The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ვინ სტყუვის?


ვინ სტყუვის?



1 ეხლანდელი ქართული ჟურნალგაზეთების მიმართულება

▲ზევით დაბრუნება


ამას წინათ ჩვენი ძველი და ახალი თაობა გამოელაპარაკნენ ერთმანეთს პოეტიური ენით: ჯერ პირველად გამოვიდა ხელნაწერი ლექსი, სახელდობრ „გამოცანა“ ერთი ახალი თაობის მომხრისა, რომელშიაც იყო ლაპარაკი ძველი თაობის ზოგიერთ წარმომადგენლებზე, რომლებსაც უცნობი ავტორი „გამოცანებისა“ სწამებს, ვითომც იმათ „ქვეყანა და ქვეყნის საქმე ფეხებზე ეკიდოსთ“ და სხვ. ძველმა თაობამ ეს, რასაკვირველია, საწყენად მიიღო და მისცა ახალ თაობას „გამოცანების პასუხი“, რომელშიც ერთი ჩვენი ძველი თაობის წარმომადგენლებთაგანი პირიქითა სდებს ბრალს ახალ თაობას, სწამებს უვარგისობას და ამასთან, მოთმინებიდგან გამოსული, შეუფერებელის ენით ჰლანძღავს მას. მაგრამ საქმე ამითი არ გაკეთებულა: ახალმა თაობამ არ დაიდუმა და ერთი თავისი წარმომადგენელის პირით მისცა ძველ თაობას „პასუხის პასუხი“, რომელშიაც შესანიშნავი პირუთვნელობით და ხელოვნობით იყო გამოხატული ყველა მიზეზები, რომლებითვისაც უღრინავს ახალ თაობას გული ძველ თაობაზე და არის მაზე უკმაყოფილო. ამ ზემო მოხსენებულ ლექსებს გარდა სხვა ხელნაწერი ლექსებიც ბევრი გამოვიდა ორივე ძველი და ახალი თაოის მომხრეებისა, რომლებიც საზოგადოდ ერთსა და იგივე ზემო მოხსენებულ თავ აზრებს ავრცელებენ და ცხადად ამტკიცებენ ეხლანდელი ჩვენი ძველი და ახალი თაობის ერთმანეთზე უკმაყოფილებას. ორივე მათგანი გამდგარან განზედ და ერთმანეთს ეუბნებიან: თქვენ ცუდი ხართ, ჩვენ კარგიო. თქვენ არას აკეთებთო, ჩვენ კი ბევრსაო და სხვ….. ეს უკმაყოფილება, რომელიც კაიხანია არსებობს ჩვენ ძველ და ახალი თაობის წარმომადგენლებთ შორის, ზემო ხსენებულ ხელნაწერ ლექსებს გარდაც, ბევრჯელ წარმოთქმულია ჩვენ ღარიბ ახალ ლიტერატურაში, და უამისოდაც, ვის არ გაუგონია ჩვენი მოხუცებულების საჩივარი ახალგაზდებზედ? იმათ, როგორც საზოგადოდ ყველა მოხუცებულებს, თავიანთი ძველი , ძველი ცხოვრება , ძველი ჩვეულებები და, ერთი სიტყვით, ყველაფერი ძველი სამაგალითოდ, საქებრად და საკვეხურად მიაჩნიათ, ახალ დროსა და ახალგაზდებს კი ყველაფერში ემდურიან და აძაგებენ. რა გინდათ, რომ ამ უკანასკნელებს არ სწამებდნენ ისინი: უღმერთობას, უმეცრებას, უსაქმობას, გარყვნილობას, პატრიოტობას, კოღობუზობანას და სხვა ამგვარებს – ყველას ახალ თაობას მიუწერენ ისინი. მაგრამ ეხლა ცოტა ახალგაზრდებსაც ჰკითხეთ ძველი თაობის ამბავი. ამათი ფიქრით, პირიქით, ძველი თაობის წარმომადგენლები არიან ყველა ჩვენი უბედურებისა და ხაფანგში გაბმის მიზეზი და, მაშასადამე, ყველაფერში ისინი სტყუვიან და არა ახალგაზდები. თავიანთი უკმაყოფილების გამოსახატავად ძველი თაობის შესახებ და მის შესამკობად ესენიც ბევრ საუცხოვო ეპითეტებს ხმარობენ. იმათ მიუწერენ ესენი მაგ. გმობას, უარყოფას, გამცემლობას, ფარისევლობას, ცრუმორწმუნეობას, უზრუნველყოფას, მამულის დამღუპველობას და სხვ… ყველა ამაების მცქერელი მოდი და ნუ იკითხავ ახლა: ვინ სტყუვის მათგან, ძველი თაობა თუ ახალი?

ამის გამოსაცნობად და ცხადად დასანახავად საჭიროა ჩემის ფიქრით, განვიხილოთ ჩვენი ეხლანდელი ძველი და ახალი თაობა და მათი მოქმედება, შევადაროთ ერთამანეთს და გამოვიყვანოთ ნამდვილი დასკვნა, მაგრამ აქ არ შეიძლება წინადვე არ შევნიშნოთ, რომ ძველმა თაობამ თითქმის მოჭამა თავისი სოფელი: მას საუკეთესო ნაწილი თავისი სიცოცხლისა, ის დრო სიცოცხლისა, როცა კაცი უნდა მოქმედებდეს და აკეთებდეს თუ კი რისამე გაკეთება ჰსურს და შუძლია, და გატარებული აქვს და აწ მიღწეულია იმ ხანში და მდგომარეობაში, როცა კაცი აღარ სცხოვრობს მომავალი იმედებით, არამედ სულ თავის წარსულ ცხოვრებასა და მოქმედებას იგონებს და მაში ეძებს იმედსა და საკვეხურათაც ის მიაჩნია იმ მდგომარეობაში, ვანბობ, როცა ადამიანი, ძალა და იმედ მოკლებული, სულ თანდათან უახლოვდება სიკვდილსა და საფლავს, სადაც თავდება მისი ამ ქვეყნიური ცხოვრება და მოქმედება. მაშასადამე, ჩვენ ძველ თაობაზე და მათ საქმეებზე სჯა ეხლა ადვილად შეუძლება, ახალ თაობას კი რაც შეეხება, ამის საქმე სულ სხვაა: ამას ჯერ არც კი უცხოვრია და უმოქმედია ქვეყანაზე“ ეს ახლა გამოდის ნამდვილ ცხოვრებისა და მოქმედების ასპარეზზე; ეხლა აპირობს ცხოვრებასა და მოქმედებას; ის სავსეა მომავალი იმედებით და, ერთი სიტყვით, მისი ცხოვრება და მოქმედება უფრო მომავალ დროს ეკუთვნის, ვიდრე წარსულს. ამიტომ ახალ თაობაზე და მის საქმეებზედ გადაწყვეტით სჯა ჯერ ჯერობით ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე ძველ თაობაზე. მაგრამ ჩვენ მაინც ვეცდებით, რამოდენათაც კი შესაძლებელია, წარმოვსთქვათ ჩვენი შეხედულება და მსჯელობა როგორც ჩვენ ეხლანდელ ძველ თაობაზე, ისე ახალზედაც.

2 I

▲ზევით დაბრუნება


I

ჩვენი ეხლანდელი ძველი თაობის ცხოვრება და მოქმედება იწყება თითქმის იმ დროიდგან, როცა ჩვენმა სამშობლომ, მრავალი საუკუნეების განმავლობაში მტრებთან ბრძოლის, სისიხლის ღვრის, ტანჯვის და ბევრი უბედურების გამოცდის შემდეგ თავის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის გადასწყვიტა თავისი ბედი მით, რომ მონახა სასურველი პატრონი, რომელსაც შეავედრა და მიანდო თავისი თავი. ამ ახალ პატრონს, ცხადია, იმ დროის საქართველოს სიკეთე ჰსურდა და მიტომაც მიიღო ის თვისს მფარველობაში. გარეშე მტრებისაგან დაცვის გარდა, რომელიც იყო თავდაპირველი მიზეზი ჩვენი სამშობლოს რუსეთთან შეერთებისა, უკანასკნელის მოვალეობა მოითხოვდა შესდგომოდა აგრეთვე ჩვენში მოქალაქეობისა და განათლების შემოტანას. მაგრამ, ცხადია, რომ ამ საქმეში თვითონ რუსებს პირველად დიდი წარმატება ვერ ექნებოდეთ, რადგან იმათთვის ჩვენი ქვეყანა, ხალხი და ენა უცხო იყო. ამ საქმისთვის საჭირონი იყვნენ, და ჯერ კიდევა აქამომდე არიან ისეთი პირები, რომლებსაც შეეძლებოდათ, ასე ვსთქვათ, შუამდგომლობა ჩვენ ხალხსა და მათ შუა: ისეთი პირები, რომლებსაც, ჯერ ერთი, სცოდნოდათ საქართველოსი და ქართველების ცხოვრების განსაკუთრებითი პირობები და საჭიროებები, და, მეორეც, ჰქონოდათ საკმაო ძალა და ნდობა მმართებლობისაგან. ერთი სიტყვით, ხალხის განათლებისათვის, როგორც ყოველთვის მოხდება ხოლმე იმ პირებს უნდა ეზრუნათ, რომლებიც სწავლითა და ავისა და კარგის გაგებით იმ დროს ჩვენში დაწინაურებული იყვნენ. ამგვარი პირები იყვნენ ის ქართველები, რომლებმაც პირველად მიიღეს სწავლა ახალი მმართებლობის შკოლაში, გამოვიდნენ ცხოვრების ასპარრეზზე მოქმედ პირებად; მთავრობის გზის მაჩვენებლად და თანაშემწედ ჩვენში. როგორ პატივს სცემდა და აფასებდა მთავრობა ამგვარ პირებს – ამას ცხადად გვიჩვენებს ჩვენ მათი ამაჭლება და დაწინაურება სახელმწიფო სამსახურში. მაშასადამე, იმათ, როგორც დაწინაურებულ და სარწმუნო პირებს, ადვილად შეეძლოთ დაენახვებინათ მმართებლობისათვის, რომელიც თვითონაც მსურველი იყო აღმოეჩინა მის მფარველობის ქვეშე შესული ხალხისთვის შემწეობა, – იმ დაწინაურებულ პირებს– მეთქი, ნამდვილი ჩვენი საჭიროებები და ამგვარად ყოველი მხრით დაჰხმარებოდნენ საზოგადო საქმეს: ეზრუნათ განსაკუთრებით ხალხის განათლებაზე და საზოგადოდ ყველაფერზე, რაც კი ამისათვის საჭირო იყო, მით უფრო, რომ ამას გარდა იმათ სხვა საზრუნავი მამულისათვის აღარა დარჩათ–რა, და ამასთანავე მხოლოდ განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისა. სწორედ ასე უნდა მოქცეულიყვნენ და ემოქმედნათ იმათ, ვიზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ, მაგრამ საქმე ის არის: გააკეთეს იმათ ის, რისი გაკეთებაც შეეძლოთ და ვალადაც ედოთ, თუ არა?

რაც ჩვენი სამშობლო ეხლანდელი მმართებლობის მფარველობაში შევიდა, მას აქეთ ნახევარ საუკუნეზე მეტია გასული, მაგრამ აბა გადავავლოთ თვალი რა გაუკეთებია ჩვენ ძველ თაობას თავისი ქვეყნისა და ხალხისათვის ამ დიდი ხნის განმავლობაში.

წარსული საუკუნეების ქართველებს, ჩვენ წინაპრებს, თუმცა მოსვენება არა ჰქონდათ არც გარეგანი მტრებისაგან და არც შინაგანი უწესოებისაგან; მაგრამ ისინი ამგვარ მდგომარეობაშიც კი, – თავიანთ სიცოცხლისათვისა და თავისუფლებისათვის დაუცხრომელ ბრძოლასთან, არ ივიწყებდნენ თავიანთ განათლების საქმეს და ახერხებდნენ თავიანთი შინაგანი ცხოვრებისა, ლიტერატურისა და ენის განვითარებაზედაც ზრუნვას. – ეს ომიანობისა და არეულობის დროს მშვიდობიანობის დროს ხომ, რაღა თქმა უნდა, უმთავრესი მათი საზრუნავი და საცდელი გონებითი განვითარება იყო, და ამიტომაც, თუკი როდისმე ცოტა ხანგრძლივ მყუდროებასა და მოსვენებას ჰნახავდა ჩვენი მამული, როგორც, მაგალითად, მეთორმეტე საუკუნეში, შესანიშნავ და საკვირველ წარმატებას იჩენდა ხოლმე თავისი გონებითი და ზნეობითი გაუმჯობესებაში;

მრავლდებოდნენ შკოლები, ახალგაზდა ყმაწვილები იგზავნებოდნენ სხვა ქვეყნებში გასანათლებლსად, სჩნდებოდნენ პოეტები და მწერლები, გამოდიოდნენ მრავალი ნამდვილი და ნათარგმნი, სასულიერო და საერო წიგნები და ამგვარად მდიდრდებოდა ლიტერატურა და მშვენიერდებოდა სამშობლო ენა. ამაში, იმედი მაქვს, ეჭვს არავინ არ შემოიტანს, ვინც კი იცის ჩვენი წარსული ცხოვრების ისტორია. ჩვენ ეხლანდელ ძველ თაობას და მის წარმომადგენლებს რაც შეეხება, ისინი არ ეკუთვნიან იმ დროს, როცა ჩვენი სამშობლო თავის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა; ამათი მოქმედება იწყება, როგორც ზემოთაც ვსთქვით, იმ დროდამ, როცა ჩვენმა სამშობლომ, იმედმიხდილმე, იმით დაასრულა თავისუფლებისათვის მტრებთან ბრძოლა, რომ თვითონ მონახა ის, რასაც უწინ ერიდებოდა, სამუდამოდ უარჰყო თავის დამოუკიდებლობა და ამითი მოიპოვა გარეგანი მყუდროება. მაშასადამე, ამათ, როგორც ამგვარ დროში მყოფთ და მცხოვრებთ, უფრო მეტის გაკეთება შეეძლოთ მამულისა და ხალხისთვის, ვიდრე უწინდელ, მუდამ ბრძოლასა და უბედურებაში მცხოვრებთ ქართველებს. იმ ქართველების ზრუნვა, რომლებიც სცხოვრობენ ამ ზემოთ მოხსენებულ დროს აქეთ, უნდა ყოფილიყო საზოგადოდ თავიანთი შინაგანი ცხოვრების გახსნა და განვითარება იმ საშუალებაების შესწავლით და მოხმარებით, ურომლებოდაც ეს შეუძლებელია, რადგანაც სხვა გარეშე საქმეები იმათ აღარ აწუხებდათ და აღარ თხოულობდა მათგან დროსა და შრომას. მაგრამ გავშინჯოთ აბა, რა გააკეთეს საზოგადოდ თავიანთი შინაგანი ცხოვრების შესახებ აწმყო საუკუნის წარსული დროს ქართველებმა, რომლებიც შეადგენენ ეხლანდელ ჩვენ ძველ თაობას.

ვინ არ იცის, რომ ყოველი ბედნიერება ხალხისა არის დამოკიდებული მის გონებით მდგომარეობაზე, რომ უსწავლელად და გაუნათლებლად შეუძლებელია მისი ცხოვრების გაუმჯობესება, განვითარება და, ერთი სიტყვით, მისი წინსვლა, ანუ პროგრესი. მაშასადამე, ჩვენი ძველი თაობის ვალი იყო შესდგომოდა თავინთ ქვეყნის განათლების საქმეს მაშინვე, რაკი ჩვენი ისტორიული ცხოვრების პირობანი შაიცვალენ ამ საუკუნის დასაწყისში და ამ პირობაების შეცვლით, მოიპოვეს მათ გარეგანი მშვიდობა. მაგრამ არა, იმათ სულ სხვანაირად ისარგებლეს ამ გარეგანი მშვიდობიანობით; რაკი გარეშე მტრები აღარ აწუხებდნენ, იმათ, თითქო სხვა საქმე და დანიშნულება ვეღარ იპოვესო, მიჰყვეს ხელი უზრუნველობას, უმოქმედობას, უქმად ცხოვრებას და განცხრომას, ასე რომ რამდენადაც უფრო მდიდარი, მამულიანი და დიდი გვარისა იყო ვინმე მათგანი, იმოდენათ უფრო მომეტებულად სცხოვრობდა ის უსაქმოდ, იკვებებოდა უშრომლად, სხვისი შრომის ნაყოფით და, ამგვარად ატარებდა უმეცრებასა და მავნებელ განცხრომაში თავის უსარგებლო წუთისოფელს. უმეცრება, უმოქმედობა, ბევრი ჭამა და სმა, გამოპრანჭვა, მწევარ-მეძებრების უკან დევნა, თავის მოძმეებთან მტრობა, შური და ჩხუბი, თავიანთი ქვეშევრდომების ცარცვა და ტანჯვა თავისი საზარელი მიდრეკილებაების დასაკმაყოფილებლად და სხვა ამგვარი შეიცავდა სრულებით იმათ სიცოცხლესა და ცცხოვრებას. სწავლა, განათლება, საზოგადო საჭიროება და მათზე ზრუნვა იმათ აზრადაც არ მოსდიოდათ. მის ნაცვლად, რომ თვითონაც შესდგომოდნენ თავიანთ განათლების საქმეს და ახალგაზრდებიც ისე აღეზარდათ, როგორც დრო და გარემოებანი მოითხოვდნენ და ამგვარად, მოემზადებინათ მამულისათვის საჭირო მცოდნე კაცები, ამის ნაცვლად ისინი უმეცრებაში, უზრუნველყოფაში და განცხრომაში ჩაეფლენ და თავიანთ შვილებსაც სახედ და მსგავსად თავისად ზრდიდნენ. იმათი ფიქრით, კაცი ქვეყანაზე სცხოვრობს თითქო მარტო ჭამასმისა და განცრომისათვის, თითქო სხვა, უმაღლესი დანიშნულება მას არაფერი აქვს. და, რადგანაც სასმელ-საჭმელი იმათ ბლომად ჰქონდათ მამულებისა და გლეხების უფასო შრომის წყალობით, ამიტომ ისინი არც თვითონ ზრუნავდნენ არაფერზე და არც თავიანთ შვილებს ამზადებნენ შრომისა და ნამდვილი კაცური ცხოვრებისათვის, არ სცდილობდნენ, რომ მიეცათ მათთვინ რიგიანი განათლება. აქედგან თითქმის ყველა მათი შვილები რჩებოდნენ უმეცრებაში, ასე რომე ასში და ათასში ერთსაც ვერ იპოვით ისეთს, რომელსაც ცოტაც არის რიგიანი და დროს შესაფერი განათლება მიეღოს და კაცური შეხედულება ჰქონდეს ქვეყნიერებაზე. ამისი მიზეზი, ცხადია, სხვა არაფერი არ იყო მშობლების უზრუნველობისა და დაუდევნელობის მეტი შესახებ თავიანთ შთამომავლობისა. თუ ყველას არა, ბევრს მაინც ჩვენ თავადაზნაურებში ჰქონდათ იმოდენა შეძლება, რომ თავიანთი შვილებისათვის ეპატრონებინათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთ მათგანს იმოდენა მოხერხება და სახსარი ჰქონდა, რომ იმათ რომ თავიანთ შვილების აღზრდისათვის იმოდენა დაეხარჯათ, რამოდენსაც თავიანთ ძაღლების საკვებად და შესანახავად ჰხარჯავდნენ, საკმაო იქნებოდა. მაგრამ არა: ისინი თავიანთ მწევარ-მეძებრების გაწვრთნისათვის უფრო ბევრს ზრუნავდნენ, ვიდრე თავიანთ შვილების აღზრდისათვის და ამიტომ მათ სრულებით არ აღასრულეს თავიანთი საღმრთო მოვალეობა. მათ ჰსურდათ, რომ იმათაც შვილებსაც მათ ნაკვალევზე ევლოთ და დასტოვეს ისინი უმეცრებაში, რის გამოც ისინიც ისეთივე პარაზიტები შეიქნენ ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნისათვის, როგორიც მათი მშობლები იყვნენ. ეს ერთი დიდი დანაშაულობა ძველი თაობისა თავიანთი შთამომავლობის წინაშე, რომლისათვის უკანასკნელს უფლება აქვს უსაყვედუროს მას და ცუდად მოიხსენიოს. მაგრამ იმათ კიდევ უფრო ბევრი დანაშაულობა მიუძღვისთ თავიანთ შთამომავლობის წინაშე, რომლის განხილვასაც ჩვენ ეხლა შევუდგებით.

იმათ, როგორც მემკვიდრეებმა, მიიღეს თავიანთ მამაპაპებიდგან ის მიწა-წყალი და ყმა და მამული, რომლების დაცვისთვის ეს უკანასკნელები თავიანთ სისხლსა ღვრიდნენ მძვინვარე მტრებთან ბრძოლაში, იმ ჰაზრით, რომ ისინი არ დაჰკარგოდათ მათს შთამამავლობას. მაშასადამე, ყველა ეს საცხოვრებელი, როგორც სამამა-პაპო ქონება მარადის წიმნდათ და უკებლად უნდა დაცულიყო თითეული შთამამავლობისაგან და გადაცემულიყო ერთიდან მეორის საცხოვრებლად და შესანახავად, და არა გასასყიდათ და დასაკარგავად. ეხლანდელ ჩვენ ძველ თაობამდის მართლადაც ასე ჰხდებოდა ხოლმე: თვითეული თაობა ჩვენი ძველი ქართველების თავის საღმრთო ვალად ჰრაცხდა, რომ არათუ დაეცვა და არ დაეკარგა ის, რაც მიეღო თავიანთ წინაპრებისაგან, არამედ კიდევ შეეძინა და მიემატებია მისთვის რაიმე ახალი და ისე გადაეცა თავისი ახალი შთამომავლობისათვის. მაგრამ ჩვენმა ეხლანდელმა ძველმა თაობამ და მისმა წარმომადგენლებმა კი იმდენი ეცადეს, რომ, თავისი უხეირობით, ეს საღმრთო და მტკიცე ჩვეულებაც დაარღვიეს. მის ნაცვლად, რომ იმათ თავიანთი მამულები და საცხოვრებელი დაეცვათ, გაეუმჯობესებინათ, გაედიდებინათ და ისე გადაეცათ თავიანთ შთამომავლობისათვის, როგორც მათ თავიანთ მშობლებიდგან მიიღეს, ამათ, რაკი მათ უქმ და განცხრომით ცხოვრებას აღარ ჰყოფნიდა მათი შემოსავალი, მიჰყვეს ხელი მამულების ყიდვას და დაგირავებას და ამგვარად უკარგავენ და უღუპავენ იმათ სამუდამოდ მომავალ ქართველებს. ცხადია, რომ ამის უფლება იმათ არ აქვსთ, რადგანაც იმათი მიწა-წყალი და მამულები მათ კეთილ შეძენილს არ შეადგენენ. ამგვარივე უსამართლოდ მოიქცნენ ისინი თავიანთ შთამომავლობის წინაშე შესახებ გლეხებისა: გლეხები ჩვენში, როგორც ვიცით, განთავისუფლდნენ და სამაგიეროდ მიიღეს მათმა პატრონებმა ფულები. ეს ფულები, როგორც ყმების სამაგიერო, ცხადია, არ შეადგენდა, – ისე, როგორც უწინ თვით გლეხები არ შეადგენდნენ, – ერთი რომელიმე შთამომავლობის საკუთრებას. ამირომ ამ აღებული ფულების დახარჯვისა და შეჭმის უფლება არ უნდა ჰქონოდა არც ერთს შთამამავლობას, არც ეხლანდელსა და არც მომავალს, ისინი უნდა გადასულიყვნენ, როგორც უწინ გლეხები გადადიოდნენ, ერთი შთამომავლობიდამ მეორის ხელში. მხოლოდ მათი სარგებლით, როგორც უწინ გლეხების შრომითა და ბეგრით, უნდა ესარგებლა თითოეულ მათგანს. ამას მოითხოვდა სამართალიცა და გონებაც. მაგრამ რას ვხედათ ჩვენ? ჩვენმა ეხლანდელმა ძველმა თაობამ, რომლის დროსაც მოხდა ჩვენში გლეხების განთავისუფლება, მიიღეს მმართებლობისაგან იმათი სამაგიერო ფული და, მის ნაცვლად, რომ მხლოდ ესარგებლათ მით თავიანთ სიცოცხლეში და შემდეგ თვით თანხა უკლებლად თავიანთ შთამომავლობისათვის გადაეცათ – აგრეთვე სასარგებლოდ, – მიყვეს მას ხელი და ორი-სამი წლის განმავლობაში გააქვრეს სრულიად. ნუ თუ ეს უსამართლობა არ არის? ნუ თუ ამისთვის პასუხისმგებლები არ არიან ისინი თავიანთ შთამომავლობის წინაშე? განა გონიერი, საქმის მცოდნე და მზრუნველი მშობლების ასე მოიქცეოდნენ? არაოდეს. სამართალი და გონიერებაც მოითხოვდა, რომ ჩვენ მშობლებს აეღოთ სრულებით ის ფულები, რომლებმიც იმათ გლეხების სამაგიეროდ მიიღეს და დაეწესებიათ რაიმე ისეთი, რომელიც სამარადისოდ უკვდავი ყოფილიყო და ყველა, აწინდელ და მომავალ შთამამავლოებაებს ესარგებლათ. მაგრამ იმათ არა თუ ყველა ის ფულები არ მოიხმარეს ამგვარად, არამედ იმ მცირე ნაწილსაც კი ნანობენ, რომელიც იმათ ბანკის დასაწესებლად გადასდვეს და, რომ მოხედხდებოდეს, ბევრს მათგანს მისი გამოტანა და შეჭმაცა ჰსურთ. ერთი სიტყვით, თითქმის მთელი ჩვენი ეხლანდელი ძველი თაობა სამართლიანად შეიძლება შევადაროთ ისეთ მშობლებს, რომლებმაც გაუყიდეს და შეჭამეს თავიანთ მემკვიდრეებს ყოველი საცხოვრებელი და დასტოვეს ისინი ქვეყანაზედ უნუგეშოდ. იქნება კიდე გაემართლებიათ თავი ჩვენ მშობლებს თავიანთ შთამამავლობის წინაშე და ჰპატიებოდათ მათ ამგვარი საქმე, თუ მათ გაყიდულ და დაგირევებულ მამულებში, მიწა-წყალში და გლეხებში აღებული ფულები მოეხმარათ, ცოტა მაინც, თავიანთ შვილების აღსაზრდელადთ და გასანათლებლად, და ამგვარად დაეტოვებინათ შემდგომ თავისა ისეტი ნასწავლი და ცხოვრებისათვის მომზადებული შთამამავლობა, რომელსაც თავის ცოდნითა და შრომით შესძლებოდა თავის დარჩენა და ცხოვრება, თორემ რით შაუძლიანთ იმათ იმართლონ თავი მაშინ, როცა იმათ მთელი სამშობლო ამოიჭამეს მხოლოდ თავიანტ მუცლისა და განცხრომითი ცხოვრებისათვის?!

ჩვენ ამდენხანს ვლაპარაკობდით საზოგადოდ ჩვენს ეხლანდელ ძველ თაობაზე. ეხლა უნდა ვილაპარაკოთ განსაკუთრებით იმ პირებზე, რომლებიც ამ თაობის წარმომადგენლებად, სწავლულებად, ანუ სწორედა ვსთქვათ, ნასწავლებლად ირიცხებიან, იმ პირებზე, რომლებმაც გამართეს ამას წინათ ბაასი ახალი თაობის წარმომადგენლებთან და წარმოთქვეს თავიანთი უკმაყოფილება მათზე, მათ მიმართულებაზე დ მოქმედებაებზე.

ჩვენ ზევით ვსთქვით, რომ მასაქეთ, რაც ჩვენმა სამშობლოს ბედმა ეხლანდელი სახე მიიღო, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის განატლებისათვის უნდა ეზრუნათ-მეთქი განსაკუთრებით იმ პირებს, რომლებიც სწავლით და ავისა და კარგის გაგებით დაწინაურებული იყვნენ ამ დროს ჩვენში; იმ ქართველებს-მეთქი, რომლებმაც მიიღეს, ავად იყო თუ კარგად, სწავლა ჩვენი ახალი მმართებლობის ხელში და შკოლაში და გამოვიდნენ ცხოვრების ასპარეზზე მოქმედ პირებად. მაგრამ საქმე ის არის, რომ არც ამათ გაუკეთებიათ ქვეყნისათვის არაფერი. ამათა, როგორც სხვა გაუნათლებელ ქართველებს, ჰქონდათ თავიანთ მყოფობის, სიცოცხლის და მოქმედების მიზნად მარტო თავიანთი თავი და, ერთი სიტყვით, საკუთარს სარგებლობას უმსხვერპლიდნდნ იგინი ყოველ საერთო საქმეს და საზოგადო სარგებლობაებს. იმათი ცხოვრებისა და მოქმედების მიზანი ძრიელ კარგად იხატება შემდეგი სიტყვებით, რომლებიც განსვენებულმა დავიდ ბოდბელმა დაუგდო იმათ სიკვდილის დღეს სახსოვრად და სახელმძღვანელოდ. ”თუ მე არ ვიქნები, სთქვა იმან, ქვა ქვაზედაც ნუ დარჩებაო”. მართლაცდა აბა რა გააკეთეს მათ, თავიანთ სიცოცხლეში, ქვეყნისა და ქვეყნის საქმისათვის?

უპირველესი იმათი ვალი ის იყო, როგორც ზევით ვსთქვით, რომ დაჰხმარებოდნენ ხალხის განათლებას და ეხმარათ ამისათვის ის საშუალებები, რომლებითაც ამ მიზნისადმი მიღწევა შეიძლებოდა. ამ საშუალებაებს, რასაკვირველია, მოგონება არ უნდოდა, რადგანაც მაგალითები იმათ თვალწინ ჰქონდათ, რაკი გაიცვნეს ევროპიელების ცხოვრება და განათლების მოძრაობა მათში, ისინი უნდა სცდილიყვნენ მხოლოდ გადმოენერგათ ჩვენშიაც და მიეღოთ სახელმძღვანელოდ. განათლების გასავრცელებლად ხალხში, ის საშუალებაები, რომლებსაც განათლებული ხალხები დიდი ხანია ხმარობენ. აქ, რაღა თქმა უნდა, პირველი ყურადღება უნდა მიექციათ იმათ ყვმაწივილების აღზრდაზე და, რადგანაც იმათ დროს იწყებოდა მხრით, რომ ახალ დაფუძნებულ შკოლებს ისეთი ხასიათი, ჰქონოდათ, როგორიც საჭირო იყო ჩვენი ყმაწვილებისათვის, რადგანაც ეს შკოლები ჩვენი ყმაწვილებისათვის ფუძნდებოდნენ, ამის აღსრულებაში მოყვანე არ იყო მაშინ ძნელი საქმე, რადგანაც როგორც ზევითაც ვსთქვი, ბევრ მათგანს ისეთი მაღალი ადგილები ეჭირათ და ისეთი რწმუნება ჰქონდათ მმართებლობისაგან, რომ ადვილად შეეძლოთ ჰქონებოდათ ახალ დასაწყის საქმეებზე გავლენა, მეორე მხრით, იმათ უნდა თვითონაც გაეგოთ და ხალხისთვინაც გაეგებინებინათ და ექადაგებინათ როგორც სწავლისა და განათლების საჭიროება, ყმაწვილების აღზრდის მნიშვნელობა, ისე ის, თუ როგორი აღზრდა და მიმართულება უნდა მიეცათ მშობლებს თავიანთ შვილებისათვის, მაგრამ არა: იმათ არცა ერთი ესენი არ აღასრულეს და ამის გამო ჩვენში ყმაწვილების აღზრდამ მიიღო ისეთი ცუდი ხასიათი და მიმართულება, რომ ჩვენში, თითქმის აქამდისაც, აღზრდილები და ნასწავლები ისეთი უსარგებლონი გამოდიოდნენ მამულისათვის, როგორიც უსწავლელნი იყნენ.

ყმაწვილების აღზრდის გარდა, ხალხში სწავლებისა და განვითარების გასავრცელებლად დიდი მნიშვნელობა აქვს ლიტერატურას. მაშასადამე, ჩვენი ძველი თაობის წარმომადგენლებიც უნდა შესდგომოდნენ ამ კეთილ და სასარგებლო საქმეს, თუ ისინი მართლა ხალხისა და მამულის მეგობრებად და მზრუნველებად ჰრაცხდნენ თავიანთ თავს. იმ მშვიდობიანობის დროს, რომელშიაც ისინი სცხოვრობდნენ და სცხოვრებენ, იმათ შეეძლოთ აღედგინათ ჩვენი ძველი ლიტერატურა და ახალიც დაეწყოთ, და ამგვარად გაემრავლებიათ ხალხში საკითხავი წიგნები. ეს მით უფრო ადვილი იყო მათთვის, რომ იმათი ისეთი დრო და შემთხვევაები ჰქონდათ, თუ კი ისარგებლებდნენ, რომ ძრიელ ბევრის გაკეთება შეეძლოთ. ვის არ ახსოვს, მაგ., განსვენებული კავკასიის მთავარ მმართებლის ვარანცოვის დრო, რომელიც თვითონ გუსმოდგინედ ეწეოდა საქმითაც და საშუალებითაც ჩვენი ლიტერატურის აღდგენას. რაღა თქმა უნდა, რომ იმ დროს ბევრის გაკეთება შეეძლოთ ჩვენი ეხლანდელი ძველი თაობის წარმომადგენლებს, რომლებიც ეხლა ამაოებას იჩენენ და იკვეხიან თავიანთ უსარგებლო სწავლითა და ნამოქმედებით, თუ კი იმათ საზოგადო საქმის დახმარებისა და გაკეთების სურვილი და შეძლება ჰქონდათ. მაგრამ მთელი მაშინდელი იმათი ღვაწლი იმით გათავდა, რომ იმათ გამოსცეს ორი თუ სამიოდე ძველი წიგნი, სხვანი კი ყველა ჩვენი ლიტერატურის ძვირფასი ნაწარმოებები, იმათი უზრუნველობისა და დაუდევნელობის წყალობით, ამნამდისაც სხვადასხვა მონასტრებში ლპებიან და თაგვების ბუდეებად ჰხდებიან. ამგვარად, ცხადათა სჩანს, რომ ეს ჩვენი ძველი თაობის წარმომადგენლები იმოდნად უზრუნველნი და მოუხერხებელნი ყოფილან შესახებ ლიტერატურისა, რომ ისიც ვერ დაუცავსთ და შაუნახავთ რიგიანად შთამამავლობისათვის, რაც დაუტოვებიათ მათთვის მათ მამა-პაპებს. მაშ ახალსა და საკუთარ მათ ნაწარმოებს რას უნდა მოველოდეთ მათგან?

თუმცა იმათი ვალი იყო, რომ მიებაძნათ განათლების საქმეში სხვა ხალხების მოწინავე პრებისათვის და ეხმარათ, როგორც ზემოთა ვსთქვით, ის საშუალება, რომელსაც ისინი ხმარობდნენ თავიანთ ქვეყნებში და ხალხებში სწავლისა და განათლების გასავრცელებლად, ესე იგი, ეწერათ და ეთარგმნათ საჭირო წიგნები, შესდგომოდნენ ჟურნალისა და გაზეთის გამოცემას და ამგვარად თან სწავლა და ახალი ჰაზრები გაევრცელებინათ თავიანთ მოძმეებს შორის და თან თავიანთი სამშობლო ენა შეემუშავებინათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფერ ამგვარს ვერ ვხედავთ ჩვენ მათ ცხოვრებაში და მოქმედებაებში, ისე რომ მთელი ეხლანდელი ნაახევარი საუკუნის განმავლობაში. რომელსაც შეიცავს იმათი ცხოვრება, ჩვენში თითქო ყველაფერი, რასაც კი ჩვენი სახელი ქვიან, ღრმა ძილში იყო ჩაფლული. და არ სჩნდებოდა არავინ, რომელსაც შეერყია ეს მოუძლურებელი გვანი, და გამოეფხიზლებია იმ მომაკვდინებელი ლეტარგიული ძილისაგან, რომელშიაც ის იმყოფებოდა. ამ დროს ჩვენი ნასწავლი პირების ლიტერატურული შრომა იმაში მდგომარეობდა, რომ ზოგნი მათგანნი სთხზავდნენ ხან და ხან საამურ ბაიათებს, რომლებშიაც ისინი ამკობდნენ ვარდს, ბულბულს, მზეს, მთვარეს და უმღეოდნენ ლოთობის დროს. მაშ ცხადი წარმოსადგენია, თუ როგორს მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო ჩვენი ეხლანდელი ძველი თაობის წარმომადგენლების ხელში ჩვენი სამშობლო ლიტერატურა და ენა. ლიტერატურის აჩრდილიც არ იყო და ენაც, გაუკეთესებისა და განვითარების ნაცვლად, თითქოს სრულიად გაირყვნა და წახდა, რადგანაც ერთი მხრით, ლიტერატურა არ მოძრაობდა და არ სცდილობდა, რომ დაეცო წმინდად და, მეორეც, რადგან ქართულ ლაპარაკში ჩვენი ვაჟბატონები და ქალბატონები ყოველ შემთხვევაში, დაუფიქრებლად და გაუგებრად, ხმარობენდნენ და ეხლაც ხმარობენ რუსულ სიტყვებს [მე თვითონ მქონდა ერთხელ ლაპარაკი ძველი თაობის ერთ ისეთ წარმომადგენელთან, რომელიც ამ თაობის წარმომადგენელებთ შორის პირველ მეცნიერად და ქართული ენის მცოდნედ ირაცხება. მევკითხე იმას, როგორც გამოცდილ და მეცნიერ პირს, რჩევა ერთი ჩემი საქმის შესახებ. საუბარი გვქონდა ქართულ ენაზე და აი რაგვარი სიტყვებით გამოხატა მან, სხვათა შორის, თავისი ჰაზრი: ”შენ საქმეს ორი ისხოდი აქვს, მითხრა მე მან და სხვა …”], მაშ საკვირველი არ არის, რომ ზოგიერთი ჩვენი ძველი თაობის წარმომადგენლები, არა მიმხედველნი ამისა, ამაყობენ და კვეხულობენ, ვითომც მათ ხელში ქართული ლიტერატურაცა და ენაც ბრწყინავდა და ვითომც მხოლოდ ახალ თაობას გაეფუჭებინოს?!

როცა ეხლანდელი ჩვენი ძველი თაობის წარმომადგენლებზე ვლაპარაკობთ, უსამართლობა იქნება, რომ ჩვენ დიდი სიამოვნებით არ მოვიხსენიოთ ერთი თუ ორიოდე პირი, რომლებშიც ისე გამობრწყინავენ მათ შორის, როგორც ღურბლიან ღამეში ცაზედ ალაგ-ალაგ გამოსჭვრეტენ ვარსკვლავები და რომლების ცხოვრება და მოქმედება სავსე არიან პატიოსნებითა და კეთილი სურვილით შესახებ ჩვენი სამშობლოსი და ხალხის ბედისა; მაგრამ ამასთან ესეც კი უნდა ვსთქვათ, რომ იმათი ხმა მათ მოუძლურებულ და უვარგის მოძმეებთ შორის რჩებოდა ხმად, მღაღადებლად უდაბნოსა შინა – ვინ არ იცის, რომ ერთი და ორი კაცი მთელ ხალხში ბევრს ვერას გახდებიან, თუ ისინი სხვა ვერავისში ვერა ჰპოებენ თანაგრძნობასა და დახმარებას.

როგორ თანაუგრძნობდა და ან ეხლა თანაუგრძნობს ჩვენი ძველი თაობა საზოგადოდ საერთო საქმეს, – ეს კიდე უფრო ცხადად დაამტკიცა მან თავისი ყოფა-ქცევით, ამ უკანასკნელ დროში, როცა ჩვენში, სასიხარულოდ, გამოჩნდნენ ზოგიერთი ისეთი ახალგაზრდები, რომლებმაც გაიგეს ჩვენი ხალხის ეხლანდელი სამწუხარო მდგომარეობა და სცდილობდნენ გამოიყვანონ ის იმ უმეცრებისა, უზრუნველობისა და გაუგებრობისაგან, რომელშიაც ის ეხლა იმყოფება. მის ნაცვლად, რომ ჩვენ ძველ თაობას და მის წარმომადგენლებს აღმოეჩინათ ამ უკანასკნელებისათვის თანაგრძნობა, გაემხნევებინათ და დაჰხმარებოდნენ სიტყვით და საქმით, იმათ, მათდა სასირცხოდ, დაცინვა, მტრობა და დევნა დაუწყეს და მათ.- ამაზე უარესი და უსაძაგლესი საქმე კიდე იქნება რამე?!

სხვა დანაშაულობა და ცოდვებიც ბევრი მიუძღვის ძველ თაობას თავიანთი მამულისა და შთამამავლობის წინაშე, მაგრამ ჩვენ ზოგიერთი, ჩვენზედ დამოუკიდებელი გარემოებანი არ გვაძლევენ ნებას, რომ ყველას გაჩხრეკას და გამოაშკარავებას შუდგეთ. თვენი ფიქრით ისიც საკმაოა, რაც ვილაპარაკეთ მისთვის, რომ მკითხველებმა ცხადად დაინახონ და ჰსაჯონ თუ როგორი ყოფილან ჩვენი ეხლანდელი ძველი თაობა, მისი წარმომადგენლები და სტყუვიან ისინი თუ არა, როცა თავიანთ თავს და მოქმედებაებს აქებენ და ახალ თაობას კი დასცინიან და აძაგებენ.

3 II

▲ზევით დაბრუნება


II

ეხლა უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ ახალ თაობაზე, მისმ მიმართულებაზე, მოქმედებაზე და შევადაროთ ის ძველ თაობას.

მოსალოდნელი იყო, რომ ისეთ უზრუნველ და დაუდევარ მშობლებს, როგორიც იყვნენ და არიან ჩვენი მშობლები, შვილებიც თავისი შესაფერი გამოსვლოდათ და არ უნდა ყოფილიყო დიდი გარჩევა ჩვენი ძველი და ახალი თაობის ცხოვრებაში, ცოდნაში, მიმართულებაში, და უეჭველია არც იქნებოდა, თუ ჩვენ ახალგაზრდებს არ ჰქონოდათ შემთხვევა თავიანთი მშობლებისა და სამშობლოს მოშორებისა, სხვა ქვეყნებში ცხოვრებისა და სწავლისა, – სხვა ხალხების გონებითი და ზნეობითი მდგომარეობის გაცნობისა; მაგრამ რაკი ამგვარი შემთხვევა ქონდათ, მათ სულ თან და თან სცნეს და გაიგეს, ერთი მხრით, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სამწუხრო ეხლანდელი მდგომარეობა, მეორე მხრით, სხვა განათლებული ხალხების წარჩინებული ცხოვრება და საზოგადოდ ახალი დროის მიმართულება, ხასიათი და მოთხოვნილება. ამისა გამო არ შეიძლებოდა არ დაბადებულიყო და მართლაც დაუბადა ზოგიერთ მათგანში პატრიოტული გრძნობა და სურვილი, რომ დაჰხმარებოდნენ თავიანთ ხალხის თვალების ახელვას და უმეცრებისა და სიბნელიდგან გამოსვლას. ისინი კარგად ჰხედავდნენ, რომ ჩვენი ხალხის უბედურების მიზეზი, სხვათა შორის, იყო უმეცრება, ცრუმორწმუნეობა, უზრუნველობა, დაუნდობლობა, შური და მტრობა ერთმანეთში, საზოგადო სარგებლობის გაუგებლობა და სხვა ამგვარები. მაშასადამე, ცხადია. ხალხის კეთილის მსურველნი, ერთი მხრით, უთუოდ აღჭურვილიყვნენ ყველა ამ ზემოთმოხსენებული ნაკლულევანებაების წინააღმდეგ და თან, მეორე მხრით, შესდგომოდნენ ისეთი ჰაზრებისა და ცოდნის შემოტანას და გავრცელებას ჩვენში, რომლებიც უხილავენ ადამიანის გონების თვალს და ჰშველიან მას უმეცრებიდამ გამოსვლაში.

მაგრამ, როგორც ვიცით, ისე არაფერი არ სწყენს და ეძნელება კაცს, როგორც იმ რწმუნებაების, ჰაზრების, ჩვეულებაების და მოქმედების განკიცხვის მოსმენა, მათი გამოთხოვება და მიტოება, როლებსაც ის შესჩვევია პატარაობიდამ და რომლებიც მას მიაჩნია პატივისცემის ღირსად და საქებლად. ამიტომ ყველგან ხალხების განათლების დასაწყისში სჩნდება ბრძოლა ძველ და ახალ ჰაზრებს შუა, ჩვეულებაებშუა დამიმართულებაებშუა. ყველაფერი ძველი სცდილობს, რომ დაიცვას თავისი პატივი და არ დაუთმოს თავისი ადგილი ახალს; ახალი, პირიქით, ებრძვის ძველს, ჰსურს გააქროს ის და დაიჭიროს მისი ადგილი კაცის გონებაში და მოქმედებაში. მაგრამ რადგანაც, თითქმის ყოველთვის, ძველის წარმომადგენელად და დამცველად ცხოვრებაში სჩნდება ძველი თაობა, ხოლო ახლისა – ახალი თაობა, ამიტომ ბრძოლა ჰხდება მათ შორის. ასე ყოფილა ყოველგან და ასე მოხდა ჩვენშიაც. როცა ზოგიერთმა ჩვენმა ახალი თაობის წარმომადგენლებმა დაიწყეს ჩვენი ეხლანდელი ძველი თაობის ნაკლულოვანებაებზე და სიცუდეზე ლაპარაკი და თან დაუწყეს მას ქადაგება ახალ თაობაზე და მის მოთხოვნილებაებზე, მაშინ ამ უკანასკნელის წარმომადგენლებმა, მის ნაცვლად, რომ გამოეხილათ თვალები, ჩაჰკვირვებოდნენ კარგათ თავიანთ ძველ ცხოვრებას, მის მოვლენებაებს და ნაკლულოვანებაებს, უარეყოთ ყველაფერი, რაც კი იყო და არის მართლა მათში უვარგისი და მავნებელი და, ამგვარად, სიხარულით მიეღოთ და შესდგომოდნენ ახალ სწავლას თავიანთ ხავსმოკიდებული ცხოვრების გასაუმჯობესებლად, მათ დაუწყეს ძაგება, ბრძოლა და დევნა ახალ თაობას და მის მოქმედებას, ხოლო ყველაფერს ძველს ქება და თაყვანის ცემა. მაგრამ ახალი თაობის წარმომადგენლები მაინც კიდე არ იშლიან თავისას და რაც კი ძალა და ღონე აქვსთ და ნებას აძლევენ ის გარემოებაები, რომლებშიაც ისინი იმყოფებიან ეხლა, სცდილობენ დაეხმარონ ხალხის განათლებას და მისი ცხოვრების გაუმჯობესობას იმ სახსრებით და საშუალებაებით, რომლებიც შესაძლებელია და სხვა განათლებულ ხალხებშიაც ცნობილი და მიღებული არიან ამ საქმეებისთვის.

პირველად მაგ. იმათ მიაქციეს ყურადღება თავიანთ სამშობლო ენის ცოდნის საჭიროებას. იმათ გაიგეს, რომ მათთვის, როგორც ყოველი კაცისათვის, რომელსაც კი ჰსურთ თავის მოძმეებს შორის სიტყვით და საქმით მოქმედება მიუცილებლად საჭირო იყო სამშობლო ენის ზედმიწევნით ცოდნა, მაგრამ ისინი ამასაც კარგად ჰგრძნობდნენ და ჰგრძნობენ კიდეც, რომ, თავიანთ მშობლების უზრუნველობისაგამო, ისინი სრულებითაც არ იყვნენ ამაში მომზადებულნი. მაშ, მეტი რაღა ჩარა იყო, ისინი სრულწლოვანებაში უნდა შესდგმომგნენ იმ ენის შესწავლას, რომელიც ყველაფერზე უწინ უნდა სცოდნოდათ. მაგრამ ისინი, რასაკვირველია, არ გამოუდგნენ იმ ძველი ქართული ენის შესწავლას, რომელიც აღარ არის ეხლა ხმარებაში. იმათ ის ცოცხალი ენა შეითვისეს, იმ ენაზე დაიწყეს წერა და ბაასი, რომელსაც ეხლა ხმარობს ჩვენი ხალხი, რადგანაც იმათი მიზანი ის იყო, რომ ეცხოვრათ და ემოქმედათ ამ ხალხში. მაგრამ საკვირველი ის არის, რომ ამგვარმა იმათმა მოქმედებამ თავ-ზარი დასცა ჩვენი ძველი თაობის წარმომადგენლებს: იმ ენაზე წერა და ბეჭდვა, რომელზედაც ეხლა ჩვენი ხალხი ლაპარაკობს, და არა იმ გაუგებარი ენით და იმ კილოზე, რომელზედაც წარსული საუკუნის ქართველებს უწერიათ, იმათ შეჰრაცხეს ახალი თაობის ცოდვად და მათგან ჩვენი ენის გარყვნად, და დაუწყეს ამ შემთხვევაშიაც, გინება და დევნა ახალ მწერლებს. ჩვენ არ ვანბობთ, რომ ვითომც ჩვენი ახალგაზრდა მწერლების ენას არა ჰქონდეს ნაკლულევანება, მაგრამ ვინ არის მაში დამნაშავე, რომ მათ არ იციან ზედმიწევნით ქართული ენა? – მამები თუ შვილები? ცხადია, მამები, რადგანაც იმათი საღმრთო ვალი იყო, რომ აკვნიდამვე ესწავლებინათ თავიანთ შვილებისათვის სამშობლო ენა და მოემზადებინათ ისინი ცხოვრებისა და საზოგადოებრივი მოქმედებისათვის ისე, როგორც რიგი იყო.

ამას გარდა ის ჩვენი ახალი თაობის წარმომადგენლები, რომლებმაც თვითონ გამოსცადეს თავიანთ თავზე, თუ რა არის სამშობლო ენის უსწავლელობა პატარაობიდამვე და რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოდ ხალხის ცხოვრებაში და განათლებაში მის ცოდნას, მიაქციეს აგრეთვე ყურადღება ამ საგანს: ისინი ლაპარაკობენ და სწერენ იმაზე, თუ როგორ უნდა ზრდიდნენ ჩვენში ყმაწვილებს, თუ ჰსურთ რომ ისინი სასარგებლო წევრები გამოვიდნენ ხალხისათვის და შემძლებელნი იყვნენ თავიანთი დანიშნულების აღსრულებისა. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ და საუბედუროდ, ეს სასარგებლო ამათი ლაპარაკი და ქადაგება თითქმის აქამომდე უნაყოფოდ რჩება ჩვენი, ყველაფერში უზრუნველი, მშობლებისათვის. თვითონ კი ეს მქადაგებლები, რაღა თქმა უნდა, როგორც რიგია, ისე აღზრდიან თავიანთ შვილებს, რიგიან გზაზედ დააყენებენ მათ და იმედი უნდა გვქონდეს, რომ ჩვენი საზოგადოების მომავალი წევრები არ ემგვანებიან ეხლანდელებს. ამგვარი მიმართულება და მოქმედება ჩვენი ახალი თაობის წარმომადგენლებისა, რაღა თქმა უნდა, მოსაწონია და სასარგებლოც მთელი ქვეყნისა და ხალხისათვის. მაგრამ იმათი მზრუნველობა და მოქმედება საზოგადო საქმის შესახებ – მარტო ამითი არ თავდება: იმათი მეცადინეობითა და ზრუნვით ამ უკანასკნელ დროს იწყეს გამოჩენა ჩვენ უმოძრაო და უფერულ ცხოვრებაში ისეთმა ნიშნებმა და მოვლინებაებმა, რომლებიც ყოფილან და არიან გაუნათლებელ ხალხებში განათლების დაწყებისა და მოახლოვების წინამორბედნი. ჩვენ ვამბობთ, სხვათა შორის, ჟურნალების, გაზეთების და სხვა საკითხავი წიგნების გამოცემის დაწყებაზე ჩვენში. ამ უკანასკნელ დრომდის ჩვენ ხალხს თავისდღეშიაც არ ენახა თავის სამშობლო ენაზე დროგამოშვებითი გამოცემა. ამ სასარგებლო და საქები საქმის დაწყებაც ჩვენში ახალი თაობის წარმომადგენლებს ეკუთვნის. ამათი დამსახურების და შრომის რიგიანად დაფასება ამ შემთხვევაში მარტო იმას შეუძლია, ვისაც კარგა ესმის ჟურნალების, გაზეთების და საზოგადოდ წიგნების საჭიროება და მნიშვნელობა ხალხის განათლებისათვის და მათი გამოცემის სიძნელე, მეტადრე ისეთ ქვეყნებში და ხალხში, სადაც განათლება პირველად იწყება, მკითხველები და ხელის მომწერლები ცოტანი არიან და მშრომელები ვერ ჰპოვებენ თანაგრძნობას საზოგადოებაში, როგორც მაგ., ეხლა ჩვენში. განათლებულ ქვეყნებში, სადაც მკითხველები, ხელის მომწერლები და თანამშრომელებიც ბევრნი არიან, წიგნების გამოცემა არ არის ისე ძნელი, როგორც ჩვენში და სხვა ამგვარ პატარა და გაუნათლებელ ქვეყნებში ლიტერატორებისა და მწერლების შრომა იმოდენად ჯილდოვდება, რომ ისინი არათუ თავისი შრომის ფასს იღებენ, არამედ მრავალი მათგანი მდიდრდებიან კიდეც. ჩვენში კი ყოველი ამგვარი მშრომელი, როგორიც უნდა იყოს ის, დარწმუნებულია წინადვე, რომ ის ვერც თავის შრომის ფასს და ვერც დანახარჯ ფულს ვერ მიიღებს საზოგადოებისაგან; მაგრამ ამას არ მიმხედველნი, ზოგიერთი ჩვენი ახალგაზრდები არ ჰზოგვენ საზოგადო სასარგებლო საქმისთვის არც თავიანთ ჯანს და ცოდნას და არც ხარჯს და ავრცელებენ სხვა და სხვა სასარგებლო წიგნებს სამშობლო ენაზე.

ჩვენ, რასაკვირველია, ვერ ვიტყვით იმას, რომ ჩვენი ეხლანდელი პერიოდული გამოცემაები განათლებული და დაწინაურებული ხალხების ამგვარ გამოცემაებს უდრიდნენ, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენში ეს არის ეხლა იწყება ამგვარი საქმეები და რომ სხვა ხალხებშიაც პირველ დასაწყისში ბევრი ნაკლულევანება ჰქონიათ როგორც პერიოდულ გამოცემაებს, ისე საზოგადოდ ლიტერატურას და თან და თან გაუკეთესებულან იგინი დროების განმავლობაში, რაკი მათ შორის განათლება გავრცელებულა და მშრომელები და მკითხველები გამრავლებულან. მაშ, ჩვენც იმედი უნდა გვქონდეს, რომ ყველა ნაკლულევანებანი, რომლებიც ეტყობათ ეხლა ჩვენ პერიოდულ გამოცემებს და საზოგადოდ ახალ ლიტარატურას, თავიანთ ახლობისა გამო, თავის დროზე გაჰქრებიან, როცა ჩვენში სწავლა გავრცელდება და იმგვარი მიმართულებისა და შრომის მოყვარე პირები, როგორიც არიან ზოგიერთნი ჩვენი ახლი თაობის წარმომადგენლები, მაგრავლდებიან.

ცხადია, რომ ჩვენი ახალი ლიტერატურის საქმე, საზოგადოდ უფრო კარგად წავიდოდა, თუ მისი დამწყებლებისა და მოთავეებისათვის ძველ თაობას ჯეროვანი თანაგრძნობა აღმოეჩინა, რადგანაც ერთი უმთვარესი დამაბრკოლებელი მიზეზი ამ საქმეში ახალგაზრდებისა ის არის, რომ იმათ არ აქვსთ ნივთიერი საშუალება, და ამისაგამო ისინი იძულებული არიან რომ ან იზრუნონ ერთსა და იმავე დროს საზოგადო საქმისათვის, რომელიც სრულებით არ აჯილდოებს იმათ შრომას, და თავიანთ დღიური საზრდოს მოსაპოვნელადაც, და ან კიდე საზოგადო საქმეს სრულებით თავი დაანებონ, რადგანაც ორთა უფალთა სამსახური შეუძლებელია, და შეუდენ საზრდოს შოვნის გზას. რა გასაკვირველი არის, რომ აგვარ პირობაებში და გარემოებაებში ჩვენი ახალი ლიტერატურის საქმე რიგიანად ვერ წავიდეს. მაგრამ რაც უნდა იყვეს, ” სულ არარაობას ცალ-უღელი ხარის სჯობსო”, ანბობს ჩვენი ადაზა.

საზოგადოდ რაც შეეხება ჩვენი ახალი თაობის და მისი საუკეთესო წარმომადგენლების მიმართულებას და მოქმედებას, უნდა ვსთქვათ, რომ ისინი ძრიელ განირჩევიან ძველი თაობისა და მისი წარმომადგენლებისაგან: ამათი სურვილი ის არის, როგორც კიდეცა ვსთქვით, რომ დაეხმარნენ სიტყვითა და საქმით, ჩვენი ხალხის უმეცრებისა, სიღარიბისა და გონებითი მონებისაგან გამოსვლას და განთავისუფლებას, მას ცხოვრების გაუმჯობესებას და კეთილ დღეობისადმი მიღწევას. ეს არის ამათი საწადელი, სანატრელი, სიცოცხლისა და მოქმედების მიზანი და ზოგნი მათგანი კიდეც შესდგომიან ამ პატიოსან და საქებ საქმეს, და სწირვენ მას ყოველ საკუთარ – პიროვნებით სარგებლობასა და ბედნიერებას. მართალია ესეთი პირები ჯერ-ჯერობით ძრიელ ცოტანი არიან ჩვენში, მაგრამ რა გაეწყობა. – არათუ ჩვენში, არამედ ბევრათ უფრო განათლებულ ხალხებშიდაც კი იშვიათად შეხვდებით ისეთ პირებს, რომლებიც სრულებით უანგაროდ ზრუნავდნენ საზოგადო საქმისათვის და თავიანთ პიროვნებით სარგებლობას უმსხვეპლიდნენ მას.

თუმცა ეს ასეა, მაგრამ ჩვენ მაინც კიდე არ შეგვიძლია არ ვუსაყვედუროთ ზოგიერთ ჩვენ ეხლანდელ ახალგაზრდებს, რომლებიც არ მოქმედობენ და არ იქცევიან ისე, როგორც უნდა მოქცეულიყვნენ, და თავიანთ უხეირო მიმართულებით და მოქმედებით აძლევენ ძველ თაობას და ყველა მის წარმომადგენლებს საზოგადოდ ახალი თაობის და ყველა მისი წარმომადგენლების განკიცხვის მიზეზს. ჩვენა გვაქვს მხედველობაში ის ახალგაზრდები, რომლებიც, თუმცა იღებენ სწავლასა და პირველად – სიყმაწვილეში დიდ იმედსაც გვაძლევენ; მაგრამ მერე, რაკი სწავლას ათავებენ და ცხოვრების ასპარეზზე გამოდიან, არათუ ქვეყნისა და ხალხისათვის სასარგებლოს არაფერს არ აკეთებენ და მაგალითს არ უჩვენებენ თავიანთ უსწავლელ მოძმეებს, არამედ, თითქო ივიწყებენ ყველაფერ, და იმგვარად იქცევიან და მოქმედებენ, რომ არც ერთ პატიოსან და განათლებულ კაცს არ შეეფერება. ეს ახალგაზრდები შეიძლება გავყოთ სამ კატეგორიად ანუ ნაწილად.

პირველს და ყველაზე უფრო ცუდ კატეგორიას ის ჩვენი ახალგაზდები შეადგენენ, რომლებსაც თავიანთ ახალგაზდობის და მეცადინეობის მიზნად ისა აქვსთ, რომ გამდიდრდნენ ცოლის შერთვით და რაკი თავის წადილს ასრულებენ, რაკი მდიდრდებიან, ამ სინდისიანი თუ უსინდისო საშუალებით, მიჰყოფენ ხელს განცხრომითს ცხოვრებას და მალე და უზრუნველად ნაშოვნ ფულებს მალეც იცლიან ხელიდამ, ისე, რომ არა თუ არაფერი სარგებლობა არ მოაქვსთ იმითი, არც თავიანთ თავისათვის და არც მამულისათვის, არამედ, პირიქით, თვითონაც სახელს იტეხენ, თავიანთ თავსაც ირცხვენენ და იფუჭებენ, თავიანთ უხეირო და სასირცხვო მოქმედებაებით, და თავიანთ მოძმეებს და ქვეყნის კაცებსაც სახელს უტეხენ და რწმუნებას უკარგავენ უცხო ქვეყნებში და ხალხებში. ცხადია, ბევრს მათგანს შეეძლოთ ბევრი რამ სასარგებლო საქმე გაეკეთებიათ თავისათვის და თავიანთ გაუნათლებელი ქვეყნისთვისაც, რაკი სახსარი ჰქონდათ, თუ კი ხეირიანად დაეჭირათ თავიანთი საქმე, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთიც კი არავინ აღმოჩნდა მათ შორის ისეთი, რომ კოტრობითა და შერცხვენით არ გათავებულიყვეს იმისი მოულოდნელი ბედნიერება და სიმდიდრე.

მეორე კატეგორიას ეკუთვნიან ზოგიერთი ჩვენი ახალგაზრდა-ადვოკატები, რომლებიც თავიანთ ცოდნას და მოქმედებას, ბევრი სინიდისსაც, ხმარობენ მარტო თავიანთი ჯიბისათვის; საზოგადო საქმეს კი არას მხრით, არც საქმით და არაც არაფერი სხვა საშუალებით არ ეწევიან, მაშინ როდესაც ჰხედვენ თავიანთ სამშობლოსა და ხალხს იმ სამწუხარო მდგომარეობაში, რომელშიაც ეხლა იმყოფებიან ისინი. რაღა თქმა უნდა, რომ ამგვარი მათი მოქმედება და საზოგადო საქმის დაუხმარებლობა არ არის საქები.

რაც შეეხება მესამე კატეგორიის პირებს – ეს ის ღობემძვრალები არიან, რომლებიც ძველსა და ახალ თაობას შუა ჩატეხილ ხიდს შეადგენენ, და თუმცა ხნითა და სწავლით ახალ დროს და თაობას ეკუთვნიან, მაგრამ ყველაფერი ახალი დაუვიწყნიათ, ძველი დროსი და თაობის მომხრენი გამხდარან და შესდგომიან იმავე გზას, რომელიც ჩვენი ეხლანდელი ძველი თაობის წარმომადგენ ბობოლაებს გაუტკეპნიათ. ისინი ისე ჩაფლულან თავიანთ სამსახურში და პიროვნებით სარგებლობის ძიებაში, რომ ქვეყანა და ქვეყნის საქმე ფეხებზე ჰკიდიათ და მათ ანაცვლებენ. იმათ იმოდენად უყვართ და ახსოვთ თავიანთი სამშობლო, თავიანთი ხალხი, თავიანთი ხალხოსნობა და ენა, რომ თვითონაც სასირცხოდ მიაჩნიათ იმათზე, ფიქრი, ბაასი და ზრუნვა, და სხვებიც, ვინც კი ზრუნავს საზოგადო საქმისათვის, სასაცილოდ ჰყავთ აღებული!

აი სწორედ ეს ზემოდ მოხსენებული სამი კატეგორიის ახალგაზდები შეადგენენ ჩვენი ახალი თაობის ლაქას და თუ, ძველ თაობას და მის წარმომადგენლებს უფრება აქვთ, რომ დასცინონ და გაკიცხონ ახალი თაობა, ეს მხოლოდ ამათი უმზგავსი ცხოვრების და მოქმედებაების წყალობით. ჩვენ არ შეგვიძლია არ დავეთანხმოთ ძველ თაობას მასში, რომ ამგვარი ახალგადები ღირსნი არიან იძაგონ და გაიკიცხონ მათგან, მაგრამ ისინიც არ უნდა ივიწყებდნენ, როცა საზოგადოდ ახალ თაობაზე ლაპარაკობენ, რომ ამგვარ პირებს თვითონ ჩვენი ახალი თაობის ნამდვილი წარმომადგენლებიც დასცინიან, და ამიტომ უნდა კარგად არჩევდნენ ამ უკანასკნელებს პირველებიდამ. რადგანაც ესენი და ამათი მოქმედება ისე განირჩევიან მათგან და მათ მოქმედებაებიდგან, როგორც დღე ღამისაგან.

ამიტომ ჩვენც, როცა ვლაპარაკობთ ახალ თაობაზე, მათ მიმართულებაზე და მოქმედებაზე და ვადარებთ ძველ თაობას, გვაქვს მხედველობაში მხოლოდ ის მცირე რიცხვი ჩვენი ახალგაზდებისა, რომლებიც, შეძლებისა გვარად, კეთილ-სინდისიანად და პატიოსნად ასრულებენ თავიანთ ვალს, და, როგორც ჭეშმარიტი მამულის შვილები, უანგაროდ და ერთგულად ემსახურებიან მის საზოგადო საქმეს. მართალია, ჯერ ამათ არ მოუყვანიათ აღსრულებაში ყველაფერი, რის გაკეთებაც ჰსურთ, რის გამოც, როგორც ჩვენ ამ სტატიის დასაწყისშივე ვსთქვით, ამათზე და ამათ მოქმედებაზე გადაწყვეტითი სჯა ჯერ-ჯერობით ძნელია; – მაგრამ თუ კარგათ ჩავაკვირდებით ამათ მიმართულებას, სურვილს, შრომას და ყველა, ამათგან დაწყებულ საქმეების ხასიათს, ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ის კეთილი და სასარგებლო შედეგები, რომლებიც უეჭველი ექნებათ იმათ. ამასთან ისიც შეგვიძლიან ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ესენი უფრო პირნათლად იქნებიან თავიანთი მომავალი შთამომავლობის წინაშე, რომელიც უეჭველია დააფასებს ამათ კეთილ და ქვეყნისთვის სასარგებლო შრომას, ვიდრე ჩვენი ძველი თაობა არის თავისი ეხლანდელი შთამამავლობის წინაშე.

მე ვათავებ, ამ ჟამად, ჩვენ ძველ და ახალ თაობაზე, მათ საუკეთესო წარმომადგენლებზე და იმათ ცხოვრებაზე და მოქმედებაებზე ლაპარაკს და იმედი მაქვს, ნათქვამიდგან მკითხველი ცხადად დაინახავს ვინც სტყუვის იმათგან: ძველი თაობა, თუ ახალი