The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №12 ბიულეტენი


საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №12 ბიულეტენი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: პრესის მიმოხილვა იანვარი, 2005 წ. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი The Caucasus Institute for Peace, Democracy and Development თბილისი, მერაბ ალექსიძის 1, მე-11 სართ. 1, Merab Alexidze St., 11th floor, Tbilisi, Georgia



1 საერო პრესა

▲ზევით დაბრუნება


ჯორჯიან თაიმსი 1-13.1.05.
მუდმივი რუბრიკა: არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინის) ქადაგებანი, სტატიები და
საუბრები იანვარი
ფიქრები რერიხის სურათებზე

ამჯერად არქიმანდრიტის რისხვა რერიხის ფერწერას დაატყდა. მისი სიტყვებით, ლამაიზმის მიმდევარმა მხატვარმა (ლამაიზმი წერილში სიკვდილის რელიგიადაა მოხსენიებული) სიცოცხლე „სულიერი სიცრუის სამსახურს“ შეალია, მაგრამ ის მისმა ტილოებმა ამხილა; ტიბეტისადმი მიძღვნილი მისი ჰიმნი „ქრისტიანულ სამყაროზე რექვიემივით ჟღერს... ეს ბოროტების სიკეთეზე და სიკვდილის სიცოცხლეზე გამარჯვების ცრუ ტრიუმფია“. ბუდიზმსა და სატანიზმს შორის კავშირი მამა რაფაელისთვის სწორედ რერიხს დაუნახვებია. არქიმანდრიტი ემადლიერება კიდეც რერიხს, რომ მან აღმოსავლეთიდან წამოსული ოკულტიზმის საფრთხის შესახებ აუწყა სამყაროს. „რერიხის სურათები მარტო ჰიმალაის ქება და ტიბეტის აღმოჩენა კი არ არის, არამედ ანტიქრისტეს მომავალი მეუფების შესახებ მთელი ქრისტიანული სამყაროს გაფრთხილებაც“, - ქადაგებს მამა რაფაელი.

კვირის პალიტრა 3-9.1.05.
გვერდი მოამზადა ლელა ჯიყაშვილმა
... დასვეს მტრედი პატრიარქის ტახტზე

გაზეთი აუწყებს მკითხველს, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს 72 წელი უსრულდება. სტატიაში გადმოცემულია მისი ბიოგრაფია.

„24 საათი“ 5.1.05.
კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღე

„24 საათის“ ილია მეორის წლისთავისადმი მიძღვნილი სარედაქციო წერილი. გადმოცემულია პატრიარქის მოკლე ბიოგრაფია.

ახალი ვერსია 5-6.1.05.
პატრიარქის დაბადების დღე

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღე აღნიშნა.

ახალი თაობა 5.1.05.
ზაზა ბაკაშვილი
პატრიარქი და მასთან დაპირისპირებული მღვდლები წირვაზე შერიგდნენ?

საპატრიარქოს ყოფილმა მდივანმა, გიორგი ანდრიაძემ მოუწოდა საპატრიარქოსთან დაპირისპირებულ მღვდლებს 25 დეკემბერს მონანიების წირვაზე სამების ტაძარში მისულიყვნენ და აღსაყდრების დღე მიელოცათ პატრიარქისთვის. „ახალმა თაობამ“ საპატრიარქოს პრესცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელისგან, ზურაბ ცხოვრებაძისგან, შეიტყო, რომ ამ მოწოდებას უკვალოდ არ ჩაუვლია და 25 დეკემბერს სამების ტაძარში წირვას ორი „ბუნტის თავი“ მღვდელი - ზაზა თევზაძე და მიქაელ ასათიანი - დასწრებია. ცხოვრებაძის სიტყვებით, თუმცა მან არ იცის, რაზე ესაუბრნენ მღვდლები პატრიარქს, მაგრამ მათი იქ მისვლა მაინც დადებით მოვლენად უნდა მივიჩნიოთ; თუმცაღა, - დასძენს ცხოვრებაძე, - მთავარმა მეამბოხემ, დეკანოზმა ბასილ კობახიძემ, უგულველყო მშვიდობიანი მოწოდება და ტაძარში არ გამოჩნდა.

ახალი ვერსია 13-14.1.05.
რეზო გეთიაშვილი, ლევან სებისკვერაძე
გაორებული ახალი წელი

სტატიის ავტორები იმ დისკომფორტრზე საუბრობენ, რომელსაც საზოგადოება განიცდის საქართველოში ერთდროულად ორი კალენდრით (იულიანურით, რომელიც საეკლესიო ცხოვრებისთვისაა განკუთვნილი და გრეგორიანულით - საერო ცხოვრებისათვის) სარგებლობის გამო. ჟურნალისტებმა ამის თაობაზე საპატრიარქოს პრესცენტრს მიმართეს. პრესცენტრის პასუხიდან, რომელიც მამა დავითმა გაახმოვანა, ჩანს, რომ ეკლესია ახალ სტილზე გადასვლას არ აპირებს და ამ პოზიციის გამართლებას ტრადიციული არგუმენტებით ცდილობს.

ასავალ-დასავალი 10-16.1.05.
დიტო ჩუბინიძე
ირაკლი წერეთელი: მოვუწოდებ ილია მეორის გარემოცვას გააძლიეროს კონტროლი
საკვებზე

გაზეთი აქვეყნებს ინტერვიუს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერთან, ირაკლი წერეთელთან, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს უშიშროების სამინისტროს კათოლიკოს-პატრიარქის მოწამვლა ჰქონია განზრახული. წერეთლის თქმით, ამას „სიამოვნებით“ ჩაიდენენ ის ადამიანები, რომლებიც მართლმადიდებლები არ არიან (აქ უთუოდ უშიშროების კათოლიკე მინისტრ ვანო მერაბიშვილზეა მითითება - რედ.). ინფორმაცია წერეთელს, როგორც თავად ამბობს, მასთან დამეგობრებულმა თანამდებობის პირებმა მიაწოდეს. წერეთელი ვარაუდობს, რომ პატრიარქის მოშორების შემდეგ, „უღმერთო სოროსის ენჯეოელები“ თავიანთ პატრიარქს „დასვამენ“. წერეთელი გაზაფხულზე ქრისტიანთა შეკრების მოწყობას გეგმავს, სადაც შემდეგ მოთხოვნებს წაუყენებს ხელისუფლებას: შეწყდეს ეკლესიის საქმეებში ჩარევა; მართლმადიდებლობა გამოცხადდეს სახელმწიფო რელიგიად; საქართველო გამოცხადდეს ქრისტიანულ სახელმწიფოდ. „ჩვენ არ განვდევნით ტრადიციულ რელიგიებს, მაგრამ იეღოველებს და ერის გამრყვნელ სექტებს კანონით ავკრძალავთ“, - გვპირდება წერეთელი.

კვირის ქრონიკა 10-16.1.05.
მარი შათირიშვილი
საქართველოს სპატრიარქოს გასაიდუმლოებული ინტრიგები

სტატიის ავტორის მტკიცებით, ის რომ ერთერთმა ტელეარხმა გადაცემა მიუძღვნა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილ იერარქს, მიტროპოლიტ გაიოზ კერატაშვილს, რომელიც 1979 წელს გასამართლებული იყო ძვირფასი საეკლესიო ნივთების მითვისებისთვის, აღძრავს ეჭვს, რომ „ვიღაცა კვლავ ცდილობს ეკლესიის წინააღმდეგ ახალი სკანდალი ააგოროს და ამისთვის არაფერს ერიდება“. გაიოზ კერატაშვილის ბრალეულობის დამტკიცებას გაზეთი ორ გვერდს უთმობს, სადაც მისი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მასალებს და სასამართლო პროცესის დეტალებს აქვეყნებს.

ახალი ვერსია 7-9.1.05.
საშობაო ეპისტოლე

გაზეთი აქვეყნებს კათოლიკოს-პატრარქ ილია მეორის საშობაო ეპისტოლეს სრულ ტექსტს, რომელშიც იგი, სხვა საკითხებთან ერთად, პიროვნების თავისუფლებაზეც საუბრობს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „... დღეს მთელ მსოფლიოში აღიარებული ადამიანის უფლებების დეკლარაცია სწორედ ქრისტიანულ ღირებულებებზეა დაფუძნებული. ქრისტიანული ღირებულებები კი ყველაზე სრულყოფილი სახით მართლმადიდებელ ეკლესიაშია დაცული... ეპისტოლეში პატრიარქი ეკლესიაში და მის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიასაც ეხება: „მიმდინარეობდა და მიმდინარეობს საეკლესიო საკითხებზე არაკორექტული, ხშირ შემთხვევაში კი შეურაცხმყოფელი და ცილისწამებლური მსჯელობები. ყველაფერ ამას ერთგვარი ორგანიზებული მოძრაობის სახე აქვს და მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ეკლესიის წევრნი, ისე მის გარეთ მყოფი პირები“. ამ უკანასკნელთ კი, პარტიარქის სიტყვებით, „არც ცოდნა და არც მორალური და იურიდიული უფლება არა აქვთ“ ამ დისკუსიაში მონაწილეობისთვის. „...იცოდეთ, ჩვენი ეკლესია არაკეთილმოსურნეთა სამიზნედაა ქცეული, რომელნიც ცდილობენ მისი ავტოტიტეტის შელახვას და სხვადასხვა საშუალებით ეკლესიისგან ხალხის ჩამოშორებას.“

რეზონნსი, 10. 1. 05.
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის
საშობაო ეპისტოლე

გაზეთი აქვეყნებს საშობაო ეპისტოლეს სრულ ტექსტს.

ახალი თაობა 13.1.05.
შორენა კიწოწაშვილი
იეღოველები ბასილ მკალავიშვილის ძალადობას არ ადასტურებენ

გაზეთის ცნობით ვაკე-საბურთალოს სასამართლომ დღეს ბასილ მკლავიშვილს და მისი მრევლის წევრებს განაჩენი უნდა გამოუტანოს. პროკურორმა მკალავიშვილისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, სტიქაროსან პეტრე ივანიძისთვის - 6 წლით, კოროშინაზისთვის - 2-ით, დანარჩენი განსასჯელებისთვის - სამწლიანი პირობითი სასჯელი. მკალავიშვილის ადვოკატების განცხადებით, პროკურორი კერესელიძე ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს, ვინაიდან რაიმე დოკუმენტი, რომელიც ბრალს დადასტურებდა, საქმეში არ არსებობს. მათი განცხადებებით, იეღოველებს თავად Mმოსახლეობა უსწორდებოდა. „ამ ხალხს (მკალავიშვილს და მასთან ერთად დაპატიმრებულ პირებს - რედ.) არარსებული ლიტერატურის (საუბარია ბიბლიური საზოგადოების საწყობში დაცულ ლიტერატურაზე) განადგურებას ედავებიან. ... დღემდე ვერ დავადგინეთ, ვინ არის ამ ლიტერატურის მესაკუთრე, საიდან შემოვიდა ეს ლიტერატურა და ვინ მიიტანა ის საწყობში. გამოძიების ვერსიით ეს ლიტერატურა განადგურებულია. ადვოკატი ქეთი ბექაური ამ ლიტერატურას „ქვეყნის მოსახლეობის სულის წასაწყმედად შემოტანილს“ უწოდებს. მკალავიშვილის კიდევ ერთი ადვოკატი, ლალი აფციაური, ფირობს, რომ იეღოველებს ტანჯული ადამიანიების ამპლუაში ყოფნის სტრატეგია აქვთ შემუშავებული, რაც მათ საზოგადოებაში ფეხის უკეთ მოსაკიდებლად სჭირდებათ. ადვოკატების განცხადებით, სასამართლოზე დაკითხული არცერთი ადამიანი, განსასჯელების მიერ ცემას არ ადასტურებს.

ახალი თაობა, 14.1.05.
შორენა კიწოწაშვილი
მართლა ჩაიდინა თუ არა ბასილ მკალავიშვილმა დანაშაული?

13 იანვარს ვაკე-საბურთალოს სასამართლოში განახლდა ბასილ მკალსვიშვილის სისხლის სამართლის საქმე. ამჯერად სასამართლო პროცესზე თავისი არგუმენტები დაცვის მხარემ წარადგინა. ადვოკატებმა ბრალდების ყველა პუნქტი განიხილეს და სასამართლოს განუმარტეს, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად განსასჯელებისთვის აბსურდული ბრალდებაა წაყენებული. იმ პირთა მიმართ, რომლებიც სასამართლომ დაზარალებულებად ცნო, მკალავიშვილის და მისი მრევლის მხრიდან „არავითარი აგრესია არ გამოვლენილა“. პირიქით, გამოძიების დროს ისიც კი გამოიკვეთა, რომ მკალავიშვილი თავად იეღოველებმს უცემიათ რკინის ჯოხით. პროცესი, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, იმით დასრულდა, რომ მკალავიშვილის ადვოკატების „მრავალრიცხოვანმა არმიამ“ მისი და სხვა მასთან ერთად დაკავებული პირების გათავისუფლება და მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვწეტა მოითხოვა, - წერია სტატიაში.

ახალი თაობა, 23.1.05.
ზაზა ბაკაშვილი
სააკაშვილმა ეროვნულ დროშას შეურაცყხოფა მიაყენა

გაზეთის ინფორმაციით, ორი დღის წინ პრეზიდენტი სააკაშვილი და პრემიერ-მინისტრი ნოღაიდელი ვეძისში ჩავიდნენ და საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ბაირამობა მიულოცეს. სააკაშვილი, გაზეთის ცნობით, „აზერბაიჯანულად ამეტყველდა“ და „მუსლიმანთა დროშის ფონზე“ პირობა დადო, რომ პარლამენტში ბაირამობის ეროვნულ დრესასწაულად გამოცხადების ინიციატივით შევა, „რასაც მრავალი ქართველი არ მოელოდა“. ყოფილმა პარლამენტარმა გურამ შარაძემ დაუყონებლივ გამოიყენა ქართველების უკმაყოფილება და სააკაშვილი საქართველოს დროშის შეურაცყხოფაში დაადანაშაულა. შარაძის თქმით, პრეზიდენტმა ვერ გაბედა მუსლიმანებისთვის მიეთითებინა, აზერბაიჯანის დროშის გვერდით საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა გამოფინეთო. შარაძეს განცხადებით, „მართლმადიდებლურ საქართველოში, სადაც მართლმადიდებლობა მეოთხე საუკუნიდან სახელმწიფო რელიგიადაა გამოცხადებული, აღდგომისა და შობის დღესასწაულების გვერდით ბაირამობა ოფიციალურ დღესასწაულად არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოცხადდეს. მაშინ ხვალ ებრაელებიც მოგვთხოვენ თავიანთი დღესასწაულის დაწესებას და რიგში სექტანტებიც ჩადგებიან,“ - განაცხადა შარაძემ.

ახალი თაობა, 23.1.05.
ზაზა ბეკაშვილი
პატრიარქმა კახა ლომაიას ნდობა ოფიციალურად გამოუცხადა

22 იანვარს საპატრიარქოში ხელი მოეწერა ერთობლივ მემორანდუმს განათლების სამინისტროსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. ეს კი, - წერს ჟურნალისტი, - იმას ნიშნავს, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა მინისტრ ლომაიას ნდობა გამოუცხადა, რაც ამ უკანასკნელისთვის ერთობ გასახარი უნდა იყოს, ვინაიდან „საპარლამენტო ოპოზიციამ, კერძოდ კი „ახალმა მემარჯვენეებმა“ და სტუდენტების ერთმა ნაწილმა საზოგადოებას თავს მოახვიეს აზრი, რომ კახა ლომაია ჯორჯ სოროსის მიერ დაფინანსებული მინისტრია, რომელსაც ქართული ცნობიერების, რჯულისა და ეროვნული ძირძველი ტრადიციების დისკრიდიტაცია აქვს დავალებული“.

ხვალინდელი დღე, 25.1.05.
მანანა ნოზაძე
მემორანდუმი - ვალდებულება ეკლესიის წინაშე

სტატიის ავტორის აზრით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც განათლების სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის დაიდო, ეკლესიის წინაშე ერთგვარი ვალის მოხდის მეტი არაფერია. მემორანდუმის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სასწავლო პროგრამების შემუშავებაში განათლების სამინისტროს ექსპერტებთან ერთად მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. ავტორი წერს, რომ გაზეთს აქვს ინფორმაცია, თითქოს მსგავსი შეთანხმების გაფორმებას განათლების სამინისტრო სხვა რელიგიების წარმომადგენლებთანაც გეგმავს. ავტორი წუხს, ხომ არ გამოიწვევს ეს მრავალსაუკუნოვანი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის როლის დაკნინებას? განათლების სამინისტროში ის დაამშვიდეს: საპარტრიარქოსთან მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული საკონსტიტუციო შეთანხმება გვავალდებულებდა, სხვა კონფესიებთან კი ასეთი შეთანხმება არ დადებულა და მათ წინაშე მსგავსი ვალდებულება არა გვაქვსო.

2 სასულიერო პრესა

▲ზევით დაბრუნება


იანვრის გამოცემებში იგივე ტენდენცია შეინიშნება, რაც წინა თვი გამოცემებს ახასიათებდა - პატრიარქი თავის გამოსვლებში უფრო ლიბერალურია, ვიდრე მისი სულიერი შვილები (თუმცა, ეს შეფასება .. ანტიეკლესიური კამპანიის საკითხზე არ ვრცელდება).

2.1 მართლმადიდებლობის წარმატებები

▲ზევით დაბრუნება


თავის ინტერვიუში პატრიარქი ამბობს, რომ უკანასკნელი 20-25 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესიების რაოდენობა 52-დან 1000-მდე გაიზარდა. „ეკლესიამ აღიდგინა თავისი ძალა, და არა მარტო აღიდგინა, იგი ერშიც გამოავლინა“ („საპატრიარქოს უწყებანი“ №3, 01. 05).

2.2 „ანტიეკლესიური კამპანია“ და არამართლმადიდებელი დენომინაციები

▲ზევით დაბრუნება


„საპატრიარქოს უწყებანში“ გამოქვეყნებულია პატრიარქის ინტერვიუ, რომელიც პროგრამა „დროებამ“ ტელეკომპანია „იემდის“ არხით გადასცა. ინტერვიუში ილია მეორემ წელს „ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე“ ისაუბრა: „თითქმის ყოველდღიურად - პრესაში, ტელევიზაში ან რადიოში - ანტიეკლესიური ტენდენცია შეინიშნება“. პატრიარქი დარწმუნებულია, რომ ეს „კამპანია“ მართულია, მაგრამ უჭირს დაასახელოს ვინ მართავს მას: „ვფიქრობ, უცხოეთიდან უფრო შეიძლება ასეთი ზეგავლენა მოდიოდეს; საქმე ისაა, რომ ზოგიერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ბოლომდე არ ესმის, რა არის მართლმადიდებლობა; მათ ჰგონიათ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ჩაკეტილია.“ კონტრარგუმენტად პატრიარქი ქართული ეკლესიის არამართლმადიდებელ ეკლესიებთან მჭიდრო ურთიერთობებს ასახელებს. ყველაზე მიუღებელი პატრიარქისთვის ამ „კამპანიაში“ მართლმადიდებელი სამღვდლოების მონაწილეობაა: „ზოგიერთი სინანაულით მოვიდა, მოინანია და გამოხდომები შეწვიტა. მაგრამ ზოგიერთი მათგანი მაინც აგრძელებს არასწორ ქმედებას. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი იმ ხალხზე არიან დამოკიდებულნი, ვინც მათ ამ ანტიეკლესიურ გამოსვლებს ავალებს.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №3, 21-27. 01. 2004).

ამავე ინტერვიუში პატრიარქი რუსეთის ეკლესიასთან ურთიერთობასაც ეხება. მისი განცხადებით, ქართული ეკლესია არავითარ გავლენას არ განიცდის რუსული ეკლესიისგან. ამ უკანასკნელთან საპატრიარქო ისევე ურთიერთობს, როგორც სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან. პრობლემატური მხოლოდ აფხაზეთისა და ოსეთის საკითხებია, სადაც რუსი სასულიერო პირები „თვითნებურად შედიან“... „ამ საკითხზე არაერთხელ მქონია საუბარი რუსეთის პატრიარქთან, რომ ასეთი ქმედება საეკლესიო კანონებით აკრძალულია; იგი მეთანხმება ამაში და ამბობს, თითქოს ეს სასულიერო პირები მას არ ეკითხებიან და თვითნებურად შედიან აფხაზეთში.“

„ანტიეკლესიურ კამპანიაზე“ საუბრობს მეტეხის ტაძრის წინამძღვარი აკაკი მელიქიძეც: „დღევანდელ დღეს დაფარულად ხდება მართლმადიდებლობის შევიწროვება, ეკლესია ისევე, როგორც ადრე, დევნილობაშია. ისმის რღაც ავის მომასწავებელი სისინი, ვითომ კეთილისმყოფელთაგან, მაგრამ ისინი შენიღბული მტრები არიან, ბოროტის მიერ მოგზავნილნი.“ („ეშმაკი განყოფს, ქრისტე კი შეიკრებს“ - „ქაროზი“, 01. 05, გვ. 5). აკაკი მელიქიძე თვლის, რომ სულიერება დევნილი და დამცირებულია, რომ „საპატრიარქოს რადიოს უჭირს არსებობა, მართლმადიდებლურ გამოცემებს უჭირთ გამოსვლა.“ შესაბამისად, იგი ყველას მოუწოდებს: „ვისაც გული შეგტკივათ ეკლესიისთვის, სამშობლოსთვის, ერთმანეთისთვის, გავერთიანდეთ დედაეკლესიის ირგვლივ და ვაჩვენოთ მტერს ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი მამულიშვილობა.“

„ანტიეკლესიური კამპანია“ აქტუალური რჩება ჟურნალ „ქაროზისთვისაც“. ჟურნალის რედაქტორმა და გამომცემელმა ნანა ბაგრატიონ-დავითაშვილმა თემას საკმაოდ ვრცელი სტატია მიუძღვნა: „ეკლესიის მტრები ყველა ღონეს ხმარობენ, ოღონდაც საწადელს მიაღწიონ... მათ სურთ საფუძველი შეურყიონ ქართულ მართლმადიდებლობას, მათ სურთ საკუთარი დაქვემდებარების ქვეშ მოაქციონ ქართული ეკლესია.“

ავტორს განსაკუთრებით აღიზიანებს მართმადიდებელი სასულიერო პირების „ანტიეკლესიური ქმედებები“: „ლევან რამიშვილსა და სხვებზე არ ვლაპარაკობ, რადგან ეკლესიის გარეთ არიან და მხოლოდ ხელსაყრელ მომენტს ეძებენ, რათა ჩაერიონ ამა თუ იმ საქმეში... მე მაოცებს, მხოლოდ ბასილ კობახიძის საქციელი, მაოცებს მისი სიტყვები, როცა ამბობს: გაუნათლებელი მღვდლები გვყავს და მრევლს ზომბებად აქცევენ, ათაყვანებენო.“... „ეკლესია ჩემი სახლია და არავის მივცემ უფლებას ეს ჩემი უწმინდესი ოჯახი შეურაცხჰყოს“. („ქაროზი“, №1, 01. 05, გვ. 14-16.)

„ეკლესიის მტრებზე“ ჟურნალ „დედაეკლესიის“ რედკოლეგიის წევრი კახა კაპანაძეც საუბრობს. ისინი „თავისი არასრულფასოვანი აზროვნებისა და სულიერი მდგომარეობის გამო ჩვენი ქვეყნის და სარწმუნოების მტერმა ვერაგული მიზნების განსახორციელებლად ამოირჩია. ეს ადამიანები ბრალს სდებენ საკუთარ სახელმწიფოს და იეღოველებისა და ორმოცდაათიანელების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. თითქოს სხვადასხვა სექტების რეგისტრაციაზე უარის თქმა სახელმწიფოებრივი ინტერესების დარღვევა იყოს, სინამდვილეში კი თვითონ სექტები არღვევენ, პირველ რიგში, სახელმწიფოს ყველანაირ ინტერესს“ („ვისი უფლებები ირღვევა საქართველოში?“). სტატიის ავტორისთვის ასევე მიუღებელია აღმსარებლობების თავისუფლების დამცველთა საქმიანობა, რომელმაც, მისი აზრით, შეიძლება ქვეყნისთვის დამღუპველი შედეგი გამოიღოს: „მართლმადიდებლური საქართველოს ნაცვლად დავირქვათ იეღოველური საქართველო ან რომაულ-კათოლიკური საქართველო, ან ბაპტისტური ანდა სულაც ორმოცდაათიანელური, ინდიელურ-კეცალკოატლური საქართველო. მივაქციოთ ზურგი სვეტიცხოველს, ჯვარს, გელათს, ალავერდს, სიონს, წმინდა სამებას და გადავინაცვლოთ კახოვსკის ქუჩაზე, მალხაზ სონღულაშვილის მრევლში ან რომელიმე საბანკეტო დარბაზში რასელის მიმდევარ იეღოველებთან.“

კახა კაპანაძის აზრით, იეღოვას მოწმეთა მოძღვრება ცრუ, ამორალური და „ჩარლზ რასელის მიერ შეთითხნილია“: „მათი მოძღვრების მიხედვით ადამიანი გარდაცვალების შემდეგ ხორციელად კვდება, სული კი ქრება. ხოლო როდესაც მოვა „იეღოვა“ ღმერთი, მაშინ თავიდან აღადგენს ადამიანებს, ოღონდ მხოლოდ იეღოვას მორწმუნეებსო. ამაზე მეტი ამორალიზმი რაღა უნდა იყოს?“ („დედაეკლესია“, №2, 01.05, გვ. 23-25).

ჟურნალ „მრევლში“ გამოქვეყნებულია ნაწყვეტი წმ. ნიკოლოზ სერბის წიგნიდან „მისიონერის წერილები“, სადაც ნათქვამია: „იცოდე, რომ ერეტიკოსებისა და განხეთქილებაში მყოფთა ჩვეულებაა მართლმადიდებლებზე უფრო მოწყალედ წარმოაჩინონ თავი... გეშინოდეთ საჩუქრების გამცემი სექტანტებისა, გაექეცით, როგორც ცეცხლს. ისინი იძლევიან მატერიალურს, რომ მიიტაცონ სულიერი“ („მრევლი“, №91, გვ. 13-15).

მამა ანდრია გელაშვილი თავისი მრევლის განმანათლებლად გვევლინება, და აცხადებს, რომ, აპირებს პასუხების სერია მიუძღვნას რეგილიგიათშორის განსხვავებებს. პირველი წერილი ამ სერიიდან კათოლიკურ სწავლებას ეხება და პაპის ინსტიტუტის უმართებულობას გვიმტკიცებს: „თავდაპირველად კათოლიკური აღმსარებლობიდან დავიწყებ, რადგან კათოლიკური ეკლესია ცდილობს ჩუმად და უხმაუროდ მოახდინოს გავლენა ჩვენს ერზე, შემოიჭრას ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში და დამკვიდრდეს“ („მართლმადიდებლობა კათოლიკური კატეხიზმოს წინააღმდეგ“ - „ქაროზი“, 01. 05, გვ. 9).

2.3 ეკლესია და ლიბერალიზმი

▲ზევით დაბრუნება


თავის საშობაო ეპიატოლეში პატრიარქი თავისუფლების თემას ეხება: არაეკლესიური ადამიანების ნაწილისთვის „თავისუფლება არის ის, რის უფლებასაც აძლევს მათ ხელისუფლება, ან ესა თუ ის იდეოლოგია... მეორე ნაწილს კი ჰგონია, რომ თავისუფლება ყველაფრის უფლებაა, ყოველგვარი აკრძალვის უარყოფაა. მათი აზრით, მაგალითად, სიტყვის თავისუფლების ცნებაში შედის ბილწსიტყვაობაც, ცილისწამებაც, უზნეო ცხოვრების წესის პროპაგანდაც; მათთვის „თავისუფალი სიყვარული“, ჩვეულებრივი ურთიერთობების გარდა, გულისხმობს აღვირახსნილ და გაუკუღმართებულ სქესობრივ კავშირებსაც, ხოლო აღმსარებლობის თავისუფლება - ნებისმიერი ტოტალიტარული ფსევდორელიგიური დაჯგუფებების ტრადიციულ რელიგიებთან გთანაბრებას. ასეთი „თავისუფლების“ შედეგი კი არის პიროვნების დეგრადაცია, სასოწარკვეთა, თვითმკვლელობები, შიდსი, ნარკომანია და სხვა უმძიმესი გამოვლინებები.“

პატრიარქი მიიჩნევს, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი შეხედულება თავისუფლებაზე ქრისტიანულ მოძღვრებაშია: „ის, რომ მსოფლიო ტრადიციული რელიგიებიდან ყველაზე უნიკალური ქრისტიანული სწავლებაა, იმითაც დასტურდება, რომ დღეს მსოფლიოში აღიარებული ადამიანთა უფლებების დეკლარცია სწორედ ქრისტიანულ ღირებულებებზეა დაფუძნებული. ქრისტიანული ღირებულებები კი ყველაზე სრულყოფილი სახით მართლმადიდებელ ეკლესიაშია დაცული, რადგან იგი ინახავს სამოციქულო ეკლესიის სწავლებას.“

პატრიარქი კიდევ ერთეხელ ადასტურებს, რომ ეკლესია კონსერვატიზმსაც ემიჯნება და ლიბერალიზმსაც: „ჩვენს დღევანდელ ყოფაშის გამოჩნდენენ ე.წ. რეფორმატორული სულით შეპყრობილი ადამიანები. როგორც ფსევდოლიბერალები, ისე ფსევდოკონსერვატორები რომლებმაც სამიზნედ ეკლესია გაიხადეს... ეკლესია ყოველთვის ემიჯნებოდა ორივე უკიდურესობას, რადგან მისი გზა სამეუფო გზაა და გადახრა მარჯვნივ, ან მარცხნივ მისთვის მიუღებელია... სწორედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღიდან საზრდოობს ქართველი ერის უნიკალური ტოლერანტული ბუნება. ასეთივე მშვიდობიანი თანაარსებობაა ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოში არსებულ სხვადასხვა კონფესიებს შორის; და ეს დადასტურებულია ორმხრივი განცხადებებითაც, რომელიც 2002 წელს გაფორმდა. მათი სურვილი, იურიდიული სტატუსის მიღებისა ჩვენის მხრიდანაც არის მხარდაჭერილი და ვიმედოვნებთ, იგი მალე განხორციელდება.“ („საპატრიარქოს უწყებანი“ №2, 01. 05.)

ამავე დროს, ნანა ბაგრატიონ-დავითაშვილი საერო გამოცემებში ცენზურის ინსტიტუტის დამკვიდების იდეას გამოთქვამს: „საპატრიარქოში მესამე თვეა მუშაობს სარეცენზიო კომისია, იქნებ საერო გამომცემლობებშიც შეიქმნას არა ცენზურა, არამედ სათანადო კომისია, რომლის მუშაობის შედეგად ამაზრზენ ბოდვას წიგნის თუ გაზეთის ფორმა აღარ მიეცემა“ („ქაროზი“ №1, 01. 2005. გვ. 14-16.)

2.4 ეკლესია და საერო ხელისუფლება

▲ზევით დაბრუნება


სეტის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩართოლანი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულების პუნქტების შეუსრულებლობის თაობაზე საუბრობს. კერძოდ - საკუთრების თემაზე: „არსებობს ეკლესიათა გარკვეული კატეგორია, რომელთაც დღემდე, მიუხედავად სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებისა, მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული სახელმწიფო მუზეუმი და კულტურის განყოფილება მეურვეობს.“ დეკანოზი მიიჩნევს, რომ აუცილებელია უსამართლობის გამოსწორება, „რამდენადაც ეს ტრაძები, ეკლესიის მსახურთათვის ნაკლებ ხელმისაწვდომი ხდება, რამდენადაც ამ ტაძრებში მსახურების პროცესები ზემოთხსენებული სახელმწიფო უწყებების მიერ გარკვეულად იზღუდება.“ ამასთანავე სასურველი იქნებოდა სარესტავრაციო სამუშაოები „წინასწარ შეთანხმდეს საეკლესიო ანუ ეპარქიის მღვდელმთავართან“. დეკანოზის აზრით, პრობლემა ისიცაა, „რომ იმ ტაძრებში, რომლებსაც სახელმწიფო უწყებები არ მეურვეობენ, გვხვდება მომლოცველთა შემოწირულობები - ფულადი სახით... ხოლო იმ ტაძრებში კი, რომლებზეც კონტროლი სახელმწიფო უწყებებისგან ხორციელდება - ფულადი შემოწირულობების კვალი საერთოდ არ ჩანს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საეკლესიო შემოწირულობების არაკანონიერ ხელყოფასთან გვაქვს საქმე.“ („სიწმინდეების დაცვის საქმეში სვანი ადამიანი თავგანწირვამდეც კი მიდიოდა“ - „საპატრიარქოს უწყებანი“ №2, 01. 05).

ეკლესიის საქმეებში საერო ხელისუფლების ჩარევის წინააღმდეგია ელდარ კურტანიძეც: „ძალიან მომეწონა ქალბატონი ნინო ბურჯანაძის ნათქვამი, რომ ეკლესიის საქმეებში მთავრობის ჩარევა საჭირო არ არის. პარტიარქს შესწევს ძალა, თვითონ მოაგვაროს ყველაფერიო.“ („დედაეკლესია“ №2. 02. 05, გვ. 9-11).

2.5 ეკლესია და პარამეცნიერება

▲ზევით დაბრუნება


სასულიერო პრესაში კვლავაც აქტუალურია მეცნიერებისა და მართლმადიდებლური მოძღვრების შეთავსებადობა-შეუთავსებადობის საკითხი. „საპატრიარქოს უწყებანის“ ყურადღება ამჯერად ასტროლოგიას და ტექნოლოგიურ პროგრესს მიექცა: „ასტროლოგიის მიზანი ისაა, რომ ადამიანი და მისი ნებისყოფა მთლიანად გარეშე ძალთა მიერ დეტერმინირებულად გამოაცხადოს და ბედისწერის მონად გახადოს. ასტროლოგიის მიხედვით, ადამიანი, როგორც თავისუფალი არსება, აღარ არსებობს და იგი მარიონეტადაა ქცეული.“

ამავე სტატიაში ასტროლოგია „მხილებულია, როგორც ზოგადად ქრისტიანობისათვის უცხო და მიუღებელი მოძღვრება“, რომელსაც ბოროტი ძალა მართავს: „იცის ყოვლადცბიერმა, რომ ცრუწინასწარმეტყველებების საშუალებით შეძლებს, განგვაშოროს ღმერთისაგან და თავისკენ მიგვიზიდოს, რომ შეძლებს დაგვაჯეროს, ვითომ ვარსკვლავები განაგებენ ჩვენს მოქმედებასა და აზრებს“ („ასტროლოგიური ბუმი მასმედიაში, ანუ მართლა დგება თუ არა მამლის წელიწადი?“ - „საპატრიარქოს უწყებანი“ №1, 01. 05.)

2.6 მართლმადიდებელი სტუდენტები და საქართველოს ისტორიის დეტალები

▲ზევით დაბრუნება


„მართლმადიდებელ სტუდენტთა კავშირი“ ეჭვის ქვეშ აყენებს დავით აღმაშნებელის მეჩეთში სიარულის ფაქტს. მათი აზრით, „მეჩეთში ლოცვის მოსმენა, ფაქტობრივად, თანალოცვაა და მაჰმადიანური აღმსარებლობის აღიარებას ნიშნავს. დავით IV აღმაშენებელი კი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი იყო“... სტუდენტური კავშირის წევრებს 3 არგუმენტი მოჰყავთ იმის დასამტკიცებლად, თუ რატომ არ შეიძლება ვენდოთ არაბი იატორიკოსის იბნ ალ-ჯაუზის მონაცემებს: „XIII საუკუნის ისტორიკოსი ვერ იქნებოდა თვითმხილველი XI-XII საუკუნეების მოვლენებისა. რაც შეეხება მის სანდოობას - ეგ სერიოზული კვლევის საგანია. არაბი ისტორიკოსი, ყველა შემთხვევაში, ტენდენციურად და გაზვიადებულად წარმოადგენს წმინდა მეფის კაცთშემწყნარებლურ დამოკიდებულებას მუსლიმანი მოსახლეობის მიმრთ“ („ჭეშმარიტება წმინდა მეფე დავით აღმაშენებელზე“ - „აცხოვნე სული შენი“ №1, 05.)