამის გამო საშინელი დეპრესია ემართებათ. ამ დეპრესიიდან გამოსვლაა ძალიან ძნელი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამის დაძლევაც შეიძლება, რადგან ადამიანი ჯანმრთელი, ნორმალური ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს, ნორმალურ მდგომარეობაში მყოფს უნდა უხაროდეს, სწყინდეს... მათ კი ყველაფერი ,,ნემსის ქვეშ” უნდათ, თუ ეს არ არის, არაფერი აღარ შეუძლიათ.

წამალი დგას ჩვენს შორის; მისი სახით მე სერიოზული კონკურენტი მყავს - უსულო ნივთიერებები, რომელთა წინაშე თითქმის უძლური ვარ. იმიტომ კი არა, რომ ,,კაიფის მდგომარეობა” ჩემს თავს ურჩევნია, იმიტომ, რომ მისგან თავის დაღწევა გმირობის ტოლფასია.”

0x01 graphic

გზა ჯოჯოხეთიდან

2001 წლიდან, ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გაეროს განვითარების პროგრამა სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკულ პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ერთდროულად რამდენიმე პროექტი ხორციელდება. პროექტები მოიცავს: საქართველოს სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო საზღვრების კონტროლის ხელშეწყობას, კონტროლის მექანიზმების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას.

გარდა ამისა პროექტში გათვალისწინებულია ნარკოტიკებზე საინფორმაციო სისტემის შექმნაც. უკვე გამოიცა საქართველოს ნარკოვითარების ორი წლიური ანალიტიკური ანგარიში. სექტემბრისთვის დაიბეჭდება ამ სერიის უახლესი, წლევანდელი გამოცემა. შარშან გამოიცა ამიერკავკასიის ნარკოვითარების ანგარიშიც. ამ გამოცემებმა ხელი უნდა შეუწყოს ნარკომანიის წინააღმდეგ რეგიონალური პოლიტიკის შემუშავებას. სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამის კიდევ ერთი პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროში მონაცემთა ბაზის შექმნასა და განვითარებას გულისხმობს.

შემდეგი პროექტი - ნარკოტიკების მოხმარების პრვენციის პროექტია. მის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად შემუშავდა და გამოიცა სპეციალური სახელმძღვანელო, სკოლებში ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის კონცეფცია, რომელმაც შარშან წარმატებული პილოტირება გაიარა თბილისი ორ - 26-ე და მე-13 სკოლებში.

გაეროს განვითარების პროექტის ეს მიმართულება საქართველოს კანონმდებლობის დახვეწა-განვითარებას, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული კოდექსების საერთაშორისო მოთხოვნებთან ჰარმონიზაციასაც ითვალისწინებს. ამ მიმართულებამ ქმედითი მონაწილეობა მიიღო 2002 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში. სხვადასხვა კვლევები ცხადყოფს, რომ ნარკომანიას შეიძლება ხელი შეუწყოს როგორც გარემომ, სადაც ნარკოტიკები ადვილად ხელმისაწვდომია, ასევე იმ ახლობლების მაგალითმა, რომლებიც მათი მომხმარებლები არიან, ან არასასურველმა სოციალურმა ფონმა, ოჯახში არსებულმა რთულმა და დაძაბულმა მდგომარეობამ - კონფლიქტებმა, ძალადობამ, არაადეკვატურმა და უავტორიტეტო მშობლებმა, ისეთმა ფსიქოლოგიურმა პრობლემამ, როგორიცაა სხვებთან ურთიერთობაში არსებული დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, ასევე პროფესიული, სასწავლო ან სპორტული წარმატების მიღწევისადმი არაჯანსაღმა სწრაფვამ. მკურნალობის პროცესი სულაც არ არის ადვილი ან ცალსახა - იგი პაციენტისგან ძლიერ ნებისყოფას მოითხოვს. იმისათვის, რომ მკურნალობა შედეგიანი იყოს, ყურადღება უნდა მიექცეს არა მხოლოდ ნარკოტიკული ნივთიერების მიღების ფიზიოლოგიურ მხარეს, არამედ მასთან დაკავშირებულ ყველა სამედიცინო, ფსიქოლოგიურ, სოციალურ, სამსახურებრივ და სამართლებრივ პრობლემას.

მიდგომა, აუცილებლად, პაციენტის ასაკის, სქესის, ეთნიკურობისა და კულტურის შესაბამისი უნდა იყოს. ამ რთულ პროცესში პაციენტს მომსახურების სხვადასხვა კომბინაცია შეიძლება დასჭირდეს, ამიტომ მისი მკურნალობის გეგმა გამუდმებით უნდა გადამუშავდეს და შეიცვალოს. ფიზიოლოგიურ და მენტალურ პრობლემებს ერთდროულად უნდა მიექცეს ყურადღება, რადგან სრულყოფილი შედეგის მისაღწევად მხოლოდ ფიზიკური დეტოქსიფიკაცია ხშირად საკმარისი არ არის - პაციენტმა ნარკოტიკის მიღება შეიძლება განაახლოს როგორც წარმატებული მკურნალობის პროცესში, ასევე მის შემდგომაც. მკურნალობის პროცესს დრო სჭირდება, რომლის ხანგრძლივობაც თავად ინდივიდზე და იმ პრობლემებზეა დამოკიდებული, რომლებიც მას აწუხებს. როგორც კვლევა გვიჩვენებს, პაციენტთა უმრავლესობის მდგომარეობა სამი თვის მკურნალობის შემდეგ უმჯობესდება, მერე და მერე კი პროგრესი აშკარაა და სრული რეაბილიტაციისაკენ გზა ხსნილია.

,,ჯოჯოხეთი”, - როგორც ოთარ გაბიძაშვილი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ცხოვრებას უწოდებს, მალე იწყება, მაშინვე, როგორც კი წამალი აუცილებელი ხდება. ექიმები ამას ასე განმარტავენ:

,,საკვებს იმიტომ ვიღებთ, რომ ორგანიზმს საჭირო ნივთიერებები მივაწოდოთ და სიცოცხლე შევინარჩუნოთ. ნარკოტიკი უჯრედებში ჯდება, ჩვენი ორგანიზმის შემადგენელ ნაწილიად იქცევა და მისი მიღება ისეთივე აუცილებელი ხდება, როგორიც საკვებისა. როცა ნარკოტიკი გაკლდება, იწყება საშინელი ფიზიკური ტანჯვა. ვინც წლების განმავლობაში იკეთებს, კარგად იცის, რომ ეიფორია, ანუ კაიფი, რომელიც თავიდან ახლავს ამ პროცესს, მისთვის აღარ არსებობს. ნარკოტიკი იწვევს სპინგსტერების შეკუმშვას, სპაზმურ მოვლენებს და დროთა განმავლობაში კუნთები მის გარეშე ვეღარ მუშაობს. თუ ასეთ დროს ორგანიზმს ნარკოტიკი არ მიეწოდა, ადამიანმა შეიძლება ჩაისვაროს, ჩაისველოს. ცალკე თემაა მომხმარებლის ფსიქიკური მდგომარობა, რომელიც ჰალუცინაციებს ემყარება და ბოლოს უკვე სრულიად აღარ შეესაბამება რეალობას.”

ყოფილი ნარკომანის სიტყვებით, გზა ამ ჯოჯოხეთიდან სიყვარულზე გადის. მაგრამ ბევრ ნარკომანს ასეთი ერთგული და სიყვარულის ღირსი ადამიანი გვერდით არ უდგას. ასეთებისთვის გზა ჯოჯოხეთიდან შესაძლოა სხვაგვარი სიყვარულით იყოს მოტივირებული. საქართველოს კათოლოკოსპატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II -ის მიერ შექმნილი ფონდი, რომელიც 2005 წლის 8 მარტს დაფუძნდა და მიზნად საქართველოს სულიერი და კულტურული მონაპოვრის გადარჩენას ისახავს, პირველი რიგის ამოცანად სწორედ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლას ასახელებს. ფონდში შეიქმნა სპეციალური პროგრამა ,,საქართველო ნარკოტიკების გარეშე”, რომელიც ნარკოტიკებზე მოთხოვნის შესამცირებლად სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს. ნარკომანიის პრევენცია, დეზინტოქსიკაცია და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, საზოგადოებაში ინტეგრაცია - ასეთი გახლავთ ეს მიმართულებები.

მალხაზ ჩუგოშვილი ერთ-ერთია იმ სპეციალისტებს შორის, რომლებიც ამ პროგრამაზე ფსიქოლოგ შოთა ნადირაშვილის ხელმძღვანელობით იმუშავებენ.

,,ჩვენი შედეგისთვის მთავარი თავად მომხმარებლების მოტივაციაა, - ამბობს იგი, - ამის გარეშე პრობლემა ვერ მოგვარდება. ჩვენს ცენტრებში დასაქმდებიან სპეციალისტები, რომლებიც ამ მიმართულებით სერიოზულად იმუშავებენ. თბილისს გარდა სარეაბილიტაციო ცენტრი მარტყოფშიც ამოქმედდება, მონასტერთან, სადაც სამ-სამი თვით ექვს-ექვსი კაცი ერთდროულად იცხოვებს. მათი მონახულება, მათთან რაიმე გზით დაკავშირება ოჯახის წევრებს, ახლობლებს არ შეეძლებათ. 24 საათის განმავლობაში ისინი გამოცდილი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან და ფერმაზე იზრუნებენ, ხელობას ისწავლიან - სრულიად გამოეთიშებიან ცხოვრების იმ წესს, რომელსაც იქამდე მისდევდნენ. არც ლოცვას დაიკლებენ. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი სანკტ-პეტერბურგთან არსებული ,,მელნიცა”, დასახლება, სადაც ნარკომანებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდა. იქ ძალიან ჭკვიანი ფსიქოლოგები და ფსიქიატრები მუშაობენ. ყველანი მორწმუნეები არიან და პაციენტებისადმი მიდგომაც სულიერი აქვთ. იქ ლოცულობენ, აღსარებას იღებენ, აზიარებენ... ეს მათი ხელმძღვანელის, ოსტროვსკის იდეაა, რომელიც პროფესიით ინჟინერია, ყოფილი ნარკომანი. ამ ცენტრს 30-პროცენტიანი შედეგი ჰქონდა ორწლიანი დაკვირვების მიხედვით, მაშინ, როცა ჰოლანდიაში მოქმედი სარეაბილიტაციო ცენტრები 5-7 პროცენტს აჩვენებენ. ასეთი სხვაობა მოგვცა სულიერებამ. ჩვენც გვაქვს ამ 30 პროცენტის მოლოდინი.”

ცენტრი, რომელიც საქართველოს პატრიარქის მეცადინეობით შეიქმნა, იმითაც იქნება გამორჩეული, რომ ყოფილი ნარკომანების მეთვალყურეობას ერთი წლის განმავლობაში გააგრძელებს და მათთვის საჭირო ცხოვრებისეული პირობების შექმნაზეც იზრუნებს. ისინი ოჯახსაც ითვალისწინებენ, როგორც ერთ-ერთ მთავარ სეგმენტს ამგვარი რეაბილიტაციისას. ნარკომანია, როგორც პრობლემა, უკვე მთელ მსოფლიოს აწუხებს. მისი ესოდენ ფართოდ გავრცელების მიზეზიც ნაპოვნია: საზოგადოება არასდროს ყოფილა საზრისისგან ასეთი დაშრეტილი, - ამბობენ მეცნიერები. ეგზისტენციალური ვაკუუმი კი, რომელსაც ელვის სისწრაფით განვითარებადი სამყარო ადამიანებში აღრმავებს, ყველაზე უკეთ ყოველთვის რწმენით, სიყვარულით ივსებოდა.

3 სამოქალაქო ინტეგრაციის ძირითადი პრობლემები საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


ეთნოსები საქართველოში

მამუკა კომახია

საქართველოში დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოს მშენებლობა შეუძლებელი იქნება ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის

შემუშავებისა და მისი წარმატებული განხორციელების გარეშე. სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრისათვის კი აუცილებელია ეროვნული უმცირესობების, განსაკუთრებით ქვემო ქართლსა და ჯავახეთში კომპაქტურად დასახლებული აზერბაიჯანელებისა და სომხების სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში არსებული ვითარების შეფასება.

,,არჩევნებში მონაწილეობის ხარისხი საქართველოს შემთხვევაში ვერ გამოდგება ინტეგრაციის ინდიკატორად, რადგან წლების განმავლობაში არჩევნების გაყალბების მაჩვენებელი ყველა ზემაღალი სწორედ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში იყო. ასევე, წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული პოლიტიკური კულტურის გამო, ეროვნული უმცირესობები არჩევნებში მონაწილეობას სახელმწიფოსადმი ლოიალობის გამოხატულება დმიიჩნევენ.“

საქართველოს მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის ეროვნულ შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები მოხდა. თუ 1989 წლის აღწერის მონაცემებით, ეროვნული უმცირესობები ქვეყნის მოსახლეობის 30%25-ს შეადგენდნენ, 2002 წლის აღწერის შედეგებით, საქართველოში (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების გამოკლებით) მათი ხვედრითი წილი 16%25-მდე დაეცა.

მკვეთრად შემცირდა რუსების, ბერძნების, ებრაელებისა და უკრაინელების რაოდენობა. მნიშვნელოვნად იკლო აგრეთვე აზერბაიჯანელებისა და სომხების რაოდენობამაც. ამჟამად აზერბაიჯანელები მოსახლეობის 6,5%25-ს შეადგენენ, სომხები - 5,7%25-ს. 1989 წლის აღწერის მიხედვით, სომხები საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ეროვნული უმცირესობა იყო. დღეს კი, სომხების ემიგრაციისა და ამავე დროს აზერბაიჯანულ მოსახლეობაში ტრადიციულად მაღალი შობადობის გამო, აზერბაიჯანელები, მათი ემიგრაციის მიუხედავად, საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ეროვნული უმცირესობაა.

ეროვნული უმცირესობების რაოდენობის შემცირების უმთავრესი მიზეზი ემიგრაციაა. ემიგრაციის პირველ ტალღას ბიძგი მისცა 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და პოლიტიკური ვითარების მკვეთრმა გაუარესებამ. ემიგრაცია მოსახლეობის გადარჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგია გახდა და ამიტომაც მან მასობრივი ხასიათი მიიღო როგორც ქართველებში, ისე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შორისაც.

1990-იანი წლების დასაწყისში ეროვნული უმცირესობების ემიგრაციის გამომწვევი მნიშვნელოვანი ფაქტორი მათ მიმართ საქართველოს ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ჯგუფების დისკრიმინაციული პოლიტიკა იყო. ახალბედა ხელისუფლების ნაციონალისტური რიტორიკა ზოგიერთ შემთხვევაში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების შევიწროებაში გადაიზარდა. ქართულ საზოგადოებაში პოპულარული გახდა ლოზუნგი ,,საქართველო ქართველებისათვის”, არაქართულმა მოსახლეობამ კი ,,სტუმრის” სტატუსი შეიძინა. შევიწროებას მასობრივი ხასიათი არ მიუღია, თუმცა ნაციონალისტურმა ორგანიზაციებმა სხვადასხვა რეგიონებში, ძირითადად, აზერბაიჯანელები და ოსები აიძულეს დაეტოვებინათ/გაეყიდათ სახლები და ემიგრაციაში წასულიყვნენ.

0x01 graphic

ემიგრაციული განწყობილები და ქცევა ყველაზე მეტად დამახასიათებელი სლავური მოსახლეობისთვის გახდა, რომელიც ძირითადად საბჭოთა პერიოდში ჩამოსახლდა საქართველოში, აგრეთვე ოსებისათვის, ვინაიდან პოლიტიკური კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში 1990 წლის ბოლოდან მკვეთრად გამწვავდა, ხოლო 1991 წელს იგი ომში გადაიზარდა. განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობდა სლავების (რუსების, უკრაინელებისა და ბელორუსების) გასვლა. მათ შორის ბევრი იყო საბჭოთა არმიის სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურე და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც 1990-იანი წლების დამდეგიდან ზოგიერთი სამხედრო შენაერთის დისლოკაციის შეცვლასთან დაკავშირებით მასობრივად ტოვებდნენ საქართველოს.

გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, 1992 წელს ქვეყნის ახალმა ლიდერმა, ედუარდ შევარდნაძემ უარი თქვა ნაციონალისტურ პოლიტიკაზე, თუმცა ამას ეროვნულ უმცირესობებს შორის ემიგრაციული აქტიურობის შემცირება არ მოჰყოლია. ამის შემდეგ ემიგრაციის მთავარ ფაქტორად უმუშევრობა, ცხოვრების დონის გაუარესება და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის საჭირო პირობების არარსებობა იქცა. ამ ფაქტორის გამო ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან ერთად ემიგრაციაში ქართველებიც წავიდნენ.

ეროვნული უმცირესობებისათვის ყველაზე მიმზიდველი საემიგრაციო ქვეყანა რუსეთის ფედერაციაა, რომელიც ლინგვისტური (საბჭოთა პერიოდში ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობაში ძირითადი ენა რუსული იყო) და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე მახლობელია მათთვის. ზოგიერთი ეროვნული უმცირესობა უპირატესობას ისტორიულ სამშობლოში ემიგრაციას ანიჭებს. ამას ხელს უწყობს საქართველოში ცხოვრების უპერსპექტივობის განცდა და ისტორიული სამშობლოს მიზიდულობის ძალა: რუსები რუსეთში მიდიან, ბერძნები - საბერძნეთში, ებრაელები - ისრაელში, უკრაინელები - უკრაინაში, სომხების ნაწილი - სომხეთში, აზერბაიჯანელების ნაწილი - აზერბაიჯანში. საყურადღებოა, რომ საქართველოს ორი ყველაზე მრავალრიცხოვანი ეროვნული უმცირესობიდან, სომხებიდან და აზერბაიჯანელებიდან, ეთნიკურად ორიენტირებული ემიგრაცია უფრო აზერბაიჯანელებისათვის არის დამახასიათებელი, თუმცა რუსეთი აქაც კონკურენციის გარეშეა. რუსეთის შემდეგ მიგრაციული თვალსაზრისით ეროვნული უმცირესობებისათვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყნები აშშ და საბერძნეთია.

ბოლო წლებში ემიგრაციის უმთავრეს მიზეზებად ძირითადად სოციალურ-ეკონომიკური სახის ფაქტორები სახელდება. მათ შორის უმნიშვნელოვანესია უმუშევრობა, ცხოვრების დონის დაცემა, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების მცირე შანსი, ხვალინდელი დღისადმი რწმენის დაკარგვა, პოლიტიკური არასტაბილურობის განცდა. ემიგრაციულ განწყობილებზე ნაკლებ გავლენას ახდენს ე. წ. დისკრიმინაციული ხასიათის ფაქტორები: ხელისუფლებისა და მოსახლეობის მტრული დამოკიდებულება ეროვნული უმცირესობებისადმი მათი ეთნიკური წარმოშობის გამო, მშობლიური ენისა და კულტურის განვითარების, რელიგიური გრძნობების დაკმაყოფილების შეუძლებლობა.

ეროვნული უმცირესობების ემიგრაციის შემაფერხებელი ფაქტორია მათი ინტეგრაციის მაღალი ხარისხი ქართულ საზოგადოებაში, მიგრაციისათვის საჭირო ფინანსური რესურსების არარსებობა და შერეული ოჯახები. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ემიგრაციისაგან თავის შეკავების უმთავრესი მიზეზებია მატერიალური რესურსების უქონლობა და ნათესავებთან განშორების სიმძიმილი.

ეროვნული უმცირესობები საქართველოში განსახლებულნი არიან როგორც დისპერსიულად, ისე კომპაქტურად. აზერბაიჯანელების კომპაქტური დასახლებები ქვემო ქართლშია, სომხების - ჯავახეთში, სადაც ისინი მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ. აზერბაიჯანელები ასევე კომპაქტურად ცხოვრობენ კახეთისა და შიდა ქართლის რაიონებში, სადაც ქართულ მოსახლეობასთან ინტენსიური ურთიერთობის შედეგად, ისინი მეტ-ნაკლებად ინტეგრირებულნი არიან. ჩეჩნები პანკისის ხეობაში სახლობენ კომპაქტურად. დანარჩენი ეთნიკური ჯგუფები ძირითადად მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განსახლებულნი და მათი ინტეგრაციის დონე სხვადასხვაა. ისინი, ძირითადად, ქალაქებში ცხოვრობენ.

სამოქალაქო ინტეგრაციის კრიტერიუმები და არსებული პრობლემები

სამოქალაქო ინტეგრაცია ისეთი გარემოს შექმნას გულისხმობს, როდესაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები აქტიურად და თავისუფლად მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სახელმწიფოს მართვაში, მატერიალური და კულტურული ფასეულობების შექმნაში. ქვემოთ სამოქალაქო ინტეგრაციის რამდენიმე კრიტერიუმს და ამ თვალსაზრისით, არსებულ პრობლემებს განვიხილავთ. ეს საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ ის სფეროები, სადაც სახელმწიფოს სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკისგააქტიურება მართებს.

სახელმწიფო ენის ცოდნა და განათლება

ამ სფეროში არასაკმარისი ინტეგრაცია ხელს უშლის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ამცირებს ეკონომიკური და პროფესიული წარმატების მიღწევის მათ შანსებს.

სახელმწიფო ენის არცოდნის გამო ძნელდება მათი ურთიერთობა სახელმწიფო ორგანოებთან. გარდა ამისა, მათ მიერ სახელმწიფო ენის არცოდნა ქართველებში წარმოშობს ეჭვს, რომ ეროვნული უმცირესობები ლოიალურნი არ არიან სახელმწიფოს მიმართ. სახელმწიფო ენის არცოდნა საინფორმაციო იზოლაციას იწვევს, რის შედეგადაც ეროვნული უმცირესობები არ არიან ინფორმირებულნი საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. უცხოურ (რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, თურქულ) საინფორმაციო საშუალებებზე დამოკიდებულების გამო ისინი ფაქტობრივად სხვა ქვეყნის საინფორმაციო სივრცის ნაწილნი ხდებიან. ზოგიერთ შემთხვევაში უცხოური მედიის მიერ საქართველოში მიმდინარე პროცესების ტენდენციური გაშუქება ეროვნულ უმცირესობებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში პრობლემებსაც წარმოშობს.

სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას ქვემო ქართლსა და ჯავახეთში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცის სახელმწიფო ენა. რუსულმა ენამ კი, რომელიც საბჭოთა პერიოდში სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან კომუნიკაციის ერთადერთი ენა იყო, ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაკარგა პოზიციები. განათლების სისტემაში წლების განმავლობაში არსებული ხარვეზების გამო ადგილობრივი მოსახლეობა მხოლოდ მშობლიურ ენაზე მეტყველებს და სხვა ერებთან ურთიერთობაში არა თუ ქართულს, რუსულ ენასაც ვეღარ იყენებს. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ქართული ენის შესწავლის სფეროში სახელწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მოკრძალებული და არაეფექტიანი იყო.

სახელმწიფო ენის არცოდნას განათლების სისტემაში არსებული ზოგიერთი ხარვეზი განაპირობებს: ბავშვის არაქართულენოვან სკოლაში შეყვანის შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს კვალიფიციური ქართული ენის მასწავლებლების არარსებობა; თანამედროვე ენის სწავლების ერთიანი მეთოდური და მეცნიერული მიდგომის არარსებობა; გართულებულ სასწავლო სტანდარტებსა და პროგრამებზე დაფუძნებული სახელმძღვანელოები. ქართულენოვან სკოლაში შეყვანის შემთხვევაში კი პრობლემას ქმნის რელიგიის ისტორიის (ფაქტობრივად კი მართლმადიდებლობის) სწავლება (ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას აზერბაიჯანული მოსახლეობის წინაშე) და ისტორიის გაკვეთილზე მხოლოდ ეთნიკურ ისტორიაზე საუბარი, როდესაც არ არის ნაჩვენები სხვა ერების როლი საქართველოს, როგორც მრავალეთნიკური სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში.

აღნიშნული პრობლემების დასაძლევად ბოლო ორი წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რამდენიმე მიმართულებით უკვე გადადგა ნაბიჯი: მასწავლებელთა ვაკანტურ თანამდებობებზე გაიგზავნა კვალიფიციური კადრები სპეციალური პროგრამის ფარგლებში; ჯავახეთში მიმდინარეობს, ქვემო ქართლში კი დაგეგმილია ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა ეროვნული კომისარიატის დახმარებით პროგრამის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს ქართული ენის სტანდარტებისა და პროგრამების შეცვლას და გამარტივებს, ქართული ენის პედაგოგთა გადამზადებას და მათთვის სპეციალური მეთოდური სახელმძღვანელოების შექმნას; ამოქმედდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი ცენტრები, სადაც არაქართულენოვანი სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთა ინტენსიური მომზადება მიმდინარეობს ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

სახელმწიფოს მიერ გამოჩენილი ძალისხმევის მიუხედავად, აღნიშნული პოლიტიკის ხარვეზს ის წარმოადგენს, რომ პროგრამა ძირითადად ახალგაზრდა თაობაზე არის გათვლილი და მასში ჩართულნი არ არიან უფროსი ასაკის ადამიანები, რაც ამ თაობის წარმომადგენლებში სახელმწიფო ენის შესწავლის კუთხით არსებული მგომარეობის შენარჩუნებას გამოიწვევს. ეს პრაქტიკულად ამ თაობის ადამიანების უმრავლესობის მეორეხარისხოვან მოქალაქეებად დარჩენას შეუწყობს ხელს. ამ საკითხის მოგვარება ძნელი იქნება რამდენიმე ფაქტორის გამო, რომელთა შორის უნდა დავასახელოთ - უფროსი თაობის ადამიანებში ქართული ენის შესწავლის სტიმულის ნაკლებობა; ამ ასაკის ადამიანების მიერ ახალი ენის შესწავლის სირთულე; არასაკმარისი რესურსები მათთვის სახელმწიფო ენის შემსწავლელი ცენტრების მასობრივად გასახსნელად.

პოლიტიკურ და სამოქალაქო ცხოვრებაში მონაწილეობა

არჩევნებში მონაწილეობის ხარისხი საქართველოს შემთხვევაში ვერ გამოდგება ინტეგრაციის ინდიკატორად, რადგან წლების განმავლობაში არჩევნების გაყალბების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი სწორედ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში იყო. ასევე, წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული პოლიტიკური კულტურის გამო, ეროვნული უმცირესობები არჩევნებში მონაწილეობას სახელმწიფოსადმი ლოიალობის გამოხატულებად მიიჩნევენ. ამიტომაც მუდამ სახელისუფლებო პარტიას უჭერენ მხარს.

უფრო სანდო ინდიკატორია მათი წარმომადგენლობის დონე ხელისუფლების ორგანოებში, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში. 1992 წლიდან მოყოლებული, ეროვნული უმცირესობები ყველაზე მცირე რაოდენობით 1992-95 წლების მოწვევის პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილნი. შემდგომში, 1995-99 და 1999-2004 წლების მოწვევის პარლამენტებში, მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. საყურადღებოა, რომ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენტში პროპორციულ თუ მაჟორიტარულ არჩევნებში ხელისუფლების მხარდაჭერით ხვდებოდა. ვარდების რევოლუციის შემდგომ არჩეულ პარლამენტში მათი რაოდენობა 9-მდე შემცირდა, რაც შესაძლოა პოლიტიკური კონკურენციის გამწვავებით აიხსნას, როდესაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისათვის პარტიულ სიებში ადგილის დათმობა დიდ ფუფუნებად იქცა.

ეროვნულ უმცირესობათა დეპუტატების რაოდენობის მიუხედავად, მათი საპარლამენტო მოღვაწეობის ხარისხი ძალზე დაბალია. სახელმწიფო ენის არცოდნის გამო ისინი სრულყოფილად ვერ მონაწილეობენ საპარლამენტო ცხოვრებაში. მათ ყოფნას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უფრო ხშირად ფორმალური ხასიათი აქვს - აქაოდა ეროვნული უმცირესობებიც ჩართულნი არიან ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაშიო.

დისპერსიული განსახლების ადგილებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ეროვნული უმცირესობები თითქმის არ არიან წარმოდგენილნი. განსხვავებული მდგომარეობაა კომპაქტური დასახლების ადგილებში. მაგალითად, ჯავახეთში თანამდებობებზე ძირითადად სომხები არიან. თუმცა ქვემო ქართლში აზერბაიჯანელებს იშვიათად შეხვდებით მაღალ პოსტებზე, რაც აზერბაიჯანელების პოლიტიკური პასიურობითაც შეიძლება აიხსნას. აზერბაიჯანელებისაგან განსხვავებით, სომხები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურობითა და უფრო მეტი ორგანიზებულობით გამოირჩევიან და შესაბამისად რეგიონის დონეზე როგორც არჩევითი, ისე დანიშვნითი თანამდებობები მათ უკავიათ.

0x01 graphic

დაბალია ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის დონე პოლიტიკური პარტიების, განსაკუთრებით ოპოზოციური პარტიების მუშაობაში. მაღალ პარტიულ თანამდებობებზე კი პრაქტიკულად ეროვნული უმცირესობები წარმოდგენილნი არ არიან.

ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურების მიუხედავად სამოქალაქო სექტორში მათი გავლენა ჯერ კიდევ სუსტია. არასამთავრობოების აქტიურობა უფრო ჯავახეთსა და ქვემო ქართლშია შესამჩნევი. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების საქმიანობა ძირითადად საკუთარ ეთნიკურ ჯგუფებში ენის, კულტურის, ტრადიციების შენარჩუნებას ემსახურება. ამ საქმიანობისათვის დაფინანსება ძირითადად მათი ისტორიული სამშობლოდან მოდის, სახელმწიფო თუ კერძო არხებით.

,,სახელმწიფო ენის არცოდნა საინფორმაციო იზოლაციას იწვევს, რის შედეგადაც ეროვნული უმცირესობები არ არიან ინფორმირებულნი საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. უცხოურ (რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, თურქულ) საინფორმაციო საშუალებებზე დამოკიდებულების გამო ისინი ფაქტობრივად სხვა ქვეყნის საინფორმაციო სივრცის ნაწილნი ხდებიან.

ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის დაბალი ხარისხი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში რამდენიმე ფაქტორით შეიძლება ავხსნათ: სახელმწიფო ენის არცოდნით, რის გამოც მათთვის გართულებულია საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყება; ეროვნული უმცირესობების პოლიტიკური პასიურობით და სუსტი პოლიტიკური მობილიზაციით; პოსტსაბჭოურ პერიოდში ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში ჩამოყალიბებული მანკიერი ტრადიციით, რაც არჩევნებში პროსახელისუფლო პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერაში გამოიხატება (ამ ფაქტორს ყველა ხელისუფლება აქტიურად იყენებდა, რამაც ამ ამომრჩეველთა პოლიტიკური გულგრილობის გაღვივებასაც შეუწყო ხელი); 1990-იანი წლების შემდეგ ეროვნულ უმცირესობათა წრიდან გამოსული პროფესიონალი კადრების ემიგრაციით.

ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა

ბიზნეს-ელიტაში ეროვნული უმცირესობები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი. ეს შეიძლება იმით იყოს გამოწვეული, რომ დიდი ბიზნესის წარმოებისათვის პოლიტიკური კავშირებია აუცილებელი, რასაც ისინი მოკლებულნი არიან. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, ძირითადად, წვრილ და საშუალო ბიზნესში არიან ჩართულნი. მაგალითად, მათ წამყვანი პოზიციები უკავიათ საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების საბითუმო ბაზრებზე.

შედარებით მსხვილ ბიზნესში ჩართულნი არიან ქვემო ქართლსა და ჯავახეთში მცხოვრები აზერბაიჯანელები და სომხები. მათი ბიზნესი 1990-იან წლებში ჩამოყალიბებულ კლანურ ურთიერთობებსა და აზერბაიჯანსა და სომხეთში არსებულ კავშირებს ეფუძნება.

წლების განმავლობაში ეკონომიკური საქმიანობისათვის ხელისშემშლელი ფაქტორი იყო კორუმპირებული საგზაო პოლიცია, რომელიც არაქართულენოვანი მოსახლეობისაგან, ეთნიკურ ქართველებთან შედარებით, უფრო მეტ არაფორმალურ გადასახადს კრეფდა. ამჟამად ამ ფაქტორის გავლენა შესუსტებულია. ჯავახეთის სომხებისათვის დღემდე დიდად ხელისშემშლელია ამორტიზებული გზები, რის გამოც საქართველოს სხვა რეგიონებში პროდუქციის გატანა ჭირს. სამცხე-ჯავახეთის დაახლოებით 245-კილომეტრიანი მთავარი გზის შეკეთება აშშ-ის მთავრობის სპეციალური პროგრამის ფარგლებში 2007 წელს დაიწყება, რისთვისაც 102,2 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯება. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ რეგიონსა და ცენტრს შორის ეკონომიკური ურთიერთობა უფრო ინტენსიური უნდა გახდეს.

ვარდების რევოლუციამდე კონტრაბანდული და ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობა წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ქვემო ქართლის აზერბაიჯანელთა ეკონომიკურ თვითკმარობას. ვარდების რევოლუციის შემდეგ განვითარებული პროცესების შედეგად კი მოსახლეობა ეკონომიკური პრობლემების წინაშე დადგა. ვარდების რევოლუციამდე აზერბაიჯანელთა ეკონომიკური საქმიანობა სახელმწიფო სტრუქტურებთან კორუფციულ გარიგებას ეფუძნებოდა. ხელისუფლების მხრიდან კონტრაბანდასთან გააქტიურებული ბრძოლის შედეგად ამჟამად საზღვარზე საქონლის მათთვის ხელსაყრელ ფასად შემოტანა გართულებულია.

კონტრაბანდული არხის ჩაკეტვამ ქვემო ქართლის აზერბაიჯანელთა უმრავლესობა აღნიშნული შემოსავლის გარეშე დატოვა. დღეს ამგვარი ბიზნესით მხოლოდ ერთეულები არიან დაკავებულნი, წვრილ და საშუალო მოვაჭრეებს კი აღარ უღირთ მსგავსი საქმიანობის გაგრძელება. კონტრაბანდული საქონელით ვაჭრობისა და გადასახადების დამალვის ბრალდებით დაიხურა საქართველო-აზერბაიჯან-სომხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სადახლოს საბითუმო ბაზრობაც, სადაც არა მარტო აზერბაიჯანელები, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ჩამოსული ადამიანებიც ვაჭრობდნენ.

,,ტრადიციული” ეკონომიკური საქმიანობის შეფერხების გამო მოსახლეობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა სასოფლო-სამეურნეო მიწებმა, რომელიც 1990- იანი წლების შემდეგ ქვემო ქართლში როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური სახის პრობლემად გადაიქცა. 1990-იანი წლებში მიღებული კანონმდებლობის შესახე ამ რეგიონის მოსახლეობის უმეტესობის არაინფორმირებულობის შედეგად მიწის დიდი ნაწილი მსხვილმა მოიჯარეებმა ჩაიგდეს ხელთ, მოსახლეობის უმრავლესობა კი მიწის გარეშე დარჩა. ამიტომაც ეს უკანასკნელნი იძულებულნი გახდნენ მიწის ნაკვეთები მსხვილი მოიჯარეებისაგან რეალურზე გაცილებით მაღალ ფასად მიეღოთ. ამასთან რეგიონში სასოფლო-სამეურნეო მიწების რაოდენობა არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს მრავალსულიანი აზერბაიჯანული ოჯახების მოთხოვნილებას. მიწის განაწილების პროცესი, თავის მხრივ, პრობლემას ქმნის კანონთან მიმართებაში. 1990-იან წლებში სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ კანონის გამოცემის შემდეგ, კანონიერად თუ კორუფციული გარიგების შედეგად, ზოგიერთმა პირმა მრავალი ასეული ჰექტარი მიწა იჯარით აიღო. დღეს ამ მიწების მათთვის ჩამორთმევა მიწის უკანონოდ პრივატიზაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში თუ გახდება შესაძლებელი, ან მათ თავად უნდა გამოიჩინონ კეთილი ნება და დათმონ მითვისებული სავარგულები, რაც ნაკლებ მოსალოდნელია.

0x01 graphic

სამოქალაქო ინტეგრაციის სამართლებრივი და ინსტიტუციონალური ასპექტები

სამართლებრივი კუთხით ადგილობრივი კანონმდებლობა და საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო კონვენციები უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის, მათ შორის ეროვნული უმცირესობების, უფლებების დაცვას. ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია პარლამენტის მიერ 2005 წელს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ევროპული ჩარჩოკონვენციის რატიფიკაცია, რაც კონვენციაში მოცემული პრინციპების ასამოქმედებლად შესაბამისი საკანონმდებლო აქტების მიღებას ითვალისწინებს. ამასთანავე, საერთაშორისო ვალდებულებების აღება სახელმწიფოს წინაშე ინსტიტუციონალური სახის პრობლემებსაც წარმოშობს.

კონვენციის რატიფიკაციის შემდეგ ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციისათვის სახელმწიფო ვალდებულია კონკრეტული პროგრამები განახორციელოს მათი ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში, რაც დაფინანსებასა და კვალიფიციურ კადრებს მოითხოვს.

ჩარჩოკონვენციის თანახმად სახელმწიფომ კომპაქტური დასახლების ადგილებში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სასამართლოებთან ურთიერთობისას თარჯიმანით უნდა უზრუნველყოს. სახელმწიფომ, ასევე, რაც შეიძლება მოკლე დროში, სახელმწიფო ენის შესწავლის პროგრამები უნდა შეიმუშავოს, რაც კვალიფიციური ორენოვანი (ქართულ/სომხური, ქართულ/აზერბაიჯანული) პედაგოგების მოზიდვას მოითხოვს.

ინტეგრაციას ხელს შეუწყობს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისათვის უმაღლეს სასწავლებლებში სპეციალური პროგრამების განხორციელება. ამ მხრივ აღსანიშნავია ქუთაისში არსებულ საჯარო ადმინისტრირების ქართულ ინსტიტუტში სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მიღება, რამაც საჯარო სამსახურაში მათი წრიდან კვალიფიციური კადრების მოხვედრა უნდა უზრუნველყოს.

ინტეგრაციის ეკონომიკური კომპონენტი ეროვნული უმცირესობების ეკონომიკურ მხარდაჭერას ითვალისწინებს. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იქნებოდა ქვემო ქართლისა და ჯავახეთის სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებული მოსახლეობისათვის გარკვეული ვადით სახელმწიფო შესყიდვების პროგრამის შემუშავება. ამგვარი პროგრამის განხორციელება თავდაცვის სამინისტრომ უკვე დაიწყო ჯავახეთში. სახელმწიფოსა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შორის ორმხრივსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს უმრავლესობისა და უმცირესობათა ეკონომიკურ ინტეგრაციას, მოხსნის იმ ფსიქოლოგიურ ბარიერს, რაც ქართულ სახელმწიფოსა და ეთნიკურ უმცირესობებს შორის არსებობს.

ინტეგრაციის სფეროში არსებული სამართლებრივი თუ სოციალურეკონომიკური სახის პრობლემების მონიტორინგისა და მათი გადაჭრისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს შორის თანამშრომლობას. ინტერესთა ჯგუფების გრძელვადიანი და ეფექტური თანამშრომლობა კი, თავის მხრივ, ინტეგრაციის პოლიტიკის წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფდა.

დასკვნა

ეროვნული უმცირესობების, განსაკუთრებით ქვემო ქართლსა და ჯავახეთში კომპაქტურად დასახლებული აზერბაიჯანელებისა და სომხების, სამოქალაქო ინტეგრაცია სახელმწიფოს განვითარებისათვის უდიდესი გამოწვევაა. კავკასიის რეგიონში, სადაც გაყინული კონფლიქტები და რეგიონული და არარეგიონული პოლიტიკური ჯგუფების დაპირისპირებაა, მიმდინარე პროცესებისაგან იზოლირებული ქვემო ქართლი და ჯავახეთი, შესაძლოა, არასტაბილურობის კერად გადაიქცეს. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაცია სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული ამოცანა უნდა იყოს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ქვემო ქართლსა და ჯავახეთში სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის ძირითადი მიმართულების შემუშავება სახელმწიფო ენის შესწავლის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტიურობის გაზრდისა და ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობის გათვალისწინებით. სამოქალაქო ინტეგრაციის არსებული პოლიტიკა გაცილებით ეფექტიანი და წარმატებული იქნება, თუკი სამთავრობო და არასამთავრობო დაინტერესებულ ჯგუფებს შორის მეტი კოორდინაცია იქნება და ისინი სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის ერთიან თვალსაზრისს შეიმუშავებენ.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. გაბაშვილი მ., აბულაძე ა., სახელმწიფო ენისა და საგანმანათლებლო პოლიტიკის სრულყოფა საქართველოში. მომზადებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის ,,საჯარო პოლიტიკის ცოდნის ქსელის” პროგრამის ფარგლებში. ხელნაწერი. 2005.

2. სტეფანიანი ა., ეთნიკურ უმცირესობათა ურთიერთობები და მათი მდგომარეობა საქართველოში, წიგნში: დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში, სადისკუსიო მასალა №6, 2003.

3. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგები, ტომი I. თბილისი, 2003.

4. კომახია მ., სომხური მოსახლეობა საქართველოში, (კვლევა მომზადებულია საქართველოს გაეროს ასოციაციისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის პროექტის ფარგლებში), ტომი I, №1, 2003.

5. კომახია მ., აზერბაიჯანული მოსახლეობა საქართველოში, (კვლევა მომზადებულია საქართველოს გაეროს ასოციაციისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის პროექტის ფარგლებში), ტომი I, №2, 2003.

6. ეთნიკური-კონფესიური ჯგუფები და სამოქალაქო ინტეგრაციის პრობლემები საქართველოში, (აზერბაიჯანელები, ჯავახეთის სომხები და მუსულმანი მესხები) - გია ნოდიას საერთო რედაქციით, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტი. თბილისი, 2002.

7. გაჩეჩილაძე რ., მოსახლეობის მიგრაცია საქართველოში და მისი სოციალური-ეკონომიკური შედეგები, სადისკუსიო წერილების სერია, გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა-საქართველო. თბილისი, 1997.

8. Комахия М., Азербайджанцы Грузии: проблемы гражданской интеграции, Центральная Азия и Кавказ, №5(35), 2004.

9. Сванидзе Г., Сванидзе Д., Эмиграция из Грузии и ее причины, в книге: Миграция на Кавказе, Материалы конференции, Кавказский институт СМИ. Ереван, 2003.

10.Одно общество, много этносов: Этническое многообразие и гражданская интеграция в Грузии - Гиа Нодиа (ред.), Кавказский институт мира, демократии и развития. Тбилиси, 2003.

4 ევანგელურ-ორმოცდაათიანელთა ეკლესიის ისტორია

▲ზევით დაბრუნება


რელიგიები საქართველოში

დავით თინიკაშვილი*

ორმოცდაათიანელთა კონფესია - ეს არის ერთ-ერთი გვიანპროტესტანტული ქრისტიანული მიმდინარეობა, რომლის იდეური წყაროები რევივალიზმის (ინგლ. Revival - აღდგენა, აღორძინება) რელიგიურ-ფილოსოფიურ მოძრაობაშია საძიებელი. ორმოცდაათიანელთა ეკლესია (,,Pentecostal Church”) ქრისტიანობის ძლიერ განშტოებას წარმოადგენს, რომელიც ამჟამად 50 მილიონზე მეტ წევრს ითვლის თითქმის ყველა ქვეყნიდან. მას ,,ქარიზმატულ” მიმდინარეობას მიაკუთვნებენ, რომლის აღმსარებელთა რწმენის საფუძველს შთაგონება (მადლი, ,,ქარიზმა”) წარმოადგენს, რომელიც უშუალო მისტიკური გამოცდილებით შეიძინება. ორმოცდაათიანელებში არსებობს ორი ძირითადი მიმართულება: ტრინიტარიელები, რომლებიც ,,მამის, ძისა და სული წმინდის სახელით” ნათლავენ და უნიტარიელები, რომლებიც მხოლოდ ,,იესო ქრისტეს სახელით” ნათლავენ (საქართველოს ევანგელურ-ორმოცდაათიანელთა ეკლესია ტრინიტარულ მიმართულებას მიეკუთვნება). ორმოცდაათიანელთა მოძრაობა ჩრდილოეთ ამერიკაში დაიწყო, სადაც მე-19 საუკუნის ბოლოს უამრავი მეთოდისტური ეკლესია არსებობდა. 1867 წელს ,,წმინდა მოძრაობამ” მოიცვა ნიუ-იორკის, ნიუჯერსის და პენსილვანიის მოსახლეობა. ქადაგებებზე ხალხის უზარმაზარი რაოდენობა იკრიბებოდა.

მეთოდისტი მღვდლები საინტერესონი არიან იმ მხრივ, რომ ქადაგებისას იყენებდნენ - რიტმებს, ერთობლივ გალობებს, წმ. წერილის ციტატების მრავალჯერად გამეორებას და ა. შ. ამ მოძრაობის პოპულარიზაციას თავის დროზე ძალზე შეუწყვეს ხელი შავკანიანებმა.

გადმოცემის თანახმად, ყველაფერი ე. წ. ,,სიწმინდის მოძრაობიდან” დაიწყო. ერთ-ერთი მეთოდისტური ეკლესიის მღვდელმა ჩარლზ ფოქს პარჰამმა (Charles Fox Parham, 1873-1929) ბიბლიური სკოლა დაარსა. იქ პარჰამი და მისი მოწაფეები იმგვარი ნათლობის მისაღებად ლოცულობდნენ, რომლის დამახასიათებელი ნიშანიც უცხო ენებზე ალაპარაკება იქნებოდა. ერთხელაც, მთელი დღის ერთობლივი ლოცვის შემდეგ, საღამოს შვიდ საათზე (31 დეკემბერს) პარჰამის მოწაფე აგნესა ოზმანი მოძღვრისგან ხელდასხმის დროს უცხო ენებზე ამეტყველდა (ეს ფენომენი ცნობილია სახელწოდებით ,,გლოსოლალია” - ბერძ. ,,glossa” ენა, ,,lalo” მეტყველება). ამ ფაქტზე დაყრდნობით ორმოცდაათიანელთა ეკლესია საკუთარი დაფუძნების ოფიციალურ თარიღად 1901 წლის 1 იანვარს მიიჩნევს. ამით შთაგონებული პარჰამი სხვადასხვა ადგილას საჯარო ქადაგებას იწყებს. მაგრამ მას არსად არ იღებდნენ. ამერიკაში ტრადიციული ქრისტიანები უდიერად ეპყრობოდნენ ,,სიწმინდის მოძრაობის” წარმომადგენლებს - შეკრებებზე მიმავალთ ქუჩაში იჭერდნენ და ჯოხებით სცემდნენ.

ორმოცდაათიანელთა მოძღვრება ევროპაში

ორმოცდაათიანელთა მოძღვრებამ ცენტრალურ ევროპაში, ფინეთში, შვედეთში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ნორვეგიელი მქადაგებლის ტომას პარრას მეშვეობით შემოაღწია. ყველაზე ძლიერი წინააღმდეგობა ამ დენომინაციას გერმანიაში შეხვდა. გამოიცა ე.წ. ,,ბერლინის დეკლარაცია”, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ორმოცდაათიანელთა მოძრაობა არა ,,ზემოდან”, ანუ ღვთისაგან, არამედ ,,ქვემოდან”, ანუ ბოროტი ძალებისგან, მომდინარეობს. იგი ოკულტურ მიმდინარეობას მიაკუთვნეს. ამგვარი მდგომარეობა გერმანიაში საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა. ბევრი პროტესტანტული ეკლესია, რომელთაც არ სურდათ სული წმინდით ნათლობის მიღება, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იმოწმებდნენ ამ ,,ბერლინურ დეკლარაციას”. ყოველივე ამის გამო გერმანიაში ორმოცდაათიანელთა მოძრაობა დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსგან იზოლირებული აღმოჩნდა.

ორმოცდაათიანელთა მოძღვრება რუსეთში

პირველმა უწყებამ სული წმინდით ნათლობის შესახებ რუსეთში ფინეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების გავლით შემოაღწია. ცნობილია, რომ 1910 წელს ესტონეთში უკვე არსებობდა ორმოცდაათიანელთა ნებადართული ეკლესიები. ასევე, 1913 წელს სანკტპეტერბურგში ქადაგებდა ტომას ბარეი. ეს იყო ჩრდილოეთიდან წამოსული პირველი ტალღა.

ევანგელურ ქრისტიანთა პირველი ჯგუფი, რომელმაც აღიარა ,,ერთღმერთიანობის” დოქტრინა, 1911 წელს ჩამოყალიბდა ჰელსინკიში, ფინეთის დედაქალაქში (ფინეთი 1917 წლამდე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა). ამ ეკლესიის დამფუძნებლად გვევლინება ანდრეი ურშინი, ირანელი წარმოშობის ამერიკელი.

თავიდან ორმოცდაათიანელებს ხშირად ურევდნენ ,,ხლისტებში”, რამდენადაც ეს უკანასკნელნიც დიდ ყურადღებას აქცევდნენ სული წმინდისგან მონიჭებულ უნარებს. მაგრამ ხლისტები საკუთარ მისტიკურ გამოცდილებებს და ზეპირ გადმოცემებს ეყრდნობოდნენ, რომლებსაც ხშირად ფანტასტიკური ხასიათი ჰქონდათ. ორმოცდაათიანელებისთვის კი, სხვა ევანგელისტ ქრისტიანთა მსგავსად, ერთადერთ ავტორიტეტს ბიბლია წარმოადგენდა.

ათეისტური ხელისუფლება ორმოცდაათიანელთა იმ ევანგელისტ ქრისტიანებთან დაკავშირებას ცდილობდა, რომლებიც ლოიალურნი იყვნენ საბჭოთა ხელისუფლების მიმართ. მაგრამ ყველაზე უკომპრომისო ორმოცდაათიანელები უარს ამბობდნენ ათეისტურ ხელისუფლებასთან ყოველგვარ ურთიერთობაზე. უკვე 1956 წელს იქმნება ორმოცდაათიანელთა არარეგისტრირებული კავშირი. მათ მიზანს ხალხის ევანგელიზაცია წარმოადგენდა, რაც კანონით იკრძალებოდა.

0x01 graphic

ევანგელურ-ორმოცდაათიანელთა ეკლესია საქართველოში

საქართველოში ევანგელურ-ორმოცდაათიანელთა ეკლესიის ჩამოყალიბების ისტორია ამგვარია:

1917 წელს უკრაინიდან ჩვენს ქვეყანაში გადმოსახლდა მოქალაქეთა ჯგუფი, რომელთა შორის ორმოცდაათიანელთა ეკლესიის წევრებიც იმყოფებოდნენ. სწორედ მათ მიერ დაფუძნდა საპორტო ქალაქებში (ფოთში, ბათუმში) ამ აღმსარებლობის ადამიანთა პირველი საკრებულოები, რომლებმაც ნელ-ნელა განვითარება იწყეს.

1932 წელს მორწმუნეთა ნაწილი დაპატიმრებულ იქნა საბჭოთა ხელისუფლების მიერ. მოტივი: ანტისაბჭოთა ქმედებები და ანტიათეისტური პროპაგანდა. საქართველოს ევანგელურ-ორმოცდაათიანელთა ეკლესიის დღევანდელი ხელმძღვანელის, ეპისკოპოს ოლეგ ხუბაშვილის თქმით, მათ ეკლესიაში გაწევრიანების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იყო მოქალაქის არაპარტიულობა, ხოლო ბავშვები არ უნდა ყოფილიყვნენ ოქტომბრელები და პიონერები.

1924 წლიდან აბასთუმანშიც იწყება ორმოცდაათიანელთა ჩამოსახლება (ძირითადად რუსეთიდან), ხოლო 1938 წლიდან უკვე თბილისსა და გორშიც ყალიბდება მათი თემები.

1951 წელს საქართველოში ორმოცდაათიანელთა მეორე მასობრივ დაპატიმრებას ჰქონდა ადგილი. პასტორები ჟორა კოჭლავაშვილი და ბესარიონ კურმაევი რამდენიმე წლის განმავლობაში იხდიდნენ სასჯელს.

დღესდღეობით ევანგელურორმოცდაათიანელთა ეკლესია, ამავე ეკლესიის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 10 000-მდე მორწმუნეს ითვლის. იერარქიას ხელმძღვანელობს ეპისკოპოსი ოლეგ ხუბაშვილი, რომელსაც ჰყავს თავისი დამხმარე რეგიონული ეპისკოპოსები. ამათ ექვემდებარებიან პასტორები თავთავიანთი მრევლით. ორმოცდაათიანელთა ეკლესიაში არსებობს აგრეთვე დიაკონებისა და დიაკონისების ინსტიტუტი.

საქართველოს ევანგელურ-ორმოცდაათიანელთა ეკლესიაში მოქმედებს ,,სულიერი საბჭო”, რომელიც ეპისკოპოსებისა და პასტორებისაგან შედგება. საბჭო განიხილავს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია სამღვდელო პირთა დადგინების წესი, რადგან მათ შერჩევაში ,,საბჭოსთან” ერთად მრევლიც ღებულობს მონაწილეობას. სხვათაშორის, ეს დემოკრატიული პრინციპი ადრეულ ეკლესიაშიც მოქმედებდა, თუმცა რამდენიმე საუკუნის შემდგომ გარკვეული მიზეზების გამო გაუქმდა.

გარდა ამ ოფიციალურად აღიარებული ევანგელურ-ორმოცდაათიანელთა ეკლესიისა, საქართველოში სული წმინდით მონათლული სხვა მცირე ჯგუფებიც არსებობს, რომლებიც არ შედიან ევანგელისტორმოცდაათიანელთა კავშირში, თუმცა მათ ერთმანეთთან ლოიალური დამოკიდებულება აქვთ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ორმოცდაათიანელთა ეკლესია თავის წევრებს არ უკრძალავს სამხედრო სამსახურს, თუმცა პატივისცემით ეკიდება ამ საკითხისადმი ალტერნატიულ მიდგომებსაც. ორმოცდაათიანელები მხარს უჭერენ სახელმწიფო მოწყობის დემოკრატიულ სისტემას, გამოირჩევიან სხვა რელიგიებისა და კონფესიების მიმართ ჰუმანური დამოკიდებულებით. ეპისკოპოს ოლეგ ხუბაშვილის თქმით, მათ ეკლესია არ ფიქრობს, რომ მხოლოდ მისი წევრები გადარჩებიან.

რაც შეეხება სხვა დოქტრინალურ საკითხებს, საქართველოს ევანგელურ-ორმოცდაათიანელთა ეკლესია აღიარებს წმ. სამებას და ქრისტეს ღვთაებრიობას, ანუ, როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს ეკლესია ტრინიტარულ მიმართულებას მიეკუთვნება (ნათლავენ მამის, ძისა და სული წმინდის სახელით). ნათლობის გარდა აღასრულებენ შემდეგ საიდუმლოებებს: ზიარებას (ევქარისტიას), მღვდლობას (სასულიერო პირად ხელდასხმას) და ქორწინებას. ამ უკანასკნელ საიდუმლოსთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ორმოცდაათიანელთა ეკლესიაში ინტერკონფესიური ქორწინებები არ იკრძალება. ღვთისმსახურება შედგება ლოცვა-გალობების, წმ. წერილის კითხვა-განმარტებისა და ქადაგებისგან.

ორმოცდაათიანელთა ეკლესია, რომელიც ათეისტური ხელისუფლების დროს დევნილი და კარჩაკეტილი იყო, არ უფრთხის ცვლილებებს. ორმოცდაათიანელთა (ისევე როგორც ბაპტისტური და სხვა პროტესტანტული) საკრებულოები განუწყვეტლივ იზრდება არა მხოლოდ აღმსარებელთა ოჯახების შვილების ხარჯზე, რომლებიც, მცირე გამონაკლისის გარდა, ამავე ეკლესიის წევრები ხდებიან, არამედ ახალმოქცეულთა შემატებითაც. ორმოცდაათიანელთა ცხოვრების წესი როგორც თავად საკრებულოს წევრების, ასევე სხვადასხვა თემთა ურთიერთშემწეობას გულისხმობს.

____________________

* წინა ნომერში დაბეჭდილი სტატიის - ,,საქართველოს ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესია” - ავტორები არიან ნინო რჩეულიშვილი და ელენე მებაღიშვილი

5 დემოკრატიისა და ტოლერანტობის საზომი

▲ზევით დაბრუნება


რელიგიები საქართველოში

პატრიკ ნოლანი
მშვიდობის უნივერსალური ფედერაციის
კავკასიის რეგიონალური დირექტორი

,,მსოფლიო მშვიდობის ფედერაცია”, რომელიც მისი დამაარსებლის, სენ მიონ მუნის (მუნიზმი) სახელითაა ცნობილი, უახლესი რელიგიური მიმდინარეობაა. ამ მოძრაობის ლიდერი თავის დროზე ამერიკული პროტესტანტიზმის ერთ-ერთ განშტოებას გამოეყო და საკუთარი მოძღვრება შეიმუშავა. ამ მოძღვრებაში ძირითადი აქცენტი მსოფლიოში მშვიდობის დამყარებასა და ოჯახური სიმტკიცის შენარჩუნებაზე კეთდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ,,მუნიზმს” 10 მილიონამდე მიმდევარი ჰყავს. წლევანდელ წელს მათ მსოფლიოს 180 ქვეყანაში ჩაატარეს ტურნე ეგიდით: ,,სისხლიანი კონფლიქტების დარეგულირება”. თბილისი მე-40 ქალაქი უნდა ყოფილიყო, სადაც ,,მსოფლიო მშვიდობის ფედერაცია” სამშვიდობო კონფერენციას გამართავდა. თუმცა ეს ვერ მოხერხდა. მას შემდეგ, რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ თავის მრევლს მოუწოდა, საღამოს არ დასწრებოდნენ, თბილისის არც ერთმა თეატრისა თუ კინოს დარბაზმა კონფერენციის ორგანიზატორებს დარბაზი არ მიაქირავა. ტექსტი, რომლის შემოთავაზებასაც თქვენთვის ვაპირებთ, ამ კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორის რაპორტია, რომელიც მან სახალხო დამცველის სამსახურში წარმოადგინა. ეს ტექსტი, ერთი შეხედვით, შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ იგი ძალიან კარგად ასახავს ჩვენს ქვეყანაში არაფორმალური ძალის სტრუქტურების მუშაობას და მის შედეგებს. ამ არაფორმალურ ძალას საქართველოს უახლეს ისტორიაში არაერთხელ შეუშლია ხელი ლეგიტიმური ნებისა თუ ძალაუფლების განხორციელებისათვის. გასახსენებლად ვატიკანთან დასადები ხელშეკრულების სამარცხვინო ჩაშლაც კმარა. ეს უკანასკნელი, თითქოსდა უმნიშვნელო ინციდენტი კი ერთ, არცთუ უმნიშვნელო, შეკითხვას აჩენს: საინტერესოა, სად გადის ზღვარი ლეგიტიმურ და მორალურ ძალაუფლებებს შორის? მორალური ძალაუფლების შესაძლებლობები მხოლოდ ტაბუების დადებით ამოიწურება, თუ ერთ მშვენიერ დღეს იგი ლეგიტიმური ძალაუფლების რეალურ გაკონტროლებაზეც განაცხადებს პრეტენზიას?

2006 წლის 1 ივნისი. რუსთაველის თეატრში შევხვდით ამავე თეატრის დირექტორის მოადგილეს, ზაალ ჩიქობავას. ვესაუბრეთ მას ჩვენი ღონისძიების შესახებ და შევუთანხმდით დროზე. ვკითხეთ, შესაძლებელი იყო თუ არა დარბაზის უფრო იაფად დაქირავება. იგი ლამის ნახევარ ფასსზეც კი დაგვთანხმდა, თუ დარბაზს რეპეტიციების შემდეგ გამოვიყენებდით, ზუსტ ფასზე კი დირექტორს დაელაპარაკებოდა და რამდენიმე დღეში გვაცნობებდა.

0x01 graphic

7 ივნისი. თეატრში მეორედ მივედი, ალის ბარბაჯინთან და მარიამ ხნოიანთან ერთად ტექნიკურ საკითხებზე სასაუბროდ და დარბაზის დასათვალიერებლად.

15 ივნისი. მე და ალისს გვირეკავს ზაალ ჩიქობავა. მივდივართ თეატრში და ვხვდებით მას ტექნიკურ პერსონალთან ერთად. ისინი გვეუბნებიან, რომ მათი UPS-ი (სისტემა, რომელიც განათებას აკონტროლებს) სერიოზულად დაზიანდა და ამის გამო ისინი ჩვენი ღონისძიებისათვის განათების უზრუნველყოფას ვერ მოახერხებენ. მათ გვითხრეს, რომ რომელიღაც იტალიურ კომპანიას დაუკავშირდნენ, ამ კომპანიის წარმომადგენლები სისტემას ორშაბათს შეამოწმებდნენ და შემდეგ შეკეთება დაიწყებოდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამ ყველაფერს ერთი კვირა მაინც დასჭირდებოდა და ამიტომ ის პრემიერაც უნდა გადაეტანათ, რომელიც კვირის ბოლოსთვის იყო დანიშნული.

17 ივნისი. ჩვენი მეგობრები თეატრში წარმოდგენას დაესწრნენ და ნახეს, რომ განათება მშვენივრად მუშაობდა. ჩემი კოლეგები ამ აშკარა გაუგებრობის შესახებ დირექტორს დაელაპარაკნენ, მაგრამ იგი ისევ იმავეს ამბობდა განათების სისტემის არასტაბილურობის შესახებ.

15 ივნისი. წავედით მარჯანიშვილის თეატრში და ეკატერინე მაზმიშვილს დარბაზის დაქირავებაზე ვესაუბრეთ. იგი დაგვთანხმდა.

16 ივნისი. ეკატერინემ შემდეგი შინაარსის წერილი გამოგვიგზავნა. გამარჯობა, უკაცრავად, მაგრამ სარემონტო კომპანია სცენის რეკონსტრუქციას იწყებს.

ეს კომპანია ჩვენი პატრტნიორი ორგანიზაცია არ არის. მათ რემონტის დაწყება ივლისისათვის ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ ახლა გეგმები შეცვალეს. ივლისის მაგივრად რემონტს 19 ივნისს იწყებენ და ერთი კვირა სამუშაოებს ვერ დაასრულებენ.

კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს. სიამოვნებით მივიღებდი თქვენს წინადადებას და ფასსაც დაგიკლებდით, რომ შემეძლოს.

საუკეთესო სურვილებით ეკატერინე მ.

17 ივნისი. ჩვენს ქართველ მეგობარს ვთხოვეთ, ახალგაზრდულ თეატრში დაერეკა და დირექტორს 25 ივნისისათვის დარბაზის დაქირავებაზე მოლაპარაკებოდა. დირექტორმა განაცხადა, რომ დარბაზს აუცილებლად მოგვაქირავებდა.

21 ივნისი. ამბის გასაგებად თეატრში ჩვენი რუსი კოლეგა მიდის. იქ მას ეუბნებიან, რომ სცენის რემონტი იწყება, თუმცა ეს ჩვენს ღონისძიებას ხელს არ შეუშლიდა.

17 ივნისი. რადიოს მეშვეობით საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს განცხადებას და ხალხს მოუწოდებს, ჩვენს ღონისძიებას არ დაესწროს.

17 ივნისი. დავრეკეთ და მივედით რამდენიმე ადგილას. ყველგან ეჭვით გვხვდებიან და უარით გვისტუმრებენ:

სომხური ნაციონალური თეატრი - გვკითხეს რამდენად იყო ჩვენი ღონისძიება დაკავშირებული რელიგიასთან. დარეკეს კულტურის სამინისტროში და ინტერესით ისმენდნენ მათ პასუხს, თუმცა ჩვენ არ გაგვაგებინეს, რა უთხრეს სამინისტროდან. ამ თეატრის დარბაზზე ჩვენვე უარს ვამბობთ, რადგან ჩვენი მიზნებისათვის შეუფერებელია.

კინოთეატრ ამირანში გვეუბნებიან, რომ დარბაზს ვერ მოგვაქირავებენ, რადგან სამუშაო ადგილების დაკარგვის ეშინიათ.

რამდენიმე ადგილას, სადაც დავრეკეთ პირდაპირ გვეკითხებოდნენ რელიგია ვართ, თუ ,,სექტა”.

17 ივნისი. ვიზიტი მუსიკისა და დრამის თეატრში აღმაშენებლის ქუჩაზე. ავუხსენით მათ ვინ ვიყავით და მოვუყევით ჩვენი ღონისძიების შესახებ. დავდეთ წინასწარი შეთანხმება, მაგრამ მათ ჩვენ შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება სურდათ.

იმავე დღეს, მოგვიანებით, მათთან ჩვენი ორგანიზაციის ბროშურით, მოსაწვევი ბარათებით და იმ ვიდეომასალით მივედით, რომლის გამოყენებასაც საღამოს გამართვისას ვაპირებდით. ერთ-ერთი ქალბატონი, ნინო ლაპიაშვილი, რომელიც ამერიკაში იყო ნამყოფი, ჩვენს მოძრაობას და ჩვენს საცეკვაო დასს - უნივერსალურ ბალეტს იცნობდა. იგი ჩვენ მიმართ პოზიტიურად იყო განწყობილი, ასე რომ, კახამ (?) ნება დაგვრთო დარბაზი გამოგვეყენებინა.

18 ივნისი. ისევ მივედით თეატრში და დაიდო არაოფიციალური კონტრაქტი ჩემსა და კახას შორის, სადაც მითითებული იყო, თუ ვინ ვიყავით ჩვენ, როდის გვინდოდა თეატრის გამოყენება და რა თანხით.

18 ივნისი. საღამო. ჩვენ შესახებ ტელევიზიების მეშვეობით ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდება. ასევე ვრცელდება პატრიარქის განცხადება იმის თაობაზე, რომ ხალხი ჩვენს საღამოს არ დაესწროს.

19 ივნისი. მივედი მუსიკისა და დრამის თეატრში და ფული გადავიხადე.

19 ივნისი. საღამოს 6 საათისათვის კახა მირეკავს და მეუბნება, რომ სერიოზულ თემაზე უნდა დამელაპარაკოს. მასთან მივედი თამაზ თევზაძესთან და კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად. კახა და ნინო ცდილობდნენ აეხსნათ, რომ ისინი პიროვნულად ჩვენ წინააღმდეგ სულაც არ იყვნენ განწყობილნი, მაგრამ მათს დირექტორს თუ მფლობელს ეშინოდა სკანდალისა და დემონსტრაციების თეატრის წინ. სასაცილოა, მაგრამ ისინი სულ იმეორებდნენ, რომ მათი თეატრი სახელმწიფოა და არა კერძო, თითქოს ეს საკმარისი მიზეზი ყოფილიყოს. მაშინ მე ვკითხე:

- სახელმწიფომ გითხრათ, ჩვენთვის დარბაზი არ მოგექირავებინათ?

- ოჰ, არა, არა.

- მაშინ რაშია საქმე?

- იცით, პატრიარქმა თქვა და ჩვენ სახელმწიფო თეატრი ვართ...

- პატრიარქი რა, მთავრობის ლიდერია?

- არა.

- მაშინ იმის თქმა გინდათ, რომ პატრიარქი მთავრობას აკონტროლებს?

- მმ... არა.. მმ...

პატრიკ ნოლანი

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ,,მსოფლიო მშვიდობის ფედერაციის” ჩაშლილ კონფერენციასთან დაკავშირებით

2006 წლის 22 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველს მომართეს ორგანიზაცია ,,მსოფლიო მშვიდობის ფედერაციის” წევრებმა, რომლებმაც გვაცნობეს, რომ მათ 2006 წლის 21 ივნისს, თბილისში, რუსთაველის სახ. თეატრში, უნდა გაემართათ კონფერენცია, რომელსაც ამ მოძრაობის ერთერთი ლიდერი დაესწრებოდა.

ეს არის როგორც სამოქალაქო, ასევე რელიგიური ხასიათის მქონე გაერთიანება. ამ მოძრაობას მსოფლიოში იცნობენ მისი დამაარსებლის, სენ მიონ მუნის სახელით (მუნიზმი). აღნიშნული ორგანიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობს და იგი არ მიიჩნევა ადამიანის უფლებების შემლახავ ან კანონდამრღვევ გაერთიანებად. აქედან გამომდინარე, დემოკრატიული ქვეყნები მის საქმიანობას არ ეწინააღმდეგებიან და არ ზღუდავენ.

,,მსოფლიო მშვიდობის ფედერაციის” კონფერენციასთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპარტიარქომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ამ ორგანიზაციის მიმართ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნეგატიური პოზიცია იყო გამოხატული. აქვე საპატრიარქო ურჩევდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს, თავი შეეკავებინა ამ კონფერენციაზე დასწრებისგან. უნდა ითქვას, რომ საპატრიარქოს სრული უფლება აქვს გამოხატოს აზრი ამა თუ იმ მოვლენის შესახებ, მით უფრო, თუ საქმე რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის მოძღვრებასა და საქმიანობას შეეხება. მაგრამ სრულებით მიუღებელი და დისკრიმინაციულია ის დამოკიდებულება, რაც თბილისის რამდენიმე თეატრისა და კინო-დარბაზის ადმინისტრაციებმა გამოავლინეს აღნიშნული ორგანიზაციის მიმართ.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, რუსთაველის სახელობის თეატრის ხელმძღვანელობამ უარი განუცხადა ამ ორგანიზაციას დარბაზით სარგებლობაზე, თუმცა უკვე არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება და დათქმული იყო ღონისძიების გამართვის კონკრეტული თარიღი. ანალოგიურად მოიქცა თბილისის მუსკომედიის თეატრი, რომელმაც გადახდილი თანხა უკან დაუბრუნა კონფერენციის ორგანიზატორ მხარეს; ღონისძიების გამართვეზე აღნიშნულ ორგანიზაციას ასევე უარი განუცხადეს მარჯანიშვილის სახელობის თეატრისა და კინოთეატრ ამირანის დირექციებმა. შედეგად კონფერენცია აღარ გაიმართა, ჩაიშალა ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის ვიზიტიც.

მიმაჩნია, რომ ხსენებული თეატრების ადმინისტრაციებმა დისკრიმინაციული დამოკიდებულება გამოავლინეს ,,მსოფლიო მშვიდობის ფედერაციის” მიმართ.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აღნიშნული თეატრების ხელმძღვანელობას, გააცნობიერონ, რომ საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას.

საქართველოს სახალხო დამცველი
სოზარ სუბარი

6 კონსერვატიზმი ანუ მოქმედება საუკუნოვანი სიბრძნის მიხედვით

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა და იდეოლოგია

ფრიდონ საყვარელიძე

,,თუ თექვსმეტი წლისა ლიბერალი არ იყავი, უგულო ყოფილხარ, ხოლო თუ სამოცი წლისა კონსერვატორი არ გახდი - უტვინო”.

ბენჟამენ დიზრაელი1

თუ დიდ საბჭოთა ენციკლოპედიას დავუჯერებთ და კონსერვატიზმის მისეულ განმარტებას გავიზიარებთ, ალბათ აღშფოთებას ვერ დავმალავთ კონსერვატორების ,,ადამიანური” თვისებების გამო. აი როგორ არის განმარტებული ეს ტერმინი:

,,კონსერვატიზმი (ფრანგ. conservatisme, ლათინურიდან conservo - ვიცავ, ვინახავ) მიდრეკილება ყოველივე მოძველებულისადმი, დრომოჭმულისადმი, ჩამორჩენილობისადმი; ყველაფერი ახლის, მოწინავის მტრობა და მათთვის წინააღმდეგობის გაწევა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მეცნიერებაში, ტექნიკასა და ხელოვნებაში”.

აი თურმე სად ყოფილა ყველა უბედურების სათავე! წინსვლისა და პროგრესის მოწინააღმდეგე და შუა საუკუნეებში ჩარჩენილ ,,ბნელ” კონსერვატორებს, ალბათ, კომპიუტერულ ტექნიკას საანგარიშო ,,ჩოთქი” ურჩევნიათ, ბურთულიან კალმისტარს - ბატის ფრთა, ცეცხლს კი, ეტყობა, ხახუნით აჩენენ დღესაც. გამორიცხული არ არის შაბათ-კვირას ეკლესიაშიც დადიოდნენ.

ერთი კია, ეჭვის ჭია მაინც შეგვიჩნდება ალბათ და მოსვენებას არ მოგვცემს. ხომ ცნობილია, რომ ჩერჩილი ინგლისური კონსერვატიზმის კლასიკური განსახიერება იყო, ტეტჩერმა და რეიგანმა კი კონსერვატიზმის ჯერ არნახულად წარმატებული ეპოქა, ე.წ. ,,კონსერვატორული რენესანსი” შექმნეს. თუმცა, როგორც კი კონსერვატიზმის ზოგიერთ ძირითად ღირებულებას - ტრადიციების, რელიგიური რწმენის და კერძო საკუთრების პატივისცემას დავასახელებთ, გასაგები ხდება კომუნისტების მისდამი სიძულვილის მიზეზი. ცხადია, არც ჩერჩილი, რეიგანი და ტეტჩერი ეხატებოდათ გულზე. ვფიქრობ, რომ კონსერვატიზმის საფუძვლებში უკეთ გასარკვევად უფრო საიმედო ავტორებს უნდა მივმართოთ. საინტერესოა, რას ამბობს კონსერვატორებზე ჩვენი დიდი ილია. თავად ხომ ლიბერალი იყო და ალბათ კონსერვატორები არც მოსდიოდა თვალში. თუმცა, ვინ იცის...

აი, მივაგენი:

,,ყოველგან, საცა ისტორიის ღირსი ერი თავისითა სცხოვრებს, ორ-ნაირი წყობაა აზრისა და ეგ ორ-ნაირი წყობა აზრისა შეადგენს ცხოვრების მდინარეობასა. პირველის წყობის მომხრეებს ევროპაში კონსერვატორებს ეძახიან, მეორისას ლიბერალებს. პირველები არიან უკვე დადგენილის მცველნი, მეორენი - ახლის მესვეურნი და მდომელნი. თუმცა ერთნი ძველის მცველები არიან და მეორენი ახლის მდომელნი, მაგრამ პირველებს ყველაფერი ძველი არ მოსწონთ და მეორეებს ყველა ახალი არ ენატრებათ. ბევრი იმისთანა ახალია, რომლის მოსაპოვებლად ჭეშმარიტი კონსერვატორი სიცოცხლესაც არ დაზოგავს, და ბევრი იმისთანა ძველია, რომლის დღეგრძელობისთვის ჭეშმარიტი ლიბერალი თავის საკუთარს დღეს შეიმოკლებს. ირლანდიისათვის ინგლისის ხელიდამ განთავისუფლება ახალი საქმე იქნება, მაგრამ ჭეშმარიტი კონსერვატორი ირლანდიისა თავს დასდებს, ოღონდ ეგ მოიპოვოს. ინგლისის ეგრეთწოდებული ,,დიდი ხარტია” ძველი რამ არის, მაგრამ ინგლისის ლიბერალი უსიკვდილოდ არ დასთმობს არცერთ ასოს იმ ხარტიისას.

0x01 graphic

ილია ჭავჭავაძე

ჭეშმარიტი კონსერვატორობა ესარჩლება და იცავს მარტო იმისთანა ძველს, რომელიც, მისის გულწრფელის აზრით, ჯერ კიდევ გამოსადეგია და საჭირო ცხოვრებისათვის, და თუ ხანდისხან სცოდავს რაშიმე ქვეყანას, მარტო იმაში, რომ ზოგჯერ იმის- თანა ძველსაც გადეფარება, რომელიც თუმცა გამოსადეგი აღარ არის, მაგრამ უვნებელია, და ძველის ადგილს არ უთმობს ახალსა - მინამ კარგად გულს არ დააჯერებს, რომ ახალი კეთილს მოიტანს. ჭეშმარიტი ლიბერალობაც უარჰყოფს მარტო იმისთანა ძველს, რომელსაც თავისი დრო და ჟამი მოუჭამია, რომელიც დღეს ხარიხად გასდებია ცხოვრებას და წინსვლას უშლის. იგი ნდომობს იმ ძველის მაგიერ იმისთანა ახალს, რომელიც ძველზედ უკეთ ხელს მოუმართავს ცხოვრების განკარგებასა და წარმატებას. საცა ბრალმდებელია იქ დამცველიც უნდა იყოს. მარტო ამ ორკეცად გასინჯულ საქმეს მოსდევს მართალი და ჭეშმარიტი. კაცობრიობას დღესაქამომდე სხვა გზა არ აღმოუჩენია ჭეშმარიტის და მართლის მოსაპოებლად” (ილია ჭავჭავაძე, შინაური მიმოხილვა, 1881 წელი, მაისი).

მკითხველს ბოდიშს ვუხდი ვრცელი ციტატის მოტანისათვის, მაგრამ ალბათ დამერწმუნებით, რომ ღირდა.

კონსერვატიზმზე საუბრის დაწყებამდე, აუცილებელია ვთქვათ, რომ ეს ტერმინი მხოლოდ პოლიტიკურ იდეოლოგიას არ გულისხმობს. მეტიც, კონსერვატიზმის იდეოლოგიად მოხსენიება კონსერვატორებს ხშირად აღიზიანებდათ კიდეც. მათი აზრით, კონსერვატიზმი ცხოვრების ტრადიციული წესი, საღი განსჯის უნარია, რომელიც გულისხმობს წინდახედულობას, ცვლილებებისათვის თავის არიდებას თუ არა, მათთვის ეჭვის თვალით ყურებას მაინც, თავშეკავებულობას და ა.შ. თუმცა, მიუხედავად ზემოთქმულისა, მას შემდეგ, რაც ინგლისში 1835 წელს ,,ტორების” პარტიას საბოლოოდ დაერქვა ,,კონსერვატორული” - კონსერვატიზმის იდეოლოგია თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი გახდა.

კონსერვატიზმი შინაგანად მრავალმხრივი, ჰეტეროგენული პოლიტიკური იდეოლოგიაა, რომელიც ბევრ სხვადასხვა მიმართულებას შეიცავს, თუმცა მათ ერთი საერთო ფუნქცია აერთიანებთ - მყარად შემდგარი საზოგადოებრივი სტრუქტურების გამართლება და სტაბილიზაცია. ამ იდეოლოგიის მატარებლები საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ფენები და ჯგუფები არიან, რომელთა ინტერესის სფეროში ტრადიციული საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნება ან აღდგენა შედის. კონსერვატიზმის სხვადასხვა მიმართულება და ფორმა ხშირად საერთო დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს ამჟღავნებს. ეს ნიშან-თვისებებია: საყოველთაო მორალურ-რელიგიური წესრიგის არსებობის და ადამიანური ბუნების არასრულყოფილების რწმენა; ადამიანების თანდაყოლილი უთანასწორობის და ადამიანის გონების შეზღუდული შესაძლებლობების აღიარება; მკაცრი სოციალური და კლასობრივი იერარქიის აუცილებლობის შეგნება და უკვე შემდგარი საზოგადოებრივი ინსტიტუტებისა და სტრუქტურებისადმი უპირატესობის მინიჭება, საკუთრების უფლების აღიარება. ამ წერილში ვერ შევძლებთ კონსერვატორული აზროვნების ყველა მიმართულების ამომწურავად განხილვას. ეს არც მიზნად დაგვისახავს და ჩვენს ძალებსაც აღემატება. აქ მხოლოდ კონსერვატიზმის ძირითად მიმართულებებზე ვისაუბრებთ, მის წარსულსა და თანამედროვეობაზე.

კონსერვატიზმის ტრადიციონალისტური მიმართულება დაკავშირებულია ისეთ სახელებთან როგორიცაა ედმუნდ ბერკი, ჟოზეფ დე მესტრი, ლუი დე ბონალდი2. კონსერვატიზმის, როგორც პოლიტიკური იდეოლოგიის სამშობლოდ აღიარებულია ინგლისი. შეიძლება ითქვას, რომ კონსერვატიზმი გარკვეულწილად საფრანგეთის დიდ რევოლუციასა და განმანათლებლობის ეპოქის იდეებზე რეაქციას წარმოადგენდა. სწორედ ინგლისში გამოვიდა 1790 წელს ედმუნდ ბერკის წიგნი ,,ფიქრები საფრანგეთის რევოლუციაზე”. მასში განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა კონსერვატიზმის ფილოსოფია.

კონსერვატიზმი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტრადიციონალიზმის ცნებას. განმანათლებლობის იდეებისაგან განსხვავებით, ტრადიციები უპირისპირდება გონებას და მასზე მაღლა დგას, რადგან ტრადიციები საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი სიბრძნის ასახვაა, ხოლო ტრადიციების მიხედვით მოქმედება საუკუნოვანი სიბრძნის თანახმად მოქმედებას ნიშნავს. ბერკის აზრით საზოგადოება არის ,,ცოცხლების, გარდაცვლილებისა და ჯერ არშობილი თაოებების ურთიერთთანამშრომლობა”.

0x01 graphic

ედმუნდ ბერეკი

მე-20 საუკუნეში ამ მიმართულების იდეოლოგი გახდა რასელ კირკი,3 რომელმაც 1953 წელს გამოაქვეყნა წიგნი ,,კონსერვატორული აზროვნება”. რ. კირკი, ტრადიციონალისტური პრინციპების განვითარებისას წერდა, რომ რევოლუციურ ეპოქებში ადამიანები სიახლეებით არიან გატაცებულნი, მაგრამ ეს მალევე ბეზრდებათ და ძველ პრინციპებს უბრუნდებიან. ისტორია, კირკის აზრით, ციკლური პროცესია და ამიტომ გარკვეულ ეტაპზე კონსერვატორული წესრიგი კვლავ ბრუნდება. კირკმა ტრადიციონალისტური კონსერვატიზმის შემდეგი პრინციპები გამოყო: ეკონომიკა გადადის პოლიტიკაში, პოლიტიკა ეთიკაში, ეთიკა კი რელიგიურ მცნებებში. ადამიანის ბუნება ისე გამოუსწორებლად არის შერყვნილი, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების წესის შეცვლა პოლიტიკის მეშვეობით შეუძლებელია. ამიტომაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფართო ნაციონალური კონსენსუსის მიღწევას ტრადიციული წარმოდგენების, ავტორიტეტების და რელიგიის მეშვეობით.

0x01 graphic

კონსერვატიზმის ლიბერტარიანული მიმართულება მე-18-მე-19 საუკუნეების კლასიკური ლიბერალიზმის ტრადიციების მემკვიდრედ თვლის საკუთარ თავს. ამ პოზიციის მიხედვით ლიბერალიზმი, ერთის მხრივ, მოწოდებულია განაგრძოს წინა ეპოქებში ჩამოყალიბებული სწრაფვა თავისუფლებისაკენ, მეორეს მხრივ, გამორიცხოს სოციალისტური იდეები, რომლებიც ასე გავრცელდა დასავლეთში მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან.

ლიბერალურ-კონსერვატორულმა მიმართულებამ რეალურად შეისხა ხორცი 1830-1840 წლებში კონსერვატორული პარტიის ლიდერის რობერტ პილის4 იდეებსა და პოლიტიკაში. ინგლისის ლიბერალური და კონსერვატორული პარტიის, მანამდე კი ვიგებისა და ტორების მაგალითზე შეიძლება ლიბერალური და კონსერვატორული იდეოლოგიების ურთიერთობებსა და ურთიერთგავლენებს გავადევნოთ თვალი. ეს ურთიერთგავლენა კარგად ჩანს დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა პოლიტიკური მოღვაწის კარიერის მაგალითებზეც. ინგლისური ლიბერალიზმის განსახიერება, ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე, ინგლისის ოთხგზის პრემიერ-მინისტრი უილიამ გლადსტონი (1809-1898) დიდი ხნის განმავლობაში კონსერვატიული პარტიის ლიდერის რ. პილის თანამშრომელი იყო, ხოლო უინსტონ ჩერჩილი, რომელიც ნამდვილად არის სახე ინგლისური კონსერვატიზმისა, თავდაპირველად კონსერვატორი იყო, შემდეგ ლიბერალებში გადაბარგდა, ბოლოს კი ისევ კონსერვატორებს დაუბრუნდა და მათი ლიდერი გახდა. ამრიგად, ამ პარტიებს შორის მუდმივად ხდებოდა არა მარტო იდეური, არამედ საკადრო გაცვლა-გამოცვლაც.

0x01 graphic

უინსტონ ჩერჩილის ეს ჟესტი არა მარტი ინგლისელებისთვისაა ნაცნობი.

დევიდ იუმის, ადამ სმიტის5 და სხვების მოსაზრებებზე დაყრდნობით ლიბერტარიზმი, კონსერვატიზმის მსგავსად, ადამიანს განიხილავს, როგორც ,,არასრულყოფილ არსებას”. ბევრი თანამედროვე ბოროტების მიზეზი, ლიბერტარიანების აზრით, ღმერთის მიერ ბოძებული ბუნებითი პრინციპების დარღვევაშია საძიებელი. ამასთან, ისინი ხაზს უსვამენ, რომ ბუნებითი უფლებები ,,ნეგატიური უფლებებია”. მათი აზრით, მე-20 საუკუნეში მარქსისტებმა და სოციალ-დემოკრატებმა დაამახინჯეს ადამიანის უფლებათა ჭეშმარიტი კონცეფცია, დაამკვიდრეს ე.წ. ,,პოზიტიური უფლებების” - შრომის, სამართლიანი ანაზღაურების, საკვების და ა.შ. უფლებათა - ცნება. ლიბერტარიანების მიხედვით, მარქსისტულად გაგებულმა სოციალურმა თანასწორობამ

დაკარგა ჰუმანისტური დატვირთვა, რადგან პირობების და არა შესაძლებლობების თანასწორობა გამოაცხადა (ეს კი პირადი საკუთრების უფლების ხელყოფაა).

კონსერვატიზმის ნეოკონსერვატორული მიმდინარეობის წარმოშობის ობიექტურ მიზეზად 70-იან წლებში მსოფლიო ეკონომიკასა და საზოგადოებაში განვითარებულ კრიზისს ასახელებენ, რაც საზოგადოების მორალური საწყისების შესუსტებამ გამოიწვია.

ნეოკონსერვატიზმი ეკონომიკაში საბაზრო ურთიერთობების თავისუფლებას ეყრდნობა, მაგრამ კატეგორიულად ეწინააღმდეგება მსგავსი პრინციპების გადატანას პოლიტიკურ სფეროში. ამიტომ ის მემკვიდრეცაა და კრიტიკოსიც ლიბერალიზმისა. მის პოლიტიკურ დოქტრინაში რამდენიმე ცენტრალური დებულება გამოიყოფა: ინდივიდი სახელმწიფო წესრიგს უნდა ემორჩილებოდეს; უზრუნველყოფილი უნდა იყოს ერის პოლიტიკური და სულიერი ერთობა; მოწინააღმდეგესთან ურთიერთობისას ნეოკონსერვატორი უკიდურეს შემთხვევებში მზად უნდა იყოს რადიკალური მეთოდების გამოყენებისათვისაც.

ნეოკონსერვატორები ბრალს სდებენ ლიბერალებს - თქვენი პოლიტიკური ლოზუნგები დეკლარაციული ხასიათისაა, ისინი განუხორციელებლიაო რეალურ ცხოვრებაში. კრიზისის მიზეზად მათ ლიბერალიზმით გარყვნილ მოქალაქეთა დაუმორჩილებლობა მიაჩნიათ, რადგან ამ დროს სახელმწიფო უმართავი ხდება.

იდეურ წინამორბედებად ნეოკონსერვატორებს ედმუნდ ბერკი, აგრეთვე აშშ-ის მამა-დამფუძნებლები ჰამილტონი და ადამსი მიაჩნიათ. ამერიკის ფუძემდებლურ კონსერვატორულ დოკუმენტად 1787 წლის კონსტიტუცია ითვლება. კონსტიტუციაში აღიარებულია ადამიანის პირადი თავისუფლება, დაცულია მისი საცხოვრებელი ადგილი, ხაზგასმულია, რომ კონგრესმა არ უნდა გამოსცეს კანონი, რომელიც ერთ რომელიმე რელიგიას დააწესებს ან აკრძალავს თავისუფალ აღმსარებლობას, შეზღუდავს სიტყვის ან პრესის თავისუფლებას ან ხალხის უფლებას - მოაწყონ მშვიდობიანი თავყრილობები. ეს ღირებულებები თავისი არსით დემოკრატიული და ლიბერალურია, რაც ამერიკული კონსერვატიზმის აშკარა პარადოქსს წარმოაჩენს: ამერიკაში, რომელმაც არ იცოდა რა იყო ფეოდალიზმი, კონსერვატიზმი წმინდა წყლის ლიბერალური ღირებულებების დაცვისაკენ არის მიმართული...

ნეოკონსერვატიზმი არ უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ ,,ფესვებზე”, წარსულზე. წარსულისაკენ დაბრუნება რეაქციონერებისათვისაა დამახასიათებელი და არა კონსერვატორებისთვის, მაგრამ, ცლილებები მხოლოდ ცვლილებების გულისთვის ასევე მიუღებელია ამ უკანასკნელთათვის. ცვლილებები მაშინ უნდა ხორციელდებოდეს, როდესაც მათ ალტერნატივა არა აქვთ.

კონსერვატიზმის იდეებით ადამსთან და ჰამილტონთან ერთად ტომას ჯეფერსონი და ბენჯამენ ფრანკლინიც ხელმძღვანელობდნენ. სამოქალაქო ომის დროს ლინკოლნის ერთადერთი მოტივიც ხომ ფედერალური კონსტიტუციური საფუძვლების გადარჩენა და განმტკიცება იყო.

როგორც წესი, კონსერვატიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტად იდეოლოგიის, თეორიების და მისთანათა მიუღებლობა ითვლება. კონსერვატორულ აზროვნებას ,,ანტითეორეტიკული” ხასიათი აქვს, მაშინ როდესაც ლიბერალური აზროვნება რაციონალისტურია და მიზანდასახულად ახდენს სხვადასხვა სახის აბსტრაქტული სქემების კონსტრუირებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის გარდაქმნა სწადია. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მხარეა კონსერვატიზმისა. საქმე ის არის, რომ თავად კონსერვატიზმი სხვა არაფერია, თუ არა კომპლექსი იდეებისა, კონცეფციებისა, პრინციპებისა და ა.შ. სინამდვილეში, როდესაც კონსერვატიზმის ანტიიდეოლოგიურობისა და ,,ანტითეორეტიკულობის” შესახებ ლაპარაკობენ, ის კი არ იგულისხმება, რომ მას საერთოდ არა აქვს იდეები და თეორიები, არამედ ის, რომ კონსერვატიზმი აბსტრაქტულ იდეებზე მეტად პრაგმატიზმსა და კომპრომისს სცემს პატივს. კონსერვატორები ნებისმიერი იდეისა და თეორიის აბსოლუტიზაციის წინააღმდეგნი არიან, განსაკუთრებით კი პრაქტიკაში იდეებისა და თეორიების წმინდა სახით რეალიზაციის მცდელობაა მათთვის მიუღებელი. და ეს, როგორც ჩანს, სწორი პოზიციაა. ისტორიამ ხომ არაერთი მაგალითი იცის იმისა, როდესაც თითქოსდა ყველაზე სრულყოფილი იდეების თანამიმდევრული რეალიზაციის მცდელობა ინკვიზიციით, გულაგებითა და ბუხენვალდებით დამთავრებულა. დიახ, კონსერვატორებს აქვთ იდეები და თეორიები, მაგრამ ისინი ,,კონცეპტუალური სკეპტიკოსები” არიან იმ გაგებით, რომ არ ინტერესდებიან პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპების შექმნით.

მნიშვნელოვანი ადგილი კონსერვატორების მოძღვრებში თანასწორობის, ძალაუფლების, დემოკრატიის, სახელმწიფოს პრობლემებს უჭირავს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრობლემებზე საუბრისას ნეოკონსერვატორთა უმრავლესობა თავს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპების თავგამოდებულ დამცველად მიიჩნევს. კონსერვატორისათვის სახელმწიფო არის წყარო და დამცველი კანონისა და მორალისა. ძლიერი სახელმწიფოს გარეშე საზოგადოებაში შეიძლება ანარქია გამეფდეს. მეორეს მხრივ, ძლიერი სახელმწიფო შესაძლოა ინდივიდუალური თავისუფლების დათრგუნვის იარაღი აღმოჩნდეს. არჩევანის წინაშე დადგომის შემთხვევაში კონსერვატორთა უმრავლესობა საზოგადოებას ინდივიდზე წინ აყენებს. მათი აზრით, საზოგადოება გაცილებით მნიშვნელოვანი ცნებაა, ვიდრე ხელისუფლება, და ის ისტორიულად, ეთიკურად და ლოგიკურად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ინდივიდი. ცალკეული ადამიანის უფლებები ერთდროულად ბუნებითი და სოციალური ხასიათის მატარებელია: ბუნებითისა იმიტომ, რომ ეს უფლებები ღვთის მიერ შექმნილ ადამიანს ეკუთვნის, ვითარცა ნაწილს ბუნების დიადი გეგმისა, ხოლო სოციალურისა იმიტომ, რომ ამ უფლებებით სარგებლობა ადამიანს მხოლოდ ორგანიზებულ საზოგადოებაში შეუძლია. თავისუფალი ბაზარი და თავისუფალი კონკურენცია გამოცხადებულია ეკონომიკური ზრდის მისაღწევ ერთადერთ საიმედო მეთოდად. ხოლო სახელმწიფო რეგულირების მოვალეობა კონკურენციისთვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფაა, პირველ ყოვლისა ბაზრების შექმნა და გაფართოება.

0x01 graphic

მე-20 საუკუნის 80-იანი წლების დიდი კონსერვატორები მადამ ტიუსოს მუზეუმშიც ერთად არიან.

ყველაზე პარადოქსული 80-იანი წლების ,,კონსერვატორულ რენესანსში” ის იყო, რომ კონსერვატორები თავად გამოვიდნენ გარდაქმნების ინიციატორებად. აქ მათ საკმაო მოქნილობა და პრაგმატიზმი, აგრეთვე შექმნილ ვითარებასთან შეგუების უნარი გამოამჟღავნეს. ზუსტად იგრძნეს ხალხის განწყობა, რომელიც ეკონომიკური კრიზისის, უმუშევრობის, სწრაფად მზარდი ინფლაციის, სახელმწიფო სახსრების განიავების წინააღმდეგ სათანადო ზომების მიღებას მოითხოვდა. ტეტჩერის მთავრობამ დიდ ბრიტანეთში და რეიგანის მმართველობამ აშშ-ში კონსერვატიზმის ახალი, რადიკალური სახეობა დაამკვიდრეს, რომელსაც ,,ახალ მემარჯვენეობას” უწოდებენ. მის იდეებზე დიდი ზეგავლენა მოახდინა კლასიკურმა ლიბერალურმა ეკონომიკამ, რადგან ეს მოძრაობა მნიშვნელოვანწილად თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას ემყარებოდა. კონსერვატორული ძალების წარმატების საიდუმლო აშშ-ში, ინგლისში, შემდგომ კი სხვა ქვეყნებშიც ის არის, რომ ისინი მაშინ გამოვიდნენ გარდაქმნების წინადადებით, როდესაც ამომრჩეველთა უმრავლესობასაც უნდოდა ეს. 1979 წლის არჩევნებზე მ. ტეტჩერი პირობას იძლეოდა, რომ მთლიანად ალაგმავდა სახელმწიფოს ჩარევის პოლიტიკას ადამიანების ცხოვრების ყველა სფეროში. 1980 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პროგრამაში რონალდ რეიგანი ხაზს უსვამდა, რომ საფუძველს ჩაუყრიდა ახალ ამერიკას.

თანამედროვე ნეოკონსერვატიზმს სოციოკულტურული და რელიგიური ტრადიციონალიზმისაკენ მიდრეკილება ახასიათებს. ტრადიციული ღირებულებების უარყოფა მათ მიერ განიხილება, როგორც თანამედროვე საზოგადოების ყველა ნეგატიური მოვლენის მთავარი მიზეზი; ამასთან, ტრადიციაში იგულისხმება უნივერსალური, ტრანსცენდენტული ღირებულებები და პრინციპები. ნეოკონსერვატორების აზრით, თანამედროვე მომხმარებლური საზოგადოება, რომლის ღირებულებათა მთელი სისტემა ეკონომიკაშია თავმოყრილი, ადამიანებს სულიერ სიღატაკეში ტოვებს.

პოლიტიკურ სფეროში წმინდა წყლის კონსერვატორულ ღირებულებებს ისინი განეკუთვნება, რომელი ღირებულებებიც სოციალურ მშვიდობას და კონსენსუსს, საზოგადოებრივი ურთიერთობების მემკვიდრეობითობას და ხანგამძლეობას უზრუნველყოფენ. ეს ღირებულებებია: ხელისუფლების დაყოფა, შეკავებისა და ბალანსირების სისტემა, ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანო, წარმომადგენლობითი და არა პირდაპირი დემოკრატია, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლება, ინტერესთა ბალანსი ფედერალურ ხელისუფლებასა და შტატებს შორის. სწორედ ეს ღირებულებები დაამტკიცა ფედერალურმა კონსტიტუციამ.

ნეოკონსერვატიზმმა კონსერვატიზმის სხვა ფორმათა სხვადასხვა ელემენტის ინტეგრირება მოახდინა სხვადასხვა პროპორციით, რაც, საბოლოო ჯამში, ბუნებითი კანონის რწმენას ნიშნავს, რომელიც არ არის დამოკიდებული ადამიანთა ნებაზე, იმის რწმენას, რომ ადამიანების საზოგადოება ერთგვარ ,,სულიერ კორპორაციას” წარმოადგენს, ისეთს, როგორიც ეკლესია. წესრიგი, სამართლიანობა და თავისუფლება ადამიანური ისტორიის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის პროდუქტებია. ამიტომ ხელოვნური ცვლილებები საზოგადოებაში დაუშვებელია. ადამიანთა საზოგადოების სტაბილურობის შენარჩუნებისათვის გაცილებით უხიფათოა წინა თაობების სიბრძნით ხელმძღვანელობა, ვიდრე ამა თუ იმ ,,ეფემერული”, პირადი მოსაზრებებისა და საკუთარი გონების კარნახით შერჩეული საკითხის ლობირება. ,,ინდივიდი ბრიყვია, გვარი კი ბრძენი” - ედმუნდ ბერკის ეს სიტყვები ნეოკონსერვატორებისთვისაც აქტუალურია. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია საზოგადოებაში სხვადასხვა, მრავალფეროვანი ჯგუფების, ფენების არსებობაც, რომლებიც ერთმანეთისაგან ეკონომიკური მდგომარეობით და უთანასწორობის სხვა ფორმებით განსხვავდებიან. ჭეშმარიტი თანასწორობა მხოლოდ ღმერთის წინაშე არსებობს. კერძო საკუთრება ადამიანური მრავალფეროვნების პროდუქტია, რომლის გარეშე შეუძლებელია თავისუფლება, საზოგადოება კი უმისოდ დასაღუპადაა განწირული - აი ჭეშმარიტი ნეოკონსერვატორული თვალსაზრისი.

ასეა თუ ისე, ყველა ჩვენგანი ადრე თუ გვიან მაინც კონსერვატორი გახდება, რადგანაც, როგორც ამბობენ, კონსერვატორი არის ლიბერალი, რომელსაც შვილიშვილები ჰყავს.

_________________

1. ბენჟამენ დიზრაელი - გრაფი ბიკონსვილდი (1804-1881), ინგლისელი მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე, ინგლისის პრემიერ-მინისტრი.

2. ედმუნდ ბერკი (1729-1797) - ბრიტანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე; ჟოზეფ დე მესტრი (1753-1821) - ფრანგი მოაზროვნე და პუბლიცისტი; ლუი დე ბონალდი (1754-1840) - ფრანგი ფილოსოფოსი.

3. რასელ კირკი - ამერიკელი პოლიტოლოგი და ისტორიკოსი.

4. რობერტ პილი (1788-1850) - ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, კონსერვატორული პარტიის დამაარსებელი.

5. დევიდ იუმი (1711-1776) - ინგლისელი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი, ადამ სმიტი (1723-1790) - დიდი ინგლისელი მეცნიერი, ეკონომისტი.

7 ომის სულის განდევნა

▲ზევით დაბრუნება


Tolerance

ბიბლოსისა და ბათრუნის (ლიბანის მთები) მიტროპოლიტი გიორგი ხოდრი

0x01 graphic

მიტროპოლიტი გიორგი ხოდრი

ძალადობაში ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ იგი აბსურდულია. ყველამ, ვინც მრავალწლიანი ტანჯვის შემდეგ, სხვებთან ერთად, სიკვდილის გამოცდილება შეიძინა, იცის, როგორია უაზრობის ნამდვილი სახე.

როცა დიდი ხნის განმავლობაში ავტომატის სამიზნეში ხარ ამოღებული და თვიდან თვემდე უწყლოდ, ულუკმაპუროდ, შუქისა და სამსახურის გარეშე გიწევს ყოფნა, ისეთი ცნებები, როგორიცაა ,,რევოლუცია” ან ,,მართალი საქმე”, მხოლოდ და მხოლოდ დაუოკებელ ხარხარს იწვევს.

არსებობა ერთადერთ მიზნად, ლტოლვის ერთადერთ ობიექტად იქცევა. ხედავ, თითქოს, დღე და ღამე აქეთ-იქით აწყდები კედლებს სპექტაკლში, რომელიც შეშლილებმა დადგეს. ქალაქის ჩრდილები ნანგრევებში სიკვდილის ცეკვას ასრულებენ. ერთადერთი რამ გახსენდება - ის სამყარო, რომელიც უკვე აღარ არსებობს. ყველაფერი, რის დასაბუთებასაც ცდილობ, ორაზროვანი ხდება. ამას ჭკუიდან გადაყავხარ - ნებისმიერი სიტყვა ბანალობისთვისაა განწირული. იმედი ქრება, რადგან თვითონ დრო უერთდება სიცარიელეს. თუმცა ხანდახან, როცა ნოსტალგია მოდის, გაუდაბურებული გარემო ისევ ივსება ხოლმე. გარე ბოროტებასა და შინაგან განცდას შორის ყოველგვარი საზღვარი იშლება. წამებული ხორცი - აი, ერთადერთი შთაბეჭდილება, რომელიც რჩება სულში. ნაცემი სხეული ყველაფერს ამაოებად აღიქვამს და გრძნობს, რომ ღმერთმა აქაურობა დატოვა. ცოდვა გარეთ გამოდის და კოშმარული რეალობის ფორმას იძენს. მე ვცოდავ, შესაბამისად, მე ვარსებობ.

როცა შენი ოჯახის განადგურებით მორალურად შენც განადგურებენ, პროტესტის ერთადერთ საშუალებად იარაღი რჩება. როცა მოელი მართლმსაჯულებას, რომელიც არა და არ ჩანს, იარაღი ხდება უარყოფა, ,,არა”. ის პროტესტს გამოხატავს ისტორიული უსამართლობის წინააღმდეგ. თუკი არაფრისმთქმელია ქრისტეს ჯვარი, მაშინ სხვები უნდა აცვან ჯვარს და მათი სიკვდილი საკუთარი არსებობის ნიშანი იქნება. შესაძლოა სხვადასხვა ცხოვრებისეული ნიადაგის მქონე ადამიანების ურთიერთობას ამ დროს ის ამაზრზენი ნიღაბი შორდება, რომელსაც მუდამ ირგებ ხოლმე გარეგნული კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად. ადამიანი არ იხუთება, როცა სიკვდილი მოაქვს ან ურიგდება მას. სიმართლე უფრო მძიმე ასატანია; იგი ლოდივით გაწევს მხრებზე, რადგან წმინდანების თბილი და მშვიდობიანი სინათლით მთლიანად, ბოლომდე არ იყო გაშუქებული.

ლიბანის არცთუ საიმედო თავშესაფრებში მხოლოდ საღვთო მშვიდობას შეეძლო ეზეიმა ძალადობაზე. მას შეეძლო მოეტანა საყოველთაო მიტევება საზღვრების გარეშე. როცა სიძულვილის გზას აღმოაჩენ, დანაშაულის განცდა გიჩნდება, მაგრამ როცა ღვთის მოწყალება გინდა შეიცნო, ხვდები რომ ,,სხვა”, შესაძლოა, უბრალოდ უცოდინარი ადამიანია და ოდესმე ისიც მოახერხებს ღმერთის პოვნას. ბოროტების ჯურღმულში გრძნობ, რომ ღმერთის მხარეზე არავინ მდგარა, თითოეული თავისებურად მკვლელი იყო და ხვალ ჩვენ მხოლოდ პატიებით შეგვეძლება ცხოვრების გაგრძელება.

როცა ადამიანები ღმერთის სახელით კლავენ, როცა მათ სწამთ, რომ მასობრივი ხოცვა-ჟლეტისას საღვთო შუამავლები არიან, ღმერთი კერპი ხდება. ასე მოფიქრალს და მოქმედს თავი ,,საღვთო ერის” ქომაგი ჰგონია. მაგრამ მორალური და ფიზიკური ძალადობა ,,წმინდა ერს” სოციოლოგიურ რეალობად გარდაქმნის. ის, რაც ოდესღაც ღვთის თანაყოფნის ნიშანი იყო, აბსოლუტური ძალის უბრალო კონცეტრაციად იქცევა. ამ ძალასთან დაუკავშირებლად ყველაფერი აზრს კარგავს. საზოგადოება, რომელიც ერთ დროს განსხვავებულ ჯგუფებს აერთიანებდა, ორმხრივი უარყოფით ნადგურდება. ერთიანობა წარმოქმნისთანავე მიუღებელი ხდება და ყველა, ვინც ცდილობს აღადგინოს იგი, სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს. ასეთ ვითარებაში ადამიანს ერთადერთი გონივრული საყრდენი რჩება - სიკვდილი.

არასეკულარიზებულ ქვეყნებში სამოქალაქო ომის ინიციატორებს სჯერათ, რომ მეტაფიზიკურ ბრძოლაში არიან ჩაბმულნი. იქ, სადაც სოციალური სტრუქტურა ლიბანივით კონფესიური ნიშნითაა დაყოფილი, ნებისმიერი ომი აღიქმება როგორც რელიგიური. ხოლო მას დასავლეთის პირდაპირი ჩარევაც თუ მოჰყვა, იგი ჯვაროსნულ ლაშქრობად ინათლება. ისლამურ სამყაროში ჯვაროსნული ომების იარა ჯერ ისევ მოუშუშებელია. აღმოსავლეთი კიდევაც რომ აცნობიერებდეს, დასავლურ ქვეყნებში რამდენად შორსაა პოლიტიკა რელიგიისგან, იგი ევროპასა და მის კულტურულ გაგრძელებას აშშ-ს მაინც საქრისტიანოდ განიხილავს.

შეჭრას ცივილიზატორული (კულტურული) მისია დაერქმევა თუ სამშვიდობო ინიციატივა, მას ყოველთვის ოკუპანტისთვის მოაქვს გამორჩენა. თუმცა ოკუპანტის სინდისი მაინც თავის მართლებისკენაა მიდრეკილი. ძალადობის დაკანონება ყოველთვის მითს მოითხოვს. ამდენად, ომი - თვით თანამედროვე ომიც კი - ღმერთების

შეტაკებაა. უმნიშვნელოა, რა ახალ სახელს მოუძებნიან მას. ეს განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს განვითარებად ქვეყნებში, შიდა ომებისას. სხვადასხვაგვარი საზოგადოებისთვის მითოლოგია მის წარსულთან, ისტორიულ როლთან და მოწოდებასთანაა დაკავშირებული; მითი ფაქტებისა და მოვლენების შესახებ საზოგადოების წარმოდგენის ფორმირებას ახდენს და მათზე საპასუხო რეაქციასაც განაპირობებს.

ფაქტების ამგვარი ,,წაკითხვა” ასევე ,,სხვის”, ,,უცხოს” წაკითხვასაც განსაზღვრავს. ამის გარდაუვალი შედეგი ,,უცხოს” ფიზიკური და მორალური მოშორებაა, რაც, უფრო ზოგადად, ,,სხვა”, გადაცდომად მიჩნეული ისტორიის წაშლასაც გულისხმობს. აწმყოში კი, ,,უცხოს” ცოცხალთა რიგებიდან ამოსაშლელად მიმართული ძალისხმევა თუ წარუმატებელი აღმოჩნდა, მაშინ მსხვერპლის ისტორიის ფალსიფიცირება ან, უკიდურეს შემთხვევაში, მკვდართა ნუსხიდან მისი ამოწერა შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ, საბოლოო ჯამში, ,,უცხოს” ფიზიკური არსებობის ატანა შესაძლებელია, ის უნდა გაქრეს ქვეყნის კოლექტიური მეხსიერებიდან. უმნიშვნელოვანესია, რომ ჭეშმარიტი ღმერთების პროცესიაში, ანუ ისტორიაში, მას ადგილი არ ჰქონდეს.

ასეთ დროს სწორედ სხვისი სიკვდილის სურვილი ხდება იდეოლოგიის საფუძველი. გარე და შიდა ომს შორის არსებითი განსხვავება არ არსებობს. მტრის ქვეყანა, მისი რელიგია ან ეთნოსი დახშული, შეუვალი ერთობლიობებია, რომლებიც უნდა განადგურდეს. იცვლება მხოლოდ განადგურების მითი. თითოეული მხარე მეორე მხარის თვითმყოფადობასა და არსებობის უფლებას უარყოფს. ამიტომ საჭიროა ახალი ისტორიის შექმნა - ერთი მხარის მსოფლშეგრძნების შესაბამისი ისტორიისა. სხვისი ისტორია იგნორირებული უნდა იყოს, რათა ჭეშმარიტების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, რომელიც აბსოლუტურია თავისი ბუნებით. ჭეშმარიტება კოლექტივის, მისი ისტორიული არსებობისა და იმ ხსნის თვისებაა, რომელიც სამხედრო მოქმედებათა დამთავრების შემდეგ მოაქვს მას.

სამოქალაქო ომს დახვეწილი ძალადობა ახასიათებს, რომელიც ღრმად რყვნის მოძალადეს. ის საკუთარი თავის ბოროტ პაროდიად იქცევა, რადგან სიყალბის ყველაზე ამაზრზენ ფორმას - გულის სიცრუესაა ნაზიარები, ანუ იმას, რაც შობს და გამოთქვამს წყევლას.

მაგრამ არსებობს კიდევ უფრო უარესი რამ - ამ სიცრუის გამართლების ძიება ღმერთში; ღმერთში, რომელიც თითქოს მიზანმიმართულად ირჩევდეს თავის მოადგილეებს და მათ ჯალათებად წვრთნიდეს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ანტიკური ფატუმის უნებლიეთ შემცველ სწავლებასთან, რომლის თანახმად ღვთაებები ადამიანურ ვნებებს მორჩილებენ. ,,სხვისი” სიკვდილი ლოგიკური გარდუვალობა ხდება, ვინაიდან ღმერთი ყოვლისშემძლე არსებადაა წარმოჩენილი, რომელიც ომს მართავს ეშმაკთან, თავად კი სიკვდილს, როგორც საკუთარ ბედისწერასა და მემკვიდრეობას, არ იღებს.

სინამდვილეში ღმერთი ადამიანთან სასაუბროდ ერთადერთ გზას ირჩევს: უარს ამბობს ყოვლისშემძლეობაზე, რაც უსაზღვრო თანალმობასა და საკუთარი ქმნილების თავისუფლების აბსოლუტურ პატივისცემაში გამოიხატება. მაგრამ ღმერთი ამაზე შორს მიდის - თავისი ნებით კვდება, რათა აღდგეს და ადამიანს არსებობის დამოუკიდებელი რეალობა შეუქმნას.

რით განსხვავდება, ვთქვათ, წმინდა ბერნარდ კლერვოსელი რომელიმე მუსლიმი ღვთისმეტყველისგან მაშინ, როცა ინგლისელებს მიმართავს და ამბობს: ,,მიწა ძრწის, რაკი ცათა უფალი თავის სამკვიდროს კარგავს, მიწას, სადაც მოევლინა იგი ადამიანებს. აწ კი, ჩვენთა ცოდვათა გამო ჯვრის მტერს იქ ბილწი თავი მოუღერებია და აღთქმულ წმინდა ალაგს მახვილით აჩანაგებს.” წმინდა ბერნარდს ალბათ არც არასდროს გასჩენია შეკითხვა: შესაძლებელია თუ არა, პალესტინაც ასეთივე სიწმინდე იყოს მუსლიმებისთვის; ეს ხომ მათთვისაც ის ადგილია, საიდანაც წინასწარმეტყველი ზეცად ამაღლდა. ასეთი ტიპის ყველა მსჯელობა ღვთის სიტყვის მახვილით დამკვიდრებას გულისხმობს.

წმინდა წერილის კენოტური წაკითხვა

ეკლესიაში იმ სულიერი რეალობის აღქმა და გააზრება, რომელშიც მშვიდობა ჩვენი მოწოდება ხდება, დამაჯერებელია მხოლოდ მაშინ, როცა განდევნილია ომის სულისკვეთება. როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ ისეთმა მართალმა და ღვთისმოსავმა ადამიანებმა, როგორებიც ინკვიზიტორები იყვნენ, ასერიგად საძაგელი თეოლოგია შექმნეს? სწორედ ეს არის ჩვენი წარსულის ერთ-ერთი ტრაგედია. ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ომს მანამდე, სანამ ძალადობას ბიბლიურ საფუძვლებს არ გამოვაცლით. ჩვენი შეცდომა ისტორიაში კი არა, ღვთისმეტყველებაში ძევს. ძალადობა გამართლებას პოულობს, რადგან საზრდოობს რწმენით, რომ ბიბლიის ღმერთი ისრაელს გამარჯვებიდან გამარჯვებისკენ მიუძღოდა და სხვა ერებს აიძულებდა, დამორჩილებოდნენ მას.

ძველი აღთქმა ღმერთს წარმოუდგენელ ძალ-ღონეს მიაწერს, რომელიც მან, მაგალითად, ეგვიპტელებთან გამოავლინა. ეს არის ღმერთი, რომელიც ამბობს: ,,და მე ჩავივლი ეგვიპტის ქვეყანაზე ამ ღამეს და მოვაკვდინებ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში, ადამიანიდან პირუტყვამდე...” (გამოსვლ. 12.12). ეს არის ღმერთი, რომელიც ,,განდევნის თქვენი პირისაგან ქანაანელებს, ხეთელებს, ხიველებს, ფერიზეველებს და გირგაშელებს, ამორეველებსა და იებუსელებს...” (ნავ. 3.10). საღვთო ერის წინამძღოლი ისუ ნავეს ძე კი ქალაქ ჰაღაის ატეხს რისხვას: ,,და როცა აიღებთ ქალაქს, წაუკიდეთ ცეცხლი ქალაქს, მოიქეცით უფლის სიტყვისამებრ” (ნავ. 8.8). შემდეგ ამ სიტყვებს ღმერთი უშუალოდ ასხამს ხორცს. იგი ,,იავარქმნილი მიწის” ტაქტიკით მოქმედებს. ამ პერსპექტივაში ღმერთი ისრაელის მსახურისა და სხვა ხალხებზე მისი ჰეგემონიის უზრუნველმყოფის ფუნქციას ასრულებს, ანუ ისრაელი კი არ ითავისებს საღმრთო განგებას, არამედ თვით ღმერთი გამოხატავს სემიტური ტომების ზედმეტად ადამიანურ მისწრაფებას - დაეუფლოს სხვას.

მაგრამ სისხლისმსმელი ღმერთის პარალელურად იმ ღმერთის ხატიც ჩნდება, რომელიც თანალმობითაა აღსავსე, რომელიც იერემიას, ოსიას, ისაიას სიმღერებში ღვთის ძეზე, მესიაზე წინასწარმეტყველებს. აქ ჩვენ ერთსა და იმავე წერილში ღმერთის ორ, უთუოდ ურთიერთდაპირისპირებულ სახეს ვხედავთ.

თავის დროზე ეკლესიის მამებმა ეგზეგეზის (განმარტების. - მთარგმ.) ტიპოლოგიური მეთოდი გამოიყენეს, ვინაიდან იცოდნენ, რომ ღმერთის ერთადერთი ჭეშმარიტი ხატი - ქრისტეა. ამ მიდგომით მრავალი ბიბლიური საომარი აქტი, ადამიანი და საგანი ქრისტეს ან ჯვრის წინასახედ გაიაზრებოდა. მაგალითად, კლიმენტი რომაელი რექაბისა და მსტოვართა ამბავში მეწამულ თოკს, მეძავს ფანჯრიდან რომ უნდა გადმოეშვა, უფლის მიერ დაღვრილი სისხლის სიმბოლოდ მიიჩნევს.

მაგრამ ასეთმა კომენტარმა შეიძლება საღმრთო წერილის ისტორიული მნიშვნელობა დაფაროს. ამიტომ მე წერილის ,,კენოტური” წაკითხვის მეთოდს გთავაზობთ. ეს იდეა პავლე მოციქულის ფილიპელთა მიმართ ეპისტოლედან ვისესხე (ფპ. 2. 6-8), სადაც მინიშნებულია, რომ ქრისტემ ,,რომელიც ღვთის ხატება იყო და მიტაცებად არ თვლიდა ღვთის თანასწორად ყოფნას. წარმოიცარიელა თავი და მიიღო მონის ხატება... დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე...” ამ ნებაყოფლობით თვითდამცრობაში ძე ღმრთისა კვლავ ღმერთად რჩება, მაგრამ მისი ღვთაებრიობა თავს აშკარად არ ავლენს.

ქრისტეს ორბუნებოვნების დოგმატი საღმრთო წერილის ბუნებასაც განსაზღვრავს, სადაც ეპოქის კულტურა და გაუმჭვირვალობა სიტყვების მიღმა ფარავს ჭეშმარიტებას. ტექსტში თავს იჩენს ავტორის სუბიექტურობა. მაგრამ ეს გზა-კვალს არ უნდა გვიბნევდეს. ჩვენთვის, ორიგენეს ტრადიციას რომ მივყვეთ, ისუ (ებრაულად იეშუა) ნავეს ძე, - ნიმუში, იესოს, იეშუა ნაზარეთელის ნამდვილი წინასახეა, რომელიც არა ქანაანელებს, არამედ ცოდვის სამყაროს ამარცხებს. ღმერთს ვინმესთვის სიკვდილი კი არ მოაქვს, არამედ თვითონ კვდება.

ქრისტე საღმრთო წერილის სიცხადისა და დაფარულობის დიალექტიკაში ცხოვრობს. წერილის გაგება იმდენადვეა შესაძლებელი, რამდენადაც ის ქრისტესთან არის დაკავშირებული. ამიტომ, სინამდვილეში ღმერთი ქანაანელების მხარეს, დამარცხებული ადამიანების მხარეს იდგა. ღმერთი არასოდეს მფარველობდა არმიებს, არასოდეს მდგარა იმათ მხარეს, ვინც მის სახელს ხელყოფდა. მისი ჭეშმარიტი ბუნება ჩვენთვის მხოლოდ მაშინ გამოვლინდა, როცა იესომ თავისი ტანჯვის სისავსეს მიაღწია.

ჩვენ ღმერთის ამ ლმობიერებას ბრმები, დასახიჩრებულები - დედამიწის უძლურნი გვიცხადებენ, ანუ ის ,,მშვიდობისმყოფლები”, რომლებიც ბოროტებასთან ძალადობით დაუპირისპირებლობის საღმრთო ნიჭის მემკვიდრეები არიან.

0x01 graphic

ჯვარი, როგორც ამქვეყნიური ტრიუმფის იარაღი

ადრეული ქრისტიანობა (ნეტარ ავგუსტინემდე) ძალის გამოყენებას ზიზღით უყურებდა. თავის ადრეულ პერიოდში ტერტულიანე წერდა, რომ ღმერთმა პეტრეს განიარაღებით ყველა ჯარისკაცს აჰყარა იარაღი. მოგვიანებით ორიგენე ფიქრობდა, რომ ქრისტიანმა მტრისგან თავი აღარ უნდა დაიცვას, არ უნდა აღმართოს მახვილი სხვა ხალხის წინააღმდეგ; ქრისტიანები მეტად აღარ უნდა დაეუფლონ საბრძოლო ხელოვნებას. ამავე სულისკვეთებას იჩენენ აპოლოგეტებიც. წმ. ბასილი დიდი ეპიტემიას (ანუ საეკლესიო სასჯელს. - მთარგმ.) განუსაზღვრავს ჯარში მყოფ ქრისტიანს იმ შემთხვევაში, თუ ის ომში მიიღებს მონაწილეობას.

პირველ ქრისტიანებს ეიმედებოდათ, რომ ომის საცდურს ლოცვით, რწმენითა და ღვთის შემწეობით დაძლევდნენ. მაგრამ იმპერიას, ქრისტიანიზაციის მიუხედავად, არ შეეძლო უბრალოდ დაეშალა არმია. ბიზანტიის იმპერია ჯერ კიდევ არ იყო ღმერთის სამეფო. მას ბარბაროსებისგან თავი უნდა დაეცვა. ბიზანტია საკუთარ წარმატებებსა და თავისი არსებობის გახანგრძლივებას ქრისტიანიზაციის გამართლებად აღიქვამდა. ჯვარი ამქვეყნიური გამარჯვებისა და ძლევამოსილების სიმბოლოდ იქცა. ღვთისმსახურებაც ამ იდეოლოგიით განიმსჭვალა. თუმცა, ისიც არის, რომ იგივე გარემოში თავმდაბლობისა და მორჩილების სულიერებაც განვითარდა. რა თქმა უნდა, ქრისტიანულ აღმოსავლეთს საღვთო ომის მოძღვრება არ შეუმუშავებია, მაგრამ ფართოდ იყო გავრცელებული თავდაცვითი, საპასუხო ომის დოქტრინა. ომს უნდა მოეგერიებინა, ვთქვათ, თურქული ან ,,კათოლიკური” არმიები, თუკი ისინი მართლმადიდებელ ქვეყნებში შეიჭრებოდნენ. ქრისტიანულ აღმოსავლეთში პაციფიზმი როგორც თეორია სრულ დავიწყებას მიეცა.

ქრისტიანული იმპერიის დაშლასთან ერთად მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა ძველი საპატრიარქოს მიღმა აღმოჩნდა და ავტოკეფალური გახდა. მათი კანონიკური ტერიტორიები გეოგრაფიულად შესაბამისი ქვეყნების საზღვრებს დაემთხვა. ცხადია, რომ ეს ,,ნაციონალური” ეკლესიები ნაციონალური გრძნობებითაც განიმსჭვალებოდნენ. აქედან გამომდინარე, ზოგი მეტად, ზოგი კი, ნაკლებად ამართლებდა და აკურთხებდა ომებს, რომლებსაც მათი ქვეყნები აწარმოებდნენ. ამის თქმა შეიძლება რუსულ, ბერძნულ, სერბიულ, ბულგარულ მართლმადიდებელ ეკლესიებზე. სახელმწიფოსა და ეკლესიის ცნებათა ურთიერთაღრევამ განაპირობა ის, რომ თავისთავად ომის ფაქტი სინდისის ქენჯნას აღარ იწვევდა.

სამართლიანობა და მშვიდობა განუყოფელია

სამართლიანობა და მშვიდობა განუყოფელია. უსამართლობას შეუძლია ძვალსა და რბილში გაიდგას ფესვები და სასოწარკვეთა და შეუწყნარებლობა, ამბოხი და განადგურების ვნება წარმოშვას. იგი ძალაუფლების ნებას ათავისუფლებს და ამძაფრებს, რომელიც, თავის მხრივ, ტირანებსა და ოკუპანტებს გამოყრის ხოლმე ასპარეზზე; კანონებით მართულ სახელმწიფოში უსამართლობა თავის შესანიღბად ტოტალურ სიცრუეს მიმართავს. ასე იქმნება ჯაჭვი: უსამართლობა - ამბოხი - რეპრესიები, რასაც სიძულვილი, ეჭვიანობა, ფანატიზმი, რასიზმსი, ჩაგვრა მოაქვს და უაზრობამდე დაჰყავს ყოველგვარი სოციალური თეორია.

ძალის გამოყენების ყოველგვარი სტრატეგია იმდენად პოლიტიზებულია, რომ ვერ თავსდება ვერანაირი ქრისტიანული მოწმობის არეალში. თუ მე უარს მეუბნებიან თავისუფალ, უარეს შემთხვევაში კი, ასატან არსებობაზე, - ეს იმას ნიშნავს, რომ თვით ჩემი შინაგანი მყოფობა ხდება უარყოფილი. ასეთი მოპყრობა პირადად ჩემთვის მხოლოდ ქრისტიანული მოწმობის ნიშნით, როგორც შემოქმედებითი დუმილისა და მოწამეობის გზა, შეიძლება მისაღები გახდეს. ამ დროს სოციალურად დამცირებულს, უკიდურეს შემთხვევაში, ღვთის მიერ შეცნობისა და სასუფევლის იმედი მასაზრდოებს. ომისა და დევნის ხანაც კი ვერ უშლის ხელს წმინდანების ურთიერთობას.

მოწამეობაში აღიბეჭდება მშვიდობა ღმერთთან - ყოველგვარი პოლიტიკის მიღმა მოპოვებული მშვიდობა. შეუძლებელია რაიმე ძალამ შემუსროს ადამიანი, რომელიც იმ სახის ნათელს ჭვრეტს, რომლის შესახებ წერია: ,,არ იდავებს და არც იყვირებს, და ქუჩებშიც ვერავინ გაიგონებს მის ხმას. გადატეხილ ლერწამს არ დალეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს ვიდრე განკითხვას გამარჯვებამდე არ მიიყვანს (მთ. 12:19-20.)

მშვიდობის მეუფება განცხადდა იმისი მოვლინებით, ვისაც ლიტურგია ესაიას კავლდაკვალ ,,მშვიდობის თავადს” უწოდებს (ეს. 9-6). პავლე მოციქული კიდევ უფრო შთამბეჭდავად, თუ შეიძლება ითქვას, უფრო ინტიმურად, ამბობს, როცა უთითებს, რომ ,,ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორი ერთად აქცია... - და უმატებს, - გააუქმა მტრობა თავისი ხორცით” (ეფეს. 2;14-15).

სიწმინდის ლოგიკა

ისტორიის რეალობას ძალა და კანონი მართავს. ეს ორი რამ უცხოა სიწმინდის ლოგიკისთვის. კანონს ძალდატანების ხასიათი აქვს და ძალის მეშვეობით ხორციელდება. მშვიდობა, განხილული როგორც უბრალოდ ,,არა ომი”, პოლიტიკური გააზრებისა და ეთიკის საზღვრებს არ სცდება. იგი ჰუმანისტური ცივილიზაციის ერთგვარი პროდუქტია. პოლიტიკოსი სწორედ ამ მშვიდობას ეძებს და კიდეც აღწევს ხოლმე მას. მაგრამ ის საკმარისად რეალისტია და კარგად აცნობიერებს, რომ კაცობრიობის ტოტალური განიარაღება წარმოუდგენელი რამეა, რომ სამხედრო ინდუსტრია აუცილებლობის სფეროს განეკუთვნება და დიდი სახელმწიფოების სტრუქტურის განუყოფელი ნაწილია.

ჩვენ ინდივიდუალური ან კოლექტიური ბოროტების იმ წყაროდან, რომელსაც შიში წარმოადგენს, არ უნდა ვსაზრდოობდეთ. ისტორიის დასასრულამდე ადამიანი სიკვდილის შიშით არის დამონებული. არაძალადობა, გაგებული როგორც უბრალოდ უარი ძალის გამოყენებაზე, ჯერ კიდევ არ არის ძალადობის დამარცხება. მაგრამ არაძალადობა როგორც სიმამაცის გამოვლინება და საკუთარი თავის ძლევა, უკვე პოლიტიკური პოზიცია კი არა, ქრისტიანული მოწმობაა. მიუხედავად იმისა, რომ წმინდანისა და პოლიტიკოსის ერთ, საერთო მნიშვნელამდე დაყვანა, მათი ქმედებების ბუნებიდან გამომდინარე, არ შეიძლება, წმინდანებიც ლოცულობენ, რათა დედამიწაზე პოლიტიკურმა მშვიდობამ დაისადგუროს. ადამიანის განვითარებისთვის მშვიდობა ყველაზე შესაფერი გარემოა. მშვიდობა სიხარბეზე გამარჯვებას ნიშნავს. იმის რწმენა, რომ ჩვენ ზნეობრივად მოვალენი ვართ მივიღოთ მშვიდობიანი გადაწყვეტილება - უთუოდ წინ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს წარმოადგენს მთელი კაცობრიობისთვის.

მაგრამ ყველანაირ ფასად მიღწეული მშვიდობა, ხშირ შემთხვევაში, სულმოკლეობის მანიშნებელია. ადამიანი უკეთესი არ ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ მოლაპარაკებათა პროცესი ზავით დასრულდა. მშვიდობა ზნეობრივ ღირებულებად ზუსტად იმდენად შეიძლება იქცეს, რამდენადაც უტყუარი იქნება ზავი ორ ხალხს შორის, რომელთა ურთიერთობაში ადრე სიძულვილი იყო გაბატონებული. ასეთ დროს ჩვენ სწორედ იმ წესრიგს მოვიპოვებთ, რომელსაც ბიზანტიური ღვთისმსახურება ,,ზეგარდამო მშვიდობას” უწოდებს. იმის შემდეგ, რაც ამ მშვიდობას გამოითხოვს, ლიტურგია ,,ყოვლისა სოფლისა მშვიდობისათვის” ლოცვას მოგვიწოდებს. ასე რომ, საღვთისმსახურო ლოგიკით, მსოფლიოში ზუსტად იმდენად შეიძლება დამკვიდრდეს და გაშინაგანდეს მშვიდობა, რამდენადაც ღმერთი იქნება მისი წყარო.

მშვიდობა ღმერთის მოხმობაა. იგი ისეთი რეალობაა, რომელიც თავის სისავსეს ცათა სასუფეველში აღწევს. კიდევ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ის იმ ყოფიერების ნაწილია, რომლისკენაც ჩვენი მიწიერი არსებობის სიმწრიდან ღმერთი მოგვიწოდებს. ღვთის ამგვარი განგებულება ჩვენგან მოითხოვს გამუდმებულ ძალისხმევას, მიმართულს ადამიანებს შორის ომის წინააღმდეგ.

თარგმნა ზაალ ჯუღელმა

ციტირება ბიბლიიდან: ბიბლია, საქართველოს ბიბლიური საზოგადოება. თბ., 2001.

8 ვინ იცავს პაციენტის უფლებებს?

▲ზევით დაბრუნება


პაციენტთა უფლებები

ნინო სიხარულიძე

2006 წელს გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებითა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან ,,სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერების” პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებში ამოქმედებული სპეციალიზებული ცენტრები (ტოლერანტობის, იურიდიული, პაციენტთა უფლებების დაცვის) სახალხო დამცველს დახმარებას გაუწევენ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ჩაატარებენ გამოკვლევებს, შეისწავლიან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაციის საკითხებს, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, მონიტორინგის საშუალებით შეისწავლიან ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ არსებულ ინფორმაციასა და ფაქტებს...

ამ უაღრესად დაწურული, ერთი შეხედვით მშრალი ინფორმაციის მიღმა თითოეული ჩვენგანისთვის მეტად მნიშვნელოვან საკითხთა წყება იგულისხმება, პრობლემები, რომელთა დამოუკიდებლად გადაწყვეტა ჩვენგვარი ყრმა დემოკრატიის მქონე ქვეყნის მოქალაქეებს ყოველთვის უჭირთ. ჩვენი ეს წერილიც ამის დასტური იქნება.

უცნაური სუბიექტივიზმი

გამოცდილ ექიმს პაციენტმა უჩივლა: მართალია, ჩიყვის ოპერაცია კარგად გამიკეთა, მაგრამ ყელზე ნაწიბური დამრჩა და სამი კვირის თავზე, საკუთარ ქორწილში, მომავალი მეუღლისა და სტუმრების წინაშე სწორედ ამ უხეში იარით გამოვცხადდი; ექიმი გავაფრთხილე, მალე ქორწილი მაქვს-მეთქი, დამპირდა, რომ პრობლემები არ შემექმნებოდა, მაგრამ პირობა არ შეასრულა... სასამართლომ ექიმს პაციენტის სასარგებლოდ 200 ათასი დოლარის გადახდა დაავალა... ეს ამბავი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა. საქართველოში პაციენტები წარმატებული ოპერაციების შემდეგ დარჩენილი უხეში ნაწიბურების გამო იშვიათად ჩივიან; საქართველოში გაცილებით მძიმე შედეგების მიზეზებს იკვლევენ: არასწორად ჩატარებული ოპერაციებისა თუ სამედიცინო მანიპულაციების შედეგად ახლობლების გარდაცვალების, დაინვალიდების, დასახიჩრების მიზეზებს და ბევრს სხვას.

,,ფაქტია, ადამიანებმა საქართველოში ძალიან ცუდად იციან, რა უნდა გააკეთონ, თუკი მათი, როგორც პაციენტის უფლებები ირღვევა, რა გზით უნდა აღუდგნენ წინ ამ დარღვევებს. ეს ცუდად იციან ექიმებმაც. არადა, პაციენტის უფლებების დაცვა თვით ექიმებსაც დაიცავს პრობლემებისაგან.“

ვითარებას ართულებს ჩვენს სამედიცინო წრეებში არსებული ერთი დაუწერელი კანონი. ერთმანეთის პროფესიონალიზმსა და შესაძლებლობებში დაეჭვებას პაციენტების წინაშე ექიმები არ ერიდებიან (ეს ავადმყოფის გადაბირების ნაცადი ხერხია), მაგრამ როცა საქმე ოფიციალურ დასკვნამდე მიდის, იშვიათად იპოვი ექიმს, რომელიც მეორე ექიმის მიერ დასმულ დიაგნოზს, ჩატარებულ ოპერაციას ან დანიშნულ მკურნალობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. წლების განმავლობაში ნაშენები ამ კედლის გარღვევა ბევრს უცდია, მაგრამ უშედეგოდ. ეს ,,ოქროს წესი” იმ შემთხვევაში ირღვევა ხოლმე, როცა ექიმები ერთმანეთში კონკრეტული საქმის გამო ვერ რიგდებიან. პაციენტის ჯანმრთელობასთან ასეთ საქმეებს, როგორც წესი, კავშირი არა აქვს.

,,გეთანხმებით. სამედიცინო საზოგადოება თავისი ბუნებით ჩაკეტილი საზოგადოებაა. იგი თვითრეგულირებადი, ავტონომიური ცხოვრებით ცხოვრობს და ნამდვილად არსებობს დაუწერელი კანონი, რომლის მიხედვითაც ექიმმა ექიმის ,,ტყავი” არ უნდა დახიოს. მე ამას ვაღიარებ. ეს რეალობაა, - ამბობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლადო ჭიპაშვილი, - მე ვარ ექიმი, უკანასკნელ პერიოდამდე პრაქტიკოსი ექიმი ვიყავი, კარგად ვიცი, ვინ რითი სუნთქავს და ყველაზე უკეთ ვიცი, რომ ნამდვილად ირღვევა პაციენტების უფლებები. ისეც არ უნდა გავიგოთ, რომ ერთ მხარეს მხოლოდ ,,ბუა” ექიმები არიან, მეორე მხარეს კი - აბსოლუტურად უცოდველი მოსახლეობა. ამ საკითხს რეალურად უნდა მივუდგეთ. პრობლემები, სირთულეები არსებობს ყველაგან, ყველა სფეროში, მაგრამ ექიმის უყურადღებობას, მის შეცდომას გამართლება არა აქვს და, თუკი ვინმემ ეს პროფესია აირჩია, უნდა იცოდეს, რომ მისთვის გაცილებით მაღალი კრიტერიუმები იარსებებს. ეს გახლავთ მთლიანად ქართველი ხალხის ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დავიცვათ პაციენტების უფლებები, არა მარტო მაშინ, როცა ისინი თავს დაჩაგრულად გრძნობენ, არამედ მაშინაც, როცა თვითონ ასე არ ფიქრობენ, და ჩვენ ვცდილობთ, ერთგვარი ბუფერის როლი შევასრულოთ ამ შემთხვევებში.”

ბუფერი

ბუფერი, რომელზეც ლადო ჭიპაშვილი ლაპარაკობდა, სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციაა. მინისტრის რწმუნებით, იგი პატიოსანი ადამიანებითაა დაკომპლექტებული და ,,მუნდირის ღირსების” დაცვას მხოლოდ მაშინ თუ შეეცდება, როცა საქმე უმნიშვნელო დარღვევებს ეხება. გასული წლის განმავლობაში ინსპექციის მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგები ასეთია:

გამოვლენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 164 ფაქტი;

158 შემთხვევასთან დაკავშირებით შუამდგომლობა აღიძრა სასამართლოში;

მოსამართლის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე ჩაატარდა 153 სამედიცინო დაწესებულების შემოწმება;

გამოვლინდა უკანონო სამედიცინო საქმიანობის 30 შემთხვევა;

გამოვლინდა უკანონო საექიმო საქმიანობის 44 ფაქტი;

35 ასეთ შემთხვევაში დადგა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი;

უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისთვის სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს წინაშე 228 შემთხვევაში დაისვა ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი;

წერილობითი გაფრთხილება მიეცა 159 ექიმს;

სერტიფიკატი შეუჩერდა 18 ექიმს;

სერტიფიკატი გაუუქმდა 8 ექიმს.

საჩივრების გეოგრაფია ვრცელია - საქართველოს ყველა რეგიონი, ძირითადად, რა თქმა უნდა, თბილისი; საჩივრების შინაარსი ასეთია - გარდაცვალება, დაინვალიდება, დამახინჯება... თუმცა, ყველა სახის საჩივარს ინსპექცია ვერ განიხილავს.

,,ფაქტობრივად, ჩვენ ვსწავლობთ ქაღალდებს, დოკუმენტაციას, იმას, თუ რამდენად სწორადაა ჩატარებული კონკრეტული ნოზოლოგიის მკურნალობა სახელმწიფო სტანდარტებით გათვალისწინებულ ფარგლებ- ში, - ამბობს სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის უფროსი გია თვალავაძე, - ესეც იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო შემოწმების ნებას გვრთავს. მოგეხსენებათ, სამედიცინო დაწესებულებების აბსოლუტური უმრავლესობა სააქციო საზოგადოება ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან ინდივიდუალური მეწარმეა და მათი საქმიანობა, კონტროლი მეწარმეთა შესახებ კანონების მიხედვით ხდება. როცა პაციენტი ჩივის ისეთი ფაქტის გამო, რომელიც სამედიცინო დოკუმენტებში არ ფიგურირებს, ჩვენ ვერაფერს გავაწყობთ. ამ დროს სამედიცინო მომსახურების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დასადგენად (საეჭვო დიაგნოზი, არასწორი მკურნალობით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები), გადახდილი თანხის დასაბრუნებლად მან სამართალდამცავ ორგანოებს უნდა მიმართოს.”

ასეთი მიმართვები, როგორც გია თვალავჩაძე ამბობს, არსებობს, მაგრამ მათი შედეგების შესახებ ინსპექციაში არაფერი იციან. კანონი სამართალდამცავებს ამ სტრუქტურის საქმის კურსში ჩაყენებას არ ავალდებულებს. აქ იმის შესახებაც ვერაფერს გეტყვიან, დაისაჯნენ თუ არა ის ობიექტები, რომელთა თაობაზე ინსპექციამ შესაბამისი გადაწყვეტილება გამოიტანა. კანონის მიხედვით, ულიცენზიო და უსერტიფიკატო საქმიანობის შემთხვევაში სტაციონარი ჯერ 1000 ლარით ჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში - 2000 ლარით, მესამე ჯერზე კი მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. რამდენად გავრცელდება ეს ზოგადი სანქციები კონკრეტულ ექიმებზე, სტაციონარის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია.

,,თავად განსაჯეთ: საპყრობილეებში, იშვიათი გამონაკლისების გარდა არ არსებობს სტაციონარისათვის საჭირო ელემენტარული აღჭურვილობა. პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში თითქმის არ მუშაობს რენტგენის აპარატი, არა არის ექოსკოპია. არის პერიოდები, როცა ელემენტარული პროცედურის - სისხლის საერთო ანალიზის ჩატარებაც შეუძლებელია.“

ცენტრი - პაციენტთა უფლებების დასაცავად

მონაცემები ჯანდაცვასა და სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით არსებული დავების შესახებ აქვს სახალხო დამცველის სამსახურთან არსებულ პაციენტთა უფლებების დაცვის ცენტრს.

მატერიალურ-ტექნიკური ზარალის ანაზღაურების გარდა, საქმეები ისეთ ფაქტებზეც არის აღძრული, როგორიცაა: უკანონო სამედიცინო ან ფარმაცევტული საქმიანობა, თაღლითობა, ქრთამის აღება, ექიმისთვის ნარკოტიკების აღმოჩენა, სამსახურებრივი გულგრილობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე თუ მსუბუქი დაზიანება გაუფრთხილებლობით, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა, ადამიანის ორგანოდან ქსოვილის ნაწილის აღებისა და გამოყენების წესების დარღვევა... საქმეების ერთი ნაწილი განხილვის სტადიაშია, ნაწილის განხილვა შეწყვეტილია, ერთ ექიმს ერთი წლით პირობითი სასჯელი მიესაჯა, ერთს ორი წლით აეკრძალა სამედიცინო საქმიანობა, ორს თითოწლიანი გამოსაცდელი ვადა მიეცა და ამდენივე ხნით ჩამოერთვა სამედიცინო საქმიანობის უფლება.

პაციენტთა უფლებების დაცვის ცენტრის მთავარი ექსპერტი ირმა მანჯავიძე ამბობს, რომ მასალები, რომელიც ცენტრს უგროვდება, სულ უფრო და უფრო გამოკვეთს ხარვეზებს, რომლებიც საქართველოში პაციენტთა უფლებების დაცვის კუთხით არსებობს:

,,ჩვენი ცენტრის მიზანია, სახალხო დამცველის აპარატთან მუშაობის კოორდინირების გზით, შესაბამის სამედიცინო და სხვა სამთავრობო სტრუქტურებთან ურთიერთობის საფუძველზე განისაზღვროს პაციენტთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების ფორმატი და განხორციელდეს საინფორმაციო-საგანმანათლებლო აქტივობები;

გაწეული მუშაობა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საქართველოში პაციენტთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ძალიან კარგია, რომ საქართველო იმ 18 ქვეყნის რიცხვშია, რომლებშიც პაციენტის უფლებების დასაცავად საგანგებო კანონი არსებობს. ეს კანონი ექვსი წლის წინ მივიღეთ. როგორც მოგეხსენებათ, მედიცინა სწრაფად განვითარებადი დარგია და კანონმდებლობაც მუდმივად საჭიროებს ცვლილებებს. ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს ექიმთა ასოციაციას (პრეზიდენტი პროფესორი გია ლობჟანიძე) და 45 დარგობრივ ასოციაციას შენიშვნები, წინადადებები და რეკომენდაციები წარმოედგინათ საქართველოს კანონში ,,პაციენტის უფლებების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე, გაეთვალისწინებინათ საერთაშორისო გამოცდილება და არსებული რეალობა. ამას ის მოჰყვა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან ერთად განიხილეს ეს საკითხები. სახალხო დამცველთან ჩამოყალიბდა საქართველოს კანონში ,,პაციენტის უფლებების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შემმუშავებელი მუდმივმოქმედი ჯგუფი. ისიც მნიშვნელოვანია, რომ პაციენტთა უფლებების დაცვის ცენტრის ინიციატივით ტრენინგები და შეხვედრები ჩატარდა რეგიონებში, მოსაზრებებს გვაწვდიდნენ რიგითი ადამიანები, ექიმები, ჟურნალისტები - პოტენციური პაციენტები. ჩამოყალიბდა წინადადებების მთლიანი პაკეტი, რომელიც სახალხო დამცველს გადაეცემა.

ცენტრმა ტრენინგები როგორც საახალხო დამცველის აპარატის თანამშრომებისა და სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე ჟურნალისტებისთვისაც ჩაატარა, აღწერა რეალური სიტუაცია, წარმოაჩინა არსებული პრობლემები და დასახა მათი გადაჭრის გზები. პაციენტთა უფლებების დაცვის ცენტრის დაკვეთით მიმდინარეობს სპეციალური კვლევა იმის გამოსარკვევად, იციან თუ არა ადამიანებმა საკუთარი უფლებები და მოვალეობები; აღსანიშნავია, რომ უფლებების გარდა, პაციენტს გარკვეული მოვალეობებიც აქვს. მოქალაქეებს, როგორც პოტენციურ პაციენტებს, ცენტრი პერიოდულად ინფორმაციას აწვდის სამედიცინო-პოპულარული ჯურნალის ,,ჩვენი ჯანმრთელობის” საშუალებით, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

,,ფაქტია, ადამიანებმა საქართველოში ძალიან ცუდად იციან, რა უნდა გააკეთონ, თუკი მათი, როგორც პაციენტის უფლებები ირღვევა, რა გზით უნდა აღუდგნენ წინ ამ დარღვევებს. ეს ცუდად იციან ექიმებმაც. არადა, პაციენტის უფლებების დაცვა თვით ექიმებსაც დაიცავს პრობლემებისაგან.

გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა მოქალაქე ექიმებს იმის გამო უჩიოდა, რომ მათგან არასრული ინფორმაცია მიიღო. ერთი ქალბატონი ამტკიცებდა, დაავდებული ორგანო, რომლის გამოც ოპერაცია გამიკეთეს, არ ამოუკვეთავთო. საქმე ის გახლავთ, რომ პაციენტს არავინ აუხსნა იმ ტერმინების მნიშვნელობა, რომლებსაც ექიმები მისი გასინჯვისას იყენებდნენ, და ამის გამო შეექმნა მას არასწორი წარმოდგენა ჩატარებული ოპერაციის თაობაზე.

ძალიან კარგია, რომ სამედიცინო დაწესებულებებში მოქმედებს ,,ინფორმირებული თანხმობის” ფორმა - მისი საშუალებით ხდება პაციენტის ინფორმირება შემდგომი გართულების შესახებ, რაც შესაძლოა ამა თუ იმ სამედიცინო მანიპულაციას მოჰყვეს. ინფორმირება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებს უნდა ეყრდნობოდეს და მოქმედ კანონმდებლობაზე იყოს დაფუძნებული. საქართველოს კანონი ,,პაციენტის უფლებების შესახებ” პაციენტის ინფორმირებას ნებისმიერი ოპერაციული ჩარევისას მოითხოვს. ჩვენთან იყო ქალბატონი, რომელიც წლების განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობს და სწორედ ,,ინფორმირებული თანხმობის” ფორმასთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემა. ექიმების გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ქალბატონმა შეკითხვები დასვა თავის დაავადებასთან დაკავშირებით”.

პაციენტთა უფლებების დაცვის ცენტრში შემოსული მიმართვების რაოდენობა ჯერჯერობით არც ისე დიდია. პაციენტები ხშირად ტელეფონით რეკავენ და თავს იკავებენ ვინაობის გამხელისაგან. ასეთ შემთხვევაში მათი დახმარება, ბუნებრივია, ვერ ხერხდება.

ცენტრში შემოსული ინფორმაციის ანალიზით ირკვევა, რომ პაციენტები უფრო ხშირად მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

,,დღეისთვის გვაქვს 14 კანონი, რომელიც ჯანდაცვის სფეროს არეგულირებს, აქედან აღსანიშნავია საქართველოს კანონი ,,პაციენტის უფლებების შესახებ”, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ”, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”.

ჩვენ გამოვეხმაურეთ ასევე კანონპროექტს ,,ადამიანის ბიოსამედიცინო კვლევებში მონაწილეობის შესახებ”. ამ კანონს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო წარადგენს. მის განხილვაში ცენტრი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას, რადგან ,,კლინიკა”, თავისთავად, ითვალისწინებს კვლევას, ასეთი დაწესებულება საქართველოში ბევრია, შესაბამისად, მაღალია პაციენტის უფლებების დარღვევის ალბათობა.”

პაციენტი, თანაც - პატიმარი

პაციენტის უფლებებს იცავს 2000 წლის 5 მაისს მიღებული კანონი პაციენტთა უფლებების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი პაციენტებს ფართო უფლებებით აღჭურვავს, თუმცა მისი გამოყენება კვალიფიციური იურისტის გარეშე რთულია.

,,სახალხო დამცველის აპარატთან მონიტორინგის რამდენიმე ჯგუფია შექმნილი, მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან მომუშავეც, - გვიყვება სახალხო დამცველის სამსახურთან მოქმედი პაციენტთა უფლებების დაცვის ცენტრის მთავარი ექსპერტი ლევან ლაბაური, - ჩვენ ვაფასებთ პიროვნების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩატარებული მკურნალობის ხარისხს, მიზანშეწონილობას და ადეკვატურობას. მონიტორინგის ჯგუფის სამუშაოს მეტი წილი პატიმართა სამკურნალო დაწესებულებებზე მოდის. იქ პრობლემა ბევრია. ძირითადი დარღვევები სახალხო დამცველის საპარლამენტო მოხსენებაში უკვე აისახა, თუმცა ბატონი სოზარ სუბარი ამ საკითხების უფრო ფართოდ წარმოდგენას გეგმავს.

ზოგადი შეფასებით პატიმართა და მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ,,პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ყველა საპყრობილეში, სადაც 100-ზე მეტი პატიმარია, უნდა არსებობდეს სამკურნალო სტაციონარი. მოქმედი კანონმდებლობით კი, სტაციონარს სამედიცინო საქმიანობის განხორციელების ლიცენზია ესაჭიროება. არადა, არც ერთ ასეთ დაწესებულებას სათანადო ლიცენზია არ გააჩნია. უფრო მეტიც - ლიცენზია მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებასაც არა აქვს. შესაბამისად, ნებისმიერი სამედიცინო საქმიანობა, რომელიც ამ დაწესებულებებში ხორციელდება, უკანონოდ ითვლება. არ ვიცი, როგორ ვთქვა, მაგრამ ეს, შეიძლება, სხვა დარღვევებთან შედარებით, უმნიშვნელოდაც კი მოგეჩვენოთ.

თავად განსაჯეთ: საპყრობილეებში, იშვიათი გამონაკლისების გარდა არ არსებობს სტაციონარისათვის საჭირო ელემენტარული აღჭურვილობა. პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში თითქმის არ მუშაობს რენტგენის აპარატი, არა არის ექოსკოპია. არის პერიოდები, როცა ელემენტარული პროცედურის - სისხლის საერთო ანალიზის ჩატარებაც შეუძლებელია.

პრობლემაა პატიმრების ოპერაციისშემდგომი მოვლა. ოთახში, რომელსაც იქ ოპერაციისშემდგომ პალატას (ან რეანიმაციას) უწოდებენ, არც მონიტორია, არც სუნთქვის აპარატი, არ არის ელემენტარული პირობები - საშინელი ანტისანიტარიაა. ამ ვითარებაში გვერდიგვერდ ჰყავთ ოპერაციებისშემდგომი ჩირქოვანი და არაჩირქოვანი ავადმყოფები, პალატები გადატვირთულია. ეს მაშინ, როცა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პენიტენციური სისტემის სამედიცინო სამსახური საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ნაწილს წარმოადგენს და იქ სამედიცინო მომსახურების დონე არ უნდა იყოს ჩვეულებრივ სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ დონეზე დაბალი”.

ლევან ლაბაური პატიმართა ავადობისა და სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მძიმე ვითარებას უკავშირებს. მისი განმარტებით, გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად, უმრავლეს შემთხვევაში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის უკმარისობა სახელდება. საპატიმროებსა და იქ მოქმედ სამკურნალო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა დაავადებათა გართულებების ხელშემწყობია. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ პატიმართა სამედიცინო მომსახურების ამსახველი სამედიცინო ჩანაწერები სასჯელაღსრულების დაწესებულებებათა სტაციონარებში სრულყოფილი სახით, ფაქტობრივად, არ იქმნება; ან საერთოდაც არ არსებობს. დარღვეულია სამედიცინო მომსახურების უწყვეტობის პრინციპი, კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ხშირად ვერ დგინდება, რა სჭირს ავადმყოფს, რითი მკურნალობენ მას, რა დანიშნულება აქვს მიცემული.

,,პრობლემაა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომუშავე სამედიცინო კადრების სიმცირეც, - განაგრძობს ლევან ლაბაური, - პროფესიით ქირურგი გახლავართ და, როცა ჩემი პროფილის პაციენტს ვხვდები, უშუალოდ ვერევი კიდეც მის მკურნალობაში, - იქნება ეს კონსულტაცია, დიაგნოსტიკა, დანიშნულების მიცემა თუ ოპერაცია. სახალხო დამცველის მიერ გაცემული რწმუნების გამო ჩემი შესვლა ამ დაწესებულებებში დაუბრკოლებლად უნდა ხდებოდეს, თუმცა ხშირია გაუგებრობები და კონფლიქტური სიტუაციებიც წარმოიქმნება; მაგრამ როცა ნევროლოგის, ფსიქიატრის, ნეიროქირურგის ან სხვა პროფილის ექიმის შეყვანაა საჭირო, გაცილებით მეტ პრობლემას ვაწყდებით. არაერთხელ დაფიქსირებულა ფაქტი, როდესაც ექიმს არ უშვებენ და სპეციალურ ნებართვას სთხოვენ, რომლის მოსაპოვებლად გარკვეული დროა საჭირო და ხშირად ამ დროშიც არ იძლევიან, - ამის გამო ავადმყოფთან დროულად ვერ ხერხდება შესვლა ან საერთოდაც ვერ ხერხდება. ამით ავადმყოფს ეზღუდება ჯანმრთელობის უფლება. უარესიც ხდება. ამ ცოტა ხნის წინათ ერთ-ერთი ჩვენი ფსიქიატრი, ექიმი-კონსულტანტი, ციხის საავადმყოფოს თანამშრომლებმა საკმაოდ უხეშად გაჩხრიკეს, ღირსება შეულახეს, რითაც თანამდებობრივი გადაცდენა ჩაიდინეს. დათვალიერება, როგორც ამ საქციელს თავად უწოდეს, ოქმის შედგენისა და მოწმეების გარეშე ჩაატარეს. მსგავსი ფაქტების გამო პატიმარი პაციენტების მონახულებაზე ექიმები სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს, ვინაიდან ამპირობებში საქმიანობა სარისკოა. ასეთსავე პრობლემებს ვაწყდებით, როცა პატიმრის ქალაქის სტაციონარებში გაყვანაა საჭირო”.

ამ საქმიანობაში პაციენტთა უფლებების დაცვის ცენტრს დახმარებას უწევს სახალხო დამცველის კოლაბორანტი ორგანიზაცია, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი ,,ემპათია”, რომლის ხელშეწყობითაც პატიმარი ავადმყოფების მკურნალობის ხარჯები იფარება, ხორციელდება სხვადასხვა სპეციალისტების ვიზიტები მათთან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ისინი სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებებში გადაჰყავთ, მიმდინარეობს კვალიფიციური კონსულტირება, ტარდება ყველა საჭირო გამოკვლევა და ოპერაცია, ხდება მედიკამენტების შეძენა პატიმარი პაციენტებისთვის.

რეალური დაცვა

,,რა თქმა უნდა, მოქალაქეების განსწავლა მათი უფლებების კუთხით მნიშვნელოვანია, თუმცა პაციენტთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით საუკეთესო ის იქნებოდა, თუკი სადაზღვევო სისტემის სრულყოფა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა, პაციენტთა უსაფრთხოების- თვის სათანადო ზომების მიღება და განვითარება მოხერხდებოდა”, - მიიჩნევს სახალხო დამცველის სამსახურთან მოქმედი პაციენტთა უფლებების დაცვის ცენტრის მთავარი ექსპერტი ირმა მანჯავიძე. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მის აზრს, ფაქტობრივად, ეთანხმება, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებულია, თვით ის ფაქტი - სამედიცინო საქმიანობას სპეციალური სახელმწიფო სამსახური რომ ადევნებს თვალს, სტაციონარებს უკვე კანონის ჩარჩოებში აქცევს. არც სამინისტროში და არც სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციაში თავს არ დებენ იმაზე, რომ მათ თვალსა და ყურს ქვეყანაში მომხდარი არანაირი სამედიცინო ხასიათის კანონდარღვევა არ ეპარება, თუმცა, პირობას დებენ, რომ მათ 25 თანამშრომლამდე მიღწეული არც ერთი საჩივარი შეუსწავლელი არ დარჩება იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტი დაზღვეული არ არის. ხოლო თუ დაზღვეულია, მაშინ საქმეში სადაზღვევო კომპანია ერთვება.

სამედიცინო დაზღვევით საქართველოში დღეს ათამდე სერიოზული კომპანიაა დასაქმებული. მათი აგენტები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ამოწმებენ, რამდენად სწორად დაუსვეს დიაგნოზი მათთან დაზღვეულ ავადმყოფებს, რამდენად სწორად დაინიშნა მკურნალობის კურსი, რამდენად საჭირო იყო ოპერაცია და რამდენად ხარისხიანად ჩატარდა იგი, ნამდვილად გაეწია თუ არა პაციენტს ის სამედიცინო მომსახურება, რომლის საფასურის გადახდასაც სტაციონარი ითხოვს. საქმე ფულს ეხება, არცთუ მცირე რაოდენობით ფულს, შესაბამისად, კომპანია გამოწვლილვით იკვლევს მისი გადახდევინების საფუძვლიანობას. ასეთ შემთხვევაში პაციენტი დაცულად გრძნობს თავს, მაგრამ, სამწუხაროდ, სამედიცინო დაზღვევა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. მომსახურების ინდივიდუალური პაკეტი საშუალოდ 50 ლარი ღირს. ყოველთვიურად ამ თანხის გაღება ჩვენს ქვეყანაში ბევრი კარგად დასაქმებული ადამიანისთვისაც კი პრობლემას წარმოადგენს, დაახლოებით ისეთ პრობლემას, როგორსაც - კვალიფიციური ადვოკატის დაქირავება.

სასამართლომდე საქმის მიტანას მხარს არ უჭერს ჯანდაცვის ომბუდსმენის სამსახური. მისი ხელმძღვანელის აზრით, ეს საქართველოშიც, ისევე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამედიცინო მომსახურებას მხოლოდ გააძვირებს. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მაინც, ალბათ, აქეთკენ წავა - ექიმსა და პაციენტს შორის სამართლებრივი დამოკიდებულებისკენ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიც სწორედ ამ აზრს ადგას. ,,ამერიკის შეერთებულ შტატებში მთელი სექტორი არსებობს პაციენტებსა და ექიმებს შორის სასამართლო დავების მოსაგვარებლად. ეს პროცესი საქართველოშიც განვითარდება. რაც მაღალი იქნება ქვეყანაში სამართლებრივი კულტურა, მით მეტი იქნება ამ ტიპის საჩივარი, - ამბობს ლადო ჭიპაშვილი, - ადრე, ყოველი ასეთი საჩივრის შემთხვევაში, მსაჯულის როლში ჯანდაცვის სამინისტრო გამოდიოდა, არადა ამ უწყების საქმე არ არის სასამართლო პროცესებში მონაწილეობა. სამინისტროს საქმე ისეთი კანონების შემუშავება, ისეთი პოლიტიკის წარმართვაა, რომელიც როგორც პაციენტის, ასევე ექიმების უფლებებსაც დაიცავს”.

იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს მოქალაქეთა სამართლებრივი თვითშეგნების ამაღლების პარალელურად მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაც ისე გაუმჯობესდება, საშუალება მიეცემათ ჯანმრთელობაც დაიზღვიონ და კანონებით სარგებლობაც შეძლონ, რათა თეთრ ხალათებში გმოწყობილი საეჭვო რეპუტაციის და შესაძლებლობების ,,სპეციალისტთა” მსხვერპლნი არ გახდნენ, რომელთათვისაც პაციენტი მხოლოდ შემოსავლის წყაროა, რომლის ჯიბეებიც ,,გემოზე უნდა დაფერთხო”.

9 მე მესმის შენი, სამყაროვ! გავუგოთ აუტიზმს!

▲ზევით დაბრუნება


Stigma Free

ნანა ნიჟარაძე

,,მერი პოპინსში” არის არაჩვეულებრივი თავი იმის შესახებ, თუ როგორ იხურება ერთ დღეს ბენსების ტყუპების უკან ჩვილობის კარი და როგორ კარგავენ ისინი უნარს ესმოდეთ ბუნების ენა - ჩიტების, ეზოს ძაღლების, ხეების ლაპარაკი. ,,ეჰ, გაიზარდნენ, ისევე, როგორც მათი დედა და მამა, უფროსი და-ძმა”, - ასკვნიან პატარების აწ უკვე ყოფილი მეგობრები: ჩიტები, ეზოს ძაღლები...

ხშირად მიფიქრია: რა სჯობს ადამიანისთვის - ამ უნარის დაკარგვა თუ შენარჩუნება? პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. მათ, ვის უკანაც ეს კარი იკეტება, საკუთარი დაკარგული შესაძლებლობების შესახებ არაფერი ახსოვთ, ისინი კი, ვისთანაც ეს კარი ღია დარჩა, ისე არიან შეპყრობილნი სამყაროს სიდიადის შეგრძნებით, შეიძლება ვერც შეგამჩნიონ. რომც შეგამჩნიონ, მათი პირველყოფილი გულწრფელობა იმდენად შორს დგას ჩვენთვის ადამიანური ცხოვრების წესად ქცეული პირობითობებისგან, ეძნელებათ ახსნა-განმარტებისთვის დრო დაგითმონ...

ამ ფენომენს მეცნიერებმა აუტიზმი უწოდეს. მეცნიერებივე ამბობენ, რომ ჩვენ უნდა გავუგოთ მათ, ჩვენ შევეცადოთ გადავდგათ ნაბიჯი ამ ღია კარს იქით. იქ ხომ მშვენიერი, ამოუწურავი სამყაროა...

აუტიზმი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მეორე მსოფლიო ომის დროს აღმოაჩინეს. იგი პროფესორმა კანერმა დააფიქსირა. მალე გამოიყო ნიშანთა ერთობლიობაც, რომლის არსებობის პირობებში აუტიზმის დიაგნოზი ისმება. ეს ტრიადა, როგორც მას სპეციალისტები უწოდებენ, შემდეგია: პირველი ნიშანი - სოციალური ურთიერთობების შემცირება ან ხარისხობრივი გაუარესება; სპეციფიკური მეტყველებითი პრობლემები (შეიძლება სიტყვათა მარაგი არც იყოს მცირე, მაგრამ მეორე ადამიანთან ურთიერთობა მაინც შეუძლებელი ხდება); მესამე - გამეორებადობა, სიახლისადმი ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება, სტერეოტიპების დამკვიდრება.

,,ეს არის ის სამი მახასიათებელი, რომელიც აუტიზმზე მომუშავე ყველა მეცნიერის შრომაში ფიგურირებს. სხვამხრივ უამრავი კითხვის ნიშანი, უამრავი თეორია არსებობს, რომელთაგან ამომწურავი არცერთი არ არის. საკმაო პრობლემებია სახელწოდებებსა და კლასიფიკაციაშიც. ერთი სიტყვით, კითხვა - რა არის აუტიზმი? - ჯერ ისევ ძნელად საპასუხოა, - ამბობს ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი ქეთი მაყაშვილი, - ჩვეულებრივ, აღქმისას ადამიანს შეუძლია გამოყოს რაღაც, რომელიმე საგანი ან მოვლენა რაღაც აზრით დატვირთოს - გახადოს ის უფრომნიშვნელოვანი ანპირიქით -დააკნინოს მისი მნიშვნელობა. აუტისტები ამას ვერ ახერხებენ, ისინი იმ აღქმის ველში რჩებიან, რომელიც ბავშვს თავიდან ეძლევა, -თავიდან ხომ ბავშვი გაცილებით სრულად დადაუნაწევებლად აღიქვამს ყველაფერს, იგი პირდაპირ არის ჩართული მოვლენათა ველში, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი. შემდგომ, ზრდასთან ერთად, რაღაცებს ივიწყებს, რაღაცეებზე უარს ამბობს, რაღაცებს გამოარჩევს.

სოციალური პირობითობები აუტისტიზმით დაავადებულისთვის მიუღებელია. ძალიან უჭირს გაიგოს ჩვენი სოციალური და კულტურული ნიშნით აღბეჭდილი რიტუალები. ვთქვათ, მოსწონს თქვენი კანი - მას განარჩევს მილიონი სხვა კანისგან ისე, როგორც ვერავინ სხვა, საოცარ ნიუანსებს იპოვის, - და, თუ მოსწონს, არ ესმის, რატომ არ შეიძლება შეეხოს მას? რატომ არის ამისთვის საჭირო რაღაც რიტუალების ჩატარება - რაღაცის თქმა, სიყვარულიხ ახსნა და ა.შ. ბავშვიც ასეთი იბადება. ასეთად ყოფნაა მისი გადარჩენის სტრატეგია იქამდე, ვიდრე სოციალურ სტრატეგიებს შეითვისებდეს. ამიტომ არის ძალიან პატარა ბავშვის მიერ სამყაროს აღქმის უნარი ასე ძლიერი. ეს უნარი ძლიერი რჩება მანამ, სანამ სოციალური თანამონაწილეობის არანაკლებ ძლიერი ბერკეტების მოხმარებას ისწავლის. აი, ამ ბერკეტებს აუტისტი არ ფლობს.

არსად წამიკითხავს, მაგრამ სხვადასხვა სახის ლიტერატურის გაცნობის შედეგად გამიჩნდა აზრი, რომ აუტისტს აკლია ის, რასაც შეიძლება რწმენა ეწოდოს. რა არის რწმენა? - რაღაც ისეთი, რაც პირდაპირ, უშუალოდ არ მოგეცემა, რასაც ვერ ხედავ, მაგრამ გრძნობ, რომ უფრო მაღალ დონეზე გეძლევა. აი, ეს არა აქვს აუტისტს, - ის რჩება პირველად რეალურ დონეზე, ვერ ელევა პირველად საყრდენებს, არ ტოვებს მათ და, იმის ნაცვლად, რომ ენდოს სხვას, ისწავლოს სხვა, სხვებთან ურთიერთობა, თავის საკუთარ სამყაროში, იქ არსებულ სტრუქტურებში რჩება - მოხიბლულია ამით”.

საიდან მოდის აუტიზმი?

როგორც სპეციალისტები ამბობენ, იგი მკაცრად გენეტიკური არ არის. ამ თემაზეც ბევრს მსჯელობდნენ და მსჯელობენ დღესაც. პროფესორმა ასპერგერმა პროფესორ კანერისაგან ცოტა განსხვავებული აღწერა მოგვცა აუტიზმისა. პირველმა ინტელექტის მაღალი დონის მქონე აუტისტი ბავშვები გამოიკვლია, მეორემ კი - დაბალი დონისა. მაშინ გაჩნდა ე.წ. ,,ცივი დედის თეორიაც”.

ქეთი მაყაშვილი: ,,ასპერგერმა შენიშნა, რომ ეს ბავშვები, ძირითადად, ბიჭები მაღალი სოციალური ფენის ოჯახებიდან არიან. ეს ის დროა, როცა მსოფლიოში ფსიქოანალიზის ბუმია, ქალი ხშირად ივიწყებს თავის პირველად დედობრივ ფუნქციებს, დიდ დროს უთმობს სწავლას, სამსახურს, მაღალი წრის საზოგადოებაში ტრიალს, მისი დედობრივი ინსტინქტი დათრგუნულია, რაც გარკვეულ პრობლემას აჩენს მასსა და მის ვაჟიშვილს შორის. ცნობილია, რომ, ფროიდის მიხედვით, ყველაზე ძლიერი კავშირები მყარდება დედასა და ვაჟიშვილს, მამასა და ქალიშვილს შორის და, აჰა, - თქვეს მეცნიერებმა, - ე.ი. არ არის საკმარისი კავშირი დედასთან, იქმნება პრობლემები ვაჟიშვილის განვითარებაში. ფსიქოანალიზში დედა არის სამყაროს მოდელი. როგორი კავშირიც არსებობს დედასა და შვილს შორის, ისეთი კავშირი იქმნება შვილსა და სამყაროს შორის. თუ დედასა და შვილს შორის არ არის მიმღებლობა, ჩნდება სამყაროს მიუღებლობაც და ყალიბდება აუტიზმი. ეს თეორია ძალიან ცუდი შედეგების მომტანი აღმოჩნდა - მან, პირდაპირი მნიშვნელობით, ბრალეულობის გრძნობა გაუჩინა დედებს, რომელთა დიდი ნაწილი ამ პრობლემისგან გათავისუფლებას მისგან გაქცევით ცდილობდა.

არადა, ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მოიხსნას მშობლების შოკი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია - მშობლისა და შვილის ურთიერთობაში სიახლოვე აუცილებელია. და უცებ ის, რაც აუცილებელია, აღარ არსებობს - შენია, თითქოს, ეს ადამიანი, შენი სისხლი და ხორცია, მაგრამ მისთვის არ არსებობ, არც კი აღგიქვამს. უნდა მიხვდე, უნდა მიხვიდე იქამდე, რომ შენ თვითონ შეიცვალო, უნდა გაუგო მას, რადგან სხვანაირად არაფერი გამოვა. თუ შენ არ შეცვალე, ის ვერ შეიცვლება, თუ შენ არ მიხვედი მასთან, ის არ მოვა შენამდე, არ დაინტერესდება შენით - ვერ დაინტერესდება და ნაპრალი, რომელიც თქვენ შორის არსებობს, კიდევ უფრო გაიზრდება”.

როგორც აღმოჩნდა, ორი წლის ასაკამდე აუტიზმის იდენტიფიცირება, ფაქტობრივად, ვერ ხერხდება. ამ ხნის ბავშვები ძალიან თვინიერები არიან და პრობლემებს არ ქმნიან. შემდეგ მშობლები იხსენებენ, რომ მათ პატარას ჩვევად ჰქონდა, მაგალითად, საათობით ეცქირა ხალიჩისთვის ან რადიოლის ნათურისთვის, არ მოითხოვდა ჭამას, თამაშს და ა.შ. აღმოჩნდება ხოლმე, რომ არ ახასიათებდა ე.წ. ,,გამოცოცხლების სინდრომი” - ეს არის ბავშვის რეაქცია, როცა მისკენ დახრილი დედის სახეს ხედავს - ამ დროს პატარა ფართხალს იწყებს. აუტისტ ბავშვებს არა აქვთ ასეთი რეაქცია დედის მიმართ, მაგრამ ამას მშობლები ხშირად ყურადღებას არ აქცევენ. მოგვიანებით ისიც აღმოჩნდება ხოლმე, რომ ხელში აყვანისას პატარა არც დედასთან ჩახუტების სურვილს გამოხატავდა. რაოდენ უცნაურიც უნდა ჩანდეს, ამ ნიუანსებს ზოგჯერ დედები უყურადღებოდ ტოვებენ.

,,დაახლოებით ოთხი წლის ასაკიდან უცნაურ ცვლილებებს ბავშვის განვითარებაში ყველა ამჩნევს, - განაგრძოებს ქეთი მაყაშვცილი, - ამ ასაკიდან ბავშვი მეორე ადამიანის შეფასებას იწყებს. ამას ყველანი გამუდმებით ვაკეთებთ - ვაკეთებთ განაცხადს სხვა ადამიანის სუბიექტური სამყაროს წვდომაზე. და აქ უკვე მკაფიოდ ჩანს აუტიზმისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ავიღოთ ტყუილი. ერთის მხრივ, ტყუილი ცუდია, მაგრამ გარკვეული ასაკისათვის ეს არ არის პრობლემა, - მე ანგარიშს გიწევ შენ, ვიცი, რომ ისეთი რამ ჩავიდინე, რაც, ალბათ, არ მოგეწონება და ტყუილით ვარბილებ სიტუაციას. ოთხ წლამდე ასაკის ბავშვი ვერ ცრუობს, რადგან არ ფიქრობს ამდენს. როცა ბავშვი ტყუილის თქმას იწყებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის უკვე მომწიფდა განვითარების ახალ სტადიაში გადასასვლელად. აუტისტები ვერ მწიფდებიან რაღაც ახლისთვის - ისინი არ იტყუებიან. ზრდისთვის დამახიათებელ ახალ ეტაპზე გადასვლის შეფერხების გამო არის აუტიზმი სწავლის უნარშეზღუდულობის ერთ-ერთი ფორმა. სწავლის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა სოციალური ფაქტორია - რაღაც უნდა აითვისოს ბავშვმა, რაღაც - არა, და ყველაფერი ეს ვიღაცის, მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანის ზეგავლენის შედეგად ხდება. მაგრამ, როცა ასეთი პიროვნება არა მყავს, როცა ვიღაცის მნიშვნელოვანების შეგრძნება არა მაქვს, რა გამოდის? - გამოდის, რომ ცუდად ვსწავლობ, ვსწავლობ უსისტემოდ, ჩემს შინაგან იმპულსს აყოლილი, და არა იმ კულტურული გარემოს მოთხოვნილებათა შესაბამისად, არა იმ სოციუმის გავლენით, რომელშიც ვარსებობ. ამ დროს შესაძლოა ბავშვს არაჩვეულებრივი უნარები ჰქონდეს, რომელთაც სრულად ვერ იყენებს.

ხშირად ეს უნარები ფენომენალურია. მაგალითად, შეუძლიათ 200-ნაწილიანი ნახატი იმაზე გაცილებით სწრაფად ააწყონ, ვიდრე ამას ჩვენ ვახერხებთ; შეუძლიათ გაზეთის, წიგნის გვერდზე მოცემული ინფორმაცია სიტყვასიტყვით დაიმახსოვრონ - აუტისტური ტიპისთვის ასეთი რამ დამახასიათებელია. ეს უნარები, ერთისმხრივ, მათი ძლიერების, მეორეს მხრივ კი, სისუსტის საფუძველია. აღქმის სფეროში მართალაც აქვთ დიდი პრობლემები თუ მიღწევები. შესაბამისი პირობებისა და ინტელექტის მქონენი ამ უნარების გამოყენებას ახერხებენ. არსებობენ აუტისტები, რომლებიც საკმაოდ წარმატებულები არიან კარიერაში, ჰყავთ ოჯახი, შვილები, რაღაც დოზით ადაპტირდებიან, თუმცა მუდმივად განიცდიან სირთულეებს ადამიანებთან ურთიერთობისას. მათში არის ის ძირითადი რადიკალი, რომელიც ამ დაავადებას ახასიათებს და, ადრე თუ გვიან, იგი თავს იჩენს”.

მშვენიერი, მშვენიერი სამყარო

როგორც ქეთი მაყაშვილი ამბობს, ასეთი ნიჭიერებანი მედლის ერთი მხარეა. მეორე მხარეს სხვა მომენტებია. მაგალითად, ინტერესი ჭექა-ქუხილისადმი. ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, უინტერესო, მისთვის კი თითოეული ჭექა-ქუხილის ნიუანსირება - უზარმაზარი ინტერესის საგანია. თუ მიხვდი ამას, თუ შეხვედი მის სამყაროში და ჭექა-ქუხილზე ჩამოუგდე სიტყვა, თავადაც სიამოვნებით დაგელაპარაკება, სხვა თემაზე - არა. ,,ერთადერთი გზა სწორედ ესაა - შეხვიდე მის სამყაროში. მერე, თუკი მის ნდობას დაიმსახურებ, ნელანელა, ნაბიჯ-ნაბიჯ შეიძლება წამოიყვანო კიდეც შენკენ. ნდობის მოპოვება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ის მარტოა. არავის ესმის მისი, მისი მშვენიერი სამყაროსი არავის არაფერი გაეგება, არავინ იცის, რითი სუნთქავს, რითი არსებობს, მეტიც - აღიზიანებთ იგი,” - ამბობს ქეთი.

მაკას სამყაროში არაჩვეულებრივი ფერებია. აქამდე ეგონათ, რომ ფერებს საერთოდ ვერ არჩევდა, მაგრამ არ ყოფილა ასე; მის სამყაროში ფერებს ამ სამყაროს შესაფერისი სახელები ჰქონიათ - თეთრს თოვლისფერი ჰქვია, შავს - ღამისფერი... პოეტურია, არა? ლექსებს არ წერს, მაგრამ ხატავს, აუტისტისთვის დამახასიათებელი მანერით და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არაჩვეულებრივად მღერის. გემოვნებიანი მუსიკისადმი მისი დამოკიდებულება ის გასაღები აღმოჩნდა, რომელმაც მშობლებს მაკას სამყაროში შეხედვის საშუალება მისცა.

,,მაკას რომ სიმღერა მოეწონება, არ არსებობს MTV-ის ათეულში არ გავიდეს, - ამბობს მაკას დედა თეონა ყაჭეიშვილი, - შეუძლია ოპერაში მთელი სპექტაკლის განმავლობაში უპრობლემოდ იჯდეს, იუმორის კარგი გრძნობა აქვს... ბოლომდე არც მე ვიცნობ, არც დედაჩემი... ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს და ამ ინფორმაციის მხოლოდ 5 პროცენტი თუ ვიცით მისმა ახლობლებმა. ასაკის მატებასთან ერთად ინტერესებიც ეცვლება. 15 წლისაა და აინტერესებს ის, რაც მის ასაკს შეეფერება - თინეიჯერული ფილმები, მსუბუქი კომედიები. ყურადღებას აქცევს ბიჭებს...

დაბადებისას, შეფასების ათქულიანი შკალის მიხედვით, ცხრაქულიანი ახალშობილი იყო. თავიდან, თითქოს, არაფერი ეტყობოდა. ჰქონდა უძილობები, მაგრამ ისეთი სიმპტომები, რამაც შეიძლება დაგაეჭვოს, არ ჩანდა. ორწლინახევრისას ვირუსიული ინფექცია შეხვდა და ეპილეფსიური გულყრები დაეწყო. მიუხედავად ამისა, ფიქრადაც არ გამივლია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვი იყო, უფრო ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი. შემდეგ იმატა გულყრებმა. ძირითადად ღამით ემართებოდა... ძალიან ცუდია, რომ ბევრი დრო დავკარგეთ, ვიდრე დავადგენდით, რა სჭირდა. დღესაც არ ვიცით, ეპილეფსიამ გამოიწვია აუტიზმი თუ - პირიქით.”

0x01 graphic

თეონა მაკას შესახებ გულახდილად საუბრობს. უსმენ და ფიქრობ, რომ ამ ადამიანმა დაძლია ყველა ბარიერი, რომელმაც შეიძლება საზოგადოებასთან ასპროცენტიანი იდენტობის დაკარგვის შიშით შვილი დაგაკარგვინოს. ასეა, მაგრამ ხანდახან თეონასაც უჭირს. მოუსმინეთ:

,,ცურვაზე დაგვყავს, ეს უხდება. მოხდა ისე, რომ აუზში წყალი იმაზე ღრმა აღმოჩნდა, ვიდრე სასურველი იყო და, როცა ფეხქვეშ სიმყარე ვერ იგრძნო, საშინლად გაღიზიანდა. ცოტა ხნის შემდეგ შევეცადეთ ნაკლებად ღრმა წყალში შეგვეყვანა. ხან რა ვუთხარით, ხან - რა, ჩავაყოფინეთ ფეხები, მაგრამ არ დაგვყვა, კივილი ატეხა. იქ მყოფთაგან ზოგიერთმა შემოგვხედა. ხომ მგონია, რომ კომპლექსი მოხსნილი მაქვს, მაგრამ რაღაც მაინც არის სადღაც დარჩენილი - შევცბი... ინსტრუქტორებმა იყოჩაღეს, კარგი ადამიანები აღმოჩნდნენ, შეაგულიანეს მაკა და გააბედინეს წყალში ჩასვლა.

როცა პატარა იყო, ვუკრძალავდი მაღაზიებში სიარულს, გინდ ახლობლის ყოფილიყო, გინდ - სხვისი, რადგან, რაც მოეწონებოდა, მივარდებოდა და დასაკუთრებას მოინდომებდა, თუ დაუშლიდნენ, კიოდა, წიოდა... ცალკე ის გვყავდა დასაწყნარებელი, ცალკე - მაღაზიის თანამშრომელი. ხუთი წლის იყო, გერმანიაში რომ წავიყვანეთ. როცა იქაც მაღაზიაში კანფეტებს ეცა და არ დაუშალეს, პირიქით - გაუღიმეს და მეტი და მეტი შესთავაზეს, ხალისით შედიოდა ამ მაღაზიაში, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. მაშინ მივხვდი, რომ ყველამ, ნოქრით დაწყებული, ჩინოვნიკით დამთავრებული, ამათთან ურთიერთობა უნდა ისწავლოს”.

სამწუხაროდ, ყველა მშობელი ასე არ ფიქრობს. ქეთი მაყაშვილი მიყვებოდა მაკას ხნის გოგოზე, რომლის დედაც ნებისმიერ თანხას იხდის, ოღონდ ჰყავდეს ადამიანი, რომელიც მის ბავშვს პარკში გაასეირნებს. თავად მანქანით მიჰყავს ისინი პარკამდე და იქვე ელოდება, რომ სახლში წამოიყვანოს.

,,მე ამ დედისაც მესმის, - განმარტავს ქეთი, - გოგონას უყვარს პარკში სიარული და უნდა შვილს ეს სიამოვნება არ მოაკლოს, მაგრამ თვითონ ჯერ არ არის მზად საიმისოდ, რომ ამ დროს მის გვერდით იყოს. პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რამხელა პასუხისმგებლობა გაწვება მხრებზე, როცა ეს ფაქიზი და ბოლომდე ამოუცნობი სამყარო სოციუმში, მისთვის, ფაქტობრივად, მტრულ სამყაროში გაგყავს. იმდენად დიდია პრესინგი, გრძნობ, როგორ პატარავდები. ეს გრძნობა მეც გამჩენია - სპეციალისტს, მშობლისთვის ამის გაძლება ძნელია. ამ დროს იმის ძალა გჭირდება, რომ გაიმართო და თქვა - მე ვახლავარ სამყაროს, სხვას, არანაკლებ მშვენიერს და მე ვარ კომუნიკატორი, მე მავალია წარვუდგინო დანარჩენებს რაღაც ძალიან საინტერესო. როგორც კი ამას გაითავისებ და წელში გასწორდები, როგორც კი მოიპოვებ შენში საამისო ძალასა და სიმშვიდეს, ისიც მშვიდდება... მასა და შენ შორის რაღაც იდუმალი კონტაქტი არსებობს, გრძნობს მშვიდად ხარ თუ ღელავ მის გამო.”

სამყარო მშვენიერი სამყაროსთვის

განვითარებულ მსოფლიოში აუტისტებისთვის სპეციალური პროგრამები მოქმედებს, - საქართველოში მათი სტატისტიკაც არ არსებობს. სკოლამ მაკას ლამის სიმღერის ხალისიც დააკარგვინა. ,,მუსიკა ამ გაკვეთილის გრაფაში სახელად ეწერა, - გვიყვება თეონა, - ფაქტობრივად, არაფერს აკეთებდნენ. დედაჩემი მუსიკის მასწავლებელია და დირექციას შესთავაზა, გაკვეთილებს უფასოდ ჩავატარებო - გვინდოდა, მაკას სხვა ბავშვებ- თან ერთად ემღერა. უარი უთხრეს. 2002 წელს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, სადაც დედაჩემი მუშაობს, ეს ჯგუფი გაგვიხსნეს. თავიდან სამი მშობელი ჩაერთო ამ საქმეში, სხვებმა იფიქრეს, სიმღერამ რა უნდა მოგვცესო. აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი მოგვცა, არა მარტო მაკას, მის ამხანაგსაც, რომელსაც ლოგოპედიური პრობლემები ჰქონდა. მერე დაგვემატა ხატვა. შემოგვემატნენ ბავშვებიც. მათგან აუტისტი მხოლოდ შვიდია. წარმატებები გვაქვს. ჩვენთან არიან ბავშვები, რომლებიც სახლიდან არც კი გამოდიოდნენ. დავიწყეთ ხუთი წუთიდან და ახლა რამდენიმე საათს იმყოფებიან სტუდიაში. უმრავლესობამ იცის ქართული და მათემატიკა, მაგრამ არ იცის ფეხსაცმლის შეკვრა, ტრუსის აწევა... გვყავს 12 წლის ბიჭი, ნამდვილი ფენომენი - ლექსებს წერს, არაჩვეულებრივად ხატავს, ქართული და რუსული ერთ წელიწადში ისწავლა. ვაპირებთ ჩვეულებრივ სკოლაში მივიყვანოთ”.

მოგვიანებით, თავისი შერეული, 35-ბავშვიანი კონტინგენტისთვის, სტუდიამ ორი მიტოვებული ოთახი დაიკავა ყოფილ პირველ დამხმარე სკოლაში, აიყვანა ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და მუშაობა ასე გააგრძელა. დღეს ამ სასწავლებელს 198-ე საჯარო სკოლა ჰქვია და მას სათავეში თეონა ყაჭეიშვილი უდგას. მომავლის გეგმები გაცილებით მასშტაბური აქვთ. ,,ეს ერთადერთი ამ ტიპის სკოლაა საქართველოში, - განაგრძობს თეონა, - ვქმნით სპეციალურ ჯგუფს უნარშეზღუდული ბავშვებისთვის. ჯგუფი ისევ შერეული იქნება. სამინისტრო ძალიან გვეხმარება. მასწავლებლებს ტრენინგებს ვუტარებთ - მათი დიდი ნაწილი საბჭოთა დეფექტოლოგიაზეა გაზრდილი. პირველი ცენტრი გვინდა შევქმნათ, ერთგვარი ლაბორატორია მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ამ მიმართულებით რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ჩემნაირი მშობლების ისტორიები ერთმანეთს ჰგავს - პირველ სამ-ოთხ წელიწადს, ფაქტობრივად, ექიმებთან სიარულში ვკარგავთ. გერმანიაში გვითხრეს, რომ ეპილეფსიის გარდა, აუტიზმთანაც გვქონდა საქმე, - ამდენი წამლის მიღებას სჯობს კარგი ფსიქოთერაპევტი ნახოთო. ჩამოვედით და კარგი სპეციალისტის ნახვა ძალიან გაგვიჭირდა. აღმოჩნდა, რომ ბევრი ჩინებული თეორეტიკოსი გვყოლია, პრაქტიკოსები კი - ნაკლებად. ჭირს ისეთი სპეციალისტის პოვნა, რომელსაც შეგიძლია მიანდო ბავშვი, თუნდაც დროებით”.

გარკვეული სამუშაოები ამ მიმართულებით ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტშიც მიმდინარეობს.

,,გადავწყვიტეთ პედაგიური და სოციალური რეაბილიტაციის პროფილის სტუდენტები სპეციალურ ჯგუფებში გაგვეერთიანებინა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მათ თანატოლებთან ერთად, - ამბობს ქეთი მაყაშვილი, - მყავდა ასეთი ჯგუფი და მუშაობა საინტერესოდ მიმდინარეობდა. თითოეულ ჯგუფში ორ-ორი მოზარდი იყო, ერთი მოტორულ-გონებრივი, მეორე კი ემოციურქცევითი დარღვევით. ჯგუფის წევრებს რამე მნიშვნელოვანი განცდის შესახებ ამბავი უნდა შეეთხზათ და შემდეგ ჯგუფში ყველას მონაწილეობით გაეთამაშებინათ ის და კლიპიც გადაეღოთ, რომელიც მერე ერთად უნდა გაგვერჩია. ამას რეაბილიტაციის პროფილის სტუდენტები ადევნებდნენ თვალს. უნდა გითხრათ, დიდი ჟრიამული და მხიარულება გვქონდა... ერთი კია, ამ მოზარდებს ჯგუფის დახურვის შემდეგ პრობლემები ისევ ექმნებოდათ. ამიტომ ვცდილობთ, რაღაც კიდევ შევთავაზოთ მათ. ოკუპაციური თერაპიის ევროპული ორგანიზაცია ამაში დახმარებას გვპირდება”.

იმ ქვეყნებში, სადაც აუტისტები დიდი ხანია ოთხ კედელ შუა აღარ არიან გამოკეტილნი და სახელმწიფოს პატრონაჟის ქვეშ იმყოფებიან, ინტენსიურად მსჯელობენ ამ დაავადების სპეციალური დიეტით მკურნალობის შესახებ. ექიმმა კარლ ლუდვიგ რაიჰელტმა სკანდინავიაში, ოსლოში, სპეციალური გამოკვლევები ჩაატარდა, რომლებიც შემდეგ აშშ-სა და შოტლანდიაში გაგრძელდა და დაიხვეწა. მშობლებმა, ექიმებმა, მასწავლებლებმა და მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვებში აუტისტური სიმპტომები სუსტდება ისეთი საკვების მიღებისას, რომელიც არ შეიცავს გლუტენს (ცილას, რომელიც მარცვლეულში წარმოიქმნება) და კაზეინს (რძის ცილას). ბევრი თვლის, რომ აუტისტი ბავშვების მკურნალობის ეს ალტერნატიული გზა ძალიან წარმატებულია.

შეეხეთ მშვენიერ სამყაროს

,,აუტიზმი იმდენად საინტერესო ფენომენია, ერთხელ თუ შეეხე, ძნელად რომ თავი გაანებო, - მითხრა ქეთიმ საუბრისას, - ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა - შეხვიდე იქ, სადაც ვიღაც საკუთარი სიხარულებითაა გართული; ისე უნდა შეხვიდე, რომ არ დააფრთხო, ზიანი არ მიაყენო, - შენ ხომ მის საყრდენ სტიმულებში შედიხარ და თავადაც ხდები მისი საყრდენი”.

ყველა - აქაც და განვითარებულ ქვეყნებშიც - აღნიშნავს, რომ აუტისტები უჩვეულოდ ლამაზები არიან, არამიწიერი სახეები აქვთ... თუ შენი მზერა დაიჭირეს - რაც ძალზე იშვიათად ხდება - ეს ნიშნავს, რომ დაინტერესდნენ შენით, ეს ნიშნავს, რომ დიდი ნაბიჯი გადადგეს წინ.

როცა ქუჩაზე გადადის, მაკაც, ისევე, როგორც ყველა აუტისტი, ცდილობს ხელი ჩაგჭიდოს, ჩაგებღაუჭოს. თურმე, როცა სითბოს, სიყვარულის გამოხატვა უნდა, მაშინაც გებღაუჭება, ხელს გიჭერს, თანაც ისე, რომ შეიძლება გატკინოს კიდეც... მე არც ფსიქოლოგი ვარ, არც ექიმი, მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ სიყვარული - დედის, მამის, და-ძმების, პაპაბებიის, სხვების და სხვების - ასეთი ბავშვებისთვის უცხო არაა. უბრალოდ, ამას შედარებით ძუნწად გამოხატავენ, მხოლოდ მაშინ, როცა მათ სამყაროს მიუკაკუნებ სითბოთი და სიყვარულით, როცა აგრძნობინებ, რომ თოვლისფერი და ღამისფერი შენთვისაც ყველაზე ნაღდი ფერებია დედამიწის ზურგზე... ამის მიხვედრა არასოდეს არ არის გვიან.

10 Summary

▲ზევით დაბრუნება


The spirit of the fifth issue of the magazine ,,Solidaroba” is especially free and peaceful.In the section ,,Tolerance” the article by the orthodox Methropolitan of Byblos and Batroun (Mounts Lebanon) George Khodr is presented. The topics of article is based on values of non-violation relations between different people and nations and on the sharing of Christian love.

Love is the main power in the struggle against drugs. The article by Nana Nizharadze and Tatia Mebagishvili deals with the problems related to drug-addicts in Georgia and experience of the USA and European countries in tackling these issues.

And again, love and ability of perceive diversity of the Universe help people to communicate with autistic individuals. In the article ,,I Understand You, the World!” psychologist Keti Makhashvili and the mother of an autistic child Teona Khacheisshvili speak about a world of autism.

The problems of ethnic minorities in Georgia and the possible ways of solving these problems are discussed in the article by Mamuka Komakhia ,,Ways of Integration of Ethnic Minorities in Georgia”. The section ,,Religions in Georgia” continues the tradition and presents one of the christian denomination in Georgia, namely Evangelic-Pentecostal Church. In this section the statement of Public Defender of Georgia Sozar Subari about the non-tolerant environment towards the ,,Universe Peace Federation” in Georgia and the report of UPF on that situation are also presented.

In the section ,,Politics and Ideology” Fridon Sakvarelidze speaks about the significant values of Conservatism. And finaly, Nino Sikharulidze's article introduces problems related to Health Care Systeme in Georgia and the rights of patients. The article contains information on activities carried out by the Patient's Rights Centre established under the Public Defender's Office.

11 თუ თქვენ დაგაკავეს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად უფლება გაქვთ:

▲ზევით დაბრუნება


გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ. ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან ებრაელიარ ვყოფილვარ. პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ, კათოლიკეებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ. შემდეგ მე მომადგნენ... და აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო...

მარტინ ნილმიოლერი, პასტორი
გერმანიის ევანგელური (ლუთერული) ეკლესია

თუ თქვენ დაგაკავეს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად უფლება გაქვთ:

● პოლიციამ თქვენი დაკავებისთანავე გაცნობოთ, რომელი დანაშაულის ჩადენაში არსებობს ეჭვი თქვენს მიმართ და ეს უნდა მოხდეს: დაუყოვნებლივ! თქვენთვის გასაგებ ენაზე! თქვენ უნდა გადმოგეცეთ დაკავების ოქმის ასლი!;

● თქვენ შეგიძლიათ მისცეთ, ან არ მისცეთ ჩვენება (თქვენ გაქვთ დუმილის უფლება);

● თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ დამცველი; თქვენ შეგიძლიათ შეხვდეთ თქვენს დამცველს მარტო, პირისპირ და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე;

● თქვენ შეგიძლიათ მოიწვიოთ ნებისმიერი 2 დამსწრე: ჩხრეკის, ამოღების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს;

● თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ უფასო თარჯიმანი, თუ არ გესმით სისხლის სამართლის პროცესის ენა;

● თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ უფასოდ: სამედიცინო შემოწმება და წერილობითი დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება და ეს მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს;

● თქვენ შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენი უდანაშაულობის მტკიცებულებანი;

● თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ თქვენი ან თქვენი დამცველის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში;

● თუ თქვენ ეჭვი შეგეპარათ გამომძიებლის მოქმედებებში და გადაწყვეტილებებში, შეგიძლიათ, გაასაჩივრიოთ ისინი პროკურორთან ან სასამართლოში;

● თუ თქვენ ხართ სრულწლოვანი, შეგიძლიათ, არა უგვიანეს 5 საათისა შეატყობინოთ ნათესავებს და ახლობლებს, სად იმყოფებით;

● თუ თქვენ ხართ არასრულწლოვანი, შეგიძლიათ, არა უგვიანეს 3 საათისა შეატყობინოთ ნათესავებს და ახლობლებს, სად იმყოფებით;

● თუ თქვენ უკანონოდ დაგაკავეს, შეგიძლიათ მიიღოთ ანაზღაურება თქვენთვის მოყენებული ზიანისთვის;

● თქვენ შეგიძლიათ მოთხოვოთ გამომძიებელს განმარტება თქვენი უფლებების და მოვალეობების შესახებ.

თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში დაგვიკავშირდით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე: 99 58 98

მოგვმართეთ მისამართზე: თბილისი, მაჩაბლის . 11

ან ოფისის ტელეფონებზე სამუშაო საათებში: ● 92 24 79 ● 92 24 80 ● 92 24 81