The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

თავისუფლება № 5, 2002


თავისუფლება № 5, 2002


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: გოგოტიშვილი თენგიზ, პაპუაშვილი ნუგზარ , ზურაბიშვილი დავით, ცინცაძე კალისტრატე (კათალიკოს-პატრიარქი)
თემატური კატალოგი თავისუფლება
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი
თარიღი: 2002
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ყველა საავტორო უფლება დაცულია თბილისი 380008 გრიბოედოვის 23 ტელ: 93 6615 ფაქსი:93 67 84 ელ ფოსტა: liberty@liberty.ge რედკოლეგია: დავით ზურაბიშვილი ლევან რამიშვილი თამარ კინწურაშვილი მაია ოქრუაშვილი სოზარ სუბარი დიზაინი: ბესიკ დანელია



1 ქვიშის კარიერის რიგითები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

,,სარწმუნოება არის პირადი საქმე ყოველი მოქალაქისა; ყოველ მოქალაქეს შეუძლია აღიაროს ის სარწმუნოება, რომელიც მას უნდა, ანდა არც ერთი არ აღიაროს; ეკლესია ჩამოშორებულია სახელმწიფოსაგან... სარწმუნოებრივი და ანტისარწმუნოებრივი პროპაგანდის თავისუფლება მინიჭებული აქვს ყველა მოქალაქეს იმ აუცილებელი პირობით, რომ პროპაგანდა ხდებოდეს პოლიტიკურ და სოციალურ მიზანთა გარეშე; დაწესებულება ან თანამდებობის პირი, რომელიც ამა თუ იმ სახით წინააღმდეგობას გაუწევს ეკლესიისა და სამლოცველო სახლის გახსნას, აგრეთვე ეკლესიის მსახურს კულტის შესრულებისათვის დევნას დაუწყებს, პასუხს - აგებს... ეს ოქროს ასოებით ამოსაჭრელი სიტყვები ჩვენს ეკლესიას წმ. ნინოს მიერ მიჩენილ გზაზე აყენებს.

კალისტრატე ცინცაძე კათალიკოს-პატრიარქი

0x01 graphic

თენგიზ გოგოტიშვილი

ნამდვილი ამბავი:

4 ივნისი. 2002 წელი. თავდაცვის სამინისტროს მე-11 მოტომსროლელი ბრიგადის ვაზიანის ბაზის საზეიო გახსნის ცერემონია. მას ესწრება თურქი გენერალი, ამ ქვეყნის გენერალური შტაბის ზურგის სამსახურის უფროსი და საქართველოში აკრედიტებული ყველა სამხედრო ატაშე. ბაზის შესასვლელში დგანან თურქებისავე ნაჩუქარ სამხედრო საცერემონიო ფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცები და მათი მეთაურები.

ტერიტორიაზე შედის სტუმართა მანქანა, რომელსაც ჯარისკაცი მხედრულ სალამს აძლევს. შორიდან მორბის მე-11 ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი და საგუშაგოს უფროსს მთელი ხმით უყვირის - ბიჭო, უთხარი მაგ შტერს, ყველას ნუ აძლევს ჩესტს, მარტო იმას გაეჭიმოს, ვისაც შიგ ფორმაში დაინახავს!

საგუშაგოს უფროსი თავის ,,შტერს” რაღაცას უხსნის, ისიც საქმიანად პასუხობს, იაღში, იაღშიო.

ეს არ არის ყველაზე სახასიათო სურათი თანამედროვე ქართული არმიის ყოველდღიურობიდან. ჯარის სურათების აღწერა გაცილებით უფრო მკვეთრ ფერებშიც შეიძლება. მაგრამ ეს საჭირო ხშირად არ არის. შემთხვევათა უმრავლესობაში სავსებით საკმარისი ხდება ჩვეულებრივი მოვლენებისთვის ჩვეულებრივი თვალით შეხედვა, რათა გამოიკვეთოს შეიარაღებული ძალების ცხოვრების მრავალი ნეგატიური მხარე.

მთავარი უბედურება ის არ არის, რომ ჯარისკაცმა ელემენტარული მოვალეობები და წესები არ იცის. ბოლოს და ბოლოს, დაავალებ და ასწავლი შიდა სამსახურის წესდების ძირითად პუნქტებს. მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს არც ისე იოლი საქმე იქნება - ჯარისკაცი, რომელიც 4 ივნისს სამხედრო ნაწილის №1 ,,კაპეზეზე” იდგა, ეთნიკური აზერბაიჯანელი იყო. მისი მეთაური- ეთნიკური ქართველი. მეთაურსა და ჯარისკაცს ერთმანეთისა არ ესმით. ეს იმის ნიშანია, რომ ჯარისკაცი არა მხოლოდ წესდებას ვერ წაიკითხავს, არამედ ელემენტარულ ბრძანებასაც ვერ გაიგებს. ქართულ ჯარში გაწვეულ არაქართველთა ერთმა ნაწილმა რუსული მაინც იცის, მაგრამ ბევრი ისეთიცაა, რომელიც თავისი მშობლიური ენის მეტი ვერც ერთ ენაზე ვერც კითხულობს და ვერც ლაპარაკობს.

0x01 graphic

პირველივე კითხვა, რომელიც ამის მნახველს გაუჩნდება, ასე ჟღერს: კი, მაგრამ რა ხეირი მოაქვს ასეთი ჯარისკაცის გაწვევას - ხომ შეიძლება, ხვალ მართლაც ვერ გაიგოს საბრძოლო ამოცანა, ერთმანეთისგან ვერ გაარჩიოს საკუთარი და მოწინააღმდეგის პოზიციები? ასეთ შემთხვევაში ვინიქნება დამნაშავე, რომ რიგითი ყურბანოვი ან ატოიანი ცეცხლს გვერდით მდგომ ოცეულს გაუხსნის თავისივე ბატალიონიდან? ყველაფერი, ცხადია, ყურბანოვსა და ატოიანს დაბრალდება, მაგრამ რეალური დამნაშავენი სხვები იქნებიან.

ის, რომ ეროვნულ უმცირესობებს სახელმწიფო ენას ცუდად ასწავლიან, დანაშაულებრივ გულგრილობათა ჯაჭვის მხოლოდ ერთი რგოლია. მას რგოლებადვე დაემატება სამხედრო სისტემის მოუწყობლობის მრავალი გამოვლენა, რომელთა შორისაც პირველ ადგილზე გაწვევის სიმახინჯეა.

აქ არ იგულისხმება ის კერძო ფაქტები, როდესაც ყურბანოვები, ატოიანები, თუნდაც დადეშქელიანები ჯარში კანონდარღვევით მიჰყავთ. მოდით, ამ პრობლემას უფრო ფართო ჭრილში შევხედოთ. ქვეყნის არმიაში ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ მასში თუნდაც კანონიერი გაწვევა უკანონო ხდება. თუ უკანონო არა, უსამართლო მაინც. დღეს კომისარიატში მიყვანილი ნებისმიერი წვევამდელის უფლებები მხოლოდ იმითაც ირღვევა, რომ საერთოდ მიჰყავთ ამ ჯარში. არ აქვს მნიშვნელობა, მწვავე გასტრიტი აქვს თუ ცოტა ბრტყელტერფიანია, გადავადება ან გათავისუფლება ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის - მისი უფლებები მხოლოდ იმიტომ არის დარღვეული, რომ იგი ჯარში გაწვევით ხდება გამონაკლისი, თანაც, ცუდი გამონაკლისი.

ივერია

გენერალმა ლევიჩმა შემდეგი ბრძანება გამოსცა: უკანასკნელ დროს აღმოჩნდა, რომ აუარებელი სალდათი განგებ იჭრის სალოკ თითს და ამით სამსახურს თავს არიდებს. დღეის ამას იქით ვინც თითს მოიჭრის, ისევ ჯარში დარჩება და თან წინა პოზიციებზე გაიგზავნებაო.

,,ივერია, 138, 1905 .

აღარ არის სამართლიანი, როდესაც მე, ქვეყნის მოქალაქე, საკუთარ კონსტიტუციურ ვალთან ერთად ათი და ასი ჩემი მეზობლის, უბნელის, ნაცნობის თუ უცნობის ვალის გადახდასაც მაიძულებენ. როდესაც ჯარში სამსახურით კონსტიტუციური მოვალეობის მოხდა არა პრივილეგიაა (როგორც გერმანიაში), არა უსიამოვნო, მაგრამ გარდაუვალი ეტაპი ცხოვრებისა (როგორც საბჭოთა კავშირში იყო), არამედ ბედის სიმუხთლე და ცუდი შემთხვევითობა. მე თუ ჯარში ამ გრძნობით წავალ, ჩემი სამსახურის ეფექტი ქვეყნისთვის ნულის ტოლი იქნება.

რომელი არმიის იმედზე უნდა იყოს ქვეყანა, რომლის ჯარისკაციც თავს ყველაზე ,,დაბალხარისხოვან” ადამიანად გრძნობს? იმიტომ, რომ კომისარს ბევრის გასაწვევად ,,ფეხი ვერ ჩაუვიდა”, ზოგის არგასაწვევად კი ჯიბეში ბევრი ჩაუვიდა, ყაზარმებში მოხვედრილთა დიდი უმრავლესობა იქ, წესითა და რიგით, არ უნდა ხვდებოდეს. დღევანდელ ქართველ ჯარისკაცთა უმრავლესობა თავისი ფიზიკური და გონებრივი მონაცემებით გაწვევას მხოლოდსაყოველთაო მობილიზაციის დროს ექვემდებარება, მშვიდობიან დროს კი სახლში უნდა დარჩეს და მოხუც დედ-მამას მიწაზე თოხის ბლაყუნში მიეხმაროს.

არადა, თითქოს ყველაფერი უკუღმა უნდა იყოს - ყველა ძალოვან უწყებას ერთად წელიწადში სულ 12-13 ათასი ახალწვეული სჭირდება. ეს იმ დროს, როდესაც გასაწვევი რესურსი (ანუ ახალგაზრდა მამაკაცები 18-დან 27 წლამდე) ქვეყანაში ყოველწლიურად საშუალოდ 60-70 ათასს შეადგენს. ასეთი სიჭარბის დროს ლოგიკურად თითქოს უნდა იყოს შესაძლებელი, წვევამდელთა შორის საუკეთესო ნაწილი შეირჩეს - ყველაზე ღონიერი და ყველაზე გონიერი. მაგრამ რეალობა როგორიცაა, ყველამ კარგად იცის.

იცით, რა წერია საქართველოს კონსტიტუციაში? - ,,სამხედრო მოსამსახურე ითვლება სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლად და მას სახელმწიფო მფარველობს.

დროება

კიევის გუბერნიის სოფლებში ვიღაც ოხერს ხმა დაუყრია, რომ ახალი წლის შემდეგ ყველა 18 წლის ვაჟებსა და ლამაზ გოგოებს სალდათად მოკრეფენო, დააგროვებენო, ერთმანეთზე ჯვარს დასწერენო და შემდეგ ხომალდში ჩასმენ და ინგლისში გაგზავნიანო. ხელმწიფე იმპერატორმა თქვენი თავი თავის ქალს, ინგლისის კოროლევის ვაჟის ცოლს მზითევში აჩუქაო. როგორც ამბობენ, ამ ხმებს ბევრი მოხუცებული დედ-მამა დაუღონებია, მაგრამ ვისაც დედის ერთა ქალი ჰყავს, იმათ იმედი აქვთ თურმე, რომ აპატიებენ და სალდათად არ წაიყვანენ. ამბობენ, ეს ამბავი მთავრობამდეც მივიდა და ამ უმსგავსი ხმის დამყრელს ეძებენო.

,,დროება, 4, 1875 .

ახლა თქვენ თავად გადაწყვიტეთ, რა ხელისუფლებას წარმოადგენს მშიერი კაცი, რომელსაც ხელფასი თვეში 5 ლარი აქვს და იმასაც არ აძლევენ - გნებავთ, თავად დაიარეთ ჯარისკაცები და სათითაოდ გამოჰკითხეთ, იღებს თუ არა კუთვნილ ფულს. აუცილებლად მიიღებთ პასუხს, რომ არა. ოფიციალური საბაბი მეთაურებს ის აქვთ, რომ ამ ფულით ყიდულობენ კბილის პასტასა და ჯაგრისს, ფეხსაცმლის საპრიალებელს, რომელსაც ჯარისკაცებს საპარსებსა და სიგარეტთან ერთად ურიგებენ. თანაც, აუცილებლად დაგაყვედრიან, ასე რომ არ ვაკეთებდეთ, თავის ხელფასს ,,ჯარი” (ჩვენში ასე მიმართავენ ოცეულს, ასეულს, ბატარეას, ბატალიონს და ა.შ.) უმიზნოდ დახარჯავდა და ამ ყველაფრის გარეშე დარჩებოდაო.

საერთოდ, ქართული ჯარი თავისი ცხოვრებისეული პრინციპებით რუსულ ,,ზონას” უფრო ჰგავს, ვიდრე შეიარაღებული ძალების შენაერთს. ჯარისკაცთა ხელფასების ძალდატანებითი დაკავება სხვა არაფერია, თუ არა ციხის ,,ობშჩიაკი”, ოღონდ, სხვა შეფერილობისა და ოდნავ სხვა ,,გაგების” (თუმცა ხანდახან მათ ერთმანეთისგან ვერ გაარჩევ).

0x01 graphic

წვევამდელებზე ნადირობა

ინგა ალავიძე

შელახული უფლებების აღდგენისათვის ბრძოლას კარგა ხანი მოანდომეს თელაველმა ვანო სოღროევმა და მამუკა ღარიბაშვილმა და სასურველ შედეგს მაინც მიაღწიეს. თუმცა, მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფლების ინსტიტუტს” მიმართეს დახმარებისთვის. სახელმწიფოს მიერ დაზარალებულები, ვანო სოღროევი და მამუკა ღარიბაშვილი, მეტად კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. კურიოზის ავტორ შემსრულებელი თელავის სამხედრო კომისარიატი გახდა. საქმე ისაა, რომ 1995 წლის 31 ოქტომბერს მამუკა ღარიბაშვილთან სახლში მისულმა თელავის სამხედრო კომისარიატის თანამშრომლებმა ძმის, მალხაზ ღარიბაშვილის მაგივრად მამუკა ღარიბაშვილი გაიწვიეს ჯარში. უფრო ზუსტად, ძალის გამოყენებით წაიყვანეს სახლიდან და გორის სამხედრო სასწავლებელში გაამგზავრეს. მტკიცებისთვის, რომ ის არ იყო მალხაზი, ყურადღება არავის მიუქცევია. არც შემდეგ, ორი წლის განმავლობაში, გამოუსწორებია ვინმეს კომისარიატის მიერ დაშვებული დიდი შეცდომა.

ასე იძულებით მოიხადა მამუკა ღარიბაშვილმა ძმის მაგივრად სავალდებულო ორწლიანი სამხედრო სამსახური - ექვსი თვე გორის სამხედრო სასწავლებელში, 18 თვე - 22-ე ბრიგადეს მე-8 ბატალიონში. ორწლიანი ტყვეობიდან გათავისუფლებულმა თელავის სამხედრო კომისარიატს მიაკითხა და სამხედრო სამსახურის მოხდის დამადასტურებელი დოკუმენტი - სამხედრო ბილეთი - ჩააბარა, რის შემდეგ სამხდრო აღრიცხვიდან უნდა მოხსნილიყო. თუმცა, იგი მორიგ გაუგებრობაში გაეხვია. ღარიბაშვილი კომისარიატმა კიდევ ერთხელ დააზარალა. სამხედრო ბილეთი დაიკარგა და საპასპორტო სამსახურმა უარი განუცხადა პირადობის მოწმობის გაცემაზე. ,,თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენლებმა თელავის სამხედრო პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვეს. სამხედრო პროკურორმა ილია ოთარაშვილმა საქმის აღძვრაზე უარი განაცხადა: თქვენ არასამთავრობო ორგანიზაცია ხართ და არა დაზარალებულიო, - ასეთი იყო მისი პასუხი. გამომძიებელს კი მომხდარის თაობაზე უთქვამს: ამბავი იმდენად დაუჯერებელი მეჩვენა, ვიფიქრე, ვიღაც ხუმრობის ხასიათზე დადგაო. საბოლოოდ, ,,თავისუფლების ინსტიტუტმა” სამხედრო პროკურორს დააჯერა მამუკა ღარიბაშვილის დაუჯერებელი ამბავი და საქმის ძიებაც დაიწყო.

თელავის სამხედრო კომისარიატის მორიგი მსხვერპლი ზემოთ ხსენებული ვანო სოღროევი გახდა. თელავის სამხედრო კომისარიატის თანამშრომლებმა ისიც წინასწარი გაფრთხილებისა და უწყების გაგზავნის გარეშე, ძალის გამოყენებით წაიყვანეს ჯარში. სამედიცინო კომისიამ წვევამდელი ჯანმრთელად მიიჩნია. არადა, ვანო სოღროევი ფიზიკური მონაცემებით წვევამდელისთვის საჭირო ნორმებს არ აკმაყოფილებდა: სიმაღლით - 1 მ. 47 სმ, წონით - 43 კგ. იყო. გარდა ამისა კუჭნაწლავის დაავადებაც აწუხებდა. არადა, კანონით დადგენილი ნორმით, 1 მ. 50 სმ-ზე და 50 კგ-ზე ნაკლები სიმაღლისა და წონის წვევამდელი, ჯარში გაწვევას არ ექვემდებარება.

მიუხედავად ამისა, ვანო სოღროევმა თელავის სამხედრო ნაწილში 5 თვე იმსახურა და ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუუარესდა. ,,თავისუფლების ინსტიტუტის” დახმარებით, ვანო სოღროევის უფლებები აღდგა. იგი გაათავისუფლეს სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან და ამჟამად სახლში მკურნალობს. თელავის სამხედრო პროკურატურაში კი აღიძრა საქმე და მიმდინარეობს ძიება.

1 ივნისი, 2002

ტერმინებიც ერთნაირია - ,,კარანტინი”, ,,პარაშა”, ,,ჩაშვება”, ,,გაფუჭება” და სხვა მრავალი. შესახედავაც ხომ მსგავსია - ბეტონის ღობე, რომელსაც ზედ მავთულხლართი აქვს შემოვლებული, გუშაგები პერიმეტრზე, უფანჯრო კორპუსები, გარეთ გამოყოფილი შეშის ღუმლის მილები, ტერიტორიაზე უაზროდ მიმომავალი თავგადაპარსული ხალხი, დაბალი გრძელი სკამებით შემოფარგლული მოსაწევი ადგილები და სხვა. ჯარისკაცს, ისევე როგორც პატიმარს, სასამართლო განაჩენის გარეშემხოლოდ ერთი კაცის ნება-სურვილის გამო სვამენ რამდენიმე დღით ბნელ, ცივ და ნესტიან საკანში, რომელსაც ციხეში კარცერი ეწოდება, ჯარში კი ჰაუპტვახტი, თუმცა ეს ორი ცნება ერთმანეთისგან არ განსხვავდება. სხვათა შორის, ძალიან მსგავსია ჯარისკაცისა და პატიმრისთვის გათვალისწინებული ულუფაც, რომელიც ჯარშიცა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებშიც ერთნაირი რეგულარობით ირღვევა.

ორივეგან შეიძლება რამდენჯერმე გაგიგრძელონ ვადა და ორივეგან შეიძლება (დიდი ალბათობაა, რომ ასეც მოხდება) უმოწყალოდ გცემონ ისე, რომ არც არავინ გამოგექომაგება.

ყველაფერი ეს სამხედრო კანონით კანონიერია. ჩნდება კითხვა, მაშინ რამდენად კანონიერია თავად კანონი, მაგრამ ასეთია ქართული არმიის ტრადიცია, რომელიც მას რუსულიდან გადმოჰყვა და რომელიც ადგილობრივ ნიადაგზე მშვენივრად გადმოინერგა. (საერთოდ, საინტერესოა, როგორ მოხერხდა ქართულ ჯარში ყველანაირი სიმახინჯის გამონაკლისის გარეშე გადმოტანა?)

შეიძლება ვინმეს პარადოქსულად მოეჩვენოს, მაგრამ ციხეში ყოფნის დროს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა უფრო იოლია - იუსტიციის სამინისტროსთან არსებობს საზოგადოებრივი საბჭო, რომლის 20-მდე წევრს დღე-ღამის ნებისმიერ მომენტში შეუძლია ნებისმიერ საკანში შესვლა და პატიმართან გასაუბრება. ციხეში დროდადრო აღწევენ უცხოური ორგანიზაციებიც, ბოლოს და ბოლოს, პატიმართა ნაწილს საკუთარი მობილური ტელეფონი აქვს და გარეთ დარეკვა შეუძლია. სხვა მდგომარეობაა ჯარში - თავდაცვის სამინისტროს არც საზოგადოებრივი საბჭო გააჩნია, არც უცხოეთიდან ჩამოდის ვინმე ჯარისკაცთა უფლებების დასაცავად და ვერც გარეთ დარეკავს ვერავინ - მობილური ტელეფონის შენახვის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, ჯარში არც წამოვიდოდა.

ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ჯარისკაცთა და წვევამდელთა უფლებების დარღვევაზე. ამის შედეგი ის არის, რომ ყველამ გაიგო, რა ცუდია ქართული არმია. კიდევ ერთი შედეგი ის არის, რომ ადამიანების შიშმა დიდი თვალები გამოიბა და ყველამ გადაწყვიტა, ჯარში შვილი არ გაუშვას, რადაც არ უნდა დაუჯდეს. დაჯდომით კი მაინცდამაინც ბევრი არ ჯდება - ყველამ იცის ის ,,სტავკები”, რომლებიც არსებობს ჯარისგან ნახევარი ან ერთი წლით გასათავისუფლებლად, საბოლოოდ ,,დასაბრაკად”, გაწვეულის სახლში დასატოვებლად და წელიწადნახევრის შემდეგ პირდაპირ სამხედრო ბილეთის ასაღებად, მისი დროებით სახლში გასაშვებად და ასე შემდეგ.

ყველამ ყველაფერი იცის. მაგრამ არავინ იცის, რა უნდა ეშველოს ამ ვითარებას და როდის. არმიული სამსახური, რომელსაც, წითელი არმიის ტრადიციის მიხედვით, ევალებოდა ჯარისკაცთა ,,გულის მესაიდუმლის” ფუნქციის შესრულება, მისი უფლებების დაცვა და რელიგიური ან სხვა თავისუფლებების უზრუნველყოფა, ქართულ ჯარში არ არსებობს. იყო, მაგრამ ერთ დღესაც აღარ იყო.

ეს კი ასე მოხდა - რაკი ჯარში ყველაფერი ვიღაცის კერძო, ხშირად არცთუ ფხიზელ, ნებაზეა დამოკიდებული, საკითხების დიდი ნაწილი სპონტანურად წყდება. ასე დაემართა პირად შემადგენლობასთან მუშაობისა და სოციალური დაცვის სამმართველოსაც. მისმა უფროსმა დანიშვნისთანავე თქვა, რომ ასეთი ტიპის სამსახური არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველო მართლაც არ შეესაბამება ნატოს სტანდარტებს. ამიტომ ის ისე დაანგრიეს, რომ უკან არავის მოუხედავს და არავის უკითხავს, კი, მაგრამ ეს რომ აღარ გვექნება, ჯარისკაცის უფლებებს ვინ დაიცავსო.

0x01 graphic

ასე დარჩნენ ჯარში მომსახურე თუ იქ ჯერ კიდევ გასაწვევი ჩვენი შვილები არათუ ელემენტარული სოციალური დაცვის მექანიზმის, არამედ თუნდაც ფორმალური დამცველის გარეშე. ხოლო იმ მდგომარეობით, როდესაც ჯარში დღეს მომსახურეთა მესამედზე მეტს(!) არ აქვს სრული საშუალო განათლება, იოლი წარმოსადგენია, რა სირთულეებს უკავშირდება მათ მიერ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა.

ქართულ ჯარში, ფაქტობრივად, აღარ ითვლება შევიწროებად ის, რაც ნორმალურ ქვეყანაში მეთაურებს აუცილებლად თავისუფლების აღკვეთად ან, მინიმუმ, კარიერის დასრულებად, დაუჯდებოდათ. ვგულისხმობთ ჯარისკაცთა შრომის გამოყენებას კერძო სამუშაოებზე - მათ ჯერ საკუთარ ყაზარმას ანგრევინებენ გულმოდგინედ, შემდეგ კი იმავე აგურებით ვიღაცის კერძო სახლს აშენებინებენ.

ასეთი პრაქტიკა იმდენად ფართოდ არის გავრცელებული, რომ, შეიძლება ითქვას, ქართული ჯარი ერთ დიდ ,,სტროიბატად” არის ქცეული.

ფორმალური საბაბი ამისთვის მშვენიერია - რაკი არმიას კაპიტალური ხარჯებისთვის 1997 წლის შემდეგ არც ერთი თეთრი არ გამოჰყოფია, ვერანაირი კომისია ვერ დაუმტკიცებს ნაწილის მეთაურს, რომ მისი რაიმე ნაგებობა თავისით კი არ დაინგრა, არამედ მიზანმიმართულად დაანგრია. რაც შეეხება დაკარგულ აგურებს, მათ გაუჩინარებაზე პასუხისმგებლობის თავიდან აცილება მეთაურისთვის კიდევ უფრო იოლია: იმავე კაპიტალური ხარჯების არარსებობის გამო ნაწილების დიდ უმრავლესობას არ აქვს ღობეები, რითაც ,,ადგილობრივი მოსახლეობა” სარგებლობს და ეზიდება საშენ მასალას.

რაც შეეხება ჯარისკაცთა შრომის გამართლებას, მეთაური იქით ,,დაადებს ვალს” ნებისმიერს - ბიჭები ისეთ ადგილას გავუშვი, სადაც მუშაობისთვის კარგად აჭმევენ და ასმევენ, თქვენ კი აქეთ მედავებითო.

0x01 graphic

სამოქალაქო საზოგადოების დიდ მიღწევად ითვლებოდა კანონი ალტერნატიული შრომითი (არა სამხედრო! - ავტ.) სამსახურის შესახებ, რომელმაც ჯერ კიდევ გამსახურდიას დროს აიდგა ფეხი, მოგვიანებით კი კანონის ახალი ვარიანტი მიიღეს. მაგრამ მას შემდეგ კანონპროექტს არ უმუშავია. მოხდა ის, რის საშიშროებაზეც ბევრი საუბრობდა - კანონმა ვერ იკანონა, რადგან მას არავინ დაურთო ალტერნატიული სამსახურის უზრუნველმყოფი ნორმატიული ბაზა და სტრუქტურა. ფაქტობრივად, ამ დოკუმენტით საქართველომ პირი მოიწმინდა ევროსაბჭოს წინაშე, თორემ მდგომარეობა ისეთივე დარჩა, როგორც იყო.

ერთის გარდა - გამოჩნდა ზოგიერთი ჭკვიანი და კომისარიატში მისულმა განაცხადა, ჩემი სინდისი არ მაძლევს უფლებას, ვიმსახურო ჯარშიო. კომისრების დიდმა ნაწილმა (ისევ და ისევ ევროსაბჭოს ღრმა პატივისცემის გამო) გადაუვადა მათ სამხედრო სამსახურის გავლა, თუმცა არ შესრულდა კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები - არავინ გადაამოწმა მათი განცხადების რეალობა და არავინ იზრუნა მათ შრომით მოწყობაზე.

სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ 2002 წლის კანონით, ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროში გათვალისწინებულია საგანგებო დეპარტამენტის ჩამოყალიბება, რომელმაც ეს საკითხები უნდა მოაგვაროს. თუმცა დეპარტამენტთან არსებული საზოგადოებრივი კომისია მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა და ჯერ არაფერი გაუკეთებია.

საერთო ჯამში, საქართველოში 300-მდე ადამიანს აქვს ნათქვამი უარი სამხედრო სამსახურზე. მათი ბედის გადაწყვეტას ხსენებული დეპარტამენტი ამ უახლოეს გაწვევაზე აპირებს, მაგრამ, რომ ვერ გადაწყვიტოს, ალბათ არავის გაუკვირდება.

არ აღმოვაჩენთ ამერიკას, თუ ვიტყვით, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები გინდ ჯარში გაწვევამდე და გინდ გაწვევის შემდეგ სრულიად დაუცველია. არსებობს ერთადერთი დაცვა ყველა იმ უბედურებისგან, რაც ჩამოვთვალეთ თუ არ ჩამოგვითვლია - ფული. ვინც იხდის, ის დაცულია მეთაურთა თავკერძობისგანაც და არმიული ცხოვრების ნებისმიერი სხვა გასაჭირისგანაც. ხოლო ის, ვინც ვერ იხდის, იძულებულია, ყველაფერი აიტანოს წელიწადნახევრის მანძილზე.

ჯარისკაცი კარგი ინდიკატორია იმისა, თუ რა ვითარებაა ჯარში. მაგრამ მასზე უკეთესად შთაბეჭდილებას შეიქმნით იმ ფაქტით, რომ არმიიდან ოფიცრებიც კი გარბიან - ჯარში ყოფილა ოფიცერთა თვითმკვლელობის შემთხვევები, თანაც, არაერთხელ.

სანამ ოფიცერი ტყვიას მხოლოდ იმიტომ დაიხლის შუბლში, რომ სახლში საჭმლის მისატანად ფული არ აქვს, მას ჯარისკაცთა უფლებების დაცვას ვერ მოსთხოვ. სხვისი შვილები ადამიანებს მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როდესაც საკუთარი შვილები უზრუნველყოფილი ჰყავთ.

2 იცოდე შენი უფლებები!

▲ზევით დაბრუნება


იცოდე შენი უფლებები!

ეს გზამკვლევი დაგეხმარება უფლებების დაცვაში, თუკი სამხედრო სამსახურში შენი გაწვევა ქვემოთ ჩამოთვლილი ნორმების დარღვევით მოხდა. მიმართე სასამართლოს, მოგვმართე ჩვენ, თუკი თვლი, რომ უკანონოდ გეუბნებიან უარს ალტერნატიულ სამსახურზე, არ გაძლევენ ალტერნატიული სამედიცინო შემოწმების უფლებას, გამწვევი კომისიების სხდომები საჯაროდ არ ტარდება. თავისუფლების ინსტიტუტი დაგეხმარება შელახული კანონიერი უფლებების დაცვაში.

პირველადი სამხედრო აღრიცხვა

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, წვევამდელი არის 18-დან 27 წლამდე საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმყოფება ან უნდა იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე, არ არის გათავისუფლებული სამხედრო სამსახურისგან და არც გაწვევა აქვს გადავადებული. სამხდრო ვალდებულად საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირიც ითვლება. პირადი სურვილითა და საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით კი, საქართველოს სამხედრო სამსახურში უცხო ქვეყნის მოქალაქეც შეიძლება ჩაირიცხოს.

თუ შენ 17 წელი შეგისრულდა, ვალდებული ხარ, სამხედრო კომისრის გამოძახებით გამოცხადდე იმ რაიონის, ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) სამხედრო კომისარიატში, სადაც მუდმივად (3 თვეზე მეტი ხნით) ან დროებით ცხოვრობ. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში კი, ვალდებული ხარ 2 კვირის ვადაში გამოცხადდე შესამისს კომისარიატში, ხოლო თუ საზღვარგარეთ იმყოფები, იმავე ვადაში საქართველოს საელჩოს ან წარმომადგენლობას უნდა მიაკითხო.

საპატიო მიზეზის გარეშე გასაწვევ უბანზე გამოუცხადებლობა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 196-ე მუხლის თანახმად, გაფრთხილების გამოცხადებას ითვალისწინებს. ხოლო თუ უწყების იგნორირება მეორედ მოახდინე ან დროულად არ შეატყობინე სააღრიცხვო ორგანოს ცნობები საცხოვრებელი ადგილის მისამართის, განათლების, სამუშაო ადგილისა და თანამდებობის შეცვლის შესახებ, ამავე კოდექსის 197-ე მუხლის მიხედვით, შეიძლება მხოლოდ გაფრთხილება არ გაკმარონ და მინიმალური ხელფასის ნახევრით, ანუ 10 ლარით დაგაჯარიმონ. თუ ერთი წლის განმავლობაში კიდევ გაიმეორებ ანალოგიურ დარღვევებს, ორი მინიმალური ხელფასით, ანუ 40 ლარით დაჯარიმდები.

სამხედრო კომისარიატში აღრიცხვაზე ასაყვანად გამოცხადებულს, სამხედრო-სააღრიცხვო კომისიაზე შეგამოწმებენ. შეგიძლია კომისიას წარუდგინო ის დოკუმენტაცია, რომელიც, შენი აზრით, დროებით ან საერთოდ გათავისუფლებს სამხედრო სამსახურისგან.

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა

სამხედრო სამსახურში გაწვევა ხდება წელიწადში ორჯერ: გაზაფხულზე და ზაფხულზე. სამხედრო სამსახურის ვადები:

● გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის - 18 თვე;

● უმაღლესი განათლების მქონე, გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის - 12 თვე;

● რეზერვიდან გაწვეული ოფიცრისათვის - არანაკლებ 24 თვე.

თუ შენ 18 წელი შეგისრულდა, წვევამდელი ხარ და აღრიცხვაზე იმყოფები, სამხედრო კომისარიატისგან უწყებას უნდა ელოდე. უწყებაზე ხელის მოწერის შემდეგ, ვალდებული ხარ, მითითებულ დღეს გამოცხადდე მითითებულ სამხედრო კომისარიატში. 2500 ლარიანი ჯარიმა იმ შემთხვევაში გემუქრება, თუ სამხედრო ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით კომისიაზე არ გამოცხადდები. თუ განმეორებითი უწყების მიღების შემთხვევაშიც არ გამოცხადდები კომისარიატში, მაშინ თავის მხრივ, კომისარიატი აღნიშნულ ფაქტზე ჩაატარებს მოკვლევას და სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის გადაწყვეტილების მისაღებად მასალებს რაიონულ პროკურატურას(საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) გადაუგზავნის.

იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურიდან მიღებული უწყებაც არად ჩააგდე და არც პროკურატურაში გამოცხადდი, სამხედრო ან ალტერნატიული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ფაქტზე გამომძიებელი სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს, ძებნაც გამოცხადდება და ამ საქმეს პროკურატურა პოლიციას გადაულოცავს.

ადმინისტრაციული სანქციების გამოყენების შემდეგ, წვევამდელის მხრიდან სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით სამიდან ექვს თვემდე, ან კიდევ სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, 356-ე მუხლის პირველი პუნქტი).

არავის აქვს შენი დაკავების უფლება, თუ არ იქნება დაცული ყველა ზემოთჩამოთვლილი პროცედურა.

რჩევა წვევამდელის მშობლებს:

თუ პოლიციისა და სამხედრო კომისარიატის წარმომადგენლებმა სახლიდან, ქუჩიდან, სასწავლებლიდან ან სამუშაო ადგილიდან იძულების წესით აიყვანეს თქვენი შვილი, უფლება გაქვთ მომხდარის შესახებ რაიონულ სამხედრო პროკურატურას შეატყობინოთ. თუ რაიონულმა პროკურატურამ თქვენი პრეტენზიების უგულვებელყოფა მოახდინა, რეგიონულ სამხედრო პროკურატურას ან რაიონულ სამოქალაქო პროკურორს მიმართეთ. თუ თქვენი შვილის იძულებით დაკავებაში მხოლოდ პოლიციის ხელი ურევია, ეს ქმედება რაიონული პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელობასთან გააპროტესტეთ. თუ ეს მცდელობაც უშედეგოდ ჩაივლის, შეგიძლიათ პოლიციის უკანონობა რაიონულ სამოქალაქო პროკურორთან გაასაჩივროთ. ნებისმიერი შემთხვევა კი რაიონულ სასამართლოში შეგიძლიათ გაასაჩივროთ.

სამხედრო სამსახურში გასაწვევად შენ უნდა გაიარო შემოწმება სამედიცინო კომისიაზე. თუ შენ უკანონოდ წაგიყვანეს სამხედრო კომისარიატში, უფლება გაქვს არ გაიარო სამედიცინო კომისია, ხელი არ მოაწერო არცერთ დოკუმენტს და მოითხოვო კანონით გარანტირებული შენი უფლებების დაცვა.

თუ რამდენად ვარგისიანი ხარ სამხედრო სამსახურისთვის, ამას სამედიცინო კომისია შემოწმების შემდეგ კატეგორიების მიხედვით განსაზღვრავს:

● ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის/ვარგისია სამხედრო სასწავლებელში სწავლისათვის.

● ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის უმნიშვნელო შეზღუდვებით.

● შეზღუდულად ვარგისია სამხედრო სამსახურისთვის. (ჯარისკაცებს, მეზღვაურებს, სერჟანტებს, ოფიცრებს, მიჩმანებს, ზემსახურებს სცნობენ უვარგისად მშვიდობიანობის დროს და ჩარიცხავენ თადარიგში).

● დროებით უვარგისია სამხედრო სამსახურისთვის. (იგულისხმება სამხედრო სამსახურის გადავადება).

● უვარგისია სამხედრო სამსახურისთვის. (უვარგისად ცნობის შემთხვევაში, ჯარისკაცებს, მეზღვაურებს, სერჟანტებს მოხსნიან სამხედრო აღრიცხვიდან, ხოლო ოფიცრებს, მიჩმანებს, ზემსახურებს აღრიცხვიდან მოხსნასთან ერთად დაითხოვენ სამხედრო სამსახურიდან გადადგომით). კატეგორიების განსაზღვრის შემდეგ სამედიცინო კომისია თავის დასკვნას აცნობებს გამწვევ კომისიას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას

● სამხედრო სამსახურში გაწვევის;

● გაწვევის გადავადების;

● გაწვევისგან გათავისუფლების შესახებ.

გამწვევი კომისიის თავმჯდომარე თავად გამცნობს გადაწყვეტილებას, მოთხოვნის შემთხვევაში კი, კომისიის გადაწყვეტილების ამონაწერსაც გაძლევს. მოითხოვე გამწვევი კომისიის სხდომის საჯაროდ ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უკანონოდ ჩაითვლება და კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება გექნება.

გამწვევი კომისიის გადაწყვეტილება შეგიძლია გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში ცენტრალურ გამწვევ კომისიაში ან სასამართლოში გაასაჩივრო, რაც საბოლოო გადაწყვეტილებამდე გამწვევი კომისიის გადაწყვეტილების შეჩერებას იწვევს.

სამხედრო სდამსახურისგან გათავისუფლდები, თუკი

● სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად გცნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (დაავადებათა ჩამონათვალი, რომელიც სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია, მოცემულია თავდაცვის მინისტრის 360-ე ბრძანების დანართში. ეს დებულება კი, რომელიც ყველა სამხედრო კომისარიატში ინახება, შეგიძლია საჭიროების შემთხვევაში მოითხოვო);

● სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში გაქვს გავლილი;

● სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ხარ ნასამართლევი;

● ხარ ალტერნატიულ, არასამხედრო სამსახურში;

● ხარ ასპირანტი;

● გაქვს სამეცნიერო ხარისხი და ეწევი პედაგოგიურ ან სამეცნიერო მუშაობას;

● ხარ იმ ოჯახის ერთადერთი ვაჟი, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ან სამხედრო სამსახურის გავლისას.

საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, გაათავისუფლოს სამხედრო ვალდებულებისგან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული წვევამდელი.

გაწვევა გადაგივადდება, თუ:

● ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დროებით უვარგისად გცნეს(ვადით ერთ წლამდე);

● შენს მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე (სამართალდამცველი ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღებამდე);

● ხარ უმაღლესი ან საშუალო სპეციალური სასწავლებლის სტუდენტი ან სამხედრო სწავლებას გადიხარ შესაბამის კათედრაზე (სასწავლებლის დამთავრებამდე). ეს პუნქტი არ ეხებათ სტუდენტებს, რომელთაც დამთავრებული აქვთ ერთი უმაღლესი სასწავლებელი, არ გაუვლიათ მომზადება სამხედრო კათედრაზე და სწავლობენ ასეთივე უმაღლეს სასწავლებელში. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა 24 წლის ასაკამდე დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი, მას გაწვევა გადაუვადდება 24 წლის შესრულებამდე;

● ხარ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი და არ გადიხარ სამხედრო მომზადებას სამხედრო კათედრაზე, ან სასწავლებლად იმყოფები საზღვარგარეთ (ერთჯერ, 24 წლამდე);

● ხარ საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწყებითი პროფესიული ან საშუალო სპეციალური სასწავლებლის მოსწავლე (20 წლამდე);

● პატრონობ შრომისუუნარო, კმაყოფაზე მყოფ ბებიას ან პაპას, თუ მას არ ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსც მისი მოვლა შეუძლია;

● შენს კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას, გყავს ცალკე მცხოვრები და, რომელსაც არ შეუძლია ოჯახის შრომისუუნარო წევრის მოვლა-პატრონობა;

● შენს კმაყოფაზეა არასრულწლოვანი ან/და ობოლი და-ძმა;

● ხარ მღვდელთმსახური ან სწავლობ სასულიერო სასწავლებელში;

● ხარ დედისერთა;

● მუშაობ სოფელში მასწავლებლად ან ექიმად; გაწვევა გადავადებული გაქვს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

იმ შემთხვევაში, თუ ვარგისიანობის შესახებ სამედიცინო დასკვნის მიღება ადგილზე შეუძლებელია, გამწვევ კომისიას ამბულატორიული ან სტაციონარული სამედიცინო შემოწმებისათვს შეუძლია გაგაგზავნოს სამედიცინო დაწესებულებაში შენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ასეთებია:

1. რაიონის ცენტრალური საავადმყოფოები

2. სამხარეო ცენტრებში განლაგებული სამედიცინო დაწესებულებები:

3. სამცხე-ჯავახეთი - ახალციხის რცს

4. შიდა ქართლი - გორის რცს

5. სამეგრელო-ზემო სვანეთი - ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფო

6. იმერეთი - ქუთაისის რეგიონალური საავადმყოფო

7. აჭარის ა/რ - ბათუმის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო

8. რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - ამბროლაურის რცს

9. კახეთი - თელავის, გურჯაანის რცს

10. ქვემო ქართლი - რუსთავის ქალაქის საავადმყოფო, მარნეულის რეგიონალური საავადმყოფო

11. მცხეთა-მთიანეთი - თბილისის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო

12. გურია - ოზურგეთის რცს

13. ქ. ფოთი - ფოთის ქალაქის საავადმყოფო

. თბილისის სამედიცინო დაწესებულებები

1. ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო

2. ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ს/კ ცენტრი

3. კანის და ვენსნეულების ს/კ ინსტიტუტი

4. ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტი

5. ოფთალმოლოგიური ცენტრი

6. ნევროლოგიის ს/კ ინსტიტუტი

7. უროლოგიის ს/კ ინსტიტუტი

8. ფტიზიატრიის და პულმონოლოგიის ს/კ ინსტიტუტი

9. ჰემატოლოგიის ს/კ ინსტიტუტი

10. რევმატოლოგიური ცენტრი

11. ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი

12. სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი

13. რაიონული ტუბდისპანსერები

არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური

საქართველოს კონსტიტუციით (მე-19 მუხლი) გარანტირებული სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის და რწმენის თავისუფლება დაედო საფუძვლად საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ,,არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ”, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აძლევს საშუალებას გააკეთონ არჩევანი სავალდებულო სამსახურსა და არასამხედრო შრომით სამსახურს შორის.

არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომლის გავლის ვადა 36 თვეა, წარმოადგენს საზოგადოებრივად სასარგებლო სამსახურს.

თუ შენ სამხედრო ვალდებული ხარ და სამხედრო სამსახურის მოხდაზე უარს სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის საფუძველზე ასაბუთებ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამხედრო ძალებში გაწვევის გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში განცხადებით უნდა მიმართო რაიონის (ქალაქის) გამწვევ კომისიას. ეს უკანასკნელი შეისწავლის შენს პირად საქმეს, მოიძიებს მასალებს, რომლებიც დაადასტურებენ შენს მიერ მოყვანილი იმ არგუმენტების სისწორეს, რის გამოც არჩევანს ალტერნატიულ სამსახურზე აკეთებ.

თუ შენ თვლი, რომ უსაფუძვლოდ გითხრეს უარი არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურზე, შეგიძლია 10 დღის ვადაში გაასაჩივრო არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილება. სასამართლო ვალდებულია, 10 დღის ვადაში განიხილოს საკითხი და გამოიტანოს განაჩენი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ.

ალტერნატიული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით (180-დან 200საათამდე), ან ტუსაღობით (3-დან 6 თვემდე), ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა კი შეგიძლია სპეციალიზირებულ არასამხედრო შრომით ფორმირებებში, ჯგუფებში ან ინდივიდუალურად. მაგალითად:

●საავარიო-სამაშველო, ეკოლოგიურ, ხანძარსაწინააღმდეგო ან სხვა სპეციალურ არასამხედრო-შრომით ფორმირებებში;

●სამოქალაქო დანიშნულების სამშენებლო, სარემონტო ორგანიზაციებსა და ობიექტებზე;

●ორგანიზაციებსა და ობიექტებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქტებს აწარმოებენ;

●კომუნალური მომსახურების დაწესებულებებში; ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში.

დაგვიკავშირდით:

ასოციაცია

,,სამართალი და თავისუფლება” აწარმოებს უფასო იურიდიულ კონსულტაციებს წვევამდელებისა და სამხედრო მომსახურეებისათვის.

ტელ: 38 96 12

მისამართი: გამსახურდიას პრ. 15, ბ-36

თქვენი უფლებების დარვევის შემთხვევაში, მოგვმართეთ ჩვენ. თავისუფლების ინსტიტუტისა და მისი რეგიონალური ოფისების საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ 26-ე გვერდზე.

0x01 graphic

3 კეისარსა კეისრისა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

დავით ზურაბიშვილი

რამდენიმე შენიშვნა ,,სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონპროექტის გამო.

ისეთი კანონის მიღება, რომელიც სამართლებრივად დაარეგულირებდა საქართველოში რელიგიური გაერთიანებების საქმიანობას, დიდი ხანია დგას დღის წესრიგში. უკვე არსებობს რამდენიმე ასეთი პროექტი. მათ შორის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ოფიციალური, ანუ პრეზიდენტის დავალებით იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონი. თუმცა, ამ შემთხვევაში გაცილებით მნიშვნელოვანია მამოძრავებელი მოტივები, ვიდრე მოსალოდნელი შედეგები, ანუ, მთავარია ის, თუ რატომ უნდათ ასეთი კანონის მიღება და არა იმდენად ის, თუ რას იღებენ.

მოტივაციათა განხილვა იმითაცაა საინტერესო, რომ იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტი, ერთის მხრივ, წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების მიზნების ტიპიურ გამოხატულებას, მეორეს მხრივ კი, ამ კანონპროექტში არის მცდელობა, ერთგვარად შეერებულ იქნას პოლარულად განსხვავებული ინტერესთა გუფების მოტივაციები. შედეგად კი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

მოტივაცია - 1:
რაღაც უნდა ვქნათ, თორემ შევრცხვებით.

უკანასკნელ ხანს ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა გაერო, ევროკავშირი, ევროპის საბჭო, ოფიციალურ დოკუმენტებში მკვეთრად უარყოფითად აფასებენ სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური უმცირესობების უფლებების მდგომარეობას ჩვენს ქვეყანაში. პრეზიდენტმა ასევე მიიღო წერილი ამერიკელი სენატორების ხელმოწერით, სადაც თავაზიანად, მაგრამ საკმაოდ მკაცრად არის გამოთქმული შეშფოთება საქართველოში რელიგიური ექსტრემიზმის ფაქტების მომრავლებისა და მოძალადეთა დაუსჯელობის გამო. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას სერიოზული საფრთხე დაემუქრა.

ის, რომ არსებობს რელიგიური უმცირესობების შეკრებათა დარბევის, ცემის და ქონების ხელყოფის უამრავი კონკრეტული ფაქტი, მთავრობაში და პარლამენტში ნაკლებად ანაღვლებთ, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების კეთილგანწყობა პირდაპირპროპორციულია საზღვარგარეთიდან ფინანსური დახმარების მოცულობისა, რის გარეშეც ისედაც შეჭირვებული ქართული ეკონომიკა სრულ კოლაფსში ჩავარდება. ამიტომ ყველა პრეტენზიაზე არის მხოლოდ ერთი პასუხი: აი, უახლოეს ხანში მივიღებთ კანონს რელიგიის შესახებ და ბევრი რამ დარეგულირდება.

ასე, რომ ხელისუფლების მოტივაცია ძალიან მარტივია: მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ აღმსარებლობის თავისუფლების დასაცავად რაღაც კეთდება. ამიტომაც ჯერ გამოდის პრეზიდენტის ბრძანებულება, სადაც დაგმობილია რელიგიური ექსტრემიზმი, მას კი უშუალოდ მოჰყვება კანონპროექტი, რომელსაც ჰქვია ,,საქართველოს კანონი სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ,” თუმცა კანონპროექტის ტექსტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სინდისის თავისუფლებისთვის არანაირი დამატებითი გარანტიები არ არის გათვალისწინებული შეზღუდვები კი რამდენიც გნებავთ. საქმე ისაა, რომ აქ მოქმედებს ხელისუფლების მოტივაციის მეორე ფაქტორი.

მოტივაცია - 2:
მართლმადიდებლობა ან სიკვდილი

ლაპარაკია ქართული საზოგადოების იმ მნიშვნელოვანი ნაწილის პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც, ჩვენი ქვეყნისთვის, ,,სექტების შემოსევა” უდიდესი საფრთხის შემცველია. სექტად აღიქმება ძირითადად ის რელიგიური მიმდინარეობები, რომელთა არსებობის შესახებ ამ ათი-თხუთმეტი წლის წინ ცოტამ თუ იცოდა. განსაკუთრებით მასშტაბურ საშიშროებადაა მიჩნეული იეჰოვას მოწმეების საქმიანობა. ამავე კონტექსტში მოიხსენიებიან ევანგელისტები, ორმოცდაათიანელები და სხვა პროტესტანტული მიმდინარეობები. რატომღაც სექტანტებში ,,ჩაირიცხნენ” ბაპტისტებიც, რომლებიც საუკუნეზე მეტია რაც საქართველოში არიან, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ნახევარი ამერიკა ბაპტისტია.

ამ შემთხვევაში მთავარი ის კი არ არის, რომ ,,სექტის” სტატუსის მინიჭება ამა თუ იმ რელიგიური მიმდინარეობისთვის სრულიად სპონტანურად ხდება და არ არის გამაგრებული არანაირი სამართლებრივი აქტით, არამედ ის, რომ ნებისმიერი ,,სექტა” ავტომატურად მიიჩნევა საქართველოს და ქართველობის მტრად. კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს ,,მტრობა”, ხეირიანად ვერავინ ხსნის და რასაკვირველია, ვერც ახსნის. არგუმენტები იმის თაობაზე, რომ იეღოველები ჯარში არ მიდიან, სისხლის გადასხმაზე უარს ამბობენ და კარდაკარ სიარულით ხალხს აწუხებენ, ყველა ნორმალური ადამიანისთვის სასაცილო უნდა იყოს, რადგან ა)სამხედრო სამსახურზე უარის თქმა და ალტერნატიული სამსახურის მოთხოვნა საქართველოს კანონმდებლობით ყველას შეუძლია და ამისთვის რელიგიურ მრწამსზე აპელირება სულაც არაა აუცილებელი; ბ) იგივე კანონმდებლობის მიხედვით, სრულწლოვანი პაციენტის თანხმობის გარეშე ექიმს არა აქვს არანაირი ოპერაციის გაკეთების უფლება, რაც შეეხება არასრულწლოვნებს, ასევე უგონო მდგომარეობაში მყოფ სრულწლოვან პაციენტებს, ამ შემთხვევაში ექიმს შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, თუნდაც ავადმყოფის ახლობლები ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ; გ) კარდაკარ სიარული და ხალხთან დალაპარაკება ვერანაირად ვერ ჩაითვლება დანაშაულად, იეღოველთა ან სხვა ,,სექტანტთა” მხრიდან ძალადობაზე კი ჯერ არავის არაფერი სმენია, ისევე როგორც მათ მითიურ სიმდიდრეზე და ფინანსურ სახსრებზე - მილიონერი ქართველი ევანგელისტი ან იეღოველი ხომ კაციშვილს არ უნახავს.

სამწუხაროდ, ჩვენ სულაც არა გვაქვს საქმე სასაცილოდ. რელიგიური უმცირესობებისადმი დამოკიდებულება საქართველოში უკვე ქსენოფობიისა და კაცთმოძულეობის ზღვარამდეა მისული. ქართველი ობივატელი აბსტრაქტულ ,,სექტანტს” არც ქართველად თვლის და არც ადამიანად. მათ რომ მოუსმინო, ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნება, თითქოს ხალხის მოსყიდვისა და მოტყუების საშუალებით საქართველოში სექტანტების რიცხვი კატასტროფული სისწრაფით იზრდება და თუ რამე არ ვიღონეთ, ხვალ-ზეგ გადავგვარდებით და გადავჯიშდებით. სინამდვილეში, სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია: უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში მცხოვრებ ქართველთა 80 პროცენტზე მეტი თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს, ისეთ ტრადიციულ მოძღვრებათა მიმდევრების რიცხვი, როგორებიც არიან მუსლიმები, სომეხი მონოფიზიტები და კათოლიკეები, მეტ-ნაკლებად სტაბილურია, სხვა მიმდინარეობათა რაოდენობა კი პრაქტიკულად უმნიშვნელოა. იგივე იეჰოვას მოწმეები, რომელთა შესახებ ამხელა ყაყანია ატეხილი საქართველოს მოსახლეობის 1 (ერთ!) პროცენტსაც კი არ შეადგენს. ასეთია სტატისტიკა, მაგრამ ციფრების ჩხრეკით თავს არავინ იწუხებს, მით უმეტეს, რომ სექტანტობის ,,ბუა” ძალიან კარგი საშუალებაა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და სოციალ-ეკონომიკური პრობლემებით გაწამებული მოსახლეობის დასაფრთხობად.

0x01 graphic

ასეა თუ ისე, ანტისექტანტური განწყობა დამახასიათებელია არა მხოლოდ ბასილ მკალავიშვილის მსგავსი ექსტრემისტებისთვის. იდეური ბასილისტები საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც ბლომად არიან, ხელისუფლებაშიც და საზოგადოების გავლენიან წრეებშიც. საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირება იმდენად არაპოპულარულად ითვლება, რომ ამას თითო-ოროლა უფლებადაცვითი ორგანიზაციის გარდა ვერავინ ბედავს. რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, აქ იმისდა მიუხედავად, ხელისუფლების მომხრეებთან გვაქვს საქმე თუ ოპოზიციასთან, მოქმედებს ერთადერთი პრინციპი: სექტებზე ან ცუდი, ან არაფერი.

რელიგიის კანონის მიღებას ყველა ,,ანტისექტისტი” კატეგორიულად მოითხოვს. მათ შორის, განსაკუთრებით აქტიურობენ მკალავიშვილის მეგობარი პარლამენტარი გურამ შარაძე, საპარლამენტო ფრაქცია ,,ოცდამეერთე საუკუნე”, ლეიბორისტული პარტია და სხვები. ისინი კანონის მიღებაში, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ სექტების აკრძალვას და რელიგიურ უმცირესობათა უფლებების შეზღუდვას გულისხმობენ. იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტის ავტორებმა ეს ფაქტორიც შეძლებისდაგვარად გაითვალისწინეს.

დასკვნა: ჩუმად მოვახრჩოთ!

ორი სიტყვით სწორედ ასე შეიძლება დახასიათდეს იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტის სულისკვეთება. ხელისუფლება თითქოს ცდილობს არც მწვადი დაწვას და არც შამფური, სინამდვილეში კი არის მცდელობა ისე დაიწვას მწვადი, რომ ეს მწვადის მოსურნეთათვის შეუმჩნეველი დარჩეს.

საქართველოს ხელისუფლებამ თავი დააყენა გადაუჭრელი დილემის წინაშე: ერთის მხრივ, მან უნდა დაარწმუნოს საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ სინდისის თავისუფლებისა და რელიგიურ უმცირესობათა დაცვისთვის იქმნება მყარი სამართლებრივი გარანტიები, მეორეს მხრივ კი კოჭი გაუგოროს ექსტრემისტებს და შექმნას არამართლმადიდებელ აღმსარებლობის მიმდევართა შეზღუდვის სამართლებრივი ბაზა. თუმცა, როგორ უნდა შეიქმნას ამგვარი ბაზა ისე, რომ ეს მსოფლიოში ვერავინ შეიტყოს, სრულიად გაუგებარია. თუმცა, საქართველოს ხელისუფლება იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით როგორც ჩანს, ,,ცდა ბედის მონახევრეა” პრინციპით ხელმძღვანელობს. აქ დაწვრილებით არ განვიხილავთ კანონპროექტის შინაარსს, მაგრამ ზემოთქმულის საილუსტრაციოდ მაინც შევეხებით რამდენიმე არსებით მომენტს.

კანონპროექტის მე-15 მუხლის მიხედვით, ,,სასამართლო წესით რელიგიური გაერთიანების საქმიანობის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება იყოს ,,არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმი”. ამ მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდეს დამატებითი მუხლი 1551, სადაც არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმი განმარტებულია, როგორც ,,რომელიმე ორგანიზაციისადმი ანდა კონფესიისადმი ახალი წევრების მიზიდვის მიზნით მატერიალური ან სოციალური შეღავათების შეთავაზება ან იგივე მიზნით პირზე ფსიქიკურიდეოლოგიური ხასიათის ზეწოლის განხორციელება მისი მხრიდან აშკარად გამოხატული წინასწარი თანხმობის გარეშე. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს დებულება ზუსტი ასლია საბჭოთა კავშირში მოქმედი კანონისა, რომლის მიხედვითაც, აკრძალული იყო ყოველგვარი რელიგიური პროპაგანდა. ნებისმიერი რელიგიური ორგანიზაციის ნებისმიერი მისიონერული და საქველმოქმედო აქტივობა ამ დებულების მიხედვით, თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს არაკეთილსინდისიერ პროზელიტიზმად. თუ გავითვალისწინებთ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების შემწყნარებლურ დამოკიდებულებას მკალავიშვილის ბანდის და მათი იდეური თანამოაზრეების მიმართ, ძნელი მისახვედრი არ არის, თუ ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული კანონი.

სახელმწიფო ჩინოვნიკურ აპარატს ფაქტობრივად ეძლევა უფლება სისხლის სამართლის საქმე აღძრას საკუთარი სურვილიდან გამომდინარე. არ მოეწონება ვინმე და მყისვე მიუყენებს არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმის ბრალდებას. მაგალითად, რომელიმე იეღოველი რომ მოგადგეს სახლში და ,,საგუშაგო კოშკი” შემოგთავაზოს წასაკითხად, ეს იქნება პირზე ფსიქიკურ-იდეოლოგიური ხასიათის ზეწოლის განხორციელება მისი მხრიდან აშკარად გამოხატული წინასწარი თანხმობის გარეშე? ან თუკი ევანგელისტური ორგანიზაცია ჰუმანიტარულ დახმარებას გასწევს, ეს დაკვალიფიცირდება, როგორც ,,რომელიმე ორგანიზაციისადმი ანდა კონფესიისადმი ახალი წევრების მიზიდვის მიზნით მატერიალური ან სოციალური შეღავათების შეთავაზება” და ასე შემდეგ და ასე უსასრულოდ...

კანონპროექტის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, გათვალისწინებულია სახელმწიფო-რელიგიური ექსპერტიზის ჩატარება, რათა დადგინდეს, ესა თუ ის ორგანიზაცია შეიძლება თუ არა დარეგისტრირდეს, როგორც რელიგიური გაერთიანება, ვინ უნდა იყვნენ ეს ექსპერტები და რა კრიტერიუმების საფუძველზე გაარკვევენ ორგანიზაციის რელიგიურობა-არარელიგიურობას, არავინ იცის. კაცმა რომ თქვას, ამის მეცნიერულ-ექსპერტულიდადგენა შეუძლებელიც არის. ხსენებული დებულება კი სხვას არაფერს ემსახურება გარდა იმისა, რომ ვინც თვალში არ მოუვათ, რელიგიური ორგანიზაციის სტატუსზე უარი უთხრან. აქ შეიძლება ვიღაცას გულუბრყვილოდ ისიც ჰგონია, რომ არარეგისტრირებულების დარბევა და ცემა რელიგიური უმცირესობის ხელყოფად არ ჩაითვლება!

აღარაფერს ვამბობ კანონპროექტის ისეთ აბსურდულ პუნქტებზე, როგორიცაა:

,,რელიგიური გაერთიანების საკუთრებაში შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რომელიც არ არის აკრძალული კანონმდებლობით და საჭიროა წესდებით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად (მუხლი 22, პუნქტი 1.). მოდი ახლა და გაიგე, საჭიროა თუ არა ,,წესდებით გათვალისწინებული ამოცანებისთვის”, ვთქვათ, ავტომანქანა, ან კომპიუტერი.

,,რელიგიური გაერთიანება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს არანაკლებ 50 წლის განმავლობაში, უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციისას თავის დასახელებაში შეიტანოს სიტყვა ,,საქართველო, (მუხლი 10, პუნქტი 4). აქ, როგორც იტყვიან, კომენტარები ზედმეტია. ისე, თუ ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია დააარსოს, ვთქვათ, ,,საქართველოს ხინკლის მოყვარულთა ასოციაცია” ან ,,საქართველოს ქერათმიანთა კავშირი», რელიგიური ორგანიზაციისთვის ეს 50 წლიანი ვადა რაღა საჭიროა?

რა საჭიროა და, კანონპროექტის ეს პუნქტი მხოლოდ ერთ მიზანს ისახავს, შეზღუდოს შედარებით ახალი რელიგიური ორგანიზაციები, არ მისცეს მათ საქართველოს ხსენების უფლება. რა მოგებაა აქედან, მართალი გითხრათ არ მესმის და ალბათ ვერც ვერავინ გაიგებს.

კანონპროექტში არის პუნქტები, რომლებიც მოგონილია მხოლოდ იეჰოვას მოწმეების საწინააღმდეგოდ. მაგალითად, რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს ,,რელიგიური მოსაზრებით სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა სიცოცხლისა და ანმრთელობისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირისთვის (მუხლი 15, პუნქტი 2თ.). აქ ყველაფერი გასაგებია: არ გადაისხამს იეღოველი სისხლს და გაუუქმებენ ორგანიზაციას!

ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ ისედაც ცხადია, რომ იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტი არათუ არანაირად არ უზრუნველყოფს სამართლებრივ გარანტიებს სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური უმცირესობების უფლებათა დაცვისთვის, არამედ პირიქით, ფაქტობრივად აკანონებს დისკრიმინაციას და სხვა არაფერია, თუ არა ამ უმცირესობათა ,,ჩუმად მოხრჩობის” მცდელობა.

P. S. ამაო გარ

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ კანონპროექტით საერთაშორისო თანამეგობრობის კეთილგანწყობის მოპოვება აბსოლუტურად შეუძლებელია. შეიძლება ჩვენ ხელისუფლებაში ვიღაცას ჰგონია, რომ იქ დებილები სხედან და მათი ,,დაბოლება” პრობლემა არ იქნება, მაგრამ რეალურად პრობლემა სწორედ ჩვენს ხელისუფლებას შეექმნება ამგვარი კანონის მიღების შემთხვევაში.

ჯერ ერთი, სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი საკანონმდებლო აქტი აუცილებლად გასაჩივრდება ევროსასამართლოში და რომელიც აუცილებლად გამოიტანს საქართველოს გამამტყუნებელ განაჩენს. ვინც თუნდაც ზერელედ მაინც იცნობს საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკას, ეს მისთვის ისევე ნათელია, როგორც ორჯერ ორი რომ უდრის ოთხს.

ასევე სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ უკვე ამ კანონპროექტის არსებობა გამოიწვევს პროტესტების ახალ ტალღას იგივე ამერიკის შეერთებული შტატებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ისმის კითხვა: რამდენად გაბედავს საქართველოს ხელისუფლება მათ იგნორირებას?

ასე, რომ სექტების ,,ჩუმად მოხრჩობის” ეს კანონპროექტი აბსოლუტურად უპერსპექტივოა. ხელისუფლება ან ვერ გაბედავს მსოფლიო საზოგადოების იგნორირებას, ან თუ გაბედავს და დიდ ზარალში გადავარდება. ერთიცა და მეორეც ხელისუფლებას კარგს არაფერს უქადის, თუ რა თქმა უნდა, იგი მტკიცედ არ შეეცდება კონსტიტუციის დაცვას და თავს არ დაანებებს უნაყოფო მცდელობას მისცეს კეისარს (ანუ დასავლეთს) კეისრისა და თან ბასილ მკალავიშვილის იდეოლოგია გამოაცხადოს ღვთის ნების სამართლებრივ გამოხატულებად.

მოკლედ, ამ საქმიდან არაფერი გამოვა. მე მარტო ის მაინტერესებს რატომ ჰგონიათ რომ გამოუვათ.

0x01 graphic

4 საღი სარწმუნოება

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნუგზარ პაპუაშვილი

ქვემოწარმოდგენილი სიტყვის, უფრო ზუსტად, - ეპიტაფიის, ავტორი არის XIX-XX საუკუნეების დიდი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი და მკვლევარი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე. მას დამთავრებული ჰქონდა კიევის სასულიერო აკადემია (სამეცნიერო ხარისხით) და ერთობ განათლებული პიროვნება გახლდათ; შესანიშნავად იცნობდა როგორც ბიბლიას, ისე ეკლესიის მამათა წერილობით მემკვიდრეობას, სარწმუნოებას და ღვთისმეტყველებას; განმსჭვალული იყო სახარების სულით და ქრისტეს მოძღვრებას სიღრმისეულად მოიაზრებდა. ამის გამო ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა მისი პოზიციები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და კონფესიათაშორის ურთიერთობების საკითხებზე, რაც ასახულია ქადაგებებშიც, პუბლიცისტურ წერილებშიც, სამეცნიერო შრომებშიც და მემუარებშიც.

კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხში დემოკრატიის იდეას ავითარებდა და ეკლესიის სახელმწიფოსაგან და სკოლის ეკლესიისაგან გამოყოფის კანონზომიერების საფუძვლებს საღვთო წერილსა და საღვთო გადმოცემაში ხედავდა.

პიროვნებისა და მისი სინდისის ხელშეუხებლობა, ნების და არჩევანის თავისუფლება, ინდივიდის დამოუკიდებლობა ქრისტიანული მოძღვრების არსებითი ნიშანია და რაც უფრო სრულყოფილად შევიგრძნობთ ამ მოძღვრების მაჯისცემას, მისი შინაგანი კავშირი თანამედროვე ცივილიზაციის მონაპოვართან - თავისუფლებასა და დემოკრატიასთან - მით უფრო გამოიკვეთება და გაცხადდება. თავისუფლება და დემოკრატია ქრისტიანული პოლიტოლოგიის ფესვს წარმოადგენს და ისტორიის მიზანიც ამ ფესვის გახარება და განაყოფიერებაა. ესაა ეკლესიოლოგიური თვალსაზრისი, რომლის საყრდენი პუნქტი სიყვარულისა და კაცთა შორის სათნოების სახარებისეული გაგებაა.

კათალიკოს კალისტრატე ცინცაძის სამოძღვრო მეტყველებისათვის ნიშანდობლივია გამოთქმა საღი სარწმუნოება, რომლის ანტონიმი მახინჯი, ავადმყოფი სარწმუნოება უნდა იყოს. პირველი სიყვარულსა და სათნოებას, უცხოთა შეწყნარებას და შეწყალებას, სიმშვიდესა და ნებისმიერ ადამიანში, გულმოწყალე სამარიელის მსგავსად (ლუკა 10, 25-37), მოყვასის დანახვის უნარს გულისხმობს, მეორე - გულარძნილობას, მშფოთვარებას, ამპარტავნობას, ფანატიზმს, ობსკურანტიზმს და ფუნდამენტალიზმს. პირველს ზნეობრივ თავისუფლებამდე მივყავართ, მეორეს - ძმათმძულვარებამდე და ომამდე. პირველი ხელს უწყობს დემოკრატიული და ღია საზოგადოების აღშენებას, თავისუფალ ქვეყანაში თავისუფალი მოქალაქეობის განვითარებას, მეორე კი აკნინებს პიროვნებას და ადამიანის იმ ნაწილს თრგუნავს, რაც ღვთიური წარმომავლობისაა და რაც ადამიანს ადამიანად ქმნის - ღვთის ხატებას და მსგავსებას, თავისი თავის უფლება.

ამ სულისკვეთებითაა შთაგონებული სიტყვა, რომელიც ქაშვეთის ეკლესიაშია წარმოთქმული 1918 წლის 23 ივნისს, ვლადიმირ გობეჩიას დაკრძალვის დღეს. კალისტრატე ცინცაძე მაშინ დეკანოზის ხარისხში იმყოფებოდა და როგორც სასულიერო, ისე საერო საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. იგი პოლიტიკურ ორომტრიალშიც იყო ჩაბმული და, როგორც აღნიშნული სიტყვიდანაც ჩანს, უმაღლესი რანგის სახელმწიფო ფორუმებშიც მონაწილეობდა. აგრეთვე ირკვევა, რომ სარწმუნოებისა და ეკლესიის სტატუსის შესახებ ამიერკავკასიის კომისარიატში და, საერთოდ, ჩვენს იმდროინდელ პოლიტიკურ ელიტაში,

5 სიტყვა ვლადიმირ გობეჩიას გარდაცვალების გამო

▲ზევით დაბრუნება


სიტყვა

ვლადიმირ გობეჩიას გარდაცვალების გამო

ვიდრე ამი გაქვთ, იქმოდეთ კეთილსა ყოველთა მიმართ

(გალ. 6, 1 0)

მცნებად დაგვიდო წმ. მოციქულმა და ეს მცნება ღრმად ჰქონდა აღბეჭდილი გულის ფიცარზედ წინაშე ჩვენსა მდებარე ვლადიმირ გობეჩიას: მშობელი მხარე და რუსეთის ყოფილი სამფლობელო, სამხრეთ-დასავლეთი ფრონტი და არზრუმ-ერძინჟიანის მიდამოები მოწმობენ მისის თავგანწირულის შრომისათვის ყოველთა მიმართ კეთილის საყოფელად!...

ამ წმიდა ადგილითგან კი აღვნიშნავ შემდეგს: ყოველთათვის ზრუნვის დროს, განსვენებულს არ ჰქონდა დავიწყებული ჩვენი ერის სარწმუნოებრივი მოთხოვნილებაც, რომლის საჭიროებათა დაუყონებლივ დაკმაყოფილება მან გადაჭრით მოითხოვა (მე პირადად ვარ ამის მომსწრე) ამა წლის თებერვლის ცხრას ამიერკავკასიის კომისარიატის ოფიციალ სხდომაზედ. შეკითხვაზედ, თუ რაზედ ამყარებს ის ამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების აუცილებლობას, განსვენებულმა განაცხადა: ჩვენი მოვალეობაა, ხელი შეუწყოთ ყველას, ვინც საღ სარწმუნოებრივ სწავლას ავრცელებსო...

ჭეშმარიტად, ჩვენში რომ საღის სარწმუნოებრივის სწავლისათვის ეზრუნათ, დაეცვათ მტკიცედ ქრისტეს სჯული, პატივისცემით მოჰპყრობოდნენ სხვის სარწმუნოებას, - აჭარა არ ჩამოგვშორდებოდა, ინგილო-მაჰმადიანები და ინგილო-ქრისტიანები ძმურად იცხოვრებდენ ერთმანეთში და თვით ვლადიმირ გობეჩია დღეს აქ უსულოდ მდებარე არ იქნებოდა, - ბოროტი ხელი მას სიცოცხლეს არ მოუსპობდა!.. შევისწავოთ: ღვთის განგება კიდევ გვაფრთხილებს! ის გვეუბნება: ქრისტეს დიადის მცნებას - ურთიერთას სიყვარულის - გარეშე ცხოვრება შეუძლებელია და, ამისათვის, თუ გნებავთ, განთავისუფლებულ საქართველოში განვითარდეს თავისუფალი მოქალაქობა, ხელი შეუწყეთ საღის სარწმუნოებრივ-ზნეობრივის სწავლის გავრცელებას, მტკიცედ სდეგით ქრისტეს მცნებაზედ და ვიდრე ჟამი გაქვთ, იქმოდეთ კეთილსა ყოველთა მიმართ!.. ამინ

დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე

თანამედროვე ვითარების მსგავსად, აზრთა სხვადასხვაობას ჰქონდა ადგილი. ვ.გობეჩია თურმე იმ პოზიციაზე იდგა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფომ ხელი საღი სარწმუნოების განვითარებას უნდა შეუწყოს. უეჭველია, რომ ამ ცნებას ხსენებული პოლიტიკოსი და მისი სულიერი მოძღვარი ერთი და იმავე მნიშვნელობით იაზრებდნენ. ისინი გულისხმობდნენ რწმენას და აღმსარებლობას არა ჭეშმარიტების პოზიციიდან, რაც ღვთისმეტყველების სფეროა და საერო უწყებას, ამ შემთხვევაში - ამიერკავკასიის კომისარიატს, მისი გარკვევა არ ძალუძს, არამედ - რწმენას და აღმსარებლობას სამოქალაქო პოზიციიდან ანუ, რომ დავაზუსტოთ, მორწმუნეობის, რელიგიურობის კულტურას. ლაპარაკია არა რწმენაზე თავისთავად, არა რწმენის დოგმატურ მხარეზე (მოძღვრებაზე), არამედ - საზოგადოებაში მისი ექსპრესიის (გამოხატვის) ნორმებზე, ე. ი. საზოგადოებაში ინდივიდის პირადი რწმენის აღსარების რეგლამენტზე. რელიგიურობის კულტურის გაუთვალისწინებლობა ხშირად ექსტრემიზმს შობს, რაც ვნებას აყენებს როგორც ეკლესიას, ისე საზოგადოებას და სახელმწიფოს. ქრისტეს რჯულის დაცვა, განსწავლული დეკანოზის თქმით, სხვისი სარწმუნოების პატივისცემით მოპყრობასაც გულისხმობს. ესაა საღი სარწმუნოების ნიშანი, რაც ჩვენს ხალხს შეთვისებული არა აქვს. სანამ ეს პრობლემა პრობლემად რჩება, მანამ ჩვენს ქვეყანაში, თავისუფალ საქართველოში, სულიერი მამის სიტყვებს რომ დავესესხოთ, თავისუფალი მოქალაქეობა ვერ აღორძინდება, თავისუფალი და ღია საზოგადოება ვერ შეიქმნება. სხვათა სარწმუნოების პატივისცემა, პირველ რიგში, საერთო პრინციპების პოვნის სურვილსა და უნარს გულისხმობს. ამის მიღწევა შესაძლებელია, თუკი მოქალაქეთა შორის სიყვარული, მშვიდობა და სათნოება სუფევს. საწინააღმდეგო ვითარება სავალალოა. მშფოთვარება და ნევროზული მორწმუნეობა ექსტრემიზმს შობს. ექსტრემიზმი, მით უფრო - რელიგიური, ნებისმიერი საზოგადოებისა და სახელმწიფოს დაშლასა და დანგრევას უწყობს ხელს. იგი იმათ წისქვილზე ასხამს წყალს, ვინც ნაციონალურ და ეთნიურ სეპარატიზმს აღვივებს. კათალიკოს კალისტრატეს დაკვირვებით, იმხანად აჭარისა და საინგილოს მუსლიმანური ნაწილის ჩამოშორება გარკვეულწილად ამ ხალხის სარწმუნოებისადმი (ე.ი. ისლამისადმი) ქრისტიანი ქართველების უპატივცემულობას გამოუწვევია.

აღნიშნული სიტყვა პირველად ჟურნალ ,,ახალ სიტყვაში” დაიბეჭდა (1918, №8). ავტოგრაფი ავტორის პირად საარქივო ფონდშია დაცული (ხელნაწერთა ინსტიტუტი). ამჯერად კვლავ ვაქვეყნებთ მას აქტუალურობის გამო.

6 როგორ და რა შემთხვევაში მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს?

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

როცა ირღვევა მოქალაქის კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, თქვენი აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ორგანოში, სარჩელის შეტანით შეგიძლიათ. ურნალისტი გვანცა ლიპარტელიანი ესაუბრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატს ლადო სანიკიძეს:

რა შემთხვევაში შეუძლია მოქალაქეს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს?

საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება ორგანული კანონით (მეცხრამეტე მუხლი) არის განსაზღვრული. მართალია, საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის კერძო საჩივრების განხილვა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში ჩამოთვლილი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები იზღუდება ან ირღვევა, სარჩელის შეტანა მოქალაქეებსაც შეუძლიათ. ასეთი კი არის - სიცოცხლის, სიტყვის, აზრის, სინდისის, რელიგიური აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების, კერძო საკუთრების და კონსტიტუციით გარანტირებული სხვა უფლებები. მოქალაქის სარჩელის საფუძველი

შეიძლება გახდეს მხოლოდ სახელმწიფო უწყების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი, რომლითაც ილახება კონსტიტუციის მეორე მუხლით გარანტირებული მოქალაქის უფლებები. სხვა შემთხვევებში, მოქალაქეს შეუძლია მიმართოს საერთო სასამართლოს ადმინისტრაციული ან ჩვეულებრივი სამოქალაქო წესით.

საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ძირითადი უფლებები და თავისუფლებებია:

● სიცოცხლის უფლება;

● სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება;

● პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა;

● თანასწორობა კანონის წინაშე;

● საკუთრების უფლება;

● საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლება;

● ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება;

● ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლება;

● საკუთარი აზრის ნებისმიერი ფორმით გამოხატვის თავისუფლება;

● როგორც ჭერქვეშ, ასევე გარეთ თავისუფალი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება;

● საზოგადოებრივი გაერთიანებების, პროფესიული კავშირების, პოლიტიკური პარტიების შექმნის და მათში გაერთიანების უფლება;

● შრომის თავისუფლება;

● არჩევნებში მონაწილეობის უფლება, აგრეთვე უფლება იყო არჩეული;

● სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება;

● სახელმწიფოსგან დასაქმებაში ხელშეწყობის მოთხოვნის უფლება;

● საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის უფლება;

● გაფიცვის უფლება;

● განათლების უფლება;

● ოჯახის, დედისა და ბავშვის უფლება;

● ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება;

● ჯანმრთელობის დაზღვევის უფლება;

● სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს შესახებ სრული და დროული ინფორმაციის მიღების უფლება;

● საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი დაცვის გარანტიებით სარგებლობის უფლება;

● უმცირესობებისათვის საკუთარი დედა ენით სარგებლობის უფლება როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საჯაროდ; საკუთარი კულტურის განვითარების უფლება;

● უფლება ითვლებოდე უდანაშაულოდ, სანამ შენი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით;

● სახელმწიფო დაწესებულებებში შენზე არსებული ინფორმაციის დაუბრკოლებლად გაცნობის უფლება;

● სასამართლოსადმი მიმართვის უფლება;

● სახელმწიფო მოხელეების მხრიდან უკანონოდ მიყენებული ზარალის შემთხვევაში, კომპენსაციის უფლება.

საქართველოს მოქალაქეების გარდა, მეორე მუხლით გარანტირებული უფლებების შელახვის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება იურიდიულ და საქართველოში მცხოვრებ სხვა ფიზიკურ პირებსაც აქვთ. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ჩივილის უფლება საქართველოს სახალხო დამცველსაც აქვს, თუ მას მიაჩნია, რომ ირღვევა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები.

ადრე საკონსტიტუციო სარჩელის წარმოებაში მისაღებად მოქალაქეს უნდა დაესაბუთებინა, რომ მისი უფლება უკვე შეზღუდული ან დარღვეული იყო. დღეს კი, კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე, ამგვარი სარჩელის შეტანა იმ შემთხვევაშიც არის შესაძლებელი, თუ მოქალაქე ან იურიდიული პირი თვლის, რომ ესა თუ ის ნორმატიული აქტი მომავალში, ანუ პოსტ-ფაქტუმ შეუქმნის საფრთხეს და დაარღვევს მის უფლებებს.

სამართლებრივი აქტი ორგვარია: ნორმატიული და კერძო. ნორმატიული მოიცავს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ კანონს, ორგანულ კანონს, კანონს, დადგენილებას, ბრძანებულებას და ა.შ. სარჩელის შეტანის შემდეგ მოპასუხედ ითვლება ის კონკრეტული სახელმწიფო ორგანო, რომელმაც გამოსცა ესა თუ ის ნორმატიული აქტი. ამდენად მოპასუხე შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი და ა.შ.

როგორ შევადგინოთ სარჩელი?

სარჩელი უნდა შეადგინოს თავად მოქალაქემ. სასარჩელო განცხადებაში მითითებული უნდა იყოს სასამართლო, რომელსაც მიმართავს მოსარჩლე, გასაჩივრებული აქტი, აქტის მიმღები ორგანო, მოპასუხის ვინაობა. სარჩელს თან უნდა ერთვოდეს ინფორმაცია, თუ კონკრეტულად სად გამოქვეყნდა აღნიშნული აქტი, რის შედეგადაც ეს აქტი ძალაში შესულად ითვლება. მოსარჩლემ სარჩელში უნდა დაასაბუთოს, თუ მისი რა უფლება შეილახა ან შეიძლება შეილახოს აღნიშნული აქტით. მან ასევე უნდა მიუთითოს სარჩელის შეტანის სამართლებრივ უფლებაზე. განცხადებას უნდა ახლდეს სარჩელზე დართული საბუთების ჩამონათვალი (საჯარო სამართლებრივი აქტის ტექსტი, მოსარჩელის წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი, საბუთი ბაჟის გადახდის შესახებ, რომელიც 10 ლარს შეადგენს და სხვა). მოთხოვნის არსი კი კონკრეტული ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად ცნობა უნდა იყოს.

როგორია სარჩელის შეტანის, განხილვისა და პასუხის ვადები?

საჭირო დოკუმენტების შეგროვებისა და წესრიგში მოყვანის შემდეგ, მოსარჩელეს შეუძლია ჩააბაროს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მისაღებში, სადაც მოწმდება მოსარჩელის მიერ შეგროვებული დოკუმენტაცია. საჭიროების შემთხვევაში, მას ეძლევა სპეციალური მითითებები და 3 დღის ვადა დოკუმენტაციის წესრიგში მოსაყვანად.

სარჩელის შეტანიდან მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია განიხილავს მოქალაქის განცხადებას და გამოიტანს განჩინებას მიიღოს თუ არა სარჩელი წარმოებაში. შესაძლებელია, სარჩელი სათანადო დოკუმენტების არარსებობის გამო დაიწუნონ, ამიტომ ყურადღებით უნდა მოხდეს მისაღებში მიღებული მითითებების შესრულება.

იყო შემთხვევა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოქალაქეებმა სიკვდილით დასჯის გაუქმების მოთხოვნით მიმართეს, მაგრამ სასამართლომ ეს სარჩელი იმის გამო არ სცნო, რომ ამ შემთხვევაში თავად მოსარჩელეთა უფლება არ ირღვეოდა, რადგან ისინი პირადად არ იყვნენ დაზარალებულები. თუმცა, ახალი ცვლილებების საფუძველზე ამგვარი სარჩელის მიღება უკვე შესაძლებელია.