The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1897
1897

1897

     

1897 1 იანვარი

 

 

 

 

 

გაზეთ „კვალში“ იბეჭდება საახალწლო შარჟი ილია ჭავჭავაძისადმი: „ოთხმოცდათოთხმეტს დაიწყო / „უცნაური ამბის“ წერა; / ორი წელია ვუყურებთ, / მგონი, რომ ვეღარ დაწერა!“

 

წყარო:

გაზ. „კვალი“ 1897, № 1, გვ. 17.  

 

 

 

1897 1 იანვარი

 

 

 

 

 

გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ ფსევდონიმით „Горесмехов“ იბეჭდება საახალწლო ფელეტონი, რომელშიც ოთხი კვირის განმავლობაში თსს ბანკის კრებებზე ვანო მაჩაბლისა და მისი „რაზმის“ აღტკინებული გამოსვლები ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ განვლილი წლის ერთ-ერთ უარყოფით მოვლენად არის შეფასებული.

 

წყარო:

გაზ. „Новое обозрение“ 1897, № 4467, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

 

 

 

1897 1 იანვარი

 

 

 

 

 

არტემ ფირალიშვილი წარწერით უძღვნის თავისი თანაავტორობით გამოსულ წიგნს „ნარკვევი კახეთის მევენახეობასა და მეღვინეობაზე“.

 

წყარო:

Пиралов А.С. и Шавердов С.Б. Очерк виноградарства и виноделия Кахетии, Тифлис, 1896.

პირთა ანოტაციები:

ფირალიშვილი (ფირალოვი) არტემ სტეფანეს ძე (1861-1926)

სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, სოფლის მეურნეობასა და კუსტარულ მეწარმეობაზე რამდენიმე წიგნის ავტორი.

 

 

 

1897 12 იანვარი

 

 

 

 

 

 გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ იბეჭდება მისი ლექსის „მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული“ ივან თხორჟევსკისეული თარგმანი.

 

წყარო:

„С тех пор, как полюбил я Грузию родную...“, გაზ. «Новое обозрение», 1897, № 4476.

პირთა ანოტაციები:

თხორჟევსკი ივანე ფელიქსის ძე (1843-1910)

რუსი პოეტი და ჟურნალისტი, ცნობილი მთარგმნელი. გამოსცემდა ჟურნალებს «Гусли» და «Аргонавт». სიცოცხლის დიდი ნაწილი გაატარა თბილისში.

 

 

 

 1897 15 იანვარი

 

 

 

 

 

გაზეთ „კავკაზში“ იბეჭდება მისი ლექსის „მწუხარება“ ვასილი ველიჩკოსეული თარგმანი.

 

წყარო:

„Печаль“, გაზ. «Кавказ», 1897, № 13.

პირთა ანოტაციები:

ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე (1860-1903)

პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან), „რუსსკი ვესტნიკ“ (1901-დან).

 

 

 

  1897 17 იანვარი

 

 

 

 

 

რვათვიანი აკრძალვის შემდეგ გამოდის გაზეთი „ივერია“, რომელშიც უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 17 იანვარი“ („შარშანდელი წელიწადი იმითაა შესანიშნავი, რომ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლიტიკური მიმოხილვა“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 17 იანვარი, № 1, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 220.

 

 

 

1897 18 იანვარი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 17 იანვარი“ („საკვირველ ბედზეა დაბადებული ქართველი კაცი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „არწრუნისეული ქარვასლის ბედი“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 18 იანვარი, № 2, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 233.

პირთა ანოტაციები:

არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892)

სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის ერთი ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი დასი.

 

 

 

1897 19 იანვარი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 18 იანვარი “ („ამას წინად ერთს სახლში ერთს საუბარს შევესწარით...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სულიერი გაღატაკება და საზოგადოების გულგრილობა“.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 19 იანვარი, № 3, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 236.

 

 

 

1897 20 იანვარი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 20 იანვარი“ („23-ს იანვარს დანიშნულია საგანგებო კრება...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ოძისის სამეურნეო სკოლის საკითხზე“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 20 იანვარი, № 4, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 238.

 

 

 

 1897 21 იანვარი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 21 იანვარი“ („მეოთხე საგანი, რომელიც კამისიას გამოურკვევია...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ოძისის სამეურნეო სკოლის საკითხზე“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 21 იანვარი, № 5, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 241.

 

 

 

 1897 21 იანვარი

 

 

 

 

 

გაზეთებში იბეჭდება ინფორმაცია ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული მოღვაწეობის 40 წლის იუბილეს თაობაზე.

 

წყარო:

გაზ. „კვალი“, 1897, № 4, გვ. 95; „ცნობის ფურცელი“, 1897, № 91.

 

 

 

1897 23 იანვარი 

 

 

 

 

 

სიტყვით გამოდის თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაზე, რომელზეც განიხილავენ სოფელ ოძისში, ზაქარია ერისთავისეულ მამულში, სამეურნეო სკოლის დაარსების საკითხს.

 

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, № 7, გვ. 1-2, № 8, გვ. 2-3, № 9, გვ. 2-3; „ცნობის ფურცელი“, № 94, გვ. 2; «Новое обозрение», 1897, № 4488.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი ზაქარია გიორგის ძე (1844 -1912)

მემამულე, ქველმოქმედი.

 

 

 

  1897 2 თებერვალი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 1 თებერვალი “ („გუშინწინ „ნოვოე ობოზრენიე“-ში დაბეჭდილი იყო...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „თავადაზნაურთა კრებების უფლება-მოვალეობა“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 2 თებერვალი, № 15, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 245.

 

 

 

1897 2 თებერვალი

 

 

 

 

 

გაზეთ „კავკაზში“ იბეჭდება მისი ლექსის „ჩემო კალამო, ჩემო კარგო...“ ვლადიმერ ლებედევისეული თარგმანი.

 

წყარო:

„Перо мое, не льстим мы людям...“, გაზ. «Кавказ», 1897, № 31.

პირთა ანოტაციები:

ლებედევი ვლადიმერ პეტრეს ძე (დაბ. 1869)

რუსი პოეტი, ლექსების გამოქვეყნება დაიწყო 1880 წლიდან.

 

 

 

1897 5 თებერვალი

 

 

 

 

 

თორნიკე ვახვახიშვილთან ერთად თსს ბანკის სახელით ივანე მაჩაბლის მეუღლეს - ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილ-მაჩაბლისას უგზავნის უწყებას ბანკის სესხის სასწრაფოდ დაფარვის აუცილებლობის შესახებ.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 5953; ვ. ჟვანია, ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი იურიდიული ხასიათის წერილები და დოკუმენტები. „საისტორიო მოამბე“, 1971, № 25-26, გვ. 336; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 177, 456-457.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

ბაგრატიონ-დავითიშვილი-მაჩაბლისა ანასტასია ალექსანდრეს ასული (1869-1917)

ივანე მაჩაბლის მეუღლე.

ვახვახიშვილი აღათო (თორნიკე) გარსევანის ძე (1837-1909)

სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი. 1892 წელს დაანება თავი სამსახურს. თელავის მაზრაში ჰქონდა დიდი ვენახები.

 

 

 

1897 9 თებერვალი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 8 თებერვალი“ („ჩვენ შევიტყვეთ, რომ მთავრობას ერთ ჩვენთვის ფრიად გასახარებელი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამეურნეო სასწავლებლის დაარსების საჭიროება“.

 

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 9 თებერვალი, № 21, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 250.

პირთა ანოტაციები:

ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე (1860-1903)

პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან), „რუსსკი ვესტნიკ“ (1901-დან).

 

 

 

 1897 10 თებერვალი

 

 

 

 

 

კავკასიის ოლქის მზრუნველს ქშწკ-გ საზოგადოების სახელით აცნობებს, რა ლექსების წაკითხვას აპირებენ 20 თებერვლის კონცერტზე (მათ შორის არის მისი ლექსის „გავსწორდეთ, ბედო...“ ვასილი ველიჩკოსეული თარგმანი) და ცდილობს გაარკვიოს, ხომ არ შეხვდებიან ამის გამო რაიმე წინააღმდეგობას.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 455, გვ. 4.

 

 

 

  1897 11 თებერვალი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 10 თებერვალი“ („ნუთუ თვალწინ დაგვიდგა დასაწყისი ოსმალეთის დასასრულისა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „კრიტის ახალი აშლილობა და ოსმალეთის საკითხი“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 11 თებერვალი, № 22, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 253.

 

 

 

 

1897 11 თებერვალი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ სათაურით „ნარკვევი“ (ჟურნალ-გაზეთებიდამ) ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს („რუსულ ჟურნალში „Неделя“-ში დაბეჭდილია...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში..

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 11 თებერვალი, № 22, გვ. 2-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 258.

 

 

 

1897 16 თებერვალი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 15 თებერვალი“ („არაერთხელ გულდახეთქებით გვიჩივლია...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ერობის საკითხი და დეპუტატთა საკრებულო“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 16 თებერვალი, № 27, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 261.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი  

 

 

 

1897 17 თებერვალი 

 

 

 

 

 

მოკლე ბარათს უგზავნის მეუღლეს. სთხოვს, მისი საწერი მაგიდიდან აიღოს ფურცლები წარწერით „ჟურნალ-გაზეთები“ და რედაქციას გადასცეს. სწერს, რომ საღამოს თავადაც ჩავა.

 

წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 413; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 378; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 222, 375.

 

 

 

1897 20 თებერვალი    

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 19 თებერვალი“ („ჩვენ, ქართველები, რაღაც უბედურ ბედზედა ვართ გაჩენილნი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სწავლა-განათლება და საზოგადო მოღვაწის მოვალეობა“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 20 თებერვალი, № 30, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 266.

 

 

 

 

 1897 21 თებერვალი

 

 

 

 

 

გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ იბეჭდება გრიგოლ ვოლსკის მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი ნაწყვეტი მოთხრობიდან „კაცია – ადამიანი?!“

 

წყარო:

გაზ. «Новое обозрение», 1897, № 4515.

პირთა ანოტაციები:

ვოლსკი გრიგოლი იოსების ძე (1860-1909)

პუბლიცისტი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. თანამშრობლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას

 

 

 

 1897 23 თებერვალი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 22 თებერვალი“ („ღმერთო, გვიხსენ უარესისაგან...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საზოგადო საქმისათვის პასუხისმგებლობის თაობაზე“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 23 თებერვალი, № 32, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 270. 

 

 

 

 1897 25 თებერვალი

 

 

 

 

 

გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ იბეჭდება გრიგოლ ვოლსკის მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი კიდევ ერთი ნაწყვეტი მოთხრობიდან „კაცია – ადამიანი?!“

 

წყარო:

გაზ. «Новое обозрение», 1897, № 4518.

პირთა ანოტაციები:

ვოლსკი გრიგოლი იოსების ძე (1860-1909)

პუბლიცისტი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. თანამშრობლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას.

 

 

 

 1897 თებერვალი

 

 

 

 

 

გაზეთი „ცნობის ფურცელი“ სისტემატურად ბეჭდავს წერილებსა და წინადადებებს ილია ჭავჭავაძის იუბილეს ორგანიზაციისა და პროგრამის შესახებ.

 

წყარო:

„ცნობის ფურცელი“, 2 თებ. № 103; 8 თებ. № 109; 9 თებ. № 110; 10 თებ. № 111; 18 თებ. № 119; 20 თებ. № 121; 23 თებ. № 124.

 

 

 

 1897 2 მარტი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 1 მარტი“ („არ არის არცერთი გუბერნია შიდა რუსეთში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „შინაური საჭირბოროტო საქმეები და თავადაზნაურთა უფლება-მოვალეობა“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 2 მარტი, № 38, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 275.   

 

 

 

 1897 2 მარტი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას სათაურით „პატარა საუბარი“ („მართალია, კაცო, რასაც ჰლაპარაკობენ?...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 2 მარტი, № 38, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 281. 

 

 

 

 1897 2 მარტი

 

 

 

 

 

გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება გრიგოლ თოიძის წერილი, რომელშიც წამოჭრილია ილია ჭავჭავაძის სახელობის ფონდის დაარსების საკითხი.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 130.

პირთა ანოტაციები:

თოიძე გრიგოლ (გიგო) ივანეს ძე (გარდ. 1915)

მეურნე, ქველმოქმედი, მხატვარ მოსე თოიძის ძმა.

 

 

 

1897 6 მარტი

 

 

 

 

 

გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება ცნობა მოქანდაკე ალექსანდრე თარხნიშვილის მიერ ილია ჭავჭავაძის ბიუსტის შექმნის განზრახვის შესახებ.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 134.

პირთა ანოტაციები:

თარხნიშვილი ალექსანდრე (1875-1963)

მოქანდაკე

 

 

 

 

1897 9 მარტი

 

 

 

 

 

გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება ცნობა ილია ჭავჭავაძის ავადმყოფობის შესახებ.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 137.

 

 

 

 1897 11 მარტი

 

 

 

 

 

გაზეთ “ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას სათაურით „თავადი ნ. ზ. ჭავჭავაძე. ნეკროლოგი“ („გუშინწინ გარდაიცვალა თ. ნ. ჭავჭავაძე...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 11 მარტი, № 45, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 290.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე ნიკოლოზ ზურაბის ძე (1829-1897)

რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, კახეთის მილიციის საცხენოსნო ასეულის მეთაური, დასავლეთ დაღესტნის სამხედრო გუბერნატორი - 1866 -1876 წლებში. თავი ისახელა თურქების ჯარისაგან გურიის დაცვის დროს.

 

 

 

 1897 14 მარტი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 13 მარტი“ („მუქარა აღსრულდა. ეგრედ წოდებული ბლოკადა განხორციელდა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „კრიტის კუნძულის ნავსადგურების ბლოკადა“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 14 მარტი” № 48, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 293.

 

 

 

 1897 15 მარტი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 14 მარტი“ („გუშინ მობრძანდა ახალი მთავარმართებელი კავკასიისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მობრძანდა ახალი მთავარმართებელი კავკასიისა“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 15 მარტი, № 49, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 296.

 

 

 

 1897 20 მარტი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 19 მარტი“ („კარგა ხანია, რაც აქაურმა რუსულმა გაზეთებმა გამართეს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ტფილისში სომხობამ ხელთ იგდო ქალაქის თვითმართველობა“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 20 მარტი, № 53, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 300.  

 

 

 

 1897 22 მარტის შემდეგ

 

 

 

 

 

პეტერბურგის ქართველი სტუდენტებისაგან იღებს წერილს. ისინი ატყობინებენ თავიანთ განზრახვას, გამოეხმაურონ ბერძნების ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას და სთხოვენ რჩევას, რა სახით აჯობებს ამის გაკეთება.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 457-458.

დათარიღება:

წერილი დათარიღებულია 22 მარტით.

 

 

 

 1897 23 მარტი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 22 მარტი“ („ჩვენს მეთაურში ამას წინათ ვთქვით...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სად სომხეთი და სად თბილისის ქალაქი?“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 23 მარტი, № 56, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 309.

 

 

 

 1897 23 მარტი სიტყვით

 

 

 

 

 

გამოდის თბილისის სამეურნეო-საკრედიტო საზოგადოების წლიურ კრებაზე. ვრცლად განმარტავს წმინდა მოგებისა და სათადარიგო თავნის არსს და წესდების შესაბამის მუხლებს. კრების 15 წევრი, მათ შორის დავით კეზელი, გამოდის გამგეობისა და საბჭოს ოთხი წევრის დათხოვნისა და მათ ნაცვლად სხვათა არჩევის ინიციატივით. ამასთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძესა და დავით კეზელს შორის იმართება კამათი. ილია ჭავჭავაძე არგუმენტირებულად ასაბუთებს, რომ მოთხოვნის ავტორებს საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ და არა საზოგადო. კრება იზიარებს მის აზრს და, რამდენადაც მომჩივანთა მოთხოვნაში არ არის წარმოდგენილი არცერთი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით თუ რატომ უცხადებენ უნდობლობას დასახელებულ პირებს, არ აკმაყოფილებს მას.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 27 მარტი, № 58, გვ. 2-3; „ცნობის ფურცელი“, 1897, № 152- 153.

პირთა ანოტაციები:

კეზელი დავით ივანეს ძე (1854-1907)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დრამატურგი, მთარგმნელი. აქტიურად იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისათვის. მისი პიესები იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე.

     

1897 23 მარტი

 

 

 

 

 

გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება ხარკოვის უნივერსიტეტის სტუდენტ გიორგი ღოღობერიძის მოწოდება ამხანაგებისადმი ილია ჭავჭავაძის იუბილეს გადახდასთან დაკავშირებით.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 151.

პირთა ანოტაციები:

ღოღობერიძე გიორგი მიხეილის ძე (1869-1933)

მეანი-გინეკოლოგი, სამხედრო ექიმი. 1898 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. იყო თბილისის ქალაქის I საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების ორდინატორი. 

 

 

 

 1897 28 მარტი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას სათაურით „პატარა საუბარი“ („ჩვენმა დარბაისელმა „Новое Обозрение“-მაც მითამდა ოხუნჯობა დაიწყო...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 28 მარტი, № 59, გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 312. 

 

 

 

 1897 28 მარტი

 

 

 

 

 

გაზეთ ივერიაში“ იბეჭდება ინფორმაცია თბილისის სამეურნეო-საკრედიტო საზოგადოების 23 მარტის კრებაზე ილია ჭავჭავაძისა და დავით კეზელის დაპირისპირების შესახებ და ციტირებულია მათი გამოსვლები.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 28 მარტი, № 59, გვ. 2-3

პირთა ანოტაციები:

კეზელი დავით ივანეს ძე (1854-1907)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დრამატურგი, მთარგმნელი. აქტიურად იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისათვის. მისი პიესები იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე.

 

 

 

 1897 30 მარტი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 29 მარტი“ („გარდა იმისა, რომ ჩვენს ქალაქში გაბატონების საბუთად..“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მოვიდა სომეხი და მოიტანა სხვა მეხიო“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 28 მარტი, № 59, გვ. 2-3

პირთა ანოტაციები:

კეზელი დავით ივანეს ძე (1854-1907)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დრამატურგი, მთარგმნელი. აქტიურად იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისათვის. მისი პიესები იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე.

 

 

 

 1897 30 მარტი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას სათაურით „პატარა საუბარი“ („უმაღლესად დამტკიცებულია სამოსწავლო გეგმა...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 30 მარტი, № 61, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 316.

 

 

 

 1897 4 აპრილი

 

 

 

 

 

წერილობით მიმართავს გაზ. „ნოვოე ობოზრენიეს“ რედაქტორ გიორგი თუმანიშვილს. აღშფოთებას გამოხატავს იმ ცილისწამებათა გამო, რომლებიც ხსენებული გაზეთის ფურცლებზე იბეჭდება გაზ. „ივერიის“ წინააღმდეგ და აფრთხილებს, რომ მასთან სა

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 30 მარტი, № 61, გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 321.

 

 

 

გაზეთო პოლემიკაში ჩაბმის ნაცვლად აპირებს მიმართოს მიუკერძოებელ პირთა სასამართლოს, რომელიც გადაწყვეტს, ვინ არის მათ შორის მართალი.

 

წყარო:

გაზ. „Новое Обозрение“, 1897, № 4556, 4 აპრილი; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 177- 178, 457.

პირთა ანოტაციები:

თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920)

კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი.

 

 

 

 1897 6 აპრილი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 5 აპრილი“ („ჩვენ წინა მეთაურში („ივერია“ № 61) ვთქვით, რომ..“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქართველებისა და სომხების განსხვავებული ხასიათი და ინტერესი“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 6 აპრილი, № 67, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 323.

 

 

 

 1897 8 აპრილი

 

 

 

 

 

ქშწ-კგ საზოგადოებას გადასცემს ბაქოში გამართული ქართული საღამოს შემოსავალს – 2264 მანეთს.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 15.

 

 

 

 1897 13 აპრილი

 

 

 

 

 

გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებულ წერილში „თვალსაჩინო ატესტაციები“ საუბარია იმაზე, თუ როგორ უარყოფითად ახასიათებს გიორგი წერეთელი ილია ჭავჭავაძესა და იაკობ გოგებაშვილს. გაზეთის ამავე ნომერში ქვეყნდება ცნობები ილია ჭავჭავაძის იუბილეს შესახებ.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 169, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე

 

 

 

1897 17 აპრილი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 16 აპრილი“ („ჩვენ მოგვივიდა თითო-ოროლა წერილი ლანძღვისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბ-ნ გ. წერეთლის წერილის გამო“. აქვე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას სათაურით „პატარა საუბარი“ („წაიკითხავდით „კავკასში“ ერთ ამბავს...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 169, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე

 

 

 

 1897 20 აპრილი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 19 აპრილი“ („ამას წინად მეთაურს წერილში („ივერია“ № 76) ვსთქვით, რომ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სწავლა-ცოდნა როგორც ფულის ხვეჭის საგანი “.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 20 აპრილი, № 75, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 338. 

 

 

 

 1897 20 აპრილი

 

 

 

 

 

გაზეთ „კვალში“ სათაურით „ღია წერილი თ. ილია ჭავჭავაძეს“ იბეჭდება გიორგი წერეთლის პასუხი გაზეთ „ივერიის“ 17 აპრილის მეთაურზე, რომელიც მისდამი იყო მიმართული.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 20 აპრილი, № 75, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 338.

 

 

 

 1897 22 აპრილამდე

 

 

 

 

 

 ვრცელ საპასუხო წერილს უგზავნის პეტერბურგის ქართველ სტუდენტებს. უწონებს ჩაგრულთადმი თანაგრძნობის განზრახვას, მაგრამ აფრთხილებს, რომ ამ გამოხმაურებისთვის ისინი შეიძლება უნივერსიტეტიდან გარიცხონ და ვეღარ შეძლონ საკუთარი სამშობლოს ისეთი სამსახური, როგორსაც ის მათგან მოელის. ურჩევს, უყვარდეთ თავიანთი ქვეყანა და ამ სიყვარულს ანაცვალონ ყველაფერი და როდესაც სასწორზე ერთ მხარეს სამშობლო იქნება, მეორეზე კი - სხვა ქვეყანა, სასწორი მამულისაკენ გადასწონონ.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17571; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის ფონდი, ავტოგრაფი № 490; ჟურნ. „ნიშადური“, 1908, 31 აგვისტო№ 59; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 141-144; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 179-182, 457-458.

დათარიღება:

22 აპრილს სტუდენტებმა სამადლობელი წერილი გამოუგზავნეს.

 

 

 

 1897 22 აპრილი

 

 

 

 

 

     

პეტერბურგის ქართველი სტუდენტებისგან იღებს საპასუხო წერილს, რომელშიც მადლობას უხდიან ყურადღებისა და თანადგომისათვის. ატყობინებენ, რომ საბერძნეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მხარდასაჭერად დეპეშას, მისი რჩევისამებრ, აღარ აგზავნიან, მაგრამ შეხვდნენ საბერძნეთის ელჩს. იგი შეჰპირდა, რომ მათი სახელით ფარულად გაუგზავნიდა თანაგრძნობის დეპეშას საბერძნეთის მთავრობას.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 25.

დოკუმენტი:

 

 

 

 1897 25 აპრილი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 24 აპრილი“ („ცარიელი ინჟენერობა, მკურნალობა და ადვოკატობა („ივერია“ № 75)...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „უსიცოცხლო ცოდნა ხვედრია უნიჭობისა“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 25 აპრილი, № 78, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 343.

 

 

 

 1897 25 აპრილი

 

 

 

 

 

გაზეთ “ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას სათაურით „პატარა საუბარი“ („სიტყვამან შენმან გამოგაჩინოს შენ...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 25 აპრილი, № 78, გვ. 2-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 348.

 

 

 

1897 27 აპრილი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება საქალაქო საბჭოს ხმოსნობის კანდიდატთა ნუსხა, რომელშიც დასახელებულია ილია ჭავჭავაძეც.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, № 80.

 

 

 

 1897 27 აპრილი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 26 აპრილი“ („ჩვენებიანთ მკურნალები ჩვენებიანთ იჟენერებს შორს ვერ წაუვლენ ცოდნითა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ჩვენში დიპლომია ნიშანი მკურნალის ცოდნისა და არა თვით ცოდნა“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 27 აპრილი, № 80, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 352.

 

 

 

 1897 29 აპრილი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 28 აპრილი“ („ბ-ნ შაუმოვის „სელდების“ და ბ-ნ არუთინოვის „ტრიხინიან“ ღორების...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბ-ნ შაუმოვის „სელდების“ და ბ-ნ არუთინოვის „ტრიხინიან“ ღორების და ლორების საქმე“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 29 აპრილი, № 81, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 357; თ. სახოკია, ჩემი საუკუნის ადამიანები, 1984, გვ. 181.

პირთა ანოტაციები:

შაუმოვი არტემ ლაზარეს ძე

თბილისელი ვაჭარი, მაღაზიის მეპატრონე.

არუთინოვი (არუთინიანცი) გეურქა (გევორქ)

თბილისელი ყასაბი (1890-იანი წწ.). მოხსენებულია სტატიაში ტრიხინიანი ღორების შესახებ.

 

 

 

 1897 1 მაისი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას სათაურით „პატარა საუბარი“ („შაუმოვის „სელდების“ სულის საცხონებელი ისტორია...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 1 მაისი, № 83, გვ. 2-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 366.

პირთა ანოტაციები:

შაუმოვი არტემ ლაზარეს ძე

თბილისელი ვაჭარი, მაღაზიის მეპატრონე.

 

 

 

 1897 3 მაისი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 2 მაისი “ („ისტორია არუთინოვის ტრიხინებისა არანაკლებ საოცარია...“). ეს არის გაგრძელება წერილისა „ბ-ნ შაუმოვის „სელდების“ და ბ-ნ არუთინოვის „ტრიხინიან“ ღორების და ლორების საქმე“. მწერლის თხზულებათა ოცტომეულში შეცდომით დაიბეჭდა სათაურით „პატარა საუბარი“.

 

პირთა ანოტაციები:

შაუმოვი არტემ ლაზარეს ძე

თბილისელი ვაჭარი, მაღაზიის მეპატრონე.

არუთინოვი (არუთინიანცი) გეურქა (გევორქ)

თბილისელი ყასაბი (1890-იანი წწ.). მოხსენებულია სტატიაში ტრიხინიანი ღორების შესახებ.

 

 

 

 1897 4 მაისი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 3 მაისი “ („ჩვენ წინა წერილში („ივერია“ № 85) ვაჩვენეთ რამოდენად ჰბარტყობდა...“). ეს არის გაგრძელება წერილისა „ბ-ნ შაუმოვის „სელდების“ და ბ-ნ არუთინოვის „ტრიხინიან“ ღორების და ლორების საქმე“. მწერლის თხზულებათა ოცტომეულში შეცდომით დაიბეჭდა სათაურით „პატარა საუბარი“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 3 მაისი, № 85, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 369.

პირთა ანოტაციები:

შაუმოვი არტემ ლაზარეს ძე

თბილისელი ვაჭარი, მაღაზიის მეპატრონე.

არუთინოვი (არუთინიანცი) გეურქა (გევორქ)

თბილისელი ყასაბი (1890-იანი წწ.). მოხსენებულია სტატიაში ტრიხინიანი ღორების შესახებ.

 

 

 

 1897 4 მაისი

 

 

 

 

 

გაზეთ „ცნობის ფურცელში“ „ქართველი დედის“ ხელმოწერით იბეჭდება წერილი ილია ჭავჭავაძის მომავალი იუბილეს შესახებ.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 187.

 

 

 

 1897 8 მაისი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 7 მაისი “ („ჯერ მინამ ბ-ნ ივანენკოს ნაძიებს გამოვაქვეყნებდეთ...“). ეს არის გაგრძელება წერილისა „ბ-ნ შაუმოვის „სელდების“ და ბ-ნ არუთინოვის „ტრიხინიან“ ღორების და ლორების საქმე“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 4 მაისი, № 86, გვ. 1-3 ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 373.

პირთა ანოტაციები:

შაუმოვი არტემ ლაზარეს ძე

თბილისელი ვაჭარი, მაღაზიის მეპატრონე.

არუთინოვი (არუთინიანცი) გეურქა (გევორქ)

თბილისელი ყასაბი (1890-იანი წწ.). მოხსენებულია სტატიაში ტრიხინიანი ღორების შესახებ.

 

 

 

1897 8 მაისი

 

 

 

 

 

გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ქვეყნდება ინფორმაცია საზოგადოებაში გავრცელებული ხმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც ილია ჭავჭავაძე თავს ანებებს ბანკში მუშაობას.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 191.

 

 

 

 1897 9 მაისი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 8 მაისი “ („ბ-ნ ივანენკოს გამოძიებიდამ სჩანს...“). ეს არის გაგრძელება წერილისა „ბ-ნ შაუმოვის „სელდების“ და ბ-ნ არუთინოვის „ტრიხინიან“ ღორების და ლორების საქმე“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 8 მაისი, № 88, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 378.

პირთა ანოტაციები:

ივანენკო აპოლონ ათანასეს ძე

თბილისის მერის მოადგილე და 1896 წლის ნოემბრიდან რამდენიმე თვით - მერის მოვალეობის შემსრულებელი.

არუთინოვი (არუთინიანცი) გეურქა (გევორქ)

თბილისელი ყასაბი (1890-იანი წწ.). მოხსენებულია სტატიაში ტრიხინიანი ღორების შესახებ.

 

 

 

 1897 11 მაისი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 10 მაისი “ („დღეს საჭიროდ დავინახეთ ავნუსხოთ...“). ეს არის გაგრძელება წერილისა „ბ-ნ შაუმოვის „სელდების“ და ბ-ნ არუთინოვის „ტრიხინიან“ ღორების და ლორების საქმე“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 9 მაისი, № 89, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 385.

პირთა ანოტაციები:

ივანენკო აპოლონ ათანასეს ძე

თბილისის მერის მოადგილე და 1896 წლის ნოემბრიდან რამდენიმე თვით - მერის მოვალეობის შემსრულებელი. შაუმოვი არტემ ლაზარეს ძე – თბილისელი ვაჭარი, მაღაზიის მეპატრონე.

არუთინოვი (არუთინიანცი) გეურქა (გევორქ)

თბილისელი ყასაბი (1890-იანი წწ.). მოხსენებულია სტატიაში ტრიხინიანი ღორების შესახებ.

 

 

 

 1897 12 მაისი

 

 

 

 

 

გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ქვეყნდება მიხეილ ბაქრაძის წერილი ილია ჭავჭავაძის მომავალ იუბილესთან დაკავშირებით.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 195.

პირთა ანოტაციები:

ბაქრაძე მიხეილ ქაიხოსროს ძე

ქშწ-კგ საზოგადოების რწმუნებული თემირხან-შურაში. 1897 წელს ილია ჭავჭავაძის არშემდგარი იუბილეს ერთ-ერთი ინიციატორი.

 

 

 

 1897 16 მაისი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 15 მაისი“ („წინა წერილში მოკლედ ავნუსხეთ...“). ეს არის დასასრული წერილისა „ბ-ნ შაუმოვის „სელდების“ და ბ-ნ არუთინოვის „ტრიხინიან“ ღორების და ლორების საქმე“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 16 მაისი, № 93, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 397.

პირთა ანოტაციები:

შაუმოვი არტემ ლაზარეს ძე

თბილისელი ვაჭარი, მაღაზიის მეპატრონე.

არუთინოვი (არუთინიანცი) გეურქა (გევორქ)

თბილისელი ყასაბი (1890-იანი წწ.). მოხსენებულია სტატიაში ტრიხინიანი ღორების შესახებ.

 

 

 1897 17 მაისი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 16 მაისი “ („ხვალ, 18 მაისს განკითხვის დღეა...“), რომელშიც თბილისის ამომრჩევლებს მოუწოდებს, აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ კანდიდატებს არა ეროვნული ნიშნით, არამედ დამსახურების მიხედვით. მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საგაზეთო შენიშვნები ტფილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზე“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 17 მაისი, № 94, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 410

 

 

 

 1897 18 მაისი

 

 

 

 

 

მონაწილეობს თბილისის საქალაქო საბჭოს ხმოსანთა არჩევნებში, მაგრამ ვერ აგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას (504 მომხრე და 559 მოწინააღმდეგე).

 

წყარო:

„ცნობის ფურცელი“, 1897, № 205, 209; „ივერია“, 1897, № 96.

 

 

 

 1897 20-22 მაისი

 

 

 

 

 

 თსს ბანკის წლიურ კრებაზე განიხილავენ და ამტკიცებენ განვლილი წლის ანგარიშს.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, № 97, გვ. 2, № 98, გვ. 2, № 99, გვ. 2; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 204-206; გაზ. „კვალი“, 1897, № 22; «Новое обозрение», 1897, № 4599-4602.

 

 

 

 1897 23 მაისი

 

 

 

 

 

 თსს ბანკის წლიურ კრებაზე განიხილავენ რევიზორ ევსტაფი დობეცკის მიერ მიცემულ შენიშვნებს.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, 24 მაისი, № 206, გვ. 4

 

 

 

 1897 24 მაისი

 

 

 

 

 

მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა „შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობის საზოგადოების“ წლიურ კრებაში, რომელზეც განიხილავენ განვლილი წლის ანგარიშსა და მიმდინარე წლის ხარჯთაღრიცხვას.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, 24 მაისი, № 206, გვ. 4

 

 

 

1897 26 მაისი

 

 

 

 

 

 თსს ბანკის წლიურ კრებაზე აგრძელებენ რევიზორ ევსტაფი დობეცკის მიერ მიცემული შენიშვნების განხილვას.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, № 101, გვ. 2; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 208; გაზ. „კვალი“, 1897, № 23; «Новое обозрение», 1897, № 4604.

პირთა ანოტაციები:

დობეცკი ევსტაფი ევსტაფის ძე (1856-1919)

პეტერბურგიდან გამოგზავნილი თბილისის საადგილმამულო ბანკის რევიზორი, რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი

 

 

 

 1897 27 მაისი

 

 

 

 

 

 თსს ბანკის წლიურ კრებაზე ტარდება გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის წევრების არჩევნები. 433 ხმით 22-ის წინააღმდეგ კვლავ ირჩევენ გამგეობის თავმჯდომარედ.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, № 102, გვ. 1-2; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 210, გვ. 4; გაზ. „კვალი“, 1897, № 23; «Новое обозрение», 1897, № 4605. ^3887 წ

 

 

 

 1897 28 მაისი

 

 

 

 

 

 თსს ბანკის გამგეობის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით ქართველი საზოგადოება უმართავს ნადიმს.

 

წყარო:

გაზ. «Кавказ», 1897, № 141.

 

 

 

 1897 29 მაისი

 

 

 

 

 

მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაში. ეკამათება კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა შეადგინოს კრების დამსწრეთა სია - მაზრის წინამძღოლებმა თუ თავად კრებამ.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 30 მაისი, № 105, გვ. 1-2; გაზ. «Кавказ», 1897, № 142; «Новое обозрение», 1897, № 4607.

პირთა ანოტაციები:

ბაგრატიონ-მუხრანელი კონსტანტინე (კოტე) ივანეს ძე (1838-1903)

გიორგი XII-ის შთამომავალი დედის მხრიდან. ილიას მეუღლის - ოლღა გურამიშვილჭავჭავაძის მამიდაშვილის შვილი.

 

 

 

 1897 30 მაისი

 

 

 

 

 

 

 

 

რამდენადაც ქალაქის საბჭოს ხმოსანთა არჩევნები, რომელზეც გაიმარჯვა, ბათილად ცნეს, უარს ამბობს ხელახალ კენჭისყრაზე.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, № 105, გვ. 1-2.

დათარიღება:

ინფორმაცია ამის შესახებ გამოქვეყნდა ყოველდღიურ გაზეთ ივერიის 31 მაისის ნომერში.

 

 

 

 1897 30 მაისი

 

 

 

 

 

მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაში, რომელზეც განიხილავენ გრიგოლ არწრუნისეული ქარვასლის საკითხს. საუბარია კომისიის მოთხოვნაზე, რომ ბანკმა თავადაზნაურობას გადაუხადოს 19 ათასი მანეთი. ილია ჭავჭავაძე განმარტავს, რომ თსს ბანკი თავადაზნაურთა კრებას არ ემორჩილება და მისი უპირველესი მოვალეობაა დანფუძნებლების, მსესხებლებისა და გირავნობის ფურცლების მფლობელთა ინტერესების დაცვა. ირჩევენ ამ საკითხის მოსაგვარებლად შედგენილი კომისიის წევრად.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, № 106, გვ. 1-2; გაზ. „კვალი“, 1897, № 23, გვ. 440; გაზ. «Кавказ», 1897, № 142; «Новое обозрение», 1897, № 4608.

პირთა ანოტაციები:

არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892)

სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის ერთი ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი დასი.

 

 

 

 1897 31 მაისი

 

 

 

 

 

 ესწრება თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებას და მონაწილეობს სათავადაზნაურო სკოლისთვის თავადაზნაურობისგან გადასახადის გაწერასთან დაკავშირებით გამართულ კამათში.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, ანაწ. 1, საქმე 552.

 

 

 

 1897 მაისი

 

 

 

 

 

ლაიფციგელი წიგნით მოვაჭრე და გამომცემელი ქშწ-კგ საზოგადოების მაღაზიას სთხოვს ილია ჭავჭავაძისა და სხვა ქართველ მწერალთა ნაწარმოებების ნიმუშების გაგზავნას.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, ანაწ. 1, საქმე 552.

 

 

 

 1897 მაისის შემდეგ

 

 

 

 

 

წერს სამ ახალ სატირულ გამოცანას („რად გვინდა, ვინ ხარ...“, „ჩემი აწ ესე ნათქვამი...“ და „კალამი რამ უშოვნია...“) დავით კეზელზე, გიორგი თუმანიშვილსა და გიორგი წერეთელზე.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 131; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 1, თბ., 1987, გვ. 175, 438.

დათარიღება:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 131-142.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 131-142.

პირთა ანოტაციები:

კეზელი დავით ივანეს ძე (1854-1907)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დრამატურგი, მთარგმნელი. აქტიურად იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისათვის. მისი პიესები იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე.

თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920)

კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი.

წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.

 

 

 

 1897 1 ივნისი

 

 

 

 

 

მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაში, რომელზეც განიხილავენ კახეთის რკინიგზის საკითხს. ილია ჭავჭავაძე მოითხოვს, კრებას სრულად წარუდგინონ ამ საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ხარჯთაღრიცხვა.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, № 108, გვ. 1-3; გაზ. «Кавказ», 1897, № 145; «Новое обозрение», 1897, № 4611.

 

 

 

1897 5 ივნისამდე

 

 

 

 

 

თელავის მაზრიდან 23 ხმით ირჩევენ თბილისის თავადაზნაურთა საკრებულოს დეპუტატად.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 5 ივნისი, № 108, გვ. 1-3; გაზ. „კვალი, № 24, გვ. 459; გაზ. «Кавказ», 1897, № 145; «Новое обозрение», 1897, № 4611.

დათარიღება:

5 ივნისს ინფორმაცია უკვე გაზეთებში იყო.

 

 

 

 1897 8 ივნისამდე

 

 

 

 

 

გაზეთ „კვალში“ ფსევდონიმით „არავინ“ იბეჭდება იუმორისტული ფელეტონი „წრევანდელი ბანკის კრების ბიოგრაფია“, რომელშიც გაკრიტიკებულია თსს ბანკი.

 

წყარო:

გაზ. „კვალი“, 1897, № 23.

 

 

 

 1897 8 ივნისი

 

 

 

 

 

გაზეთ „კვალში“ „ერთი სტუდენტთაგანის“ ხელმოწერით იბეჭდება სტატია „ჩვენი ლიტერატურის პათოლოგიური მდგომარეობა“. ავტორი უკმაყოფილოა პერიოდულ გამოცემებს შორის გამართული ცხარე პოლემიკით. იგი წერს, რომ დიდ პატივს სცემს ილია ჭავჭავაძეს, რომელმაც მოახერხა მის წინააღმდეგ აგორებული ცილისწამებების გაბათილება, მაგრამ აცხადებს, რომ არც გიორგი წერეთელი მიაჩნია რენეგატად და არ მოსწონს მისდამი ასეთივე დაუნდობელი მოქცევა.

 

წყარო:

გაზ. „კვალი“, 1897, № 24, გვ. 463-465.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.

 

 

 

 1897 25 ივნისი

 

 

 

 

 

მოკლე ბარათს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში, აძლევს სამეურნეო ხასიათის დარიგებებს და სთხოვს, კვირა დილით საჯდომი ცხენი დაახვედროს ავჭალაში.

 

წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 413-6. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 222-223, 376.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

 

 

 

 1897 26 ივნისი

 

 

 

 

 

შეთანხმებას აფორმებს იაგორ გურგენიძესთან საგურამო-წიწამურის მამულების გაყოფაზე და თბილისის საოლქო სასამართლო პალატას მიმართავს მისი დამტკიცების თხოვნით.

 

წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 25–26, 1971, გვ. 336–337.

პირთა ანოტაციები:

გურგენიძე იაგორ დავითის ძე

წიწამურსა და საგურამოში ილია ჭავჭავაძის მომიჯნავე მამულების მფლობელი.

 

 

 

1897 17 ივლისი

 

 

 

 

 

სააღებმიცემო კომპანია „შუამავლისგან“ იძენს სურათს.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 693.

 

 

 

 1897 20 ივლისი

 

 

 

 

 

გაზეთ „ცნობის ფურცელში“ „ძველი ეკალის“ ხელმოწერით იბეჭდება მიხეილ ნასიძის სტატია. ავტორი გამოდის ილია ჭავჭავაძის საიუბილეოდ მისი სახელობის ცენტრალური დეპოს დაარსების ინიციატივით.

 

წყარო:

„თავ. ილია ჭავჭავაძის იუბილეი და სრულიად საქართველოს „ცენტრალური დეპო“ ქ. ტფილისში“, გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 260.

პირთა ანოტაციები:

ნასიძე მიხეილ ალექსანდრეს ძე (1859-1935)

პედაგოგი, პოეტი, პუბლიცისტი, ვექილი. წლების მანძილზე მსახურობდა სამასწავლებლო ინსტიტუტში.

 

 

 

 1897 30 ივლისი

 

 

 

 

 

გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება მიხეილ ჩოდრიშვილის გამოხმაურება მიხეილ ნასიძის ინიციატივაზე ილია ჭავჭავაძის სახელობის ცენტრალური დეპოს დაარსების შესახებ.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 269.

პირთა ანოტაციები:

ჩოდრიშვილი მიხა (მიხეილ) იოსების ძე (1853-1929)

რევოლუციონერი, შრომის ხელოსანთა ამხანაგობის, არტელის დამაარსებელი.

ნასიძე მიხეილ ალექსანდრეს ძე (1859-1935)

პედაგოგი, პოეტი, პუბლიცისტი, ვექილი. წლების მანძილზე მსახურობდა სამასწავლებლო ინსტიტუტში.

 

 

 

 1897 ივლისი

 

 

 

 

 

ჟურნალ „მოამბეში“ იბეჭდება დასაწყისი კიტა აბაშიძის ნარკვევისა „ცხოვრება და ხელოვნება“. მასში საუბარია ქართული ლიტერატურის ახალი ხანის შესახებ, რომელიც 1861 წლიდან იწყება ილია ჭავჭავაძის მეთაურობით.

 

წყარო:

ჟურნ. „მოამბე“, 1897, № 7, განყ.2, გვ. 25-51.

პირთა ანოტაციები:

აბაშიძე კიტა (იოანე) გიორგის ძე (1870-1917)

ლიტერატურის კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

 

 

 

 1897 ივლისის მეორე ნახევარი

 

 

 

 

 

საგურამოში მასპინძლობს პარიზის უნივერსიტეტის პროფესორს, მოგზაურსა და მკვლევარ ჟაკ ბერტილიონს, რომაელ პროფესორ ბოსკოს, მწერლებს: ვასილი ველიჩკოს და არტურ ლაისტს. ურმით მიემგზავრებიან ზედაზნის მონასტერში და ხის ქვეშ მწვანე ველზე სადილობენ.

 

წყარო:

ა. ლაისტი. საქართველოს გული. 1963, გვ. 40.

პირთა ანოტაციები:

ბერტილიონი ჟაკ (1851-1922)

ექიმი, დემოგრაფი, სტატისტიკოსი, მოგზაური და მკვლევარი. პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი.

ბოსკო

რომაელი პროფესორი

ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე (1860-1903)

პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან), „რუსსკი ვესტნიკ“ (1901-დან).

ლაისტი არტურ (1852-1927)

გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”.

 

 

 

1897 10 აგვისტო

 

 

 

 

 

გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება პედაგოგ თომა მთავრიშვილის გამოხმაურება ილია ჭავჭავაძის სახელობის ცენტრალური დეპოს დაარსებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილებზე.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 279, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

მთავრიშვილი თომა აბრამის ძე (1859-1928)

პუბლიცისტი და პედაგოგი. წერდა „თომა კახელის“ და „ზიარელის“, „ზ-ი“-ს ფსევდონიმებით.

 

 

 

 1897 15 აგვისტო

 

 

 

 

 

გაზეთ „კავკაზში“ იბეჭდება ივანე ზურაბიშვილის მიერ რუსულად თარგმნილი ნაწყვეტი „გლახის ნაამბობიდან“.

 

წყარო:

გაზ. «Кавказ», 1897, № 215.

პირთა ანოტაციები:

ზურაბიშვილი ივანე ივანეს ძე (1872-1940)

იურისტი, მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. წერდა ფსევდონიმებით: „ვინ-ხენ“, “ჟანზეტ“, „დარბაისელი“.

 

 

 

 1897 22 აგვისტო

 

 

 

 

 

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც მტკიცდება წიგნების ავტორების, გადამწერლების, კორექტორების, გამომცემლების, შემკაზმავების, კლიშეების ამომჭრელების, გამსაღებლებისა და აგენტებისათვის გადახდილი და ბლანკების ბეჭდვაზე, განათებაზე, საფოსტო მომსახურებასა და მივლინებებზე გაწეული ხარჯები. მსჯელობენ სენაკის სათავადაზნაურო სკოლის შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე, რომელიც გამოიწვია ქართული ენის მეგრულით ჩანაცვლების განზრახვამ. სხდომა საყვედურს უცხადებს ინსპექტორ სამსონ ყიფიანს და იღებს გადაწყვეტილებას ორი მასწავლებლის გათავისუფლების შესახებ. კითხულობენ გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორის შუამდგომლობას ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგედ ალექსანდრე გარსევანაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით. ისმენენ ნიკო ცხვედაძის მოხსენებას წინარეხის სკოლის შენობის მდგომარეობის შესახებ და იღებენ დადგენილებას პრობლემის მოსაგვარებლად თანხის გამოყოფის თაობაზე.

 

წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. № 481, აღ. 1, № 518 გვ. 57-59.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი სამსონ გიორგის ძე (1855-1937)

პედაგოგი, მსახიობი, პუბლიცისტი, სენაკის სააზნაურო სკოლის ინსპექტორი.

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

გარსევანაშვილი ალექსანდრე

პედაგოგი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ცხოვრობდა ქუთაისში. 1915 წელს გამოიცა მისი წიგნი „გმირი ქალი, მათე ყაჩაღად წოდებული“

 

 

 

 1897 აგვისტო

 

 

 

 

 

„ივან-და-მარიას“ ფსევდონიმით იბეჭდება ალექსანდრე და ივანე თხორჟევსკების წიგნის „ქართველ პოეტების ნიმუშები“ მეორე გამოცემა, რომელშიც ილია ჭავჭავაძის თხზულებათა თარგმანებიდან შეტანილია: პოემა „განდეგილი“, „არაგვი“ („აჩრდილიდან“) და ლექსები: „გაზაფხული“, „იანიჩარი“, „პოეტი“ და „მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული“.

 

წყარო

: Грузинские поэты в образцах [Переводы с грузинского], Пер.

Иван-да-Марья, 2-е изд., Тифлис, 1897.

პირთა ანოტაციები:

თხორჟევსკი ალექსანდრა ალექსანდრეს ასული (1855-1933)

მთარგმნელი, პოეტისა და მთარგმნელის, ივანე ფელიქსის ძე თხორჟევსკის მეუღლე. ხშირად ერთობლივად აქვეყნებდნენ ლექსებს ფსევდონიმით „ივან-და-მარია“.

თხორჟევსკი ივანე ფელიქსის ძე (1843-1910)

რუსი პოეტი და ჟურნალისტი, ცნობილი მთარგმნელი. გამოსცემდა ჟურნალებს «Гусли» და «Аргонавт». სიცოცხლის დიდი ნაწილი გაატარა თბილისში.

 

 

 

 1897 აგვისტოს ბოლო

 

 

 

 

 

ჟურნალ „ნივაში“ იბეჭდება ვასილი ველიჩკოს სტატია ილია ჭავჭავაძისა და რაფიელ ერისთავის შესახებ და მათი პორტრეტები. პუბლიკაციაში ილია დახასიათებულია როგორც დიდი მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე და განხილულია მისი ნაწარმოებები: „ყვარლის მთებს“, „გუთნისდედა“, „აჩრდილი“ და „გლახის ნაამბობი“.

 

წყარო:

„Грузинские поэты кн.Р.Д.Эриставов и кн.И.Г. Чавчавадзе“, ჟურნ. „Нива“ ,1897, № 35, გვ. 834-835.

პირთა ანოტაციები:

ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე (1860-1903)

პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან), „რუსსკი ვესტნიკ“ (1901-დან). ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

 

 

 

 1897 3 სექტემბრის შემდეგ

 

 

 

 

 

იღებს ინგლის-რუსეთის ლიტერატურული საზოგადოების დამაარსებლისა და პრეზიდენტის ედუარდ კაზალეტის წერილს, რომელშიც სთხოვს ინგლისურენოვან ბროშურაში დასაბეჭდად მისი ლექსებისა და ბიოგრაფიული ცნობების მიწოდებას. ასევე, სთხოვს თანხმობას საზოგადოების წევრად არჩევაზე.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 522.

დათარიღება:

წერილი დათარიღებულია 3 სექტემბრით.

პირთა ანოტაციები:

კაზალეტი ედვარდ ალექსანდრ (1836-1903)

ინგლისელი საზოგადო მოღვაწე, 1893 წელს დააარსა ინგლისურ-რუსული ლიტერატურული საზოგადოება

 

 

 

 1897 9 სექტემბერი

 

 

 

 

 

 ესწრება ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის სხდომას, რომელზეც ისმენენ მოხსენებას თბილისის სამრევლო სკოლების მასწავლებელთათვის გამართული პედაგოგიური კურსების მუშაობის შესახებ.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 88-90.

 

 

 

1897 13 სექტემბერი

 

 

 

 

 

ილია ჭავჭავაძე და დავით კარიჭაშვილი წერილობით უცხადებენ მადლობას ლუარსაბ ბოცვაძეს იმისათვის, რომ საგანგებოდ გამართულ კურსებზე სამაგალითო გაკვეთლები ჩაუტარა სამრევლო სკოლათა მასწავლებლებს.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 88-90; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 182, 458.

პირთა ანოტაციები:

კარიჭაშვილი დავით გიორგის ძე (1862-1927)

მწერალი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ენათმეცნიერი. მრავალი სამეცნიერო წიგნის ავტორი და გამომცემელი-რედაქტორი.

ბოცვაძე ლუარსაბ გერასიმეს ძე (1866-1919)

პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ჟ. “განათლების” დამაარსებელი.

 

 

 

 1897 13 სექტემბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 12 სექტემბერი“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 13/IX № 189, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 414.

 

 

 

 1897 14 სექტემბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 13 სექტემბერი“ („ამიერკავკასია დასახლებულია მრავალგვარ თესლის მკვიდრთაგან...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საზოგადოებრივი ცხოვრების ნაკლნი და მისი ეკონომიური მიზეზები“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 14 სექტემბერი, № 190, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 418.

 

 

 

 1897 19 სექტემბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 18 სექტემბერი“ („პირაქეთელი ოსები ჰბინადრობენ გორის მაზრაში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საზოგადოებრივი ცხოვრების ნაკლნი და მისი ეკონომიური მიზეზები“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 19 სექტემბერი, № 194, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 422.

 

 

 

 1897 20-21 სექტემბერი

 

 

 

 

 

გაზეთებში ქვეყნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თსს ბანკის გამგეობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე სამსახურებრივ საქმეებთან დაკავშირებით მიემგზავრება პეტერბურგში.

 

წყარო:

გაზ. „კვალი“, 1897, 21 სექტ., № 40, გვ. 721; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, 20 სექტ. № 317; გაზ. «Новое обозрение», 1897, № 4712.

 

 

 

 1897 21 სექტემბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 20 სექტემბერი “ („ჩვენებური თათარი უფრო ეული კაცია...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საზოგადოებრივი ცხოვრების ნაკლნი და მისი ეკონომიური მიზეზები“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 21 სექტემბერი, № 196, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 427.

 

 

 

 1897 26 სექტემბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 25 სექტემბერი“ („ჩვენებურ თათრებს ზამთრის საცხოვრებელი ცხელ ადგილებში აქვთ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საზოგადოებრივი ცხოვრების ნაკლნი და მისი ეკონომიური მიზეზები“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 26 სექტემბერი, № 200, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 430.

 

 

 

 1897 28 სექტემბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 27 სექტემბერი“ („არიან თათრებ შორის იმისთანანი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საზოგადოებრივი ცხოვრების ნაკლნი და მისი ეკონომიური მიზეზები“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 28 სექტემბერი, № 201, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 433.

 

 

 

 1897 ოქტომბრის დასაწყისი

 

 

 

 

 

ილუსტრირებულ მხატვრულ-ლიტერატურულ კრებულში „კავკაზსკაია ჟიზნ“ იბეჭდება ლექსის „ვიხილე სატრფო...“ ვასილი ველიჩკოსეული თარგმანი და ანტონ ნატროშვილის მიერ თარგმნილი ნაწყვეტი „გლახის ნაამბობიდან“.

 

წყარო:

„Из глаз красавицы текли струею слезы...“, «Кавказская жизнь», кн. 2, 1897, ст. 51-52.

პირთა ანოტაციები:

ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე (1860-1903)

პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან), „რუსსკი ვესტნიკ“ (1901-დან).

ნატროშვილი (ნატროევი) ანტონ ივანეს ძე (1852-1930)

ისტორიკოსი, პედაგოგი, საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის წევრი.

 

 

 

1897 4 ოქტომბრამდე

 

 

 

 

 

 

რუსი მხატვარი ალექსი ეისნერი ხატავს მის პორტრეტს.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, 5 ოქტომბ., № 331.

დათარიღება:

ინფორმაცია ამის შესახებ დაიბეჭდა 5 ოქტომბერს.

პირთა ანოტაციები:

ეისნერი ალექსი პეტრეს ძე (1872-1930-იანი)

რუსი ფერმწერი, გრაფიკოსი, წიგნის დეკორატორი.

 

 

 

 1897 7 ოქტომბერი

 

 

 

 

 

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც იღებენ დადგენილებას მუზეუმის ასაშენებლად ყველა ფონდის შეერთების შესახებ და გამოყოფენ თანხას დიმიტრი ბაქრაძის საფლავის ძეგლისთვის. თანხმდებიან, რომ ქალთა ფონდიდან ფული დაიხარჯოს საჭიროებისამებრ, სალიტერატუროდან კი – მხოლოდ სარგებლის ნაწილიდან და არა თავნიდან. სტუდენტების დასახმარებელ შემოწირულობას გადასცემენ თავადაზნაურთა სკოლის კომიტეტს. კმაყოფილდება გრიგოლ ტატიშვილის თხოვნა სურათებიანი წიგნის „ხუმარა სპილოები“ გამოსაცემად ფულის გამოყოფის თაობაზე, იმ პირობით, რომ თანხის ანაზღაურებამდე წიგნს მხოლოდ საზოგადოების მაღაზიებში გაყიდის. დადებითად წყდება გიორგი იოსელიანის მიერ ნაამბობი „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემის საკითხი.

 

წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. № 481, აღ. 1, № 518 გვ. 78-80.

პირთა ანოტაციები:

ბაქრაძე დიმიტრი ზაქარიას ძე (1826-1890)

ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, გამომცემელი. მისი ინიციატივით შეიქმნა საეკლესიო მუზეუმი. გამოაქვეყნა იოანე ბატონიშვილის “კალმასობა”.

ტატიშვილი გრიგოლ ივანეს ძე

ქართველი გრავიორ-ქსილოგრაფი, თვითნასწავლი მხატვარი, ახალი გრაფიკული ხელოვნების ფუძემდებელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტატიშვილის მიერ გაფორმებული შ. რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი” (1887), ი. გოგებაშვილის “დედა ენა” (1878), “ბუნების კარი” და სხვა.

იოსელიანი გიორგი ნიკოლოზის ძე (1847-1919)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ ტანამშრომელი, ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის წევრი. წერდა „წყალტუბელის“ ფსევდონიმით.

 

 

 

 1897 9 ოქტომბრის შემდეგ

 

 

 

 

 

პარიზიდან იღებს პროფესორ ჟაკ ბერტილიონის სამადლობელ წერილს. მასში ნათქვამია, რომ პატივს სცემს ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას და არაერთხელ გადაუკითხავს მისი პოეზიის თარგმანები, ხოლო საგურამოში მის გვერდით გატარებული ორი დღე და ურმით გასეირნება ძველ მონასტერში არასოდეს დაავიწყდება. ადრესანტი მადლობას უთვლის ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძისას კეთილგანწყობისა და საუკეთესო მასპინძლობისთვის.

 

წყარო:

შ. გოზალიშვილი. ილია ჭავჭავაძე და ქართული კულტურის საზღვარგარეთელი მეგობრები. 1973, გვ. 80–81.

დათარიღება:

წერილი 9 ოქტომბრით არის დათარიღებული.

პირთა ანოტაციები:

ბერტილიონი ჟაკ (1851-1922)

ექიმი, დემოგრაფი, სტატისტიკოსი, მოგზაური და მკვლევარი. პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი.

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი

 

 

 

 1897 12 ოქტომბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ცნობის ფურცელში“ „შავიზღვისპირელის“ ფსევდონიმით იბეჭდება თედო სახოკიას შეკითხვა რედაქციისადმი, რატომ აღარაფერი იწერება ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის 40 წლისთავის იუბილეს გადახდის შესახებ. აქვე ქვეყნდება რედაქციის პასუხი.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 338.

პირთა ანოტაციები:

სახოკია თედო ტიმოთეს ძე (1868-1956)

მწერალი, მთარგმნელი, ეთნოგრაფი და ლექსიკოგრაფი.

 

 

 

 1897 13 ოქტომბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება ინფორმაცია ილია ჭავჭავაძის იუბილეს შესახებ.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 342.

 

 

 

 1897 16 ოქტომბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება ინფორმაცია ილია ჭავჭავაძის იუბილეს შესახებ.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 342.

 

 

 

 1897 16 ოქტომბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 15 ოქტომბერი“ („ჩვენ წინა წერილებში („ივერია № 201) შევნიშნეთ იმ საბუთების ძალით...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საზოგადოებრივი ცხოვრების ნაკლნი და მისი ეკონომიური მიზეზები“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 16 ოქტომბერი, № 215, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 436. ^3928 წ

 

 

 

 1897 17 ოქტომბერი

 

 

 

 

 

თავადაზნაურთა დარბაზში ტარდება კრება, რომელზეც ირჩევენ ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტს ქრისტეფორე მამაცაშვილის თავმჯდომარეობით. წევრები არიან: მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი, ეკატერინე გაბაშვილი, ანასტასია თუმანიშვილი, პეტრე გრუზინსკი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, კიტა აბაშიძე, კოტე მესხი, ანდრია ღულაძე, ივანე ზურაბიშვილი და გრიგოლ აბაშიძე.

 

წყარო:

„ცნობის ფურცელი“, 1897, 18 ოქტომბერი, № 344, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

მამაცაშვილი ქრისტეფორე (1839-1909)

რუსეთის არმიის გენერალი, რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი, მხარს უჭერდა ილია ჭავჭავაძეს გლეხთა მიწიანად გათავისუფლების საქმეში.

ჯამბაკურ-ორბელიანი მარიამ ვახტანგის ასული (1852-1941)

ერეკლე მეფის შვილთაშვილი, საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი, სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის, მასწავლებელ ქალთა საზოგადოების გამგეობისა და სამუსიკო სკოლის კომიტეტის წევრი.

თარხნიშვილი (გაბაშვილისა) ეკატერინე რევაზის ასული (1851-1938)

მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრი.

თუმანიშვილი-წერეთლისა ანასტასია მიხეილის ასული (1849-1932)

საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ქალთა საზოგადოება „განათლების“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ დამაარსებელი.

ბაგრატიონ-გრუზინსკი პეტრე ალექსანდრეს ძე (1857-1922)

კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს საგანგებო დავალებათა მოხელე, თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტისა და ქართული დრამატული საზოგადოების კომიტეტის წევრი.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

აბაშიძე კიტა (იოანე) გიორგის ძე (1870-1917)

ლიტერატურის კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

მესხი კოტე (იაკობ) სიმონის ძე (1857-1914)

მსახიობი, დრამატურგი და რეჟისორი. 1879 წელს ჩამოყალიბებული მუდმივი ქართული დასის წევრი, ქუთაისის პროფესიული თეატრის დამაარსებელი.

ღულაძე ანდრია სოლომონის ძე (1857-1920)

პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, საბავშვო ჟურნალ “ნობათისა” და გაზეთ „დილას“ რედაქტორი.

ზურაბიშვილი ივანე ივანეს ძე (1872-1940)

იურისტი, მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. წერდა ფსევდონიმებით: „ვინ-ხენ“, “ჟანზეტ“, „დარბაისელი“.

აბაშიძე გრიგოლ დავითის ძე (1866-1903)

პოეტი, ჟურნალისტი. მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში.

 

 

 

1897 18 ოქტომბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 17 ოქტომბერი “ („იმ მიზეზთა შორის რომელნიც აქეზებს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საზოგადოებრივი ცხოვრების ნაკლნი და მისი ეკონომიური მიზეზები“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 28 ოქტომბერი, № 222, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 454.

 

 

 

 1897 28 ოქტომბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 27 ოქტომბერი“ („მას აქედ, რაც ჩვენ პოლიტიკაზედ ხმა არ ამოგვიღია...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპა მაინც ორ დიდ ბანაკად გაყოფილი დარჩა“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 28 ოქტომბერი, № 222, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 454.

 

 

 

 1897 28 ოქტომბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობის 40 წლისთავის აღმნიშვნელი საიუბილეო კომიტეტი შეხვედრას მართავს საზოგადოებასთან შემუშავებული პროგრამის გასაცნობად და თარიღის დასადგენად.

 

წყარო:

„ცნობის ფურცელი“, 1897, 28 ოქტომბერი, № 354, გვ. 2.

 

 

 

 1897 31 ოქტომბერი

 

 

 

 

 

ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის 40 წლისთავის საიუბილეო კომიტეტის წევრი გრიგოლ აბაშიძე გაზეთ „ცნობის ფურცელში“ წერს კომიტეტის განზრახვაზე, რომ ეს არ იყოს მხოლოდ ერთდღიანი დღესასწაული, იგი უნდა შეიგრძნონ და სამახსოვროდ დარჩეთ საქართველოს ყველა კუთხეში.

 

წყარო:

„ცნობის ფურცელი“, 1897, 31 ოქტომბერი, № 357, გვ. 1-2.

პირთა ანოტაციები:

აბაშიძე გრიგოლ დავითის ძე (1866-1903)

პოეტი, ჟურნალისტი. მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში.

 

 

 

 1897 ოქტომბერი

 

 

 

 

 

ჟურნალ „მოამბეში“ იბეჭდება დასასრული კიტა აბაშიძის ნარკვევისა „ცხოვრება და ხელოვნება“.

 

წყარო:

ჟურნ. „მოამბე“, 1897, № 10, განყ.2, გვ. 54-96.

პირთა ანოტაციები:

აბაშიძე კიტა (იოანე) გიორგის ძე (1870-1917)

ლიტერატურის კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

 

 

 

 1897 1 ნოემბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 31 ოქტომბერი“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 1 ნოემბერი, № 226, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 447.

 

 

 

 1897 2 ნოემბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 1 ნოემბერი “ („იყოს თუ არა ევროპაში ოსმალეთი?...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ახლო აღმოსავლეთი და ხმელთაშუა ზღვის გზების საკითხი“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 2 ნოემბერი, № 227, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 458.

 

 

 

 1897 2 ნოემბერი

 

 

 

 

 

გაზეთი „ცნობის ფურცელი“ შეახსენებს მკითხველს, რომ 12 საათზე სათავადაზნაურო ბანკის დარბაზში გაიმართება ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის 40 წლისთავის აღსანიშნად შემდგარი საიუბილეო კომიტეტისა და საზოგადოების კრება, რომელზეც უნდა შემუშავდეს საიუბილეო პროგრამა და გადაწყდეს იუბილეს ჩატარების დრო.

 

წყარო:

გაზ. „კვალი“, 1897, № 47, გვ. 840.

დათარიღება:

გამოფენა დასრულდა 2 ნოემბერს.

 

 

 

 1897 2 ნოემბერი

 

 

 

 

 

 ბოსტნეულ-ბაღჩეულობის კავკასიის პირველ გამოფენაზე იღებს ვერცხლის მედალს.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 7 ნოემბერი, № 231, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 461.

 

 

 

1897 3 ნოემბერი

 

 

 

 

 

გაზეთებში იბეჭდება ინფორმაცია ილია ჭავჭავაძის იუბილესთან დაკავშირებით გამართული კრების შესახებ. მიღებული დადგენილების მიხედვით იუბილე უნდა გაიმართოს გაზაფხულზე საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბა-სოფლებში. ღონისძიებებიდან შემოსული შემოსავალი უნდა მოხმარდეს ქართულ ძველ ნაშთთა სალაროსა და სალიტერატურო ფონდს, ღარიბ მწერალთა დასახმარებლად. სალაროს ერთ დარბაზს უნდა დაერქვას ილია ჭავჭავაძის სახელი. დიდუბის ეკლესიაში წირვისა და პარაკლისის შემდეგ უნდა გაიმართოს მილოცვები და წარმოდგენა ან სალიტერატურო საღამო. აქედან მიღებული შემოსავლით უნდა დაინიშნოს მისი სახელობის სტიპენდია.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 7 ნოემბერი, № 231, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 461.

 

 

 

 1897 7 ნოემბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 6 ნოემბერი “ („რომ უკეთესად შევიგნოთ, ვინ რას ეძებს აღმოსავლეთის საქმეში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ახლო აღმოსავლეთი და ხმელთაშუა ზღვის გზების საკითხი“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 9 ნოემბერი, № 233, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 467.

 

 

 

 1897 9 ნოემბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 8 ნოემბერი “ („თუ ინგლისის გაბატონება ეგვიპტეში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ახლო აღმოსავლეთი და ხმელთაშუა ზღვის გზების საკითხი“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, № 235, გვ. 1-2.

პირთა ანოტაციები:

გომელაური ივანე მიხეილის ძე (1867-1951)

მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.

 

 

 

 1897 12 ნოემბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ „გ-რი, ი“-ს ფსევდონიმით იბეჭდება ივანე გომელაურის წერილი „ილია ჭავჭავაძის იუბილეის გამო“. იგი გამოდის ინიციატივით, რომ ილია ჭავჭავაძის საიუბილეოდ დაიბეჭდოს მწერლის თხზულებათა ყველასათვის ხელმისაწვდომი იაფი გამოცემები.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 23 ნოემბერი, № 243, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 470.

პირთა ანოტაციები:

ბლუმერი კ.

ილია ჭავჭავაძის წერილის მიხედვით, საუბარია „ნოვოე ობოზრენიეში“ გამოქვეყნებული წერილის ავტორზე. დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება.

 

 

 

 1897 23 ნოემბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 22 ნოემბერი“ („Новое Время“ თავისას არ იშლის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კ. ბლუმერის აზრი ამიერკავკასიაში გავრცელებული ავაზაკობის გამომწვევ მიზეზებზე“.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 31.

დათარიღება:

მუსიკალური საღამო გაიმართა 1897 წლის 25 ნოემბერს.

 

 

 

 1897 25 ნოემბრამდე

 

 

 

 

 

იღებს მოსაწვევ ბარათს, რომლითაც ქუთაისის საკვირაო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები 25 ნომბერს ეპატიჟებიან ამ სასწავლებლის სასარგებლოდ დაგეგმილ მუსიკალურ-ვოკალურ საღამოზე.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, № 244; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, 25 ნოემბ. № 381, გვ. 2.

 

 

 

 1897 ნოემბერი

 

 

 

 

 

ირჩევენ თბილისის გუბერნიაში ერობის შემოღების საკითხის შემსწავლელ კომისიაში.  1897 შემოდგომა კითხულობს დამწყები დრამატურგის ნატალია დონდაროვას პიესას „ინჯილერი ან დოხტური“; ურჩევს დიალოგები შეამოკლოს, კვანძის გახსნა დაამატოს და მიიტანოს დასაბეჭდად.

 

წყარო:

ნატალია დონდაროვას (ფსევდონიმი „აზიანი“) მოგონება, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი № 3447; „ლიტერატურის მატიანე“, 1949, წ. 5, ნაკვ. 1, გვ. 3-4.

პირთა ანოტაციები:

აზიანი (დონდაროვა) ნატალია მიხეილის ასული (1878-1943)

მწერალი. დრამატურგი. ავტორი მოგონებისა „ილია და აკაკი“.

 

 

 

1897 3 დეკემბერი

 

 

 

 

 

მონაწილეობს თსს ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის გაერთიანებულ კრებაში, რომელიც იწყებს ექსტრაორდინარული თანხის შემწეობის სახით გაცემის საკითხის განხილვას.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, 25 მარტი, № 492, გვ. 4.

 

 

 

 1897 4 დეკემბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობის 40 წლისთავის აღმნიშვნელი საიუბილეო კომიტეტი უკვე შეუდგა საქმიანობას და მოქალაქეთაგან იღებს წინადადებებს დღესასწაულის მოწყობასთან დაკავშირებით.

 

წყარო:

„ცნობის ფურცელი“, 1897, 4 დეკემბერი, № 390, გვ. 2.

 

 

 

 1897 14 დეკემბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 13 დეკემბერი“ („საოცარი დრო დაგვიდგა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გულნამცეცა ბურჟუაზია“.

 

ყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 14 დეკემბერი, № 259, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 475.

 

 

 

 1897 15 დეკემბერი

 

 

 

 

 

იღებს კონსტანტინე მამაცაშვილის წერილს მის სტატიასთან „გიორგი თუმანოვისა და მისი ამქარის აზრები“ დაკავშირებით.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 535.

პირთა ანოტაციები:

მამაცაშვილი კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე (1818-1900)

საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი, მემუარისტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის ერთ-ერთი დამაარსებელი.

თუმანოვი - დუშეთის მაზრის მკვიდრი.

 

 

 

 1897 17 დეკემბერი

 

 

 

 

 

მონაწილეობს თსს ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის გაერთიანებულ კრებაში, რომელიც განაგრძობს ექსტრაორდინარული თანხის შემწეობის სახით გაცემის საკითხის განხილვას.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, 25 მარტი, № 492, გვ. 4.

 

 

 

 1897 21 დეკემბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 20 დეკემბერი“ („ჯერ კიდევ პუშკინმა სთქვა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ძველი და ახალი ჩვენი ეკონომიური ცხოვრებისა“. აქვე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას სათაურით „პატარა საუბარი “ („თ. გ. თუმანიშვილისგაზეთმა ამ უკანასკნელ დრო ს...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. 

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 21 დეკემბერი, № 265, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 481, 486.

პირთა ანოტაციები:

პუშკინი ალექსანდრე სერგეის ძე (1799-1837)

ცნობილი რუსი პოეტი.

თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920)

კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი.

 

 

 

 

1897 21 დეკემბერი

 

 

 

 

 

ქშწ-კგ საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ ლიტერატურულ საღამოზე ვასილი ველიჩკო კითხულობს ილია ჭავჭავაძის ლექსების საკუთარ რუსულ თარგმანებს, ია კარგარეთელი კი ასრულებს ილიას ლექსებზე ნიკოლოზ კლენოვსკის მიერ დაწერილ რომანსებს.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, 23 დეკემბერი, № 409, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე (1860-1903)

პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან), „რუსსკი ვესტნიკ“ (1901-დან).

კარგარეთელი ია (ილია) გიორგის ძე (1867-1939)

კომპოზიტორი, ფოლკლორისტი, მომღერალი, რეჟისორი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, ქართული საგუნდო საზოგადოების დამფუძნებელი.

კლენოვსკი ნიკოლოზ სიმონის ძე (1857-1915)

რუსი დირიჟორი და კომპოზიტორი. წერდა რომანსებს.

 

 

 

 1897 22 დეკემბერი

 

 

 

 

 

 

იაგორ გურგენიძესთან ერთად საგურამოში მათი მამულების გამიჯვნის თხოვნით მიმართავს თბილისის სასამართლო პალატას.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 113, საქმე 1706, ფურ. 19; ვ. ჟვანია, ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი იურიდიული ხასიათის წერილები და დოკუმენტები. „საისტორიო მოამბე“, 1971, № 25-26, გვ. 336-337; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 182-183, 459.

პირთა ანოტაციები:

გურგენიძე იაგორ დავითის ძე

წიწამურსა და საგურამოში ილია ჭავჭავაძის მომიჯნავე მამულების მფლობელი.

 

 

 

 1897 25 დეკემბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 24 დეკემბერი“ („ხოლო რა ჟამს მოვიდეს ძე კაცისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ფიქრები ქრისტეს შობის დღესასწაულის წინ“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 25 დეკემბერი, № 268, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 487.

 

 

 

1897 28 დეკემბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას სათაურით „პატარა საუბარი“ („ეს „ლალი“ რა ხელობის კაცია?...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 28 დეკემბერი, № 269, გვ. 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 490.

 

 

 

 1897 დეკემბერი

 

 

 

 

 

გაზეთებში ქვეყნდება მოკლე ინფორმაციები ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის მუშაობისა და გადაწყვეტილებების შესახებ. იღებენ დადგენილებას იუბილეს მომდევნო წლისათვის გადატანის შესახებ.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 390, 391, 395, 396, 406; გაზ. „კვალი“, 1897, № 51; გაზ. «Новое обозрение», 1897, № 4756, 4759, 4783.

 

 

 

 1897

 

 

 

 

 

გაზეთ „კვალში“ „მაზაკვალის“ ფსევდონიმით იბეჭდება გიორგი წერეთლის მიმოხილვა „კვირიდან კვირამდე“, რომელშიც ნახსენებია ილია ჭავჭავაძის ჟურნალი „საქართველოს მოამბე“ და მაღალი შეფასება ეძლევა მასში სოციალური და პატრიოტული თემების გაშუქებას.

 

ყარო:

გაზ. „კვალი“, 1897, № 46, გვ. 815-821.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.

 

 

 

 1897

 

 

 

 

 

ილია ჭავჭავაძის საიუბილეოდ ზაქარია ჭიჭინაძე ბეჭდავს წიგნს „თ. ი. ჭავჭავაძე, როგორც ქართველთა ერთობის მღაღადებელი“.

 

წყარო:

ზაქარია ჭიჭინაძე, „თ. ი. ჭავჭავაძე, როგორც ქართველთა ერთობის მღაღადებელი“. ტფილისი, გამოცემა მიხეილ გაჩეჩილაძის, 1897.

პირთა ანოტაციები:

ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931)

საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე.

 

 

 

 1897

 

 

 

 

 

უკრაინული ჟურნალი „ზორია“ აქვეყნებს ილია ჭავჭავაძის ლექსების „პოეტი“, „ელეგია“, „გუთნისდედა“, „მას აქეთ, რაკი...“ „გაზაფხული“ პავლო გრაბოვსკისეულ თარგმანებს.

 

წყარო:

„Зоря“, 1897.

პირთა ანოტაციები:

გრაბოვსკი პავლო არსენის ძე (1864-1902)

უკრაინელი პოეტი და მთარგმნელი.

 

 

 

 1897

 

 

 

 

 

გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში ალექსანდრე ბაუმგარტნერი გამოსცემს „მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის“ პირველ ტომს, რომელშიც სხვა ქართველ მწერლებთან ერთად მოხსენიებულია ილია ჭავჭავაძე.

 

წყარო:

Alexander Baumgartner, Geschichte der weltliteratur, 1897. გაზ. „ივერია“, 1898, 11 თებერ. № 31.

პირთა ანოტაციები:

ბაუმჰარტნერი (ბაუმჰარტენი) ალექსანდრე (1841-1910)

შვეიცარელი მწერალი, პოეტი და კრიტიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

 

 

 

 

1897

 

 

 

 

 

ჩერქეზი მწერალი ყაზიბეკ ახმეტუკოვი წარწერით უძღვნის „იური კაზი-ბეკის“ ფსევდონიმით გამოცემულ საკუთარ წიგნს „ცოტ-ცოტა ყველაფერზე. ნარკვევები და მოთხრობები“.

 

წყარო:

Юрий Кази-Бек, Всего понемногу. Очерки и рассказы. М., 1897.

პირთა ანოტაციები:

ახმეტუკოვი ყაზიბეკ ახმედის ძე (იგივე გრიგოლ იაკობის ძე ეტინგერი) (1870-?)

ჩერქეზი პროზაიკოსი, ჟურნალისტი და დრამატურგი. დაიბადა თურქეთში, იშვილა ეტინგერმა. რუსეთის მოქალაქეობა მიიღო 1894 წელ

 

 

 

 1897

 

 

 

 

 

მისი ხელმოწერით წიგნად გამოდის ქშწ-კგ საზოგადოების ანგარიში.

 

წყარო:

„საქართველოს კალენდარი“ 1897, გვ. 17

 

 

 

 1897

 

 

 

 

 

„საქართველოს კალენდარში“ იბეჭდება მისი პორტრეტი.

 

წყარო:

„საქართველოს კალენდარი“ 1897, გვ. 17

 

 

 

 1897

 

 

 

 

 

ილია ჭავჭავაძის იუბილეს გაჭიანურების გამო ექვთიმე თაყაიშვილი გადაწყვეტს თბილისის გიმნაზიაში მაინც აღნიშნოს მისი მოღვაწეობის 40 წლისთავი. იუბილარი უარზე რომ არ დადგეს, წინასწარ არაფერს ეუბნება და, უბრალოდ, იწვევს გიმნაზიაში. შენობასთან მისულს გუნდი ეგებება „მრავალჟამიერით“, შემდეგ კი იმართება კონცერტი. მოსწავლე ირაკლი ბაზაძე ზეპირად კითხულობს ადგილებს „კაცია-ადამიანიდან“; მუსიკალურ განყოფილებას ხელმძღვანელობს ზაქარია ფალიაშვილი, ასრულებენ ილია ჭავჭავაძის ლექსზე დაწერილ სიმღერას „ჩემო კარგო ქვეყანავ“. პოეტზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს ახალგაზრდა ვანო სარაჯიშვილის ხმა და სიმღერის ბოლო ფრაზაზე: „აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია“, ცრემლს ვერ იკავებს

 

წყარო:

ნ. როსტომაშვილი, „შეხვედრა ქართულ გიმნაზიაში“, ჩანართი შ. ბაქრაძის წერილში „საქმე ხალხია“, გაზ. „ალაზნის განთიადი“, 1962, № 121, გვ. 3; ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებანი ქართველ მწერლებზე, ლიტერატურის მატიანე, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 32-34.

პირთა ანოტაციები:

თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953)

მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი. 1921- 1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა საქართველოს სამუზეუმო განძეულობას. დიდი ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა და ლიტერატურის შესწავლა-განვითარების საქმეს.

სარაჯიშვილი ვანო (ივანე) პეტრეს ძე (1879-1924)

მომღერალი, ლირიკული ტენორი.

ბაზაძე ირაკლი

დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება.

ფალიაშვილი ზაქარია პეტრეს ძე (1871-1933)

კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი.