The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცხელი შოკოლადი №37


ცხელი შოკოლადი №37


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, ნავერიანი სანდრო, ტურაშვილი დათო, ძანძავა ნინო, მალენი მარკ, საყევარიშვილი რევაზ, ცეცაძე მაია, ბაქრაძე ლაშა, რემნიკი დევიდ, ხადური გია, დანელია ნინო, კაჭკაჭიშვილი იაგო, გაფრინდაშვილი ლელა, კიწმარიშვილი ეროსი, გვახარია გოგი, კორძაია-სამადაშვილი ანა, კვატაშიძე ალექსანდრე, ლობჟანიძე გიორგი, ღოღობერიძე ლანა, ბაბუაძე თამარ, ტალახაძე ქრისტო, მორჩილაძე აკა
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი
თარიღი: 2008
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: აპრილი, 2008, გარეკანზე: გიორგი ლობჟანიძე ფოტო: ლევან ხერხეულიძე მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი აღმასრულებელი რედაქტორი ნინო ლომაძე არტ-რედაქტორი გიორგი ნადირაძე რედაქტორ-სტილისტი ნინო ბექიშვილი კორექტორი ნინო საითიძე ნომერზე მუშაობდნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი, თამარ ბაბუაძე, სალომე კიკალეიშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ლანა ღოღობერიძე, მარკ მალენი, ნინო დანელია, რეზო საყევარიშვილი, ლაშა ბაქრაძე, ალექსანდრე კვატაშიძე, სანდრო ნავერიანი, ნინო ლეჟავა, ნინო ძანძავა, გიორგი გვახარია, დათო ტურაშვილი, აკა მორჩილაძე, კახა თოლორდავა, მაია ცეცაძე, ნინო ბექიშვილი ფოტო დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ქეთო ცაავა, ნიკო ტარიელაშვილი, ალექსანდრე კვატაშიძე ილუსტრაცია მაია სუმბაძე, გიორგი მარი დიზაინი თორნიკე ლორთქიფანიძე, კახა დოლიძე საზოგადოებასთან ურთიერთობა ლელა შუბითიძე სარეკლამო და გაყიდვების სამსახურის უფროსი ნესტან ავალიანი რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 91 23 26 ელ-ფოსტა: advertise@shokoladi.ge დისტრიბუცია ზვიად შენგელია გამომცემელი „ცხელი შოკოლადი“, „კინო-ცხელი შოკოლადი“, „ოზონი“, „ბიზნესი-ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები“, „დიალოგი“, „თიბისი და თიბისელები“. შპს „ემ ფაბლიშინგი“, თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108, ტელ./ფაქსი: 91 23 26 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net სტამბა შპს „სეზანი“, თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია. www.shokoladi.com



1 რედაქტორის წერილი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ახლა უკვე სამი ჟურნალი, თითქმის ერთის ფასად!

ლიტერატურულ დამატებასთან ერთად, ამიერიდან, „ცხელ შოკოლადში“ ყოველთვიურად დაგხვდებათ 80-გვერდიანი „კინო“, უკვე კარგად ნაცნობ ავტორებთან და რედაქტორთან, გიორგი გვახარიასთან ერთად. „კინო-ცხელი შოკოლადი“ ახლა უკვე ყოველთვიურად მიმოიხილავს კინოს, ტელევიზიას, საერთაშორისო კინოფესტივალებს, უახლეს ისტორიას და ახალ ამბებს, რაც, ვიმედოვნებთ, გამოაფხიზლებს და წაახალისებს ქართულ კინოინდუსტრიასაც. იქნებ, კინოჟურნალთან ერთად, „ცხელმა შოკოლადმა“ ისიც შეძლოს, რომ ქვეყანა მედიაში ამძვინვარებული მილიტარისტული რიტორიკისაგან იხსნას.

როგორც ხედავთ, დღეს მარკეტინგული მჭერმეტყველების ხასიათზე ვარ, მაგრამ სახუმარო ამბავი ხომ არ არის, კიდევ ერთი ყოველთვიური ჟურნალი, „ცხელი შოკოლადის“ ქოლგის ქვეშ, თან მაშინ, როცა ამერიკის ეკონომიკაც კი სტაგნაციას განიცდის?!

ხუმრობა იქით იყოს და ვიდრე განახლებული „კინოსა“ და „ლიტერატურის“ გვერდებს გადახედავთ, სადაც მალხაზ ხარბედიამ არაერთ საინტერესო წერილს მოუყარა თავი, მათ შორის ანა კალანდაძესა და აკაკი ბაქრაძეზე, თვალში მოგხვდებათ „ცხელი შოკოლადის“ ამ ნომრის ირანული აქცენტი. მაშინ, როცა დასავლეთი ირანისაგან მტრის ხატს ქმნის და ბირთვული იარაღის სადგურებს ეძებს, ჩვენი გარეკანის გმირი ყურანის წლის საუკეთესო თარგმანისათვის ირანის უმაღლეს პრემიას იღებს. გიორგი ლობჟანიძე თავად ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დააჯილდოვა. აქვე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა ის ფაქტი, რომ თარგმანს დართული ვრცელი შესავალი და მუსლიმ თეოლოგთა და ევროპელ აღმოსავლეთმცოდნეთა ნაშრომებზე დაფუძნებული არაჩვეულებრივად მწყობრი კომენტარი, შეიცავს ყურანის ცალკეული მუხლების სრულიად ახლებურ, ისლამური სამყაროსთვისაც კი ძალზე ფასეულ ინტერპრეტაციასა და გააზრებებს. უფრო დეტალურად ამ წარმატებაზე, ირანში მოგზაურობასა და დაჯილდოების ცერემონიალზე თავად გიორგი ლობჟანიძე მოგითხრობთ.

ამავე ნომრის სტუმარია ჯემშიდ გიუნაშვილი. ამ ადამიანის ცხოვრებაც ირანს უკავშირდება - ირანში დაიბადა, გაიზარდა და მას მერეც, რას მისი ოჯახი საქართველოში დაბრუნდა, მზერა ირანისკენ აქვს მიპყრობილი. ბატონი ჯემშიდი ირანს შიგნიდან აღიქვამს და მისი ნაამბობიცა და შეფასებებიც გვეხმარება გავთავისუფლდეთ იმ წინაგანწყობებისა და სტერეოტიპებისაგან, რაც ირანთან დაკავშირებით გვაქვს.

კრიტიკული ნაშრომია ირანელი მეამბოხე მწერლისა და ილუსტრატორის, მარჯანე სატრაპის „პერსეპოლისი“, მაგრამ როგორც ნინო ძანძავა აღნიშნავს, ეს წიგნიც, დასავლეთს აღმოსავლეთისადმი შიშის გადალახვაში ეხმარება.

„ცხელი შოკოლადის“ ამ ნომრის კიდევ ერთი ლაიტმოტივი საზოგადოებრივი მაუწყებელია. ამ თემის ირგვლივ გთავაზობთ ნინო დანელიას კომენტარს სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე და დისკუსიას ამ არხის ამოცანებსა და პრობლემებზე, გენერალური დირექტორის არჩევის წინ. ვინც არ უნდა იყოს დირექტორი და როგორ პესიმისტურადაც არ უნდა ვიყოთ განწყობილი ამ არხის განვითარების პერსპექტივების მიმართ, ჩვენ გვაქვს შანსი ჩავერთოთ იმ საზოგადოებრივი სივრცის შექმნაში, სადაც ვისაუბრებთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებსა თუ თემებზე.

ამ ნომერშივე გთავაზობთ კომენტარებს ჩვენს მეზობლებზე, „დიდ რუსეთსა“ და „პატარა სომხეთზე“. ორივე წერილის წაკითხვის შემთხვევაში, მიხვდებით, რამდენად იდენტურია (და განსხვავებულიც) პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები და დარწმუნდებით, რომ ჩვენი გეოგრაფიული კონტექსტის გააზრების გარეშე, ვერც ჩვენს ქვეყანას გავიაზრებთ.

შორენა შავერდაშვილი

2 ჩვენი ავტორები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

სანდრო ნავერიანი

მე ვწერ ადამიანზე, რომელსაც აინტერესებს ატმოსფერო-იონოსფეროს ფიზიკა, მზე-დედამიწის კავშირები, ვარსკვლავთგროვები, ვარსკვლავთ ჯერადი სისტემები, ასტროდინამიკა, მზის ფიზიკა, სამი სხეულის ამოცანა...

მე ვწერ ადგილზე, სადაც აინტერესებთ ატმოსფერო-იონოსფეროს ფიზიკა, მზე-დედამიწის კავშირები, ვარსკვლავთ გროვები, ვარსკვლავთ ჯერადი სისტემები, ასტროდინამიკა, მზის ფიზიკა, სამი სხეულის ამოცანა და კიდევ ეგეთი მძიმე-მძიმე შინაარსის ტვინის საჭყლეტი ამბები. ერთი სიტყვით, აბასთუმნის ობსერვატორიაზე და მის ერთ-ერთ მუშაკ-ბინადარზე ვწერ. მუშაკი საშინელი სიტყვაა - დღესაც, როცა ეს სიტყვა მესმის, მგონია, რომ გივი გუმბარიძე ლაპარაკობს და მომენტალურად ამხანაგი მამაჩემი მახსენდება.

ასეთი გადახვევა იმიტომ გავაკეთე, რომ როცა აბასთუმნის ობსერვატორიაში ვიყავი, მის ერთერთ მუშაკ-თანამშრომელთან ერთად, საკუთარ თავზე გამოვცადე ის ახლო წარსული, რომელიც, საბედნიეროდ, თავის დროზე არ განმიცდია - საქაღალდე, რომელსაც აწერია Дело 047289, ორმაგი კარი, რომელთა შორისაც ერთმეტრიან სივრცეს 70-იანი წლების სუნი ასდის (81-ში დავიბადე) და კიდევ ისეთები, დღეს რომ გვგონია - აღარ არსებობს.

ეს ყველაფერი უცნაური იმიტომ იყო, რომ პირველად მოვხვდი ასეთ გარემოში, მაგრამ მუშაკები, რომლებიც იქ ვნახე, მართლა დიდ პატივისცემას იმსახურებენ, ადამიანურს და ისეთს, როგორითაც პროფესიონალებს ეპყრობიან ხოლმე.

იქ ვნახე მუშაკი, რომელსაც ტელესკოპში დიდხანს ყურებისგან თვალის ოპერაცია დასჭირდა; მუშაკი, რომელიც წელიწადის სამ მეოთხედს ტელესკოპთან ატარებს; მუშაკები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აბასთუმნის ობსერვატორია იყოს თანამედროვე სამეცნიერო კვლევითი სტრუქტურა.

ესენი არიან პროფესიონალი ადამიანი-მეცნიერები, მუშაკები კი იმიტომ ვუწოდე, რომ იქ ინფრასტრუქტურაა ეგეთი, ზევით რომ ვახსენებდი იმ დროინდელი - 70-იანების. და არ მინდა ეს ხალხი ბანანის რესპუბლიკაში ცხოვრობდეს, მიუხედავად იმისა, რომ ბანანი ძალიან მიყვარს და ბანანის ექსპორტმა ბევრი ქვეყნის წინსვლა დააჩქარა.

ბანანის რესპუბლიკას რაც შეეხება, „ვარსკვლავთმრიცხველი“ წაიკითხეთ და მიხვდებით, რაშიც არის საქმე. ასე რომ, ძალიან საინტერესო სამყაროში შეგიძლიათ შეიხედოთ და კიდევ, ძალიან საინტერესო ადამიანის ამბები გაიგოთ. თუმცა, ათასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, ის სამყაროც და ადამიანიც ათასჯერ უფრო საინტერესო ათასი წლის შემდეგ იქნებიან.

0x01 graphic

დათო ტურაშვილი

მართალია, გიგა ბოკერიამ კატეგორიულად აგვიკრძალა ქართველებს გარდაცვლილების შესახებ განსხვავებული აზრის გამოთქმა, მაგრამ პირადად ღმერთი უფრო ადრე გამიწყრა, ვიდრე გიგა ბოკერიას გავიცნობდი და ამიტომაც ბოკერიას ჭკუაზე სიარული, ჩემთვის უკვე დაგვიანებულია.

თანაც შორიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს და გარდა ამისა, როცა ინტერნეტით ბადრი პატარკაციშვილის დაკრძალვა ვნახე, ქართველებზე უფრო გავბრაზდი ვიდრე იმ გარდაცვლილზე, რადგან გამახსენდა, რომ ექვთიმე თაყაიშვილის გასვენებას მხოლოდ ცხრა კაცი ესწრებოდა.

მერე ისიც გამახსენდა, რომ პავლე ინგოროყვას კუბო მხოლოდ ოთხ კაცს მიჰქონდა რუსთაველზე და როსტომ ჩხეიძეს ვიღაც ღვთისნიერი გამვლელი, სრულიად შემთხვევით შეენაცვლა. შემრცხვა კიდეც იმის გამო, რომ რამდენიმე მართლა ღირსეულ ქართველს საერთოდ არ ღირსებია ქართულ მიწაზე დაკრძალვის პატივი და რამდენიმე ქართველი გენიოსის საფლავისთვის კი, დღემდე ვერ მიგვიგნია. თავიდან მაგრად გავბრაზდი-მეთქი ჩვენს ხალხზე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ იმ გასვენებაზე იმდენმა ადამიანმა სინამდვილეში პატარკაციშვილს კი არ დაუკრა ტაში, არამედ თუნდაც ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე ცუდ ადამიანს, რომელსაც ხელისუფლება უსამართლოდ მოექცევა...

0x01 graphic

ნინო ძანძავა

თეირანი, მსოფლიოში, რიგით მეოთხე დაბინძურებული ქალაქია, - წერს ირანელი მწერალი მარჯანე სატრაპი. ამ ნომერში, სწორედ ამ ქალბატონის კომიქსის, „პერსეპოლისის“ მიმოხილვას გთავაზობთ. კრიტიკა ყოველთვის უფრო მისაღები და საინტერესოა, როდესაც ის საზოგადოების შიგნიდან მოდის. მარჯანე სატრაპი როგორც ილუსტრატორი და როგორც მწერალი, ამას ძალიან ოსტატურად ახერხებს. და რაც მთავარია, დემოკრატიულ, მაგრამ აღმოსავლეთის მიმართ სტერეოტიპულად განწყობილ დასავლეთს, შიშის გადალახვაში ეხმარება.

სატრაპი ქილიკობს ირანის ისლამური რესპუბლიკის კერპებზე, ამასხარავებს რელიგიურ ფანატიზმს, როდესაც სურათებში აღწერს თუ როგორ აიძულებდნენ თეირანის სკოლაში დღეში ორჯერ გამწკრივებულებს გულში მჯიღის ცემით და სამგლოვიარო მარშით მიეგოთ პატივი ომში დაღუპულთა ხსოვნისათვის; ხაზს უსვამს ისეთი პოპულარული იდეოლოგიური ლოზუნგების აბსურდულობას, როგორიცაა მაგალითად, - „მოკვდე მოწამებრივად, ნიშნავს სისხლი გადაუსხა საზოგადოებას“.

ამ პროცესში ის საკუთარი თავიდან გადის და გვერდიდან იყურება. „მე“ „ის“ ხდება და ემოციურ დისტანციას, თვითანალიზი მოაქვს, მოაქვს თავისუფლება აზროვნებასა და შემოქმედებაში. ეს არის წიგნი, რომელიც ჩვენ გვჭირდება...

0x01 graphic

მარკ მალენი

1997-2006 წლებში თბილისში ვცხოვრობდი. თავიდან, ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორი გახლდით და საქართველოში არჩევნებისა და დემოკრატიის საკითხებზე ვმუშაობდი. შევარდნაძის გადადგომის შემდეგ, მუშაობა დავიწყე საერთაშორისო გამჭირვალობის (TI) საქართველოს ოფისში. ეს ორგანიზაცია მიზნად ისახავს ძლიერი სახელმწიფოს შექმნის ხელშეწყობას გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლების გზით.

ამჟამად ვცხოვრობ ლონდონში. შარშან, ლონდონის ბიზნეს-სკოლაში ვსწავლობდი სლოუნის პროგრამით. მანამდე დამთავრებული მქონდა უეზლინის უნივერსიტეტი კონეკტიკუტში კაცობრიობის ინტელექტუალური ისტორიის განხრით. მას შემდეგ ვცხოვრობდი და ვმუშაობდი აზიის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ჩემი მეუღლე რუსიკო ამირეჯიბი ლონდონის უნივერსიტეტის დოქტორანტია. მისი კვლევა ენობრივ პოლიტიკას და ეროვნულ იდენტობას ეხება. მყავს ოთხი შვილი: ნიკა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ჯარში მსახურობს, მარი, რომელიც ამჟამად თბილისში ცხოვრობს, და ტასო და ლუკა, რომლებიც ლონდონში არიან. ბევრს ვფიქრობ საქართველოსა და მთელი მსოფლიოს უახლოეს მომავალზე. საქართველო გამუდმებით განიცდის ამა თუ იმ კრიზისს. როცა საქართველოში ცხოვრობ, ძნელია გრძელვადიანი პერსპექტივის წარმოდგენა. აქედან, ლონდონიდან ეს უფრო ადვილია. ამ გარემოებამ დამაფიქრა იმაზე, თუ როგორ საუბრობენ ქართველი პოლიტიკური ლიდერები პრობლემებსა და მათ გადაჭრაზე და როგორ წარმოაჩენს ამას მედია.

0x01 graphic

რეზო საყევარიშვილი

იმისათვის, რომ ქვეყანა დემოკრატიული იყოს, არ არის საკმარისი მისი შიდა დემოკრატიული მოწყობა. საამისოდ, ის დემოკრატიული ქვეყნებითაც უნდა იყოს გარშემორტყმული. ეს აზრი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ალექსის დე ტოკვილმა განავითარა.

აზრი არ დაძველებულა. დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია, გარშემომყოფ სახელმწიფოებში რა ხდება. მით უფრო, თუ იქ და აქ მიმდინარე პროცესებში პარალელები მოიძებნება. ყველაფერში არა, მაგრამ მაინც.

3 კულტ-მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


ქართულ-პოლონური სლაიდ-შოუ

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

რამდენიმე თვეა, New Art-Kafe ხელოვნების მოყვარულთათვის სასურველ „თავშესაფრად“ იქცა. მისი სადა სივრცე იმდენად მყუდრო და კომფორტულია, რომ მეგობრებთან ერთად გემრიელად ჩაჯდომასაც მოგანდომებს. თანაც, აქვე არაორდინარული შემოქმედებისთვის თვალის მიდევნებასაც შეძლებ. „არტ-კაფეს“ ხშირად სტუმრობენ ფოტოგრაფები, მხატვრები, მუსიკოსები... მათი დიალოგების ფონზე კი, კაფეს მესვეურებს უნებურად ახალი პროექტების იდეებიც ებადებათ ხოლმე. ასე მოხდა იმ დროსაც, როდესაც კაფეს მხატვრული მიმართულების ხელმძღვანელი, ფოტოგრაფ იუსტინა მელნიკევიჩს დაუახლოვდა და მისი ორიგინალური პროექტის განხორციელებაც შეძლო. იუსტინას ახალი პროექტი Sputnik პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკიის, უკრაინის, საქართველოს ფოტოგრაფებს აერთიანებს და მათი შემოქმედების წარდგენას ისახავს მიზნად.

...კაფეს ჩაბნელებულ სივრცეში, მთავარი ყურადღება კედელზეა მიპყრობილი, სადაც მონაცვლეობით, კადრიდან კადრში კონკრეტული გმირების ყოველდღიური ყოფა გადადის. კადრებად გარდასახულ წამებში, ავტორები ფოტოკოლაჟზე დადებული აუდიომასალის მეშვეობით, უბრალოდ და მარტივად გვიყვებიან ქართველი და პოლონელი გმირების ცხოვრებას... სლაიდ-შოუმ „არტ-კაფეს“ შემთხვევითი სტუმრები, ცოტათი, დააბნია კიდეც, თუმცა, უმეტესობამ ამ უჩვეულო გამოფენით ნამდვილად ისიამოვნა.

შუხაევის კოლორიტული ფერწერა

0x01 graphic

ფოტო: ქეთო ცაავა

გალერეის შესასვლელშივე მხატვრის ავტოპორტრეტი იმდენად ბუნებრივად გიმზერს, რომ ფოტოპორტრეტს უფრო ჰგავს, ვიდრე ფერწერულ ნამუშევარს. იქვე კი მხატვრის სიტყვებსაც კითხულობ: „მხატვარს ზოგადად უჭირს საკუთარ თავზე საუბარი. მე კი ახლა განსაკუთრებულად. ჩემი შემოქმედებითი გზა მოთხრობილია სურათებში, ნახატებსა და ილუსტრაციებში“... ვასილი შუხაევის შემოქმედებითი გზის ამსახველ ნამუშევრებს გალერეა „კოპალამ“ მოუყარა თავი. ბერძნული მითოლოგიის გავლენით შექმნილ მოცულობით ტილოებში, პორტრეტებში, ნატურმორტებში (რომელიც შუხაევის ერთ-ერთი საყვარელი ჟანრია), საერთოდ, მის სადა და ყოველდღიურ საგნებში მხატვარი, ყოფითობის სილამაზესა და პოეტურობას გადმოსცემს. დიდი წითელი ბურთი და იქვე თავმოყრილი ჩოგბურთის პატარა ბურთები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ან თუნდაც სამოვარი, კოლორისტული გადაწყვეტითა და საერთო განწყობით, შუხაევის სხვა ნატურმორტებისგან საკმაოდ განსხვავდება. ნეოკლასიციზმისა და კლასიკური ავანგარდის მაესტროს ფერწერულ ნამუშევრებში შთამბეჭდავია 1960 წელს შესრულებული პეიზაჟების ციკლი, რომელიც პროვინციული საფრანგეთის სილამაზეს ასახავს. მხატვრის კოლექცია, მისი გარდაცვალების შემდეგ, მისმა ქვრივმა საქართველოს ხელოვნების მუზეუმს გადასცა. გალერეა „კოპალამ“, სწორედ მუზეუმსა და კერძო კოლექციებში მოძიებული ნამუშევრებით, დამთვალიერებელს XX საუკუნის ქართული ფერწერის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის შემოქმედება კიდევ ერთხელ შეახსენა.

ავტორი: მაია ცეცაძე

დავაბრუნოთ ჩვენი ისტორიის მსხვერპლი!

0x01 graphic

ეს არ იყო ფილმის ბანალური პრეზენტაცია, სადაც სურათის ნახვის შემდეგ, შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფი პუბლიკა უცერემონიოდ იშლება ხოლმე. ეს უფრო მსჯელობის საღამო გახლდათ (მით უმეტეს, რომ ამ ფილმის პრემიერა მცირე ხნის წინ უკვე შედგა), სადაც ერთი კონკრეტული ადამიანის ბედის გადასარჩენად, მაყურებელი გამოსავლის მოსაძებნად შეიკრიბა. ადამიანის, რომელიც ჩვენი ქვეყნის „დაკარგულ თაობას“ ეკუთვნის და საქართველოს უახლესი ისტორიის მსხვერპლია. საუბარია ნიკოლოზ გეგეჭკორზე, რომელიც დღეს ამერიკაში სრულიად დაუმსახურებლად უმძიმეს სასჯელს იხდის.

შეერთებულ შტატებში ფილმის გადასაღებად წასვლა დავით კანდელაკს, კოკა გეგეჭკორის დახმარების სურვილმა გააბედინა და გადაწყვიტა, მეგობრის მძიმე ისტორია ფართო აუდიტორიისთვისაც მოეთხრო. „ამერიკა ერთ ოთახში“ იტევს მოგონებებს წარსულზე, ფიქრებს სამშობლოზე, ჭეშმარიტ სინანულს დაშვებულ შეცდომებზე. იმ შეცდომებზე, რომლებსაც ფილმის გმირი „უკეთესი ცხოვრების“ იმედით, ამერიკაში გაექცა. იქ კი გაუგებრობის მსხვერპლი გახდა და ვერც შეერთებული შტატების კანონმდებლობასთან მოახერხა შეჭიდება. ფილმის შემქმნელების მთავარი მიზანი სამუდამო პატიმრობამისჯილი ქართველის გადარჩენა გახლავთ. ამ სურვილის განსახორციელებლად კი, სულ მცირე, კარგი ადვოკატი და დიდი ფინანსური სახსრებია საჭირო. პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. დაარსდა ნიკოლოზ გეგეჭკორის დახმარების ფონდი:

თიბისი ბანკი მფო -220101830
79636080100001

და მთავრობისთვის წარსადგენად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. 18 მარტს კინომსახიობთა თეატრში შეკრებილებს, საერო დ სასულიერო პირებმა, ერთხმად მოუწოდეს: „გავერთიანდეთ და შინ დავაბრუნოთ ჩვენი ისტორიის მსხვერპლი!“

ავტორი: მაია ცეცაძე

ტაიმ-აუტი

ტექსის ბაკურიანი ტექსი

0x01 graphic

ჩართული იქნება ქართული უძველესი კულტურის ელემენტები. მსგავსი ტიპის ორიგინალური შენობა - „ბაკურიანი ტექსი“ - მალე კურორტ ბაკურიანს დაამშვენებს.

სწორედ ამ პროექტის პრეზენტაციას მიუძღვნა „ტექს ჯგუფმა“ სამთოსათხილამურო შეჯიბრი „ტექსის თასი“. მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტის დილა საკმაოდ ქარიანი აღმოჩნდა, „ტექს ჯგუფისა“ და სამთო-სათხილამურო სპორტული კლუბის „კოხტა კუდების“ თანამშრომლებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს იმისათვის, რომ შეჯიბრი კარგად ორგანიზებული და სანახაობრივი ყოფილიყო. კომპანია „თელიანი ველი“ და „ყაზბეგი“ შეკრებილ ხალხს თავიანთი სამარკო ალკოჰოლური სასმელებით უმასპინძლდებოდა. განწყობილებაზე კი სპეციალურად მოწვეული დიჯეი ზრუნავდა. შეჯიბრში 80-მა კაცმა მიიღო მონაწილეობა. „ტექს ჯგუფმა“ და „კოხტა კუდებმა“, თავიანთი დაუღალავი შრომით, ნამდვილად მიაღწიეს მიზანს, რადგან შეჯიბრმა დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დაუტოვა იქ შეკრებილ ხალხს.

შეჯიბრში გამარჯვებულები, „ტექს ჯგუფმა“ დააჯილდოვა საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ფასდაკლების ბარათებით „ტექსის“ მშენებარე ნებისმიერ ბინაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ მომხმარებელი, რომელიც 8 აპრილამდე შეიძენს „ბაკურიანი ტექსში“ ფართს, მიიღებს ტექს ჯგუფისგან უპრეცედენტო ფასდაკლებას და მისთვის კვადრატული მეტრის ღირებულება იქნება 650 ევრო, ამასთან, კომპანია უფასოდ გაურემონტებს და გაუთბობს ბინას.

4 აქცენტები

▲ზევით დაბრუნება


4.1 ერთი აღმოსავლური მინიატურა

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ლაშა ბაქრაძე

0x01 graphic

ეს აღმოსავლური მინიატურა ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში ინახება და მდიდრულად გაფორმებული გელიბოლულუ მუსტაფა ალის „გამარჯვებათა წიგნიდანაა (ნუსრეთნამე)“. როგორც ჩანს, ეს მინიატურა ჩვენში სრულიად უცნობია.

მასზე ოსმალეთის იმპერიის დიდი მთავარსარდალი, სერასკირი, „გამზრდელი ხონთქრისა“ - ლალა მუსტაფა ფაშა და მისი არმიაა გამოსახული თბილის-ქალაქის ბჭეებთან.

ჩვენი ქალაქის გალავნიდან ყიზილბაშები იყურებიან, მათ შორისაა, ალბათ, დაუდ-ხანიც, რაც მთლად ისტორიულ სიმართლეს არ შეესაბამება, რადგანაც ის, ოსმალოთა მოსვლამდე გაიქცა და სანამ ქალაქს მიატოვებდა, გადაწვა კიდეც.

ეს დაუდ თუ დაუთ-ხანი ქართველი იყო, ქართული ნუმერაციით დავით XI, ლუარსაბ I-ის ძე და სიმონ I-ის ძმა. 1561 წელს ირანს გაემგზავრა და იქ გამაჰმადიანდა, ვასალობის რაყამიც უბოძეს და დიდი ლაშქრით უკან გამოაგზავნეს ძმისთვის სიცოცხლის გასამწარებლად. მთელი ქართლი უცბად ვერ დაიმორჩილა, მაგრამ ყიზილბაშთა დახმარებით განაგებდა თბილისს და ქვემო ქართლს. მერე (1569 წელს) ძმა ფარცხისთან სძლია და ქართლში გაბატონდა. სიმონი დაატყვევეს და ირანს გაამგზავრეს.

როცა ოსმალეთ-ირანის ომი დაიწყო და ოსმალომ კავკასიისკენ გამოიწია, გულადი და გონიერი სიმონი ირანის შაჰ-ხუდაბანდამ (მამამ შაჰ-აბას დიდისა) სამშობლოში გამოუშვა „საერთო“ მტერთან საბრძოლველად.

ლალა ფაშამ სამცხეს დამორჩილების და ჩილდირთან გამარჯვების შემდეგ, 1578 წლის 24 აგვისტოს უბრძოლველად აიღო ტფილისი.

ამ ისტორიას სამივე მონაწილე მხარე თავისებურად აღგვიწერს.

ყველაზე მოკლედ, უაღრესად ლაკონურად, „ქართლის ცხოვრება“: „გაიარეს, წავიდეს ტფილისის ქალაქზე, ის დაუთხან დაწვა და გაეცალა, ლორეს ჩავიდა. ტფილისს ჩავიდეს ურუმნი, ფაშა დასუეს; ...“

საამაყო ამ ამბავში, ირანსა და ოსმალეთს შორის გამომწყვდეულ ქართველთათვის, არაფერი იყო.

სამაგიეროდ, ლალა ფაშას ლაშქრობა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა, უამრავ თანამედროვე ოსმალო ისტორიკოსს, მათ შორის, თვითმხილველსაც, აქვს აღწერილი, ალის „ნუსრეთნამეში“, მუსტაფა სელანიქის „თარიხი სელანიქიში“, მუნეჯიმ-ბაშის, საჰაიფ ალახბარს, ფეჩევის და სხვათა და სხვათა.

აი, მაგალითად იბრაჰიმ ფეჩევი „ტფილისის ციხის დაპყრობას“ ასე გვიყვება: „წელსა მასვე, ჯუმადი-ულ-ახირ-ის 20-ს. ხსენებულ დღეს ისლამის ლაშქარი აღნიშნული ციხის პირდაპირ გაჩერდა. მისი მფლობელი დავით-ხანი საქართველოს მელიქებს შორის სახელოვანი მთავარი იყო. ის წინეთ შაჰის ქვეშევრდომი გამხდარიყო, გვირგვინი დაედგა და [ეხლა] როგორც წინეთ, თავისი ქვეყნის მპყრობელი ყოფილა. ვინაიდან მან იცოდა, რომ ისლამის ლაშქრის თავდასხმას ვეღარ გაუძლებდა, ციხიდან გაიქცა, დატოვა ქვეყანა და სახლკარი და მთელი თავისი ხალხით გაუვალ მთებს შეაფარა თავი და იქ გაჩერდა. ზემოხსენებული ციხე და მისი მიდამოები ცარიელი და განადგურებული დატოვეს. შემდეგ ღირსეულმა სარდალმა...“

„ღირსეულ სარდალს“, კვიპროსის დამპყრობს (კიბრისი ფატიჰი-ს) კავკასიური ლაშქრობა არ დაუფასა სულთანმა მურად III და არ აუსრულა მისი ცხოვრების მთავარი სურვილი, გამხდარიყო დიდ-ვეზირი, 1579 წელს დერვიშის მიერ მოკლული, მისი თანამემამულე ბოსნიელი სოკოლუ მეჰმედ ფაშას მაგივრად. „მოცეკვავე დერვიშების“ ორდენის წევრი ლალა ფაშა მწუხარებას მიეცა და, როგორც ბოროტი ენები ამბობდნენ, ერთხელაც, უამრავი საზამთრო უჭამია და ზედ უზომოდ შერბეთიც დაუყოლებია - მოხუცის ორგანიზმს ვეღარ გაუძლია და გარდაცვლილა (1580 წ).

ლალა ფაშას გურჯისტანში ლაშქრობა სრულიად სხვა კუთხითა და შეფასებით, სპარსელებსაც აქვთ აღწერილი. დიდი სპარსელი ისტორიკოსი ისქანდერ მუნში „ქვეყნის დამამშვენებელი ისტორია აბასისა“-ში წერს:

„სიმონ-ხანს ამ დინასტიის (ე.ი. სეფიანთა) მორჩილების შარაზე ფეხი მტკიცედ ედგა და ოსმალებს წინააღმდეგობა გაუწია, გზაჯვარედინებსა და მთის გადასასვლელებზე მტრის ჯარს წინ ხვდებოდა სხვა ქართველებთან ერთად და საგრძნობ ზარალსაც აყენებდა. ალექსანდრე ხანი (ალექსანდე კახთა მეფე) კი, რომელიც ცბიერი და წინდახედული კაცი იყო, თავისი საქმის სიკეთეს ჩაუკვირდა და ოსმალებისთვის მეგობრულად თავის მოჩვენება ამჯობინა, ლალა ფაშას ბანაკში ნუზლი და სავერი გაგზავნა და მორჩილება გამოუცხადა. ეს გარემოება ლალა ფაშას გულდაჯერების მიზეზი შეიქმნა, საქართველოს ვიწრობებში იოლად და ადვილად გაიარა და თბილისის ციხეს მიადგა, რომელიც სიმტკიცესა და სიმკვიდრეში ცის სფეროთა სფეროს ედავებოდა...“

სხვათა შორის, ორჰან პამუკის რომანში „ჩემი სახელია წითელი“ სწორედ მურად III დროს ხდება მოქმედება, 1591 წელს, თანაც წიგნის მხატვართა წრეში, სადაც ჩვენი მინიატურაც დაიხატა.

ეს ამბავი ამ მშვენიერმა 16 საუკუნის (1582 წ.) ოსმალურმა მინიატურამ გამახსენა და მომაყოლა, თან მხოლოდ იმიტომ, რომ აღმოსავლურ (და არა მხოლოდ აღმოსავლურ) ილუმინირებულ წიგნებში უთვალავი მსგავსი ილუსტრაციაა ჩვენი ისტორიისა, რომლებიც ჯერ კიდევ უცნობი, გამოუქვეყნებელი და გამოსამზეურებელია.

4.2 მეამბოხე ირანელი ქალი

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ნინო ძანძავა

0x01 graphic

გრაფიკული ნოველის ჟანრში გაკეთებული „პერსეპოლისი“ საფრანგეთში, ევროპის სხვა ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში უზომოდ პოპულარული ნაწარმოებია (ისწავლება ამერიკის 118 კოლეჯში), ხოლო მისი ავტორი, მარჯანე სატრაპი - ნამდვილი ვარსკვლავი ლიტერატურულ წრეებში. 2007 წელს ვენსან პარონოსთან ერთად შექმნილი „პერსეპოლისის“ ეკრანული ვერსიის პრემიერა, კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმატებით შედგა და ფილმმა ჟიურის სპეციალური პრიზიც მოიპოვა.

მარჯანე სატრაპი ირანელი მწერალი ქალია, რომელიც უკვე დიდი ხანია საფრანგეთში ცხოვრობს. დაწერილი აქვს რამდენიმე საბავშვო წიგნი და კომიქსები. „თითქმის ოცი წელი ვამტკიცებდი, თუ რატომ არ არის ცუდი, იყო ირანელი,“ - ამბობს სატრაპი. მეგობრებმა ურჩიეს, ისტორიებისთვის ერთად მოეყარა თავი და სხვებისთვისაც გაეცნო ისინი. სწორედ ამ მოტივით დაიწყო პირველ ირანულ კომიქსზე მუშაობა.

„პერსეპოლისი“ შავ-თეთრ ილუსტრაციებში მოთხრობილი ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია. სატრაპი მომხიბვლელი გულწრფელობით აღწერს დეტალებს ირანში გატარებული ბავშვობის წლებიდან, აგრეთვე, ევროპაში განვლილ მოზარდობის პერიოდს, რასაც თან ერთვის საოცრად ხალასი იუმორი და დიდი სიყვარულით კრიტიკის ქარცეცხლში გატარებული ირანის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ისტორია. სწორედ ამ იუმორისა და ღიაობის გამო, ირანში წიგნი აკრძალულია, მისი ავტორი კი, უკვე დიდი ხანია, ანათემას გადასცეს (ისლამისთვის ამ შეუფერებელ სიტყვას თუ ვიხმართ). თუმცა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ცოტა ხნის წინ, თეირანის ერთ-ერთ კინოთეატრში „პერსეპოლისის“ ჩვენება შედგა, რომელსაც დაახლოებით 70 ადამიანი ესწრებოდა, ის, ვინც გაბედა და, რისკის ფასად მივიდა ფილმის სანახავად. ჩვენების ოფიციალური მოტივი, ალბათ, ის იყო, თუ როგორ ფილმებს არ უნდა იღებდეს და როგორ არ უნდა წერდეს ჭეშმარიტი ირანელი.

როდესაც ჩემს პირველ კომიქსს - „პერსეპოლისს“ ვკითხულობდი (უნდა ვაღიარო, რომ მანამდე, კომიქსის ჟანრის გარშემო ჩვენს ლიტერატურულ წრეებში გამეფებული სტერეოტიპის ტყვე გახლდით), მეგონა, წიგნი მუსულმანური ირანის კი არა, მართლმადიდებლური საქართველოს შესახებ იყო დაწერილი - არსობრივად იგივე კლიშეები აზროვნებაში, რელიგიური ფანატიზმი, ფუნდამენტალიზმი, მტრებისა და მოწამეთა ხატები, ღირსების ორდენები, „რევოლუციის დამცველები“, ცრუ სიმბოლოები და ფეტიშები. მოგვიანებით, „ნიუ-იორკ ტაიმსის“ კორესპონდენტისთვის მიცემულ სატრაპის ინტერვიუს გადავაწყდი, სადაც იგი ამბობს: „ნელ-ნელა, როდესაც წიგნი სხვა ენებზე ითარგმნა, ადამიანები ამბობდნენ - „ეს ხომ ჩემი ისტორიაა“. უცებ აღმოვაჩინე, რომ ეს უნივერსალური ამბავია. მინდა ვაჩვენო, რომ ყველა დიქტატურა, მნიშვნელობა არ აქვს ჩილეა, ჩინეთის კულტურული რევოლუცია თუ კომუნისტური პოლონეთი, ერთნაირად სქემატურია“.

სატრაპის შემთხვევაში ირანის ნეგატიური ასპექტების წარმოჩენა იმდენად ჯანსაღი პოზიციიდან ხდება, რომ მწერალი ქალი არანაირად არ ეწევა თავისი სამშობლოს დისკრედიტაციას. ის კრიტიკულია არა მხოლოდ ირანის მიმართ, არამედ, ევროპის მიმართ გამოთქმულ ძალიან თამამ და ხშირად არაპოლიტკორექტულ მოსაზრებებშიც. ზრდილობიან და დალაგებულ ევროპაში მცხოვრები ირანელის ეს მეამბოხე არაპოლიტკორექტულობა საოცრად მომხიბვლელია!

0x01 graphic

„პერსეპოლისი“ დასავლელი მკითხველისთვის დაწერილი ნაწარმოებია. ამაზე მეტყველებს წიგნის შესავალ ნაწილში, მოკლედ მოთხრობილი ირანის ისტორიაც, სახელმწიფოს ჩამოყალიბებიდან დღემდე. ყოველთვის, როდესაც ავტორი, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, საზოგადოებრივ ნორმებზე და რელიგიურ საკითხებზე საუბრობს, იგულისხმება, რომ ის ევროპელ მკითხველს მიმართავს, რომელსაც მესამე სამყაროზე მყარი სტერეოტიპი აქვს ჩამოყალიბებული და რეალურად, მის შესახებ ცოტა რამ თუ იცის. თუმცა, კომიქსში ყველაზე ნაკლებად, სწორედ, განმანათლებლური ტონი იგრძნობა. სატრაპი მხოლოდ იმას ცდილობს, რომ სუბიექტური გამოცდილებების და შეხედულებების ჭრილში დაგვანახოს ევროპაში შელახული იმიჯის მქონე ქვეყნის რეალური სურათი, თანაც ისე, რომ ეს მკითხველისთვის მაქსიმალურად ადვილად მოსანელებელი იყოს. თუ როგორია ავტორის სამშობლოს იმიჯი დასავლეთში, ჩანს სატრაპის ბიოგრაფიული მონაცემებიდანაც, რომლებიც ყოველთვის იმ ფაქტის ხაზგასმით იწყება, რომ იგი „პროგრესულ“ ირანულ ოჯახში დაიბადა. აზრად თუ მოგივათ, რომ მიშელ უელბეკის ან ამელი ნოტომის ბიოგრაფიები, შეიძლება, ოდესმე დაიწყოს მათი ოჯახების ასეთი დეფინიციით - „პროგრესული“?

სპარსეთის შაჰის შთამომავალი მარჯანე სატრაპი საკუთარ წარმომავლობასაც ირონიით უყურებს: „ყაჯართა დინასტიის მეფეებს ასობით ცოლი ჰყავდათ, რომლებიც ათასობით ბავშვს აჩენდნენ. თუკი მათ რიცხვს გადაამრავლებთ, ათიდან თხუთმეტ ათასამდე პრინცსა და პრინცესას მიიღებთ. ამაში განსაკუთრებულს არაფერს ვხედავ“.

ასე რომ, მარჯანე სატრაპის გარდა, კიდევ დაახლოებით 10-15 ათას ადამიანს ელოდა ბავშვობაში მშობლებისგან იმ ისტორიის მოსმენა, რომ იმპერატორი, რომელიც რეზა შაჰმა სახელმწიფო გადატრიალებისას ტახტიდან გადააგო, მათი დიდი ბაბუა იყო. თუმცა, მათგან ყველას როდი ეყოლებოდა რეპრესირებული კომუნისტი ბაბუა, როგორც სატრაპის ჰყავდა (დაპატიმრებების სერიამდე რეზა შაჰმა მას, როგორც ევროპაში ნასწავლ და განათლებულ ადამიანს, პრემიერ-მინისტრობაც შესთავაზა), ან ბაბუის ძმა მამის მხრიდან, რომელიც ირანის ერთ-ერთი პროვინციის, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გამოცხადების სათავეში იდგა და აზერბაიჯანის შემდეგ, ეტაპობრივად, მთელი ირანის გათავისუფლებას აპირებდა შაჰის მმართველობისგან; აგრეთვე, პოლიტპატიმარი ბიძა ანუუში, რომელმაც შაჰის რეჟიმის დროს საბჭოთა რუსეთს შეაფარა თავი, მაგრამ ისლამური რეჟიმის პერიოდში სამშობლოში დაბრუნებული, მაინც სიკვდილით დასაჯეს.

ირანის რესპუბლიკად გამოცხადების შემდეგ და ისლამური რევოლუციის მიმდინარეობის პროცესში მოწამებრიობა ირანში მოდად იქცა. „პერსეპოლისის“ სურათებში მეზობლების, დემონსტრანტების, უბრალო გამვლელების ყოფითი ისტორიები ცოცხლდება. როდესაც რევოლუციის შემდეგ 3000 პოლიტიკური პატიმარი ციხიდან გამოუშვეს, მომენტალურად, ქვეყანაში უამრავი გმირი გაჩნდა და ისინიც კი, ვინც არ იყვნენ რეჟიმის მსხვერპლნი, ცდილობდნენ თავი გმირებად გაესაღებინათ.

ჯანსაღი თვითირონია და ავტორის მიერ უმოწყალო შაყირი საკუთარ თავზე „პერსეპოლისის“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირსებაა. სატრაპი არ ერიდება იმის თქმას, რომ ჰეროიზაციის ტალღა მასაც შეეხო. პოლიტიკური პატიმარი პატარა მარჯისთვის ეგზოტიკური იდეალი ხდება, რომელიც მის წარმოსახვაში ფანტაზიებს აძლევს გასაქანს. ბავშვი განიცდიდა, რომ მამამისი არ იყო ციხეში წამებაგამოვლილი გმირი, მაშინ, როცა მის ირგვლივ ბევრ თანატოლს მშობლებით ტრაბახის საშუალება ჰქონდა. მოგვიანებით, ბიძა ანუუშის სახით, მან საკუთარ ოჯახშიც აღმოაჩინა რეჟიმის ცოცხალი მსხვერპლი და გაიხარა.

0x01 graphic

ბავშვის თვალთახედვით მოწოდებული ისტორიული ფაქტები შაჰის რეჟიმის დაცემის და აიათოლა ჰომეინის მმართველობის პირველ პერიოდთან დაკავშირებულ მოვლენებს განსაკუთრებულ სიცოცხლეს სძენს და მკითხველს თავს არ აბეზრებს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ საქმე „არაჩვეულებრივ“ ბავშვთან გვაქვს, რომლის ღმერთებიც ჩე გევარა, კარლ მარქსი, რენე დეკარტი და ირანელი რევოლუციონერები არიან, რომელსაც სოციალური უსამართლობის განცდა მათ წაკითხვამდე, ფემინისტური მოსაზრებები კი 14 წლის ასაკში, სიმონ დე ბოვუარის გაცნობამდე ჩამოუყალიბდა. სატრაპი იმ მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც მას და მის ოჯახს ყოველდღიურ ცხოვრებაში აწუხებდა. მაგალითად, ჩადრები... 1980 წლიდან ირანში ჩადრების ტარება სავალდებულო გახდა. ე. წ. კულტურულმა რევოლუციამ მორალური კოდექსი გაამკაცრა და დამთრგუნველი წესები შემოიღო (ორენოვანი სკოლები დაიხურა, ბიჭები და გოგონები, რომლებიც აქამდე ერთ საკლასო ოთახში სწავლობდნენ, განაცალკევეს). ადამიანების ჩაცმის მანერა იდეოლოგიური ნიშნის მატარებელი გახდა. თუმცა, დიქტატურის დასაწყისში, ჯერ კიდევ იყო საშუალება თმის ღერების გამოჩენით ქალს რეჟიმის მიმართ ოპოზიციური განწყობა გამოეხატა. მამაკაცი იგივეს წვერის გაპარსვით აპროტესტებდა. თუმცა, როგორც პატრიარქალურ საზოგადოებას სჩვევია, ქალის მიმართ მაინც მეტი მოთხოვნა იყო წაყენებული, ვიდრე მამაკაცის მიმართ. სწორედ აქ ვაწყდებით პატარა მარჯის თანდაყოლილ ფემინიზმს: „თუკი ჩადრის ტარებაზე უარის თქმის შემთხვევაში ქალს აპატიმრებდნენ, მაშინ მამაკაცებისთვის ჰალსტუხის (როგორც დასავლეთის სიმბოლოს) გაკეთება უნდა აეკრძალათ. და თუ ქალის თმა მამაკაცს აღაგზნებდა, იგივეს თქმა შეიძლებოდა მამაკაცის შიშველ მკლავებზეც. ამიტომ მათ მოკლემკლავიანი პერანგების ჩაცმა აუკრძალეს - სამართლიანობა გარკვეულწილად დამყარდა!“ („პერსეპოლისი“, ნაწილი I)

ქალთა საკითხს მარჯანე სატრაპიმ „პერსეპოლისამდე“ შექმნილი კომიქსიც მიუძღვნა - „დაკემსილები“ - რომელიც ირანში ქორწინებამდე სქესობრივი კავშირის აკრძალვას ეხმიანება. ეს აკრძალვა, რა თქმა უნდა, ქალებს ეხებათ. ქალწულობის ინსტიტუტთან, როგორც ქალების დათრგუნვის პატრიარქალური ინსტრუმენტის მიმართ მისი დამოკიდებულება კომიქსის სათაურშივე იგრძობა.

ახალი პოლიტიკური წყობის, თავიდან, სატრაპის მშობლებსაც სჯეროდათ, მაგრამ, როგორც ყოველთვის, რევოლუციის შემდგომი პერიოდი არ აღმოჩნდა ისეთი, როგორსაც ადამიანები რევოლუციის პროცესში ელიან ხოლმე. საზოგადოებაში რელიგიური აღტყინების ზრდამ ერაყის მხრიდან ირანისათვის ომის გამოცხადების შემდეგ უკიდურეს ფანატიზმს მიაღწია. რელიგიური სიმბოლოებით გაუთავებელმა მანიპულირებამ და ცრუპატრიოტიზმმა საზოგადოება ჩიხამდე მიიყვანა. ამიტომ, ფუნდამენტალისტურ ტენდენციებთან შეხება მარჯანე სატრაპის ბავშვობიდან მოუწია. ავტორი უმოწყალოდ აქილიკებს რევოლუციის წვერებიან დამცველებს, სულელური და სასაცილო გამომეტყველებით გვიხატავს მათ. თუმცა, წიგნში ჩანს მომენტები, როდესაც ხუმრობაც შეუძლებელი ხდება, იმდენად უკიდეგანოა იდეოლოგიის მსახურთა მიერ საზოგადოებისა და კონკრეტული ადამიანებისათვის მიყენებული ზიანი. მას შემდეგ, რაც პოლიტიკური დევნა სატრაპის უახლოეს ადამიანებს შეეხებათ, ჰეროიზაცია სხვა ფაზაში გადადის - მარჯი ერთხელ და სამუდამოდ განდევნის საკუთარი ცხოვრებიდან მეგობარ ღმერთს, რომელსაც ბავშვურ წარმოსახვაში ელაპარაკებოდა და რომელიც, მისივე თქმით, ასე ძალიან ჰგავდა კარლ მარქსს (ერთადერთი განსხვავება ამ უკანასკნელის უფრო ხვეული თმა იყო).

0x01 graphic

რელიგიასთან, გენდერულ და სოციალურ თემებთან ავტორის ასეთი მიმართების შემდეგ, ცხადია, ევროპიდან მოსაუბრე მარჯანე სატრაპი სამშობლოში მიუღებელია.

„პერსეპოლისის“ პირველი ნაწილი ირანის ყოველდღიური ცხოვრების დაუვიწყარ და სხარტ პორტრეტს გვთავაზობს, მეორე ნაწილის მოზრდილ მონაკვეთს კი, ავტორი დასავლეთში მისი მოზარდობის წლების აღწერას უთმობს. ევროპაში სატრაპი 14 წლის ასაკში მოხვდა, როდესაც უსაფრთხოების მიზნით (ირანში ომი იყო გაჩაღებული და თეირანი აქტიურად იბომბებოდა) მშობლებმა იგი ვენის სკოლაში გაგზავნეს სასწავლებლად.

პოლიტიკური კონტექსტი აქ შესუსტებულია, სამაგიეროდ, სატრაპი ღრმად პერსონალურ გამოცდილებებზე გვიამბობს. ექსცენტრული პანკი კლასელები, ანარქისტი ახალგაზრდები, მარიხუანა, პირველი მეგობარი ბიჭი, ბაკუნინი, სარტრი და სიმონ დე ბოვუარი, პროდუქტებით გამოტენილი იაფფასიანი სუპერმარკეტი „ალდი“, სადაც მას მხოლოდ პასტაზე მიუწვდებოდა ხელი, ღიად ჰომოსექსუალი მეზობელი ბიჭები, ჩხავანა ფრაუ ჰელერი და სხვები, აქამდე მისთვის უცნობი და საინტერესო სამყაროს წარმომადგენლები არიან. ევროპაში გაკეთებულ მრავალ აღმოჩენას შორის, ერთ-ერთი პირველი ის იყო, რომ, ექსტრემისტებს, თურმე, ყველა რელიგიაში იპოვი.

უარი ნებისმიერი სახის იდეალიზაციაზე მისი ცხოვრების ყველა პერიოდში და „პერსეპოლისის“ ყველა თავში ჩანს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, უკვე დაქალებული სატრაპი აცნობიერებს, რომ ირანშიც და უცხოეთშიც, ის აუტსაიდერია. ევროპაში უცხოელია, ხოლო სამშობლოში - მიუღებელი. ავტორის დისტანცია ეთიკურ და მორალურ ნორმებთან ირანში ავტომატურად იწვევს მის გაუცხოებას საზოგადოების მიმართ, ასევე საზოგადოების გაუცხოებას - მის მიმართ. სწორედ ეროვნული და პიროვნული იდენტობის გარკვევას აღწერს იგი გრაფიკული ნოველის ბოლო მეოთხედში.

გამომცემლობა „პანთეონის“ თანამშრომლებთან საუბარში, მარჯანე სატრაპი ამბობს: „იმისათვის, რომ იცოდე, რა დაწერო, თავისუფლად უნდა იაზროვნო. როდესაც ჩემმა მშობლებმა „პერსეპოლისი“ წაიკითხეს, სიამაყის გრძნობა დაეუფლათ. შიგადაშიგ, მათ ვაკრიტიკებ, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ სიმართლეს ვწერ, მათ ეცინებათ. მამაჩემი ყოველთვის ამბობს: „მხოლოდ ბრიყვი არ იცვლის არასდროს საკუთარ აზრს“. მშობლებმა მასწავლეს, რომ, შეიძლება, შეცდომები დაუშვა. მათ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მომცეს - აზროვნებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებელად მიღების თავისუფლება. საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ადამიანმა შეიძლება მიიღოს, ისაა, რომ არ იყოს დაფორმატებული - ანუ ისეთი, როგორიც სამყაროსა და რელიგიას უნდათ, რომ იყო“.

5 კომენტარები

▲ზევით დაბრუნება


5.1 მიშას ობამიზაცია

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: მარკ მალენი
ინგლისურიდან თარგმნა რუსუდან ამირეჯიბმა

0x01 graphic

მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების მერე. 5 იანვარი, 2008

მხოლოდ იმის ანალიზი, თუ რა გააკეთეს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებაში ყოფნისას დემოკრატმა ან რესპუბლიკელმა ლიდერებმა, ან რა კურსს ატარებდნენ და რისი სწამდათ მათ, პოლიტიკურ ძალთა კატეგორიზაციისას, უდავოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ არა - განმსაზღვრელი. ამავე დროს, ისეთი მოძველებული იარლიყებიც, როგორებიცაა „მემარჯვენე“ და „მემარცხენე“, მხოლოდ ჩვეულების გამო თუ იხმარება და რეალურად, ბევრსაც არაფერს ნიშნავს.

პარტიებს შორის მთავარი განსხვავება ისაა, თუ როგორ ხედავენ ისინი მსოფლიოს და რა მეტაფორებს მიმართავენ მის დასახასიათებლად. ბოლო დროს, ამის შესახებ, ბევრს წერს ცნობილი ამერიკელი ლინგვისტი, კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) პროფესორი ჯორჯ ლაკოფი. მისი დაკვირვებით, რესპუბლიკელები მსოფლიოს სახიფათო ადგილად მიიჩნევენ და სწამთ, რომ ხიფათთან გასამკლავებლად და მსოფლიოს გასაკონტროლებლად, ამერიკა, საკმარისად ძლიერი უნდა იყოს, რათა აღმოფხვრას ნებისმიერი პოტენციური მტერი და დაამარცხოს მოწინააღმდეგე. მათი აზრით, წარმატებას ის აღწევს, ვინც ამას იმსახურებს, წარუმატებლობა კი წარუმატებლისვე ბრალია. მათი გზავნილი ასეთია: ამერიკა განსაზღვრავს, რას ნიშნავს წარმატება და სხვაგვარი განსაზღვრება არ არსებობს. მსოფლიო იყოფა ორ ნაწილად: ჩვენს მომხრეებად და ჩვენს მოწინააღმდეგეებად.

ობამას მსგავსი დემოკრატებისთვის კი, მსოფლიო უფრო რთულია და აქ ბევრი სხვადასხვა ინტერესი და თვალსაზრისია თავმოყრილი. მათ შორის ჯანსაღი კომუნიკაცია ურთიერთპატივისცემით მიიღწევა. მხოლოდ ასე შეიძლება ყველა ჯგუფის სურვილთა და მოთხოვნათა მაქსიმალური დაკმაყოფილება. მათი გზავნილია: მშვიდობა და პროგრესი გაიმარჯვებს. რესპუბლიკელები დემოკრატებს ხშირად გულუბრყვილოებად და სუსტებად მიიჩნევენ, ხოლო დემოკრატები რესპუბლიკელებს დესტრუქციულებად და მხოლოდ საკუთარი ინტერესების დამცველებად თვლიან.

რეიგანის მმართველობის დროს რესპუბლიკელებმა ბევრი განსხვავებული დემოგრაფიული და პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა მოიპოვეს. პრეზიდენტმა ბუშმა და მისმა გუნდმა თავიანთი პოლიტიკითა და უფრო კი, აგრესიული რიტორიკით, ეს მხარდაჭერა დაკარგეს. ბუში ხშირად ახსენებს ხოლმე ამერიკის პირველობას და ძალას, ყველაზე ხშირად კი - ომს ან ბრძოლას. არადა, ამერიკელთა უმრავლესობის თვალში, ბუშის ადმინისტრაცია ყველა ომში დამარცხდა, იქნება ეს ერაყი თუ საშინაო პოლიტიკა. თანაც, ამერიკელები დაიღალნენ ომებითა და აგრესიით. ეს ყველაფერი პრობლემას უქმნის რესპუბლიკელთა კანდიდატს, ჯონ მაკკეინს. ამერიკულ საზოგადოებას ყელში ამოუვიდა რესპუბლიკელთა მიერ დანახული და წარმოდგენილი მსოფლიო. მართალია, ტრადიციული რესპუბლიკელი მაკკეინი უფრო ზომიერია, მაგრამ, ბუშთან vis-à-vis ზოგიერთი ჯგუფის იმედგაცრუებას მაინც იწვევს.

ჰილარი კლინტონი დიდი ხნის განმავლობაში ბუშის შემცვლელ ყველაზე რეალურ კანდიდატად მიიჩნეოდა, თუმცა, მისი გამოსვლები მკაფიოდ ვერ გამოხატავს დემოკრატთა ხედვებსა და ღირებულებებს. ნებისმიერ საკითხზე საუბრისას, ის გასატარებელ პოლიტიკაზე ლაპარაკობს და, რა სფეროსაც უნდა ეხებოდეს, კარგად ესმის პოლიტიკის დეტალები, თუმცა, ამერიკელთა უმრავლესობისთვის ეს უინტერესოა.

საზოგადოდ, მსოფლიოში ყველგან, ლიდერის არჩევისას, ამომრჩეველს გასატარებელი პოლიტიკის დეტალები ნაკლებ საინტერესოდ მიაჩნია. ამომრჩეველს უფრო ის ხედვა აინტერესებს, რომელიც შეიძლება გაიზიაროს.

0x01 graphic

ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის წინ, 8 ოქტომბერი, 2007

ბარაკ ობამა დემოკრატთა ხედვის საუკეთესო გამომხატველია. მისი გზავნილი თანმიმდევრულია - უნდა გავერთიანდეთ. ის თავს არ ესხმის ოპონენტებს და, როცა პასუხს სცემს შეკითხვებს, საუბარს იმ შეხედულების ღირსებებზე ყურადღების გამახვილებით იწყებს, რომელსაც არ იზიარებს.

გადასაჭრელი პრობლემები ყველას წინაშე დგას. პოლიტიკოსთა უმრავლესობა მათი მოგვარების იოლ და ყველაზე გავრცელებულ გზას ირჩევს: ბრძოლას უცხადებს პრობლემას. მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე და პენტაგონზე თავდასხმისთანავე, აშშ-ის ადმინისტრაციამ საუბარი დაიწყო მართლმსაჯულებაზე: ვინც ეს ჩაიდინა, პასუხს აგებს. ეს ადვილად გასაგებია, თუმცა, ოცდაოთხ საათში, მას შემდეგ, რაც ბუში ჩეინისა და გზარამსფელდს მოეთათბირა, რიტორიკა შეიცვალა და ბრძოლა ტერორიზმს გამოუცხადეს.

ამაში ახალი არაფერია. საბჭოთა კავშირი ყოველთვის რაღაცას უცხადებდა ბრძოლას. თავიდან ეს იყო მტრების გამოვლენა ან შექმნა და მერე, მათი განადგურება. მტრის ხატი სულ იქმნებოდა, რათა მისკენ მიმართულიყო მთელი ყურადღება და მიეფუჩეჩებინათ სსრკ-ის წინაშე მდგარი ბევრი სერიოზული პრობლემა. სინამდვილეში კი, როგორ გაუძღვება მთავრობა ნამდვილ ომს სხვა ქვეყანასთან და როგორ დაძლევს რაიმე პრობლემას, ძალიან განსხვავებული საკითხებია. პრობლემისთვის ომის თუ ბრძოლის გამოცხადება თავისთავად განსაზღვრავს გზას, რომელიც სხვაგვარი იქნებოდა, მისთვის პრობლემასთან ბრძოლა კი არა, პრობლემის მოგვარება რომ დაგვერქმია.

კონკრეტულ პრობლემას, შეიძლება, არა მასთან ბრძოლის მეტაფორით, არამედ სხვა მეტაფორების გამოყენებით მივუდგეთ. ეს მეტაფორები შეიძლება იყოს გადაჭრა, მოვლა, ზრუნვა, მოგვარება, ყურადღების დათმობა და ა.შ. გარკვეულ შემთხვევებში, შეიძლება, მივმართოთ - არჩევანის გაკეთებას, საფუძვლის ჩაყრას, დეტალებში ჩაღრმავებას და სხვა.

2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ, ქართულ პოლიტიკაში, ყველაზე შესამჩნევი ცვლილება, პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი გარემოცვის რიტორიკის შეცვლაა. ნოემბრამდე, მათ რიტორიკაში ჭარბობდა ბრძოლა, გამარჯვება, მტრის დამარცხება. მას შემდეგ კი, ყურადღება მახვილდება ერთიანობაზე და ურთიერთპატივისცემაზე. მიშა დემოკრატი გახდა. აქვს თუ არა ამას მნიშვნელობა? ცხადია, აქვს. ნოემბრის დემონსტრაციების მიზეზი ის იყო, რომ მთავრობა, თავისი ვიწრო წრის გარდა, არავის უსმენდა. რევოლუციაში გამარჯვებულთ სწამდათ, რომ ქვეყანა უნდა გამოესწორებინათ და ამ საქმეში ხელისშემშლელები გზიდან უნდა ჩამოეცილებინათ. ხელისშემშლელებად კი მიიჩნევდნენ ყველას, ვინც მათ აზრს არ იზიარებდა. ასეთი ხალხი, რომელთა რაოდენობა გზადაგზა იზრდებოდა, უგულებელყვეს, შეურაცხყვეს ან დასაჯეს. იგნორირებულები მიხვდნენ, რომ ქუჩაში გამოსვლის მეტი აღარაფერი დარჩენოდათ.

მაგრამ ახლა დისკურსი შეიცვალა და ხელისუფლებას, უკვე სხვადასხვა თვალსაზრისთა მოსმენის სასიკეთო გავლენა ემჩნევა. მიუხედავად იმისა, ამ თვალსაზრისთა გამომთქმელნი შეძლებენ თუ არა თავიანთი ხედვის გატარებას, იმის შეგრძნება მაინც არ ექნებათ, რომ არ უსმენენ. ის, რომ შეურაცხყოფას არ გაყენებენ და არ უგულებელგყოფენ, უკვე კარგია, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. პრობლემა ისაა, რომ, როგორც კი გარკვეული გავლენა მოიპოვა, ოპოზიციამ, მაშინვე შეწყვიტა საქართველოს პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობა. ხელისუფლებაზე საუბრისას მათ გაბოროტებული ტონი აქვთ, რაც ხელს უშლის ნორმალურ დიალოგს. აბა, ვის მოუნდება დიალოგი წურბელასთან!

ოპოზიცია, ერთი მხრივ, შეიქმნა, როგორც კავშირი იმათ შორის, ვინც ყოველთვის დავობდა და იდავებს ხელისუფლებასთან, და მეორე მხრივ კი - ვისაც მართლა უნდა პრობლემების მოგვარება, მაგრამ უგულებელყოფილად გრძნობდა თავს. თავდაპირველი კავშირი, ახლა უკვე დაშლილია, თუმცა, მედიას ახასიათებს ერთი აუხსნელი ჩვევა, ყურადღება მიაქციოს ოპოზიციის იმ ლიდერებს, ვისაც სათქმელი არაფერი აქვთ, გარდა იმისა, რომ არსებული ხელისუფლებისადმი თავიანთი უკმაყოფილება გამოხატონ. სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რომ უკვე შექმნილმა ძლიერმა ოპოზიციამ, საკუთარი თავი „ყველაფრის მოწინააღმდეგე“ ოპოზიციად არ ჩამოიყალიბოს. ძლიერმა ოპოზიციამ თავისი საქმე გააკეთა. თუ მთავრობა, დაყოფის მაგივრად, გაერთიანებას დაისახავს მიზნად და არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც, ფორმალური ოპოზიციის ნაკლები აუცილებლობა იქნება.

0x01 graphic

საქართველოს პრეზიდენტის ინაოგურაციის ცერემონიალი, 20 იანვარი, 2008
REUTERS

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვარდების რევოლუცია ქართველმა ხალხმა მოახდინა და არა ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, თუმცა, მისი წარმომადგენლებიც დანარჩენ ხალხთან ერთად იდგნენ. ის რევოლუცია შევარდნაძის რეჟიმს და მის გარემოცვას დაუპირისპირდა და მაშინ, თითქმის არავინ ფიქრობდა იმაზე, თუ რა იქნებოდა რევოლუციის შემდეგ. საზოგადოდ კი, გრძელვადიან პერსპექტივაში ხალხს ურჩევნია რაიმეს მომხრედ გაერთიანდეს, ვიდრე რაიმეს მოწინააღმდეგედ. ვერცერთი ხელისუფლება დიდხანს ვერ გასტანს პრობლემების გადასაჭრელად მხოლოდ ახალ-ახალი ბრძოლების გამოცხადებით.

როგორც კი, 1992 წელს, ბილ კლინტონი ხელისუფლებაში მოვიდა, თავისი ცოლი მაშინვე დანიშნა იმ კომიტეტის თავმჯდომარედ, რომელსაც ამერიკის ჯანდაცვის პრობლემები უნდა მოეგვარებინა. ჰილარიმ, დახურულ კარს მიღმა, ბევრი კონსულტაცია გამართა, მაგრამ როგორც კიგანსახილველად გამოიტანა თავისი გეგმა, ის ჩააგდეს მათ, ვისაც მის შექმნაში მონაწილეობა არ მიუღია. ამ დროიდან იღებს სათავეს ის საკმაოდ ძლიერი სიძულვილი, რომელიც ადამიანთა ერთ მცირე ჯგუფს დღემდე აქვს ჰილარისადმი, არადა, მისი მაშინდელი პროექტი მეტ-ნაკლებად იგივე რჩება თექვსმეტი წლის შემდეგაც.

ამჟამინდელი საქართველოს ხელისუფლების რამდენიმე ინიციატივას, ასეთივე ბედი ხვდა წილად. ამ ინიციატივათა შემუშავება-განხილვაში შესაბამის საკითხებში კარგად გარკვეულ და მცოდნე ხალხს მონაწილეობა არ მიუღია და ამიტომ, ისინი იწუნებენ ნებისმიერ, მათი მონაწილეობის გარეშე მიღებულ, თუნდაც, ობიექტურად კარგ გადაწყვეტილებას. ამავდროულად, მოსახლეობამდე არ მიდის ინფორმაცია, თუ რა მოსაზრებით და ლოგიკით იქნა მიღებული ესა თუ ის გადაწყვეტილება, ხალხი ვერ იგებს მიზანს და ვერ ხედავს მოსალოდნელ სასიკეთო შედეგს.

ბარაკ ობამამ უკვე დაამტკიცა, რომ მას ხალხის გაერთიანება ძალუძს. ჯერჯერობით, არ ვიცით, თუ პრეზიდენტი გახდება, როგორ შეძლებს ამ დანაპირების შესრულებას. ხალხის უმრავლესობა ხედავს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს შეუძლია დასახულის მიღწევა, მაგრამ, ამ პროცესში მან ქვეყანა ორად გახლიჩა. შეძლებს თუ არა ის მეორე ვადაში ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომ გადაწყვეტილებების მიღებაში არა მარტო მისმა ვიწრო გარემოცვამ შეიტანოს წვლილი? და კიდევ, შეძლებს თუ არა, ისეთივე ერთსულოვანი გახადოს ნაცია, როგორიც ის მისი პირველად გაპრეზიდენტების დროს იყო? ამას დრო გვიჩვენებს.

5.2 კვამლი მდინარეზე

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: დევიდ რემნიკი
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ბაბუაძემ
10 მარტი, 2008

0x01 graphic

REUTERS

ვიდრე ყმებს გაათავისუფლებდა, ალექსანდრე მეორემ მწეველები გაათავისუფლა (თამბაქოს მოწევით თვითონაც რომ თავისუფლად მიეღო სიამოვნება, მასზე იმპერიული აკრძალვა მოხსნა). ალექსანდრე მესამე ვალტორნაზე უკრავდა. ნიკოლოზ მეორე ფოტოგრაფიის დიდი მოყვარული გახლდათ. ეკატერინე დიდს კი, უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა ცხენით ჯირითი. შეიძლება, უზარმაზარი რუსეთის გეოგრაფიის ბრალი იყოს, ანდა მისი ისტორიის სისხლიანი აბსოლუტიზმის, მაგრამ ფაქტია, კრემლის ახალი პატრონის გაცნობა-შეფასება შინაურულ ანეკდოტებზე დაყრდნობით, ყოველთვის უფრო იოლი იყო.

პიკანტური წვრილმანები უცხო არც ყველაზე ცუდი საბჭოთა მმართველების ბიოგრაფიებისთვის ყოფილა. როცა 1982 წელს ლეონიდ ბრეჟნევი გარდაიცვალა და კგბ-ს შეფი იური ანდროპოვი კომუნისტური პარტიის ახალი გენერალური მდივანი გახდა, დასავლურმა პრესამ, ცხადია, გვერდი არ აუარა ახალი მმართველის როლს უნგრეთის 1956 წლის აჯანყებისა და 1968 წლის პრაღის გაზაფხულის ჩახშობაში, მაგრამ მას მაინც დაშაქრული შეფასებებით შეხვდა. „თაიმსი“ წერდა, რომ ანდროპოვს „ღრმააზროვანი მზერა და პედანტიზმი სწავლული ბრძენის იერს ანიჭებს“. „თაიმი“ მას „მახვილგონიერ მოსაუბრედ“ აფასებდა, და შენიშნავდა, რომ ის მის პეგი ლის სიმღერებს უსმენს. „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებული პუბლიკაციის ავტორი კი ანდროპოვს ახასიათებდა, როგორც „შეუდარებელ მასპინძელს“, რომელიც შიგადაშიგ „წამყვან დისიდენტებს საკუთარ სახლში დამტკბარი დისკუსიებისთვის ეპატიჟება და ხშირად გათენებამდე ესაუბრება მათ“.

ახლა მოდის დიმიტრი ანატოლიევიჩ მედვედევი, რუსეთის ახალი პრეზიდენტი. 5.4 ფუტი სიმაღლის (164 სმ). 42 წლის. იურისტი. ვლადიმირ პუტინის მეგობარი და ძველი პროტეჟე. ქმარი (მეუღლე: სვეტლანა). მამა (ვაჟი: 11 წლის ილია). მეტსახელი კრემლში: „დიდი ვეზირი“. ყმაწვილკაცობის საყვარელი წიგნი: „საბჭოთა ენციკლოპედია“. ესმის „ოლბანური“ - რუსული ინტერნეტ-სლენგის ენაზე - ხელოვნება. მისდევს იოგას. ცურავს ყოველ დილა-საღამოს. უსმენს 70-იანების როკ ჯგუფებს. „მძიმე როკი სკოლიდან მიყვარს“, - გაუმხილა კორესპონდენტს ცოტა ხნის წინ, - „დღეს, მაგალითად, შემიძლია ვიამაყო იმით, რომ „დიფ ფარფლის“ სრული კოლექცია მაქვს“. და თუ თქვენი ცნობისმოყვარეობა კიდევ ვერ დაკმაყოფილდა, იმასაც გეტყვით, რომ მედვედევს კრემლში აკვარიუმიც აქვს და მის გარდა არავის აქვს უფლება, თევზებს საკვები ჩაუყაროს.

როცა ახალი, 1999 წლის გარიჟრაჟზე, ვლადიმირ პუტინი მოვიდა სათავეში, მის შესახებ უცებ გავრცელდა ხმები, რომ, ახალი მმართველი ძიუდოს ექსპერტი იყო; რომ ჰყავდა პუდელი სახელად ტოსკა; და რომ მისი დიდი ბაბუა ლენინის მზარეული ყოფილა. თუმცა, ყველაზე მეტად პუტინის კგბ-ში გაკეთებული კარიერა გახმაურდა. და ეს არცთუ უსაფუძვლოდ მოხდა, რუსეთის ფედერაციის რვაწლიანი მმართველობის განმავლობაში, პუტინი თავისი „კაგებეშნიკური“ სკოლისა, ისეთივე ერთგული დარჩა, როგორიც იტონის ერთგულები რჩებიან ამ კოლეჯის ძველი კურსდამთავრებულები. მოსკოვში კარგად ცნობილი სოციოლოგი ოლგა კრიშტანოვსკაია, რომელიც რუსული ელიტის წარმომადგენელთა ბიოგრაფიებს სწავლობს, აცხადებს, რომ პუტინმა ხელისუფლებაში სკამები კგბ-ს და ფსბ-ს ყოფილ ჩინოვნიკებს დაურიგა. ერთხელ როგორც თვითონვე უთხრა ოფიცრებს, კგბ-ს მთავარ შტაბ-ბინა ლუბიანკაში - „ყოფილი აგენტი - ასეთი ტერმინი არ არსებობს“.

მედვედევის შესახებ კი, ყველაზე გახმაურებული ფაქტი ის კი არაა, რომ ის რუსი ხალხის რჩეული უნდა ყოფილიყო, არამედ ის, რომ მედვედევი პუტინმა შეარჩია, როგორც მისი დაქვემდებარებული უმცროსი პარტნიორი. ცხადია, მედვედევს მშვენივრად ესმის საკუთარი როლი. საჯარო მიმართვით, რომლითაც საპრეზიდენტო კანდიდატურა წამოაყენა, მედვედევმა ერთნაირად აღაფრთოვანა აგენტები, ბიუროკრატები და კორპორაციული ბარონები - ანუ ყველა ის პირი, ვისი სტატუსიცა და სიმდიდრეც მთლიანად პუტინზეა დამოკიდებული. მედვედევმა განაცხადა, რომ თუ მას ერთი პროცენტით მაინც გაუმართლებს და არჩევნებს მოიგებს, საკუთარ პრემიერ-მინისტრად პუტინს დაასახელებს. სწორედ ამ სიტყვების წარმოთქმისას, მედვედევი სიმაღლეში ერთი სანტიმეტრით დაპატარავდა.

უღიმღამო და ლამის დეპრესიისმომგვრელი საარჩევნო კამპანიის წარმოებისას, სახელმწიფო ტელევიზია მედვედევს გულმოდგინედ ძერწავდა, როგორც ერთგულ და უნარიან ახალგაზრდა კაცს, რომელიც პატრონის ხმას ათას ხმაში არჩევს და უკან მიჰყვება. ანუ, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ნავთობზე ექვს წელიწადში ხუთჯერ მომატებული ფასით დაშინებული რუსეთის ეკონომიკა, კვლავაც, აღორძინების გზით ატაროს.

პუტინის პოპულარობა ძალიან ჰგავს ავტოკრატი მმართველის პოპულარობას - მისი ოპოზიციონერობა ნიშნავს, აღმოჩნდე მარგინალიზაციის, ციხის ან კიდევ რაიმე, უარესი საფრთხის წინაშე. ხოლო პუტინის რუსეთის მოჩვენებითი სტაბილურობა რაღაც ნაციონალური შეთანხმების მსგავს პრინციპს ეფუძნება: ვიდრე რიგითი მოქალაქეები ოპოზიციური პოლიტიკისგან შორს დგანან, მათ აქვთ უფლება, თავისუფლად მართონ თავიანთი პირადი ცხოვრება.

0x01 graphic

რუსეთის ყოფილი და ახალი პრეზიდენტები არჩევნებისადმი მიძღვნილ კონცერტზე, 2 მარტი, 2008
REUTERS

თუ ამ ორ მამაკაცს შორს არსებობს რაღაც აშკარა მსგავსება, მაშინ, ეს სტილია, უფრო სწორად კი, საურთიერთობო ენა. პუტინი - როგორც ეს მისი ცხოვრების უმთავრეს პროფესიას შეჰფერის - ფრთხილი, შეუვალი და აგრესიულია. მისი ქარიზმის არცთუ მცირე ნაწილს შეადგენს პირწავარდნილი რუსული ჟარგონით მტრის ერთბაშად განადგურება - იქნება ეს საგარეო თუ საშინაო, რეალური თუ გამოგონილი მტერი. სულ ახლახან, მქუხარე აპლოდისმენტებით ჩავლილ მრავალსაათიან პრესკონფერენციაზე, პუტინს უხსენეს მედიაში გავრცელებულ ხმები იმის შესახებ, რომ კრემლში ცხოვრების წლებში, ის ევროპის უმდიდრესი კაცი გახდა. კრემლის თარჯიმანმა პუტინის პასუხი ასე თარგმნა: „ეს ხმები მათ თავად შეთითხნეს და შემდეგ საკუთარი გაზეთებით გაავრცელეს“. სინამდვილეში კი პუტინმა კითხვას ასე გასცა პასუხი: „ეს ჭორები მათ ცხვირიდან ჟღვლინტივით გამოაგორგოლავეს და შემდეგ თავიანთი პატარა გაზეთების ფურცლებზე წაგლისეს“.

მედვედევი უფრო რბილი შეფასებებით გამოირჩევა და შედეგად, უკვე მოიპოვა თავის კოლეგებზე უფრო ჭკუადამჯდარი და ლიბერალი კაცის იმიჯი. ბოლო პერიოდში მან გაბედა და რუსეთის შესახებ რამდენიმე ლიბერალური ჟღერადობის კრიტიკული მოსაზრებაც გამოთქვა: „რუსეთი არის ქვეყანა, სადაც ლეგალური ნიჰილიზმი მეფობს“, - აღნიშნა მან, - „არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ შეიძლება გაჩნდეს ასეთი საყოველთაო უპატივცემულობა კანონის ბატონობის წინააღმდეგ“.

მაგრამ მედვედევის „ლიბერალიზმს“ ისევე არ უნდა ენდოს კაცი, როგორც ზედმეტად არ უნდა აღფრთოვანდეს ვინმე მისი სიყვარულით ტროპიკული თევზებისა და მდინარეზე ადენილი დენთის კვამლის მიმართ. ის აირჩიეს იმ პრეზიდენტის ერთგულებისა და მორჩილების გამო, რომელმაც ხელისუფლებაში დასარჩენი გზა მოძებნა. ეს კი ნუგეშით ავსებს ყველა იმ ადამიანს, რომლებიც დადგენილი სტატუს კვოს წესებზე არიან დამოკიდებულნი. „მედვედევი ისეთი სუსტი პიროვნებაა, რომ შეიძლება ლობისტებმა, ის პრეზიდენტობის მეორე დღესვე საკუთარ მაგიდაზე გაჟიმონ. პუტინმა ეს კარგად იცის“, - განაცხადა ბორის ელცინის ყოფილმა მრჩეველმა მიხაილ დელიაგინმა გაზეთ „მოსქოუ თაიმსში“, - „პუტინისგან გასხვავებით, რომელმაც კარგად იცის, რომ მრისხანება რუსული ხასიათის მნიშვნელოვანი ნაწილია და თავის ამ ცოდნას საჭიროებისამებრ ყოველთვის იყენებს - მედვედევი რაფინირებული და კეთილშობილი არისტოკრატის ვაჟია, რომელსაც არ შესწევს ძალა, საკუთარი ნება ვინმეს თავს მოახვიოს“.

შესაძლოა, დროთა განმავლობაში, მედვედევმა საკუთარი თავი იპოვოს კიდეც, მაგრამ საქმეს მაინც ისეთი პირი უჩანს, რომ ის პუტინის მემკვიდრეობას არასდროს შეელევა. კეთილდღეობის ზრდის მაჩვენებლები აბსოლუტურად აშკარაა, მაგრამ ასევე აშკარაა ფაქტი, რომ პუტინმა ჩამოიშორა, ანდა მიიმხრო პოლიტიკური გავლენის ყველა სხვა ცენტრი. შესაბამისად, რუსეთს დღეს აქვს მარიონეტული კანონმდებლობა, სუსტი სასამართლო და ჩაჩუმებული პრესა. რუსული მართლმადიდებლური ეკლესიაც სახელმწიფო იარაღადაა ქცეული. იმპერიული და საბჭოთა წარსულის სიმბოლიკაც აღდგენილია, სახელმწიფო ჰიმნის ჩათვლით. და, როგორც საბჭოთა ეპოქაში ხდებოდა ხოლმე, ხელისუფლება ახლაც თავგამოდმებით არწმუნებს მოსახლეობას, რომ ძალიან აფრთხობთ საგარეო მტრის ფაქტორიც - უკრაინა, საქართველო, ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, ამერიკის შეერთებული შტატები, და - შინაური ამბოხის შესაძლებლობაც. „ეჭვგარეშეა, რომ იქნება ხელისუფლების დამხობის მცდელობა, მაგრამ ჩანაფიქრი არავის გამოუვა“, - აცხადებდა 2005 წელს გაზეთ „დერ შპიგელში“ პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ვლადისლავ სურკოვი.

როცა რვა წლის წინ, ელცინი თანამდებობიდან გადადგა, მთელ ქვეყანას პატიება სთხოვა და არცთუ უმიზეზოდ. მისი სახელით ხომ, რუსეთმა, მართლაც, უამრავი მარცხი განიცადა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ელცინი ასაკში შევიდა და სულ უფრო მეტად დაშორდა ქვეყანაში მისივე წყალობით დაძრულ დემოკრატიულ პროცესებს.

ანალოგიურ მომენტში, ანუ მაშინ, როცა, წესით, პუტინიც ფარდის უკან უნდა გადიოდეს, თვითკმაყოფილების გარდა, ყოფილ პრეზიდენტს სხვა გრძნობა არ აწუხებს. შეიძლება, ხანდახან საკუთარი თავის სიბრალულიც მსუბუქად უტევს ხოლმე, მაგრამ საკუთარ თავში დაეჭვება - არასდროს! „მთელი ამ რვა წლის განმავლობაში, დილიდან ღამემდე, ვშრომობდი, როგორც კატორღის მუშა. მე ამ საქმისთვის გავიღე ყველაფერი, რაც გამაჩნდა. შედეგებით კმაყოფილი გახლავართ“. ესაა პუტინის სიტყვები.

0x01 graphic

REUTERS

5.3 ოცი წლის შემდეგ

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: რევაზ საყევარიშვილი

0x01 graphic

ოპოზიციის მიტინგი ერევანში, 21 თებერვალი, 2008

იქით

ალბათ, განსაკუთრებულ ვნებათაღელვას არ ელოდები, როცა მარტის დასაწყისში ქართულ-სომხურ კონფერენციაზე სომხეთში მიდიხარ. ამინდი კარგია. საკონფერენციოდ გზაზე გადებული საზოგადოება - ნაცნობი და საინტერესო. მანქანა - გამართული. მარნეული - მოწესრიგებული. „ელიტ ელექტრონიქსის“ და თბილისური სამშენებლო კომპანიის ფილიალი - მარნეულის სივრცეში ორგანულად ჩაშენებული. სადახლომდე დაგებული გზა - ნორმალური (ადრინდელი საათ-ნახევრის მაგივრად ნახევარ საათში გადიხარ). საზღვარზე მთელი ინფრასტრუქტურა - მოწყობილი.

მერე რა, რომ ქართველი მესაზღვრე ტრადიციულად უჟმურია და საკუთარი მნიშვნელობის ხაზგასასმელად შენს პასპორტს დიდხანს და მრავალმნიშვნელოვანდ ატრიალებს და ისე გიყურებს, როგორც ლენინი ბურჟუაზიას. საზღვრის ქართულ ნაწილს მაინც მშვიდად გადიხარ.

მერე რა, რომ სომეხ მებაჟეს ეშლება და ქვეყანაში შესვლის თარიღად 28 თებერვალს გირტყამს (როცა ქართველმა სასაზღვრო პოლიციელმა ნახევარი საათის წინ სამშობლოს დატოვების თარიღად 1 მარტი გაგიფორმა). სომხეთის ტერიტორიაზე, მაინც, მშვიდად შედიხარ.

გზა იქით ყოველთვის კარგი იყო. ასე რომ, წესით, მალე უნდა ჩახვიდე. მით უფრო, თუ ქართულად ივლი. მერე კონფერენციის საბანკეტო ნაწილზე ერთ-ერთი სომეხი მონაწილეც იტყვის, ჩვენთან ვინმე გადაჭარბებული სიჩქარით თუ დადის, ნომერზე დახედვაც არ უნდა, ისედაც ცხადია, საქართველოდან ჩამოსული იქნებაო.

გზაზე თვალში საცემად ცოტა მანქანა მოძრაობს. სამაგიეროდ, იჯევანთან მილიციის კორდონია უკვე (მესაზღვრეებისა არ იყოს, პოლიციელებსაც სომხეთში ჯერ კიდევ საბჭოურისმაგვარი ფორმები აცვიათ - რაღაც ლურჯისა და ნაცრისფერის წარმოუდგენელი ნაზავი). არაფერი განსაკუთრებული: გაჩერება, მძღოლთან გეგმიური გასაუბრება და გზის დასალოცად გეგმიურად მოყოლებული Счастливо.

მეორე კორდონი უკვე დილიჟანთან დგას. აქ გასაწევი შლაგბაუმიც ფიგურირებს. სტანდარტულ პროცედურას (გაჩერება, მძღოლთან გეგმიური გასაუბრება და გზის დასალოცად გეგმიურად მოყოლებული Счастливо) მხოლოდ ერთი დეტალი ემატება - მილიციელი ავტომატებით დგანან.

თუმცა, მათი შეიარაღება ჩვენ არ გვერჩის. გზას მშვიდად განვაგრძობთ. საბოლოოდ ვადგენ, რომ ერევანში არ შევდივართ. საკონფერენციო კურორტზე მოსახვედრად დედაქალაქში მიმავალი გზიდან უნდა გადავუხვიოთ. Я вас по дороге перехвачу - მობილურში გვპირდება კონფერენციის თანაორგანიზატორ-მასპინძელი სომხური მხარიდან.

დანაპირებსაც ასრულებს. ოთხი მანქანისგან შემდგარი კორტეჟი გადასახვევთან გველოდება. და ამბავიც აქ ირკვევა: Вы не знали? Да, разогнали уже. Сегодня утром. Вся площадь в крови.

ჰო, ახლა უკვე ყველაფერი გასაგებია. ავტომატიანი პოლიციაც, გაიშვიათებული მანქანებიც და ისიც, რომ რასაც „ევრონიუსი“ აჩვენებს, ყველაფერი ყოველთვის სისულელე არ არის.

იქ: 1988+10+10

მე უფრო ეკონომიკაზე ვწერ და ვკითხულობ ხოლმე. იქიდან ვიცი, რომ მას ციკლური ბუნება აქვს: ზრდას (დიდს თუ მცირეს) ყოველთვის დაცემა უნდა მოყვეს (ასევე დიდი თუ მცირე), მერე ეს ციკლი თავიდან ტრიალდება და ა.შ. თან, ეს ძალიან სქემატური და პრიმიტიული ნათქვამია: ამ ციკლებს შიგნით და მათ გარდამავალ ეტაპებზე ათასი კატაკლიზმი დევს, მილიონობით თუ მილიარდობით ადამიანის შეცვლილი ცხოვრებით და არსებობით.

საბჭოეთის ბოლო წლებისა და პოსტსაბჭოთა პერიოდის სომხეთის პოლიტიკაში 10-10 წლიანი ბიჯები გამოიკვეთა. პირველი 1988 წელი იყო, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ხანა, როდესაც მთიანი ყარაბაღის გამო ჯერ კიდევ სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის პირველი მსხვილი კონფლიქტი მოხდა.

0x01 graphic

სომხეთის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტობის კანდიდატი, სერჟ სარქისიანი მხარდამჭერთა მიტინგზე ერევანში, 17 თებერვალი, 2008

0x01 graphic

სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, ლევონ ტერპეტროსიანი ოპოზიციის მიტინგზე, 20 თებერვალი, 2008

1988 წლის 20 თებერვალს, მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო დეპუტატთა საბჭომ შუამდგომლობით მიმართა აზერბაიჯანის და სომხეთის უმაღლეს საბჭოებს ყარაბაღის აზერბაიჯანიდან სომხეთისთვის გადაცემის თაობაზე. ასე ჩამოყალიბდა ყარაბაღის მოძრაობა, რომლის 17 ლიდერს შორის იმთავითვე ორი განსაკუთრებით გამოირჩეოდა - რობერტ ქოჩარიანი და სერჟ სარქისიანი - მომავალში სომხეთის მეორე და მესამე პრეზიდენტები.

დასუსტებულმა საბჭოეთმა ვეღარ ჩაახშო ათწლეულობით ნაგროვები ეს წინააღმდეგობა. ან აღარ ჩაახშო, დღეს ამაზე დავა, უკვე, უაზროა. ვერ ჩაახშო ვერც სომხეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა, ამხანაგმა კარენ დემირჭიანმა, რომელმაც სწორედ იმ 1988 წელს დატოვა თანამდებობა ყარაბაღის საკითხისადმი მიძღვნილ მიტინგზე ნათქვამი ბოლო სიტყვებით: „რა, ყარაბაღი ჯიბეში მაქვს და არ გაძლევთ თუ, რას მემართლებით?“

იმავე წლის დეკემბრიდან მომდევნო წლის მაისამდე დამოუკიდებელი სომხეთის მომავალი პირველი პრეზიდენტი, სირიაში დაბადებული ლევონ ტერ-პეტროსიანი დისიდენტობისთვის ციხეში იჯდა. სომხეთის უძველეს ხელნაწერთა ინსტიტუტის ყარაბაღის კომიტეტის თავმჯდომარე, იქიდან გამოსვლისთანავე, სომხეთის საერთო ეროვნული მოძრაობის ჯერ ერთ-ერთი ლიდერი, შემდეგ კი თავმჯდომარეც გახდა.

მერე კი, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში: ტერ-პეტროსიანი ჯერ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გახდა (1990), მერე - პრეზიდენტი (1991). თუმცა, სხვაობა მაინც იყო: თუ ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების უმეტესობაში პრეზიდენტობაში ყოფილი პარტიული ბოსები „გადაიზარდნენ“, ტერ-პეტროსიანი გამოკვეთილად დისიდენტური გარემოდან იყო. 1996-ში ის მეორე ვადით ისევ აირჩიეს პრეზიდენტად, რაც მის მეზობელ დისიდენტებს არ ეწერათ (საქართველოში გამსახურდია 1992-ში ჩამოაგდეს სამხედრო გადატრიალებით, აზერბაიჯანში ელჩიბეი - 1993-ში).

თუმცა, განსაზღვრული საპრეზიდენტო ვადის დასრულება არც ტერპეტროსიანს ეწერა. ყარაბაღის მოძრაობის დაწყებიდან ზუსტად 10 წლის თავზე, 1998 წლის 3 თებერვალს მას თანამდებობის დატოვება მოუხდა - იმდროინდელ პრემიერ რობერტ ქოჩარიანთან და თავდაცვის მინისტრ ვაზგენ სარქისიანთან ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაზე განსხვავებული მოსაზრებების გამო: ყარაბაღელებმა პირველ პრეზიდენტს აზერბაიჯანის მიმართ დათმობის მცდელობა არ აპატიეს.

რობერტ ქოჩარიანი, რომელიც 1994 წლიდან მთიანი ყარაბაღის ლიდერი იყო, 2007 წლიდან კი უკვე - სომხეთის პრემიერი, 1998 წლის მარტში სომხეთის პრეზიდენტი გახდა (ტერ-პეტროსიანის გადაყენების მეორე ინიციატორს - ვაზგენ სარქისიანს პრემიერობა ერგო). და თითქოს აქაც იგივე უნდა მომხდარიყო, რაც პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობაში, სადაც კომუნისტი ლიდერები, ადრე თუ გვიან, პირველ პოზიციებზე კვლავაც დაბრუნდნენ.

მარტის არჩევნებზე აკრეფილი 60%25-დან ქოჩარიანმა პროცენტების კარგვა სწრაფი ტემპით დაიწყო. დაკარგულმა პროცენტებმა მყისიერად დაიწყო გადადინება პოლიტიკაში დაბრუნებული და საპრეზიდენტო არჩევნებზე დამარცხებული ყოფილი საბჭოთა პარტიული ლიდერის, კარენ დემირჭიანის ყულაბაში, რომელიც 1999 წლის მაისში პარლამენტის დეპუტატი, ივნისში კი - თავმჯდომარეც გახდა. და თითქოს დემირჭიანის „მეორედ მოსვლასაც“ წინ აღარაფერი ედგა (ეს გზა უკვე კარგა ხნის გავლილი იყო მეზობელ საქართველოში და აზერბაიჯანში, სადაც ხელისუფლებაში შევარდნაძე და ალიევი მობრუნდნენ), რომ არა 1999 წლის 27 ოქტომბერი.

ოთხშაბათს, 27 ოქტომბერს დეპუტატებს საღამოს სხდომა ჰქონდათ ჩასამთავრებელი, რომელზეც, როგორც წესი, სამთავრობო საათი იმართებოდა ხოლმე. ეს სხდომები, როგორც წესი, ყველაზე მეტად ოპოზიციონერებს და ჟურნალისტებს აინტერესებდათ, რადგან სხვა დროს მუდმივად მოუხელთებელ მინისტრებს აქ ნახულობდნენ ხოლმე.

მაგრამ იმ დღეს სხდომას ეს მოლოდინიც ვერ აცოცხლებდა: ტრიბუნაზე ფინანსთა მინისტრი იდგა და დაინტერესებულ კომუნისტ დეპუტატს გრანტს და კრედიტს შორის სხვაობას უხსნიდა.

ამ მონოტონურ ფონზე ავტომატის ჯერი სრულიად არაბუნებრივი იყო. დარბაზში სულ 7 ადამიანი შეიჭრა. სროლა სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა. იმ დღეს მომხდარის დეტალებს დღემდე სხვადასხვაგვარად იხსენებენ. უდავო ყველასთვის მხოლოდ ის იყო, რომ გაუგონარი რამ მოხდა და პარლამენტში შეჭრილმა ტერორისტებმა 8 ადამიანი დაცხრილეს: პარლამენტის სამი რიგითი დეპუტატი, ორი ვიცე-სპიკერი, ერთი მინისტრი და სახელმწიფოს ორი უმაღლესი თანამდებობის პირი - პარლამენტის სპიკერი კარენ დემირჭიანი და პრემიერ-მინისტრი ვაზგენ სარქისიანი.

მომხდარიდან 2 თვის თავზე - 27 დეკემბერს პრეზიდენტი ქოჩარიანი ყოფილ პრემიერსაც და პარლამენტის თავმჯდომარესაც სომხეთის ეროვნული გმირის წოდებას მიანიჭებს (სიკვდილის შემდგომ). 2003 წელს სომხეთის სასამართლო 6 ტერორისტს სამუდამო პატიმრობას მიუსჯის. იმავე 2003 წლის მარტში რობერტ ქოჩარიანი მეორე ვადით გახდება პრეზიდენტი და თავის მეორე საპრეზიდენტო ვადასაც სრულად ამოწურავს - 2008 წლის 19 თებერვლამდე.

0x01 graphic

სომხეთის პრეზიდენტი, რობერტ კოჩარიანი პოლიციის უფროსთან, ჰალკ არუთუნიანთან ერთად, 2 მარტი, 2008
REUTERS

წლეულს, თებერვალში სომხეთს შეეძლო სრულიად ახალი პოლიტიკური პრეცედენტი შეექმნა არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მთელს ყოფილ საბჭოეთში. 1991 წლიდან დღემდე პირველად, სწორედ სომხეთში აპირებდა სახელმწიფოს ყოფილი პირველი პირი ხელმეორე აღზევებას.

„დღეს მე იძულებული ვარ განვაცხადო, რომ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მიწევს ქვეყნის უმაღლესი პოსტის დატოვება. ქვეყნის ხელისუფლებაში მოდის ომის პარტია. მე აღარ ვაპირებ სომხეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას, თუ ჩემს ქვეყანას სასიკვდილო საფრთხე არ დაემუქრა“, - ამ სიტყვებით წავიდა 10 წლის წინ ლევონ ტერ-პეტროსიანი პოლიტიკიდან.

„სომხეთს თხემით ტერფამდე კორუმპირებული რეჟიმი მართავს. კლეპტოკრატია, სადაც ყველაფერი კრიმინალური სამყაროს კანონებს ემორჩილება. ქვეყნის სრული ძარცვა, საგარეო და შიდა პოლიტიკის იმიტაცია, რომელიც მხოლოდ ერთ მიზანს - პირად გამდიდრებას უდგას შირმად. კიდევ ცოტაც და ეს სრულ კატასტროფას მოიტანს ყველა სფეროში. ამ რეჟიმის დემონტაჟი გადადებას აღარ ითმენს“, - ამ სიტყვებით დაბრუნდა ტერ-პეტროსიანი პოლიტიკაში 10 წლის შემდეგ.

დაბრუნდა და დაადასტურა, რომ ყველამ ძალიან იჩქარა, ვინც პირველი პრეზიდენტი საბოლოოდ მიივიწყა. მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში, უამრავი ინტერეს ჯგუფის უკმაყოფილებამ პიკს მიაღწია.

სომხეთი ვითარდება. ეს ფაქტია. მაგრამ მისი განვითარება, მაინც, ძალიან შეზღუდულია, როდესაც ქვეყანა პერმანენტულ ბლოკადაშია მოქცეული. და ამ ბლოკირებულ, მოკრძალებული რესურსების მქონე ქვეყანაში კიდევ უფრო თვალში საცემი და მტკივნეული, რაღაც ეტაპზე კი უკვე აუტანელიცაა, როცა სახელმწიფოს ერთადერთი, ტერიტორიული ნიშნით დაკომპლექტებული სახელისუფლო კლანი მართავს და არანაირი ბალანსი არათუ პრაქტიკაში, სურვილის დონეზეც კი არ არსებობს.

ამ მხრივ, სომხეთი ნამდვილად არ არის გამონაკლისი. ბევრგან მომხდარა, რომ ომის მომგები ძალა, რომელიც საწყის ეტაპზე თითქოს ქვეყნის მხსნელად იკვეთება, დროთა განმავლობაში მისი აუტანელი ტვირთი ხდება. ყარაბაღულმა კლანმა, რომელმაც სომხეთს ყარაბაღზე კონტროლი შეუნარჩუნა და როგორც გამარჯვებულმა, ძალიან ბევრი რამ მოითხოვა და მიიღო, დროთა განმავლობაში ყველანაირი შემაკავებელი ბარიერი მოარღვია, კონტროლი მთლიანად დაკარგა, ყველაფრის „ქვეშ ამოდება“ სცადა და სრულად მოსწყდა სინამდვილეს, რომელიც 2008 წელს უკვე სულ სხვაა - აბსოლუტურად განსხვავებული 1998 და, მით უფრო, 1988 წლისგან.

ეს რეალობა უკვე ვეღარ ხუჭავს თვალს უსამართლობაზე მხოლოდ იმ მოტივით, რომ „შავბაღელებმა“ ომი მოიგეს. ვეღარ ხუჭავს, რადგან ომის მომგებებმა, უკვე, საკმაო ალაფი მოიპოვეს. სამაგიეროდ, ეს რეალობა მზად არის, უფრო ლმობიერად შეუფასოს და დაუვიწყოს კიდეც პირველ პრეზიდენტს ყველა გადაცდომა, პარტიების აკრძალვა, მედიის დახურვა, ეკონომიკური კრიზისი, ყარაბაღელების ხელისუფლებაში მოყვანა და, თქვენ წარმოიდგინეთ, აზერბაიჯანთან შედარებითი დათმობაც კი.

და არა იმიტომ, რომ „ის“ უყვარს. არა. უფრო იმიტომ, რომ „ესენი“ აღარ უნდა, თავი მოაბეზრეს, ბევრჯერ შეურაცხყვეს და თუ რამე კარგი გააკეთეს, ასმაგი ცუდით გააქარწყლეს.

ამიტომაც, კინაღამ განხორციელდა ტერ-პეტროსიანის „მეორედ მოსვლა“. ადამიანისა, რომელმაც დროის უმოკლეს პერიოდში, სულ 3-4 თვეში მოახერხა სრულიად განსხვავებული საპროტესტო განწყობების შეერთება და კალაპოტში მიმართვა. და ეს გააკეთა კაცმა, რომელიც ამ პერიოდში გალოკილი თითივით მარტოსული იყო და ყველაფერს თვითონ აკეთებდა - სფიჩრაიტერობიდან დაწყებული და აქციების დაგეგმვა-განხორციელებით დამთავრებული.

ამ ერთმა კაცმა, კინაღამ ბეჭებზე დასცა ყარაბაღის ომის მომგები პარტია. პარტია, რომელმაც კარგად იცის საბრძოლო ომის ხელოვნება, მაგრამ სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩნდა მშვიდობიან ომში. მან ეს ომი რეალურად წააგო და მზის ქვეშ ადგილი მხოლოდ უხეში ძალის გამოყენებით შეინარჩუნა, თუმცა, გაურკვეველი ვადით.

ერევანში მიტინგის მსხვერპლიანი დარბევის დროს (8 კაცი გარდაიცვალა) ტერ-პეტროსიანი უკვე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. Если они Левона выпустят к толпе, то его на руках внесут в президентский дворец, - მიმტკიცებდა მასპინძელი სომეხი ჟურნალისტი.

პროგნოზის რეალურობა ვერ შევაფასეთ - ლევონი გარეთ არ გამოუშვეს. არც სხვები. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ის ჯერ კიდევ პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა გამოაცხადა. მის მემკვიდრედ სომხეთის ცესკომ კიდევ ერთი „შავბაღელი“, სერჟ სარქისიანი გამოაცხადა - 1993-95 წლებში (ტერ-პეტროსიანის დროს) და 2000-2007 წლებში (ქოჩარიანის დროს) თავდაცვის მინისტრი, ბოლო დრომდე კი - სომხეთის პრემიერი. პირველი პრეზიდენტის გადაყენების დროს სარქისიანი შინაგან საქმეთა და ეროვნული უშიშროების მინისტრი იყო და ტერ-პეტროსიანის გაძევებაში არც მას დაუდვია მცირე წილი.

ამჯერად, ორივე პრეზიდენტობისთვის იბრძოდა. ოფიციალურმა წყაროებმა პრეზიდენტად სარქისიანი გამოაცხადეს. პროტესტს აქციები, კარვების გაშლა, ქუჩის ბრძოლა, 8 გარდაცვლილი და საგანგებო მდგომარეობა მოყვა. იძულებითი ტაიმაუტი მალე უნდა დასრულდეს. ამბობენ, რომ გაგრძელება იქნება. თუმცა, ზუსტად რა იქნება, ამის პროგნოზირებას თამამად უკვე ვეღარავინ ახდენს. Такого у нас до сих пор не было. Соответственно, трудно параллели проводить.

აქეთ

შთაბეჭდილებები სახლამდე რომ არ განელდეს, ამაზე უკვე ქართული მხარე ზრუნავს. 2 მარტს საღამოს აწყობს რეიდს და საბაჟოს მთელ ცვლას აპატიმრებს. საზღვარიც მანამდეა ჩაკეტილი, სანამ თბილისიდან ახალ ჯგუფს არ ჩამოიყვანენ და საბაჟო მუშაობას არ განაახლებს.

3 საათი საზღვარზე დგახარ. ძლიერი შთაბეჭდილებაა, უდავოდ. მით უფრო, როცა გვერდით რეანიმობილი გიდგას და განუწყვეტლივ ანათებს. მოგზაურობის უკეთესი ფინალი, ალბათ, წარმოუდგენელიც კია.

5.4 ნაციონალურ-ჯვაროსნული ლაშქრობა „ევროვიზიის“ დასაპყრობად

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: გია ხადური

0x01 graphic

ალბათ, ყველას ახსოვს ის აჟიოტაჟი, შარშანდელ „ევროვიზიის“ კონკურსს რომ ახლდა ჩვენში. ეს გასაგებიცაა - საქართველო ხომ პირველად იღებდა ამ ღონისძიებაში მონაწილეობას, მაგრამ მაინც, გაოცებას იწვევდა ის, რომ ლამის მთელი ქვეყანა იყო მობილიზებული, რათა „ღირსეულად“ წარმოვჩენილიყავით ამ ერთ დროს (30 წლის წინ) პრესტიჟულ, მაგრამ დღესდღეობით, ყოველგვარ ფუნქციადაკარგულ კონკურსში. ამ დიადი მიზნის განსახორციელებლად უზარმაზარი ენერგია, დრო და სახსრები დაიხარჯა, ჩანაწერები ლონდონის პრესტიჟულ სტუდიაში გაკეთდა, ძვირიანი კლიპები დამზადდა, ვიზაჟისტები და დიზაინერები მუხლჩაუხრელად მუშაობდნენ, არ გამორჩენიათ მომღერლის „პრონაუნსის“ დახვეწა, საქმეში ჩართეს „სუხიშვილებიც“ და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სოფო ხალვაშმა, ლამის ყველა ტელეარხზე შეავიწროვა გავარსკვლავებული პოლიტიკოსებიც კი (მართალია, დროებით, მაგრამ მაინც), რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო ქართული ტელევიზიის უახლეს ისტორიაში.

მაგრამ „დიდ“ იმედებს მოჰყვა „დიდი“ იმედგაცრუება და ვერ გავიმარჯვეთ, რასაც მოჰყვა ხანგრძლივი სჯა-ბაასი დამარცხების მიზეზებზე. იყო ლაპარაკი, „ჩვენ“ ჯერ არ გვიცნობენ და ამიტომო... (თუმცა, ყოველ წელს რომ გავიმარჯვოთ „ევროვიზიაზე“, მაინც ვერ გაგვიცნობენ, რადგანაც თავმოყვარე ადამიანებმა დასავლეთში, არც იციან ამ კონკურსის არსებობის შეასახებ), თქვეს, ცუდია, რომ „პროფესიონალები“ არ აფასებდნენო (მაგრამ ეს, ყველას წინასწარ უნდა სცოდნოდა), აქაც, პოლიტიკასთან გვაქვს საქმე და ზედმეტად დაჩაგრული სერბეთის წარმომადგენელს იმიტომაც გაამარჯვებინესო (არადა, მათი ნამდვილი დაჩაგვრა ჯერ კიდევ წინ იყო) და ა.შ და ა.შ

ასეა თუ ისეა, ვნებები ჩაცხრა, „პიონერი“ კონკურსანტიც ყველამ დაივიწყა, ხელისუფლებასაც მანამდე არნახული პრობლემა დაატყდა თავს და „ევროვიზიისთვის“, წესით, არავის უნდა სცლოდა, მაგრამ თუ „ბოლშევიკებისთვის“ რელიგია წარმოადგენდა ოპიუმს, ჩვენთვის, წელიწადში ერთხელ, როგორც ჩანს, „ევროვიზიას“ არანაკლები სიძლიერის ოპიუმად აქცევენ. რა თქმა უნდა, „ევროვიზიაზეც“ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, „იურმალაშიც“ და „სოპოტშიც“ (თუმცა, შეიძლება ეს კონკურსი აღარც იმართება), მაგრამ ამ კონკურსთან დაკავშირებით, ამხელა ამბის ატეხვა, ნამდვილად, არცერთ ქვეყანაში არ შეიმჩნევა. კვლავ დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ეს არის უპრესტიჟულესი კონკურსი, რომ მისი მაღალი სტანდარტები ქართულ შოუ-ბიზნესს განავითარებს და ხელს შეუწყობს ევროპულ პოპ-სივრცეში ჩვენს ინტეგრაციას. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ჩვენი მასმედიის და, პირველ რიგში, ტელევიზიის „შემოქმედებითი“ კოლექტივები და კიდევ ის ხალხი, ვინც, მორალურად თუ თანამდებობრივად, კულტურაზეა პასუხისმგებელი (სპორტი და ძეგლთა დაცვა არ მყავს მხედველობაში), იმდენად უმეცარნი და უუნარონი არიან, რომ თავიანთი „ნიჭის“ და „პოტენციის“ სრულად რეალიზებას, სწორედ „ევროვიზიასთან“ მიმართებაში ახერხებენ. უფრო მეტიც, თუ შარშან ერთი კანდიდატი გვყავდა, წელს უკვე თორმეტნი აცხადებენ პრეტენზიას ბელგრადში გამგზავრებაზე, რასაც, კიდევ უფრო მეტი „ინტრიგა“ და „დრამატიზმი“ უნდა შეეძინა შესარჩევი ტურისთვის, მაგრამ, დიანა ღურწკაიას მოულოდნელმა მონაწილეობამ, სწორედ ინტრიგა დაუკარგა ამ პროექტს. ის, უკვე თავიდანვე, ნომერ პირველ ფავორიტად აღიქმებოდა. განა იმიტომ, რომ ვინმეზე უკეთესად მღერის ან ყველაზე კარგი სიმღერა წარადგინა, უბრალოდ, მას მაინც აქვს რაღაც ქარიზმა, რის დეფიციტსაც აშკარად განიცდიან მისი კონკურენტები და თანაც... სოხუმელი, უსინათლო გოგონა, ლტოლვილი, რომელსაც ორჯერ მეტი ძალისხმევა, ნიჭის გამოვლინება, მოთმინება და ნებისყოფა სჭირდებოდა იმისათვის, სერიოზული წარმატებისთვის რომ მიეღწია. თანაც სად, მტრულად განწყობილი ქვეყნის მეგაპოლის დედაქალაქში, მოსკოვში, რომელსაც არც ადრე სჯეროდა ცრემლების და, მით უმეტეს, არც ახლა სჯერა. ასეთი „ბექგრაუნდი“ კი, ძლიერ ზემოქმედებას ახდენს ხალხზე. რაც შეეხება მის ვოკალს, შეიძლება, მას არ ჰქონდეს ყველაზე ძლიერი დიაპაზონის ხმა, მაგრამ, სამაგიეროდ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხმის ტემბრი გააჩნია, რაც დანარჩენებს არ ჰქონიათ, რომელთაც, უმთავრესად, სუროგატული ვოკალი აქვთ. მათი უმეტესობა კვლავაც ჯიუტად ცდილობს „სოული“ იმღეროს. ეს ყოველთვის წამგებიანია თეთრკანიანი, თუნდაც, ამერიკელი შემსრულებლისთვისაც, რადგანაც, ვერც ერთი მათგანი ვერ მისცემს „სოულს“ ისეთი სიღრმის ემოციას, როგორსაც შავკანიანი შემსრულებელი. თუმცა, უდავოდ წინსვლა იყო ის, რომ ამ კონკურსზე, ჟღერადობის და არანჟირების თვალსაზრისით, თათრულბაიათურის ნაცვლად, აშკარად იგრძნობოდა ამერიკულ-ფანკურ, ანდაც ევროპულ სტანდარტებზე ორიენტირება. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ეს კონკურსი საპრეზიდენტო არჩევნებივით, მაინც, კონკურენტუნარიანი გამოვიდა. ძალიან დიდი ყურადღება ექცეოდა შოუს ვიზუალურ მხარეს, ბევრი იყო მონდომება და მცდელობა, თუმცა, უმთავრესად წარუმატებელი. ეს განსაკუთრებით წამყვანს შეეხო, რომელიც „დუხოვკაში“ შესაბრაწად გამზადებულ, ვერცხლისფერ „ფოლგაში“ შეხვეულ ეგზოტიკურ ფრინველს უფრო წააგავდა, ვიდრე ბელგრადში გამარჯვებულის გასაფრენად გამზადებული თვითმფრინავის „გლამურ“-„პილოტს“.

0x01 graphic

მაგრამ, დაუბრუნდეთ დიანა ღურწკაიას. უნდა ითქვას, რომ სიმღერა, რომელიც მან შეასრულა, ძალიან უბრალო, სწორხაზოვანი და ბანალურია. აღსანიშნავია ისიც, რომ ის „ბექგრაუნდი“ და ქარიზმა, რომელიც ასე თუ ისე ეფექტურად მუშაობს როგორც ჩვენში, ისევე რუსეთში, აბსოლუტურად არაფრის მომცემია იქ. ასევე გასათვალისწინებელია სცენოგრაფია და დადგმა, ანუ თანამედროვე სტანდარტებით, სოლისტიც ისევე უნდა იყოს ჩართული შოუს დინამიკაში, როგორც მისი თანმხლები ბექ ვოკალები თუ მოცეკვავეები, რაც ასევე პრობლემაა. ეს ყველაფერი, ერთობლიობაში, აშკარად ამცირებს დიანა ღურწკაიას საბოლოო გამარჯვების შანსებს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ პირადად მისთვის, „ევროვიზიაში“ არც მონაწილეობა და არც გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნამდვილად არ არის. ღურწკაია, უკვე საკმაოდ ცნობილი და წარმატებული ფიგურაა რუსულ შოუ-ბიზნესში, სადაც მეტად გავლენიანი მეგობრებიც ჰყავს და ასევე, გავლენიანი და წარმატებული ბიზნესმენი მეუღლე (რომელთანაც მისი ქორწინება მთელი რუსული ბომონდის სალაპარაკო გახდა და მასმედიაშიც ფართოდ გაშუქდა). ჰყავს შვილი და საერთოდ არ სჭირდება ახალი სივრცეების ათვისება. მაგრამ გამომდინარე იქიდან, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას ჩვენი ხელისუფლების მიმართ, არ არის გამორიცხული, თვით პრეზიდენტს ეთხოვა, რომ იგი, რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავი სოხუმიდან, სწორედ საქართველოს სახელით გამოსულიყო საერთაშორისო კონკურსზე. ამას უკვე პოლიტიკური კონტექსტიც გააჩნია. მართლაც, გასაკვირია, რატომ არის ჩვენი მმართველი ელიტა ასე შეპყრობილი „ევროვიზიაზე“ გამარჯვების იდეით. დაუშვათ და, გაიმარჯვა ქართველმა ამ კონკურსში, რა მერე, დაიწყება ქართული ესტრადის ძლევამოსილი სვლა ევროპის საკონცერტო დარბაზებში? ანდაც, ავტორიტეტი და პრესტიჟი აუმაღლდება ამით ჩვენს ქვეყანას და უფრო პატივისცემით მოგვეპყრობიან? თუ რაშია საქმე? ხომ გაიმარჯვა სერბმა შარშან, და პატივისცემის მაგივრად, აგერ, ერთი წლის თავზე, კოსოვო ისე დააწერეს, როგორც გოიმს. სამაგიეროდ, წლევანდელი ფესტივალი უკვე ბელგრადში ტარდება. ალბათ, სწორედ ამაზე აქვს ჩვენ ოფიციოზს ფსონი დადებული და პრინციპში, რა არის ამაში ცუდი? არც არაფერი, პირიქით: რადგანაც, წელს გამარჯვების შემთხვევაში, გაისად, ჩვენთან ჩამოვა ათიათასობით სტუმარი, რაც განავითარებს ტურისტულ ინფრასტუქტურას, შემოვა დიდი ფული და შეივსება ბიუჯეტი. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენი ხელისუფლების სწორ კურსს, რადგანაც საქართველო იქნება სიღარიბის გარეშე, არავინ აღარ იშიმშილებს (გარდა მოხალისე მოშიმშილეებისა, რომელთაც ყორჩიხა-ხანის ბანაკივით დასცეს კარვები პარლამენტის წინ). რა თქმა უნდა, მიგვიღებენ ნატოშიც, ევროკავშირშიც და საქართველოც ბოლოს და ბოლოს გაიბრწყინებს, შეასრულებს რა თავის გეოპოლიტიკურ და ისტორიულ მისიას, რომელიც რაში მდგომარეობს, მაინც არ გვეცოდინება.…

5.5 საზოგადოებრივი ტელევიზიის საბჭოს არჩევის ამბავი

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ნინო დანელია

0x01 graphic

ამ ბოლო დროს, ხშირად ვფიქრობ, რომ ჩემი სამშობლო სრულიად გაუგებარ ქვეყნად ყალიბდება. ფასეულობები ისეა არეული, რომ „საშუალო სტატისტიკური ქართველი“ კი არა, ბრძენთა ბრძენიც ვერაფერს გაიგებს. არაფრით არ მესმის, რატომ გახდა „პარლამენტარიზმის მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევის“ მიზეზი ის ამბავი, რომ ყველა რაიონს ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი პარლამენტში და ამომრჩეველმა კონკრეტულ ადამიანს და არა, პარტიულ სიას მისცეს ხმა. ვერც ის გავიგე, რატომ მიაჩნიათ დიდებულ ადამიანად და ქვეყნის ხელისუფლების მშვიდობიანად და, რაც მთავარია, ლეგიტიმურად შეცვლის მოსურნედ ადამიანი, ვინც შინაგან საქმეთა მინისტრს ნემსის ჩხვლეტით უპირებდა მიძინებას და სიცოცხლესთან გამოსალმებას. არც ის მესმის რას ნიშნავს „მებრძოლი ათეისტი“ და რატომ ითვლება სიტყვის თავისუფლების მთავარ დამცველად ჟურნალისტი, რომელიც ჯერ ასლან აბაშიძის კარზე, შემდეგ კი ბადრი პატარკაციშვილის ტელევიზიაში მსახურობდა; რატომაა პოპულარული თოქ-შოუ „პრაიმ-ტაიმი“, სადაც არსებითი კითხვები არ ისმება, დარბაზიდან საბრძოლო ყიჟინა ისმის და სამ-სამი ოპონენტი ყოველ გადაცემაში ერთსა და იმავეს ლაპარაკობს. არაფრით არ მესმის რატომ აღმოაჩინა მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ ახლა, რომ, თურმე, სკოლის დირექტორები ლოტოტრონით დაუნიშნავთ; რატომ მოსდგამს ქართველ ექიმს ექიმობა გენეტიკურად და რატომ არაფრით არ გამოვდივართ დსთ-დან. კიდევ ბევრი რამაა ჩემთვის გაუგებარი, მაგრამ ახლა ერთ ძალიან კონკრეტულ და სრულიად გაუგებარ ამბავს მოგიყვებით.

სანამ ქვეყნისთვის უპირველესი და უმთავრესი მნიშვნელობის საკითხი მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის წესი გახდებოდა, მანამდე, ვნებათა ღელვის მიზეზი საზოგადოებრივი მაუწყებელი და მისი დირექტორი, ქალბატონი თამარ კინწურაშვილი იყო. საკითხთა ნუსხაში ეს ყველაზე ადვილად გადასაწყვეტი პრობლემა აღმოჩნდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრობისთვის კონკურსი გამოცხადდა. წევრობისთვის აუცილებელ კრიტერიუმად კი საზოგადოებრივი ნდობის მაღალი ფაქტორი დასახელდა, რაც მინიმუმამდე დაიყვანდა შესაძლო გარე ზეწოლების გავლენას საბჭოს წევრზე. ასევე, მთავარი პირობა ისიც იყო, რომ კანდიდატი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსის, ანუ შეთანხმების პრინციპით შეირჩეოდა.

საბუთების შეტანის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა ისეთი დაჩქარებული წესით წარუდგინა პარლამენტს საბჭოს წევრობის 27 კანდიდატის სია, რომელთაგან საბოლოოდ 9 უნდა შერჩეულიყო, რომ ბევრმა კანდიდატმა ხმის მიცემის პროცედურაზე მისვლაც კი ვერ მოასწრო. აბა, როგორ მოასწრებდა, როცა განხილვამდე მხოლოდ ერთი ან ნახევარი საათით ადრე შეატყობინეს, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში უნდა მისულიყო მოსმენაზე. რატომ მაინცდამაინც დარგობრივი ეკონომიკისა და არა, ვთქვათ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ან რომელიმე სხვა კომიტეტში, ვერ გეტყვით. მოგვიანებით, კი მივხვდი, რომ სულ არ ჰქონდა მნიშვნელობა, მიხვიდოდი თუ არა მოსმენაზე, რომელ კომიტეტში მიხვიდოდი და იტყოდი თუ არა, საერთოდ, რამეს. ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო, საბჭოს მომავალმა 9 წევრმა უკვე იცოდა, რომ სწორედ მათ აირჩევდნენ და საბჭოს წევრობის სხვა კანდიდატებმა მთელ ამ პროცესში მხოლოდ მშვენიერი დეკორაციის ფუნქცია შეასრულეს.

თუმცა, ამაზე არ მიფიქრია, როცა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონი ნიკო ლეკიშვილის კაბინეტში ვიჯექი. ვფიქრობდი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტზე, პროგრამულ პრიორიტეტებზე, საბჭოს ფუნქციასა და მსგავს საკითხებზე. ვერაფრით წარმოვიდგინე, რომ პარლამენტის წევრებს შეუძლიათ გადაწყვეტილება ისე მიიღონ, რომ არ იცოდნენ რას და რატომ ან რის საფუძველზე აკეთებენ. უფრო სწორად, მხოლოდ იმიტომ აძლევდნენ ხმას რამეს ან ვინმეს, რომ პარტიამ ასე გადაწყვიტა და არ იკითხონ რატომ გადაწყვიტა ასე და არა სხვაგვარად. ერთსულოვნება ძალიან კარგი მოვლენაა, მაგრამ სტატისტობა მთლად საპატიო წოდება არ მგონია.

ეკონომიკის დარგობრივ კომიტეტში კი საქმიანი ატმოსფერო სუფევდა. ოთახის ცენტრში იდგა ოვალური მაგიდა, რომლის გარშემოც კომიტეტის წევრები ისხდნენ. ოთახის კედლებთან ერთ რიგად ჩამწკრივებულ სკამებზე კი საბჭოს წევრობის კანდიდატები მოვლენების განვითარებას ელოდნენ. ძალიან საქმიანი და სერიოზული გამომეტყველების მქონე ადამიანები თაბახის ფურცლებით ხელში გადი-გამოდიოდნენ კაბინეტიდან დერეფანში და პირიქით. ამასობაში, მაგიდის თავში მჯდომმა ბატონმა გვთხოვა, რომ 15 წუთი კიდევ დავლოდებოდით კანდიდატებს და შემდეგ განხილვა დაგვეწყო. ყველა დაეთანხმა. ლოდინი დიდხანს არ გაგრძელებულა. იმავე ბატონმა, კიდევ ერთხელ თქვა ოფიციალური სალამი და სალამს საოცარი განცხადება მოაყოლა: რა უნდა ვკითხოთ ახლა, მეგობრებო, ამ ხალხს. ჩვენზე უკეთ იციან ეს საქმე. ეჭვიც არ მეპარება, რომ საქმის პროფესიონალები არიან. მოდით, ყველაფერი ფარულმა კენჭისყრამ გადაწყვიტოს. წარმატება გვისურვა და იკითხა, შემთხვევით ჩვენგან ვინმეს ხომ არ სურდა რამის თქმა. უარყოფითი პასუხი მიიღო და კრება მხიარულად დაიშალა.

კენჭისყრამდე ერთი საათი რჩებოდა. ძველი კარგი ნაცნობები პარლამენტის ბუფეტში ერთ მაგიდას შემოვუსხედით. ერთმანეთი მოვიკითხეთ, ჩვენი ქვეყნის ამბები მიმოვიხილეთ და შევეცადეთ გამოგვეცნო ის პრინციპი, რა პრინციპითაც კანდიდატების სამეულთა ჯგუფები ჩამოყალიბდა. ანუ 27 კანდიდატი სამ-სამად დაჯგუფდა და ამ სამიდან, კენჭისყრის შედეგად, ერთი-ერთი უნდა გამხდარიყო საბჭოს წევრი. ის, რომ საბჭოს წევრობის კანდიდატი ექვსი ქალი ერთად აღმოჩნდა, ამისთვის მაშინ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ბევრად უფრო სერიოზულ კრიტერიუმებს ვეძებდი, ვიდრე ადამიანთა სქესის მიხედვით დაყოფაა.

ამ ფიქრსა და საუბარში სხდომათა დარბაზში შესვლის დროც მოვიდა. საპარლამენტო ლოჟაში შევედით. ვინც შემდეგ, საბჭოს წევრი გახდა, ყველა რატომღაც საპარლამენტო ლოჟის წინა რიგში დაჯდა. მაშინ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ კენჭისყრა, წინა საბჭოსი არ იყოს, ფარსად იქცეოდა. სამაგიეროდ, ეს იცოდა საბჭოს მომავალმა 9 წევრმა. იცოდა, ან უბრალოდ გული უგრძნობდა, ინტუიცია კარნახობდა, რომ სწორედ მათ აირჩევდნენ და სწორედ ამიტომ დასხდნენ პირველ რიგში. დამთხვევებს რა გამოლევს, მაგრამ არა მგონია, რომ ეს უბრალო დამთხვევა იყო. ამას, პირველ რიგში მჯდომი გია ჭანტურიას რეაქციაც ადასტურებს. ცხადია, რომ ყველა კონკურსი გულისხმობს იმას, რომ გაიმარჯვებ ან ვერა, ამიტომაა ეს კონკურსი და არა დანიშვნა. მაგრამ ბატონი ჭანტურია სრულიად დარწმუნებული იყო საკუთარ გამარჯვებაში და ქალბატონ ირმა სოხაძესთან კარგი ურთიერთობის განსაკუთრებული აფიშირებით ხაზს უსვამდა, რომ ისინი, საწინააღმდეგო პოზიციებისა და პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, მშვენივრად ურთიერთობენ და მომავალშიც მშვენივრად მოახერხებენ საბჭოში მუშაობას. იდილია მას შემდეგ დაირღვა, რაც ბატონი ჭანტურიას სამეულიდან საბჭოს წევრად ბატონი ბაკურ სულაკაური დამტკიცდა. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ბატონი ჭანტურია ბორდს ყოვლად „უდრაივო“, არაფრისგამკეთებელი ადამიანებისგან შემდგარს და წინა ბორდზე ბევრად უარესს უწოდებდა.

ვინც არ გაცხარდა, ისინი კი ისევ ანალიტიკურ თამაშს შევუდექით და იმ კრიტერიუმების გამოცნობას შევეცადეთ, რაც კანდიდატის მხარდაჭერის საფუძველი გახდა.

თუმცა, ჩვენ არარსებულ კრიტერიუმს როგორ გამოვიცნობდით, როცა სხდომათა დარბაზში მყოფმა დეპუტატებმაც არ იცოდნენ რა კონკრეტული მიზეზით აძლევდნენ ან არ აძლევდნენ ხმას. ასეთი რეპლიკაც კი გაისმა დარბაზში - იქნებ ფეხზე ადგეთ, დაგვენახოთ, რომ სახეზე მაინც ვცნობდეთ, ვის ვუყრით კენჭსო.

აი, ასე, სრულიად გაუგებრად აირჩა საზოგადოებრივი ტელევიზიის საბჭო, რომელსაც, ალბათ, ასევე გაუგებრად, მხოლოდ ხელისუფლებისა და ოპოზიციის კონსენსუსის საფუძველზე მოუწევს საზოგადოებრივი ტელევიზიის დირექტორის არჩევა. ოპონენტები მეტყვიან, რომ სწორედ ესაა წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპი, როდესაც საზოგადოება ირჩევს პოლიტიკოსებს და პოლიტიკოსები იღებენ გადაწყვეტილებებს. მაგრამ წარმომადგენლობითი დემოკრატიის ასევე უმნიშვნელოვანესი პრინციპი ისაა, რომ ეს არჩეული პოლიტიკოსები ანგარიშვალდებულები არიან საზოგადოებასთან. საზოგადოებას კი ნამდვილად აქვს უფლება, იცოდეს რის საფუძველზე ჰყავს საზოგადოებრივ ტელევიზიას სწორედ ასეთი და არა სხვაგვარი საბჭო.

0x01 graphic

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეურვეო საბჭო: ერეკლე ტრიპოლსკი, გიორგი ანჩაბაძე, ლევან გახელაძე, მარინა ვეკუა, ირმა სოხაძე, ბაკურ სულაკაური, მამუკა ფაჩუაშვილი, მიხეილ ჭიაურელი, ზურაბ ხარატიშვილი

6 დისკუსია

▲ზევით დაბრუნება


6.1 რას ველით საზოგადოებრივი მაუწყებლისგან?

▲ზევით დაბრუნება


თავისუფალი განსჯანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბედ-იღბალზე დირექტორის არჩევნების წინ

მოდერატორი: ნინო ბექიშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, რამდენიმე დღეში, არხის გენერალურ დირექტორს აირჩევს. თავად საბჭო პარლამენტმა დაამტკიცა, მაგრამ რატომღაც - ღია დებატებისა და საჯარო განხილვის გარეშე. რა ტენდენციები, რა მიმართულებები უნდა იყოს გამოკვეთილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როგორი გვინდა იყოს ქვეყნის მთავარი ტელევიზია, რას ველოდებით? როგორი უნდა იყოს ამ არხის გენერალური დირექტორი და შეძლებს ის ხელისუფლების, ოპოზიციისა თუ, თუნდაც, მართლმადიდებლური ეკლესიის ზეწოლისაგან თავის დაცვას? ამ თემებზე სასაუბროდ მოვაწყვეთ მრგვალი მაგიდა , სადაც მონაწილეობდნენ მედიის მკვლევარი, GIPA- ასისტენტ-პროფესორი - ნინო დანელია; ფილოსოფოსი, თსუ პროფესორი, კავშირის ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის თავმჯდომარე - ლელა გაფრინდაშვილი; სოციოლოგი, თსუ პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი; ეროვნული კინოცენტრის კინომემკვიდრეობის განყოფილების უფროსი - ლაშა ბაქრაძე; საქართველოს ელჩი რუსეთში - ეროსი კიწმარიშვილი და ჟურნალ ცხელი შოკოლადის მთავარი რედაქტორი - შორენა შავერდაშვილი.

ჩვენი დისკუსიის მონაწილეებიდან, ნინო დანელია, იაგო კაჭკაჭიშვილი და ლელა გაფრინდაშვილი საბჭოს წევრობაზე იყრიდნენ კენჭს და 27 კაციან შორთ ლისტშიც მოხვდნენ, მაგრამ საბოლოოდ, პარლამენტმა ისინი არ აირჩია. ლაშა ბაქრაძე 2003 წელს დირექტორების არჩევნებში მონაწილეობდა და ახლაც აპირებს საკუთარი კანდიდატურის წარდგენას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. ამიტომაც, მათ ყველას, ნაფიქრი აქვთ იმაზე, რა როლი უნდა ითამაშოს მაუწყებელმა ქართული საზოგადოების ჩამოყალიბებაში, როგორ უნდა ასახოს რეალობა. ეროსი კიწმარიშვილმა კი, თავისი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, კონკრეტულად იმ მექანიზმებზე ისაუბრა, თუ როგორ უნდა მოხდეს ტელევიზიის აწყობა.

ნინო დანელია: ნამდვილად არ მოგვიწევს, რაიმე ახლის აღმოჩენა, რადგანაც, საზოგადოებრივი მაუწყებლები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს, სადაც მათ მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანები აქვთ. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ქმნიდეს იმგვარ გადაცემებს, რომელთა მიზანი საზოგადოების გაუმჯობესებაა მისი უკეთ ინფორმირების გზით. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკური და კონცეპტუალური ხელმისაწვდომობაა. ის უნდა მოიცავდეს ქვეყნის მთელ ტერიტორიას და ხელმისაწვდომი დისკუსია უნდა იყოს ყველასთვის. კონცეპტუალურადაც - უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ჯგუფის ინტერესსა და გემოვნებას, ხელს უნდა უწყობდეს დემოკრატიული დისკუსიისათვის ფორუმის შექმნას - ასახოს მთელი ის მრავალფეროვნება, რაც საქართველოშია, ვგულისხმობ ასაკს, სქესს, ეთნიკურ წარმომავლობას, რელიგიურ კუთვნილებას და ა.შ. საზოგადოებრივი მაუწყებელი აუდიტორიას მაღალი ხარისხის, ორიგინალურ, ახალ ინფორმაციას უნდა აწვდიდეს, დამაფიქრებელს და საინტერესოს.

მაუწყებელს ძალიან მრავალფეროვანი და მრავალმხრივი საინფორმაციო გადაცემები და პროგრამული ბადე უნდა ჰქონდეს და უნდა მოიცავდეს ყველა ჟანრსა და სფეროს - პოლიტიკას, კულტურას, ეკონომიკას, სპორტს, მეცნიერებას, შემეცნებით პროგრამებს, საბავშვო პროგრამებს, კულტურული მრავალფეროვნების ამსახველ გადაცემებს, ახალგაზრდობისათვის განკუთვნილ გადაცემებს და ა.შ.

საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს დამოუკიდებელი ნებისმიერი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ რაიმე ტიპის ინტერეს-ჯგუფის გავლენისაგან.

კომერციული ტელევიზიისგან საზოგადოებრივს ყველაზე მეტად ის განასხვავებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ელის იაფფასიან რეიტინგს. თუმცა, ალბათ, დამეთანხმებით, თუ კარგად გააკეთებ ტელევიზიას, რეიტინგი უდავოდ გექნება. ამის მაგალითი, თუნდაც, რუსთავი 2-ის სახით ნამდვილად გვქონდა, რომელმაც, თავის დროზე გარკვეული სტანდარტი დააწესა. არ ვამბობ, რომ ეს BBC-ის სტანდარტი იყო, მაგრამ ქართულ საინფორმაციო სივრცეში ამ სტანდარტს, დღესაც კი, ათი წლის შემდეგ, ვერ ან არ ცვლიან ქართული ტელევიზიები.

იაგო კაჭკაჭიშვილი: თუ კომერციულ ტელეარხებს შეუძლიათ, საკუთარი და მეტ-ნაკლებად სუბიექტური გემოვნებით, იდეოლოგიით, კონცეფციით, კომერციული ინტერესით დატვირთონ ეთერი, საზოგადოებრივ მაუწყებელს ცოტა უფრო მეტი მოეთხოვება. ის უნდა იყოს რეპრეზენტატორი საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა სოციალური ჯგუფების განწყობების, თვალსაზრისების, მოლოდინების. თუნდაც, საინფორმაციო პროფილი რომ ავიღოთ - საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა ჰქონდეს ისეთი საინფორმაციო გადაცემები, რომლებიც თავისი ტევადობით სრულყოფილი იქნება, სხვადასხვა არხებზე გადართვა არუნდა მჭირდებოდეს, იმისთვის, რომ ინფორმაცია შევივსო. აქამდე, საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეს არ ჰქონია, ვინაიდან, როგორც ჰამლეტს დაჰყვება მამის აჩრდილი, ისე დაჰყვებოდა ამ არხს ხელისუფლების აჩრდილი (აშკარად თუ ლატენტურად, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ, რომ მენტორის თვალი, შეიძლება ე.წ. „პასიური ცნობიერების“ დონეზეც გაითვალისწინო). ფაქტია, ინფორმაცია ამ არხზე, ყოველთვის შეკრეჭილი იყო. აქ ითქვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს სხვადასხვა ჯგუფების თვალსაზრისებისა და დამოკიდებულებების რეპრეზენტატორი. მაგალითად, მე აკადემიური სფეროს წარმომადგენელი ვარ. საქართველოში აკადემიურ სფეროში დიდი ძვრები მოხდა. არ მახსოვს არც ერთი სერიოზული გადაცემა, რომელიც მიეძღვნებოდა, მაგალითად, საუნივერსიტეტო რეფორმას და იმ უამრავ კოლიზიას, იმ შიდა დუღილს, რომელიც ამ რეფორმას ახლდა თან. არც ერთ რეფორმას არ გაუვლია ისეთი წინააღმდეგობრივი გზა, როგორიც უმაღლესი განათლების რეფორმას. და ეს თითქმის არ აისახა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, რაც ძალიან მაკლდა. კიდევ მრავალი სფერო შეიძლება დასახელდეს, რომლის წარმოჩენა არ ხდებოდა.

ლაშა ბაქრაძე: ქართული მედია, როგორც წესი, ყოველდღიური აქტუალობიდან გამომდინარეობს. იღებენ რაღაც თემას, რომელიც ითვლება, რომ დღის აქტუალური თემაა, და ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრობენ, საკითხები და პრობლემები არ არის ხოლმე გრძელვადიან პერსპექტივაში დანახული. იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც, შეიძლება დღეს აქტუალური არ იყოს, მაგრამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საერთოდ არ საუბრობენ არც ელექტრონულ და არც ბეჭდურ მედიაში და, ამიტომაც, ვერ ასრულებს, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელიც, თავის პირველად ფუნქციას. ქართული რეალობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ერთი რამ: საზოგადოების ჩამოყალიბება საქართველოში ძალიან რთული აღმოჩნდა. საზოგადოებისა, რომელიც აქტიურია, რომელსაც შეუძლია, რომ გარკვეულ აზრამდე მივიდეს და მერე ეს აზრი ხელისუფლებამდე მიიტანოს. ჩემი აზრით, სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე არ არსებობს ის, რასაც ინგლისურად public space ჰქვია, ანუ საზოგადოებრივი სივრცე. მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთი საზოგადოებრივი სივრცის ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტია საზოგადოებრივი არხი, რომელსაც საშუალება ექნებოდა, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და საბოლოოდ კი, საზოგადოების ნების ჩამოყალიბებას. ისეთი ნებისა, რომელსაც ანგარიშს გაუწევს ხელისუფლება, სახელმწიფო. თუ ჩვენ ამას ვერ მივაღწიეთ, მაშინ საქართველოში, ისეთი არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია, როგორიც დღეს გვაქვს, ყოველთვის იქნება, როცა საზოგადოებასა და ხელისუფლებას, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საუბრის ერთადერთი საშუალება ან დემონსტრაციაა ან შიმშილობა. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ საზოგადოებამ მოახერხოს საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და ამ აზრის ხელისუფლებამდე მიტანა. ბუნებრივია, არ მიმაჩნია, რომ უნდა არსებობდეს ერთი რაღაც აზრი, ერთი საერთო აზრი. თუნდაც იმისთვის, რომ დავინახოთ, რა სურვილებია, რა სწრაფვებია საზოგადოებაში, აუცილებელია საზოგადოებრივი არხი.

შორენა შავერდაშვილი: რა თვისებების მატარებელი უნდა იყოს ეს საზოგადოებრივი აზრი, რომელიც მართავს ჯანსაღ პროცესებს. აქ შემოდის უმცირესობების თემაც...

ლაშა ბაქრაძე: ერთი მხრივ, ჩვენ ზედმეტად პოლიტიზირებული საზოგადოება ვართ, მეორე მხრივ, პოლიტიკურ ელიტაშიც კი, დიდი დოზითაა პოლიტიკური გაუნათლებლობა. მხოლოდ პოლიტიკას არ ვგულისხმობ, ჩვენს ტელევიზიაში არ საუბრობენ, მაგალითად, ეკოლოგიაზე, რომელიც ცივილიზებური სამყაროსთვის უმთავრესი და უსერიოზულესი თემაა. ძალიან კარგი იქნებოდა ამ არხის დეპოლიტიზაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია ქართული რეალობიდან გამომდინარე და, საზოგადოებრივი თემებისადმი მეტი ყურადღების გამოჩენა.

ლელა გაფრინდაშვილი: დეპოლიტიზაციას არ ვიტყოდი, არამედ პოლიტიკურთან ერთად, სხვა, დღეს არსებული დისკურსების - სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, სამოქალაქო - საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცეში ინტეგრირებაა აუცილებელი. მაგალითად, რეგიონები, საზოგადოებრივ ტელევიზიაში აბსოლუტურად არ განიხილება, ადგილობრივი მმართველები, პოლიტიკოსები არასოდეს არ მონაწილეობენ ტელე-დებატებში. მარგინალიზებულია სოციალური საკითხი, არა მარტო ისინი, ვინც განსაკუთრებულ ზრუნვას და სოციალურ დაცვას საჭიროებს, ვთქვათ, ინვალიდები და ფსიქიურად დაავადებულები და სხვ. არამედ, უბრალოდ, სოციალური ჯგუფები, სოციალური მოძრაობები, სოციალურად აქტუალური საკითხები არ განიხილება. არ საუბრობენ იმავე სამოქალაქო სექტორზე, რომელმაც ამ წლების განმავლობაში ერთადერთი ეპითეტი მოიპოვა - „გრანტიჭამია“. არადა, ეს არის ძალიან მრავალფეროვანი, ქმედითი და საინტერესო სექტორი, რომელსაც დღეს პრობლემები არ აკლია, მაგრამ, ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი, ხელშესახები წარმატებებიც აქვს.

საზოგადოებრივი არხის ერთ-ერთი დანიშნულება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, როგორც ძალაუფლების სისტემის მნიშვნელოვანი რგოლის, არ მარტო პოპულარიზაციაა, არამედ მცდელობა იმისა, რომ თვითონვე გამოყოს აქტუალური თემები, ისეთები, რომლებზეც სასურველი იქნებოდა სოციალური აქტიურობა. დღეს ამასაც ვერ ახერხებს საზოგადოებრივი მაუწყებელი. მაგალითად, ავიღოთ ეთნიკური უმცირესობის საკითხი, საჭიროა, რომ ეს ხალხი, როგორღაც გამოვიდეს ეთნიკური კარჩაკეტილობიდან. გააცნობიერონ, რომ, ვთქვათ, ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ქართველის თანასწორი უფლებების მქონეა. საზოგადოებრივ მაუწყებელზეც და სხვა არხებზეც, ეთნიკური ჯგუფების ეგზოტიზაციას უფრო ვხედავთ, ვიდრე მათი პრობლემების დანახვისა და გადაჭრის სურვილს. აღარაფერს ვამბობ რელიგიურ უმცირესობებზე, რელიგიური ფუნდამენტალიზმის გარღვევა მხოლოდ იმით შეიძლება, რომ საზოგადოებას უჩვენო, დაანახო ეს მრავალფეროვნება, არა ისე, როგორც შენ გინდა, არამედ ისე, როგორც რეალურად არის.

0x01 graphic

შორენა შავერდაშვილი: როგორ უნდა აჩვენო, თანაც ისე, რომ ამას რეიტინგი ჰქონდეს?

ნინო დანელია: ეს არ არის ძალიან რთული, პირიქით - ადვილიცაა. ჟურნალისტიკაში ცნობილი პრინციპია, თუ როგორ უნდა გახადო მნიშვნელოვანი საინტერესო და საინტერესო მნიშვნელოვანი. აქ, მთავარია, გქონდეს სწორი ხედვა, გყავდეს ნიჭიერი ჟურნალისტების და პროდიუსერების გუნდი. იმ საკითხებზე, რაზედაც ლელა საუბრობდა, საერთოდ არ არის ინფორმაცია. საზოგადოება, ვიცით, რომ ინდივიდების ერთობაა, რომელიც იქმნება კონკრეტული დისკუსიის და განსჯის შემდეგ, ჯერ ინფორმაცია უნდა მიაწოდო ადამიანებს, რომ მერე ამაზე დაფიქრდნენ და შემდეგ, უკვე ისაუბრონ კიდეც. ვფიქრობ, თუკი ამას გააკეთებდა საზოგადოებრივი არხი, აღარ იქნებოდა სალაპარაკო ის, რომ მაუწყებელს არა აქვს რეიტინგი.

ლაშა ბაქრაძე: ერთ პატარა მაგალითს მოვიტან იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ, ელექტრონული მედიიდან, თითქმის, არ ვიღებთ ინფორმაციას. ახლა სერიოზული დავის თემაა მაჟორიტარების არჩევა-არარჩევის საკითხი. დავინახეთ, რომ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს პარტიებში. მაგრამ ვერც ერთმა ტელევიზიამ ვერ შეძლო აეხსნა, საერთოდ, რაზეა საუბარი. როგორ ხდებოდა ადრე მაჟორიტარების არჩევნები, რას გვთავაზობენ სხვადასხვა პარტიები, კონკრეტულად რას მოითხოვს თითოეული პარტია. როდესაც ჟურნალისტმა თვითონ არაფერი იცის, რასაკვირველია, ის ვერაფერსაც ვერ გადმოგცემს. მეცინება ხოლმე, როცა ჩვენთან საუბარია დაბალანსებულ ინფორმაციაზე. რის დაბალანსებაზეა საუბარი, როდესაც ინფორმაციას ვერ ვიღებთ? საერთოდ, ტელევიზიასა და რადიოსთან მიმართებაში მხოლოდ ჟურნალისტებს ახსენებენ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჟურნალისტთა ორგანიზაცია, ეს არაა ჟურნალისტთა კავშირი, აქ არიან პროდიუსერები, რეჟისორები, ტექნიკური პერსონალი. ტელევიზია სინთეზურია. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ტელევიზია და რადიო მხოლოდ საინფორმაციო პროგრამებს გვთავაზობენ და მეტ არაფერს. ეს ასე არ უნდა იყოს.

ეროსი კიწმარიშვილი: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც აქ ითქვა, ისაა, რაც ყველას გვინდა, რომ იყოს საზოგადოებრივ არხზე. მაგრამ, მგონი, მთავარი რაცაა, იქ ნამდვილად გვეშლება, ჩვენ ისე ვლაპარაკობთ, თითქოს წინ გვიდგას მერსედესის V 12 ძრავიანი მანქანა, რომელიც უკვე დაკომპლექტებულია და ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ იმოძრაოს. ჩვენ კი, სალონის წითელი ხით მოპირკეთება, კლიმატ კონტროლის დაყენება და ამგვარი რაღაცები, მოკლედ, მანქანის დასრულება გვინდა. ეს თემები, რაზეც ვსაუბრობთ, სწორედ ისაა, რასაც სალონის კომფორტიზაცია ჰქვია. რეალურად კი - ჩვენ გვაქვს ურემი, არა მარტო საზოგადოებრივი მაუწყებლის, არამედ, ზოგადად, ტელევიზიის სახით. ჩემი ტელევიზიაც, მაშინ ურემი იყო, ელდარ შენგელაიას „შერეკილებში“ რომ ურემია, იმასავით, ფრთები ჰქონდა, ოცნების იყო და დაფრინავდა. იქ არ იყო არც შესაბამისი ტექნოლოგიური ბაზა, არც პროფესიული დონე. დღეს ეს ურემი, რომელიც დაფინავდა, უკვე აღარ დაფრინავს. იფრინა და ჩამოვარდა. ჩვენ გვაქვს ილუზია, რომ მანქანა მაინც გვყავს. არადა, ჯერ შესაქმნელია ავტომობილი, რომელიც ქუთაისის ავტოქარხნის მანქანებისგან განსხვავებით, ქარხნიდან რომ გამოვა, იმოძრავებს, წავა, არ გაჩერდება. რა რეიტინგზე შეიძლება ლაპარაკი, როცა, საერთოდ, მენეჯმენტში არც ერთ საფეხურზე, წარმოდგენა არა აქვთ იმაზე, რა არის მართვა. ტელევიზია დიდი წარმოებაა. თუ გვინდა, ტელევიზია შევქმნათ, ჯერ მენეჯმენტის ნორმალური გუნდი გვჭირდება, რომელსაც ზუსტად ესმის წარმოების ამოცანები. ის, რასაც საზოგადოება მოითხოვს პროგრამების სახით, ნამდვილად გასაკეთებელია, ოღონდ, მას შემდეგ, რაც მენეჯმენტი ამუშავდება. მეჩვენება, რომ ძალიან ბევრს ვითხოვთ ტელევიზიისგან, რატომ არ ვითხოვთ თბილისის ოპერისგან, რომ იყოს ლა სკალა? ან თბილისის დინამოსგან, რომ უკეთ ითამაშონ? თამარ კინწურაშვილი დღეს უკეთესი მენეჯერია, ვიდრე მაშინ იყო, როცა დანიშნეს. ამ ორი წლის მანძილზე მან ბევრი რამ ისწავლა. დღეს კი, მას წასვლა მოუწია. ესეც პარადოქსია. ჩვენ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, სანამ მენეჯერებს გავზრდით, მენეჯერების ქირაობა უცხოეთიდანაც შეიძლება, აქაც ვხედავ რაღაც პერსპექტივას, მაგრამ ჩვენც გვყავს კარგი მენეჯერები. უნდა გავყოთ ორი რამ - პოლიტიკური კონიუნქტურა, და მენეჯმენტი. ჟურნალისტიკაში დღეს სრული სიცარიელეა, რაც უფრო შემტევი ხარ, რაც უფრო გაუნათლებელი ხარ, უფრო მაგარ ჟურნალისტად ითვლები. ორი მიმართულებით უნდა ვიმუშავოთ. ერთია - ტელევიზიის მენეჯმენტი, მეორეა - ჟურნალისტიკა. ჯერ ამ ურმის ძრავა უნდა ავაწყოთ, თუ ვერ მოვახერხებთ ამ ურმის როლს-როისიზაციას, ის მიანც უნდა შევძლოთ, რომ ამ ურემმა, უბრალოდ, იმოძრაოს.

ლაშა ბაქრაძე: ვეთანხმები ეროსის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ წლებით არ გადავდოთ ამ საქმის კეთება და დღესვე ისეთი კაცი ავირჩიოთ, ვისაც ზუსტად ექნება განსაზღვრული, რა უნდა აკეთოს, საითკენ უნდა მიდიოდეს მაუწყებელი.

ეროსი კიწმარიშვილი: ამ პროცესის ბოლომდე მისაყვანად, მარტო სამეთვალყურეო საბჭოს არჩევა არ არის საკმარისი. ამ ადამიანებზე ზეწოლა, საზოგადოების, მედიის, პოლიტიკოსების მხრიდან ისევ უნდა გაგრძელდეს. მაგრამ მთავარია, მოიძებნოს ოპტიმალური მენეჯმენტ გუნდი, ეს არ უნდა მოხდეს ერთი გენერალური დირექტორის ხარჯზე, რომელიც იქნება მეფე. გენერალური ხაზის განსასაზღვრად, უნდა მოიძებნოს გუნდი, უნდა შეიქმნას კოლეგიალური სქემა, ეს განსაზღვრული ხაზები უნდა ჩავაბაროთ ან მოწვეულ ადამიანებს ან მენეჯმენტ გუნდებს. და მერე, ამ სამეთვალყურეო საბჭომ აქტიურად და მკაცრად უნდა აკონტროლოს მათი მუშაობა. კონცეპტუალურად გასაკეთებელია შემდეგი: პირველი არხი უნდა გახდეს კლასიკური BBC, რომელიც უჩვენებს სერიალებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, დოკუმენტურ ფილმებს. მეორე არხი CCN-ის ტიპის 24 საათიანი ნიუს-არხი უნდა იყოს, ნიუსებით, ტოკ-შოუებით, და სხვ. ტექნოლოგიურად და ფინანსურად ეს იაფი პროდუქტია და ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ამის გაკეთება. რაც შეეხება 24-საათიანი ნიუს-არხის აწყობას, ეს ტექნიკურად უფრო ადვილი გასაკეთებელია. ეს მოიცავს ჯანმრთელობას, მოგზაურობას, ტოკ-შოუებს, მოდას და უნდა იყოს ძალიან დინამიური, ცოცხალი არხი. ეს ორარხიანი კონცეფცია მოგვცემს საშუალებას, რომ I არხზე დაიწყოს სერიოზული პროექტები - საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების გაშუქება. აქ კი, დიდი დრო დაგვჭირდება, უნდა ვეძებოთ სწორი ფორმატები, მოსაფიქრებელია ბევრი რამ, მაგრამ ეს უნდა იყოს ციკლური, სტრუქტურირებული პროგრამული ბადე, რომელიც გრძელვადიანი იქნება. ეს თან ძვირია, თან ძალიან ძნელია, რომ ისე გააკეთო, ცქერადი იყოს. დღეს ჩვენს არხებზე ფილმებსაც კი ვერ ვნახულობ, ისეთი საშინელი თარგმანებია. ესეც იმიტომ, რომ ტენდერში იმ კომპანიებს გაამარჯვებინეს, რომლებიც ყველაზე იაფად აკეთებენ გახმოვანებას.

იაგო კაჭკაჭიშვილი: ვეთანხმები ეროსის, ოღონდ, ერთ მცირე კორექტივს შევიტან. მესმის, რომ ტელევიზიისთვის ძრავის ფუნქციას ასრულებს კარგი მენეჯმენტი, მაგრამ მგონია, რომ კონცეპტუალური მხარეც სწორედ ამ ძრავის შემადგენელი ნაწილია. ეს არ არის მხოლოდ ფერ-უმარილი, რომელიც მაშინ უნდა „მოიცხო“, როცა ძრავა აწყობილია. ჩვენს ტელევიზიებში ისიც კი ვერ ისწავლეს, სად მთავრდება ფაქტი და სად იწყება ფაქტის ინტერპრეტაცია. ეს არის წარმოუდგენელი რამ: ფაქტი და მისი შეფასება ზოგჯერ ისეა ერთმანეთში გადახლართული, რომ, უბრალოდ, ვერ იგებ, რა მოხდა ან საერთოდ რაზეა ლაპარაკი. ხშირად საუბრობენ ტელევიზიების არაობიექტურობაზე და ესაა ერთ-ერთი ძირითადი საყვედური, რომელსაც საზოგადოებრივ მაუწყებელს უყენებენ. ობიექტურობას ელექტრონულ მედიაში ბევრი ინდიკატორი გააჩნია. თუმცა, მთავარი მაინც ისაა, რომ ტელევიზიამ ფაქტები არ მიაჩუმათოს ან, მით უფრო, გააყალობოს და მოახერხოს ისიც, რომ ამ ფაქტების ყველა შესაძლო და დაბალანსებული ინტერპრეტაცია შემოგვთავაზოს. ანუ, ინტერპრეტაციის საფეხურზე ობიექტურობა შეფასებათა და პოზიციათა მრავალფეროვანი სპექტრის წარმოჩენას ნიშნავს. ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის (ისე როგორც ქართული ტელევიზიის) საინფორმაციო გადაცემებს დღემდე არ გამოსდით.

ლაშა ბაქრაძე: არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ როცა ფაქტი შეუმოწმებელია, არ არის დადასტურებული და წყარო არ არის სანდო, ეს უნდა აღინიშნოს.

ნინო დანელია: გამართული მენეჯმენტი უთუოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია მიზანმიმართული კონცეფციის ქონა. თუ არ იცი მანქანა საით უნდა წავიდეს, ძრავა გინდ გქონია, გინდ არა.

იაგო კაჭკაჭიშვილი: მინდა დავუბრუნდე საზოგადოებრივი აზრისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ურთიერთობას. ეს დიალექტიკური, ორმხრივი პროცესია. ერთი მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ქმნიდეს და აყალიბებდეს საზოგადოებრივ აზრს და მეორე მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირება, საზოგადოებრივი აზრის გათვალიწინებით უნდა ხდებოდეს. სოციოლოგი ვარ და კარგად ვხვდები ტელევიზიისთვის სოციოლოგიური სამსახურის მნიშვნელობას. სოციოლოგიური კვლევები ტელევიზიებს იმის გაგებაში აუცილებლად დაეხმარება, თუ რა დაკვეთა მოდის საზოგადოების მხრიდან. რასაკვირველია, შეიძლება მოხდეს ისეც, რომ საზოგადოებიდან წამოსული ე.წ. სოციალური დაკვეთა აბსოლუტურად არაადეკვატური აღმოჩნდეს იმ სტანდარტებისთვის, რასაც ტელევიზია სამოქალაქო და დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა აკმაყოფილებდეს, მაგრამ ესეც ძალიან ღირებულია, რადგან რეალური სურათი გვეცოდინება. ამის შემდეგ, ტელევიზიას უკვე ექნება შესაძლებლობა, ზემოქმედება მოახდინოს საზოგადოებაზე, განახორციელოს ღირებულებითი ორიენტაციების, ატიტუდების, გემოვნების კორექცია, მოკლედ - აღზარდოს საზოგადოება, მოახდინოს პროგრესული სტანდარტების კულტივირება. საზოგადოებრივი აზრი ლაბილური ფენომენია, ის ვარირებს სოციო-კულტურული გარემოს ცვლასთან ერთად. ამიტომაც, მუდმივად საჭიროა, საზოგადოების განწყობების პულსზე გვედოს ხელი, გავითვალისწინოთ მისი მზაობა და ამის გათვალისწინებით ვიმოქმედოთ - ან საზოგადოებრივი აზრის მიმართ დათანხმების მიმართულებით, ან მის შესაცვლელად. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი მტერი ე.წ. „ელიტიზმია“. როგორც კი ტელევიზია გადაწყვეტს, რომ იმოქმედოს საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლად და გარდაქმნას იგი „ზემოდან“, ეს, თითქმის, ხარაკირის ტოლფასია.

ნინო დანელია: შეიძლება, კვლევამ მოგვცეს საკმაოდ ფობიური სურათი. ხომ ვიცით, ქართულ საზოგადოებას მრავალგვარი ფობია ახასიათებს. დღევანდელი პოლიტიკური ელიტის რიტორიკა ასეთია - ქართველობა და მართლმადიდებლობა არის განმსაზღვრელი და ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულება ჩვენი სახელმწიფოსთვის. ის, რასაც ჩვენი პოლიტიკური ელიტა გვთავაზობს და მედია ყოველგვარი ანალიზის გარეშე გადმოგვცემს, ჩემი აზრით, ფსევდონაციონალური და ფსევდორელიგიური ღირებულებებია. ამაზე ღიად საუბარი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით ნამდვილად საჭიროა. ბუნებრივია, უნდა გაითვალისწინო ხალხის ინტერესი, მაგრამ უნდა ეცადო, რომ ამ საკითხის შესახებ, ლიბერალური ღირებებულებების პრიზმაში, სრულყოფილი, მრავალმხრივი ინფორმაცია მიაწოდო მაყურებელს, სულ მცირე, დააფიქრო ადამიანები. თუ ჩაჰყვები ხალხს, შეიძლება, ვინმეს ლინჩის წესით ჩაქოლვაც კი მოითხოვონ, შენ უნდა აუხსნა, დაუმტკიცო, რომ ეს ველურობაა, რომ არ შეიძლება...

ლაშა ბაქრაძე: რელიგიური თემატიკა, მართლაც, ძალიან საინტერესოა, არა რელიგიური პროპაგანდის, არამედ, შემეცნებითი თვალსაზრისით, მეც მგონია, ამაზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე სერიოზული საუბარია საჭირო. მაგრამ, ახლა, მინდა, ისევ დავუბრუნდეთ ეროსის ურმის მეტაფორას. იმისათვის, რომ ურემში მენეჯერმა მოახერხოს რაიმენაირი ძრავის ჩადგმა, გვჭირდება ვიცოდეთ, საითკენ უნდა წავიდეს ეს ურემი. უნდა არსებობდეს განსაზღვრული ხედვა. კონცეფცია უნდა არსებობდეს. ის მაინც უნდა ვიცოდეთ, სიჩქარეა პრიორიტეტული თუ სიმძიმეები უნდა ასწიოს ამ მანქანამ. პირველ რიგში, ის უნდა განვსაზღვროთ, როგორი ტელევიზია გვინდა.

შორენა შავერდაშვილი: BBC გვინდაო, ყველანი შევთანხმდით, კინწურაშვილიც ამას ამბობდა, BBC-ის ტიპის ტელევიზია მინდა გავაკეთოო.

ეროსი კიწმარიშვილი: ჩემი ღრმა რწმენით, დღეს, საქართველოში, არც ერთ თემატიკაზე ორიგინალური პროექტების მოგონების ფუფუნება არა გვაქვს. ტელევიზია ისეთი რამეა, რომ პლაგიატობას არ იცნობს, ეს მაინც სინთეზური ხელოვნებაა, ბიზნესია. უნდა მოვიძიოთ პროგრამები, ფორმატები, ჩამოვიტანოთ, შეიძლება, ადაპტაცია გავუკეთოთ და აქ უკვე გვეცოდინება, რომ ათიდან ცხრა შემთხვევაში წარმატებულები ვიქნებით. ის გადაცემა, რომელიც ახლა გადის, და სადაც ვიშვიშებენ, რა კარგი იყო იტალიური ეზო, უბრალოდ, საცოდაობაა, არც ერთ ამოცანას ის არ აკმაყოფილებს. პროექტების ჩამოტანა მარტივი და პრაქტიკული ხაზია - ვეძებთ თემას, ვეძებთ ფორმატს, ვაკეთებთ პროექტს, პილოტს, ეს შეიძლება იყოს ტოკშოუ, ან დოკუმენტური ფილმი, ვაძლევთ სოციოლოგიურ სამსახურს, ვტესტავთ, შემდეგ ვრთავთ საბჭოს, ექსპერტებს. საბოლოო ჯამში კი წარმატებულ ციკლურ პროექტს ვიღებთ, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნას.

ლაშა ბაქრაძე: მინდა ვთქვა კიდევ ერთი რამ, რასაც ამ ბოლო დროს სულ ვიმეორებ და რამაც ვერაფრით მიაღწია საზოგადოების ყურამდე. ტელევიზიები, როცა ჩემგან ინტერვიუს იღებენ, ამას სულ ჭრიან ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დირექტორის არჩევნები გამჭვირვალე და გასაგები იყოს საზოგადოებისთვის. არსებობს ძალიან ადვილი გზა. ტელე-რადიო-არხებზე უნდა იყოს დისკუსია, ისეთივე, როგორიც ჩვენ ახლა გვაქვს, თუ როგორი ტელევიზია გვინდა. პირველ რიგში, ეს საზოგადოებრივ არხზე უნდა ხდებოდეს. ამ დისკუსიებს უნდა ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, თუ არ დაესწრებიან, მაშინ, ტელევიზორში მაინც ნახავენ და მათ ეს მიეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ეს მანამდეა გასაკეთებელი, სანამ არჩევნებამდე მივალთ.

ნინო დანელია: აქ მარტო საზოგადოებრივი ტელევიზიის პრობლემა არ არის, ვფიქრობ, რომ ზოგადად, საზოგადოების პრობლემაცაა. თუ დავინახავთ, რომ ეს არხი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, აუცილებლად უნდა არსებობდეს რაღაც რესურსი, სოციალურად აქტიური ინტერეს ჯგუფების, ექსპერტების სახით, რომლებიც ამ დროს გააქტიურდებიან, და შეეცდებიან, თავისი სათქმელი საბჭომდე მიიტანონ და საკითხი დღის წესრიგში დააყენენონ. ამის შემდეგ, არხი იძულებული იქნება, გაითვალისწინოს ეს. აქ ვგულისხმობ ეთნიკურ ჯგუფებს, რელიგიურ უმცირესობებს, კულტურულ ჯგუფებს. მთლიანად საზოგადოება უნდა გახდეს უფრო აქტიური.

ლელა გაფრინდაშვილი: ხშირად ვამბობ და ახლაც მინდა გავიმეორო, რომ კარგი ტელევიზია იზიდავს მაყურებელს, იწვევს მის ინტერესს, დააფიქრებს ან სკეპტიკურად განაწყობს. ცუდი, არაპროფესიონალური ტელევიზია კი ახდენს მაყურებლის ზომბირებას, მისი მზერის მიჯაჭვას და მსჯელობის, საღი აზრის დაჩლუნგებას. პოლიტიკური შოუებიც კი „სეირია“ და არა პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის გზების ძიება. სოციალური, კულტურული საკითხებიც ან სკანდალის ან ელიტარული ჭვრეტის ფორმით მოგვეწოდება. მოკლედ რომ ვთქვა, ყველაფერს ვუყურებთ, რეალური, ცოცხალი ცხოვრების გარდა.

ეროსი კიწმარიშვილი: გავიხსენებ აკაკი ბაქრაძის სიტყვებს, როცა მან ცნობილი ბიბლიური პასაჟი შეგვახსენა, 40 წელი უნდა ვიაროთ უდაბნოშიო. სულ მეგონა, რომ ჩვენ აქსელერაციის რეჟიმში მივდიოდით და გადავირბენდით. უკვე 20 წელი გავიდა იმ დროიდან, 88 წლიდან, როცა, პირველად დავსხედით კიბეებზე საშიმშილოდ. ნუ გვაქვს ილუზია, რომ ჰოპ, და გავაკეთებთ ტელევიზიას. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ სწრაფად გავაკეთოთ, მაგრამ დღეს ჩვენთვის მთავარია, სწორი ორიენტირები განისაზღვროს. ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ ქრისტე ღმერთი ჩამოვა, და უცებ გააკეთებს ყველაფერს. არ გაკეთდება ტელევიზია სწრაფად. ხედავთ, რამდენი წინააღმდეგობაა. კინწურაშვილის გაშვებაც სწორედ ამის მაგალითია. შეიქმნა კრიტიკული მასა, რომელმაც, საბოლოო ჯამში, შექმნა განწყობა და გავუშვით დირექტორიც და საბჭოც. შევთანხმდით იმაზე, რომ ახალი საბჭო სჯობია.

იაგო კაჭკაჭიშვილი: აქ ყველანი შევთანხმდით იმაზე, რომ საზოგადოებრივ აზრსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის მუდმივად უნდა იყოს სისხლის გადასხმა-გადმოსხმა, რომ საზოგადოებრივმა არხმა უნდა მოახდინოს კოლექტიური ცნობიერების „კორექცია“, პროგრესის მიმართულებით წაიყვანოს ის. მაგრამ არსებობს მეორე უკიდურესობის - საზოგადოებისაგან გაუცხოების - საშიშროებაც, როდესაც ტელევიზია გადაწყვეტს, რომ მაყურებელი იმდენად „ბნელია“, რომ მისგან წამოსული იმპულსები და ინტერესები საერთოდ არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული. ეს ჭირი საზოგადოებრივ მაუწყებელს შეეყარა, მაგალითად, ისეთი გადაცემის სახით, როგორიცაა „ღამის საუბრები“, რომელიც ხშირად სნობურ და სალონურ შეკრებას ემსგავსება. ასეთი შეკრებები მე, თავად, შეიძლება მომწონდეს კიდეც და მივიღო მასში მონაწილეობა. მაგრამ, არ ვიცი, მაყურებლის რამდენი პროცენტი უყურებს ამ გადაცემას, რომელიც ყოველდღე გადის და, თანაც, საუკეთესო საეთერო დროს. ძალიან გაქათქათებულ ხელთათმანებს ხომ არ ვიცვამთ, რომელიც არ გვინდა „ჩვეულებრივი“ მაყურებლის რუტინამ დასვაროს?

ეროსი კიწმარიშვილი: დილის ეთერზე 6 თვე ვწვალობდი, წამოვედი და მაინც ის გააკეთეს, რასაც მანამდე აკეთებდნენ. ვესაუბრებოდი ყველას, ყველა მიქნევდა თავს, მეთანხმებოდნენ. წამოვედი, და ისევ იმას აკეთებენ, რასაც ადრე აკეთებდნენ. მინდოდა ისეთი ტიპის დილის პროექტი, რომელიც ამერიკულ ქსელის ტელევიზიებზე გადის. ესაა მარტივი სქემა, ძალიან დინამიკური, ცოცხალი, ეს დინამიკა უნდა განსაზღვრულიყო არა ჩქარი ლაპარაკით, არამედ, უამრავი ინფორმაციით, ფორმატი ასეთია - არის ორი მთავარი წამყვანი, ამინდის წამყვანი, სპორტის წამყვანი, და ერთვებიან სხვადასხვა ექსპერტები. უნდა გამოგვეყენებინა ყველა რესურსი, პირდაპირი ჩართვები, ინტერნეტი, კომპიუტერული გრაფიკა. საჭირო იყო ადამიანი, რომელიც ამ ტექნოლოგიას ასწავლიდა და ავარჯიშებდა ამ ხალხს. მე რომ ფორტეპიანოს მასწავლებელი მთელი დღე თეორიულად მელაპარაკოს დაკვრის შესახებ, თუ ინსტრუმენტზე ყოველ დღე არ მავარჯიშა, ისე ხომ ვერ ვისწავლი დაკვრას? სწორედ ასეა ტელევიზიაშიც.

შორენა შავერდაშვილი: ისევ მენეჯერების პრობლემამდე მივდივართ. არიან საქართველოში ადამიანები, მენეჯერები, ვისაც ამის გაკეთება შეუძლიათ?

ეროსი კიწმარიშვილი: არიან ადამიანები, ამ არხზეც და სხვა არხებზეც, რომელბიც ახლა სხვა საქმეს აკეთებენ. აქ საჭიროა ერთი დირიჟორი, რომელიც ორკესტრს აამუშავებს. საჭიროა კლასიკური ტიპის მმართველობის პირამიდა. ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენთვის ხალხის მთავარი გასართობი პოლიტიკაა - პოლიტიკური ტოკ-შოუები პოლიტიკოსების მონაწილეობით. ქართველი ხალხი დავიყვანეთ იმაზე, რომ საღამოობით იმას ელოდება, ვინ როგორ შეაგინებს ერთმანეთს, სეირს ელოდება. არ ისმის არც ჟურნალისტის, არც ექსპერტის ხმა. სრული სიცარიელეა ამ მხრივ..

არა მგონია, რომ დღეს ხელისუფლების წარმომადგენლენბს ისე ჰქონდეთ დაკარგული რეალობის შეგრძნება, რომ რაღაც თემაზე, ვთქვათ, ჯანმრთელობის, ან მოგზაურობის, ან მოდის თემებზე უნდოდეთ თავიანთი დიქტატის განხორციელება.

შორენა შავერდაშვილი: დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიდის ვაჭრობა, და ამ წნეხის ქვეშ ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის არჩევა. საბჭო პარლამენტმა აირჩია, ძალიან სწრაფად, მსჯელობის გარეშე და ეს არჩევნები გაუმჭვირვალე იყო.

ეროსი კიწმარიშვილი: ეგ ეგრეც უნდა იყოს, შენ დელეგირებული გაქვს ხმა, მიცემული გაქვს პარლამენტისთვის და მან აირჩია ეს საბჭო. კანონში მაუწყებლობის შესახებ წერია ეს ყველაფერი. აქ კანონი არ დარღვეულა. მაგრამ 2006 წლის საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიში ვინმემ მოისმინა და განიხილა? არ ყოფილა საპარლამენტო მოსმენა, არადა, თამრიკო კინწურაშვილმა შეიტანა პარლამენტში ეს დოკუმენტი. უკაცრავად, თუ ჩვენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან გვაქვს პრეტენზია, გვქონდეს ოპოზიციასთანაც. საზ. მაუწყებლის პატრონაჟი თავისუფლების ინსტიტუტის მთავარ ცოდვად გამოაცხადეს, სინამდვილეში, მთავარი პრობლემა იქ არ ყოფილა. პრობლემა ურემშია, რომელიც ვერ მოძრაობს.

იაგო კაჭკაჭიშვილი: თუ პოლიტიკურ კონიუნქტურაზე ვსაუბრობთ, შესანიშნავად მესმის, რომ აპოლიტიკური დღეს ვერავინ იქნება. საბჭოს წევრების არჩევა დისკუსიის, „ღია ლობირების“ ჭრილში, გამჭვირვალედ უნდა მომხდარიყო. დღეს მივიღეთ კონსპირაციული გზით შემდგარი ინსტიტუტი, რომელსაც საზოგადოებასთან არანაირი ხიდი არ ჰქონია, ისე მოხდა მისი „გაშვება“. მინდა შევეხო ტელევიზიის და, კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური ანგაჟირების პრობლემას. ის, რასაც დღევანდელი ქართული ტელევიზიები ჩადის ამ მხრივ, რუსთავი 2-იდან დაწყებული, კავკასიით დამთავრებული, პოლიტიკურ პროსტიტუციას უფრო წააგავს. უპირველესად, ამას უნდა მოევლოს. შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გათავისუფლდეს ხელისუფლების დიქტატისგან და სხვა პოლიტიკური ძალის დიქტატის ქვეშ მოექცეს. რა შეიცვლება? ტელევიზიებმა უნდა ისწავლონ დისტანცირება პოლიტიკური სპექტრისგან, უნდა გადაერთონ ე.წ. „მეტაპოლიტიკურ ნარატივში“, რაც, რასაკვირველია, არ ნიშნავს აპოლიტიკურობას.

ნინო დანელია: პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა ისწავლოს საზოგადოებისთვის ანგარიშის ჩაბარება, მედიამ - ამ პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. საზოგადოებამ კი ორივეს უნდა მოსთხოვოს საკუთარი ფუნქციის შესრულება. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ რაიმე კონკრეტულ მიმართულებას, საითკენ მივდივართ, ან გვინდა, რომ წავიდეთ.

ლაშა ბაქარაძე: ეს არის ის საზოგადოებრივი სფერო, სადაც უნდა მიდიოდეს დისკუსია. ყველას თავისებურად წარმოუდგენია, რა არის პატრიოტიზმი, რა არის ეს ყბადაღებული ეროვნულობა. მე ჩემს თავს, შეიძლება, ბევრად უფრო პატრიოტად ვთვლიდე, ვიდრე ზოგიერთი ურაპატრიოტი, მაგრამ მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ რას ვეძახით ქართველ ერს, თანამედროვეობიდან გამომდინარე, რა არის ეროვნულობა, რა არის მთავარი ეროვნული ფასეულობები ან ინტერესები, რა არის პატრიოტიზმი. ეს დისკუსია მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს საზოგადოებრივ არხზე. ეს ის კი არ არის, რომ ხალხს მოახვიო შენი აზრი, არამედ, სწორედ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრი ჩაყალიბდეს, უნდა მიდიოდეს სერიოზული დისკუსია. თუ ეს დისკუსია არ შედგა, საზოგადოებაც ვერ ჩამოყალიბდება. დღეს კი რა ხდება - პოლიტიკოსი პოლიტიკოსთან ზის, მსახიობი მსახიობთან, ექსპერტი ექსპერტთან. რადგანაც საზოგადოება ასეთი არააქტიურია, სწორედ საზოგადოებრივ არხზე უნდა შეიქმნას ეს ფორუმი. სერიოზული დისკუსიები უნდა იყოს ეთერში იმ თემებზე, რომელიც ხალხს აწუხებს.

მგონი, მშვენიერი დისკუსია გამოგვივიდა, ვთვლი, როგორც თეატრშია სამხატვრო ხელმძღვანელი, იმავე ფუნქციას უნდა ასრულებდეს ტელევიზიის დირექტორი, ის უნდა განსაზღვრავდეს მთავარ მიმართულებებს. მეორე ჯგუფია მენეჯერები, რომელთაც უნდა განახორციელონ ეს ყველაფერი. რეალობამ ახალი მოთხოვნები დააყენა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა უპასუხოს ამ მოთხოვნებს.

P.S.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე - ერეკლე ტრიპოლსკი - დაიბადა 1951 წ. დაამთავრა ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. მუშაობდა ტელეკომპანია მე-9 არხის გენერალურ დირექტორად, ტელეკომპანია I არხის კულტურულსაგანმანათლებლო პროგრამების დირექტორად. არის სტუდია „მარაოს“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები - „ქართული მართლმადიდებელი ეკლესია“, „ხე მრუდე და ხე მართალი“, „გარეჯის უდაბნო“, „სწავლის მძებნელი“, „გრიგოლ ფერაძე“, „ნაძარცვის კვალდაკვალ“, „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“, „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II“, „ქართული მხედრობა პოლონეთში“ და სხვ.

გიორგი ანჩაბაძე - დაიბადა 1949 წ. დაამთავრა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში, დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, გამოქვეყნებული აქვს 120 სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 10 წიგნი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა საქართველოს და კავკასიის ხალხთა ისტორია, სამხედრო ისტორია, ეთნიკური ისტორია, წყაროთმცოდნეობა და ისტორიოგრაფია. 2007 წლიდან მუშაობს ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში სრული პროფესორის თანამდებობაზე. აქტიურად საქმიანობს სამოქალაქო სექტორში, მონაწილეობს ქართულაფხაზურ დიალოგში სამოქალაქო დონეზე.

ლევან გახელაძე - დაიბადა 1962 წ. დაამთავრა ჯერ თსუ ფიზიკის ფაკულტეტი, შემდეგ თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი. გაიარა ბრიტანეთის საბჭოს ტრენინგი ლონდონში საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში (2003 წ.) და აშშ დეპარტამენტის ტრენინგი International Visitor Leadership Program-ის ფარგლებში (2006 წ.) მუშაობდა ჟურნალისტად, უცხოეთის მიმომხილველად ბეჭდურ მედიაში, რადიო „მწვანე ტალღის“ წამყვანად, მეცხრე არხისა და რუსთავი 2-ის წამყვანად და სცენარისტად, იყო საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, 2007 წლიდან - ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსია.

მარინე ვეკუა - დაიბადა 1957 წ. დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1979 წლიდან მუშაობდა ამავე ფაკულტეტზე, ჯერ მასწავლებლად, შემდეგ დოცენტად, კათედრის გამგედ, დეკანის მოადგილედ, დეკანად. 2002 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით მიწვეული იყო ვაშინგტონის „ამერიკულ უნივერსიტეტში“. მარინე ვეკუა არის ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი, ხელმძღვანელობს ჟურნალისტიკის მიმართულების სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობას. პარალელურად მუშაობს საქართველოს უნივერსიტეტის წამყვან პროფესორად.

ირმა სოხაძე - დაიბადა 1958 წელს. დაამთავრა სახელმწიფო კონსერვატორია. ადრეული ასაკიდან დაიწყო საკონცერტო მოღვწეობა, არის მრავალი საესტრადო, ჯაზური, სატელევიზიო ფესტივალის ლაურეატი, 100-მდე საესტრადო და საბავშვო სიმღერის, ლექსის, თარგმანების, სამი მიუზიკლის, ერთი მონოოპერის ავტორი. 1984- 1989 წლებში ხელმძღვანელობდა ბავშვთა ქალაქ „მზიურთან“ არსებულ საბავშვო მუსიკალურ თეატრს, 1980-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე, სადაც გაიარა ყველა საფეხური უმცროსი რედაქტორიდან არხის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობამდე.

ბაკურ სულაკაური - დაიბადა 1964 წ. დაამთავრა თსუ მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1996-1998 წწ. მუშაობდა გამომცემლობა „დიოგენეს“ დირექტორად, 1998 წ. დააარსა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 1997-2001 წწ. იყო საქართველოს წიგნის გამომცემელთა და დამაარსებელთა ასოციაციის პრეზიდენტი. 2005-2007 წწ. - „ბაკურ სულაკაურის სკოლის“ დამაარსებელი და დირექტორი. შვედურიდან თარგმნილი აქვს ასტრიდ ლინდგრენის, ტუვე იანსონის, ავგუსტ სტრინდბერგის ნაწარმოებები, ამჟამად არის მოქმედი 8 სასკოლო სახელმძღვანელოს თანაავტორი.

მამუკა ფაჩუაშვილი - დაიბადა 1962 წ. დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა გაზეთების „საქართველოს“, „თავისუფალი საქართველოს“, „საქართველოს რესპუბლიკის“, „ივერია ექსპრესის“ მთავარ რედაქტორად, იყო გაზეთ „კავკასიონის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი; ჟურნალ „პარლამენტის უწყებანის“ მთავარი რედაქტორი. დღეს გაზეთ „24 საათის“ რედაქტორ-გამომცემელია.

მიხეილ ჭიაურელი - დაიბადა 1941 წ. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, უმაღლესი სარეჟისორო კურსები მოსკოვში. მუშაობდა სტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორად, ტელეკომპანია „იბერვიზიის“ სამხატვრო ხელმძღვანელად, „ქართული ტელეფილმის“ ახალგაზრდული გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელად. 2007 წლიდან დღემდე საპატრიარქოს ტელევიზია „ივერიას“ რეჟისორი და სამხატვრო საბჭოს კოორდინატორია.

ზურაბ ხარატიშვილი - დაიბადა 1967 წ. დაამთავრა თსუ მექანიკა-მათემატიკის და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტები. არის სერტიფიცირებული პროფესიონალი აუდიტორი 16-წლიანი გამოცდილებით. საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. არის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების პირველი ქართული გამოცემის რედაქტორი. 2000 წლიდან ზურაბ ხარატიშვილი საერთაშორისო აუდიტური კომპანია KPMG-ის აღმასრულებელი დირექტორია.

7 წერილი ბუდაპეშტიდან

▲ზევით დაბრუნება


7.1 ტრამვაის ბორბლების ხმაურში

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: გიორგი გვახარია
ფოტო: გიორგი ნადირაძე

0x01 graphic

მას შემდეგ, რაც უნგრეთში კომუნისტური რეჟიმი დაეცა, ბუდაპეშტშიც შეცვალეს რაღაცები - რამდენიმე ქუჩას ძველი სახელი დაუბრუნეს. პეშტის ცენტრში, ფეხითმოსიარულეებისთვის განკუთვნილ ვაციზე, „ზარა“ და „ბენეტონი“ გაიხსნა, ცენტრიდან ოდნავ მოშორებით კი - სავაჭრო ცენტრები, კინო-თეატრით და კაფე-რესტორნებით. ერთ-ერთ ასეთ ცენტრს, მოსკოვის მოედანთან ახლოს („მოსკვა ტერს“ სახელი დაუტოვეს), სადაც 1956 წელს დემონსტრანტები დახვრიტეს, „მამონტი“ უწოდეს; „ბუდაპეშტის შემოდგომის“ მსხვერპლთ აქ ძეგლი დაუდგეს - „ბენეტონისა“ და „მანგოს“ ფონზე.

ეს არის და ეს.

ჰო, კიდევ, ღამის ტრამვაი, წრიულ მარშრუტს რომ გადიოდა ყოფილი ლენინის, ახლა კი, იოზეფ ფერენცის ქუჩაზე, ღამის ავტობუსით ჩაანაცვლეს. თუმცა, ტრამვაის რელსები არავის აუღია. აბა, სად გაგონილა ბუდაპეშტი ტრამვაის გარეშე?!

ტრამვაის რელსები ამაღლებულ ზედაპირზეა დაგებული. ავტომობილის მძღოლები, როგორც არ უნდა ეჩქარებოდეთ, ვერასდროს შეძლებენ ამ „ბორცვებზე“ ასვლას და ბუდაპეშტისთვის ჩვეული საცობიდან თავის დაძვრენას. მანქანები და ავტობუსები იჭედებიან. ტრამვაი კი გამალებული მიუყვება თავის გზას - ზოგი გადის დუნაიზე, საუკუნეების წინ აშენებულ ხიდებს, ზოგიც თავად დუნაის დინებას მიჰყვება, ნაპირთან ისე ახლოს, თითქოს რელსები ზედ მდინარეზე იყოს დაგებული.

ეს ტრამვაი (ნომერი „2“ მარშრუტი), განსაკუთრებით მოსახერხებელია ტურისტებისთვის. გახედავ დუნაიზე, სხვადასხვა დროს აშენებულ ხიდებს - სრულიად განსხვავებული სტილის და ხასიათის ნაგებობებს და მაშინვე მიხვდები, სად იმყოფები და სად ხარ წასასვლელი.

პრაღისგან განსხვავებით, სადაც ასევე ძალიან უყვართ ტრამვაი, ბუდაპეშტში დაკარგვა შეუძლებელია. რომაული „ნანგრევები“, გაშლილ სივრცეში აშენებული შენობები - თურქი დერვიშის რეზიდენცია, ქრისტიანული ტაძრები და ევროპის ყველაზე დიდი სინაგოგა, ანუ განსხვავებული კულტურების „ნიშნები“, სრულიად საკმარისია საორიენტაციოდ. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს გაერთიანებული ბუდა და პეშტი, თავიდანვე ჩაიფიქრეს, როგორც „აღმოსავლეთ ევროპის პარიზი“, ააგეს პარიზის თარგის მიხედვით და ააშენეს ფრანგმა არქიტექტორებმა - მათ შორის, გუსტავ ეიფელმა. თუმცა ფრანგულმა სიმსუბუქემ და სიმყუდროვისკენ მიდრეკილებამ ავსტრო-უნგრულ პომპეზურობას ვერაფერი მოუხერხა. მერე ჰაბსბურგების იმპერია დაიშალა, უნგრეთის სათავეში ჯერ რადიკალი მემარცხენეები მოვიდნენ, შემდეგ ფაშისტები. ფაშისტებს - სტალინისტები მოჰყვნენ, სტალინისტებს - „დემოკრატი კომუნისტები“... 1956 წელს საბჭოთა ტანკებმა „ბუდაპეშტის შემოდგომა“ სისხლში ჩაახშეს. მერე იანოშ კადარი მოვიდა - სიკვდილით დასაჯა რევოლუციონერები („კონტრრევოლუციონერები“ უწოდა მათ) და თავად დაიწყო დემოკრატიული სოციალიზმის მშენებლობა. ბოლოს კომუნიზმი დაემხო და უნგრეთი ევროკავშირის, უფრო მეტიც, შენგენის ზონის ქვეყანაც გახდა.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

მაგრამ ავსტრო-უნგრულ კულტურას, თავისი სასახლეებით, სარკეებიანი კაფეებითა და ვალსებით, თავისი „აფელ შტრუდელით“ და ხაჭოს ნამცხვრების უთვალავი ვარიაციით, მაინც ვერავინ მოუღო ბოლო. ერჟებეტის თეთრი ხიდი - მეოცე საუკუნის დასაწყისში რომ ააშენეს ელისაბედ ავსტრიელის საპატივცემულოდ, იმ ელისაბედისა, ჯერ რომი შნაიდერმა რომ განასახიერა „ლუდვიგში“, შემდეგ მონიკა ვიტიმ ანტონიონის „ობერვალდის საიდუმლოში“, ისევ ამაყად დგას. ოდესღაც, ყველაზე გრძელ ხიდს ევროპაში, „ერჟებეტი“ ერქვა ყოველთვის - ჰაბსბურგების დროს, ხორტის ფაშისტური რეჟიმის ეპოქაში, კომუნისტების მმართველობის წლებში.

უნგრელები სიმბოლიკის შეცვლას, ტრადიციულად, ერიდებიან. 80-იანი წლების ბოლოს, ლამის მთელი აღმოსავლეთი ევროპა გადატრიალდა, ბუდაპეშტში კი თითქმის არაფერს ახლეს ხელი. დაჟანგული სახლებიც კი არ „გააფერადეს“, კედლები არ შელესეს. ევროკავშირში შესვლის შემდეგ, როცა უნგრელებს დასავლეთ ევროპაში მუშაობის უფლება მიეცათ, უამრავი ასეთი სახლი დაცარიელდა და უპატრონოდ დარჩა. ამბობენ, რომ ევროპაში დღეს განსაკუთრებული მოთხოვნაა უნგრელ ექიმებზე, ფიზიკოსებზე, იურისტებზე. სხვებთან ერთად, ევროპასა და ამერიკაში სამუშაოდ უნგრელ კინორეჟისორებსაც იწვევენ. მათ შორის „მეფისტოს“ ავტორს, იშტვან საბოს, პირველმა რომ დაიწყო კინოში უნგრელების ძველთაძველი ვნების - ისტორიის ესთეტიზაცია.

0x01 graphic

0x01 graphic

დიდი ხნის წინ, როცა დაშლილ კომუნისტურ ბლოკს ჩვენში სიზმარშიც კი ვერ ნახავდნენ, უნგრეთში მოგზაურობა სწორედ ამით დამამახსოვრდა - გადმოვედი მატარებლიდან და მომეჩვენა, რომ ბუდაპეშტი, მოწითალო-მოყავისფრო ფერის გაცრეცილი და დაჟანგული შენობებით, მრავალჯერ მქონდა ნანახი. მშობლიურობის ეს განცდა, ცხადია, სხვა ქალაქებშიც შეიძლება დაგეუფლოთ. თუნდაც პარიზში. ნიუ-იორკზეც ამბობენ, ჩადიხარ და შენი გგონიაო. მაგრამ, რატომღაც, მგონია, რომ ბუდაპეშტი ასეთ გრძნობას მხოლოდ იმ ხალხში ბადებს, ვისაც ცოტა მაინც „უვარჯიშია“ უნგულ კინოზე.

ნამდვილად ასეა - უნგრული ფილმების ნახვა ჩვენთვის „სავარჯიშოს“ ჰგავდა - ერთგვარი ტესტი იყო იმაზე, რამდენად არ დაგვიკარგავს ქვეტექსტის შეგრძნება, რამდენად შეგვიძლია ჩავწვდეთ ისტორიულ ანალოგიებს. იშტვან საბო - თავისი უნარით „გააჩეროს“ ისტორია, ახლო ხედით დაგვანახოს ეს ანალოგიები - კომუნისტების საჩუქარი იყო. გვიკვირდა და გაოცებას ვერ ვმალავდით - ნუთუ ასეთი იდიოტები არიან ეს ჩვენი ცენზორები, ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ საბო, მაშინ, როცა ფაშისტებს ამხელს, მხოლოდ და მხოლოდ კომუნისტებს გულისხმობს?

„- რას გადაეკიდეთ ამ საბოს? ჩვენ უკეთესი კინო გვაქვს. უბრალოდ, საბჭოთა კავშირში იმ ფილმებს არ უჩვენებენ,“ - მითხრა მაშინ, იმ უხსოვარ დროს, ჩემმა უნგრელმა მეგობარმა.

ეტყობა გული უგრძნობდათ.

კომუნისტური სისტემა დაინგრა და უნგრეთში უშიშროების აგენტების მხილება დაიწყეს. ამ გრძელ სიაში, იმ ადამიანებს შორის, ვინც 1956 წლის რევოლუციის დროს „დაავერბოვკეს“, იშტვან საბოც აღმოჩნდა - კაცი, რომელმაც კინოს ყურებაში „მავარჯიშა“ და ერთ-ერთმა პირველმა გამააზრებინა - ფირზე შენახული, მუმიფიცირებული ისტორია რეალობაზე უფრო ნაღდია. მით უმეტეს, როცა ეს რეალობა შენიღბულია და გაყალბებული.

0x01 graphic

საბომ აღიარა, რომ უშიშროების აგენტი იყო. ამაზე მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი, რომ ჩემს მეგობრებს დავხმარებოდიო. არადა, თურმე კოლეგებზე „დანოსებს“ წერდა, მარქსიზმის წინააღმდეგ იბრძვიანო. ასე გახდა ერთადერთი „ოსკარის“ ლაურეატი უნგრული კინოს ისტორიაში.

„მეფისტოს“ ამბავია, მოკლედ.

არ იქნებოდა საბო საიდუმლო პოლიციის აგენტი და არც ფირზე აღბეჭდილი ისტორიის „სავარჯიშოები“ გვექნებოდა, არც მისი გაუთავებელი სერია ფილმებისა სინდისზე და ხელისუფლებასთან თანამშრომლობის უზნეობაზე. არ იქნებოდა არც ფირზე აღბეჭდილი ძველი ტრამვაი, რომელსაც საბოს ყველაზე უცნობ სურათში „ბუდაპეშტის ზღაპრებში“, ხალხი გაწმენდს, შეაკეთებს, რელსებს დაუგებს. მერე ყველა ერთად მიაწვება ტრამვაის პატარა ვაგონს და ადგილიდან დაძრავს.

ადგილიდან დაძრავს გაქვავებულ ისტორიას, რომელიც უნგრელებისთვის ჯერ კიდევ ანალოგიებზე არსებობს.

ასეთი ანალოგიები დაედო საფუძვლად, მაგალითად, ტერორის მუზეუმს, უფრო სწორად „ტერორის სახლს“, რომელიც 1989 წელს, კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ გაიხსნა ბუდაპეშტში.

ხორტის რეჟიმის დროს, 30-იან, 40-იან წლებში აქ ფაშისტების საიდუმლო პოლიცია მოქმედებდა. კომუნისტებს, ხელისუფლებაში როცა მოვიდნენ, ახალი შენობის მოძებნა დაეზარათ. მათ თავიანთი „სუკი“ იმავე სახლში განათავსეს. უფრო მეტიც, მემკვიდრეობით დაეუფლნენ წამების იარაღებს, რომელთაც ფაშისტები დაკითხვის დროს იყენებდნენ. ამიტომაც დაიყო „ტერორის სახლი“ ორ ნაწილად - ფაშიზმის ეპოქა და კომუნიზმის ეპოქა. უფრო სწორად, ეს ორი სივრცე ერთმანეთში აირია და მივიღეთ კიჩად ქცეული ტოტალიტარიზმი, უფრო სწორად, მეოცე საუკუნის უნგრეთის კიჩად ქცეული ისტორია.

„ტერორის სახლის“ სარდაფში სახრჩობელები დგას. აქვეა საკანი, რომლის კედლები ჩვეულებრივი საპნის ნაჭრებითაა დაფარული. ყოველ ამ საპნის ფილაზე კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარია ამოტვიფრული.

კოშმარი და აბსურდი ერთმანეთს ანეიტრალებს და დამთვალიერებელი იბნევა - ვეღარ ხვდება, უნდა იცინოს, თუ თავში იხალოს ხელები.

არის საკანი რბილი კედლებით - მეტისმეტად ნერვიული პატიმრებისთვის, რომელთა თავებს ძალიან უფრთხილდებოდნენ ჯალათები.

სარდაფის ოთახებში, სადაც 1956 წლის რევოლუციის მსხვერპლთა სურათებით გაფორმებული მინის ლიფტით ჩადიხარ, საშინელი სუნია.

გვამების სუნი.

მეგონა, ეს სუნიც მუზეუმის „ექსპონატი“ იყო - ხელოვნურად დაყენებული. არაო, მითხრეს, უბრალოდ, ეს სათავსოები არ ნიავდება და გვამის სუნი „ტერორის სახლის“ კედლებშია გაჟღენთილიო. გამოდის, რომ უნგრელებმა არა მარტო ისტორია შეინახეს, მათ „ისტორიის სუნიც“ კი დაგვიტოვეს.

პრინციპში, ამას აღწევდნენ ის კარგი უნგრელი რეჟისორები, რომელთა შემოქმედებას, საბოსგან განსხვავებით, ნაკლებად იცნობენ ჩვენში; მიკლოშ იანჩოს, მარტა მესაროშის, ანდრაშ კოვაჩის, ზოლტან ფაბრის, კაროი მაკის ფილმებში, ზოგჯერ დროს, სუნიც კი აქვს. უნგრეთში ოპერატორების დიდი სკოლა შეიქმნა - იმდენად დიდი, რომ 70-იან წლებში ჰოლივუდმა სათითაოდ დაიწყო მათი მოწვევა - მარტო ლასლო კოვაჩი რად ღირს - მარტინ სკორსეზეს, პიტერ ბოგდანოვიჩის, დენის ჰოპერის „მარჯვენა ხელი“! კოვაჩმა სწორედ უნგრული კინოდან მოიტანა ჰოლივუდში „დაჟანგული“ გამოსახულება, ძველ ფოტოებს რომ გვაგონებს, აი, იმ ფოტოებს, ვალტერ ბენიამინი რომ ამბობდა, თავისი „აურა“ აქვთო.

ასეთია ბუდაპეშტიც. აქ ყველა კუთხე გაყვითლებულ ფოტოსურათს ჰგავს - „წამსვლელ ნატურას“, როგორც ვისკონტი ამბობდა ვენეციაზე. ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით - წარსულის „აურა“, ისტორიის სუნი, აქ სულაც არ გიღვიძებს ნეკროფილურ გრძნობებს. ბუდაპეშტში გადაადგილებისას, გიკვირს კიდეც, როცა იგებ, რომ უნგრეთი დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა მსოფლიოში თვითმკვლელთა რაოდენობით.

მეც არ მესმის, რატომ იხრჩობდნენ დუნაიში თავს ცენტრალური ევროპის ამ ყველაზე ლამაზი ქალაქის მკვიდრნი. ნუთუ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კუნძული ზღვის გარეშე, ევროპის ცენტრში, სრულიად უცხო კულტურებით გარშემორტყმული მიწა, მემკვიდრეობით გადადიოდა ერთი დიქტატორიდან მეორის ხელში?

ამ დიქტატორებმა ტრამვაის ხომ მაინც ვერაფერი მოუხერხეს? გამალებული რომ მიუყვება საგანგებოდ მოწყობილ ბილიკს. ზოგჯერ თანამედროვე მერსედესებზე სწრაფ ტრამვაის.

ვერც საკონდიტრო „ჟერბოს“ ახლეს ხელი - 1858 წელს აშენებულ კაფეს, სადაც ნამცხვარს ისეთივე გემო აქვს, როგორც უნგრელების საყვარელი დედოფლის, ერჟებეტის მმართველობის წლებში

ვერც სახელგანთქმულ აბანოებს, უფრო სწორად „საბანაოებს“ უცვალეს ფერი. მეფის სასახლეს ჰგავს ეს აბანოები - უზარმაზარი ჭაღებითა და სარკეებით.

ბუდაპეშტის აბანოებში იშტვან საბოს რამდენიმე ფილმის სცენა აქვს გადაღებული. ხშირად მეორდება ასეთი კადრი - საბოს გაშიშვლებული გმირი ხან წყალს მისჩერებია და თავის ანარეკლს უყურებს, ხანაც სარკეებს შესცქერის კედლებზე. სინდისი აწუხებს.

ამ ქალაქში ყველგან ასეა - უყურებ შენს ანარეკლს და ისტორიას ხედავ. შენ - ისტორიის ნაწილი ხდები. ამას რომ გაიაზრებ, შეიძლება, შეგეშინდეს და თავი მოიკლა. მაგრამ, შეიძლება, გაგიხარდეს და მოგინდეს იცხოვრო ქალაქში, სადაც თითქმის არაფერი იცვლება და სადაც, მაინც მოძრაობს ისტორია - ტრამვაის ბორბლების ხმაურის ქვეშ.

8 რეპორტაჟი

▲ზევით დაბრუნება


8.1 მოგზაურობა ცხრა მთას იქით

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: CANDY CACTUS

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

მე არ წავედი, გოგო წავიდა. მე იმიტომ არ წავედი, რომ იქ საშვილიშვილოდ ჩარჩენის პერსპექტივა არ მეამა, გოგო კი იმიტომ წავიდა, რომ სწორედ იქ უნდოდა დარჩენა. შესაბამისად, მე თბილისში გავიჭედე, გოგო - მთაში, და რაღა დაგიმალოთ და დიდად ნასიამოვნები არც მე ვარ და არც ის.

ჩემი ამბავი ამ შემთხვევაში არაფრისმომცემია, გოგოსი კი - მნიშვნელოვანი, რადგან ქვემოთ მოთხრობილია ამბავი მხარისა, რომელში წასულიც ერთი-ორი კი მინახავს, მაგრამ დაბრუნებული - არავინ.

0x01 graphic

დარდი გოგოს მიერ დატოვებულ წიგნს გადავაყოლე, რომელსაც, საძაგელი ზამთარი რომ არა, არასოდეს წავიკითხავდი: „ოსმანთა ოცნება. ოტომანთა იმპერიის ისტორია 1300-1923 წ.წ.“, 674 გვერდი, ინგლისურად, ვაი, დედა! მაგრამ ხომ უნდა მცოდნოდა, რაში გაეხვა გოგო.

თურმე, საშინელებაში.

ცხადია, „თაიმსის“ მიერ „ბრწყინვალედ“ შერაცხული წიგნის მოკლე შინაარსის გადმოცემას არ ვაპირებ, მე რომ გავმწარდი, ისიც საკმარისია. მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რაც ზაქარია ჭიჭინაძეს ერთმა ძალიან ხნიერმა აჭარელმა უამბო:

თურმე, აჭარაში ისლამს ფეხის მოკიდება ძალიან უჭირდა. რამდენიმე მოხუცი მამაკაცი და ქალების უმრავლესობა (ასე წერია. მაინც ძალიან მაგარი ხალხია ქალები! - ა.კ.ს.) მტკიცე ქრისტიანები იყვნენ და თურქ მოლებსა და ხოჯებს ეკამათებოდნენ ხოლმე. საბოლოოდ ბრძანება გასცეს: დააპატიმრეთ ყველა, ვინც გვეწინააღმდეგება და ძალად გაამუსლიმეთ, ურჩები კი სიკვდილით დასაჯეთო. მოხუცი აჭარელი ქრისტიანები საპყრობილეებში ჩაყარეს, შემდეგ კი აჭარისწყალთან მიიყვანეს, მეთორმეტე საუკუნის ხიდთან, რომელსაც თამარის ხიდი ჰქვია. აქ მოხუცებს ჯერ თავებს ჭრიდნენ, მერე - ენის წვერებს (ამ თანმიმდევრობას კიდე რა უშავს - ა.კ.ს.). წამებულთა თავებს ფაშას უგზავნიდნენ (რად უნდოდა, იმ წამწყდარს? - ა.კ.ს.), სხეულებს კი მდინარეში ყრიდნენ.

ეს ხდებოდა 1790 წელს, ქართული ისტორიის მასშტაბების მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, გუშინწინ. ვაი, დედა! დიდი იმედია, აჭარელი პაპა ცოტას მაინც აჭარბებდა, მაგრამ მაინც ძალიან ცუდია ეს ამბავი.

. . .

სკანდინავიელები ჰყვებიან, რომ მთაში დაძინებულს ღამით ტროლები ეპარებიან, სულის ნახევარს ჰპარავენ და ამის მერე ადამიანი მხოლოდ იქაა ბედნიერი, სადაც ტროლებმა მისი სულის ნახევარი დამალეს - მთაში. როგორც ჩანს, ამ ფოტოსურათების ავტორს ხულოს რაიონში გასულ წელს, ზაფხულში იგივე შეემთხვა: ავიდა - და წახდა. მას აქეთია, სხვა აღარაფერზე ლაპარაკობს, სხვა აღარაფერი უნდა. ნორმალური გოგო გავუშვით და შერყეული დაგვიბრუნდა.

აჭარის მთიანეთი რომ ძალიან შთამბეჭდავი სანახავია, ყველამ ვიცით. მაგრამ გოგოს მეტისმეტად ბევრი მხარე აქვს მოვლილი საიმისოდ, რომ მაინცდამაინც იქაურ ბუნებაზე გადარეულიყო. ამბობს, ხალხია ყველაზე მაგარიო - და ისეთებს ჰყვება, მტერს და ავს! ამ ამბავში ტროლების ხელი ურევია, აშკარად. გოგო ჰყვება და ჰყვება, თან გახარებული, მე კი სულ ელეთმელეთი მომდის. ვითომ, კარგია ეს ამბები?

შარაგზის მუსიკოსი

მოდის გოგო უკაცრიელ გზაზე და ხედავს: დგას დახლი, დახლზე ვაშლები აწყვია, ვაშლებთან კი კაცი დგას: ჰყიდის, ოღონდ ვის უნდა მიყიდოს - უცნობია, გზაზე კაციდაბადებული არ დადის.

0x01 graphic

შენ ვინა ხარო? მე - გოგოო.

კაცმა უთხრა, დაიცაო, დახლსქვემოდან აკორდეონი გამოაძვრინა, გაწელა, დაუკრა და იმღერა.

გოგომ უთხრა, დაიცაო, ზურგჩანთიდან ფანდური ამოიღო, ჩამოკრა და იმღერა.

კაცმა, დაიცაო, დახლსქვემოდან გუდასტვირი ამოიღო და ჩაბერა.

გოგომ, დაიცაო, ზურჩანთიდან სალამურები ამოალაგა - ეგ სიკეთე კი აქვს უხვად, და დაუკრა - კარგად გამოსდის, ფლეიტისტია.

კაცმა უთხრა, შენ კარგი გოგო ყოფილხარო და თუ გინდა, ვაშლს გაჭმევო.

გოგომ, კიო, შეჭამა ვაშლი, კაცს მადლობა მოახსენა და გზა განაგრძო.

ცოტა შეყვარებული პოეტი

გოგო სოფლის განაპირა სახლს მიადგა. იქ პოეტი ცხოვრობს.

პოეტმა გოგოს ვარდი მიართვა, ლექსი უძღვნა, ქათინაურები უთხრა, სუფრა გაუშალა და მერე ფურცელი გაუწოდა, ერთი აქ შენი სახელი და გვარი და პასპორტის ნომერი დამიწერეო.

ჯაშუში ეგონა.

...ჩემი საბრალო პატარა გოგო ყველას ჯაშუში ეგონა, ყველგან პასპორტს სთხოვდნენ, ის კი, ცხადია, არ აძლევდა, კარგად ახსოვს „საფრთხე - ტრეფიკინგი“, და ამის გამო სულ გაგიშვი-გამიშვი იყო, გაწევ-გამოწევა და აყალმაყალი... რაღა ეს მხარე ამოიჩემე, გოგო?! ზაფხულში კიდევ ჰა, მაგრამ ზამთარში? მაგრამ არ დაიშალა, მელიან, ავალ, მუსიკას ავიტან, წიგნებს, ინტერნეტსო, ინგლისურს ვასწავლი და სამეჯლისო ცეკვებსო - ვის რად უნდა, პატარა გოგო, შენი ნაროდნიკული წიაღსვლები?

სოფელში გადაწყდა, რომ თეთრი, გაღიმებული გოგო საფრთხეა. გადაწყდა, რომ ცუდ საქმეზეა მოსული - აბა, კარგ საქმეზე ნორმალური ადამიანი იქ რად ავიდოდა? და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო: როგორც იქიდან დაბრუნებულმა, ოსვენციმის ტყვესავით გამხდარმა და ნირწამხდარმა გოგომ მიამბო, დენი იყო, შუქი - არა, ჩაუჭრეს. ტყე იყო, შეშა - არა, რადგან ცული არავინ მისცა. მოდიოდნენ სტუმრები, მაგრამ მასპინძელს არად აგდებდნენ. ჰპირდებოდნენ სამოთხეს და მოაქციეს ჯოჯოხეთში.

მანამდე კი წერილები მომდიოდა - დიდება გლობალიზაციას! სტილი შენარჩუნებულია - ერთი წლის განმავლობაში ნასწავლი ქართული. პირადული ამბები ამოვიღე - რაში გაინტერესებთ.

ვა, რა გამოცდილება, ვაიმე... მე ხან და ხან უკვე დეპრესიაში მინდა წავიდე, მაგრამ ახლა კიდევ ოპტიმისტი ვარ:)

ვიფიქრე, რომ ძალიან დუში მინდა. მივედი ბათუმში - აქ მატარებელი ტრუბა გაფუჭდა და საერთოდ წყალი სულ ბათუმში არ არის! უკვე შეჩვეული ვარ, მე არ დამავიწყდა რომ ძენ ამბობს - არაფერი არ შეიძლება მინდოდეს!

0x01 graphic

0x01 graphic

. . .

ვაიმე ჩემო.

მგონი შავი მთვარეები თევზების სამყაროში მოვიდა თუ რა ხდება აქ ვობშე.

მე ვიფიქრე, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველა თებერვალი ცოტა ძნელი. ესეც. თევზი ვართ ორივე, რა ვქნა:)

პირველი რაღაცა. ძალიან მინდა მოვიდე და საუბარი შენთან. ეხლა - ციხეში ვარ. გზა დაკეტილი.

გუშინ წამოვედი თხილვანადან, დიდი ჩანთები იყო, კალოტამდე იქნება 12 კილომეტრი. ცუდი არ არის თუ ამინდია მაგარი. მაგრამ მოვიდა ისეთი თოვლი, რომ იყო ერთი წუთი, რომ არაფერს არ ვხედავდი უკვე. მერე - ლავინა მოვიდა. გზა პრაქტიკალურად ლავინაში იყო, ძალიან მე მეშინოდა, პირველჯერ ჩემს ცხოვრებაში ასეთი რაღაცა ვნახე. ნელა ნელა გამოვედი, მაგრამ ეს იყო როგორც პატარა ჯოჯოხეთი.

კალოტაში კაია, აქ 30 ბავშვები მე უკვე მელოდებიან და ყვირიან, საად მე იყავი, უნდა კიდევ ინგლისური ვისწავლოთ. ეს მართლა ძალიან მაგარი რაღაცა. სკოლაში ვაკეთენ ყოველდღე ამათ თეატრი ინგლისური და სხვა და სხვა რაღაცები.

რა საინტერესო, რო პატარები ძალიან ჭკვიანი არიან, მაგრამ მოდის დრო, რო უკვე 18 წლის სკოლაში სწავლობენ როგორც ჯარში, არ ვიცი, რატომ ასე.

მაინც კარგად ვარ... მართლა, მე უკვე როგორ სერიალიდან ლაპარაკობ - აქ ხალხი ბევრს უყურენ. მგონი თუ ცოტა ხანი კიდევ აქ ვიქნები, ვობშე დებილი გავხდები:) მაგრამ რა გამოცდილება!

. . .

ეეხლა მართლა, შენ ფიქრობ, რო სერიალი დამთავრდა?

არა, არა, ჩემო კარგო:)

ვერაფერი ვერ გავიგე უკვე. რა მესმის - ეს არის ცუდი. შენ ჩემი და ხომ ხარ. უდრის დებილები ვართ.

სამშაბათს მივდივარ ბათუმში. უფრო ადრე მანქანა აქედან არ იქნება. ბათუმში შეიძლება ერთი თუ ორი დღე, მერე მოვალ თბილისში.

სერიალი არ დამთავრებულა. გოგომ ფოტოები ჩამოიტანა და აღტაცებული, აღტკინებული და შეყვარებული მიყვებოდა, როგორ შესანიშნავ მხარეში იყო, როგორ კეთილად დახვდნენ, რა გემრიელად უმასპინძლდებოდნენ და როგორი ერთსულოვანია ეს ხალხი ჭირსა თუ ლხინში.

გაიგეთ რამე? მე ვერა. გეუბნებით, ტროლების ამბავია.

სამი დღის წინათ გოგო აჭარაში დაბრუნდა.

მე თბილისში ვარ და გაგრძელებას ველი.

0x01 graphic

8.2 ტყვიები VS შიშველი ხელები

▲ზევით დაბრუნება


ავტორი, ფოტო: ალექსანდრე კვატაშიძე

0x01 graphic

სტივ იორკი

სტივს 2003 წლის დეკემბერში შევხვდი. როცა ჩამოვიდა და კითხვების დასმა დაიწყო, ვარდების რევოლუციის სურნელი ჯერ კიდევ ტრიალებდა ჰაერში. პირველი, რამაც გამაოცა, მისი ეკიპირება იყო - ოთხი ჩემოდანი განათების აღჭურვილობით. როგორც წესი, არც ქართველები და არც უცხოელები ინტერვიუს ჩასაწერად, ამდენი წვრილმანის თრევით, თავს არ იწუხებენ. მალევე აღმოვაჩინე, რომ სტივს ბრწყინვალე ტექნიკური ცოდნა ჰქონდა და ამიტომ შესვენებისას ხშირად ვესაუბრებოდი ჩემთვის საინტერესო (ზოგადად მოსაწყენ) თემებზე, მაგალითად, ფერის კოდირების სიხშირეზე ან პიქსელების პროპორციებზე ვიდეო ფორმატებში.

0x01 graphic

კიევი, 2007 წლის დეკემბერი

სტივის კითხვებს მრავალი ადრესატი აღმოაჩნდა - „კმარელები“ და სხვა აქტივისტები, ვისაც ვარდების რევოლუციაში რაიმე როლი ეთამაშა. იყვნენ მთავარი მოქმედი გმირებიც - ვანო მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი, ნინო ბურჯანაძე და თავად ედუარდ შევარდნაძეც. ამ პატიოსან ხალხთან ინტერვიუების წერის დროს მე კამერასთან ვიდექი, ყურებზე აუდიო მონიტორები მეკეთა და ხმის დონეს ვაკონტროლებდი, თუმცა, ჩემდა უნებლიედ, საუბრის შინაარსმაც გაიარა ჩემს ყურებში. სტივი ბევრ დროს უთმობდა თითოეულ რესპონდენტს და მათ ვრცელ მონათხრობს გულისყურით უსმენდა. ცოტა ხანში მივხვდი - უნდოდა გაერკვია, რა სტრატეგია ედო საფუძვლად ამ რევოლუციურ მოძრაობას და რამდენად ცნობიერად მოხდა ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ არაძალადობრივი მეთოდების გამოყენება.

სტივი საქართველოში მეორედაც ჩამოვიდა და მეც კიდევ ერთხელ, როგორც ოპერატორს, საინტერესო და მაღალანაზღაურებადი სამუშაო მერგო.

ფორმულა ნაპოვნია!

როდესაც რევოლუციის ქარმა უკრაინას დაუბერა, სტივისგან შემოთავაზება მივიღე კიევში მემუშავა მასთან ერთად.

კიევი საპროტესტო აქციებით, კარვებით, სუსხით და ლამაზი ქალებით იყო გაჯერებული, თუმცა, ჩვენს გადამღებ ჯგუფს ამ ოთხიდან მხოლოდ სამისთვის ეცალა. ლამაზ ქალებთან ურთიერთობა კი პოლიტიკურ აქტივისტებთან ინტერვიუების ჩაწერამ ჩაანაცვლა და მეც ახლა უკრაინული სტრატეგიების მესაიდუმლე გავხდი.

უკრაინას სამჯერ ვესტუმრე გადასაღებად. სტივი სულ უფრო ხშირად მესაუბრებოდა არაძალადობრივ ბრძოლებზე და, თუკი მე ეს ყველაფერი დასაწყისში მშრალ თეორიად მიმაჩნდა, მან თანდათან დამარწმუნა არაძალადობრიობის სიძლიერეში, თანაც, ამას ხომ ჩემ თვალწინ მომხდარი უკვე ორი ქვეყნის მაგალითი ადასტურებდა სინამდვილეში მაგალითები ბევრად მეტია: მაჰათმა განდის მარილის მარში ინდოეთში, რომელმაც ამბიციური ბრიტანეთი კუდამოძუებული განაშორა ინდოეთის მიწა-წყალს; სამხრეთ აფრიკის ბრძოლა თანასწორობისთვის, რამელმაც აპარტეიდი დაამარცხა…- ეს ძალიან ცნობილები. ამას გარდა, უამრავი არაძალადობრივი მოძრაობა მომხდარა თუ ახლა ხდება ათობით ქვეყანაში. უკვე დიდი ხანია არსებობს სწავლება იმის შესახებ თუ როგორ უნდა მიაღწიო წარმატებას არაძალადობრივი გზით, და რაც მთავარია (და ამასთან გასაოცარი), თუ რატომ არის შიშველი ხელები ტყვიებზე უფრო ძლიერი. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, თუ მთავრობამ აურია, უფრო სწორად, თუ ძალიან აურია, ოპოზიციის ლიდერებმა, უბრალოდ, უნდა წაიკითხონ ეს სახელმძღვანელოები და კორუმპირებული ხელისუფლება უმტკივნეულოდ გააძევონ.

ფორმულა ნაპოვნია!

სევილიური ვორკშოპი

ფორმულის ავტორებს ანდალუზიის დედაქალაქში შევხვდი, რაღა თქმა უნდა, სტივის მორიგი ზარის წყალობით. ფილმი, უფრო სწორად, ეპიზოდი ფილმისა, ეგრეთ წოდებული „ვორკშოპის“ გადაღებას ითვალისწინებდა, სადაც ვეტერანი რევოლუციონერები დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ აქტივისტებს არაძალადობრივი ბრძოლის მეთოდებს ასწავლიან. თუ რატომ შეირჩა შეხვედრის ადგილად სევილია, არ ვიცი, ალბათ, ამერიკის კონტინენტიდან და აზიიდან ჩამოსულ სტუმრებს თანაბარი მანძილი რომ გამოევლოთ. იყვნენ ფილიპინებიდან, ნეპალიდან, გვატემალიდან, მალდივებიდან და საიდან აღარ. რაც შეეხება ლექტორებს, მათი ძირითადი ბირთვი სერბი ახალგაზრდები იყვნენ, ვინც თავის დროზე შექმნეს ორგანიზაცია „ოტპორი“ და დაამარცხეს დიქტატორი სლობოდან მილოშევიჩი. სხვათა შორის, სწორად ამ „ოტპორის“ გამოზრდილია ქართული „კმარა“, უკრაინული „პორა“ და ბევრი სხვა. სერბებს ტრენინგების ჩატარებაზე, მოთხოვნები დედამიწის ყველა კითხიდან მოსდით და ძალიან ბევრს მოგზაურობენ, უფრო სწორად, აეროპორტებში უფრო მეტჯერ სძინავთ, ვიდრე საკუთარ ბალიშებზე. გარდა თავიანთი გამოცდილებისა, მათ შეისწავლეს კონფლიქტების არაძალადობრივი მოგვარების სხვა ქვეყნების მაგალითები, შექმნეს მეთოდოლოგია და გამოსცეს სახელმძღვანელოები. ჰო, ალბათ, იკითხავთ, თუ ვინ აფინანსებს ამ ყოველივეს. არის ასეთი კაცი, სახელად პიტერ აკერმანი, ამერიკელი, დაბადებული 1946 წელს, რომელმაც ბევრი ისწავლა თუ ცოტა, გადაწყვიტა თავისი ცოდნა (და არა მარტო ცოდნა) დედამიწის ზურგზე დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისათვის მიეძღვნა. პიტერი ბიზნესის მართვაშიც ნიჭიერი კაცი აღმოჩნდა და ბევრი ფულიც იშოვა, ჰოდა, როგორც იდეალისტებს სჩვევიათ, თავის საკუთარ დანაზოგს ახმარს არაძალადობრივი მეთოდებით დიქტატორული რეჟიმების შეცვლის სტრატეგიის განვითარებას და გავრცელებას. თურმე, სტივის ფილმებსაც ის აფინანსებს.

0x01 graphic

ბანკოკი, ტაილანდი, იანვარი 2008

ერთხელ აზიაში

როგორც წესი, სიტყვა „საზღვარგარეთი“ ქართულ მენტალიტეტში ასოცირდება პარიზთან, ბერლინთან, რომთან, ლონდონთან და ა.შ. რამდენიმეჯერ მქონდა ბედნიერება ამ ტრადიციულ „საზღვარგარეთში“ მემოგზაურა, თუმცა, ერთხელ სტივმა დამირეკა და სხვა „საზღვარგარეთში“ მიმიპატიჟა. ასე მოვხვდი ტაილანდში.

0x01 graphic

ტაილანდის ტურისტურ ბროშურაზე წერია:

ტაილანდს ჰყავს მეფე, უაღრესად მზრუნველი მისი ხალხისთვის.

ტალიანდის ხალხს ძალიან უყვარს თავისი მეფე და აფასებს მას.

ტაილანდის მეფის შეურაცხყოფა ისჯება ორწლიანი პატიმრობით.

…მაგრამ, ტაილანდის პოლიტიკასთან არაფერი გვესაქმებოდა. ბანგკოკის აეროპორტშივე ვიქირავეთ მანქანა და გავემგზავრეთ მიანმარის საზღვრისაკენ (მიანმარს კიდევ ბარმას, ბირმას ან ბურმას ეძახიან). საზღვარი ერთი მთის მდინარეა, რომელშიც ბირმელები ცხოვრობენ (ეს მდინარე ხალხით სავსე დამამახსოვრდა: ზოგი ცურავდა, ზოგი რეცხავდა, ზოგიც, ბანაობდა). მისი ნაპირები სავსეა ფიცრულებით და ჭრელი სარეცხით. მილიონობით ბირმელი ტაილანდის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ისინი სამშობლოდან შიმშილს და სიღარიბეს გამოექცნენ (ერთი უმნიშვნელო ჩანართი: სწორედ ბირმა ამარაგებს მსოფლიო საიუველირო ინდუსტრიას ლალით და საფირონით). ბირმელი მოსახლეობის 20%25 წერა-კითხვის უცოდინარია. შწავლის საფასური წარმოუდგენლად დიდია. მამაკაცები ახალგაზრდობაშივე იძულებული ხდებიან, უარი თქვან საერო ცხოვრებაზე და მასიურად ბერებად აღიკვეცებიან. მონასტერი მათთვის განათლების მიღების ერთადერთი შანსია. ამას გარდა, მონასტერი მათ სამხედრო სამსახურიდანაც იხსნის. ჯარი ნებაყოფლობითია, თუმცა, მხოლოდ ფურცელზე, სინამდვილეში, ახალგაზრდებს ძალით ერეკებიან ყაზარმებში, როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს და… ბავშვებს (!!) გაეროს მონაცემებით 70 000 მცირეწლოვანია ძალით გაჯარისკაცებული.

0x01 graphic

ღაც შემეხება მე, ყოვლად უწიგნურ ოპერატორს, ბირმის არსებობა პირველად სულ რამდენიმე თვის წინ CNN-ის სიუჟეტიდან შევიტყვე, სადაც ნარინჯისფერ სამოსში გამოწყობილი ათასობით ბუდისტი ბერი პროტესტის ნიშნად ქუჩებში მოაბიჯებდა. საპროტესტო მარში რამდენიმე ქალაქში ერთდროულად ჩატარდა და საოცარი სანახავი იყო. მსვლელობისას ბერები აუნ სან სუ ჩი სახლთან შეჩერდნენ. ქალბატონი სუ ჩი 1989 წლიდან შიდა პატიმრობაში იმყოფება, მიუხედავად იმისა, რომ 1990 წელს მისმა პარტიამ 82%25-იანი გამარჯვება მოიპოვა არჩევნებში და, რომ არა ბედის უკუღმართობა (ანუ დიქტატურა), ეს ქალბატონი დღეს ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს. (რა შუაშია არ ვიცი, მაგრამ სტალონე ახალ „რემბოს“ სწორად ბირმაზე იღებს).

0x01 graphic

კატმანდუ, ნეპალი, იანვარი 2008

საზღვარზე ჩვენი ყოფნის მიზანი, იმ ბერებთან, უფრო სწორად, მათ ლიდერებთან გასაუბრება იყო. სტივს უნდოდა გაეგო, მიზანმიმართულად იყენებდნენ თუ არა ისინი არაძალადობრივ სტრატეგიას, თუ ეს სპონტანურად მოხდა, ანდაც, მოხდა იმიტომ, რომ მათ, უბრალოდ, არ ჰქონდათ იარაღი.

ბირმის ოპოზიციურმა სტრატეგიამაც ჩემს ყურებში გაიარა. პასუხები არაერთგვაროვანი იყო, სტივსაც უჭირდა დიაგნოზის დასმა. ოთხი დღე პაპანაქება სიცხეში (იანვრის შუა რიცხვებში) ვიმუშავეთ და ბოლოს, მაინც მივაკვლიეთ იმ ხალხს, ვინც შეძლო სტივის სახეზე კმაყოფილება აღებეჭდა: ოპოზიციური ლიდერები შეგნებულად მიმართავდნენ მშვიდობიან მეთოდებს!

ჩვენ დავუბრუნდით ბანგკოკს და ნეპალში გავფრინდით.

კატმანდუში ჩაფრენისთანავე, შთაბეჭდილება შემექმნა ქვეყნის სიღარიბეზე. აეროპორტში ხალხი დაგვესია და ჩვენი ბარგი თავიანთი ტაქსებისკენ გააქცუნეს. საკმაო ძალისხმევის შედეგად დავიბრუნეთ ნივთები და (იმედია) გავაგებინეთ, რომ ჩვენ სასტუმროს მიკროავტობუსი მოგვაკითხავდა.

კატმანდუ თბილისზე უფრო მტვრიანი ქალაქია. ტრანსპორტის ძირითადი საშუალებაა ველოსიპედი, შემდეგ მოდის მოპედი, და ბოლოს - ავტომობილი. სამივე კატეგორია არის ძალზედ ძველი და ჟანგიანი. მიზეზი: ნეპალი ავტომობილების იმპორტს უმოწყალოდ ბეგრავს, ხოლო ნახმარი მანქანების ქვეყანაში შემოტანას საერთოდ კრძალავს. ასე რომ, ან უნდა იყო მდიდარი, ან უნდა იარო ჟანგიანი მანქანით.

აქაც არის მეფე, უფრო სწორად მეფის ძმა, რომელიც იმის შემდეგ გამეფდა, რაც ნამდვილი მეფის ოჯახი ახალგაზრდა პრინცმა ავტომატით გადაცხრილა და თავიც მოიკლა. ნეპალელები ამ ისტორიას ცოტა ეჭვის თვალით უყურებენ - ამ საშინელი მკვლელობის მოწმე არ არსებობს, მაგრამ ალტერნატიული, საფუძვლიანი ჰიპოთეზაც არ გააჩნიათ.

ჩვენ გვინდოდა, შარშანდელი ოპოზიციური მოძრაობის სტრატეგია გაგვერკვია. პროტესტი მოჰყვა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც ნეპალის მეფის ძალაუფლებას ზრდიდა. ჩვეულებისამებრ, დავიწყეთ შეხვედრები ოპოზიციის ლიდერებთან, მაგრამ ჩასვლიდან მეორე დღეს საპროტესტო აქციები დაიწყო, რამაც ქალაქის პარალიზება გამოიწვია: ნეპალის მთავრობამ გადასახადები ასწია და სწავლის საფასურიც გააძვირა. სტუდენტები გარეთ გამოვარდნენ, აგურები დაუშინეს პოლიციას, გზები გადაკეტეს და საბურავებიც დაწვეს.

მეორე დღეს ხელისუფლებამ ცვლილებები გააუქმა.

0x01 graphic

კატმანდუ, ნეპალი, იანვარი 2008

დაბოლოს... სერბეთი

როცა ვთქვი, ბელგრადში მივდივარ-მეთქი, ზოგმა მითხრა „ვა რა მაგარიაო“, ზოგმაც - „დიდი ვერაფერი ქალაქიაო“. ყველა მართალი აღმოჩნდა: ქალაქი დიდად არ გამოირჩევა, არც არქიტექტურით და არც თანამედროვეობით, თუმცა, თავად სერბები ჩინებული ხალხია, იციან გართობა და ზღაპრული რესტორნები და ბარები აქვთ.

ჩვენი ვიზიტის მიზანი მორიგი ვორკშოპის გადაღება გახლდათ, თუმცა, განსხვავებულის: ეს იყო ინსტრუქციები მომავალი ინსტრუქტორებისთვის, და, შესაბამისად, აქ უკვე გამოცდილი ხალხი იღებდა მონაწილეობას. არ დაგიმალავთ და, ცოტა გამიკვირდა, როცა მაგიდებთან მსხდარი ის „კმარელები“ აღმოვაჩინე, ვისაც სტივთან პირველად მუშაობის დროს შევხვდი თბილისში. არა, მათ გამოცდილებაში ეჭვის შეტანა არც მიფიქრია, უბრალოდ, დღეს ისინი მთავრობისადმი ლოიალურები არიან და სიტყვის თავისუფლება და კორუმპირებული ჩინოვნიკების კრიტიკა, არათუ აღარ აინტერესებთ, არამედ აწუხებთ კიდეც.

0x01 graphic

ევროკავშირი? გრცხვენოდეს!
ბელგრადი, სერბეთი, თებერვალი 2008

თუმცა, დავუბრუნდეთ სერბეთს. ბელგრადი 17 თებერვალს დავტოვე. ეს სწორად ის დღე გახლდათ, კოსოვოს დამოუკიდებლობა რომ უნდა გამოეცხადებინა. სერბები თითქოსდა სუნთქვაშეკრულები იყვნენ ამ დღეს. ბელგრადის ქუჩებში ევროკავშირზე განაწყენებული წარწერები ჩნდებოდა. ზოგი თვლიდა, რომ თუკი ისინი კოსოვოს დათმობდნენ, მაშინ, სანაცვლოდ ევროკავშირის წევრობა უნდა მიეღოთ. ზოგი კი პროკლამაციებს არიგებდა წარწერით „კოსოვო არ იყიდება!“ სასტუმრო დავტოვე და აეროპორტისკენ გავემართე. ქუჩაში მაღალმა და კუნთმაგარმა ბიჭებმა გამაჩერეს. სერბულ ენაზე ცდილობდნენ დავერწმუნებინე, მათთან ერთად კოსოვოში საომრად წავსულიყავი. მე ინგლისურ-რუსულად ავუხსენი, რომ ქართველი ვიყავი და ჩემი ქვეყნის გაჭირვებაც მეყოფოდა. მომიწონეს ქართველობა, მართლმადიდებელი ყოფილხარო, ღიმილით დამადეს მხარზე ხელი და სხვა ახალგაზრდა მამაკაცების გადასაბირებლად გასწიეს.

ნეტავ რას იზამენ სერბები, როგორი იქნება მათი არაძალადობრივი სტრატეგია?…

9 ისტორია

▲ზევით დაბრუნება


9.1 პრემიისა და არამარტო პრემიის გამო

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: გიორგი ლობჟანიძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე, გიორგი ლობჟანიძის პირადი არქივი, REUTERS

0x01 graphic

თეირანიდან ნიკო რეკავს: „გიორგი, ახლა, ზედმეტ ილუზიებს კი ნუ შეიქმნი, მაგრამ შენი წიგნი მეორე ეტაპზე გავიდა!“

ნიკო საქართველოს საელჩოს შარჟ დ'აფერი, შესანიშნავი ირანისტი ბატონი ნიკოლოზ ნახუცრიშვილია, ჩემი წიგნი კი - „ყურანი“, უფრო სწორად, ყურანის ქართული თარგმანი, რომელიც, ირანის ყველაზე დიდ ლიტერატურულ პრემიაზე „წლის წიგნზეა“ წარდგენილი და პრემიების კომიტეტი ამ ამბავთან დაკავშირებულ ყოველგვარ სიახლეს, პირველ რიგში, საქართველოს საელჩოს ატყობინებს, ხოლო ნიკო ჩემთან რეკავს და ამ სიახლეებს მშრალად, სტენოგრაფიულად გადმომცემს. მიფრთხილდება: ყველაფერი შეიძლება მოხდეს და შესაძლო იმედგაცრუებისაგან მიცავს. რაც უფრო დიდი იმედი დაგემსხვრევა, მით ღრმა დეპრესიაში ჩავარდები! „პოეტის გული“ კი, როგორც ხანდახან ჩემს გრძნობებზე ნიკოლოზი მიანიშნებს ხოლმე, „ასეთ საშინელებას“ ვერ გაუძლებს. ღმერთო, მიცოცხლე ყრმობის მეგობრები, რომელთაც ისევ ბავშვი ვგონივარ! ამ გულს კი უკვე ისეთები გადაუტანია, იმასთან შედარებით პრემიის მიღება-არმიღება სულ „ნანი-ნანინად“ ეჩვენება! თანაც, რა მოხდა, შევიქმნა ეს ოხერი ილუზია!

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

მეორე ეტაპი კი, კაცმა რომ თქვას, მართლაც, ბევრს არაფერს ნიშნავს. ციფრებში თუ გადავიტანთ, ეს გულისხმობს შემდეგს: წელს ისლამოლოგიაში, ანუ იმ ნომინაციაში, სადაც ჩემი წიგნიცაა, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან წარდგენილ 15 000 ნამუშევარს შორის 233 ნაშრომი შეირჩა. ირანის ისლამური რესპუბლიკის ყველაზე დიდი დაჯილდოება - საერთაშორისო პრემია „წლის წიგნი“ წელს მეთხუთმეტედ უნდა გაიმართოს და ამ თხუთმეტი წლის მანძილზე უცხოელთათვის არსებულ ორ ნომინაციაში - ირანისტიკასა და ისლამოლოგიაში - ქართულ ენაზე დაწერილმა ნაშრომმა პირველად გაიელვა. ნაკლებად ამბიციური ადამიანისათვის ეს უკვე თავმოწონების ანუ „ილუზიის შექმნისათვის“ საკმაო საფუძველი იქნებოდა, მაგრამ ჯერ ილუზიებისათვის არ მცალია, რადგან მეორე ეტაპზე გადასულმა ყურანმა ირანის მთავარი რელიგიური ქალაქის, ყუმის სასულიერო ცენტრებში უმკაცრესი აპრობაცია უნდა გაიაროს და ქართულის მცოდნეთა დახმარებით, ამ ქვეყნის ყველაზე ცნობილ თეოლოგთა გამოტანილ ვერდიქტს ჩემთვის - წიგნის მთარგმნელისათვის - სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს.

0x01 graphic

ამიტომაც, ამ ამბავს ჯერ მხოლოდ ნაირას ვეუბნები - მწერალსა და „კავკასიური სახლის“ ხელმძღვანელს, ქალბატონ ნაირა გელაშვილს, რომელსაც დედის ამაგი აქვს ჩემზეც და ყურანის ამ თარგმანზეც, რადგან ნაირას გარეშე ეს წიგნი, უბრალოდ, არ იარსებებდა. ყურანს 12 წლის მანძილზე ვთარგმნიდი და, ალბათ, კიდევ ოცი წელი დამჭირდებოდა საქმის ბოლომდე მისაყვანად, ნაირას რომ არ დაეწერა პროექტი „ყურანის ქართულ ენაზე თარგმნა, კომენტირება და გამოცემა“ და ეს პროექტი დასაფინანსებლად „კავკასიური სახლის“ პარტნიორი ფონდებისათვის არ შეეთავაზებინა. პროექტის დაფინანსებას ფონდი „ჰორიზონტი“ დათანხმდა და ბოლო ოთხი წელი, სწორედ მათი შემწეობით ვმუშაობდი ყურანის თარგმანზე.

- რაც გეკუთვნის, ღმერთი იმას აუცილებლად მოგცემს, - მეუბნება ნაირა, - იორგს კი ცოტა მერე დავურეკოთ. იორგი ბატონი იორგ ჰენლეა - ფონდ „ჰორიზონტის“ ერთერთი ხელმძღვანელი, რომელიც ჩემთვის ევროპულ ღირებულებებს განასახიერებს.

პირველმა მღელვარებამ რომ გადამიარა, „კავკასიურ სახლში“ ისევ ჩემს პატარა ოთახში, კომპიუტერთან მივბრუნდი. საქმეში ვერთვები და პრემიის ამბავი თანდათან მავიწყდება. თითქმის რვა თვის შემდეგ კი ისევ ნიკოს ზარია: „გიორგი, გული არ გაგისკდეს, მაგრამ პრემიების კომიტეტიდან რაღაც შეტყობინება მივიღეთ, შენთვის გავასკანერე და იმეილზე გადმოგიგზავნე. ჩახედე და ყველაფრისათვის მზად იყავი!“

ეს ყველაფერი ნიკოლოზმა ისეთი ხაზგასმული სამძიმრის ტონით მითხრა, რომ სანამ მისამართს ავკრეფ, თავში ათასგვარი აზრი მიტრიალებს. ძირითადად, თავს ვიმშვიდებ:

- რა მოხდა მერე?! ჩემი შრომა აქ არავის შეუნიშნავს და ცხრა მთას იქით ვისგან რას მოველი?! მერედა, განა პრემიისათვის ვირჯებოდი? მთავარია, რომ წიგნი არსებობს და ის თავის სათქმელს 100, 200 წლის შემდეგაც იტყვის!

მოკლედ, ასეთი სენტიმენტალური რამეები...

აკი მოგახსენეთ: პოეტის გული-მეთქი...

იმეილი გავხსენი და ვკითხულობ:

„საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს

ასლი: საქართველოს საელჩოს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში

გაცნობებთ, რომ გაიმარჯვა დოქტორ გიორგი ლობჟანიძის ნამუშევარმა - ყურანის ქართულ ენაზე თარგმანი.

0x01 graphic

REUTERS

გთხოვთ, მოგვიძებნოთ ხსენებული პირი და უზრუნველყოთ თეირანში მისი ჩამოსვლა „წლის წიგნის“ დაჯილდოების ცერემონიალზე 2008 წლის 9-10 თებერვლისთვის

საერთაშორისო პრემიის „წლის წიგნი“

საორგანიზაციო კომიტეტი“

წაკითხული ისეთ შოკსა მგვრის, რომ სპარსული მავიწყდება. უფრო ზუსტად, მგონია, რომ რაღაც სწორად ვერ გავიგე. მაშინვე თეა შურღაიასთან ვრეკავ. რომ წარმოიდგინოთ, თეა ვინ არის, ირანის სამეცნიერო წრეებში გავრცელებულ მოსაზრებას გაგიზიარებთ: „საქართველოში ამ ორმა ადამიანმა რომ იმუშაოს, ქართული ირანისტიკა ფეხზე იდგებაო“ იმ ორი ადამიანიდან ერთ-ერთი (და ჩემთვის პირველი) თეა შურღაიაა.

- თეა, თეირანიდან იმეილი მივიღე და აბა, მოუსმინე, ხომ ყველაფერი ზუსტად ასე წერია?!

თეას ჩემზე აშკარად ეცინება, ნიკოსი არ იყოს, ისიც მიფრთხილდება და მეუბნება:

- რა ვიცი, აღა, მგონი, ზუსტად ეგ უნდა ეწეროს!

აი, ახლა კი, მართლა მიდი და გაუძელი, პოეტის გულო!

ამის მერე ბატონ ჯემშიდ გიუნაშვილსაც ვუკავშირდები - საქართველოს პირველ ელჩს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, ვინც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, თეირანში წამიყვანა და თეირანის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მომცა. მაშინ ბატონმა ჯემშიდმა თითქმის შეუძლებელი შეძლო - ირანის მთავრობა დაითანხმა, საქართველოდან თეირანის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე ქრისტიანი ახალგაზრდა მიეღოთ. ირანში ჩასვლის მერე ხომ, საერთოდ, მამასავით მმზრუნველობდა. კაცი, რომელსაც უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობა და იმდენი საქმე ჰქონდა, რომ პრაქტიკულად არ უძინია, მაინც პოულობდა დროს, ჩემთვის დაწვრილებით გამოეკითხა საუნივერსიტეტო ამბები, საგამოცდო სესიებისას კი, წასულიყო და იმ საგნებში, რომელშიც გამოცდა უნდა ჩამებარებინა, ყველა ახალგამოცემული ნაშრომი ეყიდა და მოეტანა.

ბატონი ჯემშიდი, საერთოდ, სიტყვა-ძუნწია. დიდი-დიდი, ყოჩაღო, გითხრას და ისიც მაშინ, რაც რამე ძალიან მოეწონება ან უხარია. აბა, შენი იმედი მაქვსო, - მეუბნება და ერთმანეთს ვემშვიდობებით.

მალე კი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის, ბატონი მოჯთაბა დემირჩილუს წყალობით, ვიზას უმოკლეს ვადაში ვიღებ და თეირანში მივემგზავრები.

მანამდე, ამ ამბავს ჩემს უახლოეს მეგობრებს, თანაკურსელებსა და უკვე თეირანის უნივერსიტეტის პროფესორებს - მოჰამად მაშჰადისა და ებრაჰიმ მუსაფურს ვატყობინებ: „ბიჭებო, მოვდივარ!“

იქიდან ჩემი საყვარელი ირანელი მომღერალი ქალის გუგუშის ერთი სიმღერის სტრიქონებით მპასუხობენ:

„შენ მტვრიანი შორი გზიდან მოდიხარ და შენს მოსვლასთან ერთად

გაზაფხულით დასრულდება ჩემი ყველა მოლოდინი,

რა საამოა შენი ხილვა და შენთან ყოფნა,

რა კარგია ტანიდან ჩამოგწმინდო მტვერი!“

მოკლედ, მეგობრები გუგუშის სიყვარულის გამო აშკარად მაქილიკებენ, რადგან მათ წრეში გუგუშის სიყვარული სირცხვილად ითვლება და ვერაფრით გაუგიათ, როგორ შეიძლება კაცმა თან ყურანი თარგმნოს და თან, ეს სენტიმენტალური გუგუში უყვარდეს.

ხოლო მე, აკი მოგახსენეთ: პოეტის გულიმეთქი...

და გული ირანშიც და საქართველოშიც ერთნაირად ფეთქავს. ჩემი ბიჭების წერილსაც სწორედ დიდი, წითელი, ისარგაყრილი გული ახატია.

წერილი ერთად მომწერეს, მაგრამ გული, ალბათ, მუსა-ფურმა დახატა. ასეთი რამეების გატრიზავება, უფრო სწორად, ყალბ სენტიმენტალიზმზე ღადავი, სწორედ მისი მოგონილია და ამისი მიზეზი მისი ის ნამდვილი მგრძნობიარობაა, რომელიც სინამდვილეზე არაკონკრეტულ, გადაპრანჭულ ლაპარაკს ვერაფრით ეგუება.

მოკლედ, ქართული რომ იცოდეს და ახლა ამ სტრიქონებს კითხულობდეს, ვიცი, მისი დამცინავი მზერა არ ამცდებოდა, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა:

რომელიმე ქვეყანა ზოგადი იდეების კი არა, კონკრეტული ადამიანების გამო გიყვარდება და ირანის მისამართით ჩემი „გარდარეული სიყვარული“ მაშჰადისა და მუსა-ფურის დამსახურებაა. სწორედ მათ გამო მეძვირფასება ყველაფერი სპარსული და მაშინებს ირანისაკენ დამიზნებული ყველა ისარი, რადგან სანამ მაშჰადისა და მუსა-ფურის გულებამდე მიაღწევენ, ამ ისრებმა ჯერ ჩემი გული უნდა გაიარონ.

გზაში ფიქრისათვის უამრავი დრო მაქვს. მარტო მივდივარ და ცხადია, მარტოობის ამ სიამოვნებასა თუ უკვე ფუფუნებას ვერავის გავუნაწილებ.

0x01 graphic

ირანის გეორგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარე საჰაბი

0x01 graphic

დაჯილდოების ცერემონიალი, ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ესალმება გიორგი ლობჟანიძეს

აზერბაიჯანის საზღვარზე, ტრადიციულად, წამართვეს სანთებელა. ჯანდაბას, როგორმე გადავიტან, ოღონდ, დროზე მორჩნენ ხელების ფათურს, რასაც აქაურად ჩხრეკვას ეძახიან.

თვითმფრინავით მგზავრობისა მეშინია და ამიტომ, სასწრაფოდ ვცდილობ დავივიწყო, სადა ვარ და ხვალინდელზე ვიფიქრო, რადგან თუ ხვალინდელზე ასე დაჟინებით იფიქრებ, ის დღე შენთვისაც აუცილებლად გათენდება. თანაც სიკვდილისათვის ნამდვილად არ მცალია. უამრავი საქმე მაქვს მოსასწრები.

ნიკოს გაფრთხილებული ვყავარ: შენი ჩამოსვლის დღეს იმდენი საქმე მაქვს, ღამის 1 საათზე, ალბათ, აეროპორტში გამოსვლას ვეღარ მოვახერხებ, ირანელი მასპინძლები დაგხვდებიან, სასტუმროში წაგიყვანენ და მე მეორე დილით სასტუმროში მოგაკითხავო. ასე რომ, ახლობელს აეროპორტში არავის ველოდები და საზღვარზე რომ გადავალ, წარწერიანი კაცები უნდა შევათვალიერო. თუ არა და, ბოლოს და ბოლოს, მე თვითონვე წავალ ტაქსით, ვიცი, რომ პრემიის ლაურეატები ქალაქის ცენტრის ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლალეში“ უნდა დაგვაბინაონ.

სანამ საპასპორტო კონტროლს გავივლით, მე უკვე წინ ვიხედები და სავარაუდო დამხვდურთ ვათვალიერებ. არავინ ჩანს. ალბათ, მთავარ გასასვლელთან მელოდებიან. მაგრამ საზღვარს გადავცდი თუ არა, გიორგიო, მესმის. კუთხეში, სკამზე ნიკო ზის და დაღლილი მიღიმის. მაინც მოსულა. მაგასაც კაი ოხერი გული აქვს და მერე კიდევ „პოეტის გულიო“ ჩემზე იცინის. საელჩოში მომუშავეთათვის ერთკვირიანი უძილობა ჩვეულებრივი ამბავია. მით უმეტეს, ნიკოლოზისათვის, რომლის მხრებზეც, უკვე ამდენი წელია, ქართულ-ირანული ურთიერთობები დგას, რომელიც მხოლოდ მოვალეობისათვის არაფერს გააკეთებს და ყველა საქმეს უკიდურესი პასუხისმგებლობით ეკიდება.

სხვათა შორის, თეირანში სულ პირველად რომ ჩამოვედი, აეროპორტში მაშინაც ნიკო დამხვდა. მაშინ გვარიანად დამფრთხალი ვიყავი. სავსებით უცხო გარემოში მოვდიოდი და ამიტომაც, იმ უცხოობაში ქართველი კაცის დანახვა ლამის ღვთაებრივი ანგელოზის გამოჩენას უდრიდა. მერე სამი წელი თითქმის ერთად გავატარეთ და ნიკო თანდათან ჩემს უფროს ძმად იქცა, რომელიც არ მყავდა და სულ მინდოდა, რომ მყოლოდა.

ირანელი მასპინძელი, საერთაშორისო პრემიის „წლის წიგნის“ კომიტეტის წარმომადგენელი ბატონი შამსი კი მართლაც აეროპორტის მთავარ გასასვლელთან მელოდა.

სასტუმროში მივდივართ და მასპინძელი მთხოვს, რაც შეიძლება სწრაფად დავიძინო, რადგან ხვალ დილის 9 საათიდან პრესკონფერენცია და რამდენიმე ვრცელი ინტერვიუ მექნება.

მგონი, პირველად პრესკონფერენციის გაგონებაზე გავიაზრე, რა პატივი მერგო. ცოტა ავღელდი, მაგრამ ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ ფიქრის თავი აღარ მქონდა. მეორე დღეს კი ირანის ტელევიზიის ოთხმა სხვადასხვა არხმა თქვენს მონა-მორჩილთან დაახლოებით თითო-თითო საათიანი ინტერვიუები ჩაწერა.

აინტერესებთ ყველაფერი: სად დავიბადე, როგორ გარემოში გავიზარდე, რატომ გადავწყვიტე სპარსულისა და არაბულის შესწავლა, სად ვსწავლობდი, როგორ უნდა განვითარდეს ირანულ-ქართული კულტურული ურთიერთობები, რას ნიშნავს ჩემთვის მიღებული პრემია და ა. შ.

ამასობაში წლევანდელი პრემიის ბუკლეტებიც მოაქვთ და გვირიგებენ. „ბუკლეტი“ სინამდვილეში სოლიდური ტომია, სადაც ცალკეული გამარჯვებულის ბიოგრაფიას, ნაშრომის მოკლე ანოტაციას და პრემიის კომიტეტის ვრცელ დასკვნას გაეცნობით იმის თაობაზე, თუ რატომ მიენიჭა ამა თუ იმ ნაშრომს უპირატესობა საკონკურსოდ წარმოდგენილი 15 000 თხზულებიდან.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში საკუთარი ნამუშევრის შეფასება მაინტერესებს. ვრცელი დასკვნაა - არგუმენტირებული კომპლიმენტებითა და შენიშვნებით, რომელსაც ასეთი რეზიუმე აბოლოებს:

„იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი თარგმანი პირველია უშუალოდ არაბული ორიგინალიდან, უფრო კი იმიტომ, რომ თარგმანს დართული ვრცელი შესავალი და მუსლიმ თეოლოგთა და ევროპელ აღმოსავლეთმცოდნეთა ნაშრომებზე დაფუძნებული არაჩვეულებრივად მწყობრი კომენტარი, შეიცავს ყურანის ცალკეული მუხლების სრულიად ახლებურ, ისლამური სამყაროსთვისაც კი ძალზე ფასეულ ინტერპრეტაციასა და გააზრებებს, საერთაშორისო პრემიის „წლის წიგნის“ სამეცნიერო კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს თარგმანის ავტორს, დოქტორ გიორგი ლობჟანიძეს მიენიჭოს წლევანდელი პრემია და მისი ნაშრომი წლევანდელ საპრემიო ჩამონათვალში მეორე ნომრით იქნას განსაზღვრული.“

0x01 graphic

ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰამდინეჟადი
REUTERS

0x01 graphic

საქართველოს ელჩის მოადგილე ნიკოლოზ ნახუცრიშვილი და თეირანის უნივერსიტეტის პროფესორები ებრაჰიმ მუსაფური და მოჩთაბა ზორვანი

აქვე უნდა განიმარტოს, რომ პრემია ათივე გამარჯვებულისათვის ერთი და იგივეა, უბრალოდ, ფორმალური მნიშვნელობა მაინც აქვს, ნომინანტების სიაში რომელ ადგილას ხარ დასახელებული და გაოცებული ვარ, რომ ჩემს ყურანს წინ მხოლოდ გენიალური ამერიკელი აღმოსავლეთმცოდნის ედვარდ ბრაუნის ნაშრომი უსწრებს. ხოლო დაჯილდოებულების მთლიან სიას რომ გადავხედე, თავზარი დამეცა. აქ ის ხალხია, ვინც დღევანდელი მსოფლიო ირანისტიკისა და ორიენტალისტიკის სახეს წარმოადგენს. მათ შორის, ბევრი ისეთი სახელია, რომელთა ნაშრომებზეც ვიზრდებოდი, დიდი ხანია, ნამდვილი პარნასის ბინადრები მეგონენ და ვერაფრით ვიფიქრებდი, მათთან თუ ოდესმე პირისპირ შეხვედრა მომიწევდა. ენდრიუ ნიუმანზე, შილა ბლერსა და ანა-მარი კილერზე არაფერს ვამბობ, განსაკუთრებით ფრანგი აღმოსავლეთმცოდნის, საუკეთესო ჰაფეზოლოგის, სორბონის უნივერსიტეტის პროფესორის ანრი დე ფუშეკურის დანახვა მიხარია. აქვეა პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსეი ხისმატულინი და არაბული სამყაროს რამდენიმე თეოლოგი - ლიბანის უმაღლესი მუფთი, ავღანეთის მუფთი და კაიროს უნივერსიტეტის სპარსული ლიტერატურის პროფესორი ბატონი მაჰჯუბი. გვარი მეცნობა, მაგრამ ნაშრომი არ წამიკითხავს, „შაჰ-ნამეს“ სპეციალისტი ბრძანებულა და თურმე, მთელი ცხოვრება ირანელთა ამ უპირველესი ეპოსის არაბულ შენაკადებს იკვლევს. ნეტავ, ხომ არაფერი წამიკითხავს მისი? აბა, საიდან მეცნობა?... და უცებ გამახსენდა: 2005 წელს კაიროს უნივერსიტეტის არაბული ენისა და კულტურის ცენტრში სტაჟირებაზე ეს არაჩვეულებრივი კაცი არაბულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიას გვიკითხავდა და მის ლექციებს საქმის უდიდესი სიყვარული და ცოდნა გამოარჩევდა.

მივედი და გამოვეცნაურე. ალბათ, მართლა გამიხსენა, რადგან მკოცნის და გაოცებული ჩურჩულებს: „ღმერთო, ღმერთო, მართლა რა პატარაა ეს მსოფლიო!“

ამასობაში დანარჩენ გამარჯვებულებსაც თანდათან ვეცნობი. ყველა ძალიან თავაზიანი, ღიმილიანი და ბედნიერია. რუსი კოლეგაც მშვენიერი ადამიანი ჩანს, უბრალოდ, ცოტა დაძაბულია და ჯერჯერობით შორიდან მაკვირდება. სხვა რამდენიმე აღმოსავლეთმცოდნესთან ერთად ჯალალ ედდინ რუმის „ზნეობრივი მესნევის“ I წიგნი უთარგმნია და პრემიაც სწორედ ამისათვის უნდა გადასცენ.

ზნეობრივი ნიკო „ზნეობრივი მესნევის“ სხვა მთარგმნელთა ბედით დაინტერესდა და სასხვათაშორისოდ იკითხა, ალბათ, ეს პრემია დანარჩენ მთარგმნელებამდეც მიაღწევსო, რაზედაც ხისმატულინისაგან ჭეშმარიტად სუფისტური (ანუ გაურკვეველი) პასუხი მიიღო: ალბათ...

ხისმატულინი კი გვერდიდან აღარ მცილდება და თვალში რომ ჩავუვარდე, თითს არ ამოისვამს... ახლობლობისათვის ერთი დამატებითი მიზეზიც გვაქვს: სიგარეტს მარტო ჩვენ ორნი ვეწევით, გზადაგზა კი, ერთ-ერთს აუცილებლად გვითავდება ან სიგარეტი ან კვეს-აბედი... თან ბედნიერი საბჭოეთიდან შემორჩენილი „უფროსი ძმის“ კომპლექსი აქვს და მზრუნველად მაკონტროლებს, რას და როგორ ვლაპარაკობ... მართალია, ხანდახან, როცა ძალიან მაღალ სტილზე ანდა პირიქით, ჟარგონზე გადავალ, ჩემი ნათქვამის გაგება აშკარად უჭირს და ზოგჯერ თვითონვე მიწევს, რაღაცები რუსულად ვუთარგმნო, მაგრამ ეს ყველაფერი კი არ მაღიზიანებს, პირიქით, მართობს, ყოველ შემთხვევაში, მასთან ურთიერთობაზე უარს არც მე ვამბობ: რა იცი, რა დროს გაგითავდება ეს ოხერი სანთებელა ან სიგარეტი... თან ისეთი დაუზარებელია, დილით რესტორანში, ეგ რომ არ მიღებდეს თეფშზე საჭმელს, მერე მთელი დღე შიმშილით მოვკვდებოდი. ადრიანად ჩამოვა, ყველაფერს ორ თეფშზე გადაანაწილებს და როგორც კი, ამასობაში, მეც ჩავბრწყინდები რესტორანში, გაცისკროვნებული სახით მიხმობს, მოდი, მოდიო. ემანდ რამე არ შემეშალოს და გვერდით საზიზღარ იმპერიალისტებს არ მივუსკუპდე. ეგ არის, ხანდახან, „იმპერიალისტები“ თვითონვე მოდიან ჩვენთან და თავაზიანად გვთხოვენ, ხომ შეიძლება ერთად ვისაუზმოთო.

იმ დილითაც ერთად ვსხედვართ მე, განუყრელი ხისმატულინი, ბატონი ენდრიუ ნიუმანი, ანა-მარი კილერი და შილა ბლერი. უცებ შილა ბლერი მეკითხება: უკაცრავად, ყურანი რა ენაზე თარგმნეთ? ქართულად, - ვეუბნები მე. ქართულად სად ლაპარაკობენ? მე გულუბრყვილოდ, პირდაპირ ვპასუხობ: რა თქმა უნდა, საქართველოში. ბლერი აშკარად იძაბება: კი ვიცი, რომ საქართველოში, მაგრამ ეგ საქართველო სადღაა?

სპარსული ხელწერის დიდი ამერიკელი მკვლევარი გეოგრაფიაში აშკარად არ ამჟღავნებს იმპერიალისტებისათვის შესაფერის სათანადო ცოდნას. ხისმატულინი კი მის უცოდინრობაზე კი არა, საქართველოზე ქირქილებს, უფრო ზუსტად, სიამოვნებისაგან ხვიხვინებს. ამ გაურკვეველ ფრუტუნში აშკარად იკითხება ქვეტექსტი: ეგეც თქვენ, თქვე ძღინკიანებო! ამერიკელებმა ისიც კი არ იციან, სადა მდებარეობთ. მაშ, არ გერჩივნათ დედა-რუსეთი?!

მე ჯერ ხისმატულინს გადავხედე და ქირქილი რომ მოისხიპა, ქალბატონ შილას მივუბრუნდი: არა უშავს, ახლავე აგიხსნით. სკოლაში გეოგრაფია ხომ გისწავლიათ. ჰოდა, მაშინ კავკასიაც გეცოდინებათ...

ქალბატონი შილა აშკარად ჩაფლავდა და მდგომარეობა ამით გამოასწორა: ისეთი უაქცენტო სპარსულით ლაპარაკობთ, მეგონა, თქვენი მშობლიური ენა სპარსული იყოო.

ამაზე პატივცემულ ალექსეის აღარ გაუცინია...

სამაგიეროდ, რამდენჯერმე მე გამეცინა მის სპარსულზე. მაგალითად, ერთხელ, ფილოსოფიისა და სიბრძნისმეტყველების კვლევით ინსტიტუტში იქაურ პერსონალს სულ უმეცრები და უტვინოები უძახა. არადა, უბრალოდ უნდოდა ეთქვა, ამ სფეროში შესაძლოა სათანადო ინფორმაცია არ გაგაჩნდეთო.

„უმეცარი“ სპარსელები კი, რომელთაც დიდი რუსეთიდან საკუთარი ფილოსოფიის არცოდნას საყვედურობდნენ, ისხდნენ და ამ სიტყვებზე მოწყალედ იღიმოდნენ..

მოკლედ, Восток дело тонькое, თორემ გადასარევი ყმაწვილია პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის წლევანდელი ვარსკვლავი...

სამაგიეროდ, ნამდვილი ვარსკვლავია სორბონელი ანრი დე ფუშეკური. ჰაფეზის დივანის ანუ ლექსების სრული კრებულის ფრანგული თარგმანი, არაჩვეულებრივი შენიშვნებითა და წინასიტყვაობით, რომელსაც მეცნიერმა 12 წელიწადი შეალია, არა უბრალოდ თარგმანი, არამედ ამ ურთულესი სპარსელი პოეტის სიღრმისეული კვლევის გზაზე უაღრესად წინ გადადგმული ნაბიჯია. სატელევიზიო ინტერვიუში ამბობს, რომ ირანი მისი მეორე სამშობლოა. ხოლო ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოსვლისას, ამაღელვებელ ამბავს გვიყვება იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტა, ხელი სპარსულის შესწავლისა და მუსლიმური სამყაროს კვლევისთვის მოეკიდა. „1942 წელს გერმანელების წინააღმდეგ ვიბრძოდით. გვერდით ჩემთვის ძალიან საყვარელი მუსლიმი მეგობარი მედგა, რომელთან ერთადაც ომის ბევრი ქარცეცხლი გამომევლო. უცებ ჭურვი აფეთქდა, ჩემს მეგობარს მოხვდა და მან ჩემს მკლავებში დალია სული. როცა კვდებოდა, თვალებში ჩავხედე და გულში შევფიცე, რომ მისი ხსოვნის გამო აღმოსავლეთისა და მუსლიმური სამყაროს მკვლევარი გავხდებოდი. ომს გადავურჩი და მგონი, ჩემი მაშინდელი ფიციც პირნათლად შევასრულე.“

ანრი დე ფუშეკურის ნაამბობმა საზოგადოებაზე ძალიან იმოქმედა. ლიფტში ერთმანეთის გვერდიგვერდ აღმოვჩნდით და ჩემი აზრი გავუზიარე. საღამოს კი სასტუმროში ჩემს ნომერში მოვიდა და თავისი თარგმნილი ჰაფეზი მაჩუქა. მითხრა: სორბონის უნივერსიტეტში აქტიური პროფესურის ერთი წელიღა დამრჩა, ამის შემდეგ კი ვისურვებდი, ჩემს ადგილას თქვენ გიხილოთო.

საქმე ის იყო, რომ იმავე საღამოს, სადაც ბატონი დე ფუშეკური სიტყვით გამოვიდა, პრემიების კომიტეტის თავაზიანმა მდივანმა და, საერთოდ, კარგმა ადამიანმა ბატონმა ვასფიმ თქვა: წელს ჩვენი პრემიის ისტორიაში უნიკალური მოვლენა მოხდა. პირველად დაჯილდოვდა საქართველოდან წარმოდგენილი ნაშრომი, რომელიც, თავის მხრივ, ასევე უნიკალური ნამუშევარია, რადგანაც ქართულად უშუალოდ არაბული ორიგინალიდან შესრულებული საღვთო წიგნის თარგმანია. თარგმანს თან ერთვის ვრცელი შესავალი და უაღრესად საინტერესო კომენტარი, რომელშიც მკაფიოდ ჩანს ქართველი მთარგმნელის ღრმა ცოდნა მუსლიმური სამყაროს კულტურული და საზოგადოებრივი რეალიებისა. ამიტომაც, ეგებ გვეკითხა და იქნებ მან მაინც გაგვარკვიოს ბოლოს და ბოლოს, საქართველო აღმოსავლეთია თუ დასავლეთიო...

წამით დარბაზში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, რადგან თავაზიანი შეკითხვა ბევრ რამეს გულისხმობდა. დარბაზის ერთ კუთხეში მსხდომი დასავლელი მეცნიერები ინტერესით შემომაცქერდნენ, ჩემ გვერდით მჯდომ, „განუყრელ“ ხისმატულინს კი თვალები ეშმაკურად აუციმციმდა.

მსგავს სიტუაციაში ყველაზე კარგი გამოსავალი აბსოლუტურად გულწრფელი პასუხია. გულწრფელ მადლობას კი ნამდვილად იმსახურებდნენ ჩემგან ის ადამიანები, რომელთაც ეს პრემია მომანიჭეს და იმხელა ზეიმი მომიწყვეს, რომლის მსგავსიც ცხოვრებაში, ალბათ, ცოტაჯერ თუ განმიცდია.

ამიტომაც, ჩემი სიტყვა მადლობით დავიწყე და პირველ რიგში მადლობა გადავუხადე ირანის „წლის წიგნის“ საერთაშორისო პრემიის საორგანიზაციო კომიტეტსა და ისლამური რესპუბლიკის მთავრობას, რომლის ზრუნვაც მეცნიერებისა და კულტურის განვითარებისათვის მართლაც სამაგალითოა.

მერე ვთქვი, რომ ყურანში ძალზე ბევრი საყვარელი ადგილი მაქვს. ერთ-ერთი უსაყვარლესი კი სინათლის სურის ეს აიებია: „კურთხეულია ხე ზეთისხილისა, რომელიც არც დასავლურია და არც აღმოსავლური. არამედ მისი ფესვი ორივე ამ მხარიდან ამოდის და ორივეს ღირსებებით არის შემკული“. ეს აიები იმიტომაც მიყვარს, რომ პირველი წაკითხვისთანავე ჩემი სამშობლო - საქართველო გამახსენა. საქართველოც - ზეთისხილივით - არც აღმოსავლურია არც დასავლური და სწორედ ესაა მისი უნიკალურობა. ხოლო თუ ჩემი ქვეყანა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთობებში ზეთისხილის რტოს ანუ სამშვიდობო ხიდის მისიას იკისრებს, მე, როგორც ერთი, რიგითი ქართველი, ძალიან ბედნიერი ვიქნები-მეთქი.

ჩემს სიტყვებს დარბაზში მხურვალე ტაში და ოვაცია მოჰყვა. გვერდით მჯდომი რუსი კოლეგა რატომღაც ზედმეტად გაცხარდა. რუსულად მითხრა: ძალიან ცუდია, რომ პრინციპში ჩვენ ერთმანეთს უკვე აღარ ვიცნობთ! თითოეული ჩვენგანი საკუთარ მწვირეში ზის და უხარია. ეს კი ძალიან, ძალიან საწყენიაო! - და გარეთ (ალბათ სიგარეტის მოსაწევად) გავარდა.

მომკალით და დღემდე ვერ გავიგე, ან რა ეწყინა, ან მისი ეს ტირადა მაინც რას გულისხმობდა. ყოველ შემთხვევაში, ამის გასარკვევად თავი დიდად არ შემიწუხებია, რადგან ჩემი სიტყვები გამგებმა რომ კარგად გაიგო, საღამოს ანრი დე ფუშეკურის საჩუქარმა და წინადადებამაც დამიმტკიცა.

არ ვიცი, მომიწევს თუ არა სადმე წასვლა, მაგრამ ფრანგი პროფესორი რომ გავაცილე, ჩვენს უნივერსიტეტზე დავიწყე ფიქრი და ამან საშინელ გუნებაზე დამაყენა. საერთოდ, ავად მეხსიერი ადამიანი არ ვარ, მაგრამ უსამართლობას - ვერც სხვისი და ვერც ჩემი მისამართით - ვერასდროს ვეგუები. უსამართლობის მწვერვალი კი, ჩემთვის, ორი წლის წინათ უნივერსიტეტში ჩატარებული პროფესურის შესარჩევი კონკურსი იყო. პირადად მე ამ კონკურსს, როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტისა და უმაღლესი განათლების აუცილებელ რეფორმათა შემადგენელ ნაწილს, მხურვალედ ვემხრობოდი. მაგრამ რამდენიმე შემთხვევამ, რაც მერე კონკურსისას მოხდა, ჩემი შეხედულებები და სიმპათიები თავდაყირა დააყენა. კერძოდ, ჩემს შემთხვევაში გადაწყვეტილება ერთი კაცის ხუშტურზე ეკიდა, რომელმაც ორი წლისწინანდელი რაღაც გაუგებარი წყენის გამო, ჯავრი კონკურსისას იყარა და ულტიმატუმი წამოაყენა: ან მე წავალ კომისიიდან ან ლობჟანიძე არ იქნება უნივერსიტეტშიო!

სხვა ჩემს ადგილას პასუხს, ალბათ, სასამართლოში მოითხოვდა, მაგრამ იმ ბატონმა ვერ გაითვალისწინა, რომ გიორგი ლობჟანიძე მას იმაზე დიდად აფასებდა, ვიდრე იმწუთას თვითონ სცემდა პატივს საკუთარ თავსა და ადამიანურ ღირსებას.

ყურანის მთარგმნელმა აქამდე ყველაფერი უმძიმეს პირობებში მოახერხა. ერთი ბეწო ბინაში, იმის გამო, რომ სამუშაო მაგიდაც კი არ გააჩნდა, გადაბრუნებულ, ძველ პატარა მაცივარზე თარგმნა ჯალალ ედ-დინ რუმის ყაზალები, აბუ საიდისა და ომარ ხაიამის რობაიები, სოჰრაბ სეფეჰრისა და ფორუყ ფაროხზადის ლექსები, ჯიბრან ხალილ ჯიბრანის „იესო - ძე კაცისა“, სპარსული ზღაპრები და თითქმის მთელი ყურანი, რადგან სამუშაო მაგიდაც და ელემენტარული პირობებიც მხოლოდ ბოლო ოთხი წლის მანძილზე, „კავკასიური სახლისა“ და ნაირა გელაშვილის შემწეობით გაუჩნდა. ვიღაცამ, ალბათ, მაინც უნდა დაუსვას შეკითხვა საკუთარ თავს: როცა კაცი ამდენი შრომის მერეც ადამიანური ყოფის მოგვარებას ვერაფრით ეღირსება, რას უნდა ნიშნავდეს თავისთავად მშვენიერი ლოზუნგი „საქართველო სიღარიბის გარეშე“ - ცინიზმსა თუ იდეალისტურ აღტყინებას?

ამაზე ვფიქრობდი სასტუმროში და თან მეორე დღის მთავარი ღონისძიებისათვის ვემზადებოდი, რომ ტელეფონმა დარეკა. ბავშვის ხმაა:

- ამუ (სპარსულად: ბიძა მამის მხრიდან) გიორგი, ჩვენთან როდის ჩამოხვალ?

ვხვდები, ჩემი სპარსელი ძმის - მოჰამად მაშჰადი ნუშაბადის - შვილი უნდა იყოს. ვეკითხები: შენ რომელი ხარ ჯალალ ედდინი თუ მოჰი ედ-დინი?

- მე ჯალალ ედ-დინი ვარ, მოჰი ედ-დინი გვერდით მიდგას და მოკითხვას გითვლით!

მამამისი ცოტათი „ნაწყენია“. ბოლო დროს, რამდენჯერაც ირანში ჩავედი, მასთან, ქაშანში სტუმრობა ვერაფრით მოვახერხე და ახლა, როგორც ჩანს, ამ ხერხს მიმართა. ეგებ, ბავშვების მეშვეობით ჩამიტყუოს და მერე - ია ალი! - გავუტევთ ათას მშვენიერ ადგილას!

მაშჰადის, ხუმრობით, მე და მუსა-ფური „ქულის“ ანუ ბოშას ვეძახით, რადგან ერთ ადგილას მისი გაჩერება ისეთივე ძნელია, როგორც სპარსელისათვის ჩემი გვარის უშეცდომოდ წარმოთქმა. დაქრის და ქარდაქარ დააქვს თავისი სულის გზნება-ქარიშხალი. სტუდენტობისას ეს ქარიშხალი მეც ფოთოლივით დამაწრიალებდა აქეთ-იქით და ახლა სწორედ „ბოშა“ მაშჰადის ვუმადლი, რომ მთელი ირანი ფეხდაფეხა მაქვს შემოვლილი. სად აღარ ვყოფილვარ მისი ამ დაუდგრომელი ბუნების წყალობით: ქაშანის უდაბნოში თუ პერსეპოლისში, შირაზში თუ ისპაანის ბაღჩა-ბაღებში. დავდიოდით და ლექსებად იღვრებოდა ჩემი მეგობარი. ერთხანს რომელიმე პოეტს ამოიჩემებდა და იმდენს გიკითხავდა, სანამ შენც - გვერდით მყოფსაც - მთელ მის შემოქმედებას ზეპირად არ დაგამახსოვრებდა. ასე მასწავლა სოჰრაბ სეფეჰრი და ფორუყ ფაროხზადი, ჰაფეზი და ჯალალ ედ-დინ რუმი, ომარ ხაიამი და აბუ საიდ აბი ლ-ხეირი... და კიდევ: დოქტორ შარიათის უაღრესად პოეტური ესეები. შარიათი ჩვენი „საერთო სიყვარული“ იყო. ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი იდეოლოგი, არაჩვეულებრივად განათლებული ალი შარიათი, რომელიც სორბონის უნივერსიტეტის დოქტორი გახლდათ და სრულიად ადრეულ ასაკში, თუ სწორად მახსოვს, 47 წლისა გარდაიცვალა.

მაშჰადის ზეპირად ახსოვდა მისი ნაწერები და რასაც შეეკითხებოდი, ერთხანს პასუხს სულ შარიათის ფრაზებით იძლეოდა. შარიათის წიგნებიც სულ მაშჰადის ნაჩუქარი მაქვს. წამოვიღე და დღემდე ვერაფერი ვთარგმნე მისი უმდიდრესი შემოქმედებიდან... ამასობაში კი ჩემი მეგობარი ირანის რამდენიმე უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, დაწერა რამდენიმე არაჩვეულებრივი ნაშრომი და ახლა სტუდენტების უსაყვარლესი მასწავლებელია. ჩემთვის კი ისევ ის მაშჰადია - ლაღი, მხიარული, მოულოდნელობებით სავსე და რაღაც შინაგანი ტრაგიზმის მატარებელი, რომელიც ხანდახან ისე უკარგავს ხოლმე მოსვენებას, რომ შუა ქუჩაში აამღერებს. ამ ზაფხულს, თბილისში, ჩემთან რომ იყვნენ სტუმრად, ერთ საღამოს მაშჰადი და მუსა-ფური ნარიყალას სანახავად წავიყვანე. აბანოთუბანში მაშჰადის უცებ გულზე რაღაც დარდი შემოაწვა და ისეთი ბაიათი გააბა, რომ მთელი ხალხის ყურადღება მიიქცია. მუსა-ფური ამაოდ ეჩურჩულებოდა: გაჩე, ბიჭო, აქ ირანი კი არ გეგონოს, ხალხის რას იტყვისო?! მაშჰადი ამ ქვეყნისა აღარ იყო, მღეროდა და სიტყვებისთვის, გაბმული მოძახილისათვის ლამის გული ამოეყოლებინა. რომ ვეღარაფერს გავხდით, მე და მუსა-ფურმა ასეთი გამოსავალი მოვძებნეთ: ავდექით და ჩვენს „ბოშას“ სიმღერაში ავყევით...

ბიჭები თბილისიდან რომ გავისტუმრე, რამდენიმე დღის შემდეგ ჩემი 8 წლის ლუკა მოვიდა და ბავშვური გულწრფელობით მითხრა: „როგორ შემიყვარდნენ ჩვენი სპარსელებიო!“

ეგება, ვცდები, მაგრამ მაინც მგონია, რომ არის რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი იმ ამბავში, მე - ქართველი კაცი - ერთი ირანელი ბიჭისათვის „ამუ (ძია) გიორგი“ რომ ვარ, ხოლო 8 წლის ლუკასათვის ჩემი ირანელი მეგობრები „ჩვენი სპარსელები“ რომ არიან. ვფიქრობ, ეს ყველა პრემიაზე, ყველანაირ ჯილდოზე მეტია...

იმ საღამოს კი შევთანხმდით, რომ მეორე დღისთვის მაშჰადი თვითონ ჩამოვიდოდა დაჯილდოების ცერემონიალზე და მერე გადავწყვეტდით, როგორ უნდა მოვქცეულიყავით...

პრემიების გადაცემის ცერემონიალი თეირანის ყველაზე დიდ და პრესტიჟულ ე. წ. „ერთიანობის დარბაზში“ გაიმართა. უზარმაზარი სივრცე ხალხით არის გადაჭედილი. უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს მიმართავენ, რადგან ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად, აქ თითქმის მთელი მთავრობა უნდა მოვიდეს. მობილურები და ფოტოაპარატები, რა თქმა უნდა, გასასვლელში დაგვატოვებინეს. ყველა ლაურეატი წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე დაგვსვეს. ცერემონია საღამოს ექვსი საათისთვისაა დანიშნული, მაგრამ დათქმულ დროს უკვე თხუთმეტი წუთი გადასცდა. თითქმის ყველა ქვეყნიდან აკრედიტებული დიპლომატები უკლებლივ აქ არიან. მე და ნიკო ერთმანეთისაგან საკმაოდ მოშორებით მოვხვდით და მხოლოდ ღიმილით თუ ვეხმიანებით ერთმანეთს. როგორც შეუძლია, ისე მამხნევებს, თუმცა ეტყობა, ჩემზე არანაკლებ ღელავს. ღელავენ ჩემი ბიჭებიც - დარბაზის ერთ კუთხეში მსხდომი მაშჰადი და მუსა-ფური და ყუმიდან საგანგებოდ ჩემს სანახავად ჩამოსული რამდენიმე ირანელი ჩალმიანი მეგობარი.

თითქმის ორმოცწუთიანი ლოდინის მერე პრეზიდენტი მობრძანდა და დღესასწაულიც დაიწყო.

არ მინდა ჰიპერბოლა გამომივიდეს, მაგრამ პირადად მე მსგავსი გრანდიოზული ღონისძიება მხოლოდ ტელევიზიით მინახავს - ოსკარისა თუ ბერლინალეს დაჯილდოებები. განსხვავება ის იყო, რომ აქ მეცნიერებს, წიგნის ხალხს აჯილდოებდნენ და არა - მსახიობებს.

სცენის სიღრმეში დამონტაჟებულ უზარმაზარ მონიტორზე თითოეული ლაურეატის წიგნი და ფუტოსურათი ამოდიოდა, ცერემონიის წამყვანი კი გვარს, სახელსა და ქვეყანას აცხადებდა. ბატონი აჰმადინეჟადის მეთაურობით მთელი მთავრობა სცენაზე იდგა. პრეზიდენტი ლაურეატს საპატიო სიგელს გადასცემდა, მთავრობის წვერები კი პრემიის მიღებას ყველას სათითაოდ ულოცავდნენ. ჩემი გვარის გამოცხადებისას ემჩნევა, ბატონ პრეზიდენტს გამორჩა, რომელი ქვეყნიდან ვიყავი, ამიტომაც როცა ხელს მართმევდა, მკითხა, საიდან ბრძანდებითო. საქართველოდან-მეთქი, რომ ვუთხარი, გაიბადრა, თავისკენ მიმიზიდა და აღმოსავლური წესით სამჯერ გადამკოცნა. ბრძანა, რომ ეს პრემია ჩვენი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი ეტაპის დასაწყისად უნდა იქცეს. ჩემი ცხოვრების მანძილზე პირადად ირანის სამ პრეზიდენტს შევხვედრივარ. ყველას თავისებური ხიბლი ჰქონდა. აჰმადინეჟადმა კი საოცარი უბრალოებით, სისადავითა და კეთილშობილებით მომხიბლა. ეს ისეთი თვისებებია, რომელიც თუ არა გაქვს, ვერაფრით ითამაშებ, ასეთი ვარო. არადა, პოლიტიკოსებს ხშირად სწორედ ეს გულწრფელი უბრალოება აკლიათ.

საქართველოს ხსენებაზე მისი ასეთი დადებითი რეაქციისას გავიფიქრე, ნეტავ მართალი ხომ არ არის ის ჭორი - საქართველოს პრესამ ერთხანს რომ აქტიურად აიტაცა: ირანის ახალ პრეზიდენტს აჰმადინეჟადს ქართული ფესვები აქვს და მისი ძველი გვარი მჭედლიშვილი ყოფილაო.

რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ეს ამბები წმინდა წყლის ჩმახია. ბატონი მოჰამად აჰმადინეჟადი დედითაც და მამითაც ნამდვილი ირანელია. ქართულ ჭორში კი „მართალი“ მხოლოდ ისაა, რომ იგი ნამდვილად მჭედლის შვილია ანუ ირანელი მჭედლის ოჯახში დაიბადა და თავისი ნიჭის, მონდომებისა და ენერგიის წყალობით, ჯერ თავბრუდამხვევი სამეცნიერო კარიერა გაიკეთა, ბოლოს კი, ქვეყნის პრეზიდენტადაც აირჩიეს. ამდენად, აჰმადინეჟადს, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, აქვს ის იშვიათი უპირატესობა, რაც დღევანდელი მსოფლო პოლიტიკის სივრცეში, ალბათ, ძალზე ცოტას თუ გააჩნია: იგი წარმომავლობით დაკავშირებულია უბრალო ხალხთან, მაგრამ არის ნამდვილი ინტელიგენტი და კარგი მეცნიერი. ამიტომაც, შეუძლია თანაბრად მოხიბლოს და გავლენა იქონიოს როგორც თავის ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, ხალხზე, ასევე ქვეყნის სამეცნიერო და კულტურულ წრეებზე.

პირისპირ შეხვედრისას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მომხვდა თვალში. აჰმადინეჟადის საინტერესო სახეს, რომელზედაც პიროვნული თვისებების უაღრესად მნიშვნელოვანი სპექტრი იკვეთება, ფუფუნების კი არა, უმძიმესი შრომის კვალი ამჩნევია. ბავშვობიდანვე მუხლჩაუხრელი შრომის ნაკვალევი, რამაც უბრალო გლეხის შვილი უძლიერესი და უდიდესი ქვეყნის პრეზიდენტად აქცია.

დაჯილდოების მეორე დღეს უკვე ტელევიზიით ვუსმენდი აჰმადინეჟადის გამოსვლას თეირანის თავისუფლების მოედანზე ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 29-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ხალხმრავალ მიტინგზე. თითქმის ხუთსაათიანი სიტყვის განმავლობაში ამ ტანმორჩილმა კაცმა ისეთი ცეცხლი დაანთო, რომ ამდენი ხალხი ერთიანად აიყოლია. მიზეზი აქაც, არა იმდენად ლიდერის ქარიზმატულობაა (ამ თვალსაზრისით ირანის პრეზიდენტი ძალზე ჩვეულებრივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს), რამდენადაც ის, რომ აჰმადინეჟადი ხალხის ენაზე ლაპარაკობს და შესანიშნავად იცის, მის ქვეყანას რეალურად რა საფრთხეები და პრობლემები აწუხებს. ამიტომაც შეუძლია თავისი მგზნებარე სიტყვისას, შიგადაშიგ დაიძახოს: ვის არ ეშინია ამერიკის? და მასის ერთსულოვანი პასუხი მიიღოს: ირანელ ერს!

სცენაზე, ჯილდოს მისაღებად რომ ავედი, ჩემი სპარსულის პირველი მასწავლებელი ბატონი კარლო ტაბატაძე გამახსენდა, რომელსაც ვუმადლი საერთოდ, ჩემს პროფესიულ არჩევანსაც და ბევრ კარგ რამეს, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. ღმერთმა გაანათლოს ეს საოცარი ადამიანი, ვინც დღემდე ჩემთვის ნიმუშია იმისა, როგორ ფანატიკურად უნდა გიყვარდეს შენი საქმე და მერე ადამიანები, რათა ცოდნა, რასაც შენს სფეროში დააგროვებ, ალალად გადასცე მომავალ თაობებს. თუ სადმე ცოდვა-მადლი მართლა იწონება, ბატონი კარლოს წინაშე უფლის წყალობის კარი, თუნდაც, იმიტომაც უნდა იყოს გახსნილი, რომ თავის დროზე ხაშურიდან ჩამოსულ ობოლ ბიჭს უსასყიდლოდ ასწავლა სპარსული, რომელიც მისთვის არა მხოლოდ ენას, არამედ ზნეობრივი ცხოვრების თავისებურ კოდექსსაც გულისხმობდა.

დაჯილდოების ცერემონიალიდან გამოსულს ჟურნალისტები შემომეხვივნენ. აქეთიქიდან სეტყვასავით მაყრიან კითხვებს და მათ შორის ისეთ შეკითხვებსაც, აშკარად ირანელი მეცნიერისათვის რომაა გამიზნული. მაგალითად, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო მეტად დაინტერესდეს წიგნით?

ირანელებს თუ წიგნის ინტერესი აკლიათ, მაშინ ქართველებმა რაღა უნდა ვთქვათ?!

ხალხში გზას გაჭირვებით მივიკვლევ და ჩემი მეგობრებისაკენ მივიწევ. ხელში საპატიო სიგელი მაქვს ჩაბღუჯული. უნიკალურ, ხელნაკეთ ტრადიციულ ჩარჩოში ჩასმული ხელნაწერი, რომელსაც ირანის ისლამური რესპუბლიკის გერბი და ქვეყნის პრეზიდენტის ხელმოწერა ამშვენებს. ვიღაც კაცი მოდის და მეკითხება, სიგელს ხომ არ დავუთმობდი? თავიდან ხუმრობა მგონია და ვუღიმი. ღიმილი ათამამებს და უკვე ფასზე მითანხმდება: 2000 დოლარი. როცა გავარკვიე, რომ ბატონი კოლექციონერი სულაც არა ხუმრობს, ცივად ვიუარე, რასა ბრძანებთ-მეთქი. იმას ჰგონია, ფასი მეცოტავა და 1000 დოლარს ეგრევე მიმატებს. არა, ბატონო, არ იყიდება-მეთქი! - ცივად მოვუჭერი და თავიდან მოვიცილე. რას გავყიდი?! ასეთი სიგელ-გუჯარი საქართველოში, მგონი, ერეკლე მეფის ჟამის მერე აღარ მიუღიათ. ხელოვნების ნიმუში ჩარჩო ხომ თავისთავად, მაგრამ გაცილებით ძვირფასია ნაწერი, სადაც ასეთ რამეს ვკითხულობთ:

ღრმად პატივცემულო, სპეტაკო ბატონო
გიორგი ლობჟანიძე,

რწმენით აღსავსე ინტელიგენტები, რომლებიც შემოქმედებითი ნიჭითა და უნარით, ცოდნით, შემეცნების წყურვილით, სულიერი და ზრახვისმიერი სიწმინდით არიან დაჯილდოებულნი, ერთი მხრივ, კულტურისა და ცივილიზაციის ჭეშმარიტ მემკვიდრეებად გვევლინებიან, მეორე მხრივ კი, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების გზაზე სრულყოფილებისაკენ სვლის მებაირახტრეებად მიიჩნევიან.

მორწმუნე და უფლის აღმსარებელ მეცნიერთა პატივისცემა, არსებითად, ცოდნის, მეცნიერებისა და რწმენის პატივისცემაა. ცოდნისა და მეცნიერთა შესაფასებლად კი თუნდაც იმისი გახსენებაც კმარა, რაც რელიგიურ წინამძღოლებს ამის შესახებ უთქვამთ. კერძოდ ის, რომ მეცნიერნი წინასწარმეტყველთა მემკვიდრენი არიან.

ზემოთქმულიდან ცხადია, რომ მეცნიერნი წინასწარმეტყველთა საქმეს განაგრძობენ, ხალხს გონებისა და ცოდნის ჩირაღდნით, წრფელ გზაზე წინ მიუძღვიან და კაცთა მოდგმას უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს - სამართლიანობას, სიყვარულს, თავგანწირვასა და ერთგულებას უქადაგებენ. სწორედ ისინი იცავენ ადამიანის თავისუფლების, პატივისა და ღირსების წმინდათა-წმინდა ნაკრძალს.

მსურს დიდი ირანელი ხალხის სახელით დაგაფასოთ და მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ბრწყინვალე და სასარგებლო მცდელობისათვის, რაც ნამდვილად ღირებული თხზულების შესაქმნელად გასწიეთ. მით უფრო, რომ თქვენი ნაშრომი ბრწყინვალე ყურანის ქართული თარგმანია.

უზენაეს უფალს ვთხოვ მეცნიერებისა და კულტურის სამსახურში თქვენს ყოველდღიურად მზარდ და აღმავალ წარმატებას.

გულწრფელად თქვენი
მაჰმუდ აჰმადინეჟადი
ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი

ვფიქრობ, ბედნიერია ქვეყანა, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია ასეთი სტილის ოფიციალური საბუთები გასცეს, რომლის დოკუმენტების ენაც კი ასეთი მდიდარი და მრავალშრიანია.

ამასობაში მუსა-ფურსა და მაშჰადისაც მოვკარი თვალი. მაშჰადი დგას და სიცილისაგან ლამის დაიხრჩოს. მივედი და სხაპასხუპით მომახსენა: იცი, რა მოხდა? დაჯილდოებაზე ხალხით სავსე დარბაზში ორი თავისუფალი ადგილი ძლივს ვიპოვეთ და ჩამოვსხედით. მუსა-ფური მეუბნება, ჩემი ბედის ამბავი რომ ვიცი, ახლა მაინცდამაინც ბატონი შაბესთარი შემოვა, ადგომა და ადგილის მისთვის დათმობა მომიწევსო! გავიხედოთ და მართლა შაბესთარი არ შემოვიდა?!

სიტუაციის აბსურდულობა მკითხველმა რომ უკეთ წარმოიდგინოს, უნდა ვთქვა, რომ ბატონი მოჰამად მოჯთაჰედ შაბესთარი თეირანის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტის პროფესორი და ჩვენი უსაყვარლესი მასწავლებელი იყო, რომელიც რელიგიებისა და მისტიკის ისტორიის სპეციალობაზე იუდაიზმისა და ქრისტიანობის უაღრესად საინტერესო, შეიძლება ითქვას, უნიკალურ კურსებს გვიკითხავდა. თავის დროზე სასულიერო განათლება ყუმში მიეღო, მერე სასწავლებლად ევროპაში წასულიყო და სადოქტორო ხარისხი ბერლინის უნივერსიტეტში დაეცვა. ამ კაცს უკავშირდებოდა ჩემი საფუძვლიანი განათლება ქრისტიანობის ისტორიაში. ამ სფეროში რა უნდა გეკითხათ, რომ დოქტორ შაბესთარისაგან ამომწურავი პასუხი არ მიგეღოთ. შაბესთარი თავისი სპეციალობით სუნთქავდა და არსებობდა. უზარმაზარ ცოდნასა და გამოცდილებას კი პირველხარისხოვანი კომპარატივისტული კვლევისათვის იყენებდა. მის კალამს ეკუთვნის აბრაამისტულ რელიგიათა შედარებითი თეოლოგიის საკვანძო საკითხებზე დაწერილი არაერთი ნაშრომი, სადაც ირანელი მეცნიერი არაჩვეულებრივი სიღრმით აანალიზებს იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის საგულისხმო პარალელებს როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე ვითარების გათვალისწინებით.

ურთიერთობისას საკმაოდ ცივია, შეიძლება ითქვას, სუსხიანი. თუ ვინმეზე იტყვი, მისი ჰო ჰოა და არა არაო, ეს, პირველ რიგში, შაბესთარიზე უნდა ითქვას. საკმაოდ არაკომუნიკაბელურია და გულისამაჩუყებელი სიფაქიზეებით არავის ანებივრებს. ასეთ ოფიციალურ დაჯილდოებებზე მისი გამოჩენა ხომ ყოვლად წარმოუდგენელია. ამიტომაც თქვა მუსა-ფურმა, ჩემი ბედი რომ ვიცი, ახლა აქ შაბესთარი შემობრძანდებაო. ბიჭებისთვის უკითხავს: თქვენ რაღა გინდათო? უთქვამთ, ლობჟანიძეს აჯილდოებენ და ვგულშემატკივრობთო. მერე მუსა-ფურს დაუმატებია: ჩვენმა გიორგიმ პირველად თარგმნა ქართულ ენაზე ყურანიო. შაბესთარის უთქვამს: პირველად კი არა, მეორედ, რადგან ადრეც იყო ქართულადო! - რას გამოაპარებ, ბოლოს და ბოლოს, შაბესთარია. ისეთი დეტალები იცის, ალბათ, საშუალება რომ ჰქონოდათ, იქვე ყურანის ფრანგულიდან მთარგმნელი პეტრე მირიანაშვილის ბიოგრაფიასაც მოუყვებოდა. თავისი საქმის დიდი სპეციალისტია და მისი საქმე სწორედ ასეთი დეტალების ძირეულ ცოდნას ითვალისწინებს. მაშჰადი ამბობს: მუსა-ფური სტუდენტივით დაიბნა და უთხრა: მე არაბულიდან პირველ თარგმანს ვგულისხმობდიო. შაბესთარიმ მიუგო: მაშინ თავიდანვე ასე უნდა გეთქვა. მეცნიერი ხარ და სიზუსტე შენთვის უმთავრესი რამ უნდა იყოსო!

ახლა სად არის-მეთქი, - ბიჭებს ვეკითხები, - დაგაჯილდოვეს თუ არა, ერთი შორიდან გაგიღიმა, ადგა და წავიდაო.

უცნაური ვინმეა ჩემი უსაყვარლესი მოძღვარი - მოჰამად შაბესთარი...

შარიათის ნაშრომებისა არ იყოს, აქამდე ვერც მისი თხზულებები ვთარგმნე ქართულად და ეს სინდისზე მძიმე ლოდივით მაწევს...

პრეზიდენტის სახელით ვახშმად გვეპატიჟებიან. დარბაზში შესული ვხედავ, რომ ძმა ალექსეი მოწოდების სიმაღლეზეა. უკვე ყველა ნუგბარი ორ თეფშზე გადმოუღია, ჩემს ყუმელ მეგობრებთან ერთად ზის და მელოდება. ყუმელთაგან ერთ-ერთი ქართული წარმოშობის ირანელია. ფერეიდუნშაჰრელი მოყადდასი. ძალიან სიმპათიური და კარგი ადამიანი. ქართულად თავისუფლად კითხულობს, სპარსულში კი ერთ-ერთი საუკეთესო სტილისტია. ის ყუმის თეოლოგიურ აკადემიაში მნიშვნელოვან თანამდებობაზე მსახურობს და გულწრფელი შიიტია. ქართულად ლაპარაკს ცდილობს და ეს ამბავი ძმა ალექსეის საქმეს აშკარად ურთულებს. გვეუბნება: ილაპარაკეთ, გევედრებით, ოღონდ სპარსულად, ოღონდ სპარსულად ილაპარაკეთო.

დარბაზობიდან გამოსულს პრემიების კომიტეტის მდივანი ბატონი ვასფი მომიკითხავს: როგორა ხარ, ჩვენებურო?

ვიცი, რასაც გულისხმობს: ერთხელ თბილისშია ნამყოფი და ისე შეჰყვარებია ჩვენი დედაქალაქი, იმის მერე თბილისზე აბოდებს. „ჩვენებური“ რატომაა? - დაინტერესდა მოყადდასი. - იმიტომ, რომ ვერ ხედავ, უკვე ირანელია! - ისევ ხუმრობით აგრძელებს ვასფი. - არა, ჯერ ბოლომდე ირანელი არ არის, კიდევ დარჩა რაღაცეები! - მოყადდასი ცდილობს, ხუმრობაში მხარი აუბას მასპინძელს, მაგრამ აშკარად არ გამოსდის. მე დაახლოებით ვხვდები, რას გულისხმობს, ხისმატულინი კი სრულიად დაიბნა და სერიოზულად კითხულობს: და რატომ არ არის ირანელი? ვითარებას წერტილს ვუსვამ და რუს კოლეგას მხიარულად ვეუბნები: იმიტომ, რომ ქართველი ვარ, ძმაო ალექსეი!

სასტუმროში მაშჰადი მელის. ვსხედვართ, ვსაუბრობთ და მოგონებებში თავზე ისე გვათენდება, ვერც ვგებულობთ.

დილით ფილოსოფიისა და სიბრძნისმეტყველების ინსტიტუტში ვართ დაპატიჟებულნი. საღამოს კი ირანული „წიგნის სახლი“ უნდა მოვინახულოთ. „წიგნის სახლში“ სიტყვით გამოსვლას ლიბანის უმაღლეს მუფთის სთხოვენ. სპარსული არ იცის და სასწრაფოდ სჭირდებათ კარგი სინქრონისტი. მასპინძლები მთხოვენ: უნდა გვიშველო და არაბულიდან სპარსულად სინქრონი შენ უნდა გააკეთო. ცოტა დავიძაბე. ვინც იცის, რა არის სინქრონული თარგმანი, მღელვარების მიზეზს ადვილად მიმიხვდება. თანაც, ორმაგად რთულია, როცა სინქრონს ერთი უცხო ენიდან მეორე უცხო ენაზე აკეთებ. პრაქტიკულად, ვრისკავ. მომხსენებელი დაახლოებით ნახევარი საათი საუბრობს. დაძაბულობისაგან ტაში მაფხიზლებს. ანდრიუ ნიუმანი ამბობს: ჩვენი ტაში სინქრონისტს ეკუთვნოდა!

სასტუმროსკენ მომავალთ, ავტობუსში გვერდით ავღანეთის დელეგაციის წევრი მიზის, მთელი გზა მკლავზე ხელს მისვამს და დუდუნებს: რა კეთილი ბატონი ბრძანდებით! რა შესანიშნავად გვითარგმნეთ ჩვენი არაბული! - ლამისაა, იტიროს...

შთაბეჭდილებებით ისე ვარ დატვირთული, რომ ვიღაც მინდა, ძალიან ახლობელი, ვისაც ამ ყველაფერს გავუზიარებ. ამიტომ პირველივე შესაძლებლობისთანავე ნაირასთან ვრეკავ და ამბებს მოკლედ, სხაპასხუპით ვუყვები. ნაირას, როგორც ჩანს, მამა კირიონი სტუმრობს. მისი ხმა მეცნობა: ეგ ირანში სიარულს მანამ არ მოეშვება, სანამ რამეს არ მოაჭრიანო! - ალბათ, მე მგულისხმობს და, ალბათ, პაატა სააკაძის გავლენის ქვეშაა.

ოფიციალური შეხვედრები კი დასრულდა. თვითმფრინავის რეისამდე რამდენიმე დღე მრჩება და ის რამდენიმე დღე ნიკოსთან გადავდივარ საცხოვრებლად. ნიკოზე, თუ დრო მექნა, ოდესმე, მერე ცალკე მოგიყვებით. ამ ადამიანს ეგრე უბრალოდ და ჰაიჰარად ვერ ამოწურავ...

ბოლო დღეს ვახშამს ნიკოლოზი მართავს და „წლის წიგნის“ კომიტეტის მდივანს ბატონ ვასფისა და ირანის გეოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარეს დოქტორ საჰაბს ეპატიჟება. დოქტორი საჰაბი საქართველოს დიდი მოამაგე და მეგობარია. ერთი წლის წინათ თბილისში ბრძანდებოდა და მერე ირანულ პრესაში ისეთი ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომ ჩვენი ქვეყნის ასეთი გულშემატკივარი ცოტა თუ მეგულება. პრემიით გათვალისწინებულ ღონისძიებებზეც რამდენჯერმე მოვიდა და როგორც შეეძლო, მხარში მედგა, საქართველოს გულშემატკივარია და საქართველოთი ამაყობდა...

საგანგებოდ შეფუთული სიგელი თვითმფრინავში ამაქვს, ბარგში ჩაბარებისა შემეშინდა და გადავწყვიტე, ხელით წამომეღო. ბაქოს გავლით მგზავრობა მთელი ღამე გრძელდება. დილით, როგორც იქნა, თბილისის აეროპორტში დავეშვით.

მესაზღვრეს პასპორტს ვუწვდი. ფურცლებს გულდასმით ჩაჰკირკიტებს. ის-ისაა, პასპორტი უნდა დამიბრუნოს, რომ ერთბაშად თითქოს რაღაც ახსენდება, ერთი წუთით წამობრძანდითო და დერეფნის ბოლოში ცვლის უფროსთან თუ, საერთოდ, რაღაცის უფროსთან მივყავარ. ჩემს პასპორტს ისიც გულდასმით ათვალიერებს და ხაფი ხმით მეკითხება:

- მამას რა ქვია, ლობჟანიძე, მამას?

პასუხს ვუბრუნებ და ისიც პასპორტს მიწვდის. არც ბოდიში, არც უკაცრავად...

აქ ალბათ ფეოლას შეძახილი: „დაცვას მიხედე, ხვედელიძე, დაცვას!“ უნდა გამხსენებოდა, მე კი რატომღაც „ხევისბერი გოჩა“ მახსნდება: იყუჩე, ბალღო, არ დაგავიწყდეს, ვისი გორისა ხარ!

- და მეღიმება...

თბილისში ჩვეულებრივი სუსხიანი დილა თენდება...

9.2 პარიზული ჩანაწერები

▲ზევით დაბრუნება


(პოლიტიკის გარეშე)
2007-2008 წელი

ავტორი: ლანა ღოღობერიძე

0x01 graphic

და, აი, ასე, მოულოდნელად, რამდენიმე წლით (თუ არაფერი არ შეიცვალა), დავსახლდი პარიზში. ჩემს ასაკში, ახალი ცხოვრების დაწყება ცოტა უცნაურია. თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, მოჭარბებული ასაკის შეგრძნება არა მაქვს (როგორც ხედავთ, სიტყვა სიბერესაც ვერ ვხმარობ). და უცებ მახსენდება - სიბერე უეცრად გატყდებაო თავს, ამბობს სიმონ დე ბოვუარი. ჰოდა, ის, ალბათ, მეც უკვე დამატყდა თავს, მაგრამ ჯერ მიმალავს თავის მოსვლას.

ცხოვრება მოგზაურობაა, საკმაოდ მოკლე. მაშინაც კი, როდესაც გრძელია.

„ოქროს საწმისის ოქრო“ - ასეთი ხატოვანი და ეფექტური სახელი აქვს გამოფენას, რომელიც „ქართული სეზონის“ ფარგლებში სენის ულამაზეს სანაპიროზე „მონე დე პარიზის“ პრესტიჟულ საგამოფენო დარბაზებში გაიხსნა. ვანის 24 გათხრილი სამარხიდან, აქ ექვსია წარმოდგენილი - მდიდრულად მოკაზმული დიდგვაროვნების სამარხები. პირველივე შთაბეჭდილება გამაოგნებელია: დარბაზის შავ ფონზე, ოსტატურად განათებული, ორი კაცის ქანდაკება, შესრულებული ბრინჯაოსა და რკინაში. საოცრად მიმზიდველი, თხელი და ელეგანტური სილუეტები, რომლებიც რაღაცით ჯაკომეტის მაგონებს! და ეს, თურმე, მარტო ჩემი შეგრძნება არ არის. ვკითხულობ სტატიას „ფიგაროში“, სადაც წერია: „კაცის ორი ქანდაკება, წვრილი და ნატიფი, როგორც ჯაკომეტის ქმნილებები“. აქ, საქმე, რა თქმა უნდა, ფიგურების სიწვრილეში არ არის, თვითონ სამყაროს აღქმაა უაღრესად თანამედროვე! ის მოქანდაკე კი, ჩვენგან ცოტა არ იყოს დაშორებულ ეპოქაში, რაღაც 2000 თუ 2500 წლის წინ ანტიკურ კოლხეთში ცხოვრობდა!

დადიხარ „მონე დე პარიზის“ დარბაზებში დახვეწილი დიზაინით გამოფენილ ოქროს ნაკეთობებს შორის და თვალწინ ცოცხლდება ჩვენი ისტორიის ერთი, ლეგენდებით გამდიდრებული ფურცელი: სტრაბონის მიერ აღწერილი იასონისა და არგონავტების მოგზაურობა ანტიკური ელდორადოს - კოლხეთის - ნაპირებისკენ. სტრაბონი ლაპარაკობს კოლხეთზე, როგორც წიაღისეულით უაღრესად მდიდარ ქვეყანაზე, სადაც მდინარეები (რომელთაც მთებიდან ჩამოაქვთ ოქრო) ისეა თვითნაბადი მეტალით გადაპენტილი, რომ კოლხები ცხვრის ტყავს აგდებენ მდინარეში და არ ამოაქვთ მანამ, სანამ ის მთლიანად ოქროთი არ დაიფარება. მართალია ეს თუ არა, დღეს ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. მთავარი ის არის, რომ დასავლეთ საქართველოს ამ ცივილიზაციამ, რომელიც ჩ.წ-მდე მერვე - პირველ საუკუნეებში იყო ცნობილი და რომელიც ისევე უეცრად ჩაიფერფლა, როგორც გაჩნდა, მიწით დაფარულ სამარხებში შემოგვინახა ინფორმაცია თავისი სიმდიდრის, ფუფუნების და უნატიფესი ხელოვნების შესახებ.

და ეს ხელოვნება მარტო ჩვენი მონაპოვარი რომ არ არის, ამას ადასტურებდა როგორც პარიზის ეს გამოფენა, ისევე აქაური პრესის აურაცხელი გამოხმაურება.

0x01 graphic

ლანა თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე

მუზეუმის წარდგინებაში ვკითხულობთ: „ეს გამოფენა ევროპას შავი ზღვის ამ მშვენიერ ქვეყანას და მის წარმტაც ხელოვნებას წარუდგენს“.

„ტრიბიუნი“ ლაპარაკობს „ანტიკური საქართველოს ბრწყინვალებაზე“. ყოველკვირეული ჟურნალი „პარი“ წერს: „ეს სამკაულები აღმოჩენილია დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის პირას, ქალაქში, რომელიც მითიური ცივილიზაციის აკვნად გვევლინება“. „პუან დე ვიუმ“ ვანს „ქართული პომპეა“ დაარქვა. ეს არის „აყვავებული ცივილიზაციის აკვანი, რაზედაც სამარხებში აღმოჩენილი სამკაულები და ქანდაკებები მეტყველებს“. იმავე ჟურნალს მოყავს სტრაბონის სიტყვები: „მითები, რომლებიც გვიამბობს იასონის მოგზაურობაზე, გვიჩვენებს, როგორი დიდებით იყო შემოსილი ამ ქვეყნის სახელი ანტიკურ ხანაში“. და შემდეგ ვკითხულობთ: ... „ფანტასტიკური ქვეყანა, შუაგზაზე ლეგენდასა და რეალობას შორის, რომლის სიმდიდრეც ასაზრდოებდა ბერძენი მწერლებისა და პოეტების წარმოსახვას ჰომეროსიდან ევრიპიდემდე“...

გაზეთი „ფიგარო“, ჟურნალისტი ან-მარი რომერო: „ოქროს დამუშავებაში კოლხები აღწევენ ისეთ შეუზღუდავ ვირტუოზობას, რომ მნახველს ხმა ეკარგება (ანუ გაოგნებული რჩება). ეს არც დიადემებია, არც მძივები, არც საყურეები, არამედ ნამდვილი არქიტექტურული კონსტრუქციები - ერთი მილიმეტრის ზომის, უმსუბუქეს ჯაჭვებზე დაკიდებული პერსონაჟებით; სამაჯურები, სადაც ერთმანეთს მისდევენ იხვებისა თუ არწივების ერთიბეწო ფიგურები, რომლებიც ოქროს უმცირესი მარცვლებისგან არის შედგენილი და ნამდვილ აკრობატულ ფორმებს ქმნიან... ექვს სანტიმეტრიანი, თმის სრულიად დაუჯერებელი სამაგრი (კაცის), რომელიც ოქრომჭედლობის ყველა მონაპოვარს აერთიანებს: ჩვენს წინაა ირმისა და ხარის შერკინება ოქროს მარცვლებისგან შექმნილ ცხოველთა კოჰორტით გარშემორტყმული,“...

დაბოლოს: „რამდენიმე დარბაზი, არც ისე ბევრი ნაკეთობა, მაგრამ ოქრომჭედლობის ეს განუმეორებელი ოსტატობა, წარმოსახვა, რომელსაც იშვიათად მოეძებნება ბადალი მსოფლიოში, ამ გამოფენას პატარა სასწაულად აქცევს“...

გამოფენიდან სიხარულით და სიამაყით აღვსილი გამოვდივარ. აი, რა შეგვიძლია ქართველებს, როდესაც თავს ვაღწევთ კერპთაყვანისცემლობის თუ ურთიერთსიძულვილის დამღუპველ ტენდენციებს და ჩვენს პოტენციას მშვენიერების შექმნისკენ მივმართავთ.

0x01 graphic

ელენ ლაროშის სახლი

0x01 graphic

ლანა ღოღობერიძე მეუღლესთან, ლადო ალექსი-მესხიშვილთან ერთად

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ანდრე გორცი მეუღლესთან, დორისთან ერთად

იუნესკო...

უზარმაზარ დარბაზში პირველი მრავალდღიანი კონფერენციაა, რომელიც სამოქმედო პროგრამას ორი წლით განსაზღვრავს. დოკუმენტები, დოსიეები, პროგრამები... და გამოსვლები, გამოსვლები, გრძელი და მონოტონური... ველოდი, რომ საუბარი უფრო ცოცხალი და საინტერესო იქნებოდა, ველოდი იმავეს, რაც ევროპის საბჭოში ხდებოდა. იქ მუდმივად მქონდა განცდა, რომ ევროპა - ჩვენი საერთო ოჯახია, რომ შენი ქვეყანა ამ მშვენიერი ერთობის ნაწილია. 47 ქვეყნის ელჩთან კვირაში რამდენჯერმე, რამდენიმე საათიანი შეხვედრა გვქონდა, სადაც ყველა უმნიშვნელოვანეს და ჩვენთვის საინტერესო საკითხზე ვსაუბრობდით თუ ვკამათობდით; საღამოობით, ხშირად დავდიოდით ერთმანეთთან სახლში, ზოგიერთს მართლაც დავუახლოვდი კიდეც.

ეს იყო რაღაც თავისებური საერთოევროპული ცხოვრება. და მეც, პოლიტიკური პრობლემების დასმის გარდა, ერთი გარკვეული მიზანი მამოძრავებდა: ყველა მხრიდან გამეცნო ევროპელებისთვის ჩვენი ქვეყანა, მისი წარსული თუ დღევანდელობა, მისი კულტურა და ხელოვნება. და, მგონი, ამას ვაღწევდი კიდეც.

აქ, იუნესკოში, სულ სხვა მასშტაბია. და მუშაობის სტილიც, ალბათ, უფრო ორგანიზებული, მაგრამ უფრო ბიუროკრატიულიც. ვნახოთ, როგორ ავუღებ ალღოს. ამჟამად, საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე პროგრამა მუშაობს.

უახლოესი მომავლისთვის ჩვენთვის პრიორიტეტულია შეიქმნას ერთობლივი (საქარველო-იუნესკოს) პროექტი აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესასწავლად. ინფორმაცია, რომელიც 1997 წელს იუნესკოს ექსპერტთა მისიამ მოგვაწოდა, მოძველებულია და განახლებას საჭიროებს. ჩვენთვის კი, ნამდვილად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ამ ძეგლების რეალური მდგომარეობა იმისათვის, რომ სხვადასხვა ორგანიზაციების ჩართვით, მათი რესტავრაცია შევძლოთ.

ძალიან საინტერესო მიმართულებაა ჩვენი ისტორიული ძეგლების ჩართვა მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობაში. ამისთვის გამალებით იბრძვის ყველა ქვეყანა. ხანდახან ამ ბრძოლაში სახელმწიფოთა პირველი პირებიც იღებენ მონაწილეობას. მაგალითად, ამ დღეებში საფრანგეთის უაღრესად აქტიურმა და ყველა პრობლემაში ჩართულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთი აპირებს მომავალი წლისთვის მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობაში თავისი კულინარიის წარდგენას! ეს რომ გავიგონე, მაშინვე გამიელვა აზრმა, რომ მომავალში, ჩვენც უნდა ვიზრუნოთ ჩვენი საცივებისა და ნიგვზიანი ფხალებისთვის მსოფლიო კულტურული პატრონაჟის მოსაპოვებლად! ჩვენი ყველაზე ახლო და რეალური პერსპექტივა კი, დმანისის კომპლექსის წარდგენაა, ჩვენი მომხიბლავი წინაპრების - ზეზვასა და მზიას მსოფლიო არენაზე გაყვანა! ამ პროექტზე, უკვე კარგა ხანია, სერიოზულად მუშაობს დათო ლორთქიფანიძე.

პიკასოს მუზეუმი. პატარა, მყუდრო შენობა მარეში, პარიზის ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს უბანში. ეს გიჟი მხატვარი, რომელიც ყოველთვის ახლად განცვიფრებს.

ძირითადი ექსპოზიციის გარდა - კარმენის ციკლი. უცებ მივხვდი, რატომ ამბობს დომინგენი, რომ მისთვის პიკასო ვარდისფერია. მართლაც, რამდენია ამ ტილოებში ეს რაღაც უცნაური ვარდისფერი, შერწყმული შავის ტრაგიზმთან და მერე უცებ - თეთრი, თავისი სიწმინდით...

ამ ციკლის მოტივებია: მხატვარი და მისი მოდელი, ქალი და მისი ანარეკლი, ტორეადორი და ხარი... მხატვრის მიდგომა - ყოველთვის ახლებური, ყოველთვის მოულოდნელი... პიკასო, რომელიც მეჩვენება ღრმა მოხუცად მაშინაც, როცა სულ ახალგაზრდაა და ახალგაზრდად, როცა მოხუცია. ალბათ, იმიტომ, რომ ის მარადიულია, უფრო ზუსტად, მუდმივად მარადიულობაში არსებობს.

ვზივარ მუზეუმის ბაღში, ვსვამ ტომატის წვენს და ვფიქრობ... პიკასოზე, მარადისობაზე. ერთიბეწო ბეღურა ჩამოჯდა ჩემ მაგიდაზე და მიყურებს. არ ვინძრევი, რომ არ დავაფრთხო. ის კი მშვიდად დასეირნობს მაგიდაზე და არაფრად მაგდებს. ალბათ, ამანაც, პიკასოსთან სიახლოვით, გაიგო მარადისობის არსი და აღარაფრის ეშინია.

0x01 graphic

პიკასოს მუზეუმი პარიზში

0x01 graphic

პატარა ლანა

ჩამოვიდა სოფიკო (ჭიაურელი). საშინელი ტკივილებით და ძველებური შემართებით. გაუკეთეს ტექნიკის სულ ბოლო მიღწევის სკანერი, რეზულტატი დამაიმედებელია... მაგრამ ტკივილები? ვზივართ მასთან, სასტუმროში, რიშელიეს ქუჩაზე, ფანჯარა პირდაპირ „კომედი ფრანსეზის“ ისტორიით დამძიმებულ და გამშვენიერებულ შენობას გადაჰყურებს. სოფიკო, რომელმაც ორიოორიოდე წუთის წინ გამაყუჩებლები დალია და ცოტა ხნით შეინელა ტკივილი, მაშინვე ირგებს მისთვის ჩვეულ მასპინძლის როლს: სუფრას ნაირ-ნაირი ტკბილეულით შლის, ჩაის ასხამს და თავგამოდებით გვიმასპინძლდება. თან ღიმილით ამბობს: რამდენიმე აუცილებელი საქმე მაქვს გასაკეთებელიო, უნდა გავამთლიანო მამაჩემის დატოვებული სახლი, ანუ გამოვისყიდო მეორე სართული, რომელიც თავის დროზე ვერიკომ გაყიდაო, სახლის გვერდით ავაშენო თეატრი, რომლის მიწაც უკვე ნაყიდი მაქვსო, კიდევ რაღაცას ამბობდა, რაც უნდა გააკეთოს და რაც აღარ მახსოვს, დაბოლოს, ასევე ეშმაკური ღიმილით: დარწმუნებული ვარ, ის (თავს ჭერისკენ იშვერს) დამაცლის, სანამ ამ საქმეებს არ მოვრჩები, არ წამიყვანსო. ჩვენ ყველა, ნიკუშა, გოგი თაყაიშვილი, მე ვეთანხმებით, ნამდვილად დაგაცლისო და ხაზგასმით უდარდელად ვიცინით.

ადამიანები ხშირად იკეტებიან თავიანთ უბედურებაში, შიშში, ტანჯვაში, ტკივილში. სოფიკო ამის საპირისპიროა. მეც... სულ ადრეული ბავშვობიდან ვერ ვიტან მსხვერპლის როლს.

0x01 graphic

ნიკოლა სარკოზი მეუღლესთან, კარლა ბრუნთან ერთად

0x01 graphic

ნიკოლა სარკოზი მეუღლესთან, კარლა ბრუნთან ერთად, ელისეის სასახლე, 10 მარტი, 2008

0x01 graphic

კარლა ბრუნი ელისეის სასახლეში, პარიზში, 2008

ის ყოველთვის ჩემ გვერდით იყო. საზარელი, ჩასაფრებული. ჯერ ბებია, მერე ლეონიდ-ბიძა, მერე დედა, ლადო, ლეილა, ლიასია... მერე მე, ჩემი ორი ოპერაციით. მაშინ მივხვდი - საკუთარი ტკივილი და შიში შეგიძლია გადაძლიო, ამაში ყველაფერი გეხმარება - მთელი შენი ცხოვრების გააზრება, გვიან შეძენილი უნარი - გვერდიდან დაინახო საკუთარი თავი და ასევე ერთ მშვენიერ დღეს გააზრებული ჭეშმარიტება, რომ სამყარო არ იწყება შენით და შენით არ მთავრდება, შვილების სასოწარკვეთა... ეს ყველაფერი გაძლევს ძალას, რომ შეებრძოლო და დაამარცხო კიდეც, როდესაც გღრღნის, შენ გღრღნის... მაგრამ, უახლოეს ადამიანს? დედას, რომელიც შენ თვალწინ ეჯაჭვება ლოგინს, თანდათან ძვლად და ტყავად იქცევა, ძალისძალად იღიმება, რომ დამალოს ტკივილი, და შეგიმსუბუქოს არსებობა და რომელსაც, მხოლოდ ერთხელ წამოსცდება ჩივილის მსგავსი - რამდენიმე წელი მაინც დამცლოდა ბავშვებთანო... და ლადო, მთელი ცხოვრების მანძილზე ასეთი თავმომწონე, ხანდახან თავხედობამდეც კი, ქალების და ახალგაზრდების კერპი, რომელიც ტანჯვამ ასეთი თავმდაბალი გახადა; ლადო, რომელიც ისე უმწეოდ გადმომხედავდა ხოლმე, როცა მის შიგნით, მუცლის ღრუში, რაღაც საშინელი და გაუგებარი პროცესები ხდებოდა, ლადო, რომელიც უკანასკნელ წუთამდე, სანამ კიდევ ჰქონდა ძალა, ებრძოდა იმ რაღაცას, რომელიც მის შიგნით იჯდა... სიკვდილამდე ერთი თვით ადრე, მაშინ, როცა ამ სენის ობიექტური კანონებით ლოგინს უნდა ყოფილიყო მიჯაჭვული, უცებ გაქრა - თურმე, თავისი ძველთაძველი სპორტული ტანისამოსი ჩაეცვა, ის, რითიც ადრე, ყოველ დილით დადიოდა მთაში და ავიდა, კიდევ ერთხელ, უკანასკნელად, უძოზე! ეს იგივე იყო, რაც ჯანმრთელი ადამიანისთვის ჯომოლუნგმას დაპყრობა, ან კიდევ უფრო, სულის გამარჯვება სხეულზე, საერთოდ გამარჯვება, ყველაფერზე, ცხოვრებაზე, ავადმყოფობაზე, სიკვდილზე... მოვიდა უკანასკნელ ძალაგამოცლილი, მაგრამ ბედნიერი, იქნებ, ისეთი ბედნიერი, როგორც არასოდეს, ჩამოიტანა პატარა ულამაზესი ტოტი, თვითონვე ჩადგა პაპისგან (დიდი ლადო მესხიშვილისგან) შემორჩენილ ლანგარში და იქვე ჩაიკეცა... საღამოს შვილმა ლადომ - ექიმის სრულიად გასაგები და ობიექტური პოზიციებიდან, ძალიან გაკიცხა, ასეთი რამე არაფრით არ უნდა გაგეკეთებინა, იქ ხომ ყველაფერი შეიძლებოდა მოგსვლოდაო! დიდი ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, მე ლადოს ვუყურებდი, ველოდი მისთვის ჩვეულ აფეთქებას, ის თავდახრილი იჯდა, მერე თავი აიღო, შემომხედა და მის თვალებში დავინახე ისეთი რაღაც, რაც არასდროს არ მენახა იქამდე. ეს არ იყო არც მწუხარება, არც სასოწარკვეთილება, არც, მით უმეტეს, გაბრაზება, ის, თითქოს, იღიმებოდა კიდეც, სულ ოდნავ შესამჩნევად, მაგრამ მაინც იღიმებოდა, და უეცრად, გამიელვა აზრმა, ლადო, იმ დროს, ჩვენ აღარ გვეკუთვნოდა, ის უკვე სხვა იყო, სხვა სიმაღლეებიდან მომზირალი, სხვა, ჩვენთვის მიუწვდომელ ჭეშმარიტებას ნაზიარები. და ვიფიქრე, რომ იმ დღეს, ის, მართლაც, ავიდა ევერესტზე, ტკივილთან გაუსაძლის ჭიდილში გადააბიჯა სიკვდილ-სიცოცხლის გამყოფ ზღვარს და მარადისობაში შეაბიჯა...

მაგრამ შენ, ამის შემყურე? როგორ გინდა იყო მაგარი ასეთ წუთებში.

სოფიკო ამ ორიოდე თვის წინ იყო ჩამოსული პარიზში. ეს სიტყვებიც მაშინ დავწერე... და, აი, დღეს აღსრულდა კიდეც ის, რისიც ასე გვეშინოდა ყველას. სოფიკო აღარ არის ჩვენ გვერდით. და მისი არყოფნა, მოლოდინის მიუხედავად, მაინც თავზარია. უცებ ძალიან ხელშესახებად ვიგრძენი, როგორ გაფართოვდა სიცარიელე ჩემ შიგნით, სიცარიელე, რომელსაც ძვირფასი ადამიანის გარდაცვალება ტოვებს.

ცხოვრება - დანაკარგების ჯაჭვი... არსებობ და სულ, გამუდმებით, რაღაცას კარგავ. რაც მეტ ხანს ცოცხლობ, მეტს კარგავ. სიცარიელე, თანდათან, მთელ შენ არსებობას ავსებს.

სოფიკო გარდაიცვალა და უცებ, ყველას თვალში, გაიზარდა, სხვა განზომილება მიიღო. ეს სიკვდილის თვისებაა: ადამიანს თავის ადგილს და მასშტაბს მიუჩენს. ზოგი იზრდება, იძენს მარადისობის ნიშნებს, ზოგი პატარავდება და უკვალოდ ქრება კიდეც.

სოფიკო დარჩა და ვიცი, რომ კიდევ გაიზრდება. ეს უნიჭიერესი, ლაღი, ახლობლებისთვის თავდადებული, დინამიური, მგზნებარე ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს, ვაჟას სიტყვებით რომ ვთქვათ, „კახურ ღვინოსავით ირგებდა“. ადამიანი, რომელიც შეიყვარა ხალხმა. ეს კი, მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.

რაღაც დრო რომ გავა, ბევრ რამეს დავწერ სოფიკოს შესახებ, რადგანაც მიმაჩნია, ეს ჩვენი ვალია: ვთქვათ სიტყვები იმათზე, ვინც ჩვენზე ადრე წავიდა.

დაბადებიდან არსებობის ბოლო წუთამდე მივექანებით სიკვდილისკენ, მაგრამ გზად გავივლით ისეთ მშვენიერ და საზარელ რაიმეს, როგორიც სიცოცხლეა.

სისტემა, რომელიც არ ფართოვდება, განწირულია დასაღუპად. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის გაფართოება ისტორიული აუცილებლობაა. ოთხასათასსა და რვაასათასს შორის პრინციპული განსხვავებაა, და ძირითადად, ტვინების შემოერთების თვალსაზრისით. ამერიკა ასმილიარდიან ინვესტიციას დებს მექსიკაში იმისათვის, რომ მექსიკა რეალურად გახდეს ჩრდილო ამერიკული ერთობის წევრი - შეერთებული შტატები, კანადა, მექსიკა. აღმოსავლეთში სულ უფრო მეტ ძალას იკრებს ორი ბუნებრივი გიგანტი - ჩინეთი და ინდოეთი. მგონია, რომ ევროპისთვის ამ ახალ გეოპოლიტიკურ კონტექსტში კონკურენციის გაწევის ერთადერთი შანსი - გაფართოებაა.

ამ თემებზე ვილაპარაკე კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა ქე დ'ორსეზე, ევროპარლამენტის საინფორმაციო ბიუროს ოთახში. კონფერენციის თემა „ევროპის ახალი გეოპოლიტიკა“ იყო.

მაგიდაზე, თითოეული მონაწილის წინ, იდო ევროპის პატარა დროშა და ნამცხვარი „მადლენი“, ესოდენ სახელგანთქმული პრუსტის მიერ.

ნაწყვეტი ჩემი გამოსვლიდან: „დამოუკიდებლობის მოპოვების მერე ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ეს შესაძლებელი გახდა - ევროპულ ქვეყნებთან საერთო ბედის გაზიარება, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში ძლიერის უფლების უარყოფა. გვჯეროდა, რომ „ძლიერის უფლება“ წარსულს ჩაბარდა, რომ ევროპა თავის მომავალს თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის, ადამიანისა და ასევე, ყოველი ცალკეული ქვეყნის უფლებების დაცვის კეთილშობილურ პრინციპებზე დაამკვიდრებს. ერთა კავშირი, დამყარებული საერთო სინდისზე და მოგონებებზე, რა შეიძლება იყოს ამაზე მშვენიერი? ფრანგული „არა“ ევროპული კონსტიტუციის მიმართ ნამდვილი დარტყმა იყო ჩვენთვის.

დღეს ჩვენი გულუბრყვილო და იდეალისტური რწმენა, ცოტა არ იყოს, შერყეულია. ჩვენს თვალწინ ევროპა არ, თუ ვერ უმკლავდება „ძლიერის უფლების“ არსებობას, მით უმეტეს, თუ ამ უფლებას ასე ურცხვად იყენებს რუსეთი, მოძლიერებული ბუნებრივი სიმდიდრეებით, ნავთობდოლარებით და კგბეს მრავალათეულწლიანი შემზარავი გამოცდილებით.

და, მაინც, ევროპის იქით ჩვენ გზა არა გვაქვს. ეს ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში ესმოდა ვახტაგ გორგასალს, რომელიც თავის ხალხს ასე მიმართავდა: „სიყვარულს ბერძენთასა ნუ დაუტევებთ“, ანუ, არ დაივიწყოთ, გიყვარდეთ ევროპელებიო! (ბერძენი, იმ დროს, დღევანდელი ევროპელის სინონიმი იყო).

ამ სიტყვებმა ძალიან გაამხიარულა დამსწრე ევროპელები. ერთმა გამომსვლელმა ღიმილით თქვა, ყველაფრის გაგონებას წარმოვიდგენდი დღეს აქ, ევროპარლამენტის ბიუროს ოთახში, იმის გარდა, რომ მეხუთე საუკუნეში, სადღაც შორს, ერთ პატარა, ჩვენთვის უცხო ქვეყანაში იყო მეფე, რომელიც თავის ერს ანდერძად ევროპელთა სიყვარულს უტოვებდაო!

ერთი სიტყვით, კრება დარჩა მხიარული. კონფერენციის დასრულების შემდეგ ვიღაცები შემომეხვივნენ, დამაყარეს კითხვები საქართველოს შესახებ, მე ვპასუხობდი და მიხაროდა, რომ ამ შეკრებას ეს პატარა შედეგი მაინც მოყვა, - რამდენიმე ფრანგი ჩვენი ქვეყნის ბედით დაინტერესდა.

ბრიტანელი მაჰმადიანი - შეჟად ტანვეერი, ლონდონის დაბომბვის ერთ-ერთი პასუხისმგებელი, აცხადებს: ისინი, ვინც მე სიკვდილზე გამგზავნა, უკვე გამარჯვებულები არიან, რადგანაც „ჩვენ ისევე გვიყვარს სიკვდილი, როგორც თქვენ - სიცოცხლე.“

ეს არის არსი, რის გამოც ასე ტრაგიკულად ძნელია კამიკაძეებთან ბრძოლა. მართლაც, როგორ უნდა დაამარცხო ის, ვისაც სიკვდილის არ ეშინია, არ ეშინია კი არა, ვისაც სიკვდილი უფრო მეტად უყვარს, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს - სიცოცხლე!

ამას წინათ, გიოს (ჩემი 5 წლის შვილიშვილი) უთქვამს ნუცასთვის: ჩვენი ბაბუა ლადო რომ მოკვდა, ლანა რატომ გადარჩაო? მე კიდევ, ჰამბურგში რომ ვიყავი, ასეთი წინადადებით მომმართა: დიდო ლანა, სანამ მოკვდები, სულ ჩვენთან იყავიო. - ეს, ცხადია, ჩემდამი სიყვარულის გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ.

იმ დილით, საფრანგეთის პატარა სოფელში, ერთ-ერთი სახლის კარებზე გაკრული იყო განცხადება: გააფრთხილეთ ჟანდარმერია. ჟანდარმები მართლაც გააფრთხილეს და მათ, ოთახში შესვლისას, ასეთი სურათი დახვდათ: ტახტზე, ერთმანეთის გვერდით, იწვა ორი გარდაცვლილი ადამიანი, 84 წლის ანდრე გორცი, ფილოსოფოსი, სარტრის მეგობარი, „ნუველ ობსერვატორის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი ცოლი - დორისი, 83 წლის. იქვე ეწყო წერილები ახლობლების მიმართ. ასეთი იყო ამ განსაკუთრებული წყვილის ცხოვრების დასასრული, რომელმაც მთელი საფრანგეთი შეძრა.

ისტორიის არსი კი, ორიოდე სიტყვით, ასეთია: 1964 წელს ჟან დანიელმა (ჟურნალის ახლანდელი რედაქტორი), ჟან პოლ სარტრმა, მენდეს ფრანსმა (საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი) და ანდრე გორცმა დააარსეს „ნუველ ობსერვატორი“, რომელიც, სულ ცოტა ხანში, საფრანგეთის უპირველეს ჟურნალად იქცა. ჯგუფის წევრები ამბობდნენ, რომ გორცი იყო იდუმალებით სავსე, ამოუცნობი პერსონაჟი, ყველაზე ერუდირებული მათ შორის და ყველაზე ნაკლებად განჭვრეტადი, ასკეტი და მარტოსული. იმ დღიდან გორცი - ფილოსოფოსი და ჟურნალისტი, მუხლჩაუხრელად მუშაობდა ჟურნალში, ვიდრე 1983 წელს მისი საყვარელი ცოლი - დორისი - კიბოთი არ დაავადდა. გორცმა მაშინვე ყველაფერი მიატოვა, პარიზი, სამუშაო და პენსიაში ნაადრევად გავიდა - ცოლის უკეთ მოსავლელად. ისინი პატარა ქალაქში დასახლდნენ, ყველასგან მოშორებით. როგორც მეზობლები ამბობენ, იყვნენ ძალიან თავაზიანები და მოკრძალებულები. გორცი უსიტყვოდ და თავდადებით უვლიდა ცოლს. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა წიგნი - „წერილი დ-სს“, რომელსაც მეგობრებმა „სიყვარულის ძახილი“ უწოდეს. მეც ვფიქრობ, რომ ასეთი რამ - (83 წლის კაცის დაწერილი!) არსად, არასდროს წამიკითხავს. წიგნი იწყება ასეთი საკვირველი სიტყვებით: „შენ გისრულდება 82 წელი. შენ დაპატარავდი 6 სმ-ით, იწონი 45 კილოს და ხარ ისეთივე მშვენიერი, გრაციოზული და სიყვარულის აღმძვრელი, როგორიც იყავი მუდამ.“

ბოლო ხანს დორისი სულ უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა და ცოლ-ქმარმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება: ერთად წასულიყვნენ ამ ქვეყნიდან. წავიდნენ ჩუმად, უხმაუროდ, მოკრძალებულად, როგორც ცხოვრობდნენ. ჟან დანიელი წერდა: „ვარ გაოცებული, შეძრული, და ამავე დროს გაოგნებული აღფრთოვანებით. მათ გადაწყვიტეს უმძიმესი პრობლემა: დგება დრო, როდესაც ნაკლებად გაშინებს უახლოესი ადამიანის სიკვდილი, ვიდრე მოვალეობა იცხოვრო მის მერე“.

ვფიქრობ, არ არსებობს დასასრული უფრო ამამაღლებელი თავისი მშვენიერებით და უფრო დამთრგუნველი თავისი მიუწვდომლობით, ვიდრე ეს ერთობა თვითმკვლელობაში, სიკვდილში, სიყვარულში.

ესეც ასე. აქ, პარიზში, ელენ ლაროშის მშვენიერ სახლში, გადავიხადე კიდევ ერთი (ღმერთო ჩემო, უკვე მერამდენე?) დაბადების დღე. იყო ორმოცამდე ადამიანი, ქართველები, ფრანგები... აქაურმა მეგობრებმა ქართული საჭმელები გამიკეთეს და როგორც ყოველთვის, ფრანგები გადაირივნენ ნიგვზიან ბადრიჯანზე, ლობიოზე, ქათმის ფხალზე, (ამ დროს, კიდევ ერთხელ ვიფიქრე იმაზე, როგორი დოსიე უნდა შედგეს ქართული სამზარეულოს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში ჩასართველად!), ფრანგული კერძები სულ ხელუხლებელი დარჩა, ეტყობა, ქართველებიც - ნოსტალგიის ნიადაგზე - მხოლოდ ჩვენებურს შეექცეოდნენ. იყო ბევრი აღფრთოვანება, ბაღით, ჩემი „გალერეით“ (მე ვცხოვრობ ფლიგელში, რომელიც პირდაპირ ბაღში გადის), და, რაც მთავარია, სახლით. აქ მე წინათაც არაერთხელ ვყოფილვარ, ამ უცნაურ სახლში, რომელიც, ერთი მხრივ, სრულიად სადაა და ანტიბურჟუაზიული, მეორე მხრივ კი - ერთ კედელზე პატარა ვეროკიო კიდია, მეორეზე - პიკასო, მესამეზე - ბეკონი, რომ აღარაფერი ვთქვათ პუსენზე და დომიეზე (ეს ყველაფერი ელენის ებრაელი-ჩეხი მამის მემკვიდრეობაა)... მაგრამ, მიუხედავად მიმზიდველობისა, სახლს ტრაგიზმის კვალიც აჩნია (იქნებ ჩემთვის, რადგანაც ვიცი მისი ისტორია) - აქ, სარდაფში, თავი ჩამოიხრჩო ელენის შვილმა - 30 წლის მარი-ელენმა, აქედან წავიდა ახალგაზრდა ქალთან მისი ქმარი, რომელთანაც, ელენს, მთელი სიცოცხლე ჰქონდა გატარებული...

ელენი ჩემი დიდი ხნის მეგობარია, მე ის, პირველად, გავიცანი ჩემი ფილმის - „რამდენიმე ინტერვიუს“ პრემიერაზე პარიზში. მის მანქანაში ვიჯექით, ფილმზე ვლაპარაკობდით, და უცებ, ჩემთვის ამ თითქმის უცნობ ქალს აღმოხდა: ჩემ ცხოვრებაში, ამ წუთას, ზუსტად ის ხდება, რაც თქვენს ფილმშიო. თქვა და ატირდა... (არაერთხელ მიფიქრია, რომ ევროპელები ბევრად უფრო უშუალოები და გულახდილები არიან, ვიდრე ჩვენ). მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, ელენი პომპიდუს ცენტრში მუშაობდა, ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, ფიროსმანის პირველი გამოფენა საფრანგეთში მან მოაწყო... ახლაც, 83 წლის ასაკში, ბევრს მოგზაურობს, ამას წინათ, იყო მალდივის კუნძულებზე, როგორც ჩვენ ერთად ვიცინოდით, ოკეანეში საყვინთაოდ; თავის სახლში აწყობს გამოფენებს სახელწოდებით „ძაფის ისტორია“ - ფენს სხვადასხვა, ძირითადად აღმოსავლური და აფრიკული ქვეყნების ნაჭრებს, ნაქარგებს, ქსოვილებს... მაგრამ მარტოობა? ვფიქრობ, ის არსად არ გაქრა, ის აქვეა, ამ სახლში სამუდამოდ დასადგურებული.

დემოკრატიის მანქანას სპეციფიკური საწვავი სჭირდება. ეს საწვავი სამოქალაქო ღირსების განცდაა.

დემოკრატია, დამოკრატიული საზოგადოება აშენდება მაშინ, როცა მოინახებიან ადამიანები, რომლებიც მზად იქნებიან რაღაც გაიღონ იმისათვის, რომ საზოგადოებამ - მთლიანობაში - გაიმარჯვოს.

დემოკრატია ვითარდება იქ, სადაც არსებობს საზოგადოებრივი ზნეობა.

საქართველოზე და ქართველებზე ხან რას ვფიქრობ და ხან რას, დღეს კი ეს აზრი ამეკვიატა: ქართველში უცნაურად არის შეხამებული საკუთარი ღირსების მოჭარბებული გრძნობა და საარაკო დაუდევრობა. და, საბოლოოდ, ამ დაუდევრობის გამო ღირსებასაც არა აქვს გასაქანი.

და კიდევ: ზედმეტად დარწმუნებული ვართ საკუთარ თავში, ქართველს ეჭვი არ ეპარება, რომ დღესაც, და ისტორიულადაც, ყოველთვის და ყველაფერში მართლები ვიყავით. ამასთან დაკავშირებით იოსიფ ბროდსკის სიტყვები მახსენდება: ნუ ჩქარობ დაიყვირო „მიშველეთ“, რადგანაც შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მგელი თვითონ ხარ (ანუ სხვამ უნდა დაიყვიროს „მიშველეთ“ შენგან თავის გადასარჩენად). არ ვფიქრობ, რომ ეს უტყუარი ჭეშმარიტებაა, მაგრამ ნამდვილად კარგი საფუძველია დაეჭვებისთვის. ეჭვი კი, ჭეშმარიტების დადგენის უმოკლესი გზაა.

დღეს ხელში მომხვდა თბილისიდან გამოყოლილი პატარა წიგნი:

თამაზ ჩხენკელი.
ლანას ლექსები.
თბილისი.
1947 წელი. 13 ოქტომბერი.

ეს არის თამაზ ჩხენკელის ლექსების კრებული, გადაწერილი, გაფორმებული და აკინძული თვითონ თამაზის მიერ 1947 წელს, ერთი ბეწო წიგნი, რომელიც მან მომართვა იმ წლის 13 ოქტომბერს და რომელიც, დღემდე, ჩემთვის უძვირფასესია ყველა იმ საჩუქარს შორის, რომელიც კი ოდესმე მიმიღია დაბადების დღეს...

თამაზი - ჩემი ბავშვობის და ადრეული ახალგაზრდობის თანამგზავრი, კალმით ნახატივით ლამაზი, რაინდული, მოკრძალებული, და უკვე მაშინ - ჭეშმარიტი პოეტი.

ეს, მართლაც, რა უცნაური მოვლენა იყო - ომისდროინდელ ჩაბნელებულ და გაძვალტყავებულ, საყოველთაო შიშით დათრგუნულ თბილისში რაღაც გაუგებარი მანქანებით აღმოცენებული სულიერების და შინაგანი თვისუფლების პატარა ოაზისი - პიონერთა სასახლის ლიტერატურული წრე! ოთახი, რომლის ფანჯრები სასახლის ულამაზეს ბაღს გადასცქეროდა, და სადაც ლექსების კითხვასა და პოეზიაზე კამათში დღე-ღამეს ასწორებდნენ „ტელეგრეიკებსა“ და მუდმივად „კალოშებში“ (ფეხსაცმელების უქონლობის გამო) გამოწყობილი გოგო-ბიჭები. და ვინ იყვნენ ეს ბიჭები? რეზო თაბუკაშვილი, თამაზ ჩხენკელი, რამაზ პატარიძე, გურამ ასათიანი, ზურა კიკნაძე, რეზი თვარაძე, მელორ სტურუა, არჩილ ბეგიაშვილი... დღემდე მიკვირს, რა ძალამ, რა კანონზომიერებამ თუ შემთხვევითობამ გააერთიანა ეს მართლაც გამორჩეული ბავშვები! მათგან ზოგი თვალისმომჭრელად ლამაზიც იყო (რეზო, თამაზი, რამაზი), ზოგი - იმერელი აზნაურის მიხრა-მოხრით გამოირჩეოდა (გურამი), ზოგი - ბავშვისთვის შეუფერებელი სიდარბაისლით (რეზი), მაგრამ გამაერთიანებელი ყველასათვის ერთი იყო - პოეზიის გიჟური სიყვარული! ამ წუთას თვალწინ დამიდგა სურათი: ვემზადებით პოეზიის საღამოსთვის, ვწერთ მოსაწვევებს, ვადგენთ გამომსვლელთა სიას, „პოეტები“ ვკითხულობთ „საკუთარ“ ლექსებს, კრიტიკოსები - ვაკრიტიკებთ, ჯერ წყნარად ვლაპარაკობთ, მერე ვიწყებთ კამათს და ბოლოს, ყველაფერი ისეთ აყალმაყალში გადადის, რომ დეიდა ქეთოც კი ვერ გვამშვიდებს. ჩვენში ყველაზე დაუდეგარი არჩილია, მან ყოველთვის ზუსტად იცის, რომელი პოეტი თუ ფილოსოფოსი რისი ღირსია, მაგალითად, იცის, რომ ფილოსოფოსთაგან უნდა გიყვარდეს არტურ შლეგელი დ ვერ იტანდე ფრიდრიხს, ან პოეტად არ უნდა მიგაჩნეს ბლოკი, რომელზედაც „გიჟდება“ მელორი... ხანდახან ჩხუბი ცოტა უფრო კონკრეტულია: ერთ დღეს „კრიტიკოსებმა“ - არჩილმა და ნოდარ გუგუშვილმა - დაუწუნეს რეზოს პესიმიზმი და ის „სევდისა და ჭმუნვის პოეტად“ გამოაცხადეს. რეზომ ეს პირად შეურაცყოფად მიიღო, მე რეზოს მხარე დავიჭირე, ვინაიდან მიმაჩნდა, რომ რეზო (იმ დროს თხუთმეტი წლისა!) მხოლოდ პირველ პერიოდში იყო „ჭმუნვის პოეტი“, შემდეგ მისი ხედვა უფრო ფართო და მრავალმხრივი გახდა(!). მეგობრების შეფასებით გულმოკლული რეზო კი წერდა:

ყველას ვუამბობ, სითამამე შემრჩა ფარივით,
ვეტყვი ღამურას, ჩემს ქოხში თუ შემოფრინდება,
ანდა მომისმენს, თქვენზე უფრო მეგობარივით,
ქოხის ყავრებზე ჩათვლემილი შემობინდება...

და მაინც, უთანხმოებების მიუხედავად, ნამდვილ შეკრულ ჯგუფად, თუ კოჰორტად ვიყავით ჩამოყალიბებული. უამრავ დროს ვატარებდით ერთად. თან, რაღაც უცნაურად ვიყავით მოწყვეტილი რეალობას, ის თითქოს არც არსებობდა, ეს სინამდვილე, თავისი უბედურებებით, შიშით, სიბნელით, შიმშილით, სკოლით, რომელსაც ზემოდან დავყურებდით, მასწავლებელთა უკმაყოფილებით, ახლობელთა სასოწარკვეთით, რომ ასე უაზროდ ვკარგავთ დროს და უფსკრულისკენ მივექანებით; (ჩემმა ბიძამ ვორკუტაში გადასახლებულ დედაჩემს ასეთი წერილიც კი გაუგზავნა, ლანა გვეღუპება და ვერაფერს ვერ ვშველით, მოსწერე, იქნებ შენ მაინც დაგიჯეროს რამეო!)... ვარსებობდით მხოლოდ ჩვენ, ბავშვები, რომლებზედაც გიორგი ლეონიძემ თქვა, ასეთი ბავშვები ას წელიწადში ერთხელ იბადებიანო და ის, რაც ჩვენ გვასულდგმულებდა - პოეზია და ამ სფეროში სულ ახალ-ახალი აღმოჩენებით გამოწვეული სიხარული. იქნებ უფრო მეტიც - ბედნიერება!

მთელი დღის ერთად ყოფნის, ჩვენი ახალი ლექსების კითხვის, ამავე ლექსების გარჩევის, ჩხუბების და შერიგებების მერე, გვიან ღამით რეზო მიმაცილებდა ხოლმე სახლში, ან ბარნოვის ქუჩაზე, ან საბა-სულხანზე, მამიდაჩემებთან, რომ სულ რამდენიმე საათით დავმშვიდობებოდით ერთმანეთს და უკვე ადრეული დილით ასეთი სტრიქონებით შემხვედროდა:

ცაშიც ბევრია ლანები,
ლანა ამ გულის მთაში ძევს,
რომ გტოვებ, სულ მენანები,
ჩემი პატარა რაშისძე.

ვინ მოიგონა ეს უცნაური სიტყვა, ან რას ნიშნავდა ის, არ ვიცი, მაშინ ეს კითხვაც არავის დაბადებია, უბრალოდ, ჩვენ ყველა „რაშისძეები“ ვიყავით და ამ იდუმალ წოდებას დიდი ენთუზიაზმით ვატარებდით. და სიკვდილის შიშითაც არავის გავუმხელდით ჩვენს საიდუმლოს.

ვფურცლავ თამაზის ერთ ციცქნა წიგნს. ის იმდენ დიდ და პატარა კონკრეტულ ამბავს, განწყობას, ემოციას იტევს. დედაჩემის გადასახლებიდან დაბრუნებისას თამაზმა ასეთი ლექსი დაწერა:

ნოემბრის დარი. დღეს უფრო მეტად
შეიცნო სულმა ფოთლების კრთომა,
დაბრუნდა დედა.
ალერსი, მზე და ბიძია თომა.

ძვირფასო, გათბი. მყუდროა ეხლა,
მყუდროა გზა და მთების იქითაც,
მე თუ ამოვალ, დაკოდილ ვეფხად
და მხოლოდ ლექსებს გადავიკითხავ.

მე თუ ამოვალ, წვიმიან თვეში,
ერთხელ და ისიც საღამოს თალხით,
უთქმელ სიცოცხლეს მოგიტან პეშვით
და შენს მუხლებთან ქვითინით დავღვრი.

დღევანდელი თვალით აქ ბევრი რამ მაოცებს. უფრო სწორად, ვხვდები, რომ ეს სტრიქონები ნამდვილი პოეტის ხელით არის დაწერილი. ეს კონკრეტულობაც: ბიძია თომა - ბავშვობის და დედასთან სიახლოვის სიმბოლო, „მე თუ ამოვალ“, რაც ნიშნავს, რომ ჩემთან მოსასვლელად ბელინსკის ქუჩის აღმართია ამოსავლელი, „და მხოლოდ ლექსებს გადავიკითხავ“, - ესეც სრულად შეესატყვისება რეალობას, ვინაიდან ჩვენი ურთიერთობა ლექსების კითხვას არასოდეს გასცდენია... და ამ კონკრეტულობის იქით - გრძნობის ნამდვილი სიმძაფრე, რომელიც დედის ათწლიანი გადასახლებიდან დაბრუნებას უკავშირდება, „პეშვით მოტანილი“ და მუხლებთან „ქვითინით დაღვრილი სიცოცხლე“...

კიდევ ერთი ლექსი ამ წიგნიდან, ბოლო სტრიქონები:

აგრეა წელს და ალბათ გაისად
შენს სახელს კიდევ დავარქმევ ლექსებს,
გეხურა ქუდი ვეფხის ტყავისა,
მისივე ტყავი გეფინა მხრებზე.

წარსულს მახვილი გულამდე ჩავეც
და მხოლოდ შენ ერთს მუდამ დაგლოცავ,
როგორც თითები მტვერიან ავეჯს
ჩემს სულს დააჩნდა შენი აქ მოსვლა.

აქაც ისეთივე ზუსტი ყოფითი დეტალები - ვეფხის ტყავის ქუდი და იგივე ტყავი დაფენილი მხრებზე (ეს ვეფხის ტყავის ქუდი და სამხრეები ჩემი ბავშვობისდროინდელი ქურქის ნარჩენებიდან იყო შეკერილი), უფრო ადრე - „შემოხველ სახლში, მაგრამ ნებივრად“? დაბოლოს, ნამდვილი პოეტური სახე : „როგორც თითები მტვერიან ავეჯს, ჩემს სულს დააჩნდა შენი აქ მოსვლა“.

თამაზი დღესაც ისეთივე მგზნებარეა და მაღალი იდეით ანთებული, როგორც ახალგაზრდობაში იყო. და ძალიან მაგონებს მის მიერ შექმნილ ხატს, ეკლესიის კედელზე შეხიზნული ხელაპყრობილი რაინდის ფრესკას:

წავიდნენ ჩუმად, ისე ჩუმად, როგორც მოვიდნენ,
დედის აკვნიდან მიწის აკვნამდე,
და ვინც გადარჩა ფერმკრთალ კედლებს,
ლაშასდროინდელს
ხელაპყრობილნი შეეხიზნენ და ზედ გაქვავდნენ...
მერე ქარებმა გადაფურცლეს ჟამთა იგავი...

კიდევ ბევრი „ჟამთა იგავი“ გადაფურცლეს ქარებმა მას შემდეგ. და ასე მოვედით დღევანდელ დღემდე.

ფრანგები თვლიან, რომ მათი მთავარი თვისებაა - არასოდეს არ აღიარონ შეცდომა. მაგალითად მოყავთ ბერნარ კუშნერი - საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეკ ლანგი, ყოფილი კულტურის მინისტრი, ორივე ძალიან პოპულარული პიროვნება საფრანგეთში; მათ მხარი დაუჭირეს ერაყში ომის დაწყებას და დღემდე არ უთქვამთ, რომ შეცდნენ, ბევრი ამერიკელისა და ინგლისელისგან განსხვავებით.

წერ იმისათვის, რომ შეაჩერო დრო, რომელიც მიდის. დაუტოვო ქაღალდს (თუ ვიღაცას, სხვას), ამბები, რომლებიც იყვნენ და გათავდნენ.

ყველაფერი, რასაც ხედავ, გაქრება. ამიტომ, გინდა გააჩერო ის, რაც დაინახე შენ, და მხოლოდ შენ. აი, თუნდაც ეს ხედი ჩემი ოთახიდან: ფანჯარას მობჯენილი ვარდის ბუჩქი, რომელმაც უკვე კვირტები გამოისხა და მათი დანახვა, როგორც ყოველთვის, გულს მიჩქროლებს; ეზოს ბალახი, რომელიც შუაზამთარშიც არ გაყვითლებულა და ახლა, ზამთრის მიწურულს, მთლად მწვანედ არის აბიბინებული; შაშვი, რომელიც ამ ეზოს მკვიდრია (ჩემი მეზობელი!), ამიტომ აქ მთლად შინაურად გრძნობს თავს, ხან ტოტიდან ტოტზე გადაფრინდება, ხან დინჯად დააბიჯებს ბალახზე, თუმცა მისი გალობა არასდროს გამიგონია, ალბათ, დიდ ქალაქს უცხადებს პროტესტს და თუნდაც ეს ქალაქი სილამაზით სახელმოხვეჭილი პარიზი იყოს, მას რომელიმე მყუდრო და მოკრძალებული ტყე ურჩევნია. ეს ბაღი ისეა ჩემს გრძელ და იატაკამდეფანჯრიან ოთახში შემოსული, რომ ოთახის ნაწილად აღვიქვამ. საღამოს ეს განცდა კიდევ უფრო ძლიერდება. სიბნელეში ფანჯრები საერთოდ აღარ ჩანს, ჩემი განათებული ოთახი კი თითქოს იწელება, უერთდება ბაღს და იქ, გამშვენიერებული, ირეკლება ბაღის კედელზე და ბალახზე. და უცებ ეს ჩვეულებრივი ნივთები - მაგიდა, სავარძელი, ტახტი სულ სხვა, მისტიურ ელფერს იძენს. ჩემი ნახატებიც იცვლიან ადგილს, უფრო სწორად, აქაც რჩებიან, ოთახში, და ამავე დროს, ხორბლისფერ კედელს მიკრულნი, ბაღის შუაგულში ამოტივტივდებიან ფერად ლაქებად. მიჩნდება გრძნობა, რომ მე კი არ დავხატე, არამედ, თვითონ ამოიზარდნენ პირდაპირ ბალახიდან და ხეების გვერდით იპოვეს ადგილი.

მიყვარს მარტო ყოფნა. მარტო ყოფნა, რომელიც არ გთრგუნავს და ახლობლების მონატრებასაც მოიცავს. როცა შეგიძლია იყო შენთვის და რაღაც-რაღაცებს ჩაუღრმავდე. ასეთი მარტო ყოფნა მარტოობა არ არის. ნამდვილი მარტოობის განცდა გამანადგურებელია. ვხედავ, როგორ ეშინია მარტოობის ელენს.

ფრანგულ პრესაში ძალიან ბევრს წერენ კოსოვოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით „დომინოს ეფექტის“ რისკზე. შექმნის თუ არა კოსოვოს დამოუკიდებლობა საშიშ „დომინოს ეფექტს“ ბალკანეთში, ევროპაში, მსოფლიოში? ეს შემაშფოთებელი პერსპექტივა ქმნის დაპირისპირებას ყველგან და თვით ევროკავშირში. ზოგიერთი ქვეყანა მას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ასეა საბერძნეთისა და ბულგარეთისთვის. და კიდევ მეტად კვიპროსისთვის, რომელსაც თურქებით დასახლებული ჩრდილო კვიპროსის პრობლემა აწუხებს, ესპანეთისთვის, რომლის მთლიანობას ეწინააღმდეგება ბასკების რეგიონი და კატალონია, რუმინეთისა და სლოვაკეთისთვის, სადაც არსებობს ძლიერი უნგრული უმცირესობა. ბალკანეთში სეპარატისტები ხელებს იფშვნეტენ: ბოსნიის სერბეთის რესპუბლიკაში ბევრი ოცნებობს გამოყოფაზე იმისათვის, რომ შექმნან „დიდი სერბეთი“. ევროპაში თავი წამოყვეს სხვა სეპარატისტებმაც: ბასკების რეგიონული მთავრობა კოსოვოს დამოუკიდებლობას გაკვეთილად აღიქვამს, „ეტა“ აცხადებს: კოსოვოს ამბებმა დაანახეს ყველას, რომ მათი ბრძოლა „არ იყო უტოპია“. ბელგიაში, რომელსაც ემუქრება დაშლა ფლანდრიად და ვალონად, თავი წამოყვეს ფლამანდიელმა ნაციონალისტებმა. შოტლანდიაში ნაციონალისტურმა პარტიამ დაიწყო მზადება 2010 წლის რეფერენდუმისთვის. ევროპის გარეთ, მსოფლიოში: შრილანკაში, რომლის ერთიანობას თამული ნაციონალისტები ემუქრებიან, თვლიან, რომ ეს პრეცედენტი წარმოადგენს „სერიოზულ საფრთხეს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის“. ჩინეთი, ტიბეტისა და უიგურების პრობლემით, აცხადებს თავს ღრმად შეშფოთებულად ამ ცალმხრივი დემარშით, „რომელსაც შეუძლია შექმნას ჯაჭვური რეაქცია“. „მაგრამ დასავლელებს ყველაზე მეტად აწუხებთ პრობლემა: როგორ მოიქცევა რუსეთი? - წერს „ლე მონდი“: - კავკასიაში, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, საქართველოს ორი პრორუსული სეპარატისტული რეგიონი, მიმართავს რუსეთს და გაეროს მათი დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით. კრემლში არ გამორიცხავენ „განსაკუთრებული ურთიერთობის“ დამყარებას აფხაზეთთან და ოსეთთან, იქ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნას, რაც ნიშნავს ფაქტობრივ, მაგრამ მაინც არა იურიდიულ აღიარებას ამ რეგიონებისა, რომელთაც ახლაც რუსული არმია აკონტროლებს. მაგრამ სავარაუდოა ისიც, რომ მოსკოვი იარაღს აჟღარუნებს იმისათვის, რომ მიაღწიოს დათმობებს ისეთ გადამწყვეტ საკითხებში, როგორიც არის ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟება ევროპაში“.

საერთოდ, თვალში საცემია ფრანგული პრესის აშკარად კეთილგანწყობილი კილო ჩვენი პრობლემების გაჟღერებისას, ისევე, როგორც გარკვეულად კრიტიკული დამოკიდებულება მოსკოვის დღევანდელი პოლიტიკისადმი.

შევეჩვიე ჩვენს საელჩოს. მომწონს აქაური საქმიანი და შინაურული ატმოსფერო, რომლის მთავარი შემქმნელი, რა თქმა უნდა, ელჩია. მამუკა კუდავა - კომპეტენტური, ელეგანტური და უაღრესად კორექტული - ამას განსაკუთრებით ჩემ მიმართ დამოკიდებულებაში ვგრძნობ და ძალიან ვაფასებ, რადგანაც არ მგონია, კორექტულობა ჩვენი ახალგაზრდა პოლიტიკოსების მთავარი დამახასიათებელი თვისება იყოს.

დღეს ჩვენი საელჩოს მთელი „დიპლომატიური კორპუსი“ (ბრჭყალებში იმიტომ ვწერ, რომ სულ რაღაც კინკილა 5 ადამიანი ვართ!) ეახლა მონაკოს საელჩოს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის ხელშეკრულების ხელმოსაწერად. მონაკოს სამეფოს ფრანგები უბრალოდ „კლდეს“ ეძახიან, ვინაიდან მთელი ეს საყოველთაოდ ცნობილი ქვეყანა ერთ კლდეზე და ამ კლდის წინ ვიწრო სანაპირო ზოლზეა მოთავსებული. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ჩვენ გოლიათის კომპლექსიც კი შეიძლება გაგვიჩნდეს! და მაინც რა ბედი გვაქვს! - ვფიქრობ ჩემთვის, - ერთ მხარეს ჩვენი მეზობელი 142 მილიონიანი რუსეთია და მეორე მხარეს - 69 მილიონიანი თურქეთი! წარმოიდგინეთ, რა გიგანტებად ვიგრძნობდით თავს, ჩრდილოეთით ლიხტენშტეინი რომ გვესაზღვრებოდეს და სამხრეთით - მონაკო, თავისი 32600 მაცხოვრებლით! სამაგიეროდ, სიმდიდრე და ცხოვრების დონე? ეს კი, ნამდვილად შესაშურია!

შევდივართ მშვენიერ ვილაში, რომელიც, რა თქმა უნდა, მონაკოს საკუთრებაა. აქ პატარა სიურპრიზი მელის: გაღიმებული და ხელგაწვდილი მოემართება ჩემკენ მონაკოს ელჩი ევროპის საბჭოში, ჟაკ ბუასონი, რომელთანაც რამდენიმე წელი ერთად ვიმუშავეთ. ახლა ის თურმე ელჩია საფრანგეთში. შევხვდით ერთმანეთს, როგორც ძველი მეგობრები და ორხმად, ნოსტალგიით გავიხსენეთ ევროპის საბჭო და პატარა, მყუდრო, მომხიბლავი სტრასბურგი.

იყო ძალიან გულთბილი ატმოსფერო, ვუთხარით ერთმანეთს ბევრი კარგი სიტყვა, მივირთვით ერთი ბეწო - ფრჩხილისტოლა, მაგრამ გემრიელი ნამცხვრები და ურყევი მეგობრობაც დავამყარეთ ორ ქვეყანას შორის.

სარკოზიმ თავისი მოღვაწეობა ე.წ. „გახსნილობის პოლიტიკით“ დაიწყო, ანუ მემარჯვენეთა ხელისუფლებაში მოიყვანა ბევრი ცნობილი სოციალისტი და ცენტრისტი. ამასთან დაკავშირებით ფრანგები ასე ხუმრობენ: დღეს საფრანგეთში სამი კატეგორიის სოციალისტი არსებობს. პირველი, ვისაც სარკოზიმ დაურეკა და ვინც დათანხმდა მინისტრობას მის მთავრობაში - ანუ მოღალატეები. მეორე, ვისაც სარკოზიმ დაურეკა და ვინც უარი თქვა, ანუ გმირები. Dა მესამე - ვისაც სარკოზიმ არ დაურეკა და ვინც ახლა თვითონ ურეკავს სარკოზის. ეს თქვა მეორე არხზე მწერალმა და ჟურნალისტმა - ჟან ამადუმ. დანარჩენ ჟურნალისტებს - მათ შორის მემარცხენეებს - ძალიან მოეწონათ სოციალისტების ასეთი დახარისხება და ბევრი იცინეს.

ჟურნალისტების კიდევ ერთი მაიმუნობა: სარკოზიმ უთხრაო კუშნერს, როცა საგარეო საქმეთა მინისტრობა შესთავაზა - დაგნიშნავ იმ პირობით, თუ დუსტი-ბლაზიზე ნაკლებ სისულელეს იტყვიო (დუსტი-ბლაზი სულ ერთი წლის წინ შირაკის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო), რაზეც კუშნერმა უპასუხა: - ეგ ჩემ შესაძლებლობებს არ აღემატებაო.

ბოლო ორ თვეში სარკოზის პოპულარობა კატასტროფულად დაეცა, 69 პროცენტიდან 38 პროცენტამდე! პრემიერ-მინისტრისა კი 58 პროცენტამდე გაიზარდა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ფრანგები იმდენად ხელისუფლების პოლიტიკას და რეფორმებს კი არ უარყოფენ, რამდენადაც პრეზიდენტის პირად თვისებებს და სტილს.

ამ ათიოდე დღის წინ „ნუველ ობსერვატორის“ საიტზე გამოქვეყნდა სარკოზის ესემესი, გაგზავნილი თავისი ყოფილი ცოლის - სესილიას მიმართ: „თუ დაბრუნდები, ყველაფერს გავაუქმებ“. როგორც საიტზე ეწერა, ესემესი გაგზავნილი იყო პრეზიდენტის კარლა ბრუნისთან ქორწინებამდე ერთი კვირით ადრე. ეს კი მართლაც წარმოუდგენელი სკანდალი იყო. სარკოზიმ მაშინვე შეიტანა საჩივარი სასამართლოში, ჟურნალის რედაქტორმა ოფიციალურად მოიხადა ბოდიში; და მიუხედავად იმისა, რომ დღეს თითქმის არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ესემესი ფალსიფიკაციაა, ინტერნეტით აგორებული მითქმა-მოთქმა არ ჩერდება. თვითონ დაინტერესებულმა პირმა - საფრანგეთის პირველმა ქალბატონმა კი სულ უბრალოდ განაცხადა: „პრესა თავისუფალია. და კიდევ კარგი, რომ ეს ასეა, სხვაგვარად დიქტატურაში ვიქნებოდით“.

მაგრამ ამანაც ვერ მოხიბლა ფრანგული საზოგადოება. ფრანგებმა, რომლებიც სულ ადვილად ეგუებოდნენ მიტერანის მიერ ოცი წლის მანძილზე თავისი მეორე ოჯახის მალვას, ვერ აიტანეს სარკოზის პირდაპირობა და, როგორც აქ თვლიან, მიდრეკილება პირადი ცხოვრების გამომზიურებისადმი. მან ხომ, მართლაც, არაფერი არ დამალა, არც ის, რომ არ უნდოდა სესილიასთან დაშორება და უბედური იყო ამის გამო, არც ის, რომ ოფიციალური განქორწინებიდან სულ რაღაც ორიოდე თვის თავზე ახლად დაქორწინება გადაწყვიტა. „ჩემსა და კარლას შორის, ეს სერიოზულია“, - გაბადრული სახით, გულუბრყვილოდ განუცხადა მან პრესკონფერენციაზე შეკრებილ ექვსას ჟურნალისტს.

კარლა ბრუნი, მაღალი (იტალიური) წარმოშობის, მდიდარი ქალბატონი, ყოფილი ტოპმოდელი, დღეს - პოპულარული მომღერალი - ის თვითონ არის თავისი სიმღერების ტექსტებისა და მუსიკის ავტორი, - „ექსპრესში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში წერს, რომ დღეს ის ძალიან ბედნიერია და მართალია, ჯერ არაფერი იცის იმის შესახებ, როგორ უნდა მოიქცეს პირველი ქალბატონი, მაგრამ აპირებს ყველას დაუგდოს ყური, ნიკოლას, ახლობლებს, ხალხს, და რომ „ძალიან სერიოზულად“ მოეკიდება თავის ახალ მდგომარეობას. ჟურნალისტებმა კი მოიგონეს ახალი ტერმინი - „გრიმალდიზმი“ (გრიმალდი - მონაკოს სამეფო დინასტია, განთქმული ფუფუნებით და პრინცესების გაუთავებელი სასიყვარულო ისტორიებით). „რა ბედნიერები ვიქნებოდით, მონარქიაში რომ ვცხოვრობდეთ! მშვენიერი პრინცესები, ღვინის შადრევნები, სასახლის აივნიდან გამომზირალი ქორწინებები და დატირებები, მემკვიდრეების შობა. არ გაიცინოთ, ეს ცთუნება უკვე არსებობს. იცის ეს თვითონ თუ არა, სარკოზიში ცოცხლობს ეს დაუმორჩილებელი სურვილი - გაუზიაროს სამყაროს თავისი ბავშვური ბედნიერებანი, თავისი ინტიმური გამარჯვებები, თავისი დიდი მრისხანებები და დიდი წუხილები“, - წერს „ლიბერასიონში“ დანიელ შნაიდერმანი. მისი აზრით, ეს არის „გრიმალდიზმი“, რომელიც ემუქრება ორასწლიან რესპუბლიკას“. ის დასცინის სერიოზულობას, რომლითაც მოწოდებულია „ექსპრესში“ „პირველი ქალბატონის პირველი ინტერვიუ“: „შეხედეთ, როგორ იპყრობს სამეფო კარი მგრძნობიარობის, ნახევარტონების, დახვეწილი ინტელექტუალობის ტერიტორიას. ხედავთ, როგორ ჭრიან მედიჩები დიდ ფანჯრებს შუასაუკუნეების არქაულ ციხე-სიმაგრეებში“!

მაგრამ, კარლა ბრუნის მიმართ სხვაგვარი დამოკიდებულებაც არსებობს. „პარი მატჩი“ სხვადასხვა ასპექტს ეხება: გარეგნობა - დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტის წინ ჟურნალი სიამაყით წერს: „ვნახოთ, როგორი იქნება ის ბუკინგემის სასახლის ოქროთი მოვარაყებული კედლების ფონზე ჩვენი დიდი კუტიურიეების მიერ შექმნილ საღამოს კაბაში. (ცნობილია, რომ ეს ჟან-პოლ გოტიეს კაბა იქნება). დიდ ბრიტანეთს ჰყავდა თავისი დაიანა, საფრანგეთს ეყოლება კარლა“. განათლება - „მას შეუძლია ეკამათოს საუკეთესო ექსპერტებს ვაგნერსა თუ სტენდალზე, პრუსტსა თუ არაგონზე. ამერიკას ჰყავდა თავისი ჯეკი კენედი, რომელიც პატიჟებდა თეთრ სახლში მწერლებს, მხატვრებს, ინტელექტუალებს. ჩვენ გვეყოლება კარლა“. მისი ინტელექტი. „ამერიკას ჰყავს თავისი ჰილარი, ჩვენ გვეყოლება კარლა“

აი, ასე მერყეობს ფრანგული პრესა აღფრთოვანებასა და დაცინვას შორის. ვნახოთ, რომელი მოლოდინი გაიმარჯვებს საბოლოოდ.

დანიელ ბარენბოიმი - ცნობილი ებრაელი პიანისტი და დირიჟორი. დააარსა „აღმოსავლეთისა და დასავლეთის ორკესტრი“, სადაც ერთად უკრავენ ებრაელები და არაბები. და რაც ყველაზე საოცარია - ამ იანვარში მიიღო პალესტინის მოქალაქეობა! ეს, მართლაც, წარმოუდგენელი ნაბიჯია, განსაკუთრებით, თუ გავიხსენებთ დაძაბულობის და სიძულვილის მთელ სიმძაფრეს ამ ორ ქვეყანას შორის: „ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას არა მაშინ, როცა ვიქნებით ძლიერები, არამედ მაშინ, როცა ვიქნებით სამართლიანები, - აცხადებს დირიჟორი. - მე მეშინია, რომ თუ ჩვენ არ მივცემთ პალესტინელებს იმას, რაც მათ ეკუთვნით, შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს ისრაელის, როგორც ებრაელთა სახელმწიფოს, არსებობა. ის შეიძლება დარჩეს ებრაელი ხალხის ისტორიაში ერთ ხანმოკლე ეპიზოდად“. და კიდევ, საყურადღებო აზრი:

„ადამიანები თანხმდებიან იცხოვრონ გამოსავლის გარეშე. თანხმდებიან სასოწარკვეთას. ეს ძალიან საშიშია“.

„არ არსებობს კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა, არც იმას ველოდები, რომ პოლიტიკოსები მოაგვარებენ პრობლემას. ჩვენ ყველა უნდა ვებრძოლოთ უმეცრებას, იმას, რომ ორივე ბანაკში არაფერი არ იციან მეორე ბანაკის შესახებ. ეს ორკესტრი სწორედ უმეცრების წინააღმდეგ დავაარსეთ. ორკესტრი ეს სიცოცხლის სკოლაა. აქ ყველა თანაბარი ვართ ნაწარმოების წინაშე და, ამავე დროს, დამოკიდებული ერთმანეთზე: ვიოლინოს სჭირდება კლარნეტი, კლარნეტს - კონტრაბასი და ა.შ. მე ვუკრავ და ამავე დროს ვუსმენ, რას აკეთებენ სხვები. ასევე დირიჟორი მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, რა უნდა და რა შეუძლია სხვას.

- და ცხოვრებაში? რას ელით სახელმწიფოს მეთაურისგან? მაგალითად, ოლმერტისგან?

- ის ვერ იქნება დირიჟორი. მან არ იცის მოსმენა“.

ძალიან მნიშვნელოვნად მეჩვენება ასე მკვეთრად და ელეგანტურად გამოხატული მისწრაფება - გაუგო სხვას, შენგან განსხვავებულს. ეს მეტია, ვიდრე ყბადაღებული შემწყნარებლობა. ეს არის მისწრაფება სხვა ქედმაღლურად კი არ შეიწყნარო, არამედ შენ თანაბრად და ტოლად მიიჩნიო. ყველაფერი გააკეთო იმისათვის, რომ მისი სურვილები მაშინაც გაიგო, როცა ისინი შენსას ეწინააღმდეგება. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ სხვისი გაგებისადმი გულწრფელ სწრაფვას შეუძლია მიგვიყვანოს პრობლემების გადაწყვეტამდე. ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ.

9.3 სუბიექტური ჩანაწერები ირანზე

▲ზევით დაბრუნება


მთავარი მოქმედი პირი: ჯემშიდ გიუნაშვილი,
საქართველოს პირველი ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში
თავგადასავალი ჩაიწერა: თამარ ბაბუაძემ
ფოტო: ლევან ხერხეულიძე, პირადი არქივი

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

ჩემი შეხედულებები ირანის შესახებ აბსოლუტურად სტერეოტიპული და თან დასავლური გავლენით სავსეა. მე ვიცი მხოლოდ ის, რასაც ირანის გარეთ ლაპარაკობენ: რომ თავისი ბირთვული იარაღით ირანი საშიშია; რომ იქ ადამიანის უფლებები იზღუდება და ამის მიზეზი მკაცრ რელიგიურ კანონებზე დაფუძნებული სახელმწიფო წყობაა; რომ ირანში დასავლური კულტურა გაფილტრულ-დაცენზურებული სახით აღწევს და ადამიანებს არ აქვთ უფლება, თვითონ გადაწყვიტონ, ამ კულტურის რა ნაწილი მიიღონ და რა - არა... მოკლედ, მე ვიცი მხოლოდ ის, რასაც დასავლური ტვინი აფასებს (არადა, აღმოსავლური ტვინი სულ სხვანაირად აანალიზებს და აღიქვამს).

გარდა ამისა, მინახავს ერთი-ორი ირანელი რეჟისორის ფილმი, წამიკითხავს რამდენიმე თანამედროვე ავტორის წიგნი და მომისმენია ირანიდან დაბრუნებული მეგობარი მოგზაურების ჯადოსნური თავგადასავლები. სულ ესაა.

მე თვითონ არც ერთხელ არ გამომიცდია ის, რასაც ირანული კულტურა ჰქვია. ჯემშიდ გიუნაშვილი კი ის კაცია, რომელიც ამ ქვეყანას კანს ქვეშ გრძნობს და აფასებს, მასთან თითქმის მთელი საუკუნე აკავშირებს და საკუთარი არგუმენტირებული შეხედულებები აქვს თითქმის ყველა მნიშვნელოვან მოვლენასა და ფიგურაზე. თვითონვე აღიარებს - ძალიან მიყვარს ირანი და შეიძლება, არ ვიყო ობიექტური, ამიტომ ბატონ ჯემშიდ გიუნაშვილთან შეხვედრებისას სმენად გადავიქეცი. მივიღე ის, რასაც მიამბობდა და მრავალ ირანულ პრობლემასთან მიმართებაში გაჩენილი შინაგანი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჯემშიდ გიუნაშვილის ისტორია და შეფასებები თავის ნებაზე მივუშვი - კომენტარის, ზედმეტი ჩაძიებისა და კონტრკითხვების გარეშე. ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ მოვინდომე - მომესმინა ადამიანისთვის, რომელსაც ირანს გარეთაც ბევრი გაუგია ირანზე და, ამავე დროს, ირანს შიგნიდანაც იცნობს; ადამიანისთვის, რომელიც ამ ქვეყნის გამთლიანებულ სურათს ხედავს და ამტკიცებს, რომ ეს სურათი არც ისეთი უარყოფითია, როგორც ხატავენ.

ჯემშიდ გიუნაშვილი იმპორტული ხილია. ასე თვითონ ხუმრობს. მიზეზი უცხოური დაბადების მოწმობაა, რომელშიც წერია: დაბადების წელი - 1310; დაბადების ადგილი - თეირანი.

ჩვენს წელთაღრიცხვაზე რომ გადმოვიყვანოთ, ბატონი ჯემშიდი 1931 წლის 1 მაისს დაბადებულა, რეზა შაჰის ეპოქის ირანში. მისთვის მშობლებს სახელიც „იმპორტული“ შეურჩევიათ. მართალია, მუდამ საქართველოში დაბრუნებაზე ეჭირათ თვალი, მაგრამ ირანულ კულტურას მაინც უდიდეს პატივს სცემდნენ და ამიტომ, პირველ ვაჟს საქართველოში გავრცელებული ჯიმშერის სპარსული ვარიანტი - ჯემშიდი დაარქვეს. დაზუსტებით არავინ იცის, მაგრამ ირანული სახელის შერჩევამ შეიძლება კარმასავით იმოქმედა - ჯემშიდ გიუნაშვილმა ირანი ვერასდროს დაივიწყა, უფრო პირიქით, მთელი ცხოვრება ამ ქვეყანას და მის კულტურას დაუკავშირა.

შალვა გიუნაშვილი - კახელი მღვდლის მეცხრე შვილი, 16 წლის იყო, როცა 1924 წელს უფროსი ძმა, გიორგი დაუხვრიტეს. ვარშავის უნივერსიტეტში განათლებამიღებული გიორგი ქაქუცას აჯანყებას ემხრობოდა. კარგი ექიმი იყო და ჩოლოყაშვილის დაჭრილ რაზმელებსაც ხშირად მკურნალობდა. მთავრობამ ეს არ აპატია და დახვრიტა. პრობლემები გასაბჭოებულ საქართველოში უმცროს ძმას მაშინვე დაეწყო. ამიტომ, ბევრი არ უფიქრია - როცა 1928 წელს, ინჟინერი შალვა მივლინებით მოძმე რესპუბლიკაში, თურქმენეთში საირიგაციო სისტემის გასაყვანად გაგზავნეს, იქიდან ირანში გადავიდა.

სპარსული არ იცოდა, უცხო ქვეყანაში მხოლოდ საყველპურო თურქულით უნდა გაეტანა თავი. მაგრამ არავინ აცადა. ირანელმა მოსაზღვრეებმა ახალგაზრდა საბჭოთა ინჟინერს არაფრით დაუჯერეს, რომ მხოლოდ ტურისტი იყო, ბორკილები დაადეს და გაურკვეველი მიმართულებით ეტაპით გაგზავნეს. რეზა შაჰის ირანში, თურმე, საეჭვო უცხოელების თავიდან მოშორების ასეთი წესი ჰქონდათ: ატყვევებდნენ, ინდოეთის საზღვართან მიჰყავდათ, ხელს კრავდნენ და ინდოეთის ტერიტორიაზე აგდებდნენ. ინდოეთი მაშინ ჯერაც ინგლისის კოლონია იყო, ინგლისელებს კი ასეთების მოვლის „მშვენიერი“ სისტემა ჰქონდათ ჩამოყალიბებული - ტუსაღთა ბანაკები.

ასე აღმოჩნდა შალვა გიუნაშვილი ზაჰედანში - რომელიც ახლა ირანული ქალაქია პაკისტანის საზღვართან, მაშინ კი დაბა იყო და ინდოეთამდე დარჩენილი ბოლო პუნქტი. გიუნაშვილთან ერთად ეტაპით ზაჰედანში კიდევ რამდენიმე ეჭვმიტანილი ჩაიყვანეს. იქაურმა გუბერნატორმა თითოეული მათგანის საბუთებს ყურადღებით გადახედა, მერე კი, გიუნაშვილი სასწრაფოდ თავისთან დაიბარა და დაკითხვასავით მოუწყო: სადაური გიუნაშვილი ხარ, მამაშენი ვინ იყო, სად ცხოვრობდით, როგორ სახლში და ბოლოს, მე რატომ არ გეცნობითო... ზაჰედანის გუბერნატორი შალვას დახვრეტილი ძმის თანაკურსელი აღმოჩნდა და მათთან სახლშიც - ხშირად ნამყოფი. გუბერნატორმა მისგან დავალებული ოჯახიშვილის დახმარება გადაწყვიტა, მაგრამ ამას პირდაპირ ვერ იზამდა, რეზა შაჰის ირანში სასტიკი წესები იყო დამყარებული, ურჩ ჩინოვნიკს ფეხის დაცდენის შემთხვევაში არავინ დაინდობდა. ამიტომ ძმის ირანელმა მეგობარმა შალვა ინდოეთში გასაძევებლად არ გაწირა, ეტაპითვე თეირანში გაგზავნა და ამ სიტყვებით დაემშვიდობა: მეტად ვეღარ დაგეხმარებით, თეირანში კი, თუ სათანადო შემართებას გამოიჩენთ, ხომ კარგი, თუ არადა, თქვენი ოჯახის წინაშე ვალი მოხდილი მექნებაო. შალვა გიუნაშვილმა, როგორც ჩანს, სათანადო შემართება მალევე გამოამჟღავნა. ციხეებში მცირეხნიანი ყურყუტის შემდეგ ის გაათავისუფლეს და თავისი მცირეოდენი თურქულითა და ახლად ნასწავლი სპარსულით თეირანში თავის დამკვიდრებაც შეძლო. მალევე ოჯახიც შექმნა, ქართველი გოგონა ელენე გულივერდაშვილი შეირთო ცოლად.

მშობლებს არ უყვარდათ, როცა ჯემშიდი და მისი უმცროსი ძმა დედის თეირანში ჩასვლის მიზეზებით ინტერესდებოდნენ. კითხვებს მუდამ თავს არიდებდნენ, ამიტომ, ჯემშიდმა დღემდე არ იცის, როგორ ჩავიდა დედა ირანში. ფაქტია, ის და მამა ერთმანეთს ჯერ კიდევ თელავიდან იცნობდნენ, სადაც შალვა სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, ელენე კი წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელში, მათი პირველი პირმშო - ჯემშიდი კი უკვე თეირანში დაიბადა.

მამის პროფესია - ინჟინერია - 30-იანი წლების ირანში მომგებიანი აღმოჩნდა. რეზა შაჰი მართალია, სასტიკი, მაგრამ მაინც პროგრესულად მოაზროვნე მმართველი იყო - ძალიან უხეში, მაგრამ საქმიანი, გაუნათლებელი, მაგრამ ნიჭიერი. სწორედ მისი მეფობის პერიოდში დაიწყო ირანმა რკინიგზებისა და გზატკეცილების გაყვანა და მამასაც სამსახურის შოვნა გაუიოლდა. სამშენებლო სამუშაოები, ხშირად, თეირანიდან კარგა შორს მიმდინარეობდა, ამიტომ ჯემშიდსა და მის ძმას, ძირითადად, დედა ზრდიდა.

0x01 graphic

დედა, ელენე გულივერდაშვილი

გიუნაშვილები ნაქირავებ სახლში ცხოვრობდნენ, ინგლისის საელჩოს უკან, საბჭოთა კავშირის საელჩოს გვერდით. მათი სახლი ტიპური აღმოსავლური ნაგებობა იყო: ქუჩის მხრიდან ორსართულიანი შენობა გამჭოლი კარით, შიგნით ეზო, ეზოს შუაგულში კი - აუზი. სწორედ ამ აუზს ეკრა გარშემო სახლი, რომლის ოთახებიც ბელეტაჟზე იყო განლაგებული და სულ ერთმანეთში გადიოდა. მცხოვრებლები სახლში რამდენიმესაფეხურიანი კიბით ადიოდნენ. ქვევით კი, აბსოლუტურად ყველა სახლს მოწყობილი ჰქონდა სარდაფი - ცხელ თეირანულ ზაფხულში გასაგრილებლად და კიდევ - წყლის შესანახად. დიახ, წყლის, რადგან დაახლოებით 1951 წლამდე, წყალგაყვანილობა, თეირანში არ არსებობდა, ამიტომ ბევრ ოჯახს სარდაფი ისე ჰქონდა დაბათქაშებული, რომ მას რეზერვუარად იყენებდა. ჩადიოდი ქვევით 20-30 საფეხურით და საკუთარი რეზერვუარიდან ონკანით იღებდი სარეცხ წყალს, რომელსაც ხავსისგან ნახშირისა და კირის პატარა ტომსიკები იცავდა. ამ რეზერვუარებს თეირანის მცხოვრებლები ქუჩებიდან ავსებდნენ. ჯემშიდის ბავშვობაში წყალი ქუჩის ორივე მხარეს თხრილებში მოედინებოდა, თითოეულ ოჯახს გაკეთებული ჰქონდა მილი, რომლითაც ქუჩის წყალი სარდაფამდე ჩაჰყავდა და იქ აგროვებდა. რეზერვუარს თვეში ან ორ თვეში ერთხელ ცვლიდა, ზოგი კი წყალში თევზებსაც უშვებდა. ამავე პრინციპით მუშაობდა მაღალსართულიანი სახლების წყალმომარაგებაც. თუმცა, თეირანში იმხანად ყველაზე მაღალი 4-5 სართულიანი სახლები იდგა. ამ სიმაღლის, ძირითადად, სასტუმროები იყო და სასტუმროს ნომრებსაც წყალი რეზერვუარებიდან ტუმბოს საშუალებით მიეწოდებოდა - ტუმბო წყალს ქაჩავდა ზევით და იქიდან უკვე ქვევით, ევროპულ ყაიდაზე, ყველა სართულზე ანაწილებდა.

მაგრამ ქუჩაში აგროვებული წყალი სასმელად ხომ არ გამოდგებოდა? ამიტომ, მოსახლეობა წყალს წყლის დამტარებლებისგან ყიდულობდა. ისინი უბნებში ორთვალათი დადიოდნენ და დიდი კასრებით ჰყიდდნენ წყალს. გიუნაშვილებს შინ დიდი ქვევრები ჰქონდათ და დღეში დაახლოებით 4-5 ვედროს ყიდულობდნენ.

0x01 graphic

მამა, შალვა გიუნაშვილი

0x01 graphic

ბიძა, გიორგი გიუნაშვილი

0x01 graphic

ჯემშიდ გიუნაშვილი ბავშვობაში. ფოტო გადაღებულია თეირანში

ამ და სხვა საშინაო საქმეებს, ძირითადად, დედა აწესრიგებდა. ელენე სპარსულ ენას კარგად ფლობდა. იქაურ კულტურას და ყოფასაც კარგად იცნობდა და მთელ რიგ დეტალებს პატივს სცემდა. ირანი, რომელშიც ელენე ჩავიდა, საკმაოდ ჭრელი იყო. მნიშვნელოვან რელიგიურ ცენტრებში ყველა ჩადრით შემოსილი დადიოდა, ზოგი ნამდვილ ჩადრშიც იყო, ისეთში, ძუა რომ აქვს და ქალი ძუის მიღმა იყურება. თუმცა, 40-იანი წლებიდან ქალებს ქალაქების ამა თუ იმ ნაწილში მინი-კაბებიც ეცვათ და აღარც ჩადრის ტარება ევალებოდათ. ამიტომ, არც ელენე იზღუდებოდა ჩაცმაში. თეირანში ევროპული სამოსით დადიოდა. ჩადრის ტარება ხშირად არც ჯემშიდის ნაცნობ ირანელ გოგონებს უწევდათ. მის ბავშვობაში თეირანელი ბიჭების მთავარი გასართობი გოგონათა სკოლასთან ჩავლა იყო. თუ ვინმე იღბლიანს გაუმართლებდა და რომელიმე გოგოს მზერას დაიჭერდა, მასზე ამაყი იმ დღეს არავინ იყო. გოგონებს გულთან შეკრული და მუხლს ოდნავ ზევით ან ქვევით შეკერილი კაბები ეცვათ და ხანდახან უთავსაფროდაც დადიოდნენ. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ეს ყველაფერი ჯემ-შიდის ბავშვობაში, რევოლუციამდელ ირანში ხდებოდა. შემდეგ კი ჩაცმის წესი უფრო გამკაცრდა. ბოლოს და ბოლოს, ეს წესები ხომ ერთ ღამეში არავის მოუგონია. ისინი არსებობდა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ჩამოყალიბების შემდეგ, უბრალოდ, კანონის სახე მიეცა. ამიტომაც იყო, რომ 5 ათეული წლის შემდეგ, როცა ჯემშიდ გიუნაშვილი თეირანში საქართველოს ელჩად დაბრუნდა, მის მეუღლეს, ოფიციალური შეხვედრების დროს, ჩაცმის ადგილობრივი წესების გათვალისწინება მოუხდა. ეს დღემდე ასეა - ვინც ოფიციალური პირია, სხეული არავითარ შემთხვევაში არ უნდა უჩანდეს. და საერთოდ, თუ ქუჩაში გამოდიხარ, შენს წოდებას და რეგალიას მნიშვნელობა არ აქვს - კარგად შენიღბული უნდა იყო, ადგილობრივ ადათებს პატივი სცე.

0x01 graphic

კოტე წერეთელი, ჯემშიდ გიუნაშვილი და თამაზ გამყრელიძე

0x01 graphic

ჯემშიდ გიუნაშვილი ტაშკენტში

0x01 graphic

ჯემშიდ გიუნაშვილი გადასახლებაში. სამხრეთ ყაზახეთი

ეს და სხვა სპარსული წესები ჯემშიდ გიუნაშვილმა ბავშვობიდანვე გაითავისა. ამას ხელი მშობლების გადაწყვეტილებამაც შეუწყო: როცა შვილის სკოლაში მიყვანის დრო დადგა, შალვამ და ელენემ შვილისთვის რომელიმე დასავლური ტიპის სკოლა კი არ შეარჩიეს, არამედ თეირანის ირანული ვაჟთა სასწავლებელი, რომელიც ამერიკული კოლეჯის ბაზაზე იყო გახსნილი, რომლის სწავლის საფასური ძალიან ძვირი იყო და რომლის შეგირდებიც წარჩინებული და მდიდარი ირანელების შვილები იყვნენ - ანუ, როგორც სპარსელები იტყვიან, ისეთების, რომელთა ხელიც იოლად წვდებოდა პურს.

ჯემშიდის კლასელ ბიჭებს შინ რამდენიმე დედიკო ჰყავდათ, მათ მფლობელობაში კი რამდენიმე სოფელი შედიოდა, თავისი მიწა-წყლით, მუშახელითა და საქონლით. ეს იმიტომ, რომ 1956 წლამდე მთელი ირანი ნახევრად ფეოდალური ქვეყანა და პირწავარდნილი პროვინცია იყო, ბატონყმური სიუჟეტებიც, აქედან გამომდინარე, ხშირად თამაშდებოდა. თუმცა, რეზა შაჰი, მართალია, ბარბაროსული მეთოდებით, მაგრამ მაინც პროგრესისკენ მიდიოდა. ამიტომ იყო, რომ სარწმუნოება და საგანმანათლებლო სისტემა ერთმანეთისგან გამიჯნა - სკოლებში სწავლა მთლიანად სამოქალაქო გახადა, სამოქალაქო გახადა სასამართლოც და შემოიღო დაბეგვრისა და ხელფასის გაცემის თანამედროვე სისტემა. 1935 წელს კი თეირანის უნივერსიტეტი დაარსდა.

იმდროინდელ ირანში გარკვეული დემოკრატიული შტრიხებიც აშკარად შესამჩნევი იყო. მეფის დროს ის ირანული დღესასწაულები, რომელთა აღნიშვნაც ყველა ირანელისთვის სავალდებულო იყო, აბსოლუტურად არ ეხებოდა ქვეყანაში მცხოვრებ ემიგრანტებს. მართალია, ნოურუზს - ირანულ ახალ წელს ჯემშიდი და მისი თანაკლასელები სკოლაში ზეიმობდნენ, მაგრამ შინ - ეს არავის ევალებოდა, არც ქართველებს, არც სომხებსა და რუსებს.

სკოლა ბავშვებს სიღრმისეულ განათლებას აძლევდა. ჯემშიდ გიუნაშვილმა თავისი უდიდესი ქონება - კლასიკური სპარსული ლიტერატურის ცოდნა - სწორედ სკოლაში სწავლისას დააგროვა. თუმცა, რა გასაკვირია: მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ პროვინციულ ირანში სწავლობდა, რომლის მოსახლეობის 90 პროცენტი უსწავლელი იყო, კარგი სკოლა იმ დროშიც იქაც კი კარგ სკოლას ნიშნავდა. ამ ვაჟთა სასწავლებელს ფიზიკის, ბიოლოგიის და ქიმიის ლაბორატორიებისთვის ცალკე კორპუსი ჰქონდა გამოყოფილი, სარდაფში ტანვარჯიშის და ჭიდაობის ბაზა იყო განლაგებული. სკოლას ეკუთვნოდა ორი ფეხბურთის მოედანი, სამი საცურაო აუზი, ექვსი ფრენბურთის და რამდენიმე კალათბურთის არენა. დირექტორი თეირანის უნივერსიტეტის მათემატიკური ანალიზის კათედრის გამგეც იყო, მასწავლებლები კი მოგვიანებით ისტორიის, პოეტიკის და სხვა მეცნიერებების ცნობილი მკვლევარები გახდნენ.

მოკლედ, ჯემშიდის ბავშვობისდროინდელ ირანში - 90 პროცენტიანი გაუნათლებლობის პერიოდში - უკვე შეინიშნებოდა იმის საფუძველი, რასაც დღეს, თეოკრატიულ ირანში ვხედავთ - დაუოკებელი მისწრაფება სწავლისკენ. ღრმა განათლება - ეს ის ერთერთი საფუძველია, რომელზეც, ჯემშიდ გიუნაშვილის აზრით, დღევანდელი ირანი დგას. იქ, ჩალმოსნების პირობებში, ასზე მეტი უნივერსიტეტი ფუნქციონირებს, ქვეყანას ჰყავს ორ მილიონზე მეტი სტუდენტი და 95 ათასი დოქტორანტი, რომლის სამოცი პროცენტიც ქალია. დღევანდელ ირანში წარმატებით მოქმედებს რელიგიურ-პოლიტიკური ლიდერის ასეთი ფორმულა: შეიძინეთ სწავლა-განათლება და ცოდნა მათგან, ვისაც ეს აქვს, განურჩევლად იმისა, ვინ არიან და სად არიან ისინი, მაგრამ ეცადეთ, დიდხანს არ იყოთ შეგირდი.

ეს შეგონება ჯემშიდ გიუნაშვილმა ჯერ კიდევ მაშინ შეასრულა, როცა იმამს ნათქვამი არ ჰქონდა. სპარსული სკოლისგან განათლების მაქსიმუმი მიიღო. და ამას შინ მიღებული ცოდნაც დაუმატა.

0x01 graphic

ჯემშიდ გიუნაშვილი ცოლთან, ლუდმილასთან ერთად. 1958

საქმე ისაა, რომ დედა თავის ბიჭებს ქართველებად ზრდიდა და საქართველოში დაბრუნებისთვის ამზადებდა. ასწავლიდა ყველაფერს - ქართულ სიმღერებს, ცეკვას, ზღაპრებსა და ანდაზებს. ბიჭები კარგად მღეროდნენ და როცა უმცროსი ძმა ცოტა წამოიზარდა, ყველანი ერთად, ხმებში ასრულებდნენ წინწყაროსა და კახურ მრავალჟამიერს. არც ქალაქურ რომანსებს ივიწყებდნენ - „გახსოვს, ტურფავ“ - ესეც მათი რეპერტუარის მუდმივი ნაწილი იყო. ჯემშიდი სპარსულ ლიტერატურასთან ერთად ქართულ, რუსულ და დასავლურ გამოცემებსაც კითხულობდა. გიუნაშვილების საოჯახო ბიბლიოთეკაში უხვად იყო რუსული წიგნები, ილუსტრირებული ბროკჰაუზის გამოცემები და პარიზში დაბეჭდილი ქართული წიგნები, საბჭოთა საქართველოში გამოცემული - ნაკლებად.

გიუნაშვილები რუს, ქართველ და სომეხ ემიგრანტებთანაც მეგობრობდნენ. ამიტომ ჯემშიდის რეალობა ასეთი იყო: სკოლაში სრულყოფილ სპარსულ განათლებას იღებდა, შინ ზედმიწევნით ქართულად იზრდებოდა, თავისუფალ დროს კი რუს ემიგრანტთა წრეში ატარებდა. მეტიც, ის 1942 წელს თეირანში გახსნილი საბჭოთა კლუბის წევრიც იყო და ჩაპაევით დაწყებული, მთელ საბჭოთა პოპკულტურას ეცნობოდა, კლუბის ორკესტრში კი აკორდეონზე უკრავდა. მოკლედ, ჯემშიდ გიუნაშვილი კულტურათა გადაკვეთაზე მოხვდა და მუდმივად გრძნობდა გაორებას - ერთი მხრივ, სულ მიმართული იყო ახალ, საბჭოთა საქართველოში დასაბრუნებლად, მაგრამ მეორე მხრივ, ჭუჭყიან, ჩამორჩენილ და მუსლიმურ ირანსაც დიდ პატივს სცემდა.

დაბრუნების დროც დადგა. 1947 წელი. გიუნაშვილები რეპატრიაციის ფარგლებში საქართველოში დაბრუნდნენ. წასვლის წინ, მამამ საოჯახო „თათბირი“ მოაწყო და შვილებს აუხსნა - ჩვენ ვბრუნდებით ომგადატანილ ქვეყანაში, სადაც, ალბათ, ბევრი დასახიჩრებული ჯარისკაცი იქნება, იქ არ გექნებათ ის კომფორტი, რაც გქონდათ აქ. ქართულ სამზარეულოს შეჩვეულმა ბავშვება კი იკითხეს - ლობიო გვექნება?

სამშობლოში ლობიო დახვდათ, მაგრამ არ დახვდათ უსაფრთხოდ ცხოვრების გარანტია. შესაძლოა, დედამ წინასწარვე იგრძნო რაღაც და მოტივით - ჩემს შვილებს არ ვიცი, ხვალ სად მოუწევთ ცხოვრება - ბიჭები თბილისის რუსულ სკოლაში შეიყვანა (მიუხედავად იმისა, რომ ქართული გარემოსა და ქართული სკოლისთვის ორივე ძმა აბსოლუტურად მომზადებული იყო). წინათგრძნობა ახდა. 1952 წელს ჯემშიდ გიუნაშვილს არ აცალეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრება და ორკურსნახევარგავლილი სტუდენტი მთელი ოჯახით ყაზახეთში გადაასახლეს. გადასახლება, წესით, სამუდამო იყო. მაგრამ ერთ შეღავათს ითვალისწინებდა - იმ ყაზახურ სოფელში, სადაც გიუნაშვილები დანარჩენებთან ერთად დაასახლეს, თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდათ. თუმცა, ჯემ-შიდმა უფრო მეტი მოინდომა. გაზეთში ამოიკითხა, მეზობელ რესპუბლიკაში, უზბეკეთში, ტაშკენტის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები რას აკეთებდნენ ლექციებისგან თავისუფალ დროს და გარისკა: წერილი გაუგზავნა თბილისის უნივერსიტეტის რექტორს ნიკო კეცხოველს და უნივერსიტეტიდან აკადემიური ცნობისა და ატესტატის გამოგზავნა სთხოვა. მოხდა სასწაული - საქართველოს ცეკას წევრმა კეცხოველმა გადასახლებული გიუნაშვილის წერილს მსვლელობა მისცა - მისი დახმარება ფაკულტეტის დეკანს დაავალა. შესაბამისად, ერთ თვეში, ჯემშიდ გიუნაშვილს თბილისიდან ცნობასთან და ატესტატთან ერთად ტკბილ-ტკბილი სიტყვებით სავსე დახასიათებაც ჩამოუვიდა. შემდეგ უკვე საბარგო მატარებლით თავისი ყაზახური სოფლიდან გაიპარა ტაშკენტში და აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანს გრიგორი ბანდარევსკის შეხვდა. ბანდარევსკის მოთხოვნა ასეთი იყო: ვინაიდან იმ წელიწადს საბჭოთა კავშირში ექსტერნატის ვადა მთავრდებოდა, ჯემ-შიდს დიპლომის მისაღებად 1953 წლის სასწავლო წლის ბოლომდე მთელი ოთხი წლის მასალა უნდა ჩაებარებინა. მეორე მოთხოვნა ასეთი იყო: არც ერთ სტუდენტს არ უნდა დანახვებოდა. გიუნაშვილი დათანხმდა. ის შინ, ყაზახურ სოფელში მუშაობისგან თავისუფალ დროს სწავლობდა და დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ, ისევ ჩუმად და ისევ საბარგო მატარებლით, ტაშკენტში ლექტორებთან გამოცდების ჩასაბარებლად ჩადიოდა. მიზანს მიაღწია, ოთხი წლის მასალა ერთი სამიანით, ორი ოთხიანით და დანარჩენი ფრიადებით ჩააბარა. ახალგაზრდა ქართველი გადასახლებულის ნიჭიერება კომენდატურაშიც შენიშნეს და სწორედ იმ დღეს, როცა დიპლომის აღების შემდეგ სახლში ჩუმად დაბრუნდა, დაიბარეს და უთხრეს, რომ სწავლის უფლება ჰქონდა, ოღონდ მხოლოდ განსაზღვრულ ფაკულტეტებზე. ჯემშიდმა ისევ ტაშკენტი აირჩია და წისქვილებისა და ელევატორების ტექნიკუმში ჩააბარა. ამასობაში გადასახლებულის სტატუსიც მოუხსნეს და შეძლო, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ჯერ მაძიებლად მისულიყო, შემდეგ სადისერტაციო თემაც დაეწერა და სპარსული ენის მასწავლებლად დაეწყო მუშაობა. რაც შეეხება წისქვილებსა და ელევატორებს, იქ მიღებული ცოდნაც გამოადგა - ჯემშიდ გიუნაშვილი იყო პირველი, ვინც რუსულ-სპარსული ტექნიკური ტერმინების ლექსიკონი შეადგინა.

შემდეგ კარიერა უკვე საქართველოში გაგრძელდა. გიუნაშვილი სამშობლოში გიორგი წერეთელმა მიიწვია. თუმცა, წასვლის პერსპექტივას მაშინვე არ აღუფრთოვანებია. ამ დროს უკვე იცნობდა თავის მომავალ მეუღლეს, ირანისტ ლიუდმილა მირინას, გარდა ამისა, კარგად ახსოვდა, როგორც გამოაძევეს საქართველოდან - ახალგაზრდა კაცი, რომელიც იყო ენერგიულიც, კომკავშირელიც, განათლებულიც, კითხულობდა მოხსენებებს, კარგად მღეროდა და ცეკვავდა - ჩააგდეს ტომარაში, თავი შუა აზიაში უკრეს და უამრავი შეურაცხყოფა, დამცირება და სიძნელე გადაატანინეს. საბოლოო ჯამში, მაინც გიორგი წერეთლის სახელმა გაჭრა. ნებისმიერი დამწყები აღმოსავლეთმცოდნისთვის ეს სახელი ბევრს ნიშნავდა. ასე აღმოჩნდა 1958 წლის მარტში უკვე თბილისში. თან მეუღლეც ჩამოიყვანა.

შემდეგ კარიერა ლოგიკურად განვითარდა. მუშაობა ჯერ ენათმეცნიერების ინსტიტუტში დაიწყო. შემდეგ, 1960 წელს დაარსდა აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი და იქ გიორგი ახვლედიანის რეკომენდაციით განყოფილების გამგე გახდა, შემდეგ მეცნიერებათა დოქტორი და 1974 წლიდან - თითქმის ოცი წელი, ინსტიტუტის დირექტორის, თამაზ გამყრელიძის მოადგილე.

სპარსულმა ბავშვობამ და სპარსულმა სახელმა თავისი როლი შეასრულა - რაც უფრო მეტი დრო გავიდა, ირანის მიმართ სიყვარული და ირანული კულტურის ცოდნა კიდევ უფრო გაიზარდა. თუ სხვა პროფესიის არჩევის შემთხვევაში ამ ქვეყანასთან კავშირი ისე აქტუალური აღარ იქნებოდა, ირანისტიკაში მუშაობამ კავშირი სპარსეთსა და ჯემშიდს შორის უნიკალურად ღრმა და სავსე გახადა. ამ კავშირის არსებობა საბჭოთა საქართველოშიც დაინახეს. ამიტომ, 1958 წლიდან მოყოლებული აღმოსავლეთთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა ღონისძიებას და დელეგაციას ჯემშიდ გიუნაშვილს ანდობდნენ. ის იღებდა ირანელ, თურქ და ავღანელ სტუმრებს. ურთიერთობდა საბჭოთა კავშირში არსებულ ირანულ სათვისტომოებთან. ორჯერ პირადად უმასპინძლა ირანის შაჰის ძმასაც. აბდოლრეზა, თურმე, მეცნიერი მონადირე გახლდათ. მას ნადირობისას ეგზემპლარები სჭირდებოდა და არა მწვადი და სისხლი. აბდოლრეზას ჩლიქოსანი ცხოველების მსოფლიოში საუკეთესო მუზეუმი ჰქონდა, სადაც თავს უყრიდა ყველაფერს - ბეჰემოთიდან დაწყებული ჯიხვით დამთავრებული. ჯიხვი კი მხოლოდ კავკასიაშია, თანაც ორგვარი - აღმოსავლური კახეთსა და დაღესტნისკენ უნდა ეძებო, დასავლური - სვანეთისკენ. აბდოლრეზასთან ერთად გიუნაშვილმა ორივე მოძებნა. 1964 წელს კახეთში ნადირობისას, მეცნიერმა მონადირემ შინ უნიკალური ნადავლიც წაიღო - ბებერი ჯიხვი, რომელსაც 95 სანტიმეტრიანი რქა ჰქონდა. ამ რქაში შაჰის ძმამ მომდევნო წელს, ბუქარესტში მოწყობილ გამოფენაზე ორი პრიზი მიიღო - როგორც უნიკალური ექსპონატისთვის და როგორც ხელოვნების ნიმუშის რანგში აყვანილი ბუნებრივი ქმნილებისთვის. ორი წლის შემდეგ ჯემშიდთან ერთად შაჰის ძმამ ჯიხაიშში ინადირა, ჯიხვი ამჯერადაც მოინადირა, მაგრამ ისეთი უნიკალური - ვეღარ.

ამ ურთიერთობების გარდა, ჯემშიდ გიუნაშვილს ყოველთვის ჰქონდა ახალი ამბებიც ირანიდან. მან ყოველთვის იცოდა, რა ხდებოდა ირანში.

სიახლეები კი 1947 წლის შემდეგ ირანში ბლომად მოხდა. მოვლენები, რომლებიც ჯემშიდ გიუნაშვილის იქ არყოფნაში დატრიალდა, მან შორიდან, მაგრამ, მაინც ამომწურავად შეაფასა. ამიტომ არის, რომ დღეს მას ირანის თითოეულ გარდამტეხ ცვლილებაზე თავისი დასაბუთებული მოსაზრება აქვს. იცის, რომ პრობლემები ირანში 1956 წლის შემდეგ დაჩქარებულმა ვესტერნიზაციამ დააგროვა. ჯერ კიდევ 50-იან წლებში, ნახევრად ფეოდალურმა ქვეყანამ ამხელა ნახტომს ვერ გაუძლო. თავსმოხვეული და დაჩქარებული ვესტერნიზაცია მუსლიმურ ქვეყანაში ეკლექტურ სურათად იქცა: ვესტერნიზაცია გამოიხატა მხოლოდ საღეჭ რეზინაში, საღამოს კლუბებსა და კაზინოებში, მოკლე კაბებსა და ღრმა დეკოლტეებში. ეს ყველაფერი დაგროვდა ქალაქის ევროპულ ნაწილში. გაიზარდა ნაპრალი შეძლებულსა და ღარიბს, ქალაქელს და პროვინციელს შორის. პროცესებმა კი იმდენად დაახვია თავბრუ ხელისუფლებას, რომ კალენდარიც კი გამოცვალეს - ირანის იმპერიის 2500 წლის იუბილე აღნიშნეს და დროის ათვლაც სპარსეთის იმპერიის დაარსების დღიდან დაიწყეს. ბოლოს და ბოლოს, საშუალო სტატისტიკური ირანელი, რომელსაც პოლიტიკასთან არავითარი შეხება არ ჰქონდა, მიხვდა, რომ კარგავდა თვითმყოფადობას, ამიტომ გაასმაგებული ძალით მიუბრუნდა ტრადიციას, ანუ, პირველ რიგში, მეჩეთსა და რწმენას. ამასობაში, თავის მხრივ, გარკვეული საფუძვლისა და კადრების მომზადებაზე მეჩეთიც აქტიურად ამუშავდა. სწორედ მეჩეთში იგეგმებოდა, რა როგორ უნდა მომხდარიყო და დეტალურად ითვლებოდა თითოეული წვრილმანი იდეოლოგიური საკითხი. ასე ნელ-ნელა მომზადდა საფუძველი 1979 წლის რევოლუციისთვის, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. თურმე, ზუსტად რევოლუციის გამარჯვებამდე ასი დღით ადრე, ამერიკის სადაზვერვო სააგენტომ პრეზიდენტს წარუდგინა ანალიტიკური მოხსენება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მეფის მმართველობა ირანში მინიმუმ ათი წელი მაინც გარანტირებული იყო. ზუსტად ასი დღის შემდეგ კი მეფე ჩამოაგდეს. თავიდან მიზანიც მხოლოდ ეს იყო - მეფის და მისი დასავლელი დამქაშების განდევნა, შემდეგ კი რევოლუციის პროცესი ძალაში შევიდა, ხომეინიმ ბერკეტები ხელში აიღო და დაარსდა თეოკრატიული სახელმწიფო, რომლის ძირითადი სტრუქტურა წლებით ადრე იყო დამუშავებული და გააზრებული.

გამოდის, რომ ირანმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მსგავსი მაღალკვალიფიციური და ინფორმირებული ორგანიზაციაც კი გააცურა. რა მოხდა? ჯემშიდ გიუნაშვილი ჰყვება, რომ საქმე თვითონ ირანული რევოლუციის სპეციფიკურობაში იყო: ყველა კლასიკური ტიპის რევოლუცია - საფრანგეთის რევოლუციიდან დაწყებული, ოქტომბრის რევოლუციით დამთავრებული - ყოველთვის მიმართული იყო კარის და ეკლესიის წინააღმდეგ, აქედან გამომდინარე, ყოველთვის დავალებული და დაკავშირებული გახლდათ სხვა ქვეყანასთან: უცხოეთი მათ ან იარაღით ამარაგებდა, ან ფულს აძლევდა, ან კადრებს უმზადებდა. ირანის ისლამური რევოლუცია კი საზრდოობდა მხოლოდ საკუთარი რესურსებით და არა მხოლოდ იდეოლოგიური თვალსაზრისით. ხომეინმა და მისმა გუნდმა ყველაფერი, რაც რევოლუციის დროს და რევოლუციის გამარჯვების შემდეგ გააკეთეს, რამდენიმე წლით ადრე მეცნიერულად გაიაზრეს და გათვალეს. ანუ მოხდა ბაზრის და მეჩეთის ალიანსი, მათ კი ორივეს საკუთარი რესურსები აქვთ, როგორც ადამიანური, ისე ფინანსური და გარეშე ძალის დახმარებას არ საჭიროებენ.

ჯემშიდ გიუნაშვილს კარგად ახსოვს, საფრანგეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის ვალერი ჟისკარ დ'ესტენის ნათქვამიც 1998 წელს, როცა მას ჰკითხეს - თქვენი აზრით, აუბამს თუ არა ირანიც მხარს პაკისტანს და ინდოეთს და მოინდომებს თუ არა, ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ჟისკარ დ'ესტენმა უპასუხა, რომ არა, ირანი არ მოინდომებს და არ მოინდომებს იმიტომ, რომ ირანის რევოლუცია სულ სხვა ხილი იყო, ის საზრდოობდა რელიგიური პრინციპებით და რელიგია კი მათ უშლით ბიოლოგიური ან თუნდაც ქიმიური იარაღის გამოყენებას. ამ ფრაზის დასტურად ჯემშიდ გიუნაშვილი კიდევ ერთ ფაქტს იხსენებს: როდესაც ირან-ერაყის ომის დროს დასავლეთის დახმარებით ჰუსეინმა ქიმიური იარაღი გამოიყენა, ირანს ასეთივე იარაღით არ უპასუხია და შედეგად, დიდი მსხვერპლიც ჰქონდა. ფაქტია, რომ ისეთი ფიგურები, როგორც ჟისკარ დ'ესტენი იყო, მიიჩნევენ, რომ ირანს, თუნდაც ჰქონდეს ასეთი იარაღი, ან აჩუქონ, ის არ გამოიყენებს, რადგან საწყისი და საყრდენი ამ სახელმწიფოს რელიგიური აქვს, რელიგია კი კრძალავს.

ჯემშიდ გიუნაშვილი პასუხობს კონტრკითხვასაც - შეიძლება თუ არა, ქვეყნის ხელისუფლებამ შეცვალოს რელიგიური დოგმა და ჩამოაშოროს ისლამს მასტაბილიზირებელი ფაქტორი? სანამ ირანში მოქმედებს ეს წყობა, მსგავსი რამ, გიუნაშვილის აზრით, არ მოხდება, რადგან ირანი არის მრავალეროვანი ქვეყანა, სადაც თვითონ სპარსელები უმცირესობაში არიან და ფუნდამენტი, რომელსაც ეყრდნობიან, რელიგიაა. ხოლო ეს ფუნდამენტი თუ შეარყიე და შეცვალე, მაშინ ის ქვეყანაში არსებული ყველა გამონაკლისით შეიცვლება.

რელიგია რომ ეროვნებაზე მაღლა დგას, ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ ეთნიკურად ჭრელ ირანში დე იურედ ეროვნული უმცირესობა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ რელიგიური უმცირესობები და ისინი არიან: ზოროასტრიელები, ებრაელები და ყველანაირი მიმართულების ქრისტიანები. საგულისხმოა, რომ ირანში სომეხი სომეხი კი არაა, გრიგორიანელი, ასირიელებს კი ასირიელების მაგივრად ნესტორიანელებს ეძახიან.

საინტერესოა ისიც, რომ ისლამური ფუნდამენტალიზმის რესპუბლიკაში, სადაც ყველაფერს რელიგიური დოგმები განსაზღვრავს, პარლამენტში რელიგიური უმცირესობის კვოტებით არჩეულ დეპუტატებს ფიცს საკუთარი წმინდა წიგნის ენაზე ადებინებენ. პარალელურად კი, ორი სხვადასხვა აღმსარებლობის ახალგაზრდამ თუ შეუღლება გადაწყვიტა, ათასი ბარიერი უნდა გადალახოს. ჯემშიდ გიუნაშვილი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება არადემოკრატიული იყოს, ხოლო ყველა ევროპელი და მოევროპელო ხალხისთვის - უცხო და მიუღებელი, მაგრამ ფაქტია, რომ ირანში ყველაფერი რაღაცნაირად ოპტიმალურად არის დაბალანსებული და ამას, უბრალოდ, დანახვა სჭირდება. დასტურად ჯემშიდ გიუნაშვილი რევოლუციის შემდეგ არჩეულ პრეზიდენტებს იხსენებს. ისინი სულ ექვსნი იყვნენ და მათგან სამი სასულიერო პირი იყო, სამი - საერო, არადა, თავისუფლად შეიძლებოდა, თეოკრატიულ სახელმწიფოს ექვსივეჯერ სასულიერო მმართველი ჰყოლოდა. ესეც რომ არა, სასულიერო პირები უმრავლესობაში არც 1979 წლის რევოლუციურ კომიტეტში ყოფილან - 15-კაციან ჯგუფს მხოლოდ ექვსი სასულიერო წევრი ჰყავდა (თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტს ისეთი დიდი თეოლოგი და მოაზროვნე ხელმძღვანელობდა, როგორიც ხომეინი იყო. მას არ ჰქონდა თანამდებობა, ის ლიდერი იყო, იმამი).

ირანში კიდევ უამრავი თავისებურებაა, რომელთა ძირი, ისევ და ისევ, რელიგიაა. რწმენის ფუნდამენტად ქცევა კი, შეიძლება არის კიდეც თანამედროვე ირანის სითამამის მიზეზი - მიიჩნევს ჯემშიდ გიუნაშვილი. ეს ქვეყანა ხომ, როგორც წესი, არავის არაფერს ეკითხება. და თუ გავითვალისწინებთ მის წარსულს და ბოლო ხანების ისტორიას, ჯემშიდ გიუნაშვილს მიაჩნია, რომ ირანი ღირსეულად იქცევა. ირანში არ ჰყავთ უცხოელი კონსულტანტები და ამის მიზეზი ის გამოცდილებაა, რაც ქვეყანამ ახლო წარსულში კოლონიური და ნახევრად კოლონიური მმართველობისას დააგროვა. ჯემშიდ გიუნაშვილი მიიჩნევს, რომ საკმარისია, დაუკვირდე, მიხვდები - თანამედროვე ირანის ენერგია შიგნითვეა აკუმულირებული; რომ თანამედროვე ირანის ენერგია არის არა მხოლოდ ბუნებრივი აირი და ნავთობი, არამედ ამ ენერგიის წყარო უფრო მეტად რწმენა (და არა მხოლოდ ალაჰის, არამედ საკუთარი თავის), ტრადიციის პატივისცემა და განათლებაა.

სწორედ ასეთ - თანამედროვე ირანში აღმოჩნდა ჯემშიდ გიუნაშვილი 1994 წელს, 47-წლიანი განშორების შემდეგ. ნახევრადფეოდალური ირანიდან ის სრულიად ახლებურ ირანში მოხვდა და იქ საქართველოს პირველი სრულუფლებიანი ელჩი გახდა. ამ პერიოდში ირანის შესახებ მისი დაკვირვებები და შეფასებები კიდევ უფრო გაღრმავდა.

პირველი შთაბეჭდილება ასეთი იყო: მიუხედავად იმისა, რომ დამანგრეველი და დამქანცველი რვაწლიანი ომი ერაყთან რამდენიმე წლის დამთავრებული იყო, ირანს გარეგნულად უკვე აღარაფერი ეტყობოდა - მრეწველობა, ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა აბსოლუტურად გამართულად მუშაობდა, თორემ ოჯახები, კიდევ დიდხანს გლოვობდნენ საკუთარ მსხვერპლს.

ჯემშიდ გიუნაშვილს იმ ტკბილ-ტკბილი და თავაზიანი ფრაზების აქტიურ მეტყველებაში გადმოტანაც დასჭირდა, რომლებიც ირანელების ზრდილობას და შინაგან სიფაქიზეს უსვამს ხაზს. მაგალითად, სტანდარტული მობოდიშების ნაცვლად - უკაცრავად, მაგრამ მეჩქარება, უნდა წავიდე, მოკრძალებული ირანული ბოდიში - შეიძლება, რომ შევამცირო ჩემი შეწუხება თქვენდამი? სიტუაცია, როცა მეტოქე მეტოქეს დანას კი არ ჩასცხებს, ბამბით დაახრჩობს - ლამაზად და არტისტულად და არა - უხეშად. ჯემშიდ გიუნაშვილს ეს სიფაქიზე და კიდევ ათასი, ღრმად გააზრებული წვრილმანი, ძალიან მოსწონს და აღიარებს - ირანის შეფასებაში შეიძლება, არც იყოს ობიექტური, რაგან მას უყვარს ირანი...

ასეა თუ ისე, 47-წლიანი განშორების შემდეგ მისი ბავშვობისდროინდელი მოგონებები, ძირითადად, მოგონებებად დარჩა. თუნდაც, თეირანის ბინძური ქუჩები, ნაგვით სავსე გზები და ეზოები ავიღოთ, სადაც ჯემშიდს ბავშვობაში ხშირად უნახავს ჭუჭყისგან და ინფექციებისგან დაავადებული პატარები, რომელთაც ტრაქომა ჰქონდათ და ბრმავდებოდნენ. მეორედ ჩასვლის შემდეგ კი, საქართველოს ელჩი მიხვდა, თეირანი აღარ ჰგავდა მისი ბავშვობის ქალაქს, ის უსუფთავეს ქალაქად ქცეულიყო. უზარმაზარ თეირანში, რომელიც ღამით 9 მილიონიანია, დღისით კი - 11 მილიონიანი, დღესაც ასეა - იქ ვერსად ნახავთ ქუჩაში დაგდებულ ქაღალდსაც კი. ირანელ ბავშვებს აღარც რამდენიმე დედიკო ჰყავთ. მართალია, შარიათი მრავალცოლიანობას დღემდე ითვალისწინებს და ყოველ მართლმორწმუნე მუსლიმს შეუძლია, ჰყავდეს ოთხი ცოლი, მაგრამ იმდენი პროცედურაა გასავლელი და იმდენი დოკუმენტი და თანხმობაა (ძირითადად, რიგით პირველი ცოლებისგან) მოსაპოვებელი, რომ, პრაქტიკულად, ირანში მრავალცოლიანობა აღარ არის. ტრადიცია მხოლოდ ზოგიერთ პროვინციაში, განსაკუთრებულად მიუვალ ადგილებშია შემორჩენილი, დიდ ცენტრებსა და ქალაქებში კი მსგავსი სოციალური პრაქტიკა აღარ არსებობს. მიზეზი - ერის განათლებულობა და სახეცვლილი საზოგადოების ჩამოყალიბებაა. ამ საზოგადოებაში ჯემშიდ გიუნაშვილი ვერც ჩაგრულ ქალებს ხედავს. ის გვთხოვს, გავიაზროთ, რომ თანამედროვე ირანი არის ქვეყანა, რომელსაც ქალი ვიცე-პრეზიდენტი მართავს, უნივერსიტეტების რექტორები და თეატრების დირექტორებიც, ხშირად, ქალები არიან. ქალი განკარგავს ისეთი მსხვილი ორგანიზაციის ეკონომიკას და ფინანსებს, როგორიც ირანის სანაოსნოა - მსოფლიოში რიგითა და საქმიანობით მეცხრამეტე და რეგიონში - პირველი კომპანია. გამოდის, რომ უფლება, რომელსაც ისლამი გაძლევს, კანონიერად გეკუთვნის და ფიქსირებულია, მაგრამ შენ თვითონ, შენი განათლების და თანამედროვე ცხოვრების წესის გამო, აღარ ხარ ისეთი, როგორიც ადრე იყავი.

რადგან ჯემშიდ გიუნაშვილი ირანს შიგნიდან იცნობს, მისთვის არაფერი იქაური უცხო არ არის. ის ყველაფერს უძებნის ახსნას. თუმცა, მაინც რჩება საკითხები, რომლებიც მისთვის კარგად ნაცნობი, მაგრამ მაინც მიუღებელია. თუნდაც შეუღლების წესები: როცა არამუსლიმს სურს მუსლიმზე იქორწინოს, აუცილებლად ისლამი უნდა მიიღოს. თუ ის პლუს ამას ირანში დასახლებასაც აპირებს, მაშინ ისლამთან ერთად მოქალაქეობაც უნდა მიიღოს. ჯემშიდ გიუნაშვილი თვლის, რომ ეს გარკვეულწილად ადამიანის შეზღუდვაა. თუმცა, მას ერთი რამ ირანულ სისტემაში განსაკუთრებით მოსწონს: შიიზმის კარგი თვისება ის არის, რომ ლოგიკური მსჯელობით, საკითხისადმი გონივრული მიდგომით, შესაძლებელია თეოლოგიურ წესებში ცვლილების შეტანა. თუმცა, ამას ირანში უზარმაზარ დროს და ფიქრს ახარჯავენ. მაგალითად, თურმე, სულ 3-4 წლის წინ, კანონი ასეთი იყო: თუ ქრისტიანმა მოკლა მუსლიმი, ის სიკვდილით უნდა დაისაჯოს, ხოლო თუ მუსლიმმა მოკლა ქრისტიანი, მუსლიმიც ისჯება, მაგრამ არა სიკვდილით. პარლამენტმა ამ საკითხზე ძალიან დიდხანს იმუშავა, პროცესში სხვა ინსტიტუტებიც ჩართო და საბოლოო ჯამში კანონი შეცვალა. დღეს სასჯელი ქრისტიანისა და მუსლიმისთვის თანაბარია.

ჯემშიდ გიუნაშვილი ამ გონივრული გადაწყვეტილებების მიზეზს ირანელების განათლებაში ხედავს. გულისხმობს, როგორც ირანულ საზოგადოებას, ისე ირანის მმართველებს. დავიწყოთ ირანული საზოგადოებით.

ამ საზოგადოებას საფუძველი დაწყებით სკოლაშივე ეყრება. ირანული სკოლა ჩაკეტილია. ბავშვების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა არ ხდება. მიუხედავად ამისა, ისე სწავლობენ, რომ ხანდახან ჩინელებსა და რუსებსაც უსწრებენ. საერთაშორისო ოლიმპიადებზე პირველი ხუთი ადგილი სულ ირანელებს მიაქვთ, თანაც ისეთ დარგებში, როგორიც ფიზიკა, ქიმია, ასტრონომია და მათემატიკაა.

უმაღლესი სასწავლო დაწესებულება კი უკვე ღია სტრუქტურაა. ანუ გამოდის, რომ ირანული განათლების სისტემის საფუძველი ასეთია: ბავშვი უნდა აღიზარდოს ისე, როგორც ჩვენ გვინდა, ავად თუ კარგად, სულერთია, მთავარია, როგორც ჩვენ გვინდა. მერე კი უკვე ყველაფერი დაშვებულია მათთვის, მათ შორის საზღვარგარეთ სასწავლო მოგზაურობაც.

განათლების კანონის ავტორები კიდევ ერთი მოსაზრებით ხელმძღვანელობენ: ჩვენ მომხრენი ვართ ნებისმიერი სახის სწავლა-განათლების, ხელოვნებისა და ლიტერატურის, მაგრამ არ ვართ მომხრენი იმ კულტურის, რომელიც აკანონებს მაგალითად, ჰომოსექსუალიზმს. ჩვენ ამას არ დავაკანონებთ. მოგწონთ ჩვენი გადაწყვეტილება? არ მოგწონთ? ეს თქვენი პრობლემაა, ეს კი - ჩვენი ქვეყანა და ჩვენი წესი.

ასე იმიჯნება და იფილტრება ირანში დასავლეთიდან მოდენილი ღირებულებები. თუმცა, ჯემშიდ გიუნაშვილი ამტკიცებს - ირანელებს ვერავინ დაუმტკიცებს, რომ ისინი დასავლურ კულტურას და ფასეულობებს არ იცნობენ და პატივს არ სცემენ. ირანში სპარსულ ენაზეა თარგმნილი ნებისმიერი დასავლური ფილოსოფიური სკოლის, ხელოვნების მიმართულების და ლიტერატურული ჟანრის წიგნი. მხოლოდ მასში არ უნდა შედიოდეს პორნოგრაფია. იტალიური რენესანსის პერიოდის მხატვრები პორნოგრაფიად იქ, ცხადია, არავის მიაჩნია, მაგრამ იაფფასიან პორნოგრაფიულ კინოპროდუქციას კრძალავენ. იგივე შეიძლება ითქვას დასავლურ ფილოსოფიურ სკოლებზეც - ირანში არ უშვებენ კაცთმოძულე ფილოსოფოსებს, სამაგიეროდ, ახლოს იცნობენ მარქსის, ნიცშეს, ჰაიდეგერის მსოფლმხედველობას. თარგმნილი აქვთ აბსოლუტურად ყველა წამყვანი ფრანგი, ინგლისელი, გერმანელი და რუსი ენათმეცნიერი და ლიტერატურათმცოდნეც. ირანში აუცილებელია, ყველა კულტურულ პროდუქტს აღმზრდელობითი მნიშვნელობა ჰქონდეს, ზნეობაზე დადებითად იმოქმედოს, ახალგაზრდებს პერსპექტივები დაუსახოს, ჩააფიქროს. ამიტომ მართალია, რაღაცები ფილტრში ჰყვება და იზღუდება, მაგრამ ჯემშიდ გიუნაშვილი მაინც არ ფიქრობს, რომ ირანის ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას დასავლეთისგან იზოლაციაში ამყოფებს. და კიდევ ერთი დეტალი მიაჩნია საგულისხმოდ - მაშინ, როცა ევროპაში მუჰამედის კარიკატურებს ხატავენ, ირანელი ქალები მიქელანჯელოს პიეტას მიხედვით ხალიჩას ქსოვენ. ასეთი მაგალითის გახსენება ჯემშიდ გიუნაშვილს მრავლად შეუძლია. მისთვის ეს იმაზე მეტყველებს, რომ ირანელები ღრმად და საფუძვლიანად იცნობენ ევროპულ კულტურას, მხოლოდ - ღირებულს და მნიშვნელოვანს.

რაც შეეხება ფილტრს, მის ფუნქციას ასრულებენ კულტურისა და ისლამური დამოძღვრის სამინისტრო, უმაღლესი განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ხელოვნების აკადემია, ენისა და ლიტერატურის აკადემია. ამ დაწესებულებებში განათლებული ხალხი მუშაობს. საერთოდ ირანში ასეა, ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან პოსტზე მეცნიერულად განათლებამიღებული ადამიანი მსახურობს. ჯემშიდ გიუნაშვილი გვთავაზობს, თუნდაც ქვეყნის ძველი და დღევანდელი მმართველების განათლებას გადავხედოთ:

აიათოლა ხომეინი - ძალიან ცნობილი და ავტორიტეტული თეოლოგი. ავტორი ნაშრომების ორმოცი ტომის - ეკონომიკაში, ეთიკაში, ესთეტიკაში, არაბულ და ირანულ ფილოლოგიაში და ა.შ.

ყოფილი პრეზიდენტი ხათამი - ის გიორგი სანიკიძემ, თურმე, ასე დაახასიათა: ხათამი გახლავთ მუსლიმური თეოლოგიის, სპარსული კლასიკური კულტურისა და ლიტერატურის და დასავლური ფილოსოფიის მაღალი სინჯის სინთეზი.

ირანის დღევანდელი სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი - ღრმად განსწავლული თეოლოგი, შრომებით თეოლოგიაში, ხელოვნების თეორიაში და საზოგადოების მართვის საკითხებში. გარდა ამისა, სამხედრო საკითხების კარგად მცოდნე და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე.

ირანის პარლამენტის დღევანდელი სპიკერი ღოლამ ალი ჰადად-ადელი - კანტის სპეციალისტი, ენისა და ლიტერატურის აკადემიის პრეზიდენტი, განათლების მინისტრის მოადგილე. დღეს არის პარლამენტის თავმჯდომარე და დიდი ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი.

ირანის დღევანდელი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი - ჩრდილო-აღმოსავლეთ ირანში მდებარე რაიონიდან, სენმანიდან გახლავთ. ის მჭედლის შვილია, მაგრამ ბავშვობიდანვე ძალიან განათლებული. სკოლის დამთავრების შემდეგ, სრულიად ირანის მასშტაბით მოწყობილ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ჯილდოდ ნებისმიერ უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა. როგორ გგონიათ, რა ფაკულტეტი აირჩია, პროვინციელმა მჭედლის შვილმა? - სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი. შემდეგ ფრონტზეც წავიდა, დოქტორანტურაც დაამთავრა და ყველა მნიშვნელოვან პოსტზე იმსახურა: გამგებელი, გუბერნატორი, დედაქალაქის მერი და ბოლოს პრეზიდენტი.

მის წარმომავლობას ჯემშიდ გიუნაშვილი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ პრეზიდენტი გამონაკლისი არაა. ირანის პერიფერიულ რაიონებშიც კი განათლების მიღების დონე საკმაოდ მაღალია. დედაქალაქისგან მოშორებით ირანში უზარმაზარი სამრეწველო და კვლევითი ცენტრები არსებობს - ისპაჰანი, თავრიზი, შირაზი... - შესაბამისად, ამ პროვინციული ქალაქების ინტელექტუალური დონეც მაღალია. ჯემშიდ გიუნაშვილი იმასაც იხსენებს, რომ უნივერსიტეტი, მართალია, აგრარული მიმართულების, მაგრამ მაინც, ფერეიდანსაც აქვს. ისპაჰანის გუბერნიაში კი, რომელიც ტერიტორიით საქართველოს არ ჩამოუვარდება, ინდუსტრიით კი ორ-სამჯერ დიდია მასზე, 17 გამგებელი ფერეიდნელი ქართველია. ფერეიდნელი ქართველები ხშირად ირანის სამხედრო ატაშეების პოსტებზეც მსახურობენ... ანუ, გამოდის, რომ ირანის ყველა ერთგული ქვეშევრდომი, რომელიც ნიჭიერებით გამოიჩენს თავს, დიდ სიმაღლეებს დაიპყრობს.

ჯემშიდ გიუნაშვილი თვითონვე სვამს შემხვედრ კითხვას - მაშინ, რატომ ხდება ისე, რომ საქართველოში ფერეიდნელ ქართველებს დაჩაგრულებად იცნობენ? პასუხი მარტივია: ფერეიდნელები თანდაყოლილი ნოსტალგიით იჩაგრებიან. ეს გრძნობა მათ მემკვიდრეობით გადმოეცათ და დიდი პაპების ტრადიციებს დღემდე ინახავენ. თუმცა, ამავე დროს, ირანის დიდი პატრიოტებიც არიან. ჯემშიდ გიუნაშვილი იხსენებს, რომ ირანში უამრავ ქუჩას, გამზირს და მოედანს ჰქვია ირან-ერაყის ომში დაღუპული რომელიმე ფერეიდნელი ქართველის სახელი. სპარსეთის ყურეში მდებარე კუნძულ ქეშმზე კი იმამ-ყული-ხან უნდილაძის, როგორც ძლევამოსილი სარდლის, უზარმაზარი ძეგლიც დგას.

დასკვნა ასეთია: ირანში ადამიანის წარმომავლობა უმნიშვნელოა, მთავარია მან დადებითი ფუნქცია შეასრულოს ირანისთვის და დიდებაც გარანტირებული აქვს.

თუმცა, ფერეიდნელი ქართველების საკითხს სხვა კუთხეც აქვს. რა უნდა გააკეთოს საქართველომ მათი თანდაყოლილი ნოსტალგიის გასაქარვებლად? მათში საქართველოს შესახებ ცოდნის გასაღრმავებლად?

ელჩობის პერიოდში ჯემშიდ გიუნაშვილი თავის ერთ-ერთ უპირველეს მოვალეობად სწორედ ამ საკითხზე ზრუნვას თვლიდა. ამიტომ იყო, რომ 1994 წლიდან მოყოლებული 2004-მდე ის საგამომცემლო საქმით იყო დაკავებული. მისი ინიციატივით ირანის სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში სისტემატურად იბეჭდებოდა მასალები მნიშვნელოვანი ქართული თარიღების შესახებ: ორი გვერდი ვახუშტი ბაგრატიონის სამასი წლის იუბილესადმი, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული ჩანართი, მასალები მიძღვნილი 14 აპრილის, ქართული ენის დღისადმი, პუბლიკაციები „ვეფხისტყაოსნის“ სპარსული პროზაული თარგმანის შესახებ, რომლის რედაქტორიც ჯემშიდ გიუნაშვილი იყო, მთარგმნელი კი ფარშიდ დელშადი. გარდა ამისა, იყო წიგნებიც. რადგანაც ჯემშიდი ახლოს იცნობდა ირანული მართვის სისტემას, იცოდა, ამ წიგნების საგამომცემლო ხარჯების ადგილობრივი ფონდებით ანაზღაურება არ გაუჭირდებოდა. ასეც მოხდა: სანამ ელჩი იყო, ირანში რამდენიმე ქართული წიგნი გამოსცა: „ვეფხისტყაოსნის“ პროზაული თარგმანი, 1001 ქართული ანდაზა, საქართველოს გეოგრაფია - საკითხავი წიგნი ბავშვებისთვის. თვითონვე ზრუნავდა იმაზეც, რომ ეს გამოცემები ფერეიდნელი ქართველების ოჯახებში მოხვედრილიყო. ფერეიდანში ქართულ სკოლას ვერ გახსნი, არა იმიტომ, რომ ქართველი ეროვნული უმცირესობაა, არამედ იმიტომ, რომ იქაური ქართველი მუსლიმია. ამიტომ საკუთარ ენაზე ძველი სამშობლოს კულტურის გაცნობა იქ ფოლკლორად ითვლება. შესაბამისად, საჭიროა, ამ ნიშას მოვერგოთ და ფერეიდნელ ქართველებს ისე მივაწოდოთ ქართული საგანმანათლებლო მასალა, რომ მათ ეს წინ არ დახვდეთ, ვინმეს საეჭვოდ არ ეჩვენოს.

ჯემშიდ გიუნაშვილი, სანამ ელჩი იყო, მუდმივად უგზავნიდა ფერეიდნელებს ქართულ წიგნებს. არ ივიწყებდა არც საგაზეთო პუბლიკაციებს. ვთქვათ, ვახუშტი ბაგრატიონისადმი მიძღვნილი თეირანული ყოველკვირეული გაზეთი ავიღოთ. საელჩო ყიდულობდა ასეთ შვიდას გაზეთს და ფერეიდნელ ქართველებს სათითაოდ უგზავნიდა. ესეც რომ არა, გავიხსენოთ იგივე საკითხავი წიგნი საქართველოს გეოგრაფიაზე - ნოუროზობის დღეს, დღესასწაული საელჩომ ფერეიდნელ ქართველებს ამ წიგნით მიულოცა. შეისყიდა 400-500 ეგზემპლარი და თითო სოფელში რამდენიმე ცალი დაგზავნა. გამოდის, იქაურ წესებთან თანხვედრით, კანონის დარღვევის გარეშე, მაინც შეიძლება ფერეიდნელი ქართველებისათვის საჭირო საქმის გაკეთება, იმის მიღწევა, რომ თუნდაც ფოლკლორის ნიშაში ყოველი ფერეიდნული ოჯახის ბიბლიოთეკას ამშვენებდეს ქართული გამოცემები.

ჯემშიდ გიუნაშვილს კიდევ ერთი გარემოება მიაჩნია საგულისხმოდ: კარგი იქნება, თუ ამ საქმის კეთებით თვითონ ფერეიდნელებსაც დავაინტერესებთ. თვითონ ასეც იქცეოდა. როცა ილია ჭავჭავაძის საიუბილეო ჩანართი გააკეთა გაზეთში, ერთი პუბლიკაცია ილიას შესახებ ფერეიდნელ ქართველს დააწერინა. მისი ელჩობის პერიოდში კი ასეთი რამეც მოხდა: ისპაჰანში ფერეიდნელმა ქართველმა გამოსცა ქართულ-სპარსული ლექსიკონი, რომელშიც 16 ათასი სიტყვაა შესული.

საქმე ისიცაა, რომ თვითონ ირანელები ქართველებს უცხო სხეულად არ მიიჩნევენ. და პლუს ამას, როდესაც ორი ქვეყნის კულტურულ დაახლოებაზე ზრუნავ, მცდელობას მაღალ დონეზე გიფასებენ. შარშან, ვახუშტი კოტეტიშვილი და ჯემშიდ გიუნაშვილი გახდნენ ლაურეატები სპარსული ენისა და ლიტერატურის შესწავლა-პოპულარიზაციისთვის, წელს კი - ქართულად ნათარგმნი ყურანი გახდა წლის წიგნი. ჯემშიდ გიუნაშვილი ფიქრობს, რომ ქართველებს უნდა ეყოთ ჭკუა, ხელი შეუწყონ „კავკასიურ სახლს“, რათა ყურანი რამდენიმე ათასი ეგზემპლარი დაბეჭდონ და თითო ცალი ფერეიდნულ ოჯახებს გაუგზავნონ. გაუძლებს თუ არა ასეთი ქართული გამოცემა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მკაცრ ცენზურას და გაარღვევს თუ არა სხვების მიერ იზოლირებულად მონათლული ქვეყნის საზღვრებს? - გვეკითხება ჯემშიდ გიუნაშვილი. ცხადია, გაუძლებს კიდეც და გაარღვევს კიდეც - თუ კუთხეს მოუძებნი და ირანს ღრმად გაიცნობ, მასზე წარმოდგენას აუცილებლად შეიცვლი.

P.S.. თვითონ ჯემშიდ გიუნაშვილი ახლა უკვე თბილისშია. ყოფილი ელჩი საუნივერსიტეტო საქმიანობას დაუბრუნდა. ირანთან კი მას უზღვავი ცოდნა, დიდი სიყვარული, თეირანიდან წამოღებული ტონანახევარი წიგნი და არანაკლებ დიდი წონის სუბიექტური მოგონებები აკავშირებს. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ იმპორტული ხილია. 1910 წელს დაიბადა, თეირანში.

9.4 ვარსკვლავთმრიცხველი

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: სანდრო ნავერიანი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე, სანდრო ნავერიანი, პირადი არქივი

0x01 graphic

ფოტო: სანდრო ნავერიანი

0x01 graphic

ფოტო: სანდრო ნავერიანი

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

გია ჯავახიშვილი თავისივე ფორდ „ფიესტასავით“ ამბიციურია. და შეიძლება, უფრო მეტადაც. ერთ ტონიან „ფიესტაზე“ კი არავინ თქვას, ამბიციის დეფიციტს განიცდისო - აბასთუმნის ობსერვატორიამდე და იმ მონაკვეთის მერეც, სადაც ობსერვატორიამდე მიმავალი თავბრუდამხვევი სერპანტინი იწყება, გია და „ფიესტა“ ერთად აწვებიან, გვერდითა სავარძლიდან კი მეუღლე ამხნევებს - მეტი გაზი, მეტი გაზი! ასე აწვება, მიუხედავად იმისა, რომ სერპანტინის გავლა ობსერვატორიის გამოცდილ მძღოლსაც კი უჭირს საკუთარი „ნივით“.

ამბიცია დიდი კი აქვს, მაგრამ მაინც მანქანაა - რობოტი - ამიტომაც, ხშირად ისეთ ადგილზე იჭედება, საიდანაც ობსერვატორიამდე სერპანტინის სულ რაღაც ორი მოსახვევი რჩება და ამ დროს გია მანქანის ამბიციებს ივიწყებს, სადაც გაიჭედა, იქვე, გზიან, მაგრამ უღრან ტყეში, ტოვებს და ობსერვატორიაში ასასვლელად ობსერვატორიის გამოცდილ მძღოლს ურეკავს.

ასე მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთარია, ან ადრე გაზაფხული, თორემ ზაფხულობით გიას, ალბათ, მანქანა საერთოდ არ სჭირდება - ფეხით მიუყვება მთელ სერპანტინს და ისე ადის ზღვის დონიდან 1600 მეტრზე, სადაც მთა ყანობილზე საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია მდებარეობს.

გია ჯავახიშვილი ობსერვატორიის დირექტორია. ჩემი დაკვირვებების შედეგად დავადგინე და ამაში ერთი პროცენტითაც კი არ მეპარება ეჭვი - გია ჯავახიშვილს, რაც ყველაზე მეტად არ უნდა, ეს არის დირექტორობა. ეს სიტყვები, უბრალოდ წამოყრანტალებული არ გეგონოთ, ან იმის გამო დაწერილი, რომ გიას თავმდაბლობას გავუსვა ხაზი, არა! გიას მართლა არ უნდა დირექტორობა, მაგრამ საქმე მოითხოვს. საქმე - მარტივად რომ ვთქვა, ასტრონომიის პოპულარიზაცია და ამ მეცნიერების მაღალ საფეხურზე აყვანაა.

გია ჯავახიშვილი 1958 წლის ხუთ აპრილს დაიბადა, 1966 წელს კი დედამისთან და დედამისის მეგობართან ერთად ავტობუსში ავიდა. ვიღაც ხანში შესული კაცის გვერდით დაჯდა. იმ დროს ადამიანები უკეთეს გუნებაზე იყვნენ ვიდრე დღეს, ამის დასტურია ისიც, რომ არ მახსოვს, რომელიმე უცნობს ჩემთვის ეკითხა, რომ გაიზრდები, რა გინდა გამოხვიდეო, არადა, ძალიან ხშირად ვმჯდარვარ უცნობ ადამიანებთან ავტობუსშიც და ტროლეიბუსშიც. იმ უცნობმა, ექვსი წლის გიას გვერდით რომ იჯდა, გიას საუბარი გაუბა - დედა უფრო გიყვარს თუ მამა, რამდენი წლის ხარ, რომ გაიზრდები, რა გინდა გამოხვიდე? ბოლო კითხვაზე გიამ უპასუხა, რომ ასტრონომობა უნდოდა. იმ კაცს, ალბათ, გაუკვირდა, მაგრამ ავტობუსიდან ჩასვლის წინ გიასგან პირობა მიიღო, როცა გაიზრდებოდა, მასთან მისულიყო უნივერსიტეტში. შემდეგ გაირკვა, რომ ის უცნობი პავლე ოქროპირიძე ან ევგენი ხარაძე იყო. „ან“ იმიტომ, რომ ორივეს ერთნაირი ჰაბიტუსი ჰქონდა, ისე კი, ორივე ასტრონომები იყვნენ. წლების შემდეგ, გია ჯავახიშვილს ორივესთან მოუწია მუშაობა, მაგრამ ერთხელაც არ გაუხსენებია ეს შემთხვევა არც ერთისთვის, რომ გაერკვია, რომელ მათგანთან ერთად იმგზავრა იმ დღეს ავტობუსით.

ზუსტად არ იცის, რატომ უნდოდა ბავშვობიდანვე ასტრონომობა, მაგრამ ბიძამისის სიტყვები კარგად ახსოვს - რომ გაიზრდები, ევგენი ხარაძისნაირი კაცი უნდა გახდეო. ევგენი ხარაძე მაშინ ცნობილი კაცი იყო - მეცნიერი და აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორი. ბიძამისის სიტყვები კი გარკვეულწილად ახდა - გია, ასტრონომია და ობსერვატორია განუყრელები გახდნენ. აბასთუმანი მისი საყვარელი ადგილი სტუდენტობიდანვე იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც იქაურობას სათავეში ჩაუდგა, მენეჯერის ვალდებულებებიც იგრძნო, ძველი მმართველების მართვის სტილზეც ჩაფიქრდა და საკუთარი გეგმების შედგენაც დაიწყო. დღეს გია ძველებურად კარგი მეცნიერია, მაგრამ ჯერ თვითონაც არ იცის, როგორი მენეჯერი.

0x01 graphic

სტრუქტურა, რომლის განკარგვაც გიას ევალება, 1932 წლის რვა თებერვლის დეკრეტით დაარსდა. ის საბჭოთა კავშირში პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორია იყო და მხოლოდ ერთი ტელესკოპით შემოიფარგლებოდა. მას, თანდათან, წლების განმავლობაში ემატებოდა და ემატებოდა - 125 სმ-იანი რეფლექტორი, 70 სმ-იანი მენისკური ტელესკოპი, 40 სმ-იანი რეფრაქტორი, ასტროგრაფი, ფოტომეტრი, კორონოგრაფი, სპექტროგრაფი და ასე, ნელ-ნელა, მათ რიცხვმა თხუთმეტს მიაღწია. ყველა ამ ხელსაწყოს თავისი დანიშნულება აქვს, მაგალითად, კორონოგრაფი მზის გვირგვინის და პროტუბერანცების (მზეზე მომხდარი აფეთქებების) დასაკვირვებლად გამოიყენება, მენისკური ტელესკოპი - გარეგალაქტიკური ობიექტების და სუსტი ვარსკვლავების დასაკვირვებლად.

აბასთუმნის ობსერვატორიის ასტროკლიმატი უნიკალურია - ზღვის დონიდან 2000 მეტრამდე მდებარე ობსერვატორიებს შორის ცაზე დასაკვირვებლად ის საუკეთესოა. თუმცა, ობსერვატორიის, მაინცდამაინც, აბასთუმანში დაარსების მიზეზი მისი ასტროკლიმატური პირობები არ ყოფილა, აქ რომ ცაზე დასაკვირვებლად უნიკალური გარემო იყო, ეს თანდათან, წლების შემდეგ აღმოაჩინეს. თურმე, აბასთუმანში, წელიწადის თითქმის სამი მეოთხედის განმავლობაში, ღამით ცა მოწმენდილი და განსაკუთრებულად გამჭვირვალეა. მიზეზი ისიცაა, რომ აბასთუმანი შორსაა დაბინძურებული ქალაქებისგან. ასეთი კლიმატური პირობები კი, ევროპაში უკვე აღარ არის - იქაური ჰაერი, გამონაბოლქვის გამო, სულ უფრო და უფრო გაუმჭვირვალე ხდება.

გიას უკვე აქვს გეგმები, რომლებიც თუ განახორციელა, აბასთუმნის ობსერვატორია ერთ-ერთი წამყვანი ობსერვატორია იქნება ევროპაში. გიას ძალიან უნდა, აბასთუმანში ისეთი პირობები იყოს, რომ ყველა უცხოელ ასტრონომს ერთი სული ჰქონდეს საქართველოში ჩამოსვლის; რომ მათთან ერთად იმუშაონ ქართველმა ასტრონომებმა, ერთად დააკვირდნენ ვარსკვლავთგროვებს, აღმოაჩინონ ზეახალი და ახალი ვარსკვლავები და კომეტები. რომ აბასთუმნის ობსერვატორიის მიღწევები მთელი მსოფლიოსთვის გახდეს ცნობილი - კოსმოსში სულ უფრო მეტ ციურ სხეულს დაერქვას ქართველი ასტრონომების სახელი, ობსერვატორიის მეცნიერების მიღწევები და ნაშრომები კი ისევე დაფასდეს, როგორც, მაგალითად, რამდენიმე ხნის წინ როლან კილაძის შემთხვევაში მოხდა. როლან კილაძემ შექმნა პროგრამა, რომლითაც NASA დაინტერესდა. ამ პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია კოსმოსში გაშვებული ყველა თანამგზავრის კოორდინატების დიდი სიზუსტით წინასწარ გათვლა.

ერთი სიტყვით, გიას მიზანია, აბასთუმნის ობსერვატორია იყოს თანამედროვე სამეცნიერო სტრუქტურა და არა დედათა და ბავშვთა საზაფხულო სანატორიუმი (სამწუხაროდ, 90-იანებში ბევრმა სამეცნიერო ინსტიტუტმა დაკარგა პირველადი ფუნქცია).

გია დარწმუნებულია, რომ ყველაზე მეტად ობსერვატორიის განვითარებაზე საქართველოს განვითარება მოახდენს გავლენას - თუ საქართველო იქნება ძლიერი, სტაბილური, განვითარებული და თანამედროვე ქვეყანა, მაშინ ობსერვატორია და ზოგადად, ქართული ასტრონომიაც იქნება ძლიერი და თუ საქართველო იქნება ბანანის რესპუბლიკა, ობსერვატორიაშიც იქნება ბევრი ბანანი. ისე, სხვათა შორის, „იუნესკოს“, ქვეყნის განვითარების შეფასების სამი არაოფიციალური კრიტერიუმი ჰქონია - თუ სახელმწიფოში განვითარებულია სპორტი, ფილოსოფია და ასტრონომია, მაშინ სახელმწიფო არ ითვლება ბანანის რესპუბლიკად. ასე რომ, გილოცავთ, ჩვენ ყველანი ჯერაც ბანანის რესპუბლიკაში ვცხოვრობთ.

გია თავის ფოტოარქივს მათვალიერებინებდა, ეს ყაზახეთის ობსერვატორიაა; ეს გერმანელებმა რომ პირველი კომპიუტერი მაჩუქეს; ეს შტატებშია გადაღებული, ორკაციანი თვითმფრინავით ვიფრინე; ეს მე ვარ, ოღონდ ნამდვილი მე. ნამდვილი გია არის წვერებში, ერთი შეხედვით მოუვლელი, სულ სიგარეტით და სულ ტელესკოპთან. დღის ოთხ საათზე მეუღლის ზარი თბილისიდან, პასუხი - ახლა გავიღვიძე. გარშემო სიგარეტის ნამწვებით გატენილი საფერფლეები, უზმოზე კიდევ რამდენიმე ღერი სიგარეტი, იქამდე, ვიდრე ჩაიდნით წყალი არ ადუღდება. მერე რამდენიმე ჭიქა ჩაი - მთელმა კვირამ ისე შეიძლება გაიაროს, რომ წყალს არ დალევს. მერე როცა მიხვდება, რომ მოშივდა, ორცხობილას შეჭამს - საჭმელს არ გაამზადებს - დროის ფუჭად ფლანგვაა. მერე კი, როცა მზე ჩავა, ტელესკოპთან წელში მოხრილი ჯდომა - ერთი შეხედვით, ეს „მძიმე“ ყოფა არის ის, რითიც გია ცხოვრობს და ვერც კი წარმოიდგენთ, თუ რა დიდი სიამოვნებით ლაპარაკობს ასე გატარებულ დროზე, რომელიც წელიწადში დაახლოებით 200 დღეს გრძელდება.

გია ბოლო დროს ეგრეთ წოდებული „სამი სხეულის ამოცანაზე“ მუშაობს. ამ საკითხზე ლაკონურად და ამავე დროს დაწვრილებით საუბარი შეუძლებელია - ეს არის თემა, რომელზეც მეცნიერები უკვე სამასი წელია, თავებს იმტვრევენ, მაგრამ უშედეგოდ. მისი შინაარსი პოპულარულ ენაზე ასე ჟღერს: მას შემდეგ, რაც გერმანელმა მათემატიკოსასტრონომმა, იოჰანეს კეპლერმა ორი სხეულის ამოცანა აღმოაჩინა - ახსნა თუ როგორ მოძრაობენ პლანეტები მზის გარშემო, მეცნიერებმა სამი სხეულის ამოცანაზე დაიწყეს ფიქრი, ანუ იმაზე, თუ როგორ იმოძრავებს სამი ციური სხეული ურთიერთმიზიდულობის ძალით. ამ საკითხზე მუშაობდნენ ნიუტონი, ლაპლასი, ლაგრანჟი, ეილერი, პუანკარე... და მუშაობს გია ჯავახიშვილი. ვაგლახ, „ფიესტას“ ამბიციებს! აი, ამას ჰქვია ამბიცია! თუმცა, უამბიციო მეცნიერი იგივეა, რაც ოფიცერი, რომელიც გენერლობაზე არ ოცნებობს.

გიას CV რო წავიკითხე, სიმართლე ვთქვა, ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ, ბევრი ჩემთვის გასაგებიც ეწერა, მაგალითად ის, რომ ლაპარაკობს რუსულ, გერმანულ, ინგლისურ და სომხურ ენებზე. კიდევ ფლობს ესპერანტოს. თუმცა, ყველაზე მეტად ის გამიკვირდა, რომ სომხური იცოდა. ვიცოდი, რომ არმენოლოგი არ არის და არც არასდროს დაინტერესებულა ენათმეცნიერებით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ორთაჭალაში გაიზარდა, სადაც ბევრი სომეხი მეზობელი და მეგობარი ჰყავდა და ეს თავისთავად მოხდა ისე, რომ ერთი გაკვეთილიც არ გაუვლია სომხურ ენაში. ასე, ადვილად ითვისებს ყველაფერს.

გენიალური და ყოვლისმთქმელია გიას CV-ის დასაწყისი, სადაც გრაფაში „მისამართი“ ჩაწერილი აქვს „აბასთუმანი, ობსერვატორია“. აქ დამთავრდა იმაზე ტვინის ჭყლეტა, თუ რას ნიშნავს გია ჯავახიშვილისთვის ასტრონომია. არც სადარბაზოს ნომერი, არც სართული, სრულიად არაფერი, გარდა ორი სიტყვისა - „აბასთუმანი, ობსერვატორია“. ამაზე, „რამკიანი ქურდების“ სიტყვები ამომიტივტივდა - ჩემი მისამართი საბჭოთა კავშირია.

გიას მეუღლის, მარინას CV არ მინახავს, მაგრამ, ალბათ, გრაფაში „მისამართი“ მასაც „აბასთუმანი, ობსერვატორია“ უწერია. გიამ და მარინამ ერთმანეთი დაახლოებით 21 წლის წინ, ტელევიზიის შესასვლელთან გაიცნეს. მაშინ მხოლოდ ერთი ტელევიზია იყო. გია რადიოში მიდიოდა ინტერვიუს ჩასაწერად, მარინა ტელევიზიაში - სიმღერის. ერთმანეთი საერთო მეგობარმა გააცნო და მას შემდეგ ერთად არიან, ძირითადად აბასთუმანში, აბასთუმნის ყველა სტუმრის მასპინძლები. ცხოვრობენ წლების წინ ობსერვატორიის თანამშრომლებისთვის აშენებული „ხრუშჩოვკის“ პირველ სართულზე, კარს არასდროს კეტავენ და თუ შენც იმ ბინის უნებლიე სტუმარი ხარ, ვერ მიხვდები, ვინ არის ბინის პატრონი იმიტომ, რომ იქ შენთვის უცნობი ადამიანები ისე შედიგამოდიან, ვერავისზე იტყვი - ეს არის ბინის მეპატრონე. ბოლო პერიოდში ვითარება ცოტათი შეიცვალა - გია უკვე დირექტორია და ზოგიერთი მას ისე ექცევა, როგორც დირექტორს - ადრე თუ პირდაპირ, ურდულს ჩამოწევდნენ და ისე შედიოდნენ გიასთან, ახლა - აკაკუნებენ. ამ ფაქტზე გია ბრაზდება და თანამშრომლებს სთხოვს, რომ ისე მოექცნენ, როგორც მეგობარს და რიგით თანამშრომელს - შეეკამათონ, რამე ურჩიონ. თუმცა, თანამშრომლების ნაწილთან უშუალო ურთიერთობის პრობლემა არ აქვს. ისინი, გიასთან, ძველებურად, ისევ დაუკაკუნებლად შედიან, რომელი საათიც არ უნდა იყოს.

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: სანდრო ნავერიანი

საბჭოთა გადმონაშთები ობსერვატორიაში ადვილად შესამჩნევია, თუმცა, ერთი შეხედვით, ჯერ მხოლოდ საბჭოური ინფრასტრუქტურა გხვდება თვალში: ზემოთ ნახსენები „ხრუშჩოვკა“, ორმაგი კარ-ფანჯარა და საქაღალდეები, რომლებსაც აწერია Дело. თუმცა თვალში საცემი არა მხოლოდ საბჭოთა ინფრასტრუქტურაა - გიას დღესაც უწევს ზოგიერთებისთვის იმის ახსნა, რომ სახელმწიფოს ქონებით ისე ვეღარ ისარგებლებ, როგორც წინათ იყო, რომ სისტემა შეიცვალა და მოწესრიგდა და რომ, მასზე როგორც დირექტორზე აღარ არის დამოკიდებული ობსერვატორიის ფინანსური ოპერაციები. გია ასეთ ადამიანებთან უხეშად და უცებ ვერ წყვეტს საუბარს, უსმენს, რჩევებს აძლევს, გულწრფელ სინანულს გამოხატავს და მარტო დარჩენის შემდეგ მეუღლეს ეუბნება - მარო, ჩაი დამალევინე რა.

გია ჩაის სვამს და საბჭოთა პერიოდის მიმართ ნოსტალგია უჩნდება, არა რეჟიმის, არამედ, იმდროინდელი სამუშაო გარემოს მიმართ. მაშინ არაფერზე არ ფიქრობდა, გარდა ციური სხეულებისა, მთელ წელიწადს ობსერვატორიაში ატარებდა, აკვირდებოდა ცას და ისე, როგორც ოთხმოცდაათიანებში დაკვირვების დროს, არ ფიქრობდა, ქურთუკი გაეცვალა თუ შარვალი ერთ კილო კარტოფილში, ან სიმინდის ფქვილში. ახლა ასე აღარაა, მაგრამ 90-იანების კვალი ობსერვატორიის ინფრასტრუქტურას და თანამშრომლების ცხოვრებას, მაინც, დღემდე ეტყობა.

გიამ თავიდანვე იცოდა, რომ ასტრონომია არ იყო სარფიანი პროფესია, მაგრამ იმდენად უნდოდა, სხვაგან სადაც არ უნდა ჩაებარებინა ან ემუშავა, მაინც, ასტრონომიაზე იფიქრებდა. ეს თავიდანვე გაიაზრა და არჩია ეცხოვრა სიამოვნებით ვიდრე სიამოვნებისთვის - კვარტლიდან კვარტლამდე ფულის გროვებით და შემდეგ სადმე, პლაჟებზე გარუჯვისთვის. მისთვის ყველანაირი მატერიალური კომფორტი დროებითი მიღწევაა იმიტომ, რომ ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შენზე უკეთეს მანქანას შეიძენს და იერარქიითაც მაღლა იდგება, მაშინ კი, გულის სიღრმეში იფიქრებ, რომ შენმა ცხოვრებამ ფუჭად ჩაიარა და მილიონები თურმე არაფერი ყოფილა - ყველას დაავიწყდება შენი მაგარი „როლს-როისი“ იმიტომ, რომ იმ ვიღაცას უფრო მაგარი აქვს. მეცნიერებაში კი, განსაკუთრებით ასტრონომიაში, ყოველი ახალი აღმოჩენა სამუდამოდ რჩება, მართალია, შეიძლება ვინმემ უფრო მნიშვნელოვანი და დიდი აღმოჩენა გააკეთოს, მაგრამ ის აღმოჩენა შენი მიღწევების გარეშე ვერაფრით გაკეთდებოდა - ასტრონომიაში ყველა სიახლე და წინსვლა ჯაჭვური რეაქციით არის განპირობებული - ვერცერთი ასტრონომი ვერ გააკეთებდა ვერაფერს, რომ არა გალილეო გალილეი, რომელმაც ტელესკოპი გამოიგონა, გია ჯავახიშვილი ვერ იმუშავებდა სამი სხეულის ამოცანაზე, კეპლერს რომ არ აღმოეჩინა ორი სხეულის ამოცანა. მნიშვნელოვანია ის, რომ ყველაფერი, რასაც მიაღწევ, სამუდამოდ რჩება - ყოველი ნაბიჯი, ისეთიც კი, რომელსაც ყურადღებას არ აქცევ და გგონია, რომ უმნიშვნელოა, წლების შემდეგ შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი გახდეს კაცობრიობის ისტორიაში.

წლების წინ აბასთუმნის ობსერვატორიაში ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი ლუიზა ფიშკოვა მუშაობდა. იგი სისტემატურად აკვირდებოდა ღამის ცის ნათებას, რის შედეგადაც მსოფლიოში პირველმა დააფიქსირა, რომ ატმოსფეროში წარმოქმნილი შეშფოთებები კავკასიის სხვადასხვა რეგიონში მომხდარ მიწისძვრებს ემთხვეოდა. დღეს აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერები ლუიზა ფიშკოვას აღმოჩენაზე კვლავაც მუშაობენ. მართალია, ისინი თანხმდებიან, რომ მიწისძვრის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ მისი წინასწარმეტყველებით მსხვერპლის თავიდან აცილება მაინც გახდება შესაძლებელი. ამის მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ არსებული მიღწევების წყალობით წინაპირობა უკვე არსებობს.

გია ჯავახიშვილმა იცის, რომ გარკვეული ბუნებრივი მოვლენების წინ ცაში ცვლილებები ფიქსირდება, იცის, რომ აქვს შანსი, გამოიცნოს, რა როდის მოხდება, იყოს ჩვენზე - ჟურნალისტებზე, მეხანძრეებზე, ეთნოგრაფებზე წინ, თუნდაც, სულ ერთი წამით. ამიტომაც არის ასტრონომი.

და სწორედ ამიტომ აირჩია ასეთი ცხოვრება. კიდევ იმიტომ არის ასტრონომი, რომ როდესაც ტელესკოპით 50 მილიონი წლის წინ აფეთქებულ ვარსკვლავს აკვირდება, გიასთვის უინტერესო ხდება დღევანდელი დღე, ვიღაცის ინტრიგები, პოლიტიკური მოვლენები და ყველაფერი ის, რაც დედამიწაზე ხდება. იმ დროს, როცა ის აფეთქებულ ვარსკვლავს ხედავს, ზუსტად იმდენი წლით წინ არის ჩვენზე, რამდენი წლის წინაც აფეთქდა ის ვარსკვლავი. ალბათ, ყველა ასტრონომი ასე ფიქრობს, მაგრამ ყველას არ შეუძლია დაუფარავად საუბარი.

ვერ ვიტყვი, რომ გია ყველაფერზე ლაპარაკობს და არაფერს მალავს, ასე ნამდვილად არ არის, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან უყვარს ახალ ადამიანებთან ურთიერთობა და მათ აქტიური და გულახდილი საუბრის მანერით „აბამს“. ადამიანები ძალიან აინტერესებს. მათ ხანდახან ისევე აკვირდება, როგორც ციურ სხეულებს. ახალგაზრდობაში, როცა ობსერვატორიაში ახალი მისული იყო, აბასთუმნიდან ახალციხემდე ავტობუსით ჩავიდოდა, ავტობუსს შეიცვლიდა და თბილისამდე ასე მგზავრობდა. ამ დროს ისმენდა ბევრ ისტორიას, აკვირდებოდა ადამიანებს, ხან იწერდა და ხანაც იმახსოვრებდა მათ ამბებს და თვითონაც ესაუბრებოდა. გადაჯდომებმა სურვილი გაუჩინა, დაეწერა „მოხეტიალე კაცის ჩანაწერები“. ვერ დაწერა - ისევ ცის ბრალია, ტელესკოპთან გათენებული ღამეების.

გიას იმდენად აინტერესებს ადამიანები, რომ შეუძლია არანაკლები ყურადღებით უსმინოს ადამიანს, რომელიც ამტკიცებს, რომ დედამიწა ბრტყელია და ოთხკუთხედი, ვიდრე ადამიანს, რომელიც ესაუბრება ლიტერატურაზე. ეს იმიტომ, რომ გიას აინტერესებს, როგორ აზროვნებს ადამიანი. მან საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ მეცნიერება დასამტკიცებელი თეორემების, ვარაუდების და დიდი აღმოჩენებისკენ სიარულია, რაც შეიძლება ბევრი უბრალო ადამიანისთვის გაუგებარი, უცნაური ან სულაც გიჟური ნაბოდვარი იყოს. ჯორდანო ბრუნოს დასცინოდნენ და გიჟად თვლიდნენ, როდესაც ის ამბობდა, დედამიწა ბრუნავსო და ამიტომაც გია არავისზე ამბობს - ის გიჟია - იმიტომ, რომ ერთ დღესაც შეიძლება აღმოჩნდეს, რომ „მბრალდებლები“ ცდებოდნენ.

რამდენიმე ხნის წინ, გიამ და ობსერვატორიის მეცნიერთა ჯგუფმა აბასთუმნის უნიკალური ასტროკლიმატის წყალობით აღმოაჩინეს, რომ ფიქსირებულ რელიგიურ დღესასწაულებზე ატმოსფეროში ერთნაირი ცვლილებები შეინიშნება. ეს ხდება ექვს მაისს გიორგობაზე და ფერისცვალებაზე. ეს არის დაკვირვებების შედეგად მიღებული სურათი და მეტი არაფერი - გია ამით არაფრის ახსნას არ ცდილობს, ის უბრალოდ, ფაქტს ხედავს და თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს ფაქტი, მართლაც, ძნელი სათქმელია. არც თავად გიამ იცის, რატომ ხდება ასე, რას ნიშნავს ცვლილებები - იმას, რომ ღმერთი არ არსებობს და სამყარო ევოლუციის შედეგად გახდა ისეთი, როგორიც არის, თუ ევოლუცია და სამყაროც ღმერთმა შექმნა. თუმცა, ატმოსფეროში მომხდარ ცვლილებებს ახსნა იმ შემთხვევაში მოეძებნება, თუ მეცნიერები ამ თემაზე მუშაობას კვლავაც გააგრძელებენ. სხვა საკითხია, რამდენი დრო დასჭირდება ჭეშმარიტების დადგენას. მაგრამ რამდენიც არ უნდა დასჭირდეს, მეცნიერება მოთმინებას მოითხოვს. მოითმენს გიაც, იმიტომ, რომ მას გაწელილი, მაგრამ დეტალურად შესწავლილი პროცესები უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებს, ვიდრე ჩქარი მიღწევები.

სწორედ დაჩქარებული პროცესებია იმის მიზეზი, რომ გიას კომპიუტერი არ უყვარს. მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერის გარეშე მუშაობა ვეღარ წარმოუდგენია, მაინც თვლის, რომ კომპიუტერი ადამიანების გაზარმაცების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია. არ უყვარს კიდევ იმიტომ, რომ კომპიუტერსა და გიას ბუნებას შორის ვერა და ვერ დამყარდა ჰარმონიული თანხმობა - გიას უყვარს, როდესაც გამოთვლებს თვითონ აკეთებს, წერს პროგრამებს, ამუშავებს მეთოდებს... კომპიუტერი კი ამის საშუალებას არ იძლევა, მას ჯადოსნური enter-ი აქვს, რომელსაც დააჭერ თუ არა, ყველაფერი მზად არის.

ადრე, როცა კომპიუტერები არ არსებობდა, ასტრონომებს ამა თუ იმ ციურ სხეულზე დაკვირვება ტელესკოპით უხდებოდათ, მაგრამ დღეს ასტრონომების გარკვეული ნაწილი ინფორმაციას ინტერნეტიდან იღებს - კოსმოსური ტელესკოპებიდან და სხვადასხვა ობსერვატორიებიდან. დაკვირვებებსაც მათი საშუალებით ახდენენ, რადგან განსხვავება თითქმის არ არსებობს, ინტერნეტითაც შეიძლება, მიაღწიო ზუსტად ისეთივე შედეგს, როგორსაც ტელესკოპით დაკვირვების შედეგად მიიღებ. ამ ფაქტზე ასტრონომების მეორე, ტრადიციულად განწყობილი ნაწილი ღიზიანდება, თუმცა გია არა - მან იცის, რომ სასურველი შედეგის მიღწევა ასეც შეიძლება და ისეც, მაგრამ მაინც, ძალიან უკვირს, როგორ შეიძლება, ასტრონომს ტელესკოპში გახედვა მობეზრდეს და ციურ სხეულებზე მხოლოდ კომპიუტერით დაკვირვება არჩიოს.

არ ვიცი, ადრე თუ დღეს უფრო ხშირია აბასთუმნის ობსერვატორიაში ექსკურსიები, მაგრამ რა სიხშირითაც უნდა იყოს, როდესაც გია იქ არის, პირადი საქმის გარდა ექსკურსიებსაც ატარებს. ასეთ დროს ასტრონომიით დაინტერესებული ბევრი ახალგაზრდა უნახავს, რომლებიც მას გულისყურით უსმენდნენ. ის დიდი ენთუზიაზმით ესაუბრება ახალგაზრდებს ასტრონომიაზე და ექსკურსიის დასრულების შემდეგ იმედი უჩნდება, იმ ახალგაზრდების მეასედი მაინც რომ სერიოზულად დაინტერესდეს ასტრონომიით, საქართველოს კი არა მთელს დედამიწას ეყოფა, თან მისი პროფესიის ადამიანები ისედაც ცოტანი არიან დედამიწაზე.

რთულია, ადამიანი შეიცვალოს გია ჯავახიშვილის ასაკში, მით უფრო, თუ ის ასტრონომია და ისეთ ციურ სხეულებთან აქვს შეხება, რომელსაც ჩვენ მხოლოდ შეყვარებულთან ერთად სეირნობის დროს, რომანტიკული განწყობის შესაქმნელად, ზერელედ თუ ავხედავთ და ვიტყვით - რა ლამაზია.

არა მგონია, გია ჯავახიშვილი ოდესმე შეიცვალოს, ასტრონომია მისთვის მხოლოდ პროფესია არ არის, ასტრონომია მისი ყველაზე სტაბილური გატაცებაა, რაც ორმოცი წლის განმავლობაში წამითაც არ მობეზრებია. თუმცა, დიდი აღმოჩენების გაკეთების ამბიცია კი, ალბათ, დროთა განმავლობაში მაინც გაუნელდება. დროის მსვლელობას ხომ თავისი კანონზომიერება აქვს: საკუთარ როლს და ფუნქციას, რომელიც ახალგაზრდობიდან მოყოლებული სიბერემდე შეასრულე, უკვე ცივი გონებით და აბსოლუტური სიმშვიდით აფასებ. ეგუები და აღიარებ - ასაკი რეალობაა.

კომპოზიტორი ოფენბახი ყვებოდა: 20 წლის ასაკში მე ვამბობდი მეო, 25 წლის ასაკში - მე და მოცარტიო, 35 წლის ვიყავი, როცა ვამბობდი მოცარტი და მეო, ახლა კი მშვიდად ვამბობ მოცარტიო.

ალბათ, გიასთანაც ეგრეა: გარიჟრაჟზე გია, მერე გია და კეპლერი, მერე კეპლერი და გია, ბოლოს კი მარტო კეპლერი... წარმოდგენა არ მაქვს, რას იტყვის ბოლოს გია, მაგრამ ფაქტია - იმედი ადამიანთან ერთად კვდება! ჰოდა, იმედია, წლების შემდეგ ვინმე იტყვის: მე, მე და გია ჯავახიშვილი, გია ჯავახიშვილი და მე, გია ჯავახიშვილი.

10 სპეც-პროექტი

▲ზევით დაბრუნება


10.1 თავგადასავლის მაძიებელნი

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ქრისტო ტალახაძე
ფოტო: დავით მესხი

საქართველოს მრავალი მოქალაქე სხვა ქვეყნებში ამჯობინებს ცხოვრებას, რაც ბევრ შემთხვევაში გასაგებიცაა. ის უფრო ძნელი გასაგებია, აქ რატომ უნდა ვინმეს დაფუძნება - ეს ჩვენ გვიყვარს ჩვენი მიწა-წყალი, თორემ ისე რა, ქვეყანა დაილია? ისინი, ვისაც შემდეგ ფურცლებზე შეხვდებით, სულ სხვადასხვა მიზნითა და იმედებით ჩამოვიდნენ საქართველოში. ჩამოვიდნენ, დარჩნენ და წასვლას აღარ აპირებენ. ჩვენთვის ეს ერთგვარი ქათინაურიცაა - როგორც ჩანს, მაინც საინტერესოა ჩვენთან, არა?

0x01 graphic

ეველინა

0x01 graphic

ლიტველ ეველინას ნახევარი დედამიწა აქვს მოვლილი, უამრავ ენაზე ლაპარაკობს და სადაც ჩადის, დიდი წარმატებით ირგებს ხოლმე იქაურ ქუდს. ველოსიპედზე, რომლითაც ვილნიუსიდან საქართველომდე ხუთი ათასი კილომეტრი გამოიარა, წინწკლებიანი დროშა აქვს დამაგრებული - არცერთი ქვეყნის და არცერთი ხალხის, უბრალოდ, ერთი მხიარული გოგოს დროშა.

დღეს თუ ჰკითხავთ, სადაური ხარო, გეტყვით, თბილისელიო. მეორე წელია, აქაა - მიდის, მოდის და კვლავ საქართველოში ბრუნდება.

0x01 graphic

შტეფი

გერმანელი შტეფი თბილისში მეგობარ გოგოს ჩამოჰყვა ამსტერდამიდან. კონკრეტული მიზანი არ ჰქონია, უბრალოდ, ჩამოვიდა - და დარჩა. ბევრჯერ უფიქრია, ხომ არ წავსულიყავიო, მაგრამ დღემდე აქაა და ისეთი პირი უჩანს, რომ კიდევ კარგა ხანს იცხოვრებს თბილისში, სოლოლაკში, თავის მეგობრებთან ერთად.

0x01 graphic

აი

ტრინიდადელი რაის მამას უნდოდა, რომ მისი შვილი კარგი ექიმი დამდგარიყო. ერთი ისაა, რომ მაიამიში სწავლა ძალიან ძვირი სიამოვნებაა.

აი, ჯორჯია კი... უბრალოდ, უფრო ხელმისაწვდომი ჯორჯია, ამერიკის შტატი კი არა, საქართველო აღმოჩნდა.

ამჟამად, რაი თბილისში ეუფლება მედიკოსის რთულ საქმეს. გაუგებრობა მოხდა, მაგრამ ეგ არაფერი.

0x01 graphic

ნგელუ

ნეპალელი ანგელუ თბილისში ცხოვრობს. მას ჩვენს სამშობლოში განსაკუთრებით სამზარეულო მოსწონს. ანგელუ ქართული კერძების დამზადების ხელოვნებას დიდი გულისყურით ეუფლება და იმედოვნებს, რომ შინ დაბრუნებული თავის თანამემამულეებსაც შეაყვარებს ხაჭაპურსა და ინდაურის საცივს.

0x01 graphic

კემი

იაპონელ აკემის უნდოდა, თავისი სამშობლოსგან სრულიად განსხვავებული კულტურის ქვეყანაში ეცხოვრა, იქ, სადაც მის ყოფაში მაღალი ტექნოლოგიები არ შეიჭრებოდა.

საქართველო მის ამ მოთხოვნას ნამდვილად დააკმაყოფილებს.

0x01 graphic

ლინდონი და კრისტოფერი

ლინდონი ტრინიდადელია. ის თბილისში ვარდების რევოლუციამდე ჩამოვიდა და დანარჩენ საქართველოსთან ერთად გამოიარა კარგიც და ცუდიც, და დღეს თამამად შეუძლია იმის თქმა, რომ სხვა მოქალაქეებთან ერთად წყვეტს ქვეყნის სვე-ბედს.

კრისტოფერი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს. თავს სულ არ გრძნობს უცხოდ, სხვა თუ არაფერი, მისი მშობლიური ტრინიდადიცა და საქართველოც პატარა ქვეყნებია, იოლად შეიძლება ორიენტირება და საკუთარი წრისა თუ საქმის პოვნა.

0x01 graphic

მანო

მანო ჰოლანდიელია, დიჯეი. კარგა ხანია, ჩვენთანაა და ამჟამად უკვე საკუთარი კლუბის გახსნას აპირებს საქართველოში - სხვა თუ არაფერი, მისი ქართველი მეუღლე მალე შვილს გაუჩენს და, მოგეხსენებათ, ოჯახს რჩენა უნდა...

0x01 graphic

პრია, აშა და ვინოტი

პრია, აშა და ვინოტი ინდოეთიდან ჩამოვიდნენ. უწინ ქალაქ ჩანაიში ცხოვრობდნენ, ახლა თბილისელები არიან. რატომ? სულ მარტივი ამბავია: ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენა უნდათ.

0x01 graphic

ემი და ერიკი

ემიმ და ერიკმა ერთ დღეს გადაწყვიტეს, რომ მათი შვილები - ვაიეთი, ეზრა და ატეკა - ტიპურ ამერიკელებად არ უნდა გაზრდილიყვნენ. მათ სახლი გაყიდეს, უელსში ჩასულებმა მინიავტობუსი შეიძინეს და მოგზაურობა დაიწყეს.

ირანის საზღვართან მისული ოჯახი უკან გამოაბრუნეს, აქ არაფერი გესაქმებათო, და ასე აღმოჩნდა ლათინოამერიკული წარმოშობის ხუთი ადამიანი საქართველოში.

მას აქეთია, აქ ცხოვრობენ და ჩანს, კმაყოფილებიც არიან.

11 უახლესი ისტორია

▲ზევით დაბრუნება


11.1 წიგნიდან იყო და არა იყო რა

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: დათო ტურაშვილი

(გაგრძელება)

პირველი უთანხმოებაც ეროვნული მოძრაობის ლიდერებს შორის (რომელიც პირადად მახსოვს), თბილისში რონალდ რეიგანის სავარაუდო ჩამოსვლას მოჰყვა და მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტი საქართველოში არ ჩამოსულა, ჭორმაც კი მისი სტუმრობის შესახებ, ისეთი ვნებათაღელვები გამოიწვია, რომ ალბათ რეიგანის ჩამოსვლის შემთხვევაში, ერთმანეთს სამუდამოდ დაკარგავდნენ.

გასაგები იყო, რომ იგი ჯერ თბილისში ჩამოფრინდებოდა, მაგრამ გავრცელებული ჭორის თანახმად, რამდენიმე დღით აპირებდა საქართველოში დარჩენას ჩვენი ქვეყნის გაცნობის მიზნით.

ამიტომაც ირაკლი წერეთელმა იმთავითვე მოითხოვა რონალდ რეიგანის ზემო იმერეთში წაყვანა, მაგრამ ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერებმა სხვა მარშრუტებიც დაასახელეს, და მათ შორის, სვანეთი, რაჭა და მესხეთი.

წერეთელი დანარჩენი საქართველოს წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, არ იყო, მაგრამ რეიგანის ქართული მარშრუტიდან ზემო იმერეთის ამოღების შემთხვევაში, რადიკალური ზომებით იმუქრებოდა (იქვე, მოსამზადებელ შეკრებებზე) და სპეციალურად ასეთი შემთხვევისთვის გამოთქვამდა კიდეც ულტრარადიკალურ მოწოდებას - „ზემო იმერეთი ან არაფერი!“. სხვათა შორის, ლოზუნგური რადიკალიზმი იმთავითვე დამახასიათებელი იყო ჩვენი მოძრაობისათვის და სულაც არ იყო შემთხვევითი უფრო გვიანდელი ინერციაც - „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი!“. თუმცა მაშინ ქართველებს ჯერ კიდევ არ ეშინოდათ ამერიკელების (ყოველ შემთხვევაში, იმას ჯერ არ ამბობდნენ, რომ ამერიკელები შემოვლენ და მართლმადიდებლობას წაგვართმევენო) და რონალდ რეიგანის ჩამოსვლასაც სერიოზული მოლოდინი უსწრებდა წინ ეროვნული მოძრაობის ლიდერებს შორის. ახლა ადვილია ხუმრობა, მაგრამ მაშინ სულაც არ ხუმრობდნენ და ზემო იმერეთის საკითხიც სერიოზული განხილვისა და კამათის საგანი იყო, რადგან ეს (ან სხვა საკითხი) მხოლოდ საბაბი ხდებოდა მათთვის და მიზეზი კი მრავალსაუკუნოვანი ქართული პრობლემა გახლდათ, რომელიც დასაწყისშივე ანაწევრებდა საქართველოს ეროვნულ მოძრაობას.

ამიტომაც სიმართლეს ვიტყვი, რომ მაშინ ჩემთვის ჯერ კიდევ არ იყო ნათელი, რომ ამ სისუსტეს - განხეთქილებასა თუ დაპირისპირებას ლიდერებს შორის, შეიძლებოდა ტრაგიკული შედეგებიც მოჰყოლოდა, თუმცა ერთი რამ კი მესმოდა, რომ ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისათვის, შეიძლებოდა, ხელისუფლებისათვის ბრძოლაში გადაზრდილიყო და, სამწუხაროდ, ასეც მოხდა.

ამიტომაც ირაკლი წერეთელი ყოველთვის კეთილად მახსენდება და ზოგიერთებისაგან განსხვავებით, მას ძალაუფლებისათვის მართლა არ უბრძოლია და ახლაც მახსოვს მისი გულწრფელი ხმა, როცა ათასობით მომიტინგეს მიმართავდა ყველაზე ომახიანად - „ახლა ჩვენ აქედან დავიძრებით და შემაძრწუნებლად მოვედებით თბილისის ქუჩებს!“...

წერეთელს მართლა გულწრფელად უყვარდა თბილისის ქუჩებში შემაძრწუნებლად მოძრაობა (და არა საკუთარი თავი მოძრაობაში - როგორც ამას მერაბ კოსტავა ამბობდა ხოლმე) და ირაკლის მართლა გულწრფელად სურდა საქართველოს დამოუკიდებლობა. მერე იმ დამოუკიდებლობით სულ სხვა ადამიანებმაც ისარგებლეს და ახლაც კი, დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებიც არა მხოლოდ ირაკლი წერეთელს, საქართველოს დამოუკიდებლობასაც მონდომებით ებრძოდნენ.

ყველაზე მონდომებული კი (და ალბათ წარმატებულიც), მაშინდელი კაგებე ხმების გავრცელებაში იყო და როგორც ახლა ხდება, მაშინაც (ზოგჯერ) ადამიანები ტყუილს უფრო ადვილად იჯერებდნენ ხოლმე, ვიდრე სიმართლეს.

ერთხელაც, როცა ირაკლი წერეთელი ახალი გამოსული იყო ციხიდან (შედარებით გამხდარიც იყო) და ბევრნიც ჯერ კიდევ ვერ ცნობდნენ სახეზე, უნივერსიტეტში მოვიდა ჩვენს მიტინგზე და მისთვის ჩვეული ემოციურობით სიტყვა წარმოთქვა. სტუდენტებმა ტაში დაუკრეს და ირაკლიმაც სიტყვის გაგრძელება დააპირა, მაგრამ უცებ ხალხიდან ვიღაც ქალმა ხმამაღლა, ყველას გასაგონად იყვირა - რას უსმენთ ამ გიჟსო და მიტინგმაც იხუვლა. იმ ქალბატონს საკმაოდ აგრესიულად მიმართეს დამსწრეებმა და მიტინგის დატოვებაც მოსთხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ იგი მაინც იმეორებდა უცნაურ ფრაზას - დამიჯერეთ ხალხო, დედა ვარ და ვიცი რასაც ვამბობო...

არც მაშინ და არც მერე ირაკლისთვის არ მიკითხავს, იყო თუ არა ის ქალბატონი მართლა მისი დედა, რადგან დედაჩემიც იგივე აზრის იყო ჩემს შესახებ (მგონი, ახლაც იგივე აზრისაა) და სულაც არ მაკვირვებდა ადამიანების (თუნდაც მშობლების) დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. ეს არ იყო ქართული გამონაკლისი და მთელს სამყაროში ყველას, ვინც დინების წინააღმდეგ მიდიოდა, გიჟებს უწოდებდნენ, მაგრამ სწორედ ისინი, ვისაც გიჟებს უწოდებდნენ, ქვეყნებსა და საზოგადოებებს ცვლიდნენ და ახალ სახელმწიფოებსაც ქმნიდნენ და ქმნიან.

თუმცა იყო სხვა მიზეზიც, რის გამოც იმთავითვე არ მქონდა პროტესტის გრძნობა ჩვენი კრიტიკის მიმართ და პირიქით - პირადად მიხაროდა კიდეც, რომ სერიოზულ ადამიანად საერთოდ არ მთვლიდნენ. მახსოვს შემთხვევაც, როცა ზურა ჭავჭავაძეს კაგებეში ჩემზე ჰკითხეს თუ იცნობო და ზურამ (რასაც ჩემზე ფიქრობდა) გულწრფელად უპასუხა - ვიცნობ და ძალიან კარგი ბიჭიაო. შეკითხვის ავტორს უთქვამს, ჩვენ სულ სხვა ინფორმაცია გვაქვს და ეგ ბიჭი, მგონი, ცოტა ვერ არისო...

ზურამ ეს ამბავი რომ მომიყვა, მართლა გულით გავიხარე, რადგან გიჟი არა მარტო ალექსი ინაურს (ალბათ, მისივე გავლენით), სხვებსაც ვეგონე და ეს ჩემთვის აშკარად მომგებიანი იყო - რამდენადაც არასერიოზულად ჩამთვლიდა კაგებე, იმდენადვე არასერიოზული დამოკიდებულება ექნებოდა ჩემს მიმართ ხელისუფლებას და ზურა ჭავჭავაძემაც (იქ და მაშინ) სულ ტყუილად დამიცვა.

თუმცა ზურა ისეთი ადამიანი იყო, ნებისმიერ დროს დამიცავდა მეც და სხვებსაც და ერთადერთი, ვისი დაცვაც არასოდეს უცდია, საკუთარი თავი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მას არცთუ იშვიათად უპირისპირდებოდნენ. სხვათა შორის, საქართველოში რომ ზურაბ ჭავჭავაძის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობდა, ამას თვითონ ზურას თვისებები განაპირობებდა, რადგან ის იყო ჭკვიანი და განათლებული, კეთილშობილი და ლამაზი კაცი და თანაც ჭავჭავაძე.

ასეთები კი ჩვენს ქვეყანაში, მოგეხსენებათ, არ უყვართ და მით უმეტეს მაშინ, როცა ისინი უმრავლესობას არ ეთანხმებიან და მაინც ჯიუტად არიან მშვიდობის და არა ომის მომხრე. ზურა ჭავჭავაძე კი ყოველთვის იყო მშვიდობის მომხრე და ყოველთვის სჯეროდა, რომ არცერთი ადამიანი არ იქნება ჩვენი მტერი, თუ ჩვენ მათ მოვუსმენთ და იმის გაგებასაც შევეცდებით, რაც მათ აწუხებთ. ჩვენ კი მაშინ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, ჩვენ რა გვაწუხებდა, რა პრობლემები გვქონდა (მხოლოდ ჩვენ) და სასწრაფოდ გვინდოდა ყველა პრობლემის მოგვარება. დაუყონებლივ გვინდოდა საქართველოსაგან შვეიცარიის შექმნა და ზურა ჭაჭავჭავაძეს კი ძალიან არ მოსწონდა ჩვენი სულსწრაფობა, აჩქარება და მოუთმენლობა. ამიტომაც ზურა ჭავჭავაძე თითქმის ერთადერთი იყო ეროვნული მოძრაობის ლიდერებს შორის (იყვნენ სხვებიც, მაგრამ ცოტანი), ვინც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მართლა ცდილობდა ისეთი ურთიერთობის მიღწევას, ომსა და სისხლისღვრას რომ აგვაცილებდა, მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ, რადგან თბილისში (მრავალათასიან მიტინგებზეც კი), სრულიად სხვა აზრები და მოწოდებები ისმოდა არაქართველების გასაგონად. უცნაურია, მაგრამ ჯერ კიდევ მაშინ ამბობდა ზურა ჭავჭავაძე ფრაზას, რომელსაც ახლაც არ დაუკარგავს აზრი და მნიშვნელობა და სინამდვილეში ვერავის ვაიძულებთ ჩვენთან ერთად იცხოვროს ერთ ჭერქვეშ და გამოსავალიც ერთადერთია - შევქმნათ სხვებისთვისაც მიმზიდველი სახელმწიფო...

ერთხელაც სტუდენტური ზაფხული გვაქვს და მიგვიზიდა კახეთმა.

სოფელ გავაზში ისე დავთვერით, რომ ლევან თითმერიასთან ერთად გამთენიისკენ ყვარელში აღმოვჩნდი და ყვარლის სასადილოს ლუდი რას გვიშველიდა. როგორც ხდება ხოლმე (გაჭირვების დროს), ზურა ჭავჭავაძე გამახსენდა, რადგან რატომღაც მეგონა, რომ ყვარელში მათ სახლი ჰქონდათ და ვიფიქრე მივალთ, ოჯახს დავლოცავთ და ამ დასიებულ თავებსაც ვუწამლებთ-მეთქი. ამიტომაც პირველივე შემხვედრს ვკითხეთ სად შეიძლებოდა ზურა ჭავჭავაძის ნახვა და იმ პირველივე შემხვედრმა უგემრიელესი კახურით გვკითხა - რომელი ზურასიო. ჩვენც დავუკონკრეტეთ ნიკო ჭავჭავაძის ბიჭისო და იმანაც დაბეჯითებით გაიშვირა მარჯვენა ხელი - ორივენი ემანდ არიან, ეკლესიაშიო.

ეკლესია იქვე იყო და სიხარულითაც შევედით შიგნით, მაგრამ ცარიელი დაგვხვდა (ასეთებიც ხდებოდა მაშინ) და მაშინვე უკან გამოვედით და იმ ტკბილ მოხუცსაც იქიდანვე გამოვძახეთ, რომ ეკლესიაში არავინ იყო. კარქა ნახეთო, - იმ ტკბილმა კაცმაც ტკბილად, ადგილიდანვე დაგვარიგა და ისევ შევედით და კარქა ვნახეთ. საკურთხევლის წინ ორი საფლავი იყო: ერთზე ეწერა ნიკო ჭავჭავაძე და მეორეზე კი - ზურაბ ჭავჭავაძე.

ახლაც არ ვიცი (დაღესტნის ყოფილი გუბერნატორის საფლავი რომ გვაჩვენა), გვეხუმრა თუ საქართველოს უახლესი მომავალი იწინასწარმეტყველა იმ ტკბილმა კახელმა კაცმა, რადგან მაშინ ორივენი (ვისაც ვეძებდით) ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ: ფილოსოფოსი ნიკო ჭავჭავაძეც და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერიც - ზურა ჭავჭავაძეც.

ყველაზე რჩეული ადამიანიც (მგონი, არ ვაჭარბებ), სწორედ ზურამ გამაცნო სოხუმში და მას შემდეგ აფხაზეთში აღარ ვყოფილვარ და აღარც ვოვა ვეკუა მინახავს, რომელიც ერთი წლის შემდეგ, მოკლეს კიდეც. როცა გავიცანი, მაშინ უკვე იძაბებოდა ურთიერთობა ქართველებსა და აფხაზებს შორის და მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერი ამინდები იყო, ზღვაში არცერთხელ არ ჩავსულვარ. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ახლაც ვამაყობ იმით, რომ ბოლოს აფხაზეთში დასასვენებლად არ ვყოფილვარ და ჩემთვის აფხაზეთი კურორტი კი არა, ჩემი სამშობლოს ნაწილი იყო და არის. (აფხაზეთში დაბრუნებაც იმიტომ კი არ მინდა, რომ (როგორც ერთმა ჩვენმა ბომონდის ვარსკვლავმა ბრძანა) ბიჭვინთის პლაჟზე წამოვიპლაკო, არამედ იმისათვის. რომ აფხაზები უბიხებივით არ გაქრნენ).

მახსოვს, მაშინ ამის გამო ვოვა ვეკუას გაეღიმა კიდეც, მაგრამ არ გაკვირვებია და პირიქით - მე გამაკვირვა ამ საოცარმა ადამიანმა, რომელსაც აფხაზები ქართველებივით უყვარდა (რაც ქართველებში იშვიათია) და ახლაც მგონია, რომ ომის დაწყებამდე იმიტომ მოკლეს სწორედ ვოვა ვეკუა, რომ ქართველებისაგან მტრის ხატი უფრო ადვილად შეექმნათ მათ, ვისაც ომი სჭირდებოდა.

ომს კი თავისი კანონები აქვს და რაც მერე მოხდა, იმის შეცვლა უკვე შეუძლებელია, თუმცა, რასაც ვოვა ვეკუა მანამდე ამბობდა, დღესაც ისეთივე წამალია, როგორც მაშინ, რადგან ახლაც მაშინდელივით გვჯერა, რომ აფხაზები (როგორც ერთი სტადიონი ხალხი) საიდანღაც ჩამოეთრიენ და რომ მოვინდომოთ, ერთ დღეში გადავუვლით. ვოვა ვეკუა რომ გავიცანი, სოხუმში უკვე იცოდნენ, რომ თბილისის მიტინგებზე ასეთ უცნაურ აზრებს გამოვთქვამდით აფხაზების შესახებ და ბატონი ვოვა კი არ გვსაყვედურობდა, უბრალოდ გაოგნებული იყო ჩვენი დაგრეხილი ცოდნით და სრულიად გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ვოვა ვეკუაზე ზრდილობიანი ადამიანი, აღარასოდეს შემხვედრია. მეტიც - მგონია, რომ ის იყო მისტიური და ლეგენდარული კოლხეთის კლასიკური წარმომადგენელი და მისი სახით მაშინ სულ სხვა, ნამდვილი სამეგრელო აღმოვაჩინე, რომელსაც ბავშვობიდან ვეძებდი.

0x01 graphic

ფოტო: იური მეჩითოვი

ბავშვობიდან იმიტომ, რომ საკმაოდ პატარა ვიყავი, როცა პირველად წამიყვანა საყვარელმა ბებიამ სამეგრელოში და სოფელში ჩასვლისთანავე ცეცხლზე ღომის ქვაბი შემოდგა. მე კი მომცა ანკესი და თვალი ჩამიკრა - სანამ ღომი მოიხარშება, აგერ ჩვენს პირდაპირ რომ ღობეა, იმას გადაახტები და იქ რომ პატარა წყალი დაგხვდება, იქ ჩაუშვებ მაგ ანკესს და რაც მალე და ბევრ თევზს ამოყრი, შენთვისაც უკეთესი იქნება და ჩემთვისაცო. გადავახტი მითითებულ ღობეს, მართლა დამხვდა პატარა ტბა თუ წყალსაცავი და ჩავუშვი ანკესი, მაგრამ თევზმა დაიგვიანა თუ მე ვერ გამოვდექი დროული მეთევზე, ვიღაც კაცი ჯოხით გამომეკიდა. ჩვენი ეზოს ჭიშკრამდე მსდია და სახლიდან ღომის ჩოგნით გამოვარდნილი ბებიაჩემი რომ დაინახა, მხოლოდ მაშინ დამანება თავი. მაშინ მეგრული არ მესმოდა კარგად და ამიტომაც დღემდე არ ვიცი რას ეუბნებოდა ის გამხეცებული კაცი ჩემს ძვირფას ბებიას და იმას ხომ მაინც ვერ დავიჯერებდი, რომ ბებიაჩემმა, ღომის მოხარშვამდე, მეზობლის ეზოში გადამაგზავნა თევზების მოსაპარად...

ვოვა ვეკუას გაცნობის შემდეგ კი, უბრალოდ, არ მჯერა, რომ ბუნებაში ცუდი მეგრელებიც არსებობენ. მაშინ კი სოხუმში, ვოვა ვეკუას მეუღლეც გავიცანით, რომელიც ვოვას მოკვლის შემდეგ ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ოლღა გურამიშვილი და ილიას მკვლელობაც შემთხვევით არ გამხსენებია. დარწმუნებული ვარ, რომ ვოვა ვეკუა ყველაზე მეტად ჰგავდა იმ იდეალურ ქართველს, რომელზეც ილია ჭავჭავაძე ოცნებობდა...

12 ცრემლიანი სათვალე

▲ზევით დაბრუნება


12.1 PR 2001

▲ზევით დაბრუნება


ილუსტრაცია: მაია სუმბაძე
გიორგი გვახარია

ნაწილი ოცდამეცხრე

ჟაკ ტატის ჰქონდა ასეთი გრძელი კიდურები.

და გიორგის. სიკვდილის მერე ხალხი „გიოს“ რომ ეძახდა.

2001 წლის 26 ივლისს, როცა „რუსთავი 2“-ის დიდ ოთახში ნიკა ტაბატაძე შემოვარდა და იბღავლა, „მოკლეს, მოკლესო“, მგონი, პირველად მივხვდი, რომ რაღაცები, მაინც, მძულს ამ ქვეყანაზე, და პირველ რიგში მძულს ეს - ეგრეთ წოდებული „ხალხი“.

მკვლელები და მკვდრების მოყვარულები. შეზღუდული სივრცის მოტრფიალენი, „ვაკელებად“, „ვერელებად“, „გლდანელებად“, „ლტოლვილებად“ და „კარენოი თბილისელებად“ ქვეყნის დამყოფები. სამყაროს დამყოფები. რათა ჯერ, მათსავე შექმნილ სივიწროვეში დაგტოვონ, ამოგხუთონ, მოგკლან. მერე კი დაგიტირონ, როგორც თავისიანი.

აღარც „რუსთავი 2“-ის ის დიდი ოთახი მიყვარს. 11 სექტემბერს სწორედ ამ ოთახში მდგარ მონიტორებში ვუყურებდით, როგორ აღსრულდა სტენლი კუბრიკის წინასწარმეტყველება, იმ კუბრიკისა, თავის ფილმს, თავის შთაბეჭდილებათა მონტაჟით აწყობილ დასაძინებელ სიგიჟეს „კოსმოსური ოდისეა 2001 წელი“ რომ უწოდა. ამბობდა ეს კაცი, ადამიანებს მათივე ხელებით და ტვინით შექმნილი მანქანები დაღუპავსო. ამათ კი არ სჯეროდათ 2001 წლის აპოკალიფსის.

იმ საღამოს „კურიერში“ კახა თარგამაძე გამოჩნდა და 11 სექტემბრის მოვლენებს გამოეხმაურა. „ოპერატიული ღონისძიებები შევიმუშავეთ“, ჩვენს საზოგადოებას, შეუძლია, მშვიდად იყოსო.

აბა, როგორ არ უნდა გამცინებოდა ამაზე?

მაინცდამაინც მაშინ შემოვიდა დათო დვალი.

„ - შენ კიდევ, რა გაცინებს?“. ამ სიცილზე ისე მიღრიალა, ცხოვრებაში რომ არ გაუბედავს ჩემთვის არავის. მისი ძმა, თურმე, იქვე სავაჭრო ცენტრთან ცხოვრობდა. ვერ უკავშირდებოდა.

რა ვიცოდი? იმ საღამოს მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე - აღარ მინდოდა მუშაობა იქ, სადაც მიყვიროდნენ.

ავალაგე ჩემი წიგნები, კასეტები. ჩავჯექი მანქანაში და რამდენიმე წრე დავარტყი ქალაქს. შუქნიშანთან ვიდექი, როცა ნანა ჩაჩუა გამახსენდა.“ - იქნებ უძინარი იყო ეს კაცი?“, ვიღაცაზე მკითხა ერთხელ. ამის მერე სტუდენტებსაც ვუთხარი, ძალიან თუ გაგიბრაზდით, გულთან ახლოს ნუ მიიტანთ, ჩათვალეთ, რომ ცუდად მეძინამეთქი. მაშაყირებენ ხოლმე. ოდნავ ხმას თუ ავუწევ, ეგრევე მეუბნებიან: „ცუდად გეძინათ, ბატონო გოგი?“

დათო უყურებდა, როგორ ხტებოდა ხალხი ცათამბჯენებიდან, როგორ იწვოდნენ „ტყუპები“, თან ტელეფონი ეჭირა ხელში და ამაოდ ცდილობდა ნიუ-იორკთან დაკავშირებას, მე კი კახა თარგამაძეზე ვიცინოდი. თანაც, ხმამაღლა. ვოხუნჯობდი. არადა, მართლა ვერ ვიტან, რაღაცაზე რომ იხუმრებენ და მერე, თვითონ რომ ეცინებათ ხოლმე.

მიკვირს, რომ არ მომკლა. მარტო მიყვირა.

ბოლოს და ბოლოს, მეც ხომ ვუყვირე ამ ოთახში თანამშრომლებს, 26 ივლისს, როცა გიორგის ამბავი გავიგეთ. მობილურების რეკვა ატყდა. რატომღაც ყველას „მუსიკალური ზარი“ ჰქონდა დაყენებული - შტრაუსის ვალსები, „პატარა გედების ცეკვა“, „არლეკინო“... მთელი თბილისი რეკავდა და ეს მხიარული მელოდიები ერთმანეთში ირეოდა. ვტიროდით. მობილურების „მუსიკა“ კი სულ სხვაგან გვექაჩებოდა

„გამორთეთ ეს დედამ...ული ტელეფონები!“

ახლაც მახსოვს, როგორ შემაშინა ჩემმა გინებამ.

იმ ტახტზე ისხდნენ „კურიერის“ ჟურნალისტები, გიორგის რომ უყვარდა წამოწოლა - მაკიაჟის ოთახში. დათო მელიქიშვილი კარს სულ ღიას ტოვებდა, „სამაკიაჟო“ რომ განიავებულიყო, ამიტომ ის დიდი ოთახი, მე, გიორგი და კიდევ რამდენიმე კაცი რომ ვისხედით (და რომელიც არ მიყვარს), ფაქტიურად, ნაწილი იყო სამაკიაჟოსი. „ღამის კურიერისთვის“ როცა ემზადებოდა, სულ ეჩხუბებოდა დათო, ერთი წუთით მაინც მოისვენეო. მაგრამ გიორგის ვინ გააჩერებდა! ატრიალებდა თავის გრძელ ხელებსა და ფეხებს, წინსაფარმოხურული წამდაუწუმ შემორბოდა ოთახში. ტელევიზორს შეხედავდა, ახალი ხომ არ ხდება რამეო და ისევ უბრუნდებოდა მელიქიშვილს.

ახალი ამბის გაგება, მგონი, ყველაზე მეტად უყვარდა ცხოვრებაში.

11 სექტემბრის ამბებზე როგორ აღიგზნებოდა! რეებს დაატრიალებდა!

0x01 graphic

თუმცა, კახა თარგამაძის „ოპერატიულ თათბირზე“, დარწმუნებული ვარ, გიორგისაც გაეცინებოდა.

იმ ხალხზეც გაეცინებოდა, მისი სიკვდილი თავიანთი დიადი მიზნებისათვის რომ გამოიყენეს - ქუჩაში რომ გამოიყვანეს მასები, „ჟურნალისტის მკვლელი რეჟიმის“ დასამხობად და იმაზეც, სასოწარკვეთილი რომ გაიძახოდა, რატომ არ შეიძლება ადამიანი ისეთი გიყვარდეთ, როგორიც არისო. გაეცინებოდა კოლეგებზე, პოლიტიკოსებზე, „რუსთავი 2“-ის ოფისის წინ მოკალათებულ მწვანილის გამყიდვლებზე - ყველა ერთბაშად რომ გახდა გიორგის მეგობარი. გაეცინებოდა და გაუხარდებოდა კიდეც. ასეა თუ ისე, ყველას, მკვდარსაც და ცოცხალსაც გვსიამოვნებს, როცა ვუყვარვართ და არ ვეზიზღებით.

მე კი, არასდროს ვყოფილვარ მისი მეგობარი. მართალია, ერთი და იგივე რამეზე ვიცინოდით ხოლმე. ვჭორაობდით. სახლშიც შემოუვლია ჩემთან - მგონი, დათო მელიქიშვილს მოაკითხა ერთხელ. მაგრამ არ გვიმეგობრია. „ღამის კურიერის“ მიერ არჩეული ჟანრი - „კორიდის“ მოწყობა ეთერში - ჩემთვის უცხო და გაუგებარი იყო.

არადა, ჩემი ბღავილი და გინება, ჩემი რეაქცია „მუსიკალურ ზარებზე“ დღესაც ყურს მჭრის. დღესაც ვხედავ გიორგის, ჟაკ ტატივით რომ იქნევდა ხოლმე თავის გრძელ ხელებსა და ფეხებს. მოუსვენარი და, რაც ყველაზე საზარელია, სიცოცხლის დაუკმაყოფილებელი მოყვარული. ჰო, საზარელი უსამართლობაა ეს - მოკვდეს ის, ვისაც სიცოცხლე უყვარს, აზარტი და რისკი უყვარს და გააგრძელოს არსებობა მძორმა, თავისი ვიწრო სამყოფელიდან რომ ვერ გამოუყვია თავი.

ეგ მძორები ვერ იტანენ სწორედ სიცოცხლეს. გიორგისნაირ მოძრავ არსებებს კი აღიქვამენ სახიფათო ვერცხლისწყლად - გატეხილ თერმომეტრს რომ მოჰყვება. აბა, ვისთვის არ უთქვამთ ბავშვობაში მშობლებს, მაგ მოძრავ ბუშტულებს ხელი არ ახლო, თორემ მოკვდებიო.

ეგ მძორები კლავენ სიცოცხლეს, რათა მერე, მისი დატირებისა და თავის გამოჩენის, საკუთარი სამყოფელიდან თავის გამოყოფის საშუალება მიეცეთ.

იმ საბედისწერო ღამის მერე, მეგონა, პირველად ამეხილა თვალი და პირველად დავიწყე იმის გააზრება, თუ სად ვართ, როგორ ქვეყანაში. დაკითხვაზე როცა მიგვიყვანეს დიღომში, მე, თამრიკო და გიორგი, ტირილიც კი არ გვაცადეს - ჯერ პოლიციის ყველა მაღალჩინოსანი დაგვესია, მერე კი, მოულოდნელად, მარტო დაგვტოვეს. ვისხედით ასე, ცარიელ კაბინეტში. ვერ გაგვეგო, სად წავიდა ეს ხალხი.

„ეხლა მოვა დამლაგებელი ქალი და გვკითხავს, ჩაი გინდათ თუ ყავა?“ - ერთი ეგ ვთქვი - ლიდსეი ანდერსონის „იღბლიანი“ გამახსენდა (კრიტიკულ სიტუაციაში სულ კინო მახსენდება, რა ვქნა?)... აი, ის სცენა, მალკომ მაკდოუელს რომ დაკითხავენ ატომურ სადგურზე. მერე რაღაც ავარია რომ ხდება. ყველა გარბის და თეთრხალათიანი მზარეული ქალი რომ შემოვა, ყავით და ჩაით.

თურმე, ჩვენს პოლიციაში ასეთი მეთოდი ჰქონიათ. მოწმეებს ტოვებდნენ. მიკროფონებს რთავდნენ და მერე ისმენდნენ, რა ილაპარაკეს ერთმანეთში.

ეგ მერე გვითხრა ვიღაცამ. ჰოდა, რას მოისმენდნენ?

თამროს სლუკუნს - „მოკლეს ამ ნაძირლებმა, მოკლეს!“

გიორგის - „ტუალეტი სადაა ნეტა აქ?“

და ჩემს - „ლაქი მენში რომაა ხომ გახსოვს... ეხლა მოვა დამლაგებელი და გვკითხავს...“

ამ „ლაქიმენზე“ უთუოდ ბევრს იმსჯელებდნენ. შეიძლება „პაროლადაც“ აღექვათ.

„ჩინოვნიკური სამყარო“ ხომ სრული მარაზმატიკებით იყო სავსე. შემოდგომაზე, როცა ამ მარაზმატიკებმა „რუსთავი 2“-ში შესვლა გადაწყვიტეს, ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და შევარდნაძის გადადგომა მოითხოვა. მაგრამ შევარდნაძე არ გადადგა - უბრალოდ, მთავრობა გადააყენა და შემდეგ აიძულა პარლამენტი გადაყენებული მთავრობა დაემტკიცებინა. მერე უნივერსიტეტში მივიდა, დაელაპარაკა ხალხს, როგორც ახლა ამბობენ ხოლმე - „დააბოლა“ და ისევ დატოვა ქვეყანა მარაზმში.

მარაზმმა კულმინაციას ნოემბერში მიაღწია, ეკას გადაცემაში, პირველ არხზე. როცა მთელი ეს პოლიტიკურ- ჩინოვნიკური სამყარო, თავისი ერთგული ჟურნალისტებით, ელდარს შეესია.

საქმე გაურჩიეს. ხელები უქნიეს. „აბა, შენ რომ კაზინო გახსენიო?“. რატომღაც მშობლებიც გაუხსენეს - ნიკოლოზ შენგელაია და ნატო ვაჩნაძე.

ელდარს ყურში სასმენი აპარატი ეკეთა (ზუსტად ისეთი, ბუნუელს რომ ჰქონდა დამაგრებული და მერე ტრიუფომ რომ აიტაცა „ამერიკულ ღამეში“). ეჭვი მაქვს, რომ ბატარეა დაუჯდა და კარგად ვერ ხვდებოდა, რატომ უქნევდნენ ხელს მარაზმად ქცეული ქვეყნის ჟურნალისტები. თუმცა, დაკვირვებით კი კარგად დააკვირდა. მერე მითხრა, რომელიღაც „მუნჯ ფილმს“ ჰგავდა ეს ყველაფერიო.

უჰ, ვის ჰქონდა ამათ შორის ჟაკ დერიდა წაკითხული, 11 სექტემბრის აქტში „მედიათეატრალურობას“ რომ დასდო ბრალი, სწორედ ტელეტექნოლოგიებს რომ დააბრალა „მეოთხე მსოფლიო ომის“ დაწყება, კიდევ ერთხელ რომ გაახსენა სამყაროს - პოლიტიკისა და მეტაფიზიკის შერწყმა, ომის ფალსიფიკაცია, საზოგადოების შეშინება მაშინ, როცა ამის საფუძველი მაინცდამაინც არ არსებობს, ქმნის „მოვლენა-ფანტომებს“, რომელთაც შეუძლიათ პოლიტიკოსებისა და მედიის ერთობრივი ძალით შექმნილი „ვირტუალური ომი“ - რეალობად აქციონ.

„ფილმი-კატასტროფები“ იმდენად ღრმად აღიბეჭდა ჩვენს ცნობიერებაში, დიდხანს არ გვჯეროდა, რომ 11 სექტემბრის კადრები რეალობა იყოო - წერდა დერიდა.

ამიტომაც გამეცინა, ალბათ, 11 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის სტუდიაში. აი ისე, ჰიჩკოკის „ჩიტების“ პირველივე ეპიზოდზე რომ მეცინება ხოლმე; თოლია სახეს გაუკაწრავს გალიაში ჩამწყვდეული ჩიტით შეიარაღებულ მელანის და ყველას გვეცინება... 11 სექტემბრის მერე სლავოი ჟიჟეკი იტყვის - ჩიტის ეს თავდასხმა ძალიან ჰგავს სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენზე თვითმფრინავის პირველ დარტყმასო.

„რისთვის ისჯება ეს ქალი?“ - არაერთხელ უკითხავთ ჩემთვის სტუდენტებს.

მერე იწყება ხოლმე მკითხაობა. ნუთუ, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ ბერბიჭას (საოცარი სიტყვაა!) გაეპრანჭა, მერე კი მზაკვრული ოპერაცია დაგეგმა - ამ პატარა ჩიტუნიას ვაჩუქებ, დედამისს ჩამოვაშორებ და ჩემი გახდებაო?

რა ცოდვაა ეს ამისთანა, მთელმა ქალაქმა რომ უნდა აგოს მერე პასუხი? ან ამ ბავშვებმა რაღა დააშავეს? რას ერჩის ფრინველთა სამყარო ზურგჩანთიან გოგო-ბიჭებს?

0x01 graphic

არა, მზაკვრული ოპერაციები კოლექტივში არ იგეგმება; „ლოჟა“, სადაც ვიღაც-ვიღაცები ფიცს დებენ, არავის გავუმხელთ ჩვენს გეგმასო და მერე, მოქმედებას იწყებენ, შიზოფრენული მითია. ასეთი მიზანსცენა ვერ გათამაშდება. მით უმეტეს, 21-ე საუკუნეში.

უბრალოდ, ერთ მშვენიერ დღეს (როგორც წესი, გაზაფხულზე), მარტოობისგან დაღლილი ადამიანი მომავალზე დაფიქრდება. სტენლი კუბრიკის მსგავსად, „2001 წლის ოდისეიაში“.

მომავალი შეაშინებს. ისე შეაშინებს, რომ თავისთავად მოუვა „გეგმა“ - როგორმე უნდა გავიდეს გარეთ და „მოაქციოს“ ის სივრცე, რომელიც მისი საზღვრების გარეთაა.

თანამოაზრეებს, იცოცხლე, მრავლად იპოვის. ასეულს მაინც. ერთმანეთს გაუზიარებენ „ტკივილს“, ერთად იმსჯელებენ უსამართლობაზე, მტარვალებზე და მათი ენერგიაც გაასმაგდება.

ასეთი ჟამი (როგორც წესი, გაზაფხულზე), ყველას ცხოვრებაში მოდის ხოლმე. „მოსაქცევ“ საშუალებას კი რა დაითვლის - შვილები, მოსწავლეები, სტუდენტები, ელექტორატი... აგერ, ბადრი პატარკაციშვილმა „საქგაზს“ ერთი მილიონი დოლარი გადაუხადა და ასე აუჩუყა გული 2001 წლის სრულიად საქართველოს. იუსტიციის მინისტრმა, მიხეილ სააკაშვილმა კი სხვანაირად გაახარა მარაზმისგან დაღლილი ქართული საზოგადოება - „მთავრობაში გამეფებული პროტესტის ნიშნად“ თანამდებობიდან გადადგა. მერე კი, ვაკეში იყარა კენჭი მაჟორიტარ დეპუტატად

მაგრამ ვაკე მაინც ვაკეა. ზოგს ასეთი ვიწრო სივრცე არ ჰყოფნის და ეგრეთ წოდებულ „ბნელ მასებთან“, „განუვითარებელ კულტურასთან“ გაარშიყებას ინდომებს. თანაც დარწმუნებულია, ამ ეგზოტიკურ-ეროტიკული ვნების დასაკმაყოფილებლად ერთი ბოთლი „კოკა-კოლა“ ან ერთი კოლოფი „მალბოროც“ საკმარისია.

გალიაში ჩამწყვდეული პატარა ჩიტის მსგავსად, რომლითაც ადვილად შეგიძლია მოქრთამო „მოსაქცევი ობიექტი“.

თუკი მზაკვრული გეგმა სხვათა გეგმებს დაემატა, რაოდენობრივი შეიძლება თვისობრივში გადაიზარდოს და „მოსაქცევებსაც“ მოუნდეთ გაერთიანება. პრინციპში, ეს ხშირად არ ხდება ხოლმე. აგერ ბოდრიარმა, თუ დერიდამ 11 სექტემბერი „მეოთხე მსოფლიო ომის დაწყებად“ შეაფასა. მხოლოდ „მეოთხე ომიო“. მაგრამ მაინც ხომ ხდება?

აი, აქ, ეკას გადაცემაში (რა ერქვა? „ხალხის აზრი?“) განა პატარა ომი არ გათამაშდა? ნუ, ომი თუ არა, ომის იმიტაცია ხომ იყო? ხომ ვერ აიტანა მარაზმის სამსახურში ჩამდგარმა მედიამ ერთი პატარა შენიშვნა და აკივლდა, ხელების და ფეხების ქნევა დაიწყო?

მედია ბრაზდება, როცა თავნება ხელოვანები, მით უმეტეს ისინი, ყურთ რომ არ ესმით, მაგრამ ხედვა აქვთ გამძაფრებული, მის მზაკვრულ გეგმას ამხელენ. როცა ჰიჩკოკის თოლიასავით გაუკაწრავენ ტვინს. ათასი ნაგვით გადატენილ ტვინს - პოლიტიკოსთა გვარებით, მათი ცოლების, მათი საყვარლების გვარებით... მათი გამონათქვამებით და, რაც მთავარია, კომპრომატებით მათზე.

ელდართან მაინცდამაინც არ გამოუვიდათ. მარტო „კაზინო“ მოაგონდათ. ამიტომ, ისე დაიბნენ, რომ ნატო ვაჩნაძე და ნიკოლოზ შენგელაია გაიხსენეს, შე იმათო შვილოო...

მაგრამ სხვებთან გამოსდით! და თანაც როგორ! „ამას რას ვუზავ, ეხლა ნახოსო“ - იტყვიან, თუკი რომელიმე პოლიტიკოსმა (და არა მარტო პოლიტიკოსმა) აწყენინა. მერე იწყება მანიპულაცია. უფრო სწორად, ვაჭრობა...

არ მიყვარს „რუსთავი 2“-ის ის დიდი ოთახი. ბევრი „ამას რას ვუზავ“ გამიგონია.

არ მიყვარდა ის კორიდა - „ღამის კურიერი“ რომ ერქვა... და კარგად მესმის გიორგის, ამ სივრცით, ამ კორიდით დათრგუნულს, ჰაერის შესუნთქვა რომ ენატრებოდა ხოლმე. „საგამომძიებლო ჟურნალისტიკა“ მინდაო, სულ ამას ამბობდა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე „კორიდა“ წააყვანინეს.

ასე სჭირდებოდათ მაშინ იმათ, ვისაც ყველანაირი აზრის ტირაჟირება დღესაც „ლიბერალიზმი“ ჰგონია.

ასე იყო ამერიკაში 11 სექტემბრამდე, ანუ „მეოთხე ომის“ დაწყებამდე.

ასე იყო ჩვენშიც. ერთი განსხვავებით, 2001 წელს ყველანაირი აზრის ტირაჟირებამ და, შესაბამისად, „სიტყვით მკვლელობის“ ტენდენციამ, ყოველ საღამოს რომ ამკვიდრებდა ჩვენი თეატრალიზირებული მედია, მსოფლიო სავაჭრო სახლის მოხელეები, მეხანძრეები, ტერორისტების ხელში ჩავარდნილი უდანაშაულო მძევლები არა, მაგრამ რაღაც გაუგონარი ენერგიით ანთებული თბილისელი ჟურნალისტის სიცოცხლე მაინც შეიწირა. მაგრამ სადო-მაზოხისტურმა მედიამ, არც ეს იკმარა და ახლა უკვე გიორგის მკვლელობის მერე გააგრძელა თავისი ბინძური ინტრიგები, მის სურათებს გაზეთების პირველ გვერდზე ბეჭდავდნენ, ჭრელ-ჭრელი და გულისამრევი სათაურებით და ეს გაზეთები კარგად იყიდებოდა. ამზადებდნენ არაფრისმომცემ და არაფრისმთქმელ გადაცემებს, რომლებშიც უშველებელი სარეკლამო რგოლები იყო ჩართული.

რა ვქნა. ასეთ დროს სულ კინო მაგონდება. ანჯეი ვაიდას „ყველაფერი გასაყიდად“, სადაც მეგობრის სიკვდილი კინორეჟისორისთვის „მუზა“ ხდება ახალი ფილმის გადასაღებად.

მაგრამ ჩვენ, პოლიციის მაღალჩინოსნის ცარიელ ოთახში რომ ჩაგვკეტეს და გვისმენდნენ, როგორ გავიხსენეთ „ლაქი მენი“, მერე პროკურატურაში რომ გვატარეს და ოფლის სუნით აყროლებულ ოთახში გააგრძელეს ჩვენი წამება, ეგება გიორგიზე რამე გამოვტეხოთო, ასეთი „მუზა“ თავში არ მოგვდიოდა. იმ დღეებში უკვე სერიოზულად ვაწყობდი გეგმებს ფსიქიატრებთან საკონსულტაციოდ.

11 სექტემბრის მერე ამერიკაში ბევრმა გაიაზრა იზოლირებულ სამყაროში ცხოვრების საშიშროება. თუმცა, 11 სექტემბრის მერე, ტერორიზმთან ბრძოლის მოტივით, კიდევ უფრო მეტად დაიწყო ამ სივრცის შეზღუდვა და, შესაბამისად, ტერორისტების შიშმა ლამის ნაციონალური მასშტაბები შეიძინა.

დასავლეთში ბევრს არ ესმის, რომ „მესამე სამყაროსგან“ იზოლაცია და, საერთოდ, გამკაცრებული სავიზო რეჟიმები, ადამიანთა გადაადგილების შეზღუდვა, მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს „მეოთხე ომის“ საშიშროებას. „კოკა-კოლა“ და „მალბორო“ აღარაა საკმარისი „უკულტურო სამყაროსთან“ ფლირტისთვის და მერე, მისი დაუფლებისთვის. ამ სამყარომ უკვე გაუსინჯა გემო „კოლას“. ახლა მას შენი თავიც უნდა უჩვენო - უნდა შემოუშვა და აცხოვრო შენ გვერდით. რა იცი? იქნებ შეუყვარდე?

ეს, რა თქმა უნდა, პანაცეა არაა. მაგრამ რაღაც შანსი მაინცაა. აი იმ, ჩვენს ქართველ გოგო-ბიჭებს, ელდარს რომ უქნიეს ხელ-ფეხი, ცოტა დიდხანს რომ ჰქონოდათ საშუალება ეცხოვრათ, ან ესწავლათ დასავლეთში, ვინმე „ზანგი“ შეყვარებოდათ (ვითომ რატომ არა?), ან დაენახათ, რომ მათ მეზობლად მცხოვრები „პედერასტების წყვილი“ არავის გარყვნას არ აპირებს - თავისთვის ცხოვრობს და „კაი მეზობლობაც“ იცის - პურს და კვერცხს „გასესხებს“, თუკი არა გაქვს სახლში... დაენახათ, როგორ ეპყრობიან ინვალიდებს ან ფსიქიურად დაავადებულებს, როგორ უყვართ ცხოველები... რა ვიცი, ბევრი რამე რომ დაენახათ... ელდარს აღარ ეცემოდნენ... აგერ, გერმანიაში, ან საფრანგეთში რომ ეცხოვრათ და ცოტა ხნით მაინც ეყურებინათ, როგორ მუშაობს ევროპული მედია, როგორ ესმის „ლიბერალიზმი“ და როგორ არ უშვებს კაცთმოძულე აზრის ტირაჟირებას ეთერში... ეგება, უარი ეთქვათ თეატრალიზირებულირაციონალურ კორიდაზე და თავად გაეაზრებინათ, რომ მედიას არაფერი აქვს საერთო მეტაფიზიკასთან.

მაგრამ, სნობი ევროპა და ტერორისტების შიშით გაჟღენთილი ამერიკა ისევ იზოლაციონიზმის გზას ადგას. ჩვენ ისევ არ შეგვიძლია, ერთ მშვენიერ დღეს, გავიღვიძოთ და დავკრათ ფეხი დასავლური ჰაერის შესასუნთქად - იქ, სადაც ძალიან მცირეა შანსი მოგვკლას ვინმემ, თუკი საკუთარი ცხოვრებით არსებობას მოვინდომებთ.

„ - წადი სადმე, თორემ აქ გაგიჟდები. სასწრაფოდ გჭირდება დასვენება!“ - მირჩია იმ დღეებში ერთმა ჩემმა ჭკვიანმა მეგობარმა. ჰოდა, ჩვენც წავედით - სინოპში.

სინოპის გამჭვირვალე ზღვის დანახვაზე გაბრაზება და შიში ეგრევე გაგივლით. შეხვალთ ზღვაში, წამოწვებით, შეხედავთ მზეს და მაშინვე იგრძნობთ, რომ რაღაც დიდის, უსაზღვროს ნაწილი ხდებით, რომ ახლა, ამ წუთას „პირველი“, „მეორე“, თუ „მესამე“ სამყაროს ზღვებში, ბევრია ასე, თქვენსავით წყალზე წამოწოლილი, მძორებისგან ნატკენი და დაღლილი არსება - მოხუცები, კაცები, ქალები, ბავშვები... უდროობისა და უსაზღვრობის განცდა აქ იმდენად ძლიერია, რომ მომავლის შიშიც დაგავიწყდებათ და ის მზაკვრული გეგმებიც, ამ შიშის გამო რომ ქმნიან ადამიანები.

ვერც ვერავინ გიცნობთ. ქართველებს არ უყვართ ასეთი ადგილები - სწყინდებათ იქ, სადაც ბუნება ვეებერთელა დისკოტეკად ჯერ არ გადაუქცევიათ. და თუკი აქ, სინოპში, თქვენ გვერდით თქვენი მეგობრებიც არიან, თქვენსავით რომ მოსწონთ ზღვის დინების მიმართულებით კამკამა წყალში ტივტივი, შეგიძლიათ, ეს განცდა გაუზიაროთ კიდეც - უთხრათ - იცი, მზეს ვუყურებდი და ვიგრძენი, რომ არა ვარ მარტო, რომ ბევრია ასეთი - ჩემნაირი.

თუკი მეგობრები არიან, რატომ უნდა დაგცინონ?

მორჩა ღამ-ღამობით კოშმარების ხილვისა და ოფლში გაღვიძების ხანა. ჩემს ნავსაყუდელში - ამ პატარა თურქულ ქალაქში - არავინ იგინება და არავინ უყვირის ბავშვებს. აქ, საერთოდ არ იციან ხმამაღლა ლაპარაკი. სივრცე ბევრია, ამიტომ ბუნებას იღებენ ისეთს, როგორიც არის. ადამიანებსაც. „კოსმოსური ოდისეის“ ხანა აქ არ დამდგარა.

სინოპში 2001 წლის კოშმარების მოგონებისას, მეც, თამრიკოც და გიორგიც, ვგრძნობდით, რომ უკვე დისტანციით ვყვებოდით იმაზე, რაც გადავიტანეთ. განსაკუთრებით, „ჩაი გინდათ თუ ყავა“ გვამხიარულებდა - ერთი მხრივ, ამბავი რომელიღაც ბრიტანული ატომური სადგურისა, რომლის აფეთქებამ მისივე შემქმნელები შეიწირა და, მეორე მხრივ, ჩვენი უმწეობა მარაზმად ქცეულ ქართულ პოლიციაში.

სანაიას ამბებზეც უკვე „დისტანციიდან“ ვყვებოდით. სიცილ-სიცილით... და არ გვრცხვენოდა ამის. დარწმუნებულები ვიყავით, რომ სწორედ ეს გაუხარდებოდა ყველაზე მეტად. გაუხარდებოდა, რომ მოვასვენეთ.

მერე ზამთარი დადგა.

დეკემბერში, რეორგანიზებული მოქალაქეთა კავშირის ყრილობაზე ზურაბ ჟვანია იტყვის: „საქართველოს აღარ სჭირდება რევოლუციები, რომლებიც ქვეყნის მცირე მონაპოვარსაც დაანგრევენ“.

იმ ღამეს გიორგი აუცილებლად მოიწვევდა ჟვანიას. შეიძლებოდა მისთვის ჩვეული პირდაპირობით ეკითხა კიდეც: „არ აპირებთ რევოლუციის მოწყობას, ბატონო ზურაბ?“

0x01 graphic

13 ერთხელ ინ ჯორჯია

▲ზევით დაბრუნება


13.1 ფეხი დამიცდა, ნუდლს

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: აკა მორჩილაძე

ერთხელ, მგონი, სასკოლო ექსკურსიაზე და, მგონი, კახეთში, მგონი, ყვარელში, დაუვიწყარი ქანდაკება ვნახე.

სამწუხაროდ, ახლა ნამდვილად არ ვიცი სად არის ეს ქანდაკება, ისევე, როგორც მაგიდა, რომელიც ოდესღაც ტაბახმელის ფოსტაში იდგა და რომელზეც ამბობდნენ, ნიკოლოზ ბარათაშვილის ნაქონიაო.

ქანდაკება კი სრულიად დაუვიწყარი გამოდგა.

სიმართლე რომ ითქვას, ლენინის გამოკლებით, სულ ორი ქანდაკება მახსოვს კარგად ძველი დროიდან. ერთი, ალექსანდრე ყაზბეგის დიდი, ყვითელი ბიუსტი, კინო „ყაზბეგის“ ფოიეში და მეორეც ეს.

ეს ქანდაკება სადღაც, არცთუ გამოსაჩენ ადგილას იდგა, უკანა აივანზე, თუ რაღაც ასეთ ნახევრადმოფარებულში, ვინაიდან დრო გამოცვლილიყო და ასეთი რამეები დიდად აღარავის უნდოდა გამოსაჩენად.

სულაც არ გამიკვირდებოდა, რომ იმ ძველ დროში, ამ ქანდაკებას ილიას და აკაკის ძეგლის ადგილი დაეჭირა პირველი სკოლის წინ. მაგრამ, ეტყობა, ვიღაც ჭკვიანები და საზრიანები ხელმძღვანელობდნენ ამ ქანდაკებების დადგმის ამბავს და თანაც, ფრთხილობდნენ. თავის დროზე, ალბათ, დიდ პატრიოტულ საქმედ ჩაითვალა პირველი სკოლის წინ ილიასა და აკაკის ძეგლის დადგმა. ჩვენებურ, შეფარულ პატრიოტიზმად, ძალიან გავრცელებული რომ იყო კომუნისტების დროებაში.

სხვა ვარიანტი კი, ალბათ, ის არის, რომ მანამდე ვერავინ მოიფიქრა პირველი სკოლის წინ ძეგლის დადგმა.

მოკლედ, როგორც მახსოვს, ყვარლის ილიას მუზეუმში ვიყავი და ასე თორმეტი წლის თუ ვიქნებოდი.

ქანდაკება იყო თეთრი, ოდნავ ჩაყვითლებული და ლაპლაპა, ისეთი მოულოდნელი, რომ მეტი არ შეიძლება. არც მინახავს ასეთი მოულოდნელი რამ. უფრო სწორად, იშვიათად მინახავს.

მოკლედ, სავარძელში იჯდა ილია. ოდნავ გვერდით გადახრილი და გაღიმებული, ის იმედის თვალით შეჰყურებდა ყმაწვილს, რომელიც, თუ არ ვცდები, მხარმარცხნივ, მისგან ოდნავ წინ იდგა, ხელისგულზე გადაშლილი წიგნი ედო და სივრცეში იყურებოდა. ყმაწვილს კოხტად გადავარცხნილი თმა ჰქონდა, უბრალო, ქამარშემორტყმული ბლუზა ეცვა და დიდი თვალები ჰქონდა. ასევე, თუ არ ვცდები, ილია ოდნავ ხელითაც ეხებოდა ამ ყმაწვილს, თითქოს მომავლისკენ უბიძგებსო, რომელიც, რა გასაკვირია და, იყო პატარა სოსელო, „ივერიაში“ რომ ლექსი დაუბეჭდეს.

იმ ლექსს ჩვენ სკოლაში გვასწავლიდნენ, საერთოდ კი, „ივერია“ იშვიათად ბეჭდავდა ლექსებს.

ოღონდ, ეს არაფერ შუაშია. ქანდაკება იმიტომ გამახსენდა, რომ იმის საუკეთესო გამოხატულებაა, რაც ჩვენთან ხშირად ხდება ხოლმე: უცებ ვიღაცა მოინდომებს, რომ ისეთი რამეები დააკავშიროს ერთმანეთთან, რომელთა დაკავშირებაც შეუძლებელია და მიაწვეს ამ საქმეს ჯიუტად და უკანმოუხედავად.

საინტერესოა, არსებობს თუ არა ადგილი, სადაც სტალინი ილიას კი არა, სერჯიო ლეონეს შეხვდება.

ჯერჯერობით, დანამდვილებით ვერ ვიტყვი, შესაძლებელია თუ არა ასეთი შეხვედრა. ეგებ, ყველაფერი სწორედ ამ ქანდაკებას დაემსგავსოს, მაგრამ ვეჭვობ, რომ ასეთი შეხვედრა არსებობდა და ვნახოთ, ეგებ ვიპოვო კიდეც ამ შეხვედრის ადგილი.

მიმალული ადგილია, ჩემმა მზემ, მაგრამ ვეცადოთ. მგონი, ძალიან მოსაწყენიც არ უნდა იყოს.

ახლა კიდევ სხვა შეკითხვის დროა:

როდის შეხვდნენ ერთმანეთს გარბაჩოვი და რეიგანი რეიკიავიკში?

მგონი, გაზაფხული იყო. 1986 წლის გაზაფხული უნდა ყოფილიყო ნამდვილად. რეიგანი სახლის პარმაღზე იდგა და გაცინებული ელოდა გარბაჩოვს, რომელიც შლაპაში გამოცხადდა.

ეს დღე იმიტომ მახსოვს, რომ ეს ამბავი საგანგებო ახალ ამბებში უჩვენეს და ეგრევე, ამ ახალი ამბების შემდეგ, კინოს ჩავუჯექით. ვიღაცას მოეტანა კასეტები ჩემს მეგობართან, ჩვენ კი დილიდანვე მივაცდინეთ ლექციები და ვიდეოს საცქერლად გავემართეთ, ვინაიდან ფილმი გრძელი იყო. უგრძესი.

ფილმი იყო, კაგდატა ვ ამერიკე და, მე თუ მკითხავთ, მისი ცქერა დაგვიანებულიც კი იყო, იმიტომ, რომ ბევრს ჰქონდა ნანახი და გაუთავებლად ამაზე ლაპარაკობდნენ. ექვს საათს გრძელდებაო, დე ნირო თამაშობსო და მთელი ამბავი.

ხოდა, სანამ ვიდეოს ჩავრთავდით და ჩამოვსხდებოდით პაპიროსებით, დილიდანვე და გემრიელად, მანამდე ვნახეთ ეს რეიგანი და გარბაჩოვი ტელევიზორში. მოკლედ, ფილმი ისტორიულ დღეს ვნახე, თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ბოლომდე არ მინახავს, რაღაც მიზეზით წამოვედი იქიდან. წასასვლელი ვიყავი სადღაც, თუ რა იყო, არ მახსოვს.

ყოველ შემთხვევაში, კაიხანს ვუყურებდით. მეგონა, რომ არასდროს დამთავრდებოდა და ახლაც არ ვიცი რამსიგრძეა, მით უმეტეს, რომ ეს დედამიწაზე არავინ იცის. სადღაც-სადღაც რომ გადავაწყდები, მაინც ვერ ვუყურებ ხოლმე ისე, რომ ოციოდ წუთზე მეტი გამოვიდეს გადაბმულად.

განგსტერული ფილმები ნანახი მქონდა, ნათლიაც და კიდევ სხვებიც. ერთი სერიალივით რაღაცა იყო, განგსტერსკიე ხრონიკი ნიუ იორკა, ბაგზი სიგელზე, მეიერ ლანსკიზე და ვიღაცებზე და ისიც, კიდევ, დიახ, ლიცო სა შრამამ, რომელიც სრულიად არ მიზიდავდა. ყველაზე უფრო ეს ნათლია მომწონდა, თანაც, ის ადგილები, სადაც ძველი ნიუ იორკის ამბებია მოთხრობილი. მანამდე ნათლია სამიზდატში მქონდა წაკითხული და ასე თუ ისე ვიცოდი, რა იყო და როგორ. ამერიგო ბონასერა სულ რამდენიმე კვარტალში ცხოვრობდა თავისი დამკრძალავი ბიუროდან.. აი, ეს წინადადებაც კი მახსოვს.

ჰოდა, ამ ერთხელ ამერიკაშიც ის 20-იანი წლები არ იყო, კოტონ კლაბით რომ შემიყვარდა? მაგრამ ეჰ, როგორღაც ვერ ჩავუმუღამდი ამ ფილმს. კი ვუყურე, მაგრამ, ჰა... ვითომ არც მიყურებია, ვერაფერზე ვიფიქრე. ხუმრობები ძალინ უხამსი იყო და შიგ არანაირი ხალისი არ იგრძნობოდა.

ალბათ, ეგრეც უნდა ყოფილიყო, იმ ბიჭებისგან სხვას რას უნდა მოელოდეს კაცი. მაგრამ მაშინ ამას ვერ მივხვდი, იმიტომ, რომ ყველა მათზე ლაპარაკობდა და მეც, უკვე შემეძლო, რომ რაღაცა მეთქვა ამ ფილმის შესახებ. ანუ, მრგვალი ბეჭედი დამერტყა, რომ ნანახი მაქვს.

ჰოოოოოოო, მუსიკა, საუნდტრეკი, როგორც ახლა იტყვიან, ლამის მთავარ რომანტიკად იყო ქცეული. ის მთავარი მელოდია, თორემ იქ მუსიკა ბევრნაირია. ახლაც, ზოგიერთს, იმ განცდის ერთგულს, მობილურებში აღმოვუჩენ იმ საუნდტრეკს.

მაგრამ, ყველაზე მაგარი ის იყო, რომ ბიჭების გულჩვილობის ამბავი გამოვლინდა. ბიჭები ხომ ჩვეულებრივ არ ავლენენ ხოლმე გულჩვილობას. მარტო ძალიან გამორჩეულები ავლენენ. მაშინ ასე იყო და ახლა აღარ ვიცი. მაგრამ ამ კაგდატა ვ ამერიკემ რაღაცნაირი ლეგალური გულჩვილობის საშულება მისცა ყველას, იმიტომ, რომ ქუჩური გულჩვილობა იყო, რაღაცნაირად ბლაგვი.

იქ არის უცნობილესი ეპიზოდი, როცა უბნის მთავარგანგსტერი ამ ჯერ კიდევ პატარა ბიჭების ბანდას გადაეკიდება, რადგან გრძნობს, რომ ისინი მალე აღარ დაემორჩილებიან და ჩააჩოჩებენ. ბიჭების ბანდამ კი უკვე ფული იშოვა, ბუტლეგერებს შეუამხანაგდა და ძვირფასი ტანსაცმელიც იყიდა, თანაც, სადგურის სეიფში ფული შეინახა და მთელი ამბავი. ჰოდა, ეგრე კოხტად გამოწყობილებს წინ ეს ტიპი, სახელად ბაგზი, დაუხვდებათ და სროლას უპირებს.

ესენი ყველანი გარბიან და ბაგზის ტყვია, რა თქმა უნდა, მათ შორის ყველაზე პატარა, ყველაზე საყვარელ, ყველაზე კომიკურ, მაგრამ ნამდვილად და ჭეშმარიტად დიდი მომავლის მქონე დომინიკს მიწვდება.

დომინიკი შესაფრისკენ გარბის და სწორედ ამ დროს მოხვდება ტყვია, ისე, რომ ფორხილით მიაღწევს იქამდე, სადაც ნუდლსი იმალება (ცოტა მანიაკურად ვყვები, მგონი) და მის ხელებში დალევს სულს სიტყვებით:

ფეხი დამიცდა, ნუდლს.

ეს სცენა იყო მთავარი გულჩვილობის მიზეზი, თუმცა, სხვა, უფრო ნაკლებმნიშვნელოვანი, სახალისო გულჩვილობანიც აღინიშნებოდა საუბრებში. მაგალითად, როცა, ბოზანდარა გოგო პეგი ნამცხვარს მოითხოვს სექსის სანაცვლოდ და პეტსი გოლდბერგს ეს ჭაპანწყვეტით ნაყიდი ნამცხვარი მის ლოდინში შემოეჭმევა. ასე იტყოდნენ, ჯერ ბავშვია, ქალს ტკბილეულობა ურჩევნიაო და ჩაიღიმებდნენ.

ხოლო დომინიკის მკვლელობა დისკუსიის საგანიც იყო. მით უმეტეს, რომ კინოში ნათქვამი ფრაზების სადისკუსიოდ გამოტანის ტრადიცია ადრიდანვე არსებობდა.

დავა იყო სიტყვებზე: ფეხი დამიცდა, ნუდლს.

ერთნი ამბობდნენ, რომ ბიჭი იმდენად პატარა და უბიწო იყო, რომ ვერც კი მიხვდა, ტყვია რომ მოხვდა და ეგონა, ფეხი დაუცდაო.

მაშინ ჯერ ბევრმა არავინ იცოდა, რას გრძნობ, ტყვია რომ მოგხვდება, მაგრამ ვიღაცები ამბობდნენ, ეგრეა, ვერ გრძნობო.

ამათი მოწინააღმდეგეები კი აცხადებდნენ, პატარა კი იყო, მაგრამ ისეთი ნასტირნი, დუხიანი და უტეხი, რომ ტყვია რომ მოხვდა, მშვენივრადაც იგრძნო და არ აღიარაო.

მოკლედ, ცოტათი იმას ჰგავდა, გულივერის ამბებში რომაა, კვერცხი ბოლოდან ჩავტეხოთ თუ თავიდანო.

მაგარი ბიჭების მიერ ფილმის გმირთა ქცევების გარჩევა, თურმე, ძველთაგანვე არსებობდა. საქმე კრიმინალურ ამბებს ეხებოდა, თორემ, ამარკორდში რომ ტეო ყვირის ხიდან, ის კი არავის გაურჩევია.

ამის მთავარი შემთხვევები სამოციან წლებში იყო, როდესაც ხალხმა „შესანიშნავი შვიდეული“ ნახა.

სადღაც წავიკითხე, რომ საბჭოთა კინოგაქირავების ისტორიაში ეს იყო ყველაზე შემოსავლიანი ფილმი, რომელიც ოთხ წელიწადს იყო ეკრანებზე და კიდევ მეტსაც იქნებოდა, უცაბედი, ამოუცნობი ბრძანებით რომ არ მოეხსნათ ეკრანებიდანო.

ჰოდა, ერთმა იმ დროის კაცმა მიამბო, ამ ფილმზე ხალხი ფუჭდებოდაო. ანუ, ქუჩის ამბავში კამათები იბადებოდა, ვინ არის მართალი, კალვერა თუ კრისიო. ავტორიტეტების სიტყვით, მართალი კალვერა იყო. არ ვიცი, იმიტომ, რომ გასაწეწი უნდა გაიწეწოს, არ ვიცი, დატყვევებულ შვიდეულს რომ გაუშვებს, იმიტომ, ისინი კი ყოვლად ვერაგულად უკან დაბრუნდებიან. ამბობდნენ, ქურდებმა თქვესო, კალვერა მართალიაო. ჰოდა, იმას წინ ვინღა დაუდგებოდა.

მოკლედ, კაგდატა ვ ამერიკესაც ასეთი რამ ემუქრებოდა.

ემუქრებოდა კი არა, უკვე სჭირდა, გარშემო უკვე მისი ექსპერტები არსებობდნენ: ბიჭები, რომლებმაც ფილმის ყოველი მოსახვევი იცოდნენ და ყოველ საქციელს ჩვენებური ქუჩის კანონებით აფასებდნენ.

სიმართლე რომ ითქვას, მათი მოსმენა მეორედ აღარც იყო საჭირო. ერთს რომ მოისმენდი, უკვე იცოდი, სხვა ასეთივე ექსპერტი რას იტყოდა. მოგეხსენებათ, როგორც ყოველი კანონი, ეს კანონიც არ უშვებს გადახრას რომელიმე მხარეს და არანაირი ლიბერალიზმი აქ არ გავიდოდა.

ყველაზე დიდი ლიბერალიზმი ის იყო, რომ გეთქვა, ესენი მაინც ბანდიტები არიან, არავის ინდობენ და არ შეიძლება, რომ კარგი ადამიანები იყვნენო, მაგრამ ასეთი რამ ძალიან იშვიათად გამიგონია მაშინ. ვინც იწუნებდა ამ კინოს, მხოლოდ ერთი სტანდარტული ფრაზით, რავი, მე კრიოსნი აწეცი მირჩევნიაო.

მაგრამ, ნათლია ვერ გახდა ამ გაქანების ფილმი ბიჭებში. ვერანაირად.

კი, მამა-შვილ კორლეონეების ფრაზები აქა-იქ გაკრთებოდა ხოლმე, მაგრამ არა იმ ძალით, როგორც, ფეხი დამიცდა, ნუდლს.

მგონი, სრულიად გასაგები მიზეზის გამო.

გინდა მაფია დაუძახე, გინდა რაიმე სხვა, იქ ოჯახის ამბავი იყო მოთხრობილი. მაფიოზური ოჯახია და თანაც ფილმიც ისეთია, რომ სულაც არ ჩანს, როგორ მოიპოვებენ კორლეონეები ფულს. რაღაცა, შექსპირის ტონალობის საოჯახო ამბებია. მგონი, ეგრე აქვს გადაღებული იმ ჩვენს კოპოლას.

კაგდატა ვ ამერიკე კი სწორედ საბიჭო ფილმია. რის ოჯახი, რა ოჯახი, დავმეგობრდით და შევუბერეთ. ბანდა ვართ. ბანდასა და ოჯახს შუა დიდი განსხვავებაა. ოჯახი მარწუხები და წესებია, ბანდა კი თავისუფლება და ქუჩა.

ამბობენ ხოლმე, რომ ეს ფილმი სახელმძღვანელო გამოდგა.

რაღაცნაირი, გაუცნობიერებელი სახელმძღვანელო. ერთი აწ გარდაცვლილი ბანდიტი პატარაობისას სრულიად გულწრფელად მეუბნებოდა, რომ სწორედ ისეთი უნდა იყოს, როგორიც არის ტონი მონტანა, თუ მონტანო, ლიცო სა შრამამ. ძაან მაგარიაო, ისეთი ხალისით ამბობდა, ყველაფერს აკეთებსო, მაგარია და მაგარიაო.

არა მარტო მაგარიაო, ხო ვითომ ბრაზიანია, მაგრამ სინამდვილეში ჯიგარიაო, ბავშვებიან მანქანას ხო არ ააფეთქებსო.

საერთოდ, ეს ბავშვის საკითხი განგსტერულ ფილმებში დიდი ვერაგი საკითხია: მაგით გამოსდებენ ხოლმე კაუჭს მაყურებელს, აგე, ბავშვიო და ბავშვის მდგომარეობის მიხედვით დავატყობთ, სინამდვილეში როგორი კაცი ყოფილა ეს ბანდიტიო.

რა თქმა უნდა, ეს სისულელეა. მხოლოდ ხერხია. ვისაც ორი სტრიქონი მაინც დაუწერია, იმან იცის ამ კაუჭების და ანკესების ამბავი. ამას წინათ, ტელევიზორში მარკესი ყვებოდა თავისი ფანდების შესახებ და დიდად ჭკუისსასწავლებელი რამ იყო.

მაგალითად, როგორ წერდა „გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკას“. პირველი წინადადება ისეთი დავწერეო, რომ კაცი თვალს ვერ მოწყვეტდა საკითხავსო: იმ დღეს, როცა სანტიაგო ნასარი უნდა მოეკლათ, მან ექვს საათზე გაიღვიძაო. ამით მკითხველი უკვე დავითრიეო, მაგრამ ამ წინადადებას რომ დაწერ, მკითხველი აუცილებლად წიგნის ბოლო გვერდების ფურცვლას დაიწყებს, რათა გაიგოს ეს ბიჭი როგორ მოკლესო. ოღონდაც, წიგნის ბოლოში ჩაჭყეტვას, ის მხოლოდ პირველი თავის ბოლოსკენ გადაწყვეტსო, ჰოდა, სწორედ იქ დავახვედრე ისეთი ფრაზა, რომელიც ამას გადააფიქრებინებსო. ჩემი მთავარი ამოცანაო, მარკესმა სწორედ ასე თქვა, ის არისო, რომ როდესაც კაცი ჩემს წიგნს კითხულობს, მისთვის ერთადერთი სამყარო არსებობდეს, ჩემი წიგნის სამყაროო.

ეჰ, ზოგჯერ რა გულუბრყვილო ჰგონიათ შემოქმედი ვინმეები.

სერჯიო ლეონე კი ზუსტად ამის ოსტატი იყო. თუმცა, მგონი, ამერიკაში ვერც აჩვენა ფილმის ისეთი ვერსია, როგორიც უნდოდა. ისეთი ფილმი გამოდგა, წარამარა რომ აგრძელებდნენ და ამოკლებდნენ. მას ამ ფილმის გადაღება ლამის ოც წელიწადს უნდოდა, მაგრამ ვერ ახერხებდა. სადღაც წავიკითხე, კანის ფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენების შემდეგ დარბაზმა თხუთმეტწუთიანი ოვაცია მოუწყოო, სრული ანშლაგებით მიდიოდა ევროპული ვერსიაც და ამერიკულიცო.

მაგრამ ეს ყოველივე ჩვენ არა გვეხება და არც გვეხებოდა.

ჩვენ ეს ფილმი ვიდეოზე ვნახეთ და როდის-როდის აჩვენა ცენტრალურმა ტელევიზიამ, რომელსაც კიდევ სხვა ვარიანტი ჰქონია, რომელიც მანამდე არსებული ვარიანტებისგან განსხვავდებოდა. ტელევიზორში, მგონი, არც არავის უნახავს, ვისაც ნახვა უნდოდა, უკვე ათ-ათჯერ ჰქონდა ნანახი.

არ მგონია, რომ სორბონის უნივერსიტეტის წინ მდგომ სტუდენტებს, ან, უბრალოდ, უსაქმურ ბიჭებს, რომლებსაც იქ დგომა უყვართ (არ ვიცი, ასეთები თუ არსებობენ), ბევრი ელაპარაკოთ ამ ფილმზე. არც პრაღის უნივერსიტეტის და არც, მგონი, ჯორჯთაუნისა. ამიტომ, იქ რომ ანშლაგით მიდიოდა, მიდიოდა და მორჩა, სხვაც ბევრი რამ მიდიოდა ანშლაგით და კიდევ წავა, მაგრამ, აქ, ჩვენთან, რაღაც მოხდა.

ეს ფილმი რაღაცას, მიძინებულს, თუ ხანგრძლივ ძილ-ღვიძილში მყოფს დაუკავშირდა, რაღაცას დაემთხვა და ეს დამთხვევა ტკივილიანი გამოდგა.

ზოგიერთის ცხოვრება გასაოცრად ემგვანებოდა ამ კინოს. ზოგიერთის არ ჰგავდა, მაგრამ ცდილობდნენ, დამგვანებოდა.

0x01 graphic

ეს ის დრო იყო, როცა პერესტროიკა დაიწყო. თავისუფლება კი ეგეთი რამე ჩანს, რომ პროცენტები არა აქვს, მთლიანად ადამიანზეა დამოკიდებული. განსაკუთრებით, როცა შემოპარვას ლამობს. შემოპარვა იმას არ გამოუდის, ჩაავლებენ ხელს და შემოათრევენ. ის ლომებისთვის და მოსკიტებისთვის ერთნაირია და მარტო ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი სტუდენტებისთვის არასდროს არსებობს, არამედ ქუჩის ბიჭებისთვისაც.

ჰოდა, სადაც არაფორმალური გაერთიანებები ჩნდებოდა, იქ ბანდებიც იქმნებოდა. სხვანაირი ბანდები. ის კი არა, საბჭოთა დროს რომ ყაჩაღები იყვნენ, ძირითადად, პროვინციებიდან. ნამდვილი ქალაქური ბანდები, ზუსტად ისეთი, ამ ტკბილ კრიმინალურ საგაში რომ იყო. ამათ შექმნაში სერჯიო ლეონეს ფილმს ნამდვილად არ მიუძღვის წვლილი. ისინი ყველგან იქმნებოდა, მთელს საბჭოთა კავშირში, უბრალოდ, ჩვენთან ამ ფილმის მხატვრულობის რამდენიმე ელემენტი მიიღო. მითოსს დაეყრდნო, ასე რომ ვთქვათ, და კიდევ უამრავი რაღაც.

იმ პერესტროიკის დროს, ჟურნალი აგანიოკი იყო მაგარი რამე და იქ წავიკითხე ერთი სტატია, რომელიც სამუდამოდ დამამახსოვრდა. ვეფხვი გადმოხტაო, ასე ერქვა და ოციანი წლების განთქმული რუსი განგსტერების ლიონკა პანტელეევის და ვიწკა კულწიაპის ამბები იყო აღწერილი. ეს ის დრო იყო, როცა რამკიანი ქურდები ჯერ არ არსებობდნენ.

ჰოდა, იქ ბოლოსკენ ეწერა, ახლაო, რუსეთის დიდმა განგსტერულმა ვეფხვმა უკვე კამარა შეკრა და საცაა მოგვახტებაო.

მაშინ გამიკვირდა, რის ვეფხვი, რა ვეფხვი-მეთქი. სრულიად ვერ ვგრძნობდი ამ ამბავს ჩვენს ტერიტორიაზე, ეტყობა, რუსეთში ხდება რაღაც-მეთქი. თურმე, საქმეში ხარ?

იმპერიის კოლორიტული პროვინციის პირობაზე, უფრო მცირედ და ნელა, მაგრამ აქაც ხდება.

მაშინ ყველაფერი იწყებოდა და ესეც დაიწყო.

ოღონდ, ჩვენ მაინც არტისტული ხალხი ვართ და სპორტულპიჟამოიანი, დაკუნთული, თავგადაპარსული რეკეტირები ჩვენს მხარეში არ გაჩენილან.

მთელი რუსეთი კი გაივსო ამ ჯეილებით.

ჩვენთან ყოველი რეკეტირი გმირი, ხასიათი, რაღაც განუმეორებლობა და...…მოკლედ, ნაწარმოების გმირი უნდა ყოფილიყო. ჩვენ სხვანაირად არ ვიცით და არც შეგვიძლია. სხვანაირად, უბრალოდ, საინტერესო არ არის. თუ არ გამოჩნდი, საინტერესო არ არის.

ჯერ კიდევ არისტოტელემ თქვა, რომ ეგო, მთელი ეგ შემოქმედების ამბებიო, არის ამბები, რომლებიც შეიძლებოდა მომხდარიყოო. ხოლო ისტორია კი ის არის, რაც მოხდაო.

ჰოდა, ასე: მოვახდინოთ, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო და არა ის, რაც მოხდა.

ამხელა ზანდუკში გარკვევა არ გინდა?

იქ აწყვია არა მხოლოდ თოფ-იარაღი, არამედ ათასი სხვა რამ.

ასე განსაჯეთ, შიგ ძველებური, უცხოური სიგარეტის სუნიც დგას. სოხუმის მალბოროსი კი არა. ისეთი მალბოროსი, რომელსაც აწერია, მოიხმარება მხოლოდ ამერიკის შიგნით.

და ვიღაცამ ჩამოიტანა.

იყო ასეთი დრო, ვინმე იტყოდა: მე მაქ მოწეული, აწერია აუთსაიდ კი არა, ინსაიდ... ვაფშე სხვანაირია.

სხვანაირია?

ამერიკაში კი მართლა ყველაფერი სხვანაირია.

(გაგრძელება იქნება)