The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ადამიანის უფლებების მიმოხილვა№1(6)


ადამიანის უფლებების მიმოხილვა№1(6)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებების მიმოხილვა
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი
თარიღი: 2003
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: თბილისი 2003 იანვარი - მარტი მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტის მიერ



1 წინასიტყვა

▲ზევით დაბრუნება


2003 წლის იანვარ-მარტის პერიოდში თავისუფლების ინსტიტუტი აგრძელებდა მონიტორინგს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

კვლავ პრობლემად რჩება ახალციხის რაიონში წვევამდელთა უფლების დარღვევები. ეს კი, თავის მხრივ, წვევამდელების დეზერტირობასაც იწვევს, რაც ზოგჯერ ტრაგიკული შედეგებით მთავრდება. მაგალითად, სამხედრო კომენდანტმა ერთ გაქცეულ ჯარისკაცს ესროლა და მოკლა.

მოკვლეული ფაქტების თანაბმად, ადამიანის უფლებათა დარღვევები ძირითადად სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკანონო დაკავებებში, დაკავების ვადებისა და პროცესუალური ნორმების დარღვევებში გამოიხატება.

საანგარიშო პერიოდში თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონალური ორგანიზაციების მიერ მოხდენილია რეაგირეაბა უკანონო დაკავების 9 ფაქტზე, აქედან ხუთს ქუთაისში ჰქონდა ადგილი, სამს - ახალციხეში, ერთს - გორში. მოკვლევისა და პოლიციის ორგანოების მიერ ხშირ შემთხვევაში არ ხდება დაკავების ოქმების გაფორმება და ეჭვმიტანილად ცნობაზე დადგენილების გამოტანა. დაკავებულ პირებს უფლებას არ აძლევენ დაუკავშირდნენ ნათესავებსა და ადვოკატებს. პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ადგილი აქვს ცემის და სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენების ფაქტებს: დაშინებას და შეღავათების შეთავაზებას გარკვეული გარიგების საფუძველზე. აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენდერმე უფლებათა შელახვას ეთნიური საფუძველი ჰქონდა. ასეთ შემთხვევებში სამართალდამცავები მუქარასა და გამომძალველობას მეტი სითამამით ახორციელებენ. პრობლემად რჩება სასამართლოების უსამართლობა. გამოვლენილია მოსამართლეების მიერ დოკუმენტების გაყალბების, პროცესის უსაშველოდ გაწელვისა და ხელოვნურად გამოძებნილი მიზეზებით გადავადების ფაქტები.

საანგარიშო პერიოდში ადამიანიების რელიგიური ნიშნით დევნის შემთხვევებსაც ჰქონდა ადგილი. კვლავაც ილახება კათოლოკეების უფლებები. მათ მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა ფინანსთა მინისტრმაც გამოამჟღავნა. უსაშველოდ იწელება ცნობილი სასამართლო პროცესი, რითაც საბოლოო ჯამში ქუთაისის კათოლიკური მრევლის საკუთრების უფლება ირღვევა. სახელმწიფო მოხელეთა მხარდაჭერით სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ მყოფი მართლმადიდებლები (როგორც სასულიერო, ისე საერო პირები) სდევნიან ამავე აღმსარებლობის მიმდევართა იმ ჯგუფებს, რომლებიც უმცირესობაში არიან და სახელმწიფოს პროტექტორატით არ სარგებლობენ. ასეთია, მაგალითად, „მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში“. ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით ხელისუფლება, პოლიცია და უშიშროება კვლავ აფარებს ხელს ე.წ. „გლდანის დევნილ ეპარქიას“ და ელოლიავება მას. ამას, სხვათა შორის, ბ.მკალავიშვილის ხელმძღვანელიბით 24 იანვარს ეკუმენური ღონისძიების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიაც ადასტურებს, რომელსაც საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. სწორედ ამ რეზონანსმა აიძულა პრეზიდენტი, რათა ხსენებული აგრესიის დასაცხრობად სათანადო ზომები მიეღო. ზომებმა სასურველი ნაყოფი გამოიღო: ანალოგიური ღონისძიების ჩაშლის მიზნით, 14 მარტს, მკალავიშვილს აღარაფერ მოუმოქმედებია (ვრცლად იხ. ქვემოთ). ჩანს, იგი მართვადი პერსონაა. აქვე აღვნიშნავთ, ჩვენი მთავრობისა და ხელისუფლების ბევრი ჩინოსანი მის მიმართ თანაგრძნობის სიტყვებს არ იშურევებს. მაგალითად, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმდდომარემ ნანა ბიჭაშვილმა 11 თებერვალს ჟურმალისტების წინაშე მკალავიშვილის მხარეც დაზარალებულად მოიხსენია, რაც ფაქტობრივად მისდამი ფარულ მხარდაჭერას ნიშნავს.

ირღვევა სიტყვის თავისუფლების პრინციპიც. საანგარიშო პერიოდში მაუწყებლობა დროებით შეუჩერდა ქუთაისის ერთერთ რადიოსადგურს. ადგილი ჰქონდა საშუალო სკოლის მასწავლებლის მიერ მოსწავლის ფიზიკურ შეურაცხყოფას, მოწაფეთა მასხრად აგდებასა და ტერორს მათი და მათი მშობლების რელიგიური მრწამსის გამო

საანგარიშო პერიოდში სულ დადასტურებულია ადამიანის უფლებების დარღვევის 23 ფაქტი. აქედან რვა შემთხვევაში მოქალაქეების უფლებების აღდგენა მხოლოდ თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლების დახმარებით მოხერხდა, დანარჩენი შემთხვევებიც საყოველთაო მსჯელობისა და მონიტორინგის საგნად ამავე ინსტიტუტმა აქცია.

2 უკანონო დაკავება და დაცვის უფლების წართმევა

▲ზევით დაბრუნება


  • უსაფუძვლო დაკავება

17 იანვარს, დააბლოებით 22 სთ. და 30 წუთზე, ადვოკატი ირაკლი მახათაძე დაუკავშირდა თავისუფლების ინსტიტუტის ქუთაისის რეგიონალურ კოორდინატორს და შეატყობინა, რომ მას პოლიციელები უმალავენ დაკავებულ პიროვნებას, ბაღდათში მცბოვრებ გიორგი ნიჟარაძეს.

რეგიონალური კოორდინატორი შეხვდა ქუთაისის პოლიციის განყოფილების უფროსს შამილ რობაქიძეს. მისი განცხადებით გ. ნიჟარაძე ბაღდათის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს იმავე დღეს დაახლოებით დილის 6 საათზე დაუკავებიათ ყაჩაღობაში მონაწილეობის ბრალდებით. თუ რატომ იმყოფებოდა გ. ნიჟარაძე იმჟამად ქუთაისის პოლიციის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, შ. რობაქიძისაგან არგუმენტირებული პასუხი არ იქნა მიღებული. კოორდინატორმა მოითხოვა დაკავების ოქმი და ეჭვმიტანილად ცნობის დადგენილება, რომელიც არ იქნა წარმოდგენილი. ადვოკატმა ი. მახათაძემ მოითხოვა პროკურატურის წარმომადგენლის გამოძახება. ნახევარ საათში მოვიდა ქუთაისის პროკურატურის წარმომადგენელი დავით ფურცხვანიძე, რომელსაც თავისუფლების ინსტიტუტის წამომადგენელმა განუცხადა, რომ გ. ნიჟარაძის ბრალეულობაში ეჭვი ეპარება. დ. ფურცხვანიძემ შეამოწმა მასალები, რის შედეგადაც აღნიშნული ეჭვის საფუძვლიანობა დადასტურდა. გ. ნიჟარაძე დაუყოვნებლივ იქნა გათავისუფლებული.

  • თავისუფლების უკანონო შეზღუდვა

6 თებერვალს, დაახლოებით 20 საათზე, თავისუფლების ინსტიტუტის ქუთაისის რეგიონალურ კოორდინატორს დაუკავშირდა ადვოკატი ირაკლი მახათაძე და უთხრა, რომ ქუთაისის პოლიციის მე-2 განყოფილებას 5 საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავს სამი პიროვნება და მათ დაცვის უფლების განხორციელება შეზღუდული აქვთ.

რეგიონალური კოორდინატორი პოლიციაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს წევრებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში მივიდა. დაკავებულების ახლობლებმა მათ განუცხადეს, რომ სამართალდამცავები დაკავების მიზეზებს არ ასახელებენ და დაკავებულებთან დამცველსაც არ უშვებენ. პოლიციელებმა საბჭოს წევრებს მონიტორინგის ჩატარების საშუალება არ მისცეს, არ შეუშვეს განყოფილების უფროსთან, ზვიად ბერიძესთან, რის გამოც ისინი იძულებული გახდნენ, რომ საქმის კურსში პოლიციის სამმართველოს უფროსი თემურ ნოზაძე ჩაეყენებინათ. ამ პერიდოში პოლიციელებმა ორი დაკავებული გააპარეს. როდესაც დამკვირვებლებს მათთან გასაუბრების საშუალება მიეცათ, გაირკვა, რომ დაპატიმრებულებმა დაკავების მიზეზი არ იცოდნენ. საბოლოოდ მოხერხდა განყოფილების უფროსთან შესვლა. საბჭოს წევრებმა მოითხოვეს მესამე დაკავებულთან, ვასილ ლოსაბერიძესთან, გასაუბრება. ზ. ბერაძის თქმით, ლოსაბერიძეს დაკავების მომენტში აღმოაჩნდა სამი მობილური ტელეფონი და არსებობდა ეჭვი, რომ ტელეფონები მოპარული იყო. ვ. ლოსაბერიძემ აღნიშნა, რომ პოლიციას ის არ უცემია, ბოლო ტელეფონები მას ნამდვილად ჰქონდა დაკავების მომენტში (თუ ვისი საკუთრება იყი ეს ტელეფონები, პოლიციას არ გაურკვევია).

პოლიციამ საბჭოს წევრებს ვერ წარუდგინა ვერც დაკავების და ვერც ჩხრეკის ოქმები. მათი მოთხოვნით ვ. ლოსაბერიძე, როგორც უკანონოდ დაკავებული, დაყოვნებლივ იქნა გათავისუფლებული.

რაც შეებება დანარჩენ ორ დაკავებულს, თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონალურმა კოორდინატორმა გაარკვია, რომ ისინი შეტყობინების ჟურნალში გატარებული არ იყვნენ, ხოლო ლოსაბერიძის დაკავების მიზეზად ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება იყო დაფიქსირებული.

  • ყალბი ბრალდება

2003 წლის 11 თებერვალს, საღამოს 6 სთ-ზე, თავისუფლების ინსტიტუტის ახალციხის რეგიონალურ ორგანიზაციას დაუკავშირდნენ მარგარიტა ჩახოიანი და ზინა კუკურჩიანი და განაცხადეს, რომ შვილები: ალვერ ჩახოიანი და ედუარდ კუკურჩიანი დაკავებული ჰყავთ პოლიციის განყოფილებაში. აღნიშნულ საქმეს იძიებს გამომძიებელი ვაჟა ჩიტაშვილი. დაკავებულებს ბრალად ედებათ ხულიგნობა (ჩხუბი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე).

გაირკვა: მიუხედავად იმისა, რომ ჩახოიანი და კუკურჩიანი რამოდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ პოლიციის განყოფილებაში, დაკავების ოქმი არ იყო გაფორმებული და ისინი არც დაუკითხავთ. მხოლოდ თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონალური თამაშრომლების ჩარევის შემდეგ მოხდა ადვოკატების აყვანა (რის უფლებასაც მათ არ აძლევდნენ).რეგიონალურმა თანამშრომლებმა დაკავებულებთან გასაუბრებაც მოახერხეს.

გაირკვა, რომ ჩახოიანი და კეკურჩიანი დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე დაუკავებიათ. ამ ჩვენების მიხედვით, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზარალებული სცემა „ვიღაც მაღალმა ბიჭმა“, რაც, ცხადია, ნებისმიერი “მაღალ ბიჭზე” ეჭვის მიტანის და დაკავების საკმარისი საფუძველი არაა. გამომძიებელი მოქალაქეების დაკავებისას ძირითადად ეყრდნობოდა პოლიციელების ჩვენებას, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ დაინახეს ხალხის ჯგუფი, რომელიც მათი მიახლოების შემდგომ გაიფანტა და მათ შორის იყვნენ ალვერ ჩახოიანი და ედუარდ კუკურჩიანი. პოლიციელები ირწმუნებოდნენ, რომ ისინი მონაწილეობას იღებდნენ ჩხუბში.

ჩახოიანი აცხადებს, რომ აღნიშნულ დღეს იგი გასული იყო ქალაქიდან და მხოლოდ ღამის 10 საათისათვის დაბრუნდა (პოლიციელთა განცხადებით კი ჩხუბი საღამოს 6-იდან 7 საათამდე მოხდა).

თავისუფლების ინსტიტუტის წევრების ინიციატივით მოყვანილი მოწმეები, რომლებიც ზემოაღნიშნულ ჩხუბს შეესწრნენ, ინციდენტის დროს (6-7 სთ.) ადასტურებენ. ისინი ასევე ადასტურებენ, რომ დაკავებული მოქალაქეები იქ არ იყვნენ. გამოირკვა, დაკავებულების მრავალგზისი მოთხოვნის მიუხედავად გამომძიებელი მოწმეებს არ იძახებდა

თავისუფლების ინსტიტუტის თანამშრომლების აქტიური მოქმედების შედეგად კუკურჩიანი და ჩახოიანი პოლიციის განყოფილებიდან გაუშვეს.

  • თავაშვებული ჩხრეკა და გამოძიება

20 თებერვალს ქუთაისის და იმერეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა რევაზ ფურცხვანიძე და გოჩა ბრეგაძე დააკავეს. ოპერაცია განხორციელდა რევაზ ფურცხვანიძის სახლში, რომელიც თამარ მეფის ქუჩაზე მდებარეობს. სპეცრაზმი აღნიშნულ სახლში დილის 6 საათზე შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა.

ბრალდებულთა ადვოკატის, ინგა კუპრავას, მტკიცებით, პოლიციამ ჩხრეკის დროს ძალადობა გამოიყენა: ჩამოიღო კარები, გაძარცვა ოჯახი, წაიღო სხვადასხვა ნივთები: ტანსაცმელი, ვიდეომაგნიტოფონი, ოქროს ყელსაბამი, ბეჭედი, 1000 დოლარი. საპროცესო კოდექსის მიხედვით, ჩხრეკას უნდა დასწრებოდა ოჯახის ერთ-ერთი წევრი და ორი სხვა სამოქალაქო პირი. პოლიციელებმა კი სახლში არც ოჯახის პატრონი შეუშვეს და არც მეზობლები, რომლებიც იარაღის მუქარით აიძულეს, სახლს არ მიჰკარებოდნენ. პოლიციის წარმომადგენელმა რევაზ ფურცხვანიძის დედას თავში კონდახი ჩაარტყა. სამართალდამცავებს თავიანთი მოწმეები ახლდნენ. ორივე ბრალდებული პოლიციის სამმართველოში სასტიკად სცემეს. ისინი დენის აპარატით აწამეს და ასე აიძულებდნენ, რომ ბავშვის გატაცების ფაქტიც თავიანთ თავზე აეღოთ.

ფურცხვანიძეს 15 დღიანი ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდეს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის, ხოლო ბრეგაძეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებისა და შენახვის ბრალდება წაუყენეს.

თავისუფლების ინსტიტუტის ქუთაისის რეგიონალური ორგანიზაციის დახმარებით მოხდა ამ ფაქტის გახმაურება რადიოსა და ტელევიზიაში. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ასევე ქალაქისა და მხარის პოლიციის უფროსებს დაუკავშირდნენ.

  • აქცია უკანონო დაკავების საპასუხო

ვალესა და ახალციხეში თბილისიდან ჩამოსულმა პოლიციელებმა გია სანდროსოვი, ზურა სამსონიძე, მუგუიჩ კაზარიანი და სხვები დააკავეს. მათ ბრალად ახალი მემარჯვენეების ოფისზე თავდასხმაში მონაწილეობა წაუყენეს. დაკავება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხდა. დაკავებულების ახლობლებმა არაც დაკავების მიზეზის და არც დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იცოდნენ (დაკავებულები თბილისში გადაიყვანეს). ფაქტიურად არცერთ დაკავებულს ადვოკატის აყვანის უფლება არ მიეცა. არასამთავრობო ორგანიზაციების და ოჯახის წევრების მცდელობამ, უზრუნველყოთ ადვოკატების შეხვედრა დაკავებულებთან, შედეგი ვერ გამოიღო.

ამის საფუძველზე მოსახლეობამ 11 თებერვალს საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი გზა გადაკეტა. იყო მცდელობა მოსახლეობის ძალით დაშლისა, რამაც გაზარდა აქციის მონაწილეთა აგრესია.

აქციის მონაწილეები მხოლოდ მესამე დღეს, 13 თებერვალს, ანუ მას შემდეგ დაიშალნენ, რაც დაკავებულები გაათავისუფლეს.

  • დაკავება და ჩხრეკა ოქმის გარეშე

29 მარტს თავისუფლების ინსტიტუტის ქუთაისის წარმომადგენლობას ლეილა სანიკიანმა და ნანა ნიკურაძემ მიმართეს. მათი შვილები, 16 წლის ბექა ნიკურაძე და 14 წლის კობა სანიკიანი, ქუთაისის პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომლებს 29 მარტს დილის 8 საათზე დაუკავებიათ. მშობლებისავე ინფორმაციით ამავე განყოფილებას დაახლოებით ორი თვის წინათ ისინი ქურდობის ბრალდებით დაუპატიმრებია, თუმცა თავდებით მალევე გაუთავისუფლებია. ამდერად ყმაწვილები წითელი ჯვრის უცხოელი თანამშრომლის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ ორივე სახლებიდან გამოიყვანა და ბინებში ჩხრეკა ჩაატარა. თუმცა, ჩხრეკის ოქმი არ შეუდგენიათ. განყოფილებაში ბავშვები სცემეს.

თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონალური ომბუდსმენი დაუკავშირდა ადვოკატებს: ინგა კუპრავას და თენგო ასლანიკაშვილს და მათთან ერთად განყოფილებაში მივიდა, სადაც დაკავების ოქმი არ იქნა წარმოდგენილი. დაახლოებით საათნახევრიანი კამათისა და სიტყვიერი შეხლა-შემოხლის შემდეგ ნიკურაძე და სანიკიანი დანარჩენ ორ დაკავებულთან ერთად პოლიციამ გაათავისუფლა.

  • დაკავება გაურკვეველი მოტივით

22 მარტს 17 საათზე თავისუფლების ინსტიტუტის ქუთაისის ომბუდსმენს პოლიციაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ჯიბლაძე დაუკავშირდა და აცნობა, რომ ქუთაისის პოლიციის მე-3 განყოფილებაში უსაფუძვლოდ ეჭავთ დაკავებული თემურ სინაურიძე. რეგიონალური ომბუდსმენი ადგილზე მივიდა და შეიტყო, რომ უკვე დღენახევარია, რაც სინაურიძე პოლიციაში დაკავებული ჰყავთ. არ აღმოჩნდა არც დაკავების და არც დაკითხვის ოქმები. ადამიანის უფლებების დამცველთა კატეგორიული მოთხოვნის შედეგად თ.სინაურიძე დაუყოვნებდივ იქნა გათავისუფლებული.

3 უსამართლობა სამართალდამცავ ორგანოებში

▲ზევით დაბრუნება


  • გარიგება გამომძიებელთან

7 თებერვალს ქუთაისის რეგიონალურ ოფისში განსასჯელ ვალერი შათირიშვილის განცხადება შევიდა (ქუთაისის №2 საპყრობილედან), რომლის თანახმად, პოლიციამ იგი 2002 წლის 30 მაისს ნარკოტიკული ნივთიერების შენახვისთვის დააკავა. შათირიშვილი თავს უკანონო პატიმრად თვლიდა და ამბობდა, რომ დანაშაული ფიზიკური ზეწოლის ქვეშ აღიარებინეს. იგი 2003 წლის 14 იანვრიდან 23 იანვრამდე შიმშილობდა.

ვ. შათირიშვილი ადრე ნასამართლევია, ერთხელ - დეზერტირობისთვის, მეორედ - ქურდობისათვის.

თავისუფლების ინსტიტუტის ქუთაისის რეგიონალური კოორდინატორი შეხვდა ვ. შათირიშვილს და იგი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ორგანიზაციას დააკავშირა. განსასჯელს ადვოკატი გამოეყო, მაგრამ მან, მოულოდნელად, დაცვის უფლების გამიყენებაზე უარი თქვა.

ჩანს, ვ. შათირიშვილმა გარიგება დადო გამომძიებელთან, რომლის მიხედვითაც დანაშაულის აღიარების შემთხვევაში მას მინიმალურ სასჯელს შეუფარდებდნენ.

საბოლოო ჯამში ვ. შათირიშვილს ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ამავე დროს, კარგი ყოფაქცევის გამო, მას მაისში განთავისუფლებას ჰპირდებიან.

  • პოლიციელთა მუქარა

ქეროფ მიქაელიანმა პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლის წინააღმდეგ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ამ უკანასკნელმა მისგან ქრთამი მოითხოვა და აიღო კიდეც. რამდენიმე დღის შემდეგ ქ. მიქაელიანთან სოფ. ახათბევში პოლიციის თანამშრომლები ავიდნენ და დაემუქრნენ: თუ ჩვენებას არ შეცვლი, შენი საქმე ცუდად წავაო.

თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონალურმა თანამშრომლებმა 2 მარტს ქ. მიქაელიანს ახალციხის რაიონის პროკურორის სახელზე დააწერინეს განცბადება. მიმდინარეობს საქმის მონიტორინგი.

  • პოლიციელთა გამომძალველობა

6 იანვარს თავისუფლების ინსტიტუტის ახალციხის რეგიონალურ ორგანიზაციას მოქალაქე მერი კოზაევამ მიმართა. მან განაცხადა, რომ პოლიციაში იბარებს სამძებრო განყოფილების უფროსი ზაზა ზაზაძე და აიძულებს, აღიაროს, რომ მართებს მისი ვალი - 800 აშშ დოლარი.

რეგიონალური ორგანიზაციის დახმარებით მ. კოზაევამ პოლიციის უფროსის, ტარიელ დინაველაძის, სახელზე განცხადება დაწერა, რითაც ზ. ზაზაძის უკანონო ქმედების აღკვეთა მოითხოვა.

რეგიონალურმა ორგანიზაციამ მ. კოზაევას საქმეზე მკაცრი მონიტორინგი დააწესა, რამაც ნაყოფი გამოიღო: მ. კოზაევას არარსებულ ვალს აღარავინ სთხოვს.

  • აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება ვადების გაყალბებით

20 იანვარს თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონალურ კოორდინატორს ზესტაფონიდან ტელეფონით დაუკავშირდა ადვოკატი იაგო მხეიძე და აცნობა, რომ მისი რაიონის მოსამართლის მხრიდან ადგილი აქვს წინასწარი დაკავების 72-საათიანი ვადის დარღვევას. ომბუდსმენი სასწრაფოდ მივიდა ზესტაფონის სასამართლოში. იხილებოდა სამი ბრალდებულის: ვეფხია მანაგაძის, კობა ნემსიწვერიძის და ტარიელ ხაჭაპურიძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიებების შეფარდების საკითხი. გაირკვა, რომ აღნიშნული პიროვნებები დაკავებულ იქნენ ერთად 17 იანვარს 11 სთ-ზე. ამდენად, მათი წინასწარი დაკავების 72-საათიანი ვადა უკვე დამთავრდა. ამის მიუხედავად სასამართლომ სამივე ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა და ისინი ქუთაისის №2 საპყრობილეში გადაიყვანეს.

ადვოკატმა ი. მხეიძემ მოაგროვა ყველა საჭირო დოკუმენტი იმის სამხილებლად, რომ მოსასართლემ სასამართლო სხდომის ოქმებში აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე დადგენილების გამოტანის დროები გააყალბა.

  • ფსიქიატრული ექსპერტიზა პიროვნების დაუსწრებლად

ნუგზარ ერაგიას დევნა (იხ. წინა წლის „...მიმოხილვა”; ჟ. „თავისუფლება”, 2003, №1 - ნ. ღარჭავას კორესპონდენცია) გრძელდება. მას, ერმალო ლანჩავასთან ერთად, ქონებრივი დავა აქვს საწარმო „ელექტრომექანიკოსთან” და საქართველოს პრეზიდენტთან. იგი პატიმრობაში გასული წლის 8 ნოემბერს, ქუთაისის საოლქო სასამაღთლოს სხდომის შემდეგ, აიყვანეს მოსამართლის, დურმიშხან ჟორჟოლიანის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ბრალდებით. 12 დაკემბერს მან შიმშილობა გამოაცხადა.

ამის შემდეგ ქუთაისის საქალაქო პროკურატურის გამომძიებლის, გოჩა ავალიანის, მიმართვის საფუძველზე ნ. ერაგიას სასამართლო-ფსიქიატრული ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტიზას თავად ნ. ერაგია არ დასწრებია. პროკურატურამ კომისიას ერაგიას საჩივრები გადაუგზავნა და სწორედ საჩივრების ტექსტთა ექსპერტიზის შედეგად კომისიამ დაადგინა, რომ ერაგიას პიროვნული პარანოიდულ-პერსონოლოგიური აშლილობა აქვს. იმავე ექსპერტიზის თანახმად, ბოლო პერიოდში მისი ფსიქიკის დარღვევა ისეთ ხასიათს ატარებს, რომ ეს პიროვნება უკვე მომეტებულ სოციალურ საშიშროებას წარმოადგენს, ამიტომ ექვემდებარება იძულებითი ხასიათის სამედიცინო ღონისძიების გატარებას ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაძლიერებული მეთვალყურეობით. ინკრიმინირებულ ქმედებაში იგი შეურაცხადად უნდა ჩაითვალოს. ამ დასკვნის შემდეგ ქუთაისის საქალაქო პროკურატურამ ზესტაფონის სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ ერაგიასთვის აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალა ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფიში მკურნალობით.

ეს აქტი ადვოკატების მიერ გასაჩივრებულ იქნა და ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 19 მარტს ფსიქიატიული დასკვნის კანონიერების საკითხი განიხილა. სასამართლო პროცესზე ადვოკატები მიუთითებდნენ, რომ პიროვნების დაუსწრებლად ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება კანონით დაუშვებელია. ეს შესაძლებელია მხოლოდ სამეცნიერო შრომების განხილვის შემდეგ, რაც ნ. ერაგის დაწერილი და გამოქვეყნებული არ აქვს.

ადვოკატების არგუმენტებმა მოსამართლე დააკმაყოფილა და პროცესი გადადო ექპერტების მოწვევის მიზნით.

  • ნარკოტიკის ჩადება პოლიციის მიერ

3 მარტს ქ. გორში, სუხიშვილის ქუჩაზე, შ/ქ შს მთავარი სამმართველოს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების თანამშრომლის რეზო კლდიაშვილის მიერ დაკავებულ იქნა შალვა გულიაშვილი. გულიაშვილს დაკავების ადგილზე ჩხრეკა არ ჩატარებია. იგი მიყვანილი იქნა მთავარ სამმართველოში და იქ 0,1 გრ. ჰეროინი აღმოუჩინეს. გულიაშვილს პირადი ჩხრეკა დაკავების ადგილზე უნდა ჩატარებოდა და შემდგარიყო სათანადო ოქმი. ადვოკატ მამუკა ნოზაძის მტკიცებით, დაკავებისას გულიაშვილს ნარკოტიკი არ ჰქონია; იგი პოლიციის მთავარ სამმართველოში მიყვანის შემდეგ მას რეზო კლდიაშვილმა ჩაუდო.

თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული წარმომადგენლები შ/ქ შს მთავარ სამმართველოს დაუკავშირდნენ. სამმართველოს უფროსის მოადგილე არჩილ იმერლიშვილი ამტკიცებდა, რომ პოლიციის მხრიდან კანონის დარღვევას ადგილი არ ექონია, ჩხრეკის თავის დროზე ჩატარება რაღაც მიზეზების გამო ვერ მოხერხდა, რის გამოც ოქმი მოგვიანებით შედგაო. ამ შემთხვევაში უნდა შემდგარიყო აქტი, სადაც აღინიშნებოდა კონკრეტული მიზეზები იმისა, თუ რატომ დირღვა იურიდიული ნორმები. ჩატარებული ჩხრეკა მოსამართლე ალექსი მარიამიძემაც უკანონოდ სცნო. ამის თაობაზე თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სათანადო ორგანოს ახსნა-განმარტება მოსთხოვეს. ჯერჯერობით პასუბი არ ჩანს.

  • პროკურორი მეზობლებს სასიკვდილოდ იმეტებს, სასამართლო ფე ითრევს

სამი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც მასმედიამ თბილისის პროკურატურის გამომძიებლის ომარ მდივნიშვილის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაციები გაავრცელა, მაგრამ ფართო საზოგადოებრიობა ჯერ კიდევ კომპეტენტური ორგანოებისაგან საბოლოო სიტყვის თქმის მოლოდინშია.

ინციდენტს ადგილი 2000 წლის 6 ივლისს ჰქონდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პროკურორი ღამის 9 სთ-სა და 30 წთ-ზე მეზობლის, ლეილა კანკიას, ბინას მიადგა; დაიწყო გინება, მუქარა, სხვადასხვა საგნების მტვრევა და ცეცხლსასროლი იარაღით რკინის კარების დაცხრილვა და რადგან რკინის კარებს ვერაფერი დააკლო, ცდილობდა, კედელი გაენგრია და მეზობლებთან ისე შეეღწია. იმ დროს ლ. კანკიასთან სტუმრად ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. ისინი ერთი საათის განმავლობაში ურეკავდნენ პოლიციას, აცნობდნენ ვითარების სიმწვავეს და შველას ითხოვდნენ, მაგრამ ამაოდ. მხოლოდ სამთავრობო დაცვის გამოძახებამ გაამართლა, რომლის წევრები ინციდენტის დაწყებიდან საათნახევრის შემდეგ გამოჩნდნენ და სიტუაცია განმუხტეს. მათ ო. მდივნიშვილი დიდუბის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, თუმცა ის იქიდან იმავე ღამეს გამოუშვეს,

დაზარალებული მხარისა და მეზობლების ჩვენებათა თანახმად, რაც ჟურნალისტურმა გამოძიებამაც დაადასტურა, ო. მდივნიშვილის გააფთრება ბუნკერის თაობაზე ამტყდარმა მეზობლურმა დავამ განაპირობა. სათანადო ინფორმაციები სამართალდამცავ ორგანოებს დროულად მიეწოდა, მაგრამ ო. მდივნიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ მას შემდეგ აღიძრა (2000 წლის 20 სექტემბერს), რაც აღნიშნული ფაქტი რადიო „თავისუფლებამ“ გააშუქა. ამ ხნის (ორი თვის) განმავლობაში ხსენებული სამართალდამცავი თანამდებობრივ საქმიანობას განაგრძობდა. იგი იეღოვას მოწმეების წინააღმდეგ გამართულ სასამართლო პროცესზე ბ. მკალავიშვილის ინტერესებს უმაგრებდა ზურგს: მან დამრბევების ნაცვლად დარბეულების წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, რითაც ფაქტობრივად რელიგიურ საბურველში შენიღბული ხულიგნობა წაახალისა.

დიდუბის რაიონის პროკურატურა თავიდანვე საქმის მიჩუმათებისა და მიჩქმალვის გზას დაადგა. პროკურორის მოადგილემ დავით მეფარიშვილმა კოლეგის მიერ გაჩაღებული ერთსაათიანი კანონადა „მეზობლებს შორის წყლის მისხმა-მოსხმად” მონათლა და რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტს სიმშვიდისა და მოთმინებისაკენ მოუწოდა, მაგრამ სიმშვიდისა და მოთმინების შენარჩუნება ვერც დაზარალებულებმა და ვერც ადამიანის უფლებათა რეალურმა დამცველებმა ვერ მოახერხეს. მათ პრინციპული პოზიცია დაიჭირეს, რამაც გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია გარკვეული ზომების მიღების აუცილებლობის წინაშე დააყენა. ო. მდივნიშვილი იმა წლის 27 სექტემბერს თანამდებობიდან გაათავისუფლეს და საქმის გამოძიების პროცესი დაიწყეს. ბრალდებულმა ყველასათვის მოულოდნელად პრესის მეშვეობით ამ შინაარსის განცხადება გააკეთა: ვარ უსამართლო დევნის მსხვერპლი; მდევნიან რადიო „თავისუფლება“ და იეღოვას მოწმეები, რომლებსაც მხარი გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამაც დაუაირა და, თუ ჩემი უფლებები დაცული არ იქნება, თავს გენერალური პროკურატურის რკინის მოაჯირზე მივიბამ და მივეჯაჭვებიო („ახალი თაობა“, 2000, 20. 11, №320: „უპრეცენდენტო შემთხვევა პროკურატურის ისტორიაში“ - „პროკურორი გენპროკურატურის მესერზე თავის მიბმას აპირებს“).

აღნიშნულმა მუქარამ, ჩანს, მიზანს მიაღწია. ძიება ნელი ტემპით წარიმართა, არადა, გამოსაძიებელი და გასარკვევი, თითქოს, ბევრი არაფერი უნდა ყოფილიყო. დანაშაულში ეჭვმიტანილმა პროკურორმა გამოძიებას ასეთი ვერსია შესთავაზა: სახლში მისვლისას კართან ორი უცნობი დამხვდა, რომლებიც ბინაში შესვლას ლამობდნენ. რადგან სხვა გამოსავალი არ მქონდა, ამოვიღე ტაბელური იარაღი და ჩემდაუნებურად რამდენიმეჯერ შესაშინებლად გავისროლე; ტყვიები მეზობლის კარს შემთხვევით მოხვდაო. ეს ჩვენება პროკურორის კოლეგებმა ადვილად ირწმუნეს და ის გეზი აიღეს, რომელიც დაზარალებულ მხარესთან ეჭვმიტანილის შერიგებას ისახავდა მიზნად. ამ ცდამ სასურველი ნაყოფი ვერ გამოიღო. დაზარალებულებმა ორი წელიწადი იბრძოლეს, სანამ საქმის სასამართლომდე მიყვანას შეძლებდნენ. მაგრამ პროცესის ჩატარებას საშველი მაინც არ დაადგა. სხდომებზე ხან ბრალდებულის ადვოკატი არ ცხადდებოდა, ხან - პროკურორი, ხანაც - მოსამართლე. იცვლებოდნენ გამომძიებლები, პროკურორები, მოსამართლეები, ექსპერტები, რის გამოც საქმის შესწავლა თავიდან იწყებოდა. დაზარალებულებს და მოწმეებს ხელახლა იბარებდნენ და ხელახლა იწყებდნენ დაკითხვებს. ეს მათთვის ნამდვილი წამება იყო, რასაც ბოლო არ უჩანდა. მოსამართლე მ. ხარებავამ პროცესის არნახულად გაჭიანურების მიზეზი ასე ახსნა: „ეს საქმე არაორდინალურია. თბილისში ვერ მოიძებნა პროკურორი, რომელიც პროკურორის წინააღმდეგ გამოვა პროცესზე. ამიტომ ბრალმდებლად დაინიშნა აფხაზეთის პროკურორი...”

2002 წელს საოლქო სასამართლოში პროცესი სხვადასხვა საბაბით ხუთჯერ გადაიდო, ბოლოს კი უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას გადაეგზავნა, რომელმაც რაღაც მოტივით კვლავ საოლქოს დაუბრუნა.

ასე რომ, 2000 წლის 20 სექტემბერს აღძრულმა საქმემ ჩვენს საანგარიშო პერიოდამდე, 2003 წლის პირველ კვარტლამდე, მოაღწია. პროცესი 17 იანვრისათვის დაინიშნა (გრ. რობაქიძის 7ა). წერილში, რომელიც დაზარალებულმა მხარემ ჩვენს რედაქციას მოაწოდა, ვკითხულობთ: „...სასამართლო გადაიდო 2003 წლის 20 იანვრისათვის (პროკურორი ვერ მოვიდა); შემდეგ ისევ გადაიდო 27 იანვრისათვის (ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ საქმეს არ არის გაცნობილი და გასაცნობად მოითხოვა 5 დღე). შემდეგ ისევ გადაიდო 10 თებერვლისთვის (დახურული სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა და ჩვენი პროცესის ჩატარება ვეღარ მოესწრო) ...სასამართლო გადაიდო 14 თებერვლისათვის. 14 თებერვალს სასამართლო არ ჩატარდა (წინა პროცესთან დაკავშირებით მოსამართლეები სათათბიროდ არიან გასულებიო). სასამართლო გადაიდო 24 თებერვლისათვის. შემდეგ გადაიდო 7 მარტისათის (ერთ-ერთი მოსამართლე ავად გახდაო). გადაიდო 14 მარტისათვის (კოლეგა სხვა საქმითაა დაკავებულიო). გადაიდო 28 მარტისათვის (კოლეგა დაკავებული იყო წინა პროცესით. ჩვენი პროცესი არ მოესწრო). 28 მარტს სასამართლო შედგა. ო. მდივნიშვილის ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა - ზ. ნადირაძის ჩვენებები ...თურმე ჩამორთმეული იყო პროცესუალური დარღვევით. საქმე გაგზავნეს ექსპერტიზაზე და განხილვა ისევ გადაიდო გაურკვეველი ვადით”.

ამდენად, 2000 წელს ხულიგნობის კვალიფიკაციით აღძრული საქმე ჯერაც განუხილველია. ზემოხსენებული წერილი ასე მთავრდება: „ეს პროცესი არ არის მარტო ჩვენი, დაზარალებულების, და ჩვენი გულშემატკივრების სატკივარი და თავსატეხი. ო. მდივნიშვილმა არა მარტო ჩვენ 7 დაზარალებულს მოგვაყენა შეურაცხყოფა, შელახა ჩვენი პატივი და ღირსება, მოგვაყენა სულიერი ტკივილი და ჩაიდინა ჩვენი საკუთრებისა და სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, არამედ, მისი შემდგომი მოქმედებით ... შევიდეს პარლამენტში და მოიპოვოს იმუნიტეტი... [იგი] ძირს უთხრის საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ასეთი ქმედებები უტეხავს სახელს სამართალდამცავ სტრუქტურებს ...ეს არის არა მარტო ჩვენი, არამედ ერის ტრაგედია და ამიტომაც შევაწუხებთ სხვადასხვა ინსტანციას. ასე გავაგრძელებთ, ვიდრე არ ვიგრძნობთ, რომ დამნაშავე დაისადა”.

4 ჯარისკაცთა უფლებები

▲ზევით დაბრუნება


  • ჯარისკაცის მკვლელობა

2003 წლის 3 თებერვალს ახალციხეში განლაგებული 22-ე სამხედრო ბრიგადიდან 11 ჯარისკაცი გაიქცა. მათ ახალციხის სამხედრო კომენდანტმა, მაიორმა შალვა გოგოლაძემ, ამავე რაიონის სოფელ წნისში ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგად რიგითი გიორგი გაგოშვილი გარდაიცვალა.

ჯარისკაცები აცხადებენ, რომ ისინი სამხედრო ნაწილიდან აუტანელი პირობების გამო გაიქცნენ. მათი თქმით, ახალციხეში განლაგებნულ 22-ე სამხედრო ბრიგადაში ცხოვრების ელემენტარული პირობები არ არსებობს, ჯარისკაცებს ოფიცრები აიძულებენ შესასრულონ სხვადასხვა სამუშაოები, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

აღსანიშნავია, რომ ჯარისკაცების გაქცევა ახალციხის სამხედრო ნაწილიდან იშვიათობას არ წარმოადგენს, მაგრამ ძირითადად აღნიშნული საქმეები გაუხმაურებლად გვარდება (ხდება მორიგება მშობლებსა და სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობას შორის და, როგორც იტყვიან, ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს). აღსანიშნავია, რომ ჯარისკაცების გაქცევა ახალციხის სამხედრო ნაწილიდან იშვიათობას არ წარმოადგენს, მაგრამ ძირითადად აღნიშნული საქმეები გაუხმაურებლად გვარდება (ხდება მორიგება მშობლებსა და სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობას შორის და, როგორც იტყვიან, ქრთამი ჯოჯობეთს ანათებს).

ალბათ აღნიშნული ფაქტიც არ გახმაურდებოდა, რომ არა ახალციხის კომენდანტის ტყვია, რომელმაც ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა.

5 აღმსარებლობის თავისუფლება

▲ზევით დაბრუნება


  • კათოლიკური ეკლესია სასამარლო ხელისუფლების წინააღმდეგ

9 იანვარს ქუთაისის არასამთავრობო ორგანიზაციათა სახლში თავისუფლების ინსტიტუტის რეგინული ოფისის ინიციატივით მოეწყო პრესკონფერენცია თემაზე: კათოლიკური ეკლესია სასამარლო ხელისუფლების წინააღმდეგ. პრეკონფერენციას ესწრებოდნენ დასავლეთ საქართველოს ეპისკოპოლური ვიკარი გაბრიელ ბრაგანტინი, ქუთაისის კათოლიკური საკრებულოს წევრი ლევან ბეგიშვილი, ადვოკატი, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კათოლიკური მხარის ადვოკატმა თბილისის საოლქო და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების მიერ საპროცესო ნორმების უხეშ დარღვევებზე ისაუბრა. ტელეკომპანია „რიონის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ლია გვენეტაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციულ გამოხდომებს, რამაც პრესკონფერენციაზე დაძაბული გარემო შექმნა და შეხვედრის ნორმალურად წარმართვას ხელი შეუშალა. კერძოდ, ლ. გვენეტაძემ განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნისთვის მომაკვდინებელია და ისინი „გაყრილნი“ უნდა იყვნენ საქართველოდან. მისი თქმით, კათოლიკეები წარმოადგენენ სექტანტებს და, ამდენად, მათი საქველმოქმედო ღონისძიებები ჩვენი სამშობლოსათვის საშიშია.

თავისუფლების ინსტიტუტის ქუთაისის რეგიონალურმა კოორდინატორმა ინტერვიუ მისცა რადიო „ძველი ქალაქის” ჟურნალისტს ნინო გერზმავას და აღნიშნა, რომ კათოლიკური ეკლესიის მიმართ ხელისუფლება არღვევს სამათლიანობის ნორმებს და, პირველ რიგში, საკუთრების უფლებას; თუკი სახელმწიფო მართლმადიდებელ ეკლესიას, კონკორდატის თანახმად, წინა საუკუნეებში ჩამორთმეულ ქონებას უბრუნებს, ამავე სახელმწიფომ ანალოგიური რამ სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიმართაც უნდა მოიმოქმედოს. ლ. გვენეტაძემ მოამზადა და იმავე დღეს ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით გაუშვა სიუჟეტი, რომელიც, თავისუფლების ინსტიტუტის თანამშრომელთა შეფასებით, სხვა არაფერია, თუ არა რელიგიური შუღლის გაღვივების მცდელობა.

  • ფინანსთა მინისტრი კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ

6 თებერვალს კათოლიკური ეკლესიის დასავლეთ საქათველოს ეპისკოპალურმა ვიკარმა გაბრიელ ბრაგანტინმა ქუთაისში თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონალურ კოორდინატორს მიმართა და პრესკონფერენციის მოწყობაში დახმარება სთხოვა, რათა ფინანსთა მინისტრის, მირიან გოგიაშვილის, ოფიციალური წერილი საყოველთაო მსჯელობის საგანი გახადეს.

მინისტრი სთხოვს კათოლიკური საქველმოქმელდო ფონდის „კარიტასის“ ხელმძღვანელობას, რომ შეაჩერონ ჰუმანიტარული ტვირთის იმპორტი საქათველოში. წერილში აღნიშნულია, განუბაჟებელი პროდუქციის ბაზარზე მოხვედრა იწვევს ფასების დისბალანსს და ხელს უშლის ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციას. არის მინიშნება, თითქოსდა „კარიტასის“ იმპორტირებული საქონელი მიზნობრივი მოხმარების მაგივრად ბაზარზე ხვდება. ამოტომ საჭიროა ბეგარის გადახდა.

გაბრიელ ბრაგანტინი თვლის, რომ მინისტრის პოზიცია კათოლიკურ ეკლესიას დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აყენებს და ხელს უშლის მას, რომ თავისი სარწმუნოებრივ-ჰუმანიტარული ამოცანები განახორციელოს. მიმდინარეობს მზადება პრესკონფერენციისათვის.

  • ოზურგეთში აღმსარებლობის გამო დევნა გრძელდება

„მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოში“ მიმდევრები ოზურგეთის რაიონშიც ჰყავს. მათი რიცხვი, ამავე ეკლესიის წარმომადგენელთა თქმით, დღეს 50-მდე აღწევს. აღნიშნულ ეკლესიას საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიასთან ევქარისტიული (ლოცვითი) კავშირი არა აქვს (მისი დამფუძნებლები კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესა და უწმინდეს სინოდს 1997 წელს განუდგნენ). ფართო საზოგადოებრიობისათვის და, კერძოდ, ჩვენი მკითხველებისათვის (იხ. გასული წლის ანგარიშები) ცნობილია იმ რბევა-აწიოკების შესახებ, რაც დასახელებულმა თემმა გასული წლის 24 სექტემბერსა და 6 ოქტომბერს განიცადა სოფ. შემოქმედში (ოზურგეთის რაიონი). აგრესიულად განწყობილი მოსახლეობა, საპატრიარქოსა და ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლების მოწოდებათა თანახმად, სოფლის ცენტრში შეიკრიბა. მათ არასასურველი ორიენტაციის მორწმუნეებს ჯერ (24 სექტემბერს) ქვები დაუშინეს, შემდეგ (6 ოქტომბერს) კი დაანგრიეს ეკლესია, რომელსაც ამ ეკლესიის სამრევლო ერთ-ერთი მორწმუნის ეზოში აშენებდა. ყოველივე ეს სამართალდამცავი სტრუქტურების თვალწინ ხდებოდა.

ინციდენტს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ დიდი რეზონანსი მოჰყვა. საქმეში მასმედია და არასამთავრობო სამართალდაცვითი დაწესებულებები ჩაერთვნენ. საქართველოს სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა ოზურგეთის რაიონის პროკურორს ი. დოლიძეს ოფიციალური წერილი გაუგზავნა და სთხოვა, კონტროლზე აეყვანა აღნიშნული საქმე, სასწრაფოდ მიეღო ზომები მოქალაქეთა ჯგუფის შელახული უფლებების აღდგენისათვის. ეუთო-ს ადამიანთა უფლებების დაცვის ოფიცერმა ირის მუტმა ანალოგიური მიმართვა (მძაფრი შინაარსის) საქართველოს გენერალურ პროკურორსაც გაუგზავნა.

ხსენებულ მიმართვებს შედეგად ჯერჯერობით მხოლოდ ის მოეყვა, რომ 2003 წლის იანვარში ოზურგეთის რაიონის პროკურატურამ ამგვარი შინაარსის განცხადება გააკეთა: შეუძლებელია, გაირკვეს, თუ ვინ არიან 2002 წლის 24 სექტემბრის (ქვების დაშენის) და 6 ოქტომბრის (შენობის დანგრევის) ორგანიზატორები და შემსრულებლები.

დასახელებული აღმსარებლობის მიმდევრების შეურაცხყოფა გრძელდება. მძიმე დღეში არიან, აგრეთვე, მოწაფეები. რამდენიმე მშიბელი იძულებული გახდა, რომ შვილები სკოლიდან გამოეყვანა (იხ. აქვე, მოწაფეთა უფლებები).

  • . მკალავიშვილის აგრესია პოლიციის მხარდაჭერით

24 იანვარს, რომელიც მსოფლიოს ქრისტიანთა ერთიანობის დღედაა გამოცხადებული, თბილისში, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ცენტრალურ სამლოცველო სახლში (კედიას ქ. 6), ეკუმენური ლოცვა დაინიშნა. ამ ფორუმში მონაწილეობა უნდა მიეღოთ კათოლიკეთა, ლუთერანთა, სომეხ-გრიგორიანთა და ბაპტისტთა ეკლესიების წარმომადგენლებს, აგრეთვე იმ მართლმადიდებელ სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს, რომლებიც ეკუმენურ მოძრაობაში ინდივიდუალურად მონაწილეობენ.

როდესაც ფორუმის მონაწილეებმა და სტუმრებმა (ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ფენისა და ინსტანციის, მათ შორის - დედაქალაქში აკრედიტებული დიპლომატიური კურპუსის წარმომადგენლებმა) შეკრება დაიწყეს, აღნიშნულ სახლს აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების ჯგუფი მოადგა. მათ პროტოპრესვიტერი ბასილ მკალავიშვილი ხელმძღვანელობდა. დაუპატიჟებელმა სტუმრებმა მლოცველებსა და მათ თანამდგომ პირებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შეიარნენ შენობაში და დაარბიეს იგი, დაფხრიწეს რელიგიური ლიტერატურა და დაიწყეს სათავსოების შემოწმება, არის თუ არა აქ რაიმე ანტიმართლმადიდებლურიო. პოლიცია, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორებმა რამდენიმე დღის წინათ გააფრთხილეს, დაგვიანებით მოვიდა, მაგრამ არც მაშინ იღონა რამე, რომ თავდამსხმელთა ქმედებანი აელაგმა და აქტივისტები დაეკავებინა. მეტიც, სამართალდამცავები მკალავიშვილსა და მის ხალხს დაუბრკოლებლად გადაადგილების საშუალებას აძლევდნენ, მაშინ როდესაც მასპინძლებს ამ უფლებას უზღუდავდნენ. პარლამენტარი მიხეილ ნანეიშვილი ამბობს: „გამომწვევ დამოკიდებულებას ვხედავდი პოლიციის თანამშრომლებისაგან, რომლებიც უხეშობდნენ სალოცავად მოსული საზოგადოების მიმართ და აშინებდნენ შემდეგი სიტყვებით: დაგვემორჩილეთ, თუ არა წაგიყვანთ სადაც საჭიროა! საერთი შთაბეჭდილება იყო ისეთი, რომ პოლიცია თანაუგრძნობდა და ხელს უწყობდა დამრბევებს“. პოლიციელთა, განსაკუთრებით, სალაძისა და მიქაბერიძის პოზიციას ფორუმის სხვა მონაწილეებიც ანალოგიურ შეფასებას აძლევენ. ვინაიდან ვითარების განმუხტვა ვერ მოხერხდა და არც პოლიციელები იძლეოდნენ იმედს, ორგანიზატორებმა დათმობაზე წასვლა არჩიეს და ღონისძიება გადადეს.

აღნიშნულ ინციდენტს საინფორმაციო საშუალებები როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ ვრცლად გამოეხმაურნენ. არამართლმადიდებლების არც ერთ დარბევას ასეთი მასშტაბური რეზონანსი არ მოჰყოლია. პარლამენტის ვიცესპიკერმა და ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატების“ წევრმა გიგი წერეთელმა გამოთქვა ვარაუდი, რომ მკალავიშვილს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან აქვს კავშირი და იგი მათ მიერაა მართული. მისი აზრით ეს ფაქტი მძიმე ტვირთად დააწვება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და ბევრი სასიკეთო პროგრამის განხორციელებაში შეგვიშლის ხელს. ინციდენტი საქართველოს საპატრიარქომაც დაგმო და რელიგიის შესახებ კანონის სასწრაფოდ მიღება მოითხოვა.

ფორუმის მონაწილე ეკლესიების წარმომადგენლებმა ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძესაც გაუგზავნეს და აუდენცია სთხოვეს. ქვეყნის პირველმა პირმა ეს თხოვნა დააკმაყოფილა, შეხვდა და თანაგრძნობა გამოუცხადა მათ, თანაც აღუთქვა, რომ მორიგ ფორუმს ის პირადად ეწვევა. მან პირად კონტროლზე აიყვანა ეს საქმე და 28 იანვარს კ. ნარჩემაშვილსა და ნ. გაბრიჩიძეს უბრძანა: „სასწრაფოდ გამოძიებულ იქნეს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის კათედრალურ ტაძარში მომხდარი ინციდენტი. უზრუნველყავით დამნაშავე პირების გამოვლენა და დასჯა. მომახსენეთ პირადად ერთი კვირის ვადაში”.

რა მოახსენეს პრეზიდენტს ხსენებულმა მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა „ერთი კვირის ვადაში“, საზოგადოებისათვის ცნობილი არ არის.

ცნობილია მხოლოდ, რომ პრეზიდენტმა ამ შემთხვევაში სიტყვა არ გატეხა.

მორიგი ეკუმენური ლოცვა იმავე დენომონაციის ეკლესიაში 14 მარტს შედგა. ღონისძიებას თითქმის ყველა ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი და საქართველოს მაღალჩინოსნები დაესწრნენ. ბრძანდებოდა პრეზიდენტიც. ბ. მკალავიშვილი არ გამოჩენილა, თუმცა, ჩანს, იგი საქმის კურსში იყო და საკმაოდ გაღიზიანებული, რაც იმაშიც გამოიხატა, რომ მან პრეზიდენტს სადაროდ (ტელეეთერში) ბაპტისტი უწოდა და მისი მისამართით რისხვა-მუქარის გამოხატვას არ მორიდებია.

6 სიტყვისა და პრესის თავისუფლება

▲ზევით დაბრუნება


  • მოსახლეობა და სასამართლო თავისუფალი რადიოსადგურის წინააღმდეგ

23 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე დურმიშხან ჟორჟოლიანი) გამოიტანა განჩინება რადიო „ძველი ქალაქის“ ანძის ანტენის ფუნქციონირების შეჩერების თაობაზე.

ეს რადიოსტუდია განთავსებულია პრესის სახლში, რუსთაველის ქ. №37ა-ში. განჩინების ჩაბარებისთანავე, 24 იანვარს, რადიომ მაუწყებლობა შეწყვიტა. სასამართლომ განჩინება გამოიტანა რუსთაველის ქუჩის მაცხოვრებელთა, მაია ფესტვენიძისა და ნატო გიორხელიძის, სასარჩელო განცხადების საფუძველზე, ისინი ამბობენ, რომ რადიო „ძველი ქალაქის“ ანტენა მათ ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედებას ახდენს, მათ და სხვა მოქალაქეებს ამ მავნე ზემოქმედების გამო აწუხებთ თავბრუსხვევა, მაღალი წნევა, ნერვული მოშლილობა, სტკივათ თვალები. მოსარჩელეების აქტიური მხარდამჭერია ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელი გია დადუნაშვილი. ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლისას და ქუჩის აქციებზეც მან აღნიშნა, რომ „ძველ ქალაქს“ არ აქვს სანიტარული წიგნაკი და არქიტექტურის ნებართვა ანტენის პრესის სახლზე განთავსების შესახებ.

რეალური ვითარება ასეთია: რადიომ ლიცენზია 1995 წელს აიღო, 2001 წლის 1 თებერვალს ეს ლიცენზია მოდიფიცირდა. ნებართვა კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს სიხშირეთა განაწილებისა და ზედამხედველობის სამმართველომაც გასცა.

მოსახლეობამ, სანამ სასამართლოს მიმართავდა, პრესის სახლთან 2- ჯერ გამართა აქცია. რომ არა პოლიცია, შეიძლება მოსახლეობას დაერბია კიდეც რადიო. არსებობს ეჭვი, რომ რადიო „ძველი ქალაქის“ წინააღმდეგ კამპანია პროვოცირებულია პოლიტიკური და იდეოლოგიური მოტივებით. მოსახლეობა რადიოს იეღოველებისა და კათოლიკების რადიოდ მოიხსენიებს, რადგან მის ეთერში კათოლიკების შესახებ გადაცემები გადიოდა.

31 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ რადიოს მაუწყებლობა აღუდგინა. 14 თებერვალს თბილისიდან ჩასულმა სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ რადიოკომპანია სანიტარული ნორმების ფარგლებში მუშაობს და ჯანმრთელობისათვის საზიანო არ არის. ამის მიუხედავად, 28 მარტს, გვიან ღამით, მოსახლეობამ რადიოს სამაუწყებლო ანძა დალეწა. სისხლის სამართლის საქმე მეორე დღესვე აღიძრა (ამ ბარბაროსობაზე შედარებით ვრცლად იხ. ნ.ღარჭავას კორესპონდენცია ჟურნალში „თავისუფლება“, 2003, №4).

31 მარტს თავისუფლების ინსტიტუტში პრესკლუბის სესია გაიმართა. ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმდჯომარემ ვახტანგ აბაშიძემ განაცხადა, რომ „ძველ ქალაქს“ ლიცენზია წესების სრული დაცვით აქვს აღებული და არავითარი საფუძველი მაუწყებლობის შეჩერებისათვის არ არსებობს. ამის მიუხედავად, ადგილობრივი მთავრობისა და მერიის ინიციატივით ქუთაისის საკრებულოსთან შეიქმნა კომისია, რომელმაც დაასკვნა, რომ რადიო „ძველი ქალაქის“ ანტენა ჯანმრთელობისათვის მავნეა. შეხლა-შემოხლას ბოლო არ უჩანს.

  • აქცია თავისუფალი რადიოს არდასაერად

თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული კოორდინატორის ინიციატივით ქუთაისში, „ოქროს ჩარდახში“, მოეწყო რადიო „ძველი ქალაქის“ მხარდამჭერი აქცია. შეკრებაზე მოვიდნენ რადიოს თანამშრომლები, მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. რადიოს თანამშრომლებმა ქეთი ბერძენიშვლმა და ია იაშვილმა დამსწრეთ გააცვნეს ის პერიპეტიები, რაც მოსამართლის განჩინებას და მოსახლეობის საპროტესტო აქციებს შეებებოდა. უკვე უეჭველია ის გარემოება, რომ რადიოს ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის უკან კონკრეტული პირები დგანან და მოსახლეობა მათ მიერაა დაგეშილი; მიმდინარეობს ბრძოლა სხვა აღმსარებლობებისა და, ზოგადად, თავისუფალი აზროვნების წინააღმდეგ. ჟურნალისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამოითქვა მხარდაჭერა რადიოს მიმართ. თავისუფლების ინსტიტუტში ჩატარდა მრგვალი მაგიდა ამ საკითბთან დაკავშირებით.

  • სასამართლო თავისუფალი პრესის წინააღმდეგ

პრესაზე ზემოქმედება ჩვენი სასამართლოსათვის ერთ-ერთი იარაღი აღმოჩნდა სამართალდამცავ ორგანოებში სამართალდარღვევების მისაჩქმალად. მართლმსაჯულების განმახორციებელმა ორგანომ პირდაპირ დააფარა ხელი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილ არამართლზომიერ ქმედებას და განაცხადა, რომ ფარულ ჩანაწერებს, მასმედიის წარმომადგენლების მიერ შესრულებულთ, არავითარი ძალა არა აქვთ. სასამართლომ მტკიცებულებად არ მიიღო ის ჩანაწერები, რითაც „60 წუთის“ ჟურნალისტებმა სასამართლოს სისტემასა და პოლიციაში კორუფციის ფაქტები ამხილეს.

„60 წუთის“ რამდენიმე გადაცემაში აღბეჭდილი იყო ფაქტები, თბილისის პოლიციის მე-8 განყოფილების უფროსი შოთა ბარათაშვილი, სამძებროს უფროსი ბადრი გასოევი და ქვეგანყოფილების უფროსი გიორგი ქველაძე თუ როგორ აიძულებდნენ გელა შარაშენიძეს, რათა იგი მათ აგენტურულ საქმიანობაში ჩართულიყო. ზემოაღნიშნული პოლციიის თანამშრომლები მას შანტაჟის გზით აიძულებდნენ, ნარკოტიკი ჩაედო ვინმე მოქალაქისათვის. როგორც ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერებიდან გამოჩნდა, პოლიციის თანამშრომლებს დაგეგმილი ჰქონდათ, რომ გარკვეული პიროვნება, ნარკოტიკის ჩადების შემდეგ, აეყვანათ, ბოლო ნარკოტიკის „აღმოჩენის“ შემდეგ მისთვის ფული გამოეძალათ.

2001 წლის მაისში ეთერში გავიდა გადაცემა, რომელშიც მაყურებელმა შემდეგი იხილა: ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს უფროსმა, პოლკოვნოკმა კონსტანტინე ყურაშვილმა, ლაშა მეტრეველს მოქალაქისათვის ჩასადებად ნარკოტიკული ნივთიერებები გადასცა. ასევე, ფარული აუდიო ჩანაწერის მეშვეობით საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის თავმდდომარე აკაკი ჩხაიძე კორუფციულ დანაშაულში იქნა მხილებული. ანალოგიური ჩანაწერით გამოაშკარავდა გარდაბნის რაიონული მოსამართლის ალექსანდრე ჩხეიძეს მიერ ქრთამის აღების ფაქტი.

პროკურატურამ ეს ფარული ჩანაწერები მამხილებელ მასალად იმ მოტივით არ მიიღო, რომ ისინი „არასანქცირებული“ იყო. ამ არგუმენტს სასამართლოც დაეთანხმა. სამართალდამცავები თავიანთ მოსაზრებებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით ასაბუთებდნენ, სადაც აღნიშნულია, რომ ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, კინო და ფოტო გადაღება, ელექტრული თვალყურის დევნება დასაშვებია მხოლოდ მოსამართლის სანქციის შემდეგ.

ჩვენის მხრივ უნდა დავაზუსტოთ, რომ ეს ნორმები, იმავე კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების სპეციალური სამსახურების წარმომადგენლებზე და არა ჟურნალისტებზე. ამასთანავე: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი პუნქტში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საქმე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მოძიებული მასალების საფუძველზეც აღიძვრება.

აქვე შევნიშნავთ: მითითებული გადაცემის გაშვების შემდეგ გარდაბნის რაიონის მოსამართლე მოხსნილ იქნა დაკავებული თანამდებობიდან.

უზენაესმა სასამართლომ თავისი პოზიცია გამოხატა პრესსამსახურის ოფიციალურ განცხადებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს
პრესსამსახურის განცხადება გადაცემა
„60 წუთის“ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით

ბოლო პერიოდში სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ მიერ სასამართლო ხელისუფლების მიმართ დაიწყო ცილისწამებისა და დეზინფორმაციის ახალი კამპანია. მართლმსადულების მიმართ გამოთქმულმა დაუსაბუთებელმა, სისტემატურმა ბრალდებებმა აშკარა შანტაჟისა და სასამართლოებზე ზეწოლის ხასიათი მიიღო. სიტყვის თავისუფლების პრინციპს ამოფარებული ეს გადაცემა ცალკეულ პირების ამბიციებისა და მათი ინტერესების დაკმაყოფილების საშუალებად იქცა. უფრო მეტიც, გადაცემათა თითოეული სიუჟეტი, კომენტარი და ანალიზი მოკლებულია კვალიფიციურ, პროფესიულ და სამართლებრივ შეფასებას. საზოგადოებისათვის უცნობი „იურისტების“ მსჯელობა და სამართლებრივი მეტყველება დილეტანტობის დონესაც კი ვეღარ აკმაყოფილებს. ამასთან, ჩვენთვის ცნობილი ხდება გადაცემის ზოგიერთი ავტორისა თუ მათი ნათესავების კრიმინალური წარსული. ყოველივე ამის ფონზე, გასაგებია, ასეთი ადამიანების მონდომება, რომ მართლმსაჯულების მიერ მძიმე დანაშაულში მხილებული პირები საზოგადოებას უმწიკვლო პიროვნებებად წარმოუდგინონ და ამით საკუთარი კრიმინალური წარსულის რეაბილიტაცია შეძლონ. შეიძლება ითქვას, რომ „60 წუთის“ მეშვეობით კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებმა ბრძოლა დაიწყეს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ განცხადების საფუძველს იძლევა ის, რომ „60 წუთი“ მძიმე დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებულ პირებს: კერესელიძეს, ქობალიას, ბარბაქაძეს და სხვებს უდანაშაულო ადამიანებად წარმოაჩენს და ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. თუმცა გვსურს, დაბეჯითებით განვაცხადოთ, რომ საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მას ჰყავს ისეთი სასამართლო ხელისუფლება, რომელიც ამგვარი გადაცემების შიშით სამართალს არ გაამრუდებს. ვინაიდან სასამართლო ხელისუფლება მოკლებულია შესაძლებლობას, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერით მოქალაქეებს ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს, თავს ვალდებულად ვთვლით, საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ მართლმსაჯულებაზე ზემოქმედების განხორციელება და ამ გადაცემების მიზანი ყოველთვის უშედეგო მცდელობად დარჩება და აღიქმება კრიმინალური წარსულის მქონე პირების მიერ აგრესიის გამოვლენის ერთადერთ საშუალებად. გადაცემა „60 წუთის“ უკანასკნელი სიუჟეტის ლაიტმოტივი განსაკუთრებული ჟღერადობით წარმოთქმული ფრაზები გახდა, რომ თითქოს „უზენაესი სასამართლო „60 წუთს“ უპირისპირდება“. საჯაროდ ვაცხადებთ, რომ უზენაესი სასამართლო ახორციელებს მართლმსაჯულებას და არავითარ პოლიტიკურ თუ სხვა ამბიციურ დაპირისპირებებში არ მიიღებს მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, ამ გადაცემის ავტორებს არ მივცემთ საშუალებას, რომ ხელოვნური დაპირისპირების შექმნით თავიანთი არაკომპეტენტურობა უზენაესი სასამართლოს კვალიფიციურობას გაუტოლონ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე საზოგადოებას გვსურს ვაცნობოთ, რომ:

  • საქართველოს უზენაესი სასამართლო მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, გადაამოწმოს გადაცემა „60 წუთის“ სიუჟეტები. შეისწავლოს, ხომ არ შეიცავენ ისინი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ნიშნებს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

  • საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვისთვისაც რეალურად ღირებულია დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები, ვთხოვთ, მხარი დაუჭირონ სასამართლოს დამოუკიდებლობას, როგორც თითოეული ჩვენგანის, მთელი საზოგადოების უფლებათა დაცვის უმნიშვნელოვანეს გარანტს და არავის მისცენ საშუალება, მართლმსაჯულებისადმი უნდობლობის შექმნით საბოლოოდ გაანადგურონ თავისუფლებათა დაცვის ეს რეალური მონაპოვარი, რათა სახელმწიფო საბოლოოდ არ იქცეს ჭორებითა და ინტრიგებით მართულ ორგანიზმად.

  • მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოსამართლეს, კონკრეტული საქმის განხილვისას შეინარჩუნონ ობიექტურობა და მიუკერძოებლობა, ფარული კამერებისა და ცილისწამებათა შიშით არ მოექცნენ მავანთა ზეგავლენის ქვეშ და გადაწყვეტილებები მიიღონ მხოლოდ კანონის საფუძველზე. გარწმუნებთ, რომ უზენაესი სასამართლო იცავს თითოეული თქვენგანის იმიდსა და რეპუტაციას. მოსამართლეთა ზეწოლის განხორციელების არცერთი მცდელობა არ დარჩება რეაგირების გარეშე ისევე, როგორც ნებისმიერ საქმეზე მოსამართლის მიერ დაშვებული კანონდარღვევა.

21 თებერვალს „თავისუფლების ინსტიტუტში“ ჩატარდა პრეს-კლუბის სესია, რომელზეც მოწვეული იყვნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები - მერაბ ტურავა და ნინო გვენეტაძე. მათ კვლავ დააფიქსირეს მოსაზრება, რომ „60 წუთის“ მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერები უკანონოა და მტკიცებულებად ვერ მიიღება. ამ პოზიციას ეწინააღმდეგებიან ადამიანის უფლებათა დამცველები და ჟურნალისტები.

„თუ საჯარო მოხელე სახლში მირეკავს და ქრთამს მთხოვს, ეს საუბარი ხომ ჩემი პირადი ცბოვრების ნაწილია. მე მზად ვარ, სამართლის აღსრულების გამო პირადი ცხოვრება სადარო გავხადო, ანუ მე საკუთარი სურვილით ვიზღუდავ პირად ცხოვრებას... ფარული კამერა დანაშაულის ადგილას მსხვერპლს საკუთარი ნებით შეჰქონდა, ამდენად, ეს სამხილი უკანონო გზით მოპოვებულად არ უნდა ჩაითვალოს“- აცხადებს თავისუფლების ინსტიტუტიტის წევრი გიგა ბოკერია.

ამ ფაქტს საერთაშორისო საზოგადოებაც აქტიურად გამოეხმაურა. პრესის საერთშორისო ინსტიტუტის წერილში საქართველოს პრეზიდენტისადმი აღნიშნულია:

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტს, რომელიც წარმოადგენს ცნობილ ჟურნალისტთა, რედაქტორთა და მედიის აღმასრულებელთა საერთაშორისო გაერთიანებას, სურს გამოთქვას შეშფოთება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელიც მიმართულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „60 წუთის“ წინააღმდეგ და რომელიც, სასამართლო სისტემასა და პოლიციაში არსებული კორუფციის შესახებ მომზადებული გადაცემების გამო „60 წუთის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითბოვს.

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 10 მარტს სამთავრობო გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ გამოაქვეყნა უზენაესი სასამართლოს განცხადება და პროკურატურას „60 წუთის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისაკენ მოუწოდა. აღნიშნული განცხადება მოეყვა „60 წუთის“ 16 თებერვლის გადაცემას, სადაც ფარული კამერის საშუალებით ნაჩვენები იყო სახელმწიფო მოხელეების კორუფციული ქმედებები. ისინი სამსახურიდან დაითხოვეს და შემდეგ კვლავ დააბრუნეს თანამდებობებზე.

რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი „60 წუთის“ სითამამემ იმდენად გააღიზიანა, რომ მათ პროგრამის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. კერძოდ, კულტურის ყოფილმა მინისტრმა, ვალერი ასათიანმა, სასამართლოს მიმართა მას შემდეგ, რაც „60 წუთმა“ ის ბიზნეს-პარტნიორის მკვლელობაში დაადანაშაულა. დღეისათვის საქმეში, რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლო იხილავს, ბ-ნი ასათიანი ცილისწამების ბრალდებით გადაცემისათვის 4.6 მილიონ აშშ დოლარის დაკისრებას ითხოვს.

სასამართლოსა და პროკურატურის მხრიდან განსხვავებული პოლიტიკური მოტივაციის არსებობის გათვალისწინებით, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი შეშფოთებულია, რომ აღნიშნული ქმედება შესაძლოა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ თავისუფალი მედიის შევიწროვების კამპანიის ნაწილი იყოს. ინსტიტუტს შეშფოთების საფუძველს აძლევს ისიც, რომ სახელმწიფო მედია რეგულარულად აკრიტიკებს „რუსთავი 2“-ს და ტელეკომპანიას მუშაობა მუდმივი ზეწოლის და დაშინების პირობებში უხდება.

რაც შეებება სასამართლო ქმედებებს, ინსტიტუტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მხრიდან გამოძიების მიმდინარეობისათვის ამგვარი მიმართულების მიცემა აბსოლუტურად მიუღებელია. სასამართლო სისტემა დამყარებული უნდა იყოს გამოძიების რგოლიდან სრული დამოუკიდებლობის პრინციპზე. გამოძიების პროცესში სასამართლოს ასეთი სახით ჩარევა შესაძლო პოლიტიკურ მოტივაციაზე მიანიშნებს.

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი სთხოვს თქვენს აღმატებულებას, რათა გაერკვეს არსებულ მდგომარეობაში და არ დაუშვას საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და პროკურატურის ანტიკონსტიტუციური ქმედებები.

ინსტიტუტი ასევე სთხოვს თქვენს აღმატებულებას, დაადასტუროს კორუფციის ფაქტების გამოვლენაში პრესის უდიდესი როლი. ხოლო იმისათვის, რომ პრესამ საზოგადეობისათვის ეს უმნიშვნელოვანესი მისია შეასრულოს, მას მუშაობაში სრული ჩაურევლობის გარანტია უნდა ჰქონდეს. ინსტიტუტი მოუწოდებს თქვენს აღმატებულებას იმგვარი ხელსაყრელი გარემოს შექმნისაკენ, რომელიც ამ ფუნდამენტური უფლების განხორციელებას უზრუნველყოფს.“

ბრიტანულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „Article 19“-მა გამოხატა თავისი მწუხარება გადაცემა „60 წუთთან“ დაკავშირებით სასამართლოს მიერ გამოტანილი გადწყვეტილებების გამო.

„უპირველეს ყოვლისა, - ის ფაქტი, რომ უზენაესი სასამართლო ზეგავლენას ახდენს გენერალურ პროკურორზე, დაუშვებელია. ასეთი სახის ჩარევა სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების ნდობას ანგრევს და ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ სასამართლო სისტემა მიკერძოებულია.

„Article 19“ შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამოც, რომ ასეთი ტიპის გამოძიების ან გამოძიებით დამუქრების შედეგად ქართული მედია უარს იტყვის ჟურნალისტური გამოძიების წარმოებასა და სახელმწიფო ჩინოსნების დანაშაულში მხილებაზე.

დაბოლოს, „Article 19“ შეშფოთებულია იმით, რომ უზენაესი სასამართლო ცდილობს, რათა შეუზღუდოს საზოგადოებას უფლება, იცოდეს სიმართლე. ამ გზით ის ჟურნალისტების მიერ ფარულად გადაღების საშუალებით მხილებულ სახელმწიფო ჩინოსანთა უფლებებს იცავს. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა, რომელიც საზოგადოების ინტერესებს ემსახურება და დემოკრატიას უწყობს ხელს, არაკანონიერია. იგივეს ამბობს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციაც.

აქედან გამომდინარე, „Article 19“ მოუწოდებს თქვენს ბრწყინვალებას, მიიღოს შემდეგი ზომები:

მოსთხოვეთ სასამართლო სისტემას, პატივი სცეს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და ხელი შეუწყოს სიტყვის თავისუფლებასა და ინფორმაციის თავისუფალ გავრცელებას

ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ამ დაპირისპირებამ ჟურნალისტებს არ დაუკარგოს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი თემების გამოძიების სურვილი. მიიღეთ საჭირო ზომები იმისთვის, რომ უზენაესმა სასამართლომ ამის შემდეგ აღარასდროს სცადოს გენერალურ პროკურორზე ზეგავლენის მოხდენა“.

7 ბავშვთა უფლებები

▲ზევით დაბრუნება


  • მოსწავლის ცემა

თავისუფლების ინსტიტუტის ახალციხის რეგიონალურ ორგანიზაციას მოქალაქე მარინა კაპანაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ მისი შვილი, ნინო კაპანაძე, რომელიც ახალციხის მე-15 სკოლაში სწავლობს, მათემატიკის მასწავლებელმა, თემურ ხუციშვილმა, სცემა საშინაო დავალების არასწორი შესრულებისათვის.

ნინო კაპანაძეს დაუდგინდა ტვინის მსუბუქი შერყევა.

რეგიონალურმა ორგანიზაციამ ფაქტის გამოსაკვლევად რაიონულ პროკურატურას მიმართა. აგრეთვე სთხოვა რაიონის განათლების განყოფილების გამგეს: სანამ პროკურატურა გამოიძიებს საქმეს, არ დაუშვას, რომ აღნიშნულმა მასწავლებელმა იმავე კლასში გაკვეთილები ჩაატაროს, რათა მან მოსწავლეების დაშინება ან მათზე რაიმე ზეგავლენა არ მოახდინოს.

  • რელიგიური დაპირისპირება სკოლაში

გახმაურებულმა ექსცესებმა, რასაც გასულ წელს სოფ. შემოქმედში ჰქონდა ადგილი (იხ. აქვე, - „ოზურგეთში აღმსარებლობის გამო დევნა გრძელდება“), ვითარება საშოალო სკოლაშიც დაძაბა. მშობლებისა და მასწავლებლების დიდ ნაწილში გამჯდარია რწმენა, რომ ყველა, ვინც „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის“ წევრი არ არის და სხვა სარწმუნოებრივ ორგანიზაციას ეკუთვნის, ქართველი ერის მტერია, საუკეთესო შემთხვევაში, - არასრულფასოვანი ქართველი.

იმ ეკლესიის ეპისკოპალური ცენტრი, რომლის მრევლი ოზურგეთის რაიონში ამჟამად დევნისა და რბევის ობიექტია, არის ამერიკაში, ქ. ბოსტონში. ამის გამო ამ ეკლესიას საქართველოს საპატრიარქო „ბოსტონის დადგუფებას“ უწოდებს, მის მიმდევრებს - ბოსტონელებს, რაც მასის თვალში მათ დისკრედიტაციას აადვილებს და რიგით მოქალაქეებს, რომლებშიც პროპაგანდის მექანიზმი ეფექტურად მუშაობს, აგრესიისაკენ, მტრის ხატის ძიების, წარმოსახვისა და მათ მიმართ ლაშქრობისაკენ უბიძგებს. ლაშქრობაში კი, როგორც წესი, მოზარდები ხალისით ებმებიან.

სოფ. შემოქმედის საშუალო სკოლაში ე.წ. ბოსტონის დაჯგუფების წევრების - ზურაბ სანადირაძის, იმედ ერქომაიშვილის და როსტომ ტოროშელიძის შვილებიც სწავლობენ. მშობლები აცხადებენ და წერილობით ადასტურებენ, რომ ხსენებული ექსცესების შემდეგ მათ შვილებს მასწავლებლებიც და თანასკოლელებიც დასცინიან; უწოდებენ „საქართველოს მოღალატეებს“, სექტანტებს, სატანისტებს; აბუჩად იგდებენ და სცემენ კიდეც. დირექტორი და პედკოლექტივი მოწაფეთა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტს გულგრილად ხვდებიან და მის აღსაკვეთად ზომებს არ ღებულობენ. ამიტომ ხსენებული მშობლები იძულებული გახდნენ და შვილები (ოთხი ბავშვი) ამა წლის მარტში დასახელებული სკოლიდან გაიყვანეს. ისინი დღემდე სახლებში სხედან, რადგან სკოლაში მისვლას ვერ ბედავენ. მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ რაიონის განათლების განყოფილებაში მისვლას აზრი არა აქვს, ვინაიდან ატმოსფერო მძიმე და უიმედოა, - მოსახლეობის შესამჩნევ ნაწილში ფსიქოზია.

ჩვენის მხრივ დავსძენთ, რომ ამ მხრივ შემოქმედის სკოლა გამონაკლისი არაა. პედაგოგები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც „რელიგიების ისტორიასა და კულტურის“ ასწავლიან, სხვა აღმსარებლობის მიმდევარ მოსწავლეებს ხშირად უტაქტოდ ესაუბრებიან; გაკვეთილებს სხვა კონფესიების ლანძღვისა და ქილიკის ფონზე ატარებენ, რაც სხვადასხვა რწმენის ან სარწმუნოებრივი ტრადიციის გავლენის ქვეშ მყოფ მოზარდებს ერთმანეთთან დაპირისპირების საბაბს აძლევს და ანტაგონიზმს იწვევს. განათლების სამინისტრო, როგორც საქმით ჩანს, ვითარების სერიოზულობას ვერ აცნობიერებს.

8 სოციალური უფლებები

▲ზევით დაბრუნება


  • სარჩელი მიწების მიტაცებასთან დაკავშირებით

თავისუფლების ინსტიტუტის ახალციხის რეგიონალურ ორგანიზაციას სოფელ ნაოხრების (სომხური სოფელია ახალციხის რაიონში) მაცხოვრებლები ეწვიენ და განაცხადეს, რომ მათმა რამოდენიმე თანასოფლელმა საძოვრების იმ მონაკვეთზე, სადაც ბაქო-ჯეიხანის ნავთობსადენი გადის, უკანონოდ შემოღობა და დაისაკუთრა მიწის ნაკვეთები. ამის გამო ის თანხა, რომელიც სოფელს უნდა აეღო (კომპენსაცია), მხოლოდ რამოდენიმე მოქალაქეს (მიწების მიმტაცებლებს) დარჩება.

ნაოხრების მაცხოვრებლებმა ითხოვეს დახმარება და აღნიშნული პრობლემის მოგვარება. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გადაწყვეტილი აქვთ საქართველო-თურქეთის გზის გადაკეტვა.

თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული თანამშრომლების დახმარებით დაიწერა სარჩელი, რომელიც 14 მარტს ახალციხის რაიონულ სასამართლოში შევიდა. მიმდინარეობს საქმის მონიტორინგი

  • უსაფუძვლო პრეტენზიები სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე

თავისუფლების ინსტიტუტის ახალციხის რეგიონალურ ორგანიზაციას მოქალაქე ხაჩიკ მინასიანმა მიმართა და განაცხადა, რომ იგი 1991 წლიდან ამოწერილია საქართველოდან და ჩაწერილია რუსეთში. მიუხედავად ამისა, სააქართველოდან გამგზავრებისას მას სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე სთხოვენ ცნობას, რომ იგი არ არის საქართველოს მოქალაქე. ამ მიზეზით ბ. მინასიანი ორჯერ დააბრუნეს საქართველო-რუსეთის საზღვრიდან. ერთადერთი მიზეზი ამ დაბრუნებისა იყო ის, რომ მინასიანს აქვს საბჭოთა პასპორტი, აღებული ახალციხეში.