The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

თავისუფლება № 6 (18), ივნისი, 2003


თავისუფლება № 6 (18), ივნისი, 2003


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ზურაბიშვილი დავით , ტორო ჰენრი დევიდ, ცინცაძე კალისტრატე (კათალიკოს-პატრიარქი)
თემატური კატალოგი თავისუფლება
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი
თარიღი: 2003
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: რედკოლეგია: დავით ზურაბიშვილი გიგა ბოკერია ლევან რამიშვილი თამარ კინწურაშვილი მაია ოქრუაშვილი სოზარ სუბარი დიზაინი: ბესიკ დანელია გარეკანზე: გუგა კოტეტიშვილის ნამუშევარი ყველა უფლება დაცულია



1 კანონი და სამართლიანობა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

დავით ზურაბიშვილი

წინამდებარე ესსეს პათოსი, ერთი შეხედვით, ძალიან უცნაურია და იმავდროულად, ძალიან ნიშანდობლივი. უცნაური იმდენად, რამდენადაც ესსეს ავტორი არის XIX საუკუნის ამერიკული ფილოსოფიის კლასიკოსი ჰენრი დევიდ ტორო (1817-1862), რალფ უოლდო ემერსონთან (1803-1882) ერთად, ე. წ. ტრანსცენდენტალიზმის სკოლის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, მწერალი და ნატურალისტი. ადამიანი, რომლის სახელიც ასოცირდება თვით ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიასთან და ამ ქვეყანაში აღიარებულ ფუნდამენტურ ღირებულებებთან. ასეთი რეგალიების მქონე პერსონა ქართველ მკითხველში უკვე თავისთავად იდენტიფიცირებულია არა მარტო თავისუფლების იდეალის, არამედ მტკიცე სახელმწიფოებრიობის, სამართლებრივი კულტურისა და კანონის უზენაესობის პრინციპებთან. არადა, მთელი ესსე ისეთი მეამბოხე სულისკვეთებითაა გამსჭვალული სწორედ ამ პრინციპების მიმართ, რომ ყველაზე რადიკალ ანარქისტსაც შეშურდება.

მეორეს მხრივ, ის, რასაც ჰენრი ტორო საუკუნენახევრის წინ ქადაგებდა, დღევანდელ საქართველოში, ალბათ, უცილობლად შეირაცხებოდა ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ მოწოდებად, რომელიც გამიზნულადაა მიმართული ვითარების დესტაბილიზაციისკენ.

,,არ დაიცვათ ის კანონები, რომლებიც ხალხის ინტერესებს არ პასუხობს.

,,არ გადაიხადოთ გადასახადი იმ მთავრობის სასარგებლოდ, რომელიც მონობას აკანონებს.

,,უღირსი მთავრობის დროს ღირსეული ადამიანის ადგილი ციხეშია.

ხომ წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდება, რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი ამგვარი განცხადებებით რომ გამოვიდეს. მას არა მარტო ხელისუფლება გაამტყუნებს, არამედ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც.

ნიშანდობლივიც სწორედ ეს არის. დღეს ამერიკის სახელმწიფო და ამერიკული საზოგადოება იმიტომაცაა ძლიერი, რომ ასორმოცდაათი წლის წინ ამ ქვეყანას ასეთი მოაზროვნე ავტორიტეტები ჰყავდა, ავტორიტეტები, რომლებიც ყველაზე მაღლა პიროვნების თავისუფლებას აყენებდნენ. საერთოდ, ტოროს და ემერსონს პიროვნების თვითსრულყოფისა უფრო სჯეროდათ, ვიდრე სოციალური რეფორმისა. ,,დაბრუნებულ სამოთხეში“ (1843) ტორო წერს ,,ცალკეულ ადამიანზე, როგორც უმთავრეს ფენომენზე“, რომელმაც ,,ჯერ მარტომ უნდა მიაღწიოს წარმატებას, რათა შემდგომ ყველამ ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება.“ ტრანსცენდენტალისტები მიიჩნევდნენ, რომ პრინციპულად შეუძლებელია რომელიმე საკითხის საბოლოოდ გადაჭრა, რადგან ეს უსასრულო პროცესია. ამდენად, ერთი ადამიანი, რომელიც უარს იტყვის უსამართლო ხელისუფლების მხარდაჭერაზე, სათავეს უდებს ასეთ ქმედებათა უსასრულო ჯაჭვს.

ვერ ვიტყვით, რომ ტოროს ოცნება ასრულდა, მაგრამ ამ განწირულის სულისკვეთებას უკვალოდ ნამდვილად არ ჩაუვლია. ტრანსცენდენტალისტების ნააზრევის ზეგავლენით მოხდა მონობის გაუქმება აბრაამ ლინკოლნის მიერ და ამერიკის შეერთებული შტატების

სახელმწიფოებრიობის განვითარება მზარდი ლიბერალიზაციისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის მიმართულებით, აშკარაა მათივე ზეგავლენა მაჰათმა განდისა და მარტინ ლუთერ კინგის მოღვაწეობაზე.

ჩვენს სინამდვილესთან მიმართებაში კი მსოფლიო კლასიკური მემკვიდრეობის ამ ნიმუშის გაცნობა კიდევ ერთხელ გვახსენებს ერთ ტრივიალურ ჭეშმარიტებას - ის, ვინც დაუნდობლად აკრიტიკებს სახელმწიფოს პიროვნების თავისუფლების პოზიციიდან, საბოლოო ჯამში უფრო მეტს აკეთებს იგივე სახელმწიფოსთვის, ვიდრე ის, ვინც (არა აქვს მნიშვნელობა გულწრფელად თუ ანგარებით) დესტაბილიზაციის ფანტომის გამო მუდამ მზადაა ,,აცალოს მუშაობა” სახელმწიფო მოხელეებს. ასეთი ადამიანები, რა თქმა უნდა, არც ერთ ხელისუფლებას არ ეხატება გულზე, მაგრამ სწორედ ისინი ჰქმნიან სამოქალაქო საზოგადოებას. ეს კი ანგარიშვალდებული მთავრობის და აქედან გამომდინარე, ხალხის ინტერესებზე დაფუძნებული სახელმწიფოებრიობის აუცილებელი პირობაა. აკი ჯერ კიდევ სახარებაში ითქვა, რომ ხშირად მშენებლების მიერ უარყოფილი ლოდი ხდება ხოლმე აღმშენებლობის ქვაკუთხედი.

წარმოდგენილ ესსეს საფუძვლად დაედო ტოროს ლექცია ,,პიროვნებისა და სახელმწიფოს ურთიერთობა“, რომელიც მან 1848 წლის 26 იანვარს წაიკითხა მისი მშობლიური ქალაქის, კონკორდის (მასაჩუსეტსის შტატი) ლიცეუმში. პირველად დაიბეჭდა 1849 წელს, ელიზაბეტ ფიბოდის პერიოდულ გამოცემაში.

2 სამოქალაქო მმართველობის წინააღმდეგ ანუ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ენრი დევიდ ტორო

მთელი ჩემი არსებით ვიზიარებ დევიზს:

,,ის მმართველი მართავს კარგად, ინც ყველაზე ნაკლებად მართავს;

იმასაც ვისურვებდი, რომ ეს პრინციპი უფრო მკაფიოდ და სისტემატურად ტარდებოდეს ცხოვრებაში, რადგან საბოლოოდ ასეთ დასკვნამდე მივალთ (რომელსაც ასევე დავეთანხმებოდი) -

,,ის მთავრობაა კარგი მთავრობა, რომელიც სულაც არაფერს მართავს;

და როცა კი ხალხი მზად იქნება ამისთვის, ისინი სწორედ ასეთ მთავრობას მიიღებენ. მმართველობა, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ მიზანშეწონილობის პრინციპს უნდა ემყარებოდეს, მაგრამ ხშირად მთავრობათა უმრავლესობის ქმედება, მიზანშეუწონელია, ხოლო ხანდახან მიზანშეუწონელია უკლებლივ ყველა მთავრობის ქმედებაც. ის არგუმენტები, რაც რეგულარული არმიის წინააღმდეგ მოჰყავთ ხოლმე (საკმაოდ საფუძვლიანი და ყურადსაღები), საბოლოო ჯამში შეიძლება გამოყენებულ იქნას რეგულარული მთავრობის მიმართაც. თავისთავად მმართველობა, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ხალხის მიერ მისივე ნების განსახორციელებლად არჩეული წესი, შესაძლოა, ბოროტად იქნეს გამოყენებული ან ამოქმედდეს დამახინჯებული ფორმით მანამდეც, ვიდრე ხალხი მისით სარგებლობას დაიწყებდეს. ავიღოთ თუნდაც მიმდინარე ომი მექსიკაში,1 ის ხომ ადამიანთა შედარებით მცირე ჯგუფის მოღვაწეობის შედეგია, რომელიც რეგულარულ მმართველობას საკუთარ იარაღად იყენებს; ხალხი იმთავითვე არ დაეთანხმებოდა ამგვარ ქმედებას.

და განა რა არის ჩვენი ამერიკული მმართველობა, თუ არა მხოლოდ ტრადიცია? მართალია ახალი, მაგრამ მაინც ტრადიცია, რომელიც ცდილობს შთამომავლობას უცვლელად შემოუნახოს თავისი თავი და მაინც თანმიმდევრულად კარგავს საკუთარ იგივეობას. მას არ გააჩნია ცალკეული ადამიანისთვის დამახასიათებელი სიცოცხლისუნარიანობა და ენერგია, რადგან ერთ პიროვნებას ეუძლია, მთელი ტრადიცია თავის ნებას დაუმორჩილოს. ხალხისთვის იგი ხის ზარბაზანია, რომელიც ნაფოტებად იქცეოდა, თუკი ოდესმე შეეცდებოდნენ მის დანიშნულებისამებრ გამოყენებას.

მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მმართველობა არავის ჭირდება: ხალხს ყოველთვის ესაჭიროებოდა რაიმე რთული მექანიზმი, ხალხს ყოველთვის ამშვიდებდა მისი მუშაობის რიტმული გუგუნი, ხალხისთვის აუცილებელი იყო, ხორცშესხმული ეხილა თავისი იდეა მმართველობის შესახებ. იმავდროულად, მმართველობის სხვადასხვა ფორმა თვალნათლივ გვიჩვენებს, თუ რაოდენი წარმატებით შეიძლება ხალხის მოტყუება და მეტიც, თავისივე ინტერესებიდან გამომდინარე, როგორი წარმატებით იტყუებს ხალხი თავს. და მაინც, ამ მთავრობის მხრიდან რაიმე სასარგებლო წამოწყების მხარდაჭერა მხოლოდ იმით თუ გამოიხატებოდა, რომ დროულად ხვდებოდა, როდის უნდა ჩამოცლოდა გზიდან საზოგადოებას. ქვეყანა რომ თავისუფალია, ეს არაა მისი დამსახურება: ველური დასავლეთი მას არ აუთვისებია; საზოგადოების განათლებისთვის ის არაფერს აკეთებს; ყველაფერს, რაც კი აქამომდე შექმნილა, ამერიკელი ხალხის ბუნებას უნდა ვუმადლოდეთ; და ის უფრო მეტის გაკეთებასაც შეძლებდა, დროდადრო ისევ მთავრობა რომ არ უქმნიდეს დაბრკოლებებს, რადგან მმართველობა მხოლოდ ის ხერხია, რომლის გამოყენებითაც ხალხი დიდი სიამოვნებით გათავისუფლდებოდა იმავე მმართველობისგან. როგორც უკვე ითქვა, მმართველობა მით უფრო მოსახერხებელია, რაც უფრო თავისუფალია მისგან საზოგადოება. მართლაც, რეზინის ბურთივით რომ არ იყოს, განა მოახერხებდა ვაჭრობა და აღებ-მიცემობა იმ ბარიერებზე ხტუნვას, კანონმდებლები რომ უწყობენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე? ვინმეს რომ განესაჯა ეს მოღვაწენი მათი მოქმედების საბოლოო შედეგის მიხედვით - და არა მათი რამდენადმე კეთილი ზრახვების გათვალისწინებით - ისინი ისეთსავე სასჯელს დაიმსახურებდნენ, როგორსაც ის არამზადები, რკინიგზის რელსებს რომ აზიანებენ.

მიუხედავად ამისა, როგორც საღად მოაზროვნე მოქალაქე და არა მმართველობის იდეის ხელაღებით უარმყოფელი, მე მოვითხოვ მმართველობის არა ერთბაშად გაუქმებას, არამედ მის ერთბაშად გაუმჯობესებას. დაე, ყოველმა ადამიანმა გვითხრას, როგორი მთავრობა დაიმსახურებდა მის პატივისცემას - ეს ხომ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ამ გზაზე.

და მაინც, ნამდვილი მიზეზი იმისა, რომ უმრავლესობას საშუალება ეძლევა მშვიდად მართოს ქვეყანა, არის მისი ფიზიკური უპირატესობა და არა ის, რომ ის ყველაზე მეტად იმსახურებს ასეთ უფლებას, ან ამას სამართლიანად მიიჩნევს უმცირესობა. მმართველობა, რომელსაც ახორციელებს უმრავლესობა, ვერანაირად ვერ იქნება დაფუძნებული სამართლიანობაზე, თუნდაც ისეთზე, როგორც ეს ხალხს ესმის. განა არ შეიძლება არსებობდეს ისეთი მმართველობა, სადაც უმრავლესობა კი არ გადაწყვეტს, რა არის სწორი და რა - არასწორი, არამედ - სინდისი? სადაც უმრავლესობა მხოლოდ იმ საკითხებით იქნება დაკავებული, რომელთა მოგვარება მხოლოდ მიზანშეწონილობის პრინციპს შეიძლება დაეფუძნოს? შეიძლება თუ არა მოქალაქემ, თუნდაც ერთხელ, თავისი სინდისის გადასაწყვეტი საკითხის გარკვევა კანონმდებელს გადაულოცოს? მაშ, რაღად უნდა ადამიანს სინდისი? ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანები უნდა ვიყოთ, შემდეგ კი - მოქალაქენი. თუკი საქმე სამართლიანობას ეხება, არ ღირს კანონმორჩილება ჩავუნერგოთ ადამიანს. ერთადერთი ვალდებულება, რომლის აღების უფლებაც მაქვს, არის ვალდებულება ყოველთვის ვაკეთო ის, რაც სამართლიანად მიმაჩნია. არ ცდებიან, როცა ამბობენ, რომ საზოგადოებას არა აქვს სინდისი. მაგრამ შეგნებული ადამიანების საზოგადოებას აქვს ცნობიერება. კანონის მოქმედება ვერ აიძულებს ადამიანს, იყოს უფრო სამართლიანი; ამავე დროს, კანონმორჩილება დამიანთა შორის საუკეთესოებსაც კი უსამართლობის იარაღად აქცევს. სწორედ მეტისმეტი კანონმორჩილების ბუნებრივი შედეგია ჯარისკაცების, პოლკოვნიკების, კაპიტნების, კაპრალებისა და რიგითების მწყობრი კოლონები, რომლებსაც სად აღარ აგზავნიან საომრად ისე, რომ სულაც არ ადარდებთ მათი ნება, საღი აზრი თუ სინდისის ქენჯნა - სწორედ ეს კანონმორჩილება უჩქროლებს ამ ხალხს გულისცემას და მათ მარშირებას განსაკუთრებულ პათეტიკას სძენს. აზრადაც არ მოსდით, რომ რაღაც დაწყევლილ საქმეში ჩაითრიეს; ყველა ამ ადამიანს ხომ მშვიდობა სურს. მაინც რაღანი არიან ყველაფერ ამის შემდეგ ადამიანები, თუ არა ძლიერთა ამა ქვეყნისათა სამსახურში ჩამდგარი პატარა მოძრავი სიმაგრეები და ტყვია-წამლის საწყობები? ეწვიეთ საზღვაო ფლოტს და შეხედეთ რომელიმე მეზღვაურს - ადამიანს, რომელიც ამერიკის მთავრობამ შექმნა, უფრო სწორედ, იმას, რისი შექმნაც შესძლო მან თავისი შავი მაგიით - თქვენ დაინახავთ ადამიანის მხოლოდ აჩრდილს და მხოლოდ ადამიანის მსგავსს, საჩვენებლად გამოდგმულ ცოცხალ არსებას, უკვე, როგორც იტყვიან, დაკრძალულს სრული ამუნიციითა და სამგლოვიარო მუსიკის თანხლებით. თუმცა, შეიძლება ასეც ითქვას:

,,დოლის ბრაგუნი არ ისმოდა,

არც გლოვის ზარი,

მიწაყრილისკენ რომ მიგვქონდა

მისი ცხედარი;

გამოსათხოვრად სროლის

გრგვინვაც არ გაგვიგია

საფლავთან, სადაც განისვენებს

გმირი მხედარი.2

ამ სახელმწიფოს უამრავი ადამიანი ემსახურება არა როგორც ადამიანი, არამედ როგორც მანქანა... ემსახურება საკუთარი სხეულით. სწორედ ეს ხალხი მსახურობს რეგულარულ ჯარში, პოლიციაში, ციხის ზედამხედველებად თუ კომენდანტებად, მათგან აგროვებს შერიფი თავის მოლაშქრეებს და ა.შ. უმრავლეს შემთხვევაში ისინი ვერ მოქმედებენ ვერც

საღი აზრისა და ვერც საკუთარი სინდისის კარნახით; მათ საკუთარი თავი ხეს, მიწასა თუ ქვებს გაუთანაბრეს. ალბათ, შეიძლება გამოჩორკნონ ხის კაცები და ისინიც თავის სამსახურში ჩააყენონ. ისინი ნამდვილად არ იმსახურებენ თივის ფიტულზე ან ტალახის გუნდაზე მეტ პატივისცემას. მათ ისევე შეაფასებენ, როგორც ცხენებსა და ძაღლებს. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც კარგ მოქალაქეებად ითვლებიან. სხვები კი, კანონმდებლები, პოლიტიკოსები, იურისტები, მინისტრები, და სხვა თანამდებობის პირები სახელმწიფოს საკუთარი ,,თავებით“ ემსახურებიან; და რადგანაც ისინი იშვიათად თუ ხელმძღვანელობენ მორალური მოსაზრებებით, როგორც ჩანს, თავისდაუნებურად ისევე მსახურებენ ეშმაკს, როგორც ღმერთს. და მხოლოდ ერთეულები - გმირები, პატრიოტები, წამებულნი, რეფორმატორები ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით, ერთი სიტყვით, ადამიანები - ისე ემსახურებიან სახელმწიფოს, როგორც სინდისი კარნახობთ და ამდენად, უმეტეს შემთხვევაში, მასთანვე დაპირისპირება უწევთ. სახელმწიფოც, როგორც წესი, მათ თავის მტრებად აღიქვამს. კეთილგონიერი ადამიანი შეიძლება, სასარგებლო იყოს, როგორც მხოლოდ ადამიანი და ის არავის მისცემს უფლებას, გამოიყენონ როგორც თიხა, რათა

,,მისით ამოქოლონ ხვრელი,
ქარმა რომ არ შემოუბეროს,3

და თუ მაინცადამაინც, ამ მისიას მხოლოდ თავის მიწადქცეულ ნეშტს გადაულოცავს:

,,კეთილშობილი ჩემი გვარი არ
მაძლევს ნებას, ვინმეს ვემონო,
ანდა ვიცეკვო სხვების დაკრულზე,
დედამიწაზე ვერ იპოვით ისეთ
ქვეყანას,
ბრმა იარაღად რომ მაქციოს და
მიმსახუროს.4

ის, ვინც საკუთარ თავს მთლიანად თავის თანამოძმეებს უძღვნის, უსარგებლო ადამიანად და თავკერძად მიაჩნიათ; ის კი, ვინც ნაწილობრივ მიუძღვნის მათ თავის თავს, ქველმოქმედისა და ფილანტროპის სახელს იხვეჭს.

როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ადამიანს ამერიკის დღევანდელი მმართველობის მიმართ? ამ კითხვას ასე ვუპასუხებდი: სირცხვილს ვერ გადაურჩება ის, ვინც მასში მიიღებს მონაწილეობას. მაგალითად, მე ვერ ვაღიარებ ისეთ პოლიტიკურ ორგანიზაციას, როგორსაც ჩემი მთავრობა წარმოადგენს, ის ხომ იმავდროულად მონების მთავრობაცაა.

ყველა აღიარებს რევოლუციის შესაძლებლობას; ანუ იმ მთავრობის მიმართ არალოიალურობისა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევის უფლებას, რომლის ტირანიაცა და უუნარობაც უსაზღვრო და აუტანელია. მართალია, დღეს თითქმის ყველა აცხადებს, არც ასეა ახლა საქმეო, მაგრამ მათივე აზრით, 1775 წლის რევოლუციის5 დროს საქმე სწორედაც რომ ასე იყო. მაშინ ვინმეს რომ ეთქვა, მთავრობა ცუდია, რახან თავის პორტებში შესულ უცხოურ საქონელს ბეგრავსო, ამაზე ერთ ამბავს, ალბათ, არც ავტეხდი, რადგან ამ საქონლის გარეშეც გავძლებდი როგორმე. ნებისმიერ მექანიზმს აქვს ხახუნის რაღაც მაჩვენებელი; და შესაძლოა, ეს არც ისე ცუდი იყოს, რადგან როგორღაც აწონასწორებს ბოროტებას. ყოველ შემთხვევაში, ამაზე ალიაქოთის ატეხვა მართლაც დიდი ბოროტებაა. მაგრამ როცა ხახუნი თავად გადაიქცევა მექანიზმად, ჩაგვრა და ძარცვა კი ორგანიზებულ ფორმას იღებს, მაშინ სრული უფლება მექნება, განვაცხადო: მოდით, აღარ გვინდა ასეთი მექანიზმი! სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, როცა იმ ერის ერთი მეექვსედი, რომელსაც თავისუფლების დაცვის აღთქმა აქვს დადებული, მონობაში იტანჯება, ამ დროს კი მთელი ქვეყანა6 უცხო ჯარის მიერაა დაპყრობილი და სამხედრო კანონებით იმართება, ვფიქრობ, ეს სწორედ ის დროა, როცა პატიოსანი ადამიანები უბრალოდ მოვალენი არიან, დაუყოვნებლივ აჯანყდნენ და მთავრობის დამხობას შეეცადონ. ის გარემოება კი, რომ ეს დამპყრობი სწორედ ჩვენი ჯარია, უფლებას მაძლევს, უფრო თამამად ვისაუბრო ამგვარ მოვალეობაზე.

პელის,7 მორალის საკითხებში საყოველთაოდ აღიარებულ ავტორიტეტს, თავისი წიგნის ერთ-ერთ თავში ,,სამოქალაქო მთავრობის მიმართ მორჩილების მოვალეობა“, ყველა მოქალაქეობრივი ვალდებულება მიზანშეწონილობის ცნებამდე დაჰყავს. იგი იმასაც ამბობს, რომ ,,იმ დრომდე, ვიდრე ამას მოითხოვს მთელი საზოგადოების ინტერესი და ვიდრე ამბოხების გზით მთავრობის შეცვლა საზოგადოებისთვის უმტკივნეულოდ ვერ განხორციელდება, არსებული მთავრობის მიმართ მორჩილება ღვთის ნებაა - მაგრამ მხოლოდ იმ დრომდე. თუ ამ პრინციპს გავიზიარებთ, მაშინ წინააღმდეგობის ყოველი კერძო შემთხვევის სამართლიანობა უნდა განვსაზღვროთ, ერთი მხრივ, არსებული საფრთხისა და უკმაყოფილების მაჩვენებლებისა და, მეორე მხრივ, მათი გამოსწორების ალბათობისა და ამისთვის გასაღები ფასის დაანგარიშების საფუძველზე.“ მოკლედ, ყოველმა ადამიანმა ეს თავად უნდა გადაწყვიტოსო, - ასკვნის ის. მაგრამ პელი, როგორც ჩანს, მხედველობაში არ იღებს იმ შემთხვევებს, რომელთაც ვერ მივუსადაგებთ მიზანშეწონილობის პრინციპს, როცა საზოგადოებამ, ისევე როგორც ცალკეულმა ადამიანმა, ნებისმიერ ფასად უნდა მიაღწიოს სამართლიანობას. თუკი მე წყალწაღებულს ხელიდან გამოვგლიჯე ხის ნაფოტი, მე ვალდებული ვარ, დავუბრუნო ის ამ ადამიანს, თუნდაც თვითონ დავიხრჩო. პელის თუ დავუჯერებთ, ეს ძალზე მოუხერხებელია. მაგრამ რომელმან მოიპოვოს სული თვისი, წარიწყმიდოს იგი.8 ანუ, ამ ხალხმა უნდა გაათავისუფლოს მონები და შეწყვიტოს ომი მექსიკასთან, თუნდაც ასეთმა ნაბიჯმა გაანადგუროს ის, როგორც ხალხი.

ერები, როგორც ამას პრაქტიკა გვიჩვენებს, სავსებით იზიარებენ პელის პოზიციას; მაგრამ ნუთუ ვინმე ამართლებს მასაჩუსეტსის ქმედებას ამჟამინდელ კრიზისში?

,,უღიმღამო სამოსი, მეძავის

უბადრუკობა:

შლეიფი რომ აუკეცავს, სულს კი

ტალახში მიათრევს.9

0x01 graphic

რეალურად, რეფორმას მასაჩუსეტსში ეწინააღმდეგება არა ასი ათასი სამხრეთელი პოლიტიკოსი, არამედ ასი ათასი ვაჭარი და ფერმერი, რომელთაც კომერცია და სოფლის მეურნეობა უფრო ადარდებთ, ვიდრე ჰუმანიზმი, და მზად არ არიან, სამართლიანი პოზიცია დაიკავონ მონობის საკითხთან თუ მექსიკასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ ეს მათ შეიძლება ძვირადაც დაუჯდეთ. მე იმ შორეულ მოწინააღმდეგეებს კი არ ვებრძვი, არამედ აქაურებს, რომლებიც თანამშრომლობენ და ასრულებენ იმ შორეულთა ბრძანებებს და რომელთა გარეშეც ეს უკანასკნელნი ვერაფერს გვავნებდნენ. ჩვენ სულ იმას ვიმეორებთ, რომ მასები მზად არ არიან რაღაცისთვის; მაგრამ უკეთესობისკენ სვლა ფერხდება სწორედ იმიტომ, რომ ის რჩეულნიც არსებითად არ გამოირჩევიან მასისგან არც სიბრძნით და არც სიკეთით. ის კი არ არის მთავარი, რომ ბევრი იყოს შენსავით კარგი, არამედ ის, რომ სადმე მაინც არსებობდეს აბსოლუტური სიკეთე, რომელიც უნდა იქცეს იმ საფუარად, მთელ ცომს რომ ეყოფა. ათასობით ადამიანისთვის მიუღებელია მონობა და ეს ომი, მაგრამ თითს არ ანძრევენ. ეს ის ხალხია, თავი ვაშინგტონისა და ფრანკლინის სულიერ მემკვიდრეებად რომ წარმოუდგენიათ, მაგრამ გულხელდაკრეფილი დამსხდარან, გაიძახიან, არ ვიცით, რა ვაკეთოთო და არც არაფერს აკეთებენ.

რას წარმოადგენენ დღეს პატიოსანი ადამიანები და პატრიოტები? ისინი მერყეობენ, ისინი წუხან, ზოგჯერ პეტიციებსაც წერენ; მაგრამ სულით და გულით არაფერს აკეთებენ და არც რაიმე შედეგი მოაქვს მათ აქტივობას. ისინი მშვიდად დაელოდებიან, რომ სხვამ აღმოფხვრას ეს ბოროტება და აღარ მოუხდეთ ამაზე წუხილი. დიდი-დიდი, ხმა მისცენ სამართლიანობას, გამოუცხადონ მსუბუქი თანაგრძნობა და წარმატებაც უსურვონ შეხვედრისას. მაგრამ ჯობს, საქმე რაღაცის რეალურ მფლობელთან დაიჭიროთ, ვიდრე იმასთან, ვისაც ეს რაღაც დროებით მიაბარეს.

0x01 graphic

ხმის მიცემა შაშის ან ნარდის თამაშს ჰგავს, ერთი ეგაა, რაღაც მორალური ელფერიც დაჰკრავს. აქ თამაშობენ სამართლიანობითა და უსამართლობით, სხვადასხვა მორალური პრობლემებით, და, ბუნებრივია, ფსონებსაც ჩამოდიან. ხმის მიმცემი არაფერზე არ აგებს პასუხს. მე ხმას ვაძლევ ჩემი სურვილისამებრ, ხმას ვაძლევ იმას, რაც სამართლიანად მიმაჩნია; მაგრამ დიდად არ დაგიდევთ, გაიმარჯვებს თუ არა ეს სამართალი. დაე, ეს უმრავლესობამ გადაწყვიტოს. ამდენად, მორალური ვალდებულება არასდროს არ დაჩრდილავს მიზანშეწონილობის მოთხოვნას. მაშინაც კი, როცა ხმას აძლევთ სამართლიანობას, ბევრს არაფერს აკეთებთ მისი დამკვიდრებისთვის. თქვენ მხოლოდ მოკრძალებით გამოხატავთ თქვენ სურვილს. კეთილგონიერი ადამიანი სამართალს არასდროს მიატოვებს ბედის ანაბარა და არც უმრავლესობას გადაულოცავს მის აღსრულებას. მასების ქმედებაში არც ღირს რაიმე სათნოების ძიება. როცა უმრავლესობა, ბოლოს და ბოლოს, ხმას მისცემს მონობის გაუქმებას, ამას ან თავისი გულგრილობის გამო გააკეთებს, ან იმიტომ, რომ უკვე გასაუქმებელიც აღარაფერი იქნება. ამის შემდეგ სწორედ ისინი გახდებიან მონები. მონობის გაუქმებას მხოლოდ იმისი ხმა დააჩქარებს, ვინც ხმის მიცემით თავის დამოუკიდებლობას იმკვიდრებს.

როგორც გავიგე, ბალტიმორში თუ კიდევ სადღაც, რედაქტორები და პროფესიონალი პოლიტიკოსები დიდ ყრილობას გეგმავენ საპრეზიდენტო კანდიდატურის შესარჩევად. კაცმა რომ თქვას, რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მათ გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი, მოაზროვნე, სოლიდური ადამიანისთვის? და მაინც, ხომ არ უნდა ვისარგებლოთ ამ შემთხვევით? განა არ უნდა გვქონდეს რამდენიმე დამოუკიდებელი ხმის იმედი? განა ბევრი ამერიკელი ესწრება ასეთ ყრილობებს? მაგრამ არა: საზოგადოების, ასე ვთქვათ, პატივცემული წევრი მით უფრო იოლად ამბობს უარს თავის პოზიციაზე და უმალვე იმედგაცრუებულია თავისი ქვეყნით, რაც უფრო უფრო მეტი საფუძველი აქვს ამ ქვეყანას სწორედ მისით იყოს იმედგაცრუებული. ის ამგვარად არჩეულ კანდიდატს მაშინვე აღიქვამს, როგორც ერთადერთ შესაფერისს და ამით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თავადაც შესაფერისი იარაღი იქნება ამ დემაგოგის ხელში. ამ ხმას ისეთივე ფასი აქვს, როგორც რომელიმე უპრინციპო უცხოელის ან ადგილობრივი დაქირავებულისას, რომელთა მოსყიდვაც სულ ადვილად შეიძლება. ნეტავ იმ კაცს, რომელიც მართლაც რომ კაცია და, როგორც ერთი ჩემი მეზობელი იტყოდა, ასე იოლად ვერ მოდრეკ! ჩვენი სტატისტიკა აშკარად სცოდავს: მოსახლეობის რაოდენობა ძალზე გაბერილია. რამდენ სულ მოსახლეს შეხვდებით ათას კვადრატულ კილომეტრზე? დიდი-დიდი ერთს. განა ამერიკა არ ცდილობს, მოიზიდოს ხალხი აქ დასასახლებლად? ამერიკელები ერთი დიდი საიდუმლო ორდენის წევრებად იქცნენ - არსებებად, რომელთაც კარგად აქვთ განვითარებული ჯოგური ინსტინქტები, აშკარად აღენიშნებათ ინტელექტის ნაკლებობა და ახასიათებთ ენერგიული თავდაჯერებულობა; როგორც კი მოევლინებიან ამ ქვეყანას, მათი უპირველესი და მთავარი საზრუნავი ისაა, რომ კარგ მდგომარეობაში იყოს უსახლკაროთა თავშესაფარები; ჯერ კიდევ მოკლე შარვლების ასაკიდან არ გამოსულან და უკვე ფულს აგროვებენ ქვრივთა და ობოლთა დახმარების ფონდებისთვის. მოკლედ, ეს ხალხი მხოლოდ ურთიერთდაზღვევის საზოგადოების დახმარების იმედით თუ გაბედავს ცხოვრებას, იმ საზოგადოებისა, რომელიც დიდსულოვნად ჰპირდება მათ ყველა წესის დაცვით დასაფლავებას.

თავისთავად, ადამიანი სულაც არაა ვალდებული მთელი თავისი ცხოვრებაუსამართლობის, თუნდაც ყველაზე დიდი აქვთ განვითარებული ჯოგური ინსტინქტები, აშკარად აღენიშნებათ ინტელექტის ნაკლებობა და ახასიათებთ ენერგიული თავდაჯერებულობა; როგორც კი მოევლინებიან ამ ქვეყანას, მათი უპირველესი და მთავარი საზრუნავი ისაა, რომ კარგ მდგომარეობაში იყოს უსახლკაროთა თავშესაფარები; ჯერ კიდევ მოკლე შარვლების ასაკიდან არ გამოსულან და უკვე ფულს აგროვებენ ქვრივთა და ობოლთა დახმარების ფონდებისთვის. მოკლედ, ეს ხალხი მხოლოდ ურთიერთდაზღვევის საზოგადოების დახმარების იმედით თუ გაბედავს ცხოვრებას, იმ საზოგადოებისა, რომელიც დიდსულოვნად ჰპირდება მათ ყველა წესის დაცვით დასაფლავებას. თავისთავად, ადამიანი სულაც არაა ვალდებული მთელი თავისი ცხოვრება უსამართლობის, თუნდაც ყველაზე დიდი უსამართლობის ამოძირკვას მიუძღვნას; შეიძლება, სხვა საქმითაც იყოს დაკავებული; მაგრამ ის კი ნამდვილად მართებს, რომ თავად არ გაისვაროს ხელი ამ უკეთურებით, და თუ დიდად აღარ იდარდებს, მხარს მაინც ნუ დაუჭერს უსამართლობას. თუკი მე საკუთარი თავი რაღაც სხვა მიზნებსა და იდეალებს მივუძღვენი, იმაში მაინც უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ მათი რეალიზაციისასსხვას არ ვაზივარ მხრებზე. მე ჯერ სხვისი მხრებიდან უნდა ჩამოვიდე, რათა მასაც ჰქონდეს საშუალება, განახორციელოს თავისი მიზნები. ადამიანები აშკარა წინააღმდეგობაში ვარდებიან და ვერც ამჩნევენ ამას. მოგიყვანთ ერთი ჩემი თანამოქალაქის სიტყვებს: ,,ერთი მიბრძანონ მონათა აჯანყების ჩახშობა ან მექსიკაში გამაგზავნონ - იმასაც ნახავენ, როგორ წავალ.“ მიუხედავად ამისა, სწორედ ეს ხალხი უშუალოდ, ანუ თავისი ლოიალურობით, და არაპირდაპირაც, ანუ თავისი ფულით, არანაკლებ სამსახურს უწევს ხელისუფლებას. ჯარისკაცი, რომელმაც უარი თქვა უსამართლო ომში მონაწილეობაზე, აპლოდისმენტებს იღებს იმათგან, ვინც უარს არ ამბობს, მხარი დაუჭიროს უსამართლო ხელისუფლებას, რომელიც აწარმოებს ამ ომს; აპლოდისმენტებს იღებს მათგან, ვის ნებასაც ის არად აგდებს და ნაღვაწსაც წყალში უყრის; თითქოს სახელმწიფო იმდენად კი განიცდის და ინანიებს თავის ცოდვებს, რომ კაცს ქირაობს თავის გასამათრახებლად, მაგრამ არც იმდენად, რომ დროებით მაინც შეწყვიტოს თავისი შეცოდებანი. ასე რომ, წესრიგისა და სამოქალაქო მთავრობისადმი ლოიალურობის სახელით ჩვენ პატივს მივაგებთ და მხარსაც ვუჭერთ საკუთარ უბადრუკობას. პირველი შეცოდების შემდეგ შეიძლება გავწითლდეთ, მერე კი გულგრილობა გვეუფლება; და ჩვენ ქმედებასაც უკვე ამორალური კი აღარ ეთქმის, არამედ - ,,არამორალური“, ასეთი განწყობა კი ნამდვილად კარგ სამსახურს გვიწევს ჩვენ მიერვე შექმნილ გარემოში.

0x01 graphic

ყველაზე უფრო გავრცელებულ და დამკვიდრებულ მანკიერებას ამდენადვე გულგრილი დამოკიდებულება ასაზრდოებს. იმ მსუბუქ კრიტიკას, პატრიოტიზმის მიმართ რომ გაისმის, წარჩინებულთა ფენა უფრო იმსახურებს. ისინი, ვინც, ერთის მხრივ, არ იწონებენ მთავრობის საქმიანობას, მეორეს მხრივ კი, თავიანთ ლოიალურობასა და მხარდაჭერას სთავაზობენ მას, ეჭვგარეშეა, მთავრობის ყველაზე თანმიმდევრულ მხარდამჭერებად გვევლინებიან და ხშირად სწორედ ისინი აბრკოლებენ რეფორმას ყველაზე მეტად. როდესაც ზოგი პეტიციას უგზავნის შტატს ფედერაციასთან კავშირის გაწყვეტისა თუ პრეზიდენტის ბრძანებულებათა უგულებელყოფის მოთხოვნით. საინტერესოა, თავად რატომ არ წყვეტენ კავშირს შტატთან და უარს რატომ არ ამბობენ თავიანთი წილის შეტანაზე მის ხაზინაში? განა თავად ისეთსავე მდგომარეობაში არ არიან შტატის მიმართ, როგორშიც შტატი - ფედერაციის მიმართ? და განა შტატიც იმავე მოსაზრებებით არ იკავებს თავს ამბოხისგან ფედერაციის წინააღმდეგ, რა მოსაზრებებითაც თავად არ უჯანყდება შტატს?

ვერ გამიგია, როგორ შეიძლება ადამიანი მხოლოდ იმაში პოულობდეს სიამოვნებას, რომ აქვს რაღაც პოზიცია თუ შეხედულება. ან რა სიამოვნებაზე შეიძლება აქ საუბარი, თუკი ამავე შეხედულების თანახმად, ის ხელისუფლების მხრიდან თავს დათრგუნულად მიიჩნევს? თუ მეზობელმა თაღლითობით თუნდაც ერთი დოლარი დაგტყუათ, არა მგონია, სიამოვნება მიიღოთ იმის გაცნობიერებით, რომ თქვენ მოგატყუეს, დაკმაყოფილდეთ ფაქტის კონსტატაციით ან თუნდაც მხოლოდ თხოვოთ მეზობელს, რომ დაგიბრუნოთ ფული: არა, თქვენ დაუყოვნებლივ მიმართავთ ქმედით ზომებს მთელი თანხის დასაბრუნებლად და იმისთვისაც იზრუნებთ, რომ ეს აღარ განმეორდეს. პრინციპული ქმედება, სამართლიანობის გაცნობიერება და მისი აღსრულება არსებითად ცვლის გარემოს და ურთიერთობებს; ის რევოლუციურია თავისი ბუნებით და ვერ შეეთავსება ყველაფერ იმას, რაც იქამდე ყოფილა. იგი ანაწევრებს არა მარტო სახელმწიფოებს და ეკლესიებს, არამედ შლის ოჯახებსაც; ის ანაწევრებს პიროვნებასაც, ერთმანეთისგან განყოფს მის სატანურ და ღვთაებრივ საწყისებს.

არსებობენ უსამართლო კანონები: როგორ უნდა მოვიქცეთ, დავემორჩილოთ მათ, შევეცადოთ მათ შეცვლას და ვიდრე ამას მოვახერხებდეთ, არ დავარღვიოთ, თუ იმთავითვე არ დავემორჩილოთ ასეთ კანონებს? ასეთი მმართველობის პირობებში ხალხი, როგორც წესი, ფიქრობს, რომ უმჯობესი იქნება, თუ მოიცდის, ვიდრე შეძლებდეს უმრავლესობის დარწმუნებას მათი შეცვლის აუცილებლობაში. მათი აზრით, თუკი აჯანყდებიან, შედეგი უფრო მძიმე იქნება, ვიდრე ეს დღესაა. მაგრამ თუკი უკეთურებას კიდევ უფრო დაამძიმებს მისი გამოსწორების მცდელობა, ამაში ხომ მთავრობაა დამნაშავე. სწორედ ის ამძიმებს მდგომარეობას. რატომ არ ცდილობს რეფორმების დროულ გატარებას? რატომ არ ისმენს უმცირესობის საღ აზრს? რატომ ტეხს ალიაქოთს და მიმართავს ძალისმიერ ზომებს იქამდე, ვიდრე ვინმე რამეს დაუშავებდეს? რატომ არ თავაზობს თავის მოქალაქეებს, გამოავლინონ მისი შეცდომები? რატომ აქვს წესად ჯვარს აცვას ქრისტე, განკვეთოს კოპერნიკი და ლუთერი, ვაშინგტონი და ფრანკლინი კი მეამბოხეებად გამოაცხადოს?

კაცმა შეიძლება იფიქროს, რომ მოქალაქეთა მიერ მთავრობის უფლებამოსილების გააზრებული და ქმედითი უარყოფა ის ერთადერთი დარღვევაა, რომლის შესაძლებლობა იმავე მთავრობას ვერც კი წარმოედგინა; ასე რომ არ იყოს, რატომ არაა ამგვარი ქმედებისთვის გათვალისწინებული მკაფიო, შესაფერისი და მართლზომიერი სასჯელი? თუ ადამიანმა, რომელსაც არც არაფერი აბადია, თუნდაც ერთხელ თქვა უარი შტატისთვის ცხრა შილინგის გადახდაზე, მას უვადოდ ჩასვამენ ციხეში - პატიმრობის ვადა, რამდენადაც ვიცი, არავითარი კანონით არაა განსაზღვრული. ეს მთლიანად მათი გადასაწყვეტია, ვინც ის დააპატიმრა; მაგრამ მას რომ ცხრაჯერ ცხრა შილინგი მოეპარა შტატისთვის, მალევე გამოუშვებდნენ ციხიდან.

თუკი უსამართლობა სახელისუფლო მანქანისთვის დამახასიათებელი გარდაუვალი ხახუნის გამოვლენაა, დაე, იმუშაოს ამ მანქანამ, დაე, იმუშაოს: შესაძლოა, მისი დეტალები სიგლუვემდე გაიხეხოს - საბოლოოდ მაინც გაცვდება ეს მექანიზმი. თუ ამ უსამართლობას აქვს თავისი ზამბარა, ღვედი, გადამცემი მუხლი, მაშინ ღირს იმაზე დაფიქრება, მოგვიტანს თუ არა უარეს შედეგს მისი შეკეთება, მაგრამ თუ ის ისეა მოწყობილი, რომ შენგან ითხოვს უსამართლოდ მოექცე სხვებს, მაშინ უბრალოდ ვალდებულიც ხარ, დაარღვიო კანონი. დაე, შენი ცხოვრება ამ მანქანისთვის ისეთ ხახუნის ძალად იქცეს, რომელიც ბოლოს და ბოლოს გააჩერებს მას.

რაც შეეხება იმ გზებს, რომელსაც შტატი გვთავაზობს უკეთურობის აღმოსაფხვრელად, ჩემთვის არაფერია ცნობილი მათ შესახებ. მათთვის მეტისმეტად დიდი დროა საჭირო, ადამიანის სიცოცხლე ამას არ ეყოფა. მე სხვა საქმეც მაქვს. ამ ქვეყანას იმისთვის კი არ მოვევლინე, რომ საცხოვრებლად კეთილმოვაწყო, არამედ უბრალოდ ვიცხოვრო აქ, როგორიც არ უნდა იყოს აქაურობა. კაცმა ყველაფერი კი არ უნდა აკეთოს, არამედ - რაღაც; და რადგან ყველაფერს ვერ გასწვდება, სულაც არაა ვალდებული, პეტიციები წეროს გუბერნატორის ან შტატის საკანონმდებლო ორგანოს სახელზე ისევე, როგორც ეს უკანასკნელნი არ არიან ვალდებულნი, რომ ჩემ სახელზე აგზავნონ პეტიციები. მაგრამ თუ მათ არ შეისმინეს ჩემი თხოვნა, მაშინ რაღა ვქნა? ასეთი შემთხვევისთვის შტატი არავითარ გამოსავალს არ გვთავაზობს: თავად მისი კონსტიტუციაა ბოროტება. ეს შეიძლება მეტისმეტად მკვეთრ, ახირებულ და შეურიგებელ განცხადებად მოგეჩვენოთ; მაგრამ დელიკატურობა და ტაქტი მასთან გვმართებს, ვინც ამას იმსახურებს და ვისაც ამის დაფასება შეუძლია. ნებისმიერი სასიკეთო ცვლილება, სიკვდილისა და დაბადების მსგავსად, კონვულსიას იწვევს.

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი, ვინც თავის თავს აბოლიციონისტებს უწოდებენ, ვალდებულნი არიან, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მასაჩუსეტსის მთავრობის მორალური და მატერიალური მხარდაჭერა და არ დაელოდონ ერთიანი უმრავლესობის ჩამოყალიბებას, რათა მისი საშუალებით დაამკვიდრონ სამართალი. ვფიქრობ, საკმარისია, რომ ღმერთი მათკენაა, და აღარაა საჭირო კიდევ რაღაცის ლოდინი. მეტიც, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უფრო მართალია, ვიდრე მისი მეზობელი, უკვე თავად წარმოადგენს უმრავლესობას. გადასახადის ამკრეფის სახით ამერიკის მთავრობას, ანუ მის წარმომადგენელს - შტატის მთავრობას მე წელიწადში მხოლოდ ერთხელ ვხვდები პირისპირ, და ის მე პირდაპირ მეუბნება: მაღიარე! საქმის ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით, მისდამი ჩემი დამოკიდებულების, მოკრძალებული სიყვარულისა თუ მცირე კმაყოფილების გამოხატვის უმარტივესი და სრულიად გარდაუვალი ფორმა მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს - მისი უარყოფა. სწორედ ამ ჩემს თანამოძმესთან, გადასახადის ამკრეფთან მიწევს ურთიერთობა - ბოლოს და ბოლოს, ჩხუბს პერგამენტთან ხომ არ დავიწყებ - მან ხომ ნებაყოფლობით არჩია, ყოფილიყო მთავრობის წარმომადგენელი. საიდან უნდა იცოდეს, რას აკეთებს და ვინ არის - მთავრობის მოხელე თუ უბრალოდ ადამიანი, ვიდრე იძულებულია იმაზე იმტვრიოს თავი, თუ როგორ უნდა მომექცეს მე - კაცს, რომლის მიმართ გრძნობს რაღაც პატივისცემას - როგორც თანამოძმეს და კეთილგანწყობილ ადამიანს, თუ როგორც მანიაკს და დებოშორს, და არ გადაწყვეტს, შეიძლება თუ არა ჩემთან ლაპარაკი იმ რამდენადმე უხეში და მკვეთრი ტონის გარეშე, უფრო რომ მიესადაგება მის ქმედებას. კარგად მესმის, რომ თუკი ათასი, ასი ან ათი, ან თუნდაც მხოლოდ ერთი პატიოსანი ადამიანი მასაჩუსეტსში, შტატში, სადაც მონობის აკრძალვას აპირებენ, თუნდაც ერთი პატიოსანი ადამიანი უარს იტყვის მთავრობასთან თანამშრომლობაზე და ამის გამო ოლქის ციხეში აღმოჩნდება, ეს ამერიკაში მონობის დასასრულის მაუწყებელი იქნებოდა. როგორი მოკრძალებულიც არ უნდა იყოს დასაწყისი, ამას არა აქვს მნიშვნელობა: მთავარია პირველი ნაბი გადაიდგას, დანარჩენი კი დროის საქმეა, მაგრამ ჩვენ გვირჩევნია, მხოლოდ ვილაპარაკოთ ამაზე და ჩვენს მისიასაც ამაში ვხედავთ. რეფორმას უამრავი გაზეთი ემსახურება, და არც ერთი - ადამიანი. დარწმუნებული ვარ, შტატის კანონმდებლები საკითხის განხილვას მომავალი ზამთრისთვის არ გადადებდნენ, ჩემი ღრმად პატივცემული თანამოქალაქე10 - შტატის წარმომადგენელი, რომელიც მზად იყო, საბჭოს პალატაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები მოეგვარებინა, კაროლინაში კი არ აღმოჩენილიყო დაპატიმრების საფრთხის წინაშე, არამედ მასაჩუსეტსის ციხეში მოეთავსებინათ. (შტატისა, რომელიც დიდად ეშურვოდა მონობის მხარდაჭერის ცოდვა თავისი თანამოძმე შტატისთვის დაებრალებინა, მაგრამ მასთან ჩხუბის საბაბად მხოლოდამ უკანასკნელის არასტუმართმოყვარეობაღა შერჩა ხელთ).

იმ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება ადამიანს უსამართლოდ აპატიმრებს, პატიოსანი ადამიანის ადგილი მხოლოდ ციხეშია. დღესდღეობით ყველაზე შესაფერისი, მეტიც, ერთადერთი ადგილი, რომელიც მასაჩუსეტსმა გამოჰყო თავისი შედარებით თავისუფალი და ჯერაც დაუთრგუნავი შვილებისთვის, ეს მისიციხეებია, რომელიც ისევე უნდა გაემიჯნოს შტატს და დაიგმანოს მისივე აქტის საფუძველზე, როგორც მისი მომავალი მობინადრეები გაემიჯნენ სხვებს საკუთარი პრინციპების გამო. ამ პრინციპებს სწორედ აქ იპოვის გაქცეული მონა, ინტერნირებული მექსიკელი თუ ინდიელი, რომელიც ვეღარ აუდის ჩივილს მისი მოდგმის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკეების გამო. მხოლოდ ამ იზოლირებულ, მაგრამ ღირსეულ ადგილას, სადაც შტატი გზავნის იმათ, ვინც მასთან კი არაა, არამედ მის წინააღმდეგაა, მხოლოდ ამ ერთადერთ ადგილას - მთელ ამ მონურ შტატში - შეიძლება, ღირსეულად იცხოვროს თავისუფალმა ადამიანმა. და თუ ვინმე ფიქრობს, რომ აქ შეიზღუდება მისი გავლენა, თავის ხმას ვეღარ მიაწვდენს შტატს ან ამ კედლებში გამომწყვდეულს მტრად აღიქვამს მთელი ქვეყანა, მას ვერ გაუცნობიერებია ვერც სიმართლის ძალა და ვერც ის გაუგია, რომ უსამართლობასთან ბრძოლა გაცილებით უკეთ გამოუვა იმას, ვისაც იგი საკუთარ თავზე გამოუცდია. მიეცით ხმა, ოღონდ მხოლოდ ქაღალდის ნაგლეჯს კი ნუ ჩააგდებთ ყუთში, გამოიყენეთ მთელი თქვენი გავლენა და შესაძლებლობები. უმცირესობა იქამდეა სუსტი, ვიდრე უმრავლესობის ნებას მიჰყვება, მაგრამ ის უძლეველი იქნება, თუკი პრინციპულობას გამოიჩენს. თუკი შტატს ასეთი არჩევანის წინაშე დავაყენებთ: ან ციხეში უკრას თავი ყველა ღირსეულ ადამიანს, ან უარი თქვას ომსა და მონობაზე, მან, არა მგონია, მერყეობა დაიწყოს. წელს ათასმა კაცმა რომ არ გადაიხადოს თავისი გადასახადი, ამას ვერ დავარქმევთ სისხლიან და ძალადობრივ აქციას, პირიქით, გადახდის შემთხვევაში, ისინი საშუალებას აძლევენ შტატს, განაგრძოს ძალადობა და ღვაროს უმანკო სისხლი. ფაქტიურად, მშვიდობიანი რევოლუციაც ხომ სხვა არაფერია, თუკი, რა თქმა უნდა, ასეთი რამ საერთოდ არის შესაძლებელი. თუ გადასახადების ამკრეფი ან სხვა რომელიმე მოხელე მკითხავს, როგორ მოვიქცეო (როგორც ეს ერთმა მათგანმა გააკეთა), მე მას ვპასუხობ - თუკი მართლა გსურს რაიმეს გაკეთება, უარი თქვი ამ სამუშაოზე. როცა მოქალაქე უარს ამბობს ლოიალურობაზე მთავრობის მიმართ, მოხელე კი თავს ანებებს სამსახურს, ჩათვალეთ, რომ რევოლუცია უკვე მოხდა. მაგრამ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება მოჩქეფდეს სისხლი ფეხქვეშ გათელილი ღირსებიდან? ამ სისხლთან ერთად ადამიანი ხომ თავის ადამიანურობასა და უკვდავებასაც კარგავს და მარადიული სიკვდილისთვის იწირება. სწორედ ეს ხდება ახლა ჩვენთან.

0x01 graphic

მე ბევრი ვილაპარაკე კანონდამრღვევის დაპატიმრების შესახებ, და არაფერი მითქვამს მისთვის ქონების ჩამორთმევაზე - თუმცა კი, ორივე ეს აქტი ერთსა და იმავეს ისახავს მიზნად - რადგან ის, ვინც უმაღლესი სამართლიანობის დამკვიდრებას ცდილობს და ამდენად ყველაზე საშიშიცაა მანკიერი სახელმწიფოსთვის, როგორც წესი, დროს არ კარგავს ქონების დაგროვებაზე. ასეთი ხალხი შტატისგან დიდ ვერაფერ სარგებელს ნახულობს და მცირე გადასახადიც კი მისთვის მძიმე ტვირთია, მით უმეტეს, თუკი ის საკუთარი შრომით მოიპოვებს ლუკმა-პურს. ვინმე რომ საერთოდ ფულის გარეშე ცხოვრობდეს, შტატი კიდევ იფიქრებდა, შეეწერა თუ არა ასეთისთვის გადასახადი, მაგრამ მდიდარი ადამიანი - თავს შევიკავებ რაიმე შეურაცხმყოფელი ეპითეტისგან - ყოველთვის მიეყიდება იმ სახელმწიფოს, რომელმაც ის ასეთად აქცია. ძალზე ზოგადად, რაც უფრო მდიდარია კაცი, მით უფრო მცირეა მისი სათნოება; ფული ხომ მასა და მის მიზნებს შორის მოძრაობს და სწორედ ფულის დახმარებით აღწევს მიზანს. დიდი ვერაფერი სათნოებაა მიზნის ასე მიღწევა. ფული მას საშუალებას აძლევს, არ იფიქროს მრავალ კითხვაზე, ისეთზეც, სხვა მდგომარეობაში მყოფი იძულებული რომ იქნებოდა ეპასუხა. კითხვა, რამაც ფულიანი შეიძლება შეაწუხოს, მხოლოდ ერთია - სად უნდა დახარჯოს ეს ფული. ასე რომ, მდიდარი კაცი საერთოდ რაიმე მორალური საყრდენის გარეშეა დარჩენილი. ადამიანის ცხოვრების შესაძლებლობები მით უფრო მწირია, რაც უფრო დიდია მისი, ასე ვთქვათ, ცხოვრების ,,სახსრები“. ყველაზე კარგი, რაც კი შეიძლება მდიდარმა კაცმა საკუთარ თავსგაუკეთოს, ის იქნება, თუკი შეეცდება, იმავე წესით იცხოვროს, როგორითაც მაშინ ცხოვრობდა, ღარიბი რომ იყო. ,,მიჩუენეთ დრაჰკანი იგი ხარკისაჲ“, - უთხრა ქრისტემ ჰეროდიანებს, და როცა ერთერთმა ჯიბიდან მონეტა ამოიღო, ასე მიუგო - რაკი თქვენ იმ ფულს იყენებთ, რომელზეც კეისარია გამოსახული, და რომელიც მისი ბრძანებითვეა მოჭრილი და დაკანონებული, ანუ, თუ თქვენ სახელმწიფოს ერთგული ქვეშევრდომები ხართ და კმაყოფილებით სარგებლობთ კეისრის მმართველობის სიკეთით, მაშ, გადაუხადეთ მას მისივე კუთვნილი, რაკიღა თავად მოითხოვს ამას. ,,მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა“. მათ კი, ალბათ, მაინც ვერ გაიგეს, ვისთვის ვისი უნდა მიეცათ, რადგან არც აინტერესებდათ ამის გაგება.

ჩემს ერთობ თავისუფლებამოყვარე თანამოქალაქეებს რომ ვესაუბრებოდი, უმალ ნათელი გახდა ჩემთვის, რომ რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ საკითხის მნიშვნელობასა და სირთულეზე, საზოგადოებრივი სიმშვიდის შენარჩუნებაზე, მთავარი მაინც ისაა, რომ მათთვის საკმაოდ ბევრს ნიშნავს არსებული მთავრობის მიერ გაწეული მფარველობა და რომ მეტად აშფოთებთ იმაზე ფიქრიც კი, თუ რა ბედი ეწევა მათ ქონებასა და ოჯახებს ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში. რაც შემეხება მე, ჩემთვის მეტად სამძიმო იქნებოდა იმის დაშვებაც კი, რომ ოდესმე სახელმწიფოს მფარველობით ვისარგებლებ. მაგრამ თუ მე უგულვებელვყოფ სახელმწიფოს მოთხოვნას, როცა გადასახადის ქვითარს წარმომიდგენს, ის დაუყოვნებლივ ჩამომართმევს მთელ ქონებას და ამის შემდეგაც მოსვენებას არ მოგვცემს არც მე და არც ჩემ ბავშვებს. ეს ძალზე უსიამოვნოა. სწორედ ამიტომაც, შეუძლებელია, კაცი ერთდროულად პატიოსანიც იყოს და ცხოვრებაც კარგად ჰქონდეს მოწყობილი. არ ღირს დროის კარგვა სიმდიდრის დაგროვებაზე, დაგროვილს მალევე დახარჯავ. მოგიწევს მიწის იჯარით აღება ან სულაც დაუკითხავად მისი დამუშავება, მოგივა მცირე მოსავალი და მალევე შემოგელევა. კაცი მხოლოდ საკუთარი სინდისით უნდა ცხოვრობდეს, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა იყოს, მუდმივად მზადმყოფი ცვლილებებისთვის და ამქვეყნიური საქმეებითაც დიდად არ უნდა დაიტვირთოს თავი. ადამიანი თურქეთშიც კი შეიძლება გამდიდრდეს, თუკი თურქული მთავრობის ერთგული ქვეშევრდომი გახდება. კონფუცის უთქვამს:

,,თუ სახელმწიფო საღი აზრის საფუძველზეა მოწყობილი, სირცხვილია, იყო ღარიბი და უპოვარი; მაგრამ თუ ის არ ეფუძნება საღ აზრს, სირცხვილია, იყო მდიდარი და წარმატებული.

იქამდე, ვიდრე არ მომინდება, რომ ჩემ მიმართ მასაჩუსეტსის მფარველობა სამხრეთის რომელიმე შორეულ ნავსადგურშიც ვრცელდებოდეს, სადაც ჩემს თავისუფლებას შეიძლება, საფრთხე დაემუქროს და ვიდრე მთელი ჩემი ძალისხმევით მშობლიურ მხარეში ადგილმამულის გაშენებას არ შევუდგები, შემიძლია, თავს უფლება მივცე და უარი ვთქვა მასაჩუსეტსის მიმართ ლოიალურობაზე და არც მისი უფლება ვცნო ჩემ ქონებასა და სიცოცხლეზე. ნებისმიერი თვალსაზრისით მე სახელმწიფოსადმი მორჩილება უფრო ძვირად დამიჯდება, ვიდრე დაუმორჩილებლობა:11 ასე ხომ საკუთარი თავის პატივისცემა შეიძლება დავკარგო.

ამ რამდენიმე წლის წინ შტატმა, რომელიც იმ შემთხვევაში ეკლესიის ინტერესებს იცავდა, მოითხოვა, რომ გარკვეული თანხა გადამეხადა მღვდლისთვის, რომლის ქადაგებასაც ესწრებოდა ხოლმე მამაჩემი, მე კი - არასდროს. ,,გადაიხადე“, მიბრძანა მან, ,,არა და ციხეში ჩაჯდები“. მე უარი განვაცხადე, მაგრამ, სამწუხაროდ, გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც საჭიროდ ჩათვალა, ჩემს მაგივრად გადაეხადა ეს თანხა. ვერ გამეგო, რატომ უნდა ეხადა სკოლის მასწავლებელს გადასახადი მღვდლის დასახმარებლად და არა მღვდელს - სკოლის მასწავლებლისთვის; მე ხომ სკოლის მასწავლებელიც არ ვიყავი, მაგრამ მაინც ვსარგებლობდი ნებაყოფლობითი შემოწირულობებით. ვერ გამეგო, ლიცეუმს რატომ არ უნდა წარმოედგინა თავისი ანგარიში და შტატსაც რატომ არ უნდა დაეცვა მისი ინტერესები ისევე, როგორც ეკლესიის ინტერესებს იცავდა. და მაინც, ქალაქის მმართველობის წევრის მოთხოვნით, მე შემდეგი განცხადება გავაკეთე (წერილობითი სახით): ,,წინამდებარე წერილით მე, ჰენრი ტორო, საჯაროდ ვაცხადებ, რომ არ მსურს ვითვლებოდე რომელიმე ისეთი საზოგადოების წევრად, რომელშიც არ შევსულვარ“. ეს განცხადება ქალაქის კლერკს დავუტოვე და ახლაც მასთან ინახება. ამგვარად, შტატმა შეიტყო, რომ მე არ მსურდა ვინმეს ამ ეკლესიის მრევლად ჩავეთვალე და ასეთი მოთხოვნებით მას შემდეგ აღარ შევუწუხებივარ; თუმცა, მაშინ განაცხადა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ძალაში ტოვებდა თავის თავდაპირველ მოთხოვნას. მე რომ მცოდნოდა ყველა იმ ორგანიზაციის სახელი, რომელშიც არასდროს შევსულვარ, წერილობითი ფორმით გავემიჯნებოდი ყველა მათგანს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვიპოვე მათი სრული სია.

ექვსი წლის მანძილზე არ ვიხდიდი სამოქალაქო გადასახადს12 და ერთხელაც ამის გამო ერთი ღამე ციხეში გავატარე. მივჩერებოდი ორი თუ სამი ფუტის სისქის ქვის კედლებს, ერთი ფუტის სისქის რკინით მოჭედილ ხის კარებს, რკინის გისოსებიან ფანჯრებს და გაოცებული ვიყავი იმ სახელმწიფოს უგნურებით, რომელიც, ალბათ, მხოლოდ ხორცის, სისხლისა და ძვლების ნაერთად მთვლიდა და ჩემი აქ გამომწყვდევის მეტი უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა. როგორც ჩანს, დიდი განსჯის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ასე უფრო მეტ სარგებელს ნახავდა ჩემგან და აზრადაც არ მოსვლია ჩემი სხვაგვარად გამოყენება. კარგად მესმოდა, რომ თუკი მე და ჩემს თანამოქალაქეებს ქვის კედელი გვყოფდა, მათ კიდევ უფრო დიდი დაბრკოლების გადალახვა მოუწევდათ, ჩემსავით თავისუფლები რომ გამხდარიყვნენ. წუთითაც არ მიგრძვნია თავი ტუსაღად, ციხის კედლებს კი ქვისა და კირის უსაზღვრო სივრცედ აღვიქვამდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემს თანამოქალაქეთაგან მარტო მე ერთს გადამეხადოს ჩემი გადასახადი. მათ უბრალოდ არ იცოდნენ, რა მოეხერხებინათ ჩემთვის და ცუდად აღზრდილი ადამიანებივით იქცეოდნენ. ჩემს მიმართ გამოთქმულ ყოველ მოწონებასა თუ მუქარაში რაღაც დაბნეულობა იგძნობოდა; მათ, როგორც ჩანს, ეგონათ, რომ ამ ქვის კედლის ტყვეობიდან თავის დახსნის გარდა სხვაზე ვერაფერზე ვიოცნებებდი. მხოლოდ ღიმილს მგვრიდა იმის ყურება, თუ რა გულმოდგინებით ცდილობდნენ ჩემი ფიქრების ჩაგმანვას, ისინი კი თავისუფლად აღწევდნენ ციხის კედლებს გარეთ ისე, რომ ნებართვასაც არავის ეკითხებოდნენ. სწორედ მათი უნდა შეშინებოდათ და რახან ვერ მისწვდნენ, ჩემი სხეულის დასჯა გადაწყვიტეს. პატარა ბიჭებივით იქცეოდნენ, როცა პატრონზე დაბოღმილები მის ძაღლს აწვალებენ ხოლმე. ვხედავდი, რომ სახელმწიფო სრულ ჭკუაზე ვერ იყო, რომ ის ისეთივე დამფრთხალი იყო, როგორც მარტოხელა ქალი, თავის ვერცხლის კოვზებს რომ დაჰკანკალებს. ყოველგვარი პატივისცემა დავკარგე მის მიმართ და მხოლოდ სიბრალულს ვგრძნობდი.

ერთი სიტყვით, სახელმწიფო გამიზნულად არასდროს უპირისპირდება ადამიანის სულიერ ძალას, არამედ მხოლოდ მის სხეულს და ხორციელ შეგრძნებებს. ის თავისი აღმატებული სიბრძნისა თუ პატიოსნების იმედად კი არ არის, არამედ უხეშ ფიზიკურ ძალას ეყრდნობა. მე იმისთვის არ მივვლენილვარ ამ ქვეყანას, რომ რაიმე მაიძულონ. მე ისე მსურს ვისუნთქო, როგორც მომეხასიათება. ვნახოთ, ვინ - ვის. რას დამაკლებს უმრავლესობა? მხოლოდ ის შეძლებს ჩემ იძულებას, ვინც ჩემ კანონებზე უფრო მაღალ კანონს ემორჩილება. უნდათ მაიძულონ, მათ დავემსგავსო. ცხოვრების წესი უმრავლესობამ როგორ უნდა მოგახვიოს კაცს თავზე, ან რა ფასი უნდა ჰქონდეს ასეთ ცხოვრებას? როცა მთავრობა მეუბნება, ,,ფული ან სული“, რატომ უნდა მივართვა მას ჩემი ფული? შესაძლოა, ის დიდ გასაჭირში იყოს და გამოსავალს ვერ პოულობდეს: მე ვერაფრით დავეხმარები. თავის თავს თვითონ უნდა უშველოს; ჩემგან აიღეთ მაგალითი. არ ღირს ამაზე ვაიუშველებელის ატეხვა. პასუხი მე რატომ უნდა ვაგო საზოგადოებრივი მანქანის გამართულ მუშაობაზე. ინჟინრის შვილი კი არა ვარ. ხომ ყველამ ვიცით, რომ როცა რკო და წაბლი ერთმანეთის გვერდით ეცემა მიწაში, მათგან ერთ-ერთისიცოცხლეზე უარს კი არ ამბობს მეორის გასახარად, არამედ ორივე განვითარების საკუთარ კანონებს ემორჩილება - აღმოცენდება, გაიზრდება და იხარებს, მაგრამ ერთმა მათგანმა შესაძლოა, დაჩრდილოს და ავნოს მეორეს. თუკი მცენარე ვერ ცოცხლობს თავისი ბუნების შესაბამისად, ის კვდება, ასეა ადამიანიც.

ციხეში გატარებული ღამე ჩემთვის საკმაოდ უჩვეულო და საინტერესო იყო. როცა შევედი, პიჟამოებში გამოწყობილი პატიმრები გასასვლელში იდგნენ - საღამოს სიგრილით ტკბებოდნენ და საუბრით იქცევდნენ თავს. მალე ზედამხედველიც გამოჩნდა და დაიძახა, საკმარისია, ბიჭებო, დროა კარები ჩავრაზოო. ისინიც დაიშალნენ და მკაფიოდ მესმოდა მათი ნაბიჯების ხმა, ცარიელ საკნებში რომ ბრუნდებოდნენ. ზედამხედველმა ჩემი თანამოსაკნე გამაცნო, კაი ბიჭი და ჭკვიანი კაციაო, დასძინა. როცა კარები ჩარაზეს, მან მიჩვენა, სად უნდა დამეკიდა ქუდი და ამიხსნა იქაური წესები. ოთახებს აქ თვეში ერთხელ ათეთრებდნენ, ჩვენი საკანი კი, უნდა ვთქვა, ყველაზე თეთრი, ყველაზე მოკრძალებულად მოწყობილი და ალბათ, ყველაზე სუფთა ბინა იყო მთელ ქალაქში. მას, ბუნებრივია, აინტერესებდა, საიდან მოვედი და რა ქარმა გადმომაგდო აქ; მეც ყველაფერი მოვუყევი და ჩემის მხრივ, დავინტერესდი, თუ ის რატომღა მოხვდა ამ ადგილას - რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ საქმე პატიოსან ადამიანთან მქონდა. ბეღლის დაწვაში მადანაშაულებენო, მომიგო და იქვე დაამატა, მაგრამ მე ეს არ ჩამიდენიაო. როგორც მივხვდი, ნასვამი შესულა ბეღელში და ანთებული ჩიბუხით ჩასძინებია. ჰოდა, ბეღელსაც ცეცხლი გასჩენია. მას გონიერ კაცად იცნობდნენ: უკვე სამი თვე ელოდა სასამართლოს და ერთი ამდენიც კიდევ უნდა დალოდებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი დიდად არ ანაღვლებდა, რადგან უფასო კვებაც გარანტირებული ჰქონდა და, როგორც მითხრა, ცუდადაც არ ექცეოდნენ.

0x01 graphic

ის ერთი ფანჯრიდან იყურებოდა, მე კი - მეორიდან; როგორც მივხვდი, თუ კაცი დიდი ხნის მანძილზე ზის ციხეში, მისი მთავარი საქმიანობა ფანჯარაში ყურებაა. სულ მალე ყველა ბროშურა, რაც კი საკანში ვიპოვე, წავიკითხე ყურადღებით შევისწავლე ის ადგილები, საიდანაც პატიმრები გაქცეულან და სადაც გადაეხერხათ რკინის გისოსები, მოვისმინე სხვადასხვა ისტორიები ამ საკნის ადრინდელ ბინადრებზე. აქ ისეთ ამბებს გაიგებდით, ციხის კედლებს გარეთ მყოფნი რომ ვერც კი წარმოიდგენდნენ. ალბათ, ეს ერთადერთი ადგილია მთელ ქალაქში, სადაც ითხზვება ბალადები, რომლებსაც შემდეგ ბეჭდავენ ცირკულარის სახით, მაგრამ არ აქვეყნებენ. მე მიჩვენეს ახალგაზრდა პატიმართა საკმაოდ გრძელი სია, რომლებიც გაქცევის მცდელობისას დააკავეს და რომლებიც ახლა ამ ბალადების სიმღერით უხდიდნენ სამაგიეროს თავიანთ მტარვალებს. ეს ყველაფერი შორეულ ქვეყანაში მოგზაურობას ჰგავდა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ციხეში გატარებული ერთი ღამე მომცემდა მისი ნახვის საშუალებას. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს აქამდე არასდროს გამეგონა საათის რეკვა ქალაქის მოედნიდან, თითქოს საღამოს სოფლის ხმაურსაც პირველად ვისმენდი - საკნის ფანჯრები გამოღებული გვქონდა და მხოლოდ გისოსები გვყოფდა გარე სამყაროსგან. ჩემი მშობლიური ქალაქი შუა საუკუნეების დასახლებად მეჩვენებოდა, ჩვენი კონკორდი რაინად ქცეულიყო, თვალწინ რაინდებისა და ციხესიმაგრეების სილუეტები დაცურავდნენ. გარედან ძველ ბიურგერთა ლაპარაკი ისმოდა. იმის უნებლიე მოწმე და მაყურებელიც ვიყავი, თუ რა ხდებოდა მეზობელი სოფლის ტრაქტირში - ჩემთვის ეს სრულიად უცხო და უჩვეულო სანახაობა იყო. ჩემი ქალაქი სულ სხვაგვარად წარმომიდგა და თითქოს უფრო ახლოს ვეცნობოდი მის მკვიდრთა ცხოვრებას.

ციხიდან რომ გამოვედი - ჩემ მაგივრად ვიღაცამ გადაიხადა გადასახადი13 - ვერ ვიტყვი, რომ ირგვლივ ყველაფერი შეცვლილი დამხვდა (იმათგან განსხვავებით, ვინც საპატიმროში ყმაწვილკაცობისას მოხვედრილა და იქიდან კი თმაშევერცხლილი დაბრუნებია ქვეყანას), მაგრამ ჩემ მზერას ბევრი რამ მაინც ეუცხოვა -ქალაქი, შტატი, ქვეყანა საგრძნობლად გადასხვაფერებულიყო - იმაზე მეტად, ვიდრე ეს უბრალო ჟამთა სვლას შეეძლო, გამოეწვია. ამ შტატში, სადაც ვცხოვრობდი, ახლა ჩემთვის ბევრი რამ უფრო ადვილი შესამჩნევი გახდა. უკვე ვხედავდი, რამდენად შეიძლებოდა იმ ხალხის ნდობა, რომელსაც უწინ ისე ვუყურებდი, როგორც მოყვასებს და მეგობრებს; ვხედავდი, რომ მათ მეგობრო-ბას ჩალის ფასი ჰქონდა; რომ მათ დიდად არ აღელვებდათ სიმართლე; რომ ისინი, თავისი შეხედულებებითა და ცრურწმენებით, ჩინელთა და მალაელთა მსგავსად, ჩემთვის სრულიად განსხვავებულ რასას წარმოადგენდნენ; რომ ისე სურთ ემსახურონ კაცობრიობას, რომ არც მათ და არც მათ ქონებას არავითარი საფრთხე არ შეექმნას; რომ, საბოლოო ჯამში, არც ისეთი კეთილშობილნი არიან, ქურდს რომ ისე არ მოექცნენ, როგორც ის მოექცა მათ და გულწრფელად სჯერათ, რომ რაღაც მიღებული წესების დაცვით, დროდადრო ლოცვითა და კეთილგონიერი, თუმც უაზრო მოქმედებებით იხსნიან თავიანთ ცოდვილ სულებს. შესაძლოა, მეტისმეტად მკაცრი ვარ მოყვასთა მიმართ; მართლაც, ბევრ მათგანს იქნებ წარმოდგენაც არ ჰქონდეს, რომ ჩვენ ქალაქში არსებობს დაწესებულება, რომელსაც ციხე ჰქვია.

ჩვენ პატარა ქალაქში ადრე წესად ჰქონდათ, უპოვარი მევალე ციხიდან რომ გამოვიდოდა, ნაცნობები შეხვედრისთანავე თვალებზე გადაჯვარედინებულ თითებს აიფარებდნენ, აქაოდა ციხის გისოსებიაო, და მხიარულად მოიკითხავდნენ. მე არ მღირსებია ასეთი პატივი, ნაცნობები ჯერ მე მომაშტერდებოდნენ, მერე - ერთმანეთს, თითქოს შორეული მოგზაურობიდან დაბრუნებულს მხედავდნენ. მე იმ დროს დამაპატიმრეს, როცა მეწაღესთან მივდიოდი ფეხსაცმლის გამოსატანად. როცა მეორე დილას გამომიშვეს, ეს საქმე ბოლომდე მივიყვანე და ჩემს ახლადშეკეთებულ ფეხსაცმელში გამოწყობილი, ,,მოცვის დღესასწაულის“ მონაწილეებს შევუერთდი, რომლებსაც ერთი სული ჰქონდათ, პროცესიის თავში ვეხილე. სულ რაღაც ნახევარ საათში - ცხენიც მაშინვე მომგვარეს - ქალაქიდან ორიოდე მილის დაშორებით მაღალ ბორცვზე, მოცვის მდელოში ამოვყავი თავი. ვიღას ახსოვდა შტატი და მთავრობა...

ესეც ჩემი პატიმრობის მთელი ისტორია.

არასდროს მითქვამს უარი საგზაო ბაჟის გადახდაზე, რადგან ისევე მსურს ვიყო კარგი მოყვასი მოყვასთათვის, როგორც - ცუდი მოქალაქე სახელმწიფოსთვის; რაც შეეხება სკოლების მხარდაჭერას, სწორედ ახლა ვცდილობ, ჩემი წვლილი შევიტანო თანამემამულეთა განათლებაში. იმიტომ კი არ ვთქვი უარი სამოქალაქო გადასახადზე, რომ ამ გადასახადის რამე საწინააღმდეგო მქონდა; უბრალოდ ჩემი არალოიალურობის დემონსტრირება მინდოდა. არც მიფიქრია თვალი მიმედევნებინა იმ ჩემი დოლარის მოძრაობისთვის, ვიდრე მისი საშუალებით მავანი თოფს არ შეიძენს ვიღაცის მოსაკლავად, დოლარს ბრალი არაფერში მიუძღვის - მაგრამ გულგრილი ვერ ვიქნები ჩემი ლოიალურობის შესაძლო შედეგის მიმართ. ფაქტიურად მე ომი გამოვუცხადე შტატს, მაგრამ, ბუნებრივია, უარს არ ვიტყვი ვისარგებლო იმ სიკეთით, რასაც ის შემომთავაზებს.

როცა სახელმწიფოსადმი თავისი სიმპათიის გამო, ჩემ გადასახადს სხვები იხდიან,ისინი მე მიკეთებენ იმას, რაც ერთხელ უკვე გაუკეთეს საკუთარ თავს, უფრო ზუსტად, იმაზე უფრო დიდ უკეთურებას სჩადიან, ვიდრე ამას შტატი მოითხოვს მათგან. თუკი ისინი ამას კონკრეტული მოვალის დახმარების მიზნით აკეთებენ, რათა გადაარჩინონ მისი ქონება ან ციხიდან დაიხსნან იგი, მაშინ გამოდის, რომ მათ კარგად არ უფიქრიათ იმაზე, თუ რამდენად მართლზომიერია თავიანთი პირადი გრძნობების საზოგადოებრივ ინტერესებზე მაღლა დაყენება.

მოკლედ, ასეთია ჩემი პოზიცია. თუმცა, მსგავს შემთხვევებში არ ღირს საკუთარი სიმართლის მეტისმეტად გულმოდგინე მტკიცება, თორემ შენი ქმედება ან სიჯიუტედ ჩაგეთვლება, ან ეგონებათ, რომ საზოგადოების აზრს სისხლხორცეული მნიშვნელობა აქვს შენთვის. კაცი კი ისე უნდა მოიქცეს, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ მოცემულ მომენტში.

ზოგჯერ ისიც მიფიქრია, რას ერჩი ამ ხალხს, მათ ხომ მხოლოდ კეთილი სურვილები ამოძრავებთ, უბრალოდ არ იციან, რა მოიმოქმედონ: რომ იცოდნენ, უკეთ მოიქცეოდნენ. რატომ აყენებ მათ ტკივილს და აიძულებ ისე მოგექცნენ, თავადაც რომ არ სიამოვნებთ? მაგრამ მაინც მგონია, ეს არაა საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ მათსავით ვიმოქმედო ან თვალი დავხუჭო უამრავი ადამიანის ტანჯვაზე. არაერთხელ მითქვამს ჩემი თავისთვის, როცა მილიონობით ადამიანი - უბოროტოდ, მშვიდად და ყოველგვარი პირადული მოტივის გარეშე - მოითხოვს შენგან რამდენიმე შილინგის გადახდას და თანაც მათ არ შეუძლიათ ამ მოთხოვნის შეცვლა ან მასზე უარის თქმა (კონსტიტუცია არ აძლევს ამის ნებას), შენ კი არ შეგიძლია მიმართო სხვა მილიონობით ადამიანს, რატომ არ უნდა დაჰყვე ამ დამთრგუნველ და უხეშ ძალას? ხომ არ უჯანყდები ასეთი შემართებით სიცივესა და შიმშილს, ქარსა თუ ოკეანის ტალღებს? განა, უხმოდ არ ეგუები უამრავ სტიქიურ უბედურებას? ცეცხლში რომელი ჭკუათმყოფელი შეყოფს თავს. მაგრამ სწორედ იმიტომაც, რომ მე იმ ძალას არ მივიჩნევ სრულიად არაცნობიერ მოვლენად, არამედ, ნაწილობრივ მაინც - ადამიანურ ძალად, და ვთვლი, რომ ურთიერთობა მიწევს არა მილიონობით არაცნობიერ და უსულო საგანთან, არამედ - მილიონობით ადამიანთან, დიახ, სწორედ ამიტომაც მგონია, რომ ასეთ მიმართვას აქვს აზრი. მე თუ გამიზნულად შევყოფ თავს ცეცხლში, რა ცნობიერ გამოძახილს უნდა ველოდო მისგან ან მისი გამჩაღებლისგან - რაც დამემართება, საკუთარი უგნურებით დამემართება. მე რომ შემეძლოს საკუთარ თავს ჩავაგონო, თითქოს ხალხს იმისდა მიხედვით კი არ უნდა მოვექცე, თუ რამდენად პასუხობენ ჩემს მოთხოვნებსა და მოლოდინს, არამედ იმთავითვე კმაყოფილი უნდა ვიყო ხალხით და დამოკიდებულებაც შესაბამისი მქონდეს მათ მიმართ, მაშინ კეთილი მუსულმანისა და ფატალისტის მსგავსად, უნდა ვეცადო შევეგუო მოცემულ გარემოს და თავი დავიმშვიდო, ასეთია უფლის ნებაო. ასეც რომ არ იყოს, ამგვარ ძალასთან დაპირისპირებასა და სრულიად არაცნობიერ, სტიქიურ მოვლენასთან ჭიდილს შორის ის განსხვავებაცაა, რომ პირველ შემთხვევაში ჩემი ძალისხმევა რაღაც შედეგს მაინც მოიტანს; მაგრამ მე არ უნდა მქონდეს იმის იმედი, რომ, ორფეოსის მსგავსად, შევძლებ ლოდების, ხეებისა თუ მხეცების ბუნების შეცვლას.

ნამდვილად არ მსურს ჩხუბი არც ერთ რომელიმე ადამიანთან და არც მთელ ქვეყანასთან; არ მიყვარს ვაი-უშველებელის ატეხვა რაღაც წვრილმანებზე და უმნიშვნელო ნიუანსებზე. არც იმას ვიჩემებ, რომ სხვებზე უკეთესი ვარ. მე მხოლოდ და მხოლოდ იმას ვცდილობ, რაიმე გამართლება მოვუძებნო მათ ქმედებას, ვინც ამ ქვეყნის კანონებს აღიარებს. მთელი არსებით მზად ვარ მეც კანონმორჩილი ვიყო. ჩემი თავისთვის მართლაც არაერთხელ შემიმჩნევია მსგავსი განწყობა; და ყოველ წელს, როცა კი კარს მომადგება გადასახადის ამკრეფი, კიდევ ერთხელ ვუფიქრდები ფედერალური და შტატის მთავრობების ქმედებებსა და პოზიციას, ვუფიქრდები ხალხის განწყობას იმ იმედით, რომ ასეთ კანონმორჩილებას რაიმე გამართლებას მაინც მოვუძებნი.

0x01 graphic

იმედს არ ვკარგავ, რომ შტატი მალე შეძლებს თავის თავზე აიღოს ის საქმე, რითიც ახლა მე ვარ დაკავებული და მაშინ არავიზე ნაკლები პატრიოტი აღარ ვიქნები. საკითხს ზერელედ თუ შევხედავთ, ეს კონსტიტუცია, მთელი თავისი ხარვეზებით, არც ისე ცუდია, კანონები და სასამართლოებიც ღირსეული გვაქვს; ეს შტატი და ამერიკის ეს მთავრობაც კი, მრავალი თვალსაზრისით, მხოლოდ აღტაცებას იმსახურებენ და, როგორც არაერთხელ აღუნიშნავთ, მათი დიდად მადლიერნი უნდა ვიყოთ, მაგრამ მდგომარეობას პრინციპულად თუ შევაფასებთ, ვის მოუბრუნდება ენა იმის სათქმელად, რომ ესენი თუნდაც იმის ღირსნი იყვნენ, რომ ვინმემ სერიოზულად იმსჯელოს და იფიქროს მათზე? რაც არ უნდა იყოს, მთავრობა დიდად არ მაღელვებს და ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე შენიშვნით შემოვიფარგლები. არა მგონია, საგრძნობლად ვიყო დამოკიდებული ხელისუფლებაზე. თავისუფლად მოაზროვნე, შეუზღუდავი ფანტაზიისა და მდიდარი წარმოსახვის უნარის მქონე ადამიანს, რომელიც, ამავე დროს, თავს არ იტყუებს ილუზიებით, უგნური მმართველები და რეფორმატორები ბევრს ვერაფერს დააკლებენ.

მესმის, რომ ადამიანთა უმრავლესობა ჩემსავით არ ფიქრობს; მაგრამ ჩემში ყველაზე მეტ უკმაყოფილებას ისინი იწვევენ, ვინც მთელი თავისი ცხოვრება, როგორც პროფესიონალმა, ამ და მის მომიჯნავე სფეროებს მიუძღვნა. სახელმწიფო მოღვაწეები და კანონმდებლები, ვინც ყველაზე მეტად არიან ჩართულნი სახელმწიფო მმართველობაში, არსებულ ვითარებას ნათლად და მკაფიოდ ვერ აფასებენ. ისინი დინამიურ საზოგადოებაზე საუბრობენ, მათ ირგვლივ კი უძრაობა გამეფებულა. შესაძლოა, ბევრი მათგანი საკმაო გამოცდილებითა და გამჭრიახობითაც გამოირჩეოდეს, და ეჭვგარეშეა, თავის დროზე მმართველობის მახვილგონივრული და არცთუ უსარგებლო მექანიზმებიც შეუქმნიათ, რისთვისაც გულწრფელ მადლობას მოვახსენებთ; მაგრამ მთელი მათი სიბრძნე და უნარი მეტად ვიწრო ჩარჩოებშია მოქცეული. მათ, როგორც წესი, ავიწყდებათ, რომ სამყაროს არც პოლიტიკა მართავს და არც მიზანშეწონილობის პრინციპი. უებსტერი14 ყოველთვის ხელისუფლებაში იყო და მის სიტყვებს არც უნდა ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა. მის სიტყვებში მხოლოდ ისინი იპოვნიან დიდ სიბრძნეს, ვისაც აზრადაც არ მოსდის არსებული მმართველობის რეფორმა. მაგრამ გონიერი ხალხი

აშკარად ხედავს, რომ თავის გამოსვლებში ის მინიშნებითაც კი არაფერს ამბობს მთავარ საკითხზე. ჩემთვის მათ შესახებაცაა ცნობილი, ვისი გაწონასწორებული და კომპეტენტური მოსაზრებებიც ამ თემასთან დაკავშირებით სულ მალე ნათლად დაგვანახვებს მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების ზღუდეებს. და მაინც, რეფორმატორთა უმრავლესობის იაფფასიანი გამოსვლებისა და ზოგადად, პოლიტიკოსთა კიდევ უფრო იაფფასიანი სიბრძნისა თუ მჭერმეტყველების ფონზე მხოლოდ მისი პირიდან თუ გაიჟღერებს ხოლმე აზრიანი სიტყვები და უფალს მადლობას ვწირავთ მისთვის. სხვებთან შედარებით ის ყოველთვის დამაჯერებელი, ორიგინალური და ყველაფერთან ერთად, პრაქტიკულიცაა. მიუხედავად ამისა, მისი ღირსება კეთილგონიერება უფროა, ვიდრე სიბრძნე. სამართალმცოდნის სამართალი სიმართლე კი არა, თანმიმდევრულობა ან თანმიმდევრული მიზანშეწონილობაა. სიმართლე ყოველთვის თვითკმარია და მას არ ეხება იმ სამართლიანობის გამოვლენა, რომელიც შესაძლოა, სამართალდარღვევასაც არ გამორიცხავდეს. მას სავსებით მართებულად მოიხსენიებენ, როგორც ,,კონსტიტუციის მცველს“. თუკი საერთოდ ღირს მასთან პაექრობა, ისიც მხოლოდ თავდაცვის მიზნით. ის არაა ლიდერი, ის მიმდევარია. მისთვის ლიდერები ,,87-იანელები15 არიან. ,,მე არასოდეს გადამიდგამს ისეთი ნაბიჯი“, აცხადებს ის, ,,და არასოდეს შემოგთავაზებთ ისეთი ნაბიჯის გადადგმას, არასოდეს დამიჭერია მხარი ისეთი ნაბიჯისთვის, და გულშიც არ გამივლია ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც იმ თავდაპირველ წესს დაარღვევდა, რის თანახმადაც მოხდა შტატების გაერთიანება.“ იმის თაობაზე კი, კონსტიტუციით მონობა რომ იყო დაშვებული, ის ასეთ კომენტარს აკეთებს: ,,რაკიღა ეს თავდაპირველი ხელშეკრულე-ბითაა გათვალისწინებული, დაე, ასეც დარჩეს.“ თავისი გამჭრიახობისა და ჭკუის მიუხედავად, მას არ შეეძლო ამა თუ იმ ფაქტის გაანალიზება პოლიტიკური კონტექსტის გაუთვალისწინებლად - რისი გაკეთებაც აუცილებელი იყო მონობის საკითხის განხილვისას - არამედ, ზოგადი მსჯელობისას, თავს უფლება მისცა - თუ იძულებული იყო - ისე ელაპარაკა, რომ ძნელად თუ ვინმე აღმოაჩენდა რაიმე ახალს და ორიგინალურს თუნდაც, მოქალაქის სოციალურ მოვალეობასთან დაკავშირებით. ,,ფორმა“, ბრძანებს ის, ,,რომლითაც უნდა დარეგულირდეს მონობის საკითხი, იმ შტატების მთავრობათა გადასაწყვეტია, სადაც არსებობს მონობა და მათ ეს უნდა გააკეთონ მორალის, ჰუმანურობისა და სამართლიანობის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით, თავიანთი პასუხისმგებლობის სრული გაცნობიერებით ამომრჩევლისა და უფლის წინაშე. ჰუმანურობის ან სხვა რაიმე მოსაზრებებით შექმნილ ნებისმიერ გაერთიანებას არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს ამ საკითხის გადაწყვეტასთან. არც ერთ ასეთ გაერთიანებას არ მიუღია რაიმე მხარდაჭერა ჩემი მხრიდან და ვერც ვერასოდეს მიიღებს.“

მათ - ვისთვისაც უცნობია სიმართლის უფრო წმინდა წყარო და ვერ მიუკვლევიათ მისი უფრო მაღალი სათავისთვის - ისღა დარჩენიათ, ბიბლიასთან და კონსტიტუციასთან ჩაიმუხლონ და მოწიწებით დაეწაფონ მათ ჭეშმარიტებას (და სწორადაც იქცევიან); მათ კი, ვინც იცის, საიდან ჩაედინება ეს ნაკადული ამ ტბასა თუ იმ გუბურაში - რკინის ქალამნებს ჩაიცვამენ და გრძელ გზას გაუყვებიან მის სათავემდე.

ამერიკაში ჯერ არ გამოჩენილა კაცი, კარგი კანონების შექმნა რომ ხელეწიფებოდეს. ასეთები მსოფლიო ისტორიამაც ძალზე ცოტა თუ იცის. სამაგიეროდ, ბლომად გვყავს ორატორი, პოლიტიკოსი თუ მჭევრმეტყველი; მაგრამ ერთი ისეთი ორატორი მიჩვენეთ, რომელიმე მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრა რომ შეეძლოს. ჩვენ მოგვწონს მჭევრმეტყველება თავისთავად და არა იმიტომ, რომ იგი რაიმე ჭეშმარიტებას გვაზიარებს, ან თავისი შთაგონების ძალით ვინმეს გმირად აქცევს. ჩვენი კანონმდებლები ჯერაც ვერ გარკვეულან, თუ რად შეიძლება უღირდეს ერს თავისუფალი ვაჭრობა, - რა ფარდობითი ფასი შეიძლება დაედოს თავისუფლებას, ერთიანობასა თუ პატიოსნებას. მათი ნიჭი და ტალანტი დაბეგვრის, ფინანსების, ვაჭრობის, მრეწველობისა თუ სოფლის მეურნეობის შედარებით მარტივ საკითხებსაც კი ვერ გასწვდება. ჩვენ რომ კონგრესში მოკალთებული კანონმდებლების მჭევრმეტყველების ანაბარა ვყოფილიყავით დარჩენილი და მათ ნაღვაწში ჟამთა სვლასა თუ ხალხის დროულ პროტესტს თავისი შესწორებები არ შეეტანა, ამერიკა ვერ შეინარჩუნებდა თავის ადგილს სხვა ერებს შორის. თვრამეტი საუკუნეა, რაც ახალი აღთქმა დაიწერა (თუმცა, მე შეიძლება არც მქონდეს ამ თემაზე საუბრის უფლება); და დღემდე არ გამოჩენილა ისეთი კანონმდებელი, რომელიც შეძლებდა, ღირსეულად ესარგებლა იმ ნათელით, მისგან რომ ეფრქვევა სამართალმცოდნეობას.

ხელისუფლება, ისეთიც კი, რომელსაც ჩემი ქვეყნისთვის ვისურვებდი, რადგან სიამოვნებით ვაღიარებ მათ ძალაუფლებას, ვინც ჩემზე მეტი იცის და მეტის გაკეთებაც შეუძლია, და თუნდაც მათსას, ვინც რაღაც კონკრეტული თვალსაზრისით ვერც ამ პირობას აკმაყოფილებს - მაინც მანკიერი იქნება: იმისთვის რომ სავსებით სამართლიანი იყოს, მას ქვეშევრდომთა სანქცია და სრული თანხმობა სჭირდება. მისი ძალაუფლება ჩემ პიროვნებასა და ქონებაზე მხოლოდ იმდენად გავრცელდება, რამდენადაც მე მივცემ ამის ნებას. განვლილი გზა აბსოლუტური მონარქიიდან შეზღუდულ მონარქიამდე, ამ უკანასკნელიდან კი დემოკრატიამდე - ეს არის გზა, რომელსაც პიროვნების ღირსების ჭეშმარიტი აღიარებისკენ მივყავართ. ძველი ჩინელი ფილოსოფოსიც კი აცნობიერებდა, რომ იმპერიის ძლიერების საფუძველი მხოლოდ პიროვნების პატივისცემა შეიძლება ყოფილიყო. განა ის დემოკრატია, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, მმართველობის განვითარების უმაღლეს მწვერვალს წარმოადგენს? განა არ შეიძლება გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები ადამიანის უფლებათა აღიარებისა და მათი რეგულირების გზაზე? სახელმწიფო ჭეშმარიტად თავისუფალი და განათლებული მხოლოდ მაშინ გახდება, როცა აღიარებს და საკადრისი პატივისცემითაც მოეპყრობა პიროვნებას, როგორც უმაღლეს და თვითკმარ ფასეულობას, რომელსაც ეფუძნება სახელმწიფოს მთელი ძლიერება და ძალაუფლება. მე ვოცნებობ ისეთ სახელმწიფოზე, რომელიც სამართლიანი

იქნება ყველა თავისი ქვეშევრდომის მიმართ და ყოველ პიროვნებას, როგორც თავის მოყვასს, ისე მოეპყრობა; რომელსაც სრულიადაც არ დაურღვევს სიმშვიდეს განს გამდგარ ადამიანთა ის მცირერიცხოვანი კატეგორია, აქტიურად რომ არ იქნება ჩართული მის საქმეებში და არც განსაკუთრებული ქვეშევრდომული აღტყინებით ნიშანდებული, მაგრამ პატიოსნად მოიხდის თავის ვალს მოყვასთამიმართ. სახელმწიფო, რომელიც მოისხამს ამგვარ ნაყოფს და დამწიფებისთანავე დაუნანებლად მოიწყვეტს ტოტიდან - ასეთი სახელმწიფო ნიადაგს შეამზადებს სხვა, კიდევ უფრო სრულყოფილი სახელმწიფოსათვის, რომელზეც ჯერჯერობით მხოლოდ ოცნება თუ შემიძლია.

თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა

__________________________

1. ლაპარაკია 1846-48 წლებში ტეხასის ტერიტორიის გამო აშშ-სა და მექსიკას შორის მიმდინარე ომზე.

2. ფრაგმენტი ჩარლზ უოლფის (1791-1823) ბალადიდან ,,სერ ჯონ მურის დაკრძალვა კორუნაში“. მური ინგლისელი გენერალი იყო და ესპანეთში დაიღუპა ნაპოლეონთან ბრძოლისას.

3. ციტატა შექსპირის ,,ჰამლეტიდან“ (V, I)

4. ციტატა შექსპირის ,,მეფე ჯონიდან“ (V, II)

5. ლაპარაკია 1775 წლის 19 აპრილს, ლექსინგტონისა და კონკორდის ბრძოლებით ამერიკის დამოუკიდებლობისთვის დაწყებულ ომზე ინგლისის წინააღმდეგ.

6. იგულისხმება მექსიკა.

7. უილიამ პელი (1743-1805) - ინგლისელი თეოლოგი და ფილოსოფოსი.

8. მათე, X, 39.

9. სირილ თარნერი, ,,შურისმაძიებლის ტრაგედია“ VI, 4.

10. ლაპარაკია სენატორ სემუელ ჰორზე. ამ უკანასკნელმა 1844 წელს, სამხრეთ კაროლინაში სასამართლო პროცესის დროს ანტიკონსტიტუციურად შერაცხა შტატის კანონი, რომლის მიხედვითაც შტატის აკვატორიაში შემოსული ხომალდის ეკიპაჟის შავკანიანი წევრები საპატიმროში უნდა მოეთავსებინათ მანამ, სანამ გემი ნავსადგურს დატოვებდა. ამის შემდეგ სენატორს მასზე ძალადობის საშიშროების საბაბით, აიძულეს, დაეტოვებინა სამხრეთ კაროლინა.

11. ტორო იმეორებს ანტიგონეს სიტყვებს ესქილეს ტრაგედიიდან.

12. მას მხოლოდ ამ გადასახადის გადახდა ევალებოდა. იმ დროისთვის საშემოსავლო გადასახადი ჯერ კიდევ არ არსებობდა. ტორო ამტკიცებდა, რომ ის გადაიხდიდა როგორც სასკოლო, ისე საგზაო გადასახადს მათი ცალკე გამოყოფა რომ შეძლებოდა; ჰენრი ტორო ზოგადად გადასახადების წინააღმდეგი კი არ იყო, არამედ ისეთი გადასახადებისა, რომლებიც ამორალური მთავრობის მხარდაჭერას ხმარდებოდა.

13. ამბობენ, რომ ეს მისმა დეიდამ, მარიამ გააკეთა. ყვებიან იმასაც, რომ ციხეში მის სანახავად მისულმა რალფ უოლდო ემერსონმა ჰკითხა, ჰენრი, აქ რას აკეთებო, ტორომ მიუგო, საკითხავი ის არის, შენ რატომღა არ ზიხარ აქო.

14. ლაპარაკია ცნობილ ამერიკელ იურისტსა და სახელმწიფო მოღვაწე დენიელ უებსტერზე

15. 1787 წლის კონსტიტუციის ავტორები.

3 საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2002 წლის მოხსენება

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ქვეყნდება აშშ- სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის,
ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროს მიერ
31 მარტი, 2003 .

(იბეჭდება შემოკლებით. დასაწყისი იხ. ,,თავისუფლება 17)

მეორე ნაწილი. სამოქალაქო თავისუფლებების პატივისცემა

0x01 graphic

კონსტიტუცია უზრუნველყოფს სიტყვისა და პრესის თავისუფლებას; მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი პრესა ძირითადად თავისუფალი იყო, ადგილი ჰქონდა ჟურნალისტთა დაშინების რამოდენიმე შემთხვევას. ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, უშიშროებისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ცდილობდნენ პრესის დაშინებას საჯარო კომენტარების, პირადი გაფრთხილებებისა და ძალადობის გზით. მიუხედავად ამისა, 2002 წლის განმავლობაში ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ, გამოექვეყნებინათ მრავალფეროვანი და ზედმიწევნით კრიტიკული შეხედულებები სამთავრობო მოხელეებისა და მათი საქმიანობის შესახებ; ამასთანავე ზოგიერთი ჟურნალისტი თვითცენზურას მიმართავდა. ადმინისტრაციული კოდექსი შეიცავს ინფორმაციის თავისუფლების თავს, რომელიც უზრუნველყოფს სამთავრობო შეხვედრებისა და დოკუმენტების საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობას; მიუხედავად ამისა, ამ ნორმას პრაქტიკაში ცოტა ჟურნალისტი თუ იყენებდა. ინფორმაციის თავისუფლების აქტის მიღებამ და ამ კანონის ამოქმედებამ აიძულა სამთავრობო სტრუქტურები, მეტი ნება გამოევლინათ ინფორმაციით უზრუნველყოფის მხრივ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კანონის თანახმად, სახელმწიფო უწყებამ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა უნდა გასცეს, ხშირად ინფორმაციის გაცემა განუსაზღვრელი დროით ჭიანურდებოდა.

ქვეყანაში დაახლოებით 200-მდე დამოუკიდებელი გაზეთი გამოდიოდა. პრესა ხშირად აკრიტიკებდა ხელისუფლებას; მაგრამ, ცოტა გაზეთი თუ ავლენდა სარედაქციო დამოუკიდებლობას და იყო კომერციულად სიცოცხლისუნარიანი. როგორც წესი, გაზეთებზე გავლენას ის პოლიტიკური და ბიზნეს მეპატრონეები ახდენდნენ, რომლებიც აფინანსებდნენ ამ გამოცემებს. მთავრობა აფინანსებდა და აკონტროლებდა ერთ გაზეთს, რომელიც გამოდიოდა რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე (რედაქციისგან: იგულისხმება ცალკე გამოცემები - ,,Свободная Грузия, ,,ვრასტანი“ და ,,გურჯისტანი“, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან) და ოფიციალურ თვალსაზრისს გამოხატავდა. ყველაზე მაღალტირაჟიანი დამოუკიდებელი ყოველდღიური გაზეთის ,,ალიას“ ტირაჟი თითქმის 20 პროცენტით აღემატებოდა მთავრობის მიერ კონტროლირებადი ყოველდღიური გაზეთის ტირაჟს; რეგიონებში დამოუკიდებელ გაზეთები აგრძელებდნენ არსებობისათვის ბრძოლას, რაც დიდწილად მოსახლეობის უკიდურესი გაჭირვებული მდგომარეობით იყო განპირობებული. ბეჭდვის მაღალი ფასები, რეკლამის სიმცირე და საერთო სიდუხჭირე არაერთი გაზეთის ტირაჟის სიმცირის მიზეზი იყო. რამოდენიმე გაზეთი ყველაზე სარწმუნო ინფორმაციის წყაროს წარმოადგენდა, თუმცა ფინანსური რესურსების სიმცირე აფერხებდა ჟურნალისტიკის განვითარებას და ჟურნალისტური სტანდარტების დამკვიდრებას. სახელმწიფო საგადასახადო სისტემის წარმომადგენლები აგრძელებდნენ დამოუკიდებელი გაზეთების შევიწროებას.

0x01 graphic

მოსახლეობის უმრავლესობა ახალ ამბებს ტელე და რადიომაუწყებლობის საშაულებით იღებს. მთავრობა აკონტროლებს ტელე და რადიომაუწყებლობის მთავარ ქსელს მთელი ქვეყნის მასშტაბით; ამ ქსელით ოფიციალური თვალსაზრისი ვრცელდება. დამოუკიდებელი სატელევიზიო ქსელის TNG-ს წევრი, ,,რუსთავი-2“, სახელმწიფო ტელეარხის გარდა ერთადერთი არხია, რომლის გავრცელების არეალი მთელ ქვეყანას მოიცავს.

2001 წლის ბოლოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლები TNG -ს სათაო ოფისში შევიდნენ და ფინანსური ინფორმაცია მოითხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო დეპარტამენტს კომპანიის აუდიტი რამდენიმე კვირით ადრე ჰქონდა ჩატარებული. ,,რუსთავი-2“-ის ხელმძღვანელმა უარი განაცხადა ინფორმაციის გაცემაზე და მიმდინარე მოვლენები პირდაპირი ეთერით გააშუქა, რასაც პარლამენტის წინ საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. მოსახლეობამ პრეზიდენტ შევარდნაძეს ყველა მინისტრის გადაყენება მოსთხოვა. ამ ინციდენტამდე ,,რუსთავი-2“-ის ეთერით გადაიცა სამი დეტალური ჟურნალისტური გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურაში კორუფციის შესახებ. კერძოდ, პოლიციის მაღალჩინოსნების მხრიდან ფულის გამოძალვისა და მტკიცებულებების ,,შეთითხნის“ მცდელობა ნარკოტიკებთან დაკავშირებული საქმის გამოძიების დროს.

,,რუსთავი-2“-ის გარდა, თბილისში შვიდი დამოუკიდებელი სატელევიზიო არხია. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში 45-ზე მეტი რეგიონალური სატელევიზიო არხი ფუნქციონირებს, რომელთაგან 17 ყოველდღიურ ახალ ამბებს გადასცემს. მართალია, ეს არხები ოფიციალურად დამოუკიდებლად ითვლებიან, მაგრამ სარეკლამო შემოსავლის სიმწირე ხშირად აიძულებთ მათ, ადგილობრივი ხელისუფლების შემწეობაზე იყვნენ დამოკიდებული. ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთსა და ქუთაისში შედარებით დამოუკიდებელი მედია არსებობს. ,,რუსთავი-2“-ის ქსელი 15 ქვესადგურს აერთიანებს, მათგან 5 ყოველდღიურად გადასცემს ,,რუსთავი-2“-ის საღამოს ახალ ამბებს. სახელმწიფო საგადასახადო უწყების თანამშრომლები განაგრძობდნენ დამოუკიდებელი სატელევიზიო კომპანიების შევიწროებას. სატელევიზიო არხები, რომლებიც შემოსავალსა და ხელისუფლებასთან უკეთეს საქმიან ურთიერთობებს ესწრაფვოდნენ, მიმართავდნენ თვითცენზურის პრაქტიკას.

0x01 graphic

27 სექტემბერს ზუგდიდის ადგილობრივი ტელევიზიის შენობაში 20-ზე მეტი პოლიციელი შეიჭრა. მათ სცემეს თანამშრომლები და დაამტვრიეს აპარატურა. ტელეკომპანიამ პროგრამა ,,60 წუთს“ ინფორმაცია მიაწოდა მეზობელ აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში ბენზინის კონტრაბანდის შესახებ, რომელშიც პოლიცია იყო ჩართული. პოლიცია დაემუქრა ,,60 წუთის“ ზუგდიდის კორეს-პონდენტის ოჯახსაც. გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შიდა გამოძიების შედეგად, პოლიციის უფროსის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს (იხ. ნაწილი 1.გ.).

20 იანვარსა და 7 მაისს მუქარის ობიექტი კერძო სატელევიზიო სადგური ,,პირველი სტერეო“ გახდა. ორივე შემთხვევაში ტელეკომპანიაზე იერიში მიიტანა მართლმადიდებელი ქრისტიანების რადიკალურმა დაჯგუფებამ, რომელსაც განკვეთილი მართლმადიდებელი მღვდელი მამა ბასილ მკალავიშვილი უძღვებოდა; დარბევის მიზეზი ამ არხის ეთერით უცხოური ევანგელისტური პროგრამის გადაცემა გახდა (იხ. ნაწილი 2.გ.).

კანონმდებლობა ცილისწამების შესახებ აბრკოლებდა ჟურნალისტურ გამოძიებას. სამოქალაქო კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო აქტების მიხედვით, პიროვნების ღირსებისა და პატივის შეურაცხყოფა დანაშაულად ითვლება და მტკიცებულების ტვირთი მოპასუხეზე გადადის. ჟურნალისტები აღნიშნავდნენ, რომ ისინი განიცდიდნენ ზეწოლას როგორც თანამდებობის პირების, ისე ბიზნესმენებისა და საზოგადოების მხრიდან.

0x01 graphic

28 მაისს პარლამენტარი ვიტალი ხაზარაძე დისკრედიტაციით, კერძოდ კი პორნოგრაფიული სურათების ფოტომონტაჟის გამოქვეყნებით დაემუქრა ,,ახალი თაობის“ თბილისის დამატების (რედაქციისგან: იგულისხმება ქუთაისის რეგიონალური გაზეთი ,,ახალი გაზეთი“) ჟურნალისტებს ია ბობოხიძესა და მაია მეცხვარიშვილს. ამ უკანასკნელის სტატია ეხებოდა ხაზარაძის კავშირს ცნობილ კრიმინალურ ელემენტთან და ადანაშაულებდა მას ქუთაისის მუნიციპალური საბჭოს ლობირებაში. მოგვიანებით ხაზარაძემ ,,ახალი თაობის“ (,,ახალი გაზეთის“ - რედ.) მთავარი რედაქტორისაგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში გაზეთს დახურვით, ხოლო ჟურნალისტებს ცემით დაემუქრა.

2001 წელს დააპატიმრეს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი სანაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი, რომლის სასამართლო პროცესი წლის ბოლოსათვის იყო დანიშნული. ეჭვმიტანილის არარსებობის გამო, გასულ წელს დროებით შეჩერდა 2000 წელს მოკლული იტალიელი ჟურნალისტის ანტონიო რუსოს საქმის გამოძიება.

ჟურნალისტთა აქტიური ასოციაციების არარსებობა იყო მიზეზი იმისა, რომ მედიის დაცვის ეფექტურობა შეზღუდული იყო. დამკვირვებლები აღნიშნავდნენ, რომ ცოტა ჟურნალისტსა და სამთავრობო მოხელეს (განსაკუთრებით, კი რეგიონებში) თუ ჰქონდა წარმოდგენა ჟურნალისტთა დაცვის არსებულ იურიდიულ მექანიზმებზე; ასევე ცოტას გააჩნდა ადვოკატის დაქირავების საშუალება. ზოგიერთი მედიის წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ მათ დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაციები უწევდნენ.

მთავრობა არ ზღუდავდა ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობას; თუმცა, სუსტი ინფრასტრუქტურისა და სიღარიბის გამო დიდი ქალაქების მაცხოვრებლების გარდა ინტერნეტზე ხელი ცოტა ვინმეს თუ მიუწვდება.

0x01 graphic

კონსტიტუცია უზრუნველყოფს აღმსარებლობის თავისუფლებას და მთავრობაც ძირითადად პატივს სცემს ამ უფლებას, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზღუდავდნენ არატრადიციულ რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფების უფლებებს. ადგილობრივი პოლიციისა და უშიშროების მაღალჩინოსნები დროდადრო აშინებდნენ არამართლმადიდებელ რელიგიურ გაერთიანებებს, განსაკუთრებით კი ადგილობრივ და უცხოელ მისიონერებს, იეჰოვას მოწმეების, ბაპტისტების, ევანგელისტების, ორმოცდაათიანელებისა და ჰარე კრიშნას წარმომადგენელთა ჩათვლით.

კონსტიტუცია აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ ამავე დროს ეკლესია სსახელმწიფოსაგან გამოჰყოფს.

საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათები მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ პარლამენტსა და მთავრობაში ლობირება გაუწია კანონებს, რომლითაც ეკლესიას განსაკუთრებული სტატუსი ენიჭებოდა, ხოლო არატრადიციული რელიგიური ორგანიზაციების მისიონერების მოღვაწეობას შეზღუდავდა. 22 ოქტომბერს პარლამენტმა მოახდინა კონსტიტუციური ხელშეკრულების (კონკორდატის) რატიფიკაცია, რომელსაც ხელი პრეზიდენტმა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა მოაწერეს. კონკორდატს უნდა განესაზღვრა ეკლესიისა და სახელმწიფოს მომავალი ურთიერთობები. კონკორდატში ნათქვამია, რომ ეკლესიის თანხმობით, მთავრობას შეუძლია, გასცეს ეკლესიის ოფიციალური სიმბოლიკისა და ტერმინოლოგიის გამოყენების ნებართვები და ლიცენზიები, ასევე ლიცენზიები, რელიგიური კულტის საგნების წარმოებაზე, იმპორტსა და დისტრიბუციაზე. ამ მუხლმა დიდი მღელვარება გამოიწვია რელიგიურ უმცირესობებს შორის.

ნოემბერში კონსტიტუციურმა სასამართლომ, იმ მოტივით, რომ დისკრიმინაციის არავითარი საფუძველი არ არსებობდა, წარმოებაში არ მიიღო ,,ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიის“ (სქიზმატური მართლმადიდებელი ეკლესია) შეტანილი პეტიცია იმის შესახებ, რომ კონკორდატი რელიგიის თავისუფლების კონსტიტუციური დაცვის მექანიზმებს არღვევდა. დეკემბერში ქუთაისის მერიამ ,,ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ეკლესიას“ არ მისცა ეკლესიის მშენებლობის უფლება იმ მიზეზით, რომ ეს მშენებლობა არ იყო სანქცირებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, ისე, როგორც ამას კონკორდატი ითხოვდა (რედაქციისაგან: საპატრიარქოსგან ლოცვა კურთხევის არქონის საბაბით ქუთაისის ადგილობრივმა ხელისფლებამ სქიზმატებს ეკლესიის მშენებლობა კონკორდატის მიღებამდეც აუკრძალა).

ზოგიერთი ნაციონალისტი პოლიტიკოსი საკუთარ პლატფორმას კვლავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უზენაესობაზე აფუძნებდა და რამდენიმე პროტესტანტულ ჯგუფს, მეტადრე კი ევანგელისტებს, ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის აკრიტიკებდა. ასეთი პოლიტიკოსების განსაკუთრებულ სამიზნეს იეჰოვას მოწმეები წარმოადგენდნენ. არ არსებობდა კანონი რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ; თუმცა, ნოემბერში პარლამენტს წარუდგინეს კანონპროექტი, რომელსაცქვეყანაში არსებული ყველა რელიგიური ჯგუფის რეგისტრაციის საკითხები უნდა დაერეგულირებინა. მთავრობის აზრით, შემოთავაზებული კანონი რელიგიური შეუწყნარებლობისა და ძალადობის შემცირებისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა. კანონპროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, მაგრამ წლის ბოლოსთვის პარლამენტში კენჭისყრაზე ის არ წარუდგენიათ. ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს წარმოდგენილი კანონპოექტი, როგორც არატრადიციული რელიგიური ჯგუფების უფლებების შემზღუდავი დოკუმენტი. რელიგიური ექსტრემისტის მამა ბასილ მკალავიშვილის მიმდევრები (,,ბასილისტები“), თავის მხრივ, აკრიტიკებდნენ ამ კანონპროექტს და აცხადებდნენ, რომ ის მოახდენდა, მათი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, ,,კრიმინალური სექტების“, ანუ არატრადიციული რელიგიური ჯგუფების ლეგალიზაციას. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, რელიგიური ჯგუფები, რომლებიც ჰუმანიტარულ საქმიანობას ეწევიან, შეიძლება დარეგისტრირდნენ, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციები, თუმცა რელიგიურ და სხვა ორგანიზაციებს შეუძლიათ ჰუმანიტარული მომსახურების გაწევა რეგისტრაციის გარეშეც. დაურეგისტრირებელ ორგანიზაციებს არ ჰქონდათ რელიგიური სამსახურის ჩატარების, საოფისე შენობების დაქირავების ან ლიტერატურის იმპორტისა და სხვა ტიპის საქმიანობის უფლება. არარეგისტრირებული ორგანიზაციების წევრებს შეეძლოთ ამ საქმიანობაში მონაწილეობა მიეღოთ, როგორც კერძო პირებს, მაგრამ ასეთ შემთხვევებში, ისინი კანონის წინაშე პასუხს პერსონალურად აგებდნენ.

2001 წელს უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა 2000 წლის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც გააუქმა იეჰოვას მოწმეების კანონიერი რეგისტრაცია. სასამართლოს მიერ გაკეთებული განცხადება აკონკრეტებდა ამ გადაწყვეტილებას და ხაზს უსვამდა, რომ ეს უკანასკნელი კი არ კრძალავდა ამ ორგანიზაციას, არამედ უბრალოდ უარყოფდა მის კანონიერ სტატუსს. ბევრი ადგილობრივი სამართალდამცავი სისტემის ოფიციალური პირი ამ გადაწყვეტილებას აკრძალვად აღიქვამდა და ამ საბაბით არ იცავდა იეჰოვას მოწმეებს რელიგიური ექსტრემისტების შეტევებისაგან.

6 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ფონიჭალაში დააკავეს რელიგიური ლიტერატურით დატვირთული სატვირთო ავტომობილი - ეს იყო ,,საგუშაგო კოშკის ბიბლია“ და ,,ტრაქტატის საზოგადოება“; ეს ლიტერატურა განბაჟებული იყო საქართველოს საბაჟოზე და ქვეყანაში კანონიერად იყო შემოტანილი. შემდგომში მამა ბასილ მკალავიშვილის მომხრეებმა (,,ბასილისტებმა“) ალყა შემოარტყეს სატვირთო ავტომობილს, სცემეს მძღოლი და წაართვეს მას საზღვარზე გადმოტანისათვის აუცილებელი დოკუმენტები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს სატვირთო ავტომობილი 12 დეკემბერს გაათავისუფლა.

რომის კათოლიკურ ეკლესიასა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას არ ჰქონდათ საბჭოთა პერიოდში დახურული ეკლესიების დაბრუნების საშუალება, ბევრი მათგანი კი საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა. ცნობილი სომხური ეკლესია თბილისში დაიხურა, ხოლო სომხურ სამოციქულო ეკლესიას, კათოლიკურ ეკლესიასა და პროტესტანტულ კონფესიებს დიდი სიძნელეები შეხვდათ ახალი ეკლესიების მშენობლობის უფლების მიღების დროს, რაც მართლმადიდებლური ეკლესიის მხრიდან ზეწოლის შედეგს წარმოადგენდა. გასულ წელს ბევრი სიძნელე შეხვდა კათოლიკურ ეკლესიას ახალი ეკლესიების მშენებლობის მცდელობისას ქუთაისსა და ახალციხეში. 5 აპრილს ,,დასავლეთ საქართველოს კათოლიკურმა კავშირმა“ საპატრიარქოს წინააღმდეგ (რედაქციისგან: სარჩელი შეტანილი იყო საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ) სარჩელი შეიტანა თბილისის სასამართლოში ქუთაისის ,,ხარების ტაძრის“ დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით.

საბჭოთა წყობის დროს წართმეული ქონების დაბრუნებას ებრაელთა სათვისტომოსაც უჭიანურებდნენ. 1997 წელს სასამართლომ დაადგინა, რომ ებრაელთა სათვისტომოს უნდა დაბრუნებოდა ყოფილი სინაგოგა, რომლის შენობასაც იმ პერიოდში ერთერთი თეატრალური ჯგუფი მთავრობისაგან ქირაობდა. მაგრამ 1998 წელს თეატრალურმა ჯგუფმა სასამართლოში აღძრა სარჩელი, სადაც ამტკიცებდა, რომ ეს შენობა სინაგოგა არასოდეს ყოფილა. 2001 წელს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ამ სინაგოგის ცენტრალური ჰოლი ებრაელთა სათვისტომოს უნდა დაბრუნებოდა, ხოლო თეატრალურ ჯგუფს შენობის დანარჩენი ნაწილი დარჩენოდა. წლის ბოლოსათვის თეატრალურ ჯგუფს ამ შენობის ცენტრალური ნაწილი ჯერ კიდევ არ ჰქონდა გათავისუფლებული.

რთული იყო სანდო და რეგულარული ინფორმაციის მოპოვება სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი აფხაზეთის შესახებ. აფხაზეთის პრეზიდენტის ბრძანებით აკრძალულია იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა. ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის არაერთი წევრი დააპატიმრეს, თუმცა, ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, წლის ბოლოსათვის ყველა გაათავისუფლეს.

პოლიციისა და უშიშროების თანამშრომლები დროდადრო ავიწროვებდნენ არატრადიციული რელიგიური უმცირესობების ჯგუფებს, განსაკუთრებით კი, იეჰოვას მოწმეებს. რამდენიმე შემთხვევაში პოლიცია არა თუ არ ჩარეულა და არ დაუცავს იეჰოვას მოწმეები მართლმადიდებელი ექსტრემისტების თავდასხმებისაგან, არამედ თვითონაც მონაწილეობდა და ხელს უწყობდა დარბევებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და გენერალური პროკურატურა, როგორც წესი, არ აწარმოებდნენ მართლმადიდებელი ექსტრემისტების სისხლის სამართლებრივ დევნას მათ მიერ რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების გამო. იშვიათ შემთხვევებში ასეთი დარბევების გამოძიება ხორციელდებოდა, თუმცა, ძალზე ნელი ტემპით მიმდინარეობდა. 2000 წელს მთავრობამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მამა ბასილ მკალავიშვილის წინააღმდეგ, რომლის მიმდევრებიც რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ განხორციელებულ ბევრ სასტიკ დარბევაში იღებდნენ მონაწილეობას; მიუხედავად ამისა, გამოძიება ძალიან ნელა მიმდინარეობდა. მართალია, სისხლის სამართლის საქმის აღძვრამ ხელი შეუშალა მკალავიშვილს პირადად მიეღო მონაწილეობა წლის განმავლობაში განხორციელებულ დარბევათა უმრავლესობაში, მაგრამ მკალავიშვილის მიმდევრები მისი მონაწილეობის გარეშეც აგრძელებდნენ ძალადობას.

ნოემბერში ,,ბასილისტებმა“ სასამართლო დარბაზიდან გამოაძევეს უცხოური რადიოს კორესპონდენტი, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დასტურით ხდებოდა. ,,ბასილისტებმა“ დააშინეს მოსარჩლეებიც და სასამართლო დარბაზში იარაღი შეიტანეს. დეკემბერში მოსარჩლეებმა მოსამართლის გადაყენება მოითხოვეს, რადგანაც ის სასამართლო პროცესზე წესრიგის დამყარებას ვერ ახერხებდა.

2001 წელს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც დაგმობილი იყო რელიგიური ძალადობა. მალე პროკურატურამ დაკითხა მამა ბასილ მკალავიშვილი, რომელიც მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილი დაადებინეს. თუმცა, ხანმოკლე შედარებითი სიმშვიდის შემდეგ მკალავიშვილისა და სხვათა ჯგუფების თავდასხმები კვლავ განახლდა. მკალავიშვილის მიმდევრები და მეორე ექსტრემისტული დაჯგუფება ,,ჯვარი“ განაგრძობდნენ დაუსჯელ მოქმედებებს.

ქვეყნის შესახებ გაკეთებულ მიმოხილვაში გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტმა გამოთქვა ღრმა წუხილი რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული ამ მზარდი სიძულვილისა და შეტევების გამო, რაც მთავრობის უმოქმედობით იყო წახალისებული. იმავე დღეს ევროპის საბჭომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ხელისუფლება მკაცრად იყო გაკრიტიკებული ქვეყანაში რელიგიური და რასობრივი ძალადობის მიმართ გულგრილი დამოკიდებულების გამო. პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა იმ სამთავრობო ზომების შესახებ, რომლებიც ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ, მათ შორის რელიგიური უმცირესობების დაცვისაკენ იქნებოდა მიმართული; ამ მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში საკოორდინაციო ჯგუფის შექმნა დაიგეგმა. 2002 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა მინისტრის დირექტივა რელიგიური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომელიც ავალებდა შსს-ს ძალებს, გადამწყვეტი ზომები მიეღოთ რელიგიური ძალადობის ყოველი აქტის წინააღმდეგ და გამოეძიათ მასთან დაკავშირებული ყველა შემთხვევა.

ქვეყნისათვის ტრადიციული რელიგიური უმცირესობების - კათოლიკეების, სომხეთის სამოციქულო ქრისტიანული ეკლესიის, ებრაელებისა და მუსულმანების - მიმართ ტრადიციულად ტოლერანტული დამოკიდებულების მიუხედავად, მოსახლეობა მეტისმეტად შეშფოთებულია სხვა პროტესტანტული არატრადიციული რელიგიებით; რადგანაც ითვლება, რომ ისინი სარგებლობენ ქვეყნის ეკონომიკური გაჭირვებით და თავიანთი ორგანიზაციების რიგებს ეკონომიკური შემწეობების ხარჯზე ზრდიან.

0x01 graphic

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ არამართლმადიდებლური რელიგიური ჯგუფები, განსაკუთრებით კი, არატრადიციული, ანუ ეგრეთ წოდებული სექტები, საფრთხეს უქმნიან ეროვნულ ეკლესიასა და საქართველოს კულტურულ ფასეულობებს; მათი აზრით, უცხოელი ქრისტიანი მისიონერების საქმიანობა არაქრისტიანული გარემოთი უნდა შემოისაზღვროს. არატრადიციული რელიგიური გაერთიანებების უცხოელი და ადგილობრივი წევრების მონაცემებით, ექსტრემისტი მართლმადიდებელი ჯგუფები, პოლიცია და სხვა სახელისუფლებო სტრუქტურები განაგრძობდნენ მათ შევიწროებას (იხ. ნაწილი 2. გ.).

მოკვეთილი მართლმადიდებელი მღვდლის, ბასილ მკალავიშვილის მიმდევრებმა (,,ბასილისტებმა“) არაერთი ძალადობრივი თავდასხმა განახორციელეს არატრადიციულ რელიგიურ უმცირესობებზე, მათ შორის ბაპტისტებზე, მეშვიდე დღის ადვენტისტებსა და განსაკუთრებით, იეჰოვას მოწმეებზე. ,,ბასილისტები“ წვავდნენ რელიგიურ ლიტერატურას, არბევდნენ რელიგიურ შეკრებებს და სცემდნენ მრევლს, ზოგიერთ შემთხვევებში ლურსმნიანი ჯოხებითა და ხელკეტებით. დარბევების დროს მკალავიშვილის მიერ ექსპრომტად ორგანიზებულ პრესკონფერენციებს ფონად ძალადობა გასდევდა. მაგალითებად შემდეგი ინციდენტები გამოდგება:

25 იანვარს ,,ბასილისტთა“ ჯგუფმა, მამა ბასილის ჩათვლით, ალყა შემოარტყა შენობას, რომელშიც სატელევიზიო არხი ,,პირველი სტერეოა“ განთავსებული. ,,ბასილისტები“ ამ არხის თანამშრომლებს 2001 წლის დასაწყისიდან, ანუ მას შემდეგ ატერორებდნენ, რაც ამ არხით ევანგელისტური რელიგიური პროგრამა გადაიცემოდა. ორი ,,ბასილისტი“ შენობაში შეიჭრა, მაგრამ ისინი დააპატიმრეს. მიუხედავად ამისა, დაახლოებით 100 ,,ბასილისტი“ სწრაფად შეიკრიბა პოლიციის განყოფილების წინ და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა. პოლიციამ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა. როდესაც ,,პირველმა სტერეომ“ 7 მაისს რელიგიური პროგრამების გადაცემა განაახლა,მკალავიშვილი და მისი ოთხი მიმდევარი ისევ შეეცადა ტელეარხის შენობაში შეღწევას. ამ დროს მათ ერთ-ერთ თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიცია ამ ინციდენტში მხოლოდ მას შემდეგ ჩაერია, რაც ადამიანის უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განგაში ატეხეს.

15 აგვისტოს ხელკეტებით შეიარაღებული დაახლოებით 50 პიროვნება ოთარაშენში (რედ.: სოფელი გორის რაიონში) იეჰოვას მოწმეების რელიგიური შეხვედრის დასარბევად მივარდა. მაგრამ რელიგიური ჯგუფის წევრები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული შესაძლო ძალადობის შესახებ და კრება შეწყვიტეს. ამის შემდეგ ბრბო შენობაში ფანჯრებისა და ავეჯის მტვრევით შეიჭრა და სცემა დარაჯი. თავდამსხმელებმა რელიგიური ლიტერატურით სავსე თაროები და სკამები ქუჩაში გამოიტანეს და ცეცხლი წაუკიდეს. თვითმხილველებმა დამრბევებში ორი ბასილისტი ამოიცნეს. მათივე მონაცემებით, შემთხვევის ადგილზე პოლიციის მანქანაც მივიდა. პოლიციამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ წლის ბოლოსთვის არავინ დაუპატიმრებია.

16 აგვისტოს, კასპში განხორციელებულ ანალოგიურ დარბევაში დაახლოებით 24 კაცი მონაწილეობდა; ეს ადამიანები, რომელთაც ხელში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჯვრები ეჭირათ, კასპში ავტობუსებით ჩავიდნენ და ადგილობრივი მაცხოვრებლის უშანგი ბუნტურის სახლის ჩხრეკას შეუდგნენ, რომლის სახლის მიმდებარე მინდორში იეჰოვას მოწმეთა შეკრება უნდა გამართულიყო. ეს ინციდენტი ანალოგიური იყო 15 აგვისტოს ოთარაშენში განხორციელებული დარბევისა, რაც დამკვირვებლებს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ ეს თავდასხმაც ბასილისტების მიერ იყო განხორციელებული. თავდამსხმელებმა დაწვეს ბიბლია, რელიგიური ლიტერატურა და ბუნტურის ნივთები, ხოლო მოსანათლი აუზი დიზელის საწვავით აავსეს. არსებული მონაცემებით, ადგილობრივი სამართალდამცავები რამდენჯერმე მივიდნენ ბუნტურთან და ურჩიეს მას, არ ემასპინძლა იეჰოვას მოწმეთა კონგრესისთვის, რადგანაც ისინი მის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდნენ. მათ აიძულეს ბუნტური, დაეწერა ხელწერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მთელს პასუხისმგებლობას აღნიშნულ შეხვედრაზე ის საკუთარ თავზე იღებდა, იქვე შენიშვნის სახით მიწერილი იყო, რომ ის აიძულეს ამ წერილზე ხელი მოეწერა. ბუნტურის სახლში, სადაც 1996 წლიდან რეგულარულად ტარდებოდა კონგრესები, ამჯერად დაახლოებით 1000-მდე იეჰოვას მოწმის ჩასვლას ელოდებოდნენ. თვითმხილველთა მონაცემებით, შემთხვევის ადგილზე პოლიციის უფროსიც მივიდა, თუმცა არ იყო ცხადი, პოლიცია ,,ბასილისტებს“ შეუერთდა თუ უბრალოდ მეთვალყურის როლს ასრულებდა. სამართალდამცავებს არავინ დაუპატიმრებიათ.

18 ნოემბერს დაახლოებით 25 ,,ბასილისტმა“ ალყა შემოარტყეს უცხოური რადიოს კორესპონდენტს (რადიო ,,თავისუფლება“, სოზარ სუბარი), რომელიც მკალავიშვილის სასამართლო პროცესს აშუქებდა. იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტი სასამართლო დარბაზს არ დატოვებდა, მას რკინის ჯოხებით თავის გატეხვით დაემუქრნენ. რამოდენიმე ,,ბასილისტი“ ცდილობდა, ჟურნალისტისთვის დაერტყა, მაგრამ ისინი თავისივე მომხრეებმა შეაკავეს. ისინი მივარდნენ ჟურნალისტს და ის სასამართლო დარბაზიდან გააგდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დარბევის დროს პოლიციის წარმომადგენლები შეტაკების ადგილებზე იმყოფებოდნენ, მათ არ აღუკვეთიათ ძალადობა, რაც იმ ფართოდ გავრცელებულ აზრს ამყარებს, რომ პოლიცია ,,ბასილისტების“ საქმეების თანამონაწილეა.

პოლიციამ და მკალავიშვილის მიმდევრებმა 2001 წელს მარნეულში ყრილობის ჩატარების საშუალება არ მისცეს იეჰოვას მოწმეებს, რომელთა ავტობუსები გააჩერეს, მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, დაარბიეს და გადაწვეს ადგილი, სადაც ყრილობა უნდა ჩატარებულიყო. იეჰოვას მოწმეთა მტკიცებით, პოლიცია აქტიურად იყო ჩართული ამ ინციდენტში, ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთმა თვითმხილველმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ პოლიციელები ,,ბასილისტებს“ ხელს არ უშლიდნენ. გამოძიება წლის ბოლომდე გაგრძელდა. 13 მაისს მარნეულის რაიონულმა სასამართლომ გაამართლა პოლიციის ის ოფიცრები, რომელთაც 2000 წლის სექტემბერს მარნეულში ,,ბასილისტების“ მიერ იეჰოვას მოწმეების კონგრესის დარბევის დროს კანონის დარღვევაში ედებოდათ ბრალი.

დროდადრო მკალავიშვილის მიმდევრებს მეორე მართლმადიდებლური ექსტრემისტული დაჯგუფება ,,ჯვარის“ წევრებიც უერთდებოდნენ. მაგალითად, საზოგადოება ,,ჯვარის“ 14 წევრმა იერიში მიიტანა რუსთავში 2001 წელს დაგეგმილ იეჰოვას მოწმეთა ყრილობაზე. თვითმხილველის თქმით, ორგანიზაცია ,,ჯვარის“ ხელმძღვანელი პაატა ბლუაშვილი პირადად გაუსწორდა ერთ-ერთ დაზარალებულს. ექსტრემისტები იეჰოვას მოწმეთა ყრილობის ადგილზე გადაჭრილ თოფებსა და სხვა ცეცხლსასროლ იარაღს დემონსტრაციულად ატარებდნენ. ამ შემთხვევამდე ორი დღით ადრე, ,,ჯვარის“ წევრები რელიგიურ ექსტრემისტთა თავდასხმაში იღებდნენ მონაწილეობას, რომლის დროსაც ბევრი ადამიანი დაზიანდა. იეჰოვას მოწმეებმა ადგილობრივი ხელისუფლებისაგან მიიღეს ყრილობის ჩატარების ნებართვა; ყრილობის ჩატარების ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, მაგრამ მათ არც კი უცდიათ შეტევის შეჩერება.

საპატრიარქომ არატრადიციული რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების გამო მკაცრად გააკრიტიკა მართლმადიდებელი ექსტრემისტები და გაემიჯნა ბასილ მკალავიშვილს. მიუხედავად ამისა, ეკლესიას ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი აზრი არ ჰქონია. 10 თებერვალს რუსთავის მთავარეპისკოპოსმა (რედ.: ათანასე ჩახვაშვილი) წამყვან ტელეარხზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანაში მცხოვრები ყველა სექტანტის (არატრადიციული რელიგიური უმცირესობების ჩათვლით, როგორიცაა იეჰოვას მოწმეები) ფიზიკური ლიკვიდაცია უნდა მოახდინონ. მოგვიანებით საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ ეპისკოპოსის სიტყვები კონტექსტიდან ამოვარდნილად იყო ციტირებული. ივნისში ეპისკოპოსმა ლევან ფირცხალაიშვილმა, ილია II-ს მდივანმა, წერილი მისწერა თბილისის სტადიონის (რედ.: იგულისხმება სპორტის სასახლე) მფლობელს და მოუწოდა მას, არ მიექირავებინა ეს ტერიტორია იეჰოვას მოწმეებისათვის ყრილობის ჩასატარებლად, რადგანაც ამ ფაქტს საზოგადოების უარყოფითი რეაქცია მოჰყვებოდა; შემდგომში ეს ღონისძიება აღარც ჩატარებულა.

მესამე ნაწილი. პოლიტიკური უფლებების პატივისცემა: მოქალაქეთა უფლება, შეცვლონ ხელისუფლება

საქართველოს კონსტიტუცია და 1995 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებს მოქალაქეთა უფლებას, მშვიდობიანი გზით შეცვალონ თავისი ხელისუფლება და ისარგებლონ ამუფლებით პერიოდული არჩევნების დროს; მაგრამ, ივნისის ადგილობრივ არჩევნებზე, 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსა და 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ბევრი სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა, რითაც მთავრობამ პრაქტიკულად ეს უფლება შეზღუდა. ქვეყნის თითქმის მთელი ტერიტორიის უმეტეს ნაწილს არჩეული პრეზიდენტი და პარლამენტი მართავდნენ.

2 ივნისს ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები, რომელიც წესით 2001 წელს უნდა გამართულიყო და ფინანსური და ტექნიკური მიზეზების გამო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადადო. არჩევნები ცუდად იყო ორგანიზებული და არ აკმაყოფილებდა არჩევნების ჩატარების ძირეულ ნორმებს, რის გამოც მოქალაქეთა უფლება - შეცვალონ თავიანთი ხელისუფლება - საგრძნობლად შეიზღუდა.

არჩევნები ჩაიშალა ქ. რუსთავში, რადგანაც გაურკვეველი პირების ჯგუფმა იერიში მიიტანა ცესკ-ს ავტომობილზე და გაიტაცა საარჩევნო ბიულეტენები. 4 ივლისს ბიულეტენების გატაცებაში ეჭვმიტანილი პიროვნება დააპატიმრეს; გამოძიება წლის ბოლომდე გაგრძელდა. ქ.ზუგდიდში უცნობმა შეიარაღებულმა ჯგუფმა ბიულეტენების ყუთი გაიტაცა. ხაშურსა და ახალქალაქში არჩევნები იმის გამო ჩაიშალა, რომ ცესკ-მ საარჩევნო ბიულეტენებით დროზე ვერ უზრუნველყო საარჩევნო უბნები. ბევრ რეგიონში არჩევნები დაგეგმილ დროზე ბევრად უფრო გვიან დაიწყო. აღნიშნულ ქალაქებში ხელახალი არჩევნები ერთი კვირის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო. დარღვევები თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა; საარჩევნო უბნებზე სიტუაციას პოლიციის შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ. სხვადასხვა უბნებიდან შესული შეტყობინებების თანახმად, ერთი და იგივე პიროვნება ხმას რამდენჯერმე აძლევდა. თბილისში ამომრჩეველთა რეგისტრაციის სიები ისე უხეიროდ იყო შედგენილი, რომ ასეულობით მოქალაქე, ხშირად ერთი და იმავე კორპუსის მაცხოვრებელი, არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას მოკლებული იყო.

საარჩევნო დარღვევების შესასწავლად, არჩევნების შემდეგ პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა. ამ კომისიამ გამოაქვეყნა გამოვლენილი დარღვევები და მოამზადა რეკომენდაციები ცესკოსა და არჩევნების ადმინისტრაციული პროცესის რეფორმირების თაობაზე. პოლიტიკური პარტიების პროტესტის შემდეგ, 1 ნოემბერს ცესკო დათანხმდა, ხელახლა გადაეთვალა თბილისის საკრებულოს ადგილობრივი არჩევნების შედეგები. ხელახალი გადათვლის შედეგად გამარჯვებულ პარტიათა ადგილების რაოდენობა არ შეცვლილა, თუმცა სოციალისტური პარტია ოთხპროცენტიან ზღვარს მიღმა დარჩა. 4 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. სოციალისტურმა პარტიამ სააკაშვილი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის რამოდენიმე წევრის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობა, რადგანაც ისინი ერთდროულად პარლამენტსა და საკრებულოშიც მოღვაწეობდნენ. სოციალისტთა მტკიცებით, კონსტიტუცია დეპუტატს იმავდროულად ქალაქის საკრებულოში საქმიანობას უკრძალავს. სოციალისტებმა შსს-ს ამ საქმის გამოძიება მოსთხოვეს.

არჩევნების მომზადების დაბალი დონის გამო, საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა მთავრობა გააკრიტიკეს. აღინიშნა, რომ ადგილობრივი არჩევნების დაჩქარება მოხდა იმ მიზნით, რათა ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას მომავალ არჩევნებამდე ხალხის მათდამი ნდობა გამოეცადა. მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებლები მასიური ან ორგანიზებული გაყალბებების ფაქტებს არ აღნიშნავდნენ, მათ ეს არჩევნები სუსტი ორგანიზებულობის გამო გააკრიტიკეს.

2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მხოლოდ ორი კანდიდატი აწარმოებდა აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას: მოქმედი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე და საქართველოს აღორძინების კავშირის წევრი (რედაქციისგან: იგულისხმება ბლოკი აღორძინება), ჯუმბერ პატიაშვილი. ცესკ-ს მონაცემებით, შევარდნაძემ მიიღო ხმათა 78%25-ზე მეტი, ხოლო ჯ. პატიაშვილმა - 16%25. დამკვირვებელთა მონაცემები განსხვავებული იყო: ხმების 50-დან 70%25-მდე შევარდნაძემ მიიღო, ხოლო პატიაშვილმა - 30%25. საერთაშორისო დამკვირვებლებმა მკაცრად გააკრიტიკეს ეს არჩევნები; ეუთოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს სერიოზული დარღვევები, მათ შორის ყალბი ბიულეტენების ჩაყრის, ხმების ჯგუფურად მიცემის, ამომრჩეველთა სიებში იდენტური ხელმოწერების აღმოჩენის ფაქტები; ასევე ის, რომ მედია იყო მიკერძოებული, ხოლო ხმის დათვლისა და დახარისხების პროცესი არ იყო გამჭვირვალე.

ზოგიერთი დამკვირვებლის მონაცემებით, საარჩევნო უბნებში იმყოფებოდნენ პოლიციელები, ხოლო საარჩევნო კომისია ყველა დონეზე სრულყოფილად არ იყო წარმოდგენილი. ეუთოს წარმომადგენელთა ცნობით, სიტუაცია ხმების დათვლის პროცესის დროს გაუარესდა და პროცესუალური დაცვის მექანიზმის ამოქმედება კი საერთოდ არ ხდებოდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააუქმა ექვსი საარჩევნო უბნის მონაცემები. მცირე პოლიტიკურ პარტიათა გარკვეულმა ჯგუფმა ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს, ხოლო ერთმა პარტიამ მოუწოდა ამომრჩეველს, ყველა კანდიდატი გადაეხაზა. პოლიციამ რამოდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური გამოსვლა დაშალა, ასეთი გამოსვლების ორგანიზება ბიუროკრატიული წინააღმდეგობების გამო ვერ მოხერხდა (იხ. ნაწილი 2. ბ.). საპრეზიდენტო არჩევნებამდე 3 კვირით ადრე პარლამენტმა ბევრი შესწორება შეიტანა საარჩევნო კანონმდებლობაში, რამაც დაბნეულობა შეიტანა არჩევნების ადმინისტრირების პროცესში. გარდა ამისა, დროის სიმცირის გამო, საარჩევნო კანონში შეტანილი შესწორებების სათანადოდ ამოქმედება ვერ მოხერხდა. ეუთოს წარმომადგენლებმა გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რომ კანდიდატთა რეგისტრაციისა და ბიულეტენების განაწილების პროცესი გამჭვირვალე არ იყო.

საპარლამენტო არჩევნები 1999 წლის ბოლოს ჩატარდა. მოქალაქეთა კავშირმა, პრეზიდენტ შევარდნაძის თავმჯდომარეობით, უმრავლესობა მოიპოვა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა ამ არჩევნების ჩატარების პროცესი ეუთოს სტანდარტების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს, თუმცა, ამავე დროს აღნიშნეს, რომ ადგილი ჰქონდა მთელ რიგ დარღვევებს, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას. არჩევნების მეორე ეტაპი, ეუთოს დამკვირვებელთა აზრით, მეტ-ნაკლები დარღვევებით ჩატარდა. არჩევნები არ ჩატარებულა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომელთაც ცენტრალური მთავრობა ვერ აკონტროლებს. 2001 წლის აგვისტოში პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი თვითმმართველობის შესახებ. საპასუხოდ ცესკ-მ 2001 წლის ნოემბერისთვის დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების გადავადება მოითხოვა, რის მიზეზადაც არასათანადო დაფინანსებას ასახელებდა და კანონმდებლობაში გარკვეული ტექნიკური ცვლილებების შეტანას ითხოვდა, რის განხორციელებაც საარჩევნოდ განსაზღვრული დროისთვის ვერ მოხერხდებოდა. პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა არჩევნების გადავადებას არ შეწინააღმდეგებია. 2001 წელს დამატებითი არჩევნები ჩატარდა თბილისში ვაკის რაიონსა და ბაღდათის რაიონში. ვაკეში ჩატარებული არჩევნების დროს დაფიქსირდა საარჩევნო ყუთების გატაცების ორი შემთხვევა; თუმცა, მთლიანობაში, წინა არჩევნებთან შედარებით ეს უკანასკნელი უკეთ ორგანიზებული იყო.

საერთაშორისო დამკვირვებლები არალეგიტიმურად აფასებდნენ არჩევნებს, რომლებსაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობები ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად პერიოდულად ატარებდნენ. საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის გაერომ და ეუთომ, 1999 წელს აფხაზეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოდ გამოაცხადეს. ეს არჩევნები სამთავრობო მოხელეებმაც არალეგიტიმურად ცნეს, იმის გამო, რომ 1998 წლის აფხაზეთის ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიხედვით მოსახლეობის უმრავლესობა გაძევებული იყო თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან. 2001 წელს პარლამენტის სხდომაზე აღინიშნა, რომ აფხაზეთში ჩატარებული ყველა შემდგომი არჩევნები უკანონოდ ჩაითვლება მანამ, ვიდრე არ მოხდებოდა კონფლიქტის დარეგულირება და იძულებით გადაადგილებული პირების ადგილზე დაბრუნება. 2001 წელს თვითმარქვია სეპარატისტულმა მთავრობამ საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარა სამხრეთ ოსეთში, რის შედეგადაც ვერ გაიმარჯვა იმ პერიოდში თანამდებობაზე მყოფმა პრეზიდენტმა და მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა.

მეოთხე ნაწილი. ხელისუფლების დამოკიდებულება საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოძიების მიმართ

ხელისუფლებას ძირითადად არ შეუზღუდავს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც იძიებდნენ და აქვეყნებდნენ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. თუმცა, ზოგიერთი ადგილობრივი უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით გასულ წელს ხელისუფლება ნაკლებად ავლენდა თანამშრომლობის სურვილს.

ადამიანის უფლებების დარღვევის მონიტორინგს ახორციელებდნენ მთელი რიგი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ნდობით სარგებლობდნენ, მათი უმრავლესობა თბილისში საქმიანობდა. სხვა ადგილობრივი უფლებადაცვითი ორგანიზაციები პოლიტიკური ჯგუფების დანამატებს წარმოადგენდნენ და მათი გავლენა უმნიშვნელო იყო. არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდათ უფლება, პირველი ინსტანციის სასამართლოებში შეეტანათ სარჩელი იმ პირების სახელით, ვისი უფლებებიც დაირღვა.

10 ივლისს თავდასხმა მოხდა ქვეყანაში წამყვანი უფლებადამცველიარასამთავრობო ორგანიზაციის, თავისუფლების ინსტიტუტის თბილისის ცენტრალურ ოფისზე. დაახლოებით თორმეტამდე კარგად ორგანიზებული მამაკაცი თავისუფლების ინსტიტუტის ოფისში შეიჭრა და დირექტორი და ორგანიზაციის სხვა თანამშრომლები ცემა. მათ დაამტვრიეს კომპიუტერები, ავეჯი და სხვა აპარატურა. ამ შეტევის შედეგად თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი ლევან რამიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას აღენიშნებოდა მრავალი დაჟეჟილობა, დაზიანებული ჰქონდა თვალი და გაძნელებული ჰქონდა მეტყველება. ცემეს ინსტიტუტის სხვა ხუთი თანამშრომელიც. დანარჩენმა თანამშრომლებმა და სტუმრებმა, რომელთა შორისაც იყო ევროპის საბჭოს ფაქტების შემსწავლელი დელეგაციის წევრი, ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელი, თავს მეორე ოთახში დამალვითა და კარების ჩაკეტვით უშველეს. 10 ივლისის თავდასხმამდე რამოდენიმე დღით ადრე თავისუფლების ინსტიტუტის შენობის წინ პარლამენტის წევრის, გურამ შარაძის მომხრეებმა გამოსვლა მოაწყვეს. ამ ინციდენტამდე

გამართულ სატელევიზიო დებატებში ლევან რამიშვილმა გურამ შარაძე ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების გაღვივებაში დაადანაშაულა. 25 ივლისს თბილისის რაიონულმა სასამართლომ გაათავისუფლა გიორგი დოიჯაშვილი, რადიკალური მართლმადიდებლური ჯგუფის ,,ჯვარის“ წევრი, რომელიც ამ დარბევაში იყო ეჭვმიტანილი. თავდაპირველად დოიჯაშვილმა აღიარა ამ თავდასხმაში მისი მონაწილეობა, მაგრამ შემდეგ ეს განცხადება თავადვე უარყო. წარსულში ორგანიზაცია ,,ჯვარის“ წევრები არატრადიციული რელიგიური ჯგუფების არაერთ დარბევაში მონაწილეობდნენ. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მხურვალედ მიესალმნენ სასულიერო წოდებაჩამორთმეული მართლმადიდებელი მღვდლის ბასილ მკალავიშვილის მომხრეები, რომლებმაც თავისუფლების ინსტიტუტი ისეთი არატრადიციული რელიგიური ჯგუფების მფარველობაში დაადანაშაულეს, როგორიც იეჰოვას მოწმეებია (იხ. ნაწილი 2. გ.). საქმის გამოძიება წლის ბოლომდე გრძელდებოდა.

გასულ წელს კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშის ნახვის უფლებას აძლევდა; ეს სიახლე საგანგაშოდ ჩათვალა ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. აგვისტოში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო საზოგადოებების ფედერაციამ დაფინანსება შეუწყვიტა ადგილობრივი წითელი ჯვრის ფედერაციასთან ერთობლივად შემუშავებულ ყველა პროექტსა და პროგრამას, რადგანაც ამ უკანასკნელის უფროსი ფონდების არამიზნობრივ განკარგვაში იყო ეჭვმიტანილი.

1997 წელს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლის მიზნით გაეროს ადამიანის უფლებების კომისიამ და ეუთოს მისიამ სოხუმში დააარსეს ადამიანის უფლებების ერთობლივი ოფისი. უსაფრთხოების პრობლემების გამო ეს განყოფილება არასისტემატიურად მუშაობდა, მაგრამ პერიოდულად წარადგენდა ანგარიშებს, დარღვევებსა და რეკომენდაციებს. გასულ წელს ამ ოფისმა რეგიონში მოქმედი დე ფაქტო პოლიციისა და სასამართლოს მესვეურების მხრიდან ჩადენილი უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით შედარებით მცირე რაოდენობის საჩივარი აღნუსხა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე სამთავრობო ორგანიზაციებიდან ყველაზე ობიექტურ ორგანოდ ადამიანის უფლებების საპარლამენტო კომისიას მიიჩნევდნენ. კონსტიტუციური მანდატით აღჭურვილი სახალხო დამცველის ანუ ომბუდსმენის ოფისი 1995 წელს დაარსდა. პოლიციელთა მიერ ჩადენილი ზოგიერთი სამართალდარღვევის გამოძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სახალხო დამცველი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მრჩეველი ადამიანის უფლებების სფეროში, რომელსაც დარღვევების გამოძიების მანდატი აქვს (იხ. ნაწილი 2. გ.). მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წარმომადგენლები ეფექტიანად მუშაობდნენ ზოგიერთი საქმეების განხილვის დროს, ვერც მათ და ვერც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვერ შეძლეს სისტემური რეფორმების სტიმულირება.

4 საზოგადოებრივი განწყობა

▲ზევით დაბრუნება


საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით, ბალტიკ სერვეის ლიმიტიდ/გელაპმა და სოციოლოგიური კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM) საზოგადოებრივი განწყობის გამოსავლენად, 2003 წლის მაისში ჩაატარეს საქართველოს ამომრჩეველთა სოციოლოგიური კვლევა. გამოკითხვა საქართველოს ათ რეგიონში ჩატარდა. რესპონდენტთა შერჩევა შემთხვევის წესით, წინასწარ განსაზღვრულ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე მოხდა. 1500 რესპონდენტს პირისპირ გამოკითხვა მათსავე სახლებში ჩაუტარდათ. სავარაუდო ცდომილებად 2,58%25-ია მითითებული.

0x01 graphic

გამოკითხულთა 83%25 მიიჩნევს, რომ ქვეყანა განვითარების არასწორ გზას ადგას, 54%25 კი ფიქრობს, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკური სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. მოსახლეობაში არსებული პესიმიზმის დასტურია ისიც, რომ მხოლოდ 12%25-ს მიაჩნია შესაძლებლად შექმნილი მდგომარეობის უახლოეს მომავალში გამოსწორება, 76%25 კი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარება მხოლოდ გრძელვადიანი პერსპექტივაა.

0x01 graphic

ეს განწყობა თავის ასახვას ჰპოვებს მთავრობისადმი დამოკიდებულებაშიც: 63%25-ს მომავალში საქართველოში მმართველ ძალად სხვა პარტიების ხილვა სურს. ხელისუფლების უმთავრეს მიღწევად გამოკითხულთა 13%25-მა სტაბილურობა დაასახელა, ანალოგიური მაჩვენებელია საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაშიც. 46%25-ის აზრით კი, მთავრობას ქვეყნისათვის სასიკეთო საერთოდ არაფერი გაუკეთებია. ხელისუფლების ყველაზე დიდ ჩავარდნად ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მიიჩნევა [31%25], შემდეგ მოდის მძიმე ეკონომიკური სიტუაცია [26%25], უმუშევრობა [17%25], კორუფცია [13%25], სოციალური პრობლემები [10%25], კრიმინოგენური სიტუაცია [5%25].

0x01 graphic

ამ მონაცემების გათვალისწინებით, გასაკვირი სულაც არ არის, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მისაღებად მიიჩნევს სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციებში მონაწილეობას - ყოველი მესამე სანქცირებულ მიტინგებში და დემონსტრაციებში ჩართვას არ გამორიცხავს, ყოველი - მეოთხე ბოიკოტს, ყოველი მერვე მზად არის, არასანქცირებულ აქციებში მიიღოს მონაწილეობა, ყოველი მეათე კი პროტესტის კიდევ უფრო რადიკილური ფორმებით გამოხატვას ემხრობა. მიუხედევად ასეთი განწყობისა, პოლიტიკისადმი დიდ ინტერესს გამოკითხულთა მხოლოდ მცირე ნაწილი [12%25] ავლენს, 66%25 კი პოლიტიკით ნაკლებად არის დაინტერესებული.

0x01 graphic

გამოკითხვის შედეგები მოწმობს, რომ მოსახლეობა არჩევნებში აქტიურ მონაწილეობას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ 65%25 2002 წელს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს არასამართლიანს და არათავისუფალს უწოდებს, 54%25-ს საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ყუთებთან მისვლა უკვე გადაწყვეტილი აქვს, ამავე გადაწყვეტილებისკენ იხრება კიდევ 19%25. თუმცა, მოსახლეობის ნახევარს არ სჯერა, რომ მომავალი არჩევნები სამართლიანად ჩატარდება. გამოკითხულთა 42%25 მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით მთავრობას არაფერი გაუკეთებია, საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს 26%25-ს.

0x01 graphic

დიდი ოპტიმიზმით უბრალო ადამიანები არც პოლიტიკური პარტიების მოღვაწეობას უყურებენ. 35%25 დარწმუნებულია, რომ მათ ქვენის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრა არ ძალუძთ. ოპტიმისტთა სიმპატიები კი ასე გადანაწილდა: ლეიბორისტები [16%25], ნაციონალური მოძრაობა [8%25], ახალი მემარჯვენეები [5%25], მრეწველები [3%25]. ნიშანდობლივია, რომ ამომრჩეველები თავად პარტიაზე მეტ მნიშვნელობას მის ლიდერს ანიჭებენ [29/69%25]. ლიდერის ფაქტორი განსაკუთრებით საგრძნობი სოფლის მაცხოვრებლებშია - ამ კატეგორიის მოქალაქეთა შორის ლიდერის გადამწყვეტ როლზე 75%25-მა მიუთითა.

0x01 graphic

აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხულთა 27%25-ს არ მოსწონს ხელჩართულ ჩხუბებში გადაზრდილი საპარალამენტო ბატალიები, ხოლო 16%25-ს შეუსრულებელი დაპირებები. მოსახლეობას პოლიტიკოსებისადმი სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ: უნდა ზრუნავდნენ ხალხზე [37%25], იყვნენ გულწრფელები [26%25] და პატრიოტები [21%25]. საინტერესოა ასევე, რომ პოლიტიკოსების კონკრეტულ თვისებებზე საუბრისას, მოსახლეობის 90%25 ყველაზე მნიშვნელოვნად განათლებას მიიჩნევს, 86%25 - პირად თვისებებს, 83%25 - პოლიტიკურ გამოცდილებას, 63%25 - ეთნიკურ წარმომავლობას, 50%25 - კი პროფესიას.

0x01 graphic

გამოკითხულთა 36%25-ს დღევანელი საქართველოს ყველაზე შესაფარისს ლიდერად დავით აღმაშენებელი მიაჩნია, შემდეგ მოდიან თამარ მეფე, სტალინი, ილია ჭავჭავაძე, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავადა გიორგი სააკაძე.

0x01 graphic

რელიგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოკითხულთა პოზიციები ასე ჩამოყალიბდა: 58%25-ს სურს, რომ რელიგიური კუთხით საქართველო ერთგვაროვანი ქვეყანა იყოს, 55%25 კი მიიჩნევს, რომ ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებმა თავიანთ რწმენაზე უარი უნდა თქვან. ყველაზე ცნობილი რელიგიური უმცირესობა იეჰოვას მოწმეები აღმოჩნდნენ - ამ ჯგუფის შესახებ ინფორმაციას მოსახლეობის 89%25 ფლობს, მათგან 81%25 კი მიიჩნევს, რომ იეჰოვას მოწმეები ქართულ საზოგადოებას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნიან. ამ აზრის მატარებელთა 84%25 საქართველოში იეჰოვას მოწმეთა აკრძალვას უჭერს მხარს. გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა [76%25] იცნობს ასევე მამა ბასილსაც, თუმცა, იეჰოვას მოწმეებისაგან განსხვავებით, მათ მამა ბასილის მოღვაწეობა ქვეყნისათვის სახიფათოდ არ მიაჩნიათ. ეკლესიისადმი ნდობა გამოკითხულთა 80%25-მა გამოხატა.

0x01 graphic

საქართველოს მოსახლეობისათვის პოლიტიკური ინფორმაციის მთავარ წყაროდ ისევ ტელევიზია [92%25] და პრესა [43%25] რჩება, ყველაზე სანდო ტელეარხად ,,რუსთავი 2“ დასახელდა [56%25], ყველაზე სანდო გაზეთად კი ,,კვირის პალიტრა“ [39%25]. მთლიანობაში მედიის ნდობის ხარისხი კვლავ საკმაოდ მაღალია [73%25].

5 სიტყვა სამრევლოში პირველად შესვლის გამო

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე

წარვედით ყოველსა სოფელსა დაუქადაგეთ სახარება ესე ყოველსა დაბადებულსა.

(მარკ. 16,15)

საყვარელნო! ჩვენს დროში თუმცა სარბიელი ქართველ მოძღვრის მოღვაწეობისა ვიწრო ფარგლით შემოიხაზა, მაგრამ, სამაგიეროდ, მოვალეობა მისი ცხადლივ გამოიკვეთა, მიიღო რა განსაზღვრული მიმართულება: წინად თუ იგი მიდიოდა აფხაზეთსა და ოსეთს და იქ ქადაგებდა სახარებასა სასუფევლისასა, დღეს ამ სახარების ქადაგებას საჭიროებენ ძენი ივერიისანი.

უფალმან, რომელმან განუწესა ყოველსავე ნათესავსა კაცთასა ჟამნი და საზღვარდადებანი დამკვიდრებისა მათისა პირსა ზედა ქვეყანისასა (საქმე მოციქ. 17,26), წილად არგუნა ერთს მუჭა ქართველს ერს, მთელი თორმეტი საუკუნე გარდაღობებოდა წინ ზღვას უმეცრებისას, ბარბაროსობისას, ძალმომრეობისას და კაცთსიძულვილისას და, ამ სახით, დაეცვა დაღუპვისა და შთანთქმისაგან ქრისტეს სჯული, განათლება და დასავლეთის ერნი. ქართველმა ერმა პირნათლად შეასრულა ეს მოვალეობა განათლებული კაცობრიობის წინაშე:

თუ მთლიანად არა, ნახევრად მაინც შეაკავა, შეაფერხა წინსვლა ვეშაპისა აღბორგებულისა და განმზადებულისა შთანთქმად განათლებულის ქვეყნების სახელმწიფოთა; თვით მტლედ დაედო ერთა თავისუფლებას; სხვის დამოუკიდებლობას შესწირა მსხვერპლად საკუთარი თვითთავადობა და დაავადებული, მოუძლურებული და ძალაგამოლეული მიეყრდნო იგი ერთმორწმუნე, ახალგაზრდა და ძლიერ ერს ძალთა მოსაკრებად და მასთან ერთად ახალის ცხოვრების დასაწყებად. ხოლო, ვიდრე ახალ ცხოვრებას დაიწყებდა, მიმოიხედა და დაინახა, რომ მამაპაპათა განთქმული სარწმუნოება შესუსტებულიყო, განათლება გამქრალიყო და სიბნელეს მოეცვა არემარე. მიზეზი ამისა იყო ის, რომ ჟამთა ვითარების გამო ძველნი ტაძარნი მეცნიერებისა - დიდებულნი ლავრანი - დაცალიერდნენ, მონასტერნი დადუმდნენ, მწყემსნი მოიწყვიდნენ და მოძღვარნი მოისრნენ.

მაგრამ, თავდაპირველად, ვერც ახალ გარემოებაში მოეწყო განათლების საქმე სასურველად. ბიზანტიისა და სპარსეთის გავლენით აღზრდილნი ჩვენნი მამაპაპანი, რუსეთთან შეერთების დროს, ახალ წესწყობილებისათვის სრულებით მოუმზადებელნი იყვნენ და, ამის გამო, თანამედროვე ცხოვრებას ჩამორჩნენ. ნამეტან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა ამ მხრივ ჩვენი სამღვდელოება: ის, ვინც წინად სათავეში ედგა სწავლაგანათლების საქმეს, დღეს უკან ჩამორჩა განათლებით სხვა წოდებას. ამის გამო საქმე ისე მოეწყო, რომ სასულიეროთათვის სრულიად საკმარისად სთვლიდნენ ჟამნ-დავითნ-კონდაკის ცოდნას და ვაივაგლახით ხელის მოწერას საეკლესიო საბუთებზედ...

XIX საუკუნის ბოლო ოცწლეულში ქართველ სამღვდელოთა დასს არა ერთი და ორი აკადემიური განათლებით აღჭურვილი პიროვნება შეემატა. ისინი ძირითადად რუსეთის საღვთისმეტყველო სკოლებში განისწავლნენ, რომლებშიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის, სხვაგვარად რომ ვთქვათ, - მართლმადიდებლურ და სხვადმადიდებლურ ტრადიციათა ურთიერთგაცნობის პროცესი იმხანად აღმავალი გზით მიემართებოდა. მხედველობაში გვაქვს პიროვნების რაობის, ინდივიდის ადგილისა და როლის თაობაზე ბიბლიური კონცეფციის გააზრებისა და ხორცშესხმის, ე.ი. პრაქტიკაში დანერგვის ისტორია.

ამ კონცეფციას ეკლესიის მამათა ნააზრევში საპატიო ადგილი უჭირავს, მაგრამ მისი წინა პლანზე წამოწევა და ცხოვრებას მისადაგება, მისი პრინციპების კვალდაკვალ სოციალურპოლიტიკური ყოფის მოწყობა პირველად დასავლეთ ევროპაში მოხერხდა, რაც რეფორმატორული მოძრაობის დამსახურებად ითვლება. უდავოა, რომ თავისუფლების ბიბლიურმა იდეამ დემოკრატიასა და ლიბერალიზმს ნოყიერი ნიადაგი შეუმზადა.

მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ მოძღვრება ადამიანის უფლებებისა და ნების თავისუფლების ხელშეუხებლობის შესახებ არა მარტო პროტესტანტული, არამედ, ასევე, მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების განუყოფელი ნაწილია. აღმოსავლეთის ეკლესიების მოძღვრებმა მის მიმართ ცხოველი ინტერესი XX ს-ის დასაწყისში გამოამჟღავნეს და მათი სამოძღვრო ღვთისმეტყველების, კერძოდ, ქადაგებების ცენტრალურ თემად ეკლესიაში პიროვნების ადგილისა და როლის განმარტება იქცა; ყურადღება პიროვნულ არჩევანზე, ღმერთსა და ადამიანს შორის ინდივიდუალურ, ცოცხალ ურთიერთობაზე გამახვილდა, რამაც სამოქალაქო და დემოკრატიული ცნობიერების განვითარებას შეუწყო ხელი.

კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე (1866-1952) როგორც სახელმწიფო, ისე საეკლესიო შიდამოწყობის საკითხებში, რამდენადაც მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური წყობა ამის საშუალებას იძლევა, დემოკრატიის მხარეს იდგა (შედარებით ვრცლად იხ. ,,თავისუფლება”, 2002, #9, გვ.12-15). მისი ქადაგებები საეკლესიო ცხოვრებაში მრევლის, ე.ი. ერისკაცების მნიშვნელობის გამოკვეთის სურვილითაა გამსჭვალული. წინამდებარე ქადაგება წარმოთქმულია 1903 წლის 21 დეკემბერს, როდესაც იგი ქაშვეთის ეკლესიის მღვდლად იქნა დადგენილი და იმ დღეს მან იქ ჟამი პირველად სწირა. საზოგადოებრიობა მას უკვე განათლებულ და მოაზროვნე მღვდელმსახურად იცნობდა (მღვდლად 1893 წლის 25 აპრილს აკურთხეს და დიდუბის ეკლესიის მსახურად განაწესეს). ქაშვეთის (ქვაშვეთის) ეკლესია დედაქალაქის ინტელექტუალთა დიდ ნაწილს აერთიანებდა. ამიტომ, ჩვენთვის ცნობილია სხვადასხვა წყაროდან, განსწავლული მოძღვრის ამ ტაძარში გამოჩენამ საყოველთაო სიხარული გამოიწვია. ქადაგება გამოქვეყნდა (,,ივერია”,1904, #7), რამაც მკითხველთა ფართო წრეს მასში აღძრული საკითხების, - ეკლესიის წინაშე მდგომი პრობლემების, - განსჯისკენ უბიძგა და გამოსავლის ძიებაზე ფიქრის სტიმული მისცა. ეს საკითხები და პრობლემები საქართველოს ეკლესიის წინაშე დღესაც დგას. მათი მოუვლელობა და მოუგვარებლობა არა მარტო ეკლესიას აწევს მძიმე ტვირთად, არამედ სახელმწიფოსაც, რაც დოკუმენტის ხელახალი პუბლიკაციის საჭიროებას გვკარნახობს.

ნუგზარ პაპუაშვილი

მართალია, ხშირად ამისთანა მოძღვარნი ბრწყინავდნენ ხოლმე მაღალი ზნეობით, მაგრამ ახალ დროის განათლებული საზოგადოება, უმეტეს წილად - განათლებული გარეგნობით და არა ჭეშმარიტად, ვერ ურიგდებოდა ამგვარ სამღვდელოების ზნეობრივ გავლენის ქვეშ ყოფნას, ვინაიდან, ახალ განათლებასთან ერთად, მან შეითვისა ის აზრი, რომ სარწმუნოება და ზნეობა საჭიროა მარტო სამღვდელოებისა და გაუნათლებელ ხალხისათვის, ხოლო განათლებულნი ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, ცრუგანათლებულნი, სარწმუნოებასა და ზნეობაზედ მაღლა სდგანან. ეს შეხედულება ცრუგანათლებულთა მსწრაფლ გავრცელდა ჩვენს ქვეყანაში, ჯერ ქალაქებსა და დაბებში და შემდგომ თვით სოფლებშიც. ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ რჩენა ამ განათლებით უკან ჩამორჩენილის სამღვდელოებისა, - ცრუგანათლებულთა აზრით, დახავსებულ დაწესებულების მსახურთა, მუქთამჭამელთა და ხორცმეტთა, - დაეკისრა მშრომელ და შედარებით ღარიბ ხალხს, მაშინ როცა უფრო შეძლებულნი (თავადაზნაურნი) ამ მოვალეობისაგან თავისუფალ არიან. ცრუგანათლებულთა აზრების გავრცელების გამო დღეს სიბნელე და გარყვნილება იმ ზომამდე მივიდა, რომ თამამად შეგვიძლიან წმინდა მოციქულთან ერთად ვთქვათ: სოფელი ჩვენი ბოროტსა ზედა დგას (1 იოან. 5,2). თუ არ წაბილწვისა და გარყვნილები ნიშანია, მაშ რა არის ეს ლოთობა, ქურდობა, უზრდელი სიტყვა-პასუხი, უფროსის შეურაცხყოფა, დედ-მამის ავად მოპყრობა, კაცის პიროვნების ცუდად მოხსენება, ცოლქმრობის შეგინება და ათასი სხვა ავკაცობა! ეს მდგომარეობა მით უფრო საშიში და სავალალოა, რომ, რაც ხანი მიდის, მით უფრო ძლიერდება ბოროტება, მწვავდება ძმათა შორის ურთიერთობა და ირღვევა ყოვლის შემძლებელი სიყვარული და ერთობა!..

რა ეშველება, რა წამალი დაედვის ამ ავადმყოფობას, ვინ უნდა უპატრონოს ერსა ბნელსა შინა მავალსა და დამკვიდრებულსა აჩრდილთა თანა სიკვდილისათა(ეს. 9,2) ნათქვამია, ცეცხლით დამწვარი ცეცხლით დამწვარითვე მორჩებაო და ეს თქმულება სიმართლეს არ არის მოკლებული, - ვინაითგან სარწმუნოება და ზნეობა დაამხო ჩვენში უმეცრებამ და ცრუგანათლებამ, მეცნიერებამ და ჭეშმარიტმა განათლებამ უნდა კვლავ აღადგინოს იგინი...

ამის გამო, ყოველს ჭეშმარიტად განათლებულს ქართველს ვალად აძევს, დაუბრუნოს უმრწემესთა ძმათა თვისთა ის, რაც წაართვა მათ უმეცრებამ და ცრუგანათლებამ; დაუბრუნოს ერსა ქრისტეანესა, ერსა ჯვარისმტვირთველსა, ერსა ქრისტესთვის წამებულსა მამაპაპური სარწმუნოება და შეულახველი, ჩირქმოუცხებელი და სპეტაკი ზნეობა...

მართალია, დღეს ბოროტება ძლიერია, იმის გავლენისაგან განთავისუფლება ძნელია, მაგრამ არც ისე, რომ მორწმუნე ქრისტეანეს წაართვას, დაუკარგოს იმედი საუკეთესო მომავლისა. მოიგონეთ, საყვარელნო, თუ რა ძალა ჰქონდა ბოროტებას ამ ცხრამეტის საუკუნის წინად, როდესაც თვით წინამძღვარი იგი ცხოვრებისა მოკლეს (საქ. მოც. 3,15) ჯვარსა ზედა; მოიგონეთ, თუ ვითარ აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი; შეითქვეს მეფენი ქვეყანისანი ქვეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის (ფს. 2,1-2); მოიგონეთ, თუ რაოდენი სისხლი დაინთხა წმიდათა მოციქულთა, მქადაგებელთა, მოწამეთა და აღმსარებელთა ქრისტეს იესოსათა, მაგრამ ძალმან ღვთისამან შემუსრნა ბჭენი ჯოჯოხეთისანი, რწმენამან ჭეშმარიტებისა და სიმართლისამან სძლია ბოროტებას, ხოლო უფალი ჩვენი იესო ქრისტე გუშინ და დღეს და უკუნისამდე იგივე არს (ებრ. 13,8): რაც მაშინ მიანიჭა მორწმუნეთა თვისთა, მას დღესაც მოსცემს მსასოებელთა მისთა. მაშასადამე, თუ ჩვენში კიდევ დარჩომილა სულ მცირედიც ნაპერწკალი სიყვარულისა ქრისტეს იესოსა, თუ კიდევ შეგვრჩენია ხალისი მოქმედებისა წარსამატებელად მოძმისა და მოყვასისა, დრო წასული არ არის, საქმის გასწორება, ღვთის შეწევნით, კიდევ შეიძლება. საჭიროა მხოლოდ, ვიცოდეთ, თუ რა არს ნება ღვთისა კეთილი, სათნო და სრული (რომ. 12,2) და, თანახმად ამ ცოდნისა, - მოქმედება სასარგებლოდ ეკლესიისა და მამულისა.

დღეს კი ჩვენ სწორედ ეს გვაკლია. დღეს ჩვენ ვეძებთ არა ნებას ღმრთისასა, არამედ ნებასა ჩვენისა და ამისათვის, რაც ერთს მიაჩნია სანეტაროდ, ის მეორეს არა სწამს, ხოლო მესამე ორთავეს აზრს უარჰყოფს. მართალია, აზრთა სხვადასხვაობა ნიშანია გონების მუშაობისა, სიცოცხლისა და წინსვლისა, მაგრამ ეს სხვადასხვაობა უნდა შეეხებოდეს უკეთეს საშუალებათა გამოძებნას და არა თვითმისწრაფების საგნის ძიებას. ქრისტეანესათვის საგანი მისწრაფებისა გარეშე ქრისტესა არ არსებობს, რის გამო საგანი მისი მოქმედებისა არის და იქნება, რათა გამოიხატოს ჩვენს შორის ქრისტე (გალატ. 4,18). ამისთვის კი საჭიროა შეერთებული მოქმედება ყოვლისავე ჭეშმარიტად განათლებულისა განურჩევლად წოდებისა, სქესისა და ჰასაკისა; საჭიროა, რათა ყოველნი ვზრახვიდეთ, რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაიდენი საყვარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ (ფილიპ. 4,3). საჭიროა, შემოვკრბეთ გარშემო მისა, რომელმან ბრძანა: მე ვარ ნათელი სოფლისა. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქვნდეს ნათელი ცხოვრებისა (იოან. 8,12).

ყოველივე ეს საჭიროა და სავალდებულო კაცადკაცადისათვის, ხოლო წინამძღვრობა, გზის მაჩვენებლობა, ხელმძღვანელობა ამ საქმეში უნდა გაუწიოს ერსა ქრისტესსა მოძღვარმან და მწყემსმან ეკლესიისამან, რომელნი მოსცნა უფალმან, რათა მოღვაწეობითა მათითა მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა, მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა (ეფეს. 4,13). ამისათვის მოძღვარმა უნდა ჰქადაგოს სიტყვა, ზედაადგეს ჟამითი უჟამოდ; ამხილოს, შერისხოს, ლოცვიდეს ყოველთა სულგრძელებითა და მოძღვრებითა (2 ტომ. 4,2). ერთი სიტყვით, მოძღვარი უნდა სდგეს თავის სამწყსოს დარაჯად, დღე ყოველ ზრუნავდეს მისთვის, სწუხდეს მწუხარებითა მისითა და განიხარებდეს სიხარულითა მისითა...

შესძლებს თუ ვერა დღეს ამ გვარად მოქმედებას ჩვენში მოძღვარი, ეს დამოკიდებულია მწყემსისა და სამწყსოს ურთიერთობაზედ. სიტყვა ღმრთისა, რომელიც უნდა ჰქადაგოს მოძღვარმა, უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემ შეადარი თესლსა, ხოლო მქადაგებელი - მთესველსა. მთესველი კი, როდესაც ხედავს, რომ შრომა მისი ამაო არ არის, როცა ხედავს, რომ თესლი, მის მიერ დათესილი, გადაქცეულა ჯეჯილად, ჯეჯილი კი ჰლამის დაპურებას, ჰპოვებს თავსა შინა თვისსა ერთიორად მეტ ძალღონეს შრომის განსაგრძობად. მოძღვარიც ეგრეა: თუ სიტყვა მისი არ რჩება ხმად მღაღადებელისა უდაბნოსა ზედა, თუ სამწყსოს ესმის ხმა მისი, თუ იგი ყურადიღებს სიტყვათა მისთა, იმარხავს მათ გულსა შინა თვისსა, ხელმძღვანელობს მისის სწავლადარიგებით, არის მასთან გულახდილ და წრფელ, თუ მათ შორის არ არის კედელი გულცივობისა, უნდობლობისა და მედიდურობისა, - მაშინ მოძღვარიც აღფრთოვანდება,ჰპოვებს ახალს ძალას და სიმხნეს შრომის გასაორკეცებლად, დასამტკიცებელად წიდათა, საქმედ მსახურებისა და აღსაშენებელად გვამისა ქრისტესისა (ეფ. 4,12)...

მოვალ რა ამ განზრახვით, საყვარელნო, წმიდასა ამას ეკლესიას, მე განმზადებულ ვარ ყოვლითა გონებითა კეთილითა მსახურებად უფლისა, სადიდებელად მისდა და წარსამატებელად თქვენდა. მე მზათა ვარ ვიღვაწო თქვენს შორის არა იძულებით, არამედ ნებსით; არცა საძაგელის შეძინებისათვის, არამედ გულმოდგინედ (1 პეტრ. 5,2). ხოლო თქვენგან ვითხოვ სიყვარულსა და ლოცვასა, რათა უფალმან ღმერთმან არა ამაოდჰყოს თქვენ შორის მოქმედება ჩემი. ამინ.