The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცხელი შოკოლადი (ივლისი, 2005 №7)


ცხელი შოკოლადი (ივლისი, 2005 №7)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, ბაბუაძე თამარ, ლობჟანიძე გიორგი, კორძაია-სამადაშვილი ანა, გვახარია გიორგი, ბურჭულაძე ზაზა, კიკალეიშვილი სალომე, ტურაშვილი დათო, კვინიკაძე ნესტან
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: რედაქტორი: შორენა შავერდაშვილი რედაქტორის თანაშემწე: ნატა ფედოსეევა არტ რედაქტორი: ლევან ნუცუბიძე ფოტო: დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე სტილისტი: გაგა ლომიძე ილუსტრაცია: მაია სუმბაძე/ნიკა მაჩაიძე, კაკადუ, ლევან ნუცუბიძე დიზაინი: დავით თეთრაძე, მიხეილ დგებუაძე დისტრიბუცია: დავით ნარიმანიძე ნომერზე მუშაობდნენ: ნესტან კვინიკაძე ანა კორძაია-სამადაშვილი თამარ ბაბუაძე სალომე კიკალეიშვილი დათო ტურაშვილი ზაზა ბურჭულაძე გიორგი გვახარია გიორგი ლობჟანიძე სერგი ნაკაიძე გამომცემელი შპს „ემ ფაბლიშინგი“ მისამართი: თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“ მისამართი: ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: msa@msa.ge სტამბა შპს „სეზანი“ მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com



1 რედაქტორისგან

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

170 გვერდიანი ჟურნალის კეთება ყოველთვიურად მართლაც უწყვეტი მარათონია. ძალიან მიხარია, რომ ამ მარათონში ჩვენთან ერთად თქვენც, ჩვენი მკითხველებიც ჩაერთეთ. ეს თქვენი გამოხმაურებებიდანაც ჩანს. გმადლობთ კონსტრუქციული კრიტიკისა და გულშემატკივრობისთვის. ვცდილობთ, თქვენს მოსაზრებებსა და შეფასებებზე დაყრდნობით მივიღოთ ჟურნალთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, არც ახლა დაიზარებთ და კვლავ იმავე მისამართზე გამოგვეხმაურებით: mpublishing@caucasus.net.

ამჯერად „ცხელი შოკოლადის“ მეშვიდე ნომერი მინდა წარმოგიდგინოთ. მართალია, ბატონ ლევან ბერძენიშვილის აზრით, „ცხელი შოკოლადი“ ყველაზე სერიოზული ჟურნალია ყველაზე არასერიოზულ ჟურნალებს შორის, ის მაინც მთელი სერიოზულობით მოეკიდა ჩვენს „ავანტიურისტულ“ ფოტო-გადაღებებსა და ინტერვიუების მთელ სერიას, და ვიმედოვნებთ, შედეგით თქვენც ისიამოვნებთ.

თბილისში დროებით ჩამოსული დიტო ცინცაძე და ლევან უჩანეიშვილიც ამ ნომრის სტუმრები არიან, და ვფიქრობთ, მათ შესახებაც ბევრ ახალ ამბავს შეიტყობთ.

ერთი თვის წინ ანა კორძაია-სამადაშვილი ირანში გახლდათ; 8 დღიანი ირანული ვოიაჟის შესახებ ჩანაწერებიც ცხელ გულზე დაწერა და ვფიქრობ, ჩვენი მკითხველი სრული სიზუსტით წარმოიდგენს ანას ირანულ შთაბეჭდილებებს. ანას „ირანულმა დღიურებმა“ პოეტი და მთარგმნელი, გიორგი ლობჟანიძე წააქეზა; მანაც სამი წლის მანძილზე დაგროვილი ირანული შთაბეჭდილებები გაიხსენა და ჩვენთვის „უცხო აღმოსავლეთი“ შიგნიდან დაგვანახა. რაც მთავარია, ამ ყველაფერს საუცხოო იუმორი გასდევს.

ჩვენდა გასაკვირად, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ ნომრის სპეც-პროექტმა „სიზმრები“. სპეც-პროექტის თამაშის წესებს თავად გაეცნობით, მე მხოლოდ იმას გაგიმხელთ, რომ ჩვენს რესპოდენტებს სიურპრიზები, თურმე, არ ჰყვარებიათ. მოცემულ შემთხვევაში ეს ალბათ არცაა გასაკვირი - სიზმრები ხომ ჩვენი ქვეცნობიერი სამყაროა და სხვისი სიზმრების ჩხრეკაც ხომ ერთი სიამოვნებაა.

ასევე მინდა სიამაყით გამცნოთ, რომ ჩვენს ჟურნალს ლოს- ანჟელესში სპეციალური კორესპონდენტი „აღმოაჩნდა“. სერგი ნაკაიძის მეშვეობით „ცხელი შოკოლადი“ ამ ნომერში გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს „ყველაზე სექსუალურ“ მესაყვირე, კრის ბოტისთან. ბოტის სწორედ მაშინ ვესაუბრეთ, როცა ის დიდ ჯაზმენებთან ერთად ახალი ალბომისთვის დუეტებს წერდა.

მოკლედ, კიდევ ბევრით მინდა გაგახაროთ, მაგრამ აქვე თუ არ დავასრულე, ჟურნალი სტამბაში შემასწრებს. ამიტომ, ვიდრე დაგემშვიდობებით, ერთსაც გეტყვით: მერვე (აგვისტო-სექტემბრის) ნომერზე მუშაობა დავიწყეთ და ის უკვე ორმაგი „ცხელი შოკოლადი“ იქნება, ძალიან გემრიელი ნაღებით.

შორენა შავერდაშვილი

ჩვენი ავტორები

0x01 graphic

თამარ ბაბუაძე

ხელით ვეღარ ვწერ, ვჩქარობ, აზრს ვეღარ ვეწევი და იმიტომ. ვბეჭდავ ბრმად Microsoft Word-ში და სულ არ მადარდებს ის, რომ ცუდი კალიგრაფია, ან მისი საერთოდ არქონა ინდივიდუალობას მაკლებს. ვბეჭდავ ბრმად და ტყუილუბრალოდ ვოცნებობ: რა მოხდება, ისეთივე სისწრაფით შემეძლოს სიტყვების რეალობაში ამოქმედება, რა სისწრაფითაც ისინი ჩემს მონიტორზე წინადადებებს ქმნიან.

მე ვცხოვრობ სიტყვებში, სიტყვებით და სულ სიტყვებს ვეძებ, წინაზე უკეთესს, მძაფრს, ეფექტურს და ხშირად მავიწყდება ყველაზე მართალი სიტყვის მოძებნა, რომელიც დანარჩენზე მეტად იქნება ჩემი. ეს მაწუხებს. ამიტომ ისევ სიტყვებს ვიყენებ და მათი დახმარებით ვადგენ მორიგ წინადადებას უტოპიური სურვილით: მინდა, მქონდეს ახალი ანბანი, ახალი ასოებით, რომლებიც ახალ სიტყვებს დამაწერინებდნენ.

სანამ ეს მოხდება, ძველებურად მაღიზიანებს daforward-ებული იმეილები, ვერ ვუგებ ადამიანს, რომელიც საკუთარი მობილური ტელეფონის მენიუში ერთი ამაზრზენი ფუნქციით სარგებლობს - sms templates - აპარატში წინასწარ ჩატვირთული მზა ფრაზებით წერს მესიჯებს, და მიყვარს „ცხელი შოკოლადი“, სადაც ყოველთვის უამრავი სიტყვა მხვდება - წინაზე უკეთესიც, მძაფრიც, ეფექტურიც, თბილიც, ცივიც, ჩემიც და სხვისიც. აქ ყველანი სიტყვებით ვცხოვრობთ, სიტყვებს ვხარჯავთ და სიტყვებს ვაგროვებთ. იკითხეთ ისინი, რადგან ჟურნალის სათაურის მიუხედავად, ჩვენს სათქმელს ყველაზე ნაკლებად ეთქმის ტკბილ შოკოლადში ამოვლებული. მართალია, ჩვენ ცუდი კალიგრაფია გვაქვს, იმიტომ, რომ მივეჩვიეთ წერას Microsoft-ის Word-ში, მაგრამ ჩვენი Word-ები მაინც ცოცხალია, რადგან „გაჭრი და სისხლი წამოუვათ“ = წაიკითხავ და იმ ამბავს ააგებ, რომლის მოსმენაც გენატრებოდა.

0x01 graphic

გიორგი ლობჟანიძე

გამოგიტყდებით და, „ცხელ შოკოლადში“ პირველად ვიბეჭდები. არადა, იმის მიუხედავად, რომ შოკოლადი ყველა ფორმასა და გამოვლინებაში ძალიან მიყვარს, ამ დასახელების ჟურნალთან ჩემს თანამშრომლობას, სულ ცოტა ხნის წინ, ვერაფრით დავუშვებდი: მსგავსი სახელწოდება, ჟურნალთან დაკავშირებით, შოკოლადისფერის კი არა, ყვითლის ასოციაციას უფრო აღძრავს და ყვითელი ფერი იმპრესიონისტებთან, გაგიხარია, კარგი იყო, მაგრამ არამც და არამც უამისოდაც გვარიანად აფერადებულ სამამულო წარმოების ჟურნალისტიკაში. მაგრამ თურმე სასტიკად ვცდებოდი: ასეთი უცნაური სახელწოდების მიუხედავად, ეს ჩვენი „ცხელი შოკოლადი“ უგემრიელესი და ძალიან საინტერესო ნუგბარი აღმოჩნდა, სადაც სერიოზულ საკითხებზე სერიოზულად წერენ და მის პატივცემულ ავტორებს დათაფლულ-დაშაქრულობისაც არაფერი ეტყობათ. მე, მაგალითად, როგორც ირანის ექსპერტი, ისე მომიწვიეს. სახელწოდებაზე გამახსენდა: სპარსულად ექსპერტს „ხებრე“ ეწოდება. ხოლო რას ნიშნავს ეს სიტყვა ქართულად, უჩემოდაც კარგად მოგეხსენებათ. რატომ განიცადა სპარსული „ხებრეს“ შინაარსმა ქართულ „ხეპრემდე“ ასეთი უცნაური მეტამორფოზა, ძნელი სათქმელია. მაგრამ ერთი რამ ცხადზე უცხადესია: ის, ვინც ერთისთვის შეიძლება ექსპერტი იყოს, მეორესთვის ადვილი შესაძლებელია „ხეპრედ“ მოჩანდეს და პირიქით. ამიტომაც ასე უბოდიშოდ შევიფერე ექსპერტობა და ამიტომაც გადავწყვიტე მეთანამშრომლა „ცხელ შოკოლადთან“, რომელიც სახელის მიუხედავად, დღევანდელ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო და საინტერესო ჟურნალია.

0x01 graphic

ანა კორძაია-სამადაშვილი

შესანიშნავი გვარი მაქვს - უგრძელესი. ერთი გვარი მამისგან მერგო, მეორე - დედისგან. ზოგჯერ გული მწყდება ხოლმე, რომ მხოლოდ ანა მქვია, ნეტავ რამე ჩახლართული ან ბევრი სახელი მქონოდა, ხომ ერთიათად გავერთობოდი!

მაშ ასე, ანა კორძაია-სამადაშვილი გახლავართ, „ცხელი შოკოლადისთვის“ ვწერ სტატიებს ჩემი თანამემამულეების, კარგი ქალებისა და შორეული ქვეყნების შესახებ. იმის გამო, რომ ყოველ ამ სტატიას ჩემი გრძელი სახელი და გვარი აწერია, მათში ამ ადამიანებისა თუ მხარეების მიმართ ჩემი პირადი დამოკიდებულებაა გადმოცემული: მე ისინი ძალიან მომწონან და, დანართის სახით, რესპონდენტის საყვარლების ნუსხას არასოდეს გამოვაქვეყნებ. თუ მაინცდამაინც მსგავსი ინფორმაცია გიზიდავთ, შეგიძლიათ სტატიის გმირის კეთილ მეგობრებს მიმართოთ - მილიონნახევრიანი მოსახლეობის მიუხედავად, თბილისი, მოგეხსენებათ, პატარა ქალაქია.

მერე, როცა ძალიან გავმდიდრდები, აუცილებლად გამოვცემ ჟურნალს „ვაი ამ საათს“, სადაც წვრილბურჟუაზიული იდეალების მქადაგებლებისა და მარად უკმაყოფილო ინტელიგენციის წარმომადგენელთათვის სულ ნაირ-ნაირ საშინელებებს დავბეჭდავ ხოლმე - ასე მაინც ვეცდები, სიცოცხლე მთლად ჯოჯოხეთად გადავუქციო.

შენ კი, ჩემო საყვარელო, „ცხელი შოკოლადის“ მკითხველო, ათასგვარ სიხარულს გისურვებ და მარადიული სიჭაბუკის საიდუმლოსაც გაგანდობ: ღრმად არ ჩაფიქრდე და სიყვარულზე არ იდარდო. როგორც ერთი კარგი ჩინელი იტყოდა ხოლმე, и так жизнь тяжёлая, еще этой х...ей заниматься...

0x01 graphic

გიორგი გვახარია

ერთხელ ნაირა გელაშვილმა თქვა სადღაც, არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, დეპრესია მაქვს, სიმარტოვეს ვერ ვუძლებო... მერე კი ასეთ ხალხს ურჩია, ბოლოს და ბოლოს სახლში კატა მიიყვანეთ, მოუარეთ და აღარ იქნებით მარტოო.

კატა არა მყავს და ჯერჯერობით არც მჭირდება. მოსავლელიც ბევრი მყავს და არც მარტოობას ვუჩივი. დეპრესიის დრო კი, აბა, ვინ მომცა - ყველაფერთან ერთად, „შოკოლადს“ 33 სტატია უნდა შევუქმნა!

ჩვენმა საყვარელმა რედაქტორმა ხმა გამივრცელა, გოგი გვახარია ჩვენს ჟურნალში თავის მემუარებს დაბეჭდავსო. არა და არა, მეგობრებო. არ დაუჯეროთ! ეს სარეკლამო ტრიუკია.

ჩვენს რედაქტორს „ცრემლიანი სათვალის“ მხოლოდ ერთი წერილი აქვს წაკითხული. ჰგონია, რომ დანარჩენშიც გადაგიშლით ჩემს ჩაკეტილ - როგორც ზაზა იტყოდა, ბურჭულაძე - გულსა. არაფერი შეგეშალოთ. ძლივს ჩავკეტე და ახლა რატომ უნდა გავხსნა? პირიქით, თუ არ დაიზარებთ და ყველა წერილს წაიკითხავთ, დაინახავთ, როგორ ნელ-ნელა იკეტება გული, და შესაბამისად, როგორ იძაბება ნელ-ნელა მზერა, როგორ იხსნება ეს მზერა და როგორ იწყებს თავისუფალ მოძრაობას სივრცეში. როგორ ხდება მნიშვნელოვანი არა ის, რაც შენშია, არამედ ის, რაც შენს გარეთ არსებობს. ის, რასაც ხედავ მხოლოდ, მაგრამ ვერ ეხები. ამასობაში, 33 ნომრის გამოსვლის შემდეგ, რუსეთის ჯარებიც გავლენ და იბერიაც გაბრწყინდება. ამასობაში საბოლოოდ გავიზრდებით და უკან დაგვრჩება ბავშვობა.

მემუარებს დეპრესიული ხალხი წერს. თანაც ბებრები. მე კი არც ისეთი ბებერი ვარ, ჩემს წარსულში რომ დავიწყო ლივლივი, და არც ისეთი სადისტი - თქვენც რომ გალივლივოთ.

„ცრემლიანი სათვალე“ - გოგი გვახარიას წარსული არ არის. ეს არარეალიზებული რეჟისორის მრავალსერიანი ისტორიული ფილმია. სერიალის ბოლოს ავტორი გაქრება და დარჩება გაბრწყინებული იბერია, სადაც ადამიანი კატას იმიტომ კი არ უვლის, რომ როგორმე თავი იხსნას მარტოობისგან, როგორმე დამკვიდრდეს, არამედ იმიტომ, რომ ცხოველები უყვარს და უსიყვარულოდ ცხოვრება ვეღარ წარმოუდგენია.

2 კაცი, რომელიც იცინის

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ზაზა ბურჭულაძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

ძნელია მოძებნო ადამიანი, ვინც ლევან ბერძენიშვილთან ხუთი-ათი წუთის საუბრის შემდეგ არ მიხვდება, რომ ის ყოფილი პოლიტიკური პატიმარია. როგორც ჩანს, ამ ვითარებამ, ამ ამბავმა ბატონ ლევანზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. თვით პატიმრობაში, ამ გამოცდილებაში არის რაღაც ისეთი, რასაც ბერძენიშვილი არათუ არ მალავს, არამედ ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდოს ეს ინფორმაცია სხვას. ეს არის ის, რამაც განსაზღვრა ლევან ბერძენიშვილი. ბერძენიშვილი ნამდვილად განსაზღვრა უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებამ, დაეპატიმრებინა იგი. ეს არ იყო მარტო ერთჯერადი აქტი, ეს იყო ოთხწლიანი დევნა, ძალიან თავისებური, რომელიც პატიმრობით დასრულდა და ამით დამთავრდა გარკვეული ეპოქა... ამით ლევან ბერძენიშვილის ახალგაზრდობა დამთავრდა.

მძაფრი შთაბეჭდილებები ბევრი შემიძლია გავიხსენო. მაგალითად, შემთხვევა, რომელიც მქონდა ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში. ამ ქვეყნებში გამძარცვეს. ძალიან თავისებური განწყობაა ეს. ბრაზილიაში ორჯერ გამძარცვეს. სამხრეთ აფრიკაში ერთხელ, თუმცა მეტს ვერც მოასწრებდნენ. უბრალოდ, ცოტა ხნით ვიყავი. ასევე კარგად მახსოვს, ბავშვობაში ერთმა ჩემზე ნაწყენმა გოგონამ თავისი ბიძაშვილი რომ დამახვედრა. ამ დანებიან შეხვედრაზე მეგობართან ერთად აღმოვჩნდი, რომელმაც მიმატოვა. ასეთი რამეების დავიწყება შეუძლებელია. არის ბევრი რამ, რაც გახსოვს კაცს, მაგრამ არის ერთი რამ, რაც მუდმივად მახსოვს. ეს არის პატიმრობა, რაც იმდენად არანორმალურია და იმდენად არასაჭირო, რომ ეს კრიზისი განუკურნებელია და მუდმივად თან ახლავს და თავის დაღს ასვამს ადამიანს.

0x01 graphic

ვფიქრობ, ამაში არის გარკვეული ფატალიზმი, და რომ რაღაც თვალსაზრისით, ისინი ცოდონიც კი არიან, ვისაც ამგვარი გამოცდილება არა აქვს. ესაა გარკვეული სიმდიდრე. რა თქმა უნდა, არ ვიცი, რამდენი მომცა უზენაესმა ძალამ, თუკი ის არსებობს, და რამდენ ხანს უნდა ვიყო ამქვეყნად, მაგრამ ვიცი, რომ უფრო მეტ ხანს ვიქნებოდი, ის წლები რომ არ ყოფილიყო, იმიტომ, რომ ფიზიკურად ჩემი სიცოცხლიდან რაღაც მნიშვნელოვანი წაიღეს. თუმცა ნელსონ მანდელას რომ ვაკვირდები, რომელიც 30 წელი იჯდა ციხეში, ვხვდები, რომ ციხე გარკვეული გაგებით, რაღაცეებსაც ინახავს. მაგრამ დადებითი ელემენტები, ანუ პლუსები და მინუსები რომ დავუთვალოთ ჩემს დაპატიმრებას, რა თქმა უნდა, პლუსები გადააჭარბებს. ამით არავის მოვუწოდებ, რომ სასწრაფოდ ციხეში გაიქცეს. მაგალითად, შენი მეუღლის ერთგულებსა და სიყვარულში რომ დარწმუნდე, ამისთვის დაპატიმრება არ არის საკმარისი. ჩემს ირგვლივ ბევრი დააპატიმრეს, აქედან 90 პროცენტმა დაკარგა თავიანთი ძვირფასი მეუღლეები. ციხეში პანტაპუნტით მოდიოდა ტელეგრამები - Милый, я нашла другого человека. ამ ტელეგრამაზე, მის შინაარსზე, საბჭოთა კაგებე მუშაობდა. ის აიძულებდა ქალებს, უარი ეთქვათ დაპატიმრებულ ქმრებზე. ჩემი შემთხვევა იმიტომ კი არ იყო გამორჩეული, რომ ქართული კაგებე სხვანაირად მუშაობდა, ქართული კაგებე საბჭოთა კაგებეს ღირსეული ნაწილი იყო...

3 წელი ჰქონდა მისჯილი, მაგრამ სათავეში გორბაჩოვი რომ არ მოსულიყო, ახლაც იქ იქნებოდა, თუკი იქნებოდა საერთოდ. მერაბ კოსტავასაც ცოტა მიესაჯა, მაგრამ ის იჯდა და იჯდა, იმიტომ, რომ უმატებდნენ და უმატებდნენ, და კიდევ დაუმატებდნენ, ქვეყანაში გლობალური ცვლილებები რომ არ მომხდარიყო. მძიმე სტრესულ მდგომარეობაში ადამიანი ცდილობს გაერკვეს, რა და როგორ არის, და თუ იგი ამას, როგორც ტრაგედიას და უსამართლობას აღიქვამს, მაშინ ის შეიძლება გადაგვარდეს. მაგრამ თუ თავისთავში საკმარის ცოდვილობას ხედავს, რის გამოც შეიძლება ზოგადად დაისაჯოს, მაშინ იგი გადარჩება.

ცხოვრებაში ბევრი დამიშავებია საიმისოდ, რომ გასაჭირში ჩავვარდნილიყავი. თუ დაინახავ, რომ სამყაროში არის გარკვეული სამართლიანობა, - თუნდაც იმაში, რომ შენს ჩაგვრაში არის რაღაც კანონზომიერება, იმიტომ, რომ შენც დაგიშავებია, ან კიდევ დააშავებ, - მაშინ შეიძლება იოლად გადარჩე. მორალური მდგრადობის გარანტია საკუთარი თავის შეფასების უნარია.

კარგად მახსოვს როსტოვის ციხეში გაგონილი პირველი დიდი სიბრძნე: „В грузии - როსტოველმა ქურდმა მითხრა, - все воры до первого светофора“. ქართველი პატიმრების დიდი ნაწილი ძალიან მაგრად იქცევა პირველ გასაჭირამდე, ანუ როსტოვის ციხემდე. ეს არ ეხება პოლიტპატიმრებს, რომლებიც, როგორც წესი, - ქართველებიც და სომხებიც და ა.შ. - ძალიან მედგარნი არიან ხოლმე, არამედ ეხება ე.წ. ახალგაზრდა, მომავალზე მოფიქრალ ხალხს. ბევრი ფიქრობს, რომ ის ქურდული ცხოვრების გზას დაადგება, ოღონდ როსტოვის ციხემდე. პირველივე სერიოზული გამოცდა - როსტოვის ციხე, რომელიც ცუდი ადგილია, ძალიან აკნინებს, ასე ვთქვათ, იმ რომანტიკულ წარმოდგენებს, რომლებიც ახალგაზრდებს ქურდულ სამყაროზე აქვთ. ახლა ვერ ვიტყვი, გაუმარჯოს როსტოვის ციხეს-მეთქი, მაგრამ მან თავისი ფუნქცია უთუოდ შეასრულა ჩვენს ისტორიაში, და ბევრი ქართველი ადამიანი დააბრუნა დედამიწაზე იმ საეჭვო ზეციდან, რომელსაც ქურდული სამყაროს ზეცა ჰქვია. ბევრი კარგი რამ, რაც იქ იყო, ისედაც იქნებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, საბჭოთა კავშირში გვევლო და ყველაზე ჭარბი თავისუფალი ინტელექტუალური შემადგენლობა შეგვეკრიბა. უშიშროებას ამის საშუალება ჰქონდა. მან შეკრიბა და, გარდა ამისა, ამ ხალხს გამოცდა მოუწყო, და ვინც, ასე ვთქვათ, თანამშრომლობას იოლად დათანხმდა, მათგან ჩვენი რიგები გაწმინდა, ასე ვთქვათ, ჯირკვალი განაგდო, და დატოვა სუფთა, დაუთანხმებელი მასალა - ხალხი, რომელიც არ ეთანხმებოდა სისტემას. ასეთ ადგილას მოხვედრა არ იყო პატარა რამ, და მიმაჩნია, უშიშროებამ, გარკვეულწილად, პატივი დაგვდო იმ თვალსაზრისით, რომ არ მოგვისაჯა, ვთქვათ, გაუპატიურებისთვის... არადა, შეეძლოთ, ნებისმიერი საქმე შეეკერათ. მაგალითად, სამშობლოს ღალატისთვის გავესამართლებინეთ, მაგრამ პატიოსნად გვიწოდა ხალხი, რომელიც ანტისაბჭოთა მეთოდებით იბრძოდა. მერე, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრევა და მთელი მსოფლიო გაიგებს, რომ ეს იყო ბოროტება, აშკარად მეამაყება, რომ ანტისაბჭოთა აგიტაციის და პროპაგანდის მუხლით ვიყავი ბრალდებული, და არა, ვთქვათ, ხულიგნობის ან გაუპატიურებისა.

ვინაიდან გაირკვა, რომ საბჭოთა კარგი არ ყოფილა და საქართველოში საბჭოთა კავშირს არცერთი სერიოზული ადამიანი (მხედველობაში თუ არ მივიღებთ იმას, რომ ხალხი თავის ახალგაზრდობას მისტირის. თუმცა, რეალურად, საბჭოთა კავშირში დაბრუნება არავის უნდა, ერთი-ორი დამთხვეული კომუნისტის გარდა, რომელთაც ასევე თავისი უფლებები აქვთ) არ მისტირის, ამიტომ, გარკვეული გაგებით, ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისთვის ჯდომა კარგია.

0x01 graphic

მეორე მხრივ, ღარიბია ის ადამიანი, რომელსაც მიღმური გამოცდილება არა აქვს. მწერლებს ეს გამოცდილება აქვთ, იმიტომ, რომ თვითონ გადადიან სამყაროდან სამყაროში, ქაღალდზე მაინც, ხოლო ქაღალდზე ვერ მოხდება, თუ შიგნით არ მოხდა სულიერი ძვრა. ერთსახოვნებაში დიდი სიღარიბეა, მაგალითად, ხუთოსნობაში, კათედრის გამგეობაში, დაფასებაში, მთაწმინდაზე დაკრძალვაში... აქვს ადამიანს შანსი იწვეს მთაწმინდაზე და არავის ახსოვდეს და აინტერესებდეს იგი. მაგრამ არის სხვა შანსიც. შეიძლება ადამიანი საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელი იყოს, მაგრამ ელვარებდეს, როგორც გმირი და იდეალი.

მე ვიცნობდი ასეთ კაცს, რომელიც ხანდახან ყველას გვაცინებდა ძალიან სერიოზულად და რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის XX საუკუნის საინტერესო ქართველთა სამეულში შევიდოდა. ეს ჯაბა იოსელიანია. ნამდვილად არ ვიყავი მისი გულშემატკივარი, და ნამდვილად მგონია, რომ მისი აზროვნება, არათუ დროს ჩამორჩებოდა, არამედ ძალიან გაღმა იყო, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომანის დაწერას რომ ვაპირებდე, ნამდვილად ვიცი, რომ ხუთოსნების ბედით არ დავინტერესდებოდი, რადგან მათში არაფერია საინტერესო. იოსელიანისნაირ ადამიანებს საზოგადოება ჩუქნის ქალთა მეტ ყურადღებას, უკეთეს გარეგნობას, და კარგ ფიზიკურ შესაძლებლობებს. მინახავს, როგორ არბოდა 75 წლის ჯაბა იოსელიანი მეთხუთმეტე სართულზე. შევარდნაძე ლიფტით ადიოდა, ის კი ასწრებდა ხოლმე. ადამიანი ელვარე უნდა იყოს. უფრო სწორად, კარგი იქნება, რომ იყოს. ხოლო ეს ადამიანი სწორ გზასაც თუ დაადგება, მაშინ ეს დიდი ბედნიერებაა. ასეთი ადამიანები გმირებად იქცევიან ხოლმე. ასეთი ხალხი, განსაკუთრებით საინტერესოა ამ გარდამავალ დროში. ვინ არის ის, ვისაც უნდა მიბაძო.

პატივსაცემია პრეზიდენტის აზრი მის მოხელეებზე, მაგრამ საეჭვოა, პრეზიდენტმა ერთი ახალგაზრდა კაცი მაინც გვაჩვენოს, რომელიც ღამე იმ ფიქრით იძინებს, რომ ხვალ გაიღვიძებს და დავით კეზერაშვილს ემსგავსება.

დღევანდელ გმირებზე, რომლებიც ხელოვნურად იქმნებიან, არ შეიძლება სერიოზულად ლაპარაკი. მაგალითად, „ეს გმირია“, - იტყვის ხოლმე პრეზიდენტი, მაგრამ ისინი ასეთები არ არიან. მათ არავინ ბაძავს, არავის უნდა მათნაირი იყოს.

0x01 graphic

მხედრიონის დროს, ტელევიზიით აჩვენეს ფილმი ერთხელ ამერიკაში, რომელმაც წარუშლელი გავლენა მოახდინა საქართველოზე, ფორმების თვალსაზრისით. გრანდ ჩეროკებზემომჯდარი ბიჭები და მათი საქციელი პირდაპირ იმ ფილმიდან იყო გადმოღებული. ანუ ისინი საქართველოში ამერიკული რეკეტის გარიჟრაჟს ქმნიდნენ. და ძალიან კარგი, რომ ეს ფილმი არსებობდა, რადგან უამფილმოდ ეს ბიჭები სისასტიკის უფრო რთულ და გაუგებარ ფორმებს მოიფიქრებდნენ.

მათ აირჩიეს სისასტიკის ის ფორმები, რომლებიც მხატვრული გაფორმების საშუალებას იძლეოდა. საბედნიეროდ, ისინი არ გახდნენ ქართული საზოგადოების ისეთი ორგანული ნაწილი, როგორც მაფია იყო სამხრეთ იტალიის საზოგადოების ნაწილი. ამით იმის თქმა მინდა, რომ კარგია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსაწონი იყო, მაგრამ კარგია ნიშნავს, რომ სწრაფად მოვინელეთ და მოვიხადეთ ეს სენი. გარკვეული გაგებით, ეს ნაციონალური სენია.

სამართლიანობა ყველაზე საშიში სიტყვაა, ეს არის სიტყვა, რომლის გამოც ყველაზე მეტი სისხლი დაიღვარა, ვიდრე სხვა რომელიმე სიტყვის გამო. საქართველოში ჩვენ უკვე ვიცით, რომ სამართლიანობა იოლად მიღწევადი რამ არ არის. ჩვენ მოგვიწევს შეგუება იმისა, რომ ვინც იშოვა, იმან იშოვა. ეს ამ ქვეყნისთვის გადამწყვეტი მომენტია, ანუ ქვეყანა უფრო მაღლა უნდა დადგეს, ვიდრე მარტივი წარმოდგენა სამართლიანობაზე. არსებობს დიდი და პატარა სამართლიანობები. ნელნელა ცხოვრება გასწავლის სიბრძნეს. იყო ბრძენი, ნიშნავს - არ იყო ჭკვიანი. რუსთაველი რომ ამბობს, ამ ამბავს ჭკვიანები ვერ მიხვდებიანო, სწორედ ამას გულისხმობდა. ჭკვიანი არის - ორჯერ ორი ოთხია. უკანონოდ მოპოვებული ქონება რომ უნდა ჩამოერთვას ვინმეს, ეს ჭკვიანობაა და, რა თქმა უნდა, სწორია, მაგრამ სიბრძნე მდგომარეობს იმაში, რომ საქართველომ არ უნდა იზრუნოს ყველა სამართლიანობის აღდგენაზე.

მაგალითად, 44 წელს მოხდა ე.წ. თურქ მესხთა ანუ მაჰმადიან ქართველთა გასახლება საქართველოდან. სრულად რომ აღდგეს სამართლიანობა, საქართველოში ნახევარი მილიონი ადამიანი უნდა ჩამოვიდეს, რომელიც ჩვენს მიმართ აგრესიულად იქნება განწყობილი. ანუ ძნელი წარმოსადგენია სრულად აღადგინო სამართლიანობა, და შეინარჩუნო ქვეყა ქვეყანა. ამავე დროს, არც იმის თქმა შეიძლება, რომ ამ ხალხს არ დააბრუნებ. სრულიად წარმოუდგენელია, თუნდაც პრაგმატული თვალსაზრისით. საქართველოს არ ექნება ამის შანსი. ანუ სიბრძნე სხვაგანაა, იქ არა, სადაც ორჯერ ორი ოთხია, სიბრძნე გაცილებით უფრო რთულია და სიბრძნის შემთხვევაში, ორჯერ ორი ხანდახან არ არის ოთხი, ნამდვილად არ არის. თუ ვინმეს უჭირს ამის წარმოდგენა, უნდა ახსოვდეს, რომ არის ერთი თეორია, რომელსაც ეფუძნება ჩვენი ცოდნა, ანუ ერთი წერტილიდან წრფისადმი შეიძლება გაავლო ერთი პარალელი, და არის ორი სხვა თეორია, რომელიც ამბობს, რომ ვერც ერთს ვერ გაავლებ. აქედან ერთი ამბობს, რომ ისინი ერთმანეთს გადაკვეთენ, მეორეს მიხედვით კი ისინი ერთმანეთს არასოდეს გადაკვეთენ. ამ ორივე თეორიის მიხედვით, კაცობრიობა კოსმოსში დაფრინავს, და ცხოვრებას აწყობს, და ის თეორია, რომ მხოლოდ ერთი პარალელის გავლება შეიძლება, სამწუხაროდ, დაახლოებით ისეთ ქვეყნებს ახასიათებს, როგორიც საქართველოა. ლობაჩევსკის და რიმანის გეომეტრიები, ეს არის პასუხი იმაზე, რომ სიბრძნე არ არის მარტო ევკლიდობა. თუმცა ელემენტარული ცოდნა ამის გარეშე არ არსებობს. უნდა გესმოდეს, რა არის სამართლიანობა, რომ მერე გაიგო უფრო მაღალი სამართლიანობა. ასე რომ, ზედმეტი თავგამოდება რომ არ გამოვიჩინო, ვიცი, რა არის სიბრძნე-მეთქი, ვიტყვი, რომ ერთ რამეს ჩავწვდი: მარტივი ნაბიჯები თითქმის არასოდეს ნიშნავს წარმატებას, მარტივი, ანუ სწორი ნაბიჯები. გარკვეული გაგებით, ის სტრატეგიული გათვლები, რომელიც შეიძლება არსებრივ ცოდნას დაეფუძნოს, ადამიანზე უკეთ შეიძლება კომპიუტერმა გააკეთოს. მაგრამ არ მეგულება საქართველოში არცერთი მეტ-ნაკლებად სერიოზული საკითხი, რომელიც ამ დონეზე შეიძლება იქნას გათვლილი, და არ გაითვალისწინოს ის ადამიანური ფაქტორები, რომლებსაც კომპიუტერი ვერ გაითვალისწინებს. ანუ ჯერჯერობით უმარტივესი სტრატეგიული საკითხებიც კი, არ ექვემდებარება სრულ ალგორითმიზაციას, და ის ხალხი, ვისაც ეჩვენება, რომ ამ მხრივ რაღაცის გაკეთება შეუძლია, ბრძენ ხალხად ითვლება.

0x01 graphic

ხანდახან ამ სიტყვას არ უწოდებენ, მაგრამ ეუბნებიან: თქვენმა ზოგმა პროგნოზმა გაამართლა, - რაც დაახლოებით იგივეა, ანუ ეს უფრო თავაზიანი ფორმაა იმისა, რომ კაცს უთხრა, ბრძენი ხარო, რაც ნიშნავს, თქვენ ლამის მკვდარი ხართ. ჩვენ არ გვიყვარს ეს სიტყვა, ჩვენს კულტურაში ის ცოცხალი ადამიანის მიმართ არ გამოიყენება. როცა სოკრატეს ღმერთმა უთხრა, რომ იგი ყველაზე ბრძენია, შედეგად ამას რაც მოჰყვა, ყველამ კარგად იცის. სხვათა შორის, არა ვარ მომხრე, რომ ათენელები, როგორც ბოროტმოქმედები განვიხილოთ, რომლებიც ვერ გაერკვნენ, ვინ ვინ არის. ძალიან კარგად გაერკვნენ, 220 კაცმა, რომელმაც თქვა, რომ კაცს, რომელიც ანგრევს სახელმწიფოს, სიცოცხლის უფლება აქვს. 280-მა კი თქვა, რომ არა აქვს. ასე რომ, გარკვევა შესანიშნავი იყო.

დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, რომ სტრესული მომენტებიდან და სხვა ადგილებიდან მიღებული სიბრძნე ჩვენს ქვეყანას უთუოდ გამოადგა. ამ წლების განმავლობაში გარკვეული რაღაცეები გამოვიარეთ, მათ შორის ჩვენს თვალწინ ორი დიდი სამყარო დაინგრა. პირველ ყოვლისა, ქურდული სამყარო დაეცა, ჩვენ ახლა მის ნანგრევებზე ვიმყოფებით. ფაქტობრივად, ეს იდეოლოგია კვდება, და მეორე - დაეცა სხვა კრიმინალური სამყარო, ეს იყო რომანტიკულ-კრიმინალურ-მხედრიონული იდეოლოგია, თავისი შესანიშნავი, დახვეწილი სისასტიკის ფორმებით. მათ შორის თავის მოჭრებით, ტრაბახით, ვის რამდენი კაცი ჰყავს მოკლული და ა.შ. ეს ორი რამ ჩვენ მოვინელეთ. ამჟამად საქართველო სხვა იდეურ სფეროში გადავიდა. ყველა ძალიან სწრაფად იქცა ჩვეულებრივი მოქალაქიდან მრევლის წევრად.

საბურთალოზე არის ერთი პატარა ეკლესია, სადაც 20-30 კაცის მეტი არ ეტევა. არადა, ბუნებრივია, მრევლი მეტია. ამიტომ იქ ხმამაღლა მოლაპარაკეებია გამოტანილი. ხალხი ეზოში დგას და ისმენს. იდგე იქ რამდენიმე საათი - მძიმეა. ფარისეველს ეს შეუძლია ერთხელ, ორჯერ... ხუთჯერ არ შეუძლია. ეს იმას ნიშნავს, რომ პატარა ეკლესია, თავისი ზომებით, ხელს უწყობს მრევლის დაწმენდას. ბოლოს შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ის პატარა ეკლესია, სწორად არის პატარა. ანუ იმხელაა, რამხელაც უნდა იყოს. ამას ძალიან პირობითად ვამბობ. სულაც არ ვგულშემატკივრობ მრევლის შემცირებას. ნამდვილად ვიცი, რომ გულწრფელ რწმენაში არავისთვის არ არის საფრთხე. შეუძლებელია ეს იყოს საფრთხე. მთელი 100 პროცენტი თუ იქნება ღრმადმორწმუნე, ეს არავის არაფერში არ შეუქმნის საფრთხეს, მათ შორის მათ, ვინც არ არი მორწმუნეები. მაგრამ თუ ამ გრძნობაში არ არის გულწრფელობა, მაშინ მირჩევნია ჩემნაირი კაცი, რომელიც აცხადებს, რომ ის არ არის ეკლესიური.

ხსნა მხოლოდ ინდივიდუალური შეიძლება იყოს, ნაციონალურ-ქრისტიანული ხსნა არ არსებობს ისევე, როგორც არ არსებობს ნაციონალურ-მუსულმანური ან ბუდისტური ხსნა. ეს კერძო ადამიანის გზაა. ამიტომ, როცა მოდის ვინმე და მეუბნება, შენ რატომ არ იქცევი ისე, როგორც უნდა მოიქცე, - ძალიან მიკვირს. განსაკუთრებით ჟურნალისტებმა იციან ძალიან აგრესიული შემოტევა, დღეს ესა და ეს დღესასწაულია, რა იცით ამის შესახებო. თუ იტყვი, რომ არაფერი იცი, - გიტევენ, რატომ არ იციო და ა.შ. ამის მერე იწყება ძალიან სერიოზული საქმის გარჩევები, როგორ შეიძლება ეს არ იცოდეო და სხვა. ლამის სამშობლოს მოღალატედ შეგრაცხონ. ვისურვებდი, რომ ასეთმა ადამიანმა ოდნავ მაინც იცოდეს, რა არის რწმენა. და ერთხელ მაინც გამოსცადოს თავისი თავი. მე, მაგალითად, გავუღვიძებივარ სისხლის წვეთებს, რომელიც ყელგამოღადრულ კაცს სდიოდა ჩემს ზემოთ. და ვიცი, რა არის სიკვდილი. ყოველ შემთხვევაში, მინახავს, სიცოცხლის და სიკვდილის შეხვედრის წამები. გამოცდილება რაღაცას გეუბნება. რწმენის თვალსაზრისითაც, რა თქმა უნდა, რაღაც დავიჯერე და რაღაც არ დავიჯერე.

ყველა მიდრეკილება თვითგვემისკენ, თვითმკვლელობისკენ, არაქრისტიანულია. არ ყოფილა ქრისტიანობაში არცერთი წამი, როცა საკუთარი სხეულის დანგრევა რამენაირად მოწონებული ყოფილიყო. მოძღვრებაში დევს, რომ ყველაფერ ამას გაფრთხილება სჭირდება, სხეულსაც კი. ბიბლიაში ნათქვამია, რომ სანამ აქ არის მეფე, მანამდე ზეითუნის ზეთიც უნდა წავუსვათ მას. გლოვა მერეც გვეყოფა, როცა ის აქ აღარ იქნება. ეს ძალიან პირდაპირი და ნათელი მინიშნებაა იმაზე, თუ რა ფასი აქვს სიცოცხლეს და სხეულსაც, და ამ ქვეყნიერებასაც, რომელიც არ არის მირაჟი და არაფერი.

0x01 graphic

ასეთი რამ ბევრჯერ მსმენია, და ასეთები რომ მსმენია, ამიტომ ვარ ეკლესიისგან მორიდებულად და მოკრძალებულად შორს. თუმცა სახარების კითხვა მეც მიყვარს. ბევრი ვიცი, ვინც ამბობს ამ მძიმე სიტყვებს, სიცოცხლეს აზრი არა აქვსო, რომ ეს ყველაფერი წარმავალია, გარეთ კი „ტოიოტა ლენდკრუზერი“ ელოდება... არადა, სახარებაში წერია, რომ აქლემი უფრო იოლად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო მდიდრების მიმართ, თუმცა არც სკოტ ფიცჯერალდივით ვარ მათი მომღერალი. ვიცი სიმდიდრის ნაკლი. კარგად მესმის, რომ სულიერ ხსნას და დაფიქრებას სიმდიდრე ძალიან ხელს უშლის.

0x01 graphic

გაკვირვებული ვარ, როგორ დაუშვა თუნდაც კათოლიკურ მა ეკლესიამ („თუნდაც“ იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენში ისე ითვლება, თითქოს კათოლიკური ეკლესია ყველანაირ სისულელეს დაუშვებდა), რომ პიერ პაოლო პაზოლინიმ მათი ფულით და მათი დაკვეთით გადაიღო ფილმი ქრისტეზე. პირველი ის, რომ პაზოლინი კომუნისტი იყო, მეორეც - ის კათოლიკური ეკლესიისთვის სრულიად მიუღებელი ორიენტაციის მქონე ადამიანი გახლდათ. კიდევ, ის იყო კაცი, რომელმაც 1968 წელს სტუდენტების წინააღმდეგ პოლიციელთა ქმედება გაამართლა. მან პოლიციელებზე თქვა, რომ ხალხი ესაა, თორემ სტუდენტები - ელიტა არისო. არადა, თვითონ ძალიან ელიტური იყო, მაგრამ ესმოდა, ჩვენებურად რომ ვთქვათ, გლდანის და მუხიანის, და ეს ვაკელი კაცი, მათი მომღერალი იყო. თავის ფილმში პაზოლინიმ ლამაზი მდიდარი კაცი გვაჩვენა, რომელსაც ადევს ძალიან ლამაზი თავსაბურავი, რომელიც მოოჭვილი არაა და ძვირფასი ქვები არ აყრია, ანუ მან გვაჩვენა მაღალი რანგის სიმდიდრე. ქრისტემ ამ კაცს თავსაბურავის გადაგდება მოთხოვა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს კაცი თავსაბურავის გადამგდები არ არის. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ფარისევლობა დამთავრდება მაშინ, როცა ადამიანს „ლენდკრუზერით“ აღსარებაზე წასვლა შერცხვება. თუმცა, ეს მთელ მსოფლიოში ასე ხდება, ყველგან დაქრიან „ლენდკრუზერები“ ცოდვილი ადამიანებით, რომლებიც მიიღებენ თუ არა ინდულგენციებს, სასწრაფოდ ახალი ცოდვის ჩასადენად გარბიან. ამ ფარისევლობას ვუყურებ, როგორც ერთ-ერთ განსაცდელს მას შემდეგ, რაც ჩვენ იდეოლოგიური განსაცდელი გამოვიარეთ. იყო კომუნიზმი, იყო კომუნიზმის მიუღებლობა, იყო ჩვენი გამოცდა დისიდენტობით, რომელმაც გარყვნა და წაახდინა სახელმწიფოებრიობის იდეა.

მე ყოფილი დისიდენტი ვარ და კარგად მესმის, რა საშიშია დისიდენტობა დამოუკიდებელ ქვეყანაში, და რა საფრთხეს უქმნის კანონის მიმართ აგდებული დამოკიდებულება მშენებარე სახელმწიფოს. ჩემნაირი ტიპები ბევრი რომ იყოს საქართველოში, ეს ქვეყანა არ აშენდებოდა. მე უკვე იმდენი ვიცი ამ ქვეყანაზე, რომ ჩემთვის ძალიან იოლი იქნებოდა, სრულიად ცინიკოსი ადამიანი ვყოფილიყავი, რომელსაც არაფრის სჯერა. პრეზიდენტი რომ პათეტიკურ სიტყვებს ამბობს, შემიძლია თითოეული მისი სიტყვის უკან კითხვის ნიშანი დავსვა, სამწუხაროდ, ისე კარგად ვიცნობ მას. მაგრამ ჩემი ბედნიერება იმაშია, რომ ვიცი, ჩემი პრეზიდენტი ალაგალაგ გულწრფელია. ეს ბედნიერებაა, ღმერთმა ისეთი უნარი მომცა, რომ არ დამეკარგა ეს მზერა. ანუ დამენახა ის კარგი, რაც არის მასში. და არა მარტო პრეზიდენტში, სხვებშიც. არავინაა წყალწაღებული და განწირული. სასიკვდილო სარეცელზეც შეიძლება კაცი ცხონდეს. შანსი არსებობს მუდმივად და ყველასთვის. და ეს ბევრმა არ იცის, ეკლესიაში დადიან და არ იციან, რომ ეს შანსი არსებობს.

კარგია, იყო გახსნილი და დემოკრატიული, მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ ვიღაცეებმა შენი თვითმფრინავის ტარება ისწავლონ და შენივე ქალაქები აგიფეთქონ. ეს უკვე ვნახეთ, ამიტომ, მართალია, ამის გამო დემოკრატიაზე უარს ვერ ამბობ, მაგრამ შენივე თვითმფრინავი რომ ააფრინოს და შენვე ასწავლო, როგორ აგაფეთქოს, ამაზე რაღაცნაირად უარის თქმა გიწევს. ამერიკელებმა მოიფიქრეს ასეთი რამ: მათ დაასახელეს ბოროტების ადგილები, ანუ ამერიკიდან გაიტანეს ომი, ახლა სხვაგან იხოცებიან ის ამერიკელები, რომლებიც ამერიკაში დაიხოცებოდნენ. თუ არ იქნება ომი ერაყში, იქნება ომი ამერიკაში. მათ მოახერხეს ბოროტების ლოკალიზაცია. მთელი ყურადღება იქ გადაიტანეს, სადაც ომია. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამერიკელებს მოუწიათ იმ ფარისევლობიდან, რომ დემოკრატია ძალაა და იქ ვერავინ შევა, რომ ის დაუმარცხებელია და სხვა, - გადასვლა იმ რელატიურ სამყაროში, როდესაც დემოკრატიაც, თავისუფლებაც და ქრისტიანობაც, და ყველა სხვა სიკეთეც, თავს იცავს ძალიან თანამედროვე მეთოდებით.

ხშირად ამბობს, კარგი იქნებოდა, რომელიმე თავისუფალ ქვეყანაში დავბადებულიყავი თავისუფალ ადამიანადო, მაგრამ როგორც მასთან საუბრისას ხუთ წუთში ნებისმიერ კაცს ეცოდინება, რომ ბერძენიშვილი ყოფილი პოლიტპატიმარია, მეორე ხუთ წუთში ისიც ეცოდინება, რომ ის ბათუმელია. ბათუმში 16 წელი იცხოვრა. დანარჩენი ცხოვრება სხვაგან გაატარა.

მე ბათუმელი ვარ და ეს ძალიან სერიოზული რამ მგონია. არა თუ არ უნდა თქვა უარი შენს ამ ფესვებზე, არამედ ვერ უნდა თქვა. მე რომ ბათუმელი ვარ, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზულად მეცინება ყველა ცენტრალურ იდეაზე, როგორიც არის ვთქვათ, ქალაქის ცენტრალური ნაწილის მკვიდრობაზე, საქართველოს ცენტრალურ ნაწილზე და საქართველოს მსოფლიოს ცენტრად წარმოდგენის იდეაზე. ბათუმელობა ძალიანაც დამეხმარა, რომ არ გავმხდარიყავი ფაშისტი, ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით. ბათუმელობა ჩემთვის დემოკრატობას ნიშნავს. და, სხვათა შორის, ეს არის კიდეც ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული ადგილი. ალბათ იმიტომ, რომ განაპირა საქართველოა, მოსაზღვრეა და პირველი ხვდება სტუმარს, უცხოელს და კონტაქტშიც იოლად შედის.

დიდხანს არ ჰქონდა საკუთარი ბინა. თბილისში უბანი არ არის, სადაც არ უცხოვრია. ამის გამო ბევრი იწვალა. მერე ერთმა ძალიან ჭკვიანმა კაცმა უთხრა, ყველაფერი ჰქენი, რაც გინდა ჩაიდინე, ოღონდ ერთი ჭერის ქვეშ აღმოჩნდიო. სადაც გინდა იყოს, ოღონდ შენი ბინა გქონდესო. ეს ასწავლა ირაკლი შენგელიამ, მისი ლათინურის მასწავლებელმა.

ჩემი თაობის ხალხმა იცის, რომ ასეთი გენიალური მასწავლებელი მეორე არ ყოფილა. არა მარტო ლათინურის გამო. საერთოდაც გენიალური პიროვნება იყო, წარმოუდგენლად გენიალური. ასეთ ხალხს ამჟამად ვერ ნახავთ. XXI საუკუნე ასეთ ხალხს ვერ ამზადებს. ეს XIX საუკუნის მასალაა. ეს კაცი იონა მეუნარგიას შვილიშვილი და საქართველოს უკანასკნელი ოქრომჭედლის შვილი გახლდათ. რა თქმა უნდა, თავის დროზე ნაჯდომიც იყო. სულ მახსოვს, რომ მარტო მე კი არ ვარ კლასიკოსებიდან, რომ მეც მყავს რეპრესირებული წინამორბედები. ჩვენი დარგი ამ მხრივ ამაყია. ჩვენს კლასიკურ ფილოლოგიას შეუძლია იამაყოს. მსოფლიო სახელის მეცნიერები გვყავდა, რომლებიც რეპრესირებულნი იყვნენ. მაგალითად, გრიგოლ წერეთელი, სიმონ ყაუხჩიშვილი და ძალიან სერიოზულად რეპრესირებული ირაკლი შენგელია.

მერე, 1980 წელს, როგორც იქნა, გაუჩნდა სახლი. მანამდე თბილისში 10 წელი იმოძრავა - ძირითადად, ენტრალურ უბნებში.ხაზეიკებთან ურთიერთობების გახსენება არ უყვარს, იმდენად არასაინტერესო და რუტინული იყო. ამ ურთიერთობამ არაფერი მისცა მას და მით უფრო მის ხაზეიკებს, იმიტომ, რომ ცუდი მობინადრე გახლდათ. როგორც ნამდვილ ქართველს, უნდა, მდგმურობა თავისი ცხოვრებიდან ამოშალოს, რადგან ქართველისთვის ძალიან მაღალი ღირებულებაა მკვიდრობა.

ფიცხი კი ვარ, მაგრამ თუ სიტყვა არ მომცეს, სიტყვით არ გამოვალ. ეს ჩემი არამოკრძალებულობის და ქედმაღლობის ნიშანი მგონია. მაგრამ ასეთი ვარ. არ შემიძლია, საუბარში ვინმეს ჩავეჩხირო. ამის გამო ბევრს ეგონა, რომ დებილი ვარ. მსმენია შეფასებები ჩემზე, მაგრამ არ გავბრაზებულვარ, რადგან მესმის, საიდან მომდინარეობდნენ ისინი. გარკვეული გაგებით, თვითდაფასებული კაცი ვარ, რომელსაც სიტყვის მიცემა სჭირდება. ხშირად მიმიღია შენიშვნა, რომ დებატებში გამოსვლა არ მეხერხება, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვამ შეიძლება ჩემზე მეტი ილაპარაკოს, მე კი ჩუმად ვიჯდე. ამ თვისებას ჩემში წავშლიდი.

ქალიშვილობის ინსტიტუტი, ჩემი აზრით, გათავისუფლებული უნდა იყოს ყველანაირი აკვიატებებისგან. ანუ, ეს უნდა იყოს ბავშვის არჩევანი და ის თავისუფალი უნდა იყოს ამ არჩევანში. არ ვამბობ, რომ გავეკიდოთ ყველას და წავართვათ ქალიშვილობა, თუნდაც ხელოვნურად ან დაბადებისთანავე, რომ მერე ვეღარ გაბედოს ქალიშვილად დარჩენა, მაგრამ ამავე დროს დრამატულად მიმაჩნია, რომ ადამიანი ცხოვრობს და ამ ცხოვრებიდან რაღაც ძალიან ძვირფასი გამოცდილება არ მიაქვს. ვფიქრობ, მათ ეს გამოცდილება საზოგადოებამ წაართვა... ქალიშვილი და არაქალიშვილი ადამიანი ჩემთვის არ განსხვავდება, გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაც ის ვალდებულია უბრალოდ არ იყოს ქალიშვილი. ძნელად წარმომიდგენია, რომ ქალიშვილმა ყველაფერი შეძლოს, მაგალითად, ვერ იქნება მსახიობი. მინახავს მეძავი ქალის როლი, რომელიც ქალიშვილმა ითამაშა და ვერ შეასრულა. ისევე, როგორც, თუკი პატიმარი არ ყოფილხარ, ვერასოდეს მიხვდები, ბარიერს იქიდან როგორ გიყურებენ... ადამიანი, რომელიც ამ მხრივ სხვა ადამიანებისთვის დახურულია, როცა რაღაც თვალსაზრისით ის უცოდველია, შეიძლება რაღაც უნარებს კარგავდეს; და პირიქით, რაღაც უნარებს ინარჩუნებდეს. იაპონიაში ელექტრონულ ქარხანაში ადგილია, სადაც მხოლოდ ქალიშვილები მუშაობენ იმიტომ, რომ ქალწულის თითები გამოყოფენ რაღაც ნივთიერებას, რომელსაც არაქალწულები არ გამოყოფენ. თუმცა მარტო ამის გამო, იყო ქალიშვილი, სასაცილოა. ძალიან მეცოდებიან ქალიშვილები.

ლევან ბერძენიშვილმა, ერთმა კაცმა, მთელს საზოგადოებას გამოწვევა გამოუცხადა. საზოგადოებას უთხრა, რომ მისი აზროვნება ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან მარტივი და ტენდენციურია. საზოგადოებას ეჩვენება, რომ სიმართლე იცის; ვთქვათ, რომ ლევან ბერძენიშვილი მსუქანია. როდესაც ადამიანზე ამბობენ, რომ ის მაღალია, დაბალია, მსუქანია და გამხდარია, ეჩვენებათ, რომ რაღაც სიდიდეებზე ლაპარაკობენ. არცერთი ეს სიდიდე მუდმივი არ არის. სიმსუქნე და სიგამხდრე ხომ განსაკუთრებულად ადამიანის ხელშია. დღესდღეობით 20-30 სანტიმეტრით სიმაღლის მომატება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. სიმსუქნე და სიგამხდრე ძალიან ფარდობითია. არ არის მართებული, როცა ადამიანს ეტყვი, რომ შენ მართალი არა ხარ, იმიტომ, რომ ხარ მსუქანი, და ეს ლევან ბერძენიშვლმა საზოგადოებისგან მოისმინა.

არ ვიცი, ლევან ბერძენიშვილი რა კაცია, მაგრამ, სულ ცოტა, ორი კაცი მაინც არის. ერთი არის კაცი, რომელიც რაღაცით შეიძლება იყოს საინტერესო, იმიტომ, რომ ჩემი სახელი და გვარი ნამდვილად არსებობდა სიმსუქნის დროს, და გარკვეული საზოგადოებრივი ინტერესი ამასთან დაკავშირებით იყო. ერთი ლევან ბერძენიშვილი ხომ არსებობდა, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ მე ჩემთან დაკავშირებული მეორე თემა გავაჩინე. ერთია ბიბლიოთეკა, პოლიტიკა, არასწორი გამონათქვამები და სხვა, და არსებობს კიდევ მეორე ლევან ბერძენიშვილი, მხოლოდ პოზიტიურ ასპექტში, - კაცი, რომელმაც წონაში დაიკლო, და კაცი, რომელიც იცინის. ამით ჩემს თავს კომფორტი შევუქმენი. ეს არის კომფორტი ლევან ბერძენიშვილის პოზიტიურად მოხსენიების საშუალებისა. ისე, სასაცილოა, როცა მარტო ის ხარ, ვინც დაიკლო. მაგალითად, ერთ თავხედურ შედარებას ვიტყვი: ავა გარდნერს აღიზიანებდა, რომ ის ლამაზი იყო. ანუ, ეს როგორ გააღიზიანებდა ღმერთივით ლამაზ ქალს?! მაგრამ როდესაც ის მარტო ლამაზი იყო, ადამიანებისთვის ის მხოლოდ სილამაზესთან ასოცირდებოდა. რა თქმა უნდა, ეს მას აღიზიანებდა. ამის გამო, ის თვრებოდა, ქმარს ღალატობდა და თავს იუშნოვებდა. განგებ ისეთ მაკიაჟს იკეთებდა, რომ ლამაზი არ ყოფილიყო. სილამაზეს უბედურებად თვლიდა. არადა, ბევრი ქალი ასეთ „უბედურებას“ ნატრობს. ასევე, შემიძლია ვთქვა, რომ, როგორც ავა გარდნერს აღიზიანებდა ლაპარაკი მარტო მის სილამაზეზე, ასევე მეც უნდა მაღიზიანებდეს ლაპარაკი ჩემს სიგამხდრე-სიმსუქნეზე. მაგრამ ავა გარდნერისგან განსხვავებით, ბედნიერი ადამიანი ვარ. მსიამოვნებს ამაზე ლაპარაკი, შემიძლია გაუთავებლად ვილაპარაკო დიეტებზე, დაკლებაზე და სხვა, ეს ჩემი საყვარელი თემაა. მართალია, არა ისეთი, როგორიც დიდმა ადამიანებმა, მაგრამ მგონია, რომ მე ჩემი საზოგადოების ცხოვრებაზე რაღაც კვალი დავტოვე ამ ნაბიჯით, ჩემი 90 კილოთი და ჯანსაღი ცხოვრების წესით. არა ვარ რელიგიური მოძღვარი, მე ვთქვი, რომ ხსნა სიმსუქნიდან ყოველთვის არსებობს, რომ 50 წლის ასაკში შეგიძლია ცხოვრება დიამეტრულად გამოცვალო, თუნდაც ფიზიკურ ასპექტში.

ყოველთვის უნდოდა, კომპიუტერი შეესწავლა. თუმცა მაშინ დღევანდელი ფორმის კომპიუტერი არ არსებობდა, ის სხვა რამე იყო - დიდი სახლისხელა რაღაც. მაგრამ ეს არ არის მთავარი, ყოველთვის აინტერესებდა ხელოვნური ინტელექტი. ყოველთვის რაციონალური გემოვნება ჰქონდა. რაციონალიზმი მისი იდეალი იყო. მაგრამ დიდი მადლობელია პოლიტექნიკური ინსტიტუტისა, რომელმაც ორი წლის მერე თავისი არტახებიდან გაუშვა. რა თქმა უნდა, ფრიადოსანი სტუდენტი იყო. როცა მიდიოდა, დეკანი უკან მისდევდა, არ წახვიდეო. მაგრამ კარგია, რომ წავიდა. რაციონალიზმი მისთვის ყოველთვის მაღალი ღირებულება იყო. პოეტი ის არ გახდა, მაგრამ კლასიკურ ფილოლოგიაში რომ წავიდა, ამით დღემდე კმაყოფილია. იმიტომ, რომ კლასიკურმა ფილოლოგიამ მისი გემოვნება სერიოზულად შეცვალა. ეს იყო სამყარო, რომელიც დისიდენტებს ამზადებადა.

მე მასწავლიდა რისმაგ გორდეზიანი, რომელიც ითვლებოდა, რომ კომუნისტურ სისტემაში ჩაწერილი კაცი იყო, მაგრამ გარწმუნებთ, რისმაგი დასაჭერი კაცი იყო. დასაჭერი - ლიბერალური ღირებულებების გამო.

ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებიც, ნამდვილად ვიცი, რომ ჩემი იდეოლოგიისა არ არიან. მაგალითად, უღრმეს პატივს ვცემ გოგი გვახარიას. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ის არც ამერიკას უყურებს ჩემსავით და არც მემარჯვენეა. მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ მას ჩემგან პატივისცემა ერთი გრამით არ აკლდება.

ერთი კახური გამონათქვამია - კარგუნახავი. ქალიშვილები სწორედ ასეთი კარგუნახავები მგონია. ვიცი ორჯერ გათხოვილი ქალი, რომელმაც გარდაცვალების წინ შემომჩივლა, ქალიშვილი ვარო. მან ეს გულისტკივილით თქვა. ეს ჩემთვის შოკი იყო. მგონია, რომ ეგზისტენციურ პირობაში, სიკვდილის წინ, მან სიმართლე თქვა. თქვა, რომ რაღაც აკლდა. და მეჯერა, რომ ამ ადამიანებს რაღაც აკლიათ. ქალიშვილობის ინსტიტუტი საზოგადოებამ არ უნდა მოითხოვოს. დანარჩენი - ადამიანის არჩევანია. რა თქმა უნდა, ძალით ვერავის ვაიძულებთ, რომ გინდა თუ არა, დაკარგოს ქალიშვილობა. ერთხელ, ძალიან გულმოდგინედ რომ მღეროდა კაცი და სიმღერა არ გამოსდიოდა, პროფესორმა რეზო სირაძემ, რომელიც ჩემი მასწავლებელი იყო, იმ კაცს უთხრა, ცოტა აიგდე სიმღერაო. ქალწულობაზეც ასე მინდა ვთქვა, ქალებმა უნდა აიგდონ ქალწულობის ინსტიტუტი, და ქალიც უნდა აიგდონ. ეს არის თავისუფლება, რომელსაც ისინი იმსახურებენ. როცა ფრანგი ხალხის 55 პროცენტმა თქვა, არ გვინდა კონსტიტუციაო, საფრანგეთის პრეზიდენტმა ბრძანა, რა ვქნა, ეს არის ჩემი ხალხის არჩევანიო. თუ ქართველი ქალები იტყვიან, რომ ქალიშვილობის ინსტიტუტი მათ ფეხზე ჰკიდიათ, საზოგადოება იტყვის, რომ ეს მათი ქალების არჩევანია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ადამიანი ძვირფასია იმით, თუ სხეულის რომელ ნაწილში მოხდა შეხება და რამდენად ღრმად, და თუ მხოლოდ ესაა მნიშვნელოვანი ადამიანში, მაშინ ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე. ამის მიხედვით ადამიანი არ უნდა იწონებოდეს.

40-42 წლის ასაკში ქალების გარეგნობაზე წარმოდგენა შეეცვალა. მანამდე მყარად ეგონა, რომ მხოლოდ ერთი ტიპის ქალი შეიძლება იყოს ლამაზი. სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით კამათიც კი ჰქონდა თავის დროზე.

ერთი კაცი მიხსნიდა, რომ გრძელთმიანი ქალი შეიძლება იყოს ძალიან ლამაზი. ვეუბნებოდი, ეს შეუძლებელია-მეთქი. რა თქმა უნდა, დებილი ვიყავი. როგორ შეიძლება, რაიმე შეუძლებელი იყოს. მერე და მერე სხვა რამეც დავინახე, ასე ვთქვათ, მხედველობა გამეხსნა.

არის რაღაცეები, როცა ადამიანის ერთგულება არ იკარგება, თუნდაც მან უარი თქვას თავის ნაციონალობაზე. შეიძლება ვინმემ უარი თქვას ქართველობაზე, მაგრამ ხაჭაპურის მიმართ დარჩეს ერთგული. თუ ხაჭაპურზე უარს ამბობ, მაშინ ქართველიც აღარ ხარ. სომეხი, რომელსაც არ უყვარს სუჯუხი, უკვე აღარ არის სომეხი. შეიძლება სომხურად აღარ ლაპარაკობდე, მაგრამ სანამ სუჯუხი გიყვარს, ჯერ კიდევ სომეხი ხარ.

როდესაც ვნახე, რომ სომხური წარმოშობის ერთი დიდი რუსი რეჟისორი სუჯუხს და ბასთურმას არათუ არ ჭამს, არამედ ვერ ჭამს, ვუთხარი, რომ მისი გვარის „იან“ დაბოლოება მისთვის ზედმეტია. ეს არის უკანასკნელი ფონე ტიკური ნიშანი. ეს კაცი დამთავრებულია, როგორც სომეხი, ის ნამდვილი რუსია. სვამს ლიტრობით არაყს და არა კონიაკს. მართალია, ხაჭაპურისადმი ერთგულება არსად მიდის, მაგრამ მაინც, ხაჭაპურის სიყვარული შენს ნაციონალობას განსაზღვრავს.

0x01 graphic

თუკი წინა ცხოვრება არსებობდა, მაშინ აუცილებლად სოკრატეს ერთ-ერთი მოწაფე იქნებოდა, თვით სოკრატე თუ არა. ირაკლი შენგელია ხშირად ეუბნებოდა, რომ თითქოს ბერძენიშვილი მას სოკრატეს ფიზიკურადაც კი აგონებდა. თუმცა ცხვირი ცოტა პაჭუა აქვს. როდესაც მამარდაშვილს ქართველი სოკრატე უწოდეს, მან ეს ძალიან დიდ კომპლიმენტად ჩათვალა. თუმცა, ვიღაცეებს დღეს რომ უწოდონ ქართველი სოკრატე, შეიძლება შეურაცხყოფად მიიღონ. არიან ადამიანები, ვისაც სოკრატე არ მოსწონთ.

პირველ ყოვლისა, მე ვარ მასწავლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მე ვარ ქართველი. თუ მოვახდენთ ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზს, „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“, ჩემთვის ეს ნიშნავს, მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ მასწავლებელი.

მასწავლებლობა არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ნიშანი. ეს არის ვალდებულება ყველა იმ ხალხისა, ვინც ძალიან ძველია. ამდენი ხანი რომ ხარ, ვალდებული ხარ, გუშინ რომ ხალხი გაჩნდა, იმათ რაღაც სიტყვა უთხრა. მაგრამ ამას ხანდახან ისეთი უხერხული ფორმით ვაკეთებთ, რომ სხვებს ეს აღიზიანებს.

სააკაშვილმა რომ თქვა, ჩვენ ყველაზე ძველი ევროპელები ვართ და ჩვენგან ევროპა მაგალითს უნდა იღებდესო, ევროპაში სიცილით მოკვდნენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, მესმის, რას ამბობს სააკაშვილი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ევროპელებისაც მესმის და სააკაშვილისაც.

0x01 graphic

ეს ჩვენში დევს, ჩვენ მასწავლებლები ვართ. ჩვენ ჩვენი სიძველის გამო გვინდა, რომ ვინმეს რამე ვასწავლოთ. ახლა ბერძენიშვილი შესანიშნავი მასწავლებელია დიეტოლოგიის სფეროში, მაგრამ, გარდა ამისა, ახლაც კითხულობს ლექციებს, კითხულობს სოკრატეს აპოლოგიას.

კრიზისი, როგორც ასეთი, ოჯახში არასოდეს ჰქონია, დაძაბულობები - რამდენიც გნებავთ. ვთქვათ, უნდა ეშოვა კარგი სამსახური თავისი შვილისთვის. თუმცა კარგი სამსახურის შოვნაში არასოდეს უმართლებდა. ბევრს უჭირს იმის დაჯერება, რომ მას ამის გაკეთება არ შეუძლია, ანუ არ შეუძლია სხვისთვის სამსახურის შოვნა. ბევრი ეუბნება, როგორ უყვარს და რა დიდ პატივს სცემს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, კარგ სამსახურს მაინც ვერავისთვის ვერ შოულობს. მისულა და უთხოვია ვიღაცეებისთვის, დაპირებიან კიდეც, მაგრამ წარმატებისთვის ვერ მიუღწევია. როგორც ჩანს, არ იცნობს რომელიღაც წესებს, და არც უნდა, რომ იცნობდეს.

ესაა ლევან ბერძენიშვილი დღეს და ლევან ბერძენიშვილი გუშინ... კაცი, რომელიც
გახდა.

კაცი, რომელიც იცინის...
ხვალ რას შემოგვთავაზებს ახალს? საკითხავი, აი, ეს არის!

3 სალომე ტყაბლაძე - შეძლებისდაგვარად ახლოს

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: დათო მესხი

0x01 graphic

0x01 graphic

უმორჩილესად გთხოვთ, პლაგიატობას ნუ დამაბრალებთ. არც ის იფიქროთ, წინა ნომრის ერთ-ერთი სტატიის სათაური რომ არ გაემეორებინა, სხვა ვერაფერი მოიფიქრაო!!! მე კი მოვიფიქრებდი, მაგრამ... დამიჯერეთ, ჩემი მხრიდან ეს მკრეხელობის ტოლფასი იქნებოდა, რადგან ამ სათაურზე უკეთესად ვერავინ და ვერაფერი გიამბობთ სალომეზე.

ფეხზე: პრიალა ვარდისფერი ბოტასები; მგონი, „პუმებია“, ზუსტად არ ვიცი.

ქვედა: აშკარად, გემრიელად ნახმარი ნაჭრის სადა, წითელი სპორტული შარვალი.

ზედა: გოტიეს ფირმის კრემისფერი სპორტული მაისური, წითლად დახატული კაცის და ქალის ტანსაცმლის საერთაშორისო ზომების ცხრილით;

კიდევ... კიდევ რა?.. ჰო, საოცრად ლამაზი, ცისფერი თვალები და... რაღაც უცნაური... წებოს, ჰო, ფეხსაცმლის წებოს სუნი.

აბაშიძის ქუჩა. ორ ოთახიანი, პატარა სახელოსნო. ერთში - სხვადასხვანაირი ტყავის და ფეხსაცმლის კალაპოტების გარემოცვაში, ვიღაც მამაკაცი ზის და გამუდმებით ეწევა; მეორეში - ბევრი ძაფი და ნაჭრები, ორი თუ სამი მანეკენი, მკერავი ქალი, და კუთხეში, ერთმანეთის პირისპირ - ორი სალომე. სასაუბრო თემა: მოდა, დიზაინი, იაფფასიანი რეკლამა, „ვარსკვლავები“ და ის, რასაც ვერ გავექცევით - კალაპოტი. აი ის, მეწაღეებს ჩაწიკწიკებულად რომ უწყვიათ ხოლმე თაროებზე: წვრილი, მრგვალი, ოთკუთხედი ცხვირით - გააჩნია, როგორი მოდაა.

არც ერთ ჩემს ყოფილ რესპონდენტს არ ჰგავს. ის არც ემანსიპირებულად, ხელების ქნევით გესაუბრება, რასაც შიგადაშიგ, მიმიკების ფართო არჩევანი ემატება ხოლმე; არც მელანქოლიური სევდა აწუხებს. აშკარად არა. უბრალოდ, ყველაფერს ნელა, დიდი გულისყურით და სიდინჯით აკეთებს. ოღონდ არა აქვს მნიშვნელობა, რას: ფეხსაცმელის დიზაინს ქმნის, ინტერვიუს აძლევს თუ... მწვანილს ჭრის, მაგალითად.

ფეხსაცმელს რაც შეეხება, ეს არც ისე ცუდია - ხომ გაგიგიათ, ათასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო;

ინტერვიუს - თქვენ თვითონ ხედავთ, რომ ამ სათაურზე უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე;

აი, მწვანილს რაც შეეხება, როცა მითხრა - შემიძლია მარტო მწვანილის ჭრას მთელი დღე მოვანდომო, იმიტომ, რომ ჩემი საქმიდან გამომდინარე, დიდ ყურადღებას ვუთმობ მილიმეტრებსო, ყოველგვარი მორიდების გარეშე წამომცდა: - ოო, მაგას ნამდვილად სჯობს, კეროთ-მეთქი.

მაშ ასე, დავიწყოთ: სალომე ტყაბლაძე - შეძლებისდაგვარად ახლოს.

საიდან დაიწყო?

- დაიწყო ბავშვობიდან, როცა ფერად-ფერად ჟურნალებში პირველად დაინახა ლამაზი სამოსი. მაშინ ალბათ არც უფიქრია - აი, გავიზრდები და დიზაინერი გავხდები. არა. უბრალოდ, ხშირ-ხშირად დაიწყო ასეთი ჟურნალების ფურცვლა და ფურცლებზე საინტერესო კაბების გადმოხატვა. როდესაც ის ასაკი დადგა, როცა პატარა მართკუთხა ფურცლის სივრცე აღარ აკმაყოფილებდა, მერხებზე გადავიდა და საოცარი სიდინჯით დაიწყო კლასის უსახური მაგიდების აჭრელება. „სკოლაში, ამის გამო სულ კონფლიქტი მქონდა მასწავლე ბლებთან. გამუდმებით ვხატავდი მერხებზე: ქალებს, ტანსაცმელს... ძალით მაშლევინებდნენ. ვშლიდი და მერე ისევ ვხატავდი“.

საკმაოდ სერიოზული ბავშვობა ჰქონდა: პიონერთა სასახლეში ხატვის გაკვეთილები, მუსიკა, ტანვარჯიში. მაგრამ იმ დროს მაინც გამოძებნიდა, რომ კარგად მოკალათებულიყო თოჯინებთან ერთად და მაკრატელმომარჯვებულს, მათი პატარა სამოსის გადაკეთებ-გადმოკეთება დაეწყო. „ჯერ თოჯინებით დავიწყე, მერე ნელ-ნელა ჩემთვისაც ვიკერავდი რაღაცეებს...“ თოჯინებთან საქმიანი ურთიერთობების გარდა, არაფერი აკავშირებდა. ტანსაცმელს კი უკერავდა, მაგრამ თოჯინებით არასდროს უთამაშია - აი, ბიჭებთან ერთად ფეხბურთს კი ყოველთვის სიამოვნებით ვთამაშობდიო.

0x01 graphic

როგორ დაიწყო?

- „როდესაც „ბორჯომი“ ჩვენებას აწყობდა, კოსტიუმების შექმნა შემომთავაზეს. დავიწყე იმით, რომ დავხატე ტანსაცმლის ესკიზები და, რა თქმა უნდა, ფეხსაცმელიც გავაკეთე. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა შექმნა ერთი, და მეორე ანდო სხვას? ეს ხომ ერთი მთლიანობაა?! ვარცხნილობიდან დაწყებული, აქსესუარებით დამთავრებული - ყველაფერი შენი უნდა იყოს! მაშინ საინტერესო ჩექმა-ბოტი გავაკეთე, ბორჯომის ბოთლისმაგვარი. მქონდა უტრირებული, სტილიზებული ფეხსაცმელები: გრძელი, წვრილი ცხვირით, რაც მაშინ არ ეცვათ; და უცნაური ოთხკუთხა ქუსლები. იდეა მოეწონათ, კარგიაო, მაგრამ საბოლოოდ არ დამაფინანსეს - ძალიან არარეალურიაო. არადა, საშინლად არ მიყვარს არარეალური რაღაცეები; არც არასდროს მიოცნებია რაღაც განუხორციელებელზე, იმიტომ, რომ მიყვარს ყველაფერი, რაც განხორციელებადია. სწორედ მაშინ გადმოვერთე მთლიანად ფეხსაცმელზე და ესკიზებით ხელში, სახელოსნოში წავედი - ასეთი ფეხსაცმელები მინდა-მეთქი. მე თვითონ მაინტერესებდა, რამდენად რეალური იყო და რას შევძლებდი; - შენ, შვილო, ვერა ხარო, - მომიგეს პასუხად.“

მაინც შეიკერა. და თავისივე თავის პირველი კლიენტი, თვითონვე იყო. მერე მეგობრებმა ნახეს: - შენ რა მაგარი ხარ, ჩვენც გვინდაო და ასე... თუმცა საკუთარ სახელოსნომდე, სახლში იჯდა და ფურცლებზე დახატული ფეხსაცმელებით, მეწაღეებთან დარბოდა. თან, ტვინსაც უბურღავდა - გამოვა, არ გამოვა, ასეთი უნდა გავაკეთოთო. საშინლად ჯიუტია, ეტყობა. თუ რამე დაისახა მიზნად...

სალომეს ხილვები.

ეს ამბავი მაშინ ხდება, სანამ...

ერთხელაც, გემრიელად ჩაძინებულს, უცნაური სიზმარი ესიზმრება: ხედავს, თითქოს სადღაც ეპატიჟებიან. იქ, ანუ სადღაც, თვითმფრინავით მიემგზავრება. უკვე ჩასულს კი, გემზე ათავსებენ. დილაა, რა საინტერესო ადგილია ეს „სადღაც“... ფარდას სწევს და რას ხედავს? უშველებელი, უკიდეგანო წყალი - ალბათ ზღვაა, გაიფიქრა თავისთვის და უნებურად იმ რაღაცისკენ დაიხედა, რასაც ორივე ხელით, გულმოდგინედ ეყრდნობოდა - რა ლამაზი ფერებია, ნაქარგია ალბათ - ჭრელ-ჭრელი ნაქსოვის დანახვისთანავე, თავში გაუელვა. სიზმრის მეორე ნაწილში, სალომემ რაღაც ხალხმრავალ ღონისძიებაზე ამოჰყო თავი, ერთ რუს მონაწილე გოგოს დაუმეგობრდა და... ჰოი, საკვირველებავ... უეცრად, რაღაც ჯილდოც გადასცეს.

არ ვიცი, როგორ გაშიფრავდა ამ სიზმარს რომელიმე დიპლომიანი ფსიქოლოგი, მაგრამ სალომეზე უკეთესად რომ ვერ შეძლებდა ამას, ფაქტია! ჩვენ კი, თუ დრამატურგიულად გავარჩევთ, ქალბატონ სალომეს, ერთი შეხედვით, ყოვლად უწყინარ, და ვინმემ ასეც შეიძლება უწოდოს - ამბიციურ სიზმარსო, გეტყვით, რომ ეს ჯერ კიდევ კულმინაციის მომენტია; კვანძის გახსნამდე კი, რამდენიმე დღე გვაშორებს. მოკლედ, გაეღვიძა, მაგრამ მაცდური სიზმარი კიდევ კარგა ხანს ახსოვდა... რამდენიმე დღეში დაურეკეს: - სალომე, კიევში მოდის ფესტივალი იმართება - „ალტა-მოდა 96“-ო. წავიდა, თვითმფრინავით იფრინა, იქ ჩასული, გემზე ავიდა. დილით კი, როცა გაიღვიძა და გემის მრგვალ სარკმელს მიუახლოვდა, ფარდა გადასწია და... დაინახა უშველებელი, უკიდეგანო ზღვა. ქვემოთ კი საკუთარი, მულინის ძაფებით მოქარგული ჭრელ-ჭრელი ნაქარგი იდო. აქ სიზმარიც გაახსენდა და ისიც, რომ წინ ახალი ნაცნობობა და, რაც მთავარია, ჯილდო ელოდა. რა თქმა უნდა, ასეც მოხდა. პიერ კარდენს სრულიად ბედნიერმა გამოართვა ჯილდო და სცენიდან კმაყოფილი სახით ჩამოვიდა: წინ, თბილისში ხომ სასტუმრო „მეტეხში“ პერსონალური ჩვენება ელოდა... აბა, როგორ? იმ უცნაური სიზმრის ბოლოს, კარგად ახსოვს, როგორ შეისეირნა „მეტეხში“. რა თქმა უნდა, ესეც ასე იყო. „ვისაც ამ ამბავს ვუყვები, ყველა ისეთი სახით მიყურებს, თითქოს... რა ვქნა, ასე იყო და...“

0x01 graphic

ბიზნესი + ხელოვნება.

როგორც თვითონ ამბობს, ამ ორ ცნებას მშვენივრად ათავსებს. და მართალიც არის. თუმცა მის შემთხვევაში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პრიორიტეტი მეორეს აქვს - ხელოვნებას რომ ვეძახით, იმას. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ტყაბლაძის ფეხსაცმელი ყოველთვის ძვირად ფასობდა, თავისუფლად შეეძლო, პროდუქციის გაზრდის ხარჯზე, მეტი ფული ეკეთებინა. მაგრამ ეს ხომ სალომეა! თავისი ხასიათით და უცნაური ახირებებით. მას ხომ თავისი პროფესიული, პირადი „წმინდა სამება“ აქვს - ხარისხი, ვიზუალური მხარე და კომფორტი. „ამ ყველაფერს მარტო ფულის გამო არ ვაკეთებ. რა თქმა უნდა, ფულის კეთებაც შემიძლია, მაგრამ მაშინ ნაკლები ყურადღების მიქცევა მომიწევს ხარისხზე, რასაც, უბრალოდ, არ გავაკეთებ. მეორე ის, რომ მასობრივი გავხდები. ეს კი, წარმოუდგენელია. ჩემთვის ხომ ისევ და ისევ მთავარი ხარისხი და მისით კმაყოფილი კლიენტია.

ერთხელ ია კიწმარიშვილმა დამირეკა - „მის საქართველოს“ ვატარებთ და ერთ კვირაში ფეხსაცმელები მინდაო. უარი ვუთხარი, რადგან ამ დროში მაქსიმუმ ორს ან სამს თუ მოვასწრებ-მეთქი. მერე ეს კოლექცია სხვამ გააკეთა. თან, უცნაური ის არის, რომ რატომღაც, ყველას ყველაფერი უფასოდ უნდა. აბა, რეკლამას ხომ გიკეთებთო! არ მჭირდება რეკლამა. ეს რაღაც ისეთი მომენტია - მოდით, ჩემთან შეიკერეთ! ჩემი რეკლამა კი, ჩემივე კლიენტია, რომელიც კიდევ მოვა და მეგობარსაც მოიყვანს. სერიულად რომ გავაკეთო, ფიზიკურად ვერ ვიმუშავებ. ცოტა ხელოსანი მყავს, და ისიც, ძალიან ძნელად თუ ვპოულობ ისეთს, რომელიც ჩემს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. მკერავს თუ მეწაღეს გამუდმებით თავზე ვადგავარ; 24 საათი აქ ვარ. ფაქტობრივად, ჩემს გარეშე არაფერი კეთდება.“

ფინანსებსა და ზემოთ ხსენებულ პლაგიატობაზე.

ის, რაც მართლა სიამაყით აღნიშნა: - ეს საქმე 70 დოლარით დავიწყე, და მას შემდეგ, ფინანსურად არასდროს არავინ დამხმარებიაო. „მართალია, დღეს უკვე აღარ მაკმაყოფილებს ის, რაც მაქვს, იმიტომ, რომ მინდა გავფართოვდე, გავხსნა მაღაზია, სადაც რასაც მინდა, იმას გავაკეთებ და დავაწყობ. მეც მაინტერესებს, როგორ გამომივა“.

რაც შეეხება პლაგიატობას: „ერთ-ერთი დიზაინერი დღესაც იყენებს ჩემს სადიპლომო ჩვენებაზე გამოგონილ ქუდს. რა ვიცი, ალბათ შეიძლება ვიღაც დიდ, ბუმბერაზ დიზაინერს მოპარო... მაგრამ აქვე, შენს გვერდით მყოფს?!“ ახლახანს, რაღაც საინტერესო ჩანთის დიზაინი შექმნა, რომელიც ჩვენი პატარა ქვეყნის მანიაკალურად პრანჭია ქალბატონებს ალბათ დააინტერესებს, მაგრამ... მოდით, ჯერ არ დაგიკონკრეტებთ, როგორც თავად თქვა: „რა იცი, რა ხდებაო?“

რა ჰქნას, როცა არ შეუძლია - არ შეუძლია!

როცა იწყებდა, ერთადერთი - წვრილცხვირა, წაგრძელებული კალაპოტი ჰქონდა. ჰოდა, მისულა ერთ დღესაც ახალი კლიენტი: - გენაცვალე, აი, ზუსტად ეგეთი ფეხსაცმელი მინდაო. აქ კი ძალიან შეწუხდა სალომე, იმიტომ, რომ... არ მითქვამს? ასე მითხრა - ჩემი შთაგონება ჩემივე კლიენტიაო; ჰოდა, რა ექნა, რომ ეს კლიენტი არათუ შთაგონებას, პროპორციებითაც კი არ უხდებოდა თურმე ფეხსაცმელს?! ისე, ამას დაუმატა, ზოგჯერ სახეზეც შეიძლება არ მოუხდეს ადამიანს ესა თუ ის ფეხსაცმელიო... რაზეც სულ გავოგნდი. სახეზე? ფეხსაცმელი? „პირდაპირ უარი ვერ ვუთხარი, ვერც ვერაფერი ვურჩიე, სხვა კალაპოტი ხომ არ მქონდა?! რა მექნა, ხან რა მოვუგონე და ხან - რა! ბოლოს, რომ არ მომეშვა, არარეალურად ძვირი ფასი ვუთხარი და... არ დამთანხმდა!

- მერე?

- მერე მაინც მოვიგონე, ტყავი ვერ ვიშოვე-მეთქი. ისე, აკადემიაშიც სულ ასე მჭირდა. თუ არ შემიძლია, არ შემიძლია. დამიდებდნენ ჩაიდანს და დახატეო. არ შემიძლია. არა, ცოტა ჯიუტია-მეთქი, ხომ ვთქვი?!

არც დღევანდელ „ვარსკვლავებთან“ თანამშრომლობს: - თუ ადამიანმა არ განმაწყო, არ მაინტერესებს, ვერაფერს ვერ შევუკერავ. რა ვქნა? ვცდილობ, მათ საერთოდ არ შევეხოო.

ცოტა რამ პირადულზე.

დამაიმედებლად დავიწყეთ: - პირადი ცხოვრება, საერთოდ არ მაქვს. ეს საქმეა ჩემი პირადიც, საქმეც და ყველაფერიც. ეს მე ვარ. ვნახოთ, შეიძლება მერე რაღაც შეიცვალოს, მაგრამ ახლა ეს ასეაო. იცი, რა კარგია, სახლიც აქვე მაქვს და სახელოსნოც. ჩამოვირბენ ხოლმე სპორტულებში. მაღაზიაც აქვე მინდა, ვაკეში.

- სიყვარული?

- ზოგადად, სიყვარული?

- არა, კონკრეტულად სიყვარული.

მხოლოდ ერთხელ, და ისიც, განსხვავებულები ვიყავით. ჰარმონია არ იყოო.

0x01 graphic

10 წელია, რაც ფეხსაცმლის დიზაინერია, მაგრამ... „როცა სადმე მივდივარ, ყველა ფეხზე მიყურებს - აბა, რა აცვიაო. 7 წელია ერთი და იგივე მაცვია. შეიძლება არ იყოს მოდური, მაგრამ მერე რა?! ამას არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, რას იფიქრებს სხვა. იმდენი შეხება მაქვს ფეხსაცმელთან, რომ... უკვე ამით ვკმაყოფილდები.“ ესე იგი, ჩემს წარმოდგენაში არსებული ფეხსაცმლის სპეც.კარადა ნამდვილად არა აქვს. - „არც ახალი ტანსაცმლის ჩაცმა მიყვარს. მაქვს ერთი რაღაც, რაც „ჩემი“ გახდება და ის მაცვია. აბსოლუტურად არ ვაქცევ ჩაცმას ყურადღებას. გახუნებული მირჩევნია, შენ თვითონ რომ გაცვეთ ტარებით. თუ დავიწყე ფიქრი, ხომ... იმდენ ესკიზს დავხატავ, რომ მერე მე თვითონ მბეზრდება და თავს ვანებებ. არ ვიცი, რა მინდა! მოკლედ, სხვისთვის ვცხოვრობ.“

ჰო, ისე, ერთი წელია, რაც სამოსის კერვაც დაიწყო, რადგან მხოლოდ ახლა მოახერხა საჭირო ტექნოლოგიის შეძენა. ხომ გახსოვთ? - ხ ა რ ი ს ხ ი. „დილეტანტურად არ მინდოდა დაწყება, საჭირო ტექნიკით და კარგი მკერავებით კი საჭირო ხარისხს მივიღებ“.

მართალია, მამაკაცის 23 კოსტიუმი უკვე ერთი წელია, რაც საკიდზე უკიდია, ჩვენების მოწყობა უნდა, მაგრამ... „ხომ გეუბნები, თავი ვერ მომიბამს იმისთვის, რომ ფეხსაცმელებიც შევკერო. ახლა, ალბათ იმას მკითხავ, ერთი წლის წინ შეკერილი, როგორ იქნება დღეს აქტუალური?“ ისე, ეგ არც კი მომსვლია აზრად, მაგრამ კი-მეთქი, დავუქნიე თავი. „ეს სპორტულის და კლასიკურის საინტერესო სინთეზია. ისეთია, რომ... იქნება, იქნება“.

0x01 graphic

აინტერესებს:

აინტერესებს - მათი აზრი, ვინც თავად აინტერესებს;

აინტერესებს - თეატრში და კინოში მუშაობის ცდა;

აინტერესებს - იმიჯის შეცვლა. ბევრ ქალბატონზე ექსპერიმენტსაც ჩაატარებდა;

აინტერესებს - რამდენად მისაღები იქნება მისი სამოსი საზღვარგარეთ;

ჩააცმევდა: ნანი ბრეგვაძეს, ნატო მურვანიძეს, ლიკა ქავჟარაძეს... რამ, დამავიწყა! - მითხრა, „პირველ ლედისაც ჩავაცმევდი. ისეთი ფაქტურა აქვს, სიამოვნებით შევმოსავდი, რადგან არ მომწონს, როგორც აცვია“.

0x01 graphic

დიზაინი:
სალომე ტყაბლაძე

მოდელები:
თიკა ფაცაცია, დათო მანუჩაროვი, ვახო გელაშვილი

4 ვითომ...

▲ზევით დაბრუნება


სპეც-პროექტი >>>

სიზმრის ახსნა >>>

0x01 graphic

კაკადუ

„ცხელი შოკოლადი“ და ნესტან კვინიკაძე წარმოგიდგენთ სპეც-პროექტს, სახელწოდებით „სიზმრის ახსნა.“ ამ, ერთგვარ თამაშში, ჩვენი რესპონდენტების განსაკუთრებული ნიშნით გამორჩეული სიზმრების ილუსტრირებულ ვერსიებს შემოგთავაზებთ და არა მხოლოდ! ქვეცნობიერი სამყაროს სიღრმეში ჩაძირული რესპოდენტებისთვის არ გაგვიმხელია მთავარი, ანუ ის, რომ ილუსტრაციებს თან დაერთვება ფსიქოლოგის კომენტარები. თამაშის პრინციპის დაცვის მიხედვით, ფსიქოლოგმა არც სიზმრის ავტორის ვინაობა იცოდა, არც პროფესია.

თქვენს წინაშეა ცნობილი და წარმატებული ადამიანების ქვეცნობიერი სამყარო და ანონიმური ფსიქოთერაპევტის მიერ მათი მოკლე ანალიზი.

0x01 graphic

0x01 graphic

კოკა ყანდიაშვილი >>>

ჟურნალისტი >>>

აკვიატებული სიზმარი >>>

ვითომ ვარ ჰავანაში, სასტუმრო „Havana Libre“-ში, 24-ე სართულზე, იმ ნომერში, რომელშიც ყოველთვის ვჩერდები, როდესაც კუბაში ჩავდივარ. ფანჯრიდან ვხედავ ხედს: 23-ე ავენიუ, ჰავანის ცენტრი; 5-კილომეტრიანი სანაპირო; ოკეანე; უზარმაზარი შუქურა - იქაური რევოლუციის სიმბოლო. სანაპირო უხვევს და მერე სადღაც იკარგება, ღრუბლებსა და ცას შორის; კაპიტოლიუმი; სახლები; ეკლესიები. ვხედავ, როგორ ბნელდება, ირთვება მაიამელი კუბელების დამონტაჟებული უცნაური განათება, რომელიც ზღვარს ავლებს წყალსა და ჰავანას შორის. ვხედავ მალეკონს - ეს მსუბუქი ყოფაქცევის ქალების სანაპიროა, 5 კილომეტრის მანძილზე ჩამწკრივებული ულამაზესი კუბელი გოგონები. ვხედავ, იმ მანქანას, რომელსაც ჩასვლისას ვქირაობ ხოლმე - კაბრიოლეტი ჯიპი. მივქრივარ მალეკონის მიხვეულ-მოხვეული გზაზე. ვხედავ იმ ლამაზ გოგონებს, რომლებიც გეძახიან, ხელს გიქნევენ: მოდიიიი... სიზმარშივე ვხვდები, რატომ ცხოვრობდა იქ ჰემინგუეი. ვგრძნობ, რომ არაფერი მინდა. კუბაში, უბრალოდ, ბედნიერი ხარ.

0x01 graphic

სიზმრის ახსნა >>>

სიზმარი პატარა ეტიუდივით არის - კადრი და შეგრძნება დატვირთული და გაზიარებულია.

რას გვიყვება ჩვენი პერსონაჟი ამ სიზმრით? რომ ის ეძებს თავისუფლებას, სიამოვნებას, პასუხისმგებლობის მოხსნას.. რომ მას „იდეალურ” კაცთან იდენტიფიკაცია (ჰემინგუეი - ძლიერი, ჭკვიანი, გამორჩეული) და საკუთარი მნიშვნელოვნების შეგრძნება უნდა... აგრეთვე, შეგვიძლია ვისაუბროთ სიტუაციის კონტროლის სურვილზე და იმაზე, რომ ის შეიძლება ანონიმურობას ნატრობდეს. თუმცა აქვეა მცდელობა საკუთარი „ნიშნის” დატოვებისა; ის თავისებურ რუტინას „აგებს” (სასტუმროს ერთი და იგივე ნომერი, ერთი და იგივე მანქანა), რომ თავი შინ იგრძნოს. ეს იქნებ თავის დასამკვიდრებლად სჭირდება?

ის, რომ სიზმარი აკვიატებულია, უკვე მნიშვნელოვანია - რადგან ნიშნავს, რომ სიზმარი „ცდილობს რაღაც უთხრას” მესიზმრეს. რა არის ცხოვრების ამ ფრაგმენტის შემდეგ ან მის წინ?

„მხოლოდ აქ ვარ თავისუფალი? რას ვეძებ? რას მეუბნება ეს „უბრალო ბედნიერება“? ამ შეკითხვებზე პასუხები, ეტყობა, ჯერ არ აქვს.

მოკლედ, ჩვენი პერსონაჟი გრძნობს, რომ დასვენება და სილაღე მხოლოდ სიზმრისეულ სამყაროში შეუძლია იპოვოს, სადაც ხელახლა ბრუნდება ამ რეალობისგან გასაქცევად და ახალი გზების საპოვნელად. მხოლოდ საკითხავია, უსვამს ის საკუთარ თავს ამ შეკითხვებს?

ტატა ჯაფარიძე >>>

ფოტოგრაფი >>>

ნამდვილი ამბავი, რომელიც ყოველ 6 ივნისს ესიზმრება, დაბადების დღის წინა ღამეს >>>

ვითომ ექვსი წლის ვარ, ექსკურსიაზე დედასთან და 3 წლის დეიდაშვილთან ერთად, დავით გარეჯში მივდივარ. დეიდაშვილი საოცრად გამხდარი და უსუსური გარეგნობისაა. უკანა გზაზე ავტობუსში ვსხდებით. ავტობუსი იძვრის და მოულოდნელად აღმოვაჩენთ, რომ ჩემი დეიდაშვილი არ არის ავტობუსში. იწყება პანიკა. ფანჯრიდან ვხედავ სცენას: გაურკვეველი წარმომავლობის ოქროსკბილებიანი მამაკაცები გზად გაშლილ სუფრასთან სხედან და ღრეობენ. იქვე ცხვარს ყელს ჭრიან. სისხლი აქეთ-იქით ასხამს. მათ შორიახლოს წერტილივით მოჩანს ატირებული ჩემი დეიდაშვილი. ავტობუსიდან ჩავრბივარ, უკან უფროსები მომდევენ, მაგრამ ვერავინ მეწევა. ბავშვს ხელს ვკიდებ, ვიხუტებ და მომყავს.

ამ ნამდვილ ისტორიას, დღემდე, ყოველ 6 ივნისს ვხედავ და სიზმარში ისევ 6 წლის ვარ.

0x01 graphic

სიზმრის ახსნა >>>

სიზმარი კომპოზიციურად შესანიშნავად არის შეკრული. ის იმპრესიულია, იმპრინტინგული/ჩაბეჭდილი, მეხსიერების flashback.

ამ მოგონებიდან შეგვიძლია „წავიკითხოთ”, რომ ავტორს სათუთი დამოკიდებულება აქვს პატარა და უმწეო ბავშვის მიმართ. ის სპონტანურად, უშიშრად რეაგირებს - სისხლიან „სცენაზე” იჭრება.

სიზმარი, როგორც ჩანს, ყოველწლიურად ერთგულად შეახსენებს ჩვენს პერსონაჟს მის ცხოვრებისეულ ფასეულობებს - ზრუნვას უსუსურთათვის, გაბედულებას, პასუხისმგებლობას.

0x01 graphic

გიორგი ნადირაძე >>>

მხატვარი >>>

პერმანენტული სიზმარი >>>

ვითომ ჭუჭყიანი წყლითა და ტალახით სავსე ქუჩაში მივდივარ, სრულიად შიშველი. ხალხი დადის და მიყურებს. უხერხულობის შეგრძნება მეუფლება.

0x01 graphic

სიზმრის ახსნა >>>

ეს ჭუჭყიანი, სველი და ტალახიანი (ანუ ის, რაც გაჭუჭყიანებს) - მომზირალი და განმკითხავი ქალაქია. ეს კრებითი სახე - ქუჩა, ხალხი - ქალაქის ფასადია და როცა არ გაცვია, ნიღაბი და ფასადი აღარ გაქვს და ხარ მგრძნობიარე, დაუცველი... ქალაქი გიყურებს და გაფასებს, შენ კი გრცხვენია.

რას გეუბნება ეს სიზმარი და რა პროგნოზი აქვს მას?

რომ რეალობა განძარცულია - ეს არ არის მწვანე მდელო ან მშვენიერი სანაპირო, სადაც სიშიშვლე უფრო ბუნებრივია (და შეიძლება მშვენიერიც იყოს); რომ ავტორი შეშფოთებული და მგრძნობიარეა.

სიზმარი უხერხულობის განცდაზე მიგვანიშნებს. ამ განცდისგან (სირცხვილის, შესაძლოა, რაღაც მომენტში - უმწეობისაც) თავის დასაღწევად რამდენიმე გზა არსებობს, რომელთაგან ერთ-ერთი ჰიპერკომპენსაციას გულისხმობს. ამ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, რომ საკუთარი შინაგანი მდგომარეობის „გასანეიტრალებლად“, ჩვენი პერსონაჟი, არაცნობიერად, „ხალხში გათქვეფას“, დისტანციის შემოკლებას ცდილობდეს. შესაძლოა, ზედმეტი აქტიურობა და ძლიერი ფსიქოლოგიური დაცვის სტრატეგიების გამოყენება სჭირდებოდეს.

0x01 graphic

ლიკა ქავჟარაძე >>>

მსახიობი >>>

დამახსოვრებული სიზმრები >>>

ვითომ პირველი სიზმარი, რომელიც დამამახსოვრდა, 5 წლის ასაკში მესიზმრა: ბაბუაჩემის მონაყოლი ზღაპარი, სადაც პერსონაჟები მე და ჩემი ბიძაშვილი გურამ ფალავანდიშვილი ვიყავით. მე მიტაცებენ, გურამი ცხენს მოახტება, გამოეკიდება მატარებელს და გადამარჩენს.

12-13 წლის ასაკში დაიწყო ფრენა: ხეებს ზევით, ცაში. სიმაღლის მოულოდნელი ცვალებადობა ისეთ დისკომფორტს მგვრიდა, რომ იმწამსვე მეღვიძებოდა.

კიდევ იყო ქვიშის დიდი მთა, რომელზეც ავდიოდი, ავდიოდი და ბოლოს ქვემოთ ვეშვებოდი. ისევ მეღვიძებოდა.

დეტექტიური სიზმრების მთელი სერია, როცა ჩაკეტილ სივრცეში დამწყვდეული მთავარი მოქმედი გმირი ვიყავი და იქიდან თავის დაღწევას მოხერხებულობით და მამაცობით ვცდილობდი.

ვხედავდი ტარკოვსკის ფილმების მსგავს მწვანე მინდორს, სადაც თეთრი ცხენით მივქროდი. სადარბაზოში შესულს, ფეხები ეკვეთებოდა და ვამხნევებდი: ადექი, შენ ხომ ყველაფერი შეგიძლია.

0x01 graphic

სიზმრის ახსნა >>>

სიზმრების ამ „სწრაფი“ მოზაიკიდან ჩანს ქალური, რომანტიული ბუნება, შთაბეჭდილებიანი, მგრძნობიარე, სუფთა...

სიზმრები თითქოს პერსონაჟის განვითარების საფეხურებზე მიგვანიშნებს:

თავიდან - ბავშვის პასიური, სხვაზე დამოკიდებული სახე გვიმზერს. ის ცხენზე ამხედრებულმა რაინდებმა უნდა „გადაარჩინონ“...

შემდეგ - „ფრთების გაშლის“ ფაზა მოდის; უკვე შეუძლია მოსწყდეს შეჩვეულ გარემოს და ყოფას, ბავშვობას. უკვე ჩნდება გამბედაობა და სივრცეების შეცნობის წადილი, თუმცა ეს ცვალებადობა და სივრცეები აშფოთებს. სიზმრიდან სწრაფად ბრუნდება რეალობაში, ფხიზლდება, მაგრამ სიზმარი თანდათან აჩვევს „ფრენას“.

ქვიშის დიდი მთა, რომელიც ფეხქვეშ „გეფშვნება“, რომელზე ასვლაც თითქმის შეუძლებელია, - იქნებ ცხოვრების ახალი გზების შესწავლის, შრომის, ახალი ძიების მანიშნებელი იყოს. ასევე, ეს შინაგანი ცოდნის სიმბოლოა, რომ ეს გზები ილუზორული და არამდგრადია და მიზანი - სიმაღლეების დაპყრობა - ძნელი რამ...

ეს უკვე ზრდასრული, განვითარებული ადამიანის სიზმარია. ვფიქრობ, ამ სიზმრების გაზიარებით, პერსონაჟმა საკუთარი ცხოვრების მთავარი მონაკვეთები დაგვანახა და, რაც მთავარია, ისიც, რომ მისი სიზმრული სამყაროდან წამოსული იმპულსი პიროვნული ზრდის იმპულსია.

0x01 graphic

ლექს-სენი >>>

მუსიკოსი >>>

თრილერი >>>

ვითომ ქუჩაში ვდგავარ, ბევრი ხალხია. ატყდა ჩხუბი, დამარტყეს დანა, ხელი მოვიკიდე და სისხლი ვიგრძენი. ვიფიქრე, არ უნდა მოვკვდე! და გავიქეცი, უკან მომდევენ. თან ყვირიან, არ მომკვდარაო. გავრბივარ. უეცრად სადღაც გადავხტი, ავფრინდი და ზემოდან ვხედავდი მთელს საქართველოს: კავკასიონს, ცას და მდელოს... მივფრინავ სამოთხეში, შეიძლება ჯოჯოხეთში, მაგრამ ლამაზი და მწვანე იყო. ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი, ყველაფერს სიამოვნების განცდა ჩაენაცვლა.

0x01 graphic

სიზმრის ახსნა >>>

სიზმარი მიუთითებს პერსონაჟის ღრმა განცდაზე, რომ „აქაურობა“ ძალადობის და მოულოდნელობის ასპარეზია; რომ ის ვერ აკონტროლებს სიტუაციას; რომ უეცრად, შეიძლება მსხვერპლი აღმოჩნდეს, დევნილი დამნაშავე, რომლის დასჯასაც/სიკვდილსაც ბრბო მოითხოვს..

ამ დროს სულ ერთ ნაბიჯზე თავისუფლებაა, სხვა რეალობა (სამოთხე? ჯოჯოხეთი?) - დამაამებელი და სასიამოვნო... ხედვის განსხვავებული კუთხით და რაკურსებით...

რას გვეუბნება ეს სიზმარი? ჩვენი პერსონაჟი დაღლილია და „ხალხმრავალ თავყრილობებს“ ვერ ენდობა; რომ გრძნობს, თუ რა „არათანმიმდევრული“, უეცარი ექსცესებით და საშიშრობებით სავსეა ცხოვრება. მაგრამ აქვეა შინაგანი ცოდნა იმისა, რომ შვების მოპოვება შესაძლებელია, თუ ძალებს მოიკრებს და ახალ „ნახტომს“ გააკეთებს. ამ ახალი ხედვის მოსაპოვებლად კი, განსაცდელის გამოვლა, უბრალოდ, აუცილებელია...

0x01 graphic

გიორგი გიორგანაშვილი/ბახალა >>>

მსახიობი >>>

ამ სიზმრის შემდეგ ყველაფერი ცუდად წავიდა >>>

ვითომ პირობითი გარემო იყო, თუმცა ძალიან შინაური. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც თევზი წყალში. ირგვლივ ჩემიანები იყვნენ და მე თვითონ ვიყავი ყველა. მოულოდნელად, ჩემს ეზოში აღმოვჩნდი, უცხო ბიჭები მოვიდნენ. ჩხუბი დავიწყეთ. ისინი დამარცხდნენ და წავიდნენ. ვრძნობდი, რომ პასუხის გასაცემად აუცილებლად დაბრუნდებოდნენ. ამისთვის მზად ვიყავი. ისინი მართლაც მოვიდნენ და წამიყვანეს. არ ვიცი, რა მიქნეს. მერე უკვე გარედან ვუყურებდი ჩემს თავს. საშინელი განცდა მქონდა, ვერავინ მიშველა. არავინ იცის, რა მომივიდა. ვგრძნობდი, რომ დავიკარგე. გავქრი. ვხედავდი, რომ, უბრალოდ, აღარ ვარსებობ. აღარ ვარ.

0x01 graphic

სიზმრის ახსნა >>>

ეს სიზმარი შეიძლება „გამაფრთხილებელი“ სიზმრების ჯგუფს მივაკუთვნოთ. ხაზგასმულია პირობითობა - ეს სიტუაცია მეტაფორულია, თუმცა ძალიან ბანალური ჩანს.

სიზმარი ავტორს ორ უკიდურესობას აჩვენებს: მდგომარეობას, როცა ის ზედმეტად ასოცირებულია გარემოსთან, ზედმეტად გაშინაურებული და გაერთიანებულია („მე თვითონ ვიყავი ყველა“) და მეორეს - „გაქცეულ“, საკუთარი თავიდან მოწყვეტის, დაკარგვის, დისოციაციის გამოცდილებას.

პირველი მდგომარეობა - სიფრთხილედაკარგული, რელაქსირებული მდგომარეობაა; მეორე კი - განსაცდელის დროს აღმოცენებული, გაურკვევლობით, სასოწარკვეთით, მარტოობის და უსუსურობის განცდით დამუხტული. ავტორი ძალიან ემოციურია (თუმცა, აღსანიშნავია, რომ განცდების სახელდების შესანიშნავი ლინგვისტური ნიჭი აქვს), შეიძლება იოლად კარგავდეს წონასწორობას, ენერგიას, ღალატობდეს (გაურბოდეს) საკუთარ თავს. მისი ცხოვრება შეიძლება „რიტმული“ იყოს - ნათელი და რთული პერიოდების ხშირი მონაცვლეობით.

სიზმარი „ქანქარის“ ორ ზღვარზე მიუთითებს და ჩვენს პერსონაჟს „ოქროს შუალედის“ არსებობას შეახსენებს. სიზმარი ამ რიტმულობის გაცნობიერებას „თხოვს“: ორივე უკიდურესობა „საზიანოა“, თუმცა მეორე - განსაკუთრებით მტკივნეული, რადგან მე-სთან კავშირის გაწყვეტის და დეზინტეგრაციის საფრთხეს გულისხმობს.

ჩემი აზრით, რადგან „ამ სიზმრის შემდეგ, ყველაფერი ცუდად წავიდა“, ავტორმა ამ მეორე ზღვარზე „გაჩხერილი“ ქანქარა უნდა დაძრას (შეცვალოს სიზმრის მიმართულება) - თუნდაც წარმოდგენის ძალით (ვიზუალიზაციის, მართული წარმოსახვის გამოყენებით). შემდგომი, ასოცირებული ფაზის დადგომისას კი, საკუთარ თავს ახალი ამოცანები უნდა დაუსახოს...

0x01 graphic

ხათუნა ხუციშვილი

ინჟინერ-პროგრამისტი

Horror >>>

ვითომ ვარ ჩემს ოთახში. დღის განათებაა. ეს ოთახი გარდაცვალებამდე ბებიაჩემს ეკუთვნოდა. ველოდები მეგობარს. მუქი, ნაღებისფერი ტყავის დივანზე, ბებიაჩემის მოქარგული ფერადი ბალიშები ყრია, მილაგებას ვაპირებ. მოულოდნელად, ბებიაჩემის შიშველ გვამს ვხედავ. ფაქტი არ მაშფოთებს, უბრალოდ, სტუმართან მეუხერხულება, ისიც წმინდა ესთეტური თვალსაზრისით. სწრაფად ვიწყებ გვამის ბალიშებით დაფარვას, რადგან კარზე უკვე ზარის ხმა ისმის. კარს ჩემს მაგივრად ვიღაც აღებს, მოულოდნელად შემოდის მეგობარი. გვამის სათანადოდ დაფარვა ვერ მოვასწარი, ამიტომ ზემოდან ვაჯდები. მეგობარს ჩვეულებრივი განწყობით ვესაუბრები. ბებიაჩემის ხელი ვარდება. ვცდილობ, ხელი ისე დავმალო, რომ სტუმარმა არ დაინახოს, ბალიშებში ვჩურთავ. ვეხები, ის ხელს მაშვებინებს, დგება და ამბობს - კაი რა! ვინ არ მომკვდარა! ბებიაჩემი გვიერთდება. ვსვამთ ყავას, ვეწევით სიგარეტს.

0x01 graphic

სიზმრის ახსნა >>>

სიზმარი დეტალებით არის სავსე, ავტორისთვის მნიშვნელოვანი და ნაცნობი ნივთებით - ეს მისი რეალობაა, საიდანაც „მოდის“; მაგრამ აქ რაღაც საიდუმლოც იმალება - ძველი ამბავი, „ჩონჩხი კარადაში”, რომელიც გარეშე თვალთაგან საგულდაგულოდ არის დასაფარი - თუნდაც ესთეტიკური თვალსაზრისით... ეს ძველი, უხერხული, გაუგებარი (წარსული) ამბავი „მოქარგული ბალიშებით' ან მოქარგული სიტყვებით უნდა დაიფაროს. ის, რაც დასამალია - პიროვნულად ძვირფასია, მაგრამ უადგილოა თანამედროვე კონტექსტში. ავტორი გაორებულია, თუმცა თამაშს აგრძელებს და ამას წარმატებით ახერხებს. პრობლემა კი არ იმალება (როგორც ყოველთვის). ის შემოდის თამაშში, აქტიურდება. ბოლოს და ბოლოს, თავად პრობლემა ათავისუფლებს ჩვენს პერსონაჟს, ხსნის მის დაძაბულობას, ჩვეულებრიობას უბრუნებს სიტუაციას...

ავტორი, თითოეული ჩვენგანის მსგავსად, ცდილობს შენიღბოს საკუთარი ცხოვრების, წარსულის, წარმოშობის (?) ზოგიერთი ასპექტი; დეტალები, რაც მიაჩნია, რომ მის „სახეს“ მომხიბვლელობას აკლებს. დრო შეახსენებს მას, რომ ცდებოდა. სიზმარი უხსნის, რომ რაც უფრო თავისუფლად გაათამაშებს „სამარცხვინო კარტს“, არ განდევნის და დაფარავს, არამედ „გააცოცხლებს“ და მოიპატიჟებს თავის რეალობაში - მით უფრო ბუნებრივი და თავისთავადი იქნება. პრობლემები გადასახედი და გადასალაგებელია, ავტორს წარსულის „ინვენტარიზაცია“ სჭირდება...

0x01 graphic

დათო უჯმაჯურიძე >>>

კინორეჟისორი >>>

უცნაური სიზმარი

ვითომ უცხო ქალაქში ვარ. უცნობია გარემო, სადაც რომის პაპია ჩამოსული. მიდის დიდი პროცესია, რომელსაც უკან უამრავი ხალხი მოყვება. მოულოდნელად, იოანე პავლე II ჩემსკენ მოდის, საუბრით მივუყვებით ბაღს, რომელსაც ვერცხლისფერი ნაძვები მიჰყვება. ვსაუბრობთ ზოგად თემებზე: მე პოლონურად, რომის პაპი - ქართულად. უკან ამალა მოგვყვება, ხალხი აღარ ჩანს. საუბარი დავასრულეთ, თბილად დამემშვიდობა და წავიდა. უცხო სახლში აღმოვჩნდი, რომელიც სავსე იყო ჩემი ნათესავებით და ყველა ეჭვის თვალით მიყურებდა. მეღიმებოდა და ჩემთვის ვფიქრობდი, არაფრის აზრზე არა ხართ-მეთქი.

0x01 graphic

სიზმრის ახსნა >>>

სიზმარი თავისებურ მარტოობაზე ან განდეგილობის ფორმაზე მიგვანიშნებს. პერსონაჟში ბევრი რამის მიმართ გაუცნობიერებელი გაუცხოება იგრძნობა. შესაძლებელი პიროვნული კრიზისი, სულიერებასთან მიმართებაში, მოძღვრის პერსონის ან სულიერი მეგობრის უშედეგო ძიებაა, რომლის კრებითი სახე შეიძლება იყოს რომის პაპი.

პიროვნება შინაგანად გახსნილია მისგან განსხვავებული ადამიანის მიმართ და მზად არის მის ენაზე სალაპარაკოდ და იმის გაზიარებისთვის, რაც სხვის სულიერ სამყაროს ეხება. ანალოგიურის მოლოდინშია თვითონაც. ჩემი აზრით, რომის პაპი ამ „სხვის“ სახესაც გულისხმობს.

პიროვნება გადაღლილია ყოველდღიური ურთიერთობებით, რაც გარემოსა და ახლობლებისადმი გაუცხოების ნიშანია. ის სულიერი, ინტიმური ურთიერთობებისთვის „ჩაკეტილია“, რადგან მისი ბოლომდე არავის ესმის, თუმცა ამ სიტუაციისადმი მისი ირონია კარგად ფარავს ამ განცდას.

შესაძლებელია უცხოეთისადმი ნოსტალგია, ან სამშობლოს დატოვების სურვილი ჰქონდეს, რადგან სულიერი ფასეულობები ამ მშობლიურ გარემოში ვერ აღმოაჩინა.

თუმცა მასში ტრაგიზმი არ არის...

0x01 graphic

5 დიტო 6.00-დან 9.00-მდე

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: დავით მესხი

0x01 graphic

ამ სათაურზე, ანიეს ვარდას ფილმი მახსენდება - „კლეო 5-დან 7-მდე“, სადაც მშვენიერი კლეოს ცხოვრების ორი მნიშვნელოვანი საათია ნაჩვენები.

„დიტო 6-დან 9-მდე“ კი ცდაა. ცდა დღევანდელობის ერთერთი საინტერესო ქართველი რეჟისორის - დიტო ცინცაძის მთელი ცხოვრების თუ არა, მისი ფრაგმენტების ჩვენებისა.

18:00.

ვცდილობ, სწრაფად გავიკვლიო გზა წვიმაში და სწრაფსწრაფად ვახტები გუბეებად დაგროვილ ივნისის წვიმას. დანიშნულების ადგილას დროზე და ნახევრად მშრალი მაინც მინდა მივიდე. აი, ისიც: მაღალი, გამხდარი, მართლაც რომ კლდიაშვილისეული ტიპაჟი (რატომ კლდიაშვილისეული, ამაზე მოგვიანებით) შავი კეპით, ჩემსკენ მოემართება: „ვაა, ეს რა პუნქტუალურები ვართ ორივე!“

სტუდიაში შესვლამდე:

- „ბედი არ გინდა?! მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, ოთარ იოსელიანთან მემუშავა. არ დარეკა იმ დღეს? როლი მაქვს შენთვის, ჩამოდიო. მერე? მე თვითონ გადაღებებს ვიწყებ აქ და სად წავალ?! ესეც შენი „ზაკონ პოდლოსტი“! არა უშავს. ვეტყვი, ან როლი შემინახოს, ან მერე ჩემთან გადავიღებ.“ ვერ ვიტან ამ მინაწერს, მაგრამ ამ ადგილს, მგონი, მოუხდებოდა - (იცინის).

სტუდიაში:

- ყავა გინდა?

- მინდა.

- მაშინ, ცოტა მადროვე.

ისევ ისე უბედურად წვიმს.

18:15

ალბათ ელოდებით, რომ ბავშვობით დავიწყებთ. მოგიყვებით, როგორი ონავარი იყო სან-სებასტიანის „ოქროს ნიჟარის“ მფლობელი დიტო ცინცაძე, როგორ დარბოდა ეზოში, თამაშობდა ფეხბურთს... არა, ფეხბურთს „ქუჩის დონეზე კარგად“ თამაშობდა, მაგრამ დიტოს ისტორია სულ სხვა ადგილიდან, ჯერ კიდევ მის დაბადებამდე იწყება, როცა დედამისი, ქალბატონი ნარი ორსულობის მე-9 თვეში თბილისის ერთ-ერთ კინოთეატრს ესტუმრა. იჯდა თავისთვის, დიდი ეკრანის წინ და ვაიმე! ტკივილებიც დაეწყოოო. ახლა ხომ ხვდებით, რომ გვარში ექიმობის ტრადიციის მიუხედავად, არასდროს, არასდროს არ უნდა ჰკითხოთ დიტო ცინცაძეს:

- ბატონო დიტო, გიფიქრიათ ოდესმე სხვა პროფესიაზე?

იმიტომ, რომ არა! არ უფიქრია და არც იფიქრებს!

ბავშვობიდან დავიწყებ-მეთქი.

ამ სიტყვასთან პირველ რიგში წყნეთი ასოცირდება. მაშინ, როდესაც მშობლები ერთმანეთს შორდებიან, ძმებს ცალცალკე უწევთ ცხოვრება: დიტოს - დედასთან, ძმას კი მამასთან; ანუ „რაღაც დავიშალეთსავით“-ო. როგორც თვითონ ამბობს - „მშობლების დაშორება დიდად არ განმიცდია. რა ვიცი, ოთხი წლის ბავშვს დიდად არაფერი მესმოდა.“ თუმცა, სიტყვა „ბავშვობაზე“ მაინც წყნეთი, და ზაფხულობით ისევ ერთად შეკრებილი ოჯახი ახსენდება. უეცრად, ჩემი სევდამელანქოლიური გამომეტყველების დანახვისას კი, ოპტიმისტურად მპასუხობს - „იცი, ამ ყველაფერს რაღაც დადებით, პლუსიც კი ჰქონდა“ და ის ისტორია ახსენდება, როცა უკვე წამოზრდილი, რაღაც ძალიან ცუდ ამბავში გაეხვია. ვიღაც დაჭრეს, თუ რაღაც ამგვარი. ატეხილა ერთი ამბავი და ყველა დაუჭერიათ. ყველა, დიტოს გარდა. რატომ? იმიტომ, რომ ვერ იპოვეს. არავინ იცოდა, სად იქნებოდა - ერთ სახლში, მეორეში თუ მესამეში. ესეც შენი პლუსი!

მგონი, დიდი მოჩხუბარი არც ყოფილა, რადგან საკმაოდ მორიდებულად მითხრა: - ნუ... ყველა ჩხუბობდა და მეც ვჩხუბობდიო. მართალია, ერთხელ იარაღითაც მოსულან, მაგრამ სერიოზული არაფერი. „ხომ იცი, 53-ე სკოლა, ვერა, თბილისი...“

ჰო, აქ ერთი წამით შევჩერდეთ და დიტოს ერთ უცნაურობაზე მოგითხრობთ; ერთ ჩვევაზე, რომელიც მეგობრების მარად სახუმარო თემაა. როგორც თვითონ უწოდებს, „დოუბლე ცჰეკინგ“-ი სჭირს. ერთი და იგივე კითხვას რამდენჯერმე დაგისვამს. ეტყობა ამოწმებს, გაიგე თუ არა. რა ვიცი, ალბათ ამიტომ იყო, რომ სკოლის მეგობრების სახელები ორჯერ ჩამომითვალა: ალეკო გურგენიძე, ზაზა ალექსიძე, გიორგი გვახარია (ოღონდ კინომცოდნე არაო), მამუკა მაისაია, გიორგი ჭკუასელი, პაატა ჩახნაშვილი, ზაზა ჩაჩუა, ზურა ერისთავი.

მე კი ყველა დავიმახსოვრე, მაგრამ... სწორედ ამ double Checking-ობის გამო იყო, ერთხელ ძალიან რომ აწყენინეს. არ დამავიწყდეს, მოგვიანებით მოგიყვებით.

18:45

კინო? კინო სულ იყო. დაიწყო იმით, როცა „კინოშნიკმა“ დეიდამ, ერთ დილას სასეირნოდ წაიყვანა და შინ მხოლოდ დაღამებისას, ცხრა საათზე დაბრუნდნენ. დიდი სკანდალი დახვდათ - აქამდე სად იყავითო!!! მთელი ოჯახი ნერვიულობდა. ეს სკანდალი არ ახსოვს. დაამახსოვრდა მხოლოდ კინოდარბაზში გატარებული მთელი დღე და ნანახი... ასე, ათი ფილმი მაინც! ჩარლი ჩაპლინი და ბასტერ კიტონი!

მერე 10 წლის იყო, როცა ბაბუამ 8 მილიმეტრიანი კამერა აჩუქა, და... აქედან დაიწყო, თუ დაიწყო. იღებდა ყველაფერს, დგამდა სცენებს... ერთმა ასეთმა „გადაღებამ“ კინაღამ მეგობრის ნეკნები შეიწირა, რომელიც მკვდარს თამაშობდა და კიბეებზე უნდა ჩამოგორებულიყო. რა ქნას, რომ არ მოსწონდა დიტო რეჟისორს მეგობრის დაგორება, და იმ საწყალს ხუთი დუბლი მაინც გადაუღო. სერიოზული ამბავი იყო! კაცი ვესტერნს იღებდა და..!

„დამოუკიდებელი ცხოვრება ადრე დავიწყე. ისე, ცოტა ძნელია, როცა ძალიან აქტიური მშობლები გყავს და სულ შენს ცხოვრებაში ერევიან. ცალკე ბინა მქონდა კეკელიძის ქუჩაზე და იყო ერთი ამბავი, გნიასი, გიჟური ისტორიები. მამას იშვიათად ვხედავდი. მერე უფრო დავახლოვდით. დედა? დედა ძალიან აქტიური ადამიანია. ერთხელ, პატარაობისას, დიდი არაფერი, თავი გავიტეხე და ისეთი ამბავი ატყდა... მთელი ქუჩა გაჩერდა. არა, ძალიან აქტიური დედა მყავს. ჩემზე რომ ჰკითხო, გეტყვის ასეთი წყნარი ბავშვი და კარგი მოსწავლე, მეორე არ იყოო. არადა, მე-7 კლასის მერე, რა ხდებოდა მათემატიკაში, აზრზე არ ვიყავი. ერთადერთი, თავისუფალი თემების წერა მიყვარდა ლიტერატურაში. ეგ იყო და ეგ. დედა ახლაც აქტიურობს. სულ მირეკავს, არ დალიო, ბევრი არ მოწიო, რას აკეთებ...“

საუბარს ტელეფონის ზარი წყვეტს:

- „ალო, ჰო... დედა! ახლა ზუსტად შენზე ვლაპარაკობდი. რაა?.. ჰო, ჰო, კარგი. არა, არ ვარ მთვრალი... კაი, კაი, წავედი...“

აჰა, დამტკიცდა.

19:00

თეატრალურ ინსტიტუტამდე პუშკინის ინსტიტუტი და რუსული ფილოლოგია იყო, როცა მოსკოვში უმაღლეს კურსებზე უნდოდა ჩაბარება და აქ, იძულებით მოუხდა საბუთების შეტანა. „მაშინ ასეთი წესი იყო. თუ რაიმე არ გექნებოდა დამთავრებული, არ მიგიღებდნენ“. ზუსტად ერთ წელიწადში კი, თეატრალურ ინსტიტუტში კინოს ჯგუფი გაიხსნა და... ხომ გახსოვთ, რა არ უნდა ჰკითხოთ არასდროს? საბუთები მაშინვე გადაიტანა. ელდარ შენგელაიას სახელოსნოში ჩაირიცხა.

სარეჟისორო ჯგუფში, საფეხბურთო გუნდივით თერთმეტნი იყვნენ. იმ დროს, მოკლედ, ასე ახასიათებს - ვლოთობდით, უსაშველოდ ვგიჟობდით, მაგრამ თან ვმუშაობდითო.

„მივხვდი, რომ რაღაცნაირი კინო არსებობს, სხვა კინო. ეს იყო ელდარ შენგელაია, ოთარ იოსელიანი, რომელიც მონტაჟს გვასწავლიდა. მიყვარს ელდარის იგავური თხრობა, მისი სამყარო, მისი ადამიანურობა. დღესაც მახსოვს, „არაჩვეულებრივი გამოფენის“ ჩვენებისას, კინაღამ რომ დაინგრა დარბაზი როტერდამში. ასეთი რამ არსად მინახავს. ისე, მეც ვინატრებდი ასეთ ჩვენებას.

ოთარის სუფთა კინემატოგრაფი, სტრუქტურა, სადაც ენა არ არის საჭირო. ეს აღმოჩენა იყო ჩემთვის. დღესაც, ჩემს ფილმებს მათ ვუჩვენებ ხოლმე და... ისე ვნერვიულობ, როცა ოთარი უყურებს. ის ხომ არასდროს არ იმეორებს კადრებს, მე კი ხშირად ვიმეორებ. ჰოდა, როცა ამ გამეორებებს ხედავს, ვიცი, იმ მომენტში რას ფიქრობს!

რეზო ესაძე, რომელიც ასევე გვასწავლიდა მონტაჟს. მაგარი მსახიობია. ისე იცოდა ფილმის მოყოლა, რომ გაგიჟდებოდი, გაიქცეოდი სანახავად და რა?!! რეზოს მონაყოლთან შედარებით, ფილმი უინტერესო იყო ხოლმე.“

კარგად ახსოვს, როგორ გაუმწარა ერთხელ სიცოცხლე ჯგუფელ ტატო კოტეტიშვილს. „არ მახსოვს, რაღაცას ვუწლიკინებდი“, რომ ბოლოს აიღო და ერთი კარგად მოისროლა ეს ჩვენი დიტო ტატომ. სახსოვარიც დარჩა: ფრენის შედეგად გადამტყდარი და შემდეგ არასწორად შეხორცებული ლავიწის ძვალი.

დასაწყისში კლდიაშვილისეული ტიპაჟი ვუწოდე. და აი, რატომ. როცა ჯგუფის ხელმძღვანელი, ბატონი ელდარი ფილმ „სამანიშვილის დედინაცვალს“ იღებდა, დიტოს თქმის არ იყოს, „დაციკლული“ ყოფილა კლდიაშვილზე. ამიტომ ჯგუფი ინტენსიურად დგამდა კლდიაშვილის პიესებს და მთავარ როლებს ყველგან ჩვენი გამხდარი, აწოწილი დიტო თამაშობდა. მე შენ გეტყვი და გარეგნობა აქვს ისეთი, ვერ დაიჯერებ, გაძვალტყავებული აზნაური რომ შეიძლება არსებობდეს?!

გასუსული დარბაზი. სცენაზე სადიპლომო წარმოდგენაა. ვისი პიესაა? ეს რა იკითხეთ? კლდიაშვილის, რაღა თქმა უნდა. პიესის მონაწილეებს შორის ძაღლია. უფრო სწორად, ძაღლი არ ჩანს, მარტო ყეფა ისმის. ეს სამამულიშვილო საქმე ჯგუფელ მამუკა მინდიაშვილს აკისრია, ანუ მამუკა ყეფს. დიტოს გამოსვლის დროა. ცოტა ნერვიულობს. ვაა, ლევან ერისთავს არაყი მოუტანია. ცოტას მოსვამს, რა! ცოტა - ნახევარი ბოთლი გამოვიდა. აი, უკვე დაგიარა სისხლში თბილმა ჟრუანტელმა. თან ჰა, ჰა, გაგეხსნება და... სცენაზე გასვლის დროც მოსულა. ჯოხმომარჯვებული, ამაყად, ყოველგვარი შიშის გარეშე - არაყმა თავისი საქმე და იმაზე მეტიც ქნა - სცენაზე გადის. ახლა კი გაგრძელებას რომ წაიკითხავთ, თქვენც ჩემნაირად იფიქრებთ - ეჰ, ნეტავ არ გასულიყოო, რადგან იქ ისეთი ამბები დატრიალდება... სულ ტკბილ-ტკბილ სიზმრებშიც კი არ დაესიზმრებოდა კლდიაშვილს. როლში შევიჭერიო, - იმართლებს თავს, და სცენაზე გასული, ხელის ერთი მოსმით სწევს ფარდას - ეტყობა, ყველას კარგად რომ დაენახა ძაღლის როლის შემსრულებელი. მერე კი, მომარჯვებული ჯოხით, უცებ, ენერგიულად იწყებს ჯგუფელის ცემა-ტყეპას. „მამუკა თან მიყურებს, თან ვერ მაგინებს, ითმენს. აგრძელებს ყეფას... რა ჰქნას, რა ჰქნას და არ დაიწყო წკმუტუნი!... წინ ტატო მიდგას, ამ ამბის შემყურე, ძლივს იკავებს თავს. არადა, დიალოგი გვეწყება, თან ძალიან მნიშვნელოვანი. რა უნდა გვექნა? ერთმანეთს თვალებში ვერ ვუყურებდით! სიცილისგან ისე ცუდათ ვიყავით, რომ გვერდიგვერდ, მაყურებლისკენ ზურგით დავდექით და ისე, რომ არც შეგვიხედავს ერთმანეთისთვის, ჩავარაკრაკეთ დიალოგი. კულისებიდან გამწარებული მამუკას მუშტები მოჩანდა.“

სადიპლომო ფილმი ლევან ერისთავთან ერთად გადაიღო - „კვაზიმოდო“. მთავარ როლში მამუკა კიკალეიშვილი იყო. მამუკა მასწავლებელს თამაშობდა, ოღონდ ისეთს, რომლის შიში და ძრწოლა მთელ კლასს უნდა ჰქონოდა. დიტოს ძალიან უნდოდა, რომ ბავშვები გადაღებებამდე დაეშინებინა მამუკათი. ამიტომ ბევრი იფიქრა, იფიქრა და მოიფიქრა: ზოოპარკში მგლებთან შევასეირნებ მამუკას და ბავშვებს დავანახებო. მართალი გითხრათ, არ ვიცი, დაფიქრდა თუ არა მამუკა შესაძლო შედეგებზე. ალბათ არა, რადგან ბავშვებთან ერთად ზოოპარკშიც წავიდა და გალიასთან თავისი ფეხითაც მივიდა. „ოპერატორმა თქვა, მე არ წამოვალო. ფილმის დირექტორმა, მე ვითომ არც გამიგიაო. მოკლედ, ვერ ვართ, რა. დგანან ეს ბავშვები დაჭყეტილები, მამუკა გალიასთან მივიდა და... არ შექუჩნდნენ გალიასთან ეს მგლები?! თან, ლამის ნერწყვი მოუვიდათ! ბოლოს, კიდევ კარგი, ჩემმა მეგობარმა, რომელიც კარგად იცნობდა მგლებს და მათ ჩვევებს, აგვიხსნა, წამითაც არ დაფიქრდებიან, ისე შეახრამუნებენ მაგ თქვენს მამუკასო. ამის გამგონე მამუკასაც ნელ-ნელა ჩაუქრა ენთუზიაზმი. მეც დავფიქრდი და... მოკლედ, გადარჩა, თორემ ბოლომდე არ ტყდებოდა და მიდიოდა“.

19:35

საკუთარ ფილმებზე პირდაპირ და გულახდილად საუბრობს. ზოგჯერ, ძალიან იშვიათად თუ გადმოიღებს და ნახულობს. ისიც იმიტომ, რომ მაინტერესებს, როგორი ვიყავიო. როგორც შემფასებელი, საკმაოდ კრიტიკულია - „არ მიყვარს „დახატული წრე“, რაღაც ამბიციით გავაკეთე. აი, ახლა ყველაზე მაგარ ფილმს გავაკეთებ-მეთქი და ეს ცუდი ფილმი გადავიღე, რომელსაც სულ ვმალავ. „სტუმრები“ კი მიყვარს. მაშინ იმდენად თავისუფალი ვიყავი, შეიძლება ითქვას, სითავხედემდე თავისუფალი. მარტო ამის მერე მივხვდი, რომ რაც უფრო თავისუფლად შეხედავ და ითამაშებ, მით უფრო სასიამოვნო და საინტერესო გამოვა ფილმი.“

პირველი ნამუშევრებიდან დაწყებული, თითქმის ყველა ფილმი: „დღე“, „კვაზიმოდო“, „სტუმრები“ სხვადასხვა ფესტივალებზეა პრიზირებული. თვითონვე გაუკვირდა, როცა „ხუთი ფირი „კოდაკით“ და დანარჩენი შავ-თეთრით“, 1993 წელს გადაღებულმა ფილმმა „ზღვარზე“, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი „ვერცხლის ლეოპარდი“ მოიპოვა. რა თქმა უნდა, ძალიანაც გაუხარდა და ისიც იფიქრა, აი, ახლა დაიწყება კარგი ცხოვრებაო. მაგრამ ქვეყანა აირია და თვითონაც ხომ აირია და აირია!

ბენედიქტ ნოენფელსი და დიტო ცინცაძე

თუ გინდათ ოდესმე, - რატომ უნდა გინდოდეთ, მაგრამ მაინც - დიტო ცინცაძეს დღე ჩაუშხამოთ, ყოვლად უწყინარად უნდა წარმოთქვათ: პროდუტტორე იტალიანო ვიტო დიბარი. ისე, ხუმრობა იქით იყოს და, ვითომ საქმე გაუკეთა დიტოს, მტერს არ უსურვებდა კაცი! მოკლედ, ლოკარნოზე გამარჯვების შემდეგ, დიტოს თბილისში ჩამოაკითხა და ოქროს მთებს დაპირდა... ამას გავაკეთებთ, იმას გავაკეთებთო... თანაც, მილანში წაიყვანა! ასეირნა, აქეიფა და „კაცო, მაშინ ცოტა თავქარიანი ვიყავი“, მითხრა და გააგრძელა იმ ამბის მოყოლა, თუ ნასვამმა როგორ მოაწერა ხელი რაღაც კონტრაქტს. რას? მაშინ ზუსტად არ ახსოვდა. აქაოდა, სერიოზული კონტრაქტი მაქვსო, მილანური ჰაერი გემრიელად ჩაისუნთქა და ტკბილადაც ჩაიძინა. როცა გამოფხიზლდა, მხოლოდ მეორე დღეს გაიგო, რომ კონტრაქტი ექსკლუზიური იყო და ბატონი ვიტოს გარდა, ვერავისთან, ვეღარასოდეს იმუშავებდა. იმ დღიდან, ვიტო დიბარი გახდა მისი მზეც, მთვარეც, და დარჩენილი ცხოვრებაც. ამბავი 1994 წელს ხდება. „ექვსი წელი გამაჩერა. დამღუპა, რა! საერთოდ არ მამუშავებდა! არც ფულს მაძლევდა! ვერც სხვასთან წავიდოდი სამუშაოდ! წარმოიდგინეთ, რა დღეში ვიყავი?!“ ნუ გგონიათ, რომ გეკითხათ - რატომ ვიტოო? მხრებს ნაზად აიჩეჩავდა და გიპასუხებდათ - რა ვი, აბაო. არა! ბოლოს თვითონ შესთავაზა: - თუ თავის გამოსყიდვა გინდა, 20 ათასი გადამიხადეო! ესეც შენი ვიტოო! აი, თურმე რატომო! მერე? მერე თბილისში სახლი გაყიდა, „კულტურული“ ტყვეობიდან თავი გამოისყიდა და გერმანიაში წავიდა, სადაც ერთგული მეგობარი, „ჩემი კლაუსიკოო“ რომ ეძახის, სწორედ ის ეგულებოდა.

0x01 graphic

ორიოდე სიტყვა კლაუსიკოზე.

„ეს კლაუს ესერია. რომელმაც ჩემს ცხოვრებაში გარდატეხა მოახდინა. შემთხვევით შევხვდი და დავძმაკაცდით. ეს რაღაც „მეჯიქ“ მომენტია“. ისე, ჯერ არ მითქვამს? დიტოს ცხოვრებაში ხომ ასეთი „მეჯიქ“ მომენტები საკმაოდ ხშირად ხდება. უბრალოდ, ზოგი ვის უკავშირდება და ზოგი - ვის. „მეჯიქებში“ ლიდერი კი, როგორც მიხვდით, გერმანელი კლაუსია - „თვალები ამიხილა, ხომ არის რაღაც კარები, ფანჯრები, რაც არ იცი; სადაც არასდროს შეგიხედავს. კლაუსი სწორედ მათ გახსნაში დამეხმარა. ცხოვრებაში ყველაფერს სხვანაირად შევხედე. ძალიან დამეხმარა ჩემი კლაუსიკო. მის გამო ავირჩიე გერმანია, იქ მეგულებოდა. ჰო, სხვათა შორის, კლაუსი ჯიმი ჰენდრიქსის მეგობარი იყო“. ოო, აქ კი ვცქვიტე ყურები, მაგრამ დავაგვიანე. დიტო მოყოლას აგრძელებს.

0x01 graphic

კადრი ფილმიდან ხელმოცარული მკვლელები

20:05

„ძალიან დამეხმარა ნანა ჯორჯაძე, გერმანიაში საჭირო ხალხს დამაკავშირა და ასე. მაგრამ იცი, მთელი ეს პერიოდი ალბათ საჭირო იყო, რომ „ხელმოცარული მკვლელები“ გადამეღო. იქ, კიდევ მომატყუეს. კაცო, მოვიდოდნენ ამ ლიმუზინებით. მე, როგორც გოიმი, „ვებმებოდი“ ამაზე და... ერთხელ წამოსვლაც ვიფიქრე, რადგან მიუნჰენში ისეთ ბუნაგში ვცხოვრობდი, ისეთ ცუდ სიტუაციაში ვიყავი, რომ... მართლა დაღუპვის პირას აღმოვჩნდი. აქაც იყო ერთი გერმანელი პროდიუსერი, ფულს არ მაძლევდა. ჰოდა, ერთხელ რომ მოვუქნიე საფერფლე - ახლა, ჩაგცხებ თუ ფულს არ მომცემ-მეთქი და... გაჭრა.“ ერთი პერიოდი... არა, კი არ უფიქრია, მაგრამ მორბენალი სტრიქონივით გაურბინა თავში. ის, რასაც „მკვლელებში“ ზანგი გმირი სჩადის, - ფულის საშოვნელად ცალ თირკმელს რომ აბარებს. ხომ გეუბნები, სერიოზულად არ მიფიქრია, მაგრამ სადღაც მაინც გამიელვაო.

ასე ნელ-ნელა დაიბადა „ხელმოცარული მკვლელების“ ისტორია. „ხომ იცი, რაღაც რომ ილექება, ილექება და ჰოპ! შემთხვევით შევხვდი ერთ გაქუცულ, ჭუჭყიან, ტალახიანი პალტოთი, ველოსიპედით მოსულ პროდიუსერს. მოვუყევი სიუჟეტი და ვიღებთო, მითხრა.“ მართლა გადაიღეს. აღარ მოუტყუებიათ. სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ვერცხლის ალექსანდრეც“ აიღეს. მანამდე კი, ოთარს უჩვენა, რომელმაც სადღაც გადარეკა, დიტოს შედევრი გადაუღიაო. ფილმი კანში უჩვენეს. აი, ასეთი - დაიცადე, როგორ ამბობენ - ია-ვარდებით მოფენილი არ ყოფილა დიტო ცინცაძის გზა. გზა „ხელმოცარულ მკვლელებამდე“.

0x01 graphic

კადრი ფილმიდან ხელმოცარული მკვლელები ფრანკა

გადაღებები დაიწყო და პირველი სამი დღე დაბნეული დიტო გადასაღებ მოედანზე, ალბათ, კარგად დაამახსოვრდათ - „მომცეს ეს ვოქი თოქები, პირდაპირი ჩაწერა, მონიტორი... არ მქონია ასეთი გადაღებები. მოკლედ, არაფერი არ ვიცი და ვთამაშობ“. ძალიან დაეხმარა დღეს უკვე ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი, მაშინ კი, უბრალოდ, ჯგუფის სრულიად უცხო წევრი, ფილმის ოპერატორი ბენედიქტ ნოიენფელსი. „წარმოიდგინე, ენა არ ვიცი, უცხო ტექნიკის გარემოცვაში, სრულიად დაბნეული ვარ... ბენედიქტი კი ბოლომდე გვერდში ამომიდგა. ვიღაცას რაიმე ცუდის თქმა ძალიან ადვილად შეეძლო, მაინც ხომ ვერაფერს გავიგებდი. ხომ ხვდები, არა?.. მოკლედ, დამიცვა ყველაფრისგან...“ აქ კი, თავისთავად, ის ცუდი გაახსენდა, რაც მაინც მოხდა მოგვიანებით, „გასროლის შიშზე“ მუშაობისას. ერთგულ ბენედიქტს არ ეცალა და ფილმისთვის ახალი ოპერატორი აიყვანეს. „გაგიკვირდება, რომ გითხრა, ვის უნდოდა ჩვენთან მუშაობა. ვიმ ვენდერსთან, ფასბინდერთან ნამუშევარ ოპერატორებს. ყველას უარი ვუთხარი. ახალგაზრდა, რისკიანი ადამიანი მჭირდებოდა. ბევრი საწინააღმდეგო აზრის მიუხედავად, ძალით გავიტანე ეს ბიჭი. დავამტკიცეთ ფილმზე და... იცი, როგორ ჩაიჭრა? ადამიანურად ჩაიჭრა. ბოღმა არა ვარ, მაგრამ ისე მაწყენინა... ერთ-ერთი ასეთი „double checking“-ის შემდეგ, შეტრიალდა და გერმანულად თქვა, - ამან, ხომ გამიტრაკა თავისი „checking“-ებითო, რაზეც ვიღაცეებმა ჩაიცინეს. ეს მხოლოდ გადაღებების დამთავრების შემდეგ მითხრეს. მაშინ არ გამიგია, საქმეში ვიყავი ჩართული, თორემ ნამდვილად გადავამტვრევდი კამერას თავზე. უბრალოდ, რა არის იცი? შეეძლო ეთქვა ინგლისურად, ხომ გავიგებდი, ვუპასუხებდი კიდეც, თუნდაც ხუმრობით. არა, გერმანულად თქვა. არადა, მანამდე მარტო რეკლამებს იღებდა, და ეს მისი პირველი ფილმი იყო, რაშიც გერმანელ კრიტიკოსთა პრიზი აიღო. მერე, ლამის ყოველ კვირას, მეილებს მიგზავნიდა, მაპატიეო. მაგრამ... პატიება არ მიჭირს, მე თვითონ იმდენჯერ მაპატიეს, რომ რატომ არ უნდა ვაპატიო სხვას...“

აქ, ნელ-ნელა დიტოს ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ და სათუთ მომენტს მივუახლოვდით. უფროსი ქალიშვილი მარიკა ნიუ-იორკში ცხოვრობს. ერთმანეთს მხოლოდ ახლახანს შეხვდნენ. „ჩემი ბრალია... სულ ვნანობდი ამ სიშორეს... ისეთი მადლობელი ვარ, რომ მაპატია და მიმიღო! ჩამეხუტა კიდეც.

იმ დროს, მარტინ სკორსეზეს და რობერტ დე ნიროს დაარსებული ერთ-ერთი „ახალგაზრდა“ კინოფესტივალი იმართებოდა. დახურვაზე, ჟიურის თავმჯდომარეს, პიტერ სკარლეტს - სხვათა შორის, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე „პრომეთე“, სწორედ პიტერმა გადასცა მთავარი პრიზი დიტოს, ფილმისთვის „გასროლის შიში“ - ჩემთვის და მარიკასთვის ორი მოსაწვევი ვთხოვე. წარმოიდგინეთ, ვსხედვართ მეორე რიგში, დახურვაა. ყველა ვარსკვლავია გარშემო და პიტერი სიტყვით გამოდის: - იცით, ჩემო მეგობრებო! ამ ფესტივალმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოიტანა. წლების მერეც კი, დაშორებული ადამიანები დააკავშირაო და არ დაგვასახელა?! ამერიკული ფილმების ფინალებში რომ არის, ზუსტად ისე, მთელი დარბაზი ჩვენსკენ შემოტრიალდა. მე და მარიკა კი, გაოგნებულები ვუყურებდით ერთმანეთს.“ მეორე ქორწინებიდან „პრინცესა“ ნუცა ჰყავს; პატარა ნიკუშა ხომ... ნიკუშა, მესამე ქორწინებიდან, დიტოს და მარიკა გიორგობიანის შვილია. როგორც მარიკაზე ამბობს, ფილმ „სტუმრების“ გადაღებებზე გავიცანი, და „სახლზე“ მუშაობისას შემიყვარდაო“.

„ნიკუშა რეჟისორი არასოდეს არ იქნება. მე და თავის ძმას (მარიკას პირველი ქორწინებიდან), დათოს გვეუბნება, რა გინდათ, გამოვალ რონალდინიო, ბევრ ფულს ვიშოვი და მერე შენც და დათოსაც დაგაფინანსებთო“.

რა გინდა, ძალიანაც რომ პრაქტიკულია.

- ბევრჯერ გყვარებიათ?

- კი, კი, უფფ... ხანმოკლე ურთიერთობები სულ მქონდა. სიყვარულით კი ხანდახან ორი ქალიც მყვარებია. და სწორედ ამიტომ იყო, რომ შეცდომები მომდიოდა.

- სასიყვარულო წერილები?

- არა. - და ღიმილით ამატებს, - პირდაპირ პრაქტიკას ვამჯობინებდიო.

ისე, სიყვარულზე მალევე მოვრჩით. პირადულზე საუბარი მაინცდამაინც არ სიამოვნებს. ჯერ კიდევ ტელეფონით საუბრისას გამაფრთხილა, ინტიმურზე არ ვილაპარაკებო. სულ იმეორებს, რა გითხრა, ცუდიც მაქვს და კარგიც: „კარგი ჩემია და მინდა შევინახო. ცუდზე კი უფრო შემიძლია მოვყვე“. ძალიან ცუდი, რამდენიმე ხნის წინ იყო, როცა ქრონიკულ ჰეპატიტს მკურნალობდა. „ინტერფერონი საშინელი პრეპარატია, სულ ანგრევს ორგანიზმს - ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად. აუტანელი ვიყავი. უხეში. ახლა მითხრა ნიკუშამ, სახლში რომ მოდიოდი, არ მიყვარდა, ასე ვამბობდი, ნეტა არ მოვიდეს-მეთქი“.

20:25
ფრანკა.

თუ „ხელმოცარული მკვლელები“ ნანახი გაქვთ, მაშინ აუცილებლად დაგამახსოვრდებოდათ ქალის კაბაში ჩაცმული დიტო. „ამ როლზე ლენი რიფენშტალის დროინდელი ქალი გვინდოდა, მაგრამ არ დაგვთანხმდა“, ლაშა ბაქრაძის მერაბი, ისე, ამ როლზე მერაბ ნინიძე ყოფილა დამტკიცებული. მაგრამ აქაც მომხდარა „მეჯიქ“ მომენტი. ერთ საღამოს რესტორანში ლაშას შეხვედრია და... როგორც იტყვიან, მყის მიმხვდარა, რომ ის - „ის“ იყო. მოკლედ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ კარგი ფილმიდან ბევრი, გაცილებით ბევრი რამ დაგამახსოვრდებოდათ. მათ შორის კი, უდავოდ იქნება პორტუგალიელი ქალის როლის შემსრულებელი, ველური ფრანკა.

დღეს ფრანკა, ბერლინის თეატრალურ საზოგადოებაში თითქმის ლეგენდაა. თუმცა, თავის დროზე, ყველა თეატრიდან გამოაგდეს იმიტომ, რომ... მაგალითად ერთგან, სადაც მთავარ, ლულუს როლს თამაშობდა, ფინალში მისი გმირი უნდა მომკვდარიყო. უცებ გამოაცხადა: - დღეს თქვენთვის ლულუ არ მოკვდებაო. დატოვა პირდაღებული დარბაზი და კულისებში ამაყად გავიდა. „კაი, რა ფრანკა. რა იცი ხოლმე. აუ, ფრანკა, რა“... მოკლედ, იმდენს სთხოვდნენ, რომ ჯანდაბას თქვენი თავიო, გაბრუნდა უკან და როგორც წინა დღეებში, ისე „მოკვდა“ სცენაზე; ერთ-ერთი სპექტაკლის მსვლელობისას კი, პარტნიორს ზედმეტად მოუვიდა სახეში გარტყმა - ასე ეწერა პიესაში და... ამან ისე გააბრაზა, რომ აიღო სკამი და მთელი ძალით გადაამტვრია თავზე. შემდეგ ნერვაუტოკავად შემოტრიალდა და თამაში გააგრძელა. ის უბედური კი... მაშინვე წამოხტა, თუ კიდევ ცოტა ხანს ეგდო ძირს, - არავინ იცის.

ახლა ხომ თქვენც გაგიჩნდათ კითხვა - კი, მაგრამ რატომ, ბატონო დიტო? რატომ აიყვანეთ ასეთი ქალი?

პასუხი: ზუსტად ეგ მჭირდებოდაო. კაცო, რა უცნაური ხალხია ეს რეჟისორები?!

0x01 graphic

გადაღებები რთული იყო. ფრანკა ძალიან მომხიბვლელი ქალი იყო, და, ბუნებრივია, ყველა მამაკაცი ეარშიყებოდა. ის კი არ იცოდნენ, რომ ფრანკას სულაც არ აინტერესებდა მამაკაცური ღირსებები და სიგიჟემდე იყო შეყვარებული მემონტაჟე ბიჭის... ცოლზე. დასანახად ვერ იტანდა კაცებს, არც დიტოზე გიჟდებოდა. აბა, რა საყვარელია რეჟისორი, რომელიც გამუდმებით დირექტივებს იძლევა? თანაც, კაცი! ერთხელ ანტისემიტობაც კი დააბრალა, სიზმარში ასე გნახეო. „სერიოზულ ნარკოტიკებზე იჯდა. რთული იყო მასთან მუშაობა, ზოგჯერ 40 დუბლსაც კი ვუღებდი, რადგან არ მიჯერებდა. მაგრამ მაინც ვთვლი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. გახსოვთ ყმუილის სცენა? მანდ ყვირილი მჭირდებოდა და თვითონ მითხრა, არ გინდა ვიყმუვლოო? მინდამეთქი. კარგი სცენა გამოვიდა. ბოლო დუბლის გადაღების შემდეგ რომ ვთქვით, მორჩა გადაღებები, დასრულდა-თქო, კინაღამ გაგიჟდა, რას ჰქვია დასრულდა? კიდევ, კიდევ მინდაო, ყვიროდა“. ერთი წლის შემდეგ, ფრანკა ბერლინის ცენტრში, მაღალსართულიანი სახლიდან გადმოხტა. როცა ოთახში შევიდნენ, მაგიდაზე „ხელმოცარული მკვლელების“ გადაღებების ფოტოები იდო. „არ ვიცი, სულ მეუბნებოდა, დიტო, შენ გოიმი ხარ. ფრენა არ იცი, მე კი ვიციო. რა ვიცი, იქნებ გაფრინდა?“

0x01 graphic

პოეტური თრილერი

ერთხელ ერთ გენიალურ ჟურნალისტს შეხვდა: „ბატონო დიტო, თქვენი ფილმი „გასროლის შიში“ თავისი ხასიათით გერმანული არ არისო. - არა-მეთქი. - არც ქართული არ არისო. - არა-მეთქი. აბა, სადაურია? - მალაიზიური-მეთქი. გულმოდგინედ ჩაიწერა, მ ა ლ ა ი ზ ი უ რ ი.

„პოეტური თრილერიც“ ამ ამბავს ჰგავს. ასე მითხრა, ამ სახელით მწერალი დირკ კურბოვიდი „დავაბიო“. ეს მაშინ ხდება, როცა დირკის ნაწარმოების მიხედვით სცენარი მზად არის - დიტოს სიტყვებით, საშინლად გაუმართავი სცენარი - და რეჟისორს ეძებენ. ტელეფონის ზარი: ჰალო, „ხელმოცარული მკვლელების“ რეჟისორი გვინდოდა? არადა, სამ დღეში თბილისში მოდიოდა და აცდებოდა. სუფთა „მეჯიქ“ მომენტია! „ხომ იცი, ცნობილი ადამიანები რომ ჰყვებიან ხოლმე - აი, სასტუმრო „რიცის“ რესტორანში როცა ვისხედით... აქაც ასე იყო. შევხვდით „რიცში“. კარგი ისტორიაა-მეთქი, ვუთხარი მწერალს.

- წაიკითხეთ, არა? - მკითხა.

- არა. გერმანული არ ვიცი. ვერსელამ, - მემონტაჟე ბულგარელ ქალზე მივუთითე, - ამან მიამბო-მეთქი.

- აა, - ცოტა დაიბნა მწერალი. და რა ენაზე გიამბოთო, - იმასაც უჩნდება რა, კითხვები.

რუსულად-მეთქი, რომ ვუთხარი, სახე წაეშალა. იფიქრა, main gott, ეს რა გიჟებში მოვხვდიო. „ძალიან მიკვირს, რომ არ ადგა და არ წავიდა. ეტყობა, დიტოს სპონტანურად გამოგონილმა - „ეს სცენარი კარგი „პოეტური თრილერიაო“, ისე მოხიბლა დირკი, რომ არამარტო მის კანდიდატურას, არამედ მთელი სცენარის და ფინალის გადაკეთებაზეც დათანხმდა. „თავიდანვე, იმით მომეწონა სცენარი, რომ აბსურდი, სიმარტოვე, სიურეალიზმი დავინახე. ბედისწერა... ყველაფერი რეალური, ამ დროს კი შინაარსით აბსოლუტურად აბსურდული. რაღაც კაფკას „პროცესს“ ჰგავდა.“

„გასროლის შიშმა“ თბილისური „ოქროს პრომეთე“ და ესპანური „ოქროს ნიჟარა“ მოიპოვა. „სან-სებასტიანის შემდეგ, ესპანურმა პრესამ გადამიარა, მომკლა რა. თან, ვთქვი, ალმოდოვარი მომწონს-მეთქი და... ხომ ვერ იტანენ. შეიძლება რაღაც შოვინისტური მომენტიც იყო, იმიტომ, რომ ესპანურმა ფილმმა ვერაფერი ვერ მოიპოვა.... რა ვიცი, კარგ „სასტავში“ ვარ, თუ არც მე და არც ალმოდოვარი არ გევასებით... ძაანაც კარგი-მეთქი. არადა, ევროპული პრესა პირიქით შეხვდა. ჟიურის თავმჯდომარე ჰექტორ ბაბენკო იყო, რომელმაც თქვა - ძალიან საინტერესო ფილმია, ძალიან შემაწუხებელიო. ერთი სიტყვით, იმოქმედაო... და ესპანელებმა იცი როგორ დაწერეს? ბაბენკო ძალიან შეაწუხა ამ ფილმმა, და პრიზიც ამიტომ გადასცაო!“

რაა მაინც, კაცო, ეს ჰოლივუდი!

„გასროლის შიშის“ შემდეგ, რაღაც-რაღაცეები შეიცვალა. ევროპულ კინოსამყაროში უკვე კარგად მიცნობენ, საინტერესო წინადადებებიც შემომთავაზეს, მათ შორის ჰოლივუდიდან. ხომ იცი, სულ იმის იმედი გაქვს, რომ - რა არის, კაცო, ერთი ჰოლივუდში გადამაღებინა და... ძალიანაც მინდოდა, მაგრამ ისეთი ცუდი სცენარი იყო, რომ... ჯერ არ ვარ ამისთვის მზად. ახლა არ მინდა, რა! როცა საავტორო, არაპროგნოზირებადი რეჟისორის სახელი მოვიპოვე... არა, ჯერ არ მინდა. ერთი პროექტიც იყო „ბრიჯიტ ჯონსის“ პროდიუსერთან, მაგრამ იქაც მოხდა ისე, რომ ბალანსი დაირღვა. მართალია კომპრომისზე წავედი, მაგრამ ხომ არის ის, რასაც არ გადააბიჯებ?! თავის მხრივ, არც ის წამოვიდა დათმობაზე და ჩაიშალა პროექტი. ცოტას კიდევ ვიბრძოლებ და მერე ვნახოთ. ხომ იცი, არასდროს არ თქვა „არასდროს“. ხვალ რა მოხდება, ვინ იცის?“

გადაღებებს მუსიკალურ იმპროვიზაციას ადარებს, რასაც გადასაღებ მოედანზე ყოველთვის იტოვებს. „ყველაფერი თავშია. იქ, მოედანზე როგორ აეწყობა, ეს უკვე არავინ იცის.“

რადგან გადაღებებს შევეხეთ, იმასაც გეტყვით, რომ ამ დღეებში ახალი ფილმის გადაღებებს იწყებს. პირობითი სახელია - „ტაბუ“. გერმანელი კაცის, საელჩოს თანამშრომლის და ქუჩის ბიჭის ურთიერთობის შესახებ. მეგობრობის სევდიანი ისტორიაა, რომელსაც საზოგადოება არასწორად აღიქვამს ხოლმე. ამბავი ორი მარტოსული ადამიანისა - „უნიკალური შემთხვევაა, რომ გერმანიის ZDF-Arte-მ დააფინანსა ფილმი, რომელიც მის ბაზაზე არ კეთდება. და ეს მაშინ, როცა იქ რეჟისორების 30 პროცენტი უმუშევარია. პრობლემა კი ის არის, რომ ფული საკმარისი არ არის და არათუ მონტაჟს, გადაღებების დასამთავრებლადაც არ გვყოფნის. კინოცენტრში არ მინდა მისვლა, იქ ისედაც ბევრი პროექტია. ეს ხომ აქ გადაღებული ქართული ფილმი იქნება. მსახიობების ნაწილი იქიდან ჩამოგვყავს, მაგალითად მსახიობი მატიას ბრანტი. თან კანის, ტორონტოს, სან-სებასტიანის კინოფესტივალებზე უკვე ელოდებიან, რადგან მათთანაც მისაუბრია და ფილმით დაინტერესებულები არიან. სერიოზული პროექტია. ძლივს მოვაბი თავი, რომ საქართველოში გადავიღო. ახლა ერთადერთი, რაც ძალიან მინდა ისაა, რომ ფული ვიშოვო. იცი, როგორ მინდა, რომ ყველაფერი კარგად წავიდეს და თბილისში გადავიღო?!

20:55

- გადაიღებდით ფანტასტიკას?

- კი, კი, ვცდიდი.

- საშინელებათა ჟანრის ფილმს?

- ვაიმე! ვგიჟდები! პოლანსკი მიყვარს ძალიან. საერთოდ, ისე მიყვარს კინო, რომ ყველაფერს ვცდიდი. ერთხელ ვთქვი, ეროტიკასაც-მეთქი და ისეთი მითქმა-მოთქმა ატყდა! (ცნობისთვის: 2002 წელს სცადა. „ხელმოცარული მკველებიდან“ დარჩენილი ეპიზოდით, ისეთი „ეროტიკული ისტორია“ გადაიღო რომ... რაღაც ოცეულშიც კი შევიდაო - მითხრა).

- ყველაზე ხშირი სიტყვა ლექსიკონში?

- ტო. ბილწსიტყვაობას გერმანიაში შევეჩვიე, არავის არ ესმის და მიდი...

- შანსი. ერთი დღე ვისი ცხოვრებით იცხოვრებდით?

- ბანალურია, მაგრამ გულახდილი - მილიონერის ცხოვრებით.

- რატომ მითხარით, შეგხვდები, ოღონდ არა დილითო?

- ვერ ვფხიზლდები. ამას წინათ, ტელევიზიაში დილით მივედი და ისეთი სისულეები ვიბლუყუნე, რომ...

- შეგიძლიათ თქვათ, ბერლინი ჩემი ქალაქია? თუ...

- რა ვიცი, არა. მაინც სულ უცხო ხარ, ამას მუდამ გრძნობ. მეც ვერა და ვერ ვისწავლე ეს გერმანული. არადა, ასეც არ შეიძლება. ვის სიამოვნებს, იქ ცხოვრობ და ენა არ იცი?! რა ვიცი, ან დებილი გამოვდექი, ან არ მოვისურვე. არ ვიცი.

6 ფოტომოთხრობა იყო ასეთი ქალაქი

▲ზევით დაბრუნება


დათო ტურაშვილი

0x01 graphic

ასეთი ქალაქი მართლაც იყო, როცა თბილისს ტფილისი ერქვა და გამთენიისას, როცა მეეზოვეები ქუჩებს ჰგვიდნენ, სწორედ იმ არიებს ღიღინებდნენ, წინა საღამოს ტფილისის საოპერო თეატრის სცენიდან რომ ისმოდა.

ტფილისის საოპერო თეატრის თავგადასავალი XIX საუკუნის თბილისისა და საქართველოს ისტორიის ერთი უცნაური ფურცელია უცნაური დასაწყისითა და უცნაური დასასრულით. ახალი საოპერო თეატრის აგების იდეა ქართველებს არ ეკუთვნოდათ და გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან, მეფისნაცვალმა ვორონცოვმა ზუსტად ამოიცნო გზა და ხერხი, რომელიც ამბოხებულ ქართველ თავადაზნაურობას რუსეთის მეკავშირედ და რაც მთავარია, შემგუებელ და მორჩილ უმრავლესობად აქცევდა. გრაფმა ვორონცოვმა, როგორც ჩანს, ზუსტად მიაგნო აქილევსის ქართულ ქუსლს და რამდენიმეგზის აჯანყებული თავად-აზნაურობა, სწორედ ვორონცოვის დროს, რუსეთის იმპერიის ერთგულ ქვეშევრდომად იქცა. რამდენიმე (იშვიათ) გამონაკლისთა გარდა, რუსეთის მოძულე თაობამ, სწორედ რუსული მედლებითა და ორდენებით დაიმშვენა ქართული გულ-მკერდი და იოლად და სწრაფად დაიჯერა, რომ ტფილისსა და საქართველოში, ჟურნალ-გაზეთებისა და თეატრების დაარსება, ქართველთა მიმართ რუსთ ხელმწიფის წყალობისა და სიყვარულის ნიშანი იყო. რასაკვირველია, იმ იშვიათ გამონაკლისთა გარდა, ვინც რუსულ ჩინსა და ეპოლეტებზე არ გაცვალა ქართული ჩოხები, მაშინვე ამოიცნეს ვორონცოვის მზაკვრობა, მაგრამ უმრავლესობის გადარწმუნება ვეღარ შეძლეს. უმრავლესობას კი სჯეროდა, რომ ყველა კულტურული წამოწყება ტფილისში ქართული ბედნიერებისთვის კეთდებოდა და არა იმ ქართველთა თვალის ასახვევად და დასამშვიდებლად, ვინც მთელი ცხოვრება რუსეთის უღელს ებრძოდა საქართველოში.

საოპერო თეატრის იდეასაც სწორედ ეს მიზანი ჰქონდა - ქართულ არისტოკრატიას (და არამარტო არისტოკრატიას) ოპერაში სიარულით თავი უნდა შეექცია და უმთავრეს საზრუნავზე აღარ ეფიქრა. ქართული აჯანყებებითა და შეთქმულებებით თავმობეზრებულ რუსეთის იმპერატორს ძალიან მოეწონა ქართული პრობლემის მოგვარების ეს უმტკივნეულო გზა და სიხარულით დათანხმდა ტფილისის საოპერო თეატრის დაარსების იდეას. ოპერა უნდა ყოფილიყო იტალიური და შენობა უნდა აეგო თამამშევს, რომელმაც მიწა ესტატე ციციშვილისაგან შეიძინა, როგორც მაშინდელი გაზეთები იუწყებოდნენ, „ორ დოშად და ორ საკაბედ“. თვითონ ბატონი ესტატე მუდამ ეჭვის თვალით უყურებდა მუდამ ტალახითა და ღორღით სავსე მაშინდელ ერევნის მოედანს, რომლის ქვემოთაც მიწისქვეშა არხი გადიოდა. სწორედ ამ არხით გაედინებოდა ზემო სოლოლაკიდან ჩამოვარდნილი წყალი, მუხრანის ხევის გავლით, მტკვრის მარჯვენა სანაპირომდე. სწორედ საოპერო თეატრის გახსნის წინ, „ნაშუადღევს თბილისში კოკისპირული წვიმა მოვიდა, ადიდებულმა წყალმა სოლოლაკში ძროხა მოიტაცა, გაატარა ერევნის მოედნის ქვეშ გაყვანილ ხვრელში და ჩაიტანა მუხრანის ხევთან“. გაზეთ „კავკაზის“ ამ ინფორმაციას ზეპირგადმოცემაც ადასტურებს, რომლის თანახმადაც, ოპერის გახსნას სოლოლაკელი ძროხის ამბავი მართლაც უსწრებდა წინ და იქნებ ამის გამოც, თეატრი მოგვიანებით, 1851 წლის 24 აპრილს გაიხსნა. შენობა ოთხსართულიანი იყო, რომლის არქიტექტორიც გახლდათ იმავე წელს ტრაგიკულად დაღუპული იტალიელი სკუდიერი. მხატვრობა თეატრისა ეკუთვნოდა გაგარინს, მაგრამ თეატრი სინამდვილეში მხოლოდ შიდა ნაწილში მოთავსდა შენობისა, რომელიც თამამშევის დაჟინებული სურვილით, უპირველესად უნდა აშენებულიყო, როგორც ქარვასლა. და ეს გასაგები გახლდათ იმის გათვალისწინებით, თუ როგორი მიზნები ჰქონდა თვითონ თამამშევს - ქართული თეატრისა და კულტურის აღორძინებაგანვითარებაზე დარდი რომ არა სტანჯავდა, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ იმ დროისათვის უმდიდრეს სომეხს, არათუ ქართული, სომხური თეატრის დარდიც ნაკლებად ჰქონდა, მიუხედავად ტფილისელ სომეხთა არაერთგზის თხოვნისა, სომხებს მაინც დახმარებოდა, კაპიკიც ვერ გააგდებინეს ბატონ თამამშევს და რა გასაკვირია, რომ ქართული კულტურის დარდი არა ჰქონდა. ჰქონდა მიზანი - რაც შეიძლება მომგებიანი ყოფილიყო ყველაფერი, რაშიც დააბანდებდა ფულს და თამამშევს ყველაფერი გათვლილი ჰქონდა ისევე, როგორც რუსეთის იმპერიის თბილისელ მსახურებს - ქართველები ოპერას შეიყვარებენ, იმპერატორის მადლიერნიც დარჩებიან და თავისუფლებაზე ფიქრსაც შეეშვებიანო. საფუძველი ზემოთქმულისა კი, უდავოდ ჰქონდათ - თბილისის იტალიური ოპერის თეატრი ახალი გახსნილი იყო, დიდი შამილის ლეგენდარული, მაგრამ რუსეთის მიერ გადაბირებული ნაიბი ჰაჯიმურადი თბილისში რომ ჩამოიყვანეს. იმ საღამოს ვინჩენცო ბელინის “ნორმა” უნდა წარმოედგინათ და “ნორმას” თბილისელთა უკვე საყვარელი სოპრანო, მშვენიერი ჯულია მინოცი მღეროდა. სპექტაკლის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, გაჭახჭახებულ დარბაზში, მაღალჩინოსან რუსებთან ერთად, ჰაჯი-მურადი შემოვიდა, პარტერში კუთვნილი, საპატიო ადგილი დაიკავა და სინათლეც ჩაქრა. სინათლის ჩაქრობისთანავე (როგორც შემდეგ თვითმხილველნი ყვებოდნენ), ახალგაზრდა, თეთრ ჩოხაში გამოწყობილი ქართველი თავადი წამოდგა და ხმამაღლა, მთელი დარბაზის გასაგონად, ჰაჯი-მურადს, როგორც მოღალატეს, დედა შეაგინა. ჩვენი თეატრისათვის სპეციალურად პარიზიდან ჩამოტანილი უზარმაზარი ჭაღი სასწრაფოდ აანთეს, დაცვაც გამოიძახეს, მაგრამ ჰაჯი-მურადის ღალატით აღშფოთებული ქართველის ვინაობა ვერ დაადგინეს. არანაკლებ აღშფოთებულმა პუბლიკამ მხოლოდ ის დაადასტურა, რაც სიბნელეში შენიშნა - თეთრი, თავადური ჩოხა ზემოთ, „გალიორკაზე“. ჰაჯი-მურადისათვის გალიორკის რეპლიკა არ უთარგმნიათ, მაგრამ ის მაინც მიხვდა, რაშიც იყო საქმე და თეატრის შენობა ისე დატოვა, სპექტაკლი არ უნახავს. მან იცოდა, რომ საქართველოში ვიღაც მაინც ჩათვლიდა მოღალატედ, მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა გადაბირება სწორედ ქართველებისგან დაიწყეს, მაგრამ არ იცოდა, რომ რევოლუციები, როგორც წესი, გალიორკებიდან იწყება.

0x01 graphic

იმ საღამოს, როცა შეურაცხყოფილმა ჰაჯი-მურადმა ქარვასლა დატოვა, სპექტაკლი მაინც გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენის დაწყება დაგვიანდა - თუმცა არა ლეგენდარული ნაიბის, არამედ ულამაზესი ქართველი ქალბატონის, მაიკო ორბელიანის გამო, რომელსაც თეატრში გული წაუვიდა. პარტერში იმდენი მონდომებული დამხმარე აღმოჩნდა, რომ მარაოთა სიმრავლემ (როგორც მოგვიანებით გაირკვა) ფილტვების ანთება დამართა მაიკო ორბელიანს. მოგვიანებით, ჭორების მოყვარულმა თბილისელებმა ისიც თქვეს, კნეინა ორბელიანზედ ჰაჯი-მურადის შეურაცხყოფამ იმდენად იმოქმედა, შეუძლოდ შეიქნაო - ალბათ ის ღამე გაახსენდა, საქართველოში იმპერატორის სტუმრობისას, ქართველებმა პატივისცემის ნიშნად, ნიკოლოზს პირველს რომ მიჰგვარესო. იქვე იმითაც იმხნევებდნენ თავს, იმ ღამეს იმპერატორი ისეთი მთვრალი გახლდათ, მაიკო ორბელიანის სიმშვენიერეს ვეღარ შეამჩნევდაო...

იქვე ისიც უნდა ითქვას, რომ რუსულ ლიტერატურათმცოდნეობაში გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ლევ ტოლსტოიმ თბილისის ოპერის თეატრში ჰაჯი-მურადი ნახა (და, მოგვიანებით, ამიტომაც წიგნი დაწერა მასზედ), სინამდვილეს არ შეესაბამება. გრაფ ტოსლტოის ჰაჯი-მურადი არათუ ცოცხალი, მკვდარიც არ უნახავს - როცა ლეგენდარული ნაიბის მოჭრილი თავი თბილისში ჩამოიტანეს და ჰოსპიტალში დაასვენეს. ჰაჯი-მურადის მოჭრილი თავი უამრავმა ტფილისელმა ნახა (როგორც დამთვალიერებელმა), მაგრამ მნახველთა შორის ნამდვილად არ იყო ლევ ტოლსტოი. თუმცა, ტფილისში ნამდვილად იყო დიდი რუსი მწერალი და ნაიბზე წიგნის შექმნის იდეაც, საქართველოში სტუმრობის დროს გაუჩნდა. სწორედ მაშინ დაინტერესდა ჰაჯი-მურადის თემით და უამრავი მასალაც შეაგროვა, მაგრამ პირადად იგი არასოდეს უნახავს...

ქარვასლაში ოპერის მოსასმენად კი, ნამდვილად დადიოდა ლევ ტოლსტოი და წერილებში ვერც მალავდა აღფრთოვანებას თეატრის გამო. თბილისის საოპერო თეატრით აღფრთოვანებული იყო ალექსანდრე დიუმაც, მსოფლიოს ყველა ცნობილი თეატრი ნანახი რომ ჰქონდა, მაგრამ მაინც ჯიუტად იმეორებდა, რომ თბილისის ოპერას ვერაფერი შეედრებოდა დედამიწის ზურგზე. ვერაფერი შეედრებოდა თბილისელ მაყურებელსაც და მსმენელსაც, რადგან მაშინ, მართლაც ძნელად მოიძებნებოდა ქალაქი, სადაც ადამიანები, ერთმანეთთან შეხვედრისას, ერთმანეთის მოკითხვის ნაცვლად, იმ ტენორის ჯანმრთელობით ინტერესდებოდნენ, იმ საღამოს რომ უნდა ემღერა. უპირველესად იმას არკვევდნენ, სად და რამდენად შეიძლებოდა ზედმეტი ბილეთის შოვნა, რადგან ეროვნული თუ რელიგიური, კულტურული თუ სოციალური სიჭრელის მიუხედავად, ყველა თბილისელს, გასაოცარის მონდომებით სურდა სწორედ სცენიდან მოესმინა „Ցა დონნა ე მობილე“. სწორედ სცენიდან, რადგან ტფილისის ქუჩებში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ისედაც ისმოდა „Ցა დონნა ე მობილე“, რომელსაც არა მხოლოდ მეთულუხჩე ბავშვები მღეროდნენ ერევნის მოედანზე, თურმე დინჯი კახელი მედუქნეებიც იგივეს ღიღინებდნენ და რა გასაკვირია, რომ ანტონიო ტორეძელას ცოცხლად ნახვის მსურველი, მართლაც ბევრი იყო XIX საუკუნის თბილისში. იმასაც ამბობდნენ, ანტონიო ტორეძელა პარტიტურის გარეშე, ზეპირად დირიჟორობსო და არც ისაა გასაკვირი, რომ ჯუზეპე ვერდის „ტრუბადურის“ პრემიერის წინა დღეს, 1857 წლის 5 ოქტომბერს, კოკისპირულ წვიმასა და მუხლამდე წყალში, მოთმინებით იდგნენ ტფილისელები ბილეთების რიგში. საერთოდ კი, თბილისის თეატრს ვერავინ ასწრებდა ახალი ოპერის დადგმას და მთელს მაშინდელ რუსეთის იმპერიაში სწორედ თბილისში დაიდგა პირველად ბიზეს „კარმენიც“ და „ჩიო-ჩიო-სანიც“. იტალიური პრემიერა ჩვენს დედაქალაქში დაუჯერებელი სისწრაფით მეორდებოდა, როგორც წესი და მაგალითად, „რიგოლეტოს“ იტალიური პრემიერიდან უკვე ორ წელიწადში, 1853 წელს, თბილისშიც განხორციელდა „რიგოლეტოს“ დადგმა...

0x01 graphic

როგორც ჩანს, თბილისის მაშინდელი ოპერის მესვეურებს სარეკლამო საქმეც კარგად სცოდნიათ და ამ მიზნით, იმ აბელასაც კი იყენებდნენ, ვისი გვარიც ისტორიამ არ შემოინახა, მაგრამ ვიცით, რომ აბელა, XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ყველაზე მაღალი კაცი იყო ტფილისში და მის შესახებ ბაშიჯანღიანცს მოთხრობაც კი აქვს დაწერილი. აბელას შესახებ წერდა ილია ჭავჭავაძეც - წერდა ყველაზე მაღალი კაცის შესახებ ტფილისში, რომელიც ხის მაღალ ფეხებზე შემდგარი, მთელი დღე ქალაქის ქუჩებში დააბიჯებდა ხმაურით და ომახიანად ამცნობდა ტფილისის მოქალაქეებს, თუ რას შესთავაზებდა ოპერის თეატრი იმ საღამოს თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს. ჯუზეპე გარიბალდის ფოტოც, ილია ჭავჭავაძის სამუშაო ოთახს რომ ამშვენებდა, ილიას დავალებით, სწორედ გრძელმა აბელამ მოიძია კამბიაჯოს ფოტოსტუდიაში. შემთხვევითი ალბათ არაფერია ამქვეყნად და მით უმეტეს ილია ჭავჭავაძე, შემთხვევით არ დაინტერესდებოდა ჯუზეპე გარიბალდის პიროვნებით - იმ ადამიანის პორტრეტით, ვინც სწორედ იმ დროს ედგა სათავეში იტალიის ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას. შემთხვევითი არც ის გახლდათ, რომ თვითონ გარიბალდისაც ძალიან უყვარდა ოპერა და იტალიაში იყო შემთხვევები, როცა (განსაკუთრებით „ნაბუქოს“ მოსმენისას) აღელვებული იტალიელები, პირდაპირ ოპერიდან მოდიოდნენ საბრძოლველად და როგორც ჩანს, რუსებმა, მათთვის საშიში ტენდენციები თბილისის ოპერის თეატრშიც აღმოაჩინეს. თუმცა რა ძნელი აღმოსაჩენი იყო იტალიური ოპერის „მავნე“ გავლენა ქართველებზე, როცა 1867 წლის 17 ოქტომბერს, გიმნაზიის ქართველმა მოწაფეებმა პირდაპირ პარტერში ააფრიალეს ქართული დროშები. მთავარმართებელი ბარიატინსკი იმან განარისხა, რომ გიმნაზიელებს, საერთოდ ეკრძალებოდათ თეატრში შესვლა და თეატრის ხელმძღვანელობა უმკაცრესად დასაჯეს. სინამდვილეში ეს იყო საბაბი, მიზეზი კი გახლდათ ნაციონალური გრძნობების კვლავ გამოღვიძება საქართველოში, რომელთა მისაძინებლადაც ააშენეს რუსებმა ოპერის თეატრი ტფილისში და შეცდნენ. მიხვდნენ, რომ შეცდნენ და საკუთარი შეცდომების გამოსწორებასაც შეეცადნენ - გადაწყვიტეს თბილისის ოპერიდან იტალიელთა და ქართველთა გაყრა და თეატრის გადაკეთება მხოლოდ რუსული ოპერის ასპარეზად. დაითხოვეს კიდეც დასის შემადგენლობიდან იტალიელები და ქართველები. ქართველი მომღერალი ქალები ყველაზე ცუდ დღეში აღმოჩნდნენ - დირექტორ მურავიოვთან დაუჩივლიათ, გათხოვებითაც ჩვენ ვეღარ გავთხოვდებით და რა უნდა ვქნათო. კაცები და განსაკუთრებით იტალიელები, ცოტა უკეთეს პირობებში იყვნენ - ბლოტამ და ტოლემ ყვავილების მაღაზიები გახსნეს, ასევე გაძევებულმა მომღერალმა სალვატორე კოკუცამ (ჯოზეფ ვილლასთან ერთად), იქვე, თამამშევის ქარვასლასთან, ქუდების შეკერვა დაიწყო. დირექტორ მურავიოვს არაფრის გაგონება არ სურდა - აკეთებდა იმას, რაც ნაბრძანები ჰქონდა და დირიჟორები მილერი და ბარბიერიც დაითხოვა. სასწრაფოდ დაიწყეს რუსული დასის შექმნა, რომელსაც მხოლოდ რუსული რეპერტუარი უნდა ჰქონოდა, ოპერა უნდა ყოფილიყო მკაცრად და კატეგორიულად მხოლოდ რუსული. ჩქარობდნენ კი იმიტომ, რომ ოპერისა და კლასიკური მუსიკის მოთხოვნილება მართლაც უზარმაზარი იყო ტფილისში, - ქალაქში, რომლის „მეიდანზეც კი მღეროდნენ „კასტა დივას“ და ყოველს ფეხის ნაბიჯზე გაიგონებდით გამებსა და ტრილერებს, ფიორიტურებსა და ბემოლებსა“...

რუსულ ოპერას თბილისში საშინლად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, იტალიურ ოპერებს მიჩვეულებმა, გემოვნებიანმა და მომთხოვნმა მსმენელებმა ვერაფრით აიტანეს მხოლოდ რუსული, თავსმოხვეული რეპერტუარი და ქალაქში უკმაყოფილებამ ახალი საშიშროება წარმოშვა ამბოხებისა. ალბათ, თბილისსა და საქართველოში, იტალიური ოპერის მოთხოვნით, არავითარი ამბოხება არც მოხდებოდა, მაგრამ შიშს, მოგეხსენებათ, ყოველთვის დიდი თვალები ჰქონდა (განსაკუთრებით ხელისუფლებაში) და უკმაყოფილოთა დასაშოშმინებლად, ისევ დააბრუნეს იტალიელი დირიჟორები და მომღერლები და ისევ აღადგინეს იტალიური ოპერები. ზედმეტი ბილეთის შოვნა ისევ პრობლემად იქცა ჩვენს დედაქალაქში, მაგრამ მცირე წარმატების მიღწევამ, საკმაოდ გაამხნევა მაშინდელი ქართული საზოგადოება და ჭეშმარიტ ხელოვნებასთან ხელახლა ზიარებამ, კიდევ ერთხელ გაახსენა ქართველებს თავიანთი დაპყრობილი სამშობლო. რამდენადაც გახშირდა სიტყვა: „თავისუფლების“ ხსენება ტფილისში, იმდენად გაძლიერდა ცენზურა და გამკაცრდა ოპერაში მოხვედრის წესები - გიმნაზიებისა და რეალური სასწავლებლების მოწაფეებს საბოლოოდ აუკრძალეს არათუ პარტერში, „გალიორკაზე“ ჯდომაც კი. მაგრამ ცხელი გულები მარტო ახალგაზრდებს არ ჰქონდათ მაშინდელს საქართველოში და სამოცდაათიანი წლების დასაწყისში, მეფისნაცვალმა თეატრის დარბაზში საიდუმლო მიკროფონი დაადგმევინა მექანიკოს ბოჩარნიკოვს, რომლითაც მეფისნაცვლის სამუშაო კაბინეტიდან ყველაფერი ისმინებოდა, რაც სცენასა და პარტერში ხდებოდა. ამ ხაზის გაყვანისათვის (რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო იმდროინდელ მსოფლიოში) მექანიკოს ბოჩარნიკოვს, იმდროინდელი საზომით უზარმაზარი თანხა - 139 მანეთი და 72 კაპიკი გადაუხადეს, მაგრამ იმ პირობით, რომ საიდუმლოს არ გათქვამდა. ბოჩარნიკოვმა გონებაში რომ გადაიანგარიშა, იმ თანხით რამდენი ბოთლი არყისა და ღვინის შეძენა შეეძლო, სიხარულისაგან დამუნჯდა. თუმცა დროებით. რესტორან “ევროპაში”, რომელიც მუშთაიდის ბაღში იყო გახსნილი და რომელიც ქართველ თავად-აზნაურთა ლხინისა და თავშექცევის საყვარელ ადგილად ითვლებოდა, როცა უგონოდ მთვრალ მექანიკოსს სიმშვიდისაკენ მოუწოდეს, შეურაცხყოფილმა ბოჩარნიკოვმა ქართველი თავადები „დურაქებად“ მოიხსენია და არგუმენტებს შორის თავისი ხელით აწყობილი საიდუმლო მავთული დაასახელა. მეფისნაცვლის მფარველობა იქ და იმ დროს, ვერაფერს უშველიდა მექანიკოს ბოჩარნიკოვს და გარდა ამისა, ინფორმაცია საიდუმლო მოსასმენი ხაზის შესახებ, პრესაშიც დაიბეჭდა. ალექსანდრე ორბელიანი, თურმე, განსაკუთრებით ცხარობდა - ვამბობდი, ტყუილად რუსები ოპერას არ აგვიშენებენ და რატომ არ მიჯერებდითო. ოპერა კი, მართლაც რუსების აშენებული იყო და, მართლაც, განსაზღვრული მიზნით, თუმცა მიზანი მიღწეული არ იყო და რუსებმაც ყველაზე ბარბაროსული, მაგრამ ყველაზე მარტივი გამოსავალი მოძებნეს - ოპერა, რომელიც თვითონ ააშენეს, თვითონვე დაწვეს. რუსეთის ხელისუფლებამ 1874 წელს, თვითონვე დაწვა ტფილისის იტალიური ოპერა - ულამაზესი თეატრის შენობა მთელ მსოფლიოში, რომელმაც ქართველებში სრულიად სხვა გრძნობები გააღვიძა, განსხვავებით იმისაგან, რაც რუსებს ჩაფიქრებული ჰქონდათ და ამიტომაც დაწვეს. თუმცა ოფიციალური ვერსიით, ხანძარი სრულიად შემთხვევით გაჩნდა ვაჭარ ლაზარევის დუქანში და შემდეგ ცეცხლი მთელ შენობას მოედო. შეგვიძლია დავიჯეროთ, რომ სწორედ წინა დღეს, შემთხვევით გაემგზავრა მეფისნაცვალი ბორჯომში, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ მუდამ წყლით სავსე უზარმაზარი აუზი, რომელიც ოპერის წინ მდებარეობდა, სწორედ იმ საღამოს, შემთხვევით აღმოჩნდა წყლისგან სრულიად დაცლილი. ისიც ძნელი დასაჯერებელია, რომ თექვსმეტი საათის მანძილზე, მეხანძრეებმა ვერ მოახერხეს თეატრის შენობამდე მისვლა. არადა, თექვსმეტი საათის განმავლობაში, მთელი ტფილისი, დიდიან-პატარიანად, ცდილობდა საყვარელი ოპერის გადარჩენას და თექვსმეტი საათის მანძილზე, მტკვრიდან ვედროებით (სათლებით) ეზიდებოდნენ წყალს ხანძრის ჩასაქრობად. შემთხვევითი არც ის უნდა იყოს რომ თეატრის სახანძრო დაცვის უფროსი იაბლოჩკინი, არათუ დააპატიმრეს, მოგვიანებით დააჯილდოვეს კიდეც. დააპატიმრეს მხოლოდ მედუქნე, რომელიც სასამართლო პროცესზე ჯიუტად იმეორებდა, რომ ცეცხლი აშკარად განზრახ გაჩნდა შენობაში და ეჭვმიტანილებად თავის კონკურენტებს ასახელებდა, თუმცა, რასაკვირველია, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ხანძარი არათუ მეზობელ დუქნებში, პეტერბურგის უმნიშვნელოვანესსა და უბრწყინვალეს სასახლეში დაიგეგმა. დაიგეგმა და განხორციელდა კიდეც - მიუხედავად ტფილისელთა თავგანწირული მცდელობისა, შენობა ისე დაიწვა, რომ მის აღდგენაზე ფიქრსაც კი აზრი არა ჰქონდა. აზრი არა ჰქონდა ცრემლსაც, მაგრამ ღამენათევი ტფილისელები მაინც იდგნენ და ტიროდნენ, რადგან, როგორც ჩანს, ქვეცნობიერად მაინც გრძნობდნენ, რომ იმ დღეს კიდევ ერთხელ დაკარგეს სამშობლო, რომელიც სხვათა შორის, ცეცხლსაც ჰგავს - სულს თუ არ შეუბერავ, უბრალოდ ჩაქრება...

0x01 graphic

7 ჩემო ლამაზო!

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

ბევრი ვერაფერი ორიგინალური დასაწყისია, მაგრამ მაინც: მე ძალიან მიყვარს ლამაზი ქალები. გავრცელებული აზრი იმის თაობაზე, რომ ყოველი ქალი თავისებურად ლამაზია, სრულ სიბრიყვედ მესახება - რა აუცილებელია, ლამაზი ვუწოდოთ, ვთქვათ, რომ კეთილია, ან კარგი დიასახლისი, ან მაგარი ფიზიკოსი, ესეც ხომ კარგია? ერთი ლამაზი ქალის, კრისტის შესახებ გიამბობთ. მე ის ძალიან მომწონს და თავიდანვე მოგახსენებთ, რომ მის შესახებ ობიექტური ნაამბობი ნამდვილად ვერ გამომივა. დარწმუნებული ვარ, არც არავის გამოსდის ხოლმე. კრისტის გაცნობის შემდეგ, ადამიანი ან შეყვარებული რჩება, ან შურით გამსკდარი. მე ღმერთმა მიშველა, პირველთა კატეგორიას მივეკუთვნები.

0x01 graphic

ლიზა ოსეფაიშვილი-ნემცოვას სერიიდან „სიბილები, წითელი და შავი“

კრისტი, ჩემი მთავარი სიბილა! ლიზა ოსეფაიშვილი-ნემცოვა, ფოტოგრაფი, ჩვენს გმირს ძალიან ხშირად მიმართავს ხოლმე. არაჩვეულებრივი მოდელია, თქმაც არ უნდა, სულ მზადაა სამუშაოდ. მე კი ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მომღიმარ კრისტის სიბილებთან რამე აკავშირებდა - ექსტაზში მყოფნი, როგორც წესი, ათასგვარ უბედურებას წინასწარმეტყველებდნენ, ცოტა კუდიანებიც იყვნენ, როცა პატარა გოგო ვიყავი, მათ შესახებ კითხვისას, ოთახში მარტო დარჩენას ვერიდებოდი - მეშინოდა. ყოველთვის ახალგაზრდა, ლამაზი ქალების სახით კი გამოსახავენ ხოლმე, მაგრამ მაინც... სიბილები ჩვენს შორის არიან, მათ ვერსად წაუხვალ, განმარტავს ლიზა. თან კრისტის გარეგნობაც უწყობდა ხელს: ჯადოქარი ქალი ხომ ძალიან მიმზიდველია...

ოდესღაც ერთი დიდებული ქალის, ნადია აუერმანის ინტერვიუ წავიკითხე, რომელიც ახლა დიდხანს ვეძებე და ვეღარ ვიპოვე და ამიტომ ჩემი სიტყვებით გადმოგცემთ. ინტერვიუ ეხებოდა ტოპ-მოდელს როგორც მოვლენას, და ნადიამ საზოგადოებს მოახსენა, იმისთვის, რომ ქალი ტოპმოდელად იქცეს, მასში, სულ მცირე, ერთი მილიონის ინვესტირება უნდა მოხდესო - არა უშავს?

როცა ეს ამბავი გავუზიარე, კრისტი, ჩვენი პოდიუმის, ვგონებ, ყველაზე შთამბეჭდავ ქალთაგანი, ძალიან გამხიარულდა და დაუფიქრებლად მიპასუხა, იმათი არ ვიცი და ჩემში კაციშვილს არაფერი დაუბანდებია, უბრალოდ, ასეთი ვარო. არასოდეს არაფერი მომიჭრია, არ დამიჭიმია, არ გადამიკეთებია და ასი წლისაც რომ გავხდე, მაინც არც მოვიჭრი, არც დავიჭიმავ და არც გადავიკეთებო.

როგორც გაირკვა, ის არც გემრიელ საჭმელს იკლებდა ოდესმე და არც ვარჯიშით იკლავდა თავს. უბრალოდ, ასეთად გაჩნდა. ახლა კი მეწუწუნა, აქამდე გენეტიკა მანებივრებდა, ახლა კი მოვიმატე და რამდენიმე დღე, ჩვენებამდე, დიეტა უნდა დავიცვაო, მაგრამ მე ვერაფერი შევამჩნიე.

„პოდიუმი სულ სხვაა. არცერთი ზედმეტი გრამი არ გეპატიება. პოდიუმი უფრო პრეტენზიულია, ვიდრე სცენა: იქ მეტი ასპარეზია, სხვა თუ არაფერი, ხმა არსებობს - იცი, ვერ ვიტან, როცა მსახიობს უხეირო ხმა აქვს. პოდიუმზე კი ხელებსაც კი არ ხმარობ დიდად, შენი სხეულია მხოლოდ და, რაც მთავარია, თვალები. თვალებით თამაში. ყველაფერი თვალებით უნდა წარმოაჩინო: რომ საუკეთესო კოსტიუმი გაცვია, რომ ქალი ხარ და არა საკიდი…“

…იყო და არა იყო რა, იყო ერთი გოგონა, კრისტი. ის სწავლობდა რუსულ სკოლაში, მერე - უცხო ენათა ინსტიტუტში, ქართულ სექტორზე, „მაგრამ არ გამჭირვებია, სახელმძღვანელოები სულ რუსულ ენაზე იყო და ქართულად ვაბარებდი“. თავდაპირველი ჩანაფიქრის თანახმად, ინგლისური ენის პედაგოგი უნდა გამხდარიყო.

მე: „ისე, ყოველთვის იცოდი, რომ ლამაზი გოგო ხარ?“

კრისტი: „ლამაზი - ნაკლებად. უფრო ეშხიანი. აი, ჩემი შვილი კი ძალიან მგავს და მე რომ მკითხო, ძალიან ლამაზია. ყველა დედას ასე ჰგონია…“

ნატალია მალე ოთხი წლისა გახდება, ერთი ციდაა, მაგრამ უკვე ცოტათი მოდელი. მისი დებიუტი სამოდელო სახლის, „სამოსის“ მიერ „მერიოტში“ გამართულ, მხატვარ დათუნა სულიკაშვილის ჩვენებაზე შედგა. ცოტა უჩვეულო ჩვენება იყო: მხოლოდ სამი მოდელი იღებდა მონაწილეობას, დანარჩენები მომღერლები, მსახიობები და სხვა ცნობილი ადამიანები იყვნენ. ჩვენებისთვის მზადების დროს, ნატალიას პროფესიონალი მოდელივით ეჭირა თავი, მაგრამ პოდიუმზე გასვლამდე კრისტი, ნატალიასთვის - კიკი, მაინც ძალიან ღელავდა. „ერთადერთი ჩვენება იყო, რომლის დაწყებამდეც ვღელავდი,“ - გამოტყდა კრისტი. დედასავით თეთრ კაბაში გამოწყობილი პატარა ქალბატონი პოდიუმზე მამაცად დაიძრა, მაგრამ შუა გზაზე აპლოდისმენტებმა დააშინა, მობრუნდა და დედას გულში ჩაეკრა. „მერე ისევ მოინდომა პოდიუმზე გასვლა, მეორე დღეს ტელევიზორის პულტით ხელში, დიქტორებს ბაძავდა და თუ ქუჩაში ან სუპერმარკეტში ვინმე გაუღიმებდა და მიეალერსებოდა, გაკვირვებული მეკითხებოდა: „კიკი, იმ ერთი ჩვენების შემდეგ ვახსოვარ?“ შემეშინდა, ვარსკვლავი არ ეგონოს-მეთქი საკუთარი თავი…“

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

დედის სამოდელო კარიერა სულ სხვანაირად დაიწყო, 1994 წელს, როცა - ალბათ, თქვენც გახსოვთ, - მოდა ყველაზე ნაკლებად იყო აქტუალური. მეგობარმა კრისტი მოდელიორ მაკა ნაცვლიშვილთან მიიყვანა - უბრალოდ, გააცნო, და მიუხედავად „ნოემას“ ხელმძღვანელის დაპირებისა, როგორც კი კოლექცია საჩვენებლად მზად მექნება, შეგეხმიანებიო, ჩვენს გმირს ეს ამბავი მაინცდამაინც მნიშვნელოვნად არ ჩაუთვლია.

მაგრამ დაბადების დღეს, 30 სექტემბერს, კრისტიმ მოულოდნელი საჩუქარი მიიღო: დაურეკეს და იმხანად სასტუმრო „მეტეხში“ გამართულ ჩვენებაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. პოდიუმზე კრისტი ერთობ შთამბეჭდავ ქალებთან ერთად აღმოჩნდა, და ამას დღესაც სიამოვნებით იხსენებს: ლიკა ქავჟარაძე, დინი ვირსალაძე, ნინო სალუქვაძე… „მერე ბევრმა მითხრა, კარგად გამოგივიდაო, მაგრამ მე ვთვლიდი, რომ უკეთ შემეძლო ყველაფრის გაკეთება. ახლაც ასე ვფიქრობ ხოლმე - რომ მეტი შემიძლია“.

იმ ჩვენებაზე არ ვყოფილვარ, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩანს, მართლაც საუკეთესო ამბავი იყო, რადგან სულ მალე 1995 წელს გახსნილი და დღესაც ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სამოდელო სააგენტოს „ნატალის“ ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნატა სამადალაშვილმა, კრისტი თავისთან მიიწვია. მას შემდეგ მათი თანამშრომლობა და მეგობრობა არ შეწყვეტილა და აი, უკვე თერთმეტი წელია, მოდის სამყარო კრისტის იცნობს.

„მოდელობაზე დიდად არ მიფიქრია, თუმცა გულის სიღრმეში ამაზე ალბათ ყველა გოგო ოცნებობს. სინამდვილეში, მოდელის კოდი ყველა ქალშია ჩადებული, უბრალოდ, სწორად უნდა გააღვიძო. ისე, მე ფოტომოდელობა უფრო მომწონს. ჩვენება დიდ შრომას მოითხოვს, მერე კი ერთს გაივლი და მორჩა, დიდი-დიდი, ერთი კვირა ილაპარაკონ. ფოტო კი რჩება“.

კრისტი თვლის, რომ მხოლოდ გარეგნობა არაა საკმარისი. მოდელს სილამაზე უნდა უყვარდეს, ლამაზი ნივთები, დახვეწილი ხელოვნება, ცნობისმოყვარე უნდა იყოს და ექსპერიმენტების მოყვარული, და თუ შინაგანი სამყარო მწირი ექნა, არასოდეს არაფერი გამოუვა: „თუ შიგნით სიცარიელეა, თვალებიდანაც სიცარიელე გამოჩნდება“ (არამარტო თვალებიდან. დამეჯერება, მრავალ მოდელთან მქონია ინტერვიუ. იმის მერე, რაც უკვდავი ფრაზები მოვისმინე, როგორიცაა „კოსმოსში გაფრენაზე ვოცნებობ, იმიტომ რომ სინდი გაფრინდა“, და პასუხად კითხვაზე „თქვენი სახელი?“ გოგონა სრულიად გადამიბჟირდა და ჰაიდი კლუმის სახით მომიგო, ვითომ არ იცითო, აღარც მათი გრძელი ფეხები მინდოდა და აღარც მოპირკეთებული ცხვირ-პირი.- ა.კ.ს).

და კიდევ: იღბალი. სწორედ იქ უნდა მოხვდე და სწორედ იმ დროს. ისედაც ყველაფერი ბედის ამბავია, მოდელობა - განსაკუთრებით.

ლირიკული გადახვევა: ეს მოხდა რუსეთის ერთ ქალაქში, სადაც ცხოვრება მიძინებულია, ლოთობა ჩვეულებრივი ამბავია და სხვა და სხვა - აღარ გავაგრძელებ, ასეთი ქალაქები ყველამ ვიცით. ამ კარგ ქალაქში ერთი კარგი ოჯახი ცხოვრობდა, დედა და სამი ქალიშვილი, უმცროსი და - ინვალიდი, სულ სხვადასხვა, უცნობი მამების შვილები იყვნენ. დედის ნაირ-ნაირი კაცები გოგოებსაც გადასწვდებოდნენ ხოლმე, მაგრამ ამასაც და ოცდაათკილოგრამიანი ხილის ყუთების თრევასაც უფროსი ქალიშვილი მშვიდად იტანდა - სხვა მაინც არაფერი დარჩენოდა.

0x01 graphic

ფოტო: ირა კურმაევა

ლეგენდის თანახმად, პარიზელმა სამოდელო სკაუტმა (ასეთი პროფესიაც არსებობს, სამოდელო სააგენტოებისთვის პერსპექტიული გოგონების მაძიებელი), ქართველთა გულის გასახარად, სახელად გია ჯიქიძემ, გადაწყვიტა, რომ სადგურ „სჩასტლივაიაზე“ (თარგმანი, ვგონებ, საჭირო არაა) ხილის გამყიდველი გოგონა მისი ყურადღების ღირსი იყო. გოგონას დასაკარგი არაფერი ჰქონდა: „უარესი ვეღარაფერი მომივიდოდა, ამიტომ, უკეთესის იმედით, ბილეთი ავიღე და წავედი“.

მიხვდით? ამ გოგონას ნატალია ვოდიანოვა ჰქვია.

0x01 graphic

იმ სამყაროს ამბებს, რომელიც, სიმართლე გითხრათ, დიდად არასოდეს მაღელვებდა, კრისტი გემრიელად ჰყვება. „შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიო მოვიარე, ყველგან ვიყავი მიწვეული, მაგრამ არსად წავსულვარ - მოსკოვის გარდა, იქ მაკა ასათიანის ჩვენებებში ვმონაწილეობდი, გახსოვს, „შავი ბრილიანტები“ რომ გვიწოდეს? იქ ბევრი ფულია საჭირო, და თუ წავალ - მხოლოდ კონკრეტული კონტრაქტით“. დიდი გამოცდა კია ასეთი სიფრთხილე, ვფიქრობ, კრისტიც სიამოვნებით წარადგენდა მისთვის საყვარელი ჯანფრანკო ფერესა თუ პაკო რაბანის პატარა შედევრებს. მაინც, რატომ ვერ გაბედა? პასუხი ლაკონური იყო. „ექსპერიმენტები მიყვარს, მაგრამ ასეთი - არა“.

კრისტის ერთი არწასვლის ამბავი მეც კარგად ვიცი, უშუალო მონაწილე გახლდით, და კრისტიც სწორედ მაშინ გავიცანი. ამბავი 1999 წელს დაიწყო, როცა არქიტექტურული ჟურნალის, „შტატბაუველტის“ თბილისისადმი მიძღვნილი ნომრის მოსამზადებლად ჩამოსულმა ჟურნალისტებმა, რამდენიმე სხვა მოდელთან ერთად, კრისტისაც გადაუღეს ფოტოები.

ძალიან გამაჯავრეს: ჟურნალში დაუჯერებელი ამბები ეწერა. მაგრამ კრისტის პორტრეტები მაინც კარგი იყო, ვერაფერი დააკლეს, და სად იყო და სად არა, შორეულ ქალაქ ბერლინში მე, როგორც ჟურნალის ერთ-ერთ შემდგენელს, ერთი უცნაური კაცი შემომიჩნდა.

ის იყო მდიდარი და აუტანელი. მას მიაჩნდა, რომ რესტორან „მესამე მსოფლიოში“ მესამე მსოფლიოს ქვეყნიდან ჩამოსული ანა ან ხარბი უნდა ვყოფილიყავი, ან უტვინო. მან ამიხსნა, რომ მოსწონს კრისტი - კაი ერთი, კაცო! - და ეროტიკული ხასიათის ფოტოალბომისთვის მისი გადაღება უნდა, ოღონდ - ყურადღება! უფასოდ, ოღონდ მე კი გადამიხდის, ოღონდ კრისტის არ გადაუხდის, გერმანიაში ჩამოიყვანს და ჩემთან დაასახლებს, ოღონდ მაგარი კატალოგი იქნება, ოღონდ კრისტის ნუ ვეტყვი, რომ ეროტიკულია.

მე ვკითხე: რატომ. მან მიპასუხა, რომ მე ეშმაკი ვარ. მე ვუთხარი, რომ ის დებილია. დიალოგი ვერ შედგა. დამშვიდობებისას მან მითხრა, რომ მე ეშმაკი ვარ და ამიტომ ის ლაშა ბაქრაძეს მიმართავს - მაგარი ლოგიკაა. ცოტა ხანში დამირეკა და მითხრა, რომ ლაშაც ეშმაკი ყოფილა, რადგან იმანაც დებილი უწოდა. ჩვენ ეს ამბავი კრისტის ჩავუკაკლეთ და დღემდე ძალიან ვერთობით. ის კაცი მართლა დებილი იყო.

მოკლედ, კრისტი საზღვარგარეთ სამუშაოდ არასოდეს წასულა - და ძალიანაც კარგი. ის კარგი გოგოს დედაა, კიდევ ერთი კარგი შვილის გაჩენას გეგმავს, კარგ საქმეს აკეთებს და თავის საყვარელ კაცთან ერთად დიდ, კარგ სახლში ცხოვრობს - სწორედ ისეთში, როგორიც მოსწონს. თან ის საყვარელი კაცი სწორედ იმას სჩუქნის ხოლმე, რაც მას მოსწონს - კარელური არყის ხის ტრილიაჟი და ძველისძველი სასწორი, კრისტის ზოდიაქოს ნიშანი, ძალიან ამაყად მაჩვენა: „ბეჰემ მაჩუქა“.

0x01 graphic

ბეჰეს მიხეილ ანდღულაძე ჰქვია და ვერასოდეს ვიტყოდი, რომ ამ კაცს ბეჰე ჰქვია: ვითომ, რატომ „ბეჰე“? ბავშვობაში ეძახდნენო. კარგი…

ამ კაცთან ერთად, კრისტის ცხოვრებაში ერთი რამ ნამდვილად შეიცვალა: ვარცხნილობა. მშვენიერი, შავი, საამაყო თმა გადაიპარსა. შეუღლების დროს, მიშასაც გრძელი თმა ჰქონია და სწორედ მის გაკრეჭას გადააყოლა კრისტიმ თავისი „საფირმო ნიშანი“ - თმები: ჯერ ორივე გრძელთმიანი იყო, ახლა ორივე მოკლედ შეკრეჭილია. ცოტა გული კი დამწყდა, მაგრამ ასეც უხდება, თმა, მოგეხსენებათ, იზრდება და, რაც მთავარია, კრისტიც კმაყოფილია და მიშაც.

მიუხედავად იმისა, რომ იმხანად არაფერი იყო ახალი სიყვარულის მაუწყებელი, ეს ამბავი 2003 წლის ზაფხულში დაიწყო, როცა კრისტი და ქალბატონი ნატა სამადალაშვილი კრისტისთვის სრულიად უჩვეულო ადგილას აღმოჩნდნენ: მკითხავთან.

მე: „ბატონო?“

კრისტი: „ჰო. არადა, ჩემს დღეში არ ვყოფილვარ და არც დავინტერესებულვარ - არ მიყვარს მკითხავები, შავი მაგია და მსგავსი უბედურებები. მაგრამ მაშინ მოვხვდი“.

მჩხიბავმა 19 წლის ასაკში გათხოვილ და თავის ქმარზე შეყვარებულ კრისტის უთხრა, ამ კაცთან ერთად დიდხანს ყოფნა აღარ გიწერია, გაცილდები და გაცილებას ვერც მოასწრებ, უმალვე გათხოვდებიო. ჰო, და კიდევ: მიშა ვინ არისო?

ბრიყვი მკითხავის ბრიყვული სიტყვები კრისტის მხოლოდ მერე გაახსენდა, 2004 წლის 23 თებერვალს, როცა საცხოვრებლად იმ სახლში გადავიდა, რომლის სტუმარიც ამ ამბის მოსასმენად გახლდით, ანუ როცა მიშას ცოლი გახდა. მანამდე კი, 15 იანვარს, ის იმ სახლიდან წამოვიდა, რომელიც მე მის განუყოფელ ნაწილად მიმაჩნდა და რომელშიც ის პატარა ნატალიას მამასთან ერთად ცხოვრობდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ის კაცი კრისტის დათმობდა, მაგრამ რა არ ხდება ამ ცხოვრებაში...

კრისტის თქმით, მიშას განქორწინებამდე ისევე იცნობდა, როგორც მრავალ სხვას იცნობს ამ ქალაქში - ხელის აწევით. მეტი არაფერი. მერე, როცა ბევრი რამ აირია, კლუბ „ლიფტისკენ“ მიმავალ გზაზე დაუჩივლია, ქმარს ვცილდებიო, და ეს გაუგონია ნაწინასწარმეტყველებ კაცს, მიშას. ვფიქრობ, ძალიან ეამებოდა, მაგრამ არ მიკითხავს, ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. ფაქტი მხოლოდ ისაა, რომ კრისტი დღეს მისი ცოლია.

0x01 graphic

კრისტი: „14 თებერვლისთვის, სიყვარულის დღისთვის, მინდოდა, მიშასთვის რამე საჩუქარი გამეკეთებინა და მოვიფიქრე: გურამ წიბახაშვილთან წავიყვანე, თან გასაცნობად, თან ფოტოების გადასაღებად. მერე ეს ფოტოები ვაჩუქე“.

კრისტის და მიშას სახლის კედლებს უამრავი ფოტოსურათი ამშვენებს, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფოტოგრაფების მიერ გადაღებული. ერთ-ერთზე აღმოვაჩინე, რომ კრისტი ძალიან ჰგავს პენელოპა კრუზს. მანამდე არასოდეს შემიმჩნევია.

კრისტი: „ჰო, ბევრს უთქვამს“.

მე: „უფრო სწორად, პენელოპა გგავს, თუ კარგია!“

კრისტიმ მითხრა, რომ მოდელი საერთოდ ქამელეონივით უნდა იყოს, ყოველთვის სხვადასხვანაირი. ასე, ერთხელ კრისტი სულაც ეკატერინე ჭავჭავაძე ყოფილა (მართალია - მიწყინონ ქართველებმა, რა ვქნა! - ლეგენდარული ეკატერინეს პორტრეტმა თავის დროზე ზარი დამცა: რამხელა მკლავი აქვს, გინახავთ?ეროვნულ იდეალებს რა ვუყო, თორემ მე მისი ძალიან პირადი მოხმარების საგანიც ვნახე, ძააალიან დიდი. ა.კ.ს.). „ძალიან კარგი იყო: მარიკა კორკელიამ, დიზაინერმა - ის, ძირითადად, ზუგდიდში მოღვაწეობს - კოსტიუმი ჩამაცვა, დიდი კაბა, შლაპა, ჩვენებისთვის საარქივო მასალის გამოყენებით იყო ესკიზები გაკეთებული, და დავდიოდი დადიანების სასახლეში, ბაღში… ჯადოსნური ამბავი იყო, რეინკარნაციასავით“… მეორე დღეს ბაღში ფოტოგრაფმა ირმა შარიქაძემ სურათებიც გადაიღო, რომელთა დათვალიერების დროსაც, ყოვლად ბრიყვული კითხვა გამახსენდა, რომელსაც დიდ-დიდი ტოპ-მოდელების გამოცდილების გამო, ადრე ჩემს გამამწარებელ ქართველ მოდელებსაც ვუსვამდი ხოლმე: მსახიობობაზე არ გიფიქრია?

ექსპერიმენტების მოყვარულ კრისტის ეს საქმეც უცდია - რატომაც არა? პირველად გენო ცაავამ გადაიღო კარლო საკანდელიძის მუზის როლში, 1996 წელს - ქართული კინოს ტრადიციის თანახმად, პრემიერა მხოლოდ შარშანწინ შემდგარა. 2003 წლის ზაფხულში კრისტიმ აკა მორჩილაძის „ტოტალიზატორის“ მიხედვით მერაბ კოკოჩაშვილის მიერ გადაღებულ ფილმში ითამაშა ნანუკა ხუსკივაძესთან, ლევან წულაძესთან, თემიკო ჭიჭინაძესთან ერთად - „კარგ „სასტავში“ მოვხვდი, არა?“ ამჟამად კი კვლავ „კარგ სასტავთან“ თანამშრომლობს: შოთა კალანდაძე „პოეტურ ჩანახატებში“ იღებს, და კრისტი მოედანზე მარინა კახიანთან, ლენუკა ყიფშიძესთან, ნინელი ჭანკვეტაძესთან ერთად მუშაობს.

„კიდევ რა?..“ მე ასეთი კარგი რესპონდენტი იშვიათად მღირსებია: არაფერზე იბღვირება, არაფერი სწყინს, მარწყვითაც გამიმასპინძლდა - შიგ ჩალაგებული ორცხობილით, ჩინებული იყო; ხუთი საათი ვიჯექი კრისტისთან და სულ არ მინდოდა წამოსვლა. „კიდევ მიყვარს წიგნი „სახიფათო კავშირები“ - ძალიან მიყვარს…“

მეც მიყვარს.

მე: „დაგტანჯეთ, ჰო?“

კრისტი: „არა, მე მიყვარს ინტერვიუები. ჟურნალისტებთან ურთიერთობაც მომწონს, თან ტესტივითაა - რომ წავიკითხავ, მერე ჩემს შეცდომებს მოვძებნი და მივხვდები, რა შეიძლება უკეთ ვთქვა ან უკეთ გავაკეთო.“

მე - ფოტოგრაფს: „პაპარაცი, აცადე ადამიანს“.

კრისტი: „არა, არა, ვგიჟდები ფოტოგრაფებზე. გურამ წიბახაშვილი ობიექტივის მანიაკს მეძახის“. - და მხოლოდ შემდეგ, ფოტოსურათების თვალიერების დროს მოგვიბრუნდა: „ეს ფოტო არ გვინდა, რა. რაღაც ბოროტი კიკი ვარ…“

ბოროტი ნამდვილად არ იყო, უფრო - დაფიქრებული, მაგრამ კრისტის ნებაა. რა ვქნა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ლამაზი ქალები ძალიან მიყვარს და მათთვის რამეზე უარის თქმა მიჭირს ხოლმე.

8 სპეც-პროექტი: ირანი

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: როიტერი, ერეკლე ნათაძე

სჯობს ფეხშიშველმა იარო, ვიდრე ფეხსაცმელი გიჭერდეს. სჯობს
გზაში ფათერაკს გადაეყარო, ვიდრე შინ იყო გამოკეტილი.

აბუ ალი იბნ არაბი, მოგზაურობათა წიგნი

ირანში მინდა

0x01 graphic

ჩემთვის სრულიად დაუდგენელი მიზეზების გამო, ირანის დრო დანარჩენი ქვეყნების დროს ნახევარი საათითაა ამცდარი. ცხადია, ამას რაღაც ლოგიკური ახსნა აქვს, მაგრამ გადავწყვიტე, არ ჩავძიებოდი - ასე უფრო სახალისოა. ისიც ძალიან მომეწონა, რომ 2005-დან უცებ 1384 წელში აღმოვჩნდი - რა კარგია!

მაგრამ ასეთები მხოლოდ საზღვრის გადაკვეთისას მართობდა. მერე ყველაფერი ამერია და არამარტო დროს ავცდი, არამედ ბოროტსაც და კეთილსაც.

იმასაც ჰყვებიან, გზებზე ერთი ბრიყვი დადიოდა და თავისი ვირის ლაგამი ეჭირაო ხელში...

შეჰერეზადას სამას ოთხმოცდამერვე ღამე

0x01 graphic

- ნეტა, ვის მოუვიდა თავში აზრად, რომ ამ პაპანაქებაში ქალებს შავი ტანსაცმელი უნდა სცმოდათ? ხომ შეიძლება, მხიარული, ღია ფერის ქსოვილით იყო დაფარული?

- არა, ჩემო კარგო, აქ სულ სხვა ამბავია. მრავალი, მრავალი წლის წინათ, როცა არაბები შემოგვიცვივდნენ, ქალებმა ამგვარად გადაწყვიტეს თავის დაცვა. საფრთხე ხომ ღამით მოდის, და წარმოიდგინე, ღამე ასეთი ქალი რომ ჩაგიქროლებს, ხომ ვერასოდეს მიხვდები, ქალია თუ ჩრდილი…

ამ ქალებს, მართლა ჩრდილებივით რომ დაფარფატებენ, არაჩვეულებრივად ლამაზი პირისახე აქვთ, დიდი, ბრიალა თვალები და ჭეშმარიტი არიელების ჯანმრთელი კბილები. ერთადერთი, რისი დანახვაც შეიძლება, მათი სახეებია (წესით, არც თმა უნდა უჩანდეთ, არც ყელი, არც კოჭი, არც მაჯა; გამოუჩნდებათ და ვაი, მათი ბრალი!), და ამიტომ მშვენიერება, რომელიც სხვა მხარის ქალებს მთელს სხეულზე აქვთ გაბნეული - ზოგს ლამაზი თმა აქვს, ზოგს - მოხდენილი ფეხები, ზოგს - წვრილი წელი, ზოგს - ყველაფერი ერთად, მაგრამ ეს ძალიან იშვიათი ამბავია - აქ მთლიანად სახეში, თვალებშია თავმოყრილი. ისინი მშვიდი ქალები არიან, მამაკაცების მიერ დაცულები, და ამიტომ თამამად შესცქერიან ყველას, ვინც პირისპირ ხვდებათ, აუცილებლად უღიმიან - ასევე მშვიდად, და ერთსა და იმავე კითხვებს სვამენ: „საიდან ხარ? მოგწონს ირანი?“ და როცა უპასუხებ, რომ გურჯი ხარ, ირანი ძალიან მოგწონს და მთელს ირანში ყველაზე მეტად ისინი მოგწონს, მშვენიერი ქალბატონები, კვლავ ღიმილი ეფინებათ სახეზე: მოგეწონება, აბა, რა! ისე, ფრთხილად იყავით, ამ ღიმილს დიდად არ ენდოთ - შეიძლება მეფის ასულის გამო, შეშლილი დერვიშის ბედი გეწიოთ.

ერთხელ ერთმა დერვიშმა პურის ლუკმა პირთან მიიტანა და ამ დროს მეფის ასული დაინახა. ეს მეფის ასული მშვენებით სავსე მთვარეს ედრებოდა და მისი დამნახავი ყველა მონუსხული რჩებოდა. მეფის ასულმა დერვიშს გაუღიმა. პური მიწაზე დაეცა, მტვერში, დერვიში კი ექსტაზში ჩავარდა და შვიდი წელი ამ მდგომარეობაში დაჰყო. მისი სახლი ქუჩა იყო, მისი მეზობლები - უპატრონო ძაღლები...

შეშლილი დერვიში ცუდი სანახავი იყო და მცველებმა მისი მოკვლა განიზრახეს. მეფის ასულმა დერვიშს უთხრა: ხომ იცი, ჩვენს შორის არასოდეს არაფერი მოხდება. წადი ქალაქიდან, ჩემი მსახურები მოკვლას გიპირებენ.

დერვიშმა მიუგო: რაც შენ გიხილე, ჩემმა სიცოცხლემ აზრი დაკარგა. დაე, მომკლან, მაგრამ სანამ მოვკვდები, ერთი სურვილი შემისრულე, რადგან შენ ხარ ჩემი დაღუპვის მიზეზი. მითხარი, რატომ გამიღიმე?

ბრიყვო! უპასუხა მეფის ასულმა. როცა დაგინახე, ძალიან სასაცილო იყავი, შემეცოდე და იმიტომ გაგიღიმე. ეს იყო და ეს. ეს თქვა მეფის ასულმა და თვალს მიეფარა.

ამ ქალების შემდეგ, ცოტა არ იყოს, სასაცილოდ მეჩვენა ჩვენი მცდელობები, სხეულის ჩვენებით მოვიგოთ ძლიერი სქესის წარმომადგენელთა გული. იმ სასწულ ქვეყანაში ყოფნის დროს, სულ ნაკლულად ვგრძნობდი თავს: ვარდისფერი შარვალი, ზედ ჩამოცმული მოქარგული კაბა, ხუნ ვეი ბინივით შეკრული პერანგი, იასირ არაფატის თავსაფარი, რომელიც ყველაზე უხერხულ დროს მოსრიალებს თავიდან - რა უბედურებაა… თბილისში კი, უდაბნოების მტვრით ფერშეცვლილი ყველაფერ ამის გახდისა და სარეცხ მანქანაში გაძლიერებული წმენდის რეჟიმზე შეყრის შემდეგ, ჩემმა სამოსმა ერთიათად შემაწუხა - მგონია, რომ შიშველი ვარ და უხამსად ვიქცევი, და ის მცირედი ქალობაც კი, რომელიც საარსებო საშუალებების მოპოვებისა და თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლას გადაურჩა, გამვლელ-გამომვლელთა გულგრილ მზერას მიჰყვება.

ირანში მინდა.

კაცი ბრძენთან მივიდა და უთხრა: მასწავლე ჭეშმარიტებისა და სიცრუის, სილამაზისა და სიმახინჯის გარჩევა. სიცოცხლის სიხარული მასწავლე, ბრძენო.

იფიქრა ბრძენმა და კაცს ცეკვა ასწავლა.

ირანში ქალების ცეკვას ვერ შევესწარი, მამაკაცებისა კი ვნახე. ძალიან შთამბეჭდავი რამაა, ძალიან. უცნაურად ატკაცუნებენ თითებს, ვერაფრით ვერ მოვახერხე.

ფირდოუსის საფლავის სიახლოვეს, კაცი რაღაც საკრავს აჟღარუნებდა - მამაკაცები გარს შემოერტყნენ და იცეკვეს; ავტობუსში მუსიკა ჩართეს - წამოცვივდნენ და იცეკვეს. თან მადლიანად, გაშლილი ხელებით, უჰ, კარგია! საწყენიც კია, რომ ირანში ქალები და მამაკაცები ერთად ვერ ილხენენ, ალბათ მთლად ცეცხლი მოედებოდა იქაურობას. ამ პატიოსან ხალხს ასაცეკვებლად არც სასმელი სჭირდება და არც განსაკუთრებული ატმოსფერო. მთავარია, მუსიკა იყოს. ცოტა შემშურდა და მაგრად გამიკვირდა, ვერაფრით ვერ გავიგე, ასე, მოწმენდილ ცაზე რა აცეკვებდათ.

მაგრამ როცა უდაბნოში აღმოვჩნდი, მივხვდი, რომ ამ მიწაზე აცეკვებას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. საერთოდ, იქ ბევრი რამ გახდა გასაგები. ასე, სანამ მარილის უდაბნოს ვნახავდი, მეგონა, რომ ზღაპრები სულ ტყუილია - ვინ დამაჯერებდა, რომ დიდი შაჰის ჰარამხანიდან ქალი ბაზრის ბოგანოს გაედევნა! ახლა კი მჯერა და რამე რომ იყოს, მეც გავიქცეოდი - ცხადია, ჰარამხანასა და ბოგანოსაც გააჩნია, და სინამდვილეში არც ჰარამხანისკენ მიმექაჩება ვინმე და არც უდაბნოში. ისე, ვოცნებობ, რა.

როგორც მოგახსენეთ, უდაბნოში ვიყავი. ვნახე, როგორი ყვითელი ვარსკვლავები ინთება მდუმარე მიწის თავზე, ვნახე მირაჟი - დიდ წყალში არეკლილი ხეები და ფრინველები, რომლებიც იქ არასოდეს ყოფილან, ვიჯექი აქლემზე, რომელიც ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ას მოძრაობას აკეთებს და ტვინის გალაყების საუკეთესო საშუალებაა. არ ვიცი, როგორ იქცევიან სხვა ადამიანები, როცა უდაბნოში პირველად ხვდებიან. მე ვერანაირად ვერ მოვიქეცი, იმიტომ, რომ ის, რაც იქ ვნახე, ვიგრძენი და მოვისმინე, ვერაფრით აღიწერება, და ალბათ ასეთსავე ენით უთქმელ სისულელეებს ჩავდიოდი - თავი, სულ მცირე, დერვიში მეგონა.

ცოცხალი დერვიში მანამდე საჩაიეში მყავდა ნანახი და მიამბეს, დოლებს რომ შემოკრავენ და სტვირებს რომ ჩაბერავენ, დერვიშები ადგილზე იწყებენო ტრიალს, სულ უფრო და უფრო სწრაფად. მოცეკვავე დერვიშის ზევით აღმართული მარჯვენა ხელი ზეცის წყალობას იღებს, დაშვებული მარცხენა - წყალობას დედამიწას გადასცემს. ამ რიტუალის აზრი სწორედ ესაა. ცხადია, მსგავსი რამ აზრადაც არ მომსვლია, და კიდევ კარგი, უდაბნოში ვიყავი და ვერავინ იტყოდა, გადარეულაო. ცოტათი, სულ ცოტათი, უდაბნოს დიდებას ნაი გადმოსცემს, ჯადოსნური სალამური, რომელზეც დერვიშები უკრავდნენ ხოლმე - მოგისმენიათ?

სუფიებს თუ დავუჯერებთ, ნაი იმიტომაა ასეთი მოსიყვარულე და მისი ბგერა იმიტომაა ასეთი მონატრებითა და ტკივილით სავსე, რომ ის ოდესღაც ლერწმისგან გამოთალეს, და უდაბნოში ლერწამს მუდამ ენატრება თავისი სამშობლო, გრილი საღამო, მშვიდი ტბა - ნაის წყალობა ყოფილა, რომ სადღაც, უდაბნოში, ძალიან, ძალიან ღრმად, ანკარა წყალი მიედინება, და უსიცოცხლო ქვიშას ჩიტი გადაუფრენს ხოლმე - გზა-კვალი კი არ არევია, ნაის მოსასმენადაა შემოფრენილი.

დავუჯეროთ სუფიებს, რა გვენაღვლება.

შესაძლოა, უდაბნო ასე ძალიან იმის გამოც შევიყვარე, რომ მერე, დასიცხული, გამომშრალი და ჭუჭყიანი, სამოთხეში ვხვდებოდი ხოლმე - ბაღებში.

ალბათ ედემის ბაღი სწორედ ისეთია, როგორიც ირანის წალკოტები, სადაც, ყველა სიკეთესთან ერთად, პატარ-პატარა სასახლეებიც დგას, რომლებიც აუზებში ირეკლება - რა კარგად ცხოვრობდნენ შაჰები! მაგრამ მეც ძალიან კარგად ვიცხოვრე, შაჰებზე ოდნავ უკეთაც კი: იმათ უამრავი საფიქრალი ექნებოდათ, მე კი რა… რაღაც შუალედური საფეხური ვიყავი ქარავანს ადევნებულ მაწანწალასა და დიდებულს შორის, ან ბაზრის რესტორანში ვისადილებდი, ან - აბასის სასტუმროში, ჩემი ნება იყო, მთავარია, თავსაფარი არ ჩამომვარდნოდა, მეტი არაფერი მქონდა საზრუნავი.

ხოლო ღამით, როცა ჯგუფის წევრებთან ერთად ქართული ხალხური კულტმასობრივი ცნობიერებაც მიიძინებდა და რამდენიმე მშვიდ არსებასთან ერთად ბაღში ჩამოჯდომის საშუალება მქონდა ხოლმე, ვფიქრობდი, რომ დიდი სიმდიდრე კარგია, მაგრამ არ არის მთლად კარგი. მდიდარი სარკეებიან დარბაზში ძვირფას ვახშამს მიირთმევს და მომთაბარე სულ მტვრიან გზებზე დაწანწალებს - სამაგიეროდ, მას ალმასებით მოჭედილი ცა ადგას თავზე. მდიდარს სულ ჭერქვეშ ძინავს და სულ ვიღაცას ეპრანჭება - რა დამღლელია! მომთაბარე კი ყოველთვის ხედავს ახალ მთვარეს და ყოველთვის ესმის უამრავი მინარეთიდან მუეძინების სევდიანი მოძახილი - მართლმორწმუნეებს საღამოს ლოცვისკენ მოუწოდებენ, და მდიდარი კაცისგან განსხვავებით, მას გასაპრანჭი არაფერი აქვს, უნდა ილოცებს, უნდა - არა.

0x01 graphic

ძლიერი სქესის წარმომადგენლებს შევახსენებ, თორემ ქალებმა ისედაც იციან: ამქვეყნად ყველა გოგოს თავისი საოცნებო მამაკაცი ჰყავს. ზოგისთვის ეს პოპ-ვარსკვლავია, ზოგისთვის - ლიტერატურული პერსონაჟი, მოკლედ, პატარა გოგოებს ოცნების მამაკაცების ფართო არჩევანი აქვთ, და ის, თუ რამდენად მისაღები იქნებით ამა თუ იმ ქალისთვის, მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ჰგავხართ იმ ერთადერთ და განუმეორებელ კაცს, და თუ მისი ჩრდილის ანარეკლი მაინც აღმოჩნდით, ჩათვალეთ, რომ ძალიან გაგიმართლათ.

მე კი დავიჩაგრე - კიროსი მიყვარდა, ყველაზე ბრძენი, ყველაზე მამაცი, ყველაზე ღონიერი, ყველაზე მოწყალე მეფე. შეიძლება, ასეთი სულაც არ ყოფილა, მაგრამ ეს არ მაინტერესებს, და მას აქეთია, სულ კიროსის ძებნაში ვარ - რასაკვირველია, ამაოდ.

„ალაჰის სახელით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თავისუფალ ადამიანებად დაბადებულთა, მგოსანთა, გასხივოსნებულთა, ფილოსოფოსთა და გმირთა მიწაზე!“ - ამ სიტყვებით ეგებება სტუმრებს ფასარგადი, ადგილი, სადაც სავსებით მივივიწყე, რომ ღირსშესანიშნაობების ფონზე გადაღებული ტურისტი აუტანელი სანახავია, რომ საჯარო ვითარებაში ნიკაპის აკანკალება და ცხვირის მოხოცვა უზრდელობაა, რომ კიროს დიდს ჩემი იქ ჩასვლა სულ არ გახარებია და ნამდვილად არ მეტყოდა: „ძვირფასო, როგორც იქნა, მარტონი დავრჩით!“

ერთგან წავიკითხე, რომ კიროს დიდის ცხედარი მშვენიერ, ყვავილებში ჩაფლულ პავილიონში იყო დასვენებული, რომ მეფეთა მეფის სიმშვიდეს იქ მრისხანე მეომრები იცავდნენ და მხოლოდ ყველაზე ერთგულებს და ღირსეულებს რთავდნენ პავილიონთან მიახლოების ნებას. სინამდვილეში, ყველაფერი სულ სხვაგვარადაა: უდაბნოს თეთრი ცის ქვეშ, გზასაყარზე აღმართულ ზიკურატს ოთხივე მხრიდან უბერავს ცხელი ქარი, და საუკუნეების განმავლობაში დაშავებული წარწერის ნაწილიღა იკითხება: „მე, კიროსი, მეფე, აქემენიდი“ და სხვა.

ფასარგადის აღწერა შეუძლებელია, იქ თავად უნდა ჩაბრძანდეთ. უცებ დაინახავთ, როგორ მიათრევდნენ ფაფარაშლილი ცხენები ჩამავალი მზისკენ ტაისის მშვენიერ სხეულს, უცებ გაიგონებთ უდაბნოში მის განწირულ კივილს - მერე რა, რომ ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინათ მოხდა.

ბოდიში მომითხოვია, გადავუხვიე. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ კარგია, რომ ირანში არც დალევა შეიძლება, არც ცუდი რამის მოწევა - საუკეთესო შემთხვევაში, გაიშოლტებით - თორემ ნამდვილად ვიფიქრებდი, რაღაცა შემეპარა და ეს ყველაფერი მომეჩვენა-მეთქი. მაგრამ თუ ჩემი ღმერთი კეთილ სიზმარს გამომიგზავნის, აუცილებლად ვნახავ ფასარგადის უდაბნოს და ძილში ძახილიც ჩამესმება : „ქურუშ, ქურუშ“…

ასტარა

ამ ადგილს პატარა მდინარე ასტარა ორ ნაწილად ჰყოფს: აქეთ - აზერბაიჯანი, იქით - ირანი, ან პირიქით, გააჩნია, რომელი მხრიდან აპირებთ საზღვრის გადალახვას.

რა ჰქვია აზერბაიჯანის ასტარას მსგავს დასახლებას, სოფელია, დაბაა - ვერ გეტყვით. სასწაული კია. უთენია ჩავედით და მეგონა, მესიზმრებოდა: პატარა ქუჩები, პატარა სახლები, ქუჩაში გამოტანილი უშველებელი ჩაიდნები და რატომღაც ხელოვნური ყვავილების ზღვა. ჩაი კი კარგი იყო და პურიც სანაქებო. უკანა გზაზე ორაგულსაც შევავლე თვალი, მაგრამ არ მიჭამია, რადგან ირანის საზღვარზე საშვილიშვილოდ დამაფრთხეს: საბრალო ქართველი ქალები, როგორც ჩანს, მეტისმეტად ვულგარულ არსებებად მოვეჩვენეთ და იყო ერთი გადაძახილ-გადმოძახილი; მესაზღვრეები ბრაზობდნენ, ქალები წივწივებდნენ, მე კი სულ ბნელი ხარო, როზგები და ხმელი ლავაში მელანდებოდა… სადღა მეცხელა ორაგულისთვის! ასეთი რამ რომ იქითობას მენახა, შინ გამოვიქცეოდი, მაგიდის ქვეშ შევძვრებოდი და ვერასოდეს ვნახავდი ირანს.

მაგრამ ეს, საბედნიეროდ, დაბრუნებისას მოხდა. იქითობას კი აღმოვაჩინე, რომ ირანის ასტარა პატარა დაბაა, საკმაოდ სიმპათიური ხალხით დასახლებული, და იქვე მივხვდი, რომ ბრინჯის გადაყრა ძალიან დიდი ცოდვაა: ისეთი მოსაყვანია, რომ ძალიან რომ არ მიყვარდეს, სულ შევწყვეტდი მის ჭამას. ხალხი წყალში დგას, ხელები წყალში აქვთ ჩაყოფილი, მცხუნვარე მზე აჭერს, ათასი საძაგელი ქინქლა ესევათ…

ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა კია ბრინჯის ყანები.

0x01 graphic

თეირანი

თეირანი ირანის დედაქალაქია, ეს ისედაც ყველამ იცის. ის კი არ ვიცოდი, რომ ის დედაქალაქად ყაჯარების მმართველობის დროს იქცა, 1783-ში (ირანის ისტორიის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, მთლად გუშინწინ), და მაშინ იქ თხუთმეტი ათასი კაცი ცხოვრობდა.

ამჟამად თეირანში, საკამოდ მაღლა, დაახლოებით, 1700 მეტრის სიმაღლეზე, უმშვენიერესი მთების კალთებზე (ამ მთებს ალბორზის ქედი ჰქვია) 12 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ორ მილიონზე მეტი მოტოციკლეტი დაქრის. გადასასვლელზე ძალიან გამიკვირდა, რომ ქალაქში ვინმე ცოცხალი გადარჩა, სრულიად წარმოუდგენელი ამბავი ტრიალებს და შუქნიშანი რა საქმისთვისაა, ვერ გავიგე, წითლად აპაჭუნებს თვალებს და მეტი არაფერი. მაგრამ მერე ვიღაც ღვთისნიერმა გვასწავლა, რომ მანქანებს უნდა ანიშნო, სდექო. ძალიან მარტივი და საიმედო ამბავია. სძულხარ, მაგრამ აჩერებენ.

თეირანს უზარმაზარი ბაზარი აქვს, შესანიშნავი ბაღები, ჯადოსნური სასახლეები და ერთობ შთამბეჭდავი მუზეუმები. თეორიულად, იქაურ რესტორნებსა და საჩაიეებს არაფერი სჯობს, მაგრამ მარტოკა, ადგილობრივი მასპინძლის გარეშე წახეტიალება მაინც არ ღირს, განსაკუთრებით, თუ ენა არ იცით და უბნებში გარკვეული არ ხართ. მაინც ძალიან აღმოსავლეთია, რა ძალა გადგათ.

0x01 graphic

მაშჰადი

ხორასანი - თქვენთვისაც ჯადოსნურად ჟღერს? ამ პროვინციის დედაქალაქი მაშჰადია, რომელიც ოდესღაც ერთი ციდა სოფელი ყოფილა, მაგრამ მას მერე, რაც ჩვენთვის ავადსახსენებელმა ნადირ შაჰმა ის თავის რეზიდენციად აირჩია, დასახლება აშენდა და აყვავდა, და დღეს ორ მილიონზე მეტი ადამიანი ამბობს ამაყად, მაშჰადელი ვარო.

შიიტებისთვის მაშჰადი დიდი მწირობის ადგილია. იმამ რეზას სადიდებლად და მისი წყალობის სათხოვნელად, ამ ქალაქში უამრავი ადამიანი ჩადის. მავზოლეუმი მართლაც გრანდიოზულია: ორი მეჩეთი, სასულიერო სასწავლებლები, მუზეუმები და სხვა და სხვა. შიგნით სულ სარკეებით მორთული დარბაზები, მოვერცხილილი კარები, ოქროსფრად მობრჭყვიალე გუმბათები და მინარეთები ყოფილა - ეს ყველაფერი მხოლოდ გარედან ვიხილე, რადგან აღმსარებლობისა და გაუგებარი გარეგნობის გამო, წმინდათა წმინდაში, ცხადია, არავინ შემიშვებდა. უნდა ითქვას, რომ მაინც ძალიან კორექტულად გვექცეოდნენ, ხმა არ ამომეღება.

იმან კი მართლა ძალიან დამწყვიტა გული, რომ მაშჰადში ხალიფა ჰარუნ არ-რაშიდი ყოფილა დაკრძალული და მე ვერ ვეახლე. რა სამწუხაროა!

0x01 graphic

დაბინდებულზე, დადუმებულ, უკაცრიელ ქუჩაზე გავიდოდი, მთვარის შუქით ჯადოსნურად შეცვლილ ქალაქში - ცისფერი ლანდები, მიძინებული წყლის ბუტბუტი, - და რომელიმე კედლის ან გალავნის იდუმალი ჩრდილიდან აუცილებლად შემეგებებოდა დაუვიწყარი ჰარუნ ალ რაშიდი, შიგნიდან ალმასებით მოოჭვილ მათხოვრის ლაბადაში.

მაშჰადის ბაზარზე ისეთი სამკაულები იყიდება, თვალთ დამიბნელდა, მაგრამ იმის თვალ-მარგალიტი უფრო გამიხარდებოდა.

ფირდოუსის საფლავთან კი ვიყავით. ესეც კარგი იყო. ირანელები „შაჰ-ნამეს“ კითხულობდნენ, და იქ დავიჯერე, რომ ოდესღაც ქართველებმაც ვიცოდით ზეპირად ჩვენი „ვეფხისტყაოსანი“: ბოლო კაცს რომ სთხოვოთ, ერთი, ზაალის ამბავი მითხარიო, დაიწყებს და აღარ მორჩება, დაამღერებს, გაითამაშებს - რაღა ჩვენ გვჭირს „ინფორმაციული გადატვირთვა“ და სხვა ჭკვიანური უბედურებები?!

იაზდი

ამავე სახელწოდების პროვინციის დედაქალაქი, იაზდი, მარილის უდაბნოსთან თუ მთლად უდაბნოშია გაშენებული და, როგორც ამიხსნეს, უდაბნოს ქალაქის საუკეთესო ნიმუშია. მარკო პოლოს უთქვამს, „კარგი და წმინდა ქალაქიაო“ - და მხოლოდ? ამ ქალაქის აღწერა შეუძლებელია, ის არის ნამდვილი სასწაული, რომელსაც არაფერი შეედრება, რაც აქამდე მინახავს - მეტსაც მოგახსენებთ: რის შესახებაც აქამდე მიოცნებია.

უდაბნოა, შესაბამისად, ძალიან ცხელა. ძველ იაზდში ხეტიალისას, აუცილებლად წამოჰყოფენ თავს ზოროასტრიტის ფესვები, ცეცხლის ტაძარში თუ დუმილის კოშკებში თავს ისე იგრძნობთ, თითქოს დიდი ხნის წინათ მიტოვებულ და დავიწყებულ სახლში დაბრუნდით, და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე ადიდებთ ბრძენ ბატონს, აჰურა მაზდას - ჯობს, საკუთარი სიტყვებით, ჩემს მიერ ცუდი თარგმანიდან ცუდად თარგმნილი საგალობლით ნუ იხელმძღვანელებთ:

ვადიდებ აჰურა მაზდას, რომელმაც ცხოველები შექმნა, სიწმინდე შექმნა,
წყალი და კარგი ხეები,
რომელმაც ნათელი შექმნა, მიწა და ყველაფერი კარგი.
მისია დიდება, ძალაუფლება, ძალა.
...ვადიდებთ ჩვენი სხეულებით, ჩვენი სიცოცხლით.
ვადიდებთ საუკეთესო სიწმინდეს, ყველაფერს, რაც ლამაზია, წმინდა, უკვდავი.
ყველაფერს, რაც სხივმფენია, ყველაფერს, რაც კარგია;ვადიდებთ კეთილ სულს,
ეთაყვანებით კეთილ სამეფოს და კეთილ კანონს და კეთილ ბატონობას და კეთილ
სიბრძნეს.

შირაზი

თუკი ვინმემ შირაზის ვარდს შეგადარათ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ის თქვენზე გიჟდება. შირაზი ოაზისია, ფერადი, მდიდარი, ლამაზი. მის შესასვლელში მდგომი ფარშევანგი სწორედ სილამაზის სიმბოლოა: ფარშევანგის კუდი მდელოა, - წელიწადის სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფერის ყვავილებით მოჩითული. ფარშევანგამდე ყურანის კარი უნდა გაიაროთ ბინდდებოდა, კლდოვან ტერასებზე შავად შემოსილი ქალები მიფარფატებდნენ, თითქოს დამესიზმრა…

შირაზი მგოსანთა ქალაქია, საადიცა და ჰაფეზიც შირაზში დაიბადნენ და მისსავე მიწას მიებარნენ.

ვინც ჩემი საფლავის თავზე შეისუნთქავს ჰაერს,
სიყვარულს იგრძნობს, თუნდაც ათასი წელი იყოს გასული...

პოეტთა საფლავებთან უამრავი ხალხი ირევა და ირანელი გოგოები გამჭვირვალე წყალსაცავებში მონეტებს ჰყრიან, ზოგმა მითხრა - დაბრუნებისა, ზოგმა - ჩემი სიყვარულისაო. მეც ჩავყარე, არც ერთი მაწყენდა, არც მეორე.

თუ სპარსული მინიატურები, ხალიჩები, სამკაული, ქსოვილები და სხვა და სხვა - რომელი ერთი ჩამოვთვალო? - გიტაცებთ, შირაზს ეწვიეთ. მართალია, თემურ ლენგს თავის დროზე სამარყანდში ბევრი რამ გაუზიდავს, ჩვენი სამყოფი მაინც დარჩა.

პერსეპოლისი

- გამაგებინე, - ვკითხე მასპინძელს, - დარიოს დიდი ბაბუაშენი იყო?

- კი, ახლა მიხვდი? ხალხს რომ ჭკუა ჰქონდეს, აქ დგომაში გადამიხდიდა ფულს.

თვითკმაყოფილი კაცი საძაგელი არსებაა, მაგრამ ამას ვერ შევედავე.

2500 წლის წინათ დედამიწაზე მრავალი სამეფოსგან შემდგარი პირველი სახელმწიფო შექმნილა. ამ სახელმწიფოს მოქალაქე ოცდარვა ერის ხალხი ყოფილა. მათ არავინ თვლიდა ჩაგრულ ვასალებად, თანასწორუფლებიანნი იყვნენ. მათი მეფეთა მეფე დარიოსი იყო, და მე მისი ოცნების ქალაქი, პერსეპოლისი ვნახე.

0x01 graphic

გალავნები, ცაში აღმართული სვეტები, ჯადოსნური ბარელიეფები - ეს ყველაფერი წიგნებში მქონდა ნანახი, რომელთა თვალიერებაც ჩემი თაობისთვის ზოგადი განათლების აუცილებელ ნაწილად ითვლებოდა. იქ, პანორამული ფოტოსურათის გვერდზე, ყოველთვის იყო ცალკე სურათი - დეტალი. ახლა კი ეს ყველაფერი მართლა ვნახე! და ყველაფერი სულ სხვანაირი ყოფილა!

ეს დაუჯერებელი ნაგებობები მონებს კი არა, თავისუფალ ადამიანებს აუშენებიათ. მეფეთა მეფის ჯარი, ათი ათასი უკვდავიც თავისუფალი ადამიანები იყვნენ - მათი გამოსახულებები მოულოდნელად გულთბილია: ყვავილებიც კი უკავიათ, არც სახეები აქვთ მძვინვარე, ძალიან მომეწონა.

ნაყშ-ე როსთამში, პერსეპოლისის სიახლოვეს, აქემენიდთა დიდი მეფეების ნეკროპოლისში, მცოდნე ხალხმა კლდეებზე ამოიკითხა, რა კაცი იყო დარიოს დიდი:

აჰურა მაზდას ნებით მაქვს ასეთი ზნე, რომ მართალის მეგობარი ვარ და უსამართლოს მტერი. არ მსურს, რომ სუსტს ძლიერი უსამართლოდ მოექცეს, მაგრამ არც ის მსურს, რომ სუსტი მოექცეს ძლიერს უსამართლოდ. ჩემი სურვილი სამართლიანობაა. ცრუ კაცის მეგობარი არ ვარ. რისხვა არ მჩვევია. როცა ვრისხდები, ამას სულში ვინახავ, მტკიცედ ვფლობ თავს. ვინც ხელს მიმართავს, მეც ხელს ვუმართავ. ვინც მვნებს, მას ვსჯი. მე არ მჯერა დამსმენის. მე დიდებული სარდალი ვარ. ხელ-ფეხში დიდი ძალა მაქვს, დიდებული მხედარი ვარ. მე დიდებული მშვილდოსანი ვარ, ქვეით ლაშქარშიც და ცხენზე ამხედრებულიც. ეს ნიჭი აჰურა მაზდამ მიბოძა და მე მისი გამოყენება შევძელი... ქვეშევრდომო, იცოდე, როგორი ვარ და რა თვისებები მაქვს და რით აღგემატები. ნუ ჩათვლი ამას სიცრუედ. ნუ ჩათვლი სიცრუედ იმას, რაც მე მაქვს ჩადენილი.

გადავწყვიტე, დავიჯერო და მივხვდი, რომ მეც მინდა ასეთი მეფე.

დარიოს დიდის ოცნებამ, პერსეპოლისმა, მხოლოდ 200 წელი იარსება - მერე ის ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო, აქემენიდთა საგანძური ათ ათას წყვილ ჯორსა და ხუთ ათას აქლემს აჰკიდა და ბოლოს ქალაქი გადაწვა. ამბობენ, მთლად ასეთი საშინელების დატრიალებას არ აპირებდა, ყველაფერი ტაისის ბრალი იყოო - ყველა უბედურება ხომ ქალს უნდა დაბრალდეს!

უბედური ტაისი სპარსელებს ძალიან ერჩოდა, განსაკუთრებით - პერსეპოლისს. მჯერა, რომ ამ უცნაურ ქალს გულზე მოხვდებოდა პერსეპოლისის სტატიკური ფიგურები და ორნამენტები - ვერცერთ ქალს ვერ ნახავთ, გასაოცარია! ყველა აქაა: მეომრებიც, მრავალი ეროვნების მრავალი მამაკაციც - მეფისკენ ძღვენით მიემართებიან უფალ აჰურა მაზდას წყალობის სათხოვნელად. სამ რიგად არიან დამწკრივებული, თან ჩვეულებრივი ცხოველებიც მოჰყავთ, - ვთქვათ, ვირუკელები - და რაღაც ეგზოტიკური არსებებიც. ოთხთავიანი ლომები, ხარები, კაცები - მოკლედ, აქ ყველა და ყველაფერია გამოსახული, ქალების გარდა. მე რომ მკითხოთ, ამის გამო პერსეპოლისის აოხრება ნამდვილად არ ღირდა, მაგრამ ქალები, მოგეხსენებათ, ახირებული ხალხია.

ისპაჰანი

მეშვიდე საუკუნეში ქალაქი ასპადანა არაბებმა დაიპყრეს, 1051 წელს სელჯუკებმა თავიანთი სამეფოს დედაქალაქად გამოაცხადეს, 1387-ში ის თემურ ლენგმა აიღო და ყველაფერი უქნა, რაც კი მტერმა შეიძლება ქალაქს დაჰმართოს. ისპაჰანის აღორძინება შაჰ აბას I-ის დამსახურება ყოფილა (მასთან ერთად - ალავერდი ხანის, უნდილაძისა, რომელიც, ოცდაცამეტი თაღის ხიდით დიდი აღტაცების მიუხედავად, დიდად არ მესიმპათიურება და ამიტომ მის ქება-დიდებას სხვას დავუთმობ). მერე ქალაქს ავღანალები შეესივნენ და მათაც საშინელი ამბავი დაატრიალეს. ირანელებმა მითხრეს, მას მერე ისპაჰანი გონს ვეღარ მოეგოო, მაგრამ მე რომ მკითხოთ, მაინც სამოთხის კარია.

0x01 graphic

ყველაზე ბევრი ტურისტი სწორედ ისპაჰანში ტრიალებს - საერთოდ, ირანს დიდად არ წყალობენ, როგორც ჩანს, ეშინიათ, რომ ვინმე შეჭამს. თქვენ ნუ შეშინდებით, გაიარ-გამოიარეთ საღამოს ისპაჰანში, ოთხი ბაღის ბულვარზე, ხოჯუს ხიდთან თვალებანთებულ ლომებს ჩახედეთ ხახაში - იქ მამაც კაცს დაინახავთ, და თუ მამაკაცი ბრძანდებით, ხიდების ქვეშ, ჩაიხანაშიც შეძლებთ ჩამოჯდომას, სურნელოვანი ბოლის შესუნთქვას და ირანელი მამაკაცების სიმღერის მოსმენას. ეს უკანასკნელი სიხარული მე არ მეღირსა, აფსუსი კია.

სამაგიეროდ, ერთი დღე ბაზარში გავატარე და ვნახე, როგორ მუშაობდნენ ვერცხლის ოსტატები, როგორ ბეჭდავდნენ ფერად სუფრებს, ვივაჭრე კიდეც - ძალიან მხიარული საქმეა. შაჰის მოედანზეც გახლდით და ყველაზე ლამაზ მეჩეთებშიც, მოქანავე მინარეთები და ორმოცი სვეტის სასახლეც ვნახე - ჩემო დედა! სინამდვილეში, ოცი სვეტი აქვს, დანარჩენი ოცი წყალში ირეკლება.

ქაშანი

ოდესღაც აქ დიდი საქარავნო გზები გადიოდა, ახლა კი ირგვლივ ქარვასლების ნანგრევებიღაა დარჩენილი.

ქაშანი უდაბნოს პატარა ქალაქია, რაც არ უნდა უჩვეულოდ გეჩვენოთ - ვარდებითა და ვარდის წყლით განთქმული. ვარდის სურნელი მთელს ქალაქში ტრიალებს, და თუმცა ვარდის წყალზე დამზადებული ტკბილეული სულ არ მომწონს, ქაშანმა უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა.

ძალიან კარგია, როცა ცხელა, შენ კი ბაღში სეირნობ, დიდებულ პავილიონში კედლის მხატვრობას ათვალიერებ და ხანდახან არხებში მოჩუხჩუხე წყალშიც ატყაპუნებ ფეხებს. უცნაურია: ამ საქმეს, ისევე, როგორც სიგარეტის საჯაროდ მოწევას, ირანელები ძალზე მშვიდად შესცქერიან. ლოგიკა ვერ გავიგე, მაგრამ ეგ არაფერი.

ჰამადანი

თუ ჰამადანში ეკბატანას ნაშთების ნახვის იმედით ჩახვალთ, იმედი გაგიცრუვდებათ - ჩვენს წელთაღრიცხვამდე 700 წელს დაარსებული ამ ქალაქისა აღარაფერი დარჩა. სამაგიეროდ, ავიცენას საფლავის ნახვას შეძლებთ, ალისადრის გამოქვაბულს დაათვალიერებთ და თუ მთლად გული აგიჩუყდებათ, ესტერისა და მორდეხაის ხსოვნასაც მიაგებთ პატივს - ძველი აღთქმის ესტერზეა საუბარი.

მე მთელ ამ სიხარულს ვერ ვეზიარე, რადგან ქალაქში ღამის პირველ საათზე ჩავედი და ხუთზე წამოვედი, და ეკბატანას ვარდების ნაცვლად, სასტუმროს რესტორანში თაბაშირის ვარდები დამცქეროდნენ ჭერიდან.

P.S. ამ ჯადოსნური მოგზაურობისთვის და კიდევ მრავალი სიკეთისთვის მადლობას მოვახსენებ ნინო ჭანიშვილს, ძალიან კარგ გოგოს, რომელმაც წასვლის წინ მომიწოდა, აქემენიდები სულ რომ აღდგნენ, ერთი დღე მაინც ვიგორავოთ წყლის პირასო.

ეს ირანში ერთადერთ აუსრულებელ ოცნებად დარჩა.

0x01 graphic

სამყარო ამერიკის გარეშე

ავტორი: გიორგი ლობჟანიძე
ფოტო: ანტონ ჩუროჩკინი

ანა კორძაიას ირანში წასვლა რომ არ აეტეხა, შეიძლება ის, რასაც ახლა ვწერ, არასოდეს დამეწერა. თუ რატომ, შევეცდები, ახლავე აგიხსნათ: ეს ჩვენი ანა იმხელა შთაბეჭდილებებით დაგვიბრუნდა და ამ შთაბეჭდილებებს ისე ცოცხლად ყვებოდა, რომ უცებ საკუთარი თავისა და იმ მოგონებებისა შემრცხვა, რომლებიც მეხსიერების კუნჭულში მიყუჟულან და ნაწერად თუ სიტყვად ქცევის ყველანაირი იმედი დაუკარგავთ. დიდი-დიდი, ათასში ერთხელ, ჩემს სიზმრებში შემოაღწიონ და თავი ასე, მოკრძალებულად შემახსენონ.

კაცმა რომ თქვას, ირანში ჩემი სამწლიანი ცხოვრებაც დღეს უკვე ლამაზი სიზმარივით მახსენდება. ამ ფრაზის ბანალურობის გამო კი უხერხულობას სრულებითაც არ ვგრძნობ, რადგან ქვეყანა, რომლის შესახებაც ვლაპარაკობთ, თავისთავად ტოვებს სიზმრისა თუ ხილვის ასოციაციას.

ეს ახლა ვიცი, თორემ მაშინ, 1997 წლის დასაწყისში, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, ანა კორძაიასაგან განსხვავებით, გვარიანად დამფრთხალ-შეშინებული გავემგზავრე, რადგან ამ ქვეყანაზე ჩემი წარმოდგენა, ბევრის მსგავსად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ მოწოდებულ ცნობებს ეფუძნებოდა, რომლის მიხედვითაც, ირანში რელიგიური ფანატიზმი მძვინვარებდა და ჰაფეზისა და ომარ ხაიამის სამშობლოს ყველაფერი სჭირდა, რაც კი შეიძლება აღმოსავლური ტირანიის მარწუხებში მოქცეულ მხარეს დაემართოს.

ეგეც არ იყოს, იქით ჩვენი „მაია წყნეთელი“ და „გიორგი სააკაძე“ მახსოვდა ზეპირად და სკოლაში ისტორიასაც რიგიანად ვსწავლობდი, ამიტომ თვითმფრინავში ჩუმ-ჩუმად ცრემლს ვყლაპავდი და გიორგი სააკაძის ხმლის წარწერას ვიხსენებდი (თქვენც ხომ გახსოვთ შაჰის: რას ინატრებდი, შვილო პაატა? და სააკაძის ბოკვრის: მხოლოდ ხმალს მამაჩემისას, რომელზეც აწერია: „ბედნიერია ის, ვისაც სამშობლოსათვის უძგერს გული!“)

ხმალზე გამახსენდა: მოგვიანებით, საქართველოში რომ დავბრუნდი და ირანის საელჩოში თარჯიმნად მუშაობა დავიწყე, ჩემმა ერთმა ირანელმა თანამშრომელმა თავისი გასაჭირი შემომჩივლა და დახმარება მთხოვა. იმ კაცს ბინა ვაკეში ჰქონდა დაქირავებული და თურმე ერთი უცნაური მეზობელი შესჩენოდა. მითხრა: ძალიან კარგი ადამიანია, ოღონდ ერთი ნაკლი აქვს, ხშირად სვამს. მთვრალი კი ხანჯალმომარჯვებული კარზე მიბრახუნებს და გამუდმებით ერთსა და იმავე სიტყვებს გაიძახის. ეს ამბავი უკვე იმდენჯერ მოხდა, რომ ქართულის უცოდინრობის მიუხედავად, მისი სიტყვები მაინც დამამახსოვრდა და ეგებ ამიხსნა, რას მემართლება, ასე მიყვირის: გამოდი, შე შახაბაზის შვილიშვილო, თავი უნდა წაგაცალოო.

მოკლედ, გიორგი სააკაძეზე, ხმალზე და სამშობლოსთვის აძგერებულ გულზე მოგახსენებდით...

იარაღში კარგად ვერ ვერკვევი და ჩვენი მამა-პაპური სატევარიც, პირდაპირი დანიშნულებით ნახმარს, სუვენირად მორთმეული ანდა მოცეკვავეთა აქსესუარად გამოყენებული მირჩევნია, მაგრამ რა იცი, ეშმაკს არა სძინავს, მით უმეტეს, როცა 22 წლისა ხარ, თვითმფრინავში ზიხარ და გაურკვეველი მომავლისაკენ მიეშურები, უფრო ზუსტად, წარსულისაკენ, რადგან ამ ჩვენს „იაკ-40“-ს, რომელიც საკმაოდ მოძველებულია და ნიავის ყოველ ქროლვაზე „ისე ირხევა, ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა“, ერთგვარი „დროის მანქანის“ ფუნქციაც აკისრია: საათსა და ორმოც წუთში XX საუკუნიდან XIV საუკუნის შუახანებში უნდა ჩაგვაფრინოს. საქმე ისაა, რომ მუსლიმური ირანი მზის ჰიჯრის კალენდრის მიხედვით ცხოვრობს. ამ კალენდრით, დროის ათვლა მუჰამად მოციქულის მექიდან მედინაში გადასახლების - ჰიჯრის მომენტიდან ანუ 622 წლის 10 ივნისიდან იწყება. შესაბამისად, იქ ახლა გაგანია XIV საუკუნეა და ძალიანაც ცდება ის, ვისაც ირანი ჩამორჩენილი ქვეყანა ჰგონია. წარმოიდგინეთ, XIV საუკუნეში რომ თვითმფრინავი, მანქანა, კომპიუტერი თუ ცივილიზაციის ყოველგვარი სიკეთე გააჩნიათ, XX-XXI საუკუნეებში რა აღარ ექნებათ!

ხუმრობა იქით იყოს და, დროის პირობითობას ალბათ ყველაზე უკეთ ირანში შეიგრძნობ. დრო აქ თითქოს დაუნაწევრებელი სახით არ არსებობს და წარსულიც, აწმყოც და მომავალიც ერთმანეთში გახლავთ არეული.

თეირანის უნივერსიტეტში სწავლისას, ქრისტიანული თეოლოგიის პროფესორმა, ბერლინის უნივერისტეტის დოქტორმა მოჰამად მოჯთაჰედ შაბესთარიმ რელიგიურ დღესასწაულზე საუბრისას, ასეთი რამ გვითხრა: დღესასწაული დროის დაბრუნებისა თუ ერთ წერტილში დაფიქსირების ადამიანური მცდელობაა, როცა საუკუნეების წინათ მომხდარ მოვლენებს ისე განიცდი, თითქოს ახლა, შენს თვალწინ ხდებოდეს და ამით წარმავალში სიმყარის შეგრძნებას ინარჩუნებო.

პარიზისა რა მოგახსენოთ (ჩემმა ერთმა უსაყვარლესმა მწერალმა „განუყრელი დღესასწაული“ რომ უწოდა), მაგრამ ამ მხრივ ირანი მართლაც ერთი დიდი, მარადიული დღესასწაულია. ზემოხსენებულ დროის პირობითობას რომ თავი დავანებოთ, ეს ქვეყანა, როგორც ნებისმიერი თეოკრატიული სახელმწიფო, უქმეების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის: ხან ვიღაცის დაბადების დღეა, ხან ვიღაცის გარდაცვალების და, შესაბამისად, შრომადღეები წელიწადში ძალიან ცოტა გამოდის.

0x01 graphic

თუმცა იქაური უბრალო ადამიანები გასაოცარი მუყაითობითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან. ძალიან ცდება ის, ვისაც აღმოსავლელი (უფრო ზუსტად, ირანელი) კაცი უქნარა, მხარ-თეძოზე წამოგორებული ჰგონია. პირიქით, ეს ხალხი დილიდან, უფრო ზუსტად, შუაღამიდან გვიან ღამემდე მუხლჩაუხრელად, უდრტვინველად შრომობს. ამ შრომის შედეგია, მძიმე კლიმატური პირობებისა და აუტანელი სიცხის მიუხედავად, ქალაქებში მუდმივად მოყვავილე სკვერები და გაზონები, ახალ-ახალი შენობები და გაწკრიალებული ქუჩა-მოედნები.

თუმცა ეს ყველაფერი მერე იყო, იმ საოცარი სამი წლის მანძილზე. მანამდე კი 1997 წლის თბილისიდან 1376 წლის თეირანში გვიან ღამით ჩავფრინდით და ჩვენი საცოდავად, უმწეოდ ჩაბნელებული ქალაქიდან თავი ბრდღვიალა, მოჩახჩახე ზღაპარში ამოვყავი. ილუმინატორიდან ვხედავდი, სინათლე როგორ იზრდებოდა და თანდათან როგორ იღებდა ვეება, 12-მილიონიანი ქალაქის სახეს.

საზღვარზე გადასული კი, პირველი, რამაც გამაოგნა, აქ მაცხოვრებელი ხალხის წარმოუდგენელი სილამაზე იყო. ფაშისტებს არასოდეს ვენდობოდი, მაგრამ ირანელების შემხედვარემ, წამით ლამის ვირწმუნე არიული სისხლის თეორიისა. ქართველ კაცს სილამაზით როგორ გააკვირვებ, მაგრამ ასეთ რამეს ნამდვილად არ ველოდი. მოდიოდნენ უმშვენიერესი სპარსელი ხანუმები და ჩადრის ქვემოდან ისეთ ცეცხლოვან თვალებს აკვესებდნენ, ლამის ადგილზე დამამუნჯეს და გამაქვავეს.

სხვათა შორის, ქალის ტრადიციული მუსლიმური სამოსი, რომელსაც ქართულად ჩადრს, სპარსულად კი „ჰეჯაბს“ ეძახიან, ჩემი აზრით, გაცილებით უფრო სექსუალურია, ვიდრე დასავლურ-ევროპული „სასიამო მოღეღილობანი“. თუ ფსიქოანალიზის მამამთავრებს ვერწმუნებით, კაცი მუდმივად ბავშვად რჩება, ამიტომ მასთან ურთიერთობის ასაწყობად, ქალებს ერთგვარი თამაშის ელემენტთა გამოყენებას ურჩევენ. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, „ჰეჯაბიც“ სწორედ ამ თამაშის ნაწილია: გაინტერესებს, რა იმალება ჩემს სამოსელში?! შეგიძლია, ამას თვალების ცეცხლით, ანდა ტანის კენარი რხევით მიმიხვდე!

ყოველ შემთხვევაში, ვინც მეტყვის, რომ ირანელი ქალი დაჩაგრულია, იმას აღმოსავლეთისა არაფერი გაეგება და არც ის მგონია, მაინცდამაინც დასავლურ ღირებულებებშიც კარგად ერკვეოდეს.

თავი დავანებოთ სამთავრობო ლოზუნგ-ბილბორდებს, ირანის ქალაქების ქუჩებში რომ გამოუკრავთ. ამ სარეკლამო დაფებზე გამოსახული ქალი გვარწმუნებს, რომ „ჰეჯაბი“ მისი ციხე, კი არა ციხე-სიმაგრეა, ანუ ეს ჩაცმულობა ვინმემ თავს იძულებით, პატიმარივით კი არ მომახვია, მე თვითონ ავირჩიე, რომ გარეშეთა ლირწი მზერისაგან თავი დამეცვაო.

თითოეული ადამიანის პიროვნული არჩევანის ასეთი საყოველთაოობა მუდამ საეჭვო და საკამათო რამაა, მაგრამ სამაგიეროდ ერთი რამ უეჭველია: ირანელი ქალი სოციალურად კარგად დაცულ ბასტიონს წარმოადგენს, რომლის ერთი-ორი „ღიობიც“ სწორედ ამ ციხე-სიმაგრის მიუვალობას გვიდასტურებს და არა პირიქით.

უფრო საქმიანად კი ჩემი თვალსაზრისის გასამყარებლად შემიძლია შემდეგი მოგახსენოთ:

დღევანდელ ირანში ქალს აქვს განათლების, შრომის, საზოგადოებრივი აქტიურობის შეუზღუდავი უფლებები. თეირანის უნივერისტეტის სტუდენტთა 58 პროცენტი ქალია. ქალი თავისუფალია პროფესიის, ქორწინების, განქორწინე ბის, სამუშაო ადგილის არჩევანში. ოჯახის შექმნის შემდგომ, როგორც წესი, კაცი ვალდებულია სრულად დაფაროს საოჯახო ხარჯები, ქალი კი თუ მუშაობს, თავის ხელფასსა და აგრეთვე მშობლების მიერ გამოტანებულ მზითვს საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავს.

ძალიან გამიკვირდა, ერთი ჩემი ირანელი მეგობრისა, რომელმაც მითხრა, რომ რაღაცა საქმის წამოწყებას აპირებდა, მაგრამ ფული არ ჰქონდა და იძულებული იყო, გარკვეული თანხა თავისივე ცოლისგან ესესხა. როგორც მერე გავიგე, ასეთი პრაქტიკა ირანული ოჯახისთვის იშვიათი არაა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, თანამედროვე ირანს ხშირად აკრიტიკებენ ხოლმე ქალთა ძირითადი უფლებების შელახვისათვის და მაგალითად განქორწინებისას მისთვის შვილების ჩამორთმევა ანდა მრავალცოლიანობის ტრადიცია მოაქვთ.

სწორედ ჩემი ირანში ცხოვრებისას, დასავლეთში ძალზე გახმაურდა ირანელი რეჟისორი ქალის ბანი ეთემადის ფილმი, რომელიც ამავე პრობლემას - განქორწინებული ქალისათვის შვილების წართმევას ეხებოდა. ფილმი ემოციურად ძალიან დამთრგუნველად მოქმედებდა და ბუნებრივია, საზოგადოების თანაგრძნობა დაჩაგრული დედის მხარეს იყო, მაგრამ ჩემი აზრით, რეჟისორმა სიმართლე ბოლომდე არ თქვა, ანუ რეალობა ისე წარმოსახა, რომ დასავლეთში გატანილი ფილმი პოლიტიკურად მომგებიანი და, შესაბამისად, სარფიანი ყოფილიყო. სინამდვილეში, საქმე ისაა, რომ განქორწინებულ ქალს შვილების ნახვას, წესისამებრ, არავინ უკრძალავს. მუსლიმური სამართალი კი შვილის მამისადმი მიკუთვნებას სწორედ ქალზე ზრუნვით ამართლებს. მამა ვალდებულია მათ აღზრდაზე იზრუნოს. ქალმა კი შეიძლება საამისო ნივთიერი სახსრის მოპოვება ვერ მოახერხოს.

რაც შეეხება მრავალცოლიანობას უფრო ზუსტად, ოთხცოლიანობას, რელიგიით ეს მართლაც დაშვებულია, მაგრამ მეორე ცოლის მოყვანას წინ ისეთი რთული პროცედურა უძღვის, რომ პრაქტიკულად ირანში ამ ფუფუნებაზე ხელი თითებზე ჩამოსათვლელ ადამიანებს თუ მიუწვდებათ. მეორე ცოლის მოსაყვანად საჭიროა კაცმა პირველი ცოლისაგან ოფიციალური თანხმობა მიიღოს, რაც იმ შემთხვევაში ხდება, თუკი ქალს ეჭვიანობის ნასახიც კი არა აქვს (ეს კი, დამერწმუნეთ, აღმოსავლეთისათვის ისეთივე იშვიათობაა, როგორც წყალი გვალვიან უდაბნოში). ხოლო, თუ ვთქვათ და, ასეც მოხდა, მაშინ უნდა მოვიდეს სახელმწიფო აუდიტი და შეაფასოს, ამ კაცის სურვილები მის ქონებრივ შესაძლებლობებს რამდენად შეესაბამება, ანუ შეუძლია თუ არ მას, ორი ქალი და მთელი მათი ნაგრამი არჩინოს. თუ, ვთქვათ, აუდიტმა დადებითი დასკვნა დაწერა, მერე იმავეს, იმავე მიზნებით ექიმი გააკეთებს და საბოლოო შედეგის მისაღწევად მისგანაც ასეთივე დასკვნაა საჭირო. მოკლედ, ამიტომაც არის, რომ ოფიციალურად მრავალცოლიან ირანში რეალურად მკაცრი ერთცოლიანობაა და ეს საკითხი დიდად არც არავის ანაღვლებს.

ეგეც არ იყოს, ერთხელ ერთმა ჩემმა ირანელმა მეგობარმა ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად მითხრა: კაცი რომ ერთხელ ცოლს მოიყვანს, მეორედ ასეთ სისულელელს როგორ ჩაიდენსო და, მგონი, სადღაც მართალი იყო. თუმცა ალბათ ესეც ვისთვის როგორ, ან უფრო ზუსტად, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, პირველი ცოლი ქალთა მოდგმაზე კაცს რა შთაბეჭდილებას შეუქმნის.

მაგალითად, ცნობილია, რომ მუჰამად მოციქულს 14 ცოლი და უამრავი მხევალი ჰყავდა. იმავე ჰეჯაბის ან ჩადრის შემოღება კი მისი მეორე ცოლის აიშას ერთ თავგადასავალს უკავშირდება. გადმოცემის თანახმად, მუჰამადმა იგი თან იახლა ერთი ნაკლებ მნიშვნელოვანი ლაშქრობისას. უკან მობრუნებულებმა კი, როდესაც აქლემზე შემოდგმული აიშას ჩარდახი გადახსნეს, ქალი იქ ვერ აღმოაჩინეს. ცოტა ხანში გზაზე მომავალი ერთ-ერთი მუჰაჯირი - საფვანი დაინახეს, რომელსაც აღვირი ჩაებღუჯა და აქლემს წინ მოუძღვოდა, უნაგირზე კი აიშა შემოესვა.

ქალმა განაცხადა, რომ გულსაბნევი დამეკარგა და მის ძებნაში ქარავანს დავცილდიო. სწორედ ამ დროს მტვირთავები მოსულან და ჩარდახი აქლემის ზურგზე ისე შემოუდგამთ, რომ ქალის არყოფნა ვერავის შეუნიშნავს. ასეთი შეცდომა მართლაც იოლად შეიძლებოდა დამართნოდათ, რადგანაც აიშა გამხდარი და ტანწერწეტი ყოფილა.

უკან მობრუნებულ აიშას მოლაშქრეები რომ უწინდელ ადგილას აღარ დახვედრიან, დიდად შეწუხებულა. ტანსაცმელი ტანზე მჭიდროდ შემოუხვევია და გზისპირ ჩამომჯდარა, რომ ეგებ, ამასობაში ვინმეს გამოევლო.

ამასობაში მართლაც გამოჩენილა საფვანი, რომელიც ასევე შემთხვევით, რაღაც საქმის გამო, თანამოძმეებს ჩამორჩენოდა. ქალი უცვნია, ასეთ უცნაურ ყოფაში რომ უნახავს, გაჰკვირვებია, თავის აქლემზე შემოუსვამს და მედინისაკენ წამოუყვანია. მაგრამ როგორ სწრაფადაც არ ევლოთ, მოლაშქრეებს დროით მაინც ვერ წამოსწევიან.

ასე ჰყვებოდა ამბავს აიშა, მაგრამ სხვათა გასაკილად და მასხრად ასაგდებად გამუდმებით მზადმყოფმა არაბებმა მომხდარი სულ სხვაგვარად გაიაზრეს. თვითონ მუჰამადიც ვერაფრით დაწყნარდა და ქალს ძალიან ცივად მოეკიდა. აიშამ ეს ამბავი გულთან მომეტებულად ახლოს მიიტანა და ავად გახდა თუ თავი მოიავადმყოფა. თუ უწინ ეს ხერხი მოციქულის შემორიგების უებრო საშუალებას წარმოადგენდა, ამჯერად ვეღარ გაჭრა და მუჰამადი უწინდებურად უგუნებოდ იყო. მაშინ აიშამ მისგან მამის სახლში დაბრუნების ნება ითხოვა და მუჰამადმაც დართო ამის ნება. ქალის მტრები და მოშუღლეები ზეიმობდნენ: თუკი ქმარი მას ასე მოექცა, ცხადი იყო, რომ მისი ცოდვა საბოლოოდ დადასტურდა.

0x01 graphic

თვითონ მუჰამადისათვის მომხდარი ძალზე უსიამოვნო იყო, ამიტომაც მოისურვა ყველაფრისათვის წერტილი დაესვა და ერთხელაც მეჩეთის კათედრიდან სალოცავად შეკრებილ მორწმუნეებს განუცხადა:

- რაში გჭირდებათ, იმ საქმეებს რომ გამოკიდებიხართ, რომელიც მხოლოდ პირადად მეხება. საიდან გყოფნით გამბედაობა, რომ ჩემი ოჯახის წევრებზე იჭორაოთ?! მე, ყოველ შემთხვევაში, მათზე კარგის მეტი არაფერი ვიცი. ამას გარდა, თქვენ კიდევ ერთ კაცზე ჭორაობთ, რომლის შესახებაც ასევე კარგის მეტი არაფერი მსმენია!

მაგრამ ამბის საბოლოო დასასრულისათვის ეს ყოველივე საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც აიშას ღირსებას გულწრფელად და დაბეჯითებით იცავდნენ. თუმცა, რაკი ეს ღირსება იმხანად სარწმუნოების სიმბოლოდ ჯერაც არ ქცეულიყო, ისეთებიც მრავლად გამოჩნდნენ, რომელთაც აიშას უმანკოება ეჭვქვეშ დააყენეს.

მუჰამადი რჩევას ოსმანსა და ალის დაეკითხა. პირველმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ჭორი და ცილისწამებაა. ალიმ კი უფრო ფრთხილი პოზიცია დაიკავა და ურჩია მოციქულს, ამბის შედეგთა მოგვარებისათვის გარჯილიყო (აიშამ შემდგომში ალის ეს ვერაფრით აპატია). მაგრამ რა უნდა ექნათ? თვითმხილველები არ არსებობდნენ. ამიტომაც, უნდა მოქცეულიყვნენ ისე, როგორც ყველა დროში ყველა საღი ადამიანი მოიქცეოდა: ან უნდა დაეჯერებინათ აიშას მონათხრობი, ანდა იგი გამოგონილად მიეჩნიათ. მაგრამ მისი არც ბრალისა და არც უბრალოების დამტკიცება ამით არ შეეძლოთ. რასაკვირველია, ეს მუჰამადსაც კარგად ესმოდა. იგი აიშასთან მივიდა და უთხრა: „შენც კარგად იცი, ხალხი შენზე რასაც ლაპარაკობს. გეშინოდეს ალაჰისა. თუ დამნაშავე ხარ, მოინანიე და ალაჰი შეიწყნარებს სინანულს იმისას, ვისაც ღვთისა ეშინია.“

აიშა დუმდა. შემდეგში იგი ყვებოდა, რომ იმედი ჰქონდა, მის მაგივრად მუჰამადს პასუხს მისი ოჯახის წევრები გასცემდნენ, მაგრამ მათ რომ ხმა არ ამოიღეს, ქალმა თვითონვე დაიწყო კივილი და დაიძახა:

-ალაჰსა ვფიცავ, არასოდეს დამჭირდება თავისმართლება იმის გამო, რაზეც ლაპარაკობ. შველას არსაით ველოდები! თუ დანაშაულს ვაღიარებ, ღმერთმა ხომ იცის, რომ უბრალო ვარ. ხოლო თუ ყველაფერს უარვყოფ, სულერთია, მაინც არავინ დამიჯერებს. ამიტომაც, იოსების მამის მსგავსად (აიშას სიტყვებით, იმ წუთას, იაკობის სახელი ვერაფრით გაიხსენა და იძულებული გახდა, იგი ასე მოეხსენიებია) ისღა დამრჩენია, ვთქვა: „დათმენა მშვენიერი! მარტოოდენ უფალია ქომაგი ჩემი!“

ქალის სიტყვებს საშინელი დუმილი მოჰყვა. მაშინ მუჰამადი წინასწარმეტყველურ ექსტაზში ჩავარდა. იგი ჩაათბუნეს და თავქვეშ ბალიში ამოუდეს. რამდენიმე ხანს უგონოდ იწვა. თვალი რომ გაახილა, ტანიდან სახვევი შემოიხსნა, წამოჯდა, შუბლიდან ოფლის მსხვილი წვეთები მოიწმინდა და დაიძახა: -აიშა, გიხაროდენ! ჭეშმარიტად ალაჰმა განაცხადა უმანკოება შენი! დაბნეულმა აიშამ მხოლოდ იმის თქმა მოახერხა, მადლობა ალაჰსო.

ამის შემდეგ მუჰამადმა შეკრიბა თავისი მიმდევრები და მათ იმ გამოცხადების შესახებ ამცნო, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით უფლისგან მიიღო.

გამოცხადების ეს ფრაგმენტი შესულია კანონიკური ყურანის XXIV სურაში. იგი ბრძანებს, რომ ყოველი, ვინც გათხოვილ ქალს ბრალს დასდებს მრუშობაში და თავისი სიტყვების დამადასტურებლად ოთხ მოწმეს (თვითმხილველს) ვერ მოიყვანს, სამოცდაათ როზგს მიიღებს.

აიშას ორი ცილისმწამებელი ამ სასჯელს ვერ ასცდა. ერთერთი მათგანი იყო ცნობილი პოეტი ჰასან იბნ საბითი. ამის მიუხედავად, ჰასან იბნ საბითს კარგად ესმოდა, რომ ხელს არაფრით მისცემდა იმ ქალთან მტრობის გაგრძელება, ვისთვისაც უწინ შეურაცხყოფა მიეყენებინა და ვინც მალევე მოახერხა თავის ქმარზე ადრინდელზე უფრო დიდი გავლენის მოპოვება. ამიტომაც, იმის მაგივრად, რომ ქალზე კვლავაც სატირული ლექსები ეწერა, ჰასან იბნ საბითმა, პირიქით, მას გონიერება, სიკეთე და განსაკუთრებით, უმანკოება შეუქო, რაც, თავის მხრივ, აიშამ დიდად დაუფასა. ამ ლექსისათვის ზეიდ იბნ საბითს ბოდიშის მოხდა აღარასოდეს დასჭირვებია. პირიქით, სწორედ ეს ლექსი გამოადგა, რომ დარჩენილი ცხოვრება აეწყო.

საქმე მოგვარდა. ამ ამბისაგან კი სამომავლოდ ის საკვირველი კანონიღა შემორჩა, რომლის თანახმადაც, გათხოვილი ქალის ბრალეულობის დადასტურებას ოთხი თვითმხილველი ესაჭიროება, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ქმარი თავის ცოლს დანაშაულზე პირადად წაუსწრებს. ამ შემთხვევაში კაცის ხუთჯერადი ფიცი საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევა (შდრ: ყურანი, XXIV, აია 7-8).

ამას გარდა, მუსლიმურ სამყაროს ამ ამბისაგან დარჩა ზემოთქმულზე უფრო მნიშვნელოვანი წესი, რომელიც დღემდე სხვადასხვა მუსლიმურ ქვეყანაში მეტ-ნაკლები ინტენსივობით მოქმედებს, და რომელიც ქალის ჩაცმულობის საგანგებო ყაიდას ეხება. თუმცა, ყურანში ქალის ჩაცმის სტილი და მანერა დაწვრილებით არ არის განხილული და ამ თემასთან დაკავშირებით, მუსლიმთა საღვთო წიგნი მხოლოდ ზოგადი ფრაზებითა და რამდენიმე საკმაოდ ბუნდოვანი მინიშნებით იფარგლება, რომელთა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია შეიძლება. ამიტომაც, სხვადასხვა მუსლიმურ ქვეყანაში სხვადასხვაგვარი „ჰიჯაბი“, ე.წ. ჩადრი გამოიყენება.

მაგალითად, დღევანდელი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში „ჰიჯაბი“ გრძელი, საწვიმარ ლაბადის მაგვარი, ე.წ. „მანთო“ და ერთგვარი თავსაბურავია, რომელსაც „მაყნას“ ეძახიან. „ჩოთორს“ კი (საიდანაც, სხვათა შორის, ქართული „ჩადრი“ მომდინარეობს) იქ „მანთოზე“ ზემოდან შემოსახვევ მოსასხამს უწოდებენ, რომელსაც განსაკუთრებით რელიგიური, ანდა ის ქალები ატარებენ, სხვადასხვა მიზეზით (ძირითადად, სასწავლებელ ანდა სამუშაო ადგილას, მომგებიანი იმიჯის შესაქმნელად), საკუთარი ღრმად მორწმუნეობის ხაზგასმა რომ სწადიათ.

ყოველ შემთხვევაში, ჩემი ირანში ცხოვრების მანძილზე, ნებისმიერი დონის, სოციალური წრისა თუ განათლების ოჯახში ვყოფილვარ, და ყველგან, როგორც კი ზღურბლს გადააბიჯებდა, ქალი სახლ-კარის სრული ბატონ-პატრონი და ერთპიროვნული განმკარგველი ხდებოდა, რომლის მითითებებსაც სამზარეულოში მოფუსფუსე ქმარი ხმის ამოუღებლად და მორჩილად ასრულებდა.

სამზარეულომ ირანის სატირულ-იუმორისტულ ჟურნალში - „გოლ აყა-ში“ გამოქვეყნებული ერთი კარიკატურა გამახსენა, რომელსაც თავში ირანული სერიოზული ჟურნალიდანვე ამოღებული ციტატი უძღვოდა: „ჩვენს ქვეყანაში ქალი უკიდურესად იჩაგრება“, კარიკატურაზე კი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ბინის მისაღები და სამზარეულო ეხატა. მისაღებში ფეხიფეხზე გადაჯვარედინებული, გემოვნებით ჩაცმულ-გამოპრანჭული ქალი წიგნს ჩასჩერებია, გვერდით ყავის ფინჯანი და საფერფლე მოუდგამს, კითხულობს და ამქვეყნისა არ არის. სამზარეულოში კი ქმარს ცალი ხელით ერთი ბავშვი უჭირავს, ცალი, თავისუფალი ხელით ჭურჭელს რეცხავს, ყელზე და კისერზე კიდევ ორი ბავშვი ებღაუჭება და მისავათებული, თავისთვის, ჩუმად, ძლივს გასაგონადღა დუდუნებს: „კიდევ კარგი იჩაგრება, თორემ რომ არ იჩაგრებოდეს, რა მეშველებოდა?!“

0x01 graphic

სხვათა შორის, თანამედროვე ირანის პოპულარიზაციას ხელი დიდწილად ქვეყნის თავისებურმა კინემატოგრაფმაც შეუწყო. თუმცა ეს ფილმები მაინც უცხოურ პუბლიკაზეა გათვლილი და იმდენად ირანის ამსახველი არ არის, რამდენადაც დასავლეთისათვის გასაგები და მისაღები აქცენტების დასმას ემსახურება. პრაქტიკულად კი, რეალური აღმოსავლეთის ნაცვლად, ეგზოტიკურ, ევროპელთა წარმოდგენას შეხამებულ გამოგონილ მხარეს გვთავაზობს.

თითქმის ასეთივე მდგომარეობაა იმ უცხოურ ფილმებთან დაკავშირებით, რაც დღეს ირანულ კინობაზარზე შემოდის, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თუ დასავლეთში გატანილი და აღიარებული ირანული ფილმები წინასწარ რეჟისორის ან დამდგმელი ჯგუფის მიერ იმგვარადაა ჩაფიქრებული, რომ როგორმე ფულიან დასავლეთს თავი მოაწონონ, ირანში შემოსული უცხოური კინემატოგრაფი მკაცრ იდეოლოგიურ ცენზურას გადის და, საბოლოოდ, ვთქვათ, საათნახევრიანი ფილმიდან იმდენი იჭრება, რომ შეიძლება ორმოცი წუთი ან ნახევარი საათი დარჩეს და მაყურებლის ფანტაზიაზე ეკიდოს იმის წარმოდგენა, თუ პიკანტური ან სასიყვარულო სცენების შემდგომ, სიუჟეტი როგორ ვითარდება.

აქვე საგანგებოდ მინდა აღვნიშნო ირანული დუბლაჟის განსაკუთრებულად მაღალი დონე, რომელიც საბჭოთა კავშირისას რუსულად დუბლირებულ ფილმებს გაგახსენებთ და შეგეცოდებათ ჩვენი მაყურებელი, დღემდე იძულებული რომაა ყური უგემოვნო და, ხშირ შემთხვევაში, არაპროფესიულ სინქრონს მიადევნოს.

მახსოვს, ირანში ახალჩასული, რომელიღაც ფრანგული ფილმის სანახავად წავედი, მის შინაარსს კი ვერაფერი გავუგე და არა მხოლოდ იმ ცენზურული „დაჩეხილობის“ გამო, რის შესახებაც უკვე მოგახსნეთ, არამედ იმიტომ, რომ ფილმის პირველივე კადრში ალენ დელონი რომ გამოჩნდა და სპარსულად დაიწყო ლაპარაკი, რომი შნაიდერს რომ მოუხმო: ხანუმ, ერთი აქეთ მოიწიო, ამ ამბავმა ჩემზე ისე იმოქმედა, ისეთი ფსიქოლოგიურ-კულტუროლოგიური შოკი მივიღე, მეტი აღარც არაფერი გამიგია.

არადა, ყველაფერი მიჩვევის ამბავია, თორემ, ვთქვათ, იმავე ალენ დელონის რუსულ დუბლაჟს თვალსა და ყურს ძალიან ჩვეულებრივად ვადევნებდი და მეხამუშებოდა კი არა, მეგონა, რომ ყველა უცხოელ მსახიობს, რატომღაც სრულიად ბუნებრივად, სწორედ რუსულად უნდა ემეტყველა.

სპარსული ენის სიტკბოზე ქართველებს არა თუ ჩემნაირ უბრალო მოკვდავთაგან, თვით დიდებულ ქართველ მეფეთაგანაც კი ბევრი სმენიათ და ამიტომ ამ თემაზე სიტყვას მეტად აღარ გავაგრძელებ. უბრალოდ, რადგან ლაპარაკი ლიტერატურაზე ჩამოვარდა, აუცილებლად უნდა ითქვას ერთი რამ: თვით უმდიდრეს ორიგინალურ სპარსულ მწერლობას რომ თავი დავანებოთ, დღეს ამ ენაზე იმდენი იწერება და ითარგმნება, თავისდაუნებურად, იმდენი ხალხი მუშაობს მის სრულყოფასა და დახვეწაზე, რომ ამჟამად სპარსული ერთი ყველაზე მოქნილი და თანამედროვე მოთხოვნათა შესაფერისი ენაა.

ეგეც არ იყოს, სპარსელს გენეტიკურად მოსდგამს ლაპარაკის, დახვეწილად საუბრის ნიჭი. იგი შაქარყინულივით აგემოვენებს თითოეულ სიტყვას და ჩვეულებრივ, ყოფით თემებზე ბაასისას ისეთ მხატვრულ სახეებს გადმოგიშლის, რომ ჯერ ეს მხატვრული სახეები უნდა ამოშიფრო და მერე ის გაიაზრო, რას როგორ გეუბნება.

ირანში დღემდე არსებობს „ზრდილმეტყველების“ მეტად თავისებური ინსტიტუტი, ე.წ. „თააროფი“ და თუ ამ უცნაური მეტაენისა არაფერი გაგეგება, სპარსული რაც არ უნდა კარგად იცოდე, ირანელი, როგორც უზრდელს, ლაპარაკს დიდხანს მაინც არ გაგიბამს. „თააროფი“ ძირითადად გულისხმობს და გვასწავლის იმას, შენთვის ნათქვამ კომპლიმენტსა თუ კეთილ სიტყვას რა პასუხი უნდა მიაგებო. მაგალითად: როცა გეუბნებიან, რომ სპარსულად კარგად ლაპარაკობ ან ლამაზად გამოიყურები, შენ უეჭველად უნდა უთხრა: „თქვენი თვალები ლამაზად ხედავენო“ ან კიდევ: როცა რომელიმე ქალბატონი შემთხვევით ზურგით აღმოჩნდება და ამის გამო საზოგადოებას ბოდიშს მოუხდის, როგორც წესი, ზრდილობიანი კაცი მიუგებს: რას ბრძანებთ, ქალბატონო, ვარდს ზურგი და პირი არა აქვსო!

თუ მართალია ის ამბავი, რომ ქალს, ძირთადად, ყურებით (და ყურებმადე) უყვარდება, ამ სიტყვების გაგონებაზე, არა მგონია, რომელიმე ხანუმმა თავი ძალზე დაჩაგრულად და უბედურად იგრძნოს.

„თააროფის“ ინსტიტუტში შედის საზოგადოებაში მოქცევის საუკუნეობით ჩამოყალიბებული წესი, რომელიც იმდენად მკაცრია და ზოგჯერ ისეთ კომიკურ ელფერს იღებს, რომ უცხოელისათვის არაბუნებრივად და, უფრო მეტიც, პირფერობად გამოიყურება. ამ უხერხულობას ზოგჯერ თავად ირანელებიც გრძნობენ, თორემ სხვა შემთხვევაში ეს ანეკდოტი არ შეიქმნებოდა:

ირანელს ტყუპები ეყოლა. მშობიარობა კი ორ დღეს გაუგრძელდა იმიტომ, რომ ძმები ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ: ჯერ შენ მიბრძანდი, არა, ბატონო, ჯერ შენ მიბრძანდიო.

მახსოვს, ერთხელ ავად გავხდი და ორი კვირა უნივერსიტეტში ვერ ვიარე. როცა მივედი, ერთმა ჩემმა კურსელმა მითხრა: „ნამდვილ თოვლის პაპად იქეცი. წელიწადში ერთხელ მოდიხარო.“ მერე კი თავისთან, სტუდქალაქში დამპატიჟა და ყველა ის ლექცია დამაზუთხა, რაც ავადმყოფობის გამო გამოვტოვე.

სხვათა შორის, ირანელი სტუდენტის ცოდნისმოყვარულობა და პუნქტუალურობა კიდევ ერთი განსაკუთრებული თემაა. ლექტორისა და სტუდენტის ურთიერთობა აქ შუასაუკუნეთა მოძღვარ-შეგირდის დამოკიდებულებას მოგაგონებთ. ირანელი ახალგაზრდობა ხარბად ისრუტავს ყველაფერს, რასაც ასწავლიან და ხშირად, ლექციის მერეც კი არ ეშვება საყვარელ მასწავლებელს. დასვენებებზე გუნდ-გუნდად დაჰყვებიან ყველა ლექტორს და უამრავი შეკითხვით, ამოსუნთქვის ნებას არ აძლევენ.

ირანელისთვის პოეზია მთელი ცხოვრება, ყოფასთან დამოკიდებულება და სამყაროს აღქმის წესია. აქ არის აკუმულირებული მთელი მისი შემოქმედებითი ენერგია თუ ეროვნული ხასიათი და ყოფისაგან ძალადაშრეტილი პოეზიიდანვე იღებს ახალ სასიცოცხლო ნიშატს და ენერგიას.

სპარსელების ეროვნული ხასიათი კი, ჩემი აზრით, ყველაზე მკვეთრად XI საუკუნის ირანელი მისტიკოსის, აბუ საიდის ერთ რობაიში ჩანს, რომელიც წლების წინათ ქართულად გადმოვიღე:

„მკითხა: სად არის სატრფო, ხსნა თუ სიყვარულშია?

ვუთხარ: ამ გულში, განა სადღაც დაკარგულშია.

- გული სადღა გაქვს? - მკითხა. ვუთხარ: სატრფოსთან არის,

- სატრფო სად არის? - მკითხა. ვუთხარ: სატრფო გულშია.“

ერთ-ერთი გავლენიანი ირანელი პოლიტოლოგი, ბუშის ჩვენს ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ, თავის მთავრობას პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოსთან ყოველგვარი დიპლომატიური ურთიერთობა გაეწყვიტა და ამბობდა: დღეს ამერიკის პირდაპირი აგრესია ირანისათვის ისე საშიში არ არის, როგორც საქართველოდან და საქართველოს გავლით ჩვენკენ წამოსული ინიციატივები. ჩვენ რევოლუციის ექსპორტიორები არ გვჭირდება და ვარდებიც თავზესაყრელად გვაქვს, ამიტომ კარგი იქნებოდა, ბატონი სააკაშვილი, ირანში ვიზიტისას, ფერეიდნის მაგივრად, შირაზში მოგვეპატიჟებინა და აქაური ვარდები საკუთარი თვალით ენახა, რომელიც ჰოლანდიურსა და ამერიკულს ბევრად სჯობიაო.

სხვათა შორის, ამ პოლიტოლოგის განცხადებაში, სხვა ყველაფერთან ერთად, ქართველთა და ირანელთა ერთი განმასხვავებელი ნიშანიც მკაფიოდ იკვეთება: ქართველი დახმარებას მუდამ გარედან ელის და ჰგონია, რომ მისი გასაკეთებელი უეჭველად ვიღაც სხვამ უნდა გააკეთოს, ირანელი კი თვითონ ზრუნავს თავის პრობლემებზე და თვით ვარდებიც კი სამამულო წარმოებისა ურჩევნია... მით უმეტეს, შირაზში მართლაც შესანიშნავი ვარდებია და თუ ვინმე ზურგით ჯდომას მისაყვედურებს, ვეტყვი, რომ ვარდს ზურგი და პირი არა აქვს...

ქაიროში ყოფნისას, ერთი უცნაური რამ გავიგე, თუმცა არ ვიცი, რამდენად მართალია: თურმე, ვისაც აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებში სამი წელი მაინც უცხოვრია, კანადისა თუ რომელიღაც დასავლური ქვეყნის სასამართლოში მოწმედ გამოსვლის ნება აღარა აქვს.

ამ ინფორმაციის სიმართლეში ეჭვი საფუძვლიანად მეპარება, მაგრამ ვინ იცის, ეგებ მართალიც იყოს, მით უმეტეს, როცა კაცი აღმოსავლურ სიცხეში ზანტი აქლემივით რწევარწევით წამომართულ მირაჟს დაინახავს, იმას ჭკუა მართლაც აღარ მოეკითხება, რადგან ეს კაცი მერე გამუდმებით ჩაჰკითხავს საკუთარ თავს: ის კი ნამდვილია, რასაც მართლა ხედავს თუ ესეც, მირაჟისა არ იყოს, მიახლოებისთანავე გაუქრება.

ეს ტექსტი ჩემი თეირანში სამწლიანი ცხოვრების ერთერთი მირაჟია. გულთან ძალიან ახლოს ნუ მიიტანთ, ხელიდან არ გაგისხლტეთ...

გოლი თარაყი: ღმერთმა ნუ ქნას, მთელი მსოფლიო ერთნაირი იყოს...

ავტორი: გიორგი ლობჟანიძე
ფოტო: დავით მესხი

0x01 graphic

მე რომ პატარა ჟურნალისტი ბიჭუნა ვიყო, წერილს ალბათ ასე დავიწყებდი: იგი ძალიან ჰგავს თავის ნაწერებს - გულწრფელია, კაცთმოყვარე და ემოციური.

მაგრამ არც ჟურნალისტი ვარ და, ვაი რომ, არც ისეთი პატარა გახლავართ, არ მესმოდეს, რა საშიშია მწერლის გულწრფელობა, როცა ის ცხოვრებისეული თამაშის ნაწილი ხდება, როცა მწერალი ნიღაბივით ირგებს მასზე შექმნილ საზოგადოებრივ წარმოდგენას და თვითონვე გულმოდგინედ უწყობს ხელს, ხალხმა ნიღბის სწორედ ეს მხარე, ეს ნაწილი დაინახოს. მოკლედ, უმრავლეს შემთხვევაში, თუ გინდა რომ მწერალი გიყვარდეს, სამწუხაროდ, მას პირადად არ უნდა იცნობდე, თორემ შეიძლება ხელში თავისი ნაწერისაგან რადიკალურად განსხვავებული „მეწვრილმანე“ შეგრჩეს.

ასეთი შესავლის მიუხედავად, უნდა ვაღიარო: ბედნიერი ვარ, რომ გოლი თარაყი - თანამედროვე ირანული პროზის ოსტატი და არაჩვეულებრივად საინტერესო მწერალი ქალი პირადად გავიცანი. ეს ბედნიერება კი, ჩემთან ერთად, ცოტა ხნის წინ ძალიან ბევრ ქართველს მიანიჭა გამომცემლობა „დიოგენემ“.

ქალბატონი თარაყი საფრანგეთში ცხოვრობს, მაგრამ თავის ნაწერებს პრინციპულად მხოლოდ მშობლიურ ირანში აქვეყნებს, რადგან თავისი ნამდვილი მკითხველი და გულშემატკივარი, მის მიერ წერისას პირობითად ნაგულისხმევი აუდიტორია, უპირველესად საკუთარ სამშობლოში ეგულება. მოგზაურობით კი ბევრს მოგზაურობს და ამიტომაც, საქართველოში ჩამოსვლა შესთავაზეს თუ არა, მიპატიჟება უყოყმანოდ მიიღო და იმ მხარისაკენ გამოეშურა, რომლის შესახებაც ბავშვობიდან ბევრი რამ სმენოდა და მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოს მის წარმოსახვაში რაღაც მითიური, ზღაპრული ელფერი გადაჰკრავდა. ეს რომ მართლაც ასეა და მიუხედავად ჩვენი ქვეყნების გეოგრაფიული სიახლოვისა, ირანელებს საქართველოზე მაინც ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა რომ აქვთ, ქალბატონი გოლის თეირანში მცხოვრები ძმის დაჟინებაც მიგვახვედრებს, რომელმაც ცხელი მაისის ბოლოს დას ურჩია, საქართველოში თბილი ტანსაცმელი წამოეღო: იქ ორმოცგრადუსიანი ყინვებია და თუ შესაბამისად არ ჩაიცვი, შეიძლება სიცივისგან სულიც გააცხოო. საქართველოში ჩამოსულ მწერალს კი აქ თეირანზე უფრო მწველი სიცხე დაუხვდა...

- უნივერსიტეტში თქვენთან გამართულ შეხვედრაზე ბრძანეთ, რომ ის ადამიანი ხართ, რომელსაც ორ სამყაროს შორის ცხოვრება უხდება. ორ სამყაროში დასავლეთსა და აღმოსავლეთს გულისხმობდით, რამდენადაც უკვე კარგა ხანია ევროპაში, საფრანგეთში ცხოვრობთ და შეგიძლიათ, დასავლეთიც, დასავლური ფასეულობებიცა და მშობლიური ირანიც, მისი კულტურაც შიგნიდან შეაფასოთ.

როგორ ფიქრობთ, ამ ორ სამყაროს შორის მართლა ისეთი ღრმა უფსკრულია, როგორც კიპლინგი ამბობდა, თუ არსებობს მთავარი, უხილავი და სათუთი ძაფები, რაც მაშრიყსა და მაღრიბს აკავშირებს?

- დღევანდელი მსოფლიო, იმავე კიპლინგის ეპოქასთან შედარებით, წარმოუდგენლად დაპატარავდა. ტექნიკის განვითარებასთან ერთად, ძველად არსებული მანძილი გაქრა და ამან ხალხთა დაახლოებას შეუწყო ხელი. განსხვავებული კულტურები უფრო ახლოს გაეცნენ ერთმანეთს და ერთურთისაგან ბევრი რამ შეითვისეს. ახლა თქვენ თუნდაც ტელევიზიის საშუალებით შეგიძლიათ კავშირი მთელ მსოფლიოსთან იქონიოთ. თუმცა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის განსხვავება ხალხის ბუნება-ხასიათში დარჩა და შეუძლებელია, რომ ისინი ერთმანეთს ტყუპისცალებივით დაემსგავსონ. უბრალოდ, დღეს დასავლეთსაც და აღმოსავლეთსაც უფრო მეტი ინფორმაცია აქვს ერთმანეთზე და ერთურთი წინანდელზე უკეთესად გაიცნეს. ხალხი სწავლობს სხვათა ენებს. მე თვითონ ამდენი ხანია საფრანგეთში ვცხოვრობ, ბევრი ფრანგი მეგობარიც მყავს, მაგრამ არ შემიძლია ვთქვა, რომ ფრანგები ირანელებს გვანან. თუმცა მე მათ ისეთებს ვიღებ და ისეთები მიყვარს, როგორიც არიან. ღმერთმა ნუ ქნას, გახმთელი მსოფლიო ერთნაირი იყოს, სიმდიდრე ხომ სწორედ განსხვავებულობაა. მთავარია, ეს ორი სამყარო ერთმანეთს ომს ნუ დაუწყებს და ჯიბრში ნუ ჩაუდგება, თორემ გაცნობასა და სიახლოვეს წინ რა უდგას? მთავარია, არცერთ მხარეს მეორის დაჩაგვრა და საკუთარი უპირატესობის მტკიცება არ მოუნდეს...

სამწუხაროდ, ჩვენ - ირანელებს თვითკმარობისა და ჩაკეტილობისაკენ სწრაფვა გვახასიათებს. საფრანგეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულენი, როგორც კი ათი-თორმეტი ადამიანი ერთად შევიყრებით, სხვების გაგონებაც აღარ გვინდა. მეგობარი ფრანგები ხშირად მსაყვედურობენ, ირანელები თვითონვე უწყობთ ხელს საკუთარ განცალკევებას, უცხოელებს ახლოს არ გვიკარებთო და მართლებიც არიან. ირანელებს მხოლოდ ერთმანეთთან კონტაქტი გვსიამოვნებს, გვინდა, ჩვენთვის, მშვიდად ჩამოვსხდეთ და მშობლიურ ტკბილ სპარსულზე ვისაუბროთ...

- შეიძლება, ეს იმიტომაც ხდება, რომ თქვენ უცხო ქვეყანაში ცხოვრობთ და სამშობლოსთან, მშობელ მიწა-წყალთან კავშირს სწორედ ამგვარად ინარჩუნებთ...

- შეიძლება, მაგრამ მეტისმეტი არაფერი ვარგა. თანაც, ჩვენ დასავლელებისაგან უამისოდაც ძალიან განვსხვავდებით. მე ერთი ფრანგი მეგობარი მწერალი ქალი მყავს

- არაჩვეულებრივი, თბილი, მოსიყვარულე ადამიანია და ისე ახლოს ვართ, რომ ხშირად მითქვამს, ფრანგი კი არა, ირანელი მგონიხარ-მეთქი. მაგრამ როცა ეს ჩემი მეგობარი ირანში მივიპატიჟე, ჩვენ შორის განსხვავება სწორედ მაშინ აღმოვაჩინე. ეს კი დროსა და დისციპლინასთან ჩვენი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება გახლდათ.

იმ მოგზაურობისას, ჩემს მეგობარს თან ირანის შესახებ წიგნი წამოეღო. გამუდმებით კითხულობდა, თავისთვის რაღაცას ინიშნავდა და უნდოდა, ყველაფერი ენახა. პირველად რომ მითხრა, დილის შვიდ საათზე გამაღვიძეო, მე გაოცებულმა ვკითხე, რა გეჩქარება-მეთქი. იმას კი პირზე მუდამ ერთადერთი ინგლისური სიტყვა ეკერა - „ქვიქლი“ - ჩქარა, სწრაფად - სიტყვა, რომელსაც ირანელის ლექსიკონში ძნელად თუ წააწყდებით. სპარსული კულტურა, სიზანტის, სიზარმაცის, დუნე აუჩქარებლობის კულტურაა.

როცა კი სადმე წავიდოდით, მე მუდამ გრილოში ჩამოჯდომას ვთავაზობდი, სადმე ჩამოვსხდეთ, ჩაი დავლიოთ და ვისაუბროთ-მეთქი. ის კი გამუდმებით საათს დასცქეროდა და დროზე, წუთებზე იყო მიჯაჭვული. მაშინ ვუთხარი: თუ გინდა ირანის მუღამი გაიგო, საათი მოიხსენი და გადააგდე, რადგან აქ დრო გრძელია, დუნეა, გაწელილია-მეთქი. თუმცა მე თვითონ სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, დროსთან ჩემი და რომელიმე გერმანელის დამოკიდებულება ერთმანეთისაგან როგორ განსხვავდება!

მაშინ იმ ჩემს მეგობართან ერთად ქაშანშიც წავედით. ქაშანის სახელგანთქმულ ბაღში რომ შევედით, იგი რაღაცეებს მეკითხებოდა და პასუხებს აჩქარებით ბლოკნოტში ინიშნავდა. მე ვიდექი და ბუნებით ვტკბებოდი. თავს ფოთლების შრიალითა და წყლის რაკრაკით ვიქცევდი... მისთვის კი მთავარი ინფორმაცია იყო - აქაურობა როდის აშენდა, ვინ ააშენა და ამგვარი მაზალო რამეები... ჩვენ ირანელებს ინფორმაცია არასოდეს გვაინტერესებს. ინფორმაციის, გონების ხალხი არა ვართ, ტკბობის, გულის ხალხი ვართ. გულის სიღრმეებში ვიძირებით და გამუდმებით ვნეტარებთ...

- თქვენ დიდი ხანია საფრანგეთში ცხოვრობთ, მაგრამ თქვენს ნაწერებს პრინციპულად ირანში აქვეყნებთ. როგორც ჩანს, ცენზურა იქ არც ისე მკაცრია, თუ უბრალოდ სწორია აზრი, რომ მწერალს ცენზურა კიდევაც სჭირდება, რათა სათქმელისა და ფორმის ურთიერთშეთავსებაზეც იფიქროს და საკუთარ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზეც.

გარდა ამისა, ირანისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ქართულ სინამდვილეში გავრცელებული ერთი ტენდენციაც, მე, პირადად, ცენზურის გარკვეული სახესხვაობა მგონია. ვითარება, როცა მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მეოხებით ხდება ავტორთა ხელოვნური გადარჩევა.

- თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილი არ მგონია მთლად ცენზურას უკავშირდებოდეს. ეს უფრო გარკვეული საზოგადოებრივი მოვლენაა, რომელიც ირანშიც და დასავლეთშიც ერთნაირად გავრცელებულია. თუმცა დასავლეთში საქმე ცოტა სხვაგვარადაა, რადგან იქ მწერალი წიგნიდან წიგნამდე იზრდება, თავისთავზე მუშაობს და პოპულარობა მოულოდნელად არსაიდან ატყდება... ამა თუ იმ ადამიანისათვის სახელის მოხვეჭაში პრესა და ტელევიზია დიდი როლს თამაშობს, მაგრამ პოპულარობა საბოლოოდ შეიძლება ძალიან საშიში და დამღუპველი აღმოჩნდეს.

ირანში მწერლის პოპულარობის მიზეზები კი ევროპული ვითარებისაგან მეტწილად რადიკალურად განსხვავდება. მაგალითად, ჩვენში რომელიღაც წიგნი ხშირად ძალზე გახ მაურდება ხოლმე, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი წიგნია, მაინც რაღაც პრემია მიიღო. პრემია კი იმიტომ მისცეს, რომ ავტორის რამდენიმე ნაცნობმა კრიტიკოსმა მასზე სახოტბო რეცენზიები „აღავლინა“. ამის შემდეგ საბრალო მწერალი, რომელიც ისედაც რიგიანი ლიტერატორი ვერ არის, თავის თავზე ფუყე, მცდარ წარმოდგენას იქმნის და მისი შემდგომი ნამუშევრები, რომ იტყვიან მტრისასო, ისეთია...

ამდენად, პოპულარობა ძალზე საშიში შეიძლება იყოს, ხელისშემშლელი და დამაბრკოლებელი... რადგან ადამიანი უნდა ცდილობდეს, რომ თანდათანობით უკეთესობისაკენ წავიდეს. ნამდვილი მწერალი, ვთქვათ ისეთი, როგორიც XX საუკუნის დიდი ირანელი პოეტები - ფორუყ ფაროხზადი და სოჰრაბ სეფეჰრი იყვნენ, მუდამ იმის ცდაშია, სიახლე იპოვოს და შემოქმედებითად განვითარდეს. მაგალითად, იმავე ფორუყ ფაროხზადთან ვხედავთ, დასაწყისიდან დასასრულამდე როგორ მიაბიჯებდა მაღლა-მაღლა და თანდათანობით, დიდი შრომითა და ცხოვრებისეული გამოცდილებებით იხვეწებოდა. თუ მის შემოქმედებას თანამიმდევრულად წავიკითხავთ, შევნიშნავთ, რომ პოეტი გამუდმებით მუშაობს, მუშაობს, მუშაობს საკუთარ თავზე და ზემოთ-ზემოთ მიიწევს. ასეთივე აღმასვლას ვხედავთ სოჰრაბ სეფეჰრის შემოქმედებაშიც...

აქვე არც სხვა ტიპის მწერლები უნდა დაგვავიწყდეს. მწერლები, რომლებიც რაღაც, გარკვეული ზემო ზღვრიდან იწყებენ, მაგრამ მუდმივად იმავე საფეხურზე რჩებიან. ვხედავთ - მათი პირველი წიგნი შესანიშნავია, მეორე კიდევ უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ისინი იქვე დარჩნენ, საიდანაც დაიწყეს...

ჩვენ „თითოწიგნიანი მწერლებიც“ გვყავს. მაგალითად, ფათანე ჰაჯიზადე, რომელმაც ერთი რომანი - „ნაბახუსევის განთიადი“ დაწერა და ამის მეტი აღარაფერი შეუქმნია...

- მაგრამ ეს ნაბახუსევის განთიადი შესანიშნავია...

- კი, ბატონო, ყაბულსა ვარ, თუმცა მე ამ შემთხევვაში სხვა რამეზე გელაპარაკებით. საქმე ისაა, რომ ჰაჯიზადეს მეტი აღარაფერი დაუწერია. არადა, შეეძლო გავითარებულიყო, თავისი ნიჭისათვის სხვაგვარად მოევლო. მაგრამ როგორც ირანელ ქალებს სამწუხაროდ ხშირად ემართებათ, ოჯახური ცხოვრების გაწამაწიამ, დიასახლისის მოვალეობებმა გადაიყოლა და გასაქანი აღარ მისცა, მწერლური ტალანტისათვის მიეხედა.

თანამედროვე ირანული სალიტერატურო პროცესების მეორე დიდი პრობლემა კარგი კრიტიკოსის არარსებობაა, კრიტიკოსისა, რომელიც შეიძლებოდა მწერალს საიმედო მეგზურად მოვლენოდა.

ჩემს ნაწერებს, მაგალითად, კრიტიკა გამუდმებით აქებდა, მაგრამ ჩემთვის არც ამ ქებას მოუცია რამე და არც იმას, ზოგჯერ, „ზრდილობის გულისათვის“, თითო-ოროლა მოთხრობაზე რომ უთქვამთ სუსტიაო. რაკიღა ესეც კრიტიკა კრიტიკისთვის იყო და არა - საქმის ცოდნიდან წამოსული, კონკრეტული დეტალებისა და პერიპეტიების დეტალური გააზრებიდან მიღებული შეფასება. კრიტიკა, თუნდაც ძალზე მწვავე, მიყვარს და ვაფასებ. ოღონდ კი დასაბუთებული იყოს, პროფესიული და ჩემს საქმიანობას რაღაცით წაადგეს.

ასევე ძალზე მნიშვნელოვანია კარგი რედაქტორი, რომლის ნაკლებობასაც დღევანდელ ირანში უმწვავესად განვიცდით და რომლის ფასიც, პირადად, საფრანგეთში გავიგე. ყველა მწერალმა, თუ ის პროფესიონალია, რასაკვირველია, ყველაზე უკეთ იცის, როგორც მწერალმა, სად იზარმაცა, სად რა შეცდომა მოუვიდა, ან ყურადღება სად მოადუნა. ჩემმა ფრანგმა რედაქტორმა ამგვარ იაღლიშებს უცდომლად მიაგნო და სათუთად, ფრთხილად და მაღალპროფესიულად გაასწორა. ირანში კი, სრულიად საპირისპირო ამბავი ხდება. ჯერ რედაქტორი არ არის, ხოლო თუ სასწაული მოხდა და ამ საქმის მცოდნე კაცი გამოჩნდა, რომელიც ავტორს ნაკლზე მიუთითებს და ტექსტის ამა თუ იმ ადგილის გასწორებას შესთავზებს, მწერალი მის აზრს ყურს მაინც არ ათხოვებს, ზემოდან ყურებას დაუწყებს და ეტყვის: შენ საიდანღა გამომიტყვრი? წადი, შენს თავს და საქმეს მიხედეო...

- თქვენი საუბრებისას ადამიანს შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დარჩენოდა, რომ ფემინისტი და, უფრო მეტიც, მამაკაცთა მოძულე ბრძანდებით. ნუთუ ჩვენს ცხოვრებაში ერთი მამაკაცი მაინც არ გამოჩენილა, რომელიც კაცთა მოდგმაზე აზრს შეგაცვლევინებდათ და მათ მიმართ სიმპათიით განგაწყობდათ?

- მგონი, უბრალოდ, არასწორად გამიგეთ. მე გუშინ ირანელი მწერალი ქალების მდგომარეობაზე ვსაუბრობდი, რომელიც ჩემი, პირადი მდგომარეობისა და ყოფისაგან რადიკალურად განსხვავდება. მე თვითონ ირანელი კაცისათვის სასაყვედურო არაფერი მაქვს და ისედაც, როგორ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ცუდები არიან, როცა თვითონ შესანიშნავი დაირანელი კაცის დედა ვარ. ჩემი განსვენებული მეუღლეც - ხელოვანი, კარგი რეჟისორი იყო. ისიც მუდმივად მათამამებდა და ჩემს საქმეში არც ჩემი ცხოვრების სხვა მამაკაცები ჩარეულან, არ უცდიათ ჩემთვის თავიანთი აზრი და ნება მოეხვიათ. შეიძლება იმის გამოც, რომ თვითონაც მუდამ ვცდილობდი, დამოუკიდებელი ვყოფილიყავი და პიროვნულ თავისუფლებას ვერაფერში გავცვლიდი. საერთოდ, ჩემთვის ცხოვრებაში ორი რამ იყო და არის მთავარი: შვილები და საქმე. მე ვერასოდეს შევძელი, შვილების მიმართ ყურადღება მომედუნებინა და ამიტომაც, თითქმის ათი წელი, წერაზე საერთოდ ხელი მქონდა აღებული...

- მაპატიეთ, ესე იგი, სიყვარული თქვენთვის მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა?

- სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ შვილების სიყვარული და მათი აღზრდის პასუხისმგებლობა უმთავრესი გახლდათ. ამის გამო, ერთი წამითაც კი არ შემეძლო იმის დაშვება, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩენილიყო მამაკაცი, რომელიც ჩემს შვილებს ზემოდან ყურებას, მბრძანებლობას დაუწყებდა. ეს გამორიცხულია. მე ფეთიანი, შვილებზე კრუხივით გადაფოფრილი დედა ვარ. ეს ალბათ იმანაც გამოიწვია, რომ ბავშვები უმამოდ დავზარდე, ორ უსუსურ ბავშვთან ერთად ცხოვრება კი, უცხოეთში სრულიად მარტოს მომიწია...

რაც შეეხება ჩემს გუშინდელ ლექციას, მე უბრალოდ მინდოდა იმ ვითარებაზე მელაპარაკა, რასაც დღეს ქალთან დაკავშირებით ირანში ვხედავთ. თორემ თვითონ ფემინისტი სულაც არა ვარ. გუშინ ჩემი პირით ირანელი ახალგაზრდა მწერალი ქალები მეტყველებდნენ, რადგან ჩვენი სამშობლო პატრიარქალური ქვეყანაა და ძალიან დიდი, დიდი ხნის მანძილზე, მამაკაცი მწერლები ქალ მწერლებს აინუნშიაც კი არ აგდებდნენ, ყურადღების ღირსადაც არა თვლიდნენ. თუმცა როგორ არა ! - ქალბატონი სიმინ დანეშვარი, რომელიც მწერალ ჯალალ ალ აჰმადის მეუღლე იყო, მუდამ საყოველთაო მოწიწებითა და პატივისცემით გახლდათ გარემოსილი. მაგრამ მე ვნახე, რა უქნეს ფორუყ ფაროხზადს - ქალს, რომელმაც გაბედა ყოფილიყო მართლა თავისუფალი; როგორ აწამებდნენ, როგორ ავიწროვებდნენ, რას აღარ ამბობდნენ ზურგსუკან მის შესახებ... ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, ქალებს, ბრძოლის მეტი, სხვა აღარა დარჩენიათ და ამ პატრიარქალურ, მუსლიმურ ქვეყანაში ქალები მართლაც იბრძვიან ისე, როგორც შეუძლიათ... მაგრამ მე არც ის გრძნობა მაქვს, რაც თქვენ ბრძანეთ და არც ბრძოლისათვის საჭირო გაღიზიანება მახასიათებს; შეიძლება იმიტომ, რომ 15 წლის ასაკიდან უცხოეთში ვცხოვრობ და ჩემი სიცოცხლის უდიდესი ნაწილი იმ ქევყანაში გავატარე, სადაც პატრიარქალური განწყობილებები არცთუ ისე მწვავედ იგრძნობოდა... თანაც მე თვითონ ძალიან კულტურულ ოჯახში დავიბადე. ამ ოჯახში ქალს მომეტებულად უფრთხილდებოდნენ და აფასებდნენ. დედაჩემი კი, ჩვენი ოჯახის სული და გული იყო...

- საერთოდ, ჩემი შთაბეჭდილებით, ირანული ოჯახის უფროსი ქალია...

- ნამდვილად ასეა. მაგრამ მე სხვა სოციალური ფენისა და მდგომარეობის ქალთა შესახებ მოგახსენებდით. დღევანდელ ირანელ მწერალ ქალთა უმეტესობა საშუალო ფენას ეკუთვნის და მათი ნაწერებიდან შესანიშნავად ჩანს, როგორ ზეწოლას განიცდიან ისინი კაცების მხრიდან. მათ მოთხრობებში ჩანს, როგორი დაღლილები არიან ისინი, როგორ იტანჯებიან და როგორ გულსაკლავად ჩივიან ცხოვრებაზე... წერასაც ხომ ხშირად იმის გამო იწყებენ, რომ ამით კაცებს თავიანთი უპირატესობა დაუმტკიცონ. მათ ერთგვარი საპროტესტო მოძრაობა შექმნეს და ცდილობენ, ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით გაილაშქრონ... ასე რომ, მე ჩემს თავსა და მდგომარეობაზე არ მისაუბრია...

- მაშინ მოდით, ახლა ცოტა ხანს თქვენზეც ვისაუბროთ. თქვენი წიგნების მკითხველი, შეუძლებელია, იმ გარემოს მიმართ, სადაც იზრდებოდით, პატივისცემითა და სითბოთი არ განიმსჭვალოს. იმ ეპიზოდების გარდა, რამაც თავი თქვენს ორ წიგნში - გაბნეულ მოგონებებსა და ორ სამყაროში მოიყარა, კიდევ ხომ არ დაგრჩათ რამე მოგონება, რაზეც არ დაგიწერიათ და რის შესახებაც ახლა მოგვიყვებით?

- ადრეც მითქვამს, რომ იმხანად, როცა ხსენებული ორი წიგნის წერა წამოვიწყე, ეს საქმე ჩემთვის ფსიქოანალიზის ერთგვარი, უფრო უკეთ რომ გითხრათ, ერთადერთი სახეობა იყო, რომლის მეშვეობითაც მოძალებული ავადმყოფობისაგან განკურნება მსურდა და ამიტომაც ბავშვობის მოგონებათა გულწრფელ გახსენებას თერაპიის როლი უნდა ეთამაშა. ამდენად, მგონი, რაც მახსოვდა, ყველაფერი დასაზოგადოებავწერე. ერთადერთი, რაც სპარსულ გამოცემაში არა, მაგრამ წიგნის ინგლისურ და ფრანგულ თარგმანში შევიტანე, ჩემი დის სიკვდილის ამბავია. ხუთი წლის რომ ვიყავი, ცამეტი წლის და გარდამეცვალა. დედაჩემი ამას ძალიან განიცდიდა. როცა წიგნს ვწერდი, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ვიცოდი, დედა ჩემს წიგნს უსათუოდ წაიკითხავდა და, ამდენად, ჩემი დის სიკვდილს - ეგებ ყველაზე მნიშვნელოვან ამბავს - თავი შეგნებულად ავარიდე, რომ ისედაც გატანჯული დედისათვის ამით ზედმეტი ტანჯვა აღარ მიმეყენებინა.

ასევე მძიმე იყო მამაჩემის სიკვდილის შესახებ წერა. ამიტომაც „გაბნეულ მოგონებებში“ ამის შესახებ მოკლედ და ნაჩქარევად მოვყევი. თუმცა ხელაჩქარებული ნაწერი, ადამიანი რომ თავიდან უცებ მოიცილებს, არ მიყვარს და ამის გამო ხსენებულ პასაჟებს შემდგომ წიგნში - „ორ სამყაროში“ მივუბრუნდი...

- საინტერესოა, რომ თქვენს მოთხრობებში ეგზისტენციალურ პრობლემებს ეხებით, სიკვდილზე წერას კი, ამა თუ იმ მიზეზით, თავს არიდებთ...

- რაც ზემოთ მოგახსენეთ, ის, შეიძლება ითქვას, გამონაკლისია. ჩემთვის ძალიან მტკივნეული ამბები, რომელთა აღსაწერადაც საკუთარ თავში ძალას ვერ ვპოულობდი. თორემ ისე, თითქმის ყველა ჩემს მოთხრობაში სიკვდილის თემას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემას ვეხები. მაგალითად, თუ გახსოვთ, იმავე „გაბნეულ მოგონებებში“ დედისძმაზე ვწერ, რომელსაც ჭლექი სჭირდა, ზემო სართულზე ცალკე ოთახში ეწვინათ და უვლიდნენ. ბავშვებს ამ ოთახში შესვლას გვიკრძალავდნენ. მე კი ერთხელ, ერთ-ერთი ჩვენიანის ქორწილისას, უფროსების უყურადღებობით ვისარგებლე, ზემოთ ავიპარე და უჩუმრად ბიძის ოთახში შევედი. ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა სიკვდილთან, რადგან ზემოთ ბიძა თვალდახუჭული იწვა და კვდებოდა (მე მეგონა, უკვე მკვდარია-მეთქი), ქვემოთ კი ქორწილი და ლხინი იყო გაჩაღებული. ამით ისე დავითრგუნე და მთელი გულ-მუცელი ისე ამომიბრუნდა, რომ ქვემოთ როცა ჩამოვბრუნდი, ჩვენებმა იფიქრეს, ავადააო. სასწრაფოდ დამაწვინეს და წამალ-შარბათები მომაშველეს.

საერთოდ, როცა ამ მოგონებებს ვწერდი, ჩემი მიზანი მოგონებათა უბრალო ქრონოლოგიური აღწერა არ ყოფილა. მე ყველა მნიშვნელოვან მოგონებას ცალკე მოთხრობა მივუძღვენი და თითოეულ მოთხრობაში, თქვენი თქმისა არ იყოს, ამა თუ იმ ეგზისტენციალურ პრობლემას შევეხე.

ეს მოთხრობები პატარა გოგონას ზრდის ამბავია, მისი ცხოვრებისეული გამოცდილებები, რომელთაგან ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ სიკვდილთან მისი შეხების გამოცდილებაა. ასევეა „დიდედის ამბავშიც“. გახსოვთ ალბათ, დიდედა რომ ამბობს: ეს საათი ჩვენამდე 150 წელიწადი აქ იყო და ასევე იქნება მას შემდეგ დიდი ხნის მერეც, რაც ჩვენ თვითონ აღარ ვიქნებითო. ეს არის მინიშნება დროისა და სიკვდილ-სიცოცხლის ურთიერთკავშირზე.

ასეთივე რამ ხდება „მამაჩემის ამბავშიც“. მამის სიკვდილმა ფეხქვეშ თითქოს ნიადაგი გამომაცალა. წარმოიდგინეთ ჯან-ღონით სავსე, ვეებერთელა კაცი, რომელიც თავისთავზე ამბობდა: ფოლადისა ვარ, ფოლადს კი ჟანგი არ ეკიდება და სიკვდილი ვერაფერს დამაკლებსო, ერთ მშვენიერ დღეს უზარმაზარი ხესავით წამოიქცა და ამით ჩვენი ტრადიციული ოჯახის - თეირანის ჩრდილოეთით შემირანის უბანში მდებარე სახლის არსებობასაც, ფაქტობრივად, წერტილი დაესვა.

მას შემდეგ დიდმა ხანმა გაიარა, იმ პატარა გოგონამ უამრავი ახლობელი თუ მეგობარი დაკარგა, სიკვდილის გაშინაურება, მის შესახებ ჩვეულებრივი, მშვიდი საუბარი კი ვერაფრით მოახერხა...

- რაკი წეღან გარდაცვლილი მეგობრები ახსენთ, არ შემიძლია XX საუკუნის სპარსული ლიტერატურის ორი კლასიკოსის - ფორუყ ფაროხზადისა და სოჰრაბ სეფეჰრის შესახებაც არ შეგეკითხოთ. ორივე ეს პოეტი ქართულად ჩემი თარგმნილია, და ამიტომაც მათზე თითოეული, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალიც კი მაინტერესებს...

- ფორუყიცა და სოჰრაბიც სპარსული წელთაღრიცხვით... არა, უმჯობესია, ევროპულით გეტყვით... დაახლოებით 1960-62 წელს ერთდროულად გავიცანი. მაშინ ამერიკიდან ირანში ახალდაბრუნებული, სრულიად ახალგაზრდა ვიყავი. იმხანად ჰაჯირ დარიუშზე - ცნობილ ირანელ რეჟისორზე ვიქორწინე. გამოჩენილმა ირანელმა მწერალმა იბრაჰიმ გოლესთანმა თავისთან, შინ მიგვიპატიჟა. იქ მაშინდელი ირანის ინტელიგენცია შეკრებილიყო და ფორუყიცა და სოჰრაბიც მათ შორის აღმოჩნდნენ.

მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და სპარსულადაც, ბუნებრივია, ისე ვერ ვლაპარაკობდი, როგორც იქ, იმ საზოგადოებაში მეტყველებდნენ. თავს ძალზე მარტოსულად ვგრძნობდი, ჩემთვის, ერთ კუთხეში მივიყუჟე და კრინტი არ დამიძრავს. უცებ ფორუყ ფაროხზადი მომიახლოვდა და მიჩურჩულა:

ამათი ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკი ნუ დაგაფრთხობს. ესენი, ძირითადად, სისულელეებს რატრატებენ და იმას, რასაც ამბობენ, შენი დუმილი ათასგზის სჯობიაო.

ფორუყი მაშინ უკვე ცნობილი პოეტი იყო, მის ლექსებს სულმოუთქმელად ვკითხულობდი და ამ სიტყვებს ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

მერე იყო კაფე „ჩათანოფა“ - იმდროინდელი თეირანის ინტელექტუალთა თავშეყრის ადგილი, სადაც მაშინდელი მწერლები, მხატვრები, რეჟისორები თუ მსახიობები იკრიბებოდნენ. ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, იმდროინდელი ყავამ ოსსალთანეს ქუჩაზე მდებარე ეს პატარა კაფე მარტოხელა, ფიქრიან ადამიანთა თავშესაფარიც გახლდათ და შიგნით ისეთი საინტერესო ცხოვრება დუღდა, რომ ეგებ ოდესმე ამ კაფეზე დასაწერადაც მოვიცალო...

ერთხელ, როცა „ჩათანოფაში“ მივედი, ოთახის კიდეში, მაგიდასთან მარტო მჯდომი ფორუყი დავინახე. იმანაც მიცნო და თავის გვერდით მიმიპატიჟა. ჩამოვჯექი და ცოტა სული რომ მოვითქვი, კაფეში მჯდარი ერთი მოხუცი ქალი შევამჩნიე. ყურთან რადიოლა მიედო და თავის გარშემო ვერავის ხედავდა. მისთვის მთელი ქვეყანა, მთელი სამყარო ეს პატარა რადიოლა იყო. იჯდა ნაღვლიანი, ეული და თავმობეზრებული...

უცებ თითქოს ამ ქალში სარკესავით ჩავიხედე და მასში ჩემი მომავალი შევიცანი. ვიფიქრე, ერთ მშვენიერ დღეს მეც ასეთივე მოხუცი და მარტოხელა ვიქნები-მეთქი ამის წარმოდგენამ შემაძრწუნა და ჩემი განცდა ფორუყს გავუმხილე. ფორუყმა მითხრა: გარწმუნებ, ნამდვილი მწერალი ხარ! რასაც ახლა მეუბნები, მშვენიერი ნოველაა, ეგებ ადგე და დაწერო კიდეცო. მე ვიუარე, რას ამბობ, მწერლობა იმხელა პასუხისმგებლობაა, კალმის ხელში აღებას როგორ გავბედავ-მეთქი?! ფორუყმა დაიჟინა: ერთი სცადე, ნახე, რა კარგი გამოგივაო!

სწორედ ფორუყის დაჟინებითა და წაქეზებით დავწერე ჩემი პირველი მოთხრობა, რომელსაც სათაურად „პაემანი“ დავარქვი. მერე ეს მოთხრობა მწერალ სამიმ ბაჰარის გავატანე და ჟურნალ „ფიქრსა და ხელოვნებაში“ დამიბეჭდა.

კაფეს გარდა, ყოველ სამშაბათს ერთ კინოთეატრში ვიკრიბებოდით, სადაც მთელი მაშინდელი მწერლები დადიოდნენ. მოთხრობის დაბეჭდვის შემდეგ, იქ მივედი და მალე ფორუყ ფაროხზადიც გამოჩნდა. გადმომძახა: ყოჩაღ, ძალიან კარგი ნოველაა! ხომ გეუბნებოდი, ნამდვილი მწერალი ხარ-მეთქი!

ამის მერე ფორუყს ხშირად, რეგულარულად ვხვდებოდი და ვხედავდი, რომ იგი ზუსტად თავის ლექსებს ჰგავდა - მათსავით გულწრფელი იყო, ღრმა და ემოციური...

სოჰრაბ სეფეჰრისთან კი უფრო დიდი ხნის მეგობრობა გამომივიდა, რადგან ფორუყი ჩვენი ნაცნობობიდან სამი წლის თავზე, ავარიაში დაიღუპა. მისი გარდაცვალება ჩემთვის ძალზე დიდი დარტყმა და დანაკლისი იყო. იმასაც კი ვამბობდი: მე ყველაფერს ამ ქალისთვის ვწერდი; იმისათვის, რომ მას წაეკითხა; ახლა რა ვქნა, ვიღასთვის ვწერო-მეთქი?!

სეფეჰრისთან კი დიდი ხნის მანძილზე ვმეგობრობდი. თუ წაგიკითხავთ ჩემი მოთხრობა „ჩემი სულის დიდი ქალბატონი“, იქ რომ პოეტი მყავს, ეს სწორედ სოჰრაბ სეფეჰრი გახლავთ. ერთხელ, ქაშანში სეფეჰრისთან სტუმრად ჩავედი და ეს მოთხრობაც მაშინდელი სტუმრობის შთაბეჭდილებებით დაიწერა.

სოჰრაბიც, ფორუყისა არ იყოს, ძალიან ჰგავდა თავის ლექსებს. წარმოგიდგენიათ, ადამიანი რომ მის ლექსებს წაიკითხავდა, და მერე უცებ ერთი უხეში, უზნეო, მატყუარა ადამიანის პირისპირ აღმოჩენილიყო, რა მოუვიდოდა. მაგრამ სოჰრაბი თავის პოეზიასავით უბრალო და დახვეწილი იყო, ნატიფი, მართალი და გაუსვრელი...

- გამოგიტყდებით და, სანამ პირადად გაგიცნობდით, ძალიან მეშინოდა; ვაითუ, ისეთი კარგი არ აღმოჩნდეს, როგორიც მგონია, როგორსაც მისი ნაწერებიდან ვხედავ-მეთქი. ახლა კი ძალიან მიხარია, რომ გაგიცანით. წარმატებებს გისურვებთ და იცოდეთ: თქვენს ნაწერებს უკვე ქართველი - ძალიან გემოვნებიანი, პრეტენზიული, მაგრამ მოყვარული და კეთილგანწყობილი - მკითხველიც ელოდება...

9 ცრემლიანი სათვალე

▲ზევით დაბრუნება


გიორგი გვახარია

კარადა ლუდოვიკო და რუმინული სტენკა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, დგას შენობა, რომელსაც „აპოლო“ ჰქვია. თუმცა, შიგნით რა ხდება, დღეს არავინ იცის. როგორც ჩანს, არც არაფერი - ცარიელი ნანგრევებია - სიმბოლო, ჩვენი დღევანდელი ყოფის თუ არა, უახლესი წარსულის მაინც.

აი, შორეულ წარსულში კი აქ იყო კინოთეატრი „აპოლო“, რომელსაც კომუნისტებმა „ოქტომბერი“ დაარქვეს. 60-იან წლებში „ოქტომბერი“, კინო „რუსთაველთან“ ერთად, გაარემონტეს და ეგრეთ წოდებულ „ფართოფორმატიან დარბაზად“ გადააკეთეს. „ფართოფორმატიანი“ ფართოეკრანიან კინო-თეატრს ნიშნავს, რომელსაც არა ბრტყელი, არამედ მრუდე ეკრანი და, რაც მთავარია, ხმის სტერეოფონური ეფექტი აქვს. 50-იანი წლების მიწურულს, ჰოლივუდში დანერგილი ეს ტექნიკა, მკვეთრად ზღუდავდა ტელევიზიების შესაძლებლობებს, რადგან ფართოფორმატიან ფილმებს სპეციალური კინოაპარატით უჩვენებდნენ, რომელიც მცირე ეკრანისთვის ვერ გამოდგებოდა; პატარა კინოთეატრების მფლობელებს კი მისი დამონტაჟება ძალიან ძვირი დაუჯდებოდათ.

10 წლის შემდეგ ასეთი კინოთეატრები საბჭოთა კავშირშიც გაიხსნა. 1969 წელს, კინოსტუდია „ქართულმა ფილმმა“, პირველი ფართოფორმატიანი სურათი ყველაზე მომგებიანი ფილმების ავტორს, ნიკოლოზ სანიშვილს დაუკვეთა. მისი „ჩერმენის“ პრემიერაც „რუსთაველსა“ და „ოქტომბერში“ გაიმართა. მაგრამ სანიშვილის ქართულ-ოსური მეგობრობის ამსახველმა „ბოევიკმა“ ეკრანზე დიდხანს ვერ გაძლო. „ოქტომბრის“ ფასადზე ქართული ფილმის აფიშა მოხსნეს და უზარმაზარი სარეკლამო ფარი ჩამოჰკიდეს, რომელიც ორსერიანი ამერიკული მიუზიკლის, „მუსიკის ჰანგების“ პრემიერას იუწყებოდა.

0x01 graphic

თარიღი კარგად მახსოვს - 1971 წლის სექტემბერი. უკვე მერვე კლასელი, სკოლაში ჩემი ჩანთით წავედი, რომლის დანახვაზეც კამოს ქუჩის ბიჭებს ზუსტად ისეთი რეაქცია ჰქონდათ, როგორც „ღამის შოუსა“ და „ნიკას შოუს“ ჩაწერაზე გასაცინებლად მიბრძანებულ პუბლიკას. ძალიან მძიმე იყო ის ჩანთა. მასში ფრიადოსანი კომკავშირელისთვის საჭირო ყველა წიგნის გარდა, ნოტების სქელი რვეულიც იდო, რომელიც სკოლის შემდეგ, მუსიკის გაკვეთილზე მჭირდებოდა.

თარიღი კარგად იმიტომ მახსოვს, რომ მუსიკის მასწავლებელს სწორედ მე-8 კლასში ვთხოვე, შეგვესწავლა შუბერტის „ექსპრომტი“, რომელსაც ერთი წლით ადრე ერთი გოგონა სკოლაში უკრავდა. ის გოგონა ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო, და მეგონა, რომ შუბერტის დაკვრა მხოლოდ მე-8 კლასიდან შეიძლებოდა. რაც მთავარია, ის გოგონა სწორედ შუბერტის დაკვრისას შემიყვარდა. ახლა არ ვიცი, ვინ უფრო ამიჩუყა გული - გოგონამ, თუ თავად შუბერტის მუსიკამ... შუბერტისა, რომელმაც მთელი ცხოვრება ხეტიალში გაატარა, რომლის პირადი ცხოვრება იდუმალებით იყო მოცული ისევე, როგორც ის დაავადება, რომელმაც მას „ავე მარია“ დააწერინა და მერე ბოლო მოუღო კიდეც - დაავადება სახელად „syphilis“.

0x01 graphic

მაშინ შუბერტის შესახებ არაფერი ვიცოდი. უბრალოდ, ერთი წელი ველოდი ამ მე-8 კლასს, ანუ როცა „ექსპრომტს“ შევისწავლიდი, შეყვარებულ გოგონას მივბაძავდი და მოვასმენინებდი, როგორ ვუკრავ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ყოფით, ყველაზე ინტიმურ საფორტეპიანო პიესას.

ჯერ ჩემს კონცერტზე დავპატიჟე, რომელიც პლეხანოვზე, კინო „ოქტომბერთან“ ახლოს, რომელიღაც კლუბში გაიმართა. დაკვრა რომ დავასრულე, დარბაზისკენ გავიხედე. თავის კლასელებთან ერთად იჯდა. მე-9 კლასელი გოგონები დედაჩემის ასაკის ქალებს ჰგავდნენ. მაგრამ ამან სულაც არ შემაშინა. პირიქით. კონცერტის დამთავრებისთანავე, პარტერში ჩავედი და გაბედულად განვაცხადე: „გოგოებო, „მუსიკის ჰანგებზე“ გპატიჟებთ. აქვე გადის - „ოქტომბერში“.

კინოდარბაზამდე რამდენიმე მეტრი უნდა გაგვევლო. თუმცა ეს მანძილი სრულიად საკმარისი იყო, რომ მუსიკაზე გვესაუბრა. ჯერ მითხრა, შუბერტი „სახლის მუსიკას“ უკრავს, შენ კი მეტისმეტად პათეტიკური იყავიო (ალბათ ვერ იგრძნო, რომ „ექსპრომტი“ მას მივუძღვენი), მერე კი ამ უცნაურ კომპოზიტორზე მიამბო - „სვეცკი საზოგადოება“ სძულდა და მთელ დროს მარტოობაში ატარებდაო, მშიერი წერდა, რადგან ჰონორარი მხოლოდ სანოტო ქაღალდის ყიდვაზე ყოფნიდაო. ამას რომ ამბობდა, რატომღაც მის თვალებსა და ტუჩებს ვაკვირდებოდი. საინტერესო იყო, როგორ უკეთებდა თვალი აკომპანემენტს ტუჩებს. პაუზის დროს, როცა შუბერტის გამონათქვამებს იხსენებდა („რატომ უნდა იყოს მხატვარი საცოდავი ვაჭრის მონა“ და ა.შ.), ცხვირს ათამაშებდა; აი, წარბი რომ უთამაშებთ, ისე. დიდი ცხვირი ჰქონდა, კეხიანი და თანაც წვეტიანი. მგონი ამ პატარა მანძილმა, „ბავშვთა შემოქმედებითი აღზრდის ცენტრიდან“ კინოთეატრ „ოქტომბრამდე“ შემაყვარა დიდცხვირიანი ქალები, და შემაძულა ყველა, ვისაც ცხვირის ოპერაცია აქვს გაკეთებული. ცხვირნაოპერაციებ ქალებს უმალ ვცნობ და გაცნობისთანავე, მათ მიმართ დისტანცია მიჩნდება. ყველა ერთნაირი მგონია.

სხვათა შორის, მისი დაქალებიც ბარაქიანი ცხვირებით გამოირჩეოდნენ. თუმცა ერთმანეთს არ ჰგავდნენ. დროდადრო, შუბერტის შესახებ ისინიც გამოთქვამდნენ აზრებს. „ოქტომბერს“ რომ მივუახლოვდით, მკითხეს, კომკავშირის მდივანი მართლა ხდებიო? კი-მეთქი. იმ დროს ასეთ პოსტს დიდ გამარჯვებად მივიჩნევდი. მერე „არტეკზე“ მკითხეს. ელიტური ბანაკიდან ახალი ჩამოსული ვიყავი და სულ იმას ვუყვებოდი ყველას, როგორ მცემა ერთმა იაკუტელმა (თუ „იაკუტიელმა“) ბიჭმა არტეკში, როცა მითხრა, კბილის ჯაგრისს ხომ არ მათხოვებო. მე კი ახსნა დავუწყე, რას ნიშნავს კბილის გახეხვა და რა არის ჯაგრისი. მერე არტეკის „იზოლატორში“ ვიწექი - ეს იყო პირველი საავადმყოფო ჩემს ცხოვრებაში.

ქალებს ძალიან მოეწონათ ეს ამბავი. „იტირეო?“ - მკითხა ერთმა, ყველაზე დიდი ცხვირი რომელსაც ჰქონდა. არა, შევაგინე-მეთქი. ეგრე იცით ბიჭებმა, გინებას იწყებთ ტირილის მაგივრადო. „ჩემმა“ სხვა კითხვა დამისვა - გეტკინაო?

ეს კითხვა უფრო პოეტურად ჟღერდა. ახლა მთავარი იყო, კინოში ჩემს გვერდით დამჯდარიყო. ვიეშმაკე. ვითომ მოლარემ ორი ბილეთი ცალკე მომცა. „ოქტომბერში“ რომ შევედით, ქალებს ბილეთები გავუწოდე. ჩემი „შუბერტოვნა“ კი გვერდზე მოვისვი.

როგორც კი ფილმი დაიწყო, მივხვდი, როგორ მაღიზიანებდა სიბნელე დარბაზში. „ჩემი ქალი“ ფილმს კომენტარებს უკეთებდა. მე კი ვერ ვხედავდი მისი თვალებისა და ტუჩების მშვენიერ აკორდებს, ვერ ვხედავდი, როგორ აცმაცუნებდა თავის მშვენიერ ცხვირს. მაგრამ ყველაზე საწყლად მაინც მაშინ ვიგრძენი თავი, როცა გაირკვა, რომ „მუსიკის ჰანგები“ მიუზიკლი იყო. სიმღერებს კი იმხანად კომუნისტები ჯერ კიდევ არ ახმოვანებდნენ. სუბტიტრებს ადებდნენ. მე კი მაინტერესებდა, რაზე მღეროდნენ მარია და კაპიტან ფონ ტრაპის შვილები, რაზე მღეროდა მონასტრიდან (თუ სამოთხიდან?) გამოძევებული ეს ფიფქია, თავისი შვიდი ჯუჯით.

ასე მიიპყრო ეკრანმა ნელ-ნელა ყურადღება და მეც „შუბერტოვნას ცხვირიდან“ რობერტ უაიზის მიუზიკლზე გადავერთე.

ქალები ლაქლაქებდნენ. ფონ ტრაპის ბავშვები დაინაწილეს. ერთმა ისიც თქვა, კინოს ყურებისას ყველაზე მეტად რომ მეზიზღება, უი, ეს გოგო ქართველიშვილს არა ჰგავსო. ეს „ქართველიშვილი“, ეტყობა, მათი კლასელი იყო. პატარაზე ამბობდნენ, „ვაი, რა საყვარელიაო“... ამას კიდევ აიტანდა კაცი, მაგრამ როცა ჩემმა „შუბერტოვნამ“ ხმამაღლა განაცხადა, რა ბანალური მუსიკაა, რა უბედურებაა ეს „დო“, „რე“, „მი“-ო, ხასიათი სულ წამიხდა... არა იმიტომ, რომ ჩემს შეყვარებულზე გავბრაზდი... არა, გავბრაზდი საკუთარ თავზე. ეტყობა მაგარი გოიმი ვარ, ეს კინო რომ მომეწონა-მეთქი, ვფიქრობდი. მივხვდი, რომ რადიკალური ქმედება იყო საჭირო. იმ სცენაზე, უკვე შეხმატკბილებული მარია და გადამდგარი კაპიტანი ფონ ტრაპი „ედელვაისს“ რომ მღერიან, დავიკივლე: „რა ბანალური ფილმია, მართლა რა უბედურებაა ეს. მით უმეტეს, შუბერტის მერე, წავედით რა, აქედან!“

„შუბერტოვნა“ კმაყოფილი იყო. როგორი დახვეწილი გემოვნება გაქვსო, მითხრა და თავისი ქალები აყარა. „ოქტომბერი“ ხმაურით დავტოვეთ. ბედნიერებისგან მთელი ღამე არ მეძინა - დახვეწილი გემოვნება მაქვს!

იმ ღამეს კამოზე, ბებიაჩემთან და ბაბუაჩემთან დავრჩი. ჩვენ მაშინ პავლოვზე ვცხოვრობდით - მე, მამაჩემი, დედაჩემი და ჩემი ძმა. ბებიასთან და ბაბუასთან ოთხშაბათობით და შაბათ-კვირას ვრჩებოდი ხოლმე. ეს ფრაზა „დახვეწილი გემოვნება“ და კიდევ ერთი: „интеллигентный человек“ ხშირად მესმოდა ამ სახლში, ამ უზარმაზარ სახლში, სადაც მხოლოდ ორნი, პროფესორი გოგი გვახარია და მისი ლამაზი მეუღლე, ვერა კოზლოვსკაია-ციციშვილი ცხოვრობდნენ.

ისინი, ძირითადად, რუსულად ლაპარაკობდნენ. არტეკიდან რომ დავბრუნდი, ბებიაჩემი კმაყოფილი იყო, რა კარგად გისწავლია რუსულიო. თუმცა, ქართულისა და რუსულის გარდა, „კამოზე“ კიდევ ერთი ენა ჟღერდა - გერმანული. დედაჩემი მიყვებოდა, მაგ სახლში როცა მოვხვდი, ბებიაშენთან, გერმანულის სპეციალისტთან, დაქალები რომ მოდიოდნენ და არ უნდოდათ გამეგო, რაზე ლაპარაკობდნენ, გერმანულად იწყებდნენო საუბარს. ხანდახან ბაბუაჩემსაც რუსულ-გერმანულით ელაპარაკებოდა... ერთხელ, ჭამის დროს, შენიშვნა მომცა, ჩანგალი მარცხენა ხელში უნდა გეჭიროსო, მერე კი ბაბუაჩემს მიუბრუნდა და დაამატა: „Хихо, вроде Mutter“. მე-8 კლასელი ბიჭი, რომელსაც მსგავსი სიტყვა განუწყვეტლივ ესმოდა იმ ბიჭებისგან, მისი ჩანთის დანახვაზე რომ იცინოდნენ, რა თქმა უნდა, დაინტერესდა, რას ნიშნავდა „Mutter“ ქართულად. ჯერ ცრემლისგან დავიცალე. მერე კი, გონს რომ მოვედი, გადავწყვიტე, დამემტკიცებინა მისთვის, რომ მაგრად ცდებოდა.

„მინდა ჩემი საუკეთესო მეგობარი გაგაცნოთ“, - ვუთხარი ერთხელ და კლასელი მივუყვანე, რომელსაც, პირობითად, იოანე შეგვიძლია დავარქვათ.

იოანე სოფლიდან ახალი ჩამოსული იყო. თავდაპირველად კლასში მაგრად დასცინეს მისი მეტისმეტად რბილი „ლ“-ს გამო. იმაზეც იცინეს, რომ ეგრეთ წოდებული „თბილისის ფორმა“ ეცვა. იმ დროს სკოლაში ყველა ერთნაირ ფორმას იცვამდა. თუმცა მოსკოვში შეკერილი ფორმა ხარისხითაც და დიზაინითაც განსხვავდებოდა. „მოსკოვური ფორმა“, როგორც წესი, მდიდარი ოჯახის ბავშვებს გვეცვა. ცოტა ხანში, თბილისის ატელიეებშიც დაიწყეს მოსკოვური სასკოლო ფორმის კერვა, თუმცა რუსულ ხარისხს ვერ მიაღწიეს... რაც შეეხება თბილისის სამკერვალო ფაბრიკაში შეკერილ ფორმას (სხვათა შორის, მამაჩემი ერთ-ერთი ასეთი ფაბრიკის დირექტორი იყო) - მსგავსი ფორმა მხოლოდ ღარიბებს ეცვათ. თუმცა, იოანეს ეტყობოდა, რომ მაინცდამაინც არ ანაღვლებდა ეს ამბავი.

გარდამავალი ასაკი იოანემ ჩვენზე ადრე გაიარა. კლასში პირველმა დაიწყო წვერის გაპარსვა. ერთხელ, ფიზკულტურის გასახდელში, შარვლის გახდის დროს რაღაც დაუვარდა, მაგრამ ვერ დაინახა. დავიხარე. ჩემი ყურადღება ჯერ მისი შიშველი ტერფის დიდმა ზომამ მიიპყრო, მერე კი, როცა წამოვდექი, შევამჩნიე, რომ თმები ჰქონდა ერთ ადგილას. ბიჭებს მოვუყევი. სთხოვეს, გვაჩვენეო. იმას შერცხვა, მაგრამ უარს როგორ იტყოდა. ამ ბუწუწებმა ჩვენი “Хихо” კლასში „კაროლი“ გახადა.

როცა იოანე კამოზე, ბებიაჩემს მივუყვანე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ისიც დააფასებდა ჩვენს მაჩოს. 1971 წლის სექტემბერში ვერა 58 წლის ლამაზი ქალი იყო (ასე ითვლებოდა, ყოველ შემთხვევაში). მეგონა, მოიხიბლებოდა სოფლელი ბიჭის სილამაზით და აღარასდროს იტყოდა სიტყვას „Хихо“. მაგრამ მწარედ შევცდი. რაღაცაზე დაუწყო რუსულად ლაპარაკი. იმან კი გაკვირვებული სახე მიიღო. მერე ტუალეტში შევიდა. ბებიაჩემმა დრო იხელთა და თავისი საყვარელი ფრაზა მესროლა „Он - интеллигентный мальчик?“ ხუთოსანია-მეთქი (მართლა ხუთოსანი იყო). რანაირად არის ხუთოსანი, რუსული არ იცისო. პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი - იოანე დაბნეული შემოვიდა. ბებუაჩემის ოთახში გავიყვანე, სადაც ფირფიტების მართლაც რომ უნიკალური კოლექცია მეგულებოდა და ვკითხე, რა გინდა მოგასმენინო-მეთქი. გოგია პაპას (ასე ვეძახდი) კატალოგი ჰქონდა შედგენილი, უზარმაზარ კარადაში ჩაწყობილი ფირფიტები რომ ადვილად მოეძებნა. „ავტორები“ - ცალკე, „შემსრულებლები“ - ცალკე. იგი ცნობილი გეოლოგი იყო. ბევრს მოგზაურობდა და მივლინებებიდან სულ ფირფიტები ჩამოჰქონდა.

ეს ოთახი სამოთხე იყო ჩემთვის. მგონი ბროდსკის ჰქონდა ასე - „ბავშვობა, როგორც ფირფიტების მაღაზია“. დავუმატებდი: „ბავშვობა, როგორც ფირფიტების კატალოგი“, ე.ი. დროში, ფირფიტების ყდებსა და, რა თქმა უნდა, აკორდებში მოგზაურობის საშუალება.

კატალოგის ხიბლი კიდევ ისაა, რომ აქ მოხსნილია სტილის დაცვის აუცილებლობა. ყველაფერი შეგიძლია ჩაყარო და მერე აირჩიო, სურვილისა და განწყობილების მიხედვით. კატალოგი არ ცნობს „მაღალ“ და „მდაბალ“ ხელოვნებას. კატალოგში ყველაფრისთვის გამოინახება ადგილი.

გოგია პაპას კატალოგებში რას არ გადაეყრებოდა კაცი - რიჰარდ შტრაუსის „სალომეს“, მაგალითად, „მშვიდობიანად“ ცვლიდა იოჰან შტრაუსის ვალსები და შეგეძლო, ერთიც მოგესმინა და მეორეც.

0x01 graphic

იოანეს კატალოგი ვუჩვენე. დიდხანს იქექა და ბოლოს, განყოფილებაში „შემსრულებლები“ რობერტინო ლორეტის სიმღერები აირჩია. მე, რა თქმა უნდა, „ავე მარია“ დავუდე. მერე კი ვკითხე, „გინდა, ნამდვილი „ავე მარია“ მოგასმენინო?“. შუბერტი მოვასმენინე. მერე ბახი, განსხვავება რომ დაენახა. დიდი ხნის მერე, როცა პირველად ვნახე „ოჯახის პორტრეტი ინტერიერში“, სადაც ასეთივე ოთახში ჩაკეტილი ბერტ ლანკასტერი ჰელმუტ ბერგერს მუსიკის ისტორიაში ყველაზე ლამაზ არიას, მოცარტის „Vorrei spiegarvi, oh Dio!“ ასმენინებს, ეს სურათი გამახსენდა. ვხედავდი, რომ ეს ბიჭი მუსიკამ ჩაითრია და ჩემს მიზანს ნელ-ნელა ვაღწევდი. მხოლოდ ის მინდოდა, რომ ბებიაჩემი შემოსულიყო ოთახში და დაენახა, როგორი შთაგონებით უსმენდა იოანე კლასიკურ მუსიკას.

შემოვიდა. ჯერ მკაცრად მითხრა, ცოტა ჩაუწიეთო. მერე კი იოანეს ფეხსაცმელს მიაშტერდა და მანიშნა. ღმერთო ჩემო, ეს რა დავინახე! იოანეს ფეხსაცმლის ზონარი დაეჭიმა და წინდებში ჩაეტანა! ბებიაჩემმა იცოდა, როგორ მეზიზღებოდა ეს სურათი.

მას მერე, იოანეს მიმართ გულგრილი გავხდი. მხოლოდ იმ ბიჭებთან ვმეგობრობდი, რომელთაც „მოსკოვის ფორმები“ ეცვათ. შუბერტსა და ბახს არ უსმენდნენ, მაგრამ შეეძლოთ დეტალებში განეხილათ „Stairway To Heaven“. ერთხელ გავბედე და საყვარელი Led Zeppelin ბაბუაჩემსაც მოვასმენინე. ყურადღებით მოკალათდა თავის სავარძელში, ტრადიციულად, საფერფლე და სიგარეტი მომთხოვა (ფილტრიანი სიგარეტი საქართველოში ახლადგამოსული იყო) და ის-ის იყო მოსმენა დაიწყო, რომ ვერა შემოვიდა და ბრძანა, ჩაუწიეთო. გავბრაზდი და გამოვრთე, ვის გაუგია „Stairway To Heaven“ დაბალ ხმაზე!

ბებიაჩემს მუსიკა დიდად არ ეხატებოდა გულზე. როცა გოგია პაპა საოჯახო კონცერტებს აწყობდა (სხვათა შორის, კარგად უკრავდა) და მეგობრებს პატიჟებდა, დიასახლისი ზრდილობიანად უღიმოდა ყველას და ერთი სული ჰქონდა, როდის დამთავრდებოდა კონცერტი და მაგიდას მიუსხდებოდნენ.

მოგვიანებით, როცა ვისკონტის ფანი გავხდი, ეს რიტუალი ხშირად მახსენდებოდა. კამოზეც ხომ მთელი თავადაზნაურობა იყრიდა თავს - ბებიაჩემის მხრიდან ციციშვილები, გედევანიშვილები, ბაბუაჩემის მხრიდან - ამირეჯიბები, მაჩაბლები. სუფრის თავში ვერას ღვიძლი ბიძაშვილი, თამარ ციციშვილი იჯდა - „თავადის ქალი დარიკო“. ენებს ერთმანეთში ურევდნენ, როგორც ტოლსტოის რომანებში. კომუნისტებზე ქილიკობდნენ, მჟავანაძის ცოლს ჭორავდნენ და მილიციის ახალი შეფის, შევარდნაძის საგმირო საქმეებს განიხილავდნენ. შედარებით „გლობალური“ დისკუსიაც მახსოვს - „ჩინურ საფრთხეზე“ (1969 წელს საბჭოთა-ჩინურ საზღვარზე სისხლი დაიღვარა), ებრაელების ემიგრაციაზე, სოლჟენიცინისთვის ნობელის პრემიის გადაცემაზე, ჩეხოსლოვაკიაზე. პრაღაში საბჭოთა ტანკების შესვლის თემა მეც გამომაცოცხლებდა ხოლმე.

1968 წლის ზაფხულში ვერამ და გოგიმ მოსკოვში გამასეირნეს. ბაბუაჩემი სასტუმროში „ამერიკის ხმას“ უსმენდა და ერთსა და იმავე სიტყვას ამბობდა: „Сволочи, сволочи“. მაგრამ კამოზე, მაგიდასთან, თავისი ნათესავების თვალწინ, იგი ასეთი გულახდილი არ იყო. ეტყობა, მაინც არ ენდობოდნენ ერთმანეთს. მერე ბებიაჩემი მთხოვდა, დაუკარიო. მეც გატაცებით, პათეტიკურად ვუკრავდი ჩემი შუბერტის „ექსპრომტს“ და თავადაზნაურებისგან კომპლიმენტებს ვიღებდი: „какой талантливый мальчик!“

მაგრამ ვერას მუსიკა არ უყვარდა. ის კინოზე გიჟდებოდა. კვირაში ერთხელ, ჩვენ აუცილებლად უნდა ჩაგვეტარებინა ერთი რიტუალი - კინოში წავსულიყავით, მერე, ფილმიდან გამოსულებს, ცხელი ქართული პური გვეყიდა, რომელსაც ვორონცოვზე აცხობდნენ და მტკვრის სანაპიროზე გაგვესეირნა - ფილმზე გველაპარაკა.

მტკვარი, რომელსაც ბავშვობიდან შევცქერი, იმ ნილოსს არ ჰგავდა, რომელშიც ფარაონმა ებრაელი ჩვილები დაახრჩობინა. ვერას მიერ ნაამბობმა ამ ბიბლიურმა ისტორიამ ჩემზე განსაკუთრებით იმოქმედა. შეიძლება ისევ 1968 წლის ზაფხული გამახსენა, როცა მოსკოვში, მაღაზიაში, ვერას უხეშად უპასუხეს. ის კი მოტრიალდა და რატომღაც მე, 11 წლის ბავშვს, მითხრა: „Чёрт, как я похожа на еврейку!“. მაშინ პირველად გავიგე ის სიტყვა, რომელიც მომავალში ჩემთვის ადამიანის შესაფასებელ ტესტად იქცა. ებრაელების აუგად მოხსენიება და შეთქმულების იდიოტური თეორიები - წინდებში ჩატანებული ზონრის ტოლფასი გახდა.

კინორეპერტუარს მე ვადგენდი. ვნახეთ ყველაფერი, რაც იმ დროს, 70-იანი წლების დასაწყისში ეკრანებზე გამოვიდა. განსაკუთრებით მოგვეწონა გლებ პანფილოვის „დასაწყისი“, სადაც საბჭოთა ფაბრიკის მუშა, ძალიან უშნო ინა ჩურიკოვა - ჟანა დ'არკს ითამაშებს და კინოვარსკვლავი გახდება. ამ ფილმის განხილვისას ვეღარ მოვითმინე და ვკითხე: „ხიხო იყო და ჟანა დ'არკი გახდა, არა?“

მიხვდა, რომ ვუკბინე. უმალ თავის მართლება დაიწყო, წვრილ ბურჟუებსა და პროლეტარებზე მიამბო, რომელთაც რუმინული „სტენკა“ და ჩეხური ბროლი ოჯახის მთავარ მონაპოვრად მიაჩნდათ. ჩვენთან, პავლოვზე, თითქმის არ მოდიოდა, თორემ ასეთ „მონაპოვარს“ მრავლად ნახავდა. მე მაშინ ოთარ იოსელიანის „გიორგობისთვე“ გამახსენდა, რომელსაც ბაბუაჩემი მჟავანაძის წინააღმდეგ გადაღებულ ფილმად მიიჩნევდა. იოსელიანსაც ხომ ასე უყვარს - „ხიხოები“ ბროლში ცხოვრობენ, „ცისფერსისხლიანი თავადაზნაურობა“ კი ძველ ავეჯში, რომელიც უკვე ინგრევა, მაგრამ დიდგვაროვნების შარავანდი ადგას. მერე იოსელიანს სხვა ქართველმა რეჟისორებმაც მიბაძეს - მეშჩანებს ჩეხური ბროლებით გაუვსეს სახლები, „интеллигентный человек“ გაურემონტებელ, ნახევრადდანგრეულ ბინაში დატოვეს, კედელზე კი ჰემინგუეის, ან ვაჟას პორტრეტი დაუკიდეს.

60-იანი წლების თაობისთვის დამახასიათებელი ეს ქედმაღლობა, ეს სნობიზმი, შუა საუკუნეებში დაბრუნების ვნება, მოგვიანებით გავიაზრე. ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებოდა, ძალიან აწყობდა ასეთი სახის პროპაგანდა. იგი „მავნე წეს-ჩვეულებებისა“ და „ვოლუნტარიზმის“ წინააღმდეგ კამპანიას ამზადებდა. ყველას, ვისაც ბევრი ბროლი ჰქონდა შინ, ციხე ემუქრებოდა. კაპიტალიზმი, გამოხატული „დელეცების“ წვრილბურჟუაზიულ ყოფაში, ჩანასახშივე უნდა ამოძირკვულიყო. რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, ამ კამპანიაში შევარდნაძეს სწორედ ქართული ინტელიგენცია დაეხმარა.

„რუმინული სტენკა“ არც მე მიყვარდა და, აბა, როგორ გავაგებინებდი ბებოს, რომ ორივენი ვცდებოდით... მაგრამ რისთვისაა ღმერთი, ადამიანს გაჭირვებაში რომ არ დაეხმაროს? მოულოდნელად „მუსიკის ჰანგები“ გამახსენდა, უფრო სწორად, ამ ფილმის ერთი პერსონაჟი, ბარონესა ელზა - კაპიტან ფონ ტრაპის საცოლე, ის დედაკაცი, თავისი დახვეწილი მანერებით რომ უპირისპირდება მონასტრიდან გამოძევებულ „ხიხოს“ - მარიას.

შაბათს, „ოქტომბერში“ წავიდეთ, „მუსიკის ჰანგებზე“, - შევთავაზე ვერას, სანაპიროზე სეირნობისას.

სეანსის დაწყებისთანავე ვიგრძენი, რაოდენ სასიამოვნოა, როცა ნანახ ფილმს სხვას უჩვენებ, როცა წინასწარ იცი, რა მოხდება და ძვირფასი ადამიანის ცოცხალი რეაქცია უფრო გაინტერესებს, ვიდრე ეკრანზე ასახული ამბები.

ვერას რეაქცია აბსოლუტურად განსხვავდებოდა შუბერტის მოყვარული ქალების საქციელისგან. როჯერსის მუსიკა ისე მოეწონა, რომ მისამღერებს ხმა ააყოლა. იმხიარულა იმ სცენაზე, როცა მარია ბავშვებს ფარდებისგან უკერავს ტანსაცმელს და, რაც მთავარია, ვერ აიტანა ბარონესა ელზა. მონაზვნებმა ხომ სულ გააგიჟეს! ეკლესია, რომელმაც შეიფარა დევნილები, ეკლესია, რომელიც იმის მხარეზე აღმოჩნდა, ვისაც უყვარს და ზურგი შეაქცია იმას, ვისაც სძულს, ეკლესია, რომელიც ადამიანის ბედნიერებისთვის ზრუნავს და არა იმისთვის, რომ მან თვითგვემაში იცხოვროს, - რობერტ უაიზის შემოქმედებისთვის დამახასიათებელმა ამ თემამ ბებო ისე გააბედნიერა, რომ მთხოვა, ოთხშაბათს კიდევ ვნახოთ ეს ფილმიო.

0x01 graphic

ოთხშაბათს, ე.ი. 1971 წლის 13 ოქტომბერს, „მუსიკის ჰანგები“ კიდევ ერთხელ ვნახეთ. კამოზე დავრჩი. „მუსიკალური ოთახის“ კატალოგში ვიქექე და დავიძინე. დილით ერთად ვისაუზმეთ. მახსოვს, რატომღაც ყურძენზე დამიწყო ლაპარაკი, სასარგებლოაო. საუზმის მერე, სკოლაში წავედი, ის კი - გეპეიში, ლექციაზე. გაკვეთილების შემდეგ, პავლოვზე დავბრუნდი. ჩვენები სახლში არ დამხვდნენ. მოგვიანებით დედაჩემმა დარეკა - ვერა ლექციაზე გარდაიცვალაო.

ბიძაჩემის მეგობრებმა გამომიარეს. ერთმა მითხრა - „ვერა ძალიან ცუდადააო“. გამიკვირდა. მართალია, მივხვდი, რომ მატყუებდნენ, მაგრამ მაინც ვიფიქრე, რაღაც ხომ არ შეეშალა Mutter- ს-მეთქი. რა თქმა უნდა, არა - ასე იყო, გეპეიში დაფასთან მისულა და იქვე წაქცეულა.

უფროსებისგან განსხვავებით, ბავშვებს არა აქვთ დანაშაულის განცდა იმ ახლობლის მიმართ, რომელიც უკვდებათ. მე უფრო სხვა მიზეზით ვტიროდი - ვინღა იქნება ჩემი მეგზური კინოში, ვისთან ერთად ვისეირნებ მტკვრის სანაპიროზე და ვინღა დაინტერესდება, ვისთან ვმეგობრობ სკოლაში, რა მაწუხებს, რა მახარებს?

მამაჩემი იმ დროს ბიჭვინთაში ისვენებდა. კამოზე რომ მოვიდა, ისე ხმამაღლა ტიროდა, რომ სახლიდან გავიქეცი. ჩემმა ბიჭებმა კინოში წამიყვანეს. ისიც კარგად მახსოვს, რა ვნახეთ - არტურ პენის „დევნა“, რომელიც, ტრადიციულად, ხუთშაბათს გამოვიდა თბილისის ეკრანებზე.

მაგრამ „ოქტომბერში“ ისევ „მუსიკის ჰანგებს“ უჩვენებდნენ. 1971 წლის ღვინობისთვე მიიწურა, მაგრამ უზარმაზარი სარეკლამო ფარი „ოქტომბრის“ ფასადზე ახალ, 1972 წლამდე ეკიდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ „მუსიკის ჰანგები“ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ფილმი იყო ქართული კინოგაქირავების ისტორიაში. აღდგომაზე, თითქმის ყოველ წელს უჩვენებდნენ „ილუზიონში“. როჯერსის სიმღერები „მზიურის“ გოგოებმაც იმღერეს.

იმღერა ბიორკმაც, ლარს ფონ ტრიერის „წყვდიადში მოცეკვავეში“, თავისი თავსაფრიანი კატრინ დენევით; ფილმში, რომლის დასრულების შემდეგ, ჩემს თავს ვუბრძანე: „არასდროს ნახო ამ პროტესტანტი სოცრეალისტის ფილმები!“.

ლარს ფონ ტრიერმა, ყველაფერთან ერთად, ბავშვობა დამინგრია.

0x01 graphic

„რადიო თავისუფლების“ ოფისიდან გამოვდიოდი. კინოს სახლში, „ქოლგის“ წინ, უამრავი ხალხი დავინახე - „წყვდიადში მოცეკვავეს“ უჩვენებდნენ. სურათი უკვე ნანახი მქონდა მოსკოვში. არ მინდოდა, ნაცნობი მენახა ვინმე და ჭკუის დარიგება დამეწყო, ამ სკანდინავიურ ნეკროფილიას როგორ უნდა უყურო-მეთქი. ამიტომ „წყვდიდადში მოცეკვავის“ აფიშის დანახვაზე, სულ სირბილ-სირბილით გავემართე მანქანისკენ. მოულოდნელად ვიღაცამ ისტერიულად დამიბღავლა:

- გოგი! გოგი! ვერ მიცანი?

ნამდვილად ვერ ვიცანი ეს ყვითლად შეღებილი ქალი, რომლისთვისაც ისე უხეიროდ მოეჭრათ ცხვირი, რომ გამომეტყველება საერთოდ არ ჰქონდა სახეზე.

-არ გახსოვს, შუბერტს რომ ვუკრავდით?

მერე თავის, ასევე ძალიან ყვითლადშეღებილ დაქალს მიუტრიალდა და უთხრა, გოგიმ ბავშვობაში სიყვარულიც კი ამიხსნაო.

-კინოში მოდიხარ? ტრიერზე ვაბოდებ!

ნანახი მაქვს-მეთქი. დაბნეულობისგან მარტო ის დავუმატე, რომ ამ ფილმშიც „მუსიკის ჰანგებს“ მღერიან. მერე ჯიბიდან მობილური ამოვიღე, ბოდიში მოვუხადე და კიდევ ერთი ფიცი დავდე - არა თუ ტრიერზე, ამიერიდან არც შუბერტზე ამიჩუყდება გული!

თავისი ლამაზი ცხვირი, ეტყობა, საბჭოთა ეპოქას დაუტოვა.

ილუსტრაცია: მაია სუმბაძე

10 შეტყობინება ავტო-მოპასუხეზე

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ნესტან კვინიკაძე
ფოტო: დათო მესხი

სიგნალის შემდეგ ვტოვებ შეტყობინებას:

- ლევან! თუ სახლში ხარ, ყურმილი აიღე...

მომისმინე! დავწერე და ახლა ტელეფონით წაგიკითხავ ტექსტს.

იქნებ სახლში ხარ?.... მოკლედ, მე მაინც დაგიტოვებ შეტყობინებას:

0x01 graphic

0x01 graphic

რამდენიმე დღის წინ, ღამის კლუბში ვიყავი. ელექტრონული მუსიკა, ჯაზი, ბლუზი, ყველაფერი დაუკრეს. არ ვიცი, საიდან გამახსენდა, რატომღაც ჩემს მეგობარს გადავუჩურჩულე, იცი, ბავშვობაში, კონცერტებზე და კინოდარბაზებში რატომ მეძინებოდა-მეთქი? ცოტა დაბნეულმა გამომხედა და მითხრა: ბავშვებს თავისი სამყარო აქვთო.…მთელი საღამო ამ ფიქრს ვუტრიალებდი და მივხვდი, რა ძლიერია ბავშვის სამყარო, როგორი მყარი და პოზიტიური, როდესაც მთელი დღის მანძილზე, გამუდმებით უცხო და ახალი საგნების შეცნობაში ატარებს; ეხება ყველაფერს, რასაც პოულობს, ხელით შეიგრძნობს და წარმოდგენას იქმნის მასზე. ხოლო როგორც კი აღმოჩნდება სივრცეში, სადაც ათასობით უფროსის ყურადღება ერთ წერტილს მისჩერებია, იმ წამსვე აცხადებს პროტესტს: ტირილი - „დე, წავიდეთ“; ან ძილი. ასეთ დროს ბავშვს არც ბლუზი ხიბლავს, არც კლასიკა, და „კაბირიას ღამეებიც“ უფროსების მოგონილი, მოსაწყენი თამაში ჰგონია.

ასეა თუ ისე, ეს არის ბავშვობა, ხელუხლებლად რომ ტოვებს ყველა ადამიანი. ეს არის ის, რითაც ჩემი რესპონდენტები პირველი შეგრძნებების და განცდების ათვლას იწყებენ.

არც „ის“ ყოფილა გამონაკლისი, სწორედ ბავშვობისას, მეხსიერებაში დალექილი კინოგმირი, „კუკარაჩა“ ანუ ლევან უჩანეიშვილი, რომელიც ამას წინათ თბილისში ჩამოვიდა და მასთანაც ბავშვობისდროინდელ შეგრძნებებზე საუბარით დაიწყო ჩაწერა.

„ვაკის მეოთხე ჩიხი. იქ ლამაზი ხეა, ჩემი ეზო, მსახიობთა ეზო: ეროსი მანჯგალაძე დილით ვარჯიშობს, სესილია თაყაიშვილი ფანჯარასთან დგას სიგარეტით ხელში, მიშა თუმანიშვილი თავზე ბერეტით ეზოს კვეთს და თეატრში მიდის.

კიდევ ბებია-ბაბუის სოლოლაკის სახლი, მრავალენოვანი ეზო, ძველი სახლის სურნელი, დიდი სუფრა.

პირველ რიგში მახსენდება ხოლმე დედა, ბებია, ბაბუა. მახსენდება მით უმეტეს მაშინ, როცა იმ ატმოსფეროში ვხვდები, სადაც გავიზარდე. ამისთვის ხელი არ მიხლია და ისეთივე დავტოვე, როგორიც იყო.

ფოთის ზაფხული, მალთაყვა, ტურბაზა, რუსი ტურისტები და სანაპიროზე პიჯაკებით გასული ქართველი ბიჭები. არ ვიცი, ალბათ ის თაობა ვარ, რომელსაც საშუალება ჰქონდა, წინა და შემდგომ თაობებს მოსწრებოდა.“

კიდევ ის თაობაა, პრემიერის შემდეგ გარეთ გამოსულს, მანქანაზე რომ ხვდებოდა წერილები, თაყვანისმცემლების გულწრფელი აღსარებები. ზოგი სიყვარულს, ზოგი სურვილის ასრულებას, ვიღაც - უპასუხოდ დატოვებული წერილისთვის თხოვდა სამაგიეროს. იყო საწვავში ჩაყრილი შაქარიც, მუქარაც, დაშვებული საბურავები... ერთი სიტყვით, ქალაქის ორგანულ ნაწილთან გამუდმებული კონტაქტის სურვილი... სასიამოვნოა, რა თქმა უნდა, როდესაც უცხო ადამიანი ოცნების ობიექტად გირჩევს.

- შენ როგორ პასუხობდი?

- მე თვითონ ლექსით, სიმღერით ან მოთხრობით გამოვხატავდი სიყვარულს. არ ვიცოდი, სხვანაირად როგორ მეთქვა.

ეს დროც, თავისდაუნებურად, ისტორიას ბარდება. „ელექტრონები“ ურთიერთობების ალტერნატიულ საშუალებებს გვთავაზობენ. ნებისმიერ სიტუაციაში არჩევანი ჩვენზეა: ან ვამხელთ ვინაობას, ან ანონიმურები ვრჩებით.

მსახიობების შემთხვევაში, ყველაფერი სხვაგვარად ხდება. ერთი აჩემება და გარდერობით დაწყებული, პირადი ცხოვრებით დამთავრებული - ყველაფერი გამჭვირვალეა. ლევან უჩანეიშვილზეც ბევრი ითქვა, სიმართლენარევი ტყუილი, თუ სრული სიცრუე. ქალაქიდან მის მოულოდნელ გაუჩინარებასაც მილიონი ვერსია ახლდა. ამასობაში კი, ქართველი მსახიობი სრულიად ახალ სამყაროში ცდიდა ბედს.

ლევან უჩანეიშვილის შემოქმედების მეორე ეტაპი, აქედან ძალიან შორს დაიწყო: უკან რჩებოდა, ასევე ხელუხლებლად, „კუკარაჩას“ იმიჯიც და სხვა უამრავი როლი კინოში თუ თეატრში.

„ნულიდან დავიწყე სხვაგან ცხოვრება. ასე იწყებს ყველა მსახიობი, განურჩევლად ეროვნებისა. ამერიკაში არავინ იცის, რა მოხდება ხვალ. ამიტომ მთავარი მაინც საკუთარი, მყარი საფუძვლის შექმნაა“.

ლოს-ანჯელესი შოუბიზნესის ცენტრად წოდებული ქალაქია. ოკეანის პირას არის. ამიტომ სულ კარგი ამინდია, ცხოვრება ზოგისთვის კურორტულია, ზოგისთვის - საქმიანი, ზოგიც ორივეს უთავსებს. იქ სხვა დროა. თუ საქართველოში „კუკარაჩას“ მანქანას არავინ აჩერებდა, ამერიკა რადიკალურად განსხვავებული ცხოვრების წესს სთავაზობდა ლევან უჩანეიშვილს: „ყველაზე მტკივნეული ჩემთვის ის იყო, როცა დღის ბოლოს სახლში ვბრუნდებოდი, ველოდი ავტომოპასუხის ჩართვას, მაგრამ იქ არც ერთი შეტყობინება არ მხვდებოდა. ესე იგი, ამ ქალაქში არავის სჭირდები“.

და როგორც დრამატურგიულად გამართულ ტექსტებში, ხელის გამომწოდებელი რომ გამოჩნდება ხოლმე მოულოდნელად, იქაც ასე მოხდა. ლევანმა გაიცნო ქართველი ებრაელის ოჯახი, რომელმაც, ფაქტობრივად, მისი მფარველობა იკისრა. მერე სხვა ახლობლებიც შეემატნენ - ოლეგ ბიდოვის, მილა იოვოვიჩის, ილიშა ბასკინის ოჯახი: „ეს ხალხი პირველ ნაბიჯებს მიმსუბუქებდა, რადგან ეს სირთულე საკუთარ თავზე უკვე გამოცდილი ჰქონდათ. პირველი წლების ნოსტალგიას ჩემი სატელეფონო გადასახადის ქვითარი ცხადყოფდა.“

0x01 graphic

კადრი ფილმიდან კუკარაჩა

ყველაზე ხშირად გვესმის გამოთქმა: ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, თუ რაღაც ამდაგვარი. ეს გამოთქმა ჩვენს რეალობას უკვე შეეზარდა და აღარც ვარკვევთ, რომელ კონტინენტზე დაიბადა ეს ტრივიალობადქცეული სიბრძნე.

მის შემთხვევაშიც ასე მოხდა: “მე არ წავსულვარ,… სრულიად შემთხვევით, „სტალინის“ პრემიერის შემდეგ, რამდენიმე მოწვევა მივიღე. როცა ჰოლივუდში ასეთი შანსი გაჩნდა, ალბათ ძნელი იყო უარის თქმა. ვცადე, ნულიდან დამეწყო ყველაფერი. ჩემს წასვლას დიდი ნაბიჯის გადადგმას არ ვუწოდებ. ეს არის შემოქმედებითი მივლინება. უკან წამოსასვლელი ბილეთი ყოველთვის მქონდა. მე სხვა პროფესიას არ ვთაკილობ, მაგრამ იქ ისე აეწყო, - ჩემიანებისთვის საბაბი არ მიმიცია, ეთქვათ: რა უნდოდა, რას წავიდაო! როდესაც ადამიანი საცხოვრებლად სხვაგან გადადის, ეს უფრო მტკივნეული პროცესია. არ ვიცი, როგორ ხდება. ბევრ ნივთს ყიდის, ახლობლებს ჩუქნის, ან აგზავნის, რომ რამე არ დარჩეს! როცა ერთი ჩანთით მიდიხარ და იცი, რომ დაბრუნდები, ეს შედარებით ადვილია.“

ყველა ადამიანი, სხვაგან ცხოვრების შემთხვევაში, ნოსტალგიასთან გასამკლავებლად გამოსავალს ეძებს. ხშირად ეს საცხოვრებელი ადგილის არჩევაში გამოიხატება. ეძებს ისეთს, როგორიც რაღაცით მაინც ჰგავს მშობლიურს: „ლოს ანჯელესში ვცხოვრობ, ჰოლივუდ ჰილზე, სადაც ცნობილი ჰოლივუდის წარწერაა, მადონას, დი კაპრიოს და სხვა ვარსკვლავების სახლები ენაცვლება ერთმანეთს. თუ ვაკეში, ეროსის და სესილიას ეზოში ვცხოვრობდი, ახლა მადონას და მისნაირების მეზობელი ვარ. თუ თბილისში დღე კუს ტბაზე ვარჯიშით იწყებოდა, იქ მსგავსი რამ ჩავანაცვლე: ჰოლივუდის წარწერასთან არის წყალსაცავი, რომელიც ძალიან ჰგავს კუს ტბას“.

0x01 graphic

კადრი ფილმიდან კუკარაჩა

25 სატელევიზიო და 7 მხატვრული ფილმი; ორი მთავარი როლი, მოწვეული ვარსკვლავის სტატუსი, ამერიკის მსახიობთა კავშირის წევრობის უფლების მოპოვება... ეს იმის ნაწილია, რასაც მიაღწია. დანარჩენს იმ წიგნში მოგვითხრობს, რომელიც სამი ნაწილისაგან შედგება („ჩემი ჰოლივუდური თავგადასავალი“). მესამე წიგნი დღესაც იწერება, იქვე, ოკეანის პირას: „მოვკალათდები ხოლმე და ვწერ.…იქ ის ყურადღება მომაკლდა, რაც აქ უხვად იყო“.

ახლახანს, მუშაობა დაასრულეს ფილმზე, რომლის რეჟისორიც და პროდიუსერიც ლევანია. ერთ-ერთ მთავარ როლსაც თავად ასრულებს, კლარა იარ მირიკალთან ერთად. დასრულდა კანადელ პროდიუსერებთან ერთად დაწყებული მუშაობაც, მინიატურულ ფილმზე. წერს სცენარებს და მუსიკალურ ალბომებსაც იწერს.

ერთი სიტყვით, მიდის ცხოვრება, ზოგჯერ სინჯებით, ზოგჯერ სინჯების გარეშე.

სიტუაციები ხშირად ჰგავს ერთმანეთს. მაინც კინოა და წესებია დაცული, როგორც ერთ დღეს, კინოსტუდიის ტერიტორიაზე ფარაჯანოვმა ლევანის დანახვაზე შეჰყვირა, - ვიპოვე, ეს არისო! და „სურამის ციხის“ გადაღება დაიწყო. ასე მოხდა მერეც, როცა 15 კანდიდატს შორის ერთი შეარჩიეს. რუსი კლასიკოსის, ალექსანდრე პუშკინის როლი ქართველ ლევან უჩანეიშვილს ერგო: „ანატოლი ივანოვი, ამერიკაში მცხოვრები რუსი ოპერატორია. მასთან სტუმრად ვიყავი, სამზარეულოში „შავი პრინცის” პროექტზე ვსაუბრობდით. თავიდან ერთ-ერთ როლს მთავაზობდა. დილის ხუთი საათი იყო, როცა უარის თქმა გადავწყვიტე. უეცრად ოპერატორის მზერა მომევლო, თვალმა რაღაც მოძრაობა დაიჭირა და შეჰყვირა: Нет, всё! Ты Пушкин! Пушкин! Послезавтра начинаем съёмку.

მასალა ერთ დღეში მოვაგროვებინე, გავეცანი ჩემთვის უცნობ დეტალებს და სკოლის წიგნისგან განსხვავებული, არაორდინარული პოეტი აღმოვაჩინე: ქალების მოყვარული, კარტის მოთამაშე, მასონთა ლოჟის წევრი, კლასიკოსი, რომელიც დიდ დროს უთმობდა მანიკიურს და კიდევ ბევრი სხვა უცნობი დეტალი... ეს იყო სცენარი, სადაც სიუჟეტი ძველ და თანამედროვე დროში პარარელურად ვითარდება.

მერე პრემიერა, კრიტიკოსების ვერსიები, მაყურებლის შეფასება... მოკლედ, რაც კინოს გამოსვლას ახლავს. მერე ყველაფერი თავიდან... სასიამოვნო განცდა სადღაც დილისკენ, და ისევ იმ ადამიანებს მადლობა, ვინც პიროვნულ და შემოქმედებით ჩამოყალიბებაში მიიღო მონაწილეობა: მიხეილ თუმანიშვილი, რეზო ჩხეიძე, 55-ე საშუალო სკოლის რუსული ენის პედაგოგი ირინა ბეჟანოვა.

ეს არის ძალიან ცოტა რამ ლევან უჩანეიშვილის შესახებ. თბილისში ხუთი დღით ჩამოსული მსახობი, ტელევიზიებისთვის, გაზეთებისთვისა თუ ჟურნალებისთვის, დღის მანძილზე რამდენიმე ინტერვიუს იძლეოდა. ირგვლივ შემოკრებილ თაყვანისმცემლებში დამალული, ავტოგრაფებს არიგებდა და თვალით გვანიშნებდა, ახლავე გავთავისუფლდებიო. ბოლოს შევხვდით და ვისაუბრეთ, არც ისე ბევრი. რაც აქ დაგაკლდებათ, ლევან უჩანეიშვილის წიგნით შეიტყობთ. ეს იქნება პასუხი, რადგან როგორც ინტერვიუში განაცხადა: „მოთხრობით ვპასუხობ. სხვანაირად, არ ვიცი, როგორ გადმოვცე“-ო.

- ლევან! სახლში ხარ?...

0x01 graphic

11 განცხადება ბაჭიების თაობაზე

▲ზევით დაბრუნება


რადიოპიესა

(ნამდვილი ამბავი)

ავტორი: ნესტან კვინიკაძე
ილუსტრაცია: ლევან ნუცუბიძე

0x01 graphic

0x01 graphic

ხმები:

ბიჭი

ახალგაზრდა ქალბატონი

1 ისმის ტელეფონის ზუმერი

ბიჭი - ალო...

ახალგაზრდა ქალბატონი - გისმენთ?...

ბიჭი - გამარჯობააა... განცხადების თაობაზე გაწუხებთ...

ახალგაზრდა ქალბატონი - კი, ბატონო, თქვენი პროფესია?

ბიჭი - (მცირედი პაუზა) ააა... იცით, რა მაინტერესებს? მე ბაჭიების...

ახალგაზრდა ქალბატონი - აჰ, უკაცრავად, თქვენ ბაჭიების თაობაზე რეკავთ?

ბიჭი - დიახ, ძალიან გამიკვირდა პროფესიის თაობაზე რომ მკითხეთ.

ახალგაზრდა ქალბატონი - კი, ბატონო, უბრალოდ, ჩვენთან სხვა განცხადებაც იყო მითითებული... მოკლედ, ამჟამად გვყავს ერთი ბაჭია, სამი თვისაა, სამთვიანია და დაახლოებით, ასე, თვენახევარშიორ თვეში იქნება გამრავლებისუნარიანი... (ნერწყვს გადაყლაპავს) გარეგნობით ლამაზია, ჯანმრთელია, ყოველგვარი პრობლემის გარეშე იზრდება. გამრავლებას ადრეულ ასაკში იწყებენ.

ბიჭი - რა ასაკში?

ახალგაზრდა ქალბატონი - ბატონო?

ბიჭი - რა ასაკში დაახლოებით?

ახალგაზრდა ქალბატონი - დაახლოებით ოთხი, ოთხნახევარი თვიდან უკვე შეუძლიათ გამრავლდნენ.

ბიჭი - ააა...

ახალგაზრდა ქალბატონი - და საკმაოდ ნაყოფიერები არიან... დედა რვა-ცხრა ბაჭიას ყრის თითო ჯერზე.

ბიჭი - რამდენ ხანში ერთხელ?

ახალგაზრდა ქალბატონი - უკაცრავად?

ბიჭი - ინტერვალი მაინტერესებს, აი, რვა-ცხრა ბაჭია, და შემდეგი თაობა როდის მოდის?

ახალგაზრდა ქალბატონი - შეუძლია ერთ თვეში იმაკოს.

ბიჭი - (დინჯად) გასაგებია...

ახალგაზრდა ქალბატონი - სეზონზე სამ ოთხ ბაჭიას სულ თავისუფლად ასწრებს, მერე სასურველია, შეისვენოს, რომ არ გამოიფიტოს.

ბიჭი - აჰა... ახლა რა მაინტერესებს. ეგ ერთი გყავთ დაგრჩათ?

ახალგაზრდა ქალბატონი - დიახ, ეს ერთია ამჟამად გასაყიდად.

ბიჭი - სქესი?

ახალგაზრდა ქალბატონი - ბატონო?

ბიჭი - სქესი?

ახალგაზრდა ქალბატონი - მამალია.

ბიჭი - აჰა, ე.ი. თვითონ განაყოფიერების უნარი ჯერ არ გააჩნია?

ახალგაზრდა ქალბატონი - ნუ, დაახლოებით ერთ თვეში უკვე შეეძლება, მაგრამ თუ გინდათ რომ ტანით ცოტა გაიზარდოს, მაშინ უნდა დაიცადოთ თვენახევარი, ორი თვე. ისე, თვითონ ახლაც, პრაქტიკულად, მზად არის...

ბიჭი - (დაბნეული) თვითონ უკვე მზად არის?

ახალგაზრდა ქალბატონი - კი, ბატონო, (კეკლუცად), უკვე აქვს ეგეთი საქციელი.

ბიჭი - რა საქციელი, რა ახასიათებს?

ახალგაზრდა ქალბატონი - ბატონო?

ბიჭი - რა საქციელი შეატყვეთ?...

ახალგაზრდა ქალბატონი - სხვა ბაჭიებთან ერთად არის და იმის მიხედვით... (პაუზა), გასაყიდი კი მხოლოდ ერთი ბაჭია გვყავს.

ბიჭი - (ჯიუტად) არა, რით შეატყვეთ, რომ მზად არის?! იცით, მე მაინტერესებს ზუსტი ინფორმაცია... ათასი უჯიშო ბაჭია იყიდება. აი, ვთქვათ, რას გამოხატავს, რითი ხვდებით, რომ მზად არის?

ახალგაზრდა ქალბატონი - (ღიმილნარევი ხმით) ნუ... ეგ... ჩემით... როგორ გითხრათ, როგორ აგიხსნათ? რო შეგხვდებით, უფრო დაწვრილებით აგიხსნით. ახლა... ტელეფონით (იცინის) ცოტა რთულია.

ბიჭი - არა, აი, დაახლოებით რას აკეთებს? მე ვერ ვხვდები...

ახალგაზრდა ქალბატონი - ნუთუ ვერ ხვდებით, მაგას მე ვერ აგიხსნით.

ბიჭი - არა, კი ვხვდები... ნუ, აი... ანცობს?

ახალგაზრდა ქალბატონი - დიახ, დიახ.

ბიჭი - ფასი?

ახალგაზრდა ქალბატონი - ხუთი ლარი ღირს.

ბიჭი - აჰ, ხუთი ლარი? (პაუზა) და ეს თანხა ერთიანად გნებავთ?

ახალგაზრდა ქალბატონი - ბატონო?

ბიჭი - თანხა ერთიანად გნებავთ?

ახალგაზრდა ქალბატონი - (გაკვირვებული) ფასი თქვენთვის მიუღებელია?

ბიჭი - მე ხომ არ ვიცი, რას ვყიდულობ?

ახალგაზრდა ქალბატონი - კი, ბატონო, რომ მობრძანდებით, ნახავთ, შეხედავთ და მერე დავილაპარაკოთ. (პაუზა). პრინციპში, მისი და-ძმა ხუთ ლარად დავყიდეთ, მაგრამ ეს ერთი დაგვრჩა და რადგან მამალია, შეგვიძლია ცოტა დავაკლოთ.

ბიჭი - (გაოგნებული) კი, მაგრამ, მამალია თუ ბაჭიაა???

ახალგაზრდა ქალბატონი - მამალი ბაჭიაა!!! გითხარით უკვე... მამალი ბაჭია!

ბიჭი - (მშვიდად) ე.ი. ორ ლარში გამატანთ, რომ მოვიდე... დღესვე?!

ახალგაზრდა ქალბატონი - ორი ლარი? (წამოიკივლებს) არა, რას ამბობთ?! მე გითხარით ხუთი ლარი.

ბიჭი - არა, გავიგე, ყრუ კი არა ვარ, მაგრამ ორი ლარი საკმარისი არ არის უჯიშო ბაჭიისთვის?

ახალგაზრდა ქალბატონი - (ბრაზმორეული) მერე ვინ ამბობს, რომ უჯიშოა?

ბიჭი - განაყოფიერების უნარი საერთოდ არ გააჩნია; რას აკეთებს, ვერ ამიხსენით, ფასი კი მაინც ხუთი ლარია.

ახალგაზრდა ქალბატონი - ეს არის სამი თვის ბაჭია და არა ზრდასრული კურდღელი. ერთ თვეში, თვენახევარში ის იქნება კურდღელი, რომელსაც ექნება გამრავლების უნარი... შეიძენთ დედალ ბაჭიას და ორ თვეში გეყოლებათ ნამატი.

ბიჭი - იცით, რა არის, წინასწარ ამ თანხას მე ვერ გადავიხდი, მე ხომ არ ვიცი, მომავალში რა იქნება?! თქვენ შესანიშნავი მომავალი დახატეთ, მაგრამ რეალურად შეიძლება სულ სხვაგვარად წარიმართოს მოვლენები.

ახალგაზრდა ქალბატონი - (სიცილით) კი, ბატონო, მაშინ, ალბათ, ჯობია ბაზარში შეიძინოთ.

ბიჭი - ე.ი. არ თანხმდებით ორ ლარზე?

ახალგაზრდა ქალბატონი - ორ ლარად, გენაცვალე, ერთთვიანი ბაჭიები იყიდება, და სამთვიანი როგორ მოგყიდოთ?!

ბიჭი - და ფასი როგორ ემატება?

ახალგაზრდა ქალბატონი - (დაბნეული), ასე არ ვიცი... სად ეხლა ერთთვიანი ბაჭია, რომელსაც გაზრდისთვის კიდევ ოთხი თვე უნდა აჭამოს ადამიანმა... და ამ ოთხი თვის განმავლობაში, ასე თუ ისე, რისკია, ხომ მართალია? იქ კატაა, ძაღლია... ყოველთვის არის რისკი. ეგ კი არა, ადამიანი იღუპება ხანდახან... სად, ახლა, სამთვიანი ბაჭია, რომელსაც მხოლოდ ერთი თვე სჭირდება გამოსაკვებად და...

ბიჭი - და რას აჭმევთ?

ახალგაზრდა ქალბატონი - ვაჭმევთ ხმელ პურს, ნაფრცქვენებს...

ბიჭი - ნუ, საჭმელზე, პრაქტიკულად, არ მიდგით ფული, და ხუთ ლარს მაინც ადებთ.

ახალგაზრდა ქალბატონი - სამაგიეროდ, შრომა ხომ მიდის. მე ხომ ვუვლი... ამისთვის გალია მაქვს დაკავებული.

ბიჭი - მერე, გალიაში რომ ზის, ეგ თქვენი შრომა სულაც არ არის.

ახალგაზრდა ქალბატონი - თქვენ ფიქრობთ, რომ ცოცხალ ბაჭიას შრომა არ ესაჭიროება? (სინანულით) იცით, რა არის?! თუ თქვენ თვლით, რომ ცოცხალ არსებას მოვლა და შრომა არ სჭირდება, მაშინ მე თქვენ ნამდვილად ვერ მოგყიდით ბაჭიას... იმიტომ, რომ ეს ბაჭიები ძალიან მიყვარს.

ბიჭი - არა, არა...

ახალგაზრდა ქალბატონი - უკაცრავად... (ყურმილის დახეთქებას გამწყდარი ზუმერის ხმა მოჰყვება)

2 ტელეფონის ზუმერის ხმა

ბიჭი - ალო...

ახალგაზრდა ქალბატონი - გისმენთ.

ბიჭი - ქალბატონო, თქვენ გესაუბრეთ, მგონი დღეს?!

ახალგაზრდა ქალბატონი - დიახ.

ბიჭი - ძალიან დიდი ბოდიში (თავაზიანად), უხერხულად გამომივიდა... მოვლასთან დაკავშირებით. უბრალოდ, ის არის, რომ... (უჭირს საუბარი) ბაჭია გასაზრდელად კი არ გვინდა, - საჭმელად!!!...

ახალგაზრდა ქალბატონი - დასაკლავად? (პაუზა) კარგი, წაიყვანეთ.

ბიჭი - მეუხერხულება, თუ გიყვართ, ვერ წავიყვან.

ახალგაზრდა ქალბატონი - არ არის პრობლემა. თავდაპირველად ჩვენ მაგ მიზნით მოვიშინაურეთ ბაჭიები. ქონი სამკურნალოა და აღიარებულია, ხორციც სამკურნალოა, განსაკუთრებით კუჭის წყლულისთვის. ამიტომ გასაგებია, რომ უმეტესობა დასაკლავად ყიდულობს, რათა შემდეგ მისი სამკურნალო თვისებები გამოიყენოს.

ბიჭი - აი, ქონზე კი არ ვიცოდი...

ახალგაზრდა ქალბატონი - როგორ?! ქონი ცნობილია, მაგალითად, ხიჭვის ან ჩირქოვანი შემთხვევისას, იხმარება დამწვრობის დროსაც.

ბიჭი - იცით, ჩვენ პატარა რესტორანი გვაქვს გახსნილი და ქალაქში თითქმის ყველა ბაჭია შევიძინეთ... (პაუზა) გარეული ხომ არ არის თქვენი ბაჭია?

ახალგაზრდა ქალბატონი - არა, რას ბრძანებთ, შინაურია... ბოცვერია.

ბიჭი - კიდევ რისთვის არის სასარგებლო?

ახალგაზრდა ქალბატონი - (დამრიგებლური ტონით) კუჭის წყლულისთვის, - პურის გარეშე, ხახვთან ერთად მოშუშული ხორცი კარგია კუჭის წყლულისთვის.

ბიჭი - და, მომზადების რაიმე წესი ხომ არ იცით?

ახალგაზრდა ქალბატონი - როგორ არა, რეცეპტებს ხვალისთვის მოგიმზადებთ და რომ მობრძანდებით...

ბიჭი - დიდი მადლობა, და დაკვლის მეთოდი?

ახალგაზრდა ქალბატონი - ხო, დაკვლის მეთოდი (ამოისუნთქავს) აუცილებლად უკანა ფეხებით იჭერენ. კეტი უნდა ჩაარტყათ თავში. ამის შემდეგ ხდება ყელის გამოჭრა და გატყავება.

ბიჭი - (გაოგნებული) რა უნდა ჩავარტყათ?

ახალგაზრდა ქალბატონი - კეტი.

ბიჭი - ფეხსაცმელი? ჩვეულებრივი ფეხსაცმელი?

ახალგაზრდა ქალბატონი - არა, ნუ, დუბინკა, რა...

ბიჭი - თავში თუ ტანზე?

ახალგაზრდა ქალბატონი - თავში, თავში. ჯერ უნდა დარეტიანდეს და შემდეგ კლავენ, ყელს გამოჭრიან, როგორც ქათამს... თუ ტყავის გამოყენებაც გნებავთ, მაშინ მუცელზე უნდა გაიჭრას და ისე გატყავდეს.

ბიჭი - ყელის გამოჭრის გარეშე სიკვდილიანობა წარმოუდგენელია? აი, ვთქვათ, მაგრად რომ ურტყათ თავში?

ახალგაზრდა ქალბატონი - თავში ჩარტყმით ის, ფაქტიურად, კვდება, მაგრამ გატყავება და სისხლის გამოსვლა ხომ საჭიროა?!

ბიჭი - რა თქმა უნდა, ე.ი. რომ დავარეტიანოთ, მერე იცოცხლოს და წვალებით დალიოს სული?

ახალგაზრდა ქალბატონი - იცით, ეს ისეთი საკითხებია, უმჯობესია ხვალ ადგილზე დავაზუსტოთ. მე კარგად ვერ ვიგებ, თქვენ რა გნებავთ.

ბიჭი - არა, ვერ მიმიხვდით. მე მაინტერესებს, მოკვლა რომ არ იყოს ისეთი უხეში... ვთქვათ ელექტროშოკი, ელექტროსკამი, რამე ასეთი...

ახალგაზრდა ქალბატონი - (იცინის) ელექტროშოკი, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ კურდღლისთვის ელექტროშოკის მოწყობა ალბათ რთული იქნება.

ბიჭი - ე.ი. მაინც დარეტიანება ჯობია... კარგი, ხვალ მოვალ და... (უხერხულად) ხომ არ შეგიძლიათ, თქვენ მოკლათ და მოკლული ვიყიდო ხუთ ლარად?

ახალგაზრდა ქალბატონი - არა, არა... იცით, საღამოს დარეკეთ და დავაზუსტებ.

ბიჭი - რა პრობლემაა, თქვენ ხომ ამას აქამდეც აკეთებდით?

ახალგაზრდა ქალბატონი - მე არა, ჩემი მეუღლე აკეთებდა ამას, უბრალოდ, ამჯერად ქალაქში არ არის და ამიტომ... ხვალ საღამოს დარეკეთ და პასუხს გეტყვით.

ბიჭი - იქნებ დაარეტიანოთ მაინც, დარეტიანებულს წამოვიყვანდი.

ახალგაზრდა ქალბატონი - ე.ი. თქვენ გნებავთ პირდაპირ მოკლული, გატყავებული, ხომ ასეა?!

ბიჭი - დიახ.

ახალგაზრდა ქალბატონი - ამას მარტო ვერ გადავწყვეტ, მეუღლეს შევუთანხმებ. თქვენ ხვალ დარეკეთ.

ბიჭი - იცით რა მაინტერესებს, არის შანსი, რომ გაატყავო და ცოცხალი დარჩეს, აი, როგორც ქათამი - ბუმბულის გარეშე?

ახალგაზრდა ქალბატონი - არა, გამორიცხულია.

ბიჭი - გასაგებია, ე.ი. ხვალ დავრეკავ.

ახალგაზრდა ქალბატონი - კი, ბატონო.

ბიჭი - გმადლობთ, დროებით.

ისმის ზუმერის ხმა

0x01 graphic

2004

12 კრის ბოტი

▲ზევით დაბრუნება


ნესტან კვინიკაძე და სერგი ნაკაიძე წარმოგიდგენთ:

0x01 graphic

ფოტო: Fabrizio Ferri

სანამ აგვისტო-სექტემბრის ცხელი შოკოლადი ჯაზურ ზაფხულს შემოგთავაზებთ, (იგულისხმება ჯაზ-ფესტივალი და ექსკლუზიური ინტერვიუები: ჯორჯ ბენსონი; ქრის ფოთერი; დეივიდ სენბორნი; ჯონ სკოფილდი; ქრისტიან მაკბრაიდი), ექსკლუზიური ინტერვიუებით განებივრებული მკითხველისთვის, სპეციალურად ჰოლივუდიდან: ცნობილი მესაყვირე ქრის ბოტი! ინტერვიუ ჩაწერილია 2005 წლის 16 ივნისს ჰოლივუდში, ლეგენდარულ Capit ol Records-ში, სადაც კრის ბოტი ჯაზის ვარსკვლავებთან ერთად, ახალი ალბომისთვის დუეტებს წერდა.

ძვირფასო ჯაზის ვეტერანო, როგორია თქვენი თაობის ჯაზი?

ჯაზი მარადიული მოძრაობაა და ძნელია იმის თქმა, რომ ჩემი თაობა სხვებისაგან გასხვავდება. აქ ასაკის მიხედვით დაყოფა ცოტა რთულია, რადგან აქ ყველაფერი ერთმანეთშია შერეული. ჩემი აზრით, მუსიკა, ჯაზიც და როკიც 50-60-იან წლებში უფრო სათავგადასავლო იყო. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი, ეს ინტერნეტის სიჩქარე და მრავალფეროვანი მუსიკის ფართო არჩევანია. ეს კარგიცაა, თუმცა რაღაც ერთფეროვანსაც გულისხმობს. ქაჩავ უახლეს ჰიტს და აღარ გიწევს თანამედროვე ტენდენციების ოკეანის გაღმა ძიება. ადვილად ხდები რაღაც მთლიანის ნაწილი. არა, ალბათ, კარგიცაა. თუმცა 60-იანები მეტი თვითმყოფადობით გამოირჩეოდა. ალბათ ეს იყო Beatles-ის ამერიკული წარმატების საწინდარი, ერთი სატელევიზიო გადაცემა, სიუცხოვე, სიახლე და... The Beatles. რაც უფრო მწირი იყო არჩევანი, მით უფრო დიდ გავლენას ახდენდა მუსიკა მსმენელზე. ჯაზშიც ასევეა. დღეს ალბათ მაილსის მუსიკაც ნაკლებად გავლენიანი იქნებოდა და ისიც, ალბათ, უფრო ნაკლებს დაწერდა. დღეს, მაგალითად, ბევრს ვმუშაობ, დაახლოებით ერთი ალბომი წელიწადში. თავის დროზე, მაილსიც ბევრს შრომობდა - ოთხი ალბომი 365 დღეში. ეს ლოგიკური ტენდენციებია... სხვა დროა, თაობებიც სხვაა და პროგრესიც ძალიან ბუნებრივია, როგორც საზოგადოებაში, ისე, ზოგადად, მუსიკაში.

ერთხელ მაილს დევისზე აღნიშნეთ: „მისი ბალადების მოსმენა მკლავს“. კიდევ ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ჯაზის გზაზე გიმეგზურათ?

მიყვარს დიდი მესაყვირეები: კლიფორდ ბრაუნი, ფრედი ჰუბარდი, ვუდი შოუ, ჩეტ ბეკერი და მიყვარს ხალხი, ვინც შესანიშნავ ბალადებს ქმნის: მაგალითად ბილ ევანსი, კენი დორენი... მიყვარს მუსიკა არა ჩვეულებრივი განწყობით, არამედ განწყობით, რომელსაც რაღაც პრეტენზიის, სევდის ელფერი დაკრავს. ასეთი მუსიკა სასიამოვნო მოსაუბრეა... ეს მაილსის მუსიკაა, ჩემი მაპროვოცირებელი.

First Wish - ათი წლის წინ, შემდეგ - When I fall in love და ამერიკული ბაზრის ჯაზ ჰიტი, ყველაზე შემოსავლიანი კომპაქტ დისკი. People Magazine-მა მსოფლიოს 50 ულამაზეს ადამიანთა შორის დაგასახელათ: „ყველაზე სექსუალური მესაყვირე ჩეტ ბეკერის შემდეგ“... ფანები, ფანები უცხო ქვეყნებში, ქრის ბოტის მაისურები... Bottiology; ქრისი CNN-ზე, პირდაპირი ინტერნეტ ჩატი ქრის ბოტისთან. ნახეთ Chris Live, Click Here - პოპულარობა...

ეს პოპ კულტურის ელემენტები: People Magazine-ები და Click Here-ები რაღაც პენთჰაუზის მაგვარია... სახლი კი ჩემი მუსიკა და საყვირია... მე ვერ მექნებოდა ასეთი პენთჰაუზი, საყვირისა და მასში გამავალი ინდივიდუალური ჟღერადობის გარეშე. ამ „სახლით“ ყველაზე მეტად ვამაყობ. სწორედ ამიტომ მოაქვს შენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილ ჰედლაინებს ამ ეტაპზე მხოლოდ პოზიტიური ენერგია... ერთსაც გეტყვი, პოპულარობა ოცი წლის წინ რომ მოსულიყო, ანუ როცა 21-ის ვიყავი, ალბათ სრულიად სხვაგვარად განვიცდიდი ამ ყველაფერს, რადგან ცხოვრებასაც სხვაგვარად აღვიქვამდი. დღეს, უბრალოდ, ძალიან მადლიერი ვარ ამ ყველაფრის გამო...

0x01 graphic

ისევ დამღლელი, თუმცა ძვირფასი ტურნეები... რომელი გზა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

ნებისმიერი ტურნე, რომელშიც ბენდთან ერთად მივდივარ და ბენდის ხანგრძლივად შენარჩუნებას ვახერხებ - ეს ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო რამაა. ბოლო წლინახევრის განმავლობაში, გამოვარჩევდი მსოფლიო ტურნეს სტინგთან ერთად, რომელიც ჩემთვის დიდი აღმოჩენა იყო. მთელი კარიერის მანძილზე? ისევ სტინგი მახსენდება. მე მის ბენდში ვიყავი Brand New Day-ს ტურნეს დროს, რომელიც ძალიან ბევრი რამით იყო გამორჩეული. აქ განსხვავებული სტილისტიკის მქონე მსოფლიო დავინახე, როგორც მუსიკალური, ისე ადამიანური თვალსაზრისით. სტინგი მაგარი ვინმეა. საოცარი იყო მასთან თანამშრომლობა. ტურნესგან ასეთი სიამოვნება პირველად მაშინ მივიღე.

თბილისში, თქვენი სამშობლოდან საკმაოდ შორს, ღია ფანჯრებიდან ხშირად ისმის ქრის ბოტის კომპოზიციები. თქვენ აქ ერთხელ უკვე იყავით.... რა წაიღეთ საქართველოდან?

მართლაც უამრავი რამ გამყვა თბილისიდან. ეს იყო გასულ წელს, ივნისში, როცა თბილისის ჯაზ ფესტივალში ვმონაწილეობდი... ორი რამ განსაკუთრებულად დამამახსოვრდა: ხალხი... სტუმართმოყვარე და კეთილგანწყობილი, შემსრულებლისთვის კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისში გვიან ღამით ჩამოვედით და, ამის მიუხედავად, აეროპორტში ფანტასტიური Greeting Party მოგვიწყვეს. ეს განწყობა ბოლომდე გაგვყვა... მეორე ყველაზე მძაფრი შეგრძნება, რაც ოდნავ თუ ჩამოუვარდება პირველს იყო ... კერძები! ღმერთო ჩემო! ძველ ქალაქში ერთერთ რესტორანში წავედით. ცოტა ზედმეტი მომივიდა. უბრალოდ, ვერ გავჩერდი. თან, სუფრას სულ რაღაც ახალი ემატებოდა... რომ არ მოგატყუოთ, მუსიკოსებს უყვართ საჭმელი... და ქართული საჭმელი წარმოუდგენლად გემრიელია. ჩემი პროდიუსერი ბობ კოლომბი, რომელიც წლევანდელ თბილისის ჯაზ ფესტივალს სპეციალური სტუმრის სტატუსით ესტუმრება. უკვე შემზადებულია და იცის, სად მიდის. ხალხი, საჭმელი და შესანიშნავი მსმენელი - ეს ყველაფერი ყოველთვის მემახსოვრება და ძვირფასი იქნება ჩემთვის.

Love is touch , touch is love - ეს ჯონ ლენონის სიყვარულის ვერსიაა. როგორია თქვენი ვერსია?

სიყვარული საოცარი გრძნობაა, მაგრამ ჩემთვის ინტრიგა და ინტერესი იუწვდომლობის შემთხვევაში მძაფრდება.

საყვარელი ადამიანის შეხება უტკბესი გრძნობაა, მაგრამ ამ შეხებაზე ფიქრი ან ვერშეხების გამო ტკივილი, ჩემთვის მუსიკალურად უფრო მძაფრი გამტარია, ვიდრე მარტივი ფრაზა - „მოდი, მოგეხვიო”.

Trump et - he or she?

ჩემი საყვირი ბისექსუალია (ხმამაღლა იცინის)... ეს ხუმრობით, რეალურად, საყვირი ჩემი გაგრძელებაა, ჩემი ნაწილი. საინტერესოა, წინა კითხვა სიყვარულზე რომ იყო... ვეხვევი საყვირს, მაგრამ ამ დროს ვერც ვგრძნობ, რომ ის ჩემს ტუჩებს ეხება. განცდა ისეთია, თითქოს ის ჩემი გულიდან ამოდიოდეს. შეიძლება ძალიან გაცვეთილი ფრაზა იყოს, მაგრამ ნამდვილად მგონია, რომ მე სხეულის აი, ამ ნაწილით ვუკრავ (მკერდზე ირტყამს ხელს), მკერდით, და ის ჩემი არსების გაგრძელებაა. აბა, როგორ შეიძლება საკუთარ მარჯვენა ხელს სქესი ჰქონდეს. ამას ხომ ვერასდროს იტყვი. მოკლედ, ალბათ, ასეა - საყვირი ჩემი არსია.

ქრის ბოტის ცხოვრების ხუთი ელემენტი

ჰაჰჰჰჰ... მუსიკა პირველია, საჭმელი, იოგა, ჭადრაკი და ქალის სურნელი (იცინის).

ახლა იმყოფებით სტუდიაში, სადაც ახალი ალბომისთვის დიდ ჯაზმენებთან ერთად დუეტებს იწერთ. ორიოდე სიტყვით, ამ ახალი პროექტის შესახებ.

მუშაობა ახალი დაწყებული გვაქვს... პირველივე ეტაპიდან მუსიკას ერთად ვაკეთებთ... და თუ ის ისეთივე გამოვა, როგორც ჩემი წინა დისკი იყო, მაშინ ვიცი, მსმენელი მუსიკალური ენერგიის ნამდვილ მოზღვავებას იგრძნობს. When I Fall In Love - ამ ალბომმა, რომელიც ძალიან წარმატებული და გაყიდვადი აღმოჩნდა, ახალი ჩანაწერის იდეას მყარი საფუძველი შეუქმნა. When I Fall In Love-ზე მუსიკალურ ინდუსტრიაში დისკის გამოსვლისთანავე ალაპარაკდნენ (ეს ოქროს ალბომად, იქცა, რაც ვოკალისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ს.ნ.), და ახლა ძალიან ბევრ ცნობილ შემსრულებელს სურს იგივე - სახასიათო, ატმოსფერული, საორკესტრო მუსიკის დაკვრა.

5-6 დღეა, ალბომზე მუშაობა დავიწყეთ. ის ფაქტი, რომ When I Fall In Love-ის წარმატების გამო, ბევრ ცნობილ შემსრულებელს სურს ალბომში მონაწილეობა, ნამდვილად სასიხარულოა.

თუ მუსიკა არა, სხვა - რა?

სიკვდილი! იცი, ამ კითხვას ხშირად მისვამენ ხოლმე... და მართლა არ ვიცი, მუსიკა რომ არ იყოს, რა იქნებოდა... ამის გარეშე არსებობა ვერც წარმომიდგენია.

0x01 graphic

ფოტო: Fabrizio Ferri

13 თბილისირი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ღმერთს მაშინ ვიწამებ, როცა
ის ჩემს საბანკო ანგარიშზე
სოლიდურ თანხას ჩარიცხავს.
ვუდი ალენი

ზაზა ბურჭულაძე
დასაწყისი წინა
ნომერში

სულ მიკვირდა, ისეთი რა უნდა მოხდეს, ღმერთი ვიწამო, თუნდა ჩემსა ბანკის ანგარიშზედ მილიონტრისტა ჩამირიცხოს-მეთქი, მაგრამ, უნდა გამოგიტყდეთ, რომა სულ ახლახან იმისთანა ამბები დატრიალდა, და მემცა მათი უშუალო მომსწრე გავხდი, რომა, ღმერთს კი არა, აწ რასცა გინდა ვიწამებ, თუნდა იმასა, რომა მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი. რასა ვგულისხმობ? რასა და, აეს ჩვენი ქალაქი ხომ ოდითგანვე განებივრებული იყო ათასგვარი ბაზრობებით, სემინარებით, ბიენალეებითა და ფესტივალებით... თუმცა ფესტივალიც არი და ფესტივალიც! ის, რომელზედაც ახლა მოგითხრობთ, არა მარტო წინარეთ, მგონი მომავალთაც უკვე აქედანვე აჭარბებს თავისი მნიშვნელობით. სულ ახლახან გამართულ წიგნის ფესტივალს ვგულისხმობ, რაღა! ო, თქვენი არ ვიცი, მე კი უნდა მოგახსენოთ, რომა მსგავსი მასშტაბისა და ცხოველ მუხტისა მექონი ცხოვრებაში არა მინახავს რა; ცხადია, გარდა საგრადა ფამილიასი, ბარსელონას როა. ვისცა არ უნახავს, იმათ გასაგონადა მინდა ვთქვა: სრა იდგა მოფარდაგული, ოქსინოთა და შარდითა... და წიგნები, წიგნები, წიგნები... ამასთან პედრო-დონალდოს გამყიდველი ციგნები... და მემცა მთელი ოთხი დღის მანძილზედ ვიაროდი ველსა ვლისად და ისეგვარად ბედნიერი და ამაყი ვიყავ, რომა სიხარულისგან სულ ქვეშა გამდიოდა. აი, ლოკოკინა ცოცვისას რომ სტოვებს ბრჭყვიალა ზოლსა, მემცა ზუსტად ემასე ვტოვებდი ფსლისა კვალსა. და, უმორჩილესად გთხოვთ, ნუ იფიქრებთ, თითქო ერთს ვამბობ, გულშიგან კი სულ სხვა რამ მიდევს. მით უფრო, რომ საყოველთაოდ ცნობილია, ამ ჩემს გასივებულ, ჭირის ბოხჩასავით გატენილ გულშიგან არა მიდევს რა, გარდა სამშობლოზედ ფიქრისა... სამშობლოზედ, რომლის ცასა ბნელად გაშლილი მწუხრის ზეწარი გადაეფარა. ჰოდა, ჩემი ყოველგვარი ნაუბარიც პატრიოტულ, სრულიად სპეტაკ გრძნობით ნაშობი როა, ამას უნდა ვითომ ბევრი მარჩიელობა? ჰისტორიას არ ახსოვს, მოსკოვშიგან ბაგრატიონის ძეგლთან ისრე ჩამევლოს, სიამაყისგან უმალ ფსლად არ გავსულიყავ... ახლაც, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება, მეც ორ თითზე ვიხსნები და შარვალი მისველდება. თუმცა ეს სულ სხვა ფსელია - დარდისა ფსელი. ო, იმას კი არ ვამბობ, ფსელი ჩემი იგივ ცრემლია-მეთქი (და, მიუხედავად ამისა, მაინცა ვფიქრობ, რომა არც ერთი ომი არა ღირს ჩემი ფსლის თუნდა წვეთადა). უბრალოდ, ჩემს სატირალს აგერ გვახარია სტირის, თვალთა ვითა მარგალიტსა აეგა ჰყრის ცრემლსა ხშირსა, და თანაც ისრე, რომა სათვალეს არა სტოვებს დაუცრემლავს; ჰოდა, ამ ჟურნალისთვის ესაც საკმარისი და საკმარისზე უმეტესიცაა. აბა, სულ ერთის წამით წარმოიდგინეთ, რომა აეხლა მემცა თვალნი ჩემნი ავიწირპლო, ცხელნი ცრემლნი მოვიწურნო და საქვეყნოდ ვიძახო: „ჰაი ჩემთვის, ვაგლახ მე, ვა!“ ესა ვარდისფერი ჟურნალია, დააშამათა ღმერთმან, გოდების წიგნი კი არა! ბოდიში მომითხოვია, სიტყვა გაგვექცა... მაშ ასე, ნუთუ ფიქრობთ, რომა გვახარია ნარცისიზმის მსახვრალ ხელს მოუბოჭავს და ისიც ოდენ იაქე კაცისას ჰგოდებს? - არ დაიჯეროთ, ჩემო ბატონებო, არ არი ეგა იმის ჩიტი, ესრეთ წვრილ საქმისთვინ გაისარჯოს. მით უფრო, რომ თვით მან არა რქუა ერთგან იმ თავის სერიალშიგან (რომლის სამუშაო სათაურიც, ეჭვი მაქვს, „Богатые тоже плачут“ უნდა იყოს) ესრე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები იქნება მეოცე საუკუნის გურჯისტანზედ და იმ ფილმებზედ, რომელზედაც ჩვენო, ტირაჟირებისა და ავტოგრაფების შიშით შეპყრობილ თაობას გვეტირებოდაო? მაშ-მაშა! რქუა, და მერმე რარიგ მოხდენილადა რქუა! ისე, იტყოდა, რატომაც არა, ენას ძვალი არა აქვს, თუმცა...

ჭირსაც წაუღია გვახარია! წაიღებს კიდეცა... უფრო სწორად, წაიღო და ესაა! ოღონდ სათქმელია, რომა არა ჭირმან, არამედ ცრემლმან, და ისიც არა საკუთარმან, არამედ სულ სხვისმან ცრემლმან წაიღო. იმათ გასაგონად კი, ვინც არ იცის რაზეა საუბარი, მინდა ვთქვა, რომა წიგნის ფესტივალის დღეებშინ ამ ჩვენ ქეთუსიე იგნატოვამა იმოტოლა ცრემლი ჰყარა, გვახარიას კი არა, სხვა დრო და სხვა გაგება რომ ყოფილიყო, ვინძლო ნოეც კი წაეღო იმ თავის კიდობნიანა (ისე, არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ ამბობენ, აეგ ქალი სუყველაფერზედ აესე მოსთქვამსო, კიდევ მეტი, თითი რომ დაანახო, უთუოდ გულამოხვინჩვით დაიწყებს ასკეცად ცრემლთა დინებასაო. მერედა, დავიჯერო, არ გაინტერესებთ, მართალია თუ არა ესა? ჰოდა, თუკი გაინტერესებთ, მიდით და დაანახეთ... თითი, დალახვრა ღმერთმან... და თქვენ რა იფიქრეთ?). თუმცა, სათქმელია, რომა ამ ჩვენ ქეთუსიე იგნასიოს, ბოდიში მომითხოვია, იგნატოვას ცრემლმან ერთი-ორი იმისთანა სასახელო მამულიშვილი წაიღო, იმათთან ადამკუკუს დროინდელ ნოეს სახელი რა მოსატანია! მაშ, გეკითხებით, სად გაქრნენ შალვა ნათელაშვილი და ლაინლ რიჩი? ჰაი! ან, იქნება მიბრძანოთ, რომა ნოე რასმით აღემატება თუნდა იგივ გვახარიასა? მე თუ მკითხავთ, ნოე კი არა, თუნდა თვით გია და ლაშა ბუღაძეებს ერთად აღებულთ ოდენ გვახარიას ფეხის ფრჩხილიც კი გადაწონის. ისრე, გინახავთ მაინცა რა ფრჩხილზეა საუბარი? აუჰუ-ჰუ-ჰუუ! ნუთუ დასტურ არ გინახავთ? ოო, უთუოდ ბევრი დაგიკარგავთ, ჩემო ბატონებო, რამეთუ ფრჩხილიც არი ფრჩხილიც! ფრჩხილი კი არა, ნამდვილი კუპიდონის ნამგალია... ცხადია, თუკი კუპიდონის უკვდავ ხელსა ნამგალი უპყრია.

ისრე, ხუმრობა იქით იყოს და, საკითხავია, ვითომ რატომ არ არი ყველაფერი ეს სასერიალე მასალა? მეტსაც გეტყვით, მე რომ საამისო დრო და ნიჭი მქონდეს, უთუოდ კუხარკების გულის ასაჩვილებელ და ხურუშიანთა პოტენციის ასამაღლებელ სერიალს გამოვაცხობდი სახელად, ვთქვათ, „ცრემლწაღებულნი“, მით უფრო, რომა ეპიგრაფად დუტუ მეგრელის ერთსა ლექსშიგან იმისთანა სტროფი მეგულვის, რომ იტყვიან, სწორედ რომ საეპიგრაფოდ ზედგამოჭრილი:

და, არ იფიქროთ რასმე ვღლაბუცობდე. ან რა საღლაბუცო კიდევა მეგრელი ანდა იგნატოვა ჰნახეთ! თუკი იგივ ფრანგებს დღემდის არ მორიდებიათ, რომა წუწკი და მუცელღმერთა პანტაგრუელით ეამაყათ, რომელმაც რომა მსოფლიოში უდიდესი ფსელდიდობა მოაწყო და ერჟამიერ მოსპო რამდენიმე ათასი პატიოსანი ძაღლიშვილი, თავის, როგორცა ღვიძლ პარიზელიანა, ისრე ჩამოთესლილ გომბიოებიანა, რატომ ჩვენ ვერ შევიძლებთ იგნატოვათი ტრაბახს, ვინცა თამამად (მთავარია, სითამამე არ მოგვიშალოს ღმერთმან) შეიძლება ცრემლდიდობის დედუფალად შევრაცხოთ? ჰოდა, თუკი შეიძლება, ბარემ აქავე შევრაცხოთ და ამაზე ლაპარაკიც გავათავოთ. გავათავებთ კიდეცა, ამისი დარდი ნუ გექნებათ, მთავარია მკლავი მკლავობდეს, თორემა გათავებას რა უდგას წინა! მაშ ასე, დიდება დედუფალაო, შენსა მტერსა და მოშურნეს დაუდგეს ორთავ თვალიო! მტკიცე ხარ, მტკიცე, ბელადო, სახანჯლე ფოლადივითა... თუმცა ეს ბოლო მგონი სულ სხვა ოპერიდანაა...

ისრე, ოპერაზედ გამახსენდა... მართალია, ბედნიერი და ამაყი ვარ, როსცა ამ ახლადგადაღებილ ქალაქში დავდივარ, თვალსა და ხელს შუა საღეჭი რეზინის ქარხანას რომ დაემსგავსა, და მემცა მიკი-მაუსად წარმომიდგენია თავი (არადა, მე უიცს სულ მეგონა, რომ რაღაც უფრო დიდისთვის და მნიშვნელოვანისთვის ვიყავი ამქვეყნად მოვლენილი, თუნდა რომ წაღმა მეფიქრა ქვეყნის უკუღმა ტრიალი, ანდა ქვიშანი აღმერიცხა და წყალნი მეკოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, მივხვდი, რომ პატარა თაგუნა ვარ, სახელად მიკლუხო. იმათ გასაგონად კი, ვისცა რაღაც ერევათ, და კარგა მაგრადაც ერევათ, რამეთუ ხშირად ასრე მომმართავენ: გამარჯობა, თახვო! როგორ გახდა შენი კბილები ასეთი ქათქათაო, - მინდა ვთქვა, რომ დრუნჩით კუდამდის თაგვი ვარ და არაფერი თაგვური არ მეუცხოება), თუმცა სათქმელია, რომა ზემოხსენებული სიხარული ახლოსაც ვერ მოვა იმ გრძნობასთან, რომელიც თქვენს მონა-მორჩილს აქვს „ამტანის“ ყურებისას. მე აქ და ახლა წიგნის ფესტივალზედ ვაპირებდი უბნობასა, მაგრამ, აბა, რომელი ფესტივალი და ზეიმ-მეჯლიში მოვა ამ რიალ-ბზრიალ შოუსთანა? შეიძლება ითქვას, რომა, როსცა მე მეხთამპყრობელ ზევსის ძესა - სანდროსა (თუ კარგა დააკვირდებით, მაშ დაინახავთ, რომა უკანა მოსდევს ეთეროვანი ეჯიბი გვრიგვინთ ტოტების ჭერითა) ვუყურებ, ჩემს სიხარულს სამძღვარი არა აქვს, და შესაბამისად, უმალ ფსლად გავდივარ. მოდი და ნუ გახვალ. ხომ ცხადზე ცხადია, რომ იგი ზეკაცია, ელვა და სიგიჟე! და ელვარე და ლომფერი, როგორც ცხრა ოქტომბერი! და უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა. და მისგანა მოდის ჩემზედ ძალა მიმტაცი, ჰოდა, რა მერმე, რომა შეჰფოფინებდე ვაჟკაცსა, რაკი მოგწონსა გმირია? მართალია, თანდათან, ანუ, რაც დრო გადის, ცალკერძ - უჭმელობისგანა, ცალკერძ - ფერად გალიასა ანთუ ბუდრუგანასშიგან გამომწყვდეული აეგ მთასავით ვაჟკაციცა თვალსა და ხელს შუა მომპასის კანფეტივით ილევა, და მემცა სულ იმასა ვფიქრობ, ეს საწყალი კურდღელი ძლიერ ავად გაგვიხდა, არცა წამალი ეამა, ჩამოხმა და გაგვიხდა-მეთქი, თუმცა გულს ის მიკეთებს, რომა არც ისრეა საქმე, როგორცა რომა ერთი შეხედვითა ჰჩანს, რამეთუ მისსა სულს ზადი არ დასტყობია, და კიდევ - ლომის და ვეფხვის ნაშობი განა მგლად გადაშენდება? სხვა მეტიმცა, სწორედ ამ ახალ ადამიანების ნახვის მერმე ჩავხვდი, რომა მიკი-მაუსი ვარ, ერთგვარი ქაჩალი თაგვი. ან რა ხმანი აქუთ! გეგონება, განრისხებული ზევსი მეხისა კონებს იტყორცნებაო - ხმა ზახილისა მათისა ჰგვანსა ჰაერთა ქუხილსა! მე კი სორო-ბუნაგს დაყუდებული წრუწუნა ვარ... მერმედა, თაგვი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა, ქსლისა მბეჭველსა? ცხადზედ ცხადია, რომა არაფრითა... თუმცა, ძალიანა გთხოვთ, ჩემი დარდი ნუ გექნებათ, ჩემო ბატონებო, რაღაი, გარდა საბეჭვლისა, მე ქვაცა მაქვს და კაკალიცა, თავში შემოსაკრავიცა; კიდევ ისრეთი საუნა ბელტი, რომა ყოველგვარი ბელტის უნახავს გაგხდის კაცსა, ვფიქრობ, ქალსაც, რომ აღარაფერი ვთქვათ გახეხილი ყველის შესანახ კონტეინერზედ... ამიტომ ყველამ თავის ბოზ მამიდას მოუაროს. მე - ათას სირზედ გადამხტარი, როგორმე ჩემით გადავალ იოლასა. და თუ ვერ გადავედი, ეგაც არაფერი, ერთსა უთაგვოდ რამენაირად გასძლებს სოფელი. მით უფრო, რომ საყოველთაოდ ცნობილია, თაგვნი მიდი-მოდიან, ლომ-ვეფხვნი და ფუნა-ნეხვნი კი რჩებიან (ჰო, და რაც მთავარია, ამტანთ გარდა, წარღვნის მერმე, კიდევ ნოდარ ლადარია დარჩება, - ყოველგვარი ამტანობა ხომ ემაგის მოგონილია, - უკიდურეს შემთხვევაში, მისი სახელი მაინც, რაღაი მასზედ კაკალი კაცი, არამცთუ ჩვენსა, მთელსა დუნიაზედ არ მეგულვის).

თუმცა ჭირსაც წავუღივარ! წამიღებს კიდეცა! თან ზევით ხომ ნოე ვახსენეთ... ჰოდა, აბა, სად წარღვნამედეგი კაცი, და სად - ქაჩალი თაგვი, მით უფრო ემაშინ, როსცა ჰისტორია თაგვთა დამთავრდა? დაბოლოს, ისრე, სასხვათაშორისოდ, საკითხავია, რატომ არ არი ღლონტი ახალი ნოე, ხოლო „ფერადი სახლი“ მისი კიდობანი? მე თუ მკითხავთ, სწორედ რომ კიდობანია. ანუ, ვითცა ზევითაცა ვთქვით, მემცა და ჩემნაირ ქაჩალ თაგვთ სულ მალე ჭირი წაგვიღებს, ახალ ადამიანნი - ზეკაც-ზექალნი კი დარჩებიან, და აეგენი გამოსჭედავენ ხვალინდელ დღესა... ღამესაცა! კიდევ მეტი, უკვე აქედანვე სჭედავენ. და ახლავ სული წამიწყდეს, დანანებით თუ ვამბობდე სიტყვასა, წინაუკმო, ანუ, როსცა ემაგათ ვუყურებ, მიხარია კი არა, ვივსები ლხინითა და სიამითა და ციურ ზეიმოვნებითა, რამეთუ დასტურ აეგენი არიან ლომ-ვეფხვთა ლეკვ-ბოკვერნია, ჰოდა, ხომ გაგიგონიათ, ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია? თუმცა, ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ეს ბოლო რა შუაში იყო, წარმოდგენა არა მაქვს...

დასასრული

14 მომავალი სიღარიბის გარეშე

▲ზევით დაბრუნება


ფოტო: დავით მესხი

მომავალი სიღარიბის გარეშე არის არასამთავრობო ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების და პროფესიული ასოციაციების გაერთიანება, რომელიც ათასწლეულის განვითარების მიზანთა განხორციელების გზით, სიღარიბის აღმოფხვრას მოითხოვს.

მომავალი სიღარიბის გარეშე - საერთაშორისო ალიანსის Global Call To Act ion Ag ainst Poverty წევრია. ჩვენი მიზანია მოსახლეობის გააქტიურება და ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს მთავრობის იძულება, რომ სიღარიბე დაძლიოს.

თეთრი სარტყელი სიღარიბესთან ბრძოლის სიმბოლოა. უკვე 5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გაეროს ათასწლეულის სამიტზე 191 ქვეყნის მთავრობამ, მათ შორის საქართველომ, სიღატაკისა და დაავადებების აღმოსაფხვრელად და თანასწორუფლებიანობის დასამკვიდრებლად, ათასწლეულის განვითარების რვა მიზანი დასახა. მათ შორის, სიღარიბის აღმოფხვრა, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება, ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა, საყოველთაო განათლებისა და გენდერული თანასწორობის მიღწევა, შიდსსა და სხვა დაავადებებთან ბრძოლა და ქვეყანათა თანამშრომლობის გაღრმავება. ეს მიზნები 2015 წლამდე უნდა განხორციელდეს. გზის ერთი მესამედი გავლილია. სექტემბერში მსოფლიოს ლიდერები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან, რომ ნახონ, რისი მიღწევა შეძლეს.

ასეთი ტემპით, ათასწლეულის განვითარების მიზნების მისაღწევად კიდევ 100 წელიც არ იქნება საკმარისი.

მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ერთიანდება, რომ საკუთარ მთავრობას დაპირებების შესრულება მოსთხოვოს. შემოგვიერთდი!

0x01 graphic

მერაბ კოკოჩაშვილი რეჟისორი
განათლებით დავამარცხოთ სიღარიბე

0x01 graphic

ნატო მურვანიძე მსახიობი

„ზოგჯერ გვგონია, რომ სიღარიბე ჩვენ არ შეგვეხება - რეალობა კი სხვაგვარია. ოჯახის წევრის ავადმყოფობა, ხშირად, ოჯახის გაღატაკებას იწვევს. მრავალ ავადმყოფს აუცილებელ მედიკამენტზე ხელი არ მიუწვდება”.

„საქართველოში ყოველ მეორე ავადმყოფს არ შეუძლია მკურნალობის ხარჯების დაფარვა.

მომავალი სიღარიბის გარეშე მოითხოვს, რომ ავადმყოფთა გაღატაკების თავიდან ასაცილებლად, ჯანდაცვის დაფინანსების ეფექტური სისტემა შეიქმნას.“

0x01 graphic

ნონა გაფრინდაშვილი მოჭადრაკე

„ახალი ათასწლეულის მიჯნაზე, მსოფლიოს 191 ქვეყნის ლიდერმა ერთად გადაწყვიტა, რა უნდა გაკეთებულიყო, რომ 2015 წლამდე მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვლილიყო. გადაწყვეტილების მიღებიდან უკვე ხუთი წელი გავიდა, ქმედითი ნაბიჯები კი ჯერაც არ გადადგმულა. ვალდებულებები საქართველოს მთავრობასაც აქვს. შეასრულეთ თქვენი დაპირებები, ბატონო პოლიტიკოსებო!“

0x01 graphic

ლუკა კურტანიძე მოჭიდავე

„საქართველოში, ყოველი მეოცე ბავშვი ვერ აღწევს 5 წლის ასაკს. მათი დიდი ნაწილი ცხოვრების პირველსავე წელს იღუპება. შემზარავი ფაქტია.

ფაქტია ისიც, რომ ამ სიტუაციის რადიკალურად შეცვლა შესაძლებელია. საქართველოს მთავრობამ მიზნად დაისახა, რომ 2015 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა ორი მესამედით შემცირდეს.

მიზნის მიღწევამდე ათი წელი დარჩა, შეასრულეთ თქვენი დაპირებები, ბატონებო!“

0x01 graphic

ნიაზ დიასამიძე მომღერალი

„ერთი ამოსუნთქვა... ერთი გაფიქრება... ერთი კოცნა... ერთი გაღიმება... ეს ყველაფერი სამ წამში ხდება.

ყოველ სამ წამში, მსოფლიოს რომელიღაც წერტილში ერთი ბავშვი კვდება.

უკიდურესი სიღარიბის გამო, დღეში 58 ათასი ადამიანი იღუპება”.

0x01 graphic

სალომე კორკოტაშვილი მომღერალი

„სიღარიბის დამარცხება შესაძლებელია. 2000 წელს მსოფლიოს ლიდერებმა გვითხრეს, რომ ამისთვის 15 წელი დასჭირდებოდათ.

5 წელი გავიდა, შედეგი კი არ ჩანს!”

0x01 graphic

ვლადიმერ სტეფანია კალათბურთელი

„სტატისტიკა, მონაცემები, სხვადასხვა ინდიკატორები, რომლებიც სიღარიბის დონეს განსაზღვრავს... ამ არაფრისმთქმელი ციფრების მიღმა, ზოგჯერ რეალობის განცდა იკარგება. სიღარიბე - რეალური პრობლემაა, რომელიც ამ ქვეყანაში ყველას თანაბრად გვეხება.“

0x01 graphic

ნატო მეტონიძე მომღერალი

„ამერიკაში, ბრიტანეთსა თუ საფრანგეთში მილიონობით ადამიანი საკუთარ მთავრობას მსოფლიოს ღარიბ ხალხთა დახმარებას სთხოვს. ეს გასაგებია. საქართვლოში ჩვენ ვითხოვთ შველას, რადგან სიღარიბესთან შეხება ყველა ჩვენგანს უხდება. მე ვიცნობ ღარიბებს, მე ვხედავ გაჭირვებას - ჩვენ აღარ გვინდა ასე გაგრძელება.

ჩვენ ვერთიანდებით, რადგან გვინდა მომავალი სიღარიბის გარეშე“.

0x01 graphic

სერგი გვარჯალაძე ჟურნალისტი

„ქუჩაში ფული ხომ უთხოვიათ? შესაძლოა, მსგავსი რამ ყველგან ხდება, თუმცა ჩვენთან ასეთი რამ ხშირია. ყოველდღიურად იზრდება უსახლკარო და მოხეტიალე ბავშვთა რიცხვი. არავინ იცის მათი ზუსტი რაოდენობა. სიღარიბემ ამ ბავშვებს ცხოვრების და განვითარების ნორმალური პირობები წაართვა.

ჩვენ ვერთიანდებით, რადგან გვინდა მომავალი სიღარიბის გარეშე.“

0x01 graphic

ილიკო სუხიშვილი ქორეოგრაფი

„თქვენ გვეუბნებით, რომ საქართველოში შიმშილის პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. დღეს, ყოველი მეოთხე, საქართველოში სრულფასოვნად ვერ იკვებება. კიდევ უფრო მეტი, ვერ იღებს დაბალანსებულ საკვებს. სიღარიბე არა მხოლოდ შეჭირვებულების და უპოვართა პრობლემაა, ის ყველას გვეხება. ჩვენ ვერთიანდებით, რადგან გვინდა მომავალი სიღარიბის გარეშე“.

0x01 graphic

0x01 graphic

გაგრძელება იქნება >>>

15 წიგნები

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: თამარ ბაბუაძე

0x01 graphic

კამფეტები, ანანასი
გიგი გულედანი
Global Darkness Publishing
2005 .

საერთოდ, რჩევის მიცემა არ მიყვარს, მაგრამ ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა რჩევის არმიცემა, უბრალოდ, დანაშაული იქნებოდა. ბოდიში მომითხოვია, ასეთი პათეტიკური შესავლისთვის, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, სხვანაირად არ შემიძლია. რა ბევრი გავაგრძელო, მინდა გირჩიოთ გიგი გულედანის პატარა წიგნი „კამფეტები, ანანასი“ - რომლისთვისაც არცერთი საქებარი სიტყვა არ მენანება. წიგნი მართლაც პატარაა, თუმცა მარტო ეს, ცხადია, არაა იმის მიზეზი, რომ ტექსტი ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ამასთან, ვფიქრობ, რომ სიპატარავე ამ წიგნის ერთ-ერთი ღირსებათაგანია. და ამაში თქვენც დარწმუნდებით, თუ არ დაიზარებთ და რომელიმე მაღაზიაში ამ წიგნს მოიძიებთ. ჟანრზე საგანგებოდ არაფერს ვიტყვი, არა იმიტომ, რომ ძნელი დასადგენია. უბრალოდ, ვთქვათ ასე, ამ საკითხს გახსნილად დავტოვებ, რადგან არც მის ავტორს უნებებია ტიტულზე მისი მითითება და დაზუსტება. მკითხველმა თვითონ დაადგინოს, რა არის ეს, ზომიერად შელამაზებული დღიური, ბოლომოკვეცილი აღსარება, მცირე რომანი თუ კალეიდოსკოპური მოთხრობა. წიგნი ხელისგულისხელაა და ბევრი მშვენიერი და გიჟმაჟი აბზაცითაა დაწერილი, რაც კიდევ უფრო აჩქარებს კითხვის რიტმს. ტექსტს ეტყობა, რომ მისი ავტორი ახალგაზრდა კაცია, თუმცა საკმარისად გარყვნილი. იმ გარყვნილებას ვგულისხმობ, ურომლისოდაც მსგავსი წიგნი არათუ ვერ, არამედ არ დაიწერებოდა. „ამ წიგნის წაკითხვა ორთოდოქსული მეთოდით (თავიდან ბოლომდე) სავალდებულო არაა, მაგრამ არც აკრძალული“. უკვე ამ წიგნის შემდეგ აღმოვაჩინე ამავე ავტორის კიდევ ერთი ნოველა „Игра Б“, რომელიც არა მარტო შესანიშნავია, არამედ შეიძლება ითქვას, რომ შედევრია. თუკი ოდესმე თანამედროვე ქართული მოთხრობის ანთოლოგია შევადგინე, ამ ნოველას აუცილებლად შევიტან მასში, თუნდაც მისმა ავტორმა აღარაფერი დაწეროს. არ დავმალავ, ამას ჩემი ეგოისტური მიზანი მალაპარაკებს, კერძოდ, კვლავაც მინდა, რომ გიგი გულედანმა ახალი რამ შემოგვთავაზოს და ხელახლა გვასიამოვნოს. თქვენ კი იქამდე, შეგიძლიათ „კამფეტები, ანანასი“ დააგემოვნოთ.

ზაზა ბურჭულაძე

0x01 graphic

ნობელის პრემიის ლაურეატები
(სერია)
გამომცემლობაინტელექტი
2005 .

ამ წუთში ხელში ჯონ მაქსველ კუტზეეს „მისტერ ფო“ მიჭირავს. კუტზეე ერთ-ერთი ბოლო ნობელის პრემიის ლაურეატია და მეც „ინტელექტის“ ამ ახალ სერიაში შესული წიგნებიდან, სწორედ ეს შევიძინე. ეს მართლაც ძალიან გამორჩეული სამხრეთ აფრიკელი მწერალია, რომელიც პრესას თავისი უცნაური პრინციპებით ხშირად აბნევს ხოლმე. ნობელის მიღების დროს კი, შვედური ინსტიტუტიც საკმარისად დააბნია: ისეთი უცნაური ლექცია დაწერა, ისეთი იგავური, რომ უფრო მხატვრული იყო, ვიდრე ცნება ლექციის განმარტებას შეესაბამება.

მე კი კუტზეე გამოვყავი, მაგრამ გამომცემლობა „ინტელექტის“ მთელი ეს სერიაა აღსანიშნავი. ჯერჯერობით, გამოსულია შემდეგი ავტორები:

ნაჯიბ მაჰფუზი - „მირამარი“, გიორგი ლობჟანიძის შესავალით.

ალექსანდრ სოლჟენიცინი - მოთხრობების კრებული.

უილიამ ფოლკნერი - რომანი „გამტაცებელნი“, ზაურ კილაძის თარგმანით.

შმუელ აგნონი - „ედო და ეინამი“, მოთხრობების კრებული (ეს გახლავთ ერთადერთი ებრაელი მწერალი, რომელიც ებრაულ ენაზე წერდა და ნობელის პრემია დაიმსახურა).

იასუნარი კავაბატა - რომანი „ათასფრთიანი წერო“, ლილი მჭედლიშვილის თარგმანით. ეს ცნობილი ავტორიც პირველი იაპონელია, რომელსაც ნობელის პრემია მიენიჭა

დაბოლოს, სერიას აგვირგვინებს ჯეიმს დ. უოტსონი, ბიოზიფიზიკოსი, რომელსაც დნმ-ს სივრცითი სტრუქტურა შეუმუშავებია. „ინტელექტმა“ კი ქართულად მისი პირადი ანგარიში თარგმნა ამ სრტუქტურის აღმოჩენის შესახებ.

და რა გამოდის? გამოდის ის, რომ „ინტელექტი“ ძალიან კარგ ინტელექტუალურ არჩევანს გვთავაზობს.

0x01 graphic

კავკასიური ქრონიკა
(კრებული)
მამუკა ხერხეულიძე
გამომცემლობაარეტე
2005 .

დებიუტები ქართულ ლიტერატურულ სცენას, ბოლო დროს, არ აკლია. ეს კრებულიც ერთერთი მათგანია. თუმცა, ვინც თანმიმდევრულად ეცნობა ლიტერატურულ პერიოდულ გამოცემებს, მამუკა ხერხეულიძის მოთხრობები წაკითხულიც ექნება. „კავკასიური ქრონიკა“, „ოჩილა“, „მზე ამოდიოდა, ან ჩადიოდა“, „ბებე“ - ასეთია გოგა დემეტრაშვილის სადა და უპრეტენზიო დიზაინით აწყობილი წიგნის შიგთავსი, და, რაც მთავარია, ამ სათაურების შიგთავსიც ასეთივეა - სადა და კარგი. როცა მოთხრობებს წაიკითხავთ, ერთდროულად ბევრ რამეს მიხვდებით: რომ ბოლო ათ წელიწადში განცდილი და მომხდარი ჯერაც არ დასრულებულა; რომ ჩვენი წარსული კვლავაც ჩვენივე აწმყოა და თუ მას იმ დეტალებითა და ინტონაციით მოგვიყვებიან, როგორც ხერხეულიძე გვიყვება, დიდად არ გაგაღიზიანებს, რადგან ის ძალიან კარგი მთხრობელია. ყოველივე ამის ფონზე, მიხვდები იმასაც, რომ ის, რაც წიგნშია შესული, ძალიან ცოტაა. მამუკა ხერხეულიძეს კიდევ ბევრი აქვს მოსაყოლი.

...იმ წლებზე ბევრი წერს, ამ წლებზეც დაიწყეს წერა. მაგრამ „კავკასიური ქრონიკები“ რაღაც უფრო ნაკლებპრეტენზიული, პირდაპირი, გამძლე და მაგარია, ისევე, როგორც ის ე.წ. „წიგნის ფურცელი“ - უხეში და მუყაოსმაგვარი, რომელზეც ეს მოთხრობებია დაბეჭდილი. ასე ერთნაირი განცდა მოდიოდეს ცალკე ფურცლისგან, ცალკე ფურცელზე გადატანილი ტექსტისგან, პირველად ვნახე. აბა, თქვენც სცადეთ და გადაამოწმეთ.

ფილმები

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

0x01 graphic

ფანტასტიკური ოთხეული
სად: კინოთეატრი რუსთაველი
როდის: ივლისი
რეჟისორი: თიმ სთორი
ჟანრი: ბლოქბასტერი, თავგადასავალი, ზღაპარი, ფანტასტიკა;

ანუ უკვე მიხვდით ხომ, რა გელით?

თქვენი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე, ბავშვობაში არაერთხელ მიოცნებია - ნეტა, შემეძლოს რაღაც უცნაურობების კეთება, მაშინ ხომ ყველაზე მაგარი ვიქნებოდი-მეთქი! თუმცა, არცერთ ჩატარებულ ექსპერიმენტსა თუ ცდას საჭირო შედეგი არ მოჰყოლია, რამაც საბოლოოდ ხელის ჩაქნევასა და ამ საკითხში ღრმა პესიმისტობისაკენ მიბიძგა.

ჩემგან განსხვავებით, თიმ სთორის ახალი ფილმის გმირები, რომელთაც „ფანტასტიკური ოთხეული“ და თუ გნებავთ „მშვენიერი ოთხეული“ უწოდეთ, ისეთ საოცრებებს სჩადიან, რომ...

კოსმოსში გაფრენისას მიღებული დასხივებით, ოდესღაც ჩვეულებრივი ადამიანი, „მისტერ ფანტასტიკი“, საღეჭი რეზინივით მოქნილი და წელვადი ხდება; მეგობარი გოგონა სიუ - ხან ჩნდება, ხან ქრება, ანუ, თვით „ქალი- უჩინმაჩინია“; სიუს ძმა - „ადამიანი-ჩირაღდანი“ - ცეცხლის ყოვლისშემძლე „მამაა“; ხოლო მფრინავი ბენი, სუპერძლიერ „ქვის კაცად“ გადაიქცევა ხოლმე...

ყველანი ერთად კი, ის ბანალურ-ამერიკული „ძალა ერთობაშია“, რომლებიც ზოგადად ბოროტებას და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ექიმი დუმის ბოროტ ზრახვებს ებრძვიან.

0x01 graphic

შინაგანი ზღვა
სად: კინოდარბაზი ამარკორდი
როდის: ივლისი
რეჟისორი: ალეხანდრო ამენაბარი

ეს ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ესპანეთის კინოაკადემიამ „გოიას“ დაჯილდოება ჩაატარა; რომლის უდავო ფავორიტი და 15 ნომინაციაში დასახელებული ალეხანდრო ამენაბარის 2004 წელს გადაღებული ფილმი „შინაგანი ზღვა“ გახდა. ფილმი, რომელმაც უკან ჩამოიტოვა პედრო ალმოდოვარის „ცუდი აღზრდა“, და „ოსკარზე“ წასვლის უფლებაც, რომ იტყვიან, ცხვირწინ ააცალა პედროს. ეს უკანასკნელი კი, ამაზე ისე გაღიზიანდა, რომ ძმასთან ერთად, უარი განაცხადა კინოაკადემიის წევრობაზე და სულ წამოვიდა იქიდან.

ევროპის კინოაკადემიის, „ოქროს გლობუსის“ და „ოსკარის“ ჯილდო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისათვის; რამდენიმე ესპანური „გოია“ და ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეც-პრიზი.

აქვს თუ არა ადამიანს უფლება, თვითონ აირჩიოს საკუთარი სიკვდილის დღე?

ეუტანაზია - ნებაყოფლობითი სიკვდილი;

ეუტანაზია - მძიმე ავადმყოფობის დასრულების ერთადერთი შანსი.

ალეხანდრო ამენაბარის „შინაგანი ზღვა“, სწორედ იმ თემას შეეხება, რაც დღეს, მთელი მსოფლიოს მსჯელობის საგანია; ის, რის გაგონებაზე, დღესაც აცახცახებს ბევრ სახელმწიფოს, და რასაც ასე ეწინააღმდეგება ეკლესია.

მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა რამონ სამპედო (ხავიერ ბარდემი) წყალში, არასწორად შესრულებული ნახტომისას კისერს მოიტეხავს, მისი ცხოვრება ნამდვილ კოშმარს ემსგავსება; მას საწოლზე მიჯაჭვული 30 წელი და... ერთადერთი იმედი - ეუტანაზია რჩება.

0x01 graphic

თბილისი-თბილისი
სად: კინოთეატრი ამირანი
როდის: ივლისი
რეჟისორი: ლევან ზაქარეიშვილი

შვიდი წლის წინ დაწყებული ფილმი;

ოთხი სევდიანი ნოველა;

ქართული სინამდვილე;

ახალი მარგინალების მიკრო სამყარო და დიდ ბაზრად გადაქცეული თბილისი - ეს ლევან ზაქარეიშვილის ახალი ქართული რეალობაა, ფილმი „თბილისი-თბილისი“, რომელსაც კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარდგენის შემდეგ, ქართველი მაყურებელიც იხილავს.

ის, რომ საქართველოში ან არაფერი კეთდება - აქ მე კინოს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა - ან თუ კეთდება მაშინ ეს პროცესი სრულ უსასრულობაში გადადის, ახალი აღმოჩენა არაა. როგორც უკვე მიხვდით, არც ეს უკანასკნელი ფილმია ზემოთ ხსენებული პროცესისგან გამონაკლისი. ისიც ფაქტია, რომ გაწელილი წლები და უსასრულობა, მინუსების გარდა, არც არაფერს სძენს ფილმს, თუმცა...

მართალი გითხრათ, ამ შემთხვევაში დიდად ვერ დაგეხმარებით, რადგან ფილმი ნანახი არ მაქვს და ვერც ვერაფერს გეტყვით, გარდა მოკლე შინაარსისა და იმ ფაქტისა, რომ კინოთეატრში მისულს, არამარტო შტერული ამერიკული ფილმები და ზოგჯერ გამონათებული ევროპული კინო, არამედ ქართველი რეჟისორის, ქართულ ბაზაზე გადაღებული ქართული ფილმი დაგხვდებათ.

ფილმის ახალგაზრდა გმირი რეჟისორია, რომელიც სცენარს წერს, მაგრამ... მაგრამ ვინ იცის? აქვს კი აზრი რამის გაკეთებას ასეთ არეულ ქვეყანაში?! დახეტიალობს საკუთარი ქალაქის ქუჩებში, რომელიც თანდათან დიდ ბაზარს დაემსგავსა და... ეს ხომ მარგინალების, მეძავების და ჯიბგირების მიკრო სამყაროა!