The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცხელი შოკოლადი (აპრილი №4)


ცხელი შოკოლადი (აპრილი №4)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: კიკალეიშვილი სალომე, კირვალიძე სოფიო, ბაბუაძე თამარ, სუხიშვილი თამარ, ტურაშვილი დათო, კორძაია-სამადაშვილი ანა, მორჩილაძე აკა, ნასიძე ირაკლი, კვინიკაძე ნესტან
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ანკა. კალატოზიშვილი რატი ამაღლობელი ნანიკო ხაზარაძე ლევან ნუცუბიძე ნინო კასრაძე რედაქტორი: შორენა შავერდაშვილი რედაქტორის თანაშემწე: ნატა ფედოსეევა არტ რედაქტორი: ლევან ნუცუბიძე ფოტო: დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე სტილისტი: გაგა ლომიძე ილუსტრაცია: სოფიო რეხვიაშვილი, გიო სუმბაძე დიზაინი: დავით თეთრაძე, მიხეილ დგებუაძე დისტრიბუცია: კოკა სვანიძე ნომერზე მუშაობდნენ: ნესტან კვინიკაძე ანა კორძაია-სამადაშვილი თამარ ბაბუაძე თამარ სუხიშვილი სალომე კიკალეიშვილი დათო ტურაშვილი აკა მორჩილაძე ლევან ნუცუბიძე გამომცემელი შპს „ემ ფაბლიშინგი“ მისამართი: თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net © „m Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია სტამბა შპს „სეზანი“ მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: shorena@cezanne-web.com CEZANNE PRINTING HOUSE



1 ან.კა. ანუ მოკლედ კალატოზიშვილებზე

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

ბედნიერია, როცა გარშემო ყველა ჯანმრთელადაა და ბევრი სამუშაო აქვს. არ სჯერა ცრურწმენების; თვლის, რომ ზოდიაქოს ნიშანმა - ტყუპებმა გარკვეული ზეგავლენა იქონია მის ხასიათზე - „არა, მერყევი ხასიათი არ მაქვს, უბრალოდ როცა ერთ ანკას იქით უნდა, მეორე აქეთ იქაჩება“. საინტერესო მოსაუბრეა. საკმაოდ ბევრს ეწევა. მეგობრებთან ერთად მსუბუქ ალკოჰოლურ სასმელსაც ხშირად მიირთმევს. არ ჰგავს თავისი ასაკის ქალბატონს, და საერთოდ, სიტყვა ქალბატონი სკამზე ფეხებით შემოსკუპებულს სრულებითაც არ უხდება. სამაგიეროდ უხდება კი არა, არის კიდეც შემოქმედი ადამიანი, საოცარი ფანტაზიის მქონე ნიჭიერი მხატვარი. ერთადერთი, რაზეც გული წყდება, სახელოსნოს არ ქონაა, რის გამოც დიდი ხანია ვეღარ ხატავს ზეთში. სამაგიეროდ, ქმნის შესაშურად ლამაზ აპლიკაციებს და კიდევ უფრო ლამაზ სასცენო კოსტიუმებს. ბევრჯერ იმეორებს, რომ თბილისი, მოსკოვი და ვენა - ყველა მისია. რატომ?

0x01 graphic

ფოტო: გიკა მირზაშვილი. 2004 წელი

თბილისი. აეროპორტი.

საბჭოთა კავშირის საჰაერო სივრციდან „დიდი“ თვითმფრინავი ნელა ეშვება მიწაზე. მაღალი, ოდნავ წელში მოხრილი, შუახნის ჭაღარაშერეული მამაკაცი დინჯად მიუყვება ტრაპს.

- მიხეილ კალატოზოვი? - კითხულობს პასპორტის საკონტროლო პუნქტიდან გამოყოფილი თავი.

- დიახ.

ეს ხომ პატარა ანკასთვის მთელი რიტუალია. მამასთან ერთად, მანქანანით წასვლა იქ, სადაც „დიდი“ თვითმფრინავიდან ერთი „დიდი“ კაცი ჩამოდის. დიდია აბა რა, ტანმაღალი, მოსული ძალიან „დიდი“ ქუდით და ასევე „დიდი“ პალტოთი. ისე, შეიძლება სულაც არ იყო ასეთი დიდი, მაგრამ მაშინ ასე ეჩვენებოდა. მაშინ, როცა ჯერ კიდევ ხუთი წლის იყო. აეროპორტის მოსაცდელისთვის ჩვეულ ჩოჩქოლში, ცოტა ხანს მამასთან ერთად იცდის, მერე კი... მერე კი ჩამომსვლელთა ნაკადში გამოჩნდება „დიდი“ კაცი და რიტუალიც მთავრდება.

ხუთი წლის რომ ვიყავი

ხუთი წლის რომ იყო, კარგად ახსოვს როგორ ხვდებოდა ზემოთ მოხსენიებულ რიტუალში ბაბუას - გამოჩენილ კინორეჟისორს, მიხეილ კალატოზოვს (კალატოზიშვილს), როგორ თამაშობდა უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე აშენებულ ერთ-ერთ პირველ კინომუშაკთა სახლის ეზოში და როგორ ხიბლავდა შუა ეზოში აღმართული საოცრად ლამაზი ტირიფი. ლამაზი, მაღალი და რატომღაც სევდიანი ხე, რომელსაც დიდხანს უყურებდა. მაშინაც კი, როცა გაიზარდა და თბილისიდან მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. ბებიასთან სტუმრად ჩამოსულს კი ნაღვლიანი ტირიფი ისევ იქ, ეზოს შუაგულში ხვდებოდა.

სახლი, სადაც ყველა ერთი დიდი ოჯახივით ცხოვრობდა. ალბათ ისეთი, მხიარულ იტალიურ ფილმებში რომ გვინახავს - „მე ჩემი მეგობრებით, ჩემი ძმა მიშა თავისი მეგობრებით და დედა და მამა საკუთარი მეგობრებით“. მოკლედ, დღესაც ხალისით იხსენებს ბავშვობის მხიარულ წლებს. თუმცა არა, ვიტყუები. ბედნიერ ბავშვობას ერთი ფაქტი აქარწყლებდა - ყველაზე მეტად როცა გინდა ანცობა და ყირაზე დგომა, ამ დროს კი დედის ხმა კომუნისტური Время-ს მუსიკასავით, რიხინ-რიხინით უსიამოვნოდ რომ ჩაგესმის ყურში - „აბა ძვირფასო, შენი ძილის დროა“. სხვა რა გზა აქვს, ემორჩილება ბედს და საზიზღარ, ბნელ ოთახში წვება. ამ დროს კი სახლში იწყება დროს ტარება და თავდავიწყება - სტუმრიანობა, რომელიც კალატოზიშვილებთან ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ატრიბუტი იყო. საწოლში ჩაწოლილს, ჩაძინებამდე კიდევ დიდხანს ესმოდა მეორე ოთახიდან გამომავალი სიცილ-ხარხარი, გაუთავებელი ნაბიჯები და ოდნავ ხმადაბალი მუსიკა. იწვა და მთელი გულით იქ იყო, იმ ოთახში, თითქოს სათითაოდ ხედავდა ყველას: დედას, სტუმრებს, მამას, რომელიც მეგობარს რაღაც ძალიან საინტერესოს უყვება... და საერთოდაც, იქ ხომ ყველაფერი გასაოცარი ხდება - ფიქრობდა თავისთვის - გასაოცარ ამბებს ყვებიან, გასაოცარ მუსიკას უსმენენ... მეორე დღეს გაიღვიძებდა თუ არა, პატარა თითებით სასწრაფოდ იწყებდა ფირფიტების გადალაგ-გადმოლაგებას. აბა ხომ უნდა ეპოვა ის განსაკუთრებული, რასაც მის გარეშე გუშინ ამ ოთახში უსმენდნენ?! მორიგი ძიებები ყოველთვის უნაყოფოდ მთავრდებოდა, არაფერი განსაკუთრებული, ისევ ის ფირფიტები, რაც გუშინ და იმის წინათაც ნახა. უბრალოდ იქ, ბნელ ოთახში განმარტოებულს ყველაფერი ასე - განსაკუთრებულად ეჩვენებოდა.

ბაბუა

მიშა კალატოზიშვილი 1903 წლის 28 დეკემბერს დაიბადა თბილისში, გაიზარდა მთაწმინდაზე... მოკლედ, ყველაფერი ისე მიდის, როგორც ნებისმიერი თბილისელის ბიოგრაფიაში, თუმცა...

0x01 graphic

ან.კა. ბალტიისპირეთი. 1974 წელი.

ტექნიკუმის სტუდენტი მალევე ანებებს ყველაფერს თავს და ხდება მძღოლი, ფირის შემწებებელი, მექანიკოსი, მემონტაჟე, შემდეგ უკვე კინოოპერატორი და ბოლოს რეჟისორი. მუშაობდა გამოჩენილ ქართველ რეჟისორთან, ნიკოლოზ შენგელაიასთან, მერე კი უკვე მასთან მუშაობდნენ: შონ კონერი, კლაუდია კარდინალე... მეგობრების რიცხვს კი ისეთი სახელები შეემატა როგორიცაა ჩარლი ჩაპლინი, ჟან გაბენი, ჟან კოქტო, აკირა კუროსავა, ჟორჟ სადული... თუმცა მათთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსათვის ის კალატოზიშვილი კი არა - მიხეილ კალატოზოვი იყო. ჯერ კიდევ 30-იანი წლების დასაწყისში, დამწყები რეჟისორი აიძულეს,

სასწრაფოდ დაეტოვებინა თბილისი და საცხოვრებლად მოსკოვში გადასულიყო. საბჭოთა კავშირის სივრცეში კალატოზოვს არასდროს აღიარებენ დიდ რეჟისორად, თუმცა „ჯიმ შვანთე“, „მე-კუბა“, „მიფრინავენ წეროების“ კადრები თავად ამბობენ სათქმელს და ერთხელ ნანახნი, სამუდამოდ იდებენ ბინას ტვინის სულ პატარა, მიმალულ კუთხე-კუნჭულში.

0x01 graphic

ჟანა მამიანი დელალოვერა - ვალაცი

0x01 graphic

მიშა კალატოზოვი გაუგზავნელი ბარათის გადაღებებზე

იტალიური საგრაფოდანსაბჭოთაკომუნალკამდე

- „როგორ, ჩემი ქალიშვილი ვიღაც ფოტოგრაფს უნდა გაჰყვეს ცოლად?!“ - წამოიყვირა ტიტო მამიანი დელალოვერა-ვალაციმ, როდესაც ქალიშვილის - ჟანას და ვიღაც დამწყები „კინოშნიკის“ - მიშა კალატოზიშვილის სიყვარულის შესახებ შეიტყო. ჟანა მამიანი დელალოვერა-ვალაცი საკმაოდ შეძლებული, იტალიელ გრაფთა ერთ-ერთი თვალსაჩინო გვარის წარმომადგენელი იყო. რომელთა წინაპრებადაც თავად როსინი და მიქელანჯელოს მფარველი პაპი ლეო სახელდება. უმდიდრესი, საუკუნეების მანძილზე ხელოვნების მეცენატებად ცნობილი ოჯახი, მე-20-ე საუკუნის დასაწყისში აღმოჩნდა ბათუმში. ჩამოთვლილი საგვარეულო ღირსებების გარდა, ჟანა ყველას აოცებდა თავისი გასაოცარი სილამაზით, კოლორიტული ხასიათით და ერთი უჩვეულო, საკმაოდ პიკანტური ჩვევით - ფეხის თხელ კოჭთან გაკეთებული თხელი საათით. ქალიშვილის დროებითი სასიყვარულო თავგადასავლის (როგორც ფიქრობდა მამა) დროულიდა რაც მთავარია უმტკივნეულო დასასრულისთვის, ჟანას სამოგზაუროდ უშვებენ. თუმცა ევროპიდან დაბრუნებული იტალიელი გრაფის ასული მალევე მიჰყვება მიშას ცოლად.

ცხოვრება ერთი დიდი, დაუსრულებელი ბანალური ისტორიაა; აქ არც თეთრ ცხენზე ამხედრებული უფლისწულები და არც ფსევდო-მელანქოლიური მზერით მომზირალი მეფის ასულები არსებობენ; უბრალოდ ზოგჯერ, რაღაც უზარმაზარი მეტეორივით ჩაიქროლებს ხოლმე და გიხალისებს არსებობას... ასე იყო აქაც, თუმცა მიშას და ჟანას ზღაპრულ დასაწყისს ზემოთ ხსენებული ბანალურობა შეეპარა და ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდა. „ვერ შეეწყვნენო“, თქვეს. მაშინ ანკამ ვერ გაიგო, რას ნიშნავდა - ვერ შეეწყვნენო.

- „ბებია მეორედ გათხოვდა და იტალიელ გრაფთა შთამომავალმა, ჯორჯიაშვილის ქუჩის ერთ-ერთ „კომუნალკაში“ გაატარა დარჩენილი ცხოვრება. დედა მიყვება, რომ ჟანა იტალიიდან შემოტანილ პირველ ფილმებს თარგმნიდა. ზოგჯერ თუ ფილმში ძალიან სენტიმენტალური სცენა იყო, ტირილს იწყებდა და მთელ დარბაზში ჟანას ღრიალი ისმოდაო.“

მიუხედავად ბანალურობისა, ანკამ იცის, რომ ჟანა კიდევ დიდხანს, დიდხანს წერდა მიშას გასაოცარ, დაცრემლილ წერილებს.

ამ ისტორიას კი ერთი დაუჯერებლად საინტერესო ლეგენდა აგვირგვინებს:

უზარმაზარი გემი ღრმად მიაპობს ოკეანის გარინდულ ტალღებს, ხოლო მოკამკამე ცას, ხელის ერთი პეშვით მიმოყრილი ძვირფასი თვლებივით მოკაშკაშე ვარსკვლავები ამშვენებს. მიმზიდველი გარეგნობის ქალიშვილი სევდიანად გაჰყურებს აქაფებულ ტალღებს და ფიქრობს მასზე... ვისთანაც დააშორეს, ვისთან ერთადაც ყველაზე მეტად ისურვებდა აქ და ამ წუთას ყოფნას. ამ ფიქრებში იყო, როცა სიცილიური აქცენტით, მიმზიდველმა მამაკაცმა საცეკვაოდ გაიწვია. საღამოს სამოსში გამოწყობილ რჩეულ საზოგადოებაში, ისინი გამოირჩევიან: მჩქეფარე ახალგაზრდული სულით, საოცარი მომხიბვლელობით. მთელი ღამის მანძილზე კი ვალსის ნაზი ჰანგები რაღაც გაურკვეველ ბურუსში ახვევს გემბანზე მოცეკვავეებს... ჟანა მხოლოდ მერე იგებს უცნობი კავალერის სახელს; ის ისევე სიცილიურად ჟღერს, როგორც თავად მისი აქცენტი - ალ კაპონე.

0x01 graphic

ტიტო და მიშა კალატოზიშვილები. 1966 წელი

- „დღესაც არავინ იცის მართალია ეს ამბავი თუ არა. მაგრამ ბებია თურმე ამას ხშირად იხსენებდა“.

ჟანა ავტო-კატასტროფაში დაიღუპა, შვილთან მიდიოდა. გადაღებებზე.

ოჯახის დაუწერელი ტრადიცია

ყველა ოჯახს ხომ თავისი წესები და დაუწერელი ტრადიცია აქვს. ასეა აქაც, სადაც:

1) ოჯახის ყველა მამაკაცს მამის სახელი ჰქვია. ამიტომაა, რომ ტიტოსა და მიშას გარდა, სხვა სახელს ვერ გაიგებთ;

2) ყოველი მათგანის პროფესიაა - რეჟისორი. ასე იყო - მიშა და მისი შვილი ტიტო;

ასე არის - ტიტოს შვილი მიშა;

და ასე იქნება - მიშას შვილი ტიტოც.

3) ერთი ნაწილი ყოველთვის მოსკოვშია, მეორე კი თბილისში. ასეა ახლაც, ანკა თბილისშია და აქ ხატავს, ძმა მიშა კი მოსკოვშია - იღებს ფილმებს.

ძვირფასო კალატოზოვ, პიკასომ, ჟან კოქტომ, ჟორჟ ორიკმა ნახეს თქვენი ფილმი, მათ ის სიგიჟემდე მოეწონათ, როგორც ჩემს ცოლს და მე. დიდი უსამართლობა იქნება, თუ თქვენ სამ დღეში კანისგრანპრი“- არ აიღებთ.

უბრალო თვალებიც იტირებენ, როდესაც ნახავენ თქვენს ფილმს, იტირებენ, რადგანაც მიიჩნევენ, რომ თქვენი ფილმი არის ლამაზი და მართალი.

სერჟ ურუსევსკიმ გვითხრა, რომ თქვენ ავად იყავით, რის გამოც ვერ შეძელით კანში ჩამოსვლა და ეს ძალიან სამწუხაროა.

საუკეთესო სურვილები და მადლობამიფრინავენ წეროებისათვის“.

ჟორჟ სადული

0x01 graphic

0x01 graphic

ან.კა. თოჯინები

ნაგავში მოსროლილი ლეგენდა

ვინაიდან და რადგანაც ბაბუა მიშას ძალიან უყვარდა ტექნიკა, (კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი რეჟისორის ჰობი ხომ რადიო აპარატურის შეკეთებაიყო) კალატოზიშვილებთან ყოველთვის საუცხოო ტექნიკა, საკონცერტო დინამიკები და რასაც ანკა სიამაყით აღნიშნავს - ერთ-ერთი პირველი ჩანაწერები არსებობდა: ბარბარა სტრეიზანდის, ლუი არმსტრონგის, „The Beatles“-ის... უი,მთავარი დამავიწყდა. აი ის, ნაგავში მოსროლილ ლეგენდას რომ შეეხება:

ანკას ბაბუის ნაცნობობის წრე სიტყვა საინტერესოსაც და ფართოსაც რომ სცილდებოდა, ამაში მგონი, თქვენც დაგარწმუნეთ. და იმასაც მიხვდებოდით, რომ სახლში ბევრი საინტერესო ნივთი ინახებოდა; მაგალითად, ჩაპლინის ჯოხი (რომელიც დღესაც ამშვენებს სასტუმრო ოთახის კედელს), პიკასოს ფოტო - „To Misha Kalatozov.

19.5.56 Picasso და ..

ჰოდა, ასეთ უჩვეულო ნივთთა რიცხვს მიეკუთვნებოდა ზემოთ ხსენებული ჯგუფ The Beatles-ის ფირფიტა, რომელსაც რეჟისორისადმი ლეგენდარულ შემსრულებელთა მინაწერი და ავტოგრაფები ამშვენებდა. ერთხელაც, სახლში საინტერესო ნივთების მორიგი დათვალიერებისას, ანკას ძმაამ ფირფიტას გადააწყდა და მისი კარგად შესწავლა მოინდომა, რაც ამ უკანასკნელისთვის სავალალოდ დასრულდა - გადატყდა. აბა, ახლა მითხარით, რა უნდა ექნა პატარა შეშინებულ ბიჭს, რომელიც მიხვდა, რომ რაღაც ძალიან, ძალიან ცუდი ჩაიდინა? აიღო და არამარტო გატეხილი ფირფიტა, არამედ საღსალამათ მინაწერებიან ჩასადებსაც თავი უკრა სანაგვეში. ანუ - მთლიანად მოსპო ფაქტები.

არ ჰქვია ახლა ამას ნაგავში მოსროლილი ლეგენდა?!

„Советский ребёнок дружит с мексиканцем?“

ანკა ხუთი წლის იყო, როდესაც ოჯახი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. ახსოვს გრძელი, დამღლელი ფრენა. მერე ავტომანქანით შორი გზა ახალ სახლამდე და ახალი ცხოვრება უცნობი სახელწოდების ქალაქში - მოსკოვი. „იქ ჩემი ბავშვობაა, ამ ქალაქში 15 წელი მაქვს გატარებული. ძველი მეგობრების და საოცრად ლამაზი ტირიფის გარეშე. „უეცარი გადასახლება ისევ იმ „დიდ“ კაცთან იყო დაკავშირებული; ბაბუა გარდაიცვალა, მამამ კი მისი დაწყებული ფილმის დამთავრება გადაწყვიტა. თქვენ ხომ უკვე იცით, რომ ეს ამგვარის დაუწერელი ტრადიციაა?!

საბჭოთა კავშირის ეპიცენტრში მოხვედრილი, თვლის, რომ სწავლობდა საშინლად ჩაკეტილ, აკადემიურ, კომუნისტურ სკოლაში, სადაც სიტყვა „შატალო“ ფანტასტიკის სფეროდან უფრო იყო, ვიდრე სკოლის ყოველდღიური რუტინიდან. აქ ხომ ერთი ათად იგრძნობოდა კომკავშირლების ომახიანი შეძახილები და პატარა ოქტომბრელთა მწყობრი ნაბიჯის ხმა. ამიტომ უკვე კარგად იცოდა, რა უნდა მოეყოლა სკოლაში და რა - არა; რა წიგნებს კითხულობენ, რას უსმენენ და საერთოდ, რა ანეგდოტებს ყვებიან სახლში.

როდესაც მთელ კლასს ნორჩი ოქტომბრელის გულსაბნევები დაურიგეს, ქართველმა მოსწავლემ პატარა ლენინის გამოსახულებაზე აიჩემა - „თქვენ, ყველას ლენინი გყავთ, ჩემი კი პუშკინიაო“. პუშკინიოო? - ანკას დედა დირექტორთან დაიბარეს და უმორჩილესად თხოვეს - „ასე არ შეიძლება, თქვენს შვილს მიხედეთო“. არადა, წყნარი ბავშვი იყო, თანაც კარგად სწავლობდა... მაგრამ ამით ჯინას სტუმრობა დირექტორის კაბინეტში, არ აღმოჩნდება პირველი და უკანასკნელი.- Советский ребёнок дружит с мексиканцем? На чтоэто похоже? - გაისმა დირექტორთან მორიგ დაბარებაზე. საქმე კი ის იყო, რომ ამ დახურულ, ჩაკეტილ, კომუნისტურ სკოლაში დიპლომატის შვილები სწავლობდნენ. ჰოდა აბა რაანკას ბრალი იყო, რომ სიმპათიური მექსიკელი ბიჭი ექტარკარდენასი მოუსვეს გვერდზე, და რომ ქართველ კალატოზიშვილს და მექსიკელ კარდენასს ერთმანეთი მოეწონათ? თუმცა ამ ისტორიას არანაირი გაგრძელება არ მოჰყოლია. ყოველ შემთხვევაში ისეთი, წინა ფურცლებზე რომ არის. მშობლები მექსიკაში დაბრუნდნენ და პატარა მექსიკელიც თან წაიყვანეს. ეს იყო და ეს.

ერთი, რაც სევდით ახსენდება, მოსკოვის სახლია, რომელიც მათ აღარ ეკუთვნის. მოსკოვში ჩასული ხშირად სტუმრობს გვერდზე სადარბაზოელ ბაღელ მეგობარს. და როცა საყვარელ ფანჯრებქვეშ უწევს გავლა... რა კარგი იქ იქნებოდა, ერთი წუთით მაინც იქ დაბრუნება. შენ შენი თოჯინით ხელში, ცნობისმოყვარეობისგან გაფართოებული თვალებით რომ ითვისებ ახალ ბინას, მიშა იქვე დგას და ჩუმად ხევს The Beatles-ის ფირფიტის ჩასადებს, დედა და მამა კი სტუმრების მოსასვლელად ემზადებიან - „მადლობა ღმერთს, რომ ეს არასდროს გვაკლდა - ბევრი კარგი მეგობარი“ - მეტყვის ანკა 33 წლის შემდეგ. ალბათ ესეც მათი ოჯახის დაუწერელი ტრადიციაა.

თბილისის ბავშთა მუზეუმიდან ლონდონის წმ. მარტინის კოლეჯამდე

ანკას არ უყვარს საკუთარ თავზე საუბარი. მით უმეტეს ახლა, როდესაც მის შემოქმედებაზე ვეკითხები -„ნიჭი, ბავშვობაში? არა, ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნებოდა. უბრალოდ სულ ვხატავდი. მაგის გარეშე არ მიცხოვრია“. ჯერ კიდევ ნორჩი მხატვრის ნამუშევრები, ნახატები და ფერადი ქაღალდისგან შექმნილი აპლიკაციები, თბილისის ბავშთა მუზეუმში იყო გამოფენილი. ხატავდა ყოველთვის, თუმცა...

დასაწყისში იმაზე მოგახსენებდით, რომ ამ ოჯახში თითქმის ყველა რეჟისორია-მეთქი. ჰოდა, აბსოლუტურად ლოგიკური იყო ჩემი მხრიდან შეკითხვა, უფიქრია თუ არა ამ პროფესიაზე ოდესმე თავად ანკას. - „არა, არასდროს“ - გაისმა მტკიცედ - „უბრალოდ, სულ მინდოდა მსახიობი გამოვსულიყავი, ოღონდ არა კინოსი. სცენაზე გავსულიყავი. მაშინ მახსოვს, მამა რომ მეუბნებოდა - „იცი, ანკა, შენი ხასიათით მსახიობი ვერ გამოხვალ“. ახლა იცის, რომ მამა მართალი იყო, - „არ ვარ ისეთი ადამიანი, ამ პროფესიას რომ სჭირდება. ძალიან დიდი დოზით მაკლია, თუნდაც გამტანობა... მითუმეტეს, რომ ყოველთვის მეშინოდა კამერის. ისე ვიბნევი დავიბოჭები, რომ... ძალიან უნდა შევეცადო, არ დავიკარგო,ისევ ანკად დავრჩე. არც სცენაზე მიყვარს გასვლა, აუდიტორიის წინაშე. ასე რომ... მამა მართალი იყო“.

0x01 graphic

1984 წელს ანკა სამხატვრო აკადემიაში, თეატრის ფერწერის ფაკულტეტზე აბარებს. პედაგოგები - გოგი მესხიშვილი და ფარნა ლაპიაშვილი. რა ახსოვს ამ პერიოდიდან ყველაზე კარგად? - სტუდენტური გაცვლის პროგრამით აღმოჩენილი - პრაღა და ლონდონი.

0x01 graphic

კოსტიუმი ბალეტიდან Гадкий утёнок. 2004 წელი

„ეს პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერია ჩემს ცხოვრებაში იმიტომ, რომ პირველი გასვლა იყო საზღვარგარეთ. ეს იყო საოცრად ლამაზი პრაღა, თან საინტერესო პრაქტიკები ბატონ კოკა იგნატოვთან.“ შემდეგ კი მსოფლიოში განთქმული წმ. მარტინის კოლეჯი. როცა ლონდონსა და ამ კოლეჯში გატარებულ დროზე საუბრობს, ყველაზე ხშირად იყენებს სიტყვებს - „ნუ, რა ვთქვა“, „აი, რა გითხრა“, „იცი რა იყოო“ და ა.შ. მოკლედ, ძალიან მაგარი იყო. აბა, არ იქნებოდა მაგარი პიტერ გრინუეის ლექციებზე დასწრება?! მსოფლიო მნიშვნელობის კოლეჯში გამოფენის მოწყობა?! ოქსფორდში სტუმრობა და დღესაც გახმაურებული მიუზიკლის Cats-ის ნახვა?! როდესაც ახალგამომცხვარ დამწყებ მხატვარს ცნობილი ბალერინა ნატალია მაკაროვა და პიტერ უსტინოვი მოგიწყობენ შეხვედრას?! ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ცოტა გართობაც ხომ გინდება ადამიანს, მით უმეტეს ახალგაზრდას, და თანაც ევროპაში?! არადა, ჯიბეში ფული კი არა, ცარიელი გროშები გიყრია! ამ დროს თითქოს ღმერთის საჩუქარიაო, ვიღაც ნამუშევრების შესყიდვას სთავაზობს და ანკა... უკვე წარმოიდგენს, როგორ ზის ქინგს როუდის ყველაზე მაგარ კაფეში, და აღებული ფულით ნელ-ნელა წრუპავს ლონდონურ... ნუ, არა აქვს მნიშვნელობა - რას, თუნდაც ყავას და უცებ: „არა! ეგ არც იფიქრო! რამდენი ნამუშევარიც გაიტანე, იმდენი უნდა შემოიტანო ქვეყანაში. გასაგებია?!“.

მიუხედავად ოცნებადქცეული ყავის დალევისა, დღესაც მიაჩნია, რომ ლონდონის მსგავსი ქალაქი დედამიწის ზურგზე არ არსებობს. ამბობს - „რაღაც განსაკუთრებული აურა აქვსო“.

0x01 graphic

ანკა, გიორგი და ელენე. ვენა. 1993 წელი.

რაც შეეხება სიზმრებს

სიზმარში ხშირად ხედავს ჩხეიძის ქუჩის ეზოს, მოსკოვის მოყინულ ქუჩებს. მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც უკოსტიუმო მსახიობებს. რატომ?

მისი ნამუშევრების ქება-დიდება სულაც არაა საჭირო; ამაში თავად დარწმუნდები, როცა თვალს გადაავლებ არაჩვეულებრივ აპლიკაციებს; ზღაპრულ კოსტიუმებს ბალეტებიდან „ლურჯი ფრინველი“, „კოპელია“, „მძინარე მზეთუნახავი“... ნახულობ ფოტოებს, რომელზეც ზეთში შექმნილი ნახატებია აღბეჭდილი. ნახატები, რომლებიც დღეს სხვადასხვა კერძო კოლექციებშია მიმოფანტული - „მათთან გაშორება კი მიჭირს. მაგრამ რა ვქნა - Надо же на что-то жить - აი, ასე იჭრება კიდევ ერთხელ აუტანელი ბანალურობა.

ჰო, სიზმრებზე დავიწყე:

- „ვხედავ, რომ იწყება წარმოდგენა. დარბაზი გადავსებულია. დღეს პრემიერაა. მძიმედ იწევა გრძელი ფარდა და, ღმერთო ჩემო! ეს რა არის?! იქ ხომ ყველა შიშველი, უკოსტიუმოდ დგას?! რას ჰგავს ეს?! ეს ხომ მხატვრის ბრალია! ვერ მოასწრო კოსტიუმების შეკერვა - ანკააააააა - ისმის აქა-იქ დარბაზში. ის კი ამ დროს გზაშია და წარმოდგენაზე აგვიანდება - მე, სპექტაკლი ჩავაგდეეეეეეე...“ ამას მხოლოდ მაშინ ხედავს, როცა ახალ სპექტაკლზე იწყებს მუშაობას; როცა ღამეებს ათევს ახალ-ახალი იდეების მოლოდინში, და საერთოდ, დაკავებულია პროცესით, რომლის გარეშეც ცხოვრება წარმოუდგენელია. - „იცი რა“ - წყვეტს უცებ - „ესუფრო მშობიარობას ჰგავს. როცა შექმნი, ჩუქნი ახალ სიცოცხლეს და შენში უცებ რაღაც აუტანელი სიცარიელე დგება; მთლიანად გამოშიგნული ხარ, და თან სევდიანი. შემდეგ კი ისევ იწყება რაღაც ახალი ეტაპი, პროცესი...“ თუ ასე დავითვლით, მაშინ ანკას ერთი ნამდვილი და 40-მდე შემოქმედებითი მშობიარობა ჰქონია. რა, ცოტაა?

რა საერთო აქვს კინოში ნანახ ნეორეალიზმს ანკას ავსტრიასთან?“

ავსტრია. ვენა. ექვსი წელი უცხო ქვეყანაში. მანამდე კი ანკას ცხოვრებაში იყო თუშეთი და ... გიორგი.

ისე დაიწყო, როგორც საერთოდ იწყება ხოლმე. არაფერი განსაკუთრებული. მეგობრები დაქორწინდნენ და გადაწყვიტეს კარვებით თუშეთის მთებში გასეირნება. თან რამდენიმე ახლო მეგობარიც დაპატიჟეს. ანკა სიამოვნებით დათანხმდა. დიდ ზურგჩანთამოკიდებულები, ხან სად ჩერდებიან და ხან სად, ხან სად დაბობღავენ და ხან სად... მოკლედ, სერიოზული ლაშქრობაა. ახლო სამეგობრო წრეში ერთი ახალი ბიჭია- ვიღაც გიორგი. - „რა არის, ვინ წამოიყვანა ეს ტიპი“ - ფიქრობდა თავისთვის ანკა - „ცოდო არ არის ჩემი მეგობარი, ამხელა ჩანთას რომ ათრევს, ეს ვიღაც გიორგი კი უფრო ძლიერი ჩანს და ნახე?! რა პატარა რაღაცას მოათრევს?! „გზადაგზა დასასვენებლად შეჩერებული გიორგის ზურგჩანთა ნელ-ნელა მძიმდება - ანკა ჩუმად უყრის მეგობრების ნივთებს - „ძლიერია, იმან ათრიოსო...“ გიორგი ყველაფერს ხვდება, მაგრამ როცა უკვე გიყვარს? ანკა კი მხოლოდ მაშინ მიხვდება, როცა ბერლინიდან ჩამოსულს, გიორგი დაურეკავს - „იცი, ბიძა გარდამეცვალა. პაუზა. შენ ერთადერთი ხარ, ვისი ნახვაც მინდოდა“. ეს დღესაც კარგად ახსოვს „На всюЖизнь“.

1991 წლის 4 ივნისს თბილისში, ერთი სიმპათიური ადამიანი დაიბადა - ელენე. ერთ წელიწადში ახლადშექმნილი ოჯახი ვენაში გადადის საცხოვრებლად. ისე, ცხოვრების ასაწყობად, სამუშაოდ.

ავსტრია დიდი გამოცდა იყო. - „საერთოდ იქ გამოვფხიზლდი. იქ მოვედი ცხოვრების აზრზე. აქ, იცი... ვიღაცის შვილი, შვილიშვილი ხარ... რაღაც სულ კომპლიმენტებს ვიღებდი აკადემიაში... მეგონა, რაღაცას უკვე წარმოვადგენ-მეთქი, იქკი... არავის აინტერესებს არც შენი დედა, არც მამა. საერთოდ არაფერი. ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყო. სულ რაღაცუნდა ამტკიცო“. ვენაზე ნოსტალგიურად, და ამავე დროს, სიყვარულით საუბრობს. ის მისთვის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი და, სამწუხაროდ, უკვე წარსულია.

პირველი წელი ძალიან რთული იყო. ფიქრობდა, რომ მხოლოდ ინგლისურითაც გაიტანდა თავს, მაგრამ ბოლოს მიხვდა - როცა მოგწონს ქვეყანა და იქ ცხოვრობ, ენა აუცილებლად უნდა იცოდე. ამიტომ ისწავლა გერმანული. კარგად ლაპარაკობს, თორემ გრამატიკა - „არ მკითხო“.

საერთო ცხოვრების პირველი ნაბიჯები უცხო ქვეყანაში, მოცუცქნული ოთახი დერეფანში მოწყობილი სამზარეულოთი. ღამე, ოდნავ განათებულ ოთახში ზეთით ხატვა; ჩუმად, უხმაუროდ; ელენეს სძინავს. დღისით კი რუსული ენის კერძო გაკვეთილები დერეფანში. ბავშვი ხომ ჯერ კიდევ პატარაა. ორად-ორი რამ იცის - ძილი და ჭამა; ძილი და ჭამა. ამას გარდა, პატარ-პატარა საქმეები: Leica-ს ფოტო ატელიეში, სპეც. სკოლაში ხელოვნების თერაპია...

- ეგ რაღაა?

- აი, იცი რა... ხომ არიან ადამიანები რომელთაც ბავშვობაში უნდოდათ გამოსულიყვნენ მხატვრები, ფერმწერები, მაგრამ რაღაც მიზეზთა გამო, ასე არ მოხდა. ზოგს კი ძალიან გადატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს. ჰოდა, რომ არ იგრძნონ თავი მარტოდ, მოახდინონ ბავშვობის აუხდენელი ოცნებების რეალიზება და დეპრესიამ არ შეიპყროს, სახელმწიფო ასეთ სასწავლებლებს ხსნის. აი ასე. მერე თვითონვე ეცინება - „ისე ვლაპარაკობ ვენაზე, როგორც ბებიები - ომისდროზეო“ და ისევ „ნეორეალიზმის“ ხანას უბრუნდება - „არა. პირველი წელი საშინლად რთული იყო. ბედნირების ტოლფასი იყო თოვლის მოსვლა“ - ესე იგი ცოტა ფულს იშოვიდნენ, აბა ვინმეს ხომ უნდა გაეწმინდა ტრამვაის დათოვლილი რელსები? აიღებდა გიორგი ხელში ნიჩაბს და ჩამოუყვებოდა ვენის დათოვლილ ქუჩებს. არ არის ახლა ეს ნეორეალიზმი? ვისკონტის „როკო და მისი ძმები“?

0x01 graphic

ანკა და ელენე. ვენა.1994 წელი.

- „ახლა თბილისში იტყვიან, ანკა და გოგი უცხოეთში არიანო“ - ხალისობდნენ მეგობრები გოგი ოქროპირიძის ნახევრად სარდაფ სახელოსნოში. იქ, რატუშის პირდაპირ, სრულიად გაყინულ-გათოშილ სარდაფში, რომელსაც ერთად ან. ერთი გამათბობელი ძლივსძლივობით ათბობს. იმასთანაც ანკა დგას მოლბერტით. მას ხომ ასე ძალიან უყვარს ზეთში ხატვა. მეგობრები ხშირად დაძვრებიან მშენებლობებზე, რომ რაიმეს - ძველ ავეჯს ან დამტვრეულ ხეებს გამოჰკრანხელი°- აბა რითი გაათბონ ხვალ გაყინული სახელოსნო?!

დღეები ნელა მიზოზინობენ; ერთმანეთს ჰგვანან. თბილისში ხშირად ვერ რეკავენ. არადა, იქ ომი და უბედურებაა. საღამოობით მაინც ახერხებენ რადიო „თავისუფლების“ მოსმენას. რა იცი, რას იტყვიან თბილისზე. ნეტა ყველაფერი კარგად დამთავრდეს! ახალ წელს მეგობრის სახელოსნოში ხვდებიან, საკუთარი ხელით შექმნილი ნაძვის ხის სათამაშოებით. მოკლედ ნამდვილი hand made-ია, რა!

„ვენა ლამაზია“ - ამ თემის განვრცობა ანკას უსასრულობამდე შეუძლია. მას ხომ ძალიან, რაღაც განსაკუთრებულად უყვარს იგი. შეიძლება იმიტომაც, რომ ის უკვე წარსულია. თავისი პატარ-პატარა ქუჩებით, უამრავი მეგობრით - „აქ, ევროპაში უძველესი ბაზარია. იცი რა ლამაზია?! მე-13 დამე-14 უბნებში შედარებით ღარიბი ფენა, თურქები, მუშები ცხოვრობენ. ბევრი საროსკიპოა, გარეთ გამომდგარი ქალებით, ყველა ამვლელ-ჩამვლელს რომ ათვალიერებენ; აქვე მოედანია, საიდანაც აბსოლუტურ კონტრასტში, სუფთა ვენურ სიტუაციაში გადადიხარ, თავისი კაფეებით, მაღაზიებით“ - განაგრძობს თხრობას.

ჩვენ კი, მოდით, აქ ერთი წუთით შევჩერდეთ და ვენის იქეთა მხარეს, აი ბევრი უძველესი პროფესიის მანდილოსანი რომ დგას, იქ დავბრუნდეთ. ახალგაზრდა გოგონას საბავშვო ეტლი მოჰყავს, უკან კი წელში ცხრად მოკეცილი კაცი მოჰყვება. არა, კაცი არ სჩანს. მარტო ფეხები და ზემოდანწამოხურული დიდი, უზარმაზი მაგიდა, რომელსაც КакПанцирь, ზუსტად ისე მოათრევს. აქ უკვე აღარ ფიქრობს - „არა უშავს ათრიოსო“, უკვე ძაანაც ეცოდება, მაგრამ რა ქნას, ნაჩუქარ მაგიდას გზაში ხომ არ დატოვებენ?! ამ ფიქრებში იყო ანკა, რომ უცებ მის ქმარს, უფრო სწორად, გიორგის ფეხებს და მაგიდას უამრავი მეძავი შემოეხვია: მაღალყელიანი ტყავის ჩექმებით, ბანტებიანი თეთრეულით და ზედ წამოხურული ქურქებით - ასე ერთად ათრიეს მაგიდა სახლამდე. რა კარგი ქალები ყოფილან! ნახეთ?

ნეორეალიზმიდან ნორმალურ ყოფამდე გზა ნელ-ნელა, რაც მთავარია, ერთად გაიარეს. ანკა მაინც ახერხებდა ხატვას და გამოფენების მოწყობას. თუმცა ძლივსძლივობით აწყობილი ცხოვრება მალევე დაიშალა - გიორგი თბილისში დაბრუნდა. მერე ანკაც გამოჰყვა - არ ღირდა კარიერისთვის ცხოვრების დანგრევა. თუმცა ამით ხელი მაინც ვერ შეუშალა იმას, რაც თავისთავად, მაგრამ მაინც მოხდა.

Тётя Ляля

არ ვიცი, იცის თუ არა тётя Ляля-მ, რომ ანკა სწორედ მას უკავშირებს საოცარი აპლიკაციების შექმნას. როცა გოგი ალექსი მესხიშვილი „ბალ-მასკარადს“ დგამდა, ანკას კი ბედმამგაუღიმა და მის სტუდენტ ასისტენტებს შორის მოხვდა, ეს საოცარი ქალბატონი გაიცნო და სწორედ აქ, ოპერის სამკერვალოში ნახა პირველად კოლაჟური, უზომოდ ლამაზი ნამუშევრები. ავსტრიიდან სრულ წყვდიადში ჩამოსულს, როცა თბილისში ჯერ კიდევ იშვიათობა იყო განათებული ნათურის დანახვა, რითი უნდა გაეყვანა დრო? იჯდა და მეგობართან ერთად დიდ ნაჭერზე პატარ-პატარა აპლიკაციებს აკეთებდა; ისე, უბრალოდ. სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა ხარისხის ნაჭრით. მერე თეფშებზეც გადავიდა და დღეს ყველამ იცის, რაიმე ლამაზი ჭურჭელი თუ გაგიტყდა, არ უნდა გადააგდო, რა იცი, რას შექმნის მისგან ანკა? დიდ ჩიტს,სასაცილო იხვს თუ...

Женск ое счаст ъе

- „ანკა, წავალ რა ნინკასთან და მერე მომაკითხე“ - ისმის უეცრად, ოდნავ შეღებული კარიდან. პასუხი აგვიანებს - „კაი, ჰო. ოღონდ არ ვიცი, როდის გამოგივლი“. კარი იხურებადა ორ წამში ისევ იღება - „ანკა, ბარემ იქ დავრჩები რა?“

- „ბედნიერი ვარ, როცა ჩემი შვილი თვითონ მიყვება ყველაფერს. მაქსიმალურად ვცდილობ, არ ჩავერიო მის ცხოვრებაში. ერთადერთი, რაშიც მკაცრი ვარ - განათლებაა. მინდა, კარგად ვასწავლო ენები, მომავალში თუ საშუალება მექნება სამოგზაუროდ გავუშვა, რომ თვითონ ნახოს ცხოვრება, გამოფხიზლდეს. და რაც მთავარია, ბედნიერი ვიქნები, თუ ის По-женски будет счастлива;

- По-женски счастлива?

- „ზუსტად არ ვიცი, რა არის. პატარა რომ ვიყავი, ბებია სულ ამბობდა, რომ ეს იშვიათობაა, იყო По-женски счастлива. ვერაფრით ვერ ვიგებდი, რა სისულელეა? ქალური ბედნიერება, არა... მეგონა, რომ ყველგან ყველაფერი ბედნიერად იყო, ისე როგორც ჩემს ოჯახში, დედასთან და მამასთან. დღეს კი ვხვდები, რომ ეს მართლაც იშვიათობაა“...

0x01 graphic

2 „თუ“ და „ან“

▲ზევით დაბრუნება


LoveStory/SuccessStory/SadStory/Our Story

ავტორი: ნესტან კვინიკაძე

„უცხო ადამიანი გეკითხება: ლექსებს აღარ წერ? ვითომ განიცდის. ეს საშინელებაა. ვისაც არაფერი ესაქმება, ხელს აფათურებს ჩემს სულში. მე მას შევუთანხმე, რომ ყოველდღე დავწერდი? ეს აუცილებლობაა, რომელიც მასთან დადებული მაქვს? ცუდი დედაშვილური დამოკიდებულებაა, - როცა საზოგადოება მიხრწნილი დედაა, რომელსაც უნდა, რომ კარგ გზაზე დაგაყენოს, სრულყოფილებას გრძნობდე, მაგრამ სულ რჩებოდე განუვითარებელ, პატარა ნიჭიერ ბავშვად, რომელმაც გამუდმებით რაღაც უნდა უკეთოს ამ საზოგადოებას. ამას უნდა მოვერიოთ, და ამისთვის ღირს, ალბათ, არდაწერა! მათ გამო! რომ ეს არ იყოს მათი დაკვეთა, ეს არ იყოს მათი სურვილი! არავის არ ვეჯიბრები, რადგან რეალურად მკითხველი გქმნის, ოღონდ თავისუფალი მკითხველი, და არა ის, რომელმაც იცის, რომ სოციალურად მწერალი გქვია და ასეთი კითხვა უნდა დაგისვას“.

რატი ამაღლობელი

0x01 graphic

0x01 graphic

ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი, გოგლა ცაგარელი. 1988 წელი

ასოციაციას ვერ იოკებ. ამიტომაც „საძინებლის ფარდა ხან დრაკონად იქცევა, ხანაც მოჩვენებად“. იფიქრებ, თოვლისკაცი შემოვიდა ოთახშიო. ამ დროს „მერსედესის“ ფარების შუქი ვიდეო-იმიჯად წარმოგიდგება. და რადგან მე თვითონ ვარ ჩემი ფანტაზიის და ასოციაციების ავტორი, ალბათ ამიტომაც მახსენდება ვიმ ვენდერსი, როდესაც ნაცრისფერში გადაწყვეტილ რკინიგზის ცენტრალურ სადგურს მოვკრავ თვალს.

ასე მოხდა იმ დღესაც. 1998 წლის მაისი იყო. მატარებელი თბილისიდან ბათუმისკენ მიდიოდა. არაფერია უჩვეულო, არა? ჩვენც ისეთივე მგზავრები ვიყავით, როგორიც სხვა, მილიონი ჩვენამდე და მილიარდი ჩვენს შემდეგ. და სანამ ვიტყვი, რომ „ყველა მოგზაურობა ერთნაირად მთავრდება, როცა საკუთარ ლოგინს უბრუნდები“, მანამადე მაინც მგონია, რომ მაშინ რაღაც მოხდა, ძალიან მნიშვნელოვანი. და არა მხოლოდ ჩემს ცხოვრებაში. ჩემს გარდა იქ ორმოცამდე ადამიანი იყო და მიუხედავად დაუოკებელი ასოციაციების მთელი ბასტიონებისა, ამ შემთხვევაში ყველას ერთი რამ აკავშირებდა- გარდატეხა, შემოქმედებითი გარდატეხა.

„ახალგაზრდა შემოქმედთა სემინარი“ - ასე ერქვა მიზანს. შემთხვევის თუ დამთხვევის წყალობით, 18 წლის ასაკში მეც იქ აღმოვჩნდი. ორმოცი მგზავრიდან მხოლოდ სამს ვიცნობდი: ლაშა ბუღაძეს, გუგა კოტეტიშვილს და ნიაზ დიასამიძეს (მას მხოლოდ სახით ვცნობდი). ჩემს კუპეში ფეხმორთხმით მოკალათებული, ხულიო კორტასარს ვკითხულობდი. ხომ გაგიგიათ, არგენტინელი, რომელიც ფრანგული „ღ“-თი მეტყველებდა: „სელიამ ჩაირბინა ქუჩა, რომელსაც პურის, რძიანი ყავის და დილის ცხრის ნახევრის სურნელი ასდიოდა.”

ვაგონი შემოქმედი ადამიანებით იყო სავსე. საღამოსკენ ალკოჰოლმა მოგვთენთა და ზოგმა სიმღერა, ზოგმაც კი ლექსის კითხვა დაიწყო. მე ყველაფერი მომწონდა, ვიხიბლებოდი თვალებში განსხვავებული ნაპერწკალის ხილვით და კიდევ იმით, რომ ბათუმში ზღვისპირა სასტუმრო გველოდა, სადაც კონცერტებს, ლიტერატურულ საღამოებს და სპექტაკლებს ერთობლივი დილის საუზმეები დაემატებოდა. ჩვენ შევეჩვეოდით ერთმანეთს და რაღაც ახალი დაიბადებოდა.

მატარებლის დინამიკა ხომ ყველასთვის ნაცნობია. მეც გავყევი რითმებს, ჯაზის მაგვარს... კუპეს კარზე კაკუნი გაისმა. ერთ-ერთი მგზავრი, სემინარის მონაწილე შემოვიდა, ჩემსკუპ-mate-ებს გაუღიმა და მითხრა, ერთი წუთით წამოდი, საქმე მაქვსო. მე მორჩილად გავყევი. ორი კუპეს იქით შემიყვანა, იქვე ჩამოვჯექი. მეუბნება: შეიძლება არ დაიჯერო, მაგრამ დანახვისთანავე შემიყვარდი, გიჟი არ გეგონო. აი,ამ სიმღერას მოუსმინე, ყველაფერს მიხვდებიო, და ყურში ყურსასმენი გამიკეთა. მგონი თომ უეითსი იყო… ან... გამეცინა. წამოვდექი და ჩემს კუპეში დავბრუნდი. მერე ღამე არ დამეძინა და გასასვლელში მუსიკის სმენით იქამდე ვიდექი, სანამ რიჟრაჟზე ზღვა არ გამოჩნდა. მოულოდნელად ის კარი გაიღო, სადაც რამდენიმე საათის წინ სიყვარული ამიხსნეს, მაგრამ კუპედან სულ სხვა ყმაწვილები გამოვიდნენ. ჟრუანტელმა დამიარა... მივხვდი, რომ მაშინ, სიბნელეში ისინი ვერ შევამჩნიე, ზედა სართულზე იწვნენ... ყველაფერი გაიგეს! რა სირცხვილია!

ვუყურებ. ზურგით დგას და ვერ ვცნობ. ახ, აკა მორჩილაძე! ვაიმე, თუ დაწერა ეს ამბავი! მეორე ვინღაა?! არა, ვერ ვცნობ. კიდევ კარგი, უცნობია. მერე ერთდროულად გამომხედეს, გამიღიმეს და ის უცნობი თვალებით მეუბნებოდა, გუშინ მთელი ღამე არ მეძინა, უბრალოდ ვიწექი და ვფიქრობდიო.

ჯერ ის შევიტყვე, რომ უცნობს რატი ერქვა, მერე გვარი - ამაღლობელი. ლექსების კითხვა რომ დაიწყო, ეჭვი აღარ შემპარვია - 22 წლის პოეტი!

იმ პერიოდში ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ შვიდი წლის შემდეგ, ერთ დღესაც მე და რატი პირისპირ ვისხდებოდით, ჩვენს შორის დიქტოფონი იქნებოდა და ჩვენს „დიდ იმედებს“ ერთ პატარა კასეტაზე დავატევდით: „ბათუმის სემინარი ხომ გახსოვს? გარდამტეხი იყო შენთვისაც და ჩემთვისაც, სულ სხვა ცხოვრება დაიწყო. წესით, არ უნდა თქვა ასეთი რამ და უფრო ღირსეულად დაიჭირო თავი, მაგრამ მართლა სულ სხვანაირად წავიდა... წერა სხვანაირად დავიწყე. მე ახლა ისეთ რაღაცეებს გიყვები, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩემთვის და არა მკითხველისთვის. იქ შემიყვარდა სიცოცხლე. ამან 24 წლამდე გასტანა. ორი წელიწადი მოზღვავებული ენერგიის ხანა იყო, უმანკოების განცდა რომ გაქვს: ღმერთს უყვარხარ, დაცული ხარ. ყველაფერი შეგიძლია და მთელს დედამიწაზე ყველაზე მეტად შენ გიყვარს. იმდენი ძალა და ენერგია გაქვს, რომ არც უსიყვარულობის გეშინია”.

აქამდე კი უფრო მძაფრი განცდებია, დღეს უკვე სურნელებად, არომატებად და გამჭვირვალობებად ქცეული. პირველგანცდები, ემოციების დედნები: როგორ იკვლევდა თოვლიან გზას „კუკუშკა“, სადაც პატარა ბიჭი იჯდა, დედასთან ერთად. დედას ჯინსის ქურთუკი ეცვა... ორი წლის ასაკში, ახსოვს ერთი უცნაური დღე, როდესაც დედა შინ სულ სხვანაირი დაბრუნდა, თმა მოკლედ შეეჭრა - უცხო იყო თითქოს. ახსოვს ბებიის სახლის სამფეხა სკამი, რომელიც მისთვის მუზარადიც იყო, ავტომატიც, ტანკიც, კალათბურთის ფარიც, ანუ ბავშვობისდროინდელი შემოქმედება. ერთი და იგივე საგანი რამდენ რამედ შეგიძლია აქციო და რა პირობითია ეს ყველაფერი! ნივთის და საგნის მრავალფეროვნებას საზღვარი არა ქვს. შენ ქმნი, შენ ხედავ და თავისუფალი ხარ... აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ფანტაზიის უნარი ისეთი გამძაფრებული გაქვს, რომ ფარდა შეიძლება დრაკონად მოგეჩვენოს ან მოჩვენებად, რომლისაც გეშინია... და სავსე ხარ ამ შიშით და განცდებით. ამიტომ აღვიძებ დედას, ამიტომ ეხმიანები სხვას, რომ შენივე ფანტაზიისგან დაგიცვას.

„ბავშვობაში ერთ მხარეს ბებია იწვა, მეორე მხარეს - ბაბუა. კედელზე სამოციანი წლების შპალერი იყო გაკრული, მწვანე ფერის... ჭავჭავაძის პროსპექტიდან მანქანების ჩრდილები ფანჯრიდან კედელზე ადიოდა და ამ შუქს გამჭვირვალე ფარდების ფაქტურები ირეკლავდა. არ მინდა, რომ ეს დავივიწყო. ახლა ეს მგონია პოეზია.“

მაშინ კი, ათი წლის ასაკში, არტისტულს და თამამს, პოეზია თამაში ეგონა. პირველი ლექსი იუმორით შეუფასეს, რადგან თვითონაც ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა. მის პოეზიას თამაშის ელემენტები ახლდა და მათში პოეტის მტანჯველი განცდები არ ერია - გალაკტიონის „ქარი ქრის“ ხომ გახსოვთ? რატის თავისებური ინტერპრეტაცია ჰქონდა:

ქარი ქროდა, ქარი ქროდა...
…მე ვიდექი ფანჯარასთან
და თვალებზე ცრემლი მქონდა.
…მე ვიყავი მხოლოდ მასთან,
ფანჯარასთან, ფანჯარასთან...
ქარი ქროდა, ქარი ქროდა.

„პოეტობას ვთამაშობდი“. აქედან იბადება პოეტური ხილვები და ზმანებები, პოეტური ლანდშაფტები. რატი, თავისთავად, პოეტური ნატურაა. უბრალოდ, იმას არ წერს, რასაც მოზრდილი ადამიანი. ერიდება. ამიტომაც თამაშობს. რასაკვირველია, მერე გინდა, რომ გაღიარონ, თქვან - რა მაგარი ყოფილა!

რატი მოძრაობს, დიქტოფონი ყანყალებს. ახლა იმ პერიოდს იხსენებს, როცა პედაგოგიური გამოცდილების გარეშე, მე-6 სკოლაში რელიგიის ისტორიას ასწავლიდა. „ენერგიული ვიყავი. მეცინება. არა იმიტომ, რომ რისიც წინათ მჯეროდა, ახლა აღარ მჯერა. იმაზე მეცინება, თუ რა ენერგიას ვხარჯავდი და როგორი რწმენა მქონდა! დაჯერება ერთია, მაგრამ რწმენის ინტენსივობა - სხვა. იმ დროს ყოფა არ მაინტერესებდა. სკოლაში სწავლების არანაირი გამოცდილება არ მქონია. მხოლოდ სურვილები, ემოციები და განცდები მამოძრავებდა. რაც ვიცოდი, ყველაფერს ბავშვებს გადავცემდი. ყველაფერზე ვლაპარაკობდით. ამაზე საუბარი ახლა უფრო მიჭირს. აზრს კი არ ვახვევდი თავს, უბრალოდ ვეებერთელა ენთუზიაზმით ვიყავი სავსე.

0x01 graphic

რატი, ლელაკო და დაჩი. 2004 წელი

სკოლაში სოციალური მოდელის პირისპირ აღმოვჩნდი და გამოვიქეცი. მართალია, ისევ აქ მოვხვდი, მაგრამ... კარიერის დინამიური და ვერტიკალური განვითარება დავინახე და ეს შემზიზღდა. მთლიანად საკუთარ თავში და ლიტერატურაში ჩავიკეტე. სწორედ ამ დროს მიყვარდა... მაგრად დააჩემებით.

- რატი, მოყევი!

- სიყვარული??? ნაღდი ამბები გინდა? ერთხელ მქონდა მაგარი რაღაც... იცი რა იყო?!... არ მინდა, რა! დავიძაბე.

- აბა რაზე ვილაპარაკოთ?

- კარგი საუზმე აუცილებელია... მიყვარს თხილამურები, თხილამურებზე ვგიჟდები. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ჰიპოდინამიური ვარ. ამაში მოძრაობის და ფრენის იმიტაციას ვხედავ... ნაკლები მოძრაობა მიწევს და ალბათ ამით ვახდენ კომპენსაციას. ექვსი დღე ვმუშაობ და ერთი დღე სასრიალოდ დავდივარ. ეს არ არის სოციალური პრივილეგია. პირიქით, ბუნებაში ყოფნის სურვილია. აქ, ჩვენს მიერ შექმნილ სამყაროში უამრავი პრობლემაა. როცა ამას ზემოდან უყურებ, ყველაფერი უმნიშვნელო გეჩვენება. თხილამურებს სხვა სამყაროში გადავყავარ და ეს რიტუალია, მარტო ყოფნის დათავშექცევის... თან, რაღაც რომ გამოგდის, გსიამოვნებს.

24 წლის რომ გავხდი, ჩემს ცხოვრებაში კრიზისი დაიწყო. როგორც ჩანს, მართალი ყოფილა აბსტრაქტული ფრაზა დაგაფრთხილება: ცხოვრება ძალიან რთულია. ცხოვრება თურმე სულაც არ ჰგავს სიზმარს. ეს ძალიან მძაფრი, კონკრეტული, რთული და მრავალმხრივი პარტიაა. თითოეული დღეც ამის მაგალითია, რადგან არცერთი არ ჰგავს ერთმანეთს. გინდა, რომ მომავალში ყველაფერი ისე წარიმართოს, როგორც დაახლოებით წარმოგიდგენია. ჯერ ყველაფერი ისე მიდის, როგორც არ წარმომედგინა. წერ იმას, რაც განგიცდია, რაც გადაგხდენია. ორ-ორ წლიანი ეტაპებია, რადიკალურად რომ იცვლება მსოფლმხედველობა. მხოლოდ პრინციპებია უცვლელი. ჭვრეტის და ხედვის კუთხე იცვლება. ერთსა და იმავე საგანს მეტ-ნაკლები სიშორიდან ვუყურებთ. ამ დროს ერთი და იგივე საგანი იმდენად იცვლება, რომ საერთო ერთმანეთთან აღარაფერი აქვთ. მინდა, რომ ამ ფანტაზიის ინიციატორი ვიყო და ეს სურათები ცხოვრებამ კი არ შეცვალოს, არამედ ამ ცვლილებათა სადავე თვითონვე დავიმორჩილო.

0x01 graphic

ატი გაუკვალავში

- შენი თვალით, როგორი ვარ? - კითხვას მიბრუნებს. - ალბათ, ძალიან პრანჭია ადამიანი გგონივარ, რომელსაც ხან გამოდის რაღაც, ხან - არა.

იქ არ მითქვამს, მაგრამ ბოლოს ასეთი რატი მახსოვს: ჩემი ტექსტის ფინალისთვის ლექსი უნდა დაეწერა; უფრო სწორად, შელოცვა. ტაო-კლარჯეთიდან დაბრუნებულს, სახეზე რაღაც დიდი საიდუმლო ეტყობოდა. ოდნავ გარუჯული იყო და ცოცხალი იერი ჰქონდა. ჩემს პირდაპირ, სკამზე მოკალათდა და კითხვა დაიწყო:

ტანი თითქოს ტაძარია -
მობრძანდებით ბატონებო.
ტაძარს შიგნით ხანძარია -
მობრძანდებით ბატონებო...

მერე აღარ მახსოვს... ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სადღაც წავიდა, - უცხოეთში, იქ, სადაც ყველაზე მეტად გაუჭირდებოდა ყოფნა... ვთქვათ, ინგლისში. მაგრამ რატი არსად არ წასულა. ამ წუთას ჩემს პირისპირ ზის და მარტოობაზე მესაუბრება:

„ერთხელ ჩემი დიდი საღამო გაიმართა. როცა საღამო დამთავრდა, უამრავი ხალხი მოდიოდა; მათ შორის ისინიც, ვისი აზრიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ან ვისი აღიარებაც, სოციალური თვალსაზრისით, რაღაცას ნიშნავდა. რასაკვირველია, ასეთი ადამიანები მხოლოდ ბავშვობაში არსებობენ, მერე „კვდებიან“. ამ ადამიანების მთელი გალერეა სადღაც ქრება... ყველა სადღაც მეპატიჟებოდა. იყო ერთი ამბავი. ვიღაცეები წავიდ-წამოვიდნენ. ერთი სიტყვით, ისე მოხდა, რომ ყველა წავიდა და მარტო დავრჩი, სახლში წასასვლელი ფულის გარეშე. და ღმერთს იმწამსვე მადლობა ვუთხარი, რომ ის ერთი წუთითაც არ მაძლევს თავის მოტყუების საშუალებას.”

მოხდა ისე, როგორც დასავლეთში, სადაც ბუნებრივი მოვლენაა: პოეზიის საღამოს შემდეგ, ავტორი ლექსების წიგნებს ჩანთაში აწყობს, მატარებელის ვაგონში მარტო ჯდება… და თლილი თითებით კრიალოსანს ათამაშებს. თითქოს არც მშობლები ჰყავს, არც შვილები. მხოლოდ კალმიდან გადმოღვრილი ცხოვრებით სულდგმულობს.

„იგივე მოხდა… (ამას ახლა პირველად ვამბობ და ვერასოდეს ვეღარ გავიმეორებ) დედაჩემის გასვენებისას. უამრავი ხალხი ტრიალებდა. გარეთ გამოსული, ფეხით გავუყევი გზას, ვერცერთ მანქანაში ვერ ჩავჯექი. ტაქსი გავაჩერე და სასაფლაოზე ისე წავედი. იმის მიუხედავად, რომ ჩემს გვერდით უამრავი ხალხი იყო, მაინც მარტო ვიყავი. ეს არ არის პოზა. ეს სინამდვილეა. ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ადამიანი მარტოობისას იღებს. ქმედებას წინ სურვილი უნდა უძღოდეს. სამყაროს პირისპირ ჩვენ მარტონი ვართ. ეს მძიმეა, მაგრამ თან, ძალიან დიდი ძალაა... შიში მიპყრობს, როცა ვხედავ, რომ ბავშვობის გმირები ნელ-ნელა ხელიდან მეცლება. ვრჩები მარტო, კაცი ვხდები, და იმ ადამიანად ვიქცევი, რომელმაც ახლა უკვე სხვის ბავშვობაზე უნდა იზრუნოს. მე აღარ მაქვს შემოქმედებითი თავისუფლება.”

შუადღეა, მაგრამ დიალოგს საღამოს ეფექტი ედება, როგორც სტეფანწმინდას ნისლი. ყველაფერი ლექსის წერის დაწყებას ჰგავს, როცა არ იცი ფინალი. რატი ან გაიცინებს, გულზე ხელს დაიდებს და იტყვის: მარტო მამუკას ვუყვარვარ (რატის აკვიატებული ფრაზა. მამუკა ერთ-ერთი კაფეს მიმტანია)! ან ვინმე დაურეკავს და შეხვედრას ხვალისთვის გადავდებთ. მე არ მინდა ხვალ შეხვედრა. ისედაც ყველაფერი გასაგებია. თან, რომ დავფიქრდი, მივხვდი: ის კი არ მაინტერესებს, რაც იყო, არამედ - რა შეიძლებოდა ყოფილიყო, როგორც ნამდვილ ხელოვნებაში, როგორც არისტოტელესთან. ამიტომ თავიდან ვიწყებ: „ასოციაციას ვერ იოკებ. ამიტომაც „საძინებლის ფარდა ხან დრაკონად იქცევა, ხანაც მოჩვენებად“. იფიქრებ, თოვლის კაცი შემოვიდა ოთახშიო. ამ დროს ვიდეო იმიჯის ასოციაციას „მერსედესის“ ფარების შუქი აღძრავს. და რადგან მე თვითონ ვარ ჩემი ფანტაზიის და ასოციაციების ავტორი, ალბათ ამიტომაც მახსენდება ვიმ ვენდერსი, როდესაც ალტერნატიულ ნაცრისფერში გადაწყვეტილ რკინიგზის ცენტრალურ სადგურს მოვკრავ თვალს.

ასე მოხდა იმ დღესაც. 1998 წლის მაისი იყო... მატარებელი თბილისიდან...

თქვენც ხომ თავად გიჭირავთ ფანტაზიის სადავეები? ჰოდა, წარმოიდგინეთ, რაც გნებავთ - ვიმ ვენდერსისეული სახლის სახურავები; შემოდგომის წაბლისფერი სახეები; ან ცეცხლი, რომელსაც ყველაზე უკეთ ესმის ზამთრის... წარმოიდგინეთ, რადგან ნებისმიერი „თუ“ „განუწყვეტლივ გამოხატავსთავის მზაობას რეალობად ქცევისა”.

ვზივარ ფალიაშვილის 108-ში, კარი იღება და ოთახში ჩემი კოლეგა შემოდის, დიქტოფონით ხელში: კასეტები ხომ არ გაქვს, ინტერვიუზე მივდივარო. ჩანთიდან პატარა კასეტას ვიღებ და ვაწვდი. ამ პატარა კასეტაზე რატის „დიდი იმედებია”...იმედები???

3 ჩემი ქალაქი

▲ზევით დაბრუნება


სპეც-პროექტი

ავტორი: სოფიო კირვალიძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

ერთ დროს ტფილისი კავკასის რომი ყოფილა, ყველა გზა მის აღმოსავლური ხალიჩები თმორთულ, ერთკაციან ქუჩაბანდებში შემობოდიალდებოდა, სადაც სამი მუშკეტერის აღტაცებული ავტორის თქმით, დილის მეეზოვეები სულ ცინცხალ ევროპულ არიებს ღიღინებდნენ, შინაურულად, თბილად. ქალაქის სახელწოდებაც, ეტიმოლოგიის გარდა, ალბათ სურვილით იყო ნაკარნახევი - თბილისი.

სითბოს კრატერი ჭრელ აბანოებში თუხთუხებს. ლეგენდაც ხომ ამ ადგილიდან იწყება. თბილ, ნესტიან კედლებში ეპოქა უცვლელია, მდუღარე გოგირდის წყალში, ზეწარშემოხვეულ, სიამოვნებისაგან მოკრუტუნე დედიშობილა ხალხს მექისე ელჩინა ფარდაგიანი ქისით სიქას აძრობს. მისი წინაპარიც ასე ხეხავდა ერეკლეს, საათნავას, ალექსანდრე დიუმას, ტოლსტოის და ვის აღარ - მეფეს, პოეტს, ყარაჩოღელს, დღეს კი პრეზიდენტს, პრემიერს, უბრალო კომპიუტერის პროგრამისტს, სტუმარს და მასპინძელს. საღოლ, - გულთბილად ამბობს მენეჯერი გულო და ყველას თავის წილ სითბოს თან ატანს, მაგრამ უაზროდ გაზრდილი ქალაქის ახალ უსახურ უბნებს ეს თერმული ენერგია აღარ ჰყოფნის…

მამუკა ხერხეულიძე

0x01 graphic

დავით ჯავახიშვილი

მწერალი

ორბელიანების ბაღი. პატარა როცა ვიყავი, ყველაზე დიდ ვაჟკაცობად ის მიმაჩნდა, თუ ბაღს ღამე სირბილით დავარტყამდი წრეს.

ახლა ეს ბაღი პატარა კუნძულიღაა, ალბათ ბოლოს ვიღაც იყიდის და შიგ რესტორანს ჩადგამს…

ინგრიდ დეხრავე

ნიდერლანდური კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი

0x01 graphic

მაშინ, როცა თბილისი ჩემთვის ჯოჯოხეთად იქცევა ხოლმე და ეს ქალაქი აღარ მიყვარს, ზემოთ ავდივარ, მთაწმინდაზე. იქიდან თბილისის სიყვარულს კვლავ ვგრძნობ. ეს ამფითეატრი, მიტოვებული და უკაცრიელი, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადგილია. ლექსივითაა: იწყება, სრულდება, მაგრამ არასოდეს მთავრდება. აქ წარმოდგენა არასოდეს წყდება, მოქმედი გმირები - დრო და ადგილი არიან.

გოგი გვახარია

კინომცოდნე

0x01 graphic

ყველაზე მეტად თბილისში აეროპორტი და გერმანიის საელჩო მიყვარს - დასტური იმისა, რომ სადღაც მივდივარ. ჩემი აივნიდან კი მდინარეს გადავცქერი ხოლმე და ვფიქრობ, რომ მტკვრის სანაპირო თემზის სანაპიროს ჰგავს.

ნესტან ნიჟარაძე

ფოტოგრაფი

0x01 graphic

გიორგი წერეთლის ქუჩა, რვა ნომერი. ეს ეზო შემთხვევით აღმოვაჩინე, როცა რეპორტაჟისთვის ქალაქში დავდიოდი. ტიპიური თბილისური ეზოა. ირგვლივ ყველაფერი დაინგრა, ჩემთვის კი იქ დარჩა თბილისი და თბილისური ყოფა, სადაც ადამიანებს ერთად ცხოვრების სიხარული არა აქვთ დაკარგული.

0x01 graphic

გიო მგელაძე

რეჟისორი

0x01 graphic

ჩემი თბილისი გუდიაშვილის სახლთანაა, კეცხოველზე: იქ გავატარე შვიდი წელი, იქ რემკა ფილმს იღებდა და თეონაც იქ გავიცანი.

თორნიკე აბულაძე

არქიტექტორი

0x01 graphic

უბრალოდ, მომწონს შარდენი. ეს ის ადგილია, სადაც სეირნობა მიყვარს და თან, ბევრ ნაცნობ სახეებსაც ვხვდები.

0x01 graphic

დავით მაღრაძე

პოეტი

0x01 graphic

0x01 graphic

ლიკა ნადარაია

სოციოლოგი

0x01 graphic

ჩემი ქალაქი ჩემი სახლია.

0x01 graphic

გელა კუპრაშვილი

ვიზიონერი

0x01 graphic

ჩემი საყვარელი ადგილი აეროპორტის გზაა იმიტომ, რომ ყველაზე ძალიან თბილისიდან გამგზავრება და მერე თბილისში დაბრუნება მიყვარს.

გიო სუმბაძე

მულტიმედია არტისტი

0x01 graphic

ქალაქში, სადაც ბავშობაში „ტარტალეტკებსა“ და ფერადი კუბიკებით თამაშს მოკლებული არქიტექტორები დაგვიანებით იხდენენ ოცნებებს, მიწევს დანახული შენობების დეფრაგმენტაცია, რამაც განაპრობა ჩემში მწერის კალეიდოსკოპური თვალის ჩამოყალიბება. booyakasha. respect all insects in da house.

4 მაგნიტი, რომელიც ნორმას განიზიდავს

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: დავით მესხი

0x01 graphic

კომფორტი

მახსოვს ძალიან კარგად: დედამ გააყოლა თვალი ჩემს მზერას - ქუჩაში ვიდექი და სხვის ფანჯარაში ვიყურებოდი - და მითხრა: „ეს უზრდელობაა, მაგრამ მეც ვიხედები ხოლმე, ლამაზი ჭაღები მიყვარს“.

ფსიქოლოგს რჩევისთვის არ მივმართავ. უყვარს დედაჩემს ლამაზი ჭაღებიდა ეს ვისაც როგორ უნდა, ისე ახსნას: როგორც შური ელექტრონით გამთბარი სხვისი ოჯახური იდილიის მიმართ, ან, თუ უნდა, უფრო მარტივად - როგორც უზრდელობა.

მე კი დედასთან ერთად ჩადენილი ბავშვობის „კრიმინალი“ ყველაზე აზარტულ ჰობიში გადამეზარდა: სხვის სახლებში ჭვრეტა - ადამიანებში „ჩახედვად“, მათი დამუღამების სურვილად.

დღეს ორ ადამიანს ვამუღამებ. ლევან ნუცუბიძეს - ფოტოგრაფს და ნანიკო ხაზარაძეს - ტელეწამყვანს. პროცესს ნაჩვევი ხერხით - სახლში შეჭვრეტით ვიწყებ.

ერთი შეხედვით, უჩვეულო არაფერი.

სახლი: მთლიანი ფიცრებით შეკრული გრძელი მაგიდა. შეუღებავი. ფიცრისფერი. წესით, პროვანსულ სამზარეულოში უნდა იდგეს. მაგრამ მინიმალისტებმა „ჰაი-თექის“ სიცივის ასე მოტეხვა გადაწყვიტეს და მსგავს მაგიდებსაც ბევრმა მიუჩინა ადგილი მბზინვარე ალუმინითა და შუშით გაყინულ ოფისებში.

მოკლედ, ფიცრის მაგიდა, კაბინეტის ფუნქციით. კარგია.

ორი კიბე. თაღს იქით სამზარეულო.

გრძელი და ვიწრო ფარდები. თბილი დეტალი.

განათება: აქა-იქ. რბილი. ფავორიტი კუთხე-კუნჭულების ხიბლს ზუსტად ამოჰყოფს.

0x01 graphic

ნანიკო: ჯინსი. თეთრი ზედა. ჭურჭელს რეცხავს.

ლევანიკო: შავი ზედა. მოკლე თმა. კომპიუტერთან ზის. სიგარეტს ეწევა.

„ეს ფოტო კარგი. ისე, ორივე არაფოტოგენურები ვართ, მეც და შენც, არა?“ - გასძახის.

„რაა? არ მესმის“ - წყლის ხმა ფარავს დაბალ ხმაზე ნათქვამს.

ლილუ: გოგოა. უფრო სწორად, მაგარი ბავშვი, წლის და შვიდი თვის, რომელიც თანდათან ნამდვილი გოგო ხდება. იპრანჭება. მამას სულ სხვანაირად ეკონტაქტება. დედას ლოყაზე ეფერება.

ჯოჯო: ისიც გოგო, კატა. უბრალოდ, საოცრად ამართლებს სახელს. ისე, კარგი ხასიათის ყოფილა. განსაკუთრებით, როცა არ დგას მარტი და როცა პირადი ცხოვრებაც მოწესრიგებული აქვს. დღეს კი მარტია. ლილუს გამონაცვალ კალათში წევს და იწმაწნება. კნავის. შეუსვენებლად...

- სად ერთობით თბილისში?

სამზარეულოს მაგიდასთან, ყავისა და სიგარეტის გვერდით, რბილი განათების ფონზე მშვიდად დევს ლევანიკოს და ნანიკოს საერთო პასუხი:

„უკვე ყველაზე კარგად სახლში ვგრძნობთ თავს. ვხვდებით, რომ ყველაზე კარგად აქ ვერთობით. ერთმანეთთან, ლილუსთან და ჯოჯოსთან ერთად. გაქცევას აზრი არ აქვს. დისკომფორტი თბილისშიც არის, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე დიდი კომფორტია, სახლი და ერთმანეთი“.

ვრწმუნდები: ნაჩვევმა ხერხმა გამიმართლა. ჯერ სახლში შემოჭყეტა ყოველთვის ღირს. თუ სახლი ციხე-სიმაგრე კი არა, კომფორტია, მაშინ ხო - მით უმეტეს.

სიგიჟის ანონსი

და რა არის კომფორტი? ბევრი რამე. ამ შემთხვევაში ის, როცა ერთ სივრცეში ჰარმონიულად თანაცხოვრობენ „პლუსმინუსები“:

ნანიკო - „რეალისტი ვარ. ხშირად ვყოყმანობ. ლევანი მქაჩავს“;

ლევანიკო - „მეუბნებიან, რომ ცაში დავფრინავ, მაგრამ ყველაზე დიდი ტრაგედია ის არის, რომ მე თავს მიწაზე ვგრძნობ“.

ლილუ - ზუსტად არ ვიცით, რას ფიქრობს. სავარაუდოდ: „რატომ წევს ჯოჯო ჩემს კალათში?“.

ჯოჯო - „როდის მოვა რვა საათი, როდის წამიყვანენ ქმართან?“ - მარტია.

და კომფორტია ისიც, როცა ადამიანებთან ერთად, იმავე სივრცეში, ჰარმონიულად თანაცხოვრობენ მათივე:

სიყვარული

ნანიკო: „სიყვარულის ახსნა არ ყოფილა. პირველი პერიოდი მახსოვს, როგორც დიდი, კარგი ენერგია“.

ერთად ჩადენილი სიგიჟეები

ნანიკო: „ქორწილი პირდაპირ ეთერში გვქონდა“.

გადაფასებული ფასეულობები

ლევანიკო: „ბრძოლის მეთოდი შევცვალე. დავმშვიდდი, რადგან მივხვდი, რადიკალიზმი სრულ იგნორს იწვევს“.

იუმორი

ნანიკო: „დაღვინდა ჩემი ლევანი“.

მოჩვენებითი გაუცხოება

ლევანიკო: „კრიზისი გვქონდა. შეიძლება გარემოს ბრალი იყო, შეიძლება - ჩვენი, შინაგანი. ინდოეთში მივხვდი, რომ არ არსებობდა ჩვენ - ცალ-ცალკე. დავბრუნდი. კარგიც კია, რომ ასე მოხდა“.

ნიშნები

ლევანიკო: „სულ გახსნილი ვარ, ვამჩნევ და ვკითხულობ. ნიშნები ჩვენს ურთიერთობას თავიდანვე მოჰყვება“.

უცნაურობები

ლევანიკო: „მიკი მაუსად ვმუშაობდი დისნეი ლენდში“.
ნანიკო: „სიგარეტ „ვესტს“ ვარიგებდი ღრმაღელეში“.

იდეები

ლევანიკო: „მინდა, რომ ტორტივით სახლები ავაფეთქო ტროტილით“.

ნანიკო: „მინდა, რომ კაფე მქონდეს, დიდი სივრცით, კომფორტული ბალიშებით, შეზლონგებით, დიდი ჭერით და ჭერზე ეკრანით“.

ოცნებები

ლევანიკო: „ეგეთი „კრუტოიც“ არ ვარ, რომ არ ვიოცნებო. მაგრამ ზომიერების ფარგლებში“.

ვგიჟდები სიგიჟეებზე, უტოპიებზე, ექსტრემიზმზე და მერე მოულოდნელ დამშვიდებაზე, ემოციებით გადაღლაზე და უკან - ისევ რუტინაში დაბრუნებაზე.

ვის უნდა, რომ ავიყოლიო? კალაპოტიდან ამოვაგდო? კარგი გაგებით, მშვიდი გაგიჟებით, მკითხველის სტატუსით, სასიამოვნოდ; ბოლოს და ბოლოს, საინტერესოდ მაინც. წავედით!

მინიშნება: ნუ დაიბნევით, თუ მოხდება ცნებების, კომფორტი-დისკომფორტის, იდილია-ქაოსის, სიმშვიდე-პროტესტის და ა.შ. აღრევა. ყველანაირი განმარტება პირობითია. ისედაც.

0x01 graphic

- სტაბილიზაცია დე -

ნანიკო ხაზარაძეს საკუთარი რეალისტობის დასადასტურებლად აქვს ერთი საბუთი, პირობა - სტაბილურობა: „ერთ ბაღში დავდიოდი, ძირითადად, ჩუმად ვიყავი. ჩემთვის ვიდექი და არავის ვეკონტაქტებოდი. ერთი სკოლა დავამთავრე, ერთი კლასი“.

მაგრამ საბუთს ვიწუნებთ. ამ პერიოდში ცხოვრება ისედაც სტაბილურია ხოლმე. ურევ მერე, მაშინ, როცა შინაგანად იხსნები და არევისთვის საჭირო ჭკუა მოგეკითხება. „სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი ფერწერას. თან ექიმობა მინდოდა, შატალოზე მორგში ვიპარებოდით ხოლმე მე და ჩემი მეგობარი. ერთ დღესაც თეატრალურ ინსტიტუტთან გავიარე, განცხადება წავიკითხე მისაღები გამოცდების შესახებ და ის იყო, დიპლომი უნდა ამეღო აკადემიაში, რომ ყველაფერი მივატოვე და თეატრალურში ჩავაბარე. ათ წელს გაგრძელდა სტუდენტობა“.

ლევანიკო თავიდანვე ასეთია. ცხრა თვის ბავშვი დედის მეგობარს ეუბნება: „ასპირინი აიღე, ბორჯომში გახსენი და მიიღე“. მავნეა. ჭურჭელს არ ლეწავს. სამაგიეროდ, დიდებს სკამს უწევს და ძირს ყრის. მისი მარტო დატოვება არ ღირს. დედას ქამარი უკეთია, ქამარზე ლევანიკოა გამობმული, ყურადღების მოდუნების შემთხვევაში, ქამრის სიგრძეზე რომ შეძლოს მხოლოდ მოძრაობა, იგივე: მავნებლობა.

ნანიკო მუშაობას ადრე იწყებს. მეთერთმეტე კლასშია. უშუქო, უგაზო და უტრანსპორტო 90-იანების თბილისში ფუნქციონირებს ქარხანა „მეგატა სტანდარტი“. ნანიკო ყოველ დილას მეტროთი დადის დიდუბეში, ასწორებს სარეკლამო ტექსტებს და აკეთებს წისქვილის დიზაინს. ერთი თვის თავზე აძლევენ ხელფასს - 3 ათას კუპონს. ეს იგივეა, რაც სამი ლარი და ასანთის კოლოფი ხურდაში.

ნანიკო მოდის.

მიდის ტელევიზიაში, მეორე არხზე, გადაცემაში „დუბლი2“. თითქოს სინჯები უნდა იყოს. ნანიკოს შინდისფერი ჟაკეტი აცვია, ოდნავ ამოჭმული - ძველი. მას კი ეუბნებიან, ხუთ წუთში ეთერში ხარ. სარეკლამო პაუზების დროს უარესად ნერვიულობს და ტირის, პირდაპირ ეთერში ლოტო-ტრონს ატრიალებს, გამარჯვებული ტელეფონის ნომრებს ასახელებს და პრიზებს თვლის.

მესამე სამსახური: სიგარეტი „ვესტის“ სარეკლამო აქცია. თუ ცენტრალურ უბნებში დაარიგებ „ვესტს“, საათში 50 დოლარს გადაგიხდიან, გარეუბნებში - ნაკლებს. ნანიკო ფიქრობს,რომ არ ღირს რუსთაველზე გამოჩენა. ღრმაღელეში მიდის და 25 დოლარს იღებს.

მეოთხე ჯერზე, ისევ ტელევიზიაში ბრუნდება. გასართობი გადაცემა „ტერმინალი 72“. ცოტა ხანში „ტოტო ლოტო“. მერე „მაესტრო“ - „ტოროლების“ ეპოპეა; კონტრაქტი ჯეოსელთან; საავტორო გადაცემა რადიო „უცნობზე“; „ჯეოსტარი“ და „ფორტი ბოიარდი“. ცხოვრების სტაბილურობა მთელი ამ წლების განმავლობაში სტაბილურად, თანმიმდევრულად ირღვევა. გადამწყვეტ როლს, ცხადია, ლევანიკოს გამოჩენა თამაშობს.

ლევანიკო: „მე რომ გაგიცანი, საკმაოდ ჩაკეტილი იყავი“

ნანიკო: „ხო, შენ ძალიან დამეხმარე. მერე გავიხსენი“. და უფ, უცნაური სამსახურების მეტი რა არის.

ლევანიკო: „ფლორიდაში ვსწავლობდი. დისნეილენდში წავედით. ვაკანსია იყო მიკი მაუსის ადგილზე და დავრჩი. მიკი მაუსს შემცვლელი ჰყავდა, მინი მაუსს - არა. ერთხელმინი მაუსი ავად გახდა და მე ჩამაცვეს მისი ფორმა, ქალის თეთრი „კოლგოტკებიდან“ ბიჭის ფეხები და თმა ჩანდა“. ბავშვებს ეშინოდათ. ერთი პერიოდი დინოზავრადაც ვმუშაობდი.იქვე“.

თვითშეფასება: „მე არ ვარ რადიკალი. უბრალოდ, რაღაცნაირად გახსნილი ვარ და სულ ასეთ სიტუაციებში ვხვდები. თითქოს, მივიზიდები ასეთი გარემოსკენ“.

მართლაც, ლევანის ბრალი ხომ არაფრით არ იქნებოდა ის, რომ ამერიკულ სკოლაში სწავლის დროს სამი ოჯახი გამოიცვალა. პირველი ოჯახი ტრაილერში ცხოვრობდა, უმცროსი ძმა ფსიქიურად აშლილი იყო. ლევანის იქ ყოფნის პერიოდში ბიჭმა თავისი და ველოსიპედით აუზში ჩააგდო.

„აუზში ნიანგები ცხოვრობდნენ. მე სუპერმენი გავხდი“ - ხელს მაღლა სწევს ლევანი - „წყლიდან ამოვიყვანე. გადავარჩინე. პატარა გოგო იყო, ქერათმიანი და გამხდარი. ტიროდა“. მეორე ოჯახში მამა შვილს იარაღით გაეკიდა მოსაკლავად. მესამე ოჯახში - ლოთები იყვნენ. „გამიჭირდა, ვერ გავძელი“.

შემდეგი გაჩერება მოსკოვი იყო. ლევანიკოს თავიდან სამედიცინო ინსტიტუტში უნდა ესწავლა. ექიმობა უნდოდა. მაგრამ გამოცდაზე შევიდა და იქ მიხვდა, რომ - არა. მაგრამ არ წამოსულა. სამედიცინო ინსტიტუტის კიბეები ჩამოიარა და სუფთა ჰაერზე გაიაზრა, რაც უნდოდა. „აღმოჩენა იმ წუთში არ გამიკეთებია. პარალელურად, ფოტოგრაფია ყოველთვის მაინტერესებდა“. გარეთ გამოვიდა და მოსკოვში კიდევ შვიდი წლით დარჩა. ფოტოაკადემია დაამთავრა და სარეჟისორო.

„ძველი შავ-თეთრი ფოტო მივიტანე აკადემიაში. მეგობარი ზის უნიტაზზე, სახეზე ტუალეტის ქაღალდი აქვს აფარებული. მოეწონათ“.

რა მოეწონათ?

კადრი უპრეტენზიო იყო, თან სიახლისა და თავხედობის პრეტენზიით. მოკლედ, Contemporary Art - თანამედროვე ხელოვნება, რომელსაც ლევანიკო ყველგან და ყველაფერში დაეძებს, მაგრამ თბილისში იშვიათად პოულობს. „თბილის სყველაზე მეტად აკლია ეს კავშირი ახალ დროსთან“.

დე-სტაბილიზაცია

მაგრამ აქ პაუზა. მერე Stop-ი და Eject-ი. ოღონდ არ დაგავიწყდეთ, სად გავჩერდით - იმ მომენტზე, როცა ლევანიკოს ცხოვრება სრულიად ახლებურ გეზს იღებს; რაც უფრო მეტს ფიქრობს, სულ უფრო ვერ ხვდება, რატომ არის ნორმა ის, რაც არის.

მოკლედ, თითი Eject-ზე და კასეტა, რომელზეც მარკერით მივაწერეთ: „-სტაბილიზაცია დე-“ უკვე გარეთ არის. დროებით მას გვერდზე ვდებთ. სამაგიეროდ, ვიდეოფლეერს შავად დაღებულ პირში მეორე კასეტას ვტენით, წარწერით „დე-სტაბილიზაცია“. ვგულისხმობთ რას:

ნამდვილ დესტაბილიზაციას - ორი ადამიანის სამყაროში.

დიალოგი, რომელიც ზევით შედგა, ხომ გვაუწყებდა:

ლ: „მე რომ გაგიცანი, საკმაოდ ჩაკეტილი იყავი“.

ნ: „ხო, შენ ძალიან დამეხმარე. მერე გავიხსენი“.

ნანიკოს ჩვენება:

„ყველგან, სადაც მივდივარ, სამსახური იხურება ხოლმე. ტოტო-ლოტოც მალე გაუქმდა. უმუშევარი დავრჩი. ამ პერიოდში გავიცანი ლევანიკო“.

ლევანიკო მოსკოვში უნდა წასულიყო. წინა ღამით გამოსამშვიდობებელი საღამო ჰქონდა. ნანიკო მასთან მეგობარმა მიიყვანა: „ლევანიკოს ხომ იცნობ? წამოდი, გავაცილოთ“. „მივედი და იმ საღამოს ძალიან ახლოს გავიცანი. გავიფიქრე და ვთქვი კიდეც, რა კარგი ბიჭია ეს ლევანიკო-მეთქი, მაგრამ მითხრეს, დაივიწყე, ხვალ მიდისო“.

დაივიწყა, უფრო სწორად, პასიურ მეხსიერებაში გადაიყვანა, ოღონდ მხოლოდ ერთი წლით.

მეორე წელს, ერთმანეთს ქობულეთში შეხვდნენ.

თითქოს, ძველ შავ-თეთრ ფოტოზე გაკეთებულ წარწერას კითხულობდეს, ლევანიკო გამოთქმით ამბობს:

Кобулети. Июль,1998.

ნანიკო აგრძელებს:

მოღრუბლული ამინდი იყო. ტენტის ქვეშ იჯდა. ადიდასის შორტით და პირსახოცით მხარზე. მოწყენილი იყო. სახეზე ეწერა: „რა ვქნა, რა გავაფუჭო?“

0x01 graphic

ერთმანეთის ნახვა ძალიან გაეხარდათ. იგრძნეს, რომ ერთად ბევრ რამეს გააფუჭებდნენ. დაძმობილდნენ. ოთახიდან არ გამოდიოდნენ. ისხდნენ და ერთმანეთს ამბებს უყვებოდნენ, მუსიკას ასმენინებდნენ.

მოკლედ, შეუფერხებელ რეჟიმში მიდიოდა ძალიან მაგარი პროცესი - ერთმანეთის გაცნობა.

ეს ურთიერთობის პირველი სტადიის ძალიან ტკბილი ვნება და ხიბლია, რომელსაც თუ აყევი, ბოლომდე გაგიყვანს. ნანიკოც ამბობს: „მთელი ეს პერიოდი მახსოვს, როგორც დიდი, კარგი ენერგია. მაშინ არც მქონია დრო, დავფიქრებულიყავი იმაზე, თუ რა იქნებოდა მერე. არ ვიცოდი, თუ ეს ურთიერთობა რამეში გადაიზრდებოდა“.

ქობულეთშივე გაირკვა ერთი ყველაზე მთავარი და ამ დროს ძალიან მარტივი რამ: ლევანიკოსაც და ნანიკოსაც შეეძლოთ აყოლა ზედმეტი, წვრილმანი კითხვების გარეშე.

- და მართლა, რამდენი წლის ხარ? - ეს კითხვაც კი უკვე გახურებული ურთიერთობის დროს გაჩნდა.

„რომ მიპასუხა 19-ისო, დიდი სტრესი მივიღე. მე 26 წლის ვიყავი. არადა, არც დამიშვია, თუ ჩემზე ოდნავ პატარა იყო“.

„ასაკით არც მე არ დავინტერესებულვარ. ეს ძალიან მეორეხარისხოვანი იყო“.

აწყობილი ურთიერთობა = თამაში

მათ ერთად ყოფნაში არის რაღაც ბონი და კლაიდური. ისინი უვნებელ პროვოკაციებს აგებენ და ერთობიან.

თავიდან ეს ხდებოდა ასე:

„ბულვარში, ტროტუარზე ვისხედით და ვმათხოვრობდით. მართლა გვიყრიდნენ ხურდებს“.

მერე:

„მაშინ „რუსთავი-2-ში“ ვმუშაობდი. 15 აპრილს დილის გადაცემის ეთერში დავქორწინდით. მმაჩის ბიუროთი და მთელი ამბით“.

„ქორწილი მაისში გვქონდა. არა, განგებ არ აგვირჩევია მაისი - თითქოს ცრურწმენის დასარღვევად. უბრალოდ დაემთხვა. ცოტაც რომ გადაგვეწია თარიღი, მერე მშობიარობა მიწევდა. კაბაზე ექოსკოპიის ფოტო გადავიტანე. ყველა ჩვენს ჩაცმულობაზე ლაპარაკობდა. არადა, ლილუც ხომ უნდა დასწრებოდა ქორწილს? კარგი გამოვიდა“.

„მოსკოვში ცხოვრების დროს მეგობართან წავედით. მარტო იყო სახლში. ნანიკოს ტოქსიკოზი ჰქონდა, იწვა. სამზარეულოში „სელიოდკა“ ვნახე. ვიფიქრე, წავიღებ, ლოგინში ჩავუწვენ და კარგად გახდება-მეთქი. მეგონა, პაკეტში იყო, არადა, პარკი გახეული ყოფილა. და სანამ თევზი საწოლამდე მივიტანე, იატაკი ზეთითა და წვენით დაისვარა. იქვე დამთავრდა ნანიკოს ტოქსიკოზი“.

„მაესტროს ეთერში სამივეს ერთად - მე, ლევანიკოს დალილუს - მიგვყავდა დილის გადაცემა. ლილუ ხელფასსაც იღებდა, გადაცემაში ათ ლარს. მის ნაცვლად, უწყისში ხელს მე ვაწერდი. შენახულიც მაქვს ის ფურცლები, სადაც აწერია:ლილუ ნუცუბიძეს“.

„ლევანიკო ერთი პერიოდი სულ თმას იღებავდა. ჯართან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები და ყოველ წელს ახალ-ახალი იმიჯით მიჰქონდა ფოტოები კომისარიატში - ხან შინდისფერი თმა ჰქონდა, ხან თეთრი, ხან „ნაჩოსით“ იყო. გიჟდებოდნენ“.

ამ ციტატებს ზღვარი არ უჩანს. ხომ გახსოვთ? - „მე არ ვარ რადიკალი, უბრალოდ მივიზიდები...“

მოსკოვი-თბილისი. ვის არ სჯერა ცრემლების?

სანამ ლილუ გაჩნდებოდა, ლევანიკოს და ნანიკოს ერთი ხანგრძლივი პერიოდის გადატანა მოუხდათ. ქობულეთის მერე, ლევანი ისევ მოსკოვში დაბრუნდა. ურთიერთობას თავდაპირველი მუხტი ტელეფონმა შეუნარჩუნა. ნანიკო „ჯეოერთმანეთის

სელში“ მუშაობდა და, როგორც კომპანიის თანამშრომელი, უფასოდ რეკავდა. „საათობით ვლაპარაკობდით. მგონი, ყველაზე დიდი სატელეფონო ანგარიში მთელ „ჯეოსელში“ მე მქონდა“.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

იმავე პერიოდში ნანიკოს ცხოვრებაში ერთი, თითქოს, სასიამოვნო რუტინა გაჩნდა - გადაცემა „ტოროლა“ „მაესტროს“ ეთერში. ეკრანზე ყველაფერი დიდ გართობად ჩანდა. თბილისელმა თინეიჯერებმა მიიღეს ის, რაც არასდროს არ ჰქონდათ - მუსიკალურ-თინეიჯერული სიხარული; რაღაც, რაც თან სამამულო იყო, თან „ემტივურიც“. მოზარდებმა ეს ყველაფერი კი მიიღეს, მაგრამ, სამაგიეროდ, ნანიკოს პირადი ცხოვრება და სამსახური გაითქვიფა ერთმანეთში. „სახლი სასტუმროსავით გახდა. ყოველი დღე ერთმანეთს დაემსგავსა“. ლევანიკო ისევ მოსკოვში იყო და ნანიკოს ჩასვლას ითხოვდა. ნანიკო კიდევ ცოტა მშიშარა იყო და გადაწყვეტილების მიღება უჭირდა.

„ლევანიკოს დაჟინებული თხოვნა რომ არა, შეიძლება, მე დღესაც მაესტროში ვყოფილიყავი“.

ბოლოს დედამაც ურჩია: „თუ ეს ყველაფერი ასეა, მაშინ წადი“.

„თითქოს, ამ ბიძგს ველოდი. გამოვფხიზლდი, ბილეთი ვიყიდე და წავედი“.

მოსკოვმა მათ ერთად ყოფნას დაუჯერა. ლევანიკომ სახლი თავისი ხელით გაარემონტა. რვა თვეს ცხოვრობდნენ იქ. მერე დაბრუნდნენ.

„ეს პერიოდი ძალიან კარგად მახსოვს. რაც, ჩემი აზრით, საინტერესოა მოსაყოლად, თან ძალიან ინტიმურიც არის და ამაზე ლაპარაკი არ მინდა. ხოლო ის, რაზეც ლაპარაკი შეიძლება, საინტერესოდ სულ არ მეჩვენება“ - ამბობს ლევანიკო და ესეც მისი დაუფიქრებლად წამოსროლილი მორიგი პროვოკაციაა. ლევანიკოს და ნანიკოს თემაც მოსკოვში ასეიხურება.

0x01 graphic

კოელიოს დაუძახეთ

მოვლენების ინტერპრეტაცია და მათი ნიშნებად გადათარგმნა პაულო კოელიოს და დიდი-დიდი ჩემი საქმე მეგონა. ამის გამო თავს ძალიან „გაპოპსავებულადაც“ ვგრძნობდი. მაგრამ თანდათან ვარკვევ, რომ ეს „ჭირი“ ბევრს ჭირს. ეტყობა, პალეოლითის მერე დიდად არ შევცვლილვართ. ისე, რას ვერჩი, ნიშნებს გამოდევნება ყველა სასიყვარულო ურთიერთობას უხდება. ალბათ, გახსოვთ ლევანის დაანონსებული ფრაზაც:

„სულ გახსნილი ვარ, ვამჩნევ და ვკითხულობ. ნიშნები ჩვენს ურთიერთობას თავიდანვე მოჰყვება“. ერთ ცნობილ ამბავს გიამბობთ - თბილისი ხომ იტალიური ეზოსავით არის და შეიძლება, უკვე ისედაც იცით. ეს არის ამბავი იმისა, თუ როგორ დაერქვა ლილუს მილა იოვოვიჩის გმირის სახელი „მეხუთე ელემენტიდან“.

მიკროფონთანაა ნანიკო: „თავიდან მითხრეს, რომ ბიჭი მეყოლებოდა. სამი თვის განმავლობაში ასე ვიცოდი. მერე ექოსკოპია თავიდან გავიკეთე. მაგიდაზე ვწვებოდი, როცა ლევანიკოს მესიჯი მივიღე მოსკოვიდან, მწერდა: დამესიზმრა, რომ ძალიან ლამაზი გოგო გაგვიჩნდა, რომელიც მილა იოვოვიჩს ჰგავსო. რამდენიმე წუთში ექიმმა მითხრა, რომ პირველი ექოსკოპიის პასუხი შეცდომა იყო. სახლში მოვედი და ლევანიკოს დამ მითხრა, თუ გოგო უნდა დაიბადოს, ლილუ დაარქვითო. თან იმ პერიოდში თითქმის ყველა არხმა აჩვენა „მეხუთე ელემენტი“. ასე გახდა ლილუ ლილუ. მხოლოდ შემდეგ გაარკვიეს, რომ მილა იოვოვიჩის ხათრით დარქმეული სახელი ქართული ყოფილა. „წავიკითხე, რომ ლილუ ლაჟვარდს ნიშნავს“, - ამბობს ლევანი და სიტყვებით მართლა ვერ გადმოსცემს იმას, თუ როგორ შეცვალა ლილუმ ყველაფერი მათ ცხოვრებაში. „მე სულ სხვანაირად მეკონტაქტება. რაღაც სხვანაირი სითბოთი. რომ მხედავს, ხმა ეცვლება ხოლმე“.

Лихорадка в Москве ახლა კი ისევ პაუზა. მერე Stop-ი და Eject-ი.

მერე ძველი კასეტა.

Play და ისევ მოსკოვი.

ლევანიკო ისევ მიიზიდა მაგნიტმა, რომელიც პარალელურად ყველანაირ ნორმებს განიზიდავს. მისი შაბათი საღამოები ТВ 6-ის არხზე აბობოქრებულ რადიკალურ ციებ-ცხელებაში გადიოდა. Saturday Night Fever-ის მიბაძვით გაკეთებულ გადაცემას Лихорадка Субботним Вечером ხომ უამრავი მაყურებელი ჰყავდა; ჟურნალ ОМ-ს კი - კიდევ უფრო მეტი მკითხველი. ლევანიკო ტელევიზიაში რეჟისორის ასისტენტი იყო, ჟურნალში - რედაქტორის თანაშემწე.

1995 წელს იგორ გრიგორიევის მიერ დაარსებული ОМ-ის სტატუსი დღემდე არ შეცვლილა. „რუსული ახალი თაობის ბიბლია და კულტი“ - ასე უწოდებს ჟურნალი თავისთავსდა ბომბებს გაბედული დიზაინით, ტაბუირებულ თემებსა და იმიჯებზე ტაბუს მოხსნით ახლაც ისე აფეთქებს, თითქოს პირველი ნომერი იყოს. პრეტენზია ასეთი აქვს: - ОМ-ის სამყარო მსოფლიო ურბანისტული კულტურის და თანამედროვე ცხოვრების სტილის სამყაროა.

ლევანიკომ ეს კარი სრულიად შემთხვევით შეაღო. ჟურნალის გამომცემელი ერთ ჩვეულებრივ მოსკოვურ тусовка-ზე გაიცნო და მერე ასევე ჩვეულებრივ тусовочный დიალოგში ОМ-ში მიიღო მიპატიჟება.

„იმ დღეს სასწრაფოდ უნდა გადაეწყვიტათ გარეკანზე მთავარ თემად რა გაეტანათ - მასალა ფედერიკო ფელინის თუ დევიდ ბოუის შესახებ. ფელინი თუ ბოუი? - ვერ წყვეტდნენ. მე ვთქვი: - რა თქმა უნდა, დევიდ ბოუი. მოეწონათ“.

შემდეგ სულ ასე იყო. „თემებს ერთი კონკრეტული პრინციპით ვირჩევდით - ის უნდა ყოფილიყო ახალი, დროში აქტუალური, თან თანამედროვე ხელოვნების შესახებ“.

არანაკლები იყო ТВ 6-ზე ატეხილი ციებ-ცხელებაც. პირველივე გადაცემა ისეთი ბომბი გამოვიდა, რომ პრემიერაზევე ავტორებს ყვითელი ბარათი აუწიეს. „წითელზე საერთოდ არხი იკეტება, არათუ გადაცემა“. მართლაც, აქ ყველაფერი ტაბუმოხსნილი იყო - თემებიც და ინტერიერიც. აქა-იქ დაუდევრად, თითქოს შემთხვევით ეყარა ნივთები, რომლებიც ტელეეთერში წესით არ უნდა ხვდებოდეს - ვიბრატორები, პრეზერვატივები. პირველი სტუმარი პორნოვარსკვლავი იყო, მერე - ჩვეულებრივი ცნობილი სახეები მოჰყავდათ და არაჩვეულებრივ კითხვებს უსვამდნენ: - „თუ შეიძლება, გაიხსენეთ, თქვენი პირველი ორგაზმი?“ იბნეოდნენ, მაგრამ პასუხობდნენ.

СТС-ზე იყო გადაცემა Вася In Da House. ლევანიკოს რადიკალურ ჯგუფს მილიონი დოლარი მისცეს გადაცემის გასაკეთებლად. უნდა გამოსვლოდათ თოქ-შოუ, ოღონდ რადიკალურ თემებზე. და რახან ფულის გარშემო ტრიალებდნენ, თანაც ამხელა ფულის, მთავარ თემადაც დოლარები აიღეს. გააკეთეს შუშის კაბინა, რომელშიც სტუმარს სვამდნენ, უკრავდნენ ხელ-ფეხს და უყრიდნენ ბევრ ფულს. მას პირით უნდა აეღო ბანკნოტები და რამდენის აღებასაც მოახერხებდა, ჩუქნიდნენ. რა იყო ამ გადაცემის მორალი და რა ფიქრები და ასოციაციები ჩნდებოდა პირით ბანკნოტებჩაბღუჯული, გუგებგაფართოებული და დახარბებული კაცის დანახვაზე - თვითონ გადაწყვიტეთ.

ფოტოაკადემიაში კი ბევრი არაფერი ასწავლეს - ასე ფიქრობს თვითონ. ერთადერთი, რაც იქ საბოლოოდ აღმოაჩინა, იყო ის, რომ არ მოსწონდა გამეფებული რეალობის ესთეტიკა. „ამიტომაც ზოგი ჩემი ძველი ფოტო საერთოდ აღარ მომწონს - ზედმეტად ლამაზია და ესთეტური. მე ჰელმუტნიუტონიც არ მიყვარს“.

0x01 graphic

* * *

ინდოეთი - მოსკოვის შემდეგ ეს სულ სხვა თემაა, რომელიც რაღაცით უახლოვდება თბილისის განწყობას. გზამაზიაში - ბაქოდან დაწყებული და პაკისტანამდე გასული -ლევანიკო დაარწმუნა, რომ იქ, რაც უფრო ღრმად შედიხარ, მით უფრო მეტად კარგავ კავშირს აწმყოსთან; მით უფრო უკან-უკან მიდიხარ დროში. თბილისიც ხომ დაახლოებით ასეა.

„კლუბი გვქონდა, „ლიფტი“ მე-11 სართულზე. ელექტრონული მუსიკის პირველი კლუბი იყო. ექვს თვეს გაძლო. მერე ბანკი გაიხსნა პირველ სართულზე და დაგვხურეს“.

რაც შეეხება ციებ-ცხელებას? ლევანიკო ამბობს, რომ ეს გართობა იყო და წარსულს ჩაბარდა. იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში მან ახალი ცხოვრებისეული ღირებულება აღმოაჩინა: „მივხვდი, რომ სიმშვიდე კარგია. მივხვდი, რომ სისულელეა ყველაფრის გამოხატვა, რადგან ამ დროს სრულ იგნორს იწვევ და მიზანსაც ვერ აღწევ“.

მე: ბრძოლასა და პროტესტზე უარს ამბობ?

ლევანიკო: „არა, უბრალოდ სხვა ფორმით ვიბრძვი. მშვიდად“.

მე: შეუმჩნევლადაც?

ნანიკო: Тихо едешь дальше?

ლევანიკო: „არა, შეუმჩნევლად ნამდვილად არ გამოვა, ისეთი რაღაცეების კეთება მინდა“.

და აქ ისევ იწყება მიზიდვის პროცესი. ერთი მრავალმნიშვნელოვანი ღიმილი, საკუთარი თავის გასაგონად დასმული კითხვა - რისი გაკეთება მინდა? და აბსოლუტურად არამშვიდი პასუხების მთელი წყება.

მინდა, რომ:

„თბილისში გრაფიტის ნამდვილი კულტურა გაჩნდეს და მოისპოს კედლის მონუმენტური მოხატვის მანია“.

„ტორტებივით სახლები ავაფეთქო ტროტილით“

„დავწვა სამხატვრო აკადემია და თეატრალური ინსტიტუტი“...

„მინდა, რომ...“ - უსასრულოდ გრძელდება.

ლევანიკოს სიმშვიდე ორბუნებოვანია ეს მისი მორიგი პროვოკაციაა. თვითონ მოიფიქრეთ, აჰყვებით თუ არა.

5 ნინო კასრაძე

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: თამარ სუხიშვილი

ის ქალია, - ძალიან მომხიბლავი და სათნო, ის მსახიობიცაა. ასეთები ცხოვრებაში თავიანთ მარადიულ წესრიგს ქმნიან და საგანთა არსს განსაზღვრავენ. ასეთებს გულსა და მშვენიერ ლექსებს უძღვნიან ხოლმე:

„გსურს დამაბრმავო? ყველაფერზე მე ვარ თანახმა, ბაღის მოვლაში ეს მკლავები გვალვით დამახმა. გიხმობს ეს ბაღი, სურნელებით და ვარდის ფერით, რადგანაც შენ ქმნი სამყაროში სახეს საგანთა.“

ეს დუბეითი, რომელიც ლია ასათიანმა თარგმნა, ირანელ პოეტს ბაბა თაჰერს (ბაბა თაჰერ ურიანი, X-XI სს.) ეკუთვნის. პოეტს კი დაეჯერება, მით უმეტეს ნიჭიერ პოეტს, რომელიც ოკულტიზმისა და ჰიპნოზის უნარითაც ყოფილა დაჯილდოებული. გადმოცემის თანახმად, ბაბა თაჰერს ისეთი შინაგანი ძალა ჰქონია, რომ მწვერვალზე მისი გამოჩენისას თურმე თოვლი დნებოდა, ხოლო შუა ზამთარში გაზაფხულის ყვავილები ხარობდნენ.

რატომ ავირჩიეთ მაინცდამაინც ირანელი პოეტი და ეს სტრიქონები, ამას ახლავე გავიგებთ:

0x01 graphic

სიმ-სიმ, გაიღე!

„სადღაც წამიკითხავს: სუნი რომ გამახსოვრდება, ეს ძალიან ადრეულ ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილების რეფლექსია. თურმე სადაც სასიამოვნო სუნი გცემს, იქ არის შენი ადგილი, იქ კომფორტულად გრძნობ თავს. ეს ბავშვობიდან მოგყვება. ბავშვობა ხომ, ფაქტობრივად, ნირვანაში ყოფნაა. დღესაც მაქვს ასეთი უცნაური შეგრძნება. ხანდახან ქუჩაში რომ გავივლი ხოლმე, უცებ მახსენდება ის მათრობელა სურნელი, დიდი, დიდი ხნის წინ ბოთლიდან ამოვარდნილი ჯინივით რომ დაგახვევდა თავბრუს - კარგი ყავისა და არომატული სიგარის სუნი.“

ამ მათრობელა სურნელს მფრინავი ხალიჩის ძალა აქვს და მყისიერად გადაყავხარ ზღაპრული აღმოსავლეთის ვიწრო ქუჩაბანდებში. მერე მეხსიერებასა და წარმოსახვაში გაიელვებს ალი-ბაბასა და 40 ყაჩაღის თავგადასავალი, თვალ-მარგალიტით დატვირთული ქარავნები, შარბათის მდინარეები, გაგახსენდება ჯადოსნური ფრაზა - „სიმ-სიმ, გაიღე!.“ „კუთხეში „ყურანია“ ჭრელი მეშის ყდით.

აქვე: საადის „გიულისტან“. ფირდოუსის „შაჰ-ნამე“. გაფიზის „კაზალები“. მრავალი სხვა წიგნი სხვა პოეტის.

დაყვითლულ და ობგადაკრულ ფურცლებიდან სურნელი:

შირაზის ვარდის.
ირანის ბულბულის.
ვისისა და რამინის.
ყივილა სიმღერის.
ნუშეული თვალების.
გრძელი წამწამების.

გვერდით მინიატიურები. მინიატიურებზე: მორცხვი ქალწული და ველად გაჭრილი ჭაბუკი. თანვე: მშვილდი და ისარი. ფონად: წვრილი წითელი ფოთლები ხავსისფერ მოლზე.“

ასეთია არჩიბალდ მეკეშის თვალით დანახული ირანი. ირანი - საოცრებათა სამყარო. ქალაქი არიაშაჰრი. ზღაპარი, თავისუფლება - ასე დაამახსოვრდა ნინოს ეს ქვეყანა. ნინო კასრაძე ორი წლის იყო, მშობლები ირანში რომ გადავიდნენ სამუშაოდ. იქ გატარებულ ბავშვობას უკვალოდ არჩაუვლია. „სამი წელი ვცხოვრობდით ირანში. ახლა რომ ვფიქრობდა ვაანალიზებ, სამი წელი თითქოს რა არის, მაგრამამ წლებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როგორც ამბობენ, ხუთ წლამდე ბავშვი რასაც აითვისებს, განცდა იქნება ეს თუ ცოდნა, მერე მთელ ცხოვრებაზე გავლენას ახდენსო.“

0x01 graphic

ნინო და მაკა ირანში.

0x01 graphic

ფოტო: იური მეჩითოვი

ნინო კასრაძის მოგონებათა თუ შთაბეჭდილებათა ამფრაგმენტში პარადოქსულად შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ პატარა გოგონას და მის ტყუპისცალ დას ბებერი, ჩადრიდან მზირალი მთვლემარე ირანი თავისუფლების ჩვენგან განსხვავებული ხარისხითაც დაამახსოვრდათ, თუმცა ისინი ხომ დიდი და „ბედკრული“ საბჭოეთის ბავშვები იყვნენ.

პაჩემუჩკები

რატომ არის ვარდი წითელი?

პირველი დერვიშის უბის წიგნაკიდან

ტყუპები ნინო და მაკა გამორჩეული ბავშვები იყვნენ, თავაზიანები, მოწესრიგებულები. პატარა ტყუპები ხომ ყველგანდა ყოველთვის ისედაც აღტაცებას იწვევენ. ორი წლის ანი უკვე დანა-ჩანგლით შეექცეოდნენ საჭმელს და მშობლებთან ერთად სადმე წვეულებაზე თუ მოხვდებოდნენ, თავი უფროსებივით ეჭირათ. სერიოზული სახით, ტყუპების გენეტიკური სიამაყით დადიოდნენ კინოში და, ზოგიერთი თანატოლის მსგავსად, გრძელი და მოსაწყენი ფილმის ბოლოში კი არ წათვლემდნენ ან ჭინჭყლობდნენ, ბოლომდე ერთად უძლებდნენ, გმირულად. თვალებდაჭყეტილები შესცქეროდნენ ეკრანს და ყველა ფრაზასა და ეპიზოდს უკირკიტებდნენ, არაფერი გამოეპარებოდათ, თანაც ყველაფერი აინტერესებდათ: А почему это? A почему так? ასე შეერქვათ „პაჩემუჩკები“.

კინოთეატრში „როკო და მისი ძმები“ გადიოდა. როცა ნადიას მკვლელობის ეპიზოდი მოახლოვდებოდა, ქუჩაში აუცილებლად შენიშნავდით ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც კინოთეატრიდან ხელჩაკიდებული გამოჰყავდა ორი პატარა გოგონა, ძალიან რომ ჰგავდნენ ერთმანეთს. ბავშვები ფეხათრევით მიჰყვებოდნენ მამას და ცხვირაბზეკილები, მკაცრი ტონით, სასწრაფოდ ითხოვდნენ ახსნა-განმარტებას - Апочему?

ტყუპთა ოინები შაჰის კარზე

ულამაზესი ქალი. აცვია ზაფრანისფერი კაბა. გრძელი, შავი თმა მიწამდე დასთრევს. რაღაც უცნაური სუნამო ასხია - ვანილის, დარიჩინისა და კიდევ რომელიღაც უცხო ყვავილის სურნელს რომ აფრქვევს. ყოველ დილით აღებს უზარმაზარ ჭიშკარს. ბაღში ბევრი ვარდია: თეთრიც, წითელიც, ყვითელიც. მერე კიბეს რხევით აუყვება და სადღაც გაუჩინარდება. შესასვლელში მამაკაცი ეგებება - ბრგე, ლამაზი. ქალი უღიმის და პირზე ვარდი ეფინება. ეს ალბათ შაჰია. ისკი მისი ერთ-ერთი ცოლი. ზღაპარი ხომ არ გრძელდება? რალამაზი ბაღი აქვთ! - ტყუპები თვალებგაფართოებულები შესცქერიან. მერე ეშმაკურად ჩაუკრავენ თვალს ერთმანეთს, შაჰს დაუძახებენ და ღობის უკან იმალებიან; მერე ისევ დაუძახებენ და გაიქცევიან. დიდხანს გრძელდება ასე. შაჰი იცინის. ე.ი. ბოროტი არ არის.

რა შაჰი, რის შაჰი? ეს ყველაფერი ტყუპების წარმოსახვის ნაყოფია. სასტუმროს პორტიე მართლაც ძალიან ჰგავს შაჰს. ლამაზი გამყიდველი ქალი კი - მის მზეთუნახავ ცოლს.

„მერე სკოლაში კარგა ხანს ვიწონებდით ხოლმე თავს - აი, ჩვენ ირანში ვცხოვრობდით-თქო. რას აღარ ვყვებოდით, ათას რამეს ვიგონებდით, ვფანტაზიორობდით...“

უცხო ქვეყნიდან დაბრუნებულ კასრაძეების ოჯახს, შინ დიდი ზარ-ზეიმით შეხვდნენ. წარსულში ალბათ ასე ეგებებოდნენ ხოლმე შაჰის კარიდან მობრუნებულ მეფისწულებს.

Приееееехали და იწყებოდა...“

„მახსოვს, როგორი მონატრებით მიკითხავდა დეიდაჩემი ლექსებს ძილის წინ: „ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრა ჯერგულში...“

ეს საღამოები დღემდე თვალწინ უდგას, ფოტოგრაფიული სიზუსტით. ისიც კი ახსოვს, რა ეცვა მაშინ დეიდას, როგორი გულსაბნევი ეკეთა...

ბოლო შატალო

„სხვათა შორის, საკუთარ თავში ერთი უცნაური განცდა აღმოვაჩინე. როგორც ჩანს, ბავშვობიდან მომყვება - ყველაფერი,რაც შენს ცხოვრებაში ხდება, ერთადერთია და განუმეორებელი. აი, ხომ არის „შეჩერდი, წამო!“ ძალიან კარგად მახსოვს ბოლო შატალო. მე-11 კლასში ვიყავით. გაკვეთილებიდან გავიპარეთ და, როგორც ყოველთვის, კინო „შანხაიში“ წავედით. ეს ნამდვილი ნეტარება იყო, ვსხედვართ მეგობრები ჩაბნელებულ დარბაზში და ვუყურებთ აციმციმებულ ეკრანს, სულ ერთია - რას. ამას არა აქვს მნიშვნელობა. მთავარი ის განცდაა, რომ ერთად ხართ, ჯერ ყმაწვილები ხართ და მთელი ცხოვრება წინაა.“ ნინოს მაშინაც ეს შეგრძნება დაეუფლა, თანაკლასელებისკენ გადაიხარა და წასჩურჩულა: „გაყუჩდით და ეს წამი სამუდამოდ დაიმახსოვრეთ. ეს აღარ განმეორდება.“ ეს მართლაც აღარ განმეორებულა. სულ მალე სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა.

ნინოსა და მაკას ცხოვრებაში გადამწყვეტი ეტაპი დადგა- პროფესიის არჩევა. აქ ტყუპთა ინტერესები გაიყარა. მაკამ კლასიკური ფილოლოგია აირჩია (უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სორბონაში სწავლობდა. იქ დაიცვა დისერტაცია და ახლა საფრანგეთის ერთ დიდ გამომცემლობაში მუშაობს. ოჯახიც საფრანგეთში შექმნა), ნინომ კი...

რატომ თეატრი

„არ ვიცი, რატომ ავირჩიე ეს პროფესია. თუ არ ვცდები, მსახიობობის სურვილი VIII-IX კლასში გამიჩნდა. შეიძლება იმიტომ, რომ სკოლის დროს რაღაც ინგლისურ სპექტაკლებში ვმონაწილეობდი, ეს იყო პატარა დღესასწაულები. მიზეზებზე მაშინ არ მიფიქრია. ის კი არა და, წესიერად გაცნობიერებულიც არ მქონია. ამაზე ახლა ვფიქრობ, როცა თითქოს ერთი ეტაპი დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში. მგონი, გამიმართლა. ხშირად ხდება, როცა 17 წლისა პროფესიას ირჩევ, მერე 10-15 წლის შემდეგ ზუსტად არც კი იცი, სწორი არჩევანი გააკეთე თუ არა. იშვიათად ამართლებს ხოლმე. ვფიქრობ, ეს ის იყო, რაც მე შემეძლო და რაც გამომივიდოდა.“

ჰერტრუდა, მაკბეტი, ვიოლა, ლამარა, ქერესტანი... ამდენი განსხვავებული ხასიათი და ბედისწერა, ამდენი განსხვავებული სახის ჩვენება... ისე, „სახისჩვენებითი“ ძველ ქართულში „თვალთმაქცურს“ ნიშნავს, მაგრამ მაქციობა და მოჩვენებითობა ნინოს არ სჭირდება, ყველა გმირი მისთვის უპირველესად ქალია...

„ჩემთვის ყველა როლი ისეთი წვალებისა და შრომის შედეგად არის შექმნილი, რომ ჩავარდნილი როლიც კი შეიძლება გარკვეული თვალსაზრისით წარმატებული იყოს. ახლა, როცა თითქმის ორი წელია აღარ ვთამაშობ, ყველა როლი მიყვარს. ვერ გამოვარჩევ. ყველა როლი რაღაცას მახსენებს, რაღაცასთან არის დაკავშირებული. უკვე ცხოვრების ნაწილი ხდება.“

მიაჩნია, ისეთი კარგი როლები აქვს ნათამაშევი (ზოგჯერ მსახიობის ასაკს რომ არ შეეფერება; მაგალითად, სულ ახალგაზრდა იყო, ლედი მაკბეტი რომ ითამაშა), უხერხულიც კია იმის თქმა, რომ კიდევ რაიმე როლის შესრულებაზე ოცნებობდეს. მაგრამ კაცს ოცნებას ვერ წაართმევ. ღვთის მადლით, კიდევ ბევრი კარგი როლია დარჩენილი...

„დღეს სცენაზეც და ეკრანზეც ბევრი რამეა ისეთი, რაც მზარავს; ძალიან კარგია, კარგი რეჟისორების გაკეთებულია, მაგრამ არის სცენები, სადაც არ მომინდებოდა თამაში, გმირები, რომელთა განსახიერებასაც არ ვისურვებდი. როგორც მოვლენას, აღტაცებული ვუყურებ, მაგრამ ამის სათამაშოდ ჩემში ძალას ვერ ვიპოვიდი.“

თუნდაც: „ეშმაკის ადვოკატი.“

„ამ თემას ვერ შევეჭიდებოდი. უბრალოდ იმიტომ, რომ ძალა არ მეყოფოდა. ამასაც ხომ შინაგანი ძალა სჭირდება, ბოროტებაში ჩხრეკის ძალა...“

დროის ორი მესამედი

როცა რეჟისორი შექსპირს დგამს, შემსრულებელი უნდა ჰყავდეს. არ შეიძლება, დგამდეჰამლეტსდა არ გყავდეს ჰამლეტი, ანდა დადგამეფე ლირიდა არ გყავდეს ლირი. ჩვენს თეატრში აღმოჩნდნენ ისეთი მსახიობები, როგორიც ზაზა პაპუაშვილი და ნინო კასრაძეა. და ამან განაპირობა ჩემი არჩევანი.“

რობერტ სტურუას ინტერვიუდან, 1996 წელი

„რობერტ სტურუასთან მუშაობის დროს შემიმჩნევია, რომის ფინალს თითქმის არ დგამს. დასაწყისი ძალიან რთული არის ხოლმე. დასაწყისისთვის ისეთი ძალა სჭირდება, როგორც მანქანას - ამუშავებისთვის. თუ სპექტაკლზე მუშაობის დროს დავითვლით, დროის ორი მესამედი დასაწყისს სჭირდება. დასაწყისს თუ გასცდი, თუ აჰყევი, მერე ფინალი თავისთავად მოდის. მსახიობები თავისით თამაშობენ.“

0x01 graphic

რუსთაველის თეატრის დასი. ფოტო: იური მეჩითოვი

„ეს ყოველთვის მაოცებს. მინახავს, როგორ წვალობენ რეჟისორები ფინალის მოფიქრებაზე. აქ ასე გავაკეთოთ, არა, მოდი, აქ ისე გავაკეთოთ! ეს ალბათ არასწორი გააზრების შედეგია. თორემ ფინალი ცხოვრებასავითაა. როგორც სტურუამ თქვა, სწორი დასაწყისი ლოგიკურად მიგიყვანს ბოლომდეო. ასე იცხოვრებ - ასე მიგიყვანს, ისე იცხოვრებ - ისე, თუ ვინმემ შემთხვევით არ მოგკლა. თუმცა, ესეც გათვალისწინებულია. ნიჭიერი მსახიობი იმას ნიშნავს, რომ ისპიესის თანაავტორიცაა. მან უკვე იცის, რა უნდა გააკეთოს ბოლოში.“

„ჩემს თავზე ვერ ვილაპარაკებ. მახსოვს, როგორ ემზადებოდა ზაზა პაპუაშვილი მაკბეტის როლისთვის. მასში მოულოდნელად ისეთი უზარმაზარი ცვლილება შევნიშნე; არა, მაკბეტად კი არ გადაიქცა, მაგრამ თითქოს რაღაც იბრძოდა მასში. პრემიერის წინ ვუთხარი კიდეც - ხომ იცი, ხვალინდელი დღე რომ გათენდება და ამას ითამაშებ, შენ სხვა კაცი გახდები-მეთქი. კიო, - მითხრა. თუმცა ის თავის ფიქრებში იყო გართული, შეიძლება სხვა რამეც ეფიქრა. მინახავს, როგორ გარდაისახება ნიჭიერი ადამიანი.“ ეს მარტო ზაზას არ ეხება, ასეა ნანუკა ხუსკივაძეც, ლელა ალიბეგაშვილიც, ლევან ბერიკაშვილიც და სხვებიც.

0x01 graphic

ისევ თეატრი?

„მახსოვს, ინსტიტუტში ვსწავლობდი. ბატონი შალვა გაწერელია იყო ჩემი ხელმძღვანელი. დამინახა, სცენაზე გასვლის წინ პირჯვარს რომ ვიწერდი, მომიბრუნდა და მითხრა: ეგ არ გიშველის, თუ რეპეტიცია არ გაიარე, ეგ აღარ გიშველის. მართალიც იყო, თუ შენი გასაკეთებელი თავის დროზე არ გააკეთე, მერე სულ ტყუილიღა იქნება თითზე კბენანი. მაშინვე ბავშვობის დროინდელი ანეკდოტი გამახსენდა - კაცი ქუჩაზე გადადის და ზემოთ იყურება. ინსპექტორი აფრთხილებს: მეგობარო, თუ წინ არ გაიხედე, იქ მოხვდები, სადაც იყურებიო.“

„შობის მეთორმეტე ღამეს“ ვთამაშობდით. სცენაზე გასვლის წინ საგრიმიოროში სანთელი დავანთე. რაღაც პლასტიკატის ყუთზე მივამაგრე და... დამავიწყდა. საგრიმიოროში რომ დავბრუნდი, ვერაფერი დავინახე, სულ გაბუღული იყო, გაშავებული კედლები, მაგიდა. რას ვარ გადარჩენილი?! რუსთაველის თეატრი. პრემიერა. ამდენი ხალხი. ხომ დამაბრალებდნენ მერე, თეატრი გადაწვაო. თანაც ხომ არის ამაში ირონია: О, боже!.. и забыли. ჩემს თავს ვეუბნებოდი: Ну, ты дура!

ყველა კოსტიუმი გავრეცხე, მარინა კახიანის, ნანა ფაჩუაშვილის...… მინირემონტი გავაკეთე.

2001 წელი. „შობის მეთორმეტე ღამე“. ტანჯვითა და წვალებით დადგმული სპექტაკლი. პრემიერა.

„ყველანი საშინელ სტრესში ვიყავით. რობერტ სტურუამ ჩაგვაგონა: ის, რაც უნდა გააკეთოთ, ურთულესია. თქვენ ამის გამკეთებლები არ ხართ. ეს მარტო ძლიერ დასს შეუძლია. მაგრამ მაინც უნდა გააკეთოთ და მერე - ერთი არ გაგიკეთებიათ!..“

ყოველდღე, შინ თუ გარეთ, სამზარეულოში, აბაზანაში, ძილის წინ ტირილით ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებდა: „ჩემი ძმა სებასტიანო…“. ეტყობა, დიდხანს ითმინა მეზობელმა და ბოლოს კარზე მიუკაკუნა: თქვენგან ყოველდღე რაღაც ტირილის ხმა გამოდის და ხომ მშვიდობააო...

„ეს ფრაზა განსაკუთრებით არ გამომდიოდა. მერე თეატრში რომ გავიკითხე, თურმე ყველა ამ დღეში ყოფილა. გურამ საღარაძე ჰყვებოდა: მოვდივარ მანქანით და საჭესთან დაუსრულებლად ვიმეორებ: „ჩემმა ძმისწულმა ლამის ჭკუიდან შემშალა... ჩემმა ძმისწულმა ლამის ჭკუიდან შემშალა“...გვერდითა მანქანიდან ვიღაც გაშტერებული მიყურებს, შევუკურთხე და გზა განვაგრძე: ჩემმა ძმისწულმა... ასეთ ველში მოგვაქცია, ბატონმა რობიკომ.“

ისევ „შობის მეთორმეტე ღამე“. გასტროლები მოსკოვში. კვლავ საშინელი ნერვიულობა. ერთადერთი, რაზეც მსახიობები არ ნერვიულობენ, ტექსტის სისწორეა. რომც შეეშალოთ, მაინც ვერავინ გაიგებს.

„ფაქტობრივად იქ მივხვდით, რას ვთამაშობდით. სპექტაკლი კარგად წავიდა. მერე ჩვენს ჩასვლას ნანი ბრეგვაძის ვარსკვლავის გახსნა, გაბრიაძის თეატრისა და ანსამბლ „რუსთავის“ გასტროლები დაემთხვა... იცით, რა ხდებოდა ქუჩებში?! მივდივართ და უცებ: Ой, актеры! Виола, Виола, грузины... (ვიოლა ჩემი გმირი იყო). პატრიოტიზმის ასეთი განცდა არასოდეს მქონია. ყველგან, სადაც მივიდოდით, ვტიროდით. მივიდოდით ერთ ბანკეტზე, სიხარულისგან ცრემლებს ვღვრიდით, მერე სხვაგან დაგვპატიჟებდნენ, იქაც ვიტირებდით. ეს იყო ქართველების „სიგიჟე“. მსგავსი სიმაყე და ბედნიერება არასოდეს განმიცდია. ეს გასტროლები განსაკუთრებით კარგად მახსენდება. ხელოვნება მართლაც ანგრევს ბარიერებს, ხელოვნებას საოცარი ძალა აქვს.“

და სიყვარულს?

0x01 graphic

სცენა მაკბეტიდან. ნინო კასრაძე და ზაზა პაპუაშვილი

საქორწინო მოგზაურობა

ხელი ხელს გადავაჭდე ისე მაგრად, რომ ტკივილისაგან ამიცახცახდა, და ჩურჩულით წარმოვთქვი: „, სიყვარულო, სიყვარულო.“

ჯეიმს ჯოისი, „დუბლინელები

ერთმანეთი შეუყვარდათ. შეიძლება ერთმანეთი ადრეც ჰყავდათ ნანახი. იქნებ იქ, იმ შორეულ ზღაპრულ მხარეში (ზღაპრული? ვისთვის - როგორ; აბა, ერთი ჩვენს წინაპრებსაც შევეკითხოთ) რომელიმე მოხეტიალე დერვიშის სახით მოევლინა კიდეც, ვარდების ბაღში, შაჰის კარზე ან…

მოიცა, მოიცა, რაებს მიედ-მოედები. თუმცა…

„ერთხელ ლექსოს ბებიასთან ვიყავით სტუმრად. და რას ვხედავ? სუფრაზე ჩვენი გეიშას ჩაიდანი არ დევს? უცებ რაღაც მშობლიური შეგრძნება გამიჩნდა. ასე მემართება ხოლმე, როცა ჩვენნაირ ნივთებს სხვაგან ვხედავ. ვერ მოვითმინე დავიკითხე, საიდან გაქვთ-მეთქი. - ირანიდანო.“ თურმე დიდიხნის წინათ, სანამ ნინოს მშობლები ირანში ჩავიდოდნენ, იქ ლექსოს ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ. ესეც ერთი უცნაური დამთხვევა - „უცებ გაგკრავს სუნი და რაღაც გახსენდება.“ ირანში არაჩვეულებრივი ჩაი იციან.

ნინო და ლექსო დაქორწინდნენ. საქორწინო მოგზაურობა. მალიორკა. ტურიზმის ცენტრი და ყველა რომანტიკული თუ არა რომანტიკული შეყვარებული წყვილის საოცნებო ადგილი. არაჩვეულებრივი დასვენება, სამჯერადი კვება, შესანიშნავი გართობა, თავბრუდამხვევი წვეულებები და საღამოები და თქვენთვის სასურველი პარტნიორი - იჩქარეთ! როგორც რეკლამებშია ხოლმე. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც ლამაზ ფილმებში, გარდა საქორწინო მოგზაურობის ფინალისა. მოგზაურობიდან ცალ-ცალკე დაბრუნდნენ. არა, ვერ მიმიხვდით. არანაირი ინტრიგა, სკანდალი და აურზაური. ისევ თეატრი. რუსთაველის თეატრი გასტროლებზე მიდიოდა. დათო იაშვილი თბილისში არ იყო, მის მაგივრად გოგა გველესიანს უნდა ეთამაშა. რეპეტიციის გარეშე ვერ ვითამაშებთო, - ნინოს აცნობეს და ისიც საქორწინო მოგზაურობიდან პირველივე რეისით ჩამოფრინდა. ჩამოფრინდა და... „გია თევზაძე მეუბნება: რაღაც უნდა გითხრა და გული არ გაგისკდესო. გუმანით უკვე მივხვდი. ვიცი, ალბათ გასტროლები ჩაიშალა-მეთქი, და კიო, ჩაიშალაო. კიდევ კარგი, მთელი მოგზაურობა რომ არ ჩამეშალა.“

მეუღლე - ლექსო თოფურია. ჰყავთ ორი შვილი. ორწლინახევრის სალომე და ექვსი თვის ლუკა. ნინო, ძირითადად, ბავშვებთან ატარებს დროს. თუმცა ხანდახან ჰგონია, რომ საშინელი დედაა. „როგორი დედა ვარ, ამას დრო გამოაჩენს. ღმერთმა ქნას, რომ ბევრი შეცდომა არ დავუშვა. შეცდომებს ვუშვებ, ფაქტია, მაგრამ მთავარია ისე არ დამიბნელდეს გონება, რომ საბედისწერო შეცდომები დავუშვა. ჩემი თეორიები მაქვს. არ ვიცი, როგორ გავართმევ თავს მსახიობობასაც და დედობასაც. მიმაჩნია, რომ ასეთ შეთავსებას კარგი შედეგი არ მოაქვს და რა იქნება და რას ვიზამ, არ ვიცი.“

„დედიკო, სიყვარული მინდა,“ - პატარა სალომე დედისკენ საალერსოდ მიიწევს. „ძალიან სასაცილო გოგოა. ლაპარაკი რომ დაიწყო, მაშინ აღმოვაჩინე, რა ყოფილა შვილი. თავისი აზრები აქვს, თან როგორ წუხდება იმით, რასაც ჩვენ აღზრდას ვეძახით. თამაშობს და ვეუბნები - წამოდი, ახლა ხელები დავიბანოთ, ახლა ვჭამოთ. წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა. ზოგჯერ ხომ ვამჩნევ, როგორ გამწარდება ხოლმე.“

დედა, ეს ვინ არის? - სურათისკენ იშვერს თითს. გრიმში დედას ვერ ცნობს. ერთი-ორჯერ კი ჰყავს სცენაზე ნანახი, მაგრამ მაშინ სულ ერთი ციცქნა იყო. ლუკამ ჯერ არაფერი იცის. ძალიან პატარაა. მარტო გვიცინის. უკვე ოთხი კბილი აქვს, ორი ზევით, ორიც - ქვევით.

მოკლედ, ყველაფერი კანონზომიერად მოხდა. „ახლა, მგონი, არ ღირს ამაზე ლაპარაკი. იმიტომ კი არა, რომ პოზა მაქვს ასეთი, რომ ეს ყველაფერი ძალიან პირადულია და არ მინდა, ვინმემ გაიგოს. უბრალოდ, არა მგონია, რომ ამის მოყოლა ღირდეს. ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს. უკვე გვაქვს ოჯახი, გვყავს ორი შვილი. მოდით, გადავახტეთ ამ თემას. მე მგონი, გადაიტანს მკითხველი, არა? გადაიტანოს, არა უშავს...“

რას იტყვით, გადაიტანს?

ბავშვების გაღვიძების დრო მოვიდა - „ახლა ბავშვები გაიღვიძებენ და იქნება ერთი საგიჟეთი.“

ნინო სამზარულოში ჩაის აყენებს, სურნელოვან აღმოსავლურ ჩაის. სალომე კარზე აკაკუნებს. შემოსვლა აკრძალული აქვს - „ჩვენ ახლა აქ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას ვაკეთებთ!“ ეს მნიშვნელოვანი რაღაც ჩვენი ინტერვიუა. დედა, შემოვალ რა? ისევ უარი. რატომ? - განწირული ხმით კითხულობს სალომე. „ცოდოა, შემოვუშვებ.“

6 ფოტომოთხრობა

▲ზევით დაბრუნება


დათო ტურაშვილი

სამშობლო

0x01 graphic

ზურგჩანთებაკიდებულები, სნოს ხეობით, ჯუთაში მიმავალ გზას დავადექით და კალკუჩასთან მოხევეებმა გვიმასპინძლეს. რომ გაიგეს ჭიუხებისკენ მივდიოდით, გაეღიმათ - ჯუთაში ხევსურები დაგვხვდებიან, ხომ იცით რა ხალხია, დათვრებიან, შეგაწუხებენო...

ჯუთაში მართლაც ხევსურები დაგვხვდნენ, მშვენივრად გვიმასპინძლეს და რომ გაიგეს უკან, ისევ სნოს გავლით ვაპირებდით დაბრუნებას, გაეღიმათ - ხევსურეთში გადადით, თორემ სნოში მოხევეები დაგხვდებიან, ხო იცით რა ხალხია, დათვრებიან, შეგაწუხებენო...

იყო გაზაფხული, მაგრამ საოცრად თბილი და საოცრად მსიამოვნებდა სამშობლოში ხეტიალი...

სიკვდილი

0x01 graphic

კატმანდუში არის უბანი, რომელსაც ბრაქტაპური ჰქვია და სადაც ჰინდუსთა რელიგიური ტრადიციისამებრ, ადამიანებს წვავენ. წვავენ მხოლოდ გარდაცვლილებს (რა თქმა უნდა), და ფერფლს წყალს ატანენ. ეს პატარა მდინარე წმინდა განგს უერთდება და ჭირისუფლები, ცეცხლის აგუზგუზებამდე, პანაშვიდის მაგვარ რიტუალს ასრულებენ. ადამიანის ფერფლადქცევას, ყოველდღიურად ესწრებიან ტურისტები და პირველად რომ ვიგრძენი დამწვრის სუნი, შიშის, გაოგნებისა და უსუსურობისაგან, მთელ სხეულზე ხორკლებად დამსუსხა, მაგრამ მერე, საოცარი, ჩემთვის წარმოუდგენელი რამ მოხდა - რადგან ყოველდღე გვიწევდა ბრაქტაპურში, მდინარისპირას, გადაღებებზე გასვლა, ვიჯექი ხოლმე ჭირისუფლებში და ვწერდი. როგორც ჩანს, ადამიანი მართლა ყველაფერს ეჩვევა - ვიჯექი, ვწერდი და ჩემს გვერდით ადამიანს წვავდნენ. და აღარ მაწუხებდა დამწვრის სუნიც...

ზღვა

0x01 graphic

ხორვატებმა ევროპის მწერალთა საერთაშორისო კონფერენცია ადრიატიკის ზღვის პატარა კუნძულზე ჩაატარეს. მიუხედავად იმისა, რომ სემინარები დილიდან საღამომდე გრძელდებოდა, მაინც შემეძლო დროის გამონახვა და ზღვაში ჩასვლა. მაგრამ არ ჩავსულვარ, რადგან ჩემს ძვირფას მეუღლეს ძალიან, ძალიან უყვარს ზღვა და სოლიდარობის ნიშნად ნაპირსაც არ მივკარებივარ. სამშობლოში დაბრუნებულს, ერთი სული მქონდა როდის მოვუყვებოდი მაკას ჩემი სიყვარულისა და ერთგულების ამბავს. მაკამ მომისმინა, გაეღიმა და სრულიად მოულოდნელი დასკვნა გააკეთა - შენ, ალბათ, ზღვა არ გიყვარსო...

როგორც ჩანს, ანტონ ჩეხოვი ცამდე მართალია - ცოლი ცოლია...

Fellatio

0x01 graphic

ლეგენდარულმა ამერიკელმა ასტრონავტმა ნილ არმსტრონგმა, მთვარეზე ფეხის დადგმისას, მთელი სამყაროს გასაგონად თქვა ტექსტი, რომელიც ჯერ კიდევ დედამიწაზე, გაფრენამდე კარგა ხნით ადრე, სპეციალურად ამ მიმართვისათვის მოუმზადეს, მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად, ეთერში გაისმა არმსტრონგის მიერ წარმოთქმული სრულიად უცნაური ფრაზა: - Good luck Mr. Gorsky!...

მათ შორის, ვინც ქვემოდან გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს მთვარეზე მოვლენების განვითარებას, ვერავინ გაიგო, რას ნიშნავდა ასტრონავტის ბოლო სიტყვები, ვინ იყო მისტერ გორსკი და რატომ უსურვებდა მას არმსტრონგი წარმატებას ასეთი შორი მანძილიდან. დედამიწაზე დაბრუნებისთანავე, პირველ პრესკონფერენციაზე, ასტრონავტს, სწორედ ამ მოულოდნელი ფრაზის ახსნა თხოვეს, რის გამოც ნილ არმსტრონგმა ბოდიში მოიხადა - ჯერ მისტერ გორსკი ცოცხალია და ვერაფერს გეტყვითო. ამის შემდეგ, ყოველ ინტერვიუში ლეგენდარული ასტრონავტი დუმდა და როგორც იქნა, რამდენიმე წლის შემდეგ, (მისტერ გორსკი რომ ცოცხალი აღარ იყო), არმსტრონგმა მთვარეზე წარმოთქმული მოულოდნელი ფრაზის საიდუმლოს ფარდა ახადა:

თურმე გორსკები არმსტრონგების მეზობლები იყვნენ ბავშვობაშიდა ერთხელ თამაშისას, ბურთი რომ გორსკების ეზოში გადავარდა, პატარა არმსტრონგი ღობეზე გადაძვრადა ფარდაჩამოუფარებელი ფანჯრიდან სახლის ოთახში უცნაური სცენა დაინახა - მისტერ გორსკი ცოლს ორალურ სექსზე დათანხმებისაკენ უბიძგებდა (რომ გავიზარდე, მერე მივხვდიო- არმსტრონგმა) და ცოლი კი ღიმილით პასუხობდა - მაგაზე მაშინ დამითანხმებ, მეზობლის ბავშვი მთვარეზე რომ ფეხს დადგამსო. (ამ გამოთქმას ჩვენშიც აქვს შესატყვისი - ვირი ხეზე ავაო).

პატარა არმსტრონგს იმდენად დაამახსოვრდა ჩუმად მოსმენილი ფრაზა, რომ მთვარეზე დადგა თუ არა ფეხი, გაწამებული მეზობელი გაახსენდა და წარმატება უსურვა: - Good luck Mr. Gorsky!

ცდუნების მაგია

ჩვენ გვიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ჩვენ გვხიბლავს ირგვლივ მყოფთა აღტაცებული მზერა. ჩვენ მოგვწონს, როდესაც მამაკაცის ძლიერი ხელი ჩვენს ფუფუნებაში იძირება. ჩვენთვის ჩვეულია აღფრთოვანებისა და შურის გრძნობა.

ჩვენ ვაფასებთ ჩვენდამი გამოხატულ ყურადღებას. ფრაზა: „თქვენ დღეს შესანიშნავად გამოიყურებით!“ - ჩვეულია, მაგრამ მაინც უსაზღვროდ სასიამოვნო! ჩვენს მეგობრებსა და ნაცნობებს შორის არ არიან საუკეთესონი, მაგრამ არიან ღირსეულნი! ქალაქში უბრალო გასეირნებაც კი უსათუოდ იქცევა მსუბუქ ფლირტად და სინატიფის დემონსტრირებად.

ჩვენი გარემოცვა ჩვენს განწყობას უნდა შეესაბამებოდეს! არავითარი სტრესი და არასასურველი გარემო, მხოლოდ ყველაზე საუკეთესო! ჩვენ შეგვიძლია მივეცეთ მსუბუქ მღელვარებას, მაგრამ არა განცდას. ეს ხომ უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. მოვლილი, განუმეორებელი, ბრწყინვალე - აი რის გაგონებას ვართ მიჩვეული.

ჩვენ უნდა გვამჩნევდნენ ყველგან და ყოველთვის. სამსახურში, სუპერმარკეტში, სალონში, ყველგან, სადაც ჩვენ ვართ, არ არსებობს უმეტყველო მზერა. ჩვენ კომფორტულად ვგრძნობთ თავს ნებისმიერ ამინდში! ჩვენ გვახარებენ მზის სხივები, წვიმა და ქარიც კი. მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც დარწმუნებული ვართ ჩვენს დაცულობაში. დღისით ჩვენ მსუბუქი და ბუნებრივნი ვართ, საღამოს კი, მთვარის შუქზე ბრწყინვალე და მეტყველნი.

ჩვენ არ ვიცით სიტყვა „არა“, ჩვენთვის უცხოა რაიმე უხარისხოს შემოთავაზება, ჩვენ ხომ ყოველივე საუკეთესოს ვართ შეჩვეულნი. ჩვენ არ მოგვწონს ზედაპირული ყურადღება. ჩვენით უნდა დაკავდნენ ხანგრძლივად და კეთილსინდისიერად, ჩვენ ხომ გვიმზერენ და იხიბლებიან.

როცა ჩვენზე ზრუნავენ, ჩვენ ზომიერად თამამი და ლაღები ვხდებით, მაგრამ ვერ ვიტანთ სირთულესა და შეზღუდვას! მხოლოდ სიმსუბუქე და თავისუფლება! ის ადამიანები, ვისზედაც დამოკიდებულია ჩვენი სილამაზე, უნდა ითვალისწინებდნენ ჩვენს ინდივიდუალურობას და განუმეორებლობას! ჩვენ ძნელად ვიტანთ ქიმიურ დახვევას, ფენის, აგრესიული ქაფების, ლაქისა და საღებავების გამოყენებას! ამის გამო, ჩვენ მკრთალი და უსიცოცხლონი ვხდებით. ჩვენთვის კი ეს ყველაზე დიდი საშინელებაა!

ჩვენ გვსიამოვნებს მსუბუქი მასაჟი, თბილი წყალი, რბილი პირსახოცი და, რაც მთავარია, ამინო პროვი კოპლექსით გამდიდრებული თმის მოვლის საშუალებები. ჩვენ თვითონ ხომ ამინომჟავებისაგან შევდგებით. და როდესაც ჩვენ მათ მზის, დაბინძურებული ჰაერის, ცხელი ინსტრუმენტებისა და საღებავების ზემოქმედების გამო ვკარგავთ, არსებობს მხოლოდ ერთი საშუალება ჯანსაღი იერისა და სილამაზის დასაბრუნებლად. ამისათვის საჭიროა დავიბრუნოთ დაკარგული ამინომჟავები - მაცოცხლებელი კომპონენტები. ისინი სწრაფად აღადგენენ ჩვენს სტრუქტურას, დაგვიბრუნებენ ბუნებრივ ძალას და მოქნილობას. და ყოველივე ის, რაც ასე მოგვწონს ჩვენ და ენით გამოუთქმელ აღფრთოვანებაში მოჰყავს გარშემომყოფნი, შესაძლებელი და რეალური გახდება. ჩვენი ღირსებები იცის ყველამ, ნაკლოვანებები კი მხოლოდ მან, ჩვენმა „მფლობელმა“.

ჩვენ ისეთივე განსხვავებულები ვართ, როგორც
ყველა ქალი
მთელს სამყაროში.
და როგორც ყველა ქალი,
ჩვენც სილამაზისთვის შექმნილი ვართ.

თქვენი მადლიერი თმები

0x01 graphic

ატუ-ალაბა

რუსები ბევრნი არიან და ყველგან არიან. თუმცა არის ადგილები, სადაც ისინი იშვიათად შეგვხვდებიან და მათ შორის კატმანდუსაც ნაკლებად ეტანებიან, მაგრამ მაინც არიან, თუნდაც კატმანდუში.

ვზივარ გიო მგელაძესთან ერთად ღია ბარში, სადაც მხოლოდ ბობ მარლის ხმა ისმის და ორივენი ვწერთ. მოგვისხდნენ რუსები, - ორი გოგონა (წერას რომ არავინ გაცლის, საქვეყნოდ ცნობილი ამბავია). ამ ორიდან ერთს სათვალეები უკეთია; როგორც ჩანს, მხედველობა არ უვარგა. ვილაყბეთ სისულელეებზე და უცებ გიომ სათვალიანს ჰკითხა:

- У вас минус или плюс?
- минус.
- это ваш единственный минус.

გიოს სერიოზულზე სერიოზული სახე აქვს, მაგრამ გოგონები მაინც დგებიან და მიდიან. ჩვენ წერას ვაგრძელებთ...

0x01 graphic

ფიდელ და რაულ კასტროები

მიტინგებში მონაწილეობისა თუ მათი ორგანიზების გამოცდილება ნამდვილად მაქვს. უფრო მეტიც, საზღვარგარეთ, შეიძლება ითქვას, საერთაშორისო მიტინგებშიც მიმიღია მონაწილეობადა არაერთხელ. თუმცა მიტინგისგან სიამოვნება მხოლოდ ერთხელ მივიღე და ისიც შემთხვევით. შემთხვევით გადავაწყდი კუბელ ემიგრანტთა დემონსტრაციას ნიუ-იორკში, ბროდვეისა და ოცდამესამე ქუჩის კვეთაზე. დემონსტრაცია „ნიუ-იორკ თაიმსის“ რედაქციის წინ მიმდინარეობდა და სიამოვნებით შევუერთდი. მომიტინგეები ხსენებული გაზეთის პოზიციით იყვნენ უკმაყოფილოები კუბასთან მიმართებაში და ფიდელ კასტროს საწინააღმდეგო სიტყვა მეც ვთქვი. რასაკვირველია, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ უცხოელის თანადგომა მაინც გაუხარდათ და რამდენჯერმე მგზნებარე ტაშიც შემაგებეს. სიტყვა არ მქონდა დამთავრებული, რომ სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა - როგორც ჩანს, მადლიერების გამოსახატავად მშვენიერი მომიტინგე გოგონა უკნიდან მომიახლოვდა, ზურგზე დიდი, კუბური ძუძუები მომაბჯინა, ხელები შემომხვია და კისერზე მაკოცა. კისერი, მოგეხსენებათ, ეროგენულ ზონათაგანაც კი, მკვეთრად გამოირჩევა მგრძნობიარობით და რა თქმა უნდა, ხმა ჩამიწყდა. სუნთქვაც შემიჩერდა დროებით და საერთოდ გადამავიწყდა, რას ვერჩოდი ფიდელ კასტროს...

ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მიტინგისგან სიამოვნება მივიღე და ისიც ნაწილობრივ, რადგან ის კუბელი ქალი მიტინგის შემდეგ ვეღარ ვიპოვე...

0x01 graphic

ტამბოვი

ნიკიტა მიხალკოვმა თავისი გახმაურებული ფილმი „მზით გათანგულნი“ თბილისშიც ჩამოიტანა და კინოს სახლში თბილისელ მაყურებელს უჩვენა. ფილმის დაწყებამდე რეჟისორი სცენაზე ავიდა და ღიმილით მიესალმა დარბაზს:

Здравствуйте дорогие соотечественники!..

ზუსტად არ ვიცი რატომ და როგორ, მაგრამ იმწამსვე წამომცდა საპასუხო ფრაზა: Тамбовский волк тебесоотечественник!.. მეგონა ჩემთვის ვთქვი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საკმაოდ ხმამაღლა გამომივიდა ნათქვამი და შევარდნაძის დაცვის წევრებმა ერთდროულად და გაკვირვებულებმა შემომხედეს. მეგონა, დარბაზს დამატოვებინებდნენ, მაგრამ გადავრჩი და ფილმს შევარდნაძისგან განსხვავებით, ბოლომდე ვუყურე - ფილმი აღმოჩნდა ზუსტად ისეთი, როგორიც ამერიკული „ოსკარით“ ჯილდოვდება.

0x01 graphic

თავისუფლება ტიბეტს

ვლადიმერ ვისოცკი, ლეგენდარული რუსი პოეტი, მსახიობი, მუსიკოსი და შემსრულებელი, გარდაცვალებამდე ერთიწლით ადრე, პირდაპირ სცენაზე მოკვდა. პირდაპირ გულში გაუკეთეს ნემსი და გადარჩა. გადარჩა და სმა გააგრძელა. ვისოცკის ცოლმა, მარინა ვლადიმ იგი პარიზში ჩაიყვანა და ერთ-ერთ ტიბეტელ ლამას, იმ დროს საფრანგეთში ლექციების წასაკითხად მიწვეულს, აუდიენცია სთხოვა. ნება მისცეს მხოლოდ ერთი შეკითხვისა და ვისოცკიმ პირდაპირ ჰკითხა, როგორ ეთქვა უარი სასმელზე. ტიბეტელმა ლამამ ასეთი ამბავი მოყვა: ტიბეტელ ბერს მთაში დააღამდა და ღამის გასათევად იმ ქოხს მიადგა, საიდანაც სინათლე გამოდიოდა. ქოხში ქალი დახვდა ბერს და ლოგინზე უარი არ უთქვამს, ოღონდ სამი სურვილიდან ერთი მაინც უნდა შემისრულოო - ან ეს თხა დაკალი, ან დოქით ღვინო დალიე, ან ჩემთან დაწექიო. ტიბეტელი ბუდისტი იყო და, ბუნებრივია, თხას ვერ დაკლავდა... ტიბეტელი ბერი იყო და, ბუნებრივია, ქალთან ვერ დაწვებოდა, ამიტომაც მან ღვინო დალია. დალია ღვინო, თხაც დაკლა და ის ქალიც მოტყნა...

ვისოცკი გაოგნდა - ზუსტად ოთხი თვე საერთოდ არ გაჰკარებია სასმელს, მაგრამ მერე, მაინც მოკვდა...

7 ვენა სხვაა

▲ზევით დაბრუნება


სპეც-პროექტი

0x01 graphic

ვენა თბილია.
ვენა სხვაა.

წარწერა ტრამვაის კარზე

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: დავით მესხი

სპეც-პროექტის სპონსორია ავიაკომპანია „კა ელ ემი“

0x01 graphic

ქალაქ ვენას ჰქვია მდინარე ვენას სახელი თუ პირიქით - ეს დღემდე ვერ დამიდგენია, და კაცმა რომ თქვას, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მდინარე ვენა საერთოდ არ ჩანს, მხოლოდ ჩემსავით ენთუზიაზმით დამწვარი თუ წახეტიალდება ქალაქის პარკში საგანგებოდ მის წყალში ჩასახედად. იქ კი მართლაც ლამაზია, ვერაფერს ვიტყვი.

მთავარი მდინარეა დუნაი, ანუ დუნაი და მისი არხი, რაც-ცალკე თავგზას მიბნევს, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ორივე კალაპოტში ერთი და იგივე წყალი მოედინება - თითქოს ამას რამე დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. არხიც და მდინარეც ლამაზია, სანაპიროც ლამაზი აქვს და თუ მზე ანათებს, იქ სეირნობას არაფერი სჯობს.

ვენა რომ დიდებული ქალაქია, ყველამ ვიცით. წმინდა შტეფანის კათედრალის თუ იმპერიული დიდების - შიონბრუნის სასახლის შესახებ ყველას გვსმენია, და იქაურ მუზეუმებში დაცული შედევრები ღია ბარათებზე მაინც გვაქვს ნანახი.

სანამ ამ მშვენიერ ქალაქს ვეწვეოდი, მეგონა, რომ იქ, შორეულ ვენაში, ყველგან მუსიკა ჟღერს - ტყუილი, ერთხელ გავიგონე შტრაუსის ვალსი და ისიც სუპერმარკეტში; მეგონა, რომ ვენაგუსტავ კლიმტის ქალაქი იყო - რას ბრძანებთ, კლიმტიუმალ ტურისტების სიხარულია, ვიდრე ვენელთა სიამაყის საგანი; მეგონა, რომ დუნაი ცისფერია - და მსგავსიც არაფერი მინახავს. ბატონი შუბერტი - არა კომპოზიტორი, არამედ სხვა, ჩემი მეგობარი - მიმტკიცებს, რომ დუნაი ზოგჯერ მართლა ცისფერია, როცა შემოდგომაზე შიგ ლურჯი ცა ირეკლება. შემოდგომაზე ვენაში ლურჯი ცისთვის თვალიც არ მომიკრავს, მაგრამ ბატონ შუბერტს ტყუილები არ სჩვევია, თან ვენელია, ამიტომ დავუჯეროთ.

მით უმეტეს, რომ ის მუდამ არაჩვეულებრივ ამბებს ჰყვება, თან მგზნებარედ, ხატოვნად. ვენის საჯინიბოებში გაჩენილი ხანძრის ამბავი ისე შთამბეჭდავად მომითხრო, რომ თვალნათლივ დავინახე, როგორ დარბოდნენ ღამით თეთრ, დაცარიელებულ ქუჩებში ფაფარაშლილი რაშები, თითქოს მათი ჭიხვინიც ისმოდა და ქვაფენილებზე ფლოქვების თქარათქურიც. არადა, მანამდე ეს ლამაზი, მოვლილი და აშკარად ძალიან ღონიერი ცხენები სულ არ მაინტერესებდა, მხოლოდ ტურისტული შოუს ნაწილად მიმაჩნდა, განსაკუთრებით ცუდ ამინდში კი - ცხენის ძეხვის მასალად.

მართალია, ერთხელ მისი რჩევით ერთ მშვენიერ ბაღში წავედი, დავუჯერე - და ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მარცხი იყო. აუგარტენი, ზაფხულში ტკბილი ადგილი, წელიწადის სხვა დროს, რბილად რომ ვთქვათ, დამთრგუნველი სანახავია. იქ ორი უზარმაზარი ურჩხული დგას - მეორე მსოფლიო ომის დროს საჰაერო თავდასხმებისგან თავდასაცავი ნაგებობები, რომლებსაც უაღრესად გონებაგახსნილმა ვენელებმაც კი ვერაფერი მოუხერხეს: აფეთქებით ვერ ააფეთქებ, მთელს უბანს თან გაიყოლებს, მოხატვას არ ექვემდებარება, სხვა ფუნქციასაც ვერ დააკისრებ - სხვისა არ ვიცი და მე ჩემი ნებით შიგ არასოდეს შევიდოდი, სულ სამოთხესაც რომ დამპირებოდნენ. ეს ურჩხულები, როგორც მოგახსენეთ, აუგარტენში დგას, ირგვლივ ხეივნებია, გადაჭრილი ხეებით, გეგონება, ცოცხლად დამარხული გოლიათების ამოწვდილი ხელებიაო - ხომ კარგად მაქვს ფანტაზია ანთებული? გარდა ამისა, საყვარელმა ბატონმა შუბერტმა არ დაიზარა და მიამბო, რომ იმ კოშკებში მტრედები ცხოვრობენ, - გარეთაც დაფრინავდნენ და დაღუღუნობდნენ, უნდა ითქვას, რომ საზიზღრად. ხოლო შიგნით, სიღრმეში, - ესეც ბატონმა შუბერტმა მითხრა, თორემ მე, ცხადია, არ შევმძვრალვარ და არ მინახავს, - მტრედები სრულიად დეგრადირებული არიან, ფრენა აღარ იციან, დაბაჯბაჯებენ, დოდოებივით, და გაჭირვების ჟამს (ეს კი ვერ გავიგე, უარესი გაჭირვება რაღა უნდა დაადგეთ?) ერთმანეთს კორტნიან. ჭამენ. აი, ასე.

0x01 graphic

აუგარტენში, დაბინდებისას, ყველა ეს საშინელება ცხადად წარმოვიდგინე და ნამდვილად აღარ მესიამოვნა აღარც ხეივანში ხეტიალი და აღარც სანერგეების თვალიერება. მოძმეთა მკორტნელი მტრედები ხომ არ მესიამოვნა და არ მესიამოვნა. მაგრამ ეს უწინ იყო. წელს მტრედების ნაცვლად, ყვავები დამხვდნენ, მოყრანტალე საზოგადოება, უსაშინლესი რაოდენობით - ამდენი მხოლოდ სახელგანთქმულ ვენურ საგიჟეთებს თუ დასტრიალებდა თავს. კოშკთან ახლოს მისულს კვლავ ის გულისამრევი ღუღუნი მომესმა, ეტყობა, მთლად ხელ-ფეხ წართმეული მტრედებისა. ჩემო დედა! „როგორ ფიქრობ, მტრედები ყვავებმა შეჭამეს?“ - ვკითხე ბატონ შუბერტს. „არ ვიცი. ისე, მტრედს ყვავი არ სჯობს? ნახე, როგორი ღირსეული პროფილი აქვთ,“ მიპასუხა ბატონმა შუბერტმა.

ბატონი შუბერტი, მრავალი პრემიით დაჯილდოებული თავისუფალი ლიტერატორი და ოქროს ბიჭი, უწინ მიხსნიდა, რომ მისთვის სმისა და მოწევისთვის თავის დანებება არ შეიძლება, რადგან სანამ ფილტვის კიბო და ღვიძლის ციროზი ერთმანეთს ებრძვიან, მისთვის არცერთს არ სცხელა. მაგრამ ახლა აღარ ეწევა. რატომ? „ჩემი საყვარელი ბრონქიტი! მთელი კვირაა, ნაფაზს ვერ ვარტყამ. ნეტა არ მომირჩეს!“

ჩემს იქ ყოფნაში ბატონ შუბერტს ბევრი წელი შეუსრულდა. ამ ამბავს გულმოდგინედ მალავდა, აქაოდა, არ მომილოცონო, - იპრანჭება; სულ იპრანჭება და როცა ვეუბნები, იპრანჭები-მეთქი, გახარებული მპასუხობს: „ხომ მაგრად გამომდის?“ შუბერტს არ გაუმართლა - ან პირიქით: როცა კლუბ „ოსტში“, რომელიც, თავად შუბერტის თქმით, მე-17 უბნიდან, აღმოსავლეთით ყველაფერს მოიცავს, მთლად ვლადივოსტოკამდე, ბულგარელი ბოშების ნაცვლად, ყოვლად წყალწაღებული რუსული ბენდის კონცერტზე აღმოვჩნდით, მშვენიერი გოგო მოვიდა, გაბრიელა, ერთი ევროპელი მწერლის თქმით, „ისეთი ახალგაზრდა, რომ მასთან მარადისობაზე შეიძლება საუბარი“. გაბრიელამ ბატონ შუბერტს საჩუქარი მიართვა, რომელიც შემდგომში დიდი პროვოკაციის ობიექტი გახდა. „ჩემისხეული ყალბი არმანის გარდა აღარაფერს იმსახურებს,“ დაიმორცხვა ბატონმა შუბერტმა, „მაგრამ მადლობა“.

0x01 graphic

გაბრიელას საჩუქარი მეგობრებმა არ მოიწონეს. კაფე „ამარკორდში“, „სეცესიონთან“, იქ, სადაც შაბათობით ჩემთვის, აღმოსავლელი ქალისთვის ცნობილ ბაზართაგან ყველაზე ხმაურიანი ბაზარია და ძველმანების ბაზრობაზე მიწაზე ტანსაცმლის გორებია აღმართული - ნეტა, ვის რა ჯანდაბად უნდა? ბატონი შუბერტი ეჭვობს, რომ ამ ჭინჭების გამყიდველებს ქალაქი უხდის ფულს, სანახაობის ამბავში; - ჰოდა, კაფე „ამარკორდში“, სადაც დღისით კარგი ყავის დალევა და საღამოობით დიდხანს ჯდომა მიყვარდა ხოლმე - ოდესღაც, ახლა ძლივსღა მივაგენი, - ამ ჩინებულ კაფეში ახალ ჟაკეტში გამოწყობილ ბატონ შუბერტს იერსახე დაუწუნეს.

ნიკოლი: „ეს რა უბედურებაა, აშკარად მამათმავალი დიზაინერის ნახლაფორთალი, ტანჯული ვიეტნამელი ბავშვის ხელით ჩამოქსოვილი. რა გაბრჭყვიალებს, შუბერტ?“

შუბერტი, ცხადია, აღშფოთდა. „რა გესმის, ეს სამეფო ესთეტიკაა. შეხედე, როგორი ტყავის ზოლები აქვს. ნამდვილი ტყავია! ან როგორ ბრჭყვიალებს. უძვირფასესი ნივთია,“ - და შემდგომი თავდასხმისგან თავის დასაცავად „ამარკორდში“ მიმტანად მომუშავე გაბრიელას დაუძახა: „გაიგე, რა თქვა შენს საჩუქარზე?“

გაბრიელამ თქვა, რომ ნიკოლს არაფერი გაეგება. მან განაცხადა, რომ ჟაკეტის საწყისი ფასი 90 ევროა - თვითონ რამდენად იყიდა, ეს აღარ უთქვამს. მან თქვა, რომ შუბერტისთანა კაცს სწორედ ოქროს სირმებით გაწყობილი ჟაკეტი უნდა ეცვას - და ამრეზით აათვალიერ-ჩაათვალიერა მარგალიტის მძივით შემკული, ლამაზი ნიკოლი. ბატონმა შუბერტმა ისიც ბრძანა, რომ ნიკოლის მდარე გემოვნება მისი კათოლიკური აღზრდის შედეგია (რომლის გამოც ნიკოლთან ერთად ვერცერთ ტაძარში ვერ შევდივარ - პრინციპულად სძულს) და საერთოდ, გენეტიკური წუნი რთული ამბავია, ასე იოლად ვერაფერს გააწყობ.

0x01 graphic

0x01 graphic

ო, გენეტიკური წუნები, ჩემი ძვირფასი ვენელების საყვარელი თემა!

„დიდი ბაბუის ამბავი არ მომწონს მაინცდამაინც - თავი მოიკლა, მაგრამ რატომ - ეს არ ვიცი. ბაბუაჩემი კი ბედნიერი კაცი იყო: ბორდელში მოკვდა, ინფარქტმა დაარტყა. მამაჩემი ვერმახტელი ბრძანდება, თავს დღესაც ჩინებულად გრძნობს, ყოველი არჩევნების წინ მიხსნის: ყველა, ვინც ხმას არ იძლევა, მარჯვნივ იძლევა ხმას…“

„დედიკო მყავს დიდებული. გინდა, გაგაცნო? თავის დროზე ლამაზი ქალი იყო, ახლაც ლამაზია, ნაწნავი აქვს კუდუსუნამდე. ეგრევე ფეხსაცმელზე დაგხედავს, თუ მობრეცილი გაქვს, ვერ აგიტანს, მისთვის ეს დაბალი რასის ნიშანია. რასისტია, აბა! ოღონდ ფარული. არ იდარდო, მამაჩემიც ქვეადამიანად მიაჩნია, რახან ნახევრად სლოვენია და ნახევრად ჩეხი...“

„წოდება და გვარი მარია ტერეზიამ უბოძა - სმრტიჩები. რუსულადაც გასაგებია, ხომ? იმათ ჩამომავალს რისი იმედი უნდა ჰქონდეს?“

ვენელები და არა უბრალოდ ავსტრიელები. მრავალი ეროვნება ერთ ძველ,დიდებულ ქალაქში. ჩემთვის სწორედ ესაა მთავარი ხიბლი ნაცრისფერი ვენისა, რომლის წარსულიც - ხან დიდებული და ხან ტრაგიკული- სულ თან გდევს და პირადად ჩემში, ცოტა არ იყოს, ნაღვლიან გრძნობებს აღძრავს: აღარარსებული იმპერიის ნაშთები. ზღვის ამსახავი ძეგლების და ცხენებზე ამხედრებული დევგმირების შემყურეს, სულ ყბადაღებული „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“ მაგონდება - კიდევ კარგი, ვენელები განვითარებული ხალხია და წარსულის გამო ტირილი არ სჩვევიათ.

0x01 graphic

…საკონდიტროებში ვარდისფერსა და ცისფერ ტანსაცმელში გამოწყობილი ბებოები სხედან, ხელოვნურ კბილებს აბრჭყვიალებენ და ნაზად შეექცევიან უნაზეს ნამცხვრებს; ბეტინა რეიმსის გამოფენის გამო აღტაცებული თინეიჯერი გასძახის: „მე ყვირილით ვიბრძვი თავისუფლებისთვის!“ ბნელდება. თეთრ, უზარმაზარ ტაძართან ვდგავარ, რომელიც თავის დროზე ბატონმა შუბერტმა დამათვალიერებინა: „ბაროკო, ადრეული მეთვრამეტე საუკუნე, ვიმეორებ, ადრეული. არ მიყვარს არც ბაროკო და არც ეს ტაძარი, მაგრამ წარმოიდგინე, რა იქნებოდა: ირგვლივ მათხოვრები, ღატაკები, ჭუჭყი და უბედურება, მახინჯი ქალაქი - და უცებ ეს უშველებელი ნაგებობა. შიში კიდევ დასაჯერებელია, მაგრამ ვერავინ დამაჯერებს, რომ ამ ტაძრის შემყურეს ღვთის სიყვარული ექნებოდა. შური -კიდევ ჰო. ან სიძულვილი, ესეც მჯერა”.

მყუდროდ, თბილად ანათებს ფანჯრები, და მე ძალიან მიხარია, რომ ერთი საღამო კიდევ მრჩება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, საიდანაც ოდესღაც გაყინული გავიქეცი და საიდანაც ახლა ძალიან არ მინდა წასვლა.ზუსტად ვიცი, როგორი საღამო მექნება ქურთულ რესტორან „დიონისეში“, ვიცი, როგორ მომესალმება ბატონი შუბერტი -„სერვუს!“, ვიცი, ვინ შემოგვიერთდება და რაზე ვილაპარაკებთ, ისიც ვიცი, რას შევუკვეთავთ და რასაც ვიცეკვებთ. ოდესღაც ვენა სწორედ ამის გამო ვერ ავიტანე: ზუსტად ვიცოდი, რაც იქნებოდა. ახლა კი, როგორც ჩანს, ჩემი მზიანი, საყვარელი სამშობლოს მკვიდრთა ცვალებადმა ზნემ მეტისმეტად დამღალა. ისე დამღალა, ვერც კი წარმოიდგენთ.

ვენური ყავახანა, ერთადერთი და განუმეორებელი

0x01 graphic

0x01 graphic

ვენის ყავახანაში შესვლა ნამდვილად ღირს, განსაკუთრებით საღამოს, როცა ცივა - ამ მშვენიერ ქალაქში კი ხშირად ცივა. ამ დროს ყავახანაში არნახული სიმყუდროვეა დაყ ავის სურნელი განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა. გარდა იმისა, რომ ნამდვილად კარგ ყავას მოგართმევენ, შეგიძლია გაზეთი წაიკითხო, თუ მაინც და მაინც მოგინდა, იმეცადინო და, რაც მთავარია, ბევრი იჭორაო: პოლიტიკაზე, კულტურულ მოვლენებზე თუ უბრალოდ ქალებზე და კაცებზე.

ვენური ყავახანა ძალიან მშვიდი ადგილია. ყველა სიკეთესთან ერთად, მხოლოდ ერთი ყავაც რომ შეუკვეთო, თუნდაც მთელი დღე იჯექი, თუნდაც გრძნობის დაკარგვამდე- კაციშვილი არ გეტყვის, ადე, ადგილი გაათავისუფლეო. მეტსაც მოგახსენებთ: ალმაცერადაც არავინ გადმოგხედავს. თან მიმტანი წყლიან ჭიქას გამუდმებით გიცვლის - ცხადია, უსასყიდლოდ - და ახალი შეკვეთის მისაცემად თუ ანგარიშის მოსათხოვად მთელი დარბაზის საყურადღებოდ არ მოგიწევს ღრიალი და ხელ-ფეხის ქნევა.

აქ სვამენ ნაირ-ნაირ ყავას, კაკაოს, ჩაის,რძეს, ცხელ შოკოლადს, მინერალურ წყალს, ლიმონათს, მოკლედ, ყველაფერს. ღვინო და მაგარი სასმელიც იყიდება, მაგრამ მათი შეკვეთით თავს მხოლოდ საბრალო ტურისტი თუ გაიფუჭებს - ან რა გემო აქვს ყავახანაში ჩაცეცხლილ არაყს?

ამ შესანიშნავი ყავახანების არსებობას ვენელები საკმაოდ უსიამოვნო ამბავს უმადლიან, კერძოდ, იმას, რომ 1683 წელს ქალაქი თურქებმა დაიპყრეს. ერთმა ჯაშუშმა, რომელსაც გეორგ ფრანც კოლშიცკი ერქვა და რომელიც ბელგრადში რაღაც აღმოსავლური სავაჭრო კომპანიის თარჯიმანი ბრძანდებოდა, მტრის რიგების გარღვევა და პოლონეთის მეფემდე მიღწევა შეძლო. ამ უკანასკნელმა ლაშქარი გაგზავნა, ვენა გაათავისუფლა და კოლშიცკის, როგორც ქალაქის მხსნელს, პირველი ნადავლის უფლება უბოძეს.

ვენელების გასაოცრად, ამ კაცმა ოქროზე, იარაღზე დასხვა ავლა-დიდებაზე უარი განაცხადა. მან ყავისფერი მარცვლებით სავსე ტომრებს დაადო ხელი, რომლებიც თითქოს არავის არაფერში სჭირდებოდა. მაგრამ კოლშიცკიმ ზუსტად იცოდა, რომ ყავისფერი, ევროპელთათვის ფუჭი მარცვლები ყავა იყო - ტყუილად კი არ გახლდათ თურქეთში მრავალგზისნამყოფი სავაჭრო კომპანიის თარჯიმანი! და სულ მალე, 1686 წელს, მან ვენაში პირველი ყავახანა გახსნა: „ცისფერბოთლთან“.

ისე, ზოგიერთები ამბობენ, ეს ლეგენდა ტყუილიაო. ამბობენ, ვენაში პირველი ყავახანა 1685 წელს სომეხმა სოვდაგარმა, დეოდატომ გახსნა და ყავის ჩამოსხმის განსაკუთრებული უფლება მხოლოდ მას ჰქონდაო. მაგრამ ამას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რომ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ვენელები უკვე 150 ყავახანაში იყვნენ ჩამომსხდარი და ისევე, როგორც დღეს, მაშინაც ყავას სვამდნენ, გაზეთებს კითხულობდნენ და ჭორაობდნენ.

თავდაპირველად, ცხადია, ყავახანები მამაკაცების სამფლობელო იყო - აბა, ქალს ასეთ ადგილას რა ესაქმებოდა! მერე, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, ქალებისთვის საგანგებო სალონები გაიხსნა და ოჯახთან ერთად ყავახანაში სიარულიც კარგ ტონად ჩაითვალა. ცხადია, ისე გემრიელად ვეღარ იჭორავებდნენ, მაგრამ მაინც.

თუ ყავახანის არჩევაზე მიდგა საქმე, პირადად მე „შპერლს“ გირჩევდით - არც იმდენად ტურისტულია, როგორც, ვთქვათ, „ჰეველკა“, და არც მთლად პროლეტარებზე გათვლილი. აქ დგას კლასიკური ტონეტის სკამები, ჩვენში რომ „ვენურებს“ უწოდებენ და ლამის ყველა სახლში რომ ნახავთ, მარმარილოს მაგიდები - სინამდვილეში ხისაა, მხოლოდ დაფა ადევს მარმარილოსი; მოკლედ, ჩინებული ადგილია, ისტორიაც საამაყო აქვს და რაც მთავარია, თუ გერმანული გეყურებათ, უამრავ ამბავსაც მოკრავთ ყურს.

ბანალური დიალოგი, როცა ერთი ამბობს და მეორე ადექვატურ პასუხს სცემს, აქ ნაკლებად პოპულარულია - და ძალიან კარგი, თორემ გამოვიდოდა, რომ სხვის საუბარს ვუყურებდი, რაც უზრდელობაა. ამ მხრივ საუბრის უჩვეულობა სასიამოვნო იყო, მაგრამ, მეორეს მხრივ, მაბნევდა სავით.

ასე, დიდხანს ვცდილობდი გარკვევას, რა შუაშია კურდღელი. ჰო, ნამდვილი კურდღელი, ყურცქვიტა. მის გამო ბიბლიოთეკაში წასვლა და გაზეთებში ქექვა ძალიან დამეზარა, არადა, ხომ საინტერესოა, სიტყვა „კურდღელი“ ლამის ყველა მაგიდასთან რატომ უნდა ისმოდეს?

თურმე მუზეუმ ალბერტინას ხელმძღვანელი, ბატონი შრიოდერი ბრიყვი ყოფილა. თურმე მან ავსტრიის საკუთრება, ალბრეხტ დიურერის შესანიშნავი „კურდღელი“ ესპანეთში მანამდე გაგზავნა, სანამ სათანადო ნებართვას მიიღებდა. „მართალია, ამის გამო კურდღელს არაფერი დაკლებია, მაგრამ მაინც - რა თავხედობაა! საერთოდ, რაღაც უცნაური კაცი ჩანს ეს შრიოდერი: შვიდი ცალი ეგონ შილეს ნახატი (ზიზღით) შვეიცარიაში გაუშვა ექსპერტიზაზე - რად უნდოდა ეგონს ექსპერტიზა! და ისინი იქედან გაფერმკრთალებული დაბრუნდა. არ მიხედეს. ან რატომ მიხედავდნენ, როცა თავისი საგანძურის გამო ავსტრიის სიამაყე ალბერტინაც კი არ იწუხებს თავს? სამარცხვინო ამბავია, არა?“

… „შენ რუბენსის გამო გულს ნუ დაიწყვეტ. კი, ასი სურათი გამოფინეს და (მაინც ამაყად) მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოფენაც იყო - მერე, რა? რუბენსი ცუდი მხატვარია. რაღაც, გიჟია - არ შეგიმჩნევია? რა ამბავია ამდენი ხორცი. არა, ისე მაგარი გამოფენა იყო, ნეტა გენახა…“

… „გაიგე, ხომ, ჰამბურგის ამბავი? როგორ მოახერხე, გაზეთებს არ კითხულობ? დედ-მამამ შვიდი წლის გოგო შიმშილით მოკლა. ჰო, ჰო, დედ-მამამ. ჩაამწყვდიეს და აღარ აჭმევდნენ. რა ვიცი, ეტყობა, სძულდათ. როცა იპოვეს (განსაკუთრებით სულში ჩამწვდომი ხმით), ცხრა კილოს იწონიდა. არა, სულაც არ უჭირდათ, მდიდრები არ იყვნენ, მაგრამ დახმარებას ხომ იღებდნენ?! წარმოგიდგენია? ცხოველები. მერე, უწყებები სად იყურებოდნენ, ჰა? (ამ საუბრიდან უნდა გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ყველანაირი საშინელება სხვაგან ხდება, საუკეთესო შემთხვევაში, გერმანიაში - ა.კ.ს.)“.

…„ფრანცის საცოლე ხომ ექიმია, და თურმე (ჩუმად) წინდაცვეთილია. მე ვკითხე, - ცხადია, ვეცადე, ტაქტიანად მეკითხა, - გოგოები თუ გაგიჩნდება, მათაც გაუკეთებ-მეთქი ოპერაციას? წარმოიდგინე: კიო. აუცილებლადო. მე რა ვიცი, რატომ. …რა ვიცი, ალბათ რამეს მაინც გრძნობს, თორემ რად უნდა ფრანცი?”

0x01 graphic

… „სამხრეთ ამერიკელი მეგონე. აქ ბევრი ქართველია, სულ ციხეებში სხედან. ჰეროინით ალბანელები ვაჭრობენ და ქართველებს ამ საქმის ხელში ჩაგდება უნდოდათ. რას ჩაიგდებდნენ, ალბანელებმა ბართლომეს ღამე მოუწყვეს. არა, რა თქმა უნდა, ნორმალური ქართველებიც არსებობენ, მაგას ვინ უარყოფს. მაგრამ იცი, ზოგ აქაურ ქართველს შავკანიანები სძულს. წარმოგიდგენია? რასისტებიც არიან ის ღორები. არა, ცხადია, ყველა ასეთი არაა. ჩვენშიც კი გამოერევიან ხოლმე ასეთები, მაგრამ მაინც ცოტანი არიან. ჰო, ალბათ ქართველებშიც ცოტანი არიან“.

… „ვერენა ჰქვია. გვარი არ მახსოვს. ბერლინში ცხოვრობს, - ცხადია. ისიც ვერ მოვახერხეთ, რომ იელინეკის ავტორიზებული - ხაზს ვუსვამ - ავტორიზებული ბიოგრაფია ავსტრიელ ავსტრიელს დაეწერა. შეიძლება კარგი ქალია, რას ვერჩი, მაგრამ რატომ უნდა წეროს ჩვენს ფრიდაზე ვერენამ? საერთოდ, ვინაა ეს ვერენა? ხომ ვამბობ - არავინ იცის“.

… „ეგ კაცი მანიაკია, თან უვიცი. წიგნი აშკარადარ წაუკითხავს, თორემ „პიანისტი ქალი“ ერთხელ მაინც რომ გადაეფურცლა, ასეთ უბედურებას არ გადაიღებდა. დიახ, სწორედ ჰანეკეზე მოგახსენებ. რა, არ იცი, რომ კაპიკად არ ვარგა? სხვა ფილმები არ გინახავს? ძალიან კარგი. ეგ არის სადისტი და იდიოტი“.

დიდება ღმერთს, მსოფლიო აქ ჯერაც წესრიგშია. ვენა ვენად რჩება და „შპერლი“ - „შპერლად“.

1880 წელი. იაკობ რონახერის შეკვეთით, არქიტექტორებმა გროსმა და იელინეკმა ყავახანა ააშენეს. იმავე წლის ბოლოს ის შპერლების ოჯახმა შეიძინა და მას აქეთია, მას შპერლი ჰქვია.

1884
შპერლი ადოლფ კრატოჩვილამ შეიძინა, და 1968 წლამდე ის მისი ოჯახის საკუთრება იყო.

1895
შპერლში შვიდთა კლუბი დაარსდა.

1897
ყავახანა შპერლის მუდმივმა კლიენტებმა სეცესიონი დააარსეს.

1929
საშინელი ზამთარი: ყინვის გამო წყლის მილები გაიყინა და შპერლი რამდენიმე კვირის განმავლობაში დახურული იყო.

1941
საომარი ვითარების გამო, შპერლში ფარდები დაკიდეს.

1942
სანოვაგის ულუფების შემცირების გამო, შპერლში მხოლოდ სასმელი იყიდებოდა.

1945
უბანი, სადაც შპერლია განლაგებული, რუსებმა ფრანგებს გადასცეს.

1950

ვენაში იაფფასიანი და იოლად დასამზადებელი ესპრესოშეიჭრა და ტრადიციული ყავახანა საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

1968
შპერლის მფლობელი მანფრედ შტაუბი გახდა.

1979
ახალი ფასები: პატარა მოკა შპერლში 11 ავსტრიული შილინგი ღირდა, დიდი მოკა - 19, მელანჟი - 16.

1983
ვენამ ვენური ყავახანის 300 წლისთავი იზეიმა. ასი წლისშპერლი, როგორც ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, საფუძვლიანად იყო რესტავრირებული და ყავის მოყვარულები მას შემდეგ კვლავ მის თავდაპირველ პარკეტის იატაკზე დააბიჯებენ.

1998
ვენის 530 ყავახანას, 650 ყავის რესტორანს, 1060 ესპრესოს, 250 საკონდიტროსა და 120 ყავის დახლს შორის ინგლისელმა გასტროკრიტიკოსმა როი ეკერმენმა შპერლიწლის საუკეთესო ყავახანად დაასახელა.

დიდება ფრანც ზახერს!

0x01 graphic

1864 წელს 21 წლის ვენელი ყმაწვილი, ედუარდ ზახერი, სევდიანად დასეირნობდა ნისლიან ლონდონში და შურით ადევნებდა თვალს ახალი სასტუმროს მშენებლობას, რომელსაც უამრავი ოთახი ექნებოდა და, რაც ნორჩი კონდიტერი ედუარდისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, რამდენიმე რესტორანიც.

უნდა ითქვას, რომ იმხანად ვენაში ერთი-ორი სასტუმრო თუ ჰგავდა რამეს, უმრავლესობას ღამის სათევს უფრო უწოდებდი, მოუვლელი იყო და უსუფთაო. და ედუარდ ზახერი ოცნებას მიეცა. მან გადაწყვიტა, რომ ოდესმე თავად ააშენებდა თავის ქალაქში მსგავს სახლს, და ისიც გადაწყვიტა, რომ მასზე უკეთ ამ საქმეს ვერავინ გაუძღვებოდა, რადგან ის, ედუარდ ზახერი, ბატონ ფრანც ზახერის ვაჟი იყო - ფრანც ზახერის შესახებ არაფერი გსმენიათ? კარგი, მაშ, განვაგრძოთ.

1873 წელს, უკვე ვენაში, სახელმწიფო ოპერის შენობის მოპირდაპირე მხარეს, მართლაც დიდებულ ადგილას, ედუარდ ზახერი კვლავ სასტუმროს მშენებლობას ადევნებდა თვალყურს, ოღონდ ამჯერად საკუთარი სასტუმროსას. სულ მალე წამოიჭიმა „ზახერი“, ვენის მშვენება, და 1880-იან წლებში მის 108 ოთახში უკვე ტელეფონები იდგა!

„სასტუმრო ზახერი“ დღესაც დიდებული სასტუმროა, და თუ ოდესმე იქ მოახერხეთ ცხოვრება, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მოიგეთ, ანუ, როგორც ვენაში იტყვიან, hab's geschafft. მე არ მომიგია, ზახერთან სულ სხვა სიყვარული მაკავშირებს, კერძოდ, ზახერის ტორტი, ზემოხსენებული ბატონფრანც ზახერის შედევრი.

ზახერტორტე არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ვენის სიყვარულია. ის უკვე 150 წლისაა, ცოტა მეტისაც, და ქალაქი მისი არსებობით, ცხადია, ძალიან ამაყობს. Anno 1832 - ასე ამაყად იწყებენ ხოლმე ამ ისტორიული ტკბილეულის შესახებ მოყოლას. ამ წელს ძლევამოსილმა „ევროპის მეეტლემ“, ვენცელკლემენს მეტერნიხმა, საპატიო სტუმრებისთვის განსაკუთრებით გემრიელი ჩაროზის დამზადების ბრძანება გასცა, „რომ დღეს საღამოს სტუმრებთან არ შევრცხვე!“

საშინელი ამბავი დატრიალდა, რადგან მთავარი მზარეული ავად იყო და ლოგინიდან ვერ დგებოდა. საბოლოოდ, ეს უაღრესად საპასუხისმგებლო საქმე მზარეულის შეგირდს დავალად, ფრანც ზახერს, თექვსმეტი წლისას, რომელიც მანამდე სულ რაღაც ორი წლის განმავლობაში ცდილობდა ნუგბარი კერძების დამზადებას. ის, ცხადია, ძალიან დაფრთხა, მაგრამ რაღა დარჩენოდა, საქმეს შეუდგა, და ამ გაუგებრობის წყალობაა, რომ ფრანც ზახერის ტორტმა შორეულ 1832 წელს, როგორც იმდროინდელი გაზეთები წერდნენ, „მსოფლიოში ტრიუმფალური სვლა დაიწყო“: ჯერ ვენაში მოიწონეს, მერე- პრესბურგში, მერე - ბუდაპეშტში და ასე… ხომ ხედავთ, მისმა დიდებამ საქართველომდეც ჩამოაღწია. ერთი ცალი ჩვენც ჩამოვიტანეთ, მაგრამ, რასაკვირველია, უკვე შეჭმულია, და თან ზახერტორტეს გასინჯვა - გარწმუნებთ - ავსტრიის დედაქალაქში აჯობებს.

ამ ტორტის გამოცხობის საიდუმლოს საგულდაგულოდ ინახავენ, მაგრამ ვენელები მაინც ცდილობენ ხოლმე რამე მსგავსის გამოცხობას. ერთხელ მეც ვეცადე და მშვენიერი, ქვასავით მაგარი და გულისამრევად ტკბილი კორჟიკი გამომივიდა. მაგრამ თუ ვინმეს მაინც მოუნდება საკუთარ ფსიქიკასა და კუჭზე ავსტრიული ექსპერიმენტის ჩატარება -ინებეთ. ეს ერთი ოჯახის, ასე ვთქვათ, საგვარეულო ზახერტორტეს რეცეპტია. იმათ რაც მაჭამეს, გემრიელი იყო, და იქნებ თქვენც გამოგივიდეთ.

ამ საქმისთვის უნდა გაწიროთ 4 კვერცხი, 200 გრამი შაქარი,180 გრამი ზეთი, 1/8 ლიტრი რძე, ერთი პაწაწინა პაკეტი ვანილის შაქარი, ცოტა საფუარი, ერთი ლიმონის წვენი და 150 გრამი შოკოლადი - ეს უკანასკნელი უნდა გაადნოთ.

მერე იწყება თქვეფა. ცალკე უნდა ათქვიფოთ ცილა, მამაცურად, როგორც ბეზესთვის თქვეფენ ხოლმე. ცალკე თქვეფთ კვერცხის გულს, შაქარს, ვანილს, ლიმონის წვენს და ზეთს, და ბოლოს გამდნარ, ცხელ შოკოლადსაც ურევთ. ცალკე ჯამში ჩაყრით ფქვილს და საფუარს, დაასხამთ რძეს, მოურევთ; დაუმატებთ იმ მრავალი ინგრედიენტის ნაზავს - კვერცხის გული და სხვ. - და მოურევთ; მერე დაუმატებთ ათქვეფილ ცილას - მოურევთ; მოკლედ, ურევთ და ურევთ, სანამ არ გადელდებით. გადელება იმის ნიშანია, რომ ცომი მზადაა. მას ტორტის ცხიმწასმულ ფორმაში ჩაუძახებთ და გამოაცხობთ.

როცა ეს სიკეთე გამოცხვება და გაგრილდება, ზედ 100 გრამი შოკოლადისა და 120 გრამი კარაქის ერთად გადნობის შედეგად მიღებულ მასას მოასხამთ. გამოცდილმა ქალებმა იციან, რომ ესენი ტაფაზე არ უნდა გაადნონ, ჭურჭელს მდუღარე წყალში დგამენ და მაშინ არ მიიწვავს - მე, ცხადია, დავანახშირე და არასოდეს არაფერს გადაევლებოდა.

უნდა ითქვას, რომ არავინ იცის, სინამდვილეში ზახერტორტეს შუაში გარგრის ჯემი უნდა წავუსვათ თუ არა. ზოგი ამბობს, კიო, ზოგი ამბობს, ნამდვილ ზახერტორტესთან გარგრის ჯემს ახლოსაც არ გაუვლიაო. ისე, მე რომ მკითხოთ, ჯემით უფრო გემრიელია.

გაიცანით: ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერი

0x01 graphic

ჰუნდერტვასერს პირველად რამდენიმე წლის წინ შევხვდი, - სამწუხაროდ, პირადად ვერა, თუმცა თეორიულად ეს სავსებით დასაშვები იყო, რადგან ის სულ ახლახანს, 2000 წელს გარდაიცვალა.

ეს მოხდა გვიან ღამით, ქალაქ ვენაში, როცა მეგობართან ერთად სტუმრად მყოფმა ვერ გავთვალე, რომ მეტრო დაიკეტებოდა და სახლი შორს იყო. საკმაოდ გრძელი გასეირნება გამოგვივიდა, თან ქალაქს სულ არ ვიცნობდი დარუკით ხელში იმის დადგენა, არხის პირს მივუყვებოდი თუ მდინარისას, ბევრი ვერაფერი სიხარული გახლდათ.

ვენა უაღრესად მშვიდი და უსაფრთხო ქალაქია. ყოველთვის ლამაზია, ღამით - განსაკუთრებით. აქ არავინ არავის არაფერს ერჩის, უბრალოდ, მაინც უსიამოვნოა უცნობ ქუჩებში ღამით ხეტიალი და ვიღაც ლოყებამდე ტატუირებულ ბიჭთან და მის ბულტერიერთან ურთიერთობის გარკვევა - სანამ არ მითხრა, რომ მასაც გზა აებნა, ჩვენს იმედად იყო და იმიტომ მოგვყვებოდა ფეხდაფეხ, მე ჩემი დამემართა; ბიჭი კიდევ ჯანდაბას, მაგრამ ბულტერიერი…

იმ ღამეს დავინახე პირველად რაღაცა, რაც შემდგომში ქალაქის მთავარი ნაგავსაწვავი და სითბოს წყარო აღმოჩნდა: მაღალი ნაგებობა, დაუდგენელი ფორმისა, თან საკმაოდ პირქუში - ყველა სიკეთესთან ერთად, ბოლსაც უშვებდა, - თან რაღაც სულელური მოზაიკით მორთული. მსგავსი არაფერი მენახა და გაოცებული შევცქეროდი გადარეული ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის, წესით, ფრიდერიკ სტოვასერის შედევრს. დიდმა მოხუცმა საწადელს კიდევ ერთხელ მიაღწია: გამაოგნა და გამართო.

მის შესახებ ბევრი არაფერი მეთქმის - თავად ჩემზე უკეთ გიამბობთ. მხოლოდ იმას დავურთავ, რომ მე ის დიდად მესიმპათიურება. მხოლოდ იმას დავუმატებ, რომ ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერი მდიდარი კაცი იყო. მას ნორმანდიაში, ვენეციაში, ავსტრიასა და ახალ ზელანდიაში აგარაკები ჰქონდა. ისე, რატომაც არა? სხვა თუ არაფერი, ახალი ზელანდიის დროშის დიზაინის ავტორი ბრძანდებოდა, სამხრეთ ნახევარსფეროში ნამდვილად ეკუთვნოდა ერთი სახლი. ვენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შენობის სახურავზე ჰუნდერტვასერმა პენტჰაუზი წამოჭიმა და ხან იქ ცხოვრობდა, ხან რესპექტაბელურ ევროპულ ბინებში და ხანაც - ეგზოტიკურ ქვეყნებში. გააჩნია, როგორ გუნებაზე იყო.

ის ცოტა სიურეალისტი გახლდათ, ცოტა - აბსტრაქციონისტი, გაუდის გავლენასაც განიცდიდა და 20-იანი წლების რუსული ავანგარდისასაც. ახალგაზრდობაში აღმოჩენილი სპირალი მთელი ცხოვრების განმავლობაში იყო მისი „საყვარელი თემა, ფორმა და შინაარსი“. მას ეგონ შილე მოსწონდა და ტრანსავტომატიზმის თეორიითაც იყო გატაცებული - ერთი სიტყვით, წაუგიჟიანებდა. მას ყოველთვის ცალ-ცალი წინდა ეცვა ხოლმე, რასაც ყოველი ვენელი ხაზგასმით აღნიშნავს, ზოგი - ზიზღით, ზოგი - მხიარულად.

ჰუნდერტვასერს სიყვარულში არ უმართლებდა. ორი ცოლი ჰყავდა, ერთი გიბრალტარში ყოფნისას ითხოვა, მეორე - იაპონიაში. პირველი ოჯახი ორი წლის განმავლობაში შეინარჩუნა, მეორე ქალმა ხუთი წელი გაუძლო. მართალია, ფრიდენსრაიხი მშვენიერი სქესის ყურადღებას მაინც არასოდეს უჩიოდა და ყველგან ახალგაზრდა გოგონების ამალადა ჰყვებოდა ხოლმე. ზოგს შურდა, ზოგს კი ბატონი ჰუნდერტვასერი ბებერ, ნათრევ ხვადად მიაჩნდა - მე რომ მკითხოთ, ესეც შურის ამბავია.

ჰუნდერტვასერი კულტურულ საზოგადოებას ექსტრავაგანტური გამოხდომებით ატერორებდა. თავისი მანიფესტი „მესამე კანის უფლება“ მან 1967 წელს მიუნხენის საზოგადოებას გაშიშვლებულმა წაუკითხა. მეორე ასეთი გამოსვლა ანიფესტი-ბოიკოტი Ցოოსე ფრომ Ցოოს იყო, მესამედ კი მანსტრიპტიზი ვენის მერის დასანახად გამართა, როცა თავისი სახლის პროექტის გამო მოუწია ბრძოლა. უნდა აღინიშნოს, რომ იმხანად ქალაქ ვენის მერი ქალი ბრძანდებოდა.

იმ ღამეს დავინახე პირველად რაღაცა: მაღალი ნაგებობა, დაუდგენელი ფორმისა, თან საკმაოდ პირქუში - ყველა სიკეთესთან ერთად, ბოლსაც უშვებდა, - თან რაღაც სულელური მოზაიკით მორთული. მსგავსი არაფერი მენახა და გაოცებული შევცქეროდი გადარეული ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის შედევრს. დიდმა მოხუცმა საწადელს კიდევ ერთხელ მიაღწია: გამაოგნა და გამართო.

ფანჯრების დიქტატურა და ფანჯრების უფლება

ზოგიერთები თვლიან, რომ სახლი კედლებისგან შედგება. მე ვამბობ, რომ სახლი ფანჯრებისგან შედგება.

როცა ქუჩაზე გვერდიგვერდ სხვადასხვა სახლები დგას, სხვადასხვა ფანჯრებით, მაგალითად, იუგენდშტილის სახლი იუგენდშტილის ფანჯრებით, გვერდით - თანამედროვე სახლი მოურთველი, სწორკუთხა ფანჯრებით, გვერდით - ბაროკოს სახლი ბაროკოს ფანჯრებით, - არავის არაფერი აქვს საწინააღმდეგო.

მაგრამ როცა სამი სახლის ეს სამი ფანჯარა ერთ სახლს ეკუთვნის, ამას ფანჯრების რასობრივი დაყოფის დარღვევად მიიჩნევენ. რატომ? არსებობის უფლება ხომ ყოველ ცალკეულ ფანჯარას აქვს.

ფანჯრების რასობრივ დაყოფას ბოლო უნდა მოეღოს. ერთმანეთის გვერდით და ერთმანეთის თავზე ერთნაირი ფანჯრების გამეორება, რასობრივი სისტემის მსგავსად, საკონცენტრაციო ბანაკის დამახასიათებელი ნიშანია. სატელიტური ქალაქების ახალ სახლებსა და ახალი უწყებების შენობებში, ბანკებში, საავადმყოფოებში, სკოლებში ფანჯრების ნიველირება აუტანელი გახდა.

ინდივიდი, ცალკეული, ყოველთვის სხვაგვარად მოწყობილი ადამიანი, თავისი კონსტიტუციის შესაბამისად, პასიურად თუ აქტიურად იცავს თავს ამ ერთგვაროვნების დიქტატურისგან: ალკოჰოლითა თუ ნარკოტიკებით, ქალაქიდან გაქცევით, მანიაკალური სისუფთავით, ტელევიზორისგან დამოკიდებულებით, დაუდგენელი სენებით, ალერგიებით, დეპრესიებით, თვითმკვლელობითაც კი - ან აგრესიით, ვანდალიზმით და დანაშაულებით.

დაქირავებულ სახლში მცხოვრებ კაცს იმის საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ ფანჯრიდან გადაიხაროს და სადამდეც ხელი მიუწვდება, შენობა ჩამოკაწროს. მას იმის საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ გრძელი ფუნჯით - სადამდეც მიუწვდება - გარედან ყველაფერი მოხატოს, ისე, რომ შორიდან, ქუჩიდან ჩანდეს:

იქ ცხოვრობს კაცი, რომელიც თავისი მეზობლებისგან, დაბინავებული, დამონებული ნორმალური ადამიანებისგან განსხვავდება.

0x01 graphic

…აშენება ყველას უნდა შეეძლოს, და სანამ ეს შენების თავისუფლება არ იარსებებს, ახლანდელი, დაგეგმილი არქიტექტურის ხელოვნებად მიჩნევა საერთოდ არ შეიძლება. ამჟამად მხოლოდ ცუდი ცნობიერების მქონე სწორხაზოვანი ადამიანების მიერ შექმნილი შესაბრალისი კომპრომისებია განხორციელებული!

0x01 graphic

ყველას უნდა ჰქონდეს შენების უფლება, ყველამ უნდა აშენოს და პასუხი აგოს იმ ოთხ კედელზე, რომლებშიც ცხოვრობს... ბოლოს და ბოლოს, ბოლო უნდა მოეღოს იმას, რომ ადამიანები ისე ცხოვრობდნენ თავიანთ ბინებში, როგორც ბოცვერები - თავიანთ სადგომებში

…მხოლოდ მაშინ შეიძლება არქიტექტურაზე ლაპარაკი, როცა ხუროთმოძღვარი, მშენებელი და მცხოვრები ერთნი, ანუ ერთი და იგივე პიროვნება არიან. ყველაფერი დანარჩენი არქიტექტურა კი არა, დანაშაულებრივი ქმედება, ძალმომრეობაა.

… ჩვენ სწორი ხაზების ქაოსში, სწორი ხაზების ჯუნგლებში ვცხოვრობთ. ვისაც ეს არ სჯერა, შეუძლია ერთხელ თავს ძალა დაატანოს და დაითვალოს ის სწორი ხაზები, რომლებიც გარს ახვევია, და მაშინ დაიჯერებს; რადგან ის ვერასოდეს მიაღწევს დასასრულამდე …

ჰუნდერტვასერი ჰუნდერტვასერის შესახებ

რა სჭირდება ადამიანს, რომ ბედნიერი იყოს წინსვლა უკანსვლაა და უკანსვლა წინ გადადგმული ნაბიჯი ხდება მე ვფიქრობ, ჩემი მხატვრობა იმიტომაა სრულიად განსხვავებული, რომ ის ვეგეტატიური მხატვრობაა…

… მე მინდა, - და ამას სრულიად ინსტინქტურად ვაკეთებ, - წინასწარ განვიცადო, ადამიანებზე ადრე განვიცადო, წინასწარ დავხატო ის სამოთხე, რომლის ფლობაც ყველას სურს - უბრალოდ, ხელი უნდა გაიწვდინოს

„სამოთხე აქაა, ჩვენ მას უბრალოდ ვანგრევთ. მე მინდა იმის ჩვენება, თუ რა იოლია სინამდვილეში დედამიწაზე სამოთხის ფლობა, და ყველაფერი ის, რასაც რელიგიები და დოგმები და სხვადასხვა პოლიტიკური მიმდინარეობები გვპირდებიან, - ეს ყველაფერი ნონსენსია“

* * *

… ასეთ დროს, ცხადია, კონფლიქტში შევდივარ საზოგადოებასთან, რომელსაც ჩემი სრულიად არასწორად ესმის

მას ჰგონია, რომ ეს ექსცენტრულობაა, მხოლოდ ყურადღების მისაქცევი რამ, ამ დროს ავიწყდება, რომ ეს ჩემი არსების ნაწილია, რომ ეს ჩემი ბუნებრივი გამოხატვის ფორმაა

რატომ არ შეიძლება, რომ ადამიანმა, ყვავილივით, ის გაკეთოს, რაც მას შეესაბამება

ფერადი, მრავალფეროვანი ნებისმიერ შემთხვევაში სჯობს ნაცრისფერს, საშუალოდ რუხს

ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც მხოლოდ ის გადარჩება, ვინც შემოქმედებითად ფიქრობს და ცხოვრობს…

0x01 graphic

...მე ფანჯრების შეღება შევძელი როგორ შევძელი - ესეც ძნელი ასახსნელია ძალა არ დამიტანებია, არც მიფიქრია, არც გონება დამიძაბავს, არც მაინცდამაინც ინტუიციას დავყრდნობივარ - ისე, თითქოს სიზმარში მოხდა გარდასახვა...

ჰუნდერტვასერის სახლი საოცარი სანახავია. ვერაფერს შევადარებ: ასიმეტრიული ოთხკუთხედებით დანაწევრებული ფასადი, კერამიკული ფილები, არცერთი ფანჯრის ზომა და ფორმა არ მეორდება, კედლები უსწორმასწოროა, იატაკი ტყის ბილიკს ჰგავს. ეს მუნიციპალური საცხოვრებელია, და თუმცა ვენელების უმრავლესობას ჰუნდერტვასერის ხსენებაზე იქედნური სახის მიღება კარგ ტონად მიაჩნია, ამ ძალიან ძვირადღირებულ სახლში შესახლების მსურველები ერთობ ბევრნიარიან. ჭორად მსმენია, მაინცდამაინც დიდხანს ვერცერთი მცხოვრები ვერ ძლებსო - ან ტუროისტები ამხეცებენ, ან აცა-ბაცა იატაკები. მოკლედ, გააჩნია, ვინ ქირაობს ბინას, ესთეტი თუ ობივატელი.

თქვენ კი, განურჩევლად იმისა, ესთეტი ბრძანდებით თუ ობივატელი, მოგიწოდებთ: როცა ვენაში ჩახვალთ და იგრძნობთ, რომ ბელვედერმა და ოტო ვაგნერის შესანიშნავმა იუგენდშტილმა, ცოტა არ იყოს, დაგღალათ, ჰუნდერტვასერის სახლს ეწვიეთ. ჩამოჯექით კაფესთან, თვალი მოავლეთ ფერად-ფერად კედლებს და მოდუნდით. ეს არქიტექტურა არაფერს გავალებთ. როგორც თავად ჰუნდერტვასერი იტყოდა, ყველაფერი უსასრულოდ მარტივია, უსასრულოდ მშვენიერი.

0x01 graphic

ასე უყვართ ვენაში

0x01 graphic

როცა ვენის თავზე განსაკუთრებით საძაგელი მაღალი ნისლი წვება, განსაკუთრებით კარგია ხოლმე თბილ, მყუდრო სახლში მისვლა, ავანგარდული მუსიკის თეორეტიკოსისა და მისი ექიმი მეუღლის თბილ სამზარეულოში ჩამოჯდომა და პატარა ფლორასთან საუბარიც კი. უცნაური რამაა: მე, მეფე ჰეროდეს კვალის ღირსეულ გამგრძელებელს, აქაური ბალღები არ მაღიზიანებენ; ალბათ იმიტომ, რომ დედიკოები არ შესძახიან ყოველ წუთს ისტერიულად -„ნუ, დედიკო, ნუ!“ ასეთ სახლებში იმასაც კი ვფიქრობ ხოლმე: იქნებ მეც ეს მინდა?

0x01 graphic

ანდრეა შტრასერი, ცოტა ტიროლელი, ეთნოლოგი ქალბატონი, რომელმაც ამ ნორჩ ასაკში ისიც კი მოასწრო, რომ ორი წელი სომხეთში იმუშავა და იქიდან ქუჩის ძაღლი, სანიმუშოდ უზრდელი და სიმპათიური მიკა ჩამოიყვანა, ყველა გამვლელს რომ ყეფით მისდევს და ყველანაირ ნაგავს რომ ჭამს, აი, ისეთი ქუჩის ძაღლი; მოკლედ, ქალბატონი შტრასერი, უწინ ქალთა უფლებებისთვის თავდადებული და გენდერული პრობლემების ნიადაგზე ოდნავ გახისტებული, დღეს ბედნიერი ქალია. მის ბედნიერებას ჯულიო კამანი ჰქვია. ის მხატვარია, კომიქსების ოსტატი და ანდრეას პაწაწინა ვაჟის, სამუელ კარლის მამა.

„ეს კაცი ანგელოზია,“ გამიზიარა ანდრეამ. „ნამდვილი ანგელოზი“.

ჯულიოს დიდად ვერ ვეკონტაქტე - იტალიური ისევე ვიცი, როგორც მან - გერმანული. იმას კი მივხვდი, რომ ერთ შემთხვევით მზიან დილას საწოლ ოთახში სკანდირებდა: „გა-ზა-ფხუ-ლი!“

მე მესმის ჯულიოსი. ისევე, როგორც ანდრეა შტრასერისა.

0x01 graphic

გერმანელი პეტერ რაუშელი და ავსტრიელი ბარბარა შტაუდი ცოლ-ქმარი არიან - ბარბარამ საგანგებოდ მაჩვენა თავისი ქორწინების ბეჭედი. უაღრესად სასიამოვნო ხალხია, მთელი საღამო ლუდის სმაში გაატარეს და ისეთი გზნებით ეფერებოდნენ ერთმანეთს, გეგონება, პირველად დართეს ერთმანეთისთვი სხელის ხლების ნებაო. საოცრებაა, ღმერთმანი…

0x01 graphic

იოში კნაისტი და კარინ ვაიჩეკი დიდად თავზეხელაღებული წყვილი აღმოჩნდა: რამდენიმე წლის წინათ მათ დეკემბერში და თან საქართველოში განიზრახეს თაფლობის თვის გატარება. როგორც ხედავთ, გადარჩნენ, კარინი ორსულადაა და ორივე ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს. ეტყობა, მძიმე თბილისური ზამთრის გამოცდის მერე, მათ ურთიერთობას აღარაფერი ემუქრება.

ნიკოლ დიტრიხი, რომელმაც ოდესღაც თავის სიყვარულს თბილის-ქალაქში მიაგნო - კაციც ავსტრიელი იყო, გაქცეული რძლისას არ გიყვებით, - ამჯერად კენტად ცხოვრობს. მაგრამ მშვენიერ ნიკის, როგორც ჩანს, მარტოობითა და მხოლოდ გადაცემა „ღამის მუსიკით“ ტკბობა დიდხანს არ უწერია ,თუმცა თავისი ბინითაც ძალიან კმაყოფილია და სამსახურითაც.

„არაფერი გამოგივა, რიხარდ, მე ოთხშაბათს აზიაში მივდივარ“.

„ოთხშაბათამდე არც ვაპირებ ამ ამბის გაგრძელებას, ძვირფასო!“ - და შემდეგ, როცა ნიკოლს მკაცრმა მეგობარმა გოგონამ მოაკითხა: „ვინ იფიქრებდა! ნიკოლ დიტრიხი!“

ვერც მე ვიფიქრებდი, მაგრამ რომ ვიფიქრე, ეს ამბავი ძალიან მომეწონა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც ბრძენები იტყვიან, ზმნა „მიყვარს“ წარსულ დროში არ იხმარება, პაწია გაბრიელა გულწრფელად აღგვიშფოთდა. „ეჭვიანობ?“ - ვკითხე მე. „არა, ვბრაზობ,“ - მიპასუხა გაბრიელამ.

0x01 graphic

0x01 graphic

თუმცა ვერავინ დამაჯერებს, რომ ბუნებაში მთლად ჰარმონიული ურთიერთობები არსებობს, შეყვარებულები ჩემში მუდამ უნაზეს გრძნობებს აღძრავენ. ის, რომ ვიღაცას ვიღაცა უყვარს, თავისთავად კარგია, ისევე, როგორც კარგია,რომ ამქვეყნად ცუდად ინფორმირებული პესიმისტები, ოდნავ გონებაჩამორჩენილი მეოცნებეები და თვალებანთებული რელიგიური ფანატიკოსები არსებობენ - თუნდაც მრავალფეროვნების თვალსაზრისით.

ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა, სიყვარული ღმერთივითაა - თუ მისი არსებობისა გწამს, არსებობს, თუ არადა - არაო. როგორც ჩანს, ვენაში სიყვარულის არსებობაში ეჭვი ნაკლებად ეპარებათ, ვიდრე ჩვენს დედაქალაქში. ყოველ შემთხვევაში, ჩემი გულის გასახარად, ყოველ კუთხეში, ყოველ მოედანზე, ყოველ ყავახანაში და, - რაც განსაკუთრებით მეამა, - თითქმის ყველა სახლში, რომელშიც სტუმრობა მომიწია, ორი ადამიანი ერთმანეთს ეხვევა, კოცნის და ძალიან ბედნიერია, რომ ასეთი შესანიშნავი ქალი ან კაცი მისი ცხოვრების თანამგზავრი გახდა, იმედია, სამუდამოდ, მაგრამ თუნდაც დროებით - მაინც.

ერთად ვართ! რა კარგია! მათთვისაც და ჩემთვისაც. სხვა თუ არაფერი, ერთმანეთს ეპრანჭებიან და ამიტომ მეც მხოლოდ სიხარულს მიზიარებენ. და მხოლოდ მაშინ, როცა ვენის თავზე განსაკუთრებით საძაგელი მაღალი ნისლი წვება, შეყვარებული წყვილების შემყურეს, პეტერ ჰანდკეს ლექსი მახსენდება ხოლმე, „რამდენიმე ალტერნატივა ირიბ ნათქვამში“ - ჩემი საკუთარი სავალალო თარგმანი:

„ქცევა სიტყვების ერთგვარი ალტერნატივაა,
ისევე, როგორც მე ვარ მისი ალტერნატივა,
ან როგორც ჩვენ ვართ დამცირების ალტერნატივა,
ან როგორც შენ ხარ ცარიელი ბინის ალტერნატივა…“

მე კი ვენაში ჩემს დიდ სიყვარულს შევხვდი - უფრო სწორად, მივხვდი, რომ მასზე ძვირფასი არავინ მყავს და არავინ შემხვდება. ეს მე ვარ, თუ მეა - როგორ უნდა ვთქვა? მოკლედ: ანა კორძაია-სამადაშვილი. ვიცი: მასზე მეტად არავის ვეყვარები და მეც არავინ მეყვარება.

ამას მგონი „მულტიპერსონის სინდრომი“ ჰქვია, არა?

0x01 graphic

და ბოლოს - საყვარელი აუგუსტინი

ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინათ, ქალაქ ვენის ყველაზე ხალხმრავალ დუქნებსა და ლუდხანებში გუდასტვირზე ერთი კაცი უკრავდა ხოლმე, სახელად აუგუსტინი. ძალიან მხიარული კაცი იყო, ცეკვა-თამაშიც უყვარდა და ღვინის სმაც - ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ყვებიან, მეტისმეტი მოსდიოდაო, მაგრამ, მეორეს მხრივ, არც არაფერს აშავებდა: არასოდეს უჩხუბია და არც აყალმაყალი აუტეხავს, უფრო თუ დაბერავდა ლოყებს და უფრო მონდომებით თუ ჩაბერავდა თავის გუდასტვირს…

დახლიდარები აუგუსტინს სიხარულით ეგებებოდნენ, რადგან ზუსტად იცოდნენ: იქ, სადაც აუგუსტინი უკრავდა, ბევრი ღვინო ისმეოდა, ბევრი ლამაზი გოგო იკრიბებოდა და, შესაბამისად, შემოსავალიც მეტი იყო. ხალხმა კი აუგუსტინს საყვარელი აუგუსტინი დაარქვა - მართლა ძალიან უყვარდათ.

მაგრამ დადგა საშინელი 1679 წელიდა ვენაში შავი ჭირი გაჩნდა. აღარავინ მღეროდა, ქუჩებში მხოლოდ ტირილი და გოდება ისმოდა: ვიღაც მოკვდა, ვიღაც კვდება… სამასი სახლი ჩარაზეს, ლაზარეთები გაივსო, ოდესღაც მხიარულ დუქნებსა და ბაღებშიც მომაკვდავები კვნესოდნენ, და მიცვალებულის დამარხვასაც ვეღარავინ ახერხებდა: დააგდებდნენ ურემზე და მერე ცხედრებით სავსე ორმოებში ყრიდნენ. ასეთი ბედი ეწია საყვარელ აუგუსტინსაც - მისი უსულო სხეული კაიზერის კოშკსა და წმინდა ულრიხის ტაძარს შორის, ქუჩაში იპოვეს და სხვა ჭირისგან დახოცილებთან ერთად ჩააგდეს ორმოში.

დაზაფრულ ქალაქს თითქოს აღარავისთვის ეცხელა, მაგრამ მუსიკოსის გარდაცვალების ამბავმა ყველა მაინც საშინლად დაადარდიანა. ჩამკვდარ ქუჩებში სიმღერა გაისმა, ძალიან სევდიანი - ასე დაემშვიდობა ვენა თავის საყვარელ აუგუსტინს:

„ო, საყვარელო აუგუსტინ, აუგუსტინ, აუგუსტინ,

ყველაფერმა ჩაიარა, ყველაფერი დამთავრდა“.

მაგრამ არაფერი დამთავრებულა! ორმოში ჩაგდებულმა აუგუსტინმა, რომელიც მკვდარი კი არა, ძალიან მთვრალი ყოფილა და ამიტომ მკვდარივით დასძინებოდა, დილით აღმოაჩინა, რომ ფრიად უსიამოვნო ადგილას გაუთენებია ღამე. ის რის ვაი-ვაგლახით ამოძვრა საზიზღარი ორმოდან, გადაიკიდა თავისი გუდასტვირი და ქალაქში დაბრუნდა, სტვენა-სტვენითა და სიმღერ-სიმღერით.

როგორ გაუხარდათ ვენელებს! საყვარელი აუგუსტინი დაბრუნდა! მაშ, არაფერი დამთავრებულა! ჩვენც გადავრჩებით!

თუ ოცნებების და ზღაპრების გჯერათ და ღამით სიარულს არ დაიზარებთ, დღესაც შეხვდებით ვენის ძველ ქუჩებში საყვარელ აუგუსტინს, რომელიც თქვენთვის - მხოლოდ თქვენთვის დაუკრავს თავის გუდასტვირზე.

8 გოგონა და ქალბატონი (იგავ-არაკი)

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ავტორი: ნესტან კვინიკაძე
ილუტრაცია: გიო სუმბაძე

0x01 graphic

აი, რა კაია, ფანჯარა რომ ჩაუმტვრევია ვიღაცას! მართალია ზამთარია, მაგრამ ამჯერად სასიამოვნოდ მიბერავს, თმა ფორმას იცვლის და საერთოდ, ამ სიცივეს თან რაღაც ჯანსაღი ახლავს. რა სახე გაქვთ, ქალბატონო?! არ მოგწონთ ცივი ჰაერის მასები? თუ ჩემი ყურსასმენიდან გამოპარული ხმაური გაწუხებთ? იქნებ ქმარმა მიგატოვათ ამ რამდენიმე წლის წინ?! ეგეც თქვენი ბრალი იქნება. რა, არა? სახეზე გეტყობათ, რომ გვერდით მწოლიარესთვის ერთხელაც არ აგიწყვიათ სუნთქვა; არ გიკოცნიათ ქვედა ტუჩზე რბილად. დარწმუნებული ვარ, გყავთ ერთი ვაჟი, რომელსაც ცხოვრება გაუმწარეთ: პროფესიაც თქვენ აურჩიეთ და ყველა შეყვარებული დაუწუნეთ. თქვენი ვაჟი სიმპათიური იქნება, ალბათ გგავთ. თქვენი მამაკაცური ვერსია უფრო საინტერესო მგონია. ის, სადღაც, 27 წლის იქნება, უცოლო. ალბათ, თქვენი ყოფილი მეუღლის მეგობრის ქარხანაში მუშაობს. ყოველდღე დაღლილი ბრუნდება შინ და ისიც კი არ იცის, რა მუსიკას მოუსმინოს განსატვირთად. იცით რატომ? თქვენ ყველაფერზე ეჭვიანობდით. კი. ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოყოლებული. თავიდან მეზობლის ბავშვები შეაძულეთ, მერე სკოლის და კერძო მასწავლებლები. მუსიკა და თეატრიც, - ფავორიტი რომ არ ჰყოლოდა. მერე ისე, რომ დღემდე ვერც კი ხვდებით, თქვენც შეძულდით და ახლა მისი სამომავლო გეგემები მხოლოდ თქვენი გარდაცვალების შემდეგ გახდება ასრულებადი. რა ცუდია, რომ ასე მოხდა.

0x01 graphic

რა მზერა გაქვთ? რაღაც საშინელი! არც ჩემი ჩანთა მოგწონთ? ასე რომ გაგიშტერდათ თვალი, - ალბათ, ყველაზე მეტად მარიხუანას ფოთოლი გაღიზიანებთ. დიახ, ყოფილი ნარკომანი ვარ. ჰაშიშს ვანიჭებდი უპირატესობას, მიყვარდა „შივას ცრემლები“... მაგრამ ნიჭიერი ვარ, უარყოფითად არ იმოქმედა. პირიქით, ბევრი რამ ვისწავლე. ვისწავლე ის, რომ დრო არ უნდა დავკარგო და ნებისმიერ უინტერესო სიტუაციაში ყველაფერი ჩემდა სასიკეთოდ გამოვიყენო. აი, როგორც დღეს ხდება: ვზივარ სამარშრუტო ტაქსში. აქ ჩემი ტოლი არავინაა. ზამთარია. ფანჯარა ჩატეხილია და ჩემს სამწვერანერვს აღიზიანებს. სურნელი კი, რომელსაც მგონი მივეჩვიე, მაინც არ გააქვს ცივი ჰაერის მასებს. მაგრამ, ქალბატონო, მე რომ გარემო პირობით ცნებად არ გამეაზრებინა, აქამდეც ვერ მოვაღწევდი. მე რომ ამ მანძილებში ჩემი ცხოვრება და სამომავლო მიზნები არ დამეგეგმა, გულისრევით, დროზეადრე ჩავიდოდი ამ „მსუქანი ტაქსიდან“, სადაც თქვენ ერთ კი არა, სკამნახევარს იკავებთ - ჩემსნახევარს. ყური მოდებული გაქვთ ჩემს დიდ ყურსასმენზე და ამ ხმაურის არაფერი გაგეგებათ. არა, ქალბატონო! ეს ხმაური კი არა (თქვენ თვითონ ხმაურობთ ხოლმე დილიდან ღამემდე, სამოთახიან ჩეხურად დაგეგმარებულ ბინაში და მოსვენებას არ აძლევთ თქვენს ვაჟს), - ახალი დროის ბნელ საშოში დაბადებული ბგერებია, „იაგუარის“ სისწრაფის - მუხრუჭის გარეშე. ეს მშვენიერზე ზომიერად კონცენტრირებული მელოდიებია. ეს ელექტრონულ მეხსიერებაში ერთ ფაილად შენახული ჩვენი დიდი იმედები, ჩვენი გულისცემაა.

მაგრამ თქვენ მაინც სასტიკად მიმზერთ. ღამენათევი, ნამთვრალევი და ჯვარდაუწერელი გგონივართ. სინამდვილეში კი ეს თანამედროვე კოსმეტიკაა, თვალთან ჩრდილს გიკეთებს, რომ მზერა უფრო გამოკვეთილი იყოს და ამ დიდ ქუჩებში ჩვენ ერთმანეთი ვიცნოთ.

ეს რა შეგიძენიათ, ქალბატონო?! ამხელა ვაჟისთვის ისევ თქვენ ყიდულობთ ტანისამოსს? ნუ გამაგიჟეთ! ყვავილოვანი კომბოსტოც შეაყვარეთ, არა? ორი თავი გიყიდიათ. ზღვის ცხენიც გეყოლებათ სახლში, რაღაც ასეთი ესთეტიკის დიზაინს ვხედავ თქვენს ბინაში. ისე, ხომ არ გამოგელაპარაკოთ ნეტა? არა. თქვენ ახლა კლიმაქსი გაქვთ და მოსაუბრეც აუტანელი იქნებით. თავს ცუდად გრძნობთ, მაგრამ არც იმ წამლებს ენდობით, თანამედროვე მედიცინა რომ გთავაზობთ. არ გჯერათ რეკლამების. იცით, რამხელა შრომაა იმ რგოლის დამზადება, ერთ წუთში რომ ქრება ეკრანიდან? უზარმაზარი!

ძალიან მაინტერესებს, სად ჩახვალთ, სად ცხოვრობთ. მაგრამ გული მიგრძნობს, ჩემი „სადგური“ უფრო ახლოა და მე ამ სიამოვნებას დავაკლდები. ახლა ჩემმა მობილურმა რომ დარეკოს, სულ გადაირევით - პა, რა, რა რა რა…KILL BILL ნანახი გაქვთ? რატომ ჩაგეცინათ? გაიგეთ რაც გავიფიქრე? თქვენს ვაჟს მობილური რომ არ ჰქონდეს, ძალიან გამიკვირდება. ალბათ დღეში, სულ ცოტა, თხუთმეტჯერ ურეკავთ და იმ საცოდავსაც, დღეში თხუთმეტჯერ, ეკრანზე ეწერება: DEDA.

თქვენ ალბათ ჩემმა სუნამომაც აგატკივათ თავი. UNGARO-ს ბოლო სუნამოა. ახალს გამოუშვებს და ძველს მამიდაჩემს ვაჩუქებ, თუ მომრჩა იქამდე. ასე ვცხოვრობთ ქალაქში,

0x01 graphic

რომელიც თვალსა და ხელს შუა ისე შეიცვალა, რომ ლამის არის სახლს ვეღარ მიაგნოთ. ცუდად ხომ არ ხართ, ქალბატონო? აი, აფთიაქი. აფთიაქები იშვიათად იცვლიან მისამართებს, თითქმის არ იცვლიან.

მე რომ თქვენს ადგილას ვყოფილიყავი, სულ სხვანაირად ვიცხოვრებდი. რატომ გეზარებათ ყველაფერი და რატომ გეშინიათ ექსპერიმენტების. არა? როგორ არა! აბა რას მომშტერებიხართ? მე ხომ საღეჭ რეზინას არ ვატკაცუნებ თქვენი ყურის შორიახლოს, არც თამბაქოს სურნელი ამდის; არც ჟან-პოლ გოტიეს უზრუნია ჩემს ჩაცმულობაზე. აბა, რა მოგხვდათ თვალში? შეიძლება ახალგაზრდა ელექტრონული მუსიკის მოსმენისთვის შეიძულო? დაფიქრდით, ქალბატონო! თქვენ ახლა ცოდვას ჩადიხართ. მიცნობთ? გიცნობთ? არც მინდა ოდესმე გაგიცნოთ. ნეტა აღარ შემხვდეთ და სამუდამოდ დაგივიწყოთ, მაგრამ არა, ამის შემდეგ ყველგან, სადაც ყვავილოვან კომბოსტოს მოვკრავ თვალს, თქვენ გამახსენდებით, სასტიკი და

0x01 graphic

დაუნდობელი მზერით - თითქოს თქვენი სარძლო, ტოლი ან სწორი ვიყო. მე, აი ახლა, ძალიან მალე ჩავალ, ორ პარალელურ ქუჩას გადავკვეთ, გზაში დაგივიწყებთ და ჩემს თანატოლებში ავირევი. ხვალ სხვადასხვა ორგანიზაციას ახალ იდეებს მივყიდი, რომ ბევრი ფული ვიშოვო, „იაგუარი“ ვიყიდო, ავტომუხრუჭის გარეშე და არასოდეს მომიწიოს თქვენს გვერდით მგზავრობა.

აი, ხედავთ, ჩავდივარ, ფულს ვიხდი და თქვენი მზერა დაჟინებული ხდება. წვრილი ტუჩები ბრაზს ვერ მალავენ. თქვენ საკუთარ თავზე გაბრაზდით, მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი ამ დროის მანძილზე, ერთხელაც არ გამოგხედეთ და თავხედურად არ გკითხეთ: - რას მიყურებთ ყბადაღებული, ფაქტიური სიმშვიდით და ორგანიზებული გულგრილობით სავსე? მე თქვენ არ გიცნობთ, ქალბატონო!

2005 მარტი

9 ჯაზში მხოლოდ ბიჭები არიან

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ნესტან კვინიკაძე

ფოტო: დავით მესხი

0x01 graphic

„სექსი ძალიან ჰგავს ჯაზს, - ვგულისხმობთ ულევ შესაძლებლობებს, იმპროვიზაციას; როცა რეალურად არ იცი, თუ სად არის კულმინაცია. და კიდევ, ასეთი სახით ის აღარასდროს განმეორდება.

საუბარია იმ დინამიკაზე, იმპულსზე და ენერგიაზე, რაც ერთი შეხედვით გაფიქრებინებს, თითქოს დროდადრო ტემპი იზრდება, მაგრამ ეს ასე არ არის. სინამდვილეში, დროის ამ მონაკვეთში, ფანტაზია დაუჯერებელ შესაძლებლობებს აღწევს. ჯერ ახალი ორლეანიდან მისისიპის გაყოლებით გაცურავს სანაოსნო წვეულება, შემდეგ კედელზე გაკრულ თეთრ ზეწარზე ძველ მეჯლისს უჩვენებენ.

„ჯაზი ყველგანაა, ღმერთივით“, ისევე როგორც სექსი. თურმე ადრე ჯაზის დაკვრისთვის საკმარისი იყო ძლიერი ექსტაზი და ჯაზის სიყვარული. დღეს აღარ, რადგან განვითარდა და მხოლოდ იმიტომ არ ამოწურა თავისი შესაძლებლობები, რომ მისი არსი შესრულებაშია.

სექსშიც იგივეა. სიყვარულის და ექსტაზის გარდა, ხომ არის კიდევ რაღაც, მეტაფიზიკური ბოდვა თუ აღვირახსნილი სწრაფვა, - სწრაფვა იმ ერთადერთი მიზნისთვის, რასაც სიამოვნება ჰქვია.

და რაც უფრო უადგილო და უდროოა ის მთავარი, მით უფრო ეფექტურია, ისევე როგორც იუმორი.

არტისტული ნევროზი თუ შიზოფრენია? არც ერთი. უფრო კი ადამიანური სისუსტე.

ჯაზი ბევრად ადრე არსებობდა, ვიდრე აფრიკელები დოლებს დედას და მამას ეძახდნენ. უბრალოდ, იყო ერთი პირობა: ჯაზი აუცილებლად მეოცე საუკუნეში უნდა მოდებოდა მსოფლიოს. უფრო მეტიც, წლებიც გათვლილი იყო და დღეებიც. ამიტომ ამერიკის ერთი ბოლოდან მეორეში, გაგრილებამდე ატარეს ჯაზი.

რატომ უღიმიან ერთმანეთს ჯაზ-მუსიკოსები კომპოზიციის შესრულებისას? ისინი იმპროვიზაციის გენიალურობას მოჰყავს გაოცებაში და ღიმილით იმ წამს აფიქსირებენ, რომელიც აღარ განმეორდება, ისევე როგორც სექსში“.

ნესტან კვინიკაძე

„ისპაჰანის ბულბულები“ (გვ.69-70)

2004 (რომანი)

ამის მეტი ლირიული გადახვევა არ იქნება. თან, არც მინდა ჯაზით აღფრთოვანებული ვიყო. როგორც ულტრათანამედროვეობის წარმომადგენელს, სულ სხვა გეგმები მაქვს. ეს ტექსტი, შესაძლოა, წინა საჯაზფესტივალო განწყობის იყოს. მოკლედ, მინდა გიამბოთ, თუ როგორ დაიჯერეს ჯაზლეგენდებმა, რომ საქართველოშიც შეიძლება კონცერტების ჩატარება; რომ „აქაც ისევე სურთ კარგი მუსიკის მოსმენა, როგორც ნიუ იორკში ან ბარსელონაში“; რომ არსებობს ქვეყანა, სადაც როგორც ერთ დღეს CNN-მა აღნიშნა, თვიური ხელფასი სამი ლარია. მაგრამ რეი ჩარლზის კონცერტზე ორიათასკაციანი დარბაზი სავსე იყო, ბილეთი კი 100 დოლარი ღირდა. ზოგმა ოქროს ნივთები გაყიდა და ბილეთი ისე შეიძინა; ზოგიც, შესაძლოა, დღემდე იმდროინდელ ვალს ისტუმრებს. ასე იცის ჯაზის სიყვარულმა. ვერც მიხვდები,სად ამოხეთქავს. აი, როგორც ახლა ხდება, აქ, ამ პრიალა ფურცლებზე.

0x01 graphic

გაიოზ კანდელაკი, ჯიმი სმიტის ბენდი, კახა კანდელაკი 1989 წელი.

ერთი სიტყვით, TAKE SIX

სანდრო ბითაძე - „ისთერნ პრომოუშენის“ ტექნიკური დირექტორი (ტექნიკური რაიდერი)

კახა კანდელაკი - მარკეტინგი (რეკლამა)

მიშა გიორგაძე - ერთ-ერთი დამფუძნებელი (საგარეო ურთიერთობები)

დათო მენაბდე - ფინანსები

ეკა კუპრეიშვილი - P.R. (დიასახლისი)

გიორგი კერესელიძე - კომერციული დირექტორი (MR. კომფორტი)

0x01 graphic

ართ ბლეიკი და ჯაზმესენჯერს 1989 წელი.

დო - ჯაზთან ზიარება

იმ დროს საზღვარგარეთ მხოლოდ მსახიობები, მომღერლები და სპორტსმენები დადიოდნენ. იყო წყალბურთელთა ნაკრებიც - „თბილისის დინამო“ და იყვნენ ბიჭები, რომლებიც ვარჯიშის დასრულების შემდეგ, კარგ მუსიკას უსმენდნენ.

0x01 graphic

სტივი უანდერი და ქართველები. ვარშავა 1989 წელი.

კახა კანდელაკი: „1979 წლიდან დაწყებული, როცა პირველად ბიბი ქინგი ჩამოვიდა, მამაჩემი - გაიოზ კანდელაკი ფილარმონიის დირექტორი იყო. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში რამდენიმე დიდი პროექტი განხორციელდა: პირველი როკ-ფესტივალი; პირველი ჯაზ-ფესტივალი. პატარა რომ ვიყავი, იშვიათი ფირფიტების დიდი კოლექცია გვქონდა. ტანსაცმელი არ მიყიდია. პირველ რიგში, დისკებს ვაგროვებდით, მეც და მამაჩემიც. ვარჯიშისგან დაღლილს, მუსიკის მოსმენა მეხმარებოდა. გუნდშიც ასეთი სიტუაცია იყო. 1988-89 წლებია. „ნაკლეიკას“ რომ ჩამოიტანდი, იმაზე ტყდებოდა ერთი ამბავი. ხან იმაზე მოგდებდნენ შარს, რომ მანქანას საჭე მარჯვნივ ჰქონდა! და მიდიოდა დიდი გარჩევა. ჩაკეტილი ქვეყანა იყო და, შესაბამისად, სხვანაირად აღიქვამდი ყველაფერს. ჩვენ მაილს დევისს, Weather Report-ს ვუსმენდით. მაგნიტოფონი თან დაგვქონდა, ბენსონზე და EarthWind and Fire-ზე ვცეკვავდით. ეს სტილი „დინამო თბილისის“ მუსიკად იქცა, სადაც ბავშვობის მეგობრები ვთამაშობდით. ჩვენ 6 წლის ასაკიდან ერთად მოვდივართ“.

0x01 graphic

ართ ბლეიქი. 1989 წელი.

ვიღაცაზე რომ შეიტყობდნენ, რეიჩარლზის კონცერტზეა ნამყოფიო, ის უკვე სერიოზულ პიროვნებად ითვლებოდა. მოხდა ისე, რომ გერმანიაში შეჯიბრზე ყოფნას ფრენკ სინატრას კონცერტი ემთხვეოდა. ხუთ კაცს სულ 700 მარკა ჰქონდა. ხელფასი ორი კვირის შემდეგ უნდა აეღოთ, ეს კი საჭმლის ფულად ეკმარათ. სინატრას კონცერტის ბილეთი 650 მარკა ღირდა. ბიჭებმაკახა კანდელაკს ოცნება აუსრულეს - ბილეთი უყიდეს. სამაგიეროდ, მთელი შემდეგი პერიოდი „ჩარლი ჩაპლინის მსგავსად, თასმებს ხარშავდნენ“. მაგრამ ღირდა. ეს ფრენკ სინატრას საბოლოო კონცერტი აღმოჩნდა! მოკლედ, უცხოეთში გატარებული დრო ცოცხალ კონცერტებთან ასოცირდება, მასეო პარკერი იქნება ეს თუ U2. „გამუდმებით იყო ერთი განცდა: ნეტავი ჩვენები აქ იყვნენ, ნეტავი ეს მომღერალი საქართველოში ჩაგვაყვანინა“. ეს ოცნებას ჰგავდა. მაგრამ თურმე ისევე ექვემდებარებოდა ასრულებას, როგორც კახა კანდელაკის ბავშვური ინტერესი, როცა ფირფიტებზე მოსმენილი ცოცხალი შესრულებისას, ტაშის გაგონებაზე ფიქრობდა, ნეტავი იქ რახდებაო?!

1989 წლის ოქტომბერში საბჭოთა კავშირში პირველი საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი თბილისში ჩატარდა. ამერიკიდან 12 ჯგუფი ჩამოვიდა: ართბლეიკი, ფრედი ჰუბარდის კვინტეტი... მთელი ქალაქი მოგროვდა. ფილარმონიის დარბაზი გადაჭედილი იყო. მაშინ ჩარტერული რეისი იყო თბილისი - ვარშავა. მუსიკოსები ვარშავაში იკრიბებოდნენ. იქ „ენთუზიასტები“ ხვდებოდნენ ცარიელი თვითმფრინავით და თბილისში მოჰყავდათ. ვინ იხდიდა ფულს? რატომ იხდიდა? - არავინ იცის. მაშინ ბიზნესი და ფულის ამოღება არ იყო აქტუალური. ის ათი დღე დღემდე ახსოვთ: ღამე არ ეძინათ. ჯემსეიშენები... მოკლედ, ნამდვილი ჩიკაგო. გარშემომიტინგები, მაგრამ ჯაზ-ფესტივალს ეს არ ეხებოდა, - უნდა ჩატარებულიყო. ამის აუცილებლობა არსებობდა, თუნდაც იმის დასამტკიცებლად, რომ ფასეულობები ისევ ღირებულია. თბილისს დახვეწილი გემოვნება ჰქონდა. ეს წრე ომის შემდეგ გაწყდა და ერთ დროს „ენთუზიასტები“, დღეს კი „ისთერნ პრომოუშენი“, ამის აღდგენასც დილობს.

რე - გამოცდილება + პირველი ნაბიჯები

აქ ომი დაიწყო. იქ (გერმანიაში) კონტრაქტი დამთავრდა. საქმე არ ჩანდა. არეულობა. თბილისში ერთადერთი, კოკა-კოლას ქარხანა იყო. მათ გაუმართლათ: „კოკა-კოლაში“ მოეწყვნენ, სადაც მარკეტინგული ბიუჯეტი არსებობდა. პირველი რეკლამა: ქოლგები, ბილბორდები. აქ გამოცდილება დააგროვეს. წითელი მაცივრები გარეთ რომ გამოიტანეს, მთელი ქალაქი ამაზე ალაპარაკდა. მერე ტროლეიბუსები გადაღებეს. მერე იყო - „რა დროს მაქდონალდსია, ხინკალი გაწყდება!“... და ასე შემდეგ!

იქ უკვე საშუალება გაჩნდა, რომ თავიანთი იდეების განხორციელებაზე ეფიქრათ. და უეცრად, რეი ჩარლზის ჩამოყვანის შანსი! „კოკა-კოლას“ დაყოლიების შემთხვევაში, ზაზა შენგელიამ „ენთუზიასტებს“ რეალური დახმარება აღუთქვა. იმ ღამეს არავის ეძინა. დაიწყო მიმოწერა. ინფორმაციისთვის ადრე ჩატარებული ჯაზ-ფესტივალი გამოიყენეს. მთავრობის გარანტიები სჭირდებოდათ. 1996 წელი იყო.

0x01 graphic

„ეს დაუჯერებელი გვეჩვენებოდა. სანამ კარი არ გაიღო და 38-კაციან ბენდთან ერთად არ გადმოვიდა, ვერ დავიჯერეთ. აეროპორტში კი სრული ქაოსი იყო: არავითარი საზღვრის კონტროლი, არც დაცვა! სამ ლარს იხდიდიდა რაც მოგესურვებოდა, იმას იზამდი. მუსიკოსს სამი ათასი კაცი დახვდა. მანქანები თვითმფრინავის ფრთების ქვეშ ჩერდებოდა, იყო გადაძახილები. მენეჯერი ჯო ადამსი - ყველაზე მკაცრი მენეჯერი - გაოგნებას ვერ ფარავდა. კიდევ კარგი, რეი ამ ყველაფერს ვერ ხედავდა. მუსიკოსი სათანადო დონეზე მიიღეს. მაშინ ძვირი ღირდა ბილეთი, მაგრამ ხალხი გაყიდული ოქროს ნივთების ფასად, 8 გრემის მფლობელი ლეგენდის სანახავად მოვიდა“.

ერთ მხარეს იყო სურვილი და ახლადფეხადგმული საქართველო; მეორე მხარეს კი - კონტრაქტი, რომელიც კრიზისშიმყოფი ქვეყნისაგან დაუჯერებელ მოთხოვნებს აყენებდა.

ხელშეკრულებას ყოველთვის თანერთვის ტექნიკური მოთხოვნა, „ტექნიკური რაიდერი“, სადაც დათქმულია: დრო, თარიღი, გადახდის ფორმა, ვადები, ხანგრძლივობა, თბილისში ჩამოფრენის და გაფრენის დრო, სცენის განლაგება. ზოგიერთი ვარსკვლავი, საერთოდ, ლიმუზინით დახვედრას ითხოვს. ასევე გასათვალისწინებელია მიკრო ავტობუსი; სატვირთო მანქანა, - იმ შემთხვევაში თუ სპეციალური მოწყობილობა, ინსტრუმენეტები და სხვა რამ ჩამოაქვთ; კიდევ - ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. ზოგს პირადი დაცვა სჭირდება, ზოგი, საერთოდ, ხელშეკრულებაში მიუთითებს, რამდენჯერ უნდა ასადილო; ხან ებრაელი გაერევა ჯგუფში და ქაშერის ითხოვს, ხან ვეგეტარიანელს სურს შესაბამისი საკვები. ღვინო რომელი? ლუდი? ბრენდისთან ერთად ადგილობრივ ლუდსაც ხომ არ მიირთმევთ? Manhattan Transfer-მა ვერცხლის დანა-ჩანგალი და გაუხსნელი ფაიფურის თეფშები მოითხოვა. პრაქტიკულად, მენიუ შედგენილია.

რამდენი საგრიმიორო ოთახი გნებავთ? ერთი დიდი სარკე? კედელზე დამონტაჟებული ოცი და ორი დასადგამისაკიდი? ფენი? მაგალითად, ჯეიმ სბრაუნს თავშესაყოფი ფენი სურდა.თან, არც საგრიმიოროს ტემპერატურა უნდა დაივიწყო.

0x01 graphic

ტანია მარია. 2002 წელი.

მუსიკოსებს ხმის რეჟისორი ყოველთვის თან მოჰყვება. ის, ფაქტობრივად, ჯგუფის წევრია. ხშირ შემთხვევაში, განათების დიზაინერიც ჩამოჰყავთ. აღარაფერს ვიტყვით დასარტყამი ინსტრუმენტების ზომებზე, სცენის გაწყობაზე და რაც მთავარია - „სთეიჯ ფლოტი“.

ჯაზის ხათრით, ეს ყველაფერი დაძლეულ იქნა.

მაშინ „აგუტინებს“ მიჰქონდა ყველაფერი და, მოულოდნელად, ერთმანეთს მიჰყვა: მასეო პარკერი, Manhattan Transfer, ჯეიმს ბრაუნი, პირველი ჰიპ-ჰოპ-ფესტივალი, ქულიო, ჯო ზავინული და კიდევ მრავალი სხვა. ქულები ჩაწერილია! ყველამ იცის, სად არის საქართველო და იციან, რომ ამ კონცერკონცერტებს საუკეთესო მსმენელი ესწრება. თბილისს უკვე იცნობდნენ და მასზე სიყვარულით ჰყვებოდნენ. ჯაზმენებს თურმე ევროპის ორ ქვეყანაში ჩასვლა უყვართ - საქართველოში და ტალინში. გიჟდებიან... ამ ხალხმა ხომ შესანიშნავი დახვედრა იცის. მოსწონთ, რომ ახალგაზრდები ესწრებიან კონცერტებს. 40 პროცენტი მართლაც ახალგაზრდები არიან. ელ ჯერო ტიროდა, როცა 11-12 წლის ბავშვები ხელით ეხებოდნენ. ჯორჯ დიუკმა თქვა, ახალგაზრდებმა ისეთი ამბავი გამართეს, თავი ბრითნის პირსი მეგონა. ჩემს კოლეგებს რეკომენდაციას ვაძლევ, თბილისში ჩასვლის შანსი ხელიდან არ გაუშვანო.

0x01 graphic

ელ ჯერო. 2002დენის როლინსი. 2003

0x01 graphic

ჯეიმს ბრაუნი. 1999 წელი.

ჩვენში დახვეწილ კულტურას ხედავენ. მაგალითად, ჯონ მაკლაფინს სხვადასხვა ქვეყანაში გასტროლების შესახებ დაწვრილებით ეკითხებოდნენ. იქ ჯაზმენებს ასე არ ხვდებიან, მაიკლ ჯექსონზე კივიან. ჯაზი ელიტური მუსიკა გახდა. სუპერმარკეტებში ჯექსონია ჩართული, „კარტიესა“ და „როლს როისის“ მაღაზიაში ელა ფიცჯერალდს, მაილს დევისს ან ბილი ჰოლიდეის უსმენენ.

„ჩვენთან ჯაზი ისეა, როგორც იქ პოპ მუსიკა. დღენახევრით ჩამოსულები იმდენ კარგს ხედავენ, ჰგონიათ, მთელი ქვეყანა ასეთია. ერთ-ერთ ფესტივალზე, სტუმრებმა ქალაქში გავრცელებულ ბილბორდებს რომ მოჰკრეს თვალი, გაოგნება ვერ დაფარეს, გატაცებული ბიზნესმენების ფოტოები და წარწერა: KIDNAPPED შენიშნეს. ეს რა ხდება, თქვენთან ხალხს იტაცებენო? შეშინდნენ. მასპინძლებმა უპასუხეს, რას ამბობთ, ეს ახალი დეტექტიური სერიალის რეკლამაა, მალე გამოდის და მთელი ქალაქი ამას უცდისო. ისე დაინტერესდნენ, დღემდე ელოდებიან კასეტებს.

უკან დაბრუნებულები, ჭორებს და ინფორმაციას ცვლიან. ხმა ადვილად ვრცელდება, რადგან სხვადასხვა ჯგუფებში უკრავენ. იმას ჰყვებიან, რაც განიცადეს.

„გვყავს მაყურებელი, რომელიც ხარისხიან მუსიკას ირჩევს. დარბაზის განწყობას მუსიკოსები შესანიშნავად გრძნობენ. როგორც წესი, კონტრაქტში მითითებულია კონცერტის ხანგრძლივობა. იმ შემთხვევაში კი, თუ მუსიკოსსა და დარბაზს შორის ემოციური მუხტი დამყარდა, მუსიკოსი დაგეგმილ დროს გადააცილებს. ჩვენს შემთხვევაში, გამონაკლისის გარეშე, სულ ირღვევა პირობა და აღფრთოვანებული ჯაზმენები დროს ხშირად აჭარბებენ ხოლმე. თავიდან კონცერტებზე 300-400 კაცი იჯდა, მაგრამ ამ ხნის მანძილზე უკვე ის ნდობა დავიმსახურეთ, რომ რადგან ესა თუ ის მუსიკოსი ჩამოგვყავს, კონცერტზე დასწრება ღირს. საჩვენებელი მაგალითი საქსოფონისტი კენი გარეტი იყო. მისი შემოქმედების შესახებ ბევრმა არ იცოდა და არც ისე მსუბუქი მუსიკის მიუხედავად, დარბაზი ემოციით სავსე იყო და აღფრთოვანებას ვერ ფარავდა“.

ევროპის ტურნეებისა და უკვე ნამყოფი ვარსკვლავების სიის წყალობით,დღეს მათი მოწვევის პრობლემა არარსებობს. არის გამოხმაურება, რომ ჩამოსვლა სურთ, რაც ბევრს ნიშნავს. „ახლაც, რამდენიმე დღის წინ, ლოსანჯელესში მცხოვრებ ჩვენს მეგობარს, სერგი ნაკაიძეს ველაპარაკე. ჩიკ კორეას კონცერტზე ვიყავი და ყველაჯაზმენი თბილისზე ლაპარაკობდაო.“

„სულ რისკზე მივდიოდით: ხან ბებიაჩემის სახლი იყო ჩადებული, ხან „MS ლაითის“ აპარატურა. ხშირ შემთხვევაში ვაგებდით, მაგრამ აზარტის ამბავია, სპორტსმენები ვართ და როცა აგებ, ყველაფერს აკეთებ მოგებისთვის, ეს სისხლში გვაქვს. მაიკლ ფრენქსი სამიწელი ჩამოგვყავდა. გეგმები სულ იშლებოდა, მაგრამ არ მოვეშვით და ბოლოს მაინც ჩამოვიყვანეთ.

0x01 graphic

კრის ბოტი და ნონა გაფრინდაშვილი. 2004

ჩვენი ქვეყანა ყველაფრისგან შორს არის. ამერიკიდან პირდაპირ არავინ ჩამოვა. ეს არ არის გერმანია, სადაც ათ ქალაქში ერთმანეთის მიყოლებით ჩაატარებ კონცერტს და ავტობუსით შემოივლი ნახევარ ქვეყანას. საქართველოში ასეთი ტურნე მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ბათუმი, თბილისი, ბაქო და ერევანი - ეს გზა რეალური გახდება. ის 2000 კაცი, რაც ფილარმონიაში ეტევა, ერთ კლუბად იქცა და საერთო გემოვნება ჩამოყალიბდა.“

რე დიეზი - ამბობდნენ...

მაყურებელი კრიტიკულია. ჯაზ ფესტივალების შემთხვევაში, ხან ტანია მარიას „თვალზე ჩამოსულ ტუშზე საუბრობდნენ“, ხან ლოს ანჯელესიდან ჩამოყვანილ ბრაზილიელ მოცეკვავეებს უწუნებდნენ ფიზიკურ მონაცემებს. ამბობდნენ, ჯეიმს ბრაუნი ბებერია და თან I FEEL GOOD არ იმღერა, „იხალტურაო“. როდესაც ორგანიზატორებმა ჯეიმს ბრაუნს კულისებში ჰკითხეს, IFEEL GOOD რატომ არ იმღერეთო, მან გაკვირვებულმა ამოიხედა და თქვა: 1500 ჰიტი მაქვს დაწერილი, საუკეთესო სიმღერები შევასრულე და“...

კონცერტის დროს, მოულოდნელად აუზში გადამხტარი ჯეიმს ბრაუნი - კრიტიკულ მსმენელს არც ეს საოცარი სანახაობა დარჩენია ყურადღების მიღმა. მერე მაქ ფერინზეც გამოითქვა პრეტენზიები: აუ, მარტო დაუკრავსო?! მაქ ფერინის მთელი ხიბლი კი იმაშია, რომ ოცდახუთი წელია, მარტო ატარებს კონცერტებს, დასარტყამი ინსტრუმენტიც თვითონ არის და ბას-გიტარაც. ეს სამი პროცენტის მოსაზრებაა, თუმცა ხმა მალე ვრცელდება ხოლმე და რომ არანაღდად ხელისშემშლელი პირობები, ისეთი, როგორიც იყო მაიკალ ფრენქსის შემთხევევა - 11 სექტემბრის გამო ჩაშლილი კონცერტი; რომ არა GipsyKings-ის თვითფრინავში აღმოჩენილია საფეთქებელი საშუალება და შედეგად - გადადებული კონცერტი; ასევე ბენსონის შესახებ მოსკოვთან შექმნილი, გახმაურებული პრობლემები, - მაყურებელი მართლაც ფიქრობდა, რომ ეს ცნობილი სახელები მხოლოდ ცრუ განგაში იყო.

მალე მითქმა-მოთქმა შეწყდა. საზოგადოება მიხვდა, რომ თბილისის პატარა ჯაზ-ფესტივალიც მსოფლიომასშტაბის, გლობალური მოვლენაა და იმასაც მიხვდენენ, რომ ასაკოვანი ჯაზმენები ჩამოჰყავთ არა იმიტომ, რომ ისინი დაბერდნენ და წასასვლელი არსად აქვთ, არამედ იმიტომ, რომ ლეგენდები არიან.

მი - РазРазРаз

მიშა გიორგაძის საყვარელი ამბავი: როცა გაიხსნა საზღვრები და უცხოელებმა მისვლა-მოსვლა იწყეს, 80-იანიწლებში მოსკოვში პირველად BONEYM ჩავიდა. მათ „ტექნიკურ რაიდერში“ მითითებული ჰქონდათ, რომ რევერბერატორის ჭირდებოდათ. მისი ფუნქცია არავინ იცოდა. ხმის შემოწმების დრო რომ დადგა, რევერბერატორი ადგილზე არ აღმოჩნდა. ატყდა სკანდალი, BONEYM კონცერტს ჩაშლიდა, თუ რევერბერატორი ადგილზე არ გაჩნდებოდა. როგორც თარჯიმანმა ახსნა, ეს ექოს გამომცემი დეტალი ყოფილა: ვთქვათ, მიკროფონში ამბობ Раз…, ის გამოსცემს ექოს: РазРазРаз მათ ეს რევერბერატორი სიმღერა Sunny-სთვის უნდოდათ. სხვა რა გზა იყო. მოიძიეს დარბაზში კაცი, რომელსაც ყველაფერი ეხერხებოდა. თარჯიმანმა აუხსნა, რომ საჭიროა ისეთი მოწყობილობა, რომელიც მიკროფონში ნათქვამ სიტყვას გადაამრავლებს და ექოდ გამოსცემს, მაგალითად Раз შუადღე იყო, საღამოს კი - დანიშნული კონცერტი უნდა ჩატარებულიყო. ორ საათში გავაკეთებო, თქვა ოსტატმა და სადღაც სამ საათში, სამუშაო დაამთავრა. შემოწმება ვერ მოასწრეს, მაგრამ სტუმრები დაარწმუნეს, რომ რევერბერატორი მზადაა. დაიწყო კონცერტი. Sunny-ს შესრულების დროც დადგა. მომღერლებმა რევერბერატორი ჩართეს და მთელ დარბაზში გაისმა: РазРазРаз

მი ბემოლი - HELLO JAY KAY

ტრომბონისტმა დენის როლინსმა, რომლის სახელიც თბილისელი მსმენელისთვის აბსოლუტურად უცნობი იყო, მაყურებელში დიდი მოწონება დაიმსახურა, რამაც ორგანიზატორები ყველაზე მეტად გაახარა. მცხეთაში მოწყობილ სადილზე, დენის როლინსმა საუბრისას აღნიშნა, რომ ის ჯეი ქეის და ჯგუფ JAMIROQUAI მეგობარია. კახა კანდელაკმა ტრაბახში ჩაუთვალა, გადამოწმება დაუპირა და უთხრა: ჩვენთან ძმაკაცობა ასე არის, რომ ნებისმიერ დროს აიღებ ტელეფონს და დაურეკავ, არ აქვს მნიშვნელობა, რა დროა და სად ხარო. მომეცით ტელეფონი დადავურეკავო, მშვიდად უპასუხა ტრომბონისტმა. კახამ ტელეფონი გაუწოდა, დენისმა დარეკა და კახა კანდელაკი ჯეი ქეის მცხეთიდან ასაუბრა.

ფა - ფავორიტები?

უჭირთ იმ შემსრულებლების ჩამოთვლა, ვისი ჩამოყვანის სურვილიც ყველაზე მეტად აქვთ, მაგრამ მაინც: EarthWind and Fire, ჰერბი ჰენკოკი, ჩიკ კორეა, ქეით ჯარეტი, პეტ მეტენი, სტენლიკლარკი, მარკუს მილერი. აქაც ერთსულოვნებაა.

დაიმახსოვრეთ ეს სახელები და დაელოდეთ, როგორც ერთ დროს ცოცხალ ლეგენდებს: Manhattan Transfer-, TAKE SIX-ს, ელ ჯეროს თუ ბობი მაკფერინს ელოდით.

ფა დიეზი - „გმირობაზე არასოდეს გვიფიქრია“ - E.P. - BOYS

თბილისის ჯაზ-ფესტივალი ევროპის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალების კალენდარშია შესული.

მუსიკა, რომელსაც წყალბურთელები ერთ დროს ვარჯიშის შემდეგ ისმენდნენ, დღევანდელ რეალობაში ყოველ ივნისს ქართული საზოგადოებისთვის ცოცხალი შესრულებით ისმის. მართალია, ბევრი მიზეზის გამო, ჯაზ-ფესტივალზე დასწრება ამ ეტაპზე მთელი საქართველოსთვის ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ ყველაფერი ასრულებას ექვემდებარება! ჯაზ-ფესტივალი ჯერ მხოლოდ ცხრა წლის გახლავთ და ისევე როგორც კახა კანდელაკს ბავშვობაში ფირფიტაზე ცოცხალი მუსიკის მოსმენისას აინტერესებდა, ნეტავი იქ რახდებაო, და ბოლოს ამის თვითმხილველიც გახდა, მალე მთელი SWEET GEORGIA გაიგებს ბგერებს ნიუ ორლეანიდან.თითს რევერბერატორის ღილაკს აჭერდა: JAZZ JAZZ JAZZ...

10 ვთამაშობთ თბილისობანას

▲ზევით დაბრუნება


აკა მორჩილაძე

სერიალი

ილუსტრაცია: სოფიო რეხვიაშვილი

გაგრძელება

0x01 graphic

„მივსალმებოდი მაინც,“ გაიფიქრა თათუნამ. „რა უხერხულია.“

ის ვიღაცა კიდევ, უკვე კიბიდან ჩამოდიოდა.

საშუალო სიმაღლის იყო, ინტელიგენტური იერის (ასე ეთქმის), გვარიანად შეღატაკებული.

ოცდაათი წლის ნამდვილად იქნებოდა, ეგებ ცოტა მეტისაც. ხმა მოქეიფე ქალაქელი ჯეილისა ამოსდიოდა, იერი კი საერთოდ არა ჰქონდა მოქეიფე ჯეილისა.

ხელსაწყოები კიბის საფეხურზე დაალაგა და თათუნასკენ წამოვიდა.

- წერილი უნდა მიგვეღო და... - შესთხოვა თათუნამ. - არ ვიცი... ამ ყუთებს რას გაუგებ? ჩვენ ახალი გადმოსულები...

- ვიცი, მეოთხეზე... ზურა არა, თქვენი ქმარი? - თავი განზე გაწია და დაახველა.

- დიახ...

- რა ნომერია? - ჰკითხა მეზობელმა თათუნას. - თუმცა, აქ აღარ ეტყობა ნომრები...

- ორმოცდათორმეტი, ჟურული, - უიმედოდ თქვა თათუნამ. თუმცაღა იგრძნო, რომ ამ ყოვლისმცოდნე მეზობელის სადარბაზოულ გამოცდილებას მთლიანად მიენდო - „კაბელებში ერკვევა, ესე იგი საფოსტო ყუთებშიც...“

- იცით, რა? - კვლავ დაახველა მეზობელმა. - აქ ყუთები ძირითადად ღიაა... რომლებიც დაკეტილია, იმათში უნდა მოვძებნოთ. ან...

- გასაღებიც არა მაქვს...

- ეგ დანა იმიტომ წამოიღეთ? - თითქოს ჩაეცინაო.

- ხო... რა ვიცი.

- აი, ეს ჩემი ყუთია, - იხრინწებოდა ბიჭი. გაციებული იყო და არა ნაქეიფარი. - ჩვენი ბინა ორმოცდაოთხია... ღიააა... ეს ვისია, არ ვიცი... ღიაა... აი, დავთვალოთ. მეორე რიგში... აი, ეს არის... ცარიელია... ნამდვილად უნდა მოსულიყო თქვენი წერილი?

- კი, უნდა იყოს, - ამოიოხრა თათუნამ.

- აი, აქ ვნახოთ, - დაკეტილ ყუთს მიადგა მეზობელი და ხველა აუტყდა. - ეს ყუთი, მგონი, ათი წელია არ გაუღიათ. თავისუფლად შეილება, სხვისიც იყოს და თქვენიც... - და კვლავ ხველა დაეწყო.

„გაციებულია ეს უბედური. გრიპი არ გადამდოს,“ - და ახლაღა გაახსენდა, რომ წერილში ყური უნდა ყოფილიყო.

მეზობელმა კი საფოსტო ყუთის ღარში თითები ჩააკვეტა, ერთხანს იწვალა და ბოლოს კმაყოფილმა თქვა:

- რაღაც კი არი... ოღონდ ვერ ვწვდები...

თათუნამ დანა გაუწოდა, მაგრამ იმან თავი გააქნია, თავისი გასაშლელი კიბისკენ წავიდა, თბილისურ ენაზე რომ ვთქვათ, პლასკაგუბცი აიღო. მერე ეს პლასკაგუბცი ყუთის კარს დაუნანებლად მოსდო და ასწია.

- სხვა გზა არ არის, - თითქოს ბოდიში მოიხადაო. - ამას როგორღაც გავასწორებ... გამონგრევას ჯობია. აი, კონვერტი გამოიღეთ.

ოჰ, დაცეცხლა თათუნას... ოჰ, დაცეცხლა... მგონი წამოწითლდა კიდეც. თუ წამომწვანდა... ბოლოს მაინც მოახერხა და ყუთიდან გამოაძრო. კიდე ჩამოეხა კიდეც.

- გაიხა? - შიშით იკითხა მეზობელმა. - სქელია და იმიტომ.

- არა, არა უშავს, - ჩაილაპარაკა თათუნამ. - მაინც უნდა გაიხეს...

უხეში ქაღალდის უმარკო კონვერტი იყო, თამბაქოსფერი. ზედ უბრალოდ ეწერა: „ქ-ნ თამარს.“

მეზობელს, მგონი, არც შეუმჩნევია.

თათუნა კიბისკენ წავიდა.

კაი სქელი კონვერტი იყო, თითებს სწვავდა. ჭუჭყიანივით იყო, მოკლედ.

„ვაიმე, დედა,“ მერე თათუნას გულში გაფრთხიალებულ ამ სიტყვებზე ეცინებოდა.

მადლობთ...

- რის მადლობა... - გაციების ხრინწი იყო. ამ იერის ბიჭებს ასეთი ხმა არ აქვთ.

- თქვენ რომ არა, ვერც მივაგნებდი...

იმან კი, უკვე კაბელებთან ამძვრალმა, თითქოს გაიცინაო:

- მე აქ პირველზე ვცხოვრობ... თუ რამე დაგჭირდეთ... დათო. დათო იკითხეთ... დედაჩემი სულ სახლშია. ეხლა სინათლე დაიწყებს წასვლას და ან მეორე ხაზი... ან, რა ვიცი. თუ დახმარება დაგჭირდეთ, - და ისევ დაახველა.

სულ ახველებდა.

- ხო, ზამთარი მოვა და შუქი წავა, დიდი მადლობა, მართლა... - თქვა თათუნამ.

- დათო, - შეახსენა მეზობელმა.

- დავიმახსოვრე, - გაეცინა თათუნას.

მეზობელსაც გაეღიმა:

- არ არი ძნელი დასამახსოვრებელი.

თათუნა კიბეს აუყვა.

და უცებ გადაწყვიტა, რომ კონვერტი აქვე, ამ კაბელებში გახლართული ბიჭის შორიახლოს გაეხსნა. ასე უფრო არ შეეშინდებოდა.

თუ იმ დეგენერატმა მართლა რაღაც საშინელება... ბუნკერი აქვეა.

0x01 graphic

თუ სადმე ახლოსაა ჩასაფრებული, მაშინ ეს ხრინწიანი მეზობელი მომეხმარება.

თათუნამ, კიდე, გაგლეჯილ კონვერტში დანა შეყო და მთელი ძალით აუსვა.

„ავფატრავ“ - აი, რა გაახსენდა. „აი, ავფატრე...“

წკლაპ!

„ემილი დიკინსონი. ლექსები.“

მეტი არაფერი. აი, რა დაეცა კიბეზე.

რბილყდიანი, ინგლისურ ენაზე.

თათუნამ კონვერტი დაჭმუჭნა და იქვე მიაგდო.

მერე კი ფრთხილად აიღო წიგნი.

მერე სწრაფად, ალბათ სასაცილოდ აირბინა კიბე და სახლში შევარდა.

ტელეფონიც წამსვე აწკრიალდა.

მანიაკი იყო.

- ის ვინ იყო, სადარბაზოში თავს რომ დაგტრიალებდათ, ქალბატონო თამარ?

თავი მეექვსე, სადაც წყდება გაბმული თხრობა და იწყება ამბები წყნეთელ ზახოდას დაუწერელი მემუარებიდან, კოხტა ეპიგრაფებით

„ერთხელ მიველი ღამე სახში. მთვრალი. დამკვრელები მივიყვანე, დავაყენე ეზოში და დავაი... გავაღვიძე სუყველა. აბა, მოდი მთელი უბანი გარეთა და ავაცეკვე... სულ ძალათ გამოვაღვიძე. ბებრებიც ვაცეკვე. სონია, მარო, აღაპას ქალიდა გალუაანთ გალუა თავისი ჯოხით. კაი დრო იყო, ფული მქონდა. ყველას დაახსომდა, როგორ გვაცეკვეო.“ (წყნეთელ შამილას ტკბილი გახსენება)

ერთხელ ღამეა და მეცხრე კლასში ვარ... დავითვერი მაგრათ, კლასელის ბიძასთან. მაღლა ცხოვრობს. ზამთარია ,თოვლია. წამოვედი ბარბაცით და რო ჩამოვედი დაბლა, აღარმახსოვს.

გამომეღვიძა დილაზე, ვუყურეფ, სადა ვარ? ლენინის ძეგლი ხო იცი, რო იყო, საცა ეხლა მაია წყნეთელის ძეგლია. იმ ლენინზე ვარ მიყუდებული, სულ სველი, გარშემო კიდე მუხლამდე თოვლია. გაუკვალავი.

ვინ გაკვალავდა? ახალი წლებია და დილაა. დილა არცარი, ერთი ექვსი საათი იქნება. დილაა ზაფხულისთვის, რომ ძროხები გადენონ. ეხლა კიდე ღამეა, ძროხები გომშია, თივას ჭამენ. ვინ გაკვალავს? დამძინებია იქა და დაუთოვლია ზედ.

ვინ გაკვალავს და მე.

თავი მაქ, პლასტელინის ჩაწეპება რო იცოდენ თმაში სკოლაში, ზუსტათ ეგრე. მთელ თავზე ვითომ პლასტელინები მაქ.

მიველი, როგორც იყო, შევიპარე და დავწექი, ვითომ მძინავს. მაციებს, მაცხელებს. ხუთი დღე ვერ ავდექი. რაც დედაჩემმა მწყევლა და მასვა წამლები... თელი ზამთარი გამყვა, რო ვითომ თავზე პლასტელინი მაქ.

აი, ეგე დამემართა, ეხლა რო იყო, ისა. პლასტელინები დამემართა. დამიჭირეს და მერე ისა...

დავჯდები, განა არ დავჯდები?

მარა მამჩემმა რამდენი მაწვნები კიდე უნდ გაყიდოს, რო მერე კიდე იქ შემინახოს? თორე დავჯდები.

ადრე ძალათაც მინდოდა, ბიჭი რო ვიყავი. ვეძებდი სროკსა. ეხლა კიდე ისა და, ბარიგას დაგაჭერინებ-მეთქი, უთხარი და მოოვტყდიი.

სულ წაგება-წაგებაზე მივდივარ.

რო მოვტყდი, ისაც წაგებაზეა, მა რა.

ერთი ვიფიქრე, წავალ, დავჯდები-მეთქი. იქ რო თავის ფეხით მისასვლელი იყოს, პაბეგს კი არავინ მოიგონებდა.

იქედან რო მოვტყდი და მეთქი, რა ვქნა. სანამ იმათ შევირიგეფ, დრო უნდა. მარშუტკით მოვტყდი.

იქ მივიდე, იქ მივიდე, სად მივიდე, რო დავრეკო და ბიჭებს გავაგებიო, რო პრაკოლზე ვარ და იჩალიჩეთ, ვინმე ნახეთ, რო მოვრიგდეთ, - უარესი არი, იმიტო რო მაგრა მოვატყუე ის ძაღლები.

ავდექი და მიველი ზურას ოფისში.

ზურა არ მენახა... ერთხელ ვნახე წელსა, ქუჩაში, მანქანა გამიჩერა.

მარა ზურა ძმა არი.

ბავშვობაში რო ავდიოდით მაღლა, სხვა მინისტრის შვილებივით კი არ იყო. სხვა თბილისლებივით არ იყო. იქედან ძმები ვართ. ერთათ ვიპარებოდით ოჩიგავების ბასეინში. მერე კიდე არაფერი არ დეენანებოდა.

რამდენი ერთათ გვიჩხუბია და მაგათ მეორე სახში, დაკეტილი რო ქონდათ, აი, ეს სახლი როა ეხლა, რამდენი პროსტამც ქალები მიგვიყვანია და წამალიც გამიკეთებია კიდე მანდა. მერე კიდე ხო იცი, როგორც არი, დედა მიეწერა ამ ქვეყანას და ეგეც მაღლა ან ვეღარ ამოდიოდა, მე კიდე ეგრე, ტუდა და სუდა. ხოდა. წაველი.

სადაც არ მოვეძებნე, ზურასთან ვინ მომძებნიდა.

ვინ იცის, რო ჩემი ძმა არი?

მივედი. ის ოფისი ადრე მითხრა. ოფისი რა არი, საწყობია, წყლის გასათფობლები აქთ.

ეგა და ძმაკაცებია მაგის. იქეთაც ოთახებია. ადრე მითხრა, მეტროზე რო ამოხვალ, მარცხენა მხარეს საწყობებიაო და იქ იკითხავო, ანდა დიდზე აწერია „ამიგო“ და იქა ვარო.

იჯდენ, ტელევიზორს უყურებდენ. დილაა რა, თორმეტზე მოვახდინე ეგ ამბავი. მეთქი ეგრეა, ეგრეა.

თან მიტყდებოდა, რავი, ეგება ის სახლი სულაც გაყიდეს. მე რავი? მერე სად დავიმალები?

კიო, ეგ არიო, რო აქ დაჯექი, ტელევიზორს უყურე, საღამომდე გასასვლელი ვარო.

იქ ერთ ახლობელს უთხრა, ეს აქ იჯდებაო და წავიდა.

იმათ დაჟე მაჭამეს.

საბურთალოელი იყო ერთი და მეორე ვაკელი, ცოტა ვზროსლი. მითხრეს, დაჟე დავერიით, რო ზურა დაიგვიანებსო და შენ აქ იჯექიო, ჩვენ წავალთ და მოვაო. მე დასარეკები დავრეკე და მარტო ვიჯექი.

ზურა მოვიდა, დავჯექით წავედით. საკაიფო მანქანა ყავდა.

გზაში მითხრა, ჩემ ცოლს გაგაცნოფო. მე ვაფშე არ ვიცოდი, რო ცოლი მოიყვანა და მაგრათ გამიტყდა. რო მოიყვანა, გამისწორდა. გამიტყდა, რო სახში მივყავარ და უხერხულია ეხლა მაგის ცოლთან.

ზურამ ხო გაკაიფება იცის და მაგრა გამეკაიფა, ეხლა უცხოებთან რო იქცევი, ისე მოიქცევი ჩემ ცოლთანო. საჭმელს რო ნელა ჭამ უცხოებთანო, ზდილობა რო გგონია, თუ დიდხანს შეჭამ და ცოტასო და რო გაჩუმდებიო.

მე კიდე მაგრათ გამიტყდა. სოფელი ხო არ არი, რო სტუმარივით არ იყო.

უბორნიაში ხო უნდა შეხვიდე და ტეხავს. ცოლია, რა.

ადრე რო მცოდნოდა, არ მივიდოდი. ამაზეც ბევრი გაიკაიფა.

0x01 graphic

ზურა ისე იყო, რო თითონ თუ ცუდზე ფიქრობდა, ვერ გაიგებდი. სულ გაგიცინებდა, მარა თუ გასატრაკებელს დაინახავდა, გატრაკებას ვერ მოასწრებდი. იმიტო, ერთი ხანი ხო დარბოდა იარაღებით, დავაი... მარა იქედანაც დაადო, რო დაინახა, რო ქსივიანი ყაჩაღობა წავიდა. თუ არ იყავი ეგეთი, მაინც შენზე ამბობდენ და ადრე მიუხვდა, რო ეგრე იქნება.ზურას რა ქონდა საყაჩაღო?

დაადო, გამოვიდა და სწორეც ქნა.

რამე რო ყოფილიყო, გრეხებით არ დაჯდებოდა.

მარა ზურა რატო დაჯდებოდა? მაგარი ჭკვიანია.

ძმები ვართ მე და ზურა. ბავშვობიდან რამდენი ერთათ გვიჩალიჩია. თავიანთ დაჩაზე, ზემოთ, ძმასავით შევდიოდი.

ეხლა კიდე, ცოლი და ისა... აღარ გამიშვებდა, თორე არ წავყვებოდი.

იქ ვნახე პირველათ თამრიკო. ზურას ცოლის სახელია თამრიკო.

კაი გოგო იყო. მაგარი ნასწავლი.

ჩემი ბრალი ნაღდი არ იყო. მე ძმურ ამბავში. მეტი არაფერი. რატო მოხდება ხოლმე კიდე ეგრე, არ ვიცი... არ მოვიყვან ცოლს.

მეშვიდე თავი, სადაც ზახოდა აგრძელებს განსჯას ცხოვრების რაობის შესახებ, ოღონდ რაც იყო, შორეულ წარსულად უჩანს

„ეგა არი დამწვარი. გავაჩერე ერთხელ მაგათ კართანა დაქლიავი უდგია, ტოტები გარეთ არი. ზის თითონაც იქ, სკამეიკაზე და მაიტა-მეთქი, ერთი ქლიავი მამიწყვიტე, პირი გავისველო, მთელი დღე ძაღლსავით რულზე ხელი არ გამიშვია. ადგა ჰა, ძლივას, დეენანა. მოსწყვიტა ერთი, კენჭისტოლა და მეუნება: აე, რო ხარ მატრაკვეცაო, ამ ერთმა ქლიავმა მაგ სისქე კაცს რა უნდა გიყოსო. შენც კიდე მამიწყვიტე-მეთქი, უთხარი...“ (წყნეთელ გეუას ანეკდოტებიდან)

ზურას რა ფული ქონდა, რო? ის საწყობი ქონდათ და აბა, რამდენი იყვნენ? აპტავოის რამეს თუ გაარტყამდენ და ხო მოხსნიდენ რაღაცას. ისე კიდე, ტილაობა იყო. მოვა ვინმე, წაიღებს ბაკს. ჰა, რამდენი უნდა დაგრჩეს?

რაღაცა ხო იყო და ცხოვრობდენ. მამამისისგან პადდერჟკაც, იასნია. მერაბა კიდე მაგის ძმა, თავისას მიეხმარებოდა. ეგ რა ჩემი დასათვლელია. მაგრა მიტყდებოდა იქ ყოფნა იმ ამბავში, რო ჭამე, სულ სახში იყავი, ჩაკეტილი, მარა ზარს ხო ველოდებოდი და პოონტია, რო იქედან გავსულიყავი. მაგრა უხერხულში ვიყავი. ვიწექი სულა და ტელევიზორს უყურებდი. მოაკაკუნებდა თამრიკო, საჭმელი! გამოვიდოდი. მაგრათ მცხვენოდა. ზურა მოვიდოდა, დავაი! კონიაკებს მალეინებდა.

რაც იქ ვიყავი, სიგარეტი სულ მოქონდა. რავი... ძმობაცეგ არი ალბათ. ჩემი პალაჟენიის კაცის და მაგის პალაჟენიის კაცის ნამდვილი ძმობა ეგ არი. თან ერთი რამე რა არი, რო ოჯახში ხო მაინც ხედავ, რო ნიტოა შენ ამბავში, ან თავის ამბავში, მარა იკიდეფ, იასნია. ეგეები თუ იფიქრე პაბეგშიდა... არ იყო. რას დავიწყებდი ეგეების ფიქრს.

მე იმიტო გამიტყდა მერე, რო როგორც გუგულები.

ეს თამრიკო კიდე მეუნება, წიგნები წაიკითხეო.

სკრომნათ, თავისთვის ვარ.

იზმენებში ვარ, რო აბა, რა გამოვა ჩემ საქმეზე.

ვინმე მოაზარუნებს, დავაი, შედი ოთახში. ჩაიკეტე შიგნიდან. ოჯახია. ხან ვინ მოვა, ხან ვინ მოვა.

წამალი მქონდა. ის წამალი, გამოყოლილი. კი არ გადავაგდე, წიგნებში დავმალე. აი, აზზე ხარ, რო წამალი გაქ ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე, ერთი კვირა და არ იკეთეფ? თამრიკო რო წავიდოდა, კი შეილებოდა, ერთ შპრიცს ვეტყოდი ზურას, მარა თამრიკოსთან მიტყდებოდა. სახში იყო. თუ წავიდა, ხო. ეგეთ გოგოსთან მიტეხავდა.

არ მინახია ეგეთი გოგო. მე არ მინახია, თორე იქნება კიდე. ზურას როგორ პატივსა სცემდა. ეს თუ რამეს ისე იტყოდა, - სხვა რამეზე, განა თამრიკოზე, - ხმას არ გასცემდა. განა გაბუტვით. ისე არ გასცემდა, რო მაგარი საცოდავი ხდებოდა.

კაი გოგო იყო.

ერთხელ, შარშან მაგრა დავლიეთ. ზაფხულში.

მარტო იყო დაჩაზე და მარტო ავედი, ესენი კი არ ამიყრია. რძალი იყო მაგისი, მაგისი ძმის ცოლი და კუხნაში დავჯექით. ბედზე არ ამოუარა ვინმემ და ტელეფონზე კიდე დაიმალა.

ოთხი ბოთლი არაყი ავიტანე და დავლიეთ ბოლომდი. მერე კიდე, ვისკი ჰქონია სახში. მეჯავრება, მარა რაღას გამრჩევი ვიყავი. ჩავიხოცენით კომკავშირლებივით წინა რიგში. თითონა თქვა ეგრე.

ისაც დავლიეთ, ნახევარზე მეტი იყო ლიტრიან ბოთლში. ორ-ორ პოლლიტრაში ისედაც ვიყავით და კინაღამ არ დემეძინა იქა?!

მე უთხარი, ძმურ ლაპარაკში უნდა გითხრა-მეთქი და არ გაგიტყდეს. თუ გაგიტყდა, ჩემ თავზე მსროლელი ვარ-მეთქი.

ხო უნდა გაიკაიფოს და გაიკაიფა, მეო რაღა უნდა გამიტყდესო, მეო ცხოვრებაში აღარაფერი არ მიტყდებაო და შენგან ხო საერთოთაცო.

და მე უთხარი. რაც ხუთი წელი ვერ უთხარი, რო ცოდვა მაქს.

კაცი მოკალი, შეჩემაო? ისაც მაგარი ბუხოი იყო.

მე კაცს არ მოვკლავ, თუ კაცია და თუ ბოზია, კაცი არ არი.

არა, მე უთხარი, მე ვარ დამნაშავე, რო შენ ეგეთი გემრიელი ოჯახი გქონდა და აღარა გაქს. ჩემი ცოდვა არი-მეთქი, ჩემი ბრალია.

ლამის თითი ორჯერ მოვიჭერი. აი, ნაჯახი ორჯელ ხელში მეჭირა, საცა ქათამსა კლავს დედაჩემი, იქა. ორჯერ, რო რაღაცა მოვიძრო და დავისვენო.

ეგ კი არ უთხარი. მე უთხარი, ღმერთმა ძლეთის ძალა მომცეს და შენთან ეგ მაპატიებიოს.

მთვრალი რო ვარ, გიჟი ვარ.

ეგ არც მთვრალია, არც გიჟი. ისეა, ხანდახან.

და ამდენი უთხარი და იცი რა მითხრა?

დაიკიდეო.

თითონ დაიკიდა?

ვაბშე იმ სახში ხო ვეღარ შევიდა, ხო გაყიდეს.

ვაბშე ხო შეჯდა. მერე გადააგდო. მერე შეჯდა. ერთათ დავრბოდით.

თითონ რა, ვერ იზამდა? არა ქნა.

და რო არა ქნა, მე კინაღამ თითი მოვიჭერი.

ზურა არი ძმა.

მე ხო ვეღარ ვნახულობდი, მარა იმის მერე სულ აქ იყო, მაღლა და მთელი ბავშობა მოგვიტრიალდა. მაგარი ძმა არი. თბილისლებში ეგეთი ორი იქნება საერთოთაც. ორიც არა. ერთი და ეგ ერთიც ეგ არი.

დაიკიდეო.

მე უნდა მეთქვა, აბა ძმობა რა არი? ოჯახში ეგრეა, რო ვიღაცა თუ აწუხებს ქალს, ქმარმა უნდა იცოდეს. პროსტო თამრიკომ...

რანაირი გოგო იყო, ვერ გავიგე.

და თან რა საკაიფო დღე იყო, რო გაიასნდა: ამ ფულს დავაბრუნეფ, ვიქნები სახში საკაიფოთ, ჩემთვის. გაიჩითება- გაიჩითება, არა - არა. იმხელა ხალხით მომიგვარეს ესა. დაჩნიკი იყო ჩვენი ძველი, გიორგობიანები, იმან გამიკეთა, კოლიამ, რესპუბლიკის ის არი, რა ქვია და ამ დროს, რო უკვე უნდა გამოვიდე და უთხრა, თამრიკო, სპასიბა, აი, პროსტა წავედიიი, ზურა შემოვიდა და ისაო, არ წახვიდე, დარჩიო...

თავი მერვე, სადაც ზახოდა სულისშემძვრელ ისტორიის ორიოდ გასაღებს შემოგვთავაზებს

„აი, არჩილა ხო იცი, არჩილა. მეხანიკია. სახინკლის დაბლარო ცხოვრობს. გაშტერდება უცბათ, აიღებს ქაღალდის ნახევს და სწერამს ზედ ლექსებსა. ისე კოხტათ გამოუდის, გაზეთში მისცემდი. უცბათ გაშტერდება და გამოუდის. მთელი ცხოვრება კაპოტში აქ ჩაყოფილი თავი, ხელები სულ შავიაქს. ერთი მაღლა არ აუხედია, როგორ გამოუდის, არ ვიცი. ერთხელ ქელეხშიაც სთქვა, უცბათ გამოუვიდა. კინაღამ ცრემლი მამივიდა.“ (წყნეთელ სერგუას ლაპარაკებიდან)

ეგეთ კაცს მეტი უნდა, რაც მერე ქნა, მარა ზურამ არ გაინძრა და მე ხო არ ავტეხდი.

ზურა იმიტო არ გაინძრა, რო ზურაა და თან კიდე მაშინ მაგისთვის ხმაური რა იყო? მხედრიონი ხარ და დავაი... ვინღა გაარჩევდა, რო როდის იყო, აღარ ახსოვდა. მარა ზურას ეგ არ გააჩერებდა.

მე ის მივხვდი, რო ზურა მიხვდა, მორჩა, ვსოოო, წაგებულია და იმ გაგების არ არი, რო თუ წგებულია, ძალათი მოატრიალოს.

ეგ მიხვდა, რო სხვაგან არი და ის კიდე სხვაგან.

ჩემთან რო შემოვიდა, ჩემთან რა, თავისი სახლი იყო და თავისთან შემოვიდა, წიგნებიან ოთახში, მე საცას ვიყავი და გეხვეწები, არ წახვიდეო. მეთქი, რაღაცა ემ წუთში დეერხა და მაგრა ვჭირდები.

მე გამეცინა გულში, რო რა ბედი მაქ, შარი შარზე მოდის. ერთი გავათავე, მეორე დაიწყო.

თურმე რა არი, რო მომიყვა.

ეგ არი, რო ახვარი რო ხარ, დამალული. რეკავ და ქალს აშინეფ.

თან ცვეტნოის ეუნება, ესა ხარ, ისა ხარ, აქა ხარ, იქა ხარ.

მკვლელი ვარ, წინდაწინ ტელევიზორს უყვება.

ეს, იასნია, სადღაცას ახლოში ტრიალებს, უყურებს სახლს. ზურა არ არი, რეკავს.

ზურამ ტელეფონიც მოიტანა, ზედ რო ეწერება ვინ რეკავს. მერე მე ორჯერ დავწვი, იმ ნაბოზარმა რო დარეკა და თამრიკომ არა თქვა.

თამრიკოს რა ვერ გავიგე:

რა იყო, რო ეგრე ეცოდებოდა, ზურამ რამე არ დამართოსო. ამიტო არ ამბობდა. ანდა რო დამართავს, მერე ზურას არ დამართონო? არ ვიცი. სხვა რამე კი გამოვიდა და...

ის რო რეკავდა, აწვალებდა. რაღაცეებს ეტყოდა, ეს კიდე ვითომ არ ყოფილა. თავიდან ამბობდა თურმე და მე რო ვიყავი, აღარ.

როგორ ატირა. ის გამჩენძაღლი. მე დევესწარი შემთხვევით. მაშინ გავხვრეტავდი, ახლოს რო ყოფილიყო. ზედ კი არა მქონდა იარაღი, მარა რო მქონიყო, ვესროდი, ახლოს რო ყოფილიყო.

გოგოს ეგრე საცოდავი ტირილი არ მინახია.

თან რო ძაან გეშინია, თან რო ვერ იკავეფ და თან რო სხვამ არ დაინახოს.

თან თამრიკო ისეთი გოგო იყო. ეხლა ზურასთან ხო არ დავიწყეფ მაგის ლაპარაკს და კი ცუდი მოხდა, მარა მე თამრიკოს პატივისცემა მაქ დღემდი. ვერ მოვიცილე. არ მინდოდა, რო მქონოდა. მაინცა მაქ. სადა ვნახულოფ, მარა მაქ.

ვარიანტი არ არი, რო ზურას არ ქონდეს დარჩენილი გულში; რო არ უყვარდეს. ეხლა მაგეების ლაპარაკი ჩემგან...

დავჯექით ის ღამე და რა იყო? ზურა მიუხვდა, რო ახლოში ტრიალებს ის ვიღაცა ახვარი.

თითონ ხო არ გამოეკიდება, იცნობს. იმან კიდე, არ იცის, რო მე აქა ვარ. ხოდა, მე რო შევხედო.

აი, ბაითი რო გააქთ, ნაკოლი რო მოვა, რო ეს ბაითია და ხო უყურებენ: მიდი, მოდი, მეზობელი, პადიეზდი, შუქები, კარები, ბალკონი... ხო უნდა უყურო.

იმან არ იცის, მე რო აქ ვარ. ღამე არ მომიყვნა ზურამ?

დავიწყე მაგაზე ჩალიჩი მეორე დღიდან.

თამრიკოს დავყვებოდი უკან. ან რო წავიდოდა, უბანში დავდიოდი. დავამუღამე, იქ როგორ უყურო მაგათ პადიეზდს. იმდენი კორპუსებია კლდეებზე და იპოდრომს უყურებს. ტელეფონზე სუ ვიცოდი როდის დარეკა, მარა აღარ უთხარი ზურას იმიტო, რო თამრიკომ არ უთხრა, და მე ვიფიქრე, ნეტა ის დარეკვაც არ მეთქვა, პირველათ რო უთხარი.

იმან წერილი მოსწერა. ეგეც არ უთხარი და დღემდე არმითქვია. დღეს რაღა უთხრა. თამრიკომ კონვერტი მოჭმუჭნადა რო დააგდო, მე ავიღე. წინა დღის ლაპარაკის აზზე ვიყავი და ვითომ დილაზე ზურას გავყევი. ოღონდაც ზურასაც არ ვეუნებოდი, რო ესეები ვიცი. უყურეფ-მეთქი, ვეუნებოდი.

უცხო იქ არ ჩანდა. იასნია, რო უცხო არ იყო და გარედან თუ უყურებდა დურბინდით, ეგეთი მარტო კინოშია. იქ იმდენი კორპუსებია, რო დურბინდიანს მეც დანახული ვეყოლებოდი.

არა ვყავდი დანანახული.

ზურა სულ ისეთი თვალებით შემომხედავდა, რო მოვიდოდა, რო აბა, რა არი.

თამრიკომ ერთხელ უთხრა, დარეკაო და ნომერიც უთხრა და ზურას სპრავოჩნიში უთხრეს, ავტომატია კოსტავას ქუჩაზე, კინოს გვერძეო.

მე ხო მივხვდი, რო როცა სხვა ნომრიდან დარეკა, ის არ უთხრა. ბინების ნომრებიდან არ უთხრა. თითონ იცოდა ყველა ნომრები იმისი და იმისთვისაც ნათქვამი ქონდა, რო ნომრების წამკითხავი აქ.

თავიდან ხო ისე იყო, რო ატირებდა. მერე აღარ ატირებდა. თუ ეს არა ტიროდა, არ ვიცი.

დიდი ნაბოზარი იყო. ჯერ შესაშინებლათ შეუყვანდა და მერე გაუშვებდა ტკბილებს. სკოლის დროს იცოდენ ეგრე ვზროსლებმა, მერვეკლასელი, მეცხრეკლასელი გოგო რო შეუყვარდებოდათ... ჯერ აშინებდენ, მერე თან ხო უყვარდათ და ბლატაობდენ, ვზდიო. სიმღერაც ხო იყო, მერვეკლასელოო, მარა იქ კაი პონტშია გამოყვანილი, და ეგრე არ იყო. ტანჯავდენ გოგოებს, სკოლასთან იდგენ სულა. მე რატო ვერ შემიყვარდა ვერავინ. კი შემიყვარდა, მარა დავტანჯავდი და გავანებე თავი. ის ხო არა ვარ, რო მაინცდამაინც ცოლი...

ხო...

უყურე, უყურე და დავიჭირე.

ახ, შე ბოზო, შენა ხარ... ზახოდა ვარ...

რაზე დავიჭირე და ყვავილებზე. ხაია წაუვიდა.

რათ უნდოდა ის ყვავილები? თამრიკოს ხო მაინც უნდა გადეეგდო. იქამდე მე გადავაგდე და არ მითქვია ზურასთვის ყვავილების ამბავი.

რამდენი რამე არ უთხარი...

არ დამალა თავისი თავი. არ ეტყვი და იყავი ეგრე. რო მეთქვა, ხო ეგება ერთი ჩხუბი მოუხდებოდათ და ეხლა კარგათ ყოფილიყვნენ.

მე სულ მეგონა, რო ბოზობაში ფეხი მედგა. არ იყო. ძმაკაცის მიხმარება იყო, მარა მაინც ეგრე მეგონა.

თავი მეცხრე და კვლავაც ზახოდას მოუღლელი, არარსებული კალამი

„ერთხელაც კოჯორზე მოვდივარ და მაღამდება. შემხვდა სიმამრიშვილი, აბა, წამო ჩვენსა, აბა, წამო ჩვენსაო. მიღამდება. განა რამეო, ორი ჭიქა დავლიოთო და წადიო, მარტოს ნუ მაჭმევ პურსაო.

გადავყევი. მიღამდება. ერთი ჭიქა დავლიეთ, და მაიტანეს ტაფამწვარი. დავლიე მეორე ჭიქა და ავდექი, ხო ორზე მოვრიგდითდა მიღამდება, მგელი შემჭამს-მეთქი. დასცხეს ყივილი, ლუკმა არ გიჭამიაო, რამე მაინც გააყოლე ქალოო. რა უნდა გამოეყოლებინათ, ერბოკვერცხი ჰქონდათ, მეტი არაფერი. რო ატყდა ჭიდაობა და ავიღე ეს ტაფამწვარი, გავკეცე პლატოკივით და ჩავიგდე ჯიბეში, აჰა მეთქი, გავიყოლე. იცინეს, რა იცინეს. მოველი შინა, უკვეღამეა და ქალს უთხარი, შენმა ძმამ პლატოკი გამომატანა შენთან-მეთქი და დაუდე წინ ეს ერბოკვერცხი. პლაში მეცვადა იმის ჯიბეში მქონდა.“ (წყნეთელ ჩიტა ალექსას ოხუნჯობებიდან)

გაჩვეული იყო რეკვას.

თამრიკოც ისე მიება სახში, ძროხასავით.

ერთი იასნი იყო: შეხედავს - არ არი ზურას მანქანა, რეკავს.

ზურას უთხარი, მოდი, მე დავჯდები, ქვემოთ ჩავიყვან მანქანას, შენ სახში იყავი, ეგება უფრო დავწვათ. არაო, ის რო დაწვასო, რო შენ ხარ რულზეო?

ბევრი უკვე მოფიქრებული მქონდა და ვიცი, რო ახლოში ტრიალებს. თამრიკო კიდე, ისეა ზურასთან, რო ოღონცს დააწყნაროს.

არაფერი არა ხდება, არ რეკავს.

ერთხელ დარეკა მარტო.

ზურა კიდე იმას ფიქრობს, რო ეს თამრიკოს აღარ აწვალებს და მე რაც ვხვდები, წყნარი ლაპარაკები აქს. ზურა ფიქრობს, რო რაღაცა თითონ ზურაზეა მიწოლა. რაღაცა ძველი ამბების გულიზე ვიღაცა ბოზურათ უტრაკებს და ცოლს აწვალებს.

მე ხო არ მეტყვის ეგრე?

ერთიც არი და, ვიღაცამ არ დარეკა?

ჩემი ოთახის კარები ორი თითის დადებაზე მქონდა ღია, რო მაინც... თამრიკომ რო ლაპარაკები დაუწყო, მე ვერ გავიგე; ვიფიქრე, არც ის იყო-მეთქი, მერე უცბათ დაუკიდა და წავიდა შემოსასვლელში.

გამოვედი და კარს აღებს. ხო მშვიდობაა-მეთქი, თამრი. უხერხულობაში ვარ, სხვისი ოჯახის საქმეს უყურეფ. მარა ეს არი, რო გულით უყურეფ და ჩემი ხმა გაიგო და ესევე გაშეშდა. ფერი არა ჰქონდა და ისე საწყლათ, ისე საწყლათ მიყურეფს, რო მოვკვდი იმ საწყალი შეხედვით.

იმდენი წიგნები აქს და არ იცის, ზურამ რატო დამტოვა აქა?

მიხვედრილია და დაიწყო ტირილი.

თავისით მოსდის ცრემლები და რა უთხრა?

ჩემი ნდობა არა აქს. იცის, ყველა ვარიანტში ზურას მხარეზე ვარ.

თამრიკო-მეთქი, შუაზე გავჭრი, ხერხით გავჭრი, ვინც გატირებს, დრუჟბით.

თურმე, რა პალაჟენიაც არი გარშემო, ის ატირებს. ყველაფერი დადებულია ერთმანეთზე. ეს ეხლა ვფიქროფ. მე ვერ მენდობა. რამდენი ვიცი და ჩემ მეტი მაინც არავინ არი რო ენდოს. სამართველოში რო ვეგდე ფაქტით, იმას შუტკით გაიხსენეფ, მარა ამას რო ვერ ვიხსენეფ შუტკაობით?

გეხვეწები, კარი გააღეო.

გავხსენი კარი და ფეხსაცმელების გასაწმენდავზე დევს ყვავილები. ყვითელი ყვავილები იყო. ეს ტირის.

ავიღე ეს ყვავილები. ძვირიანი არ იყო, ლამაზი კი იყო. შეხედავდა ქალი. ეხლა დამირეკაო, რო შენი კარის წინ ყვავილები დევსო,

აგერ არი. თან აშინებს და აწვალებს, თან ყვავილები მოაქს.

დავაი-მეთქი, რა უყოთ ამას, ზურამ არა ნახოს. ეს რო ვთქვი და როგორ შემომხედა. რო ჩემს მეტი იმ წუთში მომხმარე არა ყავს ქვეყანაზე.

0x01 graphic

დავაი ბუნკერშიო, ვერც შეხედა წესივრათ იმ ყვავილებს, გავაქანე და ჩაუშვი.

ყავა დავდგი, მეტი რაღა გინდა. იმის შემხედვარე ყავა დავდგი. და რატო ვარ ეგეთი ძაღლიშვილი? ზუსტათ ვიცი: ან ეხლა გათქმევიეფ ყველაფერს, ან როდისღა იტყვი? თამრიკო-მეთქი, შენ შემოგევლე, ზურას რო არ ეუნები, რო რეკავს, შენი ტირილი ღირს? სულ სხვადასხვა ნომრიდან რეკავს?

უყურეფ, დაბმული ყავს გოგო. რაღაცეებით. მე არ ვიცი, რითა.

მეშინიაო, ზურა მოძებნის და მოკლავსო. ყველა ნაბიჯი იცის ჩვენიო.

მე ვკითხე, ზურასი პატივისცემა რო გაქ, მე ეგეთი არ მინახიადა შიში რისი გაქ ზურასი. რო გადაირევაო, მე ვკვდებიოდა ვინმე რო ვინმეს ეჩხუბება, ვკვდებიო. ეგეთი გაზდილიადა რას უზავ? ნამუსს უნახავს იმ ნაბოზარს. იმანაციცის, ჭკვიანია და დაიხვია ხელზე.

შეხვედრასა მთხოვსო. აშინებს. ხვალე შევხვდეთო.

არ გახვიდე-მეთქი სახლიდან, ვაფშე და აქ რო მოვიდეს, აქ არა ვარ?

0x01 graphic

სულ მეხვეწება, ზურას არ უთხრა, ზურას არ უთხრა. ამდენი ვის უხვეწნია ჩემთვის? ნუ მეხვეწები-მეთქი, თორე ეხლა მოვკვდები, უხერხულში ვარ.

არ ვეტყვი და ხო უნდა მორჩეს ეს ამბავი?

ძაღლიშვილი ვარ.

მე უთხარი, ხვალ ადექი და ზურას არ გააყვანინო თავი,შენით გადი. აქამდის არ შეგიმჩნევია, რო შენით რო გახვალ,მოგყვები ხოლმე? შენი ტელახრანიტელი ვარ. ხვალაც, გადიდა მოგყვები.

და უთხარი მაშინ: ვიპოვი-მეთქი და ზახოდამ არ გაიხაროს,თუ იმან კიდე დაგირეკოს და ზურაც არაფერს დამართებს,რო შენ შეგეშინდეს.

რატო უთხარი?

იმიტო რო, უკვე ვიცი - არიფია. აბოლებს თამრიკოს.

მკვლელი არ მინახია, ყვავილები მოჰქონდეს. კინო ხო არ არი. აქამდე ასწვდენ. ანდა სულ უნდა დამალული იყვეს.

ახლოში ტრიალებს.

ხვალ თუ ქუჩაში შენ გვერძე დამინახო, არ შეიმჩნიო.

ტიროდა. არიფია. არიფობას რო დაწვავ, გაკეთებულია, ვსიოოოოოო. ოღონდაც, უნდა გამოარკვიო, რომელი არიფია. არიფები ბევრია. ეს ახლოში ტრიალებდა. ზურას კიდე, არ უთხარი. ბოლოს ველაპარაკე.

ძალიან პატივსა ვცემ თამრიკოს ეხლაც...

(დასასრული იქნება)

11 ირაკლი ნასიძე

▲ზევით დაბრუნება


მაღალი მოდის კვირეული.
რენოს ატელიე. შანზელიზე. პარიზი.
2005 წ. 26 იანვარი.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

12 წიგნები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ევროპაში რა მინდოდა

ნუგზარ შატაიძე
გამომცემლობა „არეტე“
2004 წ.

ევროპაში რა უნდოდა? ბოლოს ირკვევა, რომ მაინც უნდოდა. მკითხველი კი, როცა ბატონ ნურგზარ შატაიძის ამ კრებულს წაიკითხავს, ნამდვილად არ ინანებს - შატაიძესთან რა მინდოდაო.

ვენეციის სიახლოვეს, მესტრეში ერთი ბარი და ერთი რიგითი იტალიური დილა ისეთი დეტალით აღწერა, იმ დილის სიგრილე და სიმშვიდე წიგნის ფურცლიდან მეც მაგრძნობინა:

„მახლობელ ბარში ორი კათხა ლუდი დავლიე. ჯერ დილის ცხრა საათიც არ იქნებოდა და ამიტომ ბარი თითქმის ცარიელი იყო. შორეულ კუთხეში მარტო ერთი ჩემსავით სახემოჟამული კაცი იჯდა და ისიც ლუდს შეექცეოდა. კარი გაიღო და ვიღაც მოტოციკლეტისტის ჩაფხუტიანმა ბიჭმა ხის ბადიით ფუნთუშები შემოიტანა. ბარმენმა ქალმა მას ფული გადაუხადა, მერე ერთმანეთს რაღაც უთხრეს და გაიცინეს. ბიჭი წავიდა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბარი იყო, მაგრამ რატომღაც გავიფიქრე, აქაურობა სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება-მეთქი“...

იუმორი, ქართველი „პერეგონშჩიკები“, სევდიანილაზები - ყველგან რომ გურჯებს ეძებენ, ჯულიეტა კაპულეტის ძუძუზე ხელწავლებული უხამსი ბერიკაცი, ვენეცია - როგორც პრეისტორიული, მომაკვდავი დინოზავრი და ამ შთაბეჭდილებების ფონზე გახსენებული: თბილისის სამოქალაქო ომი და დამწვარი სახლი, ჭაბუა ამირეჯიბიდა წიგნის ფასი, სულხან-საბა ორბელიანი და მისი ევროპული შთაბეჭდილებები; დაბოლოს, ერთი მწარე აღმოჩენაც: „პირველივე თურქულ სოფელში ვნახე ის, რასაც მთელე ვროპაში ამაოდ ვეძებდი. ეს იყო ფუნა - ყველა სახლის წინ მშობლიური ნეხვის უზარმაზარი გორები იდგა!“

...ნუგზარ შატაიძეს კრიტიკოსები თანამედროვე ქართული ნოველის ოსტატს უწოდებენ. ახალ კრებულში ეს კიდევ ერთხელ მტკიცდება.

ასე რომ, თუ ნუგზარ შატაიძის შარშან დასტამბული მოთხრობათა კრებული „ნოემბრის წვიმა“ უკვე წაიკითხეთ, „ევროპაში რა მინდოდა“ მშვენიერი გაგრძელება იქნება. აუცილებლად ნახეთ.

0x01 graphic

ახალი თარგმანები
2005 ალმანახი

მთავარი რედაქტორი: ბესო ხვედელიძე
გამომცემლობა: „დიოგენე“
2005 წ.

თებერვალში „დიოგენემ“ დაპირებული პრეზენტაცია გამართა და წიგნის თაროებზე თარგმანების მორიგი ალმანახი გაჩნდა. მორიგი იმიტომ, რომ მსგავს კრებულებს, უკვე წლებია, სულ ადგენენ. სხვა საქმეა მათი ხარისხი და აქტუალობა...

პოლიგრაფიული ხარისხი „დიოგენეს“ გამოცემას მშვენიერი აქვს. უბრალოდ, ნამდვილად შეიძლებოდა მეტი ახალი ავტორის შერჩევა. თუმცა, თუ წარსულის გახსენება გნებავთ, აქ ჯორჯ ბაირონიდან მოყოლებული, ბევრ ძველ სახელს იპოვით, თანაც - მშობლიურ ენაზე.

უილიამ საროიანის, ჰერმან ჰესეს, ბულატ ოკუჯავასთუ კარლ გუსტავ იუნგის გვერდით, რამდენიმე საინტერესო სიახლეც გველის: თუ ჯერაც არ გაცნობიხართ ჯიბრან ხალილ ჯიბრანს, ალმანახში წაიკითხავთ ნაწყვეტებს გიორგი ლობჟანიძის მიერ თარგმნილი „ყარიბიდან“ და „სიტყვებიდან“ და მერე სხვანაირად არ გამოვა - აუცილებლად ჯიბრანის სრულ ტექსტებს მოსთხოვთ წიგნის მაღაზიას.

სარჩევში, 81-ე გვერდზე გამწესებული ვუდიალენიც უთუოდ მოგჭრით თვალს და 205-ეგვერდზე დასახლებული რუბენ გალიეგოც. აბა, ხაზგასმით ნიუ იორკელი, ხაზგასმით კარგი და ხაზგასმით ირონიული რეჟისორის ნოველა ხომ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ? რუბენ გალიეგოკი ცალკე წიგნადაც მოიძებნება.

და თუ მაინც ვერ შევძელი თქვენი დაინტერესება, კიდევ ერთხელ ვცდი ბედს და 247-ე გვერდზე მოჰსენ მახმალბაფსაც ვეწვევი - გახმაურებულ, ვეტერან ირანელ რეჟისორს, რომელმაც კინორეჟისორების მთელი თაობა აღზარდა - თავისი შვილების სახით და რომლის მოთხრობაც „მაკოცე“ ალმანახში მთარგმნელობითი კონკურსის გამო მოხვდა.

ასე რომ, კიდევ ერთი აღმოჩენა - ალმანახში გამოცდილ მთარგმნელებს ახალბედებიც ენაცვლებიან. ავტორებიდან კი ასევე წაიკითხავთ: პაულ ცელანს, ანდრე შედიდს, სერგეი ავერინცევს (გოეთესა და პუშკინის შესახებ), რენე ბელეტოს და სხვებს.

0x01 graphic

ქართული ჟარგონის
ლექსიკონი

მეორე გამოცემა
შემდგენელი: ლევან ბრეგაძე
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
2005 წ.

თუ არ იცოდით, ახლა იცოდეთ - პირველი უკვე არსებობს. ამ წიგნის შედგენის იდეა დაბინძურებულ მშობლიურ ენაზე ატეხილმა კამათმა წარმოშვა. დინებები ხომ ყველა მხრიდან გახსნილია: ქართულის გამდიდრებაზე ყველა თავისებურად ზრუნავს - ქუჩის ცხოვრებაც, გლობალიზაციაც, ინტერნეტიც, ქალაქური რეალობაც, პოლიტიკაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, საპატრულო პოლიციაც კი. ასეთ ფონზე, ჟარგონის ლექსიკონი ნამდვილი მისწრებაა ენათმეცნიერთათვის, რიგითი ინტელექტუალი მკითხველისთვის კი - გართობის მშვენიერი წყაროც.

მეორე შევსებული გამოცემა უკვე 1000-ზემეტ ჟარგონულ სიტყვას განმარტავს. გარდა ამისა, წიგნი სავსეა კონკრეტული მაგალითებითაც, რომელთაც შემდგენელი ქართველი მწერლების ნაწარმოებებიდან მოუხმობს. სქემა დაახლოებით ასეთია: „უცხო სიტყვა“, შემდეგ განმარტება და შემდეგ მაგალითი რომანიდან, ან მოთხრობიდან.

სწორედ ასეთი აგებულების გამო, ლექსიკონი უდავოდ აჭარბებს თავის ძირეულ ფუნქციას და წიგნის ფურცვლა „დამონტაჟებული“, „გამიქსული“ მხატვრული ტექსტის კითხვას ემსგავსება.

მაღაზიებში ეს გამოცემა თვის ბოლოდან გამოჩნდება. გადაათვალიერეთ, გაერთეთ და ქართული ენის სიწმინდეზეც ჩაფიქრდით.

ფილმები

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

0x01 graphic

სად: კინოთეატრი „რუსთაველი“
რა: „გოგონა მილიონ დოლარად“
რეჟისორი: ქლინთ ისტვუდი
როდის: აპრილი

ჩემზე კარგად იცით, რომ ამ პატარა წერილს სულაც არ აქვს თქვენთვის დიდი მნიშვნელობა, უფრო სწორად იმას - გირჩევთ თუ არა კინოში წასვლას და ქლინთ ისტვუდის ფილმის ნახვას. იმიტომ, რომ ამას ისედაც გააკეთებთ. სხვა თუ არაფერი, ამ ფილმმა საწყალ სკორსეზეს ცხვირწინ ააცალა „ოსკარები“ და 70-იანელთა „მამას“ „ტიტანიკის“ რეკორდის მოხსნა თუ არა, დაწევა მაინც ისევ სამომავლოდ გადაატანინა. სანამ ეს უკანასკნელი მედგრად აგრძელებს მუშაობას და სწორედ ახლა, ლეონარდო დი კაპრიოსთან, მეთ დეიმონთან და ჯეკ ნიკოლსონთან ერთად ახალი ფილმის სტრატეგიაზე მუშაობს, მილიონ დოლარად შეფასებული გოგონა მსოფლიო კინოთეატრების და კრიტიკოსთა ჯილდოების დაპყრობას აგრძელებს. ყოველ შემთხვევაში, შეერთებულ შტატებში თუკი რაიმე ფესტივალი და თუ გნებავთ უბრალოდ, რაიმე სახის შეკრება ჩატარდა, ყველა დაუზოგავად და ხანშიშესულ „კოვბოის“ და მის რიგით ოცდამეხუთე ფილმს „გოგონა მილიონ დოლარად“ ყოვლად უანგაროდ ჩუქნის პრიზს.

თუ რუსულ კინო-საიტებს დავესესხებით, რომელთა მომხმარებელსაც ფილმის ნახვის საშუალება უკვე ჰქონდათ... ზოგმა თქვა - „ამ ფილმმა ცხოვრებაზე დამაფიქრაო“, ზოგმა „ეს როკი + საპნის ოპერააო, თუმცა რეჟისურა ძაან მაგარიაო“, ზოგმა კი - „რა აგიჟებს ამ ლამაზ ჰილარის, მთელი ფილმის მანძილზე და სისხლიანებულ-დასიებული ცხვირპირით რომ დადისფილმშიო“. აი ასე.

მოკლედ, მძაფრი სანახაობა რომ გელოდებათ წინ, ფაქტია.

0x01 graphic

სად: დარბაზი „ამარკორდი“
(კინოთეატრ „ამირანში“)
რა: „რომი“
რეჟისორი: ფედერიკო ფელინი
როდის: აპრილი

ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ძალიან იბნევი და არ იცი, საიდან დაიწყო! არამარტო იმიტომ, რომ საქმე მაესტრო ფელინის და მის„რომს“ ეხება, არამედ იმ საინტერესო რეპერტუარის გამოც, რასაც გენიალური ფილმის -„ამარკორდის“ სახელის მატარებელი კინოდარბაზი გვთავაზობს.

ალბათ იმასაც მიხვდით, რომ ეს ადგილი მათთვისაა, ვინც ამერიკული, დაღეჭილი, ბანალური ნახევარფაბრიკატების ტვინში ჩატენვის გარდა, ისეთი კინოთიც ინტერესდება, რასაც ჩვენში ნამდვილ,ინტელექტუალურ კინოს უწოდებენ.

ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც მე ყველაზე ნაკლები უნდა ვილაპარაკო, თქვენ კი თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ნანახი „რომი“, აუცილებლად უნდა გამოასწოროდ შეცდომა.

ის ხომ ყველასთვისაა!

ის ხომ უზომოდ გასიამოვნებთ!

ყველაფერი ხომ ძალიან მარტივადაა - ეს ფელინია!

- „კინო ყოველთვის ატარებდა საბაზრო, ბალაგანური სანახაობის ხასიათს. ის დღემდე ასე რჩება ჩემთვის; რაღაც საშუალოა მეგობრულ პიკნიკს, საცირკო ატრაქციონსა და ირეალურში მოგზაურობას შორის“ - წერდა იტალიის ერთ-ერთი პროვინციაში - რიმინიში დაბადებული ფედერიკო, უფრო სწორად ფეფეუჩო, როგორც მას ხშირად მეგობრები ეძახდნენ.

ასე რომ, ხომ ხედავთ, ვერა და ვერ დავმალე ჩემი სუბიექტური განცდები იტალიელი ფეფეუჩოს მიმართ, და სანამ მთლად „გადავმტკბარვარ“, წადით, ნახეთ, ისიამოვნეთ!

0x01 graphic

სად: დარბაზი „ამარკორდი“
(კინოთეატრ „ამირანში“)
რა: „სარაბანდა“
რეჟისორი: ინგმარ ბერგმანი
როდის: აპრილი

აქ, მთელი ბერგმანია.

საჩუქარი, რომელიც 86 წლის შვედმა კლასიკოსმა, სულ რაღაც, ორიოდე წლის წინ უბოძა მთელს სამყაროს. მის ძველ ფილმებში აგორებული პატარ-პატარა გზავნილები, რომელიც უეცრად ერთ უზარმაზარ ტალღად გადაიქცა; ტალღა სახელად „სარაბანდა“ - სიყვარულის, ტკივილის, მარტოობის გიგანტურ მასად, ემოციის უკიდეგანო ოკეანედ, სიყვარულის და შეუწყნარებლობის ზღაპრულ მითად იქცა.

ჯერ კიდევ მაშინ, შორეულ 80-იანებში რეჟისორის განცხადება, რომ იგი აღარასოდეს მიუბრუნდებოდა კინოს და დარჩენილ ცხოვრებას თეატრალურ დადგმებს შესწირავდა, მის ფილმებზე უზომოდ შეყვარებული თაყვანისმცემლებისათვის ნამდვილი სასჯელი იყო. ბერგმანის სამყარო ყოველთვის ასოცირდებოდა რაღაც ახლის, უზომოდ საინტერესოს შემეცნებასთან, რისი პროცესიც, აუტანელი სიამოვნების და ცნობისმოყვარეობის მომგვრელი იყო.

ასეა ახლაც. თუნდაც მაშინ, როცა საქმე ბევრჯერ „გადაღეჭილ“ ბერგმანისეულ თემას -ოჯახურ დრამას ეხება. ფილმი, სადაც მისი ძველი მსახიობების - ლივ ულმანის, ერლანდ იოზეფსონის, თუ განსაკუთრებით, ბერიე ოლსტედტის შესრულება სამსახიობო ხელოვნების მაქსიმუმს აღწევს; სადაც ბახისა და ბრამსის მუსიკა განსაკუთრებულ ხმოვანებას იძენს...

აქ, მთელი ბერგმანია, რომელსაც რეჟისორი მის უკანასკნელ ფილმად ასახელებს.