The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველოს ჰუმანური განვითარების ანგარიში 2008 (რეფორმები და რეფორმებს მიღმა)


საქართველოს ჰუმანური განვითარების ანგარიში 2008 (რეფორმები და რეფორმებს მიღმა)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ველტონი ჯორჯ, ზურაბიშვილი თინათინ, ნოზაძე ნატალია
თემატური კატალოგი სტატიები სხვადასხვა ჟურნალებიდან
საავტორო უფლებები: © UNDP
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: დაიბეჭდა გაეროს განვითარების პროგრამისათვის სამუშაო ჯგუფი პროექტის კოორდინატორი ვიქტორ ბარამია წამყვანი ავტორი ჯორჯ ველტონი თანაავტორები თინათინ ზურაბიშვილი და ნატალია ნოზაძე მკვლევარი გიორგი კიზირია საავტორო წერილები გივი ქუთიძე, ეკა ავალიანი, ლაშა გოცირიძე, გიორგი ბერულავა, ტატო ურჯუმელაშვილი, შორენა აბესაძე, თინათინ ზურაბიშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ქეთი ქინქლაძე, ნინო ქიზიყურაშვილი, გიორგი მელაძე მრჩევლები ჰუმანური განვითარების საკითხებში ანდრეი ივანოვი და შარბანუ ტაჯბახში სტატისტიკური გამოთვლები ნოდარ კაპანაძე და მიხაილ პელეა Copyright © 2008 გაეროს განვითარების პროგრამა ერისთავის ქ. 9, თბილისი, 0179 საქართველო ყველა უფლება დაცულია რედაქტორი: გვანცა გედენიძე ყდის დიზაინი და დაკაბადონება: დიმიტრი მოდრეკელიძე შპს კონტური ბეჭდვა: Calamus Graphics Studio



1 რეზიუმე

▲ზევით დაბრუნება


ჰუმანური განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შესაძლებლობებისა და არჩევანის გამრავალფეროვნებას. დოვლათი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია აღნიშნული შესაძლებლობების შესაქმნელად, მაგრამ არა ერთადერთი. ჰუმანური განვითარება ასევე გულისხმობს პოლიტიკურ თავისუფლებას, განათლებას, ჯანდაცვას და უსაფრთხოებას. პიროვნების თავისუფლებასა და ინდივიდუალურ არჩევანს არსებითი მნიშვნელობა აქვს ალტერნატიული არჩევანის არსებობისათვის. ხოლო უსაფრთხოება და მდგრადობა პიროვნების მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგების დასაცავად არის საჭირო.

მოსახლეობის უმეტესობის ყოველდღიურ
ცხოვრებაზე აღნიშნული რეფორმების გავლენასთან
დაკავშირებით კვლავ არსებობს გარკვეული შეშფოთება.

საქართველოში მიმდინარე რეფორმების ამ თვალსაზრისით განხილვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ ბოლო დროს მომხდარი სიღრმისეული ცვლილებების მასშტაბს. აღსანიშნავია ის ნაბიჯები, რომლებიც ბოლო ოთხნახევარი წლის განმავლობაში გადადგა ქართველმა ხალხმა. მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ორნიშნა ციფრით გამოიხატება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო ყოველდღიური კორუფცია, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული, გაიშვიათდა. 2003 წელს არსებული ელექტროენერგიის უკიდურესად შეზღუდული და არასაიმედო მომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მთელს ქვეყანაში.

ამავე დროს, საგადასახადო, საბაჟო, დასაქმების შესახებ კანონმდებლობისა და ლიცენზირების სისტემის რეფორმებმა მნიშვნელოვნად გააადვილა ბიზნესის დაწყება და წარმოება. საგადასახადო შემოსავლების ზრდამ, პრივატიზაციამ და უცხოურმა ინვესტიციებმა შესაძლებლობა მისცა მთავრობას, გაეზარდა ხარჯები ძირითად სოციალურ მომსახურებებზე, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, პოლიცია და ეროვნული თავდაცვა. ამავე დროს, გაეოთხმაგებინა პენსიები და უკიდურესად ღარიბი ჯგუფებისათვის შეეთავაზებინა მიზნობრივი სოციალური დახმარება. ჰუმანური განვითარების თვალსაზრისით, აღნიშნული შთამბეჭდავი მიღწევები უფრო დიდი ამოცანის ნაწილია: გაუმჯობესდეს ქართველი ხალხის ცხოვრება არა მხოლოდ ფულად გამოსახულებაში, არამედ მათთვის შესაძლებლობების შექმნისა და არჩევანის არსებობის მხრივ.

მოსახლეობის უმეტესობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აღნიშნული რეფორმების გავლენასთან დაკავშირებით კვლავ არსებობს გარკვეული შეშფოთება. უდავოდ, ერთ-ერთი ამგვარი შეშფოთების საგანი, რამაც 2007 წლის ნოემბერში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია, ქვეყანაში არსებული სიღარიბე და უმუშევრობა იყო. საპროტესტო გამოსვლებმა ცხადად გვიჩვენა საქართველოში მრავალი ადამიანის გულგაცრუება, რომ მიუხედავად რეფორმებისა, მათ არ აქვთ თავიანთი ცხოვრების კონტროლისა და გაუმჯობესების შესაძლებლობა.

ანგარიშში განხილულია, თუ რა გავლენა მოახდინა პოსტრევოლუციურმა რეფორმებმა ჰუმანური განვითარების შესაძლებლობებზე. სახელდობრ, ანგარიშში რეფორმები განხილულია ეკონომიკის ეფექტურობაზე მათი ზეგავლენის თვალსაზრისით; რაოდენ თანასწორად ეპყრობიან ხალხს და როგორ გამოიყენება რესურსები; პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გარემოს მდგრადობა; მოსახლეობის ფიზიკური და ეკონომიკური უსაფრთხოება; მათთვის მიცემული შესაძლებლობა, აკონტროლონ თავიანთი ცხოვრება და გააკეთონ არჩევანი.

ანგარიში არ არის მარტოოდენ კრიტიკული ანალიზის დოკუმენტი. არავითარ სარგებელს არ მოგვიტანს მხოლოდ წარსულისკენ ყურება და საქებარი სიტყვის თქმა ან კრიტიკა. ანგარიში ორიენტირებულია მომავალზე და ჩაითვლება წარმატებულად, თუ დაეხმარება საქართველოს საზოგადოებას, რეფორმის პროცესი დაარეგულიროს ისე, რომ უზრუნველყოს ჰუმანური ასპექტის კიდევ უფრო გაუმჯობესება.

ანგარიშში განხილულია კორუფციის წინააღმდეგ მიმართული რეფორმები, სამართლებრივი სისტემის რეფორმა, ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის, სოციალური გადახდების გაუმჯობესების, განათლების უზრუნველყოფის, ჯანმრთელი მოსახლეობისა და გარემოს დაცვისაკენ მიმართული რეფორმები. რეფორმების ასეთი ფართო სპექტრის ერთ დოკუმენტში განხილვა, რა თქმა უნდა, ამბიციურია. სრულიად შესაძლებელია, ანგარიშის ნებისმიერი თავის ან ქვეთავისათვის დაიწეროს საკუთრივ ასგვერდიანი დოკუმენტი. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მთავრობის შეფასებით, იგი რეფორმების ახალ ეტაპს იწყებს. ამდენად, კომპლექსური მიმოხილვა, რომელიც ფოკუსირებულია ჰუმანური განვითარების ზოგად აღქმაზე, დროულიც არის და სასარგებლოც.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მრავალი საკითხის განხილვა წინამდებარე ანგარიშის ავტორებისგან მოითხოვს მოქნილობას დოკუმენტის მცირე მოცულობით განპირობებული შეზღუდვების მიმართ. პირველ რიგში, ანგარიში შეუძლებელია ყოვლისმომცველი იყოს. მისი დაგეგმვისას, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად, ავტორებმა გამოკვეთეს პრიორიტეტული საკითხები. ამდენად, გარდაუვალი იყო, რომ მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი ანგარიშში ვერ აისახებოდა.

თანაბრად მნიშვნელოვანია ასევე ცხადი იყოს, თუ რას არ შეეხება ეს ანგარიში. იგი სრულად არ აანალიზებს 2004-2008 წლებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, არც ყოვლისმომცველ სტრატეგიას გვთავაზობს რეფორმის მომდევნო ეტაპისათვის. ანგარიშში მოცემული თითოეული სფერო აერთიანებს მიმოხილვას და რამდენიმე საკითხის ჩვენეულ აღქმას, რომელიც შეთავაზების სახითაა წარმოდგენილი. მაგრამ ყოველი სფეროსათვის კომპლექსური დასკვნების შესადგენად საჭიროა გაცილებით უფრო დეტალური ანალიზი.

წინამდებარე ანგარიშის მასშტაბი სცილდება ერთი ავტორის ან ავტორთა ჯგუფის შესაძლებლობას. ამიტომ მისი შედგენა საჭიროებდა მთავრობასა თუ სამოქალაქო საზოგადოებასთან მრავალმხრივ და ინტენსიურ კონსულტაციებს. ანგარიში მიზნად ისახავს მოსაზრებების ფართო სპექტრის გამოხატვას და არა მხოლოდ ობიექტურობის დაკმაყოფილებას. ანგარიშის შედგენამ მოგვცა საშუალება სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის კონსენსუსის იდენტიფიცირებისა და მიღწევის. ეს, თავისთავად, ანგარიშის მიზანიცაა - გავლენა იქონიოს ანგარიშში ასახულმა დასკვნებმა.

1.1 კანონის უზენაესობა: ანტიკორუფციული, სამართლებრივი სისტემისა და მართლმსაჯულების რეფორმები

▲ზევით დაბრუნება


მთავრობის მიერ განხორციელებული
რეფორმების თითქმის ყოველი კომპონენტი
გაჯერებული იყო კორუფციის წინააღმდეგ
ბრძოლის დღის წესრიგით.

შეუძლებელია გადაჭარბებით შეფასდეს კორუფციის პრობლემა, რომლის წინაშეც მთავრობა 2003 წელს იდგა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ (Transparency International) კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, 133 ქვეყნიდან, სადაც კორუფციის საკითხი შეისწავლეს, საქართველომ 124-ე ადგილი დაიკავა. აკრეფილი გადასახადების ოდენობა და სახელმწიფო უწყებებისათვის გადახდების მოცულობა კვლავ მცირე იყო, რაც ასუსტებდა სახელმწიფო ფინანსებს. მოსახლეობა პოლიციასა და მართლმსაჯულებას უფრო დამნაშავეობის წყაროდ აღიქვამდა, ვიდრე მის დამცველ სისტემად. განათლების სისტემაში კვალიფიკაციებს ისევე ხშირად ყიდულობდნენ, როგორც დამსახურებულად მოიპოვებდნენ.

პირველი და ყველაზე თვალსაჩინო ნაბიჯი იყო არსებული სახელმწიფო უწყებების მნიშვნელოვანი ნაწილის შეცვლა. მთავრობაში ძველი გვარდიის შეცვლის მიზნით, თანამშრომლები თავისუფლდებოდნენ სამსახურიდან ან მათ სთხოვდნენ, რომ ხელმეორედ მიემართათ ძველი თანამდებობების დასაკავებლად; კორუფციის შემცირების სტიმულირების მიზნით, გაიზარდა ხელფასები. ცენტრალური მთავრობის გარდა, სხვა უწყებებიც ყურადღების არეალში მოექცნენ. მართლმსაჯულების მსახურთა ხელფასები გაიზარდა, მიმართეს მთელ რიგ მექანიზმებს, რათა წაეხალისებინათ ძველი მოსამართლეების გადადგომა. უნივერსიტეტებში აბიტურიენტთა დამსახურების მიხედვით შერჩევის უზრუნველყოფის მიზნით, განათლების სისტემაში დაინერგა ეროვნული გამოცდა.

განსაცვიფრებელი იყო მთავრობის წარმატება ყოველდღიური კორუფციის აღმოფხვრაში. ხუთი წლის წინ მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების თითქმის ყოველი კომპონენტი გაჯერებული იყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღის წესრიგით. შეუძლებელი იქნებოდა აღნიშნულის წარმოდგენა. „მსოფლიო ბანკმა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ აღნიშნეს რეფორმების წარმატება, მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მრავალი გამოკითხვის მიხედვით, ქართველთა უმეტესობას უშუალოდ აღარ ჰქონია კორუფციასთან შეხება.

ამ რეფორმების წარმატება შთამბეჭდავია მათი ეფექტურობის, თანასწორობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. რაც შეეხება ეფექტურობას, კორუფციის აღმოფხვრამ შესაძლებელი გახადა ლეგიტიმური ბიზნესის უფრო იაფად და გამჭვირვალე გარემოში წარმართვა. რაც შეეხება თანასწორობას, აღმოიფხვრა პრეფერენციული მოპყრობა მათ მიმართ, ვისაც საზოგადოებაში გარკვეული ადგილი უკავია და ფული აქვს. ეს კი საზოგადოებას უფრო თანასწორს ხდის. უსაფრთხოების თვალსაზრისით კი, გაიზარდა ნდობა პოლიციისა და მართლმსაჯულების მიმართ, რომ ისინი საკუთარი ინტერესების დაცვის ნაცვლად განახორციელებენ დამნაშავეთა დევნას, რაც მეტად უზრუნველყოფს ყველას უსაფრთხოებას.

პრობლემატურია აღმასრულებელი ხელისუფლების არაფორმალური ზეგავლენა, განსაკუთრებით, მართლმსაჯულებაზე. მთავრობა გამოეხმაურა ამ საკითხთან დაკავშირებულ შეშფოთებას და 2006 წლის დეკემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან გამოიყვანა პრეზიდენტი, რითაც გააუქმა პრეზიდენტის მიერ მოსამართლეების პირდაპირი დანიშვნის შესაძლებლობა. ნაადრევია იმის თქმა, აღნიშნული რეფორმები გაზრდის თუ არა სასამართლოების დამოუკიდებლობას ან მათ მიმართ ამგვარ აღქმას, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ანტიკორუფციული რეფორმების შედეგები დადებითი აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქეების უმეტესობისათვის.

1.2 ეკონომიკური რეფორმები - მაკროეკონომიკური მონაცემები

▲ზევით დაბრუნება


2004 წელს ამჟამინდელი მთავრობა რომ ხელისუფლებაში მოვიდა, სახელმწიფო ფინანსების კრიზისი სახეზე იყო; ძირითადი სახელმწიფო კომპანიები თანხებს კარგავდნენ და ვერ უზრუნველყოფდნენ მომსახურებებს, რომლებზეც საზოგადოება იყო დამოკიდებული. სახელმწიფო პენსია თვეში მხოლოდ 6.50 აშშ დოლარს შეადგენდა და სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა მნიშვნელოვან ნაწილს შრომის ანაზღაურება იმდენად ცუდი ჰქონდათ, რომ ისინი გადარჩენისათვის ფულის გამოძალვას მიმართავდნენ. ქვეყანაში ძირითადი ინფრასტრუქტურა დანგრევის პირას მივიდა, ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება არასაიმედო იყო მთელს ქვეყანაში, ხოლო ზოგან საერთოდ არ მიეწოდებოდა; გზები დაინგრა, სარწყავი სისტემები კი ვერ უზრუნველყოფდა ნათესებისათვის წყლის მიწოდებას.

ამ მდგომარეობამ გავლენა მოახდინა ჰუმანური განვითარების ყველა ძირითად მაჩვენებელზე. ამგვარად დანგრეული ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის პირობებში შეუძლებელია რაიმეს ეფექტურად წარმოება. მთავრობა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს გადასახადების მოკრებას, ვერ შეძლებს სოციალური უთანასწორობის შემსუბუქებას ან საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფას, როგორიცაა განათლება და ჯანდაცვა, რაც აუცილებელია მოქალაქეთა უფლებამოსილებით აღჭურვისა და დაცვისათვის. სუსტი და დამოკიდებული ეკონომიკა უკიდურესად დაუცველია როგორც ინდივიდების, ასევე ეროვნულ დონეზე.

ეკონომიკისათვის ბიძგის მიცემის და, იმავდროულად, სოციალური მომსახურებების კრიზისის გადაჭრის მიზნით, მთავრობამ დაიწყო უკიდურესად ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის გატარება. შედეგად, შემცირდა გადასახადები და იმპორტზე გადასახადები, გამარტივდა სახელმწიფო ბიუროკრატია, რათა შექმნილიყო მიმზიდველი ბიზნეს გარემო, განსაკუთრებით, უცხოელი ინვესტორებისათვის. აღნიშნულის შედეგად, 2003 წელს საგადასახადო შემოსავლები 1.2 მილიარდი ლარიდან (558 მილიონი აშშ დოლარი) 4.4 მილიარდ ლარამდე (2.6 მილიარდი აშშ დოლარი) გაიზარდა. პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად ცენტრალურმა მთავრობამ საბიუჯეტოხარჯები 2003 წელს არსებული 897 მილიონი ლარიდან (417 მილიონი აშშ დოლარი) გაზარდა 5.2 მილიარდ ლარამდე (3.1 მილიარდი აშშ დოლარი) 2007 წელს1.

პრივატიზაციამ საშუალება მისცა მთავრობას,
საგადასახადო შემოსავლების მოცულობაზე
მეტად გაეზარდა სახელმწიფო ხარჯები ისე,
რომ საფრთხე არ შეუქმნია სახელმწიფო
ფინანსებისათვის.

საბაჟო და ვაჭრობის სფეროში გატარებულმა რეფორმებმა ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა ბიუროკრატია და ცალმხრივად შეამცირა საიმპორტო ტარიფები საქონლის უმეტეს დასახელებაზე. ამავე დროს, მთავრობა ყველა ძალისხმევას მიმართავდა, რათა გაეზარდა საქართველოს მონაწილეობის ხარისხი საერთაშორისო სავაჭრო რეჟიმებში. ყველაზე მეტად აღსანიშნავია მთავრობის მიერ პრეფერენციული დაშვების მოპოვება ქართული საქონლისათვის ევროკავშირის ბაზრებზე პრეფერენციების განზოგადებული

სისტემის ფარგლებში (GSP+) და თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. მთავრობა ასევე ცდილობდა, წაეხალისებინა თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებული დარგები თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში - ფოთში. მთავრობა გეგმავს საქართველოს გადაქცევას რეგიონის ფინანსურ ცენტრად.

აღნიშნული რეფორმები უაღრესად დადებითად აღიქმებოდა, განსაკუთრებით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ეს წინსვლა მრავალი სხვადასხვა ინდექსით გამოიხატა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ „მსოფლიო ბანკის“ ბიზნესის წარმოების სიადვილის შეფასებაში 112-ე ადგილიდან (2006 წელს) გადაინაცვლა მე-18 ადგილზე (2008 წელს). გაუმჯობესდა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი. ასევე აღინიშნა პრივატიზაციის პროცესის გააქტიურება და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა. 2003 წელს წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 331 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა (მშპ-ის 8%), 2007 წელს კი პიკს მიაღწია და 1.6 მილიარდი აშშ დოლარი (მშპ-ის 15%) შეადგინა.

აღნიშნულის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საბანკო სისტემის მუშაობა, ტელეკომუნიკაციები, ელექტროენერგიით მომარაგება და დაიწყო საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ბუმი თბილისში. ამავე დროს, პრივატიზებულმა საწარმოებმა ხელი შეუწყვეს საქართველოს ექსპორტს. ყველაზე დიდი მოცულობით და ყველაზე სწრაფად საქართველოს მზარდი საექსპორტოსაქონელი პრივატიზებული საწარმოების მიერ იწარმოება.

თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ რეფორმებმა გააუმჯობესეს ეკონომიკის ეფექტურობა და განაპირობეს ძირითადი სექტორების (მაგალითად, ენერგო წარმოების) ეფექტურობა. თუმცა, ეფექტურობის ზრდას შედეგად ჯერ ვერ მოჰყვა დასაქმების დონის მნიშვნელოვანი ზრდა ან სიღარიბის შემცირება. მეორე მხრივ, რეფორმების პირველი ტალღა მიზნად არ ისახავდა და, ამდენად, არც იყო მოსალოდნელი, რომ იგი საქართველოში ჰუმანური განვითარების პრობლემებს „მყისიერად გადაჭრიდა“. რეფორმების ძირითადი მიზანი იყო ეკონომიკური საფუძვლის ჩამოყალიბება, რომელსაც მომავალში დაეფუძნებოდა მისაღები სარგებელი. ეს მიზანი უმეტესწილად წარმატებით შესრულდა. როგორც მთავრობა ამას აღიარებს, ამჟამად პრიორიტეტულია იმის უზრუნველყოფა, რომ პირველი ეტაპის რეფორმების ეკონომიკური წარმატება მოსახლეობისათვის განვითარების უკეთეს შესაძლებლობებად გარდაიქმნას.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, უნდა გამოიყოს ზოგიერთი სტრუქტურული დაბრკოლება, რომელთა გამოც საფრთხე ექმნება ჰუმანური განვითარების განვრცობას აღნიშნული რეფორმების მეშვეობით. საგადასახადო სისტემის სტრუქტურამ, შესაძლოა, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს თანასწორობაზე. სამომხმარებლო გადასახადი მთავრობის საგადასახადო შემოსავლების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. ეს გადასახადები არაპროპორციულ ზეგავლენას ახდენენ დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებზე, რომლებიც შემოსავლების უმეტეს ნაწილს ხარჯავენ, ხოლო მცირე ნაწილს ზოგავენ. ამასთან, შემოსავლების მნიშვნელოვანმა ზრდამ შესაძლებლობა მისცა მთავრობას, გაეზარდა ხარჯები ყველა სფეროში. თუმცა, ამ ზრდით ყველაზე მეტად ისარგებლეს პენსიებისა და ეროვნული თავდაცვის სექტორებმა, ხოლო განათლებისა და ჯანდაცვის პრივატიზაციამ საშუალება მისცა მთავრობას, საგადასახადო შემოსავლების მოცულობაზე მეტად გაეზარდა სახელმწიფო ხარჯები ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნია სახელმწიფო ფინანსებისათვის. სექტორში ხარჯების მნიშვნელოვანი ან უწყვეტი ზრდა არ აღინიშნა. რაც შეეხება ვაჭრობის სფეროს, საქართველოს მონაწილეობამ სხვადასხვა სავაჭრო რეჟიმებში, შესაძლოა, ხელი შეუწყო რუსეთის ბაზარზე ცალკეული ქართული პროდუქციის აკრძალვის შედეგების შერბილებას. თუმცა, ახალმა ბაზრებმა ჯერ ვერ უზრუნველყვეს საქართველოში უდიდესი დამსაქმებლის, სოფლის მეურნეობის სექტორის, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

რეფორმების ამ კომბინაციამაც ვერ უზრუნველყო ფასების შემცირება. ინვესტიციების განხორციელებამ და ეკონომიკაში მეტი ნაღდი ფულის გაშვებამ ინფლაცია გამოიწვია, ხოლო ახლად პრივატიზებული ორგანიზაციების მომსახურებებზე ხშირად იზრდებოდა ფასები . შესაძლოა, ეს ფასები საჭირო იყოს გრძელვადიან პერიოდში საწარმოთა მდგრადობის უზრუნველსაყოფად, მაგრამ მათი შედეგები ძალიან მძაფრად აისახა ღარიბ მოსახლეობაზე.

გამჭვირვალობის ნაკლებობამ და არასათანადო კომუნიკაციამ პრივატიზაციის პროცესთან დაკავშირებით მთავრობის მიმართ უნდობლობა წარმოშვა. კონკურენტული სატენდერო პროცესი არ არის საკმარისი პრივატიზაციის პროცესის მიმართ ნდობის ჩამოსაყალიბებლად, როდესაც ინვესტორთა ვინაობა არ არის ცნობილი, შერჩევის კრიტერიუმები არ არის ცხადი, ხოლო თავდაპირველი გარიგებები ხშირად ხელახლა გადაისინჯება. ამდენად, მართალია, მცირეა ეჭვი, რომ პრივატიზებული საწარმოები უკეთესად იმუშავებენ მომავალში, უკეთეს მომსახურებას შესთავაზებენ მომხმარებელს და დასაქმების შესაძლებლობებს შექმნიან, მაგრამ პრივატიზაციის მეთოდი აკნინებს ამ წარმატებას.

______________________

1. ვალუტის კონვერსია წლიური საშუალო მაჩვენებლის მიხედვით ხდება. ტენდენციას თუ განვიხილავთ, ამან, შესაძლოა, 2003-08 წლებში აღნიშნული ზრდა გადამეტებულად წარმოადგინოს, რადგან ამ პერიოდში დოლარის ღირებულება 29%-ით გაუფასურდა.

1.3 შინამეურნეობები

▲ზევით დაბრუნება


ყველა თავში რეფორმები განხილულია იმ თვალსაზრისით, თუ რა შედეგები მოაქვს მათ საშუალო ქართველისათვის. ამდენად, შინამეურნეობის საშუალო შემოსავლებსა და შემოსავლებში არსებულ უთანასწორობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. 2004 წელს, როდესაც ხელისუფლებაში ამჟამინდელი მთავრობა მოვიდა, სიღარიბე და უმუშევრობა აღიარესერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად.

შესაძლოა, საქართველოში სიღარიბის მასშტაბის შესახებ აზრთა უთანხმოება არსებობდეს, მაგრამ არსებობს კონსენსუსი, რომ არც სიღარიბე და არც უკიდურესი სიღარიბე მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. მშპ-ის მნიშვნელოვან ზრდასა და სიღარიბის სტაგნაციურ მაჩვენებლებს შორის მკვეთრი განსხვავება მიგვითითებს, რომ ეკონომიკურმა რეფორმებმა ჯერ კიდევ ვერ მოახდინა ზეგავლენა ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილზე. მთავრობა აღიარებს, რომ რეფორმების მომდევნო ეტაპის ძირითადი პრიორიტეტია მშპ-ის მნიშვნელოვანი ზრდა, რასაც უფრო ფართო ფენების საერთო ეკონომიკური აყვავება მოჰყვება.

მთავრობის მთავარი პოლიტიკა სიღარიბის დასაძლევად გულისხმობს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას, თუმცა, სოციალური გადახდები ასევე მნიშვნელოვან ხარჯვით მუხლს შეადგენს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. სოციალური დახმარება 2003 წელს არსებული 100 მლნ ლარიდან (47 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა 778 მილიონ ლარამდე (465 აშშ დოლარი) 2007 წელს, ხოლო 2008 წლის ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელი 1.1 მილიარდ ლარს (723 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს2.

გამჭვირვალობის ნაკლებობამ და
არასათანადო კომუნიკაციამ პრივატიზაციის
პროცესთან დაკავშირებით მთავრობის
მიმართ უნდობლობა წარმოშვა.

რთულია იმის განსაზღვრა, თუ რატომ ვერ აღმოიფხვრა სიღარიბე ამგვარი ზრდის პირობებში. მთავრობა გვარწმუნებს, რომ ეს ფაქტები იმდენად შეუთავსებელია, საეჭვო ხდება „შინამეურნეობების ინტეგრირებული კვლევა“, რომელსაც სტატისტიკის დეპარტამენტი ახორციელებს, ასევე - სიღარიბის გაანგარიშების საფუძველი. ეს, თავისთავად, ხაზს უსვამს მთავრობაში ინფორმაციის უკეთესი შეგროვებისა და ანალიზის შესაძლებლობების განვითარების საჭიროებას, რათა პროგრესი განიცადოს მტკიცებულებებზე დაფუძნებულმა სოციალურმა პოლიტიკამ.

შეიძლება დასახელდეს ოთხი მიზეზი, რის გამოც სიღარიბის დონე მაღალი რჩება მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად, შეამსუბუქოს იგი. პირველი, სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე გარე შოკებმა, შესაძლოა, არაპროპორციულად დიდი ზეგავლენა მოახდინა. ამგვარად, ისეთმა მოვლენებმა, როგორიცაა რუსეთის ბაზრის დახურვა ზოგიერთი ქართული პროდუქტისათვის და 2005 წლის აპრილში წყალდიდობა სოფლად - შესაძლოა, ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა იმ ჯგუფებს, რომელთაც ძველი მდგომარეობის აღდგენის ყველაზე ნაკლები შესაძლებლობა აქვთ.

მეორე, მაკროეკონომიკურმა გაუმჯობესებამ მცირე ზეგავლენა მოახდინა სოფლის მეურნეობაზე, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტია დასაქმებული. სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 19.3 პროცენტიდან შემცირდა 9.7 პროცენტამდე 2003 და 2007 წლებში, ხოლო იმავე პერიოდში სოფლის მეურნეობის პროდუქცია რეალურ გამოსახულებაში დაახლოებით ხუთი პროცენტით შემცირდა.

მესამე, სოციალური გადახდების უმეტესობა არ არის განკუთვნილი იმ ჯგუფებისათვის, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ დახმარებას. თუმცა, 2006 წელს დაიწყო დაბალშემოსავლიანი ოჯახებისათვის განკუთვნილი სოციალური დახმარების (განსხვავებით პენსიებისაგან, რომელიც განკუთვნილია მოხუცებულთათვის) გაცემა, დახმარების ღირებულება არ გაზრდილა ინფლაციის შესაბამისად. ამასთან, მცირე შემოსავლიანი ოჯახებისათვის განკუთვნილი გადახდების მოცულობა პენსიების მთლიან ოდენობასთან შედარებით ნაკლები იყო. 2008 წელს უკიდურესად ღარიბი ოჯახებისათვის გადასახდელი თანხების მთლიანი ოდენობა 80 მლნ ლარს (52.6 აშშ დოლარი) შეადგენდა, რაც მთავრობის მიერ გასაცემი პენსიების მხოლოდ დაახლოებით ერთ მერვედს შეადგენს. ეს არ გახლავთ მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემის ყველაზე ეფექტური მეთოდი, თუ ამოცანას წარმოადგენს სიღარიბის დაძლევა, რადგან პენსიები საკმაოდ თანაბრად არის განაწილებული მდიდარ და ღარიბ ოჯახებს შორის.

მეოთხე, ინფლაციისა და გადასახადების ერთობლიობამ, შესაძლოა, შეამცირა ღარიბთა მსყიდველობითი შესაძლებლობები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დახმარებას ღებულობდნენ. თუმცა, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს ინფლაციამ მხოლოდ ოდნავ გადააჭარბა ათ პროცენტს. არსებობს იმის მაჩვენებლები, რომ საკვებ პროდუქციაზე ფასების ზრდამ, შესაძლოა, უფრო სწრაფად გაზარდა სხვა საქონელზე ფასები, ხოლო ღარიბი მოსახლეობა, უმთავრესად, საკვებზე ხარჯავს თანხებს. ეს შედეგი, შესაძლოა, კიდევ უფრო გაუარესდა იმ ფაქტის გამო, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა დღგ-ს განაკვეთი. ეს ახალი გადასახადები მომხმარებლისათვის გაზრდილ ფასებს ნიშნავს.

საზოგადოდ, მთავრობამ ყველა საჭირო სტრუქტურა შექმნა უკიდურესი სიღარიბის შესამცირებლად, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი სამუშაოს შესრულება, რათა გავიგოთ, თუ რატომ ვერ აღმოიფხვრა სიღარიბე რეფორმების მიუხედავად.

________________________

2 ეს გახლავთ ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტის მონაცემები. თითქმის უდავოა, რომ 2003 წელს ეს ციფრები შემცირებულად იქნა წარმოდგენილი, რადგან ბიუჯეტის უმეტესობის ადმინისტრირება ადგილობრივ დონეზე მოხდა 2003 წელს.

1.4 განათლება

▲ზევით დაბრუნება


90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს განათლების სისტემაში ღრმა კრიზისი აღინიშნა. 1991 წელს განათლების დაფინანსება მშპ-ის შვიდი პროცენტიდან 1 პროცენტამდე შემცირდა 1994 წელს, რის შედეგადაც შემცირდა მასწავლებელთა და ლექტორთა ხელფასი.ამან კი განაპირობა ძირითადი ინფრასტრუქტურის გაუარესება. ამავე დროს, სისტემა ვერ უზრუნველყოფდა სტუდენტებისათვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიცემას ჰუმანური განვითარებისათვის საბაზრო ეკონომიკისა ან დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის პირობებში.

განათლების სისტემაში არსებულმა კრიზისმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მოსახლეობის სოციალურ განვითარებაზე, და ამავე დროს საფუძველი გამოაცალა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს. რადიკალური ცვლილებები იქნა განხორციელებული როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ასევე უმაღლესი განათლების სისტემაში დაფინანსების დონის, ადმინისტრირების, სასწავლო გეგმებისა და აკრედიტაციის თვალსაზრისით. ამჟამად სასწავლებლების დაფინანსება (საშუალო სკოლებისაც და უნივერსიტეტებისაც) მოსწავლეთა/სტუდენტთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. ამდენად, მრავალსტუდენტიან ინსტიტუტებზე მეტი თანხა გამოიყოფა.

სისტემის რეორგანიზაციის მიზანი იყო გადაწყვეტილების მიღების ადგილობრივ დონეებზე გადატანა და კონტროლის განხორციელება ეროვნული სტანდარტებისა და ხარისხის ეროვნული კონტროლის მექანიზმების შემოღების გზით. საშუალო სკოლების მართვას ზედამხედველობას უწევს არჩეული სამეურვეო საბჭო, ხოლო უნივერსიტეტებში ამჟამად პასუხისმგებელი ორგანოა წარმომადგენლობითი საბჭო. აღნიშნულის შედეგად, ადგილობრივ თემებს, მშობლებს, მასწავლებლებს, ლექტორებსა და სტუდენტებს უფრო მეტი უფლებამოსილება მიეცათ, რათა სკოლებისა და უნივერსიტეტების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღონ.

განათლების სისტემაში არსებულმა
კრიზისმა უარყოფითი გავლენა
მოახდინა მოსახლეობის სოციალურ
განვითარებაზე, რადგან მან
საფუძველი გამოაცალა ქვეყნის
ეკონომიკური განვითარების
შესაძლებლობებს.

ამავე დროს, ხარისხის გარკვეული კონტროლის მიზნით შემოიღეს ცენტრალური ზედამხედველობის მექანიზმები. აკრედიტაციის შედეგად დაიხურა არაეფექტური უნივერსიტეტები და მნიშვნელოვნად შემცირდა მათი რაოდენობა. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების აკრედიტაცია 2009 წელს განხორციელდება და დაინერგება ძირითადი კონტროლის ანალოგიური მექანიზმი.

ახლად დაფუძნებული ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი ცდილობს, მოახდინოს ზოგადსაგანმანათლებლო განათლების გარკვეული მოთხოვნების სტანდარტიზაცია ეროვნული საგანმანათლებლო სასწავლო გეგმების შემუშავების გზით. მასწავლებელთა და უნივერსიტეტების ლექტორთა მინიმალური ხელფასი გაიზარდა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებელთათვის პროფესიული განვითარების მეტი შესაძლებლობები შეიქმნა.

ყველასათვის ცნობილი წარმატებააგანათლების სისტემაში ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღება, რომლის მეშვეობითაც ხდება სტუდენტების შერჩევა უნივერსიტეტებში და დაფინანსების გაცემა მთლიანად დამსახურების მიხედვით. ერთი წლის განმავლობაში აღნიშნულის შედეგად კორუფცია ერთიანად აღმოიფხვრა უნივერსიტეტებში სტუდენტთა შერჩევის პროცესში, შეიცვალა სკოლის მოსწავლეების სტიმულირების სტრუქტურა, გაიზარდა ნდობა სისტემის მიმართ და უზრუნველყოფილ იქნა უფრო ნიჭიერი სტუდენტების ჩარიცხვა უნივერსიტეტებში.

აღნიშნული ცვლილებების შედეგი უაღრესად დადებითია. ცხადია, რომ განათლებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ეფექტურობისათვის. განათლებას შეუძლია უთანასწორობის შემსუბუქება ღარიბთათვის შესაძლებლობების შეთავაზების გზით. განათლებას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანთა ჩართულობისა და უფლებამოსილებით აღჭურვისათვის. რეფორმების შედეგად, განათლების სისტემამ უფრო წარმატებულად მიაღწია ამ ამოცანებს. აღნიშნულის მიღწევა უფრო ეფექტურად და ეფექტიანად შეიძლებოდა, თუ მთავრობა უფრო მეტ სახსარს გამოყოფდა განათლებაზე, რადგან მშპ-ის 3 პროცენტზე ნაკლები, რომელსაც საქართველო ხარჯავს განათლებაზე,დსთ-ს ქვეყნების უმეტესობის ანალოგიურ მაჩვენებელს ჩამოუვარდება. არსებული შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში, მთავარი საკითხია თანასწორობა. სტუდენტებისათვის დაფინანსების გამოყოფა მხოლოდ უნარის (ტესტირების ქულების) მიხედვით, ბუნებრივია, უპირატესობას ანიჭებს მათ, რომელთაც ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ დაფინანსება, რადგან უფრო მდიდარი სტუდენტები, რომლებიც უკეთეს სკოლებში დადიოდნენ და კერძო გაკვეთილების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ, მეტ ქულებს ღებულობენ ხოლმე. ეს პრობლემა უფრო მწვავედ დგას ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისათვის, რომელთათვისაც ქართული ენა მეორე ენაა.

1.5 ჯანდაცვა

▲ზევით დაბრუნება


ჯანდაცვის სისტემამ საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით მიიღო მეტად არაეფექტური პრაქტიკა: მოიცვას მთელი მოსახლეობის ყველა ტიპის მომსახურება ჯანდაცვის სფეროში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ უნივერსალური ჯანდაცვის სისტემის ფინანსური უზრუნველყოფა შეუძლებელი გახდა. 2003 წელს თითქმის ყველა სახის ჯანდაცვა პაციენტის საკუთარი სახსრებით ფინანსდებოდა. მცირე დაფინანსების გარდა, ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებული იყო ჭარბი რაოდენობით არაკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, რომლებიც მოძველებულ პრაქტიკას იყენებდნენ და პაციენტებს ჭარბ მედიკამენტოზურ მკურნალობას უნიშნავდნენ.

ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა და რეალურ გამოსახულებაში 130 პროცენტით მოიმატა 2003-2007 წლებში. რეფორმები ფოკუსირებული იყო ოთხ ძირითად კომპონენტზე: პირველადი ჯანდაცვის გაფართოება, სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ორიენტირებული ჯანდაცვის დახმარების გაფართოება, დაზღვევის - როგორც ჯანდაცვის ფინანსური მართვის მექანიზმის - განვითარება და სახელმწიფო ჯანდაცვის ობიექტების პრივატიზაცია.

პირველადი ჯანდაცვისა და ოჯახის
ექიმის თანამედროვე პრაქტიკის
ჩამოყალიბებამ დიდი მოწონება დაიმსახურა;
გაუმჯობესდა სისტემის ეფექტურობა
და თანასწორობა.

ჯანდაცვის რეფორმის შედეგები ასევე აისახება ჰუმანურ განვითარებაზე. უფრო ჯანმრთელი ადამიანები უფრო პროდუქტიულნი არიან, ამასთან, პრევენციული მკურნალობა სამედიცინო პრობლემების გადაწყვეტის უფრო ეფექტური გზაა. ჯანდაცვა ასევე მნიშვნელოვანია თანასწორობისა და უსაფრთხოებისათვის, რადგან სოციალური და ეკონომიკური სიდუხჭირის შიში, რომელიც შეიძლება წარმოშვას სუსტმა ჯანმრთელობამ, გაურკვეველი მომავლის მთავარი წყაროა.

პირველადი ჯანდაცვისა და ოჯახის ექიმის თანამედროვე პრაქტიკის ჩამოყალიბებამ დიდი მოწონება დაიმსახურა; გაუმჯობესდა სისტემის ეფექტურობა და თანასწორობა. პრინციპში, დადებითად შეფასდა განსაკუთრებით დაუცველთათვის მიზნობრივი დახმარების გაწევაც. ყველაზე პრობლემატური საკითხები დაკავშირებულია დაზღვევასა და პრივატიზაციასთან. ჯანდაცვის დაზღვევა, შესაძლოა, პრობლემატური იყოს უთანასწორობის ხარისხის შესამცირებლად საქართველოში, რადგან მზღვეველები არ არიან მიჩვეულნი ძალიან ღარიბ პაციენტებთან მუშაობას და პირიქით. არსებობს ეჭვი, თუ რამდენად მიიღებენ სრულ კომპენსაციას დაზღვევის სრული პაკეტის მქონე პირები და გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა სადაზღვევო კომპანიები ყველა დაზღვეულის ხარჯების დაფარვას.

ასევე ნაკლები ალბათობაა, რომ ჯანდაცვის დაზღვევა მოსახლეობის უმეტესობაზე გავრცელდება საშუალოვადიან პერიოდში. ცხადია, რომ საშუალოვადიან პერიოდში ჯანდაცვის მიზანი უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დაზღვევის გაზრდა, რათა განსაკუთრებით დაუცველი პირები უზრუნველყოფილნი იყვნენ ძირითადი დაზღვევით.

მეორე ძირითადი პრობლემატური საკითხია საავადმყოფოების პრივატიზაცია. ზოგადად, პრივატიზაციის პრინციპი არ არის უარყოფილი, მაგრამ ფართოდ არის გავრცელებული შიში, გრძელვადიანი შედეგების თვალსაზრისით, რამდენად არის მიზანშეწონილი საავადმყოფოებისა და პირველადი ჯანდაცვის ობიექტების (სავარაუდოდ, მალე) ფლობა ფარმაცევტული კომპანიების მიერ ზედამხედველობის სუსტი მექანიზმების პირობებში. არსებობს რისკი, რომ ეს გამოიწვევს არა მხოლოდ სუპერ-მონოპოლიების არსებობას ჯანდაცვის სექტორში, არამედ წარმოშობს ინტერესთა კონფლიქტსაც. სათანადო რეგულირების შემთხვევაში ამ პრობლემის დაძლევა შესაძლებელია, მაგრამ მარეგულირებელი მექანიზმები ამჟამად არ არსებობს.

1.6 გარემოს დაცვა

▲ზევით დაბრუნება


პოსტსაბჭოთა პერიოდის ნგრევამ უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოში ბუნებრივ გარემოზე. სამრეწველო სიმძლავრეების შემცირებამ განაპირობა წყლისა და ჰაერის დაბინძურების დონის შემცირება, განსაკუთრებით, დიდ ქალაქებში, მაგრამ ეკონომიკური პირობების გაუარესებამ ხელი შეუწყო ინფრასტრუქტურის მოშლას და, სამართალდაცვის ნაკლებობასთან ერთად, ახალი სირთულეები შეუქმნა საქართველოს ბუნებრივ რესურსებს. 90-იანი წლების დასაწყისში განხორციელდა ზოგიერთი სამართლებრივი რეფორმა, მაგრამ ისინი, ძირითადად, არაეფექტური აღმოჩნდა, კორუფციის წყაროდ იქცა და სახელმწიფო აქტივების მართვაში უმნიშვნელო წვლილი შეჰქონდა.

ჰუმანური განვითარების თვალსაზრისით, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მიზანია ეკონომიკის მდგრადობის მიღწევა მისი მოკლევადიანი დეგრადაციისაგან დაცვის გზით. გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მიზანია თანასწორობის დაცვა ბუნებრივი რესურსების თანაბარი განაწილების და სუფთა გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფის

გზით. თუმცა, იგივე კანონმდებლობა ხშირად დაბრკოლებებს უქმნის საწარმოებს. რადგან გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, უმეტესწილად, აღიქმებოდა როგორც რესურსებისა და ადამიანთა დაცვის არაეფექტური წესების ერთობლიობა, რეფორმის პრიორიტეტი გახლდათ მოუქნელი შეზღუდვების გაუქმება, რომლებიც უარყოფითად მოქმედებდნენ მთელ რიგ ქართულ ბიზნესზე. შემცირდა იმ პროექტთა კატეგორიები, რომელთა შესახებაც კანონმდებლობით მოითხოვებოდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების შემუშავება, ასევე - პროექტის დაწყებამდე საჭირო შეფასების/კონსულტაციების მასშტაბი.

ჰუმანური განვითარების თვალსაზრისით,
გარემოსდაცვითი კანონმდებლობის
მიზანია ეკონომიკის მდგრადობის მიღწევა
მისი მოკლევადიანი დეგრადაციისაგან
დაცვის გზით.

ორი სექტორი, რომლის რეორგანიზებაც გადაწყვიტა ახალმა მთავრობამ, გახლდათ წყლისა და სატყეო მეურნეობის სექტორი. სატყეო მეურნეობის რეფორმები უმთავრესად კონცენტრირებული იყო ტყეების იჯარით გაცემის შესაძლებლობაზე გრძელვადიანი კონცესიების გამოყენებით. არსებობს არგუმენტები, რომ კონცესიების მეშვეობით შესაძლებელია ტყის მართვის სტიმულირება, პოლიტიკის გაუმჯობესება და საქართველოს დიდი რესურსების გამოყენება. თუმცა, გარემოსდამცველები გამოთქვამდნენ წუხილს იმის შესახებ, რომ 15 წლის არაკანონიერი ხე-ტყის კაფვის შემდეგ მისი, როგორც ხის მასალად, ასევე საწვავ საშუალებად გამოყენების მიზნით - ტყეები, შესაძლოა, მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. საქართველოს ტყეები ასევე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ისინი მთავარ როლს ასრულებენ ეროზიის, წყალდიდობებისა და მეწყერების პრევენციაში.

ამიტომ ტყეების გრძელვადიანი იჯარით გაცემა სადავო საკითხია. ტყის შესაბამისი ნაკვეთების ამორჩევისა და იჯარით გაცემის, ასევე მოიჯარეების საქმიანობების შეფასების მიზნით ტყეების თავდაპირველი შეფასების განხორციელების გარეშე გაურკვეველია ტყის იჯარით გაცემისა და მისი გამოყენების მდგრადობის საკითხი. რადგან ტყვეები ნიადაგს იცავს ეროზიისაგან, წყალდიდობისა და მეწყრისაგან, გარემოსდაცვითი შეფასებების განხორციელებამდე ტყეების იჯარით გაცემამ, შესაძლოა, უსაფრთხოების პრობლემები შეუქმნას სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას. შეშფოთებას იწვევს ტყის რესურსებზე ადგილობრივი მოსახლეობის მიწვდომაც, რადგან ამ რესურსებით სარგებლობდა ადგილობრივი მოსახლეობა და მათთვის ამ შესაძლებლობის მოსპობამ, შესაძლოა, უთანასწორობა წარმოშვას.

2003 წელს საქართველოში სასმელი წყლის მომარაგების სისტემა კრიზისს განიცდიდა. უპირველეს ყოვლისა, არსებობდა მასზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. მოსახლეობის 30 პროცენტისათვის არ იყო ხელმისაწვდომი მილსადენის წყალი, ხოლო თბილისის გარეთ ქალაქებს ონკანის წყალი დღის განმავლობაში მხოლოდ მცირე დროის განმავლობაში მიეწოდებოდათ. მეორე, ბაქტერიოლოგიური დაბინძურება საზოგადოების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა. ორივე პრობლემა განადგურებული ინფრასტრქტურის, არასათანადო ფასწარმოქმნისა და ჭარბი მოხმარების შედეგად წარმოიშვა.

მდგომარეობის გამოსასწორებლად მთავრობამ მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოები ჩაატარა წყლის მომარაგების სისტემაში, რაც თბილისიდან დაიწყო; გაიზარდა წყლის გადასახადი წარმოების გაზრდილი ხარჯების დასაფარად. ამან გარკვეული შეშფოთება გამოიწვია, განსაკუთრებით, იმის გამო, რომ წყლის გამრიცხველიანების შემოღებამ შესაძლებელი გახადა, წყალი შეეწყვიტათ იმ მომხმარებელთათვის, რომლებიც ვერ დაფარავდნენ მოხმარებული წყლის საფასურს. მაგრამ მთავრობამ გაატარა ღონისძიებები, რათა შეემცირებინა ამგვარი შედეგები და დაიწყო მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა. სასმელი წყლის მიწოდება კვლავ პრობლემატურია იმ სასოფლო დასახლებებში, სადაც არ განხორციელებულა ამგვარი მნიშვნელოვანი ცვლილება.

2 რეკომენდაციები

▲ზევით დაბრუნება


  • კორუფციასთან ბრძოლა და მართლმსაჯულება - რეფორმის პირველ ეტაპზე მთავრობამ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფი შეარჩია, როგორც მთავრობაში, ასევე ხელისუფლების სხვა შტოებში. მომდევნო ეტაპზე ძალისხმევა უნდა წარიმართოს აღმასრულებელი შტოს გავლენის შეზღუდვისაკენ - ანტიკორუფციული ღონისძიებები უნდა განახორციელონ მთავრობის უშუალო კონტროლს მიღმა არსებულმა ინსტიტუციურმა მექანიზმებმა.

  • მაკროეკონომიკური რეფორმები - იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს მოსახლეობის დაუცველ ჯგუფებზე საგადასახადო ტვირთის არაპროპორციულად განაწილება, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მომავალში გადასახადების შემცირება უფრო დაბალი შემოსავლების ჯგუფებისათვის, ან შემოიღოს საშემოსავლო გადასახადის მინიმალური ზღვარი.

  • სოციალური დახმარება - ახლა, როდესაც მთავრობას აქვს ეფექტური მექანიზმი ღარიბი ოჯახების შესარჩევად, მომავალში სოციალური დახმარების გაწევის მიზანი უნდა იყოს, მოიცვას უფრო მეტი ოჯახი, ან მინიმუმ, უზრუნველყოს მიზნობრივი სოციალური დახმარების გაზრდა ინფლაციის შესაბამისად.

  • განათლება - მთავრობის მიზანი უნდა იყოს განათლების სექტორზე გაწეული ხარჯების გაზრდა მშპის პროცენტულ მაჩვენებელთან შეფარდებით. არსებული ხარჯვითი პარამეტრების გათვალისწინებით, მთავრობა უფრო მეტ თანასწორობას მიაღწევს იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტებისათვის გამოყოფილი დაფინანსების უმეტესი ნაწილი სოციალურად დაუცველთა რეესტრში აღრიცხულ სტუდენტებზე განაწილდება.

  • ჯანდაცვა - საავადმყოფოებისა და პირველადი ჯანდაცვის ობიექტების პრივატიზაციის ეფექტურობის მიზნით, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ გაყიდვის შესახებ კონტრაქტები ცალსახად განსაზღვრულ ვალდებულებებს შეიცავდეს, ამასთან, გასათვალისწინებელია ზედამხედველობის მძლავრი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს კონტრაქტით აღებული ვალდებულებების შესრულებას.

  • გარემოს დაცვა - ტყის რესურსებისმდგრადი გამოყენების მიზნით, საჭიროა განხორციელდეს ტყის სენსიტიურობის ანალიზი მინიმუმ იმ გეოგრაფიული ადგილებისათვის, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეროზიის, წყალდიდობებისა და მეწყერების თავიდან აცილება. შემდგომში უნდა გამოირიცხოს ამგვარი ტერიტორიების პრივატიზება ან იჯარით გაცემა.