The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

უოლტ უიტმენი


უოლტ უიტმენი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი სტატიები სხვადასხვა ჟურნალებიდან
საავტორო უფლებები: © ვახტანგ ხარბედია (ჟურნალ „არილის” რედაქტორი)
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: სტატიები ჟურნალიდან „არილი“



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


თარგმნა თამაზ ჩხენკელმა

ერთ დროს უიტმენი მიმაჩნდა არა მარტო დიდ პოეტად, არამედ ერთადერთ პოეტად. მე ნამდვილად ვფიქრობდი, რომ 1855 წლამდე ყველა პოეტი უიტმენისკენ მიდიოდა და რომ მისი არმიბაძვა უმეცრების დამამტკიცებელი იქნებოდა...

უიტმენის ლექსები ფსალმუნებზე რთულია. ამოსავალი წერტილი, რა თქმა უნდა, ფსალმუნებია. გარდა ამისა, ბიბლია სამაგიდო წიგნია ინგლისში და ინგლისური წარმოშობის ხალხებისათვის. და არა ნაკლებ, ვიდრე შექსპირი. ცხადია, რომ უიტმენი დავალებულია ბიბლიისაგან თავისი ინტონაციით, თავისი ხმით. ეს ინგლისური ენის თავისებურებაა. ინგლისელები, ჩვეულებრივ, ბიბლიურ ფრაზებს ბრჭყალებში არ სვამენ. ეს ფრაზები იქ სრულიად ბუნებრივად ჟღერს. ბიბლიური გამოთქმები ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი ინგლისურ ენას...

დაუახლოვო ერთმანეთს უიტმენი და პოლ ვალერი, ერთი შეხედვით, უცნაური და, რაც ბევრად უარესია, უპერსპექტივო საქმეა. ვალერი უკიდეგანო ოსტატობის სიმბოლოა და ამასთანავე, უკიდეგანოდ დაუკმაყოფილებელია, ხოლო უიტმენს თითქოსდა უადგილო, მაგრამ არაჩვეეულებრივი ნიჭი აქვს იყოს ბედნიერი. ვალერი სულის ლაბირინთების შესანიშნავი განსახიერებაა, უიტმენი - სხეულის დაუნაწევრებელი ამოძახილებისა. ვალერი ევროპისა და მისი მშვიდი დაისის სიმბოლოა, უიტმენი ამერიკის განთიადისა. მთელ ლიტერატურულ სამყაროში ძნელად თუ დაიძებნება პოეზიის განმასახიერებელი ორი ესოდენ შეურიგებელი პიროვნება. და მაინც, მათ აქვთ შეხების საერთო წერტილი: ჩენთვის მათ ლექსებს უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვთ, ვიდრე ამ ლექსებით შობილ, მათ მიერვე გამოჭედილ პოეტის სახებას.

ინგლისელი პოეტი ლესელზ ებერკრომბი დამსახურებულად ასხამს ხოტბას უიტმენს იმისთვის, რომ „მან საკუთარი ფასდაუდებელი გამოცდილების საგანძურიდან თანამედროვე, მცირე, მაგრამ ჭეშმარიტ მიღწევათა შორის, ერთ-ერთი ცოცხალი და განუმეორებელი სახე შექმნა“. ხოტბა რამდენადმე ბუნდოვანი და გადაჭარბებულია, თუმცა ერთი უდავოა: ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს ტენისონის პოეზიით გულმოყირჭებული თაყვანისმცემელი და „ბალახის ფოთლების“ ნახევრად ღვთაებრივი გმირი. განსხვავება პრინციპულია: უიტმენი თავის რაფსოდიებს წარმოსახული არსების სახელით ჰქმნიდა, იმ არსების სახელით, რომლის მხოლოდ ნაწილს წარმოადგენდა თვითონ, დანარჩენს მკითხველები შეადგენდნენ. აქედან - შეუთავსებლობა, რაც ასე აღიზიანებდათ კრიტიკოსებს, აქედან - ლექსებში იმ ადგილებზე მითითების ჩვეულება, სადაც არასოდეს ყოფილა ავტორი, აქედანვე - მისი ქვეყნად მოვლინების დაფიქსირება, ერთი მოწმობის მიხედვით, რომელიღაც სამხრეთ შტატში, ხოლო მეორის მიხედვით (და ნამდვილად) ლონგ აილენდში.

უიტმენის შემოქმედების ერთ-ერთი მამოძრავებელი ჭანჭიკია აღბეჭდოს კაცის - უოლტ უიტმენის შესაძლებლობანი, იყოს უსაზღვროდ და უჩრდილოდ ბედნიერი. ვალერის ნაწარმოებებში აღბეჭდილი ადამიანის სახეც ასევე გაზვიადებული და მოჩვენებითია, თუმცა უიტმენისაგან განსხვავებით, ხოტბას არ ასხამს კაცის უნარს უანგარობისადმი და თავდავიწყებული ბედნიერებისადმი. ვალერი კაცში გონებრივ ძალმოსილებას ადიდებს...