The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცხელი შოკოლადი №43


ცხელი შოკოლადი №43


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, თოლორდავა კახა, ტურაშვილი დათო, ცეცაძე მაია, კორძაია-სამადაშვილი ანა, ბექიშვილი ნინო, საყევარიშვილი რევაზ, ტეფტი ჯონ, კიკალეიშვილი სალომე, მალენი მარკ, რამიშვილი ლევან, ჯაფიაშვილი ნინო, მაკარიძე დავით, ნერგაძე ნიკო, მილერი მარკუს, ბაბუაძე თამარ, ნავერიანი სანდრო, მაისურაძე გიორგი, მორჩილაძე აკა, ხატიაშვილი თეო
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი
თარიღი: 2008
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ნოემბერი, 2008 გარეკანზე: ბარაკ ობამა მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი აღმასრულებელი რედაქტორები ნინო ლომაძე, ნინო ჯაფიაშვილი არტ-რედაქტორი გიორგი ნადირაძე რედაქტორ-სტილისტი თამარ სუხიშვილი კორექტორი ნინო საითიძე ნომერზე მუშაობდნენ ანა კორძაია-სამადაშვილი, თამარ ბაბუაძე, სალომე კიკალეიშვილი, თამარ სუხიშვილი, მარკ მალენი, ლევან რამიშვილი, რეზო საყევარიშვილი, ნინო ლომაძე, დათო ტურაშვილი, გიორგი მაისურაძე, ნიკო ნერგაძე, კახა თოლორდავა, ნინო ჯაფიაშვილი, ნინო ბექიშვილი, დავით მაკარიძე, სანდრო ნავერიანი, თეო ხატიაშვილი ფოტო დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, კახა თოლორდავა ილუსტრაცია მაია სუმბაძე დიზაინი თორნიკე ლორთქიფანიძე, კახა დოლიძე საზოგადოებასთან ურთიერთობა ლელა შუბითიძე სარეკლამო და გაყიდვების სამსახურის უფროსი ნესტან ავალიანი რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 91 23 26 ელ-ფოსტა: advertise@shokoladi.ge დისტრიბუცია ზვიად შენგელია გამომცემელი „ცხელი შოკოლადი“, „კინო-ცხელი შოკოლადი“, „ბიზნესი-ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები“, „დიალოგი“, „თიბისი და თიბისელები“. შპს „ემ ფაბლიშინგი“, თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108, ტელ./ფაქსი: 91 23 26 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net სტამბა შპს „სეზანი“, თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია. www.shokoladi.com



1 რედაქტორის წერილი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

როცა ამერიკაში ვცხოვრობდი, ანტიამერიკანისტი ვიყავი, დავდიოდი ჩემი უნივერსიტეტის მარქსისტული გაერთიანების შეკრებებზე და მეგობრებს ვუმტკიცებდი, რომ კაპიტალიზმი დიდი ბოროტებაა და ადამიანებს მხოლოდ აუცხოებს საკუთარ თავთან. იმასაც ვამტკიცებდი, რომ „ამერიკული ოცნება“ ერთი დიდი ილუზიაა, მოგონილი იმისათვის, რომ მასებმა უფრო პროდუქტიულად იმუშაონ და კეთილდღეობის ილუზია შეიქმნან, თავისუფალი ცნობიერების დათმობის ხარჯზე. ეს ის პერიოდი იყო, როცა მხოლოდ ნორმან მეილერის მემარცხენე ამერიკას და ნოამ ჩომსკის კრიტიკულ მოსაზრებებს ვაღიარებდი და მტკიცედ მჯეროდა, რომ ამერიკას, თავისუფლების ექსპანსიის ეგიდით, ყველაზე დიდი პოტენციალი ჰქონდა ორმაგი სტანდარტებით სამოქმედოდ, რისი მაგალითებიც ამერიკის საგარეო პოლიტიკაში უხვად არის.

თუმცა, მას შემდეგ, რაც მენტალური ტრანსფორმაციების მთელი კასკადი გავიარე და, მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მოსაზრებებიდან ზოგ-ზოგიერთი დღემდე შემომრჩა, მივხვდი, რომ ამერიკა ყველაზე მნიშვნელოვან რამეს აკეთებს - გაძლევს შანსს იყო ის, ვინც გინდა და იცხოვრო ისე, როგორც გინდა. ამერიკული ოცნებაც ეს არის და ამ ქვეყნის მთელი ხიბლიც.

„მე ვარ შავკანიანი კენიელი კაცის და თეთრკანიანი კანზასელი ქალის შვილი. გავიზარდე თეთრკანიანი ბაბუის დახმარებით, რომელიც დიდი დეპრესიის წლებს გადაურჩა და მეორე მსოფლიო ომის დროს ჯარში მსახურობდა. ბებია კი ბომბების წარმოებაში მუშაობდა მაშინ, როცა ბაბუა საზღვარგარეთ იყო. მე ვისწავლე ამერიკის საუკეთესო სკოლებში და ვიცხოვრე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანაში. ცოლად მოვიყვანე შავკანიანი ამერიკელი, რომლის ძარღვებში მონების და მონათმფლობელების სისხლი ჩქეფს. მყავს დები, ძმები, დისშვილები და ძმისშვილები, ბიძები და ბიძაშვილები ყველა რასიდან და სოციალური ფენიდან, სამ კონტინენტზე გაფანტული და სანამ ცოცხალი ვარ, არასოდეს დამავიწყდება, რომ ჩემი ისტორია დედამიწის ვერც ერთ სხვა ქვეყანაში ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც აქ არის. ეს ქვეყანა იმაზე მეტია, ვიდრე მისი სხვადასხვა ნაწილების ჯამი და ბევრ სხვას შორის, ჩვენ ნამდვილად ერთნი ვართ,“ - წერს ობამა თავის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოხსენებაში.

4 ნოემბერსაც ეს არჩევანი აქვთ ამერიკელებს. მათ შეუძლიათ აირჩიონ 21-ე საუკუნის ამერიკული ოცნება და სამყარო, თავისი ახალი გამოწვევებითა და კომპლექსურობით, და რეალური სურვილით, გახადონ მსოფლიო უფრო ინტეგრირებული, ლიბერალური, მოქნილი და მშვიდობიანი, ვიდრე მე-20 საუკუნის ორპოლუსიანი, ცივი ომის მსოფლიო იყო. ამერიკამ უნდა გააკეთოს არჩევანი ახალსა და ძველს შორის, პროგრესსა და კონსერვატიზმს შორის, უცნობ გზასა და ნაცნობს შორის და ეს ყველაზე თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც რთული არჩევანია. ამერიკასაც უმრავლესობა მართავს, რომელიც პრაგმატულად ფიქრობს და არ უნდა საკუთარი პრივილეგიების დათმობა. ცვლილებებს სტაბილურობა ურჩევნიათ, ინოვაციებს - სტატუს კვო, სეკულარიზმს - რელიგია, ერთსქესიან ქორწინებებს - ოჯახი კაცსა და ქალს შორის და ასე შემდეგ.

ეს იყო მარტინ ლუთერ კინგის ოცნებაც; 8-წლიანი დეპრესიის შემდეგ შავკანიანმა პრეზიდენტობის კანდიდატმა იმედით დამუხტა უამრავი ადამიანი, მათ შორის, მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიის მამოძრავებელი ძალა გახდა; პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა ადამიანი, აუტსაიდერი, რომელიც პრაგმატიკოსებსაც ისევე აღაფრთოვანებს, როგორც იდეალისტებს, მემარცხენეებს, ცენტრისტებს და მემარჯვენეებს; ობამა გაწონასწორებული და შემრიგებელია, მთელი თავისი კამპანია ამერიკისთვის ამ დროის ყველაზე მნიშვნელოვან სლოგანებზე ააწყო: დიახ, ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნოთ ამერიკას ლიდერის როლი, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ქვეყანა და მივიღოთ ჩვენი დროის ყველა გამოწვევა - ეკონომიკური კრიზისი, უნივერსალური ჯანდაცვის სისტემის შექმნა, ყურადღების გადატანა თავდაცვის ბიუჯეტიდან განათლებასა და ინოვაციებზე, ალტერნატიული ენერგიის წყაროების ძიებასა და გარემოს პრობლემებზე.

უკვე 6 წელია ვცხოვრობ საქართველოში, ვარ გლობალისტი და მჯერა, რომ ამერიკელების ეს არჩევანი ჩვენთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 21-ე საუკუნის სამყაროში ცხოვრება საქართველოსაც ძალიან სჭირდება და რუსეთსაც, ირანსაც და ჩინეთსაც. ყველაფერი დანარჩენი დეტალებია, რის შესახებაც წერდა ყველა ის დასავლური გამოცემა, რომელსაც ვკითხულობდი. „ვაშინგტონ პოსტმა“ გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი „ბარაკ ობამა პრეზიდენტად“, „ნიუ-იორკერის“ რედაქტორებმა დაბეჭდეს სტატია სათაურით - „არჩევანი“, ფარედ ზაქარიამ „CNN“-ის ეთერში არაერთხელ მოაწყო დისკუსიები თემაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკული ეკონომიკისა და ამერიკის იდეის გადარჩენისათვის სენატორ ობამას გაპრეზიდენტება. ობამამ კლინტონების და რესპუბლიკელების ყველაზე მნიშვნელოვან შემოტევებს ყველაზე საინტერესო და ფილოსოფიური გამოსვლებით უპასუხა. მან მოახერხა პოლიტიკაში დაებრუნებინა ის იდეები და იდეალები, რითიც ამაყობდა ამერიკა და რომელთა ექსპორტსაც ის ყოველთვის ცდილობდა. ეს უკვე მიღწევაა, ეს უკვე ის ცვლილებაა, რომელიც შეიძლება დავიჯეროთ, იმის მიუხედავად, გახდება თუ არა ბარაკ ჰუსეინ ობამა ამერიკის პრეზიდენტი და მერე, უერთგულებს თუ არა ლიბერალიზმის იმ ხარისხს, რა ხარისხითაც აწარმოა თითქმის ორწლიანი, ფანტასტიკური საარჩევნო კამპანია. ეს უკვე ახალი ამერიკული ოცნებაა.

„ცხელი შოკოლადის“ ეს ნომერიც ამერიკული ოცნების ძიებაშია. ყველა თავის ოცნებას აედევნა: კახა თოლორდავა - „ნიუ-იორკერის“ ფესტივალს, ნინო ჯაფიაშვილი - ჰანტერ თომპსონის გონზო ჟურნალისტიკას, დავით მაკარიძე - ტიმოთი ლირის სწავლებებს ცნობიერების განთავისუფლებაზე, ანა კორძაია-სამადაშვილი - მადონას ტრანსფორმაციებსა და სრულყოფილებისაკენ მისწრაფებას, თამარ ბაბუაძე - ერთსართულიანი ამერიკის ერთფეროვან, მოსაწყენ ლანდშაფტებს. სანდრო ნავერიანი საქმეს „უკუღმა“ მიუდგა - ამერიკის იდეის ანტიპოდების ძიებაში, ჩრდილოეთ კორეის დახურულ ზონებში იმოგზაურა და გააცნობიერა, რას ნიშნავს, როცა ადამიანები აღარ აზროვნებენ. საქართველოდან წასული ქალებიც, რომლებზეც ლევან კოღუაშვილი თავის ახალ ფილმში გვიყვება, „დახურულ ზონებში“ ცხოვრობენ, ოღონდ ამერიკის დახურულ ზონებში, სადაც თავისუფლებას ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად შორდებიან, რადგან ისინიც თავიანთი „ქართული ოჯახების“ კეთილდღეობაზე ოცნებობენ.

ამ ნომრის წაკითხვის მერე იქნებ თქვენც დაიწყოთ ამერიკული ოცნების ძიება?

შორენა შავერდაშვილი

2 ჩვენი ავტორები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

კახა თოლორდავა

„ცხელი შოკოლადი?“ - ღიმილით მეკითხება სათვალიანი მომღიმარი მესაზღვრე ნიუ-იორკის კენედის სახელობის აეროპორტში. „დიახ,“ - ზრდილობიანად ვპასუხობ მე. „საინტერესო ჟურნალი უნდა იყოს,“ - ეშმაკურად მიყურებს ის. „ერთ-ერთი ყველაზე უფრო საინტერესო ჟურნალია ჩვენთან.“ „უნდა ჩავიწერო და ვნახო ერთი რა ხდება ასეთი თქვენი ჟურნალის ფურცლებზე.“ მინდა ავუხსნა, რომ ჟურნალი ქართულადაა, მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ქართული არ იცის, მაგრამ ჩემს უკან დიდი რიგია. მესაზღვრე ხმამაღალი ტკაცუნით არტყამს ბეჭედს ჩემს პასპორტში და გაბადრული მეუბნება: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნიუ-იორკში.“ „დიდი მადლობა,“ - ღიმილითვე ვპასუხობ, გასასვლელისკენ მივემართები, მარჯვნივ ვუხვევ და მხოლოდ ახლაღა ვხვდები ყველაფერს. „ღმერთო, - ვფიქრობ ჩემთვის, - პორნო ჟურნალიდან ვეგონე!“

„ცხელი შოკოლადი?“ - ღიმილით მეკითხება ახალგაზრდა მოლარე გოგო MOMA-ში (Museum of Modern Art - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი), როდესაც ჩემს პრესკარდს ვუწვდი. იქ ჩემი სურათი, ჟურნალის დასახელება და ამაყი PRESS-აა ჩარტყმული. ამერიკაში და ევროპაში ერთი კარგი ტრადიცია აქვთ, - ჟურნალისტებს უფასოდ უშვებენ ნებისმიერ მუზეუმში, ამისთვის კი მხოლოდ ეს პრესკარდი უნდა წარუდგინო მოლარეს. „ეს ის არაა, რაც თქვენ გგონიათ,“ - ვიწყებ სხაპასხუპით, მაგრამ ვხვდები, რომ დამაჯერებლად არ გამომდის. „პრობლემა არაა.“ ის ღიმილით მაწვდის უფასო ბილეთს.

„ცხელი შოკოლადი?“ - ღიმილს ვერ იკავებს მეტროპოლიტენის მუზეუმის ამჯერად უკვე ოდნავ ხანშიშესული მოლარე. „ჩვენთან, ალბათ, არაფრის გადაღების უფლებას არ მოგცემენ თქვენი ჟურნალისათვის“. „მიდი, რა!“ - ვფიქრობ ჩემთვის. დავიღალე. „არა, მემ, - ვეუბნები, - მე პორნო ჟურნალში არ ვმუშაობ. ეს ჟურნალი“... „არა, სერ, ეს არც მიფიქრია, - მაწყვეტინებს ის. - მეგონა, რომ ჟურნალი ტკბილეულზე და დესერტებზე იყო.“ „ცხელი შოკოლადი“ საქართველოდან?“ - დაბნეული მეკითხება „ნიუ-იორკერის“ ახალგაზრდა თანამშრომელი. „თქვენთან უკვე შეიძლება ეროტიკული პრესის თავისუფლად გამოცემა?“

სხვა გზა არა მაქვს, უნდა ვაწვალო ეს ხალხი. ღირსები არიან. იმ დღის შემდეგ სადაც არ მივდივარ და პრესკარდს არ მთხოვენ ყველგან ერთსა და იმავეს ვიმეორებ ქართულად: „თსქჰელი შოკოლადი,“ სერ! „თსქჰელი შოკოლადი,“ მემ! „თსქჰელი შოკოლადი,“ ნიუ-იორკ! „თსქჰელი შოკოლადი,“ ამერიკა!

კარგ დროს ვატარებ ნიუ-იორკში.

0x01 graphic

დათო ტურაშვილი

ვიცი, რომ ეს ნომერი (მთლიანად) ამერიკასა და ამერიკელებზე იქნება და მეც შემეძლო უამრავი ამბისა და ისტორიის გახსენება, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან მაკავშირებს. მაგალითად, ასეთი: ნიუ-იორკში ზაფხულობით საშინლად ცხელა და ნესტისაგან სუნთქვაც კი ჭირს. ამიტომ ზაფხულის დღეებში, ყოველ დილით, ტელეწამყვანები ნიუ-იორკელებსა და ამ ქალაქის სტუმრებს საგულდაგულოდ აფრთხილებენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ქუჩაში გასვლის შემთხვევაში. თუ სახლიდან გავლენ, აუცილებლად უნდა იარონ ჩრდილში და აუცილებლად უნდა სვან ძალიან ბევრი წყალი და თუ შენობაში შევლენ, აუცილებლად უნდა ჩართონ კონდიციონერები. ამ გაფრთხილებას ვისმენდი ყოველ დილით, ყოველ ტელეარხზე და ყოველ საღამოს კი აცხადებდნენ სიცხისაგან დაღუპული ადამიანების რაოდენობას. მართალია, ძალიან ცხელოდა ქუჩაში, მაგრამ გრილოდა მეტროში და ქუჩაში კი ჩრდილს ვეფარებოდი და სითხესაც ვიღებდი და ამიტომაც მიკვირდა, ნეტავ იმ ხალხს რა კლავს-მეთქი, მეც ხომ ყოველდღე მიწევდა ნიუ-იორკის აუტანელ სიცხეში სიარული, მაგრამ მაინც არ ვკვდებოდი. ნეტავ იმ ხალხს რა კლავს-მეთქი, კარგა ხანს ამიტომაც ვერ ვხვდებოდი და მხოლოდ ჩამოსვლის წინ აღმოვაჩინე და ისიც ერთი ჭკვიანი კაცის დახმარებით - ეგენი ის ამერიკელები არიან, ვინც სახლიდან ისე გადიან, რომ ინსტრუქციის მოსმენა ავიწყდებათო.

არადა, ზაფხულობით ნიუ-იორკში მართლაც საშინელი, აუტანელი სიცხეები იცის. ჰოდა, ასეთი ამბების გახსენებას ვაპირებდი ამერიკელების შესახებ, მაგრამ ვიფიქრე, შეიძლება ქართველებმა არ დამიჯერონ-მეთქი და ამიტომაც, მხოლოდ იმ ისტორიას მოვყვები, რომლის გადამოწმებაც ჩვენს მკითხველს ინტერნეტით შეუძლია. რუსეთ-საქართველოს ომი რომ დაიწყო და ჩვენი ქვეყნის დაბომბვის ამბავი ინტერნეტით მთელს მსოფლიოში გავრცელდა, ამერიკაში, ჯორჯიის შტატში, რამდენიმე ოჯახი თურმე სარდაფებში იმალებოდა, რადგან ეგონათ, რომ რუსები ამერიკულ ჯორჯიას ბომბავდნენ. ჩვენს ქვეყანას ყველა ენაზე სხვადასხვა სახელი ჰქვია. თუნდაც მარტო ამის გამო რომ აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ძველი სახელი და ერთადერთი იბერია გვერქვას, ამერიკელები მაინც აღარ დაემალებიან რუსულ ბომბებს ჯორჯიის სარდაფებში. თუმცა სხვა, მართლა სერიოზული და მნიშვნელოვანი მიზეზებიც არსებობს იბერიის დასაბრუნებლად და აქ აღარ მოვყვები, რადგან უმრავლესობას მაინც არ სჯერა, რომ გონება უფრო ძლიერი იარაღია...

3 კულტ-მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


ლიტვური სოლიდარობა

0x01 graphic

ამ ადგილს, კასპის რაიონის განაპირას რომ მდებარეობს და „დაკარგულ სამოთხეს“ რომ მოგაგონებთ, ეგზოტიკური ბუნების გამო „ქართული ტაჯ-მაჰალიც“ კი უწოდეს. სინამდვილეში მას გარიყულა ჰქვია და, მისი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, არცთუ ისე უსაფუძვლოდაც. უკვე ძალიან დიდი ხანია გარიყულაში პოლონელი თავადების - ბალგარსკების რეზიდენცია იწონებს თავს. მისი ორიგინალური ინფრასტრუქტურა კი თეატრალურ დეკორაციას უფრო მოგაგონებთ. მიუხედავად სიძველისა, ამ ადგილს ხიბლი დღემდე არ დაუკარგავს. მეტიც, ამბობენ ხელოვანებს ყველაზე ხელსაყრელ დროს „მუზები“ სწორედ გარიყულაში სტუმრობენო. 8 წელია, რაც ყარამან ქუთათელაძე გარიყულას სასახლეში ხელოვანებს სარეზიდენციო პროგრამებს სთავაზობს და მათ მყუდრო და თავისუფალ გარემოში მუშაობის საშუალებას აძლევს. ვინაიდან ქართველებთან ერთად იქ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც ჩადიან, წელს გადაწყდა, რომ შემოქმედებით შეხვედრებს ფესტივალის სახე მისცემოდა. თუმცა ბოლო დროს, ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, ბევრი უცხოელი სტუმარი საქართველოში ჩამოსვლას მოერიდა. სამაგიეროდ, საომარ მდგომარეობას არ შეუშინდნენ ლიტველები და რვაკაციანი შემადგენლობით სექტემბერში საქართველოს პირველად ესტუმრნენ. ლიტვის საელჩოს ხელშეწყობით, ლიტვის კულტურის ატაშესა და ქეთი კორძახიას ორგანიზებით, ზემოხსენებული ფესტივალის ფარგლებში ლიტველები ჩამოვიდნენ საკუთარი პროექტით - „დამოუკიდებელი ისტორიები“. ლიტველი მხატვრების, მუსიკოსებისა და პოეტების ჯგუფმა გარიყულაში რვა დღე დაჰყო, მანამდე გალერეა „არსში“ ვიზუალური ხელოვნების გამოფენა გამართეს და 10-წუთიანი ვიდეოკლიპებიც უჩვენეს ლიტვურ-ქართულ მოტივებზე.

„...საქართველოში ძალიან გულღია, თავისუფალი და უკომპლექსო ხალხი ცხოვრობს,..“ - საკუთარ შთაბეჭდილებებს მიზიარებს მხატვარი იუსტინას ვაიტაკუნასი. როდესაც კვირაზე მეტ ხანს უცხო ქვეყნის საოცარი ბუნების წიაღში გაატარებ, იმპროვიზებულ შემოქმედებით საღამოებში მიიღებ მონაწილეობას და ადგილობრივ მკვიდრთა ქორწილში შემთხვევით მოხვედრილს, „VIP სტუმრად“ მიგიღებენ, ეს განწყობა გასაგებია.ქართველ შემოქმედებთან ერთად გარიყულაში ჩასვლისთანავე ლიტველმა მუსიკოსებმა - ინსტრუმენტები, პოეტებმა კალმები მოიმარჯვეს, მხატვრებმა მოლბერტები გაშალეს და კონკრეტული დავალების („ეკეთებინათ ის, რაც მათ სურდათ“) შესრულებას შეუდგნენ. ზოგიერთმა მათგანმა საქართველოში გატარებული თითოეული დღის ანალიზი პირად დღიურებში ჩანახატების სახით ასახა. სამშობლოში კი მძაფრი ემოციებით დაბრუნდნენ. მათ ვიზიტს არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ ჰქონია. ისინი უბრალოდ სოლიდარობის გამოსახატად ჩამოვიდნენ. ასეც უწოდეს თავიანთ სავიზიტო პროექტს („სოლიდარობა“) და ომს მშვიდობიანი ხელოვნების ზეიმი დაუპირისპირეს. გამგზავრებამდე ლიტველ სტუმრებს გამოსამშვიდობებელ საღამოზე, რესტორან „აგორაში“, შევხვდი და მომეჩვენა, რომ გული სწყდებოდათ, ვიზიტი რომ დასრულდა. ერთ-ერთმა მათგანმა ისიც კი მითხრა - არ ვიცი, აქ კიდევ როდის მოვხდები, მაგრამ ის კი ვიცი, რომ აუცილებლად ჩამოვალო!

ფერწერა ავეჯის თანხლებით

0x01 graphic

ალბათ უჩვეულოა, რომ ფერწერისა და ავეჯის დამზადების ტექნიკას მხატვარი თანაბარი ოსტატობით ფლობდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, როცა რაღაც ძალიან გაინტერესებს, წარმატებაც არ დააყოვნებს ხოლმე. თამარ მელიქიშვილი კარგა ხანია ინტენსიურად მუშაობს ფერწერაში, მაგრამ ამ ბოლო დროს მხატვარი ავეჯის დიზაინით დაინტერესდა და ფანტაზიის რეალიზებას ხელოვნების ამ დარგშიც შეეცადა.

გალერეა „კოპალას“ საგამოფენო სივრცემ ავეჯთან ერთად მხატვრის 40-მდე ფერწერული ტილო აითვისა. მუხის, კერამიკისა და ბრინჯაოსაგან დამზადებულ ტუალეტის მაგიდასა და სარკეში დატეხილი ფილების ინსპირაცია ავტორმა სიძველის ეფექტის შესაქმნელად გამოიყენა. ნაკეთობას ადრექრისტიანული ხანის მხატვრობის ფიგურები შემატა და, საერთო ჯამში, რაციონალური დეკორატიული ნივთი მიიღო. ავეჯის დამზადების ხელოვნებამ მას მერე გაიტაცა, რაც ძველი ნივთების ხატვა დაიწყო. წარსულის ძიების ამ პროცესში კი მიხვდა, რომ დიზაინისა და ფერწერის საშუალებით ორი კონტრასტული შემოქმედებითი სფეროს სინთეზია შესაძლებელი.

ფერწერაში მკვეთრად გამოკვეთილი ხელწერა აქვს და ამიტომაც მისი განსხვავებული პერსონაჟები მაინც ჰგვანან ერთმანეთს. თამარ მელიქიშვილი კონკრეტული ობიექტებით ისეთი აბსტრაქტული შეგრძნებების გამოხატვას ცდილობს, როგორიცაა სიჩუმე ან თუნდაც სიხარული; სურს, რომ კონკრეტიკას ცოტათი მაინც დაშორდეს და აბსტრაქციაში გადაერთოს, მაგრამ ჯერჯერობით ფიგურებს მაინც ვერ ელევა.

ავტორი: მაია ცეცაძე, ფოტო: ქეთო ცაავა

სანდრო ანთაძის ფერადი გამოფენა

0x01 graphic

0x01 graphic

ერთი შეხედვით ვერ ხვდები, რა კონცეპტუალური დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ცისფერ ტონში გადაწყვეტილი ტილოს კუთხეში მიხატულ პატარა წითელ ვაშლს, მაგრამ ამ ნამუშევრის სიახლოვეს განთავსებულ სხვა ნატურმორტებსაც თუ შეავლებ თვალს, დარწმუნდები, რომ მისი ავტორი მხატვრობის ამ ჟანრში თავს ისე გრძნობს, როგორც „თევზი წყალში“. სხვათა შორის, ამ ზღვის ბინადრის გამოსახვაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ეს მხატვარი სანდრო ანთაძეა, რომლის ფერადოვანი გამოფენითაც „N გალერეამ“ ორწლიანი პაუზის შემდეგ ახალსახლობა იზეიმა. „N გალერეა & სანდრო ანთაძე“ - ახლა უკვე ასე ჰქვია ხელოვნებათმცოდნისა და გალერეის კურატორის - ნინო მეტრეველისა და მხატვარ სანდრო ანთაძის მიერ ახლად დაარსებულ გალერეას. ამ გალერეამ დიდიდან პატარა სივრცეში (პეროვსკაიას 15 ნომერში) გადაინაცვლა და თავის ტრადიციას - თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას გაცილებით მყუდრო გარემოში აგრძელებს. გამოფენები, პრეზენტაციები, აქციები თუ სხვადასხვა სახის საღამოები, დამფუძნებლების დაპირებით, მრავალ სიურპრიზს შესთავაზებს მხატვრებსაც და ზოგადად ხელოვნების მოყვარულებსაც.

მას მერე, რაც განათლებით არქიტექტორი მხატვარი ფერწერაში აქტიურად ჩაება, ის ინტენსიურად მართავს პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ახალი გამოფენით ამ დამძიმებულ გარემოში ოდნავ პოზიტიური მუხტის შეტანა სცადა. მართალია, ყოველთვის სპონტანურად მუშაობს, მაგრამ ამჯერად ომის თემას მაინც ვერ გაექცა და შუა ომის დროს დახატულ ტანკს მრავალმნიშვნელოვანი ფუნქცია მიანიჭა. ცალცალკე ტილოებზე შექმნილ ტანკს ავტორი პერიოდულად შლის და ნამუშევრის ნაწილებს ისე გადააწყობს ხოლმე, რომ სხვადასხვაგვარ კომპოზიციებს ღებულობს. კოლექციაში ასეთივე კონსტრუქციის სხვა ნამუშევრებიც აქვს. ამ მეთოდით კი ნახატზე გამოსახული კონკრეტული ობიექტები გაცილებით საინტერესო აღსაქმელია.

თბილისური გამოფენის შემდეგ, 15 ოქტომბერს, ისრაელში, ქალაქ თელავივში, სანდრო ანთაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა.

ავტორი: მაია ცეცაძე, ფოტო: ლევან ხერხეულიძე

ხმა იარაღის წინააღმდეგ

0x01 graphic

0x01 graphic

20 ოქტომბერს ეთნოგრაფიულ მუზეუმში არასამთავრობო ორგანიზაციის - „კავკასიის თანამედროვე ხელოვნების ფაბრიკის“ ორგანიზებით საქველმოქმედო როკ-აქცია - „ხმა იარაღის წინააღმდეგ“ გაიმართა. აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ხელოვანები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და იაპონიიდან. 10-წლიანი პაუზის შემდეგ ერთ სცენაზე პირველად გამოვიდნენ მუსიკოსები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. აქცია სამი ეტაპისაგან შედგება. ღონისძიების მეორე ეტაპი დეკემბრისთვისაა დაგეგმილი. ამ დროისათვის ჩვენთან აღმოსავლეთ ევროპიდანაც ჩამოვლენ მუსიკალური ჯგუფები. მესამე ეტაპი გაცილებით მასშტაბური იქნება. აქციის ორგანიზატორები ხელოვანებს აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, იაპონიასა და ავსტრალიიდან მოიწვევენ. სავარაუდოდ, დასკვნითი აქცია 2009 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

აქციების ორგანიზატორი, ლადო ბურდული, ამბობს, რომ ღონისძიებების მთავარი მიზანი კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები მშვიდობისმოყვარე ადამიანების გაერთიანებაა; დიალოგის დაწყება, თანამშრომლობა და სამხრეთ კავკასიაში ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბება - ეს არის აქციის ორგანიზატორთა მიზანი. კონცერტებიდან შემოსული თანხა დევნილი მუსიკოსების ჩვილბავშვიან ოჯახებს მოხმარდება.

ქართველები მოვდივართ!!!

დაკარგული თაობა ოჯახში მოიკითხონ!
ჰე ჰე ჰე!
..- წერილიდან ...-

0x01 graphic

ამბავი 1. ბესო უზნაძე

წერილიდან: „ამ ჩვენმა ბესომ ხომ BJP-ს ფოტოგრაფიის საერთაშორისო პრიზი მოიგო, სესტრა, პლუს 3250 გირვანქა სტერლინგიანი ქენონის კამერა და სოლო გამოფენა, სესტრა, ლონდონში! ჰა? ეს არ გვაკმარეს და დღეს დილით EYEMAZING არტკრიტიკოსმა დაურეკა და უთხრა, რომ ინტერვიუ უნდა და ფოტოებს დაუბეჭდავენ იანვრის გამოშვებაში!!! პლუს ორი გამოფენა პარალელურ რეჟიმში, ნაციონალური პორტრეტების გალერეა და პერსონალური გამოფენა, ვახ მე...“

ოფიციალური ინფორმაცია: „წელს BJP-ს ფოტოგრაფიის საერთაშორისო პრიზი მიიღო ბესო უზნაძემ ქართველების პორტრეტებისთვის, რომლებიც მან თავის სამშობლოში და ლონდონში გადაიღო.

ჟიურიმ მას ეს ჯილდო ასეულობით ნამუშევრის გადარჩევის შედეგად მიანიჭა. უზნაძეს, ქართველ ფოტოგრაფს, რომელიც ლონდონში რვა წლის წინათ ჩამოვიდა, ჯილდოდ გადაეცა ფოტოკამერა, მისი ნამუშევრები Spectrum Photographic-ის მიერ დაიბეჭდება და ნოემბერში ფოტოგრაფთა ასოციაციის გალერეაში იქნება გამოფენილი. „მე ქართველთა ყოველდღიური ყოფის დოკუმენტაცია მინდოდა,“ - თქვა უზნაძემ. „რას წარმოადგენს ეს პატარა სახელმწიფო? თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყანას თუ ყოფილი საბჭოეთის მეამბოხე რესპუბლიკას? რა არის ამ ადამიანების ცხოვრება, მათი იმედები და ამბიციები? რატომაა მათი მზერა დასავლეთისკენ მიმართული და რას იღებენ ისინი დასავლეთიდან? …ისეთი გრძნობა მაქვს, რომ რვა წლის წინანდელ წარსულს გავცქერი, იმ დროს, როცა ჩემი სამშობლოდან გავემგზავრე.“

უზნაძემ თავისი პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მაგრამ აგვისტოში, საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, მან სხვა მნიშვნელობა შეიძინა. „როცა ომი დაიწყო, მედიაში მხოლოდ ტანკებისა და ნგრევის სურათები ქვეყნდებოდა,“ თქვა მან. „ჩემს სურათებზე რეალური ქართველები არიან აღბეჭდილი, რომელთაც თავიანთი ცხოვრება აქვთ.“ უზნაძე მიიჩნევს, რომ კონფლიქტმა მისი შემოქმედება შეცვალა. „ჩემი პროექტი უფრო დრამატული გახდა. მე ასე მგონია. ამ სახეებზე ომის დაღს დაინახავთ. დედაჩემი იმ ერთ კვირაში დაბერდა. ომის გამო ადამიანები გულის შეტევით კვდებოდნენ.“

უზნაძე იმედოვნებს, რომ მისი ნამუშევრები წიგნად გამოიცემა. მისი თქმით, ამ პროექტს არასოდეს დაასრულებს.

„შესაძლოა, ის ჩემი ცხოვრების პროექტი გახდეს.“

გამოფენა 24 ნოემბერს გაიხსნება.

წყარო: © Incisive Media Ltd. 2008

Incisive Media Limited, Haymarket House, 28-29 Haymarket, London SW1Y 4RX, is a company registered in the United Kingdom with company registration number 04038503

ბესოს ნამუშევრები იხ.: http://www.fl ickr.com/photos/23093531@N04/

ამბავი 2: ლადო ფოჩხუა

0x01 graphic

წერილიდან: „ძვირფასო მეგობრებო, ძალიან გამიხარდება, თუ 21 ოქტომბერს ბუდაპეშტში ჩემს გამოფენაზე გნახავთ. თუ ვერ მოხვალთ, მაინც ძალიან მეყვარებით!!!

ლადო ფოჩხუა.“

ლადოს ნამუშევრები იხ.: www.ladopochkhua.com

ამბავი 3: ირინა გაბიანი

0x01 graphic

წერილიდან: „ახლახან დავბრუნდი ტრევიზოდან (იტალია) და სიხარულით გაცნობებთ, რომ ჩემი ინსტალაცია - „ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია“ - ტრევიზოში, Fondazione Benetton-შია გამოფენილი და გუშინ Arte Laguna-ზე ჯილდო მომცეს, როგორც საუკეთესო უცხოელ ხელოვანს (3300 მონაწილე იყო).

ამავე დროს, ჩემი ვიდეო „სისტემის მონები“ აჩვენეს ნოვარაში (იტალია), Museo Civico del Broletto-ში. National Prize Citta' di Novara-თვის შვიდი ვიდეო აარჩიეს, მათ შორის ჩემიც...“ ირინას ნამუშევრები იხ.:

http://www.artelagunaprize.com/index.php/collective-exhibitions/sculpture.html

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

პილობოლუსი

0x01 graphic

1970 წელს ამერიკაში Ivy League-ის ოთხმა სტუდენტმა არატრადიციული ცეკვის ჯგუფი დააარსა. ჯგუფს სახელად „პილობოლუსი“ დაარქვეს და ნიუ-იორკის მაყურებლისთვის პირველი წარმოდგენა გამართეს. მაშინდელი საზოგადოება არცთუ დიდი აღფრთოვანებით შეხვდა „უცნაურ“ მოცეკვავეებს, რომელთა კონცერტებს („პილობოლუსის“ დადგმებს სპექტაკლს ნამდვილად ვერ უწოდებ) არც ცეკვასთან ჰქონდათ რაიმე საერთო და არც კლასიკურ თუ თანამედროვე ბალეტთან. მაკმილანის თუ ეშტონის დადგმების მოყვარული კრიტიკოსები აღშფოთებას ვერ მალავდნენ - როგორ შეუძლია ამ ხალხს, საკუთარ თავს მოცეკვავე უწოდოსო. თუმცა, მთელი ეს კრიტიკა და ნეგატიური დამოკიდებულება სულ არ ანაღვლებდა „პილობოლუსის“ არც ერთ წევრს, რომლებიც საკუთარ თავს ასე უწოდებდნენ: - „ჩვენ ვართ ცეკვის კომპანია მათთვის, ვისაც არ უყვარს ცეკვა... და მათთვის, ვისაც - უყვარს.“

დღეს „პილობოლუსი“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ცეკვის ჯგუფია, რომელსაც საგასტროლო პროგრამა რამდენიმე წლით ადრე აქვს გაწერილი. 1 ოქტომბერს, ამერიკის საელჩოს დახმარებით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში „პილობოლუსის“ კონცერტი გაიმართა, სადაც ჯგუფმა სხვადასხვა პერიოდში შექმნილი დადგმები წარუდგინა მაყურებელს.

რა არის „პილობოლუსი“? პირველ რიგში, ეს არის აკრობატიკის, თეატრალური ხელოვნების, ცირკის და ცეკვის ელემენტების ნაზავი. არავის აინტერესებდა, თუ რას უწოდებდნენ მათ კრიტიკოსები. „პილობოლუსის“ წევრებისთვის ყველაზე მთავარი იყო ის, რასაც ისინი აკეთებდნენ; ის, რომ გამოიგონეს სხეულის ახალი, საკუთარი ენა. ეს არ არის ტიპური ცეკვის თეატრი. „ჩემთვის ეს არის შესაძლებლობა, საკუთარი თავი გამოვხატო, ცეკვით მოვყვე იმ ყველაფერზე, რაც მინდა გავუზიარო ადამიანებს,“ - თქვა „პილობოლუსის“ ერთ-ერთმა წევრმა რენე იავორსკიმ.

მინიმალისტური დეკორაცია და მთელი აქცენტი სხეულის პლასტიკურობაზე, საბოლოო ჯამში, მხოლოდ ოსტატურად შესრულებული აერობიკის შთაბეჭდილებას ტოვებდა - ასეთი იყო თეატრის თბილისური გასტროლიდან მიღებული შთაბეჭდილება. დასში 25 მოცეკვავეა, თუმცა თბილისში თეატრი მხოლოდ შვიდკაციანი შემადგენლობით ჩამოვიდა. ალბათ, სწორედ მსახიობების სიმცირემ განაპირობა ის, რომ მაყურებელმა ვერ იხილა მათი ჩრდილების თეატრი, რომლის ამსახველი ვიდეორგოლები ასე უხვად არის YouTube-ის ვებ-გვერდზე წარმოდგენილი.

ტაიმ-აუტი

წინანდლის სასახლის განახლებული ძველი სახე

0x01 graphic

პირველი როიალი, პირველი ფორტეპიანო, პირველი ფაეტონი, პირველი ევროპული ბაღი, ევროპული ღვინის პირველი კოლექცია... და საერთოდ, პირველი ევროპული კერა საქართველოში, ქართული რომანტიზმის ფუძემდებლის - ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულიდან იწყება. 8 ოქტომბერს წინანდლის ევროპულ-ქართულმა გარემომ პრეზენტაციაზე მოსული სტუმრები მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დააბრუნა. „სილქროუდ ჯგუფის“ მიერ წინანდლის რეკონსტრუქციის შესახებ სახელმწიფოსთან დადებულმა ხელშეკრულებამ ოფიციალური სტარტი 2007 წლის 25 მაისს აიღო. ხელშეკრულება ითვალისწინებდა წინანდლის მამულების - ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის, მუზეუმში არსებული ექსპონატების, ბაღისა და მის ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციას. თავიდანვე გამოკვეთილი იყო ერთი მიზანი: ყველაფერი ისე უნდა აღედგინათ, რომ ძველის კვალი არ გამქრალიყო.

სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა ჭავჭავაძეების რეზიდენციის ბაღს; ბაღი ნარჩენებისგან გაწმინდეს, ნარგავებსაც უმკურნალეს. აღმოჩნდა, რომ ბაღის მცენარეებს 60-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის დაავადება ჰქონდათ. ლანდშაფტის დიზაინის სპეციალისტმა ლუდვიგ ლუცეტელმა სხვა სპეციალისტებთან ერთად წინანდლის ბაღი თავდაპირველი დიზაინის, პეტერბურგული წარმოშობის არნოლდ რეგელის მიერ შექმნილი ბაღის პროექტის მიხედვით აღადგინა.

პროექტის მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი სახლ-მუზეუმის გენერალური რესტავრაცია იყო. კედლის ნალესობების ჩამოფხეკვისას საინტერესო დეტალი გაირკვა. როგორც ცნობილია, სასახლე (დღევანდელი ფორმით) 1887 წელს არის აშენებული ინჟინერ-არქიტექტორ ოზეროვის მიერ. მანამდე სასახლეში ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟი დავითი ცხოვრობდა, დავითის ოჯახს შამილის რაზმის წევრები დაესხნენ თავს და სახლი მთლიანად გადაწვეს. აქამდე გვეგონა, რომ ოზეროვის მიერ აშენებულ სახლში ძველი სახლის კვალიც აღარ იყო შემორჩენილი, თუმცა ჩატარებული სამუშაოების დროს პირველ და მეორე სართულებზე ძველი ნასახლარის კვალი აღმოჩნდა. სახლ-მუზეუმის პირველ სართულზე განთავსდება სადეგუსტაციო, მოსასვენებელი დარბაზები, საინფორმაციო ცენტრი და კაფე. სახლ-მუზეუმში ყველაფერი ძველი სტილის დაცვით აღადგინეს.

0x01 graphic

პროექტის მესამე კომპონენტი მუზეუმის ექსპონატების რესტავრაციაა. აღადგინეს თეთრი ავეჯის კოლექცია, სიყვარულის სკამი, გრიბოედოვის ნაჩუქარი პიანინო, ალექსანდრე ჭავჭავაძის ძველი როიალი... მალე დასრულდება ნინო ჭავჭავაძის მაგიდის რესტავრაციაც, რომელზეც ახლახან ოქროს კვალი აღმოაჩინეს... ავეჯის აღდგენა პროექტის მესვეურებმა ლონდონში შეძენილი სპეციალური ტექსტილის მეშვეობით შეძლეს. ერთადერთი სიახლე შენობაში ჭერი და გათბობის სისტემაა.

ვინაიდან მუზეუმში სეზონი დიდხანს გრძელდება, საგანგებოდ შეიქმნა საზაფხულო სივრცეც. მალე მუზეუმის თანამშრომელთა რიცხვიც გაიზრდება, ვინაიდან სამჯერ გაიზარდა მუზეუმის მოცულობა. სხვათა შორის, ომის დროს სარეკონსტრუქციო სამუშაოები ერთი დღითაც არ შეჩერებულა...

8 ოქტომბრის პრეზენტაციაზე საპატიო სტუმრებს შორის ჭავჭავაძეების პირდაპირი შთამომავლებიც იყვნენ. დავით ჭავჭავაძე საქართველოს ვაშინგტონიდან ოჯახთან ერთად ეწვია. კრემელალტო ბალტიკას ორკესტრის ცოცხალი მუსიკის კონცერტი წინანდლის რეზიდენციის ბაღში, საგანგებოდ „გაცოცხლებული“ მე-19 საუკუნის ქართულ-ევროპული ეპოქა და ქართულევროპული ღვინო, განწყობის ასამაღლებლად... - ასეთი გახლდათ ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმის ოფიციალური პრეზენტაცია. წინანდლის განახლებული რეზიდენცია 1 ნოემბრიდან გაიხსნება.

ავტორი: მაია ცეცაძე

MANGO თბილისში

0x01 graphic

ესპანური ბრენდი MANGO-ს წარმომადგენლობა საქართველოშიც გაიხსნა. თბილისური MNG ამ ბრენდის 1135-ე მაღაზიაა, საქართველო კი მისი მასპინძელი 91-ე ქვეყანა. MNG უახლესი კოლექციის ტანსაცმლის შეძენა ნებისმიერი ასაკის თანამედროვე სტილის მოყვარულ ქალბატონებს ი. ჭავჭავაძის გამზირის №16-ში მდებარე მაღაზიაში შეუძლიათ. მომხმარებლებს MANGO-ს ბრენდი ყოველთვის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. მისი კოლექციების შექმნაზე ორასი დიზაინერი მუშაობს. ბრენდის მთავარი პრინციპი პროდუქციისა და ფასის თანხვედრაა - შეიძინეთ მოდის უკანასკნელი მიმდინარეობის მაღალი ხარისხის ტანსაცმელი ხელმისაწვდომ ფასად. მომავალი წლიდან MNG ახალ ხაზს გახსნის და დიზაინერები კოლექციებს მამაკაცებისთვისაც დაამზადებენ.

აზიური რესტორანი VONG

0x01 graphic

VONG-ის ოფიციალური გახსნა 10 ოქტომბერს გაიმართა. აზიური რესტორნის მყუდრო გარემოში, პირველ სტუმრებს სხვადასხვა კოქტეილით და აზიური ფურშეტით გაუმასპინძლდნენ.

VONG-ი წარმოადგენს მაღალი კლასის რესტორანს. ამგვარი აზიური რესტორანი პირველია საქართველოში.

რესტორნის სამზარეულო, სხვა აზიურ რესტორნებთან შედარებით, სრულიად განსხვავებულია: სხვადასხვა აზიური ქვეყნების ინგრედიენტებისგან შემდგარი კერძები დამზადებულია ფრანგული ტექნოლოგიით. ამიტომ, აზიურის და ფრანგულის ამგვარი შერწყმა, ყველა კერძს ძალიან გემრიელს, უცხოს და საინტერესოს ხდის.

მისამართი: . აბაშიძის 29

4 მეომარი ანა პოლიტკოვსკაია

▲ზევით დაბრუნება


კომენტარი

ავტორი: ნინო ბექიშვილი

0x01 graphic

REUTERS

როდესაც პოლიტკოვსკაიას ფოტოებით აქციაზე გამოსულ ქართველ ჟურნალისტებს ვუყურებდი, რატომღაც პირველად დავფიქრდი იმაზე, რომ, სამწუხაროდ, არც ქართველებსა და არც აფხაზებსა და ოსებს შორის არ აღმოჩნდნენ ისეთი ჟურნალისტები, როგორიც იყო ანა პოლიტკოვსკაია, ვინც თავის მოვალეობად ჩათვლიდა, როგორც ქართველებისთვის, ისე მოწინააღმდეგე მხარისთვის ყური დაეგდო, საერთო გასაჭირზე დაეწერა, ან ის მიზეზები ეკვლია, რამაც ასე დაგვაშორა ერთმანეთს.

ახლა, როცა ომმა ჩაირა, უამრავი რუსი მიდგას თვალწინ, მათ შორის, უპირველესად - ანა პოლიტკოვსკაია. ანა პოლიტკოვსკაიამ, რუსმა ჟურნალისტმა, შეძლო და მთელი რუსეთის წინააღმდეგ წავიდა. მარტო ხელისუფლების კი არა, - მოსახლეობის უმრავლესობის წინააღმდეგაც. მასზე ამბობენ, მებრძოლივით იომა, რამდენიმე წელი გაძლო და მოკვდა, როგორც ნამდვილი ჯარისკაცი ბრძოლის ველზეო.

კავკასია ჟურნალისტებისათვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად ითვლება - ყველაზე მეტი ჟურნალისტი იღუპება. ანა პოლიტკოვსკაია წლების განმავლობაში ყოველ თვე ჩეჩნეთში დადიოდა. ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა ბრმა ტყვიის მსხვერპლი გამხდარიყო; არა ერთხელ მოიტაცეს, მოწამლეს, ემუქრებოდნენ. პოლიტკოვსკაია მაინც არ ჩერდებოდა. შემორჩენლია 2005 წელს გადაღებული კადრები, სადაც ანა შვეიცარიელ ჟურნალისტს ეუბნება: - „ვფიქრობ, რა უცნაურია, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. არა, ეს ნამდვილი სასწაულია!“. ერთ წელიწადში - 2006 წლის 7 ოქტომბერს, დღის 4 საათზე, რუსეთის დედაქალაქის ცენტრში, საკუთარ სადარბაზოში მოკლეს. მალევე, მისი სიკვდილის შემდეგ, მთელმა მსოფლიომ მოისმინა რუსეთის პრეზიდენტის ცინიკური სიტყვები - „ჟურნალისტმა თავისი სიკვდილით გაცილებით დიდი ზიანი მიაყენა რუსეთის ხელისუფლებას, ვიდრე მისმა პუბლიკაციებმაო“. თუკი ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ჟურნალისტი პუტინის პოლიტიკას შეეწირა, რუსეთის პრეზიდენტის ცინიკურმა განცხადებამ ეს ეჭვები გაფანტა. მიუხედავად მთელი ცივილიზებული მსოფლიოს აღშფოთებისა,

პოლიტკოვსკაიას სიკვდილის შემდეგ რუსულ პრესაში გაჩნდა სტატიები, სადაც ავტორები ამტკიცებდნენ, რომ, მართალია, ქალი არ უნდა მოკლა, მაგრამ მტერს სქესი არა აქვს; შესაბამისად, პოლიტკოვსკაიამაც „დაიმსახურა“ სიკვდილი, ის ხომ მტერი იყო - ტერორისტებს თანაუგრძნობდა. პოლიტკოვსკაია „ნოვაია გაზეტას“ მესამე ჟურნალისტი იყო, რომელიც მოკლეს. ანას სიკვდილით შოკირებულმა და სასოწარკვეთილმა „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორმა დიმიტრი მურატოვმა გაზეთის დახურვა გადაწყვიტა - ადამიანების სიცოცხლე არ მიღირს არანაირ გაზეთადო. მაშინ ის ანას კოლეგებმა შეაჩერეს. დღეს, როცა ანას მკვლელები ისევ დაუსჯელები არიან, „ნოვაია გაზეტას“ საიტზე ვკითხულობთ - „სანამ „ნოვაია გაზეტა“ არსებობს, ანას მკვლელები მშვიდად ვერ დაიძინებენ!“ რედაქცია განაგრძობს დამოუკიდებელ გამოძიებას.

7 ოქტომბერს ქართველი ჟურნალისტები რუსეთის უკვე გაუქმებული საელჩოს წინ ამ წარწერით გამოვიდნენ - Putin, stop killing journalists! აქციას, რომელიც პოლიტკოვსკაიას მკვლელობის დღეს მსოფლიოს ბევრ ქალაქში გაიმართა, ქართველი ჟურნალისტებიც შეუერთდნენ. თუმცა, საელჩოს წინ მხოლოდ ათიოდე მდუმარე ადამიანი იდგა და პოლიტკოვსკაის ფოტოებთან ერთად, ომის დროს დაღუპული ქართველი ჟურნალისტების სურათებიც ეჭირათ.

საგულისხმოა, რომ პუტინის რეჟიმი, არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ყველგან, დღესაც სდევნის და კლავს მისთვის არასასურველ ადამიანებს; მუშაობს პროპაგანდაც - ეს ადამიანები მტრები არიან, რუსეთის სახელმწიფოს აღორძინებას უშლიან ხელს. გავიხსენოთ ფსბ-ს ყოფილი აგენტის, ლიტვინენკოს, გახმაურებული საქმე - ლიტვინენკო პირდაპირ აცხადებდა, რომ პოლიტკოვსკაია პირადად პუტინმა მოაკვლევინა - რუსეთში იმდენად ცენტრალიზებული მმართველობაა, პრეზიდენტის თანხმობის გარეშე ვერავინ გაბედავდა მსოფლიოში ცნობილ ჟურნალისტზე ხელის აღმართვასო; ან მოსკოველი ჟურნალისტის, ელენა ტრეგუბოვას ისტორია გავიხსენოთ - ტრეგუბოვამ 2004 წელს გამოსცა წიგნი „კრემლის მუტანტები“, რომელიც მალევე ითარგმნა ევროპულ ენებზე და ბესტსელერად იქცა. ჟურნალისტი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს - სარკესთან შეჩერდა და მის სადარბაზოში დამონტაჟებული ბომბი რამდენიმე წამით ადრე აფეთქდა, სანამ ის შინიდან გამოვიდოდა. ანა პოლიტკოვსკაიას სიკვდილის შემდეგ ტრეგუბოვა მიხვდა, რომ რუსეთში ვეღარ იცხოვრებდა და ლონდონში გაიქცა. თუმცა არც იქაა დაცული. სულ ახლახან, 15 ოქტომბერს კი სტრასბურგში, სადაც ადამიანის უფლებათა სასამართლოში ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის გამოძიება უნდა დაწყებულიყო, პოლიტკოვსკაიას ოჯახის ადვოკატი კარინა მასკარენკო სასამართლო პროცესზე ვერ გამოცხადდა - მოწამლეს. მასკარენკოს მანქანაში ვერცხლისწყლის დიდი რაოდენობა აღმოჩნდა. მოიწამლა ადვოკატის სამი შვილიც. მასკარენკო სტრასბურგში არა მარტო პოლიტკოვსკაიას, არამედ ხოდორკოვსკის, „ნორდ-ოსტის“ მსხვერპლთა და ჩეჩნეთის ომის მონაწილეთა საქმეებსაც იკვლევდა. ვერცხლისწყლის დოზა მომაკვდინებელი არ ყოფილა, როგორც ჩანს, ადვოკატის დაშინება უნდოდათ, დაშინებას კი რაც მოსდევს ხოლმე, პოლიტკოვსკაიას მაგალითზე - ყველამ ვიცით.

ანა იმით იყო უნიკალური, რომ ის უმცირესობის სიმართლის დამტკიცებას ცდილობდა. დადიოდა ჩეჩნეთში, „ტერორისტებს“ უსმენდა და ელაპარაკებოდა. და ეს მაშინ, როცა მთელი რუსეთი ლამის თითოეულ ჩეჩენში ტერორისტს ხედავდა. ანა კი ამ ტერორიზმის მიზეზებს იკვლევდა - ჩეჩნების პრობლემებზე ღიად საუბრობდა, იმ მიზეზებს აღწერდა, რამაც მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილი შაჰიდებად აქცია. წლების განმავლობაში დადიოდა ჩეჩნეთში, შედიოდა რუსულ საკონცენტრაციო ბანაკებში, ესაუბრებოდა უბრალო ადამიანებს, მარტო ჩეჩნებს კი არა, რუს სამხედროებსაც და მათ უფლებებსაც იცავდა. არ გაჩუმებულა მას შემდეგაც კი, რაც მოწამლეს, ემუქრებოდნენ. ანა ხედავდა, რომ ის არაადამიანური ქმედებები, რასაც რუსული არმია ჩეჩნეთში ატარებდა, ის სიძულვილი, რასაც რუსული პოლიტიკა თესავდა, მხეცებად აქცევს ადამიანებს - რუსებს, ჩეჩნებს, სხვებსაც და გაჩერება აღარ შეეძლო... იცოდა, რომ ტერორისტებად არ იბადებიან. ანა რომ არა, მსოფლიო ბევრს ვერაფერს გაიგებდა ამ ომზე - დაღუპულ ბავშვებზე, ნაწამებ ადამიანებზე, საკონცენტრაციო ბანაკებზე, გადამწვარ სოფლებზე. ანა თავის წიგნში „პუტინის რუსეთი“, წერდა, რომ ყველაზე მეტად რუსული საზოგადოების გულგრილობა აკვირვებდა, სადაც ხმას არავინ იღებდა ნაწამები და დაღუპული ჩეჩენი ბავშვების გამო. დღეს რა ხდება ჩეჩნეთში, ცოტა ვინმემ თუ იცის; აღარავინაა ისეთი, ვინც გაბედავს და დაწერს. ჩეჩნებიც არ ენდობიან სხვას, ანას კი ენდობოდნენ. ნორდოსტში გამაგრებულ ჩეჩენ ტერორისტებთანაც სწორედ ანამ შეძლო შესვლა და დალაპარაკება, პატარა ბავშვების გამოყვანა და ტყვეებისთვის წყლის შეტანა. შემდეგ კი - ამ ტრაგედიაზე სიმართლის თქმა.

ანა პოლიტკოვსკაია იშვიათად წერდა სენტიმენტალურ სტატიებს, ის მხოლოდ ნამდვილ, „სანიტარულ“ ჟურნალისტიკას აღიარებდა. საქმეს აკეთებდა და ამ საქმით კონკრეტულ ადამიანებს ეხმარებოდა. ეს კი ჟურნალისტიკაში, ალბათ, ყველაზე მძიმე რამაა. ასე იქცა ანა ადამიანის უფლებების დამცველად - გულგრილი და სასტიკი სახელმწიფოს პირისპირ მარტოდ დარჩენილი ადამიანების ხშირად ერთადერთ იმედად, შემწედ და მფარველად - დადიოდა სასამართლოებში, ჩინოვნიკების კაბინეტებში და ცდილობდა სამართლის პოვნას.

აგვისტოში, როცა ყველანი შევყურებდით ტელევიზორს და დავძვრებოდით ინტერნეტში, როცა ორივე მხარე, ქართულიცა და რუსულიც, ლამის ერთნაირი მეთოდებით აწარმოებდა პროპაგანდისტულ ომს, ინფორმაცია კი ძალიან მწირი იყო, კიდევ ერთხელ გამახსენდა ანა პოლიტკოვსკაია. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო და ამ ომზე დაეწერა, მის სიტყვას ნამდვილად დავიჯერებდი - დავიჯერებდი ყველაფერს, რასაც დაწერდა.

5 დიდი დეპრესია - 2

▲ზევით დაბრუნება


ანალიზი

ავტორი: რევაზ საყევარიშვილი

0x01 graphic

სადღაც წავიკითხე, წარმატების როგორი სადავო საზომია ნობელის პრემია. მერე ამ თემით ინტერნეტ-საძიებელს რომ მივმართე, აღმოჩნდა, რომ საკითხზე უკვე არაერთი ათეული წელია დავობენ. მეტიც, ანტინობელის და შნობელის პრემიაც კი არსებობს, რომ ამ პრესტიჟული ჯილდოს და მისი იდეის გაბიაბრუება მოახდინოს.

არავინ იცის, რამდენად სწორად სრულდება ის ანდერძი, რაც ლეგენდარულმა ალფრედ ნობელმა ჯერ კიდევ 1895 წელს დაიბარა. ერთ-ერთი პრეტენზია ესეცაა, რომ პრემიის გაცემის წელს დაფიქსირებული აღმოჩენა, გამოგონება და მიღწევა კი არ ჯილდოვდება, როგორც ნობელმა დაიბარა, არამედ ზოგჯერ წლების და ათწლეულების წინ მიგნებული და მომხდარი სიახლე. არის პრეტენზია, რომ „ნობელით აღნიშნული“ ბევრი მიგნება უბრალოდ დროის გამოცდას ვერ უძლებს და თვალსა და ხელს შუა იფუშება. არის ჯერჯერობით უპასუხო შეკითხვაც, რატომ იღებენ ამ პრემიას უპირატესად ერთი და იმავე სამეცნიერო სკოლების წარმომადგენლები. მოკლედ, ბევრი პრეტენზიაა.

თუმცა, ისიც, ფაქტია, რომ რაკი ნობელის პრემიას აღიარებენ, მისი არსებობა ყველანაირად გამართლებულია. სხვა რომ არაფერი, ამაზე მისი ხანდაზმულობაც მიუთითებს - პრემია 1901 წლიდან გაიცემა და მისი ბადალი ავტორიტეტულობის მხრივ მაინც ნაკლებად მოიძევება.

მოკლედ, ჯერ კიდევ 1901 წლიდან ანიჭებენ ამ პრემიას ფიზიკოსებს, ქიმიკოსებს, მედიკოსებს და ფიზიოლოგებს, მწერლებს და მშვიდობის დამცველებს. ეკონომისტებს ნობელის პრემია 1969 წლიდან ენიჭებათ. ეს ერთადერთი დისციპლინაა, რომელიც ალფრედ ნობელს თავის ანდერძში არ მოუხსენებია, მაგრამ ფაქტია, რომ დაწესდა და უკვე ათეულობით ადამიანს გადაეცა კიდეც; მათ შორის, ეკონომიქსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნის ავტორს - პოლ ენტონი სამუელსონს (1970), ლიბერალური სკოლის მესაძირკვლე ფრიდრიჰ ფონ ჰაიეკს (1974), ჩიკაგოს სკოლის მამამთავარს მილტონ ფრიდმანს (1976), ახალი პოლიტიკური ეკონომიკის სკოლის ერთ-ერთ ფუძემდებელს - ჯეიმს ბიუქენენს (1986), ევროს არქიტექტორს - რობერტ მანდელს (1999), საბაზრო ფუნდამენტალიზმის უმკაცრეს კრიტიკოს ჯოზეფ სტიგლიცს (2002) და კიდევ ექვს ათეულამდე სხვა და სხვა კალიბრის ეკონომისტს.

ყველას ნაშრომს, ალბათ, ვერც ვერასოდეს გაეცნობი - საამისოდ, უბრალოდ, დრო არ გეყოფა. თუმცა, ბევრი სულ სხვა რამისთვის არის ნომინირებული, პოპულარული კი სულ სხვა მიგნებების გამო გახდა. ერთს ვიწრო მეცნიერული წრე აფასებს, მეორეს - ფართო აუდიტორია. ასე რომ, გადაულახავი სურვილის შემთხვევაში, სადავოს აქაც უამრავს იპოვი.

2006 წელს ეკონომიკური ნობელი ედმუნდ ფელპსმა მიიღო. ოფიციალურად, „მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში დროთაშორისო გაცვლის ანალიზის“ გამო. რთულია აღსაქმელია, ხომ? არა უშავს, ამაზე უფრო „ადამიანური“ ნაშრომებიც აქვს: მაგალითად, „ეკონომიკური ზრდის ოქროს წესები“, „მაკროეკონომიკური აზრის შვიდი სკოლა“, „რასიზმის და სექსიზმის სტატისტიკური თეორია“ და ბევრი სხვაც. დაუფასდა კიდეც: „კეინსის შემდეგ ასი ყველაზე დიდი ეკონომისტის“ ნუსხაშიც შეიყვანეს.

ამიტომ მის აზრსაც ტრადიციულად ინტერესით უსმენენ. თუმ ცა, ძალიან სიტყვაუხვი არასოდეს ყოფილა და უფრო მეტად თავის ამჟამინდელ სამუშაო ადგილზე - კოლუმბიის უნივერსიტეტის ანალიტიკურ ცენტრ „კაპიტალიზმსა და საზოგადოებაში“ ჩუმად ირჯება. მაგრამ წელს გაზაფხულზე, რამდენიმეხნიანი პაუზის შემდეგ, ავტორიტეტულ „უოლ სტრიტ ჯორნალს“ მიუკაკუნა და პირდაპირ თქვა ის, რაც დღეს უკვე აღარავისთვის არის საიდუმლო - ეკონომიკის პროგნოზირებადობის რწმენას კატასტროფისკენ მივყავართო.

ჰო, სწორედ ასე თქვა. თქვა იმის მიუხედავად, რომ ბოლო დროს ბევრი ეკონომისტი ცდილობდა, კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა, რომ ეკონომიკა ყოველთვის ახსნადი და გაგებადია და ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, საბოლოოდ, ლამის ზუსტ მეცნიერებათა მეთოდიკამდე შეიძლება დავიდეს.

„სწორედ ამ კონცეფციის ნაყოფს ვიმკით ამჟამად ფინანსურ სექტორსა და ცენტრალური ბანკების მუშაობაში“, - თქვა ფელპსმა და დააზუსტა, - „ე.წ. „წესებზე დაფუძნებული“ ფინანსური ინჟინერია და ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, სადაც განუსაზღვრელი ცოდნა რატომღაც განსაზღვრულ ცოდნად ითვლება, ძალიან სახიფათო მიმართულებით მიგვაქანებს“.

არადა, პროგნოზირებადობა ყოველთვის არ ყოფილა ეკონომიკური მოდა. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში ფრენკ ნაითი კაპიტალისტურ ეკონომიკას განიხილავდა, როგორც „გარღვევას ძნელად გასაზომი შედეგებით“. ლეგენდარული ჯონ კეინსი კი რაციონალურ ქცევაზე ასახულ ამ გაუგებრობის შედეგებზე წერდა.

ნობელიანტი ჰაიეკი მოგვიანებით მთელი ახალი მიმართულების შემომტანი აღმოჩნდა, რომელმაც ამ გაურკვევლობის თეორიის რიგი საკვანძო მომენტები მაკროეკონომიკურ დასაქმებაში ჩართო. მოგვიანებით ეს მოდერნისტული მიმდინარეობა სიცოცხლეს დაუბრუნდა, როცა კიდევ ორმა ნობელიანტმა - ფრიდმანმა და ფელპსმა მაკროეკონომიკის მიკროეკონომიკურ საფუძვლებზე დაიწყეს მუშაობა.

მაგრამ 70-იან წლებში ეკონომიკის ნეოკლასიკურმა სკოლამ წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ საბაზრო ეკონომიკა მართალია ხმაურიანი, მაგრამ მაინც პროგნოზირებადი რამეა; რომ ყველა რისკს მიღმა დგას აბსოლუტურად შემთხვევითი ცვლილებები, რომლებიც საბოლოოდ მაინც ალბათობის ცნობილ წესებს ექვემდებარება და არა ინოვაციები, რომელთა შედეგების გათვლაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

ამ მოდელმა სულ უფრო გაიძლიერა პოზიციები ამერიკაში და პრაქტიკოსებმა მისი გამოყენებაც დაიწყეს. ფინანსების რაოდენობრივი თეორია იქცა ინსტრუმენტად, რომელსაც ბევრი ბანკი და ჰეჯ-ფონდი დაეყრდნო. ამ მოდელზე დამყარებული პოლიტიკური წესებით მოქმედებს ამერიკის ფედერალური რეზერვი და სხვა ცენტრალური ბანკებიც.

ნეოკლასიკოსები ამ ცვლილებათა დიდ სარგებელზე ამახვილებდნენ ყურადღებას და ამტკიცებდნენ, რომ რისკისადმი მათი სტატისტიკური მიდგომა ფინანსურ სექტორს უფრო ეფექტურს ხდის კრედიტორებსა და მსესხებლებს შორის შესაბამისობის ძიებისას, იმავდროული შრომითი დანახარჯების ეკონომიით და მოგების გაზრდით. ისინი ხაზს უსვამდნენ ამერიკული ეკონომიკის ცვალებადობის შემცირებას და ამ დამსახურებას ფედერალური რეზერვის ფინანსურ პოლიტიკას მიაწერდნენ.

დღევანდელობა ამ აზრების სისწორეს ამოწმებს. რისკიანი დაკრედიტება და ვალების ფასიან ქაღალდებად ქცევა ის ინოვაცია იყო, რომელმაც, როგორც მოელოდნენ, გააჩინა ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები „ამერიკული ოცნების“ - უძრავი ქონების მეპატრონეთა გაზრდის შანსი. მაგრამ რისკების მართვა „უღრან ტყედ“ დარჩა: არ არსებობდა საწყისი მონაცემები, საიდანაც ახალი აქტივების ფასები გამოითვლებოდა; არ ხდებოდა მაკროეკონომიკური დინამიკის გათვალისწინება და, შესაბამისად, მცდარად ითვლებოდა განუსაზღვრელი რაოდენობის მონაწილით წარმოებული ბიზნესის ქცევები ისე, თითქოს ამ რაოდენობაზე საერთოდ არაფერი იყო დამოკიდებული.

სწორედ ეს არის ის, რასაც ფელპსი ამბობს: დედამიწა უყურებდა არა ამერიკის ფედერალური რეზერვის, არამედ სულ სხვა მექანიზმის მუშაობას, რომელსაც, არც მეტი, არც ნაკლები, სწორედ გაურკვევლობა ჰქვია. და ამ გაურკვევლობის მასშტაბები მხოლოდ იზრდებოდა და იზრდებოდა, პირამიდა მაღლდებოდა და მაღლდებოდა და, ბოლოს, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩამოიქცა კიდეც. ჩამოიქცა და ქვეშ ყველაზე მეტი ადამიანი მოიყოლა, ვიდრე ნებისმიერი წინა კრიზისის დროს ხდებოდა ხოლმე. ამიტომაც არის, რომ იპოთეკური კრიზისიდან წამოსული საერთო ტალღის დარტყმის შემდეგ წელში ჯერ კიდევ ვერავინ გაიმართა. და ეს იმის მიუხედავად, რომ არ დარჩენილა არც ერთი მსხვილი თუ წვრილი საფინანსო, საკრედიტო, აუდიტორული თუ ანტიკრიზისული ინსტიტუტი, რომელიც კრიზისის დაძლევის სქემაზე არ მუშაობდა.

ნობელის კომიტეტმაც სრულიად ადეკვატური გადაწყვეტილება „გამოწერა“: წლევანდელი პრემია კრიზისების დახელოვნებულ წინასწარმეტყველს - ამერიკელ პოლ კრუგმანს გადაულოცა (თეორიულად, აქაც სულ სხვა საკითხების - საერთაშორისო ვაჭრობის მოდელების შესწავლისა და ურბანიზაციის ეფექტების კვლევის გამო). კრუგმანი მაკროეკონომიკური კრიზისების სპეციალისტია და სახელი იმით გაითქვა, რომ 1997 წლის აზიის კრიზისი იწინასწარმეტყველა და 2000 წელს ინვესტორებს „ნასდაქის“ მოსალოდნელ დაცემაზე აფრთხილებდა. ბოლო 8 წლის განმავლობაში კრუგმანის „ჰობი“ ბუშის და რესპუბლიკელების ადმინისტრაციის კრიტიკაა. მათ ეკონომიკურ პოლიტიკაში კრუგმანს გადასახადების დაწევა, ვალების ზრდა, თავდაცვის უსაზღვრო ხარჯი და ღარიბი ქვეყნებისა და ამერიკელების არასაკმარისი დახმარება აღიზიანებს.

უკანასკნელმა ამბებმა კი კრუგმანი სულ გადარია: „იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენმა ფინანსთა მინისტრმა პოლსონმა უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და ამერიკის ფინანსთა სისტემასთან „რუსული რულეტკის“ თამაში დაიწყო, - ამბობს კრუგმანი, - „ელოდება თუ არა ამერიკის საფინანსო სისტემას კოლაფსი დღეს ან უახლოეს მომავალში? არ მგონია, ემუქრებოდეს, მაგრამ არც საპირისპიროს მტკიცება შემიძლია“.

ესეც კიდევ ერთი გაურკვევლობა და უპროგნოზობა. არ შეუძლია, რადგან უოლ სტრიტის დღევანდელი დიდი დეპრესია ცოტა სხვანაირად გამოიყურება, ვიდრე წინა საუკუნის 30-იანი წლების პანიკა: თანამედროვე ტრეიდერები არ წვავენ გაუფასურებულ ქაღალდებს, მეანაბრეთა ბრბო კი ბანკების ბარიკადებიან ოფისებს შტურმით არ იღებს. მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნული სიმშვიდეა, გარედან შეუმჩნეველი კრახი. შიგნით კი ფინანსური რაიონის ცათამბჯენებში მენეჯერებს ტელეფონები უდუღთ, მსხვილი კლიენტები სულ უფრო წვრილ გარიგებებს მისდევენ, კომპიუტერული ვაჭრობისას სულ უფრო ხშირად გაიცემა ბრძანება „გაყიდვა“ და ყოველი დღის ბოლოს სულ უფრო მეტი თანამშრომელი ათავისუფლებს თავის სამუშაო ადგილს სამსახურიდან დათხოვნის ან გაუარესებული სამუშაო პირობების მიუღებლობის გამო.

რაც შეეხება უფრო გრძელვადიან ეკონომიკურ შედეგებს, ისინი კიდევ უფრო მეტად დაემსგავსება გასულ საუკუნეში დიდი დეპრესიით გამოწვეულ რეზულტატს: კრედიტების გაყინვა, აქტივების ღირებულების ჩამოვარდნილი სპირალი და სუიციდების გაზრდილი რიცხვი ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც 30-იანი წლების დიდი საბანკო დოღის მონაწილეებმა გადაიტანეს.

განა მათ არ უნდოდათ კრიზის თავიდან აცილება? ცხადია, უნდოდათ, მაგრამ სწორედ ისეთსავე დღეში იყვნენ, როგორშიც ამჟამად ჩვენ: არ იცოდნენ, რა უნდა ექნათ. არც თვითონ იცოდნენ და არც მცოდნეთა სიტყვა გამოდგა სანდო.

ამიტომაც დღეს იგივე „უოლ სტრიტ ჯორნალი“ ყველას, ვინც საინვესტიციო გადაწყვეტილებებს იღებს, პირდაპირ მოუწოდებს, დიდად არ ენდონ აღიარებულ ავტორიტეტებს და მთავრობის დაპირებებს. ყოველ შემთხვევაში, ისტორიული გამოცდილება ამაზე მიუთითებს.

დიდი დეპრესიის წინა პერიოდშიც უოლ სტრიტის გიგანტები და თეთრი სახლი ყველას არწმუნებდნენ, რომ კრიზისის წინაპირობები არსებობდა. 1929 წელს ლეგენდარული ტრეიდერი ჯესი ლივერმორიც, მილიარდერი ჯონ როკფელერიც და ფინანსთა მინისტრი ენდრიუ მელონიც ერთხმად ამტკიცებდა, რომ ბაზრის დაცემა წარმოუდგენელი იყო. თუმცა, საბოლოოდ, სამივე შეცდა. ვინ გულწრფელად და ვინ - მერკანტილურად, ეს უკვე დავის და მარჩიელობის საგანია, მაგრამ ფაქტია, რომ მათი საჯარო პროგნოზი არ ახდა.

ასე რომ, დღესაც სულ არ არის გამორიცხული, ენდოს ვინმე გურუ ალან გრინსპენს ან გურუ უორენ ბაფეტს და მშრალზე დარჩეს. მათ რეპუტაციას, რომელსაც მრავალი მილიარდი თუ არა, მრავალი მილიონი მაინც უდგას უკან, ამით ბევრი არაფერი მოაკლდება. რიგითი „მეოცნებე ამერიკელები“, „მეოცნებე ევროპელები“ და „მეოცნებე აზიელები“ კი სულაც ქუჩაში შეიძლება დარჩნენ.

ამიტომაც ახლა საგამომცემლო საქმეში ახალი მოდა წამოვიდა და წიგნის თაროები უკვე ივსება ათასგვარი ინსტრუქტაჟებით, ერთი მეორეზე შთამბეჭდავი სახელებით: „როგორ გამოვიდეთ მსოფლიო კრიზისიდან გამარჯვებული“, „იშოვე ფული კრიზისის დროს“, „როგორ შევინარჩუნოთ სიმდიდრე“ და კიდევ ათასი სხვა ჭკუის დასარიგებელი.

არ აჰყვეთ პანიკას, მოახდინეთ აქტივების ინვენტარიზაცია, ჩადეთ ფული სახელმწიფო ობლიგაციებში, აქტივებით გამყარებულ ფასიან ქაღალდებში ან სახელმწიფოს დაზღვეულ საბანკო დეპოზიტებში. ამით ვერ აშენდებით, მაგრამ ქარიშხლის გადავლას დაელოდებით და უშფოთველ ძილს დაიბრუნებთ.

გარდა ამისა, გაიხსენეთ წინაპრების ისტორია, ფურცელზე ჩამოწერეთ თქვენი აქტივები და ვალები და გამოწვლილვით გააანალიზეთ თქვენი მდგომარეობა. იქნებ სწორედ ის დრო მოსულა, როცა ვალების დაბრუნება ან კონსოლიდაცია იქნებოდა უმჯობესი? მთავარია, არ იჩქაროთ. და თუ მაინც ნერვები გღალატობთ, გამოცდილი დილერები „მცირე ნაბიჯებით“ სიარულს გირჩევენ - აქციები მცირე პაკეტებით გაყიდეთ და დამღუპველ პანიკას არ აჰყვეთ.

კიდევ უკეთესია, თუ ბრბოს არ აჰყვებით და ცნობილი ინვესტორების ქცევას დააკვირდებით. ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ ბაზარ მა უკვე მოძებნა ფსკერი და ამ ფსკერზე მიმობნეული მსუყე ლუკმების აკრეფის დროა. როცა უოლ სტრიტი იძირებოდა და ყველა ფიქრობდა, ვისთვის როგორ შეესაღებინა გაუფასურებული აქციები, უორენ ბაფეტის კომპანიამ „აარონ რენტსის“ ბიზნესის ნაწილი იყიდა, რომელიც უძრავი ქონების შეკეთებით და მოწყობით არის დაკავებული.

მოხერხებული ამერიკელი ინვესტორები უკვე ფიქრობენ, რომ შესაძლოა დადგა გაუფასურებულ უძრავ ქონებაში ინვესტირებისთვის ხელსაყრელი მომენტი; ან იქნებ ნავთობის ბიზნესისკენ შეტრიალდეს კაპიტალდაბანდების ფლუგერი, რომელიც, პროდუქტზე ფასების კლების მიუხედავად, წარმოებას არ ამცირებს და მის კიდევ უფრო გაფართოებასაც გეგმავს?

„ჩადეთ ფული გაუფასურებულ უძრავ ქონებაში“, - არ იშურებენ რჩევას „ფორბსის“ სიაში დაღვინებულ-ფესვგადგმული მილიარდერები - ჯორჯ პერეზი და ალექსანდრ როვტი. „თუ დამიჯერებთ, ფინანსური კრიზისი მაინც რეგიონული მოვლენაა და არა საერთო ეროვნული, - ამბობს ჯორჯ ლინდერმანი, რომელიც კლიენტების 1,8 მილიარდიან ქონებას განკარგავს და ასაბუთებს, - „თუ საერთო მოვლენაა, მაშინ იქნებ ვინმემ ამიხსნას, ჰიუსტონი (ანუ ნავთობმომპოვებელი ტეხასი) კლდესავით მაგრად როგორ დგას, არც ვაკანსიები რომ ჩნდება იქაურ ოფისებში, ფასებიც მაღლა მიხტის, მშენებლობის ბუმიც არ შეჩერებულა და ენერგეტიკაში ინვესტირებაც შეუქცევადად იზრდება?“

ეს კიდევ ერთი გაუგებრობა. მართლაც, როგორ ყვავის ტეხასი, როცა ნიუ-იორკში ყველაფერი იქცევა? იქნებ ეს მართლა არა ეროვნული, არამედ რეგიონიული კრიზისია? და რომელ და რა სიდიდის რეგიონზეა ამ შემთხვევაში ლაპარაკი?

ზოგისთვის ეს მთელი მსოფლიოა, ზოგისთვის - არა. ხარ ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში - ვაია, არ ხარ - ვუი. ამერიკის ეკონომიკის გადასარჩენად 700 მილიარდი გამოიყო და ესეც ან ეყოფა, ან არა, ვენესუელის საფონდო ბაზარი კი, თურმე, იზრდება. დიდი შვიდეული (აშშ, კანადა, ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, იაპონია) მსოფლიო კრიზისს ვერ უმკლავდებიან, დიდი ოცეული (დიდ შვიდეულს პლუს ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, ევროკავშირი, ინდოეთი, ინდონეზია, ჩინეთი, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, თურქეთი, სამხრეთ აფრიკა და სამხრეთ კორეა) კი გლობალური კრიზისის ერთობლივ დაძლევაზე ოცნებობს.

დიდი ოცეულის წილად მსოფლიოს მოსახლეობის ორი მესამედი, დედამიწის მთლიანი შიდა პროდუქტის 85%25 და მსოფლიო ვაჭრობის 80%25 მოდის. დაახლოებით სწორედ ამ მასშტაბებზე გადის ჩვენს თვალწინ ჩამოყალიბებული მეორე დიდ დეპრესია. დეპრესია, რომლის ანალოგი და, შესაბამისად, მკურნალობის რეცეპტი ჯერჯერობით არ არსებობს.

6 ოპტიმისტი ქვეყნის ოპტიმისტი ელჩი

▲ზევით დაბრუნება


ინტერვიუ

ინტერვიუ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან საქართველოში, ჯონ ტეფტთან
ესაუბრა შორენა შავერდაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

- ბატონო ელჩო, როგორი იყო ის ამერიკა, რომელშიც თქვენ გაიზარდეთ და როგორ ფიქრობთ, რით განსხვავდება ის ახლანდელი ამერიკისაგან?

- ამერიკის მიდვესტიდან ვარ. ვისკონსინის შტატში, ქალაქ მედისონში გავიზარდე და განათლებაც იმავე შტატში, მილუოკის კათოლიკურ უნივერსიტეტში მივიღე. ოჯახში ხუთი ბავშვი ვიზრდებოდით, მე ყველაზე უფროსი ვიყავი. ვერთობოდი ისევე, როგორც ყველა ამერიკელი ბავშვი: ვთამაშობდი ფეხბურთს, კალათბურთს, თან ძალიან კარგადაც ვსწავლობდი. ადამიანებს სჩვევიათ ბავშვობის მოგონებების გაიდეალება, მეც ტკბილად ვიხსენებ ხოლმე იმას, თუ როგორ დავდიოდი კემპინგზე, როგორ ვსეირნობდი კანოეთი, როგორ ვთევზაობდი... მას შემდეგ, რაც დიპლომატიური კარიერა დავიწყე, ყველაფერ ამას ჩამოვშორდი. საერთოდ ვეღარ ვასწრებ, დრო აღარ მრჩება.

მეორე ეტაპი უკვე მილუოკიში გავატარე. ჩემი მომავალი მეუღლეც იქ გავიცანი, სასწავლო სტიპენდია მოვიპოვეთ, კოლეჯში ვსწავლობდით და მთელი სტუდენტობის განმავლობაში შეყვარებულები ვიყავით. კოლეჯის დასრულების შემდეგ დავქორწინდით და 37 წლის შემდეგ კვლავაც ერთად ვართ. როგორც ჩემი ქალიშვილი ამბობს, ჩვენს დროში, ეს მართლაც დიდი მიღწევაა.

- თქვენი მშობლები შტატებში დაიბადნენ?

- დედაჩემის მშობლები ირლანდიელი ემიგრანტები იყვნენ, მამაჩემი კი მესამე თაობის ამერიკელია. ასე რომ, ორივენი, პირდაპირ თუ ირიბად, ემიგრანტების შთამომავლები არიან, თუმცა მთელი ცხოვრება ვისკონსინში გაატარეს და მოგზაურობა წლების შემდეგ, მხოლოდ შვილების წყალობით დაიწყეს. მეც და ჩემს და-ძმასაც პროფესიებიდან გამომდინარე საზღვარგარეთ ცხოვრება ხშირად გვიწევდა და მშობლებიც ჩვენს მოსანახულებლად ჩამოდიოდნენ. ჩემი უფროსი და გარდაიცვალა, ტრაგიკულად. მკერდის სიმსივნე ჰქონდა. მისი სიკვდილი ჩვენი ოჯახისთვის დღემდე ყველაზე დიდი უბედურებაა. ჩემი მეორე და ჟურნალისტია, ის Chicago Tribune-სა და Atlantic Consitution-ში მუშაობდა, შემდეგ კი Christian Science Monitor-მა საკუთარ სპეცკორესპონდენტად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ჩინეთში მიავლინა. ახლა ის ატლანტაში ჟურნალისტიკის სკოლის დირექტორია. ჩემი ერთი ძმა კომპანია „მეტრონიქსში“ მუშაობს. ეს კომპანია სამედიცინო ტექნიკას ამზადებს. ის ახლა მინეაპოლისში ცხოვრობს, მაგრამ მანამდე 5 წლის განმავლობაში იმავე კომპანიის ევროპული ოპერაციების მთავარი ფინანსური ოფიცერი იყო. მეორე ძმა რომში ცხოვრობს, ის გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენელია. განათლებით სოფლის მეურნეობის ეკონომისტია და ცხოვრების უმეტესი წლები დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში აქვს გატარებული.

- როგორ მოხდა, რომ ოჯახში ყველანი ისეთი პროფესიებით დაინტერესდით, რასაც საერთაშორისო განზომილებაც ჰქონდა?

- ეს ის კითხვაა, რომლის პასუხიც არავინ იცის. მამაჩემი ყოველთვის ფიქრობდა, რომ ეს დედაჩემის დამსახურება იყო. დედა ყოველთვის გვიკითხავდა ეპიზოდებს მსოფლიო ისტორიიდან, ისეთ ამბებს, რომლებიც ფანტაზიასა და წარმოსახვის უნარს გვიმდიდრებდა. თუმცა, ასეთი რამ, რაც ჩვენს ოჯახში მოხდა, შტატების მიდვესტში იშვიათობაა - ხუთი შვილიდან ოთხი, პირდაპირ თუ ირიბად, კარიერის გასაკეთებლად საერთაშორისო არენას ირჩევს.

- თქვენს პროფესიულ არჩევანს რომ დავუბრუნდეთ, თქვენ როგორ დაინტერესდით საერთაშორისო ურთიერთობებით?

- ეს სასაცილო ამბავია. არ ვაპირებდი დიპლომატობას, ვიცოდი ბევრი რამ დიპლომატიის შესახებ, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული არ მქონდა. პირველი ინტერესი მაშინ გაჩნდა, როცა უნივერსიტეტის პირველკურსელი პირველად წავედი ევროპაში - კლასიკური ამბავია, როგორ მიდის ამერიკული კოლეჯის სტუდენტი ევროპაში. ერთ ღამეს მატარებელში გოგონები გავიცანით. სიტყვა პროფესიებზე ჩამოვარდა. ერთ-ერთმა მკითხა, ნუთუ არასოდეს გიფიქრია საერთაშორისო საქმიანობაზეო. თითქოს იმ წამს გონება გამინათდაო. შტატებში დავბრუნდი თუ არა, განაცხადი შევავსე, გამოცდები ჩავაბარე და ასე დაიწყო ყველაფერი. როცა სამსახური დავიწყე, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, 22 წლის. შემდეგ დავბრუნდი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში და მაგისტრის ხარისხი დავიცავი, რადგან მივხვდი, რომ უფრო მეტი ცოდნა და განათლება იყო საჭირო.

ჯორჯთაუნი შესანიშნავი უნივერსიტეტია, ჩემს მეუღლესაც იქაური მაგისტრის დიპლომი აქვს ბიოსტატისტიკაში. ჩვენი უფროსი ქალიშვილიც ჯორჯთაუნში სწავლობდა, ახლა სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობს. ასე რომ, ოჯახში ჯორჯთაუნის სამი დიპლომი გვაქვს და, შეიძლება ითქვას, რომ ამ უნივერსიტეტის ნამდვილი პატრიოტები ვართ.

უნდა ვაღიარო, რომ ძალიან გამიმართლა. პირველი მისიით იერუსალიმში გამგზავნეს, ბევრი რამ გადავიტანე, 1973 წლის ომის დროს იერუსალიმში ვიყავი. შემდეგ ბევრ სხვა საინტერესო ქვეყანაში ვმსახურობდი და, აი, 37 წლის თავზე აქ ვარ, საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად.

- ჯორჯთაუნი საგარეო ურთიერთობების შესასწავლად საუკეთესო ადგილია, ასე არ არის?

- გეთანხმებით, ნამდვილად ასეა, ოღონდ მე ისტორიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, რადგან ეს სფერო ძალიან მაინტერესებდა. შესანიშნავი მასწავლებლები მყავდა, უნივერსიტეტში არაჩვეულებრივი სასწავლო გარემო იყო. სწავლის პარალელურად სახელმწიფო დეპარტამენტში ვმუშაობდი, ამიტომ ლექციებზე სიარული საღამოობით მიწევდა. ასე რომ, გამოძინება იმ წლებში ჩემთვის ნამდვილი ფუფუნება გახლდათ. თუმცა, საერთო ჯამში, მაინც არაჩვეულებრივი წლები იყო.

- რა იყო თქვენს კარიერაში ყველაზე სერიოზული გამოწვევა და რომელ ეტაპს შეაფასებდით ყველაზე წარმატებულად?

- ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ იერუსალიმი იყო, უცნაურ გარემოში მომიხდა სამსახური. იქ ომის პერიოდში ვიყავი. სულაც არ ყოფილა სახალისო. ეს ის პერიოდია, როცა ჰენრი კისინჯერმა დიპლომატიური სტრატეგია შეცვალა. მართალია, მე მაშინ საკონსულოს ყველაზე ახალბედა სპეციალისტი ვიყავი და, შესაბამისად, ჩემი როლიც მიმდინარე პროცესებში ძალიან მცირე იყო, მაგრამ მაინც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმ პერიოდს, რადგან ისტორია პირდაპირ ჩემს თვალწინ იცვლებოდა.

მოგვიანებით ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა, აღმოსავლეთ ევროპის ექსპერტი გავმხდარიყავი, მსოფლიოს ეს ნაწილი ყოველთვის განსაკუთრებულად მიზიდავდა. შემდეგი მისიით უნგრეთში, ბუდაპეშტში, გამგზავნეს. ეს იყო 1979 წელს, მაშინ უნგრეთი ჯერ კიდევ კომუნისტური ქვეყანა იყო. იქ სამი წელი გავატარე. უკან რომ დავბრუნდი, სახელმწიფო დეპარტამენტში, საბჭოთა ბანაკის განყოფილებაში, დავიწყე სამსახური. სამი წლის განმავლობაში იარაღის კონტროლის სფეროს კურატორი ვიყავი. შემდეგ მოსკოვში უნდა წავსულიყავი, მაგრამ სისტემაში რაღაც შეცდომა მოხდა და, როგორც ჩემს უმცროს კოლეგებს ხშირად ვეუბნები ხოლმე საკონსულოში, რომში მომიწია ჩემი მომავალი „რთული“ მისიის შესრულება. რომში გატარებული სამი წელიწადი ჩემი ოჯახური ცხოვრების საუკეთესო წლები იყო, რადგან ჩვენი შვილები სულ ჩვენთან ერთად იყვნენ და ერთად ბევრს ვმოგზაურობდით.

ჩემი შემდგომი კარიერა მთლიანად საბჭოთა კავშირთანაა დაკავშირებული. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, საბჭოთა კავშირის განყოფილების დირექტორის მოადგილის პოსტი მეკავა სახელმწიფო დეპარტამენტში. რა თქმა უნდა, ჩვენი განყოფილებაც დაიშალა. ამის მერე დიდი პატივი მხვდა წილად, როცა მოსკოვური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე გავხდი, შემდეგ ლიტვაში ჩავედი ელჩად, უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუციის დროს სახელმწიფო დეპარტამენტის რუსეთ-უკრაინის განყოფილების მდივნის ასისტენტი ვიყავი. ბოლოს კი აქ, საქართველოში, გავატარე სამი არაჩვეულებრივი წელი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ნამდვილად გამიმართლა.

ლიტვიდან დაბრუნების შემდეგ ნაციონალური ომის კოლეჯის დირექტორის მოადგილეც გახლდით. ამ კოლეჯში სტრატეგიას ასწავლიან, ასწავლიან იმას, თუ როგორ ხდება სტრატეგიის დამუშავება და ცვლილება, ასწავლიან „სტრატეგიული ცვლილებების წერტილების“ სპეციფიკას. ეს ტექნიკური ტერმინია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს - სტრატეგიების ფუნდამენტურ ცვლილებას. იმ მასშტაბის სტრატეგიული გარდატეხა, როგორიც საბჭოთა კავშირის დაშლა იყო, ჩვენს რეალობას არ ახსოვს. ისტორიის ამ ეტაპზე შეიცვალა ყველაფერი, შეიცვალა ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან და ახლად წარმოქმნილ სახელმწიფოებთან.

ერთხელ ერთმა ჩემმა უფროსმა ასეთი რამ თქვა, საერთაშორისო დიპლომატიურ სამსახურში იმიტომ მივდივართ, რომ ისტორიის ნაწილი გვინდა გავხდეთო. საკუთარ კარიერას თუ გადავავლებ თვალს, გარკვეული თვალსაზრისით გამიმართლა კიდეც, ვინაიდან ჩემს თვალწინ რამდენიმე ასეთი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა მოხდა.

- აღმოსავლეთ ევროპა - ეს ერთგვარი ჯგუფური სახელწოდებაა, რომლითაც ევროპის ამ მონაკვეთზე მდებარე ქვეყნებს მოიხსენიებენ, მაგრამ ამ ქვეყნებს შორის უამრავი განსხვავებაა. თუ შეიძლება ამ განსხვავებების შესახებ რომ გვესაუბროთ?

- განსხვავებებიც უხვადაა და მსგავსებებიც. ქვეყნები, რომელთაც ვარშავის ხელშეკრულება აერთიანებდათ, საბჭოთა კავშირის აშკარა გავლენის ქვეშ იყვნენ, მაგრამ მათი ცხოვრება ბოლომდე მაინც არ იყო ისეთი, როგორიც საბჭოთა რესპუბლიკებში. მაგალითად, უნგრეთის მდგომარეობა განსხვავდებოდა ლიტვისა და საქართველოს რეალობებისგან. თუმცა, ვფიქრობ, რომ ლიტვასა და საქართველოს შორისაც იყო განსხვავება, რადგან ბალტიისპირეთის ქვეყნებს პირველი და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში მიეცათ შანსი, დემოკრატიასა და საბაზრო ეკონომიკასთან ჰქონოდათ შეხება, მათ გაუჩნდათ მისწრაფება დასავლური ღირებულებებისკენ და ეს მაშინ, როცა საქართველო და უკრაინა ჯერ კიდევ აბსოლუტური საბჭოთა გავლენის ქვეშ რჩებოდნენ. ვფიქრობ, ბალტიისპირეთის ქვეყნებს დიდად წაადგა ეს გამოცდილება, რადგან ამ ქვეყნებში უკვე არსებობდა ის ტრადიცია და ბაზა, რაც ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის არის აუცილებელი. საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში კი ყველაფრის გაკეთება თავიდან გახდა საჭირო, აქ ჯერ ახალი საბაზისო ტრადიცია იყო შესაქმნელი.

- თქვენ ფიქრობთ, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოში გარკვეული პროგრესი შეინიშნება?

- რა თქმა უნდა, პროგრესი სახეზეა, ეს ცალსახად შემიძლია ვთქვა. მესმის, რომ დემოკრატიის შენების პროცესი საქართველოში ჯერაც არ დასრულებულა; დემოკრატია ჯერ ისევ განვითარების ეტაპებს გადის, მაგრამ საქართველომ ბევრს მიაღწია, ბევრი პროგრესული ნაბიჯი გადადგა. თუმცა კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი. სწორედ განვითარების ამ პროცესის გამოა ჩემი აქაური მისია ესოდენ საინტერესო. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაანალიზებაც, თუ რამდენი რამ შეიცვალა ამ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი - გაცილებით იოლია, ჯერაც მოსაგვარებელ პრობლემებზე კონცენტრირება, მაგრამ საქართველოში გატარებული სამი წლის შემდეგ გეტყვით, რომ ბევრი რამ შეიცვალა, ელექტროენერგიით მომარაგებითა და გზების მშენებლობით დაწყებული, საზოგადოებაში მომხდარი ცვლილებებით დამთავრებული. შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება საკუთარი თავისა და ქვეყნის მიმართ. საბჭოთა კავშირში შეუძლებელი იყო დამოუკიდებელი ქვეყნის ნაციონალისტური იდეების განვითარება, ამიტომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა ქვეყანას დასჭირდა საკუთარი ეროვნული ცნობიერების განვითარება. საქართველო ახლა ამ პროცესშია. ქვეყანამ უამრავი ტრაგიკული მომენტი გადაიტანა, მაგრამ იყო წარმატებებიც. მაგალითად, გამაოცა ომის დროს ქართველების მზადყოფნამ, დახმარებოდნენ გაჭირვებაში ჩავარდნილ თანამემამულეებს. ბევრჯერ მოვინახულე იძულებით გადაადგილებული ადამიანები და ვნახე, რომ ოფიციალურ ორგანიზაციებთან და არასამთავრობოებთან ერთად, უამრავი მოხალისე მოდიოდა მათ დასახმარებლად, მოჰქონდათ საკვები, თბილი საბნები. მაშინ მე აშკარად დავინახე ერთიანი ეროვნული სული, რითაც ქართველები უნდა ამაყობდნენ. და თვითონ ქართველებსაც არაერთხელ უთქვამთ, რომ ახლა ყველაფერი მართლაც სხვაგვარადაა, ვიდრე ეს იყო წინათ.

- ზოგიერთი ჩვენგანი ფიქრობს, თითქოსდა ზედმეტად ნაციონალისტები გავხდით, რამაც შესაძლოა დემოკრატიული ქვეყნის შენებაშიც შეგვიშალოს ხელი. აღიქვამთ თუ არა საფრთხედ ქართულ ნაციონალიზმს?

- ჩემი აზრით, ამ გლობალიზებულ მსოფლიოში წარმატებული ქვეყნის სახელი რომ დაიმკვიდრო, საკუთარი ეროვნული თვითშეგნების ძლიერი განცდა უნდა გქონდეს. საქართველო უძველესი ქვეყანაა, შთამბეჭდავი ისტორიით, თავისი ენით და კულტურული მემკვიდრეობით. ამას ვერ წაართმევ. თანამედროვე სახელმწიფოს შექმნა დროს მოითხოვს. ცხადია, ნაციონალიზმი ამ პროცესის ნაწილია, მაგრამ გადამეტებული ნაციონალიზმი საქმეს ნამდვილად არ შველის. მხოლოდ საქართველოს არ ვგულისხმობ, მხედველობაში მყავს სხვა ქვეყნებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ბანაკიდან და ევროპიდანაც. ევროკავშირი ცდილობს შექმნას საერთო მმართველობითი ორგანიზაცია, მაგრამ ამ კავშირში გაწევრიანებულ თითოეულ ქვეყანაში მაინც ძლიერია ნაციონალისტური ტენდენციები. საქართველოც ამ პროცესს გადის. ნაციონალისტური თვითშეგნების ჩამოყალიბება, თანამედროვე, დემოკრატიული, ბაზარზე ორიენტირებული სახელმწიფო, კანონის უზენაესობა - ამ ყველაფრის შენებას დრო სჭირდება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საქართველომ მიაღწია პროგრესს, თუმცა უფრო მეტია გასაკეთებელი და ბედნიერები ვართ, რომ ამ პროცესში თქვენი ქვეყნის გვერდით ვდგავართ.

- რა შეიძლება შესთავაზოს საქართველომ გლობალიზებულ მსოფლიოს, კულტურული თუ პოლიტიკური თვალსაზრისით? შესაძლებელია თუ არა, რომ რაიმე უნიკალური როლი ვითამაშოთ?

0x01 graphic

- შესათავაზებელი საქართველოს მართლაც ბევრი აქვს, თუნდაც მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც ამერიკასა და ევროპაში ბევრი დღემდე არ იცნობს. შემდეგ ჩამოდიან, ეცნობიან ქართულ ცივილიზაციას და გაოცებულები ამბობენ - ეს ნამდვილი ევროპული კულტურის ქვეყანა ყოფილაო. რაც შეეხება წვლილს, ვფიქრობ, რომ საქართველომ უკვე ბევრი რამ მისცა მსოფლიოს, თუნდაც დემოკრატიული საზოგადოების განვითარების პროცესი ავიღოთ. ეს პროცესი განსაკუთრებით ვარდების რევოლუციის შემდეგ გაძლიერდა. დღეს ქართულმა საზოგადოებამ იცის, რომ ის დასავლური ცივილიზაციის ნაწილია და თავისი კუთვნილი ადგილის დამკვიდრებას ესწრაფვის. დღეს ქართულ საზოგადოებას სურს, რომ ჰქონდეს კავშირები არა მხოლოდ ევროპასა და ამერიკასთან, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც, ისეთთან, როგორიც ნატოა. საქართველოს სურს, შეასრულოს თავისი როლი მსოფლიოში. ეს მისწრაფება თუნდაც ერაყში ჯარების გაგზავნით გამოიხატა. ქართველებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს ერაყში მიმდინარე პროცესებში. საქართველოს ნაბიჯი გულწრფელად დააფასეს ვაშინგტონში; იმ ფაქტმა, რომ ასეთი პატარა ქვეყანა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერაყის მოვლენების განვითარებაში, აღფრთოვანება გამოიწვია. ეს მართლაც დასაფასებელია. მეტსაც გეტყვით. ჩემი აზრით, რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს ეს, თანამედროვე გლობალიზებულ მსოფლიოში პატარა სახელმწიფოებს გაცილებით დიდი როლი ეკისრებათ. მათი განვითარების გზები დანარჩენებისთვის თვალსაჩინოებად, ერთგვარ მოდელად შეიძლება გამოდგეს. თქვენს ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა, რომლის გავლითაც ნავთობი და გაზი დასავლეთში წავა. ეს ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის.

- როგორ ფიქრობთ, ომის შემდეგ საქართველომ განვითარების ამ გზაზე უკან ხომ არ დაიხია? საინტერესოა თქვენი შეფასების მოსმენა ამ საკითხთან დაკავშირებით.

0x01 graphic

- ვიმედოვნებ, რომ არა. ვაშინგტონი კვლავაც მხარს უჭერს საქართველოსთვის ნატოს სამოქმედო გეგმის გადმოცემას. თუმცა კი გადაწყვეტილება ალიანსმა ერთხმად უნდა მიიღოს. ამერიკელები ოპტიმისტები ვართ და კვლავაც ბეჯითად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ეჭვგარეშეა, რომ ომმა დიდი გადაადგილებები გამოიწვია, დაელაპარაკები დევნილებს და მიხვდები, რომ ადამიანური საფასური, რომელიც საქართველომ აგვისტოს მოვლენების დროს გაიღო, ძალიან დიდი იყო. ჩემი მეუღლე ჯანდაცვის სფეროს მუშაკია. ის მუშაობს ორგანიზაციაში, რომელიც ქალების რეპროდუქციულ ფუნქციასა და ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ის საქართველოს საავადმყოფოებს სტუმრობდა და ინფორმაციას აგროვებდა მოხსენებისთვის, სან-დიეგოში ამერიკის ჯანდაცვის ასოციაციის კონვენციაზე წარსადგენად. მოხსენების თემაა ომის გავლენა ადამიანების ჯანმრთელობაზე. საკმაოდ შთამბეჭდავი მოხსენება გამოუვიდა. მასში უხვად არის სტატისტიკური მონაცემები. გარდა ამისა, დარტყმა განიცადა ქართულმა ეკონომიკამაც, მაგრამ ჩვენ მიერ შემუშავებული დახმარების პაკეტით სიტუაციის გამოსწორებაში საქართველოს აუცილებლად ამოვუდგებით გვერდში. პაკეტის პირველი ნაწილი უკვე დაამტკიცა კონგრესმა. პირველი ტრანში უკვე გზაზეა, მეორე ახალი წლისთვის წამოვა, როცა ამერიკას ახალი ადმინისტრაცია ეყოლება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მაკეინიც და ობამაც საქართველოს მხარს უჭერენ. ასე რომ, მნიშვნელოვანი ცვლილება საქართველოსთან ურთიერთობაში, ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ არ მოხდება.

- რა სახის არჩევანის წინაშე დგას ამერიკა?

- მაკეინის გუნდს კარგად ვიცნობ, ობამას გუნდს ისე კარგად არა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, საქართველო ვაშინგტონისგან მაინც ძლიერ მხარდაჭერას შეინარჩუნებს. საქართველო ცდილობს ააშენოს დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა, ეს კი ამერიკის ინტერესებშიცაა. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერა გაგრძელდება.

- თუ შეიძლება, ცოტა რამ გვიამბეთ ელჩის კულტურული ფონდის შესახებ. როგორ აპირებთ საქართველოსთან ურთიერთობის გაგრძელებას?

- ელჩის კულტურული ფონდი ერთ-ერთი ის პროგრამაა, რომლის დაარსებაც განსაკუთრებით მეამაყება. წლების განმავლობაში ძალ-ღონეს არ ვიშურებდი, რომ სულ უფრო მეტი თანხები გამოყოფილიყო კულტურის სფეროსთვის. ალბათ, იცით, რომ საბჭოთა ეპოქაში ამერიკა ინტენსიურად აფინანსებდა ჯაზის სპეციალისტების ვიზიტებსა და მოგზაურობებს საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე და სწორედ ამის შედეგია ის, რომ დღეს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ჯაზის უამრავი მოყვარული ცხოვრობს. დახარჯულ თანხასა და მიღწეულ შედეგებს თუ შევადარებთ, დავინახავთ, რომ თანხა აშკარად უმნიშვნელოა იმ გავლენასთან შედარებით, რაც ამ ინიციატივას მოჰყვა. ჯაზი, ზოგადად, თავისუფლების სინონიმია და, შესაბამისად, ეს ჟანრიც აქაურებისთვის ამერიკის სიმბოლო გახდა. ამიტომ მგონია, რომ თუნდაც ის მცირე თანხა, რაც ჩვენ ქართული კულტურის ძეგლების დასაცავად გამოვყავით, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ღირსშესანიშნაობა საქართველოში ატენის სიონია. ამ ადგილს რომ ვესტუმრები, გულში ვფიქრობ ხოლმე, მადლობა ღმერთს, რომ ამ შესანიშნავი ძეგლის აღსადგენად ფონდი შევქმენით და ის მაინც მოვახერხეთ, რომ ეკლესია საბოლოოდ არ განადგურებულიყო და მდინარეში არ ჩაქცეულიყო-მეთქი. საელჩომ გამოყო თანხა დავით გარეჯში თეთრი უდაბნოს ფრესკების გადასარჩენად. გარდა ამისა, ახლა ვმუშაობთ კასპთან ახლოს ხოვლის გათხრების დასაფინანსებლად. ეს ადგილი ელინისტურ-რომაული პერიოდის ნიმუშებს მოიცავს. ამ ტერიტორიაზე ჩვენ არქეოლოგიურ გათხრებს დავაფინანსებთ. ასეთი პროექტები სხვაც ბევრი გვქონდა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რაც არ უნდა მცირე იყოს დასახმარებლად გამოყოფილი თანხა, ის მაინც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან ჩვენ ვეხმარებით ქართველებს თავიანთი შესანიშნავი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში. ეს არსებითია ქართული ცივილიზაციისა და ამ ქვეყნის მომავლისთვის.

- უკვე იცით, საქართველოს მერე სად წახვალთ?

- არა, წინასწარ ეს არასოდეს იცი. საერთაშორისო სამსახურის მთელი ხიბლი და სიგიჟეც სწორედ ესაა. ერთ მშვენიერ დღესაც უნდა გამოუცხადო შვილებს, იცით, სხვაგან გადავდივართ! თან ისე, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდეთ, ამჯერად საით უნდა უკრა თავი. ისევ საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, უნდა გითხრათ, რომ აქ ცხოვრება ძალიან მოგვეწონა. მოვიხიბლეთ ქვეყნითაც და ადამიანებითაც. უამრავი მეგობარი შევიძინეთ და სადაც არ უნდა წავიდე, მათ მოსანახულებლად საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები. ამბობენ, რომ იმ ადგილას, რომელიც მოგეწონება, შენი გულის ნაწილს ტოვებ და მერე უნდა დაბრუნდე და გულის ამ ნაწილს კიდევ ერთხელ შეხვდე. ასე დამემართა საქართველოზეც და ამას მთელი გულწრფელობით ვამბობ. აქ ცხოვრება ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული იყო.

7 „ახალი ცხოვრება“

▲ზევით დაბრუნება


რეპორტაჟი

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

სურათი არასდროს იცვლება. ისევ გარეთ, ეზოში არიან. სკამებზე ჩამომსხდარი ქალები მზეს ეფიცხებიან და ყოფით საკითხებზე საუბრობენ. კაცები მოშორებით დგანან და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე კამათობენ. ბავშვები წინ და უკან გიჟებივით დარბიან; ხან გასწრობანას თამაშობენ, ხან პანღურებს ურტყამენ ერთმანეთს. გზაზე მიმავალი მანქანების ხმაურში პერიოდულად გაბრაზებული მშობლების შეძახილი ისმის; ბავშვები წყნარდებიან, ოღონდ ცოტა ხნით. საკმარისია, დიდებმა თავისი საქმე გააგრძელონ, რომ... ყველაფერი ძველებურ რიტმს უბრუნდება.

ამ პატარა ჩანახატს ყოველდღე ვაკვირდები, მაშინ, როდესაც სამსახურში მომავალს ფინანსთა სამინისტროსთან მიწევს გავლა. ყოველ ჯერზე ავტომატურად ვიწყებ უკვე ნაცნობი სახეების ძებნას, თითქოს რაღაც ამბავს მივყვები და მინდა, თითოეულ მათგანს უფრო ახლოდან დავაკვირდე, სადღაც, სიღრმეში ჩავიხედო...

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ისევ გორი

12 ოქტომბერს გორში კარვების ქალაქი მთლიანად დაიცალა. 2000-ზე მეტი დევნილი 3 დღის მანძილზე გაიყვანეს კარვებიდან. გორის რაიონის მოსახლეობა სოფლებში დააბრუნეს. ლიახვის ხეობის ხალხი, - მშენებარე კოტეჯების მოლოდინში, ბაგა-ბაღებში გადაანაწილეს. მართალია, მიწას მართკუთხა კარვების კვალი ჯერ კიდევ აჩნია, მაგრამ ერთი თვის წინ საკუთარი თვალით რომ არ მენახა კარვების ქალაქი, ახლა ვერაფრით დავიჯერებდი, რომ აქ რამდენიმე ათასი დევნილი ცხოვრობდა. ახლა კი მხოლოდ ტრაქტორის გუგუნი და მჩხავანა ჩიტების ხმა ისმის. ვიღაცა ხეებთან დაყრილ ტანსაცმელში იქექება. დევნილებისთვის ჩადგმული ფიცრული საპირფარეშოები და აბანოები მონჯღრეულია, ასაღებად ამზადებენ. მთელ ამ ტერიტორიაზე ერთადერთი „ცოცხალი“ ადგილი წითელი ჯვრის კარავია, რომლის სამზარეულოში რამდენიმე ქალი ისევ ისე დგას გრძელ მაგიდასთან და საჭმელს პლასტმასის ჯამებში ანაწილებს. თბილისში ჩასახლებული დევნილებისთვის ამზადებენ. გორში დევნილების სანახავად ჩამოვედი. მინდოდა გამეგო, რა ბედი ეწიათ იმ ადამიანებს, რომლებიც კარვებში გავიცანი. ზოგმა ხომ თვითონ მითხრა, სახლი აღარ მაქვს, გადამეწვაო. მაშინ სად წაიყვანეს ეს ხალხი? იქნებ ვინმესთვის მაინც მიმეგნო... საერთოდ, რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ამ ყველაფერზე, მით უფრო ვიბნეოდი და პასუხების ძიებაში ათასმა სისულელემ მაინც გამიელვა თავში. თუმცა, აბა, წინასწარ რა ვიცოდი, რომ მთელი ჩემი იმდღევანდელი მოგზაურობა გორსა და გორის მიმდებარე

სოფლებში მარტო აბსურდულ, ქაოტურ და უპასუხო კითხვებს დამიტოვებდა. სოფლებში წასვლამდე გადავწყვიტე, კარვიდან გამოყვანილი დევნილები მენახა. №6 ბაგა-ბაღს მივადექი, რკინის კარზე დავაკაკუნე და ეზოში შევედი. მზის სხივებით გაჩახჩახებულ ეზოში ქალბატონ გამგეს ყველაზე წყნარი და ჩრდილიანი ადგილი ამოურჩევია. ჩემი ბაღის გამგეს ჰგავდა. ისე, შეიძლება დიდად არც ჰგავდა და მე მივამსგავსე, მარტივი პრინციპით - ყველა გამგე ერთნაირია. გამგე გაგებით შეხვდა ჩვენს მოსვლას და დამპირდა, რომ ყველაფერს დამათვალიერებინებდა და ყველაფერზე ამომწურავ პასუხს გამცემდა. - „ნათელა, მოდი აქ! ჟურნალისტები არიან თბილისიდან, აინტერესებთ, ხომ კარგი კვება გაქვთ“, -„კი, კი, ძალიან კარგი,“ - გამოვიდა ნათელა შენობიდან. როდესაც მივხვდი, რომ გამგე აღარასოდეს დაამთავრებდა დევნილების „იშვიათად კარგ“ პირობებში ყოფნაზე საუბარს, შიგნით შევედი და საცხენეთიდან ჩამოსულ 60 წლის გოგლა და რაია ბიძიონაშვილებს დაველაპარაკე. დიდ ოთახში, რომელიც ადრე ალბათ ზეიმების გასამართი დარბაზი იყო, ერთმანეთის მიჯრით ორსართულიანი საწოლებია ჩამწკრივებული. რაიაც და გოგლაც აქ ცხოვრობენ. სანამ სოფლიდან გამოიქცეოდნენ, რაია მთელი საათი არწმუნებდა ოსებს, ქმარი არა მყავს, გარდაცვლილია, გადიდებულ ფოტოს კი ვერ გაჩვენებთ, უფულობის გამო ვერ დავამზადებინეო. გოგლა კი ამ დროს „სარაიაში“ ჰყოლია დამალული, - „კაცები ხომ უნდა დაგვემალაო“. რაიას შვილი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა და, როგორც მითხრა, მას მერე „ტვინის (თან თავზე იდებდა ხელს) უჯრედების ტკივილი დაეწყო“. ჯერ კიდევ კარავში ყოფნისას ექიმის გამოწერილი წამლების მთელი ნუსხა მიჩვენა. ფასები ზეპირად იცის, მაგრამ არც ფული აქვს და არც წამლები. დევნილებს მედიკამენტებით არავინ ეხმარება. თითო-თითო აბი, ისიც, მხოლოდ ერთჯერადად დაურიგეს. საწოლის ქვეშ პატარა მწვანე ტაშტის სახელური მოჩანს, უკან - ტანსაცმლით სავსე ორი ცელოფანის პარკი (ეს მთელი ქონებაა), კედელზე ყველა საბავშვო ბაღის უცვლელი ატრიბუტი - ხელოვნური ყვავილებია მილურსმული. - „აბააა, ხომ კმაყოფილები ხართ?“, სად იყო და სად არა, გამგე შემოვიდა და მოხუცებს ომახიანად, გამგისებურად შესძახა. მოხუცები ფეხზე წამოდგნენ და - „კი, კიო“, - დაგვიკრეს თავი. - „აბა რა, სააკაშვილი თქვენზე იზრუნებსო,“ - დაამატა გამგემ და ჩამჩურჩულა: - „ცუდად ხომ არაფერს გააშუქებთო?“. არა, რა თქმა უნდა, არა!

ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ცხინვალელ დევნილებს შევხვდი; იმ ხალხს, ვინც 90-იან წლებში იქცა დევნილად და ახლა ყველაფერი ხელმეორედ და ისევ თავიდან აქვს დასაწყები. ზოგიერთ მათგანს რეგისტრაციაზე უარი უთხრეს - თქვენ უკვე დევნილები ხართ, მეორედ ვეღარ გაივლით რეგისტრაციას და ამიტომ ვერც დახმარებას მიიღებთო. ზოგს გაუმართლა და ბაღის შენობაში მაინც მოხვდა. „ჯერ ხევის ხალხი უნდა ჩავასახლოთ და თქვენ... თქვენ საიდანაც მოხვედით, ისევ იქ დაბრუნდით, ჯერ ვერ დაგეხმარებითო.“ თან დაამატეს, ეს ყველაფერი რაიონის გუ ბერნატორმა გვითხრაო. მათი უმეტესობა წლების მანძილზე ქირაობდა გორის რაიონის სოფლებში ოთახებს, ბინებს. იქვე თუ არა, ახლომახლო სოფლებში დასაქმდნენ, მაგრამ მკვიდრ მოსახლეობად ვერ „იქცნენ“ და ამიტომ... - „პირადად მე, ლიახვის ხეობის დეპუტატს - ბადრი ბასიშვილს დავუკავშირდი და ასე მითხრა, ცხინვალელი ლტოლვილები მე არ მეხებაო,“ - თქვა გორის №2 ბაღში მცხოვრებმა დევნილმა, - „შეგიძლია მთელი ცხინვალელი დევნილების სახელით დაწერო, - საუბარში მეორე ცხინვალელი ჩაერთო, - ყველანი გადავალთ უკან, ავიღებთ რუსულ პასპორტებს და იქ ვიცხოვრებთ. 18 წელია დევნილები ვართ და მაინც სულ ყველას ფეხებზე ვკიდივართ. წავალთ იქ, სადაც მოგვხედავენ“. ქალის ამ რეპლიკას სასწრაფოდ მოჰყვა „ახალი“ დევნილის, აჩაბეთელი ქალბატონის გაბრაზებული კომენტარი - „იქ მონობას ჩემს ქვეყანაში მათხოვრობა მირჩევნიაო,“ - და ეზოში გაჩაღებული კამათი ლამის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სანამ ქალები იმას არკვევდნენ, თუ რომელი ქვეყნის მონობა ჯობია, იქ დაბრუნებისას - რუსეთის, თუ აქ დარჩენის შემთხვევაში - ამერიკის, ზუსტად ჩვენს უკან რამდენიმე ბავშვი ომობანას თამაშობდა და გამალებით ხოცავდა „ბოროტ რუსებს“. ბავშვებიდან ზოგი სწავლობს, ზოგი - არა. ვინც გორში დატოვეს, ისევე, როგორც თბილისში მყოფი დევნილები, სკოლებში გადაანაწილეს. მაგრამ წიგნების და რვეულების გარეშე არიან. რადგან წიგნებისთვის დარიგებული ას-ასი ლარი ოჯახისთვის აუცილებელ ნივთების შეძენაზე დაიხარჯა; ანუ, მთავრობის ენაზე რომ ვთქვათ, თანხების არამიზნობრივ დახარჯვას ჰქონდა ადგილი, თუმცა... აბა, მიდი და გაამტყუნე რომელიმე: „ამდენი ხანია ერთი წინდა გვაცვია და საპონიც ხან არის, ხან - არა“.

როდესაც საცხოვრებელ პირობებზე ეკითხები, ყველა დევნილი კარგ კვებაზე საუბრობს. მართალია, ერთ ოთახში ოცდაოთხი არიან: იქვე ჭამენ, სძინავთ, რეცხავენ და ბანაობენ, მაგრამ პური და ცხელი საჭმელი ყოველთვის აქვთ. ეს რაც შეეხება გორის დევნილებს, თორემ თბილისში ორ კვირაში ერთხელ ურიგდებათ სულზე ნახევარი პური, მაკარონი, ზეთი და ლობიო. ჰო, კიდევ მარილი და შაქარი.

ეს 80 წლის დევნილი ქალი, რომელიც გორის №2 ბაღის შენობაშია, ბაზარში დადის და კახელებისგან ყურძენს მათხოვრობს. მერე მოდის და გოგოებს უნაწილებს. ოთახში ათი „გოგოა“, 70-80 წლის. -„ხილი გვენატრება ძალიან. ქალები ვართ, დავდივართ და ვმათხოვრობთ, მაგრამ კაცები... ვიცით, რომ იმათაც ენატრებათ ვაშლი, ყურძენი, ის, რაც მთელი ცხოვრება უხვად გვქონდა ეზოებშიო.“

შავებში ჩაცმული ქალი დავინახე, ნაირა ერქვა. ზუსტად არ ვიცი, საიდან იყო; ან კი რა მნიშვნელობა აქვს. მახსოვს, ვიღაცამ მითხრა „ხეობელიაო“. ხალხი მიდიოდა და უსამძიმრებდა. შვილი მოუკვდა ერთი კვირის წინ, ჯერ კიდევ კარვებში ყოფნისას. 23 წლის ბიჭი იყო. ხიდიდან გადახტა, თავი მოიკლა. არავინ იცის, რატომ... თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, ახლად მოყვანილი ცოლიც ჰყავდა - „ვერ გავიგეთ რა აწუხებდაო“. იქვე დაუმარხავთ, გორში.

მას შემდეგ, რაც ნელი კარავში შევიდა, ორიოდეჯერ თუ მოახერხა სახლში ასვლა. ხეობის ერთ-ერთი პატარა სოფლიდანაა. მარტო იმას ფიქრობდა - რა ბედნიერებაა, ჩემი სახლი რომ მაქვს, ოდესმე ხომ დავბრუნდებიო. „ხან აივანს მივხედე, ხან ეზო დავალაგე“. სახლი 11 ოქტომბერს გადაუწვეს. წინა დღეებში ოსებს სოფელში ხალხი შეუკრებიათ, ყველანი რუსულ პასპორტებზე გადავდივართ, ნებაყოფლობითო! არც ეს ქალი მისულა ამ შეკრებაზე და არც მისი დევნილი შვილები. მართალია, არჩევანი ნებაყოფლობით უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ „ურჩი“ ოჯახი სახლის გადაწვით დასაჯეს. - „შვილებმა მითხრეს, ჩვენმა მთავრობამ სულ რომ უკან დაიბრუნოს ჩვენი სოფელი, უკან აღარასოდეს დავბრუნდებითო“.

როგორც წესი, ყველა ქალი გაცხარებული იწყებს მოყოლას, ვიშვიშს და ცრემლად ღვრას. კაცები - პირიქით, წყნარად გესაუბრებიან. ცრემლს არ დაგანახებენ, გვერდზე გადიან. ამ დროს კი ყველა ქალი, როგორც ერთი, გეუბნება - „ამას ვუფრთხილდები“, „ავადმყოფი გული აქვს“, „ვიცი, ვერ გადაიტანს“...

თითქმის ყველა ბაღში ერთნაირი პირობებია. ისევე, როგორც ერთი თვის წინ, ზოგ დევნილს, თეთრეულის და საწოლის გარეშე, ნაბადზე სძინავს. ზოგან ისევ დგას საპნის, სარეცხი ფხვნილის და სხვა ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთების პრობლემა. კი მაგრამ, მაშინ სად მიდის ამდენი ჰუმანიტარული დახმარება? როგორც ომბუდსმენის აპარატში მითხრეს, ეს ყველაფერი სამინისტროს არასისტემური მუშაობის, პროცესის არასწორი მართვის ბრალია. დევნილების მოვლის სქემა ასეთია: აღრიცხვა, საჭიროებების განსაზღვრა და უზრუნველყოფა. ამ სამიდან მხოლოდ პირველი პუნქტი შესრულდა. იყო შემთხვევები, როდესაც ერთ ბაღს 4-5 ორგანიზაცია ეხმარებოდა, მაშინ, როდესაც ზოგს საერთოდ არ ჰყავდა პატრონი. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, თუ როგორ ეყარა კარვის ქალაქთან, ძირს, ტალახსა და ნაგავში „ზედმეტი“ ტანსაცმელი, მაშინ, როდესაც, არსებობდა და დღესაც არსებობს ათასობით უსახლკარო ოჯახი, რომლებსაც სახლებთან ერთად ყველაფერი დაეწვათ და დღეს მეზობლების ნაჩუქარი ტანსაცმლით დადიან.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ძალით დაბრუნება

გაცვლა მოხდა. ხეობის დევნილებმა ბაღების შენობებში იმ დევნილების ადგილი დაიკავეს, რომლებიც სოფლებში დააბრუნეს. თბილისიდან ყოველდღე ხდება ძალით (!) გორის რაიონის დევნილების დაბრუნება. ყველაფერი ხორციელდება პრინციპით - ყველაფერი თავის კალაპოტს უბრუნდება, ყველა დევნილი სახლში ბრუნდება. ხათუნას ტყვიავში შევხვდი. ამ სოფლიდან არის. აგვისტოს შემდეგ თბილისში, ხუდადოვის ქუჩის მახლობლად, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ცხოვრობდა. მაშინ, როდესაც დევნილების სახლებში დაბრუნება თუ გეგმის შესრულება (არ ვიცი, რომელი სიტყვა აჯობებს) დაიწყეს, მათ შენობას საპატრულო მანქანებით მიადგნენ. თუ არ ჩასხდებით ავტობუსებში, ამოვალთ და მთელ ბარგს ფანჯრებიდან გადმოგიყრითო. კითხვაზე, თუ სად აბრუნებდნენ, პასუხად მიიღეს - სოფლებში; ვისაც სახლი აღარა აქვს? - მეზობლებთან იცხოვრეთ! ბევრი ადამიანია თბილისში იმის თვითმხილველი, თუ როგორ ახორციელებს თავდაცვისა და უშიშროების სამინისტროები (?!) ხალხის იძულებით აყვანას სოფლებში; სოფლებში, რომლებიც ბოლომდე განაღმულიც არ არის! ასეთი მონდომებით ომის დროს მაინც გამოეყვანათ ხალხი დაბომბილი სოფლებიდან!

ზუსტად წინა დღეს, სანამ სწრაფ ტემპში დაიწყებოდა კარვების ქალაქიდან და თბილისიდან დევნილების გაყვანა, მხარის გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა განცხადება გააკეთა - „მოსახლეობას ვთხოვ, ჯერ ნუ ავლენ სოფლებში, რადგან განაღმვითი სამუშაოები დასრულებული არ არისო“. სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა გაუნაღმავ სოფლებში ხალხის აყვანის ფაქტი დამიდასტურა და დაამატა - „იყო შემთხვევები, როდესაც მთელი სოფელი აუყვანიათ და მეორე დღეს ავტობუსით ისევ უკან ჩამოუყვანიათ“. აქ ისევ ჩნდება კითხვა - თუ სოფლები განაღმული არ არის, სად და რატომ აჰყავთ ეს ხალხი?; პასუხის მაგივრად კომუნისტების დროს „მოამბეში“ გასული სიუჟეტები ამომიტივტივდა, „გეგმის წარმატებულად შესრულების“, „გეგმის გადაჭარბების“ და ა.შ. ყოვლად საამაყოდ შესრულებული „საქმეების“ შესახებ.

ერგნეთამდე მანქანით ავედით. ბევრი უსახლკარო ადამიანი ვნახეთ, რომლებსაც მეზობლებთან უწევთ ღამის გათენება. ზოგი მანქანაში ათევს ღამეს და მთელი ოჯახით ნათესავებთან დაწანწალებს, ზოგმა - ბოსელი შელესა და იქ ოჯახით დასახლდა. კარალეთში ქეთინოსთან მივედი. აი, იმ მკერავ ქალთან, რომელიც ერთი თვის წინ კარალეთში შეპარვისას ვნახე. ისევ თავის გადამწვარ სახლშია. არც კედელზე მიდუღებული სარეცხი მანქანა გადაუგდია, ახალი ფუნქცია დააკისრა - თაროა, ზედ დაწყობილი პატარა ყვავილებით. ჩემი რძალი ჰუმანიტარული დახმარების სიიდან ამოიღეს: „სახლში დაგაბრუნეთ და დახმარება აღარ გეკუთვნითო“. ცნობისათვის: ქეთინოს სახლი ნიშნავს - სახურავის გარეშე დარჩენილ ცარიელ კედლებს. ეზო და სახლის ნარჩენები დასუფთავებული დამხვდა. ამიხსნა - „დავასუფთავე, როდესაც ვიღაც მოვა (რომელიღაც მორიგი დელეგაცია იგულისხმა), დაინახავენ დასუფთავებულ ეზოს და უფრო მოუნდებათ ჩემი სახლის გაკეთება. დღეში რამდენჯერმე ამოდიან, ხან ვინ და ხან - ვინ. დავიღალეთ უკვე. დადიან, ზომავენ ყველაფერს. მარტო მინების ასაზომად 6-ჯერ იყვნენ ამოსულები. ხან მთავრობა მოდის, ხან არასამთავრობოები. ყველა გვეუბნება, ჩვენ გვენდე და დაგეხმარებითო. არადა, სახლებს როდის აღგიდგენთ, არ ვიცით, ვმუშაობთ ამ საკითხზეო.“ გასაგებია, რომ მთავრობა ვერ მოახერხებს, ხალხს 2-3 სართულიანი სახლები აღუდგინოს, მაგრამ ჯერჯერობით არც რაიმე ალტერნატივას სთავაზობს. წეროვანთან, შავშვებთან და გორთან მშენებარე ერთსართულიანი კოტეჯები, რომელთა მშენებლობა, სავარაუდოდ, ნოემბრისთვის დასრულდება, ხევის ხალხისთვისაა განკუთვნილი. თითოეულ მათგანს სჯერა, რომ ეს ყველაფერი დროებითია, „სანამ ხევში, სახლებში დაბრუნდებიან“. - „აბა, ჩვენი მთავრობა ხომ არ მიგვატოვებს. ალბათ დაგვასაქმებენ კიდეცო“. -„შეიძლება ბევრი რამის არც გვჯერა, მაგრამ სხვა გზა არა გვაქვს, იმედი თუ არ გვექნა, მოვკვდებითო“. ერგნეთში რამდენიმე სახლი ვნახეთ, სადაც ცხოვრება შეიძლება. ყველაფერი გადამწვარია. ერთ-ერთ ასეთ სახლს მივუახლოვდით. დამწვარი და ცარიელი იყო. უბედურად გადაბრეცილ ჭიშკარს ეტყობოდა, რომ ეზოში ტანკით შესულან. მიტოვებულ სახლ-კარს პატარა და შავი სასაცილოდ წვრილ ხმაზე მყეფარი ძაღლი იცავდა. შუაზე გაპობილი ჭიშკრიდან ეზოში შევდიოდით, როცა დამტვრეული, ძველი ვოლგა მოგვიახლოვდა. პატრონები იყვნენ. გიული და ჯემალი. მართალია, ახლა ნათესავებთან ცხოვრობენ, მაგრამ დროდადრო მაინც ამოდიან ყოფილ სახლში. ისე, უბრალოდ. დახედავენ და მიდიან. ეს სახლი ერთ-ერთ მათ ახლობელს რუსულ ტელეარხზე უნახავს კომენტარით - „აი, რას უშვრებიან ქართველები ოსების სახლებს“.

მამა-შვილ გერონტი და ნიკოლოზ კასრაძეების ეზოში მხიარულ ფორმებად გამოჭრილი მაღალი ბუჩქების დანახვისას ნიკოლოზმა მითხრა - ამ ეზოს სულ ჩემი და უვლიდაო. და და დედა ნათესავთან არიან, მგონი - გორში. მამა-შვილი კი ბაბუის ძმის ოჯახში, იქვე, გვერდით ათევს ღამეებს. უცნაურები იყვნენ. ყველაფერს სულ-ღიმილ-ღიმილით მიყვებოდნენ და ნასახლარზე დამატარებდნენ. - „რა მამაძაღლები არიან, წითელი ვაშლი და შავი ყურძენი სულ გაგვიზიდეს, თეთრს კი, ხელიც არ ახლეს“; - „იმიტომ, რომ ოსებს ყველაფერი წითელი უყვართ, - დაამატა შვილმა, - წითელი სპორტულები, წითელი მანქანები.“ პერიოდულად ერთმანეთს გადახედავდნენ და ჩაიცინებდნენ ხოლმე. უბრალოდ, მამა ზოგჯერ ჩუმად შეიგინებოდა ხოლმე. ვის აგინებდა, არ ვიცი, ხომ არ ვკითხავდი. ამ დროს სახურავის ნაგლეჯიდან, რომელიც ძირს, ეზოში ეგდო, სქელ-სქელი დამტვერილი კატა გამოვარდა, ფეხებზე მომეტმასნა და ასე რამდენჯერმე ამიარ-ჩამიარა. ბრრრ... - დაბალ ხმაზე ამოუშვა და მხოლოდ ახლაღა შევამჩნიე, რომ შარვალი მტვრისგან სულ თეთრად მქონდა დაფარული. აბა, რა მისი ბრალი იყო, სულ მტვრიანი იყო ის საწყალი.

P.S. ოდესმე გივლიათ ტანკების ნავალ ტრასაზე? ყურებში ისეთი აუტანელი ხმა გესმის, გეგონება, თვითმფრინავი შენს თავზე მოფრინავს, შენ მოგდევსო. ერთი თვის წინ ნანახისგან განსხვავებით, სოფლებში მარტო მოხუცები აღარ დადიან. სადღაც გოგო-ბიჭები მოსეირნობენ, ვიღაცა ყურსასმენით მიუყვება გზას, ბროწლეთთან კი „როლიკებიანი“ ბავშვები ვნახეთ. უბრალოდ, სახეები აქვთ ყველას... დაღლილი. ძალიან დაღლილი.

ვაშლის უშველებელი პლანტაცია დავინახეთ. თითოეულ ხეს წითელ-ყვითელი ვაშლები ესხა. ტოტები სიმძიმისგან გადატეხილი იყო, მაგრამ ამ პლანტაციებში ვერავინ შედის, რადგან შენგრეული ჯებირებით მიხვდები, რომ აქ არაერთ ტანკს გაუვლია. ჰოდა, ისევ იმავეზე ფიქრობ, რატომ ამოიყვანეს გაუნაღმავ სოფლებში ხალხი... ქეთინომ მითხრა, ბომბებზე არ ვფიქრობ, ჩემს ვენახში მაინც შევდივარ. უკვე ისეთი გაჭირვებული ვარ, რომ შიშიც დავკარგეო“.

8 „ნიუ-იორკერის“ ფესტივალი, ამერიკული არჩევნები და... ისევ ამერიკული არჩევნები

▲ზევით დაბრუნება


წერილი ნიუ-იორკერის ფესტივალიდან

ავტორი, ფოტო: კახა თოლორდავა

ცხელი შოკოლადი მადლობას უხდის მხარდაჭერისათვის ამერიკის საელჩოს საქართველოში

0x01 graphic

1.

„აღმოაჩინეთ რევოლუცია! დადგა დრო, თვალებში ჩავხედოთ ახალ რევოლუციას“! შუახნის შავკანიან მამაკაცს მარცხენა ხელში გაზეთების დასტა უჭირავს. სუფთად და ლაზათიანად აცვია. გაზეთების გამყიდველს ნამდვილად არ ჰგავს. წინ და უკან მიდიმოდის და გამვლელებს გაზეთის ყიდვას სთავაზობს. „ჩვენ ყველას ახალი რევოლუცია გვჭირდება! თუ გინდათ, რომ იცოდეთ - რატომ, ყველა პასუხი ამ გამოცემის ფურცლებზეა! აღმოაჩინეთ რევოლუცია“!

საღამოვდება. ნიუ-იორკის „თაუნ ჰოლის“ შესასვლელთან ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენ ორნი ვდგავართ. შემინულ კარებს მიღმა სადა კოსტუმებსა და გაქათქათებულ პერანგებში გამოწყობილი დაცვის წევრები მიმოდიან. დროდადრო რომელიმე მათგანი კარს უახლოვდება და ინტერესით ადევნებს თვალყურს ხალხის ნაკადში მოძრავ გაზეთების გამყიდველს. მე მისგან დაახლოებით ხუთიოდე მეტრის მოშორებით, მეორე შესასვლელ კართან ვდგავარ და ჟურნალ „ნიუ-იორკერის“ პრეს აგენტს ველოდები. სულ რაღაც ნახევარ საათში ჟურნალის ყოველწლიური სამდღიანი ფესტივალის პირველი ღონისძიება უნდა დაიწყოს, მე კი მხოლოდ ახლა ვიგებ, რომ დარბაზში ყველანაირი ჩამწერი საშუალებების გამოყენება, თუნდაც მომცრო ციფრული დიქტოფონისაც კი, სასტიკად აკრძალულია. ტყუილუბრალოდ ვცდილობ დავარწმუნო „ნიუ-იორკერის“ წარმომადგენლები იმაში, რომ ნამდვილად არ ვაპირებ ამ შეხვედრის ჩანაწერის ინტერნეტ-საიტზე განთავსებას, ან რაიმე სხვა მიზნებით გამოყენებას. Sorry, sir - მხოლოდ ესაა რასაც მპასუხობენ. ერთადერთი, რასაც ვახერხებ, ისაა, რომ ერთ-ერთი მათგანი შენობაში შედის თავის უფროსთან ამ საკითხის გასარკვევად. ველოდები. „ჰეი, მაინც აქ დგახარ, აიღე, გადახედე“. ვერც კი შევამჩნიე, თუ როგორ მომიახლოვდა გაზეთების გამყიდველი. ის ჩემს წინ დგას, თვალებში მიყურებს, მიღიმის და გაზეთს მიწვდის. სიმპათიური გარეგნობის, გახსნილი მზერის მქონე ადამიანი. უარის თქმას აზრი არა აქვს. „შავკანიანების რეპრესია და სისტემის დანაშაულებები“, ვკითხულობ პირველ გვერდზე. ფურცვლას ვაგრძელებ; მხოლოდ ზრდილობის გამო. თითქმის ყველა გვერდზე პოლიციელების მიერ შავკანიანებზე ძალადობის ამსახველი ფოტოებია. „ჰო, - ვეუბნები, - საინტერესო უნდა იყოს“. ის დგას და უსიტყვოდ მიყურებს. მე გაზეთის ფურცლებს ვუბრუნდები. „რევოლუცია, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება“, „22 ოქტომბერი, საყოველთაო პროტესტის ეროვნული დღე“. „ადამიანებისთვის ძნელია აზროვნებისთვის აუცილებელი უნარების შეძენა. განსაკუთრებით ამ ქვეყანაში. ფიქრი ადვილია, აზროვნება ძნელი“, - მეუბნება კაცი. მე თავს ვუქნევ. შემდეგი სათაური: „ბარაკ ობამას მცდარი გზა“. ახლა უკვე შეუფარავი ინტერესით ვუყურებ მას და ვამჩნევ, რომ მის პიჯაკს ობამას პორტრეტიანი სამკერდე არ ამშვენებს. უკვე სამი დღეა ნიუ-იორკში ვარ და ობამას აჩრდილი ყველგან თან დამდევს. ის მთელ ნიუ-იორკს არის მოდებული: სამკერდეებზე, მაისურებზე, ვიტრინებში გამოფენილ ჭურჭლებზე, მანქანებზე, კეპებზე, მშენებარე და დანგრეული სახლების კედლებზე, ყურმოკრულ საუბრებში. ნიუ-იორკი ლიბერალების ქალაქია, ამიტომაც რამდენიმე დღის შემდეგ უკვე მექანიკურად გგონია, რომ ყველა ნიუ-იორკელი, განსაკუთრებით ფერადკანიანები, ობამას მხარდამჭერი უნდა იყოს. ეს, რა თქმა უნდა, ასე არაა. „მომისმინეთ, - ვეუბნები გაზეთების გამყიდველს, - რატომღაც მეგონა, რომ თქვენ ობამას ბანაკიდან ბრძანდებით. მაპატიეთ, ჩამოსული ვარ და...“. „გეგონა, რომ ყველა შავკანიანი ობამას მომხრეა, არა?“ - მაწყვეტინებს ღი მილით. „შეუძლებელია ნიუ-იორკში სხვანაირად რომ იფიქრო“ - ვუტყდები. ამ დროს მე ჯერ კიდევ არ ვიცი, რომ სწორედ ნიუიორკელები არიან რესპუბლიკელი შავკანიანი ბლოგერების უმეტესობა. „საიდან ბრძანდებით“? - მეკითხება. „საქართველოდან, კავკასიაში რომაა“. „ჰოო, რუსები ჯერ კიდევ დგანან აჭარაში და გორში, არა“? მორჩა, საბოლოოდ დამითრია. „არ გადიან. ბოლო ვადა თხუთმეტში აქვთ და...“. „ეგენი არსადაც არ წავლენ. ძალიან გაგიჭირდებათ. ვერც ჩვენი კრეტინები დაგეხმარებიან მაინცდამაინც“. „ობამაზე გეკითხებოდით და...“ „ობამა აქაურობას ვერ უშველის. მაქკეინზე არაფერს ვამბობ, ის უბრალოდ სამხედრო დამნაშავეა. ობამას კი ამ სისტემის ადმინისტრატორობა უნდა, ესაა და ეს. ის ამ სისტემის განუყოფელი ნაწილია. ის ამ სისტემას იცავს. მისი რეფორმები, რამდენადაც მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს ისინი, სისტემას მოემსახურება, ჩვენ კი ამ სისტემას დანგრევას ვუპირებთ. იყიდით გაზეთს?“ „რა ღირს?“ „დოლარი“. რკინის მონეტას ვუწვდი. „ნიუ-იორკერის“ ფესტივალის გახსნას ესწრებით?“ - მეკითხება. „ჰო, მაგისთვის ჩამოვედი. დღეს რასაზე და კლასზე იქნება დისკუსია“. „ვიცი, - მპასუხობს, - მეც ამიტომ ვდგავარ აქ. დღეს შეხვედრაზე ქორნელ უესთიც იქნება, კარგად დაუგდეთ ყური. შეიძლება რაიმე საინტერესო თქვას. თქვენთვის, არა ჩემთვის“. ქორნელ უესთი, შავკანიანი ინტელექტუალი, პრინსტონის უნივერსიტეტის რელიგიის ფაკულტეტის პროფესორი, ამერიკის დემოკრატი სოციალისტების საპატიო თავმჯდომარე და მრავალი წიგნის ავტორია. ჩვენ კიდევ ცოტას ვსაუბრობთ პოლიტიკაზე. „წავალ, ვიმუშავებ“, - მეუბნება მერე და მაგრად მართმევს ხელს. - „კარგია, რომ ქართველს გავესაუბრე“. ის ისევ ხალხის ნაკადს შეერია. „რევოლუციის დრო ახლაა! აღმოაჩინეთ ნამდვილი რევოლუცია!“ „თაუნ ჰოლის“ შესასვლელთან უკვე უამრავი ხალხია თავშეყრილი. „ნიუიორკერის“ პრესაგენტი ბრუნდება და ისევ მიბოდიშებს: Sorry, sir! „წადი, შენი!“ - ვფიქრობ ჩემთვის. მე უკვე ვიცი, რომ რამდენიც არ უნდა ამიკრძალონ დიქტოფონის გამოყენება, მაინც გამოვიყენებ. ჩანთაში ვიქექები ბილეთის ამოსაღებად, თან შესასვლელისკენ მივიწევ. იღლიაში ახლად ნაყიდი გაზეთი მაქვს ამოჩრილი. გზაში ვიღაც თეთრკანიანი ქალი წამომეწია. „უკვე იყიდეთ არა ჩვენი გაზეთი? ძალიან სასიამოვნოა. ჩემი კოლეგა კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერია. კარგია, რომ მას გაესაუბრეთ“. „ვინ?“ „აი, ის, გაზეთი ვინც მოგყიდათ.“ ქალი ხელის დაქნევით მემშვიდობება. მე თვალებით ვეძებ გაზეთების გამყიდველს. მის გარშემო ხალხი ირევა. ისევ ვშლი გაზეთს და პირველ გვერდს დავყურებ. მხოლოდ ახლაღა ვამჩნევ მარცხენა ზედა კუთხეში პატარა ასოებით ნაბეჭდს: „რევოლუცია. ამერიკის შეერთებული შტატების რევოლუციური კომუნისტური პარტიის ხმა“. Не хера себе! - ვამბობ ჩემთვის და მესმის, თუ როგორ ეუბნება ჩემს გვერდზე მდგარი კაცი თავის მეუღლეს: „დღეს სიფრთხილე საშიშია. ჩვენ უფრო თამამები უნდა ვიყოთ ჩვენს არჩევანში.“ ოთხ კვირაში ამერიკაში არჩევნები დაიწყება.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

2.

იმ დილას ძალიან ადრე, დაახლოებით ექვს საათზე, გავიღვიძე. შვიდს რომ თხუთმეტი აკლდა უკვე მეტროპოლიტან პავილიონთან, „ნიუ-იორკერის“ ფესტივალის შტაბ-ბინის კართან ვიდექი ფესტივალის ბილეთების რიგში და სიცივისაგან ვკანკალებდი. ნიუ-იორკში შემოდგომის დიდებული დღეები იდგა, სულ რაღაც საათ-ნახევარში მზეც ამოვიდა, მაგრამ ამ დილით რატომღაც ძალიან შემცივდა. რიგში მერვე ვიყავი. ბილეთების გაყიდვა თორმეტისათვის უნდა დაწყებულიყო. წინ ხუთი გრძელი საათი მქონდა. დაახლოებით თხუთმეტ წუთში (ამ დროისათვის უკვე ათნი ვიყავით) რიგში მდგარი ადამიანებიდან ცხრა გავიცანი. ცხრავე შემთხვევაში გამოცნაურების ინიციატორები ამერიკელები იყვნენ. ჩემზე პირქუში რიგში მხოლოდ ჩემს უკან მდგარი საშუალო ხნის მამაკაცი აღმოჩნდა, რომელსაც მკერდზე ჯიმ მორისონის, ჯონ ლენონის, ჯენის ჯოპლინის, ჯიმი ჰენდრიქსის და ბარაკ ობამას მომცრო ზომის სამკერდეები ჰქონდა დაბნეული, ყურში სასმენები ეკეთა და მუსიკის რიტმში ირწეოდა; მთელი ხუთი საათის განმავლობაში. ვინანე, რომ ჩემი „პლეიერი“ არ წამოვიღე. სამაგიეროდ, როგორც ყველა წესიერ ნიუ-იორკელს შეშვენის, ჩანთაში New York Times-ის და New Yorker-ის ახალი ნომრები მედო. წელს „ნიუიორკერი“ თავის მეცხრე ფესტივალს ატარებდა და ამიტომაც რიგში მყოფთ ერთმანეთისგან მხოლოდ ის აინტერესებდათ, ვინ რამდენ ფესტივალს დაესწრო და წელს რომელ ღონისძიებებზე აპირებდნენ დასწრებას. რა თქმა უნდა, მარაქაში მეც გამრიეს. ჩემი ჯერ კიდევ არასრული სია ხელიდან ხელში გადადიოდა, სხვების სიები ჩემს ხელში ხვდებოდა და ვიყავით ასეთ სიამტკბილობაში. ყველას იმის შურდა, მე რომ ერთადერთი ვიყავი რიგში, ვინც რვა ღონისძიებას უნდა დავსწრებოდი. მე კი ძალიან მშურდა ჩემს გვერდზე მდგარი კაცის, მაგრამ დანარჩენებისაგან ნებაყოფლობით იზოლაციას უკვე ვეღარ მოვახერხებდი. უბრალოდ უხერხული იქნებოდა, ვინაიდან ერთი საათის შემდეგ უკვე შემომთავაზეს ჩაი, ყავა, „დონატები“, ორცხობილები, საღეჭი რეზინა, შოკოლადი, ბილეთების გაცვლა, არიზონაში და ვისკონსინში სტუმრად ჩასვლა, ჩიფსები და დასაჯდომი ბალიში. ჩემი მხრივ, მე მათ შევთავაზე სენდვიჩები, ვიტამინიანი წყალი, ფესტივალის პროგრამა, ელექტრონული ფოსტით საქართველოში არსებული დაცული ტერიტორიების მაღალრეზოლუციანი ფოტოების გაგზავნა და ქართული შრიფტი. აგრეთვე, მათივე დაჟინებული თხოვნით, მე მათ მოვუყევი ქართულ-რუსული კონფლიქტის, სააკაშვილის, პუტინის, ქართული ღვინის, ქართველების და თბილისის შესახებ. საკმაოდ უხალისოდ, რა თქმა უნდა, მათაც მიიღეს ჩემგან ზრდილობიანი მიწვევა საქართველოში ჩამოსასვლელად. სამწუხაროდ, ვერც ერთმა საინტერესო ვერაფერი მითხრა არჩევნების შესახებ. ყველა თავისას მიერეკებოდა ქართულ სტილში. სამაგიეროდ, ორი საათის შემდეგ უკვე ისიც ვიცოდი, თუ რატომ აპირებდა ერთ-ერთი მათგანი თავის მოკვლას, რატომ აძლევდა მეორეს ალერგიას ქათმის ხორცი, ხოლო მესამე და მეოთხე (მე მგონი, მეხუთეც) თავიანთი ახლად გამოსული წიგნების შესახებაც მომიყვნენ. დანარჩენები აღარ მახსოვს. ცოტა სული რომ მოვითქვი, ჩემს უკან რიგს გავხედე და გაოცებისგან პირი დავაღე. რიგს უკვე ბოლო აღარ უჩანდა, ხალხი კი მოდიოდა და მოდიოდა.

0x01 graphic

0x01 graphic

„ნიუ-იორკერის“ ფესტივალი წელსაც საკმაოდ საინტერესო პროგრამას სთავაზობდა თავის მკითხველს. სამი დღის განმავლობაში მანჰეტენზე მიმოფანტულ სხვადასხვა დარბაზებში საჯარო გამოსვლებში, დაწყებული პოლიტიკურ/კულტურული დისკუსიებით თუ ლექციებით და დამთავრებული ინტერვიუებით, მონაწილეობა უნდა მიეღოთ ალბათ ყველაზე ცნობილ მწერლებს, მსახიობებს, ჟურნალისტებს, ფილოსოფოსებს, მხატვრებს, კრიტიკოსებს, მეცნიერებს, პოლიტიკოსებს და ექიმებსაც კი. ფესტივალის პროგრამაში რამდენიმე გასვლითი ღონისძიებაც იყო, - ექსკურსიები მანჰეტენის საუკეთესო კაფეებში, ველოსიპედებით გასეირნება Governor's Island-ზე, ვიზიტები მხატვარ ჯონ ქარინის სახელოსნოში და ფრიკის მუზეუმში. რა თქმა უნდა, ყველა ღონისძიებაზე დასწრება უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ხშირად ისინი ერთდროულად მიმდინარეობს, ამიტომ ყველა თავისი ინტერესის შესაბამისად ირჩევს ღონისძიებებს. ჩემი სიის შედგენას ლამის ორი კვირა მოვუნდი, მაგრამ მაინც მეგონა, რომ ოპტიმალური ვარიანტი ჯერ კიდევ არ მქონდა შერჩეული. სწორედ ამაზე ვფიქრობდი, როდესაც ჩემს წინ მდგომ წყვილს ვთხოვე, რამდენიმე წუთით გავალ და რიგი შემინახეთ-მეთქი. „ბარაკ ობამა რომ მოვიდეს და გვთხოვოს, შენს ადგილს მაინც არ დავუთმობთო“, დამპირდნენ ღიმილით. მაქკეინსაც ნუ დაუთმობთ-მეთქი, - გავუღიმე მეც და ძალიან დაწყნარებული გავუყევი ქუჩას რიგის გასწვრივ, რომელიც ახლა ალბათ უკვე ნახევარ კილომეტრზე იყო გაჭიმული. ვიღაცეები ჭადრაკსაც კი თამაშობდნენ.

ოციოდე წუთი ვისეირნე და ისევ უკან დავბრუნდი. პირქუში კაცი ისევ ქანაობდა, დანარჩენები ერთმანეთში საუბრობდნენ. დრო ვიხელთე, სასწრაფოდ ჩამოვჯექი ტროტუარზე, პროგრამა ამოვიღე და სიის განახლებას შევუდექი. პირქუში კაცი ჩემს გვერდზე იჯდა და ისიც გაზეთს კითხულობდა. თვალი გავაპარე, ნეტავი რას კითხულობს-მეთქი. სტატიას ასეთი სათაური ჰქონდა: „ბარაკ ობამას უყვარს ჯონ მაქკეინი, მაგრამ ეს უკანასკნელი სიყვარულითვე არ პასუხობს მას“. მაინც დამინახა, მის გაზეთში რომ ვიყურებოდი. შემომხედა, ნელა მოიძრო მარჯვენა ყურიდან სასმენი და წყნარად მითხრა: „ობამამ წესით უნდა გაიმარჯვოს, მაგრამ ის ვერ გაიმარჯვებს.“ „რატომ?“ „ქვეყანაში, სადაც ჯონ ლენონს ესვრიან, ობამამ შეიძლება ვერ გაიმარჯვოს.“ „ჰო, მაგრამ, ლენონს ათას ცხრაას ოთხმოც წელს ესროლეს, არა?“ „იმის შემდეგ აქ არაფერი შეცვლილა.“ ეს იყო და ეს. შემდეგ სასმენი ყურში დაიბრუნა და დარჩენილი საათ-ნახევრის განმავლობაში ხმა აღარ ამოუღია. მეც პროგრამას ვუკირკიტე. დანარჩენებსაც აღარ შევუწუხებივარ. როდესაც შტაბ-ბინის კარი გახსნეს და შენობაში შეგვიშვეს, მე ასეთი სია დავუდე წინ „ნიუ-იორკერის“ თანამშრომელს: შეხვედრა ნიუ-იორკის „თაუნ ჰოლში“. თემა: „რასა და კლასი“, პანელი თემაზე: „მე რომ ეს საპრეზიდენტო კამპანია წარმემართა“, შეხვედრა სენატორ ჩაკ ჰეიგელთან, ინტერვიუ კლინტ ისტვუდთან, ინტერვიუ ჰარუკი მურაკამისთან, ინტერვიუ ოლივერ სტოუნთან, ვიზიტი ფრიკის გალერეაში „ნიუ-იორკერის“ სახელგანთქმულ არტ-კრიტიკოსთან, ფითერ შელდახთან ერთად და მწერალ პოლ თერუს ლექცია. „ყველა ღონისძიებას თქვენ უნდა დაესწროთ?“ - შემეკითხა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ბილეთები უნდა მოეცა ჩემთვის. „დიახ“, - ვუპასუხე. Wow! - ჩაილაპარაკა თავისთვის.

3.

„ვის აირჩევს ამერიკა - ხანში შესულ ომის გმირს, ვინც ბიზნესის და მდიდარი კლასის წარმომადგენლებისათვის გადასახადების შემცირებისა და ბუშის მიერ წამოწყებული ომის მომხრეა, თუ იმ ახალგაზრდა კაცს, ვინც ყველას გარანტირებულ ჯანდაცვას, ერაყიდან ჯარების სწრაფ გამოყვანას და ხელფასების ზრდას ჰპირდება? ამერიკული ფინანსური სისტემის რღვევის ფონზე ეს არჩევნები თითქოსდა წაუგებელი უნდა იყოს დემოკრატებისათვის, მაგრამ ეს ასე არაა?“ - ასეთი შესავალი გაუკეთა ჟურნალმა The Economist ოცგვერდიან სტატიას სათაურით „ბრძოლა იმედსა და გამოცდილებას შორის“. უკვე ყველასთვის ნათელია, რომ წლევანდელი არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ისტორიაში. ამას თითქმის ყველა ექსპერტი ერთხმად აღიარებს. ფესტივალის ერთ-ერთმა სტუმარმა სენატორმა ჩაკ ჰეიგელმა (მის საჯარო ინტერვიუს ფესტივალის მეორე დღეს დავესწარი) ისიც კი აღნიშნა, რომ ამერიკისთვის და დანარჩენი სამყაროსათვის ეს ისტორიული მომენტი ისეთივე გადამწყვეტი იქნება, როგორც 1932 წელს, როდესაც ამერიკელებმა პრეზიდენტად ფრანკლინ რუზველტი აირჩიეს. დღეს ამერიკელებისთვის ყველაფერი ისე კარგად აღარ მიდის, როგორც თუნდაც კლინტონის რვაწლიანი მმართველობის დროს: ფასები უძრავ ქონებაზე, საწვავზე და სამომხმარებლო საქონელზე არნახულად მაღალია იმ დროს, როდესაც ხელფასები უკვე რამდენი წელია ერთ წერტილზეა გაყინული, ხოლო ერაყსა და ავღანეთში ომს დასასრული არ უჩანს. სექტემბრის ფინანსურმა კრიზისმა კიდევ უფრო დაძაბა წინასაარჩევნო პროცესი და არჩევნებამდე სულ რაღაც რამდენიმე კვირით ადრე არავის წარმოდგენაც კი არა აქვს, თუ ვინ გახდება ქვეყნის შემდეგი პრეზიდენტი. „ნიუ-იორკერის“ ფესტივალზე დავესწარი სამ პოლიტიკურ ღონისძიებას, რომლებშიც, როგორც ერთ-ერთი პანელის მოდერატორი, ჟურნალისტი და CNN-ის ანალიტიკოსი ჯეფ ტუბინი აღნიშნავდა, „ქვეყნის უჭკვიანესი ინტელექტუალები და პოლიტიკური ექსპერტები“ იღებდნენ მონაწილეობას და ამ ღონისძიებების ვერც ერთმა მონაწილემ ვერ გაბედა მომავალი პრეზიდენტის გვარის გადაწყვეტით დასახელება.

0x01 graphic

ქორნელ უესთი, ნიუ-იორკერის ფესტივალი, 2008

პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს, ბარაკ ობამას და ჯონ მაქკეინს, თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვთ. ობამა საოცრად დახვეწილი ორატორია. ის ადვილად იკრებს თავის გარშემო ათასობით ადამიანს და ადვილადვე ახერხებს მათ აცრემლებას (სახალხო შეხვედრების დროს, მის გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, როგორც წესი, ჯერ სტივი უონდერის, შემდეგ კი U2-ს სიმღერებს ატრიალებენ ხოლმე. ჰილარი კლინტონისაგან განსხვავებით, ის არასდროს აგვიანებს ამ შეხვედრებზე). ობამამ, როგორც ამას ამერიკული მედია აღნიშნავს, ამომრჩევლებისადმი მიმართვის სტილი შეცვალა. ფორმის თვალსაზრისით, მისი მიმართვები ისეთივე პროფეტულია, როგორც, ვთქვათ, მარტინ ლუთერ კინგისა, მაგრამ დღეს ობამას უფრო რთულ და სწრაფად ცვალებად სამყაროში უხდება პრეზიდენტობისათვის ბრძოლა, ამიტომაც თვით მის მრჩეველებსაც კი უკვირთ, თუ როგორი აწონილ-დაწონილია მისი მსჯელობა ყველაზე რთულ და მგრძნობიარე საკითხებზე საუბრისას. როდესაც ობამა ადამიანებსა და ქვეყნებს შორის კედლების მოშლაზე საუბრობს, მართლა გჯერა, რომ ის ამას გააკეთებს, თუმცა თავის გამოსვლებში ის არ აზუსტებს, თუ როგორ და რა გზით. ამომრჩეველს ის ძალიან ბევრს ჰპირდება: ამერიკული ჯარების ერაყიდან რაც შეიძლება სწრაფად გამოყვანას და მათი რიცხვის გაზრდას ავღანეთში; ამერიკელი მოქალაქეების ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას, გადასახადების გაზრდას მდიდრებისათვის, საშუალო ფენის ფინანსური მდგომარეობის გამყარებას, გლობალური დათბობისა და ალტერნატიული ენერგიის ძიების საკითხების შემუშავებას; მისი საგარეო პოლიტიკაც საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურება ბევრისთვის და მაქკეინთან შედარებით მისი რეპუტაცია, თუნდაც ევროპაში, ბევრად უფრო მაღალია. BBC-ის მიერ მსოფლიოს 22 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ყველა მათგანი უპირატესობას ობამას ანიჭებს. ბევრს მიაჩნია, რომ მისი ასეთი სწრაფი და მოულოდნელი წარმატება მის გარეგნობაზე და წარმომავლობაზეცაა დამოკიდებული. ობამა 47 წლის ღია ფერის შავკანიანი, სიმპათიური გარეგნობის მამაკაცია. ის ერთდროულად ამერიკელიცაა და კენიელიც; ჰავაიდანაცაა და კანზასიდანაც; ჰარვარდიც აქვს დამთავრებული და ჩიკაგოს ქუჩებსაც კარგად იცნობს; მისი გვარი აფრიკულია, წინაპრები კი მუსლიმები ჰყავდა. მისივე თქმით, ის არა მარტო ჰპირდება ხალხს სხვადასხვა კანის ფერისა და წარმომავლობის ჯგუფების შერიგებას და გაერთიანებას, არამედ მტკიცედ სწამს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, ის აუცილებლად მიაღწევს ამას. და მაინც, მისი ასეთი პოპულარობის მიუხედავად, ამერიკელებს სერიოზული ეჭვები აქვთ მისი პრეზიდენტობის თაობაზე. ბოლოს და ბოლოს, ობამას ალბათ ყველაზე უმნიშვნელო და წყალწყალა რეზიუმე აქვს საპრეზიდენტო კანდიდატების ისტორიაში და ამიტომაც, ბუნებრივია, ბევრი ეჭვქვეშ აყენებს იმ ადამიანის საპრეზიდენტო კანდიდატურის შესაძლებლობას, ვისაც თითქმის არავითარი სააღმსრულებლო გამოცდილება არ გააჩნია. ობამამ თავისი თვითმყოფადი ნიჭით მოახერხა ადამიანების გულების მოგება, მაგრამ ბევრი ექსპერტის აზრით, მაღალფარდოვანი, რამდენადაც დახვეწილი და ღრმა არ უნდა იყოს ეს მაღალფარდოვანობა, სიტყვების მიღმა დგას ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ გამოცანად რჩება ბევრისთვის. ამერიკელებს არც ის ავიწყდებათ, რომ მისი პირადი მოძღვარი, ვისთანაც ის უკვე თითქმის ოცი წელია დადის, მსახურობის დროს სახალხოდ აცხადებს ხოლმე: „ღმერთმა დაწყევლოს ამერიკა!“

0x01 graphic

ალექს კასტელანოსი, დონა ბრაზილი, ედვარდ როლინსი, ჯო თრიპი, ჯეფრი თუბინი, ნიუ-იორკერის ფესტივალი, 2008

0x01 graphic

დონა ბრაზილი, ნიუ-იორკერის ფესტივალი, 2008

0x01 graphic

ალექს კასტელანოსი, ნიუ-იორკერის ფესტივალი, 2008

0x01 graphic

მეორე საპრეზიდენტო კანდიდატი ჯონ მაქკეინი ბარაკ ობამაზე ნაკლებად მჭერმეტყველი და დახვეწილია. ის სხვა თაობის წარმომადგენელია და მესამე თაობის გენერლების ოჯახშია გაზრდილი. მაქკეინი 72 წლისაა და პრეზიდენტობის შემთხვევაში ის პირველი ვადით არჩეული ყველაზე ხანში შესული პრეზიდენტი იქნება შეერთებული შტატების ისტორიაში. მას ონკოლოგიური დაავადების ნიშნები და ძალიან ფეთქებადი ხასიათი აქვს. ბევრი შიშობს, რომ მაქკეინი „ჩხუბისთავი“ პრეზიდენტი იქნება. მისი წარმოდგენა ეკონომიკაზე და ფინანსურ სტრუქტურებზე, მისივე თქმით, „საკმაოდ მოიკოჭლებს“. ამასთან ერთად მაქკეინი საკმაოდ დიდი გამოცდილების მამაცი პოლიტიკოსია, ვინც ხშირად ძნელად გადასაწყვეტ პრობლემებს ეჭიდება ხოლმე. მაქკეინს მიაჩნია, რომ ერაყიდან ამერიკული ჯარების სწრაფი გამოყვანა ქაოსს გამოიწვევს. ის ამომრჩეველს ჰპირდება, რომ მოახერხებს გაუმკლავდეს რუსეთის და ირანის მზარდ ამბიციებს. მაქკეინის სასარგებლოდ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი ისიცაა, რომ, მისი მხარდამჭერების აზრით, რესპუბლიკელი პრეზიდენტის და დემოკრატების კონგრესის კომბინაცია შეიძლება საკმაოდ ქმედუნარიანი გამოდგეს. ეს უკვე ისტორიამაც აჩვენა. იგივე The Economist-ის თქმით, „ამომრჩევლებს უნდათ ის, ვისაც არაჩვეულებრივი მონაცემები აქვს სამუშაოს შესასრულებლად, მაგრამ ამავე დროს უბრალო და მისაწვდომია, როგორც ადამიანი“. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მაქკეინი ვიეტნამის ომის ვეტერანია, რომელმაც ხუთწლიან მძიმე ტყვეობას გაუძლო და გმირად დაუბრუნდა სამშობლოს, თუმცა ლიბერალური მედია ეჭვის თვალით უყურებს მის ხუთწლიანი პატიმრობის პერიოდს და წამდაუწუმ ახსენებს ამერიკელებს, რომ მაქკეინმა ნებაყოფლობით შესთავაზა „აღსარება“ ვიეტნამელებს, განსხვავებით პოლკოვნიკ ედ ათენბერისგან, ვისთან ერთადაც იმყოფებოდა ტყვეობაში. „მთელი ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად... ცეცხლმოკიდებულ, ჩამოგდების პირას მყოფ თვითმფრინავში ჯდომა საკმარისი კვალიფიკაცია არაა პრეზიდენტობისათვის,“ - განაცხადა ერთერთ სატელევიზიო გადაცემაში გენერალმა და ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა უესლი კლარკმა. მიუხედავად ამისა, მსგავსი ბიოგრაფიები ძალიან მოქმედებს ამერიკელ ამომრჩეველზე. სწორედ ამიტომ ეძახიან მას ამერიკაში Maverick-ს, ადამიანს, რომელიც არ იქცევა ან ფიქრობს დანარჩენებივით და რომელსაც თავისი განსხვავებული და ორიგინალური აზრი აქვს ყველაზე და ყველაფერზე. მოკლედ, ობამაზე და მაქკეინზე საუბარი თითქმის უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. მიკვირს კიდეც, სად პოულობს ამერიკული მედია ამდენ სალაპარაკოს ამ ორ კანდიდატზე.

„ღმერთო, ნუთუ ჩვენს ქვეყანას ამ ორ ადამიანზე მეტის გამოწურვა არ შეეძლო? ნუთუ ეს სულ ისაა, რაც ჩვენ შეგვიძლია“? - მითხრა ერთმა რესპუბლიკელმა მწერალმა ქალმა იმ დღეს, როდესაც ამერიკელ ჟურნალისტებთან ერთად ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების, ჯონ ბაიდენის და სარა პეილენის დებატებს ვუყურებდი ერთი ნიუ-იორკელი ჟურნალისტის სახლში. ნიუ-იორკში ჩემი ყოფნისას მე კიდევ ბევრჯერ მოვისმინე ასეთი სიტყვები. აი, სენატორ ჰეიგელის განსხვავებული აზრიც: „ორივე კანდიდატი, ბარაკ ობამა და ჯონ მაქკეინი ღრმად წესიერი და პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანები არიან, - თქვა მან. - ერთიც და მეორეც მზად არიან პრეზიდენტობისათვის“. რა თქმა უნდა, ეს ფრთხილი და დიპლომატი პოლიტიკოსის ნათქვამია, მაგრამ მაინც ყურადსაღები: ბოლოს და ბოლოს, როგორც იმ საღამოს ჰეიგელის ინტერვიუერმა, „ნიუ-იორკერის“ პოლიტიკურმა მიმოხილველმა რაიან ლიზამ გვითხრა, სენატორი ჰეიგელი ერთადერთი ადამიანია ამერიკელ პოლიტიკოსებს შორის, ვისაც ყველაზე ახლო ურთიერთობა აქვს პრეზიდენტობის ორივე კანდიდატთან. „ისინი სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ ისხდნენ ჩემთან კაბინეტში, რა თქმა უნდა, სხვადახვა დროს, და მე ორივეს პირდაპირ ვუთხარი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში არა მარტო მოგებისათვის უნდა იბრძოლოს ადამიანმა, არამედ ამ პროცესში თვითკორექციის უნარიც უნდა ჰქონდეს-მეთქი“. თვითკორექცია - ჩვენმა პოლიტიკოსებმა ხშირად უნდა იფიქრონ ამ სიტყვის მნიშვნელობაზე. ალბათ მეც.

0x01 graphic

0x01 graphic

4.

ქორნელ უესთი ზუსტად ისე გამოიყურება როგორც წარმომედგინა, - სამოცს მიტანებული, მაღალი, წვერმოშვებული, სათვალიანი ღიაშავკანიანი კაცი „აფროვარცხნილობით“ და ლაპარაკის ემოციური მანერით. „თაუნ ჰოლში“ გამართულ შეხვედრაზე, რომლითაც ფესტივალი გაიხსნა (საუბრები თემაზე „კლასი და რასა ამერიკაში“), ის ძალიან კარგ ფორმაშია და შეხვედრის დანარჩენ მონაწილეებს (არადა, ის დანარჩენები უბრალო სტუმრები არ არიან: ბარბარა ერენრეიხი ცხრამეტი ნაშრომის ავტორი და უამრავი პრიზის მფლობელია; თომას ფრანკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალის, The Baffler-ის თანადამაარსებელი და რედაქტორია, ლესლი სანჩესი - CNN-ის პოლიტიკური მიმომხილველი და მარკეტინგული გამოკვლევების ფირმის ხელმძღვანელი, ხოლო ჯონ მაქუორთერი - სახელგანთქმული ლინგვისტი) სერიოზული ძალისხმევის გაღება უხდებათ, რომ არ დაიჩაგრონ, თუმცა საუბრის დროს, რა თქმა უნდა, ეს არ ემჩნევათ. თითოეული მათგანი იმდენადაა გაწაფული საჯარო გამოსვლებში, რომ მათი მოსმენისას შეიძლება შთაბეჭდილება შეგექმნას, თითქოს ყველაფერი ეს დადგმული სპექტაკლია. მათ ზუსტად იციან, სად იხუმრონ, სად იყვნენ ირონიულები და სად - სერიოზულები. მიუხედავად მათი პოლიტიკური ინტერესებისა და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის დროს ისინი პოლიტიკაზე საუბრობენ, არც ერთი მათგანი არავითარ შემთხვევაში არ ცდილობს, თავს დაესხას მოსაუბრეს პოლიტიკური იდეების შეუსაბამობის გამო. ეს, უბრალოდ, ცუდ ტონად ითვლება ამერიკელ ინტელექტუალებში და მსგავსი რამეები დიდად არც ამერიკულ პუბლიკას აინტერესებს. ისინი აქ იმიტომ არ მოსულან (და ბილეთში 25 დოლარი იმიტომ არ გადაუხდიათ), რომ გამომსვლელების პოლიტიკურ ინტერესებზე მოისმინონ. აქ შეკრებილ პუბლიკას ამერიკაში არსებული პრობლემების სიღრმისეული ანალიზის მოსმენა სურს და სტუმრებიც ცდილობენ. „ნიუ-იორკერის“ მთავარი რედაქტორი დევიდ რემნიკი, რომელიც ამ შეხვედრის მოდერატორია, ზუსტად ასეთივე დახვეწილი მოსაუბრეა, როგორც დანარჩენები, მაგრამ როდესაც რემნიკი სიტყვას უესთს აძლევს, დარბაზი ცოცხლდება და თითქოს უფრო ყურადღებით იწყებს მოსმენას. დავაკვირდი, რომ უესთიც ობამასავით პროფეტულ განწყობაზე აწყობს თავის აზრებს, მაგრამ, ობამასაგან განსხვავებით, ის ბევრად უფრო მკვახე და დაუნდობელია არა მარტო კანდიდატების მიმართ („სარა პეილენი/ვიცეპრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი/გუშინ უბრალოდ პათეტიკური იყო! მას ისტორიის მოცემული მომენტის არავითარი შეგრძნება არ გააჩნია“ ან კიდევ, „უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი არჩევანი ძირითადად უნიათო კანდიდატურებით შემოიფარგლება“), არამედ ზოგადად ამერიკული სისტემის და საზოგადოების მიმართაც. „თავისუფალი ბაზრის დოგმაა ის, რამაც ჩვენ კატასტროფამდე მიგვიყვანა, - ლამის ყვირილით ამბობს ის, - ხოლო ჩვენ იმის ელემენტებიც კი არ გვაქვს ენაში, რომ ყოველივე ამის ისტორიული კონტექსტი გავიაზროთ; ჩვენ არც პროგრესული ინტელიგენცია გვყავს, რომელიც ამას მოახერხებს.“ სამწუხაროდ, პირადად ჩემთვის დანარჩენები უბრალოდ დანარჩენებად დარჩნენ ამ შეხვედრის დროს. რა თქმა უნდა, ისინიც ცდილობდნენ საინტერესო კუთხის მოძებნას, საიდანაც საკითხი კიდევ უფრო გაიშლებოდა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ უესთმა ისინი მაინც დაჩაგრა. ის ფაქტი, რომ უესთი შავკანიანია, დიდ უპირატესობას ანიჭებდა მას ამ შეხვედრის დროს. ბოლოს და ბოლოს მას საკუთარ ტყავზე აქვს გამოცდილი რასობრივი პრობლემები. „ჩემი კრიტერიუმები ფუნდამენტურია და მე ამას ხშირად ვიმეორებ ხოლმე, - თქვა მან დასასრულს, როდესაც რემნიკი ობამაზე შეეკითხა. - ის, რომ ობამა შავკანიანია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე მას ხმა უნდა მივცე. სამაგიეროდ, აი, რას ვკითხავდი მე ჩემს ძმას ობამას: რამდენად ღრმაა შენი სიყვარული ხალხის მიმართ? რამდენად გულადი ადამიანი ხარ შენ? რისი და რამდენის გაწირვის უნარი გაგაჩნია? მე, აი, ამასაც შევეკითხებოდი: საიდან მოდის ფული, რომლითაც შენ საარჩევნო კამპანიას აწარმოებ? მდიდარი შავკანიანებისგან? მდიდარი თეთრკანიანებისგან? ებრაელებისაგან? მე მაინტერესებს, რამდენად მჭიდროდ ხარ მიბმული ამ ფულზე!“ მოგვიანებით, უკვე თბილისში ყოფნისას, You-tube-ზე განთავსებულ ერთ ეპიზოდს ვუყურე უესთის მონაწილეობით და, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეპიზოდს არანაირი კავშირი არა აქვს ფესტივალთან, მაინც მინდა მისი სიტყვები აქ მოვიყვანო. ინტერვიუერი ეკითხება უესტს, თუ რა თვისებებს თვლის ის მნიშვნელოვნად შემდგომი პრეზიდენტისთვის და აი, რას ამბობს ის: „პირველ რიგში, ესაა სხვებისადმი მსახურების ხარისხი და ის, განიჭებს თუ არა სიხარულს სხვების სამსახურში ყოფნა... და კიდევ, მართლა მიგაჩნია თუ არა, რომ ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ გაცემაა?“

ზუსტად იგივე მეორდება მეორე დღესაც, ამჯერად პოლიტიკურ პანელზე სახელწოდებით - „მე რომ ამ საპრეზიდენტო კამპანიას ვუძღვებოდე“. საღამოს გმირი აგრეთვე შავკანიანი, მაგრამ ამჯერად ქალი, დონა ბრაზილია, ალ გორის საპრეზიდენტო კამპანიის მენეჯერი, რომელსაც უმუშავია ჯესი ჯექსონის, მაიკლ დუკაკისის, და ბილ კლინტონის კამპანიებზეც. ის CNN-ის ერთ-ერთი პოლიტიკური კომენტატორიცაა. სწორედ მას ეკუთვნის ეს ცნობილი სიტყვები: „რადგან ქალი ვარ, მომწონს ჰილარი კლინტონი, რადგან შავკანიანი ვარ, ობამაც მომწონს; მაგრამ მე აგრეთვე ჯიჯღინა ვარ, ესე იგი, მაქკეინიც მომწონს“. პანელზე, ბრაზილის გარდა, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და გამოცდილი „ქემფეინერები“ იყვნენ დაპატიჟებულები: ალექს კასტელანოსი - ჯორჯ ბუშის 2000 და 2004 წლების საპრეზიდენტო კამპანიების მრჩეველი; წელს ის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს მით რომნის ეხმარებოდა, მერე კი მაქკეინის გუნდში გადავიდა; ედუარდ ჯეი როლინზი - თავის დროზე რონალდ რეიგანის ასისტენტი იყო თეთრ სახლში და რეიგანის მეორე ვადით არჩევის კამპანიას ხელმძღვანელობდა. წელს ის საპრეზიდენტო კანდიდატ მაიკ ჰაქაბის კამპანიას უძღვებოდა. და ბოლოს, ჯო ტრიფი - ედუარდ კენედის, რიჩარდ გეფჰარდტის, უოლტერ მონდეილის, გარი ჰარტისა და, უკვე წელს, ჯონ ედუარდსის კამპანიების კონსულტანტი. პანელის დაწყების წინ თითოეული კანდიდატის სარეკლამო რგოლები გვიჩვენეს, რის შემდეგაც პანელის მოდერატორმა ჯეფრი თუბინმა შეპარვით მიმართა დარბაზს, - „იმედი მაქვს დარბაზში ბავშვები არ იმყოფებიან!“ და ასეთ მხიარულ ნოტაზე დაიწყეს მონაწილეებმა საუბარი. პირადად ჩემთვის ამ შემთხვევაშიც ზუსტად ის განმეორდა, რაც „თაუნ ჰოლში“ შეხვედრის დროს, თუმცა ეს შეხვედრა ბევრად უფრო საინტერესო იყო. ბოლოს და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკელი „ქემფეინერები“ იმაზე საუბრობდნენ, თუ რატომ და როგორ დამარცხდნენ დანარჩენი კანდიდატები, როგორ იცვლებოდა განწყობა სხვადასხვა კანდიდატის მიმართ წინასაარჩევნო პროცესში, რა იყო ამის მიზეზები და ასე შემდეგ. ლამის ორსაათიანი საუბრის შემდეგ ჩემთვის უკვე ნათელი გახდა, თუ რატომ შერჩნენ ობამა და მაქკეინი ერთმანეთის პირისპირ. ისინი არა მარტო ყველაზე რელევანტურები აღმოჩნდნენ მოცემულ ისტორიულ კონტექსტში (პანელისტები თითქმის ოცი წუთის განმავლობაში ასხამდნენ ხოტბას წინასაარჩევნო მარათონს უკვე ჩამოშორებულ კანდიდატ მაიკ ჰაქაბის), არამედ მათ ზურგს უძლიერესი საკამპანიო გუნდები უმაგრებდათ. როდესაც ობამას და მაქკეინის საარჩევნო კამპანიის გუნდის წევრებზე კითხულობ ან რომელიმე მათგანს უსმენ, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს მათ ყველაფერი შეუძლიათ და ისინი არასდროს ცდებიან, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არაა. უბრალოდ, იმარჯვებს ის, ვინც ამ გიჟურ პროცესში უფრო სწრაფად ახერხებს რეაგირებას ელექტორატის განწყობაში თუნდაც ყველაზე უფრო მცირე ცვლილებებზე; იმარჯვებს ის, ვინც უფრო მოქნილია, დროულად აფიქსირებს შეცდომებს და, რა თქმა უნდა, ვისაც უფრო მეტი ფინანსები აქვს მოზიდული (ჯო თრიფის მონაცემების მიხედვით, ობამამ არჩევნების პირველ ეტაპზე 35 მილიონი დოლარი დახარჯა, ჰილარი კლინტონმა - 27 მილიონი, ხოლო ჯონ ედუარდსმა - მხოლოდ 10). დონა ბრაზილის აზრით, სწორედ არასწორმა კონცეპტუალურმა გათვლამ ჩამოაშორა ჰილარი კლინტონი არჩევნებს: „კლინტონის კამპანიის მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ ყველაფერი გამოცდილებაზე აეწყო, - თქვა ბრაზილმა, - ვაშინგტონის გამოცდილებაზე, გამოცდილებაზე საგარეო საქმეებში, ჰილარის მდიდარ პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე, მის ნიჭზე, მის პოპულარობაზე, მაგრამ აი, გამოჩნდა ობამა და მან მთელი პოლიტიკური პეიზაჟი შეცვალა. ობამამ არა მარტო ერთ-ერთი ყველაზე უფრო საინტერესო კამპანია განავითარა თანამედროვე პოლიტიკურ ისტორიაში, არამედ მან ახალი ენერგიით დატუმბა ხალხი.“

ბრაზილი ფაშფაშა შავკანიანი ქალია. თუ ვინმეს მიერ წამოყენებული აზრი მოეწონა, მას ადვილად შეუძლია მხარზე ან ბარძაყზე დაჰკრას ხელი მოსაუბრეს და თან ამას ისე ბუნებრივად აკეთებს, რომ დანარჩენებს არა თუ სწყინთ მისი ეს საქციელი, არამედ სიცილს ძლივს იკავებენ. ბრაზილი უესთივით კარგად არტიკულირებულია და თუ „გარეკა“, მისი გაჩერება შეუძლებელია, ის ერთიმეორეზე პროვოკაციულ აზრებს აყრის დარბაზს და თანამოსაუბრეებს. რაღაც მომენტში, მისი კიდევ ერთი ძალიან სხარტი კომენტარის შემდეგ, ჯეფრი თუბინი მოგვიტრიალდა და გვეუბნება: „ეს დონას სამყაროა, ჩვენ მხოლოდ ვცხოვრობთ მასში“. ბრაზილის შემდეგ პანელზე ყველაზე საინტერესო ალბათ ალექს კასტელანოსია, ამერიკელებისთვის კარგად ცნობილი სტატიის - „რატომ ვერ გაიმარჯვებს ობამა“ - ავტორი, რომელიც მან აგვისტოს დასაწყისში გამოაქვეყნა. მისი აზრით, „მაქკეინი უკვე ჩამოყალიბებული კაცია იმ დროს, როდესაც ობამა ჯერ კიდევ „დაღვინების“ პროცესს გადის.“ „ის ძალიან კარგი კომივოიაჟორია, - ამბობს კასტელანოსი ობამაზე, - რომელიც შტატიდან შტატში დადის და ერთი ფრაზით ცდილობს ადამიანების ცდუნებას. „აიოვა, ეს ჩვენი მომენტია!“ „ვირჯინია, ეს ჩვენი მომენტია!“ „ტეხასელებო, ეს ჩვენი მომენტია!“ შემდეგ კი ევროპას მიმართავს: „ბერლინელებო, ეს ჩვენი მომენტია!“ ... ბარაკ ობამამ თვითონაც არ იცის, თუ ვინაა ის“. მოკლედ, პანელის მონაწილეები საკმაოდ ფუნდამენტურად ჩაუღრმავდნენ არჩევნების და კანდიდატების საკითხს და გამოეპარათ ის განწყობა, რაც დონა ბრაზილმა პანელის დასაწყისში შემოაგდო. მან თქვა: „...ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ამერიკელი ხალხი განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს წინასაარჩევნო განწყობა. წლევანდელი არჩევნები ამერიკელმა ხალხმა ექვსასოიანი სიტყვით განსაზღვრა: CHANGE! (ცვლილება). ბრაზილი მთელი შეხვედრის განმავლობაში მეთოდურად ავითარებდა ამ ხაზს, და პანელის დასასრულს მან ისეთი სიტყვა წარმოთქვა, რომ იქვე დაავიწყა დანარჩენი მონაწილეები დარბაზს. ეს show stealing-ის კლასიკური მაგალითი იყო... მე აქ თითქმის სრულად მოვიყვან მის ნათქვამს: „ეს უნდა ვთქვა და მოვიცილო ეს ლოდი გულიდან. შემდგომი ოცდაათი დღის განმავლობაში მე ყველაზე კარგი კათოლიკე ქალი ვიქნები მსოფლიოში. სეგრეგირებულ სამხრეთში გავიზარდე, წარმოუდგენელია, რამდენად წინ წავიწიეთ მას შემდეგ ამ ქვეყანაში... მაგრამ მახსოვს, როდესაც ავტობუსით უნდა გვემგზავრა სადმე, დედა მეუბნებოდა ხოლმე: „დონა, ავტობუსში რომ ახვალთ შენ და შენი ძმები, პირდაპირ ბოლოში წადი და გზაში ნურავის შეხედავ“. ჩვენ შევიცვალეთ! დღეს ეს ბევრად უფრო ტოლერანტული, ღია და პროგრესული საზოგადოებაა; და მაინც, ჩვენ დღეს ასეთ რამეებზე იმიტომ ვსაუბრობთ, რომ ობამა რასობრივად შერეული ოჯახიდანაა. მან ცხრა თვე გაატარა თეთრკანიანი ქალის საშვილოსნოში. ის თეთრკანიანმა ბებიამ და ბაბუამ გაზარდეს. მერე მან დაამთავრა სკოლა და ჰარვარდში წავიდა სასწავლებლად და ყოველივე ამის შემდეგ, ის უეცრად „ცხვირაწეული“ და არასასურველი ხდება? რა გვემართება? თქვენ შეგიძლიათ არ მისცეთ ხმა მას, მაგრამ ნუღარასდროს დამსვამთ ავტობუსის ბოლოში. მე აღარ დავჯდები ავტობუსის ბოლოში! მე აღარ შემეშინდება! მე არ ვარ სხვაზე ნაკლები ჩემი შავი კანის გამო! და აქვე დავუმატებდი: ქალი რომ ვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უჭკუო ვარ! ნუ მოატყუებინებთ თავს სხვებს; ნუ გააკეთებთ ისე, რომ მათ თქვენ დაგაქუცმაცონ! ნურავის მისცემთ იმის უფლებას, რომ უკან დაგვაბრუნოს, იმიტომ რომ ჩვენ უკან არ წავალთ; ჩვენ წინ მივდივართ და თქვენც მოგიწოდებთ: გამოგვყევით“! ამ დროს ვიღაც-ვიღაცეები დარბაზში უკვე ფეხზე იდგნენ. პანელის მონაწილეებიც კი ტაშს უკრავდნენ ბრაზილს, თუმცა სიტყვის დასრულების შემდეგ თუბინმა ხუმრობით მიმართა დარბაზს: „მე ვურჩევდი პანელის მონაწილეებს, რომ არ გაჰყვნენ დონას“!

„შენც ჯორჯიიდან ხარ? - ღიმილით შემეკითხა ბრაზილი, როდესაც ლამის ოცწუთიანი ლოდინის შემდეგ ძლივძლივობით მივუახლოვდი მას ხელის ჩამოსართმევად და, მოკლედ, გავეცანი. თბილისში რომ ჩამოვედი, გადავამოწმე და აღმოვაჩინე, რომ ბრაზილი სულ სხვა შტატიდანაა. ეტყობა მისი წინა მოსაუბრე იყო ჯორჯიიდან. ნუთუ მეც სამხრეთული აქცენტი მაქვს?

5.

მე და თომას დვორჟაკი, ჩემი მასპინძელი ნიუ-იორკში, ორი ბოთლი წითელი ღვინით ხელში მანჰეტენის ერთ-ერთი უბნის ქუჩაზე მივაბიჯებთ. დღეს განსაკუთრებული დღეა - ვიცე-პრეზიდენტების პირველი დებატები უნდა შედგეს. თომასი მიხსნის, რომ აქ, განსაკუთრებით ჟურნალისტურ წრეებში, ასეთი წესია: მნიშვნელოვანი დებატების დროს ახლობლები ან კოლეგები ვინმეს სახლში იკრიბებიან, მასპინძელი სადილს ამზადებს, სტუმრებს სასმელი მიაქვთ და ყველა ერთად უყურებს დებატებს. როგორც ჩვენ - მსოფლიო ჩემპიონატებს. „დღეს იქ მხოლოდ რესპუბლიკელი ჟურნალისტები იქნებიან „ვაშინგტონ პოსტიდან“, „უოლ სტრიტ ჯორნალიდან“ და სხვა ჟურნალ-გაზეთებიდანაც. მე უკვე დავრეკე და ვუთხარი, რომ ქართველთან ერთად მოვდივარ-მეთქი. მაგარი შეშინებულები არიან.“ ორივეს გვეღიმება. საქმე ისაა, რომ სულ რაღაც კვირანახევრის წინ, ამავე სახლში საქართველოს პრეზიდენტმა უყურა პირველ საპრეზიდენტო დებატს. თომასი მომიყვა, როგორ „აიყვანა“ მიხეილ სააკაშვილი დებატის საყურებლად იმ სახლში. წარმოიდგინეთ, რა შოკში ჩავარდებოდნენ მასპინძლები? ყველაფერი კარგად დამთავრდა, თუმცა, - იცინის თომასი, - როდესაც სააკაშვილი ერთ-ერთ სტუმარს გაეცნო და უთხრა მე საქართველოს პრეზიდენტი ვარო, მან ირონიულად ახედა მას და უპასუხა: „ჰო, მე კი რუმინეთის.“ ძლივს დააჯერეს, რომ ახლად შემოსული სტუმარი არ ტყუოდა. მოვედით... კარს მასპინძელი გვიღებს. მას ენი ჰქვია. თომასი და ენი რამდენჯერმე კოცნიან ერთმანეთს ლოყაზე. არ დამითვლია, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი რიტუალია. როდესაც ჩემი ჯერი დგება, ენი მეც მკოცნის ლოყაზე, მაგრამ რადგანაც არ ვიცი თუ რამდენი კოცნაა აქ მიღებული, უხერხული გაწევ-გამოწევა ტყდება. ძლივს მოგვაცილეს ერთმანეთს! „თქვენც პრეზიდენტი ხართ?“ - ღიმილით მეკითხება ენის ერთ-ერთი მეგობარი. „არა, - ვუპასუხე, - ამ ეტაპზე საქართველოს ერთი პრეზიდენტი ჰყავს და რამდენადაც ვიცი, თქვენ ის უკვე გაიცანით.“ მერე დანარჩენ სტუმრებს მაცნობენ. უცნაური ბინაა. ჩვენ პირდაპირ მეორე სართულზე შევაბიჯეთ, ანტრესოლს რომ ეძახიან. სასტუმრო ოთახი დაბლაა, ამიტომაც იმის გამო, რომ ანტრესოლს მოაჯირი არა აქვს, ფრთხილად უნდა იყო, თორემ თუ ჩავარდი, 911 გარანტირებული გაქვს. ენის ერთი ბრმა შავი კატა ჰყავს, რომელიც წამდაუწუმ ეჯახება ხან რას, ხან კი რას. თავიდანვე ამითვალწუნა. დებატის დაწყებამდე ერთი ათჯერ მაინც დამეჯახა. ნელ-ნელა სასტუმრო ოთახში გადავდივართ. თომასი მართალი იყო, ამ სახლში მთელი რესპუბლიკელი ჟურნალისტების ელიტაა შეკრებილი. განსაკუთრებით მოწიწებით ერთ მაღალ, ხანში შესულ კაცს ეპყრობიან „უოლ სტრიტ ჯორნალიდან“, რომელიც ხმას საერთოდ არ იღებს, მაგრამ როგორც ცნობილ ანეკდოტშია, ყველა „ბოსს“ ეძახის. სამზარეულოში ვფუსფუსებთ. ყველა დაგვასაქმეს. ვიღაც თეფშებს აწყობს, ვიღაცას საჭმელები მიაქვს მაგიდასთან, მე ღვინის გახსნა მერგო წილად. „ეს ღვინო საქართველოს პრეზიდენტმა მოგვართვა,“ - მეუბნება ენი და ბოთლს მაწვდის. - ქართული ღვინო ქართველებმა უნდა დალიოთ.“ ეს წინადადება აშკარად მისაღებია. მე ხომ კარგად ვიცი, რა ღვინოც ვიყიდეთ აქ მოსატანად. არც სხვების მოტანილი ღვინოები უქნია ღმერთს. დებატი ათ წუთში იწყება.

იმედია, ჩემგან არ მოელით ბაიდენის და პეილენის დებატის გარჩევის მცდელობას. უბრალოდ მოსაწყენი იქნება, მაგრამ საინტერესო ამ ადამიანების რეაქციაა. ცუდია, რომ ოთახი ნახევრად ბნელია და კარგი ფოტოები არ გამომდის, თორემ ნახავდით, როგორი გაფაციცებით უყურებდნენ იმ დღეს ჟურნალისტები დებატებს. მიუხედავად დაძაბულობისა, მოკლე კომენტარი დასაშვებია და აუცილებელიც. თომასი ამ თამაშს კარგად თამაშობს, მე კი ეს სულ ფეხებზე მკიდია. „ამ კრეტინს დამიხედე ერთი!“ - ამბობს ენის ერთ-ერთი მეგობარი. - რა სისულელეებს ჩმახავს.“ „ალასკაზე ცივა და ბნელა. ინტელექტი ნელა ვითარდება,“ - პასუხობს მეორე. მხოლოდ ახლაღა ვხვდები, რომ ისინი თავის კანდიდატს უტევენ. სარა პეილენი ხომ ალასკის გუბერნატორია. დებატი საკმაოდ უინტერესოდ გრძელდება. ბაიდენიც და პეილენიც ღიმილნარევი დაძაბულობით „ბურღავენ“ ერთმანეთს. მე, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვუსმენ კანდიდატებს და, რა თქმა უნდა, ყველაფერი მესმის, მაგრამ ნიუანსების ისე დაჭერა, როგორც ისინი ახერხებენ, მე არ გამომდის. ხუთიდან ორს თუ გავარტყამ. ამასობაში კი სიტუაცია უფრო იძაბება. პეილენი კიდევ ერთ სისულელეს ამბობს (მათი აზრით) და ოთახში ახლა უკვე სტვენა და ხარხარი იწყება. რა თქმა უნდა, ბაიდენსაც უტევენ, მაგრამ მისი საქმე ამ ოთახში შეკრებილთათვის ისედაც წასულია. მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამოცდილი მოთამაშეა ობამას გუნდში. კიდევ რამდენიმე წუთიც და სიტუაცია ისევ იცვლება. ახლა უკვე ყველა ერთხმად ლაპარაკობს. კანდიდატებმა ვერ მოახერხეს მათი ყურადღების ბოლომდე შენარჩუნება. ვიღაც-ვიღაცეები ჩემკენ ტრიალდებიან და სიცილით მეუბნებიან: „ნუთუ სულელები ვგონივართ?“ მერე კი დაგვიანებული სტუმრებიც მოდიან, ვიღაც მელოტი, სახიდან ღიმილჩამოუცილებელი კაცი და მისი მეუღლე. თომასი და ის კაცი მაგრად ეხვევიან ერთმანეთს. როდესაც თომასი ჩემთან ბრუნდება, ჩუმად მეუბნება ყურში: „ეს კაცი „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერია“. ლიდერმა მოსვლისთანავე „თავზე დაახურა“ ორივე კანდიდატს, მაგრამ მე მისი სმენის თავი არ მაქვს, რადგანაც ვხედავ, რომ ენის ბრმა კატა, რომელიც ანტრესოლზე დარჩა ბარბაცით უახლოვდება იმ ადგილს, სადაც წესით მოაჯირი უნდა იყოს, ზედ ანტრესოლის პირას დგება და „გვიყურებს“. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, კატის მოულოდნელი მანევრები მარტო მე დავინახე. კი შევეცადე ენისთვის მენიშნებინა, რომ კატისთვის მიეხედა, მაგრამ დამაგვიანდა. ის კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს და საშინელი ხმით ებრეგვება მეორე მაგიდაზე, სადაც სტუმრებისათვის ცარიელი თეფშები და ჭიქებია გამზადებული. დედა, რა ამბავი დატრიალდა! „ჰამასის“ ლიდერიც კი წამოხტა ფეხზე. ბაიდენის და პეილენის საბედნიეროდ, კატას არაფერი დაშავებია. დარჩენილი საღამო ენის მხრებზე გაატარა პირსახოცივით გადაკიდებულმა. პერიოდულად, როდესაც ენის, ცხიმიანი ლუკმის პირში ჩადების შემდეგ, ხელსახოცის აღება ეზარებოდა, პირდაპირ თავის კატას ახოცავდა ხელებს ზურგზე.

მერე კი დებატიც დასრულდა და ჩვენ ჩვენ-ჩვენი ჭიქებით ხელში მივაწყდით ერთმანეთს აზრების გასაზიარებლად. ყველაზე მეტად „ბოსთან“ საუბარი მაინტერესებდა და დრო რომ ვიხელთე, გვერდით მივუჯექი და კიდევ ერთხელ გავეცანი. ცოტა წავისაუბრეთ. „რას ფიქრობთ ყველაფერ ამაზე?“ - თვალები ტელევიზორისკენ გადავისროლე. „მეც სწორად ამაზე ვფიქრობდი ახლა. ხვალისთვის სტატია მაქვს დასაწერი და გამიძნელდება, - მიპასუხა მან, - ღმერთმა ნუ ქნას, მაქკეინს რამე დაემართოს. პეილენის ხელში ჩავარდნას არ ვისურვებდი“. „რა არის ის, რაც ასე გაშფოთებთ?“ - შევეკითხე. „ის, რომ თითქმის საათნახევრიანი დებატის შემდეგ მე სათქმელი არაფერი მაქვს,“ - მიპასუხა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი თავიდან მოცილება არ უნდოდა, რადგანაც მისი ამ სიტყვების შემდეგ ჩვენ კიდევ რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ. მერე კი მადლობა გადავუხადე და ახლა სხვა ჯგუფს შევუერთდი. „თქვენც ასეთი იდიოტების ხელში ხართ?“ - მომახალა ვიღაც ქალმა, რომელიც ძალიან ჰგავდა მსახიობ შელი დუვალს, ჯეკ ნიკოლსონის მეუღლეს რომ თამაშობს Shining-ში. მე ჩემსაზე დავრჩი. „ამიხსენით რა არის ის, რაც ასე არ მოგწონთ თქვენივე კანდიდატში?“ „კი, მაგრამ, თქვენ ხომ უსმენდით დებატს“? - შემეკითხა ის. „კი, მაგრამ, ჩემთვის უცნობია ბევრი ის ნიუანსი, რაც თქვენ კარგად მოგეხსენებათ. თქვენ ხომ ჟურნალისტები ხართ?“ „არავითარი ნიუანსები არ გჭირდებათ ყველაფერ ამის გასაგებად, - მიპასუხა მან, - უბრალოდ, ჩათვალეთ, რომ რესპუბლიკელებს ვიცე-პრეზიდენტი არა გვყავს“. „პრეზიდენტებად და ვიცე-პრეზიდენტებად არ იბადებიან. პეილენი სულელი ქალი არ ჩანს. რამდენადაც ვხვდები, ამ ადამიანს აქვს ზრდის პოტენცია“. ისე შემომხედა, თითქოს მაქკეინისთვის შემეგინებინოს. კარგი, მათ უკეთ მოეხსენებათ... ბოლოს და ბოლოს, პეილენი ის პოლიტიკოსია, ვინც თავიდან წამოიწყო კულტურული ომი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. პეილენი ევანგელისტი ქრისტიანია; ის ეწინააღმდეგება აბორტს გაუპატიურების შემთხვევებშიც კი და ამას წინათ დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვი გააჩინა; ის სასტიკად წინააღმდეგია გეიქორწინებების და ასე შემდეგ. „არაფერი გიჭამია, - მითხრა ენიმ უკვე კარებში მდგარს, მას შემდეგ რაც ისევ დამავიწყდა, თუ რამდენჯერ უნდა მეკოცნა ლოყაზე დამშვიდობებისას, რის გამოც ლამის წუთის განმავლობაში შევაფერხე მოძრაობა. - „თქვენს პრეზიდენტს კი საკმაოდ კარგი მადა ჰქონდა.“

6.

სენატორი ჰეიგელი მართალია. აი, კიდევ ერთი ციტატა მისი გამოსვლიდან „ნიუიორკერის“ ფესტივალზე: „ჩვენ ადამიანის დეზორიენტაციის ეპოქაში გვიწევს ცხოვრება. ის ცვლილებები, რაც დღეს მსოფლიოში ხდება ნებისმიერ დონეზე, სამყაროსთვის აქამდე უცნობია. ამერიკის შეერთებულ შტატებში არა მარტო ერთ-ერთი უმძლავრესი ეკონომიკაა მსოფლიოში, არამედ ის ყველაზე ძლევამოსილი ქვეყანაა და ამიტომაც აქ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უმალ აისახება დანარჩენ მსოფლიოზე“. ეს კი ალბათ ის საკითხია, რაც ჩვენ ყველაზე უფრო გვაწუხებს საქართველოში, კერძოდ კი ორივე კანდიდატის საგარეო პოლიტიკა. ერთი ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი ხუმრობდა, ამერიკელები საგარეო პოლიტიკას ზუსტად ისე უდგებიან, როგორც დანტისტის კაბინეტს, სანამ კბილის ტკივილი არ შეაწუხებთ, დანტისტთან მისვლაზე არც კი ფიქრობენო. დღეს უკვე ყველაფერი სხვაგვარადაა. ამერიკის ახალი პრეზიდენტი ბუშის ადმინისტრაციისგან ურთულეს საერთაშორისო სიტუაციას გადაიბარებს. აი, როგორ გამოიყურება ეს არცთუ ისე მიმზიდველი „პაკეტი“: ორი ომი ავღანეთსა და ერაყში, ირანის გააქტიურებული ბირთვული პროგრამა; დესტაბილიზაცია პაკისტანში; უაღრესად დაძაბული სიტუაცია რუსეთთან; ქიშპი სწრაფად განვითარებად ჩინეთთან და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამერიკის საგრძნობლად შერყეული რეპუტაცია მთელს მსოფლიოში. გამოკვლევების თანახმად, გერმანელების მხოლოდ 32%25 უყურებს ამერიკას დადებითად, პაკისტანში ამერიკის პოლიტიკის მომხრეთა რიცხვი 19%25-მდე დაეცა, ხოლო თურქეთში - 12%25-მდე. ყოველივე ეს პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა და მათმა გუნდებმა კარგად იციან. ევროპა, როგორც უკვე მოგახსენეთ, უფრო ობამასკენ იხრება, ვინაიდან ევროპელებისათვის ობამა იმ ამერიკის სახეა, როგორი ამერიკაც მათ მოსწონთ. თუნდაც ის რად ღირს, რომ მან ბერლინის Tiergarten-ში 250, 000 ადამიანს მოუყარა თავი იმ დროს, როდესაც მაქკეინის ევროპულმა ტურნემ თითქმის შეუმჩნევლად ჩაიარა. ობამამ პირველი მნიშვნელოვანი საჯარო განცხადება საგარეო პოლიტიკაზე 2007 წლის აპრილში გააკეთა ჩიკაგოში: „როდესაც ნარკო-ტრეფიკინგი და კორუფცია ემუქრება დემოკრატიას ლათინურ ამერიკაში, ეს ამერიკის პრობლემაცაა. როდესაც ინდონეზიის ღარიბ სოფლებში ადამიანებს სხვა გზა აღარ რჩებათ გარდა იმისა, რომ გასაყიდად ფრინველის გრიპით დაავადებული ქათმები გაიტანონ, ეს არ უნდა მოგვეჩვენოს შორეულ პრობლემად. როდესაც პაკისტანის რელიგიურ სასწავლებლებში მოზარდებს ზიზღს უნერგავენ, ეს ჩვენ მოზარდებსაც ემუქრებათ; არა აქვს მნიშვნელობა რა იქნება ეს, გლობალური ტერორიზმი, პანდემია, კლიმატის ცვლილება თუ მასობრივი განადგურების იარაღის დაგროვება. იმ საშიშროებებს, რასაც ჩვენ ვაწყდებით დღეს, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში უკვე ვერანაირი საზღვრები და კედლები ვეღარ შეაჩერებს“. სამხრეთ კაროლინას შტატში გამართულ დებატებზე ობამამ ღიად განაცხადა, რომ ის მზადაა შეხვდეს ირანის, ჩრდილოეთ კორეის, ვენესუელას, სირიის და კუბის ლიდერებს მისი პრეზიდენტობის პირველსავე ვადაში, მაგრამ ობამას საგარეო პოლიტიკის გუნდის წევრებს არც ის ავიწყდებათ, რომ სწორედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან რბილმა მიდგომამ დააკარგვინა დემოკრატებს პრეზიდენტობის კანდიდატები წარსულში.

ობამასაგან განსხვავებით, მაქკეინის საგარეო საქმეთა გუნდი არ შედგება ჯგუფებად დაყოფილ ლამის სამასკაციან გუნდად. „მაქკეინს ისევე სჭირდება მრჩეველები საგარეო საქმეებში, როგორც ტაიგერ ვუდსს ტრენერი გოლფში,“ - განაცხადა ერთხელ მაქკეინის გუნდის ერთ-ერთმა წევრმა. თუ დასაწყისში ობამას საგარეო ურთიერთობათა პროგრამის ძირითადი აქცენტი ისეთ საკითხებზე იყო გადატანილი, როგორებიცაა კონტრტერორიზმი, ბირთვული განიარაღება, კლიმატის ცვლილება, ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება, ახლო და აღმოსავლეთი აზია, მაქკეინის ძირითადი საზრუნავი ძლიერი და განვითარებადი ქვეყნებია. ჟურნალ „ნიუ-იორკერის“ ჟურნალისტთან საუბარში, მან პირდაპირ დაასახელა ამერიკისთვის საშიში მიმართულებები: საფრთხე რადიკალი ექსტრემისტების მხრიდან, ირანის ბირთვული პროგრამა, რუსული აგრესია და ჩინეთის სწრაფი აღზევება. ეს, რა თქმა უნდა, სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ მაქკეინი პირველივე მოცემულ შანსს გამოიყენებს სამხედრო კონფლიქტის დასაწყებად. „ფაქტები ჯიუტია, - თქვა მან იმავე ინტერვიუში, - ირანი მომართულია ისრაელის სახელმწიფოს გასანადგურებლად და სერიოზული ამბიციები აქვს ახლო აღმოსავლეთში. რა თქმა უნდა, საჭიროა მისცე აჰმადინეჟადს, რაულ კასტროს და ჩავესს ფორუმი მათსავე პრესტიჟის აღსადგენად, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, რეიგანი მხოლოდ მაშინ მიუჯდა გორბაჩოვთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას, რაც მან უარი თქვა ბრეჟნევთან და ჩერნენკოსთან შეხვედრაზე. ნიქსონი კი მხოლოდ მაშინ ჩავიდა ჩინეთში, როდესაც უკვე კარგად იცოდა, თუ რატომ უნდა გაეკეთებინა ეს. მხოლოდ ასე შეიძლება ასეთ ქვეყნებთან საუბარი.“ ამ საკითხებში მაქკეინი, ობამასაგან განსხვავებით, სერიოზული მორალისტია. ბევრი ექსპერტისათვის მოლაპარაკებების რეჟიმი უფრო რეალისტურია, მაგრამ მაქკეინი უარზეა აწარმოოს მოლაპარაკებები თუნდაც რუსეთთან მანამდე, სანამ ეს ორი ქვეყანა საერთო ღირებულებებზე არ შეთანხმდება. ის დღესაც მომხრეა რუსეთის G8-იანიდან გარიცხვის, თავის დროზე მხარი დაუჭირა ნატოს ოპერაციებს კოსოვოში და დღესაც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. სულ რამდენიმე ხნის წინ, მაქკეინმა წამოაყენა ორგანიზაცია „დემოკრატიების ლიგის“ შექმნის წინადადება, რომლის წევრებიც აუცილებლად გახდებიან ბრაზილია, იაპონია და ინდოეთი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში რუსეთი ან ჩინეთი. „მე სერიოზულად მივუდგები „დემოკრატიების ლიგის“ საკითხს და არ მიმაჩნია, რომ ეს ცივი ომის პერიოდში დაგვაბრუნებს. ისინი სუკ-ის „აპარატჩიკები“ არიან და რუსული იმპერიის აღორძინება სურთ. სულ ახლახან ჩამოიშალა უკრაინის მთავრობა; რუსები ისევ სამხრეთ ოსეთში არიან... რატომ? მგონია, რომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის რატომაც. მე ბედნიერი ვიქნები, თუ რუსეთთან მოსალაპარაკებლად მივუჯდები მაგიდას, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, თუ როგორია რუსული ხელისუფლების ბუნება - ის ავტოკრატულია... მე აუცილებლად მჭიდროდ ვითანამშრომლებ დანარჩენ ქვეყნებთან საერთო ღირებულებების გასაზიარებლად, მაგრამ ვიღაცამ უნდა აიღოს ლიდერის ფუნქცია საკუთარ თავზე... მე მჯერა ამერიკის განსაკუთრებული მისიის. მე ამის დამტკიცება ჩვენსავე ისტორიაზე დაყრდნობით შემიძლია. მე მინდა, რომ ოცდამეერთე საუკუნე ამერიკის საუკუნე იყოს.“ „სასაცილოა იმის გაფიქრებაც კი, რომ ირანი მხოლოდ იმიტომ ავითარებს თავის ბირთვულ პროგრამას, რომ არასაკმარისი ურთიერთობა აქვს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან,“ - განაცხადა რენდი შეუნმენმა, მაქკეინის გუნდის წევრმა. - ობამა ფიქრობს, რომ სინამდვილეში მათ ბირთვული იარაღი კი არა, არამედ სამიტები სჭირდებათ. ეს მიამიტობაა.“

თუ მაქკეინი მართლაც უფრო გამოცდილი და მყარ პოზიციებზე მდგარი კანდიდატია საგარეო საქმეებში, ობამა, ამერიკელების აზრით, უფრო მოქნილია. ეს კი სწორედ ის თვისებაა, რაც ასე არ მოსწონთ რესპუბლიკელებს. იგივე რუსულ-ქართული კონფლიქტის დროს, ობამამ ერთმანეთის მიყოლებით სამი განცხადება გააკეთა: პირველი - მიუკერძოებული, რომელშიც მან ორივე მხარეს მოუწოდა ძალადობის შეწყვეტისაკენ, მეორე - შედარებით უფრო მკაცრი რუსეთთან მიმართებაში და მესამე, უკვე აშკარად პროქართული, რომელშიც ნათლად ჩანდა, თუ ვინ იყო კარგი და ვინ - ცუდი. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც მისმა საგარეო საქმეთა უზარმაზარმა ჯგუფმა კონსულტაციები მოაწყო მნიშვნელოვან ექსპერტებთან. იგივე ხდება ერაყთან მიმართებაში. თუ ადრე ობამა ამერიკული ჯარების სწრაფ გაყვანაზე მსჯელობდა, დღეს ის ერაყში ჯარების მცირე კონტინგენტის დატოვებაზე საუბრობს. ექსპერტების აზრით, - ისევ და ისევ პოლიტიკური დივიდენდების მოსახვეჭად. „ობამას კამპანია სიმფონიური ორკესტრივითაა, - წერს „ნიუ-იორკერი“. - საერთაშორისო თანამშრომლობა ორკესტრის სიმებიანი სექციასავითაა, ხოლო საყვირები კი უფრო აგრესიული ქმედების განსახიერებაა. ორკესტრის ორივე ეს სექცია ერთდროულად უკრავს, მაგრამ ხან ერთი სექცია ჟღერს ხმამაღლა, ხან კი მეორე. წინასაარჩევნო კამპანიის საშემოდგომო მონაკვეთში საყვირები აშკარად უფრო ხმამაღლა ჟღერდნენ.“ ამერიკული მედიის აზრით, სწორედ ესაა ობამას შარმი. დიდი პოლიტიკოსები, საკუთარი შესაძლებლობების რამდენიმე ვერსიას სთავაზობენ ხოლმე პუბლიკას. ამასთან ერთად, ობამა ერთი ჯადოსნური სიტყვის პატრონიცაა, - ცვლილება. „თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ!“ - მიმართავს ხოლმე ის მის მოსასმენად შეკრებილ ათასობით ადამიანს. „ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ეს დღე არასდროს მოვიდოდა. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენი მზერა ძალიან შორს იყო მიპყრობილი. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ეს ქვეყანა დაქუცმაცებულია და ძალიან გულაცრუებული იმისთვის, რომ ერთი მიზნისთვის გაერთიანდეს... მაგრამ ეს დღე გადამწყვეტია ჩვენს ისტორიაში და თქვენ მოახერხეთ ის, რაზედაც ცინიკოსები გიწინასწარმეტყველებდნენ, რომ ვერ მოახერხებდით... ჩვენ ერთი ხალხი ვართ და ჩვენთვის ცვლილებების დრო დადგა!“ კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ ობამას მიერ დე-მოინში (აიოვა) წარმოთქმული ტრიუმფალური სიტყვა და ყველაფერს მიხვდებით. ასე დიდი ხანი არავის მიუმართავს ამერიკელებისათვის.

7.

ბრაინთ პარკში ვზივარ და მუყაოს ჭიქით მონატრებულ სუფს ვხვრეპ. მუხლებზე New York Times-ის ახლად ნაყიდი ნომერი მიდევს, რომლის პირველ გვერდზე ამერიკის რუკაა. რუკაზე ცისფრად ის შტატებია გაფერადებული, რომელიც ობამას უჭერს მხარს, ვარდისფრად კი მაქკეინის მხარდამჭერი შტატები. ბრძოლა გრძელდება. რამდენიმე დღეში, მეორე საპრეზიდენტო დებატები შედგება. თომასი ისევ სადღაც მეპატიჟება დებატის საყურებლად. არ ვიცი, წავალ თუ არა. ჩემთვის ფესტივალის პოლიტიკური პროგრამა დასრულდა. რამდენიმე საათში ფესტივალის ძალიან საინტერესო კულტურული ნაწილი იწყება. პოლიტიკამ ცოტა არ იყოს დამღალა. ნიუ-იორკში წინ კიდევ შვიდი დღე და დაგეგმილი და დაუგეგმავი შეხვედრები მაქვს: მუზეუმები, კენი გარეთის კონცერტი ჯაზ-კლუბ „ირიდიუმში“, კიდევ უამრავი რამ და... ნიუ-იორკი. უბრალოდ ქალაქში ხეტიალი, ნიუ-იორკელებისათვის თვალყურის დევნება, მათთან საუბარი.

ჩემ წინ მწვანე მოლზე მდგარ რკინის სკამებზე ლანჩზე გამოსული ნიუ-იორკელები სხედან. თბილი, მზიანი ამინდია. თავს დიდებულად ვგრძნობ. სუფიც გემრიელია. ჩემს გვერდზე ვიღაც კაცი ეშვება სკამზე, ორმოცს იქნება გადაცილებული, ულვაშიანი. ხელში ქაღალდის ყავისფერ პაკეტში ჩადებული ბოთლი უჭირავს. აქაური კანონის მიხედვით, ალკოჰოლური სასმელების მირთმევა ქუჩაში ასეთი პაკეტის გარეშე აკრძალულია. კაცი ლოთი ნამდვილად არაა. უბრალოდ, ეტყობა დაიღალა და უნდა, რომ ცოტა მოეშვას. გადმომხედა. „რომელი საათია?“ - მეკითხება. მობილურს დავყურებ. „ოთხის ათი წუთია“. „გმადლობთ“. „არაფრის“. პაუზა. უეცრად: „მთელი ჩემი ცხოვრება ნიუ-იორკში ვცხოვრობ და აქ პირველად ვარ“. სინანულით აქნევს თავს. „რატომ მოხდა ასე?“ „არ ვიცი, ბრუკლინიდან აქამდის თითქოს არცთუ ისე დიდი მანძილია, მაგრამ... არა, პარკის არსებობის შესახებ, რა თქმა უნდა, ვიცოდი, მაგრამ პირველად ვზივარ აი ასე, შუადღისას, ამდენ ხალხში.“ ისევ პაუზა. არა, აშკარად არ „მაბავს“. უბრალოდ, ვინმესთან საუბარსაა მონატრებული. თითქოს მიმიხვდა, რაზეც ვფიქრობდი. „ახლა თითქმის აღარავინ საუბრობს აი ასე, პირველ შემხვედრთან. მე რომ ახლა რომელიმე მათგანთან მივიდე და რაიმე ვუთხრა, პოლიციას გამოუძახებენ.“ „მე კი მეგონა ქუჩაში უცნობთან გამოცნაურება თქვენი მოგონილი იყო.“ „რა, მართლა ასე ხშირად გიხდებათ ხოლმე უცნობ ადამიანებთან საუბარი ქუჩაში?“ „თითქმის ყოველდღე.“ უკვირს. „საიდან ხართ?“ „საქართველოდან, კავკასიაში რომაა.“ არც კი გაკვირვებია. „იცით, რას გეტყვით, - მეუბნება, - აი, მე აქ ვზივარ, ამ პარკში, ამ სკამზე, ვუყურებ ადამიანებს და თითქოს ყველაფერი კარგადაა. თავსაც ძალიან კარგად ვგრძნობ. მომწონს აქ ჯდომა, ამ ადამიანების ყურება, მაგრამ“... ისევ გაჩერდა. ვეხმარები. „მაგრამ რა?“ „ის, რომ ეს ყველაფერი ილუზიაა.“ ვბედავ. „ბუდისტი ბრძანდებით?“ „არა, არა, რას ბრძანებთ, ბრუკლინში ვარ დაბადებული და გაზრდილი, - სხაპასხუპით მპასუხობს, - იმას ვგულისხმობდი, რომ ეს ყველაფერი ყალბია. ეს მოჩვენებითი კეთილდღეობაა. სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირადაა.“ უკვე ვეღარ ვეხმარები. ასე მგონია, მე ნეო ვარ, ის კი მორფეუსი ფილმიდან „მატრიცა.“ ცოტა ხანში თვითონვე აგრძელებს: „ორი შვილი მყავს, მეუღლეს სულ რაღაც ორიოდე თვის წინათ გავეყარე. შვილები უნივერსიტეტებში სწავლობენ. ნორმალური სამუშაო მაქვს უძრავი ქონების სააგენტოში. მესამე თაობის რესპუბლიკელი ვარ, მაგრამ იმის შემდეგ, რაც ბუშის ადმინისტრაციამ უქნა ქვეყანას, რესპუბლიკელად ვეღარ დავრჩები. ჩემი ოჯახის წევრებისათვის ეს გაუგებარია, განსაკუთრებით მამაჩემისთვის, მაგრამ ეს ასეა. როდესაც ვამბობ, ყველაფერი ილუზიაა-მეთქი, იცი, რას ვგულისხმობ? იმ იარაღს, რაც აქ ამ პარკში არ ჩანს; იმ ნარკოტიკებს, რასაც აქ ვერ ვხედავთ; იმ თითქმის ბავშვ მეძავებს, ვინც ქუჩებში დგანან, იმ სიხარბეს, რაზეც ჩვენი ცხოვრებაა აგებული, რაც კარგად გვესმის, მაგრამ არ ვაღიარებთ...“ სულს ითქვამს. იღიმის. „და მაინც, აქ ძალიან კარგია ჯდომა, არა?“ „მე მომწონს, - ვპასუხობ. - დიდებულ ქალქში ცხოვრობთ. საოცარი ქალაქია.“ მიღიმის. „თქვენთვის ნამდვილად ასე უნდა იყოს.“ ვეთანხმები. „ნამდვილად ასეა.“ ჩუმად ვაგრძელებთ ჯდომას. მერე მეუბნება: „უნდა წავიდე.“ დგება და ძალიან მაგრად მართმევს ხელს. „სანამ აქ იჯდებით, კარგად დააკვირდით ამ ადამიანებს. ისინი ისეთი ბედნიერები არ არიან, როგორც თავი უჭირავთ.“ და მიდის. უეცრად შუა გზაში ჩერდება და ისევ ჩემკენ ტრიალდება. „და იმასაც ნუ იტყვით უკან რომ დაბრუნდებით, ამერიკელები გიჟები არიანო.“ რა გემრიელია პომიდვრის ეს სუფი... ვზივარ და დაპირებისამებრ ვუყურებ მზეზე მჯდარ ნიუიორკელებს. მესმის, რაც იმ კაცმა მითხრა, მაგრამ ამაზე უფრო საფუძვლიანად მერე ვიფიქრებ. სულ რაღაც ექვსიოდე საათში, კლინტ ისტვუდთან შეხვედრას დავესწრები. შეხვედრის ბოლოს მას ჰკითხავენ, თუ როგორი თვისებები უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს და ის იტყვის: „ადრე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ყველა სტანისლავსკიზე და მის სისტემაზე ლაპარაკობდა, ჯეიმზ ქეგნის ჰკითხეს, „თქვენ რომელ სისტემაზე აწყობთ თქვენს როლებსო“. მან უპასუხა, „მე ჩემი სისტემა მაქვსო“. „რა სისტემა არისო“, - შეეკითხნენ. ქეგნიმ უპასუხა: „მაგრა იდექი და სიმართლე ილაპარაკე!“ „მე მგონია, რომ ეს ნებისმიერი პოლიტიკოსისათვის კარგი რჩევა იქნება,“ - თქვა ისტვუდმა.

9 ოლივერ სტოუნის საუბარი დევიდ დენბისთან

▲ზევით დაბრუნება


წერილი ნიუ-იორკერისფესტივალიდან

ავტორი: კახა თოლორდავა

0x01 graphic

კადრი ოლივერ სტოუნის ფილმიდან W

0x01 graphic

კადრი ოლივერ სტოუნის ფილმიდან W

0x01 graphic

კადრი ოლივერ სტოუნის ფილმიდან W

დევიდ დენბი: „ნიქსონით“ დავიწყოთ; ის საკმაოდ ტრაგიკული ფიგურა იყო და გარკვეული თვალსაზრისით თქვენს ფილმში ერთგვარი სიმპათია იგრძნობა მის მიმართ.

სტოუნი: ნამდვილად არ ვფიქრობდი მაშინ ასე. ეს იყო ადამიანი, რომელმაც ვიეტნამის ომი უსასრულოდ გაწელა, ის ბევრს ტყუოდა და უამრავ სხვა სისულელესაც სჩადიოდა, მაგრამ ამ ფილმში მე შევეცადე გამეგო მისთვის; ძირითადად, ალბათ, მამაჩემის გამო. მამაჩემი ნიქსონის თაობას წარმოადგენდა და მას მხარს უჭერდა ომის დროსაც და შემდეგაც. ჩვენ ხშირად ვკამათობდით ხოლმე ნიქსონის გამო. საერთოდ, მამაჩემის იდეალი ეიზენჰაუერი იყო, მაგრამ, მისი აზრით, ნიქსონსაც არა უშავდა რა. პირადად მე ნიქსონს ბუშის ბაბუად აღვიქვამ, რეიგანს კი მის მამად...

დენბი: თქვენს ფილმში ნიქსონი ძალიან ქარიზმატული და მგრძნობიარეა, მაგრამ ამავე დროს შეშინებული, ძალაუფლების მოყვარე ადამიანიცაა. როდესაც იახტაზე სადილის დროს მის ნახევრად შემწვარ სტეიკიან თეფშზე სისხლი იწყებს ჟონვას, შეუძლებელია მაკბეთი არ გაგახსენდეს. ის ამ დროს თავის ძმა ჰაროლდზე ფიქრობს, რომელიც ტუბერკულოზით გარდაიცვალა ბავშვობაში.

სტოუნი: კარგი დაკვირვებაა... ნიქსონს ორი ძმა მოუკვდა ბავშვობაში; ორი ძმა. ორი ძმა კი, ჯონ და ბობი კენედებს ვგულისხმობ, მაშინ მოკლეს, როდესაც ის უკვე პოლიტიკური მოთამაშე იყო. საკუთარი ძმების ადრეული სიკვდილიდან მან გარკვეული სარგებლობა მიიღო: ოჯახის მთელი ფული მას დარჩა და სწორედ ამ ფულით მოახერხა სწავლის გაგრძელება კოლეჯში. მაგრამ საქმე ის არის, რომ მშობლებს მისი ძმები უფრო უყვარდათ. ყველაფერი ეს რაღაცით ბუშის ბიოგრაფიას მაგონებს. მოგვიანებით კი ძმები კენედების მკვლელობამ ასევე ძალიან იმოქმედა მასზე და ამ შემთხვევაშიც ნახა მან სარგებელი, რადგანაც ბობი კენედი რომ არ მოეკლათ, ნიქსონი პრეზიდენტი ვერ გახდებოდა.

დენბი: დიახ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ნიქსონი გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობდა მათი სიკვდილის გამო.

სტოუნი: სცენაში იახტაზე ის ოთხ სიკვდილზე საუბრობს. მას უსწორებენ; ჰგონიათ, რომ შეეშალა, რადგანაც ფიქრობენ, რომ თავისი ორი ძმა ჰყავს მხედველობაში, მაგრამ ის განმეორებით ისევ ოთხ გარდაცვლილს ახსენებს.

დენბი: „ნიქსონი“ ღამით გადაღებული სცენებითაა სავსე. ძალიან შთამბეჭდავია სცენა, როდესაც ის ღამით თეთრ სახლში, თავის კაბინეტში ზის, ჩანაწერებს უსმენს და სვამს. ძალიან პირქუში და დამთრგუნველი სცენაა. კამერაც ისე დგას, როგორც ეს film noir-ებშია ხოლმე.

სტოუნი: ფილმის მუსიკაც ასეთივე მძიმეა. „ნიქსონი“ ჩემი ერთერთი ყველაზე უფრო პირქუში ფილმია „ზეცა და მიწის“ და „მოსახვევის“ შემდეგ. საქმე ისაა, რომ თვითონ ნიქსონი გახლდათ ასეთი არასიმპათიური პიროვნება. ის არ უყვარდათ. ფილმი კლინტო ნის პრეზიდენტობის დროს გამოვიდა და თითქოს კიდევ ერთხელ შეახსენა ამერიკელებს, თუ როგორი პარანოია, ისტერია და დანაშაულის შეგრძნება სუფევდა ნიქსონის დროს. მსგავსი განწყობა ნამდვილად არ იყო კლინტონისდროინდელ ამერიკაში პოპულარული.

დენბი: ვისაც ფილმი არ გაქვთ ნანახი, გირჩევთ ახლად გამოსული DVD ვერსია იყიდოთ და დარწმუნდებით, თუ რამდენად მდიდარია ეს ფილმი.

სტოუნი: ჰო, ამ ვერსიაში შავი ფერი შავია, თეთრი კი თეთრი...…

დენბი: მე დრამატურგიას ვგულისხმობდი… და არა ფერებს... კარგი, მოდი, ახლა ნიქსონიდან კიდევ ერთ პრეზიდენტზე გადავინაცვლოთ. მაშ ასე, თქვენი ახალი ფილმი სახელწოდებით W (იგულისხმება George W. Bush), რომელიც ჯერ არ გამოსულა. თუ სწორად მახსოვს, ამ ფილმის სცენარზე მუშაობა ჯერ კიდევ თქვენს უკანასკნელ ფილმამდე - „მსოფლიო სავაჭრო ცენტრი“ - დაიწყო, არა?

0x01 graphic

ლივერ სტოუნი, ნიუ-იორკერის ფესტივალი, 2008

სტოუნი: არა, უფრო მოგვიანებით. პირველი ვარიანტი საკმაოდ კარგი გვქონდა. უამრავი კვლევა ჩავატარეთ ფილმზე მუშაობის პროცესში, რადგანაც იმ დროს არცთუ ისე ბევრი ლიტერატურა არსებობდა ბუშის შესახებ. თითქმის ასე გაგრძელდა 2004 წლამდე, სანამ ბობ ვუდვარდის პირველი წიგნი არ გამოვიდა. რა თქმა უნდა, მასზე ადრეც იწერებოდა წიგნები (აქ თუნდაც ფოლ ონილის ან უილიამ კარტერის ნაშრომების გახსენებაც საკმარისია), მაგრამ ვუდვარდის წიგნი პირველი იყო, რომელმაც მეტ-ნაკლებად მოახერხა ბუშის, როგორც ადამიანისა და პოლიტიკოსის, ხასიათის ჩვენება. იქამდე კი ჩვენ არცთუ ისე ხშირად ვხედავდით მას ტელევიზორის ეკრანებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ის გამარჯვებული კაცის პოზაში გვევლინებოდა ხოლმე. 11 სექტემბერს თუ არ ჩავთვლით, ბუში არც საჯარო გამოსვლებზე ჩნდებოდა ხოლმე ხშირად. მერე კი, 2004 წლის შემდეგ, ერთბაშად ტონობით ლიტერატურა გაჩნდა მასზე; მარტო ნახევარი წლის განმავლობაში ერთდროულად 10 წიგნი გამოვიდა. არა, ამერიკული ჟურნალისტიკა ნამდვილად არ მომკვდარა. ჟურნალისტებმა ძალიან კარგად იმუშავეს და უამრავი კვლევის ჩატარება მოახერხეს. სასკაინდის, ქორნის და ვუდვარდის წიგნები ძალიან დაგვეხმარა სცენარზე მუშაობის დროს.

დენბი: თქვენ იელის უნივერსიტეტში ბუშის დროს სწავლობდით, არა?

სტოუნი: დიახ.

დენბი: იცნობდით მას?

სტოუნი: იელში არა. თქვენ?

დენბი: არა, მე სხვაგან ვსწავლობდი. ხშირად ამბობენ, რომ თქვენ საკუთარ თავს აიგივებთ თქვენსავე პერსონაჟებთან. ასე იყო მაიკლ დუგლასის პერსონაჟის, გორდონ გეკოს შემთხვევაში ფილმში - „უოლ სტრიტი“, ან ტომ კრუზის მიერ განსახიერებულ რონ კოვაკის პერსონაჟის შემთხვევაში ფილმში - „ოთხ ივლისს დაბადებული“. რაიმე საერთოს თუ პოულობდით ჯორჯ ბუშის პიროვნებასთან ფილმზე მუშაობის დროს?

0x01 graphic

ოლივერ სტოუნი და დეივიდ დენბი, ნიუ-იორკერის ფესტივალი, 2008

სტოუნი: ცხოვრებაში? კი, მე ნაწილობრივ მესმის მისი. ხომ კარგად გესმით სიტყვა „შეუზღუდავი“-ს მნიშვნელობა? მე პატარა, არცთუ ისე შეძლებულ, ოჯახში გავიზარდე, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა. წარმოიდგინეთ ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა, რომელიც კოლეჯს ამთავრებს და ცხოვრებას იწყებს ქვეყანაში, სადაც ასობით შეუზღუდავი ძალაუფლების მქონე ბუშები ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. მთელი მისი მრავალრიცხოვანი ნათესავები, ძმები, მამა, უზარმაზარი ოჯახი და ყველა შეუზღუდავად ძლევამოსილია. შეგიძლია აიღო ყურმილი, ტეხასში ნებისმიერ მდიდარ ადამიანს დაუკავშირდე რომელიმე შენი პროექტის დასაფინანსებლად და უარს არავინ გეტყვის. ბუშს ბავშვობიდანვე შესაშური კონტაქტები ჰქონდა. ის კარგი ბიზნესმენი იყო, მაგრამ ასაკთან ერთად ამბიციებიც ემატებოდა. თუ მამა პრეზიდენტია, მე რატომ არ შემიძლია პრეზიდენტი გავხდე?

დენბი: სანამ პირველ ნაწყვეტს შევხედავთ თქვენი ახალი ფილმიდან, მაყურებელს ავუხსნი, რომ ფილმი ბუშის ცხოვრებას ქრონოლოგიურად არ მიჰყვება. ის მისი ყმაწვილკაცობიდან პირდაპირ მისი პრეზიდენტობის ხანაზე და ომის პერიოდზე გადადის.

სტოუნი: ადამიანი კარგად რომ შეისწავლო, დროში უნდა იმოგზაურო წინ და უკან. ბუშის შემთხვევაში საქმე ევოლუციასთან კი არ გვაქვს, არამედ - კომედიასთან. ბუშის გუშინდელი გამოსვლისათვის რომ დაგეგდოთ ყური, მიხვდებოდით, რომ ის საერთოდ არ შეცვლილა. მისი გუშინდელი გამოსვლა არაფრით განსხვავდებოდა მისივე პირველი გამოსვლისაგან. ერთადერთი, რაც მან კარგად ისწავლა, დაწერილი ტექსტის კითხვაა, მაგრამ იმის შეგრძნება, რომ ლაპარაკისას ის რაღაც აზრს ავითარებს, ნამდვილად არ დაგრჩებათ. სწორედ ესაა, რასაც კომედიას ვეძახი. აქ არავითარი დინამიკა არ ჩანს. ნიქსონის შემთხვევაში კი ეს დინამიკა სახეზე იყო. რაღაც მომენტში მან შეაბიჯა განვითარების იმ ფაზაში, როდესაც ბევრს მიხვდა და ბევრი რამ გააცნობიერა, თუნდაც თავისი დაცემის ფაქტი. მსგავს რამეს ბუშის შემთხვევაში ვერ ვნახავთ.

დენბი: მოდი, ახლა თქვენი ახალი ფილმის ის ეპიზოდი ვნახოთ, სადაც ბუში პირველად ხვდება ლორას, თავის მომავალ მეუღლეს, და სადაც ლორა მას ეუბნება: „შენ ნამდვილი ეშმაკი ხარ, თეთრქუდიანი ეშმაკი.“ რამდენი წლის იყო ის მაშინ?

სტოუნი: მე მგონი, ორმოცის. ორმოცის? ღმერთო, მართლა ორმოცის იყო იმ დროს?

(უჩვენებენ სტოუნის ახალი ფილმის - W პირველ ეპიზოდს)

სტოუნი: არა, სანამ ეპიზოდი მიდიოდა, გამოვთვალე და გეტყვით, რომ ამ დროს ის 32 წლის იყო. კონგრესში მოსახვედრად იბრძოდა იმ დროს და ვერ მოხვდა. ეს მისი პირველი ცდა იყო. დიახ, სწორედ თავისი მეგობრის მიერ მოწყობილ „ბარბექიუზე“ გაიცნო ლორა და რამდენიმე თვეში დაქორწინდნენ კიდეც.

დენბი: მათი შეხვედრის ეპიზოდი სავსეა მსუბუქი, ძალიან კარგად დადგმული და დაწერილი, ფლირტით გაჯერებული დიალოგით. ბუშს ეტყობა, რომ სერიოზულად დაადგა თვალი ლორას. დინამიური სცენაა. ხელის კამერით იღებდით ამ სცენას?

სტოუნი: დიახ.

დენბი: ალბათ ამიტომაცაა ასეთი სიმსუბუქე კადრში. კამერა ხან ერთი მოსაუბრის უკან ჩერდება, ხან კი - მეორის. რამდენიმე კამერით იღებდით ამ ეპიზოდს?

სტოუნი: არა, ერთი კამერით. ჩვენ ძალიან სწრაფად ვმოძრაობდით, თუმცა ხმასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები მაინც შეგვექმნა, რადგანაც ძალიან მგრძნობიარე მიკროფონები ადვილად იღებდნენ ჩამოცვენილი ფოთლების და ხმელი ტოტების ხმაურს. ისე კი გეტყვით, რომ ჩემთვის აუცილებელი არაა, გადაღების პროცესში ეპიზოდს ლოგიკური დასასრული ჰქონდეს. მე მიყვარს გრძელი ეპიზოდების გადაღება, სადაც მსახიობებს საშუალება ეძლევათ უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი კადრში.

დენბი: ჯოშ ბროლინი ბუშის როლში საკმაოდ შთამბეჭდავია, თუმცა ამ სცენაში ძნელად თუ იცნობს კაცი.

სტოუნი: იცით, ვის ჰგავს ის ამ ეპიზოდში? ძმები კოენების ბოლო ფილმის მთავარ გმირს, რომელსაც როგორც მოგეხსენებათ, თვითონ ბროლინი თამაშობს.

დენბი: ნიქსონი საკმაოდ უხერხულად გრძნობდა თავს საკუთარ ტყავში, აქ კი ჩვენ ვხედავთ კაცს, რომელიც თავის სხეულს ლამის სექსუალურ იარაღად იყენებს. მოძრავი მხრები, მკერდი, ხელები. ბევრი დოკუმენტური მასალის ყურება მოგიხდათ იმისთვის, რომ მოქმედი პრეზიდენტის სახე ასეთი დამაჯერებლობით დაგეჭირათ?

0x01 graphic

კადრი ოლივერ სტოუნის ფილმიდან W

სტოუნი: რა თქმა უნდა, თუმცა საქმე მარტო ესეც არაა. ჯოში ორმოცი წლისაა, მაგრამ მას შეუძლია მასზე ბევრად უფრო ახალგაზრდა და ბევრად უფრო ხანში შესული პერსონაჟის განსახიერება, რასაც ის ამ ფილმში აკეთებს კიდეც. ის ენთონი ჰოფკინსივით ბევრს კითხულობდა ფილმზე მუშაობის პროცესში. მერე რეპეტიციებს გადიოდა დიდხანს. მერე ისევ კითხულობდა. მუშაობის ასეთი წესი ძალიან მომქანცველია, მაგრამ ჯოში სწორედ ასე აწყობს თავის როლებს. ჯოშის შესახებ ბევრმა არ იცის, რომ კარიერის დასაწყისში ის საკმაოდ პოპულარული და წარმატებული იყო. ამიტომაც უზარმაზარ ფულს სთავაზობდნენ ბლოკბასტერებში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ მან ჩვენი ფილმი არჩია და ბოლომდე გამოგვყვა ყველაფერში. ბოლოს და ბოლოს, ის თეატრის მსახიობია და ბევრ დიდებულ თეატრალურ დასთან უთანამშრომლია.

დენბი: ჰო, მას მთელი ფილმის საკუთარ მხრებზე თრევა უწევს...

სტოუნი: ის მთელი ფილმის შეკვრას ახერხებს. ჯოში ძაფია, რომელზეც მთელი ფილმია აგებული. პრინციპში, ეს ფილმი ბუშის ხასიათისა და ქცევის შესწავლის მცდელობაა. ფილმის გადაღება მოქმედ პრეზიდენტზე საკმაოდ სარისკო საქმეა, იმიტომ, რომ არ იცი, რა შეიძლება მოხდეს ხვალ და ზეგ. არადა, ყველაფერი შესაძლებელია, არა? დღესაც კი, როდესაც ფილმი უკვე გადაღებულია, ჯორჯ ბუში ჯერჯერობით ისევ პრეზიდენტია. ფილმზე მუშაობის პროცესში სრულიად რეალური იყო, ირანში კონფლიქტი დაწყებულიყო; შეიძლება კიდევ ერთი ტერორისტული აქტი მომხდარიყო, ან თუნდაც ეს მოულოდნელი ფინანსური კრიზისი ავიღოთ...

დენბი: მიგაჩნიათ თუ არა, რომ ჯოშმა მოახერხა პერსონაჟის ტყავში სწრაფად „შეძრომა“? ბევრი მუშაობა მოგიწიათ მასთან გადასაღებ მოედანზე? მახსოვს, რამდენი პრობლემა შეგექმნათ მაიკლ დუგლასთან „უოლ სთრითზე“ მუშაობისას, სადაც მას მულტიმილიარდერ პლეიბოი გეკკოს პერსონაჟი უნდა განესახიერებინა...

სტოუნი: ჰო, მაგრამ მაიკლის შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად იყო. მას უამრავი ტექსტი ჰქონდა ფილმში. „W“-ს შემთხვევაში სხვა პრობლემის წინაშე ვიდექით...

დენბი: ჰო, ბუში რთული წინადადებებით ვერ საუბრობს...

სტოუნი: მართალია. ჯოში ფილმში ტეხასურ აქცენტს ხმარობს საუბრისას. რომ მიხვდე, ამას რა კარგად აკეთებს, ფილმი სრულად უნდა ნახოთ. მას ეს ეფექტის გასაძლიერებლად ესაჭიროებოდა. ის კონექტიკუტიდანაა, მაგრამ ორი წლის იყო, მიდლენდში რომ გადმოიყვანეს საცხოვრებლად და, გარკვეული თვალსაზრისით, ის ნამდვილი კოვბოია. მას ყველაფერი უყვარს, რაც კოვბოებთანაა დაკავშირებული. როდესაც ჯორჯ ბუშზე ვფიქრობ, მგონია, რომ მისი იდეალი ჯონ უეინი უნდა იყოს, განსაკუთრებით კი ფილმებში - „წითელი მდინარე“ და „მაძიებლები“. ამ ფილმებში უეინი დაუნდობელი და პირქუშია. ის, როგორც იქცევიან მისი პერსონაჟები ამ ფილმებში, ბევრისთვის მიუღებელია. სწორედ ბუშის ასეთი იმიჯის აღქმა გაუჭირდა ამერიკას. იცით, რა მომწონს ბუშში? ის არასდროს იღიმება, თუ არ ეღიმება. მართალია, ის ბევრს იმანჭება და იჯღანება, ხშირად მოუთმენელიცაა, მაგრამ მის სახეზე ყალბ ღიმილს ვერასოდეს ნახავთ. შეხედეთ ობამას ან ჯონ ბაიდენს. რატომ იღიმოდა ობამა, როდესაც მაკეინი თავზე ახურავდა ყველაფერს დებატების დროს? რა საჭიროა ეს ზრდილობიანი სიყალბე?

დენბი: ბაიდენიც ბევრს იღიმოდა გუშინდელი დებატების დროს... კარგი, მოდი ახლა კიდევ ერთი სცენა ვნახოთ. ამჯერად 1988 წელია, როდესაც უფროსმა ბუშმა გადაწყვიტა საპრეზიდენტო მარათონში მიეღო მონაწილეობა. ამ ეპიზოდში ის ჯორჯ ბუშს თავისთან ეპატიჟება და მათი საუბრისას ირკვევა, რომ ურთიერთობა მამა-შვილს შორის საკმაოდ დაძაბულია. მათი ურთიერთობა ფილმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხაზია. ამ სცენაში ჩანს, რომ შვილს თითქოს ეჭვი ეპარება მამის სიყვარულში და იცის, რომ კიდევ ბევრი რამ უნდა დაუმტკიცოს მას. მნიშვნელოვანი სცენაა. ვნახოთ.

(უჩვენებენ მეორე ეპიზოდს სტოუნის ახალი ფილმიდან)

0x01 graphic

კადრი ოლივერ სტოუნის ფილმიდან W

დენბი: ჟრუანტელის მომგვრელი სცენაა და მიუხედავად შესამჩნევი დაძაბულობისა მამასა და შვილს შორის, მაინც იგრძნობა რაღაც უხილავი ძაფები მათ ურთიერთობაში.

სტოუნი: ეს პირველი სცენაა ფილმში, სადაც, როგორც იქნა, ჯორჯი მამის წამახალისებელ სიტყვებს იმსახურებს. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს მისთვის, რადგანაც მისი მეორე ძმა მამის ნებიერა იყო. ძალიან ძნელი უნდა იყოს ასეთ ოჯახში მეორე ადგილზე ყოფნა. ბუშის ძმას დიდი მომავალი ელოდა წინ, ფლორიდის გუბერნატორობა და ალბათ პრეზიდენტობაც. ამ სცენაში უკვე ჩანს ის მიზეზი, რის გამოც უფროსმა ბუშმა 1992 წლის არჩევნები წააგო. ამის მიზეზი კი, უმცროსი ბუშის აზრით, ის იყო, რომ მამამისი ბოლომდე არ მიაწვა ერაყს. მას მიაჩნია, რომ მამა ზედმეტად ბევრს ფიქრობს და ზედმეტად დიპლომატია. ბუში უმცროსი ამ ეპიზოდში უფრო დარწმუნებულია საკუთარ თავში. „მე კიდევ უფრო მაღალი თანამდებობის მამა მყავს,“ - ამბობს შვილი და აქ, რა თქმა უნდა, ის მაღალ ღმერთს გულისხმობს. ბუში უმცროსის ძირითადი მოტივაცია ესაა, - მას მამისთვის იმის ჩვენება უნდა, რომ ის მასზე ძლიერია. ეს კი უკვე ძალიან თამამი ნაბიჯია იმ ადამიანისათვის, რომელმაც ორმოცი წელი მამის ჩრდილში გაატარა.

დენბი: ჰო, ეს კარგად ჩანს ამ სცენაში, სადაც ბუში თითქოს აღიარებს, რომ მას ორი მამა ჰყავს...

სტოუნი: და, ამავე დროს, მას ნამდვილად უყვარს მამამისი. მისი ეს სიტყვები ზიზღს არ გამოხატავს. ამ ოჯახში ისე მოხდა, მამის საყვარელმა უმცროსმა შვილმა, რომელსაც თითქოს მთელი ძალაუფლება უნდა ჩაეგდო ხელში, ყველაფერი დაკარგა და ეს ტრაგიკულია. მე არა მგონია, რომ ჯეფის, ბუშის ძმის, შესახებ ჩვენ ოდესმე რაიმე გავიგოთ კიდევ.

დენბი: იმედით ვცხოვრობთ ყველა... კიდევ ერთი სცენა. გადამწყვეტი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის. თუ მამა პრეზიდენტი გყავდა და შენ გინდა, რომ მას „გადაუჯოკრო“, რატომ არ ჩაებმები ერაყთან ომში? ეს ხომ ნამდვილი თავგადასავალი იქნება?

სტოუნი: შეიძლება ეს გარკვეული თვალსაზრისით რაციონალური გადაწყვეტილებაც იყო, მაგრამ, ამავე დროს, აბსოლუტური სიგიჟეცაა...

(უჩვენებენ მესამე ეპიზოდს სტოუნის ახალი ფილმიდან W, სადაც ბუში და მისი გუნდი, მიუხედავად კოლინ ფაუელის დიდი წინააღმდეგობისა, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ერაყში ომის დასაწყებად)

დენბი: ჰოო, ისევ პრობლემებში გაეხვევით ნამდვილად! რატომ? იმიტომ, რომ ამ ეპიზოდში დიკ ჩეინი გრძელი და მნიშვნელოვანი სიტყვით გამოდის და თანაც ნავთობს ახსენებს! ის დარწმუნებულია იმაში, რომ სადამს მასობრივი განადგურების იარაღი აქვს, ფაუელი კი პირიქით - არა; პრეზიდენტი კლოუნივით იქცევა. მას აშკარად სურს ომის დაწყება და ამიტომაც აიძულებს იქ შეკრებილ, ფაუელზე უფრო ძლიერ მოთამაშეებს, ყოველი მხრიდან შეუტიონ მას. ფაუელი საკმაოდ დადებითად გამოიყურება ამ ეპიზოდში. არ ვიცი, რამდენად იმსახურებს ის ამას. მთელი ეს სცენა, რა თქმა უნდა, შეთხზულია; ყველაფერი ეს სინამდვილეში ალბათ სულ სხვანაირად გამოიყურებოდა და სწორედ ამის გამო შეიძლება შეგექმნათ პრობლემები. მეორე მხრივ, მე მესმის, რომ თქვენ ამ ეპიზოდის შიგნიდან დათრევა გინდოდათ, იქ მომხდარის „სულის“ ჩავლება...

სტოუნი: დიახ. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ იმაზე მეტს ვბედავთ, ვიდრე ამის უფლება გვაქვს, მაგრამ მე ნამდვილად მინდოდა იმ ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრის სულის დაჭერა. ეს სცენა ფილმის ყველაზე გრძელი ეპიზოდია. ის 11 წუთს გრძელდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ფილმისთვის. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ოთხი მონოლოგის მოწმე ვხდებით: ფაუელი, რამსფილდი, ჩეინი და ბუში. ოთხი მანიფესტი და ოთხი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მსახიობი... რა მოხდა იმ დღეს, არ ვიცით, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ხელთ გვქონდა ინფორმაცია იმაზე, რომ იმ დღეს დახურულ კარს მიღმა ხშირად ისმოდა ფაუელის, ჩეინის და რამსფილდის ყვირილი და ხმამაღალი ლაპარაკი. არავინ იცის, რა ითქვა იმ ოთახში. ფაუელი არაფერს წერს ამის შესახებ თავის მემუარებში, იმიტომ, რომ ის კარგი ჯარისკაცია. არც რამსფილდი... რაც შეეხება ჩეინის, არ ვიცი, საერთოდ წიგნი თუ უნახავს? ფაუელი დანარჩენებზე დადებითი იმიტომაა ამ სცენაში, რომ ჩვენ ეს კონტრასტისათვის გვჭირდებოდა, ისევე, როგორც მამის სახე გვჭირდებოდა კონტრასტისათვის წინა ეპიზოდში. ფაუელი წერს თავის ავტობიოგრაფიაში, რომ მას ყოველთვის ერჩივნა დიდ ბრძოლებში მიეღო მონაწილეობა, ვიდრე უმნიშვნელო შეტაკებებში, მაგრამ იმ დღეს ის დიდ ბრძოლაში დამარცხდა; უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ მან ამ ბრძოლაში პოზიციები დათმო.

დენბი: ეს სცენა გულისრევის შეგრძნებას გიტოვებს..

სტოუნი: რა კარგია! ასეც უნდა იყოს. ამ სცენაში ხვდები, რომ საქმე მარტო ერაყსა და ნავთობში კი არაა, არამედ აქ გეოპოლიტიკური საკითხებიც წყდება. იქ მსოფლიო დომინაციაზეა საუბარი, რაც აბსოლუტურად მართებულია იმ დროის კონტექსტში, როდესაც ეს საუბარი შედგა. ეს დღესაც ასეა. ეს შეერთებული შტატების პოლიტიკაა. იმ დროს ამერიკული საგარეო პოლიტიკა ჩეინის და ვოლფოვიცის მიერ სპეციალურად ოცდამეერთე საუკუნისთვის შემუშავებულ იდეებს ეყრდნობოდა. ეს დოკუმენტი 1998 წელს დაიწერა. პირველი ვარიანტი კი - 1992 წელს, როდესაც ჩეინი თავდაცვის მდივანი იყო. ეს სერიოზული დოკუმენტია და იქ გარკვევითაა ნათქვამი, რომ ამერიკა არ დაუშვებს მსოფლიოში ახალი ეკონომიკური ან სამხედრო ძალის გაძლიერებას. ეს საკმაოდ ხმამაღალი განცხადებაა. ის ინტერვენციის საშუალებას იძლეოდა. ბუში რომ კუბაში კრიზისის დროს პრეზიდენტი ყოფილიყო, ამერიკა აუცილებლად ჩაებმებოდა ომში. მაქნამარამ მოგვიანებით განაცხადა კიდეც, რომ კუბას იმ დროს უამრავი ბირთვული რაკეტა ჰქონდა და ყველა ამერიკაზე იყო დამიზნებული.

დენბი: ეს ეპიზოდი ისეა დადგმული, რომ ერთი ნაბიჯიც და ყველაფერს გააფუჭებდით. ამ სცენაში ბუში ზედმეტად მოშვებული და თვითდარწმუნებულია. ხომ არ გიფიქრიათ იმაზე, რომ უფრო კომიკური გაგეხადათ ეს სცენა, როგორც, ვთქვათ, ეს სტენლი კუბრიკმა გააკეთა „დოქტორ სტრეინჯლოვში“?

სტოუნი: ჩვენ შევეცადეთ, რაც შეიძლება დამაჯერებლად გადაგვეღო ეს სცენა. ფაქტია ის, რომ ბუში მართლაც ასე იოლად უყურებდა ყველაფერს. მე იმის თქმა მინდა, რომ მაშინ ის დარწმუნებული იყო, რომ კიდევ ერთ ბრძოლაში ებმებოდა თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად. ის სუფთა სინდისით აკეთებდა ამას. ის დღესაც ასე ფიქრობს...

დენბი: სწორედ ამით განსხვავდება ის ნიქსონისაგან, რადგანაც ნიქსონს ჰქონდა დანაშაულის შეგრძნება, ბუშს კი - არა.

სტოუნი: სწორედ ამიტომაა ბუში უფრო კარგი პერსონაჟი ფილმისთვის.

დენბი: მოდი, ახლა იმაზე ვისაუბროთ, თუ რამდენად დროული იყო ამ ფილმის გადაღება. ჩემთვის რომ გეკითხათ, გეტყოდით, რომ ძალიან კარგი იქნებოდა ეს ფილმი მეორე არჩევნების წინ რომ გამოსულიყო. ალბათ თქვენც ასე ისურვებდით.

სტოუნი: არ ვიცი... იმ დროისათვის უკვე ძალიან ბევრი წიგნი იყო გამოსული ბუშზე. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ არც ერთი წიგნი თუ დოკუმენტი არ გამოგვიტოვებია მის შესახებ. ყველაფერი წავიკითხეთ და ვნახეთ. ამ ადამიანს საოცარი ნება აქვს. ის ბევრს მუშაობდა საკუთარ თავზე და როგორღაც ახერხებდა საკუთარი თავის შეცვლას. მან მხოლოდ თავისი ნების წყალობით მოახერხა სასმელის გადაგდება. ის ყოველ დილით დარბოდა, ადრე იძინებდა, ადრე იღვიძებდა... რწმენა დიდ როლს თამაშობს ბუშის ცხოვრებაში. სად ახალგაზრდა ბუში თავისი ზედმეტობებით და სად ის, ვინც უკვე მოგვიანებით გახდა.

დენბი: თქვენ ცდილობდით ფილმის დასრულებას ამ არჩევნებისათვის?

სტოუნი: შევეცადეთ, თუმცა ბევრ ფინანსურ პრობლემასთან გვიწევდა შეხლა. დაფინანსება ძირითადად უცხოეთიდან მივიღეთ. დამფინანსებლები ამბობდნენ, რომ არ ჩადებდნენ ფილმში ფულს, თუ ის საარჩევნოდ არ გამოვიდოდა. ალბათ ინაუგურაციისათვის მოვასწრებ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ადამიანი არსად არ მიდის. მისი პოლიტიკა ადგილზეა. მან მსოფლიო პოლიტიკას სახე უცვალა და მომდევნო ოცი წლის განმავლობაში ჩვენ ამის საზღაური უნდა ვიხადოთ. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცია და ყოველთვის, როდესაც ამერიკა სირაქლემას მენტალიტეტს დაუბრუნდება, მისი აჩრდილი გამუდმებით შეგვახსენებს თავს, თუნდაც ძალადობრივი გადაწყვეტილებების თვალსაზრისით. ბევრს ის კიდევ დიდხანს ეყვარება. ბუში სერიოზული ადამიანი და პოლიტიკოსია და მან დიდი გავლენა იქონია ამ ქვეყანაზე.

დენბი: მიგაჩნიათ, რომ ბევრმა შეიძლება ბუში მაქკეინს დაუკავშიროს?

სტოუნი: რა თქმა უნდა, მაგრამ ფილმის გადაღებისას მე არ ვიცოდი, თუ ვინ იქნებოდნენ პრეზიდენტობის კანდიდატები. ამაზე საერთოდ არ ვფიქრობდი. ჩვენ ისიც არ ვიცოდით, ობამა რომ გახდებოდა კანდიდატი, ან ჰილარი კლინტონი, ან პარის ჰილტონი...

დენბი: თქვენმა ფილმმა ჯონ ფიცჯერალდ კენედიზე დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ძირითადად იმიტომ, რომ ფილმმა მანამდე უცნობი ბევრი დოკუმენტური მასალა გამოააშკარავა პრეზიდენტის მკვლელობასთან დაკავშირებით...

სტოუნი: ჰო, საკმაოდ ჩახვეული ამბავია. 1962 წელს ჩვენ უკვე გვქონდა კუბაში შეჭრის გეგმა. ამერიკამ საკმაოდ ადრე და წარმატებულადაც დაიწყო ტერორიზმის დანერგვა სხვადასხვა ქვეყნებში. კუბაში შეჭრას საკუთარი მოქალაქეებით სავსე თვითმფრინავის აფეთქების მეშვეობით აპირებდნენ, რაც მერე კასტროსთვის უნდა დაებრალებინათ.

დენბი: თქვენი ახალი ფილმი მოახერხებს რაიმე ახალის გამოაშკარავებას ბუშის ადმინისტრაციის შესახებ?

სტოუნი: ბუშის ადმინისტრაცია ყველაფერს ანადგურებს. მათი ბევრი ქმედება საიდუმლოებითაა მოცული და სწორედ ამიტომაცაა ბევრი ისტორიკოსი ამდენს რომ წუწუნებს ამ ადმინისტრაციის შესახებ. ამ მხრივ ბუშის ადმინისტრაცია ნამდვილი მოვლენაა, რადგანაც ის ბოლომდე იცავს ყველაფერ იმას, რაზეც ხელი მოაწერა. კონსპირაციის დონე საოცრად მაღალია და ამიტომაცაა ასე აღფრთოვანებული რომ ვარ იმ ჟურნალისტებით, რომელთაც რაღაც მაინც „გამოსცინცლეს“ ამ ჰერმეტულად დახურულ სისტემას. ეს კი ძალიან ძნელია. უბრალოდ შეუძლებელია მათ საიდუმლოებებში შეღწევა. ჩეინი არაფერს იტყვის. ის არც აღმასრულებელ განშტოებას წარმოადგენს და არც საკანონმდებლოს. ჩეინი ჩეინია. ბუშის და ჩეინის პოლიტიკა ომის თუ მშვიდობის დროს ისეთი იყო, რომ ის მათ უფლებას აძლევდა, ეკეთებინათ ყველაფერი, რასაც მოისურვებდნენ. მოისურვებდნენ საერთაშორისო კანონზე მაღლა დადგომას? - დგებოდნენ; მოინდომებდნენ ქვეყნის კონსტიტუციაზე მაღლა დგომას? - ამასაც აკეთებდნენ. აბსოლუტურად გამაოგნებელი ადმინისტრაციაა! წამებები გუანტანამოს ციხეში, ჩემი და თქვენი თვალთვალი... უცნაური დროა! არც კი მეგონა, ასეთ დროში თუ მომიწევდა ცხოვრება ოდესმე.

დენბი: ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი სარა პეილენი ოდნავ არ გაგონებთ ბუშს? ეშმაკური ღიმილი, შარმი...

სტოუნი: დიახ. არის მასში რაღაც ბუშისეული. ალბათ...

დენბი: თქვენ გინდოდათ ფილმის გაკეთება აჰმადინეჟადზე. გგონიათ, რომ ისიც ფიდელ კასტროსავით ისურვებდა თქვენთან საუბარს?

სტოუნი: ეს ძალიან გაუგებარი ისტორიაა... მე მათ დავუკავშირდი და თავიდან თითქოს დავითანხმე დოკუმენტურ ფილმზე, მაგრამ მერე ყველაფერი აირდაირია. ჯერ უარი მითხრეს, მერე დამთანხმდნენ, მაგრამ იმ დროისათვის მე უკვე ამ ფილმზე ვმუშაობდი. დენბი: თქვენ აგრეთვე გინდოდათ დოკუმენტური ფილმის გადაღება უგო ჩავესზე... სტოუნი: დიახ. ჩვენ გადავიღეთ დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „ჭუჭყიანი ოინები“, სადაც შევეცადეთ გვეჩვენებინა, თუ რა ოინები მოუწყო ამერიკულმა მედიამ ჩავესს. ჩავესი რაღაცით კასტროს ჰგავს ურთიერთობაში. ის, რაც ჩავესზე იწერება, სიმართლეს არ შეეფერება. საერთოდ, ჩვენ საკმარის ყურადღებას არ ვაქცევთ სამხრეთ ამერიკას და ბუშის პრეზიდენტობის დროს ნელ-ნელა დავიწყეთ მისი დაკარგვა. კოლუმბია ჩვენი დიდი მოკავშირეა, ბევრი ფული ჩავდეთ იქ ნარკოტიკებთან ბრძოლაში, რაც ამავე დროს ტერორიზმთან ბრძოლაშიც გვეხმარებოდა. ეს დიდი და მნიშვნელოვანი ბრძოლა იყო, მაგრამ ჩვენ არასწორად შევაფასეთ სამხრეთ ამერიკა და ასე დავიწყეთ მისი დაკარგვა. კოლუმბიის გარდა, იგივე შეიძლება ითქვას არგენტინაზეც.

დენბი: ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მიზნად გაქვთ დასახული, გამოააშკარავოთ ის, რაც საჯარო ისტორიების ფასადებს მიღმაა მიმალული. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ თქვენ ერთდროულად ხელოვანიც ხართ და ჟურნალისტიც.

სტოუნი: არა, მე არ ვარ გამომძიებელი რეპორტიორი. მე ხელოვანი ვარ, მაგრამ მე ვიყენებ ჟურნალისტურ კვლევებს ჩემი ფილმებისათვის, მე ბევრს ვკითხულობ ფილმზე მზადების დროს. JFK-ზე მუშაობის პერიოდში უამრავ ცოცხალ მოწმეს ვესაუბრე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ჟურნალისტი ვარ. მე ჩვეულებრივი მოქალაქე ოლივერ სტოუნი ვარ, რეჟისორი და ვცდილობ, ხმამაღლა ვილაპარაკო იმაზე, რაც ამ ქვეყანაში არ მომწონს.

კითხვა დარბაზიდან: ჟურნალ „შპიგელისათვის“ მიცემულ ინტერვიუში და დღესაც თქვენ ბრძანეთ, რომ შეხვდით და ესაუბრეთ ჯორჯ ბუშს და თვლით, რომ ის თვითმყოფადი ტეხასელი კოვბოია. ნუთუ მართლა ასე მიგაჩნიათ?

სტოუნი: ჩვენ მსახიობ ჯოშ ბროლინის მეშვეობით შევეცადეთ ამ ადამიანის სიღრმეებში შეგვეღწია, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ არ ვიცნობთ მას როგორც ადამიანს. ამ ფილმში ჩვენ ვფანტაზიორობთ. ნამდვილ ჯორჯ ბუშს ალბათ მისი ცოლი და ქალიშვილები იცნობენ. მიუხედავად ყველაფრისა, რაც ვილაპარაკე, ლიტერატურა ბუშზე მაინც არასაკმარისია და სწორედ ესაა ის, რაც მას საინტერესოს ხდის; ის საიდუმლოებითაა მოცული. გასაოცარია, რამდენად უმნიშვნელო როლი ითამაშა მან ახლანდელი ფინანსური კრიზისის დროს. ისე იქცეოდა, თითქოს ქვეყნის ლიდერი ის კი არა, მე ვყოფილიყავი. მე არ ვიცი, ვინაა ის, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ საკუთარ თავს კოვბოებთან აიგივებს.

კითხვა დარბაზიდან: სამაგიეროდ, დიკ ჩეინია ნამდვილად თვითმყოფადი პოლიტიკოსი და ადამიანი. ასე არ მიგაჩნიათ?

სტოუნი: დიკ ჩეინი ძალიან საინტერესო პერსონაჟია. ამ ფილმში ჩვენ რიჩარდ დრეიფუსის მეშვეობით შევეცადეთ აგვეხსნა, რომ ყველაფერი, რასაც ჩეინი ფიქრობს, პრაგმატულ მოსაზრებებს ეყრდნობა. მას კარგად ესმის, რომ ნავთობის რესურსები შეზღუდულია და შესაბამისად მოქმედებს. არავინ ფიქრობს საკუთარ თავზე, რომ ის ცუდი ადამიანია. ვერც ვერავინ დაგაჯერებს ამას. ჰიტლერი არ ფიქრობდა, რომ ის ცუდი ტიპი იყო. ხომ არ იღვიძებთ დილაობით იმაზე ფიქრით, რომ აი, ახლა ავდგები, წავალ და მსოფლიოს დავეპატრონები? არც ბუში, არც ჩეინი და არც არავინ ასე არ ფიქრობენ. ისინი აკეთებენ იმას, რაც მიაჩნიათ რომ სწორია. მე კი, როგორც რეჟისორი, უნდა შევეცადო, მივხვდე, თუ რა მექანიზმები ამოძრავებთ მათ - რამსფილდს, ჩეინის, ბუშს...

კითხვა დარბაზიდან: თქვენი მსახიობები ამ ფილმში თან ჰგვანან და, ამავე დროს, არც ჰგვანან იმათ, ვისაც ისინი ასახიერებენ. რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის ფიზიკური მსგავსება, რომ პერსონაჟების შინაგანი მუხტისთვის ჩაგევლოთ?

სტოუნი: ფიზიკური მსგავსება ყველაფერს ვერ მოგვცემდა. მთავარი მაინც სხვა რამ იყო. ავიღოთ თუნდაც დიკ ჩეინის როლის შემსრულებელი მსახიობი რიჩარდ დრეიფუსი. ის ცნობილია იმით, რომ ყველა ფილმში სხაპასხუპით ლაპარაკობს ხოლმე. ასე იყო 60-70-იან წლებში და მერეც, მაგრამ ჩეინის პერსონაჟმა აიძულა ის, რომ ლაპარაკის მანერა შეეცვალა, შეენელებინა. ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა მისთვის, მაგრამ სამაგიეროდ ფილმს რომ ნახავთ, მიხვდებით, თუ რამდენად კარგად მოახერხა მან ჩეინის შინაგანი მუხტის დაჭერა.

კითხვა დარბაზიდან: მომავალში, ჯორჯ ბუშს რომ მოესურვებინა თქვენთან საუბარი ამ ფილმზე და იმაზე, თუ რამდენად ახლოს დგას ბუში ფილმში და ბუში ცხოვრებაში, დაეთანხმებოდით შეხვედრაზე და საუბარზე?

სტოუნი: ეს საკმაოდ რთულია და მოდით, ოდნავ შევიდეთ ამ ადამიანის მდგომარეობაში. ძალიან ძნელი უნდა იყოს, უყურო შენზე გადაღებულ ფილმს, არა? მე გამიჭირდებოდა. ეს მისი ცხოვრებაა. რა თქმა უნდა, მას შეიძლება ბევრი რამ არ მოეწონოს ფილმში, მაგრამ დამერწმუნეთ, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ აკურატულად გვეჩვენებინა ის, რაც მის შესახებ გავიგეთ ფილმზე მუშაობის დროს. ჯოშ ბროლინი შეიძლება ბუშზე უფრო წარმოსადეგი და ქარიზმატული იყოს, მაგრამ ეს არ ცვლის იმას, რაც სინამდვილეში არსებობს. სხვათა შორის, თეთრმა სახლმა უკვე სამჯერ გამაკრიტიკა ამ ფილმისთვის ისე, რომ ფილმი არ უნახავთ. მე ამას მიჩვეული ვარ. ასე იყო JFK-ს და „ნიქსონის“ შემთხვევაშიც. ხან მაკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ პერსონაჟები ცუდად გამოვიყვანე, ხან კი იმისთვის, რომ პირიქით, გარკვეული თანაგრძნობით ვუჩვენე ისინი. მე კი სულ იმას ვცდილობდი, რომ შუაში ვმდგარიყავი და ყველაფერი მეტ-ნაკლებად ობიექტურად მეჩვენებინა. ბუშის შემთხვევაში, ბევრს ისე ეზიზღება ის, რომ აბსოლუტურად დაკარგული აქვთ საღი აზროვნებისა და თანაგრძნობის უნარი. ბუშის პრობლემა ისაა, რომ მას არასდროს უსწავლია რაღაცეები. ის არასდროს კითხულობდა წიგნებს. მან არაფერი იცოდა და არც ახლა იცის ისტორიის შესახებ. მას რომ ეს გაეკეთებინა, უფრო მეტი თანაგრძნობა ექნებოდა, თუნდაც ერაყელების მიმართ. ჩვენ ფილმში გვაქვს სცენა, სადაც ის საავადმყოფოში მიდის დაჭრილი ჯარისკაცების სანახავად და ეს მართალია. ყველა ამბობს, რომ ის გამუდმებით დაიარება საავადმყოფოებში და რომ ძალიან ყურადღებიანია, მაგრამ მას არა აქვს იმის გაცნობიერების უნარი, თუ რატომ მოხვდნენ ეს ადამიანები იქ. უცნაური ადამიანია!

კითხვა დარბაზიდან: მედიის ბატონობის ეპოქაში, მიგაჩნიათ თუ არა, რომ კინოს შეუძლია შეცვალოს ადამიანების წარმოდგენა სამყაროზე?

სტოუნი: მედია აბსოლუტურად შეშლილი მედიუმია. მას შეუძლია გადიდოს ან გაძაგოს, მაგრამ ის პროგრესული არაა; ის ფუტურო მედიუმია. ნუ გგონიათ, რომ ადრე უკეთესად იყო საქმე, ვთქვათ, თუნდაც სამოციან წლებში, ახალგაზრდა კაცი რომ ვიყავი. მედია იყო ის, რის გამოც ვიეტნამში წავედი. მე ხარბად ვკითხულობდი ჟურნალ „ტაიმს“-ს, რომლის ყდაზეც სულ ვიღაც გენერლები ხვდებოდნენ. მატყუარა, უვიცი გენერლები, ვისაც მედია წლის საუკეთესო ადამიანებად აცხადებდა. ასე გრძელდება დაუსრულებლად. ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ჩვენ საკუთარი თავი უნდა განვანათლოთ და კიდევ ბევრი ვისწავლოთ. უნდა შევეცადოთ გავთავისუფლდეთ არა მარტო ნავთობზე ფიქრისგან, არამედ ძალადობისგან, აგრესიისგან, სიხარბისაგან. ბოლოს და ბოლოს, ეს პრინციპის ამბავია.

10 რატომ ობამა? რატომ მაკეინი?

▲ზევით დაბრუნება


პოლემიკა

რატომ ობამა?

ავტორი: მარკ მალენი

1. რა იდეოლოგიური განსხვავებები არსებობს დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის და როგორ იცვლებოდა ისინი დროთა განმავლობაში? ვინ არის თითოეული მათგანის ამომრჩეველი?

ორმოცი წლის წინ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს მეტ-ნაკლებად ერთნაირი საგარეო პოლიტიკა ჰქონდათ, მაგრამ დემოკრატები უფრო მეტად იხრებოდნენ დიდი და ძლიერი ცენტრალური ხელისუფლებისკენ, რათა ყველა ამერიკელის თანასწორუფლებიანობა უზრუნველეყოთ, ხოლო რესპუბლიკელებს უფრო პატარა მთავრობა სურდათ. როცა, 1968 წელს, ნიქსონი აირჩიეს პრეზიდენტად, ამერიკელი საზოგადოება ორად იყო გახლეჩილი: ვიეტნამის ომისა და ამ ომის წამომწყები სისტემის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. მომხრეთა უმრავლესობას რესპუბლიკელები წარმოადგენდნენ, ხოლო მოწინააღმდეგეთა უმეტესობა დემოკრატები იყვნენ. ლინკოლნი რესპუბლიკელი იყო და, მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული, სამხრეთი, ტრადიციულად, დემოკრატებს აძლევდა ხმას. მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან, რეიგანის მმართველობის დროს, ყველაფერი შეიცვალა. ამ დროს პრეზიდენტის მხარდამჭერთა დიდ ნაწილს მთელ ქვეყანაში შეადგენდნენ სოციალ-კონსერვატორები, პოლიტიკური პროტესტანტები და პატარა მთავრობის მომხრეები. რეიგანის დროს გაიზარდა სამხედრო ხარჯები და გახშირდა უცხოეთის სამხედრო ოპერაციებში ამერიკის მონაწილეობა, რაც საკმაოდ იშვიათი იყო ვიეტნამის ომის შემდეგ.

1992 წელს კლინტონმა, რომელიც პატარა მთავრობის მომხრე იყო და, ამავე დროს, სიღარიბის დაძლევაზეც ზრუნავდა, რესპუბლიკელებს ბევრი ხმა წაართვა. 2000 წელს, პრეზიდენტად არჩევისთანავე, ბუშმა გადასახადები შეუმცირა მდიდრებს, მაგრამ სამთავრობო ხარჯები გაზარდა, - შედეგად იმატა ეროვნულმა ვალმა. ამ პერიოდში ბუშის საგარეო პოლიტიკას „ნეოკონები“ მართავდნენ, რომელთა რწმენითაც ამერიკა, სამხედრო თვალსაზრისით, მსოფლიოს უძლიერეს ქვეყანად უნდა დარჩენილიყო და დამოუკიდებლად ემოქმედა სამხედრო გზით ან რაიმე სხვა საშუალებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ვაშინგტონის მიერ თავსმოხვეულ საერთაშორისო წესრიგს ეწინააღმდეგებოდნენ.

ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში ამ პარტიებმა როლები გაცვალეს. რესპუბლიკურ პარტიაში მსხვილი ბიზნესის ინტერესები ყველა სხვა ინტერესებს ჭარბობს. რესპუბლიკელებს სწამთ, რომ ამერიკა მსოფლიოში მარტო უნდა მოქმედებდეს, მხოლოდ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. მათ გააძლიერეს პრეზიდენტის ძალაუფლება და მთავრობის ინტერფერენცია რიგითი ადამიანების ცხოვრებაში. დემოკრატები კი ემხრობიან პატარა მთავრობას, რომელიც რიგით მოქალაქეებს მსხვილი და მდიდარი ბიზნეს-ინტერესების ხელყოფისაგან დაიცავს. მათ მიაჩნიათ, რომ აშშ-მ პატივი უნდა სცეს იმ ქვეყნების ინტერესებს, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებული წესების დაცვით თამაშობენ (ევროპა, იაპონია, ჩინეთი, ბრაზილია, ავსტრალია და სხვ.), და, შესაძლებლობის შემთხვევაში, იმოქმედოს საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით.

რესპუბლიკელების ამომრჩეველი ის ხალხია, ვისაც სჯერა, რომ ეს პარტია ძლიერია და ყოველთვის მხარს დაუჭერს ძლიერ, დანარჩენი მსოფლიოსაგან დამოუკიდებელ ამერიკას. ამით ეს ხალხი ხმას დემოკრატების წინააღმდეგ აძლევს, ვინაიდან დემოკრატები მათ სუსტებად და გულუბრყვილოებად მიაჩნიათ. დემოკრატების ამომრჩეველი კი დარწმუნებულია, რომ ეს პარტია ამერიკის საერთო მიზნებისა და მსოფლიო თანამშრომლობისთვის მოქმედებს. ასეთი ამომრჩეველი ხმას აძლევს აგრესიული და ფარისეველი რესპუბლიკელების წინააღმდეგ, რომლებიც, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, უთანხმოებას ნერგავენ.

საქართველოში არსებობს მცირე, მაგრამ ხელისუფლებაზე საკმაო გავლენის მქონე ერთი ჯგუფი, რომლებიც ლიბერტარიანელებად ითვლებიან თავიანთი ფილოსოფიური და, შეიძლება ითქვას, ზნეობრივი რწმენით. მათ სწამთ, რომ მთავრობა რაც შეიძლება პატარა უნდა იყოს, და რომ ნებისმიერი ბიუროკრატია ბაზრის დეფორმირებას გამოიწვევს. ეს შეხედულება მნიშვნელოვანია და პრაქტიკული ზეგავლენის უნარის მქონეც, თუმცა წმინდა ლიბერტარიანობა ძალიან იშვიათია. სანამ რესპუბლიკური პარტია დიდი და ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების მომხრე გახდებოდა, როგორც ეს ახლა გვაქვს, ლიბერტარიანელთა უმრავლესობას მაშინ სწორედ რესპუბლიკელები შეადგენდნენ. ამით უნდა აიხსნას ბევრი ქართველი ლიბერტარიანელის ერთგვარი სენტიმენტალური კეთილგანწყობა რესპუბლიკელთა მიმართ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკელ ლიბერტარიანელთა უმრავლესობამ დემოკრატიულ პარტიაში გადაინაცვლა.

0x01 graphic

სარა ჰუსეინ ობამა, ბარაკ ობამას ბებია, 2008

2. ობამას პიროვნული გზა და გამოცდილება - რაში გამოიხატება მისი და მისი კამპანიის უნიკალურობა?

ობამას კენიელმა მამამ უნივერსიტეტი აშშ-ში დაამთავრა. დედა კანზასელია. თვით ბარაკი კანზასში, ჰავაისა და ინდონეზიაში აღიზარდა. მან ჯერ ნიუ-იორკში დაასრულა კოლუმბიის უნივერსიტეტი, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმაც დაამთავრა, ხოლო შემდეგ - ჰარვარდის სამართლის სკოლა, სადაც საუკეთესო სტუდენტად ითვლებოდა. სწავლის დასრულებისთანავე მუშაობდა ჯერ ჩიკაგოს ღარიბ უბანში სამოქალაქო ორგანიზატორად, მერე კი სამართლის პროფესორად. ამის შემდეგ შეაბიჯა საკანონმდებლო სამსახურში, ბოლოს კი სენატორი გახდა. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.

ობამას ოჯახს მატერიალურად უჭირდა. დედა მას მარტო ზრდიდა და როცა ის, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, კიბოთი გარდაიცვალა, ობამა ბებია-ბაბუასთან გადავიდა საცხოვრებლად. უძვირეს უნივერსიტეტებში სწავლა მან მხოლოდ დიდი ვალის აღებით შეძლო. ეს ვალი მისი ორი, ბესტსელერებად ქცეული წიგნის გაყიდვით ამოღებულმა თანხამ გაისტუმრა. ამერიკა თავს მუდამ შესაძლებლობების ქვეყნად მიიჩნევდა. როგორც წესი, ამერიკელები პატივს სცემენ ადამიანებს, რომელთაც ცხოვრებისეული სიძნელეების დაძლევა მოახერხეს და იმათზე მეტ წარმატებას მიაღწიეს, ვისაც თავიდანვე უმართლებდა. იმ რეალური სირთულეების გამო, რომელიც ობამას ბავშვობიდანვე ხვდა წილად, ბევრი ამერიკელი მასში ამერიკული იდეალის განხორციელებას ხედავს.

გავლენიან ოჯახში გაზრდილი მაკეინი ობამას სრული კონტრასტია. ფლოტის ადმირალმა მამამ შვილი სამხედრო-საზღვაო აკადემიაში მოაწყო. მაკეინი ცუდად სწავლობდა. ის სამხედრო-საზღვაო პილოტი გახდა და ვიეტნამში მისი თვთმფრინავის ჩამოგდების შედეგად ტყვედ ჩავარდა. იმ დროს მან მართლაც გამოიჩინა სიმამაცე და უარი განაცხადა სხვა ტყვეებზე ადრე განთავისუფლებაზე. ტყვეობიდან შინდაბრუნებული, გაეყარა დიდი ხნის განმავლობაში ერთგულად მხარში მდგომ მეუღლეს, რომელიც სერიოზულად დაშავდა ავარიაში, და ამის შემდეგ ცოლად მდიდარი ქალბატონი შეირთო. მაკეინი უკვე ოცდაექვსი წელია სენატორია არიზონას შტატიდან. სენატორობის პირველ ხანებში იგი მიეკუთვნებოდა პოლიტიკოსთა ხუთკაციან ჯგუფს, რომლებიც „კიტინგის ხუთეულად“ (Keating five) არის ცნობილი. ამ ჯგუფს ბრალად წაუყენეს ეთიკის ნორმების დარღვევა ერთ არიზონელ მილიარდერ და კრიმინალ ბანკირთან დაკავშირებით. ეს ბანკირი საარჩევნო კამპანიის მატერიალური მხარდაჭერის სანაცვლოდ თავისი უკანონო ბიზნესის დაცვას ითხოვდა გამოძიებისგან. მაკეინს ახალგაზრდობიდანვე ჰქონდა ყველა პირობა იმისთვის, რომ დიდი წარმატებებისთვის მიეღწია, მაგრამ თავი განსაკუთრებით ვერაფერში გამოიჩინა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ გავლენიან წრეებში შეეღწია.

პრაქტიკულად ყველა, ვინც იცნობს ობამას ან მასთან ერთად უმუშავია, სენატორს მაღალ შეფასებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელებს ცდა არ დაუკლიათ, წარსულში საკრიტიკო მას მაინც ვერაფერი უპოვეს. ობამამ თავისი რეპუტაცია კონსენსუსების მიღწევითა და სხვათა აზრის გათვალისწინებით შეიქმნა.

0x01 graphic

ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი ოჯახებთან ერთად, დემოკრატების ნაციონალური კონვენცია, დენვერი 2008

0x01 graphic

ბარაკ ობამა ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, 2008

3. რა შეიცვლება აშშ-ის, მთელი მსოფლიოსა და საქართველოსთვის ობამას პრეზიდენტობის შემთხვევაში?

რესპუბლიკური პარტიისა და ბუშის ადმინისტრაციის ქმედებებმა ამერიკული საზოგადოების გახლეჩა გამოიწვია. ბუში ამერიკის ისტორიაში ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია, თვით გადაყენებულ ნიქსონზეც კი. ბუშისა და მისი გუნდის მოქმედების სტილი მთლიანად ერთი ლოიალური ჯგუფის ინტერესებს ემყარება და ყველა დანარჩენის წინააღმდეგაა მიმართული. ეს კარგად აქვს გაცნობიერებული ობამას, რომელიც ეცდება გახლეჩილი საზოგადოების გაერთიანებას. ამას გარდა, ის უფრო სერიოზულად მოეკიდება სიღარიბის და გარემოს დაცვის პრობლემებს, ვიდრე მაკეინი და რესპუბლიკური პარტია.

ამ ორი კანდიდატის მსოფლხედვა მნიშვნელოვნად განსხვავებულია. მაკეინს თავი წარმოუდგენია მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის პრეზიდენტად. ამ ქვეყანას თავისი ინტერესების გატარება ნებისმიერ ადგილას დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს. მაკეინი, ბუშის მსგავსად, სწრაფად მოქმედებს და შედეგებზე ფიქრით დიდად თავს არ იწუხებს. ობამა კი მიზნების მიღწევას საერთაშორისო კონსენსუსით შეეცდება და გაითვალისწინებს საერთაშორისო მოკავშირეების სურვილებს.

ამ ორ კანდიდატს შორის განსხვავების კარგი საზომია მათი დამოკიდებულება ერაყისა და ირანისადმი. ობამას არა ერთხელ უთქვამს, რომ ერაყის ომი უფრო მნიშვნელოვან ავღანეთის ომს ყურადღებას აკლებდა, და რომ აშშ-მ რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს ერაყი. მაკეინი კი ერაყის ომის დაწყებიდან დღემდე აშშ-ის იქ გამარჯვებამდე დარჩენის მხარდამჭერია, თუმცა არ აკონკრეტებს, რა შეიძლება ჩაითვალოს გამარჯვებად. ირანთან დაკავშირებით, მაკეინის საუბარში იგრძნობა, რომ აშშ-მ ან უნდა დაბომბოს ირანი, ან, გარკვეული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში, მასთან პირდაპირი მოლაპარაკებები გამართოს. ამ წინაპირობებს ირანი არ ეთანხმება. მაკეინმა ობამა იმის გამო გააკრიტიკა, რომ იგი ყოველგვარი წინაპირობების გარეშეც თანახმაა ირანთან მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს. ეს წარმოაჩენს ამ ორი კანდიდატის საგარეო პოლიტიკური კურსის სხვადასხვაობას. რესპუბლიკელები უფრო აგრესიულები არიან და, ცოტა არ იყოს, ბუნდოვან პრინციპებზე დგანან. დემოკრატები კი მოლაპარაკებების გამართვის სურვილს ამჟღავნებენ და ძალის გამოყენებას არ განიხილავენ, ითვალისწინებენ რა ამგვარი ქმედების შესაძლო დაუგეგმავ შედეგებს. სადაც კი შესაძლებელია, ისინი საერთაშორისო მექანიზმების იგნორირების ნაცვლად, ამ მექანიზმების ამოქმედებას შეეცდებიან.

ახლა საქართველოს უდიდესი პრობლემა კრემლია და ამ ორ კანდიდატს შორის განსხვავება კრემლისადმი დამოკიდებულებაშიც ვლინდება. დიკ ჩეინის მსგავსად, მაკეინი სწრაფად გამოეხმაურა კრემლის ქმედებას და აგრესიული რიტორიკა აირჩია, თუმცა აშშ რუსეთთან ომის წამოწყებას ნამდვილად არ აპირებს. ამიტომაც ის მარტო ვერაფერს გახდება და ვერ აიძულებს რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების მიხედვით მოქმედებას. ობამა, არჩევის შემთხვევაში, ძალიან პოპულარული იქნება ევროპაში და ითანამშრომლებს როგორც მთლიანად ევროპასთან ისე ცალკეულ ქვეყნებთან (გერმანია, იტალია, საფრანგეთი), რათა თანდათანობით მოხდეს რუსეთის ეკონომიკური იზოლაცია. ობამას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ რუსეთის მოთვინიერება მხოლოდ ევროპასთან თანამშრომლობით არის შესაძლებელი. მაკეინს ეს არ აღელვებს და, რომც აღელვებდეს, ამას ვერ შეძლებს, ვინაიდან მას ევროპაში პატივს დიდად არ სცემენ.

მაკეინიც, ისევე როგორც ბუშის ადმინისტრაცია, ახლოს არის სააკაშვილის ხელისუფლებასთან. ამავე დროს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ისინი არ გამოხმაურებიან საქართველოში არსებულ ისეთ პრობლემებს, როგორიც არის, მაგალითად, ხელისუფლების მხრიდან სამაუწყებლო მედიაზე ზეწოლა. ამის გამო, ევროპაში მიაჩნიათ, რომ ისინი საქართველოს მეგობრები კი არა, სააკაშვილის მეგობრები არიან. ეს კი საქართველოს გრძელვადიან ინტერესებს ეწინააღმდეგება. მე მგონი, ობამას ადმინისტრაცია უფრო გულახდილი იქნება სააკაშვილის ხელისუფლების შეცდომების შეფასებაში, ვიდრე მაკეინის ადმინისტრაცია. ობამა შეეცდება, საქართველოსთან მიმართებაში ევროპასთან შეთანხმებულად იმუშაოს.

4. რა არის მათი ძირითადი გზავნილები და პრიორიტეტები?

რესპუბლიკელთა კონვენციის ძირითადი გზავნილი, რომელიც ყველა ტრანსპარანტზე იყო მიწერილი, არის „ქვეყანა უპირველეს ყოვლისა“, ეს კი იმის მანიშნებელია, რომ აშშ-ს ყოველთვის პირველი ადგილი უნდა ჰქონდეს და ყველა სხვა პრიორიტეტი მეორეხარისხოვნად ჩაითვალოს. ამით მესიჯი ხაზს უსვამს მაკეინის პატრიოტიზმს და ობამას პატრიოტიზმს ეჭვქვეშ აყენებს. სრულიად განსხვავებული ხედვა აქვს ობამას, რომლისთვისაც მიუღებელია პრიორიტეტებისა და ქვეყნების ასეთი დახარისხება.

დემოკრატების გზავნილია „იმედი და ცვლილება“, რაც ბუშისდროინდელ გახლეჩაზე უარის თქმას ნიშნავს. ობამას პრიორიტეტი სწორედ ეს არის. მას სჯერა, რომ პოლიტიკას შესწევს უნარი ხალხის ინტერესები გახლეჩისკენ და დამორჩილებისკენ კი არა, არამედ რეალური ცვლილებებისკენ მიმართოს. ეს არის მისი ძირითადი მოტივაცია.

ბუშის საშინაო პოლიტიკის სტრატეგიამ მანამდე არნახული უთანასწორობა მოიტანა შემოსავლების სფეროში. მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდნენ, ღარიბები კი უფრო გაღარიბდნენ. ჯანმრთელობის დაზღვევას მოკლებულნი და შემოსავალშემცირებულნი, ისინი ახლა კიდევ უფრო დაუცველები არიან, ვიდრე ოდესმე. მაკეინი ამას პრობლემად არ აღიქვამს და ბუშის იმ პოლიტიკის გაგრძელებას აპირებს, რომელმაც მდიდრების გადასახადები საგრძნობლად შეკვეცა. ობამას კი ძალზე აღელვებს ბევრი ამერიკელისთვის ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობა. იგი აღადგენს რონალდ რეიგანის და ბილ კლინტონისდროინდელ დაბეგვრის სისტემას, რომლის დროსაც უთანასწორობა ნაკლები იყო.

5. რას უწუნებენ კანდიდატები ერთმანეთს? რა ქვეტექსტები იკითხება მათ კამპანიაში?

ობამამ საარჩევნო კამპანიის უფრო აგრესიულად წარმართვისკენ დაჟინებული მოწოდება უარყო. მას შეეძლო უფრო კრიტიკული ყოფილიყო მაკეინის მიმართ, მაგრამ გულმოწყალეობა გამოიჩინა და ასე არ მოქცეულა. მაკეინის მხრიდან კრიტიკა ძირითადად ობამას არასაკმარის გამოცდილებას ემყარება.

კამპანიის ძირითადი ქვეტექსტი ისაა, რომ ობამა შავკანიანია. ვისაც მონობის ისტორიის მქონე ქვეყანაში არ უცხოვრია, გაუჭირდება ამერიკელთა რასობრივ შეხედულებებში ჩაწვდომა. მონობის პერიოდი ამერიკის ისტორიაში უფრო ხანგრძლივია, ვიდრე მისი გაუქმების შემდგომი პერიოდი. რასობრივი დამოკიდებულებები ძალიან ღრმად არის გამჯდარი ამერიკელთა სულში. მაკეინის მომხრეებს აშინებთ ის ფაქტი, რომ ობამა გარეგნულადაც ძალიან განსხვავდება წინა პრეზიდენტებისაგან და მისი სახელი და გვარიც სხვანაირად ჟღერს. „ჩვენიანია თუ არა?“ - აი, რა აღელვებს ზოგიერთს. ამ შიშებს კარგად იყენებენ რესპუბლიკელები და ობამას მუსულმანობაზე აკეთებენ მინიშნებას, თუმცა ობამა მუსულმანი არ არის.

6. რას წარმოადგენს ობამას ვიცე-პრეზიდენტი და მისი გუნდი და რით განსხვავდებიან ისინი მაკეინის გუნდისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატისაგან? რაზე მეტყველებს ეს განსხვავებები?

ობამა ძალზედ პოპულარულია განათლებულ ამერიკელთა შორის. უმაღლესი განათლების მქონეთა მხრიდან მას ძლიერი მხარდაჭერა აქვს. ობამა ნაკლები პოპულარობით სარგებლობს ქვეყნის შუაგულში, ნაკლებად განათლებული, მშრომელი ხალხით, ძირითადად, თეთრკანიანებით დასახლებულ რაიონებში, სადაც აღარ არსებობს საკმარისი სამუშაო ადგილები და ქარხნები. ობამას ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი, წარმოშობით კათოლიკე ირლანდიელი ჯო ბაიდენი, მუშათა კლასიდანაა გამოსული. აშშ-ის სენატში იგი წლების მანძილზე თავმჯდომარეობდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს და დიდი საერთაშორისო გამოცდილება აქვს. ჯო ბაიდენი ომის დაწყებისთანავე ჩამოვიდა თბილისში, სწორედ მისი ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამდე. მას ხანგრძლივი და ახლო ურთიერთობა აკავშირებს საქართველოსთან.

როცა მაკეინი პრეზიდენტობის კანდიდატის ნომინაციისთვის ბუშის კონკურენტი იყო 2000 და 2004 წლებში, რესპუბლიკური პარტია მას ძალიან ცუდად მოექცა. ის იმიტომ დაიწუნეს, რომ დამოუკიდებლად აზროვნებდა და ხშირად არ იზიარებდა პარტიის შეხედულებებს სოციალურ საკითხებზე. ამის მერე მან ჭკუა ისწავლა და თავისი შეხედულებები დაამთხვია რესპუბლიკელთა ლიდერების შეხედულებებს და დაუახლოვდა კიდეც მათ. სანამ დამოუკიდებლად აზროვნებას გადააჩვევდნენ, მაკეინს არცთუ კარგი ურთიერთობა ჰქონდა ფუნდამენტალისტ ქრისტიანებთან, რომლებიც რესპუბლიკელთა მნიშვნელოვან დასაყრდენს წარმოადგენენ. მაკეინს იმედი ჰქონდა, რომ, ობამას ნომინაციით აღშფოთებული, ჰილარი კლინტონის მხარდამჭერთა ნაწილი მას მიემხრობოდა, თუ ის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად ქალს წარადგენდა. ამიტომ შეარჩია მან ქრისტიანი ფუნდამენტალისტი ახალგაზრდა ქალი სარა პეილინი ალასკიდან, რომელსაც თითქმის არავინ იცნობდა.

თავიდან პეილინი თითქოს პოპულარობით სარგებლობდა ქრისტიან ფუნდამენტალისტთა შორის, მაგრამ მისი კანდიდატად დასახელების შემდეგ, ეს პოპულარობა მკვეთრად დაეცა. პირველად მაკეინს თავისი ახლო მეგობრის და ალ გორის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის - ჯო ლიბერმანის დასახელება სურდა, მაგრამ პარტიამ ამის უფლება არ მისცა. ამის შემდეგ მან უცებ დაასახელა პეილინი, ისე, რომ მისი წარსულის შესახებ ბევრი არაფერი იცოდა. არადა, პეილინი სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნისას გარშემო თურმე ხშირად უთანხმოებას ნერგავდა. ბევრი რამ მისი კანდიდატად დასახელების შემდეგ გამჟღავნდა. მაგალითად ის, რომ ხშირად სამსახურიდან ათავისუფლებდა კომპეტენტურ ხალხს, ვისთანაც პირადი უთანხმოება ან რაიმე კონფლიქტი ჰქონდა. ეს ბუშის ადმინისტრაციას წააგავს. გარდა ამისა, პეილინი განათლებულობითაც ვერ დაიკვეხნის და სამარცხვინოდ ცოტა მოეხსენება მსოფლიოს შესახებ. ეს კარგად გამოჩნდა მის მიერ მიცემულ რამდენიმე ინტერვიუში, ამიტომ ახლა ის ინტერვიუებს მხოლოდ რესპუბლიკელებისადმი კეთილგანწყობილ მედიას აძლევს, მაგალითად ისეთს, როგორიც არის „ფოქს ნიუსი“. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ მაკეინი ასაკოვანია და ბევრი შიშობს, ბოლოს ამერიკას პეილინი არ მოევლინოს პრეზიდენტად.

7. რა განსხვავებაა კანდიდატების სტილს შორის?

მაკეინი აგრესიულია, სწრაფად და მარტო მოქმედებს. ობამა თანამშრომლობისკენ იხრება, ცდილობს გააზრებულად და კოორდინირებულად იმოქმედოს რაც შეიძლება მეტ მოკავშირესთან. მაკეინი დებატებს ყოველთვის შეხედულებათა განსხვავებების ხაზგასმით იწყებს, ობამა კი მსგავსებებს უსვამს ხაზს. მისი კამპანია თანაბრად მიმდინარეობს, მაკეინმა კი რამდენჯერმე შეცვალა თავისი საარჩევნო გზავნილი და გეოგრაფიული პრიორიტეტები.

თუ დაუკვირდებით კამპანიათა წარმართვის ხერხებს, განსხვავება მათ შორის ძალიან ნათელია. აქედანვე ჩანს, როგორი პრეზიდენტები იქნებიან მომავალში.

ობამას კამპანია ძალიან კარგადაა ორგანიზებული, რაც მისი სამოქალაქო ორგანიზატორად მუშაობის გამოცდილების დამსახურებაა. მის კამპანიაში მილიონობით მოხალისეა ჩართული, განსხვავებით მაკეინის და ჰილარი კლინტონის კამპანიებისგან, რომლებსაც ხელფასიანი აქტივისტები აწარმოებდნენ. ობამას ხალხი სცენის მიღმაა, რაც საკმაოდ უჩვეულოა ამერიკისთვის. ჩვეულებრივ, კამპანიაში მაღალი რეპუტაციის მქონე მრჩევლები არიან ხოლმე ჩართული, რომლებიც ხშირად ჩნდებიან მედიაში. ეს კამპანიას დრამატულობასაც მატებს და სტრატეგიაში ცვლილებებიც საჯაროდ ხდება. ობამას ბევრი მუდმივი მრჩეველი ჰყავს და პოლიტიკაც დეტალურად აქვს მოფიქრებული და გაწერილი.

მაკეინის მრჩეველთა უმრავლესობა პოლიტიკის ამა თუ იმ სფეროს ექსპერტები კი არ არიან, არამედ პროფესიონალი ლობისტები. მისი კამპანიის ზოგადი სტრატეგია, ისევე, როგორც მისი კომენტარები, სწრაფად და ხშირად იცვლება. მან კამპანიის განმავლობაში უკვე რამდენიმე წამყვანი მრჩეველი დაითხოვა. მისი მხარდამჭერი მოხალისეებისა და დონორების რაოდენობა ბევრი მილიონით ჩამორჩება ობამასას. ამჟამინდელი გლობალური ეკონომიკური გამოწვევისას ობამას გეგმა ნათელი, მარტივი და უცვლელია. მაკეინისა კი რამდენჯერმე შეიცვალა და ხალხმა მაინც ვერ გაიგო, თუ რაში მდგომარეობს იგი. პოლიტოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ ხანგრძლივი კამპანიის შემდეგადაც კი გაურკვეველი რჩება, თუ რას უჭერს მხარს მაკეინი.

8. პირადად თქვენ რატომ უჭერთ მხარს ობამას?

მე საზღვარგარეთ ვიცხოვრე ჩემი ცხოვრების ნახევარი. ყველაზე მეტი დრო საქართველოში მაქვს გატარებული. კარგად მესმის, როგორი ურთიერთდაკავშირებულია მსოფლიო და რა უნებლიე შედეგები შეიძლება მოჰყვეს დამოუკიდებელ ქმედებებს. მე მწამს ფართო, მაგრამ აუჩქარებელი და მშვიდობიანი ცვლილებების. არა მგონია, რომ ამერიკელი ხალხი და ამერიკის მთავრობა ყველაფერში მართალი იყოს.

ათი წლის წინ ამერიკა მთელს მსოფლიოში იყო პოპულარული. ახლა ასე აღარაა. აშშ იყო პროგრესის, ოპტიმიზმის და თავისუფლების სიმბოლო. ახლა ის თითქმის ყველასთვის ქედმაღლობის, აგრესიის, ჰიპოკრატიის და საკუთარი მოკლევადიანი ინტერესების სიმბოლოა. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სასტიკმა ადამიანებმა სამშობლო მომტაცეს და აწამებენ. მინდა სამშობლო დავიბრუნო.

ახლო მომავალში მსოფლიოს წინაშე მდგარ პრობლემათაგან უდიდესია რუსეთის შეკავების საკითხი. ბევრ ქართველს ჰგონია, რომ ვინც ყველაზე მეტ თბილ სიტყვას იტყვის საქართველოზე ან ყველაზე მეტად აგრესიული იქნება რუსეთის მიმართ, საქართველოსთვის ის აჯობებს. ამას არ ვიზიარებ. მე მინდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ესმოდეს მსოფლიოში არსებული ურთიერთკავშირი და საერთაშორისო ერთიანობით შეძლოს რუსეთის იზოლაცია მანამ, სანამ რუსეთი არ მიხვდება, რომ ის ვერ იქნება თანამედროვე სამყაროს წევრი, თუ თავის ქმედებებს ძველებურად განაგრძობს. ასეთი პრეზიდენტი იქნება ობამა.

რატომ მაკეინი?

ავტორი: ლევან რამიშვილი

0x01 graphic

ბარაკ ობამა და ჯონ მაკეინი ბოლო საპრეზიდენტო დებატების დროს, ნიუ-იორკი, 2008

1. რა იდეოლოგიური განსხვავებები არსებობს დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის და როგორ იცვლებოდა ისინი დროთა განმავლობაში? ვინ არის თითოეული მათგანის ამომრჩეველი?

ვინც არ უნდა მოიგოს არჩევნები, ამერიკას საკუთარი ეროვნული ინტერესები აქვს, რაც ზოგჯერ ლამის ავტომატურად განაპირობებს იმ პოზიციას, რომლის დაკავებაც ამ სახელმწიფოს მოუწევს, იმისდა მიუხედავად, თუ რა შეხედულებების მატარებელია ესა თუ ის პოლიტიკოსი, რომელსაც კონკრეტულ შემთხვევაში უწევს გადაწყვეტილების მიღება.

დღეს რესპუბლიკური პარტია იდეოლოგიურად გაცილებით უფრო ჰომოგენურია და, დემოკრატებთან შედარებით, მასში შიდა წინააღმდეგობები შედარებით ნაკლებია. დემოკრატიულ ბანაკში იდეოლოგიური მოზაიკა გაცილებით მრავალფეროვანია და ხშირად რადიკალურად განსხვავებული პოზიციების ადამიანებს აერთიანებს. ტრადიციულ დემოკრატებს უფრო მეტი აქვთ საერთო რესპუბლიკელთა ძირითად ტენდენციასთან, ვიდრე საკუთარ ულტრამემარცხენე თანაპარტიელებთან.

დემოკრატების ძირითადი საგარეოპოლიტიკური ტრადიცია ინტერნაციონალიზმია, სამყარო კი ევროცენტრული. დემოკრატები ერიდებიან საერთაშორისო არენაზე ცალმხრივ მოქმედებას და ცდილობენ, რომ ომის ტვირთი მოკავშირეებს გაუნაწილონ.

ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო მოძრაობიდან აღმოცენდა კრიტიკული რადიკალიზმის მიმდინარეობა, რომელიც ულტრამემარცხენე ჯგუფებს უკავშირდება. ამ ტრადიციის თანახმად, ამერიკა განიხილება როგორც ჩაგვრასა და უსამართლობაზე დაფუძნებული სახელმწიფო. ამ ჯგუფისთვის ცივ ომში მთავარი საფრთხე ამერიკული და არა რუსული იმპერიალიზმი იყო. გარკვეული თვალსაზრისით, ეს იზოლაციონიზმის მემარცხენე ვერსიაა.

რესპუბლიკელების შემთხვევაში შიდაპარტიული კონკურენცია დღეს ძირითადად ნეოკონსერვატორებსა და რეალისტებს შორის მიმდინარეობს. თუმცა, ერთგვარი იდეოლოგიური ატავიზმის სახით იზოლაციონისტური მიმდინარეობაც არის შემორჩენილი, რომელიც ძირითადად ლიბერტარიანელებისა და პალეოკონსერვატორების საგარეო პოლიტიკური ფილოსოფიაა.

რესპუბლიკელთა საგარეო პოლიტიკურ ფილოსოფიას მორალიზმი გამჭოლ ხაზად გასდევს. მიუხედავად ევროპისადმი ღრმა უნდობლობისა, სწორედ ტოტალიტარული ბოროტებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მორალური ვალდებულების გრძნობა იყო მათი მზარდი ინტერესის მიზეზი ძველი კონტინენტის მიმართ. მსოფლიო ომის საშინელებებმა ეს გრძნობა კიდევ უფრო გაამძაფრა. რესპუბლიკელთა პასიონარული ანტიკომუნიზმი უპირისპირდებოდა დემოკრატების შეკავების დოქტრინას და ამერიკის ამოცანად აღმოსავლეთ ევროპის განთავისუფლებას მიიჩნევდა.

თითქმის მთელი ცივი ომის განმავლობაში ამერიკის საგარეო პოლიტიკას შეკავების დოქტრინა განსაზღვრავდა. ნაწილობრივი წარმატების მიუხედავად, ეს დოქტრინა რეაქტიული ხასიათის იყო და ინიციატივას რუსეთის ხელში ტოვებდა. რეალურად შეკავებამ მხოლოდ დასავლეთ ევროპაში იმუშავა, მაგრამ უკვე 50-იანი წლების ბოლოსთვის აფრიკისა და აზიის მნიშვნელოვანი ნაწილი საბჭოთა გავლენის სფეროში მოექცა, 60-იან წლებში კომუნისტურმა მეტასტაზებმა ლათინურ ამერიკაშიც იჩინა თავი. „მშვიდობიანი თანაარსებობა“ მშვენიერი ევფემიზმი აღმოჩნდა რუსული ჩექმის ქვეშ მოქცეული აღმოსავლეთ ევროპელთა ბედისადმი გულგრილობის შესანიღბავად.

კონსერვატიულ რესპუბლიკელებს, რონალდ რეიგანისა და ჯესი ჰელმისის მეთაურობით, 1976 წელს საშუალება მიეცათ, ენერგიული კამპანია წამოეწყოთ საგარეო პოლიტიკაში მორალის დასაბრუნებლად. მათი მეცადინეობით მიღებული რესპუბლიკელების პლატფორმა ტირანიის ბუნების შესახებ ილუზიებისგან განთავისუფლებაზე, კომუნისტური გამოწვევის რეალისტურ შეფასებაზე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხალხების თვითგამორკვევაზე საუბრობდა. რესპუბლიკელთა საგარეო პოლიტიკის მიზნად მსოფლიოში კანონზე დაფუძნებული თავისუფლებისა და მშვიდობის მიღწევა გამოცხადდა, რისთვისაც მიუწვდომელი სამხედრო უპირატესობის მიღწევა და სტრატეგიული ბალანსის დარღვევის შეუწყნარებლობა იყო აუცილებელი. სწორედ ამ დროს ჩაეყარა საფუძველი ბოროტების იმპერიაზე გამარჯვებას.

კონსერვატორები ყველა საკითხს განიხილავენ როგორც მკაფიო არჩევანს კარგსა და ცუდს შორის, მაშინ, როცა მემარცხენეებისათვის ნიუანსებია მთავარი.

საპრეზიდენტო დებატების დროს ობამა თავის ოპონენტს აკრიტიკებდა პრობლემების ნაჯახით გადაჭრის მცდელობისათვის, მაშინ, როცა ფილიგრანული სამუშაო სკალპელს მოითხოვს. კონსერვატორებს არ ესმით სინაზისა და სიფაქიზის ასეთი აბსოლუტიზაცია და მიაჩნიათ, რომ ბოროტებასთან ბრძოლა მკაფიო მიზნების დასახვის უნარსა და მათ მისაღწევად გაბედულ მოქმედებას მოითხოვს.

მემარცხენეებისათვის მორალური აბსოლუტების ენაზე საუბარი არაკომფორტულია. მათთვის ძნელია რომელიმე მოვლენის ერთმნიშვნელოვანი დაგმობა ან მხარდაჭერა. ეს კი კონსერვატორებისათვის იმის მიმანიშნებელია, რომ დემოკრატებს არ შესწევთ უნარი, თავისი სახელი დაარქვან მოვლენებს და არ ყოფნით ძალა, რომ ბოროტებას წინ აღუდგნენ.

როცა კონსერვატორები გამარჯვებაზე საუბრობენ, მათი ოპონენტებისათვის ეს ყურისმომჭრელად ჭღერს. ზოგისთვის სიტყვა „მტერიც“ კი არაპოლიტკორექტულია. ეს კი, თავის მხრივ, ოპონენტებს საშუალებას აძლევს განაცხადონ, რომ დემოკრატების მთელი ეს საუბარი ურთიერთგაგების, კომპრომისის, თანაარსებობის, ინტერესთა გათვალისწინების შესახებ, საბოლოო ჯამში, ბოროტებასთან შეგუებამდე მიდის.

პასტორ რიკ ვორენის კითხვაზე, არსებობს თუ არა ბოროტება და თუ არსებობს, მაშინ რა უნდა ვქნათ - უგულებელვყოთ, მოველაპარაკოთ, შევაკავოთ თუ დავამარცხოთ, სენატორ მაკეინს მარტივი და ერთმნიშვნელოვანი პასუხი ჰქონდა - დავამარცხოთ. ობამამ ბოროტების არსებობა აღიარა; თქვა, რომ ბოროტება მრავალი სახით არსებობს და მას წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ, მაგრამ ადამიანებს არ ძალუძთ მისი განადგურება, ეს ღმერთის საქმეა. ობამამ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ ბოროტებასთან ბრძოლისას ერთგვარი მოკრძალებაა საჭირო, ვინაიდან ბევრი ბოროტების სათავე სწორედ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაა.

0x01 graphic

ჟონ მაკეინი, 1967

0x01 graphic

ადმირალი ჯონ მაკეინი, უფროსი, ვიეტნამი, 1969

2. მაკეინის პიროვნული გზა და გამოცდილება - რაში გამოიხატება მისი და მისი კამპანიის უნიკალურობა?

ჯონ სიდნეი მაკეინ III ნამდვილი ამერიკელი გმირია. მისი მამაც და ბაბუაც 4-ვარსკვლავიანი ადმირალები იყვნენ.

ჯონ მაკეინი 1958-1981 წლებში ამერიკის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, იბრძოდა ვიეტნამის ომში, სადაც ტყვედ ჩავარდა და 1967-1973 წლები ჩრდილოეთ ვიეტნამის მთავარ სამხედრო საპყრობილეში, უსასტიკესი წამებით ცნობილ ჰოა ლოში, გაატარა. სანამ ვიეტნამელები აღმოაჩენდნენ, რომ მაკეინი ადმირალის შვილი იყო, მას სამედიცინო დახმარებას არ უწევდნენ. მას შემდეგ, რაც დატყვევებულის ვინაობა შეიტყვეს, კომუნისტებმა გადაწყვიტეს მისი ნაადრევად განთავისუფლება პროპაგანისტული მიზნით, მაგრამ „კრონ პრინცისგან“ (ამ სახელით მოიხსენიებდნენ მაკეინს ვიეტნამელები) უარი მიიღეს - სამხედრო ტყვეებს თავისი ღირსების კოდექსი ჰქონდათ, რომლის მიხედვითაც, განთავისუფლება იმ რიგითობის მიხედვით უნდა მომხდარიყო, როგორც მოხდა დატყვევება. ამ არჩევანმა მაკეინს კიდევ 3-წლიანი ტყვეობა და თანამებრძოლთა შორის უდიდესი პატივისცემა მოუტანა.

ამერიკელთათვის მაკეინი მათი ცოდვებისთვის ვნებული გმირის სიმბოლო გახდა, რომელმაც შეერთებული შტატების შებღალული ღირსება პიროვნული მსხვერპლით გამოისყიდა. ამიტომაც არის, რომ იდეოლოგიურად აბსოლუტურად განსხვავებულ ადამიანებსაც კი არიზონას სენატორის უდიდესი პატივისცემა აქვთ.

პოლიტიკური კარიერა მან 1982 წელს რეიგანის რევოლუციის ტალღაზე დაიწყო. ჯერ კონგრესმენი გახდა, შემდეგ, 1986 წელს - სენატორი.

კონსერვატიული „მეინსტრიმიდან“ ამოვარდნილობა მაკეინის კანდიდატურის ძალაცაა და, იმავდროულად, სისუსტეც. ხშირად ის არ ერიდება ხოლმე პოლიტიკური სპექტრის მეორე ბოლოში მყოფ პოლიტიკოსებთან ძალების გაერთიანებას და თანაც ისეთ საკითხებზე, რაც მისი თანაპარტიელებისათვის პოლიტიკური ანათემაა.

მაკეინის კერპი, რონალდ რეიგანთან ერთად, თეოდორ რუზველტია. რუზველტი საგარეო პოლიტიკაში ინტერვენციული პოლიტიკის მომხრე იყო, მაგრამ საშინაო პოლიტიკაში - პროგრესისტი. მაკეინი ახლაც ხშირად საუბრობს ხოლმე უოლ-სტრიტის ანგარებაზე, კორპორატიულ კორუფციაზე, ემისიაზე ლიმიტების დაწესებაზე.

3. რა შეიცვლება აშშ-ის, მთელი მსოფლიოსა და საქართველოსთვის მაკეინის პრეზიდენტობის შემთხვევაში?

ჯონ მაკეინი საკუთარ თავს ხშირად რეიგანის რევოლუციის ჯარისკაცად მოიხსენიებს ხოლმე. მას სჯერა, რომ ამერიკულ იდეებს მსოფლიოს ტრანსფორმაციის უნარი შესწევს, რომ შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესები მოითხოვს ლიბერალური დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრის გაძლიერებას როგორც ამერიკის შიგნით, ისე მთელ მსოფლიოში.

მაკეინი ხედავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციათა არსებული სისტემა მოძველდა და ვერ ახერხებს თანამედროვე გამოწვევებზე ადეკვატურ რეაგირებას. ამერიკასა და რუსეთს შორის დაძაბულობის განახლებასთან ერთად, გაერო ცივი ომის დროინდელ პარალიზებულ მდგომარეობას უბრუნდება. მაკეინს კარგად ესმის, რომ პუტინისა ან აჰმადინეჟადის აგრესიულ გეგმებს საერთაშორისო ორგანიზაციები ვერ შეაჩერებენ.

მაკეინი მხარს უჭერს ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის - დემოკრატიათა ლიგის შექმნას, რომელმაც საშუალება უნდა მისცეს თავისუფალი მსოფლიოს 100-მდე სახელმწიფოს, კოლექტიურად იმოქმედონ იქ, სადაც, უშიშროების საბჭოს არადემოკრატიული მუდმივი წევრების ვეტოს გამო, გაერო უძლურია, რამე მოიმოქმედოს. ბუნებრივია, ამ გაერთიანების წევრი არ იქნება არც ჩინეთი და არც რუსეთი და ამ ახალი გაერთიანების მეშვეობით ამერიკას გაუადვილდება ახალ გამოწვევებზე პასუხის გაცემა.

მაკეინს კარგად ესმის, რომ ირანის ბირთვული საფრთხის საკითხში რუსეთი პრობლემის ნაწილია და არა მისი გადაჭრის. ამიტომ მას გაუმართლებლად მიაჩნია, ბირთვული გაუვრცელებლობის სფეროში ილუზორული თანამშრომლობის გამო, რუსეთის მიმართ წაყრუების და დაშოშმინების პოლიტიკის გატარება.

უკვე დიდი ხანია მაკეინი საუბრობს დიდი 8-იანის რეფორმირების აუცილებლობაზე; ამისათვის საჭიროდ მიაჩნია ინდოეთისა და ბრაზილიის მიღება და რუსეთის გარიცხვა.

მაკეინს კარგად ესმის, რომ ერთიანი და თავისუფალი ევროპის იდეა მიუღწეველ ოცნებად დარჩება, თუკი ბალტიიდან შავ ზღვამდე სივრცე ატლანტიკური უსაფრთხოების სისტემაში არ გაერთიანდება.

თუკი ძველი ევროპის ქვეყნები მზად არ იქნებიან რუსეთის მეზობლებთან ნატოს ფარგლებში გაღრმავებულ თანამშრომლობაზე, მაშინ, მაკეინის პრეზიდენტობის შემთხვევაში, ეს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება.

განსხვავებით დემოკრატებისგან, რომლებსაც უფრო მეტად ტრადიციული მიდგომები აქვთ, მაკეინი და მისი გუნდი ბევრად უფრო რადიკალური და კრეატიული იდეებით გამოირჩევა. მათ შორის საუბარია ახალი ევროპის და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების თავდაცვითი და ეროვნული უსაფრთხოების და, საგარეო პოლიტიკის უფრო მჭიდრო კოორდინაციის მიზნით, ახალი თავდაცვითი ორგანიზაციის - ერთგვარი ახალი ვარშავის პაქტის შექმნაზე.

ცივი ომის წლების მანძილზე დასავლეთის გამოცდილებაში აგრესიაზე რეაგირების რამდენიმე სტრატეგია დაგროვდა - დაშოშმინება, განმუხტვა, შეკავება და უკუქცევა. ამერიკის შემდეგ პრეზიდენტს არჩევანის გაკეთება ამ სტრატეგიებს შორის მოუწევს. ახალი დრო ახალ მიდგომებს საჭიროებს, მაგრამ მეტი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ, საბოლოო ჯამში, ობამა ძირითადად შეკავების დოქტრინით ნაკარნახებ პოლიტიკას გაატარებს, ხოლო მაკეინი უკუქცევით იხელმძღვანელებს.

ძნელი სათქმელია, არჩევის შემთხვევაში რამდენად პრინციპული და თანმიმდევრული იქნება მაკეინი, მაგრამ დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ის რეიგანის ტრადიციის ინტელექტუალურ კალაპოტში იმოქმედებს.

მისი პოლიტიკის არსი რუსეთის სუსტ წერტილებზე დაუღალავი ზეწოლა იქნება - სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური. მომავალი ადმინისტრაციის წარმატება ბევრწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ის რეიგანის მსგავსად მოახდინოს რუსეთის შიშებით ოსტატური მანიპულირება. რუსეთს ეშინია პროდასავლური რეჟიმების სარტყელში მოქცევის, მაკეინის ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ სარტყლის ყულფი უფრო მჭიდროდ მოიჭიმოს.

4. რა არის მათი ძირითადი გზავნილები და პრიორიტეტები?

ობამას და მის გუნდს თანამედროვე გამოწვევებზე სტანდარტული პასუხები აქვთ, ამის მიზეზი ალბათ თავად ობამას კონვენციური პოლიტიკური კარიერაა - იგი ჩიკაგოს პოლიტიკური მანქანის ტიპური პროდუქტია. ილინოისის უმცროსმა სენატორმა საპრეზიდენტო არჩევნებამდე, პარის ჰილტონის და ბრიტნი სპირსის მსგავსად, 2 ავტობიოგრაფიის დაწერა მოასწრო, მაგრამ ვერ (თუ არ) შეძლო თუნდაც ერთი მნიშვნელოვანი კანონის ან რეფორმის ავტორი გამხდარიყო; საკვანძო კენჭისყრების დროს ის ძირითადად თავს იკავებდა, არ რისკავდა, რათა მომხრე ან წინააღმდეგ მიცემული ხმით ვინმე არ გაენაწყენებინა, არასდროს დაპირისპირებია საკუთარ პარტიას ან მის უკან მდგარ ლობისტურ ჯგუფებს. ობამას თანხვედრა საკუთარ პარტიასთან 97%25-ია, მაკეინის - 90%25.

მაკეინს არა მხოლოდ უფრო მდიდარი, არამედ ბევრად უფრო არაორდინარული ბიოგრაფია აქვს. ობამასგან განსხვავებით, მას გატკეპნილი გზით არასდროს უვლია, რისკს არასდროს გაქცევია, გამოწვევას არასდროს დამალვია. ნაწილობრივ ალბათ ამით აიხსნება, რომ მას ბევრად უფრო არასტანდარტული და კრეატიული იდეები აქვს.

ობამა მაკეინის პრეზიდენტობაში ბუშის მესამე ვადას ხედავს, მაკეინისათვის ობამას გამარჯვება კარტერის მეორე ვადა იქნება. კონსერვატორები ირონიულად ამბობენ ხოლმე, რომ კარტერმა „მარცხმადიდებლობა“ სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, მისი დამთმობი და უხერხემლო პოლიტიკის შედეგად თავისუფალი სამყაროს პერიმეტრის მიუტევებელი შეკუმშვა მოხდა.

0x01 graphic

ჯონ მაკეინი მეუღლესთან ერთად, 2008

0x01 graphic

ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი სარა პეილინი ჯონ მაკეინთან ერთად, ვირჯინია, 2008

5. რას უწუნებენ კანდიდატები ერთმანეთს? რა ქვეტექსტები იკითხება მათ კამპანიაში?

მემარჯვენეების აზრით, მათი იდეოლოგიური ოპონენტების გამარჯვების შემთხვევაში ამერიკას მცოცავი ევროპეიზაციის საფრთხე ემუქრება, კვაზიპაციფიზმი, სოციალიზმი, პოსტქრისტიანული სეკულარიზმი. მაკეინი თავის გამოსვლებში ობამას ევროპელ სოციალისტებს ადარებს. რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ ეკონომიკური კრიზისის დროს გადასახადების მომატებისა და საერთაშორისო ვაჭრობისთვის დამატებითი ბარიერების შექმნით ობამა ჰერბერტ ჰუვერის გზას იმეორებს, რომლის მცდარი პოლიტიკის გამო ამერიკა დიდ დეპრესიაში მოხვდა.

ანტიამერიკულ სახელმწიფოებთან უპირობო მოლაპარაკების შესახებ თავისი პოზიციის გასამართლებლად, ობამა კენედის ცნობილ გამონათქვამს იხსენებს ხოლმე - არასოდეს მოელაპარაკო შიშის გამო, მაგრამ არასოდეს გეშინოდეს მოლაპარაკების. ოპონენტები ამბობენ, რომ კენედის მაგალითი უფრო მეტი შეშფოთების საფუძველს იძლევა, ვიდრე ეს ილინოისის უმცროს სენატორს ჰგონია.

როდესაც პრეზიდენტი გახდა კენედი, მისი იდეალიზმი საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ სისუსტედ და თავისი ექსპანსიონისტური ზრახვების განხორციელების შანსად ჩათვალა. ჟენევის მოლაპარაკებებს მოჰყვა ბერლინში კედლის მშენებლობა, შემდეგ - კარიბის ზღვის კრიზისი. კეთილი ნების ჟესტების გამო კენედის მოუხდა სიმტკიცისა და უშიშრობის მკაცრი გამოცდის ჩაბარება.

მაკეინს კარგად ესმის, რომ რუსეთის პოლიტიკა არა მხოლოდ ექსპანსიონისტურია, არამედ რევიზიონისტულიც. მისი ამოცანა არ არის მხოლოდ ტერიტორიის ან გავლენის სფეროს გაფართოება და მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფის შედეგების აღმოფხვრა. იგი გაცილებით უფრო შორსმიმავალ მიზნებს ისახავს და საერთაშორისო პოლიტიკის თამაშის წესების შეცვლას ესწრაფვის.

რუსეთთან ურთიერთობაში ობამას ადმინისტრაციის ამოსავალი პრინციპი დიალოგი იქნება და არა კონფრონტაცია და იზოლაცია. მაკეინს და მის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ დღევანდელ რთულ სამყაროში, როცა არ იცი, რა გამოწვევები იქნება, ობამას გულუბრყვილობა საშიშია.

მაკეინის აზრით, რუსული აგრესიის შესაჩერებლად გაერო კი არა, ნატო და მისი სამშვიდობო ჯარები უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

როცა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე ობამას პირველი რეაქცია ორივე მხარისადმი თავშეკავებისაკენ მოწოდება იყო, ამან რესპუბლიკელებს საშუალება მისცა განეცხადებინათ, რომ მისი პირველი ინსტინქტი ყოველთვის მორალური ეკვივალენტობის შექმნაა.

სწორედ ამას ეძახდა რეიგანი სიამაყის ცდუნებას. ესაა ცდუნება, რომ არხეინად დააყენო საკუთარი თავი ამ ყველაფერზე მაღლა და ორივე მხარე თანაბრად დამნაშავედ გამოაცხადო, უგულებელყო ისტორიის ფაქტები და ბოროტების იმპერიის აგრესიული იმპულსები, უბრალოდ, ამ ყველაფერს დიდი გაუგებრობა დაარქვა და საკუთარი თავი სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლის მიღმა დააყენო.

კონსერვატორები დღემდე ვერ პატიობენ ობამას იმას, რომ ერთ დროს ის უარს ამბობდა ამერიკის დროშის სამკერდე ნიშნის ტარებაზე. ოპონენტთათვის ობამა ხან დოგმატური მემარცხენე ინტელექტუალია, ხან - ნიჭიერი და იღბლიანი ოპორტუნისტი, რომელსაც ერთადერთი პრინციპი აქვს - უპრინციპობა.

6. რას წარმოადგენს მაკეინის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი და მისი გუნდი და რით განსხვავდებიან ისინი ობამას გუნდისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატისგან? რაზე მეტყველებს ეს განსხვავებები?

სარა პეილინი კონსერვატორული მოძრაობის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავია და გაცილებით უფრო პოპულარული პერსონაა კონსერვატიულ წრეებში, ვიდრე თავად მაკეინი. პეილინის დასახელებამ მაკეინის საარჩევნო კამპანიის ენერგეტიკა შეცვალა. ახლა მისი მომხრეები გაცილებით მობილიზებულები, შთაგონებულები, დამუხტულები და მოტივირებულები არიან.

ობამას საერთშორისო ურთიერთობებში გამოცდილება აკლია, მაკეინს კი, პირიქით, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, ამიტომ საერთაშორისო ურთიერთობებში მას შევსება არ სჭირდებოდა. ობამა საუბრობს, რომ ის არის იმედის და ცვლილებების კანდიდატი, რაზეც მაკეინი პასუხობს: ცვლილებების განხორციელებას სჭირდება გამოცდილება, რაც არ უნდა კეთილი სურვილები გქონდეს, ამ ცვლილებებს გამოცდილების გარეშე ვერ განახორციელებ.

ამავე დროს, მაკეინს ესმის, რომ მხოლოდ გამოცდილება არ არის საკმარისი გამარჯვებისთვის. როგორც რეფორმატორი და არასტანდარტული რესპუბლიკელი, ის საკუთარი თავის კულტივირებას ცდილობს. ამ ასპექტის ხაზგასასმელად, პოლიტიკური აუტსაიდერის - სარა პეილინის კანდიდატურა ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა. ობამა საუბრობს ცვლილებებზე და ამ დროს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ირჩევს ჯო ბაიდენს, რომელიც 36 წელია სენატშია და უფრო ისტებლიშმენტის განსახიერებაა, ვიდრე - ცვლილებების.

სარა პეილინს საგარეო პოლიტიკასთან არა აქვს დიდი შეხება. მაკეინის გამარჯვების შემთხვევაში, ის უფრო მეტად ენერგეტიკულ პოლიტიკაზე და სამთავრობო რეფორმებზე იქნება პასუხისმგებელი. ახლა, როცა ბენზინზე ფასებმა მკვეთრად მოიმატა, ძალიან ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ უნდა გადაიხედოს ამერიკის შიდა მორატორიუმის პოლიტიკა ჭაბურღილებიდან ნავთობის მოპოვების შესახებ. სარა პეილინი მაკეინზე უფრო რადიკალურად უჭერს მხარს მორატორიუმის გაუქმებას. ამან უნდა შეამციროს ფასები და იმპორტირებულ ნავთობზე დამოკიდებულება, რომლის ძირითადი მომწოდებლები არიან არადემოკრატიული, როგორც წესი, ამერიკის მიმართ არაკეთილგანწყობილი ქვეყნები.

7. რა განსხვავებაა მათ სტილებს შორის?

საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკელებს შესაძლებლობას აძლევს, აირჩიონ არა მხოლოდ იდეოლოგია, არამედ კონკრეტული პიროვნება, მისი სიმპათია-ანტიპათიებით, ტემპერამენტით.

პოლიტიკასა და ფილოსოფიასთან ერთად ობამასა და მაკეინს განსხვავებული, თუმცა კი ორივეს მკვეთრად ინდივიდუალური, სტილი აქვს. ერთი ჯარისკაცია, მეორე - ქურუმი.

თუკი მაკეინის ცხოვრება ჰოლივუდის ბლოკბასტერს წააგავს - მძაფრი სიუჟეტი, ბევრი მოქმედება, მდიდარი ემოციები, ობამა უფრო ბროდვეის სცენაზე დადგმული დრამაა - ცოტა მოქმედება, მაგრამ ბევრი შინაგანი მონოლოგი.

მაკეინი დაუცხრომელი და მგრძნობიარეა, ენერგიული და სიურპრიზების მოყვარული, მეამბოხე და სიმართლისმოყვარე, დინამიკური და რისკიანი. მაკეინი ალბათ ბოლო საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელსაც ჯერ კიდევ ახასიათებს რაინდობისა და ღირსების ვიქტორიანული განცდა. თითოეულ ბრძოლას ის პიროვნულ გამოწვევად ღებულობს და მასში მონაწილეობა საკუთარი ღირსების საკითხად მიაჩნია.

ობამა უფრო წყნარი და გაწონასწორებულია. დასახულ გეგმებში უეცარი ცვლილებები მას არ ახასიათებს. დიდ პრობლემებთან პირდაპირ შერკინება მას ნაკლებად იზიდავს. რამდენადაც მაკეინის სტიქია ბრძოლაა, მისი ოპონენტის ასპარეზი უფრო სიტყვები, ხედვები და ოცნებებია.

მომხრეთათვის ობამა ზეადამიანური თვისებებით დაჯილდოებული ტრანსცენდენტური არსებაა, რომელმაც ამერიკა პირველყოფილი ცოდვისაგან უნდა გაათავისუფლოს. კონსერვატორები ირონიულად ობამას მესიანისტურ კულტზე საუბრობენ.

კრიტიკოსები ხშირად იმეორებენ ხოლმე ობამას რიტორიკული თავშეუკავებლობის კურიოზულ მაგალითებს. წელს, 7 იანვარს, დარტმუთის უნივერსიტეტში გამოსვლისას ობამამ უთხრა სტუდენტებს, „სარკმლიდან სინათლე გარდმოვა, სინათლის სხივი მოგეფინებათ, თქვენ დაგეუფლებათ ნათლისღების განცდა და უცებ გააცნობიერებთ, რომ უნდა ადგეთ და ხმა ობამას მისცეთ“.

8. პირადად თქვენ რატომ გულშემატკივრობთ მაკეინს?

ფუძემდებელი მამების და აბრაამ ლინკოლნის შემდეგ ამერიკის ყველაზე დიდი პრეზიდენტი რონალდ რეიგანია. მე ვფიქრობ, რომ მაკეინი ყველაზე მეტად შეძლებს რეიგანის პოლიტიკის გატარებას.

11 GONZO

▲ზევით დაბრუნება


ესეი

ავტორი: ნინო ჯაფიაშვილი

0x01 graphic

0x01 graphic

- გახსოვთ, როგორ ჩაიარა იმ დღემ, როცა თომპსონი გაიცანით?

- მშვენივრად. ბომბი დავამზადეთ მისი სახლის სამზარეულოში. მერე ღამით ბაღში გავედით და თოფი ვესროლეთ. გავერთეთ. ვიცინეთ. ეს იყო პირველი, რაც ერთად გავაკეთეთ. ჩვენ ორმა.

- მოკლედ, საშიში არაფერი ყოფილა, არა?

- ყველაფერი. ჰანტერთან ერთად ყველაფერი საშიში იყო. ერთხელ სან-ფრანცისკოში ნიძლავზე ხუთი დღით სასტუმროს ნომერში ჩავიკეტეთ. არ გამოვსულვართ. ხუთი დღე მხოლოდ ერთ ოთახში. ჰოოო, ბევრი სიგიჟე დატრიალდა იქ...

- როცა გაიღვიძეთ, აზრზე მოხვედით?

- მოდი, ასე ვთქვათ, ცოცხალი გადავრჩი. ჰო რა, გადავრჩი.

- ეს ჰანტერის შეცნობის პროცესის ნაწილი იყო?

- ეს იყო მცდელობა, მომეპარა მისი სული.

- ძნელია თომპსონის ჩვევების მოშორება?

- შეუძლებელია, ჰანტერის ჩამორეცხვა შეუძლებელია! ის ავადმყოფობას ჰგავს; გიძვრება კანში, მერე ფესვებს იდგამს სისხლსა და ტვინში. ნელ-ნელა ჰანტერით იჟღინთები. მისი რიტმი, ლაპარაკის მანერა, ენა... ამისგან განთავისუფლება ძლივს მოვახერხე. მაგრამ მასთან დალაპარაკება რომ შემეძლოს, ისევ იგივე დამემართება. მომეცით პორტსიგარი, მუნდშტუკი, და ამ ორმოში ისევ ჩავვარდები. თუ კი ერთხელ ჩაიძირე ჰანტერში, მას ბოლომდე ვეღარასოდეს დააღწევ თავს.

გონზო ინტერვიუ ჯონი დეპთან. Premiere. 1998

0x01 graphic

0x01 graphic

„საფეხბურთო სეზონი დამთავრდა. აღარც თამაშები. აღარც ბომბები. აღარც სეირნობა. არავითარი მხიარულება. აღარც ცურვა. 67. ეს 50 წელზე 17 წლით მეტია. 17-ით იმაზე მეტი, ვიდრე მჭირდებოდა და ვიდრე მინდოდა. მომწყინდა. ვბრაზობ. არანაირი მხიარულება და არავისთვის. 67. გაუმაძღარი ხდები. მოიქეცი ისე, როგორც შენს ასაკს შეეფერება. მოეშვი - არ გეტკინება.“

ეს ჩანაწერი ჰანტერ თომპსონმა თვითმკვლელობამდე ოთხი დღით ადრე გააკეთა. 2005 წლის 20 თებერვალს, 17 საათსა და 42 წუთზე, თავში 45-კალიბრიანი მაგნუმიდან დაიხალა ტყვია. შერიფის ანგარიშში წერია, რომ მწერლის ცხედარი სამზარეულოს მაგიდასთან, სკამზე იპოვეს. მაგიდაზე საბეჭდი მანქანა იდო, მანქანაში - ფურცელი; ფურცელზე, ცენტრში, ერთადერთი სიტყვა ეწერა - COUNSELOR. ეს იყო მისი ბოლო ხუმრობა. ბოლო ხუმრობა, სანამ დოქტორი გონზო საიქიოს ბილეთს აიღებდა და ახალ თავგადასავალს წამოიწყებდა.

BUY THE TICKET, TAKE THE RIDE

Buy the ticket, take the ride!1 - ეს სიტყვები ექოსავით ჩამესმის. სიტყვები, რომელთა გარეშეც ჩვენს დოქტორს ცხოვრება არ შეეძლო და, მადლობა ღმერთს, ამ სიტყვებით წავიდა კიდეც. ის მბრძანებლობდა, ქმნიდა, განკარგავდა, თავის ნებას გვკარნახობდა, მიზანს აღწევდა, მართავდა, იბრძოდა რაც ძალი და ღონე ჰქონდა, და ამ ცხოვრებას პატარა კუდზე ექაჩებოდა. ხელი კი მხოლოდ მაშინ მოადუნა, როცა მზად იყო...

ჯონი დეპი. წიგნის წყვილი ჭია.
Rolling Stone. 2005

1996. ნიუ-იორკი. დილის 5.30.

„- ალო, ჯონი... ჰანტერი ვარ. რა გჭირს, რა ავადმყოფური ხმა გაქვს?

- არაფერი, შენ როგორ ხარ?...

- მშვენივრად... მომისმინე, ვინმემ რომ გადაწყვიტოს ფილმის გადაღება „ვეგასის წიგნზე“... დაგაინტერესებდა? გინდა, რომ ჩემი როლი ითამაშო? ჰა, რას ფიქრობ, საქმეში ხარ?“

როდესაც სიხარულისგან გაოგნებული ჯონი დეპი ტრენაჟორიდან გადმოხოხდა და ჰანტერ თომპსონთან დეტალებზე დაიწყო საუბარი, აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ფილმის სცენარი არ არსებობდა, არ არსებობდა არც რეჟისორი, და საერთოდ არაფერი. ჰანტერმა, როგორც იცოდა ხოლმე, კითხვების დასმა საკუთარი კოორდინატთა სისტემიდან დაიწყო. მასთან საქმის დაჭერა გრძელი და სახიფათო ავანტიურის დაწყებას ნიშნავდა, მაგრამ ამ შემოთავაზებაზე უარს ვერავინ იტყოდა. რა თქმა უნდა, ჯონი დეპი საქმეში იყო. „კარგი, ჯანდაბას შენი თავი, იყიდე ბილეთი და დაადექი გზას. მოდი ვიფიქროთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ჰა-ჰა-ჰა.... შენსავე სასარგებლოდ.“

0x01 graphic

0x01 graphic

შიში და ზიზღი ლას-ვეგასში. ველური მოგზაურობა ამერიკული ოცნების გულში

ჯონი დეპი ასპენში ჩაფრინდა, აეროპორტში მას ჰანტერი თავისი 71 წლის წითელი კორვეტით დახვდა. დეპს სპორტულად აცვია. უკვე იცის, რას ნიშნავს თავის გადაპარსვა. ნაქსოვი შალის ქუდი ახურავს, რაზეც ჰანტერი ძალიან ბრაზობს. „ოოო, ღმერთო, მოდი ვნახოთ, რას მალავ მაგ ქუდის ქვეშ?“ დეპი ქუდს მოიგლეჯს თავიდან და გრძნობს, როგორ დასეირნობს ქარი მის მოტვლეპილ კინკრიხოზე. „წმინდაო იესო! ფუ, რას გავხარ! ფუი ეშმაკს, ისევ დაიხურე ეგ ქუდი ბიჭო... თორემ გული ამერევა!“

ჰანტერ თომპსონი ყოველთვის ფიქრობდა, რომ თავისი საკულტო წიგნი „შიში და ზიზღი“ ფილმად ექცია. ვინ უნდა გამხდარიყო მისი ორეული, თუ არა დეპი? სხვა ვინ, თუ არა ჰოლივუდელი მეამბოხე, კარგი მეგობარი და ათასგვარი „დანაშაულის თანამონაწილე“? ფილმის გადაღებების დაწყებამდე ჯონი საცხოვრებლად ჰანტერთან გადადის და საათობით უკირკიტებს იმ გაყვითლებულ ჩანაწერებს, რომლებიც წიგნში ვერ მოხვდა.

„მე მივითვისე მისი ლას-ვეგასური პერიოდის ათასი ნივთი - მზის სათვალე, სპორტული მაისური, შორტები, მოკლედ, მისი ჩაცმის სტილი დავამუღამე. კბილებს შორის მუნდშტუკი გავიჩხირე. სახლიდან მხოლოდ ერთად გავდიოდით, ხალხს ალბათ მანიაკი ტყუპები ვეგონეთ,“ - ხუმრობს დეპი, რომელიც ჰანტერის სახლში სამი თვის განმავლობაში შერჩა.

ფილმის გადაღების დაწყებისთანავე დეპი პირველ ფოტოებს ასპენში აგზავნის და გაცხარებული მიმოწერა იწყება.

„ჰანტერ, აი, ჩემი რამდენიმე ფოტო შენს როლში. იმედი მაქვს, მოგეწონება. თუ არა და, მადლობა ღმერთს, რომ მანდ არ ვიქნები, როცა პირიდან მძღნერი ამოგივა. ბოლოს და ბოლოს, მე ვცდილობ. ასე რომ, ერთი შენიც... სხვა კიდევ რა... აქ ყველაფერი კარგად მიდის, მე ასე ვფიქრობ. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს. ყველაფერი წინა გვაქვს. ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი დავიწყეთ. სამი რამეა, რაც ჩემს ტვინს მოსვენებას არ აძლევს. პირველი: სევდიანმა ლორდმა ბაკლეიმ მარკიზ დე სადზე თქვა: ის აკეთებდა იმას, რასაც აკეთებდა, იმიტომ რომ იცოდა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. მეორე: ჟან კოკტომ თქვა, ჩემი კინოს მიზანი იმის კულტივირებაა, რაც მაყურებელს არ უნდაო. და მესამე: ის, რაც შენ დაწერე, როცა 17 წლის იყავი - ვინ უფრო ბედნიერია, ის, ვინც ებრძოდა შტორმს და ცხოვრობდა, თუ ის, ვინც დარჩა ნაპირზე უსაფრთხოდ და უბრალოდ არსებობდა? ამ ამბებს ვერ ვიშორებ თავიდან. რაღაც მომენტიდან ეს ყველაფერი ძალიან ახლობელი გახდა ჩემთვის. ნებისმიერ შემთხვევაში მე ვიყიდე ეს ოხერი ბილეთი და დროა, გზას გავუდგე. როგორიც არ უნდა იყოს სიმართლე.

გნახავ,

პოლკოვნიკი“

პასუხად ჰანტერმა ფაქსი გაუგზავნა, სადაც დედას აგინებდა ყველაფერს, რაც ჯონიმ გააკეთა. წერდა, რომ არასწორი იყო პოზა, ყურები, თვალები, სათვალეც, და რომ, საერთოდ, არაფერი არ იყო სწორი.

ჯონი დეპი მოკლედ პასუხობს: „დოქტორო, უკვე ძალიან გვიანია... წადი შენიც!“

პასუხიც მოკლეა:

„ეგრე გააგრძელე და ეკრანზე ტრაკად გამომიყვანე - შენი დროც მოვა! ისტორია არ გაპატიებს! მოემზადე!

დოკი“

შემდეგ წერილში პოლკოვნიკის ხმაში წყენა გამოსჭვივის:

„ნუ მასხარაობ. მეც და ამ ყველაფერსაც მიეცი შანსი. დაგვეხმარე, შენი დედაც! შეიგნე რა, რო მე ნაძირალა არ ვარ, და მორჩა. ერთადერთი, რაც მე მინდა, ის არის, რომ შენ იამაყო ფილმით. არავის არ უნდა ამით გამდიდრება, ამის დედაც მოვტყან. თუ გახსოვს, ერთი წლის წინ გკითხე, დარწმუნებული ხარ თუ არა, რომ მე ვარ ის მსახიობი, რომელიც შენს როლს შეასრულებს ამ ფილმში-მეთქი? შენ მიპასუხე, კიო. ჰოდა, ახლა სწორედ ის ხდება, რაც გითხარი: მე რომც ყველაფერი კარგად გავაკეთო და ყველაზე მაგრადაც რომ ვითამაშო შენი როლი, უფრო დიდი შანსია, რომ სიცოცხლის ბოლომდე შემიძულებ. ეს სწორედ ის რისკია, რაზეც მივდივარ და დაიმახსოვრე, ამ რისკს მე გავუმკლავდები. მაგრამ არასდროს არ იფიქრო, რომ შენ შეგიძლია ჩემი თუნდაც სულ პატარა ნაწილი გააკონტროლო და ნუ გგონია, რომ მე ამას შევურიგდები. მოდი რა, სხვა ვინმე შეარჩიე. მე პატივს გცემ, აღფრთოვანებული ვარ შენით და ჩვენი მეგობრობა მეამაყება. მაგრამ ნუ მბრძანებლობ ჩემზე, თითქოს სუსტი ცხოველი ვიყო. იცოდე, მე შენ გაგაკვირვებ... დარეკე ან მოიწერე; ან ნურც დარეკავ და ნურც მოიწერები.

ყოველთვის და ყველგან შენი,

პოლკოვნიკი“

1998 წელს კანის კინოფესტივალზე ტერი გილიამის ფილმის - „შიში და ზიზღი ლასვეგასში“ პრემიერაა. რაულ დიუკის როლში - ჯონი დეპი. დოქტორი გონზო - ბენისიო დელ ტორო, რომელმაც ამ როლისთვის 18 კილოგრამი მოიმატა. ჯონი დეპი ჰანტერ თომპსონივით კოჭლობს, მისი გამოხედვა აქვს, ლაპარაკობს როგორც ჰანტერ თომპსონი, პაპიროსიც მასავით აქვს გაჩრილი და ჰყვება, თუ როგორ ესმის მას ნახევრად გიჟი ჟურნალისტის ველური მოგზაურობა ამერიკის ოცნების გულში. ის ჰყვება ამერიკული ოცნების ნარჩენების ძიებაზე, უაზრო არსებობის შეცვლის სურვილზე, სურვილზე - იპოვო რაიმე, რისიც შეიძლება გწამდეს.

ფილმი მაგარი გამოვიდა. თუმცა, რატომღაც მასში არ არის ჩართული დამწვარი საგიჟეთის ეპიზოდი, რომელსაც წიგნის გმირები მოგზაურობის ბოლოს ამერიკული ოცნების მაგივრად პოულობენ...

1971 წელს, ჟურნალი Sports Illustrated ჰანტერ თომპსონს 250-სიტყვიანი რეპორტაჟის შეკვეთას აძლევს. ავანსი - 300 დოლარი, თემა - მოტოციკლეტისტთა ყველაზე დიდი შეჯიბრი MINT 400-ი. ამ დროს ის ჟურნალისტ რუბენ სალაზარის მკვლელობის საქმეს იძიებს. ინფორმაციის დასაცინცლად ჰანტერი ჟურნალისტის ადვოკატს - ოსკარ აკოსტას ნევადაში ეპატიჟება. მარიხუანას შენახვისთვის ამ შტატში 20 წლით სვამენ ციხეში, გაყიდვისთვის - სამუდამო პატიმრობაა. ჰანტერის მანქანის საბარგული ალკოჰოლით და ნარკოტიკებითაა გატენილი. ყველაზე, ყველაზე, ყველაზე წარმოუდგენელი თავგადასავლისთვის ბილეთი უკვე ნაყიდია. ასე გაჩნდა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე გამაოგნებელი ნაწარმოები, ეპოქალური რომანი - „შიში და ზიზღი ლას-ვეგასში: ველური მოგზაურობა ამერიკული ოცნების გულში“.

„მოგზაურობა ამერიკული ოცნების გულში უკანასკნელ გზას წააგავს, თითქოს მისტიკური რიტუალია. გინდა, რომ ნავით გაცურო სტიქსი, გაიარო ბრძოლის ველი ისე, რომ უკან არ მოიხედო, არ ინანო... უბრალოდ მაგრად შეკრა მუშტები და გზა განაგრძო. გმირები არც მათ ინდობენ, ვისაც გადარჩენის იმედი ჰქონდა, ვისაც LSD-თი გასხივოსნების სჯეროდა. მათ ყველაფერი თავზე დაამხეს „ერთ მუჭა ფრიკებს“, რომლებსაც სიცარიელის სჯერათ. მათი გულწრფელობით სული გეკვრება, გულში კი სიამაყე გეღვრება, მხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლებელია ასეთი ადამიანები არსებობდნენ. ისინი ოფლივით გამოყოფენ დაუფარავ მრისხანებას. არც საკუთარ თავს უფრთხილდებიან და არც სხვებს - მათ არ იციან, რა არის იმედი,“ - წერენ კრიტიკოსები მას შემდეგ, რაც წიგნი დახლებზე მოხვდება და მთელი ამერიკა შეშლილი დაიარება.

0x01 graphic

ამ ნაწარმოებით ამერიკულ და შემდეგ მსოფლიო ლიტერატურაში შემოიჭრა კოჭლი, მელოტი, პირმყრალი, მუდამ მზის ყვითელი სათვალის მიღმა დამალული ნახევრად შეპყრობილი დოქტორი გონზო.

GONZO

თომპსონს უნიკალური უნარი ჰქონდა, მას შეეძლო თავად ჩაძირულიყო მოვლენებში, პირად, სუბიექტურ გამოცდილებაზე დაყრდნობით მოეყოლა ამბები. საერთოდ არ ფიქრობდა თვითგადარჩენაზე, საზოგადოებრივ სტატუსსა და მსგავს სისულელეებზე, თავიდან ფეხებამდე ცხოვრების ქარცეცხლში ეხვეოდა, ყველაფერს რისკავდა რამდენიმე მაგარი აბზაცის დასაწერად და ყველას, ვინც წინ ეღობებოდა, შორს გაუშვებდა ხოლმე.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ჟურნალისტიკის საპატიო დოქტორი ხართ და პოლიციის სამმართველოების ყოველწლიური სამიტის გასაშუქებლად გაგაგზავნიან. სამიტის მთავარი თემაა - ბრძოლა ნარკოტიკების არალეგალურ ბრუნვასთან. შტატის ყველა პოლიციელი ერთ დარბაზში ზის. თქვენ კი ისე ხართ დაბოლილი, რომ ფეხზე ძლივს დგახართ, ხელში კი ნარკოტიკებით სავსე ჩემოდანი გიჭირავთ და რეპორტაჟისთვის მასალას აგროვებთ. აი, ასეთია გონზო.

„სავალდებულოა ნიჭი, ცოცხალი რეპორტაჟის ოსტატის უშუალობა, მხატვრის ან ფოტოგრაფის თვალი და რკინის კვერცხები,“ - წერდა თომპსონი. დოქტორი გონზო ვერ იტანდა „ნიუ-იორკ-ტაიმსისა“ და მსგავსი აკადემიური გამოცემების პროფესიონალ ჟურნალისტებს, რომელთა საეჭვო ობიექტურობასაც, როცა ამის შანსი მიეცემოდა, ყოველთვის წაკბენდა ხოლმე. „შეარჩიეთ ნებისმიერი დღე, ამერიკის ათ საუკეთესო ჟურნალისტს ჯგუფური ფოტო გადაუღეთ და თქვენ ადამიანური სიმახინჯის ძეგლს დაინახავთ,“ - დასცინოდა ავტორიტეტებს ყველაზე თავქარიანი ჟურნალისტი.

გონზო 2 - ეს ძალიან გულწრფელი, ანარქისტული ჟურნალისტიკაა, ჟურნალისტიკა წესების გარეშე. უკიდურესად სუბიექტური, თავხედური რეპორტაჟი, რომელიც ავტორისა და მისი გმირების პირისპირ შეხვედრის შედეგად ჩნდება. დოქტორი გონზო მასალების მოსაძიებლად პირდაპირ არუბის კონტრაბანდისტების ბუდეში და ბრაზილიის საროსკიპოებში დადიოდა, ლოთობდა და ბაიკერების ბანდებთან ერთად კალიფორნიაში დაძრწოდა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი შანსი ჰქონდა, ციხეში ამოეყო თავი ან თუნდაც მაგრად მიებეგვათ.

„მხატვრული გამონაგონი ყოველთვის რეალობას ეფუძნება, თუ მეზღაპრე არა ხარ, საიდანღა უნდა გაიგო ცხოვრების სიმართლე? კარგად უნდა შეისწავლო ის, რაზეც წერ... ბოლო წლების მანძილზე რაც ვიცოდი, მთელი ის სიმართლე რომ დამეწერა, დღეს ალბათ 600-ამდე კაცი (ჩემი ჩათვლით) ციხის გისოსებს მიღმა დალპებოდა, რიოდან სიეტლამდე. აბსოლუტური სიმართლე - პროფესიული ჟურნალისტიკის კონტექსტში ძალიან იშვიათი და საშიში რამაა,“ - წერს „როლინგ სტოუნზის“ ფურცლებზე.

დოქტორი გონზო ლუისვილში დოღის გასაშუქებლად ჩადის. რეპორტაჟის სახელია: „დერბი კენტუკიში - ზნედაცემული და გარყვნილი“.

ჰანტერ თომპსონი გამოუფხიზლებლად სვამს, ხან პეიოტლს ყლაპავს, ხან მარიხუანას ეწევა, იქაურ ნაძირალებს ესაუბრება და შეუჩერებლად წერს. მერე კარგავს ამ ჩანაწერებს, წერას თავიდან იწყებს, თანაც წერს ყველაფერზე, რაც ხელში მოხვდება - ქაღალდის ნაგლეჯებზე, ხელსახოცებზე. საბოლოო ჯამში, სტატიაში მხოლოდ გაკვრით ახსენებს ცხენებს, გამარჯვებულზე კი საერთოდ არაფერს ამბობს.

ერთ ხანს თომპსონი თავის მეგობართან - დენის მერფისთან ცხოვრობდა ბიგ სურიში, კალიფორნიაში. სახლი მერფის დედას ეკუთვნოდა. ეზოში აუზი იყო, რომელშიც გეებს უყვარდათ ჭყუმპალაობა. თომპსონიც ერთობა. გეებს აუზში დობერმანები მიუქსია, რისთვისაც მაგრად სცემეს. ჰანტერი კი კალამს იღებს და ჟურნალ „როუგში“ ახალი სტატია ჩნდება: „ბიგ სური - აგონიის ბაღი“, სადაც ყველაფერი დაწვრილებითაა მოთხრობილი. მერფის დედა თომპსონს სახლიდან აგდებს... ის კი თავის გზას განაგრძობს...

პოლიტიკური ეპატაჟი

1970 წელს ჰანტერ თომპსონმა კოლორადოს შტატის პიტკინის ოლქის შერიფის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა. გაუმარჯოს პროვოკაციას! გაუმარჯოს კიჩს და ღადაობას და ყველაფერ იმას, რაც შეურიგებელი უმცირესობის იარაღია. თომპსონის კანდიდატურა დაასახელა მოძრაობამ - Freak Power Uprising („შეშლილების ძალის ამბოხება“). ამ მოძრაობის წევრებს ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ: ნარკოტიკების ლეგალიზაცია და ასპენის სახელის Fat-City-ით შეცვლა. მთელ ქალაქში სარეკლამო პოსტერები გამოაკრეს თომპსონის ნაჯღაბნებით და რატომღაც იაპონელი გოგონას პორნოგრაფიული სურათებით. თომპსონის მეგობარი, ადვოკატი აკოსტა სატელევიზიო სტუდიაში ცრემლებს ღვრის და ხალხს აბოლებს, რომ ეს იაპონელი გოგონა მისი დაკარგული საცოლეა. სრული ქაოსი! დაბოლილებმა გადაწყვიტეს, რომ თომპსონს შერიფზე ნაკლები ბალანი უნდა ჰქონოდა და თავი გადაპარსეს. შერიფს ჰიპების საშინლად ეშინოდა. ჰოდა, თომპსონი თავის გამოსვლას შემდეგი სიტყვებით იწყებს: „ჩემი გრძელთმიანი ოპონენტი...“ გამარჯვებისათვის მხოლოდ 465 ხმა არ ეყო. ასეთი იყო შიზოფრენიული პასუხი „ამერიკულ ნარკოისტერიაზე“, რომელიც შტატებში ნარკოტიკების ხმარების მოულოდნელ აკრძალვას მოჰყვა.

ჰანტერ თომპსონი პოლიტიკურ ეპატაჟს სიცოცხლის ბოლომდე ვეღარ შეეშვება. ამერიკის ყველა პრეზიდენტი მისი პირადი მტერი ხდება. 1973 წელს ის, „როლინგ სტოუნზში“ გამოქვეყნებულ სტატიებზე დაყრდნობით, ახალ წიგნს აქვეყნებს: „შიში და ზიზღი: 1972 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ნაკვალევზე“, რომელშიც თავისი მწარე იუმორით დამცინავად აღწერს რიჩარდ ნიქსონისა და მისი ოპონენტის - ჯორჯ მაკგოვერნის საარჩევნო კამპანიას და აბუჩად იგდებს რესპუბლიკელებს, დემოკრატებს, ყველა გადამხდელსა და ამომრჩეველს. ყველაზე მეტად ნიქსონს უტევდა. ის სიცოცხლის ბოლომდე მის ნომერ პირველ მტრად დარჩა. ნიქსონის გარდაცვალების შემდეგ, 1994 წელს, თომპსონი პრეზიდენტის შესახებ „როლინგ სტოუნში“ წერს: „მას შეეძლო ერთდროულად შენთვის ხელიც ჩამოერთმია და, ამავე დროს, ზურგში დანაც ჩაერტყა. ის ადამიანი კი არა, ღორი იყო, პრეზიდენტი კი არა - უქნარა. ნიქსონი ისეთი მოჯღანული იყო, რომ დილაობით ტანსაცმელს მოსამსახურეები აცმევდნენ. დასაფლავებაც კი არალეგალური ჰქონდა. ამ ადამიანს სიყალბე ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი. მისი ცხედარი ნაგვის ყუთში უნდა დაგვეწვა.“

ჯოჯოხეთის ანგელოზები

ჰანტერ თომპსონის სულ პირველი შედევრი „ჯოჯოხეთის ანგელოზები“ ჯერ კიდევ 1965 წელს დაიწერა. ეს წიგნი ამერიკული საზოგადოების ყველაზე ბნელ, სასტიკ, გარყვნილ, უცნობ და გამაოგნებლად უცხო მხარეზე მოგვითხრობს. ჰანტერ თომპსონი ამერიკის ფსკერზე დაეშვა და ამერიკული კონტრკულტურის, ბაიკერების, როკერების, კანონგარეშე დარჩენილი ახალგაზრდების ცხოვრება აღწერა. მან თავისი „კვლევებისთვის“ ყველაზე ექსტრემალური დაჯგუფება -„ჯოჯოხეთის ანგელოზები“ შეარჩია. მათთან ერთად ცხოვრობდა და დახეტიალობდა.

კრიტიკოსები წერდნენ: „მან ფეხებზე დაიკიდა ეგრეთ წოდებული ობიექტური ჟურნალისტიკა და, ფაქტების აღწერის ნაცვლად, დაიწყო წერა იმაზე, თუ რას ნიშნავდა ეს ხალხი მისთვის, როგორ შეცვალეს ამ ადამიანებმა მისი ცხოვრება. წიგნი საკუთარი პრიზმიდან დანახულ რეალობაზე ააწყო და, მიუხედავად ამისა, მაინც შეძლო თავისებურად ობიექტური დარჩენილიყო.“

ჰანტერი ახლაც ისევე მოიქცა, როგორც მანამდე იქცეოდა და გააკეთა ის, რასაც აკეთებდა მთელი ცხოვრება. პრობლემებში თავით გადაეშვა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ გაეგო „ცხოველთა უმდაბლესი ფორმის“ და „ბინძური ბანჯგვლიანი მოძალადეების“ არსი, არამედ იმიტომაც, რომ თვითონვე ჩასწვდომოდა მოვლენის შინაარსს.

ბაიკერების ბანდებს განადგურების და თვითგანადგურების წარმოუდგენელი მუხტი მოჰქონდათ. და თომპსონიც მათთან გაეშურა, მათ ბუნაგში შეძვრა და ყველაფერი, რაც დაინახა, მთელ ამერიკასაც აჩვენა. ახლოდან ეს ისტორია კიდევ უფრო ჩახლართული აღმოჩნდა. მთელი ეს სექსუალური სიგიჟე, ანარქია და, ამავე დროს, ფაშისტური ანტურაჟი, ყველანაირი დაწერილი, დაუწერელი, მორალური კანონების სრული იგნორირება, ეს იყი პასუხი, რომელიც მათ გახრწნილ ამერიკულ საზოგადოებას გასცეს. „ჯობია ჯოჯოხეთში მრძანებლობდე, ვიდრე სამოთხეში მოსამსახურე იყო,“ - ეუბნება ბაიკერების ლიდერი თომპსონს. თომპსონი კი წერდა: „ისინი ვერ ხედავენ ნაკისრი როლის მთელ ირონიას... ანგელოზები - რწმენის მოხეტიალე რაინდები, იმ რწმენისა, რომლისგანაც დიდი ხანია მოკვეთილები არიან. ისინი პირველები აღმოჩნდებიან იმ ადამიანებს შორის, ვისაც იზოლირებას გაუკეთებენ, ციხეში ჩასვამენ ან გააგორებენ, თუკი ხელისუფლებაში ის პოლიტიკოსები მოვლენ, რომლებსაც, როგორც მათ ეჩვენებათ, ეთანხმებიან.“ ეს იყო ტრაგიკული ირონია. თომპსონი კვალზე დამდგარი ძაღლივით სულ უფრო და უფრო ღრმად იძირება ამ ყველაფერში. „საზოგადოებამ თითქოს ადამიანური ჩირქი გამოყო - ადამიანები, რომელთათვისაც ამა თუ იმ მიზეზით მიუწვდომელია ამერიკული ოცნება და რომლებიც, თავის მხრივ, იმ საზოგადოებასთან ცდილობენ დაახლოებას, რომელმაც ისინი განდევნა და სანაგვეზე მოისროლა.“

ბაიკერებზე ჩანაწერებს მოჰყვა ჯერ ავტორის ჩაძირვა უცხო და თავზარდამცემ სამყაროში, მერე - გიჟური რეპორტაჟი და ბოლოს კი - წიგნი. თომპსონი ანგელოზებთან ერთდ მოგზაურობს, ლოთობს და ორგიებში მონაწილეობს. ჰანტერს ისინი კენ კიზისთან, რანჩოზე ლა ჰოდაში მიჰყავს, რომ ბიტნიკების, ჰიპების და ექსპერიმენტატორი ჟურნალისტების წრეში, „მჟავის ტესტი“ ჩააბარებინოს. თომპსონი თითქოს მისთვის საკვლევ ადამიანურ მასალას სხვადასხვა უცხო სისტემებში სწავლობს. მკაცრი იუმორი აქვს, ხიფათი ფეხებზე ჰკიდია, ჰანტერი წინ ბლოკნოტით და მაგნიტოფონით მიდის... ისე მოქმედებს, თითქოს სამხედრო კორესპონდენტი იყოს. და როცა რაღაც გაუგებრობის გამო 1966 წელს ჯოჯოხეთის ანგელოზებმა თავ-ყბა გაუერთიანეს, ამ ინციდენტს „ტრაკში პანღური“ უწოდა.

ბუ და ღორების თაობა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამყაროში, რომელიც ყველა დიდმა მოთამაშემ დატოვა. ბიტნიკების, ჰიპების, ჯოჯოხეთის ანგელოზების, მეამბოხე ნარკომანების, ექსპერიმენტებისა და თავისუფლების დრო წარსულს ჩაბარდა. სისტემამ ძალაუფლება აღიდგინა. პოლიტიკოსებმა და „ობიექტურმა“ ჟურნალისტებმა მთავარი როლები დაიბრუნეს.

„თავისუფლება მაშინ კვდება, როდესაც ის აღარ არის საჭირო,“ - ამბობს თომპსონი და 70-იანი წლების მიწურულს საბოლოოდ გადადის საცხოვრებლად ვუდ კრიგში, თავის ფერმაში, რომელსაც გამაგრებულ ბანაკს ეძახის და სახელად „ბუ“-ს დაარქმევს. იქ ფარშევანგებს მოაშენებს და იარაღის კოლექციის შეგროვებას, ლოთობას, ნადირობასა და რაღაც-რაღაცეების წერას განაგრძობს.

„ვიღაცეები ჩემზე ჭორაობენ. ამბობენ, თითქოსდა პულსის გარეშე დარჩენილ ხვლიკს დავემსგავსე. ჰა, მართლა ეგრეა?.. ღმერთმა უწყის... ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ 27 წელზე მეტ ხანს ვიცოცხლებდი. დღემდე მიკვირს ეს ამბავი, ისევე, როგორც ეს ემართება ნებისმიერ ადამიანს, უცებ რომ აღმოაჩენს, რომ თურმე ისევ ცოცხალია.“

ჟურნალისტების და პოლიტიკოსების წყალობით, რიგითი მოქალაქეების თვალში თომპსონი ნელ-ნელა საფრთხობელას, ბებერ მთვარეულს, ფსიქოპათს, დეგრადირებულ პიროვნებას ემსგავსება, რომელიც თავისი სოროდან მარტო ლუდის დასალევად ან ახალი სკანდალების საძებნელად თუ გამოძვრება. გაზეთებში იწერება სტატიები სათაურებით: „ამ არანორმალური მანიაკის შეჩერება მხოლოდ ატომური ბომბით თუ შეიძლება“, „ის ფაქტი, რომ ჰანტერი ისევ თავისუფალია, ამერიკული საკანონმდებლო სისტემის ნაკლოვანებას ამტკიცებს.“

ოთხმოციანი წლების ბოლოს თომპსონი ისევ ბევრს მოგზაურობს, თამაშობს, ფსონებს დებს პოლიტიკოსების შანსებზე, აშუქებს პოლიტიკას, უამრავ ადამიანს ხვდება, მიმომხილველებს, რედაქტორებს, მხატვრებს, მწერლებს, ჟურნალისტებს, კინემატოგრაფისტებს და სწორედ ბუშის არჩევნების წინ ახალ წიგნს უშვებს: „ღორების თაობა“.

აქ ყველაფერი ერთადაა: მოგონებები ტრუმენზე, ფარშევანგების მოშენება საკუთარ ფერმაში, კორუფცია, ვეშაპების განადგურება, მთვრალი ჩინოვნიკის აბუჩად აგდება, აპოკალიფსური წინათგრძნობები, არასრულწლოვანთა გაუპატიურებისა და გარყვნის ფაქტები, CIA-ის საიდუმლო ოპერაციები ერაყში, გათახსირებული ჟურნალისტები, მარკოსი და ფილიპინები, ლიბანი და კადაფი, რეიგანი და გორბაჩოვი, ჩერნობილი, ძაღლების ბრძოლა, ციხეები, პორნოინდუსტრია, ჩხუბი და პოლიტიკა, პოლიტიკა, პოლიტიკა... და ეს ყველაფერი იმ ადამიანის თვალითაა დანახული, რომელიც ისევ ეთამაშება ცხოვრებას, რომელიც არ ნებდება დაღრეცილ სამყაროს, სავსეს დაღუპული სულებით, რომლებსაც ერთადერთი რამ ამოძრავებთ - მეტი ფული, სურვილი „გახდნენ უფრო პოპულარულები, ვიდრე იესო“ და სუფთა კოკაინი.

დოქტორ ჰანტერ თომპსონის გიჟური ჩანაწერები იმ შეშლილი სამყაროს გაგრძელება გახდა, რომელშიც ეს აზრები დაიბადა და რომელსაც ის მიმართავდა. ამ ყველაფერზე რომ დაწერო, მართლაც ჭკუიდან უნდა შეიშალო, ეს რომ წაიკითხო, ამ სიგიჟის ნაწილი უნდა გახდე.

„შესაძლოა ჩემი მსჯელობა უბრალოდ უაზრო ყბედობაა, მთვრალი და ზარმაცი ველურის ავადმყოფური წარმოსახვის შედეგი, რომელსაც გული ზიზღით აქვს სავსე; ველურისა, რომელმაც მოახერხა ეცხოვრა იქ, სადაც ნამდვილი ქარი დაქრის. ღამისთევა, გართობა, ვისკის სმა, ცარიელ ქუჩებში გიჟივით სირბილი, მანამ, სანამ სულში სულ ორი რამ არ დარჩება: სიყვარულის წინათგრძნობა და გზა.“

90-იანი წლების დასაწყისში აშშ-ის ხელისუფლებამ ამერიკული საზოგადოების რეპუტაციის მორიგი „წმენდა“ დაიწყო. ჰეი, მანდ, აბა, ვინ დარჩით ცოცხლები? ბეროუზი? კობეინი? ლირი? მენსონი? ჰანტერ თომპსონი? თუ უკვე აღარავინაა ისეთი, ვინც ახალ ამერიკულ ოცნებას გზაზე გადაეღობება?

ხელისუფლება ცდილობს, თომპსონი ციხეში ჩააყუდოს, საამისო საბაბს ეძებს, ათეულობით ბრალდებას (მთვრალ მდგომარეობაში მანქანის მართვა, ჩხუბი, ნარკოტიკების მოხმარება..) წაუყენებენ. სასამართლოს არც ერთი ბრალდება არ მიუღია მხედველობაში. თომპსონი გაამართლეს. საპასუხოდ ის საკუთარი სასამართლო პროცესის შესახებ ახალ წიგნს წერს - „განწირული სიმღერა“.

„ხომ უნდა არსებობდეს რაღაც, რაც დაგიცავს სახელმწიფოს თვითნებობისგან, ჩხრეკისგან და შენი საკუთრი ცხოვრების კონფისკაციისგან. რა თქმა უნდა, შეიძლება ვთქვათ, რომ მთელი ამ მძღნერისთვის ტეხასელი ბუშების ოჯახს უნდა ვუმადლოდეთ, მაგრამ ამის თქმა ყველაფრის ძალიან გამარტივებას ნიშნავს. ბუშები მხოლოდ მარიონეტები არიან, იმ გახრწნილი, სისხლისმოყვარული კარტელისა და შეშლილი მდიდარი მაგნატების მარიონეტები, რომლებიც ქვეყანას უკვე 20 წელია მართავენ და უნდათ, რომ კიდევ 200 წელი იმავე სულისკვეთებით გააგრძელონ,“ - ძველებურად ულმობელია თომპსონი ინტერვიუებში.

ჰანტერ თომპსონმა, ნიქსონის მსგავსად, ჯორჯ ბუშსაც მაგრად შეუტია... დოქტორი გონზო პრეზიდენტს „ხელმოცარულ სულელს“ ეძახდა. „შეერთებული შტატები გაბანკროტდა, ჩვენ ვაგებთ უაზრო, ტყუილებით სავსე და ბინძურ ომს ერაყში. მთელ მსოფლიოს ვეზიზღებით და ყველა დაგვცინის, ერთი მუჭა კორუმპირებული ბრიტანელების გარდა. ჩვენ წაგებულები ვართ - ეს კი ერთადერთი ცოდვაა ამერიკაში, რომელიც არავის ეპატიება.“

ჰანტერის მეგობრები ამბობენ, რომ დოქტორი ყველაზე მძიმე დეპრესიაში მას შემდეგ ჩავარდა, რაც ბუში პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. ამის მერე ის უკვე დაუფარავად საუბრობდა თვითმკვლელობაზე და თან სულ თავის პისტოლეტს აპრიალებდა.

უკანასკნელი მოგზაურობა

ვინც საკუთარ თავს დაძლევს, ის არსებობის ტკივილისგან განთავისუფლდება.
ჰანტერ თომპსონი

თვითმკვლელობის დღეს დოქტორი გონზო შინ მარტო ყოფილა. მისი ქვრივი ანიტა, რომელიც გასროლამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე გასულა სახლიდან, იგონებს: „ჰანტერისთვის, როგორც პოლიტიკური სვლების დიდოსტატისთვის, კონტროლის იდეის ერთგული ადამიანისთვის, სრულიად ნორმალური იყო თავისი სიცოცხლე თავისივე გრაფიკით დაესრულებინა; საკუთარი ხელით, რათა საკუთარი სიკვდილი ბედისწერის, გენეტიკის ან შემთხვევითობის ძალაუფლების ხელში არ ჩაეგდო. ის მებრძოლი იყო.“

ჰანტერ თომპსონმა საკუთარი დასაფლავების დაწვრილებით ინსტრუქცია დატოვა. მისი ფერფლი ქვემეხიდან გაისროლეს ფეიერვერკების თანხლებით. ამ ქვემეხების კონსტრუქცია რალფ სტედმენმა თომპსონის ხელმღვანელობით მისივე სიცოცხლეში დახატა. ეს გახლდათ 50 მეტრის სიმაღლეზე აღმართული მუშტი, რომელსაც ერთის ნაცვლად ორი ცერა თითი აქვს. დოქტორის დაკრძალვის ცერემონიალი ზუსტად ისე ჩატარდა, როგორც ეს მის გეგმაში იყო მითითებული.

რალფ სტედმენმა ჰანტერის სიკვდილიდან 2 დღის შემდეგ თავის საიტზე ასეთი ჩანაწერი გააკეთა: „ჯერ კიდევ გონს ვერ მოვსულვარ. თითქოს ახლაც ჰანტერს ველაპარაკები, ის კი მეუბნება: შენ იცოდი, რომ მე ამას ვაპირებდი. ასე რომ, ერთადერთი კითხვაღა რჩებოდა - როდის? ჩემი დრო მოვიდა, რალფ, შენ კი მიდი და გაერკვიე. ჩემს მერე ქვა ქვაზეც აღარ დარჩენილა. შენ რა გეგონა, ადვილი იქნებოდა? ძალიან კარგად იცოდი, რასაც აკეთებდი, როცა ბილეთს ყიდულობდი. დაიმახსოვრე - შეშლილი არასოდეს კვდება. ჯერ კიდევ 25 წლის წინ მეუბნებოდა, რომ არ ვიცოდე, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია თვითმკვლელობით დავასრულო სიცოცხლე, თავი ხაფანგში მეგონებოდა გამომწყვდეულიო. არ ვიცი, ეს სისულელეა თუ სიმამაცე, მაგრამ ეს გარდუვალი იყო. თუ ამით გაერთეთ - OK. თუ გეჩვენებათ, რომ ეს გაგინათებთ გონებას - ეგრე იყოს. ასე უკეთესიც კია. თუ იმაზე ფიქრობთ, სად მოხვდა, ჯოჯოხეთში თუ სამოთხეშიო - დარწმუნებულები იყავით, ორივეგან შეივლის, მერე გაარკვევს, სადაა რიჩარდ ნიქსონი და იქით წავა. ვერასდროს იტანდა მოწყენილობას. მაგრამ იქ კიდევ უნდა იყოს... ფეხბურთი და ფარშევანგები.“

[1] იყიდე ბილეთი და გაუდექი გზას.

[2] გონზო ირლანდიური წარმოშობის ბოსტონელების სლენგია. გონზო ისაა, ვინც ყველაზე ბოლოს თვრება. ასევე, გონზო პორნოფილმების გადაღების ტექნიკაა, როდესაც ერთ-ერთი მსახიობი ოპერატორია. გონზო გიჟურს, აბსურდულს, უცნაურს, სულელურსაც ნიშნავს.

12 MADONNA MIA

▲ზევით დაბრუნება


ესეი

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

Everybody get up and do your thing
Come on, take a chance
Get up and dance
Let the DJ shake you.
Everybody, Madonna, 1982

ეს მადონა ლუიზა ჩიკონეს პირველი სიმღერაა. ისე რა სიმღერა. ის იმით თუა მნიშვნელოვანი, რომ პირველი იყო. მანამდე კი ერთი პატარა გოგო ბეი სიტიდან გაიქცა მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ მსოფლიო დაეპყრო, და დაიპყრო კიდეც.

ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. აგვისტოში, როცა პოპის დედოფალს ნახევარი საუკუნე შეუსრულდა და მისი ტრფიალნი ამ ამბის ზარ-ზეიმით აღნიშვნას გეგმავდნენ, საქართველოში არავის ემადონებოდა. წესით, არც ახლა გვაქვს საქმე მთლად სახტუნაოდ, მაგრამ ჩემი ხალხის მოკლე მეხსიერების გათვალისწინებით - სადაც ყველგან რუსულ სიმღერებს აბღავლებენ, პოპის დედოფალმა რა დააშავა? - მაინც გამოვხატოთ ჩვენი მოკრძალებული პატივისცემა ქალის მიმართ, რომელიც ან ძალიან ეჯავრებათ, ან ძალიან მოსწონთ, რომლის შესახებაც ან დიდ საძაგლობებს წერენ, ან აღფრთოვანებულ გამოძახილებს. სინამდვილეში არავინ იცის, როგორი გოგოა ქალი-ეპოქა, მადონა. ის ყველას თავისი ჰყავს. მე - ჩემი.

წარმოიდგინეთ: ნიუ იორკის პატარა ღამის კლუბი, ალბათ, მალე გათენდება, და დარბაზში დიდი ქალაქის ყველაზე თავდადებული ფარვანებიღა რჩებიან. წარმოიდგინეთ, რომ საცეკვაო მოედანზე მხოლოდ ერთი ქალია, მოქნილი, დაკუნთული, უნაკლოდ მოცეკვავე, მარტოხელა და წარმოუდგენლად მიმზიდველი. ცეკვავს მადონა - ერთადერთი და საუკეთესო, სექსუალური და გონიერი, კახპა და ქალწული, ფეტიში და დედა, ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც თანაბრად სასურველი. მას მხოლოდ ოთხი წუთი აქვს იმისთვის, რომ დედამიწა გადაარჩინოს. მადონა ცეკვავს - ესე იგი, გულიც გვიცემს, ოფლი გვდის, ლაკრუას კაბა კვლავაც გვადგას ტანზე, კუნთები კვლავაც მუშაობს, - მაშ, ნახევარი საუკუნე არაფერია, ცხოვრება მხოლოდ იწყება და მადონასნაირ გოგოებს ნამდვილად შეუძლიათ სამყაროს გადარჩენა.

პირველად მადონა როცა ვნახე - ტელევიზორში, ისე ვინ მომცა - მას ქერაზე ქერა თმა ჰქონდა და კორსეტი ეცვა, კაცმა რომ თქვას, სრულიად იდიოტური, მაგრამ გოტიე. ცხადია, მომეწონა, მაგრამ მაშინ სხვა მუსიკას ვუსმენდი, სხვა კერპები მყავდა - და, როგორც ახლა ვხვდები, ძალიანაც მივქარავდი. პატრონი არ მყავდა, არავინ მითხრა, რომ მატერიალური გოგოები ბევრად უფრო მაგარი გოგოები არიან, რომ კარგი გოგოები ზეცაში ხვდებიან, ცუდები კი - სადაც გაუხარდებათ. არ ჯობდა, მეც ჩამეცვა მაისური წარწერით Virgin, მეც გამომეჩინა ქამრისსიგრძე კაბიდან თეთრი ბადე-წინდები, მეც შემეღება თმები სწორედ იმ ფერად, რომელიც ყველაზე ნაკლებად მიხდება? იქნებ მეც გავმხდარიყავი ისეთი, როგორიც ჩემი ქალბატონია: მედგარი, თავდაჯერებული, აგრესიულად სექსუალური... გული მწყდება, რომ თავის დროზე მისი თაყვანისმცემელი არ ვიყავი - ეგებ, სულ სხვანაირად, ბევრად უკეთ წასულიყო ჩემი ცხოვრება, ცოტა მადონასნაირად.

მე ვიქნებოდი ძლიერი და მიზანსწრაფული, ზუსტად მეცოდინებოდა, რა მინდა, და იმას ვიტყოდი და ვიზამდი, რაც მენდომებოდა. თუ მარცხს განვიცდიდი, მადონა თავდაჯერების ლექციებს წამიკითხავდა. თუ მეგონებოდა, რომ ფუჭი ვარ, მადონა მომიყვებოდა, რომ ეს სრული სისულელეა. გამოვიდოდა ალბომი Like a Prayer და მეც შევიცვლიდი იმიჯს - ყურში შავ ჯვარცმას გავიყრიდი, ყელზე მარგალიტის მძივს დავიხვევდი...

მე არ ვუსმენდი მადონას - და მეტყობა. სანამ ინტელექტუალი სახით მარადიულ სიყვარულს და სრულ სიმშვიდეს ვეძებდი, მადონამ 1985 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში პირველი ტურნე გამართა და ჟურნალ Time-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით Madonna Rocks the Land. რედაქცია მშობლებს მოუწოდებდა, მათთვის სრულიად გაუგებარი „მადონა-ისტერია“ არად ჩაეგდოთ და თავიანთი ქალიშვილებისთვის ტყუილად არ აეშალათ ნერვები.

მაგრამ მე ეს არ მეხებოდა. ჩემი ფსიქოდელიური წიაღსვლების გადამკიდეს, სულ არ მახსოვდა ეს მატერიალური გოგო, სანამ არ გამოვიდა სინგლი ამ შემთხვევაში სიმბოლური სახელწოდებით Justify My Love.

0x01 graphic

„ვა!?“ ვიფიქრე მე.

„ჰმ!?“ - დამცინა მადონამ.

მან თავის ალბომებს Erotica და Bedtime Stories დაარქვა. მან გამოსცა ალბომი Sex და თავისი მწვრთნელისგან დაორსულდა. მერე დედობრივი სიყვარულის დიდება იგალობა და იუდაიზმში გადავარდა, მერე დაწერა საბავშვო წიგნები, რომლებიც ძალიან მომწონს, და ითამაშა ფილმებში, რომლებიც არ მომეწონა. ვკითხულობდი მის ინტერვიუებს, თვალს ვადევნებდი მისი იმიჯების ცვლას - ჭუჭყიანი კახპები და სევდიანი გეიშები, კოვბოის ქუდები და ელეგანტური კაბები - და ყველა მომწონდა. ის ლაპარაკობდა ათასგვარ სისულელეზე - ბავშვების აღზრდაში ტელევიზორის მიერ მიყენებულ ზიანზე და მაკრობიოლოგიური კვების უპირატესობებზე. ის სულ თამაშობდა - და დიდებულად. სადღაა მაიკლ ჯექსონი, საკუთარი თავის კარიკატურა? ვიღას ახსოვს პრინცი, ერთი-ორი ნოსტალგიური ფრიკის გარდა? მადონამ მთელი თაობა უკან მოიტოვა და იმღერა:

When the lights go down
And there is no one left
I can go on and on and on.
ეგრე, ჩემო გოგო!

როგორც ჩანს, მისი ცხოვრების მამაკაცები შეშფოთდნენ, რომ მათაც უკან მოიტოვებდნენ, და აი, გაი რიჩიმ ბრძანა, მადონა სექსსიმბოლოს როლისთვის მეტისმეტად მოხუცდაო, და ვარსკვლავების წყვილის „კეთილისმსურველები“ განქორწინებისა და ახალი სიყვარულების შესახებ ჭორაობენ. მადონას უმცროსი ძმა, რომელიც მეტი არაფრად ვარგა, სატელევიზიო შოუებში საყვარელ დაიკოზე ჰყვება, საკუთარ თავზე უზომოდ შეყვარებულია და პატივმოყვარეობა ჭამსო. მავანთ ჰგონიათ, რომ პოპ-დედოფალს გვირგვინი ავის მომასწავებლად უცურდება თავიდან - ნურას უკაცრავად! მადონა ხარობს.

დიახ, ორმოცდაათი წლისაა - გშურდეთ! ნახეთ ბოლო ტურნე?

მერე?

ვიღაც პაპარაციმ მადონა ფსიქოთერაპევტთან მიმავალი გადაიღო და ამაყი იყო, მადონას დამიხედეთ, რა ფერმკრთალი და დაღლილიაო, და რამდენიმე კვირის თავზე დაღლილმა გოგომ მსოფლიო ტურნე, Sticky & Sweet დაიწყო. დიდი იმედი მაქვს, რომ ბოღმა ხალხის გულის გასახეთქად, 60 წლისაც ივ სენ ლორანის კაბაში იცეკვებს, რომ სამოცდაათისა კვლავ მოასმენინებს უზარმაზარ დარბაზებს Like A Virgin-ს და ისევ ისე მოიქცევა, როგორც პირველი გამოსვლის დროს - ცუდად.

არ გჯერათ? თავად განსაჯეთ: გასულ წელს მადონამ ფირმა Warner-თან კონტრაქტი შეწყვიტა და Live Nation-თან დაიჭირა საქმე, და ხელშეკრულების თანახმად, მომავალი ათი წლის განმავლობაში სამი სტუდიური ალბომი უნდა ჩაწეროს და ოთხი ტურნე გამართოს. წარმოგიდგენიათ, რაებს ჩაიდენს?

1985 წელს, პირველი ტურის დროს, მადონას ყოველი კონცერტის ბოლოს, სიმღერის დამთავრების მერე ქრებოდა შუქი და მამაკაცის ხმა მადონას მოუწოდებდა:

Madonna, get down off that stage this instant!

მადონა პასუხობდა:

Daddy, do I hafta?

გოგომ მამას არ დაუჯერა და თავისი 50-ე დაბადების დღის აღსანიშნავად ამერიკული HipHop და R&B პროდიუსერებთან ერთად ჩაწერა რიგით მეთერთმეტე ალბომი, Hard Candy, რომლის სახელწოდებაც სლენგზე არცთუ უწყინარია, ამიტომ არ ვთარგმნი. Hard Candy კარგი საცეკვაო, კარგი სახტუნაო, ძალიან თავხედური ალბომია, მარადიული ახალგაზრდობის და დიდი ძალაუფლების სადიდებელი.

რა უნდა ქნა, როცა მხოლოდ ოთხი წუთი გაქვს დარჩენილი? რა უნდა ქნა, როცა ოთხი წუთის მერე სამყაროს დასასრული დაიწყება? მე არ ვიცი. მადონას სცოდნია. ერთ ინტერვიუში ბრძანა: „თუკი სამყარო უნდა გადავარჩინოთ, ცოტა სასიამოვნოდ გადავარჩინოთ, რომ ჩვენც გვესიამოვნოს, ასე არ აჯობებს? ამიტომ სიმღერა დავწერე და არა მოხსენება.“

რას ცეკვავს! ძნელი წარმოსადგენია, რომ მისი შემყურე მშვიდად იჯდეს სავარძელში - რას ცეკვავს! საქმეც ესაა - უნდა იცეკვო.

მადონა ქარბორბალაა, ტრიალებს, გორავს, ხტის, და მისი პარტნიორი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, რომელიც ისევე, როგორც საკულტო პროდიუსერი, ტიმბელენდი, თავად აირჩია, მის კვალსაა ადევნებული, კვალს ქალისა, რომელიც მასზე ლამის სამი ათწლეულით უფროსია. ისინი ფანჯრებში ძვრებიან, ლოგინში გორავენ, ერთიმეორეს სამრეცხაოში აწყდებიან, სუპერმარკეტის ტალანებში დარბიან, მანქანის უკანა სავარძელზე კოცნიან ერთმანეთს და მანქანების სახურავებზე ცეკვავენ. ძნელი დასაჯერებელია, რომ ამით მსოფლიოს გადაარჩენენ, მაგრამ რა ვიცი, რა ვიცი...

„პანღურს ამოგკრავთ - და გეამებათ,“ დაგვპირდა მადონა, და ამ ვიდეოს შემყურე კარგად მივხვდი, რაც იგულისხმა: ადექი, რამე გააკეთე, გაინძერი და რამე გაანძრიე! რადგან კარგი არაფერი მოხდება, თუ შენ არ მოახდენ.

0x01 graphic

0x01 graphic

აპოკალიფსი არის შავი ჭირი, გოგირდი, ცეცხლი და შავი მხედრები, და მადონასთანაც ბევრი შავია: ლაქის ჩექმები, კულისები, უზარმაზარი საათი, რომელიც ულმობლად წიკწიკებს: ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ... ოთხმოციანი წლების ფანტასტიკური ფილმის ესთეტიკა. „მე მინდოდა, რომ ჩემი ხმა გაეგონათ,“ თქვა მადონამ, როცა ჰკითხეს, მოცეკვავე ქალს სიმღერა რამ მოგანდომაო, „და ამიტომ ხმა ავიმაღლე.“ ხმა აიმაღლა, თან როგორ!

0x01 graphic

პირველად - 1989 წელს, როცა გამოვიდა Like A Prayer. მართლმორწმუნე კათოლიკე გოგომ იკითხა, რა კავშირია რელიგიასა და ეროტიკას შორისო. ის საკუთარ ხელებზე ილოკავდა მაცხოვრის ჭრილობებს, მოპარპალე სანთლებს შორის ურცხვად ცეკვავდა და საბოლოოდ მამაკაცს დანებდა, რომელიც აშკარად იესო უნდა იყოს. გოსპელის გუნდი ორაზროვნად მღეროდა: I'm down on my knees. I wanna take you there.

ჰოდა, მსოფლიო აყვირდა: სექსი იესოსთან? მსოფლიო ისე ყვიროდა, რომ მადონას ხმა ყველამ გაიგონა.

აი, მესმის!

4 Minutes-ის გამოც ბევრს ყვირიან. მეტისმეტად სერიოზული თემაა - სამყაროს აღსასრული. ჰაერი დაბინძურებულია, წყალი მოწამლულია, რესურსები ამოწურულია და, მადონას თქმით, თორმეტს ხუთი აკლია, ვაი, უკვე ოთხი აკლია! ჰა, გაინძერით, რამე გაანძრიეთ, დაძარით, თორემ მოვიდა, მოვიდა - ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ!

მგონი, მართლა ოთხი წუთი დარჩა, თორემ ვის გაუგია, ქალი იმისთვის აითვალწუნო, რომ კარგად გამოიყურება, კარგად ცეკვავს და გეუბნება, გაინძერიო.

ჩემმა ქალბატონმა მადონამ სამყარო ცოტა მაინც გადაარჩინა.

ისე, როგორც იცოდა.

მე მგონი, ძალიან ლამაზად.

ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ.

13 მომავლის ისტორია შეუცნობელი რეალობის პიონერი

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: დავით მაკარიძე

0x01 graphic

„ყველაზე საშიში კაცი ამერიკაში,“ - ასე მოიხსენიებდა მას პრეზიდენტი ნიქსონი. სიცოცხლის ბოლომდე ის ალტერნატიული კულტურის აღიარებული სულიერი ლიდერი იყო. მიაჩნდა, რომ ადამიანმა ისწავლა ტვინის იმ მონაკვეთების საკუთარი ნებით გააქტიურება, რომლებიც პასუხს აგებენ ფილოსოფიურ კვლევაზე, მეცნიერულ ცნობისმოყვარეობაზე, ფიზიკური შეგრძნებების სიმძაფრეზე, ჰედონისტური ცხოვრების წესზე, იუმორზე, ქაოტურ ეროტიზმზე, ეკოლოგიურ აზროვნებასა და უტოპიურ სოციალურ ერთიანობაზე. პერსონალური კომპიუტერები, საინფორმაციო ერა და ინტერნეტი მისი პლატფორმა გახდა, რომლითაც ის მოუწოდებდა ადამიანებს, საკუთარ ცხოვრებაზე დაფიქრებულიყვნენ და დაესვათ კითხვები ხელისუფალთათვის. მას შემდეგ, რაც ის კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა გაიტაცა, ესალენის ინსტიტუტის თანადამფუძნებელმა რიჩარდ პრაისმა აღნიშნა: „მე არ გამიკვირდება, თუ ტიმ ლირის გამო კომპიუტერებს აკრძალავენ“.

„საკუთარი ცნობიერების გაფართოების თავისუფლება თითოეული პიროვნების ისეთივე უფლებაა, როგორც სიცოცხლისა და ნებისმიერი სხვა უფლება, აღნიშნული ადამიანის უფლებების დეკლარაციაში!“ - ტიმოთი ლირი.

მშობლები ტიმოთის ხან მქადაგებლად ამზადებდნენ და ხან - ოფიცრად; არაფერი გამოუვიდათ, თუმცა იეზუიტური კოლეჯის გამოცდილება და აღმოსავლელი ფილოსოფოსების ქმნილებებით ჰაუპტვახტში მრავალთვიანი ჯდომა, საბოლოო ჯამში, გამოადგა. ის ბოლოს და ბოლოს მაინც მქადაგებელი გახდა და გაიარა მეომრის მისტიკური გზა, რომელიც, კასტანედას მსგავსად, ტიმოთი ლირიმაც მექსიკაში დაიწყო.

„უეცრად ვიგრძენი, რომ სილამაზე და სიმახინჯე, წარსული და მომავალი, ღმერთი და ეშმაკი ჩემი ცნობიერების მიღმა, მაგრამ ჩემში იმყოფებიან. რამდენიმე საათში მე უფრო მეტი გავიგე ადამიანის გონების მუშაობის შესახებ, ვიდრე პროფესიონალური პრაქტიკის დროს, თხუთმეტი წლის განმავლობაში,“ - ასე აღწერს ის თავის პირველ შეხებას ამერიკელი ინდიელების ავთენტიკურ სულიერ კულტურასთან.

ტიმოთი ლირის აზრით, დასავლელი ფსიქოლოგები ცდებოდნენ, როდესაც თავის ყურადღებას აპყრობდნენ ფსიქიკის გარე გამოვლინებებს და ზურგს აქცევდნენ შინაგანი სამყაროს კვლევას, რომელიც აღმოსავლური ფილოსოფიის კვლევის საგანს წარმოადგენს.

სამეცნიერო მოღვაწეობის პარალელურად ლირი ფსიქოდელიურ სესიებს აწყობდა ჰიპებთან ერთად. ინდუისტური საგალობლების ფონზე თეთრებში ჩაცმული ლირი აცხადებდა: Turn on, tune in and drop out! („ჩაერთეთ, განეწყვეთ, ამოვარდით სისტემიდან!“)

0x01 graphic

ბიტნიკებმა, ბურჟუაზიული სიბინძურისაგან ცნობიერების განთავისუფლების ამერიკელმა მებრძოლებმა - გინზბერგმა, კერუაკმა, ბეროუზმა, კესტლერმა, - ახალი ფსიქოდელიური ერის წინასწარმეტყველს მხარი დაუჭირეს. განსაკუთრებით ახლოს მასთან კენ კიზი, დემოკრატიის ეპოქაში მონობის შესახებ გახმაურებული რომანის - „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ - ავტორი იყო.

ჰარვარდიდან პროგრესული მეცნიერი სასწავლო განრიგის დარღვევის საბაბით გამოაგდეს. მისმა კოლეგებმა კი ფსიქოდელიური იდეოლოგიისა და კვლევების კრიტიკა დაიწყეს. მიუხედავად ამისა, 1969 წელს ლირიმ გადაწყვიტა, კენჭი ეყარა კალიფორნიის გუბერნატორის პოსტზე, სადაც ის რონალდ რეიგანს დაუპირისპირდა. მისი სლოგანი იყო: Come together, join the party (მოდი ერთად გავატაროთ დრო). ჯონ ლენონმა მისი საარჩევნო კამპანიისათვის სიმღერაც კი დაწერა სათაურით - Come Together. მიუხედავად მისი ზეპოპულარობისა შტატებში, რომელიც მაშინდელი ფსიქოდელიური, პაციფისტური და სექსუალური რევოლუციების პოლიგონს წარმოადგენდა, მან პოლიტიკური გამარჯვება ვერ მოიპოვა.

ჰარვარდიდან განდევნილი ლირი, ახალგაზრდა მილიონერის - ბილი ჰიჩკოკის დახმარებით, ნიუ-იორკის მახლობლად აშრამს აფუძნებს, რაც მსოფლიოს ფსიქოდელიური პილიგრიმების თავშესაფარი გახდა. სწორედ მაშინ აყალიბებს ტიმოთი ლირი ახალი ნეიროლოგიური ერის ორ მცნებას: „ნუ შეცვლი მოყვასის ცნობიერებას მისი თანხმობის გარეშე“ და „ნუ შეუშლი ხელს მოყვასს საკუთარი ცნობიერების შეცვლაში“, და ქმნის „სულიერი აღმოჩენების ლიგას“ (League for Spiritual Discovery).

60-იან წლებში ლირი რამდენჯერმე დაიჭირეს მარიხუანის შენახვის გამო. 1966 წელს ის გამოუშვეს, მას შემდეგ, რაც მისმა მოწაფეებმა 5 000 000 § გირაო გადაიხადეს. მაგრამ 1970 წელს ლირი ისევ ციხეში ხვდება.

რამდენიმე თვის შემდეგ ლირი თავხედურად გარბის ციხიდან. ის ოცმეტრიან კედელზე თოკის საშუალებით გადაძვრა და მეგობრების ხელშეწყობით ქვეყანა დატოვა. მალე მისი კვალი ალჟირში გამოჩნდა, ლირის გზა „შავი პანტერების“ ასევე დევნილ ლიდერთან - ელდრიჯ კლივერთან გადაიკვეთა. შემდეგ მას შვეიცარიაში აპატიმრებენ, მაგრამ მსოფლიოს ინტელექტუალების კამპანიის წყალობით, რომლის ინიციატორებიც არტურ მილერი და ალან გინზბერგი იყვნენ, მას პოლიტიკურ თავშესაფარს აძლევენ. თუმცა ლირი არ წყნარდება და განაგრძობს თავის მოგზაურობას აღმოსავლეთში - მედიტაციისა და სულიერი სამყაროს კვლევის სამშობლოში. საიდუმლო სამსახურის აგენტები მას ავღანეთში აკავებენ. 1973 წელს ის ამერიკის ციხეში ბრუნდება, სადაც სასჯელის ვადა გაქცევის გამო გაუხანგრძლივეს.

როდესაც ლირი ფოლსომის ციხეში ჩააყუდეს, კამერაში მას ახალგაზრდა მცველმა წიგნები, თამბაქო და ტკბილეული შეუტანა:

„ეს ჩარლიმ გადმოგცა, მეზობელი კამერიდან.“

ლირი იგებს, რომ მეზობელ კამერაში ჩარლზ მენსონი ზის.

მენსონმა ლირის გამოუგზავნა „ბუდას სწავლება თანაგრძნობაზე“, უსპენსკის „სასწაულებრივის ძიებაში“, კასტანედას „დონ ხუანის სწავლება“ და ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“.

ლირი მიხვდა, რომ მას ბიბლიურ წინასწარმეტყველთან მოუწევდა შერკინება და სწორედ ამ დროს მოესმა ხმა მეზობელი კამერიდან:

„აი, შენც აქ ხარ. მრავალი წელი ვაკვირდებოდი შენს დაცემას. იცი, სად ვართ?“

„შენ ნამდვილად ხვდები, სად ვართ?“ - უმეორებს ჩარლი შეკითხვას.

„და სად ვართ?“

„მარადისობაში, ძმაო. ეს დასასრულია. თუ შენ აქ მოხვდი, ეს სამუდამოა. აქედან ჯერ არავინ გასულა.“

„ეს შენ გამომიგზავნე თამბაქო და ტკბილეული? დიდი მადლობა.“

„არაფერს. მე ყველა მიყვარს და ვცდილობ, ყველას ყველაფერი გავუყო, რაც მაბადია. მრავალი წელი ველოდი შენთან საუბარს. ციხის კედლებს მიღმა ჩვენი გზები არასოდეს გადაიკვეთებოდა; მაგრამ ახლა აუარება დრო გვაქვს. იცი, ჩვენ ყველანი შენი მოწაფეები ვიყავით.“

„რა გაგებით?“

„ხომ იცი, როგორ ხდება. ციხეში გავატარე მთელი ცხოვრება და როდესაც გავთავისუფლდი სამოციან წლებში, სრულიად სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. მილიონობით ახალგაზრდამ უარყო ძველი ტყუილი, გათავისუფლდნენ კომპლექსებისაგან და ელოდნენ შემდგომ მითითებებს,“ - ჩარლის ხმაში განკიცხვის ნოტები გაისმა, - მაგრამ შენ არ გითქვამს მათთვის, რა გაეკეთებინათ. და მე ვერ ვხვდები - რატომ. შენ აჩვენებდი ყველას, როგორ შეექმნათ ახალი ცნობიერება, მაგრამ შენ არ მიეცი მათ ახალი ცნობიერება. რატომ?“

„ამაშია მთელი აზრი, - პასუხობს ლირი, - მე არ მსურდა ვინმესთვის თავს მომეხვია ჩემი რეალობა. აზრი სწორედ იმაშია, რომ თითოეული ადამიანი თავის ნერვულ სისტემაზე თვითონ აგებს პასუხს, ქმნის თავის რეალობას. ეს მონოთეიზმის დასასრულია. შენ შეგიძლია გახდე ვინც გინდა. ყველაფერი დანარჩენი ტვინის რეცხვაა.“

„ამაში იყო შენი შეცდომა, პასუხისმგებლობის აღება არავის უნდა. მათ სურთ, რომ უთხრან, რა გააკეთონ, რისი სწამ დეთ, რა არის ჭეშმარიტი და რა არის რეალური.“

0x01 graphic

„და შენ იცი, რა უპასუხო მათ?“

„ყველა პასუხი ბიბლიაშია. ეს ის ერთადერთი პრივილეგიაა, რომელსაც შენ ციხეში იძენ. შენ გაქვს ბიბლიის კითხვის დრო. მე შევისწავლე ის თავიდან ბოლომდე. იცი, რატომ წავიდა ყველაფერი სხვანაირად? - ქალების გამო. მათ ეშინიათ. ისინი თავს ახვევენ კაცებს კანონებს და მორალს. წაიკითხე ამის შესახებ ბიბლიაში. რა არის ნათქვამი ბიბლიაში ქალებზე? - რომ ისინი ბოროტების ნაშიერები არიან. რა, მართალი არაა? ნუთუ შენ არ გესმის? იკითხე, სანამ აქ ზიხარ. ჭეშმარიტება მკაცრი და დაუნდობელია. ბოროტება უნდა განადგურდეს. მხოლოდ ერთეულები გადარჩებიან. მე ერთადერთი ვარ, ვინც ბიბლიას სერიოზულად აღიქვამს და სწორედ ამიტომ ვარ აქ.“

ტიმოთი ლირი ჩუმად ეკითხება: „როგორ ხარ, ჩარლი?“

მცირე პაუზა. შემდეგ ისევ გაისმის ხმა, ოღონდ არა მესიის, არამედ პატიმრის ხმა:

„ცუდად. მე სასტიკად და უსამართლოდ მომექცნენ. უკანასკნელი ორი ათასი წლის განმავლობაში არავის მოქცევიან ასე მკაცრად. მე წერილების წერა მაქვს აკრძალული. მე არ მაძლევენ უფლებას, ვინმემ მომინახულოს. მე სრულად მომწყვიტეს გარესამყაროს. მათ ჩემი საბოლოო განადგურება სურთ. სულის სიღრმეში ვგრძნობ, ისინი ჩემი მკვლელობის გეგმებს სახავენ. ჩემი სასამართლო მათ ფარსად გადააქციეს. მე მათი სცენარით ვთამაშობდი, მათი წმინდა წერილით ვმოქმედებდი, მთელი პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ავიღე - მათი წარმოდგენები ბოროტებაზე და მკვლელობაზე, კაცობრიობის ყველა ცოდვა. მე მათი გულისთვის ჯვარზე ავედი. მაგრამ ვერავინ გაიგო. ვერავინ შეამჩნია, რაზე წავედი მათი გულისთვის. შენც კი.“

ლირი ფრთხილად არჩევს სიტყვებს: „მესმის, რომ ძალიან ქრისტიანულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც თითოეული პატიმარი იძულებულია ქრისტეს როლი ითამაშოს. მაგრამ სიმართლე გითხრა, მე ამასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. მე ირლანდიურკელტური წარმართი ვარ“.

მას კვლავ ესმის ჩარლის ხმა: „ეი, კიდევ მინდა რაღაც გკითხო. მანდ ხარ? მისმენ?“

„კი, გისმენ“.

„ეს „მჟავას“ ეხება. როდესაც ყლაპავ და მთელი სამყარო, შენი სხეული ვიბრაციებად იქცევა, სივრცე ხდება დრო და რჩება მხოლოდ სუფთა ენერგია, როდესაც ვერაფერს ჩაეჭიდები, ხომ იცი, რაზე გელაპარაკები? ეს ხომ ჭეშმარიტების მომენტია, არა? მაგრამ რა არის ეს? რას ეძახი შენ ამას?“

„ჩარლი!“

„გისმენ!“

„შენ რა გეცხადება ამ დროს?“

„არაფერი. ეს სიკვდილს წააგავს, არა?“

„სიკვდილი არ არსებობს. შენ მოგატყუეს და შენც წამოეგე. ამ მომენტში ბიოქიმიური ინპრინტების მოქმედება წყდება. შენ შეგიძლია, აიჭრა იმ ადგილიდან და გაემართო, სადაც გსურს; იქ, სადაც სამყაროს შიშის ნაცვლად სიყვარული მართავს.“

კამერაში ლირი წიგნებს წერს და ვარსკვლავთშორისი ტელეპათიის ექსპერიმენტებს ატარებს. ცდილობს, დაუკავშირდეს თანამოძმეებს გალაქტიკაში. ამიერიდან მას ფსიქოდელიის ნაცვლად ახალი თემები - დნმ-ის საიდუმლოება და გარე კოსმოსი იტაცებს.

ლირი თვლის, რომ ადამიანი დაუსრულებელი ფორმაა, რომელიც კვლავ მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის და ვითარდება. ის ამტკიცებს, რომ ცილოვანი გონება არ წარმოადგენს დედამიწისეულ პრეროგატივას. დნმ-ის კოდი თავის თავში შეიცავს ინფორმაციას კაცობრიობის შემდგომი განვითარების შესახებ. ლირი აცხადებს, რომ მომავალი ჰედონისტური ელიტისაა, კიბერპიროვნებების, რომლებსაც უნარი აქვთ, დამოუკიდებლად დააპროგრამონ საკუთარი ფსიქიკა, მართონ თავიანთი ემოციური და მენტალური მდგომარეობა, და დასახლდნენ მათ მიერ შექმნილი სიხარულისა და ექსტაზის სივრცეებში.

ასე რომ, ციხის ყველაზე დაცული კორპუსის კამერაში გატარებულ სამ წელს უნაყოფოდ არ ჩაუვლია. ლირი მხნედ და ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, მისი სახიდან კი არ გამქრალა ლირის ცნობილი ღიმილი. თითქოს მან მართლაც შეძლო საკუთარი ნერვული სისტემის გადაპროგრამება და საკუთარ დნმ-თან ხანგრძლივი ხელშეკრულების გაფორმება.

1984 წელს, როდესაც უილიამ გიბსონის ტექნოკრატიული ანტიუტოპია Neiromancer-ი გამოდის, 60 წლის ლირი რეალობით უკმაყოფილო კიბერპანკების თაობას უდგება სათავეში. გიბსონთან ერთად ის სოციალური

დარვინიზმის მოძრაობას და ადამიანის და კომპიუტერის სინთეზს უწევს პროპაგანდას. ლირის აზრით, ადამიანმა საკუთარი ძალისხმევით უნდა მოახდინოს როგორც მენტალური, ასევე ბიოლოგიური განვითარება, რათა ახალ გარემოში საჭირო ახალი თვისებები შეიძინოს. თუნდაც ამის განსახორციელებლად გენური ინჟინერიის, ნანოტექნოლოგიისა და უახლესი ციფრული ტექნოლოგიის იმპლანტანტის გამოყენება იყოს საჭირო.

80-იან წლებში ლირის მთავარი წინასწარმეტყველება ის გახდა, რომ 90-იან წლებში ინტერნეტი იქნებოდა 60-იანი წლების ფსიქოდელიური გამოცდილების ანალოგი. ლირის აზრით, ვირტუალური რეალობები და კომპიუტერული გარემო ფსიქოდელიური რევოლუციის ნაშიერი და მისი პირდაპირი გაგრძელებაა.

თავისი ცხოვრების ლოგიკური დასასრულიც ტიმოთი ლირიმ კიბერსივრცეს დაუკავშირა და გადაწყვიტა, სიკვდილის პროცესიც ისევე ეკვლია, როგორც ფსიქოდელიას და კიბერსივრცეს იკვლევდა. „გარდაცვალების პროექტი“ ითვალისწინებდა ბოლო ფსიქოდელიურ მოგზაურობას კიბერსამყაროში პირდაპირი ჩართვით.

მისი ბოლო წარმოდგენა ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი სიკვდილის როკვა იყო, რომლის მომსწრეც მთელი მსოფლიო გახდა. გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე ლირის ტვინის კრიოგენული გაყინვა შესთავაზეს, რათა მომავალში მისთვის სიცოცხლე დაებრუნებინათ. მაგრამ ტიმმა უარი თქვა. „მე გავაკეთე ყველაფერი, რაც მსურდა,“ - აღნიშნა მან სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. ის 1996 წლის მაისის ბოლო დღეს წავიდა, ღიმილით. მისი ბოლო სიტყვები იყო „რატომაც არა?“. ტიმოთი ლირის ნეშტის ნაწილი კრემაციის შემდეგ კოსმოსში გაუშვეს. მისი დაბადება და სიკვდილი კომეტის გამოჩენას დაემთხვა.

ტიმოთი ლირის გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ მისმა ახლო მეგობარმა, ფილოსოფოსმა რობერტ უილსონმა ელექტრონული შეტყობინება მიიღო: „რობერტ, როგორა ხარ? სალამი მეორე ნაპირიდან... აქ მთლად ისეც არაა, როგორც მეგონა... ძალიან საოცარია, მაგრამ დიდი „ტუსოვკა“ შეიკრიბა... იმედია, შენ ყველაფერი წესრიგში გაქვს. სიყვარულით, ტიმოთი“.

14 მეოცე საუკუნის ტომ სოიერი

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

ავტორი: ნიკო ნერგაძე

0x01 graphic

1998 წლის პირველ თებერვალს ვაშინგტონში, კენედის ცენტრში მოწყობილ სიმპოზიუმზე, ანგარიშგასაწევი ხალხი შეიკრიბა, მათ შორის გავლენიანი ამერიკელი ტელეწამყვანი დენ რაზერი, ნიუ-იორკის შტატის ყოფილი გუბერნატორი მარიო კუომო, კონდოლიზა რაისი, რომელიც მაშინ მხოლოდ პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი იყო... ისინი მსჯელობდნენ, თუ ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა, დადებითი თუ უარყოფითი, მეოცე საუკუნის სახის შექმნაზე. ამ დისკუსიის შედეგად 1999 წელს ჟურნალმა „ტაიმსმა“ გამოაქვეყნა სია სახელწოდებით - „ტაიმსის 100: საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი“.

სიის სათავეში ალბერტ აინშტაინია, რომელმაც, ჟურნალის ექსპერტების აზრით, უფრო დიდი კვალი დააჩნია მეოცე საუკუნეს, ვიდრე ჰიტლერმა, ლენინმა, ჩერჩილმა თუ მაჰათმა განდიმ. ხელოვნების სფეროში, „ტაიმსის“ სიაში, სხვებთან ერთად მოხვდნენ პაბლო პიკასო, ბობ დილანი, კოკო შანელი, სტივენ სპილბერგი და ბარტ სიმპსონი... ამ სიაში ის ერთადერთი გამოგონილი ადამიანია. თუმცა, როგორც ჟურნალი წერს, ის, რომ ბარტი ანიმაციური პერსონაჟია, არ ნიშნავს იმას, რომ ის „ნამდვილი“ არ არის. ბარტ სიმპსონმა თაობებზე მოახდინა გავლენა, მარტო ამერიკაში კი არა, მთელ მსოფლიოში. მაშ, ნამდვილი ყოფილა, აბა რა!

* * *

ბარტი: „სული არ არსებობს. უფროსებმა ის უბრალოდ ბავშვების შესაშინებლად მოიგონეს, როგორც გუდიანი კაცი ან მაიკლ ჯეკსონი“

* * *

ჩვენი ცნობილი ანიმაციური გმირი ჯერ მხოლოდ 10 წლისაა. თუმცა „ჯერ მხოლოდ“ კი არა, სულ ამ ასაკისა იქნება. მისი სრული სახელია ბართოლომეო ჯეი სიმპსონი. მშობლებმა - ჰომერ და მარჯ სიმპსონებმა დაქორწინება ბარტის ჩასახვის შემდეგ გადაწყვიტეს და მერე ორი დაც გაუჩინეს - ჭკვიანი და საყვარელი ლიზა და პაწია მეგი, რომელსაც მუდამ საწოვარა უდევს პირში.

მიუხედავად პრესტიჟული ტიტულისა, ბარტს ჭკვიან და ნიჭიერ ბავშვად არავინ თვლის - სკოლაში კარგი ნიშანი არასოდეს მიუღია, ცუდად იქცევა... აგერ უკვე 19 წელია, მასწავლებლები ყოველდღე სჯიან - აიძულებენ კლასში გვიანობამდე დარჩეს და დაფაზე ცარცით წეროს, რომ გამოსწორდება და მეტს აღარ იზამს. ის, თუ რას აღარ იზამს, ყოველ სერიაში სხვადასხვაა - ხან წერს, კლასში აღარ დავაბოყინებო, ხან - რევოლუციის მოწყობას აღარ ვეცდებიო.

ბარტი სულელი სულაც არ არის, ძალიანაც კარგად ესმის, რა არის კარგი და რა - ცუდი. უბრალოდ, ცუდის კეთება ურჩევნია. უყვარს თავისი დის, ლიზას გაბრაზება და ხშირად სისხლს უშრობს, მაგრამ, როდესაც საჭიროა, იცავს კიდეც.

ბარტს მუდამ ერთნაირად აცვია - ლურჯი ფერის შორტები, სტაფილოსფერი მაისური და ლურჯი სპორტული ფეხსაცმელი. ისე, პატარა შავი პიჯაკი და შარვალიც აქვს, მაგრამ ამეებს მხოლოდ კვირაში ერთხელ, ეკლესიაში წასვლისას იცვამს.

მოკლედ, ბარტ სიმპსონი ერთი ჩვეულებრივი, ონავარი ბიჭია. ვისაც „სიმპსონები“ არ უნახავს, ვერაფრით გაიგებს, რატომაა ის საუკუნის სახე. ასეთი ბევრი არ არის. ამ ჩვეულებრივ, ონავარ ბიჭს, ბიჭს კი არა მის სილუეტსაც კი, მთელ მსოფლიოში ცნობენ. მისი მეამბოხეობა და ავტორიტეტებისადმი დაუმორჩილებლობა კი ნაკლად არ ითვლება - ერთი კანადელი მწერალი ამბობს: ეს ამერიკის დამფუძნებელი მამების თვისებებია და, საერთოდ, ბარტ სიმპსონი ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის ერთგვარი თანამედროვე ვერსიააო. ისე, ამ მწერლის, კრის ტერნერის, წიგნის სათაურიც ბევრზე მეტყველებს: „სიმპსონების პლანეტა: როგორ აღწერა ეპოქა და განსაზღვრა თაობა ანიმაციურმა შედევრმა“.

* * *

ბარტი: „მე არ გამიკეთებია. არავის არ დაუნახავს რას ვაკეთებდი. ვერავინ ვერაფერს დამიმტკიცებს“.

* * *

სიმპსონების ოჯახი კარიკატურისტმა მეტ გრეინინგმა სულ რაღაც 10 წუთში შექმნა. მანამდე ის ლოს-ანჯელესის პატარა გაზეთში აქვეყნებდა კარიკატურებს რუბრიკით - „ცხოვრება ჯოჯოხეთია“. ჰოლივუდელ პროდიუსერს, ჯეიმს ბრუკსს ეს კარიკატურები ძალიან მოეწონა და ავტორს თანამშრომლობა შესთავაზა. გრეინინგს კი ძველი პერსონაჟების გამოყენება არ უნდოდა, საავტორო უფლების დაკარგვისა ეშინოდა და ამიტომ რამე ახალის მოფიქრება გადაწყვიტა. ასე გაჩნდა სიმპსონების ოჯახი.

თავიდან „სიმპსონები“ ერთწუთიანი კლიპები იყო, რომელიც ბრიტანელი კომიკოსის, ტრეისი ულმანის შოუში გადიოდა ხოლმე სარეკლამო ჭრის წინ. მალე პროდიუსერებმა იფიქრეს, რომ შეიძლებოდა სიმპსონებისთვის საკუთარი სერიალი დაეთმოთ. დიდი იმედები არავის ჰქონდა, მაგრამ ჩათვალეს, გავრისკოთ, ბევრს არ დავკარგავთო. გრეინინგი იხსენებს - არავინ ელოდა, რომ ასეთი პოპულარულები გავხდებოდით, მაგრამ უკვე პირველსავე სეზონის ბოლოს სიმპსონები ამერიკის ერთერთი ყველაზე საყვარელი ოჯახი გახდაო. ეს კი, ძირითადად, ბარტ სიმპსონის დამსახურება იყო, რომელიც თავიდან ამ სერიალის მთავარი გმირი გახლდათ.

ბარტი ერთადერთი სიმპსონია, რომელსაც გრეინინგის ოჯახის წევრის სახელი არ ჰქვია. მეტ გრეინინგის მამას ჰომერი ჰქვია, დედას მარჯი, დებს ლიზა და მეგი... როდესაც ბაბუა სიმპსონის სახელს არჩევდნენ, გრეინინგმა ითხოვა, მე ნუღარ დამარქმევინებთ სახელს, სხვა ავტორებმა გადაწყვიტონო. სხვა ავტორებმა მას აბრამი დაარქვეს და მერე აღმოაჩინეს, მეტ გრეინინგის ბაბუის სახელი შეურჩევიათ.

რაც შეეხება ბარტს - ის ანაგრამაა ინგლისური სიტყვისა ბრატ, რაც გაფუჭებულ, უზნეო ბავშვს ნიშნავს. გრეინინგი ამბობს, ბარტს ჩემი და ჩემი ძმის თვისებები აქვსო.

* * *

ბარტი: „ქალბატონებო და ბატონებო. ბიჭებო და გოგონებო. ომი არც სახალისოა და არც დიდებული. აქ გამარჯვებული არ არსებობს, მხოლოდ დამარცხებულები არიან. თუმცა, გამონაკლისებიც არის: ამერიკული რევოლუცია, მეორე მსოფლიო ომი და ვარსკვლავთა ომების ტრილოგია. თუ გაინტერესებთ, მეტი იცოდეთ ომების შესახებ, ბიბლიოთეკაში ბევრი წიგნია და ზოგან საკაიფო, სისხლიან სურათებსაც კი ნახავთ.“

* * *

ბარტ სიმპსონის მსოფლიო მნიშვნელობის ფიგურად ჩამოყალიბებაში სწორმა მარკეტინგმაც შეუწყო ხელი. სერიალის ეთერში გასვლის პირველსავე წელს მაღაზიებში გამოჩნდა სიმპსონებთან დაკავშირებული უამრავი პროდუქცია. განსაკუთრებით პოპულარული იყო ბარტ სიმპსონის გამოსახულებიანი მაისურები, რომლებზეც მისი რომელიმე ფრაზა ეწერა. მისი განსაკუთრებით საყვარელი გამოთქმები იყო: Don't have a cow man და Eat my shorts. სინამდვილეში, ბარტი ამ ფრაზებს მაინცდამაინც არც ხმარობდა, ვიდრე ეს მაისურები პოპულარული არ გახდებოდა. უბრალოდ პოპულარული კი არა, მილიონობით იყიდებოდა. სიმპსონებიანი პროდუქციის გაყიდვით სხვადასხვა კომპანიებმა პირველ წელს 2 მილიარდი დოლარი იხეირეს.

ბარტი იმდენად პოპულარული იყო, რომ ბევრი ჩიოდა, ბავშვებმა არ მიბაძონ და ამერიკა უსწავლელი, უზრდელი ბავშვების ქვეყანად არ გადაიქცესო. უფროსმა ბუშმა პრეზიდენტობისას ერს მოუწოდა კიდეც - ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ამერიკული ოჯახები ისე, რომ ისინი ნაკლებად ჰგავდნენ სიმპსონებს და მეტად - უოლტონებსო. („უოლტონები“ სამოციან წლებში გადიოდა ამერიკაში და დიდი დეპრესიის დროინდელი ერთ-ერთი ვირჯინიული ოჯახის ცხოვრებას აღწერდა. ბევრმა სკოლამ აკრძალა კიდეც ბარტ სიმპსონიანი მაისური, რომელსაც ეწერა „ბევრს ვერაფერს მივაღწიე და ამით ვამაყობ“.

0x01 graphic

0x01 graphic

* * *

ბარტი: „აღარასოდეს ვიმუშავებ ცხოვრებაში. ფრაერებმა იმუშაონ“.

ჰომერი: „შვილო, ვამაყობ შენით. ორი შენხელა ვიყავი, მაგას რომ მივხვდი“.

* * *

უკვე კარგა ხანია, რაც ბარტ სიმპსონი თავისი ოჯახის წამყვანი ფიგურა აღარ არის. „სიმპსონების“ მთავარი გმირი ის მხოლოდ პირველი ორი სეზონის განმავლობაში იყო (ახლა ამერიკაში სერიალის მეოცე სეზონი გადის), შემდეგ კი ცენტრალურ ადგილზე მამამისმა, ჰომერ სიმპსონმა გადაინაცვლა. შესაბამისად, თანდათან სწორედ ჰომერი გახდა ყველაზე პოპულარული სიმპსონი. ორიოდე წლის წინ, ამერიკული ჟურნალის, „ტივი გაიდის“ გამოქვეყნებულ „საუკეთესო ანიმაციური პერსონაჟების“ სიაში ბარტ და ლიზა სიმპსონები მეთერთმეტე ადგილს იყოფენ, ჰომერი კი მეორეზეა (პირველზე ბაგზ ბანია).

„ტივი გაიდის“ ეს სია იმაზეც მეტყველებს, რომ ოცდამეერთე საუკუნის განვითარებაში ბარტი იმხელა წვლილს ვეღარ შეიტანს. „სიმპსონებს“ დღესაც მილიონობით მაყურებელი ჰყავს, მაგრამ პოპულარულ კულტურაზე ისეთი გავლენა ვეღარა აქვთ. სიმპსონების, როგორც კულტურული სიმბოლოების, ადგილი ჯერ ამაზრზენმა თინეიჯერებმა - ბივისმა და ბათჰედმა დაიკავეს („ტივი გაიდის“ სიაში მეოთხეზე ადგილზე არიან), შემდეგ კი South Park-ის მეოთხეკლასელებმა (ერთ-ერთი მათგანი, კარტმანი, ამ სიაში მეათეა).

მიუხედავად ამისა, „სიმპსონების“ პოპულარობასთან და გავლენასთან ვერც ერთი ანიმაციური სერიალი ვერ მოვა. აი, რატომ.

* * *

ბარტი: „გახსოვდეს, აღმოსავლეთის საპოვნელად საჭიროა მზეს გაუსწორო თვალი“.

* * *

South Park-ის ერთ-ერთ სერიაში მიამიტ და მოწესრიგებულ ბატერზს გული უცრუვდება კანონმორჩილ ცხოვრებაზე და გადაწყვეტს ბოროტმოქმედი გახდეს. ისეთი, კომიქსებში რომ არიან ხოლმე. სახელად პროფესორ ქაოსს ირქმევს, შესაბამისად აღიკაზმება და ქალაქში არეულობის შეტანას გეგმავს. თუმცა, არაფერი გამოსდის - აღმოჩნდება, რომ ყველაფერი, რასაც ის მოიფიქრებს - ქალაქისთვის მზის დაბნელება თუ მთავარ მოედანზე მდგარი ქანდაკებისთვის თავის მოტეხვა - სიმპსონებს უკვე გაკეთებული აქვთ. ბატერზი სულ უფრო ჩახლართულ გეგმებს აწყობს (ქალაქში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება, რომლის ბოლოსაც ფანები გრანდიოზულ ჩხუბს მოაწყობენ, ვებსაიტის შექმნა, რომელიც ქალაქელებზე ჭორებს გაავრცელებს...) და ბოლოს ჭკუიდან გადაცდება, რადგან, როგორც აღმოაჩენს, ყველა იდეასთან უკვე სიმპსონებმა მიასწრეს. ბოლოს ისევ კლასელები აწყნარებენ - რა მოხდა, ყველამ იცის, რომ ორიგინალური იდეა აღარ დარჩა, სიმპსონებს უკვე ყველაფერი გაკეთებული აქვთ და ამას უბრალოდ უნდა შეეგუოო.

სერიალის შემქმნელების, მეტ პარკერის და ტრეი სტოუნის თქმით, ამ ეპიზოდის შექმნის იდეა მას შემდეგ დაებადათ, რაც აღმოაჩინეს, რომ რაიმე ახლის მოფიქრება, ბატერზის მსგავსად, ძალიან უჭირდათ. თუმცა, „სიმპსონების“ შემდეგ შექმნილი ანიმაციური სერიალების გმირებთან შედარებით, ბარტ სიმპსონი მხოლოდ უწყინრად ცელქობს. South Park-ის კიდევ ერთ ეპიზოდში კარტმანი ბარტ სიმპსონს ონავრობაში ეჯიბრება და ეკითხება, რა გაგიკეთებია ყველაზე ცუდიო. ბარტი პასუხობს - ქალაქის დამაარსებლის ქანდაკებას თავი მოვაძრეო. კარტმანი ყალბ აღფრთოვანებას გამოხატავს და თავისასაც ეუბნება - უფროსკლასელმა გამაბრაზა, მე კი მისი მშობლები დავხოცე და შემდეგ მოტყუებით ვაჭამეო. მიუხედავად იმისა, რომ ბარტი თავისი უწყინარი ცელქობებით კარტმანის ბოროტ გეგმებთან ახლოსაც ვერ მივა, მის დამხატავებს კარგად ესმით - რომ არა ბარტ სიმპსონი, არც კარტმანი იარსებებდა და არც კიდევ ბევრი სასაცილო ანიმაციური გმირი.

ეს იმიტომ, რომ „სიმპსონებამდე“ ამერიკის ტელევიზია ანიმაციურ სერიალებს მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილ გასართობად თვლიდა. „სიმპსონების“ წარმატებამ კი სხვებსაც გაუკვალა გზა. ყველა მომდევნო ანიმაციური სერიალი სიმპსონების მხრებზე დგას - აგერ უკვე რამდენჯერ ნახსენები South Park იქნება თუ სეთ მაკფერლენის Family Guy. თუმცა სიმპსონებს გავლენა მხოლოდ ანიმაციურ სერიალებზე არ მოუხდენიათ. ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო და ღრმა ბრიტანული კომედიური სერიალის, „ოფისის“ შემქმნელი რიკი ჯერვეიზი ამბობდა, ჩემი მთავარი შთაგონების წყარო „სიმპსონები“ იყოო.

თუმცა, ჟურნალ „ტაიმსისა“ არ იყოს, სიმპსონებმა რიკი ჯერვეიზი კი არა, მთელი თაობები შთააგონეს.

15 ინტერვიუ მარკუს მილერთან

▲ზევით დაბრუნება


ინტერვიუ

ავტორი: კახა თოლორდავა
ფოტო: გია გოგატიშვილი

0x01 graphic

ეს თქვენი სიტყვებია: დღეს ბევრი კარგი მუსიკოსია გარშემო, მაგრამ დიდი ხანია, რაღაც განსაკუთრებულად მძლავრი მუსიკა არ მომისმენია. ეს ალბათ იმ ეპოქის ბრალია, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. წმინდა მუსიკალურ კონტექსტში რას ნიშნავს თქვენთვის მძლავრი მუსიკა და რაა ჩვენი ეპოქის ის მახასიათებლები, რაც შემოქმედსა და მის კრეატიულ ენერგიას შორისაა ჩამდგარი?

მგონი, მართლა ჩემი სიტყვები უნდა იყოს... აი, რას ვიტყოდი: მძლავრი მუსიკა ადვილად შეიგრძნობა. როდესაც ჯეიმზ ბრაუნი პირველად გამოჩნდა სცენაზე, ის იმდენად მძლავრი იყო, რომ ყველა დანარჩენი ჯეიმზ ბრაუნივით ცდილობდა ემღერა და როდესაც Sly and the Family Stone გამოჩნდა, ყველამ გიჟურად დაიწყო ჩაცმა თავისი „აფროვარცხნილობით“ და ასე შემდეგ; როდესაც ჯონ კოლტრეინმა ჯაზი „გაათავისუფლა“ და თავისუფალი ფორმები შესთავაზა მსმენელს, ის ძალაუნებურად მთელ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში; ყველა ცდილობდა მისთვის მიებაძა; ან კიდევ, გავიხსენოთ ჰერბი ჰენკოკი თავისი ჯაზ-ფანკით, ფრინსი ან თუნდაც მაიკლ ჯექსონი.. ყველა ეს მუსიკოსი იმიტომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი, რომ ერთხელ თუ მოისმენდი მათ მუსიკას, ვეღარ დაივიწყებდი. ის ძვალ-რბილში აღწევდა და იქ რჩებოდა. განვაგრძოთ: მაილზ დევისი აიღეთ... მან ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ მოახერხა ამის გაკეთება; ოთხჯერ თუ ხუთჯერ შეძლო ასეთი მძლავრი გრძნობების გაღვიძება ადამიანებში. აი, სწორედ ამას ვუწოდებ მძლავრ მუსიკას. დღეს კი მე აღარ მესმის ისეთი მუსიკა, რომელსაც ახალი ფორმების შექმნა და თავის გარშემო სხვების თავმოყრა შეუძლია. შესაძლოა, ეს იმიტომ ხდება, რომ დღეს უფრო დიდია არჩევანი, ვიდრე ეს ადრე იყო. ის დრო წავიდა, როდესაც მხოლოდ ერთ მუსიკოსს უსმენდი ხოლმე მთელი დღეების განმავლობაში. ოცი წლის წინ ტელევიზორს ჩართავდი თუ არა, მაშინვე მაიკლ ჯექსონს გადაეყრებოდი. მედია ნაწილობრივ ხელს უწყობდა და უწყობს კიდეც ყველაფერ ამას, მაგრამ, ამასთან ერთად, შენც უნდა გქონდეს რაღაც ისეთი, რაც უეჭველია და ძალიან მძლავრი. აი, სწორედ ასეთ მუსიკას ვეძებ მე.

რატომ უნდა ველოდოთ მაინცდამაინც ახალს და მძლავრს მუსიკის ყოველი მოსმენისას? რა აუცილებელია, ასე მიუდგე მუსიკას ან ზოგადად კულტურას?

შესაძლოა, ასე არ არის, მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანები ვართ. ჩვენ ყოველთვის ძლიერი ლიდერებისკენ ვიხრებით. როდესაც ისტორიულ წიგნებს ვკითხულობთ, ჩვენ ხომ უბრალოდ კარგი ადამიანების შესახებ არსებულ წიგნებს არ ვირჩევთ? ჩვენ ლიდერებზე ვკითხულობთ, არა აქვს მნიშვნელობა ცუდები არიან ისინი თუ კარგები. სწორედ ეს გვიზიდავს. როდესაც საზოგადოება რაიმე პრობლემის წინაშე დგას, ის იმ ადამიანებს ეძებს, ვინც ძლიერები და თავის თავში დარწმუნებულები არიან. ვფიქრობ, რომ ასე ვართ დაპროგრამებულები. ჩვენ სულ ლიდერების ძებნაში ვართ და ჯაზშიც ასეა. არ ვიცი, ეს ერთადერთი სწორი გზაა თუ არა, მაგრამ ეს ასეა და ვერაფერს იზამ.

წარსულის დიდი მუსიკოსები ახალ-ახალ არჩევანს ამატებდნენ ჯაზის იდიომს და ამით ისინი შესაძლებლობების კარს ღიას ტოვებდნენ შემდეგი თაობებისთვის. ზუსტად ამ მუსიკალურ კონტექსტში თქვენ და თქვენი თაობის მუსიკოსები რას უტოვებთ შემდეგ თაობებს?

ის, რისი დატოვებაც მე მინდა, ვიტყოდი, რომ გახსნილი წიგნია, შესაძლებლობებით სავსე წიგნი. ჩემი მოსმენის შემდეგ თქვან, მარკუს მილერი გამუდმებით ცდილობდა რაიმე ახალით გაემდიდრებინა თავისი მუსიკაო. მე ვცდილობ, ჩემი მუსიკა გახსნილი დავტოვო იმისთვის, რომ თქვენ გაიგოთ, - სწორედ ესაა ის, რაც ჯაზს აცოცხლებს; შესაძლებლობებით სავსე გადაშლილი წიგნი. ჯაზმა დროს გაუძლო და თუ დაინტერესდებით, რატომ მოხდა ასე, გეტყვით, რომ ყოველთვის, როდესაც ის ჩასვენების პირას იდგა, ვიღაც ახალი მოდიოდა თავისი დროისთვის დამახასიათებელი მუსიკალური იდეებით, ჯაზთან აზავებდა ამ იდეებს და ასე აძლევდა მას ახალ სიცოცხლეს. 20-30-იან წლებში ადამიანები ჯაზზე ცეკვავდნენ და ეს აბსოლუტურად ნორმალურად აღიქმებოდა, სანამ ჩარლი პარკერი და დიზი გილესპი არ მოვიდნენ და თქვეს: „აი, ახლა ამას მოუსმინეთ, ამ რთულ მუსიკას, ჯაზის ამ გართულებულ ვერსიას!“ - ხალხმაც აიტაცა ეს მუსიკა. შემდეგ მაილზი მოვიდა ჯაზის „ქუულ“ ვერსიით. მას მოჰყვნენ ლუ დონალდსონი, ლი მორგანი და ჰერბი ჰენკოკი. მათ თქვეს: „ფანკზე რაღას იტყოდით“? შემდეგ კოლტრეინმა თქვა: „აი, ასეთი ჯაზიც არის შესაძლებელიო“ და ასე დაიწყო კიდევ ერთი ახალი ერა. მერე კი დადგა დრო, როდესაც ჯაზი თითქოსდა ჩიხში მოექცა და გასასვლელი აღარსად ჰქონდა, რადგანაც კოლტრეინმა მელოდია და იმპროვიზაცია უკვე უმაღლეს საფეხურზე აიყვანა. შესაბამისად, გაჩნდა კითხვა: ახლა რაღა უნდა ვაკეთოთ? მაგრამ აი, უეცრად გამოჩნდა ჰერბი ჰენკოკი ჯაზის თავისი ვერსიით და ყველაფერი თავიდან დაიწყო. ეს ფენიქსის ისტორიასავით ლამაზი ამბავია. ყოველთვის, როდესაც ჯაზი ჩასვენების პირას იდგა, მოვიდოდა ვიღაცა ისეთი, ვინც ისევ მაღლა აისვრიდა მას. სწორედ ესაა ჯაზის ხიბლი - სულ განახლების პროცესში იმყოფება. დღეს კი უკვე ჰიპჰოპი გვაქვს და ის თითქოს ისევ ეხმარება ჯაზს ამოსუნთქვაში, თუმცა ისეთი ძლიერი არაა, როგორც თავის დროზე ფანკი, მაგრამ ის მაინც ახალ სიცოცხლეს აძლევს ჯაზს. ახლა ჩვენ ველოდებით, რა მოხდება შემდეგ. აი, სწორედ ეს მინდა გადავცე მომავალ თაობას, მათ კი თვითონ გადაწყვიტონ, თუ რა იქნება შემდეგ...

შეგიძლიათ გვითხრათ, თუ რა მიმართულებით მიჰყავთ მათ ჯაზი?

ვერ გეტყვით. მე ვიცი, მე საით მინდა რომ წავიდეს. მსოფლიოს გარშემო ბევრს ვმოგზაურობ და ვხვდები, რომ ჩვენი პლანეტა სულ უფრო და უფრო პატარავდება; და აი, მე დღეს იმ მუსიკალურ სივრცეში ვიმყოფები, რომელიც ჩემთვის უცნობია და, მიუხედავად ამისა, მაინც არ მეუცხოვება ის. ოცი წლის წინ ეს ასე არ იყო. თქვენი მუსიკა ჩემთვის ისე ჟღერს, რომ მის გამოყენებაზე ვიფიქრებდი.

0x01 graphic

0x01 graphic

ზოგი მუსიკოსი და კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ არ არის აუცილებელი, ყველა დიდმა მუსიკოსმა ჯაზი ახალი შენაკადების მეშვეობით განავითაროს. მათი აზრით, ჯაზს ჯერ კიდევ აქვს იმის შინაგანი რესურსი, რომ საკუთარ სიღრმეში მოიძიოს სიახლეები ისე, რომ თავისსავე შექმნილ კლიშეებს არ დაეყრდნოს. რას იტყოდით ამაზე?

როგორც უკვე გითხარით, მე მგონი, ეს ადამიანის ბუნებას ეწინააღმდეგება. ჩვენ ყოველთვის გვყავს ვიღაც, ვინც სამყაროს ახალი კუთხით დაგვანახებს და ეს ყველაზე კარგი რამაა ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც ტრადიციას მიჰყვებიან, აგრძელებენ მას და ეს ძალიანაც კარგია. ეს საშუალებას გაძლევს, რომ ტრადიცია კიდევ ერთხელ დააფასო. მაგრამ თუ ვიღაც ახალი სახე გამოჩნდება ჯერ არგაგონილი მუსიკით, იმას მაინც ვერაფერი შეედრება. თუნდაც ის ადამიანი ავიღოთ, ვინც ახლა ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატია - ბარაკ ობამა. ის ისეთ რამეებს ამბობს, რაც მე აქამდე არავისგან მსმენია და მსგავსი შეგრძნებაც არასდროს მქონია ცხოვრებაში. მართალია, იყო მარტინ ლუთერ კინგი, მაგრამ იმ დროს მე მხოლოდ რვა თუ ცხრა წლის ვიყავი. მოზრდილ ასაკში კი ასეთი რამ არავისგან მსმენია. ახალი შესაძლებლობების გაჩენის შანსი გაჩნდა იმიტომ, რომ ობამა ახლებურად გვიჩვენებს სამყაროს. ბარაკამდე ბევრი დიდი ლიდერი გვყავდა, მაგრამ ისინი ყოველთვის ძველის ახლებურად დანახვას გვთავაზობდნენ და ჩვენ მათი მადლობელები უნდა ვიყოთ. დღეს კი სულ სხვა მოლოდინია. როდესაც მაილზ დევისმა და ჩარლი პარკერმა ბი-ბოპის დაკვრა დაიწყეს, ისეთი ემოციები აღძრეს ადამიანებში, რომ მხოლოდ ტრადიციულის დაკვრით ისინი ამას ვერ მოახერხებდნენ. ტრადიცია ფასეულია, მაგრამ... იცით, ეს ყველაფერი პირველი სიყვარულივითაა. ამაზე უფრო ძლიერი გრძნობა კიდევ არის ცხოვრებაში? შეიძლება შემეკამათოთ, მაგრამ, უკაცრავად და, როდესაც პირველად მიხვდები რომ შეყვარებული ხარ, მაშინ თითქოს ყველაფერი უეცრად ყირაზე დგება. მუსიკაშიც ასეა. ვიმეორებ, ჩვენ გვყვანან დიდი მუსიკოსები, ვინც ტრადიციულ ჯაზს უკრავს. ეს დიდებულია და სასიამოვნო, მაგრამ ის ისე აღარ ჟღერს როგორც პირველად.

ორმოცდაათიან წლებში მსოფლიო დაქლიავებული იყო. სამოციან წლებში - საკაიფო. სამოცდაათიანსა და ოთხმოციან წლებში ჩვენ ვცდილობდით გაგვერკვია, თუ რას ნიშნავდა სიტყვა საკაიფო, რომლითაც სამოციან წლებს ვახასიათებდით. ოთხმოცდაათიან წლებში კი ჩვენ ისევ ორმოცდაათიან წლებს დავუბრუნდით, - ასე თქვა რიჩი ჰევენსმა. სად ვიმყოფებით ჩვენ დღეს, ახალი საუკუნის დასაწყისში?

ძნელია დღეს რაიმეს თქმა იმიტომ, რომ ახლა ჩვენ რეალობას მოკლებულ, მაგრამ შესაძლებლობებით სავსე დიდებულ ისტორიულ მონაკვეთზე ვიმყოფებით. დღეს ყველაფერია შესაძლებელი, რადგან ობამა ჯერ პრეზიდენტი არ არის. ის დიდებულ სიტყვებს ამბობს და ეს ყველას ძალიან მოგვწონს. თუ ობამა პრეზიდენტად აირჩიეს, მას მოუწევს თვალი გაუსწოროს რეალობას და ყველაფერი, რასაც ახლა გვპირდება, რეალობად უნდა აქციოს. ეს ძალიან, ძალიან ძნელი იქნება. დღეს კი, რაც გაგვაჩნია, მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობებია.

როდესაც, ვთქვათ, ჰერბი ჰენკოკი მუსიკაში არსებულ ამოუწურავ შესაძლებლობებზე საუბრობს, მესმის, რომ ის გულისხმობს არა მარტო აკუსტიკურ რეალობას, არამედ იმასაც, თუ როგორ წარმართავ შენ საკუთარ ცხოვრებას. რას აკეთებთ თქვენ იმისთვის, რომ კრეატიული დარჩეთ და მუდმივად გახსნილი იყოთ არსებული შესაძლებლობების მიმართ, თუ მხედველობაში მივიღებთ თქვენს აბსოლუტურად არანორმალურ განრიგს და ცხოვრების წესს?

მინდა, რომ ცხოვრებიდან ყველაფერი გამოვწურო, რისი გამოწურვაც შემიძლია. არ მინდა თუნდაც ერთი წამის დაკარგვა და ამიტომაც ჩემთვის ყოველი მომენტი რაიმე ახლის კეთების შესაძლებლობაა. ასე ვარ მოწყობილი და მგონია, რომ ნაწილობრივ ეს იმ ადამიანების წყალობითაა, ვისაც მე ვუსმენდი და ვბაძავდი ახალგაზრდობაში. ჰერბი ჰენკოკი, მაილზ დევისი... ეს ის ადამიანები არიან, ვისაც მე თვალს არ ვაცილებდი და გამუდმებით ვესაუბრებოდი ხოლმე. მაილზი მუდამ „ჩართული“ იყო. ჰერბიც სულ მუდამ „ჩართულია“. ჰერბის რომ უსმენ, ფიქრობ, რომ მისთვის ზღვარი საერთოდ არ არსებობს. წარმოგიდგენიათ, მან წლის საუკეთესო ალბომისათვის „გრემი“ აიღო. საუკეთესო ჯაზ-ალბომისათვის კი არა, წლის საუკეთესო ჩანაწერისთვის! მხოლოდ ჰერბის შეუძლია ეს, იმიტომ, რომ ის ძლიერი და გახსნილი სულის ადამიანია და მას ძალუძს ასეთი რამეების კეთება. ის ნამდვილი ჯადოქარია. მე კი ვცდილობ, ყურადღება გავამახვილო იმაზე, რაც ჩემგან შეიძლება დადგეს და დანარჩენ ყველაფერს უგულებელვყოფ. როცა პატარა ვიყავი (მე ნიუ-იორკის მუშათა კლასის ოჯახში დავიბადე), ჩემებს ვეუბნებოდი, მუსიკოსი მინდა გამოვიდე-მეთქი, ისინი დამცინოდნენ. მუსიკოსი ან კალათბურთელი - ეს ყველა ჩემი უბნელი ბიჭის ოცნება იყო. მაგრამ მე ისე მიყვარდა მუსიკა, რომ დაცინვას ყურადღებას არ ვაქცევდი. ისინი მეუბნებოდნენ: „მარკუს, შენი მუსიკოსობა თითქმის შეუძლებელია“, მაგრამ მე მათ არ ვუჯერებდი. ისე ვიყავი მუსიკაზე „დაციკლული“, რომ არც კი მესმოდა, რას მეუბნებოდნენ. საკუთარ თავს ვუთხარი: „შესაძლებელია, მე ეს ნამდვილად ვიცი“. თავში „საუნდს“ ვატარებდი, მარკუს მილერის „საუნდს“. როდესაც ჩემს ადრეულ ჩანაწერებს ვუსმენ, დღეს ჩემთვის ეს ყველაფერი საშინლად ჟღერს და ყველაფერი ძალიან ცუდია, მაგრამ მაშინ მე ეს არ ვიცოდი იმიტომ, რომ მხოლოდ ჩემს სიღრმეში არსებულ „საუნდს“ ვუგდებდი ყურს. შემდეგ კი, ნელ-ნელა, წლიდან წლამდე, მე მივუახლოვდი იმ „საუნდს“, რაც ბავშვობაში მქონდა თავში.

ოთხმოციანი წლების დასაწყისიდან თქვენ შეწყვიტეთ ალბომების ჩაწერა, რადგანაც, თქვენივე თქმით, არ გაგაჩნდათ იმის შეგრძნება, თუ ვინ იყავით. მე ძალიან კარგად გამომდიოდა სხვების სამსახურში ქამელეონად ყოფნა, - ეს თქვენი სიტყვებია. როდის დგება ის მომენტი მუსიკოსის ცხოვრებაში, როდესაც ის ამბობს: აი, ეს უკვე მე ვარ?

ეს ყველა მუსიკოსის შემთხვევაში განსხვავებულია. არიან მუსიკოსები, ვისაც ოცი წლის ასაკში აქვთ გამოკვეთილი თვითმყოფადობა. მე არ ვიცნობდი თელონიუს მონქს, როდესაც ის ოცი წლის იყო, მაგრამ შინაგანი ხმა მეუბნება, რომ ის ოცი წლის ასაკშიც თელონიუს მონქივით უკრავდა.

მონქს არ გამოუვლია „ქამელეონობის“ პერიოდი. ზოგიერთებს კი, მათ შორის მეც, ყველა იმ შესაძლებლობის გამოყენება მოუწია, რასაც ნიუ-იორკი გვთავაზობდა; ეს კი ძირითადად იმას ნიშნავდა, რომ გამხდარიყავი სხვა მუსიკოსებზე დამოკიდებული სტუდიაში მომუშავე მუსიკოსი და სიტუაციიდან სიტუაციაში გადასულიყავი. ეს იყო ის, რაზეც ხელი მიმიწვდებოდა და ასეთ დროს შენ იძულებული ხარ, რაც გეძლევა, ის აიღო. ეს დიდებული სკოლა იყო ჩემთვის, ბევრ სხვადასხვა სიტუაციაში მომიწია დაკვრა და მეც ვუკრავდი სხვადასხვა სტილში, საკმაოდ მაღალ დონეზე, მაგრამ ჩემთვის ისევ იმას ვიმეორებდი, რასაც ადრე, - ერთ მშვენიერ დღეს მე აღმოვაჩენ საკუთარ თავს. ამისთვის დიდი დრო დამჭირდა. ამ პერიოდში რამდენიმე ალბომი ჩავწერე, მაგრამ მეჩვენებოდა, რომ იმ ალბომებში ჩემი თვითმყოფადობა არ ჩანდა. ამიტომაც გავჩერდი. ამის მერე ჯერ დევიდ სენბორნთან ვიმუშავე, შემდეგ ლუთერ ვანდროსთან, ბოლოს კი მაილზ დევისთან. მაილზი რომ გარდაიცვალა, ვთქვი: „თუ ახლაც არ ვიპოვნე საკუთარი ბგერა, არც აღარასდროს მექნება“. ამიტომ თავიდან დავიწყე ალბომების ჩაწერა. მგონია, რომ მაილზთან მუშაობა ძალიან დამეხმარა საკუთარი თავის პოვნაში. ის შეუზღუდავ თავისუფლებას მაძლევდა. როდესაც მაილზთან მუშაობ, ნამდვილად არ მოგინდება, რომ ვინმეს მიბაძო. ეს მაილზ დევისია და შენ შესაძლებლობა გაქვს გააკეთო რაღაც მნიშვნელოვანი და გამოკვეთილი. მასთან მუშაობის პერიოდში დაკვრისას ვამბობდი ხოლმე - „არა, ეს უკვე მოსმენილი მაქვს!“ შემდეგ სხვანაირად ვცდიდი და ისევ ვიმეორებდი: „არა, ესეც მოსმენილი მაქვს!“ მერე უეცრად: - „ეს კი ნამდვილად ახალი რამაა!“ ასე მქონდა ტვინი მოწყობილი მასთან მუშაობისას და მაილზიც ყველანაირად მამხნევებდა. ისე ნუ გამიგებთ, თითქოს რაღაც დირექტივებს მაძლევდა, მე კი ვასრულებდი. არა, მე მხოლოდ იმიტომ ვცდილობდი ასე, რომ ის მაილზი იყო, მასთან კი ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ყველაზე კარგად დაუკრა. მაილზი რომ გარდაიცვალა, მე შევეცადე გამეღრმავებინა და გამეთავისებინა ჩემი აღმოჩენები.

რას ნიშნავს თქვენთვის ფრაზა გასულიერებული მუსიკა? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ბევრი მუსიკოსი საკმაოდ უხალისოდ საუბრობს იმაზე, თუ რას და როგორ აკეთებს მუსიკის შექმნის პროცესში და ამის სანაცვლოდ სულიერებას და ზეადამიანურ ძალებს აწერს ყველაფერს.

ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანი ხელოსნური მონაცემების დახვეწაა; ტექნიკა, ჰარმონია, მელოდია, რიტმი. მე ვცდილობ ეს ყველაფერი ისე გავაზავო ერთმანეთში, როგორც ეს აქამდე არავის გაუკეთებია. როდესაც ამ პროცესს ვასრულებ, მხოლოდ მაშინ ვიწყებ შთაგონების ძებნას, რათა კიდევ უფრო გავაუმჯობესო და დავხვეწო ის, რაც შევქმენი. ზოგჯერ ამას ვახერხებ ხოლმე, ზოგჯერ კი ყველაფერი „ხელოსნურ“ დონეზე რჩება. ზოგჯერ, თუ საკმარისი ენერგია ჩადე ამ ყველაფერში, შეიძლება... კარგი, აი, მაგალითად: შეიძლება ჩვენ სამი კვირა ვატაროთ რეპეტიციები, მაგრამ ყველაფერი კარგად არ გამოგვივიდეს. მერე კი, სცენაზე გავდივართ და ყველაფერი მოულოდნელად იცვლება; მუსიკა შეუფერხებლად მოედინება. როდესაც მსმენელისათვის ვუკრავთ და მუსიკის მეშვეობით ვახერხებთ ადამიანების გაერთიანებას, ეს სულ სხვა რამეა. ასე რომ, ჩვენ ნოტებზე ვმუშაობთ თვეების განმავლობაში, რაც ყოველთვის არცთუ ისე სახალისოა. უბრალოდ, ნოტებზე ბეჯითი მუშაობა გვაძლევს იმის შანსს, რომ ყველაფერი ერთად შევკრიბოთ და სცენაზე რომ გავალთ, სწორედ იქ შეიძლება მოხდეს რაღაც საინტერესო. ყველაფერს ორი მხარე აქვს... არიან მუსიკოსები, ვინც მხოლოდ ღმერთის მიერ ნაბოძებ ნიჭს ეყრდნობა, მაგრამ შენ შენი სამუშაოს ნაწილიც უნდა გააკეთო. ღმერთი შენც გაკისრებს პასუხისმგებლობას; ის თითქოს გეუბნება: „ნუ მთხოვ, რომ ყველაფერი შენს მაგივრად მე ვაკეთო. მე საკმარისს მოგცემ, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი შენს ხელთაა!“

თქვენ ამბობდით, რომ ტურნეში ყოფნისას თუ მოიწყინეთ, ეს აუცილებლად თქვენი ბრალია, რადგან ვერ მოახერხეთ მოგეძებნათ რაღაც ახალი და საინტერესო თქვენთვის და თქვენი ბენდის წევრების შთაგონებისთვის. რა შემთხვევაში გრძნობთ, რომ მოიწყინეთ და როგორ ებრძვით მოწყენილობას ტურნეებში ყოფნისას?

ვინაიდან „ლაივის“ დაკვრის დროს ჩვენ ყველაფერს იმპროვიზაციაზე ვაწყობთ, ზოგჯერ ხდება, რომ უეცრად რაღაც ნაპერწკალი გაჩნდა და იმას ვაწყდებით, რაც აქამდე არ დაგვიკრავს. ასეთ შემთხვევაში არ გინდა, ამ ახლის ხელიდან გაშვება, ამიტომაც შემდეგ სამ-ოთხ კონცერტს ამ ახლად მიგნებულზე აგებ; ცდილობ თავიდან გააჩინო ის ნაპერწკალი, მაგრამ ეს აღარ ხდება. ის არასდროს გამეორდება ისე, როგორც დასაწყისში მოხდა. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, - მაყურებელზე, ბგერაზე დარბაზში, იმაზე, თუ როგორ გრძნობენ თავს შენი ბენდის წევრები, რა მიირთვი კონცერტის წინ და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს ძალიან მოქმედებს იმაზე, თუ რას და როგორ უკრავ. მოკლედ, როგორც გითხარით, ასე გრძელება სამი თუ ოთხი კონცერტის განმავლობაში და ნელნელა გულიც მიცრუვდება. ამ დროს თავს ვანებებ იმ ნაპერწკლის დაძებნის მცდელობებს და ვცდილობ გავიხსნა და მოვემზადო ახლის მისაღებად; ახალი, საინტერესო შესაძლებლობებისთვის... მე წამდაუწუმ ვახსენებ ხოლმე საკუთარ თავს, რომ დღიდან-დღემდე გახსნილი უნდა ვრჩებოდე ახლის მისაღებად.

თქვენ მუსიკას ბევრნაირი მსმენელი ჰყავს, მაგრამ მსმენელი მსმენელია და მას უყვარს, როდესაც ნაცნობ თემებს ისმენს ხოლმე. რა სიხშირით ცდილობთ არატრადიციული მიდგომის დანერგვას ლაივების დროს თქვენივე მსმენელის გამოწვევის მიზნით?

ყოველ საღამოს. აი, როგორ ვაკეთებ ხოლმე ამას: თავიდან მე მათ ნაცნობ თემებს ვასმენინებ; თემებს, რომელთა მოსმენისას მათ შეუძლიათ თქვან: „ჰო, მე ვიცი ეს მელოდია!“ ეს ნორმალური რეაქციაა. მერე კი, უეცრად, შუა კომპოზიციაში ისინი თავის ფხანას იწყებენ: არა, მე ასე არ მახსოვდა ეს თემა. ეს იმიტომ, რომ ჩვენ კომპოზიცია გავშალეთ, კიდევ უფრო ჩავუღრმავდით მას. მერე კი ჩვენ კვლავ მსმენელისათვის ნაცნობ ტერიტორიას ვუბრუნდებით, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. „ლაივების“ დროს დაკრულს ეს ბალანსი უნდა შეუნარჩუნო. ზოგი მუსიკოსი სცენაზე დგომისას სრულიად მოულოდნელ მუსიკას გთავაზობს და შენ სპონტანურად, ყოველგვარი მომზადების გარეშე, უნდა შეეცადო ამ მუსიკაში ორიენტირებას. ასეთ დროს ბევრმა მსმენელმა არ იცის, თუ როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს მოსმენილზე. მეორე მხრივ კი არის მუსიკა, რომელიც შენთვის კარგად ნაცნობია, სადაც შენ იცი, თუ რა მოხდება, შენ შეგიძლია აჰყვე მას, იმღერო, იცეკვო, რადგანაც ის შენი ნაწილია და სწორედ ასეთი მუსიკის დაკვრა მომწონს. კონცერტის დროს მე შენ გაძლევ იმას, რასაც შეგიძლია მოეჭიდო, გთავაზობ ნაცნობ მელოდიებს, მაგრამ, ამავე დროს, თემის განვითარების სხვა შესაძლებლობებსაც გასმენინებ.

ეპოქაში, სადაც ყველა ბგერა მუსიკად აღიქმება და როდესაც მუსიკოსები ნებისმიერი ბგერის გამოყენებას ცდილობენ თავის მუსიკაში, რა გამოწვევის წინაშე დგახართ თქვენ, მუსიკოსი, ვინც ტრადიციულ ინსტრუმენტზე ქმნით და უკრავთ მუსიკას?

მთავარია, გახსნილი დარჩე, ეს კი ძალიან ძნელია. გახსნილი უნდა იყო და თან გემოვნება გქონდეს. ბევრ მუსიკოსს ვიცნობ, ვინც მხოლოდ იმისთვის, რომ ნოვატორობა დაიჩემოს, ყველაფერ ახალს და თანამედროვეს განურჩევლად აწყდება. მე მომწონს დიჯეების გაკეთებული მუსიკა, მე მომწონს ის მუსიკოსები, ვინც კომპიუტერზე ქმნის მუსიკას. ამ შემთხვევაში ცუდიც ბევრია და კარგიც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შენ ბევრნაირ მუსიკას უნდა უსმინო, რომ გაერკვე, რა არის შენი და რა - არა. აიღე ის, რაც შენთან ახლოსაა, რაც მოგწონს და შეეცადე, შენს მუსიკაში გამოიყენო.

ეს ცნობილი ანეკდოტია არნოლდ შონბერგზე: ერთხელ, როდესაც ის თავის სტუდენტს გაკვეთილს უტარებდა, საშლელიან ფანქარზე მიანიშნა ახალგაზრდას და უთხრა: ფანქრის საშლელიანი ბოლო უფრო მნიშვნელოვანია. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის საშლელი მუსიკის წერის და დაკვრის პროცესში?

არ უნდა გქონდეს იმის სურვილი, რომ ყველა ნოტი დაუკრა. შენ კარგ ნოტებს ირჩევ და თვითონვე იღებ გადაწყვეტილებას, თუ რომელი ნოტია შენთვის მნიშვნელოვანი. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ დიჯეები მუსიკოსები არ არიან და რომ ისინი მხოლოდ ერთხელ უკვე დაკრულის გადამღერებით არიან დაკავებული, მაგრამ ის, რასაც ისინი გთავაზობენ, გემოვნებაა; იმას, რაც, მათი აზრით, კარგი და გემოვნებიანია. ახალგაზრდები წარმატებულები სწორედ ასეთი სახის შეთავაზებაში არიან იმ დროს, როდესაც არსებობს უამრავი მუსიკოსი, ვისაც საოცარი ტექნიკა აქვს და ვისაც ყველაფრის დაკვრა შეუძლია, მაგრამ მათ არ გააჩნიათ იმის შეგრძნება და ინტუიცია, თუ რა გამოტოვონ დაკვრისას. ისინი საშლელს არ იყენებენ, არადა, სწორედ ესაა მნიშვნელოვანი. მეორე მხრივ კი, ჩვენ გვყავს ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან აჰმად ჯამალი და მაილზ დევისი და ვინც ამბობს: მე ყველაფრის დაკვრა შემიძლია, მაგრამ მხოლოდ ის მინდა ჩემს მუსიკაში დარჩეს, რაც აუცილებელი და კარგია. მე მინდა დავუკრა ის, რაც ადამიანებს კარგად ამყოფებს და სწორედ ესაა მუსიკოსისთვის განვითარების უმაღლესი წერტილი. მე შემიძლია ყველაფრის დაკვრა, აბსოლუტურად ყველაფრის, მაგრამ ამას არ გავაკეთებ, მე მხოლოდ დავუკრავ იმას, რაც მიმაჩნია, რომ კარგია. ეს უმაღლესი დონეა და უამრავ ბრწყინვალე მუსიკოსს არ ძალუძს ამ დონის მიღწევა.

დღესაც თვალებს ხუჭავთ ხოლმე მელოდიის დასაძებნად, თუ რაიმე ახალი ტექნიკა მოიფიქრეთ ამისთვის?

დღესაც თვალებს ვხუჭავ ხოლმე. მე ბგერაზე ვმუშაობ და თუ თვალები გახელილი დამრჩება, ამ დროს შეიძლება ხელი შემეშალოს. სინათლე, საგნები და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი რამ... თვალებს რომ დახუჭავ, ყველაფერი გეხსნება. თუ გინდა, რომ თვალდახუჭულმა დაინახო, უფრო ყურადღებით უნდა ისწავლო მოსმენა.

P.S. ინტერვიუ ჩაწერილია „კოკა-კოლა შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის“ დროს, ქობულეთში, სასტუმრო „ჯორჯია პალასში“. ინტერვიუს ორგანიზებისათვის „ცხელი შოკოლადი“ მადლობას უხდის „ისთერნ პრომოუშენს“ და ფესტივალის სპონსორებს: „თიბისი ბანკს“, „მაგთი GSM“-ს და კომპანია „იბერიას“.

16 ერთსართულიანი ამერიკა გინდა, ამერიკა დაგანახო?

▲ზევით დაბრუნება


ესეი

ავტორი: თამარ ბაბუაძე

* * *

ჩემს ბავშვობაში უფროსებს ჰქონდათ ასეთი სადისტური ხუმრობა, მოდი, ყურებით აგწევ, მოსკოვს დაგანახებო. მამაჩემის მეგობარი ოთარი, როგორც ჩანს, უფრო წინწასული კაცი იყო, და ყურების აქაჩვით მპირდებოდა, რომ ამერიკას დავინახავდი. ასე დავშინდი პირველად ამერიკით.

* * *

პირველ კურსზე „ამერიკული საბჭოების“ მიერ მოწყობილ კონკურსში გავიმარჯვე და ამერიკულ კოლეჯში სწავლის ერთწლიანი სტიპენდია მოვიპოვე. გადამწყვეტ გასაუბრებაზე ჩემს წინ ჩემი მეგობარი შევიდა, რომლისგანაც გავიგე, რომ ამერიკელ შემფასებელს, ერიკ ჯონსონს, ნახევარფინალისტების სხვა თვისებებთან ერთად აინტერესებდა ჩვენი თავისუფლების ხარისხი და იუმორის გრძნობა. ჩემზე შებოჭილი არსება იმხანად არავინ მეგულებოდა, ამიტომ ძალიან შევშინდი, და გასაუბრებამდე ათი წუთით ადრე მოვიფიქრე, თუ ვინიცობაა და ჯონსონი რაიმე მხიარული ამბის გახსენებას მომთხოვდა, ჩემი ერთი მეგობრის თავს გადახდენილი ისტორია გამეხსენებინა და ჩემად გამესაღებინა: როგორ ვთამაშობდი კარტს უნივერსიტეტის ეზოში, როგორ წავაგე „მაზიანი“ და როგორ გავიცანი ქუჩაში უცნობი ბიჭი, ანუ როგორ მოხერხებულად გავუმკლავდი უხერხულ სიტუაციას. მოკლედ, ურცხვად ვიცრუე მაშინ, როცა ასეთ რამეს, მიწა რომ გამსკდომოდა, ვერ ვიზამდი. და ზუსტად ამ ტყუილმა გამიშვა ამერიკაში. ჯონსონმა ბევრი იცინა და რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ის ჩემი მეგობარი რეზერვისტთა კანდიდატებში მოხვდა, მე კი - ფინალში, მივხვდი, რატომაც გააკეთეს ამერიკელმა შემფასებლებმა არჩევანი ჩემზე: მე ვიყავი საშუალო სტატისტიკური ქართველი, საშუალო კლასის წარმომადგენელი გოგო, რომლის მშობლებიც საკუთარი ხარჯებით შვილს ამერიკაში სასწავლებლად ვერასოდეს გაგზავნიდნენ და მე ვიყავი გოგო, რომელიც, მორცხვობის მიუხედავად, იუმორის გრძნობითა და თავდაჯერებით გამოირჩეოდა. სწორედ ამიტომ მქონდა შანსი, გავმხდარიყავი selfmade man - ოჯახის დაუხმარებლად, მხოლოდ საკუთარი უნარით, საზოგადოებაში წარმატებულად რეალიზებული ინდივიდი.

ასე წავედი ამერიკაში დიდი მისიით - კიდევ ერთხელ დამედასტურებინა დიადი ამერიკული ოცნების რეალურობა.

* * *

ადგილი მიმიჩინეს ქალაქ როჩესტერში. რუკას რომ გადავხედე, შტატებში სამი როჩესტერი აღმოვაჩინე. ჩემი მინესოტაში იყო, შუაგულ მიდვესტში, 120 ათასი მოსახლით, ბევრი ტბით, ცივი ზამთრით, ყველაზე ჯანმრთელი მოსახლეობით და იმ დროისთვის ყველაზე მცირე კრიმინალური მაჩვენებლით. მოკლედ, მაშინ, როცა ამერიკა მილიონი ცათამბჯენით მთლიანად გადაბრდღვიალებული ქვეყანა მეგონა, მიმავლინეს ნამდვილ ამერიკაში - უსასრულო საშტატო გზატკეცილებით, ორსართულიანი ხის სახლებით, სიმინდის ფერმებით, ბენზინგასამართ სადგურებთან თავმოყრილი ინფრასტრუქტურით, კომბინიზონიანი და ბენდენიანი „რედნეკებითა“ და ჭუჭყიანი მაკდონალდსებით.

* * *

17 წლის გოგო უინტერნეტო საქართველოს ეპოქიდან - ასეთი ვიყავი, როცა ნიუიორკში, ჯონ კენედის აეროპორტში დავდგი ფეხი და გულამოსკვნილმა ვიტირე - ჩემი ერთ წელზე გათვლილი ატრიბუტიკით სავსე ჩემოდანი სადღაც სტამბოლსა და ნიუიორკს შორის დავკარგე. ვინანე, არ უნდა მეცრუა მაშინ ჯონსონთან, არ დადგება ჩემგან selfmade man-ი, აგერ ვდგავარ, ვტირი და ჩემოდნის ამბის გაგებაც მერიდება, იმიტომ, რომ ინგლისურად დალაპარაკების მრცხვენია-მეთქი. ხმაურმა და უზარმაზარი აეროპორტის სიჭრელემ სულ მომიღო ბოლო. ადამიანები ისეთივე სისწრაფით დარბოდნენ ჩემს გარშემო, რა სისწრაფითაც ლაპარაკობდნენ. ზედაც არავინ მიყურებდა. მე კი მათი არაფერი მესმოდა. ვიყურებოდი აქეთიქით ცრემლიანი თვალებით და გონებაში მეათასედ ვიმეორებდი ფრაზას, რომლის ხმამაღლა წარმოთქმაც როგორმე უნდა გამებედა: „უკაცრავად, დაკარგული ბარგი სად შეიძლება მოვიძიო?“ მაშინ ჯერ კიდევ მეგონა, რომ ამერიკა სულ ცათამბჯენებით და აეროპორტებითაა სავსე, ამ ცათამბჯენებსა და აეროპორტებში მილიონი ადამიანი დაქრის და სხაპასხუპით ლაპარაკობს, დაქრის და ლაპარაკობს და მე მათ შორის დავიკარგები. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ 9,83 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული ამერიკის სოლიდურ ნაწილში ერთი ცათამბჯენიც არ დგას და რომ ამ უზარმაზარი ქვეყნის სოლიდური ფართობი სწორედ ჩემი დანიშნულების პუნქტს - მიდვესტს უჭირავს. ნამდვილი selfmade man-ები კი ზუსტად მიდვესტში იბადებიან.

* * *

როჩესტერისკენ მიმავალი თვითმფრინავი, ალბათ, ისეთივე ზომის იყო, როგორიც თბილისი-ქუთაისის მარშრუტზე დაფრინავდა. ეკონომ-კლასში 14-ნი ვისხედით. მათ შორის, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი ჯენელ ჰოლტერი (გლობუსივით ქალი, უზარმაზარი ტანით და ვიწრო სახით, რომელსაც რატომღაც სულ არ ერიდებოდა საკუთარი სიმსუქნის და შორტი ეცვა), ჩემნაირი გაცვლითი სტუდენტი მოსკოვიდან - მიშა შამპანოვი და მე. ჯენელი მიხსნიდა, რომ როჩესტერი პატარა ქალაქია, მაგრამ სხვა პატარა ქალაქებისგან განსხვავებით, მას საკუთარი საერთაშორისო აეროპორტი აქვს. ეს იმიტომ, რომ როჩესტერში განთავსებულია მსოფლიოში სახელგანთქმული მეიოს კლინიკა, სადაც თვით მისი აღმატებულება იორდანიის მეფე ჰუსეინ ბინ თალალი მკურნალობდა. სწორედ ასეთი კლიენტების მოსაზიდად მიანიჭეს როჩესტერის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტის სტატუსი.

საერთაშორისო აეროპორტი მინიატურული აღმოჩნდა. ორი ნაბიჯი გადავდგი და უკვე გარეთ ვიყავი. ჯენელმა ჩემს მასპინძელს მოჰკრა თვალი. დეილ პიდერსენი თავისი „სააბის“ გვერდით იდგა და იღიმებოდა. „სააბი“ შვედური მანქანაა. როჩესტერშიც, ისევე, როგორც მთელ მინესოტაში, ძირითადად, სკანდინავიური წარმოშობის ადამიანები ცხოვრობენ. პიდერსენების ფესვებიც სადღაც ნორვეგია-შვედეთშია გადგმული. როგორ ხარო, - ჰკითხა დეილმა ჯენელს, ხომ კარგად იმგზავრეთო. You bet-ო, - უპასუხა ჯენელმა. ცოტა დავიბენი, რა შუაშია აქ სიტყვა „დანაძლევება“-მეთქი, მაგრამ მერე ილფი და პეტროვი გამახსენდა: ერთ-ერთი მთავარი ლინგვისტური ნიშანი, რითაც უნდა მიხვდე, რომ შტატების მიდვესტს მიადექი, ეს გამოთქმა - You bet არისო, რომელიც არც კი ვიცი, როგორ ვთარგმნო, მაგრამ სუფთა მიდვესტური კი ნამდვილადაა.

0x01 graphic

* * *

ამერიკის პატარა ქალაქების ხასიათს, პირველ რიგში, კლიმატი და მიწა განსაზღვრავს - სამხრეთ შტატების პროვინციულ დასახლებებში სიცხე თავისას შვრება, ადამიანებს აზანტებს და ამიტომ აბსოლუტურად რეალურია ფილმებიდან მეხსიერებაში ჩარჩენილი გრილი და ნახევრად ჩაბნელებული ბარის სურათი - ულვაშიანი და სმისგან ცხვირგასიებული კომბინეზონიანი კაცები ბართან ტეკილას ჭიქებს ცლიან და უცხო სტუმრებს ამრეზით უყურებენ; ზრდიან აგავას ბუჩქებს და ხდიან და ხდიან ღვთიურ სამხრეთულ სასმელს. აი, ამერიკის შუა დასავლეთში კი პატარა დასახლებებში მიწის და სიმინდის სუნი დგას. აქ სიმინდის კულტია. სიმინდისა და ბროკოლის. სამხრეთ დაკოტას ერთ პატარა ქალაქში, რომელსაც ტურისტული სანახაობის პრეტენზია აქვს, სიმინდის მარცვლებისგან აშენებული სასახლეც უდგათ. ნამდვილი მარცვლებისგან და ყოველი ახალი მოსავლის აღებაზე განაახლებენ ხოლმე. სიმინდის ფერმები პატარა ქალაქების გარშემოა განლაგებული. გრძელი, სწორი გზები და გარშემო სულ ყანები, სიმინდის ასაღებად მოწყობილი ინფრასტრუქტურით. ურმითა და გუთნით არავინ დადის, მაგრამ ფერმერ კაცებს ხელები შრომისგან მაინც დაკოჟრილი აქვთ. სიგარეტს არ ეწევიან, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით იკვებებიან და სადილზე გემრიელად მიირთმევენ მოხარშულ სიმინდს, ზედ დადებული კარაქის სქელი ნაჭრით. ადრე წვებიან და ადრე დგებიან და მათ წინაშე გაშლილ უსაზღვრო ჰორიზონტზე არაფერი მოჩანს ფერმებისა და გზების გარდა. ამიტომ რა გასაკვირია, რომ მსოფლიო რუკის შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. მათი ფერმებიდან ამერიკაც კი იმხელა ჩანს, რომ ატლანტიკის ოკეანის გადაღმა თვალი და წარმოსახვა ვეღარ სწვდება. ჰოდა, ერთი პატარა ჯორჯიაც, სადღაც ევროპაში, სადღაც, ასევე უსაზღვრო საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, არავინ იცის.

0x01 graphic

* * *

დეილ პიდერსენი განათლებული კაცი აღმოჩნდა, საკუთარი ქვეყნის ისტორია ხომ იცოდა და იცოდა, და ევროპულ ომებს, დინასტიებს, ხელშეკრულებებსა და რევოლუციებსაც ზედმიწევნით სწავლობდა. საერთაშორისო პოლიტიკა აინტერესებდა და მთხოვდა, ჟურნალისტიკაში ამ განხრით მემუშავა. ამიტომ ყველაზე ადეკვატურ კითხვებსაც ჩემი ჯორჯიის შესახებ დეილი მისვამდა. საღამოობით ვივალდის ერთ-ერთ „წელიწადის დროს“ ჩართავდა, სარწეველა სავარძელში ჩაჯდებოდა დიეტური პეპსით ხელში, მომისვამდა გვერდით და ვარჩევდით ქვეყნის ამბებს. როჩესტერიდან და მისი მყუდრო ხის სახლიდან მსოფლიოზე მსჯელობა იოლი და რომანტიკული იყო. პრინცესა დაიანას ტრაგიკული ავარიაც, რომელმაც მსოფლიო შეძრა, დეილის სავარძლიდან შორეული და არც ისეთი ამაღელვებელი გვეჩვენა, როგორც იმ დღეს საფოსტო ყუთში ჩაგდებული „ნიუს-უიკი“ იუწყებოდა. დეილს თავისი პატარა ქალაქის სწორედ ეს თვისება მოსწონდა - რაც არ უნდა მასშტაბური ყოფილიყო ტრაგედია თუ კომედია, ყველაფერს განზე მდგომი აკვირდებოდა. ცივი მინესოტას ერთი პატარა ქალაქის კიდევ უფრო პატარა გარეუბანში ყველაზე დიდი მსოფლიო ხმაურიც კი ექოსავით აღწევდა. ჰოდა, რა გასაკვირია, დეილს „ტყუპებში“ წასვლასაც რომ ვერ გააგონებდი. „ტყუპები“ მინეაპოლის-სენტ პოლს ჰქვია - მინესოტას ორ უდიდეს ქალაქს, რომლებიც ერთმანეთზეა გადაბმული და როჩესტერიდან სულ რაღაც ერთსაათიან სამანქანო გზაზე მდებარეობს. ჰოდა, დეილი ამ ერთსაათიან მგზავრობასაც ვერ უძლებდა. თავის ერთ-ერთ ძმას, რომელიც მინეაპოლისის გარეუბანში ცხოვრობდა, ამიტომ მხოლოდ წელიწადში ორჯერ სტუმრობდა - მადლიერების დღეს და შობას. ამბობდა, რომ დიდ ქალაქში თავს დაკარგულად გრძნობს; ურჩევნია, მისი ყოველდღიური სამოძრაო გზა ნაცნობი სახეებით იყოს სავსე. გამოვა მანქანით თავის ვიწრო ქუჩაზე, იშვიათ შემთხვევაში შეხვდება მეზობელი, რომელსაც აწეული ფანჯრიდან ხელის აწევით მიესალმება. 15 წუთში კოლეჯში იქნება, იქ კი ნაცნობების მეტი რა არის? ეს არ ჯობია, თუნდაც ნიუ-იორკის მეტროს? სულ უცხოები, უცხოები, უცხოები, ვერავის მიესალმები.

* * *

პიდერსენების სახლამდე დიდი გზატკეცილი მიდიოდა. ქალაქიდან გამოხვიდოდი, დაადგებოდი სწორ გზას, რომელსაც გასწვრივ ცარიელი მინდვრები მიჰყვებოდა, მეტი არაფერი. მერე ერთი-ორი შესახვევ-შემოსახვევი და უცებ პატარა ქუჩა, ზედ ტრაფარეტით - dead-end! რა გასაკვირია, რომ პირველად ფანტაზია არ მეყო სიტყვის მნიშვნელობის გასაგებად, მთლად ქუჩის ბოლოში დაყრილ გვამებამდე არ მისულა ჩემი წარმოსახვა, მაგრამ რაღაც მაგდაგვარი კი მართლა გავიფიქრე.

არადა, ჩიხი ყოფილა! dead-end - ანუ, გზის დასასრული. ამის იქით აღარაფერია, გარეული ინდაურებისა და შვლების გარდა (მართლაც, პიდერსენების ეზოში 15 წუთით შეყოვნებაც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ თავზე ფრთებგაშლილ ინდაურს გადაეშხუილებინა, ზამთარში კი, ქუჩაზე ირემს ავტობუსივით ჩაევლო გვერდით). ხოდა აი, ამ გზის დასალიერში გავატარე ჩემი პირველი ორი ამერიკული თვე.

დილას კოლეჯში დეილს მივყავდი, რადგან ჩემს კოლეჯში მუშაობდა; საღამოსაც სახლში ერთად ვბრუნდებოდით, რადგან პიდერსენების სახლამდე ავტობუსი არ მიდიოდა. სრული ვაკუუმი გამოდიოდა - პროვინციული ამერიკული ცხოვრების ვაკუუმი, საიდანაც თავისუფლებას ველოსიპედით ვეძებდი. გავივლიდი ჩემს dead-end-ს, სადაც არასდროს არც ერთი მეზობელი არ შემხვედრია და დავადგებოდი დიდ გზატკეცილს პატარა ქალაქისკენ. გზად ძირითადად ფერმერების საბარგულიანი „პიკაპები“ მხვდებოდა, ზოგი ფერმერი ბიჭი ხელს მიქნევდა და მიღიმოდა. სულ მთლად გამოყრუებულს მსიამოვნებდა კიდეც ეს ჩავლილი ნაცნობობა ჩავლილი მანქანიდან. რამდენჯერ დამღამებია გზაში. მაგრამ სანამ „ტექსაკოს“ ბენზინგასამართი სადგურის განათებულ აბრებს არ დავინახავდი, უკან არ ვბრუნდებოდი. „ტექსაკო“ ნიშანი იყო ქალაქური ცხოვრების დასაწყისის, თუნდაც ეს პატარა პროვინციული ქალაქი ყოფილიყო.

* * *

ნოემბერში ახალ ოჯახში გადავედი. დაგი „აი-ბი-ემის“ ქარხანაში მუშაობდა და პროგრამისტი იყო, მისი ებრაელი ცოლი ჯოლინი კი - ჩემდა ჭირად გაჩენილი ქალი. როჩესტერში გადმოსვლამდე ლოს-ანჯელესში ცხოვრობდნენ, შემდეგ დაგმა „აი-ბი-ემ“-ში სამსახური იშოვა და, მაღალი ხელფასის ხათრით, მეგაპოლისის ცხოვრებაზე თქვეს უარი. ჯოლინი ამას ვერაფრით შეეგუა. რიტმი, ხმაური და ყოველდღიური დუღილი საშინლად ენატრებოდა. ამიტომ მე გადამეკიდა. კინოშიც ჩემთან და ჩემს მეგობრებთან ერთად უნდოდა სიარული და საყიდლებზეც, „მოლში“. თინეიჯერ გოგოს თამაშობდა და ჩემს მეგობრებთან დროის ტარებით „მაგარი ქალაქური გართობის“ ილუზიას იქმნიდა. თუმცა, ავტობუსის ხათრით ჯოლინსაც ვიტანდი და მის გამოხდომებსაც. ავტობუსი ნამდვილი ცხონება იყო. ჩავივლიდი ერთ ქუჩას და უკვე გაჩერებაზე ვიდექი. მძღოლები მიცნობდნენ, შავკანიანი ჯექსონი განსაკუთრებული სიამტკბილობით მხვდებოდა. ერთი ჩალმიანი ინდოელის გვერდით მომწონდა ჯდომა. ინდოელიც „აიბი-ემი“-ს ქარხანაში მუშაობდა - მხარზე გადაკიდებული ჩანთით მივხვდი, რომელზეც „აი-ბი-ემი“ ეწერა. ხმას არ იღებდა, რაღაც უცნაური სუნი ჰქონდა და ამ ერთგვაროვან და ერთსახოვან მიდვესტში მისი ეგზოტიკა საშინლად მომწონდა. სამ გაჩერებაში ენდი ამოდიოდა - კოლეჯის კაფეტერიის ოფიციანტი, უნარშეზღუდული ბიჭი, რომელიც უცნაურად დადიოდა და სქელშუშიანი სათვალე ეკეთა. ენდის საოცარი პრონონსი ჰქონდა და ნაცნობი სტუდენტების დანახვა საშინლად ახარებდა. დამინახავდა, ტაშს შემოჰკრავდა და მეტყოდა: See, I told you, I'll be seeing you on the bus today! - ხომ გეუბნებოდი, დღეს ავტობუსში გნახავდიო! ხოლო თუ კაფეტერიაში მოგკრავდა თვალს, აუცილებლად გკითხავდა: Are you taking the bus today? - ავტობუსით აპირებ დღეს მგზავრობასო? და როცა კვერს დაუკრავდი, ისევ ტაშის თანხლებით გაიხარებდა: Hopefully I'll see you on the bus today! იმედია, ავტობუსში აუცილებლად შეგხვდებიო. სანამ ნამდვილ მეგობრებს გავიჩენდი, მართლაც რომ დიდი ცხონება იყო ეს ავტობუსი.

0x01 graphic

* * *

ენდის გონებაშეზღუდული კი ერქვა, მაგრამ სხვაგვარი გონებაშეზღუდულობა უფრო იყო ამ პატარა ქალაქის პრობლემა. არადა, თითქოს, თავისუფლების სიმბოლო ქვეყანაში ვცხოვრობდი.

საშობაოდ ჩემს მეგობარ მირიამს - ასევე გაცვლით სტუდენტს ციურიხიდან - შეყვარებული ეწვია. მირიამმა წინასწარ ითხოვა ნებართვა თავისი მასპინძელი ოჯახისგან, რომ კრისტიანიც მათ სახლში გაჩერებულიყო. თუმცა, უკვე კრისტიანის ჩამოსვლის შემდეგ გაირკვა, რომ სახლი და ოთახი სინონიმები არ იყო. ძილის წინ, როცა კრისტიანმა და მირიამმა ოჯახის წევრებს ღამე მშვიდობისა უსურვეს და მირიამის ოთახისკენ გაეშურნენ, კართან ოჯახის უფროსი გადაეღობათ - არავითარ შემთხვევაშიო! ეს ჩემი სახლია, მე 12 წლის ვაჟი მყავს და არ მოგცემთ უფლებას, მის წინაშე ასეთი უმსგავსობა ჩაიდინოთ - დაანახოთ უმანკო ბავშვს, რომ დაუქორწინებლადაც შეიძლება ერთ ლოგინში ძილიო. მთელი ორი კვირა კრისტიანი სასტუმრო ოთახში იწვა, გასაშლელ ტახტზე, პლედგადაფარებული. როგორც ვიცი, ის და მირიამი, ნამდვილი სიყვარულით მხოლოდ ზაფხულში დატკბ ნენ, ნეიტრალურ და თავისუფალ შვეიცარიაში.

* * *

მოსკოველი მიშა შამპანოვი რუსულ-იმპერიალისტური რემარკებით გამოირჩეოდა. ჩვენს მეგობარ ამერიკელებს სიტყვა „თავისუფლების“ მნიშვნელობაზე მუდამ დასცინოდა. ხანდახან ირონიულად მოსდიოდა, ხანდახან ყალბად, უფრო ხშირად კი - ხისტად. ძირითადად ჩვენი გაცვლითი პროგრამის კოორდინატორთან - ჯენელ ჰოლტერთან კამათობდა ხოლმე. და გრძელდებოდა დაუსრულებლად - „აბა, ამერიკამ რომ ასე...“, „აბა, რუსეთმა რომ ისე...“ მაშინ მივხვდი, იმპერიებს შორის შუღლი პატარა ქალაქების ბინადრების აზროვნებასა და ყოველდღიურობაში ყველაზე უკეთ ჩანს.

როჩესტერში ახალი ჩასულები ვიყავით. ჯენელმა North-West Bank-ში ანგარიშის გასახსნელად წაგვიყვანა, რომელზეც შემდეგ სტიპენდია უნდა დაერიცხათ. დარწმუნებული ვარ, მიშაც, ისევე როგორც ჩვენი ჯგუფის ყველა პოსტსაბჭოთა წევრი, საბანკო ანგარიშს ცხოვრებაში პირველად ხსნიდა. მაგრამ ის მაინც დიდ გულზე იყო, ავიწყდებოდა, რომ ამერიკაში განათლების მიღების შანსი სახელმწიფო დეპარტამენტის წყალობით მიიღო და სანამ ვესტიბიულში ვიცდიდით, ამტკიცებდა, რომ ამერიკელების ყოფითი თავისუფლება უზრდელობა და უკულტურობაა და მეტი არაფერი. ჯენელი კი კარგ ხასიათზე იყო და არ ეკამათებოდა, ღიმილით უსმენდა. იცოდა, რომ პატარა როჩესტერში დაბადებული დიდ და დახვეწილ მოსკოვურ კულტურას ვერაფრით შესწვდებოდა. ამიტომ მიშას ტირადის პასუხად, მაინც უდარდელად აბოყინებდა „კოკა-კოლას“ ყოველი ყლუპის შემდეგ და არც მაგიდიდან აპირებდა სქელი ფეხების ჩამოლაგებას, რომელთაც ისევ პატარა შორტი უმშვენებდა. იმ დღეს მიშას პროპაგანდისტულ თხოვნასაც სცა პატივი (მიშა მთელი წლის განმავლობაში დაუღალავად ცდილობდა ნაცნობი რიგითი ამერიკელების რუსიფიკაციას, თითქოს, ამ წმინდა მისიით იყო მოვლინებული შტატებში) და საგანგებოდ დაისწავლა მოსკოვის „სპარტაკის“ გულშემატკივართა ჰიმნი. სრული ამერიკული თავისუფლებით მღეროდა „მოს-კოვ-სკიი სპარ-ტაკ, მოს-კოვ-სკიი სპარ-ტაკ...“ მაგრამ ამით, მგონი, საპირისპიროს უმტკიცებდა მიშას: როგორი პატარა ქალაქიდანაც არ უნდა იყოს ამერიკელი, შინაგანად დიდი რუსული ქალაქის მაცხოვრებელზე ცოტათი თავისუფალი მაინც იქნება.

0x01 graphic

* * *

სწავლის დაწყებიდან ორი თვის თავზე შევიტყვეთ, რომ ჯენელ ჰოლტერი ლესბოსელი იყო. ატყდა განგაში, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა რესპუბლიკელების წარმომადგენლებს შორის. ჯენელის სახით ჩვენ ყველამ პირველად ვნახეთ ლესბოსელი, რომელსაც ვემეგობრებოდით, მხარზე ხელს ვუტყაპუნებდით, და რომელიც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მფარველობას გვიწევდა კიდეც. უნდა ვაღიარო, რომ შოკში ჩავვარდი. მერე შემრცხვა, მაგრამ მერე ისევ გამიქრა სირცხვილის გრძნობა, როცა გავიგე, რომ მთლად კომფორტულად ჯენელის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით ვერც ჩემი ნაცნობი როჩესტერელები გრძნობდნენ თავს. ჯენელი და რენე ერთ სახლში ცხოვრობდნენ და ერთი საბანკო წიგნაკი ჰქონდათ, რომელსაც ეწერა - ჯენელ და რენე ჰოლტერები - ზუსტად ისე, თითქოსდა ცოლ-ქმარი იყვნენ. თუმცა კი დაქორწინების უფლებას მინესოტას კანონმდებლობა მათ არ აძლევდა (ახლა არ ვიცი, რა შეიცვალა იქ ამ თვალსაზრისით). ჯენელი კი სწორედ ამისთვის იბრძოდა. დიდ მიღწევად მიიჩნევდა იმას, რომ როჩესტერის კოლეჯის სასწავლო პროგრამაში ახალი კურსი ჩაუშვეს. ეს იყო კურსი სექსუალური უმცირესობების შესახებ. მიშა, რა თქმა უნდა, ამაზეც ქირქილებდა. ბოლოს „გმირული“ ნაბიჯი დენიელ ვონვილმა გადადგა - ისევ ნეიტრალური და თავისუფალი შვეიცარიიდან; მიუხედავად იმისა, რომ ეს კურსი არაფერში სჭირდებოდა, მაინც არც ერთ ლექციას აცდენდა. როჩესტერის კოლეჯის ყველაზე დიდი გმირი კი ისევ ჯენელი აღმოჩნდა. დენიელმა გვიამბო, როცა სახელმძღვანელოში იმ ქვეთავს მიადგნენ, „გამოსვლა“ (coming-out) რომ ერქვა და რომელშიც საკუთარი ორიენტაციის სახალხო აღიარებაზე იყო საუბარი, ლექციას ჯენელიც დაესწრო და სტუდენტებს პატარა მოხსენებაც წაუკითხა. ჯენელი ამბობდა, რომ ეს აღიარება განსაკუთრებით საჭიროა პატარა ამერიკულ ქალაქებში, სადაც ჯერ კიდევ მყარადაა ფესვგადგმული გაუცხოება უმცირესობების მიმართ; რომ საჭიროა, მათი უფლებების დაცვა და კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა. ეს რომ მოვისმინე, მივხვდი, სექსუალური რევოლუცია, რომელიც ამერიკაში დაიწყო, არა თუ მსოფლიოში, ჯერ არც ამერიკაში დამთავრებულა. ის დღემდე გრძელდება პროვინციების ცნობიერებაში.

* * *

ჩემმა ნორვეგიელმა მეგობარმა ჯენეტმა გადაწყვიტა ნამდვილი ამერიკელი გოგო გამხდარიყო და ამერიკულობის „სრული პაკეტისთვის“ ძველი ამერიკული მანქანა იყიდა, მგონი 500 დოლარად, უკვე ჟანგშეპარული. დავდიოდით იმ რახრახა მანქანით გაყინულ როჩესტერში და ბოლო ხმაზე ამღერებულ ალანის მორისეტს სიმღერას არ ვაცლიდით. მაგრამ ის წელი „ტიტანიკის“ გამოსვლის წელი იყო და ამიტომ ნამდვილი ამერიკელი გოგოები თავიანთ ძველ მანქანებში მხოლოდ სელინ დიონს ამღერებდნენ.

თუმცა, როგორიც არ უნდა ყოფილიყო მუსიკალური გემოვნება, გართობის ადგილი ყველას ერთი გვქონდა - „ტყუპები“. პარასკევი ღამე - გართობის ღამე. ეს ნიშნავდა მინეაპოლისამდე ერთსაათიან მგზავრობას და იქ დილამდე მოლხენას. ალბათ, როჩესტერში ახლაც ყველაფერი ამ სცენარით გრძელდება. პარასკევ საღამოს პატარა ქალაქიდან დიდი ქალაქისკენ კვლავაც დაუსრულებლად მიედინებიან თინეიჯერების მანქანები. ესეც ამერიკული პროვინციის კიდევ ერთი ხიბლი.

* * *

ჩემთვის კი კოლეჯის ხიბლი მარკ შრედერი იყო, მასობრივი კომუნიკაციების და ამერიკული კინოს ლექციათა კურსის პროფესორი. კაბინეტის კარზე ჯიმ მორისონის პლაკატი ჰქონდა გაკრული. წითელი „ვრანგლერის“ ჯიპს მართავდა, ყავისფერ „კოვბოებში“ ჩატანებული ჯინსი და კუბოკრული „საროჩკა“ ეცვა, გრძელი თმა ჰქონდა და სულ თერმოს-ჭიქაში ჩასხმული ყავითა და მოცეკვავის „პახოდკით“ დადიოდა. თუ არ ვცდები, კოლუმბიის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ როჩესტერში თავს მაინც კომფორტულად გრძნობდა. რატომღაც ცხოვრების ასეთი წესი აირჩია, სამუშაოდ კი - პატარა ქალაქი. ამბობდა: მთავარია შინაგანი თავისუფლება და ადამიანების სიყვარული, თუნდაც ამ ადამიანებს პატარა ქალაქის მაცხოვრებელთა აზროვნება ჰქონდეთ; სად იცხოვრებ, რა მნიშვნელობა აქვსო. ლექციებს ყოველთვის დისკუსიებად გადააქცევდა ხოლმე. შეიძლება ითქვას, ინგლისურად სწორედ მან ამალაპარაკა. დებატებში ჩართვის და მერე მარკის შექების მოსმენის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ენა ავიდგი. კომპიუტერის კლავიატურაზე ბრმად ბეჭდვაც მისი გაკვეთილებისთვის თემების წერის დროს ვისწავლე. გასწორებულ ესეებს უკან რომ გვიბრუნებდა, მისი კომენტარების კითხვას არაფერი სჯობდა. „კარგი დეტალია“, „ყოჩაღ!“ „ეს უკეთ შეგეძლო!“ - მის ამ შეფასებებს ოქროს ფასი ჰქონდა. პროფესორის მისია ასეთი იყო - „აღმოვაჩინო პროვინციაში ხალასი გონება და თავისუფალი აზროვნება“. სწორედ ამიტომ სტუდენტების ტვინებში ყოველგვარ „იდეურ გაბრწყინებას“ უდიდეს პატივს სცემდა. ფავორიტებიც ჰყავდა და მათზე დიდ იმედს ამყარებდა. ჩემზე იცოდა, რომ ისევ საქართველოში ვბრუნდებოდი, ამიტომ წლის ბოლოს განსაკუთრებულად დამარიგა ჭკუა. ვინ იცის, მერამდენედ გამიმეორა, ესა და ეს არის შენი ძლიერი მხარეები და აბა, შენ იცი, უნდა განვითარდე, წინ იარო და ბევრ რამეს მიაღწიოო. არ ვიცი, სჯეროდა თუ არა მარკს ბოლომდე ამერიკული ოცნების, მაგრამ ის უკანასკნელი ჭკუის დარიგება ძალიან ამერიკულად კი გამოუვიდა - ზუსტად ისე, როგორც პატარა პროვინციული ქალაქის დიდ პროფესორს, რომელიც იმედის მომცემ სტუდენტს დიდ ქალაქში, დიდ არენაზე უშვებს და არ იცის, ოდესმე კიდევ შეხვდება თუ არა. ამერიკაც ჩემთვის ზუსტად ესაა - ყველაზე მეტი შანსი და ყველაზე ბევრი გზა (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), რომელს აირჩევ, უკვე შენი ნებაა: ან ხელმოცარული იქნები ან წარმატებული, ან dead-end-ს მიაღწევ, ანდა ვრცელ შარაგზას დაადგები. და, ვინ იცის, შეიძლება ისეც გამოგივიდეს, როგორც გიტარიან რობერტ ალენ ციმერმანს (შემდეგში ბობ დილანად წოდებულს) მინესოტას უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე პატარა ქალაქ დულუთიდან.

17 ამერიკა - როგორც შრომა-გასწორების კოლონია

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმის - ქალები საქართველოდან - შესახებ

0x01 graphic

კადრი ფილმიდან ქალები საქართველოდან

- „საქართველოში ვბრუნდებოდი. თვითმფრინავში ჩავჯექი თუ არა, ყველაფერი დამავიწყდა. მომეშვა. იმის მერე ამერიკა აღარც გამხსენებია. ამ ფილმის შემდეგ კი... თითქოს ყველაფერი თავიდან დაიწყო. თავიდან.“

- „200 დოლარი, თბილისში ვაგზავნი. ჰო, იმავე მისამართზე... ეს - 300 კი ჩემს გოგოს უნდა... 100 - ბიცოლაჩემს, ქუთაისში, წამლები აქვს საყიდელი და“... სახეები არ ჩანს. მხოლოდ ხელებს და მაგრად ჩაბღუჯულ დოლარებს ხედავ. ოჯახებისთვის საქართველოში ფულის გასაგზავნად ქალები თავის რიგს ელოდებიან.

-„აი, ჩემი ქმარი მეუბნება, - კადრი სამზარეულოში ჩამომსხდარ ქალებზე გადადის, - ფული ჩემს სახელზე არ გამოაგზავნო, რიგში ხომ არ ჩავდგები?! თანაც ქალის გამოგზავნილის ასაღებადო... ჰოდა, ჩემმა ბიჭებმაც იგივე მითხრეს და ამიტომ მთელ ფულს სულ რძლების სახელზე ვაგზავნი, აბა, რა ვქნა?!“ ამ რეპლიკას სასწრაფოდ მოყვება დანარჩენი ქალბატონების კომენტარი და ყველა ერთხმად თავისი „ქმრის“ და თავისი „გასაგზავნი ფულის“ შესახებ იწყებს ლაპარაკს. ერთხმად და ერთდროულად. ახლო ხედით აკვირდები მოსაუბრეებს. სხვადასხვა ასაკის 7-8 ქალი იქნება, ასე, 40-50 წლისა, ზოგი შეიძლება ცოტა მეტისაც... არალეგალური ამერიკული ცხოვრებით ზოგი უკვე „მოტეხილია“, ზოგს ტუჩის საცხის წასმა და თვალების „ამოყვანა“ მაინც არ ავიწყდება. დასვენება? - თვეში მხოლოდ ერთ დღეს ისვენებენ; ერთი დღეც არ არის, შაბათს - საღამოს 4 საათიდან და კვირას დღის 1 საათამდე. თავისუფლების ამ რამდენიმე საათს ბრუკლინის ერთ-ერთ იაფ სასტუმროში ატარებენ. მარტო ბრუკლინში 10-მდე ქართული სასტუმროა. უფრო სწორად, ეს არის სახლები, რომლებსაც ქართველები ქირაობენ და შემდეგ, პატრონისგან მალულად, ოთახებს აქირავებენ. კოღუაშვილის ფილმის არალეგალები ამ არალეგალური სასტუმროს კლიენტები არიან. ჩამოდიან და მთელ თავისუფალ დროს, სამზარეულოს მაგიდის გარშემო შემოსხდარნი, საუბარში ატარებენ. შემდეგ მიდიან „ჩემი ბიჭისთვის“ საყიდლებზე, საღამოს კი ქართულ რესტორანს სტუმრობენ. ქართული რესტორანი კი რისი ქართული რესტორანია, თუნდაც ბრუკლინში იყოს, რომ იქ ცეკვა „ქართული“ არ შესრულდეს და გვერდითა მაგიდიდან, ჭიქამომარჯვებულმა კაცებმა სადღეგრძელოები არ შესვან ქალის სილამაზეზე, ქალის პატივისცემაზე, ქალის კულტზე საქართველოში. მეორე დღეს ისევ სამსახური და ამ ერთადერთი დღის ერთთვიანი ლოდინი. დღე, რომელიც უკვე წლების მანძილზე არასდროს იცვლება.

ეს არის ისტორია ქალებზე, რომლებიც სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ, რომლებმაც დატოვეს ქმრები, შვილები და ამერიკას დროებით, მომვლელებად შეაფარეს თავი. თუმცა კოღუაშვილის ფილმის „დროებით საშოვარზე წასული“ გმირები სამუდამო ტუსაღები გახდნენ, ნებაყოფლობითი ტუსაღები... ფულის საშოვნელ მანქანებს დაემსგავსნენ და საკუთარი აღარაფერი დარჩათ. იცვლება მხოლოდ სამუშაო ადგილი, თორემ თავად სამუშაო უცვლელია: ლოგინად ჩავარდნილი დავრდომილი მოხუცების ხელით ჭმევა, დაბანა, უნიტაზამდე მიყვანა, მათი გართობა-გალამაზება, სახლის დალაგება, საჭმლის გაკეთება... მერე რიგში ჩადგომა და შვილისთვის, დედისთვის, ქმრისთვის, ბიცოლასთვის და ა.შ. ფულის გაგზავნა.

53 წუთის მანძილზე, აკვირდები მათ სახეებს, უსმენ ისტორიებს... ხედავ როგორ უვლიან მოხუცებს, როგორ „ზრდიან“ შვილებს ტელეფონით. მათგან ზოგი უკვე 10 წელია არალეგალური ემი გრანტია. ისმენ პატარ-პატარა მონოლოგებს, თბილისში დანგრეული ოჯახების, ქმრის ახალი ცოლის თუ მისი საყვარლის, საყიდელი აგარაკის, „მოუსვენარი“ შვილების შესახებ. ხედავ, როგორ სხდებიან საღამოობით, ტელევიზორთან და „თავიანთ მოხუცებს“ თბილისიდან გამოგზავნილ ვიდეოკასეტებს აყურებინებენ, სადაც „უცებ გაზრდილი შვილების“ ქორწილია გადაღებული ან ახლობლების ქეიფი, ან... მუსიკის გაკვეთილზე გადაღებული შვილის ვიდეო... - „ეს ჩემი შვილია, - ამბობს ერთი სიამაყით, - როგორ გაიზარდა... ხედავ რა კარგად მღერის? კარგი ბიჭია, კარგი. ძალიან კარგი“. ტელევიზორის ეკრანზე 8-9 წლის ბიჭი ჩანს. გამოწკეპილია და ძალიან ხმამაღლა მღერის. ეკრანს მიჩერებული დედა ოთახში, იატაკზე ზის; უკან, ეტლში მოკალათებული მოხუცი ქალი, ქალის ყველა კომენტარს თავის ქნევით ეთანხმება.

0x01 graphic

კადრი ფილმიდან ქალები საქართველოდან

მუშაობის სცენებს სწრაფად ენაცვლება ზამთრის ამერიკის „ცივი“ ლანდშაფტები, სასტუმროში გადაღებული დიალოგები. ეკრანზე ხან უკაცრიელ ქუჩებს ხედავ და ხან ძალით გაღიმებულ მომვლელებს, ტუჩის საცხს რომ უსვამენ ლოგინადჩავარდნილ მოხუცებს - You are so beautiful. Really, really. Very beautiful. Look`. კამერა ახლოდან აკვირდება ქალებს, ცდილობს, არც ერთი დეტალი არ გამორჩეს, არც ერთი სიტყვა არ „გაეპაროს“. ამ უშუალობის გამო, მაყურებელიც პირდაპირ კონტაქტს ამყარებს გმირებთან, თითქოს შენც იქ ხარ, ბრუკლინის ერთ პატარა სასტუმროში; აკვირდები, უსმენ, ცდილობ განსაჯო... ან არ განსაჯო და მათთან ერთად იფიქრო გამოსავალზე.

ფილმის გმირებს რეჟისორი დიდხანს არჩევდა. გადაღებების დაწყებამდე მათთან რამდენიმე თვე იმუშავა. ინფორმაციას აგროვებდა, ვიზუალურ მასალას იღებდა ისე, რომ ჯერ ფილმის სტრუ ქტურა ჩამოყალიბებული არც ჰქონდა. როლებზე დამტკიცებული გმირებიდან რამდენიმეს შეცვლაც კი მოუხდა, რადგან ზოგიერთს საკუთარმა ოჯახმა ფილმში გამოჩენა აუკრძალა - რა საჭიროა, ყველამ ყველაფერი იცოდესო.

ლევან კოღუაშვილი -„არის სიტუაციები, როდესაც ქალები ოჯახის წევრებს ატყუებენ, ამბობენ, აქ ძალიან კარგად ვართო და სპეციალურად გადაღებულ ფოტოებს აგზავნიან: აუზთან, კოქტეილებზე“...

აღარ მახსოვს, რა ერქვა. მუსიკის მასწავლებელი ყოფილა. შვილს ცოლი არ მოჰყავდა, ასეთ ნესტიან სახლში ვინ წამომყვებაო. ესეც ჩამოვიდა, მუშაობა დაიწყო. მას მერე 10 წელი გავიდა. ახალ სახლში შვილმა ცოლი მოიყვანა, ქმარმაც. მას კი ნერვიულობის ნიადაგზე თვალის და ტუჩის დამბლა დაემართა. ახლა უკეთესად არის. სამედიცინო ხელთათმანით და სველი პირსახოცით ყოველ დღე უვლის თავის მოხუცს, უზელს მთელ ტანს, გენიტალიებზე შეხებისას კი უკვე მერამდენედ ეუბნება - „კარგი, ჰო, ჰო... გეყოფა, გაწიე ხელები, ნუ მიფათურებ“.

ეს ქალიც დამამახსოვრდა. 19 წლის შვილს საქორწინო საჩუქარი გაუგზავნა - მანქანა. რამდენიმე თვეში ახალი მანქანით მომხდარ ავარიას რამდენიმე ადამიანი შეეწირა. 6 წელი მიუსაჯეს. დამნაშავედ თავს დედა გრძნობს - იქნებ ჯობდა, არ გაეგზავნა? ჯერ ხომ 19 წლის იყო? ალბათ ტარებაც კარგად არ იცოდა, სწრაფად დაჰყავდა... ის კი მაინც აქ არის. უბრალოდ, ოჯახში, სადაც მუშაობს, პატრონებს სხვა მოსამსახურე პერსონალის დათხოვა სთხოვა - ყველაფერს მე გავაკეთებ, ფული მჭირდებაო. -„მოხუცის მოვლის, სახლის დალაგების გარდა, დღეში 100 კაცისთვის მაინც მიწევს საჭმლის მომზადება. ფეხზე ძლივს ვდგავარ, მთელი სხეული მეწვის, მაგრამ ამას მარტო ფულის გამო არ ვაკეთებ, მინდა, რომ მეც მეტკინოს, მეც დავისაჯო თავი.“ რეჟისორისთვის, ლევანისთვის, უთქვამს, ვერაფრით ვერ ჩავალ თბილისში, გასათხოვარი გოგო მყავს და ცალკე ბინა ხომ უნდა ვუყიდოო.

0x01 graphic

კადრი ფილმიდან ქალები საქართველოდან

. . - „ამ ფილმზე მუშაობისას დანაშაულის გრძნობა მქონდა; იმიტომ, რომ მე თვითონ კაცი ვარ და ამ ქალების შემყურე... გინდა რაღაც გააკეთო, მაგრამ რა? თუმცა აქ ალბათ ყველა დამნაშავეა. გარკვეულწილად ის ქალებიც და მათი ოჯახებიც. მაგრამ საშინელებაა ის, რაც ხშირად ემართებათ როგორც ამ ქალებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს. თითქოს ზომიერების შეგრძნება დაკარგეს. ერთი-ორ ქალს შევხვდი, რომელთაც გააზრებული ჰქონდათ, რისთვის იყვნენ ჩამოსული, რის გაკეთებას აპირებდნენ, იქნებოდა ეს ბინის ყიდვა თუ შვილისთვის სწავლის საფასურის გადახდა და უკან დაბრუნება. ძირითადად კი ისე ხდება, რომ ერთს მეორე მოჰყვება და... ამასობაში გადის წლები, ენგრევათ ოჯახები. იოლად მოსული ფულის შედეგად ბევრის შვილი განარკომანდა. ზოგს ჯერ კიდევ დაუოჯახებელი შვილები ჰყავს და ამიტომ არ ბრუნდებიან, მალე დაქორწინდებიან და ხომ უნდა ვარჩინოთო.“

- „არასდროს არ უნდა თქვა, რამდენი გაქვს ფული, თორემ უფრო და უფრო მეტს მოგთხოვენ,“ - ეუბნება მარინა ამერიკაში ახლად ჩასულ მომვლელ გოგონას. ამას ამბობენ, აანალიზებენ მთელ ამ სიტუაციას, აკრიტიკებენ ქმრებს, რომლებიც ყოველთვიურ „პენსიებს“ შეეჩვივნენ და მაინც, უკან ჩამოსვლაზე არ ფიქრობენ. ეშინიათ. ეშინიათ იმისი, რაც აქ დახვდებათ, რომ მერე ვეღარ დაბრუნდებიან. ამიტომ, „ბარემ, ბარემ“-ის პრინციპით, ერთ ბინას მოჰყვება მეორე, მერე - აგარაკი, მანქანა... - „იმ დღეს ჩემებთან დავრეკე, - ჰყვება ერთ-ერთი, - მომენატრეთ, იქნებ ჩამოვიდე და... „ჰო, კარგი იქნება, ჩამოდი. უბრალოდ, კარგი აგარაკი იყიდება ქალაქთან ახლოს, იცი, რა ლამაზია?!“ - მიიღო პასუხად.

.. - „იყო შემთხვევები, როდესაც საკუთარი შვილის დასაფლავებაზე ვერ წასულან, რადგან მერე უკან ვეღარ დაბრუნდებოდნენ. ერთი ქალი იჯდა და შვილის დაკრძალვის დროს „პედიკურს“ უკეთებდა თავის ამერიკელ მოხუცს.“

მიუხედავად იმისა, რომ თავად ეს თემა - ქალების მძიმე ყოფა, მათი ზოგჯერ უაზრო მსხვერპლშეწირვა მძიმე და დრამატულია, რეჟისორი ცდილობს ხელოვნურად აღარ დაამძიმოს ფილმი და რამდენიმე სცენით ერთგვარი კომიკურობის განწყობაც კი შემოაქვს, რაც ამსუბუქებს და სატირად აქცევს ეკრანზე ნაჩვენებ რეალობას. მაგალითად, რესტორნის სცენა, ცეკვა-სადღეგრძელოების გახუნებული ტრადიციით; შენელებული ტემპით ნაჩვენები გზაზე მიმავალი ნაცნობი ქალების გამოპრანჭული სილუეტები ღამის ბრუკლინში. ქურქებით, ყელზე შემოხვეული ბოათი... მეორე დღეს კი ისევ იგივე: ხელებზე - ხელთათმანი, რეცხვა, ხეხვა, ტანის ზელა, „აბა, ბანაობა ვის უნდა, ვიის?“, ტელეფონში ნამღერი იავნანა... აუტანელი უსასრულობა.

.. - „ერთი მხრივ, ეს მსხვერპლშეწირვა მათ ძლიერ ხასიათზე მეტყველებს, იმაზე, რაც ასეთი იშვიათია თანამედროვე პრაგმატულ საზოგადოებაში. მით უმეტეს, ამერიკაში, სადაც არის მხოლოდ ერთი დევიზი - ეს ცხოვრება არის შენთვის და იმისთვის, რომ შენ ისიამოვნო. ამ ქალებიდან არც ერთს არ ჰგონია, რომ რაიმე განსაკუთრებულს აკეთებს, ოჯახს გაუჭირდა და აბა, რა უნდა ექნათ?! ამიტომ, არც არავის კიცხავენ და არც არავის აკრიტიკებენ, მადლობას უხდიან ამერიკას როგორც მათი ოჯახების გადამრჩენელს. ერთი რამ ვიცი, რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდნენ და უარი თქვან ზედმეტ ფუფუნებაზე. მათი ქმრებიც თითქოს როლების შეცვლას შეეჩვივნენ. ამასობაში კი რაღაცეები დაირღვა, გაუფასურდა. მატერიალიზმი, რაზეც ზემოთ ვლაპარაკობდი, არამარტო ჩვენი, არამედ ამერიკელების პრობლემაც არის. ამერიკულ ოჯახებს რომ უყურებ, ხედავ, რომ ძალიან შრომისმოყვარეები არიან. თუმცა საშინელი სიმარტოვეა გარშემო. იმდენად არიან გადართულები ფულის შოვნაზე, რომ ბევრი რამ, ელემენტარულიც კი, ავიწყდებათ. ნიუ-ჯერსიში ჩადიხარ და მიტოვებული მოხუცებით სავსე ქალაქში ხარ. მაინტერესებდა, როგორ აღიქვამდნენ ამერიკელები ამ ფილმს, რომლის გმირი ქალები ამერიკული ცხოვრების წესს აკრიტიკებენ. მაგრამ, მათ გენიალური თვისება აქვთ, არ აწუხებთ კრიტიკა. არ აქვთ კრიტიკის კომპლექსი. ფილმი ნახეს და იმის მოყოლა დაიწყეს, რომ - ხოო, ჩვენ ეგეთები ვართ, აი, დედაჩემი რომ კვდებოდა, არც კი ვნახე... აი, ჩემები რომ ცუდად იყვნენ...“

ეს ისტორია ლევანის ფილმში არ შესულა. მანანა ერქვა. ყოველ ჯერზე ქმარი და შვილი ახალ-ახალი შემოთავაზებებით ურეკავდნენ. ისიც მუშაობდა და წლების მანძილზე აგზავნიდა თბილისში ფულს ბინის შესაძენად, გასარემონტებლად, მერე აგარაკის შესაძენად. ბოლოს, სამარშრუტო ხაზის ყიდვაც კი გადაწყვიტეს, რომ ოჯახს საარსებო საშუალება და ქალს, ჩამოსვლის შესაძლებლობა ჰქონოდა. ამასობაში 8 წელი გავიდა. თბილისში დაბრუნებულმა კი აღმოაჩინა, რომ არც სახლი იყო, არც აგარაკი და არც სამარშრუტო ხაზი, ხოლო ინტერნეტით გამოგზავნილი ბინის ფოტოები, საიდანღაც ყოფილა გადმოქაჩული. მთელი ფული ნელ-ნელა იხარჯებოდა ტოტალიზატორში.

- „მითხრეს, რომ ამ ამბის მერე ეს ქალი საგიჟეთში მოხვდა,“ - დააყოლა ლევანმა.

0x01 graphic

კადრი ფილმიდან ქალები საქართველოდან

* * *

ამერიკაში ქართველი ემიგრანტების რაოდენობა უცნობია. არაოფიციალური მონაცემებით - 50-100 ათასამდე იქნება. - „მომვლელის სტატუსით საელჩო ვიზებს არ გასცემს. ყველა სხვადასხვა მოწვევით ახერხებს გასვლას (გაპარვას). დიდი რაოდენობა მექსიკიდან გადადის, ასე რომ, ვერაფერს გეტყვით,“ - გაისმა მოკლე პასუხი ამერიკის საელჩოდან.

P.S. ნიუ-იორკში გამართულ ფილმის ჩვენებას ფილმის ორი გმირი დაესწრო. დანარჩენებმა ვერ შეძლეს მოსვლა, დასვენების დღე არ ჰქონდათ. ფილმის დახურულ, თბილისურ პრემიერაზე კი მხოლოდ რამდენიმე მათგანის ოჯახის წევრები მოვიდნენ. - „არავის არაფერი უთქვამს ჩემთვის, - ამბობს ლევანი, - მარტო ერთი გოგო მოვიდა, ერთ-ერთის შვილი ვარო. დიდი მადლობა, საინტერესო ფილმი გამოვიდაო და მორჩა. ეგ იყო და ეგ. მოკლედ... ამერიკა ერთი დიდი შრომა-გასწორების კოლონიაა, სადაც ჩადიხარ და ყველანაირი ილუზია გემსხვრევა.“

18 ზონა 22

▲ზევით დაბრუნება


დოკუმენტური პროზა

ავტორი: სანდრო ნავერიანი

0x01 graphic

„ეტა“, „ირა“, „ალ-ქაიდა“, „თალიბანი“, „ჰესბოლა“ - ეს ყველასათვის ცნობილი ტერორისტული დაჯგუფებები თუ ორგანიზაციებია. თუმცა, ქართველისთვის არ წარმოადგენს საშიშროებას „ჰესბოლა“, ისევე, როგორც „ირა“ და „ეტა“. არც ირლანდიელი მიიჩნევს, რომ „თალიბანია“ მისთვის საფრთხე და არც ავღანელი გრძნობს „ეტას“ საშიშროებას. მართალია, ყველა ეს ორგანიზაცია მსოფლიოში სიმშვიდის და სტაბილურობის ერთერთ ყველაზე დიდ საფრთხედ განიხილება, თუმცა, ჩემი აზრით, ასეთი დამოკიდებულება უტრირებულია, იმ მიზეზის გამო, რომ „ეტა“ მხოლოდ ესპანეთს და საფრანგეთს ებრძვის, „ჰესბოლა“ - ისრაელს, „ალ-ქაიდა“ - ამერიკელებს, „თალიბანი“ - კი კოალიციურ ჯარებს. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს ორგანიზაცია დიდ საფრთხეს წარმოადგენს დედამიწის სხვადასხვა კუთხისთვის, მაინც არ შეიძლება, რომელიმე მათგანი სამყაროს საფრთხედ აღვიქვათ.

მსოფლიოს წინაშე არსებობს მხოლოდ ერთი საფრთხე და ეს არ არის ბირთვული იარაღი ან რომელიმე ტერორისტული დაჯგუფება, ეს არის ცნობიერება, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში დაიბადა. ეს არის ქვეყანა, სადაც თითქმის 24 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მხოლოდ ერთი აზროვნებს, ის იღებს გადაწყვეტილებებს, დანარჩენი 23 999 999 კი მას უსიტყვოდ ეთანხმება.

ერთი წლის წინ იორდანიაში ვიყავი. რა თქმა უნდა, ტურისტული ვიზით და, რა თქმა უნდა, მკაცრად გაწერილი ტურისტული გრაფიკით. ჩვენს გადაადგილებაზე პალესტინელი სალიმი ზრუნავდა, თავისი მინიბუსით. სალიმი ნამდვილი არაბი იყო - ნაღდი, ხასიათით და ყველაფრით, მხიარული და კომუნიკაბელური. საინტერესო მოსაუბრე იყო და ამიტომაც, როცა ჩვენი ჯგუფი ამა თუ იმ ღირსშესანიშნაობის ისტორიას ადგილობრივი გიდისგან ისმენდა, მე მანქანაში ვბრუნდებოდი და სალიმი არაბული სამყაროს ამბებს მიყვებოდა. ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს გამიმხილა, რომ იორდანიაში ყოველი მეორე ადამიანი აგენტია და საკმარისია, რამე წამოგცდეს, იმ წამს აგიყვანენ. როცა სალიმმა ეს ამბავი გამიმხილა, მანქანაში მხოლოდ ჩვენ ორნი ვისხედით. ამიტომაც ჩავთვალე, რომ სალიმი აგენტი იყო და არაფერი აღარ მიკითხავს. მაგრამ ეს საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ გამეგო: შიდა აგენტურა მსოფლიოში ყველაზე ეფექტურად იორდანიამ გამოიყენა და ყველაზე მეტი აგენტიც ამ სამეფოს ჰყავს. მართალია, ამბავი დაუზუსტებელი იყო, მაგრამ მე მაინც ასე მეგონა. მეგონა იქამდე, სანამ ერთ დღეს, ფხენიანის სასტუმროში რამდენ იმე სამხედრო პირი არ მომადგა და კატეგორიულად მომთხოვა, ის წინდები მიმეცა მათთვის, რომელზეც ამერიკის დროშა იყო ამოქარგული.

0x01 graphic

0x01 graphic

იმ ღამეს ვერაფრით მივხვდი, საიდან იცოდა ჩემი წინდების შესახებ ჩრდილოეთ კორეის თავდაცვამ თუ უშიშროებამ, მაგრამ მეორე დღეს, როდესაც ტურისტულ მარშრუტს ზედმიწევნით მივდევდი, დავიხარე, ჩაჩაჩული წინდის ამოსაჩაჩად და როდესაც წამოვდექი, დავინახე, თუ როგორ მიყურებდა რამდენიმე ჩრდილოკორეული თვალი და როგორ აკვირდებოდა ჩემს ყველა მოძრაობას.

ის, თუ როგორ და რატომ მოვხვდი ჩრდილოეთ კორეაში, ამ, ჩემი აზრით, საინტერესო ამბის ყველაზე უინტერესო ნაწილია. ამიტომაც პრელუდიების მოყოლას აღარ შევუდგები, პირდაპირ ფხენიანის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრენიდან დავიწყებ.

ჩემი ფიზიონომიისა და ნივთების დეტალური შესწავლის შემდეგ მობილური ჩამომართვეს და მის ნაცვლად ბრინჯის ქაღალდზე დაწერილი ქვითარი მომცეს - უკან გამომგზავრების წინ მობილური ამ ქვითრის წყალობით უნდა დამებრუნებინა. დარწმუნებული ვიყავი, კონფისკატებს შორის ჩემი კომპიუტერი და ფოტოკამერაც მოხვდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. გამიხარდა.

მობილურის კონფისკაცია დიდად არ მწყენია - იქ არავითარი როუმინგი არ მოქმედებს; არავის ხელში მობილური არ მინახავს. თუმცა, როგორც შემდეგ შევიტყვე, ფიჭური ქსელი არსებობს, ოღონდ მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურება და მას მხოლოდ მაღალჩინოსნები იყენებენ.

აეროპორტის ბიუროკრატიული პროცედურების დასრულების შემდეგ, როგორც ტურისტს, გიდი მომამაგრეს, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი სურვილი არ მქონია, გიდი ამეყვანა. თუმცა, ძალიან მალე მივხვდი, რომ ჩრდილოეთ კორეაში ჩემი სურვილით ვერაფერს გავაკეთებდი - ყველაფერი ზუსტად ისე იქნებოდა, როგორც მათ უნდოდათ და საბოლოოდ ასეც მოხდა - ჩრდილოეთ კორეიდან დაბრუნებული, ახლობლებს ვერაფრით ვაჯერებდი, რომ მართლა ჩრდილოეთ კორეაში ვიყავი, ვერაფრით ვამტკიცებდი, არც ერთი ნივთი, ფოტო, სუვენირი... არაფერი იქედან არ წამომიღია, გარდა შოკისა.

შოკის აკიდება კი ჩრდილოეთ კორეაში ძალიან ადვილია, იმიტომ, რომ იქ ყველაფერი შოკისმომგვრელია: ანტიამერიკული ბილბორდები, ცარიელი ქუჩები, დაუმთავრებელი შენობები, უზარმაზარი ძეგლები, უამრავი სამხედრო მოსამსახურე და, უბრალოდ, ადამიანები... ეს ქვეყანა ჯერ კიდევ პოსტკორეული ომის პერიოდშია ჩარჩენილი, რომელიც 1953 წელს დასრულდა. ხელისუფლებისგან გამუდმებით ისმის განგაში, რომ მათ სანაპიროებს ამერიკული ავიამზიდები მიადგნენ, ან სამხრეთ კორეელები ფხენიანზე თავდასხმას აპირებენ...

ასეთი განგაში წლების განმავლობაში გამუდმებით ისმის, თუმცა ძალიან იშვიათად, რომ ხელისუფლების შიშები სიმართლე აღმოჩნდეს. ეს უფრო ანტიამერიკული, უფრო სწორად, ანტიიმპერიალისტური პროპაგანდაა. ჩრდილო კორეელები დღემდე მიიჩნევენ, რომ კაცობრიობას ერთადერთი მტერი ჰყავს - იმპერიალისტი და დამპყრობელი ამერიკა.

ამ იდეოლოგიის თესვა მეორე მსოფლიო ომის მერე, ნახევარკუნძულ კორეის გაყოფის შემდეგ, კიმ ერ სენმა, ჩრდილო კორეის მაშინდელმა ლიდერმა საკუთარი ფილოსოფიით - „ჩუჩხე“ - დაიწყო და დღემდე გრძელდება.

„ჩუჩხე“ მარქსიზმის კიმერსენული ვარიანტია. კორეულ ენაში მას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ასეთნაირად ითარგმნება: „ადამიანი - დედამიწის ბატონია“.

1972 წლის კონსტიტუციის თანახმად, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა სუვერენული, სოციალისტური რესპუბლიკაა, რომელიც „ჩუჩხეს“ იდეებით ხელმძღვანელობს. ამ იდეების შესაბამისად, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ვალდებულია, ქვეყნის შიდა საკითხები საკუთარი ძალებით გადაწყვიტოს, ყოველგვარი გარე ძალების გარეშე.

„ჩუჩხე“ მიზნად ისახავს სოციალიზმის შენებას საკუთარ ძალებზე დაყრდნობით და ქადაგებს ბელადიზმს. „ჩუჩხეს“ იდეების თა ნახმად, ისჯება დიდი ქვეყნების წინაშე ქედის მოხრა (ნებისმიერი ფორმით). გარკვეულწილად, ეს იდეოლოგია ანტიგლობალიზმის და იზოლაციონიზმის უკიდურეს ფორმას წარმოადგენს, რომელიც ისტორიის მთავარ სუბიექტად ცნობს ერს და არა კლასებსა და ფენებს.

დღეს ამ „მოძრაობას“ კიმ ერ სენის შვილი კიმ ჩენ ირი უდგას სათავეში. თუმცა, მამისაგან განსხვავებით, კიმ ჩენ ირს დიდი ძალისხმევა აღარ სჭირდება ჩრდილოკორეელების საკუთარ ქვეყანაში გამოსამწყვდევად. არადა, კიმ ერ სენის დროს, როდესაც ქვეყანა ტოტალურ ნეხვში იძირებოდა, ჩრდილო კორეელები სამხრეთში მირბოდნენ. ოფიციალური მონაცემებით, 1950-53 წლებში ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთ კორეაში ემიგრანტთა რიცხვმა ორ მილიონს გადააჭარბა. მიგრაციის შესაჩერებლად კიმ ერ სენმა ახალი კანონი შემოიღო, რომლის თანახმადაც, ყველა, ვინც ქვეყნის დატოვებას შეეცდებოდა და შესაბამისად ყველა, ვინც გაქცევას შეძლებდა, ქვეყნის მოღალატედ ცხადდებოდა და სიკვდილით ისჯებოდა. საზღვარზე გადასული „მოღალატეების“ დასჯას კიმ ერ სენის მთავრობა ვერ ახერხებდა, ამიტომაც შექმნა საკონცენტრაციო ბანაკები, სადაც იმ ადამიანების ნათესავები იყვნენ გამომწყვდეული, რომლებიც სახელმწიფომ მოღალატედ გამოაცხადა. ეს იყო საჩვენებელი სასჯელი - თუ წინააღმდეგობას გამიწევ, ქვეყანას დატოვებ, თუ ჩემს სიმართლეს არ აღიარებ, შენთან ერთად შენი ახლობლებიც დაისჯებიან. ეს ექსპერიმენტი საბოლოოდ ადამიანების შიდა პატიმრობის ერთ-ერთ წარმატებულ მეთოდად ჩამოყალიბდა.

კორეაში დღესაც ფუნქციონირებს კიმ ერ სენის მიერ დაარსებული საკონცენტრაციო ბანაკები. აშშ-ის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც 14 საკონცენტრაციო ბანაკია დასახელებული. ეს ის ბანაკებია, რომლებზეც ინფორმაციის მოპოვება შეძლეს. მაგრამ რეალურად ჩრდილოეთ კორეაში გაცილებით მეტი საკონცენტრაციო ბანაკია. მათი ნახვა ფაქტობრივად შეუძლებელია, თუმცა, ასე თუ ისე, მათზე რაღაც ინფორმაცია მაინც არსებობს - ინტერნეტით შესაძლებელია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ანგარიშების მოძიება, რომლებშიც ეს ბანაკებია ნახსენები. ერთადერთი ბანაკი, რომელზეც არავითარი ინფორმაცია არ არსებობს, არის

„ზონა 22“. ის თითქმის თბილისის ზომის ტერიტორიაზეა გაშლილი და იქ დაახლოებით 100 ათასი პატიმარი იხდის „სასჯელს“.

„ზონა 22“ მსოფლიოში არსებული საკონცენტრაციო ბანაკებიდან ყველაზე დიდი და ყველაზე გასაიდუმლოებულია. ის უფრო ქალაქია, ვიდრე ბანაკი. იქ ათიათასობით ჩრდილოკორეელი სრულ იზოლაციაში მხოლოდ აღსასრულს ელის, რადგან მათ არასოდეს გაათავისუფლებენ.

„ზონა 22“-ში „სასჯელს იხდიან“ ქვეყნის მოღალატეების ნათესავები, სახელმწიფოსთვის სახიფათო იდეოლოგიის პროპაგანდისტები და უბრალოდ ადამიანები, რომლებმაც უმტკივნეულო პროტესტი გამოთქვეს ჩრდილო კორეაში არსებულ სოციალურ ვითარებასთან დაკავშირებით.

ამ ბანაკში იქმნება ოჯახები და იბადებიან, იზრდებიან და კვდებიან ადამიანები. ეს არის ტერიტორია, რომლის ფოტოც აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმაც კი ვერ მოიპოვა და რომლის ვიზუალური გამოსახულებაც თითქმის არავის უნახავს, იქ მომუშავე პერსონალის გარდა. არსებობს მხოლოდ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტო, რომელზეც მარტო მისი მასშტაბების ნახვაა შესაძლებელი.

0x01 graphic

0x01 graphic

„ზონა 22“-ის ერთ-ერთი თანამშრომელი, მცველი, რამდენიმე წლის წინ სამხრეთ კორეაში გადაიპარა. როდესაც NGC-მ ჩრდილოეთ კორეაზე დოკუმენტური ფილმის - Inside North Korea - გადაღება დაიწყო, ერთერთი მთავარი გმირი სწორედ ეს დარაჯი იყო. ის ჰყვება, რომ იქ ყოველდღე კვდება ხალხი და კლავენ ადამიანებს. სიკვდილის მიზეზი ძალიან ბევრია - შიმშილი, ავადმყოფობა, შიში... მკვლელობები ძირითადად იმის გამო ხდება, რომ „პატიმრები“ საჭმელს ვერ იყოფენ, ამის გამო ზონაში დიდი ხმაური ატყდება ხოლმე, ხმაურს კი უკვე ჭკუიდან გადასული დარაჯები ვეღარ იტანენ და სიმშვიდის დაბრუნებას პატიმრების ლიკვიდირებით ახერხებენ. ემიგრანტი კორეელი ერთ კონკრეტულ ამბავსაც იხსენებს, ორი მშიერი ბავშვი ერთმანეთს მკვდარი ვირთხის გამო დაერია, მცველებმა კი, იმის გამო, რომ მათი ხმის გაგონება არ უნდოდათ, ორივე მოკლეს.

ამგვარ ამბებს ჩრდილოეთ კორეაში ვერ მოისმენ. არ არსებობს ადამიანი, რომელიც დაგიჯდება და გულს გადაგიშლის, მოგიყვება ყველაფერ იმას, რაც სმენია და უნახავს. ჩრდილოეთ კორეაზე რეალურ ამბებს მხოლოდ მათგან მოისმენ, რომლებმაც უკვე დატოვეს ქვეყანა და ემიგრაციაში არიან. თუმცა, თუ ჩრდილოეთ კორეაში მოხვდები, გამორიცხულია, შენი თვალით ერთი ფაქტი მაინც არ ნახო, თუ როგორ ექცევიან ადამიანებს, როგორ ირღვევა მათი უფლებები.

ჩემი გიდი ძალიან ცუდად ლაპარაკობდა რუსულად, ამიტომაც არც მიცდია, მისთვის რაიმე ისეთი კითხვა დამესვა, რომელზე პასუხიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. ძირითადად, ღირსშესანიშნაობების შესახებ ვეკითხებოდი, ეს როდის? რატომ? როგორ? და ასე შემდეგ. თუმცა, ბოლოს გავარკვიე, რომ რუსული ძალიან კარგად ესმოდა, მაგრამ ლაპარაკი ნამდვილად უჭირდა. მიუხედავად ამისა, როდესაც დიდი კიმ ერ სენის გიგანტურ ძეგლს ფოტო ჩაკუზულმა გადავუღე, მხარზე ხელი დამკრა და მითხრა - შენ ხვალ დატოვებ ქვეყანას. არადა, ჩემს „საგზურს“ სამ დღეში გასდიოდა ვადა. როცა დავინტერესდი, რატომ-მეთქი, მიპასუხა: იმიტომ, რომ არავის აქვს უფლება, დიდი ბელადის, გენერალი კიმ ერ სენის წინაშე ჩაიკუზოსო. მშვენივრად ჩამომირაკრაკა რუსულად.

ხოდა, იმას ვამბობდი, რომ მე და ჩემი გიდი კიმსუსანის მავზოლეუმში წავედით. კიმსუსანის მავზოლეუმში კიმ ერ სენის მუმია განისვენებს, რომელსაც ყოველდღე ათასობით კორეელი აკითხავს და მუხლმოდრეკილი მადლობას სწირავს ბელადს იმისთვის, რომ არსებობს. გმადლობ, რომ არსებობ - რაღაც ამდაგვარი. მავზოლეუმის წინ ასობით კორეელი მიდი-მოდიოდა. ზოგი ბელადთან შედიოდა, ზოგსაც უკვე მოენახულებინა და უკან ბრუნდებოდა. უცებ რაღაც კორეული ხმაური გაისმა, რასაც ბავშვის ტირილი მოჰყვა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბავშვს მავზოლეუმში შესვლაზე უარი უთქვამს. უარი რა, მშობლებს უთხრა, არ მინდა შესვლაო, მშობლებმა კი ბავშვი ძალოვან სტრუქტურებს ჩააბარეს და დაამატეს, ასე და ასეო. იმ ბავშვს კი რომელიმე საკონცენტრაციო ბანაკში წაიყვანდნენ, სადაც გარკვეული დროის მარტო გატარება მოუწევდა, შემდეგ კი ნახავდნენ, ფსიქოლოგები შეამოწმებდნენ, ისევ იმ აზრზე არის თუ არა და ამის შემდეგ გადაწყდებოდა მისი მომავალი.

ამ ბიჭის მომავალზე კი ძალიან ბევრი ადამიანის მომავალი იქნება დამოკიდებული. საქმე ისაა, რომ ჩრდილოეთ კორეაში მოსახლეობის სამი ფენა არსებობს: „ძირითადი“, „მერყევი“ და „მტრული“. „მერყევთა“ რიცხვს ის ფენა განეკუთვნება, რომელთა არც წინაპრები და არც შთამომავლები არასოდეს ყოფილან სახელმწიფო ღალატში მხილებული. „ძირითად“ ფენას კომუნისტური პარტიის ყოფილი და ამჟამინდელი წევრები და მათი ნათესავები წარმოადგენენ, ხოლო „მტრულ“ ფენას - კომუნისტური პარტიიდან გარიცხული პირები და მათი ნათესავები და კიდევ ადამიანები, რომელთა ნებისმიერი შორეული ნათესავიც კი მხილებული იყო სახელმწიფო ღალატში. იმ პატარა ბიჭის მშობლებმა სამართალდამცავებს იმიტომ მიმართეს, რომ ხაზგასმით განეცხადებინათ და დაემტკიცებინათ, არასოდეს გაგვიწევია წინააღმდეგობა და წარმოდგენაც კი არა გვაქვს, ჩვენს შვილს რა დაემართაო. და თუ ამ ბიჭს რამე ანტისახელმწიფოებრივი ელემენტები აღმოუჩინეს, მაშინ მასაც დაიჭერენ, მის მშობლებსაც და ყველას, ვინც კი მათთან ახლობლობს. ერთი სიტყვით, რეზო გაბრიაძის არ იყოს, ტრიფონსაც კი დაიჭერენ.

ეს ამბავი, ამბავი კი არა მიზეზი, თუ რატომ ჩააბარეს ბავშვი მშობლებმა სამართალდამცავებს, ჩემმა გიდმა სიამაყით მიამბო. ყველაზე მეტად კი მაშინ აენთო, როცა ხაზს უსვამდა, მშობლებმა თავად ჩააბარეს ბავშვი სამართალდამცავებსო. მთლიანობაში კი ისედაც ამაყობდა, რადგან ეს სასჯელი დიდი ბელადის უპატივცემულობას მოყვა და შესაბამისად, სადაც ბელადის მიმართ უპატივცემულობა ჩნდება, იქ აუცილებლად უნდა დაისაჯოს ვინმე.

მავზოლეუმში შესვლა აღარც მინდოდა, თან ყოველთვის მეშინოდა მკვდრების - არც ლენინის ნახვა მოვისურვე მოსკოვში ყოფნის დროს და ვიფიქრე, რაღა კიმ ერ სენს გავახეთქინო გული-მეთქი, მაგრამ არც ის ბავშვი მავიწყდებოდა, რომელსაც საკონცენტრაციო ბანაკში მხოლოდ იმის გამო უკრავენ თავს, რომ მავზოლეუმში შესვლა არ მოინდომა. ამ ჩემს გიდსაც რომ ვუყურებდი, ეტყობოდა, ერთი სული ჰქონდა, უარი მეთქვა დიდი ბელადის მონახულებაზე, რომ მერე შარი მოედო. ვეღარ გავრისკე და შევედით.

თუ არ იცი, რა მიზეზით შედიხარ კიმსუსანში, ძნელია მიხვდე, საერთოდ სად ხარ, რადგან კიმ ერ სენის მავზოლეუმი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მძიმე და მსუბუქი ტექნიკის მუზეუმს უფრო ჰგავს, ვიდრე ვიღაცის აკლდამას. მგონი იქ ყველაფერია წარმოდგენილი, რასაც კი კიმ ერ სენი ოდესმე შეხებია, მისი პირადი მატარებლით დაწყებული, კორეის ომში ჩამოგდებული ამერიკული თვითმფრინავით დამთავრებული. განსაკუთრებული სიამაყით ჩემი გიდი განადგურებული ამერიკული სამხედრო ტექნიკის პრეზენტაციას აკეთებდა. დაწვრილებით მიყვებოდა, თუ რა იარაღით, როგორ, როდის და ვინ ჩამოაგდო ბომბდამშენი, ვინ ააფეთქა ტანკი... ბოლოს, როგორც იქნა, მივადექით კიმ ერ სენს, რომლის ირგვლივაც ათეულობით კორეელი მუხლზე იჩოქებდა და, ალბათ, მადლობას უხდიდა იმისთვის, რომ ის „კიდევ“ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის აწ განსვენებული კიმ ერ სენი არც სიცოცხლეში წარმოადგენდა რამე ფასეულობას, აზრადაც არ მომსვლია, მისთვის ქედი მომეხარა, მაგრამ ჩემმა გიდმა მითხრა, არავის აქვს უფლება, დიდი ბელადის წინაშე ქედი არ მოიხაროსო. ხოდა, ჩავუჯექი მეც კიმ ერ სენს - სხვა რა გზა მქონდა! თუმცა, ეს რიტუალი ისეთი მონდომებით ჩავატარე, მგონი მეც გადავუხადე მადლობა იმისთვის, რომ ის „კიდევ“ არსებობს. არ ვიცოდი, რამდენ ხანს უნდა ვყოფილიყავი ასე მუხლმოდრეკილი, ჩემს გიდს ველოდი, რომელიც ჩემს გვერდზე ლოცულობდა დიდი ბელადის სულის საცხონებლად. მე კი „იმერულ ესკიზებში“ მივიწყებული ჭირისუფალივით ვიყავი, რომელიც წამოსაყენებლად ახალგაზრდა თანმხლებ პირს ელოდება და ის კიდევ არ მოდის. ერთი ეგ იყო, კიმ ერ სენის წინაშე ვაი-ვიში არ ამიტეხავს. როგორც იქნა, გამოვედით და როცა ყველაფერი კარგად გავიაზრე, მივხვდი, რომ ამ მავზოლეუმში ერთადერთი ცოცხალი არსება კიმ ერ სენი იყო, ჩვენ ყველანი კი ზომბები, რომლებიც კიმ ერ სენისგან სიცოცხლის შთაბერვას ველოდით.

კორეაში გამგზავრებამდე კიმ ერ სენზე საკმაოდ სოლიდური ინფორმაცია ავკრიფე, ისევე, როგორც მთელ ჩრდილოეთ კორეაზე. თავიდანვე ჩანდა, რომ ამ ქვეყანაში ფსიქიკა დარღვეულთა რიცხვი ბევრად აღემატებოდა ნებისმიერი სხვა ქვეყნის ფსიქოპათების რიცხვს, მაგრამ ასეთი ანომალიური მორალის ხალხი თუ იყო, ვერაფრით წარმოვიდგენდი. 1994 წელს, კიმ ერ სენი როცა გარდაიცვალა, ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის თითქმის ასი პროცენტი გულწრფელ ტრანსში ჩავარდა - უტრირებული არ იქნება, თუ ვიტყვი: მათ ეგონათ, სამყაროს არსებობა დასრულდა. ისინი ამბობდნენ, რომ კიმ ერ სენის სიკვდილის შემდეგ დედამიწამ წონა დაკარგა და რომ მის სიკვდილს კორეელები სისხლიანი ცრემლებით დასტიროდნენ. არადა, ჩრდილოეთ კორეის ყველა უბედურება სწორედ ამ ადამიანს და მის მოღვაწეობას უკავშირდება.

გახსოვთ, ალბათ, ზემოთ მოგახსენეთ, ჩემი გიდი ქვეყნიდან გაძევებას დროზე ადრე დამპირდა-მეთქი. იმავე დღეს, ექსკურსიის მსვლელობის დროს, ჩემს გიდს ძმისშვილი შეხვდა; პატარა ბიჭი, რომელსაც ხელში ცალხაზიანი რვეული ეჭირა. ბიძამ და ძმისშვილმა ერთმანეთი მოიკითხეს და მერე ბიძამ სინანულით გაიქნია თავი. აღმოჩნდა, რომ ბიჭს ფანქარი უნდოდა სახატავად. არც ისეა საქმე, კორეაში ფანქარი არ იშოვებოდეს, მაგრამ იმ წუთას ჩემს გარდა არავის აღმოაჩნდა, თანაც ფანქარი კი არა, წითელი მარკერი დავაძრე და ბიჭს მივეცი. გამიცინა და გაიქცა. გიდმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ვეღარ მოასწრო, ბიჭი უკვე კარგა მოშორებით გაქცეულიყო. ალბათ, უნდოდა ეთქვა, რომ ჩემთვის მარკერი დაებრუნებინა. ძმისშვილთან ვერაფერს რომ ვერ გახდა, გადმომხედა და იძულებულმა ჩაიღიმა. დღის ბოლოს კი გამომიცხადა, რომ მე კარგად მოვიქეცი და ამიტომაც საჭირო სტრუქტურებს ჩემს შეცდომაზე არაფერს ეტყოდა. შეცდომაში კი კიმ ერ სენის ძეგლის ჩაკუზულ პოზაში გადაღება იგულისხმებოდა. მოკლედ, ასე თუ ისე, უნებურად გამომივიდა, რომ ჩემი გიდი მოვქრთამე. ადრე, კიმ ერ სენის მოღვაწეობის ბოლო პერიოდში, შეუძლებელი იყო ჩრდილოკორეელის მოქრთამვა. კიმ ერ სენმა შეძლო ის, რასაც, ვფიქრობ, ვერც ერთმა დიქტატორმა ვერ მიაღწია - მან დაარწმუნა კორეელი ხალხი თავისი მოძღვრების ჭეშმარიტებაში. ჭეშმარიტება კი ჩრდილოეთ კორეაში ერთადერთია - „ჩუჩხე“.

2002 წელს ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ MGM-ს სასამართლოში უჩივლა. საქმე იმაშია, რომ ფილმი Die Another Day-ის გარკვეული სცენები ჩრდილო კორეის ცხოვრებას ასახავს, სადაც ნათლად ჩანს, რომ კორეელი მიწათმოქმედები მიწას ხარებზე ჩაბმული გუთნით ამუშავებენ. ჩრდილო კორეელებმა ეს შეურაცხყოფად და დამცირებად მიიღეს და ამიტომაც უჩივლეს MGM-ს. რეალურად კი ფილმში ზუსტად ის იყო ასახული, რაც ჩრდილოეთ კორეაში ხდება. ქვეყანაში მოგზაურობის დროს ძალიან ბევრჯერ ვნახე გუთანჩაბმული ხარები; ქალები, რომლებიც სარეცხს და ჭურჭელს მდინარეზე რეცხავენ; ბავშვები, რომლებიც ფეხბურთს მაისურში გახვეული ჭინჭებით თამაშობენ; დაწესებულებები, სადაც ჯერ კიდევ 50-იანი წლების საბჭოთა წარმოების დისკოიანი ტელეფონები უდგათ; არ ვიცი, საქმე - „ჩრდილოეთ კორეა MGM-ის წინააღმდეგ“ - წარმოებაში რომ ჩაშვებულიყო, რა საფუძველზე აპირებდა კორეული მხარე პროცესის მოგებას, იმიტომ, რომ ჩრდილოეთ კორეა ისე ღრმადაა ჩარჩენილი მე-20 საუკუნის 50-იან წლებში, რომ საუკეთესო დროის მანქანითაც კი ვერ მოახერხებდი ასე ზუსტად ამ დროში მოხვედრას. ჩრდილო კორეის რეგრესის მთავარი მიზეზი არის „ჩუჩხეს“ იდეოლოგია, რამაც საბოლოოდ დაასამარა მათი განვითარების პერსპექტივა. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის პირველი პირები არ შეცვლიან პოლიტიკას, თუმცა ჩრდილოკორეელი ხალხი არ თვლის, რომ ის განუვითარებელია. მათი აზრით, ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დემოკრატია და ეკონომიკური განვითარება ყვავის (!)

90-იანი წლების ბოლოს ჩრდილოეთ კორეაში შიმშილობის შედეგად თითქმის მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. კომუნისტური პარტიის ლიდერები კი მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ ისინი დაისაჯნენ იმ დანაშაულისათვის, რომელიც მათ კორეელი ხალხის წინაშე ჩაიდინეს. რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ, არავინ იცოდა, თუ რა იყო ეს დანაშაული. თუმცა ვარაუდობდნენ, რომ ის ადამიანები, რომლებიც შიმშილით დაიხოცნენ, აშშ-სა და სამხრეთ კორეის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ. ასე იმიტომ ვარაუდობდნენ, რომ კორეელი ხალხის აზრით, როგორც წესი, ჩრდილოკორეელი დროზე ადრე უსამართლოდ არ კვდება. რა თქმა უნდა, სასაცილოა და დაუჯერებელი, თითქმის მილიონი ადამიანი მხოლოდ იმიტომ დაიღუპა შიმშილით, რომ ისინი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ, მაგრამ უფრო სასაცილო ის არის, რომ ეს თავად კორეელმა ხალხმა დაიჯერა. ჩემი გიდიც კი, რომელიც შედარებით გონებაგახსნილი და ცოტა ეშმაკი მეგონა და რომელზეც ვფიქრობდი, რომ უბრალოდ ეგუება ასეთ ყოფას, თორემ ძალიან კარგად იცის ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში ხდება-მეთქი, უზღვავი ზიზღით ლაპარაკობდა „სამართლიანად გარდაცვლილ“ ადამიანებზე და ამბობდა, რომ ისინი ასეთი სიკვდილის ღირსები იყვნენ.

ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა უნიკალური ფენომენია. ეს არის ნაცია, რომელიც თავისუფლად შეიძლება, ერთ დღეში დააყენო დემოკრატიის და განვითარების გზაზე. ამისათვის კიმ ჩენ ირის კეთილი ნება და მხოლოდ ერთი მოწოდებაა საჭირო. ეს არის ერი, რომელიც ბრმად იღებს ყველაფერს, რასაც მას კომუნისტური პარტია და კონკრეტულად

კიმ ჩენ ირი აწვდის. საკმარისია, ერთ მშვენიერ დღესაც გაიღვიძოს კიმ ჩენ ირმა და ხალხს უთხრას, გუშინ მამაჩემი, დიდი ბელადი, გენერალი კიმ ერ სენი გამომეცხადა და მითხრა, ხვალიდან თქვენ ყველანი მკერავები უნდა გახდეთო, საათი არ გავა და მთელი ჩრდილოეთ კორეა ნემსსა და ძაფს აიღებს ხელში. ეს არის ერი, რომელსაც კიმ ერ სენმა და კიმ ჩენ ირმა წარმოსახვის და აზროვნების საშუალება წაართვეს. დღეს ვერავინ იტყვის, რომ ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობას არ უნდა ისეთ ყოფაში ცხოვრება, როგორშიც ცხოვრობს. ეს ასე არ არის, მათ არ აქვთ არანაირი პრეტენზია იმის მიმართ, რაც მათ გარშემო ხდება. მათ იციან, რომ არსებობს მტერი - იმპერიალისტი ამერიკელები და სამხრეთ კორეის დამონებული ხელისუფლება - და ისინი მაქსიმალურად იცავენ თავს ამ მტრებისგან. მათ იციან, არსებობს ერთი სიმართლე - ჩუჩხე - და ერთი ღმერთი - კიმ ერ სენი - და ისინი მათ ეთაყვანებიან. მათ არ იციან, რა სჭირდებათ, რა უნდა ისწავლონ, რა წაიკითხონ, რა აკეთონ, რა - არა. ეს ყველაფერი იცის კომუნისტურმა პარტიამ და კიმ ჩენ ირმა, იქამდე კი ეს იცოდა კიმ ერ სენმა და კორეელ ხალხს ეს სიმდიდრე დაუტოვა. ჩრდილოკორეელებმა იციან, რომ მათ არ უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე, მათზე კომუნისტური პარტია, ჩუჩხე, კიმ ჩენ ირი და მუმია კიმ ერ სენი იზრუნებენ. ეს არის ერი, რომელიც კაცობრიობისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ჩრდილოეთ კორეელი ერი არის იარაღი, რომლის ნებისმიერი მიზნისთვის გამოყენებაც მხოლოდ კიმ ჩენ ირს შეუძლია. კიმ ჩენ ირიც, კორეელი ერის არ იყოს, უნიკალური ფენომენია. რამდენიმე წლის წინ ფხენიანში რაღაც სამხედრო აღლუმი გაიმართა. აღლუმამდე კიმ ჩენ ირმა კორეელ ხალხს სიტყვით მიმართა, შეახსენა, რომ ისინი ყველაზე განვითარებული და ძლიერი ქვეყნის შვილები არიან და რომ ყველაფერი უცხოური, განსაკუთრებით ამერიკული, ეშმაკისეულია. გამოსვლის ბოლოს კი ოფიციალური ტექსტიდან გადაუხვია და შემთხვევით ფრენკ სინატრას სახელი წამოსცდა, მომწონს ეგ მომღერალი, ხშირად ვუსმენ ხოლმეო. რა თქმა უნდა, კორეელი ხალხის დიდი ნაწილი ვერ მიხვდა, ვინ არის სინატრა, თუმცა რამდენიმე დღეში, კიმ ჩენ ირის დირექტივით, კომუნისტურმა პარტიამ დაიწყო სინატრას სიმღერების ხალხში გავრცელება, რასაც ბოლოს მოსდევდა ტექსტი, რომელშიც სინატრა ბოროტებასთან იყო შედარებული. ამ ფაქტს ახსნა ვერაფრით მოვუძებნე. თუმცა, სავარაუდოდ, ეს იყო პრევენციული ზომები, რომ კიმ ჩენ ირის „შეცდომის“ წყალობით ქვეყანაში სინატრას მსმენელები არ გაჩენილიყვნენ. ხალხმა ესეც ზუსტად ისე მიიღო, როგორც კიმ ჩენ ირმა გათვალა. სხვათა შორის, კიმ ჩენ ირს ჰყავს ძვირფასი მანქანები, იმ ქვეყნის წარმოების, რომელიც კორეელებს თავად შეაძულა; უყვარს ამერიკული ფილმები და ამ ფილმების უმდიდრესი კოლექცია აქვს. ამ პარადოქსს ჩემი გიდი და, ალბათ, კორეელი ხალხიც, ასეთნაირად ხსნის: კიმ ჩენ ირი სწავლობს ამერიკელებს, უცხოელ მტრებს, იმპერიალისტებს, რომ შემდეგ ჩვენ, კორეელ ხალხს გვითხრას, როგორ დავიცვათ თავი მათგან.

წამოსვლის წინა დღეს ნომერში სასტუმროს უსაფრთხოების ორი თანამშრომელი მომადგა. ალბათ, წინდები უნდა დამიბრუნონ-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ ასე არ მოხდა - ჩემი კომპიუტერი და ფოტოკამერა წაიღეს. დარწმუნებული ვიყავი ინფორმაციას (ფოტოებს) წაშლიდნენ, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებდი, რომ რამეს დამიტოვებდნენ.

არ ვიცი, ვიაზროვნებდი და ვიცხოვრებდი თუ არა ნებისმიერი კორეელივით, მთელი ცხოვრება დიქტატურაში რომ გამეტარებინა; დავიჯერებდი თუ არა სხვის „სიმართლეს“ და გახდებოდა თუ არა ის ჩემი „სიმართლეც“; ჩემი ხელით გადავცემდი თუ არა ჩემს შვილს სამართლადამცავებს და სამუდამო პატიმრობისთვის გავწირავდი... მაგრამ დანამდვილებით ვიცი ერთი რამ - მე არ მინდა ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრება და თუნდაც კიდევ ერთხელ იქ ჩასვლა.

ზუსტად ასე ვუთხარი ჩემს გიდს ფხენიანიდან გამოფრენის წინ. მან კი ზიზღით ჩაიცინა და მითხრა - შენ აქ რომ ვეღარასდროს ჩამოხვალ, შენი ჩამოსვლის მეორე დღესვე გადაწყვეტილი იყოო. ეს მითხრა და ჩემი ფოტოკამერა და კომპიუტერი დამიბრუნა. ყველა ფოტო წაშლილი იყო.

19 ჰოპა, ჰოპა, ამერიკა - ევროპა...

▲ზევით დაბრუნება


ესეი

ავტორი: გიორგი მაისურაძე

„Советский человек любит Испанию. Она ему полагается, потому, что он Испанию
лучше понимает, чем сами испанцы“. მერაბ მამარდაშვილი

0x01 graphic

ჯორჯ ბუშის ვიზიტი საქართველოში, თბილისი 2005

პოსტატლანტური მსოფლიო

2003 წელს ბერლინში ერთ საჯარო დისკუსიაზე აღმოვჩნდი, რომელშიც რამდენიმე წამყვანი ევროპელი ინტელექტუალი, იმ დროს შექმნილი საერთაშორისო პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სამყაროს მომავალზე ბჭობდა. დისკუსიას „პოსტკომუნისტური, პოსტკაპიტალისტური და პოსტატლანტური პერსპექტივები“ ერქვა და უკვე სათაურშივე ჩანდა, რომ მოწვეულ ინტელექტუალებს საზოგადოებისათვის კიდევ ერთი ეპოქის დასასრული და მორიგი გაურკვეველი ხანის დადგომა უნდა ეუწყებინათ. რამდენადაც ტერმინები - პოსტკომუნიზმი და პოსტკაპიტალიზმი გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების გადმონაშთებია, ახალი ამ ტრიადაში მხოლოდღა პოსტატლანტიზმი იყო, რომელიც მსოფლიოში ჩრდილო ატლანტური სამხედრო ალიანსის, ანუ ნატოს ჰეგემონიის აღსასრულს იუწყებოდა. დისკუსიის წამყვანმა - გერმანელმა ფილოსოფოსმა პეტერ სლოტერდაიკმა, არსებული საერთაშორისო პოლიტიკური მდგომარეობა ასე განსაზღვრა: „საბჭოთა იმპერიალიზმის განადგურების შემდეგ დასავლური ცივილიზაცია საკუთარი თავის წინაშე აღმოჩნდა და იძულებული გახდა საკუთარი იმპერიალიზმი შეეცნო. ძალაუფლებისა და სამყაროს გადანაწილებისათვის ბრძოლა ყოფილ მოკავშირეებს შორის იწყება.“ ნატოში პირველი სერიოზული ბზარი კი 2003 წლის დამდეგს გამოიკვეთა, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა, გერმანიისა და საფრანგეთის კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, როგორც გაეროს, ასევე ნატოს მანდატის გარეშე, ერაყში ინტერვენცია დაიწყეს. ამ ფაქტს ყველაზე დიდი აღშფოთება და პროტესტები თავად დასავლურ სამყაროში მოჰყვა, რომელიც პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ იყო ერთიანი: ერთი მხრივ, „ამერიკული იმპერიალიზმი“, რომელსაც ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს მთავრობა მორჩილად კვერს უკრავდა და ამით მის ჰეგემონიას აღიარებდა და, მეორე მხარეს კი, ამ იმპერიალიზმის წინააღმდეგ ამბოხებული ევროპა, რომელმაც თავისი ლამის დავიწყებული მემარცხენე იმპულსები გაიხსენა და ხშირად ღიად ანტიამერიკული ლოზუნგებით ქუჩაში გამოვიდა. ამან კი პატრიოტულ ეიფორიაში მყოფი ამერიკელები გააღიზიანა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ზოგიერთმა მათგანმა ფრანგულ ღვინოს საჯაროდ კანალიზაციაში გადაუძახა, რის საპასუხოდაც ფრანგმა გლეხებმა საფრანგეთში მაკდონალდსის რესტორნების პიკეტირება დაიწყეს, ხოლო გერმანიის ზოგიერთი გასტრონომიული დაწესებულების სასმელთა სიიდან დროებით კოკა-კოლა გაქრა. ევროპელთა ღირსების შელახვა ამერიკის თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდის მიერ გერმანიისა და საფრანგეთის „ძველ ევროპად“ შერაცხვამაც გაამძაფრა, რამაც ევროპაში ინტელექტუალიც და არაინტელექტუალიც ამერიკული იმპერიალიზმის საფრთხეზე, მის უკვე არა მხოლოდ საბაზრო, არამედ სამხედრო ექსპანსიურ ბუნებაზე აალაპარაკა და მისი შეჩერების საჭიროებაზე დააფი ქრა. „ამერიკა მსოფლიოს ახალი ჟანდარმია“, - განაცხადა ფილოსოფოსმა სლავოი ჟიჟეკმა ბერლინურ სიმპოზიუმზე, რომელმაც ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ ცივი ომის დამთავრების შემდეგ, არა მხოლოდ აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნების გადასავლურება, არამედ დასავლეთის გააღმოსავლურებაც დაიწყო, რომლის ყველაზე აშკარა გამოვლინებაც ამერიკის პრეზიდენტის - ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის პოლიტიკაა. თავად ის ფაქტი, რომ დემოკრატიულ დასავლეთში გუანტანამოს საპატიმროს სახით სტალინური გულაგის ან საკონცენტრაციო ბანაკის მსგავსი რამ გაჩნდა, რომლის იურიდიული სტატუსიც დასავლური დემოკრატიისათვის უცნობია, ამ რადიკალურ ტრანსფორმაციაზე მიანიშნებს (ამ თემას ორი წიგნი მიუძღვნა იტალიელმა ფილოსოფოსმა ჯორჯო აგამბენმა).

ასეთ ვითარებაში ევროპელ ინტელექტუალთა უმეტესობამ თითქმის ერთხმად გაილაშქრა ამერიკული იმპერიალიზმის წინააღმდეგ და გაერთიანებული ევროპის, როგორც ამ იმპერიალიზმის ალტერნატივის, იდეა დაუპირისპირა მას. თუმცა კი პეტერ სლოტერდაიკმა იმავე შეკრებაზე ისიც აღნიშნა, რომ ევროპისა და ამერიკის ფარული კონკურენცია 1945 წელს დასავლური ცივილიზაციის ცენტრის ევროპიდან ამერიკაში გადატანით დაიწყო, რაც სიმბოლურად საიმპერატორო ტახტის წართმევას ნიშნავდა, რომლის მეპატრონეც დასავლურ ტრადიციაში ორი ათასი წლის მანძილზე ევროპა იყო. 2003 წელს ევროკავშირის შექმნის მთავარი ინიციატორები - გერმანია და საფრანგეთი ამერიკელთა ერთმმართველობის დასაბალანსებლად ახალი პარტნიორების ძებნას შეუდგნენ, რომელთა შორისაც ერთ დროს მთელი დასავლეთის საერთო მტრის - საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაცია აღმოჩნდა. ამისათვის ევროპის მთავრობებმა თვალი დახუჭეს ჩეჩნეთის ომსა და პუტინისეულ „მართვად დემოკრატიაზე“, რითაც რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოძლიერებას შეუწყეს ხელი. ამგვარად, ევროპაც იძულებული აღმოჩნდა, სულ ცოტა, გადაესინჯა მაინც საკუთარი დემოკრატიულობის მორალური სტანდარტები და რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობაზე არა მხოლოდ საბაზრო-ეკონომიკური მიზეზებით, არამედ მსოფლიოში ძალაუფლების გადანაწილების დაბალანსების მიზნითაც გადასულიყო, რომელსაც სწორედ ამერიკის ერთპიროვნული ჰეგემონიისათვის უნდა გაეწია წინააღმდეგობა.

იმპერია და ანტიიმპერიული აფექტები

როდესაც რამსფელდმა გერმანიასა და საფრანგეთს „ძველი ევროპა“ უწოდა, ამით მან პოლიტიკური ცნობიერებიდან განდევნის პროცესში მყოფი აღმოსავლეთ და დასავლეთად გახლეჩილი ევროპის სახე გააცოცხლა, რომელიც გარეგნულად კი გაერთიანებულიყო, მაგრამ საერთო პოლიტიკაზე ვერ თანხმდებოდა. ამჟამად უკვე ევროკავშირის წევრმა ყოფილმა ვარშავის პაქტის ქვეყნებმა, გერმანიისა და საფრანგეთის საწინააღმდეგოდ, მხარი დაუჭირეს ამერიკას და მის ერაყულ ლაშქრობას, არა მხოლოდ მათ გათავისუფლებაში ამერიკის როლის დასაფასებლად, არამედ სწორედ „ძველი ევროპისაგან“ და მათი დიქტატისგან თავის დასაცავად (ამ მიმართულებით განსაკუთრებით პოლონეთი აქტიურობდა, რამაც ევროკავშირში შიდადაძაბულობა შეიტანა). მაგრამ, გარდა წმინდად პოლიტიკური პრაგმატიზმისა, ასეთი ვითარების შექმნაში მნიშვნელოვანი როლი კიდევ ერთმა ფაქტორმა ითამაშა, რომელიც არანაირ კავშირში პოლიტიკურ ან ეკონომიკურ რაციონალიზმთან არაა, მაგრამ მსოფლიოს ისტორიაში არაერთხელ გადამწყვეტი ყოფილა. ესაა აფექტების ფაქტორი, რომელიც ერად, ნაციად წოდებული „წარმოსახვითი ერთობის“ ნებისა და განწყობის ყველაზე გულწრფელი გამოხატულებაა. აფექტის მეშვეობით, როგორი სპონტანურიც არ უნდა იყოს იგი, ამ კოლექტივის მთელი მსოფლმხედველობა, სამყაროს ხედვის პერსპექტივები გადმოიცემა. აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე მოვლენა ან, თუნდაც, ამერიკის პრეზიდენტის რიტორიკა, განსხვავებულად გაიგება დასავლეთ ევროპაში და პოსტკომუნისტურ აღმოსავლეთში: მაშინ როდესაც დასავლეთი ევროპა ამერიკულ იმპერიალიზმზე ლაპარაკობდა და ერაყში ომის წინააღმდეგ საპროტესტო მანიფესტაციებს აწყობდა, საქართველოსათვის, ისევე, როგორც აღმოსავლეთ ევროპის არაერთი ქვეყნისათვის, ასეთი მღელვარება სრულიად გაუგებარი იყო, რადგანაც თავად ტერმინი „ამერიკული იმპერიალიზმი“, მთელი თავისი ნეგატიური მნიშვნელობით, საქართველოს კოლექტიურ მეხსიერებაში ცივი ომის დროინდელ საბჭოთა პროპაგანდასთან იყო გაიგივებული. „პერესტროიკის“ წლებში კი საქართველომ, ისევე, როგორც მთელმა საბჭოთა ხალხმა, პირადად ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტისგან გაიგო, რომ იმპერია, თანაც ბოროტების, თავად საბჭოთა კავშირი ყოფილა, რომლისგანაც, საკმაოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, სწორედ ამერიკამ გაგვათავისუფლა. აქედან გამომდინარე, ამერიკა პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკურ ცნობიერებაში ის ძალაა, რომელიც იმპერიას ებრძვის, ამარცხებს და დაპყრობილ ხალხებს ათავისუფლებს.

გარდა ამისა, ბუშის პოლიტიკური რიტორიკა ბევრად უფრო გასაგები, ახლობელი და მისაღები აღმოჩნდა პოსტტოტალიტარული აღმოსავლეთისათვის, ვიდრე ლიბერალური დასავლეთ ევროპისათვის, რაც აფექტების თანხვედრით შეიძლება აიხსნას, რომელიც XXI საუკუნის დამდეგს რეანიმირებულ პატრიოტიზმის ცნების გაგებასაც უკავშირდება. პატრიოტიზმის აფექტმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დასავლეთში ფაქტიურად დისკრედიტაცია განიცადა და განსაკუთრებით 60-იანი წლებიდან მოყოლებული ძირითადად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებოდა. დასავლური საზოგადოების ასეთი განწყობა საბჭოთა სისტემის მოშლის შედეგად წარმოშობილმა ეთნიკურმა კონფლიქტებმა და ე.წ. „ცხელმა ნაციონალიზმებმა“ კიდევ უფრო გაამყარა. თუმცა კი ვითარება რადიკალურად შეცვალა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტმა, რომელმაც ცივ ომში გამარჯვებული ამერიკა მსხვერპლის როლში ჩააყენა. საკუთარი თავის მსხვერპლად დანახვიდან დაიბადა ახალი ამერიკული პატრიოტიზმი, რომელიც, სწორედ უდანაშაულო მსხვერპლის ფაქტორიდან გამომდინარე, ჰაგიოგრაფიული ჟანრის სიუჟეტად ჩამოყალიბდა. ეს სიუჟეტი კი ქრისტიანული შუა საუკუნეებიდან მომდინარეობს, რომელიც ტარიგით, უმანკოდ დაღვრილი სისხლით იწყება და მოწამის გამარჯვებით სრულდება, რომელიც ბოლოს უსამართლობის ჩამდენ ტირანს ან გველეშაპს ანადგურებს. XI საუკუნის ბოლოს ეს სიუჟეტი ჯვაროსნული ლაშქრობების იდეოლოგიად გადაფორმდა, რომელსაც ლოცვა-კურთხევად საკუთარი ჭეშმარიტების მთავარი არგუმენტი - Deus lo volt - „ღმერთს ასე სურს!“ თან ახლდა. იგივე პრინციპები აისახა პრეზიდენტ ბუშის რიტორიკაშიც, რომლითაც მან ერაყში ინტერვენცია დაასაბუთა, რომ მისი მიზანი ერაყელი ხალხის სადამ ჰუსეინის დიქტატურისგან გათავისუფლებაა, რომელიც საფრთხეს თავად ამერიკას და მთელს თავისუფალ და დემოკრატიულ სამყაროს უქმნის. ამერიკის ხალხისადმი მიმართვაში კი მან ისიც განაცხადა, რომ მას ეს დავალება თავად ღმერთისგან აქვს მიღებული. ასეთი მესიანისტური რიტორიკა ევროპისათვის ამერიკის სახით საღვთო რომის იმპერიის აღორძინებას ნიშნავდა, რომლის, 1806 წელს, გაუქმების შედეგადაც თანამედროვე სეკულარული ევროპის ჩამოყალიბება დაიწყო და ნაციონალიზმებისა და მსოფლიო ომების გავლით თანასწორუფლებიან ევროკავშირამდე მივიდა, რომელიც ერთი წევრი სახელმწიფოს მეორეზე ჰეგემონიას გამორიცხავს. დასავლეთ ევროპელების ანტი-ამერიკულ-იმპერიული აფექტით კი სწორედ ერთი სახელმწიფოს მთელ სამყაროზე დომინანტობის საფრთხე გამოიხატა.

ბუშის იგივე სიტყვები და რიტორიკა სრულიად სხვაგვარად იქნა გაგებული საქართველოში, თუმცა კი ამ სხვაგვარ ინტერპრეტაციაში გადამწყვეტი ისევ ანტიიმპერიული აფექტი იყო, რომელიც იმპერიისა და იმპერიალიზმის ქართულ წარმოდგენებს ეფუძნება.

ქართული ანტიიმპერიული აფექტი და მისი პალიმფსესტი

მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ვიზიტებს ჩვეულებისამებრ უზარმაზარი საპროტესტო მანიფესტაციები და პოლიციელთა და დემონსტრანტთა ხელჩართული ბრძოლები ახლავს თან. საქართველო კი იმ მცირედ გამონაკლისებს მიეკუთვნება, სადაც 2005 წლის მაისში ბუშის სტუმრობა საერთო-სახალხო დღესასწაულად იქცა. ამ ამბავმა მეც და ჩემი თუ ჩემზე უფროსი თაობის არაერთ წარმომადგენელს 1981 წელს თბილისში ბრეჟნევის სტუმრობა გაახსენა, როდესაც საბჭოთა სახელმწიფოს მეთაურისათვის თბილისის ქუჩებში ხელის დასაქნევად მოსწავლეები სკოლებიდან გამოგვიყვანეს. მაშინ ეს რიტუალი საერთო-საკავშირო სტანდარტს მიეკუთვნებოდა, თუმცა კი ქართული თეატრალურობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული პომპეზურობით გამოირჩეოდა და მის მზადებას თბილისის ცენტრალური უბნის სახეცვლილებაც კი მოჰყვა: ქალაქის ყველაზე დიდი მოედანი, რომელიც დღეს „ვარდების რევოლუციის“ სახელს ატარებს, სწორედ ლეონიდ ბრეჟნევის ვიზიტისათვის მაშინდელი საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელმა ედუარდ შევარდნაძემ ააშენებინა. სადღესასწაულო განწყობა, რომელიც ბრეჟნევის საქართველოში სტუმრობას ახლდა, რაღა თქმა უნდა, პრინციპულად განსხვავდებოდა იმ საყოველთაო სიხარულისაგან, რომლითაც თბილისის მოსახლეობა 24 წლის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტს შეეგება, რაც არა მხოლოდ გულწრფელობის ხარისხით იყო გამოწვეული. თუკი ბრეჟნევი ხელმწიფის ან, უფრო სწორი იქნებოდა, - იმპერიის განსახიერება იყო, მისი დახვედრაც შესაბამისი დამოკიდებულებისა და ინტერესების - ლოიალობის, პირფერობის, მოწიწების, თუნდაც ირონიის - გამოხატულება. ბუშის შემთხვევაში კი ქართული საზოგადოების სიხარულის მიზეზი ანტიიმპერიული აფექტი იყო, მხოლოდ დასავლურევროპულისგან განსხვავებით, იგი არა ამერიკის და მისი უმაღლესი იმპერიული რეპრეზენტანტის, არამედ რუსეთის, როგორც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის - რონალდ რეიგანის მიერ „ბოროტების იმპერიად“ წოდებული საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრის, თანამედროვე ქართულ ცნობიერებაში იმპერიალურობის ერთადერთი განსახიერების წინააღმდეგ. როლების ამგვარ გადანაწილებაში ჯორჯ ბუში საქართველოში იმად იქნა გაგებული და წარმოდგენილი, რადაც ის საკუთარ თავს თავისსავე პოლიტიკურ რიტორიკაში წარმოაჩენდა, - როგორც თანამედროვეობის „მესიის მახვილი“, რომელსაც დემოკრატიის გავრცელება და ტირანიის განადგურება ღმერთისგან აქვს დავალებული. ეს კი პირდაპირ ჯდება იმ პოლიტიკურ სიმბოლიზმსა და რიტორიკაში, რომელიც ბოლო ოცი წლის მანძილზე საქართველოში დომინირებს და რომელიც ქართული ანტიიმპერიული აფექტის მთავარი გამოხატულებაა: საქართველო, რომელიც ესქატოლოგიურ ბრძოლაში იმყოფება იმპერიულ ურჩხულთან. ამ უთანასწორო ბრძოლაში მას მხსნელად და მფარველად ამერიკა მოევლინა, ისევე, როგორც სამასიოდე წლის წინ ასეთი მესიის ადგილი „ერთმორწმუნე რუსეთს“ ეკავა, რომელსაც უნდა ეშვილებინა საქართველო და დაეცვა იგი მტერთაგან. რუსეთის მიერ ნაშვილებმა საქართველომ კი „იმპერიული ურჩხულიც“ და „აპოკალიფტური მხეციც“ რუსეთში შეიცნო. ამის შემდეგ ახალი მამინაცვლის ძიებაშია, რომელიც მას დამპყრობლისგან გაათავისუფლებს, დაიცავს, ინვესტიციებით ააყვავებს, დაკარგულ ტერიტორიებს დაუბრუნებს და საერთაშორისო ასპარეზზეც გაიყვანს. ბუშის ამერიკა ასეთი მამინაცვლის იდეალური კანდიდატურაა, რომელიც ასევე ბოროტებასთან ესქატოლოგიურ ბრძოლაში იმყოფება და ამ ბრძოლაში საქართველოსაც ამ დიდი მისტერიის თანამონაწილეს ხდის. ამიტომაც შეეგება სრულიად საქართველო ფეხბურთის გულშემატკივრის სიხარულით ერაყში ამერიკის ინტერვენციას, რადგანაც საქართველო ამერიკაში საკუთარ იდეალურ „მეს“ ხედავს და საკუთარ თავს ასეთ ყოვლისშემძლე მამასთან აიგივებს. ასეთი პერსპექტივიდან თუ დავაკვირდებით ქართულ ანტიიმპერიულ აფექტს, მასში შეიძლება დამალული პალიმფსესტიც აღმოვაჩინოთ, ანუ ანტიიმპერიული რიტორიკით გადახატული უხილავი სააზროვნო სტრუქტურა, რომელიც არაა გამორიცხული, რომ სრულიად პროიმპერიული ხასიათისაც აღმოჩნდეს. ამ „პროიმპერიული“ აზროვნების გამოხატულება იყო თბილისის ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალისათვის ჯორჯ ბუშის სახელის დარქმევა, რომლის მეშვეობითაც საქართველომ დემოკრატიულ დასავლეთში ანეკდოტური კურიოზების ქვეყნის იმიჯი შეიქმნა. თუმცა კი ამ სტალინური ეპოქის ჟესტის შინაარსს უფრო შორს მივყავართ: საქართველომ ჯორჯ ბუში არა დემოკრატიული სახელმწიფოს პრეზიდენტად, არამედ „ხელმწიფე-იმპერატორად“ აღიქვა, რითიც ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველო საკუთარ თავსაც კვლავაც არა თავისუფალ და სუვერენულ სახელმწიფოდ, არამედ რომელიღაც იმპერიის ნაწილად გაიაზრებს, რომელსაც ბოროტი მამინაცვლის კეთილით შეცვლა სურს. ასეთ ვითარებაში კი ახსნას საჭიროებს საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრის მიდრეკილება გახდეს გაერთიანებული ევროპის წევრი, ან რა საერთო აქვს მას სეკულარულ და ლაიცისტურ ევროპასთან, რომელიც ევროკავშირის შექმნით საკუთარ ნაციონალიზმებთან სამუდამოდ გამომშვიდებას აპირებს?

უძველესი ევროპა

2004 წლის იანვარში გელათის ტაძარში დავით აღმაშენებლის საფლავზე ახლად ინაუგურირებული საქართველოს პრეზიდენტი გერმანიას ეწვია, რათა ევროპისათვის საკუთარი ხელისუფლების საშინაო და საგარეო პრიორიტეტები გაეცნო. თუკი გელათში ფიცის დადების სიმბოლური მნიშვნელობა დევიზით - „წინ დავით აღმაშენებლისაკენ!“ გამოიხატა, დასავლეთისათვის საკუთარი თავის წარსადგენად ასევე საკმაოდ მითოლოგიური კონცეფცია - „საქართველო - უძველესი ევროპა“ მომზადდა, რომელსაც ამერიკული მესიანიზმით შეშფოთებული პრაგმატისტი ევროპელები საქართველოს ევროპისადმი მიკუთვნებულობაში უნდა დაერწმუნებინა. ამ დროს ევრო-ამერიკულ პოლიტიკურ დისკუსიებში უკვე ფიგურირებდა ევროპის ორი ცნება: 1. „ძველი“ ანუ ამერიკის პოლიტიკურ კურსთან დაპირისპირებული გერმანია-საფრანგეთი, რომელსაც მალე ესპანეთი და იტალიაც შემოუერთდნენ; 2. „ახალი“, ანუ პოსტსოციალისტური და პროამერიკული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. ასეთ ვითარებაში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ორბიტაზე გამოჩენა და სრული სერიოზულობით ქართველთა უძველესი ევროპელობის მტკიცება, იუმორის სფეროს უფრო მიეკუთვნებოდა, ვიდრე პოლიტიკისას, რამდენადაც ასეთი „არგუმენტაციით“ ევროპელი არქეოლოგების ან ეთნოგრაფების დაინტერესება შეიძლება, მაგრამ არა პოლიტიკოსების. ისტორიული მეცნიერების ამგვარი გაპოლიტიკურება და მისი ნაციონალისტური იდეოლოგიების სამსახურში ჩაყენება XIX საუკუნის ევროპული ნაციონალიზმებისათვის იყო დამახასიათებელი, რამაც პირველი და მეორე მსოფლიო ომების კატასტროფების შემზადებას ხელი შეუწყო. ამიტომაც ომის შემდგომი პერიოდის დასავლუ რი პოლიტიკური აზროვნებიდან იგი უბრალოდ განიდევნა და დავიწყებას მიეცა. მაგრამ მისი დაკონსერვება საბჭოთა სივრცეში მოხერხდა, სადაც ცალკეული ნაციონალობების ისტორიული სტაჟი არა მხოლოდ საკუთარი განსაკუთრებულობის, არამედ ტერიტორიული და სხვა სახის პოლიტიკური პრეტენზიების არგუმენტად გამოიყენებოდა, რაც მნიშვნელოვანწილად XX საუკუნის დასასრულის ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების საფუძველი გახდა. პოსტკომუნისტურმა ნაციონალიზმებმა და მათმა შერწყმამ რელიგიურ ფუნდამენტალიზმებთან ფუნდამენტალისტური ნაციონალიზმის ახალი ჰიბრიდი დაბადა, რომელმაც მსოფლიოს, პირველ რიგში კი ევროპას, მორიგი პოლიტიკური ქაოსის საფრთხე შეუქმნა.

0x01 graphic

REUTERS

რა იგულისხმება ასეთ ჰიბრიდულობაში? თავდაპირველი ბერძნული მნიშვნელობით ჰიბრიდი (hybris) „გადამეტებას“, „აღრევას“, „შეუსატყვისობას“, „ზომიერების და რეალობის დაკარგვას“ ნიშნავს. თანამედროვე კონტექსტში იგი პოლიტიკური რეალობის პარალელურად ერთგვარი სუბიექტური წარმოსახვითი სამყაროს შექმნად, მერე მის დაჯერებად და ფუნდამენტურ ჭეშმარიტებად მიღებად შეგვიძლია გავიგოთ. ჟიჟეკის განმარტებით, „ფუნდამენტალიზმი საკუთარი თავის, საკუთარი კულტურის ზედმეტად სერიოზული აღქმით იწყება“. ადამიანები საკუთარ შეთხზულ ისტორიებს რეალობისგან ვეღარ ასხვავებენ და ვერც იმას ხვდებიან, რომ სხვებისათვის ამას არანაირი ღირებულება არ აქვს და არ შეიძლება პოლიტიკურ არგუმენტად იქნას მოტანილი. საქართველოს ხანგრძლივი ისტორიული სტაჟი, მისი „უძველესი ევროპელობა“, „ორათასწლიანი ქრისტიანობა“ და „სამათასწლიანი სახელმწიფოებრიობა“ ფასეული შეიძლება მხოლოდ საქართველოში ამჟამად არსებული თუნდაც ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური იდეოლოგიისათვის იყოს, მაგრამ არა ევროკავშირისათვის, რომელიც სწორედ ამ ტიპის ნაციონალიზმის საწინააღმდეგო კონცეფციით შეიქმნა, რომლის მიზანიც ვიწრო ნაციონალური ჩარჩოების გადალახვაა, ხოლო საფუძველი არა გამითოლოგიურებული წარსული, არამედ აწმყოში დემოკრატიის ხარისხი და სტანდარტები. „ქართველი“ ნეანდერტალელები „მზია და ზეზვა“, პრომეთეს კავკასიის ქედზე მიჯაჭვულობა, არგონავტების ეპოსი და საკუთარი შვილების მკვლელი კოლხი მედეა ქართველი ნაციონალისტების ფანტაზიების ნაყოფ ევროპის შემადგენელი ნაწილებია, რომელსაც ზენაციონალურ პოლიტიკურ გაერთიანება ევროკავშირთან საერთო არაფერი აქვს და არათუ აახლოებს, არამედ კიდევ უფრო მეტად აშორებს საქართველოს გაევროპულებას.

თუმცა კი „უძველესი ევროპელობის“ კონცეფციაში შეიძლება კიდევ ერთი დაფარული თუ დავიწყებული შინაარსის, ანუ კიდევ ერთი პალიმფსესტის დანახვა, რომელშიც ქართული ანტიდასავლური აფექტი იმალება. ეს აფექტი საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას იზოლაციონისტური და კურიოზული მითო-პოლიტიკიდან იღებს დასაბამს. გამსახურდიას მიერ შექმნილ ეზოთერულ ნაციონალიზმში, რომელიც ყველაზე აშკარად მის წიგნში, - „საქართველოს სულიერი მისსია“ აისახა, საქართველო არათუ უბრალოდ უძველესი ევროპული ქვეყანაა, არამედ მთელი დასავლური ცივილიზაციის საფუძვლების შემქმნელიც. დასავლეთი საკუთარ კულტურულ არსებობას ფაქტიურად საქართველოს უნდა უმადლოდეს და მის განსაკუთრებულ ადგილსა და უფლებებს აღიარებდეს. როდესაც გამსახურდიას ხელისუფლებამ დასავლეთის მხრიდან არათუ აღიარება, არამედ მძაფრი კრიტიკა დაიმსახურა, ამ დროს იფეთქა პირველმა ანტიდასავლურმა აფექტმაც. 1991 წლის შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარვებზე ასეთი ტრანსპარანტიც კი გაჩნდა: „მოვითხოვთ ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის გადადგომას!“ ეს აფექტი განსაკუთრებით გამსახურდიას დამხობის და შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაძლიერდა. დასავლეთი, რომელმაც შევარდნაძის ხელისუფლება სცნო და მას მხარი დაუჭირა, საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო მასონური, სიონისტური, იეზუიტური, სატანისტური, ჰომოსექსუალური თუ ფემინისტური შეთქმულების ცენტრად გადაიქცა, რომლის მიზანიც ქართველი ერის გადაგვარება და მოსპობაა. ეს აფექტი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ თვით „მასონი“ შევარდნაძეც კი აიძულა ათასწლეულთა გასაყარზე ქართული სახელმწიფოებრიობის სამი ათასი და საქართველოს ეკლესიის ორიათასწლიანი იუბილე ეზეიმა, რის გამოც შევარდნაძეც იმავე აფექტთა ველში მოექცა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ აფექტის ბოლო ღია გამოვლინება პოლიტიკური ორგანიზაცია „ანტი-სოროსია“, თუმცა კი მსგავსი აფექტები და ტენდენციები სააკაშვილის ოპოზიციიდან და ტელეკომპანია „იმედის“ ეთერიდანაც უხვად მოდიოდა („საქართველო გაყიდეს!“, „ეკლესიებს ანგრევენ!“). „უძველესი ევროპელობის“ კონცეფციით, მთელი თავისი ისტორიულ-მითოლოგიური ხატებით, პრომეთესა და მედეას ძეგლებით, მესიანისტური რიტორიკით („საქართველოში, თავისუფლების მოედანზე იწყება იმპერიალიზმის დასამარება...“), სააკაშვილი ანტიდასავლური და ანტიიმპერიული აფექტების შერწყმას და მის პროევროპულად მოდიფიკაციას შეეცადა: საქართველო აღიარებს, რომ იგი ევროპაა („ქართველი ვარ, მაშასადამე - ევროპელი ვარ!“), სახელმწიფო დაწესებულებებზე საქართველოს დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშებსაც ფენს, რაც ამ კავშირის იურისდიქციის სიმბოლოა და შესაბამისად მხოლოდ მისი წევრი ქვეყნების პრეროგატივა. ამასთანავე, ხაზი ესმება ქართველთა უძველეს ევროპელობას, ანუ საქართველო კია ევროპა, რაც მის განუმეორებლობას ფარდობითს ხდის, მაგრამ მისი განსაკუთრებულობა მის ასაკშია. ზედსართავი სახელი „უძველესი“ საქართველოს ევროპასთან მიკუთვნებულობის მთავარი არგუმენტიცაა, მაგრამ სწორედ აქ ხდება იმის ვერგათვალისწინება, რომ ასეთი „არგუმენტი“, ისევე, როგორც მთელი ევროპელობის სააკაშვილისეული რიტორიკა, უბრალოდ ანაქრონიზმია და ისეთივე არაადეკვატურია ევროკავშირის წევრობის პრინციპებისათვის, როგორც ამ კავშირის დროშა საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებზე. ამგვარი სიმბოლიკა კი იმის ილუზიას ჰქმნის, რომ საქართველო უკვე ევროპაშია, თუმცა კი გასარკვევია, თუ რომელ ევროპაზეა საუბარი: ნეანდერტალელის გამოქვაბულების, ტროას ომის, „საღვთო რომის იმპერიის“, ვენის კონგრესის, „ანტანტისა“ და „სამთა კავშირის“ თუ ევროკავშირის?

20 3:10 to Yuma

▲ზევით დაბრუნება


მწერლები

ავტორი: აკა მორჩილაძე

0x01 graphic

ერნესტ ჰემინგუეი

0x01 graphic

ილმორ ლეონარდი

0x01 graphic

რეიმონდ ჩენდლერი

0x01 graphic

ჟორჟ სიმენონი

მთელ შარშანდელ წელიწადს ამ ჩვენი ჟურნალისთვის სულ ამერიკელ მწერლებზე ვწერდი. რატომღაც ასე გამოვიდა.

საყვარელი მწერლებიო, თუ ადრე რომ მწერლებს ვკითხულობდიო, რაღაც ასეთი გამოდიოდა.

ჰოდა, ახლა, ამ ჩვენმა რედაქტორმა, აბა, თუ დაგრჩა ისეთი ამერიკელი მწერალი, კიდევ რომ დაწერდი იმის შესახებ რამესო.

რასაკვირველია, ასეთები დამრჩა და არაერთიც.

ვთქვათ, ჯეკ ლონდონი, ანდა ო'ჰენრი, რომელთა გამოც მშვენიერი რაღაცეების გახსენება შეიძლება.

ო'ჰენრის კითხულობ და იცინი იმ ბიჭობის წლებში, თან მოგწონს, რა მაგრა დაამთავრა ამბავიო. ჯეკ ლონდონს კი კითხულობ და ვაჟკაცდები. იმათგან სხვა უამრავი რამეებიც მოდის, და ის გამოცემებიც მახსენდება, მათი პირველი ნაწერები რომ ამოვიკითხე.

ისიც მახსენდება, როგორ ვცდილობდი სახელ მეილმუტ კიდის დამახსოვრებას, რაც ქართულად ცოტა უხერხულად ჟღერდა და ისიც, როგორ მინდოდა, რომ მეცხოვრა, როგორც ჯეფ პიტერსს და ენდი ტაკერს.

საერთოდ, ეს ო'ჰენრის გმირების ცხოვრება მეტად მიმზიდველი რამ იყო. თუ ხალისი და მოულოდნელობა გინდოდა, სწორედ იქ უნდა გეძებნა. თუ კაცობის ამბავი, იმას ჯეკ ლონდონის კლონდაიკურ მოთხრობებში ამოიკითხავდი.

ჯეკ ლონდონი ძაღლებით მოდიოდა, თეთრი ეშვით, მერე კი ამას მოჰყვებოდნენ სრულიად მოულოდნელი ტიპები.

ო'ჰენრი ხითხითით მოიპარებოდა და უცბად შეგძრავდა მოულოდნელი მოსახვევით. სწორედ მან მოიგონა ორმაგი ბოლო, თუ რაც ჰქვია ახლა. თუმცა, უბედურებით სავსე მოთხრობებიც ჰქონდა. ამათ შორის უფრო ცნობილი „უკანასკნელი ფოთოლი“ იყო, შემოდგომის და ავადმყოფობის სულისშემძვრელი მოთხრობა, რაიც მოზარდზე, რასაკვირველია, მოქმედებდა და თან სამუდამოდ.

არ ვიცი, სხვებს თუ აკითხებდნენ ამ მოთხრობას, მსოფლიოში, სხვა მოზარდებს, საბჭოთა კავშირში კი მგონი ყველას წაკითხული ჰქონდა, ვინც ოდნავ მაინც იყო მიდრეკილი კითხვისკენ.

ო'ჰენრის საუკეთესო მოთხრობა, „მუნიციპალური ანგარიში“ გვიან წავიკითხე. სუპერ მოთხრობაა, ოღონდ შინაარსს ახლა არ მოვყვები. სხვა სათაურიც აქვს, რომელიც აღარ მახსოვს.

ამბავი ნეშვილში მცხოვრებ ხნიერ პოეტ ქალზეა, რომლის სანახავადაც დიდი გაზეთიდან ჟურნალისტს აგზავნიან. ამ ქალს საზიზღარი ქმარი ჰყავს. იქვეა გოლიათი, კეთილი ზანგიც.

აჰა, არ მოვყვები-თქო და მაინც მოვყევი. ამ მოთხრობას რომ ვკითხულობდი, მისი გადაღება მინდოდა, მაგრამ კინოს გადაღება მე არ ვიცი და ვინც იცის, იმათთვის არ მითქვამს.

„კარმენი ორ დღესაც ვერ გაძლებს“, - ამ გამანადგურებელი ფრაზით იწყება ჯეკ ლონდონის „თეთრი მდუმარება“. კარმენი ძაღლია. იმის შემდეგ სულ მაინტერესებდა, შიმშილს და ყინვას ძაღლი უფრო უძლებს თუ ადამიანი.

ეს ინდიელი ცოლები. სკვო, სმოკი და პატარა თოვლი. ჩვენ ამით ვიცნობდით ჯეკ ლონდონს, როცა პატარები ვიყავით. იყო რუსულიც, უგრძესი ტომების რიგი, მუქი იასამნისფერი და ქართულებიც, მწვანე, ლია იმერლიშვილის თარგმნილი.

მაგრამ „მარტინ იდენიც“ იყო, რომელსაც მერე თუ წაიკითხავდი. დიდი ამერიკული რომანი, მე თუ მკითხავთ. ახლა ჩვენში ამას არავინ წაიკითხავს. ერთადერთი კაცი ვიცი, ვისაც ამას წინათ გადაუკითხავს, სხვას ჩემთან მარტინ იდენის ამბავზე არ ულაპარაკია. ჯეკ ლონდონი ორმოცი წლისა მოკვდა. ამის დედა ვატირე, რამდენი რამე მოასწრო და რამდენი კიდევ ვერა. მორფის ზედმეტი დოზითო. მორფი მაშინ მაინცდამაინც მორფინისტობა და ნაზრანში წამალზე სირბილი კი არ იყო.

ო'ჰენრი ორმოცდაათისა იქნებოდა, გამუდმებით სვამდა და მოთხრობებს წერდა, რათა თავისი ობლები შეენახა. ჰონდურასი, ციხე, ცოლის სიკვდილი. რეები აღარ გადახდენოდა. ამ ამბებს ვერ გაწვდები.

მისი ყვითელი ორტომეული არსებობდა რუსულ ენაზე, თუმცა, მოთხრობების გამოცემები - უამრავი.

რაღაც ძალიან წავყევი ამ ამბავს და მგონი ზედმეტიც კია გაუთავებლად ძველ მწერლებზე ლაპარაკი.

თანამედროვე ლიტერატორებს უფრო სხვანაირ ავტორებზე უყვართ ლაპარაკი, ბიტნიკებიდან წამოჰყვებიან და ასე. იქ არის თანამედროვეობაო, ახლებურობაო და ყოველივეც სიშიშვლეაო. მე კიდევ, რატომღაც, ისევ ძველი ავტორი გამახსენდა: სინკლერ ლუისი, რომელიც ჩვენთან სრულიად უკითხავი მწერალია და, ჩემი მოკლე ჭკუით, ამერიკელების ლევ ტოლსტოი გახლავთ, ოღონდაც, რა თქმა უნდა, იმას კი არ ვამბობ, რომ ტოლსტოის მსგავსი გონება აქვს.

არა, საერთოც არაფერი აქვს ბევრი, მაგრამ ძალიან ბევრს მოიცავს.

მგონი პირველი ამერიკელი მწერალია, ნობელის პრემია რომ მიენიჭა.

აი, ამეებს ვწერ და ვფიქრობ, დიდი ქვეყანა სულ სხვა რამეა. თან ამერიკისნაირი დიდი ქვეყანა, სადაც სახლი ყველასთვის მოიძებნება და საქმეც ყველასთვისაა. და სადაც შეგიძლია, თან ის იყო, ვინც ხარ და თან კიდევ ამერიკელი გერქვას.

არის ეგეთი მწერალი ილმორ ლეონარდი. მგონი ადრეც მიხსენებია. ახლა ოთხმოცისა იქნება, ან უფრო მეტისაც. ფართო სახელოვნებო გაგებით არც არაფერი, მაგრამ რატომღაც დეტროიტელ დიკენსად წოდებული, ფალფ მწერალი. უკეთ რომ მივხვდეთ, აი, ტარანტინოს კინო რომაა, „ჯეკი ბრაუნი“, სადაც სრულიად გადასარევი პემ გრიერი თამაშობს, ის სწორედ ამ ლეონარდის დაწერილია რომანად. მოკლედ, ფალფ მწერალია და მთელი ამბავი.

მაგრამ საინტერესოც ეს არის.

მგონი ამერიკელი მწერლების მოგონილია ასეთი რამე, რომ სრულიად უბრალო, თავშესაქცევი ჟურნალების, ან თხელყდიანი რომანებისთვის ნაწერი, საუცხოო რაღაცად იქცეს.

მგონი ყოველდღიური საკითხავების წერა პირველად ფრანგებმა დაიწყეს, აგერ ორასი წლის წინათ: სიტყვა რომანიც ხომ იმ იაფი გამოცემებიდანაა, სადაც სასიყვარულო თავგადასავლები სწორედ რომ იაფად იყო აღწერილი. ეს დიდი ტრადიცია იყო თავის დროზე, როცა ყველა წიგნს კითხულობდა დღევანდელი სერიალების ნაცვლად.

ცხონებული ჟორჟ სიმენონი, მეგრემდე სწორედ ასეთ რომანებს წერდა და თანაც უთვალავი ოდენობით. ოდესღაც, ბალზაკიც სწორედ ასეთ რომანებს წერდა, ან გადმოაკეთებდა, ასევე უთვალავი ოდენობით, მანამდე, სანამ თავის დიდ რამეს შეუდგებოდა.

ჰოდა, ამერიკაში მაგრად იყო ეს უბრალო, სახალხო წერა. დიდი ლიტერატურა კი არა, სახალხო საკითხავების წერა. თავიდანვე. ამიტომ, თავისი ჟანრებიც კი ჰქონდათ. მაგალითად, ვესტერნები დღემდე ცოცხალია და გვარიანადაც.

გეხსომებათ ეგეთი ფილმი, „მიუტევებელი“, დაბერებული ბანდიტის, უილიამ მანის ისტორია, კლინტ ისტვუდის მიერ მშვენივრად გახერხებული. იქ ერთ-ერთი გმირი, გვარად, თუ არ ვცდები, ბუშემი, სწორედ ასეთი მოკალმე კაცია, რომელიც ჯერაც მშენებარე დასავლეთის ქალაქებში დაეხეტება და მსროლელთაგან ამბებს იწერს, რასაც მერე წიგნებად აქცევს.

სწორედ ამნაირი ტიპების შთამომავალია ილმორ ლეონარდი.

ეს მოხუცი სწორედ იმიტომ გამახსენდა, რომ ამის თქმა მინდოდა: ჩვეულებრივის, ვითომ რიგითის, არაჩვეულებრივად ქცევა, ამერიკული ხელობაა.

ეს ბევრ რამეში ასეა და ცხადია, მწერლობაშიც.

აბა, რამდენს ეხსომება „ფოსტალიონი მხოლოდ ორჯერ აკაკუნებს“ (თუ რეკავს), ჯეკ ნიკოლსონით, ჯესიკა... კარგი, არ გვინდა, ყველას ახსოვს. ამ ფილმის წინამორბედი ალბათ ჩვენში ბევრს არავის უნახავს, ხოლო მისი პირველწყარო კი საერთოდაც ბევრს არავის გადაუკითხავს, თუმცა, პერესტროიკის დროს კი მოხვდა რუსულ გამოცემებში.

„ფოსტალიონი მხოლოდ ორჯერ აკაკუნებს“ ერთი ჩვეულებრივი, ჯეიმს კეინის მიერ ცივად და სახალხოდ დაწერილი კრიმინალური მოკლე რომანია, რომელიც კინომ რაღაცად აქცია.

რაღაცად-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ რომანი ჩვეულებრივია, ნიკოლსონიანი ფილმი - არც ისე ჩვეულებრივი. მე თუ მკითხავთ, ის ძველიც, ოდნავ დუნე, თუმცა კარგი ფილმია: რა თქმა უნდა, შეუდარებლად უბიწო, ვიდრე ესა, ბობ რაფელსონმა რომ გადაიღო.

თვითონ კეინი ომის შემდეგ ვეღარაფერი მწერალი იყო, ეს წიგნი კი 1934 წელს გამოიცა.

ასეთი ამბები უამრავია და დაუსრულებელი. იგივე „შაოშანკის გამოსასყიდი“, სტივენ კინგის ერთი პატარა მოთხრობა რომაა და „ბობ დარაბონტი“, უზარმაზარი ფილმი.

ჰოდა, ლეონარდზეც ამიტომ ვლაპარაკობდი.

ოდესღაც ფილმად აქციეს მისი ერთი მოთხრობა, „სამ საათსა და ათ წუთზე იუმასკენ“.

სათაური მატარებლის გასვლის დროა და ისტორიაც ისეთია, ველურ დასავლეთს რომ შეეფერება. განთქმული ყაჩაღი ვეიდი იუმას მატარებელში უნდა ჩასვან და იქაურ ციხეში გაისტუმრონ. ვეიდის გამოხსნა კი მისი ბანდის წევრებს სწადიათ. მოკლედ, მთელი ამბავია.

ეს მოთხრობა მას შემდეგ მოვძებნე, რაც სწორედ ამას წინათ, მისი მორიგი რიმეიქი ვნახე და ვიფიქრე, ერთი რა მწერალია ეს ლეონარდი, რომ ასე მიადგებიან და იღებენ-თქო. მთლად ისე არ ჩანდა ფილმების მიხედვით, რომ მხოლოდ ფალფ.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მხოლოდ ფალფ.

მაგრამ საქმე რა არის, იცით?

ნამდვილია ყველაფერი. იმ ჩვეულებრივ მოთხრობაში, ღატაკი და ვაჟკაცი ფერმერიც ნამდვილია, ბანდიტი ვეიდიც, პინკერტონის აგენტიც და საერთოდ ყველაფერი. სხვანაირად რომ ვთქვათ, ფალფ ნაწერები გვარიანად უცნაური, ფართო შესაძლებლობების რაღაცეებია. ერთი მხრივ, ისინი მხოლოდ სიუჟეტებია და მეტი არაფერი, ოღონდაც მათი ავტორები იმგვარად არიან დაოსტატებულნი წერაში, რომ ეს წიგნები წყალივით იკითხება.

„იუმა“ საერთოდაც ნოველაა, კაცი დაჯდა და ერთ საღამოში ჩამოყარა. სიუჟეტი ისეთია, რომ რომანიც გამოვიდოდა. რახან უშველებელი ფილმი გამოვიდა, რომანიც სულ იოლად გამოვიდოდა. მაგრამ არა, ეს უბრალოდ, მოთხრობაა, კაცმა რომ საკვირაო ჟურნალისთვის დაწერა.

ეს ყველაფერი, რაც ფალფ ამერიკულ მოთხრობებსა და მათზე აწყობილ განთქმულ ფილმებს ეხება, რაღაცით შუა საუკუნეების მოარულ სიუჟეტთა ამბავს ჰგავს.

ოღონდაც, საქმეც ეს არის, რომ იმ მარადიულ სიუჟეტებზე, ჰამლეტს, ებრაელ ვაჭარს და სხვა ასეთებს რომ შეეხებოდა, შექსპირი უკვდავად წერდა, სხვანი კი მოკვდავად.

მისტერ კეინმა დიდხანს იცოცხლა, ოღონდ თავისი ფოსტალიონის მეორედ გადაღებას ვერ მოესწრო, რათა ეგრძნო, რომ მის ნაწერს ხელოვნებაც ჩაება.

ამბობენ, სულ ბოლომდე ლოთი იყო და ოპერა უყვარდაო.

ლეონარდი ორმოცდაათი წელიწადია, კინოშია.

არასდროს მინახავს ჯეკ ლონდონის, ანდა ო'ჰენრის ნაწერების მიხედვით გადაღებული ამერიკული რამეები. საბჭოთა - რამდენიც გინდათ.

ერთადერთი რაღაც სერიალი მახსოვს, მოგზაურობა შორეულ ჩრდილოეთში და თეთრი ეშვის რაღაცეები და ისიც, არ ვიცი, ამერიკული თუ იყო.

მიზეზი კი თავისთავად საინტერესოა.

პატარას დიდად ქცევა და დიდის კიდევ უფრო დიდად, მგონი, სხვადასხვა რამეებია. ჩვეულებრივ, დიდში არ გამოდის ხოლმე.

აი, ჰემინგუეის მიხედვით გადაღებული ფილმები ნახეთ. რომელს შეეხედება? ყველაზე კარგი ადაპტაციები, ალბათ, „მკვლელებისა“ გამოვიდა, თუმცა, იმათ ჰემინგუეის ნოველასთან ცოტა აქვთ საერთო.

ეს კილიმანჯაროები და ასეთები კი საერთოდ. ასევე არა აქვს მნიშვნელობა, მოხუცს სპენსერ ტრეისი თამაშობს თუ ენტონი ქუინი.

ან ეგებ ასეთი რამეების კეთებას სულ სხვანაირი ხელი უნდა?

ორსონ უელსმაც ასე იცოდაო, ვიღაცასთან ვკითხულობდი, ოთახი გამოტენილი ჰქონდა რბილყდიანი რომანებით და გამუდმებით კითხულობდაო. მერე იტყოდა რომელიმე ამათგანზე, გადასაღებია, მოდი გავაკეთოთო.

ჰოდა, ამ ამბის მთელი მაგიაც ეს არის.

რაღაცნაირი ამბავია, ჩემმა მზემ.

ნამდვილად ამერიკული რამეა. ალბათ სხვაგანაც კი ხდება, მაგრამ იქ არის დაწყებული.

საკმაოდ მიმზიდველი რამეც არის, იმიტომ, რომ ეგებ გაფიქრებინოს კიდეც, რომ ჩვეულებრივი რამ შეიძლება არაჩვეულებრივი გამოდგეს.

ახლა რეიმონდ ჩენდლერი გამახსენდა. ხომ ვითომ დეტექტივები და მეტი არაფერი. არც მისი ნაწერების მიხედვით გადაღებული ფილმი მინახავს.

დღემდე ამბობენ, ძველ ლოს-ანჯელესზე ისე ვერავინ წერდა, როგორც ჩენდლერიო და მჯერა, იმიტომ, რომ დეტექტივია, თუ რაც არის, იშვიათად რომ კაცს წერის ასეთი უნარი ჰქონდეს.

რა თქმა უნდა, მის ნაწერებსაც იღებდნენ, მაგრამ ჯერჯერობით არ დაბრუნებიან. ამერიკელთა ერთ-ერთი წესი კი დაბრუნება და განახლებაა. განახლება ან ხელახლა შექმნა.

რაღაც ამის მსგავსია და ეძახიან რიმეიქს. რიმეიქები ფლავდება კიდეც, მაგრამ უკეთესიც გამოდის ხოლმე. ეგ სხვა ლაპარაკია.

იმას არ ეხება, რომ ილმორ ლეონარდი დიდი არანაირი დეტროიტელი დიკენსი არ არის, მაგრამ მან დიკენსივით იცის წერის ხერხები და შეიძლება დიკენსზე მეტადაც აქცევს მათ ყურადღებას. ოღონდ, ამან სხვა რამ არ იცის. ახლა ასეთი დროა. მგონი, გომბროვიჩმა თქვა, წერას ახლა მხოლოდ განათლებაღა სჭირდებაო.

თუმცა, ფალფ-კლასიკოსებისთვის ესეც არ არის მნიშვნელოვანი, რადგან ასე წერა ერთი, ცალკე აღებული ნიჭია. მგონი, ესე ნიჭიც ამერიკაში დაიხვეწა და ჩამოყალიბდა.

რა ვიცი, საინტერესო ამბავი კია და დასაფიქრებელიც იმათთვის, ვინც წერა-კითხვასთანაც დაკავშირებულია და არც ჰოლივუდის კინოების ცქერაზე ამბობს ხოლმე უარს.

ოღონდ, ჯეკ ლონდონი და ო'ჰენრი აქ არაფერ შუაში არიან.

ეს სულ სხვა ამერიკაა.

ხო ვამბობ, იმხელაა, ყველას იპოვნი.

მთელი ეს ამბავი სუპერხელოსნობის რაღაცნაირ მეტაფორამდე შეიძლება მივიდეს, თუ კაცს ხალისი გაჰყვება მასზე ფიქრისას.

რენუარის ტილოები ლას-ვეგასში, რესტორანში. ძმაკაცი მიყვებოდა.

მე კი გუშინაც მშვენივრად ვუყურე 3:10 to Yuma-ს.

21 წიგნიდან იყო და არა იყო რა

▲ზევით დაბრუნება


უახლესი ისტორია

ავტორი: დათო ტურაშვილი

(გაგრძელება)

0x01 graphic

9 აპრილის შემდეგ რამდენიმე დღე მართლაც ვიმალებოდი, მაგრამ დანამდვილებით არც კი ვიცოდი და მიჭერდნენ თუ არა და როგორც მოგვიანებით დავადგინე, თავდაპირველად დასაპატიმრებელთა ორმოცკაციანი სია არსებობდა, რომელიც ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო შეამცირეს და ბოლოს, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაიჭირეს. როგორც კიდევ უფრო მოგვიანებით გავიგე, ჩემი თავდების ავტორი, თავისივე ინიციატივით, იყო ჩვენი სახელოვანი მხატვარი (და არა მარტო მხატვარი) ზურაბ წერეთელი, რომელმაც ჩათვალა, რომ ციხე ჩემზე უარყოფითად უფრო იმოქმედებდა, ვიდრე დადებითად. ამ სადავო საკითხზე კამათს, რა თქმა უნდა, არ შევუდგები, რადგან მადლობის გარდა, უბრალოდ არაფერი მეთქმის.

14 აპრილს კი თბილისში ედუარდ შევარდნაძე ჩამოვიდა ვინმე რაზუმოვსკისთან ერთად, რომელიც (როგორც შევარდნაძემ მაშინ თქვა) მონდომებით ტიროდა ჩვენი ტრაგედიის გამო. ბატონი ედუარდი (იმ პერიოდში) ამხანაგი შევარდნაძე იყო და მისი ჩამოსვლის ამბავი ვახტანგ გოგოუაძემ შეგვატყობინა. უნივერსიტეტამდე (წინა ღამით) კინოსტუდიაში იყო შეხვედრა და ყველაზე მეტად გურამ პეტრიაშვილის ემოციური და გულწრფელი გამოსვლა დამამახსოვრდა. მახსოვს შევარდნაძის გაოცებული სახე, განსაკუთრებით ირაკლი შენგელაიას მოსმენისას, რომელმაც ჩანთიდან ადამიანის უფლებათა ყველა ის დეკლარაცია ამოიღო, რაც კაცობრიობას ჟენევასა თუ ჰელსინკში მიუღია და ხმამაღლა წაიკითხა. წაიკითხა რაც მთავარია ზეპირად და გაოცებულმა რაზუმოვსკიმ იმ საღამოს მოულოდნელი სათავისო აღმოჩენა გააკეთა, რომ თურმე ადამიანებს (მათ შორის ქართველებს), უფლებები გააჩნიათ და მათ შორის არჩევანის უფლება - იცხოვრონ თავისუფალ ქვეყანაში.

შეხვედრა საკმაოდ გაიწელა და კომენდანტის საათის დაწყებას კი აღარაფერი უკლდა. ჩვენც ავჩქარდით, თუმცა სათქმელი კიდევ ბევრი გვქონდა შევარდნაძისთვის, რომელიც დაგვპირდა, რომ უნივერსიტეტში აუცილებლად მოვიდოდა. მეორე დღეს, 93-ე აუდიტორიაში მართლაც შედგა შეხვედრა, რომელიც ტელევიზიითაც გადაიცა და საქართველოში დღემდე ახსოვთ იმ შეხვედრის დეტალები. სიტყვით მეც გამოვედი, მაგრამ გაცილებით საინტერესო ამბავი იმ შეხვედრის დამთავრების შემდეგ მოხდა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. 93-ე აუდიტორიიდან გამოსულებმა შენობიდან გასვლაც დავაპირეთ, ვიღაც რომ მოვიდა და გვითხრა - თუ შეიძლება რექტორის კაბინეტში ჩაბრძანდითო და იქ, შევარდნაძის გარდა, კი დევ რამდენიმე ადამიანი დაგვხვდა. შევარდნაძემ კი პირდაპირ გვითხრა სათქმელი, რის გამოც რექტორის ოთახში გველოდებოდა - ვიცი, რომ ძალიან გძულვართ, მაგრამ საქართველო მეც ძალიან მიყვარს და მალე ყველას დაგიმტკიცებთო. არც გამეღიმებოდა, ვახტანგ გოგუაძის ძალიან კმაყოფილი სახე რომ არ დამენახა, რომლის პოლიტიკურ შეხედულებებზე ისედაც მეღიმებოდა ხოლმე. ჩემმა უადგილო ღიმილმა კი განსაკუთრებით ჩვენი მაშინდელი რექტორი ბატონი ნოდარ ამაღლობელი შეაშფოთა, რომელიც მაინც ყოველთვის შეშფოთებული იყო ხოლმე.

საუბარი (უფრო სწორად მონოლოგი) შევარდნაძემ მერეც გააგრძელა, როცა უნივერსიტეტის მთავარი კარებისკენ დავიძარით და როცა იგივე გამიმეორა და მეც ვუპასუხე, მაგრამ ახლა უკვე ძალიან სერიოზული სახით: საქართველოსთვის რამე კარგის გაკეთება თუ გინდათ, ვინ გიშლით-მეთქი.

ხოლო როცა მთავარი კარებიც გამოვიარეთ, დიდი კიბის სიახლოვეს (გარეთ) საკმაოდ ბევრი ხალხი დაგვხვდა. როგორც ჩანს, იცოდნენ, რომ უნივერსიტეტში შეხვედრა იყო შევარდნაძესთან და მოულოდნელად, ხმამაღლა და მონდომებით (ქვემოდან) ვიღაცამ დამარცვლით შეაგინა ბატონ ედუარდს. დავაკვირდი შევარდნაძის რეაქციას და მას არც შეუმჩნევია (თითქოს მე მაგინებდნენ და არა მას), ისე გააგრძელა საუბარი და ახლა ვიღაც სხვამ (იქ მომლოდინე ხალხიდან) წინაზე უფრო ხმამაღლა და რთულად შეაგინა. შევარდნაძეს არც ამისთვის მიუქცევია ყურადღება (ან მე ვერ დავაფიქსირე რეაქცია) და მარცხნივ დაეშვა, სადაც მანქანა ელოდებოდა. დაიძრა თუ არა დაცვასთან ერთად, სწორედ იქ, სადაც დასალევი წყლის „ფანტანია“ (ეზოში, სასადილომდე), ვიღაც ასაკოვანი, მაგრამ სიმპათიური ქალი გადაუდგა მას. ბოდიში მოუხადა შევარდნაძეს და ძალიან მოკრძალებით ჰკითხა ბატონ ედუარდს - მართალია თუ არა, რომ თვითმფრინავის ბიჭები არ დაუხვრეტავთ და ცოცხლები არიანო.

შევარდნაძემ თქვა ზუსტად ორი სიტყვა - ღმერთმა ქნას, - გატრიალდა და წავიდა.

ალბათ რამდენიმე წუთი მაინც გაუნძრევლად ვიდექით მეც და ის ქალბატონიც და სხვებიც - გაოგნებულები პასუხისგან და საშინლად დაბნეულები იმის გამო, რაც მოვისმინეთ და ყველანი ისევ იმ უცნობის ხმამ გამოგვაფხიზლა, რომელმაც კიდევ ერთხელ შეაგინა შევარდნაძეს, მაგრამ ამჯერად ისე, რომ არც მანამდე და არც მერე, მსგავსი არც მსმენია.

ცხრა აპრილის შემდეგ, თბილისში მხოლოდ ერთი კვირით მოქმედებდა კომენდანტის საათი და ერთი კვირის შემდეგ კი უნივერსიტეტის ეზოში აღარ იდგა ტანკი, რომელზეც ვიღაცამ ფაშისტურად ცნობილი „სვასტიკა“ მიახატა თეთრი ცარცით. ტანკები ქალაქიდან გავიდნენ და საქართველოში კი დარჩნენ ძალიან სევდიანი ადამიანები იმის გამო, რომ თავისუფლებას მეოცე საუკუნის ბოლოსაც მსხვერპლი დასჭირდა, თუმცა დაღვრილმა სისხლმა კიდევ უფრო მიგვაახლოვა ნანატრ თავისუფლებასთან და ერთმანეთთან კი მართლა დააახლოვა ადამიანები, ვინც დაიჯერა, რომ მალე საქართველოში ყველაფერი შეიცვლებოდა.

პირველ რიგში კი შეცვალეს ჯუმბერ პატიაშვილი და მის ნაცვლად გივი გუმბარიძე დანიშნეს. ამ უცნობი წარსულის, აწმყოსა და მომავლის ადამიანმა, საკმაოდ ჭკვიანურად, გონივრულად და თანმიმდევრულად შეძლო თავისი საქმის გაკეთება - ეროვნული მოძრაობის მოთხოვნებს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწია. პირიქით - იმაზე მეტი დაუთმო ყველას, ვიდრე მოძრაობის რომელიმე ლიდერი მოელოდა და შეცდომებიც დაიწყო. ჩვენი მოძრაობის ლიდერებმა აშკარად იგრძნეს ხელისუფლების სადავეებთან სიახლოვე და ამღვრეულ სიტუაციაში თევზის დაჭერაც მოსინჯეს.

ზოგიერთებსაც მაშინვე შეეტყოთ, რომ თავისუფლებას სულ ადვილად გაცვლიდნენ ხელისუფლებაში და ასეთები სამწუხაროდ საკმარისად აღმოჩნდნენ.

ჩვენ კი ძველებურად ვიკრიბებოდით უნივერსიტეტში და ძველებურად ვმღეროდით, მაგრამ უკვე აღარ გვარბევდნენ, არც გვიჭერდნენ და როდემდე უნდა გვემღერა. ბატონ გივი გუმბარიძესაც ალბათ ეცინებოდა, როცა ხედავდა ადამიანების სამომავლო თადარიგს ხელისუფლებაში მოსასვლელად და ყველაზე მეტად კი ალბათ მაინც ჩვენზე ეცინებოდა, რადგან ჩვენ ისევ გულუბრყვილოდ გვჯეროდა, რომ სხვებიც არაფერში გაცვლიდნენ თავისუფლებასა და თბილისის მტვრიან, მაგრამ უძვირფასეს ქუჩებს.

9 აპრილის შემდეგ საქართველოში, და კონკრეტულად თბილისში, ახალი და უჩვეულო ესთეტიკა გაჩნდა ამ სიტყვის პირობითი გაგებით - დაიწერა ლექსები და სიმღერები, სადღეგრძელოები და ჟესტები, მაგრამ გამომეტყველების ცვლილებასაც და წვერის მოხშირებასაც ბუნებრივი თულო გიკური ახსნა ჰქონდა, მაგრამ სამწუხარო ის იყო, რომ იმ ახალ ესთეტიკაში, ჩემთვის აშკარად სამწუხარო ტენდენციაც გამოიკვეთა.

ცხრა აპრილის ტრაგედიას განსაკუთრებით სიმღერებში მოჰყვა ჩვენი ცნობიერების ტრაგიკული კონცენტრირება მხოლოდ წარსულზე და შესაბამისი შინაარსისა და მოტივის საესტრადო რეპერტუარი გაჩნდა. მახსოვს, იმ პერიოდში გაუთავებლად ისმოდა (ტელევიზიითა და რადიოთი) გულამოსკვნილი სიმღერა „მოდი, დავით!“, რომელიც სიუჟეტურად დავით აღმაშენებლის მოხმობასთან იყო დაკავშირებული და მიუხედავად იმისა, რომ ყველანი დარწმუნებულნი ვიყავით, რომ დავით მეფე (მითუმეტეს ფიზიკურად) ჩვენთან ვეღარ იქნებოდა, მაინც ვეძახდით საშველად. წარსულის პატივისცემასა და ხსოვნაში, თავისთავად არაფერია ცუდი, მაგრამ ძალიან ცუდია, როცა მხოლოდ წარსულის ანაბარა რჩები და აწმყოსადმი პასუხისმგებლობა არ გაგაჩნია. თავისუფლება კი უპირველესად პასუხისმგებლობაა და ამიტომაც ადამიანებს ყველაზე მეტად, თავისუფლების ეშინიათ. ამიტომაც დღემდე არსებობს საქართველოში გმირისა და ბელადის მოლოდინი და მოთხოვნილება და უამრავ ადამიანს ახლაც სურს, რომ ისევ ცოტნე დადიანმა წაისვას თაფლი მის ნაცვლად, თვითონ კი კაკლის ჩრდილში იწვეს და სხვები ქმნიდნენ კარგ საქართველოს.

მაშინაც, 1989 წლის ზა ფხულში, ლიტველები ჩვენზე კარგი მოქალაქეები იყვნენ და თანაც იმდენად კარგი მოქალაქეები, რომ მიტინგებს მხოლოდ სამუშაო საათების შემდეგ ატარებდნენ და ლიტვაში ჩასულებმა ჩვენც მივიღეთ მათ აქციებში მონაწილეობა. მერე საღამოს ვილნიუსის ქუჩებშიც გავისეირნეთ და ვი ლნი უსის მთა ვარ მო ედა ნზე იმ ლიტველი მოშიმშილის კარავიც ვნახეთ, რომელიც ქართველებისაგან განსხვავებით მართლა შიმშილობდა ლიტვის დამოუკიდებლობის მოთხოვნით. ნამდვილი მოშიმშილე ნანახი არ გვყავდა (მიუხედავად საყოველთაო შიმშილობებისა დედა საქართველოში) და ირაკლი კაკაბაძემ თქვა - კარავში შევიხედოთ და ეს ლიტველი კაცი გავამხნევოთ, ორმოცდასამი დღეა შიმშილობსო. რიგი კი იდგა, მაგრამ ურიგოდ გაგვატარეს მოძმე ქართველები და კარავში შევიჭვრიტეთ. ლიტველი პატრიოტი საკმაოდ დაუძლურებული იყო და კარვის შუაში იწვა. კარგად დავაკვირდი და თვალებს არ დავუჯერე - ლიტველი მოშიმშილისაგან მარჯვნივ გია ბარამიძე წამოწოლილიყო და მარცხნივ - ზურა ჟვანია. რასაკვირველია სიცილისაგან თავი ვერ შევიკავე და ორივემ პირთან საჩვენებელი თითები მიიტანეს - ნუ ხმაურობ, ხომ ხედავ, კაცი შიმშილობსო. რა დამაკავებდა, გარეთ გამოვედი და იმავე მოედანზე ხარხარისაგან გორაობა რომ დავიწყე, ჟვანიაც გარეთ გამოვიდა ძალიან შეწუხებული სახით და ძალიან სერიოზული სახითვე ამიხსნა - სასტუმრო ვერ ვიშოვეთ და ორი დღით ამ პატიოსანმა კაცმა შეგვიფარაო.

მაშინ საბჭოთა პერიოდში სასტუმროში მოხვედრა მართლა ძნელი იყო, რადგან კომუნისტები ადამიანებს სასტუმროში არ უშვებდნენ და კრემლში უნდა გყოლოდა კარგი ნაცნობი, რომ სასტუმროს ნომერი მოეცათ რიგითი მოქალაქისათვის. გია ბარამიძე და ზურა ჟვანია კი, ხელისუფლებაში მოხვედრამდე, მწვანეები იყვნენ და აღმოჩნდა, რომ ლიტველ მწვანეებთან ერთად მდინარეზე ნავებში უნდა ეცხოვრათ, მაგრამ ფეხს იმიტომ ითრევდნენ, რომ მოსალოდნელი ნესტი აფრთხობდათ. მაშინ კი ერიდებოდნენ და მერე კი ალბათ რამდენჯერ უნატრიათ ის დრო, როცა მათ ადამიანები ერქვათ და არა ხელისუფლება და სხვა ადამიანები კი მდინარეზე ეპატიჟებოდნენ მზის ჩასვლის სანახავად. კიდევ კარგი, რომ წავიდნენ და ეგ მაინც შერჩათ, ჩვენ კი თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით და მახსოვს აეროპორტის გზაზე ლიტველ ტაქსის მძღოლს ძალიან უცნაურად გაეღიმა, როცა გაიგო რომ ქართველები ვიყავით. ღიმილის მიზეზი რომ ვკითხეთ, გულწრფელად გაკვირვებულმა გვკითხა - იმდენი ჭკუა როგორ არ გეყოთ, ცხრა აპრილს რუსებს თავი რომ დაახოცინეთო. როგორც ჩანს, ჭკვიან ლიტველებს მაინც ეგონათ, რომ რუსები მხოლოდ უჭკუო ქართველებს ხოცავდნენ მიტინგებზე (ზოგჯერ მეც ასე მეგონა), მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ რუსებმა ვილნიუსშიც იგივე ჩაიდინეს, რაც თბილისში და ლიტველებიც და რწმუნდნენ, რომ რუსებისთვის ყველაფერი სულერთია...

22 ერთი, ორი, სამი...

▲ზევით დაბრუნება


რეცენზია

ავტორი: თეო ხატიაშვილი

0x01 graphic

ალბათ საინტერესო გამოვიდოდა, ერთგვარი ექსპერიმენტი რომ ჩამეტარებინა და რეჟისორ ზაზა ურუშაძის ახლახან პრემირებულ ფილმზე „სამი სახლი“ ორი ურთიერთსაპირისპირო შეფასების გამომხატველი სტატია დამეწერა. ვფიქრობ, ორივე ერთნაირად არგუმენტირებული იქნებოდა, რამდენადაც ასეთი ამბივალენტური დამოკიდებულება უკანასკნელ წლებში გამოსული ქართული ფილმის მიმართ არ მქონია და, როგორც ვხვდები, ამ მხრივ გამონაკლისი არ ვარ. პრემიერის შემდეგ კოლეგებთან და ნაცნობებთან საუბრისას ხშირად ისმოდა: „ერთი მხრივ... და მეორე მხრივ...“, „...კი, მაგრამ...“ მოკლედ, სადისკუსიო განწყობა შეიქმნა, რაც უკვე სასიკეთო სიმპტომია, რადგან აქამდე უმეტესად იმდენად ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური შეფასება გიჩნდებოდა, რომ ლაპარაკი და, მით უმეტეს, წერაც კი გეზარებოდა.

0x01 graphic

0x01 graphic

მაშ ასე: ერთი მხრივ -

დღევანდელი ქართული კინოს კონტექსტის გათვალისწინებით, „სამი სახლი“ უდავოდ არის კინონამუშევარი, სადაც მოფიქრებული და გააზრებულია თითოეული კომპონენტი: ცალკეული ნოველისა თუ მათი დამაკავშირებელი დრამატურგიული ღერძი, სამ საუკუნეში (XIX, XX, XXI) განვითარებული ისტორიის შესატყვისი ატმოსფეროსა და გამოსახულების თავისებურება, მსახიობთა ნამუშევარი, მუსიკალური ლაიტმოტივი და ა.შ. განსხვავებით ქართულ კინოში ათწლეულების მანძილზე დამკვიდრებული მოდური ფსევდოინტელექტუალური ტენდენციისა - რაც უფრო ბუნდოვანი, სუმბურული და ქაოტური იქნება ფილმი, მასში მით მეტი სიღრმეა („ჩვეულებრივ მოკვდავთათვის“ მიუწვდომელი) - ან არასათანადო პროფესიონალიზმის ანდა სათქმელის სიმწირისა თუ მისი ბოლომდე ჩამოუყალიბებლობის შედეგად შექმნილი კინოპროდუქციისგან, რომლის ყურების პროცესში ხან რეჟისორზე ბრაზდები, ხან კი საკუთარ თავზე - რატომ ვკარგავ ძვირფას დროსო, - ამ შემთხვევაში ავტორი გასაგებად, მშვიდად, ცოტა მონოტონურადაც კი გიყვება სამ სხვადასხვა ისტორიას, რომელიც სამ სხვადასხვა სახლში ვითარდება და რომელთაც პირველი ნოველის უჩინარი პერსონაჟის, ანეტას, ნახატი აერთიანებს (რეალურად ამ ნამუშევრის ავტორი ფილმში ორი როლის შემსრულებელი მსახიობი ჟანრი ლოლაშვილია).

ყველაზე იდუმალი სწორედ ეს ნოველაა, სადაც სოფელში ახლობელთან ჩასულ ფსიქიატრთან (ჟანრი ლოლაშვილი) ერთად მაყურებელსაც ყოყმანი იპყრობს. საერთოდ მთელი ფილმი მოლოდინებზეა აგებული, რამდენადაც სამივე ისტორია არაორდინარულია და სტრუქტურულად ისეა აწყობილი, რომ რეჟისორი მაყურებელს საკუთარი პროგნოზირების საშუალებას აძლევს. ერთგვარი მისტიციზმით გაჟღენთილი პირველი ნაწილისგან განსხვავებით, მეორეში არა იმდენად იდუმალება, რამდენადაც საიდუმლო და ამ საიდუმლოდან გაჩენილი შიში იგრძნობა, რაც სამამულო ომით კიდევ უფრო დამძიმებული ტოტალიტარული რეჟიმის დაკეტილ, მკაცრად შემოსაზღვრულ გარემოში სუფევდა. მთლიანად ფილმის კამერულობის ფონზე ეს ნოველა იმითაც უფრო გამოირჩევა, რომ სწორედ დაკეტილ სივრცეშია მოქცეული, მოქმედება ძირითადად ერთ ოთახში მიმდინარეობს. ჩვენ ვუყურებთ ორი ქალის (მსახიობები ნატო მურვანიძე და ეკა ანდრონიკაშვილი) პაექრობას მამაკაცისთვის; ქალური სოლიდარობის გამომხატველ ამ ეპიზოდს ერთგვარი ხელოვნურობა და არადამაჯერებლობა ეტყობა, ისევე, როგორც დანარჩენი ნოველების ცალკეულ ფრაგმენტებს, რისი მიზეზიც უმეტესად ან ხანგრძლივი, ცარიელი პაუზები, ან პირიქით, ხელოვნური დიალოგებია. შურისძიების წყურვილი და მეტოქეობის განცდა მოულოდნელად თანაგრძნობითა და სინანულით იცვლება. რა ამოძრავებს თავშეკავებულ და აკადემიურ ქალბატონს (ნატო მურვანიძე) - მამაკაცების წინააღმდეგ მიმართული „ფემინისტური“ სოლიდარობა თუ თავისი ანტიპოდის მიმართ სპონტანურად დაბადებული ლატენტური ლტოლვა? ამ სავსებით სუბიექტურ ინტერპრეტაციას არ გამორიცხავს მეორე ნოველა - ფილმის ერთ-ერთი დადებითი მხარე სწორედ ეს არის, რომ რაღაცეების ბოლომდე უთქმელობა ტოვებს სხვადასხვა ვერსიების წარმოშობის საშუალებას, რასაც ყველაზე მეტად მოკლებულია ბოლო ნაწილი. აქ აღარც იდუმალებაა და არც საიდუმლო, თუმცა მოულოდნელობის (ანეკდოტური) ეფექტი შენარჩუნებულია. რეჟისორის მთელი აქცენტი გადატანილია გეი-წყვილის კომიკური სიტუაციის ზემოქმედებაზე (მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ასეთი არჩევანი რეჟისორის არაჰომოფობური განწყობითა და იმ მოტივით არის ნაკარნახევი, რომ არაპოპულარული თემები ნაკლებ მტკივნეულად შეაპაროს ქართულ პუბლიკას, რომელიც წინასწარი განწყობებისა და აკვიატებების ჯერ კიდევ ძალიან ძლიერი და აგრესიული ზემოქმედების ქვეშ იმყოფება; ამგვარი ფიქრის მიზეზს კინოს ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებაც მაძლევს, როდესაც ჰომოსექსუალობის ტაბუირებული თემის რეაბილიტაცია დევიაციასთან გაიგივებული გეი-პერსონაჟის ნაცვლად ყველაზე აქტიურად „საყვარელი და სასაცილო“ გეი-ტიპაჟის ჩანაცვლებით დაიწყო). იმის მიუხედავად, რომ ზაზა ურუშაძე ცდილობს, თავი დააღწიოს გეი-პერსონაჟის სტერეოტიპულ სახეს და არ გვთავაზობს ხაზგასმულად ფემინურ, ნაზ, დახვეწილ ინტელექტუალს, როგორადაც უმეტესად არის ხოლმე ის რეპრეზენტირებული, საბოლოოდ მაინც პაროდირებულ სახესა (მსახიობი ვასიკო ბახტაძე) და ისტორიას ვიღებთ, რაც ნოსტალგიურ-რომანტიკულ-დრამატული განწყობების შემდეგ მაყურებლის გამხიარულებაზეა გათვლილი და ახერხებს კიდეც. ფილმის ხასიათის მკვეთრად შემობრუნების მთავარი განმსაზღვრელი ჩემთვის იმდენად გეი-წყვილი კი არ არის, რამდენადაც ნარკომანი პერსონაჟია (მსახიობი დათო იაშვილი), რომელიც არაჩვეულებრივი უშუალობითა და დამაჯერებლობით გამოირჩევა და სწორედ ამ თვისებების წყალობით ერთგვარი „უხერხულობიდან გამოჰყავს“ კიდეც ფინალური ეპიზოდი. „რაინდული თავგანწირვით“ ბოლოს და ბოლოს მოპოვებულ ანეტას ნახატს ის დაეჭვებით ატრიალებს და ბრაზდება კიდეც, ნუთუ ეს ნამუშევარი ღირდა ასეთ რისკზე წასვლად? სულ რამდენიმე წუთის წინ პუბლიკის დასაპყრობად გამოყენებული სწორხაზოვანი იუმორისგან განსხვავებით, აქ ირონია გაცილებით მრავალმნიშვნელოვანია და მიმართულია „მაღალი ხელოვნების“ ცნებისა თუ ამით გამოწვეული ყალბი აღტაცებისკენ, ჩვენს ეპოქაში უკვე პაროდიად ქცეული ამაღლებული სიყვარულით შთაგონებული „რაინდებისკენაც“ და, ამავე დროს, თავად ავტორის თვითირონიადაც იკითხება.

ირონია, ცოცხალი სახეები და მსუბუქი თავგადასავალი განაპირობებს ნოველის განსხვავებულ სტილს, რომელიც პირველი და მეორე ნაწილის ხაზგასმულად სტილიზირებული ესთეტიკისგან გამოირჩევა. მათში რეჟისორი და ოპერატორები (პირველი და მესამე ფერადი ნაწილის - გიო შველიძე, მეორე შავ-თეთრის - გიორგი ბერიძე) ეპოქების შესაბამისად სხვადასხვა კინემატოგრაფიული ტრადიციის სტილიზაციას მიმართავენ: თუ აშკარად ჩეხოვისეული და ნეოკლასიცისტური ალუზიების მატარებელი XIX ს.-ის ისტორია მსუყე ფერწერულობით ხასიათდება, ომის პერიოდის პირქუში დრამა შავ-თეთრის კონტრასტზე აგებული ექსპრესიით გერმანული კინოს ნიმუშებს გახსენებს. მეორე ნოველაში განსაკუთრებით ინტენსიურად გამოიყენება მსხვილი ხედები, რაც, ერთი მხრივ, გამართლებულია ორი ქალის დაძაბული დიალოგის დროს მათ სახეებზე კონცენტრირებისთვის, თუმცა, მეორე მხრივ, გეეჭვება, რომ რეჟისორიცა და ოპერატორიც ამჯერად უკვე ვიზუალური ეფექტებით გაერთნენ და მაყურებელთან ერთად ერთგვარ ექსპლუატაციას უწევენ ნატო მურვანიძის ძალზე შთამბეჭდავ, ფოტოგენურ პორტრეტებს. ოპერატორების უდავოდ საინტერესო ნამუშევარს ზოგადად ახასიათებს ეს ერთგვარი გადამეტება, პლასტიკური გადაჭარბება, რაც ცოტა შემაწუხებელიც კი ხდება. ცალკეული კადრი მეტყველ, მაგრამ მაინც სტატიკურ ფოტოს ემსგავსება და ფილმს უკარგავს უშუალობის შეგრძნებას.

სტატიკურია მუსიკალური ლაიტმოტივიც (კომპოზიტორი გიო ცინცაძე), რომელიც ნოველიდან ნოველაში ერთ რეესტრშია გაშლილი და არ ვითარდება არც ეპოქის, არც ამბისა თუ ხასიათების ცვლილებების შესაბამისად. თუმცა იმის მიუხედავად, მუსიკა შემაწუხებლად ერთფეროვანია თუ გამოსახულება ხაზგასმული აქცენტირებით ღლის თვალს, ფილმში განწყობა იქმნება; ის გარკვეულწილად იმპრესიონისტული ნამუშევარია - ლამაზი სურათი და მსუბუქი ემოციური შთაბეჭდილება; ცოტა დეკორატიულიც - ესთეტიზმში ჩაკარგული აზრი... და საბოლოოდ, ალბათ, მაინც დაგვიანებული კინო - თუმცა იმედის მომცემი: რაკი საქართველოში პროფესიონალურად ფილმის გადაღება შესაძლებელი ყოფილა, მის რეანიმაციასაც შეიძლება ველოდოთ.