The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №19 ბიულეტენი


საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №19 ბიულეტენი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: პრესის მიმოხილვა აგვისტო, 2005 წ. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი The Caucasus Institute for Peace, Democracy and Developmentთბილისი, მერაბ ალექსიძის 1, მე-11 სართ. 1, Merab Alexidze St., 11th floor, Tbilisi, Georgia



1 საერო პრესა

▲ზევით დაბრუნება


ქრონიკა, 1-7.08.05.
ლევან ცალუღელაშვილი
მთავაზობდნენ საუნაში ქალთან ერთად წავსულიყავი, რომ იქ ჩემთვის უბედური
შემთხვევა მოეწყოთ და მერე ეთქვათ, აი, ნახეთ, როგორი ადამიანები იცავენ
ეკლესიასო

საუბარი საქართველოში გახშირებული „კარგად შეფუთული მკვლელობების“ თემით იწყება და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულების თემაზე გადადის. ავტორის აზრით, როგორც კი მიწყნარდება „აშკარა იდეოლოგიური ომი ეკლესიის წინააღმდეგ, „ბექ ოფისი“, ანუ იატაკქვეშეთი, განაგრძობს აქტიურობას“. ამის დასტურად ავტორს ამჯერად ზურა მესხის წიგნის, „ჩვენი უცოდველობა, მამავ...“ გამოცემა მიაჩნია. როგორც პუბლიკაციიდან ჩანს, წიგნში ავტორს ერთ-ერთ გმირად ქალის მიერ ცდუნებული მღვდელიც ჰყავს გამოყვანილი. „შესაძლოა, - წერია სტატიაში, - წიგნის გამოცემა ეკლესიის წინააღმდეგ კიდევ ერთი დარტყმის განხორციელების მიზნით მოხდა“. თანაც, ეკლესიასთან დაახლოვებული არასამთავრობო ორგანიზაციის, „ნაციონალური ლობი,“ მეთაურს, გიორგი ანდრიაძეს „ქრონიკისთვის“ თვითონვე გაუმხელია ერთი „უცნაური და დამაფიქრებელი“ ამბავი - კერძოდ ის, რომ ამ წიგნთან დაკავშირებით სახელისუფლო და საეკლესიო წრეებში „ჩუმი ქირქილი და მითქმა-მოთქმა“ შექმნილა, „ჭორებში წიგნში აღწერილი დაკონკრეტდა და კონკრეტული პიროვნებეის სახელი მიიღო“, ამ პიროვნებებს შორის, ანდრიაძის აღიარებით, მისი სახელიც გაჟღერებულა. ამას ისიც დაერთო, რომ ბ-ნ გიორგის დიდი ხნის უნახავი ნაცნობები წვევიან. მათ თურმე არც აცივეს, არც აცხელეს და აბანოში, თანაც ფინურში, ანუ საუნაში წასვლა შესთავაზეს. ბოლოდროინდელი პროცესების ღრმა გაანალიზების შემდეგ ბ-ნი გიორგი იმ დასკვნამდე მისულა, რომ ხმაური წიგნის ირგვლივ ხელოვნურად აუტეხავთ, (წიგნის გამოცემას თავისთავად არავითარი პოლემიკა არ მოჰყოლია) და ამ ხმაურის მთავარი მიზანი “საინფორმაციო საფუძვლის მომზადება“ ყოფილა, რათა მერე „განეხორციელებინათ უბედური შემთხვევის მოწყობის მსგავსი ქმედებები“. „ანგარიშსწორების ფორმები ცეზარიდან მოყოლებული დღემდე არ იცვლება“, რის გამოც გიორგი ანდრიაძე დარწმუნებულია, რომ საუნაში ის ხელოვნურად მოწყობილი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდებოდა, თანაც ეს პიკანტურ სიტუაციაში მოხდებოდა მისი სახელის გატეხვის და ეკლესიისთვის დარტყმის მიყენების მიზნით. ყოველივე ამის გამო ბ-ნ გიორგის პრევენციული განცხადება გაუკეთებია: „დავასწარი და განცხადება გავაკეთე. ასე რომ, მათ ტრენინგების ჩატარებაც კი ვერ მოასწრეს“, - აცხადებს ანდრიაძე.

რეზონანსი, 4.08.05.
რუსიკო მაჩაიძე
სომხებმა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმება დაარღვიეს

3 აგვისტოს რუსულმა ინტერნეტსაიტებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს სომხური ეკლესიის ეპარქიის ეპისკოპოსმა მირზახანიანმა „სომხურად აკურთხა“ ახალქალაქის რაიონის სოფელ სამსარის ეკლესია. ინფორმაციის მიხედვით, კურთხევის ცერემონიალში საქართველოს პარლამენტის სომხური წარმოშვობის ზოგმა დეპუტატმაც მიიღო მონაწილეობა.

სულ ცოტა ხნის წინ ადგილობრივმა მოსახლეობამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თბილისიდან ჩასულ სტუდენტებს და სასულიერო პირებს, რომლებსაც ამ ეკლესიაში ლოცვის ჩატარება უნდოდათ, - იხსენებს პუბლიკაციის ავტორი. ამ ინციდენტის შემდეგ იმავე ეპისკოპოსმა მირზახანიანმა ქართულ მხარეს ბოდიშიც კი მოუხადა.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მომხდარი საქართველოს და სომხეთის ეკლესიებს შორის არსებული შეთანხმების უხეში დარღვევაა, ვინაიდან რაც სომხებს ამ ეკლესიაზე პრეტენზია გაუჩნდათ, საპატრიარქოში მუდმივად იმართებოდა შეხვედრები მხარეებს შორის, სადაც მხარეები ერთობლივი კომისიის შექმნაზე შეთანხმებულან. საპარიარქოში თვლიან, რომ საკითხი მოლაპარაკებით და ხელისუფლების ჩარევით უნდა გადაწყდეს.

კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იციან. ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები კი ამ ფაქტს რუსული ბაზების გაყვანას უკავშირებენ.

სომხური მხარის მტკიცებით, მიღწეული შეთანხმების თანახმად, სადავო ეკლესიაში რაიმე რიტუალის ჩატარება ერთობლივი კომისიის დასკვნამდე იკრძალებოდა და ქართველ სტუდენტთა მცდელობამ, ჩაეტარებინათ იქ ლოცვა, მათი გამაღიზიანება გამოიწვია.

ხვალინდელი დღე, 5.08.05.
რუბრიკა: დედაეკლესია
მფრინავ თეფშებზე, უცხოპლანეტელებზე და ჰუმანოიდებზე

არავითარი მფრინავი თეფშები, უცხოპლანეტელები და და ჰუმანოიდები არ არსებობს, - იტყობინება უცნობი ავტორი, - „არამედ ეს ბოროტ სულთა, ეშმაკთა მორიგი დიდი საცთურია. ბოროტის 666 მახიდან ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მახეა მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილი“. ეს მახე, ავტორის აზრით, იმითაა საშიში, რომ ადამიანები ღმერთისაგან კი არა, უცხოპლანეტელებისაგან ელიან შველას.

ახალი ვერსია, 12-13.08.05.
ნინო ჯაფარიძე
რევოლუციური პროექტი

სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს ახალ კანონზე - „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ“. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ შემოთავაზებული ვარიანტი - რელიგიური ორგანიზაციების კერძო სამართლის პირის სტატუსით დარეგისტრირება - მიუღებელი აღმოჩნდა სომხური, კათოლიკური და ლუთერანული ეკლესიებისათვის. ომბუდსმენის აპარატში თვლიან, რომ პრობლემის გადასაწყვეტად ორი გზა არსებობს: 1) გაფორმდეს ხელშეკრულება სახელმწიფოსა და ამ ეკლესიებს შორის, არა იმ რანგისა, როგორიცაა კონკორდატი, მაგრამ სახელმწიფომ აღიაროს მათი სტატუსი და უფლებრივი მდგომარეობა; 2) მიღებულ იქნას ისეთი კანონი, რომ რელიგიური ორგანიზაციები საჯარო სამართლის პირად დარეგისტრირდნენ.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ბექა მინდიაშვილი თვლის, რომ უფრო ლიბერალური ფორმაა რელიგიური ორგანიზაციების კერძო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირება, როგორც ეს ჰოლანდიასა და აშშ-შია, მაგრამ „როდესაც ერთი რელიგიური გაერთიანება უკვე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად არსებობს, და კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფოს მხრიდან შეუდარებლად ბევრი პრივილეგია ენიჭება, ვიდრე სხვა რელიგიურ ორგანიზაციას, ეს დისკრიმინაციულ გარემოს ქმნის“.

საპატრიარქოსთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაციონალური ლობის“ თავკაცის გიორგი ანდრიაძის აზრით, ისეთ ტრადიციულ რელიგიებს, როგორიცაა: სომხური, კათოლიკური, მუსლიმანური, იუდაური - განსხვავებული სტატუსი უნდა ჰქონდეთ, თუნდაც ორმოცდაათიანელებთან შედარებით. რაც შეეხება თანასწორუფლებიანობის პრინციპს, ანდრიაძე მას მიესალმება, მაგრამ თვლის, რომ რელიგიური ორგანიზაციების უფლებებს, მათ შორის მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებებსაც, თვით ხელისუფლება არღვევს, როდესაც კაპელანების ინსტიტუტის შესახებ კანონს არ იღებს.

ხვალინდელი დღე, 17.08.05.
რუბრიკა „დედაეკლესია“
ჯადოზე და მის მავნებლობაზე

წერილის ანონიმი ავტორი წუხს, რომ ურწმუნო ადამიანთა უმრავლესობას ჯადოს არსებობა არ სწამს და მის ხსენებაზე ირონიულადაც ეღიმება, არადა თურმე „სინამდვილეში ჯადო არა თუ არსებობს, არამედ საშინელი ძალითაც მოქმედებს - მას შეუძლია იმოქმედოს კაცის მთლიან იმპოტენციაზე, ან კაცს შეეძლოს მხოლოდ ერთ ქალთან ურთიერთობა, ოჯახების დანგრევა, მეგობრების გათიშვა, ზემოქმედება სამსახურეობრივ საკითხებზე,... გათხოვებაზე, დაცოლშვილებაზე, გამრავლებაზე“, ოღონდ ეს მორწმუნე, ეკლესიურ ადამიანზე არ ვრცელდება. ხშირად ურწმუნო ადამიანი მრავალი წელი იტანჯება ავადმყოფობით და სხვადასხვა გაჭირვებით და არ იცის, რომ ეს ჯადოს მიზეზითაა. ავტორი გვარწმუნებს, რომ მორწმუნე, ეკლესიურ ადამიანს მსგავსი არაფერი ემართება.

ხვალინდელი დღე, 17.08.05.
რუბრიკა: დედაეკლესია
წვერის ტარებაზე

„ღვთის განგებით... ყოველი მამრი და მდედრი ცხოველის სახე ბეწვითა და თმითაა დაფარული. ერთადერთი ადამიანებში განასხვავა უფალმა ქალის სახე კაცის სახისგან“, - წერს ისევ ანონიმი ავტორი. „ღმერთმა შეჰქმნა კაცი თავის ხატად და მსგავსად“ და, ცოტა არ იყოს, მწყრალი თვალით გადმოჰყურებს ზეციდან „ქალივით პირტიტველა კაცებს“.

ხვალინდელი დღე, 26.08.05.
მანანა ნოზაძე
კათოლიკოს-პატრიარქის ჩარევამ კათოლიკური პროგრამა შეაჩერა

პუბლიკაციის მიხედვით, საქართველოს უკვე 20-მდე სკოლაში მოქმედებს პროგრამა „ვაშენოთ მომავალი“, რომლის ორგანიზატორი არის კათოლიკური დახმარების სამსახურის წარმომადგენლობა სამ პარტნიორ არასამთავრობო ორგაიზაციასთან ერთად - საქართველოს გაეროს ასოციაცია, სოხუმის მოზარდთა სახლი (აფხაზეთი) და ჟურნალისტები ადამიანის უფლებებისთვის (სამხრეთ ოსეთი). გარდა ამისა პროგრამას მხარს უჭერენ სხვა არასამთავრობოები - საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი, ეროვნულული ოლიმპიური კომიტეტი და სხვანი. პროგრამა სახელმწიფო სკოლებში ახალგაზრდული კლუბების ჩამოყალიბებას და საზაფხულო ბანაკებში ბავშვების დასვენებას ისახავს მიზნად. 5-წლიანი პროგრამის მთლიანი ღირებულება 5,5 მილიონ დოლარს შეადგენს და აშშ-ის საერთაშორისო სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.

პირველად პროგრამის წინააღმდეგ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა გაილაშქრა. ამ კავშირის გამგეობის წევრის ავთანდილ უნგირაძის თქმით, მათ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამხილეს ეს პროგრამა, როგორც „კათოლიკური აგრესია“, განათლების სამინისტრო კი, რომელმაც მაშინ განაცხადა, რომ პროგრამის შესახებ არაფერი იცოდა, კათოლიკეების ხელშეწყობაში და მართლმადიდებლობის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს.

კათოლიკოს-პატრიარქის ჩარევის შემდეგ პროგრამა შეჩერდა. საპატრიარქოს წარმომადგენელი ზურაბ ცხოვრებაზე, რომელსაც გაზეთი ამ თემაზე ესაუბრა, ამბობს, რომ კათოლიკური დახმარების სამსახურს მთელ მსოფლიოში 103 სკოლაში ჰქონია მსგავსი პროგრამა, მარტო საქართველოში კი 203 სკოლაში აპირებდნენ შეღწევას, ეს კი ეჭვს ბადებს, ხომ არ არის ეს ფარული პროზელიტიზმი. მას არ სჯერა, რომ პროგრამა განათლების სამინისტროს სანქციის გარეშე იყო ამოქმედებული და ჰგონია, რომ სამინისტრო ორმაგი სტანდარტით მოქმედებს. თუ სახელმწიფო სკოლებში აკრძალულია რელიგიური ატრიბუტიკა და რელიგიური რიტუალების ჩატარება, „მართლმადიდებლებისთვის რაც არ შეიძლება, სხვებისთვის, სხვა სარწმუნოების და კონფესიების ხალხითვის დასაშვებია? მსგავსი კითხვები უჩნდებათ ქართველ მართლმადიდებლებს.“

ახალი თაობა, 26,08.05.
ზაზა ბაკაშვილი
კათოლიკური პროგრამა ქართულ სკოლებში აღარ განხოციელდება

პუბლიკაციის სულისკვეთება ასეთია: საქართველოს საპატრიარქო „ვერ მოერია“ საერთაშორისო სასულიერო დიპლომატიას და იძულებული გახდა აიტანოს და მოითმინოს საპატრიარქოსთან არსებული კათოლიკების, ბაპტისტების, მუსლიმანების და სხვა კონფესიების საბჭო. ამ კონფესიების წარმომადგენლები საპატრიარქოს თავიანთ პრეტენზიებსა და მოთხოვნებს ახვევენ თავს. ისინი სხვადასხვა ხრიკებით ცდილობენ თავიანთი იდეოლოგია მოახვიონ საქართველოს მოსახლეობას. საპატრიარქოში ადვილად გაუშიფრავთ მათი ზრახვები და პრინციპულობაც გამოუჩენიათ - კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები გაუწბილებიათ: რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალის, ვაშინგტონის მთავარეპისკოპოს თეოდორეს ვიზიტი კათოლიკოს პარტიარქტან იმით დასრულდა, რომ შეჩერდა პროგრამა - „ვაშენოთ მომავალი“, რომელიც სახელმწიფო სკოლებში კლუბების ჩამოყალიბებას და საგაზაფხულო ბანაკების გახსნას გულისხმობდა, სადაც სხვადასხვა ეთნოსური წარმომავლების ბავშვი დაისვენებდა, მათ შორის აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.

რეზონანსი, 26.08.05.
ელზა წიკლაური
საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ კათოლიკეებმა პროგრამა შეაჩერეს

შეხვედრას, რომელიც საპარტრიარქოში შედგა და რომლის დროსაც გადაწყდა კათოლიკური პროგრამის შეჩერება, ესწრებოდნენ კათოლიკოს-პატრიარქი, მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები, ვაშინგტონის ეპისკოპოსი თეოდორე (მაკარიკი), წმინდა საყდრის დესპანი საქართველოში კლაუდიო გუჯეროტი, კათოლიკური სამსახურის წარმომადგენლები და სხვა სასულიერო და საერო პირები. პუბლიკაციაში წერია, რომ შეხვედრამ ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროში ჩაიარა. შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოს საპატრიარქო ეჭვის თვალით უყურებს ამ პროგრამას და მასში პროზელიტიზმის ნიშნებს ხედავს.

საპარტრიარქოს წარმომადგენელმა, სასულიერო აკადემიის პრორექტორმა, გიორგი ზვიადაძემ გაზეთს განუცხადა, რომ, მართალია, საპატრიარქოს ამ პროგრამის მონიტორინგი არ ჩაუტარებია, მაგრამ „თავისთავად ის, რომ ორგანიზაცია კათოლიკური ეპისკოპოსების მიერაა დაფუძნებული და ის ფაქტი, რომ დღესაც ამ ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოში არაერთი ეპისკოპოსია, ეს შეიძლება მოსახლეობამ პროზელიტიზმად აღიქვას“.

განათლების სამინისტროს განცხადებით, მათ არაფერი იცოდნენ პროგრამის შესახებ.

ამ განცხადების არ სჯერათ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, თუმცა მკვეთრი განცხადებების გაკეთებას ხელისუფლების მისამართით ერიდებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციის - „ნაციონალური ლობის“ ლიდერი გიორგი ანდრიაძე გაცილებით გულახდილია და სამინისტროს ტყუილში ამხელს: „შეუძლებელია ამხელა პროექტი ასეთ სერიოზულ ორგანიზაციას დაეწყო, თუ განათლების სამინისტროს მიერ წინასწარი ნებართვა არ იქნებოდა. ... თუ მართლმადიდებლური საგნების სწავლება არ შეიძლება, მაშინ კათოლიკური ახალგაზრდული კლუბები ნამდვილად არ უნდა შეაქმნევინონ. მართალია, ამ შეთხვევაში პასუხი იქნებოდა, რომ ეს რელიგიურ სახეს არ მიიღებდა, მაგრამ ამას უკვე აღარა აქვს მნიშვნელობა. რაღა მაინცდამაინც კათოლიკური?“

განათლების სამინისტროს გულწრფელობაში ეჭვი საპატრიარქოს იურისტს ოთარ ზოიძესაც ეპარება. ზოიძის თქმით, კათოლიკეები საქართველოს მოსახლეობის გადაბირებას მე-17 საუკუნიდან ცდილობენ და ასეთ პროგრამას აქვს „არაპირდაპირი დატვირთვა - პროზელიტიზმი, ანუ კათოლიციზმის

2 სასულიერო პრესა

▲ზევით დაბრუნება


აგვისოტოს თვე გამოირჩევა რელიგიური პრესის სიმცირით. ჟურნალ-გაზეთების გარკვეული ნაწილი არ გამოსულა, შესაბამისად მცირეა მოწოდებული მასალაც.

2.1 ეკლესია და მისიონერობა

▲ზევით დაბრუნება


კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თავის მიმართვაში საქართველოში სხვადასხვა „სექტების“ მომრავლების საკითხს შეეხო. მათ, პატრიარქის სიტყვებით, საზღვარგარეთ თავიანთი ძლიერი ცენტრები ჰყავთ, საიდანაც მათ უხვად აფინანსებენ და ამარაგებენ ლიტერტურით. კონტრპროპაგანდისთვის, პატრიარქის აზრით, სასურველია მომზადდეს მართლმადიდებელი მქადაგებლების ახალი კადრები: „დადგა დრო სასულიერო პირების მოციქულებრივი მოღვაწეობისა, ჩვენ ხალხს ტაძრებში კი არ უნდა ველოდოთ, არამედ მასთან უნდა მივიდეთ ოჯახებში, სოფლებსა და ქალაქებში უნდა შევიდეთ. ჩვენთან ეს პროცესი დაწყებულია, მაგრამ უკეთესი ეკონომიკური პირობების შემთხვევაში, მეტის გაკეთებაც შეიძლება“ („ქაროზი“, №6 08.05., გვ.3)

2.2 ეკლესია და თანამედროვე ყოფა

▲ზევით დაბრუნება


ჟურნალი „კარიბჭე“ ბეჭდავს ინტერვიუს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სხელობის ეკლესიის წინამძღვარ დეკანოზ მიქაელთან (ბოტკოველი). საუბრობს თემებია: რა არის მრევლი, რა დამოკიდებულებაა მრევლის წევრებსა და მრევლსა და მოძღვარს შორის. კითხვაზე, შეიმჩნევა თუ არა ინტელექტუალური განსხვავება მრევლში, მამა მიქაელი პასუხობს: „ინტელექტუალური თვალსაზრისით, განსხვავება უდაოდ დიდია. არიან ადამიანები, რომლებიც თავად მოიძიებენ ლიტერატურას, კითხულობენ და კარგადაც ერკვევიან სარწმუნოებრივი ცხოვრების თავისებურებებში. არიან ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ დილ-საღამოს ლოცვებითა და პირჯვრის წერით შემოიფარგლებიან. ადამიანი, რომელიც მორჩილებს უფალს, ღვთის მონაა, ხოლო ის, ვისაც აქვს შემეცნებითი სარწმუნოება - მეგობარია უფლისა. ადამიანი უნდა ცდილობდეს ყოველდღე რაგაც შეიძინოს.“ მამა მიქაელი იმოწმებს კლემენტი ალექსანდრიელის ნაშრომს, სადაც კარგად არის განმარტებული, როგორია უბრალოდ მორწმუნე ადამიანი და როგორია ცოდნით გამდიდრებული სარწმუნოება. მისი აზრით, დღევანდელი სამღვდელოებისთვის სერიოზული პრობლემაა ის, რომ წიგნთან ურთიერთობისთვის ნაკლები დრო რჩებათ, ამიტომ ეკლესიის ძალისხმევა აქეთაცაა მიმართული: „ამ პრობლემის გადასაჭრელად სხვადასხვა გზას ვეძებთ, დაუსწრებელი ფაკულტეტების შექმნა იქნება ეს თუ სხვა საშუალებები“. მამა მიქაელი აღნიშნავს, რომ გრადა თეოლოგიური განათლებისა, მოძღვრისთვის აუცილებელია ყოველდღიურობასთან ადაპტირებაც. ის უნდა ერკვეოდეს ქვეყნის სოციალურ მდგომარებაშიც, პოლიტიკაშიც, უნდა იცოდეს რა ხდება მის გარშემო. („კარიბჭე“, №15, 08.05., გვ. 4-5).

თანამედროვე ყოფას და ქალის ადგილს ოჯახსა და საზოგადოებაში ეხება მამა პაისი ათონელის დარიგებანი სათაურით „თუ ქალი თავმდაბალია აქვს შიში ღმთისა, მაშინ მის სახლში ყველაფერი ისეა, როგორც საჭიროა“. საუბარია იმის შესახებ, რომ ქალის ძირითადი მოვალეობა დედობაა, ამიტომ შვილების გაჩენის შემდეგ დედამ უნდა მიატოვოს სამუშაო და მთელი სიცოცხლე მათ მიუძღვნას: „როცა ქმარიც მუშაობს და ცოლიც, აქაოდა ფული არ გვყოფნისო, ასეთ დროს ოჯახი კარგავს თავის ნამდვილ არსს და იხლიჩება... დღეს ბავშვებს დედის სიყვარული შიათ“. („კარიბჭე“ №15, 26.08.05., გვ. 36-37).

ოჯახური ცხოვრების შესახებ მამა პაისთან საუბრებს ბეჭდავს ასევე ჟურნალი „მრევლი“. ბევრ სხვა საკითხთან ერთად მამა პაისი კვლავ ხაზს უსვავს იმას, რომ ქალი უნდა მორჩილებდეს ქმარს: „წმინდა წერილი ამბობს: „ქმარი არს თავი ცოლისა“ (ეფ. 5,23). ეს იმას ნიშნავს რომ ღმერთმა დაადგინა ცოლის უფროსად. პირიქით, ცოლის უფროსობა ქმარზე, ღმერთის შეურაცხყოფაა“ („მრევლი“, 08. 2005 წ.)