The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


16.02

1863    
    
16 თებერვალი    
    
ოლღა გურამიშვილს უგზავნის ბარათს, რომელშიც ცდილობს გაუფანტოს უსიამოვნო ფიქრები. არწმუნებს, რომ მისი მამის – თადეოზ გურამიშვილის წინააღმდეგობა ვერ შეუშლის ხელს მათ ბედნიერებას. სთხოვს, მზითევის დაკარგვაზე არ იდარდოს, რადგან სხვის დაუხმარებლადაც იცხოვრებენ.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 236; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 101-102; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 415-417; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 34-36, 329.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875)

ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის – ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი.

    
1873    
    
16 თებერვალი    
    
აპირებს დაწეროს სტატია, რომელშიც პარალელის გაავლებს შექსპირის ჰამლეტსა და რუსთაველის ტარიელს შორის.   წყარო:

ილია ჭავჭავაძე და ქართული თეატრი, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კრებული, 1939 წ. გვ. 82; ბარბარე გიორგის ასულ თუმანიშვილ-ანდრეევსკის წერილი, საარქივო მასალები XΙX საუკუნის 70–იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ–კულტურული ცხოვრების შესახებ. 1965, გვ. 100.

პირთა ანოტაციები:

შექსპირი უილიამ (1564-1616)

ინგლისელი პოეტი და დრამატურგი.

რუსთაველი შოთა

„ვეფხისტყაოსნის“ ავტორი.

    
1878    
    
16 თებერვალი    
    
გაზეთ „ივერიაში“ ავტორისა და მთარგმნელის მიუთითებლად განაგრძობს ჯურა იაკშიჩის მოთხრობის „შვილი მოხუცებულის გამზისა“ ბეჭდვას. აქვე აქვეყნებს გაზეთ „ობზორის“ წერილის „ადგილობრივი პრესა“ პასუხად დაწერილ სტატიას „ფიქრი და შენიშვნა“, საავტორო მინაწერით „შემდეგი იქნება“, თუმცა მეტის დაბეჭდვას ცენზურის გამო ვერ ახერხებს.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1878, № 7, 16 თებერვალი, გვ. 13-16; გაზ. «Обзор», 11 თებერვალი, № 40. თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, ქართველთა ამხანაგობის გამოცემა, ტფ., 1892, ტ. III, გვ. 253 – 290; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 216; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 108, 683.

ატრიბუცია:

ნათელა ჩიტაური, „ილია ჭავჭავაძის ორი პროზაული თარგმანი“, ჟურნ. „ცისკარი“, 1985, № 6, გვ. 157-165.

პირთა ანოტაციები:

იაკშიჩი ჯურა (1832-1878)

 სერბი მწერალი.

    
1880    
    
16 თებერვალი   
    
    
ესწრება ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის სხდომას და სვამს საკითხს ბათუმში სკოლის გახსნის საჭიროების შესახებ.   წყარო:

გაზ. „დროება“,1880, 19 თებერვალი, № 39, გვ. 2.

    
16 თებერვალი   
    
 გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს „კორრესპონდენტი და საზოგადოება“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 16 თებერვალი, № 37, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 80.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 641-642.

    
1883    
    
16 თებერვალი    
    
თბილისის მუდმივი თეატრის სცენაზე პირველად იდგმება ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილი შექსპირის პიესა „მეფე ლირი“, რომელშიც ლირის როლს თამაშობს კოტე ყიფიანი.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1883, № 33, გვ. 1; № 37, გვ. 2; გრიშაშვილი, ლიტერატურული ნარკვევები, გვ. 269.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

ყიფიანი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე (1849-1921)

მსახიობი, დრამატურგი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი, ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ფუძემდებელი. მიღებული ჰქონდა სამეურნეო განათლება და აქვეყნებდა საბუნებისმეტყველო წერილებს.

    
1886    
    
16 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 15 თებერვალს“ („მესამე დიდი სახელმწიფო ევროპისა...“) თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ავსტრო-ვენგრია“  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 177, გვ. 17; გაზ. „ივერია“, 1886, № 38, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 366.

    
1888    
    
16 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 15 თებერვალი“ („მთელი ევროპა მიქცეულია ეხლა იმაზედ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მოსლოდნელი ცვლილება საფრანგეთის მთავრობაში“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 16 თებერვალი, № 35 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 89.

    
16 თებერვალი    
    
წერილს უგზავნის გრიგოლ ყიფშიძეს, ავალებს დაესწროს „სამედიცინო საზოგადოების“ სხდომას, რომელზეც განიხილავენ ავჭალის წყლის საკითხს და გაზეთისათვის დაწეროს ანგრიში. ასევე სასურველად მიაჩნია იმ კრების გაშუქებაც, რომელსაც მომდევნო დღეს ქალთა გიმნაზიის დარბაზში ატარებს ანასტასია თუმანიშვილი.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17579; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 131, 427-428.

პირთა ანოტაციები:

ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921)

მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან.

თუმანიშვილი-წერეთლისა ანასტასია მიხეილის ასული (1849-1932)

საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ქალთა საზოგადოება „განათლების“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ დამაარსებელი.

    
1893    
    
16 თებერვალი    
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც მსჯელობენ სკოლების შესანახი თანხის მოძიების გზების შესახებ. აკმაყოფილებენ რუისის სკოლის მასწავლებლისა და სახალხო ბიბლიოთეკის თხოვნას საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნების მიწოდებაზე. ისმენენ ინფორმაციას საზოგადოების სასარგებლოდ 19 დეკემბერს გამართული კონცერტის თაობაზე.  წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი. ფ. 481, № 198, გვ. 260.

    
    
1897    
    
16 თებერვალი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 15 თებერვალი“ („არაერთხელ გულდახეთქებით გვიჩივლია...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ერობის საკითხი და დეპუტატთა საკრებულო“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 16 თებერვალი, № 27, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 261.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
1899    
    
16 თებერვალი   
    
 მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაში, რომელიც განიხილავს ამიერკავკასიაში ერობის შემოღების საკითხს. ირჩევენ ამ საკითხთან დაკავშირებით შუამდგომლობის ტექსტის შემმუშავებელ კომისიაში.   წყარო:

«Тифлисский вестник», 1899, № 38.